![]() |
გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დოკუმენტები (წიგნი II) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|საერთაშორისო სამართალი |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დოკუმენტები / [საქ. ახალგ. იურისტთა ასოციაცია] - თბ. : [საია], 1999 - ; 20სმ. - (ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებში საქართველოში) [MFN: 26292] წ. 2 - , 2005 - 128გვ. - : [ფ.ა.] შინაარსი: საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად; კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ; კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ; ძირითადი პრინციპები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ; ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ; სახელმძღვანელო პრინციპები პროკურორთა როლის შესახებ; პრინციპთა ერთობლიობა ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა დასაცავად; ძირითადი პრინციპები პატიმართა მოპყრობის შესახებ; სამართალდამცავ პირთა ქცევის წესების კოდექსი; ცნობის ფურცელი N19 ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ეროვნული ინსტიტუტები [MFN: 26294] წიგნი გამოიცა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ფინანსური დახმარებით თბილისი 1999 A/36/440 (1981), A/38/416 (1983), E/CN. 4/1987/37 (1987) E/HN. 4/1989/47 and Add. 1 (1989), E/CN. 4/1991/23 and Add. 1(1991) შექმნილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჟენევა, 1993 წლის აპრილი. მისამართი ინტერნეტში: www.unhchr.ch/html/menu6/2/tsl9.htm |
![]() |
1 საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად |
▲ზევით დაბრუნება |
მიღებულია და ღიაა ხელმოსაწერად და სარატიფიკაციოდ
გენერალური ასამბლეის 1965 წლის 21 დეკემბრის 2106 (XX) რეზოლუციით
ძალაში შევიდა: 1969 წლის 4 იანვარს, მე-19 მუხლის შესაბამისად
ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები
მხედველობაში იღებენ, რომ გაერთიანებული ერების წესდება დაფუძნებულია თითოეული ადამიანის თანდაყოლილი ღირსებისა და თანასწორობის პრინციპებზე და ყველა მონაწილე სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება გაეროსთან თანამშრომლობით განახორციელოს ერთობლივი და ცალკეული ქმედებები, რათა მიაღწიონ გაერთიანებული ერების მიზანს, წაახალისონ და ხელი შეუწყონ ყველა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას, განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა თუ რელიგიისა;
მხედველობაში იღებენ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აცხადებს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალი და თანასწორია ღირსებისა და უფლებების მხრივ და ყველა უნდა სარგებლობდეს აქ წარმოდგენილი ყველა უფლებებითა და თავისუფლებებით ყოველგვარი განსხვავების გარეშე, განსაკუთრებით, რასის, ფერის ან ეროვნული წარმოშობის მიხედვით;
მხედველობაში იღებენ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და სარგებლობს ყოველგვარი დისკრიმინაციისა და დისკრიმინაციის წაქეზებისაგან თანაბარი დაცვის უფლებით;
მხედველობაში იღებენ, რომ გაერთიანებულმა ერებმა დაგმო კოლონიალიზმი, მასთან დაკავშირებული სეგრეგაციისა და დისკრიმინაციის ყოველგვარი პრაქტიკა, რა ფორმით და სადაც არ უნდა არსებობდეს იგი, და 1960 წლის 14 დეკემბრის დეკლარაციამ კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისათვის თავისუფლების მინიჭების შესახებ (გენერალური ასამბლეა 1514 (XV) რეზოლუცია) დაამტკიცა და საზეიმოდ გამოაცხადა მათი სწრაფი და უპირობო დასასრულის აუცილებლობა;
მხედველობაში იღებენ, რომ გაერთიანებული ერების 1963 წლის 20 ნოემბრის დეკლარაცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად (გენერალური ასამბლეის 1904 წლის (XVIII) რეზოლუცია) საზეიმოდ აცხადებს მთელს მსოფლიოში რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და გამოვლინების სწრაფი ლიკვიდაციის აუცილებლობასა და თითოეული ადამიანის ურთიერთგაგებისა და ღირსების პატივისცემის აუცილებლობას;
დარწმუნებულნი არიან, რომ უპირატესობის ნებისმიერი თეორია, დაფუძნებული რასობრივ დიფერენციაციაზე, მეცნიერულად მცდარი, მორალურად დასაგმობი, სოციალურად უსამართლო და საშიშია, და რომ რასობრივ დისკრიმინაციას აქვს არც თეორიული და არც პრაქტიკული გამართლება.
კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ადამიანის დისკრიმინაცია რასის, ფერის ან ეთნიკური წარმოშობის ნიადაგზე ერებს შორის მეგობრული და მშვიდობიანი ურთიერთობის წინაღობაა და შეუძლია საფრთხე შეუქმნას მშვიდობასა და უსაფრთხოებას ხალხთა შორის, აგრეთვე, ერთსა და იმავე სახელმწიფოში გვერდიგვერდ მაცხოვრებელ პირთა ჰარმონიულ თანაცხოვრებას;
დარწმუნებულნი არიან, რომ რასობრივი ბარიერების არსებობა ეწინააღმდეგება ადამიანთა საზოგადოების იდეალებს;
შეშფოთებულნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში რასობრივი დისკრიმინაციის აშკარა გამოვლინებებით და რასობრივ უპირატესობაზე ან სიძულვილზე დაფუძნებული სამთავრობო პოლიტიკით, როგორიცაა აპარტეიდის სეგრეგაციის ან განცალკევების პოლიტიკა;
გადაწყვიტეს მიიღონ ყველა საჭირო ზომა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და გამოვლინების სწრაფი აღმოფხვრისათვის და ხელი შეუშალონ და ებრძოლონ რასობრივ თეორიებსა და პრაქტიკას, რათა ხელი შეუწყონ რასებს შორის ურთიერთგაგებას და ააშენონ რასობრივი სეგრეგაციისა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმისაგან თავისუფალი საერთაშორისო საზოგადოება;
მხედველობაში იღებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1958 წელს მიღებულ კონვენციას სამუშაოსა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მიერ 1960 წელს მიღებულ განათლების სფეროში დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კონვენციას;
სურთ, რომ განახორციელონ გაერთიანებული ერების რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ დეკლარაციაში ხორცშესხმული პრინციპები, რათა ამ მიზნით უზრუნველყონ პრაქტიკული ზომების მიღება.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი 1
მუხლი 1
1.ამ კონვენციაში ტერმინი „რასობრივი დისკრიმინაცია“ უნდა ნიშნავდეს ნებისმიერ განსხვავებას, განსაკუთრებულობას, შეზღუდვას ან უპირატესობას, დაფუძნებულს რასაზე, ფერზე, ეროვნულ ან ეთნიკურ წარმოშობაზე, რომელიც მიზნად ისახავს გააუქმოს ან ხელი შეუშალოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარებას, სარგებლობას ან განხორციელებას თანაბარ საფუძველზე, საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ან სხვა სფეროში.
2.ეს კონვენცია არ ვრცელდება განსხვავებებზე, განსაკუთრებებზე, შეზღუდვებზე ან უპირატესობებზე, რომლებსაც ადგენს ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო თავის მოქალაქეებსა და არა მოქალაქეებს შორის.
3.ამ კონვენციაში არაფერი უნდა იქნას გაგებული როგორც რაიმე ფორმით ზემოქმედება მონაწილე სახელმწიფოების მიერ ეროვნების, მოქალაქეობის ან ნატურალიზაციისათვის დადგენილ სამართლებრივ დებულებებზე, რადგან აღიარებულია, რომ ასეთი პირობები არ ახდენს ცალკეულ ეროვნებათა დისკრიმინაციას.
4.სპეციალური ზომები, რომლებიც მიღებულია ერთადერთი მიზნით აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნას რომელიმე რასობრივი ან ეთნიკური ჯგუფის ან პირის, რომლებიც მოითხოვენ ასეთ დაცვას, თანაბარი პროგრესი, რათა ასეთი ჯგუფები ან პირები უზრუნველყოფილ იყვნენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ფლობისა და გამოყენების თანაბარი შესაძლებლობით, არ უნდა ჩაითვალოს რასობრივ დისკრიმინაციად, თუმცა, ასეთი ზომები, როგორც შედეგი, ხელს არ უნდა უწყობდეს ცალკეული რასობრივი ჯგუფებისათვის განსხვავებული უფლებების შენარჩუნებასა და გავრცობას იმ მიზნების მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც იქნენ შემოღებული.
მუხლი 2
1.მონაწილე სახელმწიფოები გმობენ რასობრივ დისკრიმინაციას და კისრულობენ ვალდებულებას, ყველა შესაბამისი საშუალებებით და დაყოვნების გარეშე, შეიმუშაონ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პოლიტიკა და ხელი შეუწყონ რასებს შორის ურთიერთგაგებას. ამ მიზნით:
a.თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას არ მიიღოს მონაწილეობა რასობრივი დისკრიმინაციის არც ერთ ქმედებასა და პრაქტიკაში პირების, პირთა ჯგუფის ან დაწესებულებების წინააღმდეგ და უზრუნველყოს, რომ ყველა ცენტრალურმა და ადგილობრივმა სახელმწიფო ორგანიზაციამ და დაწესებულებამ იმოქმედოს ამ მოვალეობის შესაბამისად,
b.თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას არ დააფინანსოს, არ დაიცვას ან არ დაეხმაროს ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის განხორციელებას,
c.თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ეფექტური ზომები, რათა გადასინჯოს სამთავრობო, ცენტრალური და ადგილობრივი პოლიტიკა და შეასწოროს, გააუქმოს ან ძალა დაკარგულად გამოაცხადოს ნებისმიერი კანონი ან წესი, რომელსაც შეუძლია შექმნას და განამტკიცოს რასობრივი დისკრიმინაცია, სადაც ის არსებობს,
d.თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, არსებული გარემოებების შესაბამისად, ყველა არსებული საშუალებით, მათ შორის საკანონმდებლო, უნდა აკრძალოს და აღკვეთოს, ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან ორგანიზაციის მიერ განხორციელებული რასობრივი დისკრიმინაცია,
e.თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, საჭიროებისამებრ, ვალდებულება უნდა იკისროს ხელი შეუწყოს იმ ორგანიზაციებსა და მოძრაობებს და სხვა საშუალებებს, რომლებიც მიზნად ისახავს რასობრივი ბარიერების მოშლას და ხელს უშლის ყველაფერს, რაც აძლიერებს რასობრივ დაყოფას.
2.მონაწილე სახელმწიფოებმა, როდესაც გარემოებები ამის საშუალებას იძლევა, უნდა მიიღონ სპეციალური და კონკრეტული ზომები, რათა სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროში უზრუნველყონ რასობრივი ჯგუფების ან მათ მიკუთვნებულ პირთა თანაბარი განვითარება და დაცვა იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით სრული და თანაბარი სარგებლობა. ასეთმა ზომებმა არავითარ შემთხვევაში შედეგად არ უნდა მოიტანოს სხვადასხვა რასობრივი ჯგუფებისთვის არათანაბარი ან განცალკევებული უფლებების შენარჩუნება იმ შედეგის დადგომის შემდეგ, რომლის მისაღწევადაც ისინი იყო შემოღებული.
მუხლი 3
მონაწილე სახელმწიფოები განსაკუთრებით გმობენ რასობრივ სეგრეგაციასა და აპართეიდს და ვალდებულებას კისრულობენ, რომ მათ იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე აღმოფხვრან, აკრძალონ და საფუძვლიანად მოსპონ ყველა ამ სახის პრაქტიკა.
მუხლი 4
მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ყოველგვარ პროპაგანდასა და ყველა ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია ერთი რასის, ერთი ფერის ან ეთნიკური წარმოშობის პირთა ჯგუფის უპირატესობის იდეებსა და თეორიაზე ან, რომელიც ცდილობს გაამართლოს ან ხელი შეუწყოს რასობრივ სიძულვილსა და დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას და ვალდებულებას კისრულობენ მიიღონ სწრაფი და პოზიტიური ზომები, რათა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ხორცშესხმული პრინციპებისა და ამ კონვენციის მე-5 მუხლში გამოხატული უფლებების საჭირო მოთხოვნით მოისპოს დისკრიმინაციის მსგავსი ქმედების წაქეზება, სხვა პრინციპებს შორის inter alia:
a.კანონით დასჯად ქმედებად უნდა გამოცხადდეს რასობრივ უპირატესობასა და სიძულვილზე დაფუძნებული იდეების ყოველგვარი გავრცელება, რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერი წაქეზება ისევე, როგორც ძალადობის ყველა აქტი ან ასეთი აქტების წაქეზება ნებისმიერი რასის ან სხვა ფერის ან ეთნიკური წარმოშობის პირთა ჯგუფის წინააღმდეგ და ასევე, რასისტული მოქმედებების ნებისმიერი დახმარების, მათ შორის ფინანსურის დახმარების პირობები;
b.უკანონოდ უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ორგანიზაციებისა და ასევე, ყველა სხვა ორგანიზებული პროპაგანდისტული მოღვაწეობა, რომელიც ხელს უწყობს და იწვევს რასობრივ დისკრიმინაციას, ასეთ ორგანიზაციებსა ან საქმიანობაში მონაწილეობა უნდა გამოცხადდეს კანონით დასჯად ქმედებად;
c.დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს ეროვნული თუ ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების ან საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ხელის შეწყობა ან გამოწვევა.
მუხლი 5
ძირითადი მოვალეობების შესაბამისად, რომელიც მოცემულია ამ კონვენციის მეორე მუხლში, მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას აკრძალონ და გააუქმონ რასობრივი დისკრიმინაცია გამოვლენილი ნებისმიერი ფორმით და უზრუნველყონ ყველას თანასწორობა კანონის წინაშე, განურჩევლად რასისა, ფერისა, ან ეროვნების ან ეთნიკური წარმოშობისა, კერძოდ:
a.სასამართლოსა და მართლმსაჯულების სხვა ორგანოების წინაშე თანასწორი მოპყრობის უფლება;
b.პირის უფლება უსაფრთხოებასა და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის ან ფიზიკური დაზიანების წინააღმდეგ დაცვაზე, მიუხედავად იმისა, ეს უკანასკნელი გამოწვეულია სახელმწიფო მოხელეების თუ სხვა რომელიმე ინდივიდუალური ჯგუფის ან ინსტიტუტის ქმედებით;
c.პოლიტიკური უფლებები, კერძოდ - მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, აირჩიოს და არჩეულ იქნას საყოველთაო და თანასწორი ხმის მიცემის საფუძველზე, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ისევე, როგორც საზოგადოებრივ საქმეებში ნებისმიერ დონეზე და სარგებლობდეს ნებისმიერი საჯარო სამსახურის ხელმისაწვდომობით;
d.სხვა სამოქალაქო უფლებები, განსაკუთრებით:
1.უფლება თავისუფლად გადაადგილდეს და იცხოვროს სახლმწიფო საზღვრების ფარგლებში;
2.უფლება დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარიც, და დაბრუნდეს თავის ქვეყანაში;
3.ეროვნების უფლება;
4.ქორწინებისა და მეუღლის არჩევის უფლება;
5.ქონების ინდივიდუალური და კოლექტიური ფლობის უფლება;
6.მემკვიდრეობის უფლება;
7.ფიქრის, სინდისისა, და რელიგიის თავისუფლება;
8.აზრისა და გამოხატვის თავისუფლება;
9.მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლება.
e.ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, კერძოდ:
1.მუშაობის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, სამართლიან და ხელსაყრელ პირობებში მუშაობის უფლება, უმუშევრობის წინააღმდეგ დაცვა, შესაბამისი ანაზღაურების, სამართლიანი და ხელსაყრელი კომპენსაციის უფლება;
2.უფლება შექმნას და შეუერთდეს პროფესიულ კავშირებს,
3.საცხოვრებლის უფლება;
4.ჯანდაცვის, სამედიცინო მომსახურების, სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური მომსახურების უფლება;
5.განათლებისა და წვრთნის უფლება;
6.კულტურულ ღონისძიებებში თანაბარი მონაწილეობის უფლება.
f. საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამიზნული ადგილების ან მომსახურების, როგორიცაა ტრანსპორტი, სასტუმრო, რესტორანი, კაფე, თეატრი და პარკი ხელმისაწვდომობა.
მუხლი 6
მონაწილე სახელმწიფოებმა, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში კომპეტენტური ეროვნული სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით, ყველასთვის უნდა უზრუნველყონ ეფექტური დაცვა რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერი აქტის წინააღმდეგ, რომელიც ამ კონვენციის საწინააღმდეგოდ არღვევს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს ისევე, როგორც უზრუნველყონ ყველას უფლება - დისკრიმინაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად, სასამართლოსგან მიიღოს სამართლიანი და თანასწორი კომპენსაცია და დაკმაყოფილება.
მუხლი 7
მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას მიიღონ სწრაფი და ეფექტური ზომები, განსაკუთრებით სწავლების, განათლების, კულტურისა და ინფორმაციის სფეროში, რათა ებრძოლონ ცრუ რწმენებს, რომლებიც მართავს რასობრივ დისკრიმინაციას, და ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებასა და მეგობრობას ერებსა და რასობრივ ან ეთნიკურ ჯგუფებს შორის ისევე, როგორც გაერთიანებული ერების წესდებით, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისათვის გაერთიანებული ერების დეკლარაციათა და ამ კონვენციით განმტკიცებული მიზნების და პრინციპების გავრცელებას.
ნაწილი II
მუხლი 8
1.უნდა დაარსდეს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (შემდგომში „კომიტეტი“), რომელიც შედგება მონაწილე სახელმწიფოების მიერ მოქალაქეებს შორის მიუკერძოებლად არჩეული 18 მაღალი მორალის მქონე ექსპერტისაგან, რომლებიც მსახურობენ თავიანთი პიროვნული შესაძლებლობების ფარგლებში და წარმოადგენენ ცივილიზაციის სხვადასხვა ფორმებსა და ძირითად სამართლებრივ სისტემებს, სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების პრინციპის შესაბამისად.
2.კომიტეტის წვერები არჩეულ უნდა იქნან ფარული კენჭისყრით მონაწილე სახელმწიფოების მიერ წარდგენილი სიიდან. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია თავის მოქალაქეთაგან წამოაყენოს ერთი პირი.
3.პირველი არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა. არჩევნებამდე არა უგვიანეს სამი თვისა გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა შეტყობინება უნდა გაუგზავნოს მონაწილე სახელმწიფოებს ორი თვის განმავლობაში საკუთარი კანდიდატების წარდგენის შესახებ. გენერალურმა მდივანმა უნდა მოამზადოს წარმოდგენილ კანდიდატთა სია ანბანური წესით, მიუთითოს მასში წარმომდგენი მონაწილე სახელმწიფო და წარუდგინოს მონაწილე სახელმწიფოებს.
4.კომიტეტის წევრების არჩევნები უნდა ჩატარდეს მონაწილე სახელმწიფოების შეკრებაზე, რომელიც მოიწვევა გენერალური მდივნის მიერ გაერთიანებული ერების შტაბ ბინაში. ამ კრებაზე, სადაც ქვორუმს შეადგენს მონაწილე სახელმწიფოების 2/3, კომიტეტში არჩეული პირები წარმოადგენენ იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიიღეს ხმების უდიდესი რაოდენობა და დამსწრე დახმის მიმცემი მონაწილე სახელმწიფოების ხმების აბსოლუტური უმრავლესობა.
5.a) კომიტეტის წევრები აირჩევიან ოთხი წლის ვადით. თუმცა, პირველ არჩევნებში არჩეული 9 წევრი აირჩევა ორი წლის ვადით. ასეთი ცხრა წევრი პირველი არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ შეირჩევა წილისყრით და მათი სახელები დასახელებულ უნდა იქნას კომიტეტის თავჯდომარის მიერ.
b) შემთხვევითი ვაკანსიების შესავსებად მონაწილე სახელმწიფომ, რომლის ექსპერტმაც წევრობა შეწყვიტა, თავის მოქალაქეთაგან უნდა დანიშნოს სხვა სპეციალისტი, რომელიც დამტკიცებულ უნდა იქნას კომიტეტის მიერ.
6. მონაწილე სახელმწიფოები პასუხისმგებელი არიან კომიტეტის წევრის ხარჯებზე, მათ მიერ საკომიტეტო მოვალეობების შესრულების დროს.
მუხლი 9
1.მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს კომიტეტში განსახილველად წარუდგინონ მოხსენება საკანონმდებლო, იურიდიულ, ადმინისტრაციულ ან სხვა მათ მიერ ამ კონვენციის დებულებების განხორციელებისათვის მიღებულ ზომებზე:
a.კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ მიერთებული სახელმწიფოსთვის; და
b.ამის შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და კომიტეტის მოთხოვნისამებრ კომიტეტს შეუძლია მონაწილე სახელმწიფოებისგან მოითხოვოს შემდგომი ინფორმაციები.
2.კომიტეტმა, გენერალური მდივნის მეშვეობით, თავისი საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად უნდა მოახსენოს გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეას და მონაწილე სახელმწიფოებისაგან მიღებულ მოხსენებებსა და ინფორმაციებზე დაყრდნობით, შეუძლია წარადგინოს წინადადებები და ზოგადი რეკომენდაციები. ასეთი წინადადებები და რეკომენდაციები უნდა მოხსენდეს გენერალურ ასამბლეას მონაწილე სახელმწიფოს შენიშვნებთან ერთად, თუ ასეთი არსებობს.
მუხლი 10
1.კომიტეტმა უნდა მიიღოს საკუთარი პროცედურული წესები.
2.კომიტეტმა უნდა აირჩიოს საკუთარი თანამდებობის პირები 2 წლის ვადით.
3.კომიტეტის სამდივნო უზრუნველყოფილი უნდა იყოს გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის მიერ.
4.კომიტეტის კრებები ჩვეულებრივ უნდა გაიმართოს გაერთიანებული ერების შტაბბინაში.
მუხლი 11
1.თუ მონაწილე სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო არ ასრულებს ამ კონვენციის პირობებს, მას შეუძლია საკითხი გადასცეს კომიტეტს. კომიტეტმა აღნიშნულის შესახებ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს. სამი თვის განმავლობაში მიმღებმა სახელმწიფომ კომიტეტში განსახილველად უნდა წარადგინოს წერილობითი განმარტება ან განცხადება, რომელიც ნათელს მოჰფენს საკითხს და იმ საშუალებებს, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამ სახელმწიფოს მიერ.
2.თუ საკითხი არ მოწესრიგდა ორივე მხარის დაკმაყოფილებით, ორმხრივი მოლაპარაკებით ან მათთვის დაშვებული სხვა პროცედურით, მიმღები სახელმწიფოს მიერ საწყისი შეტყობინების მიღებიდან შემდეგ 6 თვის ვადაში სახელმწიფოს უფლება აქვს ხელახლა წარუდგინოს საკითხი კომიტეტს, მისი და დაკავშირებული მონაწილე სახელმწიფოს შეტყობინებით.
3.კომიტეტმა უნდა განიხილოს მისთვის გადაცემული საკითხი, ამ მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდება, რომ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, გამოყენებულ იქნა ყველა არსებული შიდასახელმწიფოებრივი საშუალება. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი საშუალებების გამოყენება უმიზეზოდ გაჭიანურდა.
4.ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტს შეუძლია შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვოს სხვა შესაბამისი ინფორმაცია.
5.როდესაც ამ მუხლის შესაბამისად წარმოშობილი რომელიმე საკითხი მიღებულია კომიტეტის მიერ, შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ უფლება საკითხის განხილვის მიმდინარეობისას, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ხმის უფლების გარეშე, მიავლინონ წარმომადგენელი.
მუხლი 12
1.a) მას შემდეგ, რაც კომიტეტმა მიიღო და შეკრიბა მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, თავმჯდომარემ უნდა დანიშნოს დროებითი შემრიგებლური კომისია (შემდგომში „კომისია“), რომელიც შედგება 5 წევრისაგან, რომლებიც შეიძლება იყვნენ ან არ იყვნენ კომიტეტის წევრები. კომისიის წევრები დანიშნული უნდა იყვნენ ერთხმად დავის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ და მათი სამსახური ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი სახელმწიფოებისათვის ამ კონვენციის პატივისცემის საფუძველზე, მეგობრული გადაწყვეტილების მისაღწევად.
b)თუ დავის მონაწილე სახელმწიფოები სამი თვის მანძილზე ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას კომისიის სრული ან ნაწილობრივი შემადგენლობის შესახებ, კომისიის წევრები, რომელთა არჩევაზეც დავის მონაწილე სახელმწიფოები ვერ შეთანხმდებიან, არჩეულ უნდა იქნენ კომიტეტის წევრთაგან ფარული კენჭისყრით, კომიტეტის წევრთა 2/3 უმრავლესობით.
2.კომისიის წევრებმა უნდა იმსახურონ პირადი შესაძლებლობების ფარგლებში. ისინი არ უნდა იყვნენ დავის მონაწილე სახელმწიფოების ან ამ კონვენციის არა წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები.
3.კომისიამ უნდა აირჩიოს თავმჯდომარე და დაადგინოს თავისი პროცედურული წესები.
4.კომისიის კრებები, ჩვეულებრივ, უნდა ჩატარდეს გაერთიანებული ერების შტაბბინაში ან ნებისმიერ სხვა კომისიის მიერ განსაზღვრულ მოსახერხებელ ადგილას.
5.ამ კონვენციის მე-10 მუხლის 3 პუნქტის შესაბამისად არსებული სამდივნო უნდა მოემსახუროს კომისიასაც, როდესაც მონაწილე სახელმწიფოებს შორის დავა კომისიას მოიყვანს მოქმედებაში.
6.დავის მონაწილე სახელმწიფოებმა თანაბრად უნდა გაიყონ კომისიის წევრთა ხარჯები, გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის მიერ შეთავაზებული შეფასების შესაბამისად.
7.ამ მუხლის 6 პუნქტის შესაბამისად, დავის მონაწილე სახელმწიფოების მიერ კომისიის წევრების ხარჯების ანაზღაურებამდე გენერალური მდივანი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დაფაროს ხარჯები.
8.კომიტეტის მიერ მიღებული და შემოწმებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს კომისიისათვის და კომისიას შეუძლია დაკავშირებულ სახელმწიფოებს მოსთხოვოს ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
მუხლი 13
1.კომისიის მიერ საკითხის მთლიანად განხილვის შედეგად, მან უნდა მოამზადოს და კომიტეტის თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგინოს მოხსენება, რომელიც შეიცავს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე ძიების შედეგებსა და ისეთ რეკომენდაციებს, რომლებიც დავის მეგობრულად გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.
2.კომიტეტის თავმჯდომარემ კომისიის მოხსენება უნდა გადასცეს დავის თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს. ამ სახელმწიფოებმა სამი თვის ვადაში კომიტეტის თავმჯდომარეს უნდა შეატყობინონ, ეთანხმებიან თუ არა რეკომენდაციებს, რომლებსაც მოიცავს კომისიის მოხსენება.
3.ამ მუხლის 2 პუნქტით უზრუნველყოფილი პერიოდის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ კომისიის მოხსენება და შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოების განცხადებები უნდა გადასცეს ამ კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოებს.
მუხლი 14
1.მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოაცხადოს, რომ ის აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას მისი იურისდიქციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს შეტყობინებები იმ პირების ან პირთა ჯგუფებისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არიან მონაწილე სახელმწიფოს ძალადობის ან ამ კონვენციაში წარმოდგენილი უფლებების დარღვევის მსხვერპლნი. არც ერთი შეტყობინება არ უნდა იქნას მიღებული კომიტეტის მიერ, თუ იგი ეხება მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც ასეთი განცხადება არ გააკეთა.
2.ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც ამ მუხლის 1 პუნქტის თანახმად აკეთებს განცხადებას, შეუძლია დაარსოს ან თავისი სამართლებრივი სისტემის ფარგლებში მიუთითოს ორგანო, რომელიც კომპეტენტური იქნება მისი იურისდიქციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს პეტიციები პირების ან პირთა ჯგუფებისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არის ამ კონვენციაში წარმოდგენილ უფლებათა დარღვევის ან ძალადობის მსხვერპლი და რომლებმაც ამოწურეს სხვა ხელმისაწვდომი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები.
3.ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად გაკეთებული განცხადება და ამ მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად დაარსებული ან მითითებული ნებისმიერი ორგანოს სახელი შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს მიერ დეპონირებულ უნდა იქნას გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან, რომელიც, თავის მხრივ, ასლებს გადაუგზავნის სხვა მონაწილე სახელმწიფოებს. განცხადება შეიძლება გამოთხოვილ იქნას ნებისმიერ დროს გენერალურ მდივნისათვის შეტყობინებით, მაგრამ ასეთმა გაუქმებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს კომიტეტის წინაშე განსახილველად დაყენებულ შეტყობინებებზე.
4.პეტიციების რეესტრი ინახება ამ მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად დაარსებული ან მითითებული ორგანოს მიერ, ხოლო რეესტრის დამოწმებული ასლები ყოველწლიურად ეგზავნება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს, იმ პირობით, რომ არ მოხდება მათი შინაარსის საჯაროდ გაცხადება.
5.ამ მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად დაარსებული ან მითითებული ორგანოსაგან დაკმაყოფილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს უფლება აქვს ექვსი თვის განმავლობაში მიმართოს კომიტეტს.
