თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ზურაბიშვილი თინათინ
თემატური კატალოგი სახელმძღვანელოები
წყარო: ზურაბიშვილი თინათინ
    თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თინათინ ზურაბიშვილი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 111გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-871-9-3 : [ფ.ა.]   [MFN: 29992]
 
UDC:  303.442(042.4)
K 23.847/4 - საერთო ფონდი
K 24.586/4 - საერთო ფონდი
K 24.587/4 - საერთო ფონდი
303.442/ზ-971 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი)
F 7.569/4 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 © Center for Social Sciences, 2006
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მომზადებულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური სტიპენდიის საფუძველზე სალექციო კურსი სოციალური მეცნიერებების მაგისტრატურისათვის თბილისი 2006 სოციალურ მეცნიერებათა სერია მთავარი რედაქტორი: მარინე ჩიტაშვილი ენობრივი რედაქტორი: ლია კაჭარავა დაკაბადონება, ყდის დიზაინი: გიორგი ბაგრატიონი q. Tbilisi, 0108, T. WoveliZis q. № 10 el. fosta: contact@ucss.ge internet gverdi: www.ucss.ge წიგნი მომზადებულია და გამოცემულია „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის“ (Center for Social Sciences) მიერ, ფონდის OSI – Zug, ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის (HESP) ფინანსური ხელშეწყობით The book has been published by the Center for Social Sciences, sponsored by the OSI-Zug Foundation and the Higher Education Support Program (HESP) of the Open Society Institute-Budapest.



1 წინათქმა

▲back to top


წინამდებარე სალექციო კურსზე მუშაობა დავიწყე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თავდაპირველად ის წარმოადგენდა სალექციო კურსის „სოციოლოგიური კვლევის მეთოდები“ ერთ-ერთ ნაწილს, რომელიც თამარ ზურაბიშვილთან ერთად შევიმუშავე. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური სტიპენდიის ფარგლებში საშუალება მომეცა, გამეფართოვებინა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის გადამემუშავებინა ამ სალექციო კურსის ის ნაწილი, რომელიც კერძოდ თვისებრივ მეთოდების ეძღვნება. კურსზე მუშაობა დავასრულე კალიფორნიის უნივერსიტეტში ლოსანჯელესში, სადაც ღია საზოგადოების ინსტიტუტის FDFP პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი.

სამწუხაროდ, ამ სალექციო კურსში ვერ მოხერხდა სოციალური კვლევის ყველა თვისებრივი მეთოდის განხილვა, ამიტომ ყურადღება გამახვილებულია იმ მეთოდებზე, რომლებიც ყველაზე ფართოდ გამოიყენება თანამედროვე პრაქტიკაში და რომლებიც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად დაეხმარება სტუდენტებს საკუთარი კვლევების ჩატარებაში. თითქმის ყველა მეთოდთან დაკავშირებით სალექციო კურსში მოყვანილია შესაბამისი კვლევითი ინსტრუმენტების მაგალითები; გარდა ამისა, ყოველი თემის ბოლოს მოყვანილია შესაბამისი მეთოდისადმი მიძღვნილი საკვანძო ლიტერატურის სია. რამდენადაც კვლევის მეთოდების შესწავლა წარმოუდგენელია მხოლოდ ლიტერატურის შესწავლის მეშვეობით, ყველა თემის დასასრულს მოყვანილია პრაქტიკული დავალებები.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს მოსკოვის ლევადა-ცენტრიდან და, უპირველეს ყოვლისა, ალექსეი ლევინსონს; სწორედ ამ კვლევით ცენტრში მუშაობის პერიოდში დავინტერესდი კვლევის თვისებრივი მეთოდებით და რამდენიმე ძალზე საინტერესო კვლევაში მივიღე მონაწილეობა; ასევე დიდი მადლობა ღია საზოგადოების ინსტიტუტის FDFP პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საშუალება მომეცა დავსწრებოდი წამყვანი თვისებრივი მკვლევრების კურსებს კალიფორნიის უნივერსიტეტში ლოს-ანჯელესში (UCLA); სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს და აკადემიური სტიპენდიების პროგრამას (AFP), რომლის ფარგლებშიც ვასწავლიდი ამ კურსს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში; და ჩემს სტუდენტებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ სალექციო კურსის შექმნაში.

2 თემა 1. თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში: შესავალი და საერთო მიმოხილვა

▲back to top


სოციალური მეცნიერებებისათვის დამახასიათებელია მჭიდრო კავშირი თეორიასა და ემპირიულ კვლევებს შორის. საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტის შესწავლის მიზნით, მეცნიერები რეგულარულად ატარებენ ემპირიულ კვლევებს, რათა შეამოწმონ ესა თუ ის თეორიული მოსაზრება; ამ კვლევების შედეგები ხშირად იწვევს არსებული თეორიების გადასინჯვას და დახვეწას, ზოგჯერ კი - ძველი თეორიის უარყოფას და ახალი თეორიის წარმოშობას. მაგალითად, სოციალური მკვლევრები ჯერ კიდევ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე შეისწავლიდნენ სიღარიბეს და მის გამომწვევ მიზეზებს; ამ კვლევების შედეგად შეიქმნა სიღარიბის კლასიკური თეორიები. მაგრამ XX საუკუნის 60-იან წლებში აშშ-ში სიღარიბის სპეციფიკური ფორმების ემპირიული შესწავლის შედეგად მოხდა ამ თეორიების გადასინჯვა და შეიქმნა „ქვეკლასის“ თეორია.1 სიღარიბის ეს ფორმა კლასიკური თეორიების ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი.

ემპირიული სოციალური კვლევები მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გამდიდრების თვალსაზრისით, არამედ პრაქტიკულ დონეზეც, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავებასა და სახელმწიფო მართვის ოპტიმიზაციაში. ასეთ შემთხვევებში საუბარია ე.წ. გამოყენებითი კვლევების შესახებ, რომლებიც შეისწავლის საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ ასპექტებს როგორებიცაა, მაგალითად, არაფორმალური ურთიერთობები ფორმალურ ორგანიზაციებში; კორუფციის გავრცელების ხელისშემწყობი ფაქტორები; სიღარიბის მიზეზები; და სხვა. გამოყენებითი სოციალური კვლევების შედეგები შეიძლება გახდეს გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი სახელმწიფო მართვის ან არასამთავრობო თვითმმართველობის დონეზე.

არანაკლები როლი ენიჭება ემპირიულ კვლევებს სამომხმარებლო ბაზრის შესწავლაში - ე.წ. მარკეტინგული (საბაზრო) კვლევების მეშვეობით მიმდინარეობს მომხმარებელთა მოტივაციის, ამა თუ იმ პროდუქტის შეძენის სურვილის, რეკლამის ეფექტურობის დეტალური შესწავლა. სწორედ საბაზრო კვლევების დამსახურებაა, რომ წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებელთა მოთხოვნებს და სურვილებს, ხოლო რეკლამა სულ უფრო ეფექტური ხდება.

სოციალური სინამდვილის სულ უფრო და უფრო მეტი მხარე შეისწავლება ემპირიული კვლევების მეშვეობით, ხოლო ჩატარებული კვლევების შედეგები ხშირად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს კვლევები კომპეტენტურად იყოს ჩატარებული და მიღებული იქნეს სანდო შედეგები.

სოციალური კვლევის მეთოდიკა2 შეისწავლის ემპირიული სოციალური კვლევის განხორციელების კონკრეტულ გზებს, განიხილავს ინფორმაციის შეგროვების მეცნიერული საშუალებების, ანუ მეთოდების ერთობლიობას და იმ ეთიკურ პრინციპებს, რომელთა დაცვითაც უნდა ჩატარდეს სოციალური კვლევა. ემპირიული სოციალური კვლევის მეთოდიკა, როგორც სისტემატური ცოდნის დარგი, სოციალურ თეორიასთან შედარებით გვიან ჩამოყალიბდა და თუმცა უფრო პრაქტიკულ ხასიათს ატარებს, ხშირად გამოიყენება თეორიული პრობლემების შემოწმების, ჰიპოთეზების დამტკიცების ან უარყოფის მიზნით.

სოციალური კვლევის მეთოდები ორ დიდ ჯგუფად იყოფა: რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებად. თუმცა ამ ორი ჯგუფის მეთოდებს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავებები, მათ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოება აერთიანებს: მათი მთავარი და, შეიძლება ითქვას, ერთადერთი მიზანია ჩვენი ცოდნის გამდიდრება სოციალური სამყაროს შესახებ.

კვლევის რაოდენობრივი მეთოდები (როგორებიცაა მასობრივი გამოკითხვა, კონტენტ-ანალიზი) იშველიებს რაოდენობრივ მაჩვენებლებს - ქულებს, პროცენტებს - და მიზნად ისახავს დაადგინოს ამა თუ იმ სოციალური ფენომენის გამოვლენის სიხშირე. მეთოდების ეს ჯგუფი უაღრესად ფორმალიზებულია, რის გამოც ისინი „მკაცრი“ მეთოდების სახელითაა ცნობილი.

რაოდენობრივი მეთოდების მეცნიერულობას და ამ მეთოდების მეშვეობით მიღებული შედეგების სანდოობას სტატისტიკური კანონზომიერებები უზრუნველყოფს. რაოდენობრივი კვლევის შედეგების ერთ-ერთ უმთავრეს ღირსებას ამ შედეგების რეპრეზენტატულობა წარმოადგენს, რაც გულისხმობს, რომ კვლევის პროცესში გამოკითხული ადამიანები (რესპონდენტები) პროპორციულად წარმოადგენენ მთელ მოსახლეობას, ან მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლის შესწავლაც დაგეგმილია კვლევის პროცესში (ანუ გენერალურ ერთობლიობას, რომელიც განისაზღვრება ყოველი კონკრეტული კვლევის ამოცანებიდან გამომდინარე). რესპონდენტების რეპრეზენტატული შერჩევა მეცნიერულად ამართლებს გამოკითხვის შედეგების გავრცობას გენერალურ ერთობლიობაზე, რის შედეგადაც საშუალება გვეძლევა, რესპონდენტთა მიერ გამოთქმული აზრი გენერალური ერთობლიობის წარმომადგენლების აზრად ჩავთვალოთ.

რაოდენობრივ მეთოდებს შორის მსოფლიო პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია მასობრივი გამოკითხვა - ხალხის აზრის შესწავლა ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით. ამ მეთოდს საფუძვლად უდევს ორი დაშვება: (1) რომ მოსახლეობის მიერ სოციალური მოვლენების შეფასებების გავრცელება გარკვეულ სტატისტიკურ კანონებს ემორჩილება, და (2) რომ მსგავსი სოციალური მდგომარეობის მქონე პიროვნებები, როგორც წესი, ანალოგიურად აფასებენ მოვლენებს. მასობრივი გამოკითხვის დროს ყოველი რესპონდენტი განიხილება არა როგორც უნიკალური პიროვნება მდიდარი და განუმეორებელი შიდა სამყაროთი, არამედ როგორც ამა თუ იმ სოციალური ერთობის (ჯგუფის) ნაწილი, რომელიც წარმოადგენს მისი მსგავსი პიროვნებების აზრს და გვაწვდის ინფორმაციას ჩვენთვის საინტერესო სოციალური ფენომენის ან მისი შეფასების შესახებ. ასეთი მიდგომიდან გამომდინარე ითვლება, რომ ანალოგიური სოციალური მდგომარეობის მქონე ინდივიდები კვლევის პროცესში „ურთიერთშემცვლელნი“ არიან.3

თუმცა რაოდენობრივი მეთოდების ფარგლებში ინტენსიურად შეისწავლება რესპონდენტების მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები და/ან შეფასებები მნიშნველოვან სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით, ეს მეთოდები, როგორც წესი, ვერ დაგვეხმარება რესპონდენთა მიერ გამოთქმული აზრების მოტივაციის შესწავლაში; რესპონდენტებს არ ეძლევათ საშუალება, ახსნან, თუ რატომ ფიქრობენ ასე, და არა სხვაგვარად.

სოციალური კვლევის მეთოდების მეორე ჯგუფი, თვისებრივი მეთოდები სიღრმისეულად შეისწავლის სოციალურ ცხოვრებას; ხშირ შემთხვევაში ეს შესწავლა ხდება არა მკვლევრის ოფისში ან სხვა ხელოვნურად შექმნილ გარემოში, არამედ „ბუნებრივ“ პირობებში, იქ, სადაც რეალურად ვითარდება ურთიერთობა ადამიანებს შორის - იქნება ეს საკლასო ოთახი, სოფლის მაღაზია, გაზეთის რედაქცია თუ სხვა.

თვისებრივი მეთოდები ინტერდისციპლინარულია და ფართოდ გამოიყენება თითქმის ყველა სოციალურ მეცნიერებაში: სოციოლოგიაში, ეთნოგრაფიაში, ანთროპოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, ბიოგრაფიულ მეცნიერებაში, ისტორიაში, და სხვ.

ზოგადად, თვისებრივი მეთოდები შეიძლება დავახასიათოთ როგორც მეთოდები, რომელთა მეშვეობით მოპოვებული მონაცემებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დაექვემდებარება რაოდენობრივ ანალიზს (ეს მიზეზები შეიძლება იყოს დაკვირვებათა მცირე რიცხვი; იშვიათი ან სულაც უნიკალური მოვლენების შესწავლა; არაფორმალიზებული მიდგომა ცალკეული შემთხვევების შესწავლისადმი, და სხვა). ამ მეთოდებს აკლია მათემატიკური სიზუსტე; მათი მეშვეობით ჩვენ ვერ მივიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ პროცენტულად როგორაა გავრცელებული საზოგადოებაში ესა თუ ის აზრი.

სამაგიეროდ, თვისებრივი მეთოდების გამოყენების შედეგად მკვლევრებს ეძლევათ საშუალება, შენიშნონ, დააფიქსირონ და ახსნან ადამიანების ქცევის ისეთი ნიუანსები, რომლებიც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებისას.4 თვისებრივი მეთოდების მეშვეობით ჩვენ უფრო ღრმა ცოდნას ვიღებთ იმ ხალხის შესახებ, ვის ცხოვრებას ან ვის მოსაზრებებსაც შევისწავლით; ჩვენ არა მხოლოდ ვაფიქსირებთ მათ მიერ გამოთქმულ აზრებს აზრებს, არამედ, აგრეთვე საშუალებას ვაძლევთ, ახსნან თავისი პოზიცია, თქვან, თუ რატომ ფიქრობენ ისე, როგორც ფიქრობენ; რა ფაქტორებმა იქონია გავლენა მათ ცხოვრებაზე და როგორ აფასებენ ყოველი ამ ფაქტორის როლს თავის ცხოვრებაში. კვლევის მხოლოდ ეს მეთოდები გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ ამა თუ იმ მოვლენის მიზეზები; ვუპასუხოთ არა კითხვებს „რა?“, „რამდენი?“ (ამ ორ კითხვას რაოდენობრივი მეთოდების მეშვეობით ვუპასუხებთ), არამედ კითხვებს „რატომ?“, „როგორ?“

თვისებრივი მეთოდების ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ისაა, რომ ეს მეთოდები საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ და აღვწეროთ სამყარო კვლევის ობიექტების თვალით. ვინაიდან თვისებრივი მეთოდებით მუშაობისას მკვლევრის მიზანია ინდივიდუალური საქციელის გაგება, ეს მეთოდები ხშირად „ინტერპრეტაციული სოციოლოგიის“ ფარგლებში განიხილება. მაგრამ თვისებრივ მეთოდებთან დაკავშირებით ერთი სერიოზული სირთულე არსებობს: გამოკვლევის შედეგების დამუშავებისას პრობლემური ხდება ინდივიდუალური დონიდან საერთო კანონზომიერებებზე გადასვლა, რის გამოც სოციალურ მეცნიერთა ნაწილს ეჭვი შეაქვს ამ მეთოდების მეცნიერულობაში (ამ სიტყვის პოზიტივისტური გაგებით) ანუ იმაში, რომ მათი მეშვეობით შესაძლებელია სანდო მონაცემების მიღება სოციალური სამყაროს შესახებ. თვისებრივი მეთოდების გამოყენებისას ჩვენ, როგორც წესი, გაგვიჭირდება იმის მეცნიერულად დამტკიცება, რომ სრულად შევისწავლეთ ესა თუ ის ფენომენი, და რომ ჩვენს მიერ მიღებული შედეგები ობიექტური და სანდოა, მით უმეტეს - რომ ჩატარებული კვლევა პასუხობს რეპრეზენტატულობის მოთხოვნებს. თვისებრივი შედეგები არასოდეს არ არის რეპრეზენტატული, რაც იმას ნიშნავს, რომ თვისებრივი მეთოდებით წარმართული კვლევის შედეგები არ შეიძლება განვაზოგადოთ და მოვახდინოთ მათი ექსტრაპოლაცია გენერალურ ერთობლიობაზე. მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არც არის თვისებრივი კვლევის მიზანი - თვისებრივი მეთოდები შეისწავლის იმას, თუ როგორ ხსნის ადამიანი სოციალურ სამყაროს და თავის ადგილს მასში.

თვისებრივი მეთოდები ინტენსიურად იყენებს ინფორმაციის შეგროვების ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა არაფორმალური ინტერვიუ და დაკვირვება, ამიტომ პირველი შეხედვით თვისებრივი მკვლევრის მუშაობა ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას. თუმცა, ამ სალექციო კურსის ფარგლებში ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ეს მსგავსება ზედაპირული და მოჩვენებითია.5

თვისებრივი მეთოდები მრავალ კვლევით ტექნიკას აერთიანებს. ესენია, მაგალითად:

  • სიღრმისეული ინტერვიუ;

  • „ცხოვრების ისტორია”;

  • ბიოგრაფიული ინტერვიუ;

  • ზეპირი ისტორია;

  • წერილების, პირადი დღიურების და სხვა წერილობითი დოკუმენტების თვისებრივი შესწავლა;

  • ფოკუს-ჯგუფი და ჯგუფური ინტერვიუ;

  • დაკვირვება;

  • მონოგრაფიული გამოკვლევა (“შემთხვევის შესწავლა”).

ხშირად თვისებრივ მეთოდებზე დამყარებული კვლევა მოითხოვს ერთდროულად რამდენიმე კვლევითი ტექნიკის გამოყენებას, რაც მკვლევარს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა კუთხით შეისწავლოს მისთვის საინტერესო ფენომენი. თვისებრივი მეთოდების კომპლექსური გამოყენება ყველაზე ხშირად მონოგრაფიული გამოკვლევის („შემთხვევის შესწავლის“) ფარგლებში ხდება.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ ინგლისურენოვან ქვეყნებშიც, სადაც წარმოიშვა სოციალური კვლევის თვისებრივი მეთოდები, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული თვისებრივ მეთოდებთან დაკავშირებული უნიფიცირებული ტერმინოლოგია. ძალზე ხშირად ტერმინებს „თვისებრივი მეთოდები“, „ეთნოგრაფია“, „ჩართული დაკვირვება“, „შემთხვევის შესწავლა“ ხმარობენ როგორც სინონიმებს, თუმცა ზოგ ნაშრომში ისინი განიხილება, როგორც განსხვავებული მეთოდები. ყველაზე უფრო ხშირად, თვისებრივი მეთოდები გაიგივებულია ეთნოგრაფიასთან,6 თუმცა, ჩვენი აზრით, ეთნოგრაფია უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ნებისმიერი თვისებრივი მეთოდი; როგორც ჯ.სპრადლი აღნიშნავს, ეთნოგრაფია ნიშნავს [განსხვავებული] კულტურის აღწერას, და მისი ძირითადი მიზანია ცხოვრების განსხვავებული წესების გაგება ისე, როგორც ეს წესები თავად ამ კულტურის წარმომადგენლებს ესმით7; ამგვარი ეთნოგრაფიული შესწავლა კი შეიძლება რამდენიმე თვისებრივი მეთოდის გამოყენებით მოხდეს.8

თვისებრივი მეთოდები ნაკლებადაა ფორმალიზებული, ამიტომ მათ „რბილ“, „მოქნილ“ მეთოდებსაც უწოდებენ. იშვიათია შემთხვევები, როდესაც არსებობს კონკრეტული ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მკვლევარი ამა თუ იმ სიტუაციაში - როგორც წესი, მას უწევს გადაწყვეტილების მიღება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ის თითქმის ყოველთვის ითვალისწინებს კვლევის ობიექტების ინდივიდუალურ თვისებებს. „გადაწყვეტილების მიღებისას თქვენ უნდა იხელმძღვანელოთ მეთოდოლოგიური და ეთიკური მოსაზრებებით. ვინაიდან ისინი ხშირად უპირისპირდება ერთმანეთს, გადაწყვეტილების მიღება ძალზე რთული იქნება“, - აფრთხილებს მომავალ მკვლევრებს ე. ბაბი9.

რამდენადაც თვისებრივი მეთოდების გამოყენების შემთხვევაში ძალზე მცირეა იმ აუცილებელ მოთხოვნათა სია, რომელთაც კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთი კვლევის წარმატება დიდადაა დამოკიდებული ისეთ სუბიექტურ ფაქტორზე, როგორიცაა მკვლევრის გამოცდილება და ოსტატობა. თვისებრივი მეთოდების გამოყენება ინდივიდუალურია, ისინი დიდ თავისუფლებას ანიჭებენ მკვლევარს, რომელიც, როგორც წესი, გამოდის არა მხოლოდ გამოკვლევის იდეის ავტორის, მისი თეორიული ნაწილისა და პრობლემატიკის შემმუშავებლის, არამედ ასევე ემპირიული ინფორმაციის შემგროვებლის, ინტერვიუერის და/ან დამკვირვებლის როლშიც.

ის გარემოება, რომ თვისებრივი მკვლევარი არ უნდა ემორჩილებოდეს მკაცრ ინსტრუქციებს, არ ნიშნავს, რომ თვისებრივი კვლევის ჩატარება იოლია - პირიქით, ეს ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა, რომელიც არაჩვეულებრივ კონცენტრირებას და შრომისუნარიანობას მოითხოვს, ისევე როგორც მთელ რიგ სპეციალურ უნარ-ჩვევებს, რომელთა უმრავლესობაც მხოლოდ კვლევის ჩატარების პროცესში შეიძლება იქნეს ჩამოყალიბებული. ხშირ შემთხვევაში, თვისებრივი მკვლევრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კვლევის მსვლელობაზეც და მიღებულ შედეგებზეც უფრო დიდია, ვიდრე რაოდენობრივი მკვლევრისა.

თვისებრივი მკვლევრის პროფესიონალიზმი უნდა გამოიხატებოდეს, აგრეთვე იმ გარემოების გაცნობიერებაში, რომ გამოკვლევის პროცესში მკვლევარი ძალაუნებურად ახდენს გავლენას შესასწავლ სოციალურ ჯგუფებზე და ურთიერთობებზე; თუმცა გარკვეულწილად შესაძლებლია ამ გავლენის მინიმიზაცია, მისი სრულად გამორიცხვა შეუძლებელია.

თვისებრივი კვლევის პროცესში მკვლევარი, როგორც წესი, ახლო და ხანგრძლივ ურთიერთობებს ამყარებს იმ ხალხთან, ვის ცხოვრებასაც შეისწავლის, სარგებლობს მათი ნდობით. თვისებრივი მეთოდების უმრავლესობის წარმატებით გამოყენება შეუძლებელია რესპონდენტების აქტიური დახმარების გარეშე, რომლებიც საველე მუშაობის დროს მკვლევრის „ინფორმანტების“ როლს კისრულობენ და ეხმარებიან მას „შეაღწიოს“ შესასწავლ ჯგუფში. შესაბამისად, რაოდენობრივ მეთოდებთან შედარებით, თვისებრივი მეთოდების გამოყენებისას უფრო მწვავედ დგება კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური ნორმების დაცვის საკითხი, კერძოდ: გვაქვს თუ რა მორალური უფლება, ჩვენი კვლევითი მიზნების მისაღწევად გამოვიყენოთ ადამიანის ჩვენდამი ნდობა და გულახდილობა, სააშკარაოზე გამოვიტანოთ მისი პირადი ცხოვრება? თვისებრივ მკვლევარს განსაკუთრებული ეთიკური პასუხისმგებლობა აკისრია; მნიშვნელოვანია, რომ მასა და კვლევის ობიექტებს შორის არსებული ნდობა კვლევის დამთავრების და შედეგების გამოქვეყნების შემდეგაც იქნეს შენარჩუნებული.

როგორც წესი, თვისებრივ მეთოდებზე დამყარებული გამოკვლევის საველე ეტაპი, ისევე როგორც მონაცემთა დამუშავება, უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე რაოდენობრივი კვლევის შემთხვევაში, ვინაიდან თვისებრივი მკვლევრები სრულიად განსხვავებულ კვლევით ინსტრუმენტებზე დაყრდნობით მუშაობენ. თუმცა არსებობს კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც სპეციალურად თვისებრივი მეთოდებით მიღებული შედეგების დამუშავებისთვისაა შექმნილი, თვისებრივი შედეგების ანალიზის საკვანძო ეტაპები დღემდე კომპიუტერის გარეშე ხორციელდება. როგორც წესი, თვისებრივი კვლევის შედეგად ყველაზე ხშირად ვიღებთ საკვლევი ობიექტის შიდა სტრუქტურის ანალიზს და/ან კვლევის საკითხის ადეკვატურ ტიპოლოგიას.

თეორიული წინამძღვრები

თუ რაოდენობრივი მეთოდების განვითარება სოციალური კვლევის პრაქტიკაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიღწევებს უკავშირდება, თვისებრივი მეთოდები ჰუმანიტარულ სფეროსა და ხელოვნებასთანაა კავშირში; მათ დამკვიდრებაში გარკვეული როლი ითამაშა, აგრეთვე სამედიცინო პრაქტიკამ, რომელიც ყველა პაციენტისადმი ინდივიდუალურ მიდგომას და ცალკეული სამედიცინო შემთხვევების, დაავადებების ღრმა და საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს. თვისებრივი მეთოდები ცალკეული პიროვნების ან პიროვნებათა პატარა ჯგუფის გამოცდილების, გრძნობების, შეფასებების ირგვლივაა კონცენტრირებული, ამიტომ ამ მიდგომას ხშირად „სუბიექტური სოციოლოგიის“, ან მიკროსოციოლოგიის ფარგლებში განიხილავენ. თუ რაოდენობრივი მეთოდების ფარგლებში რესპონდენტი განიხილება, როგორც ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი, თვისებრივ კვლევაში ყოველი რესპონდენტი საინტერესოა როგორც პიროვნება. ადამიანებისადმი გამოვლენილი ღრმა ინტერესის გამო მკვლევრები თვისებრივი მეთოდების როლის გაზრდას XX საუკუნის მეორე ნახევარში სოციოლოგიის და, უფრო ფართოდ, სოციალური მეცნიერებების ჰუმანიზაციის პერიოდს უკავშირებენ.

თვისებრივ და რაოდენობრივ მეთოდებს სხვადახვა „ფილოსოფია“ უდევს საფუძვლად. თუ რაოდენობრივი მეთოდები პოზიტივისტურ იდეებს ემყარება და გულისხმობს, რომ ხალხი სრულად აცნობიერებს თავის გრძნობებს, საქციელს და შეხედულებებს, თვისებრივი მეთოდოლოგია სიმბოლური ინტერაქციონიზმის პრინციპებს იზიარებს. სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიზანია შევეცადოთ გავიგოთ ადამიანის საქციელი ისე, როგორც ეს თავად მოქმედ პირს, ანუ აქტორს ესმის. ამ თეორიის ფუძემდებლის, ჰერბერტ ბლუმერის თანახმად, სიმბოლური ინტერაქციონიზმის ოთხი ძირითადი პრინციპი შემდეგში მდგომარეობს:10

1) ადამიანების ქცევა განპირობებულია იმ მნიშვნელობით, რომელსაც ადამიანები უკავშირებენ საგნებს, რომელიც მათი სამყაროს ნაწილია; ე.ი. ადამიანები მოქმედებენ არა საგნების, არამედ იმ მნიშვნელობის მიმართ, რომელსაც ისინი ამ საგნებში ხედავენ;

2) საგნების მნიშვნელობა ყალიბდება სოციალური ინტერაქციის პროცესში, შესაბამისად, კულტურა ადამიანებს შორის საგნების დამკვიდრებული მნიშვნელობების ურთიერთგაზიარებაა;

3) როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური სოციალური მოქმედება დამოკიდებულია აქტორების მიერ სოციალური სიტუაციის ინტერპრეტაციის ფორმ(ებ)ზე;

4) საგნების მნიშვნელობა იცვლება აქტორების მიერ სამყაროს ინტერპრეტაციის პროცესში.

ეს სამი პრინციპი თვისებრივი კვლევის პრინციპებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვისებრივი მეთოდების მიზანია, გამოვლენილი და აღწერილი იქნეს ის მნიშვნელობა, რომელსაც მოქმედი პირები თავად უკავშირებენ ამა თუ იმ მოქმედებას, და არა - დაადგინონ ამა თუ იმ აზრის გავრცელების სიხშირე.

