![]() |
ეს შენი უფლებაა... |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამოქალაქო განათლება|სამოქალაქო განათლება |
წყარო: ISBN: 978-9941-404-98-6 |
საავტორო უფლებები: © ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია – დეა, 2009 |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ეს შენი უფლებაა... this is your Right... პასუხისმგებელი რედაქტორი: მადონა ხარებავა Editor responsible: Madonna Kharebava პროექტის დირექტორი: მადონა ხარებავა პროექტის კოორდინატორი: ლალი ესებუა Project Director: Madonna Kharebava Project Coordinator: Lali Esebua ავტორ-შემდგენლები: მადონა ხარებავა ლალი ესებუა მანანა გალუაშვილი რუსუდან ტაბატაძე ნონა ქობალია ბაკურ გოგოხია ივეტა წითაშვილი იასონ (იასე) ჯიქია ხათუნა ხუბუტია Co-authors: Madonna Kharebava Lali Esebua Manana Galuashvili Rusudan Tabatadze Nona Kobalia Bakur Gogokhia Iveta Tsitashvili Iason (Iase) Jikia Khatuna Khubutia ყდის დიზაინი და დაკაბადონება: გიორგი ბაგრატიონი Cover Disign and Layout: Giorgi Bagrationi მხატვარი: ზურაბ სულაკაური Artist: Zurab Sulakauri ბროშურა ვრცელდება უფასოდ The brochure is disseminated free of charge © ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია – დეა, 2009 © Association of Disabled Women and Mothers of Disabled Children – DEA, 2009 გამომცემლობა „ნეკერი“, 2009 Publishing House „Nekeri“, 2009 |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე გამოცემის რედაქტორი და ავტორ-შემდგენლები მადლიერებას გამოვხატავთ ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიმართ, რომელთა ფინანსური მხარდაჭერითაც ხორცილდება პროექტი.
მადლობას ვუხდით გაეროს ბავშვთა ფონდს წინამდებარე გამოცემის ფინანსური მხარდაჭერისთვის.
მადლობას ვუხდით პროექტის ექსპერტებს - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებს ეკატერინე ფოფხაძეს, თამარ რევაზიშვილს, კახა კოჟორიძეს, ტრენერებს - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ბესარიონ ბოხაშვილს და ფსიქოლოგ ნინო გოგიჩაძეს, პროექტის გუნდს გამოცემის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის.
The editor and authors express their sincere gratitude towards European Union and United Nations Children's Fund for financial support to the project.
Many thanks are due to United Nations Children's Fund for supporting publication of the brochure.
We thank project experts - members of Georgian Young Lawyers Association Ekaterine Popkhadze, Tamar Revazishvili and Kakha Kozhoridze, trainers - Executive Director of Georgian Young Lawyers Association Besarion Bokhashvili and Psychologist Nino Gogichadze, as well as project team for their support in developing the brochure
![]() |
2 რედაქტორისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო ბავშვებო,
პროგრესული კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი, მარადიული ოცნებაა ბავშვი იზრდებოდეს სიყვარულითა და სიკეთით აღსავსე გარემოში, ოჯახში, ახლობელ, მზრუნველ და მოსიყვარულე ადამიანებს შორის, ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელ პირობებში, სახელმწიფოს, საზოგადოების მხრივ მისი ღირსებისადმი პატივისცემის ატმოსფეროში, იყოს დაცული ძალადობისგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, მაგრამ, სამწუხაროდ, დღესაც კი, როცა აშკარაა გარკვეული წარმატებები ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები მათი დაცულობისა და განვითარებისათვის, ისევ დაუძლეველი რჩება პრობლემები, რომლებიც ექმნება ბავშვის უფლებებს სიცოცხლისა, სიყვარულისა, პიროვნული განვითარებისა.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ:
სამყაროში ჯერ ისევ მრავლად არიან მშიერი, დევნილი, ობოლი და მიუსაფარი, საომარ მოქმედებათა ზონებში გამუდმებული რისკის ქვეშ მყოფი, სხვადასხვა ნიშნით ჩაგრული (დისკრიმინირებული) ბავშვები.
ამ წუთებშიც, როცა ამ სტრიქონებს კითხულობთ,
სადღაც უამრავი თქვენი თანატოლი იტანჯება უუფლებობისაგან, ტკივილისა და შიმშილისაგან;
ვიღაც ამაოდ ებრძვის სიკვდილსა და ავადმყოფობას უექიმობისა და უწამლობის გამო;
ვიღაც შიშით აჰყურებს ცას, რომელსაც ბომბდამშენები სერავენ;
ვიღაც, დედისაგან მიტოვებული, ელის მას, ვინც გადაარჩენს, გაათბობს, დააპურებს, სითბოსა და სიყვარულს აგრძნობინებს;
ვიღაც გაუბედავად ოცნებობს სკოლაზე, რომელიც მიუწვდომელია მისთვის სხვადასხვა მიზეზით - შეიძლება იმიტომ, რომ ინვალიდობის გამო მიიღო უარი, შეიძლება იმიტომ, რომ თავად თქვა ამაზე უარი, რადგან იძულებულია ბავშვური ასაკისთვის შეუფერებლად მძიმე შრომით არჩინოს ოჯახი.
ანუ:
სადაც სიხარულია, იქ ტკივილია,
სადაც სამართლიანობა, იქ უსამართლობაც,
სადაც ღირსებისა და პატივის დაცვა, იქ ამ უფლებათა ხელყოფისა და დისკრიმინაციის საშიშროება.
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, გამუდმებით ვისწრაფოთ ადამიანის უფლებათა ღრმად გაცნობიერებისა და რეალიზაციისაკენ ყველგან, სადაც ვართ, ყველამ, ვისაც ეს ძალგვიძს და როგორც შეგვიძლია. ეს, მით უმეტეს, ეხება უფლებებს ბავშვისა, რომელიც გარემოებათა გამო, მათ შორის უასაკობის გამო სხვაზე დაუცველია იმდენად, რამდენადაც უფროსებზე მეტად უჭირს თავად დაიცვას თავისი უფლებები.
სწორედ ამას გულისხმობდა ელეონორა რუზველტი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე მისი შექმნის პირველ წლებში, როცა ამბობდა: „მაინც სად იწყება ადამიანის უფლებები? სახლის სიახლოვეს, იმდენად მივარდნილსა და მცირე მიდამოებში, რომ მათ ვერ იპოვი მსოფლიოს ვერც ერთ რუკაზე, თუმცა ეს არის მთელი სამყარო კონკრეტული ადამიანისათვის: გარემო, რომელშიც იგი ცხოვრობს, სკოლა ან კოლეჯი, რომელშიც იგი სწავლობს, ქარხანა, ფაბრიკა თუ ოფისი, რომელშიც იგი მუშაობს. ესაა მიკროსამყარო, სადაც თითოეული მამაკაცი, ქალი და ბავშვი უნდა მიესწრაფოდეს და იბრძოდეს თანაბარი უფლებებისათვის, თანაბარი შესაძლებლობებისათვის, თანაბარი მოპყრობისათვის დისკრიმინაციის გარეშე. და სანამ ადამიანის უფლებები აზრს არ შეიძენს ამ ლოკალურ ადგილებში, მათ არ ექნებათ რაიმე აზრი არსად სხვაგანაც, სადაც არ უნდა იყოს ეს. თუ მოქალაქები არ იზრუნებენ თავიანთი უფლებების დაცვაზე თავიანთი სახლის სიახლოვეს, ამაოა მოლოდინი რაიმე პროგრესისა დედამიწაზე.“
მაგრამ იმისათვის, რომ დაიცვა შენი და სხვისი უფლებები, უნდა იცნობდე მათ, რაც, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის ასე. წინამდებარე ბროშურის გამოცემის იდეაც ამ მოსაზრებით არის ნაკარნახევი.
მასში განხილულია თქვენი უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, რომელთა დეკლარირება და დაცვა წარმოადგენს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის არსებით მიზანს.
ჩვენ შევეცადეთ, ბროშურაში წარმოგვედგინა არა მხოლოდ კონვენციის არსი და მისი მუხლობრივი განმარტება ყველა ასაკის ბავშვისთვის გასაგები ენით, არამედ თქვენი თანატოლების უფლებრივი მდგომარეობა შორეულ წარსულსა და აწმყოში, უკეთესი მომავლის პერსპექტივები, რომლის საწინდარია გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა, მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებრიობის, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მზარდი მისწრაფება ბავშვთა უფლებების დაცვისა და ამ კონვენციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმართულ სხვა დოკუმენტებში დეკლარირებული პრინციპების რეალიზაციისაკენ.
ბროშურაში ნახავთ ცნობებს ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის, მისი კეთილი ნების ელჩების შესახებ, სხვა პუბლიკაციებს ბავშვის უფლებების დაცვის სხვადასხვა ასპექტებზე, მათ სამართლებრივ და რეალურ მდგომარეობაზე, აქვე იპოვით პასუხებს ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ კითხვებზე კონვენციის ცალკეულ დებულებებთან კონტექსტში. გთავაზობთ მცირე ისტორიულ ექსკურსს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შორეულ და ახლო წარსულში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და, მათ შორის, საქართველოში... ცხოვრებისეულ ისტორიებს, რომელთაც საკუთარ თავზე მოგვითხრობენ თქვენი თანატოლები ან მათ ბედზე მოფიქრალი ადამიანები, აგრეთვე, მცირე ლექსიკონს, რომელშიც განმარტებულია ტერმინები, რომელთაც ბროშურაში შეხვდებით.
ბროშურა დაგეხმარებათ გაეცნოთ თქვენს უფლებებს და ირწმუნოთ, რომ ცხოვრება დისკრიმინაციისა და ძალადობის გარეშე არ არის მხოლოდ ოცნების საგანი, თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ ამის მიღწევაში საკუთარი და სხვათა უფლებების დაცვითა და პატივისცემით, რაც ფაქტობრივად ერთი და იგივეა, რადგან გზა პიროვნების დაცულობისკენ, ღირსეული ცხოვრებისა და თვითრეალიზაციისაკენ ჰარმონიზებულ საზოგადოებრივ და ადამიანურ ურთიერთობებზე, ჭეშმარიტი ფასეულობების გათავისებაზე, საერთო ღირებულებებსა და სახელმწიფოს დემოკრატიულობის მაღალ ხარისხზე გადის.
რაც შეგვეხება უფროსებს, როგორც ინკლუზიური განათლების ცნობილი სპეციალისტი, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი და ჩვენი ასოციაციის მეგობარი მირიამ შერტენი გვწერდა, „უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები, უკლებლივ ყველა ბავშვი - ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა: ისინი იმსახურებენ პატივისცემასა და დაფასებას იმისათვის, როგორებიც არიან და არა იმისათვის, თუ როგორები შეიძლება გახდნენ ერთ მშვენიერ დღეს. უფროსები ხშირად ფიქრობენ, რომ მათ უკეთ იციან, რა სჯობს ბავშვისთვის, მაგრამ იციან კი ეს ნამდვილად?“
მაშ, რატომ ვცდილობთ ასე ხშირად, რომ ბავშვები ჩამოვაყალიბოთ ჩვენი შეხედულებისამებრ და ჩვენნაირებად. ამით ხომ ვართმევთ მათ არჩევანს და უფლებას შეინარჩუნონ თვითმყოფადობა. ჩვენი მოვალეობაა უადრესი ასაკიდან მივცეთ ბავშვს საშუალება გამოთქვას და დაიცვას საკუთარი აზრი, თავად აირჩიოს ცხოვრების გზა, და თუ გვგონია, რომ ის ცდება, დავეხმაროთ რჩევით და არა ბრძანებებით, უტყუარი არგუმენტებით, გადარწმუნებით და არა მისი აზრის იგნორირებით. ბევრი ჩვენგანი თავს უფლებას აძლევს „ზემოდან“ ელაპარაკოს ბავშვს და უარს ამბობს მასთან დიალოგზე, რაკი თვლის, რომ თავად მეტი აქვს ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ ამგვარმა ამბიციამ შეიძლება დაგვაბრმაოს და ვერ განვჭვრიტოთ ბავშვის რეალური სურვილები და საჭიროებები.
ბროშურა დაეხმარება უფროსებს ირწმუნონ ბავშვის შესაძლებლობები, რათა უფრო ფაქიზად მიუდგნენ მას, გულისყურით მოეკიდონ და ჩასწვდნენ მის უნიკალობას, სურვილებსა და საჭიროებებს.
ბავშვის უფლებათა კონვენცია არის ორიენტირი არამხოლოდ უფროსებისთვის, რომელთა მოვალეობაა შეუქმნან ბავშვს ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების პირობები, დაეხმარონ მოემზადოს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, იქცეს საზოგადოების სრულუფლებიან წევრად, არამედ თავად ბავშვებისთვისაც, როგორც სახელმძღვანელო მოქმედებისთვის დღეს და ყოველთვის, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების ხვალინდელი დღე.
გაეცანით ბროშურას და დაიცავით თქვენი უფლებები.
მადონა ხარებავა,
ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას
აღმასრულებელი დირექტორი
ადამიანის უფლებები იწყება ბავშვების უფლებებით. საზოგადოება, რომელიც პატივს სცემს ბავშვთა უფლებებს, შესძლებს გახდეს ისეთი საზოგადოება, რომელიც პატივს მიაგებს ადამიანის ყველა უფლებას. |
![]() |
3 From the Editor |
▲ზევით დაბრუნება |
Dear Children,
Eternal dream of progressive society is to let children grow in the environment or family full of love and care, in the environment where they have opportunity to develop peacefully, where the state and society respect their dignity and where they are protected from violence, but unfortunately even today, when we face obvious success in the sphere of children's right protection and countries worldwide take active steps towards their protection and development problems, preventing children from right to life, love and personal development, remain still unsolved.
We all should remember that:
There are still a lot of children in the world who suffer from hunger, military activities resulting in displacement, orphanage, isolation and discrimination on different grounds.
Somewhere lots of your peers struggle with lack of rights, pain and hunger.
Some fight with death and illness in vain and hopeless due to the lack of doctors and medical service.
Some look up into the sky in fear of bombs.
Some, abandoned by their mothers, are waiting for people to save them, feed them, give love and care.
Some dream silently about going to school, which is not available due to many reasons - maybe because of his/her disability the child was not accepted at school, or the child has refused to go to school himself/herself as (s)he has to earn for leaving and work hard, which is not appropriate for the age.
In other words:
You always have pain alongside with joy,
Injustice with justice,
Possibility of discrimination and violence with dignity and respect
Therefore, it is of utmost importance that we strive towards human rights acknowledgement and realization everywhere, everyhow; especially, when it comes to the rights of the child who due to certain circumstances, among them lack of age, are helpless and less protected rather than adults.
This is exactly what Eleanor Roosevelt, Chair of UN Human Rights Commission, meant when she said: „Where do human rights start? Close to home, so remote and small places that you will not be able to find them on the map, although this is the whole world for a certain person: environment where (s)he lives, school or college, where (s)he studies, factory or office, where (s)he works. This is the micro-world where every single man, woman and child should strive to equal rights, equal opportunities and equal attitude without discrimination. Unless human rights are valid in local places, they will not be valid anywhere else. If citizens do not protect their rights around their homes, we cannot expect any progress on the earth.“
But in order to protect your and other people's rights you should be aware of them, which very unfortunately is not always the case. With the very purpose, we decided to publish the brochure, which reflects your rights and basic freedoms declaration and protection of which represents one of the major goals of United Nations Convention on the Rights of the Child.
In the brochure we tried to present the idea of the Convention and article to article description in child-friendly language, as well as legal status of your peers in past and present, perspectives of better future based on United Nations and other international organizations' efforts, increased aspiration of democratic society of the world and State Parties towards protection of children's rights reflected in the Convention on the Rights of the Child, as well as realization of principles declared in other documents on human rights protection.
The brochure also provides information about European Union, UNICEF and other UN agencies, their Ambassadors of Goodwill, other publications on different aspects of children's rights protection, their legal and real status; you will also find answers to the questions regarding children's right protection issues declared in different parts of the Convention. Furthermore, we offer you brief historical information about children's rights in ancient and nearest past in many different parts of the world, among them in Georgia; life stories by your peers and people who care about them, as well as small dictionary explaining the terminology used in the brochure.
The brochure will assist you to be aware of your rights and sure of the face that life without discrimination and violence is not an illusion; as all of you can contribute to achieving this goal through protecting and respecting your own rights, which in fact means the same as the way towards dignity life, self-realization, harmonized human and social relationship, true values and high quality of state democracy lays through protection of individual persons.
While talking about the parents we should remember the words of famous Specialist of Inclusive Education, Professor of Oslo University and friend of our association Miriam D. Skjoten: „We should remember that children, all children, are our biggest treasure; they deserve our respect and appreciation for what they are and how they are and not for what can they become in future. Adults often think that they know better what children want, but do they know it for sure?“
So why we are trying to make children the way we want them to be; thus we deprive their choice and right to own self-esteem. We are obliged to give them opportunity to express and protect their opinions, select the way of life and if mistaken give them advice but not commands through valid arguments or convincing but not ignoring their opinions. Many of us speak to children from „above“ and do not compromise, as we think that we have more knowledge and experience; but such ambitions can be extremely harmful and prevent us from identifying children's real wishes and needs.
The brochure will assist parents believe their children's possibilities in order to be more just towards them, confess their possibilities, wishes and needs.
Convention on the Rights of the Child is not for adults only, who are obliged to create environment for physical and intellectual development for children, assist them to get ready for independent life, become full member of society, but for children themselves as a guide for present and future actions, as they define the future of our country and society.
Get acquainted with the brochure and protect your own rights.
Madonna Kharebava
Executive Director of the Association of Disabled
Women and Mothers of Disabled Children DEA
![]() |
4 ბავშვის უფლებათა კონვენცია ოცი წლისაა |
▲ზევით დაბრუნება |
„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ მსოფლიო მნიშვნელობის იურიდიული დოკუმენტია. იგი მოიცავს ბავშვების როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს. ამ მხრივ მას გამორჩეული ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დოკუმენტებს შორის.
პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელშიც მასშტაბურად აისახა ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის ფუძემდებლური პრინციპები, იყო ბავშვის უფლებათა დეკლარაცია, რომელიც ჟენევის დეკლარაციის სახელითაა ცნობილი და მიღებულ იქნა 1923 წელს, ახლადდაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვების საერთაშორისო კავშირი“ მიერ. ხუთი მუხლისაგან შემდგარი ეს დეკლარაცია დამტკიცდა 1924 წელს ერთა ლიგის მეხუთე ასამბლეაზე. 1948 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო მისი გავრცობილი ვერსია, ხოლო 1959 წელს - ახალი დეკლარაცია, რომელიც ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ათ ძირითად პრინციპს შეიცავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის უფლებების ამსახველი კონკრეტული დებულებანი შესული იყო აგრეთვე ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ თუ ჰუმანიტარული სამართლის იმხანად არსებულ არაერთ დოკუმენტში, რიგმა სახელმწიფოებმა საჭიროდ მიიჩნიეს შექმნილიყო უშუალოდ ბავშვის უფლებების ამსახველი უფრო მრავლისმომცველი დოკუმენტი, რადგან საერთაშორისო საზოგადოების აღიარებით, ბავშვები, როგორც ზრდის პროცესში მყოფი, ფიზიკურად და გონებრივად მოუმწიფებელი ადამიანები, განსაკუთრებულად დაუცველნი შეიძლება იყონ მსოფლიოს უკლებლივ ყველა ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სირთულეების წინაშე.
ამგვარი მოსაზრების სისწორეს ადასტურებდა უამრავი მასალა, რომელიც ბავშვთა მიმართ ჩადენილ უსამართლობასა და ძალადობაზე მეტყველებდა, აგრეთვე, ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი დონე, პრობლემები მათ სამედიცინო მომსახურებაში, ბაზისური განათლების მიღების შეზღუდული შესაძლებლობები. არსებობდა შემაშფოთებელი მონაცემები ბავშვთა ექსპლუატაციის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა პროსტიტუცია და მუშაობა მძიმე შრომით პირობებში, ასევე საპატიმროებში მყოფი, ლტოლვილი და საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ბავშვების შესახებ.
ამ გარემოებამ განაპირობა ის, რომ 1989 წლის 20 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელიც 2008 წლის დეკემბრისათვის მსოფლიოს 193 ქვეყნის მიერ იქნა რატიფიცირებული ანუ გაეროს წევრი ყველა სახელმწიფოს მიერ აშშ-სა და სომალის გარდა (ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვეთავში „ხშირად დასმული შეკითხვები კონვენციასთან მიმართებაში“).
ბავშვის უფლებათა კონვენცია რატიფიცირებულია საქართველოს მიერაც, იგი აქ 1994 წლის 21 აპრილიდან არის ძალაში.
ბავშვის უფლებათა კონვენცია უფრო სრულყოფილად აყალიბებს ბავშვის საჭიროებებსა და მის უფლებებს, რომელთა ამსახველი დებულებები მიმობნეულია ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტებში, იგი სახელმწიფოებს მოუწოდებს, გამოყონ შესაბამისი რესურსები ბავშვთა კეთილდღეობისა და განვითარებისათვის აუცილებელი გარემოს უზრუნველსაყოფად, ასევე შექმნან ბავშვების ძალადობის, ექსპლუატაციისა და მათი სისუსტით ბოროტად სარგებლობისაგან დაცვის საშუალებები.
კონვენციის რატიფიცირებით სახელმწიფო ნებაყოფლობით იღებს პასუხისმგებლობას შეასრულოს კონვენციის მოთხოვნები და უზრუნველყოს მის ცალკეულ დებულებათა ეტაპობრივი განხორციელება.
კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის უფლებები არ არის სამართლიანობისა და ბედნიერებისაკენ მიმავალი ყველა კარის ჯადოსნური გასაღები. ადამიანის უფლებები - მხოლოდ ერთ-ერთია იმ პრინციპებს შორის, რომელიც დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს. |
![]() |
5 ხშირად დასმული შეკითხვები კონვენციასთან მიმართებაში |
▲ზევით დაბრუნება |
რას წარმოადგენს ბავშვის უფლებათა კონვენცია?
ბავშვის უფლებათა კონვენცია არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც აღიარებს 18 წლამდე ასაკის ბავშვების, როგორც ადამიანის უფლებებს. კონვენციაში აღიარებულია, რომ მონაწილე მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა ბავშვი, ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე, სარგებლობდეს სპეციალური უსაფრთხოების მექანიზმებითა და დახმარებით, ხელი მიუწვდებოდეთ ისეთ მომსახურებაზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ჰქონდეთ საკუთარი პიროვნების, შესაძლებლობების და ნიჭის მაქსიმალურად განვითარების, ბედნიერ, მოსიყვარულე და მზრუნველ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა და იცნობდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ თავიანთი უფლებების რეალიზაციაში.
როგორ მოხდა იმის გადაწყვეტა, თუ რა უნდა შესულიყო ბავშვის უფლებათა კონვენციაში?
ბავშვის უფლებათა კონვენციის სტანდარტები შეთანხმებულ იქნა სახელმწიფოების, მთავრობების, მთელი მსოფლიოს არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებების ადვოკატების, იურისტების, ჯანდაცვის სპეციალისტების, სოციალური და განათლების სფეროს მუშაკების, ბავშვის განვითარების ექსპერტების და რელიგიური ლიდერების მიერ. კონვენციის სახით მასზე 10 წლის მუშაობის შედეგად მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს ტრადიციულ და კულტურულ ღირებულებებს ბავშვის დაცვის და ჰარმონიული განვითარების საქმეში. იგი ასახავს მსოფლიოს ძირითად სამართლებრივ სისტემებს და აღიარებს განვითარებადი ქვეყნების სპეციფიკურ საჭიროებებს.
