ფარმაციის ისტორია საქართველოში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები
თარიღი: 2024
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პროექტის ხელმძღვანელი: მ. ხოსიტაშვილი; ტექსტი: ს. ჭანტურიძე, ნ. ხაბეიშვილი; რედაქტორი: კ. ჯავახიშვილი; დიზაინერი: მ. ცომაია გამოცემა მომზადდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და კომპანია PSP-ს ერთობლივი თანამშრომლობით თბილისი. 2024 ISBN 978-9941-9903-1-1



1 წინათქმა

▲back to top


2024 წელს კომპანია PSP 30 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით შექმნილიყო ქართული ფარმაციის განვითარების ეტაპების ამსახველი ალბომი ანტიკური დროიდან - დღევანდელ დღემდე.

კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე ადამიანს დაავადებასთან ბრძოლა მისთვის ხელმისაწვდომი მცენარეებით, მინერ ლებით და მათი შერევით უწევდა. სრულ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ცნობილია დაახლოებით 2400 წლის წინანდელ თიხის ფირფიტაზე შუმერული ლურსმნულით ჩაწერილი უძველესი რეცეპტები, ბაღდადში ჩვ.წ.აღ.-მდე VIII საუკუნის პირველი აფთიაქი, 502 წლით დათარიღებული ჩინური ფარმაკოპეა, ინფორმაცია კოლხეთის სამკურნალო მცენარეებით მდიდარი ბაღების შესახებ. მედეას მიერ მცენარეების სამკურნალოდ, და არა მხოლოდ, გამოყენების უნიკალურ ცოდნას ეყრდნობა თეორია, რომ სახელწოდება „მედიცინა“ სწორედ კოლხი ასულის სახელს - მედეას უკავშირდება.

ბუნებრივი რესურსებითა და მცენარეების მრავალფეროვნებით განთქმულ საქართველოში ხალხური მედიცინა და სახალხო მკურნალების ინსტიტუტი საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა, რაც არაერთ ძველ ხელნაწერსა თუ ძეგლში აისახა. ძველი ქართული წამალთმცოდნეობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს შემდეგი წიგნები: XI სკ-ის ძეგლი „უსწორო კარბადინი“, XII-XIII სკ-ის „წიგნი საექიმოი“, XV სკ-ის ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი კარაბადინი“, XVI სკ-ის „იადიგარ-დაუდი“.

პირველი „წამალთხანა“ თბილისში 1740 წელს კათოლიკე მისიონერებმა გახსნეს; ბევრად ადრინდელი ძეგლებიძვ.წ.აღ. VI-IV სკ. უფლისციხესა და XII-XIII სკ. ვარძიაში შემორჩენილი უძველესი „წამლის სახლები“-ს ფრაგმენტებია; XIX საუკუნეში გერმანელი პროვიზორების მიერ არაერთი აფთიაქი დაარსდა თბილისში; წამლით მომარაგების საკითხი ცენტრალიზებულად ხორციელდებოდა საბჭოთა პერიოდში, მისი დაშლის შემდეგ კი, XX სკ.-ის 90-იან წლებში სისტემა სრულად ჩამოიშალა და მოსახლეობა და სამედიცინო საზოგადოება ელემენტარული მედიკამენტების გარეშე დარჩა, რის შემდეგაც დაიწყო სრულიად განსხვავებული, საბჭოთა რეჟიმის შემდგომი, თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დამყარებული ფარმაცევტული დარგის მშენებლობა.

ახალი ფარმაცევტული დარგის შექმნაში უმნიშვნელოვანესი წვლილი კომპანია PSP-მ შეიტანა, რომლის მისია საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივება იყო, რაც პირველ რიგში, ხარისხიანი მედიკამენტების უწყვეტი მიწოდების სისტემის შექმნას გულისხმობდა. სწორედ ამიტომ, დაარსების დღიდან კომპანიამ მხოლოდ საერთაშორისო GMP-ის სტანდარტით მწარმოებელ ევროპულ ფარმაცევტულ საწარმოებთან დაიწყო თანამშრომლობა.

იმ დროს, როცა წამყვან ქვეყნებს ფარმაცევტული ბაზრის განვითარების მრავალწლიანი ისტორია ჰქონდათ, საბჭოთა სისტემა განვითარების საშუალებას არ იძლეოდა. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნების ფარმაცევტული დარგის გამოცდილების შესწავლა დაედო საფუძვლად, 2000 წელს, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, პირველი ქართული ფარმაცევტული საწარმოს GP Pharma-ს დაარსებას. დღეს GM Pharma-ს პრეპარატებს პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის წარმატებით იყენებს სამედიცინო საზოგადოება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს 10 ქვეყანაში.

გარანტირებული ხარისხის მედიკა მენტების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ადამიანებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გასამარტივებლად. დაარსებიდან სულ რამდენიმე წელიწადში, 1998 წელს, PSP მსოფლიოს წამყვანი 100-ზე მეტი ფარმაცევტული ქარხნის სანდო პარტნიორი გახდა.

გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი მარტივად ხელმისაწვდომი რომ გამხდარიყო თითოეული მოქალაქისთვის, კომპანიამ ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით გაშალა, რითაც ყველა რეგიონში შექმნა ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობა - დამატებითი დროის, მგზავრობის და ხარჯის გარეშე.

კომპანია მუდმივად აფართოებს ასორტიმენტს მსოფლიო მედიცინის მიღწევების და მომხმარებლის მოთხოვნების კვალდაკვალ. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ახორციელებს საქმიანობას, ნერგავს ინოვაციებს და მუდმივად ხვეწს მომსახურების სტანდარტს, რამაც კომპანია PSP საქართველოს მოსახლეობისთვის ხარისხის გარანტად, ხოლო უცხოელი მწარმოებლებისთვის სანდო პარტნიორად ჩამოაყალიბა.

2 თავი I წამალთმცოდნეობის გზა საქართველოში

▲back to top


2.1 მედეა და ფარმაცია

▲back to top


საქართველოში წამალთმცოდნეობის განვითარებას უძველესი ისტორია აქვს და მის შესახებ ცნობები მრავლად მოიპოვება მედიცინისა და ფარმაციის ისტორიის მკვლევართა ნაშრომებში. „მთელ ანტიკურ სამყაროში პონტო განთქმული იყო თავისი შხამიანი და სამკურნალო ბალახების სიუხვით, ასე ვე იბერიაც...“ (ს. სალუქვაძე, წამალთმცოდნეობა ძველ საქართველოში, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი, 1987).

0x01 graphic

მედეა, ფრესკის ფრაგმენტი ჰერკულანუმიდან

შემთხვევითი არ არის, რომ მეცნიერთა მოსაზრებით, სიტყვა „მედიცინა“, სწორედაც რომ საქართველოსთან, კერძოდ, კოლხეთის მეფე აიეტის ქალიშვილის - მედეას სახელთანაა დაკავშირებული. სხვადასხვა ბერძენი და რომაელი ავტორის ცნობით, კოლხეთში, ძვ. წ. აღ. XIII-XII სს., მედეას (შპრენგელი წერს „ჰეკატეს ბაღზე“, სადაც ხარობდა მცენარეები, რომელთა გამოყენებით სამკურნალო საშუალებები მზადდებოდა) სამკურნალო მცენარეების ბაღი ჰქონდა გაშენებული, სადაც ორმოცზე მეტი სახეობის სამკურნალო და შხამიანი მცენარე ხარობდა.

ბალახთა და წამალთა მესაიდუმლე, ჯადოქრობის ზებუნებრივი ნიჭით და ჯილდოებული მედეა ღამღამობით სასახლის შემოგარენში ეძიებდა ახალ სამკურნალო მცენარეებს. ჯერ საწამლავს იღებდა, საწამლავის განზავებით კი წამლებს ამზადებდა. „[მედეა] მიჩვეული იყო ღამღამობით ტაძრის მახლობლად გვამებსა და წამლისათვის გამოსადეგ მცენარეთა ირგვლივ ხეტიალს“ (აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა, ა. სურგულაძის თარგმანი, 1948).

სამკურნალო მცენარეებს შორის მოიხსენიება პრომეთეიონ ფარმაკონად (Prometheon Pharma) წოდებული „პრომეთეს ბალახი“, რომელსაც მედეა კასპიის ნიჟარაში იმ წითელი ყვავილიდან აგროვებდა, პრომეთეს სისხლით მორწყულ კავკასიის კლდეში რომ იზრდებოდა.

მე დეას სახელთანაა დაკავშირებული წამლების შესანახი ყუთის გამოყენებაც: „მედეა წამოიჭრა და იმ ყუთისაკენ გაექანა, რომელშიაც სხვადასხვაგვარი წამალი ეწყო, ზოგი განმკურნებელი და ზოგიც მომაკვდინებელი“ (აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა, ა. სურგულაძის თარგმანი, 1948). მასვე მიაწერენ სამედიცინო-ბიოლოგიურ ცნებებს - „გაახალგაზრდავება“ და „სისხლის გადასხმა“. ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით კი, მედეას უშვილობის განკუნებაც შეეძლო.

0x01 graphic

ეტლზე მფრინავი მედეა, ძვ.წ. 480 წელი,
კლიველენდის მუზეუმი.

1792 წელს გერმანელმა მკვლევარმა კურტ შპრენგელმა გამოსცა მსოფლიო მედიცინის ისტორიის მიმოხილვითი ხუთტომეული „სამკურნალო გამოყენებითი ხელოვნების ცდის ისტორია“. გამოცემის I ტომი „უძველესი კოლხური მედიცინით“ იწყებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შპრენგელმა ცივილიზებულ ერებს შორის პირველი ადგილი უძველეს კოლხურ მედიცინას მიანიჭა.

კურტ შპრენგელის ცნობით: „საბერძნეთში გავრცელდა თქმულება ჩრდილოეთის ერთ საარაკო ქვეყანაზე, სადაც ჯადოქართა ოჯახი ბატონობდა, მისი წევრები აიეტი, პერსევსი, ჰეკატე, მედეა და კირკე მზის შვილებად იწოდებოდნენ... ჰეკატე - ღამის ასული, შხამიანი ბალახების აღმომჩენი, ძლიერ დახელოვნებული იყო მომაკვდინებელი და სამკურნალო საშუალებების შეზავების საქმეში. მისგან ისწავლეს მისმა ქალიშვილებმა ეს ხელოვნება. მედეას გრძნეულსაც უწოდებდნენ. მან მოამზადა წამალი, რომლითაც ოქროს ვერძის მცველი გველეშაპი დააძინა და იაზონს დიდი საქმეები ჩაადენინა“.

მედეა ითვლება სამკურნალო ზეთების დამზადების ოსტატად, ჭრილობათა მკურნალად, ჰემატოლოგიისა და ქირურგიის მცოდნედ, დღევანდელი მედიცინისა და ფარმაციის ფუძემდებლად.

2.2 არტეფაქტები

▲back to top


სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომელიც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს, დროთა განმავლობაში იცვლებოდა, ვითარდებოდა და სამეცნიერო სახით ყალიბდებოდა.

ისტორიულმა წყაროებმა შემოგვინახა ცნობები საქართველოში სხვადასხვა დროს არსებული სამკურნალო კერების, მკურნალებისა და სამკურნალო მცენარეების შესახებ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია არაერთი არტეფაქტი. როგორც ჩანს, უძველესი ადამიანები მცენარეულ და ცხოველურ წამლეულს ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში ამზადებდნენ.

საკაჟიას გამოქვაბულის მიდამოებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დასტურდება, რომ ქვის ხანაში მცხოვრები ადამიანები კანის წყლულებისა და ჭრილობების სამკურნალოდ ცხოველების ძვლის ტვინისა და ქონისაგან სხვადასხვა მალამოებს ამზადებდნენ (გ. ნიორაძე, ქვის ხანის ადამიანი საკაჟიას გამოქვაბულში, თბილისი, 1953).

0x01 graphic

კურტ შპრენგელი (1766-1833) - გერმანელი ექიმი, ბოტანიკოსი,
ბუნებისმეტყველი. მისი ავტორობით შექმნილმა კვლევებმა მსოფლიო
მედიცინის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. შპრენგელის
შრომებს შორისაა: „პათოლოგიის სახელმძღვანელო“, „ბოტანიკის ისტორია,
„ახალი აღმოჩენები მცენარეთმცოდნეობის სამყაროში“ (1819-1822) და სხვ.

არქეოლოგიური არტეფაქტებით დადგენილია საქართველოში ქირურგიული საქმის განვითარებაც. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ სამთავროს სამაროვანის გათხრების დროს აღმოჩენილი პათოლოგიურად შეცვლილი და ნამკურნალები ძვლები, რომელთა კვლევა ქირურგიულ ჩარევას ადასტურებს (პ. ფირფილაშვილი, სამთავროს სამაროვანში გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები ძვალთა სისტემის დაავადების შესწავლისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერთა აკადემიის მოამბე ტ. XV, № 8); სამთავროშივეა აღმოჩენილი გველის გამოსახულებიანი ორსართულიანი კერამიკული საინფუდირო აპარატი, რომელიც ადასტურებს ძვ.წ.აღ. II ათას წლეულში სამკურნალო მცენარეების ხარშვის ტრადიციას (ს. სალუქვაძე, წამალთმცოდნეობა ძველ საქართველოში და მისი შემდგომი განვითარების გზები უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე, გამომცემლობა „ხელოვნება, თბილისი, 1987); უძველესი ხანიდან ცნობილია თავის ტვინის ტრეპანაციის მაგალითები, რაც ქირურგიული საქმის მაღალ დონეზე ფლობის უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს; შემორჩენილია არაერთი სამედიცინო დანიშნულების ნივთი, მათ შორის - ქირურგიული ინსტრუმენტები (დანები, პინცეტები) და სხვადასხვა სახის მინის ჭურჭელი (კოლბები, წვეთმზომები), რაც სამედიცინო კულტურაზე მეტყველებს. შესაძლოა, სამედიცინო ჩარევების სიხშირე და გამოცდილება განპირობებული იყო იმ არაერთი ბრძოლით, საქართველოს ტერიტორიაზე რომ მიმდინარეობდა.

0x01 graphic

გველის გამოსახულებიანი კერამიკული ჭურჭელი, ძვ.წ. მე-17 ს.
ს. სალუქვაძის მოსაზრებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელზე
გველის გამოსახულება, მის სააფთიაქო დანიშნულების ნივთების შესანახად
გამოყენებაზე მიუთითებს. ფოტო წიგნიდან: „წამალთმცოდნეობის მეცნიერული მოსაზრებანი“

0x01 graphic

ბრინჯაოს სამედიცინო ხელსაწყოები, ძვ.წ. II ათასწლეული
ფოტო წიგნიდან: „წამალთმცოდნეობის მეცნიერეული მოსაზრებანი“

2.3 სამკურნალო სახლები და ქსენონები

▲back to top


IV საუკუნეში, საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, განვითარდა სხვადასხვა სამკურნალო სივრცეები ე.წ. ქსენონები, რომლებიც თავდაპირველად ეკლესია-მონასტრებთან იყო დაფუძნებული.

0x01 graphic

პეტრე იბერის ფრესკული გამოსახულება იერუსალიმის
ჯვრის მონასტრიდან. ფოტო ინტერნეტიდან

აღსანიშნავია, რომ ქართველთა განმანათლებლად მიჩნეულმა წმინდა ნინომ სწორედ მკურნალობით გაითქვა სახელი. „დედოფლისა ნანაჲსზე და აჩუენა ღმერთმან პირველად ძალი მისი მიერ მაყულოვანსა მას შინა, განკურნა ლოცვითა მისითა სენისა მისგან მძიმისა, რომლისა ჴელოვნება მან კაცთა მან ვერ შეუძლო განკურნებაჲ მისი“ („მოქცევაი ქართლისაჲ“). როგორც ჩანს, ნინოს საქართველოში შემობრძანებამდე, სხვა მკურნალებიც იყვნენ, რის შესახებაც ცნობას თავად წმინდა ნინოს ცხოვრება გვაწვდის.

