მოსაზრებები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტის თაობაზე


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: დარჩიაშვილი დავით
თემატური კატალოგი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტი
საავტორო უფლებები: © დარჩიაშვილი დავით
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


დავით დარჩიაშვილი,

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს

აღმასრულებელი დირექტორი

2003 წლის შემოდგომაზე, მშვიდობის კვლევების შლაინინგის (ავსტრია) ცენტრში ყოფნისას, მე და თინიკო ხიდაშელმა ჩამოვაყალიბეთ თეზისები სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობის პერსპექტივებზე. მასში, კონფლიქტების და მშვიდობის კვლევების რიგი თეორიული დებულებების ფონზე, ძირითადად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემათა მოგვარების გზებზე იყო საუბარი. ამჯერად, ვეყრდნობი რა ნახსენები ნაშრომის დებულებებს, წარმოგიდგენთ რამოდენიმე პრინციპული მოსაზრების უფრო დეტალიზებულ ვარიანტს.

იმისათვის, რათა კონფლიქტი მაქსიმალურად სრულფასოვნად მოგვარდეს, ქართულ-აფხაზური პოლიტიკური და სამართლებრივი ერთიანობის სასურველ მოდელზე ფიქრს, ნდობის მშენებლობის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება უნდა ახლდეს თან. სხვაგვარად, ჩვენი მომავალი თანაცხოვრების ყველაზე უფრო პოსტმოდერნისტული მოდელიც კი, რომლის შექმნისა და შეთავაზების საჭიროებას არავინ უარყოფს, ლიტონ დაპირებად ან ხაფანგად იქნება აღქმული მეორე მხარის მიერ. მეორე მხარის აღქმები კი ჩვენი სტრატეგიის ცენტრალურ სამიზნედ უნდა გამოცხადდეს, რადგან კონფლიქტში, კერძო ჯგუფების მერკანტილურ ინტერესზე არანაკლებ, საზოგადოებრივი აღქმები და სტერეოტიპებია გადამწყვეტი.

რა თქმა უნდა, შეიძლება დაისვას კითხვა, რომ ჩვენ ჩვენი სიმართლე გვაქვს; რატომ არავინ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მოსჩანს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიზეზები და დინამიკა რიგითი ქართველის, განსაკუთრებით დევნილი მოსახლეობის თვალით. კონფლიქტის მოგვარებას ქართული საზოგადოების წუხილებსა და სურვილებზე დაფიქრება ნამდვილად სჭირდება. ასევე სავსებით ლეგიტიმურია საერთაშორისო თუ გეოპოლიტიკური კომბინაციების გათვლა, რეგიონალურ მოთამაშეთა პოზიციებისა და ინტერესების ლაბირინთებში გზის გაკვალვის სურვილი, რითიც წლების მანძილზე იყო დაკავებული ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ა) აქამდე ძირითადად სწორედ საკუთარ სიმართლეზე ვიყავით ფოკუსირებული და ბ) გამოსავალს მხოლოდ მოსკოვისა და, ხანაც, ვაშინგტონის გულის მოგებაში ვხედავდით, რაც, აფხაზთა იგნორირებაზე მიუთითებდა და ,,სხვისი ხელით ნარის გლეჯის” ტაქტიკას უახლოვდებოდა.

ქართულ-აფხაზური განტოლების ამ შემადგენლებს თავისი ადგილი და გამართლება გააჩნია. მაგრამ ისინი შედეგის მომტანი არ იქნება, თუ მეტი ყურადღება არ დაეთმობა თავად კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარეს. თანაც, საკუთარი სიმართლით ტკბობამ და კონფლიქტის გასაღებთა სხვა ქვეყნების დედაქალაქებში ძიებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. მშვიდობიანი გზით კონფლიქტის გადაწყვეტის უნივერსალური მიდგომის არსი კი ისაა, რომ საკუთარი შეცდომები აღიარო და მოწინააღმდეგის სიღრმისეული, ლეგიტიმური ინტერესების გაცნობიერება და გაზიარება სცადო. მხოლოდ ამის შემდეგაა მოსალოდნელი იგივეს მიღება მეორე მხარისაგან. სხვა ყველაფერი ან ძალისმიერ განზრახულობათა შენიღბვაა, ან დროის ფუჭი ხარჯვა.

ქართულ-აფხაზურ პრობლემატიკაზე დღემდე არსებულ ჩამოუყალიბებლობაში კიდევ ერთი არსებითი გარემოებაა აღსანიშნი. გავრცელებულია აზრი, რომ ე.წ. კარგი და ცუდი გამომძიებლის მოდელი გამართლებულია, თუ კი მეორე მხარის თანამშრომლობაზე დაყოლიება გვსურს. განსახილველ შემთხვევაში ეს მოდელი ასე გამოიყურება: ხელისუფლების ნაწილი და არასამთავრობო სექტორი მშვიდობის უალტერნატივობაზე ისაუბრებს, ძალოვანი სტრუქტურები კი შიშის დათესვაზე იზრუნებენ - არა მხოლოდ თავად თავისი არსებობით, არამედ მისი წარმომადგენლების განცხადებებითაც.

მაგრამ ეთნიკური ხასიათის მქონე, არსებითად ნაციონალისტურ კონფლიქტებში მეორე მხარე არ და ვერ განიხილება, როგორც გამოძიების პროცესის ეჭვმიტანილი მონაწილე. ასეთ კონფლიქტებში არც შიში არ ,,შეიქმს სიყვარულსა”, როგორც ამას ბალკანეთის ან თუნდაც ახლო აღმოსავლეთის თანამედროვე ისტორიები აჩვენებს. მეტიც, ასეთ კონფლიქტებში ძალა მეტად პირობითი კატეგორიაა და უამრავი მეთოდი არსებობს ,,უძალოთა” მიერ ძალის მულტიპლიკაციისათვის. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი კი სწორედ ეთნიკურია თავისი არსით. იგი ორი, ურთიერთგანსხვავებული ნაციონალური პროექტის დაპირისპირების შედეგია. ყველაფერი დანარჩენი - მესამე ხელი თუ გარკვეული წრეების მერკანტილურ-კრიმინალური ინტერესი - ვითარების დამამძიმებელი გარემოებებია და არა ,,ავადმყოფობის” ძირითადი მიზეზი. ჰოდა ჩვენც, განკურნების, ანუ კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში პროგრესის მისაღწევად, ძირითად მიზეზებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტირება.