6.a) კომიტეტმა მისთვის მიწოდებული ნებისმიერი შეტყობინება კონფიდენციალურად უნდა გადასცეს შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს, რომელსაც ბრალად ედება ამ კონვენციის დებულებების დარღვევა, თუმცა, არ უნდა მოხდეს საქმესთან დაკავშირებული პირის ან პირთა ჯგუფის ვინაობის გამხელა მათი თანხმობის გარეშე. კომიტეტმა არ უნდა მიიღოს ანონიმური შეტყობინებები.
b)სამი თვის განმავლობაში, მიმღებმა სახელმწიფომ კომიტეტს განსახილველად უნდა წარუდგინოს წერილობითი ახსნა-განმარტება ან განცხადება, რომელიც ნათელს მოჰფენს საკითხსა და საშუალებას, თუ ასეთი არსებობს, რომელიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ამ სახელმწიფოს მიერ.
7.a) კომიტეტმა შეტყობინებები უნდა განიხილოს ყველა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოსა და მოსარჩელის მიერ. კომიტეტმა არ უნდა განიხილოს მოსარჩელის რაიმე შეტყობინება, სანამ არ დადასტურდება, რომ ამოწურა ყველა ხელმისაწვდომი შიდასახელმწიფოებრივი საშუალება. თუმცა, ეს წესი არ უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევებზე, როდესაც ასეთი საშუალებების გამოყენება უმიზეზოდ ჭიანურდება.
b.კომიტეტმა თავისი წინადადებები და რეკომენდაციები უნდა გაუგზავნოს შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებსა და მოსარჩელეს.
8.კომიტეტმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში უნდა ჩართოს ასეთი შეტყობინებების შინაარსი და, საჭიროებისამებრ, მონაწილე სახელმწიფოების ახსნა-განმარტებები და განცხადებები, ასევე, საკუთარი წინადადებებისა და რეკომენდაციების მოკლე ანოტაცია.
9.კომიტეტი კომპეტენტური უნდა იყოს ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად, განსაკუთრებით, როდესაც ამ კონვენციის მონაწილე 10 სახელმწიფო ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 15
1.გენერალური ასამბლეის 1960 წლის 14 დეკემბრის დეკლარაციით, კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისათვის თავისუფლების შესახებ (1514 (XV)რეზოლუციით) განმტკიცებული მიზნების მიღწევისას, ამ კონვენციის პირობებმა არაფრით უნდა შეზღუდოს ხალხისთვის მიცემული უფლება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ან გაერთიანებული ერებისა და მისი სპეციალიზირებული დაწესებულებებისათვის პეტიციით მიმართვის თაობაზე.
2.a) ამ კონვენციის მე-8 მუხლის 1 პუნქტით დაარსებულმა კომიტეტმა უნდა მიიღოს პეტიციის ასლები და საკუთარი შეხედულებები და რეკომენდაციები განხილვისათვის დააყენოს გაერთიანებული ერების იმ ორგანოებთან, რომლებიც იხილავენ ამ კონვენციის პრინციპებსა და მიზნებთან პირდაპირ დაკავშირებულ პეტიციებს იმ სამეურვეო ან არათვითმმართველი ტერიტორიებისა და სხვა ტერიტორიების მცხოვრებთაგან, რომლებზეც ვრცელდება გენერალური ასამბლეის 1514 (XV) რეზოლუცია.
b) კომიტეტმა გაერთიანებული ერების კომპეტენტური ორგანოებისგან უნდა მიიღოს მოხსენების ასლები და გამოხატოს საკუთარი შეხედულებები და გააკეთოს რეკომენდაციები, რომლებიც ეხება ამ კონვენციის პრინციპებსა და მიზნებთან პირდაპირ დაკავშირებულ საკანონმდებლო, იურიდიულ, ადმინისტრაციულ ან სხვა ზომებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხელისუფლების მიერ გამოიყენება ამ პუნქტის (ა) ქვეპუნქტში მოხსენებულ ტერიტორიებზე.
3.კომიტეტმა გენერალური ასამბლეისთვის მოხსენებაში უნდა შეიტანოს გაერთიანებული ერების ორგანოებიდან მიღებული პეტიციებისა და მოხსენებების რეზიუმეები და ამ პეტიციებსა და მოხსენებებთან დაკავშირებული საკუთარი შეხედულებებისა და რეკომენდაციების რეზიუმეები.
4.კომიტეტმა გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისაგან უნდა მოითხოვოს ყველა ინფორმაცია, რომელიც შეეხება ამ კონვენციის მიზნებს და ხელმისაწვდომია ამ მუხლის 2 პუნქტში მოხსენიებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
მუხლი 16
ამ კონვენციის დებულებები, რომლებიც დავების რეგულირებასთან ან საჩივრებთან არის დაკავშირებული, ყოველგვარი დარღვევის გარეშე უნდა გავრცელდეს დისკრიმინაციის სფეროში დავების ან საჩივრების რეგულირებაზე და უნდა აისახოს მომხსენებლის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ან გაერთიანებული ერებისა და მისი სპეციალიზირებული დაწესებულებების მიერ მიღებულ ხელშეკრულებებში და ხელი არ უნდა შეუშალოს მონაწილე სახელმწიფოებს დახმარებისათვის მიმართონ სხვა პროცედურებს, რომლებიც მოცემულია დავების დარეგულირების სხვა ზოგად ან სპეციალურ საერთაშორისო შეთანხმებებში.
ნაწილი III
მუხლი 17
1.ეს კონვენცია ხელმოსაწერად ღიაა გაერთიანებული ერების, მისი სპეციალიზირებული დაწესებულებების, საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს, ასევე სხვა ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელიც მიწვეულ იქნა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ, რათა ამ კონვენციის მონაწილე გამხდარიყო.
2.ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. რატიფიკაციის დოკუმენტები დეპონირებულ უნდა იქნას გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან.
მუხლი 18
1.ამ კონვენციის მე-17 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, კონვენცია ღია უნდა იყოს მისაერთებლად ნებისმიერი სახელმწიფოსათვის.
2.მიერთება ძალაში შედის შესაბამისი დოკუმენტების გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან დეპონირებით.
მუხლი 19
1.ეს კონვენცია ძალაშია გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან რატიფიკაციის ან მიერთების 27-ე სიგელების დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.
2.თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც ახდენს ამ კონვენციის რატიფიკაციას ან უერთდება მას 27-ე სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირების შემდეგ, კონვენცია ძალაში უნდა შევიდეს სარატიფიკაციო დოკუმენტების დეპონირებიდან 30-ე დღეს.
მუხლი 20
1.გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა უნდა მიიღოს და გაავრცელოს ამ კონვენციის შესაძლო ან უკვე მონაწილე ყველა სახელმწიფოს შორის სხვა სახელმწიფოების მიერ რატიფიკაციის ან მიერთების დროს გაკეთებული დათქმების შესახებ. ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელიც დათქმის წინააღმდეგია, ასეთი შეტყობინების მიღებიდან 90 დღის განმავლობაში უნდა მოახსენოს გენერალურ მდივანს, რომ მას არ ეთანხმება.
2.არ დაიშვება ამ კონვენციის მიზნებსა და ამოცანებთან შეუსაბამო დათქმების გაკეთება ისევე, როგორც იმ დათქმების, რომელთა ძალაში შესვლაც ხელს უშლის ამ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე ორგანოს მოქმედებას. დათქმა შეიძლება მიჩნეულ იქნას შეუთავსებლად ან აკრძალულად, თუ ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების 2/3 მისი წინააღმდეგია.
3.დათქმები შეიძლება გაუქმებულ იქნას ნებისმიერ დროს გენერალურ მდივნისადმი შეტყობინებით. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.
მუხლი 21
მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია დენონსაცია გაუკეთოს ამ კონვენციას გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისადმი წერილობითი შეტყობინებით. დენონსაცია ძალაშია გენერალური მდივნისადმი შეტყობინებებიდან ერთი წლის ვადაში.
მუხლი 22
ამ კონვენციის მონაწილე ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის კონვენციის ინტერპრეტაციის გამო არსებული ნებისმიერი დავა, რომელიც არ მოგვარდა ორმხრივი მოლაპარაკებით ან ამ კონვენციით გათვალისწინებული სხვა პროცედურით, დავის ნებისმიერი მონაწილის თხოვნით, გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს საერთაშორისო სასამართლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის მონაწილეები სხვაგვარად შეთანხმდებიან.
მუხლი 23
1.ამ კონვენციის გადასინჯვის მოთხოვნა შეიძლება გაკეთებულ იქნას ნებისმიერ დროს ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს მიერ გაერთიანებული ერების გენერალ მდივნისადმი წერილობითი შეტყობინებით.
2.ასეთ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ უნდა გადაწყვიტოს საკითხი შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
მუხლი 24
გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა ამ კონვენციის მე-17 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფოებს უნდა შეატყობინოს:
a.მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად ხელმოწერების, რატიფიკაციებისა და მიერთებების შესახებ;
b.მე-19 მუხლის შესაბამისად ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;
c.მე-14, მე-20 და 23-ე მუხლების შესაბამისად მიღებული შეტყობინებებისა და განცხადებების შესახებ;
d.21-ე მუხლის შესაბამისად დენონსაციის შესახებ;
მუხლი 25
1.ეს კონვენცია, რომლის ესპანური, ინგლისური, ჩინური, ფრანგული და რუსული ტექსტები თანაბრად ავთენტურია, დეპონირებულ უნდა იქნას გაერთიანებული ერების არქივში.
2.გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა ამ კონვენციის ავთენტური ასლები უნდა გადასცეს ყველა სახელმწიფოს, რომელიც ამ კონვენციის მე-17 მუხლის 1 პუნქტში მომხსენებელ სახელმწიფოთა რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნება.
![]() |
2 კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მიღებულია და ღიაა ხელმოწერის, რატიფიცირებისა და მიერთებისათვის
გენერალური ასამბლეის 1979 წლის 18 დეკემბერის რეზოლუციით 34/180
ძალაშია: 1981 წლის 3 სექტემბრიდან, 27(1)-ე მუხლის თანახმად
ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც
აღნიშნავენ, რომ გაერთიანებული ერების წესდება განამტკიცებს ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, მისი, როგორც პიროვნების, ღირსებისა და ღირებულებისადმი და მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობისადმი რწმენას,
აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია განამტკიცებს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და აცხადებს, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, თანასწორი ღირსებითა და უფლებებით, და უნდა ფლობდეს დეკლარაციით გამოცხადებულ ყველა უფლებასა და თავისუფლებას, ნებისმიერი, მათ შორის, სქესის ნიშნით განსხვავების მიუხედავად,
აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მამაკაცისა და ქალის თანასწორობა ნებისმიერი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობისას,
მხედველობაში იღებენ გაერთიანებული ერების და მისი სპეციალიზებული დაწესებულებების ეგიდით დადებულ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ხელს უწყობს მამაკაცისა და ქალის თანასწორობის უფლებას,
ითვალისწინებენ, აგრეთვე, მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობის მიზნით, გაერთიანებული ერებისა და მისი სპეციალიზებული დაწესებულებების მიერ მიღებულ რეზოლუციებს, დეკლარაციებსა და რეკომენდაციებს,
შეშფოთებულნი არიან, რომ სხვადასხვა დოკუმენტების არსებობის მიუხედავად, ქალთა მზარდი დისკრიმინაცია გრძელდება,
შეახსენებენ, რომ ქალის დისკრიმინაცია არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანური ღირსების პატივისცემის პრინციპებს, ხელს უშლის მამაკაცის თანაბრად ქალის მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში; აბრკოლებს საზოგადოებისა და ოჯახის კეთილდღეობის ზრდას და ართულებს ქალის შესაძლებლობათა სრულად გამოვლენას მისი ქვეყნისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ,
შეშფოთებულნი არიან, რომ სიღარიბის პირობებში ქალებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია სურსათი, ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები, განათლება, პროფესიული მომზადება და დასაქმება, აგრეთვე სხვა მოთხოვნილებები,
დარწმუნებული არიან, რომ თანასწორობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის დამყარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მამაკაცისა და ქალის თანაბარუფლებიანობის განვითარებას,
ხაზს უსვამენ, რომ აპარტეიდის, რასიზმის ყველა ფორმის, რასობრივი დისკრიმინაციის, კოლონიალიზმის, ნეოკოლონიალიზმის, აგრესიის, უცხო სახელმწიფოს მიერ ოკუპაციისა და ბატონობის, სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევის აღმოფხვრა აუცილებელია მამაკაცისა და ქალის უფლებებით სრული სარგებლობისათვის,
ადასტურებენ, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცება, საერთაშორისო დაძაბულობის შენელება, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა მათი სოციალური და ეკონომიკური სისტემების მიუხედავად, საყოველთაო და სრული განიარაღება, განსაკუთრებით მკაცრ და ეფექტურ საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ბირთვული განიარაღება, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში სამართლიანობის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპების დამკვიდრება და უცხოეთისა და კოლონიური ბატონობის, უცხოური ოკუპაციის ქვეშ მყოფი ხალხების თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლების განხორციელება, აგრეთვე, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ბიძგს მისცემს სოციალურ პროგრესსა და განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მამაკაცსა და ქალს შორის სრული თანასწორობის მიღწევას,
დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყნის სრული განვითარება, მსოფლიოს კეთილდღეობა და მშვიდობა მოითხოვს ყველა სფეროში ქალის მაქსიმალურ მონაწილეობას მამაკაცის თანასწორად,
ითვალისწინებენ ოჯახის კეთილდღეობისა და საზოგადოების განვითარების საქმეში ქალის განუზომელ წვლილს, რომელსაც დღემდე არ მოუპოვებია სრული აღიარება, ოჯახსა და ბავშვის აღზრდაში დედობის ფუნქციისა და ორივე მშობლის როლის სოციალურ მნიშვნელობას, ასევე, გაცნობიერებული აქვთ, რომ ქალის როლი შთამომავლობის გაგრძელებაში არ უნდა იყოს მისი დისკრიმინაციის საფუძველი, ვინაიდან ბავშვის აღზრდა მოითხოვს მამაკაცსა და ქალს, აგრეთვე მთლიანად საზოგადოებას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას,
აღიარებენ, რომ მამაკაცისა და ქალის სრული თანასწორობის მისაღწევად საჭიროა საზოგადოებასა და ოჯახში როგორც მამაკაცის, ისე ქალის ტრადიციული როლის შეცვლა,
მზად არიან განახორციელონ ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ დეკლარაციით გამოცხადებული პრინციპები და ამ მიზნით, მიიღონ ასეთი დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და გამოვლინების აღმოსაფხვრელად საჭირო ზომები,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი I
მუხლი 1
ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „ქალის დისკრიმინაცია“ ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან შეზღუდვას, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება ან სრული უარყოფა.
მუხლი 2
მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალის დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას, თანახმა არიან ყველა შესატყვისი საშუალებით, დაუყოვნებლივ განახორციელონ ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის პოლიტიკა და ამ მიზნით, კისრულობენ ვალდებულებას:
a.შეიტანონ მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის პრინციპი თავიანთ კონსტიტუციებში ან სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში, თუ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ, და უზრუნველყონ კანონითა და სხვა შესატყვისი საშუალებებით ამ პრინციპის პრაქტიკული განხორციელება;
b.მიიღონ, სადაც ეს აუცილებელია, ქალის ყოველგვარი დისკრიმინაციის ამკრძალავი შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა ზომები, სანქციების ჩათვლით;
c.დააწესონ ქალის უფლებების სამართლებრივი დაცვა მამაკაცთან თანასწორ საფუძველზე და კომპეტენტური ეროვნული სასამართლოებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით უზრუნველყონ დისკრიმინაციის ნებისმიერი აქტისაგან ქალის ეფექტური დაცვა;
d.თავი შეიკავონ ქალის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული აქტისა თუ მოქმედებისაგან და უზრუნველყონ სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებების მოქმედება ამ ვალდებულების შესაბამისად;
e.მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ნებისმიერი პირის, ორგანიზაციისა თუ საწარმოს მხრიდან ქალის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად;
f.მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, საკანონმდებლოს ჩათვლით, იმ მოქმედი კანონების, დადგენილებების, ჩვეულებებისა და პრაქტიკის შესაცვლელად ან გასაუქმებლად, რომელიც ქალის დისკრიმინაციას აწესებს;
g.გააუქმონ თავიანთი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ყველა დებულება, რომელიც ქალის დისკრიმინაციას აწესებს.
მუხლი 3
მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, კერძოდ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში იღებენ შესაბამის ზომებს, საკანონმდებლოს ჩათვლით, ქალის ყოველმხრივი განვითარებისა და პროგრესის უზრუნველსაყოფად, რათა მას მამაკაცთან თანასწორობის საფუძველზე შეექმნას ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობისა და მათი განხორციელების გარანტია.
მუხლი 4
1. მონაწილე სახელმწიფოების მიერ, მამაკაცსა და ქალს შორის ფაქტობრივი თანასწორობის დამყარების დასაჩქარებლად მიღებული დროებითი სპეციალური ზომები ამ კონვენციის განსაზღვრების მიხედვით, დისკრიმინაციულად არ ჩაითვლება, თუმცა, მან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარი და განსხვავებული სტანდარტების შენარჩუნება; აღნიშნული ზომები უნდა გაუქმდეს, როცა მიღწეულ იქნება მიზანი, რომელიც შესაძლებლობათა და მოპყრობის თანაბრობაში გამოიხატება.
2. მონაწილე სახელმწიფოების მიერ დედობის დასაცავად სპეციალური, მათ შორის ამ კონვენციით გათვალისწინებული ზომების მიღება დისკრიმინაციულად არ ჩაითვლება.
მუხლი 5
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა:
a.შეცვალონ მამაკაცისა და ქალის ყოფაქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ ცრურწმენებისა და ჩვეულებების, აგრეთვე, მთელი დანარჩენი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, რომელიც ემყარება ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის იდეას ან მამაკაცის და ქალის როლის სტერეოტიპულ გააზრებას.
b.უზრუნველყონ, რომ საოჯახო აღზრდა გულისხმობდეს დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორ გაგებას და ბავშვის აღზრდისა და განვითარების საქმეში მამაკაცისა და ქალის საერთო პასუხისმგებლობის აღიარებას, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 6
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, საკანონმდებლოს ჩათვლით, ქალებით ყოველგვარი ვაჭრობისა და ქალის პროსტიტუციის ექსპლუატაციის აღსაკვეთად.
ნაწილი II
მუხლი 7
მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის, კერძოდ, ქალისათვის, მამაკაცის თანასწორად, უზრუნველყოფენ უფლებას:
a.ხმა მისცეს ყველა არჩევნებსა და რეფერენდუმში, არჩეულ იქნას ნებისმიერ სახალხოდ არჩეულ ორგანოში;
b.მონაწილეობდეს სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში და ეკავოს სახელმწიფო თანამდებობა, აგრეთვე, ახორციელებდეს ნებისმიერ საჯარო ფუნქციას, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დონეზე;
c.მონაწილეობდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური პრობლემებით არიან დაკავებული.
მუხლი 8
მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყონ ქალისათვის მამაკაცის თანასწორად და დისკრიმინაციის გარეშე საერთაშორისო დონეზე საკუთარი მთავრობის წარმოდგენისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
მუხლი 9
1. მონაწილე სახელმწიფოები ქალს უფლებრივად უთანაბრებენ მამაკაცს მის მიერ მოქალაქეობის შეძენის, შეცვლისა და შენარჩუნების დროს. განსაკუთრებით, უზრუნველყოფენ, რომ უცხოელზე ქორწინებამ ან ქორწინების პერიოდში ქმრის მოქალაქეობის შეცვლამ არ გამოიწვიოს ცოლის მოქალაქეობის ავტომატური შეცვლა, არ აქციოს იგი მოქალაქეობის არმქონე პირად და არ აიძულოს მას ქმრის მოქალაქეობის მიღება.
2. მონაწილე სახელმწიფოები ქალს უფლებრივად უთანაბრებენ მამაკაცს შვილების მოქალაქეობის განსაზღვრისას.
ნაწილი III
მუხლი 10
მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, ქალი უზრუნველყონ მამაკაცის თანაბარი უფლებებით განათლების დარგში, კერძოდ:
a.პროფესიის ან სპეციალობის არჩევისას განათლების ხელმისაწვდომობის, ყველა კატეგორიის სასწავლო დაწესებულების დიპლომის მიღების ერთნაირი პირობებით, როგორც სოფლის, ისე ქალაქის რაიონებში. ეს თანასწორობა უზრუნველყოფილ უნდა იქნას როგორც სკოლამდელი, ზოგადი, ტექნიკური და უმაღლესი ტექნიკური, ასევე ყველა სხვა ტიპის სპეციალური განათლებისათვის;
b.სწავლების ერთნაირი პროგრამების, ერთნაირი გამოცდების, თანაბარი კვალიფიკაციის მასწავლებელთა შემადგენლობის, თანაბარი ხარისხის სასკოლო შენობებისა და მოწყობილობის ხელმისაწვდომობა;
c.ყველა დონისა და ფორმის სასწავლებელში მამაკაცისა და ქალის როლის შესახებ სტერეოტიპული წარმოდგენების აღმოფხვრა ერთობლივი სწავლებისა და სწავლების სხვა ფორმების წახალისების გზით, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას, კერძოდ, სახელმძღვანელოებისა და სასკოლო პროგრამების გადასინჯვითა და ამ მიზანთან სწავლების მეთოდების მისადაგებით;
d.სტიპენდიებისა და სხვა სასწავლო დახმარების მიღების თანაბარი შესაძლებლობა;
e.შემდგომი განათლების მიღების პროგრამების ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობა, მოზრდილთა და ფუნქციური წიგნიერების პროგრამების ჩათვლით, რომელიც მამაკაცთა და ქალთა ცოდნაში არსებული ვაკუუმის სწრაფი შემცირებისაკენაა მიმართული;
f.სკოლადაუმთავრებელ გოგონათა რიცხვის შემცირება და პროგრამების შემუშავება იმ გოგონებისა და ქალებისათვის, რომელთაც ნაადრევად მიატოვეს სკოლა;
g.სპორტსა და ფიზიკურ მომზადებაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა;
h.ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ხელშესაწყობად საგანმანათლებლო ხასიათის სპეციალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ოჯახის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციების ჩათვლით.
მუხლი 11
1.მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, ქალი უზრუნველყონ მამაკაცის თანაბარი უფლებებით დასაქმების დარგში, კერძოდ:
a.შრომის უფლებით, როგორც ყოველი ადამიანის განუყოფელი უფლება;
b.სამუშაოზე დაქირავების დროს ერთნაირი შესაძლებლობების უფლებით, დაქირავებისას შერჩევის თანაბარი კრიტერიუმების გამოყენების ჩათვლით;
c.პროფესიის ან სამუშაოს თავისუფალი არჩევის, თანამდებობრივი დაწინაურებისა და დასაქმების გარანტიის, აგრეთვე, ყველა სამსახურებრივი შეღავათითა და პირობით სარგებლობის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით - მოწაფეობის, გაძლიერებული პროფესიული მომზადებისა და რეგულარული გადამზადების ჩათვლით;
d.თანაბარი ანაზღაურების, მათ შორის, შეღავათების მიღების, თანაბარი ღირებულების შრომისათვის თანაბარი პირობების, აგრეთვე, შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასებისადმი თანაბარი მიდგომის უფლებით;
e.სოციალური უზრუნველყოფის უფლებით, კერძოდ, პენსიაზე გასვლის, უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, მოხუცებულობის და შრომისუნარიანობის დაკარგვის სხვა შემთხვევებში, აგრეთვე, ანაზღაურებადი შვებულების უფლებით;
f.ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხო პირობების, მათ შორის შთამომავლობის გაგრძელების ფუნქციის დაცვის უფლებით;
2.გათხოვებისა თუ დედობის მიზეზით ქალის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და მისთვის შრომის ეფექტური გარანტიების შესაქმნელად, მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ შესაბამის ზომებს, რათა:
a.სანქციების გამოყენების მუქარით აკრძალონ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების საფუძველზე სამუშაოდან დათხოვნა ან დათხოვნისას ოჯახური პირობების გამო დისკრიმინაცია;
b.შემოიღონ ანაზღაურებადი შვებულება ან შვებულება შესაბამისი სოციალური დახმარებით ორსულობისა და მშობიარობის გამო, მუშაობის წინანდელი ადგილის, თანამდებობისა და სოციალური დახმარების შენარჩუნებით;
c.წაახალისონ აუცილებელი სოციალური მომსახურების გაწევა, რათა მშობლებს შეეძლოთ საოჯახო მოვალეობათა შესრულება შეუთავსონ შრომით საქმიანობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, კერძოდ, საბავშვო დაწესებულებათა ქსელის შექმნისა და გაფართოების გზით;
d.უზრუნველყონ ორსულობის პერიოდში ქალების განსაკუთრებული დაცვა ისეთი სამუშაოსაგან, რომელმაც მათ ჯანმრთელობაზე შეიძლება მავნე გავლენა იქონიოს.
3.კანონმდებლობა, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების დაცვას ემსახურება, პერიოდულად განიხილება სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის შუქზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში ექვემდებარება გადასინჯვას, გაუქმებას ან გაფართოებას.
მუხლი 12
1.მონაწილე სახელმწიფოები მომართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის ჯანმრთელობის დაცვის დარგში, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ ქალისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, მათ შორის ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებისაგან დამოუკიდებლად, მონაწილე სახელმწიფოები ქალებს უზრუნველყოფენ შესაბამისი მომსახურებით ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, აუცილებლობის შემთხვევაში უწევენ უფასო მომსახურებას, ასევე, ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში უზრუნველყოფენ შესაბამისი კვებით.
მუხლი 13
მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, ქალი უზრუნველყონ მამაკაცის თანაბარი უფლებებით ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სხვა სფეროებში, კერძოდ:
a.საოჯახო დახმარების უფლებით;
b.საბანკო კრედიტის, უძრავი ქონების გირავნობით სესხის და ფინანსური კრედიტის სხვა ფორმების მიღების უფლებით;
c.დასვენების, სპორტისა და კულტურული ცხოვრების ყველა დარგთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით.
მუხლი 14
1.მონაწილე სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ სოფლად მცხოვრები ქალების განსაკუთრებულ პრობლემებს და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ისინი თავიანთი ოჯახების ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში თამაშობენ, მათ შორის, საქმიანობას მეურნეობის არასასაქონლო დარგებში, და მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას, სოფლად მცხოვრები ქალების მიმართ ამ კონვენციის დებულებათა გამოყენების უზრუნველსაყოფად.
2.მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას სოფლის რაიონებში ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნას ქალთა მონაწილეობა რაიონების განვითარებასა და ასეთი განვითარებისაგან სარგებლის მიღებაში, კერძოდ, ასეთ ქალებს აღჭურვავენ უფლებით:
a.ყველა დონეზე მონაწილეობდნენ განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;
b.ხელი მიუწვდებოდეთ სამედიცინო მომსახურების შესაბამის საშუალებებზე, ოჯახის დაგეგმვის საკითხზე ინფორმაციის, კონსულტაციებისა და მომსახურების ჩათვლით.
c.უშუალოდ იღებდნენ სარგებელს სოციალური დაზღვევის პროგრამებისაგან;
d.იღებდნენ ყველა სახის ფორმალურ და არაფორმალურ მომზადებასა და განათლებას, წიგნიერების ჩათვლით, აგრეთვე, სარგებლობდნენ სათემო მომსახურების და საკონსულტაციო მომსახურების ყველა საშუალებით, ტექნიკური მომზადების დონის ამაღლების მიზნით;
e.ქმნიდნენ თვითდახმარების ჯგუფებსა და კოოპერატივებს, ეკონომიკურ შესაძლებლობათა თანაბარი ხელმისაწვდომობის მიზნით დაქირავებული შრომის ან თვითდასაქმების საშუალებით;
f.მონაწილეობდნენ ყველა სახის კოლექტიურ საქმიანობაში;
g.ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ სასოფლო-სამეურნეო კრედიტი და სესხები, ისარგებლონ მარკეტინგის სისტემით, შესაბამისი ტექნოლოგიითა და მიწისა და აგრარულ რეფორმებში, აგრეთვე, ხელახლა დასახლების გეგმებში თანაბარი სტატუსით;
h.სარგებლობდნენ ცხოვრების სათანადო პირობებით, განსაკუთრებით საბინაო, სანიტარული, ელექტრო და წყალმომარაგებით, აგრეთვე ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურებასთან მიმართებაში.
ნაწილი IV
მუხლი 15
1.მონაწილე სახელმწიფოები კანონის წინაშე აღიარებენ ქალის მამაკაცთან თანასწორობას.
2.მონაწილე სახელმწიფოები ქალს ანიჭებენ მამაკაცის თანაბარ სამოქალაქო უფლებაუნარიანობას და მისით სარგებლობის თანაბარ შესაძლებლობებს, კერძოდ, უზრუნველყოფენ ქალის თანაბარ უფლებებს ხელშეკრულებების დადებისა და ქონების მართვისას, აგრეთვე, მისდამი თანაბარ დამოკიდებულებას სასამართლოებსა და ტრიბუნალებში საქმის განხილვის ყველა ეტაპზე.
3.მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ბათილად და ძალადაკარგულად ჩაითვალოს ნებისმიერი ხელშეკრულება და კერძო იურიდიული დოკუმენტი, რომელსაც ქალის უფლებაუნარიანობის შეზღუდვა მოჰყვება.
4.მონაწილე სახელმწიფოები მამაკაცსა და ქალს ანიჭებენ თანაბარ უფლებებს გადაადგილების, ბინადრობისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლების კანონმდებლობასთან მიმართებაში.
