![]() |
მადლით შეზავებული სიტყვა ქართული (ეძღვნება მიხეილ ჯავახიშვილს) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ლიტერატურა|საუბრები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე |
საავტორო უფლებები: © შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი თბილისი 2004 რედაქტორები გურამ ბენაშვილი ნესტან სულავა კომპიუტერული უზრუნველყოფა თინათინ დუგლაძე წიგნში ჩართულია მიხეილ ჯავახიშვილის ფოტოები მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. № 5 ტელ.: 99-53-00+ 99-94-15. E-mail: Kl@littrat.acntt.gt 1. მადლით შეზავებული სიტყვა ქართული : ეძღვნება მიხეილ ჯავახიშვილს / საქ. მეცნ. აკად., ქართ. ლიტ. ინ-ტი ; [რედ.: გურამ ბენაშვილი, ნესტან სულავა]. - თბ., 2004 (გამ-ბა „ინტელექტი“). - 134გვ. : ილ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20071] UDC: 821.353.1(092ჯავახიშვილი, მიხეილ) |
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
თბილისი
2004
რედაქტორები გურამ ბენაშვილი
ნესტან სულავა
კომპიუტერული უზრუნველყოფა
თინათინ დუგლაძე
წიგნში ჩართულია მიხეილ ჯავახიშვილის ფოტოები
მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. № 5
ტელ.: 99-53-00+ 99-94-15.
E-mail: Kl@littrat.acntt.gt
![]() |
1 * * * |
▲back to top |
ქეთევან ჯავახიშვილის წიგნიდან „მიხეილ ჯავახიშვილი“, თბ., 1984.
„1927 წელს დაწერა ლექსი „მე ჯერ არ მითქვამს ჩემი სათქმელი“. ამ ლექსს მეორე გვერდზე მიხეილ ჯავახიშვილის ხელით მიწერილი აქვს: „თუ მართლა კვდება სამშობლო ჩემი, სიკვდილო, შესდეგ, ჯერ მე მოვკვდები (მომკალი)“ (გვ. 196).
მოწმობა
ეძლევა ესე მოწმობის ცალი
„ჯაყოს ხიზნების“ და „კვაჭის“ ავტორს,
რომ ის დავტოვეთ ვახშამზე ძალით
და ტიციანი მას ძალით ათრობს,
რომ დავამშვიდოთ იმისი ცოლი,
რომელიც ქმარს და ვაჟიშვილს ელის,
(ალბათ, იქნება არსენას ტოლი
და ნიჭით მსგავსი ანდრეი ბელის).
1929 ივლისის 5-ს.
ტიციან ტაბიძის ბინა
მოწმობის ქვეშ, პაოლომ ყველა იქ მყოფთა გვარები ჩამოთვალა: ანდრეი ბელი, ვიქტორ შკლოვსკი, ლუარსაბ და ირაკლი ანდრონიკაშვილები, ევგენია ნიკოლაევა, კლავდია ვასილიევა, თამარ იაშვილი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე. მამამ კი ამ საბუთს ფანქრით მიაწერა: „იაშვილის ლექსია. მ. ჯ.“ (გვ.225).
![]() |
2 დიდი წინაპარი |
▲back to top |
გურამ ბენაშვილი
მიხეილ ჯავახიშვილის სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისი უშუალოდ არის დაკავშირებული უახლესი ქართული ლიტერატურის სათავეებთან.
მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის მიჯნაზე დასრულდა კლასიკური პერიოდი ახალი ქართული მწერლობისა, რომელმაც შექმნა უდიდესი და უმდიდრესი სულიერი მემკვიდრეობა და იმავე დროს, უმძლავრესი ბიძგი მისცა უახლესი ანუ XX საუკუნის ქართული ლიტერატურის განვითარებას... მანვე მოამზადა ნიადაგი სამწერლო ასპარეზზე ახალი თაობის გამოსასვლელად...
ამ ჭეშმარიტად დიდებულ თაობას ეკუთვნოდა მიხეილ ჯავახიშვილი. გალაკტიონ ტაბიძესთან, გრიგოლ რობაქიძესთან, გიორგი ლეონიძესთან და ქართული სიტყვის სხვა დიდოსტატებთან ერთად სწორედ მან დაუდო სათავე იმ ლიტერატურულ ღვაწლს, რომელსაც დღეს თამამად ვუწოდებთ ქართული ლიტერატურის ახალ კლასიკურ პერიოდს.
თვით ამ უნიკალური ღირსებებით აღბეჭდილი თაობიდანაც კი სრულიად განსაკუთრებულია „ჯაყოს ხიზნების“ ავტორის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული ცნობიერების, ჩვენი უახლესი ისტორიისა და ეროვნული ბედისწერის წარმოსადგენად...
ისიც საგულისხმოა, რომ სწორედ მიხეილ ჯავახიშვილი აგრძელებს და ანვითარებს ეროვნული რომანის ტრადიციებს...და პირველი ავტორი ხდება ქართული ფსიქოლოგიური პროზისა...
რა პროფესიონალური ხილვებითაა აღბეჭდილი მისი ბრწყინვალე მხატვრული ქმნილებები, ამას შესანიშნავად ხვდება გონიერი და თავისი ქვეყნის ბედზე დაფიქრებული შთამომავლობა...
რა ღრმა და საოცრად მასშტაბურია უკიდეგანო ეროვნული სულისა და ხასიათის, განცდისა და გრძნობების, ინსტიქტებისა თუ სურვილების სივრცეებში ხეტიალი მწერლისა და ჭეშმარიტი მოაზროვნისა, ესაც არ უნდა იყოს საიდუმლოება დიდ ლიტერატურასთან განდობილი მკითხველისათვის... აღარაფერს ვამბობ ალბათ საყოველთაოდ აღიარებულ მის უმდიდრესსა და კლასიკური სისადავით სრულიად გამორჩეულ ენობრივ ქსოვილზე...
რა დიდი ბედნიერებაა, რაოდენ ამაღელვებელია, რომ სწორედ ჩვენ ვიყავით თანამედროვენი იმ უდიდესი ტალანტებისა, რომელთაც სულიერების უმაღლეს მწვერვალებზე აზიდეს უსასტიკესი საუკუნით ტანჯული და მაინც ზეცამდე ამაღლებული და ნეტარი ადამიანური ინდივიდუალობა...
რომ არა სულით უდრეკი და ძლიერი ქართული მწერლობა და მათი მართლაც რომ საოცარი ლიტერატურული ქმნილებები, უსახურზე უსახურ, მწირ და მხოლოდ სისხლისა და ცრემლების უდაბნოდ გადაიშლებოდა იგი ისტორიის სამსჯავროს წინაშე.
სწორედ მიხეილ ჯავახიშვილმა და მისმა უნიკალურმა თაობამ შესძლო თავისი ფიზიკური და სულიერი ხატით აღებეჭდა, გაეკეთილშობილებინა, სულიერად აეღორყინებინა XX საუკუნე და ამით ექცია იგი მრავალსაუკუნოვანი ქართული საზოგადოებრივი ისტორიიის ღირსეულ კუთვნილებად...
და რაც მთავარია, ეროვნული თავისუფლებისა და თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლის სული შთაებერა უიმედოდ მიძინებული და ამაღლებულ ვნებათაგან კასტრირებული ერისათვის...
მიხეილ ჯავახიშვილი იმ ისტორიული სულიერების მისიისა და ღვაწლის ჭეშმარიტი განსახიერებაა, რის წინაშეც უფრო მეტი მოწიწება და თაყვანისცემა მართებს, სამწუხაროდ, ჩვენი კლასიკური ლიტერატურით არც თუ მადლიერ შთამომავლობას...
![]() |
3 „ბედი ქართლისა“ და მიხეილ ჯავახიშვილი (ეროვნული ნიჰილიზმის დაძლევისათვის) |
▲back to top |
ლელა წიქარიშვილი
1927 წელს მიხეილ ჯავახიშვილი უბის წიგნაკში წერდა: ,,სიყვარული უკვდავი თემაა მსოფლიო ლიტერატურისათვის, მაგრამ დღევანდელ ქართულ ლიტერატურას ერთი თემაც აქვს, გაცილებით უფრო მაღალი, ღრმა და ძლიერი - „ქართლის ბედი.“ იგი ღერძი უნდა იყოს ჩვენი შემოქმედების, მაგრამ სწორედ იგია სასტიკად დევნილი და აკრძალული''(7, 1010)*.
თავისთავად, 1927 წელი მეტად მნიშვნელოვანია მწერლის მსოფლმხედველობის გამოვლენის, კონცეპტუალურ შეხედულებათა განცხადებისა და დაფიქსირების თვალსაზრისით: იქმნება ახალი სალიტერატურო გაერთიანება „არიფიონი,“ შესაბამისად, დაიწერა „ლიტერატურული განცხადება,“ ,,არიფიონი“ (სალიტერატურო განცხადება) და „დასკვნა“ (7, 635-642), შეიქმნა „გივი შადური'' (7, 445), ასევე, მრავალმხრივ საყურადღებო წერილი „მასალები ლექციისათვის,“ რომლის სრული ვარიანტიც მხოლოდ ახლახან დაისტამბა „წერილებში.“ მიხეილ ჯავახიშვილის მხატვრული თუ პუბლიცისტური ტექსტები ავლენს მწერლისათვის იმხანად მეტად აქტუალურ თემას: ეროვნული ნიჰილიზმი და მისი დაძლევის გზები.
XIX საუკუნის მიწურულს ეროვნული ნიჰილიზმის აღსანიშნავად ილიამ შემოიტანა „უარმყოფელობის'' ცნება (ილია: „უარმყოფელობა ჩვენში,“ 1888 წ; 24, 451), რომელიც შეესატყვისებოდა რუსულ სააზროვნო ტენდენციებს. ილია აცხადებს, რომ თვით მოვლენაც ყოველივეს უარყოფისა შემოსულია რუსეთიდან, საიდანაც ჩვენებურმა „უარმყოფელებმა“ ბრმად შეითვისეს ფსევდო-მეცნიერული მოძღვრებანი. „სულელობას, ოღონდ მეცნიერების სახელით კი გამოვიდეს მოედანზედ და ლიბერალობა მიეწეროს ქვეშ, არსად იმისთანა უვიცობის ხნული არ დახვდება ფესვის მოსაკიდებლად, როგორც ჩვენში, საცა ჭკუა და გული ადამიანისა დღეს-აქამომდე სხვისის ნასუფრალით იკვებება აუწონ-დაუწონველად“ (24, 452).
„უარმყოფელობის“ ახალი ტალღა მოჰყვა საბჭოთა ოკუპაციას. ნიკოლო მიწიშვილის გარდა (იხ. ქვემოთ), ნიჰილისტური განწყობა ეროვნული ენერგიისადმი გამოავლინა კონსტანტინე კაპანელმა. 1922-1928 წლებში დაისტამბა მისი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ესსეები, რომლებშიც ვლინდება სკეპტიკური დამოკიდებულება „ქართული ტიპისადმი.“ ქართველის უარყოფით თვისებებად კაპანელმა დასახა ,,წამბაძველობა,“ „ნახალობა,“ „უჩემოდ ვინ იმღერეთობა“ და სხვანი (14,323-331), რომელთა გამოძახილსაც ვხვდებით თეიმურაზ ხევისთავის ნიჰილისტურ განცხადებებში.
გრიგოლ რობაქიძისაგან განსხვავებით, კონსტანტინე კაპანელი ჩვენს „ცივილიზაციურს პროვინციალიზმში“ ხედავდა საქართველოს გადარჩენას: „რაკი საქართველო არ წარმოადგენდა კულტურულ-ცივილიზაციურ ერთეულს, რაკი საქართველოში არ არსებობდა ერთი ცენტრი ეროვნული კულტურისა, ჩვენი მტრები ჩვენს სამშობლოში შემოსვლით ბოლოს და ბოლოს ბევრს ვერას გვავნებდნენ: მართალია, ერთს კუთხეს აოხრებდნენ და გლეჯდნენ, მაგრამ მეორე კუთხეში თითქმის ნორმალურად მიმდინარეობდა კულტურულ-ისტორიული მუშაობა: სკოლა, ლიტერატურა, დიპლომატია, ხუროთმოძღვრება განაგრძობდნენ არსებობას და ერი მუშაობდა, ერი ჰქმნიდა ცივილიზაციურ ღირებულებებს“ (14, 324). კონსტ. კაპანელს არ ავიწყდება, აღნიშნოს ამ მოვლენის უარყოფითი შედეგი: „მსოფლიო ისტორიაში.. ჩვენ ვერ დავიკავეთ ისეთი ადგილი, როგორიც ეკადრებოდა ჩვენს წარსულს“ (იქვე).
ნიკოლო მიწიშვილისა და მიხ. ჯავახიშვილის პოლემიკას ქრონოლოგიურად თითქმის თანხვდება ლეო ქიაჩელის რომანი „სისხლი: (1926-1927წ), სადაც ეროვნული ნიჰილიზმის განცდა წარმოდგენილია მთავარი გმირის - არჩილ დადიშიანის მსოფლმხედველობრივ პრობლემად. არჩილ დადიშიანი ციხეში პარტიული ამხანაგების თხოვნით კითხულობს ლექციას ავტონომიისა და ეროვნული საკითხის არააქტუალობისა და სოციალ-დემოკრატიული კოსმოპოლიტიზმის უნივერსალურობის შესახებ, თუმცა, საკუთარი ქადაგება მასვე აფრთხობს, რადგან სოციალდემოკრატიული ანტიეროვნულობა მის შინაგან ხმას ეწინააღმდეგება. „რამდენადაც აღფრთოვანებული და ბეჯითი იყო მისი გალაშქრება საქართველოში ეროვნული საკითხის წამოყენების წინააღმდეგ, იმდენად იგი არ შეეფერებოდა მის ნამდვილ აზრს და მის ნამდვილ რწმენას არ გამოხატავდა“ (21, 329). არჩილს მოდგმის ხმა, სისხლის ყივილი უხმობს. ლექციაზე თქმული მხოლოდ ათვისებული პარტიული დოგმების ინერცია აღმოჩნდა. გაორების გრძნობამ არჩილი დატანჯა. მან გუმანით ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მიაგნო საკუთარი ,,უარმყოფელობის“ სათავეს - შიშის კომპლექსს: ესაა „ამჟამად განადგურებული მოდგმის დაშინებული სული, რომელსაც საკუთარი თავის უარყოფა დაშთენოდა თავდაცვის უკანასკნელ და ერთადერთ საშუალებად, რომ არსებობა განეგრძო“(21, 330).
არჩილ დადიშიანის გაორების ანალოგიურია თამაზ ენგურის გაორება გრ. რობაქიძის რომანიდან „ჩაკლული სული.“ რჩილის მსგავსად, თამაზიც საჯაროდ გამოდის ბოლშევიკური რეჟიმისათვის ხელსაყრელი ტექსტით. შინაგანად მისთვისაც მიუღებელია ის, რასაც საქვეყნოდ აცხადებს. არჩილს ,,ეჩვენებოდა, რომ ვიღაცის შთაგონება ალაპარაკებდა და მის ნებისყოფას ისეთი სალტე ჰქონდა შემორტყმული, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა“ (21, 329). ოპერის თეატრში საქართველოს გასაბჭოებისადმი მიძღვნილ საღამოზე გამოსვლისას თამაზიც გაურკვეველი შთამაგონებელი ძალით - „რაღაც უცხოთი აივსო.. ექსტაზი თავისით იზრდებოდა, მის დაუხმარებლად.. ბევრი მოაჯადოვა მისმა სიტყვამ, მაგრამ თვითონ ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს გველი გადაეყლაპოს, გული ერეოდა“ (18,103-105).
ამდენად, არჩილ დადიშიანისა და თამაზ ენგურის გაორება შიშის კომპლექსით პროვოცირებული ნიჰილისტური ინერციაა, ,,დაშინებული რასის ხერხემლის“ ტკივილია (გ. ლეონიძე, 20,76).
1927 წელს, როგორც აღვნიშნეთ, იქმნება მიხეილ ჯავახიშვილის ,,მასალები ლექციისათვის,“ სადაც მწერალი მეთოდურად უარყოფს ეროვნული საკითხისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას.
ნიკოლო მიწიშვილის „ფიქრებზე“ განსჯისას მიხეილ ჯავახიშვილი მიხაკო წერეთლის ნაშრომსაც ახსენებს: ,,მაგონდება თუნდაც მიხ. წერეთლის „ერი და კაცობრიობა.“ ამ წიგნმა ყველანი ჩაგვაფიქრა და დაგვაღონა. ფილოსოფიურ და მეცნიერულ მეთოდებითა და ისტორიულ საბუთებით გვაჯერებდა - საქართველო იღუპებაო“ (7, 644).
მიხაკო წერეთლის სკეფსისი განაპირობა ქართული ინტელიგენციის ხიბლმა „რუსული აზრებითა და იდეებით“ (22,21). რუსულმა გავლენამ მოახდინა სასწაული: „საქართველოში ინტერნაციონალიზმი რუსის ცენტრალიზმად გარდიქმნა, - უსოციალიზმოდ და უინტერნაციონალიზმოდ!.. არ შეგვიძლია უძიყოდ გაძლებაო .. ეს ურწმუნობაა საკუთარის სიცოცხლისა. მიზეზი ამ ურწმუნობისა ღრმაა, იგი ასის წლის განმავლობაში და წინადაც ვრცელდებოდა. ხოლო წინად იგი მიზეზი ბრძოლით დაღლილობა და სასოწარკვეთილება იყო, დღეს კი იგი ჩვენი სულიერი მოწყვეტაა საქართველოსაგან უცხოთა მიერ“ (22, 21).
ქართველობის „ჩავარდნა .. საზოგადო იდეათა მორევში“ (22,27), „დოგმატური რწმუნება“ (22,27) განპირობებულია იმით, რომ ქართველი „არ იხილავს ქართული თვალთახედვით ამ თეორიებსა, რადგანაც ქართული ცხოვრებით არას დროს არ უცხოვრია.. და თუ ქართული წარსული და თანამედროვე ცხოვრება ოდნავ მაინც არ ეთანხმება .. უცხოეთში შეთვისებულ იდეალს, - თამამად და გულწრფელად წამოიძახებს, - წარსული მეზიზღება და აწმყო მეჯავრებაო“ (22,27).
ამ შემთხვევაში მიხ. წერეთელი ახსენებს ირაკლი (კაკი) წერეთლის ცნობილ ფრაზას, რომელსაც სახეცვლილად ვხვდებით მიხ. ჯავახიშვილის უბის წიგნაკებში და თეიმურაზის ნიჰილისტურ განცხადებებში.
მიხეილ ჯავახიშვილი „მასალებში“ ეროვნული ნიჰილიზმის დასაძლევად წამოაყენებს ,,ანგელოზის პოვნის“ თეზას: „საჭიროა, უეჭველად საჭიროა სიმართლის აღდგენა, ანგელოზის მოძებნა და პოვნა, თორემ არ ძალუძს უანგელოზოდ ცხოვრება და განვითარება არც ცალკე პიროვნებას, არც ეროვნებას, არც რომელიმე მის ნაწილს“ (7,652). რწმენა განასხვავებს ადამიანს პირუტყვისაგან. ურწმუნობას თან სდევს ცინიზმი, „ნებისყოფის აბულია და სიკვდილი.. ზნეობრივი გახრწნა, ეროვნულ-ფიზიკური დეგენერაცია, ასნაირი ბოროტება, ავაზაკობა და ისევ უსახელო სიკვდილი“ (7,652).
მიხეილ ჯავახიშვილის დაკვირვებით, „სრულს ურწმუნობას ისევ სატანიზმი სჯობია“ (7,452). ამ პასაჟთან მიმართებით უნდა გავიხსენოთ მიმართვა ლაოდიკიის ეკლესიისადმი იოანე ღვთისმეტყველის „გამოცხადებიდან:“ „ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი; მეგულების აღმოგდება შენი პირისაგან ჩემისა“ (გამოცხ. 3,15-16). „ცივი“ შეესატყვისება ადამიანს, რომელსაც არ შეუმეცნებია სარწმუნოება და შესაძლებელია მისი მოქცევა, ხოლო „გრილი“ აღნიშნავს სარწმუნოებაშეცნობილ კაცს, რომელიც გულგრილი გახდა ქრისტიანობისადმი. „Даже явный грешник лучше теплохладного фарисея довольного своим нравственным состоянием“ (29,27).
მიხ. ჯავახიშვილის „სრული ურწმუნობა“ და „სატანიზმი,“ სავარაუდოდ, მოტანილი განმარტების რაკურსით უნდა გავიგოთ. „სრული ურწმუნობა“ ამ შემთხვევაში „სიგრილეს“ შეესატყვისება.
ამ ასპექტით საყურადღებოა კარლ იასპერსის მიერ ურწმუნობის, როგორც ფილოსოფიური პრობლემის დახასიათება, ურწმუნობის შიდა გრადაციების გამოკვეთა. იასპერსი გამოყოფს ფილოსოფიური ურწმუნობის სამ ფორმას: დემონოლოგიას (მას შეესატყვისება სწორედ ჯავახიშვილისეული „სრულს ურწმუნობას ისევ სატანიზმი სჯობია“), ადამიანის გაღმერთებას და ნიჰილიზმს (33, 477-478).
ნიჰილიზმს კარლ იასპერსი აღწერს ნიცშესეული მოდელის მოშველიებით:
„Нигилизм может быть только там, где тот, кто его придерживается исходит в своей жизни из жизненных импульсов, удовольствий из воли к власти. Утверждая их нигилизм снимяет себя заменившись верой в жизнь“ (33,486).
ნიჰილისტური მსოფლგანცდა უარყოფს ღმერთს, შესაბამისად - ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირს, ასევე, ვალდებულებებს ღვთის წინაშე (33,487). ნიჰილიზმი გამოსავალს ეძებს დემონოლოგიასა და ადამიანის გაღმერთებაში (33,489). მარტინ ჰაიდეგერი ნიცშეს „ევროპული ნიჰილიზმის“ გააზრებისას ადასტურებს, რომ ნიჰილიზმი არის არა იმდენად ფასეულობებისაგან განთავისუფლება და მათი უარყოფა, არამედ - ფასეულობების გადაფასება მათივე დევალვაციის გზით, თვით ფასეულობებისათვის სივრცის გამოცლით. კლასიკური გაგებით ნიჰილიზმი აღნიშნავს ფასეულობებისაგან განთავისუფლებას ამ ფასეულობების გადაფასებული მოდიფიკაციებისათვის. ნიცშესათვის გადაფასება ნიშნავს იმას, რომ ქრება სწორედ ადგილი ძველი ფასეულობებისათვის (31,65).
ნიცშესეული ნიჰილიზმის საფუძველდამდებია ქრისტიანული ღმერთის სიკვდილის აღიარება (31,64). ამ აღიარებას წინ უძღოდა სპეციფიური მსოფლშეგრძნება და ქცევის მოდელი, რომელიც „პეტერბურგის ფასონით“ მოინათლა (31,514) და ამკვიდრებდა ურწმუნობის რწმენას. ნიჰილისტური მსოფლშეგრძნების დაძლევა ნიცშეს მოდელით ასე გაიაზრება: ,,Нигилизм может быть преодолен лишь посредством имманентизации человеком идеи воли к власти и вечного возвращения“ (31,514).
ქართულმა სინამდვილემ ნიცშესეული ნიჰილიზმის გავლენა განიცადა სააზროვნო და სახისმეტყველებით არეალში, ხოლო რუსული ნიჰილიზმის ინტერვენციამ მოიცვა საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთი სფერო, განსაკუთრებით - პოლიტიკური აზრი და საქმე.
რუსული ნიჰილიზმის აღმოცენებას, თავის მხრივ, უკავშირებენ ბიზანტინიზმის სპეციფიურ, კულტურაზე ნაკლებად ორიენტირებულ ათვისებას: „Нигилизм - Духовное явление- порождённое русским изданием византийского христианского канона и содержащее сильное переживание элемента православной аскезы. Московское православие, как известно, никогда не имело собственной богословской модели оправдания культуры как таковой. Нередко отмечалось, что у русских нет культуры, поклонства. Свойственного людям западной цивилизации“ (31,514 (31,514). რუსული მართლმადიდებლობის კულტურული ნიჰილიზმის გამოვლინებაა უთუოდ ქართული ფრესკული მხატვრობის განადგურების საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები.
რუსული ნიჰილიზმის ინტერვენცია მიხეილ ჯავახიშვილმა ასე შეაფასა თავის „მასალებში:“ „თანამორწმუნე რუსებმა დედაქალაქი ხახვის თავებით აგვივსეს, ხოლო ტვინი - ეროვნულ ნიჰილიზმით, ესე იგი საკუთარი თავის შეძულებით და სხვისის შეყვარებით“ (7,649). ნიჰილიზმის ანტიკულტურული ინტერვენციის ახალ, საბჭოურ ტალღას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყოლოდა. მიხ. ჯავახიშვილი აუცილებლად თვლიდა მის დაძლევას და არგუმენტირებულ გაბათილებას: „ურწმუნობით მრავალია შეპყრობილი და ასეთი სულიერი მოდუნება გადამდებ სენივით ედება ჩვენი ხალხის მჩატე ნაწილს. აი, ამიტომ ეძლევა მიწიშვილის წერილს დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა“(7,646)
* * *
ნიკოლო მიწიშვილის ესსეს - „ფიქრები საქართველოზე“ გამოეხმაურა გრიგოლ რობაქიძეც. 1927 წლის „ქართული მწერლობის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა მისი „საქართველოს ხერხემალი“ (18,9-16), სადაც, ასევე, უარყოფილია ეროვნული ენერგიისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება. მიხეილ ჯავახიშვილიც და გრიგოლ რობაქიძეც დიდი ილიას საქმის გამგრძელებლებად გვევლინებიან. ნიკოლო მიწიშვილის „ფიქრებამდე“ თითქმის ორმოცი წლის წინათ დაისტამბა ივანე ჯაბადარის „Письма о Грузии,“ რომელთა ნიჰილისტური პათოსის გაქარწყლებისათვის ილიამ უდიდესი ენერგია დახარჯა („აი, ისტორია,“ 14 წერილი).
ეროვნული ნიჰილიზმის დაძლევას არჩილ ჯორჯაძე შეეცადა. ტოლსტოველობით გატაცების ფონზე ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ოდესმე იგი ეროვნული საკითხით დაინტერესდებოდა: ,,არჩილი მაშინ ეკუთვნოდა ქართველი ახალგაზრდობის იმ წრეს, რომელსაც რუსულად ნასწავლ-აღზრდილს, ქართული ფიზიონომია დაკარგული ჰქონდა და თვით საქართველოს პოლიტიკურ კალოს გალეწილად თვლიდა“ (19,210). ქართული ენაც დავიწყებული ჰქონია. ხანგრძლივი სულიერი ბრძოლის შემდეგ 1901 წელს საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ენის აღდგენას შეუდგა. მშობლიური კულტურის, მშობლიური ენის წიაღში დაბრუნების შემდგომ არჩილ ჯორჯაძის მოღვაწეობის განმსაზღვრელად სწორედ ეროვნული თავისუფლების ძიება იქცა. ამ სულიერ გამოცდილებას ეყრდნობა არჩილ ჯორჯაძის ,,საერთო ნიადაგის თეორია,“ მისი პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან, ისტორიისა და ეროვნული ხასიათის კვლევა.
არჩილ ჯორჯაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ძველი ისტორიის პირუთვნელ შეფასებას და, ამდენად, ნოე ჟორდანიას წერილები „ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი“ მან დეტალური და მრავალმხრივი კრიტიკის საგნად აქცია. სოციალ-დემოკრატიის ეროვნულ ნიჰილიზმს არჩილ ჯორჯაძე „დამქსაქსველ ძალას“ უწოდებდა. მისი შეფასებით ეს არის „გარეშე პოლიტიკური ძალა და შინაურობაში აღზრდილი კოსმოპოლიტური მიმართულების „წიწილები“ (17,120).
ილიას პოლემიკას ნარ-დონთან (ივ. ჯაბადარი) არჩილ ჯორჯაძე მეტად საგულისხმო რაკურსში მიმოიხილავს: „როდესაც ილია ჭავჭავაძემ თავის …..,,აი, ისტორიაში“ გასცა პასუხი ნარდონს, ტფილისში არსებულმა რუსულმა გაზეთმა, „ნოვ. ობოზრენიე“-მ, რომელსაც მაშინ ნ. ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა, არამც თუ მხარი არ დაუჭირა ჭავჭავაძეს და არ გაჰკიცხა ნარ-დონი, პირიქით, სასაცილოდ აიგდო, ამ საკითხს არავითარი სერიოზული მნიშვნელობა არა აქვს და გვიკვირს ნარ-დონისაგან რომ მოუცლია მისთვისო“ (28,346).
ილიას პასუხი „Новое обозрение”-ს წერილის გამო'' (1889 წ) საკმაოდ მკაცრი ტონით ამხელს რუსული გაზეთის პუბლიცისტის ,,წაჯეგ- უკუჯეგობას.“ ილიას აღშფოთებას იწვევს ის, რომ „ნარდონის“ მიერ „ვეფხისტყაოსნისა“ და მისი ავტორის გაბიაბრუებას „Новое обозрение“ არაფრად აგდებს, საკადრის პასუხს არ სცემს და ქართულ ინტელიგენციას აბუჩად იგდებს: ,,ახლა ჰნახეთ, რა-რიგის გამომეტებით, რა-რიგ დაუზოგველად .. მიწასთან ასწორებს ქართველთა ინტელიგენციას იმისთვის, რომ გაჰბედა და აუპილპილდა „ნარ-დონსა“ და ეომებაო მაშინ, როცა საომარი საგანი დახარჯულის ტყვია-წამლის ფასადაც არა ჰღირსო“ (24,640). ილიასათვის მიუღებელია „ვეფხისტყაოსნის“ მხოლოდ ეპოქის დოკუმენტად შეფასება: ,,ნუთუ „ვეფხისტყაოსანი'' მარტო დოკუმენტია, მარტო მშრალი პროტოკოლია და სხვა არარა? ამით ხომ „новое обозрение“ უფრო „ნარ-დონს“ ჰმოწმობს, ვიდრე ამტყუნებს“ (24,643).
ორმოციოდე წლის შემდეგ ნიკოლო მიწიშვილის „ფიქრებიც“ რუსთაველისადმი დაეჭვებას ავლენს (,,ან რუსთაველი არაა ქართველი, ან და მისი პოემა ადვილად ნაშოვნი საქმეა“ 7,644). გრიგოლ რობაქიძის „საქართველოს ხერხემალი“ სწორედ ამ ეჭვის გაქარწყლების მცდელობაა.
ნიკოლო მიწიშვილმა ლიტერატურაში ფორმალიზმსა და ქრონიკიორობას მიანიჭა უპირატესობა, უარყო მწერლის სულიერი მისია: „ერის წინამძღოლი და ქურუმი და ასეთი მწერალი დღეს ხალხისათვის აღარაა საჭირო“ (15,78). მიხეილ ჯავახიშვილი ამგვარმა ხედვამ შეაშფოთა; მან „ასეთი პირწავარდნილი ნიჰილიზმი და მოდური დეკადანსი“ ცალკე წერილის თემად აქცია და ოპონენტს ურჩია: „მიწიშვილმა ბევრი ნახა. იმგზავრა. ზოგი გამოიყენა („თებერვალი,“ „ეპოპეა“), დანარჩენსაც გამოიყენებს. შემდეგ კი ამოიწურება. მერე რაღას დასწვდება? მოგონილს, მხატვრულს, ხოლო ნახულსა და განცდილს მარტო მასალად თუ გამოიყენებს. ასეთი მოკლე და ადვილი გახლავთ ქრონიკის გზა“ (7,667).
ცხადია, ეროვნული პერსპექტივისადმი უიმედობას თან ახლავს შემოქმედებითი აქტის დესაკრალიზაციის განცდა და რუსთაველის ქართულ რეალობასთან შეუთავსებლობის აღიარება. ნიჰილისტურ და ანტინიჰილისტურ მიმართულებებს შორის პოლემიკა ამ შემთხვევაშიც რუსთაველის ირგვლივ იშლება: „ნარ-დონთან“ პოლემიკის პარალელურად ილია უპირისპირდება ნიკო ნიკოლაძეს რუსთაველის სათანადოდ შეუფასებლობის გამო (1889წ), გრიგოლ რობაქიძის კამათიც ნიკოლო მიწიშვილთან (1927წ) რუსთაველით იწყება და ქართული მწერლობის აპოლოგიაში გადადის.
ნიკო ნიკოლაძეს მხატვრული ტექსტებისადმი ჩვეული პრაგმატული დამოკიდებულება ჰქონდა. პრაგმატიზმი მისი ბუნების თვისება გახლდათ: არჩილ ჯორჯაძემ მას „ულმობელი საქმის კაცი“ უწოდა (9,182). აკი, საყვედურობდა კიდეც ილია: „იგი უფრო მწვავს და უფრო დღევანდელ საჭირბოროტო საქმეებზეა თავდადებული, როგორც მაგალითებრ ბაქოს ნავთი და ბაქო-ბათომის რკინის გზაა, და ხავსმოკიდებული წარსული საქართველოსი კი, რომელიც ხსენებულ წერილებს საგნადა აქვს, მიუნებებია საღეჭად და საცოხნელად იმისთანა გაზეთებისათვის, როგორიც ჩვენი უბადრუკი, უფხო და მკვდარი ,,ივერიაა,“ ან იმისთანა წვრილფეხობისათვის, როგორიც ჩვენი ჭკუამოკლე გონებამიხდილი ინტელიგენციაა“ (24,631).
ივანე ჯაბადარის („ნარ-დონის“) ნებსით თუ უნებლიე გამოსარჩლებამდე ნიკო ნიკოლაძემ გამოაქვეყნა ეროვნული ნიჰილიზმის დაძლევის ასპექტით მეტად მნიშვნელოვანი პუბლიცისტური ესსე: ,,მამულის სიყვარული და მსახურება“ (1879 წ). ,,მიბაძვის პერიოდი ერთობ გრძელი იყო ჩვენში.. მაგრამ დღეს ამ უბედურ მიმბაძველობის პერიოდი .. გათავდა და ვიწყებთ შემდგომს ისტორიულ პერიოდს, პერიოდს ჩვენის თვისტომობისკენ დაბრუნებისას“(16,310-311) - აცხადებდა ნიკო ნიკოლაძე და აქვე აანალიზებდა, „თუ რამ დასცა ჩვენი მამული“ (16,322). მისი დაკვირვებით, მრავალსაუკუნოვან ბრძოლებში ქართველობა მტერს მისივე ტოლ-სწორი ტექნიკური და ტაქტიკური საშუალებებით ებრძოდა, ხოლო რაოდენობრივ უთანაბრობას აბალანსებდა თვისებრივით - ეროვნული ხასიათის სიმტკიცით, თავდადებით, რწმენით. ახალმა დრომ მტერს ტექნიკური აღჭურვილობა გაუუმჯობესა. ჩვენი ციხეები ევროპაში ნაშოვნი ზარბაზნებით შეიმუსრა „და ჩვენ არც კი ვიცოდით, თუ ამ ნაირი მანქანა სადმე არსებობდა“ (16, 324).
მტრის ასეთმა დაწინაურებამ შვა ჩვენში საკუთარი ძალებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება: „რაკი ჩვენს საკუთარ გულში ბრმად და ხეპრედ ვიცანით თავი, რაკი ის მორალური ძალა ხელიდამ გაგვიცურდა, რომელიც ამაყად შეგვატაკებდა ხოლმე ათჯერ თუ ასჯერ მომეტებულ მტერს, მას აქეთ ჩვენ მოვტყდით და წავხდით. მტერმა თუ არ დაგვცა, ჩვენმა საკუთარმა „რწმუნების დაკარგვამ'' წაგვახდინა. აღარ გვწამდა ჩვენი თავი, უცხოეთი კი ჩვენს თვალში რაღაც უზენაეს ქმნილებად იხატებოდა. აი, მარტო მაშინ გაგვიჯდა ტვინში ის პანიკა, ის ახალი, უცნობი ძალის შიში, რომელიც ხშირად მილიონებისგან შემდგარ ხალხს ათას კაცს უმორჩილებს'' (16,324). „უცხოელების შემოსევას გარდა, ჩვენი ხალხი მისმა შინაგანმა განწყობილებამ და მდგომარეობამ დაასუსტა, დააუძლურა“ (16, 329).
ნიკო ნიკოლაძეს სამშობლოს მსხურება მისი ეკონომიური გაძლიერების, ზნეობრივი და გონებრივი განვითარების გზად წარმოედგინა, ამ გზაზე კი საკუთარი თავის მოიმედეობას არჩევდა: „მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო ჩვენს ძალას მივენდოთ, მარტო ჩვენს გაძლიერებასა და განათლებაზე ვიშრომოთ - მაშინ მეგობარიც ბევრი გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც“ (16,338). მისდა სამწუხაროდ, საკუთარი თავის მოიმედეობას ნიკო ნიკოლაძე ქართულ საზოგადოებას ვერ ატყობდა. მისი „პროზაული ელეგია,“ რომელსაც სახელად „ქართული აპათია“ დაარქვა, სწორედ ამ უიმედობისა და გულგრილობის მამხილებელია: ,,ყველგან და ყოველთვის, ყველა საქმეში ჩვენ წინ გვეღობება ხოლმე აპათია, რომელიც უაღრესად მკვეთრად არ ეხამება ჩვენს სიტყვით უსაზღვრო სიყვარულს სამშობლოსადმი“ (16, 446).
ნიკო ნიკოლაძისა და ილიას პოლემიკას რომ ახსენებს, არჩილ ჯორჯაძე ეროვნული ნიჰილიზმის ტენდენციის მომძლავრების საილუსტრაციოდ გადმოსცემს რუსეთში მოღვაწე ქართველი ნაროდნიკების საქმეს. ამ შემთხვევაში არჩილ ჯორჯაძე ეყრდნობა ივანე ჯაბადარის მონათხრობს რუსი ნაროდნიკების სასამართლო პროცესის მონაწილის - განსასჯელ ალ. ციციშვილის შესახებ: „ალ. ციციშვილი ფრიად შეწუხებული იყო ციხეში იმ აზრით, რომ მან ვერ მოასწრო თავის მამულის გაყიდვა და ფულის შეტანა სარევოლუციო ფონდში. მაგრამ მერე მაინც მოახერხა ეს საქმე.. მხოლოდ ისე ცუდად მოახერხა, რომ ჩვენ შემდეგ მოქმედ რევოლუციონერებმა მისი დიდი მამულიდან, რომელიც ათი-ათასად ღირდა, აიღეს მხოლოდ რამდენიმე ათასი მანეთი“ - გულისტკენით აღუნიშნავს „მოქმედ რევოლუციონერს“ ივანე ჯაბადარს (28,302). ციციშვილის მიერ მამაპაპისეული მამულის რუსული რევოლუციური ტერორის საქმისათვის შეწირვა ეროვნული ნიჰილიზმის სიმბოლოდ, მის უკიდურეს გამოვლინებად აღიქმება. ციციშვილის მოდელს აღწერს მოგვიანებით მიხეილ ჯავახიშვილი სოციალ-დემოკრატიის არაეროვნულობის, ეროვნული ღირებულებებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების სახით: „საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სოც.-დემოკრატებსაც არა აქვთ რა საშური. ისინი დღესაც მოელიან რუს სოც.-დემოკრატების პარტიის ცენტრალური კომიტეტის ნებართვას, რომ ორიოდე გროში მოაგროვონ დაზარალებულ ქართველთა სასარგებლოდ'' (7,387). ამგვარი დამოკიდებულება ჯავახიშვილის მიერ ფასდება, როგორც „დოგმით დაბრმავება'' და „გონებრივი სიკოტრე“ (7, 388).
არჩილ ჯორჯაძე ამ მოვლენას აფასებს, როგორც „მასსიური ფსიხოლოგიის“ ზემოქმედებას ადამიანის ნებაზე (28,302), ამ შემთხვევაში - XIX საუკუნის 70-იანი წლების ქართველი ახალგაზრდობის დიდ ნაწილზე რუსული ნაროდნიკული ინტელიგენციის სექტანტური გარემოს მხრიდან.
არჩილ ჯორჯაძემ სექტანტურ გარემოს თავი დააღწია და დიდი სულიერი გარჯის შედეგად აღიდგინა ეროვნული ცნობიერება. გრიგოლ რობაქიძეც „საქართველოს ხერხემალში“ გამოთქმულ კონცეფციამდე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობების დაძლევის შედეგად მივიდა. 1910 წელს იგი კიტა აბაშიძეს წერდა: „ჩემი „გარემო“ .. საქართველო და ქართველობაა. ეს გარემო კი, ჩემის უცნაური გრძნობით, საშინელ ავადმყოფ სხეულს წარმოადგენს.. ქართველობაში აღარ არის იდეა მთელის, რომელიც პირველი ჰქმნის მოვლენასა და საგანსა: აღარ არის იდეა საქართველოსი და ქართველობისა.. მთელი აღარ არის, - ნაწილნი მთელობენ; ნაწილთ მთელობა არ შეუძლიათ - ერთიმეორეს სჭამენ; აქედან - შური, მძულვარება, კინკლაობა, სულის პროვინციალობა და სხვა და სხვა“ (12, 157).
1913 წელს ესსეში „ერის სული და შემოქმედება“ თითქმის იმეორებს მეგობრისადმი მინაწერს: „საქართველო აღარ არის მთელი და როგორც ცოცხალი არსი, იგი ქართველში არ არსებობს; სამაგიეროდ დარჩენილან ნაწილნი და ნაწილნი თვითონვე ცდილობენ მთელობას. საქართველო მე ვარ - აი ფსიხიური განცდა ქართველისა. ეს საბედისწერო მოვლენა ჰქმნის იმ საშინელ ტრაღიზმს, რომელიც შავი მოჩვენების სახით თანა სდევს ყოველს ჩვენს ფეხის გადადგმას: შური, მძულვარება, გაუტანლობა, - და ქუჩის, როგორც სიცოცხლის სიმბოლოს გამეფება“ (18, 316).
რობაქიძისეული „მთელის დაკარგვა“ ეხმიანება ილიას ცნობილ სიტყვებს: „განვთვითეულდით, ცალ-ცალკე დავიშალენით, ასო-ასოდ დავიჭერით“ (24,165). „მთელის დაკარგვამ,“ გრიგოლ რობაქიძის აზრით, ქართველობა მიიყვანა ილიას მკვლელობამდე: ,,დავკარგეთ მთელი ჩვენს არსებაში და მით თავზე ხელი ავიღეთ: და, რასაკვირველია, თავზე ხელაღებულნი, ტყვიით განვგმირავდით იმ ადამიანს, ვინც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარს სახე იყო ჩვენი თავისა?!“ (18,316)
ამდენად, გრიგოლ რობაქიძე 10-იან წლებში დაახლოებით ისევე ფიქრობდა, როგორც ნიკოლო მიწიშვილი. მოგვიანებით, 1927 წელს, მან ქართული მწერლობის მისიის გააზრების საფუძველზე შექმნა „ლოგოსური გადარჩენის“ მანიფესტი „ხერხემალი“ (18), სოტეროლოგიური ფუნქცია ერის სულიდან ვლენილ სიტყვას დაეკისრა, ხელოვანი კი ამ სულის გამომთქმელად შეირაცხა: „ენის ავტორი ერის სულია და ხელოვანი შემოქმედებითს აქტში სრულიად ერის სულში გადადის“ (18, 313).
მიხეილ ჯავახიშვილის ნააზრევში არასოდეს გაჩენილა ბზარი. ეროვნული საკითხისა და ეროვნული ენერგიისადმი მას ყოველთვის მკაფიოდ გამოხატული დამოკიდებულება ჰქონდა, ილიას მემკვიდრეობიდან ამოზრდილი. ეს მემკვიდრეობითობა ეფუძნება დედაენის, ასევე, მიწა-სამშობლოსა და სარწმუნოების სოტეროლოგიური მისიის აღიარებას. ილიასეული მამული - ენა - სარწმუნოება (24,30) მიხ. ჯავახიშვილის მოთხრობაში „მიწის ყივილი“ გამოვლინდა ანალოგიური მიმდევრობის სახით: მიწა - ყივილი - საყდარი (ანანურის სიონი).
მიხეილ ჯავახიშვილს „ამღვრეული და ბნელი მეტყველება ამღვრეულივე აზროვნების ნიშნად“ (7,722) მიაჩნდა. მწერლის განსაკუთრებული წუხილის საგნად იქცა ინტელიგენციის ბაბილონური მეტყველება: „ამ ინტელიგენციის საკმაოდ დიდი ნაწილი თითქო დამუნჯდა: ენას უკიდებს, ბორძიკობს, წამებით ეძებს სიტყვას, ძლივს პოულობს, უმალვე კარგავს და ისევ ეძებს, მუდამ ეძებს“ (7,722). მშობლიურ ენაზე ვერმეტყველება კაენის ტანჯვად მოიაზრება: „თავმომწონე ორატორს ჯერ დასცხება, მერე ცივი ოფლი დაასხამს, აუვარდება ენის ციებ-ცხელება, იტანჯვის ტანჯვითა კაენისათა და უფრო მეტად მსმენელს სტანჯავს. ასეთი ორატორი რუსულ სიტყვას ორ საათში არ გაათავებდა, ქართულს კი ხუთ წუთში ათავებს, რადგან ტანჯვასა და სირცხვილს გაურბის“ (7, 477).
1907 წელს დასტამბულ წერილში „ქართველები პარიზსა და ჟენევაში“ მიხეილ ჯავახიშვილი სწორედ ამგვარად ტანჯული ქართველი ინტელიგენტის გასაჭირს ავლენს. მწერალი აკვირდება რუსული სოციალ-დემოკრატიის ეროვნულ ნიჰილიზმს აყოლილ ქართველ პარტიოსნებს და საგანგებოდ აღწერს ერთ შეკრებას ჟენევაში: „ერთი მათგანი ცხარე კამათისას გამოტყდა და აღიარა: ძლიერ ვნანობ და ვწუხვარ, რომ ბედმა ქართველობა მაღირსა: მე პრინციპიალურად უარვყოფ საზოგადოდ ეროვნებასო, და სხვა, მაგრამ ამ ახირებულმა - „პრინციპიალურად“ ეროვნების მტერმა - ცოტა ხნის შემდეგ სინანული გამოაცხადა იმის გამო, რომ ბედმა რუსად არ დაჰბადა. მისი მეორე ამხანაგი ქართველთა კოლონიის ერთ-ერთ კრებაზე იძულებული იყო, რადგან ლაპარაკმა მოიტანა, წარმოეთქვა სიტყვა ქართველი, მაგრამ ამ საზარელ სიტყვის თქმა ვერ გაბედა და აირჩია: ჩვენ.. ჩვენ.. - წვალობდა ორატორი და სიტყვას ეძებდა. ჰა, სთქვი, რაღა, ქართველები-თქო, - მიეშველა მეორე ქართველი, მაგრამ ეს სიტყვა მაინც ვერ ათქმევინეს, ბოლოს დიდი ტანჯვა-წვალების შემდეგ ორატორმა იპოვა სიტყვა და განაგრძო: ჩვენ, კავკასიელებიო.. ლაპარაკი მხოლოდ ქართველებზე იყო და არა კავკასიელებზე, მაგრამ მოლაპარაკე მეტად მორცხვი კაცი იყო და არ უნდოდა საზოგადოების ყურთასმენის შელახვა ასეთ არა საკადრის სიტყვით: ქართველი“ (7,414-415).
როგორც ვხედავთ, მწერალმა აღწერა ეპიზოდი, რომელიც ეროვნულ ნიჰილიზმს სწორედ ლოგოსური დაბრკოლებით, მეტყველების დეფექტით ავლენს. 1907 წელს დადასტურებული ეს ეპიზოდი აისახა „ჯაყოს ხიზნებში.“ ნახუცარ ივანესთან საუბარში თეიმურაზ ხევისთავი ამბობს: „ჩემი უუდიდესი და უმთავრესი უბედურება ის არის, რომ საქ..ქართველოში დავიბადე.. ღმერთმა თავიდანვე სასტიკად დამსაჯა-მეთქი, როცა ქართველად გამაჩინა“(2, 105). აღსანიშნავია, რომ 1934 წლის გამოცემაში, რომელიც მწერლის უკანასკნელ ნებას გამოხატავს, თეიმურაზს ენა სწორედ „საქართველოსა“ და „ქართველის“ წარმოთქმაზე დაებმის, ისევე, როგორც ჟენეველ გასოციალდემოკრატებულ ქართველს. ამდენად, თეიმურაზის ლოგონევროზი ქართველ სოციალ-დემოკრატთა კრებით მახასიათებლად გვევლინება. იგი აღნიშნავს ეროვნული ცნობიერების დაშლას.
მიხეილ ჯავახიშვილის ზემოხსენებულ წერილთან („ქართველები პარიზსა და ჟენევაში“) მიმართებით გვენიშნა არჩილ ჯორჯაძის ერთ-ერთი წერილის ფრაგმენტი: „დღეს... საინტერესოა მხოლოდ ერთი რამ, სახელდობრ, ის, თუ როგორ გესმით ეროვნული პრობლემა, ავტონომისტი ხართ, თუ ავტონომიის მოწინააღმდეგე, ამაყურად ატარებთ ქართველი კაცის სახელს, თუ სირცხვილით იწვით იმ უბედურების გამო, რომ განგებამ ქართველად გშობა და ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანად გაგაჩინათ“ (27,32). აშკარაა, ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი იმხანად აქტიურად იმხილებოდა ქართველ მოღვაწეთა მიერ.
თუკი ვაღიარებთ, რომ ლოგოსი უნივერსუმის უმთავრესი პრინციპი და, ამავდროულად, ადამიანური შემეცნების პირველი პრინციპია (30,571),ხოლო ლოგოსი, როგორც იეროფანიული არსი, ცნაურდება დედაენაში (ამ შემთხვევაში - ქართულში), და, გარდა ამისა, ენის ავადობა და აზროვნების ავადობა ერთი და იგივეა (30,569), თეიმურაზ ხევისთავის ენის ავადობა, მისი ლოგოსური დისფუნქცია უნდა „წავიკითხოთ,“ როგორც შეფერხება უნივერსუმის თაურმდგენ პრინციპთან ზიარებისას, აზროვნებისა და აღქმის სტაგნაცია. ენის ბორძიკი ამ შემთხვევაში მკაფიოდ განსაზღვრული მოდელია, რომლის „წაკითხვითაც“იხსნება არა მხოლოდ ხასიათი, არამედ დგინდება პროტოტიპთა და პერსონაჟთა მიმართების სპეციფიკა კონკრეტულ ავტორთან, ამ შემთხვევაში - ჯავახიშვილთან, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, დედაენის არქეტიპული ფუნქციისადმი ცალსახად ოპტიმისტური განწყობის მოაზროვნეა.
მიხეილ ჯავახიშვილისეულ პუბლიცისტურ თუ სახისმეტყველებით მოტივებს სავსებით თანხვდება მიხაკო წერეთლის სოციოლოგიურ ნაშრომში აღწერილი ვითარება რუსულ-ქართული აღრევისა. რუსული კულტურის „ათვისება“ მახინჯი ფორმებით, მცდარი სასწავლო მეთოდოლოგიით, როცა „ქართველი ყოვლის მხრით შებოჭვილია“ (22,19) და „ეროვნული სიცოცხლით არა სცოცხლობს“ (22,19), იწვევს ჩანაცვლებას ფსევდოკულტურით, ფსევდოგანსწავლით. ასეთი ზიარება რუსულ ან ევროპულ კულტურასთან, როცა ნიველირებულია საკუთარი, „ქართველს ვერც ევროპელად ხდის და ვერც რუსად, თანაც ქართველობას აცლის“ (22, 20). მიხეილ ჯავახიშვილიც საკმაოდ რადიკალურია ე.წ.. რუსული გზით ევროპულ კულტურასთან ზიარებისადმი: „გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილულ ევროპულ კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი“ (7,570). ამ მოსაზრებას მწერალი „არსენა მარაბდელის“ ეპილოგში ალექსანდრე ორბელიანს ათქმევინებს: „რუსი ცხენით მისდევს ევროპას, ჩვენ კი თოკით მიგვათრევს და გვეუბნება, არ ჩამოვრჩეთო. ჩვენც დასისხლიანებული მივრბივართ და გვგონია, რუსი სიკეთეს გვიშვრებაო“ (5,671).