როგორ იცავს ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის უფლებებს?
კონვენცია შეადგენს საყოველთაო სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევადაროთ ბავშვის უფლებები ადამიანის უფლებების სტანდარტებს და მოვახდინოთ შედეგების შეფასება. შეთანხმდნენ რა შეასრულონ კონვენციის სტანდარტები, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას სრულ ჰარმონიაში მოიყვანონ საკუთარი კანონმდებლობა, პოლიტიკა და პრაქტიკა კონვენციის სტანდარტებთან; ასევე, გარდასახონ სტანდარტები რეალობაში უკლებლივ ყველა ბავშვისთვის, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის მოქმედებისგან, რომელიც ხელს შეუშლის ამ უფლებების გამოყენებას ან დარღვევას. სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას პერიოდულად გაუგზავნონ ანგარიში დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარ კომიტეტს საკუთარ ქვეყანაში კონვენციის ყველა უფლების დაცვის სფეროში მიმდინარე პროგრესის შესახებ.
როგორ ახდენს საერთაშორისო საზოგადოება კონვენციის განხორციელების მიმდინარეობის მონიტორინგს და მხარდაჭერას?
კონვენციის აღსრულების მონიტორინგს ახორციელებს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარ საერთაშორისო არჩეულ ორგანოს და ოფისი აქვს ჟენევაში. კომიტეტი კონვენციას მიერთებულ სახელმწიფოთა მთავრობებისგან მოითხოვს რეგულარულ ანგარიშგებას მათ ქვეყნებში ბავშვთა უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, განიხილავს ანგარიშებს, აკეთებს კომენტარებს და მოუწოდებს მონაწილე სახელმწიფოებს მიიღონ სპეციალური ზომები და შეიმუშაონ სპეციალური მითითებები ბავშვის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში კომიტეტი მიმართავს სხვა ქვეყნების საერთაშორისო დახმარებას, ხოლო ტექნიკურ დახმარებას იღებს ისეთი ორგანიზაციებისგან, როგორიცაა, მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF).
როგორია კონვენციაში ასახული ახლებური ხედვა ბავშვის მიმართ?
კონვენციაში მოცემულია მთელი რიგი უნივერსალური სტანდარტებისა, რომელთა დაცვა ევალება ყველა მონაწილე სახელმწიფოს და ასახავს ბავშვის მიმართ ახლებურ ხედვას. კონვენციის თანახმად, ბავშვები არც მშობლების საკუთრებას წარმოადგენენ და არც მოწყალების უმწეო ობიექტებს. კონვენციის ხედვაში ბავშვი არის პიროვნება, ოჯახისა და საზოგადოების წევრი, რომელსაც გააჩნია თავისი ასაკის განვითარების დონის შესაბამისი უფლებები და პასუხისმგებლობა. ბავშვის უფლებების მსგავსი ფორმულირება ხელს უწყობს მთელი აქცენტის გადატანას თავად ბავშვზე. თუკი ადრე დავის საგანი ბავშვის საჭიროებები იყო, ახლა ეს სამართლებრივად სავალდებულო უფლებად იქცა: ბავშვი გახდა უფლების მატარებელი და არა შეღავათების პასიური მიმღები.
რით გამოირჩევა კონვენცია სხვა საერთაშორისო დოკუმენტებისაგან?
კონვენცია:
ძალაშია პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს ერებისთვის, აქედან გამომდინარე, იგი მოიცავს ზოგად ეთნიკურ და სამართლებრივ ნორმებს ბავშვთა მიმართ ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის.
ეს არის პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მიმართულია სახელდობრ ბავშვზე და რომლის მიზანია ბავშვის ადამიანის უფლებების რეალიზაციის პირობების შექმნა და მათი მდგომარეობის განვითარების მონიტორინგი.
კონვენცია მიუთითებს, რომ ბავშვის უფლებები ადამიანის უფლებებია და ამდენად წარმოადგენს არა სპეციფიკურ, არამედ ფუნდამენტალურ უფლებებს, ბავშვის, როგორც ადამიანის, ღირსების განუყოფელ ნაწილს. ბავშვის უფლებები უკვე აღარ განიხილება როგორც ნებაყოფლობითი მოწყალების, სიკეთის პასიური ობიექტი, მას უფლებებთან ერთად აქვს ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, რომელსაც უკლებლივ ყველამ პატივი უნდა ვცეთ და დავაფასოთ.
აღიარებულ იქნა არასახელმწიფო ერთეულების მიერ, მაგალითად, „სუდანის სახალხო ლიბერალური არმიის“ (SPLA) - მეამბოხეთა მოძრაობის მიერ სამხრეთ სუდანში.
წარმოადგენს ბავშვებთან და ბავშვებისათვის მომუშავე მრავალი ორგანიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაერთიანებული ერების სააგენტოების ჩათვლით.
კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის ყველა უფლება თანაბარწილად მნიშვნელოვანია და აუცილებელი და რომ ყველა ბავშვი უსათუოდ უნდა იყოს დაცული.
კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის უფლებების განხორციელება და დაიცვას გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი მონიტორინგის ხელშეწყობის მოთხოვნა.
გამოყოფს და იცავს ოჯახის როლს ბავშვების ცხოვრებაში.
რა ასაკის ადამიანი იგულისხმება „ბავშვში“ კონვენციის თანახმად?
კონვენცია „ბავშვს“ განსაზღვრავს როგორც 18 წლამდე ასაკის პირს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა ამა თუ იმ კანონმდებლობის მიხედვით სრულწლოვანების ასაკი 18 წლამდე ასაკით განისაზღვრება. ცალკეულ შემთხვევაში სახელმწიფოები ვალდებული არიან ერთნაირად განსაზღვრონ დასაშვები ასაკი, მაგალითად, სამუშაოზე დაშვების, სავალდებულო სწავლების დასრულების ასაკი და ა.შ. ხოლო, სხვა შემთხვევებში კონვენცია აწესებს გარკვეულ ლიმიტებს ზედა ზღვარზე, მაგალითად: 18 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილით დასჯის ან სამუდამო პატიმრობის აკრძალვა.
.......სომალი
რამდენმა ქვეყანამ მოახდინა ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიკაცია?
მსოფლიო პრაქტიკაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არცერთი კონვენცია არ ყოფილა იმდენი ქვეყნის მიერ რატიფიცირებული, რამდენის მიერაც ბავშვის უფლებათა კონვენცია; 2005 წლის ნოემბრის მონაცემებით, 192 ქვეყანა გახდა კონვენციის მონაწილე სახელმწიფო.
რომელმა ქვეყანამ არ მოახდინა ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიკაცია და რატომ?
ბავშვის უფლებათა კონვენცია არის მსოფლიო პრაქტიკაში ყველაზე ფართოდ და სწრაფად რატიფიცირებული ადამიანის უფლებების ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოუხდენია მხოლოდ ორ ქვეყანას - სომალისა და ამერიკის შეერთებულს შტატებს. სომალის ამჟამად არ შუძლია გააგრძელოს რატიფიკაციის პროცესი, რადგან ქვეყანას ოფიციალურად აღიარებული მთავრობა არ ჰყავს. ხოლო, რა შეეხება აშშ-ს, მან გამოთქვა სურვილი მიუერთდეს კონვენციას, მაგრამ რატიფიკაცია ჯერ არ მოუხდენია.
სხვა ბევრი სახელმწიფოს მსგავსად, აშშ რომელიმე ხელშეკრულების რატიფიკაციამდე დიდი ხანი განიხილავს და ამოწმებს მას. შემოწმება მოიცავს არსებული კანონმდებლობის და პრაქტიკის შესაბამისობის შეფასებას სახელმწიფო და ფედერალურ დონეზე, რაც შეიძლება რამდენიმე წელს და უფრო მეტ ხანსაც გაგრძელდეს, თუკი ხელშეკრულებაში აღმოჩნდა რაიმე სახის შეუთავსებლობა ადგილობრივ კანონმდებლობასთან ან პროცესმა მიიღო პოლიტიკური სახე. უფრო მეტიც, აშშ-ს მთავრობა განიხილავს ადამიანის უფლებების მხოლოდ ერთ ხელშეკრულებას, ამჟამად კი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ ხელშეკრულებად მიჩნეულია კონვენცია ქალის მიმართ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.
რა ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს ბავშვის უფლებათა კონვენცია და ბავშვის უფლებათა კომიტეტი მონაწილე სახელმწიფოებს?
ბავშვის უფლებათა კომიტეტი ავალდებულებს ყველა ქვეყნის ხელისუფლებას ბავშვთა მიმართ პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში იხელმძღვანელოს კონვენციით. კერძოდ:
შეიმუშაოს ვრცელი ეროვნული გეგმა ბავშვთა უფლებებზე;
ჩამოაყალიბოს მუდმივმოქმედი ორგანო ან შეიმუშაოს მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მთავრობის ყველა სფეროში მიმდინარე საქმიანობების კოორდინაციას, მონიტორინგს და შეფასებას;
უზრუნველყოს ეროვნული კანონმდებლობისს სრული შესაბამისობა კონვენციასთან;
ხელი შეუწყოს ბავშვების „ხილულობას“ მთავრობის მიერ პოლიტიკის შემუშავების პროცესში;
განახორციელოს ბიუჯეტის ადექვატური ანალიზი, რათა განისაზღვროს ბავშვებისთვის დახარჯული საჯარო თანხების ოდენობა და უზრუნველყოფილ იქნას მათი ეფექტური განკარგვა;
უზრუნველყოს სათანადო მონაცემების შეგროვება და მათი გამოყენება იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა ბვშვის მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
უზრუნველყოს სამთავრობო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართული ყველა ადამიანის, ასევე ბავშვებთან და ბავშვის უფლებებზე მომუშავე ყველა ადამიანის გათვითცნობიერება და კონვენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ტრენინგების ჩატარების გზით;
სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის თავად ბავშვების, ჩართვა ბავშვთა უფლებების განხორციელების პროცესში და გათვითცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში;
დამოუკიდებელი დაკანონებული სამსახურის (მაგალითად, ომბუდსმენის სამსახურების, კომისიები და სხვა ორგანოები) ჩამოყალიბება ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით.
რომელ სფეროში მუშაობს ბავშვის უფლებათა კონვენცია ყველაზე ეფექტურად?
კონვენცია ეფექტურად უწყობს ხელს ისეთ პროცესებს მსოფლიოს ყველა კუთხეში, როგორიცაა:
ეროვნულ კანონმდებლობებში ადამიანის უფლებების პრინციპების დანერგვა;
შიდასტრუქტურული და მულტიდისციპლინარული ორგანოების ჩამოყალიბება;
ბავშვთა ეროვნული გეგმების შემუშავება;
ბავშვებისთვის თანამშრომლობის შესაძლებლობის გაფართოება;
ბავშვთა ომბუდსმენების ან ბავშვთა უფლებების კომისიების ჩამოყალიბება;
ბავშვების დაცვის სფეროში განხორციელებული ღონისძიებების შედეგის შეფასება;
საბიუჯეტო თანხების რესტრუქტურიზაცია;
ბავშვის გადარჩენასა და განვითარებაზე ფოკუსირება;
დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პრინციპების დანერგვა/განხორციელება;
ბავშვების საჭიროებების მოსმენა;
ბავშვებისთვის სამართლიანობის სისტემების შემუშავება.
21-ე საუკუნეში მსოფლიოში ყველზე დიდი ფასეულობა ადამიანის უფლებები და თავისუფლებებია, მათი აღიარება და დაცვა წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე დიდ მონაპოვარს. საერთაშორისო თანამეგობრობამ, სახელმწიფომ - პირველ რიგში, საზოგადოებამ თითოეული ადამიანისათვის უნდა უზრუნველყოს თავისუფლება, უსაფრთხოება, მისი ინტერესების დაცვა. ამისათვის იქმნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობები. |
![]() |
6 ბავშვი და ძველი, ძველი სამყარო. . . |
▲ზევით დაბრუნება |
მცირე ისტორიული ექსკურსი
ბავშვის უფლებრივ მდგომარეობას სხვადასხვა ეპოქაში იმ დროისათვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა განსაზღვრავდა, ამა თუ იმ ქვეყნისთვის დამახასიათებელი ყოფა, ადათ-წესები და რელიგიური შეხედულებები. ოჯახი, როგორც თემის, ტომის, ერის, სახელმწიფოს პატარა ნაწილი, ერთგვარი მიკრომოდელი, თავისი არსით, შინაგანი კანონზომიერებითა და კავშირ-ურთიერთობებით იმეორებდა, უფრო ზუსტად, თავის თავში მოიცავდა და ემყარებოდა მის მოწყობას, პრიორიტეტებსა და ღირებულებებს. როგორც ქვემოთ დავინახავთ, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობაც ოჯახში და მის ფარგლებს გარეთ ამის მიხედვით განისაზღვრებოდა, კაცობრიობამ ხანგრძლივი, რთული და წინააღმდეგობით აღსავსე გზა განვლო ბავშვის უფლებების აღიარებამდე იმ სახით, როგორითაც დღეს არის წარმოდგენილი ბავშვის უფლებათა კონვენციაში.
პირველი სახელმწიფოების განვითარების ადრეულ ეტაპზე ბავშვთა უფლებების მიმართ დამოკიდებულების განმსაზღვრელი, ფუძემდებლური პოზიცია იყო უფროსების (პირველ რიგში, მამის) სრული ძალაუფლება პრაქტიკულად ნებისმიერი ასაკის ბავშვზე.
მაგალითად, რომის სახელმწიფოში მამის ძალაუფლება აბსოლუტური იყო. გაიუსის ინსტიტუციაში (II-I ს.ს. ჩვენს ერამდე, წიგნი მე-3, პარაგრაფი 1) მამის ძალაუფლების ინსტიტუტი იხსენიება როგორც რომის მოქალაქეთა მკაცრად განსაზღვრული ეროვნული ინსტიტუტი („ius proprium civium romanorum“), რაც გულისხმობს, რომ ოჯახში გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდა მხოლოდ მამას, ანუ მხოლოდ ის იყო დამოუკიდებელი პირი (personas ui iuris, pater familias“), ხოლო ბავშვები, მათ შორის ვაჟები წარმოადგენდნენ სხვისი სამართლის ობიექტებს (persona ealieni iuris), ამასთან შვილებზე ძალაუფლებაეკუთვნოდა მამას და არა ორივე მშობელს.
ბავშვის სიკვდილ-სიცოცხლის (iusvitae ас necis) საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენდა სახლის მამამთავრის უმაღლეს უფლებამოსილებას და მისი ეს უფლება ძალაში რჩებოდა მთელ კლასიკურ პერიოდში (17 წელი ჩვენს წ. აღ -მდე - 235 წელი ჩვ.წ.აღ-ით).
უპირველეს ყოვლისა, მამის ნებაზე იყო დამოკიდებული, შენარჩუნებოდა თუ არა სიცოცხლე ახალშობილს, მას ჰქონდა უფლება გადაეგდო ან მონად გაეყიდა შვილები სახელმწიფოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ბავშვის ფაქტობრივი მდგომარეობა სამართლებრივის ადექვატური იყო და რომ მამა ხშირად იყენებდა ამ უფლებას პრაქტიკაში, მაგრამ ფაქტია, რომ იგი იურიდიულად აღიარებული იყო როგორც ბავშვის პიროვნებაზე განუსაზღვრელი უფლების მქონე პირი.
ბავშვის სიცოცხლის უფლების შემდგომი განვითარება რომის სამართალში მიმდინარეობს სახლის მამამთავრის აბსოლუტური ძალაუფლების თანდათანობითი შესუსტების ხაზით.
დიონისე ჰალიკარნასელის (30 წ. ჩვ. წ. აღ-მდე) ცნობით, ახალშობილთა გადაგდება (jux exponendi) ჯერ კიდევ რომულუსის მიერ იქნა აკრძალული, „მკვეთრად გამოხატული სიმახინჯის“ შემთხვევების გამოკლებით, თუმცა სავარაუდოა, ამ ცნობაში იგულისხმებოდეს მხოლოდ ტრადიციული სარწმუნოებრივი მიდგომების უარყოფა და არა სამოქალაქო უფლებების სფეროში შეტანილი ცვლილება, რამდენადაც jux exponendi გვხვდება უფრო გვიანდელ ხანაშიც და საბოლოოდ ქრება მხოლოდ რომის იმპერიის ჩამოყალიბების შემდგომ, როცა კონსტანტინეს რიგი ბრძანებულების შედეგად მამა კარგავს შვილის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხის განკარგვის უფლებას და მისი მოკვდინებაც მკვლელობასთან გაიგივებული ხდება.
Vita en ecis que potestas კონსტანტინეს ეპოქაში ვრცელდება მხოლოდ დამნაშავე შვილის დასჯაზე, ყველა სხვა შემთხვევაში სახლეულის წევრის, მათ შორის პირმშოს თვითნებური მოკვდინებისთვის წესდება სიკვდილით დასჯა (poenacullei), მსგავსად სასჯელისა სისხლით ნათესავის მოკვლისთვის (parricidium).
395 წლიდან იზღუდება სახლის მამამთავრის უფლებამოსილება არათუ შვილების, საერთოდ ქვეშევრდომთა დასჯაზე, მკაცრად იკრძალება სასტიკი ზომების მიღება და იფარგლება აღმზრდელობითი შეგონებებითა და სხვა მსუბუქი, არამომაკვდინებელი ფორმებით. იუსტინიანეს კოდექსი „vita en ecis que potestas“-ზე ლაპარაკობს, როგორც დრომოჭმულ წესზე, რომელიც ამ პერიოდისთვის აღარ გვხვდება.
ამავე დროს იწყება მამის დისციპლინარული ძალაუფლების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარება. იმპერატორ ტროიანეს ბრძანებულებით ხელისუფლებას ეძლევა მამის იძულებისა და მისი განუსაზღვრელი ძალაუფლებისაგან შვილის გათავისუფლების უფლება მშობლის მდგომარეობით ბოროტად სარგებლობის შემთხვევაში patria potestas (fr.5. D.37.12).
შესაძლებელი ხდება, აგრეთვე, შვილის მიერ მამის მოქმედების გასაჩივრება მაგისტრატებთან. ამ შეზღუდვების წყალობით, მამის ძალაუფლებამ ბავშვის პიროვნებაზე (patria potestas) იმპერატორ ტროიანეს მმართველობის ბოლოსთვის თითქმის სრულად დაკარგა თავისი პატრიარქალური სიმწვავე.
ბავშვის უფლებაზე მშობლის უფლების პრიორიტეტი აღიარებულია ძველი შუამდინარეთის სამართალშიც, თუ აქ მშობლის მიერ თავისი მამობრივი ძალაუფლების გადამეტება ოჯახში არ არის დასჯადი, ბავშვის დანაშაული უფროსების მიმართ უკიდურესი სისასტიკით ისჯება: „უკეთუ შვილმა მამაზე აღმართოს ხელი, წარეკვეთოს ხელის თითები. თუ შვილობილმა აღმზრდელს ჰკადროს შენ მამაჩემი არა ხარ, შენ - დედაჩემიო, ენა“ (კანონი Х, პარაგრაფი 192-195)
ბავშვის მდგომარეობა ოჯახში არანაკლებ მყიფეა ძველ საფრანგეთში, როგორც ტრადიციული, ადათობრივი სამართლის ქვეყანაში (XVI-XVII სს). მშობლის ძალაუფლება განიხილება როგორც ერთგვარი მზრუნველობა, მფარველობა და პასუხისმგებლობა ბავშვის მორალურ სახეზე ზემოქმედების სხვადასხვა, ზოგჯერ სასტიკი ზომების ჩათვლით, და ასე რჩება ეს მის სრულწლოვანებამდე.
მამის ძლიერი ძალაუფლება შვილებზე საფრანგეთის კანონმდებლობაში დამკვიდრდა რომის სამართლის მიბაძვით, კერძოდ, გვიან შუასაუკუნეებში მამას მიეცა უფლება ურჩი შვილის დატუსაღება ეთხოვა მეფის კარისთვის. 1804 წლის საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის (code napoleon) თანახმად, „ბავშვი ნებისმიერ ასაკში უნდა მორჩილებდეს და პატივს სცემდეს დედას და მამას (პარაგრაფი 371), იგი მათი ძალაუფლების ქვეშაა მანამ, სანამ სრულწლოვანი გახდება და სრულ ქმედუნარიანობას შეიძენს.“ (პარაგრაფი 372).
ამასთან, თუ ბავშვს თექვსმეტი წელი არ შესრულებია, მამას შეუძლია მხოლოდ ითხოვოს მისი დატუსაღება, რადგან საბოლოოდ ეს მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტია. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას არ მოეთხოვება რაიმე წერილობითი დოკუმენტის შექმნა და სხვა ფორმალობის დაცვა, გარდა დაპატიმრების ორდერის გამოწერისა, რადგან ითვლება, რომ ბავშვის პატიმრობაში აყვანისათვის რაიმე ახსნა ან დასაბუთება, თვინიერ მამის მიმართვისა, არ წარმოადგენს აუცილებლობას.
ამ დროის სამართალში მამის ძალაუფლების არსი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც რომის სამართალში აღიარებული მამის განუსაზღვრელი ძალაუფლების („patria potestas“) შესუსტებული ფორმა.
შუასაუკუნეების სამართალი გერმანიაში აღიარებს მამის უპირატეს ძალაუფლებას ოჯახში, მაგრამ იგი არც ისე ფართოა, როგორც, მაგალითად, რომში და უპირატესად ატარებს შვილებზე მკაცრი მეურვეობის ფორმას, რომელიც სუსტდება ან წყდება მათ მიერ თოთხმეტი წლის ასაკს მიღწევის შემდეგ.
ინგლისის საქორწინო-საოჯახო სამართალი (ეტელბერგის სამართალი - VI ს., ინეს სამართალი - VIIს., ალფრედის სამართალი - IX ს. კნუტის კანონები - XI ს.) განსაზღვრავს ოჯახის პატრიარქალურ მოწყობას ანუ მამის ფართო ძალაუფლებას შვილებზე სრულწლოვანების მიღწევამდე.
ძველ ინდოეთში (მანუს კანონები - II ს ჩვ. წ. აღ.-მდე - II ს, ჩვ. წ. აღ-ით) შთამომავლობა, ნახირის მსგავსად მატერიალური დოვლათის ძირითად სახედაა აღიარებული, შესაბამისად დაშვებული იყო შვილის გაყიდვაც, რადგან, მართალია, ეს ცოდვად ითვლებოდა, მაგრამ რაიმე სასჯელი ამისათვის არ იყო დაწესებული. აქვე უნდა ითქვას, რომ ვაჟიშვილის გაყიდვა არ ნიშნავდა მის გაყიდვას მონად, გაჩუქებული თუ გაყიდული ბავშვი იძენდა მემკვიდრის, უარეს შემთხვევაში კი პირდაპირი ნათესავის სტატუსს ახალ ოჯახში. საინტერესოა, რომ ბავშვის კანონიერ მამად ითვლებოდა დედის მეუღლე მიუხედავად იმისა, ვინ იყო მისი ბიოლოგიური მამა, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, შვილი მამობილის დოვლათისათვის დედის მიერ შემომატებული მატერიალური ქონების ნაწილს წარმოადგენდა.
