![]() |
საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების გზამკვლევი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი დემოკრატია|ჯარი |
საავტორო უფლებები: ©2006. ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ბროშურა გამოიცა ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ბროშურაში მოცემულ შინაარსზე პასუხისმგებელია ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ და მისი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ინსტიტუტის პოზიციას 2006 ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ ჩვენი საკონტაქტო მისამართია: თბილისი, კრილოვის ქუჩა №7 ტელ: 95 89 80 ელ-ფოსტა: e-mail: jusliberty@hotmail.com ვებ-გვერდი: www.ajl.ge |
![]() |
1 გზამკვლევის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე გზამკვლევი შეეხება სამხედრო დისციპლინის საკითხებს და იგი გამომდინარეობს „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდებიდან“ გზამკვლევი განკუთვნილია მხოლოდ კადრის ოფიცრებისათვის, ანუ იმ სამხედრო მოსამსახურეთათვის, რომლებიც გადიან კადრის სამსახურს.
გზამკვლევის პირველ გვერდებზე თქვენ იხილავთ ტერმინთა განმარტებებს, რომლებიც შემდგომში გაგიმარტივებთ გაერკვეთ სხვადასხვა სამართლებრივ ტერმინოლოგიაში. მომდევნო თავები ეხება ზოგადად საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების მიზნებსა და ამოცანებს, ასევე სხვადასხვა ტერმინთა ცნებებსა და მათ მნიშვნელობას. გზამკვლევის ძირითად ნაწილში მოცემულია სადისციპლინო წესდების მუხლები, რომლებიც შეძლებისდაგვარად გამარტივებული სახით არის ჩამოყალიბებული და ღირსეული საქციელისა და დისციპლინური გადაცდომის საკითხებს შეეხება. მუხლების ქვემოთ მითითებულია წახალისების ან სასჯელის შესაბამისი ზომები და იმ პირის ან ორგანოს დასახელება, რომლის კომპეტეციასაც განეკუთვნება ამ სანქციის გამოყენება; ზოგიერთი მუხლის ქვემოთ შეხვდებით ასევე ჩვენეულ შენიშვნებს. გზამკვლევის ბოლოს თქვენ გაქვთ საშუალება გაეცნოთ დისციპლინური საქმის წარმოების წესებსა და გასაჩივრების უფლებებს, ასევე სხვა თქვენთვის საინტერესო საკითხებს.
![]() |
2 ავტორის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე გზამკვლევი მოამზადა ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებამ“, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია და უკვე მე-9 წელია, რაც სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის საკითხებით არის დაკავებული.
სწორედ ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით, 2002 წელს შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელსაც უნდა ეთავა საბჭოთა არმიის სამხედრო სადისციპლინო წესდების შეცვლა. კომისიის ფარგლებში ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებამ“ წარმოადგინა სადისციპლინო წესდების ის ვარიანტი, რომელიც 2006 წლის 10 თებერვალს დამტკიცებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ და დღეს უკვე ჯარში მოქმედებს. აქვე უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ მიერ პირველად წარმოდგენილმა წესდებამ გარკვეული სახეცვლილება განიცადა თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში, თუმცა ვთვლით, რომ იგი მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს ქართულ ჯარს დისციპლინის დამყარების საქმეში.
წინამდებარე გზამკვლევის გამოცემა ჩვენი საქმიანობის გაგრძელებაა. იმდენად, რამდენადაც კარგად ვერკვევით სადისციპლინო წესდების თითოეული მუხლის მნიშვნელობაში, საჭიროდ ჩავთვალეთ მისი მცირე და გასაგები სახით ჩამოყალიბება და მისი სამხედრო მოსამსახურეთათვის გადაცემა. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მოგვმართეთ და ჩვენი ორგანიზაცია შეძლებისდაგვარად სწორ პასუხს გაგცემთ. ასოციაციაში მოქმედებს უფასო იურიდიული მომსახურების ცენტრი, რომელიც სამართლებრივ დახმარებას უწევს წვევამდელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. ჩვენი იურისტები კვალიფიციურად დაიცავენ თქვენს უფლებებს და მხარს დაგიჭერენ თითოეულ თქვენთაგანს კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვის საქმეში.
