![]() |
შეიცან თავი შენი (დამხმარე სახელმძღვანელო VI კლასის მოსწავლეთათვის ქართულ ლიტერატურაში) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გვარამაძე ნინო, ხუროშვილი ანა |
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები |
საავტორო უფლებები: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: დამტკიცებულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. თბილისი, 2004 წიგნი მომზადდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატის ალენ დელეტროზის ზოგადი ხელმძღვანელობით ავტორები: ნინო გვარამაძე, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ანა ხუროშვილი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი გამომცემლობა „სი-ჯი-ეს“, თბილისი, 0119, ა.წერეთლის პროსპექტი 118 მხატვარი თამაზ ხუციშვილი |
![]() |
1 გამოყენებული გამოცემები |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი საუნჯე. ტ.7 თბილისი, „ნაკადული“, 1960 წ.
ჩვენი საუნჯე. ტ.8 თბილისი, „ნაკადული“, 1960 წ.
ა. ჭილაია, რ.ჭილაია. ლიტერატურათმცოდნეობის საკითხები. თბილისი,
თსუ, 1984 წ.
ა. სულაკაური. მოთხრობები. თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1972 წ.
შ. ნიშნიანიძე. რჩეული. თბილისი, „მერანი“, 1984 წ.
ნ. დუმბაძე. თხზულებანი 4 წიგნად. წიგნი I. თბილისი, „მერანი“, 1988 წ.
რ. ინანიშვილი. მოთხრობები. თბილისი, „მერანი“, 1989 წ.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი, „ქსე“, 1986 წ.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი. თბილისი, „განათლება“, 1973 წ.
P. Boissier. Henry Dunant, Institut Henry-Dunan, 1974.
![]() |
2 პატარა მეგობარო! |
▲ზევით დაბრუნება |
გაუფრთხილდი ამ წიგნს. შენს შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი უნდა გაუწიოს მან მეგზურობა მე-6 კლასელებს.
პირობითი ნიშნები
დაწერე!
დახატე!
მოიფიქრე!
მოძებნე ტექსტში!
![]() |
3 ანრი დიუნანი (1828-1910) - წითელი ჯვრის დამაარსებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ანრი დიუნანი იყო ახალგაზრდა ჟენეველი კომერსანტი*. ის ბევრს მუშაობდა ლემანის ტბისპირა ქალაქში და არაფერი იცოდა ომით გამოწვეული ტანჯვის შესახებ. არ იცოდა იმიტომ, რომ ის ცხოვრობდა შვეიცარიაში, ქვეყანაში, რომელიც 1815 წლიდან ატარებდა ნეიტრალიტეტის* პოლიტიკას - არ ერეოდა სახელმწიფოთა შორის ომებში.
1859 წელს ანრი დიუნანი გაემგზავრა საქმეზე იტალიაში, სადაც იმ დროს ომი იყო. იტალიელები და ფრანგები იბრძოდნენ ავსტრიელების წინააღმდეგ. მგზავრობისას იგი შემთხვევით აღმოჩნდა სოლფერინოსთან ბრძოლის ველზე დაჭრილ ჯარისკაცთა შორის. მას თავზარი დასცა ნანახმა. დიუნანი განსაკუთრებით აღაშფოთა ერთმა ფაქტმა. სახელდობრ, გავრცელდა ხმა, რომ ავსტრიელებმა ალყა გაარღვიეს. ადგილობრივი მაცხოვრებლები პანიკამ* მოიცვა. მათ, დაივიწყეს რა დაჭრილები, გადაწყვიტეს გაქცევით ეშველათ თავისათვის.
ახალგაზრდა კაცმა დაიწყო დაჭრილთათვის დახმარების აღმოჩენა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მარტო ყველას ვერ დაეხმარებოდა. მაშინ მან გადაწყვიტა სოლფერინოს მოსახლეობიდან მოხალისეთა გამოძებნა. ისინი საოცრად დამფრთხალნი იყვნან და დიდი ხალისით არ შეხვედრიან დიუნანის წინადადებას.
დიუნანმა შესძახა: „ჩვენ ყველანი ძმები ვართ!“ ამ სიტყვებმა შეაღწიეს სოლფერინელთა გულში და დაეხმარნენ მათ შიშის დაძლევაში. კეთილმა ნებამ და ენთუზიაზმმა თანდათანობით გაიმარჯვა. დაჭრილებს აღმოუჩინეს პირველი დახმარება და გაიყვანეს ბრძოლის ველიდან.
ჟენევაში დაბრუნების შემდეგ დიუნანი არ დაკმაყოფილდა იმ საშინელი ტანჯვისა და გაჭირვების აღწერით, რომელშიც ჯარისკაცები იხილა სოლფერინოსთან ბრძოლის შემდეგ. მან წამოაყენა იდეა შეექმნათ კონვენცია* ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ და ყველა ქვეყანას ხელი მოეწერა მასზე.
1863 წელს დიუნანმა თავის ოთხ მეგობართან ერთად გადაწყვიტა შეექმნა ორგანიზაცია, რომელიც დახმარებას გაუწევდა ბრძოლის ველზე დაჭრილებსა და ავადმყოფ ჯარისკაცებს. ამ ორგანიზაციის ემბლემად აირჩიეს წითელი ჯვარი თეთრ ფონზე. ემბლემა შვეიცარიისა და მისი დროშისადმი პატივისცემას გამოხატავდა და არ ატარებდა სარწმუნოებრივ შინაარსს (შვეიცარიის დროშაა - თეთრი ჯვარი წითელ ფონზე). მისი შექმნის მიზანი იყო დაჭრილთა და სამედიცინო პერსონალის დაცვის უზრუნველყოფა ომის დროს. ამ ემბლემის ბოროტად გამოყენება (მაგ. წითელი ჯვრის მანქანით შეიარაღებული ხალხის გადაყვანა), წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს და უკარგავს ნდობას წითელ ჯვარს.
თურქებმა ჯვარში რელიგიური სიმბოლო დაინახეს და შეცვალეს იგი ნახევარმთვარით. მას შემდეგ წითელი ნახევარმთვარე, ისევე როგორც წითელი ჯვარი აღიარებულია ამ ორგანიზაციის ემბლემად.
1869 წელს წითელმა ჯვარმა გაავრცელა თავისი მოღვაწეობა წყალდიდობის, მიწისძვრის, ეპიდემიის* და შიმშილის მსხვერპლთა დასახმარებლად მთელს მსოფლიოში.
მოხდა ისე, რომ 1869 წლის შემდეგ ანრი დიუნანი, რომელმაც მთელი ძალა შესწირა მის მიერ ჩამოყალიბებულ ორგანიზაციას, დავიწყებულ იქნა. ის სიღატაკეში ცხოვრობდა. 1895 წელს იგი კვლავ გაიხსენეს. მის ღვაწლზე ალაპარაკდა მსოფლიო. ბევრი ქვეყანა უხდიდა მას პენსიას სიცოცხლის ბოლომდე.
1901 წელს ჰუმანიტარული* საქმიანობისთვის მან პირველმა მიიღო ნობელის პრემია* მშვიდობისათვის. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს პრემია წითელ ჯვარს სამჯერ მიენიჭა.
___________
კომერსანტი - ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ვაჭარს
ნეიტრალიტეტი - გერმანული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს დავაში ან ომში მიუმხრობლობას
პანიკა - ბერძული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს უეცარ შიშს, ძრწოლას, თავზარს
კონვენცია - ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს შეთანხმებას, ხელშეკრულებას. კონვენცია არის სახელმწიფოთა შორის რაიმე სპეციალურ საკითხზე დადებული ხელშეკრულება
ეპიდემია - ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს რაიმე გადამდები სენის ფართოდ გავრცელებას
ჰუმანიტარული - საზოგადოებრივი ჰუმანური - ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ადამიანურს, კაცთმოყვარულს.
ჰუმანისტი - კაცთმოყვარე
ნობელის პრემია - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრემია მეცნიერებისა და ლიტერატურის დარგში, აგრეთვე კაცობრიობის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის
![]() |
3.1 დავალებები |
▲ზევით დაბრუნება |
1. მოძებნე ტექსტში ის ნაწყვეტები, როლებიც გამოხატავენ შემდეგ აზრს:
ა) ანრი დიუნანმა მიმართა დახმარებისთვის სოლფერინოს მოსახლეობას, მაგრამ მათ შეეშინდათ დაჭრილთათვის დახმარების გაწევის.
ბ) სამშობლოში დაბრუნებული ანრი დიუნანი წერს წიგნს სოლფერინოსთან დაჭრილ მებრძოლთა საოცარ ტანჯვაზე და სთავაზობს ყველა ქვეყანას მოაწეროს ხელი შეთანხმებას დაჭრილთათვის ბრძოლის ველზე დახმარების გაწევის შესახებ.
2. დაწერე პასუხი შემდეგ კითხვებზე:
ა) რატომ დაეხმარა დიუნანს სიტყვები „ჩვენ ყველანი ძმები ვართ“ სოლფერინოელთა წინააღმდეგობის დაძლევაში?
ბ) რატომ არის აუცილებელი წითელი ჯვრის მოთავსება სანიტრების ტანსაცმელსა და სამედიცინო ტრანსპორტზე?
3. წაიკითხე ყურადღებით შემდეგი წინადადებები:
1) სოლფერინოზე გავლისას ახალგაზრდა კაცმა დაინახა ბრძოლის ველი შეტაკების შემდეგ. მან არაფერი შეიმჩნია და განაგრძო გზა.
2) სოლფერინოზე გავლისას ახალგაზრდა კაცმა დაინახა ბრძოლის ველი შეტაკების შემდეგ. მას ძალზე შეეცოდა დაჭრილები და იფიქრა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათ დაჭრილებს დაეხმარებიან და განაგრძო გზა.
ა) მოძებნე განსხვავება 1)-სა და 2)-ს შორის.
ბ) რა შეიძლება ვუწოდოთ ადამიანის იმ თვისებას, რომელიც მჟღავნდება პირველ სიტუაციაში?
გ) რა გრძნობა მჟღავნდება მეორე სიტუაციაში?
დ) რამ აიძულა ანრი დიუნანი მოქცეულიყო ისე, როგორც ის სინამდვილეში მოიქცა?
4. ამოირჩიე წინადადების სწორი გაგრძელება.
ანრი დიუნანის ცხოვრების მთავარი საქმე იყო . . .
- კომერცია და მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში.
- მთელ მსოფლიოში დაჭრილთათვის დახმარების აღმომჩენი ორგანიზაციის შექმნა.
- სამედიცინო დახმარება სოლფერინოსთან დაჭრილთათვის.
- მოღვაწეობა ნობელის პრემიის მისაღებად.
![]() |
4 რევაზ ინანიშვილი. ნაწყვეტი მოთხრობიდან „ანდერძი“ |
▲ზევით დაბრუნება |
ამას, რასაც მე ეხლა ვწერ, თქვენთვის არა ვწერ, ჩემო შვილებო. (...) ამას ვწერ ჩემი შვილთაშვილებისა და იმათი შვილებისათვის. იცოდნენ ესა, რაც მე უნდა დავწერო, და თუ გამოგადგებათ რამეში, ხომ კარგი, თუ არადა, ანდერძს კაცი არ მოუკლავს, არც დაუნგრევიაო, არც მე დამაკლებს ამის დაწერა რამეს...
ზის თურმე ერთ საღამოს თავის ჭაკზე* მამაჩემი, მოდის ჟებოტას* მხრიდან, და შემოხვდა ორი ხევსური, ცოტა მთვრალები, ცოტა ზედმეტად შეთამამებულები, კარგი ვაჟკაცები, კარგ ცხენებზე მსხდარნი; აუხედ-დაუხედეს მამაჩემს ჭაკზე, - მაშინ სათაკილოდ იყო მიჩნეული ვაჟკაცის ჭაკზე ჯდომა, - გასცდნენ ცოტაზე და გამოსძახეს იქიდან ტკბილად, - ცოტა ფრთხილად ატარე, ვაჟო, კლდეში არ ჩაგჩეხოს სადმეო! სწყენია მამაჩემს, მიბრუნებია და უთქვამს, - ჩემი ცხენი მყავდეს, ვინ ვის ჩაჩეხავდა, ნახავდითო. შემდგარან ის ხევსურები. - სად არის, სადა გყავს შენი ცხენიო? ხომ არ ეტყოდა მამაჩემი, მყავდა და მომიკვდაო, არ არის ესეც ვაჟკაცობის პასუხი, - სხვასა ჰყავს, კვირის თავს აქ იქნება, მაშინა მნახეთ და გაჩვენებთო! დაინტერესებულან ხევსურები, ხომ იცით მაგათი ხასიათი, კარგი ცხენის სანახავად სად არ წავლენ, რას არ მოიმოქმედებენ, - გნახავთ, გნახავთო! უკითხავთ ვინაობა ერთმანეთისთვის და წასულან ისევე, სიცილ-სიცილითა. ეგრე ამრეზით იციან ყურება ყველასი ხევსურებმა, მით უფრო ფშავლებისა.
გაგიკვირდებათ მამაჩემის ნათქვამი, მაგრამ რაც უთხრა საბოლოოდ მართალი უთხრა ხევსურებს. ერთ არაბა ცხენს ევაჭრებოდა ერთ არაგვისპირელს - შავი იყო, მკერდგანიერი, მწევარივით ტანწვრილი და ყურებპატარა. მეც კარგად მახსოვს, დიდხანს ჰყავდა მერე ის ცხენი. ბერავდა და ბერავდა ნესტოებს, აფოფინებდა თვალებს და თხრიდა წინა ფეხით მიწას. მოსულა იმ ხევსურებიდან წამოსული მამაჩემი დედაჩემთან, მისჯდომია გვერდით, გადაუხედავს თავისებურად, ღიმილით და უთქვამს: ერთი რამე უნდა გავაკეთო, იქნება ცოტა გიჟურიც, მაგრამ თუ გიყვარვარ, შუბლი არ შეიკრაო. გასცინებია დედაჩემს, - თათრებში ხომ არ გვიპირებ გაყიდვას, შენ თუ შეგერგება, ეხლავე გამოვკრავ ბოხჩასაო*. აუყვანია მამაჩემს ჩემიანად, შემოუტარებია წრე, დაუსვამს გახარებულს და წასულა იმავე ღამეს, გათენებისას, არაგვისპირში. მიუცია იმ ცხენში ახლადგამოქვნილი უღელი კამეჩი თავისი ურმით, რკინებსაც მევე გადაგიკრავ თვლებზეო, ხუთი ცხვარი, - ხუთივე ჭედილა*, და ათი კოდიც* პური. მოკლედ, რაც კი რამ ებადა ოჯახში. გადმოუყვანია, დაუბამს, დამჯდარა და უყურებდა თურმე სულ ღიმილით. მისჯდომია გახარებული დედაჩემიც გვერდით, ისხდნენ ესე და უყურებდნენ დამტკბარნი იმ ცხენს. მერე წამოდგაო გაბრიელი, - ამბობდა დედაჩემი, - ახსნა აღვირი ლატანს*, მსუბუქად გადაევლო იმ არაბას, გავიდა ქვემოთ, ივრისკენ, და გააჭენა და გამოაჭენა ჩემს დასანახად. კარგი ჯდომა იცოდა იმ სულმაღალმა. მე არც მინახავს ეგრე მჯდომელი სხვა. დაიხრებოდა მარცხენა მხრით უნაგირზე, იდაყვი თითქმის კოტაზე* ჰქონდა დადებული, მარჯვენა ხელი კიდევ, შუბლთან ჰქონდა წაშვერილი, და ეგრე, მიმინოსავით წაგვერდებული მიაჭენებდა და ყურში ჩასძახოდა ცხენს, ალერსითა თუ ქებით:
- ჰაუ! ჰაუ! ჰაუ!
ჩამიქროლა ეგრევე გაცინებულმა, სახეგანათებულმა, ამომიქროლა, ამოაგდო ამ შემაღლებულზე გრიალითა, ჩამოხტა, შემომიტარა ირგვლივ რამდენჯერმე ამაყად, დააბა და ისევ მომიჯდა გვერდით.
მოვიდნენ და მოვიდნენ არაბას სანახავად სოფლიდან, ყველასა ჰქონდა გაგონილი, რაც იყო მიცემული იმაში. მოსწონდათ, აქებდნენ, მაინც უკმაყოფილოდ ამწკლატუნებდნენ ტუჩებს, - ნწაჰ! მაინც ცხენია, ციდან ჩამოსული რაში ხომ არ არისო! ზოგი, კიდევ უფრო მეტი, წვივებსაც უწუნებდა, წვრილი აქვსო ძალიან. გაბრიელს აინუნშიაც არ მოსდიოდა არავისი სიტყვა, იდგა ხოლმე და შეჰყურებდა, შესციცინებდა, სწმენდდა, უურვებდა, ეალერსებოდა არაბას. ქერის მეტი არაფერი მიუცია ერთ კვირას, იმასაც ოდნავ მოშუშულს აძლევდა, ზუსტი წყვით. მიუშვებდა, აჭენებდა ერთხანს და მერე ისევ ბანდა და წმენდდა, ელაპარაკებოდა და ეალერსებოდა.
იმის ეშხით მეც უფრო შევუყვარდიო, - იტყოდა ხოლმე ჩაღიმებით დედაჩემი.
კვირის თავზე კი გამოჩნდნენ ის ხევსურები, წინასწარ გალაღებულები, გამარჯვებულნი. ნახეს არაბა. ერთმა მუქმა ღრუბელმა კი გადაუარათ სახეზე, მაგრამ ისიც არ შეიმჩნიეს. ეხლა მამაჩემი იყო თურმე აღზევებული და მოკლედ და ცივად მოუჭრა, - გავალთ შევეჯიბრებით, თუ თქვენ გამისწრებთ, თქვენ წაიყვანთ ჩემ ცხენს, რომელიც პირველი გამისწრობს, ისა, თუ გაგისწარით, მე უნდა დამრჩეს თქვენი ორივე ცხენი, ჩამოხვალთ და წახვალთო.
ცოტა კი შეფიქრიანებულან ხევსურები, მაგრამ რის ხევსურები იქნებოდნენ, უკან რომ დაეხიათ. ცხენი ცხენია, მაგრამ ზედმჯდომზედაც ხომ არის საქმე, ფშაველი რას გვაჯობებსო, ჩაურტყამთ ხელი.
წაუყვანიათ შუაკაცებად ბერიკაშვილი ლადო, ჟულაკათ მიხეილი, და კიდევ მესამე, ეს მესამე, აღარ მახსოვს. გასულან ეხლა რომ ბოგირი არი ქუსნოს* წყალზე, მანდ ბაღები და ბოსტნები არ იყო მაშინ, გზა კი მიდიოდა, ნარბილი*, სწორი, ერწოსკენ*. დაუთქვამთ ერთი ვერხვი, გააჭენებდნენ, იმ ვერხვს შემოუვლიდნენ და მოვიდოდნენ ისევ ბოგირთან. ხევსურებს ჯერ კარგად დაუთვალიერებიათ ის გზა ვერხვამდე, მერე მოსულან, თითო არაყი ჩამოურიგებია ბერიკაშვილს, გადაუწერიათ პირჯვარი, შემსხდარან სამივენი, ბერიკაშვილს თოფი ჰქონია წამოღებული, დაუცლია ის თოფი და წასულან ხევსურები ყიჟინით, მამაჩემი კიდევ თავის ჩუმი ჰაუს-ჰაუს ძახილით. ჯერ ხევსურები სად იყვნენ, რომ მამაშენი უკან მოაჭენებდა არაბასო. იმდენზე გამოუსწრო, ყმაწვილი დაიღლებოდა იმ მანძილის გარბენითო, - უთქვამს ჩემთვის თვითონ ბერიკაშვილ ლადოს.