2 კონფლიქტის შეფასება

▲ზევით დაბრუნება


კონფლიქტის შეფასება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების აუცილებელი კომპონენტია. შეფასებები დღენიადაგ კეთდება საზოგადოებრივ მოღვაწეთა თუ პოლიტიკოსთა მიერ. არსებობს ქართული მხარის ოფიციალურ წარმომადგენელთა ინტერვიუები, განცხადებები, ანგარიშები, თხოვნები თუ მოთხოვნები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა მთავრობებს ეცნობება. არსებობს პარლამენტის რეზოლუციები, მაგრამ მათი შინაარსი არაა გამიზნული მეორე მხარეში ჯანსაღი ინტერესის აღძვრაზე. ეს უკანასკნელი კი აუცილებელია, თუ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა გვსურს.

შეფასებას, რომელსაც ოფიციალური სტატუსი უნდა ჰქონდეს, სჭირდება აკადემიური საფუძველი. მეორეს მხრივ კი - იგი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან უნდა მომდინარეობდეს. შესაძლებელია ამ ორი კომპონენტის მეტნაკლები ჰარმონიზაცია, რადგან პოლიტიკური მიზანშეწონილობა სწორედ სოციალური და პოლიტიკური პროცესების სიღრმისეულ ცოდნას უნდა ეყრდნობოდეს. მეორე მხრივ, არც სოციალური მეცნიერებების აკადემიური სფეროა უცვლელი და უნივერსალური კანონების აღმომჩენი. ისიც დროის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების ამა თუ იმ ეტაპის მოთხოვნილებათა გავლენას განიცდის. შესაბამისად, კონფლიქტის შეფასებას არ უნდა ჰქონდეს ეტერნალური ჭეშმარიტების აღმოჩენის პრეტენზია. მაგრამ იგი ადექვატური უნდა იყოს კონფლიქტებსა და ეთნიკურ საზოგადოებებზე დღეს არსებული აკადემიური ცოდნისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკური ამოცანისა.

შეფასებაში, ამა თუ იმ ფორმით, უნდა გაიჟღეროს შემდეგმა:

თანამედროვე ქართველთა და აფხაზთა წინაპრები ისე ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ საუკუნეთა თუ ათასწლეულთა მანძილზე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ ნაციონალური სუვერენიტეტის თანამედროვე იდეებზე. იყო პერიოდები, როდესაც ისინი ერთიან ფეოდალურ მონარქიაში შედიოდნენ, ხოლო ქართველთა და აფხაზთა არისტოკრატია ქმნიდა ერთიან კასტას. სხვა შემთხვევებში ორივე ეთნოსი მესამე ძალის გავლენის ქვეშ ექცეოდა - ან ერთად, ან ცალ-ცალკე. ამასთან, საკუთარი ფეოდალური სახელმწიფოს, თუ უცხო იმპერიათა ფარგლებში არსებული ერთიანობის პერიოდები იცვლებოდა ხოლმე გაყოფითა და გაუცხოვებით, კომუნიკაციათა წყვეტით, ეთნიკური შეფერილობის მქონე ფეოდალურ-კლანური შუღლით. შედეგად, იმ დროისათვის, როდესაც კავკასიაში შემოსული ნაციონალიზმის ევროპული იდეოლოგია ადგილობრივი ეთნიკური თვითშეგნების სუბსტრატს მოერგო, ქართველთა ერთობის ილიასეული ფორმულა ყოველი აფხაზისათვის თანაბრად გასაგები და მისაღები სულაც არ აღმოჩნდა.

ის, თუ რა როლი ითამაშა XIX საუკუნის რუსეთის კოლონიურმა პოლიტიკამ ქართულ-აფხაზურ გაუცხოებაში, ისტორიული თუ სოციოლოგიური ინტერესის სფერო უფროა, ვიდრე თანამედროვე შერიგების პოლიტიკის მშენებლობის საკითხი. ცხადი და გასათვალისწინებელი ერთია: თუ იმდროინდელი აფხაზური არისტოკრატიის ნაწილი უალტერნატივოდ იყო დაკავშირებული ქართულ სამყაროსთან კლასობრივი თუ ინტელექტუალური ძაფებით, იგივე ნამდვილად არ ითქმის ამ მხარის დანარჩენ მკვიდრებზე. ეთნიკურად ჭრელ რეგიონში, სადაც აფხაზური და მეგრული მოდგმის საცხოვრებელი სივრცის საზღვარი მუდმივად მერყეობდა და, შესაბამისად, ამა თუ იმ ოჯახის აფხაზობა ან მეგრელობა უფრო კონკრეტული გარემოებების შედეგს წარმოადგენდა, ვიდრე წმინდა ეთნიკური ჩამომავლობის, მრავალი ქვეყნის ისტორიიდან ცნობილი დრამა თამაშდებოდა: ენის სხვაობასა და მეხსიერებაში არეკლილი ისტორიული მოვლენების განსხვავებულ ინტერპრეტაციებზე დაყრდნობით, ორი ეროვნული პროექტი ჩამოყალიბდა. თუ მეგრულმა მოსახლეობამ სრულად მოიაზრა თავი ერთიან ქართულ, ეროვნულ ფარგლებში, აფხაზობა განსხვავებული ეროვნული იდეის საფუძველი გახდა. რევოლუციის ფონზე წარმართულ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა შემდგომ განვითარებაზე კლასობრივმა ფაქტორმაც იქონია გავლენა. მრავალი აფხაზისათვის კლასობრივი საკითხი ეროვნულს დაუკავშირდა; ორივემ ერთად კი აფხაზური არისტოკრატიის გაქართველებული ნაწილისაგან გაუცხოება და რუსულ ბოლშევიზმთან დაახლოვება განაპირობა.