დაბოლოს, გვინდა მოგმართოთ თხოვნით მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები სადისციპლინო წესდებასთან დაკავშირებით. ჩვენ შევეცდებით თითოეული თქვენი წინადადება განვიხილოთ და საჭიროების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის ორგანოებს წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
გისურვებთ წარმატებებს.
![]() |
3 ტერმინთა განმარტებები |
▲ზევით დაბრუნება |
1. სამხედრო მოსამსახურე - სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირი;
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სასჯელი
3. არაერთგზის ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა - დისციპლინური სასჯელის მოქმედების პერიოდში ხელმეორედ ჩადენილი იგივე დისციპლინური გადაცდომა, რომლისთვისაც სამხედრო მოსამსახურეს დაედო დისციპლინური სასჯელი;
4. განსაკუთრებული სიტუაცია
განსაკუთრებულ სიტუაციაში იგულისხმება:
საბრძოლო მოქმედებების ან საბრძოლო სამსახურის (ამოცანის) შესრულების დრო;
სხვა სახელმწიფოში ყოფნის დრო;
საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის
დრო;
ექსტრემალურ სიტუაციაში მოქმედება;
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების დრო.
5. სისხლის სამართლის დანაშაული - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.
6. ფულადი ჯილდო - ფულადი ჯილდოს ოდენობა არ უნდა იყოს დაჯილდოვებული სამხედრო მოსამსახურის ხელფასის 50%-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს დასაჯილდოვებელი სამხედრო მოსამსახურის 1 თვის ხელფასს.
7. ფასიანი საჩუქარი - ფასიანი საჩუქრის ოდენობა არ უნდა იყოს დაჯილდოვებული სამხედრო მოსამსახურის ხელფასის 50%-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს სამხედრო მოსამსახურის 1 თვის ხელფასს.
![]() |
4 1. საქართველოს შეიარაღებული ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
1.1. რა არის სადისციპლინო წესდება?
საქართველოს შეიარაღებული ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდება არის ნორმატიული აქტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ №111 ბრძანებულებით დამტკიცებულ იქნა 2006 წლის 10 თებერვალს. წესდება არეგულირებს სამხედრო დისციპლინასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
1.2. სადისციპლინო წესდების ამოცანები და მიზნები
სადისციპლინო წესდების მიზანია სამხედრო მოსამსახურის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება, სამხედრო დისციპლინის დაცვა და ღირსეული საქციელისათვის მათი წახალისება.
სადისციპლინო წესდების ამოცანაა:
მმართველობის მიერ დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგისა და სამხედრო დისციპლინის დაცვა;
დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილების უზრუნველყოფა;
სამხედრო მოსამსახურეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ზუსტი და განუხრელი დაცვით, მოქალაქეთა და სხვა სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების პატივისა და ღირსების გათვალისწინებით, საერთო და სამხედრო ცხოვრების წესების პატივისცემით, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით.
აღნიშნული ამოცანის განხორციელების მიზნით, სადისციპლინო წესდება განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და რომელი ღირსეულ საქციელს, რა სახის დისციპლინური სასჯელი ან რა სახის წახალისება და რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ, რა წესით შეიძლება შეეფარდოს ქმედების ჩამდენ სამხედრო მოსამსახურეს.
1.3. სადისციპლინო წესდების მოქმედების ფარგლები
სადისციპლინო წესდება მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა პირად შემადგენლობაზე, აგრეთვე საქართველოს საზღვრებს გარეთ განლაგებული საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების პირად შემადგენლობაზე იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1.4. რა არის ღირსეული საქციელი?
სამხედრო მოსამსახურის ღირსეულ საქციელად ჩაითვლება სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, სამხედრო დისციპლინის, მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობების, მმართველობის მიერ დადგენილი წესის დასაცავად ჩადენილი ქმედება, რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში სამხედრო მოსამსახურის რეპუტაციის ამაღლებას. ღირსეული საქციელისათვის სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებულია წახალისება.
1.5. რა არის დისციპლინური გადაცდომა?
დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება სამხედრო მოსამსახურის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის და/ან სამხედრო სამსახურის წესის, საკუთრების, სამხედრო მოსამსახურეებისა და მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების, მმართველობის მიერ დადგენილი წესის (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი პასუხისმგებლობის ზომას არ ითვალისწინებს.
დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება:
დისციპლინური გადაცდომის გულწრფელი მონანიება;
დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიერ გადაცდომის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფილობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება;
დისციპლინურ გადაცდომის ჩადენაზე ნებაყოფილობით ხელის აღება;
გადაცდომის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში;
სხვა გარემოებათა გამო, რომლებიც კონკრეტულ ვითარებაში შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს გადაცდომის ჩადენის შემამსუბუქებელ გარემოებებად.
დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება:
მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა, მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;
პირის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;
ხელქვეითების ჩაბმა სამართალდარღვევაში;
დისციპლინური გადაცდომის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;
დისციპლინური გადაცდომის ჩადენა სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში;
დისციპლინური გადაცდომის ჩადენა არაფხიზელ მდგომარეობაში
1.6. კიდევ რა უნდა იცოდეთ
1. სამხედრო მოსამსახურეს არ შეიძლება შეეფარდოს რამდენიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან წახალისება ერთი და იმავე ქმედებისათვის.
2. სამხედრო მოსამსახურე დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის ზომა ან ღირსეული საქციელისათვის წახალისება უნდა შეეფარდოს სადისციპლინო წესდების იმ ნორმით (მუხლით), რომელიც მოქმედებს ქმედების ჩადენის დროს.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადება არ ათავისუფლებს დისციპლინური გადაცდომის ჩამდენს იმ მოვალეობის შესრულებისაგან, რომლის შეუსრულებლობისათვის მას შეფარდებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
4. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს წესდებით დადგენილი წესით გაასაჩივროს დისციპლინურ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და არღვევს ჯარისკაცის კანონიერ უფლებებს.
5. კადრის ოფიცრები, რომელთა კადრის სამსახურის პერიოდში მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის რაოდენობა აღემატება წახალისებათა რაოდენობას, არ მიენიჭება უმაღლესი სამხედრო წოდება და არ დაინიშნება თანამდებობაზე, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უმაღლესი სამხედრო წოდების მინიჭება.
![]() |
5 2. ღირსეული საქციელი |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 93.
სამხედრო სასწავლებლის ფრიადზე დამთავრება - წახალისების ზომა: სამხედრო ნაწილის (სასწავლებლის)საპატიო წიგნში სამხედრო მოსამსახურის სახელის შეტანა.
უფლებამოსილი პირი: ასეულის მეთაური.
მუხლი 94.
სპორტულ ანდა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და წარმატების მიღწევა, ე.ი. ოფიცერი სახელმწიფო დონის ჩემპიონატებში ან ფესტივალებში მონაწილეობის მიღება და საპრიზო ადგილის დაკავება -
წახალისების ზომა: ქვედანაყოფის (ნაწილის) საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრა. უფლებამოსილი პირი: ასეულის მეთაური.
მუხლი 95.
სამხედრო სპეციალობის მიხედვით სამეცნიერო ხარისხის დაცვა - წახალისების ზომა: ფულადი ჯილდო. უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 96.
სამხედრო ნაწილში არსებული ტრადიციების განვითარება და ახალი ტრადიციების დანერგვა, ე.ი. ოფიცრის მიერ სამხედრო ქვედანაყოფში კანონიერი და ზნეობრივი სამხედრო ტრადიციების განვითარება და მისდამი პირადი შემადგენლობის პატივისცემით აღზრდა. ასევე კანონიერი და ზნეობრივი თვალსაზრისით ახალი სამხედრო ტრადიციების დანერგვა - წახალისების ზომა: უწყებრივი მედალი.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 97.
სამხედრო წვრთნისას სასწავლო საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება - წახალისების ზომა: „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშანი.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 98.
მომიჯნავე სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა - წახალისების ზომა: საპატიო სიგელი.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (I I რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 99.