V საუკუნეში დედოფალ ბაკურდუხტს (ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარის ცოლი) ქართლში საავადმყოფო სასტუმროები გაუხსნია, მის შვილს პეტრე იბერს (ერის კაცობაში მურვანოზი) კი იოანე ლაზთან ერთად, იერუსალიმში ქართველთა მონასტერი და სასნეულოები დაუარსებია. „შემდგომად განვიდა უდაბნოთა და აღაშენა მუნცა მონასტერნი, პირსა იორდანესა მჯდომი მძუინვარე განკურნა. მოვლა ყოველნი უდაბნონი ეგვიპტისა და სკიტისანი და მრავალნი სასწაულნი აღასრულნა. კუალად მონასტერსა და ქსენონსა თვისსა მოიქცა“ („ქართლის ცხოვრება“, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, სახელგამი, თბილისი, 1955). როგორც ქართული და ასურული წყაროებიდან ირკვევა, V საუკუნეში მოღვაწე წმინდა მამა სამკურნალო საქმიანობასაც მისდევდა: „ის უშვილოთა შვილიერ, სნეულთა განკურნებდა, უნაყოფოთა ნაყოფიერ გყოფდა“ („ქართლის ცხოვრება“, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, სახელგამი, თბილისი, 1955).

საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დამკვიდრება ასურელ მამებს უკავშირდება, რომლებიც VI საუკუნიდან ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე დასახლდნენ. იოანე ზედაზნელი „სენთამკურნალად“ მოიხსენიებოდა, შიო მღვიმელის შესახებ კი ვკითხულობთ: „მისცა მას ღმრთისა მიერ მადლი სენთა ოტებად კაცთაგან და პირუტყვთა და ეშმაკეულთა სიტყვით განკურნებდა და ყოვლით კერძო მომავალნი იოანესსა სნეულნი და ეშმაკეულნი ლოცვითა ამისითა განიკურნებოდეს“ (ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის რედ., თბილისი, 1955). ცნობილია, დავით გარეჯელის და მისი მოწაფის ლუკიანეს მოღვაწეობა, რაც IX-X საუკუნეში შექმნილ ნაწარმოებში „ცხოვრება და მოღვაწეობა წმინდისა მამისა ჩუენისა დავით გარეჯელისაი“ აისახა.

0x01 graphic

დავით გარეჯას კომპლექსი

0x01 graphic

წმ. დავით გარეჯელი, XVIII ს. S-3269 - კრებული.

X საუკუნეში გიორგი მერჩულეს მიერ დაწერილი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ VIII-IX საუკუნის საქართველოს პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ნაწარმოები გამორჩეულია იმითაც, რომ მასში აღწერილია საყურადღებო ცნობები მონასტრებში სამედიცინო საქმიანობის შესახებ.

IX საუკუნიდან არაერთი მონასტერი დაარსდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც, სადაც სამკურნალო სივრცეები არსებობდა: ათონის მთაზე იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები მოღვაწეობდნენ; ილარიონ ქართველის მიერ ულუმბის მთაზე დაარსდა მონასტერი, სადაც ცნობების მიხედვით, სამკურნალო საქმეც უნდა განვითარებულიყო; გრიგოლ ბაკურიანის ძემ დაარსა პეტრიწონის მონასტერი და ა.შ.

დავით IV აღმაშენებლის მოღვაწეობას მემატიანე ქსენონების მშენებლობასაც მიაწერს. გელათის მონასტერთან არსებული ქსენონი უმნიშვნელოვანესი ცენტრი უნდა ყოფილიყო იმ პერიოდის საქართველოში, სადაც იოანე პეტრიწი მოღვაწეობდა.

0x01 graphic

დავით აღმაშენებლის ფრესკის ფრაგმენტი
გელათის ეკლესიიდან

0x01 graphic

გელათის კომპლექსის ფოტო ინტერნეტიდან

ცნობილია, რომ სამედიცინო განათლება ჰქონდათ მიღებული იოანე პეტრიწს და არსენ იყალთოელს. იოანე პეტრიწი გელათის აკადემიაში უძღვებოდა სამედიცინო საქმეს. მის ნაშრომთა შორის უნდა იყოს ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნი ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“. აგრეთვე, სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ სამედიცინო ტრაქტატი სახელწოდებით „Practica Petricelli“, რომელიც სალერნოს სამედიცინო სკოლიდან გამოსულად ითვლება და XI საუკუნით თარიღდება, შესაძლოა, იოანე პეტრიწის მიერ იყოს შექმნილი (მ. სააკაშვილი, ა. გელაშვილი, ლ. ჭეიშვილი, ტ. ჩხეიძე, საქართველოს მედიცინის ისტორია ტ. IV, საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1956). არსენ იყალთოელმა რამდენიმე წელი გელათში დაჰყო, შემდეგ კი იყალთოში მდებარე აკადემიაში მსახურობდა. არის ვარაუდი, რომ გელათისა და იყალთოს აკადემიებში არსებობდა ექიმთა მომზადების კურსებიც.

სავარაუდოდ, ვანის ქვაბებში არსებობდა საავადმყოფო. ვანის ქვაბების განგების მიხედვით, „ერთი ღვთის მოშიში მონაზონი მესნეულე დაც განიჩინებოდეს და უძლურ-მყოფთა ძმათა მსახურებდეს“ („ვაჰანის ქვაბთა განგება“, ლ. მუსხელიშვილისრედ., 1939).

როგორც IV-XII საუკუნეების თეორიული მასალებით და პრაქტიკული საქმიანობით ჩანს, სხვადასხვა ქვეყნებთან კავშირ-ურთიერთობები მსოფლიოში არსებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლეოდა.

2.4 წამალთხანები

▲back to top


რთული სათქმელია, სად და როდის გაიხსნა საქართველოში პირველი აფთიაქი, თუმცა ქსენონებთან ერთად, სავარაუდოა, რომ წამალთხანებიც (აფთიაქები) არსებობდა. პირველად ქართულ წყაროებში სიტყვა „აფთიაქი“ (Apotheka) XI საუკუნეში, გიორგი მთაწმინდელის თხზულებაში „ცხოვრებაი იოვანესი და ექვთიმესი“ იხსენიება: „აპოთიკი და ბოსტანი და წისქვილნი კელარისა საურავნი იყვნეს“.

წამლების შესანახად წამლის სახლი იყო საჭირო. საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძველ საწამლედ უფლისციხის თახჩებიანი ნაგებობა მიიჩნევა. XII საუკუნეს განეკუთნება ვარძიის კლდოვანი კომპლექსის შემადგენლობაში აღმოჩენილი თახჩებიანი ნაგებობა, სადაც VI სართულზე 220-ზე მეტი ნიშიანი ოთახია გამოვლენილი. თახჩები აღმოჩენილია ზემო ვარძიის გამოქვაბულშიც, სოფელ წინარეხში, მაღალაძეების ეკლესიასა და ნიჩბისში. მაღალაძეების 500 თახჩიანი აფთიაქი XV საუკუნით თარიღდება. ნიჩბისის თახჩებიანი აფთიაქი XVII საუკუნეს განეკუთვნება და იქ 60-მდე თახჩაა შემორჩენილი.

როგორც მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, შუა საუკუნეებში წამლებს სიგრილეში, კლდეში გამოკვეთილ თახჩებში ინახავდნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს განსხვავებული აზრიც, მათი სამტრედეებად გამოყენებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საყურადღებოა სოკრატ სალუქვაძის ანალიზი, რომელიც ვარძიის თახჩების სინჯების ქრომატოგრაფიულ კვლევას ეყრდნობა. თახჩების ზომისა და ფორმიდან გამომდინარე, ის მათ აფთიაქს უწოდებს, სადაც ხდებოდა არა მხოლოდ წამლების შენახვა, არამედ მომზადებაც.

0x01 graphic

0x01 graphic

უფლისციხის კომპლექსი

„შესაძლებელია, აქ (ვარძიაში) ხდებოდა მცენარეული ნაყოფის დაწნეხა ან დაქუცმაცება; იგი ალბათ, საწნახელის ფუნქციასაც ასრულებდა, ან კერამიკულ ქვევრებში მოთავსებული კონცენტრანტების შესანახად გამოიყენებოდა“ (ს. სალუქვაძე, წამალთმცოდნეობა ძველ საქართველოში და მისი შემდგომი განვითარების გზები, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი, 1987). უფლისციხისა და ვარძიის გარდა, ავტორი წამლის სასახლის ანალოგიურ ნაგებობად მიიჩნევდა მდინარე კავთურას ხეობაში „მაღალაანთ ეკლესიის“ გალავანთან ახლოს მდებარე თახჩებიან ნაგებობას, სადაც 500-მდე თახჩა-აფთიაქის კედლის ნანგრევია. სალუქვაძის აზრით, ვარძიის აფთიაქი კლდეში ნაკვეთია და თახჩებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან, უფლისციხისა და მაღალაანთ ეკლესიის თახჩები კი სრულ თანხვედრაშია. მაღალაანთ ეკლესიას ის XV საუკუნეს მიაკუთვნებს და მისი მნიშვნელობის წარმოსაჩენად, ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილ „კარაბადინს“ ასახელებს. არგუმენტს კავთურას ნაპირზე „ედემის ბაღის“ არსებობის ისტორიული ფაქტიც უმყარებს. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ეკლესიის ეკვდერის კედელზე გამოსახულ გველის ფიგურაზე, რომელსაც მედიცინის ემბლემას უკავშირებს. უფლის ციხეში ვარძიის თახჩების მსგავსი 30-მდე თარო არსებობს.

0x01 graphic

0x01 graphic

ვარძიის კომპლექსი. ფოტო „ანაგი“

0x01 graphic

ვარძიის თახჩებიანი აფთიაქის საერთო ხედი
ფოტო წიგნიდან: „წამალთმცოდნეობის მეცნიერეული მოსაზრებანი“

0x01 graphic

სოკრატ სალუქვაძე ვარძიის თახჩებიან აფთიაქში
ჟურნალი „საბჭთა ხელოვნება“, 1978, №12

0x01 graphic

წინარეხის აფთიაქი. ნინო ბარნაბიშვილის ფოტო

2.5 კათოლიკე მისიონერები საქართველოში

▲back to top


XIII საუკუნიდან საქართველოში არსებული რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა აფერხებდა მედიცინის განვითარებას, თუმცა მუდმივად თავდაცვასა და ბრძოლაში მყოფ ქვეყანაში, სამედიცინო საქმეს მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. XVI საუკუნიდან კი, როდესაც ქვეყანამ აღდგენა დაიწყო, კვალი დაეტყო ყველა სფეროს, მათ შორის სამედიცინო საქმეს.

როგორც კვლევებიდან ჩანს, მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, სასულიერო პირების მიერ მკურნალის ფუნქციის შეთავსება ქრისტიანული რელიგიის გავრცელების მნიშვნელოვანი საშუალება იყო. ამ გზას მისდევდა კათოლიკური ეკლესიაც, სწორედ ამ მიზნით ესტუმრა კათოლიკე მისიონერთა ჯგუფი საქართველოს.

XVII საუკუნის II ნახევრიდან კათოლიკე მისიონერები ხსნიან სკოლებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: თბილისში, გორში, ახალციხესა და ქუთაისში. იმავ დროულად, იწყებენ საექიმო საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ქართველი ახალგაზრდები რომში განათლების მისაღებად ამ პერიოდიდან მიემგზავრებიან.

მისიონერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ იმ პერიოდის საქართველოში ჯანდაცვის მიმართულებით საკმაოდ რთული ვითარება იყო, ამიტომ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალნი ცდილობდნენ, თავიანთი წვლილი შეეტანათ დაავადებათა მკურნალობაში, მფარველობდნენ და ხელს უწყობდნენ კათოლიკე მისიონერებს. იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი აღნიშნავს: ,,ძველად მთავრის მოვალეობა იყო ეზრუნა თავისი ხალხის საზრდოსა, ტანსაცმლისა და ექიმობისათვის. ეს ჩვეულება ჩვენს ქვეყნებში სრულებით განდევნილია, მაგრამ დადიანი თავის ქვეყანაში კი მტკიცედ მისდევს ამ ჩვეულებას. მართლაც იმისათვის, რომ ექიმობა გაუწიოს თავის ხალხს, კითხულობს სხვადასხვა საექიმო წიგნებს, რომლებიც გადმოთარგმნილია ლათინურიდან მათს ენაზე, შესწავლილი აქვს მრავალი სანელებელი, სამკურნალო ბალახები, მცენარის ძირები და აკეთებს მრავალ წასაცხებს და სასმელ წამალს. ასეთის წამლებით სავსე აქვს ყუთები, რომელთაც თან დაატარებს და საჭიროებისამებრ ყველას ურიგებს. ამ წამლებს ისე თხოულობენ, თითქოს თვით გალენი ურიგებდეს მათ“.

გამორჩეულია ვახტანგ VI-ის მოღვაწეობა სამეცნიერო ლიტერატურის შექმნის და დაცვის მიმართულებით. სწორედ მისი მეშვეობით მოაღწია ჩვენამდე წიგნებმა - „უსწორო კარაბადინი“ და „სამკურნალო წიგნი - კარაბადინი“. მასვე უნდა შეექმნა სამედიცინო შინაარსის ნაწარმოებები: „წიგნი ცხენთა ცნობისა და აქიმობისა“ და „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის შეკრებილი მეფის ვახტანგისაგან“.

ერეკლე II განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სამედიცინო საქმეს. საქართველოში იწვევდა კონსტანტინოპოლის გამოცდილ ექიმებს და მფარველობდა კათოლიკე მისიონერებს.

3 თავი II სააფთიაქო საქმე

▲back to top


3.1 სააფთიაქო საქმის დასაწყისი საქართველოში

▲back to top


1740 წელს კათოლიკე მისიონერებმა თბილისში პირველი აფთიაქი გახსნეს, რომელსაც „წამალთხანა“ უწოდეს. 1755 წელს, მისიონერების საქართველოდან გაძევების შემდეგ, წამალთხანაც დაიხურა. ერეკლე II-ის მეფობის დროს, სპარსეთიდან ჩამოსულმა ექიმმა რეინექსმა სასახლესთან მოაწყო აფთიაქი, ასევე სამედიცინო სკოლა, სადაც ბატონიშვილები ეუფლებოდნენ მედიცინას.

1806 წლის იანვარში, იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრძანებით, თბილისში პირველი სახაზინო აფთიაქი გაიხსნა და მარიამ დედოფლისეული ბაღი სამკურნალო მცენარეების მოსაშენებლად გამოიყენეს. აფთიაქში არსებობდა ლაბორატორიაც.

აფთიაქების არსებობამდე, საქართველოში წამლები მხოლოდ ჰოსპიტალში იყო ხელმისაწვდომი. კერძოდ გაყიდვა აკრძალული იყო, თუმცა მოგვიანებით აკრძალვა გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ როდესაც კავკასიის მთავარმმართებელმა პასკევიჩმა საქართველოში 13 აფთიაქის გახსნა მოითხოვა, სამედიცინო დაწესებულებებმა უარი განაცხადეს, რადგან საკუთარი რესურსით არსებობას ვერ შეძლებდნენ და ზედმეტ ხარჯად დააწვებოდნენ ხაზინას (მ. შენგელია, ქართული მედიცინის ისტორია, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1980).

სააფთიაქო ქსელი საქართველოს ქალაქებში XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩნდება. 1870 წლისთვის ქვეყანაში უკვე 23 აფთიაქი ფუნქციონირებდა, 1914 წელს - 161 აფთიაქი ემსახურებოდა მოსახლეობას.