პროტესტანტულ ქვეყნებში, მაგალითად, შვედეთში, შვილის მდგომარეობა ოჯახში განისაზღვრებოდა მოსეს კანონების მიხედვით, რომელთაც შეიცავს ძველი აღთქმის მეორე, მესამე და მეხუთე წიგნები. მათში მოცემულია თეორიული შეხედულება სამართლის აღსრულებაზე ღვთიური სასჯელის სახით. სამართლის ამგვარი გაგება, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა შუასაუკუნეების სამართალზე, ვრცელდებოდა კათოლიციზმის ქვეყნებში.
ასე გრძელდებოდა მეთვრამეტე საუკუნის შუაწლებამდე. მაგალითად, მოსეს მეხუთე წიგნის ოცდამეერთე თავში ვკითხულობთ: „უკეთუ, შვილი ურჩი და შფოთიანი იყოს და არა მორჩილებდეს ხმას მამისა და დედისა, და ისინი სჯიდნენ მას, მაგრამ არა უსმენდეს, მათ აღიყვანონ იგი და მიჰგვარონ ქალაქის უხუცესებს და თქვან: აჰა, ესერა ურჩი და შეუსმინარი შვილი ჩვენი და უკეთუ არა უგდებდეს სასმენელთა თვისთა ჩვენს შეგონებებს და იყოს უქნარა და მემთვრალე“; მაშინ ყოველთა მცხოვრებთა ამის ქალაქისა ქვებით ჩაქოლონ იგი და ასე განაგდონ ბოროტი თვისთაგან და ყოველნი ისრაელნი ისმენდნენ და გულისხმაყოფდნენ ამას.“
ძველი ჩინეთის სამართალი ოჯახის მამის უფლებას განსაზღვრავდა როგორც მბრძანებლისას, მამას შეეძლო გაეყიდა შვილები, გარდა უფროსი შვილისა, რომელიც იმთავითვე სარგებლობდა სხვა ბავშვებისგან განსხვავებული უფლებებით. მშობლებისა და ბებია-ბაბუას მიერ ბავშვის მოკვდინება ცემის შედეგად დაუსჯელი რჩებოდა XIX საუკუნემდე, სასტიკად ისჯებოდნენ ასევე შვილები და შვილიშვილები, რომელნიც ცდილობდნენ გაყროდნენ ოჯახს ან მიეთვისებინათ ოჯახის ქონების რაიმე ნაწილი.
მამის მიერ შვილისთვის რაიმეს მოპარვა არ ითვლებოდა დანაშაულად, მაგრამ სასტიკად ისჯებოდა ოჯახის უფროსი წევრის დასმენა თუნდაც უსასტიკესი დანაშაულის ჩადენისათვის.
საერთოდ, უფროსებისა და უმცროსების მდგომარე ობა ოჯახში ზეგავლენას ახდენდა სასჯელის სიმძიმეზე როგორც ოჯახში, ისე მის გარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის (ლი ძინი, წიგნი I).
არასრულწლოვანი ბავშვები ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში ადათობრივი სამართლის პირობებში მთლიანად იყვნენ დამოკიდებულნი მამაზე, რომელსაც მათზე განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა მინიჭებული
ამ თვალსაზრისით ბიჭების მდგომარეობა დიდად არ განსხვავდებოდა გოგონების მდგომარეობისაგან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბიჭს ჰქონდა უფლება ერთ დროს თავად გამხდარიყო ოჯახის უფროსი ან დაეფუძნებინა ახალი ოჯახი მშობლიური სახლის გარეთ. გარდა ამისა ბიჭზე გადადიოდა წინაპართა საკულტო წეს-ჩვეულებების აღსრულებისა და ტრადიციების გაგრძელების ფუნქცია. მოზარდები მხოლოდ სქესობრივი სიმწიფის ასაკში იძენდნენ გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს, თუმცა ძირითადად მაინც მამის ნებაზე დამოკიდებულნი რჩებოდნენ.
ძველ არაბულ სამყაროში ისლამის გავრცელებამდე მშობლები არასასურველ ახალშობილ გოგონებს თავიდან იშორებდნენ ცოცხლად დამარხვით (რამდენადაც სამეცნიერო პროგრესი იძლევა ჩანასახის სქესის დადგენის საშუალებას, დღეს ჩინეთსა და ინდოეთში გოგონას დაბადებას ხშირად ამჯობინებენ აბორტს.)
ისლამური სამართალი ხასიათდება ადამიანის ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე თეოკრატიული შეხედულებების სიმყარით და აგებულია ყურანის სურებზე. ისევე, როგორც მოსეს კანონებში, ისლამური სამართლის ძირითადი პოსტულატები ემყარება ღვთიურ ნებას: „სიცოცხლე ღვთისგან არის ბოძებული“, ამდენად შარიათი მოითხოვს ადამიანის სიცოცხლის დაცვას იმ დღემდე, სანამ თავად ღმერთი უკუიხმობდეს მას. შარიათი ამ მოვალეობას აკისრებს უფროსებს, რადგანაც ახალშობილი უმწეოა და დაუცველი და არ ძალუძს მოიგერიოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის მოსურნენი“.
ამგვარად, ისლამური სამართლის თანახმად სიცოცხლის უფლება იმთავითვე ვრცელდებოდა ყველა ბავშვზე მიუხედავად სქესისა, რასისა და წარმომავლობისა. წინასწარმეტყველ მაჰმადის დროინდელი ტრადიციის - ჰადისის თანახმად, ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა იყო ბავშვის მოკვდინება იმის შიშით, რომ „მისთვის ლუკმა იქნებოდა გასაყოფი“. ყურანი სასტიკად კრძალავს ჩვილთმკვლელობას, რომელიც, ესოდენ ჩვეულებრივი რამ იყო წარმართულ აზიაში: „გაღარიბების შიშით ნუ მოკლავთ თქვენს შვილებს. ჩვენ დავაპურებთ მათაც და თქვენც. მათი მოკვდინება ხომ უმძიმესი ცოდვაა“. ჩვილთმკვლელობა, როგორც აღვნიშნეთ, ძირითადად ხორციელდებოდა გოგონების მიმართ, რადგან მათი მოვლინება ძველად, როგორც ყურანი გვამცნობს, მამის სირცხვილად და ტვირთად ითვლებოდა. საერთოდ, ბავშვზე ძალადობა როგორც მშობლიურ სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთაც შეუთავსებელია ისლამის მოძღვრებასთან: „ზედმეტი სიმკაცრე მავნეა და მიუღებელი ისლამისათვის.“
მშობლის ძალაუფლება რუსეთშიც ერთობ მკაცრი და ძლიერი იყო, თუმცა ეს უფლება ოფიციალურად არ ვრცელდებოდა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტაზე და ბავშვის მკვლელობა სერიოზულ დანაშაულად განიხილებოდა. 1648 წლის ძეგლისდებით ბავშვის მკვლელობისთვის მამას ერთი წლით პატიმრობა და ეკლესიაში მორჩილად მსახურება ეკისრებოდა, ხოლო მშობლის მკვლელი სიკვდილით ისჯებოდა.
ბავშვის იძულების ფორმა რუსულ ოჯახებში ატარებდა შინ დასჯის ხასიათს. „დომოსტროით“ - ოჯახური მოწყობის წესების კრებულით რეკომენდებული იყო „გაწკეპვლა ნეკნების ჩალეწვამდე“, სახელმწიფო პრინციპულად არ ერეოდა ამაში. ბავშვებს არ ჰქონდათ მშობლებზე ჩივილის უფლება, ამის თუნდაც მცდელობისთვისაც კი დაწესებული იყო „დაუნდობელი გაროზგვა“.
მშობელს შეეძლო შვილის დასჯა ეთხოვა სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ შემთხვევაში საქმის არსში ჩაუხედავად, მხოლოდ მშობლის მიმართვის საფუძველზე უსჯიდა ბავშვს გაროზგვას. მშობელს უფლება ჰქონდა მოჯამაგირედ გაემწესებინა შვილი ან მონაზვნად, ბერად აღეკვეცა მონასტერში, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმსახურები ეწინაღმდეგებოდნენ ამას.
შვილების გაროზგვის უფლებას მამები ოფიციალურად ინარჩუნებდნენ მეოცე საუკუნის ათიანი წლების ბოლომდე, თუმცა ამ უფლებით პრაქტიკული სარგებლობის კლების ტენდენცია უკვე მეთრვამეტე საუკუნიდან შეინიშნებოდა, ამ დროს დაიწყო ბავშვის დასახიჩრებისა და მოკვდინების სასტიკი აკრძალვა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსათვის ადამიანი შვილის მიმართ გამოვლენილი სისასტიკისთვის უფრო მკაცრად აგებდა პასუხს, ვიდრე უცხოს შემთხვევაში, მაგრამ თუკი უნებლიედ შემოაკვდებოდა, მაგალითად, ცემაში, ამისათვის იმაზე ნაკლებად აგებდა პასუხს, ვიდრე სხვათა წინასწარგანუზრახველი მოკვდინებისთვის.
ამავე დროს, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მშობელი მოვალე იყო აღეზარდა შვილი და სრულწლოვანებამდე ეზრუნა მასზე.
ძველ შუამდინარეთში ადამიანის ცხოვრება სრულყოფილად არ ითვლებოდა, თუ რამდენიმე შვილი არ ჰყავდა და ბავშვის გატაცება ან შეცვლა სასტიკად ისჯებოდა. მეფე ჰამურაბის კანონების თანახმად (1792 - 1750 წლები ჩვ წ. აღ - მდე) შვილები ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან ერთად ქონებასა და სიმდიდრეზე მაღლა იდგა.
მეთორმეტე საუკუნის ინგლისში, ჰენრიხ II კანონებში განსაზღვრული იყო, რომ ქორწინების გარეშე დაორსულებული ნებისმიერი ქალიშვილი მოვალე იყო ამის შესახებ ეცნობებინა ხელისუფლებისათვის და, თუკი ამას არ გააკეთებდა და ჩვილი დაიღუპებოდა (მიზეზს არ ჰქონდა მნიშვნელობა), სიკვდილით ისჯებოდა.
საფრანგეთის V-VI საუკუნეების სალიკური სამართლის თანახმად (Lex Salica), ათ წლამდე ასაკის ბიჭის მკვლელს ეკისრებოდა 600 სოლ.-ის გადახდა, ბავშვის დედის საშოში მოკვლისთვის განსაზღვრული იყო 100 სოლის გადახდა.
გერმანიის შუასაუკუნეების ადათობრივი სამართლით, ქალი, რომელიც ბოროტი განზრახვით, მალულად და თავისი ნებით მოკლავდა შვილს ჩანასახშივე, ცოცხლად უნდა დამარხულიყო ან ქვებით ჩაქოლილიყო.
ლიტვის სამთავროში მეთექვსმეტე საუკუნის დამლევს მოქმედ კანონებში ახალი კონცეფციების გაჩენის კვალდაკვალ ფორმულირებულ იქნა ადამიანის უფლებათა ახალი იერარქია ფასეულობათა მიხედვით, რომელიც უნდა დაეცვა სახელმწიფოს თავისი კანონმდებლობით: ამ იერარქიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ბავშვის უფლებას სიცოცხლესა და განვითარებაზე.
![]() |
7 „ჩჩვილთა და ყრმათათვის...“ |
▲ზევით დაბრუნება |
ბავშვის უფლებრივი მდგომარეობა
ძველი ქართული სამართლის ძეგლებისა და
ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით
ძველ ქართულ სამართალში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობა ნახსენებია საოჯახო სამართლის ნაწილში, რომელიც თავისი არსით ადათობრივ სამართალს შეადგენს და სახლეულის მამისა და შვილების ტრადიციულ ურთიერთობებზეა დამყარებული.
სახლეულის მამა ქართულ ოჯახში განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს, იგია განმსაზღვრელი შვილის დასჯისა და შენდობისა, მისი ცხოვრების წესისა, მისი გადაწყვეტილება გარდუვალია შვილის ქორწინებისა და არჩევანის საკითხში. ძველ ქართულ სამართალში ქალის ქორწინების უდაბლეს ზღვრად ითვლება თორმეტი წლის ასაკი და, თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში დამკვიდრებულ ადათს აკვანშივე დაწინდვისა, უგულვებელყოფილია მისი პირადი აზრი და გრძნობები მისივე ინტერესების დაცვის სახელით.
„მამა იყო ოჯახის თავი, იმისი ნება ყველა ოჯახის წევრისთვის კანონი იყო. იმისის ბატონობის უღელი ყველას ერთნაირად ედვა კისერზე“
„მამა თავისი პიროვნებით შეიცავდა შვილების ნებას და სურვილს. წინააღმდგობას ვერც ქალი და ვერც ვაჟი ვერ გასწევდნენ“. (ვაჟა-ფშაველა, „ფშავლების ძველი სამართალი და საოჯახო წესები“)
ძველი ქართული სამართლის ძეგლების მიხედვით, ადამიანის სიცოცხლე ორ მთავარ ნაწილად იყო გაყოფილი, როგორც „ძეგლისწერაშია“ (68) ნათქვამი, „პირველი იწყებოდა ბავშვის დაბადებით და გასტანდა იმ დრომდე, სანამ იგი „ჰასაკად არ მოვიდოდა“, ამ პირველი ხნის ქალ-ვაჟს „ჩჩვილი“ ეწოდებოდა, მეორე ხანას - „ჰასაკი“ და ადამიანის სიკვდილამდე გასტანდა ხოლმე. „ჰასაკი“ სამ უმთვრეს წლოვანებას შეიცავდა, რომელსაც ეძახდნენ ხოლმე „ჭაბუკაი“, „შუა-კაცი“ და „ბერი“.
სხვა ძეგლების მიხედვით „ჩჩვილს“ ენაცვლება ტერმინი „ყრმა“და ორივე მათგანი ეპოქების მიხედვით უმნიშვნელო მეტნაკლებობით გულისხმობს ასაკს დაბადებიდან 12 წლამდე.
ძველ სამეგრელოში დამკვიდრებული იყო ბავშვის სრულწლოვანების ცნობის რიტუალი, რომელსაც „ტაბლასთან დასმა“ (ტაბაკიშ მიკოხუნაფა) ერქვა. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, ბავშვირომ გარკვეულ ასაკს მიაღწევდა, ოჯახში სრულდებოდა საგანგებო რიტუალი მისი უფროსების ტაბლასთან დასმისა და ოჯახის სრულუფლებიან წევრად (ფანიას მაკათურად) აღიარებისა. ამ დღეს მთელი ოჯახი უქმობდა და დღესასწაულობდა. საგანგებოდ ამ რიტუალისთვის მარანში ინახებოდა ბიჭუნაზე შესახელებული პატარა ქვევრი „ოდუდია“, იკვლებოდა გოჭი ან სხვა ზვარაკი, ოჯახის მამა გობზე დააწყობდა სანთელ-საკმეველს, ნაკვერცხლებს, რიტუალურ კვერებს და ოდუდიას ილოცებდა თავმოხდილ ქვევრთან. მერე ყმაწვილს პირველად დასვამდნენ უფროსების ტაბლასთან - პატარები, როგორც წესი, ცალკე სხდებოდნენ - და ამის შემდეგ მას უფლება ჰქონდა წილი დაედო საუფროსო საქმეებში, წირვა-ლოცვა იქნებოდა ეს, ტირილსა და ქორწილში წასვლა თუ საველე სამუშაოებში მონაწილეობა.
საინტერესოა, რომ განსხვავებული იყო მშობლის მიდგომა ქალ-ვაჟის მიმართ, ძველ საქართველოში შვილად მხოლოდ ვაჟი იხსენიებოდა, გოგონას არაშვილი ერქვა, გამომდინარე იქიდან, რომ შვილი და მემკვიდრე, გვარის გამგრძელებელი იდენტური ცნებები იყო. ვაჟს, ეპოქის შეხედულებებიდან გამომდინარე, ოჯახში მეტი პრივილეგიები ჰქონდა, ვიდრე გოგონას, მაგალითად, სტუმარ-მასპინძლობის, უფროს-უმცროსობის პატრიარქალური ადათის თანახმად, ოჯახში უმცროსი გოგონა დაჩოქილი ბანდა სტუმარს, მამასა და ძმებს ფეხებს დაძინების წინ. ამიტომ უმცროს გოგონას ფეხის მბანელის (კუჩხიშ მაბონალი) სახელით იხსენიებდნენ საზოგადოდ ოჯახში.
ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისათვის საგულისხმოა ქართული აგიოგრაფიის ერთ-ერთი უძველესი ძეგლი „წამებაი ყრმათა წმიდათაი რიცხვით ცხრათაი კოლაელთაი“, რომელშიც, როგორც ივანე ჯავახიშვილი ამბობს, „ქართული სამართლის ისტორიისათვის ისეთი ცნობები მოიპოვება, რომელთაც მკვლევარი გვერდს ვერ აუქცევს. ერთი ცნობა ამტკიცებს, რომ მშობლებს თავიანთ შვილებზე განუსაზღვრელი უფლება ჰქონიათ მინიჭებული ისე, რომ მთავარი, რომელსაც მშობლებმა მათი შვილების გაქრისტიანების ამბავი შესჩივლეს, მშობლებს უპასუხებს: „შვილნი თქუენნი არიან, ხელმწიფებაი გაქუს, უყავით, რაიცა გნებავთ.“
სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩაქოლა სოფელმა მშობლების მონაწილეობით ქრისტიანობის გზაზე შემდგარი უწლოვანი ბავშვები, „სიმრავლემან ერისამან დაჰკრიბეს ქვაი ვიდრემდის აღავსეს ხნარცუ იგი და დაფარნეს ქვითა წმიდანი იგი გუამნი მათნი და მიწაი იგი აღმოთხრილი მიასხეს ზედა კერძო მათსა“.
სარწმუნოებრივ შეხედულებებთან კავშირშია განსახილველი ყრმათა მსხვერპლად შეწირვის ტრადიცია წარმართულ კოლხეთში, კერძოდ, ჭყონდიდის მუხის კულტთან დაკავშირებული რიტუალი, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა პირველშობილი, ჩვრებში გახვეული ჩვილის შეწირვა ტოტზე დაწვენით და მისი მინდობა ბედისთვის სხვა შვილების საკეთილდღეოდ.
ქართულ სინამდვილეს ისევე, როგორც მრავალი ქვეყნისას, სამარცხვინო ლაქად აჩნია ტყვეთა სყიდვის პრობლემა, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, ბავშვებით ვაჭრობას გულისხმობდა და რომელშიც ცალკეულ შემთხვევებში მათი ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ. ბევრ თქვენგანს წაუკითხავს ქართველი მწერლის უიარაღოს ცნობილი მოთხრობა „მამელუკი“ ან უნახავს მისი ეკრანიზაცია და დაფიქრებულა, თუ როგორ მოხვდნენ მამლუქებსა და იანიჩრებში თქვენი პატარა თანამემამულეები, რომელთათვისაც არავის უკითხავს, სურდათ თუ არა ოჯახს, სამშობლოს მოწყვეტა და რომელთაც მონურ მდგომარეობაში ამყოფებდნენ მონათშემსყიდველები.
ქართული ზნეობრივი კოდექსი მუდამ გმობდა ბავშვისადმი ასეთ მოპყრობას. როგორც ვაჟა-ფშაველას ეთნოგრაფიულ წერილებშია აღწერილი, ფშავში „მამას შეეძლო შვილი მოეკლა დაუსჯელად, „თავ-სისხლს“ იმათ არავინ მოსთხოვდა, თემი იმათ პასუხისგებაში ვერ მისცემდა, მაგრამ ღირსება კი მათი დამცირებული იყო ხალხის თვალში, ყველანი ზიზღით უცქეროდნენ ამგვარს მკვლელსა და „ცოდვიანას“ ეძახდნენ.“
ბავშვის ღირსებისადმი პატივისცემის გასაოცარი ნიმუშია ხევსურთა და არა მარტო ხევსურთა ყოფაში დამკვიდრებული ტრადიციები:
„ხევსური თავის შვილს სიყრმიდანვე სითამამეს, სიამაყეს აჩვევს; მამა თავის დღეში პატარა შვილს ხელს არ დააკარებს, არა სცემს; გაუბამს საუბარს, როგორც დიდსკაცს, მოისმენს იმისგანაც პასუხს და მსჯელობას, როგორც დარბაისელ, გამოცდილ კაცისგან. როდესაც ბალღი სახლში შადის და იქ თუნდ ორმოცი დროული მოხუცებული კაციც იყოს, ყველანი მაშინვე ფეხზე აუდგებიან და მიესალმებიან: - მოხვედი მშვიდობითო! (სახელი) - დასხედით, დასხედით, თქვენც დამხვდით მშვიდობითაო“. (ვაჟა-ფშაველა, „ხევსურები“ საზოგადო შენიშვნები).
ასე აისახა ძველქართული ყოფის ამ სურათში ბავშვის ღირსებისადმი პატივისცემა, რომელიც თანამედროვეობაში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი ბავშვისადმი დამოკიდებულებაში.
იასონ (იასე) ჯიქია
![]() |
8 ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლობრივი განხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 1: ვინ ითვლება ბავშვად?
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სრულწლოვანების ასაკად მიჩნეულია 18 წელი.
„ბავშვი მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას, შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“1, ამიტომაც, კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფომ აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს ბავშვის იმგვარი დისკრიმინაციისაგან დასაცავად, რომელიც უკავშირდება ბავშვის, მისი მშობლების, კანონიერი მეურვეებისა ან ოჯახის სხვა წევრების სტატუსს, საქმიანობას ან მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.
მუხლი 2: დისკრიმინაციის აკრძალვა
უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ადამიანებს განსხვავებული სამართლებრივი სტატუსი ჰქონდათ. იყო პერიოდი, როდესაც ადამიანს თუნდაც მისი კანის ფერის გამო ნივთად მიიჩნევდნენ. საბედნიეროდ, დღესდღეობით ასეთი რამ დანაშაულად ითვლება. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული.
შენი უფლებები დაცულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე შენი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, შენი და შენი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
მუხლი 6: შენ გაქვს სიცოცხლის უფლება
კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ყოველ ბავშვს აქვს სიცოცხლის ხელშეუხებელი უფლება. საქართველოს კონსტიტუცია ერთ-ერთ უზენაეს უფლებად აღიარებს სიცოცხლის უფლებას და აღნიშნავს რომ: „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.“ (მუხლი XX )
ხშირად საგანგებო სიტუაციების დროს იზღუდება ადამიანის უფლება, მაგრამ ადამიანის სიცოცხლის უფლება ეს ის უფლებაა, რომელიც არ შეიძლება შეილახოს საგანგებო თუ საომარი მდგომარეობის დროსაც კი, როდესაც საფრთხე მთელ სახელმწიფოს ემუქრება. საქართველოში სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, გაუქმებულია 1997 წლიდან. მართალია, სიკვდილით დასჯა სასჯელის სახით ჯერ კიდევ გამოიყენება ზოგიერთ სახელმწიფოში, თუმცა კონვენციის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასჯელის ეს ზომა არ იქნეს გამოყენებული 18 წელს მიუღწეველ პირებზე.
კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებული არიან იზრუნონ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და მის ჯანსაღ განვითარებაზე.
სახელმწიფოს უპირველეს საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს ბავშვის კეთიდღეობა, მისი ინტერესების დაცვა, ღირსეული აღზრდა, სრულფასოვანი განვითარება, განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
მუხლი 7: რეგისტრაცია - პირველი „ნაბიჯი“ შენს ცხოვრებაში
ბავშვი დაბადებისთანავე გადის რეგისტრაციას, მას დაბადებისთანავე უნდა ქონდეს სახელი და მოქალაქეობა.