შედეგად, ჯერ 1917-1921 წლებში, შემდეგ კი საბჭოურ პერიოდში, ქართველთა და აფხაზთა ეთნოსების - აწ უკვე თანამედროვე ეთნიკური ერების - პოლიტიკური იდეალები რადიკალურად დასცილდა ერთმანეთს. დარჩა ყოფისა და ტრადიციის მსგავსება, მაგრამ ეს სულაც არაა საკმარისი პოლიტიკური ერთობისათვის. ამიტომაა, რომ რასაც არ უნდა გამოეწვია 30-იანი წლების საბჭოური რეპრესიები თუ დასავლეთ საქართველოდან მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია აფხაზეთში, აფხაზთათვის ეს ეროვნულ ჭრილში აღიქმებოდა და ქართული იმპერიალიზმის სახელი ერქმეოდა. გულახდილნი თუ ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ არაერთი ქართველისათვის აფხაზეთში დემოგრაფიული ბალანსის შეცვლა იმთავითვე წარმოადგენდა ეროვნულ ამოცანას. ჩვენი მამებისა და ბაბუების თაობებისათვის ეს ისტორიულ სამართლიანობად აღიქმებოდა, მაგრამ განა დიდი მტკიცება სჭირდება იმას, რომ საკუთარი ეროვნული იდეის მატარებელ აფხაზურ საზოგადოებაში ყოველივე სულ სხვა შუქზე იქნებოდა აღქმული.

საბჭოური იმპერიის პირობებში ეთნიკური ნაციონალიზმი თავისებური იყო - შეიძლება ითქვას, ლატენტური. იგი, პირველ რიგში ეთნოკრატიების - ეთნიკურად ჰომოგენური ადგილობრივი ბიუროკრატიებისა და ,,შემოქმედებითი ინტელიგენციების” - ფორმირებაში გამოიხატებოდა. სწორედ ეს ფენები, როგორც ახალი მმართველი კლასი, ასრულებდა წამყვან როლს ეროვნული შეკავშირების საქმეში - შუა საუკუნეობრივი არისტოკრატიისა თუ სამღვდელოების მსგავსად. იყო ამის უკან კერძო, კლანური ინტერესები? საკავშირო ფონდების მაქსიმალურად მოზიდვისა და ძალაუფლებისათვის ბრძოლის ლოგიკა? რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი ანგარიშით, ქართული და აფხაზური ეთნოკრატიები და ინტელიგენციები ნაციონალურ იდეალთა გამო უფრო უწევდნენ ერთმანეთს კონკურენციას, ვიდრე მატერიალური მომხვეჭელობის მოტივით. სწორედ ეს მგონია მთავარი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს კომკავშირის ახალგაზრდა ნომენკლატურის წარმომადგენელი სერგეი ბაღაბში, საბოლოო ჯამში, აფხაზური ეროვნული იდეის ერთერთი ჯარისკაცი გახდა, მისი უფროსი კოლეგა, ჟიული შარტავა კი - ქართულის.

საბჭოთა კავშირის დაშლამ, ახალმა ეროვნულმა მოძრაობებმა მხოლოდ პოლიტიკურად გააფორმა, სააშკარაოზე გამოიტანა ეს ხანგრძლივი ნაციონალისტური დავა ქართულ და აფხაზურ ელიტებს შორის. მას ვერაფერი მოუხერხა ლიბერალურ-დემოკრატიულმა შემადგენელმა, რომელიც ნებისმიერი ეროვნული მოძრაობის თანამდევია და პროცესები ყველაზე უარყოფითი სცენარით წარიმართა. როცა დაპირისპირება კულმინაციას აღწევს, მხარეები შიდა თუ გარე მოკავშირეების არჩევაში დიდი ეთიკით არ გამოირჩევიან ხოლმე. ამიტომაც მიიღო 1992-1993 წლების ომმა ავანტიურისტების, უცხო ქვეყნის აგენტების, კრიმინალების თარეშის სახე. თუმცა არც ერთი ომის სახე არ ყოფილა და ვერც იქნება ეთიკური.

ჩვენ აღმოვჩდით მხოლოდ ჩვენი სიმართლის ტყვეობაში, არ დავფიქრდით აფხაზურ სიმართლეზე. შედეგად, გამოირიცხა დიალოგის შანსი. მხარეებმა ძალაზე აიღეს აქცენტი და ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რაც მოხდა. ჩვენ წავაგეთ, ჩვენ გვინდა დღეისათვის არსებული შედეგების გადახედვა. ამიტომაც ჩვენ გვმართებს ინიციატივა როგორც საკუთარი ნაციონალიზმის ეგოისტური ასპექტების, ისე სხვისი ნაციონალიზმის კანონზომიერი ნიშნების აღიარებაში. აქამდე ხომ სულ პირიქით ვიქცეოდით.

თუ ჩემეული ანალიზი მისაღები აღმოჩნდება ქართული მხარისათვის, მაშინ ძნელი არ უნდა იყოს კონფლიქტის შეფასებიდან ნდობის მშენებლობის კონკრეტულ წინადადებებზე გადასვლა. თავად ეს შეფასებაც ნდობის მშენებლობისაკენ გადადგმული ნაბიჯია.

3 აფხაზთა თვითგამორკვევის უფლების ლეგიტიმურობის აღიარება

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკური მიზანშეწონილობა, კონფლიქტების შესახებ არსებული კვლევები თუ ქართულ-აფხაზური სოციალური ისტორიის ანალიზი გვიბიძგებს იმის კონსტატაციისაკენ, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს წიაღსვლებს ამა თუ იმ აფხაზური გვარის ქართულ ძირებზე, ისევე როგორც პირიქით. ეთნოსის, მითუმეტეს კი თანამედროვე ეთნიკური ნაციის ფორმირება კოლექტიური ნებელობის შედეგია და ამ ნების გულწრფელობა სულაც არაა დამოკიდებული ეტიმოლოგიურ სიზუსტეებზე. მოხდა ისე, რომ აფხაზეთის მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ აფხაზურ მიწაზე ფესვები არ ეძებნება და ა.შ. თავს ცალკე, ქართველთაგან განსხვავებული ნაციონალური ერთობის ნაწილად აღიქვამს. მისთვის აფხაზეთი ერთადერთი სამშობლოა. ნაციად თვითაღქმა კი აფხაზებს უცილობლად უბიძგებს პოლიტიკური უფლებების მოთხოვნისაკენ. ეს უკანასკნელი გარემოება რომელიმე უცხოელი კონსპირატორის ბოროტი ხრიკის შედეგი კი არაა, არამედ ნაციონალიზმის, როგორც პოლიტიკური და მეტიც, სოციოლოგიური მოვლენის ლოგიკა. ნაციონალიზმის დაგმობა არაფრის მომცემია - ეს იდეოლოგია რჩება თანამედროვე მსოფლიოს დომინანტურ პარადიგმად, დემოკრატიის იდეასთან ერთად. ეს ჩანს როგორც საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებში, ისე თანამედროვე ისტორიკოსების, სოციოლოგებისა თუ პოლიტიკური მეცნიერების წარმომადგენელთა ნააზრევშიც.1