სამკურნალო საშუალებები ძირითადად უცხოეთიდან შემოდიოდა. სააფთიაქო საქმეს პროვიზორებთან ერთად ე.წ. „დროგისტები“ (სააფთიაქო და ქიმიური საქონლის ბითუმად მოვაჭრენი) უძღვებოდნენ (ლ. მიმინოშვილი, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში სააფთიაქო საქმის განვითარების ეტაპები და მიღწევები/საქართველოს სააფთიაქო პრაქტიკისა და ფარმაციის განვითარების ზოგიერთი საკითხი, განათლება, 1982). 1805 წლიდან გალენური ლაბორატორიები დაარსდა, სადაც წამლები ადგილობრივი და შემოტანილი მცენარეული ნედლეულისგან მზადდებოდა. ლაბორატორია უნდა ყოფილიყო ყველა აფთიაქში, რომელიც წყლის სახდელი ქვაბით და სტერილიზატორით იყო აღჭურვილი.

პროვიზორის ხელმძღვანელობით მომუშავე აფთიაქს „ნორმალური აფთიაქი“ ერქვა და ძირითადად ქალაქში მდებარეობდა, სადაც სააფთიაქო ლაბორატორია არსებობდა და წამლის რეცეპტით გაყიდვის გარდა, დამზადებაც იყო შესაძლებელი. ასევე, სადაც შესაძლებელი იყო კადრების გადამზადება. „სამედიცინო საბჭოს მიერ აღიარებულია ნორმალურ აფთიაქებად თავიანთი მმართველობით, აღჭურვილობით, მოწყობით, საქმიანობის მასშტაბებით და ფარმაცევტული პერსონალის მომზადების პირობებით“. გამონაკლისის წესით, სოფლებში აფთიაქების გახსნა აფთიაქარის თანაშემწეს შეეძლო. არსებობდა ფილიალური და სოფლის აფთიაქები (ნ. აბულაძე, ფარმაცია დასავლეთ საქართველოში 1846-1917 წლებში, ქუთაისი 2013).

„ნორმალური აფთიაქი“ განთავსებული უნდა ყოფილიყო შენობის პირველ სართულზე. აფთიაქებს ჰქონდათ შემდეგი სათავსოები:

  • სარეცეპტულო ოთახი;

  • მატერიალური ოთახი;

  • ლაბორატორია;

  • კოქტორიუმი (სათავსო, სადაც მზადდებოდა მონახარშები);

  • საყინულე (ცივი სარდაფი);

  • სარდაფი ადვილადაალებადი ნივთიერებების თვის;

  • ოთახი მცენარეული და სხვა მასალების და საწვრილმანებლად;

  • აფთიაქშივე იყო მფლობელის კაბინეტი ან ბინა;

  • საერთო საცხოვრებელი (პანსიონი) მომსახურე ფარმაცევტებისათვის (ნ. აბულაძე, ფარმაცია დასავლეთ საქართველოში 1846-1917 წლებში, ქუთაისი 2013).

1901 წლიდან აფთიაქში მუშაობის გეგმა-გრაფიკი ამოქმედდა. დასვენების დღედ ითვლებოდა ყოველი მესამე დღე. სამუშაო დილის 8 საათზე იწყებოდა და 22 საათამდე გრძელდებოდა. ფარმაცევტს თვეში 15 ღამის მორიგეობა უწევდა. ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებით და ბინით. წინასწარ იღებდნენ ხელფასს ე.წ. გრატიფიკაციას - 40 მანეთის ოდენობით. რაც შეეხება აფთიაქარის შეგირდებს, მათიანაზღაურება თვეში 30 მანეთი იყო და უფასო ბინა ეკუთვნოდათ (ნ. აბულაძე, ფარმაცია დასავლეთ საქართველოში 1846-1917 წლებში, ქუთაისი 2013).

3.2 სააფთიაქო საქმე თბილისში

▲back to top


თბილისში სააფთიაქო საქმის განვითარება საქართველოში მცხოვრებ გერმანელ კოლონისტებს უკავშირდება. წამლის თავისუფალი გაყიდვის უფლებით პირველი აფთიაქის გახსნა დიდხანს ვერ მოხერხდა, რადგან მეფის რუსეთის ბრძანების საფუძველზე, აფთიაქის გახსნის უფლება მხოლოდ პროვიზორის განათლების მქონე პირს ჰქონდა. ამან განაპირობა უცხოელების დაინტერესება და 1929 წელს თბილისში აფთიაქი გერმანელმა ფლორ შონბერგმა გახსნა.

0x01 graphic

თბილისი

1836 წელს შონბერგის აფთიაქი კარლო შმიდტმა იყიდა. 1881 წლიდან აფთიაქში მუშაობა დაიწყო ფარმაციის მაგისტრმა ფერდინანდ ოტენმა, რომელმაც 1902 წელს აფთიაქი საკუთარი სახლის პირველ სართულზე, კიროვის №8 გადაიტანა.

1844 წელს თბილისში მესამე სახაზინო სარეცეპტო აფთიაქი გაიხსნა, რომელსაც 1857 წლისთვის ფონ ეიზრიხის კერძო აფთიაქიც დაემატა. დედაქალაქში უკვე ოთხი აფთიაქი ფუნქციონირებდა, მაშინ როცა საქართველოს სხვა ქალაქები აფთიაქის გარეშე იყვნენ და წამლების გაცემა ქუთაისის, ახალციხისა და ოზურგეთის სამხედრო ჰოსპიტალებიდან ხდებოდა.

1872 წელს პროვიზორმა არტემ ცურინოვმა სოლოლაკის ქუჩაზე მცირე ზომის სააფთიაქო საწყობი გახსნა. 1882 წლის 29 იანვარს სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე კავკასიის ამხანაგობამ თბილისში, კავკასიის მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს, ხიტაროვის სახლში გახსნა აფთიაქი, რომლის განყოფილებები არსებობდა ბაქოსა და ბათუმში.

0x01 graphic

ფერდინანდ ოტენის აფთიაქი სოლოლაკში

მალე აფთიაქების რაოდენობა გაიზარდა. 1875 წელს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით: „ათი-ხუთმეტი წლის წინათ ქალაქში მხოლოთ ერთი (შმიტის) აფთიაქი იყო და ჰყოფნიდა მთელს ქალაქსაო და ახლა კი ხუთი აფთიაქია და ამას გარდა რამდენიმე მაღაზია, რომლებშიაც წამლებს ჰყიდიან და კიდევ მაინც ვერ ასვლია ჩვენს ქალაქსაო!“ 1907 წლისთვის კი თბილისში უკვე 30-მდე სააფთიაქო მაღაზია ფუნქციონირებდა.

1917 წლის გაზეთი „საქართველო“ მკითხველს ინფორმაციას აწვდიდა გოლოვინის პროსპექტსა და სამხედრო ქუჩის კუთხეში, ფოსტა-ტელეგრაფის პირდაპირ ახალი აფთიაქის გახსნის შესახებ, რომლის ხელმძღვანელი პროვიზორი ახვლედიანი იყო (გაზეთი „საქართველო“, 1917, №7).

ფერდინანდ ფონ ოტენი

(1850-1930)

კავკასიის ფარმაცევტთა ასოციაციის თავმჯდომარე,
თბილისის საპატიო მოქალაქე

ფერდინანდ ფონ ოტენი საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იმუშავა აფთიაქის მმართველის თანამდებობაზე, უმეტესად, საქართველოში.

0x01 graphic

ფერდინანდ ოტენი

0x01 graphic

ფერდინანდ ოტენი ოჯახთან ერთად

ფერდინანდმა შეიძინა გერმანელი ფარმაცევტის ფლორ შონბერგის მიერ 1829 წელს თბილისში დაარსებული პირველი აფთიაქი. ააშენა სამსართულიანი სახლი (ახლანდელი ლეონიძის ქ. №8) და პირველ სართულზე ახლად შეძენილი აფთიაქი განათავსა. ფარმაცევტი ორ აფთიაქს ხელმძღვანელობდა: ერთს - თბილისის მუდმივი მოსახლეობისათვის, მეორეს - ჩამოსულებისათვის.

საქართველოში პირველი სამედიცინო საექსპერტო ლაბორატორიის დაარსებამდე, ოტენი კრიმინალურ ექსპერტიზაშიც მონაწილეობდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ოტენს ჩამოართვეს სახლი და აფთიაქი. ოჯახს მოსამსახურეების მცირე ოთახი და სამზარეულო დაუტოვეს.

ევგენი ზემელი
(1858-1922)
აფთიაქარი

ცნობილი გერმანული გვარის შთამომავალი ევგენი ზემელი თბილისში 1881 წელს ჩამოვიდა და მედიცინის დოქტორ შახპორიანცის აფთიაქში დაიწყო მუშაობა. 1883 წელს ზემელი სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა, თუმცა, მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, კვლავ თბილისში დაბრუნდა და სამკურნალო დაწესებულების აფთიაქში დაიწყო მუშაობა.

0x01 graphic

ევგენი ზემელი უცნობ პირებთან ერთად

0x01 graphic

ევგენი ზემელის აფთიაქი

1898 წელს თბილისის ხელმძღვანელობამ ზემელს აფთიაქის გახსნის ნება დართო. სახლის პირველ სართულზე აფთიაქი იყო განთავსებული, ზედა სართულზე ზემელი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

აფთიაქი თბილისში მოსახლეობის მედიკამენტებით მომარაგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად იქცა. ცნობილია, რომ ზემელი ფულს უხდიდა ტრამვაის ვატმანებს, რომ გაჩერების დროს დაეყვირათ: „ზემელის აფთიაქი!“

3.3 სააფთიაქო საქმე ქუთაისში

▲back to top


აფთიაქების გახნას თავისი პროცედურა ჰქონდა. აფთიაქის გახსნის მსურველს უნდა მიემართა ქუთაისის გუბერნატორისა და გუბერნიის ექიმისთვის და მათი თანხმობის შემთხვევაში, კერძო აფთიაქის გახსნის უფლებას იღებდა.

ქუთაისის გუბერნიაში პირველი ნორმალური („ვოლნაია“ - თავისუფალი, კერძო) აფთიაქი პეტრე-პავლე კოკოჩაშვილმა 1860 წლის 22 იანვარს გახსნა. აფთიაქს და საწყისში პროვიზორი დ. ანციპო ხელმძღვანელობდა, 1864 წლიდან - მ. არაზაშვილი, 1871 წლიდან - ცეზარ ივანოვი.

1868 წელს პროვიზორ შნეიდერის მიერ ქუთაისში ნემეცკაიას ქუჩაზე (ახლანდელი პუშკინი) მეორე კერძო აფთიაქი გაიხსნა. 1888 წელს გაიხსნა პოლონელი პროვიზორის ფრანც რელიგიონის აფთიაქი, 1914 წელს კი, კიდევ ერთი კერძო აფთიაქი პროვიზორმა გლუშაკოვმა გახსნა.

0x01 graphic

ძველი ქუთაისი.
დ. ერმაკოვის ფოტო

კერძო აფთიაქების პარალელურად, სახელმწიფო აფთიაქების საჭიროებაც დადგა. 1901 წლის 21 ივლისს ქუთაისში პირველი აფთიაქი გაიხსნა, რომელიც ქალაქის თვითმმართველობას ეკუთვნოდა. აფთიაქის მმართველი გიორგი ნიკიტინი იყო, 1907 წლიდან კი მას პროვიზორი არქიფო მხეიძე ხელმძღვანელობდა. 1913 წელს ქუთაისში გაიხსნა ქალაქის მეორე აფთიაქი.

1904 წელს შეიქმნა ქალაქის სააფთიაქო კომისია, რომლის მოვალეობა იყო ქალაქის აფთიაქების ზედამხედველობა, სააფთიაქო წესდების, აფთიაქის შინაგანაწესის, მომარაგებისა და მართვის წესების შემუშავება.

1921 წლამდე ქუთაისში 5 აფთიაქი ფუნქციონირებდა.

პეტრე-პავლე კოკოჩაშვილი

(1832-1917)

ქიმიკოსი, ქუთაისში პირველი
აფთიაქის მფლობელი

პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის მამა ივანე კოკოჩაშვილი (1799-1864) „ბოტანიკური ლექსიკონის“ შემდგენელი იყო, რომელმაც მკურნალობა და წამლების დამზადება ქუთაისში მცხოვრები კათოლიკე მისიონერებისაგან შეისწავლა. გასაკვირი არ არის, რომ წამლების დამზადების ხელოვნებით მან შვილიც დააინტერესა.

0x01 graphic

პეტრე-პავლე კოკოჩაშვილი

1869 წლის 22 ივნისს პეტრემ ქუთაისში პირველი აფთიაქი გახსნა, რომელიც ერთადერთი იყო მთელ გუბერნიაში. ქუთაისის აფთიაქს მალე ტყიბულის, ბათუმისა და უწერის აფთიაქებიც შეემატა. პეტრეს საკმაოდ დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა, ამიტომ მედიკამენტები და ფარმაცევტული მოწყობილობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოჰქონდა. 1890 წელს მან ქუთაისში ქირურგიული და სააფთიაქო აპარატურის მაღაზია გახსნა.

0x01 graphic

ზაქარია კოკოჩაშვილი ოჯახთან ერთად.
მარცხნიდან: ქეთევანი, ზაქარია, თამარი, ჟოზეფინა
(ზაქარიას მეუღლე), ვერა, ნინა კოკოჩაშვილები. ნინა კოკოჩაშვილი -
პირველი პროვიზორი ქალი ქუთაისში.

0x01 graphic

ზაქარია კოკოჩაშვილი (1870-1922) - „ძმები კოკოჩაშვილების“
აფთიაქის, ხილის სასმელების ქარხნის პროვიზორი,
მეუღლესთან ჟოზეფინა ფირალავასთან ერთად, 1890

2018 წელს ქუთაისის №8 აფთიაქს პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის სახელი მიენიჭა.

3.4 სააფთიაქო საქმე ბათუმში

▲back to top


გაზეთის „დროება“ ცნობით, 1880 წლისთვის ბათუმში არსებობდა ჟ. ბენლის კერძო აფთიაქი, სადაც მსახურობდა ვინმე ჟ. ბენლი. სავარაუდოდ, ბენლი ფრანგი უნდა ყოფილიყო და მას რუსეთის იმპერიაში არსებული კანონის მიხედვით, შესაბამისი რუსული დიპლომის არარსებობის გამო ეკრძალებოდა ფარმაცევტული მუშაობა.

0x01 graphic

ძველი ბათუმი

„ბათუმში თითქმის ოცი წელიწადია ოსმალეთის მთავრობის დროს, საექიმო ნაწილში მსახურობდა უფ. ჟ. ბენლი, რომელსაც ჰქონდა აქ გახსნილი აფთიაქი. ამ კაცს მთელი ბათუმის და მისი მაზრის მაცხოვრებლების ხასიათი, მდგომარეობა და მათი გაჭირვება კარგათ შესწავლილი ჰქონდა; ხალხსაც კარგათ მიაჩნდათ და იქამდი ჰქონდა ნდობა დამსახურებული, რომ სახლებშიაც კი მიჰყავდათ, არ ერიდებოდნენ თავიანთი ავათმყოფობა და მდგომარეობა თავისუფლად გაეგებინებინათ. ახლა ამბობენ, რომ კანონის ძალით, ამას უნდა მოუსპონ ამ საქმის წარმოება, რადგანაც აქ სხვა აფთიაქი გაუხსნიათ მთავრობის ნებარ თვით, და კანონით რუსეთის საბრძანებელში რუსულ ენაზე სწავლის და დიპლომის უქონელს არ ეძლევა უფლება ამ საქმის წარმოებისაო.