რეგისტრაციით ხდება ბავშვის დაბადების ფაქტის დადასტურება. საქართველოში ბავშვის დაბადების რეგისტრაციას მშობლის განცხადებისა და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე ახდენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.
რეგისტრაციით მშობელი სახელმწიფოს აცნობებს, რომ კიდევ ერთი მოქალაქე მოევლინა ქვეყანას, რომელსაც შესაბამისი ზრუნვა ესაჭიროება სახელმწიფოს მხრიდან. დაბადების მოწმობა - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შენს დაბადებას - აუცილებელია იმისათვის, რომ დაიწყო საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში სიარული, აღრიცხვაზე აგიყვანოს შენი უბნის ექიმმა და ისარგებლო ყველა იმ შეღავათითა თუ მომსახურებით, რომელსაც სახელმწიფო აწესებს.
თითოეული სახელმწიფო ასევე, თავის მხრივ ვალდებულია პრიორიტეტულ ამოცანად დაისახოს სათანადო ზომების მიღება იმისთვის, რომ ბავშვი იცნობდეს თავის მშობლებს, ოჯახურ გარემოცვაში, სიყვარულის, ბედნიერების და ურთიერთგაგების ატმოსფეროში აღიზარდოს.
მუხლი 12: შენ გაქვს უფლება გამოთქვა შენი შეხედულებები და იყო მოსმენილი
შენ გაქვს უფლება ყველა იმ საკითზე, რომელიც შენ გეხება, გქონდეს პირადი მოსაზრება და თამამად შეგიძლია მათი გამოხატვა. ამასთან შენს შეხედულებებს ყურადღება უნდა მიაქციონ შენი ასაკის შესაბამისად. ამიტომაც, გეძლევა შესაძლებლობა გამოხვიდე სასამართლოში და მოგისმინონ, როცა საქმე შენ გეხება, მაგალითად, საუბარია შენს მომავალზე. თუ არ გსურს სასამართლოზე თავად გამოთქვა მოსაზრებანი, შენს უფლებებს დაიცავს შენი წარმომადგენელი.
მუხლი 13: შენ გაქვს გამოხატვის თავისუფლება
ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი ასაკისა, აქვს უფლება ნებისმიერი შეზღუდვის გარეშე თქვას ის, რაც მას სურს, თუ ეს ნათქვამი მეორე ადამიანის უფლებებს ან მის რეპუტაციას არ ლახავს, ანაც, თუ აღნიშნული სახელმწიფოს უშიშროებასა და/ან საზოგადოებრივ წესრიგს არ უქმნის საფრთხეს. მაშასადამე, შენ არ უნდა შეგეშინდეს შენი აზრის თავისუფლად გამოხატვის. ამ უფლებასთანაა დაკავშირებული შენი უფლება, მოიძიო ან სხვას მიაწოდო ყველა ის ინფორმაცია და მასალა, რაც დაგაინტერესებს, მაგალითად ინტერნეტით, ან გაზეთებში გამოქვეყნებული იფორმაცია ან მეგობრისაგან ზეპირად მოყოლილი ახალი ამბები.
მუხლი 14: შენ გაქვს უფლება აირჩიო შენი რელიგია
რელიგიის თავისუფლება - სარწმუნოების თავისუფლად არჩევის, მისი საჯაროდ აღიარების ან აღმსარებლობის შეცვლის უფლება. |
ყველა სახელმწიფო, რომელიც ამ კონვენციაში მონაწილეობს, ვალდებულია პატივი სცეს შენი აზრის, სინდისის და რელიგიური რწმენის თავისუფლებას.
შენს მშობლებსა თუ კანონიერ წარმომადგენლებს (მეურვეებს, მზრუნველებს) უფლება აქვთ შენი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და განხორციელებაში სწორ გზაზე დაგაყენონ და მიგანიშნონ ის მიმართულება, რომელიც საუკეთესო იქნება შენი განვითარებისა და უკეთეს ადამიანად ჩამოყალიბებისათვის.
ზოგჯერ, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს ინტერესების დაცვას, მაგალითად: სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ზნეობისა და ჯანმრთელობის ან სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვას, შესაძლოა, შენი რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება შეიზღუდოს, მაგრამ არ შეგეშინდეს, ეს ხდება მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში, ჩვენს კონსტიტუციაში კი წერია, რომ დაუშვებელია ამ უფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლენა სხვათა უფლებებს არ ლახავს.
მუხლი 16: შენი პირადი ცხოვრება დაცულია
შენ უფლება გაქვს გქონდეს პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი სახლი, აწარმოო მიმოწერა სხვა ბავშვებთან - ზოგადად ადამიანებთან და ამ მოქმედებების განხორციელებისას არავის აქვს უფლება კონკრეტული საფუძვლის - მაგალითად კანონის შესაბამისი მუხლის გარეშე, ჩაერიოს შენს პირად ცხოვრებაში. ასევე არავის აქვს უფლება შელახოს შენი რეპუტაცია და ღირსება უკანონოდ. შენ გაქვს უფლება მიწერო მეგობარს წერილი ისე, რომ დარწმუნებული იყო, რომ მას არავინ უცხო არ წაიკითხავს, დამოუკიდებლად შეარჩიო რომელ მაისურს ჩაიცვამ, ვანილის ნაყინს შეჭამ თუ შოკოლადისას და დარწმუნებული იყო, რომ შენ ამ არჩევანის გაკეთების უფლება გაქვს. იგივე შესაძლებლობები მოზრდილებსაც აქვთ. შენს პირად ცხოვრებას კანონი იცავს.
მუხლი 17: შენ გაქვს შენთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების უფლება
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ანუ ტელევიზიები, რადიოები თუ გაზეთები ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა. ბავშვის უფლებათა კონვენცია იცავს უფლებას, მიიღო შენთვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც შენს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ განვითარებასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები - ტელევიზიით მოწოდებული გადაცემები, რომლებიც მაყურებელს აწვდის ინფორმაციას, ასევე პრესა ანუ ჟურნალ-გაზეთები და ყოველივე, რაც საზოგადოებისთვის ანუ ადამიანთა ფართო მასისთვის წარმოადგენს ინფორმაციის მიღების საშუალებას. |
კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის, საქართველომ უნდა წაახალისონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ შენთვის სასარგებლო ინფორმაციის შექმნა, ასევე ისინი ვალდებული არიან ყველა ზომა მიიღონ იმგვარი ინფორმაციის საწინააღმდეგოდ, რომელიც საზიანოა შენი ფსიქოლოგიური თუ მორალური განვითარებისთვის. მაგალითად: ფილმები, რომლებიც შეიცავენ მძაფრსიუჟეტიან და ამორალურ სცენებს, უნდა გადიოდეს გვიან ღამით, იმ ვარაუდით, რომ ბავშვებს უკვე სძინავთ, დღის საათებში სატელევიზიო ეთერი ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ საკმაო დრო ეთმობოდეს საბავშვო, შემეცნებით გადაცემებს, მულტფილმებს და სხვა. ასევე, აუცილებელია ჩვეულებრივი ჟურნალ-გაზეთების გვერდით იყიდებოდეს საბავშვო ჟურნალ-გაზეთებიც, ანდა დიდებისთვის განკუთვნილი პრესა შეიცავდეს სპეციალურად ბავშვებისთვის მომზადებულ რამდენიმე გვერდს.
ინფორმაციის წყაროებში მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული ენობრივი და ეროვნული უმცირესობების ინტერესებიც, ინფორმაციის წყაროები აუცილებლად უნდა იცავდეს იმ ბავშვების ინტერესებს, რომლებიც ენობრივი (ანუ რა ენაზეც საუბრობენ) და ეროვნული (ანუ რომელ ერსაც მიეკუთვნებიან) თვალსაზრისით ძალიან ცოტანი არიან სხვებთან შედარებით. შესაბამისად უნდა იყოს სპეციალურად ამ კატეგორიის ბავშვებისთვის განკუთვნილი გადაცემები და საკითხავი ლიტერატურა.
მუხლი 18: შენ გაქვს უფლება ოჯახურ გარემოზე
ბავშვის უმთავრესი ინტერესი ოჯახურ გარემოში, ორივე მშობლის მეთვალყურეობის და მზრუნველობის ქვეშ ცხოვრებაა. შესაბამისად, კონვენციის მიერ აღიარებულია ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ დედასაც და მამასაც ზუსტად ერთნაირად მოეთხოვებათ ბავშვის აღზრდაზე პასუხი, ეს ავალდებულებს ორივე მათგანს, თანაბრად მიიღონ მონაწილეობა შვილის საზოგადოებისათვის სასარგებლო პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
კანონიერი მეურვე - პირი, რომელიც იცავს ბავშვის ინტერესებს და მისი ამგვარი მოვალეობა გათვალისწინებულია კანონით.კანონიერი მეურვე შეიძლება იყოს მშობელიც ან სხვა ნებისმიერი პირი - მშობლის მიერ თავისი მოვალეობის სათანადოდ შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში. |
შენ გაქვს უფლება, შენზე ზრუნავდეს ორივე მშობელი თანაბრად ან კანონიერი მეურვეები. მშობლები და კანონიერი მეურვეები პასუხისმგებელნი არიან იზრუნონ შენი ჭეშმარიტი ინტერესისთვის. სახელმწიფომ კი ხელი უნდა შეუწყოს მათ ამაში.
ზემოაღნიშნულის მისაღწევად, კონვენცია ითვალისწინებს სხვა დამატებით გარემოებებსაც და ვალდებულებას აკისრებს ყველა მონაწილე სახელმწიფოს, უზრუნველყოს ისეთი დაწესებულებების ჩამოყალიბება, სადაც შენთვის კომფორტულ გარემოში გაატარებ იმ დროს, როცა შენი მშობლები მუშაობენ.
მუხლი 19: ძალადობა ბავშვის მიმართ აკრძალულია
ექსპლუატაცია - ადამიანის შესაძლებლობების ბოროტად გამოყენება. |
ბავშვის მიმართ რაიმე სახის ძალადობა, შეურაცხყოფა, მისი სისუსტით სარგებლობა, მის მიმართ დაუდევარი და უხეში მოპყრობა, ექსპლუატაცია თუ სექსუალური ბოროტება დაუშვებელია. კონვენცია სასტიკად კრძალავს ყოველივე აღნიშნულს და ყველა სახელმწიფოსგან ითხოვს სათანადო ზომების გატარებას ბავშვის მიმართ ძალადობის თავიდან ასარიდებლად.
ძალადობისაგან ბავშვის დასაცავად შემუშავებულ უნდა იქნას სპეციალური პროგრამები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამგვარი ძალადობის მსხვერპლადქცეულ ბავშვებს და მათზე მზრუნველ პირებს. პოლიციამ უნდა გამოიძიოს ძალადობის ფაქტები და გამოამჟღავნოს დამნაშავეები. უნდა მოხდეს მათი სათანადო დასჯა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი, მკურნალობა, რათა ადგილი არ ქონდეს მათ მიერ ძალადობის განმეორებას.
გვახსოვდეს:
ბავშვის მიმართ ძალადობა არასდროს არის გამართლებული.
ძალადობისაგან ბავშვი არასდროს უნდა იყოს უფროსზე ნაკლებად დაცული.
შესაძლებელია ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან აცილება.
სახელმწიფოს აკისრია მთავარი პასუხისმგებლობა, მხარი დაუჭიროს ბავშვის უფლებას იყოს დაცული, მიიღოს განათლება და ისარგებლოს ჯანდაცვისა და სხვა სახის მომსახურებით. ასევე, მან დახმარება უნდა გაუწიოს ოჯახებს, რათა მათ შვილები უსაფრთხო გარემოში აღზარდონ.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც ბავშვის მიმართ ჩაიდენს ძალადობას.
ძალადობის რისკი უფრო მეტად ემუქრება ბავშვებს, რადგან ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან. ზოგიერთი ბავშვი განსაკუთრებული რისკის წინაშე დგას მისი გენდერული კუთვნილების, ეთნიკური წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობების ან საზოგადოებაში მისი სტატუსის გამო.
ბავშვს უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი აზრი და ეს აზრები გასათვალისწინებელია იმ გადაწყვეტილებების მიღების დროს, რომლებიც შეეხება ბავშვის მიმართ ძალადობის შეწყვეტას.
მუხლი 20:
ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილია უფლება, იცხოვროს მშობლიურ გარემოში, თუმცა ხშირად რეალობა არ გვაძლევს ამ უფლების განხორციელების საშუალებას. ამის გათვალისწინებით კონვენცია ავალდებულებს ყველა მის წევრ სახელმწიფოს, განსაკუთრებული მფარველობა და დახმარება აღმოუჩინოს ყველა იმ ბავშვს, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია ოჯახურ გარემოს ანდა მისი ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე არ შეიძლება დარჩეს ასეთ გარემოში.
სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს ბავშვს სხვა - ოჯახური გარემოს შემცვლელი ზომები, რომლებიც მაქსიმალურად მიახლოებული იქნება ამ უკანასკნელთან. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვებზე მზრუნველობა ისეთი ფორმებით, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ან შვილად აყვანა, უკიდურეს შემთხვევაში კი ბავშვის სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსება, სადაც მასზე იზრუნებენ. (ქუჩის ბავშვების ისტორია)
მუხლი 22:
ბავშვს უფლება აქვს მიიღოს ლტოლვილის სტატუსი ან თუ უკვე მიღებული აქვს ეს სტატუსი სათანადოდ სარგებლობდეს ქვეყნის კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებებით და სამართლებრივი გარანტიებით.
ლტოლვილად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლისთვისაც საქართველო არაა მშობლიური ქვეყანა და რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავის ქვეყანა, რადგანაც იდევნებოდა რასის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების, რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო. პირს ლტოლვილის სტატუსს ანიჭებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. ლტოლვილის სტატუსის მქონეს ეძლევა დროებითი ბინადრობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს ლტოლვილად ცნობილი პირის მოქალაქეობას, მის ვინაობას, საქართველოს ტერიტორიაზე მისი საცხოვრებელი ადგილის მდებარეობას. მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ „ლტოლვილის“ და „დევნილის“ ცნებები. საქართველოს კანონმდებლობით, დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს შიგნით, იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. ე.ი. დევნილს და ლტოლვილს შორის ის ძირთადი განსხვავებაა, რომ დევნილი არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებით გადაადგილდა საქართველოს ტერიტორიის შიგნით, ხოლო ლტოლვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც იძულებით გადაადგილდა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. |
მუხლი 23: დედამიწა ყველასია - ყველას აქვს უფლება იყოს საზოგადოების აქტიური წევრი
კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სრულფასოვნად და ღირსეულად უნდა ცხოვრობდნენ საზოგადოებაში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დაზიანების შედეგად დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, აღენიშნება ჯანმრთელობის მეტ-ნაკლები მოშლა, რაც განაპირობებს შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას და ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას. |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს უფლება აქვს სარგებლობდეს განსაკუთრებული მზრუნველობით, მიიღოს განათლება, სარგებლობდეს უფასო ან შეღავათიანი სამედიცინო მომსახურებით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი პროფესიული და შრომითი საქმიანობისთვის მომზადება და დასვენების საშუალებების შექმნა, რათა ხელი შეეწყოს მისი პიროვნების განვითარებას, იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულუფლებიან წევრად და შეძლოს ღირსეულად ცხოვრება.
სახელმწიფოს ვალდებულება ეკისრება, შექმნას ერთნაირი ცხოვრების პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის და სხვა პირთათვის. ასეთი კატეგორიის ბავშვებისთვის სახელმწიფო აწესებს უფლებების და კანონიერი ინტერესების პრაქტიკული განხორციელების დამატებით საშუალებებს.
მუხლი 24: შენ გაქვს უფლება ხარისხიან სამედიცინო დახმარებაზე
ყველა ბავშვს აქვს უფლება სარგებლობდეს თანამედროვე და ყველაზე უფრო სრულყოფილი სამედიცინო დახმარებით. დაუშვებელია რომელიმე ბავშვს შეეზღუდოს ან ჩამოერთვას ეს უფლება. სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ბავშვის პირველად და პროფილაქტიკურ სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფაზე, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაზე, უზრუნველყოს, მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ დედების ჯანმრთელობის დაცვა, ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.
სამედიცინო დახმარების მიღების უფლება გამომდინარეობს სიცოცხლის უფლებიდან, რომელიც თავის მხრივ ადამიანის ძირითადი, ბუნებითი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ადამიანს აქვს არა იმიტომ, რომ კანონით მიენიჭა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანია.
მუხლი 26:
შენ გაქვს უფლება ისარგებლო ყველა იმ სიკეთით, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან შენთვის არის გამოყოფილი, მათ შორის სოციალური დაზღვევითაც. ამ უფლების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს სიკეთეები ერთგვარ შეღავათს წარმოადგენს და გეძლევა მაშინ, როცა საჭიროებ. ასეთ დროს სახელმწიფო ითვალისწინებს შენსა და შენს რჩენაზე პასუხისმგებელ პირთა შესაძლებლობებს და მდგომარეობას, აგრეთვე, თქვენს ნებისმიერ მოსაზრებას, რომელიც ამ სიკეთეების მიღებას უკავშირდება.
მუხლი 28: შენ გაქვს განათლების უფლება
განათლების მიღების უფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებათაგანია, რაც გაგაჩნია. მის განსახორციელებლად სახელმწიფო აწესებს დაწყებითი განათლების სავალდებულოობას. ანუ ყველა ბავშვი უნდა დადიოდეს სკოლაში. ამასთან იგი უფასოა.
შენ გაქვს უფლება მიიღო როგორც ზოგადი, ისე პროფესიული განათლება, რომელიც შენთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ასევე უნდა იყოს უმაღლესი განათლებაც.
სკოლაში წესრიგის დაცვისას შენი უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, მაგალითად, ადამიანის ღირსება შეუვალია, ანუ არავის აქვს უფლება შენი ღირსება შელახოს და, რა თქმა უნდა სკოლაშიც.
მუხლი 32:
კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შენს უფლებას, იყო დაცული ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც ხელს შეგიშლის განათლების მიღებაში და საფრთხეს შეუქმნის შენს ჯანმრთელობასა და განვითარებას.
კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი კანონები, ხოლო მათ საფუძველზე კი - სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მეშვეობით მოხდება შენი უფლებების მაქსიმალური დაცვა და უზრუნველყოფა იმისა, რომ სამუშაოს შესრულებისას არავინ ისარგებლებს ბოროტად შენი ასაკით, კერძოდ, სახელმწიფომ კანონით უნდა დაადგინოს:
არასრულწლოვანი ადამიანის სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი (საქართველოს შრომის კოდექსიდან გამომდინარე ეს ასაკი 16 წელია, ხოლო მისი მე-4 მუხლის მიხედვით 16 წლამდე ბავშვს მუშაობის დასაწყებად მშობლების, მეურვის ან მზრუნველის თანხმობა სჭირდება);
უნდა დააწესოს თუ რამდენ საათს შეიძლება იმუშაოს ბავშვმა ყოველდღიურად;
სასჯელის შესაბამისი სახეობები მათთვის, ვინც დაარღვევს ამ მოთხოვნებს.
მუხლი 33: ნარკოტიკებთან თამაში ცეცხლთან თამაშია
ამ კონვენციის მონაწილე სახელმწოფოები იღებენ კანონებს, რათა დაგიცვან ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებისაგან და არ მოხდეს შენი ჩაბმა თუ გამოყენება ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების დამზადება-გაყიდვა.
ნარკოტიკი სინთეტიკური და ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა, რომლის მოხმარება იწვევს დამოკიდებულებას. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნარკოტიკების მოხმარება დანაშაულია. |
ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური - ბერძნული წარმოშობის სიტყვაა. „ფსიქო“ ნიშნავს სულს, ხოლო „ტროპია“ ნიშნავს მიმართულებას. ფსიქოტროპულად ჩაითვლება ყველა ის წამალი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ცვლის გუნება-განწყობილებას. |
მუხლი 34: არცერთი ბავშვი არ უნდა იყოს სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი
სახელმწიფოები ყველა ღონეს მიმართავენ, იმისთვის, რათა დაიცვან ნებისმიერი ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციისაგან, კერძოდ, მათ კნონით უნდა აკრძალონ ბავშვის იძულება და დაყოლიება ნებისმიერ უკანონო სექსუალურ ქმედებაზე, სხეულით ვაჭრობა (პროსტიტუცია) და მისი გამოყენება პორნოგრაფიასა და პორნოგრაფიულ მასალებში, ხოლო ყველა ის ადამიანი, რომელიც ასეთ ქმედებას ჩაიდენს ან შეუწყობს ხელს, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.
მუხლი 37: არცერთი ბავშვი არ უნდა იყოს წამების მსხვერპლი
კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ:
არც ერთი ბავშვი არ იყოს წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის მსხვერპლი.
18 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, არ შეიძლება დაისაჯოს სიკვდილით ან მუდმივი თავისუფლების აღკვეთით.
ბავშვის დაპატიმრება, ციხეში მოთავსება უნდა მოხდეს კანონის მიხედვით და რაც შეიძლება მცირე დროით.
ყოველ ბავშვს, რომელიც ციხეში არის მოთავსებული, უნდა მოექცნენ პატივისცემით და განცალკევდნენ უფროსებისაგან აუცილებლობიდან გამომდინარე. ბავშვს უნდა ჰქონდეს ოჯახთან კავშირის უფლება, ეს იქნება წერილის მიწერის თუ პირადად ნახვის საშუალებით.
თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს უფლება აქვს მიიღოს სამართლებრივი დახმარება, ასევე უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და იდავოს მისი თავისუფლების აღკვეთის კანონიერებაზე.
მუხლი 38: კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს განსაკუთრებული დაცვა ესაჭიროებათ
სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დაიცვან და პატივი სცენ შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებულ ბავშვებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.
სახელმწიფოები იყენებენ ყველა ზომას, რომ 15 წელს მიუღწეველმა ბავშვმა მონაწილეობა არ მიიღოს სამხედრო მოქმედებებში.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები თავიანთ შეაირაღებულ ძალებში(ჯარში) არ იწვევნ 15 წელს მიუღწეველ ბავშვებს. ხოლო 15 წელს გადაცილებულ ბავშვებში, რომელთაც არ შესრულებიათ 18 წელი, ცდილობენ შეარჩიონ უფროსი ასაკის ბავშვები.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას, მოუაროს და უპატრონოს შეიარაღებულ კონფლიქტებში მოხვედრილ ბავშვებს.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი - არის იმ წესების ნაკრები, რომელიც მიზნად ისახავს მინიმუმამდე დაიყვანოს ომის შედეგად გამოწვეული ზიანი. ეს წესები განსაზღვრავენ კონფლიქტის დროს მოწინააღმდეგე მხარეთა ერთმანეთის, ასევე საომარ მდგომარეობაში მოხვედრილ მშვიდობიან ადამიანთა მიმართ პასუხისმგებლობის ფარგლებს და ვალდებულებებს, ზღუდავენ მებრძოლ მხარეებს ომის წარმოების სასტიკი მეთოდების გამოყენებაში. ეს წესები აღიარებულია 1949 წელს მიღებული ჟენევის 4 კონვენციითა და მოგვიანებით სხვადასხვა დროს მიღებული 3 დამატებითი ოქმით |
________________
1 „ბავშვის უფლებათა დეკლარაცია“
![]() |
9 არამხოლოდ 23-ე მუხლი . . . |
▲ზევით დაბრუნება |
„სახელმწიფოს ვალდებულება ეკისრება, შექმნას ერთნაირი ცხოვრების პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის და სხვა პირთათვის. ასეთი კატეგორიის ბავშვებისთვის სახელმწიფო აწესებს უფლებების და კანონიერი ინტერესების პრაქტიკული განხორციელების დამატებით საშუალებებს.“ - ნათქვამია ბავშვის უფლებათა კონვენციის ოცდამესამე მუხლში, რომელიც უშუალოდ ეხება უფლებათა რეალიზაციის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას შშმ ბავშვებისათვის, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მათზე ვრცელდება ყველა სხვა მუხლიც თანაბრად მათი თანატოლებისა რაიმე ნიშნით განსხვავების გარეშე.