სიტყვის უთქმელად, თავდაუხრელად ჩამოხდნენ ცხენებიდან ხევსურები, მოხადეს უნაგირები, აიკიდეს ზურგზე და დაადგნენ გზას მამაჩემის სიცილ-სიცილში. მაგრამ ცოტაზე რომ წასულან, წამოსწევია მამაჩემი და ისევ სიცილით უთქვამს: - გეყოფათ თქვენცა და მეცა, მობრუნდით, ჩემი სტუმრები ხართო. ხევსურები ხომ ბრაზიანები არიან, - არაო, მათხოვარნი ხომ არა გგონივართო, - გაუკლავთ თავი. მაშინ მამაჩემი აზავთებულა, - ცოდვა არ დაიდოთ, ყელი არ გამომაჭრევინოთ კაცსო! მობრუნებულან ხევსურები. წამოუყვანია შინ ისინიც, შუაკაცებიც, დედაჩემს უკვე მზათა ჰქონია სუფრა. დამსხდარან, კარგად უქეიფნიათ, სიცილითა, ლექსებითა, სიმღერებითა, მერე შეუსხამს თავიანთ ცხენებზე და გაუშვია სამუდამოდ დაძმაკაცებულები. (...)
აი, ეს ამბავი უნდა იცოდეს მთელმა ჩვენმა მოდგმამ. მე ეგ მინახავდა ფრონტზეც კი, ეგ მინახავს დღესაც, არ შეიძლება მაგან არ უშველოს ჩემს შვილთაშვილებს და იმათ შვილებს, როცა, ვთქვათ, დაინახავენ, რომ თაგვებივით გაფაციცებულნი მიარბენინებენ პატარა კაცები თავ-თავიანთ სოროებისკენ ამქვეყნიურ საგზალს. ერთხელ, ეგ ამბავი მეც მახსოვს, სიზმარივით გაუქრა არაბა მამაჩემს, მოჰპარეს, ცხადია. მამაჩემმა თავის ძმაკაცებს შეატყობინა, წავიდნენ ხევსურები, მთა-ბარი შეაჯერეს*, იპოვეს არაბა და მოჰგვარეს.
სხვა რა მაქვს სათქმელი, მიმხვედრი აქამდე თქმულითაც მიხვდება ყველაფერს.
კარგად იყავით და გწყალობდეთ, გფარავდეთ ჩვენი წინაპრების მადლი.
_______________
ჭაკი - დედალი ცხენი ან ვირი
ჟებოტა - სოფლის სახელი
ბოხჩა - (თურქ.) ქსოვილის ოთხკუთხედი მოზრდილი ნაჭერი, რომელშიც რამეა გამოკრული, შეხვეული, ფუთა
ჭედილა - დაკოდილი მამალი ცხვარი
კოდი - მარცვლეულის საწყაო სხვადასხვა ზომისა
ლატანი - წვრილი და გრძელი ყელი
კოტა - (კუთხ.) უნაგირის კეხის წინ და უკან ამოშვერილი ნაწილები
ქუსნო - მდინარე საქართველოში
ნარბილი - ნახნავი კორდი
ერწო - ისტორიული კუთხე აღმოსავლეთ საქართველოში
შეაჯერეს _ შეძრეს
![]() |
4.1 დავალებები |
▲ზევით დაბრუნება |
1. გადაიწერე წინადადება და დაასრულე.
გაბრიელმა დაუბრუნა ხევსურებს ცხენები, სამაგიეროდ შეიძინა . . .
2. მოიფიქრე, რა ათქმევინებს ავტორს შემდეგ სიტყვებს:
„მე ეგ მინახავდა ფრონტზეც კი, ეგ მინახავს დღესაც, არ შეიძლება მაგან არ უშველოს ჩემს შვილთაშვილებს და იმათ შვილებს, როცა, ვთქვათ, დაინახავენ, რომ თაგვებივით გაფაციცებულნი მიარბენინებენ პატარა კაცები თავ-თავიანთ სოროებისკენ ამქვეყნიურ საგზალს.“
3. აღწერე შენი ახლობლების, წინაპრების ან თანამედროვეთა, მიერ ჩადენილი საქციელი, რომელიც შენ გინდა გააცნო შენს მომავალ შვილიშვილებს. თუ არაფერი გაგონდება, შეგიძლია შეთხზა თვითონ.
![]() |
5 ნოდარ დუმბაძე. „დანკე შონ!“* ნაწყვეტი რომანიდან „მე ვხედავ მზეს“ |
▲ზევით დაბრუნება |
ისევ გათავდა სიმინდი, ისევ გაცივდა კეცი*, არადა რა ახლო იყო დალოცვილი შემოდგომა, ერთი კვირა უნდოდა ჭყინტი სიმინდის შემოსვლას, მეტი არა, და სოფელი ისე ელოდებოდა ამ ერთი კვირის დასასრულს, როგორც დედა ექვსი თვის თავზე ბავშვის კბილის ამოჭრას. ქალები ყოველდღე ფრჩხილავდნენ ტაროს ფუჩეჩს, ფრჩხილავდა მამიდაც, მაგრამ სიმინდი ჯერ რძე იყო. ცარიელი რძე და ცოდვა იყო მისი მოტეხა.
- გადაირბინე, ბიჭო, მინასთან და თხოვე ამ ორშაბათამდე კიდევ გასესხოს ერთი კოთხო* ფქვილი! - მთხოვა მამიდამ.
- ვეღარ წავალ მე, მრცხვენია, წადი და შენ თვითონ თხოვე, - ვუთხარი მამიდას.
- მე კეცს გავახურებ მანამდე, ბიჭო! - იპოვა მამიდამ მიზეზი.
- მე გავახურებ კეცს, - დავივალე ხელად.
- შეშას ვინ მოიტანს? - იპოვა ახალი მიზეზი მამიდამ.
- შეშასაც მე მოვიტან.
- ფოთოლს?
- ფოთოლსაც, - მოვუჭერი მამიდას. იგი დაფიქრდა. ვიცოდი, რცხვენოდა მეზობელთან ფქვილისათვის გადასვლა, სიკვდილი იყო მისთვის მისი მოწაფის მშობლისათვის ფქვილის გამორთმევა. მესმოდა ყველაფერი ეს, მაგრამ მაინც ვჯიუტობდი, რადგან მეშინოდა, მინას ჩემთვის უარი არ ეთქვა, მამიდას კი, თუკი სადმე მივიდოდა, უარს ვერ ეტყოდნენ და ლუკმას გაუყოფდნენ.
- ბიჭო სოსოია... - დაიწყო მამიდამ.
- არ მთხოვო, მამიდა, არ წავალ, სულ ერთია, - შევაწყვეტინე მამიდას, - მრცხვენია, მრცხვენია, მრცხვენია... გეყურება შენ?
- მე არ მრცხვენია? - მკითხა მამიდამ.
- კი, მაგრამ მე უფრო მრცხვენია! - მამიდამ კოთხო აიღო და ეზოდან გავიდა. მის მოსვლამდე ღობიდან ოთხი ძველი სარი ამოვაძრე, დავამტვრიე, ცეცხლი გავაჩაღე და ზედ კეცი გადავამხე. მერე თუნგით მოსაზელი წყალი მივუდგი, თხმელის ტოტები დავამტვრიე, ფოთლებიდან გავკრიფე, გობზე დავაწყე და მამიდას დაველოდე. კარი გაიღო, სამზარეულოში მამიდა შემოვიდა, კოთხო გობის* გვერდით დადგა და მკლავები დაიკაპიწა.(...)
მამიდამ ცომი ააგორა, მე ფოთოლი დავაფინე კეცზე. მამიდამ დააკრა. ჭადი გემრიელად აშიშინდა. იმხელა ნერწყვი გადავყლაპე, კინაღამ დავიხრჩვი.
მამიდამ კეცს თუნუქი დაახურა და ზედ ცხელი ღადარი* დააყარა.
ძნელია, როდესაც გშია, დაკრული კეცის გვერდით ჯდომა. ვუყურებ კეცს და ვფიქრობ, რა ნელა გადის დრო, რა გამოუცხობელი დაემართა? მამიდაც ამას ფიქრობს, ალბათ, ალბათ კი არა, ნამდვილად, მაგრამ არ იმჩნევს. სული წამივიდა. თუნუქი ოდნავ ავწიე და კეცში შევიჭყიტე, კეციდან ცხელი და საიამოვნო ოხშივარი ამოვარდა.
- აცალე, ბიჭო, გამოცხობა, ცომია ჯერ, - მითხრა მამიდამ.
- რა უჭირს მერე, ინდაურებს და ღორებს ცომით ასუქებენ, - გავიმართლე თავი.
- მარტო შენთვის არ ცხვება მაგი ჭადი, ბიჭო, გადაჯექი იქით, - გამაფრთხილა მამიდამ. გადავჯექი. ისევ წავიდნენ უსაშველო წამები და წუთები, მოთმინების ფიალა აივსო. მამიდამ ვეღარ გაუძლო ცდუნებას და ახლა თვითონ აწია თუნუქი.
- აცალე, მამიდა, ცომია ჯერ!
- მადლობა ღმერთს, გამომცხვარა! - თქვა მამიდამ და ნახევრად ცომი ჭადი არეკა.
დაბალი მაგიდა მოვარბენინე, მამიდამ ჭადი მაგიდაზე დადო, დერგიდან* ერთადერთი ყველი ამოიღო და დაამტვრია, მაგიდაზე ყველა ამ სიკეთესთან ერთად ერთი ბოთლი ღვინო, პრასი და მარილი დავდგი. მაგიდას მოვუსხედით, მამიდამ ჭადი ცერა თითით ორ ტოლ ნაწილად ჩაამტვრია, მერე ხელში აიღო და გატეხა, ერთი მე დამიდო თეფშზე, მეორე თვითონ დაიდო და გაიღიმა, არ ვიცი, მე გამიღიმა, თუ ჭადს.
მეც იგივე გავაკეთე, ჩემი არჩივი* დავითრიე, ის იყო პირი გავაღე, რომ ვიღაცამ დაახველა მოკრძალებით. მე და მამიდამ ერთად გავიხედეთ ღია კარისაკენ, ეზოში სუფთად წვერგაპარსული, მწვანე, გამოხუნებულ, გერმანულ სამხედრო კიტელში და უზარმაზარ ხის ქოშებში გამოწყობილი, ყბა ყბაში გაცმული*, წითური, ლურჯთვალა და წვრილნიკაპიანი გერმანელი იდგა. იგი იღიმებოდა და თავს იქნევდა.
- ნემეც, პლენ! - თქვა მან. ბიჭები ამბობდნენ, რაიონში ორასი ტყვე გერმანელი მოიყვანეს, მშენებლობაზე ამუშავებენო. ზღვა ხალხი დადიოდა მათ სანახავად და ათასი ჭორით დატენილები ბრუნდებოდნენ იქიდან, მაგრამ მე არასდროს წავსულვარ მათ სანახავად. ეს იყო პირველი გერმანელი, რომელიც ჩემს სიცოცხლეში ვნახე და რატომღაც ფეხზე წამოვდექი. ფეხზე წამოდგა მამიდაც.
- გუტენ მორგენ!* - თქვა გერმანელმა და ზრდილობიანად დაგვიკრა თავი.
- გერმანელი ტყვეა! - თქვა მამიდამ და უნებურად თმები გაისწორა.
- გუტენ მორგენ! - გაიმეორა გერმანელმა ღიმილით და ისევ დაგვიკრა თავი.
- გუტენ მორგენ! - ვუპასუხე და მამიდას შევხედე.
- რა უნდა, სოსოია? - მკითხა შემკრთალმა და დაბნეულმა მამიდამ.
- რა ვიცი, ჯერ გამარჯობის მეტს არაფერს ამბობს და... რა გინდა ფრიცო? - ვკითხე გერმანელს და ხელი გავუქნიე კითხვის ნიშნად.
- ჰიტლერ კაპუტ! - თქვა გერმანელმა, მერე ხელი რევოლვერს მიამგვანა და საფეთქელთან მიიტანა.
- მაგი ვიცით, გაზეთს ვკითხულობთ. შენ რა გინდა, ის გვითხარი.
- ნე ფონიმაიუ!* - თქვა გერმანელმა და მხრები აიჩეჩა.
- რა გინდა, ფრიცო? - ვკითხე ახლა რუსულად.
- იოჰან, იხ, ბინ იოჰან! - ფრიცი არ ვარ, იოჰანი ვარო, გამაცნო თავი გერმანელმა და მარჯვენა ხელი გულზე დაიტყაპუნა რამდენჯერმე.
- რა უნდა ამ უპატრონოს, მამიდა? - ახლა მე ვკითხე მამიდას.
- რა ვიცი, ბიჭო? - მხრები აიწურა მამიდამ.
- ჰენდე ხოხ!* - ვუთხარი გერმანელს სამხედრო გაკვეთილზე გაზეპირებული ორი სიტყვა. გაკვირვებულმა გერმანელმა ხელები აწია და პირი დააღო.
- ჰიტლერ კაპუტ!
- ჰიტლერ კაპუტ! - სწრაფად დამიდასტურა გერმანელმა ისე, რომ ხელები არ ჩამოუშვია. არ ვიცოდი, გერმანულად როგორ უნდა მეთქვა, ხელები ჩამოუშვი-მეთქი, მივედი და ძალით ჩამოვაშვებინე ხელები გერმანელს.
- რა გინდა, რა? - ვკითხე ახლა რუსულად.
- ხლებ*, ხლებ... - თქვა გერმანელმა.
- აა, შავი პური გინდა თუ თეთრი?
- ნე ფონიმაიუ!
- კარაქით და ყველით გინდა თეთრი პური თუ ისე მიირთმევ?
- ხლებ, ბუტერ!
- ა, ბუტერბროტი?
- ბუტერბროტ, ბუტერბროტ, - გაუხარდა გერმანელს.
- ხაჭაპურზე როგორა ხარ? - გავუღიმე მე.
- ნემეც პლენ! - თქვა მან ისევ და გამიღიმა.
- გაგიჭირდათ ვირიშვილებო? წადი და ჰიტლერი გაჭმევს, - ვანიშნე პირზე ხელის მიტანით.
- ჰიტლერ კაპუტ! - უიმედოდ თქვა მან.
- ნწუ, ნწუ, ნწუ, არ გადამრიო! - ვთქვი და სინანულით დავაქნიე თავი.
გერმანელი მიხვდა, დამცინისო და ახლა მამიდას მიუბრუნდა.
- ხლებ, ფრაუ, ხლებ... - თქვა გერმანელმა და ტუჩები აუცახცახდა, მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ ტყვე არც მე, არც მამიდას აღარ გვიყურებდა, იგი თვალს არ აცილებდა გაწყობილ სუფრაზე ოხშივარავარდნილ ჭადს.
- გაგიჟდა ეს კაცი, სადაა საამისო პური და ჭადი? - ვუთხარი მამიდას. მამიდა გაფითრებული იდგა და ხმას არ იღებდა.
- ხლებ, ფრაუ! - გაიმეორა გერმანელმა ისე, რომ ჭადისთვის თვალი არ მოუცილებია. მამიდა უცებ შეტრიალდა, მაგიდასთან მივიდა, თავისი ჭადი აიღო და გერმანელს გამოუტანა.
- ო, დანკე შონ, დანკე შონ! - თქვა გერმანელმა და აკანკალებული ხელით ჭადი ჩამოართვა. მამიდამ ერთ ხანს უყურა გერმანელს, როგორ ღეჭავდა ცხელ ჭადს, მერე შევარდა სამზარეულოში, დაავლო ხელი ჩემს ჭადსაც, მეორე ნახევარ ჭადსაც, გამოვიდა, მივარდა გერმანელს და მიაწოდა.
- რას შვები, მამიდა, გაგიჟდი? - ვეცი ხელში მამიდას.
- დამანებე თავი, სოსოია! - მომიცილა მამიდამ და ისევ შებრუნდა სამზარეულოში. გაკვირვებული გერმანელი ხან მე მიყურებდა, ხან მამიდას.
- ა, შენ, გერმანელო, ჭყინტი ყველი, ა, შენ ღვინო, ა, შენ ხვალინდელი ჭადი, აიღე, აიღე ნუ გეშინია. მართლა გაძლევ... - ატენიდა მამიდა ამ სიმწრით ნაშოვნ იჯარას გერმანელს და უცებ სიცილი აუვარდა.
- მამიდა! - შემეშინდა მე.
- სუ, სოსოია, მამიდა, სუ, წაიღოს, კიდე რა გინდა? თქვი, გერმანელო, რა გინდა?.. _ არ ეშვებოდა მამიდა ტყვეს და სიცილს განაგრძობდა.
- პაპიროს, პაპიროს! - თქვა სახეგაბრწყინებულმა გერმანელმა.
- მიეცი, სოსოია, თუთუნი! - მომიბრუნდა მამიდა.
- არ მაქვს!
- კი გაქვს, სოსოია, ვიცი ჯიბეში გაქვს და მიეცი.
- არ მაქვს! - გავჯიუტდი.
- მიეცი, მე შენ გეუბნები, - მითხრა მამიდამ, მერე ჯიბეში ხელი ჩამიყო, ამომიტრიალა და რაც თუთუნი მქონდა, გერმანელს გაუწოდა.
- აიღე, აიღე და წადი, აიღე ჰო!..
გერმანელს ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა. მამიდამ თავისი ხელით ჩაუყარა ჯიბეში ჩემი თუთუნი.
- წადი ახლა, წადი! - გაუცინა მამიდამ და მსუბუქად ჰკრა ხელი მხარში.
- ო, დანკე შონ, ფრაუ, დანკე შონ!
- წადი, წადი! - მამიდა ხმამაღლა იცინოდა. გაშტერებული ვუცქერდი ჭკუაზე გადასულ მამიდას.
- ხედავ, სოსოია? - მკითხა მამიდამ.
- დანკე შონ! - თქვა გერმანელმა და უკან-უკან დაიხია კიბოსავით.
- წადი, წადი, არაფრის! - უთხრა მამიდამ, მერე მომიბრუნდა, გულში ჩამიკრა, გულამომჯდარი ტირილი აუვარდა. შეშინებული და განცვიფრებული გერმანელი ჩქარი ნაბიჯებით გავიდა ეზოდან.
- მამიდა, რა გატირებს, მამიდა? - ვკითხე გერმანელზე უფრო შეშინებულმა.
- არაფერია, სოსოია, არაფერია. ნახე, ბიჭო? - მითხრა მამიდამ და გერმანელისაკენ გაიხედა. ჩვენ შუა ეზოში ვიდექით და ვუცქეროდით შუკაში მიმავალ დაფეთებულ ტყვეს, რომელიც მალიმალ უკან იხედებოდა.
მამიდა იცინოდა, ტიროდა, ისევ იცინოდა, ცრემლებისაგან მთლად სველი ჰქონდა ღაწვები, მაგრამ ცრემლს არ იმშრალებდა და არც მე მიშვებდა ხელს.
- ნახე, სოსოია? - ამ წუთში ვინმეს რომ ენახა მამიდაჩემი, უეჭველად გიჟი ეგონებოდა. მაგრამ მამიდაჩემის სახეზე ამდენი ბედნიერება არასოდეს მინახავს.
______________
დანკე შონ- (გერმ.) დიდი მადლობა
კეცი - თიხის ბრტყელი, მრგვალი, დაბალკიდიანი ჭურჭელი, რომელშიც აცხობენ მჭადს, პურს და მისთ.