0x01 graphic

პეტკევიჩის აფთიაქი მარის ქუჩაზე,
მარჯვნიდან I სახლი

რასაკვირველია, ყოველივე წესდება შესრულებული უნდა იქმნეს, მხოლოდ, ერთის მხრით ბათუმის ცუდი ავათმყოფობით საცოდავ მდგომარეობაში ყოფნას და მეორეს მხრით, იმას, რომ ამასთან ყველანი მოურიდებლად დაიარებიან რჩევის მისაღებლად და სხვებთან სხვათა შორის ენის უცოდნილობის მიზეზითაც, ვერ მივლენ და ვერც გააგებინებენ ვერაფერს, - ამ შემთხვევაში სასურველი უნდა იყოს, რომ ჩვენმა ბათუმის ადმინისტრაციამ ეს ყველა ხალხის მდგომარეობა სახეში იქონიოს და პრივილეგია მისცეს უფ. ჟ. ბენლის მოქმედებას და არ შეხედოს ჩინოვნიკურ ფორმალისტურის თვალით“ (გაზეთი „დროება“, 1880, № 43).

0x01 graphic

ელიავას აფთიაქი
ერთსართულიან სახლში

აჭარის ფარმაციის ისტორიის მკვლევარი, ვლადიმერ მახარაძე განიხილავს არსებულ წყაროებს და ასკვნის, რომ რუსეთ-თურქეთის ომიდან ორი წლის შემდეგ (1879 წლისთვის), ბათუმში პირველი აფთიაქი გაიხსნა (ვ. მახარაძე, ფარმაციის ისტორია აჭარაში, ბათუმი, 2021).

0x01 graphic

აფთიაქარი მიხეილ ავალიანი

1889 წელს პროვიზორმა პეტკევიჩმა ბათუმში რიგით მეორე აფთიაქი გახსნა, რომელიც მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობდა. პეტკევიჩის აფთიაქი ნახსენებია კნუტ ჰამსუნის წიგნში „ზღაპრული ქვეყანა“. ნორვეგიელი მწერალი 1899 წელს ბათუმში იმყოფებოდა და თავად სტუმრობდა აფთიაქს.

1899 წელს ბათუმში კიდევ ერთი აფთიაქი ვ. ა. ვიტუშინსკიმ გახსნა, 1900 წელს კი ს.ს. ელიაშვილმა. იმ დროისთვის ვიტუშინსკის აფთიაქი მეორე მოქმედი აფთიაქი იყო და ახლანდელი კ. გამსახურდიას ქუჩის №3-ში მდებარეობდა (ვ. მახარაძე, ფარმაციის ისტორია აჭარაში, ბათუმი, 2021).

1901 წელს „სააფთიაქო საქონლით ვაჭრობის კავკასიის განყოფილებამ“ ბათუმში შახნაზაროვის ორ სართულიან სახლში (მიხაილოვის, ახლანდელი ზ. გამსახურდიას ქუჩა) აფთიაქი გახსნა, რომელმაც 1918 წლამდე იარსება. განყოფილების გამგედ ბაქოდან პროვიზორი ტატევოსოვი გადმოიყვანეს, 1903 წლის მეორე ნახევრიდან მისი ადგილი პროვიზორმა აგარონიანმა დაიკავა, რომელიც მალე პროვიზორმა ბ. ი. ბრაბეკმა შეცვალა. 1902 წლის თვის ბათუმში 3 აფთიაქი ფუნქციონირებდა (ვ. მახარაძე, ფარმაციის ისტორია აჭარაში, ბათუმი, 2021).

1902 წელს ბათუმში ქალაქის საავადმყოფო გაიხსნა, სადაც აფთიაქიც ფუნქციონირებდა. შემდგომ წლებში აფთიაქი გახსნეს ნიკიტინმა და ლ.პ. კოკოჩაშვილმა. 1910 წლისთვის ბათუმის ოლქში 7 აფთიაქი იყო: 5 - ნორმალური, 2 - სასოფლო. აფთიაქებში 22 ფარმაცევტი და 14 აფთიაქარის მოწაფე მუშაობდა. 1912 წლისთვის ოლქში 5 აფთიაქი არსებობდა: ვ.ა. ვიტუშინსკის, დ.მ. კანდელაკის, გ. ნიკიტინისა და კოკოჩევის, უ.უ. პეტკევიჩის, ს.ს. ელიაშვილის (ვ. მახარაძე, ფარმაციის ისტორია აჭარაში, ბათუმი, 2021).

0x01 graphic

მიხეილ ავალიანი მეუღლესთან ერთად,
საკუთარ აფთიაქში, ბათუმში

ბათუმის ოლქში 1915 წელს აფთიაქები ჰქონდათ: ნიკიტინს, კოკოჩევის, პეტკევიჩს, ელიაშვილს, კანდელაკს. ჩაქვში - კახიანს, ქობულეთში - კოსინსკის, ართვინში - ჩხეიძეს.

XIX საუკუნეში ქუთაისიდან ბათუმში საცხოვრებლად გადავიდა გიორგი ნიკიტინი და დონდუკოვო-კორსაკოვის (ახლანდელი კ. გამსახურდიას ქუჩა) ქუჩაზე ორსართულიანი სახლი იყიდა, რომლის პირველ სართულზე აფთიაქი გახსნა. ნიკიტინს უმაღლესი ფარმაცევტული განათლება კიევში ჰქონდა მიღებული.

3.5 სააფთიაქო საქმე თელავში

▲back to top


1877 წელს თელავში გახსნილი აფთიაქის მფლობელი ვინმე ჟულინი იყო. შემდეგ აფთიაქი პროვიზორმა დიდერმა შეისყიდა, მისგან კი ექიმმა პლატონ ვოლხოვმა.

0x01 graphic

თელავი

გაზეთში „ივერია“ ვკითხულობთ: „ბევრი ვაი-ვაგლახის და ყვირილის შემდეგ გაზეთებში, თელავში გახსნეს აფთექა. ყველა დიდის სიამოვნებით მიეგება ამ კეთილს საქმეს და ეგონათ, რომ ეს არის, ეხლა კი გვეშველება მატყუარა და ცრუ ფერშლებისაგან, რომლებიც დიდს სასყიდელს იღებდნენ (ეხლაც იღებენ ტყუილ-უბრალო წამლებში (წამლებს კი არა ან ბალახს რასმე, ან მიწას), და ავად-მყოფს ასმევდნენ ძვირად მოსარჩენად და ხშირად კი სასიკვდილოთ. მაგრამ საუბედუროდ ვერც აფთექამ გაამართლა საზოგადოების მოლოდინი. აფთექა აი ეს რვა თუ ცხრა თვეა რაც დაარსდა თელავში, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ თელაველების გულის ტკივილს წამლად ვერ დაედო. მართალია, თუმცა, თელავის აფთექამ გაუადვილა საზოგადოებას „ნამდვილის“ წამლების შოვნა, მაგრამ ვაი ამისთანა შოვნას, როგორც ვშოვობთ ჩვენ თელავის აფთექიდამ! აი რაში მდგომარეობს საქმე: ვისაც ჰკითხავთ, ყველა იმას ჩივის, რომ საშინლად ბევრს სასყიდელს იღებენ წამლებშიაო, თითქმის ტფილისის კვალობაზედ აქ სამჯერ მეტად იყიდება წამლები. ვინ არის მოჩივარი? თუ ვინმემ ხმა გასცა აფთექარს, რომ ძვირად ჰყიდი წამლებსაო - არც კი მიჰყიდის და! ეს კიდევ არაფერი. ჯანი გავარდეს სიძვირეს, როცა საჭიროა, ოღონდ ყოველთვის შეგეძლოს შოვნა წამლებისა. ვსთქვათ შეგიწუხდათ ვინმე სახლში და წამლებისთვის გაიქეცით აფთექაში, მიხვალთ და უკანასკნელი სამი საათი უნდა უცადოთ, მინამ აფთიაქარს იპოვნიან. მაშ სად არის, მკითხავს მკითხველი, - აფთექარი ხომ განუშორებლად უნდა იყოს აფთექაში? - მეც ამას ვსჩივი და ვსტირი, ჩემო მკითხველო, რომ „განუშორებელის“ მაგივრად „გაშორებულია“ აფთექას ჩევენი ი.ი ჰაი აქეთ, ჰაი იქით, ეძებენ თავგადაგლეჯილი აფთექარს! როდის-როდის, იპოვიან სადმე ქაღალდის (სათამაშო) სტოლის წინაშე და მოიყვანენ (თუ წაგებული აქვს ფული, იქნება არც კი წამოვიდეს). ახლა რამდენიმე საათი წამლის შეზავებას მოუნდება და ამ დროის განმავლობაში ავადმყოფსაც თავისი დაემართება!.. ვართ ამ ვაი-ვაგლახში და „სად არის ხელი მხსნელისა“! ჩვენის პოეტისა არ იყოს. ქრისტიანები არა ხართ, გვიშველეთ რამე და დაგვიხსენით ამ „ფული-ყლაპიასაგან“. კეთილს საქმეს იზამს, ვინც თელავში გამართავს აფთიაქის ნივთების მაღაზიას. იქნებ მაშინ მაინც გაიაფდეს წამლები და ამ აუარებელ სიძვირეს გადაგვარჩინონ (გაზეთი „ივერია“ 1877, №44).

0x01 graphic

ლევან ბერიშვილი - ველისციხის აფთიაქის გამგე,
1910 წელი

1913 წელს თელავში მეორე აფთიაქიც გაიხსნა, რომელსაც 1921 წლამდე იოსებ დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.

საბჭოთა ოკუპაციამდე თელავსა და მის მიმდებარე სოფლებში 6 აფთიაქი არსებობდა.

3.6 სააფთიაქო საქმე ახალციხეში

▲back to top


1865 წელს ახალციხეში ფერშალმა მაისურაძემ გახსნა პირველი აფთიაქი, რომელიც საზოგადოებრივ თვითმმართველობას ეკუთვნოდა.

0x01 graphic

ახალციხე.
დიმიტრი ერმაკოვის ფოტო

ივანე მაისურაძე

სამცხე-ჯავახეთის პირველი პროვიზორი,
სორბონის უნივერსიტეტის მსმენელი

ახალციხეში პირველი აფთიაქის გახსნა იოსებ მაისურაძის სახელთანაა დაკავშირებული. ეს აზრი პროვიზორ კარლ შმიდტის აფთიაქში მუშაობისას დაებადა და განახორციელა კიდეც. საიმპერატორო უნივერსიტეტის დიპლომის წარდგენით, მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში ლიცენზია და აფთიაქის გახსნის ნებართვა მოიპოვა.

1865 წელს აფთიაქი საკუთარ სახლში გახსნა. წამლების გარდა, ჰყიდდა საკუთარი ხელით დამზადებულ მალამოებს და სამკურნალო მცენარეებს. 1867 წელს კი, ცოდნის გასაღრმავებლად საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში გაემგზავრა. ივანე მაისურაძის სახელს უკავშირდება სააფთიაქო განყოფილების შექმნა დაბა აბასთუმანში.

3.7 სააფთიაქო საქმე საქართველოს სხვადასხვა და სახლებაში

▲back to top


გორი

XIX საუკუნის დასაწყისში ერთადერთი სააფთიაქო დაწესებულება გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ფუნქციონირებდა და სამხედროებს ემსახურებოდა.

1908 წელს მეფის ქუჩაზე, ნიკო დიასამიძის სახლში, ქალაქის იმჟამინდელ თვითმმართველობამ აფთიაქი გახსნა, რომლის ხელმძღვანელად გორელი პროვიზორი ივანე კვალიაშვილი დანიშნეს.

მოიჯარეს ვალდებულება ჰქონდა, რომ ღარიბ მოსახლეობაზე 200 მანეთის წამლები უფასოდ გაეცა. (ისტორიკოს ელდარ მამისთვალიშვილის წიგნის - „გორის ისტორია“ მიხედვით. ფოტოზე - ძველი გორის ერთ-ერთი უბანი)

0x01 graphic

აფთიაქარი სევერიან კეთილაძე ოჯახთან ერთად
მარცხნიდან: ნინო კეთილაძე, სევერიან კეთილაძე,
სევერიანის მეუღლე, ვალერიან კეთილაძე,
1918 წელი

ფოთი

1866 წელს პროვიზორ დ. ანციპოს მიერ ფოთში პირველი აფთიაქი გაიხსნა, რომელსაც შემდეგ მისი შთამომავლები მართავდნენ. მეოცე საუკუნის დამდეგს, აფთიაქი არენდით აიღო ფოთის თვითმმართველობამ და მმართველად პროვიზორი ა.ი. მდივანი მიიწვია, 1910 წლიდან კი პროვიზორი მ.ლ. კისსერი.

ოზურგეთი

პირველი აფთიაქი ოზურგეთში 1876 წელს გაიხსნა. 1872 წელს ოზურგეთელ სოფრომ ხუნდაძეს სააფთიაქო მაღაზია ჰქონდა. მან 1873 წელს ქუთაისის გუბერნატორს აფთიაქის გახსნის მოტივით წერილი მიწერა.

0x01 graphic

პირველი აფთიაქარი ქალები
გურიაში, დები დარჩიები

0x01 graphic

ლეჩხუმის ძველი აფთიაქის შენობა

ზესტაფონი

1879 წელს აფთიაქები გაიხსნა ყვირილაში (ზესტაფონში).

1879 წელს აფთიაქები გაიხსნა ხონში, სენაკში, ონში. პროვიზორმა ივანოვმა აფთიაქი გახსნა სოხუმში, პროვიზორმა მილიუტინმა - ბათუმში.

0x01 graphic

ფარმაცევტი გიორგი
ახვლედიანი (1900-1993)

0x01 graphic

ფარმაცევტი გიორგი ახვლედიანი
კოლეგებთან ერთად (მესამე რიგში
მარცხნიდან მეორე) 1937 წელი

აფხაზეთი (სოფ. დრანდა)

გაზეთიდან „ცნობის ფურცელი“ ვიგებთ, რომ 1897 წელს აფხაზეთში, სოფელ დრანდაში აფთიაქი არსებობდა.

0x01 graphic

არგვეთის აფთიაქის ყოფილი გამგე და
პროვიზორი ეკატერინე თუნიაშვილი (1908-1991) -
სამედიცინო-ფარმაცევტული ფაკულტეტის კურსელებთან
და პროფესორ-მასწავლებლებთან
ერთად (მარცხნიდან პირველ რიგში მეორე),
1934 წელი

„ს. დრანდა. (აფხაზეთი) ახალი აფთეკა. ეს ერთი თვე მეტია, აქ პროვიზორის თანაშემწემ ბ-ნმა ივანე ბურჭულაძემ აფთიაქი გახსნა. ამას წინად რევიზიაც გაუკეთეს აფთიაქს და წესიერად მოწყობილად იცნეს. აფთიაქის გახსნა აქ დიდი ხანია საჭირო იყო, იმიტომ რომ, თუმცა აქ საექიმო თავშესაფართან გახსნილია აფთექა, მაგრამ იქიდგან ყველას არ შეეძლო წამლების გამოტანა; აქამდის წამლისათვის სოხუმში უნდა ეარნა ხალხს, ოცის ვესტის მანძილზე. ამიტომ ყველანი ძალიან მოხარულნი არიან, აქ რო აფთექა გაიხსნა. თვით აფთიაქის პატრონს, ბ-ნ ივ. ბურჭულაძესაც, რომელმაც თავისის თავაზიანის ქცევით ყველას გული მოიგო, ძალიან ემადლიერება ხალხი“ (გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1897, № 324).

0x01 graphic

გერმანელი ტყვეების მიერ
აგებული აფთიაქი ტყიბულში

3.8 სააფთიაქო ქსელის სტატისტიკური მონაცემები 1921-1980 წლებში

▲back to top


1921 წელს საქართველო ში 151 აფთიაქი არსებობდა;

1930 წელს - 229;

1940 წელს - 447;

1950 წელს - 484;

1960 წელს - 540;

1970 წელს - 734;

1980 წელს - 724 (კ. სანდომისაშვილი, „პრაქტიკული ფარმაცია 1921-1961 წლებში“, საქართველოს სააფთიაქო პრაქტიკისა და ფარმაციის განვითარების ზოგიერთი საკითხი, განათლება, 1982).