ცნობისათვის: შშმ ბავშვის უფლებებს კიდევ უფრო განამტკიცებს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია, რომელიც მიღებულია 2006 წელს და ამ დროისათვის რატიფიცირებულია გაეროს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილის მიერ. მიმდინარე წელს კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმაც და მიმდინარეობს მისი რატიფიცირების მოსამზადებელი პროცესი. შშმ ბავშვის უფლებებს უშუალოდ ეხება კონვენციის მეშვიდე მუხლი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები“, რომელშიც ნათქვამია, რომ:
წევრმა სახელმწიფოებმა ყველა ზომებს უნდა მიმართონ, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიერ ადამიანის უფლებებითა და ყველა ფუნდამენტალური თავისუფლებით სხვა ბავშვების თანასწორად სარგებლობა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების უმთავრესი ამოცანა ბავშვის უზენაესი ინტერესის გათვალისწინებაა.
წევრმა სახელმწიფოებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის სხვა ბავშვების თანასწორად უნდა უზრუნველყონ, ერთის მხრივ, მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების რეალიზება, რომლის გათვალისწინება მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად მოხდება და, მეორე მხრივ, მისი ასაკიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დახმარება ამ უფლების განხორციელებაში.
![]() |
10 ბავშვები, რომლებიც სწავლობენ ერთად,სწავლობენ ერთად ცხოვრებას |
▲ზევით დაბრუნება |
„სახელმწიფოები ცნობენ ბავშვის უფლებას განათლებაზე და თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე ამ უფლების თანდათანობით მიღწევის მიზნით ისინი უზრუნველყოფენ ყველა ბავშვისათვის განათლების ხელმისაწვდომობას...“
ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 28
საქართველოში შესაძლებლობათა შეზღუდვის (ინვალიდობის) სფეროში მიმდინარე მოვლენებიდან ერთ-ერთი საგულისხმო და მნიშვნელოვანი მოვლენაა ინკლუზიური განთლების დანერგვის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით სახელმწიფოსთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მუშაობენ და დიდ ძალისხმევას მიმართავენ ათწლეულების მანძილზე შშმ ბავშვთა სწავლების „ტრადიციული“ სქემების გაუქმების, სტერეოტიპულიდან სწორი დამოკიდებულებისკენ აქცენტის გადანაცვლებისა და თანაბარი შესაძლებლობისას თანაბარი უფლებებით სარგებლობის საჭიროების გაცნობიერებისაკენ, „არაფრის კეთების“ ფაზიდან „მოქმედების“ ფაზაზე გადასვლისაკენ.
ყველა ბავშვის სიცოცხლე ერთნაირად ღირებულია და ყველა ბავშვს განათლების მიღების ერთნაირად ხელმისაწვდომობის უფლება აქვს.
ეს, მინიმალური აღიარება... სინამდვილეში?
სინამდვილეშიც ასეა, ოღონდ, სინამდვილის ნეგატივზე რელიეფურად იკვეთება სხვა სურათიც: არაადექვატური, შეზღუდული საგანმანათლებლო გარემო, საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება, ხშირად, დაცინვა, დამცირება, შეურაცხყოფა, ძალადობა, იზოლაცია, ცრურწმენები, რომელსაც დიდი რუდუნებით იგონებს საზოგადოება ამა თუ იმ საგანსა თუ მოვლენაზე, ადამიანთა ამა თუ იმ ფენასა და კატეგორიაზე და ამავე რუდუნებით იჯერებს გამონაგონს.
რამდენჯერ მსმენია, „ჩემს შვილთან არ უნდა ისწავლოს ინვალიდმა ბავშვმა“, „ინვალიდებმა ცალკე უნდა ისწავლონ“, „მათი ადგილი სკოლაში არ არის“, „ჯობია, სახლში დასხდნენ“... არავინ უფიქრდება წარმოთქმულ სიტყვას, რა ტკივილს აყენებს ამით შშმ ბავშვს, მის მშობლებს, როგორ ამახინჯებს შვილის სულს, თანატოლისადმი სიძულვილისა და დაუნდობლობის, სხვაზე აღმატებულობის გრძნობის გაღვივებით. ნაცვლად იმისა, რომ მშობელმა შეასრულოს უპირველესი მოვალეობა - ასწავლოს შვილს სიყვარული, რომლის შემადგენელი ნაწილებია პასუხისმგებლობა, შემწყნარებლობა და ზრუნვა, თანატოლის, და საერთოდ, სხვისი ტკივილისა და სიხარულის გაზიარება, თანადგომა. ეს ყველაფერი სიყვარულშია შერწყმული და, თუ მშობელი უგულებელყოფს და ხელს კრავს შვილის სწორად აღზრდას და სხვისი შვილების სიცოცხლისა და სხვა უფლებების პატივისცემას, საბოლოოდ მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ იგემოს დათესილის მწარე და უგემური ნაყოფი.
შშმ ბავშვების შესაძლებლობების განვითარებისთვის აუცილებელია მათი ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, სხვა თანატოლებთან ერთად სწავლა, თამაში, მეგობრობა. ინკლუზიური განათლება და, საერთოდ, განათლების ხელმისაწვდომობა ერთნაირად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თითოეული ბავშვისთვის. დაუშვებელია რაიმე განსხვავებული ნიშნის გამო ბავშვების გარიყვა საბავშვო ბაღის, სკოლის და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების გარემოდან
ინკლუზიური განათლება არის სამყაროს გასაღები შშმ ბავშვებისთვის და წარმოადგენს სერიოზულ ბერკეტს მთავარი სახელმწიფო ამოცანის „განათლება ყველასათვის“ და „საქართველო სიღარიბის გარეშე“ განსახორციელებლად.
ინკლუზიური განათლების დანერგვა აუცილებელია:
შშმ ბავშვთა პოტენციალის რეალიზაციისა და პიროვნული განვითარებისთვის;
თვითშეფასების დონის ამაღლებისთვის;
სამართლიანობისა და განათლების უფლების თანაბრად განხორციელებისთვის;
განათლების ღიაობისა და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის;
დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის;
განათლების ინსტიტუციური და პროგრამული გარდაქმნებისთვის;
ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის;
სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისთვის;
და ბოლოს, განათლება არის ყველას უფლება - ყველას აქვს თანაბარი უფლება მიიღოს განათლება და ჰქონდეს განათლებისთვის აუცილებელი და საჭირო პირობები.
ბავშვების შეფასებისას საჭიროა დანახვა არა იმისა, რაც მათ არა აქვთ, არამედ მათი ღირსებებისა და შესაძლებლობებისა, როგორც რესურსისა განვითარებისთვის, გაცნობიერება თანაბარი პირობებისა და გარემოს შექმნის აუცილებლობისა როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების ნებისმიერი წევრის მხრივ. სხვისი ღირსებების დანახვა ჩვენი ღირსებაცაა. საზოგადოება უნდა გახდეს უფრო ჰუმანური საერთოდ ყველა მოვლენის მიმართ, რაც არა მხოლოდ ინვალიდობის სფეროში, არამედ ჩვენს გარშემო ხდება და მაშინ არა მგონია, ვინმე უგულისხმოდ მიუდგეს ამ საკითხს.
ბავშვები, რომლებიც სწავლობენ ერთად, სწავლობენ ერთად ცხოვრებას და არავის აქვს უფლება, არც მშობლებს, არც პედაგოგებს და არც საზოგადოების სხვა წარმომადგენელს, შშმ ბავშვებს აუკრძალოს ან ხელი შეუშალოს განთლების მიღებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციასა და დამკვიდრებაში. განათლების უფლება ყველას უფლებაა, ყველა თანაბარია კანონისა და ღვთის წინაშე.
ივეტა წითაშვილი
![]() |
11 საერთაშორისო ორგანიზაციები თქვენი და ჩვენი უფლებებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.1 ევროკავშირი |
▲ზევით დაბრუნება |
(European Union)
ევროკავშირი არის 27 ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს საერთო საზღვრები, ერთიანი სავაჭრო სივრცე, და ერთიანი ვალუტა. ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანებას, როგორც ეკონომიკურ თანამეგობრობას, საფუძველი ჩაეყარა 1957 წელს რომში, 1992 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე ეკონომიკურ თანამეგობრობას სახელი შეუცვალეს და დაარქვეს „ევროკავშირი“.
ევროგაერთიანების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ორგანოს წარმოადგენს ევროკომისია, რომელიც პოპულარიზაციას უწევს და იცავს ევროკავშირის ინტერესებსა და ღირებულებებს, ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის გატარებას ყველა სფეროში, უზრუნველყოფს სახელმწიფოთა ურთიერთობებს პოლიტიკის, ეკონომიკის, კომერციისა და თანამშრომლობის სფეროში.
ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში გაიხსნა 1995 წელს თბილისში. წარმომადგენლობას აქვს სრული დიპლომატიური სტატუსი და მისი როლია უზრუნველყოს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების განვითარება.
ევროკომისია საქართველოში ახორციელებს პროგრამას - ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანების უფლებებისათვის. პროგრამის ძირითადი მიზნებია ხელი შეუწყოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარებას და განმტკიცებას, აგრეთვე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას.
ევროკავშირი მრავალი ათეული წელია მიზანმიმართულად მუშაობს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებითაც როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე ევროპის საზღვრებს მიღმაც, მისი მხარდაჭერით ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ბავშვის უფლებების მხარდამჭერი პროგრამები.
![]() |
11.2 გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო |
▲ზევით დაბრუნება |
(United Nations Organization; შემოკლებით -UN)
გაერო სუვერენულ ერ-სახელმწიფოთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა. ამჟამად გაეროს წევრია 192 სახელმწიფო.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როცა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში, როგორც გაერთიანებული ერების დღე.
გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება. 1942 წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს „გაერთიანებული ერების დეკლარაციას“, რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის სახელწოდება. გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო 3 დიდმა სახელმწიფომ - სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი - 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვის კონფერენციაზე, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ „ერთა ლიგის“ არსებული ორგანიზაცია უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა კაცობრიობისათვის მეორე მსოფლიო ომი.
გაეროს შტაბ-ბინა ქ. ნიუ-იორკში მდებარეობს, ხოლო ოფისები - სხვადასხვა ქვეყანაში. 1992 წლიდან საქართველოში მოქმედებს გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი, რომელიც ქვეყანაში გაეროს სააგენტოებისა და პროგრამების მუშაობას უწევს მეთვალყურეობას.
გაეროს ოფიციალური ენებია: ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური, არაბული და ჩინური. გაერთიანებული ერების ორცანიზაცია ექვსი ძირითადი ორგანოსაგან შედგება. გაეროს სისტემაში შედიან გაეროს დამხმარე ორგანოები: მსოფლიო სასურსათო საბჭო, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და სხვ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად ადამიანის უფლებების სამართლის ჩამოყალიბება ითვლება. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ იქნა ყველაზე მნიშვნელოვანი, გლობალური იურიდიული დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც წარმოადგენს ამოსავალს ბავშვის უფლებების კონვენციისთვის, რომელსაც ეძღვნება წინამდებარე ბროშურა.
ამჟამინდელი გაეროს ერთგვარ წინამორბედსა და ანალოგს წარმოადგენდა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთა ლიგა (League of Nations), რომელიც დაარსდა 1919-20 წლების ვერსალის ხელშეკრულებით. 1935 წელს ერთა ლიგაში 58 სახელმწიფო იყო გაერთიანებული. ერთა ლიგის მიზანი განიარაღება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარება იყო. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობდა ჟენევაში, შვეიცარიაში. არსებობა შეწყვიტა 1946 წელს.
ერთა მშვიდობიანი თანაარსებობის ძირითადი პრინციპები პირველად იყო ჩადებული ემანუილ კანტის პოლიტიკურ ტრაქტატში „სამარადისო მშვიდობისაკენ“, რომელშიც მან პირველად აღწერა მომავალი გაერთიანებული ევროპის კულტურულ-ფილოსოფიური საფუძვლები და ამით გამოხატა ერთა ლიგის შექმნის იდეა, რომელიც გააკონტროლებდა კონფლიქტურ სიტუაციებს და ხელს შეუწყობდა სახელმწიფოთა შორის მშვიდობის შენარჩუნებას.
![]() |
11.3 გაეროს ბავშვთა ფონდი |
▲ზევით დაბრუნება |
UNICEF
Unite for Children
გაეროს ბავშვთა ფონდი (United Nations Children's Fund, UNICEF) - შეიქმნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წელს, როგორც დროებითი ორგანიზაცია ომში დაზარალებული ევროპის ქვეყნების ბავშვთათვის დახმარების გაწევის მიზნით.
1950 წლიდან დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებს განვითარებად ქვეყნებში. 1953 წლიდან იქცა გაეროს ერთ-ერთ ორგანოდ. მისი გამგეობის სამდივნო განთავსებულია ნიუ-იორკში, აქვს წარმომადგენლობები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.
იუნისეფის ოფისი საქართველოში გაიხსნა 1993 წელს თბილისში, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით.
2006-2010 წლების სამოქმედო პროგრამის ფარგლებში UNICEF-ი თანამშრომლობს ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან, რათა უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა, ხელი შეუწყოს მათთვის ძირითადი სამსახურების ხელმისაწვდომობასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
ტექნიკური დახმარების გზით იუნისეფი თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინკლუზიური განათლების პროგრამებში ჩართვის მიზნით.
გაეროს ბავშვთა ფონდი სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მხარს უჭერს პროგრამებს, რომელთა საშუალებითაც ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კვების, სანიტარიის, განვითარების პრობლემები გვარდება.
გაეროს ბავშვთა ფონდი თავისი დიდი დამსახურებისათვის 1965 წელს ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა.
![]() |
11.4 UNICEF-ი და ბავშვის უფლებათა კონვენცია |
▲ზევით დაბრუნება |
როგორ იყენებს UNICEF-ი ბავშვის უფლებათა კონვენციას?
იუნისეფი მუშაობისას ხელმძღვანელობს ბავშვის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული პრინციპებითა და ნორმებით.
UNICEF-ის მისიაში ნათლადაა მითითებული, რომ იგი ვალდებულია „ადვოკატირება გაუწიოს ბავშვის უფლებების დაცვას“ და „ცდილობს ჩამოაყალიბოს ბავშვების უფლებები როგორც ბავშვების მიმართ დამოკიდებულების ეთიკური პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები“. UNICEF-ი ხელს უწყობს კონვენციის პრინციპებისა და ნორმების პოპულარიზაციას, ახორციელებს ბავშვთა უფლებების პროგრამების ადვოკატირებას, მონიტორინგს და შეფასებას.
კონვენციით იუნისეფს ენიჭება მონიტორინგის განსაკუთრებული როლი. გარდა იმისა, რომ იუნისეფი კომიტეტს აწვდის რჩევებს, ის მონაწილე სახელმწიფოებში აწარმოებს სოლიდურ კონსულტაციებს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს ანგარიშების სიზუსტე და ზეგავლენის ხარისხი.
ბავშვის უფლებათა კონვენცია წარმოადგენს UNICEF-ის მიერ მიღწეული შედეგების გაზომვის მექანიზმს. ადამიანის უფლებების მიდგომის ინტეგრაცია UNICEF-ის მუშაობის ყველა სფეროში განგრძობითი პროცესია, რომელიც მოიცავს მისი განვითარების გეგმის ჩარჩოების გაფართოებას. ბავშვის გადარჩენასა და განვითარებაზე ფოკუსირების გარდა UNICEF-მა უნდა განიხილოს და გაითვალისწინოს ყველა ბავშვის მდგომარეობა, უკეთ გაანალიზოს ეკონომიკური და სოციალური გარემო, პრობლემაზე უკეთ რეაგირების მიზნით გააუმჯობესოს თანამშრომლობა პარტნიორებთან (თავად ბავშვების ჩათვლით), ხელი შეუწყოს ინტერვენციებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ და იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
![]() |
11.5 გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩები |
▲ზევით დაბრუნება |
იუნისეფის კეთილი ნების ელჩი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დახმარების საგანგებო საერთაშორისო ფონდის საპატიო წოდება. პირველად „თავისუფალი ელჩის“ წოდება 1954 წელს მიენიჭა ამერიკელ მსახიობს დანი კეის. სხვა ცნობილი ადამიანები კი მათი ინეტერესების, პროფილისა და სურვილის შესაბამისად მოქმედებდნენ როგორც საერთაშორისო, რეგიონალური და ნაციონალური ელჩები. პროგრამის (კეთილი ნების ელჩი) მიზანს წარმოადგენს პოპულარულ ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი პოპულარობა იუნისეფის ბავშვის უფლებების დაცვაზე მიმართული საქმიანობისადმი ყურადღების მისაპყრობად და არსებული პრობლემების გადასაწყვეტად. ეს შეიძლება გამოიხატოს იუნისეფის ინტერესების დაცვაში საჯარო გამოსვლებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობის სახით.
სხვადასხვა დროს იუნისეფის კეთილი ნების ელჩებს წარმოადგენდნენ ოდრი ჰეპბერნი, შაკირა, ბექჰემი, ჯეკი ჩანი, რიკი მარტინი და სხვები.
რიკი მარტინი
რიკი მარტინი unicef-ის კეთილი ნების ელჩია და აქტიურად არის ჩაბმული ბავშვთა სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში
„მე მუშაობა ცხრა წლის ასაკში დავიწყე, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო“, განაცხადა რიკი მარტინმა. „ამ ბავშვებს არა აქვთ არჩევანის შესაძლებლობა. ისინი იძულებით ხდებიან მონობის მსხვერპლნი“. ბავშვების ტრეფიკინგი არის გლობალური პრობლემა, რომელიც ძალიან ბევრ ბავშვს შეეხო. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით წელიწადში ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა ბავშვებში 1.2 მილიონს აჭარბებს. ხშირ შემთხვევაში ბავშვები და მათი ოჯახის წევრები ვერ ათვითცნობიერებენ ტრეფიკინგის საშიშროებას, რადგან ჰგონიათ, რომ დასაქმებისა და ცხოვრების უკეთესი პირობები მხოლოდ საზღვარგარეთაა.
დედოფალი რანია
მისი აღმატებულება იორდანიის დედოფალი რანია, მსოფლიო ბავშვთა გულმოდგინე და გამოკვეთილი დამცველი, 2007 წლის იანვარში დაინიშნა unicef-ის პირველ ბავშვთა საპატიო დამცველად.
დედოფალი რანია დიდი ხნის მანძილზე მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა unicef-ს და მის პროგრამებს იორდანიასა და მთელს მსოფლიოში. იგი თან ახლდა unicef-ს პაკისტანში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, ინდოეთის სასწავლო ცენტრებში, არგენტინის, ბრაზილიისა და მაროკოს სკოლებში, რათა მხარი დაეჭირა ყველა ბავშვის, განსაკუთრებით, გოგონების უზრუნველყოფისთვის ხარისხიანი განათლებით.
დედოფალი რანია ცნობილია თავისი საჯარო მოწოდებებით ყოველთვის, როდესაც ბავშვთა უსაფრთხოებას საერთაშორისო კრიზისი ემუქრება. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მისი საჯარო მოწოდებები 2008 წლის ღაზას კონფლიქტთან დაკავშირებით: „ჩვენი ადამიანობა არასრულფასოვანი ხდება, როდესაც ბავშვები, განურჩევლად ეროვნული წარმომავლობისა, სამხედრო ოპერაციების მსხვერპლნი ხდებიან“ - განაცხადა მან.
იორდანიაში დედოფალმა თავისი მისიის განხორციელება დაიწყო საქმიანობით, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. მან, როგორც საოჯახო საქმეთა ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა, შეიმუშავა ბავშვთა საკითხების გადაწყვეტაზე მიმართული ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესება ჯანდაცვის, ზოგადი განათლების და ძალადობის, ექსპლუატაციისაგან დაცვის უზრუნველყოფის გზით.
ბავშვების განათლების შესაძლებლობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით მან ასევე დანიშნა სპეციალური პრემია თავის სამშობლოში. 2007 წელს კი დაიწყო „მადრასატის“ განხორციელება, რაც გულისხმობს საჯარო სკოლების რეაბილიტაციას საჯარო, კერძო თუ არაკომერციული ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით.
უფრო მეტიც, დედოფალი რანია ჩართულია იორდანიის საგანმანათლებლო ინიციატივაში, რომელიც 2003 წელს დაიწყო და წარმოადგენს ინოვაციურ ინტერნეტსწავლების პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს განათლების შესაძლებლობების გაზრდას ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს ინიციატივა გადაიღეს ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმაც.
დასასრულ დავძენთ, რომ დედოფალი რანია დაიბადა ქუვეითში, წარჩინებულ პალესტინური წარმომავლობის იორდანიულ ოჯახში. ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იორდანიაში დაბრუნებულმა კარიერა შეიქმნა ჯერ საბანკო საქმეში, ხოლო შემდეგ საინფორმაციო ტექნოლოგიის სფეროში სცადა ბედი.
მისმა აღმატებულებამ მეფე აბდულა ბინ ალ-ჰუსეინმა დედოფალ რანიაზე იქორწინა 1993 წელს. მათ ჰყავთ ოთხი შვილი.
შაკირა მაბარაკი
მსოფლიოში ცნობილი მომღერალი შაკირა მაბარაკი ბავშვების ერთგული დამცველია. იგი 2003 წლის 24 ოქტომბერს დაინიშნა unicef-ის კეთილი ნების ელჩად.
შაკირას სწამს, რომ როგორც ხელოვანს შეუძლია ხელი შუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების საკითხებში „მე მიმაჩნია, რომ მოვალე ვარ ვისარგებლო შესაძლებლობებითა და პოპულარობით, რომელიც არტისტულმა კარიერამ მომიტანა, რათა ხალხის ყურადღება მივაპყრო რეალურ პრობლემებს რეალურ სამყაროში და გავიღო წვლილი მათი გადაჭრის რეალური გზების პოვნაში. დარწმუნებული ვარ, დედამიწა უფრო მიმზიდველი გახდება საცხოვრებლად, თუ ყოველი ჩვენგანი იტვირთებს პასუხისმგებლობას სხვისი ბედისთვის.“
შაკირა არის დამფუძნებელი „Pies Descalzos“ ფონდისა, რომელიც მის მშობლიურ კოლუმბიაში ეხმარება ადგილნაცვალ და მარგინალურ ბავშვებს სრულფასოვანი განათლების მიღებაში. გარდა საგანმანათლებლო აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე მიმართული პროექტებისა, ფონდი ბავშვებს ამარაგებს საკვებით და დამატებითი საგანმანათლებლო საქმიანობებით ხელოვნების, მუსიკის და რეკრეაციულ სფეროში; ასევე ოჯახებს უქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
შაკირა არის ასევე დამფუძნებელი „Barefoot“ ფონდისა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მუშაობს განათლების უნივერსალურ ხელმისაწვდომობაზე, და თანადამფუძნებელი ALAS-ისა, რომელიც იშიფრება როგორც ლათინოამერიკელი მომღერლებისა და ბიზნესმენების მოძრაობა, რომელიც მუშაობს ადრეული ასაკის ბავშვების განვითარებაზე.