1. თანამებრძოლისათვის სამხედრო საკითხებში დახმარების გაწევა -
წახალისების ზომა: საპატიო სიგელი.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში -
წახალისების ზომა: ფულადი ჯილდო.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 100.
1. შვებულებაში მყოფი ოფიცრის მიერ სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა წახალისების ზომა: საპატიო სიგელი.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის გადარჩენა -
წახალისების ზომა: ცივი იარაღით დაჯილდოვება.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 101.
1. შვებულებაში მყოფი ოფიცრის მიერ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის დახმარების გაწევა -
წახალისების ზომა: საპატიო სიგელი.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (I I რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის გადარჩენა -
წახალისების ზომა: ცივი იარაღით დაჯილდოვება.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 102.
1. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა - წახალისების ზომა: ფულადი ჯილდო.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში -
წახალისების ზომა: „უწყებრივი მედლით“ დაჯილდოვება.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 103.
საბრძოლო მოქმედებების დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განუხრელი დაცვა -
წახალისების ზომა: უწყებრივი მედალი.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 104.
ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა -
წახალისების ზომა: მედალი „მხედრული მამაცობისათვის.“
უფლებამოსილი პირი: საქართველოდ პრეზიდენტი.
მუხლი 105.
სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება -
წახალისების ზომა: ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი.
უფლებამოსილი პირი:საქართველოდ პრეზიდენტი.
მუხლი 106.
ბრძოლის დროს მაღალი ინდივიდუალური სამხედრო მომზადების გამომჟღავნება - წახალისების ზომა: სამსახურეობრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 107.
ოფიცერი, რომელიც სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში წახალისებულია წესდების 105 და 106 მუხლების შესაბამისად -
წახალისების ზომა: მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
![]() |
6 3. დისციპლინური გადაცდომა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 182.
1. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა, ე.ი. ოფიცრის მიერ განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება - სასჯელი: ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვა სამი თვის ვადით.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: სამსახურიდან დათხოვნა.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 183.
1. ბრძანების დაუმორჩილებლობა, ე.ი. ოფიცრის მიერ დადგენილი წესით მიღებული ბრძანების შეუსრულებლობა.
სასჯელი: ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვა სამი თვის ვადით.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის.
სასჯელი: სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 184.
1. მეთაურის (უფროსის) მოტყუება, ე.ი. ოფიცრის მიერ მეთაურისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, როგორც პირად, ასევე სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, რამაც არსებითად არ დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესები
სასჯელი: საყვედური.
უფლებამოსილი პირი: ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - სასჯელი:სამსახურიდან დათხოვნა. უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 185.
1. მხედრული მისალმების წესის დარღვევა, ე.ი. ოფიცრის მიერ მხედრული სალმის არ მიცემა ან სალმის მიცემის დადგენილი წესების უხეშად დარღვევა -
სასჯელი: საყვედური.
უფლებამოსილი პირი: ბატალიონის (I I რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 186.
მეთაურის (უფროსის) შემოსვლის დროს კომანდა „სმენა“-ს გაუცემლობა, ე.ი. ოფიცრის მიერ სამხედრო წესდებებით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედების შეუსრულებლობა
სასჯელი: საყვედური.
უფლებამოსილი პირი: ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 187.
სამწყობრო კომანდების დარღვევა -
სასჯელი: საყვედური.
უფლებამოსილი პირი: ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 188.
სიმულაცია, ე.ი. ოფიცრის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცრუ მოქმედებები, აგრეთვე საკუთარი სხეულის დაზიანება განზრახი ქმედებებით -სასჯელი: სამსახურიდან დათხოვნა.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 189.
1. სიმთვრალე, სამსახურში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.
სასჯელი: ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვა ექვსი თვის ვადით.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის.
სასჯელი:სამსახურიდან დათხოვნა.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 190.
1. ჩხუბი, ე.ი. ოფიცრის მონაწილეობა ჩხუბში სამხედრო ტერიტორიაზე -
სასჯელი: გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: სამსახურიდან დათხოვნა.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 191.