ისტორიული მიმოხილვა

თვისებრივი მეთოდების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ევროპელმა ანთროპოლოგებმა, რომლებმაც განავითარეს „ჩართული დაკვირვების“ მეთოდი აფრიკისა და აზიის პრიმიტიული საზოგადოებების შესწავლის მიზნით. ჩიკაგოს სოციოლოგიური სკოლის პირველი ყველაზე ცნობილი გამოკვლევა, უილიამ თომასისა და ფლორიან ზნანეცკის „პოლონელი გლეხი ევროპასა და ამერიკაში“ (1918 წ.) სრულად ემყარება თვისებრივ მეთოდებს, კერძოდ, ამერიკაში გადასახლებული პოლონელი გლეხების მიერ გამოგზავნილი წერილების, მათი ჩანაწერების (პირადი დღიურები და სხვ.) და ე.წ. „ცხოვრების ისტორიების“ შესწავლას. რაოდენობრივი მეთოდები და, უპირველეს ყოვლისა, მასობრივი გამოკითხვის მეთოდი მხოლოდ XX საუკუნის 30-ანი წლების დასაწყისიდან დამკვიდრდა აშშ-ში ადგილობრივი გაზეთებისა და პოლიტიკური პარტიების ინიციატივით და მატერიალური მხარდაჭერით.

XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ს სოციალურ მეცნიერებებში და, კერძოდ, სოციოლოგიაში განვითარდა „მეთოდების კონფლიქტი“, რომელიც რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების მომხრე მეცნიერთა დაპირისპირებაში გამოიხატა. ამ დაპირისპირებაში სუფთა მეთოდური კამათის გარდა იგრძნობოდა, აგრეთვე იმ დროისათვის წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტების ორი მეთოდური სკოლის, კოლუმბიის და ჩიკაგოს სკოლების დაპირისპირება. თუ ჩიკაგოს სკოლის წარომადგენლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ თვისებრივ მეთოდებს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მათ განვითარებაში, კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერები რაოდენობრივი მეთოდების მომხრენი იყვნენ და მიიჩნევდნენ, რომ სოციოლოგია არ უნდა აცხადებდეს თავს ნამდვილ მეცნიერებად, თუ მას არ შეუძლია მიღებული ემპირიული მონაცემების უტყუარობის დასაბუთება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ანალოგიურად. სწორედ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო, კოლუმბიის სკოლის წარმომადგენელთა აზრით, „ჭეშმარიტი“ მეცნიერებები; ისინი მიიჩნევდნენ, რომ სოციოლოგიაში და, ზოგადად, სოციალურ მეცნიერებებში ემპირიული მონაცემების უტყუარობის დასაბუთება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც კვლევა რაოდენობრივი მეთოდებით, უპირველეს ყოვლისა - რესპონდენტთა რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე ტარდება. თვისებრივ მეთოდებს კოლუმბიის სკოლის წარმომადგენლები არამეცნიერულად მიიჩნევდნენ და მათი დამკვიდრების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ამის საპირისპიროდ, თვისებრივი მეთოდების მომხრეები ხაზს უსვამდნენ იმგარემოებას, რომ ამ მეთოდებით შესაძლებელია რთული და ნაკლებად გავრცელებული ფენომენების სიღრმისეული შესწავლა, რომ ეს მეთოდები დაგვეხმარება იქ, სადაც ყველა რაოდენობრივი მეთოდი უძლურია; თვისებრივი მეთოდები ასევე სასარგებლოა ადამიანთა შინაგანი სამყაროს, შიდაჯგუფური ურთიერთობების შესწავლის დროს. მათი მეშვეობით, როგორც წესი, ხდება პრობლემური სიტუაციის სრული და ყოველმხრივი შესწავლა, და არა მისი ცალკეული გამოვლინებების დაფიქსირება.

რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო იმის უარყოფა, რომ არც ერთი თვისებრივი მეთოდი არ პასუხობდა სტატისტიკური რეპრეზენტატულობის მოთხოვნებს, არც თვისებრივი კვლევის შედეგების გენერალიზაცია იყო შესაძლებელი. გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენდა თვისებრივი კვლევის შედეგების ანალიზის სტრატეგიაც, რომელიც, აგრეთვე მინიმალურად იყო ფორმალიზებული და ძალზე მწვავედ სვამდა მკვლევარის ობიექტურობის საკითხს. აღიარებდნენ რა ამ სირთულეებს, თვისებრივი მეთოდების მხარდამჭერნი ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ ასეთ კვლევებს ძალუძთ მნიშვნელოვნად გაამდიდრონ ჩვენი ცოდნა სოციალური სამყაროს შესახებ. ამისათვის კი საჭიროა, რომ ეს მეთოდები მათთვის შესაფერის ადგილას იყოს გამოყენებული და არ იქნეს შეფასებული რაოდენობრივი კრიტერიუმებით. 1930-იანი წლების დასაწყისისათვის „მეთოდების კონფლიქტში“ დროებითი გამარჯვება მოიპოვეს კოლუმბიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. 1935 წელს მათ მიერ დაარსებული იქნა ახალი მეცნიერული ჟურნალი American Sociological Review.11 Review-s ფურცლებზე ვერ გამოინახა ადგილი ვერც თვისებრივი მეთოდებისათვის და ვერც ჩიკაგოს სოციოლოგიური სკოლის წარმომადგენლებისათვის. მაგრამ ეს გამარჯვება არ იყო ხანგრძლივი - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განახლდა და შემდგომ თანდათან გაიზარდა მკვლევრების ინტერესი თვისებრივი მეთოდების მიმართ, რომლებიც დღეს სულ უფრო და უფრო მყარ ადგილს იკავებენ სოციალურ გამოკვლევებში.

მეთოდების კონფლიქტი დღეს

თუმცა რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, არ არსებობს ერთაზროვანი პასუხი კითხვაზე, თუ რომელია ამ მეთოდებიდან „უკეთესი“ და რომელი - „უარესი“, ან რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. ყველა მეთოდს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, ყველა შეიძლება კარგი და საჭირო იყოს თავის ადგილას, გამომდინარე იქიდან, თუ რა საკითხის შესწავლას ვაპირებთ და რა კვლევით კითხვებზე ვეძებთ პასუხს. კვლევის მეთოდის შერჩევა კონკრეტული კვლევითი ამოცანიდან გამომდინარე უნდა მოხდეს - არის ამოცანები და კითხვები, რომელთა გადაჭრასაც უკეთ შეძლებს რაოდენობრივი მეთოდები, ისევე როგორც არის ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც თვისებრივი მეთოდების მეშვეობითაა ყველაზე მიზანშეწონილი.12 როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვისებრივი მეთოდები გამოიყენება ამა თუ იმ პრობლემის, სოციალური სიტუაციის პრობლემები მოიცავს, მაგალითად, მიგრაციას და ემიგრანტების ცხოვრებას ახალ გარემოში; დამნაშავეთა სამყაროს შიდა სტრუქტურას და/ან დამნაშავეთა პიროვნულ თვისებებს; ძალაუფლების განაწილებას მცირე სოციალურ ჯგუფებში; განსხვავებული ყოფის მქონე ადამიანთა (მაგ., მუსიკოსების, მოცეკვავეების) ცხოვრების აღწერას და სხვ. სხვა მხრივ, რაოდენობრივი მეთოდების გამოყენება იქნება გამართლებული, თუ შევისწავლით საზოგადოებაში არსებულ სტრატიფიკაციულ სისტემას; ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის პერსპექტივებს; რომელიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალების აუდიტორის დემოგრაფიულ თვისებებს, და სხვ.

ამასთან, სოციალური სინამდვილე იმდენად რთულია, რომ წარმოუდგენელია მისი შესწავლა მხოლოდ ერთი მეთოდის საშუალებით. ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანი მრავალ მიდგომას შორის, ხოლო საუკეთესო შედეგს, როგორც წესი, თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გაერთიანებისას, მათი პარალელური გამოყენებისას მივიღებთ.

სოციოლოგიის ისტორიაში ცნობილია რამდენიმე კვლევა, რომლებიც ამ ორი ჯგუფის მეთოდების შერწყმის თვალსაზრისითაა განსაკუთრებით საინტერესო. მათ შორის ერთერთი ყველაზე ადრინდელია 1930-იან წლებში ავსტრიის სოფელ მარიენტალში მარია იაჰოდას, პოლ ლაზარსფელდის და ჰანს ცაიზელის მიერ ჩატარებული გამოკვლევა, რომლის თემაც უმუშევრობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.13 უკანასკნელ წლებში ჩატარებული კვლევებიდან აღსანიშნავია იელის უნივერსიტეტის მიერ 2000-2001 წლებში ჩატარებული გამოკვლევა აღმოსავლეთ ევროპის 7 ქვეყანაში, რომელიც შეისწავლიდა ე.წ. „ეთნიკური სიღარიბის“ პრობლემას.14 ასეთი კვლევები ადასტურებს, რომ „მეთოდების კონფლიქტის“ გადაჭრის ყველაზე მიზანშეწონილი გზა იქნება რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო სრულად დავინახოთ ის პრობლემა ან საკითხი, რომელსაც შევისწავლით.

ამერიკელი მკვლევრები ისადორ ნიუმანი და კეროლაინ ბენცი, რომლებმაც თავისი წიგნი თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების თანაარსებობისა და თანამშრომლობის გზებს მიუძღვნეს, ხაზს უსვამენ ამ მეთოდების დაპირისპირების ხელოვნურობას და, ამის საპირისპიროდ, ლაპარაკობენ მათ შორის არსებული „ინტერაქტიული კონტინიუმის“ შესახებ, რომელსაც, მათი რწმენით, არა აქვს გამოკვეთილი საწყისი და ბოლო წერტილი - კვლევითი ამოცანიდან გამომდინარე, მკვლევარმა შეიძლება დაიწყოს მუშაობა ამ „კონტინიუმის“ ნებისმიერ წერტილში, რაც კვლევის სწორად წარმართვის პირობებში არ შეამცირებს ამ კვლევის ხარისხსა და მეცნიერულ ფასეულობას15.

თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების „კონტიმუუმზე“ ლაპარაკი სოციალური კვლევის მიმართ ახლებურ მიდგომას წარმოადგენს. თანამედროვე ეტაპზე მკვლევარი არ უნდა შემოიფარგლოს მეთოდების მხოლოდ ერთი ჯგუფით, მით უმეტეს - რომელიმე ერთი მეთოდით. პირიქით, თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები უნდა განიხილებოდეს როგორც ურთიერთშემავსებელი და ურთიერთგამამდიდრებელი. რაც უფრო მრავალი კუთხიდან შევეცდებით ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანის შესწავლას, მით უფრო მნიშვნელოვან და ფასეულ შედეგებს მივიღებთ.

გამოკვლევის პროგრამა

ემპირიული სოციალური გამოკვლევის ჩატარება არასოდეს არ არის თვითმიზანი - ის მიზნად ისახავს ახალი ცოდნის მიღებას სოციალური სინამდვილის ამა თუ იმ ასპექტის შესახებ, ემსახურება აკადემიური სამყაროს, მთავრობის, კერძო ბიზნესის, თუ ფართო საზოგადოების ინტერესებს. კვლევის დანიშნულება და ის ინტერესები, რომლებსაც ის ემსახურება, გამოხატულია გამოკვლევის პროგრამაში.

მიუხედავად იმისა, რომ თვისებრივი კვლევა ნაკლებად ფორმალიზებულია, მისი ჩატარებისას, ისევე როგორც რაოდენობრივი კვლევის ჩატარების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ შედგენილი იქნეს გამოკვლევის პროგრამა. პროგრამის შედგენა აუცილებელია გამოკვლევის მიზნების, ამოცანებისა და პრობლემების ჩამოყალიბების მიზნით. ამასთან, ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებული იქნება შერჩეული მეთოდის გამოყენების მართებულობა.

გამოკვლევის პროგრამები განსხვავდება კვლევის ტიპიდან გამომდინარე. სოციალური გამოკვლევის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: დაზვერვითი, აღწერითი და ანალიტიკური. გამოკვლევის ტიპის შერჩევა დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად იქნა შესწავლილი ესა თუ ის პრობლემა ადრინდელი გამოკვლევების შედეგად.

დაზვერვითი გამოკვლევა კვლევის ყველაზე მარტივი ტიპია - მისი მიზანია, შეაგროვოს პირველადი მონაცემები ამა თუ იმ პრობლემის ირგვლივ, „დაზვეროს“ მისი მდგომარეობა. ასეთ გამოკვლევას, როგორც წესი, ძალიან მარტივ პროგრამაზე დაყრდნობით და მხოლოდ ერთი მეთოდის გამოყენებით ატარებენ. ყველზე ხშირად დაზვერვითი გამოკვლევა ამა თუ იმ პრობლემის შესწავლის პირველი ეტაპია. აღწერითი გამოკვლევა უფრო რთულია, მისი მიზანია გარკვეული პრობლემის ან ადამიანთა ჯგუფის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მიღება, რომელიც შემდეგში საშუალებას მისცემს მკვლვრებს დაადგინონ, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ამ პრობლემის სხვადასხვა ელემენტს შორის. აღწერითი გამოკვლევა სრული კვლევითი პროგრამის შემუშავებას მოითხოვს.

ანალიტიკური გამოკვლევა ყველაზე უფრო რთულია. სოციალური პრობლემის აღწერასთან ერთად ის მიზნად ისახავს მისი მამოძრავებელი ძალების, მიზეზების გამოაშკარავებას. სწორად ჩატარებული ანალიტიკური გამოკვლევა მოვლენების განვი თარების პროგნოზირების საშუალებასაც იძლევა. ანალიტიკურ გამოკვლევაში, როგორც წესი, პარალელურად გამოიყენება ინფორმაციის შეგროვების რამდენიმე განსხვავებული მეთოდი.

ყველა ტიპის კვლევა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, რომლებიც, როგორც წესი, თანამიმდევრულად ხორციელდება. ესენია:

  • გამოკვლევის პროგრამის შემუშავება;

  • საველე ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ინფორმაციის შეგროვება;

  • ინფორმაციის დამუშავება;

  • მიღებული შედეგების ანალიზი;

  • კვლევის ანგარიშის მომზადება და პუბლიკაცია.

ნებისმიერი კვლევა პროგრამის შედგენით იწყება. თუ ამ დოკუმენტის შედგენას სათანადო ყურადღების გარეშე მოვეპყრობით, შეიძლება მთელი გამოკვლევა ჩაიშალოს. მაშინაც კი, როდესაც ყველაზე მარტივი, დაზვერვითი გამოკვლევის პროგრამის შესახებ ვსაუბრობთ, აუცილებელია მისი შედგენის დროს მაქსიმალურად დავასაბუთოთ ჩვენი მიზნები და ამოცანები.

გამოკვლევის პროგრამის მთავარი მიზანია გამოკვლევის პრობლემის განსაზღვრა, მისი აქტუალობის დასაბუთება და ამ პრობლემის შესწავლისათვის შერჩეული გზების მართებულობის დამტკიცება. პროგრამა უნდა პასუხობდეს კვლევითი კითხვების ლოგიკურ თანამიმდევრობას:

  • რა უნდა შევისწავლოთ?

  • რა მიზნების მისაღწევად უნდა შევისწავლოთ?

  • სად და რა პირობებში უნდა შევისწავლოთ?

  • კვლევის რა საშუალებების გამოყენებით უნდა შევისწავლოთ?

ამ კითხვებზე პასუხების ჩამოყალიბება გამოკვლევის უკეთ მომზადებასა და ჩატარებაში გვეხმარება.

გამოკვლევის პროგრამა, რომელიც, აგრეთვე „გამოკვლევის კონცეფციის“ სახელითაა ცნობილი, როგორც წესი, ორი ნაწილისაგან შედგება: მეთოდოლოგიური და პროცედურული.

პროგრამის მეთოდოლოგიურ ნაწილში, რომელიც თეორიული ხასიათისაა, ხდება (1) სოციალური პრობლემის ჩამოყალიბება და მისი აქტუალობის დასაბუთება; (2) გამოკვლევის ობიექტისა და თემის განსაზღვრა; (3) დასმული პრობლემიდან გამომდინარე, გამოკვლევის მიზნის (ან მიზნების) და ამოცანების დასახვა და (4) გამოკვლევის ჰიპოთეზის ჩამოყალიბება.

პროგრამის პროცედურულ (მეთოდურ) ნაწილში საჭიროა (1) შესასწავლი ერთეულის (ჯგუფის) გამოყოფა და (2) ინფორმაციის შეგროვების მეთოდების აღწერა და დახასიათება.

განვიხილოთ მოთხოვნები გამოკვლევის პროგრამის ორივე ნაწილისადმი.16

პროგრამის მეთოდოლოგიური ნაწილი

1. პრობლემის ჩამოყალიბება. შეუძლებელია სოციალური გამოკვლევის ჩატარება „საერთოდ“ - მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფოკუსი, უნდა გამოიყოს კონკრეტული საკითხების ჯგუფი, რომელიც მკვლევრის ძირითადი ინტერესია. ყველა კვლევა ტარდება ამა თუ იმ სოციალური პრობლემის შესწავლის მიზნით. საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემები შეიძლება ეხებოდეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, მაგრამ ისინი ყოველთვის ხალხის ერთობლივი ცხოვრებით, ურთიერთქმედებით და/ან მათი სოციალურ ინსტიტუტებთან ურთიერთობითაა გამოწვეული, ასახავენ ინტერესების სხვადასხვაობას და მოსახლეობის ფართო ფენებისთვისაა მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, გამოკვლევა ამ პრობლემებს ვერ გადაჭრის, მაგრამ მას შეუძლია, გაამდიდროს ჩვენი ცოდნა მათ შესახებ და დაეხმაროს საზოგადოებას არსებული პრობლემების გადაჭრაში.

არ არის მიზანშეწონილი ერთი გამოკვლევის ფარგლებში რამდენიმე სოციალური პრობლემის შესწავლა - ასეთი კვლევის პრაქტიკული განხორციელება ძალიან ძნელია, ხშირად კი შეუძლებელიც.

გამოკვლევის პრობლემის უკეთ ჩამოყალიბებისა და მისი აქტუალობის დასაბუთების მიზნით აუცილებელია შესწავლილი იქნეს არსებული ლიტერატურა ამ პრობლემასთან

დაკავშირებით. აგრეთვე მნიშვნელოვანია ამ პრობლემისადმი მიძღვნილი წინა კვლევების შედეგების მოძიება. ლიტერატურის მიმოხილვაში ხდება მოძიებული ლიტერატურის განხილვა და დაგეგმილი კვლევის ადგილის განსაზღვრა არსებულ სამეცნიერო წყაროებს შორის.

გამოკვლევის პროგრამის ეს ნაწილი მიზანშეწონილია დავასრულოთ ჩვენი უშუალო კვლევითი კითხვის ჩამოყალიბებით.

2. გამოკვლევის თემისა და ობიექტის განსაზღვრა. გამოკვლევის თემაში გამოკვეთილია სოციალური პრობლემის ის ასპექტები, რომელთა უშუალო შესწავლაცაა დაგეგმილი. როგორც წესი, სოციალური პრობლემები ძალიან რთულია; გამოკვლევის თემის გამოყოფა აუცილებელია იმისთვის, რომ კვლევა მიმართული იყოს პრობლემის სწორედ იმ მხარეებზე, რომელთა შესწავლაც კვლევის მიზანს წარმოადგენს. გამოკვლევის თემის გამოყოფა პრობლემის განსაზღვრის შემდეგ ხდება და მის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლებს უკავშირდება. მაგალითად, გვალვის გავლენის შესწავლისას გამოკვლევის უშუალო თემა შეიძლება იყოს (ა) ზარალის ოდენობა, რომელიც გვალვამ მოსახლეობას მიაყენა; (ბ) რესურსები, რომელიც აქვს მოსახლეობას, რათა გაუმკლავდეს ზარალს; (გ) სხვადასხვა სახის სახელმწიფო ან საერთაშორისო დახმარების ეფექტურობის შეფასება და სხვ.

გამოკვლევის ობიექტის განსაზღვრა ადვილია გამომდინარე იმ თემიდან, რომლის შესწავლაცაა დაგეგმილი. გამოკვლევის ობიექტი შესწავლის უშუალო საგანია. სოციალურ გამოკვლევებში, როგორც წესი, ესაა მოსახლეობა (ან მისი რომელიმე ნაწილი) ან საბუთები. მაგალითად, თუ შევისწავლით კახეთში გვალვის გამო წარმოქმნილ პრობლემებს, არა აქვს აზრი, გამოვკითხოთ თბილისის მოსახლეობა, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს სოფლის მეურნეობასთან ან გლეხები, რომლებიც იმერეთში ან აჭარაში ცხოვრობენ. გამოკვლევის ობიექტის განსაზღვრის შედეგად ჩვენ ვაყალიბებთ გენერალურ ერთობლიობას, ანუ ყველა იმ ადამიანის ერთობლიობას, რომლებიც იმ სპეციფიკური სოციალურ-დემოგრაფიული თვისებების მატარებლები არიან, რომელთა შესწავლაც კვლევის მიზანს წარმოადგენს.

სხვა მაგალითები: თუ ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობის აზრის შესწავლა უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, გენერალურ ერთობლიობა იქნება საქართველოს ყველა სრულწლოვანი მოქალაქე; თუ შევისწავლით ქართველი ქალების დამოკიდებულებას ამა თუ იმ პრობლემისადმი, გენერალურ ერთობლიობა საქართველოში მცხოვრები ყველა ქალია; თუ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აზრის შესწავლას ვისახავთ მიზნად, გენერალურ ერთობლიობა იქნება ამ

უნივერსიტეტის ყველა სტუდენტები.

3. გამოკვლევის მიზნისა და ამოცანების დასახვა. გამოკვლევა შეიძლება ატარებდეს სუფთა მეცნიერულ ხასიათს. ამ შემთხვევაში მას მხოლოდ შემეცნებითი მიზანი ექნება - გარკვეული პრობლემის ან საზოგადოებრივი ჯგუფის შესახებ მონაცემების შეგროვება, ცოდნის გაღრმავება ან თეორიული მოსაზრებების შემოწმება. არსებობს, აგრეთვე ე.წ. გამოყენებითი კვლევები, რომლებიც რაიმე პრაქტიკული მიზნის მისაღწევად ტარდება. ეს შეიძლება იყოს რომელიმე აზრის გავრცელების ან სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის შეფასება; ხალხის ცხოვრების დონის შეფასება; ამა თუ იმ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა და ა.შ.

თუ გამოკვლევის მიზანი მკვლევრის ფართო ინტერესს გამოხატავს, ამოცანები ამ მიზნის დაკონკრეტების შედეგია. მაგალითად, თუ გამოკვლევის მიზანი კახეთში გვალვის შედეგების შეფასებაა, მისი ამოცანები შეიძლება იყოს გვალვის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული გლეხებისათვის დახმარების შესაძლო გზების შემუშავება.

4. გამოკვლევის ჰიპოთეზის ჩამოყალიბება. ჰიპოთეზა მეცნიერულად დასაბუთებული ვარაუდია იმის შესახებ, თუ როგორი პასუხია მოსალოდნელი მკვლევარის მიერ დასმულ კითხვებზე, როგორ შეიძლება აიხსნას შესასწავლი პროცესები. ნებისმიერი სოციალური გამოკვლევის ჩატარებას წინ უსწრებს მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა ბუნების პრობლემასთან გვაქვს საქმე, რაა მისი წარმოშობის მიზეზები და როგორი შეიძლება იყოს მისი გადაჭრის გზები. გამოკვლევის ჩატარების შედეგად ჰიპოთეზა ან დადასტურდება, ან უარყოფილი იქნება.

კარგი ჰიპოთეზა ისეთ ჰიპოთეზას არ ნიშნავს, რომელიც აუცილებლად დადასტურდება. უარყოფილი ჰოპითეზაც შეიძლება კარგი კვლევითი კითხვების დასმაში დაგვეხმაროს და სწორი მიმართულება მისცეს გამოკვლევას.

პროგრამის პროცედურული ნაწილი

1. შესასწავლი ჯგუფის გამოყოფა ეყრდნობა გამოკვლევის ობიექტის განსაზღვრას, რომლის შედეგადაც გამოიყოფა იმ მოსახლეობის თუ საბუთების რაოდენობა და კონკრეტული მახასიათებლები, რომლებიც უშუალოდ უნდა იქნეს შესწავლილი. სოციალურ გამოკვლევებში აუცილებელია შესასწავლი ერთეულების შერჩევა, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია გამოკვლევის ობიექტში განსაზღვრული ყველა ერთეულის ანუ გენერალური ერთობლიობის ყველა წარმომადგენლის შესწავლა.

მაგალითად, თუ ჩვენი გამოკვლევის გენერალურ ერთობლიობას კახეთის გლეხები წარმოადგენენ, კახეთში მცხოვრებ ყველა გლეხს, ანუ რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს,

მკვლევართა ჯგუფი ვერ გაესაუბრება შეზღუდული დროისა და ფინანსური რესურსების გამო. ეს არც არის საჭირო. აუცილებელია მხოლოდ გლეხების ნაწილის შესწავლა, რომელიც სწორად უნდა იყოს შერჩეული. გენერალური ერთობლიობის ამ ნაწილს შერჩევითი ერთობლიობა ჰქვია, და მისი ამორჩევა განსაკუთრებულ კანონზომიერებებს ეყრდნობა.

შესასწავლი ჯგუფის გამოყოფას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებისას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაოდენობრივი მეთოდებით მუშაობა მოითხოვს შერჩევის რეპრეზენტატულობის უზრუნველყოფას, მაშინ როდესაც თვისებრივი მეთოდებით მუშაობისას ასეთი მოთხოვნა არ არსებობს.

2. ინფორმაციის შეგროვების მეთოდები აღწერილი უნდა იყოს პროგრამის დასკვნით ნაწილში. აქ აღინიშნება, კვლევის რომელ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას გამოკვლევის ორგანიზატორები, და რატომ. გარდა ამისა, მიზანშეწონილია სპეციალურ დანართში მოყვანილი იქნეს ყველა ის კვლევითი ინსტრუმენტი (კითხვები, ინსტრუქციები და სხვა), რომლებიც გამოყენებული იქნება გამოკვლევის ჩატარებისას.

დავალებები:

1. მოიფიქრეთ 5 სოციალური პრობლემა, რომელთა შესწავლაც მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თვისებრივი მეთოდების მეშვეობით.

2. შეადგინეთ გამოკვლევის პროგრამა თქვენთვის საინტერესო სოციალური ფენომენის ემპირიულად შესწავლის მიზნით; დაგეგმეთ ამ ფენომენის შესწავლა რომელიმე თვისებრივი მეთოდის გამოყენებით.

რეკომენდებული ლიტერატურა:

1. იაგო კაჭკაჭიშვილი. 1998. „კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის მეთოდოლოგია.“//სოციოლოგიური კვლევის მეთოდები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ. 22-44.

2. В. Ядов. Социологическое исследование: методология, программа, методы. Изд-во „Самарский университет“, 1995. С. 42-80.

3. Earl Babbie. 2004. The Practice of Social Research. 10th Edition. Belmont, CA: Thomson/Wadsworth. Pp. 281-311 (Chapter 10. “Qualitative Filed Research”).

4. Howard S. Becker. 2001. “The Epistemology of Qualitative Research.” Pp. 317-330 in: Robert M. Emerson, ed. Contemporary Field Research. Perspectives and Formulations. Second Edition. Prospect Heights, Ill.: Waveland Press.

5. Herbert Blumer. 1998 [1969]. Symbolic Interactionism: Perspective and Method. Englewood Cliffs, N.J.: Prentice-Hall. Pp. 1-60.

6. Michael Burawoy. 1991. „The Extended Case Method.“ Pp. 271-287 in: Michael Burawoy et al. 1991. Ethnography Unbound. Power and Resistance in the Modern Metropolis. Berkley: University of California Press.

7. W. Lawrence Neuman. 2003. Social Research Methods: Qualitative and Quantitative Approaches. Fifth edition. Boston: Allyn and Bacon. Pp. 363-401 (Chapter 13. “Field Research”).

8. Isadore Newman and Carolyn R. Benz. 1998. Qualitative-Quantitative Research Methodology. Exploring the Interactive Continuum. Carbondale: Southern Illinois University Press. Pp. 1-26.

9. James P. Spradley. 1979. Ethnographic Interview. New York: Holt, Rinehart and Winston. Pp. 3-16 (Chapter 1. “Ethnography and Culture”).

10. Anselm Strauss and Juliet Corbin. 1998. Basics of Qualitative Research. Techniques and Procedures for Developing Grounded Theory. Second Edition. Thousand Oaks: Sage Publications. Pp. 3-14 (Chapter 1. “Introduction”).

________________________

1. იხ.. Michael B. Katz, ed. 1993. The “Underclass” Debate: Views from History. Princeton, NJ: Princeton University Press; TinaTin zurabiSvili. 2002. „ქვეკლასის თეორია და მისი გამოყენების შესაძლებლობა საქართველოში.” ეპოქა 2: 76-84.

2. სიტყვები „მეთოდი”, „მეთოდიკა” წარმოიშვა ბერძნული სიტყვისგან მეტჰოდოს, რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც „შესწავლის გზები”.

3. თუმცა ეს არ არის აუცილებელი პირობა ამ სალექციო კურსის შემსწავლელთათვის, სასურველია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ თუდნაც საწყისი წარმოდგენა სოციალური კვლევის რაოდენობრივი მეთოდების შესახებ. ეს მეთოდები განხილულია სალექციო კურსში: თამარ ზურაბიშვილი, თინათინ ზურაბიშვილი. 2004. სოცილოგიური კვლევის მეთოდიკა. რაოდენობრივი მეთოდები. თბილისი: „სამოქალაქო განათლების პროექტი”.

4. იხ. Earl Babbie. 2002. The Basics of Social Research. Belmont, CA: Wadsworth Thomson Learning. P. 281.