შაკირამ, როგორც კეთილი ნების ელჩმა, საჯარო მოხსენებების, თანხების მოძიებაში მონაწილეობის და unicef-ის ეროვნული კომიტეტის ეგიდით განხორციელებული სხვა საქმიანობების მეშვეობით ხელი შეუწყო unicef-ის საქმიანობების პოპულარიზაციას და მოსახლეობის გათვითცნობიერების დონის ამაღლებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა HIV/შიდსი, განათლება და ბავშვის დაცვა.
ბარანქუილაში, კოლუმბიაში დაბადებული შაკირა ადრეული ასაკიდან ავლენდა თავის შესაძლებლობებს. პირველი ალბომი ჩაწერა 1991 წელს, 14 წლის ასაკში. ორი წლის შემდეგ კი მესამე ადგილი აიღო ჩილეს ვინა დელ მარის საერთაშორისო ფესტივალზე.
მას შემდეგ, რაც მისი პოპულარობა გაიზარდა, შაკირა მიიწვიეს MTV-ს ესპანურ არხზე და 2001 წელს მიიღო პირველი გრემი საუკეთესო ლათინოამერიკული პოპალბომისთვის, ხოლო 2006 წელს - მეორე გრემიც.
შაკირას სხვა პრიზების სიაში შედის რამდენიმე ლათინური გრემის ჯილდო, 2006 წლის ამერიკის მუსიკალური ჯილდო „საყვარელი ლათინოშემსრულებელი“ და 2007 წლის ჯილდო „ხალხის არჩევანი“. მუსიკოსს ბევრი წარმატებული მუსიკალური დუეტი აქვს ჩაწერილი, ასევე შექმნა ორი მუსიკალური კომპოზიცია კინოფილმისთვის Love in the Time of Cholera, რომელიც გადაღებულია გაბრიელ გარსია მარკესის ნაწარმოების მიხედვით.
შაკირა ცხოვრობს ბაჰამის კუნძულებზე.
დევიდ ბექჰემი
ფეხბურთის ბრიტანელ ვარსკვლავს დევიდ ბექჰემს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში მოედანზე განხორციელებული ბრწყინვალე მოძრაობებისა და მძლავრი დარტყმების გამო. 2005 წლის 10 იანვარს ინგლისის გუნდის ყოფილი კაპიტანი დაინიშნა unicef-ის კეთილი ნების ელჩად სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში.
ბექჰემმა unicef-ის ელჩობა მაშინ დაიწყო, როცა „მანჩესტერ იუნაითედის“ საფეხბურთო კლუბში თამაშობდა. 1999 წლის ნოემბერში გუნდმა „unicef იუნაითედის“ სახელით დაიწყო თანამშრომლობა გაერთიანებული სამეფოს კომიტეტთან, რათა მოეზიდა თანხები unicef-ისთვის და გაევრცელებინა მის მისიასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ბექჰემი და მისი გუნდის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ unicef-ის კამპანიებსა და თანხების მოძიების საქმიანობებში განათლებისა და რეკრეაციული პროგრამების ჩამოსაყალიბებლად, რაც მოიცავდა ბავშვებისთვის ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობას მთელს მსოფლიოში.
2001 წლის ივლისში ტაილანდში სეზონური ტურის დაწყებამდე ბექჰემი გაემგზავრა unicef-ის მიერ დაფინანსებულ კრედტრაკარნის ცენტრში, სადაც იგი შეხვდა ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის მსხვერპლ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს.
ელჩად დანიშვნის პირველივე დღეებში ბექჰემი ეწვია unicef-ის კოპენჰაგენის მარაგების (რეზერვების) განყოფილებას, რათა ენახა, თუ რა კეთდებოდა 2004 წლის ინდოეთის ოკეანის ცუნამის მიერ დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად. ამასთან დაკავშირებით ბექჰემმა გააკეთა სატელევიზიო ფანდრაიზინგ მიმართვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კამპანიისთვის.
ბექჰემი ასევე შეუერთდა კამპანიას „გავერთიანდეთ ბავშვებისთვის, გავერთიანდეთ შიდსის წინააღმდეგ“ და მის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მთელ რიგ სარეკლამო კლიპებში. გარდა ამისა, ამ კამპანიის მხარდასაჭერად დევიდ ბექჰემმა და მისმა მეუღლემ ვიქტორია ბექჰემმა unicef-ი შეარჩიეს მათ მიერ 2006 წლის 21 მაისს ორგანიზებული საქველმოქმედო საღამოს ბენეფიციარად.
unicef-ის მხარდამჭერ საქმიანობებს შორის არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ბექჰემის ვიზიტი სიერრა ლიონეში 2008 წელს. ამ ვიზიტით ბექჰემი მხარს უჭერდა unicef-ის 2008 წლის მსოფლიოს სახელმწიფოების ანგარიშს ბავშვთა დაცვის სფეროში, რომელშიც ძირითადად ბავშვების სიკვდილიანობა იყო აქცენტირებული.
დევიდ ბექჰემის არაჩვეულებრივ კარიერას მნიშვნელოვან შტრიხს მატებს ფეხბურთის აკადემიების ჩამოყალიბება ლონდონსა და ლოს-ანჯელესში, რომელთა მიზანია ახალგაზრდა ფეხბურთელთა უნარ-ჩვევების განვითარება.
ჯეკი ჩანი
ცნობილი მსახიობი და მატერიალური ხელოვნების ექსპერტი ჯეკი ჩანი, UNICEF-ის და UNAIDS-ის კეთილი ნების ელჩად დაინიშნა 2004 წლის აპრილში კოლუმბიაში ვიზიტის დროს.
ჩანი, როგორც კეთილი ნების ელჩი, აქტიურად უჭერს მხარს HIV/შიდსის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, აქტიურად უპირისპირდება სტიგმასა და დისკრიმინაციას, რომელიც თან ახლავს ამ პრობლემას და რომლის შედეგსაც განსაკუთრებით მძიმედ იმკიან ბავშვები.
კუნგფუს ქარიზმატულმა და პოპულარულმა გმირმა ელჩად დანიშვნისთანავე გამონახა დრო თავის გადატვირთულ დღის განრიგში, რათა ხელი შეეწყო ბავშვთა კეთილდღეობისთვის.
2004 წელს იგი პირველად ეწვია კამბოჯას, სადაც გაეცნო unicef-ის მიერ დაფინანსებულ HIV/AIDS და ნაღმზე აფეთქებულთა რეაბილიტაციაზე და გათვითცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ პროექტებს. იმყოფებოდა ქალაქებში, რომლებიც ჯერ კიდევ დანაღმულია და დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადგილობრივი ბავშვების და მათი თემისათვის. ჩანი ასევე უშუალოდ შეხვდა HIV/AIDS-ის მატარებელ ბავშვებსა და ახალგაზრდებს.
2005 წლის იანვარში ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე ცუნამის შემაძრწუნებელი კატასტროფის შემდეგ ჩანმა პირადი წვლილი შეიტანა მისი შედეგების ლიკვიდაციის პროცესებში, მან გაიღო შემოწირულობა ნახევარი მილიონი ჰონ-კონგის დოლარის ოდენობით (დაახლოებით 64 000 აშშ დოლარი).
2005 წლის აპრილში კამბოჯაში დაბრუნებულმა გააგრძელა ქვეყანაში არსებული ნაღმების შესახებ მოსახლეობის გათვითცნობიერების დონის ამაღლებაზე მიმართული კამპანია. ამ ვიზიტისას მას თან ახლდა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი ედვინ მოსისი, რომელიც ადგილზე გაეცნო unicef-ის დახმარებით განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებს ნაღმების აღმოჩენის და განნაღმვის სფეროში.
ამავე მისიის ფარგლებში ჩანი unicef-თან ერთად ეწვია ვიეტნამს, HIV/AIDS-ით ინფიცირებული ბავშვების მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით. იგი იმყოფებოდა ვიეტნამის ერთ-ერთ პროვინციაში, სადაც HIV-ით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, პირადად ესაუბრა ბავშვებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც „ემპათიის“ კლუბის რეგულარული წევრები არიან.
ჰანოიში იგი ეწვია პაპ ვან პაგოდას და საკუთარი თვალებით ნახა, თუ როგორ ეხმარებოდნენ ბუდისტი ბერები ამ დაავადებით ინფიცირებულ ახალგაზრდებს.
unicef-ის დახმარებით განხორციელებული პროექტების გარდა, ჯეკი ჩანი ასევე ჩართული იყო უამრავ სატელევიზიო გადაცემაში ქათმის გრიპის, HIV/AIDS-ის და ნაღმების აკრძალვის საკითხებზე.
ჯეკი ჩანი, რომელიც ესოდენ წარმატებული მსახიობია და უამრავ ბლოკბასტერში მონაწილეობს, წარმოშობით ჰონკონგის მოკრძალებული ოჯახიდანაა. მისი ფილმები არის შესანიშნავი ნაზავი მოძრაობისა და იუმორისა, რომლითაც მოხიბლულია მილიონობით ადამიანი მსოფლიოში. ჯეკი ჩანს მისი სამსახიობო, ქორეოგრაფიული და სარეჟისორო ტალანტის დაფასების ნიშნად მიღებული აქვს უამრავი საერთაშორისო ჯილდო.
![]() |
12 ბავშვური ისტორიები |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე ქვეთავში ქვეყნდება რეალური ამბები, რომელთაც მოგვითხრობენ თავად ბავშვები ან მათი ახლობლები (შეცვლილია მხოლოდ გვარ-სახელები), მათში აღწერილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მათ თანატოლთა ცხოვრებისეული სირთულეები. პუბლიკაციების მიზანია დააფიქროს თითოეული ჩვენგანი ამ ბავშვების სოციალურ-სამართლებრივ მდგომარეობაზე, რათა მეტი ყურადღებითა და სიფრთხილით მოეკიდოს პატარა მოქალაქეების პიროვნული ღირსების პატივისცემისა და უფლებების დაცვის საკითხებს. სახელმწიფო, საზოგადოება მოვალეა მოზარდ თაობას შეუქმნას ჰარმონიული გარემო ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი განვითარებისთვის, რათა ბავშვებმა იცხოვრონ შიშის, სტრესის, ცრემლების, ძალადობისა და დისკრიმინაციის გარეშე. გაეცანით პუბლიკაციებს და დაფიქრდით, რამდენად არის დაცული ამ ბავშვების უფლებები ჩვენს სახელმწიფოში და სახელდობრ რომელი უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე ამ კონკრეტულ შემთხვევებში, ორიენტირად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვის უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვარიანტი, რომელსაც ამავე ბროშურაში გთავაზობთ.
იკა ბ-ია, 15 წლის:
![]() |
12.1 სახლში მე ვარ „სა-ყვა-რე-ლი ადამიანი“ |
▲ზევით დაბრუნება |
ეს სახლი ძველია, მაგრამ ჩვენთვის - ახალი. ბევრი ღრიჭოები აქვს და ზაფხულში გრილა. სხვა ოთახიც გვაქვს, მაგრამ ღუმელი აქ დავდგით, რადგან კარ-ფანჯარა მარტო აქ არის, მამამ სახურავიც შეაკეთა, თუ ძალიან მოწვიმა, დედა ვედროებს უდგამს ქვეშ.
ადრე ქალაქში ვცხოვრობდით, ბინებში, იქ არ გვაწვიმდა და კარ-ფანჯრებიც გვქონდა, მაგრამ აქ მირჩევნია, სიწყნარეა, გვაქვს ბოსტანი, ყვავილები, კენჭები ბუჩქებს მე შემოვუწყვე. მყავს ორი ძაღლი, ახლა თავისუფლად ვთამაშობთ ეზოში, ქალაქში ძაღლებს ურტყამენ ან კლავენ. ერთი იხვიც მყავს, წყალი უყვარს ძალიან, მე ცურვა არ ვიცი. აქ ბებიაც ახლოს ცხოვრობს, გუშინ ვაშლები მომიტანა, ჩვენი ხეები ჯერ პატარაა, თანაც საზამთრო ჯიშის არ არის.
სკოლაში აღარ დავდივარ, ადრე, როცა ქალაქში ვცხოვრობდით, და აქაც, პირველ ხანებში, მამას დავყავდი ზურგით. წელს მეცხრე კლასიდან გამოვედი, გავიზარდე და მამამ ვერ შეძლო ჩემი ტარება. არც მე მინდოდა, გზაში სულ გვიყურებდნენ.
სკოლაში, რა თქმა უნდა, ჯობდა, მაგრამ ყველაფერი ჩემი ავადმყოფობის ბრალია. ბინა ქალაქშიც ჩემი გულისთვის გაყიდა მამამ, ოპერაციის ფული არ გვქონდა. ყველაფერი გავყიდეთ პიანინოს გარდა. პიანინოს არასდროს არ გავყიდით! მამამ დაკვრა მასწავლა, სამი ხელი ვიცი. მიყვარს ტელევიზორის ყურება, მამას ვეხმარები თხილის და სიმინდის დარჩევაში, უთოს შეკეთებაც ვიცი. მინდა მალე ვისწავლო ყველაფერი, რაც მან იცის. სპორტი მიყვარს, ტელევიზორში ვუყურებ, ფული რომ გვექნება, ფერადსაც ვიყიდით. ისე, ესეც კარგია, თუ გაჩერდა, მარცხნიდან უნდა დაუბრახუნო, რომ არ გაჭრის, მაგის სხვა წამალიც ვიცი.
ადრე საერთოდ ვერ დავდიოდი იმიტომ, რომ ფეხებს ვერ ვშლიდი და ვიჯექი ან ვიწექი. ახლა ცოტ-ცოტას დავდივარ სახლში, ეზოშიც, თუ დავიღლები, ბალახში ან თოვლში ჩავჯდები. ბათურებს ჰგონიათ, რომ ვეთამაშები და უხარიათ, ზედ მახტებიან. მე არ ვუწყრები, არ მიყვარს, როცა ვინმე გაბრაზებულია, როცა ადამიანები ჩხუბობენ.
ომის დროს ცოტა შემეშინდა, ყველა სადღაც გარბოდა, ზოგი ტყეში, ზოგი - სხვა ქალაქში. ადრე მიყვარდა თვითმფრინავები, სულ ვუყურებდი და ხელს ვუქნევდი. მაგრამ ეს ძალიან შავი თვითმფრინავები იყო, ომის კინოებში რომ არის, ისეთი...
ჩვენ მანქანა არა გვყავს და ვერსად გავიქეცით, გოგოები ხომ მაგარი მშიშრები არიან, ტიროდნენ და დედას ეხუტებოდნენ გულში, ჩემი ადგილი არ დარჩა, მაგრამ მერე მამაც გადაგვეფარა და ყველა დავეტიეთ, ყველა ჩავიმალეთ მის პიჯაკში.
ადრე მარტო მაშინ მეშინოდა, თუ ვინმე დამცინებდა ან ძროხა გამოექანებოდა, ისე, არაფრის! ოპერაციისაც არ შემშინებია, მე თვითონ მინდოდა, იმედი მქონდა, რომ ფეხზე დავდგებოდი, მეც ვითამაშებდი ფეხბურთს, ჩემით ვივლიდი სკოლაში, თან თბილისის ნახვაც მინდოდა. დედა და მამა ამბობენ, რომ კიდევ უკეთესად გავხდები, ფული რომ გვქონდეს, კიდევ წამიყვანენ ექიმებთან, კიდევ გამიკეთებენ ოპერაციას. არა უშავს, მამა სამუშაოს იშოვის, მეც ვისწავლი რამეს, მაგრამ პიანინოს მაინც არ გავყიდით!
სკოლაში კარგი იყო, სახლში ცოტა მოწყენილობაა, მაგრამ არა უშავს, სახლში მე ვარ „სა-ყვა-რე-ლი ადამიანი“
თეონა ბ-ია, 15 წლის:
![]() |
12.2 თუ ავტობუსმა გამასწრო... |
▲ზევით დაბრუნება |
ოთხი წლისა ვიყავი, მიტოვებულ ფარდულში რომ დავაბიჯე ფეხი რაღაცას და გამაყრუებელი ხმაც გაისმა, ვერაფერს მივხვდი.
თავად ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ უფროსებისგან ვიცი, რა მოხდა იმ დღეს. სამოქალაქო ომი ჩავლილი იყო, მაგრამ რეპრესიები გრძელდებოდა და ყოფილი გვარდიელები ცდილობდნენ ნელ-ნელა მოეშორებინათ იარაღი და საბრძოლო მასალები, რომ პოლიციას არ ჩავარდნოდნენ ხელში. იარაღი ბევრს აფხაზეთიდანაც ჰქონდა გადმოტანილი, სოფელი სავსე იყო დევნილებით, იარაღი ჩასაბარებლად არ ემეტებოდათ, ელოდნენ, როდის დადგებოდა უკან დაბრუნების დრო.
როგორც ჩანს, ვიღაცამ იცოდა, რომ ეზოს განაპირას მდგარი ფარდულით არ ვსარგებლობდით და ნაღმები იქ გადამალა, ზედ რკინეულობა ჰქონდა მიყრილი. ერთ დღეს დედამ ფარდულის დალაგება გადაწყვიტა, ნაღმები მამაჩემის ელექტრომოწყობილობები ეგონა, განზე გადაწია და შემოგარენის დაგვა დაიწყო. მეც იქვე ვთამაშობდი...
სხვადასხვა დროს ოთხი ოპერაცია გადავიტანე, ექიმები იბრძოდნენ, რომ მუხლის სახსარი მაინც შეენარჩუნებინათ ჩემთვის და ეს შეძლეს კიდეც, თუმცა ზედიზედ ოთხმა ნარკოზმა მხედველობა გამიფუჭა - სათვალით 80 %25-იანი მხედველობა აქვს, უსათვალოდ - 30%25. პროთეზი გერმანიაში დამიმზადეს, მაგრამ მალე დამიპატარავდება და არ ვიცი, როგორ შევძლებთ მის გამოცვლას.
ვცხოვრობ სოფლის ცენტრიდან, სკოლიდან მოშორებით და პროთეზით დიდი მანძილის გავლა მიჭირს, გზაც ცუდია, ერთიანად გადათხრილი.
ხელმოკლეობის გამო მანქანა ვერ შევიძინეთ და ადრე ხშირად მიცდებოდა გაკვეთილები. მას შემდეგ, რაც სასკოლო ავტობუსი გამოჩნდა, აღარ ვაცდენ, თუმცა შინ დაბრუნებისას ზოგჯერ ერთადერთი მგზავრი ვარ, ვერც სასკოლო ღონისძიებებზე ვრჩები, ვერც მეგობრებთან, თუ ავტობუსმა გამასწრო, გამვლელ მანქანას უნდა ველოდო, მან კი შეიძლება არც ჩამოიაროს.
ჩემი სოფელი მთაგორიანია, კეთილი ხალხი ცხოვრობს. ირგვლივ ისეთი სილამაზეა, ყველა ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ ცხოვრება ჭირს. სიღარიბე ძნელია, ბევრ რამესა ხარ მოკლებული.
ორი წლის წინათ მამა გარდამეცვალა, ძალიან ახალგაზრდა იყო, ბოლოს სულ ტკივილები სტანჯავდა, მაგრამ განსაკუთრებით ის, რომ ასეთ მდგომარეობაში გვტოვებდა. ფეხი რომ დავკარგე, პატარა ვიყავი, მაშინ იმდენად არა, მაგრამ მერე ბევრი მიტირია, თუმცა ეს არაფერია მამის დაკარგვასთან შედარებით.
მეათე კლასში ვარ, მათემატიკა მიყვარს, ბევრს ვმეცადინეობ, მინდა ექიმი გამოვიდე, ერთნაირი გულით ვუმკურნალებ მდიდარსაც და ღარიბსაც, ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ, ყველაფერი კლინიკებში დავტოვეთ, ჯერ ჩემს დროს, მერე მამას წამლისთვის...
გრანტი იქნებ მივიღო კიდეც, მაგრამ ხანდახან შიში მიპყრობს: არ ვიცი, როგორ ვიქირავებ ბინას, როგორ ავუვალთ დანარჩენ ხარჯებს, რამდენს გასწვდება ჩემი პენსია, როგორ შევძლებ სიარულს დიდ ქალაქში, ქუჩის გადაჭრას ვერ მოვასწრებ, მიწისქვეშაში ვერ ჩავალ, კიბეებს ჩქარა ვერც უნივერსიტეტში ავივლი. დედა თბილისში ვეღარ გამომყვება, სახლს ვეღარ დავტოვებთ - ჩემი ძმაც გასაზრდელია, ან ყანას ვინ მიხედავს, ბოსტანს ან ძროხას... აქამდე ბებიას იმედი გვქონდა, მან კი ამ ზაფხულს ინსულტი მიიღო...
ერთადერთი რამ, რაც მახარებს, ის არის, რომ ბიძაჩემი დაბრუნდა სოფელში საცხოვრებლად, მარტონი აღარ ვიქნებით, თუმცა იმასაც ვდარდობ, რა უნდა აკეთოს აქ, სამუშაო არ არის, ის კი ისეთი ჭკვიანია, ისეთი ნაკითხი...
ირინა ძ - ია, 14 წლის
![]() |
12.3 ჩემი ეზო, ჩემი სოფელი |
▲ზევით დაბრუნება |
გალიდან ვარ, მაგრამ ზუგდიდში დავიბადე, იქ დიდხანს ვცხოვრობდით მიტოვებულ ჩაის ფარდულში, ბეტონით იყო ნაშენი და დამტვრეული შიფერით გადახურული. იატაკის სანაცვლოდ მოტკეპნილი მიწა ისე იყო გამკვრივებული, დედა რომ წყალს მოასხურებდა და გადაგვიდა, მტვრის ნასახს ვერ იპოვიდი. წყალს მამა ეზიდებოდა სოფლიდან, ბავშვის ეტლზე დაამაგრა ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ძველი რძის ბალონი. ყველაზე ახლო მეზობლის სახლი ისე შორს იყო, ფარდულის სახურავიდანაც კი არ ჩანდა, ირგვლივ სულ გაველურებული პლანტაციები იყო, ხვლიკები დაშლიგინებდნენ და ზოგჯერ სახლშიც გვივარდებოდნენ. გაზაფხულზე კარგი იყო, ეკალას ვკრეფდით, მერე მაყვალიც შემოდიოდა, აქა-იქ ხეხილიც იზრდებოდა, ეტყობა, მეჩაიეების გადაგდებულ კურკებზე ამოსული. ძალიან გვშველოდა, ერთხელ ჩემს ძმას შიოდა და ტუნგოს ნაყოფი შეჭამა, მე არ დამინახავს და დედამ მიყვირა, რატომ არ მიხედეო. მთელი ღამე წყალს ასმევდნენ, გადავრჩით.