რა თქმა უნდა, ნაციონალიზმი ყოველთვის არ მიდის არც ქსენოფობიამდე, უცხოს სიძულვილამდე და, არც ამა თუ იმ ნაციის სრული დამოუკიდებლობის მოთხოვნამდე. მაგრამ იმისათვის, რომ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში მტრის ხატი გავაქარწყლოთ და აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობის ალტერნატივა შესაძლებელი გავხადოთ, აფხაზთა თვითგამორკვევის ნებისმიერი მოთხოვნის ლოგიკურობა, აფხაზური ნაციონალური იდეის ლეგიტიმურობა უნდა ვაღიაროთ. არა თუ ხმამაღლა არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ აფხაზური ელიტა გარეშე ძალების აგენტი თუ მარიონეტია მხოლოდ, არამედ თავიდანაც უნდა ამოვიგდოთ შეცდომაში შემყვანი ეს აზრი.

მხოლოდ იმის შემდეგ, რაც აფხაზები დარწმუნდებიან, რომ ჩვენ გვესმის მათი მთავარი, ნაციონალურ-პოლიტიკური მისწრაფების კანონზომიერება, შესაძლებელი გახდება მათგანაც იმის გაგების მიღწევა, თუ რატომაა ჩვენთვის ესოდენ მტკივნეული აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობა, ქართულ-აფხაზური პოლიტიკური კავშირის სრული გაწყვეტა.

როგორი უნდა იყოს ჩვენი კონტრ-არგუმენტაცია? რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართალზე მითითება ისევ აქტუალურია, მაგრამ ნდობისათვის - არასაკმარისი. ჩვენ ჩვენი ძირეული წუხილების არტიკულირება უნდა მოვახდინოთ, რომელშიც ღირებულებებს, იდეალებს არანაკლები ადგილი უკავია, ვიდრე მატერიალურ, ჰუმანიტარულ და სამართლებრივ არგუმენტებს. ეს უფრო გასაგები იქნება იგივე განცდების მქონე საზოგადოებისათვის, რომელსაც სახელმწიფოებრივი ურღვეობის საერთაშორისო პრინციპით აპელირება მხოლოდ თავდაცვით პოზიციაში აყენებს და ისტორიულ-მითოლოგიურ სამყაროში აბრუნებს. სანამ მათ ჩვენი ნაციონალური რომანტიზმისა არ ესმით, მანამდე მითითებანი გაეროსა თუ ეუთოს რეზოლუციებზე აგრესიული, სხვისი მიწის დაპყრობის მსურველი ქართველების შეთქმულებად მიაჩნიათ. შედეგად, როგორც იძულებით ალტერნატივას, აფხაზები კიდევ უფრო ეჯაჭვებიან რუსეთს, რაც არა მხოლოდ ქართულ, არამედ აფხაზურ ინტერესებშიც არ შედის.

ჩვენი დამატებითი არგუმენტი ისტორიულია. მეტიც, რწმენის საკითხია. მისი ობიექტურობის სკურპულოზური შემოწმება ისევეა ძნელი, როგორც ისტორიის აფხაზთა ვერსიის ობიექტურობისა. მაგრამ კონფლიქტში რწმენის, ღირებულებების მატერიალურ წონას არავინ ამოწმებს. საკმარისია იმის დანახვა, რომ კოლექტიური ღირებულებებისა და რწმენისათვის ადამიანები სიკვდილზე მიდიან. შესაბამისად, ეს არგუმენტი არანაკლებია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, ვიდრე საერთაშორისო სამართლის ნორმები და 20 საუკუნეში ჩვენთან მომხდარი კონსტიტუციურ-პოლიტიკური ცვლილებების მთელი კასკადი. ორი სიტყვით, ჩვენი ისტორიულ-ღირებულებითი არგუმენტი შემდეგში მდგომარეობს:

რიგით ქართველს სწამს საკუთარი ეროვნული იდეის და ამ იდეაში ერის მითოლოგიზირებული წარსული კონკრეტულ ტერიტორიაზეა მიჯაჭვული. ამ ტერიტორიაში აფხაზეთიც მოიაზრება თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ თანამედროვე ეროვნული ორგანიზმი არა მხოლოდ ანტიკური ქართლიდან, არამედ ეგრის-ლაზიკიდანაც გამოგვყავს, მეტიც, ბაგრატიონთა ერთიანი საქართველოს ფორმირება მნიშვნელოვანწილადაა დავალებული აფხაზეთის მეფეებზე. აფხაზთა წინაპრების მონაწილეობითა და თანხმობით ხდებოდა, რომ ერთიანობის შემდეგ აფხაზეთი ზოგჯერ საქართველოს იდენტური ცნება იყო, შუა საუკუნეების ქართული დამწერლობა და ლიტერატურა კი ისევე იყო ჩვენი, როგორც მათი. ამის დავიწყება დავითის და თამარის დავიწყებას ნიშნავს და ეს ქართველს არ შეუძლია. სხვათა შორის, ეს ორი სახელი ვერც თანამედროვე აფხაზისათვის იქნება ემოციურ მუხტს მოკლებული - აფხაზთა გადმოცემებში ოქროს ხანასთან ასოცირებული ეს ორი მეფე მათი მეფეების, ,,აპსხების” პროტოტიპებადაა გამოყვანილი.2

შედეგად, ისტორიული აფხაზი თანამედროვე, კოლექტიური ქართველის წინაპარიც ხდება; ისტორიული აფხაზეთი კი - მისი სამშობლოც. აქაა ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების იდენტობისა და ისტორიული სივრცის საზიაროობის გასაღები. მაგრამ ჩვენი თანამედროვე იდენტობის ამ ფესვებს, ხატებს არ უნდა მივყავდეთ დასკვნამდე, რომ თანამედროვე აფხაზები ცდებიან, როდესაც დამოუკიდებლობას ითხოვენ. ეს მათი ნებაა. დასკვნა ერთია მხოლოდ, ჩვენთვის აფხაზეთი და აფხაზებიც მეტია, ვიდრე გაგრის სანაპიროს მომხიბლავობა.