სამსახურებრივი ინვენტარის დაკარგვა-დაზიანება, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს -
სასჯელი: დაკარგული, დაზიანებული ინვენტარის ღირებულების ანაზღაურება. უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 192.
პირადი ეკიპირების დაკარგვა-დაზიანება, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს.
სასჯელი: პირადი ეკიპირების ღირებულების ანაზღაურება.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 193.
სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების სამოქალაქო პირებისათვის მიცემა ან მიყიდვა, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს - სასჯელი: შესაბამისი ნივთის ღირებულების ანაზღაურება და ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვა.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 194.
1. პირადი ნივთების მოუვლელობა, ე.ი. ოფიცრის მიერ სამსახურებრივი პირადი ნივთების შენახვის, მოხმარების და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს
მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება -
სასჯელი: გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვა.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 195.
1. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა, ე.ი. ოფიცრის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შენახვის, მოხმარების და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება -
სასჯელი: ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვა 6 თვის ვადით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვა.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 196.
1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა -
სასჯელი: საყვედური.
უფლებამოსილი პირი: ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 197.
1. სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე, ე.ი. ოფიცრის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკის, ინსიგნიების ან ღილკილოების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე -
სასჯელი: გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვა.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 198.
სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება, ე.ი. ოფიცრის მიერ სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი თმის ვარცხნილობა, გაუპარსავი ყოფნა, წვერ-ულვაშის მიუღებელი ვარცხნილობები
სასჯელი: საყვედური.
უფლებამოსილი პირი: ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები
მუხლი 199.
1. სამკაულების ტარება, ე.ი. ოფიცრისათვის მიუღებელი მოსართავი სამკაულების (პირსინგის) ტარება -
სასჯელი: საყვედური.
უფლებამოსილი პირი: ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვა.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 200
1. საბუთების გაყალბება, ე.ი. ოფიცრის მიერ შესაბამის ხელმისაწვდომ დოკუმენტაციაში მცდარი მონაცემების შეტანა, რომელიც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს -
სასჯელი: გაფრთხილება არასრული სამსახურეობრივი შესაბამისობის გამო.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვა 3 თვის ვადით.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 201.
უკანონო ბრძანების გაცემა -
სასჯელი: სამსახურიდან დათხოვნა.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 202.
1. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის)ტერიტორიის დაბინძურება
სასჯელი: საყვედური.
უფლებამოსილი პირი: ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვა.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 203.
1. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, ე.ი. ოფიცრის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლით საზოგადოებრივ თავშეყუფასორის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა -
სასჯელი: საყვედური.
უფლებამოსილი პირი: ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვა 10 თვის ვადით.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 204.
1.სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიაზე აზარტული თამაში -
სასჯელი: საყვედური.
უფლებამოსილი პირი: ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: სამსახურიდან დათხოვნა.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 205.
დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ე.ი. ოფიცრის მიერ სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიაზე დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რასაც შეიძლება გამოეწვია მძიმე შედეგი -
სასჯელი: გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 206.
1. თამბაქოს მოწევა გარდა სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი ადგილისა - სასჯელი: ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვა.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვა.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 207.
სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სექსუალური კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება (ჰომოსექსუალური ან სხვაგვარი სექსუალური ქმედება) -
სასჯელი: სამსახურიდან დათხოვნა.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 208.
1. სამსახურში დაგვიანება, ე.ი. ოფიცრის სამსახურში არასაპატიო მიზეზით სამუშაო დროის პერიოდში დაგვიანება-
სასჯელი: ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვა 6 თვის ვადით.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: სამსახურიდან დათხოვნა.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 209.
1. სამსახურში გამოუცხადებლობა, ე.ი. ოფიცრის მიერ არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა -
სასჯელი:ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვა 6 თვის ვადით.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას სამსახურიდან დათხოვნას.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 210.