მიხაკო წერეთელი ეროვნული ნიჰილიზმის გამოხატულებად მიიჩნევდა ქართული ენისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას. მის მიერ აღწერილი დედაენის გასაჭირი ქართულ ინტელიგენციაში ფესვგადგმული ნიჰილიზმის დაურიდებელი მხილებაა: ,,იგი რაღაც უცნაურ ტიპად ხდება, სულიერ არარაობად... ქართველი ინტელიგენტი ქართულ წრეში, სადაც მარტო ქართულად ლაპარაკობენ, საცოდავია, რადგან ქართული ნაკლებად იცის, არ იცის რიგიანად აგრეთვე თავისი ლიტერატურა, ხალხური შემოქმედება და სხვა, მაგრამ იგი აგრეთვე უცხოა ამავე მიზეზით რუსთა და ევროპელთა შორისაც. იგი მართლაც „ორთა შუა რამ გამომწყვდეულია“ (22, 20).
ამგვარი „სულიერი არარაობა“ აისახა სწორედ მიხეილ ჯავახიშვილის წერილში „ქართველები ჟენევასა და პარიზში,“ ხოლო ენობრივი აღრევა, რომელიც ცნობიერების აღრევისა და თვით ზნეობრივი გადაგვარების თანამდევი პროცესია, გამოვლინდა რომანში „თეთრი საყელო.“
„თეთრი საყელოს“ პერსონაჟის ცუცქიას დარღვეული მეტყველება, რუსულ-ქართული ჟარგონი, ფაქტობრივად, ასახავს დაშლილ ცნობიერებასა და აღრეულ ფასეულობებს. „ცუცქიამ არც ქართული იცის, არც რუსული. ერთს რომ ქართულს იტყვის, ორს რუსულს დაურთავს. სიტყვებს ეძებს, ვერ პოულობს, კოჭლივით ჰბარავს და მთვრალივით ბორძიკობს“ (6,308). პერსონაჟთა მეტყველება მნიშვნელოვანი ინფორმატორია მათივე კულტურისა და ცნობიერების ტრადიციის, დონისა და სიღრმის შესახებ. რომანში („კვაჭი კვაჭანტირაძე“) დამოწმებული დოკუმენტები - რასპუტინისეული დეპეშები, როგორც ამ პერსონაჟის სამეტყველო ტექსტები, თვით რასპუტინის ფენომენის ლოგო-ნიშნებია. ასეთ მეტყველ ლოგო-ნიშნად აღიბეჭდა მწერლის ცნობიერებაში ცნობილი „ნიჩავოც,“ რომელიც მზა ფორმულის სახით შევიდა „კვაჭი კვაჭანტირაძისა“ და „ლამბალო და ყაშას“ ტექსტებში (25).
უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ ჯავახიშვილი XX საუკუნის პირველ ნახევარსა და XIX საუკუნის პირველ ნახევარს შორის ერთგვარ ანალოგიას ხედავდა. ბოლშევიზმი აღიქმებოდა, ფაქტობრივად, როგორც ნეოცარიზმი. შალვა ამირეჯიბი ამ ანალოგიას უფრო მკვეთრად განასიტყვებს (ემიგრაციაში ბოლშევიკური ცენზურა არ მოქმედებს, თორემ ორი მთავრობის ოპოზიციონერი პუბლიცისტი - მიხეილ ჯავახიშვილი არც ბოლშევიკური მმართველობის ოპოზიციონერობას დაერიდებოდა): ,,XIX საუკუნის პირველი ნახევარი და, განსაკუთრებით, მისი ოცდაათი წელი, საყურადღებოა აგრეთვე იმითაც, რომ ფრიად გვაგონებს დღევანდელ ამბებს. საქართველოს სახე მაშინ არანაკლებ იყო გაცრეცილი, როდესაც რუსეთი პირველად შემოდიოდა იქ, ვიდრე ეხლა, როცა წითელ ხონჯარ შემოჭერილი ხელახლად მოევლინა მას... სასოწარკვეთილება ნაკლებ არა ჰკლავდა გულს, ვიდრე ეხლა“(8, II, 46). შალვა ამირეჯიბს თაობათა მიერ ეროვნული სახის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში ქართული მწერლობა ,,მაცხოვარ იარაღად“ მიაჩნდა.
მწერლობას, როგორც „მაცხოვარ იარაღს,“ ანუ, დედაენაზე სახისმეტყველებას, როგორც სოტეროლოგიურ მოვლენას, გადამრჩენელს, აღიარებდა მიხეილ ჯავახიშვილიც. უბის წიგნაკში აღნიშნულია: „საყელოს“ ჩაერთოს: ჯურხა“წერილებს“ უკითხავს (აგრეთვე, ვაჟას და ყაზბეგისას) ხევსურებს და ამით ებაასება ელიზბარს“ (1,991). ელიზბარის „გავაჟებისათვის“ აუცილებელია ქართული მწერლობის „ვაჟურ“ სულთან ზიარება.
„გივი შადურის“ პასაჟებში „გადმოწერილი“ ნეტარებანი და მცნებები (ერთი მხრივ, „არა მგოსან ჰკლა“ (3,227), ხოლო, მეორე მხრივ, „სთქვი დანაწერსა შენსა სათქმელნი შენნი, მარა არა იმრუშო სინდისისა შენისა წინაშე“ (3,228), სწორედ სამწერლო ღვაწლის განსაკუთრებულობის დასტურია.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მიხეილ ჯავახიშვილი ენის საკითხებს არაერთ საყურადღებო წერილს მიუძღვნის. მისთვის საგანგაშოა ქართულის განდევნა-შევიწროება კონსერვატორიაში: „იქნებ გამოირკვეს, აქ სასიმღერო პოლიტიკა უფროა თუ პოლიტიკური სიმღერა“(7,621). ქართული ენის შესახებ მას ნიკო მარის სიტყვები მოჰყავს: „ქართული ენა შინაგანი თვისებებით მსოფლიურია.. ქართული ენა უფსკრულია“ (7,848). საბჭოური ენობრივი მოდელი აღიწერება, როგორც „კანცელარიული ქართული,“ რომლის მოძალებამაც სასაუბრო ქართული „დაკრუნჩხა და მას ნარევი, უშნო კაბინეტური შვილი აშობინა“ (7,852). მიხეილ ჯავახიშვილის აზრით, ქართულს ქართველისათვის მხოლოდ „დედაენა“ უნდა რქმეოდა და ასევე დამკვიდრებულიყო, ხოლო რუსულიდან შემოტანილი „მშობლიური ენა“ ქართულ სიტყვებში „დედა“-ს ღირებულებას ვერ ჩაენაცვლება: „დედა-ენას'' „მშობლიური ენა“ დაარქვეს (родина - სამშობლო, родной язык - მშობლიური ენა). თუ ,,დედა“ ეხამუშებათ, მაშ ,,დედა-ქალაქი“ და „დედა მიწაც“ განდევნონ“(7,850). თითქოს, რა უნდა ჰქონოდა მწერალს „მშობლიურის“ საწინააღმდეგო, მაგრამ ეს „მშობლიური“ სივრცე ხომ მთელი საბჭოეთი იყო; საბჭოთა პროპაგანდამ, როგორც ცნობილია, სამშობლოს ცნება მეტად „გააფართოვა,“ ხოლო „დედა“ თვით უკიდურესად კოსმოპოლიტურ ცნობიერებასაც კი შეახსენებდა სამშობლოს უნიკალურობას.
პოლიტიკური ოპონირების აკრძალვის პირობებში, ღვთისმებრძოლობის მოძალების ხანაში ენა, როგორც „სამღთო რამ,“ როგორც ამოძახილი ასევე „სამღთო“ სუბსტანციის - მიწა-მამულისა და გამომეტყველი სარწმუნოებისა, მშობლიური ენა, როგორც თავისთავადი ოპოზიციური ფენომენი მოძალადე რეჟიმისა და ინტერვენციული კულტურისა, ასრულებს ცნობიერების მუხტის ფუნქციას. მისი მეშვეობით კრიზისულ ხანაში განსაკუთრებული სიმწვავით გაცხადდება „ყოველი საიდუმლოჲ“ - აქტუალიზდება არქეტიპთა, სახე-ნიშანთა და ეიკონიზებულ სიმბოლოთა მთელი წყება. ამიტომაცაა ენა მცველი წიაღი, და სწორედ ამ სოტეროლოგიური ფუნქციის გამო უპირისპირდება მას აგრესიული უცხო ელემენტი. როცა ნიჰილისტურად განწყობილი, მიწა-მამულისა და სარწმუნოებისადმი ინდიფერენტული ცნობიერება მოირღვევს ენის მცველ წიაღს, მეყვსეულად იქმნება ამ მდგომარეობის - ნიჰილისტური მსოფლგანცდის - შესატყვისი ვერბალური დოკუმენტები: „უეზდის სუდი“, „ისპოლნიტელნი ექსპედიცია,“ „გამოკრებანი ჟურნალთა და გაზეთთაგან“(XIX საუკუნე). საუკუნისწინანდელ ნიჰილისტურ ვერბალურ ,,მანიფესტებს“ ბოლშევიზმის ხანამ ჭარბად შესძინა ,,სიახლენი“: „ჩვენ გვყვანან წევრები“ (1,1023), ,,რომელნიც მოცემულნი არიან,“ „კაპიტალისტები აწარმოებდნენ მუშებზე დაცინვას,“ ,,სწერენ იმის დაგვარ რომანებს“ (1,1027), „მათ მიუძღვიან ბრალი“ (1,1017), „დღეს ქართველს „ტისიაჩეს“ თქმა უფრო ეხერხება, ვიდრე „ათასის“ (1,1022) - მსგავსი ჩანაწერები უბის წიგნაკებსა და წერილებში უხვადაა. თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ ქართულისათვის უცხო და მიუღებელ ფორმებს შორის მწერალი საგანგებოდ გამოარჩევდა სინტაქსურ შეუსაბამობებს, აფიქსირებდა სინტაქსის რღვევის საშიშროებას, რაც ბარბარიზმების მოძალებასთან შედარებით უფრო დიდ საფრთხედ მიაჩნდა.
მიხეილ ჯავახიშვილი ქართული სინტაქსის რღვევას ეროვნული ცნობიერების მოშლის გამოხატულებად მიიჩნევდა: „უცხო კულტურას და აპარატს თან მოაქვს უცხო ტერმინებიც და ახალმა ნიაღვარმაც უმალ მოდრიკა ქართული მეტყველება. იმ ხანებში XIX საუკუნის პირველ ნახევარში - ქართულ ენას ზაფრანის ფერი დაედო. მოიკრუნჩხა, მოდუნდა, თითქო დამბლა დაეცა, თითქო სიკვდილი მოეჩვენაო. მაინც მთავარი ხიფათი ბარბარიზმების ზღვამ კი არ მოიტანა, არამედ სხვა რამემ: აიმღვრა ქართული სინტაქსი, აიმღვრა და მოქნილი, გამჭვირვალე სასაუბრო ენა გაჰყინა. მარტო უცხო სიტყვები ასე ვერ დაასნეულებდნენ ჯანსაღ ენას“ (7,688). უცხო ელემენტის შემოჭრის თვალსაზრისით საკუთარ ეპოქას ყველაზე საგანგაშო ჟამად აღიქვამდა: „ჩვენს ენას მრავალჯერ განუცდია პროვინციალიზმისა და უცხოთა ენების გავლენა, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა ასე ამღვრეული“ (1,1006). ცხადია, ენის გარყვნაზე საუბარი ეროვნული ცნობიერების რღვევას ამხელს. ენის გასაჭირის გამომზეურებით ეროვნული სულის შეჭირვება გამოითქმება.
სინტაქსის პრობლემას იგი XX საუკუნის I ნახევრის პრობლემადაც თვლიდა: „დღევანდელი ქართულიც უმთავრესად სინტაქსურად მახინჯდება, ე.ი. იმსხვრევა ენის ბუნება, სული და ხასიათი“ (7,692). მიხ. ჯავახიშვილის აზრით, ენის „დედაღერძის“ - სინტაქსის შემნახავი და მეპატრონე ერის ის ნაწილია, რომელიც ყველაზე მჭიდრო კავშირშია მიწასთან: „გლეხი უმთავრესს - სინტაქსს მაინც წაურყვნელად ინახავს“ (7,711).
საგულისხმოა ის გარემოება, რომ ქართული ენის რღვევა-დაშლას მწერალი ადარებს ქართული ტაძრების ჩუქურთმების განადგურებას და ქართული მიწების, წინაპართაგან ნამემკვიდრევი ნივთიერი ქონების განიავებას. ეს ყოველივე XIX საუკუნეში მოხდა: ,,სწორედ XIX საუკუნეში დავკარგეთ... ვინ უწყის, რაოდენის სისხლითა და მსხვერპლით შეძენილ-შეგროვილი მამულ-დედული და ნივთიერი განძეულობა... ასეთივე შავბნელი ბედი ეწვია ქართულ ენასაც. იგი ჩვენთვის იყო და არის ის გაჯი, ის დუღაბი, რომელიც ადუღებდა და აერთებდა ქართველთა ტომს: მართლმადიდებელს, გრიგორიანს, კათოლიკესა და მაჰმადიანს. ქვითკირის შენობაც დაინგრა. დუღაბი მოდუნდა, დაიშალა და დაიფხვნა, ხოლო შენობის უშველებელი ქვები, ათასის წლის განმავლობაში ნათალი და მოტანილ-შეკრული, სწორედ ისევე დაიტაც-დაიჩემეს, როგორც საუცხოვო ჩუქურთმები ბაგრატისა და ზარზმისა“(7,482). ამდენად, მიხეილ ჯავახიშვილის ცნობიერებაში მყარად დამკვიდრებულა ილიასეული „სამი ღვთაებრივი საუნჯე“ - „მამული, ენა, სარწმუნოება.“ ამავე თანმიმდევრობით მოიაზრება ეს მოდელი ჯავახიშვილის მხატვრულ თუ პუბლიცისტურ ტექსტში.
ჯავახიშვილის რწმენით შემეცნებაში ეროვნული ენერგიის დაუშრეტელობას ღვთივგანწესებულობის საზრისი ესადაგებოდა: ,,ტოლსტოი მშვენივრად ადარებს ჰაჯი მურატის გამძლეობას თავცეცხლას ეკალს. სდგას იგი გზის ნაპირას. ყველა სთელავს და უტყაპუნებს. დაგლეჯილ-დაფლეთილია, დამტვრეულია, მაგრამ მაინც სდგას, არა ხმება. ჩვენც ამას ვგავართ და ჩვენი ბედიც ასეთი იყო. შარა გზა, თავცეცხლა, ათასი გამვლელი, თელვა, ცემა, მსხვრევა და... მაინც ზეზე ვართ, მაინც ვცხოვრობთ, მაინც ვიცხოვრებთ“ (7,651) - წერდა 1927 წელს ნიკოლო მიწიშვილის საპასუხოდ, მანამდე კი, 1915 წელს, გაზეთ ,,საქართველოში“ დასტამბულ ედილის (ზაქარია ედილაშვილი, საინგილოს შესახებ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მონოგრაფიის ავტორი; 10) წერილს გამოეხმაურება.
მიხეილ ჯავახიშვილი თავდაპირველად საუბრობს ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ შეხედულებაზე: „ბევრსა ჰგონია, რომ მეთვრამეტე საუკუნის დამლევს ქართველობა სამარის პირს იდგა, ხოლო მეცხრამეტეში აღსდგა მკვდრეთით.. სწორედ მეცხრამეტე საუკუნეში დავკარგეთ ათასი წლობით შექმნილი კულტურული ფასი და გავლენა, გავანიავეთ, ვინ უწყის, რაოდენის სისხლითა და მსხვერპლით შეძენილ-შეგროვილი მამულ-დედული და ნივთიერი განძეული“ (7,481).
მწერალი მეცხრამეტე საუკუნის დანაკარგებს საქართველოში რუსეთის რეჟიმის დამყარებას უკავშირებს. ამ რეჟიმმა მოიტანა თავადაზნაურობის წრიდან გამოსული ახალგაზრდობის ინტენსიური რუსიფიკაცია. ერთ-ერთი მოთხრობის გმირი - რუსეთის არმიის ოფიცერი ალვა ჯავრიძე (,,ხუთის ამბავი“) აცნობიერებს, რომ საკუთარი დაივიწყა და სხვას ემსახურა. ფასეულობების აღრევა, რაც ეროვნული ნიჰილიზმის შედეგია, ტრაგედიად ექცევა ამგვარი პროპაგანდის მსხვერპლთ: ,,ჩვენ ჩვენი ძალ-ღონე სხვას შევწირეთ და ჩვენი ბებრუცანა მშობელი - ღარიბ-ღატაკი, მილეული და უპატრონო მშობელი კი მაშინ გავიხსენეთ, როცა იქ, სხვის ქვეყანაში, უკლებლივ ყველაფერი დავკარგეთ“(3,16).
ფასეულობათა სისტემის მოშლა თეიმურაზ ხევისთავის უბედურების სათავეა: „ძმას გავყევი და ცოლი დავივიწყე, სხვას მივეშველე და მეუღლე გავწირე...“ (2,248) ამ აღრევის შედეგებს პერსონაჟები საკმაოდ გვიან აცნობიერებენ. მარიამ ახატნელი, რომელიც საზოგადოებრივ საქმეებში მეტად აქტიურ მონაწილეობას იღებდა, საბოლოოდ დაშლილ-დარღვეული ოჯახის პირისპირ აღმოჩნდა. შვილებისათვის დაკლებული მზრუნველობა საზოგადოებრივ ასპარეზზე ნაღვაწმა ვერ გადასწონა: „ისევ ჩემი ბრალია, - გამოტყდა მარიამი, - საკუთარი შვილები დავივიწყე და ხალხის აღზრდა მოვინდომე“ (4,31). მას აქეთ, რაც ერთი ვაჟი გაუსალახანდა, ხოლო მეორე მუშებს მიეკედლა, მარიამი ხშირად ნანობდა იმის გამო, რომ ოჯახს გულისყური და მზრუნველობა მოაკლო და იგი საქვეყნო საქმეს შესწირა“ (იქვე).
ცხადია, ამ „საქვეყნო საქმეს,“ ანუ, „ძმის მიშველებას,“ „ძალ-ღონის სხვისთვის შეწირვას“ მხოლოდ მაშინ ექნება გამართლება, თუკი საკუთარი საზრუნავი მოგვარებულია, „ცოლი“ და „შვილები,“ ანუ, „მიწა - სამშობლო“და შთამომავლობა ნაპატრონევია. საკუთარის უგულებელყოფა და სხვისი გამოდევნება, როგორც აღვნიშნეთ, ეროვნული ნიჰილიზმის პათოლოგიური გამოვლინებები, ამ სინდრომს მიხეილ ჯავახიშვილი აღწერდა, როგორც ,,საკუთარი თავის შეძულებას და სხვისის შეყვარებას“ (7,643). მიხ. ჯავახიშვილის რამდენიმე ჩანაწერი ავლენს მწერლის სურვილს, ღრმად ჩაუკვირდეს და ახსნას ამ „შეძულების,“ ფასეულობათა ჩანაცვლებისა და ინვერსიის საფუძვლები. მწერალს მიაჩნია, რომ ეროვნულ ფასეულობებში დაეჭვება განსაზღვრავს არასრულფასოვნების კომპლექსს და მისით პროვოცირებულ თვითაგრესიას: „ძარღვგადაჭრილი, იმედდაკარგული და გამწარებული ორგანიზმი იწყებს საკუთარივე თავის ღრღნას და ჭამას“- აღნიშნულია „მასალებში“ (7,651), ხოლო უბის წიგნაკში ჩაწერილია: „ვისაც თვისი თავი უყვარს - სხვებიც უყვარს, სძულს მოყვასი, ვისაც ეჯავრება თვისი თავი“ (1,998); ,,უუმძლავრესად შეძულება შეიძლება მხოლოდ საკუთარი თავის, - იმის, რაც შენივე ნაწილია“ (1,999).
ფაუსტის სინდრომი ვლინდება ეშმასთან გარიგების საფრთხით. თეიმურაზის ფრაზა „მე და მარგო და-ძმები ვიქნებით“ (2,176) - ეშმაურთან გარიგებას და მისი თაყვანებას ნიშნავს. ,,გვერდით მამყოფინე და მხოლოდ მაცქერინე“ (2,177) - ევედრება თეიმურაზი ჯაყოს. ამ „ცქერის“ სურვილში ფოკუსირდება ნიჰილისტური თვითგანადგურების ინერცია, საკუთარი თავის უკიდურესი დამდაბლება, სატანური „ცუდმედიდობა“: ,,დიდი წილი ამ ჩვენ დაძაბუნებაში ჩვენვე გვიძევს. ქედი მეტად მოვიხარეთ, მეტად თავი დავიმცირეთ და ჩვენის ღირსების და ვინაობის დაცვის მაგიერ გუნდრუკის კმევას შევუდექით“ (7,453) - წერდა მიხეილ ჯავახიშვილი გრიგოლ ვოლსკისადმი მიძღვნილ სიტყვაში და სამომავლო პერსპექტივას წარსულის შეცნობას, წარსულის მოფხიზართა („ფხიზელი მოქალაქე“) ღირსეულ დაფასებას უკავშირებდა.
კონსტანტინე კაპანელმა მიერ აღნიშნა თვითგანადგურების ტენდენცია ეროვნულ ხასიათში: „ჩვენს სულში არის მრუში და როსკიპული ლირწებრივობის სურვილი. ჩვენი ისტორიული აფექციონალი, ჩვენი რყევადი წარსული, შელესილი ჩვენს სხეულში, ალაყლაყებს ჩვენს ნებისყოფას და ჩვენი ფიზიოლოგიური ბუნების ხვეულებში დაძრწის ავადმყოფური, სადისტური წადილი ვიყოთ ვინმეს მიერ ძალდატანებული, დაჭყლეტილი, თითქოს ჯალალედინებმა და შაჰ-აბასებმა შეგვაჩვიეს ძალდატანებას“ (14,328 ).
მოტანილი ფრაგმენტი, რომელშიც აღიწერა თვითგანადგურების, თვითრეპრესიის ფსიქოემოციური მდგომარეობა, ეხმიანება თეიმურაზ ხევისთავის განცდებს მარგოსა და ჯაყოს საკუთარ სარეცელზე ხილვისას: „ორივეს ავის თვალით ათვალიერებს თეიმურაზი და ხარბის დაკვირვებით სინჯავს. თითქო ხანგრძლივ უსმელ-უჭმელობის შემდეგ გემრიელ სანოვაგეს წააწყდა და ავხორციანი სურათით სძღებოდაო, - შხამიან წყურვილს იქრობდა, რაღაც უცნაურ ჟინს იკლავდა და ავზნიან სასმელით იწამლებოდა“(2,154 ).
რუსულმა რეჟიმმა გახრწნა ქართველი თავადაზნაურობის ნაწილი: ,,ასი თაობის მიერ დანთხეული სისხლი და ჩაყრილი ძვლები ფულად აქციეს, ეს ფული ერთ-ორ წელიწადში ნიავს მისცეს, წყალში გადაყარეს'' (7,482). განიავებული ქართული მიწის ბედი ეწია ქართულ ენასაც. საზარელი რეალობა ბევრისთვის სასოწარკვეთილების მიზეზი გახდა, მიხეილ ჯავახიშვილი აღწერს უნუგეშობის განცდას, თუმცა, შინაგანი ხმა სხვას კარნახობს: „მაშინ ავყვეთ ისტორიის ფეხისხმას, ვაწარმოოთ კანონი აუცილებლობისა, დავამტვრიოთ კალმები, დავიდუმოთ ენა, დავიკრიფოთ გულხელი და ვთქვათ: მორჩილ ვარ შენი, ბედო ულმობელო, რამეთუ არა არს ძალა შენდა ძლევად.. მაგრამ ამას არ ვიტყვი, არასოდეს არ ვიტყვი, რადგან ვიცი, რომ ჩემთა წინაპართა მრავალჯერ სძლიეს ბედი, მრავალჯერ გადალახეს იგი, მრავალჯერ აღზდგნენ მკვდრეთით და ეხლანდელ თაობამდე მოიტანეს დაფლეთილი ეროვნული დროშა, მოიტანეს, ჩაგვაბარეს და გვიანდერძეს: ატარეთ იგი და შემდგომ თქვენისა მომავალ თაობას გადაეცით“ (7,482-483).
მიხეილ ჯავახიშვილი მკითხველს წინაპართა ანდერძის ერთგულებისაკენ, ბედის დაძლევისაკენ მოუწოდებდა. ამავე წერილის დასასრულში ვხვდებით ეროვნული აპათიის, მოდუნების სიმბოლურ სახეს: ესაა „ფრთაგამოგლეჯილი ურემი ჩვენის ბედისა“ (7,484).
„მასალები ლექციისათვის“ რწმენის კრიზისის ანალიზის ასპექტით „ჯაყოს ხიზნებს“ ეხმიანება: „ქ..ქქართველ ხალხს აღარც ქრისტე სწამს, არც მაჰმადი, არც იეგოვა, არც ბუდდა, არც ზევსი.. ჩვენი უუდიდესი უბედურებაც სწორედ ის არის, რომ ეშმაკიც აღარა გვწამს. ვისაც ეშმაკი სწამს, იმას რაღაც ან ვ..ვიღაც სწამს, ესე იგი - მას ჰქონია რწმენის წყურვილი და უნარი.. ვინაიდან მხოლოდ სულით და რწმენით განირჩევა ადამიანი პირუტყვისაგან. ჩვენ კი ეშმაკიც აღარა გვწამს, მაშასადამე, აღარც სული გვქონია და აღარც ა-და-მი-ა-ნი ვყოფილვართ“ (2,310; 1934წ.), - განუცხადებს თეიმურაზი ნახუცარ ივანეს.
მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკში გვხვდება დაკვირვებები რწმენის კრიზისის ფონზე გამოვლენილი განწყობილებებისა და ტიპების შესახებ. ერთ ჩანაწერში წარმოდგენილია ეშმაურით შეპყრობილი ცნობიერება:“ეშმაკსა“! ,,ეშმაკია ჩვენი შემწე!“ - „ სატანა იყოს თქვენი მფარველი“ - ,,სატანა დიდია“ - ამბობს ერთი ტიპი ნაცვლად ,,მადლობა უფალსა,'' ,,ღმერთსა'' და სხ.“ (1,1039); ჩანაწერში, ასევე, ვლინდება ცრურწმენებით შეპყრობილი ტიპისადმი მწერლის ინტერესი: „ტიპი: ცრუმორწმუნე. მთელი მისი საცხოვრებელი გეგმები შენდება ან იფუშება ხელის გულის ქავილზე /ნიკაპისა/, ცხვირის დაცემინებაზე, დანაჩანგლის ჩავარდნაზე, ძაღლის ყმუილზე, თვალის დახამხამებაზე, კბილის ამოვარდნაზე და..“ (1,1042).
მწერლის ყურადღება მიიპყრო საზოგადოების სულიერმა კრიზისმა: „დიდი უბედურების დროს იფურჩვნება მისტიკა, მელანქოლია, მკითხაობა, რელიგიური აღტკინება“ (1,8).
აღწერილი ტიპისა და განწყობილების საოპოზიციო ინტონაციები, ასევე, მიმობნეულია უბის წიგნაკებში: „გული წრფელი იპოვე ჩემში''.. და სხ./ იხ. დავითნი დაბადებაში'' (1,1009); ამ შემთხვევაში მწერალი, როგორც ჩანს, ზეპირად იმოწმებს 50-ე ფსალმუნს: „გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა“ (10). ჩაწერილია, ასევე, ,,ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონის პერიფრაზი: „სიყვარული აგვამაღლებს“ - სიტყვანი მოციქულთა“ (1,1009). ქრისტიანული სიყვარულის სწავლების თავისებური გარდათქმაა სტრიქონები: „სიყვარული მირონნაცხებია, უმიჯნო სიკეთეა, სათნოება, სულიერი დადნობა. დანარჩენი კი მხოლოდ ავხორცობა, სისხლის ჟინია. მან არც პატიება იცის, არც სათნოება შეუძლიან, არც სიკეთის ქმნა“ (1,995,1071). „ადამიანს სიყვარული გამოაცალეთ. ხელთ კაბისა და შალვრის მეტი აღარაფერი შეგრჩებათ“ (1,1071). უღმერთო, ურწმუნო საზოგადოება სულიერ სიცარიელეს ავლენს: „სიტყვა „ცა“ ,,ცარიელიდან“ მოდის. ზეცა მართლაც ცარიელია და ჩვენი საშინელებაც ეს არის'' (1,994). ამ საზოგადოების მესვეურთ სიყვარულის უნარი არ გააჩნიათ. ასეთია აპოლონ რაპოლიძე მოთხრობიდან „დამდნარი ჯაჭვი:“ „მაინც ვერ ამბობს ,,მიყვარხარს.“ ძლივს იტყვის მცხეთაში“(1, 627). „მიყვარხარ“-ის მაგიერ მინდიხარ“.. მინდა და სხ.“ (1,628). ,,სიყვარული მშრომელისთვის არ არსებობს. არ სცალიან და სხ.“ (1, 628). უსიყვარულობა ურწმუნობის შედეგია.
* * *
ზემოხსენებულ ჩანაწერში („დღევანდელ ქართულ ლიტერატურას ერთი ტემაც აქვს, გაცილებით უფრო მაღალი, ღრმა და ძლიერი - ,,ქართლის ბედი'') „ქართლის ბედი“ ილიას ცნობილი ლექსიდან მოტანილი ციტატა უნდა იყოს: „აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა და, დაე, გვძრახონ, ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი“ (23,120). თავის მხრივ, ილიასეული „ქართვლის ბედი“ უნდა მომდინარეობდეს ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის სათაურიდან „ბედი ქართლისა,“ რომელიც ეროვნული ენერგიისადმი იმედიანი განწყობის გამომეტყველ ნიშნად გადავიდა ქართულ ემიგრაციაში და ცნობილ წელიწდეულს დაერქვა. როგორც ჩანს, „ბედი ქართლისა“ თვით გამომცემელთა მიერ ცოცხალი და მარად მედინი პროცესის აღმნიშვნელად მოიაზრებოდა: „ქართლის ბედი ჯერ არ გარდაწყვეტილა“ - წერდა კალისტრატე სალია (22,321), ხოლო აკაკი პაპავა მეუღლეს პოეტური სტრიქონებით მიმართავდა: „მაშ, იდექ სვეტად ღვთის გულისათვის, ბედს ვდიოთ ერთად მამულისათვის“ (17,15).
„ქართლის ბედის“ ძიება განიცდება ვაჟას შემოქმედებაში. ლექსში „ქართლი“ შეწუხებული ქართველი მოთქვამს: „დავალ და დავეხეტები, ქვეყნად მძებნელი ბედისა“ (11,20); სხვაგან მგოსანი აცხადებს: ,,შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენს ბედზე დაკერებული“ (11,160; „ქებათა ქება“); „ქართლის ბედი“ წინამორბედთა ღვაწლთან, მათ სულისკვეთებასთან შეხმიანების, თანაგანცდის სიღრმის გამომხატველია. ილიასადმი მიძღვნილ ლექსში „ქართლის ბედის“ ძიება გოლგოთის მისტერიის კონტექსტში მოიხსენიება: „ლოგინად ეკალს მიგებდე, ზედა ვწვებოდე შიშველი. გზაზე მიფენდე, მაინცა, რაც შემიძლიან, გიშველი. უნდა დავადნო შენს ბედსა თვალი და გული ფხიზელი“ (11,332; „შენდამი“); აკაკის ეძღვნება სტრიქონები: „რა ვუყოთ? ბედი, შავბედი თუმცა გვექცევა მგლურადა, მაინც ვაჟღერებ ჩონგურსა მტარვალთა შესამუსრადა“ (11,329; „აკაკის საიუბილეოდ“); თვით ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტურ ღვაწლში კი საგანგებო აღნიშვნისა და დაფასების ღირსია სწორედ „ქართლის ბედის“ მოზარეობა: „არ დაივიწყა სამშობლომ შენი მის ბედზე ტირილი, მედგარი სულისკვეთება, შავბედობაზე ჩივილი“ („ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს;“ 11,130).
ბარათაშვილის ცნობიერებაში „ბედი ქართლისა“ - „ქართლის ბედი“ მყარი სააზროვნო და განცდისმიერი ტენდენციაა: „ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა... ვაი, ჩვენო ქართვლის ბედო“ (13,65). - ეს ფრაზა, როგორც დრო-ჟამის ერთგვარი კრებითი გამოხატულება, თუ შეიძლება ითქვას, ეპოქის ვერბალური სუბსტრატი, თაობიდან თაობას გადაეცა. ილიას შემდგომ „ქართლის ბედის“ ჭირისუფლობა, თითქოსდა, განგების ნებით, მიხეილ ჯავახიშვილს დაეკისრა. თანამედროვეთა მიერაც აღინიშნა: „წინ ილია და ყაზბეგი მიგიძღვიან და უკან „ვისრამიანი“ მოგტირის... მას შემდეგ, რაც შენ საქართველოს სალაროში გადახვედი, შენ ჩვენ გვეკუთვნი და შენი თვითეული ნაბიჯი ტყვეს ნაბიჯია. ილიას შემდეგ დაილექა ჩვენმა ცხოვრებამ და მხოლოდ შენ წაგვჭიდე ყურში ხელი და სარკესავით დაგვანახე ჩვენი არსებობის ნალექი... საქართველოს ხავსში ცეცხლად ჩაჰვარდი და ნუ ჩაჰქრები“ (26,181) - მოუწოდებდა და ამხნევებდა გიორგი ლეონიძის ძმა, მისი ოჯახის ნათელ-მირონი, მისივე ტრაგიკული ხვედრის მოზიარე ლევან ლეონიძე.
ბედის მოტივი ჯავახიშვილის შემოქმედებაში არ მოიაზრება, როგორც ერთპლანიანი პარადიგმა. „ბედი-მდევარის“ („გივი შადური“, ,,ლამბალო და ყაშა“) გარდა, გვხვდება ,,ბედი-მებრძოლი“, რომელიც, უბის წიგნაკში დაცული ჩანაწერის თანახმად, არსენას უკავშირდება: „არსენა იჯდა X-ის წინ, ვითარცა ბედის მუქარა - /ბედი მებრძოლი/“ (1,1078). რომანში „გივი შადური“ ,,ბედი მდევარის“ კონცეფცია აისახა. რომანის შემადგენელი მოთხრობებიდან ერთ-ერთს სწორედ „ ბედი-მდევარი“ ჰქვია, თუმცა, მთელ ტექსტს განმსჭვალავს „ქართლის ბედის“ ძიების პათოსი. „ბედი მდევარი“ „ქართლის ბედის“ გარეშე წარმოუდგენელია. მეტიც, როგორც ირკვევა, „ქართლის ბედის“ ძიებისაგან დისტანცირებულ და უცხოეთში უზრუნველი ცხოვრებისა თუ წარმატებული სამსახურებრივი კარიერის მოსურნე ქართველს „ბედი მდევარი“ უფრო მეტი სისასტიკით სდევნის, ვიდრე მამულის ჭირთა გამზიარებელს, სამშობლოს, მშობლებისა და საბედოს ერთგულს. ყარამან ჯიქურაულისა და პეტრე შევარდენიძე-სოკოლოვის თავგადასავალი სწორედ ამის დასტურია. „ქართლის ბედის“ მსახურების უგულებელყოფა პიროვნულ ტრაგედიად უბრუნდებათ რომანის პროტაგონისტებს. ეროვნული ნიჰილიზმი დასჯადია, ხოლო „ბედი მდევარი“ ამ სასჯელ-საზღაურის სახეა.
„ქართლის ბედი,“ როგორც ,,ღერძი“ ქართველი მწერლის შემოქმედებისა, ჯავახიშვილისათვის გაცნობიერებული არჩევანია. ამ არჩევანს იგი თანმიმდევრულად მისდევს პუბლიცისტიკასა და პრაქტიკულ ცხოვრებაში. ამის დასტურია, თუნდაც, ეროვნული ავტონომიისადმი მიძღვნილი წერილები და 1924 წელს თავისი ქალიშვილისათვის ალბომში ჩაწერილი „10 მცნება.“ ეს არჩევანი, როგორც რთული სახისმეტყველებითი სისტემა, განფენილია მიხეილ ჯავახიშვილის მხატვრულ სამყაროში, ხოლო ბარათაშვილისა და ილიასადმი მიმართების ასპექტით კი გვენიშნა ის გარემოება, რომ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მოსწავლე მიხეილ ჯავახიშვილი საგურამოში სტუმრობისას ილიას სწორედ ბარათაშვილის პოემის ფრაგმენტით ესიტყვება („მორბის არაგვი, არაგვიანი“ 26,49-50). პავლე ინგოროყვასა და ქეთევან ჯავახიშვილის ნაშრომებით დადასტურებულია ერთი უცნაური დამთხვევაც: დღეისათვის დაკარგულად ითვლება ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა „ივერიელნი“ (13, 9,143) და მიხეილ ჯავახიშვილის პიესა „ივერიუმი“ (25,175-195).
ბარათაშვილის სააზროვნო სივრცემ მოიცვა რუსიფიკაციის პირველი ტალღის შემდგომი კრიზისი: ჩამქრალი ლამპარი, გამქრალი ტაძარი, „განწირული სულისკვეთება,“ „სული აღმშფოთი“ და სხვანი მიანიშნებენ „ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო“ და „სულით მახვრალ“ საზოგადოებაზე, თუმცა, ამავდროულად, ვლინდება კრიზისის რწმენის ძალით დაძლევის ტენდენციაც: „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან შვილნი მშობლისა, უნდა კიდევაც მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა“ - ცხადია, ამ შემთხვევაში“ უნდა აღნიშნავდეს უზენაესს, შემოქმედს, რომლის რწმენაც, უპირატესად აღზრდის ინერციით ვლენილი, ეროვნული ენერგიისადმი სკეფსისს სათანადო ეფექტურობით ვერ ანეიტრალებდა. რუსიფიკაციის ახალი ტალღის ფონზე ბარათაშვილისეულ „გვესმას მშობლისა“-ს და „ბედის სამზღვრის გარდატარებას“ ეხმიანება მიხეილ ჯავახიშვილის „ანგელოზის პოვნისა“ და „ბედის ძლევის“ თეზა.
„ქართლის ბედის“ მაძიებლობა, ერის სულის, ენის გადარჩენის გზების ძიება მიხეილ ჯავახიშვილს საკუთარი სამწერლო მისიის აღსრულებად ესახებოდა: ,,ბალზაკმა სთქვა: საზოგადოება მიკარნახებს, მე კი მისი მონა ვარო. მე კი საქართველო მიკარნახებს და მეც მისი მონა ვარ“ (1,1031). წინაპართა კვალად, „ძალას და შთაგონებას“ მიხეილ ჯავახიშვილს სწორედ ამგვარი მაძიებლობა ანიჭებდა.
დამოწმებული ლიტერატურა: 1. მიხეილ ჯავახიშვილის არქივი/უბის წიგნაკები., ინახება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილებაში. 2. ჯავახიშვილი მიხეილ, თხზულებანი რვა ტომად., ტ.I, თბ, 1969. 3. ჯავახიშვილი მიხეილ, თხზულებანი რვა ტომად, ტ. III, თბ, 1973. 4.ჯავახიშვილი მიხეილ, თხზულებანი რვა ტომად, ტ. V, თბ., 1977. 5.ჯავახიშვილი მიხეილ, „არსენა მარაბდელი,“ თბ., ,,ნაკადული,“ 1989. 6.ჯავახიშვილი მიხეილ, „ჯაყოს ხიზნები,“ „თეთრი საყელო,“ „გივი შადური,“ ქსრ., თბ, „მერანი“ 1985. 7. ჯავახიშვილი მიხეილ, „წერილები,“ რედაქტორ-გამომცემელი რ. შიშნიაშვილი, თბ, 2001. 8. ამირეჯიბი შალვა, წიგნი I-II., საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, თბ., გამომც: „დიოგენე,'' „არსი,'' 1997. 9. ბაქრაძე აკაკი, ,,ნიკო ნიკოლაძე“/გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 85., თბ., „ნაკადული,“ 1983. 10.ედილი ზ. „საინგილო,'' თბ., თსუ გამომცემლობა, 1997. 11. ვაჟა-ფშაველა, რჩეული თხზულებანი ორ ტომად, ტ. I., თბ., „საბჭოთა საქართველო,'' 1979. 12.,,თეთრ სიამაყეს აქანდაკებ შენი დიდებით'', კრებული ეძღვნება გრიგოლ რობაქიძეს, თბ., 2003. 13. ინგოროყვა პავლე, „ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი,“ თბ.,“საბჭოთა საქართველო,“ 1975. 14. კაპანელი კონსტანტინე, ,,ქართული სული ესთეტიკურ სახეებში,“ თსუ-ს გამომცემლობა., 1996. 15. კუპრეიშვილი ნონა, ,,ოციანი წლების ლიტერატურული დებიუტები,'' ,,ლიტერატურა და ხელოვნება,“ , 1-2, 1992. 16. ნიკოლაძე ნიკო, თხზულებანი, ტ. VII, თბ., 17.პაპავა თამარ, პაპავა აკაკი, „მარიამ, უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი,“ ბუენოს-აირეს, 1959 /რეპრინტ. თბ., „საბჭოთა საქართველო,“ 1989. 18. რობაქიძე გრიგოლ, „ჩაკლული სული,“/„შერისხულნი'' 15 ტომად, ტ. II, თბ., „გეა,“ 1990. 19. სახოკია თედო, „ჩემი საუკუნის ადამიანები'' /ქართული მემუარული ლიტერატურა, თბ., „საბჭოთა საქართველო,“ 1984. 20. ,,ქართული ლიტერატურული ესსე,“/ XX ს-ის 20-იანი წლები., შეადგინა, წინასიტყვაობა და გამოკვლევა დაურთო მანანა ხელაიამ, თბ., „მერანი,“ 1986. 21. ქიაჩელი ლეო, ,,სისხლი,“ /ქიაჩელი ლეო, თხზულებანი ხუთ ტომად, ტ.I., თბ., 1960. 22.წერეთელი მიხაკო, „ერი და კაცობრიობა,“ თსუ გამომც., 1990. 23. ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. I, თბ., 1987. 24. ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. V, თბ., 1991. 25.ჯავახიშვილი ქეთევან, „მიხეილ ჯავახიშვილი - ბელეტრისტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი“,თბ., 1989. 26. ჯავახიშვილი ქეთევან, ,,მოგონებანი მამაზე,“ რედაქტორ-გამომცემელი რ. შიშნიაშვილი, თბ., ,,მერანი,“ 2000. 27. ჯორჯაძე არჩილ, „სამშობლო და მამულიშვილობა,“ თბ., 1990. 28. ჯორჯაძე არჩილ, „წერილები“,თბ., „მერანი“, 1989. 29. Архиепсикоп Аверкиц. ,,Аокалипсис или откровение Святого Иоанна Богослова“ V., 1991. 30. Кассирер Эрнст., „Избранное. Опыт о человеке.“ Лики культур. V., „Гарларика,'' 1998. 31.,,Постмодернизм“. „Энциклопедия, „Интерпресс Сервис“, Минск, 2001. 32. Хацлегер Мартин. Время и бытьё. Статьи и Выступления Мыслители {века. Изд. Республика М. 33. Ясперс Карл.. ,,Смысл и назначение истории.“, . Республика 1994.
_____________
*. ხაზგასმა ყველგან ჩემია. ლ.წ.
![]() |
4 „ჯაყო გმინვაა ჩემი სულის“ |
▲back to top |
მაია ჯალიაშვილი
„ჯაყოს ხიზნებს“ 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ეკიდებოდა, ხოლო სული იმ დროის სისხლში მქონდა ამოვლებული. „ჯაყო გმინვაა ჩემი სულის“, - ეს სიტყვები მიხეილ ჯავახიშვილმა თავის უბის წიგნაკში ჩაწერა. ძნელია ამაზე უკეთესად „ჯაყოს ხიზნების“ შეფასება. ეს რომანი, მართლაც, გმინვაა, ოღონდ არა მხოლოდ მწერლის, არამედ ერის სულის. 1924 წელს ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა თავისუფლებისათვის და სისხლის ნიაღვარში ჩაიხრჩო. ამ სისხლმა გაუყუჩებელი ტკივილები დაუტოვა მწერალს.
მიხეილ ჯავახიშვილი ერის მაჯისცემას მიყურადებული მამულიშვილი იყო. როგორც პავლე ინგოროყვას უთქვამს, იგი მწერლობაში პუბლიცისტიკიდან და პოლიტიკიდან მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების შუაგულში ტრიალებდა და საზოგადოებრივი პრობლემების არსი ძირით ძირამდე ჰქონდა გაჩხრეკილი.
მიხეილ ჯავახიშვილი 1921-23 წლებში საქართველოს ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის, ე.წ. „პარიტეტული კომიტეტის“ წევრი იყო. ამ პარტიას საქართველოში მნიშვნელოვანი ძვრების მოხდენა, კერძოდ, რეჟიმის შეცვლა და დამოუკიდებლობის აღდგენა სურდა.
1923 წ. ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია ლიკვიდირებულ იქნა. ყველა წევრი დააპატიმრეს, მათ შორის, მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც ორთაჭალის ციხეში ექვსი თვე იჯდა. დაპატიმრებულთაგან ბევრი დახვრიტეს. მიხეილ ჯავახიშვილსაც დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ პავლე ინგროყვას, ნიკოლოზ ყიფშიძესა და კიდევ რამდენიმეს სერგო ორჯონიკიძისთვის უთხოვიათ, რომ მწერალი არ დაესაჯათ. მართლაც, 1923 წლის 3 აგვისტოს მიხეილ ჯავახიშვილი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ იგი აქტიურად შეუდგა წერას და ზედიზედ გამოაქვეყნა მოთხრობები და რომანები - „კვაჭი კვაჭანტირაძე“ და „ჯაყოს ხიზნები“.
ავტობიოგრაფიაში მიხეილ ჯავახიშვილი წერს: „ადამაშვილის მოღვაწეობის მთავარი მიზანია საქართველოს თავისუფლება, ავტონომია. ის რწმენით ევოლუციონისტია. ერის ძალა და მომავალი მის ქონებრივ-გონებრივ სიმდიდრეშია, რაიც შენდება და ერთდება ნელი, დინჯი, თანდათანობითი, ბეჯითი შრომითა და ხელმოჭერით, ანგარიშიანი ცხოვრებით - ამიტომ ყოველი ქართველის მოვალეობაა შრომა, ანგარიში, პატიოსნება და მამულიშვილობა. 1904-1905 წლებში ადამაშვილი უკიდურესი რადიკალი იყო, თუმცა სოციალიზმის მოძღვრება ვერ შეითვისა. მისი აზრით, რევოლუცია აუცილებელი იყო, მაგრამ სოციალიზმის იდეამ განუზომელი ზარალი მოუტანა საქართველოს და შემდგომშიც უდიდეს ხიფათს უქადის“.
თუ რა ზარალი მოუტანა სოციალიზმმა ერს, ამას მიხეილ ჯავახიშვილი მოთხრობებითა და რომანებით ამხელდა, უპირველესად კი, „ჯაყოს ხიზნებით“. ქართულ მწერლობაში ასეთი გამბედაობა მხოლოდ ილია ჭავჭავაყეს ჰქონდა. მართლაც, ბევრი რამ ანათესავებს ამ ორ მწერალს. ერის ბედისა თუ მხატვრული სიტყვისადმი დამოკიდებულება - მხილების პათოსი, გროტესკი, ძარღვიანი ქართული და ამოუწურავი ლექსიკური მარაგი. ალბათ, არც მათი შეხვედრაა შემთხვევითი. მიხეილ ჯავახიშვილი იგონებს, როგორ შეხვდა ყმაწვილობაში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის მოსწავლე ილიას მისსავე დღეობაზე. იქ მას რუსული აქცენტით წაუკითხავს ბარათაშვილის ლექსი. ილიას შეუქია. ვიღაცას უთქვამს, მწერლობას აპირებსო. „მაშინ მწერლობა აზრადაც არ მქონიაო“, - იგონებს მიხეილ ჯავახიშვილი. ერთხელ კი ილიას სისხლით მოსვრილ ბალიშზეც ედო თავი. სწორედ მაშინ მიიღო ალბათ მისტიკური ნათლობა - ტანჯვით გზის გავლისა და ჯვარცმისათვის. მის საარქივო ჩანაწერებში ერთი ასეთი სამომავლო თემაა მონიშნული: „ბნელ ღამეს მამადავითის სასაფლაოზე ავედი. ლანდი მომეჩვენა, ილია ჭავჭავაძე გაცოცხლებულიყო. წამომყვა. საქართველო დავატარე. ყველაფერი ნახა. მესაუბრა“.
უცხო კალთას შეფარებული, უპატრონოდ მიგდებული, გაუქმებული ტაძარივით მივიწყებული, გაპარტახებული მამულის ბედი იყო მწერლის მთავარი საფიქრალი.
უბის წიგნაკში ჩაუწერია. „ჩვენი ეპოქა რევოლუცია ჩემთვის საშინელი ტრაგედიაა, ვინაიდან ჩემს თვალწინ კვდება ძველი ქვეყანა - დედა, ზოგისთვის კი ეს უზენაესი სიხარულია, ვინაიდან იბადება შვილი - ახალი ქვეყანა. ამიტომ არის მგლოვიარედ გუშინდელი პოეტი, ამიტომ ხარხარებს დღევანდელი ჭაბუკი კომკავშირელიც. სჯობდა, სჯობდა, ან უფრო ადრე გავჩენილიყავი ან უფრო გვიან“.
მიხეილ ჯავახიშვილმა პოლიტიკას თავი მიანება, უფრო ზუსტად, ბრძოლის ფორმა შეცვალა, წინააღმდეგობის გზის ძიება დაიწყო და სწორედ ეს აისახა მის მოთხრობებსა და რომანებში, მათ შორის, უპირველესად, „ჯაყოს ხიზნებში“. ეს რომანი ერთგვარი თვითგამოტირებაც იყო - თვითდასჯა იმის გამო, რომ ვერაფერი მოახერხა, ვერაფერი გააწყო და და ერი მგელს შეატოვა ხელში.
ქეთევან ჯავახიშვილი იგონებს, რომ „ჯაყოს ხიზნების“ მეორე გამოცემის ყდაზე დახატული იყო ორი ძაღლი, რომლებიც ყმუოდნენ. როცა მწერლისთვის ამის შესახებ უკითხავთ, მას მხოლოდ ეს უთქვამს: „მარგო ელის თავის გათავისუფლებას და ყმუილი იმას ნიშნავსო“. უბის წიგნაკში კი ჩაუწერია: „ჯაყოს ხიზნები“ დამაწერინა მიმავალმა ქვეყანამო“.
მარგოს გათავისუფლების მოლოდინი კი ცხადად და გამჭირვალედ გულისხმობს როგორც საქართველოს, ასევე, საზოგადოდ, სინათლისა და სიწმინდის გათავისუფლებას, უმაღლესი სამსჯავროს იმედს, „ბედი მდევრის“ ნების აღსრულებას.