5. თუმცა ეს არ არის აუცილებელი პირობა ამ სალექციო კურსის შემსწავლელთათვის, სასურველია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ თუდნაც საწყისი წარმოდგენა სოციალური კვლევის რაოდენობრივი მეთოდების შესახებ. ეს მეთოდები განხილულია სალექციო კურსში: თამარ ზურაბიშვილი, თინათინ ზურაბიშვილი. 2004. სოცილოგიური კვლევის მეთოდიკა. რაოდენობრივი მეთოდები. თბილისი: „სამოქალაქო განათლების პროექტი“

6. იხ., მაგალითად: James P. Spradley. 1979. Ethnographic Interview. New York: Holt, Rinehart and Winston;?Robert M. Emerson, Rachel I. Fretz, and Linda L. Shaw. 1995. Writing Ethnographic Fieldnotes. Chicago:?University of Chicago Press; Michael Burawoy et al. 1991. Ethnography Unbound: Power and Resistance in?the Modern Metropolis. Berkeley: University of California Press.

7? Spradley, James P. 1979. The Ethnographic Interview. New York: Holt, Rinehart and Winston. P. 3.

8? ამ სალექციო კურსის ფარგლებში ყოველი მეთოდის განხილვისას მოყვანილი იქნება ქართულენოვან ლიტერატურაში გამოყენებული ყველა შესაბამისი ტერმინი და მოშველიებული იქნება მისი ინგლისურენოვანი შესატყვის(ებ)ი.

9. Earl Babbie. Op. cit. P. 285.

10. Herbert Blumer. 1998 [1969]. Symbolic Interactionism: Perspective and Method. Englewood Cliffs, N.J.: Prentice-Hall. P. 50

11 მანამდე, ჯერ კიდევ 1895 წელს, პირველი სოციოლოგიური ჟურნალი, American Journal of Sociology, ჩიკაგოს უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე იქნა დაარსებული ალბიონ სმოლის მიერ.

12. რათა მივიღოთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მეთოდის გამოყენება მოგვცემს უკეთეს შედეგს ამა თუ იმ პრობლემის შესწავლისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, თუ რამდენი დრო გვაქვს გამოკვლევის ჩასატარებლად და რამდენი თანხაა გამოყოფილი ამისათვის.

13. Marie Jahoda, Paul F. Lazarsfeld and Hans Zeisel. [1971.] Marienthal: The Sociography of an Unemployed Community. Chicago: Aldine-Atherton.

14. ამ კვლევის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ასეთი კომპლექსური გამოკვლევები შედარებით იშვიათად ტარდება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი ჩატარება ძალზე რთულია, და ამასთან — ძალიან ძვირადღირებული.

15. იხ. Isadore Newman, and Carolyn R. Benz. 1998. Qualitative-Quantitative Research Methodology. Exploring the Interactive Continuum. Carbondale: Southern Illinois University Press.

16. ქვემოთ მოყვანილი მოთხოვნები არ არის შემუშავებული სპეციფიკურად თვისებრივი კვლევისათვის. რამდენადაც, როგორც აღვნიშნეთ, გამოკვლევის პროგრამა ყველა ტიპის გამოკვლევისთვის უნდა იქნეს შემუშავებული, ეს მოთხოვნები შეიძლება წავუყენოთ როგორც თვისებრივ, ასევე რაოდენობრივ კვლევას.

3 თემა 2. სიღრმისეული ინტერვიუ

▲back to top


როგორც ცნობილია, ინტერვიუ ინფორმაციის შეგროვების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალებაა, და ეს მხოლოდ სოციალურ მეცნიერებებთან დაკავშირებით როდია სწორი. თანამედროვე დასავლურ საზოგადოებას რიგი მკვლევრებისა „ინტერვიუს საზოგადოებას“ უწოდებს1 - მოსახლეობის ინტერვიუირების სხვადასხვა ფორმა იმდენადაა გავრცელებული, რომ ინტერვიუ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. არსებობს ინტერვიუს მრავალი სახეობა; მათ შორის გვხვდება ისეთები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. საყოველთაო აღწერაც და ჟურნალისტური პრესკონფერენციაც ინტერვიუს ნაირსახეობებია.

ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის ურთიერთობის ფორმის საფუძველზე გამოიყოფა პირისპირი, სატელეფონო და საფოსტო ინტერვიუ. ინტერვიუს ხანგრძლივობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ტიპის ინტერვიუსთან გვაქვს საქმე: სატელეფონო ინტერვიუს ხანგრძლივობა შეიძლება 5 წუთს არ აღემატებოდეს, ხოლო ე.წ. „ცხოვრების ისტორია“ შეიძლება რამდენიმე დღეს გაგრძელდეს.

თავისი სტრუქტურისა და კითხვების ტიპიდან გამომდინარე, ინტერვიუ შეიძლება იყოს სტრუქტურირებული; ნაწილობრივ სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული. მასობრივი გამოკითხვის ჩატარებისას გამოიყენება სტრუქტურირებული ინტერვიუ, რომელიც კითხვარზე დაყრდნობით წარიმართება და საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად ფორმალიზებულად წარვმართოთ რამდენიმე ათასი ინტერვიუ. ეთნოგრაფიული კვლევის ჩატარებისას, განსაკუთრებით, კვლევის საწყის ეტაპზე, გამოიყენება არასტრუქტურირებული ინტერვიუები, რომლებიც ეხმარება მკვლევარს, შეიქმნას საერთო წარმოდგენა კვლევის ობიექტების შესახებ. ინტერვიუს ორივე ამ სახეობასთან შედარებით, სიღრმისეული ინტერვიუ, რომელიც თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი „სავიზიტო ბარათია“, ძალზე განსხვავებულ ტიპს წარმოადგენს და ე.წ. ნაწილობრივ სტრუქტურირებული ინტერვიუების რიცხვს განეკუთვნება, ანუ იკავებს შუალედურ პოზიციას სტრუქტურირებულ და არასტრუქტურირებულ ინტერვიუებს შორის. როგორც ამ მეთოდის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი რობერტ ვაისი აღნიშნავს, სიღრმისეულ ინტერვიუს მრავალი სახელით მოიხსენიებენ, რომელთა შორისაა: „თავისუფალი ინტერვიუ“, „ნარატიული ინტერვიუ“, „ფოკუსირებული ინტერვიუ“, „ბიოგრაფიული ინტერვიუ“ და სხვ.2 თავად ვაისი ამ მეთოდს „თვისებრივ ინტერვიუს“ უწოდებს. მისი აზრით, თუმცა თვისებრივი ინტერვიუ სხვათა აზრის შესწავლის „ბუნებრივი საშუალებაა, ის ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ დამკვიდრებული სოციალური კვლევების სამყაროში, რომ ერთი სახელით მოიხსენიებოდეს“3.

სიღრმისეული ინტერვიუ და მისი ნაირსახეობები გამოიყენება არა მხოლოდ სოციალურ მეცნიერებებში, არამედ, აგრეთვე, მრავალ მონათესავე დარგში: ჟურნალისტიკაში, კრიმინალისტიკაში, ბოიგრაფიულ მეცნიერებაში, მარკეტინგში და სხვ. განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ყველა ამ შემთხვევაში ამ მეთოდს აერთიანებს ის გარემოება, რომ ის მიზნად ისახავს რესპონდენტებისაგან დეტალური, ღრმა და თანამიმდევრული ინფორმაციის მიღებას მათი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება გარკვეული საზოგადოებრივი კანონზომიერებების დადგენა, ზოგ შემთხვევაში კი - საერთო ხასიათის დასკვნების გაკეთება.4

ხშირად გამოიყოფა სიღრმისეული ინტერვიუს შემდეგი ფაზები: პრეინტერვიუ, კერძოდ ინტერვიუ და პოსტინტერვიუ. ყოველ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს.

პრეინტერვიუს მთავარი მიზანია კონტაქტის დამყარება რესპონდენტთან. სწორედ პრეინტერვიუს დროს უნდა ავუხსნათ მას გამოკვლევის მიზანი და ის, თუ როგორ იქნა არჩეული რესპონდენტად კონკრეტულად ეს პიროვნება; დავარწმუნოთ იგი ინტერვიუს ანონიმურობაში და აუცილებლად ვთხოვოთ ნებართვა, ჩავიწეროთ ინტერვიუ აუდიო- ან ვიდეოფირზე.

კერძოდ ინტერვიუ წარმოადგენს კითხვა-პასუხის გაცვლის პროცესს ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის, რომლის მსვლელობაშიც მკვლევარი იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ ინტერივუს ამ ნაწილის შესახებ.

და ბოლოს, პოსტინტერვიუ რესპონდენტისა და ინტერვიუერის დამშვიდობების პროცესია, მაგრამ ამასთან რიგ დამატებით ფუნქციასაც ასრულებს. სწორედ პოსტინტერვიუს დროს შეიძლება მოლაპარაკებული იქნეს შემდგომი შეხვედრის შესაძლებლობა, თუ გამოკვლევის პროგრამა ასეთ შეხვედრას ითვალისწინებს; გადაეცეს რესპონდენტს საჩუქარი ან ფულადი ანაზღაურება გამოკვლევაში მონაწილეობისათვის, თუ ეს წინასწარ იყო მოლაპარაკებული, და სხვ.

მეთოდის დახასიათება

თუმცა, ერთი შეხედვით, სიღრმისეული ინტერვიუ წააგავს თავისუფალ საუბარს მკვლევარსა და რესპონდენტს შორის, ეს ასე არ არის, და წარმატებული ინტერვიუს ჩატარებას მთელი რიგი პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლება და საკმაოდ მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება განაპირობებს - ეს არის მეთოდი, რომელში დახელოვნებაც მხოლოდ მისი გამოყენების პროცესშია შესაძლებელი.

სიღრმისეული ინტერვიუს მიზანია, გავიგოთ რესპონდენტების მაქსიმალურად დეტალური მოსაზრებები შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით; ამიტომ „როგორ?“ და „რატომ?“ კითხვები ყველაზე ხშირი და სასარგებლოა ამ ტიპის ინტერვიუში. არა ნაკლებ ხშირად აქვს ადგილი თხოვნას რესპონდენტისადმი, დაწვრილებით აგვიღწეროს ესა თუ ის შემთხვევა თავისი ცხოვრებიდან და მისი შთაბეჭდილებები, მისი რეაქცია ამ შემთხვევასთან დაკავშირებით; მისი დამოკიდებულება გარკვეული ხალხის ან მოვლენებისადმი, მის მიერ ჩვენთვის საინტერესო მოვლენების შეფასება.

რობერტ ვაისი განიხილავს სიღრმისეულ ინტერვიუს როგორც ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის თანამშრომლობის პროცესს, რომლიც დროსაც ორივე მონაწილეს ერთი მიზანი ამოძრავებს - ესაა ახალი ინფორმაციის წარმოება კვლევის თემასთან დაკავშირებით. მეტიც, მისი თქმით, ამ თანამშრომლობაში ინტერვიუერი „ის ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც რესპონდენტი მოგვითხრობს თავის ამბავს“5. ამიტომ ინტერვიუერი არასოდეს არ უნდა შეეცადოს, სრულად აკონტროლოს ინტერვიუს მსვლელობის პროცესი - პირიქით, მან უნდა მისცეს რესპონდენტს საშუალება, რაც შეიძლება მეტი ილაპარაკოს თავისი ცხოვრების შესახებ, თუმცა, რა თქმა უნდა, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საუბარმა არ გადაუხვიოს კვლევის თემას; მხოლოდ უკანასკნელ შემთხვევაში შეუძლია ინტერვიუერს, გამოიყენოს თავისი ძალაუფლება და შეიტანოს ცვლილება ინტერვიუს მსვლელობაში, თუმცა მან ეს რბილად უნდა გააკეთოს. როგორც ჰ.რ.ბერნარდი აღნიშნავს, „თქვენ აგებთ პასუხს იმაზე, რომ საუბარი ფოკუსირებული იყოს [კვლევის თემაზე], მაგრამ საშუალებას აძლევთ რესპონდენტს, განსაზღვროს საუბრის შინაარსი. მიეცით მას უფლება, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია“6.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სიღრმისეულ ინტერვიუს, როგორც წესი, ატარებს არა დაქირავებული ინტერვიუერი, რომელსაც არა აქვს მიღებული მონაწილეობა კვლევის დაგეგმვის პროცესში, არამედ თავად მკვლევარი, რომელიც მუშაობდა გამოკვლევის პროგრამის შედგენაზე, წინასწარ შეისწავლა სოციალური პრობლემა, რომელსაც ინტერვიუ ეხება.7 „იყო კარგი ინტერვიუერი, ნიშნავს იცოდე, თუ რა სახის ინფორმაციაა საჭირო კვლევისათვის და შეგწევდეს უნარი, დაეხმარო რესპონდენტს მოგვცეს ეს ინფორამცია“8, - აღნიშნავს რობერტ ვაისი.

სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარების მიზნით, მკვლევარი არ ამზადებს სტრუქტურირებულ კითხვარს - მაგრამ მას ყოველთვის აქვს შედგენილი სავარაუდო კითხვების და მათი სასურველი თანამიმდევრობის წერილობითი მონახაზი, რომელიც ემყარება ინტერვიუს პროცესში განსახილველი თემებისა და საკითხების წინასწარ შესწავლას. ამ მონახაზს სადისკუსიო გეგმა ეწოდება. სადისკუსიო გეგმა მკვლევრის სამუშაო ინსტრუმენტია, რომელიც გვეხმარება ვაკონტროლოთ ინტერვიუს პროცესი, არ გამოვტოვოთ მნიშვნელოვანი საკითხები და მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ რესპონდენტისგან ჩვენთვის საინტერესო საკითხების შესახებ.9

სადისკუსიო გეგმის მომზადება აუცილებელია, თუ გვინდა მივიღოთ სანდო თვისებრივი მონაცემები, რაც შემდგომში საშუალებას მოგვცემს, შევადაროთ სხვადასხვა ინტერვიუს შედეგად მიღებული ინფორმაცია. ამავე მიზნით, განსახილველი თემების თანამიმდევრობა ინტერვიუს დროს სასურველია უცვლელი იყოს, თუმცა დასაშვებია გარკვეული ვარიაციები. მაინც, არ არის სასურველი, რომ წინასწარ შემუშავებული გეგმისაგან გადახვევა, კითხვების ფორმულირებისა და თანამიმდევრობის შეცვლა ძალიან ხშირი და/ან რადიკალური იყოს.

სიღრმისეული ინტერვიუს მთავარი ღირსება ისაა, რომ ის საშუალებას გვაძლევს როგორც ჩვენ, მკვლევრებს, ასევე რესპონდენტებს უშუალოდ ინტერვიუს მსვლელობისას წამოვწიოთ ან განვავითაროთ ახალი თემები, რომლებიც აქტუალურია გამოკვლევისათვის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ იქნა წინასწარ გათვალისწინებული კვლევის დაგეგმვის ეტაპზე. უშუალოდ ინტერვიუს პროცესში წამოჭრილი ახალი თემების განვითარება შესაძლებელი ხდება, რამდენადაც სადისკუსიო გეგმა არ მოითხოვს, ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ იქ დასმული კითხვების ფორმულირება და თანამიმდევრობა, არამედ გარკვეულ თავისუფლებას გვანიჭებს. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს იმას, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიღრმისეული ინტერვიუ ნაწილობრივ სტრუქტურირებული ინტერვიუების რიცხვს განეკუთვნება.

სიღრმისეული ინტერვიუ ძირითადად „ღია“ კითხვებზე დაყრდნობით წარიმართება, ანუ ისეთ კითხვებზე, რომლებიც არ სთავაზობენ რესპონდენტებს პასუხის შესაძლო ვარიანტებს. ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემისას რესპონდენტებს სრული თავისუფლება ენიჭებათ საკუთარი აზრის გამოხატვისას, მკვლევარი არანაირად არ „უბიძგებს“ მათ გარკვეული კატეგორიის პასუხებისაკენ, ამიტომ ითვლება, რომ ასეთი კითხვები განსაკუთრებით მიზანშეწონილია ისეთი თემების შესწავლის მიზნით, რომლებიც შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი, და ამ თემებისა და საკითხების უფრო ღრმად შესწავლის საშუალებას გვაძლევს. „დახურული“ კითხვები, რომლებიც ძალიან გავრცელებულია რაოდენობრივ კვლევებში, თითქმის არ გვხვდება სიღრმისეულ ინტერვიუში.

სირღმისეული ინტერვიუ წარმატებულია მაშინ, როდესაც მკვლევარმა მიიღო მდიდარი და დეტალური ინფორმაცია საკვლევ საკითხთან დაკავშირებით. ასეთი ინფორამციის მიღებაში მას ხშირად ეხმარება მოთხოვნა, დააკონკრეტებინოს რესპონდენტს მისი პასუხები. თუ რესპონდენტი ყვება თავისი გამოცდილების შესახებ, მაგრამ ძალიან ზოგადად განიხილავს მას, ინტერვიუერი აუცილებლად უნდა ჩაეროს საუბარში და სთხოვოს მას, დააკონკრეტოს ესა თუ ის დეტალი. მაგალითად, შეიძლება დაუსვას ასეთი კითხვა: „როგორ განვითარდა ბოლო ასეთი შემთხვევა?“ ან „როდის მოხდა ეს ამბავი ბოლოს?“10 რაც უფრო ვრცელ ინფორმაციას ვიღებთ რესპონდენტის გამოცდილების შესახებ, მით უფრო მეტი მასალა გვექნება დასამუშავებლად და მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ კვლევა წარმატებული იქნება.

სიღრმისეული ინტერვიუს დროს მიზანშეწონილია, ინტერვიუერმა ძალიან ცოტა ილაპარაკოს; როგორც წესი, რაც უფრო უწყვეტია რესპონდენტის თხრობა, მით უფრო წარმატებულია ინტერვიუ.

სიღრმისეული ინტერვიუს ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოკვლევის ტიპზე და/ან თემაზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის სულ ცოტა 1 - 1,5 საათს გრძელდება და იშვიათად გრძელდება 3 საათზე მეტს. რა თქმა უნდა, ინტერვიუს მიზანია რესპონდენტისგან ინფორმაციის მიღება და, თეორიულად, რაც მეტ ინფორმაციას მივიღებთ მისგან, მით უკეთესი იქნება, მაგრამ პრაქტიკაში შეუძლებელია, საუბარი უსასრულოდ გაგრძელდეს. ამიტომ მკვლევრის პროფესიონალიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია, დროულად „გამოიცნოს“ ის პასუხები და გადახვევები, რომლებიც ზედმეტი ან უსარგებლოა ამ კონკრეტული გამოკვლევის პრობლემის შესწავლის თვალსაზრისით, და ისწავლოს რესპონდენტის თავაზიანად გაჩუმება და საუბრის მსვლელობის შეცვლა საჭირო მიმართულებით.

ითვლება, რომ სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდით განხორციელებული ერთი გამოკვლევის ფარგლებში საკმარისია 20-30-დან 50-60-მდე სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარება11, რათა მიღებული იქნეს საკმარისი და სანდო ემპირიული მონაცემები. საერთო რჩევა ინტერვიუების რაოდენობასთან დაკავშირებით ასეთია: ინტერვიუების ჩატარება უნდა შეწყდეს მაშინ, როდესაც ახალი ინტერვიუების მსვლელობაში მიღებული ინფორმაცია მეორდება, ახალი ინფორმაცია უმნიშვნელო და პერიფერიული ხასიათისაა და აღარ ამდიდრებს ჩვენს ცოდნას შესასწავლი საკითხის შესახებ, შესაბამისად, დამატებითი ინტერვიუების ჩატარება აღარ არის გამართლებული12. მასობრივი გამოკითხვის დროს გამოკითხულ ათასობით რესპონდენტთან შედარებით ეს რიცხვი შეიძლება ძალიან მცირედ მოგვეჩვენოს, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ყოველი ასეთი ინტერვიუს დროს ჩაწერილი საუბრის ქაღალდზე გადატანას („გაშიფვრას“) სულ ცოტა 6- 8 საათი დასჭირდება, რის შედეგადაც მივიღებთ 20-ზე მეტი გვერდის მოცულობის ტექსტს („ტრანსკრიპტს“); ყველა ინტერვიუ დამუშავებული და გაანალიზებული უნდა იქნეს. ეს ძალზე შრომატევადი სამუშაოა.

ძნელია ჩამოვაყალიბოთ ზუსტი წესები, რომელთა თანახმადაც ხდება რესპონდენტების შერჩევა სიღრმისეული ინტერვიუსათვის. ისევე როგორც საერთოდ თვისებრივი მეთოდებით მუშაობისას, აქ არასოდეს არა გვაქვს საქმე რეპრეზენტატულ შერჩევასთან. რესპონდენტების შერჩევა ხდება გამოკვლევის მიზნიდან გამომდინარე, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებსაც მკვლევარს გამოკვლევის ამოცანა კარნახობს. ჩვეულებრივ საქმე გვაქვს ერთი და იგივე სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებთან, ან ხალხთან, რომლებსაც მიღებული აქვს გარკვეული გამოცდილება — მაგალითად, თუ შევისწავლით წარმატებულ ბიზნეს-კარიერას, უნდა დავუკავშირდეთ წარმატებულ ბიზნესმენებს; თუ გამოკვლევის თემაა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული საერთო პრობლემები, მაშინ კვლევაში მონაწილეობა ახალგაზრდა მშობლებმა უნდა მიიღონ; თუ გამოკვლევის თემაა მიგრაცია, უნდა ჩავატაროთ ინტერვიუ მიგრანტებთან; თუ გამოკვლევა უმაღლესი სასწავლებლების პრობლემებს ეხება, უნდა მოვიწვიოთ სტუდენტები და/ან პროფესორ-მასწავლებლები, და ა.შ.13

სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარება ყოველთვის წინასწარ შეთანხმებულია რესპონდენტთან და ტარდება ასევე წინასწარ შეთანხმებულ ადგილას - ეს შეიძლება იყოს რესპონდენტის სახლი, მისი სამსახური ან მკვლევრის ოფისი. ასეთი ინტერვიუ არასოდეს არ ტარდება ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორებიცაა კაფე, ბიბლიოთეკა და სხვ. სიღრმისეული ინტერვიუ ტარდება პირისპირ მკვლევარსა და რესპონდენტს შორის; სხვა პირთა დასწრება აკრძალულია. ვინაიდან ამის მიღწევა საკმაოდ ძნელია რესპონდენტის ოჯახში, სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარება უფრო მიზანშეწონილია მკვლევრის ოფისში, სადაც დაცული იქნება სიმშვიდე და ინტერვიუს ჩატარებისათვის ხელსაყრელი სხვა პირობები.

სიღრმისეული ინტერვიუს დიქტოფონზე ჩაწერა აუცილებელია მისი შემდგომი ანალიზის მიზნით. ეს მოთხოვნა დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს მკვლევარს როგორც ტექნიკური თვალსაზრისით (ტექნიკური აღჭურვილობის მომზადება, მისი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა), ასევე ეთიკური თვალსაზრისითაც (რესპონდენტების კონფიდენციალობის დაცვა).

სიღრმისეული ინტერვიუს სპეციპიკური სახეობები

სიღრმისეული ინტერვიუ თვისებრივი კვლევის ძალზე გავრცელებული მეთოდია, და გასაკვირი არ არის, რომ მისი გამოყენების მანძილზე შემუშავებული იქნა მისი რამდენიმე ნაირსახეობა. ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუ და „ცხოვრების ისტორია“, ისევე14 შესაძლოა, ყველა ამ ინტერვიუს დამუშავება ვერ მოხერხდეს, ვინაიდან რესპონდენტებს შორის შეიძლება შეგვხვდეს ადამიანები, რომლებიც ვერ მოახერხებენ თავისი აზრის საკმაოდ ვრცლად ჩამოყალიბებას. თუმცა, სიღრმისეული ინტერვიუების ჩატარების დროს ასეთი რამ შედარებით იშვიათად ხდება, ვინაიდან ყველა რესპონდენტი, როგორც წესი, ინდივიდუალურად არის ხოლმე შერჩეული, და შერჩევის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ მათი ლინგვისტიკური კომუნიკაციის მაღალი დონეა.როგორც ფოკუს-ჯგუფი, რომლის შესახებაც შემდეგ ლექციაზე ვისაუბრებთ, შეიძლება განვიხილოთ როგორც სიღრმისეული ინტერვიუს ნაირსახეობები - თუმცა მათ საკმაოდ სპეციფიკური თვისებები გააჩნია, სამივე ეს მეთოდი თავისი ძირითადი მახასიათებლებით სიღრმისეული ინტერვიუს ანალოგიურია.

„ცხოვრების ისტორია“ ითვალისწინებს რესპონდენტის ცხოვრების დაწვრილებით აღწერას. სიღრმისეული ინტერვიუსაგან განსხვავებით, ეს არის არასტრუქტურირებული ინტერვიუ, რომელიც არ მოითხოვს სადისკუსიო გეგმის შემუშავებას და რომლის ჩატარების პროცესშიც მკვლევრის როლი ხშირად მხოლოდ მსმენელის როლს უტოლდება - ის სთხოვს რესპონდენტს, მოუყვეს მას თავისი ცხოვრების შესახებ, და მისი შემდგომი ჩარევა თხრობის პროცესში ძალიან უმნიშვნელოა, როგორც წესი, მხოლოდ თხრობის ფოკუსირების ან ქრონოლოგიის დაცვის მიზნით ხდება.

„ცხოვრების ისტორიის“ მეშვეობით შეიძლება შესწავლილი იქნეს, მაგალითად, მიგრაციის გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე და ახალ კულტურულ გარემოში ადაპტაციის სირთულეები. ინტერვიუს მსვლელობაში მიღებული ინფორმაციის გამდიდრების მიზნით მკვლევარმა შეიძლება გამოიყენოს პირადი დოკუმენტები, როგორებიცაა წერილები, დღიურები, ფოტოსურათები და სხვ.

თუმცა მისი სახელით თუ ვიმსჯელებთ, ეს მეთოდი თითქოს რესპონდენტის მთელი ცხოვრების მომცველია, ეს ასე არ არის. ცხოვრების პერიოდი, რომელსაც კვლევის პროცესში შევისწავლით, ძალაუნებურად შერჩევითია; ასეთ შემთხვევაშიც კი ინტერვიუ ძალიან ხანგრძლივია და შეიძლება რამენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს (ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, საუბარი მთელი დღე არ მიმდინარეობს, მაგრამ რამდენიმე დღის მანძილზე მკვლევარი და ინტერვიუერი რამდენიმე საათს საუბრობენ).

„ცხოვრების ისტორიის“ მეთოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა გამოიხატება სხვადასხვა პიროვნებების ისტორიების შედარების და გარკვეული სოციალური კანონზომიერებების ძიების შესაძლებლობაში. ამიტომ ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, კრიმინალისტიკაში.

სოციალურ მეცნიერებებში გამოიყენება „ცხოვრების ისტორიის“ რამდენიმე სახეობა, კერძოდ, ამერიკური კვლევითი ტრადიციისათვის დამახასიათებელი „ცხოვრების ისტორია“ და ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუ, რომელიც ფართოდ გამოიყენება ევროპელი (უპირველეს ყოვლისა, გერმანელი) მკვლევრების მიერ. ამერიკულ სოციოლოგიაში ეს მეთოდი სათავეს იღებს ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენლების უილიამ თომასის და ფლორიან ზნანეცკის კლასიკური გამოკვლევიდან „პოლონელი გლეხი ევროპასა და ამერიკაში“ (1918) და კლიფორდ რ. შოუს „ჯეკ როლერის“ ცხოვრების აღწერაში (1930). 1930-იანი წლებიდან ინტერესი ამ მეთოდისადმი შესუსტდა, მაგრამ 1960-ანებში კვლავ გაძლიერდა.

„ცხოვრების ისტორიის“ გამოყენებისადმი ორი მიდგომა გამოირჩევა:

ტრადიციული, რომელიც მიზნად ისახავს რესპონდენტის ცხოვრების ობიექტურ აღწერას და გამოირჩევა ინტერესით იმისადმი, თუ რა ასახვა პოვა მის ცხოვრებაში ფართო სოციალურმა პროცესებმა, რა გავლენა იქონიეს მათ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაზე. ასეთი მიდგომა გვეხმარება, შევისწავლოთ სოციალური პროცესების სუბიექტური შეფასებები, გავამახვილოთ ყურადღება სოციალურ პროცესებსა და ინდივიდუალურ ცხოვრებას შორის არსებულ კავშირზე, შევაფასოთ სოციალური ცვლილებების მნიშვნელობა, და სხვ. ამ კონტექსტში ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება ახალი სოციალური ფენომენების შესწავლის მიზნით, რათა შევსებული და გამდიდრებული იქნეს მკვლევრების ხელთ არსებული სტატისტიკური მასალა.

შედარებით ახალი მიდგომა მიზნად ისახავს რესპონდენტის ცხოვრებისეული გზის ინტერპრეტაციას და/ან ასეთი ინტერპრეტაციის შესაძლო გზების შესწავლას, რის შედეგადაც ეს მიდგომა ფსიქოლოგიას უახლოვდება.