4 თავი III საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამედიცინო რეფორმა

▲back to top


1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში არაერთი რეფორმა განხორციელდა, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით. 1918 წლის 11 ივლისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატი დააარსა, რომლის შემადგენლობაში ფარმაცევტული განყოფილებაც შედიოდა. 1918 წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში სამედიცინო-სანიტარული დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის საქმე ებარა. მის ხელმძღვანელად სიმონ ჯაფარიძე დაინიშნა.

1918 წლის 28 დეკემბერს აფთიაქების ნაციონალიზაცია გამოცხადდა.

1918 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს ფარმაცევტთა საზოგადოება, რომლის კრება 1918 წლის დეკემბერში გაიმართა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აფთიაქები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოწყობილიყო, რეკომენდაცია გაიცა კერძო აფთიაქებთან ერთად საქალაქო აფთიაქების განვითარების ხელშეწყობაზეც (თ. ვერულავა, რ. ჯორბენაძე, ჯანდაცვის სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921), თბილისი, 2018).

0x01 graphic

დამოუკიდებლობის დღე,
1919 წელი

1918 წლის 11 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს წითელი ჯვრის დამფუძნებელი კრება. კრების ოქმის საფუძველზე, რუსეთის წითელი ჯვრის მთელი ქონება გადაეცა ქართულ წითელ ჯვარს. აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის გამოყენებით, დიდი მთავრის ქუჩაზე გაიხსნა უფასო საავადმყოფო, წითელი ჯვრის საზოგადოებასთან კი დაარსდა მოწყალების დების საზოგადოება, რომელშიც ოცი მოწყალების და გაერთიანდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამკურნალო ქსელი 3 სექტორად იყო დაყოფილი: სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო დაწესებულებები. იმ პერიოდის საქართველოში ფუნქციონირებდა 45 საავადმყოფო. თბილისში ირიცხებოდა 17 საექიმო უბანი, ქუთაისში - 13. სამედიცინო დაწესებულებები შეიქმნა ფოთში, ოზურგეთში, ახალქალაქსა და სვანეთში.

0x01 graphic

ნიკოლოზ ჭიჭინაძე (1871-1921) - საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი

მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, განათლების მინისტრის ბრძანებით, გადაწყდა საგანმანათლებლო სამკურნალო წიგნაკების დაბეჭდვა: „ქართველ ექიმებს კარგად მოეხსენება, თუ რა უმწეო მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ხალხი საექიმო დახმარების მხრივ. სხვათა შორის, ეს გარემოებაც ხელს უწყობს ხალხში ათასგვარი ცრურწმენების გავრცელებას, რასაც, სამწუხაროდ, მკვიდრად აქვს გადგმული ფესვები არა თუ სოფლებში, ქალაქებშიაც კი. გასაჭირის დროს ხალხი გარბის მარჩიელთან, რომ მისგან გაიგოს თავისი აწმყო და მომავალი. მოკლედ რომ მოვსჭრათ, ჩვენი ხალხის უმრავლესობა ჯერ კიდევ ბნელით არის მოცული, და ასე იქნება, სანამ მისი სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობა არ შეიცვლება. მაგრამ დღევანდელ პირობებშიც კი კერძო თაოსნობას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ამიტომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამწიგნობრო სექციამ განიზრახა, დაბეჭდოს მთელი რიგი სამკურნალო წიგნაკებისა… წიგნაკები უნდა დაიწეროს მეცნიერულად და მდაბიურად, რომ გასაგები იყოს საშუალო მკითხველისათვის“ (თ. ვერულავა, რ. ჯორბენაძე, ჯანდაცვის სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921), თბილისი, 2018).

0x01 graphic

სპირიდონ ვირსალაძე (1868-1930) - ექიმი,
თერაპევტი, ტროპიკოლოგი, მეცნიერული თერაპიისა
და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში

0x01 graphic

სპირიდონ ვირსალაძე კოლეგებთან ერთად
(ცენტრში დგას)

1920 წლის თებერვალში შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამედიცინო-სანიტარული დეპარტამენტის ბაზაზე ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსების კანონპროექტი წარადგინა, რომელიც 1920 წლის 13 ივლისს მიიღეს. ჯანმრთელობის დეპარტამენტის თავმჯდომარედ სპირიდონ ვირსალაძე დაინიშნა. დეპარტამენტის პასუხისმგებლობის საკითხთა შორის იყო სააფთიაქო და ფარმაცევტული საკითხების ორგანიზება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში სოხუმში გაიხსნა მუშათა პირველი აფთიაქი, რომელიც წამლებს მოსახლეობას უფასოდ აწვდიდა.

0x01 graphic

სპირიდონ ვირსალაძე
ავადმყოფის საწოლთან

1921 წლის 20 მაისის ბრძანებით, საქართველოში არსებული კერძო აფთიაქების ნაციონალიზაცია განხორციელდა, 1922 წელს კი ნაციონალიზირებული აფთიაქები არენდით კერძო პირებს გადაეცათ. 1923 წლიდან აფთიაქები ჩამოერთვათ კერძო პირებს.

5 თავი IV. ფარმაცევტული განათლება

▲back to top


თბილისის უნივერსიტეტის გახსნამდე, საქართველოში არ არსებობდა ფარმაცევტული სასწავლებელი და ცოდნის მიღება მხოლოდ აფთიაქებში იყო შესაძლებელი. ქალებისთვის 6-წლიანი, ვაჟებისათვის კი 4 წლის სასკოლო განათლება იყო საჭირო.

1838 წელს მიღებული დადგენილების მიხედვით, ფარმაცევტული განათლება სამი საფეხურისგან შედგებოდა: I - აფთიაქის თანაშემწე; II - პროვიზორი; III - აფთიაქარი. პირს, რომელსაც ფარმაცევტობა სურდა, სასწავლო გეგმის საგნები: ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, მინერალოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია და ფარმაცია უნდა შეესწავლა. ახალგაზრდები მხოლოდ გიმნაზიის 4 კლასის დასრულების შემდეგ ეწყობოდნენ კერძო აფთიაქებში აფთიაქარის შეგირდებად. თუ აფთიაქარის თანაშემწეობა სურდათ, 3-5 წლის სამუშაო გამოცდილება იყო საჭირო საუნივერსიტეტო გამოცდის ჩასაბარებლად.

0x01 graphic

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროვიზორის გამოცდაზე გასასვლელად, მოთხოვნა მაქსიმუმ 8 წლის სამუშაო გამოცდილება იყო. ფარმაციის მაგისტრის წოდების მოსაპოვებლად კი, გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დისერტაციის დაცვა იყო სავალდებულო. ფარმაციის მაგისტრის უმაღლესი საფეხური 1845 წელს დაწესდა და XX საუკუნის 20-იან წლებამდე იარსება.

0x01 graphic

ივანე ჯავახიშვილი სტუდენტებთან და
პროფესორებთან ერთად. ფოტო დაცულია იოველ ქუთათელაძის
სახელობის ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტის მუზეუმში

ფარმაციაში პირველი ქართველი მაგისტრი ივანე ტყეშელაშვილი იყო.

რუსეთის იმპერიაში ფარმაცევტობა მამაკაცურ პროფესიად ითვლებოდა. 1885 წელს საიმპერატორო საბჭომ ქალებსაც მიანიჭა ფარმაცევტული განათლების მიღების უფლება. 1892 წლიდან ქალები და მამაკაცები ერთად მუშაობდნენ აფთიაქებში, მაგრამ ქალებს არ ჰქონდათ იქ ცხოვრების უფლება.

1891 წლის გაზეთი „ივერია“ მკითხველს ცნობას აწვდის: „ქალებს კიდევ ახალი გზა ეხსნებათ. საერო განათლების სამინისტროს გადაუწყვეტია, რომ ქალებს ფარმაცევტების ადგილი მიეცეთ ხოლმე. სამინისტრომ მიწერილობა გაუგზავნა ყველა სამოსწავლო ოლქის მზრუნველს და ამ მიწერილობაში ნათქვამია, რომ ქალებს ნება აქვთ აფთიაქებში მოსწავლედ შევიდნენ, თუ რომ საქალებო გიმნაზიაში სწავლა დამთავრებულნი იქნებიან და „საოჯახო მასწავლებლობის“ მოწმობაც ექნებათო. ამასთანავე აფთიაქში შესვლისთვის უნდა იცოდნენ კიდევ ლათინური ენა სავაჟო გიმნაზიების ოთხი კლასის კურსისაო (გაზეთი „ივერია“, 1891, №172).

ფარმაცევტული განათლების შესახებ ფასდაუდებელი მასალები აქვს მოძიებული პროფესორ ნინო აბულაძეს, რომელმაც ქუთაისის არქივში დაცული დოკუმენტები შეისწავლა და წიგნში: „ფარმაცია დასავლეთ საქართველოში 1846-1917 წლებში“ გამოაქვეყნა. კვლევიდან ცნობილი ხდება, რომ ქუთაისის ვაჟთა I კლასიკურ გიმნაზიაში ყოველწლიურად ტარდებოდა სხვადასხვა გამოცდა, მათ შორის აფთიაქარის შეგირდის წოდების მოსაპოვებლად. საბუთების მიღება მთელი წლის განმავლობაში იყო შესაძლებელი, გამოცდები კი იანვარში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში ბარდებოდა. გამოცდაზე ჩაჭრილ პირს ექვსი თვის შემდეგ ხელახალი გადაბარების უფლება მხოლოდ სამჯერ ჰქონდა. 1899 წლიდან ქუთაისის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში ქალებიც აბარებდნენ გამოცდებს. მათ შორის იყვნენ: მარია დმიტრიევა, ანა ნემსაძე, ნინო ჭიჭინაძე, ლუბა ღაჭავა, ეკატერინე აბულაძე, ნინო მიქელაძე, ნინო ორაგველიძე, ევდოკია ნიკურაძე, ლუბა მგალობლიშვილი და სხვ. (ნ. აბულაძე, ფარმაცია დასავლეთ საქართველოში 1846-1917 წლებში, ქუთაისი 2013).

0x01 graphic

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო
ფაკულტეტი, 1918-1928 წწ. ფოტო დაცულია იოველ ქუთათელაძის
სახელობის ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტის მუზეუმში

ფარმაცევტული განათლების სამსაფეხურიანი სწავლების დადგენილება 1918 წლამდე მოქმედებდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მედიცინა რუსეთისგან დამოუკიდებელი გზით განვითარდა.

ფარმაციის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი თარიღია 1918 წლის 8 თებერვალს პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნა. მალევე, 1918 წლის 27 თებერვალს, პროფესორთა საბჭომ სამკურნალო ფაკულტეტის შექმნას დაუჭირა მხარი. თავდაპირველად, სამკურნალო ფაკულტეტი სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტთან იყო გაერთიანებული, 1919 წლის 9 აპრილის პროფესორთა საბჭოს დადგენილებით კი, დამოუკიდებელ ფაკულტეტებად ჩამოყალიბდა.

0x01 graphic

ივანე ჯავახიშვილი და იოველ ქუთათელაძე უნივერსიტეტის
სტუდენტებთან და კოლეგებთან ერთად, 1937 წ.
ფოტო დაცულია იოველ ქუთათელაძის სახელობის
ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტის მუზეუმში

1919 წლის 3 იანვარს უნივერსიტეტში ფარმაკოლოგიის კათედრა დაარსდა, რომლის გამგედ ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორი, ფარმაციის მაგისტრი პ. ჭეიშვილი, 1920 წლიდან კი ვარლამ მოსეშვილი (1877-1943) დაინიშნა. 1920 წლის 3 აპრილიდან კათედრის ასისტენტის მოვალეობას დროებით ფარმაციის მაგისტრი ივ. ტყეშელაშვილი ასრულებდა.

1920 წლისთვის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის 138 პროფესორ-მასწავლებელი მუშაობდა: 21 - პროფესორი, 5 - დოცენტი და 3 - პრივატ-დოცენტი (რ. რცხილაძე, მასალები სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაცია-ფარმაკოგნოზიის კათედრის ისტორიისათვის თბილისის უნივერსიტეტში (1918-1930 წწ., საქართველოს ქიმიური ჟურნალი, 2005, 5(2)).

0x01 graphic

იოველ ქუთათელაძე კოლეგებთან ერთად.
ფოტო დაცულია იოველ ქუთათელაძის სახელობის
ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტის მუზეუმში

1921 წელს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგედ იოველ ქუთათელაძე მიიწვია, რომლის ინიციატივით, 1922 წლიდან ქიმიურ-ფარმაცევტული განყოფილება შეიქმნა.

1925-1926 წლებში ფარმაცია-ფარმაკოლოგიის შტატის შემადგენლობაში იყვნენ: პროფესორი ი. ქუთათელaძე, უფროსი ასისტენტი ნ. მასხულია, ფარმაციის მაგისტრი ვ. ვილარეტი, პრეპარატორი ე. გრიგორიევი, კათედრის მექანიკოსი კ. შტრაუსი. 1925-1926 წლებში ფარმაცია დარჩა როგორც დამოუკიდებელი კათედრა, ფარმაკოგნოზია კი ფარმაკოლოგიასთან გაერთიანდა.

1927 წლის 1 მარტს კათედრაზე პრეპარატორად დაინიშნენ ფარმაკოქიმიკოსები: ლავრენტი დადუნაშვილი და ივანე გვერდწითელი (რ. რცხილაძე, მასალები სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაცია-ფარმაკოგნოზიის კათედრის ისტორიისათვის თბილისის უნივერსიტეტში (1918-1930), საქართველოს ქიმიური ჟურნალი, 2005, №2).

1929 წლის 9 დეკემბერს ფარმაცია-ფარმაკოგნოზიის კათედრამ ჟურნალის „თანამედროვე ფარმაცია“ ბეჭდვის უფლება მიიღო.

1930 წელს უნივერსიტეტს გამოეყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, რომლის შემადგენლობაში ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტიც შედიოდა. 1932 წლის 5 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სივრცეში ფარმაკო-ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა, რომელსაც სათავეში იოველ ქუთათელაძე ჩაუდგა. 1937 წელს ფაკულტეტი ფარმაცევტულ ინსტიტუტად გადაკეთდა. იოველ ქუთათელაძე ჯერ დეკანის პოზიციას იკავებდა, შემდეგ ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას. 1948 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტი და ფარმაცევტული ინსტიტუტი კვლავ გაერთიანდა.

1964 წლიდან ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტს იოველ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა.

1964-1972 წლებში ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტს პროფესორი ვ. ასათიანი ხელმძღვანელობდა.

ინსტიტუტის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა საქართველოს მდიდარი მცენარეული და მინერალური რესურსების კვლევა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოვლენის მიზნით. მათი ქიმიური შესწავლა, ფარმაკოლოგიური აქტივობის დადგენა და ახალი სამკურნალო საშუალებების შექმნა (საქართველოს სააფთიაქო პრაქტიკისა და ფარმაციის განვითარების ზოგიერთი საკითხი, განათლება, 1982).

1982 წლისთვის ინსტიტუტში 280 თანამშრომელი, მათ შორის: 80 მეცნიერ-მუშაკი, 6 დოქტორი და 40 კანდიდატი მუშაობდა.

ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კვლევები დაედო საფუძვლად თბილისისა და ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხნებს. თბილისის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა საბჭოთა კავშირში კოფეინის წარმოებას უზრუნველყოფდა. ბათუმის ქარხანა კი 40 წლის განმავლობაში ჩაის პლანტაციებისა და ჩაის მრეწველობის ნარჩენებისაგან ბუნებრივ კოფეინს ამზადებდა. დანერგილი იყო კოლხამინის დამზადების გაუმჯობესებული ტექნოლოგიაც.

