იაპონური ზღაპრები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ლიტერატურა|საბავშვო ლიტერატურა
წყარო: იაპონური ზღაპრები / [ინგლ. თარგმნა ზეინაბ სარაძემ] - თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი, 2000 - 28გვ. ; 14სმ. - ISBN 99928-37-72-1 : [3ლ.10თ.]
შინაარსი: ფეიქარი ობობა; ერთიგოჯა; კიბორჩხალა და მაიმუნი; ბატონი ჩალაბედა; დევი და მამალი   [MFN: 13917]
 
UDC:  821.521-34
K 9.388/1 - საერთო ფონდი
K 9.389/1 - საერთო ფონდი
K 9.618/1 - საერთო ფონდი
F 3.740/1 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2000
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ინგლისურიდან თარგმნა ზეინაბ სარაძემ თბილისი 2000 გამომცემელი – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, ტელ. 334081, ფაქსი 334163



1 ფეიქარი ობობა

▲ზევით დაბრუნება


დიდი ხნის წინათ ერთი გლეხი ცხოვრობდა, სახელად იოსაკუ. ერთხელ მიწას რომ თოხნიდა, დაინახა, გველი როგორ მიეპარა ობობას. იოსაკუს ობობა ძალიან შეეცოდა, მიირბინა და გველი თოხით გვერდზე ისროლა. ობობა სიკვდილს გადარჩა. სანამ ობობა ბალახებში გაუჩინარდებოდა, წამით შეყოვნდა და მადლობის ნიშნად თავი დახარა.

გამოხდა რაღაც ხანი. ერთ დილას იოსაკუს შინ წკრიალა ხმა შემოესმა: „ბატონო იოსაკუ! ბატონო იოსაკუ!“ კაცმა კარი გამოაღო. ეზოში ლამაზი გოგონა იდგა.

- გავიგე, თურმე ფეიქარს ეძებთ, - თქვა გოგონამ. - თუ ნებას დამრთავთ, დავრჩები და მოვქსოვ თქვენთვის.

იოსაკუს ძალიან გაუხარდა, რადგან მართლაც სჭირდებოდა ტანსაცმლისთვის ქსოვილი. გოგონა საქსოვ ოთახში შეიყვანა. იგი მაშინვე დაზგას მიუჯდა. საღამოს იოსაკუ საქმის დასახედად რომ მოვიდა, გაოცებული დარჩა: გოგონას რვა კიმონოს სამყოფი ქსოვილი გაემზადებინა. იოსაკუს არავინ ეგულებოდა, ვინც დღეში ამდენს მოქსოვდა.

- ეს როგორ მოახერხე? - ჰკითხა გოგონას, რომელმაც პასუხის ნაცვლად უცნაური რამ უთხრა:

- მეტად აღარ მკითხოთ. ოთახშიც, სანამ ვმუშაობ, ნუ შემოხვალთ.

მაგრამ იოსაკუს ცნობისწადილმა სძლია. ერთხელ ფეხაკრეფით საქსოვ ოთახთან მივიდა და სარკმლიდან შეიჭვრიტა. გაოცებისაგან კინაღამ ენა ჩაუვარდა. დაზგას გოგონას ნაცვლად უზარმაზარი ობობა უჯდა და თავისი რვა ფეხით გამალებული ქსოვდა, ძაფი პირიდან ამოსდიოდა.

იოსაკუ ახლოდან იჭვრიტებოდა და ფეიქარში მის მიერ გადარჩენილი ობობა იცნო. მიხვდა, რომ მადლიერ ობობას გადაეწყვიტა მისთვის დახმარება: პატარა გოგოდ ქცეულიყო და მოსაქსოვად მოსულიყო. იგი ბამბას ჭამდა, ძაფად აქცევდა და რვა ფეხით სწრაფად ქსოვდა, ძალიან სწრაფად.

ობობას საქციელმა იოსაკუ სულის სიღრმემდე შეძრა. ბამბა თავდებოდა. მეორე დილას ბამბის შესაძენად მეზობელ სოფელში მთის გადაღმა წავიდა. იყიდა ერთი ფუთა და შინისაკენ გამობრუნდა.