ვფიქრობ, ჩვენ თუ გავიგებთ აფხაზური ნაციონალური იდეის გულწრფელობას, იგივე შედეგს უნდა ველოდეთ ჩვენი იდეის მიმართ. რა თქმა უნდა, სასწაული უცებ არ მოხდება. ქართველთა თვითიდენტიფიკაციის თავისებურების გაგება მათ არ ააღებინებს ხელს დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვისაგან, მაგრამ თუ აფხაზებში ქართველთაგან მომდინარე საფრთხის განცდა შესუსტდა, სავსებით რეალური მგონია ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყება ახალი ერთობის თაობაზე.

________________________

1. ნათქვამის დამადასტურებლად ნაციონალიზმის აღიარებული ბრიტანელი მკვლევარის, ენტონი დ. სმიტის ნაშრომების კმარა, მისი ერთერთი ფუნდამენტური კვლევის „ნაციონალიზმი: თეორია, იდეოლოგია, ისტორია“ წაკითხვა აწ უკვე აწ უკვე ქართულადაც შეიძლება

2. ГЕОРГИЙ АНЧАБАДЗЕ ГРУЗИНО-АБХАЗСКОЕ ГОСУДАРСТВО: ИСТОРИЧЕСКАЯ ТРАДИЦИЯ И ПЕРСПЕКТИВЫ Аспекты грузино-абхазского конфликта, 5. Материалы грузино-абхазской конференции: Преемственность культур в контексте государственного строительства. Адлер - 26-28 августа 2000 г. Ирвайн, 2001. С. 309-324.

4 ომი იყო შეცდომა

▲ზევით დაბრუნება


იმისათვის, რათა აფხაზის ცნობიერებაში ქართველი მტრის ხატი დავამსხვრიოთ, ჩვენ ცალსახად უნდა დავგმოთ 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია. ეს იყო დანაშაულზე მეტი - ეს იყო შეცდომა. არანაირი კრიმინოგენული ვითარებით თუ პროვოკაციებით არ შეიძლება გამართლდეს ქართული ტანკების შესვლა სოხუმში. ჩვენ რომ მაშინვე დავფიქრებულიყავით ამ კონფლიქტის ეთნიკურ და ისტორიულ საფუძვლებზე, ეგებ არ ავყოლოდით ამბიციებს, ორად გაყოფილი ქართული საზოგადოების აფხაზური მტრის ხატით გამთლიანების ილუზიას, თუ რუსი გენერლების პროვოკაციას. მაშინ არც აფხაზეთის ქართველობა გახდებოდა იძულებული, ან იარაღი აეღო და ან ,,ქართული საქმის” მოღალატის იარლიყი დაემსახურებინა. ვერავინ იტყვის, რომ აფხაზური მხრიდან არ იყო იგივე შეუვალობის, მოვლენებისადმი ცალმხრივი დამოკიდებულების მაგალითები, მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენს შეცდომებზე გვჭირდება პასუხის გაცემა, რათა მოახლოვდეს ურთიერთმიტევებისა და დაახლოვების დრო.

მას შემდეგ, რაც ძალადობის ესკალაცია მოხდა და ათასობით ადამიანი ე.წ. ომის ეკოლოგიის გარემოში აღმოჩნდა, მხარეები ბუნებრივად ფოკუსირდნენ საკუთარ სიმართლეზე და ურთიერთდემონიზაციაზე. გარკვეული დროით მაინც, დიალოგი ერთობლივ წარსულსა და მომავალზე წარმოუდგენელი გახდა. მხარეებს შორის უერთიერთმიმართების ერთი განცდა ტრიალებდა - შურისძიება. ასეთ ფონზე კი თუ ვინმე რაიმე სარგებელს ნახულობდა, ეს კრიმინალური სამყარო და რუსეთის რევანშისტული წრეები იყო.

შეიძლება დავა იმაზე, თუ რა მოხდებოდა, რომ არა 1992 წლის აგვისტო. მოვახერხებდით თუ არა ქართველები და აფხაზები საერთო ენის გამონახვას, თუ ომის ქარცეცხლი თავად სოხუმში დაინთებოდა, ადგილობრივი უზენაესი საბჭოს აფხაზურ და ქართულ ფრაქციათა მიერ, მაგრამ არც ამგვარი წიაღსვლებია არსებითი მომავლისათვის, თუ ამ მომავალში მთავარი კონფლიქტის დარეგულირებაა. ერთი კია, ჩვენი პასუხისმგებლობები აფხაზურ პარლამენტსა თუ სოხუმის უნივერსიტეტში განვითარებულ წინასაომარ მოვლენებშიც უნდა გამოვავლინოთ. იმ დროს ქართული მხარის ლეგიტიმურ მოთხოვნებში შერეული იყო ეგოიზმიც, მოსმენის უუნარობაც და, ეგებ, მერკანტილური ინტერესიც.

მაგრამ ეს სხვა თემაა. ნდობის მშენებლობისათვის უპირველესი ისაა, რომ ითქვას: შევარდნაძის ხელისუფლება არა მხოლოდ ქართული, არამედ აფხაზური საზოგადოების წინაშეცაა პასუხისმგებელი დაღვრილი სისხლისათვის.

5 ძალის გამოყენებაზე საუბარიც შეცდომაა

▲ზევით დაბრუნება


თუ კი გულწრფელნი ვიქნებით აფხაზთა თანამოქალაქეებად აღიარებაში და გავიაზრებთ, რომ ეს ეთნოსი ერთიანია თავის რწმენასა და არჩევანში, მაშინ მათთან მუქარით საუბარი არა მხოლოდ პრაგმატულადაა კონტრპროდუქტიული, არამედ არაეთიკურიცაა. ეს არ ნიშნავს, რომ ხდება აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე თანხმობა. ეს არც იმას ნიშნავს, რომ თუ აფხაზეთში მასობრივ რეპრესიებს ექნება ადგილი, ჩვენ, დანარჩენი საქართველო კი დემოკრატიის კონსოლიდაციას მივაღწევთ, მოვლენებს პასიურად უნდა შევყურებდეთ. ნათქვამი გულისხმობს ორ რამეს: ჯერ ერთი, სამხედრო მშენებლობა საქართველოში თავად მეტყველებს თავის თავზე და სულაც არაა საჭირო ხაზგასმა, რომ ქვეყანას საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალებები გააჩნია. ამასთან, შერიგებაზე ზრუნვას არასოდეს არ უწყობს ხელს მუდმივად ძახილი, რომ არსებობს გაერთიანების არამშვიდობიანი, ალტერნატიული მეთოდიც, და მეორე: შეიძლება ფიქრი ექსტრემალურ პირობებში საკუთარი მოქალაქეების კანონიერ უფლებათა დაცვის ლეგიტიმურ გზებზე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ძალით დავამხოთ აფხაზთა მიერ არჩეული და მხარდაჭერილი ლიდერი. შერიგების, გაერთიანების ერთადერთი გზა ამ ლიდერთან მოლაპარაკებაა. თუ ეს არ გამოდის, მაშინ თავად აფხაზთა საზოგადოებასთან დიალოგზე, მისი ლიდერის ამ გზით გადარწმუნებაზე ან ახალ ლიდერთა ძიებაზე უნდა ვიზრუნოთ.