კოთხო - ჩანახის მსგავსი ხის ჭურჭელი, მარცვლეულის საწყაოდ (იციან გურიაში)
გობი - თეფშის მსგავსი დიდი ზომის ამოთლილი ან შეკრული ხის ჭურჭელი
ღადარი - ნაკვერჩხლიანი ნაცარი
დერგი - ქვევრის მოყვანილობის დიდი ქილა
არჩივი - (კუთხ.) ვისიმე, რისამე წილი, კერძი
ყბა ყბაში გაცმული - ძალიან გამხდარი
გუტენ მორგენ - (გერმ.) დილა მშვიდობისა
ნე ფონიმაიუ - (რუს.) არ მესმის
ჰენდე ხოხ - (გერმ.) ხელები მაღლა
ხლებ- (რუს.) პური
![]() |
5.1 დავალებები |
▲ზევით დაბრუნება |
1. ამოიწერე ტექსტიდან ადგილები, რომლებშიც აღწერილია:
ა) სოფლის მოსახლეობის მდგომარეობა.;
ბ) სოსოიასა და მამიდის მდგომარეობა გერმანელის მოსვლამდე.
გ) გერმანელი ტყვის მდგომარეობა.
2. მოძებნე ტექსტში ადგილები, რომლებიც დაგეხმარება მამიდის დახასიათებაში.
3. ამოიწერე წინადადების სწორი გაგრძელება.
გერმანელი ტყვე მამიდამ აღიქვა, როგორც:
ა. მოსისხლე მტერი;;
ბ. გასაჭირში მყოფი ადამიანი;
გ. ომის დამთავრების ნიშანი.
4. დახატე ტექსტიდან ის მომენტი, რომელიც შენ მიგაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად.
![]() |
6 აკაკი წერეთელი. ნაწყვეტი პოემიდან „თორნიკე ერისთავი“ |
▲ზევით დაბრუნება |
ვინ სვა ბოლომდე ამ სოფლის
სიტკბოებისა ფიალი*?
ვის არ უნახავს მის ბედის
წაღმა-უკუღმა ტრიალი?..
ბერძნებსაც ჰქონდათ ერთი დრო...
საქვეყნოდ იყვნენ ქებული,
სწავლით და მეცნიერებით ბევრგვარად აყვავებული.
ცხოვრების კანონს უდებდნენ
სხვადასხვა ქვეყნის ერებსა,
საუპატიოს* ართმევდნენ
მათზე ცუდმზრახველ მტერებსა.
ვინ იფიქრებდა იმ დროში
ამ ხალხის დამცირებასა
ისე, რომ მით მოღებოდა
ბოლო მათ ნეტარებასა?
ერთ ჭირსა, კარზე მიმდგარსა,
სხვაც ბევრი წაეკიდება!..
სხვადასხვა ჭირმა ბერძნების
დაცარა* ძველი დიდება,
და არ თუ გარეშე მტერი,
შინაურებიც ჰბრიყვობენ:
ჰგლეჯენ მას ნაწილ-ნაწილად
და ერთმანეთში იყოფენ!
ბოლოს კი ერთმა მათგანმა
სულ ერთად მოჰხვია ხელი:
ის იყო სპარსთა მმართველი,
სკლიაროს ერქვა სახელი.
თითქმის ბრუსამდე* მოადგა,
ხმელეთით გზების შემკვრელი,
და კონსტანტინეს ქალაქის
არის აღების მსურველი.
შეწუხდნენ ბერძნები. გადარჩენის იმედი არ ჩანდა. მათ გადაწყვიტეს დახმარება საქართველოს მეფისთვის ეთხოვათ. მეფე დავით კურაპალატმა* შეკრიბა ჯარი და სარდლობა თორნიკე ერისთავს სთხოვა. თორნიკე ერისთავი ჩაუდგა სათავეში ბერძნებისა და ქართველების გაერთიანებულ ლაშქარს. მისმა ნიჭმა, გამოცდილებამ და მეომართა ვაჟკაცობამ გაანადგურეს სპარსთა და სომეხთა ჯარი. სკლიაროსი მცირე მხედრობით ბაღდადისაკენ გაიქცა.
გათავდა ომი... კიდეც დაღამდა,
ბნელმა მოჰფინა ის არემარე;
შეწყდა კიჟინა და იმის ნაცვლად
კვნესა მოისმის აქა-იქ მწარე.
ზოგი წყალს ნატრობს სიკვდილის წინეთ,
ზოგი შველას და შემწეობასა,
ზოგი ბედს ჰყვედრის და ტანჯვით ამბობს,
რომ სიკვდილი სჯობს იმის ყოფასა. -
ისინი, ვინც რომ ერთ წუთის წინეთ
მხეცივით სისხლით ვერა სძღებოდენ,
ახლა, იმ კვნესას რომ ყურს უგდებდენ,
იმათი ცოდვით იდაგებოდენ.
უნდოდათ შველა, მაგრამ, სიბნელით
რომ ვერ ჰხედავენ აქ ვეღარაფერს,
ერთად არეულ-დარეულებში
ვეღარ არჩევდენ მოყვარეს და მტერს!
ბრძანა თორნიკემ: - „გაურჩეველად,
ქართველი იყოს, გინდა სპარსელი,
გინდა ბერძენი, გინდა სომეხი,
სულ ერთიანად მოჰკიდეთ ხელი!
სიკვდილი ყველას ათანასწორებს:
თვისიანს, უცხოს, მტერს და მოყვარეს!..
ვეცადოთ ყველა და ნუ დავაკლებთ
დაჭრილებს მოვლას და მკვდრებს სამარეს.
ნურვინ გაჰბედავს, დატყვევებულებს
რომ მიაყენონ შეურაცხყოფა!
ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს,
დასატანჯავად ისიც ეყოფა!“
ასე ისურვა და იმ სურვილზე
უარს ეტყოდა მხედრობა განა?
მხოლოდ უცდიდენ მთვარის ამოსვლას,
და, ჰა, მთვარემაც ამოატანა!
ამოჰყო თავი მაღალ მთის წვერით
და გადმოჰხედა ნაზად ბრძოლის ველს;
კაცის ქვეყნიურს ბნელსა საქმესა
მაღლით ციური აფენდა ნათელს.
გაანათა და გამოაჩინა
დასანახავი გულშესაზარი,
თითქოს უნდოდა ეჩვენებია
კაცისთვის ბოროტნამოქმედარი.
სულ დაჭრილ-მკვდრებით მოფენილია
ხეობა, ღელე, ტყე და მინდორი!
ვისიც სიცოცხლე დილას ჰყვაოდა,
ახლა შეიქმნა ლეში და მძორი.
აგერ დაჭრილი!.. აგერ ძევს მკვდარი!..
გაკვეთილია საბრალო ორად!
აგერაც ერთგან ათსზე მეტი
ზე დაჰჩეხიან ერთმანეთს ხორად!.. (...)
ამდენ დაჭრილის კვნესით და ოხვრით
აღარსად არის აქ ყურთა სმენა:
სომხურ, ქართული, ბერძნულ, სპარსული,
არეულია სხვადასხვა ენა.
გამწარებული გამოთქმის კილო
და დედააზრი ერთი აქვს ყველას;
სწყევლიან თავის ბედს და გაჩენას
და გასაჭირში ითხოვენ შველას;
მაგრამ ბევრს მათგანს ვეღარ უშველის
სიკვდილის მეტი ვეღარაფერი,
თუმც-კი მოყვრულად ეშველებიან
და აღარავის აღარ ჰყავს მტერი.
ასე გათავდა ეს დიდი ბრძოლა...
აჯანყებულთა ამოწყდა ჯარი,
მაგრამ მათ რიცხვში ხუთიათასი
გამოერია ქართველიც მკვდარი...
____________________
ფიალი - იგივეა რაც ფიალა (ბერძნ.), ღვინის სასმისი ჯამის ფორმისა. თიხის დიდი ჯამი
საუპატიო - გადასახადი
დაცარა - უკუღმა წაიყვანა
ბრუსა - ქალაქის სახელი
კურაპალატი - (ბერძნ.) ბიზანტიური სამოხელეო წოდებულება, აკუთვნებდნენ ქართველ მეფეებსა და მთავრებს მე-9 მე-11 სს-ში
![]() |
6.1 დავალებები |
▲ზევით დაბრუნება |
1. მოცემული 8 წინადადებიდან ამოიწერე მხოლოდ ისინი, რომლებიც ასახავენ ნაწყვეტის შინაარსს. შეგიძლია კიდევ ერთხელ გადახედო ტექსტს.
- ნაწყვეტში ასახულია სურათი ბრძოლის შემდეგ.
- გარშემო სრული სიჩუმეა.
- ისმის დაჭრილების კვნესა.
- უვნებლად დარჩენილები ცდილობენ დაეხმარონ მხოლოდ თანამოძმეებს.
- თორნიკემ ბრძნა დახმარებოდნენ განურჩევლად ყველა დაჭრილს და დაეკრძალათ ყველა დაღუპული.
- მეომრებმა დაუჯრეს თორნიკეს.
- არავის ესმოდა დაჭრილთა ნათქვამი.
- ქართველთა მხრიდან მსხვერპლი უმნიშვნელო იყო.
2. ისწავლე ზეპირად თორნიკეს სიტყვები.
3. ტექსტში არის სიტყვები, რომლებიც ასახავენ მებრძოლთა განწყობას ბრძოლის დროს და ბრძოლის დამთავრების შედეგ. ამოიწერე ეს სიტყვები და მოძებნე განსხვავება.
4. წარმოიდგინე, რომ მზადდება კანონი ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ. დაწერე, შენი აზრით, როგორი უნდა იყოს ეს კანონი.
![]() |
7 ილია ჭავჭავაძ. ნაწყვეტი მოთხრობიდან „სარჩობელაზედ“ |
▲ზევით დაბრუნება |
პეტრეს ქალაქში ერთი ორიოდ დღე მოუგვიანდა. ქარავანიც დაბრკოლდა რაღაც საქმეზედ და ჯერ არ აპირებდა ქალაქიდამ დაძვრას. ბოლოს სთქვეს: დღეს საღამოზედ, მზე რომ გადიხრება, უნდა ქარავანი დაიძრასო. პეტრემ ნაყიდი წისქვილის ქვები დაუდო ურემზედ და ბაკში* მიიტანა, საცა ქარავანი იყო გამოშვებული. შუადღეც მოტანებული იყო და იმ საღამოს გასვლას აპირობდნენ. პეტრემ სთქვა: მაინც საქმე არა მაქვს-რაო, მოდი, ერთი ავლაბრის მოედანზედ გავალ, ქვეყანაა, შევიტყობ რასმესო. მოედანზედ ხალხი ირეოდა, როგორც ყოველთვის. აქ გაიგო, რომ ზარბაზანი გავარდება თუ არა, მახათაზედ* ერთს კაცს ჩამოარჩობენო. პეტრეს თავის დღეში არ ენახა ეს ამბავი. გულმა ძალიან გაუწივა იქით.
„ბევრი ვაი-ვაგლახი მინახავს ჩემს სიცოცხლეშიო, - სთქვა გულში, - მოდი, ერთი ესეცა ვნახოო“.
სთქვა და გაჰყვა ხალხს, მახათაზედ მიმავალს. მახათაზედ ბუზსავით ხალხი ირეოდა. იქ თავში, ერთს განაპირებულს ადგილს, სარჩობელა გაემართათ და გარშემო ჯარი ედგა. წინ ფართო მოედანი ხალვათად იყო, არავის არ უშვებდნენ ახლო. პეტრემ მიიხედ-მოიხედა, ნახა ამოდენა ხალხი, კაცი თუ დედაკაცი, და გაუკვირდა.
„ვთქვათ, კაცები ჩემსავით თამაშად მოსულანო*, ამ დედაკაცებს რაღა ღმერთი გასწყრომიათო, ეგრე თავი მოუყრიათ! რა მაგათი საქმეაო“.
ბოლოს ამაზედ დადგა, რომ სწორედ ტყუილი რამ თვალთმაქცობა იქნება ჯამბაზისაო.
„არც ეგ არის ურიგოო, - სთქვა გულში პეტრემ, - ეგ უფრო კარგიც იქნება, თორემ მართლა კაცის ჩამორჩობა აბა რა სანახავიაო? კატა ხომ არ არის, აიღო და ჩამოჰკიდო, რაც უნდა იყოს, ღვთის სული ადამიანია...“
ვიღაცამ გაიხმაურა: „მოჰყავთ, მოჰყავთო“. მიიხედა პეტრემ, ნახა, რომ სალდათებს ერთი ვიღაცა რუსულ ფარაჯაში გახვეული კაცი მოჰყავთ.
- რა ვქნა! ეს ბიჭი მეცნობა. ღმერთო, მომაგონე: სად უნდა მენახოს? - ჰკითხა ამაოდ თავისთავსა, ამაოდ იმიტომ, რომ ვერ მოეგონა, სად ენახა.
ამასობაში ის ფარაჯაში გახვეული ბიჭი მიიყვანეს და სარჩობელას ქვეშ დააყენეს. ცალმხრივ მღვდელი მიუდგა, მეორე მხრივ ვიღაცა ჩინოვნიკი. წითელპერანგა ჯალათი უკან ედგა.
ჩინოვნიკმა ქაღალდი ამოიღო და წაიკითხა.
მერე მღვდელი რაღაცას ეუბნა ფარაჯაში გახვეულს.
ფარაჯაში გახვეულს გახადეს ფარაჯა, გადააცვეს თეთრი პერანგი თავიდან ფეხებამდე, ასე რომ პირის-სახე აღარ უჩანდა.
ჯალათმა თავი გააყოფინა ყულფში, გამოაცალა კიბე და ჰკრა ხელი. ხალხმა ერთი ღრმად და ყრუდ ამოიქშინა, ისე, როგორც ამოიქშენს ხოლმე უეცრად ცხელ-წყალ თავდასხმული. უბედური სარჩობელაზედ ჩამოეკიდა, ქანაობა დაიწყო და ფორთხალი. დიდხანს იქნია საწყალმა ფეხები.
- დილამდი რომ სულ ეგრე იქნივო ფეხები, მაინც არ დაგიჯერებ, - ამბობდა თავისთავად პეტრე.
ხალხი, წუთის წინად სულგანაბული, ეხლა მხიარულად ჰყაყანებდა და ლაზღანდარობდა კიდეც.
- ბიჭოს, ეს იყო! - სთქვა თავისთავად, - ვერაფერი თამაშა იყო. იქნება თვალთმაქცობა იმაში იყო, რომ შეცვალეს, კაცის მაგიერ ტომარა ჩამოჰკიდეს, ფეხებს რომ იქნევდა?. მართულებს ვერ გაუკეთებდნენ თუ! მართულებით თუნდ ლეკურსაც ათამაშებენ. მაინც ვერაფერი ამბავია, ტყუილად მოვცდი. აი, აქ კი მოვტყუვდი. აბა ვგდებულიყავ ჩემთვის ბაკში, ერთი ლაზათიანად გამომეძინა, ის არა სჯობდა? მე ვთქვათ ჰო, ეს ამოდენა ხალხი რაზედ გაბრიყვდა? ბიჭო და, იქნება მართლა ჩამოარჩეს! ნეტავი მეკითხნა. ეჰ, დამცინებდნენ... ჰა, ვინ იცის? ე ხალხი რომ ასე ქეიფის გუნებაზეა, მიდის და მიყაყანებს მხიარულად! ეს რომ მართლა დარჩობა ყოფილიყო, ქვები ხომ არ არიან, ოჯახდაქცეულები ერთ ცვარ ცრემლს მაინც ჩამოაგდებდნენ. რაც უნდა იყოს ღვთის-კერძო ადამიანია, კატა ხომ არ არი. მაგრამ ე დედაკაცობას რომ სულ ერთიანად თავი აქ მოეყარა!..
გულში დიდი ეჭვი ჩაუვარდა. ეხლა მარტო იმის დარდი ჰქონდა, შეეტყო - რაში ტყუვდება: იმაში, რომ ეს მართალი თვალთმაქცობაა და ტყუილი ჩამორჩობა, თუ მართალი ჩამორჩობაა.
ამ ფიქრებში გართული მიბარბაცებდა ჩვენი პეტრე ავლაბრის ბაკებისაკენ. გზაზედ დუქანი დაინახა. დუქნიდამ ხალხის ჟრიამული გამოდიოდა. - მოდი, შევალ, ერთი ვნახოთ, რას იტყვიან დღევანდელ ამბავისასო. იფიქრა: თანაც ცოტად დავნაყრდები, დილას აქეთ არა მიჭამია-რაო. შევიდა, მოითხოვა ნახევარ ჩარექი ღვინო, მოათლევინა გამხმარი ზურგიელი, მიჯდა კუთხეში და ქეიფს მიეცა. დაჯდა თუ არა, თითქო ფეხ-და-ფეხ მოჰყვაო, შემოვიდა ერთი ნაბადში გახვეული კაცი. ამ ახლად მოსულმა მოითხოვა საწერ-კალამი, ქაღალდი, დაეყრდნო დაზგას და წერა დაიწყო. ჩვენი პეტრე ხელახლად დააცქერდა ახალს სტუმარს. რა ვქნა, სად მინახავს ეს ბიჭიო, იძახდა გულში. თითონ ბიჭი თავაუღებლად სწერდა წიგნსა. ამ ყოფაში კარგა ხანმა გაიარა, პეტრეს დაგვიანება აინუნშიაც არ მოსდიოდა და იმ ბიჭის ცქერაში ისე ნელა ილოღნებოდა, რომ საღამომდისაც თავის საუზმეს ვერ გაათავებდა. მისი ფიქრი სულ ის ბიჭი იყო: რა ვქნა, მეცნობა და რატომ არ მაგონდებაო, წამ-და-უწუმ ეკითხებოდა თავისთავს და თვალს არ აშორებდა. მზემ კარგა გადიხარა ჩასავალისაკენ და პეტრე კი იმ ბიჭის ვინაობით გაკვირვებული არ იძროდა ადგილიდამ. ბოლოს, რომ მეტი გზა აღარ იყო, პეტრე წამოდგა და, იმ ბიჭის უამბობით წყურვილ-მოუკვლელი მივიდა, მედუქნეს გაუსწორდა, ერთი კიდევ გადაავლო თვალი იმ ბიჭს და ფუსფუსით გაექანა ავლაბრისაკენ. ჯერ ბაკებამდე კიდევ კარგა მანძილი იყო, რომ უეცრად უკანიდამ ვიღაცამ მხარზედ ხელი დაჰკრა. პეტრე მობრუნდა. დაინახა ისევ ის ნაბადში გახვეული ტანად მაღალი ყმაწვილი ბიჭი, თვალებზედ ქუდჩამოფხატული.
- აჰა, გამომართვი ეს წიგნი, - უთხრა ყმაწვილმა ბიჭმა და მიაჩეჩა ხელში ქაღალდი, - თუ შენ კითხვა არ იცი, წააკითხე ვისმე და ყური კარგად დაუგდე. დღევანდელს ამბავს ამ წიგნიდამ შეიტყობ.
სთქვა ესა თუ არა, მაშინვე გამობრუნდა ყმაწვილი ბიჭი, და თუმცა ნაბიჯით წამოვიდა, მაგრამ ისე ჩქარა კი, რომ ჩვენი პეტრე სირბილითაც კი ვერ დაეწეოდა.
- ახ, ნეტავი წიგნი კი ვიცოდე და! დღევანდელს ამბავს ამ წიგნიდამ შეიტყობო. იქნება მატყუებს კიდეც, მაგრამ რაო? თავისთავს მოატყუებს, მე რა? თითონ წავიდა ხომ ვერ დამცინებს.
