„განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გაძლიერებისაკენ. განათლება ხელს უნდა უწყობდეს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი და რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობას, მეგობრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.”
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 26
რას ნიშნავს განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში?
„... საგანმანათლებლო პროგრამები და ღონისძიებები, რომლებიც მიმართული არიან ადამიანის ღირსების დამკვიდრებისაკენ ისეთ პროგრამებთან ერთად, როგორებიცაა კულტურათაშორისო სწავლების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის და უმცირესობათა უფლებების გაფართოების მხარდამჭერი პროგრამები.”
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სწავლების ახალგაზრდული პროგრამის ოფიციალური განმარტება
ადამიანის უფლებების განათლების შესახებ უამრავი განმარტება არსებობს, მაგრამ იგი საუკეთესოდ ხასიათდება იმ მიზნებით, რომლებისკენაც ის ისწრაფვის. ასეთი პროგრამების შორსმიმავალი მიზნები ემსახურება ადამიანის უფლებების შეცნობის, დაცვისა და პატივისცემის კულტურის ჩამოყალიბებას. ამგვარად, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მუშაობს ხალხთან და ჩართულია ადამიანის უფლებათა სწავლებაში, მუდმივად ახსოვს ეს მიზნები და ემსახურება მათ, მიუხედავად იმისა თუ სად და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი.
შეიძლება ცალკეულ ადამიანებს ჰქონდეთ ურთიერთგანსხვავებული მოსაზრებები ამ მიზნისაკენ მიმავალი საუკეთესო ან ყველაზე შესაფერისი გზების შესახებ, მაგრამ ეს სრულიად ბუნებრივია. არ არსებობს ორი ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან ორი კულტურა, რომლებსაც ერთნაირი მოთხოვნილებები ექნებათ, და ამავე დროს თანაბრად მისაღები და მოსაწონი იქნება ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფისათვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეფექტური განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში ორიენტირებული უნდა იყოს მონაწილეებზე: იგი უპირველეს ყოვლისა უნდა პასუხობდეს თითოეული პიროვნების მოთხოვნებს, პრიორიტეტებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს განსხვავებული საზოგადოების ფარგლებში.
მონაწილეებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მიდგომა ხაზს უსვამს პიროვნული ინიციატივისა და პიროვნული ზრდის მნიშვნელობას, ანგარიშს უწევს იმ სოციალურ კონტექსტს, რომელშიც მონაწილეები იმყოფებიან. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პედაგოგებმა იზოლირებულად იმუშაონ, ან არ ისწავლონ მათგან, ვინც გასხვავეულ გარემოში მოღვაწეობს. მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა პედაგოგებს აერთიანებთ საერთო სურვილი, შექმნან და იცხოვრონ ისეთ სამყაროში, სადაც იცავენ და პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს. ზოგადი მითითებები, აპრობირებული მეთოდები, საგანმანათლებლო მასალები და ამ სფეროში მომუშავე უამრავი ადამიანი - ეს ყველაფერი დაგვეხმარება მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზანს. ეს სახელმძღვანელო კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის პროცესში.
რას ნიშნავს თქვენთვის განათლება ადამიანის უფლებების სფეროში?
„ათასკილომეტრიანი მოგზაურობა ერთი ნაბიჟით იწყება”
საერთო სურათი ნათელია, მაგრამ პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროა კონკრეტულ რეალობასთან მიახლოება. მიზანი შეიძლება დაიყოს შემადგენელ კომპონენტებად. კერძოდ, განვიხილოთ ცალკეული ნაწილები, რაც მთლიანობაში ქმნის ადამიანის უფლებათა კულტურას და ამის შემდეგ ვიფიქროთ, როგორ შეიძლება მათთან ინდივიდუალური მიდგომა. საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებათა კულტურა, არ არის უბრალოდ კულტურა, სადაც ყველამ იცის თავისი უფლებები, ვინაიდან ცოდნა ყოველთვის არ გამოხატავს პატივისცემას, ხოლო პატივისცემის გარეშე ყოველთვის იარსებებს ძალადობა. ადამიანის უფლებათა კულტურა დამოკიდებულებების, რწმენის, ქცევების, ნორმებისა და წესების ერთმანეთზე გადაჯაჭვული ქსელია. მათ შეცნობას შეუძლია გვაპოვნინოს ის ორიენტირი, რომელიც საჭიროა ჯგუფებში მუშაობის წარმართვისათვის.
ადამიანის უფლებათა კულტურისაკენ
ქვემოთ ჩამოთვლილი ელემენტები გამომდინარეობს ასეთი კულტურის ძირითადი ელემენტებიდან. ისინი ხელს უწყობენ ზოგადი მიზნების ფორმულირებას ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში:
▪ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ფორმირება;
▪ საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემის გრძნობის გაღვივება; ადამიანის ღირსების დაფასება;
▪ დამოკიდებულებებისა და ქცევების ჩამოყალიბება, რომლებიც პატივს სცემენ სხვების უფლებებს;
▪ თვითმყოფადი გენდერული თანასწორუფლებიანობისა და ქალებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ყველა სფეროში;
▪ კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემის, გაგებისა და დაფასების დამკვიდრება, განსაკუთრებით სხვადასხვა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და სხვა სახის უმცირესობებთან და საზოგადოებებთან მიმართებაში;
▪ აქტიური სამოქალაქო თვითშეგნების ფორმირება;
▪ ერებსა და ხალხთა შორის დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობის, ჰარმონიული საზოგადოების, სოლიდარობისა და მეგობრობის დამკვიდრება;
▪ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის ხელშეწყობა, რომლებიც მიზნად ისახავენ ადამიანის უფლებათა უნივერსალურ ფასეულობებზე, საერთაშორისო ურთიერთობაზე და ტოლერანტობაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბონ მშვიდობის კულტურა.
განათლების შედეგები ადამიანის უფლებათა სფეროში
რა მიზნებს ვუსახავ ჩემს ჯგუფს?
ჩვენ განვსაზღვრეთ, როგორც ადამიანის უფლებათა სწავლების გლობალური ამოცანა, ასევე მთელი რიგი სამომავლო მიზნები. ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მივუახლოვდეთ საკითხს და ვიფიქროთ ინდივიდუალური ჯგუფებისა და საზოგადოებების საჭიროებებზე, ანუ შევცვალოთ მსოფლიო ლოკალურ დონეზე მუშაობის დაწყებით.
დღესდღეობით, ადამიანის უფლებების ხელყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა. იდეალურ შემთხვევაში, საკმარისი იქნებოდა თქვენი ჯგუფის წევრებისათვის გვესწავლებინა სხვა ადამიანების მიმართ პატივისცემა და იმედი გვქონოდა, რომ მათ რიგებში არ აღმოჩნდებოდნენ ისინი, ვინც მომავალში დაარღვევდა ადამიანის უფლებებს. ეს, ჩვენი, ადამიანის უფლებების პედაგოგების სამუშაოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია.
შეგვიძლია უფრო მნიშვნელოვანი მიზნებიც დავისახოთ: ახალგაზრდებს მივცეთ სტიმული, რომ დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი ინტერესები, არამედ მათ გარშემო მყოფთა ინტერესებიც; შეგვიძლია ვაქციოთ ისინი მინი-განმანათლებლებად და მინი აქტივისტებად, რომლებიც დაიცავენ ადამიანის უფლებებს მაშინაც კი, როცა ეს საკითხი პირადად არ ეხებათ. ეს მიზანი არ არის მიუღწევადი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახალგაზრდებისაგან მოვითხოვოთ, თავიანთი ცხოვრება მიუძღვნან მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვას. მთავარია იცოდნენ პრობლემის არსი, იზრუნონ მათ აღმოსაფხვრელად და იმოქმედონ არსებული მდგომარეობის შესაცვლელად, როდესაც ისინი ამის საჭიროებას დაინახავენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამჟამად არსებული განათლების მოდელები ადამიანის უფლებების სფეროში გამოყოფენ მიზნების სამ ძირითად ჯგუფს:
▪ ინფორმაციის მიწოდების გაუმჯობესება ადამიანის უფლებებისა და მათი არსის შესახებ, რათა ხალხმა თვალნათლივ დაინახოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები;
▪ ადამიანის უფლებების დაცვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება და ცოდნის მიღება;
▪ ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის დამკვიდრება, რათა შეგნებულად არ იქნას დარღვეული სხვების უფლებები.
რა პრობლემა აწუხებთ ყველაზე მეტად ახალგაზრდებს, რომლებთანაც თქვენ მუშაობთ?
ცოდნა, უნარ-ჩვევები და ურთიერთობები
რა სახის ცოდნაა საჭირო ახალგაზრდებისათვის ადამიანის უფლებების უფრო ღრმად გააზრებისათვის? რა უნარ-ჩვევები და დამოკიდებულება მოეთხოვებათ მათ ადამიანის უფლებების დაცვაში დახმარების გასაწევად? ქვემოთ მოყვანილი სია იძლევა პასუხებს ამ შეკითხვებზე. ეს ის მიზნებია, რომლებიც ჩვენ გამოვიყენეთ ამ სახელმძღვანელოს შესადგენად.
ადამიანის უფლებათა სწავლება
▪ ძირითადი ცნებები: თავისუფლება, სამართლიანობა, თანასწორობა, ადამიანური ღირსება, დისკრიმინაციის უარყოფა, დემოკრატია, უნივერსალურობა, უფლებები, პასუხისმგებლობა, ურთიერთ დამოკიდებულება და სოლიდარობა.
▪ გააზრება, რომ ადამიანის უფლებები წარმოადგენენ ქცევების სტანდარტების გამომუშავებისა და შეთანხმების საფუძველს ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებაში და მთელს მსოფლიოში.
▪ ადამიანის უფლებების როლი, მათი მნიშვნელობა თითოეული პიროვნების, საზოგადოებისა და მთელი მსოფლიოს ადამიანების ცხოვრებაში.
▪ განსხვავება პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებს შორის.
▪ სხვაობა ადამიანის უფლებათა აღქმასა და შეფასებას შორის სხვადასხვა ქვეყნებში, ერთი და იგივე საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის, მათი ლეგიტიმურობის სხვადასხვა წყაროები, რელიგიური, მორალური და უფლებრივი ლეგიტიმურობის ჩათვლით.
▪ ძირითადი სოციალური პრობლემები, ისტორიული მოვლენები, და მიზეზები, რომლებსაც მივყავართ ადამიანის უფლებების აღიარებამდე.
▪ ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტები, კერძოდ, გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.
▪ ლოკალური, ეროვნული, საერთაშორისო სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ფიზიკური პირები, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერისათვის.
ადამიანის უფლებათა სწავლებისათვის
▪ მოსმენის კულტურა და კომუნიკაბელურობა: განსხვავებული აზრების მოსმენის, საკუთარი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვის უნარი.
▪ კრიტიკული აზროვნება: შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, ობიექტური მონაცემების კრიტიკულად შეფასება, პრეკონცეფციებისა და მიკერძოებულობის აღქმა, მანიპულაციის ფორმების შეცნობა და რაციონალური მსჯელობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება.
▪ გუნდური თანამშრომლობისა და კონფლიქტების დადებითად გადაჭრის უნარი.
▪ სოციალური ჯგუფების შექმნისა და მათში მონაწილეობის უნარი.
▪ ადგილობრივ და გლობალურ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა.
ურთიერთობები და ზნეობრივი ღირებულებები
აღზრდა ადამიანის უფლებების მიხედვით
▪ საკუთარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის გრძნობა, მისწრაფება პირადი განვითარებისა და სოციალური ცვლილებებისაკენ.
▪ ცნობისმოყვარეობა, გახსნილი გონება და მრავალფეროვნების დაფასება.
▪ სხვების თანაგრძნობა, სოლიდარობა, იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელთა უფლებებსაც საფრთხე ემუქრება.
▪ ადამიანური ღირსების შეგრძნება, საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემა სოციალური, კულტურული, ენობრივი და რელიგიური განსხვავების მიუხედავად.
▪ სამართლიანობის გრძნობა, თავისუფლების იდეალებისაკენ სწარფვა, თანასწორუფლებიანობა და მრავალფეროვნების პატივისცემა.
„სიტყვა „განათლება” გულისხმობს სოციალური ცხოვრების მთელ პროცესს, რომლის საშუალებითაც ცალკეული ადამიანები და სოციალური ჟგუფები სწავლობენ ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოებების სასარგებლოდ მათი პიროვნული შესაძლებლობების, დამოკიდებულებების, მიდრეკილებებისა და ცოდნის გააზრებულად განვითარებას.
იუნესკოს რეკომენდაცია, 19 ნოემბერი, 1974 წელი
„მე მესმის და ვივიწყებ, მე ვხედავ და ვიმახსოვრებ, მე ვაკეთებ და აღვიქვამ”.
სახელმძღვანელოში შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი მიდგომა ადამიანის უფლებების განათლებისადმი. პირველი ამოცანაა: თანაბრად მოვიცვათ სამი სხვადასხვა კომპონენტი, კერძოდ, ცოდნა, უნარ-ჩვევები და ურთიერთობები. მეორე - სავარჯიშოები, რომლებიც გათვლილია ფართო აუდიტორიაზე, როგორც ასაკობრივი, ასევე ფორმალური, და არაფორმალური საგანმანათლებლო სექტორების ერთდროულად გამოყენების თვალსაზრისით. მესამე - ინტერაქტიული სასწავლო ღონისძიებების გამოყენებით, ჩვენ შევეცადეთ დაგვეკავშირებინა ადამიანის უფლებების სწავლება ისეთ ლოკალურ და გლობალურ საკითხებთან, როგორებიცაა განვითარება, გარემო პირობები, კულტურათაშორისი ურთიერთობა და მშვიდობა. განათლება ადამიანის უფლებების სფეროში არ უნდა იქნას განხილული, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერაქტიული სავარჯიშოების გამოყენება. კვლევებმა აჩვენა, რომ ურთიერთთანამშრომლობაზე აგებული პატარა ჯგუფების მუშაობა განაპირობებს ჯგუფის გუნდად ჩამოყალიბებას, გამთლიანებასა და ჯგუფის წევრებს შორის მიკერძოებული დამოკიდებულების შემცირებას. ჯგუფის ერთობლივი მუშაობა ხელს უწყობს რთული ცნებების გაცნობიერებას და აუმჯობესებს პრობლემის გადაჭრის უნარს, მონაწილეებს საშუალებას აძლევს განავითარონ და მიიღონ უფრო პრაქტიკული და საზრიანი გადაწყვეტილებები. ყველა ჩამოთვლილი შედეგი მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდებმა უნდა იაქტიურონ სწავლების პროცესის ყოველ ეტაპზე. არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ პედაგოგები ვფლობთ ერთადერთ ჭეშმარიტებას, რომელიც პასიურ მოსწავლეებს უნდა გადაეცეს. ამგვარმა მიდგომამ ადამიანის უფლებების სწავლება, შესაძლოა, „იდეოლოგიური” განათლების ყველაზე უარეს გამოვლინებად გადააქციოს.
სახელმძღვანელოში მოცემული მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპია იდეა, რომ ახალგაზრდები ნებისმიერი საგანმანათლებლო პროცესისათვის წარმოადგენენ სიმდიდრეს, და მათი გამოცდილება აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული საგანმანათლებლო პროცესის საინტერესოდ და ეფექტურად წარმართვის მიზნით. შეკითხვები, ხშირად კონფლიქტებიც კი, ფუნდამენტური საგანმანათლებლო რესურსების თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რომლებიც პოზიტიურ დამოკიდებულებას მოითხოვენ.
ადამიანის უფლებათა სწავლება ახალგაზრდების მონაწილეობით
„აქტიური და ინტერაქტიული მიდგომები განსაკუთრებით ფასეულია ცოდნის შეძენისა და მონაწილეთა პოტენციალის სრულად გამოვლენისათვის.”
(ჯომტიენის დეკლარაციიდან. 1990 წელი)
„განათლება არის ის, რაც გადარჩება მას შემდეგ, რაც ყველაფერი შესწავლილი დავიწყებას მიეცემა”
თანდათან სულ უფრო მეტ აღიარებას ჰპოვებს აზრი, რომ ახალგაზრდების განათლებას ადამიანის უფლებების სფეროში ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის, არამედ იმიტომაც, რომ თავად ახალგაზრდები აფასებენ და საჭიროებენ იმ საქმიანობას, რომელსაც ეს მუშაობა მოიცავს. თანამედროვე ახალგაზრდები, სულ უფრო ხშირად დგებიან სოციალური გაუცხოების, ეთნიკური, რელიგიური და ეროვნული განსხვავებების, პროგრესირებადი გლობალიზაციის უპირატესობებისა და ნაკლოვანებების პირისპირ. ადამიანის უფლებების სწავლება მოიცავს ამ საკითხებს და ხელს უწყობს თანამედროვე კულტურული საზოგადოების სხვადასხვა შეხედულებების, რწმენის, დამოკიდებულებებისა და ფასეულობების აღქმას, ეხმარება ადამიანებს იპოვონ გზები ამ განსხვავებების დადებითი კუთხით გამოსაყენებლად.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს აინტერესებთ ადამიანის უფლებები და, ამ თვალსაზრისით, ისინი წარმოადგენენ განათლების ძირითად რესურსს ადამიანის უფლებების სფეროში. დღეს, ახალგაზრდებს ხშირად აკრიტიკებენ პოლიტიკის მიმართ გულგრილობისა და ინდეფერენტულობის გამო, თუმცა მთელი რიგი გამოკვლევები ცხადყოფენ, რომ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა. მაგალითად, ევროკომისიის მიერ 2001 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ახალგაზრდები, ასოციაციებისა და ახალგაზრდული კლუბების სახით, ხშირად მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საშუალოდ, ახალგაზრდების 50%25-ზე მეტი მონაწილეობს, ან გაწევრიანებულია რაიმე ტიპის ასოციაციაში (მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები).
რაც შეეხება პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებას, ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლამ ევროკავშირის მიმართ ნათელჰყო, რომ ადამიანის უფლებების საკითხი მათი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტების რიგებში უნდა ვეძიოთ. ახალგაზრდებს სურთ, რომ ეროვნულმა მთავრობებმა, უმუშევრობისა და დანაშაულთან ბრძოლის შემდეგ, ყურადღება დაუთმონ ადამიანის უფლებების დაცვას, ეკოლოგიას, ბრძოლას რასიზმის წინააღმდეგ და გენდერულ უთანასწორობას.
ადასტურებს თუ არა თქვენი პირადი გამოცდილება, რომ ახალგაზრდები არ არიან დაინტერესებული პოლიტიკით? დადებითი პასუხის შემთხვევაში, რით არის ეს განპირობებული?
მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, როგორი ენერგიულობითა და თავდადებით ეკიდებიან ახალგაზრდები აღნიშნულ საკითხებს, თუკი იზიარებენ იმ პასუხისმგებლობას, რასაც აკეთებენ და სწავლობენ, თუკი ეს საკითხები მიწოდებულია სათანადო და საინტერესო კუთხით.
ჩვენ, როგორც პედაგოგებმა, უნდა გამოვიყენოთ ეს ენერგია. ის, რომ ახალგაზრდები იტაცებენ და ცხოვრებაში ატარებენ ამ იდეებს, ნათლად ჩანს მრავლად არსებული ახალგაზრდული პროგრამის მაგალითზე, დაწყებული ცალკეული ახალგაზრდული კლუბებით, ან სკოლებში შედარებით ეპიზოდური ხასიათის მქონე მცირე მასშტაბის საქმიანობებით, დამთავრებული ევროპის საბჭოსა და სხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი საერთაშორისო პროგრამებით.
ყველაზე მეტად რომელმა საკითხებმა შეიძლება დააინტერესოს ახალგაზრდული ჯგუფების წევრები?
ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო გარემო
„სწავლა ის პროცესია, რომელიც არაა დაკავშირებული მხოლოდ სკოლის ან სხვა საგანმანათლებლო სტრუქტურის ფუნქციებთან. სწავლების ეს კონცეფცია ემყარება იმ აზრსა და დაკვირვებას, რომ ჩვენი გააზრებული სწავლის გამოცდილების უდიდესი ნაწილი ფორმირდება ფორმალური საგანმანათლებლო გარემოს ფარგლებს გარეთ: სამსახურში, ოჯახში, ორგანიზაციებში და ბიბლიოთეკებში...”
„სასწავლო ხიდების აგება - არაფორმალიზებული განათლების აღიარება და მნიშვნელობა ახალგაზრდულ მოძრაობაში“
საგანმანათლებლო პროცესის მუშაობაში და ორგანიზებაში მონაწილეების ჩართვა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ გარემოზე, რომელშიც პედაგოგი მუშაობს. თავისუფლების ხარისხი შინაარსის, დროის და ფორმის თვალსაზრისით, იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რომელ საგანმანათლებლო კონტექსტში მოქმედებთ - ფორმალურში თუ არაფორმალურში. ამ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სავარჯიშო მოდელების გამოყენება შეიძლება ნებისმიერ კონტექსტში: ცალკეულ კლუბებში, სკოლებში, საზაფხულო ბანაკებში, არაფორმალურ შეხვედრებზე და ა.შ.
არაფორმალური განათლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად (ოჯახი, მეზობლები, ბაზარი, ბიბლიოთეკა, მასმედია, სამსახური, თამაშები და ა.შ.) უყალიბდება დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა.
ფორმალური განათლება წარმოადგენს სტრუქტურულ საგანმანათლებლო სისტემას დაწყებითი სკოკლიდან უნივერსიტეტამდე და მოიცავს სპეციალიზირებულ პროგრამებს ტექნიკური და პროფესიული ტრეინინგებისათვის.
გარეფორმალური განათლება ნიშნავს ინდივიდუალური და საზოგადოებრივი განათლებისათვის დაგეგმილ ნებისმიერ პროგრამას, რომელიც შექმნილია ახალგაზრდების უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით ფორმალური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებს გარეთ.
მრავალი ახალგაზრდული ორგანიზაციის და ჯგუფის მიერ პრაქტიკაში განხორციელებული გარეფორმალური განათლება არის:
▪ ყველასათვის მისაწვდომი (იდეალურ შემთხვევაში);
▪ საგანმანათლებლო მიზნების მქონე ორგანიზებული პროცესი;
▪ ინტერაქტიული და მონაწილეებზე ორიენტირებული;
▪ ცხოვრებისეული უნარჩვევების და აქტიური სამოქალაქო თვითშეგნების მასწავლებელი;
▪ როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური მიდგომის მქონე ჯგუფურ სწავლებაზე დაფუძნებული;
▪ ერთიანი და პროცესზე ორიენტირებული;
▪ გამოცდილებაზე და მოქმედებაზე დაფუძნებული, მონაწილეების მოთხოვნებზე გათვლილი.
ფორმალური, არაფორმალური და გარეფორმალური განათლება წარმოადგენს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის უწყვეტი პროცესის ურთიერთშემავსებელ და ურთიერთგამაძლიერებელ ელემენტებს. ეს სახელმძღვანელო არ არის შექმნილი, როგორც ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების „კურსი” და ინდივიდუალური საქმიანობა, შეიძლება მოხერხებულად იქნას გამოყენებული ძალიან განსხვავებულ კონტექსტებშიც კი, ფორმალურ და ნაკლებად ფორმალურ გარემოში, რეგულარულ და არარეგულარულ ბაზაზე.
განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში, როგორც მოქმედების პირველი ნაბიჯი
„არასოდეს შეგეშინდეთ აიმაღლოთ ხმა... უსამართლობის, სიცრუისა და სიხარბის წინააღმდეგ. თუ ყველა ადამიანი ასე მოიქცევა, მსოფლიო შეიცვლება.”
ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების, კონფლიქტების დარეგულირების და ქმედების განხორციელების უნარის განვითარება. ამ სახელმძღვანელოს მიზნად დავსახეთ სოლიდარობაზე დაფუძნებული აქტივობის წახალისება და ადგილობრივ თემთა საქმიანობის ორგანიზება. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანის უფლებათა განათლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის, ასევე ადამიანის უფლებათა კულტურის პოზიტიური განვითარებისათვის. ახალგაზრდებს შეუძლიათ პირდაპირი ზემოქმედება მოახდინონ გარემომცველ სამყაროზე, რაც, ასევე, წარმოადგენს სახელმძღვანელოს მნიშვნელოვან თემას. ჩვენ ცალკე თავიც კი დავუთმეთ ინდივიდუალური ქმედებების განხორციელებას (თავი 3), რომელიც მარტივი იდეების მთელი სერიაა თემში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვის შესახებ.
ამ თავის გარდა, II თავის სავარჯიშოები შექმნილია თემის მოქმედების ორგანიზებისა და განხორციელებისათვის საჭირო ძირითადი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ შევეცადეთ გამოგვეყენებინა პლურალისტული მიდგომა და პრაქტიკული სწავლების პრინციპი, რომელიც შემოთავაზებულია ევროპის საბჭოს დემოკრატიული სამოქალაქო განათლების პროექტში. ადამიანის უფლებათა სწავლება წარმოდგენილია, როგორც ყოველდღიური საქმიანობა, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს ემპირიულ გამოცდილებაზე, პრაქტიკის საშუალებით სწავლებაზე და მიზნად ისახავდეს პროგრესირებადი და ცვალებადი პროცესის განმავლობაში კომპეტენციებისა და ინიციატივების სრულ მობილიზებას.
რეკომენდაციები საგანმანათლებლო პოლიტიკისათვის შემუშავებული იქნა პროექტის - „დემოკრატიული სამოქალაქო განათლება - უწყვეტი სწავლის პერსპექტივა” - მიხედვით და გამიზნულია შემდეგი სპონტანური ცვლილებების პროცესის მხარდასაჭერად:
▪ პრაქტიკოსების უშუალოდ ჩართვა საგანმანათლებლო ინოვაციების შემუშავებაში, მონიტორინგში, რეალიზებაში და შეფასებაში;
▪ კონკრეტული სოციალური საკითხების გადაწყვეტის წახალისება გამოცდილი პრაქტიკოსების პროფესიონალიზმისა და აღმოჩენების გამოყენებით;
▪ აღმავალი მიმართულების საგანმანათლებლო ცვლილებების წახალისება;
▪ განათლების მუშაკთა უფრო მაღალი ხარისხის ავტონომიის მიღწევა, რათა მათ შეძლონ ქმედებათა სპეციფიური ფორმების შემუშავება და კავშირების დამყარება ადგილობრივ თემებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სოციალურ პარტნიორებთან;
▪ ქსელური და ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერა, პრაქტიკოსებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ პირთა შორის კომუნიკაციის დამყარება.