„ჯაყოს ხიზნებმა“ გამოქვეყნებისთანავე (დაიბეჭდა ჟ. „მნათობში“, 1924 წ.) დიდი ყურადღება მიიქცია და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჭარბობდა იმგვარი კრიტიკული წერილები, სადაც მწერალს ბრალს სდებდნენ ინტელიგენციის შეურაცხყოფასა და არაობიექტურობაში. მწერალზე თავდასხმებით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ იდეოლოგიზებული პროლეტარი მწერლები.
1925 წ. 17 მაისს რუსთაველის თეატრში „ჯაყოს ხიზნების“ გმირების გასამართლებაც კი მოეწყო. ამის თაობაზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა წერილი (ანონიმი ავტორი სერგო კლდიაშვილი იყო). ნიკა აგიაშვილი იგონებს: „დისპუტს დავესწარი. საზოგადოება აღშფოთებული იყო რომანით. ერთმა უთხრა მიხეილს: რაღა ოსი დაგვასვი თავზეო. მიხეილი ადგა და უპასუხა: „ჯაყოს ხიზნები“ საბჭოთა სინამდვილემ დამაწერინაო. მაშინ ყველა გაჩუმდა“.
მიხეილ ჯავახიშვილის არქივში შემონახულია ამ დროს გამოქვეყნებული ზოგიერთი წერილი მინაწერებით. ვ. ხუროძის (1924 წ. №5, 6. „მნათობი“) ვრცელი წერილის იმ ადგილას, სადაც წერია, რომ ჯაყოს მსგავსი ტიპი შემთხვევითიაო, მიხეილ ჯავახიშვილს მოუნიშნავს: „კომუნისტური გაზეთებიც კი სავსეა ჯაყოსებური ტიპებით და ამბებით“. ხოლო სადაც ეწერა, რომ მწერალი აღტაცებულია ჯაყოთი, მინაწერია: „ეგრე რამ გაგასულელა?“
ასეთი გასულელება კი, სამწუხაროდ, დიდხანს გაგრძელდა. ყველასათვის ცნობილია 1979 გამართული სატელევიზიო დისკუსია თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული „ჯაყოს ხიზნების“ სატელევიზიო სპექტაკლის გამო. საზოგადოების ერთი ნაწილი ისევ აღშფოთდა, ისევ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. შიშველი მხილება და დაუნდობელი თვითკრიტიკა (სახარებისეული დირეს დანახვას რომ გულისხმობს საკუთარ თვალში) კვლავ მიუღებელი აღმოჩნდა.
მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: „ყოველნაირი კრიტიკა კარგია, გარდა უჭკუო კრიტიკისა. სადა ცხოვრობთ, ამხანაგო! ვინ მომცა ნება, რომ დღევანდელი ყოფა-ცხოვრება ისე ავწერო, როგორც ვხედავ და მესმის?“
ამის ნებას იგი მაინც თვითნებურად გამოითხოვდა და მხატვრული სიტყვის სამოსელში ოსტატურად გახვეულ „ტყვიას“ შიგ გულში ახვედრებდა.
მინაწერებში ვკითხულობთ, რომ თეიმურაზი „რევოლუციის საქაჯავის ქვეშ გაჩანჩურდა“, რომ რევოლუციამ თეიმურაზისთანანი ჯაყოზე გაცვალა“. ი. გომართელის წერილის (1925 წ. ჟ. „ახალი გზა“, №17) იმ ადგილას, სადაც წერია: „ფსიქოლოგიის გაშუქებაში მიხეილ ჯავახიშვილი დიდი ხელოვანი და იშვიათი ოსტატია. ასეთი ანალიზი ჩვენი ინტელიგენციის ერთი ნაწილის სულიერი ავადმყოფობისა ჯერ არავის მოუცია ჩვენს სიტყვაკაზმულ მწერლობაში“, მწერალი შენიშნავს: „ავტორის გლოვა თეიმურაზის ბედისა არ გესმის?“
1926 წ. პარიზში გამომავალ გაზ. „დამოუკიდებელ საქართველოში“ დაიბეჭდა შ. ამირეჯიბის წერილი „ჯაყოს ხიზნების“ შესახებ, სადაც ვკითხულობთ: „მარგოს სახით ავტორმა ორიათასწლოვანი ქართული კულტურა ჯაყოს მიუგდო. დიახ! მაგრამ საქართველო იბრძვის! ვინ არის თეიმურაზი? თეიმურაზი მეტია, ვიდრე უბრალო ქართველი კაცი. ის ინტელიგენტია - ქვეყნის მარილი!“
მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ უმთავრესი ძარღვი ეროვნული სატკივარია. ეს პრობლემა რომანში დაყრდნობილია რთულ საზოგადოებრივ-სოციალურსა და ფსიქოლოგიურ კანონზომიერებაზე. მათი თვალმიდევნება და გაცნობიერება ცოდნა-გამოცდილებას ემყარება. რომანში წარმოჩენილია ადამიანის ფსიქიკის უღრმესი შრეები, რომელთა გაანალიზება ტექსტის მხატვრული სისტემის ცალკეულ ელემენტთა სიმბოლურ გააზრებას გულისხმობს.
მიხეილ ჯავახიშვილი შესანიშნავად იცნობდა მსოფლიოს ისტორიას და ქართული კულტურის მნიშვნელობა სწორედ ამ კონტექსტში ჰქონდა გააზრებული. იგი ხედავდა, რომ რევოლუციის შემდეგ საქართველოში უფრო მეტი იყო წარსულზე გლოვა, ვიდრე მომავალზე ფიქრი. უპირველესად კი, ინტელიგენციის წრეში გაჩნდა ქართველი ხალხისა და სამშობლოს არარაობის, ბერწობისა და უბადრუკობის განცდა. ცხადია, თავისუფლების დაკარგვა ერის სწორედ ამ ნაწილმა განიცადა ყველაზე მტკივნეულად. ბევრი უცხოეთში გადაიხვეწა.
ერის მომავალ ბედში დაეჭვებულობას მწერალი სულიერი მოშლილობის, დაავადების მიზეზად თვლიდა. „ამ სენს ჰქვია ნებისყოფის აბულია. ჰგდია ჯანსაღი ვაჟკაცი და თითსაც ვეღარ აქნევს, ჰგდია და ელოდება სიკვდილს, ზოგჯერ კი მოლოდინის იმედიც აღარ აქვს. ნირვანა, არარაობა, სრული გარინდება, სამუდამო დასვენება - აი, მისი ერთადერთი საზრუნავი“. რა დაემართა ადამიანს? - კითხულობს მწერალი და თვითონ პასუხობს: „თავისი თავის რწმენა დაეკარგა, სიცოცხლის უნარი დაუჩლუნგდა. ნებისყოფა გამოეცალა. ფსიქოპათოლოგია კარგად იცნობს ამ სენს - ზოგჯერ მასიურს და მუდამ სახიფათოს. ამავე კანონს ემორჩილება ხალხიც ან მისი რომელიმე ნაწილი“ (მიხეილ ჯავახიშვილი, „მასალები ლექციისათვის“).
სწორედ ასეთი ტიპი დაგვიხატა მწერალმა თეიმურაზ ხევისთავის სახით. იგი კერძო, კონკრეტული ადამიანის სახეცაა და, იმავდროულად, სიმბოლურიც. ხიზნობა კი უნებობაა, ტყვეობაა, საკუთარ უფლებებზე უარის თქმაა, თავისუფალი არჩევნის ღვთით მომადლებული ნიჭის დაკარგვაა, უსასობაა, ეშმაკისკენ მიდრეკა და მასთან უნებური გარიგებაა, ღვთის გზიდან აცდენაა... ამიტომაც რომანი შეიძლება რამდენიმე ასპექტით გავიაზროთ და მთავარი გმირის სახეში სხვადასხვა სიღრმის სააზროვნო შრეები მოვინიშნოთ.
1. თეიმურაზის, როგორც კერძო კაცის ბედი კონკრეტულ საზოგადოებაში.
2. თეიმურაზის, როგორც ერის გარკვეული ისტორიულ-კულტურული რაგვარობის არსებობის პრობლემა.
3. თეიმურაზის, როგორც ზოგადი, უნივერსალური ადამიანის სულიერი სამყაროს კანონოზომიერებანი. „გარეთ“ დატრიალებული დრამა არქეტიპულ საწყისებს (სულიერი, მშვინვიერი, ხორციელი) შორის კონფლიქტად გავიაზროთ. ამ შემთხვევაში, თეიმურაზიც, მარგოცა და ჯაყოც პერსონიფიცირებულ ვნებებად წარმოდგებიან, რომელთა საშუალებით მწერალი თვითშემეცნებას მიესწრაფვის, რათა ამ გზით სამყაროს ჭეშმარიტებას ეზიაროს.
რომანის ბოლო ეპიზოდში სიტყვები: „ვნახე, განვიცადე, მწამდა, ვსტიროდი“ - ცხოვრების ფორმულად მოჩანს და არა მხოლოდ რომანის პერსონაჟთა, არამედ საზოგადოდ ადამიანურ გამოცდილებად აღიქმება (აქ ირეკლება „ეკლასიასტეს“, აღმოსავლური თუ დასავლური ფილოსოფიის გამოძახილი).
რომანი თეიმურაზ ხევისთავის ჯაყოსთან შეხვედრით იწყება და ამას მოჰყვება დიდი გამოცდა - ტანჯვა-წამებით აღსავსე. ეს თვითონ ცხოვრებაა - წუთისოფელი - თავისი ულმობელი კანონებით. ამიტომაც ჭარბობს რომანში ბნელი ფერები. რომანტიკული და ამაღლებული აქ თითქმის არ არის, რადგან არც უმწიკვლობა და უმანკოებაა, რომელმაც სინათლე უნდა დაბადოს. ადამიანის დაცემა, მისი გულიდან სასუფევლის განდევნა და ჯოჯოხეთის დამკვიდრება ნიუანსური სიზუსტითაა წარმოდგენილი. სწორედ ეს ნიუანსები ამხელენ მიხეილ ჯავახიშვილის მწერლურ ოსტატობას, რომლის გზითაც მან მკითხველს ადამიანის სულის უჩინარი უფსკრულების მოხილვის საშუალება მისცა. რომანი ლოცვით მთავრდება - მწყემსი უცილობლად იპოვის თავის დაკარგულ, გზააბნეულ ცხვარს, ოღონდაც ლოცვის ძალას ნუ დაკარგავს ბნელიდან სინათლის მხმობელი. ცხოვრების ხიზნობა (სამოთხიდან გამოდევნა) გარდაუვალია, როგორც უფლის ნებით დაშვებული გამოცდა (ტანჯვის გზით სულის გამოსაწრთობად), მაგრამ მისგან თავდახსნა ადამიანის თავისუფალი ნების არჩევანია. მწერალს სურს, რომ მკითხველმა დაიჯეროს - თეიმურაზი ამ არჩევანს გააკეთებს.
ზნეობრივი დაცემისა და არარაობად ქცევის პროცესში რწმენის დაკარგვის უდიდეს მნიშვნელობას კარგად იცნობს ქართული ლიტერატურული ტრადიცია. მიხეილ ჯავახიშვილი რომანში წარმოაჩენს, თუ როგორ შლის და ანგრევს ადამიანის მთლიანობას, სიმტკიცესა და ნებას ურწმუნოება. ძველი და ახალი აღთქმიდან მოტანილი ციტატები (ლოცვები, იგავები, მცნებები) ადამიანის ღვთისკენ მისწრაფებას ამხელენ. მწერალი მიგვადევნებინებს თვალს, თუ რა ცვლილებებს იწვევს რწმენა კაცში, როგორ განწმენდს და აამაღლებს. თეიმურაზისთვის რწმენის განახლება „ამოძრავების“ წყარო გახდა, თუმცა მისი „საქმე“ წარმოსახვას არ გასცილდა, მაგრამ მოვლენების საღი შეფასების უნარი მიანიჭა. აქ ყოველი ბიბლიური იგავი თუ სტრიქონი, გმირის გარკვეული სულიერი მდგომარეობის რაგვარობის გამომხატველია.
რომანში ჩართულია თეიმურაზსა და ივანეს შორის გამართული ვრცელი სჯა-ბაასი, რომელიც პუბლიცისტური სიმძაფრით წარმოაჩენს თეიმურაზის სინდისის - „მამხილებელი გონების“ (სულხან-საბა) - შემოტევას, რომლის ნათელში შემოიჭრება თვითკრიტიკისა და თვითდასჯის მამხილებელი პათოსი.
მიხეილ ჯავახიშვილისთვის არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ, უპირველესად, ადამიანი არის მრავალი „მე“-სგან შემდგარი არსება, ამ სხვადასხვა, ხშირად რადიკალურად განსხვავებული „მე“-ებს შორის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს ჭიდილი. ზოგი „მე“ დათრგუნულია, ზოგი გალაღებული. თავის დროზე ფროიდისა და იუნგის ფსიქოანალიზის თეორიებმა დიდი გარდატეხა მოახდინეს ადამიანის შინაგანი სამყაროს შესწავლის საქმეში. მიხეილ ჯავახიშვილმა იცის, რომ ყოველი ადამიანის ბუნებას, ხასიათს, ქცევას განაპირობებს არა მხოლოდ აღზრდა-განათლება თუ საზოგადოებრივი მდგომარეობა, არამედ სისხლიც, რომელიც თაობების ცოდვა-მადლის მატარებელია, საზოგადოდ, გენები და ის არქეტიპები, რომელთა გაცნობიერება ადამიანის ფიქრისა და მოქმედების მოტივაციებს ხსნის.
მიხეილ ჯავახიშვილმა იცოდა, რომ სულიერი მოდუნება გადამდები სენივით იყო და იოლად ედებოდა ხალხის „მჩატე ნაწილს“. „ბიოლოგიური მოდუნება და სულიერ-პოტენციალური გაბერწება“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაემართებოდა ერს, თუ იგი თავის რწმენას დაკარგავდა. აქ იგი კვლავ ილია ჭავჭავაძეს „ხვდება“, რომლისთვისაც მოძრაობა იყო სიცოცხლის არსი. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“, - ამის მიღწევა მხოლოდ მოძრაობით შეიძლებოდა. „ჯაყოს ხიზნების“ პათოსიც მოძრაობაა. მწერალი სახარებასაც ეყრდნობა, რომელიც ტალანტის გამრავლების აუცილებლობას ქადაგებდა ღვთის წყალობის მისაღებად.
მიხეილ ჯავახიშვილი ამ რომანში ქართული ლიტერატურული ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებლად გვევლინება, იმავდროულად, მან საკუთარი გულისა და გონების ქურაში „გადაადნო“ მოპასანის, იბსენისა და ფლობერის გამოცდილება.
იგი სრულყოფილად ფლობს რომანის ხელოვნებას, იცის კომპოზიციის საიდუმლოებანი და მიგნებული აქვს თხრობის იმ რიტმისთვის, რომელიც მთავარი სათქმელის ირგვლივ შემოკრებს მკითხველის ყურადღებას.
მიხეილ ჯავახიშვილი რეალისტია, მაგრამ მისი რეალიზმი განსხვავდება კლასიკურისაგან. როგორც თვითონ ახსნა მოგვიანებით (1927 წ., როდესაც „არიფიონის“ ლიტერატურული ჯგუფი ჩამოაყალიბა). ეს იყო ნეორეალიზმი, რომელსაც თვითონ მწერალი ასე განმარტავდა: „ნეორეალიზმს საფუძვლად უდევს იგივე კლასიკური რეალიზმი შემდეგი განმეორებით, დამატებითა და განმარტებებით: შესწავლა მახლობელ და შორეულ კულტურათა წარსულისა და მისი მხატვრული გამოყენება დღევანდელი ადამიანის გემოვნების მიხედვით.
განუკვეთელი კულტურული მთლიანობა წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა.
შენახვა ჯანსაღი ტრდიციებისა და დაცვა თანამიმდევრობის პრინციპისა.
ხელოვნება ჩვენთვის, ადამიანისთვის, ხალხისათვის.
კულტურა ადამიანისა და ადამიანებისა.
შედუღებული მართალი მშვენიერება და მშვენიერი სიმართლე (ორივე ერთია), ფორმა და შინაარსი (განუყრელია), „ვიცი“ და „არ ვიცი“, ნამდვილი და უჩინარი (პირველი მრავალჯერ სჭარბობს მეორეს).
ნათელობა, მარტივობა, ზომიერება, გულწრფელობა, მთლიანობა.
შეგრძნება და შეგნება ახალი ეპოქის სულისა და მისი მხატვრული ასახვა. ახალი ადამიანი, ახალი სტილი, ხერხები, კომპოზიცია, რითმი, ჰანგი, თემა, თვალი, ლექსიკონი.
მკაცრი დაცვა ქართული ენის ბუნებისა და ლექსიკონისა გადაგვარებისა და ამღვრევისაგან. ბეჯითი შრომა ენის გამდიდრებისათვის და გახალისებისათვის არსებულის სრული გამოყენებით და ახალის ფრთხილი შემოშვებით“.
ნეორეალიზმის აქ ჩამოყალიბებული პრინციპებით არის დაწერილი „ჯაყოს ხიზნები“. ეს იყო, მართლაც, ახალი, ძველისაგან განსხვავებული რეალიზმი, რომელიც გულისხმობდა უპირატესად ეპოქის სულის შეგრძნებას, „მართალი მშვენიერებისა“ და „მშვენიერი სიმართლის“ შერწყმას და რეალურთან ერთად უჩინარის ასახვასაც.
ტექსტის სინათლე, ზომიერება, გულწრფელობა, სიმარტივე და მთლიანობა კი მართლაც გამოარჩევს ამ რომანს.
მიხეილ ჯავახიშვილი შემოქმედებას „გონებისა და გუმანის“ გაუგებარ, იდუმალ შეზავებად თვლიდა. მწერლისათვის კი აუცილებლობად მიაჩნდა ნიჭი, დაკვირვების უნარი, ცოდნა და შრომა. ეს თვისებები მან საქართველოს, როგორც ერთიანი, მატერიალურ-სულიერი სუბსტანციის, დახატვაში გამოიყენა. თეიმურაზის სულიერი დაცემა-გაპარტახებით მწერალი გვიჩვენებს ერის სასიცოცხლო ენერგიის დაშრეტას ახალი რეჟიმის პირობებში.
მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: „ჩვენი წარსული ზოგჯერ მართლა საზარელია. იგი სავსეა შავი ფურცლებით, საზღაპრო საზიზღრობებით, ყოველნაირი ლენცოფა და შხამიანი ბალახი უხვად არის დაბნეული ჩვენს გზაზე. ურთიერთის ჭამა და მუხანათობა, ღალატი და მზაკვრობა, „ყიყვი და ეშმაკი“, მაგრამ ამის გამო ჩვენი წარსულისა და საკუთარი თავის შეფასების დროს საღი მსჯელობის უნარს ნუ დავკარგავთ და უკიდურესობაში ნუ გადავვარდებით. გავიხსენოთ და დავიმახსოვროთ ბუნების ერთი კანონი, რომელსაც ვერავინ გაექცევა. დავრდომილის, დამარცხებულის სხეულში და ტანზედაც მუდამ ჩნდება ათასნაირი შხამიანი ბაცილა, მუწუკი და ჭირი. ჩვენი შინაური რღვევა და აღრევაც, მზაკვრობა და მუხანათობაც, „ყიყვი და ეშმაკიც“ მუდამ შედეგი იყო ჩვენი დამარცხებისა გარეშე მტრისაგან. ძარღვგადაჭრილი, იმედდაკარგული და გამწარებული ორგანიზმი იწყებს საკუთარივე თავის ღრღნას და ჭამას. ამიტომაც მოსდევდა ხოლმე ჩვენს დამარცხებას ანარქია, სიმშილი, ეპიდემია, ზნეობრივი გახრწნა, განდგომა, კონდოტიერობა და დაშლა პროვინციებად... მომეცით ხელში ანგელოზი და, თუ ყოველივე ვიკადრე, ეშმაკად გადავაქცევ. შემდეგ გაანთავისუფლეთ - ისევ ანგელოზად გადაიქცევა, რადგან მისი ბუნება და ხასიათი უცვლელია... ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც სხვები - ყველანი და ჩვენ გვყავს (თუ გვაქვს) ეშმაკიც და ანგელოზიც. ცალთვალა მხოლოდ ერთ-ერთს ჰხედავს. ან მარტო ანგელოზს (რომანტიზმი), ან მხოლოდ ეშმაკს (ნიჰილიზმი, პესიმიზმი). ორთვალა კი ყოველი ხალხის ხასიათსა და ისტორიაში ადვილად აღმოაჩენს ორივეს... ბუნებაში ცარიელი ადგილი არ არსებობს, ამიტომაც ვინც (ერმა თუ პიროვნებამ) თავისი გულიდან ანგელოზი განდევნა ან დაჰკარგა, მან განთავისუფლებული ალაგიც ყიყვსა და ეშმაკს დაუთმო. ხოლო ვისაც მარტო ეშმაკი დარჩა, თვითონაც გაეშმაკდა-გონებითაც, სისხლითაც და სულითაც... მხოლოდ რწმენა და განვითარებული გონება ანსხვავებს მეტყველ ადამიანს ურწმუნო პირუტყვისაგან... ურწმუნოებას ფეხდაფეხ მოსდევს სკეფსისი და ცინიზმი, გარინდება და ნირვანა, ნებისყოფის აბულია და სიკვდილი, ან უფრო უარესიც-ზნეობრივი გახრწნა, ეროვნულ-ფიზიკური დეგენერაცია, ასნაირი ბოროტება, ავაზაკობა და ისევ უსახელო სიკვდილი“ (მიხეილ ჯავახიშვილი, „მასალები ლექსიციისათვის“).
ვფიქრობთ, მიხეილ ჯავახიშვილის წერილის ამ ვრცლად მოტანილ ფრაგმენტში ირეკლება თეიმურაზის ტრაგედიის არსი.
„ვიღუპებით!“ - ჰკივის ხევისთავი და სასოწარკვეთილი უიმედობით იხრჩობა. მისი პესიმიზმი გადადის შავ მელანქოლიაში, ხოლო ასეთი გულის ნაღველი, ლოგიკურად განვითარებული, იქამდე მიდის, რომ ხევისთავი ქართველობას თაკილობს და ბედს შესჩივის - რატომ ინგლისელად, ფრანგად ან გერმანელად არ გამაჩინეო“ (ციტატა მიხეილ ჯავახიშვილის ზემოთ ნახსენები წერილიდან).
რომანში თეიმურაზ ხევისთავის თანდათანობით განძარცვა ხორციელი და სულიერი პატივისაგან (მატერიალური ქონება, ღირსება, სახელი, თავმოყვარეობა) შიშვლად და მწერლის თანაგრძნობის გარეშეა დახატული. ეს არის არა მხოლოდ ხილული, არამედ დაფარული ცოდვების გაჩხრეკა და სააშკარაოზე გამოტანა.
მიხეილ ჯავახიშვილი წერილში „მოპასანი და მისი ცხოვრება“ წერდა: „ძალიან ხშირად მოპასანი ისე არხეინად, ისეთის ღიმილითა და განდგომით გვისურათებს გულის ასამრევსა და პირუტყვულ ამბავს, რომ გულუბრყვილო მკითხველს ჰგონია, ავტორს მოსწონს ეს ამბავი, ეხალისება მისი ჩვენება და უდროოთა და უადგილოდ ოხუნჯობსო, ნამდვილად კი მოპასანი გოგოლივითა და სერვანტესივით ღიმილს უკან ცრემლს მალავს და გულგრილი ირონიის ქურქში ოხვრა და სევდა აქვს გახვეული“. სწორედ ასეთი მწერალია თვითონ მიხეილ ჯავახიშვილი და „ჯაყოს ხიზნების“ მოჩვენებითი გულგრილი ირონიის ქვეშ ოხვრა, სევდა და ცრემლები მოუჩანს.
„ჯაყოს ხიზნების“ სიუჟეტი მარტივია, ამბავი სამი გმირის გარშემო ტრიალებს. თხრობა დინამიურია და არსად არ მდორდება. თვით ვრცელი დიალოგებიც კი არ ანელებენ რიტმს, რაც იმით მიიღწევა, რომ გამუდმებული ცვალებადობა ხდება „ფსიქოლოგიური რიტმისა“, რაც კონტრასტულ განწყობილებათა ურთიერთმონაცვლეობას ექვემდებარება.
მწერალი ხატავს ცხოვრებას, ეპოქის სულს და ადამიანთა ბედს. მან იცის, რომ ადამიანის ყოველი გარეგანი მოქმედება (ქცევა, ჟესტ-მიმიკა, სიტყვა-პასუხი) სულიერ, უხილავ მოძრაობებს ემყარება, ამიტომაც გულდასმით ჩაჰკირკიტებს ყოველი ფიქრის ფესვებს, ჩხრეკს და აანალიზებს.
მხატვრული ნაწარმოების დასაწყისს მწერალი უდიდეს ყურადღებას აქცევდა. მისი აზრით, „ყველაზე უფრო ძნელი მოთხრობის დაწყებაა. დასაწყისი მთელ მოთხრობას აძლევს რიტმს, კოლორიტს, სტილს. უნდილად დაწყებული ამბავი უნდილადვე წავა. ძნელია შემდეგში ცეცხლის გაღვივება. სტილისა და რიტმის შეცვლა ძნელიც არის და სახიფათოც, ამიტომ დიდხანს ვეძებ ხოლმე დასაწყისს“.
„ჯაყოს ხიზნების“ დასაწყისს ბიძგი მისცა ერთმა ანეკდოტმა, რომელიც ინჟინერ ფიდო ყაზბეგს უამბია მისთვის. მწერალი წერილში „როგორ ვმუშაობ“ იგონებს:
„ნაყმევმა თავის კნეინას ძღვენი მიართვა:
- გამარჯობა, ჯაყო!
- კნეინას გახლავარ.
- რასა იქმ, როგორა ხარ?
- ძალიან კარგად ბრძანდები, შენი წირი მე.
- ცოლ-შვილი როგორა გყავს?
- სულ კარგათა ხარ, გენაცვალე.
- რამდენი შვილი გყავს, ჯაყო?
- თორმეტი გყავს, გენაცვალე, მაგ თვალებშია.
- როგორ მოახერხე მაგდენი, ჯაყო?
- მაშა, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! - მიუგო ნაყმევმა
უკანასკნელ სამ სიტყვაში ამაზე მწვავე პილპილი ეყარა. ანეკდოტი ჩემს ხსოვნაში ხუთიოდე წუთზე მეტს ვერ სძლებს, მაგრამ ამ უწმაწურ ანეკდოტს ჯაველი ოსი ჩაეხლართა (დიდი ხნის წინათ მიხეილ ჯავახიშვილს ჯავის ხეობაში უცნაური ვინმე შეხვედრია - ბრგე, ბანჯგვლიანი, ცბიერი, ხარბი. ამავე დროს, მარდი და მოხერხებული - მ.ჯ.) და ამ სახემ ჩემი ხსოვნის ერთ-ერთ კუნჭულში დაიბუდა. კიდევ გავიდა ათიოდე წელიწადი და იგი მოულოდნელად გაცოცხლდა, გაშიშვლდა და თვალწინ წამომეჭრა. აი, ზოგჯერ რა უცნაურად იბადება ტიპი“.
მთელი რომანი წარმოგვიდგება, როგორც ერთი დიდი ასპარეზი ბრძოლისა. ერთი მხრივ, დგას ჯაყო, რომელიც „მხოლოდ მეათე თაობა თუ იქნება მაიმუნისა, პიტეკანტროპოსის მინამგვანი, პირუტყვივით ბნელი და უმეცარი, მიუვალ მთებსა და უღრან ტყეში გაზრდილი. იგი ბნელი ხეობიდან გამოვარდნილი ველურია, რომელმაც პირველად მხოლოდ ათი წლის წინათ დაინახა კრამიტი და დანა-ჩანგალი, საათი და სურათი, საყელო და ცხვირსახოცი“. მეორე მხრივ, თეიმურაზი - „განათლებული, ტვინდიდა, ჭკვიანი, ჯიშიანი, ათიოდე საუკუნის განმავლობაში ბამბა-ფარჩაში ნაზარდი, ნატიფი, ნამუშევარი, ნათელი და დაფერილი“.
თეიმურაზს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ღირსეულად და დაუმორჩილებლად განვლოს ცხოვრება, მაგრამ ყველაფერს კარგავს და ნადირ-კაცის მონა ხდება. მკითხველისთვის მტკივნეულია თეიმურაზის მიერ უკან გადადგმული ყოველი ნაბიჯი, თანაგრძნობა და თანალმობა თანდათან ჯერ სიბრალულში, ხოლო შემდეგ ზიზღში გადაიზრდება.
რომანი რთულია და გარეგან ეფექტებს მოკლებული. იმდენად მიზანმიმართულია მწერლის თითოეული ნაბიჯი, რომ არც თვითონ იხედება განზე და არც მკითხველს აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. აქ ყოველ დეტალს და მის გულდასმით ანალიზს რომანში წარმოდგენილი პრობლემების სრულყოფილი შემეცნებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად პერსონაჟთა სიმცირისა, რომანი მთელ ცხოვრებას მოიცავს.
რომანში ადამიანური ყოფა ხელისგულზეა თითქოს გადმოშლილი. მწერლისთვის არაფერია ყოველდღიურობაში უმნიშვნელო. ადამიანის გადადგმულ ყოველ ნაბიჯს, ნაფიქრს თავისი გამოძახილი აქვს. აქ ხშირად გამადიდებელი ლუპით არის წარმოჩენილი თვალისთვის უხილავი მოყრაობები. მწერლის გამახვილებული ხედვა, სმენა გულისა ყველაფერს ამჩნევს, უმსგავსსა და სამარცხვინოსაც დაწვრილებით აღწერს და არაფერს არ ალამაზებს, არ ჩქმალავს.
რომანის საერთო ფონი ბნელია. აქ არ ჩანან ძლიერი ნების ადამიანები, თავისუფლებისათვის სიცოცხლის გაწირვა რომ შეუძლიათ. მწერალს მკითხველის გამოფხიზლება სურს და არა მისი მოდუნება.
აკაკი ბაქრაძემ წერილში „მოუხმარელი ანუ ტრაგიკული თავისუფლება“ ზუსტად და ნათლად წარმოაჩინა რომანის უპირველესი საკითხები. მისი აზრით, ჯაყოს თავგადასავალში მიხეილ ჯავახიშვილმა ჯაყოობის, როგორც გარკვეული მოვლენის არსი ახსნა და მისი ყოველი ნიშანი გვიჩვენა. ჯაყოობა გულისხმობს: უპრინციპობას, ძალადობას, უღირსობას, მოქნილობასა და გაიძვერობას, მოჩვენებითობას, ხალხის სახელით ლაპარაკს, ნიღბოსნობას, სხვის დაუნდობელ ყვლეფას, სხვისი ქონების თავხედურად დაპატრონებას, უმადურობას, უმეცრებას, უკანონობას.
ჯაყოობა, შეიძლება, გავიაზროთ, როგორც ადამიანის არსებაში ხორციელი საწყისის გააქტიურებაც, რომელიც სპობს და ანადგურებს სულიერებას, უმანკოებასა და სინათლეს.
ამის კვალდაკვალ, თეიმურაზობა პასიურობასა და მორჩილებას, ბოროტებისადმი წინააღმდეგობის უუნარობას გულისხმობს.
აკაკი ბაქრაძემ მარგოს თავგადასავალში თავისუფალი ადამიანის მონად გადაქცევის პროცესი დაინახა და ეტაპებად წარმოადგინა ეს რთული, ხშირად გაუცნობიერებელი მოვლენა. პირველ ეტაპზე ადამიანი დამცირებას პროტესტით პასუხობს, შემდეგ საკუთარი უძლურების შეგრძნება უჩნდება და მორჩილდება. ურემზე მომხდარი ძალადობა და მარგოს ფიქრები კარგად ამხელენ შეურცხყოფილი ადამიანის მდგომარეობას. მარგომ ვერ გაუმხილა თეიმურაზს ეს ამბავი, ასე რომ, მარტო დარჩა თავის ცოდვასა და გასაჭირში და მისი დაცემაც გაგრძელდა, მაგრამ მალე თავისუფლება სრულიად დაკარგა. როგორც აკაკი ბაქრაძე წერს, ადამიანის ზნეობრივი დაცემა მისი სოციალური მონობით დასრულდა.
ასე გადაიზრდება კონკრეტული ადამიანის ბედი ცხოვრების უნივერსალურ კანონში. მარგოსთან არის დაკავშირებული სიწმინდე და ამაღლებულობა. მისი დაკარგვით თეიმურაზი სიცოცხლის აზრს კარგავს და არარაობად გადაიქცევა. აკაკი ბაქრაძის აზრით, უმწეო ალტრუიზმი (თეიმურაზი) და პასიურობა (მარგო) უნაყოფოა, ამიტომაც არ შეეძინებათ თეიმურაზსა და მარგოს შვილი, ხოლო მოძალადე მიზანთროპია (ჯაყო) და პასიურობა (მარგო) კი ნაყოფიერია.
„ჯაყოს ხიზნებისადმი“ ინტერესი განსაკუთრებით 80-იან წლებში გამძაფრდა. სწორედ ამ დროს გამოქვეყნდა რამდენიმე საგულისხმო წერილი, მათ შორის, თამაზ ვასაძის „იდეა და ხასიათი“. კრიტიკოსის აზრით, „ჯაყოს ხიზნების“ პერსონაჟები, უწინარესად, თეიმურაზი, იდეა-ხასიათები არიან და სწორედ ამის გამო, ამის წყალობითაა, რომ თვითონ მათაც და მთლიანად ნაწარმოებსაც სიმბოლური გამომხატველობა ენიჭება. იდეა-ხასიათი გულისხმობს, რომ პერსონაჟს აქვს შეხედულებათა გარკვეული სისტემა, იდეოლოგია, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც ხასიათი, თავადაა იმავე იდეოლოგიის გრძნობადი განსხეულება და ხელშესახები განსახიერება. თეიმურაზის იდეას ჯაბნის და ანადგურებს ჯაყოს იდეა. კრიტიკოსი ასკვნის, რომ თეიმურაზის იდეოლოგია - ეს არის განმანათლებლური, ლიბერალურ-ბურჟუაზიული, უტოპიზმის ელემენტებით შეზავებული და რომ საქართველოში ეს იდეოლოგია გაკოტრდა.
რომანის სამი მთავარი პერსონაჟი ქმნის სამ ურთიერთგანსხვავებულ რეალურსა და სიმბოლურ პლანს. მათი გამოწვლილვით ანალიზი წარმოაჩენს როგორც ცხოვრების საზოგადო კანონებს, ასევე ადამიანის ბუნების თავისებურებებს.
მიხეილ ჯავახიშვილი რომანში ერთგან წერს: „ქართული კალამი... ორეულია გოლგოთის ჯვრისა, ხოლო მისი პატრონი ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს“. ამ სიტყვების ჭეშმარიტება მწერალმა თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით დაამტკიცა.
![]() |
5 პიროვნული კულტურა კრიზისის ფონზე (თეიმურაზ ხევისთავის სახის გააზრებისათვის) |
▲back to top |
მაკო ჯანჯიბუხაშვილი
„ჯაყოს ხიზნები“ მიხეილ ჯავახიშვილს თავისი ქვეყნის უმძიმესმა კრიზისმა დააწერინა. რომანში ისტორიული ფაქტების კონსტატაციასაც ვხვდებით და მათს ღრმა ანალიზსაც. ვგულისხმობთ, რომ იგი ასახავს მე-20 ს-ის 20-30-იან წლებში შექმნილ საზოგადოებრივ-კულტურულ მდგომარეობას და, ამავე დროს, მსჯავრიც გამოაქვს ასახული მოვლენებისადმი.
რომანში რეალისტური ხერხებით არის დახატული ის ფონი, სადაც სამოქმედოდ გამოჩნდება თეიმურაზ ხევისთავი, არა მხოლოდ როგორც განსაქიქებელი და „კრიტიკის ქარცეცხლში გასატარებელი“ პერსონაჟი, არამედ ადამიანი, რომელიც მოდის თავისი დატვირთული წარსულით (გვარიშვილობა, ადგილ-მამული, განათლება), ცდილობს ცხოვრებასთან დიალოგის გაბმას, ვერ ხედავს აწმყოს რეალურ სურათს თავისი დაღლილი, „ბეცი თვალებით“, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც, კარგავს ყველაფერს, რაც კარგვადია და ღატაკი, უპოვარი, ხიზანი საკუთარ მამულში, აღმოაჩენს მარადიულ, წარუვალ, გაძრცვილ მშვენიერებას, რომლის ერთადერთი პატრონი თავად არის.
მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი თუ კულტურული მდგომარეობის ფრიადი მცოდნე, გამოწვლილვით აღწერს და აჩვენებს მიზეზებს, რაც ერის დაცემასა და მის სახიფათო მომავალს განსაზღვრავს, მაგრამ, ამავე დროს, მოვლენათა მიღმა ის ზოგადი კანონზომიერებებიც იკითხება, რომელთა წინაშე ადამიანი უმეტესწილად უძლურია. სწორედ ასეთი ორმაგი ხედვა განაპირობებს, რომ მთავარი პერსონაჟი, რომლის სახეც სატირული ხერხებით არის დახატული და, შესაბამისად, მკითხველში უარყოფით განცდებს აღძრავს, განსხვავებით მთელი რომანის მანძილზე მისდამი ჩამოყალიბებული შეხედულებისა, ფინალში სრულიად სხვაგვარ დატვირთვას იძენს, ანტიგმირი ლამის გმირადაც კი იქცეს.
თავისთავად ცხადია, თეიმურაზ ხევისთავის სახის ამგვარ გააზრებას მწერლის მსოფლხედვა უდევს საფუძვლად, რაც ქრისტიანულ ფილოსოფიას ემყარება და ამ ხედვაზე დაყრდნობით შესაძლებელია უკიდურეს სულიერ-ხორციელ დაცემას პიროვნების აღდგენა მოჰყვეს.
რომანში ნაჩვენებია თეიმურაზ ხევისთავის უკიდურესი კრიზისული მდგომარეობა. იგი განათლებულია, მცოდნეა, მაგრამ მისი ცოდნა უნიადაგოა, აღარავის ჭირდება, ამიტომ ვეღარ პოულობს ადგილს ქალაქში და ნელი-ნელ კარგავს სულიერ თუ მატერიალურ, კულტურულ მონაპოვნებს. საგვარეულო განძს, თავის უსაყვარლეს წიგნებს და ბოლოს, ქალაქშივე უუცხოვდება თავის ერთადერთ მეგობარს მარგოს, რომელიც, შეიძლება ითქვას, კრებითი სახეა ზოგადად ფასეულობათა და სწორედ ამ დროს, როდესაც ქალაქში კრიზისი ახრჩობს თეიმურაზს, ჯაყო ჯივაშვილი - წინააღმდეგობის ხორცშესხმული ხატება - თეიმურაზს უბიძგებს თავისი კერისკენ, მხოლოდ, ხიზანის მდგომარეობით.
ბჭობს რა მარგოსთან ნაშინდარში დაბრუნების ავ-კარგიანობაზე, თეიმურაზი ვარაუდობს უცნაურ მომავალს. „იქნებ სწორედ იქ მოხდეს გარდატეხა, იქ გადაიშალოს ჩვენი ოჯახის ისტორიის ახალი ფურცელი“. მკითხველი ნაშინდარში იხილავს თეიმურაზისა და, საერთოდ, მისი ოჯახის საზარელ „გარდატეხას“, მაგრამ არც ის რჩება შეუმჩნეველი, რომ კრიზისი ორმაგ ბუნებას ავლენს. ნაშინდარი არის სივრცე, სადაც თეიმურაზი დაცემით, თვითგთვემით და თვითჩაღრმავებით რწმენას მოიპოვებს.
კრიზისის ბუნებაზე საუბრისას რენე გენონი ყურადღებას აპყრობს თავად ამ სიტყვის ეტიმოლოგიას. კრიზისი ერთგვარი სინონიმია სიტყვებისა: „განსჯა“, „გარჩევა“ და ასეთ დროს ადამიანები (ანდა, ზოგადად, ერები) ფიქრდებიან ისეთ მოვლენებზე, რომელნიც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, სრულიად იგნორირებული ყოფილიყო.
ნაშინდარში იკვეთება ჯვარცმის, გოლგოთის მოტივები და ცხადად ჩანს, რომ მიხეილ ჯავახიშვილის დამოკიდებულება ტრაგიკული მოვლენებისადმი საოცრად ემთხვევა საუკუნის დასაწყისის ქრისტიან ფილოსოფოსთა შეხედულებებს. „ტრაგიკული ისტორიული მოვლენები, არეულობები და უბედურებები იმისათვის გადაგვხდება თავს, რათა გავიხსენოთ ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლება და საკუთარ თავში მოვიყიოთ სულიერი სიღრმე იმ მხრივ, რომ აქედან წარვმართოთ ჩვენი აღორძინება თავისუფლად, ვაჟკაცურად და აქტიურად და, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, თუ რა დავკარგეთ. უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე კაცობრიობა ცდილობდა შეექმნა კულტურა რწმენის, გულის, ჭვრეტისა და სინდისის გარეშე და ახლა ეს კულტურა ავლენს თავის უძლურებას და განიცდის რღვევას“ (И. Ильин, „Путь к очевидности“).
თეიმურაზის მსჯელობები ამგვარ ადამიანს ამხელს (სკეპტიკოსს, ნიჰილისტს), ამიტომაც, მიუხედავად იმ შემზარავი დაცემებისა (უძლურება, პიროვნული ღირსების დაკარგვა, მონური მორჩილება, რასაც წინ უძღვის უმწეო ამბოხი), ნაშინდარში იმსხვრევა ძველი თეიმურაზი, გახლეჩილი პიროვნება, რომლის ცოდნა და გულისთქმა ერთმანეთს ებრძვის და ამ თვალსაზრისით შესანიშნავად არის მოცემული კრიზისის, როგორც უკიდურესი სულიერი თუ მატერიალური სივიწროვის პოზიტიური მნიშვნელობა. ის ტანჯვები, ის „მწარე სასუმელი“, რაც ცხოვრებამ უხვად შეასვა დამდნარ ნაკაცარს, ჩრჩილს, წიგნის ჭიას, ამავე დროს, ერთადერთ საშუალებად აღიქმება უკიდურესი სულიერი სიცარიელის დასაძლევად, რადგანაც „ტანჯვა არის ჭეშმარიტი და მძლავრი რეალობა“. ამ რეალობას მანამდე თამაშად აღიქვამდა თეიმურაზ ხევისთავი. როგორც თვითონ ამბობს. „კმარა ესოდენი ფუტურო სიტყვა და ავი ოცნება. კმარა! ხალხი დავახრჩეთ სიტყვების ზღვაში“. ნაშინდარში დაბრუნებული ნელ-ნელა ივიწყებს ფუტურო სიტყვებს და დიალოგებში ავლენს საკუთარი ტანჯვის მიზეზებს.
რომანში მძაფრად გაისმის სიახლის ძიების, ახალი ადამიანის, ახალი ცხოვრების, ახალი წესრიგის მოთხოვნები, რაც კონკრეტულმა ისტორიულმა დრომაც განაპირობა და, ამავე დროს, აუცილებელი გახდა ამ სიახლის სწორი, მიუკერძოებელი შეფასება, რადგანაც ხშირად არაობიექტურად ხდებოდა ამ მოვლენების ანალიზი, იმის მიხედვით, თუ „რომელ ნაპირზე“ იდგა თავად მწერალი თუ მოაზროვნე.
ერთი შეხედვით ძნელია, სატირის ბასრი იარაღით გამოკვეთილი ხევისთავის სახეში მომავლის ადამიანი დავინახოთ, მაგრამ, როგორც წესი, ამ დიდ კოლიზიებში (რასაც ვხედავთ თეიმურაზის სულიერ განცდებში), უნდა იშვას ახალი, ჭეშმარიტად ფასეული სულიერი მონაპოვარი, რადგან თეიმურაზი სვამს მარადიულ კითხვებს და პერსონაჟის სულიერი გრადაცია ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გულისხმობს.
„რა არის ჭეშმარიტება?
სად არს სამართალი?
რაი არს ცხოვრება ესე?“
მათი პასუხები კი ადამიანის სულში უნდა იშვას, როგორც პირმშო, როგორც გამართლება სულიერი ყოფიერებისა.
ისიც აღსანიშნავია, რომ გონებას არ ძალუძს მათი ამოხსნა.
„რა არის ჭეშმარიტება?“ - კითხულობს სამყაროს უდიდესი მისტერიის უშუალო მონაწილე, რომის პროკურატორი და „თვალწინ უდგას“ ჭეშმარიტება. შესანიშნავადაა ეს კითხვა გაგრძელებული ბულგაკოვის მიერ: „რა არის ჭეშმარიტება“ - თქვა ეს პროკურატორმა და უმალვე გაიფიქრა: „ო, ღმერთებო, ისეთ რაღაცას ვეკითხები, რაც სასამართლოზე საკითხავი არ არის... გონება აღარ მემორჩილება“. ჭეშმარიტების წინაშე გონება უძლურია, აქ იგი „ვიღაც სხვას“ უთმობს ასპარეზს.
ნახუცარ ივანესთან საუბარში თეიმურაზი აღიარებს, რომ მასში რწმენის სული ჩაკლულია, რომ გონება ცოდნისკენ მიუწევს, გული კი რწმენისკენ და ამით ეპოქის სატკივარს გამოხატავს. მაგრამ ამავე დროს ეს აღიარება საკუთარი გაორებისა მასში იწვევს იმგვარი სულიერი ძალების აღორძინებას, რამაც უნდა მოკლას წარმავალი, დროითი და შვას მარადიული.
კლასიკურ განმარტებას გვაძლევს ამ მხრივ ნ. ბერდიაევი.
„მხოლოდ ხელახალი დაბადება, სულიერი ადამიანის დაბადება, რომელიც ადრე თვლემდა და ჩახშული იყო, არის ნამდვილი მოვლინება ახალი ადამიანისა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ძველ ადამიანზე გამარჯვებით. მაგრამ საიდუმლო კაცობრიული არსებობისა გულისხმობს განვითარების სუბიექტს. არ არსებობს განვითარება იმის გარეშე, რაც ან ვინც ვითარდება“ და აქვე მსჯავრს გამოუტანს იმ ცრუ იდეოლოგებს, რომელნიც ღვთიბოძებულ წესრიგს ცრუ მრწამსით არღვევენ, თითქოს შესაძლებელი იყოს მხოლოდ უტილიტარულ მისწრაფებებზე დაყრდნობით ახალ ფასეულობათა შექმნა. „ახალი ადამიანის დაბადება თითქმის შეუძლებელია რევოლუციის გზით, რადგან რევოლუცია არის ბედისწერის პირმშო და არა თავისუფლებისა“. ის, რაც ასეთ დროს ამოტივტივდება, ვერ იქნება კულტურის მსაზღვრელი, ვინაიდან კულტურა თავისუფალ შემოქმედებას გულისხმობს. რომანში ამგვარი ნიადაგი თეიმურაზ ხევისთავის, როგორც წარსულით დატვირთული სულიერი ფენომენის სახეში არსებობს. მწერალს ნაკლებად აინტერესებს დროის მიერ ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივებულ ადამიანთა ბედი, რადგან ისინი შემთხვევამ დააყენა აქ და შემთხვევა შეუცვლის ადგილს. მთავარი ის არის, რომ უკიდურესი კრიზისის ჟამს დროებისგან წელში მოხრილი არისტოკრატი თეიმურაზ ხევისთავი, რომელსაც „დაშლია“ თავისი „ცოცხალი ხატი“, სავსება, იწყებს საკუთარი სულიერი ძალების კულტივირებას, რაც ზოგადად თვითშემეცნებაში ვლინდება.
„ყველაზე ძლიერად ეს მოწოდება საკუთარი თავისადმი („შეიცან თავი შენი!“) გაისმის მაშინ, როდესაც ადამიანს ანდა ხალხს ემუქრება საფრთხე, როდესაც კულტურას ემუქრება დაცემა... ასე იყო სოკრა სოკრატესა და პლატონის ხანაში, ასე იყო რომის ცივილიზაციის დაღმასვლისას და ა.შ. ისტორიის იგივე რიტმი, იგივე დიალექტიკა შეიმჩნევა ჩვენს ეპოქაში, ყოველმხრივი კრიზისის პირობებში კვლავ დაისვა თვითშემეცნების პრობლემა საკაცობრიო სულის ყველა სფეროში“ (ბ. ვიშესლავცევი).
ნიშანდობლივია, რომ თეიმურაზ ხევისთავში ინგრევა ის „სულიერი მონაპოვარი“, რაც წინა საუკუნის (XIX ს.) ნიჰილისტურმა აზროვნებამ „უწყალობა“ („ღმერთი არ მწამს, მაგრამ ქრისტე მაინც ღმერთკაცი იყო“ - თეიმურაზის ეს სიტყვები ნიცშეს პერიფრაზია) და აღორძინდება ტრადიციული სული, რაც აბრუნებს მას თავის ძირებთან და ეს უკვე თეიმურაზის კულტურული მონაპოვარია. შეიძლება ითქვას, თეიმურაზი შემოქმედია თავისი სულისა.
„ჯაყოს ხიზნები“ თეიმურაზ ხევისთავის პიროვნული კულტურის ჩამოყალიბების გზად გვესახება, თუ პიროვნულ კულტურას შევხედავთ, როგორც თვითშემეცნების შედეგად მოპოვებულ მდგომარეობას, რასაც წინ უძღვის დიდი სულიერი კატაკლიზმები.
რომ არა მწერლის ამგვარი მრწამსი, თეიმურაზ ხევისთავი რწმენაში კი არ ჰპოვებდა ხსნას, არამედ რეალურ-ისტორიული და ყოფითი სინამდვილე საბოლოოდ ჩაკლავდა მასში ღვთისკენ მიმართულ მზერას. მომლოდინე თეიმურაზი კი, ბუნებითი პატრონი ქვეყნისა, გზას აგრძელებს ისევე, როგორც ზოგადად ერის სული, რომელსაც სიკვდილი არ უწერია.
ახალი ადამიანის დაბადების პრობლემა დღესაც მეტად აქტუალურია, მით უმეტეს, რომ კრიზისი მთელი მისი განშტოებებით აქტიურ ფაზაშია. ადამიანი და მთლიანად ერი განიცდის შემაშფოთებელ შიშს არსებობის წინაშე, თავისი მაღალი მისიის ხელახალ გადასინჯვასაც ახდენს. ეგებ აქ უნდა დამთავრდეს ყოველივე, ჩემში?! ეგებ ოდინდელი მოწოდების („შეიცან თავი შენი!“) არსი ამოწურულია, ეგებ მხოლოდ ფიზიკური გადარჩენაა მთავარი და ამიტომაც „ყველაფერი ნებადართულია“?! ეს მაცდური კითხვა-პასუხებია და ამ საფრთხის წინაშე ყოველთვის თრთოდა ზნეობრივი ადამიანი, მაგრამ რაკიღა სამყაროს ძირეული მოდელები არ შეცვლილა და ამაღლების მოდელი წარმავალის დათმობაზე შენდება, უნდა ვიგულვოთ, რომ კრიზისს ის გაუძლებს, ვინც ცხოვრების შოლტების ცემისაგან წელში მოხრილი ამაყად იტყვის: „მე მომღუნეს, შეიძლება მომტეხონ, მაგრამ ვერასოდეს დამიმორჩილებენ!“, „რაც მოსავალია, მოვიდეს!“; „ორგულობა და ორპირობა არ შემიძლიან!“, „მე ბავშვს ისეთ რამეს ვერ ვასწავლი, რაც მე თვითონ არა მწამს“.