ამერიკელმა სოციოლოგმა გეილ კლიგმანმა (Gail Kligman) „ცხოვრების ისტორიის“ გამოყენებით შეისწავლა რუმინელი ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები ჩაუშესკუს რეჟიმის დროს, როდესაც ერის გამავლების იძულებითი პოლიტიკა ტარდებოდა. ამ პოლიტიკას ტრაგიკული შედეგები ჰქონდა ქალების ჯანმრთელობისა და თვით სიცოცხლისთვისაც კი, ვინაიდან რთული ეკონომიკური პირობები ქალებს ხშირად უბიძგებდა არალეგალური აბორტები გაეკეთებინათ, რომლებიც არაკვალიფიციურად კეთდებოდა, რის გამოც მათ მრავალი ქალის სიცოცხლე შეეწირა.15

„ცხოვრების ისტორიის“ ანალოგიურად, ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუც რესპონდენტის ცხოვრებისეული გამოცდილების შესწავლას ისახავს მიზნად; ესეც არასტრუქტურირებული ინტერვიუა, რომლის მსვლელობაშიც ინტერვიუერი მინიმალურად ერევა საუბარში, ვინაიდან ამ ტიპის ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი მიზანი თხრობის სპონტანურობის უზრუნველყოფაა. ამ ინტერვიუს ძირითადი განსხვავება „ცხოვრების ისტორიისაგან“ იმაში გამოიხატება, რომ ბიოგრაფიულ-ნარატიულ ინტერვიუში უფრო მეტი ყურადღება ეთმობა თავად რესპონდენტის შეფასებების შესწავლას მის ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც, როგორც ამ მეთოდის თეორეტიკოსები ვარაუდობენ, საშუალებას გვაძლევს განსაკუთრებულად ღრმად შევისწავლოთ ამ პროცესების როლი ადამიანის ცხოვრებაში.16

რესპონდენტთა გულახდილობის გამომწვევი მეთოდიკები

სიღრმისეული ინტერვიუს წარმატების უპირველეს საწინდარს წარმოადგენს ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომელიც რესპონდენტის გულწრფელობას გამოიწვევს. ასეთი ურთიერთობის წინაპირობაა მკვლევრის ჭეშმარიტი ინტერესი რესპონდენტის ცხოვრებისადმი, არაშეფასებითი დამოკიდებულება მისი გამოცდილების ან მისი აზრებისადმი და მისი უნარი დაარწმუნოს რესპონდენტი, რომ ინტერვიუს შედეგად მიღებული ინფორმაცია მხოლოდ კვლევითი ამოცანებისთვის იქნება გამოყენებული.

ამასთან, არსებობს სპეციალური პროფესიული მეთოდიკები, რომლებიც გვეხმარება, გამოვიწვიოთ რესპონდენტის მეტი გულწრფელობა და მივიღოთ მისგან მეტი ინფორმაცია, ვიდრე ის თავიდან აპირებდა გაემჟღავნებინა ჩვენთვის. ეს მეთოდიკები ხშირად მოიხსენიება როგორც „ზონდირების“ საშუალებები („probing“); მათი მეშვეობით ჩვენ ვუბიძგებთ რესპონდენტს, დაასრულოს აზრი, რომელიც ბოლომდე არ განუმარტავს, ან აგვიხსნას ის, რასაც მხოლოდ გაკვრით შეეხო. ზონდირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევებში, როდესაც რესპონდენტები აღიქვამენ გამოკვლევის თემას როგორც ძალზე რთულს ან სათუთს, და ამის გამო შეიძლება თავი შეიკავონ დეტალური და გულწრფელი პასუხებისაგან.

ქვემოთ განვიხილავთ რესპონდენტების გულახდილობის გამომწვევ რამდენიმე მეთოდიკას - „სიჩუმეს“, „ექოს“ და „განაცხადს“; მნიშვნელოვანია, რომ მათი გამოყენების დროს ინტერვიუერი არ ერევა საუბარში, შესაბამისად, არ ახდენს გავლენას რესპონდენტების პასუხებზე.

1) სიჩუმე. იმის მაგივრად, რომ საუბრის დროს წარმოქმნილი პაუზის დროს მკვლევარმა მორიგი კითხვა დასვას, ის აგრძელებს ჩუმად ჯდომას. ხშირად ხდება, რომ ასეთ სიტუაციაში რესპონდენტი თავს უხერხულად გრძნობს, ამიტომ გადაწყვეტს, თავად შეავსოს სიჩუმე, აგრძელებს საუბარს, თან ამბობს მეტს, ვიდრე თავიდან აპირებდა. ეს მეთოდიკა ძალიან მისასალმებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ ის ნეიტრალურია, მკვლევარი არაფერს ამბობს, არ სვამს დამატებით კითხვებს, შესაბამისად, გამორიცხულია, რაიმე გავლენა იქონიოს რესპონდენტის პასუხზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდიკის წარმატებით გამოყენება ძალზე რთულია, ვინაიდან აქ არ შეიძლება გადაჭარბება - შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რესპონდენტი აღარ აპირებს არაფრის თქმას; ასეთ შემთხვევაში ჩამოვარდნილი სიჩუმე შეიძლება უხერხული გახდეს. მკვლევარს უნდა შესწევდეს უნარი, დროულად აუღოს ალღო სიტუაციას და გადაწყვიტოს, გააგრძელოს სიჩუმე თუ დროულად გადავიდეს მორიგ კითხვაზე.

2) ექო ძალზე ნეიტრალური და ნაკლებ სარისკო მეთოდიკაა, რომელიც არ იწვევს ინტერვიუს მიმართულების შეცვლას. იმ შემთხვევაში, როდესაც რესპონდენტმა დაასრულა პასუხი რაიმე კითხვაზე, მაგრამ მკვლევარი არ არის მაინცდამაინც კმაყოფილი მიღებული პასუხით, მას შეუძლია უბრალოდ ნელა გაიმეოროს რესპონდენტის მიერ ნათქვამი ბოლო სიტყვა ან ფრაზა. დიდია იმის ალბათობა, რომ რესპონდენტი დაუბრუნდება შეწყვეტილ თემას და უფრო სრულ ინფორმაციას მოგვაწვდის.

3) განაცხადი. ეს მეთოდიკა განსაკუთრებით მგრძნობიარე, დახურულ თემებზე საუბრისას გამოიყენება, როდესაც რესპონდენტებს ეუხერხულებათ საუბარი ან არ უნდათ, რაიმე ჯგუფური საიდუმლო „გასცენ“. განაცხადის ტექნიკის გამოყენებისას მკვლევარი იქცევა ისე, თითქოს მან უკვე იცის ყველაფერი, რაც ამ საკითხთანაა დაკავშირებული, და თავისუფლად საუბრობს რესპონდენტთან „დახურული“ ან „აკრძალული“ დეტალების შესახებ. ამის შედეგად რესპონდენტს უჩნდება გრძნობა, რომ ყველაფერი ისედაც ცნობილია, ამ თემასთან დაკავშირებით აღარაფერია დასამალი, და ის უფრო გულახდილი ხდება, მოსალოდნელია გაცილებით მეტი გვითხრას, ვიდრე სხვა შემთხვევაში იტყოდა, ვინაიდან რაც უფრო გათვითცნობიერებული მიაჩნია მკვლევარი ამ საკითხთან დაკავშირებით, მით უფრო უადვილდება ლაპარაკი. ის გაბედულად გრძნობს თავს, ვინაიდან თვლის, რომ არავითარი საიდუმლო არ გაუცია - მკვლევარმა ისედაც იცოდა ყველაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდიკა შეიძლება ძალზე ეფექტური იყოს, მისი გამოყენების შემთხვევაში ყოველთვის უნდა ვიფიქროთ რესპონდენტის ინტერესებზე და არ დავარღვიოთ ეთიკის ელემენტარული ნორმები. რაც უფრო გულახდილია რესპონდენტი ჩვენთან საუბრისას, მით მეტია ჩვენი პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოგვიანებით მან არ ინანოს, რომ დაგვთანხმდა ინტერვიუზე. სწორედ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, აგრეთვე, იმაზე, თუ როგორ იქნება გამოყენებული ინტერვიუს მსვლელობაში მიღებული ინფორმაცია. არის შემთხვევები, როდესაც უკეთესიც არის, შევაჩეროთ რესპონდენტი და არ ვათქმევინოთ ის, რის თქმასაც ის, შესაძლოა, უკვე აპირებდა.17

„ზონდირება“ შეიძლება იყოს არასრული ან სრული. ს.ბელანოვსკის მოჰყავს სრული ზონდირების ასეთი მაგალითი:

ინტერვიუერი: თავის ტკივილის რა წამლები იცით?
რესპონდენტი: ასპირინი, ანალგინი, პირამიდონი. და ციტრამონი.
ინტერვიუერი: (სიჩუმე.)
რესპონდენტი: კიდევ, სპაზგანი, და, თუ არ ვცდები, მაქსიგანი. ისინი ერთმანეთში მეშლება ხოლმე.
ინტერვიუერი: კიდევ?
რესპონდენტი: შვილს პანადოლს ვაძლევ ხოლმე, ამბობენ, ის უსაფრთხოაო...
ინტერვიუერი: ჰმ.
რესპონდენტი: ა, გამახსენდა — კიდევ ბარალგინი.
ინტერვიუერი: ბარალგინი...
რესპონდენტი: კიდევ, რეკლამაა ხოლმე ტელევიზიით, მაგრამ სახელი არ მახსოვს, რაღაც წამალი, რომელსაც ორმაგი მოქმედება აქვს.
ინტერვიუერი: კიდევ?
რესპონდენტი: სხვა არაფერი მახსენდება.
ინტერვიუერი: აღარაფერი?
რესპონდენტი: დიახ, ვეღარაფერს ვიხსენებ.18
სრული ზონდირება მთავრდება მაშინ, როდესაც ინტერვიუერი დარწმუნდება, რომ რესპონდენტს აღარაფერი აქვს სათქმელი ამ საკითხთან დაკავშირებით.

სიღრმისეული ინტერვიუს შედეგების დამუშავების შესაძლებლობები

არ არსებობს უნიფიცირებული მიდგომა თვისებრივი შედეგების დამუშავებისადმი. რამდენადაც თვითონ ეს მეთოდები არაა ფორმალიზებული, მათი შედეგების დამუშავების ფორმალიზაციაც ძალიან რთული, ზოგ შემთხვევაში კი შეუძლებელი ამოცანაა.

ავტორების უმრავლესობა ხაზს უსვამს, რომ ისევე როგორც ნებისმიერი თვისებრივი მონაცემების შემთხვევაში, სიღრმისეული ინტერვიუს (და მისი ნებისმიერი ნაირსახეობის) შედეგების დამუშავება არ არის კვლევის იზოლირებული საფეხური, არამედ მონაცემთა ანალიზი საველე ეტაპის დროს, ინტერვიუების ჩატარების პარალელურად იწყება. კერძოდ, ჯეიმს სპრადლის თანახმად, ანალიზი პირველი ინტერვიუს დასრულებისთანავე უნდა დაიწყოს, რამდენადაც ჩატარებული ინტერვიუს შედეგების გაანალიზება დაგვეხმარება, უკეთ შევარჩიოთ კითხვები შემდეგ ინტერვიუებისათვის.19 ამის საპირისპიროდ, რობერტ ვაისი მიიჩნევს, რომ ნაადრევია ანალიზის დაწყება საველე ეტაპის დამთავრებამდე.20

არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ თვისებრივი ანალიზი ბევრადაა დამოკიდებული მკვლევრის ინდივიდუალურ მიდგომაზე; ზოგ შემთხვევაში, მასზე გარკვეულ გავლენას ახდენს, აგრეთვე ინტერვიუების შედეგად შეგროვებული მასალის სპეციფიკა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი მიდგომა თვისებრივი ტექსტური ინფორმაციის ანალიზისადმი. ესენია, მაგალითად: ნარატიული ანალიზი, ჰერმენევტიკული ანალიზი, დისკურსული ანალიზი, კონტენტ-ანალიზი; ინტერპრეტაციული ანალიზი; „დაფუძნებული თეორია“ (grounded theory). ყველა ეს ანალიტიკური სტრატეგია კარგად აქვს განხილული ჰ.რ.ბერნარდს.21

ტექსტის თვისებრივი ანალიზის თითქმის ყველა სახეობა მოითხოვს ინფორმაციის კოდირებას ანუ მნიშვნელოვანი თემატური ბლოკების ან ელემენტების გამოყოფას რესპონდენტის მონათხრობში. ეს ანალიზის საწყისი ეტაპია; სწორედ კოდირების დროს ხდება, როგორც წესი, საწყისი თეორიული კონსტრუქტების გამოყოფა.

თუ ადრე კოდირება „ხელით“ ხდებოდა და მკვლევარი ყურადღებით კითხულობდა ყველა ინტერვიუს ტრანსკრიპტს, რათა აღმოეჩინა მნიშვნელოვანი თემები, კატეგორიები ან კანონზომიერებები, ამჟამად არსებობს რამდენიმე კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც შეუძლია ინტერვიუს ტრანსკრიპტების კოდირება22; მიუხედავად ამისა, რიგი თვისებრივი მკვლევრებისა მაინც „ხელით“ მუშაობას ამჯობინებს, თუმცა მკვლევრების ახალი თაობა ხშირად კომპიუტერულ პროგრამებს ანიჭებს უპირატესობას.

ყველაზე უფრო გავრცელებული მოსაზრების თანახმად, თვისებრივი მონაცემების ანალიზის საბოლოო მიზანია მიღებული შედეგების საფუძველზე შესასწავლი ფენომენის, ან მისი რომელიმე ასპექტის ტიპოლოგიზაცია, ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი ტიპების გარკვეული კლასიფიკაციის შექმნა. ეს ხდება რესპონდენტთა ნაამბობზე დაყდნობით და, ამავე დროს, მკვლევრის ანალიტიკური უნარის გამოყენებით, რამდენადაც გამოყოფილი ტიპები, როგორც წესი, თეორიული აბსტრაქციის შედეგია.

ბუნებრივია, სიღრმისეული ინტერვიუს, ისევე როგორც ყველა მისი ნაირსახეობის გამოყენებით ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ჩვენ ვერ დავთვლით შედეგებს პროცენტულად. ამ შემთხვევაში შედეგები გამოიხატება არა ამა თუ იმ მაჩვენებლის გავრცელების ან მისი გამოვლენის სიხშირის შეფასებაში, არამედ გარკვეული სოციალური პრობლემის შეფასებების, მიზეზების, კანონზომიერებების, გადალახვის გზების შესახებ ინფორმაციის მიღებაში.

სიღრმისეული ინტერვიუს და მისი ანალოგიური მეთოდების გამოყენებით ჩატარებული კვლევების შედეგების წარმოდგენა ხდება ანგარიშის სახით, სადაც ძალზე ფართოდ გამოიყენება ციტატები ჩატარებული ინტერვიუებიდან, რომლებიც ადასტურებს მკვლევრის მიერ გაკეთებულ დასკვნებს.

დავალებები:

1. შეადგინეთ სიღრმისეული ინტერვიუს სადისკუსიო გეგმა თქვენთვის საინტერესო თემაზე.

2. ჩაატარეთ 3 სიღრმისეული ინტერვიუ (შეძლებისდაგვარად - სხვადასხვა სოციალური და დემოგრაფიული მახასიათებლების მქონე რესპონდენტებთან) თქვენს მიერ შედგენილი სადისკუსიო გეგმის საფუძველზე. სამივე ინტერვიუ ჩაწერეთ აუდიოკასეტაზე. დაწერეთ დაწვრილებითი ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართა ეს ინტერვიუები (შესაძლებელი იყო თუ არა ინტერვიუს ეტაპების გამოყოფა; რა რეაქცია ჰქონდა რესპონდენტს თქვენს შეკითხვებზე; რა სირთულეებს გრძნობდით ინტერვიუს ჩატარების პროცესში და როგორ გადალახეთ ეს სირთულეები).

3. გაშიფრეთ თქვენს მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ინტერვიუს აუდიოჩანაწერი, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე წარმატებულად წარიმართა.

რეკომენდებული ლიტერატურა:

1. С. Белановский. 2000. Глубокое интервью. М.: Никколо М.

2. H. Russel Bernard. 2002. Reseach Methods in Anthropology. Qualitative and Quantitative?Approaches. Third edition. Walnut Creek, CA: AltaMira Press. Pp. 206-220 (“Unstructured?Interviewing”) and 449-488 (“Some Traditions of Text Analysis”).

3. Gabriele Cappai. 2000. Fra realtà locale e processi globali. Emigrazione, associanismo ed?identità nelle società multikulturali. Halle/Saale: Hallescher Verlag.

4. James A. Holstein and Jaber F. Gubrium. 1995. The Active Interview. Thousand Oaks: Sage?Publications.

5. Gail Kligman. 1998. The Politics of Duplicity. Controlling Reproduction in Ceausescu's?Romania. Berkley: University of California Press. Pp. 148-205 (“Bitter Memories: The Politics of?Reproduction in Everyday Life”).

6. John Lofland and Lyn Lofland. 1995. Analyzing Social Settings: A Guide to Qualitative?Observation and Analysis. Belmont, Calif.: Wadsworth. Pp. 78-89.

7. James P. Spradley. 1979. Ethnographic Interview. New York: Holt, Rinehart and Winston.

8. Robert S. Weiss. 1994. Learning from Strangers. The Art and Method of Qualitative Interview Studies. New York: Free Press.

_____________________

1. იხ., მაგალითად: Jaber F. Gubrium and James A. Holstein. 2002. “From Individual Interview to the Interview Society,” pp. 3-32 in: Handbook of Interview Research: Context and Method. Ed. by Jaber F. Gubrium. Thousand Oaks: Sage Publications.

2. ზოგი ქართველი მკვლევარი ამ მეთოდს „ჩაღრმავებულ ინტერვიუს” უწოდებს.

3. Robert S. Weiss. 1994. Learning from Strangers. The Art and Method of Qualitative Interview Studies. New York: Free Press. P. 208.

4. Ibid. P. 210.

5. Ibid. P. 65.

6. H. Russel Bernard. 2002. Reseach Methods in Anthropology. Qualitative and Quantitative Approaches. Third edition. Walnut Creek, CA: AltaMira Press. P. 209.

7. ეს ყოველთვის ასე არ არის დასავლეთის ქვეყნების თანამედროვე კვლევით პრაქტიკაში, სადაც მიღებულია ინტერვიუერების დაქირავება არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ, აგრეთვე თვისებრივი ინტერვიუების ჩატარების მიზნით. მიუხედავად ამისა, ამ სალექციო კურსშის ფარგლებში ჩვენ უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ სიღრმისეული ინტერვიუ თავად მკვლევარმა ჩაატაროს, და ამ ლექციაში ტერმინები „მკვლევარი” და „ინტერვიუერი” იხმარება როგორც სინონიმები.

8. Robert S. Weiss. Op cit. P. 66.

9. ამ ლექციის შემდეგ (მაგალითი №1) მოყვანილია სიღრმისეული ინტერვიუს სადისკუსიო გეგმის მაგალითი.

10. Robert S. Weiss. Op. cit. Pp. 74-76.

11. შესაძლოა, ყველა ამ ინტერვიუს დამუშავება ვერ მოხერხდეს, ვინაიდან რესპონდენტებს შორის შეიძლება შეგვხვდეს ადამიანები, რომლებიც ვერ მოახერხებენ თავისი აზრის საკმაოდ ვრცლად ჩამოყალიბებას. თუმცა, სიღრმისეული ინტერვიუების ჩატარების დროს ასეთი რამ შედარებით იშვიათად ხდება, ვინაიდან ყველა რესპონდენტი, როგორც წესი, ინდივიდუალურად არის ხოლმე შერჩეული, და შერჩევის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ მათი ლინგვისტიკური კომუნიკაციის მაღალი დონეა.

12. Robert S. Weiss. Op. cit. P. 21.

13. იხ. Robert S. Weiss. Op. cit.

14. იხ. Gail Kligman. 1998. The Politics of Duplicity. Controlling Reproduction in Ceausescu's Romania. Berkley: University of California Press.

15. Gabriele Cappai. 2000. Fra realtа locale e processi globali. Emigrazione, associanismo ed identitа nelle societа multikulturali. Halle/Saale: Hallescher Verlag.

??? დამატებით ასეთი მეთოდიკების შესახებ იხ. H. Russel Bernard. 2002. Research Methods in Anthropology. Qualitative and Quantitative Approaches. Pp. 210-217.

17. С. Белановский. 2001. Метод фокус-групп. М.: Никколо М. С. 26.

18. James P. Spradley. 1979. Ethnographic Interview. New York: Holt, Rinehart and Winston. P. 92.

19. Robert S. Weiss. Op. cit. P. 151.

20. H. Russel Bernard. Op. cit. Pp. 449-488.

21. ასეთი პროგრამებია, მაგალითად, ATLAS.ti და NUD.IST

3.1 მაგალითი №1 ახალგაზრდული უმუშევრობის პრობლემა საქართველოში

▲back to top


სადისკუსიო გეგმა1

შენიშვნები:

როგორც ეს სადისკუსიო გეგმა გვიჩვენებს, კითხვების ფორმულირება არ არის მკაცრი, არამედ შესაძლებელია გვქონდეს ერთი და იგივე შეკითხვის რამდენიმე ვერსია. გარდა ამისა, სადისკუსიო გეგმა შეიძლება შეიცავდეს პასუხის მოსალოდნელ ვარიანტებს — აქ ყველაზე ხშირად გვხვდება ვარიანტები, რომლებიც მნიშვნელოვანია კვლევითი ამოცანებიდან გამომდინარე.

თუ ინტერვიუერი ამას საჭიროდ მიიჩნევს, მას შეუძლია შეიტანოს სადისკუსიო გეგმაში გარკვეული ცვლილებები, მონიშნოს, რა კითხვა მიაჩნია ყველაზე მიზანშეწონილად ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების მიზნით, როგორ გააგრძელოს დისკუსია ამა თუ იმ პასუხის მიღების შემთხვევაში. სავსებით დასაშვებია და მოსალოდნელიც არის, რომ სადისკუსიო გეგმამ ცვლილებები განიცადოს ინტერვიუების ჩატარების შედეგად, იმის მიხედვით, თუ რა დამატებით ცოდნას მიიღებს ინტერვიუერი შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით

[შესავალში გააცანით რესპონდენტს ინტერვიუს მიზანი, ამოცანები, დაარწმუნეთ მისი პასუხების ანონიმურობაში.]

ვინ ბრძანდებით? გთხოვთ მოკლედ მომიყვეთ თქვენი თავის შესახებ. [ასაკი, ოჯახი, პირველადი იდენტიფიკაცია]

რას საქმიანობდით სკოლის დამთავრების შემდეგ? [რაც შეიძლება დაწვრილებით სკოლის დამთავრების შემდეგ გასული მთელი დროის მანძილზე]

რა განათლება გაქვთ მიღებული? სად სწავლობდით? როდის დაამთავრეთ სწავლა?

[თუ რესპონდენტი არ სწავლობს და არც უსწავლია სკოლის შემდეგ:] რატომ არ სწავლობთ? [აბარებდა, მაგრამ ვერ ჩააბარა არც უცდია; სხვა]

რატომ აირჩიეთ ეს სპეციალობა? [ნანობს?] რომელიმე სხვა სპეციალობაზე თუ ფიქრობდით?

დღეს რომ ირჩევდეთ სპეციალობას, რას აირჩევდით? იგივეს თუ სხვას? რატომ?

რამდენად კმაყოფილი ხართ მიღებული განათლებით? რატომ?

როგორ სწავლობდით? როგორ დაამთავრეთ უმაღლესი სასწავლებელი?

რას საქმიანობთ ამჟამად? [რაც შეიძლება დაწვრილებით]

რამდენად გადგებათ მიღებული განათლება?

ვისთან ერთად ცხოვრობთ ამჟამად? [ოჯახური მდგომარეობა]

ვინ მუშაობს ოჯახში? როგორ შეაფასებდით თქვენი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას? ვინ არჩენს ოჯახს ძირითადად?

ეძებთ თუ არა სამსახურს ამჟამად?

[არა:] რატომ არა?

[დიახ:] როგორ ეძებთ? როგორ სამსახურს ეძებთ? [სპეციალობით თუ ნებისმიერს; როგორი ანაზღაურებით]

როგორ ფიქრობთ, რა ადგილს დაიკავებს ეს სამსახური თქვენს ცხოვრებაში? [შემოსავლის წყარო; “სახლიდან გასვლა”, საყვარელი საქმის კეთება და სხვ.]

რატომ ვერ მოახერხეთ სამსახურის შოვნა დღემდე? [იყო თუ არა ვარიანტები? იყო თუ არა ისეთი ვარიანტი, რომელზეც თვითონ თქვით უარი? რა მიზეზით? როგორი ვარიანტები იყო ეს?]

თქვენი აზრით, რა პირობები შეუწყობს ხელს იმას, რომ თქვენ ამჟამად სამსახური დაიწყოთ?

რომელი სპეციალობაა დღეს ყველაზე პერსპექტიული?

ვისთან გაქვთ ურთიერთობა ყველაზე ხშირად? [მეგობრებიმეგობრების დასაქმება]

თქვენს მეგობრებს/ახლობლებს შორის, ვის გაუმართლა ყველაზე მეტად სამსახურის მხრივ? [მოგვიყევს დაწვრილებითროგორი სამსახური აქვს ამ ადამიანს; სად; როგორ იშოვა ეს სამსახური; რამდენად კმაყოფილია, და ..]

როგორ გესახებათ თქვენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ? კერძოდ, დასაქმების სფეროში? რისკენ ისწრაფვით, რისი იმედი გაქვთ?

_____________________

1. ეს სადისკუსიო გეგმა შედგენილი იქნა თესაუ სოციოლოგიის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტების მიერ 2003 წელს და გამოყენებული იქნა სასწავლო სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარებისას.

4 თემა 3. ფოკუს-ჯგუფი

▲back to top


ფოკუს-ჯგუფი ჯგუფური ინტერვიუს სახეობაა, რომლის მსვლელობაც გარკვეულ წესებს ემორჩილება და რომელსაც სპეციფიკური მიზნები ახასიათებს. ასევე განსხვავებულია ფოკუს-ჯგუფის ჩატარების პროცესში გამოყენებული მეთოდიკები, მოთხოვნები რესპონდენტთა შერჩევისადმი და მკვლევარსა და რესპონდენტებს შორის ურთიერთობის ფორმები.

ზოგიერთი მკვლევარი ფოკუს-ჯგუფს „ჯგუფურ სიღრმისეულ ინტერვიუს“ უწოდებს, ვინაიდან, როგორც წინა ლექციაში აღვნიშნეთ, ფოკუს-ჯგუფსა და სიღრმისეულ ინტერვიუს საერთო თვისებები ახასიათებს. მაგრამ ამ ორ მეთოდს შორის არის სერიოზული განსხვავებებიც, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფოკუს-ჯგუფის დროს ერთდროულად რამდენიმე რესპონდენტს ვესაუბრებით (ყველზე უფრო ხშირად მათი რაოდენობა 8-დან 10-მდე მერყეობს), და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ შორის აზრთა გაცვლას (აქედან გამომდინარეობს ამ მეთოდის კიდევ ერთი დასახელება - „ჯგუფური დისკუსია“).

სიღრმისეულ ინტერვიუსთან შედარებით, ფოკუს-ჯგუფს ის უპირატესობა აქვს, რომ რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფში ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე ადამიანი, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო გულახდილია, და მისი გულახდილობა, როგორც წესი, ჯგუფის სხვა წევრების გულახდილობასაც იწვევს.

გარდა ამისა, სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარების პროცესში განსაკუთრებით თვალში საცემია ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის არსებული სოციალური დისტანცია, რომელმაც, შესაძლოა, დამთრგუნველად იმოქმედოს რესპონდენტზე. ფოკუს-ჯგუფში ეს სოციალური დისტანცია არ ქრება, მაგრამ აქ რესპონდენტი მარტო აღარ არის - მის გვერდით სხედან სხვა რესპონდენტები, რომლებიც, როგორც წესი, იმავე სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან და რომლებიც მისსავე მდგომარეობაში არიან, რაც რესპონდენტის მეტ სითამამეს იწვევს და თვითდაჯერებულობას მატებს მას. ემპირიულ სოციალურ მეცნიერებებში ფოკუს-ჯგუფების თანამედროვე სახე ჩამოყალიბდა ჯგუფებთან ექსპერიმენტალური მუშაობის გამოცდილების საფუძველზე, რომელსაც თავიდან ფსიქოლოგები მიმართავდნენ.

თუმცა 1940-იან წლებში სოციალური კვლევების სივრცეში რაოდენობირივი მეთოდები დომინირებდა, ამ პერიოდში ამერიკულ სოციალურ მეცნიერებს შორის იყვნენ ისეთები, ვინც სკეპტიკურ დამოკიდებულებას გამოთქვამდა სტრუქტურირებული და მკაცრად ფორმალიზებული მეთოდების მიმართ. ამ სკეპტიციზმის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ფორმალიზებული მეთოდები მნიშვნელოვნად ზღუდავდნენ როგორც რესპონდენტების, ასევე მკვლევრების თავისუფლებას, მკაცრ ჩარჩოებში აქცევდნენ კვლევას, რაც, ზოგის აზრით, უარყოფით გავლენას ახდენდა მიღებული ინფორმაციის სანდოობაზე. ამიტომ თანდათანობით სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდნენ ნაკლებად ფორმალიზებული მეთოდები, სადაც ღია კითხვები და არაფორმალიზებული ინტერვიუები დომინირებდა.