განათლების საერთაშორისო მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა სფეროში
ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისათვის ადამიანის უფლებები ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალო დეკლარაცია: ადამიანის უფლებები არის მათი სამართლებრივი სტრუქტურის ნაწილი, ამდენად ის უნდა იყოს ახალგაზრდების განათლების შემადგენელი ნაწილი. ევროპულმა ერებმა დიდი წვლილი შეიტანეს 20-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან დეკლრაციაში ადამიანის უფლებათა შესახებ - ეს იყო გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. ორი წლის შემდეგ მიღებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომლის იურისდიქციაც ევროპის საბჭოს წევრ ყველა სახელმწიფოზე ვრცელდება, გაეროს ზემოთხსენებულ დოკუმენტის საფუძველზე თავისი პრინციპები და იდეები შექმნა. რეკომენდაცია #R (85) 7 ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისადმი (მიღებული 1985 წლის 14 მაისს მინისტრთა კომიტეტის მიერ) დაკავშირებულია სკოლებში ადამიანის უფლებების სწავლასთან და სწავლებასთან. ეს პროექტი ხაზს უსვამს, რომ ყველა ახალგაზრდამ უნდა მიიღოს ცოდნა ადამიანის უფლებათა სფეროში, რომელიც მათი მომზადების ნაწილი უნდა გახდეს პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისათვის. ეს მიდგომა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებსა და ორგანიზაციებში.
1997 წლის დეკემბერში ლუქსემბურგში ევროკავშირის დონეზე გამართულ შეხვედრაზე ევროპის საბჭომ რეკომენდაცია მისცა ყველა სახელმწიფოს, რომ იმუშაონ შემდეგი მიმართულებით:
▪ სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება ადამიანის უფლებების დაცვისა და დამკვიდრების საქმეში;
▪ ადგილობრივ დონეებზე საქმიანობის გაძლიერება და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში;
▪ ადამიანის უფლებების სწავლებასთან დაკავშირებული ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერება
1998 წ. აპრილში ახალგაზრდობის საქმეებზე პასუხისმგებელი ევროპის მინისტრები შეიკრიბნენ ბუქარესტში და შეათანხმეს ევროპის საბჭოს ახალგაზრდული პოლიტიკის მიზნები და ამოცანები:
▪ მხარი დაუჭირონ ასოციაციებსა და სოციალური აქტივობის სხვა სახეებს, რომლებიც ემსახურებიან დემოკრატიასა და პლურალიზმს. დაეხმარონ ახალგაზრდებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღებაში;
▪ პარტნიორული ურთიერთობების არსებული მოდელები მიუსადაგონ სოციალურ ცვლილებებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც აქამდე ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი. განავითარონ ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის კონცეფცია;
▪ ისარგებლონ იმ ფასდაუდებელი წვლილით, რომელიც ახალგაზრდებს შეუძლიათ შეიტანონ, როგორც აქტიურმა, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეებმა.
▪ განავითარონ სამოქალაქო განათლების პროექტები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ახალგაზრდების უფრო სწრაფ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული განსხვავებების პატივისცემის გათვალისწინებით;
▪ ადგილობრივ და ევროპულ დონეზე კომპლექსური, ინტეგრირებული და თანმიმდევრობითი ახალგაზრდული პოლიტიკის გატარება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის სოციალური ქარტიის პრინციპებზე დაყრდნობით.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
1994 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად გამოაცხადა 1995-2004 წლები გაეროს ადამიანის უფლებათა განათლების დეკადად. აღნიშნული მოჰყვა 1993 წელს ვენაში, ადამიანის უფლებათა სფეროში ჩატარებულ მსოფლიო კონფერენციის რეკომენდაციას, რომელიც აცხადებდა რომ განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში, კადრების მომზადება და საზოგადოების ინფორმირებულობა გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოებებს შორის სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ურთიერთგაგების, ტოლერანტობისა და მშვიდობის განმტკიცებაში. ვენის კონფერენციამ შეიმუშავა რეკომენდაცია, რომ ,,სახელმწიფოებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ უცოდინარობის აღმოსაფხვრელად და მიმართონ განათლება ადამიანის პიროვნული პოტენციალის სრულად განვითარებისაკენ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის გაძლიერებისაკენ”. კონფერენციამ მოუწოდა ყველა სახელმწიფოს და ინსტიტუტს, რომ ადამიანის უფლებები, ჰუმანიტარული იურისპრუდენცია, დემოკრატია და მართლწესრიგი შეეტანათ სასწავლო პროგრამებში, როგორც ცალკე საგნები ფორმალურ და არაფორმალიზებულ სასწავლო სექტორებში. გაერომ საკუთარ თავზე აიღო ამ ფუნქციის ამოცანის შესრულება.
გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო)
თანამედროვე საზოგადოებისათვის დამახასიათებელია მზარდი მრავალკულტურული და განსხვავებული აღმსარებლობის მქონე ბუნება. „ერთად ცხოვრების სწავლის” მნიშვნელობა, როგორც ერთიან, ასევე განსხვავებული საზოგადოებების ფარგლებში, განათლების არსის ცენტრალური ნაწილია - „საჭირო უტოპია”, რომელიც 1996 წელს იუნესკოს XXI საუკუნის განათლების სფეროს შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში იყო რეკომენდირებული. ადამიანის უფლებები იუნესკოს მოხსენებაში აღწერილი კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს. მაგალითად, მაშინ, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტებში მედიატორის როლის შესრულებას და პრობლემების გაანალიზების დროს საერთო პერსეპექტივების დანახვას და მომავლის მიმართულებების განსაზღვრას. უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება ცვილებების მიღწევას მშვიდობიანი გზით, რომელიც უპირველესი ზრუნვის საგანია, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. მან წამყვანი როლი უნდა ითამაშოს საგანმანათლებლო სფეროში.
Dr. Pasi sahlberg, Building Bridges For Learning - The Recognition and Value of Non-Formal Education in Youth Activity, განათლების ეროვნული კომიტეტის (ფინეთი) და ევროპის ახალგაზრდული ფორუმის კვლევა, 1999, დეკემბერი
Staying Alive, ევროპის ხალგაზრდული ფორუმის საინფორმაციო მოხსენება გენერალური ასამბლეისთვის, 2000
Chisholm Lynne, Towards a revitalisation of non-formal learning for a changing Europe, არაფორმალური განათლების სიმპოზიუმის ანგარიში, ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმეების და სპორტის დირექტორატი, 2000
ადამიანის უფლებათა შესახებ განათლება და სხვა საგანმანათლებლო სფეროები
ადამიანის უფლებათა სამყარო
„ერთი ადამიანის უფლებების დარღვევა - მთელი კაცობრიობის უფლებების დაკნინებაა.”
ადამიანის უფლებები გავლენას ახდენენ ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. ადამიანის უფლებათა დარღვევა, თითქმის ყველა პრობლემის საფუძველია დღევანდელ მსოფლიოში: ძალადობის, სიღარიბის, გლობალიზაციის, ეკოლოგიის, ეკონომიკური უთანასწორობისა და უკანონობის, რომ აღარაფერი ვთქვათ ომებზე და კონფლიქტებზე, რომლებიც ბობოქრობენ მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების თავდაპირველი არსი შემოიფარგლებოდა სამოქალაქო და პოლიტიკური სფეროებით, დღეს ისინი უკვე მოიცავენ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ საკითხებსაც. ამჟამად ხალხი ლაპარაკობს უფლებათა მესამე თაობაზე, რომელიც ეხება კოლექტიურ უფლებებს და კაცობრიობის მომავალი თაობების ბედს. ყველაფერ ამას დიდი გავლენა აქვს იმ სამუშაოზე, რომელსაც პედაგოგები ვასრულებთ და მიანიშნებს, რომ განათლება ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გლობალიზაცია, ეკოლოგია, მშვიდობა და კულტურათაშორისი ურთიერთობა. ისინი სხვა საკითხებთან ერთად წარმოადგენენ ადამიანის უფლებათა განათლების ფორმებს, დაკავშირებული არიან ადამიანის უფლებებთან და აყალიბებენ კულტურას, რომელიც ეფუძნება მათდამი პატივსიცემას.
რა იყო თქვენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა სფეროში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება?
ამ სახელმძღვანელოში ჩვენ ვეცადეთ შევხებოდით ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხთა სრულ სპექტრს. მიმდინარე თავში განვიხილავთ გზას, რომელიც ამ საკითხებს, განათლების სხვა სფეროებთან აკავშირებს. კერძოდ, სამოქალაქო, ეკოლოგიური, მშვიდობის სფეროში და ა.შ. ნებისმიერი პიროვნება, ვინც მისდევს განათლების ამა თუ იმ ფორმას, ჩვენი წიგნის ფურცლებზე იპოვის მისთვის საინტერესო საკითხებს.
რას ნიშნავს „ადამიანის უფლებათა პრობლემა”?
თითქმის ყველა საკითხი, რომელიც უფლებათა დარღვევას შეეხება, შეიძლება იწოდებოდეს ადამიანის უფლებათა საკითხად. საერთაშორისო საზოგადოებრიობა დღესდღეობით ცნობს უფლებათა სამ სხვადასხვა თაობას, რომლებიც მოიცავენ ადამიანის მოღვაწეობის სხვასახვა სფეროებს.
პირველი თაობის უფლებები (თავისუფლების უფლებები)
მოიცავენ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს - როგორებიცაა აზრის თავისუფლება, ასოციაციათა თავისუფლება, სიცოცხლის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, და ა.შ. ტრადიციულად, ეს საკითხები (და არა მარტო ეს საკითხები) განიხილება ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში საზოგადოებათმცოდნეობის, სამოქალაქო განათლების, პოლიტიკური მეცნიერებების განათლებისა, დემოკრატიისა და სამართლის სწავლების კურსებზე.
მეორე თაობის უფლებები (თანასწორობის უფლებები უფლება)
მოიცავენ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს, როგორიცაა ცხოვრების ნორმალური პირობების ქონის უფლება, მუშაობის უფლება, პროფკავშირებში გაერთიანების უფლება, ჯანმრთელობის უფლება და განათლების უფლება. ფორმალური განათლების სისტემაში ამ საკითხებს თემებს არ ექცევა სათანადო ყურადღება. მაგალითად, ეკონომიკურ განათლებაში ამ საკითხებს იშვიათად განიხილავენ, თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ეს მცდარი აზრია. აღნიშნული საკითხები ხშირად განიხილება ნაკლებად ფორმალური კლასგარეშე მუშაობისას, რომლებსაც მცირე ჯგუფებთან მუშაობისას, ან სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების სწავლების პროცესში, ახორციელებენ სკოლები ან ახალგაზრდული ჯგუფები. მიუხედავად ამისა, ფართო აღიარება მოიპოვა აღიარებას იმკვიდრებს მოსაზრებამ, რომ მეორე თაობის უფლებები ისევე მნიშვნელოვანია სამოქალაქო აღზრდისათვის, როგორც ტრადიციულად მიღებული პირველი თაობის უფლებები, რაც სრულიად სამართლიანია.
მესამე თაობის უფლებები (სოლიდარობის უფლებები)
ამ უფლებებს ხშირად უწოდებენ „განვითარებად” უფლებებს, რადგანაც ისინი ჯერ კიდევ აღიარებისა და დამკვიდრების პროცესში იმყოფებიან. ისინი განეკუთვნებიან საზოგადოების ან ხალხების კოლექტიურ უფლებებს, როგორიცაა მყარი განვითარების, მშვიდობის, ან ჯანმრთელი გარემოს უფლება. ამ საკითხებს კონკრეტულად შეისწავლის, მაგალითად, ეკოლოგიური განათლება, მშვიდობის პრობლემებისა და განვითარების სწავლება.
(უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია უფლებათა სხვადასხვა თაობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მე-4 თავში)
თქვენს ჯგუფში განხილულ საკითხთა შორის, იყო თუ არა საკითხი ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ?
სახელმძღვანელოში გაშუქებული საკითხები
სახელმძღვანელოში განხილულია 16 თემა, რომლებიც დაკავშირებული არიან ადამიანის უფლებათა პრობლემებთან. თითოეული მათგანი შეიძლება პირდაპირ იყოს დაკავშირებული უფლებათა ერთ ან რამდენიმე თაობასთან.
▪ ადამიანის ზოგადი უფლებები
▪ დისკრიმინაცია და ქსენოფობია
ამ საკითხებიდან თემებიდან ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია. ისინი იმდენად მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ერთი საკითხის განხილვისას თავისთავად ვეხებით მეორეს. ეს იმ ფაქტის უშუალო შედეგია, რომ ადამიანის უფლებები არის განუყოფელი, ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთდაკავშირებული. მათი იზოლირებულად განხილვა შეუძლებელია, რადგანაც ყველა ერთმანეთთან უშუალო კავშირშია. ამ გვერდზე მოცემული დიაგრამა წარმოადგენს უფლებების ურთიერთდამოკიდებულების ილუსტრაციას. სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლებოდა: თემები, რომლებიც გარეთა წრეს შეადგენენ, სპონტანურად შეიძლება შეიცვალოს. მიუხედავად ამისა, კავშირები უცვლელი დარჩება. გარეთა წრეების თემები ისევე გადაედინებიან ერთმანეთში, როგორც ცენტრალურ წრეში ასახული საგანმანათლებლო სფეროები ერწყმიან ურთიერთს. ზღვარი პირველ, მეორე და მესამე თაობის უფლებებს შორის არ არის მკვეთრად გამოყოფილი. მაგალითად, განათლება ტრადიციულად კლასიფიცირებულია, როგორც მეორე თაობის უფლება, მაგრამ ის ისევე აუცილებელია ეფექტური პოლიტიკური აქტივობისათვის (პირველი თაობის უფლება) და მყარი განვითარებისათვის (მესამე თაობის უფლება).
შესაბამისად ქვემოთ მოყვანილი ანალიზი განხილულ უნდა იქნას, როგორც მრავალ მაგალითებს შორის ერთ-ერთი. ის გვეხმარება მოვახდინოთ იმ გზების ილუსტრირება, რომელთა საშუალებითაც განსხვავებული თემები დაკავშირებულია განსხვავებულ საგანმანათლებლო სფეროებთან, და ასევე ვაჩვენოთ, როგორ გადაკვეთს ეს სფეროები ერთმანეთს.
სამოქალაქო განათლება ხელს უწყობს ახალგაზრდების აქტიურ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად აღზრდას. 1997 წელს ევროპის საბჭომ შეიმუშავა დემოკრატიული სამოქალაქო განათლების პროექტი. 2000 წლის ივნისის მოხსენება ხაზს უსვამს სოციალური სამართლიანობისა და სამოქალაქო თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობას. თ. ჰ. მარშალი თავის წიგნში „მოქალაქეობა და სოციალური კლასი” (კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცემა, 1950) გამოთქვამს აზრს, რომ მოქალაქეობა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ეფექტური, როდესაც ის მისაწვდომს ხდის უფლებათა სამ ძირითად ტიპს. აქედან გამომდენარე იგი განსაზღვრავს მოქალაქეობის სამ კომპონენტს:
▪ სამოქალაქო კომპონენტს, რომელიც მოიცავს პიროვნული თავისუფლების უფლებებს.
▪ პოლიტიკურ კომპონენტს, მაგალითად, პოლიტიკური ძალაუფლების განხორციელებაში მონაწილეობის უფლება და საპარლამენტო სტრუქტურებში კენჭისყრასა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება
▪ სოციალურ კომპონენტს, რომელიც დაკავშირებულია ღირსეული ცხოვრების უფლებასთან და განათლების, სამედიცინო მომსახურების, საცხოვრებელი პირობებისა და მინიმალური შემოსავლის მიღების თანაბარ უფლებასთან.
ინდივიდუალური და სოციალური განათლება
„ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერულ პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით”.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 27
ბევრ ქვეყანაში არსებობს განათლების ფორმები, რომლებიც განიხილავენ პიროვნების როლს საზოგადოებაში და ხელს უწყობენ ახალგაზრდებს მოემზადონ იმ პირადი პრობლემების გადაჭრისათვის, რომლებიც მათ მომავალში შეხვდებათ. განათლების ეს მიმართულება შესაძლოა გადაიკვეთოს მოქალაქეობის თემასთან, მაგრამ შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანის პირად ცხოვრებასთან სპორტის, კლუბებისა და ასოციაციების, მუსიკის, ხელოვნების ან კულტურის სხვა ფორმების ჩათვლით. ასეთი განათლება შეიძლება მოიცავდეს პირად ურთიერთობებსაც. ადამიანის უფლებები ამ საკითხებში ორი მიმართულებით განიხილება: პირველი, პირად განვითარებას და პირად ურთიერთობებს აქვთ მორალური და სოციალური ასპექტები, რომლებიც უნდა შეფასდეს ადამიანის უფლებების პოზიციიდან და მეორე, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულების მიერ. თუკი იმ ახალგაზრდებს, რომლებთანაც თქვენ მუშაობთ, აქვთ ეს უფლებები, მსოფლიოში არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც მოკლებულია ასეთ უფლებებს.
უნივესალური ფასეულობებისა და მორალის ნორმების სწავლება
დღეს ყველაზე დიდი ბოროტება გულგრილობაა. იცოდე და არ იმოქმედო, ნიშნავს შეეგუო უსამართლობას. დედამიწა ძალზე პატარა გახდა. ის, რაც სხვა ქვეყნებში ხდება, ჩვენც გვეხება”
მორალის ნორმების სწავლება მრავალი ქვეყნის სკოლების სასწავლო პროგრამების საერთო ნაწილია, მაგრამ ის ხალხში ყოველთვის იწვევს ორი სახის კითხვას: როგორი ფასეულობების სწავლება უნდა იყოს ამგვარი განათლების მიზანი, და, როგორ დავრწმუნდეთ, რომ ეს ფასეულობები მიესადაგება კონკრეტულ კულტურას. ამ პრობლემას ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში მოღვაწე ბევრი ადამიანი აწყდება. ადამიანის უფლებები მოსახერხებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს მათ გადასაწყვეტად. ადამიანის უფლებები არა მარტო ემყარება იმ ფასეულობებს, რომელიც საერთოა ყველა დიდი რელიგიისა და კულტურისათვის, არამედ ისინი აღიარებულია, როგორც უნივერსალური მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მიერ. არავის გაკრიტიკება არ შეიძლება ადამიანის უფლებათა ფასეულობების სწავლების გამო!
გლობალიზაცია ახალგაზრდების აზროვნებაში პირველ პლანზე წამოწეული საკითხია და ჩვენ ის ცალკე თემად ჩავრთეთ ამ სახელმძღვანელოში. გლობალიზაციის ზოგადი არსი ტრადიციულად ეხება სამუშაოს, რომელიც განიხილავს არსებობის სხვადასხვა ფორმებს და ქცევის მოდელებს მთელს მსოფლიოში. განათლების ასეთი ფორმა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი შეისწავლის არა მხოლოდ ადამიანის ადგილს, მისი თემის ან საზოგადოების ფარგლებში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. გლობალური განათლება შეიძლება გამოყებეული იქნას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხების წამოსაჭრელად და შეუძლია თვალი აუხილოს ხალხს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას წერტილში ჩადენილ უფლებათა დარღვევებზე. ასეთი განათლება ეხმარება ახალგაზრდებს მათი ქმედებების გავლენის შეფასებაში და პირადი პასუხისმეგობლობის გრძნობის გამომუშავებაში.
გლობალური განათლების ინსტიტუტი, გაეროს არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1984 წელს, როგორც მსოფლიოს მშვიდობის უნივერსიტეტი. ინსტიტუტი თავის მიზნად აცხადებს, „წვლილი შეიტანოს ისეთი სამყაროს შექმნაში, სადაც საკმარისი საკვები და მშვიდობა ცხოვრების წესად იქნება ქცეული, სადაც იარსებებს ეკოლოგიაზე პასუხისმგებლობა, სადაც სოციალური სამართლიანობა დომინანტური იქნება და პიროვნება მიაღწევს თვითრეალიზაციის უმაღლეს ხარისხს”.
კულტურათაშორისი განათლება
ყველა განსხვავებული, მაგრამ არა გულგრილი!
გლობალურ განათლებასა და კულტურათაშორის განათლებას შორის არსებობს ბუნებრივი კავშირი, რომელიც შეისწავლის ჩვენს დამოკიდებულებას და ურთიერთობას სხვა კულტურების, საზოგადოებებისა და სოციალური ჯგუფების მიმართ. დღეს ყოველ საზოგადოებას ახასიათებს მრავალკულტურულობის და კულტურული მრავალფეროვნების მზარდი დონე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის უმცირესობათა უფლებების აღიარებასა და დაცვას. ჩვენ იძულებული ვართ, გადავაფასოთ ეროვნული საზოგადოების, როგორც კულტუროლოგიურად ჰომოგენური ერთეულის ძველი გაგება. ევროპული ინტეგრაციის ორმაგმა პროცესმა, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების მზარდ ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთდამოკიდებულებებთან ერთად, ასეთი კონცეფციები მოძველებული გახადა. მსოფლიოს იმ ადგილებშიც კი, რომლებსაც არ ეხებათ იმიგრაციის ნაკადი, კონფლიქტების კვალი ხშირად მიდის ერთი საზოგადების ფარგლებში ურთიერთგაგების დეფიციტამდე. კონფლიქტები ჩრდილოეთ ირლანდიაში, ყოფილ იუგოსლავიაში და კავკასიის ზოგიერთ რეგიონში უცხო კულტურასთან ურთიერთობისა და პატივისცემის შეუძლებლობის სამწუხარო ილუსტრაციაა.
გარდა ამისა, კულტურათაშორისი განათლება ეფექტური გზაა თანამედროვეობის ისეთ მოვლენათა გადასალახად, როგორებიცაა რასიზმი, რასობრივი დისკრიმინაცია და ტოლერანტულობა.
ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმეების და სპორტის დირექტორატი დიდ ყურადღებას უთმობს კულტურათაშორისი განათლების სფეროს, განსაკუთრებით ახალგაზრდული ცენტრებისა და ფონდის საშუალებით. კამპანია - „ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი” რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ უმცირესობების მიმართ რასობრივი შუღლისა და არატოლერანტულობის გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლისათვის იქნა დაწყებული. კამპანიის მიზანი იყო „ხალხის დაახლოება და დამატებითი სტიმულის მიცემა შეუწყნარებლობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის”.
საგანმანათლებლო პაკეტი „ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი” შექმნილი იყო ახალგაზრდა პორფესიონალების და პედაგოგების დასახმარებლად, რათა მათ წვლილი შეეტანათ კამპანიაში. მან განსაზღვრა კულტურათაშორისი განათლების ორი ძირითადი მიმართულება:
▪ დახმარებოდა ახალგაზრდებს უთანასწორობის, უსამართლობის, რასიზმის, სტერეოტიპებისა და პრეკონცეფციების შეცნობის უნარის განვითარებაში; და
▪ მიეცა მათთვის ცოდნა და უნარი, რომლებიც დაეხმარებათ წინ აღუდგნენ ასეთ მოვლენებს, როდესაც მათ პირად ცხოვრებაში შეხვდებიან.
კულტურათაშორისი განათლების პრინციპები და მიზნები, შესაძლოა, მიღწეულ იქნას კულტურათაშორისი განათლების სხვადასხვა ხერხებით. კულტურათაშორისი განათლება, - ეს არის ტერმინი, რომელიც უფრო ხშირად გამოიყენება არაფორმალიზებული განათლების სექტორში, განსაკუთრებით ევროპის ახალგაზრდულ ქსელში.
„კულტურათაშორისი განათლება გვთავაზობს ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და ბარიერების მოსხნის პროცესებს”
საგანმანათლებლო პაკეტი „ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი”
გაზარდოს ზოგადი ინფორმირებულობა რასიზმის მავნე ზემოქმედებების შესახებ. ანტირასისტანტირასისტული განათლება ათვლის წერტილად იღებს თეზისს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მრავალკულტურულ და დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც ყოველ მოქალაქეს თანასწორობისა და სამართლიანობის უფლება აქვს მინიჭებული. თუმცა, იგი აცნობიერებს რასიზმისა და რასობრივი დამოკიდებულებების რეალურად არსებობას თანამედროვე საზოგადოებაში და იმ გავლენას, რომლის მოხდენაც მას შეუძლია შავკანიან მოსწავლეებზე - როგორც მათთვის საგანმანათლებლო პროცესში ნეგატიური გამოცდილების მიღების, ასევე მათთვის მომავალ ცხოვრებაში შანსების შემცირების თვალსაზრისით. ანტირასისტული განათლება ცდილობს აღმოფხვრას რასიზმი, რასისიტული გამოთქმები და პრაქტიკა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ინსტიტუციონალურ დონეზე და თანამედროვე საზოგადოებაში ული განათლება მიზნად ისახავს მრავალრასობრივი და ურთიერთდამოკიდებული საზოგადოებების შექმნას, სადაც ყველა მოქალაქის უფლება გათვალისწინებული და დაცულია.
განვითარების პრობლემების სწავლება
განვითარების პრობლემების სწავლება მჭიდრო კავშირშია გლობალურ განათლებასთან, მაგრამ გარკვეულ აქცენტს აკეთებს მესამე თაობის უფლებებზე - როგორიცაა: მყარი განვითარება, უფლება ჯანსაღ გარემო პირობებზე და მშვიდობის უფლება. პრიორიტეტულად მიიჩნევს, ასევე, საკითხებს, რომლებიც განსხვავებული საზოგადოებების ურთიერთობასა და განვითარების მეთოდებს ეხება. ამიტომაც დავაკავშირეთ ის დიაგრამაზე კულტურათაშორის განათლებასთან. ამგვარად, განვითარების პრობლემების შესწავლა ინტეგრალური პროცესია, იმ გაგებით, რომ იგი დაფუძნებულია მსოფლიოს ხედვაზე, როგორც ერთ, ურთიერთდაკავშირებულ მთლიანობაზე და ორიენტირებულია მომავალზე.
„განვითარების პრობლემების სწავლების ასოციაცია“ არის ბრიტანული ორგანიზაცია, რომელიც თითქმის 10 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს. ის განვითარების პრობლემების სწავლებას განმარტავს, როგორც უწყვეტი სწავლის პორცესს, რომელიც:
▪ შეისწავლის ჩრდილოეთის „განვითარებულ” ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანთა კავშირებს „განვითარებად” სამხრეთში მცხოვრებ ხალხთან. ამით საშუალებას აძლევს ადამიანებს გაიაზრონ კავშირები მათ ცხოვრებასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ ხალხს შორის;
▪ ზრდის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ძალების აზრის გაგებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენი ცხოვრების ფორმირებაზე;
▪ ანვითარებს უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებებსა და ფასეულობებს, რომლებიც საშუალებას აძლევს ხალხს ერთად იმუშაონ ცვლილებების განსახორციელებლად და ფლობდნენ თავიანთი ცხოვრების სადავეებს.
„განათლებამ უნდა გააღრმავოს სათანადო ინდივიდის ინტელექტუალური და ემოციური განვითარება. უნდა განავითაროს სოციალური პასუხისმგებლობის და ნაკლებად პრივილეგირებული ჯგუფების მიმართ სოლიდარობის გრძნობა და უნდა მიგვიყვანოს თანასწორობის პრნციპების დაცვამდე ყოველდღიურ ქცევაში.”