მუხლი 16
1.მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის ქორწინებასა და საოჯახო ურთიერთობებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში, კერძოდ, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფენ:
a.ქორწინებისას ერთნაირ უფლებებს;
b.მეუღლის თავისუფლად არჩევისა და მხოლოდ თავისუფალი და სრული თანხმობით ქორწინების თანაბარ უფლებებს;
c.ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს ერთნაირ უფლებებსა და მოვალეობებს;
d.მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს, მათი ოჯახური მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად, შვილებთან დაკავშირებულ საკითხებში. რადგან ნებისმიერ შემთხვევაში შვილების ინტერესები უპირატესია;
e.შვილების რაოდენობისა და მათ დაბადებას შორის დროის შუალედების საკითხის თავისუფლად და პასუხისმგებლობით გადაწყვეტის თანაბარ უფლებებს. აგრეთვე, ამ უფლებებით სარგებლობისათვის საჭირო ინფორმაციისა და განათლების მიღების შესაძლებლობას;
f.მეურვეობასთან, მზრუნველობასთან, წარმომადგენლობასთან და შვილებასთან ან ანალოგიური ფუნქციების შესრულებასთან მიმართებაში თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს, როცა ამას ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს;
g.მეუღლეთა თანაბარ პირად უფლებებს, მათ შორის გვარის, პროფესიისა და საქმიანობის არჩევასთან მიმართებაში;
h.მეუღლეთა ქონების მფლობელობის, შეძენის, მართვის, სარგებლობისა და განკარგვის თანაბარ უფლებას.
2.ბავშვის ნიშნობასა და ქორწინებას იურიდიული ძალა არა აქვს. მიღებულ უნდა იქნას ყველა ზომა, საკანონმდებლოს ჩათვლით, რათა სავალდებულო წესით განისაზღვროს ქორწინების მინიმალური ასაკი და ქორწინების აუცილებელი რეგისტრაცია სახელმწიფო რეესტრში.
ნაწილი V
მუხლი 17
1.ამ კონვენციის განხორციელებისას მიღწეული პროგრესის განსახილველად არსდება ქალის დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი (შემდგომში „კომიტეტი“), რომელიც კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისათვის შედგება თვრამეტი, ხოლო ოცდამეთხუთმეტე მონაწილე სახელმწიფოს მიერ მისი რატიფიკაციის ან მასთან მიერთების შემდეგ - ოცდასამი მაღალი მორალური თვისებებისა და კომპეტენციის მქონე ექსპერტისაგან. მონაწილე სახელმწიფოები ექსპერტებს ირჩევენ საკუთარ მოქალაქეთაგან და ისინი მოქმედებენ პერსონალურად. ექსპერტების შერჩევისას მხედველობაში მიიღება სამართლიანი გეოგრაფიული განაწილება და სხვადასხვა ცივილიზაციების, აგრეთვე სამართლებრივი სისტემების წარმომადგენლობა.
2.კომიტეტის წევრებს ირჩევენ მონაწილე სახელმწიფოების მიერ დასახელებულ პირთაგან, ფარული კენჭისყრით. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს ერთი პირი თავის მოქალაქეთაგან.
3.პირველი არჩევნები ეწყობა ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან ექვსი თვის შემდეგ. ყოველი არჩევნების მოწყობამდე სულ ცოტა სამი თვით ადრე გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის წერილს, წინადადებით, წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატები ორი თვის განმავლობაში. გენერალური მდივანი ადგენს სიას, რომელშიც ანბანური წესით შეყავს ყველა პირი იმ მონაწილე სახელმწიფოთა აღნიშვნით, რომლებმაც ისინი დაასახელეს, და წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს.
4.კომიტეტის წევრთა არჩევნები ეწყობა მონაწილე სახელმწიფოთა სხდომაზე, რომელსაც იწვევს გენერალური მდივანი გაერთიანებული ერების შტაბ-ბინაში. სხდომაზე, რომლის ქვორუმსაც მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი შეადგენს, კომიტეტში არჩეულ პირებად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც ხმათა მეტ რაოდენობას და სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებენ.
5.კომიტეტის წევრებს ირჩევენ ოთხი წლის ვადით, თუმცა პირველ არჩევნებში არჩეულ ცხრა წევრს უფლებამოსილების ვადა ორი წლის შემდეგ გაუდის; პირველი არჩევნების მოწყობისთანავე, კომიტეტის თავმჯდომარე წილისყრით ასახელებს ამ ცხრა წევრის გვარებს.
6.კომიტეტის დამატებითი ხუთი წევრის არჩევა ხდება ამ მუხლის მე-2, 3 და 4 პუნქტების დებულებათა შესაბამისად ოცდამეთხუთმეტე სახელმწიფოს მიერ კონვენციის რატიფიკაციის ან მასთან შეერთების შემდეგ. ამრიგად, არჩეულ ორ დამატებით წევრს უფლებამოსილების ვადა გაუდის ორი წლის შემდეგ; ამ ორი წევრის გვარებს ასახელებს კომიტეტის თავმჯდომარე წილისყრით.
7.გაუთვალისწინებელი ვაკანსიის შესავსებად, მონაწილე სახელმწიფო, რომლის ექსპერტმაც როგორც კომიტეტის წევრმა, შეწყვიტა ფუნქციონირება, კომიტეტის თანხმობით ნიშნავს სხვა ექსპერტს თავის მოქალაქეთაგან.
8.კომიტეტის წევრები იღებენ გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ გასამრჯელოს გაერთიანებული ერების სახსრებიდან, კომიტეტის მნიშვნელობის გათვალისწინებით ასამბლეის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
9.გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი უზრუნველყოფს კომიტეტს აუცილებელ პერსონალითა და მატერიალური საშუალებებით, კომიტეტის მიერ ამ კონვენციის შესაბამისი ფუნქციების ეფექტური განხორციელებისათვის.
მუხლი 18
1.მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს კომიტეტში განსახილველად წარუდგინონ მოხსენება მათ მიერ ამ კონვენციის დებულებათა შესასრულებლად მიღებული საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული, თუ სხვა ღონისძიებებისა და ამასთან დაკავშირებით მიღწეული წარმატებების თაობაზე:
a.დაინტერესებული სახელმწიფოსათვის ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან ერთი წლის განმავლობაში;
b.ამის შემდგომ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც და მომავალში კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისად.
2.მოხსენებაში შეიძლება მითითებულ იქნას ის ფაქტორები და სიძნელეები, რომლებიც ამ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ხარისხზე გავლენას ახდენენ.
მუხლი 19
1.კომიტეტი ამტკიცებს პროცედურის საკუთარ წესებს.
2.კომიტეტი თანამდებობის პირებს ირჩევს ორი წლით.
მუხლი 20
1.კომიტეტი ყოველწლიურად არა უმეტეს ორი კვირის განმავლობაში იკრიბება. ამ კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ მოხსენებათა განსახილველად.
2.კომიტეტის სხდომები, ჩვეულებრივ, იმართება გაერთიანებული ერების შტაბ-ბინაში ან ნებისმიერ სხვა შესაფერის ადგილას, რომელსაც კომიტეტი განსაზღვრავს.
მუხლი 21
1.კომიტეტი, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით, გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეას ყოველწლიურად წარუდგენს მოხსენებას თავისი საქმიანობის შესახებ და მონაწილე სახელმწიფოთაგან მიღებული მოხსენებებისა და ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე ამზადებს ზოგადი ხასიათის წინადა-დებებსა და რეკომენდაციებს. ასეთი წინადადებები და რეკომენდაციები კომიტეტის მოხსენებაში შეაქვთ მონაწილე სახელმწიფოების შენიშვნებთან ერთად, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში.
2.გენერალური მდივანი კომიტეტის მოხსენებებს ინფორმაციისათვის უგზავნის კომისიას ქალის სტატუსის შესახებ.
მუხლი 22
სპეციალიზებულ დაწესებულებებს უფლება აქვთ წარმოდგენილი იყვნენ ამ კონვენციის ისეთი დებულებების განხორციელების საკითხების განხილვისას, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროს განეკუთვნება. კომიტეტს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს მოუწოდოს, წარმოადგინონ მოხსენებები კონვენციის განხორციელების შესახებ იმ დარგებში, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროს განეკუთვნება.
ნაწილი VI
მუხლი 23
ეს კონვენცია არ ზღუდავს მამაკაცსა და ქალს შორის თანასწორობის მიღწევის უფრო მეტად ხელშემწყობ სხვა დებულებებს, რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს:
a.მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობა, ან
b.რომელიმე სხვა საერთაშორისო კონვენცია, ხელშეკრულება ან შეთანხმება, რომელიც ამ სახელმწიფოსათვის ძალაშია.
მუხლი 24
მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, მიმართონ ყველა აუცილებელ ზომას ეროვნულ დონეზე ამ კონვენციით აღიარებული უფლებების სრული რეალიზაციის მისაღწევად.
მუხლი 25
1.ეს კონვენცია ხელმოსაწერად ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის.
2.გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი დანიშნულია ამ კონვენციის დეპოზიტორად.
3.ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს.
4.ეს კონვენცია ღიაა მისაერთებლად ყველა სახელმწიფოსათვის. მიერთება ხდება გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის მიერთების დოკუმენტის გადაცემით.
მუხლი 26
1.ამ კონვენციის გადასინჯვის თაობაზე თხოვნა შეიძლება წარმოადგინოს ნებისმიერმა მონაწილე სახელმწიფომ გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინებით.
2.გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას ასეთი თხოვნის შესაბამისად საჭირო რაიმე ღონისძიებების განსახორციელებლად.
მუხლი 27
1.ეს კონვენცია ძალაშია გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის გადაცემიდან ოცდამეათე დღეს.
2.ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც ამ კონვენციის რატიფიკაციას მოახდენს ან მიუერთდება მას მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის გადაცემის შემდეგ, ეს კონვენცია ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის გადაცემიდან ოცდამეათე დღეს.
მუხლი 28
1.გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი იღებს და ყველა სახელმწიფოს უგზავნის რატიფიკაციის ან მიერთების მომენტში სახელმწიფოთა მიერ გაკეთებულ დათქმათა ტექსტს.
2.დათქმა, რომელიც შეუთავსებელია ამ კონვენციის მიზნებსა და ამოცანებთან, არ მიიღება.
3.დათქმები შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შესაბამისი შეტყობინებით. გენერალური მდივანი ამის შესახებ აცნობებს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.
მუხლი 29
1.თუ ორ ან რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოს შორის ამ კონვენციის განმარტებისა თუ გამოყენების თაობაზე არსებული დავა მოლაპარაკების გზით ვერ გადაწყდება, ერთ-ერთი მათგანის თხოვნით იგი არბიტრაჟისათვის გადაეცემა. თუ საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე განცხადების შეტანიდან ექვსი თვის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან საარბიტრაჟო განხილვის ორგანიზებაზე, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დავის საერთაშორისო სასამართლოში გადატანა, ამ სასამართლოს სტატუსის შესაბამისად.
2.ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის ან მასთან მიერთების დროს შეუძლია თავი შეიკავოს ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების სავალდებულო ძალის აღიარებისაგან. სხვა მონაწილე სახელმწიფოებს არ ეკისრებათ ამ მუხლის მითითებული პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებები იმ მონაწილე სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ამგვარი დათქმა გააკეთა.
3.ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დათქმა გააკეთა, შეუძლია ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის შეტყობინებით გააუქმოს თავისი დათქმა.
მუხლი 30
ეს კონვენცია, რომლის თანაბრად ავთენტური ტექსტი შედგენილია არაბულ, ესპანურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ჩინურ ენებზე, დეპონირებულ უნდა იქნას გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან.
![]() |
3 კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
მიღებულია და ღიაა ხელმოსაწერად, სარატიფიკაციოდ და მისაერთებლად გენერალური ასამბლეის 1984 წ. 10 დეკემბრის 39/46 რეზოლუციით
ძალაშია 1987 წლის 26 ივნისიდან, 27(1) მუხლის თანახმად
ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები,
ითვალისწინებენ რა, რომ გაერთიანებული ერების წესდებით განცხადებული პრინციპების თანახმად ადამიანთა თანასწორი და განუსხვისებელი უფლებების აღიარება მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის საფუძველია,
აღიარებენ რა, რომ ეს უფლებები გამომდინარეობს ადამიანის თანდაყოლილი ღირსებიდან,
ითვალისწინებენ რა, წესდებით ნაკისრ ვალდებულებას, კერძოდ, 55-ე მუხლის თანახმად, რომ ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას,
მხედველობაში იღებენ რა, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-5 მუხლსა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლს, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ არავის მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი,
მხედველობაში იღებენ რა, აგრეთვე, გენერალური ასამბლეის მიერ 1975 წლის 9 დეკემბერს მიღებულ დეკლარაციას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელისაგან ყველა ადამიანის დაცვის შესახებ,
სურთ რა, გაზარდონ მთელ მსოფლიოში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობა,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი I
მუხლი 1
1.ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „წამება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც მძიმე ფიზიკური ან ფსიქიური ტკივილი ან ტანჯვა განზრახ მიადგა პირს იმ მიზნით, რომ მისგან ან მესამე პირისაგან მიღებულ იქნას ინფორმაცია ან აღიარება მისი დასჯა იმ ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა ან ეჭვმიტანილია მის ჩადენაში, მისი ან დაშინებით ან იძულებით მესამე პირის ან ნებისმიერი სახის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული მიზეზით, როცა ასეთი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია ან წაქეზებით ან თანხმობით ან თანამდებობის პირის უსიტყვო თანხმობით ან სხვა პირის მიერ, რომელიც მოქმედებდა როგორც ოფიციალური პირი. ეს განმარტება არ მოიცავს ტკივილსა და ტანჯვას, რომელიც გამომდინარეობს, განუყოფელია ან შემთხვევით გამოიწვევა კანონიერი სანქციით.
2.ეს მუხლი არ ეწინააღმდეგება არც ერთ საერთაშორისო დოკუმენტს ან შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, რომელიც მოიცავს ან შეიძლება მოიცავდეს დებულებას უფრო ფართო გამოყენების შესახებ.
მუხლი 2
1.თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ეფექტური საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სასამართლო ან სხვა ზომები, რათა მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე აღკვეთილ იქნას წამების ფაქტები.
2.არც ერთი განსაკუთრებული გარემოება, ომი ან ომის საშიშროება, შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა ან ნებისმიერი სხვა საგანგებო მდგომარეობა არ ჩაითვლება წამების გამართლებად.
3.ზემდგომი თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ორგანოს ბრძანება არ ჩაითვლება წამების გამართლებად.
მუხლი 3
1.არც ერთმა მონაწილე სახელმწიფომ არ უნდა გააძევოს, დააბრუნოს (რეფოულერ) ან გადასცეს პირი სხვა სახელმწიფოს, სადაც მისი წამების საშიშროების რეალური საფუძველი არსებობს.
2.იმის დასადგენად, არსებობს თუ არა საფუძველი, უფლებამოსილმა ორგანოებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ყველა სათანადო ფაქტორი, მათ შორის მოცემულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა მასიური, დაუდევარი და მძიმე დარღვევების შესაბამისი პრაქტიკის არსებობა.
მუხლი 4
1.თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ წამების ყველა აქტი დანაშაულად ითვლებოდეს ამ კონკრეტული სახელმწიფოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით. იგივე უნდა გავრცელდეს წამების მცდელობასა და სხვა ისეთ ქმედებაზე, რომელიც წარმოადგენს წამებაში მონაწილეობას ან თანამონაწილეობას და განხორციელებულია ნებისმიერი პირის მიერ.
2.თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ დასჯადად უნდა გამოაცხადოს ასეთი ქმედებები და გაითვალისწინოს შესაბამისი სასჯელები, მათი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით.
მუხლი 5
1.თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, საჭიროებისამებრ, უნდა მიიღოს ზომები, რათა მე-4 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე მისი იურისდიქცია გავრცელდეს შემდეგ შემთხვევებში:
a.თუკი დანაშაული ჩადენილია მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე ან სახელმწიფოში რეგისტრირებულ გემზე ან საჰაერო ტრანსპორტზე.
b.თუკი ეჭვმიტანილი პირი ამ სახელმწიფოს მოქალაქეა.
c.თუკი მსხვერპლი ამ სახელმწიფოს მოქალაქეა და ეს სახელმწიფო ამას ითვალისწინებს.
2.თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, თუკი შეიძლება საჭირო გახდეს მისი იურისდიქციის გავრცელება მაშინ, როცა ასეთ დანაშაულზე ეჭვმიტანილი პირი იმყოფება მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და, მე-8 მუხლის შესაბამისად, არ გადასცემს მას ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ რომელიმე სახელმწიფოს.
3.ეს კონვენცია არ გამორიცხავს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი იურისდიქციის გამოყენებას.
მუხლი 6
1.ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება მე-4 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე დარღვევაში ეჭვმიტანილი პირი, ხელმისაწვდომი ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, დარწმუნდება რა, რომ გარემოებები ამას ადასტურებენ, ვალდებულია დააპატიმროს იგი ან მიიღოს სხვა კანონიერი ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი იქ ყოფნა. დაკავება და სხვა კანონიერი ზომა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ან გადაცემის პროცედურის განსახორციელებლად.
2.ასეთმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს ფაქტების წინასწარი გამოძიება.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაკავებულ პირს უნდა დაეხმარონ, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს იმ სახელმწიფოს უახლოეს წარმომადგენლობას, რომლის მოქალაქეც ის არის ან, თუ იგი მოქალაქეობის არმქონე პირია, იმ სახელმწიფოს წარმომადგენლობას, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.
4.თუკი სახელმწიფო ამ მუხლის თანახმად დააკავებს პირს, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მე-5 მუხლის I პუნქტში აღნიშნულ სახელმწიფოებს პირის დაკავებისა და დაკავების საფუძვლების შესახებ. სახელმწიფომ, რომელიც ამ მუხლის მეორე პუნქტის თანახმად აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ხსენებულ სახელმწიფოებს მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია და უნდა მიუთითოს, აპირებს თუ არა თავისი იურისდიქციის გამოყენებას.
მუხლი 7
1.მონაწილე სახელმწიფომ, რომლის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზეც მე-4 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილი პირია აღმოჩენილი, თუ იგი ასეთ პირს არ გადასცემს, მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრალდების მიზნით საქმე უნდა წარუდგინოს თავის კომპეტენტურ ორგანოებს.
2.ხელისუფლების ორგანოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ისეთივე საშუალებით, რომელიც მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩვეულებრივ მძიმე დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებში, ბრალდებისა და მსჯავრდებისათვის აუცილებელი სამხილთა სტანდარტები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს იმაზე ნაკლებად მკაცრი, ვიდრე ეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტითაა გათვალისწინებული.
3.ნებისმიერი პირისათვის, რომლის მიმართაც მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, გარანტირებული უნდა იყოს სამართლიანი მოპყრობა სასამართლო პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
მუხლი 8
1.მე-4 მუხლით გათვალისწინებული დარღვევები მონაწილე სახელმწიფოებს შორის გადაცემის შესახებ დადებულ შეთანხმებებში უნდა განიხილებოდეს როგორც გადაცემისათვის მაკვალიფიცირებელი დანაშაულები. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას გაითვალისწინონ ასეთი დანაშაულები სახელმწიფოთა შორის დადებულ ნებისმიერ გადაცემის ხელშეკრულებაში.
2.თუ მონაწილე სახელმწიფო, რომელიც გადაცემას მხოლოდ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს, გადაცემის შესახებ თხოვნას მიიღებს ხელშეკრულების მონაწილე იმ სახელმწიფოსაგან, რომელთანაც აღნიშნულის შესახებ შეთანხმება არ გააჩნია, მას შეუძლია ეს კონვენცია ასეთ დარღვევებთან დაკავშირებით გადაცემის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნიოს. გადაცემა უნდა დაექვემდებაროს გადამცემი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირობებს.
3.მონაწილე სახელმწიფოებმა, რომლებიც გადაცემას ხელშეკრულების საფუძველზე არ ახორციელებენ, ასეთი დანაშაულები გადაცემის საფუძვლად უნდა აღიარონ ურთიერთშეთანხმებით იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად, რომელსაც გადაცემა ეთხოვა.
4.მონაწილე სახელმწიფოებს შორის გადაცემის განხორციელების მიზნისათვის ასეთი დარღვევები განიხილება როგორც ჩადენილი არა მხოლოდ იმ ადგილას, სადაც ისინი მოხდა, არამედ სახელმწიფოების იმ ტერიტორიებზეც, რომლებზეც, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფოებს საკუთარი იურისდიქციის გავრცელება მოეთხოვებათ.
მუხლი 9
1.მონაწილე სახელმწიფოებმა ერთმანეთს მაქსიმალური დახმარება უნდა გაუწიონ სისხლის სამართლის პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც აღიძრა მე-4 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებზე იმ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ჩათვლით, რომლებიც მათ განკარგულებაში იმყოფება სასამართლო პროცესისათვის.
2.მონაწილე სახელმწიფოებმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ნებისმიერი ორმხრივი სასამართლო დახმარების შესახებ შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც მათ შორის შეიძლება არსებობდეს.
მუხლი 10
1.თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ წამების აკრძალვასთან დაკავშირებული განათლება და ინფორმაცია სრულად იქნას შეტანილი სამართალდამცავის, სამოქალაქო თუ სამხედრო პირების, სამედიცინო პერსონალის, თანამდებობისა და იმ პირებისთვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამაში, რომლებსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეთ ნებისმიერი სახით დაპატიმრებული დაკავებული ან საპყრობილეში ჩასმული პირის დაპატიმრებასა, დაკითხვასა და მოპყრობასთან.
2.თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ წამების აკრძალვა უნდა შეიტანოს თითოეული ასეთი პირის მოვალეობებისა და ფუნქციის განმსაზღვრელ ნორმებსა და ინსტრუქციებში.
მუხლი 11
თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე, წამების ნებისმიერი შემთხვევის აღკვეთის მიზნით, სისტემატურად უნდა გადასინჯოს დაკითხვის წესები, ინსტრუქციები, მეთოდები და პრაქტიკა, აგრეთვე ნებისმიერი ფორმით დაკავებული, დაპატიმრებული ან საპყრობილეში ჩასმული პირის პატიმრობისა და მოპყრობის პირობები.
მუხლი 12
თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა აწარმოონ დაუყოვნებელი და მიუკერძოებული გამოძიება, როცა არსებობს საკმარისი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ წამების აქტი ჩადენილ იქნა მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე.
მუხლი 13
თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ პირის საჩივრის შეტანის უფლება და კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოების მიერ მისი საქმის დაუყოვნებლი და მიუკერძოებელი შესწავლა, რომელიც აცხადებს, რომ აწამეს ამ სახელმწიფოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე. საჭიროა გარკვეული ზომების მიღება, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოსარჩელისა და მოწმეების დაცვა ცუდი მოპყრობისა და დაშინებისაგან, რომელიც შეიძლება შედეგად მოჰყვეს საჩივრის ან ჩვენების მიცემას.
მუხლი 14
1.თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ მის სამართლებრივ სისტემაში უნდა უზრუნველყოს, რომ წამების მსხვერპლმა მიიღოს ანაზღაურება და იქონიოს სამართლიანი და ადექვატური კომპენსაციის ხელშეუვალი უფლება, ყველა იმ საშუალების ჩათვლით, რაც საჭიროა სრული რეაბილიტაციისათვის. წამების შედეგად მსხვერპლის სიკვდილის შემთხვევაში, მსხვერპლის კომპენსაციის უფლება ენიჭებათ მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.
2.ამ მუხლში არაფერი ახდენს ზეგავლენას დაზარალებულის ან სხვა პირის კომპენსაციის უფლებაზე, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობით.
მუხლი 15
თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც მიღებულია წამების შედეგად, არ იქნას გამოყენებული მტკიცებულებად სასამართლო პროცესში, გარდა იმ პირთა წინააღმდეგ აღძრული პროცესისა, რომელთაც ბრალად ედებათ წამების რომელიმე ფაქტი.
მუხლი 16
1.ყოველი მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე აღკვეთოს, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის აქტები, რომლებიც შეესაბამება პირველი მუხლის შესაბამის წამების განსაზღვრებას და როდესაც ასეთ აქტებს ახორციელებს სახელმწიფო თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი ან ხორციელდება მათი წაქეზებით, ნებართვით ან უსიტყვო თანხმობით. კერძოდ, ვალდებულებები, რომლებსაც ეხება მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლები, წამებასთან ერთად, გულისხმობს სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელის სხვა ფორმებს.
2.ამ კონვენციის დებულებები არ ეწინააღმდეგება სხვა საერთაშორისო აქტებს ან სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობის დებულებებს, რომლებიც კრძალავს სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს ან, რომლებიც შეეხება გადაცემას ან გაძევებას.
ნაწილი II
მუხლი 17
1.უნდა შეიქმნას წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (შემდგომში კომიტეტი), რომელიც ახორციელებს ქვემოთ მოცემულ ფუნქციებს. კომიტეტი უნდა შედგებოდეს მაღალი მორალური თვისებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში აღიარებული კომპეტენციის მქონე ათი ექსპერტისაგან, რომლებიც თავიანთ თავს წარმოადგენენ. ექსპერტები არჩეულ უნდა იქნან მონაწილე სახელმწიფოების მიერ, სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების პრინციპის მიხედვით და იურიდიულ გამოცდილების მქონე რამოდენიმე პირის მონაწილეობის სარგებლიანობის საფუძველზე.
2.კომიტეტის წევრები არჩეულ უნდა იქნან ფარული კენჭისყრით მონაწილე სახელმწიფოების მიერ წარდგენილ პირთა სიიდან. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს წარადგინოს ერთი პირი, რომელიც ამ სახელმწიფოს მოქალაქეა. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ იმ წარდგენილ პირთა სარგებლიანობა, რომლებიც აგრეთვე არიან ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები, შექმნილი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მიხედვით და რომლებსაც სურვილი აქვთ იმუშაონ წამების საწინააღმდეგო კომიტეტში.
3.კომიტეტის წევრთა არჩევნები უნდა გაიმართოს ორ წელიწადში ერთხელ მონაწილე სახელმწიფოთა შეხვედრებზე, რომელსაც იწვევს გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი. ამ შეხვედრებზე, სადაც ქვორუმი მონაწილე სახელმწიფოთა ორ მესამედს შეადგენს, კომიტეტის წევრად უნდა ჩაითვალოს პირი, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, თუ სახეზეა მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა და კენჭისყრაში მონაწილეობს.
4.პირველი არჩევნები უნდა დაინიშნოს ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა. არჩევნების დღემდე არა ნაკლებ ოთხი თვისა, გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა მონაწილე სახელმწიფოებს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება, რათა მათ სამი თვის ვადაში თავიანთი კანდიდატები წარმოადგინონ. გენერალურმა მდივანმა წარმოდგენილ კანდიდატთა სია ანბანური წესით უნდა მოამზადოს, მიუთითოს მონაწილე სახელმწიფოები, რომლებმაც ისინი წარმოადგინეს და წარუდგინოს ის მონაწილე სახელმწიფოებს.
5.კომიტეტის წევრები არჩეულ უნდა იქნან ოთხი წლის ვადით. ხელახალი წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელია მათი ხელახლა არჩევა. თუმცა, პირველად არჩეულთაგან ხუთი წევრის უფლება-მოვალეობის ვადა უნდა განისაზღვროს ორი წლით. ამ წევრის ვინაობას, არჩევნების შემდეგ, ამ მუხლის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად დაუყოვნებლივ გამართულ სხდომაზე, კენჭისყრის მეშვეობით, ასახელებს სხდომის თავმჯდომარე.
6.კომიტეტის წევრის გარდაცვალების ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც ის კომიტეტის წევრის უფლებამოსილებას ვერ ასრულებს, მონაწილე სახელმწიფომ, რომელმაც ის წარადგინა, მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობის თანხმობით უნდა დანიშნოს სხვა ექსპერტი, რომელსაც ამ სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს, რათა მან დარჩენილი ვადის განმავლობაში შეასრულოს მოვალეობა. თანხმობა მიღებულად მიიჩნევა, თუ აღნიშნული დანიშვნის თაობაზე გენერალური მდივანის მიერ მონაწილე სახელმწიფოთა ინფორმირებიდან ექვსი თვის ვადაში სახელმწიფოთა ნახევარი ან უმეტესობა არ გამოთქვამს უარყოფით პასუხს.
7.მონაწილე სახელმწიფოები პასუხისმგებელი უნდა იყვნენ კომიტეტის წევრთა ხარჯებზე, სანამ ისინი კომიტეტის საქმიანობას ასრულებენ.
მუხლი 18
1.კომიტეტი თავის თანამდებობის პირებს ირჩევს ორი წლის ვადით. ისინი შეიძლება ხელახლა იქნან არჩეული.
2.კომიტეტი ადგენს საკუთარ პროცედურულ ნორმებს, მაგრამ ამ ნორმებმა, ინტერ ალია, უნდა უზრუნველყოს, რომ:
a.ექვსმა წევრმა შეადგინოს ქვორუმი;
b.კომიტეტმა გადაწყვეტილებები მიიღოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
3.ამ კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციათა ეფექტური განხორციელებისათვის გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი უზრუნველყოფს კომიტეტს საჭირო მომსახურე პერსონალითა და საშუალებებით.