გზაზე საშინელი რამ მოხდა. იოსაკუ დაიღალა და ჩაიმუხლა. ამასობაში გველი, რომელსაც ობობა უნდა შეეჭამა, მოსრიალდა და ბამბაში შეძვრა. იოსაკუს არაფერი დაუნახავს. ბამბა შინ მიიტანა და გოგონას გადასცა. გოგონას ბამბა ძალიან გაუხარდა, რადგან სულ გათავებოდა. აიღო და საქსოვ ოთახში შეიტანა.

როგორც კი ოთახში შევიდა, მაშინვე ობობად იქცა და ბამბის ჭამას შეუდგა, რომ ის ძაფად ექცია. ისე მადიანად ჭამდა, გეგონებოდათ, ძალიან გემრიელ რამეს შეექცევაო. ობობა ჭამდა და ჭამდა. როცა ბამბა ძირამდე დავიდა, უცებ გველი გამოსრიალდა. ობობას გადასაყლაპად პირი დიდად დაეფჩინა. ობობა დაფრთხა და სარკმლიდან ისკუპა. გველი გაეკიდა. დაეწია კიდეც, მაგრამ მოხდა სასწაული.

ბერიკაცი მზე ციდან ყველაფერს ხედავდა. იცოდა, რომ ობობა იოსაკუს სიკეთეზე სიკეთით პასუხობდა. ძალიან შეებრალა საწყალი პატარა ობობა. ჩამოუშვა სხივი, რომელიც ობობას პირიდან გამოჩრილ ძაფს გადაენასკვა და ამგვარად ობობა მაღლა ცაში აიყვანა, სადაც გველი ვეღარ მისწვდებოდა.

ობობა ძალიან მადლიერი დაურჩა მზეს, სიკვდილს რომ გადაარჩინა. მუცელში რაც ბამბა ჰქონდა, იმით ცაში ლამაზი, ფუმფულა ღრუბლები მოქსოვა. ამიტომაა ღრუბლები ბამბასავით ფაფუკი და თეთრი, ხოლო ბამბასაც და ღრუბელსაც იაპონიაში ერთი სახელი ჰქვია - ს კ უ მ ო.

2 ერთი გოჯა

▲ზევით დაბრუნება


იყო და არა იყო რა, იყო ერთი უშვილო ცოლ-ქმარი. ერთხელ სალოცავში წავიდნენ და ზეციერს ბავშვის მოცემა თხოვეს. შინ რომ ბრუნდებოდნენ, ბალახებიდან წრიპინი შემოესმათ. დაიხარნენ და რასა ხედავენ: პაწია ჩვილი, წითელ საბანში გახვეული, აგდია ძირს. ღმერთმა ჩვენი ლოცვა ისმინაო, თქვეს მათ. წამოიყვანეს თან და საკუთარი პირმშოსავით ელოლიავებოდნენ.

ბავშვი ისეთი პაწაწინა იყო, კაცის ცერის ოდენიც ვერ იქნებოდა. წლები ემატებოდა, მაგრამ არ ემატებოდა სიმაღლე. დაახლოებით ერთი გოჯი იქნებოდა, ამიტომაც ერთიგოჯა შეარქვეს.

რომ წამოიზარდა, მშობლებს უთხრა:

- მადლობელი ვარ, ამდენი ამაგი რომ დამდეთ, მაგრამ ახლა უნდა დაგტოვოთ, ქვეყანაში გავიდე და ჩემ ბედს ვეცადო.

მშობლებს არ ეთმობოდათ. უთხრეს, ქვეყანაში გასასვლელად ძალიან პატარა ხარო, მაგრამ მან არ დაიშალა და ისინიც დათანხმდნენ, კარგი, გაგამზადებთო სამგზავროდ. ხმალად ნემსი მისცეს, ნავად - ხის ჯამი, კერძის წკირები - ხოფებად.

ჩაჯდა ერთიგოჯა ნავში, დაემშვიდობა მშობლებს. დაპირდა, როგორც კი ბედს ვეწევი, დაგიბრუნდებითო. მერე თავისი ნავფიალათი დაუყვა მდინარეს, ცქაფად უსვამდა ხოფებს.