იუნესკოს რეკომენდაცია საერთაშორისო გაგების, თანამშრომლობისა და მშვიდობის შესახებ და ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან დაკავშირებული განათლების შესახებ
მყარი განვითარების მეთოდების ძებნა, განვითარების პრობლემების სწავლების ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარომოადგენს, და, ბუნებრივია, დაგვაფიქრებს გარემო პირობების მომავალ მდგომარეობაზე. ამ თვალსაზრისით, ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, უნდა დაბალანსდეს იმასთან მიმართებაში, თუ რა ფასად უჯდება ეს კაცობრიობას და გარემომცველ ბუნებას. ეკოლოგიური განათლება მიზნად ისახავს ამ საკითხების გამოტანას საზოგადოების სამსჯავროზე, დედამიწის ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვასა და მათდამი პატივისცემის გრძნობის გაძლიერებას.
იგი უკავშირდება, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა პრობლემებს. იმის გამო, რომ კაცობრიობის ცხოვრება დამოკიდებულია ჯანსაღ და მყარ გარემო პირობებზე, ამიტომ მსოფლიოს ხალხების და მომავალი თაობების უფლებებზე ზრუნვას, ეკოლოგიის საკითხები გადმოაქვს წინა პლანზე. დღეს უკვე საუბრობენ ადამიანის ეკოლოგიური უფლებების, როგორც უფლებათა ცალკე კატეგორიის, აღიარების შესახებ.
განათლება მშვიდობის კულტურის სფეროში
„არ არსებობს გზა მშვიდობისაკენ. მშვიდობა თავად არის გზა“.
მსოფლიოს ბუნებრივი რესურსები არ არის თანაბრად გადანაწილებული. ისინი ყოველთვის იყვნენ და ეჭვგარეშეა, რომ კვლავაც დარჩებიან სასტიკი კონფლიქტების ერთ-ერთი წყარო სხვადასხვა ადამიანებსა და საზოგადოებებს შორის. სამწუხაროდ, არსებობს კონფლიქტის ბევრი სხვა წყაროც. მშვიდობის კულტურის განათლების სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, შეიძლება, დაინტერესებულნი იყვნენ დედამიწის ბუნებრივი სიმდიდრეების რაციონალური და თანაბარი გადანაწილებით, როგორც კონფლიქტების გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებით მაგრამ, როგორც ჩანს, მათ მთელი ყურადღება გადატანილი აქვთ თავად კონფლიქტებზე და არა მათ გამომწვევ მიზეზებზე. განათლება მშვიდობის კულტურის სფეროში დამყარებულია მშვიდობის კონცეფციაზე, რომელიც უფრო მეტს წარმოადგენს, ვიდრე უბრალოდ ომის არარსებობა: მშვიდობის მიღწევა შესაძლოა სამართლიანობის გზების ძიებით და ექსპლუატაციისა და უსამართლობის გამომწვევი მიზეზების გააზრებით.
მხოლოდ ცოტა ადამიანს თუ სჭირდება მშვიდობის კულტურის სფეროში განათლების საჭიროების ახსნა კონფლიქტების უკეთესად გაგების, ადამიანთა შორის პატივისცემის დამკვიდრების (რაც ამცირებს კონფლიქტების აღმოცენების ალბათობას) და პოტენციურად საშიში სიტუაციების მშვიდობიანად დარეგულირების უნარჩვევების განვითარების მიზნით. მსოფლიოს სჭირდება სიცოცხლის ჭეშმარიტი უფლება ყველასათვის და ჭეშმარიტი პატივისცემა ყველას მიმართ, მათი ჩათვლით, ვისაც შეცდომები გვაქვს დაშვებული. ტოლერანტობის, კულტურათაშორისი გაგების შესახებ სწავლება და მთლიანობაში განათლება ადამიანის ძირითად უფლებათა უნივერსალური ბუნების შესახებ უნდა იყოს ამ მიზნისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი გზა.
2002 - 2010 წლები გამოცხადდა მშვიდობის კულტურის და მსოფლიოს ბავშვთა მიმართ არა-ძალადობის საერთაშორისო დეკადად (UN Doc. A/RES/53/25). იუნესკოს მხარდაჭერით დაარსებული მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ასოციაციაში არსებობს მშვიდობის განათლების კომიტეტი, რომელიც აერთიანებს მშვიდობის კულტურის დასამკვიდრებლად მოღვაწე პროფესიონალებს.
იგი, ალბათ, ყველაზე „ფორმალურია” განათლების იმ სფეროებს შორის, რომლებიც აქამდე განვიხილეთ, მაგრამ იურიდიული განათლება არ ნიშნავს მხოლოდ არსებული კანონების შესწავლას, ის ასევე გულისხმობს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში დეკლარირებული სამართლიანობის ძირითადი პრინციპების მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას.
კავშირი იურიდიულ განათლებასა და ადამიანის უფლებებს შორის შეიძლება დამყარდეს ორ სხვადასხვა დონეზე: პირველია სპეციფიური „იურიდიული” უფლებები, რომლებიც იცავენ ინდივიდს მიკერძოებული სასამართლო პროცესებისაგან და მეორე, მათი დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობის დონეზე. გაეროს სტრუქტურები, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო და სხვა რეგიონალური ორგანიზაციები ის იურიდიული ინსტიტუტებია, რომლებიც არსებობს ადამიანის უფლებათა დასაცავად. მაგრამ, ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია მათ შესახებ და შეგვეძლოს მათი გამოყენება, თუ გვინდა რომ ისინი ეფექტური იყოს ამ მიზნის მისაღწევად. ისინი თავად არ მოგვაკითხავენ.
რა არის ევროპა და სად მდებარეობს იგი?
ისტორიკოსების ცნობით ანტიკურ საბერძნეთში ევროპად ითვლებოდა მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დღეს ბალკანეთის სახელითაა ცნობილი. ამჟამად ევროპა ბევრად უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავს, მაგრამ ზუსტი საზღვრების დადგენა არც ისე ადვილია.
პოლიტიკური ევროპა მოიცავს 10 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწის ფართობს და გადადის გეოგრაფიული აზიის ტერიტორიულ საზღვრებში. კონტინენტის კლიმატი მერყეობს სუბტროპიკულიდან (სამხრეთ რეგიონები) პოლარულამდე (ჩრდილოეთ რეგიონები). ევროპა 200-ზე მეტი ცოცხალი ენისა და კიდევ უფრო მეტ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების სამშობლოა. ის მოიცავს დაახლოებით 50 სახელმწიფოს, რომელთა მთლიანი მოსახლეობა თითქმის 800 მილიონს შეადგენს.
ევროპის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა ძირითადი რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს. ეს კონტინენტი ასოცირებულია როგორც დემოკრატიის დაბადებასთან, ასევე ფაშიზმისა და ტოტალიტარიზმის ყველაზე უარეს გამოვლინებებთან, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს. ევროპას ახსოვს ებრაელთა განადგურება, კოლონიალიზმი და მონობა, დღეს კი ევროპაში ისეთი რაოდენობის ბირთვული იარაღია თავმოყრილი, რომელიც საკმარისია დედამიწაზე სიცოცხლის გასანადგურებლად. მიუხედავად ამისა, ევროპაში ყოველწლიურად იმართება ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი და დაარსდა ადამიანის უფლებათა მუდმივმოქმედი სასამართლო, რომელიც აღიარებულია მთელს მსოფლიოში.
დღესდღეობით, ევროპული სახელმწიფოების ოჯახში ზოგიერთი ქვეყანა ჯერ არსებობის 10 წელზე ნაკლებს ითვლის, ზოგი თითქმის უცვლელად ინარჩუნებს საზღვრებს ასეულობით წლების განმავლობაში, ზოგი კი კონფლიქტების ფონზე დღესაც ცვლილებების პროცესშია. ამგვარად, ევროპაში არსებობენ ხალხები, რომლებიც რეგულარულად, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებიან ძალადობას მაშინ, როდესაც ამავე კონტინენტზე სხვები მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და, ხშირად, უზრუნველად ცხოვრობენ.
რის საფუძველზე ითვლება ქვეყანა “ევროპულად”?
ევროპის ყველა ქვეყანაში არსებობენ მილიონერები, ხოლო მილიონობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. რამდენადაც მრავალფეროვანია ევროპის კონტინენტი, იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ევროპის ქვეყნები. მასწავლებლის დღიური ხელფასი ევროპის ერთ ნაწილში შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე ევროპის სხვა წერტილში მომუშავე მისი კოლეგის თვიური გამომუშავება, ხოლო ევროპის სხვა რეგიონში მასწავლებელმა შეიძლება საერთოდ ვერ მიიღოს ხელფასი თვეების განმავლობაში.
ევროპა, ჭეშმარიტად, მრავალფეროვანია.
შეიძლება გავამარტივოთ საკითხი და ვთქვათ, რომ არსებობს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა? ან ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპა? მაშინ, სად მდებარეოდს ცენტრალური ევროპა?
შეიძლება დავყოთ იგი ქრისტიანულ და მუსულმანურ ევროპად ან მდიდარ და ღარიბ ევროპად? მშვიდობიან და საომარ პროცესებში ჩართულ ევროპად? დემოკრატიულ ევროპად და ტოტალიტარიზმისაგან დაუძლურებულ ევროპად... მემარცხენე და მემარჯვენე, ამერიკანიზებულ და გასაბჭოებულ ევროპად?
ევროპის რომელ „ნაწილს” ეკუთვნით თქვენ? ხართ ევროპის ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი ტიპიური ევროპელი?
თუკი თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ევროპის დაყოფა შეესაბამება რეალობას, ან, უკიდურეს შემთხვევაში, სასარგებლოა კონკრეტული საჭიროებების განსაზღვრისათვის ამ დაყოფათა სხვადასხვა მხარეს, მაშინ დაუფიქრდით, როგორ შეიძლება ასეთ ზოგად კატეგორიებში მოთავსდეს ქვემოთ მოყვანილი ჯგუფები. პასუხობს ადამიანების მოთხოვნილებები ევროპის იმ ქვეყნების ან რეგიონების „სტერეოტიპებს”, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ?
▪ ბიზნესმენები ბალკანეთში.
▪ ბენგალური თემები აღმოსავლეთ ლონდონში.
▪ ბასკეთში ან ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები, ტერორისტული ძალადობით გატანჯული ხალხი.
▪ კლიმატზე დამოკიდებული მთიანი რეგიონების ფერმერები ესპანეთში, იტალიაში, რუმინეთში და საქართველოში.
▪ ბოშები უნგრეთში, სლოვაკეთში, საბერძნეთში ან საფრანგეთში.
▪ ისლამოფობები ან ანტისემიტები გერმანიაში, რუსეთში, ლიტვაში, შვედეთში, პოლონეთში და კონტინენტის სხვა ქვეყნებში.
▪ მეთევზეთა დასახლებები შოტლანდიაში, ნორვეგიაში, ხორვატიასა და ესტონეთში.
▪ იმიგრანტი მუშები ბელგიასა და ფინეთში.
▪ ლტოლვილები და პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლები უკრაინასა და პოლონეთში.
▪ მუსულმანები, პოლიტიკოსები, ადამიანის უფლებათა აქტივისტები, მასწავლებლები, ახალგაზრდების ლიდერები, დაბლები, მელოტები, ბავშვიანი და უბავშვო ქალები.
ასეთი მაგალითები ადასტურებენ, რომ ევროპის არანაირი დაყოფა არაა აბსოლუტური იმისათვის, რათა ადექვატურად მოხდეს თითოეული ქვეყნის, საზოგადოებისა და პიროვნების მრავალასპექტიანი ბუნების აღწერა. ევროპის მასშტაბით არსებობს გარკვეული საერთო საჭიროებები, მაგრამ არსებობს ამავე რაოდენობის განსხვავებული მოთხოვნები თითოეული თემის ფარგლებში, თითოეულ კონკრეტულ სახელმწიფოში. ევროპა და მისი შემადგენელი ქვეყნები წარმოადგენენ სოციალური და კულტურული მრავალფეროვნების მიკროსამყაროს.
„... პირველად კომუნისტებს მოაკითხეს; მე ხმა არ ამოვიღე, რადგან კომუნისტი არ ვიყავი. შემდეგ მოაკითხეს ებრაელებს. მაშინაც არ დავარღვიე დუმილი, იმიტომ, რომ არა ვარ ებრაელი. შემდეგ ისინი მოვიდნენ მუშების, პროფკავშირების წევრების წასაყვანად. შემდეგ კათოლიკებს მოაკითხეს. მე არაფერი მითქვამს იმიტომ რომ პროტესტანტი ვარ. ბოლოს, როცა მე მომაკითხეს, აღარავინ იყო დარჩენილი, რომ რაიმე ეთქვა”.
მაშინ რა საჭიროა ერთი სახელმძღვანელო მთელი ევროპისათვის? შეძლებს ის პასუხი გასცეს დააკმაყოფილოს ყველას მოთხოვნილებები ამ მდიდარ და ჭრელ კონტინენტზე?
წიგნის ეს ნაწილი გარკვეულ პასუხებს იძლევა ამ შეკითხვებზე და წარმოადგენს ჩვენს მიდგომას ზოგიერთი სიძნელისადმი, რომელსაც წავაწყდით და, დაგვანახებს, თუ როგორ გადავჭერით ეს პრობლემები. ასევე, მოგვყავს მიზეზები, რის გამოც ვთვლით, რომ დასახული ამოცანა მხოლოდ რეალისტური კი არ არის, არამედ აუცილებელიცაა. ბოლოსდაბოლოს, ევროპას მარტო კულტურული მარვალფეროვნება არ ახასიათებს, მას ბევრი საერთოც აქვს. ამ შეხების წერტილების აღმოჩენა და, ამ გზით, ურთიერთგანსხვავებების შეცნობა, შესაძლოა, ისევე მნიშვნელოვანი იყოს, როგორც ჩვენი საკუთარი მეობის დაცვა და შენარჩუნება.
შეხვედრიხართ ევროპის სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდულ ჯგუფებს? რა აქვთ თქვენს ჯგუფებს საერთო?
ადამიანის უფლებები, როგორც ერთიანობის ფაქტორი
„ერთგან ჩადენილი უსამართლობა საყოველთაო სამართლიანობას უქმნის საფრთხეს”.
ადამიანის უფლებები საფუძვლად უდევს ევროპის საბჭოს ისტორიულ და იდეოლოგიურ ფუნდამენტს და წარმოადგენს ერთ-ერთ ელემენტს, მრავალ საერთო ელემენტთა შორის, რომლებიც აერთიანებენ ევროპას. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებები არ არის ევროპის მონოპოლისტური კუთვნილება, მაგრამ, ეჭვგარეშეა, რომ ამ კონტინენტისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამაერთიანებელ ფაქტორს წარმოადგენს. ევროპის საბჭოს წევრების ზრდასთან ერთად, ეს ფაქტორი სულ უფრო ძლიერდება.
ყოველი ქვეყანა, რომელიც ევროპის საბჭოში ერთიანდება, ვალდებულებას იღებს დაიცვას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ ევროპის კონვენციაში დეკლარირებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ევროპის ქვეყნების ჩვეულებრივი მოქალაქისათვის, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული უფლებები და თავისუფლებები, უკიდურეს შემთხვევაში, გარკვეული ხარისხით მაინც, დაცულია ევროპის თანამეგობრობის სახელმწიფოების მიერ.
მაშინაც კი, როდესაც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება რეალური და საფუძვლიანი, თუ თითოეული პიროვნება აქტიურ როლს შეასრულებს მათ დაცვაში. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ამ უფლებების არსებობის შესახებ, უნდა შეეძლოთ მათი დაცვა, როდესაც ირღვევა ეს უფლებები და პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამაში მდგომარეობს განათლების ამოცანა და ეს არის მთელი ევროპის ამოცანა.
პირადი უფლებების დაცვის ცოდნა მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ამოცანა ამით არ შემოიფარგლება. ამ სახელმძღვანელოში, ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანის უფლებები გლობალური საკითხია და აუცილებელია, რომ ევროპის ახალგაზრდები, როგორც მსოფლიოს მოქალაქეები, აფასებდნენ მას, თუ გვინდა, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთელს პლანეტაზე.
რასაკვირველია, ყველა ევროპული ქვეყანა ასრულებს კონკრეტულ სამუშაოს, საკუთარი მოქალაქეების უფლებათა დაცვის გასაუმჯობესებლად. არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ ირღვევა ადამიანის უფლებები. ადამიანის უფლებათა სწავლება ეხება არა მხოლოდ ჩვენს უფლებებს, არამედ სხვა ადამიანების უფლებებსაც. ამიტომ, ამ სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ამოცანაა ინფორმირებულობის გაზრდა ადამიანის უფლებათა შესახებ, რათა ახალგაზრდებმა უკეთ შეძლონ დაიცვან უფლებები თავიანთ გარემომცველ სამყაროში. მეორე ამოცანაა, გავუღვივოთ ახალგაზრდებს სურვილი, უფრო ფართო მასშტაბით გამოიჩინონ დაინტერესება ამ საკითხებში და ჩაუფიქრდნენ თავიანთი საქციელის რეალურ და მოსალოდნელ შედეგებს.
ახალგაზრდები, მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში, ყოველთვის ყურადღებით ეკიდებოდნენ ადამიანის უფლებებს და ადამიანის უფლებათა სწავლებას. ფაშიზმისა და ტოტალიტარული მმართველობის პერიოდში, სწორედ ახალგაზრდები და სტუდენტები იდგნენ რეპრესიებისა და ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ავანგარდში. ახალგაზრდული ორგანიზაციები და ასოციაციები ყოველთვის წამყვან როლს ასრულებდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდების დაახლოებაში და მათი უფლებების დაცვაში. ახალგაზრდული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მუდამ ცდილობდნენ სოლიდარობის დამყარებას ახალგაზრდებს შორის, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მუშაობის ამგვარი მეთოდები ეფუძნება სოლიდარობის, თანამშრომლობის, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების იდეალებს.
მოვიდა დრო, უფრო ფართოდ განვავრცოთ ეს გამოცდილება, ჩავრთოთ მუშაობაში რაც შეიძლება მეტი ევროპელი ახალგაზრდა და დავამკვიდროთ ადამიანის უფლებათა პატივისცემა, როგორც ამ კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აუცილებელია უფრო უკეთ გავიაზროთ, თუ რა გზით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ჩვენი თანატოლების უფლებათა დაცვას. ეს ამოცანაც მთელი ევროპის გადასაწყვეტია.
„სიმტკიცე ძალადობაზე ძლიერია. როდესაც წინააღმდეგობები ბევრია, შეუძლებელია მათი ერთდროულად გადალახვა. თუმცა ისინი სათითაოდ გაქრებიან თუკი თანმიმდევრულად ვიმოქმედებთ”.
რასაკვირველია, არავის სურს, რომ ევროპის ქვეყნებმა და კულტურებმა დაკარგონ თავიანთი თვითმყოფადობა. ამ სახელმძღვანელოს შედგენის დროს, ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო, რომ ადამიანის უფლებათა კულტურა არ უპირისპირდება ევროპის არც ერთი ქვეყნის კულტურას და, მაშასადამე, მსოფლიო კულტურასაც და არ იწვევს მათ შეცვლას უარყოფითი მიმართულებით. ფაქტიურად, ეს ფასეულობები უკვე არსებობს ყველა ქვეყანაში, მაგრამ, განვითარების უმაღლეს დონეს მხოლოდ ის კულტურები აღწევენ, რომლებიც ანვითარებენ ამ ფასეულობებს და ყველა ადამიანს აძლევენ პოზიტიური წვლილის შეტანის საშუალებას.
ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ საერთო ინტერესები და საერთო ძალისხმევა ხელს შეუწყობდა ახალგაზრდების დაახლოებას ჩვენს კონტინენტზე, მათ მიერ ურთიერთთანასწორობის აღიარებას, საერთო რეალობის გაზიარებას და ერთობლივი პასუხისმგებლობის აღებას კონტინენტის მომავალზე: შესაძლოა ციმბირი შეერთებოდა პორტუგალიას ქალების უფლებების დაცვაში, ალბანეთის და ლუქსემბურგის ახალგაზრდებს, იქნებ ბავშვთა შრომის საკითხზე საერთო ვებგვერდიც კი შეექმნათ, რათა მსოფლიოს ყურადღება მიეპყროთ. ანდა, იქნებ მალტისა და დანიის სკოლებს დაეგეგმათ ერთდროული ქუჩის აქციები, ძალადობის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში.
ახალგაზრდები დაინტერესებული არიან და შეუძლიათ გზის გაკვლევა, შეუძლიათ უპასუხონ მათ, ვინც აკრიტიკებს მათ ინდივიდუალიზმს და უარყონ მათი აპათია, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე გაუკეთებიათ თაობებს. ახალგაზრდებს შეუძლიათ დაამტკიცონ მათი სიცრუე, ვინც დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ალტერნატივა არ არსებობს და ახალი ენერგია შთაბერონ ადამიანის უფლებებისათვის მშვიდობიან ბრძოლას მთელს მსოფლიოში. ამ სახელმძღვანელოსათვის ახალგაზრდები არ არიან მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფები, ისინი ჩვენს მთავარ იმედსა და რესურსს წარმოადგენენ.
ახალგაზრდული წარმომადგენლობა და მისი მუშაობა
„ახალგაზრდობა არ არის მხოლოდ მომავალი... ჩვენ ვართ აწმყოც”.
ბავშვებისა და ახალგაზრდების განცხადება ევროპისა და ცენტრალური აზიის ბავშვთა უფლებების სპეციალური სხდომისათვის გამართულ კონსულტაციაზე, ბუდაპეშტი, 2001.
თუმცა ამ სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოები გამიზნულია ფორმალურ საგანმანათლებლო სექტორში გამოყენებისათვის, ჩვენი სურვილი იყო შეგვექმნა ისეთი წიგნი, რომელიც უპირატესად გამოადგებოდათ ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის ფარგლებს გარეთ მომუშავე ახალგაზრდებს. რა თქმა უნდა, ასეთი სამუშაოს ბუნება და მოცულობა შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, მეთოდების სხვადასხვა ტიპების შემოთავაზებით და სხვადასხვა თემების შესწავლით, ჩვენ მიზნად ვისახავდით მხედველობაში მიგვეღო ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებული მრავალფეროვანი ახალგაზრდული ჯგუფების და ასოციაციების განსხვავებული მოთხოვნები. სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოების ფართო სპექტრი უნდა ყოფილიყო საინტერესო და სასარგებლო კლასგარეშე სამუშაოსთვის, სკაუტთა ჯგუფებისთვის, ახალგაზრდების საეკლესიო ჯგუფებისთვის, საუნივერსიტეტო კლუბებისათვის, ადამიანის უფლებების დამცავი ჯგუფებისათვის, გაცვლითი კლუბებისათვის და ამასთან ერთად, ის უნდა ყოფილიყო გამოყენებადი ფორმალური საგანმანათლებლო სექტორისათვის.
ახალგაზრდებთან მუშაობის ძირითადი ამოცანაა ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური განვითარება. ამ მიზეზით, მოცემული სავარჯიშოების უდიდესი ნაწილი უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ამ ასპექტებს, ვიდრე ტრადიციულ საგანმანათლებლო მიზნებს - ცოდნის გაღრმავებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სავარჯიშოების შეკრება ისე, რომ მომხდარიყო ახალგაზრდების ყურადღების კონცენტრირება ამ საკითხებზე და გამოყენებული ყოფილიყო ემპირიული გამოცდილება, რათა გაძლიერებულიყო ახალგაზრდების პატივისცემა ადამიანის უფლებების მიმართ, განსაკუთრებით კი მათი, რომლებიც ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის ფარგლებში აქტიურ რეაგირებას არ ახდენენ ამ მცდელობებზე.
იყენებთ ემპირიულ გამოცდილებას პირად პრაქტიკაში?
იმ საგანმანათლებლო სისტემებში და ინსტიტუტებში, სადაც სასწავლო მეთოდები უფრო ცოდნაზეა დამყარებული, ვიდრე გამოცდილებაზე ან უნარ-ჩვევებზე, ასეთი მიდგომა შეიძლება საკმაოდ უცხო იყოს. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ სასარგებლო საწყის წერტილებს და ძირითად ბაზისურ ინფორმაციას ამ სახელმძღვანელოს საგანმანათლებლო მიდგომების შესახებ (იხ. თავი „როგორ ვისარგებლოთ სახელმძღვანელოთი”). ჩვენ ეს მიგვაჩნია იმ მიზნის მნიშვნელოვან ნაწილად, რომ წიგნი გასაგები იყოს არა მარტო ევროპის ახალგაზრდებისთვის არამედ მასწავლებლებისა და ჯგუფის ხელმძღვანელებისა და ახალგაზრდული მუშაკებისთვისაც, რომლებიც ნაკლებად იცნობენ ზოგიერთ სამუშაო მეთოდს.
იმედი გვაქვს, რომ ეს სახელმძღვანელო თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის არსებული მეთოდოლოგიური უფსკრულის შევსებაში. ორივე თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართვა, რომელთა ყურადღების მიქცევასაც ვცდილობთ - და უფრო მეტიც, ისეთ სფეროში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სადაც აქტიური მონაწილეობა ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. მათი ყოვლისმომცველი ბუნების გამო, ამ სახელმძღვანელოში მოცემული თითოეული სავარჯიშო მიზნად ისახავს საინტერესო და მიმზიდველი გზის მიწოდებას ახალგაზრდებისათვის, რათა გაზარდოს მათი ინფორმირებულობა ადამიანის ზოგადი უფლებების შესახებ ნებისმიერ გარემოში.
როგორ ახერხებთ ახალგაზრდების ჩართვას პრაქტიკულ მუშაობაში?
კიდევ ერთი ძირითადი ამოცანა იყო ახალგაზრდებისთვის საშუალების მიცემა, რომ მათ თავიანთი წვლილი შეეტანათ საკითხებში, რომლებიც მათ აღელვებთ. ამ მიზნით, ჩვენ ასევე დავამატეთ თავი „მოქმედებაზე გადასვლა”. ამ თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ამ თავში შემოთავაზებული წინადადებების უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ არის მარტო ადამიანის უფლებების „აქტივობისათვის” დამახასიათებელი, ისინი ჩვეულებრივი ახალგაზრდული საქმიანობაა, რომლებსაც ბევრი ჯგუფი უკვე ახორციელებს ადამიანის უფლებათა სფეროსგან განსხვავებულ სფეროებში. ეს ისეთი ტიპის სავარჯიშოებია, რომელში მონაწილეობაც ყველა ახალგაზრდას აინტერესებს.
ბავშვის უფლებათა კონვენცია
ყველა ევროპულმა ქვეყანამ მოაწერა ხელი და რატიფიცირება მოახდინა გაეროს კონვენციას ბავშვის უფლებების შესახებ. შესამაბისად, მათ აიღეს პასუხისმგებლობა ამ უფლებების დაცვაზე და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ რეგულარული მოხსენებების გაკეთებაზე. ეს კონვენცია აქტუალურია სახელმძღვანელოსთან მიმართებაში ნაწილობრივ მიზნობრივი ჯგუფის ასაკობრივი სპექტრის გამო, თუმცა წიგნი ასევე გათვალისწინებულია - 18 წლის ზემოთ მკითხველისათვის (კონვენციის ზედა ასაკობრივი ზღვარი).