ხოლო სულიერი არისტოკრატიზმით განბრძნობილი ამასაც დასძენს: „ჯაყო უბრალო შემთხვევაა და ჩემს უბედურებაში ბრალი არ მიუძღვის“ (ამ დასკვნამდე მიდის თეიმურაზი მას შემდეგ, საბოლოოდ ჩაუღრმავდება რა მარგოს დაკარგვის მიზეზებს).
მომავლის კონტურები მხოლოდ თვითჩაღრმავების შემდეგ ესახება თეიმურაზს. „ვნახე, განვიცადე, მწამდა, ვტიროდი“ - კედელზე აწერენ მარგო ყაფლანიშვილი და თეიმურაზ ხევისთავი და ამით თავიანთი სულიერი მონაპოვრის ფიქსაციას ახდენენ. ისინი მარადიულ ადამიანებად იქცევიან, რადგან მათი მსაზღვრელი წმინდა გულია და არა გონება, რომელსაც ჭეშმარიტების წვდომა არ ძალუძს.
მხოლოდ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ ჯავახიშვილის რომანი უპირველესად ეროვნულ ტრაგედიას აღწერს და ამ მდგომარეობის დაძლევას ისახავს მიზნად, ამიტომ ქვეყნის პატრონის თეიმურაზ ხევისთავის პიროვნული გამთლიანება იმ დანაკარგის დაბრუნებასაც გულისხმობს, რაც მას ეკუთვნის - იგი კვლავ ხევისთავთა საგვარეულო სასახლეში ცხოვრობს და რწმენით სავსე ელოდება მარგოს.
„კიდობანში ძველი ხატი აქვს დამალული. იმ ხატს კუთხეში დაასვენებს, სანთელს აუნთებს და პირქვე დაემხობა. მეტანიით, სასოებით და ცრემლით ლოცულობს თეიმურაზ ხევისთავი...
...ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს. ისევ დაყუდებული შიო მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი“.
ამიტომ სავსებით გასაგებია, რას გულისხმობს მიხეილ ჯავახიშვილი, როდესაც წერს: „უცნაურია, ყველაზე მეტი დავა „ჯაყოს ხიზნებმა“ გამოიწვია, მაგრამ ყველაზე მეტი სიხარულიც ამ რომანის დასრულებამ მაგრძნობინა. იმ დღეს ნამდვილად ბალღად გადავიქეცი, რომელსაც გაუძლისი ბედნიერება დაატყდა. ვეღარც მე ვცნობდი ჩემს თავს და ვეღარც ჩემი ცოლ-შვილი მცნობდა“.
რომანის ამგვარი ფინალი კი მკითხველსაც უღვივებს რწმენას, რომ კრიზისიდან თავის დახსნა შესაძლებელია, თუ ადამიანი ანდა მთლიანად ერი შეიმეცნებს თავის შეცდომებს და შეცოდებებს.
![]() |
6 ურწმუნო სულის დრამა მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებისა“ და „ცოფიანის“ მიხედვით |
▲back to top |
მედეა გიორგიშვილი
„ბუნებაში ცარიელი ადგილი არ არსებობს, ამიტომ ვინც (ერმა თუ პიროვნებამ) თავისი გულიდან ანგელოზი განდევნა ან დაჰკარგა, მან განთავისუფლებული ალაგიც ყიყვსა და ეშმაკს დაუთმო. ხოლო ვისაც მარტო ეშმაკი დარჩა, თვითონაც გაეშმაკდა - გონებითაც, სისხლითაც და სულითაც... მხოლოდ რწმენა და განვითარებული გონება ანსხვავებს მეტყველ ადამიანს ურწმუნო პირუტყვისაგან. სულის ურწმუნოებას ისევ სატანიზმი სჯობია“... - წერს მიხეილ ჯავახიშვილი წერილში „მასალები ლექსციისათვის“. ამ სიტყვებით ცხადი ხდება, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მწერალი რწმენას პიროვნებისა თუ ერის ცხოვრებაში. ურწმუნოება ქმნის თეიმურაზ ხევისთავის უბედურებას. მისი ცარიელი გული შავად ჩაღამებულა, ურწმუნო სულს კი ხევისთავის პიროვნული მთლიანობა, სიმტკიცე და უტეხი ნება დაუშლია, მისი სიტყვა ფუტუროა, ცხოვრება - ბერწი, ამიტომ სიცოცხლე „ლეკვის აყროლებულ ლეშივით კისერზე ჩამოეკიდა“ და სულის მშვიდობაც დაკარგა. „ძაღლის მძორის ჩამოსაგლეჯად და მისი მყრალი სუნის გასაქარწყლებლად“ თეიმურაზი ბიბლიას მიმართავს. რომანში მწერალი ხშირად მოიხმობს ციტატებს ძველი და ახალი აღთქმიდან. ბიბლიური მცნებებითა და იგავებით მიხეილ ჯავახიშვილი თეიმურაზ ხევისთავის სულიერ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს. ღვთისკენ მისწრაფებაში თეიმურაზს გონება უშლის ხელს. განათლებულმა თეიმურაზმა ცოდნა და რწმენა ვერ მოარიგა: „რწმენისა და ურწმუნოების ორღობეში გავიჩხირედა ვერც რწმენის სათავესთან გავედი, ვეღარც უკან დავბრუნდი“ - ჩივის თეიმურაზ ხევისთავი და თავისი გათელილი კაცობისა და დანგრეული ცხოვრების მიზეზს ქართველად დაბადებაში ეძებს. უნიათო თეიმურაზი გაუცხოებულია საკუთარ მამულში. „მეც ემიგრანტი ვარ, ემიგრანტი ჩემივე ქვეყანაში, უცხოელი ჩემივე მოძმეთა შორის“ - მოსთქვამს ხევისთავთა ამაყი გვარის უკანასკნელი ნაშიერი და ვერ აცნობიერებს, რომ მისი უბედურების მიზეზი მასშივეა. თეიმურაზის თვალწინ ეჯახება ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება. ის, თავისი პასიურობითა და მონური მორჩილებით, წინააღმდეგობას არ უწევს ბოროტებას, ეს უკანასკნელი იმარჯვებს და დროებით ხელთ იგდებს სიწმინდესა და მშვენიერებას.
თეიმურაზი ყველაფერზე ხელჩაქნეულია. მისი აზრით, „ღმერთი მხოლოდ ძლიერთათვის სცდილობს და მხოლოდ მათზე ჰზრუნავს“. ამ „მსოფლიო მოქალაქეს“ შორეული ქვეყნების ბედი აღელვებს, საკუთარ ოჯახს კი ვერ უვლის, ვერც მამაპაპეულ მამულს პატრონობს. ქართლის ბედს დასტირის, მის შემცირებას დარდობს და არაფერს აკეთებს ხევისთავთა სახელოვანი წარსულის გასაგრძელებლად. თეიმურაზ ხევისთავის თვალწინ გათამაშდა მისი გვარის აღსასრულის მისტერია. ხევისთავთა ნასახლარში აქა-იქაა მიმოფანტული განთქმული საგვარეულო იარაღი: ორპირი ლახვარი, ხელშუბები, სიათა, ფრანგული, გორდა... ერთ დროს მრისხანე იარაღს ჯაყოს ხელში ფუნქცია შესცვლია, ზოგი „ხარიხებად გადაეკეთებინათ და ზედ აკიდოებით ჩამოეკიდნათ, ფიჩხსა და წნელს გორდა ხმლით სჭრიდნენ, ფარები ჭურებსა და კასრებისთვის დაუფარებიათ“. თეიმურაზის მამის სურათი ხონჩად არის გამოყენებული. ასეთი შემზარავი შედეგი მოაქვს ურწმუნო, სკეპსისით გულშეჭმული კაცის პასიურობას. მტრად მოსული მოყვარე, გუშინ რომ შენი ხიზანი იყო, სახლს გაგიუცხოებს: ჯერ ოჯახს წაგართმევს, შემდეგ - სამშობლოს და ხიზნად გაქცევს საკუთარ სახლში.
თეიმურაზი გრძნობს, რომ წიგნმა წარუტაცა რწმენის სული და მეცნიერებამ დააწყვიტა „უფლისამდე ასაფრენი ფრთები“, „ცოდნისა და იჭვის ჭიამ ისე დაუღრღნა და გამოუფიტა სული, რომ ნივთიერ ქვეყანას ერთი გოჯითაც ვერ მოსწყდა“. ის მუდამ სხვისი მოიმედეა, არც თავისი ცხოვრების შეცვლას ცდილობს და არც ქვეყნის ბედზე ზრუნავს. საგვარეულო კოშკიდან მაცდუნებელ ნისლიან დასავლეთს გასცქერის და იმედი აქვს, რომ იქიდან მოვა განათლება, თავისუფლება, მშვიდობა. ჩრდილოეთიდან წამოსულ სუსხსაც გრძნობს, მაგრამ არაფერს აკეთებს ამ სუსხის გასანელებლად.
მიხეილ ჯავახიშვილი გენიალური სიმარტივით შეგვახსენებს ქრესტომათიულ ჭეშმარიტებას: ქართველი კაცისთვის რწმენა და მამული რეალობაში ერთ სიბრტყეზე იდგა ყოველთვის. ურწმუნოებით დაბრმავებული კაცი ღვთიურ მადლს კარგავს და სიცოცხლე გაუსაძლის ტვირთად ექცევა. ასეთი სასოწარკვეთილი, უპასუხისმგებლო ადამიანი, რომელიც არად აგდებს თავის სიცოცხლეს, ვერ მოუვლის, ვერ უპატრონებს ვერც საკუთარ ოჯახს და ვერც სამშობლოს.
ურწმუნო სულის დრამა ტრაგედიად იქცევა მოთხრობა „ცოფიანში“. ეს მოთხრობა 1926 წლის შემდეგ აღარ დაბეჭდილა. იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული მენტალიტეტისთვის მიუღებელია სისხლის აღრევის ის უმძიმესი ცოდვა, რაც ხირჩლა ჯიხალაურის ოჯახში დატრიალდა. რატომ აირჩია მწერალმა ასეთი თემა? რა არის მოთხრობის უმთავრესი საზრისი და რის თქმა უნდოდა მწერალს მკითხველისათვის?
20-იან წლებში საქართველოში დატრიალებული ტრაგიკული ამბების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნებულ მოთხრობებში წარმოჩენილი მიხეილ ჯავახიშვილის მწერლური სახე. მხოლოდ მწერლობა, ესთეტობა დიდ ფუფუნებად მიიჩნია ქართველი მწერლისათვის. მისი ნაწარმოებები გაიჟღინთა ეროვნული ტკივილით, ღრმა სიმბოლურობითა და რთული მეტაფორული ქვეტექსტებით დაიტვირთა. არც „ცოფიანია“ ერთგანზომილებიანი ნაწარმოები. მასში ჩანს ჯავახიშვილის ძირითადი შემოქმედებითი კონცეფცია - ბოროტება აუცილებლად დაისჯება, ესაა ბედისწერის სამართალი. მაგრამ ვფიქრობთ, ნაწარმოები მხოლოდ ამის სათქმელად არ დაწერილა. ხირჩლას ვაჟი ძაღლიკა უცხოთაგან თავსმოხვეული სამხედრო ბეგარიდან სრულიად შეცვლილი, გაუცხოებული დაბრუნდა. „ქალაქიდან ძაღლიკას მაგივრად თითქო უცხო ვინმე მოვიდაო. ლაზღანდარა, თავღორა, მოუხეშავი, ურჩი, კადნიერი და ულაგმო“. მან თავისუფლად ააყირავა ისეთი ტრადიციული ღირებულებების საზოგადოება, როგორც ხევსურების საზოგადოებაა. ძაღლიკას რწმენა დაუკარგავს, ხევისბერს ეურჩება და დასცინის, „ხევსურული ნირი“ აღარა აქვს. როცა ხევსურები ძველ ადათებს ასრულებენ, ის იცინის, წმინდანებს მასხრად იგდებს. მწერალი საგანგებოდ უსვამს ხაზს, რომ ძაღლიკას გადაგვარება მისი ურწმუნოებიდან მოდის. ის „შხამიან მორიელად“ იქცა და უცხოდ გრძნობს თავს მშობლიურ სოფელში, მეზობლებიც გაურბიან. სამხედრო ბეგარიდან ძაღლიკა გადაგვარებული ზნეობით, უცხო ღირებულებებით დაბრუნდა. მისთვის აღარ არსებობს არც ოჯახური სიწმინდე, აღარც ტრადიციები. ის მიდის ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ, რაც მომავალში ეროვნული სახის გაქრობას გამოიწვევს. ეს არის, ჩვენი აზრით, „ცოფიანის“ დიდი სატკივარი და მთავარი სათქმელი.
თუ თეიმურაზ ხევისთავის ურწმუნოების ძირები განმანათლებლურ უტოპიზმშია, ძაღლიკას ურწმუნოება მისი გაუნათლებლობიდან მოდის. ორივე შემთხვევაში თავსმოხვეულია და ძალიან საშიში. თეიმურაზი თავისი პასიურობით შლის ერის წარსულს, უარყოფს აწმყოს და ვერ ქმნის მომავალს. ძაღლიკა, პირიქით, თავისი უზნეო აქტივობით ანადგურებს და ანგრევს ტრადიციულ ქართულ საზოგადოებას. პირველიც და მეორეც დიდი საფრთხეა ეროვნული ენერგიისთვის, შედეგი საშინელი იქნება: ეროვნული დაცემა და გადაგვარება. ამიტომ ძაღლიკას უზნეობა უნდა მოისპოს. „ჯაყოს ხიზნების“ ფინალში ძველ ხატთან სასოებით მლოცველი თეიმურაზ ხევისთავი რწმენისკენ ისწრაფვის. გზა ნაპოვნია - მხოლოდ სულიერად მტკიცე, ზნესრულ ადამიანს შეუძლია ერის გათავისუფლებისათვის ბრძოლა. გავიხსენოთ დიდი წინაპარი და ვუერთგულოთ „ჩვეულებისამებრ მამულისა სვლას“. აქ არის ხსნა, ძალიან ტრადიციული და ჩვენგან დავიწყებული.
მიხეილ ჯავახიშვილმა დიდი ოსტატობით დახატა 20-იანი წლების ქართული სინამდვილე. ბევრი რამ ისეთივე ბუნდოვანია დღეს, როგორც მაშინ იყო. ალბათ, ასე გამიზნულად, ცხადად და გულისშემძვრელად არასოდეს იკითხებოდა ჯავახიშვილი, როგორც დღეს იკითხება. ეს გვაფიქრებინებს, რომ მიხეილ ჯავახიშვილის სახელი გენეტიკურად უკვე კოდირებულია თითოეულ ქართველში, მისი არსებობა ჩვენს ცნობიერებაში ეროვნული მეხსიერების ერთ-ერთი მახასიათებელია.
![]() |
7 მიხეილ ჯავახიშვილის ერთი წერილი და ასოციაცია „არიფიონი“ |
▲back to top |
ემზარ კვიტაიშვილი
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.
გალაკტიონი
სექტემბრის დამდეგს, როცა ზაფხულის სულისშემხუთავი ხვატი განელებულია, კედელ-კედელ ჩრდილს აღარ დაეძებ და პირიქით, გადაქანებული, ბაჯაღლოდ გამლხვარი მზე სახეზე გელამუნება, თბილისს არაფერი შეედრება. სწორედ სექტემბრის მზიანი დილა იყო. მწერალთა კავშირისკენ მიმავალს, ნიკა აგიაშვილის ქვრივი, ქალბატონი ქეთევან ფულარია შემხვდა გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, პოეტის სახლის მახლობლად. შეუძლებელია ამ უკეთილშობილეს, კდემამოსილ ადამიანს იცნობდე და მისდამი განსაკუთრებული რიდით, პატივისცემით არ განიმსჭვალო. ერთმანეთი მოვიკითხეთ, გავიხსენეთ, თუ როგორ ვინახულეთ უკანასკნელად თითქმის ლოგინად ჩავარდნილი, მეტისმეტად დასუსტებული ბატონი ნიკა გივი გეგეჭკორმა და მე, როგორ მოიკრიბა ძალა და მაგიდასთან დაჯდა, გვიმასპინძლა.
ქალბატონმა ქეთევანმა მითხრა, რომ მეუღლის არქივი დაალაგა და ქაღალდებში წააწყდა მიხეილ ჯავახიშვილის ავტოგრაფს - წერილს გალაკტიონ ტაბიძისადმი. გალაკტიონი თურმე იმხანად სოხუმში იმყოფებოდა. საკვირველი კია, რანაირად აღმოჩნდა იმ წერილის დედანი ნიკა აგიაშვილის პირად არქივში. ბარათს 1927 წელი აქვს თარიღად და მწერალთა ასოციაცია „არიფიონს“ და მის დეკლარაციას ეხება. ცნობილია, მიხეილ ჯავახიშვილსა და გალაკტიონ ტაბიძეს ერთმანეთი განსაკუთრებულად უყვარდათ, კარგად იცოდნენ ერთმანეთის ფასი. ბუნებრივია, მომინდა იმ წერილის ნახვა. ქალბატონმა ქეთევანმა მითხრა, წერილი საქმიანია, რამდენადმე მშრალი, მაგრამ მაინც გადავაღებინებ ქსეროქსზე და მწერალთა კავშირში მოვიტანო; მართლაც, ორიოდე დღის შემდეგ იმ წერილის ასლი მწერალთა კავშირის ბიბლიოთეკაში გადმომცა. დავხედე ბარათს, თვალში მომხვდა ნაჩქარევი, გაკრული ხელი, ალაგ-ალაგ შემოკლებული სიტყვები. წაკითხული, თავისთავად, რაიმე სიახლედ ვერ ჩაითვლებოდა, მაგრამ ჩვენი მწერლობის საკმაოდ მნიშვნელოვან, ნაკლებად შესწავლილ მოვლენას უკავშირდებოდა. მიხეილ ჯავახიშვილის ეს წერილი (შეინიშება მცირეოდენი უზუსტობა) შალვა დადიანისადმი მიწერილ და გაუგზავნელ, დაახლოებით ასეთივე შინაარსის, წერილთან ერთად დაბეჭდილია მწერლის ქალიშვილის ქეთევან ჯავახიშვილის წიგნში „მიხეილ ჯავახიშვილი - ბელეტრისტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი“, ოღონდ ქალბატონი ქეთევანი აღნიშნავს, რომ გალაკტიონისადმი მიწერილი ბარათის დედანი მამის არქივში არ აღმოჩნდა, ვინაიდან, თავის დროზე, გაგზავნილი იყო ადრესატის სახელზე. აქ საჭირო გახდება გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის ეს წერილი და მასთან დაკავშირებული ზოგი რამ, რათა იმდროინდელ მოვლენებს ცოტა სხვა თვალით შევხედოთ:
„ძმაო გალაკტიონ! მოულოდნელად წახვედი თბ[ილისიდან]. ვეღარ მოვასწარ შენთან დაწვრილებით მოლაპარაკება. აქამდე ვიყავით დაუსწრებელ რჩევა-ბაასში. შენც დაგვპირდი, მაგრამ უკვე წასული იყავი. გავათავეთ. გვაკლია მხოლოდ წესდება და შენი პასუხი. მერე წარ[ვ]უდგებით, სადაც ჯერ არს, და ძალიან გვსურს, რომ ამ დღისათვის შენგანაც მოგვივიდეს თანხმობა. გიგზავნი დეკლარაციას. ეს არის საბოლოო ტექსტი. შენიანად 14 ვიქნებით. ყველას გვიცნობ. მე, გერ. ქიქოძე, სანდრო, ლეო, შ. დადიანი, კაპანელი, ჭიჭინაძე, მეტრეველი, მოსაშვილი, გიორგაძე, ქავთარაძე, ტატიშვილი და სულიაშვილი. ჯერ ოფიციალურად არ გამოვჩენილვართ, მაგრამ გამოხმაურება, დიდი ჩოჩქოლი გამოიწვია მწერლობაში. საზოგადოებაც ძალიან დაინტერესდა. უმთავრესი დუღაბიც - ძმობა და პატივისცემა - მრავლად დაგვიგროვდა. მუშაობის გეგმას დაწვრილებით მერე გაცნობებ, როცა დაბრუნდები. პირველ რიგში მიდის ალმანახის გამოცემა. მასალებს უკვე ვაგროვებთ. იმედია შენც დაიჭექებ ყველებურად. გელით მოუთმ[ენლად]. ორიოდე ლექსს - მყივარსა და მქუხარს, თუნდაც ლირიკა იყოს, შენი სახელი და ოსტატური სული ყოველთვის მოერევა. მაშ ასე: ჯერ საჩქაროდ დააბრუნე ხელმოწერილი დეკლარაცია, რომელსაც გიგზავნი... მერე ჩაუჯექი წერას და მალე გამოგზავნე. ალბათ დაწერილი გექნება. გამოაყოლე. ოღონდ გთხოვთ ყველანი, ეს დეკლარ[აცია] არავის წაუკითხო, პირველად ალმანახში გამოვა.
კიდევ ბევრი მაქვს სათქმ[ელი]... დაბრუნდები და გაიგებ. ისე არ შევხვდებით ერთმანეთს არიფები, რომ შენც არ გაგიხსენოთ. ამბობდი თურმე, ორ კვირაში დავბრუნდებიო. ორი თვეც გადის, ამბავი არ გვესმის. ერთი წერილი მაინც მოგვწერე ამ მისამართით: ელბაქიძის ქ. (ვერის დაღმართი) №21 მ. ჯავ-ლს, დაკვეთილი.
აბა, კარგად იყავი. დაბრუნდი განკურნებული. ყველანი გითვლით არიფულ სალამს და აქედან გიწვდით ძმურ ხელს.
შენი ძმა და მეგობარი
მიხ. ჯავახიშვილი
1927 წლის 3 აპრილს ქალაქ სოხუმში.
ერთდროული ალმანახი „რიფიონი“.
აქ, უპირველეს ყოვლისა, გავიხსენოთ აზრით, განმარტება თვით სიტყვა „არიფისა“, საფუძვლად რომ დაედო მწერალთა ხსენებულ გაერთიანებას. იოსებ გრიშაშვილის დიდად საჭირო „ქალაქურ ლექსიკონში“ ამ სიტყვის რამდენიმე მნიშვნელობაა წარმოდგენილი, რომელთაგანაც „არიფიონელებს“ პირველი, ძირითადი მნიშვნელობა ესადაგება: „1. მეგობარი, ტოლი, მოზიარე, თანამზრახველი“.
გენიალური ნიკო ფიროსმანის ერთი ცნობილი სურათის სახელწოდება ნართაულად რომ გამოვიყენოთ, ერთ ჯგუფად შეკრულ, შეხმატკბილებულ ქართველ მწერალთა „შინაური არიფანა“, სამწუხაროდ, მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა - მათ სულ მალე იგრძნეს ხელისუფლების ბოროტი სუსხი, ყოველგვარ საღ წამოწყებას, მწერლური ინდივიდუალობისა და თავისუფლების გამოვლენის ყოველ მორიდებულ ცდასაც კი ჩანასახში, ყვავილშივე რომ აზრობდა, მაგრამ ამის თაობაზე, ჯობს, მოგვიანებით ითქვას.
ახლა გადავშალოთ 1928 წელს გამოცემული ალმანახ „არიფიონის“ პირველი და ერთადერთი ნომერი (მომდევნო ნომერი გამოსვლამდე აკრძალა მთავრობამ), სადაც მიხეილ ჯავახიშვილის წერილში ნახსენები დეკლარაციაა დაბეჭდილი. მოგვაქვს ტექსტი:
არიფიონი
სალიტერატურო განცხადება
ყოველ ეპოქას საკუთარი კულტურული შინაარსი აქვს. მისი ხასიათი და განვითარება ხელოვნებასა და ლიტერატურაში ცხადდება.
ქართველი ხალხის ეროვნული სახე და ნიჭი შემოქმედების არც ერთ დარგში არ გამოკვეთილა ისე მკაფიოდ, ღრმად და ფართოდ, როგორც ხელოვნებასა და მწერლობაში.
ორთქლისა და ელექტრონის ეპოქას სრულებით სხვანაირი ესთეტიური გემოვნება და შეგრძნობანი აქვს, ვიდრე აბჯარ-კოშკების ხანას ჰქონდა.
თანამედროვე დიდმა ეპოქამ ახალი ადამიანი წარმოშვა და ახალი მსოფლმხედველობა, შეგრძნობა, მორალი და გემოვნება მისცა. მაგრამ ამ ადამიანს ჯერჯერობით ვერ უპოვნია თვისი სრული სახე დღევანდელ ხელოვნებასა და ლიტერატურაში ასოციაცია არიფიონის მიზანს შეადგენს ეს სახე გააცხადოს ლიტერატურაში.
ქართული ხელოვნების და მწერლობის განახლება ძველი კულტურის უარყოფას კი არ ჰგულისხმობს, არამედ მასში დამარხულ ზნეობრივ-ესთეტიკურ ღირებულებათა გამოყენებას დღევანდელი ადამიანის გემოვნების მიხედვით.
კულტურული წარსული, აწმყო და მომავალი არიფიონს ორგანიულ ერთეულად მიაჩნია.
შემოქმედების პროცესი უაღრესად ინტიმურია და პიროვნული. მაგრამ მხატვრული სტილის შექმნას აადვილებს კოლექტივი, რომელიც აერთიანებს თავის წევრებს სულიერი ნათესაობის საფუძველზე ახალი შეგნების, შეგრძნობისა და გემოვნების დასამკვიდრებლად.
ახალის ძიებას ქართული ლიტერატურა მიმდინარე საუკუნეშივე შეუდგა. ამ გზაზე უკვე შეიძინეს საკუთარი გარკვეული სახე მეტყველებისა და ესთეტიური ხილვის.
მხატვრის თვალი და ალღო თავისუფალია. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ხელოვნება მიწის წვენით საზრდოობს და სინამდვილის დაკვირვებიდან გამოდის.
არიფიონის წევრთა წარსული და ეხლანდელი ლიტერატურული მოღვაწეობაც ამას ადასტურებს. არიფიონს მიზნად აქვს დასახული ხელი შეუწყოს თავის წევრთა შორის და ყველგან მხატვრული მეტყველებისა და აზროვნების კულტურას, ქართული სიტყვისა და თქმის დაწმენდას და ადამიანობის კულტურის განმტკიცებას.
რევოლუციამ უდიდესი სოციალ-პოლიტიკური და სულიერი გარდატეხა მოახდინა. საბჭოთა სისტემამ ღრმად გაიდგა ფესვები ხალხის შეგნებაში და უზრუნველჰყო ჩვენი მომავალი.
ამ რევოლუციის წყალობით ქართული კულტურა აღორძინების ხანაში შედის. ვითარდებიან ჩვენი ერის შემოქმედებითი ძალები, იღვიძებს ლიტერატურა, მეცნიერება, ფილოსოფია, კრიტიკა, მხატვრობა, ქანდაკება, მუსიკა და ეროვნული სკოლა.
არიფიონიც ამ ნიადაგზე მუშაობს და თავის ძალღონის მიხედვით ხელს შეუწყობს ამ საერთო სულიერ შემოქმედებას - ლიტერატურის, ხელოვნებისა და აზროვნების განახლებას.
ვასილ გორგაძე, შალვა დადიანი, კონსტანტინე კაპანელი, ლევან მეტრეველი, ილო მოსაშვილი, დავით სულიაშვილი-ლიხელი, გალაკტიონ ტაბიძე, იოსებ ტატიშვილი, პეტრე ქავთარაძე, ლეო ქიაჩელი, გერონტი ქიქოძე, სანდრო შანშიაშვილი, კონსტანტინე ჭიჭინაძე, მიხეილ ჯავახიშვილი.
16 მარტს, 1927 წელს დედაქალაქი
„სალიტერატურო განცხადება“, როგორც ვხედავთ, ძალზე ტაქტიანად, მწერლური ღირსების შეულახავად არის შედგენილი და კომპრომისიც, ურომლისოდაც იმ დროს ამგვარი დოკუმენტის შექმნა წარმოუდგენელი იყო, რამდენადაც შეიძლებოდა, უმნიშვნელოა.
ეს დეკლარაცია, უეჭველია, მიხეილ ჯავახიშვილის მიერ არის დაწერილი და სამართლიანადაა შეტანილი მწერლის თხზულებათა მეექვსე ტომში (1980); იქვე მოთავსებულია დანართი („დასკვნა“), რომელიც უშუალოდ „არიფიონს“ უკავშირდება, რომელშიც განსაკუთრებით არის ხაზგასმული ასოციაციის ერთი უმთავრესი ამოცანათაგანი:
„მკაცრი დაცვა ქართული ენის ბუნებისა და ლექსიკონისა გადაგვარებისა და ამღვრევისაგან. ბეჯითი შრომა ენის გამდიდრებისათვის და გადახალისებისათვის არსებულის სრული გამოყენებით და ახალის ფრთხილი შემოშვებით“.
მიხეილ ჯავახიშვილსავით შეუპოვრად, თავგამოდებით, ჩვენი მწერლებიდან, ცოტა ვინმე თუ იცავდა ქართული ენის სიწმინდეს. მისი დიდი წერილი „ახალი სალიტერატურო ქართულისათვის“ (1927), დღესაც სახელმძღვანელოდ გამოადგება თვითეულ ჩვენგანს. ამ ფუძემდებლურ ნაშრომში მიხეილ ჯავახიშვილი, ზოგადი კანონების გარდა, თვით ქართული ენის, მისი წარსულისა და სამომავლოდ განვითარების გზების უღრმეს ცოდნას ამჟღავნებს. სამაგალითოა მისი დამოკიდებულება დიალექტების, როგორც ენის გამდიდრების მუდმივი და მთავარი წყაროს მიმართ, შეუმცდარი ალღოთი გრძნობს, რომელ სიტყვას მოიხდენს სალიტერატურო ქართული და რომელს-არა. სწორედ კუთხური მეტყველების გამო ამბობს მწერალი: „...იგი ნამდვილი ლექსიკოლოგიური საგანძურია, უშრეტი აუზია, რომელიც სალიტერატურო ქართულს ქვესკნელი წყაროებით გამუდმებით ჰკვებავს და ამდიდრებს. აქ ათასობით აწყვია ლიტერატურისთვის უცნობი სიტყვა - ჯერ კიდევ ცოცხალი და მფეთქავი და ეს უპატრონო და მთვლემარე სიტყვებიც საუკუნეობით ელიან მწერალს და მეცნიერს, როგორც მიწის გულში ჩამარხული მადანი ელის წერაქვს და დინამიტს“.
არაერთ ძვირფას მოსაზრებას და ეჭვმიუტანელ დაკვირვებას შეხვდებით ამ დიდი ცოდნითა და გზნებით დაწერილ ნაშრომში. მაგალითად, შეუძლებელია საცილობლად გავხადოთ დიდძალი მასალის შესწავლაზე დამყარებული მწერლის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი დებულება:
„ქართულმა ენამ დიდი ხანია დაასრულა ფორმაციის მთავარი პროცესი, ნელი დუღილი კი მაინც არ შეჩერებულა, რადგან ეს იქნებოდა ნიშანი ენისა და ერის გაყინვის, გახმობისა და სიკვდილისა“.
მიხეილ ჯავახიშვილი ფორმულის მოქნილობითა და, ამავე დროს, ხატოვნად გამოთქვამს ამა თუ იმ ჭეშმარიტ აზრს. „სინტაქსი ენის გულია და თავდაპირველად მას სჭირია დაცვა და გაწმენდა“.
წერილში უამრავი მაგალითია მოტანილი (თარგმნილი მასალიდან) იმის ნათელსაყოფად, თუ უხეირო მთარგმნელები როგორ ამახინჯებენ და ანაგვიანებენ ქართულ ენას. ჩვენდა სავალალოდ, მიხეილ ჯავახიშვილის პუბლიცისტური წერილები და რეცენზიები, დისკუსიებზე წარმოთქმული სიტყვები და სხვა მასალები ჯერ კიდევ არ არის შესაფერისად შესწავლილი, დალაგებული და გამოცემული. მახსოვს, „ცისკარში“ რედაქტორობისას, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, თავად საუცხოო სტილისტი, ამბობდა - მიხეილ ჯავახიშვილი მცირეოდენ უზუსტობასაც არავის პატიობდა, ჩემზე, მაშინ ახალგაზრდა, გამოუცდელი ვიყავი, ძალიან მკაცრი რეცენზია აქვს დაწერილი და მე ის წერილების ტომში არ შევატანინეო. ასეთი რეცენზიები თუ შენიშვნები ალბათ სხვაც იქნება ტომეულების მიღმა დარჩენილი. ამ საქმეს ხელახლა ჩაჯდომა და მიხედვა ესაჭიროება.
გალაკტიონის სახელზე გაგზავნილ მიხეილ ჯავახიშვილის ბარათს თარიღად უზის 1927 წლის 3 აპრილი. სწორედ ამ წელს გამოსცა 35 წლის გალაკტიონ ტაბიძემ თავისი ლექსების საუკეთესო რჩეული. ეს იყო პოეტის დიდად ნაყოფიერი პერიოდი. საფიქრებელია, რომ იგი გადაღალა ამ წიგნზე გაწეულმა დაძაბულმა მუშაობამ, სხვადასხვა სიძნელეებმა და დასასვენებლად გაემგზავრა ზღვისპირეთში, საყვარელ სოხუმში, სადაც მას მიხეილ ჯავახიშვილმა ბარათი და თავისი დაწერილი „არიფიონის“ დეკლარაცია გაუგზავნა. საგანგებოდ სთხოვდა: „იმედია, შენც დაიჭექებ ძველებურად... ორიოდე ლექსს - მყივარსა და მქუხარს, თუნდაც ლირიკა იყოს, შენი სახელი და ოსტატური სული ყოველთვის მოერევა“. დაჟინებით უთვლიდა, სასწრაფოდ გამოეგზავნა ლექსები, მაგრამ გალაკტიონმა რატომღაც არ ისურვა იმხანად ალმანახში ლექსების გამოქვეყნება (უნდა ითქვას, „არიფიონის“ იმ ერთადერთ ნომერში პოეზია მაინცდამაინც სასურველ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს), მეორე ნომრის გამოცემას კი, როგორც უკვე ვთქვით, თავად ხელისუფლებამ შეუშალა ხელი - მოახლოებული იყო ოცდაათიანი წლები, გაქანებული კოლექტივიზაცია, რეპრესიების მანქანა შემზადებული იყო გლეხთა შეძლებული ფენის გასანადგურებლად, მომძლავრდა ტოტალიტარული რეჟიმი, რამაც თანდათან სული შეუხუთა შედარებით თავისუფალ აზროვნებას, გაუსაძლისი იდეოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქცია ლიტერატურა. გარკვეული მიზნის გამო, საგანგებოდ ვკითხულობდი ოციანი, ოცდაათიანი წლების პერიოდულ გამოცემებს - თვალნათლივ ჩანს, უსახური პროლეტარული მწერლობისა და მედროვეთა მოძალება, რეჟიმის გაძლიერების კვალობაზე, როგორ თანდათან უკეტავს გზას ნამდვილ მწერლობას. ასეთ პირობებში ყოველი ნიჭიერი, თავისთავადი შემოქმედისა და, უპირველესად ყოვლისა, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება, ცხადია, აუტანელი იყო; მას, სხვათა მსგავსად, ნიღბის ტარება უწევდა, იძულებული გახდა, ჭეშმარიტ ღირებულებათა გვერდით, ვითომდა ეპოქის სულისკვეთებით გაჟღენთილი სუროგატები დაეხვავებინა. ამის თაობაზე არაერთხელ ითქვა და კვლავაც ბევრჯერ ითქმება (ირაკლი კენჭოშვილს თავის ახლახან გამოცემულ მონოგრაფიაში „გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში“ საგანგებო თავი აქვს ამ მოვლენის გამო დაწერილი - „გალაკტიონის ორი „მე“: შემოქმედის ტრაგედია“). გავიხსენებ ერთ კურიოზულ მაგალითს; ძნელი დასაჯერებელია, რომ „მშობლიური ეფემერასა“ და „თოვლის“ ავტორს ასეთი კომიკური სტრიქონები სერიოზულად დაეწერა“:
გადავლახეთ ძველი ზღუდე,
ძველი მესერი,
ძველ რუსეთის ნაცვლად ბრწყინავს
რესეფესერი.
საბედნიეროდ იყო სხვა, გარეშე თვალთათვის ძნელად მოსახელთებელი, ფარული გალაკტიონი, რომელიც უფრო დღიურებსა და სახელდახელო, ინტიმურ ჩანაწერებში მჟღავნდებოდა. აქ იგი არ მალავდა საკუთარ მძაფრ განცდებს. თავისი დიდი რჩეულის გამოცემის მომდევნო, 1928 წელს უკიდურესად გაჭირვებულია, უბინაო, ჰონორარს არ აძლევენ, განცხადებას განცხადებაზე წერს, რომ ცოტაოდენი ფული მისცენ. სწორედ იმხანად ჩაუწერია თავის ერთ-ერთ უბის წიგნაკში შემაძრწუნებელი სიმართლე: „ჰყინავს: არა მაქვს პალტო, ახალი ფეხსაცმელი; არც ქუდი. ტელეფონი არ მუშაობს ვალის გადაუხდელობის გამო, გადაუხდელია ბინის ქირა, ვერ გამოვიხსენი ჩემთვის ძვირფასი ნივთი გასაკეთებლად (ალბათ გამიყიდის, ხვალ უკანასკნელი დღეა), ჰონორარი ვერ ავიღე...“ ვინ მოსთვლის, რამდენი დამცირება და წამება გადაუტანია ცხოვრების მანძილზე. გულისშემძრავია ოცდაათიანი წლების ერთი ჩანაწერი: „უნდა დავუბარო ვინმეს, რომ პატივი სცენ მინა ომიაძეს, მშიერი ვიყავი და ორი სადილი მაჭამა“ (ვახტანგ ჯავახაძე, უცნობი, გვ. 185). ასეა სულშეწუხებული, დაბეჩავებული გენიალური პოეტი, რომელსაც გამოცემული აქვს ეპოქალური მნიშვნელობის კრებული, თავისი „ზარნიშიანი წიგნი“.
ცხოვრებისეული ტრაგიზმის გრძნობა არასდროს არ შენელებულა გალაკტიონ ტაბიძის არსებაში. უცნაური მისტიური იერი დაჰკრავს 1927 წელს დაწერილ ერთ ლექსს („გვირაბიდან“), სადაც ჭიათურის მაღაროებში მომუშავე მეშახტეთა ქვანახშირის მტვრით გამურულ, პირქუშ სილუეტებს ვხედავთ, რასაც ღამის იდუმალება და ნადირთა გნიასი ემატება. ბოლო სტროფი პოეტის ხმაში წლობით ჩაგუბებულ მრისხანებას, მთელი ხილული სამყაროს მიმართ აღძრულ ჯანყს გვიმჟღავნებს:
გვირაბებიდან, ვით მომპარავი,
ამოდის შავი მუშების ლანდი,
ცაზე ანთია ვარსკვლავ კარავი,
მთებში ღრუბლები მიცურავს ზანტი.
სადღაც კივილი ისმის ტურების,
გადაირბინეს დათვებმა მხარე,
მძინარე შავქვას ჭიათურისას
ბეწვივით წვრილი ანათებს მთვარე.
შავ ქვას ეს მხარე! მივდივარ ისე,
ვერ ვასწრებ სალამს და კალმის მოსმას,
შენზე წუხილით დავღრღნი ამ მიწას,
ჩავაცივდები კბილებით კოსმოსს.
ამავე წელს არაერთი სხვა ბრწყინვალე ლექსი შექმნა გალაკტიონ ტაბიძემ („დამწველი თავის სიმშვენიერით“, „ამ ბნელი ღამით“, „მგზავრის სიმღერა“, „ვარდები“, „ჩემო იარალი!“, „დღეს დღეები ეცლება“, „გადია“, „მე მძინარე ვარ“, „დედოფალა“, „აქ მარმარილოს მაღალი სვეტი“, „ბავშვი გაზეთებში“, „ის წაიყვანა ოცნებამ მისმა“, „მოჩვენება ნანგრევებში“, „შენ რაღას იტყვი, ყანავ...“), მაგრამ, რაღაც მოსაზრების გამო, მათი „არიფიონში“ გამოქვეყნებისგან თავი შეიკავა. 1928 წლიდან, გალაკტიონის შემოქმედებაში აშკარად იმატა იდეურად შეფერილ ნაწარმოებთა რაოდენობამ, მაგრამ ის ტრაგიკული განწყობილება, ზემოთ მოტანილ ლექსში რომ გამოსჭვივის, არც შემდგომში გამქრალა. 1934 წელს არის დაწერილი აჭარის ციკლის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი „ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა“, სადაც პოეტი ეფერება და ხვაშიადს ანდობს საქართველოს ულამაზეს კუთხეს („რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა, თქვენს მშვიდობიანს ასცდეს ხომალდებს“...). ერთ სტროფში განსაკუთრებით ძლიერადაა გამოხატული, რა ენით გამოუთქმელი ჭირ-ვარამის გადამტანია ეს ნერვებდაფლეთილი ადამიანი, რომელსაც სამომავლოდ ულმობელი ბედისგან უარესი განსაცდელი ელოდა:
სხვას თუ არ უნდა ამის გაგება,
შენი გაიგებს ნაძვი და ფიჭვი, -
რომ ქვა არა ვარ და ქანდაკება,
არამედ კაცი რწმენით და იჭვით.
ამ თითქოსდა პროზაული, სამეტყველო ენით წარმოთქმულ სტრიქონებში დიდ ტკივილებზეა მინიშნება, მოხაზულია ჩვეულებრივ ყოფით წვრილმანებთან შეუთავსებელი გენიოსის დრამა, რისი გაშინაგნებაც უბრალო მოკვდავებს არ შეეძლოთ. ეს თავისებურად გამოხატული საყვედური თუ გულისწყრომა დიდი ფრანგი მხატვრის ენგრის ერთ ჩანაწერს მაგონებს. „მე ხისაგან არა ვარ გამოთლილი, პირიქით, საშინლად ნერვიული ვარ“. „ცხოვრებისაგან დაჭრილ ლომს“ იმედი ჰქონდა, რომ შთამომავლები ჩასწვდებოდნენ და გაიგებდნენ მის ხორციელსა და სულიერ გვემას. ამიტომაც წერდა ასე სულამღვრეული, თავდაჯერებული:
ო, მომავალო, შენ ერთი მაინც
არ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები.
აქვე გეძალება სურვილი, მოიხმო გალაკტიონის კიდევ ერთი მწუხარე ლექსი „გაურკვევლობა“ (1935), რომელიც ირგვლივ გამეფებულ საშინელებათაგან გულგამოჭმულ კაცს შთამომავალთა წასაკითხად შემოუნახავს, რადგან იმ დროში ასეთი რამის გამოქვეყნებაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა:
არის შენს გულში მწარე
განადგურება მკვდარი,
როცა ზიზღია არე,
როცა ვერ სუნთქავს ქნარი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და შეკითხვაზე: „შენ გულს
რა დაემართა, რა სურს?“
ცისკენ აღაპყრობ ხელებს,
კაცთ კი არ მისცემ პასუხს.
ბოლო სტრიქონებში ყველაფერია ნათქვამი, პოეტის მკვეთრი მოძრაობა აშკარად გამოხატავს, რომ თანამედროვეებთან მას არაფერი ესაქმება და მხოლოდ სამყაროს შემოქმედს - ღმერთს - ამცნობს გულში ნადებს.
გალაკტიონ ტაბიძემ ახალგაზრდობაშივე ირწმუნა, თუ რაოდენ დიდი ძალის შემოქმედი იყო იგი და ეს რწმენა სიცოცხლის ბოლომდე არ განელებია. იგი აშკარად თუ ფარულად ეპაექრებოდა თანამოკალმეებს, თავის თანამედროვე პოეტებს. სწორედ მათ მიმართ უპირატესობის გრძნობის გამოსახატავად წერდა ჯერ კიდევ 1921 წელს: „თანდათან ვრწმუნდები, რომ არცერთ მათგანს არა აქვს ჩემდენი დაფარული პოეტური ენერგია. ეს ენერგია თავისთავად იკვლევს გზას და სადმე დაგუბებული ვულკანივით ამოხეთქავს“ („უცნობი“, გვ. 59). მომდევნო 6 წელი გალაკტიონ ტაბიძის ნიჭისა და ტიტანური ენერგიის ამოფრქვევის ყველაზე ნაყოფიერი ხანა იყო. იმავე 1921 წელს იგი აშკარად უკმაყოფილებას გამოსთქვამდა კრიტიკოსთა, ლიტერატურათმცოდნეთა მიმართ და უნდა ვაღიაროთ - ეს საყვედური, ბევრწილად, დღემდე ინარჩუნებს სიმწვავეს და ძალას. „საქართველოში არ იპოება ლექსის მცოდნენი, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება“ (იქვე, გვ. 202).
გალაკტიონ ტაბიძემ არაერთგზის დაამტკიცა, რომ ძალიც შესწევდა ქადილისა. სავსებით ბუნებრივია, რომ დიდ ქართველ პროზაიკოსს მიხეილ ჯავახიშვილს, ვისაც არავისგან ესწავლებოდა სიტყვის მადლი, მაგიური ძალა, ეგრძნო გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის სიდიადე და გამორჩეულად ყვარებოდა იგი. სწორედ ამის გამო წაუწერა ნაჩუქარ წიგნზე 1927 წლის 7 მაისს: „ძვირფას არიფს გალაკტიონ ტაბიძეს...“ ასევე გასაგებია მიხეილ ჯავახიშვილის დიდი სურვილი - „არიფიონის“ პირველსავე კრებულში გამოქვეყნებულიყო გალაკტიონის თუნდაც რამდენიმე ლექსი. ეს არ მოხდა, მაგრამ მათს ახლობლურ დამოკიდებულებას, გულითად მეგობრობას ჩრდილი არასოდეს მისდგომია. თვით გალაკტიონი ბუნებით მარტოსული კაცი იყო, ტიციან ტაბიძემ ტყუილად როდი უწოდა „მარტოობის ორდენის კავალერი“; იგი არ ელტვოდა ლიტერატორთა დიდ საკრებულოებს და უნდა ვიფიქროთ - „არიფიონში“ მისი გაწევრიანება, უპირატესად, მიხეილ ჯავახიშვილის მეშვეობითა და მოწადინებით მოხდა.
წარმოუდგენელი იყო, მიხეილ ჯავახიშვილის მიერ გამომჟღავნებულ დიდ ადამიანურ სითბოსა და თანადგომას გამოძახილი არ ჰქონოდა გალაკტიონ ტაბიძის მგრძნობიარე გულში, განსაკუთრებით, „ჯაყოს ხიზნებისა“ და „თეთრი საყელოს“ ავტორის ტრაგიკულად დაღუპვის, ჯალათთაგან მისი ფიზიკური განადგურების შემდეგ. ეს რომ მხოლოდ ვარაუდი არ გახლავთ, ერთი რამითაც იოლად დავრწმუნდებით. გალაკტიონ ტაბიძეს საკმაოდ ჰქონდა გაწაფული ხელი ხატვაში და გრაფიკული პორტრეტები, სხვადასხვა ჩანახატები ბლომად დარჩა. ყველაზე მეტჯერ, ნათესაური სიყვარულისა და მონატრების გამო, თავისი ბიძაშვილის, ტიციან ტაბიძის მეგობრული შარჟები მოუხაზავს, სხვა ქართველ მწერლებსაც შეიცნობთ იმ ჩანახატებში, რომელიც პირველად ვახტანგ ჯავახაძემ გამოაქვეყნა თავის მრავალმხრივ საინტერესო და საყურადღებო წიგნში „უცნობი“. მეგობარ მწერალთაგან ასევე ხშირად ხატავდა მიხეილ ჯავახიშვილსაც, რომლის ერთი, ტუშით შესრულებული პორტრეტი განსაკუთრებით ძლიერსა და დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს (უეჭველია, იგი რეპრესიების შემდეგ არის დახატული). პოეტის ფიქრში, ეტყობა, ხშირად გაკრთებოდა მიხეილ ჯავახიშვილის ნატანჯი, უღვთოდ ნაწამები სახე. მსხვილი, შავი ხაზები და შეშუპებული, ამოშავებული თვალთა უპეები აძლიერებს ტრაგიზმის განცდას. თითქოს მთელ სხეულს სისხლი გასწვეთს: შუბლზე, ცალ მხარეს, ციხის გისოსი აქვს მიხატული თუ შიგ ჩაშენებული; მარჯვნივ, ლავიწის ძვალს ზემოთაც, დაბრეცილი რკინებით აჭედილი საპყრობილის უმზეო ფანჯარაა გამოყვანილი. მკერდი და მხრები ამ ჯვარცმული ფიგურისა სამკუთხა, წამახულ წახნაგებად არის ძირს დაშვებული, თითქოს რკინისავე მაგიდას ებჯინებაო. გალაკტიონ ტაბიძემ ამ ნახატით გვამცნო თავისი ღრმად ჩამარხული, ტკივილიანი სათქმელი, გულმდუღარედ დაიტირა „ენკავედეს“ ჯურღმულებში, შუაღამისას, სადისტურ დაკითხვებზე ნატარები, ფერდებჩალეწილი და დახვრეტილი, საფლავდაკარგული მეგობარი. ამ ჩაჟამულმა ნახატმა, შორეულად, შეიძლება გოიას კოშმარული კაპრიჩოები გაგვახსენოს. ჯავახიშვილის სახე (ასევე პირქუში, მწუხარე) ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის და სხვების გვერდითაც ჩაუხატავს ერთ გრაფიკულ მონახაზში, რომელზეც რუსულად მიუწერია: „У забора“.
ვფიქრობ, გალაკტიონ ტაბიძის ოსტატურად შესრულებული გრაფიკული ჩანახატები ღირსია მონოგრაფიულად შესწავლის, დახარისხება-დალაგებისა და გამოცემისა ისევე, როგორც რუსეთში პუშკინის ნახატებს სცემენ ხოლმე.
შეუძლებელია, ამა თუ იმ ლიტერატურული გაერთიანების წევრები ყველაფერში უყოყმანოდ შეთანხმებულნი იყვნენ, მაგრამ „არიფიონელებს“ ერთმანეთთან კეთილი, გულისხმიერი დამოკიდებულება რომ ჰქონდათ, ამის ნათელსაყოფად მრავალი მაგალითის მოხმობა შეიძლებოდა. ბევრი რამით გამორჩეულ იმავე 1927 წელს ილო მოსაშვილმა გამოაქვეყნა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი „არიფს-გალაკტიონს“, რომელშიც მაშინდელი ლიტერატურული თანამოაზრისადმი ძმური სითბო და უსაზღვრო აღტაცებაა გამოთქმული:
ძმაო, მგოსნობა რის მაქნისია,
ლუკმის ძებნაში დღე იკარგება.
ზოგი ასაღებს ლექსებს ნისიად
და ზოგი ჰყიდის შაქარს პარკებად.
ბედი ლამაზი ჩვენი ხვედრია,
ბევრჯელ ქოხიც კი არ გვეგულება,
და იმას როგორ დაგვაყვედრიან,
რომ პოეზია დაგვაქვს გულებად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამდენ ცოდვილებს რით მოვერიო,
ძმაო, წაიღეს სმენა ტრაბახით.
უნდა შაირებს ვუთხრა უარი
და კიტრი ვყიდო თავზე თაბახით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩვენ არიფებში უნდა გვერიოს
შენი სახელი შეუწყვეტავი...
ნეტავ ეგ მადლი არ დაგელიოს
და დიდხანს გვყვანდე, ძმაო, ნეტავი!