თბილისისა და ბათუმის ქარხნებში მზადდებოდა ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში შემუშავებული პრეპარატები: ანტისეპტიკური საშუალება ელარგოლი; საგულე პრეპარატები დიგალენ-ნეო (ამპულები და წვეთები), სათითურანი, პერიპლოცინი, სუკდიგფერი, კომბრომვალი; კუჭ-ნაწლავის საშუალებები - თეალბინი, ტანალბინი, თხმელინი, შვინპანი, ბროწეულინი, მრგვალი წამლის ექსტრაქტი; ანტიჰელმინათური პრეპარატი ფილიქსანი; პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალება სუკრადბელი; ვაშლმჟავა რკინა; P ვიტამინი; ბენზალდეჰიდციანჰიდრინი და სხვ. (საქართველოს სააფთიაქო პრაქტიკისა და ფარმაციის განვითარების ზოგიერთი საკითხი, განათლება, 1982).

ივანე ტყეშელაშვილი

(1864-1942)

პირველი ფარმაციის მაგისტრი საქართველოში

ივანე ტყეშელაშვილი 1884 წლიდან აივაზოვის თავისუფალ აფთიაქში აფთიაქარის მოწაფედ იწყებს მუშაობას. 1885 წლიდან საცხოვრებლად ბაქოში გადადის, სადაც შეგირდად ეწყობა ი.ა. ვიტუშინსკის აფთიაქში. 1887 წელს ფარმაციით დაინტერესებული ახალგაზრდა მოსკოვში მიემგზავრება და აფთიაქარის თანაშემწის ხარისხის მისაღებად მოსკოვის უნივერსიტეტში აბარებს.

0x01 graphic

ივანე ტყეშელაშვილი

სხვადასხვა დროს მუშაობდა პეტერბურგში ო. ვენცელის საუნივერსიტეტო აფთიაქის პრაქტიკანტად, რეტრემბერგის აფთიაქში აფთიაქარის თანაშემწედ, პარალელურ რეჟიმში აგრძელებდა სწავლას მოსკოვის უნივერსიტეტის ფარმაცევტულ განყოფილებაზე. უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, დაიცვა დისერტაცია და გადაეცა ფარმაციის მაგისტრის ხარისხი.

1902 წელს ვ. ფერეინის წინადადებით, ივ. ტყეშელაშვილი მოსკოვში სპეციალურ ფარმაცევტულ სკოლას ხსნის. 1904 წელს მას უკვე საკუთარი აფთიაქი და ქიმიურ-ბაქტერიული ლაბორატორია აქვს, რომელსაც 1919 წლამდე ხელმძღვანელობს.

1919 წელს საქართველოში დაბრუნებული ივანე ზემელის აფთიაქთან ხსნის ქიმიურ-ბაქტერიულ ლაბორატორიას. პარალელურად, უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. იკვლევს ქართული ხალხური მედიცინის საშუალებებს. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

პარმენ ჭეიშვილი

(1871-1923)

ფარმაციის მაგისტრი

პარმენ ჭეიშვილმა ფარმაციის გამოცდები ხარკოვის უნივერსიტეტში ჩააბარა, რის შემდეგაც სხვადასხვა აფთიაქში გადიოდა აფთიაქარის პრაქტიკას. 1905 წლიდან სწავლა გააგრძელა ჟენევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, სადაც 1907 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1909 წლიდან ხარკოვში დაბრუნდა და დაიცვა დისერტაცია, 1912 წლიდან კი ხარკოვის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი გახდა.

1919 წელს პარმენ ჭეიშვილი საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა თბილისის უნივერსიტეტში დაიწყო. 1921 წელს იგი უნივერსიტეტის საფარმაციო და საფარმაკოგნოზიო განყოფილების გამგედ დაინიშნა.

„საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების სამკურნალო ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის კურსი ხარკოვის, ჟენევისა და გრენობლის უნივერსიტეტის კურსდამთვრებულს პარმენ ივანეს ძე ჭეიშვილს უნდა წაეკითხა“ (დეკრეტები, კანონპროექტები საქართველოს ფიზიკური ობსერვატორიის დაარსების შესახებ. სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომელთა სიები, 1918-1919).

ვარლამ მოსეშვილი

(1871-1943)

ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ხარკოვის უნივერ სიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, 1918 წელს ვარლამ მოსეშვილი ხარკოვის ფარმაკოლოგიის კათედრის პროფესორად აირჩიეს. იმავე წელს ახლად გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში მიიწვიეს პროფესორად, სადაც 1918-1919 წლებში იკავებდა სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის, 1920 წლიდან ფარმაციის კათედრის გამგის, მოგვიანებით კი სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის პოზიციებს.

0x01 graphic

ვარლამ მოსეშვილი

1930-1943 წლებში უძღვებოდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრას. 1938 წელს მან ზოგადი ფარმაკოლოგიის სახელმძღვანელო გამოაქვეყნა.

იოველ ქუთათელაძე

(1887-1963)

ფარმაცევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

იოველ ქუთათელაძემ განათლება ოდესის უნივერსიტეტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ კი, ოდესის ერთ-ერთი აფთიაქის მმართველად დაიწყო მუშაობა. პარალელურად აგრძელებდა სწავლას ოდესის უნივერსიტეტში ფარმაციის მაგისტრის წოდების მოსაპოვებლად, მუშაობდა ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის შტატგარეშე ასისტენტად.

0x01 graphic

იოველ ქუთათელაძე

დისერტაციის დაცვის შემდეგ, 1920 წელს ჯერ პრივატ-დოცენტის, შემდეგ კი დოცენტის ხარისხი მიიღო. იმავე წელს აირჩიეს უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობაზე.

1921 წელს იოველ ქუთათელაძე საქართველოში ბრუნდება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის პროფესორად იწყებს მუშაობას. 1924 წლიდან ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ანალიზური და სასამართლო ქიმიის კათედრებს, 1927-1930 წწ. ბიოლოგიური ქიმიის კათედრას, პარალელურად კითხულობს ლექციებს.

1937 წელს ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტის ფარმაცევტულ ინსტიტუტად გადაკეთების შემდეგ, იოველ ქუთათელა ძე ინსტიტუტში ჯერ დეკანის, შემდეგ კი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობებს იკავებდა.

1948 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტისა და ფარმაცევტული ინსტიტუტის გაერთიანების შემდეგ კი, ხელმძღვანელობდა სასამართლო და ანალიზური ქიმიის კათედრებს.

სოკრატ სალუქვაძე

(1935-2012)

წამალთმცოდნე, თბილისის №1 აფთიაქის ხელმძღვანელი

სოკრატ სტეფანეს ძე სალუქვაძე 1935 წლის 10 მაისს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში დაიბადა.

1959 წელს დაასრულა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, წამალთმცოდნეობის პროფესიით. 1998 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: წამალთმცოდნეობა შუა საუკუნეებში X-XV სს“.

0x01 graphic

სოკრატ სალუქვაძე

სოკრატ სალუქვაძე წლების განმავლობაში იკვლევდა ფარმაციის ისტორიის საკითხებს. არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი, მათ შორის: „საქართველოში სააფთიაქო საქმისა და სამედიცინო მრეწველობის განვითარება და პერსპექტივები“, „ვარძია - წამლის სასახლე“, „წამალთმცოდნეობა ძველ საქართველოში და მისი შემდგომი განვითარების გზები უძველესი დროიდან XX საუკუნემდე“, „მედდების მოსამზადებელი სახელმძღვანელო“, „ძველი ქართული კარაბადინების სახელმწიფო - იურიდიული ასპექტების საკითხისათვის“, „თბილისის №1 აფთიაქი - მუზეუმის ისტორია“ და სხვ.

სოკრატ სალუქვაძეს მეგობრები ხუმრობით ქართველ „ჰანრიხ შლიმანს“ უწოდებდნენ, რადგან მან ორი შუა საუკუნეების აფთიაქი აღმოაჩინა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტი და მისი აკადემიური პერსონალი, დღესაც აგრძელებს ფარმაცევტების ახალი თაობების აღზრდას.

6 თავი V სამედიცინო ლიტერატურა

▲back to top


ყველაზე ძველი ქართული წყარო, რომელიც მკურნალობასა და საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებულ ცნობებს გვაწვდის „ამირანიანის“ ეპოსია და III-II ათას წლეულს განეკუთვნება. ნაწარმოებში მაგიურ-რელიგიური რიტუალების ნაცვლად, მკურნალობისა და საექიმო საშუალებების რაციონალური გამოყენებაა მოცემული.

საქართველოში მედიცინის განვითარების შესახებ საინტერესო მასალებს გვაწვდის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები: იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“, იოანე საბანისძის „აბოს წამება“ „წმ. ნინოს ცხოვრება“, გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და სხვ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მედიცინასთან დაკავშირებული ნაწარმოებები, რომლებიც შუა საუკუნეების სამკურნალო საშუალებებს, გამოცდილებებსა და მკურნალობის უნიკალურ მეთოდებს ასახავს.

0x01 graphic

ქანანელის „უსწორო კარაბადინი“.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

X საუკუნეს მიეკუთვნება გრიგოლ ნოსელის წიგნის „კაცისა შესაქმისათვის“ ქართული თარგმანი. წიგნში ადამიანის ანატომიის აგებულება და ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებია ახსნილი.

0x01 graphic

ხოჯაყოფილის „წიგნი სააქიმო“.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ყველაზე ძველი ქართული სამედიცინო წიგნი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია „უსწორო კარაბადინია“. „კარაბადინი“ ძველ საქართველოში სამკურნალო წიგნთა საერთო სახელწოდებას აღნიშნავდა. ქანანელის ავტორობით ცნობილი „უსწორო კარაბადინი“ (სახელწოდება „უსწორო“ - უბადლოს, სწორუპოვარს აღნიშნავს) XI საუკუნით თარიღდება და სამი ნაწილისაგან შედგება. მასში განხილულია მედიცინასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები: ანატომიის, ფიზიოლოგიისა და ფარმაკოლოგიის ცნებები, დაავადებები და მათი მკურნალობის გზები, ჰიგიენის საკითხები და ცალკეული სამკურნალო საშუალებები (ქანანელი, „უსწორო კარაბადინი“, ლ. კოტეტიშვილის გამოკვლევითა და რედაქციით, თბ., 1940).

ქანანელის „უსწორო კარაბადინთან“ ერთად, მედიცინის სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა „წიგნი სააქიმო“.

მინაწერის მიხედვით, „წიგნი სააქიმო“ სამეცნიერო ლიტერატურაში ანტონ ჭყონდიდელის ხოჯაყოფილის მიერ ნათარგმნად მიიჩნევა. წიგნი 1206-1210 წწ. უნდა დაწერილიყო არაბული წიგნის მიხედვით.

0x01 graphic

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის
„სამკურნალო წიგნი კარაბადინი“,
თავფურცელს ერთვის ვახტანგ VI-ის ფაქსიმილე
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

„ესე წიგნი სააქიმოი, ოდეს რუქანდან სულტანი კარნუ ქალაქი საკართაზე და გააქციეს, მუნით ალაფად მოიღეს, ქრისტეს მიერ პატრონი ჭყონდიდელმან, მისმან მწიგნობართ უხუცესობამან, პროტოი უპერტიმოსმან და ვაზირთა ყოველთა უპირველესმან კაცმან, გონებაი მოზავმან და საღმრთოითა მსჯავრთა მართალ მსაჯულმან, და ხელისა მპყრობელმან უღონოთა და ქვრივთამან, ქართულად მათარგმნინა მე მიწასა მათსა ხოჯაყოფილსა“ (ლ. კოტეტიშვილი, წიგნი სააქიმოი, თბილისი, 1936).

„წიგნი სააქიმო“ მედიცინის არსს და ექიმთა მოვალეობას ასახავს, მასში განხილულია მედიცინის ზოგადი თეორიები, ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები, პათოლოგია და მკურნალობის სახეობები.

0x01 graphic

ჟურნალი „მოსამსახურე
ფარმაცევტი“, 1919

კიდევ ერთი განსაკუთრებული წიგნია „სამკურნალო წიგნი - კარაბადინი“, რომელიც XV საუკუნეში ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ხელმძღვანელობითაა შექმნილი. წიგნში საკმაოდ ზუსტად არის მოცემული მედიცინის თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მკვლევართა აზრით, კარაბადინის თეორიულ წყაროდ ძველი ქართული სამედიცინო ძეგლები მიიჩნევა. წიგნის შექმნაში მონაწილეობა მიუღია მახარობელ ოქროპირის ძე მაღალაძეს. როგორც ირკვევა, იგი გადამწერი ყოფილა.

0x01 graphic

ჟურნალი „ქართული
სამკურნალო ფურცელი“, 1908

სავარაუდოდ, ჩვენამდე შემორჩენილი კარაბადინის ხელნაწერი ვახტანგ VI-ის ამალის მიერ საქართველოდან რუსეთში იქნა გატანილი. მისი ხელითვე მოხდა წიგნის აღდგენა-მოწესრიგება. 1945 წელს ნიჟნი ნოვგოროდის სახელმწიფო არქივში თ. ჭყონიამ ხელნაწერი მოიძია და საქართველოში დააბრუნა.

ჩვენამდე მოღწეულია „სამკურნალო წიგნი - კარაბადინის“ ავტორის ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის პორტრეტი. ქტიტორის გამოსახულება ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძრის ეკვდერშია დახატული და XV საუკუნით თარიღდება. ფიგურა მცენარეულ ფონზეა წარმოდგენილი. მცენარეული ორნამენტის სიჭარბე და დეკორატიულობა გვიანი შუა საუკუნეების ხელოვნებასთანაა დაკავშირებული, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ზაზა ფანასკერტელის გამოსახვას მცენარეების ფონზე სიმბოლურ-მეტაფორული სახეც ჰქონდა და მკურნალის ფუნქციის აქცენტირებასაც უსვამდა ხაზს.

0x01 graphic

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი.
ფრესკული პორტრეტი ყინწვისის ტაძრიდან

XVI საუკუნით თარიღდება დავით XI ბატონიშვილის (დაუთხანი - ქართლის მეფე 1569-1578) მიერ შექმნილი სამედიცინო ენციკლოპედია „იადიგარ დაუდი“. წიგნი იმ პერიოდის მედიცინის თითქმის ყველა საკითხს მოიცავს. ანატომიურ-ფიზიოლოგიური მონაცემების გარდა, დეტალურადაა განხილული დაავადებები, მათი გამომწვევი მიზეზები, პროფილაქტიკისა და მკურნალობის საშუალებები, ჰიგიენისა და დიეტეტიკის საკითხები. „იადიგარ დაუდი“ წამლის მიღების ინჰალაციის მეთოდსაც აღწერს და კლიმატურ-ბალნეოლოგიური და სხვა სამკურნალო ბუნებრივი საშუალებების გამოყენების შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას.

სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედება მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ქართული მედიცინის ისტორიის შესასწავლად. მისი ნაწარმოებები - ლექსიკონი, „სიბრძნე სიცრუისა“, „მოგზაურობა ევროპაში“ და „სწავლანი“, სცილდება მხატვრული ლიტერატურის ფარგლებს და უნიკალურ მასალას იძლევა დაავადებებისა და მათი მკურნალობის მეთოდების შესახებ. მაგალითად, „სიბრძნე-სიცრუისაში“ აღწერილია შუა საუკუნეებში მეტად გავრცელებული „მკლავის გახსნა“ და „სისხლის გაღება“. „სწავლანში“ ცალკე თავადაა გამოყოფილი „სნეულთა მიხედვისათვის თქმული“.

მედიცინის განვითარებაში განსაკუთრებულია იოანე ბაგრატიონის როლი. 1799 წელს მან შეადგინა „სჯულდებანი“, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოს რეფორმების პროექტს წარმოადგენდა, სადაც სასნეულო სახლებისა და აფთიაქის გახსნის შესახებ იყო საუბარი.