4.გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა უნდა მოიწვიოს კომიტეტის პირველი შეკრება. მისი პირველი შეკრების შემდეგ, კომიტეტი უნდა შეიკრიბოს მისი პროცედურული ნორმებით დადგენილ დროს.
5.მონაწილე სახელმწიფოები პასუხისმგებელი არიან ხარჯებზე, რომლებიც დაკავშირებულია მონაწილე სახელმწიფოებისა და კომიტეტის შეხვედრების მოწყობასთან. აქ იგულისხმება აგრეთვე იმ მომსახურე პერსონალისა და საშუალებების ხარჯები, რომლებსაც უზრუნველყოფს გაერთიანებული ერები ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 19
1.მონაწილე სახელმწიფოებმა, მათთვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის მეშვეობით, კომიტეტს უნდა წარუდგინონ მოხსენებები იმ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიც განახორციელეს კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. ამის შემდეგ, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, მონაწილე სახელმწიფოები წარუდგენენ კომიტეტს დამატებით მოხსენებებს მათ მიერ მიღებული ნებისმიერი ახალი ზომების შესახებ და სხვა მოხსენებებს კომიტეტის მოთხოვნით.
2.გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა ეს მოხსენებები უნდა გაუგზავნოს ყოველ მონაწილე სახელმწიფოს.
3.ყოველი მოხსენება იხილება კომიტეტის მიერ, რომელიც მასთან დაკავშირებით შეიმუშავებს ზოგად კომენტარებს და გადაუგზავნის მათ მონაწილე სახელმწიფოებს. აღნიშნულ სახელმწიფოს შეუძლია კომიტეტს წარუდგინოს საპასუხო მოსაზრებები.
4.კომიტეტს, თავისი შეხედულებისამებრ, შეუძლია ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მიღებული კომენტარები, მონაწილე სახელმწიფოთა საპასუხო მოსაზრებასთან ერთად, შეიტანოს 24-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ მის ყოველწლიურ ანგარიშში. მონაწილე სახელმწიფოს თხოვნით, კომიტეტს შეუძლია ამავე ანგარიშს დაურთოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი მოხსენების ასლი.
მუხლი 20
1.თუ კომიტეტი იღებს უტყუარ ინფორმაციას, რომელიც მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წამების სისტემატური გამოყენების შესახებ დასაბუთებულ მონაცემებს შეიცავს, კომიტეტმა მონაწილე სახელმწიფოს უნდა შესთავაზოს თანამშრომლობა ინფორმაციის განხილვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით წარუდგინოს ინფორმაციასთან დაკავშირებული გამოკვლევები.
2.შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს მოსაზრებების ისევე, როგორც სხვა ხელმისაწვდომი ინფორმაციის გათვალისწინებით, კომიტეტი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, დანიშნოს თავისი ერთი ან მეტი წევრი კონფიდენციალური გამოძიების ჩატარებისა და დაუყოვნებლივ მოხსენების წარდგენის მიზნით.
3.თუ გამოძიება ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიმდინარეობს, კომიტეტმა თანამშრომლობისათვის უნდა მოიწვიოს შესაბამისი მონაწილე სახელმწიფო. აღნიშნული სახელმწიფოს თანხმობით, გამოძიება შეიძლება ითვალისწინებდეს მის ტერიტორიაზე ვიზიტს.
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად აღნიშნული წევრის ან წევრების მიერ მოპოვებული მასალის გამოკვლევის შემდეგ, კომისია შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს გადაუგზავნის მოპოვებულ მასალებს იმ კომენტარებთან ან წინადადებებთან ერთად, რომლებიც გამომდინარეობს არსებული სიტუაციიდან.
5.ამ მუხლის პირველიდან მეოთხე პუნქტის ჩათვლით გათვალისწინებული კომიტეტის პროცედურები კონფიდენციალურია და მათი მიმდინარეობის ყველა საფეხურზე მოითხოვს შესაბამის მონაწილე სახელმწიფოსთან თანამშრომლობას. მე-2 პუნქტის შესაბამისად ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულებისას, კომიტეტს შეუძლია შესაბამის მონაწილე სახელმწიფოსთან კონსულტაციის შემდეგ ამ პროცედურის შედეგების მოკლე ანგარიში ჩართოს 24-ე მუხლის შესაბამისად ყოველწლიურ მოხსენებაში.
მუხლი 21
1.ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს, ამ მუხლის შესაბამისად, გამოაცხადოს, რომ აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს ერთი მონაწილე სახელმწიფოს საჩივარს იმის შესახებ, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო ამ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. ასეთი შეტყობინებები შეიძლება მიღებულ და განხილულ იქნას ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, თუ მათ ის მონაწილე სახელმწიფო წარადგენს, რომელმაც კომიტეტის კომპეტენცია აღიარა. ამ მუხლის თანახმად, არც ერთი შეტყობინება არ უნდა იქნას განხილული კომიტეტის მიერ, თუ იგი ეხება იმ მონაწილე სახელმწიფოს, რომელსაც მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინებები განიხილება შემდეგი პროცედურის მიხედვით:
a.თუ ერთი მონაწილე სახელმწიფო თვლის, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო ამ კონვენციის პირობებს არ ასრულებს, მას შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მოცემულ სახელმწიფოს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს. შეტყობინების მიღებიდან სამი თვის ვადაში მიმღებმა სახელმწიფომ უნდა გადასცეს შეტყობინების გამომგზავნ სახელმწიფოს ახსნა-განმარტება ან ნებისმიერი სხვა წერილობითი განცხადება, რომლითაც ამოვესაკითხს განმარტავს. იგი უნდა შეიცავდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელი და მიზანშეწონილია, მითითებას საშინაო პროცედურებისა და საშუალებების შესახებ, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით განხორციელდა, ხორციელდება ან შესაძლოა განხორციელდეს.
b.თუ საკითხი მიმღები სახელმწიფოს მიერ თავდაპირველი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის ვადაში ორივე მონაწილე სახელმწიფოსათვის დამაკმაყოფილებლად არ მოწესრიგდა, თითოეულ სახელმწიფოს უფლება აქვს გადასცეს საკითხი კომიტეტს, რაც უნდა შეატყობინოს კომიტეტსა და მეორე სახელმწიფოს.
c.კომიტეტმა ამ მუხლის შესაბამისად გადაცემული საკითხი უნდა განიხილოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოირკვევა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად მითითებული და ამოწურულია. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც აღნიშნულ საშუალებათა გამოყენება უმიზეზოდ გახანგრძლივებულია და არაეფექტურია პირისათვის, რომელიც ამ კონვენციის დარღვევის მსხვერპლია.
d.ამ მუხლის თანახმად, კომიტეტი შეტყობინებებს იხილავს დახურულ სხდომებზე.
e.(ც) ქვეპუნქტის პირობათა დაცვით, კომიტეტმა, ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების პატივისცემის საფუძველზე, ხელი უნდა შეუწყოს შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებს შორის დავის მეგობრულ გადაწყვეტას. ამ მიზნით, კომიტეტს შეუძლია შექმნას ად ჰოც შემათანხმებელი კომისია.
f.ამ მუხლის შესაბამისად გადაცემულ ნებისმიერ საკითხზე კომიტეტს შეუძლია მოუწოდოს მონაწილე სახელმწიფოებს, როგორც ეს (ბ) ქვეპუნქტშია მითითებული, უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციით.
g.(ბ) ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ უფლება წარმოდგენილ იყვნენ, როდესაც საკითხს იხილავს კომიტეტი და გააკეთონ წარდგინებები ზეპირად და/ან წერილობით.
h.(ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეტყობინების მიღების დღიდან თორმეტი თვის ვადაში კომიტეტმა უნდა წარადგინოს მოხსენება, რომელიც:
1.უნდა შემოისაზღვროს ფაქტებისა და მიღწეული გადაწყვეტილებების მოკლე გადმოცემით თუ გადაწყვეტილება მიღებულია (ე) ქვეპუნქტის პირობების თანახმად;
2.უნდა შემოისაზღვროს ფაქტების მოკლე გადმოცემით. თუ გადაწყვეტილება (ე) ქვეპუნქტის პირობების თანახმად არ იქნა მიღებული, მონაწილე სახელმწიფოთა წერილობითი წარდგინებები და სიტყვიერ წარდგინებათა ჩანაწერები თან ერთვის მოხსენებას. ნებისმიერ შემთხვევაში მოხსენება უნდა გაეგზავნოს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს.
2.ამ მუხლის პირობები ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ამ კონვენციის ხუთი მონაწილე სახელმწიფო, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გააკეთებს განცხადებას. მონაწილე სახელმწიფოების ასეთი განცხადებები დეპონირდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან, რომელმაც ასლები უნდა გაუგზავნოს სხვა მონაწილე სახელმწიფოებს. განცხადება შეიძლება გამოთხოვილ იქნას ნებისმიერ დროს, რაც გენერალურ მდივანს უნდა ეცნობოს. ასეთი გამოთხოვნა ზიანს არ უნდა აყენებდეს ნებისმიერი საქმის განხილვას, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად გადაცემული შეტყობინების საგანს წარმოადგენს; ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს მიერ, ამ მუხლის შესაბამისად, არც ერთი შემდგომი შეტყობინება არ უნდა იქნას მიღებული მას შემდეგ, რაც გენერალური მდივანი მიიღებს ცნობას განცხადების გამოთხოვნის შესახებ, სანამ მონაწილე სახელმწიფო ახალ განცხადებას არ მიიღებს.
მუხლი 22
1.ამ მუხლის შესაბამისად, ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს განაცხადოს, რომ აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ პირთა მიერ ან მათი სახელით წარდგენილი შეტყობინებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციით დადგენილ დებულებების დარღვევათა მსხვერპლნი არიან. არც ერთი შეტყობინება არ უნდა იქნას მიღებული კომიტეტის მიერ, თუ იგი ეხება მონაწილე სახელმწიფოს, რომელსაც ასეთი განცხადება არ გაუკეთებია.
2.ამ მუხლის შესაბამისად, კომიტეტმა მიუღებლად უნდა მიიჩნიოს ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც ანონიმურია ან, რომელიც, მისი აზრით, წარმოადგენს ასეთი შეტყობინების წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებას ან შეუთავსებელია ამ კონვენციის დებულებებთან.
3.მე-2 პუნქტის პირობათა დაცვით, კომიტეტმა ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ ნებისმიერ შეტყობინებაზე უნდა გაამახვილოს ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ყურადღება, რომელმაც განცხადება გააკეთა პირველი პუნქტის შესაბამისად და ბრალად ედება კონვენციის რომელიმე დებულების დარღვევა. მიმღებმა სახელმწიფომ ექვსი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს კომიტეტს წერილობითი ახსნა-განმარტება საკითხის გარშემო ან განცხადება იმ საშუალებების ან ზომების შესახებ, რომელთა მიღებასაც შესაძლებლად თვლის.
4.კომიტეტი ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ შეტყობინებებს იხილავს ყველა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მას გადაეცა ფიზიკური პირის მიერ ან მისი სახელით ან დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოს მიერ და თუ იგივე საკითხი არ ყოფილა და არ არის განხილული სხვა საერთაშორისო საგამოძიებო და მომგვარებელი პროცედურის შესაბამისად.
5.კომიტეტმა არ უნდა განიხილოს არც ერთი შეტყობინება, რომელიც წარმოდგენილია პირის მიერ, სანამ ის, ამ მუხლის შესაბამისად, არ გამოარკვევს შედეგს:
a.იგივე საკითხი არ ყოფილა განხილული და არ იხილება სხვა საერთაშორისო საგამოძიებო და მომგვარებელი პროცედურების შესაბამისად.
b.პირმა ამოწურა ყველა ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება; ეს ნორმა არ მოქმედებს, თუ ამ საშუალებათა გამოყენება უმიზეზოდ არის გახანგრძლივებული და არაეფექტურია პირისათვის, რომელიც ამ კონვენციის დარღვევის მსხვერპლია.
6.ამ მუხლის შესაბამისად, კომიტეტი შეტყობინებებს იხილავს დახურულ სხდომებზე.
7.კომიტეტი უგზავნის თავის დასკვნებს მონაწილე სახელმწიფოებსა და ფიზიკურ პირებს.
8.ამ მუხლის პირობები ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ამ კონვენციის ხუთი მონაწილე სახელმწიფო გააკეთებს განცხადებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,. მონაწილე სახელმწიფოების ასეთი განცხადებები დეპონირდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან, რომელმაც ასლები უნდა გაუგზავნოს სხვა მონაწილე სახელმწიფოებს. განცხადება შეიძლება გამოთხოვილ იქნას ნებისმიერ დროს, რაც გენერალურ მდივანს უნდა ეცნობოს. ასეთი გამოთხოვნა ზიანს არ უნდა აყენებდეს ნებისმიერი საქმის განხილვას, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად გადაცემული შეტყობინების საგანს წარმოადგენს; ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს არც ერთი შემდგომი შეტყობინება, ამ მუხლის შესაბამისად, აღარ უნდა იქნას მიღებული მას შემდეგ, რაც გენერალური მდივანი მიიღებს ცნობას განცხადების გამოთხოვნის შესახებ, სანამ მონაწილე სახელმწიფო ახალ განცხადებას არ მიიღებს.
მუხლი 23
კომიტეტისა და ად ჰოც შემათანხმებელი კომისიის წევრები, რომლებიც შეიძლება 21-ე მუხლის პირველი პუნქტის (ე) ქვეპუნქტის თანახმად დაინიშნონ, უფლებამოსილი არიან ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც გააჩნიათ ექსპერტებს გაერთიანებული ერების მისიით და გათვალისწინებულია კონვენციით გაერთიანებული ერების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ.
მუხლი 24
ამ კონვენციის შესაბამისად, კომიტეტმა მის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ ერების გენერალურ ასამბლეას უნდა წარუდგინოს ყოველწლიური მოხსენება.
ნაწილი III
მუხლი 25
1.ეს კონვენცია ყველა სახელმწიფოსათვის ღიაა ხელმოსაწერად.
2.ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას. სარატიფიკაციო დოკუმენტები დეპონირდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან.
მუხლი 26
ეს კონვენცია ყველა სახელმწიფოსათვის ღიაა მისაერთებლად. მიერთება ხორციელდება მიერთების დოკუმენტების გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან დეპონირებით.
მუხლი 27
1.ეს კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან მეოცე სარატიფიკაციო ან მიერთების დოკუმენტის დეპონირებიდან 30-ე დღეს.
2.ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც ამ კონვენციის რატიფიცირებას ახდენს ან მას უერთდება, რატიფიკაციისა და მიერთების მეოცე დოკუმენტის დეპონირების შემდეგ ძალაში შედის მათი რატიფიკაციისა და მიერთების დოკუმენტების დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.
მუხლი 28
1.ყოველ სახელმწიფოს შეუძლია ამ კონვენციის ხელმოწერისა, რატიფიცირების ან მიერთების დროს, მე-20 მუხლის შესაბამისად, განაცხადოს, რომ კომიტეტის კომპეტენციას არ აღიარებს.
2.ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფო, აკეთებს რა დათქმებს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუძლია ნებისმიერ დროს უარყოს ეს დათქმა გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის ამის შესახებ შეტყობინებით.
მუხლი 29
1.ამ კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს შესწორება და წარუდგინოს იგი გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს. გენერალურმა მდივანმა უნდა შეატყობინოს შემოთავაზებული შესწორების შესახებ მონაწილე სახელმწიფოებს თხოვნით, რომ აცნობონ მას, უჭერენ თუ არა მხარს შეთავაზების განსახილველად და წინადადების კენჭის საყრელად მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის გამართვას. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეტყობინების დღიდან ოთხი თვის ვადაში მონაწილე სახელმწიფოთა მესამედი კონფერენციის გამართვას მხარს დაუჭერს, გენერალურმა მდივანმა გაერთიანებული ერების ეგიდით უნდა მოიწვიოს კონფერენცია. კონფერენციაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ მიღებული ნებისმიერი შესწორება გენერალური მდივნის მიერ უნდა წარედგინოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს მის მისაღებად.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში შედის მაშინ, როცა ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს აცნობებს, რომ მათი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად მისი მიღების შესახებ.
3.შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ, ისინი სავალდებულო უნდა იყოს იმ მონაწილე სახელმწიფოთათვის, რომლებმაც ის მიიღეს; სხვა მონაწილე სახელმწიფოთათვის სავალდებულოა ამ კონვენციის ის დებულებები და ის მიღებული შესწორებები, რომლებიც მათ მიიღეს.
მუხლი 30
1.ამ კონვენციის განმარტებისა თუ გამოყენების თაობაზე ორ ან მეტ მონაწილე სახელმწიფოს შორის ნებისმიერი დავა, თუ მოლაპარაკებით ვერ გადაწყდა ერთ-ერთი მხარის თხოვნის საფუძველზე, უნდა წარედგინოს საარბიტრაჟო განხილვისათვის. თუ საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე თხოვნის შეტანიდან ექვსი თვის განმავლობაში მხარეები საარბიტრაჟო განხილვის ორგანიზებაზე ვერ შეთანხმდნენ, ნებისმიერ მხარეს შეუძლია დავა გადაიტანოს საერთაშორისო სასამართლოში თხოვნის შეტანით, ამ სასამართლოს წესდების შესაბამისად
2.ყოველ სახელმწიფოს შეუძლია ამ კონვენციის ხელმოწერისა და რატიფიცირების ან მიერთების დროს განაცხადოს, რომ პასუხისმგებლად არ თვლის თავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. სხვა მონაწილე სახელმწიფოებს არ ეკისრებათ პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები იმ სახელმწიფოების მიმართ, რომელთაც ასეთი დათქმა გააკეთეს.
3.ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, ახდენს რა დათქმას ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, შეუძლია ნებისმიერ დროს უარყოს ეს დათქმა გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის ამის შესახებ შეტყობინებით.
მუხლი 31
1.მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია ამ კონვენციის დენონსირება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან წერილობითი შეტყობინებით. დენონსირების აქტი ძალაში შედის გენერალური მდივნის შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ.
2.ასეთი დენონსირება არ ათავისუფლებს მონაწილე სახელმწიფოს ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან ნებისმიერი მოქმედების თუ უმოქმედობისთვის, რომელიც დენონსირების დღემდე მოხდა, ასევე, დენონსირება არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყენებდეს ზიანს იმ საკითხის განხილვას, რომელსაც კომიტეტი დენონსირების ძალაში შესვლის დღემდე იხილავდა.
3.მონაწილე სახელმწიფოს მიერ დენონსირების აქტის ძალაში შესვლის დღიდან კომიტეტი აღარ განიხილავს ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ ახალ საკითხს.
მუხლი 32
გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა გაერთიანებული ერების ყველა წევრ სახელმწიფოს და ყველა სახელმწიფოს, რომელმაც ამ კონვენციას ხელი მოაწერა ან მას მიუერთდა, უნდა აცნობოს შემდეგი:
a.25-ე, 26-ე მუხლების შესაბამისად ნებისმიერი ხელმოწერის, რატიფიკაციის ამ მიერთების შესახებ;
b.ამ კონვენციის 27-ე მუხლისა და 29-ე მუხლის შესაბამისად მისი ნებისმიერი შესწორების ძალაში შესვლის შესახებ.
c.31-ე მუხლის შესაბამისად დენონსირების შესახებ.
მუხლი 33
1.ამ კონვენციის არაბული, ესპანური, ინგლისური, ჩინური, ფრანგული, რუსული და ტექსტები თანაბრად ავთენტურია და დეპონირდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან.
2.გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა ყველა სახელმწიფოს უნდა გაუგზავნოს კონვენციის სერთიფიცირებული ასლები.
![]() |
4 ძირითადი პრინციპები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მიღებულია გაეროს დანაშაულის საწინააღმდეგო და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობის შესახებ
მეშვიდე კონგრესის მიერ
მილანი 1985 წლის 26 აგვისტო -- 6 სექტემბერი
ძალაშია გენერალური ასამბლეის 1985 წლის 29 ნოემბრის 40/32 და 13 დეკემბრის 40/146 რეზოლუციებით
ვინაიდან გაერთიანებული ერების წესდებაში მსოფლიოს ხალხი, ინტერ ალია, განამტკიცებს მის სწრაფვას, შექმნას ისეთი პირობები, სადაც შენარჩუნებული იქნება სამართლიანობა და თავის ერთ-ერთ მიზნად აცხადებს საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევას, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გზით დისკრიმინაციის გარეშე;
ვინაიდან ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია განსაკუთრებით იცავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, კანონის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხორციელებული სამართლიანი და ღია მართლმსაჯულების უფლებას,
ვინაიდან სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი ამ უფლებებს აღიარებს და დამატებით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი აღიარებს ყველას უფლებას გასამართლებულ იქნას დაუყოვნებლივ,
ვინაიდან, უმეტეს შემთხვევებში ჯერ კიდევ არსებობს სხვაობა ამ პრინციპებსა და რეალურ მდგომარეობას შორის,
ვინაიდან მართლმსაჯულების ორგანიზება და აღსრულება ყველა ქვეყანაში უნდა ეფუძნებოდეს ამ პრინციპებს და უნდა განხორციელდეს ყველა ღონისძიება მათ რეალობაში დასანერგად,
ვინაიდან, მოსამართლის თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული წესები მიზნად უნდა ისახავდნენ მოსამართლეთათვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებშიც ისინი მოახერხებენ ამ პრინციპების შესაბამისად მოქმედებას,
ვინაიდან, მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იღებენ მოქალაქეთა სიცოცხლის, თავისუფლების, უფლებების, მოვალეობებისა და საკუთრების შესახებ,
ვინაიდან, გაეროს დანაშაულის საწინააღმდეგო და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობის მეექვსე კონგრესმა თავისი მეთექვსმეტე რეზოლუციით დანაშაულის საწინააღმდეგო და მაკონტროლებელ კომისიას დაავალა ერთ-ერთ პრიორიტეტად ეცნო მოსამართლეთა დამოუკიდებლობასთან, მოსამართლეთა და პროკურორთა შერჩევის, პროფესიული მომზადების წესებსა და მათ სტატუსთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებების შექმნა,
ვინაიდან, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია გათვალისწინებული ყოფილიყო პირველ რიგში მოსამართლის როლი სამართლის სისტემასთან მიმართებაში და მოსამართლეთა შერჩევის, მომზადებისა და საქმიანობის დიდი მნიშვნელობა,
შემდეგი ძირითადი პრინციპები, რომლებიც შეიქმნა წევრ სახელმწიფოთა დასახმარებლად სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, მხედველობაში უნდა იქნენ მიღებული მთავრობათა მიერ მათი ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ფარგლებში. ამ პრინციპებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მოსამართლეებმა, იურისტებმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ზოგადად საზოგადოებამ. პრინციპები ძირითადად პროფესიონალ მოსამართლეებზე გათვლით იქნა ჩამოყალიბებული, მაგრამ ისინი თანაბრად ვრცელდება მსაჯულებზეც სადაც ასეთები არსებობენ.
სასამართლოს დამოუკიდებლობა
1.სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ და დაცული ქვეყნის კონსტიტუციით ან კანონით. ყველა სამთავრობო და სხვა დაწესებულებათა მოვალეობაა, პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას.
2.სასამართლომ მის წინაშე წარდგენილი საქმეები უნდა გადაწყვიტოს მიუკერძოებლად, ფაქტებზე დაყრდნობით და კანონის შესაბამისად, ნებისმიერი მხრიდან და ნებისმიერი მიზნით ყოველგვარი შეზღუდვის, შეუსაბამო ზეგავლენის, იძულების, ძალდატანების, დაშინების ან პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევის გარეშე.
3.სასამართლო ხელისუფლება უნდა ვრცელდებოდეს ყველა სამართლებრივი ხასიათის საკითხზე და სასამართლოს უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური უფლებამოსილება გადაწყვიტოს მის წინაშე გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენილი მის კომპეტენციაში მყოფი საკითხი კანონის შესაბამისად.
4.არ უნდა ხორციელდებოდეს შეუსაბამო ან უკანონო ჩარევა სასამართლო პროცესში, ასევე სასამართლოების მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები არ უნდა დაექვემდებაროს გადასინჯვას. ეს პრინციპი არ ზღუდავს სასამართლო ზედამხედველობას ან სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელების კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ, კანონის შესაბამისად, შემსუბუქებას ან შეცვლას.
5.ყველას უნდა ჰქონდეს უფლება გასამართლდეს ჩვეულებრივი სასამართლოს ან ტრიბუნალის მიერ ჩამოყალიბებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებით. ჩვეულებრივი სასამართლოებისა და სასამართლო ტრიბუნალების კომპეტენციაში მყოფი საკითხები არ უნდა გადაეცეს იმ ტრიბუნალებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სათანადოდ ჩამოყალიბებული იურიდიული პროცესუალური ნორმები.
6.სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი უფლებას აძლევს და ავალებს სასამართლოს უზრუნველყოს, სასამართლო საქმის წარმოების სამართლიანი მიმდინარეობა და მხარეთა უფლებების დაცვა.
7.ყოველი წევრი სახელმწიფოს მოვალეობაა უზრუნველყოს შესაბამისი რესურსები რომლებიც საშუალებას მისცემენ სასამართლოს სათანადოდ შეასრულოს თავისი ფუნქცია.
აზრის გამოხატვისა და ასოციაციის თავისუფლება
8.ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებს, გააჩნიათ აზრის გამოხატვის, რწმენის, ასოციაციასა და კავშირში გაერთიანების თავისუფლება; თუმცა იგულისხმება, რომ ასეთი უფლებების განხორციელებისას, მოსამართლეები ყოველთვის უნდა მოქმედებდნენ იმგვარად, რომ დაიცვან თავიანთი თანამდებობის ღირსება და სასამართლოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.
9.მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ უფლება შექმნან და გაწევრიანდნენ მოსამართლეთა ასოციაციებში ან სხვა ორგანიზაციებში, იმისათვის რომ წარმოადგინონ თავიანთი ინტერესები, ხელი შეუწყონ პროფესიულ მომზადებას და დაიცვან სასამართლოს დამოუკიდებლობა.
კვალიფიკაცია, შერჩევის წესი და მომზადება
10.მოსამართლედ შერჩეული პირები უნდა იყვნენ ღირსებისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომლებსაც სამართალის დარგში მიღებული ექნებათ შესაბამისი მომზადება და კვალიფიკაცია. მოსამართლეთა შერჩევის მეთოდი უნდა იძლეოდეს მოსამართლეთა არასწორი მოტივებით დანიშვნისაგან თავდაცვის საშუალებას. მოსამართლეთა შერჩევისას დაუშვებელია დისკრიმინაცია რასის, ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი ცენზის, ან წარმოშობის გამო, გარდა იმ მოთხოვნისა, რომ მოსამართლეობის კანდიდატი ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს, რაც არ განიხილება დისკრიმინაციად.
მსახურობის პირობები და ვადა
11.მოსამართლეთა თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მათი დამოუკიდებლობა, ანაზღაურება, მსახურების პირობები, პენსიები და საპენსიო ასაკი დაცული უნდა იყოს კანონით.
12.არჩეულ თუ დანიშნულ მოსამართლეებს უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეთ თანამდებობაზე ყოფნის ვადა საპენსიო ასაკამდე ან მათი მოსამართლედ ყოფნის ვადის ამოწურვამდე, თუ ასეთი არსებობს.
13.მოსამართლეთა დაწინაურება, სადაც კი ასეთი სისტემა არსებობს, უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ ფაქტორებს, კერძოდ შესაძლებლობებს, ღირსებებს და გამოცდილებას.
14.მოსამართლეთათვის საქმეთა გადაცემა იმ სასამართლოს ფარგლებში, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან სასამართლო ადმინისტრაციის საშინაო საქმეა.
პროფესიული საიდუმლოება და იმუნიტეტი
15.მოსამართლეები მოვალენი არიან საიდუმლოდ შეინახონ თავიანთი მოსაზრებები და მათ მიერ მოვალეობის შესრულებისას, გარდა საჯარო პროცესებისა, მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია და ისინი არ უნდა აიძულონ ჩვენება მისცენ ასეთ საკითხებზე.
16.დისციპლინარული პროცედურის ან აპელაციის უფლების ან სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის მიღების უფლების დაცვით, ქვეყნის შიდა კანონის შესაბამისად, მოსამართლეები უნდა სარგებლობდნენ სასამართლოში თავიანთი ფუნქციების შესრულებისას ფინანსური ზიანის მიყენების ან არასწორი ქმედების ან დაუდევრობის გამო სამოქალაქო საჩივრებისაგან პიროვნული იმუნიტეტით.
დისციპლინარული სასჯელი, უფლებამოსილებათა დროებითი შეწყვეტა და თანამდებობიდან გათავისუფლება
17.მოსამართლისადმი, მისი თანამდებობრივი და პროფესიული კომპეტენციიდან გამომდინარე, წაყენებული ბრალდების ან საჩივრის საფუძველზე საქმის წარმოება უნდა წარიმართოს სწრაფად და სამართლიანად შესაბამისი პროცედურის მიხედვით. მოსამართლეს უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო მოსმენის უფლება. საკითხის გამოძიების საწყის ეტაპზე დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობა, თუ თავად მოსამართლე არ მოითხოვს საწინააღმდეგოს.
18.მოსამართლეების თანამდებობრივი უფლებამოსილებების დროებითი შეჩერება ან თანამდებობიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი თავს ვერ ართმევენ მოვალეობებს, ან მათი თანამდებობისათვის შეუფერებელი საქციელის გამო.