უფრო გამალებული წავიდა პეტრე ავლაბრის ბაკებისაკენ. გული არ უთმენდა, უნდოდა მალე გაეგო რა ეწერა წიგნში. ამის შვილმა წიგნი კარგად იცოდა. მღვდელთან იყო ნასწავლი. პეტრე მიდიოდა, მაგრამ გული ფეხს უსწრობდა.
დერეფნის გრილოში იპოვა შვილი. მიწოლილიყო გრილოში და ეძინა. გააღვიძა.
- ერთი ადეგ, ეს წიგნი წამიკითხე, - უთხრა პეტრემ და მიაწოდა წიგნი.
შვილმა თვალები მოიფშვნიტა, გაიზმორა და წიგნი ჩამოართვა.
- სად გიპოვნია, მამი? - ჰკითხა შვილმა.
- მიპოვნია კი არა! მოვდიოდი და ხელში მომაჩეჩეს, - უპასუხა პეტრემ. სხვა რამის დამატება ზედმეტი ეგონა.
შვილმა წიგნი გახსნა, გადაშალა და ასიგნაციები* გადმოცვივდა. გაოცდნენ შვილი და მამა, ეს რა ამბავიაო. შვილს ფულის დათვლა უნდოდა, მამა გაუწყრა და ტუქსვით უთხრა მოთმინება-დაკარგულმა:
- რა დროს ეგ არის! ერთი წაიკითხე-მეთქი, რა სწერია. ლამის გული ბუდიდამ ამომვარდეს, ვეღარ მომითმენია.
- „დღეს რომ ყმაწვილი ბიჭი დაარჩვეს, ჩემი ძმა იყო...“
- რაო? - გააწყვეტინა კითხვა ზარდაცემულმა პეტრემ და ელდისაგან გაფითრდა. - ჩამოარჩესო!... მაშ მართალი იყო ის ამბავი!... მაშ ხალხი რაღას ჰხარხარებდა მერე!... წაიკითხე, წაიკითხე. ნეტა არ მენახა.
- მამი, რას ამბობ? - ჰკითხა გაოცებულმა შვილმა, - რატომ ეგრე დამთხვევით და გადარეულად ლაპარაკობ!
- წაიკითხე-მეთქი, მე ვიცი რასაც ვლაპარაკობ, - უთხრა პეტრემ წყრომით და გულის აღელვებით. საწყალი ბერიკაცი სულ თრთოდა, თითქო ციება აცახცახებსო.
შვილმა გაიქნივ-გამოიქნივა თავი, - მამა-ჩემს ეს რა დამართვიაო, და დაიწყო ისევ კითხვა:
„მამა-ჩვენი ერთი ღარიბი აზნაურიშვილი იყო. როცა მოკვდა, ჩვენ ორი ძმანი პატარები დავრჩით. დედა მალე გაგვითხოვდა, შეირთო ერთი ვიღაც აზნაურიშვილი, ქალაქში მსახურობდა. რაც მამისაგან დედულ-მამული გვქონდა, - ცოტა, მაგრამ იმოდენა, რომ ტკბილის ლუკმის ილაჯი* გვექნებოდა - სულ მამინაცვალმა წაგვართვა, დაგვიყიდა, მიცვალ-მოცვალა და ჩვენ ცარიელზედ დაგვსვა. მინამ პატარები ვიყავით, ჩვენ სოფლად ვეყარენით უპატრონოდ და ისინი კი ქალაქში იყვნენ. როცა მოვიდოდნენ, ჩვენ საწყლებს სულ ტყავს გვაძრობდნენ ცემითა. შიშველ-ტიტველნი, მშიერ-მწყურვალნი ვეხეტებოდით სოფლის ორღობეებში უპატრონოდ. ბიჭი იყო შინა-მოსამსახურე, ჩვენა გვცემდა, ყველანი შინაურები, ვისაც კი შეეძლო, გვიტყაპუნებდნენ თავში. ბევრს უცხოს, მართალია, ვეცოდებოდით, საწყალი ობლები, მაგრამ შველა კი არსად იყო. ბოლოს, რომ ცოტა წამოვიზარდენით, მამინაცვალმა მოგვიშორა თავიდამ, მიგვაბარა სალდათის შკოლაში* თუქურმიშაზედ* ვაიდამ ვუიში ჩაგვაგდო. აგვიყროლეს სული რუსულის ლანძღვითა და თრევითა, ამოგვართვეს სული ცემა-ტყეპითა. ვითმინეთ და ვეღარ ავიტანეთ. დავკარით ფეხი და გამოვიქეცით. შევიარეთ ჩვენს სოფელში, ჩვენის ძველი სახლიდამ ბიჭებმა გამოგვყარეს, ერთის ღამის ბინაც არ მოგვცეს. გამოვედით ორნი ობოლნი ამ ტრიალ დედამიწაზედ უპუროდ, უფულოდ, უბინაოდ, უნუგეშოდ, უთვისტომოდ. ვის შესტკივდებოდა ჩვენთვის გული? ჩვენ ყველასათვის უცხონი ვიყავით, ყველანი ჩვენთვის. გამოვწიეთ ქალაქისაკენ, გაბოროტებულნი, მთელს ქვეყანაზედ გულამღვრეულნი. გადავემტერეთ უსამართლო ქვეყანას, გადავემტერეთ ყველას, მამინაცვალს, დედას, ავსა, კარგსა, შენა და სხვასა. პატარები ვიყავით, ყველა ხედავდა - რომ თვალნათლივ გვძარცვავდნენ, არავინ არ გამოგვესარჩლა, არავინ მოგვეშველა, არავინ ხმა არ ამოიღო. ჩვენი ცოდვა ყველამ დაიდო კისრად. მამინაცვალმა კი არა, თქვენ ყველამ გაგვძარცვეთ ჩვენ, თქვენ ყველამ მოგვიღეთ ბოლო. მინამ ცოცხალი ვარ, ყველას გადვუხდი და როცა აღარ ვიქნები, იქ, ღმერთს გავცეთ ყველამ პასუხი. სულ ყველანი იქ მივალთ და იქ დავუდგებით ერთმანეთს პირისპირ. ვნახოთ, ვინ გამოვა მართალი, ვინ მტყუანი. ღმერთი გულს უფრო სინჯავს, მინამ საქმეს. იქ სამართალი არ გაბრუნდდება.
... გახსოვს, ამ ოთხი წლის წინად ლოჭინის ხევის პირს რომ ურმები გამოშვებული გქონდათ? გახსოვს, ორი ყმაწვილი რომ მოგადგათ? ისინი ჩვენ ვიყავით, ორის დღის უჭმელები. საწყალმა ჩემმა ძმამ, ბეჟანს რომ ვეძახოდი, ბევრი ტყუილი ილაპარაკა მაშინ... მე მწყინდა ეგ, მე მაგას ვთაკილობდი, მაგრამ ვერა გავაწყე რა. ჩემი საცოდავი ძმა უჯათი* იყო, თვითრჯული*, და ვაი რომ ამასთანავე გულნამცეცაც იყო. ღმერთმა მიპატიოს ის ერთადერთი სული, ის ერთადერთი ჩემი სისხლი და ხორცი, ის ერთადერთი ძმა-კაცი, ის ერთადერთი ადამიანი ჩემი კეთილის-მყოფელი, ჩემთვის თავდადებული, ჩემი მოსიყვარულე და ერთგული. დღეს ჩემის თვალით ვნახე, რომ კატასავით დამირჩეს!.. განა ამას შევარჩენ ქვეყანასა, მინამ კაცი მქვიან, მინამ თავზედ ქუდი მახურავს, მინამ პირში სული მიდგა!
„შენ მაშინ გულის-ტკივილით დაგვიურვე*. შენმა გულკეთილობამ კინაღამ მადლის შუქი არ ჩააწვდინა ჩემს ბნელ გულამდე, კინაღამ შენმა გულკეთილობამ არ მომინადირა. მთელი ღამე არა მძინებია, გამიკრთა მაშინ ძილი, თუმცა ძალიან დაღალული ვიყავ. როცა ჩემი ძმა წამოდგა და შენ ჯიბეების ჭრა დაგიწყო, გული დამეთანაღრა, ავიმრიზე, თმა ყალხზედ შემიდგა. მაგრამ ხმა არ გავე, არ დავუშალე. გაწყდეს, საცა წვრილია-მეთქი!.. ეგეც ჩემი მძარცველია, ეგ რომ კაცი ყოფილიყო, მე არ გამაძარცვინებდა-მეთქი.
„გაგქურდეთ და ჩამოვედით ქალაქს. აქ ცოდვაც და მადლიც უფრო ხალვათად დადის. ორივეს დიდი შარა-გზა აქვს. მას აქეთ დღე არ გამოსულა, რომ არავინ არ გაგვეძარცვოს. ჩვენი დანაკარგი, ვინც შეგვხვდა, ვაზღვევინეთ. ამით ვირჩენდით თავსა, ამითვე ვიფხანდით ისარნაკრავს, გამწარებულს გულსა. გული მაინც არ დაგვიცხრა, რაღაცას ლამობდა, საითღაც იწევდა. ვერ დავაამეთ და ვერა...
„ამ ორის წლის წინად ისე მოხდა, თითქო თითონ ბედმა მიგვიყვანა მამინაცვლის სახლშიო. დედა-ჩვენი მაშინ შინ არ იყო, სოფელში გაესტუმრებინა ქმარს. შევუცვივდით ღამე ორნივ ძმანი, მამინაცვალი შემოგვაკვდა, გვინდოდა აგვეკლო იქაურობა და ვეღარ მოვასწარით. შეგვიტყვეს, პოლიცია თავს დაგვესხა, მე კი გამოვასწარ და ჩემი საწყალი ძმა მოემწყვდიათ და დაეჭირათ. ბოლო ხომ იცი: დღეს ჩემის თვალით ვნახე, რომ ჩემი ერთადერთი ძმა, ერთად-ერთი კეთილის-მყოფელი კატის კნუტსავით ჩამომირჩეს. თქვენ იდექით და სეირს უყურებდით, მე კი ვუყურებდი და ვიწოდი... არ შეგარჩენთ, არა, ამ ამბავს!.. ყველამ უნდა მიზღას ჩემი დანაკარგი. ძმის სისხლს, მინამ ცოცხალი ვარ, ავიღებ. მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო. ჩვენ-შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი: მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით. განკითხვის დღემ გამოაჩინოს, საით არიან მართალნი და საით მტყუანნი. ღმერთი გულთამხილავია: მინამ საქმეს სასწორზედ დასდებდეს, ჯერ გულში ჩახედავს ადამიანს. მე ჩემი გზა მართლის გზა მგონია. მართალი ვარ თუ მტყუანი, - არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა. ამით სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანასა, როგორც წინადვე მოტეხილი ტოტი უკანასკნელ ძაფზე-ღა დაკიდებული. მშვიდობით!.. თუ როდისმე ჩემი ნახვა მოიწადინო, მოდი და მეც ჩემ ძმასავით სარჩობელაზედ მნახე. ჩემი ბოლო ეგ არის.
„არ ვიცი რად და ჩემი გული კი იწევდა, რომ შენ წინ გადაშლილიყო. - აჰა, გადაგიშალე და ლოდი ამეცალა.
„შენ სამს და ათ შაურს ერთი ათად გიბრუნებ. შენმა გულკეთილობამ რომ ტკბილი ნაღველი ჩამისახა გულში და კინაღამ არ დამიმორჩილა, აქამდის კიდევ გულში მიღვივის, როგორც ნაცრის ქვეშ შენახული ნაღვერდალი. ისიც გაქრება, ვიცი. განა შენ კი ამხანაგი არა ხარ ჩემის მამინაცვლისა! განა შენ კი არ დამირჩე ერთად-ერთი ძმა! განა შენ კი არ მიიყვანე ის სარჩობელამდე!“
შვილი გაოცდა, მამას ცივმა ოფლმა დაასხა.
- მე რა შუაში ვარო! - დაიძახა კვნესით და თრთოლვით შეშინებულმა პეტრემ. პეტრე მთლად ცახცახებდა.
მართლა-და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს...
____________________
ბაკი - ურმების დასაყენებელი მოზღუდული ეზო, ყურე ქალაქში
თამაშად მოსულან - გასართობად მოსულან
მახათა - მთა თბილისის გარეუბანში
ასიგნაცია - (ფრანგ.) ქაღალდის ფული
ილაჯი - (არაბ.) ღონე, ძალა, არაქათი
სალდათის შკოლა - სამხედრო სკოლა, სასწავლებელი
თუქურმიშა - წითელი წარო, ახლანდელი დედოფლის წყარო
უჯათი, უჯიათი, თვითრჯული - თავნება, ჯიუტი, კერპი
დაურვება - გაწმენდა, გასუფთავება (ცხენის, ხარის და მისთ.) აქ: დაამება
![]() |
7.1 დავალებები |
▲ზევით დაბრუნება |
1. ამოირჩიე სწორი პასუხი კითხვაზე, რატომ წავიდა პეტრე მახათაზე?
ა) მას სიამოვნებას ჰგვრიდა ჩამოხრჩობის სცენა.
ბ) ცნობისმოყვარეობის გამო.
გ) სურდა დრო მოეკლა.
დ) იმედი ჰქონდა, რომ ეს მხოლოდ გასართობი სანახაობა იყო და სხვა არაფერი.
2. ვთქვათ, ჩამოხრჩობას ესწრებოდნენ:
ახალგაზრდა ქალი, ახალგაზრდა კაცი, მოხუცი ქალი მოხუცი კაცი და თორმეტი წლის ბიჭი. ამოირჩიე ერთ-ერთი მათგანი და აღწერე მისი განცდა.
3. ძმებს ბევრ ხალხთან ჰქონდათ ურთიერთობა. მათ შორის იყვნენ: დედა, მამინაცვალი, მსახურები, პეტრე, მეზობლები, ნათესავები. მარცხენა სვეტში ჩაწერე ისინი, ვინც ცუდად მოექცნენ ძმებს, ხოლო მარჯვენაში ისინი, ვინც დაეხმარნენ მათ.
4. როგორ შეიძლება მოქცეულიყვნენ შემდეგი ადამიანები?
ა) მამინაცვალი;
ბ) მოსამსახურეები;
გ) მეზობლები და ნათესავები.
5. ამოირჩიე სწორი პასუხი კითხვაზე, რატომ დაეხმარა პეტრე ბავშვებს?
ა) მას მოეწონა ბიჭები.
ბ) მას შეეცოდა ბიჭები.
გ) მან სხვის დასანახად გააკეთა ეს.
დ) ის არ არის გულგრილი ადამიანი.
ე) პეტრე ბიჭებისაგან სამაგიერო სიკეთეს ელოდა (ე.ი. ანგარებით მოქმედებდა).
6. წერილის ავტორი (უმცროსი ძმა) თვლის, რომ მისი მომავალი გადაწყვეტილია. დაწერე, როგორ გესახება შენ მისი მომავალი, შეიძლება თუ არა მისი შველა.
7. მოიფიქრე და ამხანაგებთან ერთად წარმოადგინე კლასში, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები პეტრეს რომ გაღვიძებოდა გაქურდვის მომენტში.
![]() |
8 რევაზ ინანიშვილი. „მირანდუხტ“ |
▲ზევით დაბრუნება |
მაღაზიაში სამი განყოფილება იყო, სამი გამყიდველი მუშაობდა, ორი ქალი, მარო და მარგალიტა, ერთიც კიდევ კაცი - გერონტი.
შემოვიდა პატარა გოგონა. იქნებოდა ათი თუ თერთმეტი წლისა, გერონტის განყოფილებასთან მივიდა, მოხუც ქალს ჰკითხა - ბოლო თქვენ ბრძანდებითო? მე ვარ შვილოო. გოგონა მორჩილად გაჩერდა მის უკან.
რიგი დიდი არ იყო, ხუთი თუ ექვსი კაცი. არც ბევრ-ბევრს ყიდულობდნენ. სწრაფად მიიწევდნენ წინ.
მოხუცმა ქალმა ააწონინა ნახევარი კილო ძეხვი „მოყვარულთა“, ორასი გრამი ყველი „რუსეთული“, გამოართვა ერთიც ორმოცდაორ კაპიკად ღირებული მდოგვი. გერონტიმ მარჯვედ ჩამოყარა კოჭები საანგარიშოზე და მოხუც ქალს უთხრა, ორი და ოთხმოცი! მოხუცმა ქალმა სამმანეთიანი მიაწოდა.
- ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკი, - თქვა პატარა გოგონამ.
- როგორა? - წინ წამოიწია გერონტიმ.
- ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკი, - მშვიდად გაიმეორა გოგონამ.
გერონტი შეშფოთდა.
- შენა, გოგო, რას გეტყვი, იცი?
- ვიცი.
- რა იცი, რა!
- რა და... ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკია და არა ოთხმოცი.
გერონტი საანგარიშოს ეცა.
- მანეთი და ორმოცდახუთი - ძეხვი, ორჯერ ოცდაჩვიდმეტი - ყველი, ორმოცდაორი - მდოგვი.
- ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკი, - თქვა ისევ გოგონამ.
აწითლებულმა გერონტიმ საანგარიშოს კოჭები უკან გაყარა და ხელახლა დაიწყო ანგარიში. ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკი გამოუვიდა.
- ცოტა სწრაფად, სწრაფად! - დაიძახა ბოლოდან სათვალიანმა კაცმა.
გერონტიმ ხნიერ ქალს ხურდები მოუკრიფა და გოგონას მიაჩერდა.
- შენ რა გინდა, ისა თქვი!
- ნუ მიწყრებით, - უთხრა გოგონამ. გერონტი აიმართა, გოგონას დააკვირდა. ერთი სიფრიფანა გოგონა იყო, მქრქალცისფერთვალებიანი და ცოტა ცხვირაპრეხილი. მარცხენა ხელში ბადურა ეკავა, მარჯვენაში ხუთმანეთიანი და კარაქის ტალონი. ძალიან მშვიდად იდგა.
- მიბრძანე, რა მოგართვა! - მორჩილება გაითამაშა გერონტიმ.
- მომეცით ორას ორმოცდაათი გრამი ძეხვი, ორასი გრამი ყველი „შვეიცარული“, ერთი ტალონისაც კარაქი.
გერონტიმ იწვალა და ძლივს შეასრულა ზუსტად ორას ორმოცდაათ გრამად ძეხვი, მერე - ორასად ყველი. კარაქს აწონა არ უნდოდა, დაფასოებული იყო, ორას-ორასი გრამი, სამი ცალი მიაწოდა გოგონას. საანგარიშოს მისწვდა, ფრთხილად ჩამოყარა და გაყარა კოჭები. გაუბედავად თქვა:
- სამი და სამოცდაათი.
- სამი მანეთი და სამოცდაშვიდი კაპიკი.
- ვაახ, კაცო! - წამოიძახა გერონტიმ. ისევ დააპირა ანგარიში. გადაიფიქრა, მომეცი, შვილო, რამდენიც გინდა, და წადი, სამუშაო მაქვს მე.
- აიღეთ სამი მანეთი და სამოცდაშვიდი კაპიკი.
გერონტიმ ზუსტად დაუბრუნა ხურდა. გოგონა წავიდა. ყველანი უყურებდნენ. ხომ პატარა იყო და სიფრიფანა, რაღაც ქალბატონურად მიდიოდა, წელში გამართული. სწორი, ქერა თმა „ცხენის კუდად“ ჰქონდა შეკრული უკან.
- დედა ეყოლება მაგას... ჩემს მტერს, - თქვა კამოდივით განიერმა ქალმა.