თანამედროვე ფოკუს-ჯგუფების უშუალო წინამორბედად სოციალურ მეცნიერებებში ამერიკელი სოციოლოგის რობერტ მერტონის და მისი კოლეგების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს შემუშავებული „ფოკუსირებული ინტერვიუს“ მეთოდი ითვლება. ამ მეთოდის მეშვეობით ისინი იკვლევდნენ ფაშისტური გერმანიის სამხედრო პროპაგანდის გავლენას ჯარისკაცებზე. მაგრამ მერტონის ფოკუსირებული ინტერვიუ შეიძლება ყოფილიყო როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური. მიუხედავად იმისა, რომ 1956 წელს მერტონმა თავის კოლეგებთან, მ. ფისკესა და პ. კენდალთან ერთად გამოსცა ამ მეთოდისადმი მიძღვნილი წიგნი „ფოკუსირებული ინტერვიუ“,1 მათ არ შეუმუშავებიათ ამ ტერმინის მკაცრი განმარტება. ომის დამთავრების შემდეგ მერტონმა შეწყვიტა მუშაობა ამ მიმართულებით, და გარკვეული დროის მანძილზე ეს მეთოდი დავიწყებას მიეცა, სანამ 1970-იან წლებში მის შესახებ არ გაიხსენეს მარკეტინგული კვლევების ჩატარების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ფოკუს-ჯგუფები ფართოდ გამოიყენება ემპირიულ კვლევებში და მათ საყოველთაო აღიარება პოვეს როგორც მარკეტინგში, ასევე პოლიტიკური სიტუაციების და სოციალური პრობლემების შესწავლისას, თეორიული თვალსაზრისით ჯერაც არ არის შესწავლილი თუ რა ტიპის გამოკვლევებშია ეს მეთოდი ყველაზე უფრო მიზანშეწონილი. ითვლება, რომ ფოკუს-ჯგუფების გამოყენება საუკეთესო შედეგებს საბაზრო სიტუაციის, ბაზარზე ახალი საქონლისათვის შესაფერისი ადგილის შესწავლის მიზნით ჩატარებულ კვლევებში იძლევა. ეს მეთოდი ყველაზე უკეთ გვეხმარება გავიგოთ რესპონდენტების აზრი ამა თუ იმ საქონლის შესახებ, დავადგინოთ ამ საქონლის მოხმარების ფორმები და, რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანის გაკეთების მოტივები. ეს ინფორმაცია შემდგომში ეხმარება მწარმოებლებს, გააუმჯობესონ საქონლის ხარისხი, შეცვალონ სარეკლამო სტრატეგია და სხვ. ასევე, ფოკუსჯგუფების გამოყენება ეფექტურია მომავალი რეკლამის ეფექტურობის განსაზღვის მიზნით. მარკეტინგის გარდა, ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება პოლიტიკურ კვლევებში, პოლიტიკური პარტიების ან ცალკეული პოლიტიკოსების იმიჯის და მათი საარჩევნო შანსების შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით. ფოკუს-ჯგუფები სოციალური ხასიათის კვლევებშიც გამოიყენება, ხშირად - როგორც პრობლემის წინასწარი შესწავლის საშუალება ან რაიმე სოციალური პროგრამის ეფექტურობის შეფასების მიზნით. ამასთან, არის თემები, რომელთა შესწავლისას მიზანშეწონილი არ იქნება ფოკუსჯგუფების გამოყენება. ესენია, უპირველეს ყოვლისა, ინტიმური ხასიათის საკითხები, მათ შორის - პირადი ჰიგიენა, ცოლ-ქმრული ურთიერთობები, ღალატი ოჯახში. ფოკუსჯგუფის მეთოდი ასევე ნაკლებეფექტურია რესპონდენტების შემოსავლის და საერთოდ, მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ კვლევის ჩატარებისას.

მეთოდის დახასიათება

როგორც მკვლევართა დიდი ნაწილი თვლის, ფოკუს-ჯგუფები საშუალებას გვაძლევს, არა მხოლოდ ძალიან ღრმად შევისწავლოთ ესა თუ ის რთული საკითხი, არამედ შევიქმნათ ნათელი წარმოდგენა ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოებაში არსებული აზრთა მრავალფეროვნების შესახებ. ფოკუს-ჯგუფის დროს წარმოქმნილი დისკუსიების შედეგად უკეთ ვლინდება რესპონდენტების დამოკიდებულება გარკვეული სოციალური პრობლემებისადმი, მათი ფსიქოლოგიური განწყობები და ემოციური შეფასებები, რომლებიც ხშირად არც არის შეგნებულად გათვითცნობიერებული რესპონდენტების მიერ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა 8-დან 10-მდე მერყეობს, თუმცა ზოგ შემთხვევაში რესპონდენტთა მინიმალური რაოდენობა შეიძლება 5-6 იყოს, ხოლო მაქსიმალური - 12.40 რესპონდენტთა რაოდენობის მკაცრი შეზღუდვა იმიტომაა აუცილებელი, რომ ფოკუს-ჯგუფის მსვლელობაში მის ყველა მონაწილეს უნდა მიეცეს თავისი აზრის თავისუფლად და სრულად გამოთქმის საშუალება. თუ ეს პირობა არ სრულება, ფოკუს-ჯგუფი ვერ აღწევს თავის მიზანს.

როგორც წესი, ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე არჩევენ, ეს კრიტერიუმები კი გამოკვლევის ამოცანებითაა განპირობებული. უპირველესი მოთხოვნა მონაწილეთა შერჩევისადმი ისაა, რომ ისინი უნდა იყვნენ გათვითცნობიერებულნი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ფოკუს-ჯგუფი ეძღვნება (მარკეტინგული კვლევების შემთხვევაში - უნდა იყვნენ ამა თუ იმ საქონლის მომხმარებლები, ან პოტენციური მომხმარებლები).

საერთო რეკომენდაციის თანახმად, ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები არ უნდა იცობნდენ ერთმანეთს და ჯგუფის წამყვანს. ითვლება, რომ უცხო ადამიანებს შორის ჯგუფის მსვლელობისას შეიძლება ე.წ. „თანამგზავრის ეფექტი“ გაჩნდეს, და რესპონდენტები მეტ გულახდილობას გამოიჩენენ იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც არ იცნობენ, ვისაც ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ხედავენ. მაგრამ რიგ შემთხვევაში (მაგალითად, პატარა თემებში მუშაობისას) ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ძალზე რთულია. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ცნობილია შემთხვევები, როდესაც ჩატარებული იქნა ფოკუს-ჯგუფების სერია, სადაც ყველა რესპონდენტი იცნობდა ერთმანეთს. ამ ჯგუფების არაფორმალური ხასიათის ხაზგასმის მიზნით ისინი ერთ-ერთი რესპონდენტის ბინაში ჩატარდა. როგორც ამ ექსპერიმენტმა დაადასტურა, ასეთ პირობებში სავსებით შესაძლებელია ფოკუს-ჯგუფების წარმატებით ჩატარება.2

მიზანშეწონილია, რომ ჯგუფის შემადგენლობა ჰომოგენური იყოს ასაკობრივი და სქესობრივი თვალსაზრისით; ასევე, ფოკუს-ჯგუფში ერთი და იმავე სოციალური მდგომარეობის მქონე პირები უნდა იღებდნენ მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუფის წარმატების პერსპექტივები მცირეა, ვინაიდან მის მსვლელობაში თავს იჩენს დაძაბულობა, მთელი რიგი ემოციური ასპექტები, რომლებიც რესპონდენტთა ყურად ღების გაფანტვას იწვევს.

ფოკუს-ჯგუფის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს ჯგუფის წამყვანის, ანუ მოდერატორის ხელოვნება.3 მისი მთავარი დანიშნულებაა, გაუძღვეს დისკუსიას იმ სადისკუსიო გეგმის საფუძველზე, რომელიც საკითხის წინასწარი შესწავლის და გამოკვლევის პროგრამის საფუძველზე იქნა შემუშავებული. არ შეიძლება იმის თქმა, რომ სიღრმისეული ინტერვიუს და ფოკუს-ჯგუფის სადისკუსიო გეგმებს შორის რაიმე პრინციპული განსხვავებები იყოს, თუმცა ფოკუს-ჯგუფის სადისკუსიო გეგმა, რა თქმა უნდა, ორიენტირებულია რამდენიმე რესპონდენტზე.

მოდერატორის ოსტატობა იმაში გამოიხატება, რომ მან უნდა გამოიწვიოს ჯგუფის მონაწილეების გულახდილობა, უზრუნველყოს ყველა რესპონდენტის მონაწილეობა დისკუსიაში, მათ შორის მათი, ვინც არ არის აქტიური, ან თავს გაუბედავად გრძნობს. თუ ჯგუფის მსვლელობაში რაიმე მიზეზის გამო ვითარება დაიძაბება, ან რესპონდენტებს შორის რაიმე გაუგებრობა მოხდება, მოდერატორის მოვალეობაა, განმუხტოს სიტუაცია.

მოდერატორი კარგი მსმენელი უნდა იყოს, დიდი ყურადღებით უსმინოს გამართულ საუბარს და როდესაც საჭიროდ ჩათვლის, გაჩუმდეს, რათა რესპონდენტებმა თავად წარმართონ დისკუსია. ფსიქოლოგებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ როდესაც რესპონდენტები ხედავენ, რომ მათ ყურადღებით უსმენენ, რომ მათი აზრი აინტერესებთ, ისინი იოლად და სიამოვნებით თანხმდებიან თანამშრომლობაზე. მოდერატორმა უნდა გაუადვილოს რესპონდენტებს დისკუსიაში მონაწილეობა; მის ქცევაში არ უნდა იყოს არაფერი, რაც შებოჭავს რესპონდენტებს. სწორედ მოდერატორზეა დამოკიდებული ჯგუფში მეგობრული და ღია ატმოსფეროს შექმნა, რაც უეჭველად შეუწყობს ხელს დისკუსიის წარმატებას. იდეალურ შემთხვევაში, ფოკუს-ჯგუფის მსვლელობაში შექმნილი ატმოსფერო მის მონაწილეებს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს, საინტერესო უნდა იყოს მათთვის.

ფოკუს-ჯგუფის ჩატარებისას აქტუალობას კარგავს მასობრივი გამოკითხვებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ადეკვატურად ესმით რესპონდენტებს დასმული კითხვები - მოდერატორის ერთ-ერთ მოვალოებას სწორედ იმის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომ რესპონდენტებმა სწორად გაიგონ დასმული კითხვები; ზოგჯერ მოდერატორის ჩარევა არც არის ხოლმე აუცილებელი, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში ჯგუფის სხვა წევრები თავად ეხმარებიან იმ რესპონდენტს, რომელმაც ვერ გაიგო კითხვა, აზუსტებენ რა კითხვის შინაარსს. საერთოდ, ჯგუფის მსვლელობაში რესპონდენტების ურთიერთობა ერთმანეთთან ხშირად საშუალებას აძლევს მოდერატორს, ჩრდილში დარჩეს, შესაბამისად - ნაკლებად მოახდინოს გავლენა რესპონდენტების აზრებზე თავისი შეკითხვებით და კომენტარებით, რაც, რა თქმა უნდა, მნიშნველოვნად ამცირებს რესპონდენტების პასუხების რეაქტიულობას. ეს გარემოებაც ფოკუს-ჯგუფების ძალზე მნიშვნელოვან უპირატესობად ითვლება. ამასთან, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მოდერატორი ნაკლებ ყურადღებას აქცევს ჯგუფის მსვლელობისას გამართულ დისკუსიას - პირიქით, მისი ჩრდილში გასვლა, როდესაც ეს საჭიროა და სასარგებლოა ჯგუფის მსვლელობისათვის, მის მაღალ პროფესიულ ოსტატობაზე მოწმობს. როდესაც ის ამის საჭიროებას დაინახავს, მოდერატორი კვლავ ჩაერთვება ჯგუფის წაყვანის პროცესში, იმდენად აქტიურად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება.

ისევე როგორც თვისებრივი მეთოდების ნებისმიერი სახეობა, ფოკუს-ჯგუფების მეთოდი გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს მკვლევარს ამ მეთოდის გამოყენების კონკრეტულ ფორმებთან დაკავშირებით. მოდერატორის მიერ ფოკუს-ჯგუფის ჩატარების სტილი შეიძლება იყოს როგორც მკაცრი, ასევე ლიბერალური. უკანასკნელ შემთხვევაში, როგორც წესი, საქმე გვაქვს გამოცდილ მოდერატორთან, ვინაიდან რესპონდენტების მოჩვენებითი თავისუფლების მიუხედავად, მან მაინც უნდა აკონტროლოს დისკუსიის მსვლელობა და უნდა მიიღოს პასუხები დასმულ კვლევით კითხვებზე.

ფოკუს-ჯგუფის ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა ისაა, რომ ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ აზრების ჩამოყალიბების პროცესს, და ამასთან, შევეცადოთ დავადგინოთ, თუ რატომ ფიქრობს ხალხი ისე, როგორც ფიქრობს4. ეს ხდება ჯგუფის მონაწილეებს შორის აზრთა გაცვლის დროს. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ფოკუს-ჯგუფის ჩატარება ხშირად ხელს უწყობს ამა თუ იმ საკითხის ახალი თვალით დანახვას, მისი მნიშვნელოვანი ასპექტების გამოყოფას, რომლებიც, შესაძლოა, არ გამოაშკარავებულიყო ფორმალიზებული ინტერვიუს დროს. ამიტომ, როგორც დევიდ მორგანი თვლის, ფოკუს-ჯგუფების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსებას წარმოადგენს ამ მეთოდის უნარი, აღმოაჩინოს ახალი თემები და წამოჭრას ახალი ჰიპოთეზები5. ამასთან, ფოკუს-ჯგუფი არავითარ შემთხვევაში არ ისახავს მიზნად რაიმე გადაწყვეტილების მიღებას - მისი მთავარი დანიშნულებაა, ყველა რესპონდენტს თავისი აზრის გამოთქმის საშუალება მისცეს.

მაგრამ ფოკუს-ჯგუფის, ისევე როგორც სიღრმისეული ინტერვიუს შედეგად მკვლევარი მხოლოდ რესპონდენტების ვერბალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნებს, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულად ამცირებს შედეგების სანდოობას, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს.6

ფოკუს-ჯგუფის ჩატარება სერიოზულ მომზადებას მოითხოვს, რაც გულისხმობს თემის წინასწარ შესწავლას, გამოკვლევის პროგრამის და სადისკუსიო გეგმის შემუშავებას, აგრეთვე, ჯგუფის ჩატარების ტექნიკური მხარეების უზრუნველყოფას.

შენობა, სადაც ფოკუს-ჯგუფი ტარდება, სპეციალურ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს. ეს უნდა იყოს სადა ოთახი, რომელიც დაცულია გარე ხმაურისაგან. როგორც წესი, ფოკუს-ჯგუფები ტარდება მკვლევარის ოფისში, სპეციალურ ოთახში, რომლის ერთი კედელზეც ცალმხირივი სარკეა, რომელიც საშუალებას აძლევს მკვლევართა გუნდს ან დამკვეთებს თვალი ადევნონ დისკუსიას ისე, რომ ხელი არ შეუშალონ მის მსვლელობას. რესპონდენტებმა არ იციან ამ სარკის და მეორე ოთახის არსებობის შესახებ.

ყოველთვის ხდება ფოკუს-ჯგუფის დროს გამართული საუბრის აუდიო- და/ან ვიდეოჩაწერა, რის შესახებაც რესპონდენტები წინასწარ უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი კონფიდენციალობა.

ფოკუს-ჯგუფის ხანგრძლივობა, როგორც წესი, საათნახევრიდან ორ საათამდეა; შესვენების გაკეთება ფოკუს-ჯგუფის მიმდინარეობის დროს არ არის მიზანშეწონილი. ფოკუს-ჯგუფის მსვლელობისას რესპონდენტებს, როგორც წესი, უმასპინძლდებიან გამარგილებელი სასმელებით.

ერთი კვლევითი პროექტის ფარგლებში, როგორც წესი, რამდენიმე ფოკუს-ჯგუფი ტარდება, რომლებიც ხშირად განსხვავდება მონაწილეთა მაჩვენებლების მიხედვით (ქალები; მამაკაცები; სხვადასხვა ასაკობრივი ან პროფესიული ჯგუფი); არც თუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ჯგუფები სხვადასხვა ქალაქში, ან სულაც სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. ყველა ასეთ შემთხვევაში მკვლევარი გაცილებით უფრო მდიდარ ინფორმაციას იღებს, და შედეგების შედარების შესაძლებლობა ეძლევა ასაკობრივ, სქესობრივ, ტერიტორიალურ/რეგიონალურ ჭრილში.

არცთუ იშვიათად ფოკუს-ჯგუფები გამოიყენება კვლევის დაზვერვით ეტაპზე, როგორც ნაკლებად ცნობილი პრობლემის შესწავლის პირველი ნაბიჯი, რომელიც გვეხმარება საერთო ჰიპოთეზების ფორმულირებაში. გარდა ამისა, ფოკუს-ჯგუფების მსვლელობისას მიღებული ინფორმაცია მდიდარ და სასარგებლო მასალას იძლევა მასობრივი გამოკითხვის კითხვარის შესადგენად, კერძოდ, კითხვების ჩამოყალიბებისა და მათი „დახურვის” დახვეწის მიზნით, ვინაიდან ფოკუს-ჯგუფების მსვლელობაში კარგად ვლინდება რესპონდენტების „ლექსიკონი”, მათი აზროვნების მოდელები.

ფოკუს-ჯგუფები კარგად უთავსდება კვლევის სხვა მეთოდებს, ამიტომ ხშირად გამოიყენება ფართომასშტაბიან პროექტებში სხვა მეთოდებთან, მათ შორის მასობრივ გამოკითხვასთან ერთად. უკანასკნელ შემთხვევაში, ფოკუს-ჯგუფების შედეგად მიღებული თვისებრივი ინფორმაცია, როგორც წესი, ამდიდრებს რაოდენობრივ შედეგებს. აღსანიშნავია, აგრეთვე ისიც, რომ მასობრივ გამოკითხვებთან შედარებით ფოკუს-ჯგუფების ჩატარება ნაკლებ დროს მოითხოვს და დამკვეთს გაცილებით უფრო იაფი უჯდება, ვიდრე სხვა ტიპის კვლევის ჩატარება.

პროექციული ტექნიკები

თვისებრივ მეთოდებში და, კერძოდ, ფოკუს-ჯგუფებში ფართოდ გამოიყენება ე.წ. პროექციული ტექნიკები7, რომლებიც წინა ლექციაში განხილული ზონდირების საშუალებების განვითარების შედეგს წარმოადგენს. პროექციული ტექნიკების მიზანია ადამიანის შინაგანი სამყაროს უფრო ღრმა შესწავლა. ეს მეთოდიკები მჭიდრო კავშირშია ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ ტესტებთან, და ფსიქოლოგიის მრავალ მიღწევას იყენებენ.

პროექციული ტექნიკების აუცილებლობას აქვს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლინგვისტური გამართლება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანის ქცევის მოტივები ხშირად ქვეცნობიერებაში არსებული მიზეზებით და მოტივებით აიხსნება, ამიტომ ზოგ შემთხვევაში ადამიანს არ შეუძლია საკუთარი საქციელის ან პოზიციის ახსნა ვერბალური საშუალებების გამოყენებით. ამას ემატება ლინგვისტური გამართლება - ენის, ანუ ჩვენი ვერბალური კომუნიკაციის საშუალების არასრულყოფილი ხასიათი. სწორედ პროექციული ტექნიკები დაგვეხმარება ამ ორი შეზღუდვის გადალახვაში.

მკვლევრები გამოიყენებენ პროექციული ტექნიკების მრავალ სახეობას. ვიდრე მკვლევარი გადაწყვეტილებას მიიღებდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ტექნიკა გამოიყენოს ამა თუ იმ გამოკვლევის ფარგლებში, მან სამ კითხვას უნდა გასცეს პასუხი:

1. რომელი ტექნიკა დაგვეხმარება ყველაზე უკეთ ჩვენს წინაშე მდგარი მიზნის მისაღწევად?

2. როგორ უნდა გამოვიყენოთ შერჩეული ტექნიკა?

3. როგორ უნდა დავამუშავოთ მიღებული შედეგები?

ქვემოთ მოყვანილია ათი ყველაზე გავრცელებული პროექციული ტექნიკის მოკლე აღწერა.8

1. სიტყვიერი ასოციაციები

მაგალითი: „რა აზრი გებადებათ, როდესაც გესმით სიტყვა „. . .“?“

ეს მეთოდიკა ძალზე მარტივია. მისი გამოყენების შემთხვევაში რესპონდენტებს, როგორც წესი, ადვილად ესმით, თუ რა გვინდა მათგან. ამასთან, ასეთი „სავარჯიშო“, თუ ის ფოკუს-ჯგუფის ან სიღრმისეული ინტერვიუს დასაწყისში გამოიყენება, საშუალებას გვაძლევს, შევიქმნათ წარმოდგენა რესპონდენტების „ლექსიკონის“, მათი სიტყვათა მარაგის შესახებ და აგრეთვე, გავერკვეთ ამა თუ იმ პროდუქტის ან სოციალური სიტუაციის შეფასების ვარიაციებში.

ეს ტექნიკა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი სახით; უკანასკნელ შემთხვევაში, მას აუცილებლად ანონიმური ხასიათი უნდა ჰქონდეს. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ტექნიკის წერილობითი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საკმაოდ მაღალი განათლების დონის მქონე რესპონდენტებთან მუშაობისას.

2. წინადადებების დამთავრება

მაგალითები: „ისინი, ვინც მხოლოდ ხსნად ყავას სვამს, არიან...“ „იდეალური ქორწინება - ესაა ქორწინება, რომელიც...“

ეს მეთოდიკაც ძალზე იოლია, და ამასთან - უაღრესად ეფექტური. მისი გამოყენება საშუალებას გვაძლევს, გამოვააშკარავოთ რესპონდენტების ფასეულობები, ცხოვრებისეული ორიენტაციები და ინტერესები. ის გვეხმარება, სწრაფად და მკაფიოდ ჩამოვაყალიბებინოთ რეპონდენტებს მათი დამოკიდებულება ჩვენთვის მნიშვნელოვანი

საკითხებისადმი.

3. შეკითხვები მესამე პირში

მაგალითები: „რატომაა, რომ ზოგი დიასახლისი იშვიათად წმენდს მაცივარს?“ „როგორც ფიქრობთ, რატომ არ უყვარს ხალხს ზანგები?“

ცნობილია, რომ როდესაც ადამიანი საკუთარი თავის შესახებ ლაპარაკობს, ის იმყოფება საკმაოდ ძლიერი სოციალური გავლენის ქვეშ, რომელიც ზღუდავს მას თავისი აზრებისა და შეფასებების გამოხატვაში და ხელს უშლის მისი აზრების გულახდილ გამოხატვას. მაგრამ როდესაც ჩვენ მას ვთხოვთ სხვების შესახებ (ანუ „მესამე პირში“) ილაპარაკოს, ის გაცილებით უფრო თავისუფალი ხდება, და უფრო გულწრფელად გვიზიარებს თავის მოსაზრებებს.

4. „ღრუბლიანინახატები

მაგალითი: ვუჩვენოთ რესპონდენტებს ნახატი ან ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია რაიმე სოციალური სიტუაცია და ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირის გვერდით დახატულია ცარიელი „ღრუბელი“, რომელიც სიმბოლურად მისი აზრის ჩასაწერ ადგილს წარმოადგენს. ვთხოვოთ რესპონდენტებს, „ღრუბელში“ ამ ადამიანის აზრი ჩაწერონ.

ეს მეთოდიკა შედარებით უფრო რთულია. მისი მეშვეობით ჩვენ ვიგებთ რესპონდენტების რეაქციას სურათზე ასახულ სოციალურ სიტუაციასთან დაკავშირებით ისე, რომ ჩვენ მას არ ვუბიძგებთ, რაიმე ტიპის დასკვნა გააკეთოს - ჩვენ საერთოდ არ აღვწერთ არაფერს, უბრალოდ ნახატს ვუჩვენებთ. ამ ნახატში რესპონდენტი დაინახავს მხოლოდ იმას, რის დასანახადაც ის უკვე მომზადებულია თავისი სოციალური თუ კულტურული მდგომარეობიდან გამომდინარე, ხოლო რესპონდენტის მიერ „ღრუბელში“ ჩაწერილი აზრი ნათლად გვიჩვენებს მის დამოკიდებულებას იმ პრობლემისადმი, რომელიც გვაინტერესებს.

ამ მეთოდიკის გამოყენებისას დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ შესაბამისი ნახატების შერჩევას, და შეძლებისდაგვარად კარგ მხატვრებს უნდა შევუკვეთოთ ისინი. ნახატი უნდა იყოს სადა, ნათელი და უბრალო.

5. პერსონიფიკაცია

მაგალითები: „წარმოიდგინეთ, რომ ახალი მარკის BMW-ს ავტომობილი ადამიანია. როგორი ადამიანია ის? შეგიძლიათ ამიღწეროთ?“

„წარმოიდგინეთ, რომ ეს ორგანიზაცია რაიმე ცხოველია. კონკრეტულად რომელ ცხოველს გაგონებთ ის?“

ხდება ხოლმე, რომ თავიდან რესპონდენტებს უჭირთ ამ მეთოდიკის გამოყენება, მაგრამ, როგორც წესი, შემდგომში ისინი გატაცებით უმატებენ მათ მიერ შექმნილ სახეს ახალ-ახალ დეტალებს.

სწორად გამოყენების შემთხვევაში ეს მეთოდიკა ძალზე მდიდარ ინფორმაციას მოგვცემს როგორც რაიმე საქონლის იმიჯის შესახებ, ასევე მისი „ტიპიური მომხმარებლის“ წარმომადგენლების თაობაზე; მასთან დაკავშირებულ ფასეულობებზე; რეკლამის გავლენაზე; და სხვა.

6. სტერეოტიპები

მაგალითი: რესპონდენტებს სთავაზობენ პროდუქტების სიას, რომლებსაც ყოველდღიურად მოიხმარს რომელიმე ჰიპოთეტური ოჯახი, და სთხოვენ, აღწერონ ეს ოჯახი.

ამ მეთოდიკის გამოყენება საპირისპირო ფორმითაც შეიძლება: აღვწეროთ ოჯახის ტიპი და ვთხოვოთ რესპონდენტებს, შეადგინონ იმ პროდუქტების სია, რომლებსაც ეს ოჯახი ყოველდღიურად მოიხმარს.

ეს მეთოდიკა პერსონიფიკაციის მეთოდიკის თავისებურ გაგრძელებადაც შეიძლება ჩაითვალოს. ის საშუალებას გვაძლევს, გამოვყოთ მომხმარებელთა ჯგუფები, რომლებიც, რესპონდენტთა აზრით, ტიპიურია.

7. როლების გათამაშება

მაგალითი: რესპონდენტებს ვთხოვთ, როლებში გაითამაშონ რაიმე სიტუაცია, მაგალითად, განასახიერონ სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული ანალოგიური საქონელი.

ეს საკმაოდ რთული მეთოდიკაა, რომლის გამოყენებასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება და ამასთან, ის მოითხოვს მოდერატორის განსაკუთრებულ ოსტატობას. ის საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, თუ რა ადგილს იკავებს ესა თუ ის საქონელი რესპონდენტების ყოფაში.

8. ნახატები და ფსიქონახატები

მაგალითი: ვთხოვოთ რესპონდენტებს, თავად დახატონ ნახატი რაიმე სიტუაციასთან დაკავშირებით.

ასეთი ნახატები საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ რესპონდენტების მიერ ამა თუ იმ საქონლის აღქმა, ამიტომ ისინი ძალიან ხშირად გამოიყენება სატელევიზიო სარეკლამო რგოლების ეფექტურობისადმი მიძღვნილ ფოკუს-ჯგუფებში. ამასთან, ასეთი ნახატების მეშვეობით შესაძლებლობა გვეძლევა შევამოწმოთ, თუ რამდენად დაახსოვდათ რესპონდენტებს ამა თუ იმ საქონლის შეფუთვა, სამარკო ნიშანი, და სხვა.

რა თქმა უნდა, ასეთი მეთოდიკის გამოყენების შესაძლებლობები შეზღუდულია, რამდენადაც ბევრი რესპონდენტი უკან დაიხევს იმ მიზეზის გამო, რომ ხატვა არ იცის, თუმცა აქ ხატვის ხარიხს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამიტომ ეს მეთოდიკა ყველაზე ხშირად ბავშვებთან მუშაობისას გამოიყენება.

9. კოლაჟი

მაგალითი: ჟურნალებიდან გამოჭრილი სურათების დიდი რაოდენობიდან რესპონდენტებს სთავაზობენ შეარჩიონ ისეთები, რომლებიც, მათი აზრით, ყველაზე მეტად შეესაბამება რომელიმე საქონლის ან ადამიანის იმიჯს.

ეს მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს, გამოვააშკარავოთ რესპონდენტების დამოკიდებულება ამა თუ იმ საქონლის მიმართ, და მოგვცემს ისეთ ინფორმაციას, რომლის ვერბალურად გამოხატვაც რეპონდენტებს გაუჭირდებათ.

როგორც წესი, კოლაჟის შედგენა საკმაოდ ძნელია, ამიტომ ითვლება, რომ თუ რესპონდენტებმა თავი გაართვეს ამ ამოცანას, ე.ი. ისინი ხანგრძლივი დროის მანძილზე შეგნებულად მოიხმარენ ამა თუ იმ საქონელს, და მათ ცნობიერებაში უკვე ჩამოყალიბებულია მყარი წარმოდგენა მის შესახებ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კოლაჟის ტექნიკა მნიშვნელოვან სირთულეებს შეიცავს არა მარტო რესპონდენტებისთვის, არამედ მკვლევარებისთვისაც, რომლებსაც, როგორც წესი, უჭირთ შედეგების ინტერპრეტაცია. ამიტომ ამ ტექნიკის გამოყენებისას უაღრესად მნიშვნელოვანია, მივცეთ რესპონდენტებს საშუალება, თავად აგვიხსნან თავისი არჩევანი და აგვიღწერონ ის, რაც „შექმნეს“.

10. კარტოგრაფირება (Brand mapping)

მაგალითი: რესპონდენტებს ვთხოვოთ, რამდენიმე ჯგუფად დაყონ კონკურენტი ფირმების მიერ დამზადებული მსგავსი საქონელი.