გერონტი ქიქოძის „არიფიონი ჯერეთში“ დიალოგის ფორმით არის დაწერილი, რაც მეტად მოსახერხებელია, რათა ავტორმა (არიფიონელმა) წარმოსახულ მოპაექრეს (ცნობისმოძვარე ახალგაზრდას) ამცნოს თავისი სათქმელი - ლიტერატურული პრინციპები და საზოგადოებრივი პოზიცია მთელი ჯგუფისა. გარკვეული ტაქტიკური მოსაზრების გამო, დიალოგში ავტორის მხრიდან შეიმჩნევა ერთგვარი კომპრომისები, რადგან იმ დროს უამისობა შეუძლებელი იყო. ძირითადად, გერონტი ქიქოძე ამბობს იმას, რაც უფიქრია. „...ჩვენში ძლიერია უძველესი კულტურის მოგონებანი; განსაკუთრებით საქართველოს მიწა-წყალზე, სადაც ბერძნის ახალშენებიც ყოფილან, რომაელთა ლეგიონებით, არაბი მხედრებიც და ფრანკთა ჯვაროსნებიც. გადაჭარბებულ პატრიოტობაში ნუ ჩამომართმევთ, თუ ვიტყვი, რომ როგორც ევრაზიას ძველი მატერიკის შუაგული უჭირავს, ისე საქართველოს ევრაზიის შუაგული უჭირავს და მუდმივ ჭაღარა და მუდმივ ახალგაზრდა ტფილისის კედლებს ძველი და ახალი ქვეყნის ტალღები ეხეთქებიან, როგორც ოკეანის მიქცევა და მოქცევა“.
უსაზღვროდ გაიხარებდა ეს ჯერ კიდევ დაუფასებელი ბრძენკაცი, დღევანდელ საქართველოს რომ მოსწრებოდა, როცა დამოუკიდებლობის ძნელ გზაზე დამდგარი მისი განაწამები სამშობლო, უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, უკვე იწყებს სასურველი ნაყოფის მოპოვებას, ამ ბუნებრივი უპირატესობის ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენებას. ღმერთმა ქნას, ნათლად წარმოსახული ბედნიერი მომავლის სურათი მალე ხელშესახებ რეალობად იქცეს.
ხსენებულ დიალოგში, მკვიდრად ნაშენი გალავნებით, შემოზღუდულ სიღნაღსა და უჯარმაზე ლაპარაკისას, კვლავ არის ნახსენები გერონტი ქიქოძის ბრწყინვალე ესედან მეხსიერებას შემორჩენილი „ჩაქუჩიანი მამაკაცი“, როგორც ჩვენი ხალხის აღმშენებლობითი უნარისა და, საერთოდ, „ყველი საქართველოს ნათელი სიმბოლო“.
საუცხოოდ არის აღწერილი ვაქირში, ილო მოსაშვილის ოჯახში გამართული პურობა. ეს ადგილები, ერთგვარად, პლატონის „ნადიმს“ მოგვაგონებს. გერონტი ქიქოძე „არიფიონის“ წევრთა მრწამსს გამოხატავს, როცა აცხადებს. „...ჩვენ ქართული მწერლობის ტრადიციების საფუძველზე ვდგევართ, როცა ვამბობთ, რომ შეუძლებელია ცოცხალი ადამიანის განკვეთა, მისი გადაქცევა მანქანის ბორბლად ან მისთვის რაღაც ეტიკეტის მიწებება. მაგრამ, რასაკვირველია, ჩვენ არ გვინდა კარის მგოსნების როლი ვითამაშოთ და მწერლობა ვიწრო პოლიტიკის იარაღად ვაქციოთ“.
ძალზე ღირსეული თვალსაზრისი და პოზიციაა, მაგრამ ასე სულაც არ ფიქრობდნენ ისინი, ქვეყნის მართვის საჭე რომ ეპყრათ ხელთ და ეს შეუთავსებლობა ნამდვილი მწერლობის შინაგანი ბუნებისა და უსასტიკესი დიქტატორული რეჟიმისა მეტად მალე ყველას დასანახად გამოიკვეთა.
დიალოგში თანამოაზრეთა დაუვიწყარი სერობა ძალზე მიმზიდველად, მოხდენილად არის აღწერილი. თამადის სადღეგრძელოებში (გალაკტიონ ტაბიძის დღიურიდან ვიგებთ, რომ იმ დღეს, 1928 წლის 23 აგვისტოს, ვაქირში თამადობას სწევდა „არიფიონის“ ერთ-ერთი წევრი, დიდად განათლებული პიროვნება, ოცდაჩვიდმეტში დაღუპული ცნობილი მწერალი და მთარგმნელი პეტრე ქავთარაძე) იგრძნობა ცეცხლოვანი ტემპერამენტი და სიამაყე, რომ ეს მადლიანი მიწა მისი სამშობლოა. „ხოხობი კულტუროსანმა კაცობრიობამ პირველად ჩვენს ქვეყანაში გაიცნო, იგი ევროპაში ფაზისის ფრინველად არის ცნობილი. თუ იბერიის და კოლხეთის ქალები ისევე მშვენიერნი არიან, როგორც ტყის პირად წამოფრენილი ხოხობი, ეს იმით აიხსნება, რომ ისინიც მასავით მაყვლით, შინდით და თავთუხის ხორბლით იკვებებიან და მასავით დილის ცვარს და კამკამა წყაროს სვამენ“.
გერონტი ქიქოძე კალმის ერთი მოსმით ხატავს მაღლობიდან დანახული ალაზნის ველის სწორუპოვარ მშვენიერებას, იმ გრძნეული ზაფხულის ღამის წარუშლელ მომხიბლაობას: „უკვე შუაღამე ახლოვდებოდა. ეზოდან წისქვილის ხრიალი მოისმოდა, ვეებერთელა ბორბალი ნელა ტრიალებდა ბნელი კედლის ფონზე, ხოლო შორს, ჭიაურის ტყის მახლობლად, მთვარის შუქზე ალაზნის რკალი ლაპლაპობდა.
ამ მშვენიერმა სურათმა უნებურად გიორგი ლეონიძის ერთ-ერთი ბრწყინვალე ლექსის („კახეთი“) ფრთალაღი სტრიქონები გამახსენა, ოღონდ იქ განთიადის სასწაულმოქმედი ფერებია აციაგებული:
გინახავს გომბორის მთიდან
დანაბინდარი შვენება?
გინახავს გადაშვინდული
ცისკრული ამოთენება?
ციაგის ციალს აჰყვება
შუქი შორეულ შუქურთა
და გამოჩნდება სამშობლო,
როგორც მოჭრილი ჩუქურთმა...
ალმანახ? არიფიონს? ამრავალფეროვნებს, უთუოდ მნიშვნელობას მატებს პოეტ კონსტანტინე ჭიჭინაძის საფუძვლიანი გამოკვლევა „ვეფხის-ტყაოსნის ვახტანგისეული რედაქცია“, ამოღებული მისივე წიგნიდან „ვეფხის-ტყაოსნის გარშემო“. პოეტის ალღო, ლიტერატურული გემოვნება და ღრმა მეცნიერული ცოდნა საკმაო პირობებს ქმნიდა საიმისოდ, რომ კონსტანტინე ჭიჭინაძეს სხვა მკვლევარებზე უკეთ შეესწავლა უკვდავი პოემს ხელნაწერები და უფრო დამაჯერებელი მოსაზრებებიც გამოეთქვა ტექსტის ცალკეულ სტროფებსა თუ ეპიზოდებზე. ამ ურთულეს პრობლემებზე მუშაობისას მისი უმთავრესი იარაღი იყო „პოეტიკის საშუალებით კარდინალური ისტორიულ-ლიტერატურული საკითხების გადაჭრა“, რამაც ბევრ შემთხვევაში სასურველი ნაყოფი გამოიღო. სრულიად არ გვეჩვენება ლიტონ განცხადებად, როდესაც ერთ შენიშვნაში კონსტანტინე ჭიჭინაძე ამბობს. „მართალია, შეიძლება მე არ ვიცოდე, თუ რომელ წიგნთსაცავში რომელი ხელნაწერია მოთავსებული, მაგრამ სამაგიეროდ მე ვიცი ის, რაც ყველაზე უფრო საჭიროა პოეტური ნაწარმოების გასაგებად“.
კონსტანტინე ჭიჭინაძე საკმაოდ დამაჯერებლად ასაბუთებდა, რომ „ინდო-ხატაელთა ამბავი“ პოემის ორგანული ნაწილია, მას თვით ვეფხისტყაოსნის სიუჟეტი მოითხოვს და თანამედროვეთაგან მას უყოყმანოდ უჭერდა მხარს მიხეილ ჯავახიშვილი (იხილეთ მისი დიდად მნიშვნელოვანი წერილი „ვეფხისტყაოსნის“ დაბოლოებისათვის“), მასაც მიაჩნდა - იმ თავებში ზოგიერთი სტროფისა თუ სტრიქონის სისუსტე არ ამტკიცებს, რომ „ინდო-ხატაელთა ამბავი“ ნაყალბევია („სინამდვილეში იმგვარი ნაწარმოები არ არსებობს, რომ ყოველი ფურცელი ან სურათი თავის წინამორბედს ჯობდეს“). მიხეილ ჯავახიშვილმაც, თავის მხრივ მკვლევართაგან უკუგდებული თავებიდან არაერთი ბრწყინვალე ტაეპი მოიხმო, რომლებშიც „მკაფიოდ ისმის რუსთაველის ლექსთა რეკვა, მისი ომახიანი კილო და მკვრივი ნაჭედობა“. ვფიქრობთ, მისნაირ ოსტატ პროზაიკოსს სხვებზეც მეტად დაეჯერებოდა, თუ რა ადგილას იყო საძიებელი ამ პოემაში „უკანასკნელი სიუჟეტური წერტილი“.
კონსტანტინე ჭიჭინაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის პოლემისტური, აზროვნების სიღრმითა და ლოგიკურობით გამორჩეული წერილები კიდევ ერთხელ შეგახსენებს უდავო ჭეშმარიტებას, თუ რაოდენ გაუმართლებელია, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტზე მუშაობისას შემოქმედი ადამიანების, მწერალთა (პოეტების, პროზაიკოსების) თვალსაზრისის უგულვებელყოფა და მათი ამ უპირველესი მნიშვნელობის საქმიდან ჩამოშორება. ასეთ დამოკიდებულებას არც ადრე მოუტანია სასურველი შედეგი და ამისგან არც მომავალში უნდა ველოდოთ რაიმე სიკეთეს.
„არიფიონში“ წარმოდგენილი ავტორებიდან საგანგებო ყურადღებას იმსახურებს უსამართლოდ მივიწყებული კონსტანტინე კაპანელი, კერძოდ, მისი ფილოსოფიური ხასიათის ნაშრომი „მიმოქცევის იდეა“ (ორგანოტროპიზმის სისტემიდან). აზროვნების მანერით, შორეულად, ეს ნაშრომი მოგვაგონებს ოსვალდ შპენგლერის ცნობილ თეორიას ცივილიზაციათა ციკლურობაზე, თუმცა, რაღა თქმა უნდა, საგანი და მასალა დიდად განსხვავებულია.
თავდაპირველად საუბარია მიმოქცევის იდეაზე უძველესი დროიდან მეოცე საუკუნემდე. ეს საკითხი ავტორს განხილული აქვს „ბიოსოციალურ სფეროში“. აქ ყურადღების ცენტრშია დაუსრულებელი ცვლილებები და განმეორებანი. კონსტანტინე კაპანელი, გარდა ფილოსოფიისა, ამჟღავნებს ბიოლოგიის, ფიზიოლოგიის, გეოლოგიის და სხვა დარგთა საფუძვლიან ცოდნას. მთავარი ის არის, რომ მის ნააზრევს პოეტური გზნება ახლავს და დღესაც ამით არის გამორჩეული და მიმზიდველი: „გეოლოგიურ ნაკეცებში სჩანს მიმოქცევის პროცესი, როგორც სისხლის მოძრაობაში, ადამიანისა და ცხოველის ტანში. გეოლოგიური ფენები თითქმის ყოველგან შეიცავენ ცხოველთა სამყაროს გაქვავებულ ფორმებს; კაცობრიობა თავის ლაბორატორიებით და აკადემიებით, დიდი ქალაქების მოძრაობით დგას დღეს უთვალავ დაღუპულ არსთა სასაფლაოზე. თვით ოკეანეების ფსკერი წარმოადგენს დაღუპული ჯიშების ნალეკს: როდესაც გაყავდათ პირველად ატლანტიის ოკეანის სატელეგრაფო კაბელი, გაგზავნეს საგანგებო ექსპედიცია ზღვის ფსკერის შესასწავლად; აღმოჩნდა, რომ ორი ათასი კილომეტრის მანძილზე აღმოსავლეთიდან დასავლეთით და ათასხუთას კილომეტრის მანძილზე ჩრდილოეთიდან სამხრეთით ოკეანის ფსკერი წარმოადგენს დაღუპული ორგანიზმების ქვიშნარს; ეს დასანახავად ადვილი ფორმა ოკეანის ფსკერისა იწვევს ჩვენს აზროვნებაში საკითხს; ვინ იცის რაოდენი მირიადი ჩვენთვის უხილავი ფორმებისა დალეკილია და ჩაძირული ოკეანის უფსკრულში? ვინ იცის რაოდენი რიცხვი სხვადასხვა ცხოველებისა და მცენარეებისა შელესია გეოლოგიურ ფენებს, ოკეანეთა უფსკრულებს. ჩვენი პლანეტის ხეობებსა და ოღრო-ჩოღრო ადგილებს?“ ეს ადგილი მრავალ კითხვას, მრავალ საფიქრალს აღძრავს და ჩვენს დამოკიდებულებას ამ მეცნიერულად სარწმუნო და, ამავე დროს, ხატოვანი ნააზრევისადმი ქვემოთ ცალკე გამოვთქვამთ.
მეცნიერის მსჯელობა მუდამ დაგროვილ ცოდნას ემყარება, თანმიმდევრულია და ნათელი. „ორგანიზმის შემადგენელი ელემენტები მიმოფანტულია მთელს ბუნებაში, მაგრამ ცოცხალი ორგანიზმის გაკეთება შეუძლებელი ხდება ხელოვნურად იმიტომ, რომ სამყაროში გაჰქრა პირობები, რომლებშიაც ცოცხალი ორგანიზმი ქიმიურად ჩნდებოდა; ამ პირობებთან ერთად უნდა გამქრალიყო სიცოცხლე, რომ ორგანოტროპიზმის პრინციპი არ არსებობდეს სამყაროში“.
ამ წერილში გაცემულია პასუხი მრავალ ისეთ კითხვაზე, ყოველ ჩვენთაგანს რომ გასჩენია. შეუძლებელია, ყურადღება არ მივაქციოთ, თუ როგორ ხატოვნად, ემოციურად აღწერს და აცოცხლებს კონსტანტინე კაპანელი შორეულ გეოლოგიურ წარსულში მიმდინარე პროცესებს: „მეცნიერები პოულობენ ბაქტერიების უძველეს ფორმათა ნაშთებს პრეისტორიულ ეპოქათა გეოლოგიური კვლევა-ძიების დროს; ამ ნაშთებიდან ირკვევა, რომ ბაქტერიები არიან უდიდესი ქიმიკოსები სამყაროში; ისინი ხელს უწყობენ ორგანიული ევოლუციის პროცესში მატერიის მიმოქცევას: კაცობრიობას ააყროლებდა სასაფლაოები, რომ ბაქტერიების ქიმიურ მუშაობას არ ჰქონდეს ადგილი; ბაქტერიები აწარმოებენ ქიმიურ დაშლას სხეულებისას, იწვევენ წვას, აორთქლებენ და ანიავებენ, ცრეცენ და ანაწილებენ“.
ერთ ფრაზაში ზოგჯერ მთელი წიგნის დვრიტაა მოქცეული. ასეთია თუნდაც ეს პოეტურად ნათქვამი ჭეშმარიტება: „ჩასახვა და გარდაცვალება ორი დიდი სადგურია, სადაც ისვენებს მოხეტიალე მატერია“.
კონსტანტინე კაპანელი აზროვნების პროცესში მუდამ წინ წამოსწევს ემოციურ მომენტს და საამისოდ ძველი ცივილიზაციების ადამიანთა შეხედულებას იმოწმებს: „ანტიურ ქვეყნებში ყოველგან ელინისტური პერიოდის დაწყებამდე აზროვნების მთავარ სადგურად, გააზრების პროცესის ლაბორატორიად ითვლებოდა არა თავი, არამედ გული და ნერვული სისტემა“. ამის მაგალითებს მრავლად შევხვდებით როგორც ბიბლიაში, ასევე ძველ თეოლოგთა, ეკლესიის მამათა ნააზრევშიც, სხვაგანაც. ამდენად არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა კონსტანტინე კაპანელი თავის ძირითად დებულებად მიიჩნევს იმას, რომ „აზრის სადგური და საფუძველი პირვანდულად უნდა ვეძიოთ განცდაში და არა ლოგიურ-ალეთოლოგიურ სქოლასტიკაში“.
ნაშრომში შეხვდებით თამამ მსჯელობებს გენეტიკის საკითხებზე, ვინაიდან იმხანად ჯერ კიდევ არ იყო დაგმობილი და აკრძალული გენიალური მენდელის მოძღვრება. ალაგ-ალაგ შეინიშნება ფრეიდის თეორიის გავლენაც, მაგრამ ბევრი რამ ანტიკური ფილოსოფიიდან იღებს სათავეს. ამავე დროს, ავტორი ამა თუ იმ საკითხისადმი მუდამ ინდივიდუალურ თვალთახედვას ამჟღავნებს. საერთოდ, კონსტანტინე კაპანელს ახასიათებს თამამი მსჯელობა; იმ დროს მთლად ადვილი არ იყო, სწავლულს ასეთი რამ დაეწერა: „შემეცნების პროცესი ქვეცნობიერების ერთი ფორმათაგანია: ცხოვრება საერთოდ ქვეცნობიერებითი პროცესია, აზრი მხოლოდ ერთი გაალებაა დაუსრულებლობის ბნელ ღამეში“.
ჩვენი აწეწილი დღევანდელობისთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივი და საცნაურია ისტორიული გამოცდილებით აღბეჭდილი შემდეგი გამონათქვამი: „გარდატეხის პერიოდი ისტორიაში ყოველთვის ტრაგიკული განცდების პერიოდია“. ამ აზრის სისწორე საკუთარ თავზე გამოვცადეთ - კარგა ხანია, ქაოსისა და ტრაგიზმის განცდა თან სდევს ჩვენს ახლანდელ ყოფას.
სევდიანი მედიტაციის, ღრმად განსჯის კვალი ატყვია კონსტანტინე კაპანელის მრავალ გამონათქვამს. ამათგან უნდა გამოვაცალკევოთ ერთი, რომელმაც შეუძლებელია არ შესძრას და არ ააღელვოს ყოველი გონიერი ადამიანი: „განა ჩვენი არსებობა და არსებობა თუ გნებავთ მთელი ჩვენი პლანეტისა მისი გეოლოგიური ეპოქებით, მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებით, ადამიანთა დაღუპული იმედებით არ წარმოადგენს საცოდავ შემთხვევას უსაზღვრობაზე მოსრიალე სამყაროთა ისტორიაში?“
ტოტალიტარული სახელმწიფო ასეთი პესიმისტური აზრების დანერგვას არსებულ სინამდვილეში ვერ მოითმენდა და შემდგომ ეს ასედაც მოხდა.
ჩვენ, ცხადია, ვერ წარმოვაჩენდით ამ წერილის ყველა წახნაგს, ვცდილობდით არსებითზე გაგვემახვილებინა ყურადღება. კონსტანტინე კაპანელის მიერ ფართოდ გაანალიზებულ ორგანოტროპიზმს გარეგნულად შეგვიძლია მივუსადაგოთ დავით გურამიშვილის ცნობილი „ამიცანა ზმიანი“, სადაც პოეტი ვირტუოზულად მიანიშნებს ბუნების ერთ-ერთ აუხსნელ საოცრებას - ქათმისა და კვერცხის, კვერცხისა და წიწილას დიალექტიკურ ჯაჭვზე, უწყვეტ წრებრუნვაზე რომ არის დამყარებული: „ცოცხალნი შობენ მკვდარსა და მკვდარნი ცოცხალთა ბადებენ!“ ამ ღვთაებრივად ნაჭედი სტრიქონის წაკითხვისას უნებურად გაგვახსენდება, რომ ძველი ირლანდიელი მოძღვარი პოეტები უმთავრესად იმისთვის იღწვოდნენ, რომ ჩახლართული პოეტური ჭეშმარიტებანი სხარტ აფორისტულ თქმებად ექციათ.
ზემოთ საგანგებოდ დავაკვირდით კონსტანტინე კაპანელის წერილის იმ ადგილს, სადაც საუბარი იყო ოკეანეში ჩახოცილი და დალექილი ნამარხი არსებების უზომო რაოდენობაზე („დაღუპულ არსთა სასაფლაო“). ჭეშმარიტად გაგაოგნებს წარმოსახვა იმ დროისა, როცა დედამიწაზე ეს ამბები ხდებოდა. ბევრჯერ დამუფლებია უცნაური შეგრძნება, წადილი გაწყვეტილ დროთა კავშირის გამთლიანებისა...
მეტრო „რუსთაველის“ სადგურში მასიური, დაკუთხული სვეტები აჭრელებული მოყავისფრო ქართული მარმარილოთია მოპირკეთებული. ესკალატორზე შემდგარი, ძირს როცა ვეშვები, შეგულებული მაქვს მარჯვენა მხარის მესამე სვეტი, რომლის ერთ კედელში პრეისტორიული ნიჟარის თეთრი ანაბეჭდია ჩარჩენილი. ჩვეულებად მექცა - თითს დავაყოლებ ხოლმე ნიჟარის სიმეტრიულად მოხაზულ სპირალს. გონებით ვიცი, რომ ერთ დროს ამ ნიჟარაში მოლუსკის სლიპინა ტანი ბუდობდა; მოკვდა მისი ბინადარი და თვითონ სამუდამოდ ჩარჩა ჯერ თხიერ და მერე გამყარებულ კირქვაში, რათა ამდენი ხნის მერე დახერხილი, დამუშავებული მარმარილო სამშენებლო მასალად გამოეყენებინათ (ასეთსავე განცდას იწვევს ოდესღაც თხევად და მერე გამყარებულ ქარვაში მოხვედრილი უძველესი ხანის მწერებიც). იმ ძირისკენ დავიწროვებულ ტლანქ სვეტს როცა მივეახლები და მოლუსკის ნაბუდარს თითს შევახებ, მეჩვენება, რომ დედამიწის უშორეს წარსულში გადავდივარ. წამიკითხავს - ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლე, უმცირესი გამონათებაა ორ ჩაბნელებულ, უკიდეგანო არყოფნას შორისო და ალბათ ამიტომაც ვერ შევრიგებივართ ჩვენ მოლანდებასავით გაელვებულ არსებობას; გვწადია, გონების თვალი მაინც მოვავლოთ შემაძრწუნებლად შორეული წარსულის სურათებს და ამდენადვე თავზარდამცემად დაშორებული მომავლის ხლართებშიც გავაძვრინოთ ჩვენი ნიადაგ მაძიებელი მზერა. რამდენ მოუთოკავ საფიქრალს აღძრავს ყავისფრად დატალღულ მარმარილოში დატანებული და შემთხვევის წყალობით ამოჩენილი პაწია, თეთრი ნიჟარის ხვეული ჭრილი...
მივყვები ფიქრის უწყვეტ ძაფს, უძველეს ნიჟარასა თუ ლაბირინთში შესაღწევ არიადნეს გორგალს. ახლა იმდენად ძნელი აღარ არის ყოველივეს გასიგრძეგანება, გაცნობიერება. მე რასაც ვუმზერ და ხელსაც ვახებ, იმას წინ უძღოდა უზარზმაზარი გეოლოგიური პროცესები. მთა, სადაც ეს მარმარილო მოიპოვეს და გამოანგრიეს, ადრე ზღვის ფსკერი იყო. დაქანებულ მდინარეს ზღვაში (მაშინ არც ერთს არ ერქმეოდა სახელი, სახელს ადამიანები არქმევენ ყველაფერს) ჩაჰქონდა კირქვის ლამი და ეს ბლანტი ნივთიერება ზღვაში ილექებოდა. იმ ზღვაში სიცოცხლე დუღდა. სიცოცხლეს თან ახლავს სიკვდილი და დახოცილი არსებები, მათ შორის, ნარნაირი ნიჟარები ლამში ეფლობოდა, ნამარხდებოდა. ის ნალექი თანდათანობით ქანად იქცეოდა, ქვავდებოდა და მილიონობით საუკუნეებზე გადაჭიმულ მთათა წარმოშობის პროცესში მონაწილეობდა (მიწისქვეშა ძალები დედამიწის ქერქს ჭმუჭნიდნენ, ანაოჭებდნენ და წარმოიშობოდა მთები), ამ დროს კირქვა, თავის ნამარხიანად, მაღალი წნევის ზეგავლენით, მარმარილოდ გადაკრისტალდებოდა. მიწის ჟანგისა თუ სხვა ქიმიურ პიგმენტთა შერევა იყო იმის მიზეზი, რომ მარმარილო ნაირგვარი შეფერილობისაა.
მარმარილოში მოქცეულ იმ გვერდჩამოცლილ, მოღიავებულ ნიჟარას როცა ვუცქერი, მიჭირს დაჯერება, რომ მისი ზღვის ფსკერზე დაძირვა და განამარხება ორასი მილიონი წლის წინათ, იურულ ხანაში მოხდა და ოდესღაც ვეება სტიქიის ფსკერზე მოქცეული, ახლა მიწისქვეშა სადგურის ერთ-ერთ სვეტშია დატანებული; დროდადრო, არც ისე ზუსტად დაცულ შუალედებში, ფორთოხლისფრად ანათებს შავი გვირაბიდან შემოგრიალებული მატარებლის თვალისმომჭრელი შუქი. როგორ არ იწამებ ამის მერე, ჩვენს მრავლისგადამტან პლანეტაზე მყოფი, ამოცნობილი თუ განუჭვრეტელი სასწაულებით რომ ხარ გარშემორტყმული?
ზოგჯერ მგონია, ეს ის ნიჟარაა, დიდი ირლანდიული პოეტი უილიამ იეიტსი რომ ახსენებს ერთ თავის შედევრში „ბედნიერი მწყემსის სიმღერა“; აგუგუნებული ზღვის ნაპირას ნაპოვნი, მარგალიტის ფერებით მოელვარე საოცრება გვამცნობს: „მხოლოდ სიტყვები არიან საიმედონი“. შემოქმედი ფიქრობს, რომ მხოლოდ სიტყვებს უნდა დაენდო, მხოლოდ მათ შეუძლიათ გაუძლონ დროის მსახვრალ ხელს და ერთადერთი ჭეშმარიტება, რაც დაგამშვიდებს, სიმღერაა.
* * *
ყველაფერი ერთი წერილით დაიწყო. პლინიუს უმცროსის ორატორული გამოსვლები ჟამთა უკუღმართობას ემსხვერპლა (მათზე წარმოდგენას გვიქმნის იმპერატორ ტრაიანეს სადიდებლად წარმოთქმული პანეგირიკი), მაგრამ მისსავე წერილებში ნათქვამია მის დამოკიდებულებაზე ორატორული ხელოვნებისადმი და ეს მაგალითიც მოწმობს, რაოდენ მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ცნობილი პიროვნების წერილები. ვინ მოსთვლის, სამუდამოდ ჩავლილი წარსულიდან რამდენი რამ შემოუნახავთ მათ. გარდა იმისა, რომ ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის და დიდ ესთეტიურ სიამოვნებას გვანიჭებს, სახელგანთქმული რომაელის ეპისტოლეებში ზუსტად, არისტოკრატიული ღირსებით არის გადმოცემული გარემო და სულისკვეთება, სადაც მას ცხოვრება და მოღვაწეობა უწვევდა. პლინიუს უმცროსი ევროპაში ერთი პირველთაგანი იყო, ვინც სულიერ ღირებულებას ყოველგვარ თანამდებობაზე მაღლა აყენებდა და ფიქრობდა, რომ დავიწყებას მხოლოდ მძლავრი გონებით შექმნილ სამყაროთი უნდა შებრძოლებოდი.
თავში ვწერდი, ქალბატონი ქეთევან ფულარია, ნიკა აგიაშვილის ღირსეული მეუღლე სექტემბრის მზიან დილას შემხვდა-მეთქი გიორგი ლეონიძის სახლთან, მისივე სახელობის ქუჩაზე. საუბარში მითხრა, რომ ქაღალდებში მიხეილ ჯავახიშვილის ხელით დაწერილ ბარათს წააწყდა, გალაკტიონისადმი. მაშინ გიორგი ლეონიძის ახლობლების ნაამბობი გამახსენდა - ოცდაჩვიდმეტში გოგლას უფროსი ძმა ლევანი დახვრიტეს, თვითონაც დაპატიმრებას ელოდებოდა და შეშინებულმა ნათესავებმა ბევრი რამ დაწვეს, გაანადგურეს, ძველაზე მეტი კი - მიხეილ ჯავახიშვილის წერილები, რომელთა უმრავლესობა ლევან ლეონიძის სახელზე ყოფილა გაგზავნილი.
ლევანი, გერმანიაში ნასწავლი, გამოჩენილი მიკრობიოლოგი, ფიზიოლოგი, ვეტერინარიის პროფესორი და ამავე დროს საუკეთესო ლექსიკოგრაფიც გახლდათ. მასთან მიწერ-მოწერა ჰქონდა დიდ ივანე ჯავახიშვილს და მისგან მოწვდილ ცნობებს თავის შრომებში იყენებდა. ლევან ლეონიძის შემორჩენილი წერილებიდან და დღიურებიდან ცალკეული ადგილები, ამონარიდები ჩვენს საზოგადოებას თხუთმეტი წლის წინათ გააცნო ქალბატონმა ლალი ძოწენიძემ. ალბათ საჭირო გახდება ამ მასალების სრული პუბლიკაცია.
ვფიქრობთ, ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ლევან ლეონიძისადმი მიწერილი მიხეილ ჯავახიშვილის წერილები, სადაც, უეჭველია, ლაპარაკი იქნებოდა ქართული ენის პრობლემებზე, ორივე მათგანისთვის ესოდენ ძვირფას საგანზე.
ახლა ძნელია იმის მიხვედრა და გაგება, ვეღარავინ გვეტყვის, მუდამ მოფუსფუსე და მოჭირნახულე ნიკა აგიაშვილს საიდან ჩაუვარდა ხელში მიხეილ ჯავახიშვილის ნაჩქარევად დაწერილი ბარათი, „არიფიონის“ ერთ-ერთი ლიდერი (კორპორაციის თავმჯდომარე) გალაკტიონს რომ უგზავნიდა. თუმცა მთავარია, რომ ამ წერილმა ჩვენამდე მოაღწია და ხშირად სიტყვაგაქცეული, არცთუ მთლად დალაგებული საუბრის, ფიქრისა და განსჯის საბაბი მოგვცა, კიდევ ერთხელ გადაგვახედა მძიმე წარსულში, სადაც ჩვენს ტანჯულ წინამორბედებს ყოველ ნაბიჯზე საშინელი განსაცდელი უსაფრდებოდათ.
ისევ მინდა მადლიერებით გავიხსენო ტკბილმოუბარი კაცი, ჩვენი ძვირფასი ბატონი ნიკა, ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის თაობის სასიქადულო მემატიანე; გავიხსენო სექტემბრის კიდევ ერთი მზიანი დღე, მაგრამ ეს ბევრად ადრე, 1983 წელს იყო, როცა ბატონ ნიკას ოთხმოცი წელი შეუსრულდა და მწერალთა კავშირში სახეზე ღიმილგადაფენილმა გადმომცა პატარა ქაღალდი - რესტორან „არაგვში“ უნდა მეწვიოო. ეს არ ყოფილა ცარცის ქაღალდზე დაბეჭდილი მოსაწვევი, მისი ხელით, მელნით იყო ნაწერი. რატომღაც (ვეღარ ვიხსენებ რისთვის) თბილისიდან წასვლა მომიხდა და ბატონი ნიკას ბოლო დიდ ზეიმს ვეღარ დავესწარი. ვწუხდი და ამის გამო ბოდიშიც მოვუხადე. ის დაპატიჟების ქაღალდი სადღაც ჩავდე, შევინახე და მერე ვეღარ მივაგენი. ცხოვრების მანძილზე ბევრი რამ გამებნა, მაგრამ ხომ მახსოვს ყოველივე? რამდენი ღიმილიანი სახე, რამდენი თბილი სიტყვა მაქვს ჩარჩენილი გულსა და ტვინში! სანამ სიკეთის ხსოვნა არ დაკარგულა, სანამ ისევ თენდება სექტემბრის მზიანი, ოქროცურვილი დღეები და კაცს კაცის დანახვა უხარია, მანამდე ადამიანს შეუძლია ღმერთის შექმნილად ჩათვალოს თავი.
![]() |
8 „ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა“ ლუკა /6.44/ |
▲back to top |
ცისანა გენძეხაძე
(მიხ. ჯავახიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავის შესრულების გამო)
ჩვენი საუკუნის პირველი სამნახევარი ათეული წლის განმავლობაში /1903-1937/ წლამდე მწერალთა დიდი ოჯახის წარმომადგენელი იყო ბ-ნი მიხ. ჯავახიშვილი. ამ წმინდა კედლებში ქართული მწერლობის უამრავ საჭირბოროტო საკითხზე იმართებოდა დისპუტები, დისკუსიები, სადაც ნ. ლორთქიფანიძის, კ. გამსახურდიას, გრ. რობაქიძის, ლ. ქიაჩელის, დ. შენგელაიას, რ.გვეტაძის, კ.ლორთქიფანიძის, გალაკტიონის, გ.ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, ვ.გაფრინდაშვილის, კ. ნადირაძის, ნ. მიწიშვილის, კ.მაძაშვილის, ი. გრიშაშვილის, ალ. აბაშელის და სხვათა და სხვათა გვერდით მიხ. ჯავახიშვილიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
ეს წერილი მიზნად არ ისახავს მიხ. ჯავახიშვილის მრავალფეროვანი შემოქმედებიდან რომელიმე პრობლემის ანალიზს, ან ნაწარმოების განხილვა-შეფასებას. ეს იქნება შეხსენება იმისა, რაც სათაურშია გაცხადებული, ანუ: „ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა“. ამ სიტყვებმა შთაგვაგონა, რათა ჩვენი უახლოესი წარსულის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ღირსეული საქციელი წამოგვეწია წინ, ზოგიერთი რამ სამაგალითოდაც გვექცია, ვინაიდან ღრმად გვწამს, რომ ერის კულტურა, მისი ისტორია სხვაგვარად არ წარმოიდგინება.
თავად მიხ. ჯავახიშვილის შემოქმედებამ რომ დიდი და ფრიად მნიშვნელოვანი ნაყოფი გამოიღო, ვფიქრობთ, ამას საიუბილეო დღეებიც ნათელჰყოფს. ამიტომ ჩვენ პირდაპირ სათქმელზე გადავალთ. ვნახოთ, სხვაც ვინ გვეგულება ჩვენი საუკუნის პირველ ნახევარში, თითქმის გაუსაძლის პირობებში, ადამიანთა მორალური შეჭირვების ჟამს ისეთი, ვისმა კეთილმა ნაყოფმაც, ანუ ნამოქმედარმა რაიმე კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაში, - მიხ. ჯავახიშვილის უსასოდ დარჩენილი ოჯახისა და თავად მწერლის მორალურ თუ ფიზიკურ გადარჩენაში. ამის ცოდნა უსათუოდ სჭირდებათ მომავალ თაობებს.
დღეს სამდურავის გამოხატვა, ცხადია, არ გვსურს, მაგრამ „ჭირმა თავი არ დამალა“, მოქალაქეობრივი სატკივარი თავს იჩენს, რის გამოც, არ იქნება მკრეხელობა ორიოდე სიტყვით, მაგრამ გვარების დაუსახელებლად მაინც არ ვთქვათ, რომ მიხ. ჯავახიშვილს „მეშჩანურ წუმპეში მცურავ მწერალს“ უწოდებდნენ, „წვრილბურჟუაზიული სულისკვეთების მქონედ“ აღიარებდნენ, „დამპატიჟეს“ ყალბ ნაწარმოებად მიიჩნევდნენ, „ჩვენი სამშობლოს და საბჭოთა ხალხის მოღალატეთა ბანდის, ჯაშუშებისა და დივერსანტების გარეწარი ხროვის მონაწილედ“,... თვალთმაქცობით შეიარაღებულ კლასობრივ მტრად სახავდნენ, „ჭაობის მწერლად“ წარმოადგენდნენ. რა თქმა უნდა, ჩამოთვლილთაგან ყოველივე სიცრუე, გამიზნული ცილისწამება იყო და სინამდვილეს არ შეეფერებოდა. ეს მწერლის ნამოღვაწარმა და დრომ დაადასტურა თავად. ხოლო დღეს რომ მწერლები და მეცნიერები დიდი მოწიწებით, სინანულის გრძნობითა და პატივისცემით, მეტიც, სიყვარულით ვიხსენებთ და ვიკვლევთ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას, ესეც ბევრისმთქმელი ფაქტია და თუ ჩვენი უახლოესი წარსულის ისტორიიდან ვაფიქსირებთ ამგვარ შემაძრწუნებელ ეპიზოდებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალმა თაობებმა იცოდნენ სიმართლე, რათა მსგავსი გაუგებრობები აღარასოდეს გამეორდეს ჩვენს პატარა, მაგრამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაში.
ქართველ ხალხს უთქვამს: „მითხარი, ვინ რის შენი ამხანაგი და გეტყვი, ვინა ხარ შენ“. თუ ამ სიბრძნეს გავითვალისწინებთ, ურიგო არ იქნება გავიმეოროთ, რომ მიხ. ჯავახიშვილს ჭეშმარიტი მეგობრობა და ხალასი ურთიერთობა აკავშირებდა მართლაც დიდებულ ადამიანებთან: პ. ინგოროყვასთან, გრ. რობაქიძესთან, ი. იმედაშვილთან, ნიკ. ყიფშიძესთან, აკ. გაწერელიასთან, გ. ქიქოძესთან, ლ.ქიაჩელთან, ს.კაკაბაძესთან, კ. გამსახურდიასთან, შ. დადიანთან, პ. კაკაბაძესთან, ლ.გუდიაშვილთან, გალაკტიონთან, ტ.ტაბიძესთან, პ. იაშვილთან, ვ.გაფრინდაშვილთან, ს.ჩიქოვნთან, გ.ლეონიძესთან, კ. მაყაშვილთან, ალ. აბაშელთან, კ. ჭიჭინაძესთან, შ. სოსლანთან, თ. სახოკიასთან, რ. გვეტაძესთან, დ. სულიაშვილთან, ლ. მეტრეველთან, ი. ტატიშვილთან, მ. გოგიბერიძესთან, ი. მეგრელიძესთან, ნ. კეცხოველთან და ა.შ. აქ არ მოვიხსენიებთ იმ რუს და საზღვარგარეთელ მწერლებს, რომლებთანაც სულიერი და მეგობრული ერთობა აკავშირებდა პროზაიკოსს, რომელიც საქართველოს გადასარჩენად ქართველებშივე ეძებდა დადებითსა და პოზიტიურს. ამ თვალსაზრისით მხოლოდ ა. ბელისთან და ბ. პასტერნაკთან ურთიერთობა რად ღირს.
ჩვენი ქვეყნის უახლოესმა წარსულმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ არსებობს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სიცოცხლე და უფრო საშიში, ვიდრე სიკვდილი.
1907 წელს წიწამურთან ილია სიმართლისათვის მოჰკლეს, იმიტომაც მოჰკლეს, რომ ლელთ ღუნიას პირით ქართველთ შეახსენა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“. ეს კონსპირაციული, ვერაგული და ბარბაროსული მკვლელობა მაშინდელი მთავრობის თაოსნობით განხორციელდა.
1937-ში, ზუსტად 30 წლის შემდეგ, ისევ მთავრობამ დაგეგმა ილიას სულიერი და იდეური მემკვიდრის, XX საუკუნის ქართული რომანის ერთ-ერთი მესაძირკვლის, სიტყვის ჯადოსნური ოსტატის - მიხ. ჯავახიშვილის სიკვდილი. კომუნისტები უფრო „მოხერხებულნი“ და „ელასტიურნი“ აღმოჩნდნენ და უამრავი „ბრალდება“ წაუყენეს მწერალს და დახვრიტეს. ამ ბრალდებათა შორის იყო ერთი გასაოცარი ცინიზმით აღსავსე - „კონტრრევოლუციური საქმიანობა. აქტიური ჯაშუშურ-დაზვერვითი მუშაობა უცხოეთის სახელმწიფოთა სასარგებლოდ“. ასეთ სახელმწიფოდ 11 იყო დასახელებული.
„არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს“. და აი, დრომ დაადასტურა, რომ მიხ. ჯავახიშვილიც თავისი უკომპრომისობისათვის, სამშობლოს უკიდეგანო სიყვარულისა და უანგარო სამსახურისათვის, სიმართლისათვის მოიშორეს თავიდან.
კოშმარებით აღსავსე საგას მოგვაგონებს მიხ. ჯავახიშვილის ცხოვრება: პირველი საშინელი დარტყმა დედისა და დის შემზარავი და შემაძრწუნებელი სიკვდილის თავზარდამცემი ამბის შეტყობა გახლდათ ყირიმში სასწავლებლად წასული ახალგაზრდა ყმაწვილისათვის. „თურმე უბედურება თან მომყვებოდა, როგორც ნაგეში მეძებარი“- უთქვამს მწერალს მრავალი წლის შემდეგ. მართლაც, უბედობა ფეხდაფეხ დასდევდა მიხ. ჯავახიშვილს, ამიტომაც შემთხვევითი სულაც არ არის, რომ მოგვიანებით მან თავის მწარე ხვედრს „ბედი-მდევარი“ უწოდა და, როგორც ირკვევა, ჭეშმარიტებასთან ახლოს იდგა მწერლის გუმანი. შემდეგ დაიწყო მიხ. ჯავახიშვილის ცხოვრების მეორე ეტაპი - პუბლიცისტური და სამწერლო მოღვაწეობა, რასაც მოჰყვა საზღვარგარეთ რამდენჯერმე გაქცევა თავის გადასარჩენად, რამდენიმე სერიოზული პატიმრობა: 1907, 1910, 1923 წლებში. 1937 წელს კი მისი მღელვარე, ტკბილ-მწარე ცხოვრება დახვრეტით „დაგვირგვინდა“.
„ნეტარია, ვინც არ შეცდება“ (ლუკა. 7.27). მიხ. ჯავახიშვილი ამ ნეტართა შორისაა. მან საკუთარ რწმენას ბოლომდე არ უღალატა. - მასში რწმენა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სიცოცხლე; სირცხვილს, ღირსებააყრილი მწერლის ცხოვრებას სიკვდილი ამჯობინა, „სიკვდილითა, სიკვდილისა დამთრგუნველი“; შიშის გრძნობა დაამარცხა, რაჲც ძლიერთა ხვედრია ოდენ. სიკვდილმისჯილის სიტყვებიც ამას ღაღადებენ: „თქვენ მე მომსპობთ, მაგრამ იმას ვერასდროს ვერ მოსპობთ, რაც მე დავტოვე“, დაგვიტოვა კი ბევრი რამ, რაც ამიერიდან ხელმეორედ შესწავლასა და ახლებურ გააზრებას მოითხოვს. ეს თავისთავად სხვა საკითხია და მომავლის პრეროგატივაა. ჩვენ კი ამჯერად გვაინტერესებს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ იმ ავბედით დროშიც არსებობდნენ ღირსეული ადამიანები, ჭეშმარიტი ქართველები, რომელთა დიდებული სახელებიც ზოგჯერ, ნიკო ლორთქიფანიძის თქმისა არ იყოს, „უძეგლოდ იკარგებიან“, მაგრამ ხშირად დრო კვლავ და კვლავ წამოატივტივებს ზედაპირზე, შლამსა და ნაცარ-ტუტას ჩამოაცლის ხოლმე, ვინაიდან ამგვარი ადამიანების გარეშე წარმოუდგენელია ერი ერობდეს. ამგვარი მაგალითები, ჩვენდა საბედნიეროდ, საკმაოდ ბევრია. უბრალოდ მათი მოძიება, დაფიქსირება და სამზეოზე გამოტანაა საჭირო. ეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის შემადგენელი ნაწილია. ამის ცოდნა უსათუოდ სჭირდებათ მომავალ თაობებს.
ერთი ამგვარი მაგალითი გაცხადებულიც იყო და მან იხსნა კიდეც მიხ. ჯავახიშვილი სიკვდილისაგან. მინდა ეს ეპიზოდი შეგახსენოთ: 1923 წელს, ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის ლიკვიდაციისთანავე (ამ დროს მიხ. ჯავახიშვილი ამ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ) დააპატიმრეს და ექვსი თვე ორთაჭალის ციხეში გამოამწყვდიეს. ბოლშევიკური რეჟიმი მძვინვარებდა საქართველოში. ყოველ საღამოს გაჰყავდათ ხოლმე პატიმრები დასახვრეტად. მიხ. ჯავახიშვილიც ყოველი ახალი დღის გათენებას ღმერთის წყალობას მიაწერდა. ისეთი დრო იდგა, კაცთაგან იმედი დაჰკარგვოდა. - აშინებდნენ დიდსა და პატარას... სწორედ ამ დროს საზოგადოების ერთი საუკეთესო ნაწილი მწერლის მსგავსად იტანჯებოდა და მისი გადარჩენის გზებს ეძიებდა. მოიფიქრეს და დელეგაციის სახით რამდენიმე პიროვნება, მათ რიცხვში პავლე ინგოროყვა და ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ეწვივნენ სერგო ორჯონიკიძეს შუამდგომლობით მიხ. ჯავახიშვილის განთავისუფლების შესახებ, თუმცა გარანტია არ ჰქონდათ ამ კაბინეტიდან შინ დაბრუნდებოდნენ, თუ...(?).
თხოვნამ გაჭრა. სერგო ორჯონიკიძემ, რომელიც ამ თვალსაზრისით თავისი „პრინციპულობით“ გამოირჩეოდა, ბრძანა მწერალი გაენთავისუფლებინათ.
გაოცებული დარჩა ლიტერატურული საზოგადოება, ვინაიდან საქართველოში ყველამ იცოდა ორჯონიკიძის ცინიზმით აღსავსე პასუხი ქართველთა ერთი ჯგუფისათვის, როცა მასთან დიდი ვაჟა-ფშაველას შვილის შეწყალების თხოვნით მისულან: „თვით ვაჟასაც დავხვრეტდი, ცოცხალი რომ ყოფილიყო!“
მიხ. ჯავახიშვილის უფროს ქალიშვილს, ქ-ონ ქეთევანს უამბნია ჩემთვის ამ 40-ოდე წლის წინ, რომ „იმ დღეს ბატონები - პავლე და ნიკოლოზი სიხარულით ფეხზე ვეღარ იდგნენ, მათი თვალები ცრემლებს დაენამა და დედას ორჯონიკიძის ამ „საოცარ მოწყალებაზე“ ესაუბრებოდნენ, თან დასძენდნენ: „ჩვენს ბედზე ორჯონიკიძე კარგ გუნებაზე დაგვხვდაო“. თავს ნებას მივცემთ ამოვიოხროთ: დიდება უფალს! რა შავბნელი დრო იყო! დიდკაცთა კარგ ან ცუდ ხასიათზე ეკიდა უდიდესი მწერლისა და, გნებავთ, ათასობით უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე!.. აქვე ვიტყვით - ქ-ონ ლუბას და ქ-ონ ქეთევანს მიაჩნდათ, რომ „ბატონების - პავლეს, ნიკოლოზისა და კიდევ რამდენიმე ქართველის სამაგალითო თავგანწირვამ 14 წლის სიცოცხლე აჩუქა მიხეილსო“ (დანარჩენ ქართველთა გვარები ჩვენთვის, სამწუხაროდ, უცნობია).
უტევდნენ მიხ. ჯავახიშვილს სიცოცხლეში. დაპატიმრების შემდეგ ერთხანს კიდევ უფრო თამამად აკრიტიკებდნენ. აკრიტიკებდნენ ადამიანს, რომლის თავისუფალი აზრისა და პირდაპირობის წინაშე, მის სიცოცხლეში, შიშით ძრწოდნენ. მიხ. ჯავახიშვილს ერთხელ, მწერალთა კავშირში, უთქვამს კიდეც ერთ-ერთი კრიტიკოსისათვის, რომელსაც მისთვის დაუმსახურებელი შენიშვნა მიუცია: „რაო?! კალმის წვერზე მიზიხარ, ვინძლო არაფერი დამაწერინოო“. მაგრამ ქართველთა საბედნიეროდ და სასახელოდ კიდევ არსებობდნენ ადამიანები, საოცარი ქართველები, ზნეობრივი გმირები, რომელთათვისაც სიცოცხლეშიც ძვირფასი იყო მიხ. ჯავახიშვილის - ჭეშმარიტი მწერლისა და მოღვაწის - შემოქმედება და ვერაგული სიკვდილის შემდეგ - მით უფრო.
ქ-ნი ქეთევანი განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებს თავის მოგონებებში რამდენიმე მწერლისა დ მოქალაქის საქციელს, რომლებმაც მას მორალური და ხშირად მატერიალური დახმარებაც კი გაუწიეს. იმ მძიმე წლებში ამ ოჯახთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ ა. გაწერელიასა და ალ. აბაშელს. ქ-ნი რუსუდანისათვის ა. გაწერელიას „თავი გადაუდვია“, თავისი ინიციატივით მისულა უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორთან, ბ-ონ ნ. კეცხოველთან და მიხ. ჯავახიშვილის ქალიშვილისათვის დახმარება უთხოვია. „ბატონმა ნიკომ, როგორც მამას მეგობარმა, გულთან ახლოს მიიტანა ეს ამბავი და რუსუდანი უნივერსიტეტში ჩარიცხა. იმ დროისათვის ეს დიდი ვაჟკაცური ნაბიჯი იყო. ამ ხალხის ამაგს რა დამავიწყებს! მე ჩემს თავს მათ წინაშე მუდმივ მოვალედ ვგრძნობ“.- იგონებს ქ-ნი ქეთევანი. ასეთივე დიდი დახმარება გაუწევია მწერლის ოჯახისათვის ალ. აბაშელს. გარდა მორალური მხარდჭერის, იგი სამუშაოს გამოუძებნიდა ქ-ონ ქეთევანს, რომ მატერიალური რამ, საარსებო სახსარი ჰქონოდა ოჯახს.
ბ-ნი ბენო გორდეზიანი შინ სათარგმნელი და საბეჭდი მასალით ამარაგებდა მას. ბიოლოგიურ შიმშილთან ერთად მატერიალური და სულიერი შეჭირვებისაგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევდა იგი მიხ. ჯავახიშვილის უფროს ქალიშვილს, რომლის სუსტ მხრებს დააწვა ოჯახის გადარჩენის უმძიმესი ტვირთი. მრავალი წლის შემდეგ ქ-ნი ქეთევანი ტკბილ-მწარე ღიმილით მეუბნებოდა, უფრო სწორი იქნება ვთქვა, მიხსნიდა, რომ, როგორც მერე გააანალიზა, ბ-ონ ბენოს არაფერში სჭირდებოდა მისთვის გადაცემული „ვითომ სათარგმნი და დასაბეჭდი მასალა“. ეს იყო მისი მხრივ „ლამაზი ჟესტი“, რომ ქ-ონ ქეთევანს - „ახალგაზრდა თავმოყვარე ქალს“ მიეღო მისგან, ასე ვთქვათ, „საარსებო მინიმუმი“, „ჰაერივით საჭირო დახმარება“ (ჩვენი ზეპირი მოგონებიდან ქ-ნი ქეთევანის სიტყვებს ბრჭყალებში ვსვამთ. ც.გ.).