თუ გვწამს, რომ რუსეთს აფხაზეთში არა მშვიდობისმყოფელობა, არამედ საკუთარი გეოპოლიტიკური ხილვებისა და ამბიციების დაკმაყოფილება სურს, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზებთან მუქარით საუბარი სწორედ ჩრდილოელი მეზობლის წისქვლიზე ასხამს წყალს.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ ქვეყნის სამხედრო, თუ პოლიციური ძალები აფხაზეთთან მიმართებაში მხოლოდ ერთი მისიით შეიძლება იყვნენ აღჭურვილნი: ისინი შეეცდებიან აღკვეთონ მასობრივი რეპრესიები, თუ ასეთს, როდესმე ექნება ადგილი. რაც შეეხება ათეულ ათასობით იძულებით გადაადგიდებულ პირთა დაბრუნებისა და სტატუსის საკითხს, ეს საკითხი მხოლოდ მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.

ჩვენ გვიყვარს თქმა, რომ თუ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ძალის გამოყენება გარდაუვალი იქნება. მაგრამ რას ნიშნავს მოლაპარაკებათა ჩიხში შესვლა? თუ ამაში იგულისხმება აფხაზური მხარის უპირობო უარი ნებისმიერ მოლაპარაკებებზე, სრული იგნორირება ქართველი თუ არაქართველი დევნილების ძირეული მოთხოვნილებებისა, მაშინ კიდევ გასაგებია ლაპარაკი ჰუმანიტარული ჩარევის აუცილებლობაზე, მაგრამ რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, აფხაზური მხარე მოლაპარაკებების მომხრეა. იგი აცნობიერებს, რომ დევნილთა ინტერესები ასევეა გასათვალისწინებელი. მას მხოლოდ მიზანი, ისევე როგორც დევნილი მოსახლეობის ინტერესთა გათვალისწინების ფორმები აქვს ჩვენგან განსხვავებული. სანამ ეს ასეა, ვისაუბროთ მხოლოდ კონფლიქტის გადაწყვეტის მშვიდობიან ფორმებზე და მათ უალტერნატივობაზე. მჯერა, რომ სხვა, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებთან კომპლექსში, ომით დაზარალებულთა ჰუმანიტარული, ქონებრივი თუ მორალური რეაბილიტაციის საკითხის გადაწყვეტაც შესაძლებელია.

თუ არა და ჩვენ გავაგრძელებთ ერთმანეთის ცქერას თოფის სამიზნედან. ასეთ შემთხვევაში კი, ნდობის მშენებლობა, რაც კონფლიქტის გადაწყვეტის საწინდარია, არ მოხდება.

6 კონკრეტული პოლიტიკური და სტრუქტურული ნაბიჯები გარდამავალი პერიოდისათვის

▲ზევით დაბრუნება


ზემოთაღწერილი შეფასებითი, კონცეფტუალური თუ მორალური ნაბიჯების თანამდევი უნდა იყოს კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტამდე თანაცხოვრებისა და ურთიერთობების მოწესრიგებისათვის გამიზნული წინადადებები. თუ ისინი განხორციელდა, რასაც, თავისთავად, ნდობის მშენებლობის ზემოთაღწერილი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, მაშინ შესაძლებელი გახდება სრულმასშტაბიანი დარეგულირების მოდელისა თუ მოდელების განხილვაც, ანუ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ გარდამავალ სტრუქტურებსა და წესებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებამდე.

ამ, გარდამავალ სტრუქტურათა და წესთა კიდევ ერთი მიზანი უნდა იყოს კონფლიქტის მონაწილეებზე, მათ ნებელობაზე უცხო ქვეყნის სუბიექტური, თვითმიზნური გავლენის შესუსტება. თუ ჩვენ შევთანხმდებით დღეს, კონფლიქტის არსებობის პირობებში, თანამშრომლობის ორმხრივ ფორმატზე, ძნელი იქნება არაკეთილმოსურნეთათვის თანამშრომლობის გაღრმავების ხელის შეშლა.

1. ჩვენ უნდა შევთავაზოთ აფხაზებს რუსული პასპორტების ალტერნატივა. პასპორტი მათთვის არა მხოლოდ რუსეთში მუშაობის საშუალებაა, არამედ დანარჩენ სამყაროსთან კავშირის გარდაუვალი პირობაც. ქართული პასპორტის აღება დღეს რიგითი აფხაზისათვის ღალატის ტოლფასია. გამოსავალი სპეციალური საერთაშორისო დოკუმენტია, რომელიც დროებით შეცვლის ეროვნულ პასპორტს და საშუალებას მისცემს აფხაზებს უკეთ გაეცნონ მსოფლიოს, დააფასონ საერთაშორისო ცივილიზაციის მიღწევები, პირველწყაროდან გაიგონ ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ და დაინახონ რუსეთის, როგორც ,,მფარველის” ალტერნატივა. თავისთავად, ესაა ერთ-ერთი გზა იმის გაგებისაკენ, რომ ქართულ-აფხაზური ინტეგრაცია ორმხრივად სასარგებლო შეიძლება იყოს, რადგან იგი ევროპასთან დაახლოვების ხიდია. ევროპასთან დაახლოვება კი საუკეთესო გარანტიაა იმისა, რომ ქართველები არ გამოვიყენებთ მომავალში ჩვენს შედარებით სიმრავლეს აფხაზური იდენტობის აღმოსაფხვრელად.

ამგვარი, საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტების შექმნა და დარიგება მოითხოვს თანხმობას შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ თუ კონფლიქტური მხარეების თანხმობა იქნა მიღწეული, დანარჩენი ტექნიკური საკითხია.