აქვე განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს კონვენციის მნიშვნელობა სახელმძღვანელოს მეთოდოლოგიიდან გამომდინარე. კონვენციის ცენტრალური იდეა არის (ჩამოყალიბებული მის რამდენიმე მუხლში, განსაკუთრებით მე-3 და მე-11 მუხლები), რომ ახალგაზრდებს უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი შეხედულებები და მოითხოვონ მათი გათვალისწინება. ამ იდეამ განსხვავებული ხარისხით რეალიზაცია ჰპოვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: ზოგ მათგანში არსებობს რეალური შესაძლებლობები რომ ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღონ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც მათ ეხებათ, ზოგში კი პროცესი ნაკლებად წარმატებულია.
არსებობს ბავშვის უფლებათა კონვენციის ასლი თქვენს სკოლაში ან ასოციაციაში?
გასაგებია, რომ უკვე არსებული შესაძლებლობები გარკვეული დონით განსაზღვრავს ახალგაზრდების გავლენის ხარისხს გადაწყვეტილებების მიღებაზე ისევე, როგორც გარკვეული საქმიანობისთვის უპირატესობის მინიჭებას სხვა საქმიანობასთან შედარებით. საბოლოო ამოცანა, რომ ახალგაზრდებს მოეპყრან ისე, როგორც ხალხს, რომელიც იმსახურებს ჭეშმარიტ პატივისცემას და ამ თვალსაზრისით ისინი ჩაითვალონ საზოგადოების უფროსი თაობის წევრების თანასწორად, ძალაში რჩება ევროპის ყველა ნაწილში.
წიგნის მომზადების პროცესი
კომპასის შემოქმედებითი ჯგუფი შედგებოდა რვა წევრისაგან, რომლებსაც უნდა მოემზადებინათ ბაზისური მასალები და შეედგინათ სახელმძღვანელოს სავარჯიშოები. როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ჯგუფი სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა წიგნის შექმნის პროცესში, რომელიც ბუნებრივია ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით შეზღუდული ვადების გამო. იმისათვის, რომ მომხდარიყო გამოცდილების მაქსიმალური გაზიარება, თითოეული ავტორის მიერ დაწერილი ტექსტი უნდა ყოფილიყო გადამოწმებული და მოწონებული სხვა ორი ავტორის მიერ. ანალოგიურად ყოველი თავი ან თემა სულ მცირე ორი ადამიანის მიერ იყო გაზიარებული.
შემოქმედებითი ჯგუფი წარმოადგენდა ევროპას მთელი მისი მრავალფეროვნებით. წევრები იყვნენ ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან (ასევე ცენტრალური ნაწილიდან). ჩვენი ისტორია, ტრადიციები, ენები, ჩაცმულობა და მუსიკალური გემოვნება ხან თანხვდებოდა, ხან ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. ყოველ ჩვენგანს სურდა გაეკეთებინა რამე განსხვავებული, ან განსხვავებულად, რადგანაც თითოეულმა ჩვენგანმა ყველაზე უკეთ იცოდა საკუთარი ქვეყნის მოთხოვნები. თუმცა არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა ყველას საჭიროებების შესახებ, თვით საკუთარ ქვეყანაშიც კი და ამიტომაც, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ თითოეული ჩვენგანი იყო საჭირო და ყველა ჩვენგანი კი იყო არასაკმარისი.
საკონსულტაციო ჯგუფის ერთმა წევრმა, რომელიც ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ცხოვრობს, თავიდანვე შენიშნა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები ზრუნავენ უმცირესობათა უფლებებზე მაშინ, როცა ქვეყნები ევროპის ჩვენ ნაწილში დაინტერესებული არიან უმრავლესობათა უფლებებით. ზოგი არ დაეთანხმა: ისინი ფიქრობდნენ რომ „ევროპის მათი ნაწილი” არც ერთ სტერეოტიპში არ ჯდებოდა. სხვების აზრით კი, ეს ისევე, როგორც ნებისმიერი განზოგადებისას, აღნიშნულ მტკიცებულებაში შეიცავდა სიმართლის ნაწილს. ჩვენ შევეცადეთ ეს გაგვეთვალისწინებინა, მაგრამ ამავე ლოგიკის მიხედვით, ეს მოსაზრება შეიძლებოდა ყოველ ჩვენგანს გამოეთქვა ცოტა განსხვავებულად: „ხალხი სამხრეთ ევროპაში /მუსულმანურ ევროპაში/ რეგიონებში/ დედაქალაქებში/ ევროპაში საომარი ზონებით... დაინტერესებულია .....ით.”
ამ შენიშვნამ ასევე შეგვახსენა, რომ მიუხედავად საერთო მიზნებისა, განსხვავებები ჩვენს კულტურებს შორის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე განსხვავებები მათ წარმომადგენლებს, ანუ ჩვენს შორის. პროცესი დავასრულეთ იმ იმედით, რომ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ გვეხებოდა და გვაწუხებდა, უნდა აეღელვებინა ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, რადგანაც ეს საკითხები ეხება მთელს მსოფლიოს. პროცესი დავასრულეთ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიცოდით, თუ რა ხარისხით დავფარეთ მთელი ევროპა ადექვატურად. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ეს შეუძლებელიც იქნებოდა.
სახელმძღვანელოთი სარგებლობა სხვადასხვა ენებზე და სხვადასხვა ქვეყნებში
ასეთი ფართო აუდიტორიისთვის სახელმაძღვანელოს შექმნის პროცესში ორი ძირითადი პრობლემა არსებობდა: პირველი არის გადაჭარბებული განზოგადების პრობლემა - სავარჯიშოები შეიძლება არ იყოს საკმაოდ სპეციფიური, იმისათვის რომ უპასუხოს ამა თუ იმ ჯგუფის ან საზოგადოების კონკრეტულ ინტერესებს. მეორე პრობლემა კი პირიქით, არის კონკრეტულ, სპეციფიურ საკითხებთან შეხება, რომლებიც ან არ არის აქტუალური, ან ზედმეტად მგრძნობიარეა ზოგიერთი ქვეყნისათვის.
საკითხები, რომლებიც ჩვენ ჩავრთეთ სახელმაძღვანელოში ნამდვილად აქტუალურია და პირდაპირი დაინტერესების საგანს წარმოადგენს ყველა ადამიანისათვის მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიუხედავად. და მაინც, შეიძლება ზოგიერთი საკითხის დასმის გზა და სავარჯიშოების განვითარება ნაკლებად შეესატყვისებოდეს გარკვეულ ჯგუფებს და მათ ხელმძღვანელებს. ჯგუფის ლიდერების ან ხელმძღვანელების ამოცანა ასეთ შემთხვევებში არის არა უბრალოდ ინსტრუქციების გამეორება ან ბრმად შესრულება, არამედ განსაზღვრა, თუ რა საჭიროებს გაუმჯობესებას, ადაპტირებას, ან განახლებას სპეციფიური კონტექსტების გათვალისწინებით. ქვემოთ მოყვანილმა ზოგადმა მითითებებმა შეიძლება გარკვეულწილად ხელი შეუწყოს ამ ამოცანის შესრულებას.
ეს სახელმაძღვანელო უნდა ჩაითვალოს ათვლის წერტილად და ცოცხალ საგანმანათლებლო ინსტრუმენტად, რომელიც ღიაა იდეებისათვის, ადაპტაციისა და გაუმჯობესების მიზნით მოწოდებული წინადადებებისათვის.
რეკომენდაციები ადაპტაციისათვის:
▪ თუ საკითხი იწვევს არაერთგვაროვან რეაქციას თქვენ საზოგადოებაში ან არსებობს ალბათობა, რომ მას წინააღმდეგობა შეხვდება ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, მაშინ დაფიქრდით იქნებ ღირდეს ამ თემის განხილვა სხვა საზოგადოების ან სხვა ისტორიული ეპოქის მაგალითზე ისე, რომ არ გაკეთდეს მკაფიო პარალელები მიმდინარე მოვლენებთან. თუ საკითხი წინააღმდეგობრივია, ან განხეთქილებას იწვევს, თქვენ შეგიძლიათ თხოვოთ მონაწილეებს, რომ ეძებონ განსხვავებული შეხედულებები, ან შესთავაზოთ რომელიმე უმცირესობის დამცველს გამოთქვას საკუთარი აზრი.
▪ თუ სავარჯიშოებს იყენებთ ფორმალურ საგანმანათლებლო სექტორში, სადაც არსებობს შეზღუდული დროის გრაფიკი და შინაარსს უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება, შესაძლოა თქვენ გადაწყვიტოთ ბაზისური ან სხვა სახის ინფორმაციის უფრო მეტად გამოყენება რომლებიც თქვენ ან თქვენ სტუდენტებს გაქვთ ხელთ. ასევე შესაძლოა გადაწყვიტოთ ზოგიერთი სავარჯიშოს გადანაწილება (მაგალითად ორ დღეზე).
▪ თუ თქვენ სასწავლო პროგრამაში შეზღუდულია შესაძლებლობები ადამიანის უფლებების შესახებ განათლების ჩართვისათვის, არსებობს მათი გამოყენების უამრავი გზა სხვა საგნებში - როგორიცაა გეოგრაფია, ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებები, და ა.შ. ამის მიხედვით შესაძლოა სავარჯიშოების ადაპტირებაც კი მოახდინოთ.
▪ თუ ახალგაზრდები ჩათვლიან რომ გარკვეული საკითხები მათთვის არაა მნიშვნელოვანი, ან ვერ ხედავენ კავშირს უშუალოდ მათ სიტუაციასთან, სთხოვეთ მათ პირდაპირ დასვან ეს საკითხი და დასახონ გზები, რომლის საშუალებითაც ისინი გავლენას მოახდენენ მათ ცხოვრებაზე. ფაქტობრივად, ამ სახელმაძღვანელოში წარმოდგენილი თითოეული საკითხი პირდაპირ კავშირშია ყველა ახალგაზრდასთან.
▪ სავარჯიშოების შესრულებისას შესაძლოა იგრძნოთ, რომ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, ან გარკვეული მიდგომა რომელიც უფრო შესაფერისია თქვენი ჯგუფისთვის ან საზოგადოებისთვის. შეინარჩუნეთ მოქნილობა სხვადასხვა სავარჯიშოებისათვის: საშუალება მიეცით მონაწილეებს გამოთქვან მოსაზრებები, გაახანგრძლივეთ ან შეზღუდეთ დროის გრაფიკი, ან ბაზისური ინფორმაცია, თუ ეს მისაღებია და განიხილეთ სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობა, თუ ჯგუფი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს რომელიმე საკითხისადმი. ხანდახან შეიძლება დაგჭირდეთ მოწოდებული ინფორმაციის შევსება ან მისი ადაპტირება თქვენი კონტექსტის მიხედვით.
▪ გამოიყენეთ საკუთარი მსჯელობა, რათა შეაფასოთ ახალგაზრდების ჩართვის შესაძლო დაბრკოლებები საზოგადოებრივი აქტივობის ნებისმიერ ფორმაში - მაგ. დაძაბულ სოციალურ ან პოლიტიკურ პირობებში.
▪ როდესაც კი ეს შესაძლებელია გაუზიარეთ ახალგაზრდებს ნებისმიერი სირთულე, რომელსაც თქვენ აწყდებით. ისინი მოხარული იქნებიან გამოთქვან თავიანთი აზრი და უფრო კარგად გაიგებენ ნებისმიერ შეზღუდვას, რომელიც გავლენას ახდენს თქვენზე. ენდეთ მათ!
ადამიანის უფლებების შესწავლისა და სწავლების მრავალი გზა არსებობს. ის, თუ როგორ მიუდგებით საგანს, დამოკიდებული იქნება თქვენ სამუშაო გარემოზე (ფორმალური თუ არაფორმალიური სექტორი), თქვენს ქვეყნაში არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პირობებზე, ახალგაზრდების ასაკზე, მათ დაინტერესებაზე და მოტივაციაზე - შეისწავლონ ადამიანის უფლებები. ასევე, დამოკიდებული იქნება იმ გამოცდილებაზე, რომელსაც ფლობთ ადამიანის უფლებათა საკითხებში, თქვენს პირად მიდგომაზე და დამოკიდებულებაზე მიზნობრივი ჯგუფების მიმართ და, რასაკვირველია, „სწავლების სტილზე”.
თქვენ შეიძლება იყოთ ახალგაზრდა მუშაკი, ტრენერი, სკოლის მასწავლებელი, ან უფროსი თაობის პედაგოგი, სემინარების ხელმძღვანელი ან საეკლესიო განხილვების ჯგუფის წევრი, ან ახალგაზრდა, რომელიც დაინტერესებულია ადამიანის უფლებებით. ვინც არ უნდა იყოთ და სადაც არ უნდა მუშაობდეთ, ჩვენ გვწამს, რომ ამ სახელმაძღვანელოში აღმოაჩენთ რაიმეს თქვენთვის საინტერესოს. ჩვენ არ ვაკეთებთ არანაირ წინასწარ დასკვნებს სწავლებისა და ტრენინგების მეთოდების, ან ადამიანის უფლებების სფეროში წინასწარი ცოდნის დონის შესახებ.
ამ ნაწილში ჩვენ ვცდილობთ ავხსნათ თუ რას ვგულისხმობთ მონაწილეობაში, თანამშრომლობაში, ექსპერიმენტულ სწავლებაში და რატომ ვიყენებთ ამ საგანმანათლებლო მიდგომებს. ჩვენ მივუთითებთ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ სავარჯიშოები ფორმალურ და არაფორმალურ სექტორებში და შევეცდებით გავცეთ პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე. განყოფილებაში „რეკომენდაციები ხელმძღვანელებისათვის”, აღვწერთ, რა სახით არის წარმოდგენილი სავარჯიშოები და როგორ ავირჩიოთ ერთ-ერთი. აქვეა შენიშვნები დისკუსიების, ჯგუფური მუშაობისა და დამხმარე სავარჯიშოების შესახებ გამოკითხვისა და შეფასების ჩათვლით.
კომპასი უნდა გამოვიყენოთ, როგორც მოქნილი საშუალება. ადამიანის უფლებათა დამკვიდრება უწყვეტი შემოქმედებითი პროცესია და თქვენ, ამ წიგნის მომხმარებლები, ხართ მისი შემადგენელი ნაწილი. იმედი გვაქვს, რომ გაითავისებთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ იდეებს, გამოიყენებთ და განავითარებთ მათ, რათა დააკმაყოფილოთ საკუთარი და იმ ახალგაზრდების მოთხოვნები, რომლებთანაც თქვენ მუშაობთ. ასევე იმედი გვაქვს, რომ გააანალიზებთ მიღებულ ცოდნას და გამოგვეხმაურებით, რასაც გავითვალისწინებთ მომდევნო გამოცემაში. ანკეტა გამოხმაურებისთვის მოცემულია 531-ე გვერდზე.
როგორ ვისარგებლოთ სახელმაძღვანელოთი
მთავრია არა რას აკეთებთ, არამედ როგორ აკეთებთ. აი რას მოაქვს შედეგი.
ჩვენი პრინციპული რჩევაა თავიდანვე თვალი გადაავლოთ მთელ სახელმაძღვანელოს, რათა სრული შთაბეჭდილება შეგექმნათ საერთო სურათის და შინაარსის შესახებ. სახელმძღვანელოს არ აქვს მკაცრად განსაზღვრული დასაწყისი. ჩვენი ჩანაფიქრის მიხედვით, შესაძლებლობა გეძლევათ აირჩიოთ და დაიწყოთ იმ ნაწილით, რომელიც თქვენთვის ყველაზე აქტუალურია.
მეორე თავში იხილავთ სხვადასხვა დონის 49 სავარჯიშოს გლობალური თემებისა და ადამიანის უფლებების შესახებ. იგი ახალგაზრდებთან თქვენი მუშაობის ინსტრუმენტს წარმოადგენს. მეხუთე თავი შეიცავს დამხმარე მასალას. ესაა ბაზისური ინფორმაცია გლობალურ თემებზე, ადამიანის უფლებათა საკითხების განმარტებები და ინფორმაცია მათ ევოლუციაზე. გარდა ამისა, წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ძირითადი დეკლარაციებისა და კონვენციების შემოკლებული ვარიანტები, გამოყენებული ლიტერატურისა და დამატებითი წყაროების სია.
ეს, ალბათ, საკმარისი მასალაა, რათა საშუალება მოგეცეთ დაიწყოთ საგანმანათლებლო მოღვაწეობა ადამიანის უფლებათა სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ არაა აუცილებელი იყოთ ადამიანის უფლებების „ექსპერტი”, რათა დაიწყოთ მუშაობა. დაინტერესება ადამიანის უფლებებით უკვე საკმარისი კვალიფიკაციაა. არც ისაა საჭირო, რომ პროფესიონალი მასწავლებელი ან პედაგოგი იყოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გქონდეთ გააზრებული ჩვენი საგანმანათლებლო მიდგომა, რათა მაქსიმალური წარმატებით გამოიყენოთ სავარჯიშოები.
ვიდრე სავარჯიშოებთან მუშაობას დაიწყებდეთ, მნიშვნელოვანია, გაიაზროთ ის საგანმანათლებლო მიდგომები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ. ადამიანის უფლებათა სფეროში განათლება არის სწავლება სოციალური და პიროვნული ცვლილებების შესახებ. ის აყალიბებს ახალგაზრდების თვისებას, იყვნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადამიანის უფლებების დასაცავად. ჩვენი საგანმანათლებლო პროცესის ძირითადი ამოცანა არის ცოდნის, უნარ-ჩვევების, ფასეულობების და დამოკიდებულებების განვითარება. ამ პროცესში ჩვენ:
▪ ვიწყებთ იქიდან, რაც ხალხმა უკვე იცის, მათი შეხედულებებიდან და გამოცდილებებიდან და ამ ბაზაზე საშუალებას ვაძლევთ მათ, ეძებონ და ერთად აღმოაჩინონ ახალი იდეები და გამოცდილებები.
▪ მოვუწოდოთ ახალგაზრდებს მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, რათა ისწავლონ ერთმანეთისგან.
▪ მოვუწოდოთ ხალხს, რომ საკუთარი თეორიული ცოდნა გადაზარდონ უბრალო, მაგრამ ეფექტურ ქმედებებში, რომლებიც მანიფესტირებას უკეთებენ მათ მიერ უსამართლობის, უთანასწორობის და ადამიანის უფლებათა დარღვევის უარყოფას.
იმ ადამიანის ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები, ვინც ერკვევა ადამიანის უფლებებში, აღწერილია მე-19 გვერდზე. ეს თვისებები, განსაკუთრებით უნარ-ჩვევები და კომუნიკაციის ფასეულობები, კრიტიკული აზროვნება, დაცვა, ტოლერანტობა და პატივისცემა არ ისწავლება; ისინი პრაქტიკაში ყალიბდება. ამიტომაც, ამ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სავარჯიშოები ამკვიდრებს თანამშრომლობას, მონაწილეობას და სწავლას პრაქტიკის გზით. ჩვენ მიზნად ვისახავთ ახალგაზრდების წახალისებას, რათა იფიქრონ, იგრძნონ და იმოქმედონ თავით, გულით და ხელებით. ცოდნა ადამიანის უფლებათა შესახებ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. საჭიროა ახალგაზრდებს უფრო ღრმად ჰქონდეთ გააზრებული, თუ როგორ გამომდინარეობს ადამიანის უფლებები ხალხის საჭიროებიდან და რატომ უნდა იქნას ისინი დაცული. მაგალითად, ახალგაზრდებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ უშუალო გამოცდილება რასობრივ დისკრიმინაციასთან მიმართებაში, შეიძლება იფიქრონ, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ასეთი პოზიცია მიუღებელია. ადამიანები ვალდებული არიან დაიცვან სხვების უფლებები, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.
უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები, რომელთა შესწავლა შეიძლება მხოლოდ ადეკვატურ გარემოში და იმ პროცესში, რომელიც ამკვიდრებს ამ ფასეულობებს. ამას განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი.
თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლა
თანამშრომლობა ნიშნავს ერთად მუშაობას საერთო მიზნების მისაღწევად. თანამშრომლობის დროს ხალხი მუშაობს ერთად იმ შედეგების მისაღებად, რომლებიც სასარგებლო იქნება როგორც ყველასთვის, ასევე ჯგუფის თითოეული წევრისათვის.
თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლა უზრუნველყოფს მიღწევებისა და პროდუქტიულობის უფრო მაღალ ხარისხს, მზრუნველ, დამხმარე და მყარ ურთიერთობებს, ფსიქოლოგიურად ჯანმრთელ პირობებს, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას და საკუთარი თავისადმი რწმენის გაძლიერებას. ეს ზუსტად იმის საპირისპიროა, რასაც ადგილი აქვს კონკურენტული სწავლის პირობებში. კონკურენტული სწავლა გზას უხსნის პირად ინტერესებს, სხვების მიმართ პატივისცემის უგულვებელყოფას და ამბიციების გაღვივებას გამარჯვებულებში, რომლებიც მხოლოდ ერთისთვის ან ცოტასთვის მისაწვდომი მიზნების მისაღწევად სხვებს უწევენ კონკურენციას მაშინ, როდესაც დამარცხებულებში ეს იწვევს დემოტივირებას და საკუთარი თავისადმი რწმენის დაკარგვას.
თანამშრომლობის ძირითადი კომპონენტებია პოზიტიური ურთიერთ-დამოკიდებულება, უშუალო ურთიერთობა, ინდივიდუალური და ჯგუფური პასუხისმგებლობა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები. თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლების წახალისების ყველაზე ეფექტური გზაა ორგანიზებული ჯგუფური მუშობა.
ადამიანის უფლებათა სწავლებაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ ახალგაზრდები თავად ღებულობენ გადაწყვეტილებას, თუ რა და როგორ ისწავლონ ადამიანის უფლებათა შესახებ. მონაწილეობის გზით, ახალგაზრდებს უვითარდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები: გადაწყვეტილების მიღების, მოსმენის, თანაგრძნობის, სხვების მიმართ პატივისცემის და საკუთარ ქმედებებზე და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღების ჩათვლით. მასწავლებლის ან ტრენერის როლი არის, „დახმარება” გაუწიოს ახალგაზრდებს სწავლის პროცესში. სკოლებში არსებული შეზღუდვები, დროისა და პროგრამის თვალსაზრისით, განსაზღვრავს, როგორ შეიძლება გამოინახოს მონაწილეობის იდეალური ფორმა და შესაბამისად მოხდეს სავარჯიშოების ადაპტირება.
ამ სახელმაძღვანელოში წარმოდგენილი სავარჯიშოები მოითხოვენ აქტიურ მონაწილეობას. თქვენ უნდა იყოთ აქტიური და პროცესში ჩართული. არ შეიძლება იყოთ მოდუნებული და პასიური დამკვირვებელი. ამ თვალსაზრისით სახელმაძღვანელოში გამოყენებული მეთოდოლოგია ეყრდნობა ავგუსტო ბოალას და არაფორმალიზებული განათლების სხვა პიონერების ნაშრომებს.
ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა იმ სიტუაციების პოვნა, რომლებშიც ახალგაზრდები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ და შეეძლებათ გავლენა მოახდინონ სავარჯიშოების ფორმაზე და შედეგებზე. განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში არ შეიძლება იყოს თავსმოხვეული; ეს ნამდვილად დამოკიდებულია თითოეულ ხელმძღვანელზე, მასწავლებელზე, ტრენერზე ან ლიდერზე, რომ იპოვოს მომენტი, შექმნას სივრცე და შესაძლებლობები მონაწილეობისათვის.
ადამიანის უფლებათა სწავლება ისევე, როგორც განათლება განვითარების, მშვიდობისა და მოქალაქეობის შესახებ, იყენებს ექსპერიმენტული სწავლების მეთოდოლოგიას, რომელიც დამყარებულია 5 ფაზისაგან შემდგარ სწავლების ციკლზე:
მე-5 ფაზაში მსჯელობა მიმდინარეობს პრაქტიკულ მოქმედებებზე, რომლებიც, შეიძლება, კონკრეტულ საკითხებთან იყვნენ დაკავშირებულნი. პრინციპიალურად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ მონაწილეობის მისაღებად რეალური გზების გამოძებნა. ეს იქნება სწავლების პროცესის არა მარტო ლოგიკური შედეგი, არამედ ახალი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განმტკიცების საუკეთესო საშუალება, რომელიც მომდევნო ციკლის საფუძველს წარმოადგენს.
სავარჯიშოები როგორც ექსპერიმენტული სწავლების ინტრუმენტი
სახელმძღვანელოში რეკომენდირებული სავარჯიშოების გამოყენებისას, უნდა გახსოვდეთ ზემოთ ნახსენები სასწავლო ციკლის შესახებ.
სავარჯიშოების შესრულება მოითხოვს მონაწილეობას და ინტერაქტიულობას, რათა მონაწილეებმა შეიძინონ გამოცდილება, რომლის დახმარებითაც ისინი შეიცნობენ მასალას არა მარტო გონებით, არამედ გულითა და ხელებით. ასეთი სახის სავარჯიშოებს ზოგჯერ „თამაშებს” ეძახიან, რადგანაც სახალისოა და მათ ყოველთვის ენთუზიაზმით ასრულებენ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ სავარჯიშოები, ან თამაშები „მხოლოდ გასართობი” საშუალება არაა, ისინი მიზანმიმართული ინსტრუმენტის როლს ასრულებენ საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
თქვენ უბრალოდ არ „ასრულებთ” სავარჯიშოს (სასწავლო ციკლის 1 ფაზა). მნიშვნელოვანია ანალიზის გაკეთება და დასკვნების გამოტანა, რათა მონაწილეებმა გაიაზრონ, თუ რა მოხდა (ფაზა 2), შეაფასონ მიღებული გამოცდილება (ფაზა 3 და 4) და მოიფიქრონ შემდგომი მოქმედებები (ფაზა 5). ამრიგად, მოსწავლეები კვლავ გადავლენ სასწავლო პროცესის მომდევნო ციკლის პირველ ფაზაში.
საშუალო სკოლებში სწავლებისას, შესაძლოა, სავარჯიშოებმა დაამსხვრიონ საგნებს შორის არსებული ხელოვნური ბარიერები და დაამყარონ კავშირები სასწავლო საგანსა და ინტერესის სფეროებს შორის, ამგვარად ხელი შეუწყონ ერთიან მიდგომას ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სავარაუდოა, რომ არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში სავარჯიშოებმა გააღვივონ ინტერესი გარკვეული თემების მიმართ და, რამდენადაც სწავლების პროცესი არ მიმდინარეობს დიდაქტიკური გზით, უფრო მისაღებია ახალგაზრდებისათვის.