ბევრი იცურა თუ ცოტა, ერთი გომბეშო დაეჯახა და ნავი გადაუყირავა. ცურვა კარგი იცოდა. ნაპირს მიაღწია და ვიღაც დიდებულის სახლის წინ ამოყო თავი.

შეათვალიერა ერთიგოჯამ სახლი და მიხვდა, რომ მისი პატრონი მდიდარი კაცი უნდა ყოფილიყო. თამამად მიუახლოვდა კარს და დაიძახა. მოსამსახურე გამოვიდა, მაგრამ ვერავინ დაინახა.

- აქა ვარ, დაბლა, - იყვირა პატარამ, - ძირს ჩამოიხედეთ.

დაიხედა მსახურმა, მაგრამ ბატონის ქოშების მეტი ვერაფერი დაინახა. მსახურმა ერთხელ კიდევ კარგად მოათვალიერა იქაურობა და ბოლოს ქოშების ახლოს ერთიგოჯა შეამჩნია. გაოცებისაგან ენა მუცელში ჩაუვარდა. მაშინვე ბატონთან გაიქცა და, რაც ნახა, მოახსენა.

ბატონი გარეთ გამოვიდა და ერთიგოჯას დახედა, რომელიც ყინჩად იდგა თავის ნემსხმალათი წელდამშვენებული.

- გამარჯობა, პატარა რაინდო, - უთხრა ბატონმა. - რაზე გარჯილხარ?

- ბედის საძებნელად ვარ გამოსული, - უპასუხა ერთიგოჯამ. - თუ მიმსახურებთ, მაშინ გთხოვთ, მცველად ამიყვანოთ. პატარა კი ვარ, მაგრამ ჩემს ხმალს წინ ვერავინ დაუდგება.

ნამცეცა კაცუნასაგან ასეთი სიტყვების მოსმენამ ბატონი ძალიან გაამხიარულა.

- კარგი, კარგი, - თქვა მან, - დარჩი და ჩემი გოგონა გაართე,

ამის შემდეგ ერთიგოჯა განუყრელად თან ახლდა ბატონის ასულს. ძალიან დამეგობრდნენ, ყოველ დღე წიგნებს კითხულობდნენ და თამაშობდნენ. ბატონიშვილმა ერთიგოჯას საწოლი ზარდახშაში გაუმართა.

ერთ დღეს ბატონიშვილი და ერთიგოჯა ტაძარში იყვნენ წასულები, რომელიც ბატონის სახლიდან მოშორებით იდგა. უეცრად საშინელი მწვანე ეშმაკი გამოჩნდა თავისი ჯადოსნური ჩაქუჩით. ბატონიშვილი რომ დაინახა, დაჭერა მოუნდომა. ერთიგოჯამ ხმალი დააძრო და ეშმაკს ტერფებში დაუწყო ჩხვლეტა, მაგრამ იმას კანი ისე ჰქონდა გაქვავებული, რომ ჩხვლეტა არც უგრძვნია. მაშინ ერთიგოჯა ტანზე ააცოცდა და მხარზე შესდგა. დაუწყო ცხვირთან ხმლის ქნევა. ეშმაკი გაბრაზდა და დაიღრიალა.

ერთიგოჯამ ისკუპა და ეშმაკს პირში ჩაუხტა. ჩხვლეტდა და ჩხვლეტდა ეშმაკის ენას. ენა კი ეშმაკს ნაზი ჰქონდა და ნემსის ჩხვლეტაც მეტად ემწვავა. ერთიგოჯა გადმოაფურთხა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, ისე რომ ჯადოსნური ჩაქუჩიც არ გახსენებია.

ბატონიშვილმა მიირბინა და ჩაქუჩი აიღო.

- ახლა შეიძლება რამე ჩავუთქვათ, - წამოიძახა მან და ჩაქუჩი ჰაერში ააგდო. - გთხოვ, ერთიგოჯას სიმაღლე მოემატოს.