ეს მეთოდიკა საკმაოდ ფართოდ გამოიყენება მარკეტინგული ხასიათის ფოკუსჯგუფებში. ის საშუალებას გვაძლევს, გამოვაცოცხლოთ ჯგუფის მსვლელობა. ამასთან, ის გვაძლევს ძალზე ღირებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავს ბაზარს თვითონ მომხმარებელი. ამ მეთოდიკის დახმარებით შეიძლება დავინახოთ, რამდენად „სავსეა“ ბაზარი თუ, პირიქით, ჯერ კიდევ არის ახალი მარკის საქონლის შემოღწევის შესაძლებლობა. ის საშუალებას გვაძლევს, აგრეთვე დავინახოთ, იცვლება თუ არა მომხმარებლის წარმოდგენა არსებული საქონლების შესახებ რეკლამის გავლენის ქვეშ.

ამ მეთოდიკის გამოყენების შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და მისი ჩატარებისთვის საჭიროა დამხმარე „თვალსაჩინო მასალის“ გამოყენება.

პროექციული ტექნიკების გამოყენებისას აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

  • მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მიღება სხვა გზით (კერძოდ, პირდაპირი კითხვების მეშვეობით);

  • მკვლევარმა უნდა შეარჩიოს ის მეთოდიკა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მის წინაშე მდგარ ამოცანებს;

  • აუცილებელია წინასწარ განვსაზღვროთ, ფოკუს-ჯგუფის ჩატარების რომელ ეტაპზე უფრო მიზანშეწონილია შერჩეული ტექნიკის გამოყენება;

  • რესპონდენტებს გასაგებად უნდა ავუხსნათ, თუ რა გვინდა მათგან, როგორია „თამაშის წესები“;

  • აუცილებელია შეიქმნას გარემო, სადაც რესპონდენტები არ იგრძნობენ თავს ისე, თითქოს ისინი რაღაც გამოცდას აბარებენ;

  • მოდერატორის საქციელი მაქსიმალურად მოქნილი უნდა იყოს, და თუ მეთოდიკა არ „ამუშავდა” (რაც ხდება ხოლმე), მან უნდა მოახერხოს ჯგუფთან მუშაობის გაგრძელება ისე, რომ აღარ გაამახვილოს ამაზე ყურადღება;

  • არაა მიზანშეწონილი, გადავტვირთოთ ჯგუფი პროექციული ტექნიკებით - ერთი ჯგუფისთვის სავსებით საკმარისია 1-2 ასეთი მეთოდიკის გამოყენება (ერთი მეთოდიკის გამოყენება საშუალოდ 20 წუთს იკავებს);

  • ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ მეთოდიკების გამოყენებაში მათი შედეგების შემდგომი ინტერპრეტაციაა. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, პირველადი ინტერპრეტაცია თვით რესპონდენტებმა მოგვცენ.

პროექციული ტექნიკების გვერდით, ფოკუს-ჯგუფებში ფართოდ გამოიყენება, აგრეთვე ზონდირების საშუალებები, კერძოდ:

სიჩუმე. როგორც უკვე ვიცით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უბრალო, ნეიტრალური და ამასთან ეფექტური მეთოდი, და ამიტომ ის ძალიან ხშირად გამოიყენება.

ჟესტების ენა. ჯგუფის მსვლელობისას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს მოდერატორის არავერბალურ საქციელს, კერძოდ, მისი სახის გამომეტყველებას, მიმიკას, ხმის ინტონაციებს, თვალების მოძრაობას, თავის დაქნევას, ხმის ინტონაციას, დიქციას და სხვ. ყველა ეს არის ჯგუფის გაძღოლის არავერბალური ხერხები. მიზანშეწონილია, მოდერატორი პირდაპირ უყურებდეს თავის თანამოსაუბრეს, მაგრამ ამასთან არ ითვლება სწორად, თუ ის დიდი ხნით დააცქერდება ჯგუფის რომელიმე მონაწილეს.

ჯგუფური ურთიერთობის მართვა შესაძლებელია რამდენიმე ტექნიკის მეშვეობით, რომელთა შორისაა: დასმული კითხვების „გადაგზავნა“ ჯგუფის სხვა წევრებისთვის; გამოთქმული აზრის გამეორება; მონაწილეთა შეგნებული „დაპირისპირება“, და სხვ.

ინფორმაციის არასრულად გაგება ან რესპონდენტთა მიერ გამოთქმული აზრის შეგნებულად დამახინჯება მოდერატორის მიერ აიძულებს რესპონდენტებს, უკეთ ჩამოაყალიბონ თავისი აზრები.

რატომ?“-კითხვების გამოყენება, რომლებიც შეიძლება დავყოთ „მოტივის“ („რატომ?“) და „ინტერესის“ („როგორ?/როგორი?/როგორ მოხდა?“) კითხვებად.

„ზონდირების“, ისევე როგორც პროექციული ტექნიკების გამოყენებისას ყველანაირად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დაირღვეს რესპონდენტების ინტერესები და არ ჩავაყენოთ ისინი უხერხულ მდგომარეობაში.

ფოკუს-ჯგუფების შედეგების დამუშავების შესაძლებლობები

ფოკუს-ჯგუფის ჩატარების შემდეგ ხდება მის მსვლელობაში ჩაწერილი საუბრის ქაღალდზე სრულად გადატანა, რის შედეგადაც იქმნება საუბრის ტრანსკრიპტი (ფოკუსჯგუფის ტრანსკრიპტის მაგალითი იხ. დანართში 1). ამ ტრანსკრიპტის საფუძველზე მკვლევარი ან მკვლევართა ჯგუფი შემდგომში ამზადებს ანგარიშს, რომელიც, კვლევის მიზნების თანახმად, შეიცავს პასუხებს გამოკვლევის პროგრამაში დასმულ კითხვებზე. ფოკუს-ჯგუფის ანგარიში ანალიტიკური დოკუმენტია, რომელიც ჩვეულებრივ შეიცავს ციტატებს რესპონდენტთა საუბრიდან, ისევე როგორც მკვლევრის დასკვნებს და, ხშირად, პრაქტიკულ რეკომენდაციებს.

რამდენადაც ფოკუს-ჯგუფი ახლოსაა სიღრმისეულ ინტერვიუსთან, ამ ორი მეთოდის გამოყენების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების ანალოგიური შესაძლებლობები არსებობს. ანალიზის პირველ ეტაპზე ხდება ინფორმაციის კოდირება, შემდეგ კი - შედეგების ინტერპრეტაცია; ანალიზის საბოლოო საფეხურზე მკვლევარი აკეთებს დასკვნებს, რომლებიც წარმოადგენს პასუხს გამოკვლევის პროგრამაში დასმულ კითხვებზე.

სიღრმისეული ინტერვიუების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისაგან განსხვავებით, ფოკუს-ჯგუფების შედეგების დამუშავება დამატებით მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დონეზე უნდა განხორციელდეს ანალიზი. სიღრმისეული ინტერვიუს შემთხვევაში ამ კითხვაზე პასუხი თავისთავად ცხადია - აქ ანალიზის დონე შეიძლება მხოლოდ რესპონდენტი იყოს. მაგრამ ფოკუს-ჯგუფების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს როგორც რესპონდენტი, ასევე ჯგუფი (როგორც ერთეული), მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი კვლევის ფარგლებში რამდენიმე ფოკუს-ჯგუფი ტარდება. გადაწყვეტილების მიღება ანალიზის დონის თაობაზე ძალზე მნიშვნელოვანია. თუმცა, ერთი მხრივ, ყველა ჯგუფი რესპონდენტებისგან შედგება და სწორედ ინდივიდუალური რესპონდენტები აყალიბებენ ჯგუფის მსვლელობაში გამოთქმულ აზრებს, უდავოა, რომ ჯგუფის დინამიკა გავლენას ახდენს ცალკეულ რესპონდენტებზე, ანუ არსებობს აგრეთვე ანალიზის მეორე შესაძლო დონე, ჯგუფური. ამიტომ, დ.მორგანის აზრით, ფოკუს-ჯგუფის შედეგების ანალიზი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ამ ორ დონეს შორის არსებულ ურთიერთობებებს.10

რამდენადაც ფოკუს-ჯგუფები ხშირად გამოიყენება რაიმე პრობლემის წინასწარი შესწავლის მიზნით, მათი შედეგების ანალიზი ხშირად აღწერითი ხასიათისაა. ამ ლექციის ბოლოს მოყვანილია ფოკუს-ჯგუფების შედეგების სწორედ აღწერითი ანალიზის მაგალითი (იხ. მაგალითი 3). ის ეყრდნობა კვლევას, რომელიც ჩატარდა თავისუფლების ინსტიტუტის მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 2004 წლის ზაფხულში. კვლევა მიეძღვნა სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფში კორუფციის გავრცელების შეფასებას, კორუფციის გამომწვევი მიზეზების განხილვას და კორუფციის დაძლევის შესაძლო გზების დასახვას. თითოეულ ჯგუფში მონაწილეობას იღებდა რესპონდენტთა ჯგუფი, რომელიც ჰომოგენური იყო პროფესიული სტატუსის მიხედვით (მაგ., პროფესორმასწავლებლები; პოლიციელები; სახელმწიფო მოხელეები; სტუდენტები), მაგრამ არა სქესისა და ასაკის მიხედვით (თუმცა, რა თქმა უნდა, სტუდენტთა ჯგუფები ასაკის მიხედვითაც საკმაოდ ჰომოგენურები იყო).

ფოკუს-ჯგუფების ჩატარების შედეგად მიღებული შედეგების გენერალიზაცია არ არის გამართლებული, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება დასაშვებად ჩაითვალოს - თუ ჩატარებული იქნა საკმაოდ ბევრი ფოკუს-ჯგუფი, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფის და ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელმა რესპონდენტებმა.

ისევე როგორც საერთოდ თვისებრივ კვლევაში, ფოკუს-ჯგუფის შედეგების ანალიზისას განუყოფელია ანალიზის და ანგარიშის წერის ეტაპები.

დავალებები:

1. გაეცანით ფოკუს-ჯგუფის სადისკუსიო გეგმას „ღვინის მოხმარების კულტურა თანამედროვე საქართველოში“ (მაგალითი 2). რომელი პროექციული ტექნიკების გამოყენებაა დაგეგმილი ამ სადისკუსიო გეგმის საფუძველზე ჩატარებულ ფოკუსჯგუფში?

2. შეადგინეთ გამოკვლევის პროგრამა თემაზე კორუფციის გავრცელების მიზეზები საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში“; კვლევა ჩატარებული უნდა იყოს ფოკუს-ჯგუფ(ებ)ის გამოყენებით.

3. შეადგინეთ სადისკუსიო გეგმა თქვენთვის საინტერესო თემაზე ფოკუსჯგუფის ჩატარების მიზნით; გამოიყენეთ ის პროექციული ტექნიკები, რომლებიც ყველზე მიზანშეწონილად მიგაჩიათ კვლევის თემიდან გამომდინარე.

რეკომენდებული ლიტერატურა:

1. მაია არავიაშვილი, თამარ ზურაბიშვილი. 2001. „ნარკომანია: პრობლემის შეფასება ახალგაზრდების მიერ.“ // სოციოლოგია საქართველოში: თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები. თელავი: “სამოქალაქო განათლების პროექტი”.

2. С. Белановский. 2001. Метод фокус-групп. М.: Никколо М.

3. Richard A. Krueger. 2000. Focus Groups: A Practical Guide for Applied Research. Third edition. Thousand Oaks, Calif.: Sage Publications.

4. David L. Morgan. 1997. Focus Groups as Qualitative Research. Second Edition. Thousand Oaks, Calif.: Sage Publications.

_______________________?

?

1. Robert K. Merton, Marjorie Fiske, and Patricia L. Kendall. 1956. The Focused Interview. A Manual of Problems and Procedures. Glencoe, Ill.: Free Press.

2. არის შემთხვევები, როდესაც ფოკუს-ჯგუფის წევრების რაოდენობა 15-ს აღწევს, მაგრამ ეს არ არის მიზანშეწონილი.

3. David L. Morgan. 1997. Focus Groups as Qualitative Research. Second Edition. Thousand Oaks, CA: Sage Publications. P. 19.

4. მოდერატორი შეიძლება იყოს როგორც კვლევითი გუნდის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ მუშაობს გამოკვლევის ჩატარებაზე და მონაცემთა დამუშავებაზე, ასევე მოწვეული პირი, რომლის დანიშნულებაც მხოლოდ ფოკუს-ჯგუფის ჩატარებაა.

5. Richard A. Kruger. 1994. Focus Groups: A Practical Guide for Applied Research. Second Edition. Thousand Oaks, Calif.: Sage Publications. P. 3.

6. David L. Morgan. Op. cit. P. 21.

7. David L. Morgan. Op. cit. P. 8.

8. ტერმინი ნაწარმოებია სიტყვებისგან „პროექცია”, „პროეცირება”.

9. ეს პროექციული ტექნიკები გამოყოფილია სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (ამჟამად - ლევადა-ცენტრის) თვისებრივი კვლევების განყოფილების მიერ 1996-1998 წლებში.

10. David L. Morgan. Op. cit. P. 60.

4.1 მაგალითი №2 ღვინის მოხმარების კულტურა თანამედროვე საქართველოში

▲back to top


სადისკუსიო გეგმა1

შენიშვნა:

როგორც ფოკუს-ჯგუფის ეს სადისკუსიო გეგმა გვიჩვენებს, კითხვები შეიძლება დაჯგუფებული იყოს თემატურად, და განლაგებული იყოს ისე, რომ მოდერატორს გაუადვილდეს მუშაობა. გარდა ამისა, სადისკუსიო გეგმა შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე კითხვას ერთსა და იმავე თემაზე, დაზუსტებებს, რომელთა მიზანია რესპონდენტების დახმარება იმ შემთხვევაში, თუ მათ გაუჭირდებათ კითხვაზე პასუხის გაცემა. თუ მოდერატორი ამას საჭიროდ მიიჩნევს, მას შეუძლია შეიტანოს სადისკუსიო გეგმაში პასუხების მოსალოდნელი ვარიანტები და მონიშნოს, თუ როგორ გააგრძელოს დისკუსია ამა თუ იმ პასუხის მიღების შემთხვევაში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სადისკუსიო გეგმა ხშირად ინდივიდუალური დოკუმენტია და მოდერატორის გამოცდილებასა და მის პროფესიულ მიდგომას ასახავს.

საერთო შეკითხვები:

რა შემთხვევებში სვამთ ღვინოს?
- ყოველდღიურად
- დღესასწაულებზე (დაბადების დღე, ახალი წელი და ა.შ.)
- ქორწილი, ქელეხი
- სხვა ?

დაახლოებით რამდენ ლიტრ ღვინოს მოიხმართ წელიწადში? (კერძოდ, რამდენი ლიტრი ღვინო მოიხმარეთ თქვენ/თქვენმა ოჯახმა შარშან?)

არჩევანი

პირადად თქვენ, როგორ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?
- თეთრს თუ წითელს?
- გლეხურს თუ ქარხნულს?
რატომ?

თქვენი ნაცნობების უმრავლესობა როგორ ღვინოს ანიჭებს უპირატესობას? როგორ ფიქრობთ, როგორ ღვინოს ანიჭებს უპირატესობას ახალგაზრდების უმრავლესობა საქართველოში? რატომ? როგორ ღვინოს ანიჭებს უპირატესობას ასაკოვანი ხალხი? რატომ?

როგორ ფიქრობთ, როგორ ღვინოზე უფრო დიდი მოთხოვნა არსებობს დღეს საქართველოში?
- თეთრს თუ წითელს?
- გლეხურს თუ ქარხნულს?
რატომ?

თქვენი აზრით, რა განსხვავებაა ამ ტიპების ღვინოებს შორის:
- გლეხური;
- ქარხნული ჩამოსასხმელი;
- ქარხნული ბოთლის.

ვინ ანიჭებს უპირატესობას გლეხურ ღვინოს? (აღწერეთ ეს ხალხი.) რატომ ირჩევენ ისინი ასეთ ღვინოს?

ვინ ანიჭებს უპირატესობას ქარხნულ ღვინოს? (აღწერეთ ეს ხალხი) რატომ ირჩევენ ისინი ასეთ ღვინოს?

როგორ ფიქრობთ, დალევს თუ არა გლეხი ქარხნულ ღვინოს? (თუ არა — რატომ?)

რა შემთხვევაში დალევს?

თქვენი აზრით, დღეს საქართველოში ყველაზე დიდ მოწონებას რომელი ტიპის ღვინო იმსახურებს? რატომ?

დაასრულეთ ფრაზა: „ის, ვინც სვამს მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოს, არის . . .“ რა თვისებები აქვს ხარისხიან ღვინოს? (ნატურალური ღვინო?) თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ რომელიმე ხარისხიანი ღვინო?

ფასი

სად ყიდულობთ ხომლე ღვინოს ყველაზე ხშირად?
საშუალოდ რა ფასში ყიდულობთ ხომლე ღვინოს?
რა გავლენას ახდენს თქვენს არჩევანზე ღვინის ფასი? ღვინის ხარისხი?
თქვენი არჩევანი ღვინის ხარისხზე უფროა დამოკიდებული თუ მის ფასზე?
რა უნდა ღირდეს ღვინო?
უნდა განსხვავდებოდეს თუ არა ღვინის ფასი მისი სახეობის მიხედვით (წითელი და თეთრი, გლეხური და ქარხნის)

ღვინის სმის კულტურა

როგორ გესმით ფრაზა: „ღვინის სმის კულტურა“?
რა იცით ღვინის სმის კულტურის შესახებ საზღვარგარეთ?
არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული იმ წესებში და ტრადიციებში, რომლებიც ახასიათებს ღვინის სმის წესებს და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს საქართველოში? კახეთში?
როგორი იყო ღვინის სმის კულტურა საქართველოში დაახლოებით 100 წლის წინ?
შეიცვალა თუ არა ბოლო 10-15 წლის მანძილზე ღვინის სმის კულტურა საქართველოში /თელავში / თბილისში? როგორია ღვინის სმის კულტურა ახლა? რა მოგწონთ ამაში და რა - არა?

____________________

1. ეს სადისკუსიო გეგმა შედგენილი იქნა თესაუ სოციოლოგიის სპეციალობის II კურსის სტუდენტების მიერ 2003 წელს და გამოყენებული იქნა 2 სასწავლო ფოკუს-ჯგუფის ჩატარებისას.

4.2 მაგალითი №3 კორუფცია საქართველოში და მისი შეფასება სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლების მიერ

▲back to top


ფოკუს-ჯგუფების ანგარიში

თავისუფლების ინსტიტუტის მიერ 2004 წლის ივნისში ჩატარებული იქნა ფოკუსჯგუფები საქართველოს რამდენიმე ქალაქში (ახალციხე, თბილისი, თელავი, ქუთაისი). ჯგუფები ჩატარდა სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლებთან: პროფესორმასწავლებლები, სტუდენტები, მძღოლები, პოლიციელები, სახელმწიფო მოხელეები.

ფოკუს-ჯგუფების მთავარი მიზანი იყო ამ პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლების მიერ კორუფციული ქმედებების შეფასება და კორუფციის ფორმების შესწავლა პროფესიული საქმიანობის შესაბამის სფეროებში; კორუფციული და არაკორუფციული ქმედებების გამიჯვნა ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენლების თვალში; აგრეთვე, კორუფციის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

ანგარიში ეყრდნობა შემდეგი ფოკუს-ჯგუფების მასალებს:

პროფესიული
ჯგუფი

ქალაქი

ჩატარების
თარიღი

სახელმწიფო
მოხელეები

ახალციხე

ივნისი,
2004 წ.

სტუდენტები

ახალციხე

ივნისი,
2004 წ.

მასწავლებლები
და მშობლები

თბილისი

სექტემბერი,
2004 წ.

პროფესორ-
მასწავლებლები

თელავი

ივნისი,
2004 წ.

სტუდენტები

თელავი

ივნისი,
2004 წ.

პოლიციელები

ქუთაისი

ივნისი,
2004 წ.

1. რა არის კორუფცია და რა არ არის კორუფცია

ფოკუს-ჯგუფების თითქმის ყველა მონაწილემ დაახლოებით ერთნაირად განმარტა კორუფცია, როგორც:

„თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების გადამეტება ანგარების მიზნით“ (პოლიციელები, ქუთაისი)

„ადამიანი რომ ნებისმიერ თანამდებობაზე ბოროტად იყენებს თავის თანამდებობას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე“ (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

„კორუფცია ეს არის კანონს გარეთ მომხდარი გარიგება“ (სტუდენტები, თელავი)

„კორუფცია არის როდესაც გარკვეული თანამდებობა აქვს პიროვნებას და ამ თანამდებობით სარგებლობს თავის რაღაც გადაჭარბებული ამბიციებით და გძალავს ფულს არაკანონიერად“ (მასწავლებლები და მშობლები, თბილისი)

„ადამიანთა მიერ სახელმწიფო ქონების ხელყოფა“ (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

“[კორუფცია] ქრთამის გარდა სხვა სახითაც არსებობს: გადასახადების დამალვა, საგზაო პოლიციის თანამშრომელი რომ მძღოლს ფულს ართმევს, ესეც კორუფციაა” (პოლიციელები, ქუთაისი)

სხვა რესპონდენტებისაგან განსხვავებით, პოლიციის თანამშრომლები უფრო ფართოდ განმარტავენ კორუფციას:

„კორუფცია პირველ რიგში სისხლის სამართლის დანაშაულია, კანონის დარღვევაა“ (პოლიციელები, ქუთაისი)

„მოვალეობას პასუხისმგებლობით რომ არ შეასრულებ, ისიც კორუფციაა“ (პოლიციელები, ქუთაისი)

შედარებით იშვიათად გვაქვს საქმე კორუფციის განმარტებასთან მორალურ ჭრილში:

„კორუფცია არის ფულის, სინდისის და კანონის უკმარისობა“ (სახელმწიფო მოხელეები, ახალციხე)

ხშირ შემთხვევაში, რესპონდენტები აიგივებენ კორუფციას და მექრთამეობას, თუმცა ზოგჯერ ისინი აღნიშნავენ, რომ კორუფცია მექრთამეობასთან შედარებით უფრო ფართო ცნებაა, ვინაიდან ის მოიცავს, აგრეთვე არაფულადი სახის გარიგებებს. შედარებით იშვიათად იქნა გაიგივებული კორუფციასთან ნეპოტიზმი:

„ნათესაური კავშირები, მეგობრობა, ნაცნობობა კორუფციაა, თანამდებობაზე ისეთი ადამიანები შეიძლება დაინიშნონ, რომლებიც საერთოდ შესაფერისი არ არიან იმ თანამდებობის“ (პოლიციელები, ქუთაისი)

ყველა ჯგუფში რესპონდენტები ეთანხმებიან აზრს, რომ კორუფცია საქართველოში ფართოდაა გავრცელებული და აღნიშნავენ, რომ ის გამოხატავს როგორც ქრთამის ამღების, ასევე ქრთამის მიმცემის ინტერესებს:

„ვინც აძლევს [ქრთამს, ისიც კმაყოფილია და ვინც იღებს, ისიც“ (პოლიციელები, ქუთაისი)

„მექრთამეობა უნივერსიტეტში პირველ რიგში ხელს აძლევს სტუდენტს“ (სტუდენტები, თელავი)

რესპონდენტები ყველაზე უფრო ხშირად თვლიან, რომ კორუფცია ერთნაირად გასაკიცხია იმის მიუხედავად, თუ რა თანხით გამოიხატება აღებული ან მიცემული ქრთამი; თუმცა ეს პოზიცია ერთსულოვანი არ იყო:

„ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ერთიაო“ (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

„ის, ვინც 5 მანეთს აიღებს, იმას თუ საშუალება მიეცემა, მილიონსაც თავისუფლად აიღებს“ (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

„- როგორც არ არსებობს ნაწილობრივი ორსულობა, ისე არ არსებობს ნაწილობრივი [კორუმპირებულობა] - ან არის, ან არ არის.

- არა ზოგი, მაგალითად, დავუშვათ, იმ წამლისთვის, იმ გაჭირვებისთვის [იღებს ქრთამს] და ზოგი - ფუფუნებისთვის, სასახლეებისთვის, მერსედესებისთვის, „ბე-ემ-ვე“ -ებისთვის. აქ განსხვავება უნდა იყოს, ჩემი აზრით” (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

რესპონდენტები განიხილავენ კორუფციას, როგორც ერთმნიშვნელოვნად უარყოფით მოვლენას, რომელსაც არ შეუძლია, რაიმე დადებითი შედეგი მოჰყვეს და რაიმე გამართლება ჰქონდეს:

„კორუფციით არა მგონია, ქვეყანამ მიიღოს რამე კარგი, კორუფცია სიკეთეს მოუტანს კონკრეტულ პიროვნებას და მის ოჯახს“ (სახელმწიფო მოხელეები, ახალციხე)

„კორუფცია თავისთავად არ შეიძლება იყოს კარგი, შეიძლება კორუფციას რაღაც დადებითი შედეგები გააჩნდეს, მაგრამ მისი ზნეობრივი მხარე სულ გადაწონის იმ დადებითს. ამიტომ კორუფცია არ შეიძლება იყოს კარგი“ (სახელმწიფო მოხელეები, ახალციხე)

ამასთან, ქართველ რესპონდენტებს უჭირთ ერთმანეთისაგან გამიჯნონ კორუფცია და ე.წ. „პატივისცემა“, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ საქართველოში ტრადიციულად პატივს სცემენ სხვა ადამიანებს, იქნება ეს საჩუქრის თუ, უბრალოდ, მადლობის თქმის მეშვეობით. მათი აზრით, ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი კორუფციასა და პატივისცემას შორის ის არის, რომ პირველი გამოძალვასთანაა დაკავშირებული, ხოლო მეორე — ნებაყოფლობითია.

„ქრთამს ვერ დაარქმევ-თქო პატივისცემას; პატივისცემა სხვაა, ქრთამი სხვაა“ (სტუდენტები, თელავი)

„ყველაფერს კორუფციას ვერ დავარქმევ. მაგალითად, ბავშვი ყვავილს რომ მიუტანს მასწავლებელს სკოლაში, ეს არ არის კორუფცია, ეს პატივისცემაა. კორუფციად არ მივიჩნევ, როცა ექიმს საკუთარი სურვილით პაციენტი რამეს აჩუქებს. არ არის ქრთამი რადგან საკუთარი სურვილით ჩუქნის“ (პოლიციელები, ქუთაისი)

„[თუ] მე მიჩნდება სურვილი, რომ იმ ადამიანს პატივი ვცე, მე ამას ქრთამს არ ვეძახი. ეს შეიძლება იყოს სუნამო, „ბანბანერკა“ ან სულაც ერთი ფილა შოკოლადი. ეს, ჩემი აზრით, ნამდვილად არ უნდა აღიქმებოდეს ქრთამად და კორუფციად“ (მასწავლებლები და მშობლები, თბილისი)

„მე, მაგალითად, ძალიან მეწყინება, თუ ისიც კორუფციად ჩათვალეს, როდესაც მე ვიღაცის პატივისცემა მინდა და შემეშინდეს, რომ ის არ დაიჭირონ ან მე არ დამიჭირონ, რომ იმას პატივი ვცე. პატივისცემა სხვა არის, მაგრამ თვითონ არ უნდა მოითხოვონ“ (მასწავლებლები და მშობლები, თბილისი)

2. კორუფციის მიზეზები საქართველოში

კორუფციის ძირითად მიზეზად რესპონდენტები თითქმის ერთხმად ასახელებენ დაბალ ხელფასებს საჯარო სამსახურის ყველა სფეროში; ყველა პროფესიული ჯგუფი, გასაგები მიზეზების გამო, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თავისი პროფესიული სფეროს დიდ მნიშვნელობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რიგ შემთხვევაში კი მოითხოვს, ამ სფეროში ხელფასების მნიშვნელოვან გაზრდას; საინტერესოა, რომ თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლები, მამაკაცები ისევე როგორც ქალები, აუცილებელ საარსებო მინიმუმად თვეში დაახლოებით 500 ლარს ასახელებენ.