სავარჯიშოები ეხმარება მონაწილეებს:
▪ სწავლების მოტივაციაში, რადგანაც პროცესი სახალისოა;
▪ ცოდნის, უნარ-ჩვევების, დამოკიდებულებებისა და ზნეობრივი ფასეულობების განვითარებაში. თამაშები უზრუნველყოფს შესასრულებლად უსაფრთხო გარემოს, საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ჩაატარონ ექსპერიმენტები და ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე, რათა მსგავსი შეცდომები ძვირად არ დაუჯდეთ რეალურ ცხოვრებაში;
▪ გარდაიქმნან. სავარჯიშოები გვეხმარება შევიგნოთ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეიცვალოს ან შეცვალოს დამოკიდებულება გარშემომყოფთა მიმართ;
▪ მიიღონ აქტიური მონაწილეობა. სავარჯიშოები ხელს უწყობს ნაკლებად აქტიური და ნაკლებად თამამი ჯგუფის წევრების პროცესში ჩართვას;
▪ აიღონ პასუხისმგებლობა. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს და უნარ-ჩვევებს, ამიტომ თითოეული ჯგუფი იყენებს თამაშებს საკუთარ დონეზე და თავისებურად;
▪ დაეყრდნონ საკუთარ თავს და გაიმყარონ საკუთარი თავის რწმენა. სავარჯიშოები გვთავაზობენ ისეთ გარემოს, რომელიც ასუსტებს ლიდერზე დამოკიდებულებას, რომელმაც „ყველაფერი იცის”. მონაწილეები იძულებული არიან აიღონ პასუხისმგებლობა თავისი წილი სამუშაოს შესრულებაზე;
▪ იგრძნონ სოლიდარობა სხვების მიმართ. თამაშები ხელს უწყობს ჯგუფის ერთ მუშტად შეკვრას, ჯგუფის სახის ფორმირებასა და ჯგუფური სოლიდარობის გრძნობის ჩამოყალიბებას;
სავარჯიშოები გვთავაზობენ ჩარჩოს და სტრუქტურას საკუთარი გამოცდილების და ცოდნის საფუძველზე მუშაობისათვის. ხელმძღვანელის სწორი დახმარების შემთხვევაში თამაშები შესაძლოა გახდეს მიზანმიმართული სწავლების ეფექტური მეთოდი.
ამ სახელმაძღვანელოში სიტყვა „ხელმძღვანელი” გულისხმობს მას, ვინც ამზადებს, წარმოადგენს და კოორდინირებას უკეთებს სწავლების პროცესს. იგი ეხმარება მონაწილეებს შეაფასონ მიღებული ცოდნის დონე, აღვივებს მათში სწავლის სურვილს და ეხმარება თავიანთი პოტენციალის შეცნობაში. ხელმძღვანელის ფუნქციებში შედის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც მოსწავლეებს ექნებათ სწავლის, ექსპერიმენტების, გამოკვლევებისა და განვითარების საშუალება. ესაა გაზიარების, მიღებისა და გაცემის პროცესი. გაკვეთილებში არ მონაწილეობს „ექსპერტი”, რომელიც სხვებს უზიარებს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მონაწილეებიცა და ხელმძღვანელიც თანაბრად უნდა იზრდებოდნენ გამოცდილების უთიერთგაზიარების საფუძველზე
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და თითოეული ქვეყნის ფარგლებშიც კი განსხვავებული შესაძლებლობები არსებობს იმისათვის, რომ გახდე ახალგაზრდების ჯგუფის ხელმძღვანელი და იმუშაო თანასწორობის ატმოსფეროში. ფორმალურ საგანმანათლებლო სექტორში არსებობს განსხვავებები განათლების მიზნებსა და ფილოსოფიას შორის, საკლასო მენეჯმენტის ტექნიკასა და სასწავლო პროგრამას შორის. ამგვარ პირობებში, ხშირად, თვით მოსწავლეები ან სტუდენტები წყვეტენ, თუ რა საგნის სწავლა სურთ ზოგადი პროგრამის ფარგლებში, პედაგოგი კი მხოლოდ ხელმძღვანელის როლს ასრულებს. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. ამგვარ არსებით განსხვავებებს ადგილი აქვს არაფორმალურ სექტორშიც არა მხოლოდ სხვადასხვა ორგანიზაციების მიზნებისა და ფილოსოფიის თვალსაზრისით, არამედ იმ შესაძლებლობების თვალსაზრისითაც, რომელსაც ისინი გვთავაზობენ. მსგავსი განსხვავებები არსებობს როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ერთი ქვეყნის რეგიონებს შორისაც.
ჩვენ ვმუშაობთ ჩვენივე საზოგადოების საგანმანათლებლო და სოციალური ნორმების ჩარჩოებში. ძალიან ადვილია საკუთარი ეთნოცენტრიზმის დავიწყება ან იგნორირება, შედეგად შესაძლოა ახალგაზრდებთან ურთიერთობის ფორმა მივიჩნიოთ ნორმად და კანონზომიერებად. ხელმძღვანელის თვისებების განვითარებისთვის სასარგებლო იქნება თუ გაანალიზებთ საკუთარ სტილსა და ურთიერთობის პრაქტიკას.
აზროვნების, სწავლისა და სწავლების სტილი
ჩვენ ადამიანები ვართ, ვაზროვნებთ და ვსწავლობთ განსხვავებულად, ვსარგებლობთ სწავლების სხვადასხვა მეთოდებით, მაგრამ ყოველ ჩვენგანს აქვს გარშემო არსებული სამყაროს გონებრივი წარმოდგენის (აზროვნების სტილი) საკუთარი გზა და სწავლების სტილი. ხელმძღვანელები ამას უნდა ვაცნობიერებდეთ და გამოვიყენოთ მეთოდოლოგიების მთელი რიგი, მივაღწიოთ ახალგაზრდების ტალანტისა და ინტერესების სრულ რეალიზებას.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილია პრიორიტეტული სტილები. ყოველი ჩვენთაგანი თითოეულ მათგანს იყენებს, მაგრამ აქვს საყვარელი სტილი. უფრო დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დავიდ კოლბის ნაშრომი თავის დასასრულში.
რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
აზროვნების სტილის ჩამონათვალი
▪ ვიზუალური აღქმისადმი მიდრეკილი ხალხი სამყაროს აღიქვამს სურათებად. ისინი იყენებენ ფრაზებს, როგორიცაა მაგალითად, „მე ვხედავ, რისი თქმა გსურთ”.
▪ სმენითი აღქმისაკენ მიდრეკილ ხალხს უფრო კარგად ახსოვს ის, რაც მოისმინა და შეიძლება გამოიყენოს ასეთი ფრაზა: „ეს იდეა საინტერესოდ ჟღერს”.
▪ კინესთეტიკოსები საგნებს როგორც ემოციური, ასევე ფიზიკური გრძნობების საშუალებით აღიქვამენ. მათ შეიძლება გამოიყენონ ფრაზა „მე მომწონს ეს იდეა, მოდი შევუდგეთ საქმეს”.
სწავლების სტილის მიმოხილვა
▪ აქტივისტები ყველაზე უკეთესად სწავლობენ იმ სავარჯიშოების დახმარებით, რომლებშიც არის ახალი გამოცდილებები, პრობლემები და საშუალებები სწავლისათვის. მათ შეუძლიათ ბოლომდე ჩაეფლონ თამაშში, გუნდურ სამუშაოში და როლურ სავარჯიშოებში, მათ მოსწონთ რთული ამოცანების შესრულება. აქტივისტები წინააღმდეგი არიან პასიური სწავლის, იზოლირებულად მუშაობის, როგორიცაა კითხვა, წერა, და აზროვნება და ასევე ეწინააღმეგებიან დეტალებისათვის ყურადღების მიქცევის მოთხოვნას.
▪ მოაზროვნეები ყველაზე უკეთესად სწავლობენ როდესაც საშუალება ეძლევათ იფიქრონ სავარჯიშოს შესახებ. მათ სიამოვნებას ანიჭებთ დეტალური ანალიზის გაკეთება, მომხდარის და ნასწავლის განხილვა. მათ არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ეწინააღმდეგებიან შეზღუდვებს დროში, არასაკმარის მონაცემებს, რომელზეც უნდა დაამყარონ თავიანთი დასკვნები და სამუშაოს ზედაპირულად შესრულებას.
▪ თეორეტიკოსები ყველაზე კარგად სწავლობენ იმ სავარჯიშოების საშუალებით, რომლებიც იმ სისტემის, მოდელის, კონცეფციის ან თეორიის ნაწილია, რომელსაც ისინი სწავლობენ. მათ მოსწონთ ნათელი მიზნის მქონე ორგანიზებულ გარემოში ყოფნა და საინტერესო იდეებთან და კონცეფციებთან ურთიერთობა. მათ ყოველთვის არ მოსწონთ ისეთ სიტუაციებში მონაწილეობის მიღება, რომელიც აქცენტს აკეთებს ემოციებზე და გრძნობებზე.
▪ პრაგმატისტები ყველაზე კარგად სწავლობენ იმ სავარჯიშოების საშუალებით, რომლებშიც ნათლად ჩანს კავშირი საგანსა და პრობლემას შორის და რომელიც საშუალებას აძლევს მათ, პრაქტიკაში გამოიყენონ თეორიული ცოდნა. ისინი ეწინააღმდეგებიან რეალობისაგან მოწყვეტილ ცოდნას, იმის ცოდნას რომ, „ეს ყველაფერი თეორიაა და ზოგადი პრინციპები”, მათ არ მოსწონთ მოძრაობა ჩაკეტილ წრეში, მიზანთან სწრაფად მიახლოების გარეშე.
სწავლების/ტრენინგის სტილი
სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა სტილი და მიდგომა აქვთ სწავლებისა და ტრენინგისადმი. თქვენი, როგორც ხელმძღვანელის მიდგომა, დამოკიდებული იქნება თქვენს საკუთარ ფასეულობებზე, რწმენაზე და შეხედულებებზე, თქვენს პიროვნებაზე, სწავლებისა და სწავლის წარსულ გამოცდილებაზე და იმაზე, თუ რამდენად თავდაჯერებულად ართმევთ თავს ახალგაზრდებთან და ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობას.
ნათელია, რომ ეს არის ტრენინგის სტილის ორი უკიდურესობა. რა თქმა უნდა, ამ პოლარულად განსხვავებულ სწავლების ორ სტილს შორის არსებობს უამრავი გარდამავალი ხასიათის სტილი. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა განათლების სფეროსათვის მისაღები და ადექვატურია Y თეორია. ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების სფეროს მიზანია პატივისცემის, თანასწორობის, ურთიერთთანამშრომლობის და დემოკრატიის ფასეულობების განვითარება. ეს ფასეულობები შეიძლება დამკვიდრდეს მხოლოდ იმ პროცესის საშუალებით, რომელიც თავის მხრივ არსობრივად დაფუძნებულია ამ ფასეულობებზე.
გაიხსენეთ თქვენი პირადი გამოცდილება ამ ორი უკიდურესად განსხვავებული ტიპის მასწავლებლის მიერ სწავლების შედეგად თქვენზე მომხდარი შთაბეჭდილების შესახებ
კომპასის გამოყენება ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში
სახელმაძღვანელოში აღწერილი საგანმანათლებლო მიდგომა და სავარჯიშოების ტიპები შეიძლება უფრო ადვილად გამოსაყენებელი იყოს გარეფორმალურ სექტორში, ვიდრე ფორმალურში. გარეფორმალური სექტორის პროგრამა უფრო გახსნილია და ძირითად აქცენტს ახალგაზრდების სოციალურ და პიროვნულ განვითარებაზე აკეთებს. ამასთანავე, სამუშაოს ათვლის წერტილი არის ახალგაზრდების დაინტრესება. ეს იძლევა უფრო აქტიური მონაწილეობის და მოქნილობის საშუალებას, ახალგაზრდებს ეხმარება პრაქტიკულად განახორციელონ მუშაობა ადამიანის უფლებათა საკითხების სფეროში.
გარეფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ კონტაქტში შეკითხვით თქვენს რეგიონში მიმდინარ მოვლენების ან რომელიმე მონაწილის მიერ ტელევიზიით ნანახი რაიმე ფაქტის შესახებ. თუ თქვენ გსურთ აიღოთ ხელმძღვანელობა და დააინტერესოთ მონაწილეები ადამიანის უფლებათა საკითხებში, ორგანიზება გაუკეთეთ ფილმის ან ვიდეოს ჩვენებას. ბრწყინვალე მეგზური სასარგებლო ფილმების სფეროში არის დომინიკ შანსელის (ევროპის საბჭო, 2001 წ. იანვარი) „ევროპა ეკრანზე: კინო და ისტორიის გაკვეთილები” („Europe on Screen: Cinema and the Teaching of History” by Dominique Chansel (Council of Europe, January 2001)). ასევე შეგიძლიათ გამოაკრათ პლაკატები ან გამოიყენოთ სურათები სპონტანური დისკუსიის სტიმულირებისათვის, ან მოაწყოთ მუსიკალური საღამო, სადაც აჟღერდება სიმღერები ადამიანის თავისუფლების მოწოდებებით. ამის შემდეგ, შეიძლება გადახვიდეთ ერთ-ერთ სავარჯიშოზე, რომელიც შეეხება ადამიანის ზოგად უფლებებს, როგორიცაა მაგალითად, “სად დგახართ? (გვ. 261) ან „ინსცენირება” (გვ. 302).
ფორმალური სექტორის პროგრამა ხშირად შეზღუდულია ცოდნის აპრობირებული სისტემით, რომელიც უნდა აითვისონ და გამოცდის სახით ჩააბარონ მოსწავლეებმა და სტუდენტებმა. პიროვნული და სოციალური განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ ის მიჩნეულია მნიშვნელოვნად, ყოველთვის არ არის ძირითადი მიზანი ცოდნის მიღებისაგან განსხვავებით, რომელიც მომავალი მუშაობის ან სწავლის საფუძველია. ეს არ ეწინააღმდეგება ამ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სავარჯიშოების უმეტესობას, რომლებიც შესაბამისი ადაპტაციის შემდეგ შესაძლოა შეტანილ იქნას განსხავებული სასწავლო სისტემების ნებისმიერი საგნის სასწავლო პროგრამაში, რომლებიც გამოიყენება სკოლებსა და კოლეჯებში ევროპის მასშტაბით. ფაქტობრივად ბევრი მათგანი გათვლილი იყო საკლასო სექტორში გამოყენებაზე.
პრობლემის გადაჭრა და კონფლიქტის მენეჯმენტი, როგორც ადამიანის უფლებათა განათლების სფეროს საფუძველი
ადამიანის უფლებათა საკითხები ხშირად იწვევენ აზრთა სხვადასხვაობას, რადგანაც ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ფასეულობათა სისტემები და, ამდენად, უფლებებს და მოვალეობებს განსხვავებულად აფასებენ. ეს განსხვავებები, რომლებიც გამოვლინდება, როგორც აზრთა კონფლიქტი, არის ჩვენი საგანმანათლებლო მუშაობის საფუძველი.
ადამიანის უფლებათა შესახებ განათლება ისახავს ორ ძირითად მიზანს, პირველი: ასწავლონ ახალგაზრდებს საკითხის გარშემო არსებული განსხვავებული აზრის პატივისცემა - მაგრამ არა აუცილებლად დათანხმება და მეორე: დაეხმარონ მათ პრობლემების ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილებების პოვნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ეს სახელმძღვანელო და მასში მოცემული სავარჯიშოები დამყარებულია იმ გაგებაზე, რომ აზრთა კონფლიქტები შეიძლება სასწავლო პროცესისათვის გამოყენებულ იქნას კონსტრუქციულად, თუკი ხელმძღვანელი დამაჯერებლად არეგულირებს პოტენციურ კონფლიქტებს ჯგუფში. ისევე, როგორც ბევრ არაფორმალიზებულ საგანმანათლებლო საქმიანობაში, აქაც მიზანი არის არა ის, რომ ყველა დაეთანხმოს მოცემულ შედეგს, არამედ ის, რომ მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა პროცესის მსვლელობის დროს (მაგ. ერთმანეთის მოსმენა, საკუთარი აზრის გამოხატვა, განსხვავებული აზრის პატივისცემა, და ა.შ).
მაგალითად, სავარჯიშო „ითამაშე” (გვ. 279) სპეციალურად არის შექმნილი კონფლიქტ-მენეჯმენტისათვის უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად.
ადამიანის უფლებათა შესწავლისას წამოჭრილი შეკითხვები
ქვემოთ მოყვანილი პასუხები მოკლეა, მაგრამ, ვიმედოვნებთ, ისინი პასუხობენ იმ ადამიანების ზოგიერთ შეკითხვას, რომლებიც იწყებენ მუშაობას ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში.
ხომ არ არის საჭირო ახალგაზრდები უფრო მეტად გაერკვენ მოვალეობებში, ვიდრე უფლებებში?
პასუხი: ეს სახელმაძღვანელო აქცენტს აკეთებს როგორც უფლებებზე, ასევე მოვალეობებზე. სავარჯიშოების მიზანია აჩვენოს, რომ ერთი პიროვნების... და სხვების უფლებების ურთიერთმიმართება ყოველთვის მკაფიო არ არის და რომ ყველა მოვალეობაა პატივი სცეს სხვათა უფლებებს.
როგორ მოვიქცე, თუ მონაწილეები დასვამენ შეკითხვას, რომელზეც პასუხის გაცემა არ შემიძლია?
პასუხი: არავინ არ უნდა მოელოდეს, რომ ვინმეს ამ ქვეყნად ექნება პასუხი ყველა შეკითხვაზე! სრულიად მისაღებია იმის თქმა, რომ თქვენ არ ფლობთ კონკრტულ ფაქტებს/ინფორმაციას და მოუწოდეთ მონაწილეებს თავად ჩაერთონ პასუხის ძებნის პროცესში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კარგი იქნება, თუ კითხვას უკან დაუბრუნებთ ჯგუფს და შეეკითხებით: „რას ფიქრობთ თქვენ ამის შესახებ?“
ასევე მნიშვნელოვანია, ყველას ახსოვდეს, რომ ძალზე იშვიათია მარტივი პასუხები ადამიანის უფლებათა საკითხებზე. რთული მორალური საკითხები ვერ, ან არ ამოიწურება პასუხებით „დიახ” ან „არა”. საგანმანათლებლო თვალსაზრისიდან გამომდინარე, კითხვის დასმა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მასზე პასუხის გაცემა. კომპლექსური საკითხების წამოჭრით და ახალგაზრდებისათვის მათზე დაფიქრების საშუალების მიცემით, ჩვენ ვაძლევთ ახალგაზრდებს სათანადო ცოდნას და ვუყალიბებთ დამოკიდებულებებს, რათა გაუმკლავდნენ მსგავს საკითხებს მომავალში.
როგორ მოვიქცეთ თუ არა გვაქვს ასლის გადამღები აპარატი ან საკმარისი მასალა?
პასუხი: ამ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ბევრი სავარჯიშო ისეა აგებული, რომ მათ შესასრულებლად არ არის აუცილებელი ძვირადღირებული მასალა ან ქსეროქსის აპარატი. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ჯგუფური სამუშაოსათვის მოგიხდებათ ბარათების ასლების ხელით გაკეთება, ან ასლის გადამღები ფურცლის გამოყენება. იყავით შემოქმედებითი და იპოვეთ გამოსავალი პრობლემებიდან.
ხომ არ შეეწინააღმდეგებიან მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია და თემის ლიდერები ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესს, როგორც პოლიტიკური დოქტრინების დანერგვას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მეამბოხე ხასიათის ქცევები?
პასუხი: ადამიანის უფლებათა სწავლება აყალიბებს მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქვეყნის განვითარებაში. მნიშვნელოვანია მკვეთრი საზღვრის გავლება ინტერაქტიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და პარტიულ პოლიტიკას შორის. განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში მოწოდებულია, ახალგაზრდების მონაწილეობისა და დისკუსიების საშუალებით, განავითაროს კრიტიკული აზროვნება და რაციონალური ქცევის წესები. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა შესახებ განათლება, ასევე დაკავშირებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ განათლებასთან და საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ერთმანეთთან დააკავშირონ ადამიანის უფლებები და სოციალური საკითხები, პოლიტიკა და განათლება. შედეგად შესაძლოა ახალგაზრდები მართლაც ჩაებან სოციალურ და ეროვნულ პარტიულ საქმიანობაში, როგორც მათი პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, და აზრის, სიტყვისა და ასოციაციის თავისუფლება. მაგრამ ეს უნდა იყოს მხოლოდ მათი გადასაწყვეტი.
ხომ არ არის ადამიანის უფლებათა სწავლების უზრუნველყოფა მთავრობის მოვალეობა?
პასუხი: გაეროს წევრ ქვეყნებს ვალდებულება აქვთ აღებული, რომ ხელი შეუწყონ განათლების დანერგვას ადამიანის უფლებათა სწავლების ყველა სფეროში. ეს მოიცავს ფორმალურ, არაფორმალურ და გარეფორმალურ განათლებას. მიუხედავად ამისა, ბევრი ქვეყნის მთავრობას ძალიან ცოტა აქვთ გაკეთებული ადამიანის უფლებათა სწავლების განვითარებისა და სასწავლო პროგრამებში მისი ჩართვის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ბევრის გაკეთება შეუძლიათ კერძო მასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ცალკეული და ერთობლივი მცდელობების შედეგად სკოლებში და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, ასევე მთავრობებზე ზეწოლისა და ლობირების შედაგად, რათა მათ შეასრულონ ამ სფეროში აღებული ვალდებულებები.
თუკი ჩემს ქვეყანაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები?
პასუხი: განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში არ შეეხება მხოლოდ დარღვევებს. იგი, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის უფლებების, როგორც მთელი კაცობრიობის უნივერსალური საგანძურის, გაგებას და მათი დაცვის საჭიროების გაცნობიერებას. ამასთანავე, არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია განაცხადოს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევას ადგილი არა აქვს. მარტივი გზა რეალობის წარმოსადგენად არის უშუალოდ სოციალური კლიმატის ან საზოგადოებისთვის თვალის გადავლება: ვინ არის სოციუმისგან გარიყული? ვინ ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში? რომელი ბავშვების უფლებები არ არის გათვალისწინებული? მეორე გზაა, გაიაზროთ თქვენი ქვეყნის როლი სხვა ქვეყნების მოქალაქეების უფლებათა დაცვაში ან დარღვევაში (მაგ. ეკოლოგია და განვითარების უფლება, იარაღით ვაჭრობა, გლობალური სიღატაკე, და ა.შ.).
რჩევები მათთვის, ვინც სარგებლობს სახელმძღვანელოთი
წარმოდგენილი სახელმაძღვანელო და სავარჯიშოები შეიძლება გამოყენებული იყოს სკოლებში, საკლასო ან კლასგარეშე პროგრამებისათვის, სემინარების ან ტრენინგ-კურსებისათვის, საზაფხულო ან სამუშაო ბანაკებში, ახალგაზრდულ კლუბებში ან ჯგუფებში. მათი გამოყენება შეიძლება მაშინაც კი, თუ უპირატესად უფროსი თაობის წარმომადგენლებთან მუშაობთ.
უნდა აირჩიოთ თქვენი და თქვენი ჯგუფის შესაბამისი დონის სავარჯიშო, რომელიც ჩაეტევა მისთვის გამოყოფილ დროში. ყურადღებით გადაიკითხეთ სავარჯიშო სულ ცოტა ორჯერ და სცადეთ წარმოიდგინოთ როგორი რეაქცია ექნება მასზე ჯგუფს და რა შეიძლება თქვან მონაწილეებმა მასთან დაკავშირებით. დარწმუნდით, რომ გაქვთ ყველა აუცილებელი მასალა. გადაამოწმეთ, რომ სივრცე საკმარისი იქნება, განსაკუთრებით მაშინ თუ მონაწილეები პატარა ჯგუფებად დაიყოფიან.
ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველი სავარჯიშოს ინსტრუქცია არის მხოლოდ რეკომენდაცია და თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს მასალა თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. სხვაგვარად ნამდვილად შეუძლებელია შექმნა სავარჯიშოები, რომლებიც ზუსტად შეესაბამება ყველა სიტუაციას მთელს ევროპაში. ჩვენ მოველით, რომ თქვენ მოახდენთ სავარჯიშოების ადაპტირებას, მაგ. შეგიძლიათ ძირითადი იდეა აიღოთ ერთი სავარჯიშოდან და გამოიყენოთ მეორის მეთოდი.
თითოეული სავარჯიშო მოცემულია სტანდარტულ ფორმატში. ლოგოები და სათაურები გამოყენებულია მუშაობის გაადვილების მიზნით.
სიმბოლოები და სათაურები, რომლებიც გამოიყენება სავარჯიშოების წარმოსადგენად
|
|
1 - 4 დონეები შეესაბამება უნარ-ჩვევების
ზოგად დონეს, რომელიც საჭიროა
მონაწილეობის და/ან მოსამზადებელი
|
|
გლობალური თემები, რომლებიც
განიხილება სავარჯიშოში (მაგ. სიღატაკე,
ეკოლოგია, მშვიდობა, ძალადობა,
|
|
|
იძლევა მოკლე ინფორმაციას სავარჯიშოს
ტიპზე და მასში განხილულ საკითხებზე
|
|
სავარჯიშოში განხილული უფლებები (მაგ.
სიცოცხლის უფლება ან აზრის/სიტყვის
|
|
რამდენი ადამიანი გჭირდებათ
|
|
|
დროის მიახლოებითი რაოდენობა
წუთებში, რომელიც საჭიროა მთელი
ჯგუფის წვერების რაოდენობა
არ არის ზუსტად განსაზღვრული,
15 კაციან ჯგუფზე ორიენტაციით.
|
|
მიზნები კავშირშია ადამიანის
უფლებათა შესახებ განათლების
ფასეულობების თვალსაზრისით.
|
|
ტექნიკური აპარატურის სია, რომელიც
საჭიროა სავარჯიშოს ჩასატარებლად.
|
|
იმ სამუშაოების სია, რომელიც
ხელმძღვანელმა უნდა შეასრულოს
|
|
ინსტრუქციების სია, თუ როგორ
|
|
სავარაუდო შეკითხვები, რომლებიც
სავარჯიშოს გაანალიზებისა და
|
|
|
|
სიტუაციებში სავარჯიშოების
|
შემოთავაზებები გაგრძელებისთვის
|
წინადადებები, რა გაკეთდეს
|
|
გადასვლის მომდევნო ნაბიჯებისათვის
|
|
დაკავშირებული ღირშესანიშნავი
|
|
|
|
ბარათი-როლები, მოქმედების
გვერდები, საკითხავი ლიტერატურა,
სადისკუსიო ბარათები, და ა.შ.
|
სავარჯიშოები სირთულის მიხედვით კოდირებულია 1 - 4 დონით, რათა მითითებულ იქნას პრაქტიკულ სავარჯიშოებში მონაწილეობისათვის საჭირო კომპეტენციის ზოგადი დონე და მოსამზადებელი სამუშაოს მოცულობა. ზოგადად ორივე მაჩვენებელი ერთმანეთთანაა დაკავშირებული; 1 დონის სავარჯიშოები არ მოითხოვენ განსაკუთრებულ მომზადებას, მაშინ, როდესაც 4 დონის სავარჯიშოების მოსამზადებელი სამუშაოები გაცილებით რთულია.