- მშვენიერი გოგონაა, - ჩაილაპარაკა ვიღაცამ.
- როგორ?
არავინ ამოიღო ხმა.
- მე შვილიშვილი მყავს მაგაზე დიდი, თავს მაღლა ვერ ააღებინებ უფროსებთან, - გვერდზე მდგომს ეუბნებოდა თითქოს რაღაც ტვირთით მხრებდამძიმებული ჭაღარა ქალი.
- ჩემს გოგონასაც.
- აღზრდაა ყველაფერი.
გერონტისთვის ჯერაც არ გაევლო სიბრაზეს. ხელები უკანკალებდა.
- კარგი მაშინ ვიქნებოდი, სულაც რომ არ მიმეცა არაფერი. რატომ გზავნიან მაღაზიაში მაგოდენებს? დედა არა ჰყავთ, მამა არა ჰყავთ?
- არ სცალიათ.
- კარგით რა არ სცალიათ!
- თან საქმე, ამხანაგებო, თან საქმე! - დაიბოხა ვიღაცამ ხმა.
და, აი, იმ დღიდან დაიწყო:
გამოჩნდებოდა გოგონა და გამყიდველი ქალები, მარო და მარგალიტა, სიცილით აცნობებდნენ გერონტის.
- მოდის, გერონტი, მოდის.
გერონტი იხტიბარს არ იტეხდა.
- მოვიდეს და მოვიდეს.
- მაგრად დადექი.
- მაგისთანები მინახავს, - მაგრობდა გერონტი, მაგრამ მაინც ეტყობოდა, ძალიან ღელავდა.
გოგონას პლასტმასის წითელი ბადურა ყველთვის მარცხენა მკლავზე ეკიდა. გრძლი ფარფარა ქვედატანი სანახევროდ უფარავდა წვივებს. კი არ მოდიოდა, მობრძანდებოდა. სულ არ ატოკებდა მხრებს, შემოვიდოდა მაღაზიაში, შემოანათებდა თითქოს და არაფრის მეტყველ თვალებს. გამყიდველი ქალები გაცქაფულები იყვნენ - აინტერესებდათ, ახლა რა მოხდებოდა. გოგონა გერონტისთან მივიდოდა, გაჩერდებოდა მშვიდად.
- მომეცით... სამას სამოცი გრამი ძეხვი.
- დაიწყო ახლა... ხელებს უმწეოდ ჩამოუშვებდა გერონტი.
მარო და მარგალიტა უკვე სიცილით იგუდებოდნენ.
- თქვენს სასწორს ათგრამიანი დანაყოფებიც აქვს. სამას სამოცი გრამი ძეხვი, ორას ოცდაათი გრამი ყველი.
- კარგი რა, გოგო, კარგი. ან ორასი თქვი, ან სამასი. სადისტი ხარ, რა ხარ?
- სადისტი რას ნიშნავს?
- მწვალებელს, მტარვალს, - ხმას უწევდა გერონტი.
- გმადლობთ. დავიხსომებ ამ სიტყვას.
მარო და მარგალიტა ცხვირსახოცებს ეძებდნენ ცრემლების მოსაწმენდად. გერონტი წვალობდა, აწონაზედაც წვალობდა, ანგარიშითაც ვეღარ ანგარიშობდა. რას რამდენი უნდოდა, გოგონა ჰკარნახობდა. გერონტი უსინათლოსავით ართმევდა ფულს, კანკალით უბრუნებდა ხურდას და, გოგონა რომ წავიდოდა, ნიათგამოცლილი ჯდებოდა.
- ვახ, კაცო, ზოგი რა მრუდე ვარსკვლავზე დაებადება დედას, - წინსაფრის კალთას იდებდა დაცვარულ შუბლზე.
მარო და მარგალიტა ურჩევდნენ:
- სხვაგან უნდა გადახვიდე, გერონტი, თორემ აქ რაღაცა დაგემართება.
- დამემართა და ეგ არის. ვეღარაფერს ვანგარიშობ. მეჩვენება, რომ სულ მეშლება. ეგ მოფსრიტული კი თვალს არ დაახამხამებს. ნამდვილი ჯადო აქვს თვალებში.
გავიდოდა ორიოდე დღე, დამშვიდდებოდა გერონტი და ისევ გამოჩნდებოდა გოგონა, ისევ მშვიდი ქალბატონივით შემოდიოდა მაღაზიაში. გერონტი საბრძოლო პოზაში დგებოდა, მარო და მარგალიტა სეირის საყურებლად ემზადებოდნენ. გოგონა იწყებდა: - სამას სამოცდაათი - ეს, ორას ოთხმოცი - ის, ას ოცდაათი - ის.
გერონტი მთლად მოსაწყლდებოდა.
- მოდი რა, მუქთად წაიღე ყველაფერი.
- მუქთად რატომ?
- დედა არა გყავს? დედა მოვიდეს შენ მაგივრად.
- დედას სხვა საქმეები აქვს.
- მაშინ გავიგებ რომელ სკოლაში სწავლობ და ჩემი ფეხით მივალ დირექტორთან.
- როგორც გენებოთ.
მაგრამ გერონტის აღარ დასჭირდა სკოლაში წასვლა. წავიდა ერთ დღეს გოგონა და წავიდა. აღარ გამოჩენილა თითქმის ორ თვეს. მარო და მარგალიტა ულოცავდნენ გერონტის.
- გადარჩი, გერონტი, გადარჩი.
გერონტი აღარაფერს ამბობდა. ის კი აშკარად ეტყობოდა, დამშვიდდა. სახეც დაუმშვიდდა. თითქოს უფრო სუფთად იპარსებოდა, სუფთადაც იცვამდა. ჰალსტუხის გაკეთებაც კი დაიწყო. ლამაზად ივარცხნიდა ჭაღარა თმას. მყიდველებთანაც უფრო თავაზიანი გახდა.
ერთი_ორჯერ მოატყუეს მარომ და მარგალიტამ, მოდის, მოდისო. გერონტი წითლდებოდა. მერე, რომ ნახავდა, ატყუებდნენ, წელში სწორდებოდა - მოვიდესო.
შემოდგომის თბილი დღეები ზამთრისპირის ცივმა დღეებმა შეცვალა. დაუბერა ქარმაც. ქუჩები ჩამოცვენილი ფოთლებით აივსო. მეეზოვეები ლანძღავდნენ ქარს. ერთ დილას კი, ქარი რომ ჩადგა, თოვლიც წამოვიდა. მოფარფატებდნენ ბრტყელ-ბრტყელი ფიფქები, მაგრამ ძირს ეცემოდნენ თუ არა, დნებოდნენ. და აი, ამ თოვაში გამოჩნდა გოგონა. თბილი, გრძელი პალტო ეცვა, თბილი, ნაქსოვი ქუდი ეხურა, თითქმის წარბებამდე ჩამოწეული, თბილი, მაღალყელიანი ფეხსაცმელებით ისევ მშვიდად მოაბიჯებდა, მხრებს არ მოატოკებდა. გერონტიმ რომ გოგონა დაინახა, მაშინვე გაწითლდა, მაგრამ მაინც გაიღიმა. მარომ და მარგალიტამ დაიძახეს:
- ძვირფასი სტუმარი გვეწვია!
გოგონამ ქალებს მქრქალი ღიმილით გახედა და გერონტის მიუახლოვდა. გერონტი რაღაცას წონიდა, მაგრამ სასწორს კი არა, გოგონას უყურებდა და უღიმოდა.
- როგორა ბრძანდებით? - მოიკითხა გოგონა დიდივით.
გოგონაც უღიმოდა გასაოცარი ლამაზი ღიმილით. გასაოცარი ლამაზი ტუჩ-კბილი ჰქონდა, გასაოცარი ლამაზი კეთილი თვალები, რაღაც ნათელი ედგა მთელ სახეზე.
- თქვენ ხომ კარგად? მე ავად გახლდით, ქუნთრუშა მქონდა. ახლა კარგად ვარ.
- ვაახ! - წამოიძახა გერონტიმ, - აკი არ მიკვირდა?!
- რა გიკვირდათ?
- რომ აღარ ჩანდით.
- აღარ გაწვალებდით.
- არა, ე, რა წვალებაა. შენ კარგად იყავი და ეგეთი წვალება რა წვალებაა.
- დღეიდან სულ კარგად მოვიქცევი.
- ადრეც რა, რით იქცეოდი ცუდად!
გოგონას ეცინებოდა.
მარო და მარგალიტა სახტად დარჩენილები იყურებოდნენ.
- დღეს მომეცით: ორასი გრამი „შვეიცარული“ ყველი, ორასი გრამი ძეხვი.
- სერვილადი? სერვილადი მაქვს, - გერონტიმ დახლქვეშიდან სერვილადი გამოიღო, თან იცინოდა, ორას სამოცი გრამი აღარ გინდა ან ას ოთხმოცდაჩვიდმეტი?
- არა, აღარ არის საჭირო, - იცინოდა გოგონაც.
- ვახ, ეგრე ცოტას რომ ჭამთ, იმიტომა ხარ გამხდარი.
- ჩემი გასუქება არ შეიძლება. ისედაც... გოგონამ ლოყები დაბერა.
- რატომ? რატომ?
- ბალერინა უნდა გავხდე.
- ვახ, ოპერაში?
- თუკი შევძლებ, ოპერაში.
- შენ რას არ შეძლებ. შენ რას არ შეძლებ, - გერონტი წელში გაიშალა, - თუ რამე ისეთი იყოს, მე ნუ მომერიდები. მე აქა ვარ.
- გმადლობთ, გმადლობთ, გოგონა ქვემოდან შეჰყურებდა და უცინოდა. - აი, რა კარგი ბრძანდებით ახლა. აღარ მიმართოთ აღარავის წყრომით. მით უფრო ქალებს.
- მეე? წყრომით?
გოგონამ ლამაზად გახვეული ყველი და ძეხვი ჩანთაში ჩაიწყო. ხელი მაღლა ასწია და ღიმილით წავიდა კარისაკენ. კართან მისულს, გერონტიმ დაუძახა:
- სახელი რა გქვია, სახელი.
- მირანდუხტ.
- ესე იგი, მირა.
- არა.
- მირანდა?
- არა, მირანდუხტ.
- ვაახ.
გოგონამ ისევ ასწია ლამაზი ხელი და თითების ქნევით გავიდა თოვაში.
მარო და მარგალიტა ცხვირჩამოშვებულები იდგნენ. შესვენებაზე, მცირე ტაბლას რომ მიუსხდნენ ქალები და გერონტი, გერონტიმ თქვა:
- რა არის ადამიანი! ხომ მაბრაზებდა ეგ გოგო. მაბრაზებდა, მაგრამ თანაც მაფხიზლებდა. რაც ეგ გამოჩნდა, აშკარად დავინახე ჩემი გოგოების ნაკლოვანებები. ცეცხლის კალოში ვაყენებ ან სიარული ისწავლონ, ან თავდაჭერა. მეცა... მეც ვზივარ და სულ ვანგარიშობ.
მარომ და მარგალიტამაც აღიარეს:
_ გენიალური გოგოა, და ერთად ჩააწეს პურები ქონიან ტაფაში. - ნამდვილი გენიოსი. როგორ ანგარიშობს, ხო იცით, მანქანასავით. რა-ტა-ტა-ტა-ტა-და - ზუსტად!
იმ დღიდან დიდი მეგობრები არიან მირანდუხტ და გერონტი. გერონტის რაღაც-რაღაცეები აქვს ხოლმე გადანახული მირანდუხტისთვის.
ერთი ეგ არის, ჯერჯერობით ვეღარაფერი მოაწონა. მირანდუხტ ისევ იმას ყიდულობს, რაც დახლებშია გამოწყობილი. და კიდევ ერთიც - გერონტის უნდა, თავის გოგოებთან მიიპატიჟოს მირანდუხტ, ნახალოვკაში, ვერკი გაუბედავს. გერონტის ხის, სამსაფეხურიანი პატარა სახლი უდგას პატარა ბაღში. მირანდუხტი კი, - ასე ეჩვენება, - სულ მარმარილოს კიბეებზე დაბრძანდება აღმა-დაღმა და მომხიბვლელად უქნევს შემხვედრებს პატარა, ლამაზ ხელს. როგორია ასეთი გოგონას ნახალოვკაში სტუმრობა?! ო ო ო ო!..
![]() |
8.1 დავალებები |
▲ზევით დაბრუნება |
1. მოძებნე ტექსტში და წაიკითხე ხმამაღლა გოგონას გარეგნობის ამსახველი ადგილები.
2. გერონტის მირანდუხტი მარმარილოს კიბეებიანი სახლის ბინადრად წარმოუდგენია. შენ როგორ ფიქრობ? როგორია მირანდუხტის ოჯახი?
![]() |
9 არჩილ სულაკაური. „ბიჭი და ძაღლი“ |
▲ზევით დაბრუნება |
1
ბიჭი მარტო მიდიოდა...
ძველი ჩანთა იღლიაში ამოეჩარა და უხალისოდ მიაბიჯებდა ფილაქანზე. კარგად იცოდა: ოთხი მისი ტოლი ბიჭი, ოთხი მეტოქე, ქუჩის კუთხეში ელოდა. ოთხივე ღონიერი, სწრაფი და მოქნილი იყო. თავზეხელაღებული ჩხუბისთავები, ალბათ, დილიდანვე იდგნენ ჩასაფრებულნი, თითქოს სხვა საქმე არა ჰქონდათ რა.
ბიჭს ფეხები უკან რჩებოდა. ხანდახან რომელიმე დუქნის წინ უაზროდ შეჩერდებოდა, შეიხედავდა დუქანში, მერმე კეფას მოიფხანდა და გზას განაგრძობდა.
ქუჩაში მარტო მიდიოდა პატარა, შავგვრემანი ბიჭი. მაყვლისფერი დიდი თვალები ჰონდა, წყლიანი და ნაღვლიანი ოდნავ.
მურა ნაგაზმა ძუნძულით ჩაუარა, თან შიშით მოხედა ბიჭს. ბიჭმა შეატყო, ძაღლი უცხოდ გრძნობდა ქალაქში თავს. თვალი გააყოლა... მგონი ეს ნაგაზი გუშინაც შეხვდა, გუშინაც ასე უპატრონოდ დაწანწალებდა...
თბილოდა. სექტემბრის მზე ჯერ კიდევ აჭერდა... ძველი დუქნები, დაბალი მტვრიანი სახლები მზეზე გახუნებული სარეცხივით იყო ქუჩაში გამოფენილი.
ქვაფენილზე ფორნის ცხენს ფეხი დაუსხლტა და წაიქცა. ბიჭმა დაინახა როგორ გაკვესა ნალმა, როგორ მოეკვეთა მუხლები ცხენს. მეფორნემ შოლტი მოუქნია, ერთხელ, მეორედ... ცხენმა წამოდგომა სცადა. წინა ფლოქვებმა კიდევ გაჰყარეს ნაპერწკლები.
ხალხი სწრაფად მოგროვდა. ხმაურით, ჟრიამულით შემოეხვივნენ. როგორც დამნაშავეს, ისე წაადგნენ თავზე.
ვიწრო ქუჩა ეტლებით, საბარგულებითა და ფორნებით გაიჭედა.
ბიჭს ნათელმა აზრმა გაუელვა: ამ აურზაურში იქნებ მეტოქეებს დავუსხლტეო, სირბილით წავიდა ქუჩის კუთხისაკენ, მაგრამ ქუჩის კუთხემდე მისვლა არ დასჭირვებია, ვიღაცამ მაშინვე წაავლო ხელი და ღონივრად მოქაჩა. მის წინ ისეთივე ბიჭი იდგა, როგორიც თვითონ იყო, ოღონდ სახე დაჭორფლილი და ქოთანივით მრგვალი ჰქონდა.
- სად მიიპარები, შე წრუწუნა შენა!
- ხელი გამიშვი!
- პუპუზ, გეო, კურკა! - გასძახა ჭორფლიანმა მეგობრებს.
მეგობრებმაც დიდხანს არ დააყოვნეს, ფორანთან შექუჩული ხალხიდან მაშინვე გამოძვრნენ.
ბიჭი შეშინებული აცეცებდა თვალებს, თან ცდილობდა ჭორფლიანს დასხლტომოდა. ვერ ახერხებდა. ამასობაში დანარჩენებიც მოვიდნენ და ალყა შემოარტყეს.
„ნეტავი რა უნდათ ჩემგან - ფიქრობდა ბიჭი, - რა დავაშავე ჩემთვის მივდიოდი...“
- სად მიდიხარ? - ჰკითხა ბიჭს ყველაზე მაღალმა და ყველაზე გამურულმა.
- სკოლაში.
- გესმის, პუპუზ, სკოლაში მიდის ბიჭი.
პუპუზამ ჩანთა გამოჰგლიჯა იღლიიდან და ქვაფენილზე დაანარცხა. ბიჭი ჩანთის ასაღებად დაიხარა. ძირს დახრა და ბიჭების პანჩური ერთი იყო. მგონი, ოთხივემ ერთად ამოსცხო. ბიჭი ქვაფენილზე წაიქცა პირქვე და მტვერში ამოიგანგლა. ვიდრე ბიჭები იცინოდნენ, ჩანთას სწრაფად დაავლო ხელი, წამოდგა და მოჰკურცხლა. ბიჭები ყვირილით დაედევნენ.
„თუ დამეწიენ, ცემით მომკლავენ“, - ფიქრობდა გაქცეული. რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გარბოდა. ბოლოს იგრძნო, ბიჭები აღარ მისდევდნენ, მაგრამ ისეთი ქანი ჰქონდა აღებული, უცებ ვერ შეჩერდებოდა. თანდათან უკლო სირბილს. უკან მიიხედა, ბიჭები აღარსად ჩანდნენ.
დაღლილი, გულამომჯდარი იქვე ფილაქანზე ჩამოჯდა და მუჭით ცრემლი მოიწმინდა. დღესაც ვეღარ წავიდოდა სკოლაში. მუქარით გახედა ქუჩას, მუშტი მოუღირა, წამოდგა და მტკვრისკენ გაუხვია.
თუ ბიჭები სკოლაში არ გაუშვებდნენ, მთელ დღეს მტკვრის პირას, რიყეზე, ატარებდა. ხან ბანაობდა, ხან მზის გულზე იწვა და ნებივრობდა, შინ წასვლის დრო რომ მოაღწევდა, ჩაიცვამდა ტანსაცმელს და შინისაკენ მოუსვამდა.
ახლაც ასე დააპირა, ვიწრო და დამრეცი ქუჩით მტკვრისაკენ ჩაუხვია.
ეზოდან ვეებერთელა, კუდამოძუებული ნაგაზი გამოვარდა. რამდენიმე გაწიწმატებული ფინია ყეფით მოსდევდა. ბიჭმა ძაღლი იცნო, თან გაუკვირდა: ამხელა ნაგაზს ეს ჯუჯა ძაღლები როგორ მოერივნენ? მაინც დაავლო ქვას ხელი და ფინიას შეუტია. ფინიები მაშინვე შეცვივდნენ ეზოში წკმუტუნ-წკმუტუნით, მერმე ჭიშკრიდან გამოყვეს თავები და, საკუთარ ეზოში ყოფნით შეგულიანებულებმა, ყეფა დაიწყეს.
ნაგაზი ქუჩის გაღმა, ფილაქანზე დაჯდა, დაბნეული და შეშინებული იხედებოდა აქეთ-იქით.
ბიჭი ეზოს გასცილდა თუ არა, ფინიები მაშინვე გამოუცვივდნენ ნაგაზს და ყეფით დაედევნენ. ნაგაზმა ისევ ამოიძუა კუდი და გაიქცა. ბიჭმა ახლაც დაავლო ქვებს ხელი და გაანჩხლებულ ფინიებს დაუშინა.