ყველაზე ცუდი მაინც ის იყო, რომ მე და ჩემი ძმა სულ მარტონი ვთამაშობდით, ჩემს ძმას ცალი ხელ-ფეხი არ უვარგა (ასეთი დაიბადა) და სოფელში ვერ წამოვიდოდა, ამიტომ მეც არ მიშვებდნენ, გული დაწყდებაო, ხანდახან ამის გამო ვბრაზობდი მასზე, მაგრამ მერე გადამივლიდა და მიხაროდა კიდეც, რომ არ მივატოვე და შინ დავრჩი, საერთოდ, სულ ეშინია, რომ მივატოვებ, გაფაციცებული მელოდება სკოლიდან.
თოვლსა და წვიმაში უფრო ძნელი იყო, გვაწვიმდა და გვათოვდა. მამა სახურავზეც ვერ ადიოდა, შიფერი ჩაიმტვრევაო, გვერდიდან მიადგამდა კიბეს და ისე ცდილობდა გადაეთოვლა, ღამით ეს შეუძლებელი იყო და ზოგჯერ გარეთ დანთებულ ცეცხლთან გაგვითევია ღამე იმის შიშით, რომ თოვლი სახურავს ჩაამტვრევდა და ქვეშ მოვყვებოდით.
მერე დედამ გალში დაიწყო შეპარვა, ჩვენს სოფელში და სულ უფრო ხშირად და ხშირად რჩებოდა იქ. ეზო გაწალდა, გადამწვარი სახლის ნარჩენებიდან სასიმინდე გამოაშენა, ვაჭრობა დაიწყო, იქიდან გადმოტანილ თხილს, მანდარინს და სხვა ხილს ყიდდა ზუგდიდის ბაზარში, ცოტა ფული გაგვიჩნდა, მაგრამ დედა სულ გზაზე იყო გაკიდებული. ერთ დღეს მამასაც მობეზრდა ყველაფერი, დედას მცირე დანაზოგი გამოართვა და რუსეთში წავიდა საშოვარზე, თავიდან რაღაცეებს გვიგზავნიდა, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, ვერაფერი იშოვა და აღარაფერს გვითვლის.
ერთ დღეს დედამ გამოგვიცხადა, რაც არის, არის, სახლში ვბრუნდებითო. ძალიან გამიხარდა და შემეშინდა კიდეც, რადგან დედას ეუბნებოდნენ, ბავშვები რატომ მიგყავს, ასეთ რისკზე როგორ მიდიხარო.
გალში ისევ გაველურებულიყო ყველაფერი, დედას არაყი ჰქონია შენახული, რუსებს მიუგნიათ, დამთვრალან, ცეცხლი დარჩენიათ და ჩვენი სასიმინდეც გადაბუგულა. რამდენიმე ღამე მეზობლებთან გავათიეთ, მერე ნაშალი ფიცრები მოგვცეს და პატარა ქოხი აგვიგეს ყოფილი გარაჟის საძირკველზე.
მალე სკოლაშიც წავედი, ზუგდიდში არ მივლია, მაგრამ მაინც მეოთხე კლასში დამსვეს. ჩემი ძმა სახლში დარჩა, რადგან სკოლამდე შორია და ვერ დადის და სწავლითაც ვერაფერს იზამს იმიტომ, რომ ლაპარაკი უჭირს და საერთოდ სხვანაირია. პირველად ძალიან გამიჭირდა, წერა-კითხვა დედამ და მამამ მასწავლეს, მაგრამ ქართულად, იქ კი რუსული და აფხაზურიც მომთხოვეს. კიდევ კარგი, რომ მეგრული ვიცი, თორემ სკოლაში ბავშვების უმრავლესობამ არ იცის ქართული, მხოლოდ მეგრულად ან რუსულად ლაპარაკობს. ამის გამო მასწავლებლები სულ ნერვიულობენ. ერთხელ ცარცზე გამიშვეს სამასწავლებლოში და ისტორიის მასწავლებელი ტიროდა, ბავშვებს ტყუილს ვერ ვასწავლიო. დედამ არსად არ თქვაო და საქართველოს ისტორიის წიგნი მომიტანა, ზუგდიდში გიყიდეო, მაგრამ მე ვიცი, რომ ისტორიის მასწავლებელმა ათხოვა ჩუმად.
სკოლაში რომ მივდივართ, ხან ტანკი ჩაგვივლის, ხან ჯარისკაცებით გატენილი მანქანები. რომ გამოჩნდებიან, დიდი გოგოები მაშინვე ტყეში შერბიან, მათთვის უფრო საშიშია, მაგრამ ხანდახან დიდ ბიჭებსაც ურჩევენ საქმეს, მოწაფეები არა ხართ, გვატყუებთ, თქვენი მამები იბრძოდნენ ალბათო. ერთხელ ერთი ყველაზე ტანმაღალი ბიჭი თან წაიყვანეს, საჯარო ასაკისა ხარ და გვიმალავ, ჩვენს ჯარში სამსახურს არიდებ თავსო. ძლივს გამოიხსნა სოფელმა, თხილი შევაგროვეთ გამოსასყიდად.
საერთოდ თხილი, როგორც დაწესებულია, თვითონ მიგვაქვს იქ, სადაც გადასახადები იკრიფება, მაგრამ ზოგჯერ სხვებიც გვივარდებიან სახლში, ხან რას ითხოვენ, ხან რას, ასეთ დროს ყველაზე მეტად ჩემი ძმის გამო მეშინია, ხელ-ფეხი ეყინება და თვალებს გადაიტრიალებს ხოლმე, ვეღარაფრით ვაწყნარებთ. რამდენჯერ ვთქვით, ისევ ზუგდიდში დავბრუნდეთო, მაგრამ ჩვენი ჩაის ფარდულში უკვე სხვები ცხოვრობენ, ან იქ რა უნდა ვჭამოთ, აქაც ყველაფერი მენანება, მაინც ჩვენი ეზოა, ჩვენი სოფელი. ან ჩვენს ყანას რა ვუყოთ, მალე დატაროვდება, თხილსაც ბევრი ასხია... იქ შიმშილია, მაგრამ სიმშვიდე, აქ საჭმელია, მაგრამ შიში. რომელი ჯობია, ვერ გადაგვიწყვეტია, მამა მაინც დაბრუნდებოდეს..
![]() |
12.4 „სხვანაირთა“ მარტოობა |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი თერთმეტი წლისაა, ზუგდიდის რაიონის მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს. ირგვლივ საოცარი სილამაზეა, რაც უნდა გიჭირდეს, გარეთ გაიხედავ და თვალები გაგიბრწყინდება. ხატვაც იმიტომ დავიწყე, რომ სილამაზისგან გული ამტკივდაო, ხელით განიშნებს, რადგან დაბადებიდან ვერ ლაპარაკობს და არც ხმების გარჩევა შეუძლია. სოფელი მის ნახატებში მართლაც ძალიან ლამაზია.
გიორგი კარგად ქსოვს, თავდაპირველად ბიჭებმა დასცინეს, ეს რა ბიჭის საქმეაო, მაგრამ მაკრამეზე რომ გადავიდა, ერთი - ორი ახლოსაც მიუჩოჩდა, ამას როგორ აკეთებო. ხის ძირას რომ ჩამოჯდება და ძველი, ნაშალი ძაფების გორგლებს შემოიწყობს გასაკვანძად, სულ თვალები უბრწყინავს, ბიჭები სთხოვენ, ხელის ბადე მოვქსოვოთო, მაგრამ რატომღაც გული არ მიუდის ამაზე, თევზები ეცოდება მაკრამეს ფიგურები უფრო მოსწონს
ბავშვი უმამოდ იზრდება, იგი არცთუ ისე შორს ცხოვრობს, მაგრამ დაბადებამდე შეაქცია შვილს ზურგი და არც კი ნახულობს, მხოლოდ ალიმენტს უგზავნის.
გიორგი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, მაგრამ ფულს სიყვარული ურჩევნია, მძიმედ ამოიოხრებს ხოლმე, როცა სოფლის დატბორილ გზებზე შვილებს ზურგზე მოკიდებულებს ჩაატარებენ ხოლმე მამები. გუბურებს როგორმე თვითონაც გატოპავს, თუნდაც ფეხსაცმელში წყალი შეუვიდეს და ფეხებზე შესცივდეს, მაგრამ ის სულ სხვა სიცივეა, მამა რომ არ გკითხულობს, სად ხარ და როგორ.
სახლში დამთრგუნველი გარემოა, ყველაფერს სიძველის სუნი ასდის, განსაკუთრებით ზამთარში ჭირს, მთელი სახლი ჭრიალებს, თოვლის სიმძიმისაგან წაქცევაზეა, თუმცა ამის საშიშროება ძლიერ ქარშიც არის, რადგან საძირკველი გამოხრულია და ხის კედლები გადაფერდილი. დედაც სულ სევდიანობს, სმენა და მეტყველება მასაც დარღვეული აქვს და ხშირად აქვს ნერვიული შეტევები. დეიდაც „სხვანაირია“, ისეთი არ არის, როგორც სხვები, პრობლემები აქვს ბიძასაც და ყოველივე ამის გამო მთელ სოფელს ეცოდება ბებია, ერთი შვილი მაინც გამოსვლოდა ნორმალურიო.
გიორგი ამ სიტყვას უკვე ტუჩების მოძრაობითაც ცნობს და წარმომთქმელის გამომეტყველებით ხვდება, რომ ნორმალურობა კარგია, არანორმალურობა - ცუდი და, თუ ასეა, გამოდის, რომ ის და მისი სახლეული ცუდია, საწყალი. ეს არ მოსწონს და გაფაციცებით უყურებს თვალებში ყველას, ვისაც ბებიასთან ერთად ხვდება და გრძნობს, რომ მასზეა ლაპარაკი. თითქოს ეფერებიან, სიყვარულით უყურებენ, მაგრამ რატომღაც ცდილობენ მშობლიურ სახლს, ოჯახს დააშორონ, სადღაც ქუთაისში გაგზავნონ.
გიორგი გონიერი ბავშვია, ძალიან უნდა ისწავლოს, რომ ბებიას დაეხმაროს დედისა და დეიდა-ბიძის მოვლაში, მაგრამ შორს წასვლა არ უნდა. მით უმეტეს, რომ დედა საშინლად ტირის, როცა ამაზე ჩამოვარდება ლაპარაკი. ისიც ეყოფა, ასე ცუდად რომ მოექცა მამა, გიორგი ვეღარ მიატოვებს.
სწავლა აქაც შეიძლებოდა, მაგრამ სოფლის სკოლაში არ მიიღეს იმ საბაბით, რომ მისთვის ქუთაისში ჯობია, სმენადაქვეითებული და მეტყველებადარღვეული ბავშვების სკოლაში, მაგრამ ქუთაისი ასზე მეტი კილომეტრით არის დაშორებული გიორგის სოფელს, და ვერც დედას და ვერც ბებიას, ვერავის ოჯახში ვერ წარმოუდგენია ცხოვრება მის გარეშე.
რამდენიმე წლის წინათ ზუგდიდში შეიქმნა სმენა და მეტყველებადარღვეულ ბავშვთა საწრეო ჯგუფი, რომელიც მუნიციპალური მმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გიორგი ამ სკოლის მოსწავლე გახდა და სურდოლოგოპედი მასწავლებლების მეშვეობით გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, მომდევნო წელს ჯგუფის დაფინანსება შეწყდა და დაიშალა.
გიორგიმ მძიმედ განიცადა ეს და, როგორც ბებია ამბობს, კარგა ხანს სასკოლო ჩანთასთან ჩახუტებული იძინებდა სკოლაში წასვლის მოლოდინში. ბებიამ მთელი ზუგდიდი მოიარა, მაგრამ ბავშვი მისი სოფლის სკოლაში ისედაც არ დასვეს, მერე შეფასებასაც მოითხოვთო.
ახლა გიორგი ბებიასთან ერთად ყოველდღე ათეულობით კოლომეტრს გადის სოფლიდან ზუგდიდისაკენ, სადაც იგი ერთ კერძო სასწავლებელში მიიღეს. სხვათაშორის, მაკრამეც იქ ისწავლა, ხატვის საფუძვლებიც. ამაყად დაატარებს ქართული ენისა და მათემატიკის რვეულებს. არავინ იცის, რას და როგორ ითვისებს გულში, მაგრამ წერით მშვენივრად წერს და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს:
მიუხედავად იმისა, რომ გზაში იღლება.
მიუხედავად იმისა, რომ გზის ფული არა აქვთ და ხან ვის დაემგზავრებიან, ხან ვის.
მიუხედავად იმისა, რომ ამხელა გზისა და სკოლაში მეცადინეობის შემდეგ ძალიან შივდება.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეცოდება ბებია, რომელსაც ფეხები ტკივა, მაგრამ სულ თან დაყვება და დერეფანში ელოდება, სანამ გიორგი გაკვეთილებზეა.
მთავარია, რომ სწავლობს.
მთავარია, რომ იცის, რა არის სინამდვილეში კარგი და ცუდი და რას გააკეთებს მომავალში, რომ არასოდეს დარჩეს მარტო და არც სხვა მიატოვოს მარტოობაში
![]() |
12.5 „ქვიშის კარიერის გენერლები“ |
▲ზევით დაბრუნება |
ვალერი თერთმეტი წლისაა. ორი წლის წინათ ერთდროულად გარდაეცვალა დედაცა და მამაც, დარჩა ობოლი და მიუსაფარი.
დალხენილი ცხოვრება არც მშობლების სიცოცხლეში ჰქონია, ორივე ქრონიკული ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული და ოჯახში სკანდალებიც ხშირი იყო, უკიდურეს ხელმოკლეობასთან ერთად ეს კიდევ უფრო ამძიმებდა ბავშვის მდგომარეობას. სიღატაკესა და შიმშილს ქუჩაში ემალებოდა, იქ ივიწყებდა სახლის კედლებში განცდილსა და გადატანილს, იაფფასიანი კონსერვისა და არყის სუნს, ჯამ-ჭურჭლის მსხვრევის ხმებსა და უცენზურო სიტყვების კორიანტელს. მშიერსა და შემცივნულს, მთელი დღე უჭმელს ხელიც გაუშვერია გამვლელებისთვის მოწყალების სათხოვრად.
სკოლიდან გამოვიდა, არც ტანსაცმელი ჰქონდა შესაფერისი, არც წიგნები და რვეულები, მით უმეტეს, სამეცადინო განწყობილება. მაგრამ ეს მაინც მისი სახლი იყო, გამოფხიზლების მომენტში გამოვლენილი მშობლიური სითბო და სინაზე უმსუბუქებდა ქუჩაში დაღამებული დღის ტკივილს, ზღვის ქარიან სანაპიროზე, ბუჩქებში შეყუჟულს ღამის გასათევი მაინც ეგულებოდა, ერთგვარი საყრდენი ცხოვრებაში.
მშობლების გარდაცვალება მძიმედ განიცადა, ყოფილა წუთები, როცა მშობლების ჩხუბით თავმობეზრებულს მარტო დარჩენა უნატრია, მაგრამ უკვე მართლაც მარტო დარჩენილს ადრე ცხელ გულზე ნანატრი ტანჯავდა, სოფლის ავტობუსს ან გამვლელ მანქანებს დაემგზავრებოდა, დედის საფლავზე ტირილით იოხებდა გულს.
სახლი დაკარგა. მამის მამიდამ მამისეული სახლი გაუყიდა, დედისეული - ნახევარდამ, ორივემ ისარგებლა იურიდიული ხარვეზებით სახლების გადაფორმებაში და ბიჭი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაში დარჩა. უფრო დიდი დანაკარგი ადამიანებისადმი რწმენის დაკარგვა იყო.
სანაპიროზე დაბინავდა, ე.წ ქუჩის ბავშვებს შეუერთდა, შვიდნი იყვნენ, ზოგი დევნილი და ობლად დარჩენილი, ზოგი ოჯახურ სკანდალებს გამოქცეული. ერთი დედის ე.წ მეგობრებს გაურბოდა, მამის საფლავსა და ქუჩას შორის იყო გაკიდული, ერთს სულ სახლიდან გაქცევაზე ეჭირა თავი, თავისუფლება მინდაო, იძახდა, ხან ერთი ავტობუსიდან „ჩამოხსნიდნენ“ პოლიციელები, ხან მეორიდან, ხან ბათუმში ამოყოფდა თავს, ხან სენაკში, მორიგი გაქცევის შემდეგ ოჯახში ერთ-ორ ღამეს გაათევდა და ისევ ქუჩაში გამორბოდა.
ღამეს ხან მიტოვებულ შენობებში ათევდნენ, ხან ბუნგალოებსა და პლაჟზე მოწყობილ სახელდახელო თავშესაფრებში. დღისით მათ ხოვრობდნენ, ხანდახან ბაზარში ტვირთის ზიდვაში შეაშველებდნენ ხელს მყიდველებსა და მოვაჭრეეებს, მუჯლუგუნებიც მოხვედრიათ მტვირთავებისგან, კონკურენციას თავისი კანონები ჰქონდა.
საღამოსთვის კვლავ ერთად შეკრებილები დღის განმავლობაში ნაშოვნ პურს იყოფდნენ, გამონარიყი ფიჩხებით ანთებდნენ ცეცხლს და ნაგავსაყრელზე მოძიებული უსახელურო ჩაიდნით იდუღებდნენ ჩაის, ხან უშაქროს, ხან რომელიმე კეთილი დიასახლისისგან მოწვდილი მურაბით. ქურდობა არ უფიქრია, სხვებსაც უშლიდა ამას, მასზე დიდებიც უსმენდნენ და ანგარიშს უწევდნენ, ციხეში მოხვედრა არავის სურდა, შემთხვევითი სამუშაო და მოწყალების თხოვნა უფრო უხიფათო იყო. კეთილი ადამიანები ბევრნი იყვნენ, სევდით გააყოლებდნენ თვალს ქუჩაში ჩავლილებს, ზოგი აჩერებდა და ეკითხებოდა კიდეც, როგორ და რატომ ცხოვრობდნენ ასე. ბევრის თვალებში შეუნიშნავს ცრემლი. როგორც წესი, ღარიბად ჩაცმული ადამიანები უფრო უმართავდნენ ხელს, ხელის კანკალით ეძებდნენ ჯიბეში უკანასკნელ ხურდებს. ჯიპებსა და სხვა ძვირადღირებულ მანქანებში გამოჭიმულებს კი მათთან არაფერი ესაქმებოდათ, შესაძლოა, ვერც კი ამჩნევდნენ, ვის რა უჭირდა მათი ქალაქის ქუჩებში.
მათი ბედით ისევ არასამთავრობო ორგანიზაციიდან დაინტერესდნენ, მიუსაფარ ბავშვთა ცენტრიდან, ღამის გასათევი შესთავაზეს, გაათბეს, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის, რაც აკლდა, ბიჭს გაუცნობიერებლად სახლი ენატრებოდა, ვერ ეგუებოდა კეთილისმყოფლობას „ბითუმად“, ისევ ბიჭებთან ერჩივნა, ქუჩას შეჩვეულისთვის ოჯახი ახლა ეს ჩამოძენძილი საძმო იყო.
ერთხელ ტაძართან სამათხოვროდ მდგარი ტაძრის რეგენტმა შენიშნა, გამოეცნაურა, გულის გადაშლა არ ეხალისებოდა, მაგრამ თანდათან ყინული გალღვა, გარეგნულად ქუჩის ამაყი შვილი სინამდვილეში ადამიანურ სითბოს დანატრებული ერთი პატარა, გულჩვილი ბავშვი აღმოჩნდა, რამდენჯერმე ტაძარში შეჰყვა კეთილისმყოფელს, მერე სტუმრადაც ეწვია სახლში, ახლა უკვე იცოდა, სად უნდა ეძებნა სითბო და დაუყვედრებელი ლუკმა. სკოლაშიც დაბრუნდა, ქალმა ნათლიობა შესთავაზა, მწარედ ატირდა, როცა ნათლობისას ქალმა მისთვის ნაყიდი პირსახოცით შეუმშრალა ფეხშიშველა სირბილისგან დაშაშრული ტერფები.
ნათლიასთან ყოფნისას ხშირად ხვდებოდა მის მეგობარ ცოლ-ქმარს, გრძნობდა, რომ რაღაც სხვაგვარი გრძნობითა და ინტერესით აკვირდებოდნენ, საჩუქრები მოჰქონდათ მისთვის, ქალს სულ ცრემლებით ევსებოდა თვალები, კაცი რაღაც დაბნეულად ელაპარაკებოდა მთისას და ბარისას. ერთხელ სათევზაოდ გაყოლა შესთავაზა. ბედნიერი დღე იყო, თევზი იქვე შეწვეს სანაპიროზე გაჩაღებულ კოცონზე და კაცმაც იმ დღეს უთხრა, იქნებ ჩვენთან გადმოხვიდე საცხოვრებლად, გვინდა შვილად გიგულოთო. მას უკვე უყვარდა მათი სახლი, თბილ ღუმელთან ჯდომა, დედობილის კეთილი ღიმილი, ვახშმის შემდეგ შემოპარებული წიგნების თვალიერება. დროდადრო ქუჩა ისევ ეძახდა თავისკენ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ ეს ძახილი აღარ იყო ისე ძლიერი, რომ ეს სახლი და სიყვარული დაეთმო. ეს იყო და ეს. დარჩა და დარჩა.
ყოველ აღდგომას და სხვა განსაკუთრებულ დღეებში დედობილი ყვავილებს ყიდულობს, მამობილს ჭალადიდში მიჰყავს, იქ, სადაც დედაა დასაფლავებული, რაღაცას მოიმიზეზებს და საფლავებს შორის დაბორიალებს, რომ ბავშვს დედასთან განმარტოების საშუალება მისცეს. შინ მსუბუქი გულით ბრუნდებიან.
ესეც არის: ხანდახან ღამით, სუფთა თეთრეულში მწოლს საშინელი დარდი დარევს ხელს, ერთგვარი სინდისის ქენჯნა იმის გამო, რომ მან იპოვა ნავსაყუდელი, მისი ქუჩის ძმები კი ისევ მუყაოს სახლებში ეფარებიან ქარსა და ყინვას.
რამდენჯერ ყოფილა, შებინდებულზე დედობილთან ან მამობილთან ერთად სავსე ჩანთებით მისდგომია ბუნგალოში შეკრებილ ბავშვებს. ვინ უპატრონებს მათ? სახელმწიფო? კეთილი ადამიანები? მოიცლიან კი ისინი მათთვის? სად არის გამოსავალი?
![]() |
12.6 როცა გზები გეძახის |
▲ზევით დაბრუნება |
დათო თერთმეტი წლისაა, ხაიშში ცხოვრობს, უფრო ზუსტად, პატარა დასახლებაში, რომელიც ბებერი ტყეებით გადაბურულ მთებშია ჩაკარგული და გარესამყაროსთან მხოლოდ სვანეთის გზისკენ მიმავალი ბილიკი აკავშირებს.
დათოს მშობლიურ სახლში, რომელიც ყაზარმული ტიპის გრძელ, გადაუტიხრავ ნაგებობას წარმოადგენს, თერთმეტნი ცხოვრობენ, ერთ დიდ ოჯახად, ათასში ერთხელ ვინმე შემოივლის ან გზად მიმავალი მგზავრები დაუქნევენ ხელს, მოიკითხავენ, ეს არის და ეს მთელი მისი ნაცნობობა.