რამდენჯერაც ბატონიშვილი ჩაქუჩს ჰაერში ააგდებდა, იმდენჯერ ბიჭს თითო გოჯი ემატებოდა. გოგონა ჩაქუჩს მანამ არ მოეშვა, სანამ ერთიგოჯა მისი სიმაღლე არ გახდა. ორივე ძალიან ბედნიერი იყო. მომხდარით ბატონმაც ძალიან გაიხარა. როცა გაიზარდნენ, ერთიგოჯა და ბატონიშვილი დაქორწინდნენ და სიამტკბილობაში გაატარეს ცხოვრება.

3 კიბორჩხალა და მაიმუნი

▲ზევით დაბრუნება


ერთხელ კიბორჩხალა და მაიმუნი სასეირნოდ იყვნენ. გზაზე მაიმუნმა ხურმის კურკა იპოვა, კიბორჩხალამ კი - ბრინჯის კვერი. მაიმუნს კვერი ერჩია, ამიტომ ენა დაითაფლა და დიდი ხვეწნის მერე კიბორჩხალა დაითანხმა, კვერი ხურმის კურკაში გაეცვალა. მაიმუნმა კვერი მაშინვე გადასანსლა.

კიბორჩხალა ხურმის კურკას ხომ ვერ შეჭამდა, ამიტომ შინ წაიღო და მიწაში ჩარგო. კურკამ იხარა. კიბორჩხალა მოვლას არ აკლებდა. ხურმამაც ტანი აიყარა.

კიკნა კურკა ბოლოს დიდ ხედ იქცა. ერთხელაც შემოდგომით ხედავს კიბორჩხალა, რომ ხე მშვენიერი ნაყოფით დახუნძლულა. შეჭმა მოუნდა, მაგრამ რამდენს არ ეცადა, ხეზე მაინც ვერ ავიდა. ადგა და თავის მეგობარ მაიმუნს სთხოვა, ხურმა დამიკრიფეო. მაიმუნს ხურმა ბრინჯის კვერზე მეტად უყვარდა და, რაკი ხეზე ამოყო თავი, მწიფე ხურმას მიაძღა. კიბორჩხალას ორიოდე გადაუგდო მხოლოდ - ისიც მკვახე და ქვასავით მაგარი. ერთი კიბორჩხალას თავში მოხვდა და ძალიან გაამწარა.

გასაგებია, კიბორჩხალას ეწყინა. თავის სამ მეგობარს - ფილთაქვას, ბზიკსა და წაბლს - სთხოვა, მაიმუნი დამასჯევინეთო. ერთ დღეს სამი მეგობარი კიბორჩხალას სახლში დაიმალა, კიბორჩხალამ კი მაიმუნი ჩაიზე დაიწვია.

მაიმუნი რომ მოვიდა, მასპინძელმა ცეცხლის ახლოს მიუჩინა ადგილი. ღადარში წაბლი იყო ჩამალული, თავს იხურებდა. უცებ ტკრციალით ამოენთო და მაიმუნს კისერში ეცა. მაიმუნმა იყვირა და წამოხტა. ბზიკიც გამოექანა და ნესტარი ჩაასო. მაიმუნი კარისკენ გავარდა, მაგრამ კარზე კიდევ ფილთაქვა შემომჯდარიყო და მაიმუნს ისე დაეხეთქა, რომ კინაღამ ნეკნები ჩაუმტვრია. ნახა მაიმუნმა, რომ საშველი აღარ იყო. დაემხო კიბორჩხალას და მისი მეგობრების წინაშე და აღიარა:

- ნამდვილად ცუდად მოვიქეცი, ბატონ კიბორჩხალას რომ მწიფე ხურმა შევუჭამე, ხოლო მკვახე და მაგარ-მაგრები ზედ დავაყარე. გეფიცებით, ასე აღარასოდეს მოვიქცევი. გთხოვთ, მაპატიოთ.

კიბორჩხალამ მაიმუნს აპატია და ყველა ისევ მეგობრებად დარჩნენ. მაიმუნმაც ჭკუა ისწავლა და მეტად აღარავინ გაუპამპულებია.

ბატონი ჩალაბედა

დიდი ხნის წინ იაპონიის ერთ სოფელში ცხოვრობდა ახალგაზრდა გლეხი, სახელად შობეი.