19.ყველა დისციპლინარული სასჯელი, უფლებამოსილებათა შეჩერება ან თანამდებობიდან გათავისუფლება განსაზღვრული უნდა იყოს ჩამოყალიბებული სტანდარტების შესაბამისად.
20.დისციპლინარულ სასჯელებთან, უფლებამოსილებათა შეჩერებასა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები უნდა ექვემდებარებოდეს დამოუკიდებელ გადასინჯვას. ეს პრინციპი შესაძლოა არ გავრცელდეს უმაღლესი სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და კანონმდებელი ორგანოს მიერ იმპიჩმენტის ან მსგავსი პროცედურების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
![]() |
5 ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მიღებულია გაერთიანებული ერების მერვე კონგრესის მიერ
დანაშაულის აღმოფხვრისა და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობის შესახებ,
ჰავანა, კუბა, 27 აგვისტო - 7 სექტემბერი, 1990
ვინაიდან გაერთიანებული ერების წესდებაში მსოფლიოს ხალხი, ინტერ ალია, განამტკიცებს მის სწრაფვას შექმნას ისეთი პირობები, სადაც შენარჩუნებული იქნება სამართლიანობა, და თავის ერთ-ერთ მიზნად აცხადებს საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევას ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გზით, განურჩევლად რასის, სქესის, ენისა და რელიგიისა,
ვინაიდან ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია იცავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხორციელებული სამართლიანი და ღია მართლმსაჯულების უფლებას და ყველა აუცილებელ გარანტიებს იმ პირთა დასაცავად, ვისაც წაყენებული აქვს სისხლისსამართლებრივი ბრალდება,
ვინაიდან სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი დამატებით აღიარებს ყველას უფლებას გასამართლებულ იქნას დაუყოვნებლივ და კანონის შესაბამისად შექმნილი კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის მიერ სამართლიანი და ღია პროცედურით,
ვინაიდან სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი სახელმწიფოებს შეახსენებს გაერთიანებული ერების წესდებით აღიარებულ ვალდებულებას ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას,
ვინაიდან რაიმე ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა დაცვის პრინციპთა ერთობლიობა აღიარებს დაკავებული პირის უფლებას დამცველის დახმარებაზე, მასთან ურთიერთობასა და კონსულტაციაზე,
ვინაიდან პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები განსასჯელთათვის უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებასა და ადვოკატთან კონფიდენციალურ ურთიერთობას,
ვინაიდან სიკვდილმისჯილთა დაცვის გარანტიები უზრუნველყოფს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის შესაბამისად სასამართლო პროცესის ყველა სტადიაზე სათანადო იურიდიული დახმარების უფლებას ყველა ეჭვმიტანილის ან ბრალდებულისათვის, რომელსაც შეიძლება სიკვდილით დასჯა შეეფარდოს,
ვინაიდან სამართლიანობის ძირითადი პრინციპების დეკლარაცია დანაშაულისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა შესახებ რეკომენდაციას უწევს იმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ ზომებს, რომლებიც გააუმჯობესებს სამართლიანობის ხელმისაწვდომობის, რესტიტუციის, კომპენსაციისა და დანაშაულის მსხვერპლთა დახმარების პირობებს,
ვინაიდან ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ადექვატური დაცვა, რომელზეც ყველა ადამიანს აქვს უფლება, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ან სამოქალაქო და პოლიტიკური, მოითხოვს, რომ ყველა პირს ჰქონდეს დამოუკიდებელი ადვოკატის მიერ გაწეულ იურიდიულ მომსახურებასთან ეფექტური ხელმისაწვდომობის საშუალება,
ვინაიდან ადვოკატთა პროფესიულ გაერთიანებებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებათ პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის წესების დამკვიდრების ხელშეწყობის, მათი წევრების შევიწროებისა და შეუსაბამო შეზღუდვებისაგან დაცვის, ყველასათვის, ვინც ამას საჭიროებს, იურიდიული დახმარების გაწევისა და სამთავრობო და სხვა დაწესებულებებთან სამართლიანობისა და საზოგადოების ინტერესების დასაცავად თანამშრომლობის საქმეში,
წინამდებარე ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ შეიქმნა მონაწილე სახელმწიფოების დასახმარებლად, რათა მათ ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ ადვოკატთა როლის დამკვიდრება. მთავრობებმა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ფარგლებში პატივი უნდა სცენ და ანგარიში გაუწიონ წინამდებარე პრინციპებს და ისინი უნდა გადაეცეს როგორც ადვოკატებს, ასევე სხვა პირებს, კერძოდ, მოსამართლეებს, პროკურორებს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მთლიანად, საზოგადოებას. ეს პრინციპები თანაბრად უნდა შეეფარდოს იმ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ადვოკატთა ფუნქციებს ადვოკატის ფორმალური სტატუსის გარეშე.
ადვოკატისა და იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობა
1.ყველა ადამიანს უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ არჩეული ადვოკატის დახმარება მისი უფლებების სისხლის სამართლის საქმის წარმოების ყველა სტადიაზე დაცვისათვის.
2.სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მათ ტერიტორიაზე მცხოვრები და მათ იურისდიქციას დაქვემდებარებული ყველა პირისათვის საადვოკატო მომსახურებასთან ეფექტური და თანაბარი ხელმისაწვდომობის სათანადო პროცედურებისა და ადექვატური მექანიზმების არსებობა, მიუხედავად მათი რასის, ფერის, ეთნიკური წარმოშობის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრებების, ეროვნული თუ სოციალური კუთვნილების, საკუთრების, დაბადების, ეკონომიკური ან სხვა სტატუსისა.
3.სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ღარიბთა და, საჭიროებისამებრ, სხვა დაუცველი პირებისათვის იურიდიული დახმარების სათანადო დაფინანსებისა და სხვა რესურსების გამოყოფა. ადვოკატთა პროფესიულმა გაერთიანებებმა უნდა ითანამშრომლონ მომსახურების, პირობებისა და სხვა რესურსების ორგანიზებისა და მობილიზაციისათვის.
4.სახელმწიფოებმა და ადვოკატთა პროფესიულმა გაერთიანებებმა ხელი უნდა შეუწყონ პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მათი კანონიერი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე, მათი უფლებების დასაცავად ადვოკატთა მნიშვნელოვან როლზე. სპეციალური ყურადღება უნდა მიექცეს ღარიბთა და სხვა სოციალურად დაუცველ პირთა დახმარებას, რათა მათ საშუალება მიეცეთ განამტკიცონ თავიანთი უფლებები და, საჭიროებისამებრ, მოითხოვონ ადვოკატის დახმარება.
სპეციალური გარანტიები სისხლის სამართალწარმოებაში
5.სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რათა ყველა ადამიანი დაუყოვნებლივ ინფორმირებულ იქნას კომპეტენტური ორგანოს მიერ მისი უფლების შესახებ მოითხოვოს მის მიერ არჩეული ადვოკატის დახმარება დაკავების, დაპატიმრების ან სისხლისსამართლებრივი ბრალდების წაყენების დროს.
6.პირს, რომელსაც არ ჰყავს ადვოკატი და ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესები ამას მოითხოვს, უფლება აქვს ჰყავდეს სამართალდარღვევის ხასიათის შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპეტენტური ადვოკატი, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი ეფექტური იურიდიული დახმარება. ასეთი დახმარება უნდა განხორციელდეს უფასოდ, თუ ამ პირს საფასურის გადახდისათვის სათანადო სახსრები არ გააჩნია.
7.სახელმწიფოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რათა სისხლისსამართლებრივი ბრალდებით ან მის გარეშე დაპატიმრებულ ან დაკავებულ ნებისმიერ პირს ქონდეს ადვოკატთან დაუყოვნებლივი შეხვედრის უფლება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დაპატიმრებიდან ან დაკავებიდან არა უგვიანეს ორმოცდარვა საათის შემდეგ.
8.ყველა დაპატიმრებული, დაკავებული ან საპყრობილეში მყოფი პირი უზრუნველყოფილ უნდა იქნას სათანადო შესაძლებლობით, დროითა და პირობებით თავის ადვოკატთან შეხვედრის, მასთან კომუნიკაციისა და კონსულტაციისათვის, დაყოვნების, შეჩერებისა და ცენზურის გარეშე, სრული კონფიდენციალურობის დაცვით. ასეთ კონსულტაციებს შეიძლება თვალყური ადევნოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა, მაგრამ მას მოსმენის უფლება არ აქვს.
კვალიფიკაცია და მომზადება
9.სახელმწიფოებმა, ადვოკატთა პროფესიულმა გაერთიანებებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებს გააჩნდეთ შესაბამისი განათლება და მომზადება, აცნობიერებდნენ ადვოკატთა მორალურ და ეთიკურ მოვალეობებსა და საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
10.სახელმწიფოებმა, ადვოკატთა პროფესიულმა გაერთიანებებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არ განხორციელდეს დისკრიმინაცია იურიდიული პრაქტიკის დაწყებასა და გაგრძელებასთან მიმართებაში, რასის, ფერის, სქესის, ეთნიკური წარმოშობის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრებების, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, საკუთრების, დაბადების, ეკონომიკური თუ სხვა სტატუსის საფუძველზე, გარდა მოთხოვნისა, რომ ადვოკატი იყოს შესაბამისი ქვეყნის მოქალაქე, რაც არ უნდა ჩაითვალოს დისკრიმინაციად.
11.ქვეყნებში, სადაც არსებობენ ჯგუფები, თემები ან რეგიონები, რომელთა იურიდიული დახმარებაც არ ხორციელდება, განსაკუთრებით, სადაც ამ ჯგუფებს გააჩნიათ განსხვავებული კულტურა, ტრადიციები, ენა ან წარსულში იყვნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი, სახელმწიფოებმა, ადვოკატთა პროფესიულმა გაერთიანებებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა მიიღონ სპეციალური ზომები, რათა ასეთი ჯგუფების წარმომადგენლები დაეუფლონ იურიდიულ პროფესიას და, ჯგუფის მოთხოვნების შესაბამისად, მიიღონ სათანადო მომზადება.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები
12.ადვოკატებმა, როგორც მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა, ყოველთვის უნდა იზრუნონ მათი პროფესიის პატივისა და ღირსების შესანარჩუნებლად.
13.კლიენტების წინაშე ადვოკატთა მოვალეობაა:
(a)რჩევა მისცეს კლიენტს მისი უფლებებისა და მოვალეობების, ასევე, კლიენტის უფლებებსა და მოვალეობებთან მიმართებაში სამართლებრივი სისტემის მოქმედების შესახებ;
(b)დაეხმაროს კლიენტს ყველა შესაძლო ფორმით და მიიღოს ყველა ზომა მისი ინტერესების დასაცავად;
(c)დაეხმაროს კლიენტს სასამართლოს, ტრიბუნალებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე;
14.ადვოკატებმა, მათი კლიენტების უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ინტერესების ხელშეწყობისას, უნდა განამტკიცონ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლით აღიარებული ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები და ყოველთვის უნდა იმოქმედონ თავისუფლად და ღირსეულად, კანონისა და პროფესიული მოვალეობების, სტანდარტებისა და ეთიკის წესების შესაბამისად.
15.ადვოკატებმა ყოველთვის პატივი უნდა სცენ თავიანთი კლიენტის ინტერესებს.
ადვოკატის საქმიანობის გარანტიები
16.სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა
a)შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე;
b)შეძლონ თავისუფლად გადაადგილდნენ და კონსულტაცია გაუწიონ კლიენტს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ; და
c)თავიანთი პროფესიული მოვალეობების, წესებისა და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო, არ განიცადონ გაკიცხვა, ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სანქციების მუქარით.
17.როდესაც ადვოკატთა უსაფრთხოებას, მათ მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო, საფრთხე ემუქრება, ისინი სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული ხელისუფლების მიერ.
18.ადვოკატები, თავიანთი ფუნქციების შესრულების გამო, არ უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული მათ კლიენტებთან ან მათი კლიენტების ქმედებებთან.
19.არც ერთ სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც აღიარებულია წარმომადგენელზე უფლება, არ აქვს უფლება უარი უთხრას ადვოკატს წარსდგეს სასამართლოს წინაშე თავისი კლიენტის დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადვოკატი დისკვალიფიცირებულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პრაქტიკის წესების ან ამ პრინციპების შესაბამისად.
20.ადვოკატი უნდა სარგებლობდეს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტით ყველა განცხადების მიმართ, რომელიც მის მიერ სასამართლოს, ტრიბუნალის ან სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციული ხელისუფლების წინაშე წარდგენილია კეთილი განზრახვით, ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
21.შესაბამისი ორგანოების მოვალეობაა სათანადო დროის განმავლობაში უზრუნველყონ მათ გამგებლობაში ან კონტროლქვეშ არსებული სათანადო ინფორმაციის, საბუთებისა და დოკუმენტების ადვოკატისათვის ხელმისაწვდომობა, მათი კლიენტების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილ უნდა იქნას უმოკლეს შესაძლო ვადაში.
22.სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ და პატივი სცენ ადვოკატებსა და მათ კლიენტებს შორის ყველა კომუნიკაციისა და კონსულტაციის კონფიდენციალურობას მათი პროფესიული ურთიერთობის ფარგლებში.
აზრის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება
23.ადვოკატები, სხვა მოქალაქეების მსგავსად, სარგებლობენ აზრის გამოხატვის, რწმენის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებით. კერძოდ, მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ დისკუსიებში, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიულ, მართლმსაჯულების განხორციელების, ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის საკითხებთან, ასევე, უფლება აქვთ შეუერთდნენ ან შექმნან ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციები და დაესწრონ მათ შეკრებებს, რაც გამომდინარეობს მათი სხვა მართლზომიერი ქმედებებიდან ან სხვა კანონიერი ორგანიზაციების წევრობიდან, ყოველგვარი პროფესიული შეზღუდვების გარეშე. ამ უფლებების რეალიზაციისას, ადვოკატებმა უნდა იმოქმედონ კანონის, იურიდიული პროფესიისა და ეთიკის აღიარებული ნორმების შესაბამისად.
ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებები
24.ადვოკატებს უფლება აქვთ შექმნან თვითმართვადი პროფესიული გაერთიანება საკუთარი ინტერესების წარმოდგენის, განათლებისა და პროფესიონალიზმის ხელშეწყობისა და მათი პროფესიული ღირსების დაცვის მიზნით. პროფესიული გაერთიანების აღმასრულებელი ორგანო არჩეულ უნდა იქნას მისი წევრების მიერ და მოქმედებდეს ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე.
25.ადვოკატთა პროფესიულმა გაერთიანებებმა უნდა ითანამშრომლონ მთავრობებთან, რათა უზრუნველყონ იურიდიული მომსახურების ეფექტური და თანაბარი ხელმისაწვდომობა, აგრეთვე, იმ მიზნით, რომ ადვოკატებმა შეძლონ, რაიმე გარე ჩარევის გარეშე, კანონის, იურიდიული პროფესიისა და ეთიკის აღიარებული ნორმების დაცვით კონსულტაცია გაუწიონ და დაეხმარონ კლიენტებს.
დისციპლინარული პროცედურები
26.ადვოკატთა პროფესიული ქცევის წესების კოდექსი დადგენილ უნდა იქნას იურიდიული პროფესიის მიერ, მისი სათანადო ორგანოების მეშვეობით ან საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, ეროვნული კანონმდებლობის, ჩვეულებებისა და აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად.
27.ადვოკატთა მიერ მათი პროფესიული უფლებამოსილებების განხორციელების წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები და საჩივრები განხილულ უნდა იქნას სწრაფად და სამართლიანად, სათანადო პროცედურების შესაბამისად. ადვოკატებს უფლება უნდა ჰქონდეთ სამართლიან სასამართლოზე, რაც მათ მიერ არჩეული ადვოკატის დახმარების უფლებასაც გულისხმობს.
28.ადვოკატის წინააღმდეგ მიმართული დისციპლინარული პროცედურები წარდგენილ უნდა იქნას იურიდიული პროფესიის მიერ შექმნილი მიუკერძოებელი დისციპლინარული კომიტეტის, სხვა დამოუკიდებელი ორგანოს ან სასამართლოს წინაშე და უნდა დაექვემდებაროს მიუკერძოებელ სასამართლო გადასინჯვას.
29.ყველა დისციპლინარული პროცედურა უნდა განისაზღვროს ადვოკატთა პროფესიული ქცევის წესების კოდექსის, სხვა აღიარებული სტანდარტებისა და იურიდიული პროფესიის ეთიკის წესების შესაბამისად და ამ პრინციპების საფუძველზე.
![]() |
6 სახელმძღვანელო პრინციპები პროკურორთა როლის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მიღებულია გაერთიანებული ერების მერვე კონგრესის მიერ
დანაშაულის აღმოფხვრისა და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობის შესახებ
ჰავანა, კუბა, 27 აგვისტო - 7 სექტემბერი, 1990
ვინაიდან გაერთიანებული ერების წესდებაში მსოფლიოს ხალხი, ინტერ ალია, განამტკიცებს მის სწრაფვას შექმნას ისეთი პირობები, სადაც შენარჩუნებული იქნება სამართლიანობა და თავის ერთ-ერთ მიზნად აცხადებს საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევას, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გზით, განურჩევლად რასის, სქესის, ენისა და რელიგიისა,
ვინაიდან ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია იცავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხორციელებული სამართლიანი და ღია მართლმსაჯულების უფლებას,
ვინაიდან უმეტეს შემთხვევებში ჯერ კიდევ არსებობს სხვაობა ამ პრინციპებსა და რეალურ მდგომარეობას შორის,
ვინაიდან მართლმსაჯულების ორგანიზება და აღსრულება ყველა ქვეყანაში უნდა ეფუძნებოდეს ამ პრინციპებს და განხორციელდეს ყველა ღონისძიება მათ რეალობაში დასანერგად,
ვინაიდან პროკურორებს ეკისრებათ გადამწყვეტი როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში და მათი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების განხორციელების ნორმები უნდა ემსახურებოდეს წინამდებარე პრინციპების პატივისცემასა და დაცვას და, შესაბამისად, სამართლიან სისხლის სამართლის წარმოებასა და მოქალაქეთა დანაშაულისგან ეფექტურ დაცვას, ვინაიდან უმნიშვნელოვანესია, რომ პროკურორები ფლობდნენ მათი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაციას ახალი კადრების მოზიდვის, იურიდიული და პროფესიული მომზადებისა და ყველა იმ საშუალებების უზრუნველყოფით, რომელიც საჭიროა მათი როლის სათანადო განხორციელებისათვის დანაშაულის, განსაკუთრებით, მისი ახალი ფორმებისა და გამოვლინებების აღსაკვეთად,
ვინაიდან გენერალურმა ასამბლეამ, გაერთიანებული ერების დანაშაულის აღმოფხვრისა და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობის შესახებ მეხუთე კონგრესის რეკომენდაციის შესაბამისად, 1979 წლის 17 დეკემბრის 34/169 რეზოლუციით მიიღო სამართალდამცავთა ქცევის კოდექსი,
ვინაიდან გაერთიანებული ერების მეექვსე კონგრესმა დანაშაულის აღმოფხვრისა და კონტროლის კომიტეტს, დანაშაულის აღმოფხვრისა და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობის შესახებ მე-16 რეზოლუციაში, მოსთხოვა თავის პრიორიტეტებში შეეტანა მოსამართლეების დამოუკიდებლობასთან, მათ შერჩევასთან, პროფესიულ წვრთნასა და მოსამართლეთა და პროკურორთა სტატუსთან დაკავშირებული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება,
ვინაიდან დანაშაულის აღმოფხვრისა და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობის შესახებ გაერთიანებული ერების მეშვიდე კონგრესმა მიიღო ძირითადი პრინციპები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შესახებ, რომელიც, შესაბამისად, დამტკიცებულ იქნა გენერალური ასამბლეის 1985 წლის 29 ნოემბრის 40/32 და 13 დეკემბრის 40/146 რეზოლუციებით,
ვინაიდან სამართლიანობის ძირითადი პრინციპების დეკლარაცია დანაშაულისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა შესახებ რეკომენდაციას უწევს იმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ ზომებს, რაც გააუმჯობესებს სამართლიანობის ხელმისაწვდომობის, რესტიტუციის, კომპენსაციისა და დანაშაულის მსხვერპლთა დახმარების პირობებს,
ვინაიდან მეშვიდე კონგრესის მეშვიდე რეზოლუციაში კომიტეტს მოეთხოვა, სხვა პრინციპებთან ერთად, სახელმძღვანელო პრინციპების აუცილებლობის გათვალისწინება, რომელიც ინტერ ალია დაკავშირებულია პროკურორების შერჩევასთან, პროფესიულ წვრთნასა და სტატუსთან, მათ მიერ განსახორციელებელ ამოცანებსა და ქცევის წესებთან, აგრეთვე, იმ საშუალებებთან, რომლებიც აფართოებს მათ წვლილს სისხლის სამართლის სისტემის სათანადო ფუნქციონირებაში და თანამშრომლობას პოლიციასთან, ასევე, მათი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებს და მათ როლს სისხლის სამართალწარმოებაში და რათა ამის შესახებ მოახსენონ გაერთიანებული ერების მომდევნო კონგრესებს,
წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპები შეიქმნა მონაწილე სახელმწიფოების დასახმარებლად, რათა მათ ხელი შეუწყონ სისხლის სამართალწარმოებაში პროკურორთა ეფექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას. მთავრობებმა, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ფარგლებში, პატივი უნდა სცენ და ანგარიში გაუწიონ წინამდებარე პრინციპებს და ისინი უნდა გადაეცეს როგორც პროკურორებს, ასევე სხვა პირებს, კერძოდ, მოსამართლეებს, ადვოკატებს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მთლიანად საზოგადოებას. წინამდებარე პრინციპები შექმნილია პროკურორებისათვის, მაგრამ ისინი თანაბრად უნდა გავრცელდეს იმ პროკურორებზეც, რომლებიც დანიშნული არიან ად ჰოც-ის წესით.
კვალიფიკაცია, შერჩევა და მომზადება
1.პროკურორებად შერჩეული პირები უნდა იყვნენ ღირსეული და უნარიანი სათანადო მომზადებითა და კვალიფიკაციით.
2.სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ:
a)პროკურორთა შერჩევის კრიტერიუმები შეიცავდეს სათანადო ზომებს მიკერძოების საფუძველზე დანიშვნის წინააღმდეგ და რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ დისკრიმინაციას რასის, ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრების, ეროვნული, სოციალური ან ეთნიკური წარმოშობის, საკუთრების, დაბადების, ეკონომიკური ან სხვა სტატუსის საფუძველზე, გარდა მოთხოვნისა, რომ პროკურორი იყოს შესაბამისი ქვეყნის მოქალაქე, რაც არ უნდა ჩაითვალოს დისკრიმინაციად.
b)პროკურორებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი განათლება და მომზადება და უნდა აცნობიერებდნენ მათი თანამდებობის მიზნებსა და ეთიკურ მოვალეობებს, აგრეთვე, ეჭვმიტანილისა და დაზარალებულის დაცვის კონსტიტუციურ და საკანონმდებლო გარანტიებს, და ქვეყნის შიდა კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
სტატუსი და სამსახურებრივი მდგომარეობა
3.პროკურორებმა, როგორც მართლმსაჯულების არსებითმა წარმომადგენლებმა, ყოველთვის უნდა დაიცვან მათი პროფესიის პატივი და ღირსება.
4.სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პროკურორებს შეეძლოთ თავიანთი პროფესიული ფუნქციები განახორციელონ დაშინების, დაბრკოლებების, ღირსების ხელყოფის, შეუსაბამო ჩარევისა და სამოქალაქო, სისხლის სამართლებრივი და სხვა პასუხისმგებლობის უკანონოდ დაკისრების გარეშე.
5.პროკურორები და მათი ოჯახები ფიზიკურად უნდა იყვნენ დაცული სახელმწიფო ორგანოების მიერ, როდესაც მათ პირად უსაფრთხოებას, მათი ფუნქციების შესრულების გამო, საფრთხე ემუქრება,
6.პროკურორთა სამუშაო პირობები, სათანადო წახალისება და, საჭიროებისამებრ, უფლებამოსილების ვადა, პენსია და საპენსიო ასაკი დადგენილი უნდა იყოს კანონით, გამოქვეყნებული წესებითა და დადგენილებებით.
7.პროკურორთა დაწინაურება, სადაც ასეთი სისტემა არსებობს, უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ ფაქტორებს, კერძოდ, პროფესიულ კვალიფიკაციას, შესაძლებლობებს, ღირსებასა და გამოცდილებას და უნდა გადაწყდეს სამართლიანი და მიუკერძოებელი პროცედურით;
აზრის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება
8.პროკურორები, სხვა მოქალაქეების მსგავსად, სარგებლობენ აზრის გამოხატვის, რწმენის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებით. კერძოდ, მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ დისკუსიებში, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიულ, მართლმსაჯულების განხორციელების, ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის საკითხებთან, ასევე, უფლება აქვთ შეუერთდნენ ან შექმნან ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციები და დაესწრონ მათ შეკრებებს, რაც გამოწვეულია მათი სხვა მართლზომიერი ქმედებებით ან სხვა კანონიერი ორგანიზაციების წევრობით, ყოველგვარი პროფესიული შეზღუდვების გარეშე. ამ უფლებების რეალიზაციისას, პროკურორებმა უნდა იმოქმედონ კანონის, იურიდიული პროფესიისა და ეთიკის აღიარებული ნორმების შესაბამისად.
9.პროკურორებს უფლება აქვთ შექმნან და შეუერთდნენ პროფესიულ ასოციაციებს ან სხვა ორგანიზაციებს, საკუთარი ინტერესების წარმოდგენის, საკუთარი პროფესიული მომზადების ხელშეწყობისა და საკუთარი სტატუსის დაცვის მიზნით.
პროკურორთა როლი სისხლის სამართალწარმოებაში
10.პროკურორთა სამსახური მკაცრად უნდა იყოს გამოყოფილი სასამართლოს ფუნქციებისგან.
11.პროკურორებმა, როგორც საზოგადოების ინტერესების წარმომადგენლებმა, აქტიური როლი უნდა შეასრულონ სისხლისსამართლებრივ პროცესებში, კერძოდ, საქმის აღძვრასა და, სადაც კანონი ან ადგილობრივი პრაქტიკა ითვალისწინებს, დანაშაულის გამოძიებაში, ამ გამოძიების კანონიერების ზედამხედველობაში, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასა და სხვა ფუნქციების განხორციელებაში.
12.პროკურორებმა, კანონის შესაბამისად, სამართლიანად, თანმიმდევრულად და სწრაფად უნდა განახორციელონ თავიანთი მოვალეობები და პატივი სცენ და დაიცვან ადამიანის უფლებები, ხელი შეუწყონ მას და ამით უზრუნველყონ სასამართლო პროცესისა და სისხლის სამართლის სისტემის ეფექტური ფუნქციონირება.
13.საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, პროკურორებმა უნდა:
(a)განახორციელონ თავიანთი ფუნქციები მიუკერძოებლად და თავიდან აიცილონ ყოველგვარი პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური, კულტურული, სქესობრივი და სხვა სახის დისკრიმინაცია;
(b)დაიცვან საზოგადოების ინტერესები, იმოქმედონ ობიექტურად, გაითვალისწინონ ეჭვმიტანილისა და დაზარალებულის მდგომარეობა, ყურადღება მიაქციონ ყველა სათანადო პირობებს, მიუხედავად იმისა, დადებითია თუ უარყოფითი ისინი ეჭვმიტანილისათვის;
(c)დაიცვან საქმეთა კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესები სხვაგვარად მოითხოვს;
(d)გაითვალისწინონ დაზარალებულთა შეხედულებები და მოთხოვნები, როდესაც მათი პირადი ინტერესები დარღვეულია და უზრუნველყონ დაზარალებულთა ინფორმირება მათი უფლებების შესახებ სამართლიანობის ძირითადი პრინციპების დეკლარაციით დანაშაულისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა შესახებ;
14.პროკურორებმა არ უნდა მოახდინონ ბრალდების ინიცირება ან საქმის წარმოების გაგრძელება და უნდა მიმართონ ყოველგვარ ძალისხმევას, რათა შეაჩერონ საქმის მსვლელობა, თუკი მიუკერძოებელი გამოძიება ბრალდებას უსაფუძვლოდ ცნობს.
15.სადაც კანონი და ადგილობრივი პრაქტიკა ამის საშუალებას იძლევა, პროკურორებმა სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ იმ დანაშაულებების გამოძიებას, რომლებიც ჩადენილია სახელმწიფო მოხელეების მიერ, განსაკუთრებით კორუფცია, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები და საერთაშორისო სამართლით აღიარებული სხვა დანაშაულები.
16.როდესაც პროკურორები ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ მოიპოვებენ სამხილს, რომელიც იციან ან აქვთ საფუძველი სჯეროდეთ, რომ მოპოვებულია არაკანონიერი მეთოდების გამოყენებით და, შესაბამისად, ეჭვმიტანილის უფლებების უხეში დარღვევით, კერძოდ, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის გზით, მათ უარი უნდა განაცხადონ ასეთი სამხილის გამოყენებაზე, გარდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც გამოიყენა ეს მეთოდები სამხილის მოსაპოვებლად. პროკურორებმა უნდა შეატყობინონ სასამართლოს და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ ასეთი პირების პასუხისგებაში მიცემა.