გ. ქიქოძე, ლ. ქიაჩელი და გ. ლეონიძე ყურადღებას არ აკლებდნენ „მიხეილის ოჯახს“- ასე მოიხსენიებდნენ ისინი დიდი მწერლის დაობლებულ კერას. გ. ქიქოძე ხან თავად, ხანაც თავისი დის საშუალებით მატერიალურადაც გვერდში ედგა ქ-ონ ქეთევანს.
1940 წლის 1 იანვარს ქ-ონი ლუბას დედა გარდაიცვალა. დუშეთში უნდა დაეკრყალათ - მამა-პაპათა გვერდით. ბებიის გარდაცვალების ამბავი არავისთვის შეუტყობინებიათ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინთ ახლობლები.
საცოდავი სანახაობა ყოფილა: სიბნელე... თოვლი... სიცივე... ირგვლივ სიჩუმე და გაუსაძლისი მარტოობა... ამ დროს პანაშვიდზე, ამას თუ პანაშვიდი ერქვა, გ. ქიქოძე და ლ. ქიაჩელი გამოჩენილან. ამ უბედურების ჟამს სასიამოვნოდ გაოგნებულან ოჯახის წევრები. საიდანღაც შემთხვევით გაუგიათ მათი ამბავი და ვალდებულად ჩაუთვლიათ თავი ასეთ მძიმე ვითარებაში არ მიეტოვებინათ უსუსური ქალბატონები. სულ რამდენიმე კაცს წაუსვენებია ბებია დუშეთში.
მხოლოდ ლიტერატურულ წრეებში როდი აღმოჩნდნენ უშიშარნი და კეთილშობილნი. ტექნიკურ საზოგადოებაშიც იყვნენ ისეთები, რომლებიც არ ივიწყებდნენ და სათანადოდ აფასებდნენ მიხ. ჯავახიშვილის შემოქმედებას და განიცდიდნენ მის უსამართლო ხვედრს.
1942 წელს ქ-ონ ქეთევანს მიუმართავს საკონდიტრო ტრესტის მმართველისათვის - ზ. მახარაშვილისათვის, რომელიც შეთანხმებია კვების მინისტრს - ი. წიკლაურს და ახალგაზრდა სპეციალისტი, თუმცა „საშიში მტრის“ შვილი, თავისი სპეციალობით, ქიმიკოს-ტექნოლოგის თანამდებობაზე დაუნიშნავს. მართალია, ოჯახს მატერიალური სახსარი კი გასჩენია, მაგრამ ზ. მახარაშვილს დიდი უსიამოვნება შეხვედრია. უკითხავთ: „ვინ მოაწყოო ხალხის მტრის შვილი ამ ფაბრიკაში!“ ბ-ონ ზურაბს უკან არ დაუხევია და ეს ამბავი თავის თავზე აუღია. ცხადია, მკაცრი საყვედურიც არ ასცდენია. ამგვარი კეთილშობილი და კათცთმოყვარე ადამიანების ხელშეწყობით ქ-ნი ქეთევანი მუშაობდა ამ დაწესებულებაში მამის რეაბილიტაციამდე.
სიკეთის ქმნის, მორალური მხარდაჭერის მაგალითი, საბედნიეროდ, ცოტა როდი იყო. მიხ. ჯავახიშვილის დახვრეტიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მართლა ძალიან ჭირდა ურთიერთობები რეპრესირებულთა ოჯახებთან, მაგრამ ზოგი მაინც არ უშინდებოდა მაშინდელ „ჩეკას“ კლანჭებს და კეთილ, ახლობლურ დამოკიდებულებას ავლენდა ღვთის ანაბარად მიტოვებული ჯავახიშვილების ოჯახის მიმართ. ჩვენ 40 წელზე მეტი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ამ ოჯახთან, ამიტომაც სიამოვნებით ვადასტურებ, რომ ქ-ნი ლუბა და მისი დარბაისელი და მშვენიერი ქალიშვილები მუდამ დიდი პატივისცემით იხსენებდნენ უშიშარ, ამაღლებულ ქალბატონებს: ნინო მაყაშვილ-ტაბიძისას, მარიკა ელიავა-ჩიქოვანისას, მედეა აბაშელს, ანეტა ქიქოძეს, მირანდა ფალავანდიშვილ-გამსახურდიას, თამარ ანდღულაძეს, ქეთევან ირემაძეს, ნინო ავალიშვილს და კიდევ რამდენიმე სხვას მორალური მხარდაჭერის გამო, რომელსაც ისინი იჩენდნენ იმ დროს, როდესაც ჯავახიშვილების ოჯახთან ურთიერთობა, იმ ჯოჯოხეთურ წლებში, სწორედაც რომ სახიფათო იყო.
გავიდა წლები... ჭრილობები ნელი-ნელ ხორცდებოდა... ქ-ნი ქეთევანი კი, სხვათა შორის, მისთვის დამახასიათებელი ამაყი ღიმილით მეტყოდა ხოლმე და იგივე მას თავის მოგონებებშიც უწერია სიტყვასიტყვით: „ჩვენს თავს დატეხილ ტრაგედიას ერთი უპირატესობა მაინც ჰქონდა, ყველა ადამიანს ნიღაბი ჩამოეხსნა. ჩვენ აშკარად დავინახეთ მტერი და მოყვარე და ეს არა მხოლოდ იმ 17 წლის მანძილზე, არამედ თვით რეაბილიტაციის მიღების დღესაც კი. შემდეგ ჩვენ, ცხადია, უფრო მეტი მეგობარი გაგვიჩნდა“.
ქ-ნი ქეთევანის ამ სიტყვებმა რატომღაც მეხსიერებაში ამოატივტივა მიხ. ჯავახიშვილის ერთი პატარა მოთხრობა „ჯილდო“ და ეს, ალბათ, იმიტომ, რომ იგი მართლაც ადამიანთა ფსიქოლოგიის ღრმად მცოდნე იყო, მათი ხასიათების რეფლექსიის მესაიდუმლეც გახლდათ.
„ჯილდო“, ცხადია, სულ სხვა პრობლემას ეძღვნება. მასში მოცემულია 1905 წლის რევოლუციისდროინდელი თბილისი. მხატვრულად გაცხადებულია უნებლიე ჯალათისა და ასევე უნებლიე მსხვერპლის ურთიერთდაპირისპირება, ტრადიციის, აღზრდისა და ოჯახის როლი ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების ურთულეს პროცესში, პოლიტიკური და სოციალური პრობლემები და ა.შ. მაგრამ ამან როდი მიიქცია ჩვენი ყურადღება. მოთხრობაში მიხ. ჯავახიშვილისათვის დამახასიათებელი მახვილი თვალით დანახულია ისიც, რასაც დაუკვირვებელმა მკითხველმა იქნებ ნაკლები ყურადღებაც კი მიაქციოს. თხზულებაში ისე მოხდება, რომ ერთ ჩვეულებრივ სალდათს, გიორგი ჯიხაძეს სრულიად შემთხვევით შემოაკვდება ნაძალადევის ქარხნის მუშათა გამოსვლებში მონაწილე ახალგაზრდა. იქ იყვნენ გიორგის მეგობრებიც. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ გიორგის არვითარი ბრალი არ მიუძღოდა ამ მკვლელობაში. მეტიც, იგი თავად იყო დაზარალებული, თავგაჩეხილი, მაგრამ... მოვუსმინოთ მწერალს: „მეორე დღეს მისი საუკეთესო მეგობრები - მცხეთელი არჩილა, დუშელი მიხა და კასპელი ვანო - გულცივად დაუხვდნენ, ცერად დაუწყეს ცქერა და, თითქოს გიორგის მტრები ყოფილიყვნენ, ერიდებოდნენ და შორი შორს უვლიდნენ. გიორგიმ ეს ამბავი მაშინვე შენიშნა და გული მოუკვდა: უფრო დაღონდა, გაგარეულდა, აღარავის მიეკარა და საღამომდე მარტო დადიოდა“ (გვ. 68).
მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა და აღმოჩნდა, რომ „როტის უფროსმა“ დაიბარა გიორგი, „ერთგული სამსახურისთვის“ მადლობა გადაუხადა და ოქროს თუმნიანითაც დააჯილდოვა. კვლავ მწერალს მოვუსმინოთ: „...ამხანაგები მაშინვე შემოეხვივნენ და ლაქუცი დაუწყეს. უცებ ბევრნი დაუმეგობრდნენ და ისე ევლებოდნენ გარშემო, თითქო გიორგი მათი ძვირფასი ძმა და დიდი ხნის უნახავი ნათესავი ყოფილიყო... ზოგი დაპატიჟებას, ზოგი - ერთად გასეირნებას, ზოგი იმ ფულის შენახვას ურჩევდა და დანარჩენი ამხანაგებისაგან იცავდა“ (გვ. 69).
ალბათ გასაგებია, რისთვის მოვიტანეთ პატარა ამონარიდები მოთხრობიდან „ჯილდო“. ეს ის შემთხვევაა, რომელიც კომენტარს არ საჭიროებს. ერთი კი სრულიად აშკარაა და ცხადი: მიხ. ჯავახიშვილი ადამიანთა გრძნობებისა და გონებრივი შესაძლებლობების მცოდნე და ხასიათთა ძერწვის განუმეორებელი ოსტატი გახლდათ. ამიტომაც სრულიად სამართლიანია, როდესაც წერენ: „მიხ. ჯავახიშვილი ადამიანთა სულის მხატვარია“.
ბოლოს კვლავ გვინდა გავიმეოროთ, რომ სიკეთე და სათნოება თვისებაა ამაღლებულთა და კეთილშობილთა, რომ მას დრო და სივრცე ვერ აკავებს, რომ ყველაზე საშინელ პირობებშიც კი თავს იჩენს ხოლმე. საბედნიეროდ, იგი იმედის ნაპერწკალს აღვივებს და ეშმაკეულთ აფრთხობს.
ამიტომაც საჭიროა დროდადრო ამ კეთილისმქმნელთა მოგონება, რათა ხე, მართლაც, მუდამ „თავისი ნაყოფით შეიცნობოდეს“.
![]() |
9 კლასიკოსთა ურთიერთობიდან (მიხეილ ჯავახიშვილი და გრიგოლ რობაქიძე) |
▲back to top |
ეკა ცხადაძე
დღევანდელობის ფონზე განსაკუთრებით საინტერესო ხდება გარდასული საუკუნის გამოჩინებული და სხვადასხვა ბუნების მქონე შემოქმედთა ურთიერთობანი, მათი მიზნები, ბრძოლები და ტკივილები. საინტერესოა ისეთი განსხვავებული მხატვრული კონცეფციების მქონე მწერლების ურთიერთობა, როგორებიც იყვნენ ქართული მოდერნიზმის მამამთავარი გრიგოლ რობაქიძე და მიხეილ ჯავახიშვილი.
მიხეილ ჯავახიშვილს და გრიგოლ რობაქიძეს გულითადი ურთიერთობა ჰქონიათ, ყოველდღიური, ოჯახური. ორივე განდობილი პირი იყო შეთქმულებისა, რომელიც 1924 წელს სასტიკად ჩაახშვეს. ორივე დიდი შემოქმედი იძულებული იყო ანგარიში გაეწია არსებული წყობილებისადმი და გარკვეულ დათმობაზე წასულიყო. თუმც ეს „დათმობებიც“ არ აკმაყოფილებდა გამუდმებით მოდარაჯე ბოლშევიკურ მახინას, რომლის წნეხი ყველაზე ძალუმად ლიტერატურულ წრეებში იგრძნობოდა. „ბოლშევიკური გამანადგურებელი ძალა“ ორივემ იწვნია. გრიგოლ რობაქიძე ემიგრანტი გახდა, მიხეილ ჯავახიშვილი კი სიკვდილმისჯილი.
სამშობლომონატრებული და ასაკმოძალებული გრიგოლ რობაქიძე საგანგებო და საყურადღებო წერილს მიუძღვნის მიხეილ ჯავახიშვილს და დაწერს: „მაგონდება ყოველი შეხვედრა მასთან: ჩემთან, გურამიშვილის ქუჩაზე, თუ მასთან, ვერის დაღმართზე. საუბარი: საქართველოს ირგვლივ უმთავრესად - საქართველო: თითქმის ყოველთვის ლიტერატურულ რკალში მოქცეული. არადროს დავა - მხოლოდ ნათელი გონებით შეხმიანება. არც ერთხელ ღნიოში შეხუთვა შიგან თვისა - ყოველთვის ხალასი გულგახსნა. სიტყვა: ხან უნაბი, ხან გოლეული, ხან ქართა, შიგ-და-შიგ ხალიბის რკინა“ (გრიგოლ რობაქიძე, კრებული, მიუნხენი, 1984).
მათი მეგობრების შესახებ ქეთევან ჯავახიშვილი ვრცლად და დაწვრილებით გვიყვება და ასე გადმოვცემს ბავშვობისდროინდელ შთაბეჭდილებებს: „თვითონ გრიგოლიც დახვეწილი ინტელიგენტი იყო და გარეგნობითაც არ ჰგავდა ქართველს - უფრო ევროპელს წააგავდა. საშუალოზე მაღალი, მოსული კაცი იყო, ყოველთვის ამაყად ეჭირა თავი. არასოდეს მოშვებული და მოდუნებული ჩვენ ის არ გვინახავს. მთელი მისი არსებიდან სიცოცხლე სჩქფედა. ელეგანტურად, ევროპულყაიდაზე, ყოველთვის მოდურად ჩაცმული ჩვენი ქართველი მწერლებისაგან გამოირჩეოდა. ცხოვრების წესიც ევროპული ჰქონდა. სული კი ქართული ედგა და დიდი პატრიოტი იყო. უთუოდ თმა თავზე ადრე გასცვივდა, რადგან პარიკს ატარებდა. ეს პარიკი მოხდენილად ჰქონდა ალაგ-ალაგ შეჭრილი და საკუთარი თმის შთაბეჭდილებას სტოვებდა. გრიგოლს უყვარდა მამა და პატივისცემით ეპყრობოდა მას. რამეს რომ დაწერდა, მაშინვე ჩამოუტანდა და წააკითხებდა, მისი აზრი აინტერესებდა. გრიგოლმა მამას თავისი წიგნი „გველის პერანგი“ აჩუქა შემდეგი წარწერით: „მიხ. ჯავახიშვილს - რომელმაც გააცოცხლა ქართული პროზა. ამ თავად „არსენას“ მოლოდინში. გრიგოლ რობაქიძე. ოქტომბერი. 1926. ტფილისი“ (ქეთევან ჯავახიშვილი. მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება. თბ. 1991). ქეთევან ჯავახიშვილი დაწვრილებით გვიყვება იმაზეც, თუ როგორ დარჩა გრ. რობაქიძე გერმანიაში და ეს მისი სურვილით არ მომხდარა. მას ეშინოდა ბერიასი, რომელსაც მწერლებში თავისი ხალხი ბლომად ჰყავდა და აკაკი ბაქრაძის მოხდენილი ფორმულირებით, აქტიურად ესწრაფვოდა მარად მეამბოხე ქართული „მწერლობის მოთვინიერებას“. სწორედ ლავრენტის ეს მომწერლო-მოპოეტო კასტა კარნახობდა ჭეშმარიტ შემოქმედთ იმას, თუ რა უნდა ეწერათ, ვისთვის უნდა ეწერათ და როგორ უნდა ეწერათ. ისეთი გაუსაძლისი პირობები შექმნილა, რომ თვით მარად ჩრდილში მყოფ გალაკტიონს ვეღარ მოუთმენია და ერთ-ერთ დღიურში ჩაუწერია.
სამგლეს და საძაღლეს- |
სწამებენ ობობას- |
(ვ. ჯავახაძე, უცნობი, თბ. 1988)
რევაზ ჩხარტიშვილი, რომელიც საგანგებოდ იკვლევს ამ ეპოქის ლიტერატურულ კრიტიკას, გაოცებულია 19-20-21 წლის პროლეტარული მწერლობის მესვეურთა უტიფრობითა და მამლაყინწური ტონით გრიგოლ რობაქიძისადმი, მიხეილ ჯავახიშვილისადმი, კონსტანტინე გამსახურდიასადმი. იმდენად მიუმწყვდევიათ მიხეილ ჯავახიშვილი კუთხეში და გაუცამტვერებიათ, რომ მკვლევარი ირონიით წერს: „საბრალო მიხეილ ჯავახიშვილი. იგი თანამგზავრიც არ ყოფილა. რანაირად მიაღწევდა პროლეტ-ლიტერატურის სადგურს, მით უმეტეს, მოკავშირეობის ბაქანიც გასავლელი ჰქონია“ (რ. ჩხარტიშვილი. ქართული სალიტერატურო კრიტიკის უახლესი ისტორიიდან. თბ. 1993). ოდნავ სულის მოსათქმელად კონსტანტინე გამსახურდიამ „დისტანციის თეორია“ იფარა, აქაოდა რევოლუცია ისეთი გრანდიოზური მოვლენაა, მას წლების შემდგომღა თუ შევაფასებთ და დავაფასებთ სრულადო. მაგრამ ამაოდ... „შავრაზმელებად“ და „რეაქციოენერებად“ მონათლულთ არაფერი შველოდათ. მით უმეტეს, როცა 1924 წლის ჯანყისადმი მათი თანაგრძნობა საყოველთაოდ იყო ცნობილი.
მიხეილ ჯავახიშვილი უშუალოდ მონაწილეობდა შეთქმულებაში, მას სიკვდილი მიუსაჯეს და სასწაულებრივ შეიწყალა უმოწყალო და შეუბრალებელმა სერგო ორჯონიკიძემ. გრიგოლ რობაქიძე ამ ამბებს ასე იხსენებს: „ჯავახიშვილი ერია შეთქმულებაში, რომელიც კოტე აბხაზის ჯეროული სახელით შევიდა „ქართლის ცხოვრებაში“ (ეს მან გამანდო პროცესის შემდგომ). იყო იგი მონაწილე სხვა შეთქმულებისა? გადაჭრით შემიძლია ვთქვა: არა! ერთხელ გადარჩენილი, შეუძლებელია ხელმეორედ გახდეს საბჭოეთში შეთქმული - ძარღვშეშინებულ ცხენს სადოღედ არ გაიყვანენ, ვიტყვით ქართველნი. ხოლო როგორც მამულიშვილი, ჯავახიშვილი ჩემს იქ ყოფნის დროსაც ვერ ურიგდებოდა. ბოლშევიზმს შინაგან, და ვფიქრობ, ვერც მერმე შეურიგდებოდა“ (გრიგოლ რობაქიძე, კრებული, მიუნხენი, 1984). ეს მოსაზრება სავსებით მართებულია, მიხეილ ჯავახიშვილი თავისი რეალისტური ქმნილებების ყველა ნიუანსში აშიშვლებდა ბოლშევიზმის ნამდვილ ბუნებას, მის სულის შემხუთველ არსს და ამის დასტურია მისი „დამპატიჟე“, რომელიც „ჯაყოზე“ არანაკლებ შეიქმნა ყბადაღებული. როცა განერიდა თანადროულობას და ისტორიულ თემატიკას მიჰმართა, შეიქმნა „არსენა მარაბდელი“ - „საქართველოს შუაგულითგან სიუხვით ამოვარდნილი“.
გრიგოლ რობაქიძე, როცა წუნის გუნებაზეა, მრავალ ნაკლს მოუძებნის „არსენა მარაბდელს“, „თეთრ საყელოს“ და „ჯაყოს ხიზნებს“. მაგრამ არასოდეს არ არის ჯიუტი და თავისნათქვამა, ხშირ შემთხვევაში გადაამოწმებს და გადააფასებს თავის შთაბეჭდილებებს და გამოყოფს სრულყოფილ პასაჟებს ჯავახიშვილის მხატვრული სამყაროდან. მიხეილის „თეთრ საყელოს“ თავისებური გავლენა მოუხდენია გრიგოლ რობაქიძეზე, რომელმაც ნაწილობის თემას თავადვე მიუძღვნა მოთხრობა „ენგადი“. თუკი „თეთრი საყელო“ ხორციელ თავშეუკავებლობამდე მისულ მეტრფეებს წარმოგვიდგენს, „ენგადი“ ამ მხრივ მისტიურ-საკრალურ სიწმინდედ სახავს „წაწლობას“ და მას გამოცდად, ჰიერატულ ნაშთად წარმოგვიდგენს. აქ უკვე შემოქმედებითად გადაკვეთს ორი მწერალი ურთიერთს.
ცნობილია ის ფაქტიც, რომ მიხეილ ჯავახიშვილი „შამილის“ დაწერას აპირებდა და ექსპედიციაც უნდა მოეწყო მის მშობლიურ მხარეში. მან ვერ განახორციელა ეს. გრიგოლ რობაქიძემ ამ თემაზე ექსპრესიულობით აღბეჭდილი მოთხრობა „იმამ შამილ“ დაწერა, რომელიც ჰიმნია ვაჟკაცობის, გულადობის, მეამბოხეობის და პატრიოტობის. როგორც ჩანს, ორივე მწერალი ხშირად ინტერესდებოდა ერთი და იმავე თემატიკით. ასევე აინტერესებდათ ერთიმეორის საზოგადოებრივი ნაღვაწი, მიზნები და მისწრაფებები. მიხეილ ჯავახიშვილმა, როცა „არიფიონის“ შექმნა განიზრახა და მოგვიანებით შექმნა კიდეც, ამის თაობაზე გერმანიაში მყოფ გრიგოლ რობაქიძეს აცნობა. მანაც დაინტერესებულმა მოიწერა: „ჯგუფი „არიფიონი“ რომ დააარსეთ - ამ ჯგუფის გამოვიდა რამე თუ არა: ან „გეზი“, ან ჟურნალი, ან კრებული? საინტერესო ესაა. თუ გამოვიდა - გამომიგზავნე“ (1928 წ.).“
გრიგოლ რობაქიძე მეორედ 1931 წელს გაემგზავრა გერმანიაში და მაშინაც ხშირად სწერდა მიხეილ ჯავახიშვილს. ეს მიმოწერა უაღრესად აქტუალური და საქმიანია. „აქ დიდი კრიზია: მდგომარეობა თანდათან უარესდება, განსაკუთრებით ლიტერატურულ ფონზე. ჯერ ერთი ამერიკანიზმი სპობს ნამდვილ ლიტერატურას. პაუზა არ არის, რომ გულდასმით რაიმე იგრძნო, გამეფდა მსუბუქი ლიტერატურა; დაძინების წინ წასაკითხი - ანდა: მოდუნებული სქესის გამაღიზიანებელი. კრიტიკა თანდათან ჰქრება, რჩება მხოლოდ რეკლამა. მეორე მხრით: ყოველი მწერალი დაძაბულია - დავიწყებას არ გადაეცეს და ამისთვის სწერს, სწერს მანქანად ქცეული. რა გამოდის ამ მანქანისაგან - ეს ავტორმაც იცის. ამ მხრივ ჩვენ ბევრად უფრო ბედნიერნი ვართ, პატარა ერის შვილები. არ გაგეცინოს. პატარა ერის წიაღში მწერალი ორგანიულ შედის და რჩება ცოცხალი. დიდი ერის წიაღში (ამერიკანიზმის ხანაში) საკმაოდ გამოჩენილი თხზულება მხოლოდ რამდენიმე წელი ცოცხლობს (აქ ელიან სულ ახალს და ახალს). ნურავინ იფიქრებს, რომ ევროპის სარბიელზე გასვლა მაინც და მაინც სახარბიელო იყოს. მშობელი მიწა და მისი თბილი წიაღი უშრეტია“... (ქეთევან ჯავახიშვილი. მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება. თბ., 1991). ამ წერილში მრავალი რამ არის საცნაური: ევროპული ცხოვრების წესი, თანდათან ამერიკულს რომ ემსგავსება; მომქანცავი დოღი მწერლობისა და ხელუხლებელი მიწის წიაღი პატარა ერისა, რომელიც ორგანულად ითვისებს მწერლებს და მათ ქმნილებებსაც. ისიც ფაქტია, რომ ასეთი აზრების მქონე გრიგოლ რობაქიძე ნებაყოფლობით არ დარჩებოდა „ამერიკანიზმის“ არეში.
სწორედ 1931 წელს წყდება ყოველგვარი ურთიერთობა გრიგოლ რობაქიძესა და მიხეილ ჯავახიშვილს შორის. ამიერიდან ისინი ვერასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს. მიხეილ ჯავახიშვილი ვერ იხსენებს კეთილად თავის კოლეგას, ხოლო გრიგოლ რობაქიძეს კანტი-კუნტად ჩაუვა გერმანიაში ერთი მეორეზე შემზარავი ისტორიები მისთვის ძვირფას ადამიანებზე.
კიდევ ერთი ფაქტია საგულისხმო: ისინი პირში ეუბნებოდნენ ერთმანეთს სათქმელს. თუკი რამ არ მოეწონებოდათ, როდი ფარავდნენ. მიხეილ ჯავახიშვილი „ფალესტრაზე“ ამბობდა: „გრიგოლ რობაქიძის ყველა ახალმა სიტყვამ რომ გაიმარჯვოს, ჩვენს მემკვიდრეებს ლექსიკონით დასჭირდებათ ყველი მწერლების წაკითხვა. ახალი სიტყვა კარგია, თუ მისი სანაცვლო არა გვაქვს და თუ გვაქვს შხამი“ -ო. თავის მხრივ გრიგოლ რობაქიძემ ჯავახიშვილს ნოველებში გორკისეული თხრობის მანერა იგულვა, რაც აშარად მიუღებელია. უბრალოდ, მიხეილ ჯავახიშვილმა ქართულ გარემოში მოიძია „ფსკერის ადამიანები“, თხრობის ოსტატობით კი შეგვიძლია ნებისმიერ ფრანგ მწერალსაც შევადაროთ, თუნდ მოპასანს, რომელსაც თარგმნიდა და ფაქტებისა და მაგალითების მოუხმობლად ესეც ცარიელი და დაუსაბუთებელი თქმა იქნებოდა.
ორი დიდი მწერლის შემოქმედებითი თუ საზოგადოებრივი ინტერესები, მათი პირადი ურთიერთობებით ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა მრავალი მოსაზრებით... სხვა თუ არაფერი, იმას მაინც თვალსაჩინოდ დავინახავთ თუ „რანი იყვნენ და რანი არიან“.
![]() |
10 „ღირებულებათა გადაფასება“ მიხეილ ჯავახიშვილთან |
▲back to top |
ლეილა თეთრუაშვილი
/„კვაჭი კვაჭანტირაძე“ და თომას მანის
„ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარებანი“/
„ღირებულებათა გადაფასება“ ფრიდრიჰ ნიცშემ იწინასწარმეტყველა და ოთხი წიგნის დაწერაც განირახა მასზე, მაგრამ მხოლოდ ერთზე შეჩერდა; ესაა „ანტიქრისტე“. მე-20 საუკუნე ამ წინასწარმეტყველებით დაიდაღა. მაგრამ ამ მოვლენის - „ღირებულებათა გადაფასების“ - ფსიქოლოგიური პრეცენდენტი გერმანულ ლიტერატურაში უკვე არსებობდა და იგი გაფრთხილებას შეიცავდა „გონებით ნათავხედარის“ შედეგებზე. მაგალითად, გოეთეს „ფაუსტში“, მეფისტოფელი, რომელმაც კარგად იცის ეს „საქმე“, ეუბნება ფაუსტის მოწაფეს ვაგნერს: იმ ლოგიკით, მხოლოდ გონებიდან რომ მოდის, - შენ რომ საჭმელს მოამზადებ (გააკეთებ!) - ბავშვებსა და მაიმუნებს თუ მოატყუებო. გონებისმიერია გერმანულ ენაში ერთი სიტყვაც - ლათინური წარმოშობის „SzulgdSukut“, რომელიც თავისი პრო-გაგებით, აზროვნებას ნიშნავს, მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოს „დაქვეითდა“ და, როგორც სწერენ, „ბირჟაზე გადაინაცვლა“, ანუ გარიგების, აღებ-მიცემობის, სწორედაც სპეკულაციის ფუნქცია შეიძინა, ყველა დიდ ღირებულებათა გადაფასების, დევალვაციის ფონს მოერგო, რასაც კვაჭის ენაზე „გაიმასქნება“ ეწოდება... კვაჭიზე სწერენ „კაცუნა იყო და გმირის როლი ითამაშაო“ (დ. ბენაშვილი), „ფარსის პერსონაჟი ტრაგიკულ სახეს იღებდაო“ და ბოლოს: „ეს დროის ნიშანი იყო და მისი ხელით დაღდასმულიო“ (დ. ბენაშვილი - „მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედება“, თბილისი, 1959). ხოლო ამ გამონათქვამებში უკვე კვაჭიც ჩანს და ნაწარმოების ადგილიც მსოფლიო ლიტერატურის მდინარებაში; ანუ ის, რომ კვაჭიმ ყველა დიდი ღირებულება ხელყო და თავის დონეზე „დაქვეითებული“, ღირსებააყრილი და გაუფასურებული მიუგდო ადამიანებს. გმირობაზე, მეგობრობაზე, მიჯნურობაზე, სახელმწიფო მოღვაწეობაზე, მსოფლიო პიროვნებაზე ორიენტირებული და ყველგან „ფსევდო“. „რას ვინტროვ თავს, ვინ დამიფასებს“ - ამბობს, თითქოს მსოფლიოს გზებზე მოთარეშეს სულ კაცობრიობისთვის სჭირდებოდეს თავისი მასშტაბური აფჲორები. ის, რომ „კვაჭი ფარსის პერსონაჟი იყო და ტრაგიკულ სახეს იღებდა“, ეს კი „დროის ნიშანი იყო“ - აქ იგი ყველაზე მეტად ენათესავება პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერს და თომას მანის ფელიქს კრულს. ისაა, ყვარყვარე ჯერ რომ რევოლუციონერებს ეხვეწება, თავი დამანებეთ, არ ვარ მე ის კაცი, თქვენ რომ გგონივართო, მერე რევოლუციონერობას შეიფერებს, უფრო გვიან - ეპოქის იმ კრედოს აშიშვლებს, „დროის ნიშანი რომ [რომ]იყო“ და ბოლშევიზმის გაბატონებას უკავშირდებოდა, ანუ მეწისქვილის რევოლუციონერ ქალიშვილს ეუბნება: „ამათ ბოლშევიკური პროგრამა მომთხოვეს, მაგრამ ვერ დავუფქვი და დღეს პანღური მომაყოლეს. ახლა ცოტა ბოლშევიკური ლაპარაკი მასწავლე, ჩემო მოპოვებულოო“.
ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანს, გერმანელ რომანტიკოსს, „კრაისლერიანაში“ ჰყავს ერთი გმირი, მილო, წარმოშობით მაიმუნი (დარვინის თეორია არ იგულისხმება; მილოა მაიმუნი!!), რომელმაც როდერლაინთა კეთილშობილ ოჯახში ისწავლა ლაპარაკი, წერა-კითხვა, მუსიკა და ყველა ნატიფი ხელვნება. სწორედაც ისწავლა და ვერ კი დაიუფლა, ანუ კი არ შეერწყო და შეეთვისა მას, არამედ იმას მიბაძა, ვისთვისაც თავისი შინაგანი განათლებულობით, სწორედაც განათლებულობით და არა იმდენად განსწავლულობით, ბუნებრივია ხელოვნების სული. გარეგნულად მის მაიმუნობას (წარმოშობითს!) ვეღარავინ ამჩნევს. არადა, მაიმუნია ახლაც, იმიტომ რომ იმიტაციის, მიბაძვის სპეკულანტურ უნარში გაიწაფა ანუ კვაჭივით თუ ვიტყვით, ეს საქმე „გააიმასქნა“ და ყველა ჭეშმარიტი ღირებულების გაუფასურებაც აქედან დაიწყო მის ხელში: ყველა რეგალია ვირის კრიალოსანივით „აისხა“; გარეგნულად, თორემ როგორც კი ხმას ამოიღებს, არა მისნაირისთვის მაშინვე ჩანს, რისი რა „შემტყობარიცაა“, რადგან: ხელოვნების ნიმუშს და, საერთოდ, ხელოვნებას, ერთი ჭირვეულობაც ჭირს სხვა მრავალ ჭირვეულობათა შორის: „მსგავსი სულით უნდა განიჭვრიტოს“ (გოეთე). გავიხსენოთ კვაჭისა და მისი მეგობრების „კომენტარები“ ლუვრში ლეონარდო და ვინჩის „ჯოკონდას“ დათვალიერებისას: „აია ჯოკონდა? აი იყო, შარშან რომ მეიპარეს?.. იმე, თლა სულელი ყოფილა მაის ქურდი! რა ღირს აი სურათი? „უფასოა არ გაჰყიდიან...ხოლო მცოდნენი ერთ მილიონს აფასებენ“ - გიდი პასუხობს. ეხლა კვაჭი: „ვინ ტუტუცი მისცემს ვინცხა კაროჟნას სურათში თუნდაც ას მანეთს? ნიძლავს დავდებ, რომე 100 მანეთად დღესვე ამაზე ლამაზს ხუთ ცოცხალ ქალს ვიშოვი; მაგ კარტიჩკაში რავა მივცემ მეტს“ და ა.შ.
„კვაჭი კვაჭანტირაძის“ 1925 წლის გამოცემის თავფურცელზე ავტორს მიუწერია სიტყვები: „ვბედავ და ამ წიგნს წრფელი გულით ვუძღვნი ყველა მსხვილფეხა და წვრილფეხა კვაჭისა და კვაჭიკოებს, რომელნიც ჩვენს კურთხეულ სამშობლოში ყოველთვის უხვად მოიპოვებოდნენ“.
ეხლა, როგორ დევალვირდება კვაჭის ცნობიერებაში სხვა მრავალ დიდ ღირებულებათა შორის ორი უმთავრესი: 1). ყველი და ახალი აღთქმის 10 მცნება - ყველა დროისა და ეპოქის მორალური კოდექსის ფუძე და პირველსახე. და 2). პატრიოტიზმი, ანუ რა შვიდი პუნქტისაგან შემდგარი კოდექსით დადის მსოფლიოს დიდ გზებზე კვაჭი: 1). მხოლოდ მაშინ მიაღწევ დიდებას, როცა შენს სუბიექტს გაათავისუფლებ სინდისისაგან. 2). ყოველი ადმიანი ფიზიკურად უნდა გაანადგურო, თუკი ოდნავ ხელს გიშლის საკუთარი ტრიუმფის მოწყობაში. 3). იმრუშე და დატკბი სიამოვნებით, რადგან ეს უკანასკნელი შინაარსს აძლევს უშინაარსო ცხოვრებას. 4).ნურავის ნურასოდეს ეტყვი უარს თხოვნაზე, მაგრამ დაპირებული მაშინ შეუსრულე, თუკი იგი იმ დღესვე ან ხვალ შენთვის სასარგებლო იქნება. 5).გიყვარდეს ძლიერი, გეზიზღებოდეს უძლური. 6). ჭეშმარიტების ძიება სისულელეა, ის ჯერ არც ერთ ადამიანს არ უპოვია ამ ქვეყანაზე. 7).ადამიანი ადამიანისთვის მგელია. არა სიყვარული, არამედ სიძულვილია სტიმული წინსვლისა“. ახლა „პატრიოტიზმი“: სამშობლო მისთვის ერთი მცირე ნაგლეჯია მიწისა, რომელთანაც სიძულვილი აკავშირებს. ეს - კვაჭია დედით მეგრელი, მამით გურული, აღზრდა-განათლებით იმერელი, პირველ აპრილს დაბადებული - აღმოსავლეთ-დასავლეთ ევროპის (აგრეთვე ამერიკის) გზებზე მონავარდე ავანტჲურისტი ზიზღით რომ იხსენებს: „ახლა მივხვდი, საქათმეში დავბადებულვარ (სამტრედიელია!) და საღორეში გავზრდილვარო (ქუთაისში ჩამოყალიბდა „კაცად“!). თუნდაც საქართველო ავიღოთ: სამეგრელო თავისთვის ცხოვრობს, კახეთი თავისთვის. გურია აქეთ მიიწევს, ქართლი - იქით. ქვეყანაზე 100 კაცმა ძლივს იცის საქართველოს სახელი... ან რა არის დიდი საქართველო! ბათუმში რომ თავი მისდო დასაძინებლად, ფეხები უნდა ქიზიყს მიაბჯინო, სოხუმში რომ ცხვირი დააცემინო, სიღნაღიდან გეძახიან ხეირიო. და ა.შ.
მთავარი, რაც კვაჭის, როგორც ესთეტიკური ფენომენის სახეშია მოცემული, არის თამაში. გავიხსენოთ: იგი სულ თამაშობს ანუ არის იმიტატორი; თამაშობს გულწრფელ მეგობარს, (და ჭიპი ჭიპუნტირაძეს რა უყო!), ზოგჯერ თავგანწირულ მიჯნურს (ზოგჯერ!!! თორემ უმეტესწილად ლიზღი და დაღლარაა თავის გაქირავებულ და „საქმეში გაშვებულ“ ქალებთან!) ზოგჯერ თამაშობს წარმატებულ ულაყს (სოფიო შავიძესთან დაკავშირებული აფჲორა), თამაშობს ერთგულ სახელმწიფო მოღვაწეს, გენიალურ ფინანსისტს, ღირსეულ რაინდს თავისი ქვეყნისა და ფსევდო წარმოშობის კვალზედ (ისე, პუპისა და სილიბისტროს ბიჭია, ბინძური დუქანი ძლივს რომ გახსნეს გზისპირას სამტრედიაში!) ხდება ისე, რომ ზოგჯერ სახელმწიფოს მექანიზმიც კია მასზე დამოკიდებული (გავიხსენოთ რასპუტინთან დაკავშირებული გრანდიოზული აფჲორა).
და არის ყველგან „ფსევდო“. აქ ჩნდება თომას მანის ყალთაბანდთან მისი ტიპოლოგიური შედარების ასპექტი, თუმცა განსხვავებაც არსებითია მათ შორის; ანუ: თომას მანთან ფელიქს კრულის სახიობას, „თამაშს“, „ხელოვნებას“ თავისი მსოფლმხედველობრივი საფუძველი გააჩნია, ხოლო ჯავახიშვილთან სხვა ვითარებაა; ის, რომ თომას მანი, როგორც გერმანელი, უფრო ფილოსოფიური წიაღსვლების მწერალია, მასში უხვადაა ე.წ. „ესსეისტური განმარტებანი“ (თავადაც ამბობს: „მე საშინლად გერმანელი მწერალი ვარო“) ჯავახიშვილთან, ისევე, როგორც ქართულ პოეზიაში ხატოვანება სჯაბნის ფილოსოფიას, ანუ ეს სიბრძნეც და მისი სიყვარულიც რომელიღაც შრეებშია ღრმად ჩაკირული. და ეს მხოლოდ ღირსება კი არ არის ქართული პოეზიისა, არამედ-უპირატესობაც. მაგრამ ორივენი-მიხეილ ჯავახიშვილიც და თომას მანიც - ერთი და იმავე ეპოქის დიდი წარმომადგენლები, ევროპული რანგის გამორჩეულად მასშტაბური მწერლები არიან და მონათესავე პოლიტიკურ კლიმატზეც მიგვანიშნებენ; დიდი ეპოქის დასასრულის მიჯნაზე ტრაგედია ფარსით იცვლება და კლასიკური ეპოქის გმირის სულიერი ღირებულებების დევალვაციის ფონზე ანტიგმირი ჩნდება. ეს მიმართება არსებობს კვაჭისა და გერმანელ ყალთაბანდს შორის. თუმცა ჯავახიშვილისგან განსხვავებით, თ. მანის რომანში ეს დევალვაცია ხელოვანის თემის დეზინტეგრაციაში ჩანს. „ფელიქს კრული“ მსოფლიო ლიტრატურის ისტორიაში ცნობილი ავტობიოგრაფიებისა და მემუარების თავისებური პაროდიაა (ნეტარი ავგუსტინესა და ჟან-ჟაკ რუსოს „აღსარებისა“, გოეთეს „პოეზიისა და სინამდვილისა“ და ა.შ. ეს რომანი, ისევე, როგორც „კვაჭი კვაჭანტირაძე» შარლატანებისა და ავანტჲურისტების მოგონებათა ასოციაციას იწვევს (ჯაკომო კაზანოვას, რუმინელი ქურდის - მანოლესკუს და სხვათა მემუარებისას). რომანის დაწერის იმპულსიც მანოლესკუს მემუარებმა მისცეს თ. მანს. ფელიქს კრულს კალიოსტროს სახითაც ჰყავდა თანამოძმე; საქართველოში კი მისი ლიტერატურული პარალელია მ. ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“, ისტორიული-აშორდია. შემთხვევით არც ის მომხდარა, რომ გერმანელ ლექსიკოგრაფს - რიჰარდ მეკელაინს თავის გერმანულ-ქართულ ლექსიკონში HwsrTefzduk (ყალთაბანდი), რასაც თ. მანი უწოდებს სათაურშივე ფელიქს კრულს, ქართულად უთარგმნია „კვაჭი“. გარეგნულად თ. მანის რომანი ე.წ.. „პიკარესკული რომანის“ სახეობაა და უკავშირდება როგორც ზოგადად დასავლეთ-ევროპულ, ისე საკუთრივ გერმანულ პიკარესკულ რომანს, მაგალითად გრიმელსჰაუზენის „ზიმპლიციუს ზიმპლიცისიმუსს“, აიჰენდორფის ნაცარქექიას, როიტერის „შელმუფსკის“, ხალხურ ოილენშპიგელს და ა.შ. (ნ. კაკაბაძე).
მაგრამ ეს - გარეგნულად. არსებითად კი ამ დაუმთავრებელ რომანში მწერალმა ცენტრალურ პერსონაჟად აქცია ე.წ.. „ხელოვანის“ (ანუ ზოგადად, „სულის“ ადამიანის) ტიპი, რომელშიც ბიურგერის (საქმის კაცის), ცისფერთვალებასა და „ქერას თვისებები კონცენტრირებულად არის თავმოყრილი. ქერა და ცისფერთვალება თ. მანთან ბიურგერია, საქმის, ცხოვრების კაცია და იგი უპირისპირდება ხელოვანს ანუ სულის ადამიანს, რომელსაც შავი ან მუქი სევდიანი თვალები აქვს. „სულისა“ და „საქმის“ ანტითეზა კი თომას მანის შემოქმედების მთავარი თემაა და, აი, ფელიქს კრული, მოქმედი, ცხოვრებისა და სინამდვილის კაცი, კვაჭივით პრაქტიკოსი, სიცოცხლითა და ყველა ამქვეყნიური სიამოვნებით მტკბობელი, ობიექტურ ვითარებაზე ისევ და ისევ კვაჭივით ორიენტირებული პიროვნება, მასავით ლიზღი და უზნეოა (რადგან „ნაივურმა“ ადამიანმა არ იცის დანაშაულის შეცნობა; ის ბოროტისა და კეთილის მიღმა დგას, მას სინდისი არა აქვს და „ღირებულებათა გადაფასება“ მიხეილ ჯავახიშვილთან - ასე წერენ). იგი წარმატებულია.
„ხელოვანსა“ და „ბიურგერს“, ანუ სულისა და საქმის კაცს შორის ბრძოლა, რომელიც თ. მანის შემოქმედების ცენტრალური პრობლემაა, „ფელიქსში“ მთავრდება ბიურგერის, საქმის კაცის გამარჯვებით. მაგრამ კვაჭივით, ფელიქს კრულმა ხელოვანის ზოგიერთი თვისებაც შემოინახა. მართალია, ე.წ.. „სულისა“ და „საქმის“ ანტითეზა მ. ჯავახიშვილთან ისე ცენტრალური არ არის, როგორც თ. მანთან, მაგრამ ალბათ, გვახსოვს მისი შედევრის - „ჯაყოს ხიზნების“ ორი პოლარული გმირი - ხევისთავი და ჯაყო და, ამგვარად, ამ ასპექტში მათი განხილვის პერსპექტივაც ჩნდება. ფელიქს კრულში ხელოვანისეულია ის, რომ მას კვაჭივით ყოველთვის სხვისი ცხოვრებით უხდება ცხოვრება. იგი მუდამ სხვა ადამიანების სამყაროშია გადასული. ის ხან ეპილეპტიკოსია, ხან სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ზოგჯერ ლიფტჲორი, ზოგჯერ კელნერი, ბოლოს მარკიზი ვენოსატა. საექიმო კომისიის წინაშე ზუსტად ახდენს ბნედიანის შოკის იმიტაციას, ხატავს ისე, რომ არასოდეს ხატვა არ უცდია, თამაშობს ტენისს ისე, რომ აქამდე არ უთამშია (ტოვებს კი შთაბეჭდილებას, თითქოს ძველად, ბავშვობაში ნათამაშები გადავიწყნია). იგი მუდამ ტოვებს საკუთარ თავს და სხვებში ესახლება ისევე, როგორც კვაჭი, რომელიც ხან ნაპოლეონ აპოლონის ძეა, ხან ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანსკი და ხან სხვა. ანუ კვაჭისაც და კრულსაც აქვთ გასაოცარი უნარი საკუთარი თავიდან განსვლისა და სხვათა ცხოვრებაში ჩასახლებისა. გარდასახვისა და სხვის ცხოვრებაში შინაგანი წვდომის ამ ნიჭით ჯავახიშვილის კვაჭიც და თომას მანის ფელიქს კრულიც ხელოვანს (მწერალს, მსახიობს, მხატვარს და ა .შ.) მოგვაგონებს. მაგრამ ორივე გმირს ყველაფერი პრაქტიკული მიზნებისთვის სჭირდება, რითაც ისინი „საქმის კაცებად“ რჩებიან. ხოლო ამათ „საქმეში“ ვლინდება, როგორც ვნახეთ, პროცესი დიდ ღირებულებათა გადაფასების, კლასიკური სულიერების დევალვაციისა და რღვევისა, რაც საუკუნის კატასტროფად აღიქმება იმავე სულიერების პოზიციებიდან.
და ამგვარად, კვაჭი ჩვენი თანამედროვეა.
![]() |
11 მიხეილ ჯავახიშვილი და ქართული კინო „უცნობელ არიან გზანი შენნი, უფალო“ მათე |
▲back to top |
ჟუჟუნა ქვლივიძე
ცისანა გენძეხაძე
გასაოცარი და გულის შემძვრელია ზოგიერთი ადამიანის ბედისწერა. ამგვართა რიცხვს მიეკუთვნება XX საუკუნის გამოჩენილი მწერალი, პუბლიცისტი და მოაზროვნე მიხეილ ჯავახიშვილი, რომელსაც ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე უამრავი ტრაგედია დაატყდა თავს. ამიტომ თუ ამბობენ მის შესახებ - „მწერალი - მითი“.
30-იან წლებში მიხეილ ჯავახიშვილმა საბოლოოდ ირწმუნა, რომ ქართული ცნობიერების გამო, ეროვნული და სოციალური საკითხების გაშუქებისა და შემოქმედების მთავარ თემად საქართველოსა და ქართველების ბედ-იღბლის ქცევის გამო სდევდა თან „ბედი მდევარი“... არც შემცდარა!
მიხეილ ჯავახიშვილი, უკვე სახელმოხვეჭილი, მაგრამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გამოტარებული მწერალი, ცხადია, დარწმუნდა, რომ მას იდეოლოგიურად უკვე ბოლოს უღებენ (ა. ბაქრაძე). მან აშკარად იგრძნო, რომ მთავრობამ და კრიტიკამ, მწერალი სავალალოდ გაწირეს. მათ მიხეილ ჯავახიშვილს საბოლოოდ აქციეს ზურგი... მხოლოდ ვერდიქტიღა იყო დარჩენილი და მანაც არ დააყოვნა... - 1937 წელს დიდი მწერალი ქვიშხეთში დააპატიმრეს. და რა საოცარიც არ უნდა იყოს, ეს კაფანდარა, გამხდარი, თითქოს უძალო, პენსნეიანი ინტელიგენტი ციტადელივით აღუდგა წინ მისდამი წაყენებულ ოდიოზურ ბრალდებებს, იმდროინდელი „ჩეკას“ ურჩხულებრივ ჯურღმულებში დამუშავებულ არაადამიანურ წამებას. ერთ-ერთი დაკითხვის დროს კი მას უთქვამს: „მე უდანაშაულო ვარ! ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის, მაგრამ თუ თქვენთვის ზვარაკია საჭირო, მე მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო. თქვენ მე მომსპობთ, მაგრამ იმას ვერასდროს ვერ მოსპობთ, რაც მე დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე მე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს თქვენ ვერასდროს აღმოფხვრით. მე გამანადგურებთ, იმას კი ვერ მოსპობთ“1
ფაქტია და დიდად სასიამოვნოც, რომ მწერლის წინასწარმეტყველება მის შემოქმედებასთან დაკავშირებით, აღსრულდა. გავიხსენოთ ზოგიერთი რამ მისი ბიოგრაფიიდან...
მიხეილ ჯავახიშვილი 1880 წლის 20 ნოემბერს დაიბადა. მძიმე ბავშვობა და სიჭაბუკე ხვდა წილად, ხოლო 1903 წლიდან 1937-მდე, ვიდრე მას დააპატიმრებდნენ და დახვრეტდნენ, უამრავი ტანჯვა, წამება, სამშობლოდან გაქცევა, გადასახლება, საზოგადოების ერთი ნაწილის განდგომა და მთავრობისა და კრიტიკოსებისაგან არაერთი შეურაცხყოფა იგემა.
34 წელი იღვაწა XX საუკუნის ქართული რომანის ერთ-ერთმა მესაძირკვლემ. იგი იმ მწერალთაგანი იყო, რომელიც მტკივნეულად განიცდიდა ჩვენი ეროვნული გადაგვარების საფრთხეს და, არსებითად, რევოლუციისა და ინტეგრაციების უარმყოფელი, საბოლოოდ სასტიკად დასაჯეს - „ხალხის მტრად“ გამოაცხადეს, სიცოცხლეს გამოასალმეს.
მიხეილ ჯავახიშვილს, ცხადია, ლოგიკა კარნახობდა, რომ ახალ დროს ახალი დამოკიდებულება ესაჭიროებოდა და კიდეც წერდა: „იბადება ახალი პირობები და ამისდამაგვარად ყველამ, ვინც საზოგადოებრივ მოძრაობაში მონაწილეობას იღებს, უნდა თავისი მოქმედება შეიცვალოს და ახლად დაბადებულ მოთხოვნილებებს შეუფეროს“2 ეს სიტყვები ჯერ კიდევ 1903 წელს დაიწერა. მოგვიანებით, 1932 წელს კვლავ საჯაროდ გაიმეორა: „ნურვინ იფიქრებს, ვითომ შესაძლებელი იყოს საბჭოთა ხელისუფლების დროს ყოველგვარი უფლებით ისარგებლო და მოვალეობა არ მოიხადო“. ასე კი წერდა, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა. ცდილობდა კიდეც „ვალი მოეხადა“, მაგრამ მაინც ვერ შეძლო. - იგი ახალ დროებას ვერა და ვერ შეურიგდა, ვინაიდან სრულიად ბუნებრივად გრძნობდა, გაცნობიერებული ჰქონდა და შეგნებულად მიაჩნდა, რომ ერის, ხალხის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე სიკეთე და ბედნიერება ხალხსა და ქვეყანას არ ეღირსებოდა, მომავალი ეროვნული კულტურის შესაქმნელად არ გამოდგებოდა. ამის გამო სრული კატეგორიულობით წერდა თავის „უბის წიგნაკში“: „ჩვენთვის ლიტერატურა არც თვითგრძნობაა, არც სხვისი გასართობი. იგი არც პარნასია განდეგილებისათვის, არც გახსნილი სანავარდოა უსაქმურებისათვის, იგი, თავდაპირველად, სოციალური ფუნქციაა. ხოლო მწერალი პირუთვნელი და ბეჯითი მოსამსახურეა ერისა“3. იქვე მიუთითებდა: „სამყაროში ყველაზე მშვენიერია ჩვენი მნათობი, მის ზედაპირზე - ადამიანი, ადამიანში კი მისი სული... ხალხის გული - აი, მგოსნის სასახლეც და ციხედარბაზიც“4. მართლაც, მიხეილ ჯავახიშვილისათვის უპირველესი იყო საქართველო და მისი ბედი, ერი, ხალხი, ადამიანი, ეროვნული და სოციალური პრობლემები. ამისათვის კი, იმ დროს, ცხადია, თავგანწირვა იყო საჭირო. არც ამას გაურბოდა. უკომპრომისო მწერალი გახლდათ და ამ უკომპრომისობას შეეწირა კიდეც. - „მოუთვინიერებელი“ მწერალი დარჩა ბოლომდე.