ერთხელ მინდვრიდან შინ დაღლილი ბრუნდებოდა, ფეხი ქვას წამოჰკრა და მიწაზე გადაკოტრიალდა. გონს რომ მოვიდა, ნახა, ხელში ჩალის ღერი აჰყოლოდა.

- ეჰ, ჩალაში რა ხეირია, - თქვა მან, - მაგრამ გული მეუბნება, ამ ღერის გადაგდება არ იქნება.

გზა განაგრძო. მიაქვს თან ჩალის ღერი. მოფრინდა ერთი ჭრიჭინა, მოსვენებას არ აძლევს.

- მაცადე, მე შენ გაჩვენებ, როგორ უნდა კაცის გაბეზრება. - დაიჭირა ჭრიჭინა და ჩალის ღერზე გამოაბა.

მიდის გზაზე, მიჰყავს ჭრიჭინა. შემოხვდა ერთი ქალი პატარა ბიჭთან ერთად.

ბიჭს ჭრიჭინაზე თვალი დარჩა.

- დედი, გეხვეწები, ძიას ჭრიჭინა გამოართვი, გთხოვ რა, გთხოვ.

- აჰა, ბიჭო, შენი იყოს ჭრიჭინა, - უთხრა შობეიმ და ბიჭს ჭრიჭინა ჩალის ღერიანად მიაწოდა.

მადლიერმა ბიჭის დედამ შობეის სამი ფორთოხალი მიართვა.

შობეიმ მადლობა გადაუხადა და გზა განაგრძო. ახლა ერთი ვაჭარი შემოხვდა, რომელსაც წყურვილისაგან ლამის გული წასვლოდა, წყალი კი არსად იყო. შობეის ვაჭარი ძალიან შეეცოდა, სამივე ფორთოხალი იმას მისცა, წყურვილი მოიკლასო.

მადლიერმა ვაჭარმა შობეის სამი ხელი ტანსაცმელი უბოძა.

შობეიმ გზა განაგრძო. გზაზე მეფის ასულმა ჩამოიარა თვალისმომჭრელად ლამაზ ეტლში, თან უამრავი მცველი მოაცილებდა.

მან შობეი შეამჩნია და დაუძახა:

- რა ლამაზი ტანსაცმელი მიგაქვს. დამითმე.

შობეიმ მეფის ასულს ტანსაცმელი დაუთმო. იმან მადლობა უთხრა, თან დიდძალი ფულიც უწყალობა. აიღო შობეიმ ის ფული და მიწა იყიდა. დაყო ნაკვეთებად და თანასოფლელებს დაურიგა. იმიერიდან ყველა მიწის პატრონი გახდა. გლეხები მინდვრად თავდაუზოგავად შრომობდნენ. სოფელი წელში გაიმართა, მომრავლდა საცეხვი და ნალია. სოფლელები სიცილით იხოცებოდნენ, როცა იხსენებდნენ, მთელი ეს სიკეთე შობეის ნაპოვნმა ერთმა ციცქნა ჩალის ღერმა მოგვიტანაო.

შობეი სოფლის თავკაცი შეიქნა. ყველა პატივს სცემდა. ნამდვილი სახელი დაივიწყეს და „ბატონ ჩალაბედას“ ეძახდნენ.

4 დევი და მამალი

▲ზევით დაბრუნება


ერთი ფრიალოკალთებიანი მთა იყო, ისეთი მაღალი, იფიქრებდით, ცას სწვდებაო. იმის წვერზე დევი ცხოვრობდა. საზარელი ვინმე იყო. ლურჯი კანი ჰქონდა, თავზე ერთადერთი რქა ამოსვლოდა. ბოროტებას ბოროტებაზე ჩადიოდა.

ერთ დილას მთის სიახლოვეს მცხოვრები გლეხები მინდორში რომ გავიდნენ, მთელი ჭირნახული გავერანებული დაუხვდათ - დათხრილი და გათელილი. ვის უნდა ჩაედინა? კარგად რომ აწონ-დაწონეს, მიხვდნენ, ამის მომქმედი დევის მეტი ვერავინ იქნებოდა. მიწასაც იმის ნაფეხურები აჩნდა.