დისკრეციული ფუნქციები
17.იმ ქვეყნებში, სადაც პროკურორები აღჭურვილი არიან დისკრეციული ფუნქციებით, სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, კანონით ან სხვა გამოქვეყნებული წესებით ან დადგენილებებით გათვალისწინებულ უნდა იქნას სახელმძღვანელო პრინციპები ბრალდების პროცესში, კერძოდ, ბრალის წაყენების ან მოხსნისას, გადაწყვეტილების მიღების დროს.
ბრალდების ალტერნატივები
18.სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, პროკურორებმა ეჭვმიტანილთა და დაზარალებულთა უფლებების სრული დაცვით უნდა მოახდინონ ბრალდების მოხსნა, სისხლის სამართალწარმოების შეწყვეტა ან ფორმალური მართლმსაჯულების სისტემიდან სისხლის სამართლის საქმის გატანა პირობით ან უპირობოდ. ამ მიზნით, სახელმწიფოებმა სრულად უნდა გამოიყენონ ასეთი შესაძლებლობები არა მარტო მოჭარბებული სასამართლო საქმეების განტვირთვის, არამედ წინასწარი დაკავების, ბრალდებისა და პატიმრობის სტიგმატიზაციის, აგრეთვე, პატიმრობის შესაძლო უარყოფითი ეფექტების თავიდან აცილების მიზნით.
19.იმ ქვეყნებში, სადაც პროკურორები აღჭურვილი არიან დისკრეციული ფუნქციებით, არასრულწლოვანთა ბრალეულობასთან მიმართებაში, სპეციალური ყურადღება უნდა მიექცეს დანაშაულის სახესა და სიმძიმეს, საზოგადოებისა და არასრულწლოვნის პიროვნებასა და წარმოშობის დაცვის მიზნით. ამ გადაწყვეტილების მიღებისას, პროკურორებმა უნდა გაითვალისწინონ ბრალდების შესაძლებელი ალტერნატივები არასრულწლოვანთა შესახებ კანონებისა და პროცედურების შესაბამისად. პროკურორებმა უნდა გამოიყენონ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა არასრულწლოვანთა წინააღმდეგ საქმე აღიძრას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას.
ურთიერთობა სხვა სამთავრობო ორგანოებსა და ინსტიტუტებთან
20.ბრალდების სამართლიანობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, პროკურორები უნდა ეცადონ ითანამშრომლონ პოლიციის, სასამართლოებისა და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველებთან და სხვა სამთავრობო ორგანოებსა და ინსტიტუტებთან.
დისციპლინარული პროცედურები
21.პროკურორთა დისციპლინარული დარღვევები ეფუძნება კანონებს ან კანონის შესაბამისად მიღებულ რეგულირებებს. პროკურორთა წინააღმდეგ საჩივრები, რომლებიც ბრალს სდებს პროკურორს პროფესიული ნორმების წინააღმდეგ მოქმედებაში, სწრაფად და სამართლიანად უნდა იქნას განხილული შესაბამისი პროცედურების მიხედვით. პროკურორებს უფლება აქვთ სამართლიან სასამართლოზე. გადაწყვეტილება ექვემდებარება დამოუკიდებელ გადასინჯვას.
22.პროკურორთა წინააღმდეგ დისციპლინარული პროცედურა უზრუნველყოფს ობიექტური შეფასებასა და გადაწყვეტილებას. ისინი განსაზღვრული უნდა იყოს კანონის, პროფესიული ქცევის წესების, სხვა დადგენილი სტანდარტებისა და წინამდებარე პრინციპების შესაბამისად.
სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა
23.პროკურორებმა პატივი უნდა სცენ წინამდებარე პრინციპებს. ასევე, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში, მათ უნდა უზრუნველყონ მისი ნებისმიერი ფორმით დაცვა.
24.პროკურორმა, რომელსაც მიზეზი აქვს სჯეროდეს, რომ მოხდა ან მიმდინარეობს წინამდებარე პრინციპების დარღვევა, უნდა მიმართოს ზემდგომ ორგანოებსა და, საჭიროებისამებრ, სხვა შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც აღჭურვილი არიან განხილვისა და საშუალებების მოძიების უფლებამოსილებით. პრინციპთა ერთობლიობა ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა დასაცავად
![]() |
7 პრინციპთა ერთობლიობის მოქმედების ფარგლები ეს პრინციპები ვრცელდება ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა დასაცავად. |
▲ზევით დაბრუნება |
მიღებულია გენერალური ასამბლეის 1988 წლის 9 დეკემბრის 43/173 რეზოლუციით
ცნებების განმარტება პრინციპთა ერთობლიობის მიზნებისათვის:
(a)„დაპატიმრება“ ნიშნავს პირის დაჭერის აქტს დანაშაულის ჩადენის მომენტში ან შესაბამისად უფლებამოსილი პირის ნებართვით;
(b)„დაკავებული პირი“ არის პირი, რომელსაც წართმეული აქვს პირადი თავისუფლება, გარდა დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდების შედეგისა;
(c)„საპყრობილეში ჩასმული პირი“ არის პირი, რომელსაც წართმეული აქვს პირადი თავისუფლება, როგორც დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდების შედეგი;
(d)„დაკავება“ ნიშნავს ზემოაღნიშნული დაკავებული პირის მდგომარეობას;
(e)„საპყრობილეში ჩასმა“ ნიშნავს ზემოაღნიშნული დაპატიმრებული პირის მდგომარეობას;
(f)სიტყვები „სასამართლო“ ან სხვა „ორგანო“ ნიშნავს სასამართლო ან სხვა ორგანოს, რომლის სტატუსიც, კანონის თანახმად, უნდა ითვალისწინებდეს კომპეტენციის, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესაძლო უძლიერეს გარანტიებს;
პრინციპი 1
ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს ჰუმანურად უნდა მოექცნენ და პატივი უნდა სცენ მის თანდაყოლილ ღირსებას.
პრინციპი 2
დაკავება, დაპატიმრება ან საპყრობილეში ჩასმა უნდა განხორციელდეს ზუსტად კანონის შესაბამისად და კომპეტენტური თანამდებობის პირის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
პრინციპი 3
არც ერთი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს არ უნდა შეეზღუდოს ან შეუმცირდეს უფლებები, რომლებიც მას გააჩნია ქვეყნის კანონმდებლობის, კონვენციების, აქტების ან ჩვეულებების შესაბამისად, იმის გამო, რომ ზემოაღნიშნული უფლებები არ არის აღიარებული ან მოცემულია შეზღუდული სახით წინამდებარე პრინციპთა ერთობლიობაში.
პრინციპი 4
დაკავება ან დაპატიმრება ნებისმიერი ფორმით და ზემოაღნიშნულ მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ თავისი უფლებების რეალიზაციის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ღონისძიება გატარებულ უნდა იქნას სასამართლო ან სხვა უფლებამოსილი დაწესებულების მიერ, ან უნდა დაექვემდებაროს მათ ეფექტურ კონტროლს.
პრინციპი 5
1.ეს პრინციპები უნდა შეეფარდოს მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა პირს, მიუხედავად მისი რასის, ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვაგვარი შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმოშობის, საკუთრების, დაბადებისა ან სხვა მდგომარეობისა.
2.ისეთი ზომების გამოყენება, რომლებიც, კანონის შესაბამისად, შექმნილია ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი, ქალის, კერძოდ, ორსულებისა და მცირეწლოვანთა დედების, სპეციალური სტატუსის, აგრეთვე, ბავშვებისა და არასრულწლოვნების, მხცოვანი, ავადმყოფი, ან ინვალიდი პირების დასაცავად, დისკრიმინაციად არ უნდა ჩაითვალოს. ამგვარი ზომების შეფარდების საჭიროება და მათი გამოყენება უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო ან სხვა დაწესებულების მიერ საკითხის გადასინჯვას.
პრინციპი 6
არც ერთი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს არ უნდა შეეფარდოს წამება, სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი.1 არავითარ გარემოებათა არსებობა არ იწვევს წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის შეფარდების გამართლებას.
პრინციპი 7
1.სახელმწიფოებმა კანონით უნდა აკრძალონ პრინციპთა ერთობლიობაში მოცემული უფლებებისა და მოვალეობების საწინააღმდეგო ნებისმიერი აქტის შემოღება. ამგვარი აქტები შესაბამის სანქციებს უნდა დაუქვემდებარონ და ხელმძღვანელობა გაუწიონ მიუკერძოებელ გამოძიებას საჩივრებთან მიმართებაში.
2.ოფიციალურმა პირებმა, რომლებსაც აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ ამ პრინციპთა ერთობლიობა დაირღვა ან დაირღვევა, აღნიშნულის შესახებ უნდა მოახსენონ ზემდგომ თანამდებობის პირებს და საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამის ორგანოებს ან თანამდებობის პირებს, რომლებიც აღჭურვილი არიან მათი განხილვისა და გადასინჯვის უფლებით.
3.თუ ნებისმიერ სხვა პირს აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ ამ პრინციპთა ერთობლიობა დაირღვა ან დაირღვევა, მას უფლება აქვს აღნიშნულის შესახებ მოახსენოს შესაბამის ზემდგომ ოფიციალურ პირებს, ასევე, სხვა ორგანოებს ან თანამდებობის პირებს, რომლებიც აღჭურვილი არიან მათი განხილვისა და გადასინჯვის უფლებით.
პრინციპი 8
დაკავებულ პირებს უნდა მოექცნენ ისე, როგორც ამას განსასჯელის მდგომარეობა მოითხოვს. შესაბამისად, სადაც ეს შესაძლებელია, ისინი უნდა განათავსონ მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით.
პრინციპი 9
ორგანოები, რომლებიც აპატიმრებენ, წინასწარ პატიმრობაში ჰყავთ პირი ან იძიებენ მის საქმეს, სარგებლობენ მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და ამ უფლებამოსილებებით სარგებლობისას, უნდა დაექვემდებარონ სასამართლო ან სხვა ორგანოების დახმარებას.
პრინციპი 10
ნებისმიერ დაკავებულ პირს დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს მისი დაკავების მიზეზებისა და მის წინააღმდეგ წაყენებული ნებისმიერი ბრალდების შესახებ.
პრინციპი 11
1.პირი არ უნდა იქნეს დაკავებული, თუ მას არ მიეცემა სასამართლო ან სხვა ორგანოების წინაშე დაუყოვნებლივ წარდგენის შესაძლებლობა. დაკავებულ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თვითონ დაიცვას თავი, ან კანონის შესაბამისად, დაიხმაროს ადვოკატი.
2.დაკავებულ პირს და მის ადვოკატს, თუ მას იგი ჰყავს, დაუყოვნებლივ და სრულად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გაეცნონ დაკავების ორდერს, დაკავების მიზეზებთან ერთად.
3.სასამართლოს ან სხვა შესაბამის ორგანოებს უნდა ჰქონდეთ უფლება განიხილონ დაკავების გაგრძელების მიზანშეწონილობა.
პრინციპი 12
1.ზუსტად უნდა იქნეს აღწერილი:
(a)დაპატიმრების მიზეზი;
(b)დაპატიმრების, დაკავებული პირის საპყრობილეში მიყვანის და, ასევე, სასამართლო ან სხვა ორგანოს წინაშე პირველად წარდგენის დრო;
(c)გ. საქმეში ჩართული სამართალდამცავი პირების ვინაობა;
(d)d. ზუსტი ინფორმაცია დაკავების ადგილის შესახებ;
2.ასეთი დოკუმენტები, კანონის შესაბამისად, უნდა მიეწოდოს დაკავებულსა და მის ადვოკატს, თუ მას იგი ჰყავს.
პრინციპი 13
ნებისმიერი პირი, დაკავების, დაპატიმრების ან სასჯელის მოხდის დაწყებისთანავე, ან ზემოაღნიშნულის განხორციელებიდან რაც შეიძლება სწრაფად, მის დაკავებაზე, დაპატიმრებაზე ან საპყრობილეში მოთავსებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს საჭირო ინფორმაციითა და ახსნა-განმარტებებით მისი უფლებებისა და ამ უფლებათა რეალიზაციის შესახებ.
პრინციპი 14
პირი, რომელიც შესაბამისად ვერ ფლობს მის დაკავებაზე, დაპატიმრებაზე ან საპყრობილეში მოთავსებაზე პასუხისმგებელი ორგანოების სამუშაო ენას, უფლებამოსილია მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ მიიღოს მე-10, 11.2, 12.1 და 13 პრინციპებით განსაზღვრული ინფორმაცია და, საჭიროებისამებრ და უფასოდ, ისარგებლოს თარჯიმნის დახმარებით მის დაკავებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების განმავლობაში.
პრინციპი 15
მე-16 პრინციპის მე-4 პარაგრაფსა და მე-18 პრინციპის მე-3 პარაგრაფში განსაზღვრული გამონაკლისების მიუხედავად, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს არ უნდა ეთქვას უარი გარე სამყაროსთან, კერძოდ კი, თავის ოჯახსა და ადვოკატთან ურთიერთობაზე, რამდენიმე დღეზე მეტი ხნის ვადით.
პრინციპი 16
1.დაკავებისთანავე და დაკავების ან დაპატიმრების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანისას, დაკავებული ან დაპატიმრებული პირი უფლებამოსილია თვითონ ან კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით შეატყობინოს თავისი ოჯახის წევრებს ან მისი არჩევანის შესაბამისად, სხვა პირებს, დაკავების, დაპატიმრების ან საპყრობილეში ჩასმის, გადაყვანის და იმ ადგილის შესახებ, სადაც იგი იმყოფება ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ.
2.თუ დაკავებული ან დაპატიმრებული პირი უცხოელია, იგი დაუყონებლივ უნდა იქნეს ინფორმირებული იმის შესახებ, რომ აქვს უფლება დადგენილი საშუალებებით ურთიერთობა იქონიოს თავისი ქვეყნის ან სხვა ისეთი ქვეყნის საკონსულო ან დიპლომატიურ მისიებთან, რომლებიც, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი არიან აწარმოონ ამგვარი ურთიერთობები. ხოლო, თუ პირი ლტოლვილია, ან სხვაგვარად არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების დაცვის ქვეშ, იგი უფლებამოსილია ურთიერთობა იქონიოს ასეთი უფლებამოსილების მქონე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
3.თუ დაკავებული ან დაპატიმრებული პირი არასრულწლოვანია ან არ შეუძლია გაიაზროს საკუთარი შესაძლებლობები, კომპეტენტურმა ორგანოებმა საკუთარი ინიციატივით უნდა განახორციელონ წინამდებარე პრინციპში აღნიშნული შეტყობინებები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მშობლებისა და მზრუნველებისათვის შეტყობინებებს.
4.წინამდებარე პრინციპში აღნიშნული ყველა შეტყობინების მიწოდება უნდა განხორციელდეს ან ნება დაირთოს ასეთი შეტყობინების მიწოდებაზე დაგვიანების გარეშე. კომპეტენტურმა ორგანოებმა, გამონაკლისის წესით, შეიძლება დააგვიანონ შეტყობინება გონივრული დროის განმავლობაში, თუკი ამას გამოძიების ინტერესები მოითხოვს.
პრინციპი 17
1.დაკავებული პირი უფლებამოსილია ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით. კომპეტენტურმა ორგანომ დაკავებისთანავე უნდა აცნობოს მას ზემოაღნიშნული უფლების შესახებ და უზრუნველყოს ამ უფლების რეალიზაციისათვის საჭირო საშუალებებით.
2.თუ დაკავებულ პირს საშუალება არა აქვს საკუთარი არჩევანის საფუძველზე ჰყავდეს ადვოკატი, ყველა შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები, იგი უფლებამოსილია მიიღოს სასამართლო ან სხვა ორგანოს მიერ დანიშნული ადვოკატის მომსახურება უფასოდ, თუ მას არ გააჩნია ასეთი მომსახურების ანაზღაურების საშუალება.
პრინციპი 18
1.დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს ადვოკატთან და მიიღოს მისი კონსულტაცია.
2.დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უნდა შეუქმნან ადვოკატთან კონსულტაციისათვის საჭირო დრო და შესაბამისი პირობები.
3.არ შეიძლება შეიზღუდოს ან გაუქმდეს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის უფლება დაგვიანებისა და ცენზურის გარეშე და კონფიდენციალურობის სრული დაცვით ჰქონდეს ურთიერთობა ადვოკატთან და მიიღოს მისი კონსულტაციები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ამას, კანონის ან სხვა კანონიერი გადაწყვეტილების საფუძველზე, საჭიროდ მიიჩნევს სასამართლო ან სხვა ორგანო უსაფრთხოებისა და წესრიგის შენარჩუნების მიზნით.
4.დაკავებული ან დაპატიმრებული პირისა და მისი ადვოკატის შეხვედრები შეიძლება წარიმართოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ვიზუალური დაკვირვების ქვეშ, მაგრამ მათ უფლება არა აქვთ მოისმინონ მათი საუბარი.
5.წინამდებარე პრინციპით გათვალისწინებული დაკავებული პირისა და მისი ადვოკატის ურთიერთობა არ შეიძლება სასამართლოში გამოყენებულ იქნეს ამ დაკავებული ან დაპატიმრებული პირის წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი დაკავშირებულია დანაშაულის გაგრძელებასთან ან დაგეგმვასთან.
პრინციპი 19
დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უფლება აქვს აწარმოოს შეხვედრები და მიმოწერა თავისი ოჯახის წევრებთან და უნდა მიეცეს შესაძლებლობა ჰქონდეს ურთიერთობა გარე სამყაროსთან კანონითა და სხვა კანონიერი გადაწყვეტილებებით განსაზღვრული პირობებისა და შეზღუდვების ფარგლებში.
პრინციპი 20
დაკავებული ან დაპატიმრებული პირის მოთხოვნის შესაბამისად და, შეძლებისდაგვარად, იგი მოთავსებულ უნდა იქნას დაკავების ან დაპატიმრების ისეთ ადგილას, რომელიც ახლოსაა მის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილთან.
პრინციპი 21
1.აკრძალულია დაკავებული ან დაპატიმრებული პირის არახელსაყრელი მდგომარეობით სარგებლობა იმ მიზნით, რომ იგი იძულებული გახდეს აღიარების გზით ცნოს თავი დამნაშავედ ან ჩვენებები მისცეს სხვა პირთა საწინააღმდეგოდ.
2.დაკითხვის დროს არც ერთი დაკავებული პირის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული იძულება, დაშინება ან დაკითხვის ისეთი მეთოდები, რომლებიც ხელს უშლის მას ცნობიერად განსაჯოს და მიიღოს გადაწყვეტილება.
პრინციპი 22
არც ერთი დაკავებული ან დაპატიმრებული პირი, მისი თანხმობის შემთხვევაშიც კი, არ უნდა დაექვემდებაროს ისეთ სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტს, რომელიც მისი ჯანმრთელობისათვის საზიანო იქნება.
პრინციპი 23
1.დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ყოველი დაკითხვის ან დაკითხვებს შორის ინტერვალების ხანგრძლივობა, აგრეთვე, იმ პირთა ვინაობა, რომლებიც აწარმოებენ დაკითხვას ან ესწრებიან მას, აღწერილ და დამოწმებულ უნდა იქნას კანონით დადგენილი ფორმით.
2.დაკავებული ან დაპატიმრებული პირი ან მისი ადვოკატი, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოფილ უნდა იქნას პირველ ნაწილში აღწერილ ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობით.
პრინციპი 24
დაკავების ან დაპატიმრების ადგილას მიყვანის შემდეგ, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს საშუალება ჩაუტარდეს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა და შემდგომშიც, საჭიროებისამებრ, იგი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სამედიცინო მომსახურებით და მკურნალობით. ასეთი მომსახურება და მკურნალობა უნდა განხორციელდეს უფასოდ.
პრინციპი 25
დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს ან მის ადვოკატს, დაკავებისა და დაპატიმრების ადგილზე უსაფრთხოებისა და წესრიგის შენარჩუნების პირობით, უფლება აქვს მოითხოვოს ან შუამდგომლობით მიმართოს სასამართლო ან სხვა ორგანოს მეორე სამედიცინო შემოწმების გავლაზე ან მეორე სამედიცინო დასკვნაზე.
პრინციპი 26
დაკავებული ან დაპატიმრებული პირის მიერ სრული სამედიცინო შემოწმების გავლის ფაქტი, ექიმის ვინაობა და გამოკვლევის შედეგები სრულად უნდა იქნეს აღწერილი. ასეთი ჩანაწერების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია. რაიმე დათქმების გაკეთება შესაძლებელია შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
პრინციპი 27
მტკიცებულებათა მოპოვებისას, ამ პრინციპებისადმი დაუმორჩილებლობა გათვალისწინებულ უნდა იქნეს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის საწინააღმდეგოდ ამგვარი მტკიცებულების მიღებაზე მსჯელობისას.
პრინციპი 28
დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უფლება აქვს, არსებული რესურსების ფარგლებში, თუ არსებობს ასეთი საზოგადოებრივი წყაროები, მოიპოვოს საჭირო რაოდენობის საგანმანათლებლო, კულტურული და საინფორმაციო მასალები, დაკავების ან პატიმრობის ადგილას უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფის პირობების შესაბამისად.
პრინციპი 29
1.შესაბამისი კანონებისა და გადაწყვეტილებების ზუსტ შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით, დაკავების ადგილები რეგულარულად უნდა მოინახულონ კომპეტენტური ორგანოების მიერ დანიშნულმა ან მათ წინაშე ანგარიშვალდებულმა კვალიფიციურმა და გამოცდილმა, დაკავებისა და პატიმრობის დაწესებულების ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებელმა პირებმა.
2.დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უფლება უნდა ჰქონდეს, რომ თავისუფლად და კონფიდენციალურობის დაცვით ურთიერთობა იქონიოს პირებთან, რომლებიც მოინახულებენ დაკავების ან პატიმრობის ადგილებს წინამდებარე პრინციპის პირველი ნაწილის შესაბამისად, უსაფრთხოებისა და წესრიგის შესანარჩუნებლად აუცილებელი პირობების დაცვით.
პრინციპი 30
1.იმ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა მოქმედება, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის პერიოდში ჩაიდენენ დისციპლინარულ სამართალდარღვევას, მათ მიმართ შესაძლო შესაფარდებელი დისციპლინური სასჯელის აღწერა და ხანგრძლივობა, და ამგვარი სასჯელის შეფარდების უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოები განისაზღვრება კანონით ან სხვა კანონიერი გადაწყვეტილებით და ექვემდებარება გამოქვეყნებას.
2.დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უფლება აქვს მოსმენილ იქნას დისციპლინარული სასჯელის დაკისრებამდე. აგრეთვე, მას უფლება აქვს საქმის გადასასინჯად მიმართოს ზემდგომ ორგანოს.
პრინციპი 31
შესაბამისი ორგანოები უნდა ცდილობდნენ, რომ, საჭიროებისამებრ, შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, დახმარება აღმოუჩინონ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირებზე დამოკიდებულ ოჯახის უმცროს წევრებს, რომლებიც საჭიროებენ ამგვარ დახმარებას და განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინონ ზედამხედველობის გარეშე დარჩენილი ბავშვებისათვის.
პრინციპი 32
1.დაკავებული პირი ან მისი ადვოკატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს შიდა კანონმდებლობის შესაბამისი პროცედურები სასამართლო ან სხვა ორგანოების წინაშე მისი დაკავების კანონიერების გასასაჩივრებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნას დაუყოვნებლივი გათავისუფლება, თუ დაკავება უკანონოა.
2.წინამდებარე პრინციპის პირველ ნაწილში აღნიშნული პროცედურები უნდა იყოს მარტივი, სწრაფი და უფასო, თუ დაკავებულ პირს შესაძლებლობა არა აქვს გაიღოს საამისო ხარჯები. დამკავებელმა ორგანომ, უმიზეზო დაყოვნების გარეშე, უნდა წარადგინოს დაკავებული პირი სააპელაციო ორგანოს წინაშე.
პრინციპი 33
1.დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს ან მის ადვოკატს უფლება აქვს მის მიმართ განხორციელებულ მოპყრობასთან დაკავშირებით, კერძოდ კი, წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში, საჩივრით ან შუამდგომლობით მიმართოს დაკავების ადგილების ადმინისტრაციულ ან მათ ზემდგომ ორგანოებს, ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს, რომლებიც აღჭურვილია შემდგომი განხილვისა და აპელაციის უფლებამოსილებით.
2.ისეთ შემთხვევებში, როდესაც არც დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს და არც მის ადვოკატს არ აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს წინამდებარე პრინციპის პირველ ნაწილში აღწერილი უფლების რეალიზაცია, დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ოჯახის წევრს ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც იცნობს საქმეს, შეუძლია ამ უფლების განხორციელება.
3.მომჩივანის მოთხოვნისამებრ, დაცულ უნდა იქნეს საჩივრის ან შუამდგომლობის კონფიდენციალურობა.
4.ყოველი საჩივარი ან შუამდგომლობა დაუყონებლივ უნდა იქნეს განხილული და პასუხგაცემული, უმიზეზო დაგვიანების გარეშე. თუ საჩივარი ან შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება, ან უმიზეზოდ გვიანდება პასუხის გაცემა, მომჩივანი პირი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ან სხვა ორგანოს. დაუშვებელია დაკავებული ან დაპატიმრებული პირი ან სხვა მომჩივანი, წინამდებარე პრინციპის პირველი ნაწილის თანახმად წარდგენილი საჩივრის ან შუამდგომლობის გამო, დაექვემდებაროს უარყოფით მოპყრობას.
პრინციპი 34
დაკავების ან პატიმრობის პერიოდში დაკავებული ან დაპატიმრებული პირის გარდაცვალების ან გაუჩინარების შემთხვევაში, ზემოაღნიშნულის გამომწვევი მიზეზი უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ ან სხვა დაწესებულებამ საკუთარი ინიციატივით ან ასეთი პირის ოჯახის წევრის ან ნებისმიერი სხვა პირის მოთხოვნით, რომელიც იცნობს საქმეს. თუკი გარდაცვალება ან გაუჩინარება ხდება დაკავების ან პატიმრობის პერიოდის გასვლისთანავე და, როდესაც გარემოებები იძლევა ამის საშუალებას, ამგვარი გამოძიება უნდა ჩატარდეს იმავე პროცედურულ საფუძველზე, ასეთი გამოძიების დასკვნები ან მოხსენება ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოთხოვნისთანავე, თუ იგი საფრთხეს არ უქმნის მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.
პრინციპი 35
1.თანამდებობის პირის წინამდებარე პრინციპთა საწინააღმდეგო მოქმედებით ან უყურადღებობით გამოწვეული ზიანი უნდა ანაზღაურდეს ქვეყნის შიდა კანონმდებლობით დადგენილი წესების ან ვალდებულებების შესაბამისად.
2.ინფორმაცია, რომელიც წინამდებარე პრინციპების შესაბამისად დაფიქსირდება, ხელმისაწვდომი უნდა იყოს შიდა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, წინამდებარე პრინციპების საფუძველზე, კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით.
პრინციპი 36
1.სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირი უდანაშაულოა და ასეთად ითვლება მანამ, სანამ დამნაშავედ იქნება ცნობილი კანონის შესაბამისად და სასამართლოს მიერ, სადაც მას თავის დაცვის სრული გარანტიები ექნება.
2.ასეთი პირის დაკავება ან დაპატიმრება გამოძიების ან სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს უნდა განხორციელდეს მხოლოდ მართლმსაჯულების მიზნებისათვის, კანონით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების საფუძველზე. აკრძალულია ასეთი პირის მიმართ ისეთი შეზღუდვების შეფარდება, რაც მკაცრად არ არის განსაზღვრული დაკავების მიზნებისათვის, გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესების გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად, ან დაკავების ადგილას უსაფრთხოებისა და წესრიგის შესანარჩუნებლად.
პრინციპი 37
პირი, რომელსაც წაყენებული აქვს სისხლისსამართლებრივი ბრალდება, დაკავებისთანავე უნდა წარედგინოს სასამართლო ან კანონით განსაზღვრულ სხვა ორგანოებს. ამგვარმა ორგანომ დაუყონებლივ უნდა გადაწყვიტოს პირის დაკავების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის საკითხი. არც ერთი პირი არ უნდა იქნეს დაკავებული გამოძიების ან სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ამგვარი ორგანოს წერილობითი ორდერის გარეშე. დაკავებულ პირს, ზემოაღნიშნული ორგანოს წინაშე წარდგენისას, უფლება აქვს განაცხადოს დაკავების ადგილას მის მიმართ განხორციელებული მოპყრობის შესახებ.
პრინციპი 38
დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უფლება აქვს სასამართლო პროცესზე გონივრულ ვადებში, ან გათავისუფლებაზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
პრინციპი 39
კანონით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, სისხლისსამართლებრივი ბრალდებით დაკავებულ პირს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად, სასამართლო ან სხვა უფლებამოსილი ორგანოები სხვაგვარად გადაწყვეტენ, უფლება აქვს გათავისუფლებულ იქნეს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების ფარგლებში. ასეთმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ დაკავების აუცილებლობის გადასინჯვის შესაძლებლობა.
________________________
1 ტერმინი „სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი“ ისე უნდა განიმარტოს, რათა მაქსიმალურად გაფართოვდეს ფიზიკური თუ გონებრივი ზეწოლის წინააღმდეგ შესაძლებელი დაცვა, მათ შორის, დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ისეთ პირობებში მოთავსება, რაც მისი ბუნებრივი გრძნობების გამოვლენის შესაძლებლობის დროებით ან სამუდამოდ წართმევას გამოიწვევს, როგორიცაა მხედველობა, სმენა, ადგილის გაცნობიერება და დროის მსვლელობა. (პრინციპი 6)
![]() |
8 ძირითადი პრინციპები პატიმართა მოპყრობის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი დებულება
წინამდებარე პრინციპთა ერთობლიობაში მოყვანილი არც ერთი დებულება არ უნდა იქნეს მიჩნეული სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტში განსაზღვრული უფლებების შემზღუდველად ან შემამცირებლად.