2. ჩვენ უნდა შევთავაზოთ აფხაზებს სრულფასოვანი ეკონომიკური თანამშრომლობა. ეს გულისხმობს ვაჭრობას, კომუნიკაციების აღდგენას, საბანკო ურთიერთობებს და ა.შ. ამაზე საუბარი უკვე მიმდინარეობს ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან. მაგრამ აქ მთავარი ის კი არ არის, თუ რა კონკრეტულ მატერიალურ სარგებელს შესთავაზებს საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის მოსახლეობას ამა თუ იმ ეკონომიკური პროექტიდან, არსებითი ამ პროექტების ლეგალური სტატუსის და მენეჟმენტის საკითხებია. სხვაგვარად, ეკონომიკური პრივილეგიების შეთავაზება აფხაზთა მხრიდან აღიქმება, როგორც საკუთარი პოზიციის გაყიდვის წინადადება და შედეგს არ გამოიღებს.

გასაგები მიზეზების გამო ჩვენ არ შეგვიძლია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ვერ დაემსგავსება სახელმწიფოთაშორის კავშირს. სანამ სტატუსის შესახებ მოლაპარაკება მკვდარი წერტილიდან დაიძრებოდეს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ გარდამავალ, შერეულ ქართულ-აფხაზურ მენეჯერულ და გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებზე. ეს შეიძლება იყოს სპეციალიზებული ქართულ-აფხაზური საბჭო, რომელსაც ექნება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების დისკრეციული უფლება იმ საკითხებზე, რომლებიც თანაბრად ეხება ქართველთა და აფხაზთა ეკონომიკურ კეთილდღეობას.

3. ყველაზე ხელშესახები და მტკივნეული საკითხი დევნილი მოსახლეობის უფლებებს შეეხება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ საკითხის მაქსიმალური დეპოლიტიზაცია. კერძოდ, დევნილთა ქონებრივი და უფლებრივი რეაბილიტაცია არ უნდა იქნას აღქმული პოლიტიკური მოტივით აფხაზეთში დემოგრაფიული ბალანსის შეცვლის საშუალებად. ჩვენ არ უნდა განვაცხადოთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა არც ერთი მიმართულებით არ განხორციელდება, სანამ დევნილები არ დაბრუნდებიან ომამდელ საცხოვრებელ ადგილებზე. ასეთი განცხადებები მრავლად ყოფილა და შედეგი არ ჰქონია. ვფიქრობ, რომ თუ ნდობის ყინულმა გალღობა დაიწყო, რასაც, სხვათაშორის, ეკონომიკური თანამშრომლობის ლეგალიზაციაც შეუწყობდა ხელს, დევნილთა უფლებრივი რეაბილიტაცია გაცილებით მეტ რეალურ კონტურს შეიძენდა. მაგრამ ამავე დროს, თავიდანვე უნდა მოვთხოვოთ მეორე მხარეს საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და, შესაბამისად, იმის აღიარება, რომ აფხაზური დე-ფაქტო ხელისუფლება პატივს სცემს დევნილთა სასიცოცხლო ინტერესებსა და იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას მათ განხორციელებაზე.

დევნილთა საკითხი სამართლებრივი და ჰუმანიტარული საკითხების წყებას უნდა მიეკუთვნოს და მის გადასაწყვეტად აგრეთვე შეიქმნას პარიტეტული ორგანო. აქ საუბარი არ არის მხოლოდ კომისიაზე, რომელსაც გადაწყვეტილებათა განხორციელების მექანიზმები არ ექნება. ერთი მხრივ, საჭიროა კომისიური ტიპის მუშაობა, რომელიც დევნილთა საკითხის გადაწყვეტის სამართლებრივ პარამეტრებს დაადგენს. მეორე მხრივ კი უნდა არსებობდეს გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციის მექანიზმი, სპეციალური ორგანო. ამ ორგანოს, შესაძლოა შერეული, ქართულ-აფხაზური სააგენტოს სტატუსი ჰქონდეს, შესაბამისი დაფინანსებითა და აღსრულების ბერკეტებით. გამორიცხული არ არის, რომ მას ძალოვანი ქვედანაყოფიც გააჩნდეს.

ერთი არსებითი პრობლემა, როდესაც დევნილთა ინტერესების დაცვაზეა საუბარი, მათი სამომავლო სტატუსია და, ამასთან, მათი უსაფრთხოების საკითხი. უსაფრთხოების პრობლემა სწრაფად და სრულად ვერ გადაწყდება. თუმცა, თუ ზემოთ ნახსენებ ერთობლივ სააგენტოზე შევთანხმდებით, უსაფრთხოების საკითხში პროგრესიც უფრო სწრაფი შეიძლება გამოდგეს. რაც შეეხება სტატუსს, როგორც ცნობილია, აფხაზური მხარე დაბრუნებულთა მხრიდან სოხუმის ხელისუფლებისადმი ლოიალურობის აღიარებას და აფხაზეთის მოქალაქეობაზე თანხმობას მოითხოვს. დღემდე ეს პირობა მიუღებელი იყო ქართული ხელისუფლებისათვისაც და დევნილთა უმეტესობისათვისაც. აქაც საჭიროა კომპრომისი: სანამ მხარეები კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებამდე მისულან, შესაძლებელია ვიფიქროთ შემდეგ მოთხოვნებზე: ა) იმ დევნილთათვის, ვინც აფხაზურ მოქალაქეობაზე უარს არ ამბობს, გარანტირებული უნდა იყოს საკუთარი იდენტობის განხორციელების უფლება. ეს, საწყის ეტაპზე, უნდა გულისხმობდეს სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების გარანტირებას, კერძოდ აფხაზეთში ქართულად განათლების მიღების და ეროვნული სათვისტომოს შექმნის შესაძლებლობას, ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებას. თანდათანობით, აფხაზურმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სამართალაღსრულება ქართულ ენაზეც და სწორედ ეს უნდა იყოს ქართული მხარის პრინციპული მოთხოვნა. ბ) მათთვის, ვისაც არ სურს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება და პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტას ელოდება, ასევე უნდა იყოს შესაძლებელი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ბუნებრივია, რომ ასეთი ადამიანი მოვალე იქნება დაემორჩილოს აფხაზეთში ფაქტობრივად მოქმედ კანონებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს აფხაზური კონსტიტუციისადმი ერთგულების ფიცს ან რაიმე მაგდაგვარს. ასეთი ადამიანის ლეგალური სტატუსი მოქალაქეობის არმქონე მოსახლის სტატუსს უნდა უკავშირდებოდეს. იგი ასევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა ძირითადი სამოქალაქო უფლებით. განსხვავება მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღების შეუძლებლობაა.