უამრავი საქმე აქვს, მამას ეხმარება საქონლის მოვლაში, დროდადრო ქალებსაც - კედელ-ყურის დასუფთავებაში, ცოცხსა და აქანდაზს არ წყალობს, ეს საკაცო საქმე არ არის, უფრო ფერდობიდან ჩამოცვენილ ქვებს თუ გადაკრეფს და გადააგორებს, შეშას და ფიჩხს მიაწყობს კოხტად. ხელები დიდი კაცივითა აქვს დაშაშრული, წარბებს შორის, რომ შეიყრის, ნაოჭი უჩნდება, ფიქრიანი ბიჭია. საქმეს რომ მოილევს, ხის გადანამორზე ჩამოჯდება, გზებს გახედავს და ფიქრებს მიეცემა. სახლის სიღრმიდან სევდით გამოხედავს დედა, ჩუმად, ვითომ სასხვათაშორისოდ, დედის დარდი დიდია, მთელი არსებით გრძნობს, რას შეიძლება ფიქრობდეს ბავშვი, რომელსაც გზები ეძახის, გვერდით კი უბადრუკი, ძირმოცვეთილი ყავარჯნები უყრია.
ახლახან გაიგო, რომ შესაძლოა ბავშვს პროთეზი მოარგო, მაშინ იქნებ უკეთესად წავიდეს საქმე, ოღონდ ამ უსარგებლო ყავარჯნებს მოიშორებდეს, ოღონდ კი სკოლაში სიარულს შეძლებდეს…
დათომ მარჯვენა ტერფი ორი წლის წინათ დაკარგა, როცა მამა-ბიძებს ეხმარებოდა ზემოდან მომსკდარ მდინარეს მოყოლილი მორების მოჩანგვლასა და ნაპირზე ამოზიდვაში: მორს მოდებული დაჭიმული გვარლის მარყუჟი უეცრად მოწყდა და კოჭთან წააწყვიტა ფეხი. ზუგდიდში გამვლელი მანქანით ჩაიყვანეს, აღარაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა ჭრილობის დამუშავების გარდა.
სკოლაში ვეღარ წავიდა, პატარა ხელებით სხეულის ზიდვა და ყავარჯნებით მთა-გორებში სიარული ვერ შეძლო, ყოველდღე შორი გზის გავლა იქ ისედაც ჭირს, გული აღმართს ასკდება, დაღმართში ფეხი გიცურდება, მით უმეტეს, ყავარჯნები.
კაცმა რომ თქვას, ჩასაცმელიც არა აქვს, შინნაქსოვი თვალწასული სვიტრით სკოლაში ვერ ივლი, ვერც მავთულით გადახვეული ფეხსაცმლით, მთაში იაფი ფეხსაცმელი დიდხანს ვერ გიძლებს, ახსოვს, სასკოლოდ ნაყიდს ერთ კვირში ლანჩა გაძვრებოდა ხოლმე. ისიც ახსოვს, რომ პირველად მარჯვენა ფეხსაცმელი ეცვითებოდა, ერთი-ორი წაკვრა ბურთზე და თითები ამოყოფდა თავს. ახლა სულ რაღას უყიდიან, სახლში ფულად-ფული საერთოდ არ შემოსდით, ბებიას პენსია კი პურის ფქვილს, ქატოსა და მარილს ვერ წვდება. ისევ დედა თუ დააგროვებს ყველს, გზაზე გაიტანს, გადამყიდველს გაატანს ბაზარში, ხან გაიყიდება, ხან არა, მაგრამ ამ ფულსაც თავისი გზა აქვს.
დახმარების დანიშვნაზე უარი უთხრეს, ჩათვალეს, რომ საქონელი ბევრი ჰყავთ, ის კი ვერ გათვალეს, რომ ოჯახი ხშირად ცარიელა მაწვნით, ყველითა და კარტოფილით საზრდოობს, რადგან პურსა და სიმინდს ზოგჯერ კვირეებით ვერ ყიდულობენ. დათოს პენსიაც არ ეძლევა, ზუგდიდში ჩასვლას სულ სხვა დროისთვის დებენ, ადრე არც ის იცოდნენ, ეკუთვნოდა თუ არა, დათო ხომ ბავშვია, პენსია კი მოხუცების, ბებიასავით უსინათლო და დავრდომილი ადამიანების კუთვნილი ეგონათ.
ეს პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს, რომ გაიზრდებოდა, უმაღლესში სწავლასა და დიდკაცობას აპირებდა, მაგრამ დინებამ ჩაითრია და კითხვასაც შეეშვა. მეორე კლასიდან „ბუნება“ შემორჩა, სხვა წიგნები სკოლას დაუბრუნა, იმასაც მხოლოდ მაშინ თუ გადაშლის, როცა დედა წყრება, ასოები არ დაგავიწყდესო, თორემ ბუნებას ხუთი თითივით იცნობს - გაზაფხულზე და ზაფხულში სათიბში, საძოვარზე, შეშის მოსაჭრელად და ისევ მორების დასაჭერად აედევნება კაცებს, ხან მოხუცებში ჩაჯდება, მთისას და ბარისას ისმენს, ხან პირუტყვს ელაპარაკება ადამიანებივით, ზამთარში გადაუღებელ თოვლს გაჰყურებს, შემოდგომაზე - ფოთოლცვენას, ასე ღამდება და თენდება, თუმცა დროდადრო გულში დარდი გაჰკრავს ხოლმე, რა იქნება ხვალ?
(ისტორიები მოამზადა ნონა ქობალიამ)
![]() |
13 ოჯახი ის ნავსაყუდელია, სადაც თითოეული წევრი უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს |
▲ზევით დაბრუნება |
ყველა ბავშვის პატივი და ღირსება ისევე ხელშეუვალია,
როგორც ყველა ადამიანისა.
ხუთი თითის ანაბეჭდი
ოჯახი სიყვარულთან, სიმშვიდესა და სიმყუდროვესთან ასოცირდება, მაგრამ ხშირად ოჯახში ჩხუბი, შეურაცხყოფა და ძალადობა არაჯანსაღ გარემოს ქმნის და უარყოფით, დამთრგუნველ ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე. მშობლები არც კი უფიქრდებიან, როგორ ამწუხრებენ შვილებს თავიანთი საქციელით, რამდენად მძიმე დაღს ასვამენ და ანგრევენ მათ ფსიქიკას, უკმეხად ნათქვამი თითოეული სიტყვა როგორ ეკალივით ესობა და უკაწრავს მათ გულს. ბავშვებისთვის მშობლების ქმედებები მაგალითია და როცა მათ თვალწინ მშობლები არ ერიდებიან ლანძღვას, გინებას, აგრესიას, როცა უდიერად ექცევიან ერთმანეთს და მეტიც, ხშირად შვილებზე უმიზეზოდ გადმოაქვთ თვიანთი გულისწყრომა. ბავშვებში ეს ყველაფერი შიშსა და შფოთვას იწვევს. ხშირად ჰგონიათ, რომ შვილებს ცემით შეაგნებინებენ შესაგონარს, იმის ნაცვლად, რომ სიყვარულით, ლმობიერად ესაუბრონ, აუხსნან ასახსნელი, თავში ან ცხვირ-პირში უშურველად უთავაზებენ სილას და თან უგულოდ მიატანენ: „რეგვენო“, „ლენჩო“, „შენგან კაცი არ დადგება“, „შენგან არაფერი გამოვა“ და ა. შ.
წლების უკან ერთი ოჯახი გვესტუმრა შვილთან ერთად, უფროსების საუბრით ბავშვი რომ არ მოწყენილიყო, ჩემი ბავშვობისდროინდელი თოჯინები და სათამაშო აკვანი გამოვუტანე, ერთხანს კაბა გაუსწორა, აჭამა, დააძინა, მერე უცებ თმებში წვდა, სახეში ურტყა, ხელ-ფეხი მოაძრო, მასთან ჩამოვჯექი და ვუთხარი, - ეტკინებათ, ასე არ მოექცე, იტირებენ-მეთქი, გაკვირვებული თვალებით შემომხედა, დღემდე მახსოვს ეს შემოხედვა, და როცა მოფერება ვცადე, სახეზე ხელები აიფარა. მშობლებს არც კი მიუქცევიათ შვილის საქციელისთვის ყურადღება, არ უნახავთ ნაცემი თოჯინები და შვილის ხელებში ჩამალული სახე, როგორ მწარედ, რა მტკივნეულად აჩნდა ხუთი თითის ანაბეჭდი ბავშვსაც და თოჯინებსაც...
ეს მხოლოდ ერთი პატარა, ტიპიური მაგალითია ბავშვების მიმართ უგულისხმო დამოკიდებულებისა, მრავლადაა ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათი შრომის ბოროტად გამოყენების, მათი შეურაცხყოფისა და უხეშად მოპყრობის ფაქტები. მას გამართლება არა აქვს. დანაშაულია, დანაშაული, როცა დამნაშავეებთან ერთად უდანაშაულო ბაშვებიც იღებენ სასჯელს. დროა, მშობლები და საზოგაოდება გონს მოეგონ და შეიგნონ, - ბავშვებს აქვთ უფლება იყონ ბედნიერი, იცხოვრონ შიშისა და ცრემლების, სასტიკი და დამამცირებებლი მოქმედების, დასჯისა და შეურაცხყოფის, თავისუფლებისა და ინდივიდუალობის ჩაწიხვლის გარეშე.
მეორე ისტორია შშმ ბავშვის დედამ გვიამბო.
ქ. ლ.-ია: „სანამ ცოცხალია, ჩემი შვილი ჩემთან იქნება“
„სიყვარულით გავთხოვდი. ბედნიერი ოჯახი მქონდა. შემეძინა ქალიშვილი. დედამთილ-მამამთილი და მეუღლე პატივისცემით მეპყრობოდნენ. მერე დაიბადა ნიკოლოზი და პრობლემები გაგვიჩნდა. მშობიარობის დროს ბავშვმა ტრავმა მიიღო. 6 თვის მერე ექიმებმა გვითხრეს, რომ ის სამუდამოდ ინვალიდი დარჩებოდა. ბავშვს დაუდგინდა გულის მანკი და თავში სიმსივნე. ერთ-ერთი შეტევისას ექიმებმა ხელი აღარ მოკიდეს, არ გადარჩებაო, მაგრამ მე თვითონ დავუყენე სისტემა. დიდი წვალების შემდეგ ორგანიზმმა მიიღო წამლები. ერთი თვე კომაში იყო. იქიდანაც გამოვიყვანე. მას მერე არ ვშორდები. ის ჩემი სიხარულიც არის და ტკივილიც. მართალია, ნიკოლოზი ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერი ესმის. უახლოესი ადამიანებიც კი, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ჩემი არჩევანი - თავად გამეზარდა შვილი - არ იყო გონივრული. ნიკოლოზი დაბადებიდან საწოლსაა მიჯაჭვული. ამ მიზეზით ქმარმა მიმატოვა მეც და დატოვა შვილიც. უკიდურესი გაჭირვების წლები გამოვიარე. მირჩევდნენ ბავშვი რომელიმე სპეციალურ დაწესებულებაში წამეყვანა და ამ გზით შემენარჩუნებინა ოჯახი, შემენარჩუნებინა მამა მეორე შვილისათვის. ეს არ გავაკეთე და არც არასოდეს მინანია.. სანამ ცოცხალი ვარ ჩემი შვილი ჩემთან იქნება...
ივეტა წითაშვილი
![]() |
14 ტერმინთა განმარტებანი |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებები (Human Rights): ყველა ადამიანს აქვს უფლებები, დამოუკიდებლად მათი მოქალაქეობრივი მდგომარეობისა, ეროვნებისა, რასისა, ეთნიკურობისა, ენობრიობისა, სქესისა ან უნარისა; ადამიანის უფლებები ძალას იძენენ, როცა ისინი კოდიფიცირებული არიან, როგორც კონვენცია (Convention), შეთანხმება (Covenant) ან ხელშეკრულება (Treaty).
ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაცია (Universal Declaration Of Human Rights - UDHR): მიღებულია გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს. გაეროს პირველი დოკუმენტი ადგენს ადამიანის უფლებების სტანდარტებს და ნორმებს. ყველა წევრი ქვეყანა ეთანხმება შეასრულოს ეს დეკლარაცია. მართალია ზოგიერთი დეკლარაცია იყო არასავალდებულო, მაგრამ დროთა განმავლობაში, აღიარებულია ქვეყნების მიერ. ამჟამად, შეიძლება ითქვას, რომ იგი გახდა ჩვეულებრივი საერთაშორისო კანონი.
არასავალდებულო (Nonbinding): ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტი, მაგ: როგორიცაა დეკლარაცია, არ ხასიათდება ფორმალური სამართლებრივი ვალდებულებებით, თუმცა იგი მოიცავს მორალურ პასუხისმგებლობებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები (Nongovernmental Organisations NGOs): ორგანიზაციები, რომლებიც ყალიბდება მთავრობის მიღმა. ეს ორგანიზაციები ახორციელებენ ადამიანის უფლებების ორგანოს საქმიანობის მონიტორინგს, მაგ: ადამიანის უფლებების კომისია (Commission On Human Rights) და მუდმივად ადევნებენ თვალს თავიანთი მანდატის შესაბამისად ადამიანის უფლებების შესრულებას.
ბუნებითი უფლებები (Natural Laws): უფლებები, რომლებიც მიეკუთვნება ადამიანებს მათი დაბადებისთანავე და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან ადამიანები.
გამონაკლისი (რეზერვაცია) (Reservation): გამონაკლისები, რომელსაც აკეთებენ წევრი ქვეყნები შეთანხმებასთან მიმართებაში (მაგ: დებულებები, რომელთა შესრულებას ისინი არ ეთანხმებიან, თუმცა ეს გამონაკლისები არ არღვევენ ხელშეკრულების ფუნდამენტურ არსს).
განუყოფელი (Indivisible): მიუთითებს ადამიანის უფლებების თანაბარ მნიშვნელობაზე. ადამიანს არ შეიძლება უარი ეთქვას უფლებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე გადაწყვეტს, რომ ეს უფლება „ნაკლებ მნიშვნელოვანია“ ან „არაარსებითი“.
გონივრული მისადაგება ნიშნავს აუცილებელ და შესაფერის ცვლილებას, რომელიც ცალკეულ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ათავისუფლებს არაპროპორციული ან მიუღებელი ტვირთისგან, როდესაც ეს აუცილებელია, რათა სხვებთან თანასწორ პირობებში შეძლოს ისარგებლოს ან განახორციელოს ყველა უფლება და ძირითადი თავისუფლება.
დეკლარაცია (Declaration): ოფიციალური, საზეიმო გამოცხადება რაიმე აქტისა, კანონისა, ძირითადი პრინციპებისა მთავრობის ან პარტიის სახელით; თვით დოკუმენტი, რომლითაც ასეთი აქტი, კანონი არის გადმოცემული. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აღიარებს შეთანხმებას სტანდარტებთან მიმართებაში, მაგრამ არ არის იურიდიულად სავალდებულო
დისკრიმინაცია, დისკრიმინირება [ლათ.discriminatio განსხვავება] - ცალკეული პიროვნების, ადამიანთა ჯგუფის და ა.შ. უფლებების შეზღუდვა, თანასწორუფლებიანობის უგულვებელყოფა. საინტერესოა, რომ გარდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციური გარანტიებისა, ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს სპეციფიკური კანონები დისკრიმინაციის შესახებ, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას სხვადასხვა, მათ შორის სქესის, ინვალიდობის, ეთნიკური წარმომავლობისა და სხვა ნიშნით.
დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე - ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, გარიყვას ან შეზღუდვას შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე, რომელსაც გააჩნია მიზანი ან შეუძლია ზიანი მიაყენოს ან უგულვებელყოს სხვებთან თანაბარ პირობებში ყველა უფლებითა და ძირითადი თავისუფლებით სარგებლობის აღიარებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან სხვა სფეროებში. ეს ასევე მოიცავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას, მათ შორის, გონივრული მისადაგების უარყოფას
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები (Economical, Social and Cultural Rights): უფლებები, რომლებიც აძლევს ადამიანებს სოციალური და ეკონომიკური უსაფრთხოების, კულტურული იდენტურობის შენარჩუნების გარანტიას. მაგალითად, უფლება საკვებზე, თავშესაფარსა და სამედიცინო ზრუნვაზე, კულტურულ განვითარებაზე.
ინკლუზია - ტერმინი ინკლუზია გადმოღებულია ინგლისურიდან, ნიშნავს ჩართვას და გულისხმობს განსხვავებული ნიშნის მქონე ბავშვების რაიმე ფორმით ჩართვას სასწავლო პროცესში სხვა თანატოლებთან ერთად.
კოლექტიური უფლებები (Collective Rights): ადამიანთა ჯგუფების უფლებები დაიცვან თავიანთი ინტერესები და იდენტურობა.
კონვენცია (Convention): სავალდებულო შეთანხმება სახელმწიფოებს შორის; იგი გამოიყენება როგორც სინონიმი ხელშეკრულებისა (treaty) და შეთანხმებისა (covenant). კონვენცია უფრო ძლიერია, ვიდრე დეკლარაცია, რადგან იგი იმ მთავრობების ლეგალური ვალდებულებაა, რომლებმაც ხელი მოაწერეს მას. როცა გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს (Adopt) კონვენციას, იგი ამით ადგენს საერთაშორისო ნორმებს და სტანდარტებს. გენერალური ასამბლეის მიერ კონვენციის მიღების შემდეგ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ მისი რატიფიცირება და ამით იძლევიან პირობას, რომ შეასრულებენ კონვენციის მოთხოვნებს. გაეროს შეუძლია მთავრობების გაკიცხვა, როცა ისინი არღვევენ კონვეციას.
კონცეფცია [ლათ. conceptio] - 1. შეხედულებათა სისტემა; მოვლენის ესა თუ ის გაგება. 2. დოკუმენტის, ნაწარმოების, თხზულების ძირითადი აზრი.
მორალური უფლებები (Moral Rights): უფლებები, რომლებიც ეფუძნება ეთიკისა და სამართლიანობის ძირითად პრინციპებს. ისინი ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, ეყრდნობიან რელიგიურ შეხედულებებს და რწმენას. ადამიანები ხშირად გრძნობენ, რომ მათ აქვთ ამა თუ იმ ქმედებებისთვის უფლება მაშინ, როცა მათ არ ეძლევათ შესაბამისი სამართლებრივი უფლება.
რატიფიკაცია [ფრანგ. ratification] და რატიფიცირება - სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ დამტკიცება საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც ხელმოწერილია ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიერ; რატიფიკაცია ხელშეკრულებას აძლევს იურიდიულ ძალას.
რეაბილიტაცია და რეაბილიტირება - [ლათ. rehabilitatio] 1. უსაფუძლოდ შელახული ღირსების, პატიოსანი სახელის, ჩამორთმეულ უფლებათა აღდგენა. 2 (მედიც.) იმ პირთა ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის აღდგენა, რომელთაც გადატანილ დაავადებათა ან ტრამვების შედეგად შეზღუდული აქვს ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები (Civil and Political Rights): მოქალაქეების უფლებები თავისუფლებაზე და თანაბარ პირობებზე. სამოქალაქო უფლებები მოიცავს აღმსარებლობის, აზრის გამოხატვის, არჩევნებში მონაწილეობის, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თავისუფლებას.
სამართლებრივი უფლებები (Legal Rights): უფლებები, რომლებიც ჩადებულია კანონში და შეიძლება დაცული და გამოყენებული იყოს სასამართლოში გასაჩივრების უფლების ჩათვლით.
სახელმწიფო (State): ხშირად წარმოადგენს „ქვეყნის“ სინონიმს. ეს არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მუდმივად სახლობენ ფიქსირებულ ტერიტორიაზე, აქვთ საერთო კანონები, ჰყავთ მთავრობა და შესწევთ საერთაშორისო ურთიერთობის წარმართვის უნარი.
უნივერსალური დიზაინი ნიშნავს პროდუქტის, გარემოს, პროგრამების და მომსახურების იმგვარ დიზაინს, ფორმას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ყველა პირმა მაქსიმალურად ხელმისაწვდომ პირობებში, ადაპტაციის საჭიროების ან სპეციალური დიზაინის გარეშე. „უნივერსალური დიზაინი“ არ უნდა გამორიცხავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარკვეული ჯგუფისთვის დამხმარე დანადგარებს, როდესაც ამის საჭიროება არსებობს.
ხელმოწერა (Signing, Sign): დეკლარაციის, კონვენციის, შეთანხმების (Covenant) ხელმოწერა ადასტურებს პირობას იმის შესახებ, რომ დაცული იქნება დოკუმენტის პრინციპები და პატივი მიეგება მის სულისკვეთებას. ეს აგრეთვე მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს პირობა, რომ შემდგომში პროცესი განვითარდება და დასრულდება დოკუმენტაციის მიღებით ან რატიფიცირებით.
ხელშეკრულება (Treaty): ფორმალური შეთანხმება სახელმწიფოებს შორის, რომელიც განსაზღვრავს მათ ორმხრივ ვალდებულებებს. გამოიყენება კონვენციის შეთანხმების (Covenant) სინონიმად. როცა გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს კონვენციებს, ეს კონვენციები ქმნიან სამართლებრივ საერთაშორისო ვალდებულებებს წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას (Treaty). როცა ნაციონალური მთავრობა ახდენს ხელშეკრულების რატიფიცირებას, ამ ხელშეკრულების მუხლები ხდება ადგილობრივი სამართლებრივი ვალდებულებების ნაწილი.
![]() |
15 გამოყენებული მასალა და ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
Towards Inclusion Book no 1 - „Education - Special Needs Education“, edited by Berit H. Johnsen and Miriam D.Skjorten, Oslo, 2001
საერთაშორისო დეკლარაციები, კონვენციები, რეკომენდაციები
კონვენცია განათლების სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ - მიღებული იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე 1960 წლის 14 დეკემბერს;
სალამანკას დეკლარაცია, მიღებული იუნესკოს მსოფლიო კონფერენციაზე - განათლების სპეციალური საჭიროებანი, ხელმისაწვდომობა და ხარისხი, სალამანკა, ესპანეთი, 1994 წლის 7-10 ივნისს;
კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, 2006 წელი
ბავშვის უფლებათა კონვენცია - მიღებული გენერალური ასამბლეის 1989 წლის 20 ნოემბრის 1386 (XIV) რეზოლუციით
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია - მიღებული გენერალური ასამბლეის 217 (III) რეზოლუციით 1948 წლის 10 დეკემბერს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ მსოფლიო სამოქმედო პროგრამა - მიღებულია გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 37/52; 1982 წლის 3 დეკემბერი;
საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ მიღებული გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 2200(XXI) 1966 წლის 16 დეკემბერს. ძალაში შევიდა 1976 წლის 3 იანვარს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის №1 ოქმი მიღებული 1954 წელს.
დეკლარაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ -მიღებულია გენერალური ასამბლეის 3447 (XXX) რეზოლუციით 1975 წლის 9 დეკემბერს;
საქართველოს კონსტიტუცია - 1995 წ;
საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ - 2005 წ;
საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ - 1995 წ;
ელექტრონული გვერდი
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია - www.un.org
The European Agency for Development in Special Needs Education - http://www.european-agency.org
http://portal.coe.ge/index.php?lan=ge&id=children&sub=5
http://www.uniteforchildren.org/index.html
http://www.unicef.org/people/people-ambassadors.html
http://undp.org.ge/new/index.php?sec-id=1&lang-id=GEO
http://www.unicef.org/georgia/about.html
http://www.un.org/apps/news/story.asp?NewsID=32413&Cr=Iraq&Cr1=
http://www.unicef.org/people/people-ambassadors-international.html
http://www.unicef.org/infobycountry/georgia.html
Special Education Law Library - http://www.wrightslaw. com/idea/index.htm
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - www.mes.gov.ge
ქართული პროგრამული სისტემები - GSS კოდექსი