გადიოდა დრო და მიხეილ ჯავახიშვილი თანდათან რწმუნდებოდა, რომ მას საქართველოში აღარ ედგომებოდა. იგი ვერ შეძლებდა ისე წერას, როგორც ეს მაშინდელ ხელისუფლებას სურდა. მას „წითელ ეშმად“ წარმოედგინა მაშინდელი მთავრობა, საერთოდ, სულს უმღვრევდა იმდროინდელი ვითარება საქართველოსი. და ეს სიტყვები ჩვენი გამონაგონი როდია...
ცნობილია, რომ მას 1923 წელს მისჯილი ჰქონდა დახვრეტა. პატიმრობიდან 6 თვის შემდეგ ქართველი საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლების შუამდგომლობით ს. ორჯონიკიძე იძულებული იყო გაენთავისუფლებინა მწერალი. ამასთან დაკავშირებით გვინდა გავიხსენოთ არცთუ ისე უმნიშვნელო დეტალი - 1990 წლის „ლიტერატურა და ხელოვნების“ №2-ში ქ-ნი ნონა კუპრეიშვილის მიერ დღის სინათლეზე გამოტანილი, მანამდე საზოგადოებისათვის უცნობი პუბლიკაცია, - დავით სულიაშვილის ქალიშვილის, ქ-ნ თინათინ სულიაშვილის მიერ გადარჩენილი „ერთი ძვირფასი რელიქვია“, რომელიც წარმოადგენს მიხეილ ჯავახიშვილის წერილს, მიწერილს დავით სულიაშვილისადმი 1924 წლის მარტში, ე. ი. სულ რამდენიმე თვის შემდეგ მისი განთავისუფლებიდან. მიხეილ ჯავახიშვილი ამ ბარათში ასე აღწერს საქართველოში იმ დროს გამეფებული მდგომარეობის არსს: „აქაური ამბები? არავითარი. გაზეთსაც აღარ ვკითხულობ. ყველგან სუფევს ჩვეულებრივი სიმდაბლე, ჭორიკანობა, რაღაც მოლოდინი, უიმედობა, სიმშილი, სულერთიანობა და გულგრილობა. დავიშრიტეთ, დავიქანცეთ და მოვიღუნეთ, ეს არის და ეს!“.. ამის გამო მწერალს, როგორც ჩანს, მოუნდომებია საქართველოდან გაქცევა, მისი საზღვრების მიტოვება და დახმარებისათვის მიუმართავს დავით სულიაშვილისათვის, რომელიც იმ დროს ბაქოს რუსულ-სპარსული სავაჭრო საზოგადოების (ე.წ. РУПЕРО-ს) კანცელარიის მმართველი ყოფილა. ამ ბარათში თავმოყვარე მწერალი არ ერიდება ხვეწნა-მუდარას, ვინაიდან თავის გადარჩენას ლამობს, მაგრამ ისე კი, რომ საქართველოსაც არაფერი დააკლოს და მეგობარს ევედრება: „მე აქ ცხოვრება აღარ შემიძლიან. ჩემი გასვლა საქართველოდან ჩემი მეორედ დაბადება იქნება. თუ ამ საქმეში დამეხმარები, სამაგიერო მომთხოვე და მიმსახურე“... შემდეგ: „იქნება ამ წყეულ ქვეყნიდან ამომიყვანო სამშვიდობოს“ და კიდევ: „გარწმუნებ, ძმაო დავით, რომ შორს უფრო მეტს და უკეთესსაც დავწერ, ე.ი. მცირედ სარგებლობას მოვუტან ჩვენს სამშობლოს“.
მიხეილ ჯავახიშვილმა სიცოცხლეშივე იცოდა, რომ მისი მოღვაწეობა ფუჭად არ ჩაივლიდა საქართველოში. იცოდა იმიტომ, რომ მან თავის ნაწარმოებებში უზარმაზარი სიყვარული და ერთგულება ჩააქსოვა ქართველი ხალხისადმი, საერთოდ ეროვნული საკითხებისადმი. სიმართლეს მსახურებდა და „მართალი სამართალი“ იყო მთელი მისი შემოქმედების ანი და ჰოე. იგი მართლაც იყო XX საუკუნის პირველი სამი ათეული წლის მემატიანე, მწერალი, რომელიც თავის მხატვრულ პრიზმაში ატარებდა ყველა იმ მტკივნეულ საკითხს, რომელიც დაკავშირებული იყო მისი ქვეყნის ეროვნულ და სოციალურ პრობლემებთან. თუმცა გამწარებული ჰქონდა სიცოცხლე, მაინც არ ღალატობდა ინტუიცია, გრძნობა იმის, რომ მის მიერ ქართულ ნიადაგში ჩარგული მუხა შეიფოთლებოდა, მისი თხზულებები თავის სათქმელს მომავალი თაობებისათვის კიდევ უფრო მრავალწახნაგოვნად და ნათლად იტყოდა.
მიხეილ ჯავახიშვილის პირად არქივში 1937 წელს გადარჩენილი და სათუთად დაცული „უბის წიგნაკები“ უამრავ მასალას შეიცავს იმის დასასაბუთებლად, რომ მწერალი მართლა ვერ ეგუებოდა საბჭოთა ხელისუფლებას, ახალ დროებას, რევოლუციით მიღებულ „სიკეთეს“, რომლის „ნაყოფი“ საბოლოოდ ის შეიქნა, რომ 1992 წლის დეკემბერში სსრ კავშირი დაიშალა. სხვათა შორის, საქართველომ დაასწრო ამ პროცესებს და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ისტორიული თვალსაზრისით ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია.
საგულისხმო ცნობებს შეიცავს აგრეთვე მიხეილ ჯავახიშვილის მეუღლის - ლუბა ჯაჭვაძისა და ქალიშვილების - ქეთევანისა და რუსუდანის მოგონებები, რომელთა საფუძველზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ ჯავახიშვილი თავის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს მტკივნეულად განიცდიდა: „ნათლად ვხედავ, თუ რა სულიერი ძალების დაძაბვა სჭირდებოდა მამას, რამდენი დროის უქმად ხარჯვა და ნერვიული ღამეების გატარება უხდებოდა იმ სიყალბის გასაქარწყლებლად, რომლითაც ზოგიერთები ცდილობდნენ მისთვის რაიმე ზიანი მიეყენებიათ და მისი პოპულარობა დაეჩრდილათ“5. იყო წინააღმდეგობის უამრავი მაგალითი. ამის გამო იგი ხშირად თავს საჯაროდ იცავდა. ხან ვალია ბახტაძეს, ხან ა. თათარაშვილს, ხან ა. ჟორჟიკაშვილს (მაშინდელი ცეკას თანამშრომელი), ხანაც სხვა ოფიციალურ პირებს უგზავნიდა ბარათებს, ხან იტყოდა: „მე მას გუნდრუკს ვერ ვუკმევ!“ - მხედველობაში ჰყავდა ლავრენტი ბერია. ხანაც საგაზეთო სტატიებს, რომლებიც მის თხზულებებს აკრიტიკებდნენ, მიაწერდა: „აგრე რამ გაგასულელა?“ „ДУРАК“ და ა.შ. მიუხედავად ზემონათქვამისა, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა მიხ. ჯავახიშვილმა მაინც შეძლო და მოასწრო 1924-დან 1937 წლამდე ქართველი ხალხისათვის დაეტოვებინა ეპოქალური ხასიათის მქონე რომანები. „კვაჭი კვაჭანტირაძე“ (1924 წ.), „ჯაყოს ხიზნები“ (1924 წ.), „თეთრი საყელო“ (1926 წ.), „არსენა მარაბდელი“ (1929 წ.), „ქალის ტვირთი“ (1936 წ.). აღარაფერს ვამბობთ 1903 წლიდან შექმნილ იმ უაღრესად მნიშვნელოვან მოთხრობებზე, სადაც ჩინებულად გაცხადდა მწერლის მსოფლმხედველობა, საქართველოს ბედზე ზრუნვა, ეროვნული და სოციალური პრობლემები. ყველაფერ ამაზე იმის გამო გავამახვილეთ ყურადღება, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ფაქტი, რომ მიხეილ ჯავახიშვილი, საბჭოთა რეჟიმის უდანაშაულო მსხვერპლი, ბევრზე ბევრ საკითხში ცამდე მართალი აღმოჩნდა, რომ მისი პუბლიცისტიკა დღესაც თანამედროვე პრობლემების შემცველია, რომ მისი პროზა XXI საუკუნეში ახლებურად უნდა გაანალიზდეს. შემთხვევითი არ არის, რომ უკვე დღეს, სწორედ ნიჭიერ ახალგაზრდა მეცნიერთა დიდმა ნაწილმა მოჰკიდა ხელი მისი პროზის ხელმეორედ შესწავლასა და ახლებურ ინტერპრეტაციას. ამის დასტურია აგრეთვე შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს მიერ 2000 წლის 14 ივნისს ჩატარებული სესია, რომელიც მიეძღვნა მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების 120 წლისთავს რუბრიკით -„მწერალი - მითი“, ამის დასტურია წინამდებარე კრებული.
ადამიანების სულში წვდომის უდიდესი ხელოვანი, ქართული სიტყვის ჯადოქარი, სიუჟეტის, დიალოგის, სათაურისა და საბოლოო წერტილის დასმის დიდოსტატი მიხეილ ჯავახიშვილი 1954 წლიდან, როცა მისი რეაბილიტაცია მოხდა, მკვდრეთით აღსდგა. ისე სწრაფად დაიბეჭდა მისი მოთხრობები, ნოველები, რომანები, ისე ოპერატიულად მომზადდა თხზულებათა კრებულები, აკადემიური გამოცემა, ისე დაიცვეს საკანდიდატო თუ სადოქტორო დისერტაციები, რომ თითქოს 20-ოდე წელი ტაბუ არ ჰქონოდა დადებული მის თხზულებებსა და მის სახელს, თითქოს საქართველო და ქართველობა სულმოუთქმელად ელოდა ამ დღეს. მართლაც ძლიერი აღმოჩნდა ის მუხა, „რომლის ფესვების აღმოფხვრაც“ ვერც დრომ და ვერც იმდროინდელმა მთავრობამ შეძლო.
ამ პუბლიკაციაში ჩვენ არ ვაპირებთ მიხეილ ჯავახიშვილის რომელიმე კონკრეტული ნაწარმოების ლიტერატურულ ანალიზს, ამჯერად მიზნად დავისახეთ ვაჩვენოთ, როგორი თანმიმდევრობით, ვინ და როგორ გადაიტანა კინოს ენაზე მწერლის თხზულებები.
რეაბილიტაციიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება კინოდრამატურგთა ყურადღების საგნად იქცა. რასაკვირველია, ეს მოვლენა გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ამ ეროვნული მწერლის მოთხრობები თუ რომანები უამრავ მასალას იძლეოდა იმისათვის, რომ კინემატოგრაფს განსაკუთრებული ყურადღება გამოეჩინა მათ მიმართ. ჯერ ერთი, მიხეილ ჯავახიშვილი ხასიათის, ტიპის შექმნის დიდოსტატია, მეორე - იგი დიალოგის სრულყოფის ჯადოქარია, მესამე და მეტად მნიშვნელოვანი - მწერლის მთელი რიგი თხზულებებისა დატვირთულნი არიან იმ კომპონენტებით, რომელთაც ძალუძთ კინოხელოვნებას მეტი გაქანება და სიღრმე მიანიჭონ. ასეთებია: დაძაბული სიუჟეტი, ფსიქოლოგიური წიაღსვლები, ფილოსოფიური დამოკიდებულება მოვლენებთან, ეროვნული პრობლემები თუ სოციალური საკითხები, რომელთა ერთობლიობაც ხშირად იწვევს მაყურებლის დაუცხრომელ ინტერესსა და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის სურვილს.
ზოგადი თვალსაზრისით ხელოვნება სინკრეტულია, ამიტომ კანონზომიერია, რომ მხატვრული ლიტერატურა შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რომელნიც კინემატოგრაფიულ ან თეატრალურ ხელოვნებაში თავისუფლად შეიძლება გადავიდეს. ამ მხრივაც მიხეილ ჯავახიშვილი ნაყოფიერი მწერალი გამოდგა. მისი ყოველი თხზულების გადატანა შესაძლებელია თეატრსა თუ კინოში, რამეთუ ყოველ მის ნაწარმოებს ახასიათებს დინამიურობა, ხასიათის გახსნის სიღრმე, მოვლენების ხედვის საოცარი უნარი, სიუჟეტის სიმძაფრე და ა.შ. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მწერლის რეაბილიტაციიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ კინემატოგრაფი ინტერესით მოეკიდა მისი თხზულებების გადატანას ეკრანზე. თანამიმდევრობა ასე გამოიყურება: „ქალის ტვირთი“ - 1957 წელს; მოთხრობები: „ჯილდო“ - 1965, „მუსუსი“ -1966, „უპატრონო“ - 1970 წლებში და „ჯაყოს ხიზნები“ -1979 წელს (გადაღებული იყო აგრეთვე „თეთრი კურდღელი“, მაგრამ მასალების უქონლობის გამო ვერ შევძელით მასზე მსჯელობა).
მოკლე ექსკურსი იმის შესახებ, რომ მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებით კინორეჟისორების დაინტერესება შემთხვევითი არ ძოფილა. ცნობილია, რომ მწერალს განზრახული ჯქონდა თავისი ზოგიერთი მხატვრული ნაწარმოები გადაეტანა სცენასა და ეკრანზე. მწერლის პირად არქივში რამდენიმე საქაღალდე მისივე ხელითაა დასათაურებული: „სასცენარო მასალები“. მართალია, „არსენა მარაბდელის“ ეკრანიზაციის გამო მიხეილ ჯავახიშვილს ბევრი უსიამოვნება შეხვდა და ეს კიდევ კვლევის სულ ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ მწერალს 1934 წელს მოსკოვი ოფიციალურად იწვევდა კინოდრამატურგიაში სათანამშრომლოდ. ვფიქრობთ, ბევრისმეტყველია, რომ პირად არქივში აგრეთვე ინახება მიწერ-მოწერა მიხ. ჭიაურელთან, ს. ახმეტელთან, ა. ფაღავასთან, სადაც საუბარია მისი თხზულებების კინოში გადატანაზე. ისიც ცნობილია, რომ, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით დაკარგულად ითვლება სცენარი „ივერიუმისა“, რომელიც მოწონებული ყოფილა თეატრალურ საზოგადოებაში. მწერლის უფროსი ქალიშვილი ადასტურებს, რომ იგი „წლების მანძილზე მუშაობდა როგორც საკუთარ ინსცენირებებზე, აგრეთვე სპეციალურად კინოსათვის დაწერილ თემებზე. ეს ჟანრი მას იზიდავდა და უნდოდა აქაც ეცადა თავისი კალამი“6. მაგრამ, ბუნებრივია, იმდროინდელ მთავრობას არ აწყობდა ისედაც პოპულარული ეროვნული მწერლის თხზულებები ეკრანიდან გახმიანებულიყო და ხალხის აღფრთოვანება გამოეწვია. აქაც შეეშალა ხელი მწერალს. რაპპული კრიტიკა მას სულს უხუთავდა: „რაპპის ბატონობის ხანაში მე შევეცადე კინოში მემუშავნა, - წერდა იგი, - მაგრამ „საკადრისი წინააღმდეგობა მივიღე და ამის შემდეგ გვერდზე გავდექი“7. ამ წინააღმდეგობათა გამო მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებების კინოში გადატანა მის სიცოცხლეში განუხორციელებელ სურვილად დარჩა.
ახლანდელი გადასახედიდან სრულიად ბუნებრივია, რომ 1957 წელს, მწერლის რეაბილიტაციიდან სულ სამიოდე წლის შემდეგ ნ. სანიშვილმა თამამად მოჰკიდა ხელი რევოლუციის თემაზე შექმნილ რომანს „ქალის ტვირთი“, რომლის სცენარის ავტორიცა და დამდგმელი რეჟისორიც თავად გახლდათ. ბუნებრივია, იმ დროს, რევოლუციის თემაზე შექმნილ ყოველ ახალ ნაწარმოებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, მით უფრო მიხეილ ჯავახიშვილისას. რომანმა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თავისი თემატიკით მიიქცია ყურადღება. მწერალმა პირველი რევოლუციის დღეები აღწერა და ქართველ რევოლუციონერთა მხატვრული სახეები შექმნა. ჩვენის აზრით, ამან დააინტერესა ქართველი კინოდრამატურგი. მან განიზრახა გადაეღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და ეკრანის საშუალებით ეჩვენებინა ქართველ რევოლუციონერთა თავგანწირვა. განსაკუთრებით ეს ითქმის ზურაბ გურგენიძესა და მართა დოვლათაშვილზე.
ნაწარმოების მთავარი გმირი - ქეთო ახატნელი სრულიად ახალი სახე იყო იმდროინდელ ქართულ მწერლობაში. ქეთოს ცხოვრება დრამატულად წარიმართა. ახატნელების ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობდა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ამ ოჯახში ყველაფერი მოჩვენებითი იყო. მის წევრებს შორის არ არსებობდა ერთსულოვნება. ყველანი სხვადასხვა პარტიაში იყვნენ გაერთიანებულნი. მხოლოდ ერთ-ერთი შვილი - ნიკო ეწეოდა შეგნებულ პოლიტიკურ საქმიანობას, რასაც შეეწირა კიდეც.
ჩანს რომანის ეკრანიზატორის ძირითადი მიზანი იყო კინოსათვის დამახასიათებელი ხერხებითა და მეთოდებით, მაღალი მხატვრული ოსტატობითა და დიდი დამაჯერებლობით მიეტანა მაყურებლამდე მწერლის ჩანაფიქრი. ისიც ცნობილია, რომ მწერლის ნააზრევის ეკრანზე გადატანის ძირითადი საშუალება ლიტერატურული სცენარია და იგი იმდენად უნდა სცილდებოდეს ლიტერატურულ პირველწყაროს, რამდენადაც ეს საჭიროა ნაწარმოების კინოს ენაზე ამეტყველებისათვის. როგორ მიუდგა ამ საკითხს რომანის სცენარისტი და რეჟისორი?
არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ლიტერატურული სცენარი არ გამოდგება ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანზე ადექვატურად გადატანის დადებით მაგალითად. ეკრანიზატორს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ წაკითხულის აღქმის სპეციფიკა სრულიად განსხვავდება კინოში ნანახის აღქმისაგან, რომ კინოფილმი, უპირველეს ყოვლისა, სანახაობაა და წინა პლანზე სწორედ სანახაობითი მხარე უნდა იყოს წამოწეული. ისიც ცნობილია, რომ ყოველი გადახვევა ლიტერატურული პირველწყაროდან დასაბუთებული უნდა იყოს ეკრანიზაციის აუცილებლობით. აქედან გამომდინარე, პირველი შეცდომა, რომელიც დაუშვა ნ. სანიშვილმა არის ის, რომ მან რომანში მოვლენათა განვითარების ზუსტი პირი გადაიღო. გმირის შინაგანი სამყაროს გამოსავლენად მთავარი როლი ფილმში მოქმედებას და დიალოგს ენიჭება. დიალოგის გონივრულ გადატანას ლიტერატურული პირველწყაროდან სცენარში, მის შერჩევას დიდი გააზრება, ალღო, სიფრთხილე და ზომიერება სჭირდება. ცხადია, არ უნდა დაიკარგოს მწერლის ენისთავისებურებანი, სტილი, ხატოვანი გამოთქმები, მაგრამ, ამავე დროს, უნდა თავიდან იქნას აცილებული გაჭიანურებული დიალოგები, რომელნიც ნაწარმოებში კი კარგად ჟღერს, მაგრამ ეკრანზე მოსაწყენი და ზედმეტი ხდება. მეორე შეცდომა აქედან გამომდინარეობს. - „ქალის ტვირთის“ ეკრანიზატორმა ეს სირთულე ვერ დაძლია.
სამწუხაროდ, ეკრანზე დაიკარგა ის ძლიერი სახეები გმირებისა, რომლებმაც რევოლუციას შესწირეს თავი. მიუხედავად იმისა, რომ ამ გმირებს ნიჭიერი მსახიობები განასახიერებდნენ, სრულყოფილად არ იყო გახსნილი, მაგალითად, ქეთო ახატნელის ხასიათი. მართალია, ფილმს ამშვენებდა დახვეწილი არისტოკრატი ქალი (შემსრულებელი ლ. ელიავა), მაგრამ მისი სახე ფლეგმატური გამოვიდა, ვერ შეიქმნა მებრძოლი განწყობილების ქალის ხატი.
ჩვენის აზრით, ფილმში ერთადერთი სრულყოფილი ჟანდარმთა როტმისტრის -კლიმიაშვილის სახეა. რეჟისორს მისი საშუალებით ოსტატურად წარმოუჩენია ლამაზი, დახვეწილი მოსაუბრე, მოჩვენებითი ინტელიგენტი და, ამავე დროს, გაიძვერა ჟანდარმი, რომელიც არ ინდობს თავის საყვარელ მეუღლესაც კი და კლავს მას (მისი მრავალმხრივი ხასიათის გახსნას ეკრანზე ხელს უწყობდა უაღრესად ნიჭიერი მსახიობი გ. შავგულიძე).
„ქალის ტვირთი“ 1936 წელს დაიწერა. ეს იყო ისტორიულ-რევოლუციური რომანის ნიმუში, მიხეილ ჯავახიშვილის ახალ პოზიციებზე გადასვლის ცდა, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ახალ თემატიკას და იმასაც, რომ მწერალს სურდა აშკარა სიმპათიით დაეხატა რუსეთის პირველი რევოლუცია და მისთვის თავდადებული ადამიანები, მაინც, ეს რომანი, მხატვრული თვალსაზრისით, ჩამოუვარდება მის სხვა რომანებს. ცნობილია მიხეილ ჯავახიშვილის უარყოფითი დამოკიდებულება რევოლუციისადმი. ალბათ, ამიტომაც მან ვერ შეძლო ბოლომდე სრულყოფილად გამოეძერწა ქართველ რევოლუციონერთა სახეები, თუმცა ხაზგასასმელია, რომ მწერლის ნიჭმა და ოსტატობამ მაინც თავისი გაიტანა და ქართველი მკითხველის თვალწინ გააცოცხლა პირველი რევოლუციის ბობოქარი დღეები. სხვათა შორის, აქვე იმასაც ვიტყვით, რომ ეკრანი, სარკის დარად, უცნაურობამდე ზუსტად აირეკლავს ხოლმე დადებით და უარყოფით მხარეებს - უპირატესად ნაკლს. იქნებ ის, რომ მიხეილ ჯავახიშვილმა ვერა და ვერ მიიღო რევოლუცია, ამ რევოლუციით გულაღტყინებული ხასიათებიც ვერ შექმნა. ეგებ ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ სცენარისტისა და რეჟისორის კეთილშობილურმა სურვილმა მიზანს ვერ მიაღწია - ფილმი პრიმიტიული და ზერელე გამოვიდა, დაიკარგა რიტმი და მწერლის სტილი. სრულად არ იქნა გადმოცემული ისიც კი, რაც ნაწარმოებში ენიგმატურად ჩააქსოვა მიხეილ ჯავახიშვილმა. და ვინაიდან ფილმში დაიკარგა მწერლის მსოფლმხედველობა, რომ რევოლუცია ისეთივე ფარსი იყო, როგორც როტმისტრ კლიმიაშვილის ცხოვრება, რომ ეკრანზე სწორედ ამ კუთხით არ გამახვილდა ყურადღება, ინტერესიც მინელდა მის მიმართ და მხოლოდ კინოქრონიკის კუთვნილებად იქცა, არადა, კინორეჟისორს შეუძლებელია არ სცოდნოდა, თუ როგორი გააფთრებული ბრძოლა იყო გაჩაღებული „ქალის ტვირთის“ გამო, როგორ აკრიტიკებდნენ მიხეილ ჯავახიშვილს,- რომ მან „ვერ შექმნა რევოლუციის გმირები“, ვერ ამაღლდა „ჭეშმარიტი რევოლუციონერის აზროვნების დონემდე“. რამდენჯერ „მორალური ინკვიზიციის“ გაკვეთილებიც მოუწყვეს. ყველაფერი ეს რომ გაეთვალისწინებინა ნ. სანიშვილს, მაშინ ეგების სხვაგვარად შეიძლებოდა მაყურებლისათვის მიეწოდებინა მიხეილ ჯავახიშვილის მსოფლგანცდა. მართალია, 1957 წელს ჯერ კიდევ არ იყო სრული სიმართლის თქმის საშუალება, მაგრამ ზოგიერთი პრობლემის გამოკვეთა, ალბათ, მაინც შესაძლებელი იყო.
გაზეთმა „ივერიამ“ 1905 წლის 28 ოქტომბერს (№191) მ. ადამაშვილის ფსევდონიმით გამოაქვეყნა მიხეილ ჯავახიშვილის პატარა მოთხრობა „ჯილდო“, რომელიც იმთავითვე გამოირჩეოდა ღრმა ფსიქოლოგიზმით, გმირის შინაგანი განცდების მკვეთრი გამოსახვით.
მიხ. ჯავახიშვილი იმითაც იყო გამორჩეული და ხალხის უსაყვარლესი მწერალი, რომ მას უპირატესად ადამიანი აინტერესებდა, მასში ეძიებდა მორალურ-ზნეობრივ საფუძვლებს და იკვლევდა მის ყოფას ახალ ისტორიულ გარემოში.
თავისი თემატიკით, გმირის ფსიქოლოგიური წიაღსვლების თვალსაზრისით, იმ ზნეობრივი პირობების გათვალისწინებით, რომელიც მოჰყვა პირველი რევოლუციის აზვირთების წლებს საქართველოში, გამოირჩევა „ჯილდო“, რომელშიც მთელი სისავსით გამოვლინდა რევოლუციური გარდაქმნის ეპოქა, ამავე დროს, ადამიანების სტიქიური აღელვების ჟამი, ჟამი, როდესაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ სიძულვილითა და ურთიერთდაპირისპირების ჟინით იყვნენ შეპყრობილნი. ინგრეოდა რაღაც ძველი, დამყაყებული, მაგრამ არ ჩანდა ახლისა და უკეთესის პერსპექტივა. ამ დაძაბულმა დრომ წარმოქმნა ერთგვარი დაბნეულობა, უკიდურესი ეგოიზმი და მწერალმა საკითხის გადაწყვეტა მიანდო გმირს, რომლისთვისაც ერთადერთ წარმმართველ ძალას წარმოადგენდა არა წიგნი, არა განათლება არამედ ტრადიციები, წარსულის მორალური მოთხოვნილებანი, ზნეობრივი საწყისები.
უზადო მხატვრული ოსტატობით აჩვენებს მწერალი გიორგი ჯიხაძეს, სრულიად ახალგაზრდა კაცს, რომელიც იმ ეპოქის მსხვერპლი და უდანაშაულო მკვლელი გამხდარა. მოთხრობის ზედაპირზე სწორედ გიორგის ცხოვრების ერთი ეპიზოდი ამოტივტივებულა, ხოლო ის მთავარი, ის საშინელი ვითარება, რომელიც რუსეთის 1905 წლის რევოლუციურმა მოძრაობამ გამოიწვია და საქართველოშიც გაამწვავა ურთიერთობანი, მოთხრობის ფსკერზე ძევს და მკითხველის ინტელექტს არის მინდობილი. ჯალათისა და მსხვერპლის წარმოშობაც სწორედ ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობიდან იღებს სათავეს.
თანამედროვე კრიტიკულ და ლიტერატურისმცოდნეობით წერილებსა თუ გამოკვლევებში ხშირად საუბრობენ ჯალათისა და მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. „ჯილდოს“ მთავარი პერსონაჟიც - გიორგი ჯიხაძე - ამ სტრუქტურაში მორგებულ პიროვნებად გვესახება. იგი უნებლიე ჯალათი, ე. ი. უნებლიე კაცისმკვლელი ხდება და, ამავე დროს, მისთვის გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც მსხვერპლია, მსხვერპლი, რომელიც მკვლელის უმძიმესი ტვირთისაგან გათავისუფლებას ცდილობს. - მას სურს თავი გაითავისუფლოს იმ ვითარებიდან, რომელშიც იგი ჩავარდნილა. მაგრამ, საკმარისია კი ის ნაბიჯები, რომელსაც იგი დგამს თავისუფლების გზაზე საიმისოდ, რომ საბოლოოდ თავი დაიხსნას თუნდაც უნებლიე ჯალათის ფსიქოლოგიისაგან? ამ ურთულეს საკითხზე მოთხრობა პასუხს აღარ იძლევა. აქ მხოლოდ ერთი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯის მოწმეა მკითხველი. - გიორგი თავის მშობლიურ კერას უბრუნდება. მართალია, გიორგი თითქოს თავისუფლდება ჯალათის ფსიქოლოგიისაგან - ოქროს თუმნიანსაც გადააგდებს თავისივე უნებლიე მსხვერპლის - „მისგან მოკლულის“ დედისა და შვილის, ეზოში, მართალია, დეზერტირობას არჩევს, თავს გაქცევით შველის „ათასი ბატონისაგან“, მაგრამ ეს მისი ქმედება განა წერტილს უსვამს ვითარებას, რომელიც ქვეყანაში გამეფებულა? რეალობა ხომ უცვლელი რჩება. ერთი პიროვნების შინაგანი პროტესტი მდგომარეობას არ ცვლის. აქედან გამომდინარე, პოლკი და „მყრალი ყაზარმის“ მესვეურნი განა არ მოძებნიან უდანაშაულო მუშის მოკვლისათვის მათგანვე დაჯილდოებულ, მაგრამ გაქცეულ სალდათს? აქაც მიხეილ ჯავახიშვილი საფიქრალს და პასუხს ისევ მკითხველებს ანდობს, მისი დასკვნების იმედი აქვს.
ერთი კია, ერთ პიროვნებაში ერთდროულად განსხეულებული უდანაშაულო ჯალათიცა და უდანაშაულო მსხვერპლიც ბორკილებს იხსნის და თავისუფლდება. „მიდიოდა დეზერტირი და თან რაღაც სიმღერას ღიღინებდა“8. იდეურ-ემოციური არსი გმირისა გვაძლევს მისი სახის, მისი ქმედების ამოხსნისა და ინტერპრეტაციის საშუალებას მოთხრობის კონტექსტის საშუალებით.
გიორგი ჯიხაძემ გააცნობიერა ანუ შეიმეცნა მთელი იმ სამი წლის ცხოვრება, რომელიც მან სალდათად ყოფნის დროს გაატარა; იგრძნო, რომ მისი საქმის, მისი მოქმედების რეალიზაციას მოჰყვა მისი მორალური დაცემა, ზნეობრივი კატასტროფა, რასაც ვეღარ შეურიგდა. გიორგი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მკვლელი არ შეიძლებოდა იგი ყოფილიყო; იმასაც მიხვდა, რომ უდანაშაულო კაცის მკვლელობისათვის დააჯილდოვეს, ე.ი. იგი მკვლელების სამსახურში იდგა და მასავით მშრომელ ადამიანებს, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს თავიანთი აუტანელი მდგომარეობის გამო, ტყვიით უნდა გამასპინძლებოდა. არადა ყურებში უწიოდა უბრალო მშრომელი მუშების სიტყვები: „განა თქვენც ჩვენი ამხანაგები და ძმები არა ხართ? განა თქვენც ჩვენსავით არ იტანჯებით? განა ჩვენ დაგიშავეთ რამე, რომ სროლას გვიპირებთ? ძმებო, თქვენც ჩვენისთანა დღეში ხართ“9.. მართლაც სიტყვის უდიდესი ოსტატი გახლდათ მიხეილ ჯავახიშვილი, რომელმაც 1905 წელს, ვითომცდა ერთი სალდათის - საგურამოსთან ახლო მყოფი სოფლის მცხოვრები ახალგაზრდის - გიორგი ჯიხაძის ცხოვრების ერთ ტრაგიკულ ეპიზოდზე გადაიტანა, სინამდვილეში კი სცადა დღის სინათლეზე გამოეტანა ის აუტანელი ვითარება, რომელიც იმ წლებში გაბატონებული იყო საქართველოში, კერძოდ - თბილისის ერთ-ერთ სამხედრო ყაზარმაში, სადაც „ხელმწიფის ფიცის დაცვა“ და „სალდათის მოვალეობა“ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ იყო მიმართული.
სალდათმა მიიღო სიტყვიერი მადლობა და ჯილდო, რომლის არსი, დანიშნულება ვერაფრით გაიგო დაჯილდოებულმა: „ოქროს თუმნიანს დიდხანს ატრიალებდა ხელში და არ იცოდა, ამდენი ფული რისთვის მისცეს“10. არც ის ჰქონდა გააზრებული, როგორ გახდა იგი კაცის მკვლელი: „როგორ მოხდა ყველაფერი და როგორ შემოაკვდა ის კაცი. იმის მოკვლა აზრადაც არ გაუვლია. სადაური იყო, ვინ იყო, რა იყო?“11. არადა, ჯილდოს მიღების შემდეგ, ის მეგობრებიც კი ელაქუცებოდნენ, მანამდე მრისხანე თვალებით რომ შესცქეროდნენ. იგი კი გაუთავებლად ფიქრობდა: როგორ ეპოვნა „ან ვისთვის გადაეცა ის, რაც იმას არ ეკუთვნოდა“12
ამ პატარა მოთხრობაში, ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა მცოდნის მიერ ჩართულია, ალბათ, ათასგზის გააზრებული ერთი მრავლისმთქმელი ეპიზოდი, ესაა გიორგისა და მოკლული მუშის დედის შეხვედრა, როცა გიორგი აუხსნის მგლოვიარე დედას, რომ იგი დამნაშავე არაა, უდანაშაულო მკვლელია. დედა ეს-ესაა პატიობას ლამობს, რომ ამ დროს სალდათი მას ოქროს თუმნიანს სთავაზობს. ამ საქციელმა მოხუცის რისხვა გამოიწვია. დაბნეულმა ჯიხაძემ, მობოდიშების ძახილით, ალაყაფის კარებისაკენ აიღო გეზი. გიორგი საბოლოოდ მიხვდა, რომ გაჭირვებული და გამწარებული დედა მოკლული შვილის სანაცვლოდ ოქროს თუმნიანზე კატეგორიულ უარს ამბობდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯალათსა (გიორგის) და მსხვერპლს (შვილმკვდარ დედას) შორის მსხვერპლი გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა ჯალათზე. ამავე ეპიზოდმა გიორგის გონება გაუნათა. საბოლოო გადაწყვეტილებაც სწორედ მაშინ მიიღო.
უთუოდ საჭიროა აქვე აღვნიშნოთ, რომ „ჯილდოს“ მთავარი გმირი ინსტინქტებით მოქმედებს და არა განსჯით. მოთხრობა, რასაკვირველია, ზნეობრივი დატვირთვისაა და მასში ერთმანეთს უპირისპირდება ღირებულებები. აქ იკვეთება ის ალტერნატივა, რომელსაც ცხოვრება თითქმის ყოველთვის უყენებს ადამიანებს სხვადასხვა ვითარებაში. ამ კონკრეტული მოთხრობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მართლაც, რა არის ფასი სისხლის, თავმოყვარეობის, სიყვარულის?! შეიძლება კი ყველაფერი ამის შეფასება მატერიალური ანაზღაურებით ან თუნდაც ოქროთი?! ეს კითხვები აღეძვრის „ჯილდოს“ მკითხველს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოქმედება ვითარდება იმ ადამიანების გარემოცვაში, რომელთაც ცხოვრება წიგნიერი გზით არა აქვთ შეთვისებული, მაგრამ ამოძრავებთ საუკუნეებში გამოტარებული და ხალხში სტიქიურად გადასული ტრადიციული ზნეობა. ამის დასტურია თავად მოთხრობა. განა მსგავს საკითხებზე დაფიქრებულა გიორგი, როცა სამი წელი სამხედრო ნაწილში მსახურობდა? ის ხომ მხოლოდ მაშინ დაფიქრდა, როდესაც უნებლიე მკვლელი გახდა, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ მას არ შეეძლო უდანაშაულო კაცის მოკვლა, რომ იგი კაცის მოკვლისათვის დააჯილდოვეს.
1965 წელს „ჯილდოს“ ეკრანიზაციას ხელი მოჰკიდა მაშინ სრულიად ახალგაზრდა რეჟისორმა გ. შენგელაიამ თავისივე სცენარით. გ. შენგელაიას სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მას რეჟისორის მეტად მახვილი თვალი აღმოაჩნდა. მან შეამჩნია და გაისიგრძეგანა მოთხრობაში ღრმად ჩამარხული მკვეთრად სოციალური და მაღალი ეროვნულობით აღბეჭდილი საინტერესო სიუჟეტი, გმირთა ფსიქოლოგიური წიაღსვლები, მათი შინაგანი განცდების მკაფიო გამომსახველობითი ელემენტები, ზუსტად გაიცნობიერა ის ძირითადი მიზეზები, რამაც შეამზადა ნიადაგი ჯალათისა და მსხვერპლის წარმოშობისათვის. აქვე ვიტყვით, რომ ყველაფერი ის, რის შესახებაც საუბარი გვქონდა „ჯილდოსთან“ მიმართებაში, ბ-მა გ. შენგელაიამ თითქმის ადექვატურად აღიქვა, რის შედეგადაც შექმნა სერიოზული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. იმასაც დავსძენთ, რომ მან რეჟისორული გადაწყვეტითა და მიგნებული კინემატოგრაფიული ხერხებით, უნაკლო მხატვრულ-ესთეტიკური პასაჟებით, ნიჭიერი ხედვით წამოსწია წინ ადამიანის სულიერი ძვრები, საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანა პატიოსანი ადამიანის შედგომა რეალობის გაცნობიერების გზაზე და 60-იანი წლებისათვის ჯერ კიდევ ძნელად წინ წამოსაწევი პრობლემა გაბედულად მიიტანა მაყურებლამდე - ამხილა 900-იან წლებში მიმდინარე ნეგატიური მოვლენების მანკიერი მხარეები.
კინოფილმში „ჯლდო“ გ. შენგელაიამ შეძლო აქტიურად დაეპირისპირებინა ერთმანეთისათვის ადამიანის მთავარი ღირსება - სულიერი სამყაროს გააქტიურება და იმდროინდელი რეალური ვითარების გამხრწნელი მოქმედება. ამ ფილმმა 60-იან წლებში პროტესტი გამოუცხადა იმ ადამიანებს, რომლებიც ბრმად იყვნენ მინდობილნი ხელისუფლების კანონებს და საზოგადოებრივ აზრს უარყოფდნენ. ამ ფილმმა კიდევ უფრო გაამკვეთრა მიხეილ ჯავახიშვილის მსოფლმხედველობრივი არეალი. მან წინ წამოსწია მთავარი და არსებითი.
გ. შენგელაიას მიერ ეკრანიზებულმა ფილმმა „ჯილდო“ მაყურებლამდე ზედმიწევნით ზუსტად მიიტანა მიხეილ ჯავახიშვილის იმდროინდელი საზრუნავ-საფიქრალი. მან ნიჭიერად და მხატვრული ოსტატობით შეძლო კინემატოგრაფის საშუალებით კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ქართველთათვის იმ მწერლის სახელი, რომელსაც სწორედ იმის გამო ებრძოდნენ, რაც ყველაზე მეტად საშური საქმე უნდა ყოფილიყო ნორმალური ქვეყნისათვის. ყველა ზემოდასახელებული მომენტის შემოქმედებითმა გადაწყვეტამ გამოიწვია გ. შენგელაიას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ჯილდო“-ს გამარჯვება ეკრანზე. მას დიდი მოწონება ხვდა წილად.
XX საუკუნის 60-იანელების ახლებური აზროვნება მწერლობაში, ცხადია, შეეხო ხელოვნების სხვა დარგებსაც, კერძოდ, კინემატოგრაფსაც. ჩვენ შემთხვევითობად არ მიგვაჩნია ის, რომ გ. შენგელაიამ სწორედ „ჯილდო“ აირჩია გადასაღებად, ღირსების, მორალისა და ზნეობის საკითხები წამოსწია წინ და მიხეილ ჯავახიშვილის მიერ 1905 წელს დაწერილი თხზულება იმგვარი კუთხით გააცოცხლა, როგორადაც ეს თავად მწერალს ჰქონდა ჩაფიქრებული.
ზოგადად მწერლის უამრავ ამოცანათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საზოგადოებას მოუთხროს ადამიანის შესახებ უფრო მეტი, ვიდრე მან ეს იცის, ერთგვარად თითქოს გააზრებულიც აქვს, მაგრამ სრულყოფილებამდე ჯერ მაინც შორსაა. მიხეილ ჯავახიშვილის მთელ შემოქმედებას მნიშვნელოვნად ამაღლებს ადამიანების შინაგანი სამყაროს გადაშლა მკითხველის წინაშე, მათ ფსიქოლოგიურ არსში წვდომის უნარი. მის შესახებ ხომ ასეც ამბობდნენ: - „მიხეილ ჯავახიშვილი ადამიანის სულის მხატვარია“.
მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „მუსუსი“ 1925 წელს დაიბეჭდა. მძიმე იყო ეს პერიოდი საქართველოში. სულ ოთხიოდე წელი გასულიყო საქართველოს ანექსიიდან (1921). ეს ის 1925 წელი გახლდათ, როცა უკვე დღის სინათლე იხილა „კვაჭი კვაჭანტირაძემ“ და მზადდებოდა ეპოქალური რომანის - „ჯაყოს ხიზნები“ წიგნად დასტამბვა.
იმ დროისათვის ქართველი საზოგადოება სულიერად და მორალურად გატეხილი ჩანდა, მიზეზიც უამრავი გახლდათ და კიდევ უფრო მუქ ფერებში ქვეყნის მდგომარეობის დახატვა არამც და არამც არ იყო მწერლის ერთადერთი მიზანი. ამ სიტყვებს ასე თამამად იმის გამო ვწერთ, რომ თავად მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებები გვაძლევს ამის საბაბს.
საჭირო იყო რაღაც ახალი, ადამიანების ცნობიერების ევოლუციური ცვალებადობის დანახვა ქალაქად და სოფლად. მიხეილ ჯავახიშვილმა ამ დროს გვაჩვენა ახალგაზრდების, ადამიანების სულის სილამაზე და, მართალია, მოთხრობას „მუსუსი“ კი უწოდა, მაგრამ ისე არასწორხაზოვნად და ოსტატურად წარმოაჩინა მისი ხასიათი, რომ მისგან სიყვარულისათვის თავგანწირული მიხა მიიღო მკითხველმა. ამავე დროს, თხზულებაში მოცემულია იმ გარემოცვის, იმ ადამიანების განცდების, აღქმისა და გამოხატვის მექანიზმები სხვადასხვა სიტუაციებში: დღესასწაულზე, ცეკვის დროს, „დანაშაულზე“ წასწრების ჟამს და ა.შ. რომელთა ცხოვრების წესის, ხასიათების აღწერა გადაწყვიტა მწერალმა და ამ ფონზე წარმართა მთავარი გმირების ერთმანეთისადმი ჭეშმარიტი ლტოლვის, ნამდვილი სიყვარულის ჟამს ბუნებრივად წარმოქმნილი სულიერი გრადაციები.
აქვე ორიოდე სიტყვას ვიტყვით, თავის დროზე, „მუსუსის“ შეფასებაზე სალიტერატურო კრიტიკაში. ბევრნი მოთხრობას სექსუალურს უწოდებდა, ზოგიერთმა კრიტიკოსმა მწერალს მოპასანის გავლენა დასწამა, იაფფასიან პორნოგრაფიად აღიქვა და ფაქტიურად ომი გამოუცხადა ამ ფსიქოლოგიური მოთხრობის ავტორს. სხვათა შორის, ამის გამოც საჭიროა მიხეილ ჯავახიშვილის არა ცალკეული, არამედ მთელი შემოქმედების ხელმეორედ შესწავლა. ბოლოსა და ბოლოს საჭიროა მიეზღოს „კეისარსა კეისრის“.
მიხამ ანუ მუსუსმა და ფეფელომ საწადელს მიაღწიეს. ფეფელომ, ბობოლა პეტრეს შვილმა, არაფრისმქონე მუსუსი არჩია მდიდარ და უნიათო სიკოს. - სიღარიბე და ჭეშმარიტი სიყვარული არჩია უსიყვარულოდ ცხოვრებასა და ფუფუნებას.
საინტერესო ხასიათით გამოირჩევა პეტრე-ფეფელოს მამა. უკვე ხილული, მომხდარი ფაქტი პეტრეში სრულიად ბუნებრივ წინააღმდეგობას იწვევს. ეს, ერთის მხრივ, თითქოს უცნაური „ჯიუტი კაცი“ ანუ „ცალთვალა პეტრე“ (რომელიც მართლა ცალი თვალით უყურებდა ცხოვრებას), რომელსაც (მისი აზრით) სურს უმტკივნეულო და მომავალში უზრუნველი მდიდრული ცხოვრება მოუწყოს თავის ქალიშვილს, ერთგვარი შემობრუნებით თუ მორჩილებით, მარცხდება, ზედიზედ ატყდება თავს უბედურება. „მე გატეხილი ქოთნის მუშტარი არა ვარ“13 უპასუხა მწარე ღიმილით მდიდარმა, მაგრამ გაწბილებულმა და თავლაფდასხმულმა სიკომ ყოფილ სასიმამროს, რომელიც მას „ჩანჩალით გამოუდგა. დიდხანს აცმაცუნა პირი და მერე ხრინწიან მამალივით ამოიხრიალა: - „კაცო სად მიხვალ?“14 მეორე მხრივ, მაინც ვერ წარმოედგინა პეტრეს, რომ შესაძლებელი იყო სიყვარულს სიმდიდრისათვის ეჯობნა, ფეფელოს მიხა აერჩია და ჯიუტად იმეორებდა: „მაჯობე.წ.აიყვა. მზითევს ვერა ნახავ. არ გინდა? მაშ კარგი. „ტიტველმა შიშველი აიკიდა და მერე მათხოვარა გააჩინესო“15. ეს კი თქვა, მაგრამ გული უდუღდა. იგი თითქოს გრძნობდა, რომ მისი სიმდიდრე მასხარად აიგდეს, მისი ადგილი სოფლის თვალში შეირყა და მნიშვნელობა დაკარგა. აკი, გააგონეს კიდეც: „დროება გამოიცვალა: ვისაც ვინ მოსწონს, იმას გაჰყვება“16. მაგრამ ასე როდი ფიქრობდა ყველა და მათ რიცხვში - პეტრე! ეს ხომ სოფლის მხოლოდ ერთი ნაწილის აზრი იყო და მეტი არაფერი. ორი ახალგაზრდის სიყვარული დაუპირისპირდა ობიექტურ რეალობას - სიმდიდრეზე მაღლა დააყენეს საკუთარი გრძნობები. მათთვის მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა, რომელიც არც თუ ისე მისაღები იყო თავად შეყვარებულებისთვისაც კი, აღარ ითაკილეს. - სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ არსებობდა.
ფულის, სიმდიდრისა და სიყვარულის დაპირისპირების თემა არასოდეს ყოფილა უცხო მსოფლიო ლიტერატურაში. არ იყო იგი ახალი არც ქართველთა ცნობიერებისათვის იმ დროს, როცა „მუსუსი“ იწერებოდა. მაგრამ ხაზგასასმელია ისიც, რომ სიმდიდრის, ფულის მოხვეჭის ყოვლისმომცველი სურვილი და ყოვლისშემძლეობა თანდათან ძალას იკრებდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში 60-იანი წლებიდან. მართალია, „მუსუსში“ მოთხრობილი ამბავი წარმოადგენდა ნამყო დროს, მომავალს მწერალი მკითხველს ათვალისწინებინებდა ტექსტის გარეთ. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ამ თემის კვლავ წინ წამოწევა, მომავალში ამ საკითხში სწორი გადაწყვეტილების ძიება და აი, 1966 წელს, ზუსტად ერთი წლის შემდეგ „ჯილდოს“ ეკრანიზაციიდან, ნიჭიერმა ახალგაზრდა რეჟისორმა მ. კოკოჩაშვილმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მიხა“ მიხეილ ჯავახიშვილის „მუსუსის“ მიხედვით.
სცენარის ავტორობაც მ. კოკოჩაშვილს უკისრია. ეს ის მ. კოკოჩაშვილია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია ჩინებულად იცის, მემატიანეთა ცნობებში ჩახედულია და ქართლის ფოლიანტებში მუდამ ეძიებს იმ აუცილებელსა და მნიშვნელოვანს, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების ცნობიერების ჰორიზონტის გაფართოებას, დაეხმარება ქვეყნის კულტურული წინსვლისათვის საკუთარი ერთი აგურის მიტანაში ქართველთა სულიერების ასამაღლებლად, ეროვნული სიამაყის გასაღვივებლად.
ისმის კითხვა: მოახერხა თუ არა მ. კოკოჩაშვილმა მოკლემეტრაჟიანი ფილმით „მიხა“ მკითხველში გაეფანტა ის მცდარი შეხედულებანი, რომელნიც „მუსუსის“ შესახებ არსებობდა თავის დროზე? ვფიქრობთ, მოახერხა და წარმატებითაც.
მოთხრობის ეკრანიზაციას დიდტანიანი რომანის ეკრანიზაციასთან შედარებით თავისი სპეციფიკა გააჩნია. ეს სპეციფიკა განისაზღვრება იმით, რომ მოთხრობის საფუძველზე ფილმის შექმნის დროს კინემატოგრაფი განიცდის მასალის ნაკლებობას. მისი უპირველესი ამოცანაა შეავსოს იგი, წარმოაჩინოს ლიტერატურული პირველწყაროს ის აისბერგი, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს. აქ იწყება რეჟისორის შემოქმედებითი პროცესი, იხსნება ფრჩხილები, წინ წამოიწევს იდეა, რომელიც მოთხრობაში ღრმად არის ჩამარხული და მისი ამოხსნა და გაძლიერება - გამკვეთრებაა საჭირო. - ჩვენის ღრმა რწმენით, ეს ეხმარება რეჟისორს ბუნებრივად, თვალხილულად წარმოაჩინოს მწერლის მსოფლმხედველობა, მოთხრობაში გამიზნულად შეფარვით ჩადებული, მომავალში გასათვალისწინებელი ღრმა აზრი. სხვათა შორის, ფილმს „მიხა“ რომ ეწოდება, ესეც რეჟისორის სწორი მსოფლმხედველობისა და „მუსუსის“ გააზრებული წაკითხვის შედეგი უნდა იყოს.
ფილმში ჩინებულადაა ნაჩვენები მიხას ვაჟკაცური ბუნება, რომელსაც მუსუსის ფსიქოლოგიასთან აღარაფერი დარჩენია საერთო. მას გატაცებით უყვარს ფეფელო. აქვე მოქმედებაშია გაცხადებული მდიდარი სიკო - იგივ დონდლო, უნდილი, ავყია და ჭიანი - ნაწყენი ბატივით თან რომ დასდევს სათამაშო ფორზე ულამაზეს ფეფელოსა და მოხდენილ მიხას. ამავე დროს, პეტრეს, რომელსაც გაგონებაც არ უნდა ღატაკი მიხასი, აბუჩად აუგდია მისი ქალიშვილისა დ მიხას სიყვარული და მდიდარი სიკოს სიძობა ელანდება და ესიზმრება.