1. სამხედრო დისციპლინის წესდების დარღვევა, ე.ი. ოფიცრის მიერ ამ წესდების 30-ე და 53-ე მუხლების დარღვევა -
სასჯელი:გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ. უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი:სამსახურიდან დათხოვნა.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
შენიშვნა: წესდების 30-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ოფიცერი ვალდებულია წაახალისოს სამხედრო მოსამსახურე წესდების ზუსტი დაცვით, თუ ის ღირსეულ საქციელს ჩაიდენს. 53-ე მუხლი მოითხოვს წახალისებისა და სასჯელის ზომის დაუყოვნებლივ აღსრულებას, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში სასჯელის ზომა სისრულეში უნდა იქნეს მოყვანილი მისი გამოცხადებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
მუხლი 211.
პოლიტიკური პარტიის წევრობა -
სასჯელი: სამსახურიდან დათხოვნა.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 212.
სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. ოფიცრის მიერ საწარმოს მართვა -
სასჯელი: სამსახურიდან დათხოვნა.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 213.
არაეთიკური ქცევა მწყობრში, სამხედრო მოსამსახურთა კრებაზე, სემინარზე, კომფერენციაზე და სხვა ოფიციალურ თავშეყრის ადგილებში, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ მიუღებელი ფრაზებით, ჟესტიკულაციით ან ჟარგონებით საუბარი - სასჯელი: საყვედური.
უფლებამოსილი პირი: ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 214
ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა, ე.ი. ოფიცრის მიერ მასზე ტაბელით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ან მოვლის წესების დარღვევა, რასაც შეიძლება მოჰყვეს მისი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება - სასჯელი: ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვა 6 თვის ვადით.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 215.
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არადანიშნულებისამებრ, ე.ი. ოფიცრის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა არადანიშნულებისამებრ, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი -
სასჯელი: ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვა 6 თვის ვადით.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 216.
ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა, რასაც არ გამოუწვევია მძიმე შედეგი -
სასჯელი: ხელფასიდან 25 პროცენტის დაქვითვა 3 თვის ვადით.
უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
მუხლი 217.
1. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა.
სასჯელი: გაფრთხილება არასრული სამსახურეობრივი შესაბამისობის გამო - უფლებამოსილი პირი: ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის -
სასჯელი: სამსახურიდან დათხოვნა.
უფლებამოსილი პირი: თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 218.
ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. ოფიცრის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი საცეცხლე ნორმატივების შეუსრულებლობა -
სასჯელი: საყვედური.
უფლებამოსილი პირი: ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები.
![]() |
7 4. დისციპლინური საქმის წარმოების წესი |
▲ზევით დაბრუნება |
4.1. დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების საფუძველი
დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს:
მეთაურის შუამდგომლობა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიმართ;
დაინტერესებული პირის საჩივარი ან შუამდგომლობა შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელზე;
დაზარალებულის საჩივარი ან შუამდგომლობა შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელზე;
ფიზიკური ან იურიდიული პირის საჩივარი შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელზე;
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირთა შუამდგომლობა დისციპლინური საქმის განმხილველი შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელზე;
4.2. დისცილინური საქმეები, რომლებიც არ განიხილება დისციპლინური საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს და დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს:
ღირსეული საქციელის ან დისციპლინური გადაცდომის არარსებობის გამო;
დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის ფსიქიური მოშლილობის გამო;
თუ სამხედრო მოსამსახურე მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობისა ან აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში;
წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმების გამო;
იმ სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმის წარმოება;
ანონიმური საჩივრები და შუამდგომლობები არ განიხილება.
4.3. საჯაროობა
დისციპლინური საქმე განიხილება საჯაროდ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს.
4.4. დისციპლინური საქმის მტკიცებულებები
დისციპლინურ საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე ორგანო (თანამდებობის პირი) კანონით განსაზღვრული წესით ადგენს ღირსეული საქციელის ან დისციპლინური გადაცდომის არსებობას ან არარსებობას, სამხედრო მოსამსახურის ბრალეულობას და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. დისციპლინური საქმის წარმოებისას მტკიცებულებად დაშვებულია:
დისციპლინური ოქმი;
წასახალისებელი ან დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიცემული სამხედრო მოსამსახურის ახსნა-განმარტება;
დაზარალებულის ან/და დაინტერესებული პირის ახსნა- განმარტება;
მოწმეთა ახსნა-განმარტებები;
ექსპერტის დასკვნა;
ნივთიერი მტკიცებულებები;
ნივთებისა და დოკუმენტების ამოღების ოქმები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები;
დისციპლინური საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე ან სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ადგილზე. დისციპლინურ საქმეებს უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს დისციპლინური ოქმისა და სხვა მასალების მიღებიდან 10 დღის ვადაში. დაუძლეველი ძალის არსებობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს კიდევ 10 დღემდე.