▪ დონე 1. ეს არის მოკლე, უბრალო სავარჯიშოები ძირითადად დამწყებთათვის. გასამხნევებელი და კონტაქტების დასამყარებელი სავარჯიშოები („ენერჯაიზერები“ და „აისბრეიქერები“) ამ კატეგორიაში ხვდებიან. მიუხედავად ამისა, ისინი ფასეულია, რადგან ხელს უწყობენ ადამიანების ინტერაქტიულობასა და კომუნიკაციას.
▪ დონე 2. ეს არის მარტივი სავარჯიშოები საკითხის მიმართ ინტერესის გასაღვივებლად. არ მოითხოვენ წინასწარ ცოდნას ადამიანის უფლებათა საკითხების სფეროში, ან უკვე ჩამოყალიბებულ პიროვნული ან ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს. ამ დონეზე ბევრი სავარჯიშო გათვალისწინებულია კომუნიკაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის და პარალელურად ადამიანის უფლებათა საკითხებში ინტერესების გაღვიძებისათვის.
▪ დონე 3. ეს უფრო ხანგრძლივი სავარჯიშოებია, რომლებიც მიმართულია საკითხის ღრმა გაცნობიერების განვითარებისაკენ და მასში ღრმად ჩახედვისაკენ. ისინი საჭიროებენ დისკუსიის ან ჯგუფური მუშაობის ჩვევების უფრო მაღალ დონეს.
▪ დონე 4. ეს სავარჯიშოები კიდევ უფრო ხანგრძლივია. მონაწილეებისაგან მოითხოვს კამათისა და ჯგუფური მუშაობის კარგ ჩვევებს, კონცენტრაციასა და თანამშრომლობას. საჭიროებენ უფრო ხანგრძლივ მოსამზადებელ პერიოდს. ამასთანავე, გაცილებით მრავლისმომცველია, რამდენადაც გვთავაზობენ საკითხების უფრო ფართო და ღრმა გაგებას.
სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სავარჯიშოები შექმნილია ადამიანის უფლებათა საკითხებსა და გლობალურ თემებს შორის არსებული კავშირების შესწავლის წახალისებისათვის. ამდენად, თითოეული სავარჯიშოს აღწერაში 16 გლობალური საკითხიდან მითითებულია სამი „თემა”
სახელმძღვანელოში ჩვენ ვიყენებთ ტერმინს „წამყვანი”, რათა აღვწეროთ იმ ხალხის როლი (ტრენერები, მასწავლებლები, ახალგაზრდა მუშაკები, პედაგოგები, ახალგაზრდა მოხალისეები და ა.შ), რომლებიც კოორდინირებას უწევენ სამუშაოს და უძღვებიან სავარჯიშოებს. ეს ტერმინოლოგია ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებათა შესახებ განათლება მოითხოვს დემოკრატიულ და ინტერაქტიულ მიდგომას.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენ უხელმძღვანელებთ ახალგაზრდების ჯგუფებს, მაგ. საკლასო ოთახებში, ახალგაზრდულ კლუბებში, ტრეინინგ-კურსებზე, ახალგაზრდულ ბანაკებში ან სემინარებზე.
ჯგუფურ მუშაობას ადგილი აქვს, როდესაც ადამიანები ერთად მუშაობენ, აერთიანებენ თავიანთ განსხვავებულ უნარ-ჩვევებს, ნიჭს და იყენებენ ერთმანეთის ძლიერ მხარეებს ამოცანის შესასრულებლად. ჯგუფური სამუშაო:
▪ ხელს უწყობს პასუხისმგებლობის განვითარებას. როდესაც ხალხი გრძნობს, რომ მათი შექმნილი მათვე ეკუთვნით, უფრო დაინტერესებული არიან შედეგით და ზრუნავენ წარმატების მიღწევაზე.
▪ ავითარებს კომუნუკაციის უნარს. ადამიანს სჭირდება მოუსმინოს, გაიგოს რას ამბობენ სხვები, რეაგირება მოახდინოს სხვების იდეებზე და გამოთქვას თავისი აზრი.
ავითარებს თანამშრომლობას. ხალხი მალევე აცნობიერებს, რომ როდესაც ისინი თანამშრომლობენ საერთო მიზნის მისაღწევად, უფრო კარგი შედეგი აქვთ, ვიდრე მაშინ როცა ეჯიბრებიან ერთმანთს.
▪ ავითარებს გადაწყვეტილების მიღების უნა-ჩვევებს კონსენსუსის საფუძველზე. მონაწილეები სწრაფად ხვდებიან, რომ საუკეთესო გზა გადაწყვეტილებების მისაღებად არის მათ ხელთ არსებული მთელი ინფორმაციის შესწავლა და ყველასათვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღების მცდელობა. თუ ვინმე გრძნობს, რომ გამოთიშულია გადაწყეტილების მიღების პროცესიდან, შეუძლია შეწყვიტოს ჯგუფის მუშაობა და პატივი არ სცეს ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
ჯგუფური მუშაობის მეთოდები
სახელმძღვანელოს მე-2 თავში არსებობს მითითება ისეთ ტექნიკაზე, როგორიცაა „გონებრივი შტურმი” და „სახეობრივი თამაში”. ქვემოთ მოყვანილი შენიშვნები განმარტავს ამ ტერმინებს და იძლევა რამდენიმე ზოგად რეკომენდაციას მათი გამოყენების შესახებ.
მიაქციეთ ყურადღება, რომ წარმატებული ჯგუფური მუშაობა უნდა იყოს ორიენტირებული კონკრეტულ ამოცანაზე. ასეთი ამოცანა შეიძლება იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეკითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს ან მკაფიოდ ფორმულირებული პრობლემა, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას.
გონებრივი შტურმი არის გზა ახალი საგნის გასაცნობად, შემოქმედებითი პროცესისათვის გზის გასახსნელად და ბევრი იდეების სწრაფი ტემპით წაარმოქმნისათვის. ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას სპეციფიკური პრობლემის გადასაწყვეტად ან შეკითხვისთვისთვის პასუხის გასაცემად.
▪ გადაწყვიტეთ რომელ საკითხზე გსურთ იფიქროთ და ჩამოაყალიბეთ ისეთი შეკითხვის სახით, რომელსაც ბევრი შესაძლო პასუხი ექნება.
▪ დაწერეთ ეს შეკითხვა ყველასათვის ადვილად დასანახ ადგილზე.
▪ სთხოვეთ მონაწილეებს შემოგთავაზონ თავიანთი იდეები და ჩამოწერონ ისინი ყველასათვის დასანახ ადგილზე, მაგალითად დაფაზე. ეს უნდა იყოს გამოხატული ერთი სიტყვით ან მოკლე ფრაზით.
▪ შეწყვიტეთ ფიქრი, როცა იდეები ამოგეწურებათ და შემდეგ გადახედეთ ყველა შემოთავაზებულ წინადადებებს და მოითხოვეთ კომენტირება
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პუნქტებს:
▪ ჩაიწერეთ ყველა ახალი წინადადება. ხშირად, ყველაზე შემოქმედებითი წინადადებები განსაკუთრებით სასარგებლო და საინტერესოა!
▪ არავინ არ უნდა იმსჯელოს, ან გააკეთოს კომენტარები დაწერილის შესახებ, სანამ ის არ არის დასრულებული; არ გაიმეორონ უკვე გამოთქმული იდეები.
▪ მოუწოდეთ ყველას თავისი წვლილი შეიტანოს
▪ გამოთქვით საკუთარი აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა ჯგუფის წასახალისებლად
▪ თუ წინადადება არ არის ნათელი, მოითხოვეთ განმარტება.
ეს არის გონებრივი შტურმის ერთ-ერთი ფორმა. მონაწილეები წერენ თავიანთ აზრებს პატარა ფურცლებზე, რომლებიც უნდა მიაეკრას კედელზე. ამ მეთოდის უპირატესობა არის ის, რომ ადამიანს შეუძლია თავისთვის წყნარად იფიქროს, სანამ სხვების აზრი მასზე გავლენას მოახდენს. შედეგად ფურცლები შეიძლება გადანაცვლდეს და დაჯგუფდეს მსგავსი იდეების მიხედვით.
დისკუსია კარგი საშუალებაა ხელმძღვანელისთვის და მონაწილეებისთვის საკითხებისადმი მათი დამოკიდებულებების გასარკვევად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების სფეროში, რადგანაც ფაქტების ცოდნასთან ერთად მონაწილეებს ასევე ესაჭიროებათ საკითხების გაანალიზება. სიახლეები, პლაკატები და კონკრეტული მაგალითები საუკეთესო ინსტრუმენტია დისკუსიის სტიმულირებისათვის. დაიწყეთ შეკითხვით „რას ფიქრობთ ... შესახებ?”.
ეს მეთოდი სასარგებლოა, თუკი მთლიანი ჯგუფის დისკუსიის შედეგად არ ჩნდება იდეები. სთხოვეთ მონაწილეებს იმსჯელონ საკითხის შესახებ წყვილად ერთი ან ორი წუთის განმავლობაში და შემდეგ გაუზიარონ დანარჩენებს თავიანთი აზრები. მალე შეამჩნევთ რომ ჯგუფში ცოცხალი ატმოსფერო შეიქმნება და იდეებიც მრავლად გაჩნდება.
ეს არის მთლიანი ჯგუფის მუშაობის საპირისპირო. ეს მეთოდი ხელს უწყობს ყველას მონაწლეობას და აყალიბებს თანამშრომლობის პრინციპზე დაფუძნებულ გუნდს. პატარა ჯგუფის მოცულობა დამოკიდებული იქნება ისეთ პრაქტიკულ ასპექტებზე როგორიცაა, მაგალითად, მონაწილეების საერთო რაოდენობა და სავარჯიშოების შესასრულებელ ფართობზე. პატარა ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს 2 ან 3 ადამიანისაგან, მაგრამ საუკეთესო შემთხვეაა 6-8 წევრი. პატარა ჯგუფების მუშაობა შეიძლება გაგრძელდეს 15 წუთი, ერთი საათი ან მთელი დღე ამოცანის სირთულიდან გამომდინარე.
მონაწილეებისათვის უბრალოდ თქმა, რომ „იმსჯელონ საკითხის შესახებ” იშვიათად არის პროდუქტიული. მსჯელობის საგნის მიუხედავად, გადამწყვეტი ყველა შემთხვევაში არის სამუშაოს მკაფიოდ განსაზღვრა და მონაწილეების ორიენტირება იმაზე, რომ იმუშაონ მიზნის მისაღწევად და შედეგები აცნობონ ჯგუფს. მაგალითად, დასვით ამოცანა ისეთი პრობლემის სახით, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას, ან შეკითხვის სახით, რომელიც პასუხს მოითხოვს.
ეს საინტერესო მეთოდია, როცა გჭირდებათ რამე სპეციფიური ინფორმაციის მიწოდება, ან კონკრეტული დისკუსიების სტიმულირება პატარა ჯგუფებში.
თქვენ დაგჭირდებათ, მოამზადოთ განცხადებების ბარათების ერთი პაკეტი თითოეული მცირე ჯგუფისათვის. ყოველ კომპლექტში უნდა იყოს 9 ბარათი. მოამზადეთ 9 მოკლე, მარტივი საკითხთან დაკავშირებული განცხადება, რომელზეც მსჯელობა გსურთ და დაწერეთ ერთი განცხადება ერთ ბარათზე. ჯგუფებმა უნდა იმსჯელონ ამ განცხადებებზე და შემდეგ დაახარისხონ ისინი მნიშვნელობის მიხედვით. ეს შეიძლება გაკეთდეს საფეხურებრივი (კიბე) ან მრავალწახნაგის (ბრილიანტი) პრინციპით. საფეხურებრივ დახარისხებაში ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება თავსდება თავში, მის ქვემოთ მნიშვნელობით მომდევნო განცხადება და ა.შ. ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვან განცხადებამდე, რომელიც ბოლო საფეხურზე თავსდება.
მრავალწახნაგოვან დახარისხებაში მონაწილეები მართავენ მოლაპარაკებას, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება. შემდეგ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება, შემდეგ სამი საშუალო მნიშვნელობის და ა.შ. როგორც ეს ნაჩვენებია დიაგრამაზე. მრავალწახნაგოვანი დახარისხება ხშირად უფრო მისაღები მეთოდია, ვინაიდან საკითხები იშვიათად არის ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა. ეს მეთოდი ნაკლებად ხელოვნურია და შესაბამისად უფრო მისაღები მონაწილეებისათვის. კონსენსუნსის მისაღწევად ის უკეთეს საშუალებებს იძლევა. ასეთი მეთოდით დახარისხების ერთ-ერთი ვარიანტია 8 განცხადების დაწერა და ერთი ცარიელი ბარათის დატოვება, რათა თვით მონაწილეებმა შეავსონ.
ეს არის მოკლე დრამა, რომელსაც ასრულებენ მონაწილეები. თუმცა მონაწილეები ხშირად ეყრდნობიან თავიანთ პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას თამაშის დროს, ეს ძირითადად არის იმპროვიზებული. ის მიზნად ისახავს ისეთი სიტუაციების შექმნას, ან მოვლენების გათამაშებას, რომელიც არ არის ნაცნობი მონაწილეებისათვის. სახეობრივ თამაშს შეუძლია გააუმჯობესოს სიტუაციის გაგება და თანაგრძნობა წარმოშვას მონაწილეებს შორის.
▪ სახეობრივი თამაში განსხვავდება სიმულაციისგან იმით, რომ თუმცა ეს უკანასკნელი შეიძლება შედგებოდეს მოკლე დრამებისაგან, ისინი ჩვეულებისამებრ წინასწარ არის დაწერილი და არ გულისხმობს იმპროვიზაციის იგივე ხარისხს.
▪ როლების შესრულების დადებითი მხარე არის ის, რომ ისინი ახდენენ რეალური ცხოვრების იმიტირებას. მათ შეიძლება წამოჭრან საკითხები, რომლებზეც არ არსებობს მარტივი პასუხები, მაგალითად, პერსონაჟის სწორი ან არასწორი საქციელის შესახებ. საკითხში უფრო ღრმად ჩახედვისათვის მოსახერხებელი მეთოდია როლების გაცვლა მონაწილეებს შორის.
როლების თამაშის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მონაწილეების გრძნობები. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ თამაშის დასრულების შემდეგ, მათ ჰქონდეთ საკმარისი დრო როლიდან გამოსვლისათვის. მეორე, ყველამ პატივი უნდა სცეს პიროვნების გრძნობებს და ჯგუფის სოციალურ სტრუქტურას, მაგ. ინვალიდებთან დაკავშირებით როლების გათამაშების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა შორის შესაძლოა რომელიმე ინვალიდი იყოს (შესაძლოა ერთი შეხედვით ეს შეუმჩნეველი იყოს), ან ყავდეთ ინვალიდი ნათესავი, ან ახლო მეგობარი. მათ გული არ უნდა ეტკინოთ და არ უნდა გახდნენ იძულებული სააშკარაოზე გამოიტანონ თავიანთი პრობლემა, ან გაირიყონ. თუ ასე მოხდება, ამას სერიოზული ყურადღება მიაქციეთ (ბოდიში მოიხადეთ, გადააამისამართეთ საკითხი და განიხილიეთ მაგალითის სახით, და ა.შ). ასევე ერიდეთ სტერეოტიპებს. როლის თამაში, მონაწილეების თამაშის, ან იმიტირების „უნარის” საშუალებით, ააშკარავებს, რას ფიქრობენ ისინი სხვების შესახებ. ეს ხდის ამ სავარჯიშოს ძალიან სახალისოს. ასევე კარგი იქნება თუ ყოველთვის განიხილავთ საკითხს ანალიზის დროს და იკითხავთ - „თქვენი აზრით, ეს ადამიანი ნამდვილად ისეთია, როგორიც თქვენ განასახიერეთ?”. ყოველთვის დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს მონაწილეების მიერ იმის გაცნობიერებას, რომ საჭიროა ინფორმაციის მუდმივი, კრიტიკული გადაფასება. ამდენად, შეგიძლიათ კითხოთ მათ სად მოიპოვეს ინფორმაცია, რომელზეც ააგეს თავისი პერსონაჟის ხასიათი.
სიტუაციის მოდელირება შეიძლება განხილულ იქნას, როგორც განვრცობილი სახეობრივი თამაში, რომელშიც ჩართულია ყველა. ის საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გამოსცადონ რთული სიტუაციები უსაფრთხო ატმოსფეროში. სიმულაცია ყოველთვის მოითხოვს ემოციური დაძაბვის გარკვეულ დონეს, რაც ამ მეთოდს ძალიან ძლიერ ინსტრუმენტად აქცევს. მონაწილეები სწავლობენ არა მხოლოდ თავით და ხელებით, არამედ გულითაც.
სიმულაციის შემდეგ გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მონაწილეებმა უნდა იმსჯელონ თავიანთ გრძნობებზე, რატომ გადაწყვიტეს ამა თუ იმ ქმედების განხორციელება, რა უსამართლობა იგრძნეს და რამდენად მისაღები იყო მოცემული პრობლემის გადაწყვეტა. უნდა დაეხმაროთ, რომ შეძლონ პარალელების გავლება მათ მიერ განცდილ და რეალურ სიტუაციებს შორის.
სურათები: ფოტოები, ნახატები, ნახაზები, კოლაჟები
„სურათი ამბობს ათას სიტყვას”. ვიზუალური გამოსახულებები ძლიერი იარაღია როგორც ინფორმაციის მიწოდების ასევე ინტერესის სტიმულირებისათვის. გახსოვდეთ, რომ ხატვა ასევე არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის მნიშვნელოვანი საშუალება, არა მხოლოდ მათთვის ვისაც ვიზუალური აზროვნების სტილი ახასიათებს, არამედ მათთვისაც, ვინც არასაკმარისად ძლიერია ვერბალური გამოხატვის ფორმებში. იდეები დასურათებული სავარჯიშოებისათვის მოცემულია 163 გვერდზე „დასურათებულ თამაშებთან” ერთად.
რჩევები ვიზუალური მასალის შეგროვებისათვის
▪ სურათები იმდენად მძლავრი ინსტრუმენტია, რომ ხელმძღვანელებისათვის კარგი იქნებოდა შეექმნათ საკუთარი კოლექცია. ფოტოების შეგროვება შეიძლება აურაცხელი წყაროებიდან, მაგ. გაზეთები, ჟურნალები, პლაკატები, ტურისტული ბროშურები, და მისალოცი ბარათები.
▪ ამოჭერით სურათები, დაადეთ ბარათს და გადააკარით გამჭირვალე ლამინირებული ფურცელი, რათა ბარათები იყოს გამძლე და ნორმალურად წარმოსაჩენი. კოლექცია უფრო მეტად დაემსგავსება კომპლექტს თუ ყველა ბარათი ერთი ზომის იქნება. 4 არის იდეალური ფორმატი, მაგრამ A5 შეიძლება პრაქტიკულ კომპრომისად ჩაითვალოს.
▪ კარგი იქნება, თუ ყველა სურათს უკანა მხრიდან დანომრავთ და მიუთითებთ წყაროს, ორიგინალის სათაურს, ან რამე სხვა სასარგებლო ინფორმაციას. ამგვარად მონაწილეები მხოლოდ ვიზუალურ მხარეს მიაქცევენ ყურადღებას და არა სხვა დეტალებს.
▪ კოლექციის შექმნის დროს ეცადეთ თქვენი არჩევანი იყოს მრავალფეროვანი. გაითვაილისწინეთ სქესი, რასა, უნარი და უუნარობა, ასაკი, ეროვნება, და კულტურა სუბკულტურების ჩათვლით. ეცადეთ შეაგროვოთ სურათები ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, სხვადასხვა ბუნებრივი და სოციალური გარემოდან და კულტურებიდან. ასევე გახსოვდეთ იმ გავლენის შესახებ, რომელსაც კონკრეტული სურათები ახდენენ მათი ზომებისა და ფერების შედეგად. ამ ეფექტმა შეიძლება დაამახინჯოს სურათის აღქმა, ასე რომ ეცადეთ შექმნათ თანაბარი ზომის, ჰომოგენური სურათების კომპლექტი.
ფილმები, ვიდეო და რადიო დადგმები
ფილმები, ვიდეო და რადიო დადგმები ძლიერი ინსტრუმენტია ადამიანის უფლებების სფეროში განათლებისათვის და პოპულარულია ახალგაზრდებში. ფილმის ნახვის შემდეგ გამართული დისკუსია კარგ საფუძველს შექმნის შემდგომი მუშაობისათვის. სადისკუსიო თემა არის მონაწილეების პირველი რეაქცია ფილმზე, რამდენად ,,სწორი,, იყო ეს რეალურ ცხოვრებასთან მიმართებაში, იყვნენ თუ არა პერსონაჟები რეალისტური, თუ ეს იყო მცდელობა რომელიმე პოლიტიკური ან მორალური შეხედულების დამკვიდრებისა.
გაზეთები, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი
მედია არის უტყუარი წყარო კარგი სადისკუსიო მასალისათვის. ყოველთვის საინტერესოა მსჯელობა მასალის შინაარსისა და მისი შემოთავაზების გზების, მიკერძოებისა და სტერეოტიპების შესახებ.
ფოტოგრაფირება და ფილმების გადაღება
პორტატული ვიდეოკამერების ტექნოლოგიები დღესდღეობით ყველასათვის ადვილად მისაწვდომს და შესაძლებელს ხდის სურათებისა და ფილმების გადაღებას. ახალგაზრდების მიერ შექმნილი სურათები და ფილმები საუკეთესოდ აჩვენებს მათ შეხედულებებს, დამოკიდებულებებს და წარმოადგენს ბრწყინვალე საჩვენებელ მასალას. ვიდეო წერილები კარგად ნაცადი გზაა ბარიერებისა და პრეკონცეფციების წინააღმდეგ. ისინი საშუალებას აძლევს ისეთ ადამიანებს, რომლებიც სხვაგვარად არსოდეს შეხვდებოდნენ პირისპირ, ,,ისაუბრონ,, და გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი ხედვა ცხოვრებისა და მათთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
ზოგადი რეკომენდაციები სავარჯიშოების შესასრულებლად
თუ ეს შესაძლებელია, ყოველთვის უხელმძღვანელეთ ჯგუფს ვინმესთან ერთად. ამ მიდგომას პრაქტიკული უპირატესობა აქვს, რადგანაც პატარა ჯგუფების მუშაობაში დახმარებაზე და ინდივიდუალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობას გაიზიარებს 2 ადამიანი. როცა სემინარი მიყავს 2 ადამიანს, უფრო ადვილია ტემპისა და რიტმის შეცვლა იმისათვის რომ კურსი საინტერესო და მონაწილეების მუდმივი ყურადღების ცენტრში იყოს. ორ ხელმძღვანელს შეუძლია ერთმანეთის დახმარება, როდესაც მოვლენები ისე არ ვითარდება როგორც დაგეგმილი იყო. ასევე ბევრად უფრო ეფექტურია ვინმესთან ერთად საკითხის განხილვა ვიდრე ამის მარტო გაკეთება. კიდევ უფრო უკეთესი მეთოდი, ვიდრე 2 ხელმძღვანელის ერთად მუშაობაა, არის გუნდის ჩამოყალიბება, შესაძლებელია თვით აზალგაზრდების ჩართვით.
ყურადღებით დაგეგმეთ და ეცადეთ ზედმეტად არ გადატვირთოთ პროგრამა გამოყოფილ დროში. თუ სავარჯიშო მოითხოვს მეტ დროს, ვიდრე თქვენ გეგმავდით ეცადეთ შეამოკლოთ ის რათა საკმარისი დრო დაგრჩეთ დისკუსიისთვის (იხ. შენიშვნები სასწავლო ციკლზე, გვ. 48). მეორეს მხრივ, თუ დრო ბევრი გაქვთ, ნუ ეცდებით დისკუსიის გახანგრძლივებას, გააკეთეთ შესვენება ან შემოიტანეთ რამე ენერგიული სწრაფი სავარჯიშო გასახალისებლად.
შექმენით კეთილგანწყობილი გარემო
მონაწილეები თავს უნდა გრძნობდნენ თავისუფლად განხილვისა და შესწავლის, ინტერაქტივისა და აზრთა გაზიარების პროცესში. იყავით მეგობრული, უშუალო, წამახალისებელი და გამოავლინეთ იუმორის გრძნობა, არ გამოიყენოთ ჟარგონები ან სიტყვები, რომელიც მონაწილეებს არ ესმით.
დააწესეთ მუშაობის ძირითადი წესები
მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილეს ესმოდეს ძირითადი წესები ინტერაქტიული და ექსპერიმენტული სავარჯიშოებისათვის. მაგ. ყველამ უნდა აიღოს თავის წილი პასუხისმგებლობა თითოეულ სემინარზე, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ იქნას მოსმენილი, მიეცეს ლაპარაკისა და მონაწილეობის საშუალება. არავინ არ უნდა იგრძნოს ზეწოლა, რომ თქვას რამე ისეთი, რაც მისთვის უხერხულია. ეს ძირითადი წესები შეიძლება გააცნოთ და შეათანხმოთ მონაწილეებთან პირველივე შეხვედრაზე კლასთან ან ჯგუფთან.
მიეცით ნათელი ინსტრუქციები
ყოველთვის დარწმუნდით რომ ყველამ გაიგო ინსტრუქციები და იციან, რა უნდა გააკეთონ. უმარტივესი გზა არის შეკითხვების მოსმენა და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტების ჩამოწერა. ნუ შეგეშინდებათ შეკითხვების, ისინი ძალიან სასარგებლოა და გაძლევთ თქვენ (და ჯგუფს) შესაძლებლობას ნათელი მოჰფინოთ საკითხებს. შეკითხვების არარსებობა ხშირად არის ზოგადი გაურკვევლობის ნიშანი („არ მინდა დავსვა შეკითხვა, რადგან ჩემს გარდა, მგონი, ყველამ გაიგო”).
დახმარება დისკუსიების ჩატარებაში
დისკუსია არის ადამიანის უფლებების განათლების პროცესის ცენტრალური ნაწილი. მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება და დარწმუნდით, რომ ჯგუფის ყველა წევრს აქვს მონაწილეობის საშუალება, თუ მას ამის სურვილი გააჩნია. გამოიყენეთ ჯგუფისათვის ნაცნობი სიტყვები, ფრაზები და ენა, განმარტეთ მათთვის უცნობი სიტყვები.
სთხოვეთ მონაწილეებს შემოგთავაზონ თავიანთი აზრები. დარწმუნდით, რომ ლოკალური და გლობალური ასპექტები დაბალანსებულია და ახალგაზრდები ნათლად ხედავენ, რომ კონკრეტული საკითხი პირდაპირ კავშირშია მათ ცხოვრებასთან.
მიეცით მონაწილეებს საკმარისი დრო სავარჯიშოს დასამთავრებლად და, თუ საჭიროა, როლიდან გამოსასვლელად, ვიდრე გადახვიდოდეთ მსჯელობაზე იმის შესახებ, თუ რა მოხდა და რა ისწავლეს მათ. ყოველი სავარჯიშოს ბოლოს დაუთმეთ დრო საუბარს იმის შესახებ თუ რა ისწავლეს მონაწილეებმა და რა კავშირს ხედავენ ისინი სავარჯიშოსა და თავიანთ ცხოვრებას შორის, თავიანთ საზოგადოებასთან და ფართო სამყაროსთან. გამოცდილება გააზრების გარეშე ნაკლებად ეფექტურია.