მიხა და ფეფელო გაქცევას განიზრახავენ, მაგრამ პეტრეს ხალხი მათ გზას გადაუღობავს და შეყვარებულები იქვე თავლაში შეიმალებიან. სადაცაა სამუდამოდ გაჰყრიან ფეფელოს და მიხას, რომელსაც თვალწინ უდგას, როგორ სცემს პეტრე ფეფელოს და მერე იმ ავყია და უნდილ სიკოს „ხურჯინივით გადაჰკიდებს“. სხვა გზა აღარ არის - მიხა და ფეფელო სოფელმა ცოლ-ქმრად უნდა სცნოს. „შერცხვენილ“ ფეფელოს სიკო აღარ ითხოვს.
სოფლის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, მხარს უჭერს თანასოფლელთა სიყვარულს, მეფე-დედოფალს შუაში ჩაიყენებენ და მაყრულის სიმღერით მიხოს სახლისაკენ გასწევენ.
იქნებ მოულოდნელიცაა, მაგრამ შეუძლებელია ხაზი არ გავუსვათ, რომ მ. კოკოჩაშვილის მიერ გადაღებულმა „მიხამ“ სათანადო და სწორი პასუხი გასცა ყველა იმ არასწორ ინტერპრეტაციას, რაც თავის დროზე მიაწერეს „მუსუსის“ ავტორს. ფილმში არავითარი პორნოგრაფია არ არის. ყოველგვარი გავლენებისაგან თავისუფალია. იგი ეროვნული ნიადაგიდან ამოზრდილი ქართული ხასიათებით დახუნძლული სანახაობით - შემეცნებითი კინოსურათია. კარგად აღიქმება, მოთხრობის ადექვატურია, ოღონდაც კარგი გაგებით. ე.ი. მწერლის იდეური ჩანაფიქრი არც დაკარგულია, არც გაფერმკრთალებული, პირიქით, წინ არის წამოწეული. რეჟისორმა კინემატოგრაფიული საშუალებებით გადმოგვცა ის, რაც მიხეილ ჯავახიშვილის მიერ იყო ჩადებული მოთხრობაში. სცენარის ავტორმა და რეჟისორმა მ. კოკოჩაშვილმა ჩინებულად შეძლო ქართული პროზის თვალსაჩინო წარმომადგენლის მოთხრობა „მუსუსი“, რომელმაც თავის დროზე კრიტიკის ქარცეცხლი გამოიარა, ქართული კინოხელოვნების ნიმუშად ექცია.
XX საუკუნეში ილია ჭავჭავაძის გზის გამგრძელებელმა და იდეურმა მემკვიდრემ - მიხეილ ჯავახიშვილმა ყურადღების გარეშე არ დატოვა საუკუნის დასაწყისში საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მწვავედ მდგარი სოციალური საკითხი. მან რამდენიმე მოთხრობაში წინ წამოსწია ქართველი თავადაზნაურობის, როგორც კლასის დეგრადაციისა და მისი შედეგების მოსპობის გარდუვალობის საკითხი. უნდა ითქვას, რომ მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებები ზოგადად ამოვარდნილი არ არის იმ კლასობრივი და სოციალური ცვლილებების რეალობიდან, რამაც თანმიმდევრულად ჰპოვა ასახვა ქართულ კლასიკურ მწერლობაში. კონკრეტულად ჩვენ მხედველობაში გვაქვს 1904 წელს „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში მ. ადამაშვილის ფსევდონიმით დაბეჭდილი მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „უპატრონო“ (იანვრის ნომრებში).
ორიოდე სიტყვა მოთხრობის სათაურისა და ფინალის შესახებ. ჩვენ ადრეც აღვნიშნავდით, რომ მიხეილ ჯავახიშვილი მართლა დიდოსტატი გახლდათ თხზულებისათვის სათაურის შერჩევისა და მისთვის უკანასკნელი წერტილის დასმისა. თუმცა იმასაც გაესვა ხაზი, რომ ნაწარმოების დასასრულის შემდეგ მწერალი უამრავ კითხვასა და საფიქრალს უჩენდა ხოლმე მკითხველს (ჭეშმარიტი მწერალი სხვაგვარად არც წარმოიდგინება. მას თავისუფლად შეეძლო გაემეორებინა დიდი ილიას „მისთვის არ ვმღერ“...).
ჩვენის აზრით, „უპატრონო“ სოციალურ-ფსიქოლოგიური დრამაა მასში წამოჭრილი მწვავე საკითხით, მაგრამ პროცესების დინამიური მსვლელობით. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში არის მკვლელობაც, გაუპატიურებაც, დაცინვაც, გრძნობების აბუჩად აგდებაც, სიუჟეტიც, ამ კუთხით, მეტ-ნაკლებად დაძაბულია, მაინც ყველაფერი მიმდინარეობს მდორედ, არსებითად წინააღმდეგობათა გაწევის გარეშე, ისე, თითქოს, იმ დროის ლოგიკიდან გამომდინარე, ყველაფერი ასეც უნდა მომხდარიყო და პერსონაჟებიც, ფსიქოლოგიური იმპულსების ძალისხმევით ახორციელებენ იმას, რასაც მათ თავს მოახვევენ. „უპატრონოს“ დასასრულის ორი ვარიანტი დაგვიტოვა მიხეილ ჯავახიშვილმა და თუ სათაურსაც მივიღებთ მხედველობაში, უთუოდ დაიბადება კითხვა: რომელი დასასრულით სურდა საბოლოოდ დაეტოვებინა მოთხრობა?
მიხეილ ჯავახიშვილი - „პირუთვნელი და ბეჯითი მოსამსახურე ერისა“ თავის ნაწარმოებებში რომელ საწყისსაც არ ძერწავდა - კეთილი იყო იგი, თუ ბოროტი, შიგ აქსოვდა იმ დიდ მოქალაქეობრივ შეგნებას,რომელიც ასე იზიდავდა მკითხველს. რა პრობლემაზეც არ უნდა ეწერა, მისთვის მთავარი მაინც ადამიანი იყო თავისი ბედითა და უბედობით, რომლის ცხოვრებაც ნაყოფი გახლდათ იმ დროისა, რომელშიც ამ გმირს ან გმირთა ჯგუფს უხდებოდა არსებობა. დრო კი, რომელსაც აღწერდა მწერალი, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ვითარებიდან გამომდინარე, აღსავსე იყო ტრაგიზმით თუ არა, დრამატული სიტუაციებით, კატაკლიზმებით, მოუწესრიგებლობით. დრო-სივრცულ რკალში ამ კონკრეტული მოთხრობის პერსონაჟებიც დაუნჯებული განცდებით, ტანჯვითა და ერთგვარი მორჩილებით მიყვებიან ცხოვრების ყოველდღიურობას. მწერალმა მკითხველს კიდევ გადაუშალა თვალწინ ბატონყმობის გაუქმებიდან უკვე ზუსტად 40 წლის შემდეგ, ქართველი მემამულეებისა და მათი მსახურების ყოფა, მოახდინა ორივე მხარის წარმომადგენელთა სოციო-ფსიქოლოგიური ანალიზი, აჩვენა სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანთა მორალურ-ზნეობრივი მახასიათებლების - პატიოსნება, სიყვარული, მოვალეობა, გრძნობა, სინდისი, სამართლიანობა და ა.შ. ფეხქვეშ გათელვის პროცესი.
მაინც რატომ გაიხადა მწერალმა XX საუკუნის დასაწყისში თემა თავადსა და გლეხს შორის ურთიერთობისა? ცხადზე უცხადესია იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობდა სოფლად მახინჯი გადმონაშთები ბატონყმობის ინსტიტუტისა და მიხეილ ჯავახიშვილს კი მტკიცედ სწამდა, რომ მაღალი მორალური და ზნეობრივი თვისებების მატარებელი საზოგადოების შექმნის გარეშე ქვეყანა გადაგვარების გზას დაადგებოდა. ხომ თავადაც წერდა: საინტერესოაო ადამიანი თავისი სულით, ხოლო მწერლის მოვალეობა ხალხის გულის საიდუმლოთა ამოხსნააო.
„უპატრონოს“ მთავარი გმირი 17 წლის ნუცაა, მექათმედ წოდებული, იგივე უპატრონო, რომელიც ახალი ბატონის ხელში ცხოველური გრძნობების დასაკმაყოფილებელ სათამაშო თოჯინად ქცეულა. ეს ისე, წინააღმდეგობის გარეშე... ეს კი იყო - პირველ ღამეს ტირილით ეხვეწებოდა: „ნუ გამიმეტებთ... თქვენ გენაცვალეეთ... ნუ გამაუბედურებთ“17... მერე პროტესტი? თავის გადარჩენის გზების ძიება? არა! მერე იყო ის, რომ თავის „მოვალეობას“ ბატონის დაძახებისთანავე ასრულებდა.
შემაძრწუნებელია მწერლის მიერ საოცარი ტკივილით, თანაგრძნობითა და უცნაურად მიმტევებლური პოზიციებიდან აღწერა უბედური, ნიადაგ მტირალი, განმარტოებული, მარტოსული „ნაბუშარის“ გამწარებული ხვედრისა. ყველაფერი „წესისამებრ“ გრძელდებოდა. გასაკვირი თითქოს არც არაფერი იყო: ნუცას დედაც ბატონის მსხვერპლი იყო, ახლა ნუცა გახდა დედის მძიმე ხვედრის გამზიარებელი. უფრო სახიერად წარმოუდგენელიც კია დაბეჩავებული, შეურაცხყოფილი ახალგაზრდა ქალის სულიერი გათელვის სურათის წარმოდგენა, როგორც ეს მიხეილ ჯავახიშვილმა ერთი ფრაზით გამოძერწა: „ბნელ კუთხეში აიტუზებოდა და ჩაის გათავებას და სანთლის ჩაქრობას უცდიდა“18. და ეს ყველაფერი გრძელდებოდა მანამ, სანამ ბატონი ქალაქს არ დაუბრუნდა. მაგრამ „კეთილმა“ მებატონემ „სამაგიეროც“ გადაიხადა. ნუცა მჭედელ პავლეს, აკოფას შვილს, გააყოლა ცოლად და ცოტაოდენი მიწაც უბოძა ფულითურთ - ქოხის ასაშენებლად. - ულმობელი დრო, ადამიანი და მისი ბედით თამაში და გართობა. - ცინიზმი ამაზე შემაშფოთებლად არ შეიძლება წარმოიდგინოს მკითხველმა.
მერე ქმარმაც შეიტყო სიმართლე. ახლაც, უბედურებას ისეც შეჩვეული უპატრონო, წინააღმდეგობას არ უწევდა პავლეს, რომელიც დაუზოგავად ურტყამდა ფეხმძიმეს, მეტიც - გამეორებას ელოდა.
ნუცას და პავლეს ცოლქმრობა იმით დამთავრდა, რომ პავლემ უბედურ დედას თვალწინ მოუკლა ახალშობილი შვილი. როგორ გზას მოაძებნინებს მწერალი ნუცას, უბედურ ქალს, გაუხარელს, შვილის დამკარგველს, რომელშიც ის-ის იყო დედის ანდამატურმა სიყვარულმა იფეთქა და იქვე ჩაუკლეს. აი, აქედან დაიწყო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფიქრი მწერლისა იმაზე, თუ როგორ დაასრულებდა მოთხრობას. ერთი ვარიანტით ნუცას ტრაგიკულ მდგომარეობასა და ხვეწნა-მუდარას ყურადღება არ მიაქციეს, აკოფას სახლში შეიყვანეს და ჩაკეტეს. მეორე ვარიანტით - ნუცა გაიპარა მამამთილის ოჯახიდან, თავის სახლში შევიდა და თავი ჩამოიხრჩო. გაღმა გორაზე გაუთხარეს სამარე.
საფიქრებელია, რომ მეორე ვარიანტით უნდოდა დაესრულებინა მოთხრობა მიხეილ ჯავახიშვილს, მით უფრო, რომ იგი მხატვრულად მაღალ დონეზეა შესრულებული, როგორც იტყვიან - ერთი კალმის მოსმით. მეორეც, მწერლის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე სავარაუდებელია, რომ სხვა შემთხვევაში იგი მოთხრობას „უპატრონოს“ არ უწოდებდა. მიხეილ ჯავახიშვილის ფიქრი იქითკენ იყო მიმართული, რომ უპატრონობა როგორც ასეთი, უნდა მოსპობილიყო. მიხეილ ჯავახიშვილმა ამ მოთხრობით მიგვანიშნა, რომ ძალადობა მარცხისთვის იყო განწირული. მებატონის ძალადობამ გაანადგურა ნუცას ცხოვრება: პატიოსნება წაართვა, სიყვარული ჩაუკლა, ფეხქვეშ გათელა მისი, როგორც ადამიანის სიამაყე, სილამაზე-სინორჩე. პავლემაც ძალადობითვე გაანადგურა ძალადობით ჩასახული უდანაშაულო მსხვერპლი. წერტილის დასმა იყო საჭირო და მწერალმა ნუცას, ისევ მთავარ გმირს, აპოვნინა ეს გამოსავალი - თავი ჩამოახრჩობინა. ცხადია, ეს არ იყო უკეთესი გზა საერთო მდგომარეობის გამოსწორებისა, მაგრამ მწერალს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერავინ მოსთხოვს. მან ამ მოთხრობაში მორალურ და ზნეობრივ პასუხისმგებლობაზე გადაიტანა აქცენტი. მკითხველს აგრძნობინა და შეაცნობინა რამდენად პატიოსანი იყო უპატიოსნოდ ქცეული ნუცა, რამდენად უნიათო, უძალო, უენო იმის გამო, რომ არავინ ეგულებოდა ქვეყნად, ვინც დაიცავდა, ვინც გვერდით ამოუდგებოდა. სამართალი მმართველების ხელში იყო და ჩივილს, წინააღმდეგობის გაწევას აზრი დაჰკარგვოდა - მთელი საზოგადოება „საღათას ძილს“ მისცემოდა.
ნუცა თოვლივით წმინდაცაა და მიწასავით ჭუჭყიანიც, ლამაზიცაა - თოვლით დაბურულ კუნელასავით და ულამაზოც - მობუზული, ერთთავად მტირალი და გაუცინარი. ამას მწერალი გვაცნობიერებინებს მეტაფორებით, სიმბოლოებით, მინიშნებებით. ერთის მხრივ - მიწას აყრიდნენ, მეორეს მხრივ - სიწმინდის სიმბოლო - თოვლი უერთდებოდა მის საფლავს.
საინტერესოა მოთხრობის სულ ბოლო და უმოკლესი წინადადება: ნუცას საფლავს, ძლიან ლამაზსა და ეგზოტიკურს, როგორადაც მას აღწერს მწერალი, „ქარი განსვენებას უმღერდა“. - თუ ამ წინადადებას სიმბოლურად აღვიქვამთ და სხვანაირად მწერლობა, მხატვრული ნაწარმოები წარმოუდგენელია, მაშინ ბუნება ზეიმობდა ყოველგვარ ძალადობაზე, ესალმებოდა უდანაშაულო მსხვერპლს და „განსვენებას უმღერდა“. ამიერიდან უპატრონობა განისვენებდა სამუდამოდ.
უფრო ღრმად და სახიერად წარმოუდგენელია ერთი სოფლის იმდროინდელი ქრონოტოპის გადმოცემა. როგორი ოსტატი უნდა ყოფილიყო სიტყვისა მიხეილ ჯავახიშვილი, რომ ამდენი საშინელება, უზნეობა, უსამართლობა აღეწერა და მკითხველს მაინც ეგრძნო ზნეობრივი სიფაქიზის ფასი და სიწმინდე, მორალური სიმაღლის უპირატესობა და აქცენტები გადაეტანა სოციალურ უსამართლობაზე, ძალადობის უპერსპექტივობაზე.
ფილოსოფიურ-ეთიკური თვალთახედვით ნუცა დაბადებისთანავე უფლებააყრილი ადამიანია, რომელსაც შემდგომში დაკარგული აქვს პიროვნული თვისებები, „მე“-ს ადამიანური განცდა თავისი ბიოგრაფიის გამო. გაუსაძლისი ცხოვრება მას ასევე უფლებაჩამორთმეული დედისაგან გადაეცა, იმას კიდევ თავისი დედისაგან და ა.შ. უნდა მოხდეს რაღაც ისეთი, რაც ნუცას თავის თავს აპოვნინებს, პიროვნული ღირსებისაკენ უბიძგებს. ასეთად მოთხრობაში მიხეილ ჯავახიშვილმა მიიჩნია ინსტიქტი დედისა და ძალა, რომელმაც უბიძგა შვილის გადარჩენისაკენ, მაგრამ ამაოდ. ნუცა კი გამოფხიზლდა, იგრძნო, რომ ადამიანია, მაგრამ, მწერლის კონცეფციის თანახმად, ნუცას ჯერაც უსახელო შვილი არ უნდა გადარჩენილიყო, ვინაიდან მასთან ერთად უნდა დამთავრებულიყო ის დროც, რომელმაც ამდენი უსამართლობა შვა.
„უპატრონო“ 1904 წელს დაიწერა. XX საუკუნეში ამ თემის განახლების შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ისმის კითხვა: რამ განაპირობა ამ მოთხრობის ეკრანიზაცია 1970 წელს?
ადრეც ვწერდით და კვლავ ვიმეორებთ, რომ 60-იანი წლებიდან მწერლობაში განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება საზოგადოების ზნეობრივი გაჯანსაღების პრობლემებზე (თუმცა როდის არ იდგა ეს პრობლემა ლიტერატურაში. ამიტომაც ვამბობთ: „განსაკუთრებით გამახვილდა“). 60-იანი წლებიდან მოყოლებული მწერალთა თხზულებების მთავარი გმირებისათვის ათვლის წერტილი მხოლოდ დროსა და სივრცეში კი არ იწყება და მთავრდება, არამედ ზნეობრივ ფასეულობათა სამყაროში, სულიერ სიმაღლეში. ყოველივე ეს ზოგადად მწერლობას ანიჭებს ფილოსოფიურ-ეთიკურ ხასიათს და წინ წამოსწევს მორალისა და ზნეობის საკითხებს. ამ დროიდან უპირატესად ყურადღება გამახვილდა მოძალადის ფსიქოლოგიაზე, პატიოსნების დეფიციტის პრობლემებზე, სიყვარულისა და მეგობრობის ყალბი გაგების ამოხსნის სურვილზე და ა.შ.
სწორედ ამ დროს, 1970 წელს სცენარის ავტორებმა რ. ინანიშვილმა და ალ. რეხვიაშვილმა ამ უკანასკნელის რეჟისორობით გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ნუცა“.
რატომ შეიცვალა სათაური? სწორედ იმის გამო, რაზეც ცოტა ადრე გვქონდა საუბარი. ფილმში „ნუცა“ უკვე მთელი ყურადღება გადატანილია ახალგაზრდა, ბედსმინდობილი ქალის ტრაგედიაზე, იმ გზის, იმ დროის უკუღმართობის ახსნაზე ერთი პიროვნების ბედის გათვალისწინებით, რომელშიც ცხოვრება უხდებოდა ნუცას.
სათაურის ცვლილების გამო კინოდრამატურგმა ბევრი რამ დატოვა კადრს გარეთ. მას ფილმში აღარ დასჭირდა არც სოფლელების საინტერესო სახეები, არც ქალაქელი კნეინების ცხოვრების დეტალიზაცია. რეჟისორისათვის მთავარი იყო ნუცას ცხოვრების ტრაგიკული შედეგი და ის სულიერი განცდები, რამაც ნუცა მიიყვანა საბოლოო გადაწყვეტილებამდე. აქედან გამომდინარე, სცენარის ავტორმა მოთხრობას ერთგვარად სახე შეუცვალა და სოციალური დრამა ფსიქოლოგიურ დრამად გადააქცია. არადა ეს მიზანი მწერალსაც ჰქონდა. ამიტომ ვუწოდეთ ჩვენ მოთხრობას სოციალურ-ფსიქოლოგიური. გასათვალისწინებელია, რომ ფილმის დამდგმელმა რეჟისორმა და სცენარისტმა იგივე პრობლემა სხვა პლანში გადაიტანეს, მაგრამ მთავარი დატოვეს, ის მთავარი, რითაც ფილმი 70-იან წლებში მიმდინარე საზოგადოებრივ მოთხოვნილებებსაც ეხმიანებოდა. - ეს იყო გმირში სულიერი ძვრები, ზნეობრივი პრინციპები და ის, რამაც პერსონაჟი აქცია პიროვნებად, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ადამიანური უფლებების დაცვა, ზნეობრივი იმპერატივის წინ წამოწევა. სურვილი სურვილად დარჩა, გაბრძოლება უშედეგო აღმოჩნდა და მთავარი გმირი დაიღუპა. აქაც სცენარისტი ნაწილობრივ თავისუფლად მოეკიდა პირველწყაროს. “უპატრონოში“ ნუცა თავს იხრჩობს, ფილმში იგი თავს იკლავს, მაგრამ არა ჩამოხრჩობით, არამედ მოწამვლით. შესანიშნავადაა ფილმში გათამაშებული სიკვდილ-სიცოცხლის ეპიზოდი, რომელიც დაკავშირებულია ბუნების გრაციოზულობასთან, მის სილამაზესთან, მის ყოვლისმომცველ ძალასთან. ამ ბუნებაში და ამ ბუნების ნაყოფით იწამლავს თავს ნუცა. უნდა ითქვას, რომ კინოდრამატურგმა ამ შესწორებას საფუძვლიანი საბაბი მოუძებნა. მოთხრობის მიხედვით, მართლაც, ნუცა ისე უნიათოდ, უძალოდ, უინიციატივოდ გამოიყურება, რომ ერთის შეხედვით, მოულოდნელიც კია, რომ თავს დაიხრჩობს. ფილმში კი თვითმკვლელობის შედარებით ადვილ გზას მიმართავს ნუცა. იგი ტყეში გამოჩნდება, ჩერდება. ნაყოფით დახუნძლულ ბუჩქთან, პეშვში იგროვებს მომაკვდინებელ შავ კენკრას და მადიანად შეექცევა, თითქოს არ იცოდეს რა მოელის, თითქოს შეგნებულად არ იკლავდეს თავს.
სცენარის ავტორი და რეჟისორი ცდილობენ მაყურებელს ლაკონურად, გაუმწვავებლად მიაწოდონ ყველა ეპიზოდი, რამაც, ცხადია, გამოიწვია ტექსტობრივი სიმწირე. დაიკარგა ვრცელი დიალოგები, ძუნწადაა გამოყენებული ე.წ.. კინოხმაური. ერთადერთი, რაც ისმის, ესაა ზარების რეკვა ფილმის დასაწყისში. ამით ფილმის შემქმნელები ცდილობდნენ უფრო მისაწვდომი გამხდარიყო ამბის ტრაგიზმი და დრამატულობა. აქ ფილმის ავტორებმა მიზანს მიაღწიეს.
ძირითადი აქცენტი ფილმში გადატანილია სახვით მხარეზე. თითოეული კადრი გრაფიკული კომპოზიციაა, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის მკაცრი პეიზაჟი და სიმბოლური მნიშვნელობის დეტალები. ეს ყოველივე სანახაობრივად საინტერესოს ხდის კინოსურათს.
ჩვენის აზრით, ეს ფილმი ლიტერატურული ნაწარმოების კინოს ენაზე გადატანის საინტერესოდ და გემოვნებით შესრულებული ნიმუშია. იგი, მართალია, ზუსტად არ მიყვება ტექსტს, ზოგიერთი ეპიზოდი შეცვლილიცაა, მაგრამ არ არის დაკარგული მთავარი და არსებითი - მწერლის მსოფლგანცდა. ფილმი კიდევ ერთი მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ პირველწყაროსთან შედარებით ზოგი რამ შეიცვალა კინემატოგრაფიული ხერხების ოსტატური გამოყენებით, მაგრამ ნაწარმოების მთავარი აზრი არ დაიკარგა, მწერლის იდეური მრწამსი შენარჩუნებულ იქნა.
მიუხედავად ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მკაცრი აკრძალვისა, საზოგადოება მაინც ეტანებოდა მიხეილ ჯავახიშვილის მემკვიდრეობას. ან როგორ შეიძლებოდა ქართველებს დავიწყნოდათ ჩვენივე წიაღიდან ამოზრდილი „დამპატიჟე“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „ჯაყოს ხიზნები“. საზოგადოებისათვის ხომ იმთავითვე ცნობილი გახდა ვინ იყო ჯაყო, რა მიზნები ამოძრავებდა, რას მიელტვოდა. აკი ათქმევინა კიდეც მწერალმა: „ფეხებზე გკიდია ჯაყოს ყველანი“. მიხეილ ჯავახიშვილმა იმგვარი თვისებებით გააჯერა ჯაყოს ხასიათი, რომ იგი მხოლოდ ლიტერატურულ პერსონაჟად არ დარჩენილა. ჯაყო ისეთი ნაოსტატარი აღმოჩნდა მიხ. ჯავახიშვილისა, რომ მთელ მოვლენად იქცა. იმ დროის ნაყოფი იყო ჯაყო და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილმა აშკარად იგრძნო საშიშროება „ჯაყოობისა“ და წინააღმდეგობა გაუწია ამ ბოროტ და საშიშ მოვლენას, როგორც ასეთს.
ჯაყოები საოცარი ძალით, ენერგიითა და შემართებით ლამობდნენ ქართველთა ცხოვრებაში დამკვიდრებას, ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ ყველა და ყველაფერი, რაც წინ ხვდებოდათ. იქამდეც კი მივიდნენ, მავანთა ცნობიერების შეცვლაც კი მოინდომეს, მაგრამ, საბედნიეროდ, საზოგადოებამ გამოიჩინა სიფხიზლე და ეცადა თავის დახსნას. სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს იყო გადარჩენის, ზნეობრივი უპირატესობის გამოვლენის ერთადერთი გზა. ვიმეორებთ, საქართველოში იმ დრომაც ვერ შეაჩერა ლტოლვა სიკეთისაკენ, თუმცა გულიც ბევრჯერ ატკინეს ძჯაყოს ხიზნების“ ავტორს, ბევრჯერ მოუხდა პასუხის გაცემა კრიტიკოსებისათვის, რომლებიც მას „ჭაობის მწერალს“ უწოდებდნენ.
ერთ-ერთი კრიტიკოსი „ჯაყოს ხიზნებს“ ასე აფასებდა: „ქართული ინტელიგენცია მიწასთან გაასწორა და დაამცირა, ოსი თავზე დაასვა და ქართველი ქალი ზნედაცემული გამოიყვანა... ჯავახიშვილს უზომოდ უყვარს ჯაყო, იგი, როგორც მესია, ისე გამოჰყავს“ (არადა, ყველაფერი პირიქით იყო. გავიმეორებთ ერთხელ უკვე ნათქვამს): აღშფოთებულ მწერალს ამ კრიტიკოსის ნათქვამის გასწვრივ მიუწერია: „სულ გაგიჟდი?“ „დურაკ!!!“ სხვათა შორის, თუ ისტორიზმის პრინციპს გავითვალისწინებთ, ამ ერთ სიტყვაში გამოხატული და ზუსტად გაცხადებული იყო ის, რაც „ჯაყოს ხიზნების“ კრიტიკოსებს, ერთიანად აღებულთ, ეკუთვნოდათ 20-30-იან წლებში.
„ჯაყოს ხიზნები“ ეპოქალური თხზულებაა. მან, თავის დროზეც და დღესაც, ქართველთ აგრძნობინა ეროვნული განცდის მადლი, ლოგიკურისა და არალოგიკურის დაპირისპირება, ეთიკური და მორალური ჭეშმარიტებანი, ადამიანის შინაგანი ღირსების შეგნება, პერსონაჟთა შეზღუდული შინაგანი იმპულსები, რომელნიც მათ უბიძგებდნენ ხან გადარჩენისაკენ, ხანაც დაღუპვისაკენ.
რაოდენი სულიერი დაძაბულობის ამპლიტუდა, ეროვნული მსოფლგანცდა, ესთეტის მაღალი გემოვნება, ეთიკურ-ზნეობრივი ნორმების ზომიერების ფარგლებში დაცვის უნარი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტი მხატვრის ცნობიერება უნდა გაემჟღავნებინა მწერალს, რომ სამზეოზე გამოეტანა, ერთის მხრივ, პირუტყვის ინსტინქტებით აღსავსე „თავისუფლება“ ჯაყოს სახით, მისი კასტრირებული ცნობიერება და, მეორეს მხრივ, თეიმურაზის ბუნდოვანი სკეპსისი, შინაგანი სულიერი დისჯარმონია, მისი მისტიკური ხილვები და შინაგანი დაძაბულობა, შინაგანი წუხილი.
ჩვენს მიზანს, ცხადია, არ წარმოადგენს თხზულების ირგვლივ ატეხილი, უპირატესად კი უარყოფითი შეფასებების შესახებ საუბარი. ამაზე უკვე უამრავი რამ დაიწერა. ჩვენ ძალიან მოკლედ წარმოვადგენთ ჩვენს დამოკიდებულებას მის მიმართ იმდენად, რამდენადაც ეს გვესაჭიროება მისი კინოს ენაზე გადატანის თვალსაზრისით.
„ჯაყოს ხიზნები“, მეტად ძლიერი სოციალურ-ფსიქოლოგიური წიაღსვლებით, ეროვნული ცნობიერებითა და დაუვიწყარი ტიპაჟით ორგმირიანი რომანია. არაიშვიათია ლიტერატურაში, როდესაც თხზულებაში ორი წამყვანი გმირია და ორივე უარყოფითი. ამ ორ გმირზეა გადატანილი მთელი სიმძიმე. სოციალურ მოვლენათა მთელი ქარგა, ნაწარმოების მთელი ფილოსოფია და მისი, გნებავთ, კლასობრივი არსიც თეიმურაზსა და ჯაყოშია გადატეხილი და მათი ფსიქოლოგიიდან, მათი შინაგანი თვისებებიდან, მათი შესაძლებლობებიდან არის დანახული მთელი სამყარო, ის ისტორიული გარემო, სადაც განვითარდა მოვლენები. ის, რაც ამ ორი გმირის გარეშე ხდება, თვით მარგოც, მეორე პლანზეა გადატანილი და საჭიროა იმდენად, რამდენადაც ამ გმირთა ხასიათს, მათ სოციალურ და ფსიქოლოგიურ მხარეს ხსნის და ამკვეთრებს. ამ ამონახსნიდან იკვეთება ის, რისი თქმაც სურდა შემოქმედს. მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც ჩანს, სრულიად სამართლიანად ფიქრობდა, რომ ერის ისტორიულად ჩამოყალიბებული ხასიათისა ან ბუნების საჩოთირო და საზოგადოებისათვის მიუღებელი მხარეების მხატვრული გამომზეურება მწერლობის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ვინაიდან საკუთარი ნაკლის დაუნახავად და შეუცნობლად შეუძლებელი იქნებოდა ქვეყნის პროგრესი. შეუმცდარი აღმოჩნდა მწერალი ამ შემთხვევაშიც. რამდენადაც ძლიერია ერი, იმდენად უდრტვინველად და გაუღიზიანებლად იღებს ჭეშმარიტი მწერლის თუნდაც გაზვიადებულ, მხატვრულად ჰიპერბოლიზებულ ნეგატიურ განსჯა-შეფასებას და, პირიქით, რამდენადაც მეტად ახასიათებს მას სისუსტე და უუნარობა, იმდენად ნაკლებ შემწყნარებელია და ვერ ეგუება მართალ სიტყვას.
როგორც უკვე აღვნიშნავდით, „ჯაყოობა“, როგორც მოვლენა, ყოველი ერის განვითარების გარკვეულ ეტაპზე შეიძლება ამოტივტივდეს. ამგვარი მახინჯი ფორმებისა და მოვლენების არსებობა გამორიცხული არ იყო ჩვენში XX საუკუნის 60-70-იანი წლებიდან მოყოლებული, რის გამოც, როგორც ჩანს, დღის წესრიგში დადგა კინემატოგრაფს კიდევ ერთხელ მიექცია ყურადღება მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებისათვის.
ზუსტად 54 წლის შემდეგ „ჯაყოს ხიზნების“ გამოქვეყნებიდან, 1979 წელს კინორეჟისორმა და სცენარის ავტორმა თემურ ჩხეიძემ, ოთარ ჭელიძესთან ერთად (რედაქტორი თ. გოდერძიშვილი), გადაიღო სატელევიზიო მხატვრული ვიდეოფილმი ამავე სახელწოდებით. ეს იყო დიდებული ფეიერვერკი მიხეილ ჯავახიშვილის მრწამსის, ეროვნული და სოციალური მსოფლგანცდის უცდომელად ამეტყველებისა კინოს ენაზე. მაგრამ, დიდად სამწუხაროდ, ისიც არ იქნა შეფასებული ისე, როგორც საჭირო იყო. ჩვენდა გასაოცრად, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ისეთივე შეფასებები გაისმა, როგორიც ამ რომანის მიმართ იყო გამოთქმული 20-30-იან წლებში. სხვათა შორის, უკვე თანამედროვე ეტაპზე ჩვენ სავალალოდ მოგვეჩვენა მსჯელობა მოვლენების ცალმხრივად, ჩვენ ვიტყოდით, ტენდენციურად და ნეგატიურად წარმოსახვის შესახებ დაუშვებელ პორნოგრაფიაზე, ჯაყოსა და მარგოს სექსუალური ურთიერთობის მახინჯ ფორმებზე, თეიმურაზ ხევისთავის დაბეჩავებაზე და ა.შ. და ა.შ. არადა, მორალური უფლებაც არა გვაქვს ახლა მაინც არ ვენდოთ ერის ერთ-ერთ უპირველეს პროზაიკოსს, რომელიც მკაცრი იყო თავისი შემოქმედების მიმართ, თვითკრიტიკულიც და „ჯაყოს ხიზნების“ გამო კი წერდა: „უცნაურია: ყველაზე მეტი დავა „ჯაყოს ხიზნებმა“ გამოიწვია, მაგრამ ყველაზე მეტი სიხარულიც ამ რომანის დასრულებამ მაგრძნობინა. ამ დღეს ბალღად გადავიქეცი, რომელსაც გაუსაძლისი ბედნიერება დაატყდა... ჯაყო გმინვაა ჩემი სულის“19. ნუთუ გაუგებარია მწერლის გმინვა რატომ იყო ჯაყო ან როგორ განიცდიდა თეიმურაზის - წიგნიერი, განათლებული, იმედის თვალით დასავლეთისაკენ მზირალი ნათავადარის დაკნინება-დაქვეითებას? საკუთარი თავის ზნეობრივ დამსჯელად ქცევას? განა საოცრად მიმანიშნებელი, „ჯაყოს ხიზნების“ სწორედ ორი წამყვანი გმირის ხასიათის ამოსახსნელი გასაღები არ მისცა მეცნიერებსა და მკითხველებს მიხეილ ჯავახიშვილმა, როცა ვ. გოლცევის ვრცელ წერილს „В творчестве Михаила Джавахишвили (Литературний критик“, 1934, №2) მრავალი შენიშვნიდან, თავისი ხელით, ასეთიც დაურთო? „Джако - биология Теимураза - эстетика и интелект“. ყოველივე ეს გვქონდა მხედველობაში, როდესაც „ჯაყოს ხიზნების“ ეპოქალურ მნიშვნელობაზე გვქონდა საუბარი.
სხვათა შორის, ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, ფერწერას - საერთოდ ხელოვნებას სწორედ ის უპირატესობა გააჩნია, რომ მას შესწევს უნარი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანებზე, ხალხზე, საზოგადოების ყველა ფენაზე, მით უფრო, როცა საქმე ეხება კლასიკას. კლასიკის ნიმუში მუდამ მარეგულირებელ, მაორგანიზებელ, წარმმართველ როლს უნდა ასრულებდეს და ვინაიდან ყოველივე ეს ანბანური ჭეშმარიტებაა, დღესაც, უკვე XXI საუკუნის დამდეგსაც აუცილებელია და საჭირო „ჯაყოს ხიზნები“ აფხიზლებდეს საზოგადოებას, აძლევდეს იმპულსს, რათა სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, გაარჩიოს ავი და კარგი, ბოროტი და კეთილი და იბრძოლოს ამ უკანასკნელის დასამკვიდრებლად.
სატელევიზიო ფილმში სცენარისტმა და რეჟისორმა ზედმიწევნით ზუსტად შეძლეს თეატრალური პირობითობისა და მეტყველ მეტაფორათა სინთეზი, პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტების ცოცხალი ფერებით, მწერლისეული ჩინებული, სიბრძნენარევი დიალოგებით, მხატვრულ სიმბოლოთა გამოყენებით სოციალური და ეროვნული კრიტიციზმის არაადამიანურამდე გამძაფრება. ფილმში შესანიშნავად გამოიკვეთა მარგოს ხატი, რომელშიც „კულტურის თხელი ფენა ფარავს მის არსებაში მთვლემარე ინსტინქტს. საკმარისია დროებით გაუფასურდეს კულტურის სოციალური ღირებულება, იწყება ინსტინქტის თარეში. სული მხოლოდ სუსტ წინააღმდეგობას უწევს აბორგებულ ხორცს, ქალის არსებაში სოციალური და ატავისტური გრძნობების მოძრაობას“20. სხვათა შორის, ბოლო ათწლეულშიც დროებით, მაგრამ მნიშვნელოვნად კულტურის სოციალურ ღირებულებათა გაუფასურებამ მრავალწილ საგრძნობი გახადა სხვადასხვა ტიპის „ინსტინქტის თარეში“ ჩვენს ქვეყანაში.
მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩა ტელეფილმი „ჯაყოს ხიზნები“, რომელიც ტრაგიკული თუ არა, დრამატული განცდის შესაძლებლობას აძლევს მაყურებელს. მასში აზრობრივი, გონითი, ფსიქოლოგიური, ზნეობრივი, მორალური და ფილოსოფიური ასპექტები ეროვნულ პრიზმაში გატარებული, ისეა გადახლართული, რომ ხედვითი ანუ ვიზუალური სისტემის ფერწერული ასპექტით და შემსრულებელთა პლასტიკური გარდასახვებით, ფილმი, ერთის მხრივ, ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს, მეორეს მხრივ, აძლიერებს დროისმიერ მაჯისცემას და აცნობიერებინებს მას დროთა კავშირს - როგორც წარსულს, ისე აწმყოსა და მომავალსაც. ემოციები ემოციებს ცვლის, იძაბება სიუჟეტი და ეს ემოციური ინფორმაცია განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს.
10-20-იანი წლებისათვის გონების თვალის მიდევნება, მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ ზუსტად ადასტურებდა იმას, რაც „ჯაყოს ხიზნებში“ მხატვრულად უმაღლეს დონეზე გადმოიცა. ჩვენი ეროვნული ვითარების შეცნობით, პერსონაჟების ფსიქოლოგიური და, ასე გასინჯეთ, ბიოგრაფიული ელემენტების შერწყმით, განპირობებულ იქნა მიხეილ ჯავახიშვილისათვის ის, რომ რომანის საშუალებით გამოეხატა და დაეფიქსირებინა საკუთარი სულიერი, ზნეობრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები.
ერთი და იმავე მოვლენის ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარად შეიძლება მოხდეს, როგორც ეს რეალიზებულ იქნა კიდეც „ჯაყოს ხიზნებისა“ თუ მიხეილ ჯავახიშვილის რომელიმე სხვა ნაწარმოებთან მიმართებაში. მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი მაინც, ჩვენის აზრით, ყოველთვის უნდა იყოს მწერლის მსოფლმხედველობა ზოგადად და მისი დამოკიდებულება ადამიანის მოვალეობისა და საერთოდადამიანურობის კონცეფციასთან, დროთა კავშირთან, მოქალაქეობრივ მრწამსთან, ეროვნულ იმპულსებთან.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეოფილმში განსაკუთრებით გამოიკვეთა, რომ დროსთან მიმართებაში კავშირის რღვევამ, სულიერი წონასწორობის დისპროპორციამ, სხვადასხვაგვარმა გარემომ, აღზრდამ და ა.შ. კიდევ უფრო გაამჟღავნა პერსონაჟთა მოქმედების ლოგიკა თუ ალოგიკურობა, მათი შინაგანი არსის მზაობა მოცემულ სიტუაციებში და ყოველივე ამაზე დაყრდნობით გამოიკვეთნენ სრულიად განსხვავებული მორალურ-ზნეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები: თეიმურაზი, ჯაყო და მარგო. ასე ორიგინალურადაა ფილმშიც კონსტრუირებული ამ სამი პერსონაჟის ცხოვრება.
ტელეფილმის პირველივე კადრი იწყება თეიმურაზ ხევისთავის მთვლემარე თვალის ახელის ცდით და, მოგვცეს რა სცენარისტმა და რეჟისორმა ფილმში ჩადებული პრობლემის ახსნის აზრობრივად დატვირთული მხატვრული დეტალი, იქვე დაგვაფიქრეს იმაზე, თუ რით დამთავრდებოდა შემდგომში რომანის გმირების ცხოვრება, ცხოვრება, რომელსაც საჭიროა თვალი გაუსწორო და რომლის დასასრული მკითხველისთვისაც და მაძურებლისთვისაც უცნობია. ემპირიული ლოგიკა მწერლისა სრულიად გასაგებია - ქვეყანა გადარჩება. ჯაყომ, მიუხედავად მისი ცხოველური ძალისა, პირუტყვული ინსტინქტებისა, რომელსაც ყოვლისმცოდნედ მოაქვს თავი, ყველაფერი მაინც არ იცის. არც ის იცის ვინმემ - თეიმურაზი ბოლოსა და ბოლოს რომელ გზას აირჩევს. სცენარისტისა და რეჟისორის უდიდეს დამსახურებად მიგვაჩნია, რომ მათ მწერლის ჩანაფიქრი, კინოსათვის დამახასიათებელი მხატვრული ეპიზოდებით, გაბედული პასაჟებით, კინოდრამატურგიული ხერხებით ზუსტად და გააზრებულად აქციეს ხელოვნების ნიმუშად. ხოლო, ვინც ღრმად იცნობს მიხეილ ჯავახიშვილის მთელ შემოქმედებას, მხატვრული იქნება იგი თუ პუბლიცისტური, უნდა დაგვეთანხმოს, რომ ტელეფილმმა „ჯაყოს ხიზნები“ წყალი გადაასხა მის ყველა უარყოფითად შემფასებელ კრიტიკოსს და ერთხელ კიდევ გვაგრძნობინა მწერლის აღფრთოვანებული სიტყვების ძალა, როცა მან ეს რომანი შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ჯაყო გმინვაა ჩემი სულის“ - ეს იყო საკუთარი სუბსტანციის, საკუთარი „მე“-ს ხილვა. ჯაყო მართლა „გმინვა“ იყო მიხეილ ჯავახიშვილის სულისა და არამც და არამც „მესია“, როგორც ეს უნდოდათ წარმოედგინათ, თავის დროზე, მწერლის პერმანენტულ მტრებს.
თეიმურაზის სკეპსისი, ჯაყოს პირუტყვული ინსტინქტები და მარგოს გაორებული ფსიქიკის გრადაციები, განზოგადების შემთხვევაში, შესაძლებელია გამხდარიყო ქვეყანაში ქაოსის საფუძველი, რისგან თავის ასაცილებლადაც შეიქმნა თხზულება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ კვლავ მივიღებთ ტრივიალურ შეფასებებს, ლიტერატურაში ცნობილი სიყვარულის სამკუთხედის ფრივალურ ისტორიას, რისთვისაც ნამდვილად არ ეცალა იმ საუკუნისა და იმ ტიპის მწერალს, როგორიც მიხეილ ჯავახიშვილი იყო. დაგვერწმუნება განათლებული მკითხველი, რომ ეს რომანი, ჩვეულებრივ ამბავზე აგებული, ეროვნული თვითშეგნებით, ფილოსოფიური სიღრმით, სოციალური ინტერესებით, ცხადზე უცხადესია, შორეულ მიზანს ემსახურებოდა.- ეს იყო ჟამი ზარების დარისხებისა, გაფრთხილებისა, შეხსენებისა, რომ საჭირო იყო ფასეულობათა მიმართ მეტი პასუხისმგებლობა, ძალა, განათლება, მგრძნობელობა - ყველაფერი ერთად, პრინციპთა შუქ-ჩრდილების გამიჯვნის უნიკალური, მაგრამ ადამიანური უნარი, რომ ქვეყანას, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული წარსული ჰქონდა, მომავალი არ დაჰკარგვოდა.
რომანში თითოეული პერსონაჟისათვის ფსიქოლოგიური განწყობა წარმმართველია და იგი გაცილებით მიმანიშნებლადაა გამკვეთრებული სატელევიზიო ფილმში, რისი დაუნახაობაც უბრალოდ შეუძლებელია. მართალია, მწერალსაც, კინოსცენარისტსაც და რეჟისორსაც ჯაყო თავზარს სცემთ, თეიმურაზის მდგომარეობა გულს უკლავთ, მარგოს - თეიმურაზის დაკარგული იდეალის, მორალური მდგომარეობა სულს უშფოთებთ, მაინც იბადება პერსპექტივის, გადარჩენის, იმდროინდელი ვითარების ქაოსიდან გამოსვლის ის ნათელი შესაძლებლობა, რომელზეც მიხეილ ჯავახიშვილი ოცნებობდა - „ის ხომ სულ სხვა საქართველოზე ფიქრობდა“ (ქ. ჯავახიშვილი).
ფილმში გაცხადებული გაცნობიერებული რეალობა და ესთეტიკური ტკბობა მწერლისა და ხელოვნების დანიშნულებაა. ამგვარი აზროვნებისა და ინტერპრეტაციის გარეშე, ვფიქრობთ, არავითარი აზრი არ ექნებოდა „ჯაყოს ხიზნების“ გადატანას ეკრანზე. ტელეფილმი „ჯაყოს ხიზნები“ ერთ-ერთ სერიოზულ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს.
ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ იმ ხუთ მხატვრულ სრულმეტრაჟიან, მოკლემატრაჟიან და სატელევიზიო ვიდეოფილმზე, რომლებიც მიხეილ ჯავახიშვილის ორი რომანისა და სამი მოთხრობის სცენარების მიხედვით შექმნეს ქართველმა რეჟისორებმა. სირთულეებიც ბევრი იყო და წინააღმდეგობებიც, რადიკალურად განსხვავებული გამოხმაურებანიც და ერთსულოვნებაც, მაგრამ ყველაზე არსებითად ის მიგვაჩნია, რომ ყოველი სცენარისტი და რეჟისორი სიფრთხილით ექცეოდა ავტორს, ცდილობდა ჩასწვდომოდა და ამოეხსნა თხზულებაში ზედაპირზე გაცხადებული თუ მასში ღრმად ჩამარხული ძირითადი აზრი. ამ ფილმების წარმატების არსებითი მიზეზი ისაა, რომ არც ერთ მათგანში ეკრანიზატორებს არ დაუკარგავთ მწერლის მსოფლმხედველობა, მხატვრულ-ესთეტიკური შეხედულებების მთელი სისტემა, სწორედ ის მთავარი, რისი თქმაც სურდა მიხეილ ჯავახიშვილს მკითხველებისათვის. ეკრანიზაციათა მთავარი მიღწევა კიდევ ისაა, რომ კინორეჟისორებმა ფართო აუდიტორიისათვის, მაყურებლისათვის ხაზი გაუსვეს, გაამკვეთრეს, წინ წამოსწიეს დიდი მწერლის მიზანი და ნააზრევი. ეს ნააზრევი კი მარად ცოცხლობს ჩვენს ცნობიერებაში და ეს იმიტომ, რომ მიხეილ ჯავახიშვილის ყოველ ნაწარმოებში ჩაბუდებულია ქართული სული, ქართული სიტყვის მადლი, ქართული ხასიათები, უკეთესისათვის ლტოლვის გაუნელებელი იდეა.
წერილის ეპიგრაფად ჩვენ სახარებისეული სიტყვები მოვიტანეთ, სიტყვები, რომლითაც თავის თავს ესაუბრებოდა თეიმურაზ ხევისთავი. იმასაც იმეორებდა: „განიყვეს სამოსელი ჩემი და კვართსა ზედა იყარეს წილი“21. განა სინამდვილეში იგივე არ დაატყდა თავს მწერალს?! მერე ზარის რეკვა მოისმა, თეიმურაზი თავქვე დაეშვა. დავაკვირდეთ მკითხველო, რაოდენ დიდი სიმბოლიკაა ჩაგვირისტებული, თითქოს სრულიად გულუბრყვილოდ ნათქვამ, სიტყვებში: „იმ ეკლესიის ფართე გზა ჯერ გაბილიკებულიყო, მერე ისიც წაშლილიყო, აბალახებულიყო და ნარ-ეკლით მოდებულიყო“22. იქნებ მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც ყველა დიდი მწერალი, წინასწარ გრძნობდა თავისი ცხოვრების გზას, მის მოსალოდნელ დასასრულს, იმ „ნარ-ეკალს“, ირგვლივ რომ „მოდებულიყო“. არადა, თუ ეს ასე არ არის, რატომ დასჭირდა მწერალს თეიმურაზს კითხვით მიემართა მღვდლისათვის: „მითხარ, მამაო, ვითარ შევუფარდო სიტყვა იესოსი დღევანდელ დღეს?“23
სამწუხაროდ, მავანთათვის საჭირო იყო მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა „უცნობელი“ ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ქართველ ბრძენს უთქვამს: „სამართალმა პური ჭამა“. მისმა მხატვრულმა პროზამ თავისი კუთვნილი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართული მწერლობისა და კინოს ისტორიაში. ახლა უკვე ცხადზე უცხადესი გახდა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება არა მხოლოდ სიტყვაკაზმული მწერლობის კუთვნილებაა, არამედ საერთოდ ქართული კულტურისა.
_____________
1. ჯავახიშვილი ქ., მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება. თბ., „მერანი“, 1981, გვ. 460.
2 მიხეილ ჯავახიშვილის პირადი არქივი, საქაღალდე № 76, საქმე №312.
3 იქვე.
4 მიხეილ ჯავახიშვილის პირადი არქივი, საქაღალდე № 76, საქმე №312.
5 ჯავახიშვილი ქ., „მოგონებანი მამაზე“. თბ., „მერანი“, 2000, გვ. 265.
6 ჯავახიშვილი ქ., „მოგონებანი მამაზე“. თბ., „მერანი“, 2000, გვ. 39.
7 იქვე, გვ. 459-460.
8 ჯავახიშვილი მ., „რჩეული თხზულებანი“. თბ., 1958, ტ. I, გვ. 75.
9 იქვე, გვ. 65.
10 იქვე, გვ. 69.
11 იქვე, გვ. 67.
12 ჯავახიშვილი მ., „რჩეული თხზულებანი“. თბ., 1958, ტ. ბ, გვ. 69.
13 ჯავახიშვილი მ., „რჩეული თხზულებანი“. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1958, ტ. I, გვ. 394.
14 იქვე.
15 იქვე, გვ. 30.
16 იქვე, გვ. 395.
17 ჯავახიშვილი მ., „რჩეული თხზულებანი“, თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1958, ტ. I, გვ. 67.
18 ჯავახიშვილი მ., „რჩეული თხზულებანი“, თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1958, ტ. I, გვ. 69.
19ყ ჯავახიშვილი მ., „რჩეული თხზულებანი“. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1953, ტ. VI, გვ. 391.
20 კალანდარიშვილი გ., „ჯაყოს ხიზნები“. „საბჭოთა ხელოვნება“, 1979, №4, გვ. 89.
21 ჯავახიშვილი მ., „ჯაყოს ხიზნები“. თბ., „სახელგამი“, 1957, გვ. 127.
22 იქვე, გვ. 127.
23 იქვე.