„ხელფასი მინიმუმზე მინიმუმია“ (პოლიციელები, ქუთაისი)

„როცა თანამდებობის პირი ხარ, ძალიან ძნელია, ცდუნება ძალიან დიდია“ (სახელმწიფო მოხელეები, ახალციხე)

„მასწავლებელს იმდენი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რომ აღარ იზრუნოს შეთავსებაზე, რომ სხვაგანაც აიღოს საათები“ (მასწავლებლები და მშობლები, თბილისი)

„მასწავლებელს არ უნდა ეცვას მოსწავლეზე ცუდად, უფრო ლამაზად უნდა ჰქონდეს თმა დავარცხნილი“ (მასწავლებლები და მშობლები, თბილისი)

„თუ ხელფასები არ გაიზრდება არაფერიც არ შეიცვლება“ (მასწავლებლები და მშობლები, თბილისი)

ბევრი რესპონდენტის აზრით, კორუმპირებული პირების ნაწილი იძულებით იღებს ქრთამს, ვინაიდან ისინი სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ, ეს მათთვის თავის ან ოჯახების რჩენის ერთადერთი რეალური გზაა; ძლიერია რწმენა, რომ ეს ხალხი ძალზე განიცდის ასეთ მდგომარეობას:

„ეკონომიკური მდგომარეობა უნდა შეიქმნას იმისთანა, რომ არ გახდე კორუმპირებული] - მაგრამ მიუხედავად ამისა ის კორუმპირებულები, ვინც არიან — ისინი იღებენ კიდეც [ქრთამს] და ეკონომიური მდგომარეობაც ძლიერი აქვთ. მაგრამ ვისაც არავითარი საშუალება არა აქვს - იმან რომ პატარა რაღაცა გააკეთოს, მე მგონი, კორუმპირებული არ უნდა დაუძახონ“ (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

„მე როდესაც მაქვს კარგი ხელფასი, ვარ ჩემი საქმის პროფესიონალი და, ასე ვთქვათ, პატრიოტი, მე ნამდვილად არ დავიმცირებ თავს და არა მგონია, არც ერთმა მასწავლებელმა დაიმციროს თავი და გამართოს მშობელთან რაღაც უხერხული საუბარი, რაღაც ზეწოლა მოახდინოს მასზე, რომ მერე იმან „პატივი სცეს“ — ისევდაისევ, თუ იქნება ნორმალური ხელფასები. იმიტომ რომ პიროვნება, ვინც ასეთ საუბარს წარმართავს, თვითონაც ძალიან შეურაცხყოფილია, და როცა მას კარგი ხელფასი ექნება, მერწმუნეთ იგი არ ჩაიგდებს თავს ასეთ საჩოთირო სიტუაციაში“ (მასწავლებლები და მშობლები, თბილისი)

როდესაც ასეთ იძულებით შემთხვევებთან გვაქვს საქმე, მაშინ, საერთო აზრის თანახმად, ხელფასების გაზრდა გადაჭრის კორუფციის პრობლემას. ამასთან, ფოკუს-ჯგუფების მსვლელობის პროცესში გამოიკვეთა აზრი, რომ მაღალი ხელფასი თავისთავად ყოველთვის არ იქნება აუცილებელი და საკმარისი გარანტია იმისა, რომ კორუფცია აღარ იქნება, ვინაიდან მას სხვა მიზეზებიც აქვს: (ა) სიხარბე და (ბ) ტრადიციული კულტურული ნორმები, რომლებიც საქართველოში ხელს უწყობს კორუფციის გავრცელებას, ანუ, როგორც რესპონდენტები მოიხსენიებენ, ე.წ. „ქართული მენტალიტეტი“.

„ადამიანს რაც უფრო მეტი აქვს, მით უფრო მეტი უნდა“ (სტუდენტები, ახალციხე)

„მარტო გადარჩენისთვის ხომ არ არის ეს კორუფცია? მთლად ისე, ვთქვათ - ადამიანი იღებს ქრთამს, რომ გადარჩეს - ესეც არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი მე, რომელიც არ არის კორუმპირებული, და ძალიან ბევრი ვიცი, რომ უკვე „გადარჩენილია“, მაგრამ კორუფციის გზას აგრძელებ“ (პროფესორმასწავლებლები, თელავი)

„ზოგიერთ მასწავლებელს რომ მისცე 1000 ლარი, ის მაინც აიღებს ქრთამს“ (მასწავლებლები და მშობლები, თბილისი)

ბევრი რესპონდენტის აზრით, კორუფცია ყველაზე სერიოზულ ფორმებს ხელისუფლების ყველაზე მაღალ საფეხურებზე იღებს, კერძოდ, ხშირად სახელდება პარლამენტი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აზრს, რომ თავისთავად ხელფასების გაზრდა არ გადაწყვეტს კორუფციის პრობლემას საქართველოში, რამდენადაც კორუფციის გავრცელებაში დაბალ ხელფასებთან ერთად სხვა ფაქტორებიც თამაშობენ მნიშვნელოვან როლს; თუმცა, რა თქმა უნდა, ხელფასების გაზრდა საჯარო სამსახურების მოხელეებისთვის (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს დაკავშირებული იქნება პასუხისმგელობის ამაღლებასთან და დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრასთან), საერთო რწმენით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კორუფციის მასშტაბების შემცირებას.

დაუსჯელობის სინდრომი კორუფციის გავრცელების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, და რესპონდენტების მიერ ხშირად იქნა გამოთქმული ეჭვი ახლანდელი ხელისუფლების მოქმედებების მართებულებაში, როდესაც ხდება არაკანონიერი გზებით მოპოვებული ქონების პატრონების გათავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან მნიშვნელოვანი ჯარიმის გადახდის შემდეგ. მათი აზრით, ეს ხალხი სერიოზულად უნდა დაისაჯოს.

კორუფციის გავრცელება გარკვეული შიდასაუწყებო ზეწოლის შედეგადაც შეიძლება მოხდეს, რის შესახებაც, კერძოდ, სახელმწიფო მოხელეები საუბრობდნენ:

„შეიძლება არ გინდოდეს, მაგრამ შექმნილია რგოლი და გაიძულებს, რომ გააკეთო [ქრთამი აიღო], რომ სამსახური არ დაკარგო. გაიძულებს თვითონ სიტუაცია“ (სახელმწიფო მოხელეები, ახალციხე)

თუმცა, ამავე ფოკუს-ჯგუფის ერთ-ერთი რესპონდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლების შეცვლის შედეგად ეს სიტუაცია შეიცვალა:

„ადრე იყო ის, რომ ვერ იმუშავებდი, თუ ქრთამს არ გადაუხდიდი, რადგან ფული უნდა გეკეთებინა და ყოფილიყავი კორუმპირებული. დღეს მე ვიტყვი ხმამაღლა ჩემი სახელით და ჩემი თანამშრომლების სახელით რომ ჩვენ ვზივართ მოჭრილ კონკრეტულ ხელფასზე, არ დავასახელებ თანხას, რომელიც არ გვყოფნის ელემენტარულ, მაგალითად, სიგარეტზე“ (სახელმწიფო მოხელეები, ახალციხე)

რესპონდენტები იმ გარემოებას უსვამენ ხაზს, რომ კორუფცია ხშირად საკუთარი თავის კვლავწარმოებას უწყობს ხელს:

„არ არის კორუფცია, რომ ამ უმაღლეს დამთავრებულ ჩლუნგს შენ 500 დოლარს ართმევ და მასწავლებლად იღებ [სკოლაში], რომ ის ბავშვები ისევ დააჩლუნგოს, მერე ისევ აქ [უნივერსიტეტში] ფულით მოაწყოს, და მერე ისევ გააუბედუროს და ასე გაგრძელდეს მუდმივად?“ (სტუდენტები, თელავი)

გარდა ამისა, კორუფციის გავრცელებას გარკვეულწილად ხელს უწყობს თავად ის გარემოება, რომ დღევანდელ საქართველოში კორუფცია ძალზე ფართოდაა გავრცელებული, რაც რესპონდენტთა ასეთ მოსაზრებებს იწვევს:

„მე თუ არ ავიღე, სხვა მაინც აიღებს, ასეთი ფიქრიც ხდება“ (პოლიციელები, ქუთაისი)

„არიან ისეთი [სტუდენტები], რომ მართლა მოდიან, უდევთ რაღაც ჩათვლის წიგნაკში [მე ისინი] გავაბრუნე — ასე იყო მე-6 სემესტრში, ასე იყო მე-7 სემესტრში, ასე იყო მე-8 სემესტრში, და სახელმწიფო გამოცდაზე წამომისვეს წინ. ახლა: არა სჯობდა, მე თვითონ გამომერთვა?“ (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

გარდა ამისა, კორუფციის მიზეზებად დასახელდა კანონების უცოდინრობა, გაუნათლებლობა, და არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა:

„როდესაც ესა თუ ის ურთიერთობა არ რეგულირდება კანონით, აქ ყოველთვის იქმნება რაღაც შეზღუდული წრე, სადაც მიმდინარეობს [კორუფციული] პროცესი. ანუ ეს პროცესი რომ შეჩერდეს, ეს [საკანონმდებლო] ვაკუუმი უნდა მოისპოს აუცილებლად“ (სტუდენტები, თელავი)

3. რა უწყობს ხელს კორუფციას

მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, კორუფცია რესპონდენტებში გარკვეულ გაგებას იწვევს იმდენად, რამდენადაც ის ხშირ შემთხვევაში განიხილება როგორც თავის გადარჩენის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი სტრატეგია იმ პირობებში, როდესაც ადამიანს სხვა არაფერი გამოსვალი აღარ დარჩენია, როდესაც ის განწირულია სახელმწიფოს მიერ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაბალი ხელფასები განიხილება როგორც კორუფციის ძირითადი მიზეზი საქართველოში, შესაბამისად, რესპონდენტები მიიჩნევენ უსახსრობას კორუფციის ერთ-ერთ უმთავრეს გამართლებად:

„16 ლარი როდესაც აქვს ლექტორს ხელფასი და მას შემოსავლის სხვა წყარო არა აქვს, იმას ვერანაირად ვერ მოსთხოვ, რომ არ აიღოს ფული ვიღაც დებილისგან, ვისაც აქვს ფული და სთავაზობს“ (სტუდენტები, თელავი)

ამას გარდა, ფოკუს-ჯგუფების მსვლელობის პროცესში გამოიკვეთა კორუფციის კიდევ ორი შესაძლო გამართლება ქართველი რესპონდენტების მხრიდან: „სუსტი სახელმწიფო“, რომელიც ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, და „ქართველობა/ქართული მენტალიტეტი“.

3.1. „სუსტი სახელმწიფო“, როგორც კორუფციის

ინსტიტუციონალური გამართლება

რეპონდენტთა უმრავლესობა „პატარა კაცის“ პოზიციიდან უყურებს კორუფციის პრობლემას ქვეყანაში და მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა კორუფციის გავრცელებაზე სრულად ეკისრება სახელმწიფოს და მის „პირველ მოხელეებს“. ამ პოზიციისგან განსხვავდება სტუდენტების შეფასებები, რომლებიც შედარებით უფრო თვითკრიტიკულები არიან და ხედავენ რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლობას კორუფციის გავრცელებას დაკავშირებით.

ყველაფერი მაინც სახელმწიფოს მეთაურიდან და მთავრობიდან იწყება და მთავრდება(პოლიციელები, ქუთაისი)

როდესაც სახელმწიფო წინასწარ უშვებს კორუფციას, იმიტომ რომ ხელფასს აძლევს ამდაგვარს, ის უკვე გეუბნება - მიდი და იშოვეო (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

კორუფციის თავი და თავი მაინც, მე მგონი, ზემოდან მოდის (სახელმწიფო მოხელეები, ახალციხე)

სახელმწიფოს მიდგომაა ასეთი, რომ იმას აწყობს, რომ ასე იყოს. კორუფცია იყოს (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

ასე თუ ისე, კორუფცია ყველა სფეროშია, საბოლოო ჯამში ყველა სფეროდან თანხა ერთ ხელში იყრის თავსკანცელარიასა და პარლამენტში. კორუფციის საერთოდ მოშლა გამორიცხულია, მაგრამ თუ ზემოთ არ მოითხოვენ ფულს, კორუფციის მასშტაბები შემცირდება“ (პოლიციელები, ქუთაისი)

სახელმწიფოსადმი წაყენებული ძირითადი პრეტენზიები ასეთია: ის არ ზრუნავს მოქალაქეთა კეთილდღეობაზე; არ უზრუნველყობს „კანონიერების კულტურის“ დამკვიდრებას, რაც წარმოშობს დაუსჯელობის სინდრომს; და არ ზრუნავს ისეთი კანონების მიღებაზე, რომლებიც უკეთ იმუშავებს ჩვენს ქვეყანაში და მძიმე ტვირთად არ დააწვება მოსახლეობას. ამასთან, საზოგადოებაში ღრმადაა ფესვგადგმული რწმენა, რომ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები ყველაზე უფრო კორუმპირებულთა შორის არიან საქართველოში, რაც სპობს მოსახლეობაში პასუხისმგებლობის გრძნობას ამ სახელმწიფო მოხელეების, ან სხვა მოქალაქეების წინაშე.

ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ხელფასები გაიზარდოს, რომ სახლში მშიერი ბავშვი არ მელოდებოდეს და ამ სახლში მისვლა არ მეშინოდეს (სახელმწიფო მოხელეები, ახალციხე)

მშიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ კანონის დაცვას(სახელმწიფო მოხელეები, ახალციხე)

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მატერიალური კეთილდღეობა და ისეთი გარემო სადაც ადამიანს კანონდარღვევის შემთხვევაში შეეშინდება დასჯის (პოლიციელები, ქუთაისი)

კაცს რომ 30 ლარს აძლევ და იმას მერე ციხეში ჩასვამიმის მორალური უფლება არა გაქვს!“ (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

ჩვენი [უნივერსიტეტის] შემოსავალი რომ არის ფასიანებიდან — 60% მიჰქონდა სახელმწიფოს არამწარმოებელი სფეროდან, ამიტომ არა გვაქვს ხელფასი. სად არის, რა კანონზეა ლაპარაკი? ეს არის სახელმწიფოსგან დადგენილი ოფიციალური ყაჩაღობა. ... ეს არის ნაძირლების დაწერილი კანონი (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

საგადასახადო კანონი, მაგალითად, უნდა იყოს ისეთი ლოიალური, რომ ადამიანი გაიქცეს გადასახადის გადასახდელად (სახელმწიფო მოხელეები, ახალციხე)

შრომა მოენატრა ყველას! აუცილებელია იმუშაონ, საწარმოები ამუშავდეს, პირველ რიგში (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

სახელმწიფო არ უქმნის თავის მოხელეებს ნორმალურად მუშაობისათვის საჭირო ელემენტარულ პირობებს, რაც კიდევ უფრო ამცირებს სახელმწიფოს ამ ხალხის თვალში. “ქურდობაზე [თუ] დაიჭირე ვინმე, საქმე ძიებამდე რომ მიიყვანო, დაახლოებით 50- დან 100 ლარამდე გჭირდება. ფურცელი გინდა, ექსპერტი, ქსეროქსი, ბენზინიამ ყველაფერს არავინ აფინანსებს, პოლიციელი ცდილობს, ყველაფერ ამისთვის თანხა მოიპოვოს (პოლიციელები, ქუთაისი)

თავიდან მუშაობას რომ იწყებ, ფორმა გჭირდება, არავინ არ გაძლევს მას, საკუთარი სახსრებით უნდა იყიდო ან შეიკერო. პაგონები 10 ლარი ღირს, ფორმის პერანგი 18 ლარი, 50 ლარი შარვალი, ფორმა 100 ლარამდე გიჯდება. ტყვიები შენ უნდა იყიდო საწვავი შენ უნდა ჩაასხა. ასეთ პირობებში კორუფციისაგან თავს ვერ დაიზღვევ(პოლიციელები, ქუთაისი)

ვინაიდან სახელმწიფო არ არსრულებს თავის ფუნქციებს, ხდება კორუფციაზე პასუხისმგებლობის სრულად გადატანა სახელმწიფოზე ან თუნდაც მის ცალკეულ მაღალჩინოსნებზე, რაც მოსახლეობას საკუთარი უდანაშაულობის გრძნობას უმტკიცებს და შესაბამისად, ამცირებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობას. რესპონდენტები იშვიათად აფიქსირებენ შემთხვევებს, როდესაც თავად ხალხი ასე თუ ისე ხელს უწყობს კორუფციას დაუფიქრებლობის, გულგრილობის ან სხვა რაიმე მიზეზის შედეგად: „ყველაფერს მთავრობას ვერ დავაბრალებ, ადამიანების მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს. 100-დან 70- ჰგონია, რომ ქრთამი არის საუკეთესო გამოსავალი. ხომ შეიძლება მოქალაქემ პასპორტი მოითხოვოს ერთი თვით ადრე და არა ბოლო წუთში? მოქალაქე, რომელიც ერთ კვირაში ითხოვს პასპორტის დამზადებას, კორუფციას უწყობს ხელს (პოლიციელები, ქუთაისი)

ფოკუს-ჯგუფების მსვლელობაში შედარებით იშვიათად გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ კორუფციაში მეტ-ნაკლებად თანაბრად აგებენ პასუხს როგორც ქრთამის ამღები, ასევე ქრთამის მიმცემი — როგორც წესი, შეინიშნება ტენდენცია, მთელი პასუხისმგებლობა კორუფციული გარიგების მხოლოდ ერთ მხარეს დაეკისროს, კერძოდ — ქრთამის ამღებს, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო ხშირად სახელმწიფო მოხელეა.

ვინც აძლევს, იგივეა. ეს იანუსია, ორსახოვანი, არაფრით მასზე უკეთესი არ არის, ამღებიც და მიმცემიც ორივე ერთია. ამიტომაც, თითის მიშვერა მხოლოდ იმისკენ [ვინც ქრთამს იღებს] ეს არის უზნეობა“ (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

ბიბლიიდან მოვიყვან, რომ ცოდვილი ის კი არ არის, ვინც ქრთამს იღებს, შენ ცოდვილი ხარ, როდესაც ქრთამს აძლევ. მე მაქვს მიცემული, ვთქვათ ქრთამი და მე ჩემს თავს უფრო ვთვლი ამ შემთხვევაში დამნაშავედ, ვიდრე იმას, ვინც აიღო ეს (სტუდენტები, თელავი),

მიუხედავად იმისა, რომ ფოკუს-ჯგუფების მსვლელობაში მთავრობის მიმართ ზოგადად უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება დაფიქსირდა, ახალ მთავრობას მაინც აქვს გარკვეული ნდობის კრედიტი.

რესპონდენტთა უმრავლესობა იმედით უყურებს მთავრობის შეცვლას და ახალი სახეების გამოჩენას, თუმცა ჯერჯერობით ეს იმედი არავითარ რეალურ ცვლილებებზე არ არის დამყარებული, არამედ მხოლოდ დაპირებებსა და იმედებზე, ამიტომ ძნელია იმის თქმა, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს ნდობის კრედიტი. სიტუაციის გამოსწორების იმედს ბადებს, აგრეთვე ის გარემოება, რომ, რესპონდენტების შეფასებით, თანდათან მკვიდრდება შიშის ფაქტორი, რომელიც, შესაძლოა, ხელს შეუწყობს დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრას.

3.2. ქართველობა, როგორც კორუფციის კულტურული გამართლება

„ქართველობა“, „ქართული მენტალიტეტი“, აგრეთვე ხშირად განიხილება როგორც კორუფციის თავისებური გამართლება. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ქართველებს სჩვევიათ, „პატივი სცენ“ სხვებს, გამოხატონ თავისი მადლიერება საჩუქრების მეშვეობით. ამას რესპონდენტები მიიჩნევენ მისაღებ მოვლენად და არ თვლიან, რომ ამის წინააღმდეგ საჭიროა ბრძოლა.

იცით რა არისქართველ კაცს მენტალიტეტში აქვს რაღაცის ჩუქება, თითქოს მგონია, ნიშნისთვის კი არ მიაქვთ ეს... (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

როგორც წესი, საქართველოში ქრთამში იგულისხმება როგორც საჩუქარი, რაიმე მომსახურების შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მადლიერების ნიშნად უხდიდა ადამიანს რაღაცას. მოქალაქე, რომელიც რაიმე თხოვნით მიმართავს [თანამდებობის პირს], ცდილობს რამე გადაუხადოს, რომ ის დააყენოს პირველ რიგში, ან უფრო უკეთესად მოემსახუროს. ეს მენტალობიდანაც გამომდინარეობს (სტუდენტები, თელავი)

ყველა ადამიანს საქართველოში რომ ჰკითხო, უნდა ყველაფერი იყოს კანონიერად; მაგრამ უნდა, რომ ამ სიტუაციაში ყველა იქცეოდეს კანონიერად თვითონ მის გარდა, ხოლო თვითონ ისევ ძველებურად აგრძელებდეს. ანუ, ყველა ფიქრობს, რომ კი, რა თქმა უნდა, კანონი უნდა კანონობდეს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ...(სტუდენტები, თელავი)

4. კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი აგენტები

რესპონდნეტები ყველაზე უფრო ხშირად მიიჩნევენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ცალკეული პიროვნებების დონეზე შეუძლებელია:

პიროვნება ვერ აღუდგება კორუფციას, სანამ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა არ ამაღლდება(პოლიციელები, ქუთაისი)

კორუფციასთან ბრძოლაში მოქალაქე უძლურია, ბრძოლა მთავრობიდან უნდა დაიწყოს (პოლიციელები, ქუთაისი)

თავად რესპონდენტები, როგორც წესი, არ შებრძოლებიან კორუფციულ ფაქტებს, რომლებთანაც ჰქონიათ შეხება, ვინაიდან არჩიეს, მორიდებოდნენ დაპირისპირებას, რომელსაც ასეთი ბრძოლა გამოიწვევდა.

ამასთან, რესპონდენტებმა რიგ შემთხვევაში დააფიქსირეს ის ცვლილებები, რომელიც მოხდა მათ დამოკიდებულებაში ბოლო თვეების მანძილზე:

ახლა მე უკვე შემიძლია [ხმის ამაღლება]. მე თუ გუშინ ცოტა მშიშარა ვიყავი, დღეს ცოტა თამამი ვარ (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

იმაზე, რაზეც ვჩუმდებოდი მე ყოველთვის, მე გულახდილად ვიტყვი, რაზეც ვჩუმდებოდი, რაღაც სიტუაციებზე, ყოველთვის, მე არ გავჩუმდი ერთი თვის წინ, ძალიან დელიკატურად, <...> მაგრამ მე უკვე რატომ არ გავჩუმდი, იცით? მე უკვე ვიცოდი, რომ ზურგი უკვე ცოტა მაგარი მექნებოდა, რომ თუ მე ხმას ამოვიღებდი და თუ ამას ვიტყოდი, უკვე ვიცოდი, რომ იმ ჩემს ზურგს უკან უკვე შეიძლება დამდგარიყო ადამიანი, რომელიც მხარს მომცემდა (პროფესორ-მასწავლებლები, თელავი)

შედარებით იშვიათად საუბრობენ რესპოდნენტები თავად მოქალაქეთა როლის შესახებ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში:

აქ არის მთავარი საკუთარი უფლებების და მოვალეობების გაცნობიერება, და როგორც თანამდებობის პირმა უნდა გაითვალისწინოს საკუთარი მოვალეობა, ასევე სახელმწიფომ ნებისმიერი მოქალაქისადმი უნდა გააცნობიეროს [თავისი] უფლებამოვალეობა ასე უნდა იყოს გაცნობიერებული კანონის უზენაესობა (სახელმწიფო მოხელეები, ახალციხე)

საზოგადოებამ ის უნდა გააკეთოს პირველ რიგში, რომ უნდა შევეჩვიოთ შენიშვნის მიცემას. აი, მაგალითად: ქუჩაში მიმავალმა ახლაგაზრდამ დააგდო ძირს ნაყინის ქაღალდი, ჩვენ მას შენიშვნას არ მივცემთ, რომ ჩააგდოს ქაღალდი ურნაში(სახელმწიფო მოხელეები, ახალციხე)

აქაც, სხვა ჯგუფებთან შედარებით სტუდენტები ყველაზე ხშირად გამოთქვემენ კონსტრუქციულ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება იყოს რიგითი მოქალაქეების როლი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში:

ჩვენს უფლებებს უნდა გავეცნოთ, უნდა გავაცნოთ სხვა ადამიანებიც ამ უფლებებს(სტუდენტები, თელავი)

კანონი უნდა ვიცოდეთ (სტუდენტები, ახალციხე)“

ის, რაც შენ იცი და [სხვა ადამიანმა] არ იცისთუნდაც უფლებები, თუნდაც შე უფრო მებრძოლი ხარ ვიდრე ისშენ [უნდა] დაეხმარო იმ ადამიანს იმ რესურსით, რაც შენ გაქვს (სტუდენტები, თელავი)

თუ ხალხს არ ენდომება, რომ კორუფცია მოისპოს, ის არ მოისპობა (სტუდენტები, თელავი)

სახელმწიფოში მოქალაქემ არ იცის თავისი ვალდებულებები, რა მოვალეობები აკისრია სახელმწიფოს წინაშე და, რაც მთავარია, არ იცის, რა უფლებები აქვს, იმიტომ რომ მისი უფლებები, როგორც წესი, გამოიხატება სახელმწიფოს ვალდებულებებში(სტუდენტები, თელავი)

საბანი სადამდეც გაგწვდება, ისე უნდა დაიფარო(სტუდენტები, ახალციხე)

ახლანდელი ახალგაზრდობაც უწყობს ამას [კორუფციას] ეფექტურად ხელს, იმიტომ რომ უკვე იცი, რომ ამის გარეშე არ ხდება, ფულის გარეშე, ან ქრთამის გარეშე, და უკვე როგორ არის, იცით? მცდელობა აღარ არის“ (სტუდენტები, თელავი)

მაინც, ძირითადი აგენტი, რომელსაც, რესპონდენტთა აზრით, შესწევს ძალა შეებრძოლოს კორუფციას, არის სახელმწიფო. მას ეს შეუძლია გააკეთოს შემდეგი ღონისძიებების გატარების მეშვეობით: ხელფასების გაზრდა და კანონიერების კულტურის დამკვიდრება, შესაბამისად, დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრა. ეს უკანასკნელი შეიძლება, კერძოდ, გაკეთდეს მოსახლეობის სამართლებრივი განათლების მეშვეობით:

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების სამართლებრივი განათლებისათვის. მოქალაქეები უფრო აქტიური უნდა გახდნენ, აღარ უნდა იფიქრონ, ეს ჩემი საქმე არ არისო. უნდა გააცნობიერონ, რომ სახელმწიფოს მშენებლობა თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული. მენტალიტეტის შეცვლას ალბათ დრო დასჭირდება(პოლიციელები, ქუთაისი)

სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს ხალხი, როგორ ასრულებს კანონს; თუ [კანონი] არ შესრულდება, უნდა აგებინონ პასუხი(სტუდენტები, ახალციხე)

სახელმწიფომ უნდა დაანახოს ხალხს, რომ კანონს თუ არ შეასრულებ, დაისჯები. ვიღაცა რომ დაინახავს დაისაჯა, სხვაც აღარ გააკეთებს (სტუდენტები, ახალციხე)

რესპონდნეტები აცნობიერებენ იმ გარემოებას, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იოლი არ არის:

ხან არის, რომ ისეა გამარტივებული ქრთამის აღების პროცედურა, რომ ძალიან ძნელია ვინმე კონკრეტულზე ხელის დადება (მასწავლებლები და მშობლები, თბილისი)

შესაძლოა, ყველაზე უფრო კონსტრუქციულია პოზიცია, რომლის თანახმადაც ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ უნდა ხდებოდეს ერთობლივად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ცალკეული მოქალაქეების ძალების გაერთიანების შედეგად:

მოქალაქეები უფრო აქტიური უნდა იყვნენ, სახელმწიფომ კი სოციალური პირობები უნდა მოუწესრიგოს თავის მოქალაქეებს(პოლიციელები, ქუთაისი)

საზოგადოება კანონმორჩილი უნდა გახდეს, სახელმწიფომ სოციალური პრობლემები უნდა მოაგვაროს (პოლიციელები, ქუთაისი) ოქტომბერი, 2004 წ.

5 თემა 4. დაკვირვება

▲back to top


ინტერვიუს ნებისმიერ სახეობას (მათ შორის სიღრმისეულ ინტერვიუს და ფოკუსჯგუფს) ინფორმაციის შეგროვების ვერბალური საშუალებები უდევს საფუძვლად. მაგრამ ადამიანთა ცხოვრებაში არა ნაკლები მნიშვნელობა აქვს მოქმედებებს, ქცევებს, ურთიერთობას, და ამ მოქმედებებს შორის არის ისეთები, რომელთა სიტყვიერად აღწერა და გადმოცემა რესპონდენტს შეიძლება გაუჭირდეს; დამახინჯებულად გადმოგვცეს ისინი; ან უბრალოდ არ ჩათვალოს ლაპარაკის ღირსად. არადა, ეს შეიძლება იყოს მოქმედებები, რომელთა მნიშვნელობაც სოციალური ცხოვრების ანალიზისათვის ძალზე დიდია. ზოგ შემთხვევაში რესპონდენტები არ აქცევენ ყურადღებას საკუთარი ქცევის გარკვეულ დეტალებს, ამიტომ ინტერვიუს დროს ვერ იხსენებენ მათ; სხვა შემთხვევაში კი ისინი არასწორად იხსომებენ იმას, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. სოციალური მეცნიერებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ადამიანები არ არიან საკუთარი ქცევის კარგი აღმწერები, და ვერ გვაწვდიან სანდო ინფორმაციას მის შესახებ.1

სიტუაციებში, როდესაც ინტერვიუს ვერც ერთ სახეობას ვერ გამოვიყენებთ, ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში დაკვირვება დაგვეხმარება. დაკვირვების მეთოდი ძალზე ფართოდ გამოიყენება სოციალურ მეცნიერებებში. ყველაზე ხშირად ამ მეთოდს ანტროპოლოგები და ეთნოგრაფები მიმართავენ განსხვავებული კულტურის წარმომადგენელების ცხოვრების შესწავლის მიზნით, და აქ სიტყვა „კულტურა“ ძალზე ფართო გაგებით იხმარება. ეს შეიძლება იყოს როგორც სხვა, შედარებით მცირერიცხოვანი და ნაკლებად ცნობილი სოციალური ჯგუფის კულტურა (მაგალითად, როკ-მუსიკოსების; დამნაშავეების; მეცხვარეების) და მათი ცხოვრების შინაგანი წესების დადგენა, ასევე ანტროპოლოგიური გამოკვლევები - ნაკლებად ცნობილი ტომის ან ერის ცხოვრება ან ამ ცხოვრების რომელიმე ასპექტი, იქნება ეს მათი რელიგიური წეს-ჩვეულებები; თაობებს შორის ურთიერთობა; შრომის განაწილება, თუ სხვა. უკანასკნელ შემთხვევაში კვლევა შორეულ ქვეყნებში ხორციელდება, შედარებით ნაკლებად შესწავლილ კუნძულებზე, მაგრამ თანამედროვე კვლევით პრაქტიკაში სავსებით მიღებულია, მივმართოთ დაკვირვებას ჩვენსავე ქალაქებში მცხოვრები ხალხის სუბკულტურის შესწავლის მიზნით.