დამრეცი ქუჩით მიდიოდა პატარა, შავგვრემანი ბიჭი მტკვარზე. წინ შეშინებული ნაგაზი გარბოდა. უფრო სწორად, გაურბოდა ფინიებს, რომლებიც თითქმის ყოველ ჭიშკართან ვერაგულად იყვნენ ჩასაფრებულები. ფინიებს თითქოს პირი შეეკრათ ნაგაზის წინააღმდეგ, ერთად ესხმოდნენ თავს, მოსვენებას არ აძლევდნენ. ბიჭი თავისი ძველი, დაფლეთილი ჩანთით დაერია ძაღლებს და მიფანტ-მოფანტა, ეზოებში შეჰყარა. ფინიებთან ბრძოლით გართულს, ვიღაც ახმახი გამოუვარდა, კეფაში წამოჰკრა და გინებით გააგდო. ერთი ლაზათიანი პანღურიც დაუპირა, მაგრამ ფეხი ვეღარ მიუწვდინა, ბიჭი გაექცა.
გზაჯვარედინზე ისევ ნაგაზი დახვდა, ჩაცუცქული თითქოს ბიჭს ელოდებოდა.
- შენი გულისთვის კეფაში მომხვდა, - უთხრა ბიჭმა და ძაღლს მიუახლოვდა. ძაღლი სწრაფად წამოხტა და ზურგზე ბეწვაშლილი გაშორდა, ათიოდე ნაბიჯზე გაჩერდა და ბიჭს დაუწყო ყურება.
- რას გამირბი, - უთხრა ბიჭმა, - მე არ გერჩი... პირიქით, მეცოდები... ამხელა ხარ და ფინიებმა დაგჩაგრეს.
ნაგაზი თვალებში მისჩერებოდა ბიჭს და არ ინძრეოდა. ბიჭმა ორიოდე ნაბიჯი გადადგა ძაღლისაკენ. ძაღლმა უკან დაიხია...
„აი სულელი, - გაიფიქრა, - მე - შენკენ, შენ - ეშმაკებისაკენ... სულელო, მე ხომ შენ გეხმარებოდი? შენი გულისთვის მომხვდა კიდეც“. მერმე ხმამაღლა ჰკითხა:
- გშია? - ჩანთა გახსნა და პურის ნატეხი ამოიღო, - თუ გინდა, გაჭმევ, ნახევარი - შენ, ნახევარი - მე.
ძაღლმა პური თვალის დახამხამებაში შთანთქა. ფილაქანი, სადაც პურის ნატეხი დაუგდო ბიჭმა, ისევ დაყნოსა - ნამცეცი რამე ხომ არ დამრჩაო. მერმე ბიჭს მიაშტერდა, ოღონდ ახლა ხელებში შესცქეროდა.
- გეყოფა, - უთხრა ბიჭმა, - მეტს ვეღარ მოგცემ. დანარჩენი მე უნდა ვჭამო.
ბიჭი თავისი გზით წავიდა, ვიდრე რიყეზე ჩავიდოდა, ერთხელაც მიხედა ნაგაზს.
ძაღლი უკანა თათებზე იჯდა და მთელი გულისყური ბიჭისკენ ჰქონდა მოპყრობილი. ბიჭმა უცებ ბადიანი კაცი დაინახა. კაცი ფრთხილად ეპარებოდა ძაღლს, თან რკინის სალტიანი ბადე ჰქონდა მომარჯვებული. რამდენიმე ნაბიჯი კიდევ და ნაგაზი, ალბათ, ბადეში გაეხვეოდა.
ბიჭმა შეჰყვირა. ძაღლი არ განძრეულა. ბიჭი გრძნობდა, წამითაც რომ დაეგვიანებინა, ნაგაზს დაიჭერდნენ. მაშინვე პურის ნატეხი დაუგდო წინ, ათიოდე ნაბიჯზე. ძაღლი წამოხტა. რკინის სალტიანმა ბადემ ჰაერში გაიშხუილა. როგორც ჩანს, ძაღლმა ფათერაკი იგრძნო, სწრაფად გაიჭრა წინ წკმუტუნით, სალტე ზურგში მოხვდა და მერმე ფილაქანზე დაეცა ხმაურით.
ბიჭი და ძაღლი სირბილით დაეშვნენ რიძეზე. კაცმა ბადეს დაავლო ხელი და გინებით გამოუდგა გაქცეულებს.
ეს კაცი პირველად არ ენახა ბიჭს. მასაც იცნობდა და მის ფორანსაც, რომელზეც დიდი გალია ჰქონდა დადგმული. კაცი ქუჩა-ქუჩა დადიოდა და ქალაქის მაწანწალა, უპატრონო ძაღლებს იჭერდა. ახლაც მოინდომა ნაგაზის დაჭერა, მაგრამ ვერ მოახერხა.
ბიჭმა და ძაღლმა რიყე გაირბინეს და მტკვრის ნაპირზე გავიდნენ.
- საძაგელი კაცია, - უთხრა ბიჭმა ძაღლს, - მაგას უნდა ერიდო. ბადე თუ დაგაფარა, გათავდა, ვეღარ გაექცევი.
მტკვრის გაღმა ერთიმეორეზე მიყოლებული, ჯაჭვით დაბმული წისქვილები ძველი გემებივით იდგნენ. ბიჭს სადღაც წიგნში დახატული ენახა ნავსადგური და გაღმა მხარე მუდამ იმ სურათს აგონებდა. ქვაზე ჩამოჯდებოდა და, ვიდრე ბანაობას დაიწყებდა, დიდხანს გასცქეროდა წისქვილებს.
ბიჭმა ჩანთა რიყეზე მოისროლა და ტანისამოსის გახდა დაიწყო.
- არც შენ უნდა იყო კეთილი სული, - უთხრა ძაღლს, - ახლოს არ მოდიხარ, არ მეკარები. მე რომ არ შეგხვედროდი, ეს დღე სხვანაირად დაგიღამდებოდა.
ბიჭმა ტანზე გაიძრო და წყალში შევიდა.
- ეჰე, წყალი, ცივი ყოფილა, თქვა და ხელები დაისველა. მხრები და მკერდი დაიზილა წყლით, - თუ გინდა შენც იბანავე, - მიუბრუნდა მერმე ძაღლს.
ბიჭი ჩქერში შევიდა და დინებას ცურვით დაჰყვა. ასე ჩაუარა წისქვილებს, მტკვარზე გადმომდგარ ხის აივნიან სახლებს. აივნიდან წაბლისფერნაწნავებიანმა გოგომ დაუქნია ხელი და გაუცინა. გუშინაც ასე მოხდა. ბიჭს არ ეგონა, თუ დღესაც აქ იქნებოდა გოგო. უფრო სწორად, აღარ ახსოვდა, გადაავიწყდა და ახლა რომ დაინახა, გაახსენდა, გუშინაც აქ იდგა და ასევე უქნევდა ხელს.
თვითონაც დაუქნია ხელი გოგოს. მერმე, რომ ეჩვენებინა, თუ რა მაგრად ცურავდა, ამოტრიალდა, ფეხები ჰაერში აიქნია და თევზივით გაუჩინარდა წყალში. როდესაც ამოყურყუმალავდა, აივანი უკვე შორს იყო და ნაწნავებიანი გოგო გარკვევით აღარ ჩანდა.
ბიჭმა ნაპირისაკენ მოუსვა და ახლაღა დაინახა ნაგაზი. თურმე ნაპირ-ნაპირ მოსდევდა. ნაპირზე ამოვიდა, ძაღლს გაუღიმა.
- ცურვა აღარ შეიძლება, ყინულივით ცივი წყალია, - ბიჭს უნდოდა ნაგაზისათვის თავზე გადაესვა ხელი, მაგრამ ძაღლმა არ მიიკარა, განზე გაუხტა, - არ მენდობი? კარგი, ასე იყოს... ისე კი, იცოდე, მე უფრო სანდო ვარ, ვიდრე შენა გგონია.
ბიჭს ტანზე ხორკლები დააყარა, სხეული გაულურჯდა.
- წამოდი გავიქცეთ, - უთხრა ძაღლს და ადგილიდან მოწყდა.
ძაღლი სირბილით დაედევნა. ბიჭს გაღმა უნდოდა გახედვა, ნეტავი ისევ თუ დგასო აივანზე ნაწნავებიანი გოგო, მაგრამ თვალი რიყეზე მომავალმა ბიჭებმა მოსტაცეს. იცნო, ვინც იყვნან. გული შიშისაგან გადაუქანდა.
მეტოქეები ნაპირზე დაყრილ ტანისამოსისაკენ ჩქარი ნაბიჯით მიდიოდნენ. რაღა თქმა უნდოდა, ტანისამოსს წაიღებდნენ ან მტკვარში გადაუძახებდნენ.
ბიჭი ჯერ შეჩერდა, ერთ ადგილზე გაშეშდა, მერმე სიცივისაგან თუ შიშისაგან აკანკალებულმა გაუბედავად გადადგა ნაბიჯი. გარკვევით ხედავდა, როგორ უახლოვდებოდნენ რიყეზე დაყრილ ტანისამოსს ბიჭები. ჭორფლიანმა ფეხი წამოჰკრა ჩანთას. ცოტა დააკლდა, ჩანთამ კინაღამ წყალში მოადინა ტყაპანი. ახლა ტანისამოსი მოისროლეს განზე.
ბიჭმა ვეღარ მოითმინა და ყვირილით გაქანდა, მაგრამ მეტოქეებთან ახლო მისვლა მაინც ვერ გაბედა, შორიდან დაუყვირა:
- ხელი არ ახლოთ, ჩემია.
- შენიაა? მერე რაა, რომ შენია... - გაეპასუხა პუპუზა.
- გინდა წყალში გადაგიყაროთ? - შეეკითხა ყველაზე მაღალი.
ბიჭი სწრაფად გაიქცა წინ, თავის ტანისამოსს ხელი დასტაცა, მერმე ჩანთისაკენ დაიხარა. ბიჭმა ჩანთის აღება ვერ მოასწრო, ოთხივე ერთად დაესხა თავს. წააქციეს, ტანისამოსი ხელიდან გამოგლიჯეს.
ძაღლის ღრენამ გამოარკვია ბიჭები. შემკრთალნი უცებ მობრუნდნენ. მათ წინ ვეებერთელა მურა ნაგაზი იჯდა და იღრინებოდა. ბიჭებს ფითრმა გადაჰკრა სახეზე. შეშინებული ერთმანეთს მიეკრვნენ და ცივად გაუშვეს ტანისამოსს ხელი. ნაგაზი იღრინებოდა.
წაქცეული, შეცივებული ბიჭი წამოდგა, მაშინვე წაჰყო შარვალში ფეხები და ხალათი გადაიცვა. გაბრწყინებული, თითქოს შიგნიდან განათებული თვალებით შესცქეროდა ძაღლს, რიყის ქვებშორის მონახა ფეხსაცმელები და ბიჭებს მიუბრუნდა:
- ახლა?
ბიჭები არ იძროდნენ, სარგადაყლაპულებივით იდგნენ, შიშითა და ძრწოლვით უმზერდნენ აღრენილ ნაგაზს. მეტოქეებმა ბიჭს გადახედეს უსაზღვრო მოკრძალებით, რომელშიც ვედრებისა თუ მუდარის საკმაოდ დიდი წილი ერია, მაგრამ ბიჭი შურისძიებაზე არ ფიქრობდა, ის კმაყოფილი იყო იმითაც, რომ ტანისამოსი დაიბრუნა. თანაც იგრძნო, თუ ნაგაზი გვერდით ეყოლებოდა, ეს ღონიერი და მოჩხუბარი ბიჭები ვერაფერს დააკლებდნენ.
- წავიდეთ, - უთხრა ძაღლს.
ნაგაზი მორჩილად გაჰყვა.
ბიჭს უკან არ მოუხედავს, ისე გაიარა რიყე. არ იცოდა, მეტოქეებიც წამოვიდნენ, თუ იქვე დარჩნენ. თუმცა ახლა მისთვის სულერთი იყო, ვერც უკანიდან მოპარვით, ვერც წინ დახვედრით ვერაფერს დააკლებდნენ მტრები. ამიტომ მოდიოდა ასე ამაყად. ხანდახან ნაგაზს გადახედავდა. დიდი შავი თვალებიდან შუქივით იღვრებოდა მადლიერება. ასე გაიარეს ვიწრო ქუჩა. ეზოს ფინიებმა დაუპირეს თავდასხმა, მაგრამ ნაგაზი ის აღარ იყო, რაც წეღან ნახა. მძიმედ მოძუნძულებდა ბიჭის გვერდით, ფინიებს ღრენით იცილებდა. ერთს კინაღამ პირი წაატანა. უნდა გენახათ, როგორი წკავწკავით გავარდა საწყალი ფინია და ეზოს შეეფარა.
ბიჭი თავის სახლს რომ მიუახლოვდა, დაფიქრდა. „ახლა რა ვუყო ამ ძაღლს? შინ ვერ მივიყვან, ვერც აქ დავტოვებ. გარეთ რომ დავტოვო, დაიკარგება“. ბიჭი საგონებელში ჩავარდა, არ იცოდა, რა ექნა, რა მოეხერხებინა ძაღლისათვის.
- ახლა რა გიყო, - მოუბრუნდა ბიჭი ძაღლს, - ეზოში რომ შეგიყვანო, მეზობლები გაგიჟდებიან. მაინც რამხელა ხარ, შე ოხერო, ცოტა პატარა რომ იყო, კიდევ მესმის, ამოდენა სად მიგიყვანო?
ნაგაზმა ნაღვლიანი თვალებით ახედა ბიჭს, მერმე თავი დახარა და ძუნძულით წაჰყვა. ჭიშკართან შეჩერდნენ. ბიჭმა ეზოში შეიჭყიტა. მეზობლის მოხუც ქალს ონკანი მოეშვა და სარეცხს წყალში ავლებდა. ჭრელი კატა დაბალი აივნის მოაჯირზე ნებივრად თვლემდა.
ეზო პატარა და მყუდრო იყო, რიყის ქვით მოკირწყლული, შუშაბანდებითა და აივნებით შემოზღუდული. მეზობლები ნახევარ ცხოვრებას ეზოში ატარებდნენ, აქ ჭორავდნენ და ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს, აქ თამაშობდნენ ნარდს და ისვენებდნენ. ბიჭი გრძნობდა, ნაგაზის მოყვანა მეზობლებს ააფორიაქებდა. ეს რამდენიმე ხანი ეზოში სიმშვიდე იყო ჩამოვარდნილი და ამდენ სიმშვიდესა და მყუდროებას ვეღარ გაუძლებდნენ. ნამდვილად აჯანყდებოდნენ, გადმოდგებოდნენ აივანზე და ატყდებოდა ერთი აყალმაყალი.
„პატარა მაინც იყოს, - გაიმეორა ფიქრში ბიჭმა, - უბეში დაგმალავდი და ისე შეგიყვანდი“.
ძაღლმაც შეიხედა ეზოში და იქაურობა მიმოათვალიერა. ბიჭის ფეხებთან დაწვა, წინა თათები გადააჯვარედინა და ზედ თავი ჩამოდო.
- არ მოგეწონა? - შეეკითხა ბიჭი, ეზო მაინც იყოს დიდი... აქ მომიცადე, ერთს მივიხედ-მოვიხედავ და დავბრუნდები.
ბიჭი ეზოში შევიდა. ნაგაზი მაშინვე წამოდგა და შეჰყვა.
- ერიჰაა! - წამოიძახა ბიჭმა, - ასე არაფერი გამოვა... კუდში სადამდე უნდა მდიო? - მერმე დაფიქრდა და უთხრა, - იცი რა, იქნებ უკეთესია დავშორდეთ, შენ შენი გზით წადი, მე ჩემი გზით წავალ. შენი დიდი მადლობელი ვარ... არც შენ უნდა იყო ჩემით უკმაყოფილო.
ნაგაზი ადგილიდან არ იძვროდა. ბიჭის მოძრაობას უყურებდა. ბიჭი წავიდოდა, თვითონაც გაჰყვებოდა, დადგებოდა ბიჭი - ძაღლიც გაჩერდებოდა.
ეზოში ძია თედო შემოვიდა, ბუზღუნა ბერიკაცი. ქათმებსა და კატებს ვერ იტანდა, სულ ეჩხუბებოდა მეზობლებს, ეზოს სვრიან და აბინძურებენო. მეზობლებთან ჩხუბს არ ყაბულობდა, სადღაც დადიოდა, განცხადებებს წერდა, უჩიოდა.
ბიჭმა დაინახა ძია თედო და აიწურა.
- ვინ მოათრია ნაგაზი? - შემოსვლისთანავე იკითხა ბერიკაცმა.
- რა ვიცი შემომყვა.
- გასწი აქედან, შე სამგლე, შენა, - ბერიკაცმა ნაგაზს ჯოხი მოუქნია და ქუჩაში გააგდო. ბიჭმა ქუჩისაკენ გახედვა ვერც კი გაბედა. უკანმიუხედავად გადასჭრა ეზო და შუშაბანდის კარი შეაღო.
ჩანთა შუშაბანდშივე მიაგდო ტახტზე და ოთახში შეიჭვრიტა.
- მოხვედი შვილო? - შეეკითხა დედა.
- ჰო, მოვედი.
- რატომ დაგაგვიანდა?
- რა ვიცი, ნელა მოვდიოდი.
- დაჯექი ისადილე.
ბიჭი ფანჯარასთან დაჯდა. ფარდა გადასწია და ცალი თვალი ჭიშკრისკენ გააპარა. ძაღლი არსად ჩანდა.
„ალბათ, წავიდა, - გაიფიქრა, - წავიდოდა, მა რას იზამდა...“ თან გული დასწყდა, ქუჩაში რომ მიატოვა გზააბნეული, უპატრონო ძაღლი.
დედამ საჭმელი გამოუტანა შვილს და წინ დაულაგა.
- აკი ნელა მოვდიოდიო? თმა სულ სველი გაქვს... გირბენია.
- ცოტა ვირბინე.
ბიჭი უხალისოდ შეუდგა ჭამას.
„ახლა ფინიები ისევ დაჩაგრავენ... ეგ არაფერი, იმ ქოფაკმა თუ დაიჭირა და გალიაში ჩაამწყვდია, მაშინ ნახე... მაინც რამხელაა!.. ძალიან დიდია!“ ბიჭმა ისევ გააპარა მზერა ჭიშკრისაკენ. რამდენიმე ეტლმა ჩაიქროლა, ფორნებმაც ჩაიხრიგინეს... ხალხი მიდი-მოდიოდა.
მურა ნაგაზი აღარსად ჩანდა.
ბიჭს ლუკმა აღარ გადასდიოდა ყელში. ცხელი კერძის წვენი მიაშველა, მაინც ვერ გადაიტანა ლუკმა.
- რა მოგივიდა, ცუდად ხომ არა ხარ? - ჰკითხა დედამ.
- არა.
- დაღლილი ჩანხარ... საჭმელს ვეღარ ერევი.
„ნეტავი არ გამეშვა. სარდაფში დავამწყვდევდი და მეყოლებოდა... სად უნდა იხეტიალოს იმ საწყალმა.“ ბიჭმა მოათავა სადილი. პურის ნატეხი ჯიბისკენ გააცურა და გარეთ გავარდა. ჭიშკრისაკენ აიღო გეზი.