მიღებული და გამოცხადებულია გენერალური ასამბლეის მიერ 1990 წლის 14 დეკემბერის 45\\111 რეზოლუციით
1.ყველა პატიმარს პატივისცემით უნდა ექცეოდნენ, მისი თანდაყოლილი ღირსებისა და ადამიანური ფასეულობების გამო.
2.არ უნდა არსებობდეს დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვაგვარი შეხედულების, ეროვნული ან სოციალური კუთვნილების, საკუთრების, დაბადების ან სხვა მდგომარეობის გამო.
3.სასურველია იმ ჯგუფის რელიგიური მრწამსისა და კულტურული ტრადიციების პატივისცემა, რომელსაც პატიმარი მიეკუთვნება, ყოველთვის, როდესაც ადგილობრივი პირობები ამას მოითხოვს.
4.საპყრობილეთა პასუხისმგებლობა პატიმართა ბადრაგირებასა და საზოგადოების დანაშაულისაგან დაცვის თაობაზე უნდა ხორციელდებოდეს ქვეყნის სხვა სოციალური მიზნებისა და ძირითადი ვალდებულებების პროპორციულად, რაც დაფუძნებულია საზოგადოების ყველა წევრის კეთილდღეობასა და განვითარებაზე.
5.ისეთი შეზღუდვების გარდა, როდესაც გარდაუვალია პირის დაპატიმრება და როდესაც შესაბამისი სახელმწიფო მონაწილეა, ყველა პირი ინარჩუნებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს აგრეთვე, იმ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც განმტკიცებულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებსა და ფაკულტატურ ოქმში. აგრეთვე, სხვა მსგავს უფლებებს, რომლებიც მოცემულია გაერთიანებული ერების სხვა პაქტებში.
6.ყველა პატიმარს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს კულტურულ ღონისძიებებსა და განათლებაში, რაც მიზნად ისახავს პიროვნების სრულ განვითარებას.
7.უნდა მოხდეს იზოლირებული პატიმრობის აღმოსაფხვრელი ან მისი გამოყენების შეზღუდვისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება და ხელშეწყობა.
8.შექმნილ უნდა იქნას პირობები პატიმართა მუშაობისათვის, რითაც შესაძლებელი გახდება მათი ინტეგრირება ქვეყნის შრომით სისტემაში და რითაც მათ საშუალება მიეცემათ შეავსონ პირადი ან ოჯახის სახსრები.
9.პატიმრებისთვის, მათი სამართლებრივი მდგომარეობის გამო, დისკრიმინაციის გარეშე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქვეყანაში არსებული სამედიცინო მომსახურება.
10.საზოგადოებისა და სოციალური დაწესებულებების დახმარებითა და მონაწილეობით, და დაზარალებულთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, უნდა შემუშავდეს სასჯელმოხდილი პატიმრების საზოგადოებაში დაბრუნების საუკეთესო პირობები.
11.ზემოაღნიშნული პრინციპები უნდა გავრცელდეს მიუკერძოებლად.
![]() |
9 სამართალდამცავ პირთა ქცევის წესების კოდექსი |
▲ზევით დაბრუნება |
მიღებულია გენერალური ასამბლეის 1979წ. 17 დეკემბრის 34/169 რეზოლუციით
მუხლი 1
სამართალდამცავი პირები ყოველთვის უნდა ასრულებდნენ მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას პროფესიით მოთხოვნილი პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხის შესაბამისად, საზოგადოების სამსახურისა და ყველა ადამიანის არაკანონიერი ქმედებებისგან დაცვის მიზნით.
კომენტარი:
(a) ტერმინი, „სამართალდამცავი პირები“, მოიცავს სამართლის ყველა, როგორც დანიშნულ, ისე არჩეულ პირს, ვინც პოლიციის, განსაკუთრებით კი, დაპატიმრების ან დაკავების უფლებამოსილებას ანხორციელებს.
(b) იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციის უფლებამოსილება განხორციელებულია ფორმიანი ან ფორმის გარეშე სამხედრო ხელისუფლების ან სახელმწიფო უშიშროების ძალების მიერ, სამართალდამცავ პირთა განსაზღვრება უნდა მოიცავდეს ასეთი სამსახურების მოხელეებსაც.
(c) საზოგადოებისთვის სამსახური ნაგულისხმევია მოიცავდეს დახმარების გაწევას, განსაკუთრებით საზოგადოების იმ წევრებისათვის, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ პირადი, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა კრიტიკული მდგომარეობის გამო.
(d) ეს დებულება განზრახულია, მოიცავდეს არა მხოლოდ ძალმომრეობით, მძარცველობით ან მავნე ქმედებას, არამედ სისხლის სამართლის კანონებით განსაზღვრულ აკრძალვათა ფართო სპექტრს. იგი ვრცელდება იმ ადამიანთა ქმედებაზეც, რომლებთაც არ ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მუხლი 2
თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცავმა პირებმა პატივი უნდა სცენ და დაიცვან ადამიანის ღირსება და უფლებები.
კომენტარი:
(a) ადამიანის უფლებები, რომელთა შესახებაც ვსაუბრობთ, დადგენილი და დაცულია ეროვნული და საერთაშორისო სამართლით. ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებსა და საყოველთაო დეკლარაციებს განეკუთვნება: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, დეკლარაცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელისგან დაცვის შესახებ, გაეროს დეკლარაცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, საერთაშორისო კონვენცია აპართეიდის დანაშაულის ჩახშობისა და დასჯის შესახებ, კონვენცია გენოციდის დანაშაულის აცდენისა და გენოციდისათვის დასჯის შესახებ, პატიმრებთან მოპყრობის საყოველთაოდ აღიარებული მინიმალური წესები და ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ.
(b) ამ დებულების ნაციონალურმა კომენტარებმა უნდა მიუთითონ უფლებათა დამცველ რეგიონალურ ან ეროვნულ დებულებებზე.
მუხლი 3
სამართალდამცავ პირებს ძალის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას განსაკუთრებული აუცილებლობა მოითხოვს და იმ ფარგლებში, რაც მათი მოვალეობის შესრულებისთვისაა საჭირო.
კომენტარი:
(a) ეს დებულება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამართალდამცავ პირთა მიერ ძალის გამოყენება დაიშვება მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევებში; თუმცა, იგი გულისხმობს, რომ სამართალდამცავი პირები შეიძლება უფლებამოსილი იყვნენ ძალის გამოყენებაზე, როდესაც ეს გონივრულად აუცილებელია დანაშაულის აღკვეთის ან დამნაშავეთა ან დანაშაულში ეჭვმიტანილთა კანონიერი დაკავების განხორციელებისას ან დაპატიმრებაში დახმარებისას. ძალის გამოყენება ამ არ უნდა გასცდეს ფარგლებს.
(b) ეროვნული სამართალი, პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, ჩვეულებრივ, ზღუდავს სამართალდამცავ პირთა მიერ ძალის გამოყენებას. პროპორციულობის ასეთი ეროვნული პრინციპები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ დებულების ინტერპრეტაციისას. ეს დებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნეს იმგვარად, რომ მოხდეს ნებართვის მიცემა ძალის გამოყენებაზე, რომელიც არაპროპორციული და არაადეკვატურია მისაღწევ კანონიერ მიზანთან მიმართებაში.
(c) ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უკიდურეს ზომად ითვლება. ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მოხმარების გამორიცხვისათვის, განსაკუთრებით ბავშვების წინააღმდეგ. ზოგადად, ცეცხლსასროლი იარაღის მოხმარება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეჭვმიტანილი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს ან სხვაგვარად უქმნის საშიშროებას სხვათა სიცოცხლეს და ეჭვმიტანილის დაკავების ან დაპატიმრებისათვის სხვა ზომები საკმარისი არ არის. ყველა შემთხვევაში, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი იქნება გამოყენებული, დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს მოხსენება ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოების წინაშე.
მუხლი 4
კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელსაც სამართალდამცავები ფლობენ, შესაბამისად უნდა იქნას დაცული, თუ მოვალეობის შესრულება ან მართლმსაჯულების საჭიროება რაიმე სხვას არ მოითხოვს.
კომენტარი:
სამართალდამცავი პირები, სამსახურეობრივი მოვალეობების ფარგლებში მოიპოვებენ ინფორმაციას, რომელიც შესაძლებელია სხვათა პირად ცხოვრებას ეხებოდეს ან პოტენციურად ზიანის მომტანი იყოს მათი ინტერესებისათვის, განსაკუთრებით რეპუტაციისათვის. დიდი სიფრთხილე უნდა იქნეს გამოჩენილი ასეთი ინფორმაციის დაცვისა და გამოყენების დროს. იგი უნდა გამოაშკარავდეს მხოლოდ მოვალეობათა შესრულებისას ან მართლმსაჯულების მოთხოვნათა შესაბამისად. ასეთი ინფორმაციის ნებისმიერი გამოაშკარავება სხვა მიზნებისათვის მიუღებელი და სრულიად არასწორია.
მუხლი 5
არც ერთ სამართალდამცავ პირს არ შეუძლია წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის პროვოცირება ან დაშვება; არც ერთ სამართალდამცავ პირს არ შეუძლია მიუთითოს ზემდგომთა ბრძანებაზე ან საგანგებო მდგომარეობაზე, როგორიცაა ომის მდგომარეობა ან ომის, ეროვნული უსაფრთხოების საშიშროება, შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა ან ნებისმიერი სხვა კრიტიკული ვითარება, როგორც წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის გამამართლებელ პირობაზე.
კომენტარი:
(a) ეს აკრძალვა გამომდინარეობს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაციიდან ადამიანის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელისგან დაცვის შესახებ, რომლის თანახმადაც: „ასეთი ქმედება ადამიანის ღირსების შემლახველი დანაშაულია და უნდა დაისაჯოს, როგორც გაეროს მიზნების უარყოფა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით გამოცხადებული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევა.“
(b) დეკლარაცია წამებას განსაზღვრავს შემდეგნაირად:
„წამება ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც სახელმწიფო მოხელის წაქეზებით მძიმე ფიზიკური ან ფსიქიური ტკივილი ან ტანჯვა განზრახ მიადგა პირს იმ მიზნით, რომ მისგან ან მესამე პირისაგან მიღებულ იქნას ინფორმაცია ან აღიარება, მისი დასჯა იმ ქმედებისათვის, რომელიც მან ჩაიდინა ან ეჭვმიტანილია მის ჩადენაში, მისი ან სხვა პირთა დაშინებით. ეს განმარტება არ მოიცავს ტკივილსა და ტანჯვას, რომელიც გამომდინარეობს, განუყოფელია ან შემთხვევით გამოიწვევა კანონიერების ფარგლებში პატიმრებთან მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესების შესაბამისად.“
(ც) ტერმინი „სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი“ არ არის განმარტებული გენერალური ასამბლეის მიერ, მაგრამ ინტერპრეტირებულ უნდა იქნეს ისე, რომ გაფართოვდეს ფიზიკური ან ფსიქიკური შეურაცხყოფისაგან ყველაზე უფრო ფართო შესაძლებელი დაცვა.
მუხლი 6
სამართალდამცავმა პირებმა უნდა უზრუნველყონ პატიმრობაში მყოფთა ჯანმრთელობის დაცვა, კერძოდ, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად ყოველთვის, როცა ამას საჭიროება მოითხოვს.
კომენტარი:
(a) „სამედიცინო მომსახურება“, რომელიც ნებისმიერი სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეულ სამსახურს გულისხმობს, სერთიფიცირებული ექიმებისა და მათი ასისტენტების ჩათვლით, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საჭიროების ან მოთხოვნის შესაბამისად.
(b) მაშინ, როდესაც სამედიცინო პერსონალი მიმაგრებულია სამართალდამცავ პირთა ოპერაციაზე, ამ უკანასკნელებმა, პატიმრის შესაფერისი მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა გაითვალისწინონ ასეთი პერსონალის აზრი, სამართალდამცავი ოპერაციის გარეთ მყოფი სამედიცინო პერსონალის არჩევითა და მათთან კონსულტაციით.
(c) ნაგულისხმევია, რომ სამართალდამცავმა პირებმა ასევე უნდა უზრუნველყონ სამედიცინო მზრუნველობა კანონის დარღვევის მსხვერპლთა ან კანონის დარღვევის პროცესში მომხდარი (უბედური) შემთხვევების მსხვერპლთათვის.
მუხლი 7
სამართალდამცავმა პირებმა არ უნდა ჩაიდინონ კორუფცია. ისინი მკაცრად უნდა შეეწინააღმდეგონ და ებრძოლონ ყველა ამგვარ ქმედებას.
კომენტარი:
(a) კორუფციის ისევე, როგორც ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ნებისმიერი აქტი, სამართალდამცავ პირთა პროფესიასთან შეუთავსებელია. კანონი უნდა აღსრულდეს სრულად, ნებისმიერ სამართალდამცავ პირთა მიმართ, რომლებიც კორუფციულ ქმედებას ჩადიან, რადგან მთავრობებს არ შეიძლება იმედი ჰქონდეთ, რომ კანონს ცხოვრებაში გაატარებენ მოქალაქეები, თუკი თვითონ მათ არ შეუძლიათ ან არ გაატარებენ კანონს საკუთარი წარმომადგენლების წინააღმდეგ და თავიანთ ორგანოებში.
(b) მაშინ, როდესაც კორუფციის განსაზღვრება ეროვნული სამართლის საგანი უნდა იყოს, იგი გაგებულ უნდა იქნეს პიროვნების ვალდებულებასთან ერთად ან მათი შესრულებისას _ ვალდებულებით აღჭურვის ან წინდაუხედაობის მომცველ ქმედებად მოთხოვნილი ან მიღებული საჩუქრების, დაპირებების ან სტიმულის საპასუხოდ, ან მათი კანონიერი მიღება, ვინც ასეთი ქმედებები ჩაიდინა ან გამოტოვა.
(c) ტერმინი „კორუფციის აქტი“, ზემოხსენებულის გარდა, კორუფციის მცდელობასაც მოიცავს.
მუხლი 8
სამართალდამცავმა პირებმა პატივი უნდა სცენ კანონსა და ამ კოდექსს. ამასთანავე, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა აღკვეთონ და მკაცრად აღუდგნენ წინ შესაბამის დარღვევებს.
სამართალდამცავმა პირებმა, რომელთაც აქვთ მიზეზი იფიქრონ, რომ მოხდა ან მოხდება ამ კოდექსის დარღვევა, ამის შესახებ უნდა აცნობონ ზემდგომ ორგანოებს და, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლების სხვა შესაბამის ორგანოებს, ანუ განხილვისა და გამოსწორების ძალაუფლებით აღჭურვილ სხვა ორგანოებს.
კომენტარი:
(a) ეს კოდექსი დაცული უნდა იყოს, როდესაც იგი ეროვნული კანონმდებლობის ან პრაქტიკის ნაწილია. თუ კანონმდებლობა ან პრაქტიკა მოიცავს უფრო მკაცრ დებულებებს, ვიდრე ეს კოდექსი, მოქმედებს უფრო მკაცრი დებულებები.
(b) წინამდებარე მუხლის მიზანია შეინარჩუნოს ბალანსი, ერთი მხრივ, იმ ორგანოს შიდადისციპლინის საჭიროებას, რომელზეც საზოგადოების უშიშროება დიდად არის დამოკიდებული და, მეორე მხრივ, ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევასთან ბრძოლის საჭიროებას შორის. სამართალდამცავმა პირებმა უნდა მოახსენონ დარღვევების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს და განახორციელონ სხვა კანონიერი ქმედებები ხელისუფლების ორგანოებს გარეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებები ხელმისაწვდომი და ეფექტური არ არის. იგულისხმება, რომ სამართალდამცავ პირებზე არ უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციული ან სხვა სასჯელი, ამ კოდექსის დარღვევის ან შესაძლო დარღვევის თაობაზე შეტყობინებების გაკეთების გამო.
(c) ტერმინი „ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ან განხილვის ან გამოსწორების ძალაუფლებით აღჭურვილი სხვა ორგანოები“ ეხება ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოს, რომელიც განმტკიცებულია ეროვნული სამართლით. იგი მოიცავს სამართალდამცავი ორგანოების შიდა- თუ მისგან დამოუკიდებელ სტრუქტურებს და კანონით დადგენილ, ჩვეულებებზე დამყარებულ თუ სხვა ხელისუფლებით აღჭურვილ ინსტიტუტებს, რომლებიც ამ კოდექსის ფარგლებში დარღვევებიდან წარმოშობილ საჩივრებს განიხილავენ.
(d) რიგ ქვეყნებში მასმედია შეიძლება საჩივართა მიმომხილველი ფუნქციების შემსრულებლად ჩაითვალოს, რაც უახლოვდება (ც) ქვეპუნქტში განხილულ უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავი პირები შეიძლება გამართლებული იყვნენ როგორც უკანასკნელი იმედი და მათი ქვეყნების კანონებისა და ჩვეულებების და ამ კოდექსის მე-4 მუხლის დებულებების შესაბამისად, თუ ისინი მასმედიის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ყურადღებამდე მიიტანენ დარღვევებს.
(e) სამართალდამცავი პირები, რომლებიც ამ კოდექსის დებულებებს ასრულებს, იმსახურებს პატივისცემას, სრულ მხარდაჭერასა და საზოგადოების, ასევე, იმ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობას, რომელშიც ისინი მსახურობენ.
![]() |
10 ცნობის ფურცელი №19 ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ეროვნული ინსტიტუტები |
▲ზევით დაბრუნება |
შინაარსი:
●შესავალი
●გაერთიანებული ერები და ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ეროვნული ინსტიტუტები
●რა არის „ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი“?
დანართი:
●პრინციპები ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ეროვნული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და სტატუსის შესახებ
შესავალი
გაერთიანებული ერები ჩართულია ღონისძიებების ფართო წრეში, რომელთა მიზანია ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის პრინციპის განხორციელება. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კომპლექსურ ღონისძიებებს, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო პაქტებისა და კონვენციების საფუძველზე შეიქმნა და რომელთა მიზანია სტანდარტების ჩამოყალიბება, საერთაშორისო დოკუმენტების განხორციელების მონიტორინგი, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისობისათვის ხელშეწყობა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამოძიება. ამასთან, გაერთიანებული ერები ცდილობს პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოებს ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში, ასევე საზოგადოების ინფორმირებაში მათი უფლებების შესახებ.
მსგავსი სტრუქტურები და ღონისძიებები გაერთიანებულ ერებს საშუალებას აძლევს უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ გაერთიანებულ ერებს პირდაპირი მოქმედების შემთხვევაში, განსაკუთრებით ინდივიდუალურ საქმეებში განსაზღვრული რესურსები და თანდაყოლილი შეზღუდვები აქვს. ცხადია, რომ ერთ ორგანიზაციას არ შეუძლია თვალყური ადევნოს ყველა სიტუაციას; ასევე, არ შეუძლია გამოიძიოს ადამიანის უფლებების ყველა სავარაუდო დარღვევა და ყველა დაზარალებული უზრუნველყოს კომპენსაციით.
ამის გამო, საერთაშორისო სისტემა დიდად არის დამოკიდებული იმ მხარდაჭერაზე, რასაც იგი ადამიანის უფლებების რეგიონალური მექანიზმებიდან იღებს, დამატებითი დახმარება მოდის სახელმწიფოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. თითოეულ ამ ჯგუფს გააჩნია სპეციალური ფუნქცია ადამიანის უფლებების უნივერსალური კულტურის განვითარების სფეროში. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი საქმიანობის მიმართულების გათვალისწინებით, სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით, მოქმედების ელასტიური ფორმითა და გადაადგილების თავისუფლებით, რაც მათ საშუალებას აძლევს შეასრულონ ის ფუნქციები, რომლებსაც სახელმწიფოები და სამთავრობათშორისი ორგანიზაციები ვერ ან არ ასრულებენ. ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონალურმა სისტემებმა საერთაშორისო სტანდარტები და მექანიზმები წარმოაჩინეს ისეთი ფორმით, რომელიც შესაძლებელს გახდის ადამიანის უფლებების საკითხების განხილვას სათანადო სოციალურ, ისტორიულ და პოლიტიკურ ასპექტში.
ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოების როლი ადამიანის უფლებათა დაცვის რეალიზაციისას. ადამიანის უფლებები მოიცავს ინდივიდებს და ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას. ამრიგად, ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და დაცვა, პირველ რიგში, სახელმწიფოებრივი ამოცანაა და, შესაბამისად, მასზე პასუხისმგებელია მთავრობა. ეროვნულ დონეზე უფლებების ყველაზე უკეთ დაცვა შესაძლებელია ადეკვატური კანონმდებლობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით, ინდივიდუალური სარჩელებისთვის ეფექტური მექანიზმების შექმნითა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებით. ამასთანავე, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე კონკრეტული კულტურული და ტრადიციული ასპექტების გასათვალისწინებლად უმნიშვნელოვანესია ეფექტური საგანმანათლებლო პროგრამებისა და საინფორმაციო კამპანიების არსებობა.
როდესაც სახელმწიფოები ადამიანის უფლებების დოკუმენტების რატიფიცირებას ახდენენ, ისინი ამ დოკუმენტის ან პირდაპირ უკეთებენ დებულებებს შიდა კანონმდებლობაში ინკორპორირებას, ან ვალდებულებას კისრულობენ სხვა გზით დაემორჩილონ მათ. ამრიგად, ადამიანის უფლებების უნივერსალური სტანდარტები და ნორმები გამოხატულებას პოულობენ ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში. თუმცა, კონკრეტული უფლებების დასაცავად ხშირად მხოლოდ კანონის არსებობის ფაქტი არ არის საკმარისი, თუკი ასეთი კანონი არ უზრუნველყოფს კანონის განხორციელებისთვის საჭირო ძალაუფლებასა და ინსტიტუტებს.
ბოლო დროს, ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების ეფექტურად განხორციელების პრობლემამ დიდი საერთაშორისო ინტერესი და მოქმედება გამოიწვია. ბევრ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის შემოღებამ ან აღდგენამ ყურადღება მიმართა დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისაკენ, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს ხდის იმ იურიდიული და პოლიტიკური საფუძვლების ჩამოყალიბებას, რაზეც ადამიანის უფლებებია დაფუძნებული.
ამრიგად, ცხადი ხდება, რომ ადამიანის უფლებებით ეფექტურად სარგებლობის უზრუნველყოფის, მათი ხელშეწყობისა და დაცვისათვის უმნიშვნელოვანესია ეროვნული ინფრასტრუქტურის შექმნა. ბოლო პერიოდში ბევრ ქვეყანაში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო ინსტიტუტები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტიტუტების ამოცანები სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავდება, მათი მიზანი საერთოა და ამის გამო, მათ ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ეროვნულ ინსტიტუტებს უწოდებენ.
ბუნებრივია, შეუძლებელია მომდევნო გვერდებზე ამომწურავად აღვწეროთ ყველა ასეთი ეროვნული ინსტიტუტები, ამიტომ ადამიანის უფლებების ცენტრი ამზადებს ცალკე ნაშრომს, რომელიც შეიცავს პრაქტიკულ, დეტალურ რჩევებს სახელმწიფოებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ასეთი ინსტიტუტების შექმნით. წინამდებარე ცნობის ფურცელი შეიცავს ეროვნული ინსტიტუტების უფრო ზოგად აღწერას და ცდილობს ახსნას მათი წვლილი ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში, როგორც გაერთიანებული ერების სისტემაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
გაერთიანებული ერები და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის ეროვნული ინსტიტუტები
მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი ეროვნული ინსტიტუტებისადმი შედარებით ახალი ფენომენია, გაერთიანებული ერების ძალისხმევა ჯერ კიდევ 1946 წელს დაიწყო, როდესაც საკითხი დაისვა ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ. საბჭომ სთხოვა მონაწილე სახელმწიფოებს გაეთვალისწინებინათ საინფორმაციო ჯგუფების ან ადამიანის უფლებების ადგილობრივი კომიტეტების შექმნის საჭიროება თავიანთ ქვეყნებში მათი საქმიანობის წახალისებისათვის და ადამიანის უფლებათა კომისიასთან შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობა.
1960 წელს, ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში ეროვნული ინსტიტუტების მნიშვნელოვან როლზე რეზოლუციის საფუძველზე, მოუწოდა სახელმწიფოებს ხელი შეეწყოთ მსგავსი ორგანოების შექმნისათვის და თავიანთი მოსაზრებები გაეზიარებინათ გენერალური მდივნისათვის. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მოხსენებები მიღებული ინფორმაციის შესახებ გენერალური მდივანის მიერ რეგულარულად იგზავნება ადამიანის უფლებების კომისიაში, გენერალურ ასამბლეასა და მონაწილე სახელმწიფოებში.
ვინაიდან 1960-70-იან წლებში სტანდარტების ჩამოყალიბებამ დიდი ყურადღება დაიმსახურა, დისკუსიები ამ საკითხზე ძირითადად მიმართული იყო იმაზე, თუ როგორ შეეძლოთ ამ ინსტიტუტებს თავიანთი წვლილი შეეტანათ საერთაშორისო სტანდარტების ეფექტური განხორციელების საქმეში. 1978 წელს, ადამიანის უფლებების კომისიამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა სემინარი ეროვნული და ადგილობრივი ინსტიტუტების თაობაზე და მიეღო სახელმძღვანელო პრინციპების პროექტი ასეთი ინსტიტუტების სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ. მსგავსი სემინარი ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ეროვნული და ადგილობრივი ინსტიტუტების შესახებ ჩატარდა ჟენევაში, 1978 წლის 18-29 სექტემბერს, რომელზეც მიღებულ იქნა სახელმძღვანელო პრინციპები. სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ეროვნული ინსტიტუტების ფუნქციები განისაზღვრა შემდეგნაირად:
a)იმოქმედონ, როგორც ადამიანის უფლებების ინფორმაციის წყარომ სახელმწიფოებისა და მოსახლეობისთვის;
b)ხელი შეუწყონ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ადამიანის უფლებების ცნობიერების ამაღლებისა და პატივისცემის საქმეში;
c)გაითვალისწინონ, მოამზადონ და რეკომენდაცია გაუწიონ სახელმწიფოებს ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა ქვეყანაში და რომელიც შესაძლებელია განსახილველად წარვუდგინოთ მთავრობას;
d)წარმართონ საკონსულტაციო საქმიანობა ადამიანის უფლებების საკითხებზე, რომლებსაც მათ მიაწვდიან სახელმწიფოები;
e)შეისწავლონ და მხედველობაში იქონიონ კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციული საკითხები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, და ამ საკითხებზე მოამზადონ და წარადგინონ მოხსენებები სათანადო ორგანოების წინაშე;
f)შეასრულონ სხვა ფუნქციებიც, რომელსაც მათ მთავრობა დააკისრებს ადამიანის უფლებების დარგში იმ საერთაშორისო შეთანხმებებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესაბამისად, რომლის მონაწილეც ეს კონკრეტული სახელმწიფოა;
რაც შეეხება ასეთი ინსტიტუტების სტრუქტურას, სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად:
a)ისინი მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების მოთხოვნები და ამრიგად, ადამიანის უფლებების დარგში გადაწყვეტილების მიღებაში შესაძლებელი გახდეს მთელი მოსახლეობის ჩართვა;
b)მათ უნდა შეასრულონ თავიანთი ფუნქციები რეგულარულად და ამ ინსტიტუტებზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს საზოგადოების ყველა წევრსა და საჯარო ორგანოს;
c)სათანადო საქმეებში მათი ფუნქციების განხორციელებისას მიიღონ დახმარება ადგილობრივი და რეგიონალური საკონსულტაციო ორგანოებისგან;
შესაბამისად, სახელმძღვანელო პრინციპები მოწონებულ იქნა ადამიანის უფლებათა კომისიისა და გენერალური ასამბლეის მიერ. კომისიამ მოუწოდა ყველა მონაწილე სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუტების შესაქმნელად, სადაც ასეთი არ არსებობდა, მიეღოთ სათანადო ზომები ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისთვის და მოსთხოვა გენერალურ მდივანს მოემზადებინა დეტალური მოხსენება უკვე აღიარებული ეროვნული ინსტიტუტების შესახებ.
1980-იანი წლების განმავლობაში გაერთიანებულმა ერებმა განაგრძო ამ სფეროში აქტიური მუშაობა და გენერალური მდივნის მიერ მომზადებული მთელი რიგი მოხსენებები წარუდგინა გენერალურ ასამბლეას. ამ პერიოდში ადამიანის უფლებების ცენტრის საკონსულტაციო პროგრამის დახმარებით ჩამოყალიბდა მრავალი ეროვნული ინსტიტუტი.
1990 წელს ადამიანის უფლებათა კომისიამ გამართა სამუშაო სესია იმ ეროვნული და რეგიონალური ინსტიტუტების მონაწილეობით, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობის საქმეში იყვნენ ჩართული. სამუშაო სესიაზე იმსჯელეს ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციებთან (როგორიცაა: გაერთიანებული ერები და მისი სპეციალიზირებული ორგანოები) თანამშრომლობის ფორმებსა და მათი ეფექტურობის გაზრდის საკითხზე. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, რომელიც ჩატარდა პარიზში, 1991 წლის ოქტომბერში, შეჯამებულია წინამდებარე ცნობის ფურცლის დანართში.