გლეხები საგონებელში ჩავარდნენ. დევის ოინები ყელში ჰქონდათ ამოსული. დახედეს წამხდარ ჭირნახულს და კიდევ უფრო დაღონდნენ. დადგნენ პირით მთისაკენ და, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, იყვირეს:

- ბოროტო დევო! რატომ არ მოეშვები მავნებლობას?

დევი მთაზე გადმოდგა და საშინელი ხმით დაიგრუხუნა:

- ყოველ ღამ ვახშმად თითო კაცი მომართვით და შეგეშვებით.

ასეთი თავხედი დევი გლეხებს ჯერ არ ენახათ. მოუღერეს თოხები და დაუყვირეს:

- ვითომ ვინა ბრძანდები, რომ ყოველ დღე თითო ძე ხორციელი შეგაჭამოთ?

- მე ამ ქვეყნად ყველა კაციჭამიაზე უფრო მეტი კაციჭამია ვარ, - იღრიალა იმან პასუხად, - აი, ვინა ვბრძანდები. ქვეყნად არაფერია ისეთი, მე რომ იმის გაკეთება არ შემეძლოს. ხა-ხა-ხა, ხა-ხა-ხა!.

დევის ხმის ექო მთებში გვრგვინვად გაისმა და ხეები შეაზანზარა.

- მაშ ასე, - თქვეს გლეხებმა, - ვნახოთ, აბა, რა ბიჭიც ხარ. სიტყვით კი არა, საქმით დაგვიმტკიცე, რისი მაქნისიც ბრძანდები. მოდი, ამ მინდვრიდან მაგ მთის წვერამდე ასსაფეხურიანი ქვის კიბე აიყვანე. ამას თუ იზამ, დაგიჯერებთ, რომ ყოვლისშემძლე ყოფილხარ და რასაც მოითხოვ, იმას მიიღებ.

- ავიყვან, აბა, რას ვიზამ, - იღრიალა დევმა, - თუ მამლის პირველ დაყივლებამდე ვერ მოვასწარი, გპირდებით, აქაურობას გავერიდები და აღარასოდეს შეგაწუხებთ.

დაბინდდა თუ არა, დევი საქათმეში შევიდა და მამლებს სათითაოდ ჩალის ქუდები ჩამოაფხატა, რომ იმათ მზის ამოსვლა ვერ დაენახათ.

ახლა კი საქმეს შევუდექიო, თქვა და მართლაც მუყაითად იწყო გარჯა. საფეხური საფეხურზე აჰყავდა. მზის ამოსვლისთვის უკვე 99 საფეხური მზად ჰქონდა. მზის ამოსვლა აღარ ადარდებდა, რადგან დარწმუნებული იყო, მამლები არ იყივლებდნენ და ბოლო ქვის დადებასაც მოასწრებდა.

მაგრამ მთაში ერთი ფერია ცხოვრობდა, რომელიც დევის ვერაგობას ხედავდა. როცა კაციჭამია უკანასკნელი ქვის ამოსატანად ჩავიდა, ფერიამ ქვევით ჩაიფრიალა და ერთ-ერთ მამალს ქუდი მოხადა. მამალმა ამომავალი მზე რომ დაინახა, არ დაახანა და იყივლა: „ყიყლიყო“! ხმაზე სხვა მამლებსაც გამოეღვიძათ, რაკი ქუდები ეხურათ, იფიქრეს, ჯერ კიდევ ღამეაო, მაგრამ მაინც იყივლეს.

დევი მამლების ყივილზე გაშეთდა.

- დავიღუპე! - იყვირა მან, - ერთი საფეხური კიდევ მაქვს დასადები.

მაგრამ პირობა პირობაა და მას დევიც ვერ გატეხს. რქაზე ნაღვლიანად გადაისვა ხელი და შორს გადაიხვეწა.

ის დევი იმ მხარეში მეტად აღარ უნახავთ, გლეხებიც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. კიბის ბოლო საფეხური თვითონ აიტანეს. ზაფხულში საღამოობით ხშირად ადიოდნენ მთის წვერზე, ირგვლივეთს ჭვრეტდნენ და ტკბებოდნენ.