ნაგაზი ჭიშკართან იწვა, გადაჯვარედინებულ თათებზე თავი ჩამოედო და ქუჩას მოწყენილი გასცქეროდა. ბიჭის გამოჩენისთანავე წამოხტა. თვალები აუნაპერწკლიანდა და კუდის ქნევას მოჰყვა. ბიჭმა ჯიბიდან პურის ნაჭერი ამოაცოცა.
- გშია, შე საწყალო, ეს ციცქნა პური რას გიშველის?!
2
ბიჭი არ შემცდარა. თუმცა მაინც არ ეგონა, თუ ასეთ აყალმაყალს გამოიწვევდა ძაღლის შემოძვანა ეზოში.
ეზოს მყუდროება დაირღვა.
ყველა დაჟინებით მოითხოვდა ძაღლის გაძევებას. მიზეზი ერთი ჰქონდათ - ეზო პატარაა, ჩვენც ძლივს ვეტევითო...
ამოდენა ნაგაზი აქ თუ შემოიძვანეთ, ჩვენ უნდა გავსახლდეთო...
მაგრამ ბიჭმა ნაგაზი თავის სარდაფში შეამწყვდია და კარი გარედან ჩაუკეტა - რაზას ბოქლომი დაადო. ეზო მაინც არ ცხრებოდა, ყაყანებდა, ზრიალებდა, გაცხარებული იქნევდა ხელებს, ისევ ძაძანებდა. ასე გაგრძელდა დაღამებამდე.
დედის მუდარამაც არ გასჭრა. ბიჭი ჯიუტად იმეორებდა ერთი და იგივეს:
- ძაღლი ჩემია... ჩემი ძაღლი არავის შეაწუხებს... მე მოვუვლი.
ნაგაზი თითქოს გრძნობდა, რომ ეს აურზაური მის გამო იყო ატეხილი, სარდაფიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ალბათ შეშინებული თავისთვის იწვა ძველ ჩვრებზე და ხმას არ იღებდა. საღამოს ბიჭმა მოაკითხა. ჯამით სალაფავი დაუდგა და კმაყოფილი დასცქეროდა.
- რა გქვია? - ისე ჰკითხა, თითქოს ძაღლს პასუხის გაცემა შეეძლო, - შეიძლება ყურშა გქვია, ან მურა, ყურები წაუჭრიათ და უფრო მურა გერქმევა. მურა... არა უშავს, კარგი სახელია, შეგეფერება. თანაც მურა ხარ, ცხვირ-პირიც გამურულივითა გაქვს.
ნაგაზს ბიჭის ლაპარაკისთვის არ ეცალა, გამწარებული თქვლეფდა სალაფავს.
- მამაშენსაც მურა ერქმეოდა, პაპაშენსაც... თქვენ ყველანი მურიები იქნებოდით... ასე ხდება ხანდახან... პაპაჩემსაც გიორგი ერქვა, მამაჩემსაც... მე ჯერ გია მქვია... გავიზრდები და მეც გიორგი მერქმევა... შენ კი ნამდვილი მურა ხარ, პირწავარდნილი მურა... ახლა ღამე მშვიდობისა... წავედი... ხმა არ გამაგონო, ხომ ნახე, შენი გულისთვის რა ამბავი ატყდა...
მეორე დღეს, სკოლაში წასვლისას, გამოიყვანა ნაგაზი და გზას გაუდგა...
ქუჩაში მიდიოდა პატარა, შავგვრემანი ბიჭი, რომელსაც გვერდით მურა ნაგაზი მიჰყვებოდა. ქუჩის კუთხეში ისევ დახვდნენ ოთხნი, მაგრამ იმ ოთხთაგან ვერც ერთმა ვერ გაბედა გზის გადაღობვა. ბიჭმა მათ წინ ჩაუარა. ზედაც არ შეუხედავს, ისე ჩაუარა, თითქოს იქ არც მდგარიყვნან, იქ კი არა, თითქოს ქვეყანაზე არც არსებობდნენ.
ბიჭებმა ბოღმით სავსე შურიანი თვალები გააყოლეს მიმავალს, ვერაფერი უთხრეს, ანდა რა უნდა ეთქვათ, როცა ასეთი ნაგაზი მოჰყვებოდა გვერდით.
ძაღლი სკოლის ეზოში უცდიდა ბიჭს. ბიჭი ყოველ დასვენებაზე ჩამორბოდა დაბლა ძაღლის სანახავად, დიდ დასვენებაზე თავის ულუფას ჩამოუტანდა, შუაზე ყოფდა, ნახევარს ნაგაზს აჭმევდა, ნახევარს კი თვითონ მიირთმევდა.
ასე გავიდა რამდენიმე დღე...
ერთხელ, დიდ დასვენებაზე, ეზოში ჩამოირბინა ბიჭმა, ძაღლი, სადაც ეგულებოდა, იქ აღარ დახვდა. ეზოს ყველა კუნჭული დაირბინა, მაინც ვერ მონახა, ვიღაცამ უთხრა: მეეზოვემ თუ სკოლის დარაჯმა გააგდოო.
ბიჭი ქუჩაში გავარდა. ნაგაზი იქვე იჯდა შემკრთალი, თვალებს ფეთიანივით აცეცებდა...
- აბა, რა გიყო, - უთხრა ბიჭმა, - არსად არ გაჩერებენ... ჯერ ეს შეჭამე და მერე მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ, - პური შუაზე გატეხა და ნახევარი ძაღლს გადაუგდო.
ორივენი მადიანად შეექცეოდნენ თავთავიანთ ულუფას.
- ისევ შინ უნდა წაგიყვანო... გარეთ ვერ დაგტოვებ... ან დაიკარგები, ან ვინმე დაგიჭერს... აქ მომიცადე, ჩანთას ჩამოვიტან... ხვალ რა თქმა უნდა, სკოლიდან გაპარვისთვის მომხვდება, მაგრამ რა ვქნა, გარეთ ვერ დაგტოვებ.
ბიჭი და ძაღლი ისევ ერთად გაუდგნენ გზას შინისაკენ.
- დედამ მითხრა შენზე მწყემსებისა იქნებაო. ალბათ ცხვრის ფარამ გაიარა ქალაქში და მაგ საწყალს გზა დაებნაო... ისე, ქალაქში რომ არ გიცხოვრია, გეტყობა... დაფეთებული დადიხარ, თანაც არავინ არ გიცნობს...
ძაღლი ძუნძულით მიჰყვებოდა ახლად შეძენილ პატრონს. სახე ადამიანივით ფიქრიანი და დაღვრემილი ჰქონდა. თითქოს ბიჭის ნათქვამმა იალაღებზე გაშლილი ცხვრის ფარა გაახსენა და ნაღველი მოერია. ვინ იცის, იქნებ უცხო ქალაქში ასე უპატრონოდ დარჩენილს, მართლა აგონდებოდა მთები. მართლა დარდობდა, წუხდა და ამ პატარა, შავგვრემანი ბიჭის გარდა ვერვინ გაუგო, არავინ გაიზიარა მისი ძაღლური სევდა.
კარგა ხანს უხმოდ იარეს. ბიჭს კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ არ უთხრა, დუმილი არჩია. ისე კი სათქმელი ბევრი ჰქონდა. თუნდაც ის ამბავი, ოთხი ბიჭი რომ ხვდებოდა თითქმის ყოველდღე ქუჩის კუთხეში. ორი წელი ისე დადიოდა სკოლაში, ზედმეტი სიტყვა არავის გაუცია, წელს კი ეს ბიჭები გამოტყვრნენ საიდანღაც. ჯერ ერთი იყო, აი, ის, ჭორფლიანი, სწორედ ამ კუთხეში შემთხვევით შეეფეთა. ახედ-დახედეს ერთმანეთს. ჭორფლიანს, როგორც ეტყობა, არ მოეწონა და ჰკითხა:
- რა გქვია?
ბიჭმა უპასუხა. მერმე თავის მხრით შეეკითხა:
- შენა?.. შენ რა გქვია?
- გაიარე!
ბიჭს წასვლა უნდოდა და რატომღაც ვერ წავიდა. უფრო იმიტომ, რომ ჭორფლიანის პასუხი გაუკვირდა.
- თუ გინდა, ერთს მიგბერტყავ.
ვერც ეს გაიგო ბიჭმა, რატომ უპირებდა ჭორფლიანი მიბერტყვას და სწორედ იმის გამო, რომ ვერ გაიგო, ერთი წუთის შემდეგ ორივენი ქუჩის მტვერში გორაობდნენ, ერთმანეთს ურტყამდნენ, კბენდნენ, ფხაჭნიდნენ კატებივით. ბიჭს ტანისამოსი მტვერში და ჭუჭყში ამოესვარა, შემოეფლითა. ასე ხომ ვერ წავიდოდა სკოლაში, ტირილ-ტირილით დაბრუნდა შინ.
მეორე დღეს ერთის ნაცვლად ოთხი დახვდა.
ეს უნდოდა ეამბნა ნაგაზისათვის და თავი შეიკავა, ასე უცებ ყველაფრის თქმა რა საჭიროაო, სხვა დროსაც მოვესწრებიო. ბიჭს თავისი ფიქრი აწუხებდა, ნაგაზს - თავისი...
ქუჩის კუთხეს რომ მიუახლოვდნენ, ბიჭმა ოთხივე მეტოქე დალანდა. ისევ იქ იდგნენ, კედელზე აყუდებულნი. მათ ფეხებთან მგლისფერი ძაღლი იწვა, ცხვირწაწვეტებული, ყურებდაცქვეტილი.
მეტოქეებმა თავის მხრიდანაც შენიშნეს სკოლიდან მომავალი ბიჭი და ნაგაზი. რაღაც გადაულაპარკეს ერთმანეთს. ფეხებთან წამოწოლილი მგლისფერი ძაღლი წამოახტუნეს და გზაზე გამომწვევად დადგნენ. ძაღლი დაწოლილი გაცილებით პატარა ჩანდა. ეს იყო ღონიერი, გალაღებული, განებივრებული ნაგაზი. ბიჭს შეეშინდა. შემკრთალმა დახედა თავის ძაღლს, რომელიც თავჩაქინდრული, მოწყენილი მიძუნძულებდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა ხიფათი ელოდა წინ.
სკოლიდან დაბრუნებულებს ათიოდე ნაბიჯზე გზა გადაუღობეს.
ბიჭმა შიშით უკან დაიხია. მურა ნაგაზმა ჯერ გაკვირვებით მოხედა ბიჭს, შეჩერდა, მერმე წინ გაიხედა. უცებ ბეწვი აეშალა, ჯაგარივით დაუდგა ყალყზე. წინიდან მგლისფერი ძაღლი უახლოვდებოდა ღრენით. ნესტოები აუთრთოლდა, თვითონაც შეუღრინა, თეთრი, ელვარე კბილები გამოაჩინა.
ძაღლებმა ერთმანეთს შემოუარეს, წრე შეკრეს. ფრთხილად დაყნოსეს ერთმანეთი.
ღრენა გაძლიერდა.
მგლისფერმა შეუყეფა და ყელში ეცა. ბიჭმა თვალებზე აიფარა ხელი. მას ესმოდა, როგორ იბრძოდნენ ძაღლები, როგორ ფლეთდნენ ერთმანეთს.
ღრენა...
ყეფა...
ღავღავი...
ისევ ღრენა, ისევ ყეფა...
ბიჭმა თვალები გაახილა, ხელი სახიდან მოიშორა. მტვრის კორიანტელი იდგა და ვერ გაარჩია, რომელი ძაღლი იყო ზევით და რომელი - ქვევით. ერთმანეთში გადახლართულები იბრძოდნენ. გორაობდნენ, კბენდნენ, ერთმანეთს ათრევდნენ.
მეტოქეები თავის ფალავანს აქეზებდნენ, ათასგვარი შეძახილებით ამხნევებდნენ. ერთმანეთში ჩახლართული ძაღლების გარშემო ყიჟინით დარბოდნენ.
სეირის მოყვარული ხალხიც მაშინვე მოგროვილიყო. ყველა მგლისფერ ძაღლს აქეზებდა. მურა ნაგაზი მარტო იბრძოდა.
„ჩემი ჯობნის, - გაიფიქრა წამით ბიჭმა, - ამიტომ აქეზებენ მგლისფერს... ჩემი ჯობნის...“
ბეწვის დიდი გორგალი ტრიალებდა ქუჩის მტვერში, თან უცნაურ, რაღაც განწირულ ხმებს გამოსცემდა, ამ ხმებს სეირის მოყვარულთა ღრიანცელი ერთვოდა.
ქუჩა ბუბუნებდა.
ბიჭი გაფითრებული იდგა. გული ელეოდა, ძლივს სუნთქავდა. მზად იყო ძაღლების შუა ჩავარდნილიყო და გაეშველებინა. მტვერში მურა ნაგაზი ამოიზარდა. ერთი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. მტვერი დაცხრა, დაიწმინდა. მგლისფერი მიწაზე ეგდო და არ ინძრეოდა. მურა ნაგაზს ყურში ჩაევლო პირი, წინა თათებით თავსა და მხარზე აწვებოდა.
- გააშველეთ, მოკლავს, - დაიძახა ვიღაცამ.
- გააშველეთ.
- წყალი დაასხით.
- მუკო მოდის!.. ეგ არის ძაღლების უსტაბაში!
- მუკო მოდის.
ბიჭმა შორიდან გალიაშემოდგმული ფორანი დაინახა და მიხვდა, ვინც იყო მუკო. სწრაფად მივარდა ძაღლს.
ძაღლმა შეუღრინა. ბიჭი განზე გახტა. ხალხმა სიცილი დააყარა. ბიჭი მაინც არ მოეშვა ძაღლს.
- გავიქცეთ, - დაუყვირა, - მუკო მოდის და დაგიჭერს.
მურა ნაგაზმა პირი შეუშვა მგლისფერს, მაგრამ თათებით მაინც აწვებოდა და წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა.
- ჩქარა! - უყვიროდა ბიჭი, - ჩქარა, მუკო დაგიჭერს! - თან გასაქცევად იწვევდა.
მურა ნაგაზმა ირგვლივ მიმოიხედა. მოყაყანე ხალხი რომ დაინახა, თითქოს გონს მოეგო და შეშინდა კიდეც. მეტოქეს თავი მიანება, გაქცეულ ბიჭს გაეკიდა.
ბიჭი და ძაღლი ქუჩაში მირბოდნენ.
ბიჭმა ბორბლებისა და ცხენის ფლოქვების ხმა გაიგონა. უკან მოიხედა. ქვაფენილზე გახელებული ცხენები მოჰქროდნენ და თან გალიაშემოდგმულ ფორანს მოარახრახებდნენ. კოფოზე მუკო იჰდა. აღვირები მიეშვა და ჰაერში შოლტს იქნევდა.
ბიჭი და ძაღლი შეშინებულნი გარბოდნენ. გარბოდნენ მთელი ძალით. ბიჭი ფლოქვების თქარათქურით გრძნობდა, მუკო უახლოვდებოდათ.
ძაღლმა იგრძნო მოახლოებული საშიშროება, წინ გავარდა. ახლა ბიჭი უკან მისდევდა. დაინახა, როგორ შევარდა ნაგაზი ეზოში და როგორ მოეფარა თვალს.
ფორანი ჭიშკართან წამოეწია. ბიჭს სირბილი აღარ შეეძლო, ჩაიკეცა, წაიქცა. ამოიღლიავებული ჩანთა რამდენიმე ნაბიჯზე გასრიალდა წინ.
ფორანმა რახრახით ჩაუქროლა, მაგრამ იქვე შეჩერდა. ბიჭი მუხლებზე წამოდგა. ფორნიდან ჩამომხტარ მუკოს მიაშტერდა. მუკომ სალტიანი ბადე გადმოიღო და ბიჭისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით. ბიჭმა მელოტი თავი, შავი, წვრილი თვალები და დიდი ულვაშები დაინახა. ულვაშები, რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო იზრდებოდა, უსაშველოდ იზრდებოდა.
- ვისია ეგ ძაღლი? - ჰკითხა მოსვლისთანავე მუკომ.
ბიჭმა არაფერი უპასუხა.
- ჩემია!
- საიდან არის შენი, ვინ მოგცა?
- ჩემია!
- დღეიდან აღარ იქნება შენი!
- ჩემია! ჩემია!..
ბიჭს ცრემლი მოაწვა თვალებზე, აღრიალდა. სალტეს ჩაავლო ორივე ხელი და მუკოს ჭიშკარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.
- ხელი გაუშვი! - იყვირა მუკომ.
- ჩემია! ჩემია! ჩემია! - ღრიალებდა ბიჭი.
ხმაურზე მეზობლები გამოცვივდნენ ეზოში. ბიჭი ამ დღეში რომ დაინახეს, მუკოს მივარდნენ. ლანძღვა დაუწყეს. ბიჭი წამოაყენეს. მაგრამ, გაიგეს თუ არა რაშიც იყო საქმე, უკან დაიხიეს.
მეზობლებს შორის ბიჭის დედაც გამოჩნდა. გაოცებული ხან მუკოს შეხედავდა, ხან შვილს, რომელიც ჯერ ისევ ტიროდა, თან ბადის სალტეს ეჯაჯგურებოდა.
- რა მოხდა, რაშია საქმე? - იკითხა ფერშეცვლილმა, შემკრთალმა დედამ. - რა მოგივიდა, შვილო?
- ვისია ძაღლი? - მშვიდად იკითხა მუკომ.
- არ ვიცი, - უპასუხა დედამ, თან შვილის თავი მკერდზე მიიკრა, - ჩემმა ბიჭმა მოიყვანა.
- ძაღლი უპატრონო ყოფილა, - თქვა მუკომ.
- ალბათ უპატრონოა, - უპასუხა დედამ.
- ჩემია, ძაღლი ჩემია!
- ნომერი აქვს? - მშვიდად მიუბრუნდა მუკო ბიჭს, თანაც იერი გადაჰკრავდა ისეთი კაცისა, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცის.
- რა ნომერი? - გაოცდა ბიჭი. ცრემლი მტვრიანი მუჭით მოიწმინდა და სახეზე ტალახის ზოლები დააჩნდა.
- უპატრონოა და ნომერი საიდან ექნება! - თქვა მეზობელთაგან ვიღაცამ.
- რა თქმა უნდა, უპატრონოა! - დაუდასტურა მეორემ.
- ნომერი არ ჰქონია... - ერთი წუთით ჩაფიქრდა მუკო, - ძაღლი უნდა წავიყვანო.
- რა ნომერი? - ისევ იკითხა ბიჭმა.
- უნომრო ძაღლებს ქალაქში არ ვაჩერებთ... - მუკომ ეზოში შესვლა დააპირა, მაგრამ ბიჭი დედას დაუსხლტა და მუკოს აეფარა.
- ხვალვე ვუყიდი ნომერს, ძია... ძაღლი ჩემია.
- ნომერი არ იყიდება!
- მაშ, ვუშოვი.. ნუ წაიყვან, ძია, შენი ჭირიმე.
- ძაღლი ჩემი შვილისაა, დღეიდან ჩემი შვილისაა!.. - გულმა ვეღარ გაუძლო ბიჭის დედას და მუკოს შეუტია, - ახლავე წადი აქედან!
- თუ ნომერი არ ექნება წავიყვან... მაინც დავიჭერ. დღეს არა, ხვალ დავიჭერ! - მუკო ბუზღუნ-ბუზღუნით გაეშურა ფორნისაკენ.