„სამეფო აფთიაქისათვის და სასნეულოსა. აგრეთვე შეიძლება სამეფო აფთიაქიც ამ სახედ გაკეთდეს და ყოველი იშოვებოდეს გასასყიდად... (აფთიაქის) ზედამდები უნდა იყოს სალაროს ნაზირო ზედამდეგი და ჰყვანდნენ ხელქვეითი მოლარენი... (წამლებს) თავთავისი ფასი უნდა ეწეროს, არც მოაკლდეს და არც მოემატოს და დავთარში, რაც გაიყიდებოდეს, სახელები ანბანზედ იყოს ასხმული და ისე მოსწორდებოდეს ფასი“ (ქართული მედიცინის ისტორია, 1990). ასევე, აღსანიშნავია იოანე ბაგრატიონის „კალმასობა“, რომელიც ენციკლოპედიური ნაშრომია და მასში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მედიცინის ისტორიას. 1805-1820 წლებში მანვე შეადგინა „სამკურნალო წიგნი“, რომელიც 274 გვერდისაგან შედგებოდა.

იოანე ბაგრატიონის ძმა, დავითიც მნიშვნელოვან მთარგმნელობით და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. მას ეკუთვნის 88 გვერდიანი, 78 დასახელების დაავადების რეცეპტების წიგნი.

XVIII საუკუნით თარიღდება „აგარელის კარაბადინი“ და „ფემბასეული ხელნაწერი“. ორივე ნაწარმოები აჭარიდან არის შემორჩენილი.

„აგარელის კარაბადინი“ პირობითი სახელია და მდებარეობიდან (აღმოჩენილია სოფელ აგარაში) გამომდინარე ეწოდა. ხელნაწერს ერთვის ზ. ჭიჭინაძის მინაწერი, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ იგი აბდულ მიქელაძემ აღმოაჩინა ქართველი მაჰმადიანის ოჯახში. „აგარელის კარაბადინი“ აჭარის რეგიონის ხალხური მედიცინის, მცენარეული და ცხოველური სამკურნალო საშუალებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის.

„ფემბასეული ხელნაწერი“ პროფესორმა რამაზ სურმანიძემ სოფელ ჭალაში აღმოაჩინა, მანამდე კი ინახებო და მკურნალი ქალბატონის ფემბა შერვაშიძე-სურმანიძის ოჯახში. მასში 400-ზე მეტი სამკურნალო საშუალების შესახებაა საუბარი. საყურადღებოა, რომ ხელნაწერში წამლების დამზადების ზუსტი აღწერილობაა მოცემული.

1908 წელს ექიმ ვ. დ. ღამბაშიძის რედაქტორობით, სახალხო საექიმო და საჰიგიენო სურათებიანი ჟურნალი „ქართული სამკურნალო ფურცელი“ დაიბეჭდა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოცემის მხოლოდ ორი ნომერი არსებობს.

ხაზგასასმელია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამწლიანი არსებობის პერიოდის სამედიცინო გამოცემები. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ მხოლოდ 1028 დღის განმავლობაში, საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე იარსება, საქართველოში ამ პერიოდში პირველად დაიბეჭდა სამედიცინო ჟურნალები. 1919 წელს სპირიდონ ვირსალაძემ შ. მიქელაძესთან ერთად გამოსცა პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალი „ექიმი“. 1919 წელს დაიბეჭდა ჟურნალი „მოსამსახურე ფარმაცევტი“, 1920 წელს გამოვიდა „ჭლექთან მებრძოლი საზოგადოების“ ჟურნალი „ჭლექი და მასთან ბრძოლა“.

7 თავი VI ფარმაცევტული ორგანიზაციები

▲back to top


7.1 კავკასიის ფარმაცევტული საზოგადოება

▲back to top


1889 წელს თბილისში „კავკასიის ფარმაცევტული საზოგადოება“ დაარსდა და 1890 წელს საზოგადოების პირველი კრებაც გაიმართა. კრებამ აირჩია მმართველობა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: სტეფანე კრესლოვსკი (თავმჯდომარე), ნიკოლოზ უზბაშევი (მოადგილე), ფერდინანდ ოტენი (წიგნსაცავის გამგე), ალექსანდრე არისტაკოვი (ხაზინადარი), სერაფიონ იასტრიჟემბსკი (მდივანი).

საზოგადოებას მომდევნო წლებში ხელმძღვანელობდნენ ი. ალხაზიშვილი (2-ჯერ აირჩიეს) და ი. დუმბაძე.

კავკასიის ფარმაცევტულმა საზოგადოებამ 1917 წლამდე იარსება.

7.2 ამიერკავკასიის ფარმაცევტთა ამხანაგობა ტფილისში

▲back to top


„ორი წელიწადია, რაც ბ-ნმა ი. ალხაზიშვილმა ფარმაცევტთა ამხანაგობის შედგენა განიზრახა, რომლის აზრიც მედიკამენტებითა და სხვა სამკურნალო საგნებით ვაჭრობაა. ეს აზრი ყველასათვის სასიამოვნო შეიქმნა, მაგრამ ზოგიერთმა ეჭვის თვალით შეჰხედა, მოთავენი კი, მეტადრე ბ-ნი ი. ალხაზიშვილი, საქმეს ერთგულად შეუდგნენ და, როდესაც ვფიქრობდით, უთუოდ ამ საქმემაც ჩვეულებრივად ჩაილურის წყალი დალიაო, წელს ზაფხულში უცბად თავი იჩინა. მინდოდა შემეტყო ახალს ამხანაგობას საქმე როგორ მისდის, ან როგორ მოწყობილია და ამისთვის ამ დღეებში მის მაღაზიას ვეწვიე. ამ ნახვამა და საქმის გარემოების შეტყობამ სწორედ მასიამოვნა. მაღაზია ყოველ მხრივ ადამიანის ყურადღებას იქცევს: სიდიდით, ურიცხვი საქონლით, სისუფთავით, წეს-რიგით; წამლები საუკეთესო ევროპის ფირმებიდან არის გამოწერილი. მართალია, მაღაზია ჯერ ახალი გახსნილია, მაგრამ დღესაც დიდ ძალი მუშტარი ჰყავს: განსაკუთრებით კავკასიის სხვადასხვა კუთხიდან იწერენ ნარდად, რადგან წამლები საუკეთესო თვისებისაა და ამასთანავე მყიდველებს ამხანაგობა იაფად უთმობს დანიშნულ სადგურამდისაც წამლებს თავისის ხარჯით უგზავნის. ეს კი დიდი შეღავათია მყიდველისათვის. ამ საქმეს ფარმაცევტები განაგებენ, რომელთა შორისაც ორი პროვიზორია, გამგედ ბ.-ნი ალხაზიშვილი, ამხანაგობის საქმეთა გამოკითხვამა და დაკვირვებამ დაგვარწმუნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქმის დაწყებას და არა ჰხარობს იმისათვის, რომ საქმეში კარგად ჩახედებულნი არა ვართ, ვაჭრობა არ ვიცით. ვაჭრობასაც ცოდნა და სწავლა უნდა; როგორც ბევრი სხვა ცოდნა, ისიც საუკუნოებით შეიძინა. მხოლოდ ამ მხრივ ჩვენს ნორჩს ამხანაგობას საყვედური სრულებითაც არ ეთქმის, რადგან იკისრა საქმე, რომლის ცოდნაც საკმარისადა აქვს კიდეც ეს არის მიზეზი, რომ საქმე თავიდგანვე კარგად მიდის: ამხანაგობას წევრები საკმარისი ჰყავს, მათში ბევრი არაქართველიც არის; წევრად შესვლა ძლიერ გაადვილებულია, - ღარიბს წევრს შეუძლიან თითო თუმანიც შეიტანოს, ვიდრე 50 მანეთი გახდებოდეს; წევრად შესვლა შეუძლიან არა ფარმაცევტსაც და არა მკურნალსაც. წევრთა შორის ბევრს ნახავთ ისეთს, რომელთაც 1,000 და 2,000 მან. შეუტანია. ამ საქმის რიგიანად წაყვანა მით უფრო მოსალოდნელია, რომ მეთაურად ფარმაციაში ცნობილი კაცები არიან, რომლებმაც წამლების ავი და კარგი კარგად იციან. ამისათვის სასურველია ჩვენმა ფარმაცევტებმა და მკურნალებმა რაც შეიძლება მეტი მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში როგორც ფულით, ისრე სხვა გვარადაც, რადგან სარგებლობა საქმისა ცხადია სჩანს. ტფილისის სამკურნალო განყოფილების ყურადღება ამხანაგობამ უკვე მიიქცია და დაიწყეს კიდეც ქსენონებისათვის ამის ამხანაგობის მაღაზიიდგან წამლების გამოწერვა. იმედია, ტფილისის გუბერნიას ქუთაისის გუბერნიაც არ ჩამოჰრჩება და ქუთაისის გუბერნიის ყველა მეაფთიაქენი მონაწილეობას მიიღებენ, წევრებათ ჩაეწერებიან და წამლებსაც აქედან გამოიწერენ. ამხანაგობის საქმის კარგად წასვლა მით უფრო სანატრელია ჩვენთვის, რომ დღეს ჩვენი მხსნელი ეს ერთადერთი საშუალება, შეერთებაა. არასდროს არ ყოფილა ადამიანი ისე უძლური, როგორც დღეს, როდესაც კაპიტალია ყველგან საჭირო. იგი კი საიდან გაჩნდება, თუ ბევრნი ერთად არ შეერთდებიან? დროა, ეს მოსაზრება რწმენათ არ დარჩეს და მალე საქმეთაც იქცეს. უნდა გავიმსჭვალოთ იმ მოსაზრებით, რომ მხოლოდ ამხანაგობას, რომელიც ერთობასა და ნდობაზეა დამყარებული, შეუძლიან საქმე შეჰქმნას დღეს. უნდა ვისარგებლოთ უცხოელების მაგალითით, რომელნიც მხოლოდ შეერთებულის ძალით კოოპერაციის წყალობით აკეთებენ ყოველს საქმეს, რა თვისებისაც უნდა იყოს იგი. ამ გვარი მოქმედება ჩვენთვის ჭკუის მასწავლებელ, აღმზრდელ სკოლად შეიქმნება. საჭიროა მხოლოდ, რომ საზოგადო საქმის მეთაურად პატიოსანი და მცოდნე კაცები იყვნენ ჩვენი ახალი ამიერკავკასიის ფარმაცევტთა ამხანაგობა კი ამ მხრივ საიმედოა. ექიმი ვაშაკიძე (გაზეთი „ივერია“, 1900, №252).

7.3 მოსამსახურე ფარმაცევტთა პროფესიული კავშირი

▲back to top


1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოსამსახურე ფარმაცევტთა პროფესიული კავშირი შეიქმნა, რომელმაც ჟურნალი „მოსამსახურე ფარმაცევტი“ დაარსა.

„მოსამსახურე ფარმაცევტთა ყრილობა“ 1918 წლის 1 დეკემბერს გაიმართა, რომელსაც 37 კაცი ესწრებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ყრილობაზე განიხილეს საქართველოში სააფთიაქო საქმის ვითარება და პრობლემები. ერთ-ერთი გამომსვლელით. ჩიქოვანი იყო, რომელმაც აფთიაქების ნაციონალიზაციაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა: „ჩვენ ვამბობთ აფთიაქების გასაზოგადებრივობას ფარმაცევტების სრული უფლებით, სახელდობრ: ყველა აფთიაქები რესპუბლიკაში უნდა გადაეცეს ან სახელმწიფო ორგანოებს ან მუნიციპალიტეტს, რომ ისინი შეიქმნენ აფთიაქის ბატონ-პატრონები და აფთიაქი არ ჩასთვალონ მხოლოდ მომგებიან დაწესებულებათ. მთავარი მიზანი სახელმწიფო აფთიაქებისა არის უფასოთ წამლების მიწოდება საზოგადოებისათვის, მაგრამ რადგან დღევანდელ პირობებში ეს ძლიერ ძნელი გასატარებელი პრინციპია, წამლებისა და სხვა სააფთიაქო მასალის სიძვირის გამო, დროებით, სანამ პირობები უფრო ხელსაყრელად შეიცვლებოდეს, წამლების გაყიდვა უნდა მოხდეს ხელმისაწვდომ ფასებში“ (ჟურნალი „მოსამსახურე ფარმაცევტი“, 1919, №1).

ყრილობაზე პროვიზორმა ბერიძემ გააკეთა მოხსენება ფარმაცევტული სწავლების შესახებ. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა აფთიაქებში არსებულ პრობლემებზე, გამომწვევ მიზეზად კი არასათანადო განათლება დაასახელა. პროვიზორმა ბერიძემ უნივერსიტეტში ფარმაციის ფაკულტეტის დაარსების შესახებ გააკეთა აქცენტი და პროფესორთა საბჭოს მიმართა თხოვნით, ყურადღება მიექციათ აღნიშნული საკითხისთვის: „როგორც ვხედავთ, უნივერსიტეტებში ფარმაცევტები არ გადიან სრულებით მათთვის აუცილებელ საჭირო საგნებს. როგორც მაგალითად, ბაქტერიოლოგიას, სხვადასხვა ანალიზებს, პრეპარატების დამზადებას და ბევრ სხვას.

თუ ჩვენ წინდაწინვე გავითვალისწინებთ იმას, თუ რა სწავლა-განათლებით აღჭურვილი შედიოდენ აფთიაქში მომავალი ფარმაცევტები, თუ რას აძლევდა მათ სამი წლის აფთიაქის მოწაფედ ყოფნა, (რა საკვირველია არაფერს, გარდა შეუგნებლად წყალში ზოგიერთი წამლის გახსნისა და სხვადასხვა წამლების მექანიკურად ერთმანეთში გადარევისა), თუ რას მისცემდა მათ თვე ან თვენახევრის მეცადინეობა რამოდენიმე სპეციალურ საგნებში და შემდეგი გამოცდები თანაშემწის წოდების მისაღებად, თუ რა უნდა მიეცა მისთვის ორი წელიწადი უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ყოფნას პროვიზორის წოდების მისაღებად, სადაც მათ არ უყურებდნენ ისე, როგორც დანარჩენ სტუდენტობას, არ აქცევდნენ მათ სრულებით ყურადღებას და სადაც მათ მიაწვდიდნენ ხოლმე მხოლოდ მონარჩენებს, მაშინ ადვილი სათქმელიც არის თუ რამდენი შეიძლება მოეთხოვოს დღევანდელ ფარმაცევტებს. მაგრამ მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ფარმაცევტებში იყვნენ ბევრი გამოჩენილი პირები, რომელთაც თავისი გამოცდილებით და მეცადინეობით დიდი სარგებლობა მოჰქონდათ საზოგადოებისთვის...

ახლა ჩვენ პირდაპირ უნდა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოეწყოს საქართველოს რესპუბლიკაში ფარმაცევტთა სწავლა-განათლება.

ჩვენთვის დიდად სასურველია, რომ ჩვენ გვექნეს ჩვენს სახელმწიფოში ცალკე უმაღლესი საფარმაცევტო ინსტიტუტი, მაგრამ, ვინაიდან ეს არ შეადგენს ჩვენი სახელმწიფოსთვის აუცილებელ საჭიროებას, და მასთან ცალკე უმაღლესი სასწავლებლის დაარსება დიდად საძნელოა ჩვენი პატარა რესპუბლიკისთვის. ჩვენ დღეს უნდა მოვითხოვოთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაარსდეს უსათუოდ საფარმაცევტო ფაკულტეტი“ (ჟურნალი „მოსამსახურე ფარმაცევტი“, 1919, №1).