რა არის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი?
დღეისათვის, ადამიანის უფლებების დაცვა გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელისუფლების საქმიანობის თითქმის ყველა ასპექტსა და კერძო და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროებში. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტების რიცხვი და მასშტაბები ამ რეალობის ობიექტური გამოხატულებაა. ეკლესიების, პროფკავშირების, მასმედიისა და მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება ადამიანის უფლებებს, ისევე როგორც უმრავლესობა სამთავრობო ინსტიტუტების, სასამართლოებისა და საკანონმდებლო ორგანოებისა.
თუმცა, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების იდეა გაცილებით უფრო კონკრეტული დანიშნულების მატარებელია და უკავშირდება ისეთ ორგანოებს, რომელთა ფუნქციებიც და საქმიანობაც სპეციალურად განსაზღვრულია ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ორი იდენტური ინსტიტუტი, შეიძლება გამოიყოს მსგავსებათა მთელი რიგი, რაც ამ ინსტიტუტებს სხვა ზემოთ აღნიშნული ერთეულებისაგან განასხვავებს. აქ განხილული ეროვნული ინსტიტუტები ადმინისტრაციულია იმ გაგებით, რომ ისინი არც სასამართლოს და არც საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებს ასრულებენ. როგორც წესი, ამ ინსტიტუტებს აქვთ საკონსულტაციო უფლებამოსილება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებში ეროვნულ და/ან საერთაშორისო დონეზე. ეს მიზანი მიიღწევა ან ზოგადი გზით - რეკომენდაციებით და მოსაზრებებით ან ინდივიდუალური საქმეების განხილვითა და გადაწყვეტით. ზოგიერთ ქვეყანაში, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი შექმნილია კონსტიტუციის საფუძველზე. ასეთი ინსტიტუტები უმეტეს შემთხვევაში იქმნება კანონით ან დეკრეტით. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ინსტიტუტები გარკვეული ფორმით აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არსებობს, მათი დამოუკიდებლობის ხარისხი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის წევრობასა და საქმიანობის ფორმებზე.
ეროვნული ინსტიტუტების უმრავლესობა შეიძლება დავაჯგუფოთ ორ ძირითად კატეგორიად; „ადამიანის უფლებების კომისიები“ და „ომბუდსმენი.“ ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს სხვა ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანი „სპეციალიზირებული“ ეროვნული ინსტიტუტებიც, რომელთა ფუნქციაა დაუცველი ჯგუფების დაცვა, კერძოდ, ეთნიკური, ენობრივი უმცირესობების, აბორიგენი მოსახლეობის, ბავშვების, ლტოლვილებისა და ქალის. ეროვნული ინსტიტუტების სწორედ ეს სამი კატეგორიაა დეტალურად ქვემოთ განხილული.
ადამიანის უფლებების კომისიები
ბევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში კანონებისა და დადგენილებების ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად შექმნილია სპეციალიზირებული კომისიები. კომისიების უმეტესობა ფუნქციონირებს მთავრობის სხვადასხვა ორგანოებისგან დამოუკიდებლად, თუმცა მათ შეიძლება ჰქონდეთ ვალდებულება რეგულარულად მოახსენონ საკანონმდებლო ორგანოს.
მათი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, კომისიები, როგორც წესი, შედგება ადამიანის უფლებების დაცვის დარგში სპეციალური ინტერესების, გამოცდილებისა და ცოდნის მქონე სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი პირებისაგან. თითოეულმა ქვეყანამ შეიძლება შემოიღოს სპეციალური მოთხოვნები და შეზღუდვები წევრების შესარჩევად, როგორიცაა, მაგალითად, ქვოტები სხვადასხვა პროფესიული გაერთიანებებიდან, პოლიტიკური პარტიებსა და ადგილობრივი ჯგუფებიდან წარსადგენი კანდიდატებისათვის.
ადამიანის უფლებათა კომისიები ძირითადად შექმნილია მოქალაქეთა დისკრიმინაციისგან დაცვის მიზნით და მათი სამოქალაქო და სხვა უფლებების უზრუნველსაყოფად. კონკრეტული კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საკანონმდებლო აქტით ან დეკრეტით. ეს კანონები ასევე განსაზღვრავს კომისიის იურისდიქციას და აკონკრეტებს მის საგამოძიებო უფლებამოსილებას დისკრიმინაციის გამოვლინებებსა და სხვა დარღვევებში. ზოგიერთი კომისია მუშაობს კონსტიტუციით აღიარებული უფლებების უხეშად დარღვევის შემთხვევაში. სხვები შესაძლებელია უფლებამოსილი იყვნენ განიხილონ საქმეები დისკრიმინაციის უფრო ზოგადი გამოვლინების თაობაზე, კერძოდ რასის, ფერის, რელიგიის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური წარმოშობის, ფიზიკური ნაკლის, სოციალური მდგომარეობის, სქესობრივი ორიენტაციის, პოლიტიკური მრწამსის ან წარმომავლობის საფუძველზე.
ადამიანის უფლებების კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ინდივიდუალური ჯგუფური სარჩელების მიღება და განხილვა, რომლებიც ამხელს ადამიანის უფლებების შელახვას შიდა კანონმდებლობის დარღვევით. იმისთვის, რომ კომისიამ განახორციელოს თავისი ფუნქციები, იგი, ჩვეულებრივ, უფლებამოსილია მოიპოვოს გამოძიებისათვის საჭირო მტკიცებულებები. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი სხვადასხვა სახის საგამოძიებო პროცედურა და სარჩელების განხილვის მექანიზმი, ადამიანის უფლებების კომისიების უმრავლესობა ეყრდნობა მოლაპარაკება-მორიგების ან/და არბიტრაჟის მექანიზმს. მოლაპარაკებისას კომისია ცდილობს შეახვედროს მხარეები, რათა მიღწეულ იქნას ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი. თუ მოლაპარაკება არ შედგა, კომისია მიმართავს არბიტრაჟს, რომლის შემდეგაც კომისია იღებს გადაწყვეტილებას.
ადამიანის უფლებების კომისიებს, ჩვეულებრივ, არ აქვთ უფლება გამოსცენ მხარეებისთვის იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებები, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომისიის მიერ რეკომენდირებული მორიგება ან სხვა ზომები შეიძლება იგნორირებულ იქნას. ზოგიერთ შემთხვევაში სპეციალური ტრიბუნალი მოისმენს საქმეს და იღებს გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვან შეუთანხმებელ საქმეებზე. თუ სპეციალური ტრიბუნალი შექმნილი არ არის, მაშინ კომისიას შეუძლია საქმე საბოლოო და სავალდებულო გადაწყვეტილებისთვის გადასცეს სასამართლოს.
ადამიანის უფლებების კომისიის შემდეგი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკის სისტემატიური გადასინჯვა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვას პრობლემების გამოვლინება და მათ გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. ადამიანის უფლებების კომისიებს ასევე შეუძლიათ მონიტორინგი გაუწიონ სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი ვალდებულებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავონ რეკომენდაციები. კომისიის შესაძლებლობა - მისი ინიციატივით ჩაატაროს გამოძიება, მისი ძალაუფლებისა და ეფექტურობის უმნიშვნელოვანესი საზომია. ეს განკუთვნილია განსაკუთრებით იმ პირებისა და ჯგუფებისათვის, რომლებსაც ინდივიდუალური სარჩელების შეტანისათვის ფინანსური და სოციალური რესურსები არ გააჩნიათ.
ადამიანის უფლებების საკითხები ვერ მოგვარდება მხოლოდ საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომებით. ამრიგად, კომისიებს ხშირად ეკისრებათ მოვალეობა _ იზრუნონ მოსახლეობაში ადამიანის უფლებების ცნობიერების ამაღლებისათვის. ეს მოვალეობა შეიძლება მოიცავდეს საზოგადოებისთვის კომისიის ფუნქციებისა და მიზნების გაცნობას, ადამიანის უფლებების დარგში მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას, სემინარებისა და შეხვედრების ორგანიზებას, საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ასევე ადამიანის უფლებების დარგში პუბლიკაციების გამოცემასა და გავრცელებას.
ომბუდსმენი
ომბუდსმენის ინსტიტუტები ამჟამად ბევრ ქვეყანაში არსებობს. ომბუდსმენი (შეიძლება იყოს ერთი პირი ან პირთა ჯგუფი) ძირითადად ინიშნება პარლამენტის მიერ კონსტიტუციის ან სხვა სპეციალური კანონის საფუძველზე. ამ ინსტიტუტის ძირითადი ფუნქციაა იმ პირთა უფლებების დაცვა, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან სახელმწიფო ადმინისტრაციის არაკანონიერი მოქმედებების მსხვერპლნი. შესაბამისად, ომბუდსმენი ხშირად გამოდის როგორც მიუკერძოებელი მედიატორი ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავდება, თავიანთი უფლებამოსილების შესრულებისას ყველა ემორჩილება მსგავს პროცედურებს. ომბუდსმენი იღებს სარჩელებს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან და განიხილავს მათ, თუ ისინი მის კომპეტენციაში ხვდებიან. გამოძიებისას ომბუდსმენს, როგორც წესი, შეუძლია გაეცნოს ყველა სათანადო დოკუმენტს, რომელიც სხვადასხვა საჯარო ორგანოებში არსებობს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. რეკომენდაცია გადაეცემა შესაბამის პირს, ასევე იმ ორგანოს, რომლის წინააღმდეგაც არსებობს სარჩელი. თუკი რეკომენდაციის შესრულებას თავი აარიდეს, ომბუდსმენს შეუძლია მოხსენება წარუდგინოს პარლამენტს. აღნიშნული მოხსენება შეიძლება წარდგენილ იქნეს ასევე ყოველწლიური მოხსენების ნაწილად, რომელიც დამატებით შეიცავს პრობლემებსა და მათი გადაწყვეტისათვის გასატარებელი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებების რეკომენდაციებს.
მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდს, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი უფლება დარღვეულია, შეუძლია სარჩელი წარუდგინოს ომბუდსმენს, ბევრ ქვეყანაში არსებობს მოთხოვნა, რომ მოსარჩელემ უნდა ამოწუროს მისი უფლების დასაცავად არსებული ყველა სხვა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება. შესაძლებელია დადგენილ იქნეს სარჩელის შეტანის ვადები და, მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის კომპეტენცია სახელმწიფო ადმინისტრაციის ყველა რგოლზე ვრცელდება, ზოგიერთ ქვეყნებში მათ არა აქვთ უფლება შეიტანონ სარჩელები პრეზიდენტის, მინისტრების ან სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ.
ომბუდსმენთან სარჩელის წარდგენის ფორმებიც განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. უმეტეს ქვეყნებში ინდივიდს შეუძლია ომბუდსმენს პირდაპირ წარუდგინოს სარჩელი, ხოლო სხვა შემთხვევებში - წარდგენა ხდება შუამავლის მიერ, როგორიცაა, მაგალითად: პარლამენტის წევრი. სარჩელები, ჩვეულებრივ, კონფიდენციალურია.
ომბუდსმენი, როგორც წესი, შეზღუდული არ არის სარჩელების საფუძველზე მოქმედებით და შეუძლია იმოქმედოს საკუთარი ინიციატივითაც. საკუთარი ინიციატივით წამოწყებული საქმეები ძირითადად ეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც მთლიანად საზოგადოებას ან კონკრეტულ ჯგუფებს აწუხებს და შესაბამისად, შესაძლებელია ინდივიდუალური სარჩელების საფუძველიც გახდეს.
ბევრ შემთხვევაში ომბუდსმენის უფლებამოსილება ემთხვევა ადამიანის უფლებების კომისიის უფლებამოსილებებს, ვინაიდან ორივეს შეუძლია მიიღოს და განიხილოს ინდივიდუალური სარჩელები. არც ერთს არ შეუძლია გამოსცეს სავალდებულო გადაწყვეტილებები, თუმცა არსებობს განსხვავებებიც, რაც ხსნის იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ორივე ინსტიტუტი ერთდროულად არსებობს.
ხშირ შემთხვევებში ომბუდსმენის ძირითადი ფუნქციაა საჯარო დაწესებულებებში სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველყოფა. ადამიანის უფლებების კომისიები კი ძირითადად ჩართული არიან დისკრიმინაციის საქმეებში და განიხილავენ კერძო დაწესებულებების, ინდივიდებისა და სახელმწიფოს საქმიანობას. ზოგადად თუ ვიტყვით, ომბუდსმენის ძირითადი საქმიანობა მაინც ინდივიდუალური სარჩელებით შემოიფარგლება. თუმცა, იგი ჩართულია ღონისძიებათა ფართო წრეში ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით.
სპეციალიზირებული ინსტიტუტები
დაუცველი და უმცირესობათა ჯგუფები განსხვავდება ქვეყნის სპეციფიკის შესაბამისად, მაგრამ მთავარი პრობლემა, რაც მათ აწუხებთ, არის დისკრიმინაცია. საზოგადოების იმ კატეგორიებს, რომლებიც სახელმწიფოთა მიერ აღიარებული არიან ადამიანის უფლებების დამცავი სპეციალიზებული ინსტიტუტების დაცვით მოსარგებლებად, მიეკუთვნებიან პირები, რომლებიც ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური უმცირესობების, აბორიგენი მოსახლეობის, უცხოელების, მიგრანტების, იმიგრანტების, ლტოლვილების, ბავშვების, ქალების, ღარიბებისა და ინვალიდების სტატუსებით სარგებლობენ.
ზოგადად, ასეთი ინსტიტუტები მოქმედებენ სპეციალური ჯგუფების დასაცავად შექმნილი სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის გასავითარებლად. ისინი უმეტეს წილად ასრულებენ ადამიანის უფლებების კომისიისა და ომბუდსმენის მსგავს ფუნქციებს; შექმნილი არიან, რათა გამოიძიონ, ერთი მხრივ, ასეთ ჯგუფებში ინდივიდების დისკრიმინაციისა და, მეორე მხრივ, თვითონ ჯგუფების დისკრიმინაციის საქმეები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტიტუტებს უფლება აქვთ გამოიძიონ ჯგუფის წევრების მიერ სხვა პირების ან სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, ამ ინსტიტუტებს, მსგავსად სხვებისა, იშვიათად აქვთ სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღების უფლება.
ინდივიდებისა და ჯგუფებისათვის მატერიალური და საკონსულტაციო დახმარების გაწევის გარდა, ასეთი ინსტიტუტები ხშირად პასუხისმგებელნი არიან შესაბამის ჯგუფებთან დაკავშირებული კანონებისა და კონსტიტუციური დებულებების შესრულების მონიტორინგზე. ამრიგად, აღნიშნული ინსტიტუტები ხშირად გვევლინებიან პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საკონსულტაციო სტატუსის მატარებელ ერთეულებად.
დასკვნითი დებულებები
არიან ისეთი პირებიც, რომლებიც ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის სპეციალიზირებული მექანიზმებისა და ეროვნული ინსტიტუტების შექმნის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებენ. მათი არგუმენტების მიხედვით, ასეთი ინსტიტუტები შეზღუდული რესურსების არასწორი ხარჯვის წყაროა და რომ დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება და დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტი საკმარისია ადამიანის უფლებების დარღვევების აღმოსაფხვრელად.
სამწუხაროდ, ისტორია საწინააღმდეგოს ადასტურებს. ორგანო, რომელიც განცალკევებულია აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო ადმინისტრაციისგან, არის ის ერთეული ორგანო, რომელსაც შეუძლია ადამიანის უფლებების სფეროში წამყვანი როლი იკისროს. ხელისუფლებასთან რეალური და წინასწარ გამიზნული დისტანციის დაჭერით ასეთ ორგანოს შეუძლია უნიკალური წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს ძალისხმევაში, დაიცვას მოქალაქეები და განავითაროს ადამიანის უფლებებისადმი და თავისუფლებებისადმი პატივისცემა.
ზოგიერთ ქვეყანას დიდი ტრადიცია აქვს ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისათვის ადამიანის უფლებების დაცვის კომისიებისა და ომბუდსმენის ინსტიტუტების შექმნაში. ასეთი ინსტიტუტების უმრავლესობა 80-იანი წლების შემდეგ შეიქმნა იმ ხაზის განვითარებისთვის, რომელსაც აქტიურად უწყობდა ხელს გაერთიანებული ერები ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების ინსტიტუტებისადმი ინტერესის ზრდა ასევე ბოლოდროინდელი დემოკრატიზაციისა და რეფორმების პროცესებით უნდა აიხსნას, რომელსაც ადგილი აქვს ბევრ ქვეყანაში.
ეროვნული ინსტიტუტების მუშაობაში მნიშვნელოვნად ჩართვის გამო, გაერთიანებულმა ერებმა გააცნობიერა, რომ ეროვნული ინსტიტუტების არც ერთი კონკრეტული მოდელი არ შეიძლება ან არ უნდა იქნას რეკომენდირებული, როგორც ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად საკმარისი მექანიზმი. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, ყოველმა სახელმწიფომ უნდა ისარგებლო მეორის გამოცდილებით, მაგრამ ეროვნული ინსტიტუტები უნდა ჩამოყალიბდეს ადგილობრივი კულტურული და იურიდიული ტრადიციებისა და არსებული პოლიტიკური წყობის გათვალისწინებით.
გაერთიანებულმა ერებმა ასევე გააცნობიერა, რომ ყველა სახელმწიფოს არ შეუძლია განავითაროს და გააძლიეროს ასეთ ინსტიტუტები საჭირო ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებების ცენტრი, მისი საკონსულტაციო მომსახურებისა და ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნებს უზრუნველყოფს ექსპერტებითა და მატერიალური დახმარებით. იგი ხელს უწყობს მონაწილე სახელმწიფოებს მოითხოვონ დახმარება ადამიანის უფლებების ინსტიტუტების შექმნისა და გაძლიერებისთვის. ამ მიზნით, პრაქტიკული დახმარება უზრუნველყოფილი იქნება მომსახურებისა და ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
წინამდებარე ფაქტების ფურცელში აღწერილი მექანიზმები, რა თქმა უნდა, სრულად ვერ გადაწყვეტენ იმ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშეა. ასევე, ისინი არ არის შექმნილი ამ სფეროში მოღვაწე გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებების ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაცვლელად. მათი როლი მთლიანად დამხმარე ხასიათისაა და ასეთი ინსტიტუტების გაძლიერებას ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისათვის უდავოდ შეუძლია ეროვნული და საერთაშორისო სისტემების ეფექტურობის გაზრდა.
დანართი
ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ეროვნული ინსტიტუტების სტატუსსა და ფუნქციებთან დაკავშირებული პრინციპები.
შენიშვნა: 1991 წლის ოქტომბერში, ადამიანის უფლებების ეროვნულ ინსტიტუტებზე არსებული ინფორმაციის გადასინჯვისა და განახლების მიზნით, ადამიანის უფლებების ცენტრის მიერ მოწვეულ იქნა სამუშაო სესია. მონაწილეთა შორის იყვნენ ეროვნული ინსტიტუტების, მთავრობების გაერთიანებული ერებისა და მისი სპეციალიზირებული ორგანოების, ასევე არასამთავრობო და სამთავრობათშორისი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაო სესიის მონაწილეებმა, მოსაზრებების გაზიარების გარდა, ჩამოაყალიბეს რეკომენდაციების ფართო სპექტრი ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების როლის, შემადგენლობისა და ფუნქციების შესახებ.
A. კომპეტენცია და პასუხისმგებლობა
1. ეროვნული ინსტიტუტები აღჭურვილი უნდა იყვნენ უფლებამოსილებით დაიცვან და ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებებს.
1.ეროვნულ ინსტიტუტებს უნდა მიეცეთ რაც შეიძლება ფართო მანდატი, რომელიც ნათლად იქნება განმარტებული მისი შემადგენლობისა და კომპეტენციის განმსაზღვრელ კონსტიტუციურ და საკანონმდებლო დოკუმენტში.
2.ეროვნულ ინსტიტუტებს, ინტერ ალია, უნდა ჰქონდეთ შემდეგი მოვალეობები:
(a)საკონსულტაციო სტატუსით და შესაბამისი ორგანოს მოთხოვნისამებრ ან მისი უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობაში, პარლამენტსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოში მოსასმენად შეიტანონ საკითხი, რეკომენდაციების, მოსაზრებების, წინადადებებისა და მოხსენებებისათვის მიმართვის გარეშე, ნებისმიერ საქმეზე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფას. მათი საჯაროობის საკითხს წყვეტს ეროვნული ინსტიტუტი. ამგვარი მოსაზრებები, რეკომენდაციები, წინადადებები და მოხსენებები, ასევე ეროვნული ინსტიტუტის სხვა პრეროგატივები, უკავშირდება შემდეგ სფეროებს:
(i) ნებისმიერ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ აქტს, ასევე სასამართლოს ორგანიზაციასთან დაკავშირებულ დებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების შენარჩუნებასა და დაცვის გაფართოებას. ამასთან დაკავშირებით, ეროვნული ინსტიტუტები უნდა გაეცნონ მოქმედ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ დებულებებს, ასევე კანონპროექტებსა და წინადადებებს, და უნდა შეიმუშაონ ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც საჭიროა ამ დებულებების ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. საჭიროებისამებრ, მას შეუძლია შეიმუშაოს რეკომენდაციები ახალი კანონმდებლობის, კანონში შესწორებისა და ადმინისტრაციული ზომების მისაღებად ან შესასწორებლად.
(ii) ნებისმიერ სიტუაციას რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დარღვევასთან და რომელსაც იგი გადაწყვეტს მიიღოს განსახილველად.
(iii) ზოგადი ხასიათის მოხსენებების მომზადებას სახელმწიფოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობასა და უფრო კონკრეტულ საქმეებზე;
(iv) სახელმწიფოს ყურადღების გამახვილებას ქვეყნის რომელიმე ნაწილში ადამიანის უფლებების დარღვევაზე და წინადადებების შემუშავებას იმ ინიციატივების თაობაზე, რომელიც ასეთ სიტუაციას დაარეგულირებს და სადაც საჭიროა, გამოთქვამს მოსაზრებებს სახელმწიფოს პოზიციისა და რეაგირების შესახებ;
(b) ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ ეროვნული კანონმდებლობის, დადგენილებებისა და პრაქტიკის ჰარმონიზაცია ადამიანის უფლებების საერთაშორისო დოკუმენტებთან, რომლის მონაწილეც არის მოცემული სახელმწიფო და ხელი შეუწყონ მათ ეფექტურ განხორციელებას;
(c) მხარი დაუჭირონ ზემოაღნიშნული დოკუმენტების რატიფიკაციას ან მათთან მიერთებას და უზრუნველყოს მათი განხორციელება;
(d) წვლილი შეიტანონ მოხსენებებში, რომლებსაც მთავრობა, ხელშეკრულებაში აღნიშნული ვალდებულებების თანახმად, წარადგენს გაერთიანებული ერების ორგანოებსა და კომიტეტებში, რეგიონალურ ინსტიტუტებსა და, საჭიროებისამებრ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები მათი დამოუკიდებლობის დაურღვევლად;
(e) ითანამშრომლონ გაერთიანებულ ერებსა და გაერთიანებული ერების სისტემის სხვა ორგანოებთან, რეგიონალურ ინსტიტუტებსა და სხვა ქვეყნების ეროვნულ ინსტიტუტებთან, რომლებიც კომპეტენტური არიან ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის საქმეში;
(f) დაეხმარონ სკოლებს, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ წრეებს ადამიანის უფლებების სფეროში სასწავლო პროგრამების შემუშავებაში, კვლევების წარმოებასა და მათ გამოყენებაში.
(g) საჯარო გახადონ ადამიანის უფლებები და დისკრიმინაციის, კერძოდ, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელი ხერხები საზოგადოების ცნობიერების გაზრდის გზით, განსაკუთრებით პრესის ყველა ორგანოს გამოყენებით, ინფორმაციისა და განათლების გავრცელებით.
B. შემადგენლობა, დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის გარანტიები
1.ეროვნული ინსტიტუტების შემადგენლობა და მისი წევრების დანიშვნის წესი, არჩევნებისა თუ სხვა გზით, უნდა განისაზღვროს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნას ყველა საჭირო გარანტიები სხვადასხვა სოციალური ფენის (სამოქალაქო საზოგადოების) პლურალისტური წარმომადგენლობისათვის, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში, განსაკუთრებით, ისეთი ხერხებით, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც საქმიანობენ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და წვლილი შეაქვთ რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრაში, პროფესიულ კავშირებთან შესაბამის სოციალურ და პროფესიულ ორგანიზაციებთან, მაგალითად: იურისტთა, ექიმთა, ჟურნალისტთა და გამოჩენილ მეცნიერთა ასოციაციებთან; ფილოსოფიურ და რელიგიურ მიმდინარეობებთან; უნივერსიტეტებსა და კვალიფიცირებულ ექსპერტებთან; პარლამენტთან; სახელმწიფო ორგანოებთან (თუ ისინი ჩართული არიან, მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ საკონსულტაციო სტატუსით).
2.ეროვნულ ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით საჭირო ფინანსები, რაც მათ საშუალებას მისცემთ განახორციელონ თავიანთი ფუნქციები. დაფინანსების მიზანი უნდა იყოს საკუთარი პერსონალის შენახვა და შენობის შეძენა, რათა შენარჩუნებულ იქნას დამოუკიდებლობა მთავრობისგან და არ მოხდეს მათი დაქვემდებარება ფინანსური კონტროლის გამო.
3.იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ინსტიტუტების წევრთა სტაბილური მანდატი, რომლის გარეშეც არ იარსებებს რეალური დამოუკიდებლობა, წევრების დანიშვნა უნდა განხორციელდეს ოფიციალური აქტით, რომელიც განსაზღვრავს მანდატის ხანგრძლივობას. მანდატი შეიძლება განახლდეს იმის გათვალისწინებით, რომ ინსტიტუტის პლურალიზმი უზრუნველყოფილი იქნება.
h. მოქმედების მეთოდები
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეროვნულმა ინსტიტუტებმა:
1.თავისუფლად უნდა განიხილონ მათ კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი საკითხი, შეტანილი მთავრობის მიერ ან მიღებული უმაღლესი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, მისი წევრების ან სხვა პირების წინადადებით;
2.უნდა მოუსმინონ ნებისმიერ პირს, მიიღონ ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტები, რაც აუცილებელია მათ კომპეტენციაში შემავალი სიტუაციის შეფასებისათვის.
3.მიმართონ საზოგადოებას პირდაპირ ან პრესის ორგანოების მეშვეობით, განსაკუთრებით თავისი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების საჯაროობის გაზრდის მიზნით;
4.საჭიროებისამებრ, და თავისი წევრების მონაწილეობით, მოაწყონ რეგულარული შეხვედრები, წევრებთან შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ;
5.თავის წევრთა შორის შექმნან სამუშაო ჯგუფები და ადგილობრივი და რეგიონალური განყოფილებები, რათა განახორციელონ მისი ფუნქციები;
6.მიიღონ კონსულტაციები სასამართლო თუ სხვაგვარი ორგანოებისაგან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის საქმეში (განსაკუთრებით, ომბუდსმენისგან, მედიატორისა და მსგავსი ინსტიტუტებისაგან);
7.ითვალისწინებენ რა, არასამთავრობო ორგანიზაციების უმნიშვნელოვანეს როლს ეროვნული ინსტიტუტების მუშაობის გაფართოებაში, განავითარონ ურთიერთობები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების დარგში, რასიზმის აღმოფხვრაში, დაუცველი ჯგუფების დაცვაში (განსაკუთრებით, ბავშვების, მიგრანტების, მუშების, ლტოლვილების, ფიზიკურად და გონებრივად დაავადებული პირების) ან სხვა სპეციალიზირებულ სფეროში.
D. კვაზი-სასამართლოს კომპეტენციის მქონე კომისიის სტატუსთან დაკავშირებული დამატებითი პრინციპები
ეროვნულ ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ უფლება მოისმინონ და განიხილონ სარჩელები და შუამდგომლობები, რომლებიც დაკავშირებულია ინდივიდუალურ საქმეებთან. საქმეები შეიძლება შემოტანილ იქნას ინდივიდების, მათი წარმომადგენლების, მესამე მხარის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფკავშირებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ. ასეთ მდგომარეობაში კომისიის უფლებამოსილებები და ფუნქციები ზემოაღნიშნული დებულებების დაურღვევლად დაფუძნებული უნდა იყოს შემდეგ პრინციპებზე:
1.კანონის თანახმად, შეთანხმების საფუძველზე მორიგების გზების ძიება სავალდებულო გადაწყვეტილებებით ან, სადაც საჭიროა, კონფიდენციალობის დაცვით;
2.იმ მხარის ინფორმირება მისი უფლებების შესახებ, რომელმაც შეიტანა სარჩელი, განსაკუთრებით არსებული კომპენსაციისა და ინსტიტუტების ხელმისაწვდომობის შესახებ;
3.სარჩელების ან შუამდგომლობების მოსმენა და მათი გადაცემა კომპეტენტური ორგანოსათვის, კანონით გათვალისწინებულ ვადებში;
4.რეკომენდაციების შემუშავება კომპეტენტური ორგანოებისათვის, განსაკუთრებით შესწორებების ან კანონებში, დადგენილებებსა და ადმინისტრაციულ პრაქტიკაში რეფორმების შეთავაზებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ შექმნეს სირთულეები პირებისათვის, რომლებმაც შეიტანეს სარჩელი მათი უფლებების დასაცავად.