დისციპლინური საქმის განხილვის შემდეგ, ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება საქმეზე. დადგენილება უნდა შეიცავდეს:
დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელებას;
საქმის განხილვის თარიღს;
ცნობებს იმ სამხედრო მოსამსახურის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე;
საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებებს;
საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას;
იმ ნორმატიული აქტის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს წახალისებას ან დისციპლინურ პასუხისმგებლობას მოცემული ქმედებისათვის.
თუ დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების საკითხის გადაწყვეტისას უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები) წყვეტენ ბრალეულის მიერ ქონებრივი ზარალის ანაზღაურების საკითხს, მაშინ საქმეზე მიღებულ დადგენილებაში აღინიშნება ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობა, მისი ანაზღაურების ვადა და წესი. საქმეზე მიღებულ დადგენილებაში უნდა გადაწყდეს ჩამორთმეული ნივთებისა და დოკუმენტების საკითხი.
დისციპლინურ საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი, ხოლო სამანდატო კომისიის დადგენილებას - თავმჯდომარე და მდივანი. დისციპლინური საქმის განხილვის შემდეგ უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი დადგენილება:
წახალისების ზომის შეფარდების შესახებ;
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ;
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გაასაჩივროს სამხედრო მოსამსახურემ, რომლის მიმართაც არის გამოტანილი აღნიშნული დადგენილება. გასაჩივრება შეუძლია აგრეთვე დაზარალებულ პირს, თუკი იგი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არასამართლიანია.
4.5. სამხედრო მოსამსახურის უფლებები
დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს:
გაეცნოს საქმის მასალებს;
მისცეს ახსნა-განმარტებები;
წარადგინოს მტკიცებულებები;
განაცხადოს შუამდგომლობები;
საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით;
გაასაჩივროს საქმეზე მიღებული დადგენილება;
საქმის განხილვის დროს გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახუირებით, თუ არ იცის მიმდინარე საქმის წარმოების ენა.
![]() |
8 5. გასაჩივრების უფლება |
▲ზევით დაბრუნება |
თუ თქვენ გადაწყვეტთ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ამისათვის საჩივრით უნდა მიმართოთ გადაწყვეტილების გამომტანის ორგანოზე (თანამდებობის პირზე) ერთი საფეხურით ზემდგომ ინსტანციას. ხოლო, თუ გადაწყვეტილება გამოიტანა რაიონულ (ქალაქის) სასამართლომ, იგი უნდა გაასაჩივროთ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თუმცა (ფიზიკურად) საჩივარი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელმაც გამოიტანა დადგენილება დისციპლინურ საქმეზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია შემოსული საჩივარი საქმესთან ერთად 3 დღე-ღამის განმავლობაში გადაუგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომლის სახელზეც თქვენ შეიტანეთ საჩივარი. თქვენ შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ ზემდგომ ინსტანციას (ორგანოს ან თანამდებობის პირს) იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი (წინა) საჩივარი არ იქნა განხილული დადგენილ ვადებში ან თუ თვლით, რომ საქმის წარმოებისას ხდება თქვენი უფლებების დადგენა.
5.1. გასაჩივრების ვადები
დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა) იმ სამხედრო მოსამსახურის განცხადების საფუძველზე, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება. დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებას, მაგრამ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ან შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება ვალდებულია აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა. პირმა, რომელმაც გაასაჩივრა დადგენილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ, სახელმწიფო ბაჟი არ გადახდება.