მაგრამ ეს ყოველივე ალბათ გაიჭიმება და ამ თუ სხვა ფორმით, ნდობის მშენებლობაში გარკვეული პროგრესის მიღწევის შემდეგ თუ განხორციელდება. დღეისათვის უფრო მნიშვნელოვანია გალის რაიონში მცხოვრები ადამიანების სტატუსსა და უსაფრთხოებაზე თანამშრომლობის წინადადებების შემუშავება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ შერეული ადმინისტრაციისა და შერეული სამართალდაცვის მოდელებზე. კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტამდე გალში როგორც ქართულ, ისე სოხუმის აბსოლუტურ სუვერენიტეტზე არ უნდა იყოს საუბარი. აქ უნდა არსებობდეს გარდამავალი ორმხრივი ან საერთაშორისო განზომილების მქონე ადმინისტრაცია და განიარაღებული ზონა. შესაძლოა დროებით ზომად წარმოვიდგინოთ შემდეგი: გალში არის სოხუმიდან დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. პარალელურად, ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეთანხმებით და არა აფხაზური კონსტიტუციით, ფუნქციონირებს ადგილობრივი წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც რეალურ თვითმმართველობას განახორციელებს.

4. კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი, ომისდროინდელი დანაშაულებების გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისმგებლობაა. ამ საკითხს მუდმივად აყენებდნენ აფხაზები. ამასთან, ქართულ მხარესაც უამრავი მაგალითი აქვს აფხაზური მხრიდან სამხედრო დანაშაულებების ჩადენისა. საჭიროა სპეციალური, საერთაშორისო კომისიის შექმნა, რომელიც ყოველ ცალკეულ საკითხს შეისწავლის. იგი გაითვალისწინებს როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ისე ეთნიკური, არსებითად სამოქალაქო ომის საშინელ ეკოლოგიას, რომელიც ბევრ ადამიანს აკარგვინებდა ადამიანურ სახეს. ყველა დამნაშავის პატიებას ვერავინ მოითხოვს, განსაკუთრებით მსხვერპლთა ახლობლებისაგან, მაგრამ ეს კომისია უფრო სიმართლის დამდგენი და გამახმაურებელი უნდა იყოს, ვიდრე დამსჯელი ორგანო. მხარეები უნდა შეთანხმდნენ, რომ მკაცრი სასჯელი დადგინდეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეგნებულად, საღი გონებით ჩადენილი დანაშაულისათვის, როდესაც გამოირიცხება აფექტის მდგომარეობა ან საომარი მოქმედებით გამოწვეული შემთხვევითი მსხვერპლი.

საერთოდ, კონფლიქტის დარეგულირება არ ნიშნავს სამართლიანობის ასპროცენტიან აღდგენას. ომის შემდეგ, ეს არსებითად შეუძლებელია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ შინაგან განწმენდას - ყოველივე ჩადენილის გულწრფელ აღიარებას და დაგმობას. ყოველი ცალკეული დამნაშავის დევნა კი, როდესაც დანაშაულის უკან მასობრივი პატრიოტული ლოზუნგებია, არარეალურია. შემთხვევითი არაა, რომ ბევრ ქვეყნებში შერიგებისა და ეთნიკური, რელიგიური თუ რასობრივი კონფლიქტების დარეგულირების მიზნით, სისხლის სამართლის დამნაშავეთა ამნისტირება ხდება ხოლმე, თუ დანაშაულის უკან პოლიტიკური მოტივია. არსებითად, ამის გარკვეული მაგალითი ჩვენი სამოქალაქო ომის მონაწილეთა შერიგების პროცესიცაა.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი იყო ტრაგედია, როგორც აფხაზი, მცირერიცხოვანი ერისათვის, ისე მთელი საქართველოსათვის. ტრაგედია ჩვენ, ძირითადად, ტერიტორიის დაკარგვად გვესმის. არა და ტრაგიზმი იმაშია, რომ ტოტალიტარიზმიდან ღირსეული, დემოკრატიული ყოფისაკენ მიმავალმა ჩვენმა ერმა ვერ გამონახა შინაგანი ძალა ამ კონფლიქტის მშვიდობიან ფარგლებში მოქცევისა და, შემდეგ, გადაწყვეტისათვის. ჩვენ, დიახაც რომ დავისაჯეთ, მაგრამ არა მარტო და არა იმდენად რუსეთის იმპერიისაგან დამოუკიდებლობის გულწრფელი სურვილისათვის, არამედ ჩვენივე ამპარტავნობისათვის. თუ გვინდა, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და როგორც ეროვნულად, ისე პიროვნულად უარესი ტრაგედიების წინაშე არ აღვმოჩნდეთ, გამოსავალი ქართულ-აფხაზური ფედერალიზმია. აფხაზებმა ამის უფლება მთელი თავისი ეთნიკური ისტორიით დაამტკიცეს და თუ სხვა რამ მათთვის მიუღებელია, უნდა დავყაბულდეთ. ეს სულაც არ ნიშნავს ამ მოდელის განვრცობას მთელს საქართველოზე. ეს უნიკალური, ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან ოპტიმალური გამოსავალია მხოლოდ. აფხაზს არ გააჩნია სხვა სამშობლო, მისი და ჩვენი სამშობლო ერთია. მაგრამ რადგან მას სურს სუვერენიტეტის საკუთარი, ლეგიტიმური წვლილი, რაც მისი ისტორიული მემკვიდრეობიდან ისევე გამომდინარეობს, როგორც ქართველის სურვილებია ჩვენივე ისტორიიდან მომდინარე, უნდა დავთანხმდეთ ამაზე. დღეს, სინამდვილეში აფხაზებს არც ფედერალიზმი არ სურთ, მაგრამ მეტი ქართულ მხარეს არ შეუძლია. თუ ნდობა აღდგა, ვგონებ რომ ამ კომპრომისს ორივე მხარე მიიღებს.