ჩვენ გთავაზობთ გაიაროთ ანალიზისა და შეფასების პროცესი თანმიმდევრულად ისეთი შეკითხვების დასმით, როგორიცაა:
▪ რა მოხდა სავარჯიშოში და რას ნიშნავდა ეს მათთვის
▪ რა გაიგეს ახალი საკუთარი თავის შესახებ
▪ რა გაიგეს სავარჯიშოში განხილული საკითხის შესახებ
▪ როგორ შეუძლიათ განაგრძონ მუშაობა და გამოიყენონ ის, რაც უკვე ისწავლეს.
ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაოს და სწავლის მიმოხილვა პერიოდულად. ეს შეიძლება გაკეთდეს დღის ბოლოს, სემინარების დროს ან 2-3 გაკვეთილის, ან შეხვედრების სერიის ბოლოს. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მიმოხილვა ჯგუფისთვის მოსაწყენია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას წინ უსწრებდა ხანგრძლივი დისკუსია. გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი წარმართოთ მიმოხილვა დისკუსიის სახით. შეგიძლიათ რაიმე სხვა მეთოდის გამოყენება მაგ. მიმიკები, ხატვა, ძერწვა და ა.შ.
თანახელმძღვანელებმა უნდა გამონახონ დრო დასვენების, განტვირთვისა და ჩატარებული მეცადინეობის მიმოხილვისათვის. ისაუბრეთ შემდეგ საკითხებზე:
▪ როგორ წარიმართა სავარჯიშო, თქვენი აზრით: მომზადება, დროის ლიმიტის დაცვა, და ა.შ.
▪ რა ისწავლეს მონაწილეებმა და მიღწეულ იქნა თუ არა მიზნები
▪ რა არის შედეგები: როგორ მოიქცევა ჯგუფი ამიერიდან ანალოგიურ რეალურ სიტუაციაში
▪ თქვენ თავად რა გაიგეთ ახალი განხილული საკითხის და ხელმძღვანელობის შესახებ
როცა მეცადინეობა მოულოდნელ ხასიათს იღებს
სავარჯიშოები იშვიათად მიმდინარეობს ზუსტად ისე, როგორც თქვენ მოელოდით, ან ისე, როგორც ისინი წარმოდგენილი და აღწერილია ამ სახელმძღვანელოში. ეს ერთდროულად საინტერესოც არის და რთულიც. თქვენ უნდა მოახდინოთ რეაგირება მიმდინარე პროცესზე და სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები.
შეიძლება მოხდეს ისე რომ, სავარჯიშომ გაიტაცოს მონაწილეები და დრო სწრაფად ამოიწუროს. მოეთათბირეთ მონაწილეებს, შეწყვიტოთ სავარჯიშო, გააგრძელოთ კიდევ 5 წუთი, თუ რამე სხვა გადაწყვეტა მოუძებნეთ პრობლემას.
ზოგჯერ, განსაკუთრებით ხანგრძლივი სემინარის დროს, საჭიროა “ენერჯაიზერის” გამოყენება ან შესვენება.
ზოგჯერ დისკუსიები ჩიხში შედის. თქვენ მოგიწევთ მიზეზის პოვნა, რომელიც შეიძლება ბევრი იყოს - მაგ. თემა უკვე ამოწურულია, ან ძალიან ემოციურია. მოგიწევთ გადაწყვიტოთ, „შემოაგდოთ” შეკითხვა, შეცვალოთ ამოცანა თუ გააგრძელოთ. არასოდეს არ იფიქროთ, რომ ვალდებული ხართ პასუხი გასცეთ მონაწილეების ყველა შეკითხვას, ან პრობლემას. ჯგუფმა თვითონ უნდა იპოვოს პასუხები ერთმანეთისთვის მოსმენისა და აზრთა გაზიარების საშუალებით. რასაკვირველია, მათ შეიძლება გკითხონ თქვენი აზრი, ან რჩევა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯგუფმა უნდა მიიღოს.
გამოხმაურება არის ვინმეს ნათქვამზე ან საქციელზე კომენტარის გაკეთება. ის შეიძლება იყოს პოზიტიური, ან კრიტიკული, ნეგატიური დატვირთვით. გამოხმაურების გაკეთება და მიღება არის უნარი და თქვენ უნდა დაეხმაროთ ჯგუფის წევრებს მის განვითარებაში. ძალიან ხშირად გამოხმაურება მიიღება, როგორც დესტრუქციული კრიტიკა მაშინაც კი, თუ ეს არ იყო ავტორის განზრახვა. გამოხმაურებასთან დაკავშირებული სიტყვა-გასაღები არის „პატივისცემა” და „არგუმენტები”.
გამოხმაურების მიწოდების დროს მნიშვნელოვანია სხვების პატივისცემა, აქცენტის გაკეთება მათ ნათქვამზე, ან საქციელზე და თქვენი შეხედულების დასასაბუთებლად არგუმენტების მოყვანა. უმჯობესია თქვათ: „მე კატეგორიულად არ ვეთანხმები რაც თქვენ ამ წუთში თქვით. რადგან.. .…” ვიდრე „როგორ შეიძლება იყოთ ასეთი სულელი, ვერ ხედავთ, რომ…?”. უარყოფითი გამოხმაურება ადვილად სტკენს გულს ადამიანს.
თქვენი, როგორც ხელმძღვანელის ფუნქციაა, იპოვოთ გზები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მონაწილეების გამოხმაურება იყოს კონსტრუქციული. მაგ.
▪ იწყებენ კომენტარის გაკეთებას პოზიტიური განაცხადით
▪ პატივს სცემენ სხვებს და არ აკეთებენ შეურაცმყოფელ შენიშვნებს
▪ აქცენტს აკეთებენ საქციელზე და არა პიროვნებაზე
▪ ხსნიან თავიანთი ნათქვამის მიზეზებს
▪ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ მოსაზრებებზე „მე მგონი...”, „ჩემი აზრით...” ფრაზების გამოყენებით.
გამოხმაურების მიღება ძნელია, განსაკუთრებით როდესაც არსებობს უთანხმოება. თქვენი როლია დაეხმაროთ მონაწილეებს ისწავლონ თავიანთი გამოცდილებიდან, იგრძნონ მხარდაჭერა და არ იყვნენ დათრგუნულები. მოუწოდეთ მათ, ყურადღებით მოისმინონ კომენტარი საკუთარი თავისა და პოზიციის დაუყოვნებლივ დაცვის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია, მონაწილეებმა გაიგონ ზუსტად რას გულისხმობს გამოხმაურების ავტორი და ყურადღებით შეაფასონ რა ითქვა, ვიდრე მიიღებდნენ ან უარყოფდნენ მას.
წინააღმდეგობა მონაწილეების მხრიდან
ინტერაქტიულ სავარჯიშოებში ჩართვა ძალიან მომთხოვნია და როცა თქვენ იყენებთ განსხვავებულ მეთოდებს მაგ. კამათი, ხატვა, სახეობრივი თამაშები, გარდაუვალი იქნება ის ფაქტი, რომ ყველა სავარჯიშო ყოველთვის არ იქნება მისაღები თითოეული მონაწილისათვის. თუ მონაწილეს შეუძლია დამაჯერებლად ახსნას რატომ არ მოსწონს ესა თუ ის სავარჯიშო, მაშინ თქვენ შეძლებთ მოაგვაროთ პრობლემა დიალოგისა და მოლაპარაკების საშუალებით, მისი მოთხოვნების გათვალისწინებით.
„წინააღმდეგობის” ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ საქციელს, რომელიც განზრახ დესტრუქციულია. ყველა ხელმძღვანელს ერთხელ მაინც აქვს გამოცდილი მონაწილეთა მხრიდან წინააღმდეგობა. ის შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. ახალგაზრდამ, რომელიც არაა დარწმუნებული თავის თავში, შეიძლება სკამი ააჭრაჭუნოს, ლაპარაკი დაუწყოს გვერდით მჯდომს. უფრო დახვეწილი გზა არის უმნიშვნელო შეკითხვების დასმა, ყველაფრის მასხრად აგდება. კიდევ ერთი „მეთოდი“, რომელსაც მოწინააღმდეგეები მიმართავენ, არის „ხელმძღვანელის ჩაგდება”. მათ შეიძლება თქვან მსგავსი რამ - „თქვენ არ გესმით ეს, თქვენ დიდი ხნის წინ იყავით ახალგაზრდა”, ან „რატომ გვაქვს მხოლოდ განხილვები, ჩავატაროთ უფრო მეთი თამაშები”. „წინააღმდეგობის” მესამე ტიპი არის სწავლისთვის თავის არიდება. მათ შეიძლება თქვან: ”ხო მაგრამ…”.
რა თქმა უნდა საუკეთესო გზაა წინააღმდეგობისთვის თავის არიდება. მაგ.:
▪ ყურადღება მიაქციეთ ჯგუფის ყველა წევრს და ყველა ემოციას, რომელიც შეიძლება აღძრას კონკრეტულმა სავარჯიშომ, ან - როლმა სახეობრივ თამაშში.
▪ დაარწმუნეთ ყველა, რომ არავინ აძალებს ვინმეს თქვას ან გაამჟღავნოს ის, რისი თქმა ან გამჟღავნებაც არ სურს.
▪ მიეცით მონაწილეებს დრო „მოთელვისათვის” სავარჯიშოს წინ და დაწყნარებისთვის - მის შემდეგ.
▪ არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა გამოყოთ საკმარისი დრო დისკუსიისა და შედეგების შეჯამებისათვის, რათა ყველამ იგრძნოს, რომ მათი აზრი და მონაწილეობა ფასეული იყო.
თქვენ თავად მოგიწევთ, აირჩიოთ რთული სიტუაციის მოგვარების საუკეთესო გზა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვეულებრივ, საუკეთესო გზა პრობლემის გადასაჭრელად არის მისი სააშკარაოზე გამოტანა და მთელი ჯგუფის ჩართვა გადაწყვეტილების პოვნაში. არ ჩაერთოთ ხანგრძლივ დისკუსიაში, ან კამათში ჯგუფის რომელიმე ცალკეულ წევრთან. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა მონაწილეების განაწყენება, ან იმედგაცრუება და მათი ინტერესის დაკარგვა.
ჯგუფში არსებული კონფლიქტების მართვა
ჯგუფში შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტები. ეს ბუნებრივია და თქვენი როლი არის დაეხმაროთ მონაწილეებს მათ დარეგულირებაში. კონფლიქტები შეიძლება აღმოცენდეს თუ მონაწილეები დაძაბულად გრძნობენ თავს ემოციებთან და მორალურ ფასეულობებთან დაკავშირებულ საკითხებში, თუ მათ არა აქვთ საკმარისი კომპეტენცია ჯგუფური მუშაობისათვის ან თუ აქვთ რადიკალურად განსხვავებული მიდგომა საკითხის ან სხვადასხვა ფასეულობების მიმართ. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ჩაერთოთ კონფლიქტში.
▪ გახსოვდეთ კონფლიქტი შეიძლება იყოს სასარგებლო და შემოქმედებითი თუ მას სათანადოდ წარმართავთ.
▪ საკმარის დროს დაუთმობთ გამოკითხვას და დისკუსიას. თუ საჭიროა გამოყავით დამატებითი დრო.
▪ დაეხმარეთ მონაწილეებს პოზიციების, ინტერესების და შეხედულებების გარკვევაში
▪ შეარბილეთ დაძაბულობა ჯგუფში. მაგ. თხოვეთ ყველას დასხდნენ ან ილაპარაკონ მცირე ჯგუფებში 3 წუთის განმავლობაში ან თქვით რაიმე ისეთი, რაც გამოასწორებს სიტუაციას.
▪ მოუწოდეთ ყველას აქტიურად მოუსმინონ ერთმანეთს.
▪ აქცენტი გააკეთ იმაზე, რაც აერთიანებს და არა იმაზე, რაც აშორებს მონაწილეებს.
▪ ეძებეთ კონსენსუსი. დაეხმარეთ მონაწილეებს დაინახონ საერთო ინტერესები იმის ნაცვლად, რომ წავიდნენ კომპრომისებზე და დათმონ თავიანთი პირვანდელი პოზიციები.
▪ ეძებეთ გადაწყვეტილებები, რომელთაც შეუძლიათ პრობლემის გადაჭრა და არ შეიცავს ახალი კონფლიქტის შექმნის საფრთხეს.
▪ თხოვეთ კონფლიქტის მონაწილეებს თავიანთი აზრი გამოთქვან სხვა დროს კერძო საუბრებში.
თუკი წამოიჭრება უფრო სერიოზული და ღრმა პრობლემები, ალბათ უკეთესი იქნება თუ გადადებთ მათ გადაწყვეტას და დაელოდებით უფრო ხელსაყრელ შემთხვევას პრობლემასთან დასაბრუნებლად. ამასობაში შეიძლება იფიქროთ როგორ მიუდგეთ პრობლემას სხვა კუთხიდან, მაგალითად, ისეთი მოკლე თამაშის შესრულებით, როგორიცაა „მუშტი და ხელის გული'' (გვ. 75). კონფლიქტის გადაწყვეტის გადადებით თქვენ აძლევთ დროს კონფლიქტის მონაწილეებს სიტუაციის გასაანალზებლად და ახალი მიდგომებისა და გადაწყვეტილებების საპოვნელად.
ჯგუფში წამოჭრილი კონფლიქტები და მათი გადაჭრის გზები შეიძლება გამოყენებულ იქნას საკითხის გააზრების, მისი მიზეზების გაგების და კონფლიქტების სირთულის წარმოდგენისათვის რეალურ სამყაროში. საწინააღმდეგოც შეიძლება მოხდეს: საერთაშორისო კონფლიქტების განხილვამ შეიძლება წარმოდგენა შექმნას ლოკალურ კონფლიქტებზე.
დამატებითი ინფორმაცია კონფლიქტების მენეჯმენტის შესახებ იხილეთ სავარჯიშოში „ითამაშე!” (გვ. 198).
ეფექტური სასწავლო ჯგუფების ჩამოყალიბების მეთოდები და ხერხები
ჩვენ აღვწერეთ ჯგუფური მუშაობა და მისი როლი ემპირიულ სწავლებაში. აქ კი ჩვენ აღვწერთ რამოდენიმე ზოგად სავარჯიშოს I დონეზე, რომელიც სპეციფიკურად ავითარებს ჯგუფური სამუშაოს უნარჩვევებს. ეს სავარჯიშოები წარმოადგენს კარგ „ლოკომოტივს” და სახელმძღვანელოს; სხვა სავარჯიშოებთან ერთად ეფექტური მეთოდია ადამიანის უფლებების საკითხების წამოსაჭრელად. კარგი იქნება თუ ზოგჯერ ხელმძღვანელიც შეუერთდება ჯგუფს ამ თამაშების შესრულებაში კონტაქტების დასამყარებლად. პასუხისმგებლობა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა - არის ძირითადი უნარები კარგი ჯგუფური სამუშაოსთვის.
ეს სავარჯიშო ძალიან მარტივია, მაგრამ შეიცავს ყველა თვისებას და პროცედურას, რათა დაეხმაროს მონაწილეებს ისწავლონ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ჯგუფში. ეს კარგი სავარჯიშოა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
სირთულე: დონე I ჯგუფის წევრების რაოდენობა: ნებისმიერი დრო: 15 წუთი და მეტი
1. თხოვეთ ჯგუფს დაეწყონ მწკრივში სიმაღლის მიხედვით, ისე რომ ყველაზე დაბალი მონაწილე წინ მოხვდეს და ყველაზე მაღალი უკან. მათ არ უნდა ილაპარაკონ, მაგრამ შეუძლიათ იკონტაქტონ ბგერების, მინიშნებების და მიმიკის გამოყენებით.
2. როდესაც დაეწყობიან მწკრივში გადაამოწმეთ რომ თანმიმდევრობა ზუსტადაა დაცული.
3. გაიმეორეთ სავარჯიშო და თხოვეთ მონაწილეებს დაეწყონ მწკრივში სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც სახალისოს გახდის თამაშს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სახიფათოს. მაგ. შეიძლება ეს კრიტერიუმები იყოს ასაკი, დაბადების თვე (იანვარი ან დეკემბერი), ფეხსაცმლის ზომა, და ა.შ.
ეცადეთ დაეხმაროთ ჯგუფს იმის გაანალიზებაში თუ როგორ იმუშავეს მათ ერთად და რა არის კარგი ჯგუფური მუშაობა. სავარაუდო შეკითხვებია:
▪ რა პრობლემები გქონდათ ორგანიზების დროს?
▪ რამ შეანელა ჯგუფის მუშაობა?
▪ ოყო ლიდერი საჭირო? ვინმეს ჰქონდა ლიდერის ფუნქცია? როგორ იყვნენ ისინი არჩეული?
▪ რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ჯგუფის თითოეულ წევრს პრობლემის გადაწყვეტაში?
▪ როგორ შეუძლია ჯგუფს მომავალში უფრო სწრაფად გადაჭრას პრობლემა?
ეს სავარჯიშო აქცენტს აკეთებს მოსმენის უნარჩვევებზე, მაგრამ ასევე ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას და აზრის თავდაჯერებულად გამოთქმას.
სირთულე: დონე I ჯგუფის წევრების რაოდენობა: ნებისმიერი დრო: 35 წუთი
1. ჩაატარეთ გონებრივი შტურმი თემაზე: რას ნიშნავს იცოდე მოსმენა.
2. თხოვეთ მონაწილეებს დაჯგუფდნენ სამად: ერთი იყოს სპიკერი, ერთი მსმენელი და ერთიც დამკვირვებელი.
3. უთხარით სპიკერს, რომ მას 5 წუთი აქვს იმისათვის, რომ მსმენელს გაუზიაროს თავისი პირადი აზრი მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ
4. (მაგ. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ან რაიმე სხვა თემა რაც მოითხოვს აღწერას, ანალიზს და აზრის ჩამოყალიბებას.)
5. მსმენელმა უნდა მოისმინოს და გააცნობიეროს საკითხის არსი, რატომ არის ის მნიშვნელოვანი სპიკერისთვის და რაში მდგომარეობს წარმოდგენილი შეხედულებები.
6. დამკვირვებელი თვალს ადევნებს რამდენად აქტიურია მსმენელის მოსმენის უნარჩვევა. მათ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში, ყურადღებით უნდა დააკვირდნენ დისკუსიას და თავი შეიკავონ რჩევებისაგან ვიდრე სავარჯიშოს დრო არ ამოიწურება.
7. 5 წუთის გასვლის შემდეგ შეწყვიტეთ თამაში და თხოვეთ დამკვირვებელს გამოთქვას თავისი აზრი. ასე გააგრძელეთ მანამ სანამ ყველა მონაწილეს არ ექნება საშუალება იყოს სპიკერი, მსმენელი და დამკვირვებელი.
იმსჯელეთ სავარჯიშოს შესახებ. ზოგიერთი სასარგებლო შეკითხვა შეიძლება იყოს:
▪ გამოხატეს თუ არა სათანადოდ სპიკერებმა თავისი აზრი და გრძნობები საკითხის შესახებ, იყო თუ არა მათთვის სასარგებლო ისეთ პიროვნებასთან საუბარი, რომელსაც გააჩნდა აქტიური მოსმენის უნარჩვევები?
▪ როგორ იგრძნეს მათ თავი მსმენელის როლში? იყო ძნელი გესმინა და არ შეგეწყვეტინებინა რათა გამოგეთქვა კომენტარი ან საკუთარი აზრი?
რჩევები ხელმძღვანელებისათვის
ჯგუფი შეიძლება დასაწყისში შეჩერდეს შემდეგ საკითხებზე, იმედია სავარჯიშოს ბოლოს ისინი შეძლებენ ყველა ამ პუნქტის და დამატებით სხვების ჩამოთვლას:
▪ გამოხატავს პატივისცემას, თვალებში უყურებს სპიკერს და არ აკეთებს ზედმეტ მოძრაობებს.
▪ აჩვენებს, რომ ყურადღებით უსმენს და ამას გამოხატავს თავის დაკვრით ან ფრაზით: „გააგრძელეთ გისმენთ”.
▪ არ ჩქარობს პაუზების შევსებას და აძლევს მოსაუბრეს ფიქრის და საუბრის გაგრძელების დროს.
▪ არ ცვლის საუბრის თემას კომენტარების ან განსხვავებული აზრის გამოთქმის გზით.
▪ იყენებს შემხვედრ შეკითხვებს რათა გაამხნევოს მოსაუბრე, რათა ამ უკანასკნელმა გააგრძელოს საუბარი ან გააკეთოს დასკვნები.
▪ აჯამებს ან იმეორებს სპიკერის შენიშვნებს დროდადრო, რათა აჩვენოს რომ ყველაფერი გასაგებია.
▪ რეაქციას იძლევა იმ გრძნობებზე, რომელიც შეიძლება იდგეს მოსაუბრის სიტყვების უკან და აჩვენებს, რომ ესმის მისი.
ეს უსიტყვო სავარჯიშოა იმის საჩვენებლად თუ როგორ შეუძლიათ ჯგუფის წევრებს ერთმანეთს უპასუხონ და გააერთიანონ მათი ინდივიდუალური წვლილი ერთ მთლიანობად
სირთულე: დონე I ჯგუფის წევრების რაოდენობა: 6 ან მეტი დრო: 15 წუთი
1. თხოვეთ მონაწილეებს დადგნენ წრეში
2. აუხსენით მათ, რომ ერთად უნდა ააგონ ერთი უზარმაზარი მექანიკური მანქანა მხოლოდ მათი სხეულების საშუალებით
3. თხოვეთ ერთერთს დაიწყოს. ის ირჩევს რაიმე მარტივ განმეორებად მოძრაობას როგორიცაა მაგალითად ხელის რიტმული აწევ-დაწევა. ამავე დროს ისინი გამოსცემენ რაიმე დამახასიათებელ ბგერებს, მაგ. გრძელი სტვენა.
4. თხოვეთ მეორე მონაწილეს გამოვიდეს და დადგეს ახლოს ან შეეხოს პირველს. ის თვითონ ირჩევს საკუთარ მოძრაობას და ხმას. მაგ. შეიძლება ირწეოდეს და ამბობდეს ჩქ, ჩქ. ამასთანავე ინარჩუნებს ტემპს და რიტმს პირველის შესაბამისად.
5. თხოვეთ სხვა მოხალისეებსაც სათითაოდ შემოგიერთდნენ. მათ შეუძლიათ მიებან მანქანის ნებისმიერ ნაწილს და დაუმატონ მას თავისი საკუთარი მოძრაობა და ბგერები.
6. საბოლოოდ მთელი ჯგუფი უნდა იყოს ურთიერთდაკავშირებული, იმოძრაონ მრავალი ურთიერთდაკავშირებული გზით და წარმოქმნან მრავლნაირი ბგერები.
7. როდესაც ყველა ჩაერთვება და მანქანა შეუფერხებლად იმუშავებს, თქვენ შეგიძლიათ „უდირიჟოროთ” მათ რათა შეანელოთ ან ააჩქაროთ, უფრო ხმამაღალი ან ხმადაბალი გახადოთ მანქანის მუშაობა.
თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ ჯგუფს:
▪ რა მსგავსებას ხედავენ ისინი „მანქანასა” და ეფექტურ სასწავლო ჯგუფს შორის?
▪ რა უნარჩვევები დასჭირდათ მათ? პასუხისმგებლობა? მოსმენისა და პასუხის გაცემის ჩვევები? თანამშრომლობა? კიდევ რა?
ეს სავარჯიშო სასარგებლოა თანამშრომლობის განვითარებისათვის
სირთულე: დონე 2 ჯგუფის წევრების რაოდენობა: 8 და მეტი დრო: 40 წუთი
1. დახაზეთ ქულების ცხრილი დაფაზე
2. თხოვეთ მონაწილეებს დაჯგუფდნენ წყვილებად; ერთი იყოს A, მეორე B.
3. ირივე მათგანი ხელებს იწყობს ზურგს უკან და ერთად ითვლიან სამამდე.
4. სამ დათვლაზე მათ ერთდროულად უნდა წამოიღონ ხელი წინ და აჩვენონ ან მუშტი ან ხელის გული.
5. თხოვეთ წყვილებს ჩაწერონ ქულები
7. სავარჯიშოს ბოლოს დაწერეთ დაფაზე თითოეული წყვილის როგორც ინდივიდუალური ასევე შეჯამებული ქულები
შეკითხვები რომელიც შეიძლება დასვათ არის შემდეგი:
▪ ვინ მიიღო ყველაზე მაღალი ქულა წყვილებს შორის? როგორ ითამაშეთ იმისთვის რომ მოგეგოთ?
▪ ვის აქვს ყველაზე დაბალი ქულა? როგორი შეგრძნება გაქვთ? რა მოხდა?
▪ ჰქონდა რაიმე შეთანხმებას ადგილი წყვილებს შორის იმაზე თუ როგორ ეთანამშრომლათ? თუ ასე იყო ვინმემ დაარღვია შეთანხმება? რატომ? როგორი იყო თქვენი პარტნიორის რეაქცია?
▪ შეადარეთ იმ ჯგუფების ჯამური ქულები, რომლებშიც მონაწილეები თანამშრომლობდნენ იმ ჯგუფებთან, რომლებშიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. იყო რაიმე უპირატესობა თანამშრომლობაში? თუ კი რა იყო კონკრეტულად? (ჯამური ქულები? კარგი შეგრძნება? მეგობრებად დარჩენა?)
დისკუსიის წარმართვის ჩვევების განვითარების მეთოდები და ხერხები
დისკუსიები ასევე წარმოადგენს საშუალებას მოსმენის, მორიგეობით საუბრისა და სხვა ჯგუფური უნარების გავარჯიშებისათვის, რომლებიც მნიშვნელოვანია სხვების უფლებების პატივისცემის თვალსაზრისით. იმისათვის რომ ყველას მიეცეს მონაწილეობის საშუალება ჯგუფი უნდა იყოს მართვადი რაოდენობის. თუ თქვენი ჯგუფი ძალიან დიდია მაგ. 15-20 კაცი, უკეთესი იქნება მისი მცირე ჯგუფებად დაყოფა დისკუსიების დროს. ინტერაქტიულობისა და მონაწილეობის სტიმულირების მიზნით სასურველია დასვათ მონაწილეები წრეში ან ნახევარწრეში სადაც მათ შეუძლიათ უყურონ ერთმანეთს. ზოგადი მიმართულებები, რომლებზეც უნდა იმსჯელონ და შეთანხმდნენ ჯგუფის წევრები შეიძლება მოიცავდეს:
▪ ყოველთვის სათითაოდ უნდა ლაპარაკობდნენ
▪ განსჯითი ხასიათის კომენტარები ან დაცინვა დაგმობილია
▪ ყველა პიროვნებამ უნდა იმსჯელოს თავისი შეხედულებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე და არ განაზოგადოს აზრი სხვების სახელით, ანუ გამოიყენოს „მე” განცხადებები.