მეზობლები უხმოდ დაიშალნენ. ეტყობოდათ, უკმაყოფილონი იყვნენ, საქმე რომ ასე დამთავრდა. ეს უკმაყოფილება ოთახებამდე ვეღარ მიიტანეს, აივნებზევე აყაყანდნენ. ზევიდან დამნაშავესავით დასცქეროდნენ ნაგაზს, რომელიც შეშინებული და მოკუნტული სარდაფის კართან იწვა. ძაღლმა ნამდვილად იგრძნო, რომ ეს აურზაური მის გამო იყო ატეხილი და ამიტომაც მიიკუნჭა ქვაფენილზე, დამნაშავის თვალებით უყურებდა ადამიანებს.
ბიჭი ნაგაზთან მივიდა და დახედა. ახლაღა შეამჩნია - დრუნჩი და კისერი მთლად გასისხლიანებული ჰქონდა. ჩაიკუზა და თავზე ხელი გადაუსვა. ძაღლი გაინაბა, თვალები მილულა, ზურგზე ბეწვი აღარ აჯაგრვია, არც დაუღრენია.
- ნუ გეშინია, - უთხრა ბიჭმა, - ხვალიდან ნომერი გექნება და ხელს ვერავინ გახლებს... იცი რა არის ნომერი? არა? არც მე ვიცი. არა უშავს, დედას ეცოდინება და ის გვაშოვნინებს.
ბიჭს დედამ დაუძახა. ბიჭი შინ დიდხანს არ დაყოვნებულა, საჭმელი გამოუტანა ნაგაზს და სარდაფის კარი გაუღო. სალაფავი ძაღლს დაუდგა, თვითონ ძველ კასრზე ჩამოჯდა.
- ჭამე, - შეახსენებდა ხოლმე ნაგაზს, რომელსაც მაინცდამაინც არ სჭირდებოდა შეხსენება, მაგრა კი იჩხუბე, არ მეგონა, თუ ასეთი ღონიერი იქნებოდი. თუმცა რა, შენ ალბათ მგლებთანაც გიჩხუბია... ისიც მაგარი იყო... კარგად გაგიძლო.
- ერთი ვნახოთ, ხვალ როგორ დაგვხვდებიან ბიჭები... შეიძლება ორი ძაღლი მოიყვანონ. შენ ისეთი ხარ, ორსაც მოერევი და სამსაც... ძალიან ღონიერი ხარ. ნახე, მეც ვიქნები ღონიერი... ძალიან მინდა ღონიერი ვიყო.
ძაღლმა ჯამი მოასუფთავა და თავის ფალას-ფულასზე მიწვა. ეტყობოდა, დაღლილი იყო, ფეხზე დგომის თავი აღარ ჰქონდა.
- იცი რა, ჩვენ კიდევ წავიდეთ საბანაოდ... რასაკვირველია, თუ არ აცივდა... გინდაც აცივდეს, მაინც წავიდეთ. იქ, გაღმა, აივანზე ნაწნავებიანი გოგო დგას ხოლმე. მე როცა ცურვით ჩავუვლი, ხელს მიქნევს, თუ წყალი ცივი იქნება, რიყიდან დავუქნიოთ ხელი... დაგვინახავს. გამოღმიდან ვანიშნებ, ის ბიჭი ვარ, ცურვით რომ ჩამოვივლიდი-მეთქი. გოგო მიხვდება, ვინცა ვარ და კიდევ დამიქნევს ხელს, შეიძლება გაიცინოს კიდეც... მაგრამ სიცილს ნაპირიდან ვერ გავიგონებთ, შორს ვიქნებით.
ბიჭს ისევ დაუძახა დედამ.
- ახლა დაიძინე, დაღლილი ხარ... საღამოს გინახულებ... იქნებ გავიაროთ კიდეც. მტკვრის პირას გაგატარებ.
ბიჭი მეორე დღეს სკოლაში არ წასულა. მთელი დღე ნომრისთვის სირბილს შეალია. ვინ იფიქრებდა, თუ ასე ძნელი იქნებოდა ნომრის შოვნა. ძაღლი ვეტერინარებმა გასინჯეს - ცოფიანი არ იყოსო. მერე სადღაც სხვაგან გაგზავნეს. იქაც დიდხანს იცადა. ბოლოს უთხრეს: მეზობლების თანხმობა მოგვიტანეო. ბიჭი გაფითრდა, სუნთქვა შეეკრა. ძლივს შეიკავა ცრემლები.
გულმოკლული დაბრუნდა შინ.
დედას შეეცოდა. თვითონვე ჩამოიარა მეზობლები და დიდი ხვეწნის შემდეგ თითქმის ყველა დაითანხმა.
დილაადრიანად გავარდა ბიჭი. თან მეზობლების მიერ ხელმოწერილი ქაღალდი წაიღო. ისევ ლოდინი დასჭირდა. დრო ნელა და დამქანცველად მიდიოდა. კედელთან ატუზული ბიჭი ხან ერთ ფეხს დაეყრდნობოდა, ხან მეორეს. იდგა, ელოდა, უსასრულოდ ელოდა. მაღალი კაცები მიდიოდნენ... ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ, საუბრობდნენ, პაპიროსს აბოლებდნენ. მერე დაიშლებოდნენ, ყველა თავის გზას მონახავდა. ბიჭი კი იდგა ასე ჯიუტად და ელოდა. ქუთუთოები დაუმძიმდა. თვლემა მოერია, თავი კედელს მიადო.
მტკვრის ნაპირი დაესიზმრა: ვითომ ნაგაზი ნაპირზე დატოვა და თვითონ ტალღებში შეცურდა. ტალღები ჩვეულებრივზე დიდი და თბილი იყო. ღონივრად აისროდა ბიჭს ზევით, მერმე დააქანებდა, დაქანებისას სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნო იყო, ხანდახან ყიჟინაც კი აღმოხდებოდა. წისქვილის უზარმაზარი ბორბლები ტრიალებდნენ და ტლაშუნის ნაცვლად საოცრად ტკბილ ბგერებს გამოსცემდნენ. მერმე ტალღებმა ნაცნობ აივნის წინ ჩაატარეს ბიჭი. მტკვარზე გადმოკიდულ აივანზე არავინ ჩანდა. ცარიელი იყო. უცებ მოაჯირს გადმოეყუდა შავულვაშიანი მელოტი კაცი, რომელსაც შავი, წვრილი თვალები ჰქნდა. მელოტ კაცს ულვაშები სწრაფად ეზრდებოდა, ნაწნავებივით ჩამოუგრძელდა. ულვაშის ბოლოები უკვე მდინარეს სწვდებოდა, ტალღა ხვდებოდა და აქანავებდა. ბიჭს შეეშინდა.., სწრაფად მიტრიალდა და ნაპირისაკენ მოუსვა. როგორც იყო, თვალი მოჰკრა ნაპირს, მაგრამ ნაპირზე ძაღლი აღარსად ჩანდა. მთელი ძალით უსვამდა მკლავებს, ტალღიდან ტალღაზე გადადიოდა, მაღლა ასროლილი ნაპირს გახედავდა. რიყეზე ქვები თითქოს გაზრდილიყვნენ, უზარმაზარ ლოდებად ქცეულიყვნენ.
- ბიჭიკო... ბიჭიკო...
ბიჭმა თვალები მოიფშვნიტა, მის წინ ვიღაცა ქალი იდგა..
- ვის უცდი? - ჰკითხა ქალმა.
ბიჭმა უთხრა, ვისაც უცდიდა.
ათი წუთის შემდეგ იგი უკვე სახლისკენ მირბოდა. გახარებული ისე მიჰქროდა, მიწაზე ფეხს არ აკარებდა. ხელში აბაზისოდენა, ერთგან გახვრეტილი თუნუქის მრგვალი ნაჭერი ეკავა. ეს იყო ნომერი. თუნუქზე აღბეჭდილი იყო გაურკვეველი ასოები და ციფრები.
ეს იყო უფლება. ნაგაზს ნება ჰქონდა დართული ქუჩებში თავისუფლად სიარულისა.
ძაღლი სარდაფში იყო დამწყვდეული. ბიჭი მივიდოდა, თავის ძველ ქამარს კოხტად მოარგებდა კისერზე და ზედ ამ მრგვალ თუნუქს დაჰკიდებდა.
ვერც მუკო, ვერც მეზობელი, ვერც სკოლის დარაჯი, ვერავინ ხელს ვერ ახლებდა ნაგაზს... უცებ გაახსენდა, ასეთი თუნუქი მგლისფერ ნაგაზსაც ეკიდა.
ბიჭი გარბოდა, ეზოს რომ მიუახლოვდა, შეჩერდა, სული მოითქვა. სახე მაინც უღიმოდა. ისე, თავისთვის იღიმებოდა, ქუჩის ბოლოში ოთხი ბიჭი, ოთხი მეტოქე დაინახა. მუშტით დაემუქრა, მაგრამ სახიდან ღიმილი მაინც არ მოშორებია.
ერთი რამ განსაკუთრებით ახარებდა, ქუჩაზე სიმყუდროვე და სიმშვიდე სუფევდა. ყველაფერი დაწყნარდა, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა ყოფილიყო...
ეზოში შევარდა, იქაც სიმშვიდე დახვდა. მყუდროება...
უცებ, თითქოს კეფაში დაჰკრეს, თვალთ დაუბნელდა.
სარდაფის კარი ღია იყო, კარგად ახსოვდა - დაკეტილი დატოვა, ახლა კი სარდაფის კარი ღია იყო.
ფრთხილად მივიდა, თითქოს ეპარებაო, ღია კარის წინ დადგა. სარდაფიდან სიცარიელემ გამოიხედა, ბნელმა და ნესტიანმა.
ბიჭს მუხლები მოეკვეთა. ქვაფენილზე პირქვე დაეცა და აქვითინდა. მეზობლები აივნებზე გადმოდგნენ. დედა, როგორც ჩანდა, შინ არ იყო, არ გამოჩენილა.
ვიღაც მოვიდა ბიჭთან, წამოაყენა.
სად არის ჩემი ძაღლი? იკითხა ბიჭმა გაბზარული ხმით.
პასუხი არვინ გასცა.
ბიჭი მხარზე ვიღაცის ცივსა და მძიმე ხელს გრძნობდა, არც შეუხედავს, ვისი იყო.
- სად არის ჩემი ძაღლი? - კვლავ იკითხა უმისამართოდ. მზერა აივნებს მიაპყრო. მეზობლები უხმოდ გაბრუნდნენ, არავინ უთხრა, რა იქნა ძაღლი.
ბიჭი ჭიშკრისკენ გაიქცა.
ქუჩაში ოთხი ბიჭი შეეფეთა, ოთხი მეტოქე. მეტოქეები დამცინავად იღიმებოდნენ, მაგრამ ბიჭს რომ შეხედეს, უცებ ნირი წაუხდათ.
- რა იქნა ჩემი ძაღლი? - ახლა იმათ შეეკითხა განრისხებული ბიჭი. ბიჭებმა უკან დაიხიეს.
- რა იქნა?!
- მუკომ წაიყვანა... - ჩურჩულით თქვა ჭორფლიანმა.
- თქვენ მოიყვანდით... თქვენ გაუღებდით კარს.
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. მერმე შემკრთალი მზერა ბიჭს მიაპყრეს. ბიჭმა ორ მეტოქეს ხელები მკერდში აძგერა. ორივე კედელს მიეხეთქა და იქვე ჩაიკეცა. მერმე დანარჩენებს მიუბრუნდა, მაგრამ მათ უკვე გაქცევა მოესწროთ. მხდლურად, ლაჩრულად გარბოდნენ დამფრთხალები. ბიჭმა წაქცეულ მეტოქეებს ზიზღით დახედა და გაშორდა.
ბიჭი მარტო მიდიოდა...
მამაკაცური, დიდი ნაბიჯებით მიდიოდა პატარა, შავგვრემანი ბიჭი, რომელსაც მაგრად ჩაებღუჯა ხელში თუნუქის მრგვალი ნაჭერი...
![]() |
9.1 დავალებები |
▲ზევით დაბრუნება |
1. ტექსტში მოძებნე და ამოიწერე ის მონაკვეთები, სადაც მოცემულია ბიჭისა და მუკოს პორტრეტები.
2. აღწერე წერილობით ბიჭის ურთიერთსაპირისპირო განცდები ეზოში შესვლის წინ.
3. დაწერე მოთხრობის გაგრძელება.
4. აღწერე შემთხვევა, როდესაც კანონის უცოდინრობამ მოგაყენა ზიანი, ან პირიქით, კანონის ცოდნა დაგეხმარა.
![]() |
10 შოთა ნიშნიანიძე. „ბალადა* პროფესორ ჟორდანიას გმირობაზე“ |
▲ზევით დაბრუნება |
1.
მკერდშენგრეული ბოინგი* მკვდარ ვეშაპივით ტოკავს,
ზღვა თავზე წაუხურია, როგორც კეისარს* ტოგა*
ჯგლეთა*... ყვირილი... ჩოჩქოლი... და განწირულთა შიში
ჯერ კიდევ აუფეთქებელ ნაღმის წააგავს შიშინს.
ისვრის შტურმანი* ბრძანებებს...
მაშველ რგოლივით ისვრის,
ჟილეტს იცვამენ... ძებნა აქვთ სკამის ნატეხის... ფიცრის.
კარს აწყდებიან ზრიალით... ზღვაც იფოფრება სამტროდ,
ამ ცოდვის ორომტრიალში ძაღლი ვერ იცნობს პატრონს.
და როცა მთლად შეიშალნენ მოსალოდნელი საფრთხით,
ბავშვის ტირილი გაისმა, როგორც ჭყლოპინი ბარტყის.
უბილეთოა გოგონა... და უპირველეს ყოვლის
არც ჟილეტი აქვს საბრალოს და არც მაშველი რგოლი.
ვიღაცამ რგოლი მოიხსნა... თავი გადადო მსხვერპლად...
და იმ წამს შარავანდედი* საკუთარ ხელით ეპყრა.
2.
„დედაენით“ გაზარდეს, მეგრულ იავნანურით,
ავთანდილის ანდერძით, ცოტნეს ცხენის თქარუნით.
საწყალ ხარის ტირილით, ჩიორას სიბრალულით,
მაგრამ პირველ ყოვლისა, ბავშვების სიყვარულით
ფრთებს ისხამენ ქართული ჯეჯილ-სალამურები,
მგლის ლეკვები ქართული, ქართული ამურები*.
3.
თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, ო, დიდი ერის, მისის*,
ქვეყანამ იცის ამიტომ დიდებულება მისი.
თქვენ დიდი ქვეყნის შვილი ხართ, მაგრამ იცოდეთ, ბარემ,
არის პატარა კოლხეთიც დიდთა რაინდთა მხარე.
მისის, თქვენ უკვე გათხოვდით, თქვენ უკვე გქვიათ დედა,
ბედნიერი ხართ, ძვირფასო, ბედნიერი ხართ მეტად,
და ვინც სიცოცხლე გაჩუქათ, თუ გაგონდებათ ნეტა?
თქვენ გესიზმრებათ ის კაცი და ვერც ივიწყებთ რადგან
მაშველი რგოლი იმ სულმნათს* შარავანდედად ადგას.
მობრძანდით, როგორც შვილობილს,
ისე მიგიღებთ მისის,
მობრძანდით, ძველი ერი ვართ,
ვის როგორ დავხვდეთ ვიცით,
გვიყვარს მზე, მთვარეც ქართული, მაგრამ ორივე მგონი,
ცად გვიკიდია სტუმრისთვის, როგორც მაშველი რგოლი.
____________________
ბალადა - (ფრანგ.) მცირე ზომის სტროფული ლექსი ზღაპრული, ლეგენდარული ან ისტორიული შინაარსისა
ბოინგი - თვითმფრინავის ნაირსახეობა
კეისარი - ძველი რომის იმპერატორების ტიტული
ტოგა - (ლათ.) ძველი რომის მოქალაქეთა ზედა ტანსაცმელი - გრძელი თეთრი წამოსასხამი
ჯგლეთა - ბევრი ადამიანის ერთად, მჭიდროდ ყოფნა
შტურმანი - (ჰოლანდ.) გემის, წყალქვეშა ნავის, თვითმფრინავის და მისთანების ტარების სპეციალისტი
შარავანდედი - სხივი, შუქი, ბრწყინვალება
ამური - (ფრანგ.) მითოლოგიაში სიყვარულის ღმერთი, წარმოდგენილი ჰყავდათ მშვილდისრიანი ფრთოსანი ყმაწვილის სახით
მისის - ინგლისურენოვან ქვეყნებში გათხოვილი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა
სულმნათი - ამბობენ გარდაცვლილი ადამიანის ხსენებისას მისდამი პატივისცემის გამოსახატავად
![]() |
10.1 დავალებები |
▲ზევით დაბრუნება |
1. სწორი თანმიმდევრობით ამოიწერეთ ის წინადადებები, რომლებიც ასახავენ პირველი ნაწილის შინაარსს.
1. ალმოდებული თვითმფრინავი ჩავარდა ოკეანეში.
2. გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც იცოდა ცურვა.
3. პროფესორი დაიხრჩო, ვინაიდან არ იცოდა ცურვა.
4. მგზავრები ერთმანეთს გზას უთმობდნენ და თითო-თითო ხტებოდნენ წყალში.
5. პროფესორმა მოიხსნა მაშველი რგოლი და მისცა გოგონას.
6. კარებთან ჭედვა იყო.
7. პატარა გოგონას არ ჰქონდა ჟილეტი, რადგან ის უბილეთო იყო.
8. მგზავრებს ჰქონდათ მაშველი რგოლები და ჟილეტები.
9. გოგონა გაიზარდა და თვითონ გახდა დედა.
2. ისწავლე ზეპირად პირველი ნაწილის ბოლო 6 სტრიქონი.
3. დაფიქრდი და გაეცი პასუხი, ვის საქციელს გაგონებს ჟორდანიას მიერ ჩადენილი გმირობა.
![]() |
11 ზოგი რამ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს 4 კონვენციისა და 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ჟენევის 4 კონვენცია და 2 დამატებითი ოქმი ის საერთაშორისო წესებია, რომლებიც უნდა დაიცვან მებრძოლმა მხარეებმა შეიარაღებული კონფლიქტის დროს. სახელმწიფოთა დიდ უმრავლესობას, მათ შორის საქართველოსაც, მოწერილი აქვს მასზე ხელი, რაც ავალდებულებს მათ (სახელმწიფოებს) ამ წესების დაცვას. აი რა იგულისხმება მათ დაცვაში:
აუცილებელია სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დაჭრილი და ავადმყოფი ჯარისკაცისათვის, რომელ მხარესაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი.
ხელშეუხებლები არიან ექიმები, მედდები, სანიტრები, აგრეთვე სამედიცინო ტრანსპორტი და სამედიცინო დაწესებულებები. მათ ამოსაცნობად აქვთ წითელი ჯვარი ან წითელი ნახევარმთვარე თეთრ ფონზე.
არ შეიძლება ტყვედ აყვანილი მეომრის შეურაცხყოფა, წამება, მოკვლა. მას უნდა ჰქონდეს საკვები, ტანსაცმელი და საცხოვრებელი, რომელიც ჯარისკაცების საცხოვრებელზე უარესი არ იქნება. მას საჭიროების შემთხვევაში უნდა გაეწიოს სამედიცინო დახმარება.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მიცვალებულის გაძარცვა. აუცილებლად უნდა დადგინდეს მისი ვინაობა და შემდეგ დაიკრძალოს იგი.
გამარჯვებულმა უნდა იზრუნოს მოწინააღმდეგე მხარის მშვიდობიან მოსახლეობაზე. არ უნდა დაუშვას მოსახლეობის ძარცვა და ჩაგვრა.
მებრძოლებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ არ დაინგრეს კულტურის ძეგლები და სამოქალაქო დანიშნულების მქონე სხვა ნაგებობები.