1992 წელს დაფუძნდა საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია. ფარმაცევტთა უფლებების დამცველი ასოციაცია 20-მდე იურიდიულ და 2000-ზე მეტ ფიზიკურ პირს აერთიანებს. ასოციაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ასოციაციებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ საზოგადოებებთან.

8 თავი VII საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის განვითარება

▲back to top


1921 წლის საქართველოს ოკუპაციიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მედიკამენტებით მომარაგება ცენტრალიზებულად ხორციელდებოდა - ერთიანი სისტემით იმართებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ და მოთხოვნასა და მიწოდებას სახელმწიფო არეგულირებდა. „საბჭოურ მოდელზე აგებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ზედ მიწევნით ცენტრალიზებული იყო და მას ახასიათებდა ტოტალიტარული მიდგომა მართვის, დაფინანსების, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისა და სხვა სფეროებში“ („ქართული მედიცინის ისტორიული გზა“, ფორბსი, 3 ნოემბერი, 2022 წ. ავთანდილ ჯორბენაძე, ჯანდაცვის მინისტრი 1993-2001 წლებში).

1935 წელს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში სააფთიაქო სისტემის სახელმძღვანელოდ, ჯანდაცვის სახალხო კომისარიატთან ჩამოყალიბდა მთავარი სააფთიაქო სამმართველოები, რომლებიც 1990 წლამდე ახორციელებდნენ მედიკამენტების მიწოდება-კონტროლს. იმავე წელს, დადგენილებით „მედიკამენტის ვაჭრობის შესახებ“ ნებართვა გაიცა, ნაწილი მედიკამენტებისა გაცემულიყო ურეცეპტოდ, რის საფუძველზეც, სოფლად გაიხსნა პირველი სააფთიაქო პუნქტები. (ნ.ა. ზაბახიძე, რ. სხილაძე, ე.ი. ლაცაბიძე, „სოციალური ფარმაცია და ეკონომიკა (ფარმაციის ორგანიზაცია და ეკონომიკა), 2001წ.)

საბჭოთა საქართველოში არსებობდა 2 ტიპის აფთიაქი: „სამეურნეო ანგარიშზე მყოფი აფთიაქი, რომელიც ექვემდებარებოდა სააფთიაქო სამმართველოს და სამკურნალო დაწესებულების აფთიაქი“. აფთიაქებში იყო 2 ძირითადი განყოფილება: სარეცეპტურო-საწარმოო (სადაც წამლებს ადგილზე ამზადებდნენ) და ხელზე გასაყიდი (მზა წამლის ფორმების გაცემა). ასევე ყველა აფთიაქს ჰქონდა სამარაგო განყოფილება (ზ. ათოშვილი, „ფარმაცევტული ტექნოლოგია“, 2006). გარდა ამისა, არსებობდა სააფთიაქო მაღაზიები, ფარდულები, სააფთიაქო ბაზები და საწყობები, საკონტროლო-ანალიზური ლაბორატორიები (ნ.ა. ზაბახიძე, რ.სხილაძე, ე.ი. ლაცაბიძე, „სოციალური ფარმაცია და ეკონომიკა (ფარმაციის ორგანიზაცია და ეკონომიკა), 2001წ.).

აფთიაქებს უმაღლესი განათლების მქონე აფთიაქის გამგე მართავდა, პერსონალს პროვიზორები, პროვიზორ-ტექნოლოგი, პროვიზორ-ანალიტიკოსი, (უმაღლესი განათლების), ფარმაცევტები (საშუალო-პროფესიული განათლების), ფარმაცევტის თანაშემწეები და დამხმარე პერსონალი შეადგენდა.

მედიკამენტების ქვეყნის მასშტაბით განაწილებასა და მოძრაობას რესპუბლიკის სააფთიაქო სამმართველო, ხოლო დედაქალაქის დონეზე - ქალაქის სააფთიაქო სამმართველო ახორციელებდა, რომელიც ძირითადად უმაღლესი განათლების მქონე ფარმაცევტებით იყო დაკომპლექტებული. ფარმაცევტობა საამაყო, პატივსაცემ, კოლეგიალობით ცნობილ პროფესიას წარმოადგენდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, მედიკამენტების ცენტრალიზებული შემოტანის სისტემა მოიშალა. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა და წამალს ვინ გამოგზავნიდა? საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლები რთული და შინაომებით სავსე აღმოჩნდა, მოქალაქეებისთვის კი არა, დაჭრილებისთვისაც არ იყო ელემენტარული წამლები. ქვეყანაში წამლის შემოტანა მხოლოდ „ჩანთებით“, „შავი ბაზრის“ გავლით იყო შესაძლებელი. ასეთი გზით შემოტანილ წამალს ხარისხს და შენახვის პირობებს არავინ უმოწმებდა, შესაბამისად, ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა არ ხდებოდა. სწორედ ამ პერიოდში, 1994-1995 წ.წ.-ებში დაიწყო სრულიად ახალი, თანამედროვე, თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული ფარმაცევტული დარგის მშენებლობა. დაარსდა ფარმაცევტული სადისტრიბუციო კომპანიები, მათ შორის PSP, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქვეყნის მოსახლეობის მედიკამენტებით მომარაგების უწყვეტ სისტემას. სწორედ ასე გახდა თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევები, უახლესი მოლეკულები და პრეპარატები საქართველოს მოსახლეობისთვის ფიზიკურად, გეოგრაფიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი.

„ამ საწყის წლებში ქართულ ბაზარზე უცხოური ფარმაცევტული პროდუქტების რაოდენობა წელიწადში 25%25-ით იზრდებოდა... სამმა ყველაზე მსხვილმა კომპანიამ 90-იან წლებში დადებითი როლი შეასრულა, რადგან მათ მოახერხეს ახალი შესაძლებლობებით სარგებლობა და ქართველი მომხმარებლებისთვის იმ პორტირებული პროდუქტების მიწოდების უზრუნველყოფა, რომლებიც ადრე ხელმისაწვდომი არ იყო“. (კვლევა საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, თბილისი, 2012 წელი).

„ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის მართლზომიერი პრაქტიკის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლების“ შექმნის მიზნით, 1997 წლის 17 აპრილს ძალაში შევიდა კანონი „წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“. (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე).

1998 წლის 13 მაისის N188 დადგენილებით, ქვეყანაში სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო მართვა ხორციელდება ჯანდაცვის მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის მიერ, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობას. (ნ.ა. ზაბახიძე, რ. სხილაძე, ე.ი. ლაცაბიძე, „სოციალური ფარმაცია და ეკონომიკა (ფარმაციის ორგანიზაცია და ეკონომიკა), 2001წ.)

საკანონმდებლო მოთხოვნა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის აუცილებლობის შესახებ, დისტრიბუტორ კომპანიებს მედიკამენტების მწარმოებლებისგან შემოტანას ავალდებულებდა, რაც ტრანსპორტირებისას ხარისხის დაცვის უზრუნველყოფას განაპირობებდა. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში იმპორტი უშუალოდ მწარმოებელი კომპანიების განხორციელდებოდა. უცხოელი მწარმოებლები თავიანთი მედიკამენტების დისტრიბუციისთვის საქართველოში სანდო პარტნიორებს ირჩევდნენ. მათ შორის იყო PSP, რომელსაც მსოფლიოს 100-ზე მეტი წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის მედიკამენტი შემოჰქონდა. ყოველი მათგანი მსოფლიოში აღიარებული ფარმაცევტული წარმოების სტანდარტის - GMP-ის მიხედვით ახორციელებდა წარმოებას, რაც თავისთავად ხარისხის გარანტს წარმოადგენდა.

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების 90%25 იმპორტირებულია და მხოლოდ 10%25-ს შეადგენს ადგილობრივი წარმოება. განვითარებული ქვეყნების ფარმაცევტული დარგის გამოცდილების შესწავლა საფუძვლად დაედო საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით PSP-ს მიერ პირველი ქართული ფარმაცევტული საწარმოს GP Pharma-ს დაარსებას 2000 წელს. GM Pharma-ს პრეპარატებს პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის წარმატებით იყენებს სამედიცინო საზოგადოება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს 10 ქვეყანაში.

წამლის მიმოქცევას საქართველოში კანონი არეგულირებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა 2009 წელს, როდესაც „განისაზღვრა სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთა შორისი ფარმაცევტული პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფოსია, მათ მიერ რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტების აღიარების მიზნით“ („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ - 22 ოქტომბერი 2009 წ. საქართველოს მთავრობის დადგენილება). შესაბამისად, აღიარებულ ქვეყნებში (ევროკავშირის, ევროპის სხვა სახელმწიფოების, აშშ-ის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის და სამხრეთ კორეის) და რეგისტრირებული წამლების იმპორტი გამარტივდა.

2022 წელს ამ ქვეყნების სიას თურქეთი დაემატა, რამაც ფარმაცევტულ კომპანიებს თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის შესაძლებლობის გზა გაუხსნა.

2023 წლის 15 იანვრის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ბრძანებით N2/ნ დამტკიცდა ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალი. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში რეფერენტული ფასი დადგინდა 4 ქვეყნის: ბულგარეთის, ლატვიის, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიის საშუალო ფასების გასაშუალებით. ჩამონათვალის ზრდის პროცესი გრძელდება.

2022 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების GMP და GDP დაცვის მოთხოვნა. ფარმაცევტული წარმოებისთვის მსოფლიოში აღიარებული „კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტი - GMP“ უზრუნველყოფს საწარმოს მიერ წარმოებული მედიკამენტის გარანტირებულ ხარისხს, ხოლო „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტი“ ემსახურება დისტრიბუტორი კომპანიების მიერ სადისტრიბუციო საქმიანობის და საწყობის მართვას სტანდარტის შესაბისად.

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე 2012 წელს მედიკამენტების 70 მწარმოებელი ოპერირებდა. საწარმოების სავალდებულო GMP სტანდარტზე გადასვლის შემდეგ, ამჟამად საქართველოში 5 ფარმაცევტული წარმოება ფუნქციონირებს. ადგილობრივი წარმოების 90%25-ს ორი კომპანია: GM Pharma და „ავერსი რაციონალი“ ახორციელებს. GM Pharma 155 და სახელების სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტს აწარმოებს, რომლის იმპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში ახორციელებს, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ფარმაცევტული დარგის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშეს ომის შემდგომ, დანგრეულ ქვეყანაში დაარსებულმა სადისტრიბუციო კომპანიებმა, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს მედიკამენტებით უწყვეტ მომარაგებას. მათ შორის 3 უძველესი კომპანია - PSP, „ავერსი“ და GPC, დღემდე განაგრძობს საქმიანობას. 2017 წლიდან „ჯიპისი“ და „ფარმადეპო“ ერთი კომპანიის „გეფა“-ს შემადგენლობაში შედის, მათთან ერთად ქვეყანაში 150-მდე ფარმაცევტული კომპანია და ფარმოპერატორი ფუნქციონირებს, 1500-მდე აფთიაქი ახორციელებს მედიკამენტების მიწოდებას დედაქალაქსა და რეგიონებში.

გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებზე მოსახლეობის უწყვეტი წვდომა განპირობებულია, როგორც GMP-ის სტანდარტის ადგილობრივი წარმოების განვითარებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით აწყობილი დისტრიბუციით და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაშლილი საცალო ქსელით.

მედიკამენტი გრძელ გზას გადის მწარმოებლიდან - მომწოდებლამდე. თითოეულ ეტაპზე ხარისხის დაცვა უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებელი აფთიაქ ში ისეთივე გარანტირებული ხარისხის წამალს იღებს, როგორც GMP-ს სტანდარტის მქონე საწარმომ აწარმოა და GDP-ს სტანდარტის დაცვით მოხდა მისი მიღება-დასაწყობება-შენახვა-გაცემა.

უკვე 30 წელია, კომპანია PSP უზრუნველყოფს სწორედ ასეთი გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების უწყვეტ მიწოდებას ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. ფარმაცევტული დარგის სიძლიერე და საქართველოში მისი კიდევ უფრო განვითარება, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის გასამარტივებლად.

9 გამოყენებული ლიტერატურა

▲back to top


ნ. აბულაძე, ფარმაცია დასავლეთ საქართველოში 1846-1917 წლებში, ქუთაისი, 2013; ზ. ათოშვილი, ფარმაცევტული ტექნოლოგია“, 2006;

ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის რედ., თბილისი, 1955;

აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა, ა. სურგულაძის თარგმანი, 1948;

გაზეთი „ივერია“, 1900, №252;

გ. გვენეტაძე, ფარმაცევტული კომპანიების მარკეტინგი, ნაშრომი შესრულებულია მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, 2018;

„ვაჰანის ქვაბთა განგება“, ლ. მუსხელიშვილის რედ., 1939;

თ. ვერულავა, რ. ჯორბენაძე, ჯანდაცვის სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921), თბილისი, 2018;

ნ. ა. ზაბახიძე, რ. სხილაძე, ე.ი. ლაცაბიძე, „სოციალური ფარმაცია და ეკონომიკა (ფარმაციის ორგანიზაცია და ეკონომიკა), 2001;

ი. იმედაშვილი, ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952, ტ. II, თბილისი, 2021;

ლ. კოტეტიშვილი, წიგნი სააქიმოი, თბილისი, 1936;

კვლევა საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, თბილისი, 2012;

ვ. მახარაძე, ფარმაციის ისტორია აჭარაში, ბათუმი, 2021;

გ. ნიორაძე, ქვის ხანის ადამიანისა კაჟიას გამოქვაბულში, თბილისი, 1953;

ჟურნალი „მოსამსახურე ფარმაცევტი“, 1919;

ჟურნალი „ქართული სამკურნალო ფურცელი“, 1908, №1;

რ. რცხილაძე, მასალები სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაცია-ფარმაკოგნოზიის კათედრის ისტორიისათვის თბილისის უნივერსიტეტში (1918-1930), საქართველოს ქიმიური ჟურნალი, 2005, №2;

მ. სააკაშვილი, ა. გელაშვილი, საქართველოს მედიცინის ისტორია ტ. III, საქმედგამი, თბილისი, 1956;

მ. სააკაშვილი, ა. გელაშვილი, ლ. ჭეიშვილი, ტ. ჩხეიძე, საქართველოს მედიცინის ისტორია ტ. IV, საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1956;

ს. სალუქვაძე, წამალთმცოდნეობა ძველ საქართველოში და მისი შემდგომი განვითარების გზები, გამომცემლობა „ხელოვნება, თბილისი, 1987;

კ. სანდომისაშვილი, „პრაქტიკული ფარმაცია 1921-1961 წლებში“, საქართველოს სააფთიაქო პრაქტიკისა და ფარმაციის განვითარების ზოგიერთი საკითხი, განათლება, 1982;

საქართველოს სააფთიაქო პრაქტიკისა და ფარმაციის განვითარების ზოგიერთი საკითხი, განათლება, 1982;

საქართველოს ქიმიური ჟურნალი, თბილისი, 2004, ტ.4, N2, გვ.184-170

საქართველოს ქიმიური ჟურნალი, თბილისი, 2005, ტ.5, N2, გვ.190-193

საქართველოს ქიმიური ჟურნალი, თბილისი, 2009, N3, გვ.281-284

პ. ფირფილაშვილი, სამთავროს სამაროვანში გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები ძვალთა სისტემის დაავადების შესწავლისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერთა აკადემიის მოამბე ტ. XV, № 8;

ქანანელი „უსწორო კარაბადინი“, ლ. კოტეტიშვილის გამოკვლევითა და რედაქციით, თბ., 1940;

ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, სახელგამი, თბილისი, 1955;

„ქართული მედიცინის ისტორიული გზა“, ფორბსი, 3 ნოემბერი, 2022წ. ავთანდილ ჯორბენაძე, ჯანდაცვის მინისტრი 1993-2001 წლებში;

მ. შენგელია, ქართული მედიცინის ისტორია, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1980.