▪ გახსოვდეთ რომ სავარაუდოდ არსებობს ერთზე მეტი „სწორი” პასუხი
▪ შეთანხმდით რომ დაიცავთ კონფიდენციალურობა მგრძნობიარე საკითხებზე საუბრის დროს
▪ ყველას აქვს უფლება შეინარჩუნოს დუმილი და არ მიიღოს რაიმე საკითხის გარშემო გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა თუ მათ ამის სურვილი აქვთ.
შესაძლოა გამოგადგეთ შემდეგი სტრატეგია:
ეს ეფექტურია იმ ჯგუფებში რომლებსაც უჭირთ მოსმენა
ჯგუფი ზის წრეში. მაგნიტოფონის (ან რაიმე მსგავსი საგნის) ძველი მიკროფონი გადააწოდეთ წრეში. მხოლოდ იმ მონაწილეს აქვს ლაპარაკის უფლება, რომელსაც მიკროფონი უჭირავს. დანარჩენებმა უნდა უსმინონ და უყურონ მოსაუბრეს. როდესაც ის საუბარს მორჩება მიკროფონი გადაეცემა მომდევნო მონაწილეს, რომელსაც სურს აზრის გამოთქმა.
ეს სასარგებლოა მონაწილეების წახალისებისათვის რათა მათ გამოთქვან თავიანთი აზრი, მოუსმინონ სხვებს და შეცვალონ შეხედულება ახალი გააზრების ფონზე. ეს შეიძლება სხვადასხვა გზით მოხდეს.
1. მოამზადეთ 3-4 წინააღმდეგობრივი განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მუშაობთ, მაგ. „არ უნდა არსებობდეს არავითარი შეზღუდვა სიტყვის თავისუფლებაში”.
2. გაავლეთ ხაზი იატაკზე ცარცით ან თოკით
3. განმარტეთ, რომ ხაზის მარჯვენა მხარე წარმოადგენს განცხადებასთან დათანხმებას ხოლო მარცხენა დაუთანხმებლობას. ხაზთან დაშორების მანძილი აჩვენებს თანხმობის ან დაუთანხმებლობის ძალას, რაც უფრო შორს ვართ ხაზისგან მით უფრო მეტად ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით განაცხადს. ოთახის კედლები არის საზღვარი! ხაზზე დგომა ნიშნავს, რომ პიროვნებას არა აქვს ჩამოყალიბებული აზრი.
4. წაიკითხეთ პირველი განცხადება
5. თხოვეთ მონაწილეებს დადგნენ ხაზის იმ წერტილში, რომელიც გამოხატავს მათ აზრს განცხადებასთან დაკავშირებით.
6. ახლა კი თხოვეთ მათ ახსნან რატომ დგანან იქ სადაც დგანან.
7. მიეცით ყველა მსურველს ლაპარაკის საშუალება. შემდეგ იკითხეთ აქვს თუ არა ვინმეს პოზიციის შეცვლის სურვილი.
8. როდესაც ყველა ვინც ეს საჭიროდ ჩათვლა გადაადგილდება, თხოვეთ მათ ახსნან ამის მიზეზები
9. დასვით რაიმე სხვა შეკითხვებიც.
კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების ჩვევების განვითარების მეთოდები და ხერხები
კოლექტიური გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის საფუძველზე ხანგრძლივი პროცესია და მონაწილეებისაგან მოითხოვს კომუნიკაციის კარგ ჩვევებს, მგრძნობიარობას სხვების მოთხოვნების მიმართ, ფანტაზიას, ნდობას და მოთმინებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ მონაწილეები საკითხის გულწრფელად განხილვას, ცენზურისა და გაკრიტიკების და დაცინვის შიშის გარეშე აზრის გამოთქმას და აზრის თავისუფლად შეცვლას რაციონალური არგუმენტირების შედეგად.
კონსენსუსის მისაღწევად შრომა ნიშნავს მონაწილეებმა გააცნობიერონ აზრთა მთელი სპექტრი ჯგუფში და ყურადღებით განიხილონ ყველა ჯგუფში არსებული აზრი, რათა მიღწეულ იქნას საერთო ინტერესების საფუძველზე ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება. კონსენსუსისა და გადაწყვეტიების მიღების მიღწევა არ არის ადვილად სახელმძღვანელო.
გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეიძლება დამთავრდეს სხვადასხვაგვარად:
▪ ერთი მხარე არწმუნებს მეორეს. ეს რასაკვირველია, არის ის რასაც უმეტესობ ათვლის რომ ხდება, როდესაც მათ ხმების უმრვლესობა აქვთ. მაგრამ ეს შეიძლება თავისუფლად იყოს ასევე რაიმე მნიშვნელოვანი შეხედულების უგულვებელყოფა. როდესაც კონსენსუსი მიიღწევა დარწმუნების ხარჯზე ეს ნიშნავს, რომ თითქმის ჯგუფში ყველა ეთანხმება იმ აზრს რომ არგუმენტები ერთ-ერთი შეხედულების გასამყარებლად არის შეუვალი და აბსოლუტური. და ამიტომაც ისინი თმობენ თავიანთ ადრინდელ პოზიციას და ემხრობიან არგუმენტირებულ აზრს.
▪ ერთი მხარე ნებდება. ზოგჯერ მონაწილეები ფიქრობენ რომ ეს არ ღირს ენერგიის ხარჯვად და უარყოფენ თავიანთ პოზიციას. სხვაგვარად მოაზროვნეთა პოზიცია უმნიშვნელოვანესია შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის. ხშირად ერთი ადამიანი ფლობს ძირითად ინფორმაციას, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი. მონაწილეებს უნდა შეეძლოთ აზრის შეცვლა თავისუფლად როგორც კი ახალი ინფორმაცია გახდება მათთვის ცნობილი. როდესაც მუშაობა მიმართულია კონსენსუსის მიღწევისაკენ მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება განიხილონ მთელი რიგი პოზიციები და არ უნდა შეექმნათ ისეთი გრძნობა თითქოს თავის მხარეს ღალატობენ თუკი ისინი აზრს იცვლიან.
▪ ორივე მხარე პოულობს ახალ ალტერნატივას. უთანხმოება შეიძლება ზოგჯერ გადაილახოს თუ მონაწილეები შეწყვეტენ იმ თავიანთი პოზიციების დაცვას და ეცდებიან გამონახონ ალტერნატიული გადაწყვეტა, რომელიც დააკმაყოფილებს ორივე მხარეს. ხშირად არცერთ ჯგუფს არ უწევს რაიმეს დათმობა და ორივეს რჩება შეგრძნება რომ მათ „გაიმარჯვეს”.
▪ ჯგუფი გადაიაზრებს საკითხს. კონსენსუსის გულწრფელ ძებნას ხშირად მიყავს მონაწილეები იმის გააზრებამდე, რომ კონფლიქტი გამოწვეულია სემანტიკური სირთულეებით ან მეორე მხარის პოზიციის არასწორი გაგებით. ზოგჯერ ორივე მხარე ხვდება, რომ მათ მწვავედ დააფიქსირეს თავისი პოზიცია და რადგანაც ისინი მიილტვიან კონსენსუსისკენ არბილებენ თავიანთ შეხედულებებს და პოულობენ საკითხის იმგვარად დანახვის გზას, რომელიც ორივე მხარისათვის მისაღებია.
▪ ყველა მხარე თმობს ცოტას. ზოგჯერ როდესაც მონაწილეები აკვირდებიან რა აქვთ საერთო ისინი შეიძლება მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომელიც აკმაყოფილებს ორივე მხარის მოთხოვნათა უმეტესობას უფრო მეტად ვიდრე ერთი მხარის ყველა მოთხოვნას, ხოლო მეორისას კი არც ერთს.
▪ ორივე მხარე თანხმდება შესვენებაზე. ზოგჯერ პროცესში ჩართული ყველა მხარე თანხმდება, რომ მათ არა აქვთ საკმარისი ინფორმაცია რათა მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება, ან ისინი მეტისმეტად განაწყენებული არიან იმისათვის, რომ მივიდნენ რეალურ გადაწყვეტილებამდე. ამ შემთხვევაში მათ შესაძლოა არჩიონ საკითხის გადადება ვიდრე არ მოიპოვებენ საკმარის ცოდნას და ინფორმციას რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად.
ეს სავარჯიშო კარგი „ლოკომოტივი” და „ენერგეტიკია”. ის მოიცავს თანამშრომლობის და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევებს.
სირთულე: დონე I ჯგუფის წევრების რაოდენობა: 10 -20 დრო: 10 წუთი
თხოვეთ ყველა მონაწილეს დადგნენ წრეში ერთმანეთის მხარდამხარ და ხელები დაიჭირონ წინ გაწვდილი.
▪ ახლა ისინი უნდა მიწვდნენ სხვა მონაწილეების ხელებს ისე, რომ თითოეულს ეჭიროს 2 დანარჩენი მონაწილის ხელი. არ შეიძლება ვინმე უშუალოდ გვერდით მდგომის ხელის დაჭერა. (შედეგად მიიღება ხელებისგან გაკეთებული დიდი კვანძი!)
▪ თხოვეთ მონაწილეებს გახსნან კვანძი ისე, რომ არ გაუშვან ერთმანეთს ხელი.
შენიშვნა: მათ მოუხდებათ გაძვრენ ერთმანეთის ხელების ქვეშ ან გადააბიჯონ მათ. ეს ცოტაოდენ მოთმინებას მოითხოვს მაგრამ შედეგი გასაოცარი იქნება - 1 ან 2 დიდი წრე.
▪ შეგიძლიათ კითხოთ ჯგუფს როგორ იმუშავეს ერთად იმისათვის, რომ გაეხსნათ კვანძი.
▪ იყო თუ არა ეს დემოკრატიული პროცესი?
▪ რამდენი გზა არსებობდა გადაწყვეტილებამდე მისასვლელად?
▪ ყველამ გამოთქვა წინადადებები თუ ერთმა ადამიანმა აიღო ლიდერის ფუნქციები და წარმართა კვანძის გახსნა?
ეს არის ენერგეტიკული თამაში, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას და გადაწყვეტილების ჯგუფურ მიღებას. ის ასევე არის კარგი „ლოკომოტივი” და „ენერგეტიკი”.
სირთულე: დონე I ჯგუფის წევრების რაოდენობა: 6-25 დრო: 15 წუთი
1. აუხსენით ჯგუფს, რომ ამ თამაშში სხეულის 9 „წერტილი” უნდა შეეხოს იატაკს: 2 ფეხი, 2 ხელი, 2 იდაყვი, 2 მუხლი და 1 შუბლი.
2. თხოვეთ მონაწილეებს განლაგდნენ ოთახის შუაგულში. გამოაცხადეთ რაიმე ციფრი 1-დან 9-მდე და აუხსენით თითოეულ მოთამაშეს, რომ ისინი უნდა შეეხონ იატაკს გამოცხადებული რაოდენობის წერტილებით. გაიმეორეთ სავარჯიშო კიდევ 2-ჯერ.
3. თხოვეთ მონაწილეებს იპოვონ პარტნიორი. გამოაცხადეთ რიცხვი 2-დან 18-მდე. მონაწილეთა წყვილებმა უნდა იმუშაონ ერთად რათა იატაკს შეახონ წერტილების ზუსტი რაოდენობა. გაიმეორეთ სავარჯიშო კიდევ 2-ჯერ.
4. გაიმეორეთ თამაში 4 წევრისაგან შემდგარ ჯგუფთან, შემდეგ 8, შემდეგ 16 ვიდრე ყველა არ ჩაერთვება და არ იმუშავებს ერთად.
შეგიძლიათ მონაწილეებს ნება დართოთ იკონტაქტონ მხოლოდ მინიშნებებით და მიმიკით.
როდესაც 4 წევრი ერთად თამაშობს ყველაზე დაბალი ციფრი შეიძლება იყოს 2. ასეთ შემთხვევაში 2 მონაწილე დგას ცალ ფეხზე!
როდესაც 4 ადამიანი თამაშობს ყველაზე დაბალი პრაქტიკული ციფრი იქნება 4. (ყველაზე მაღალი კი იქნება 4x9=36).
თითოეულ რაუნდში გამოცხადებული უმაღლესი რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ჯგუფის წევრების რაოდენობას 9-ზე გამრავლებულს.
ეს სავარჯიშო მოიცავს დისკუსიისა და მოლაპარაკების პროცესს.
სირთულე: დონე I ჯგუფის წევრების რაოდენობა: 4 და მეტი დრო: 45 წუთი
1. თხოვეთ ჯგუფს დაეწყონ წყვილებად ამოცანის შესასრულებლად, რომელიც მოიცავს მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღებას. მაგალითად, ჯგუფი უნდა შეთანხმდეს: ექსკურსიაზე გასვლის თარიღის, ადამიანის უფლებების განმარტების ან ადამიანის უფლებებათაგან 3 ყველაზე მნიშვნელოვანის ამორჩევის შესახებ.
2. გამოყავით 10 წუთი ამ ეტაპისთვის.
3. შემდეგ თხოვეთ წყვილებს შექმნან 4 კაციანი ჯგუფი და გაიმეორონ პროცესი.
4. შენიშვნა: თუ ამ სავარჯიშოს იყენებთ პრაქტიკულ საკითხებზე კოლექტიური გადაწყვეტილების მიღებისათვის, მაგ. ექსკურსიის მოწყობა, მაშინ უნდა გააგრძელოთ სავარჯიშო და შეასრულოთ ახალი რაუნდები 8 და 16 წევრიან ჯგუფებში სანამ ყველა არ გაერთიანდება ერთ დიდ ჯგუფში და არ მიიღწევა კონსენსუსი, რომელიც საუკეთესოდ აკმაყოფილებს ყველას მოთხოვნებს. თუ ამ მეთოდს იყენებთ ადამიანის უფლებების განმარტების განსახილველად, ჩაატარეთ პლენარული სხდომა მას შემდეგ, რაც 4 კაციანი ჯგუფები დაასრულებენ დისკუსიას. ეს თავიდან აგაცილებთ სავარჯიშოს განმეორებით გამოწვეულ ერთფეროვნებას და მის მოსაწყენად გადაქცევას.
გადაწყვეტილების მიღების პროცესის ბუნების შესახებ მსჯელობისათვის შემოთავაზებული კითხვებია:
▪ მეთოდს დიდი დრო სჭირდება. ღირდა შედეგი ამად?
▪ იგრძნო თუ არა ყველამ თავი პროცესში ჩართულად და მოსმენილად გადაწყვეტილების მიღების დროს (მაშინაც კი თუ საბოლოო გადაწყვეტილება არ იყო მათთვის ყველაზე სასურველი ვარიანტი).
▪ არსებობდა უმცირესობათა რაიმე მოთხოვნები, რომლებიც ვერ აისახა სათანადოდ? (მაგ. ექსკურსიის თარიღთან დაკავშირებით).
ტრეინინგის ან ნებისმიერი სასწავლო პროგრამის დროს მნიშვნელოვანია განვლილისათვის პერიოდულად თვალის გადავლება. ქვემოთ მოყვანილი სავარჯიშოები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ დროს. ისინი მონაწილეებს სთავაზობენ სახალისო გზას თავიანთი გამოცდილების საფუძველზე სწავლისათვის. ეს სავარჯიშოები ეყრდნობა ხატვის, ძერწვის და თხრობის მეთოდებს.
ეს შეიძლება იყოს გამოხმაურების მიღების ძალიან სწრაფი გზა. რაც უფრო მეტ რაუნდებს თამაშობთ მით მეტ გამოხმაურებას იღებთ.
სირთულე: დონე I ჯგუფის წევრების რაოდენობა: ნებისმიერი დრო: 3-4 წუთი თითო რაუნდზე
1. თხოვეთ მონაწილეებს დასხდნენ წრეში
2. მოკლედ შეახსენეთ რა აქვთ გაკეთებული
3. აირჩიეთ ქვემოთ მოყვანილი განცხადებებიდან ერთი წყვილი
4. თხოვეთ წრეში მსხდომთ რიგ-რიგობით დააბოლოონ განცხადება. არავითარი კომენტარი ან დისკუსია არ დაიშვება.
5. დაამატეთ რაუნდები თუ დრო გრჩებათ ან თუ უფრო მეტი გამოხმაურების მიღება გსურთ.
▪ ყველაზე კარგი სავარჯიშოში იყო... და ყველაზე ცუდი იყო...
▪ ყველაზე საინტერესო იყო... ყველაზე მოსაწყენი იყო...
▪ რაც ყველაზე მეტად არ მომეწონა არის... რაც ყველაზე მეტად მომეწონა არის...
▪ ყველაზე სახალისო იყო... ყველაზე სერიოზული იყო...
▪ მე ვისურვებდი რომ ყოფილიყო მეტი... და ნაკლები...
▪ ყველაზე მეტად რისი გაკეთებაც მომეწონა... ყველაზე ნაკლებად რისი გაკეთება არ მომეწონა...
▪ ყველაზე თავდაჯერებულად ვიგრძენი თავი როდესაც... ყველაზე ნაკლებად თავდაჯერებულად კი როდესაც...
ეს მეთოდი ძალიან სწრაფია და იყნებს პანტომიმას
სირთულე: დონე I ჯგუფის წევრების რაოდენობა: ნებისმიერი დრო: 5 წუთი
მოიფიქრეთ 3 ან 4 შეკითხვა ჯგუფისთვის. მაგ. „მოგეწონათ სავარჯიშო?” ან „ისწავლეთ რაიმე ახალი?”
1. ხმამაღლა წაიკითხეთ პირველი შეკითხვა.
2. თხოვეთ ჯგუფს მოიფიქრონ პასუხი და შემდეგ მთელი სხეულით გამოხატონ როგორი შეგრძნება აქვთ. თუ ისინი მტკიცედ ეთანხმებიან განცხადებას მაშინ ხელები უნდა ასწიონ რაც შეიძლება მაღლა და შეიძლება ფეხის წვერებზეც კი დადგნენ. ხალხი, რომელიც კატეგორიულად არ ეთანხმება უნდა ჩაჯდეს ან დაწვეს კიდეც იატაკზე. ზოგიერთმა მონაწილემ შეიძლება რაიმე გარდამავალი პოზიციაც კი გამონახოს თავიანთი პასუხის გამოსახატავად.
3. სთხოვეთ ჯგუფს მოდუნდეს და წაიკითხეთ მომდევნო შეკითხვა.
ამ სავარჯიშოში მოძრაობა ერწყმის მსჯელობის შესაძლებობას
სირთულე: დონე I ჯგუფის წევრების რაოდენობა: 10 და მეტი დრო: 10 წუთი
მომზადება მოამზადეთ 3 ან 4 შეკითხვა, მაგ. „მოგეწონათ სავარჯიშო?” ან „ისწავლეთ რაიმე ახალი?”
1. დაარქვით დარბაზის ოთხ კედელს სახელები: „დიახ”, „არა”, „არ ვიცი”, და „რაღაც მინდოდა მეთქვა” 4 განსხვავებული შეხედულების წარმოსადგენად.
2. დასვით პირველი შეკითხვა სავარჯიშოსთან დაკავშირებით და სთხოვეთ მონაწილეებს დადგნენ იმ კედელთან, რომელიც მათ პასუხს შეესაბამება.
3. მიეცით საშუალება მათ ვისაც რაღაცის თქმა სურთ გამოხატონ თავისი აზრი. მხოლოდ მეოთხე „რაღაც მინდოდა მეთქვა” კედელთან მდგომებს აქვთ ლაპარაკის უფლება.
ეს სავარჯიშო იყენებს „ამბის თხრობის” მეთოდს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სავარჯიშოს ბოლოს მიმოხილვის სახით. ალტერნატივის სახით მისი გამოყენება შეიძლება ასევე გრძელი პროგრამის ბოლოს რათა მონაწილეებს მიეცეთ საშუალება გადახედონ განვლილ გზას და შემდეგ გაიხედონ წინ მომავლისაკენ.
სირთულე: დონე I ჯგუფის წევრების რაოდენობა: 6 + დრო: 45 წუთი
ფურცლები და პასტები სურვილისამებრ
1. მიეცით მონაწილეებს 5-10 წუთი მიმდინარე დღეზე/ტრეინინგზე/პროექტზე /სამუშაოზე ფიქრისათვის, რომელშიც ჩართული ხართ და თხოვეთ კითხონ საკუთარ თავს: „მომწონს რაც აქამდე იყო? რას მაძლევს ეს ყველაფერი და იქნება კი ეს წარმატებული?”
2. შემდეგ სთხოვეთ მათ სათითაოდ გამოხატონ თავიანთი განწყობა ამინდის მოვლენების სახით.
▪ თუ მონაწილეებს დასჭირდებათ ილუსტრირება იმისა თუ რას გულისხმობთ, თქვენ შეგიძლიათ თქვათ: “ჩემი დღე დილიდან იყო ნაცრისფერი და ღრუბლიანი... შემდეგ დამჭირდა ქოლგის გამოყენება რათა თავი დამეცვა კოკისპირული წვიმისაგან... მაგრამ ბევრი თქვენგანი დამეხმარა ქოლგის დაჭერაში... ძლიერი წვიმები მოსალოდნელია ხვალისთვისაც, მაგრამ ველოდები, რომ მომავალი კვირა ნათელი და მზიანი იქნება”. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ დაიწყეთ არც ისე დარწმუნებულმა, შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და თქვენ მოხარული იყავით მონაწილეების მხარდაჭერის გამო. დარწმუნებული არ ხართ არც უახლოეს გეგმებში/დაუყოვნებლივ შედეგებში მაგრამ ფიქრობთ, რომ საბოლოოდ მიზანს მიაღწევთ.
▪ დრო მოცემულია 10-12 წევრისაგან შემდგარი ჯგუფისათვის. უფრო დიდ ჯგუფებს მეტი დრო ესაჭიროებათ.
▪ მონაწილეებმა სიტყვიერი აღწერის ნაცვლად შეიძლება დახატონ საკუთარი ამინდის პროგნოზი
▪ შეგიძლიათ ამ სავარჯიშოს ძირითადი იდეა გამოიყენოთ თქვენი პროექტის გასაანალიზებლად. თითქოს თქვენ აკეთებდეთ კომენტარს ფეხბურთის ან კრიკეტის მატჩზე, ან რაიმე სხვა რელევანტურ მოვლენაზე.
ეს იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჯგუფმა მოამზადოს ყვითელი გაზეთის პირველი გვერდის მაკეტი, სტატიების სათაურები რეზიუმირებას უკეთებს ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნააზრევს და შეგრძნებებს.
სირთულე: დონე 2 ჯგუფის წევრების რაოდენობა: 8 + დრო: 45 წუთი
დაგჭირდებათ A3 ზომის თაბახის ფურცელი და მარკერები ყველა მცირე ჯგუფისათვის.
1. სთხოვეთ მონაწილეებს დანაწილდნენ მცირე 3- 4 წევრიან ჯგუფებში.
2. სთხოვეთ იმსჯელონ იმაზე რასაც აკეთებენ, რა შედეგი მიიღეს მათ სავარჯიშოდან ან პროგრამიდან და იფიქრონ მთავარ ძირითად თემებზე და პრობლემებზე.
3. თითოეული ჯგუფი უნდა შეთანხმდეს 5 ან 6 „ამბავზე”. ერთობლივად უნდა მოიფიქრონ სათაური თითოეული ამბისათვის და სურვილისამებრ დაუმატონ საქმის არსის ამსახველი რამდენიმე წინადადება. მათ არ მოეთხოვებათ ამბის სრული აღწერა. ფოტო მასალის დართვა კარგია იდეაა, მაგრამ არა აუცილებელი.
4. გამოფინეთ პირველი გვერდები
5. პრეზენტაცია და დისკუსია სურვილისამებრ
სავარჯიშო მოიცავს ხატვას და შემოქმედებით მიდგომას
სირთულე: დონე I ჯგუფის წევრების რაოდენობა: ნებისმიერი დრო: 40 წუთი
მასალა: ფურცლები და ფერადი ფანქრები.
1. ეს არის სემინარის ან კურსის დასასრული. სთხოვეთ მონაწილეებს დახატონ საკუთარი თავი ზურგჩანთით სახლისაკენ მიმავალი. ზურგჩანთაში აწყვია ყველაფერი რისი სახლში წაღებაც მათ უნდათ.
2. უნდა გაიხსენონ ყველაფერი რაც ისწავლეს და რაც უნდათ, რომ მათთან დარჩეს. ამ ნივთებს შორის შეიძლება იყოს წიგნები ან სურათები, გრძნობები, ხალხი, იდეები, სამყაროს ახლებური ხედვა, მათ მიერ სირთულეების გადალახვის დროს შეძენილი ძლიერი მხარეები, ან ფასეულობები.
3. მათ ასევე შეიძლება გამოსახონ საგნები, რომლებიც დაბლა აწყვია - რისი დატოვებაც მათ წასულში უნდათ. ეს შეიძლება იყოს ცუდი ჩვევები, ძველი იდეები, სირთულეები, ცუდი საკვები, უძილობა - ან ნებისმიერი მსგავსი რამ.
გამოყენებული ლიტერატურა და რეკომენდირებული საკითხავი
Bond, Tim, Games for social and life skiils, Hutchinson, 1986, ISBN 0 09 162541 6
Bradbury, Andrew, Develop your NLP skiils, Kogan Page, 1997, ISBN 0-7494-3260-8
Brandes, Donna, Gamester's handbook Hutchinson Education, 1982, ISBN 0-09-15900-9
Bound David, Cohen, Ruth, walker, David, Using exsperience for lesrning, The Society for Research into Hither Education and open University press, 1993, ISBN-335-19095-2
Claude, Richard Pierre, Methodologies for Human Rights Education, www.pdhre.org
Dearling, Alan, Amstrong, Howard, The Youth Games book. 1980. The Intermadiate Treatment Resource Centre. ISBN 1 5-85202 008 3
Kold, David, The Kold learning cycle, www.css.edu/users/dswenson/web/PAGEMILL/Kolb.htm
Siniko, Amnesty International, www.afrika.amnesty.org
Stanford, Gene, Developing effective classroom groups, Acora Books, Oak House, 1990
Transformative mediation www.colorado.edu/conflict/transform
Jonson, Roger T., Jonson, David W., an overview of co-operative learning www.clcrc.com
1. ამონარიდები და ციფრები კვლევიდან „ახალგაზრდების მდგომარეობისა და ევროპის ახალგაზრდული პოლიტიკის შესწავლა”, რომელიც განხორციელდა ევროკომისიისათვის IARD -ის მიერ 2001 წ. იანვარში, მილანში.
2. წყარო: ევრობარომეტრი 47.1, ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, ევროკომისია 1998
3. ახალგაზრდების საკითხებზე პასუხისმგებელი ევროპის მინისტრების მე-5 კონფერენციის დასკვნითი დეკლარაცია, ბუქარესტი. „ახალგაზრდები: მომავალი ევროპის აქტიური მოქალაქეები”, 1998, აპრილი
4. „განათლება - შინაგანი საგანძური” იუნესკოს მოხსენება 21 საუკუნის განათლების შესახებ, 1996.