5.2. როგორ დავწეროთ საჩივარი
საჩივარი უნდა შეიცავდეს:
იმ ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელებას, რომელსაც მივმართავთ;
საჩივრის შემტანი პირის დასახელებას;
გარემოებებს, რომლებიც დაკავშირებულია დისციპლინურ საქმესთან და მის საქმის წარმოებასთან;
საჩივრის შემტანი პირის მოთხოვნას ან პრეტენზიას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;
საჩივარზე თანდართული მასალების ჩამონათვალს. შემდეგ გვერდზე იხილეთ საჩივრის ფორმა.
საჩივრის ფორმა (მაგალითი)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
მე-? ბრიგადის მეთაურს
(წოდება, სახელი, გვარი)
სამხედრო ნაწილის №---
სამხედრო მოსამსახურის
(წოდება, სახელი, გვარი)
საჩივარი
მოგახსენებთ, რომ 200? წლის (თვე, რიცხვი) ჩატარდა დისციპლინური საქმის წარმოება, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შემეფარდა --- (მაგ., რიგგარეშე სამ განწესში დანიშვნა).
მიმაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩემს მიმართ უკანონოა, ვინაიდან ... (საჩივრის საფუძველი). გთხოვთ განიხილოთ აღნიშნული საქმე და მიიღოთ კანონიერი გადაწყვეტილება.
საჩივარს თან ერთვის:
1. დისციპლინური საქმის წარმოების მასალები (-- გვერდი)
2. სხვა საბუთები.
ხელმოწერა თარიღი
მას შემდეგ, რაც თქვენ გაასაჩივრებთ მიღებულ გადაწყვეტილებას, საამისოდ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია თქვენი საჩივარი განიხილოს მისი შემოსვლიდან 10 დღის ვადაში. საჩივრის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი გადაწყვეტილება:
დადგენილების უცვლელად, ხოლო საჩივრის - დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გადაგზავნის შესახებ;
დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ამ წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
ამასთან, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ უნდა გამკაცრდეს.
თუ დადგინდება, რომ დადგენილება გამოიტანა ორგანომ (თანამდებობის პირმა), რომელიც არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა მოცემული საქმე, მაშინ ასეთი დადგენილება გაუქმდება და საქმე განსახილველად გადაეგზავნება კომპეტენტურ ორგანოს (თანამდებობის პირს). ამისათვის თქვენ უნდა აცნობოთ ზემდგომ ორგანოს და მოითხოვოთ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
დისციპლინურ საქმეზე არსებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო მიღებული გადაწყვეტილების ასლი 3 დღის ვადაში გაეგზავნება იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი, აგრეთვე დაზარალებულს - მისივე თხოვნით. თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ სასამართლოში დადგენილი წესის მიხედვით.
![]() |
9 6. დადგენილების აღსრულება |
▲ზევით დაბრუნება |
დადგენილება წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ შესასრულებლად სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სამხედრო მოსამსახურეთათვის. დადგენილება წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან. თუ თქვენ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილებას გაასაჩივრებთ, იგი აღსრულდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზემდგომი ორგანო გამოიტანს გადაწყვეტილებას თქვენი საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ. წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ხდება დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ.
![]() |
10 7. შენიშვნებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს შეიარაღებული ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდებაში შევიდა შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1.
2.
3.
4.
![]() |
11 წინადადებები და შენიშვნები სადისციპლინო წესდებასთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო ოფიცრებო!
თუ თქვენ თვლით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების ესა თუ ის მუხლი არ მიესადაგება სამხედრო ცხოვრებას ან არ მოქმედებს ეფექტურად, ან მიგაჩნიათ, რომ მას უნდა დაემატოს წახალისებისა და დისციპლინური გადაცდომის სხვა ზომები, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი წინადედებები და შენიშვნები ან დაგვიკავშირდეთ.
ჩვენი საკონტაქტო მონაცემებია:
ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“
კრილოვის ქუჩა №7,
თბილისი 0102,
ტელ: 95 89 80
e-mail: jusliberty@hotmail.com
ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“
გაგიწევთ ასევე უფასო იურიდიულ მომსახურებას
თქვენთვის საინტერესო საკითხებზე