დაკვირვების მეთოდის თეორეტიკოსები, კერძოდ, ჰ.რ.ბერნარდი, ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ დამკვირვებლის ამოცანა გაცილებით იოლია მისთვის უცხო კულტურაში მუშაობის დროს; ეს ამოცანა მნიშვნელოვნად რთულდება, როდესაც მას მშობლიურ კულტურაში უწევს დაკვირვების განხორციელება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მშობლიურ კულტურაში ჩვენ „ბუნებრივად“ აღვიქვამთ და ჩვეულებრივად გვეჩვენება მოქმედებებისა და რეაქციების უმრავლესობა, რომლებიც მრავალ კითხვას წარმოშობენ, თუ მათ მიუკერძოებელი თვალით შევხედავთ; ზოგიერთი მნიშვნელოვანი ელემენტი კი შეიძლება საერთოდ ყურადღების გარეშე დაგვრჩეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მიჩვეულები ვართ მათ.

დაკვირვება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თვისებრივ მეთოდს წარმოადგენს, რომლის უმთავრესი ღირსება ისაა, რომ ის ბუნებრივ გარემოში ხორციელდება, იქ, სადაც რეალურად მიმდინარეობს ცხოვრება, და არა „ლაბორატორიულ“ პირობებში, როგორიცაა მკვლევრის ოფისი. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს ამ მეთოდის სპეციფიკას და მასთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ სირთულეებს. თუმცა ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ თვისებრივი მეთოდები გამოირჩევა თავისი არაფორმალური ხასიათით, ეს განსაკუთრებით სწორია დაკვირვების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, თუ ვინ შეხვდება მკვლევარს ქუჩაში ან კაფეში; როდის, რა პირობებში და რა თემაზე მოუწევს ინტერვიუს ჩატარება; რა მოვლენების მომსწრე გახდება დღის მანძილზე.

ითვლება, რომ დაკვირვების წარმოების ყველაზე მიზანშეწონილი ობიექტია ყოველდღიური საქმიანობა, რომელიც მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე მეორდება დღიდან დღემდე. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა თანამშრომლებს შორის სამუშაო საათებში; თავისუფალი დროის ორგანიზაცია ოჯახში ან მეგობართა წრეში; სასწავლო პროცესი (სკოლში, უმაღლეს სასწავლებელში); ბაზრის ცხოვრება ან მაღაზიაში მყიდველების ქცევა, და სხვა. მკლევრის უშუალო ინტერესი შეიძლება იყოს ხალხის ჩაცმულობა ამა თუ იმ სიტუაციაში; ან მოსახლეობის ქუჩაში მოძრაობის სიჩქარე, ნაცნობებთან გამოსაუბრების მიზნით შეჩერების სიხშირე და ამ შეჩერებების ხანგრძლივობა.

იშვიათი შემთხვევების გარდა2, კვლევის პროცესში დამკვირვებელი ძალაუნებურად ახდენს გავლენას მოქმედ პირებზე და სოციალურ სიტუაციებზე, რომელშიც ისინი არიან ჩართულნი. ეს გავლენა ცნობილია როგორც რეაქტიულობა — იციან რა, რომ მათ მოქმედებას აკვირდებიან, ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ იქცევიან, როგორ ეპყრობიან სხვა ადამიანებს, რას და როგორ ამბობენ, და საბოლოო ჯამში მათი საქციელი ბუნებრივი აღარ არის, მკვლევრის არსებობა რომ არა, ისინი ასე არ მოიქცეოდნენ. რეაქტიულობა ადამიანების ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ დაკვირვების წარმოებისას ძალზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ამახინჯებს შედეგებს. მისი სრულად გადალახვა ფაქტიურად შეუძლებელია, თუმცა არსებობს მისი შემცირების შესაძლებლობები, რომელთა შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ.

მეთოდის დახასიათება

ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის გამოკვლევა, დაკვირვება შესასწავლი ერთეულის გამოყოფით იწყება. ეს შეიძლება იყოს:

ადგილი, სადაც ხდება მოქმედება. სპეციალურ ლიტერატურაში ეს ადგილი მოხსენიება როგორც „საიტი“ (ინგლ. site);

ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან ჩვენთვის საინტერესო საქმიანობაში და ვის მოქმედებებსაც ვაკვირდებით, ანუ „აქტორები“ (ინგლ. actor);

თვითონ მოქმედება ან საქმიანობა (სცენები), სიტუაციები, მოვლენები, რომლებსაც უშუალოდ ვაკვირდებით; და

ნივთები, რომლების ირგვლივ ან რომელთა გამოყენებითაც ხდება მოქმედება.

სოციალურ გამოკვლევებში დაკვირვების მეთოდი იშვიათად გვხვდება როგორც კვლევის ერთადერთი მეთოდი. ეს იმით აიხსნება, რომ, როგორც ვთქვით, დაკვირვება ყველაზე ხშირად გამოიყენება განსხვავებული კულტურის წარმომადგენლების ცხოვრების წესის შესწავლის მიზნით, ასეთი შესწავლა კი შეუძლებელია მხოლოდ დაკვირვების მეშვეობით - ის აუცილებლად ითვალისწინებს სხვა მეთოდების გამოყენებასაც, უპირველეს ყოვლისა - გასაუბრებას შესასწავლი ჯგუფის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან სწორად ავხსნათ ის, რაც დავაფიქსირეთ დაკვირვების დროს. გასაუბრება კი, რა თქმა უნდა, ინტერვიუს ერთ-ერთი სახეობაა. ამიტომ „სუფთა“, ან „უბრალო“ დაკვირვება, რომლის მსვლელობაშიც მკვლევარი არ ამყარებს ურთიერთობას აქტორებთან, რომლებსაც ის შეისწავლის, იშვიათად გამოიყენება. როგორც წესი, დაკვირვების მეთოდი იხმარება კომპლექსურად სხვა მეთოდებთან - უპირველეს ყოვლისა, ინტერვიუსთან ერთად, და ამ მეთოდით მუშაობისას მკვლევარი ძალაუნებურად ერთვება სოციალურ სიტუაციაში, რომელშიც აქტორები მონაწილეობენ.

მკვლევრის მონაწილეობა სოციალურ სიტუაციაში, მისი ჩართვა იმ პროცესებში, რომლებსაც ის შეისწავლის, შეიძლება სხვადასხვა ინტნსიურობით მოხდეს. ამ ინტენსიურობიდან გამომდინარე, გამოიყოფა ჩართვის შემდეგი ტიპები:3

ჩართვის
ინტენსიურობა

ჩართვის ტიპი

მაღალი
საშუალო
დაბალი

სრული
(„ჩართული დაკვირვება“)

აქტიური მოკრძალებული
პასიური

მკვლევარი არ იღებს
მონაწილეობას სოციალურ
სიტუაციაში

არ არის „ჩართვა“
(„უბრალო დაკვირვება“)

„უბრალო“ დაკვირვება შეესაბამება სიტუაციას, როდესაც მკვლევარი საერთოდ არ იღებს მონაწილეობას სოციალურ სიტუაციაში - მაგალითად, ის ზის კაფეში და მხოლოდ აკვირდება იმ მოვლენებს, რომლებიც იქ ვითარდება.

ამის საპირისპიროდ, სოციალურ სიტუაციაში სრული ჩართვა შეესაბამება ჩართულ დაკვირვებას (პარტიციპანტ ობსერვატიონ), რომლის დროსაც მკვლევარი არ რჩება გარე დამკვირვებლად, არამედ სრულ მონაწილეობას იღებს იმ სოციალურ სიტუაციებში, რომლებსაც შეისწავლის. ეს მონაწილეობა გამოიხატება აქტორებთან ერთად მათ ყოველდღიურ საქმიანობასა თუ ზეიმებში მონაწილეობის მიღებაში; დამატებით, მკვლევარი აწარმოებს არაფორმალურ გასაუბრებებს აქტორებთან ან სრულფასოვან ინტერვიუებს ატარებს მათთან.

ჩართული დაკვირვებაა ის მეთოდი, რომელიც ხშირად გაიგივებულია თავად თვისებრივ მეთოდებთან და/ან ეთნოგრაფიასთან; ხშირად ლიტერატურაში ტერმინები „ეთნოგრაფია“, „ეთნოგრაფიული კვლევა“ და „ჩართული დაკვირვება“ იხმარება როგორც სინონიმები.4

ჩართული დაკვირვების მეთოდისადმი მიძღვნილ კლასიკურ სახელმძღვანელოდ ითვლება ჯეიმს სპრადლის „ჩართული დაკვირვება“.5 სპრადლის თანახმად, უცნობ სოციალურ სიტუაციაში მოხვედრილი ნებისმიერი ადამიანი ჩართული დამკვირვებელი ხდება, ვინაიდან მისთვის უცხოა ამ სიტუაციაში მოქმედი წესები და ნორმები, და ის იძულებული ხდება, გამოიკვლიოს და შეისწავლოს ისინი ხალხთან ურთიერთობის მეშვეობით.

სოციალური მეცნიერებების ფარგლებში ჩართული დაკვირვება წარმოადგენს მცდელობას გავიგოთ, თუ რა მნიშვნელობებს ანიჭებენ სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული ჯგუფის წარმომადგენლები თავიანთ ცხოვრებას, როგორ აღიქვამენ სხვადასხვა მოვლენებს და რა მნიშვნელობას ანიჭებენ მათ. ამის შესწავლას საკმაოდ ბევრი დრო სჭირდება. ჩართული დაკვირვების მინიმალურ ხანგრძლივობად რამდენიმე თვე ითვლება; სრულფასოვანი გამოკვლევა კი სულ ცოტა ერთი წლის მანძილზე გრძელდება, ვინაიდან ერთი შეხედვით მარტივ სოციალურ სიტუაციებშიც კი ხშირად ღრმა და რთული კულტურული აზრია ჩაქსოვილი. იმისათვის, რომ კარგად შევისწავლოთ უცხო კულტურის წარმომადგენლები, მათი კულტურული ნორმები და/ან სიმბოლოები, დიდი დროა საჭირო. მაშინაც კი, თუ გამოკვლევის საველე პერიოდს რამდენიმე წელიწადს დავუთმობთ, იძულებულები ვიქნებით, შევარჩიოთ ცხოვრების კონკრეტული ასპექტები, რომლებიც დაკვირვების ძირითად ფოკუსს წარმოადგენენ და რომლებსაც დაწვრილებით შევისწავლით, დანარჩენებს კი მხოლოდ ზედაპირული ყურადღება დავუთმოთ.

არ არსებობს ჩართული დაკვირვების წარმოების საყოველთაო წესები, ისევე როგორც არ არსებობს დაკვირვების საიტის შერჩევასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ამ გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ხდება. ხშირად მკვლევარი იწყებს მუშაობას გარემოში, სადაც არავის არ იცნობს; ის უბრალოდ მიდის კაფეებში, ბიბლიოთეკებში, ესწრება ამა თუ იმ თემის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, დადის შერჩეული “საიტის” ქუჩებში, და თანდათან იცნობს ხალხს, რომლებიც დროთა განმავლობაში მისი ინფორმაციის წყაროები გახდებიან. მიუხედავად ამ მეთოდიკის სიმარტივისა, “ქუჩაში დგომის” სტრატეგია ძალიან ეფექტურია. მაგრამ ინფორმანტების გაცნობის შემდეგ თვეებია საჭირო იმისათვის, რომ მკვლევარმა დაიმკვიდროს ადგილი შესასწავლ ჯგუფში და მოიპოვოს ხალხის ნდობა.

ჰ.რ.ბერნარდი თვლის, რომ ამ მეთოდის შესწავლის საუკეთესო ხერხი მისი პრაქტიკული გამოყენებაა. ამასთან, მისი აზრით, შეუძლებელია ამ მეთოდის წარმატებით გამოყენება, თუ მკვლევარი შეეცდება შეცდომაში შეიყვანოს ის ხალხი, ვისთანაც ის მუშაობს, ანუ აქტორები. „საკუთარი თავის წარდგენის წესები ძალზე მარტივია, - ამბობს ბერნარდი. - ილაპარაკეთ სიმართლე, იყავით თანამიმდევრული და ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს. ჩართულ დაკვირვებაში, თუ მკვლევარი შეეცდება წარმოადგინოს თავი სხვა ადამიანად, ვიდრე ის სინამდვილეშია, ის ვერ მიაღწევს წარმატებას“6.

ჩართული დაკვირვების ორი ტიპი არსებობს — გამჟღავნებული, (ინგლ. overt), როდესაც მკვლევარი თავიდანვე აცნობს აქტორებს თავის ვინაობას და მიზნებს, და გაუმჟღავნებელი (ინგლ. covert), რომლის დროსაც აქტორებისთვის უცნობია, რომ საქმე აქვთ მკვლევართან - ისინი მას აღიქვამენ, როგორც სოციალური სიტუაციის რიგით მონაწილეს. მიუხედავად იმისა, რომ გაუმჟღავნებელი დაკვრივების წარმოებას თავისი უპირატესობები აქვს (უპირველეს ყოვლისა, აღარ გვაქვს საქმე რეაქტიულობის პრობლემასთან), ის ძალზე სერიოზულ ეთიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან მისი წარმოების დროს შეგნებულად ხდება აქტორების შეცდომაში შეყვანა. ამასთან, მკვლევარი მუდამ „გამომჟღავნების“ საშიშროების წინაშეა - ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე აქტორი შეიტყობს მის ნამდვილ ვინაობას, ან ვინმეს ხელში ჩაუვარდება მის მიერ კვლევასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერები. გაუმჟღავნებელი დაკვირვება ყველაზე ხშირად გამოიყენება მაშინ, როდესაც შეუძლებელია ამა თუ იმ ჯგუფის შესწავლა სხვაგვარად, როდესაც კვლევის ერთადერთ საშუალებას გაუმჟღავნებელი ჩართული დაკვირვება წარმოადგენს; არცთუ იშვიათად, მკვლევარი ასე შეისწავლის დახურულ ჯგუფებს, მათ შორის - კრიმინალურ დაჯგუფებებს. მაგრამ თუ მკვლევარი კრიმინალური დაჯგუფების წევრი ხდება კვლევის ჩატარების მიზნით და არ მიაჩნია მიზანშეწონილად თავისი ნამდვილი ვინაობის გამჟღავნება, მაშინ ის იძულებულია, მონაწილეობა მიიღოს ამ ჯგუფის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში; გარდა ამისა, მას ექნება ინფორმაცია დაგეგმილი ქურდობის/ძარცვის/ყაჩაღობის შესახებ. როგორ უნდა მოიქცეს ის ასეთ შემთხვევებში? ამ საკითხის გადაწყვეტა ძალიან რთულია, იმიტომ რომ თუ ის შეატყობინებს პოლიციას ასეთ ინფორმაციას, მაშინ იძულებული გახდება შეწყვიტოს კვლევა, ხოლო თუ თავს შეიკავებს ამ ინფორმაციის გამხელისაგან, მაშინ დამნაშავეთა თანამონაწილე ხდება.

ჩართული დაკვირვების სამი ეტაპი გამოიყოფა - აღწერითი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება.7

მკვლევარი ახორციელებს აღწერით დაკვირვებას (დესცრიპტივე ობსერვატიონ) კვლევის საწყის ეტაპზე, როდესაც მას ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, სოციალური რეალობის კონკრეტულად რომელ ასპექტებზე გაამახვილებს ყურადღებას. ამიტომ ამ ეტაპზე ის „ყველაფერს აკვირდება“, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფრის დაკვირვება სინამდვილეში შეუძლებელია. აღწერითი დაკვირვება დაკვირვების პირველი, საცდელი ეტაპია, რომლის მსვლელობაშიც მკვლევარი ცდილობს, გაერკვეს არსებულ სოციალურ სიტუაციაში და შეიქმნას საერთო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ „რა ხდება აქ“. აღწერითი დაკვირვების მეშვეობით შესაძლებელია პასუხი გავცეთ მკვლევარის წინაშე მდგარ აღწერით კითხვებზე8, რომლებიც საერთო ხასიათის ინფორმაციის მიღებას ისახავს მიზნად. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ესაა დავიწყეთ დაკვირვების ჩატარება სასამართლოში და გვსურს შევისწავლოთ, თუ როგორ ხდება გარკვეული ტიპის საქმეების წარმოება. დაკვირვების აღწერით ეტაპზე ჩვენ შევძლებთ მხოლოდ ძალიან საერთო დონეზე აღვწეროთ, თუ როგორ იქცევა სასამრთლო დარბაზში ხალხი; რა თემებს ეხებოდა ჩვენს მიერ მოსმენილი საუბრები, რა ტიპის საქმეების განხილვა მიმდინარეობს, რომელი საქმეები იწვევს ყველაზე დიდ ინტერესს და ა.შ.

აღწერით დაკვირვებას არ შეუძლია მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შედეგები მოგვცეს - მისი ერთადერთი მიზანია, დაგვეხმაროს დაკვირვების ფოკუსის დადგენაში - ხშირად ეს ხდება ექსპერტებთან და/ან შესასწავლი კულტურის წარმომადგენლებთან კონსულტაციების მეშვეობით, რომლებიც ეყრდნობა აღწერითი დაკვირვების დროს შეგროვილ მასალას.

დაკვირვების ფოკუსის შერჩევა და მისი შემდგომი დაზუსტება, ანუ საბოლოო ჯამში იმ სიტუაციის შერჩევა, რომელიც ჩვენი შესწავლის „ფოკუსში“ მოექცევა, ყოველთვის კონკრეტული გამოკვლევის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარეობს. ფოკუსის შერჩევაში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სოციალური სიტუაციის მონაწილეებთან გასაუბრების შედეგად მიღებულმა ინფორმაციამ, მათმა კომენტარებმა. ფოკუსირებული დაკვირვება (ფოცუსედ ობსერვატიონ) დაკვირვების მეორე ეტაპია, როდესაც მკვლევარს უკვე გამოკვეთილი აქვს შესწავლის კონკრეტული ერთეულები. დაკვირვების ფოკუსირება ძალაუნებურად იწვევს სოციალური სიტუაციის იმ ელემენტების იგნორირებას, რომლებიც არ წარმოადგენს შესწავლის უშუალო ინტერესს.

წარმატებული ფოკუსირებული დაკვირვება მოითხოვს გასაუბრებას შესასწავლი კულტურის წარმომადგენლებთან, რათა შევძლოთ ამა თუ იმ მოვლენების ახსნა თვით ამ კულტურის წარმომადგენელთა თვალით. ასეთი ინტერვიუების შედეგად მიღებული კომენტარების გარეშე ზოგი მოქმედება შეიძლება ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩეს, ან უაზრო და შემთხვევითი გვეჩვენოს, მაშინ როდესაც ამ კულტურის წამომადგენლების თვალში მას გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თუმცა დამკვირვებელმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ადამიანები რაციონალურად მოქმედებენ, ეს ყოველთვის ასე არ ხდება.

შერჩევითი დაკვირვება (selective observation) დაკვირვების ბოლო ეტაპია და მოითხოვს დამკვირვებლის ყურადღების სფეროს კიდევ უფრო დაზუსტებას და შეზღუდვას, ფოკუსირებული დაკვირვების ეტაპზე გამოყოფილი შესწავლის ერთეულების ამა თუ იმ დამახასიათებელი ნიშნების შესწავლას. მაგალითად, თუ რესტორანში ოფიციანტების საქციელის შესწავლა აღწერითი დაკვირვების საგანია, მათ მიერ კლიენტებისაგან დამატებითი გასამრჯელოს მიღების ხერხები (მაგიდის შერჩევა კლიენტისათვის; დახმარება მენიუს შერჩევაში, და სხვ.) შეიძლება გახდეს ფოკუსირებული დაკვირვების საგანი, ხოლო ამ ხერხების შედარებითი ეფექტურობის დადგენა - შერჩვევითი დაკვირვების საგანი. ანუ მკლევარის ინტერესი გარკვეულწილად ვიწროვდება, სანამ ის აღწერითი დაკვირვებიდან შერჩევითამდე მივა. შერჩევითი დაკვირვება აუცილებლად მოითხოვს ინტერვიუების ჩატარებას შესასწავლი კულტურის წარმომადგენლებთან მათი შეხედულებების და კომენტარების მიღების მიზნით, რათა დასკვნების გამოტანისას არ იქნეს უგულებელყოფილი მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომლების გაგებაც მხოლოდ ამ ხერხითაა შესაძლებელი.

დაკვირვების სამივე ეტაპი, როგორც წესი, ერთი გამოკვლევის ფარგლებში განხორციელებული თანამიმდევრული ეტაპებია, თუმცა შესაძლოა, რომ კვლევა მხოლოდ აღწერითი დაკვირვებით შემოიფარგლოს. ყველაზე ხშირად ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ საკითხის საწყის შესწავლასთან გვაქვს საქმე, როდესაც მკვლევარი ჯერ არ არის დარწმუნებული, თუ რა იქნება მისი კვლევის საგანი და პრობლემა, ან თუ დაკვირვება გამოიყენება როგორც დამხმარე მეთოდი კომპლექსური კვლევის ფარგლებში.

თუ აღწერითი დაკვირვების ეტაპზე მკვლევარი შეიძლება საკუთარი მიზნების გამჟღავნების გარეშე მუშაობდეს, ფოკუსირებული დაკვირვების ეტაპზე ის ძალაუნებურად ამჟღავნებს თავს როგორც მკვლევარი; ხოლო შერჩევითი დაკვირვების ეტაპზე ის უკვე ამ სიტუაციის მონაწილე ხდება. დაკვირვების შერჩევითი ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვან დამახასიათებელ ნიშნად ითვლება მკვლევრის მიერ კონტრასტრული შედარებების და კონტრასტული შეკითხვების გამოყენება, ვინაიდან ამ ეტაპზე მისი მიზანია კულტურულ სიტუაციაში არსებული განსხვავებების გამომჟღავნება.

ნებისმიერი თვისებრივი მეთოდის გამოყენებისას, განსაკუთრებით კი დაკვირვების შემთხვევაში, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მუშაობის პროცესში გამოჩნდება ახალი თემები, რომლებიც შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი გამოკვლევისთვის, და მზად უნდა ვიყოთ, ჩავრთოთ ეს თემები ჩვენი მუშაობის პროცესში, ზოგ შემთხვევაში — შევცვალოთ კვლევის ფოკუსი.

ჩართული დაკვირვება წარმოუდგენელია მკვლევარის მიერ დამატებითი კვლევითი ტექნიკების, კერძოდ, ინტერვიუს სხვადასხვა სახეობის გამოყნების გარეშე. ჩართული დაკვირვების პროცესში შეიძლება გამოვყოთ ინტერვიუს ორი ძირითადი სახეობა: ფორმალიზებული და არაფორმალიზებული.

არაფორმალიზებულია ყველა ის ინტერვიუ, რომელიც ტარდება მოუმზადებლად, ჩართული დაკვირვების დროს აქტორებთან ურთიერთობის დამყარების ან განმტკიცების პროცესში, ან აქტორებისაგან დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, როდესაც დამკვირვებელი გრძნობს, რომ მისთვის არაა სრულად გასაგები იმ მოვლენების მნიშვნელობა, რომლებსაც ის აკვირდება. ასეთი ინტერვიუები არაა სტრუქტურირებული და, როგორც წესი, არაა წინასწარ შეთანხმებული და დაგეგმილი - ისინი ჩვეულებრივ გასაუბრებას უფრო ჰგავს და მათი ჩაწერა დიქტოფონზე ყოველთვის არ ხდება, თუმცა მის მსვლელობაში დამკვირვებელმა შესაძლოა (და სასურველიცაა) გააკეთოს ჩანაწერები. მაგრამ, მიუხედავად მათი „მოუმზადებლობისა“, არაფორმალიზებული ინტერვიუები ინფორმაციის ძალზე მნიშვნელოვანი წყაროა.

ფორმალიზებული ინტერვიუ მკვლევარსა და აქტორს შორის წინასწარი მოლაპარაკების და შეთანხმების შედეგია; ასეთი ინტერვიუები ტარდება წინასწარ დათქმულ დროსა და ადგილას და ხდება მათი ჩაწერა აუდიოკასეტაზე. ეს ინტერვიუ ძალზე წააგავს სიღრმისეულ ინტერვიუს და ტარდება წინასწარ შემუშავებული გეგმის (სადისკუსიო გეგმის) მიხედვით. როგორც წესი, ჩართული დაკვირვების პროცესში საჭიროა ერთი თემისადმი მიძღვნილი მთელი რიგი ფორმალური ინტერვიუების ჩატარება.

ინტერვიუების გამოყენებასთან ერთად, ჩართული დაკვირვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი ნიშანია მკვლევრების მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმანტებთან.

ინფორმანტი, ანუ შესასწავლი ჯგუფის წარმომადგენელი, ეხმარება მკვლევარს ამა თუ იმ ჯგუფის წარმომადგენლების ცხოვრების წესის შესწავლაში და ჯგუფში არსებული წესებისა და ნორმების გაგებაში; სწორედ ის უადვილებს მკვლევარს ჯგუფში შეღწევას, აცნობს ხალხს. ინფორმანტების გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება შევისწავლოთ მოვლენები, რომელთა მოწმეებიც ვხდებით. ინფორმანტის როლი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც მკვლევარი მისთვის უცხო კულტურაში მუშაობს, რომლის წარმომადგენელთა ენაც მან არ იცის. ამ შემთხვევაში ინფორმანტი, როგორც წესი, თარჯიმნის ფუნქციებსაც კისრულობს ხოლმე, და მისი გავლენა მიღებულ შედეგებზე ერთიორად იზრდება.

ინფორმანტების შერჩევა იოლი არ არის, ვინაიდან კარგი ინფორმანტი მთელ რიგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში, ის უნდა იყოს შესასწავლი კულტურის წარმომადგენელი, რომელიც კარგად იცნობს საკუთარ კულტურას. სასურველია, ეს იყოს კომუნიკაბელური პიროვნება, ვინც დაინტერესდება გამოკვლევით და მთელი გულისყურით ჩაერთვება მასში; რაც მთავარია, მას უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ დაეხმაროს მკვლევარს. გარდა ამისა, მას დადებითად უნდა უყურებდნენ შესასწავლ ჯგუფში, უკეთესია, თუ ის გარკვეული ავტორიტეტითაც სარგებლობს. ბევრი მკვლევარი თვლის, რომ კარგ ინფორმანტს შესწევს ძალა, ჩვენი „მასწავლებელი” გახდეს ჩვენთვის უცხო კულტურის შესწავლის საქმეში. ამასთანავე, როგორც აღვნიშნეთ, ინფორმანტი არ უნდა გახდეს ერთადერთი პიროვნება, ვის აზრსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ - თუ ეს მოხდება, მაშინ კვლევას სერიოზული საფრთხე დაემუქრება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფორმანტი თარჯიმნის როლსაც თამაშობს, უფრო იზრდება იმის საშიშროება, რომ ის „გაფილტრავს“ აქტორების ნათქვამს და მხოლოდ იმ ინფორმაციას გადათარგმნის, რომელიც მას მიაჩნია მნიშვნელოვნად, ამიტომ, სასურველია, რომ მკვლევარმა რაც შეიძლება მალე მოახერხოს იმ ენის შესწავლა, რომელზეც მას უწევს კვლევის ჩატარება.

მაგრამ ინფორმანტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტი, ადამიანი, ვინც შეეცდება მეცნიერული ტერმინებით აგვიხსნას მიმდინარე მოვლენები - ჩვენ გვჭირდება ჩვეულებრივი ადამიანი, შესასწავლი ჯგუფის რიგითი წევრი, შესაძლოა, სხვებზე უფრო ხალისიანი და გონებაგახსნილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა მეცნიერი; ჩვენ გვესაჭიროება მისი დახმარება, მაგრამ მან თავისივე ენით უნდა აგვიხსნას ყველაფერი, ყოველდღიური ცხოვრების ენით, და არა სამეცნიერო კატეგორიების გამოყენებით.

რაც უნდა კარგი იყოს ინფორმანტი, მისი ბრმად ნდობა არ შეიძლება - როგორც ამ კულტურის წარმომადგენელს, მას შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, მეტ-ნაკლებედ შეალამაზოს ფაქტები, ან არ გამოიტანოს სააშკარაოზე ცხოვრების ის ელემენტები, რომლებიც მიაჩნია სამარცხვინოდ, ან, ყოველ შემთხვევაში არასატრაბახოდ. როგორც წესი, ერთი გამოკვლევის ჩატარებისთვის მკვლევარს რამდენიმე ინფორმანტი სჭირდება ხოლმე, რომელთა შორისაც არიან ძირითადი, მთავარი (key informant) და „დამატებითი“ ინფორმანტები. ინფორმანტების შერჩევა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება და არც უნდა იყოს რეპრეზენტატული.

თუმცა გარეგნულად მკვლევარი, რომელიც ჩართულ დაკვირვებას აწარმოებს, ხშირად არაფრით არ განსხვავდება სხვა აქტორებისგან, სინამდვილეში მას სრულიად განსხვავებელი როლი აქვს და, გარკვეულწილად, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს - ერთი მხრივ, ის ჩვეულებრივ მონაწილეობს აქტორების ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ამავე დროს ის რეგულარულად აწარმოებს ჩანაწერებს ამ ცხოვრების შესახებ, რათა შეისწავლოს მისი წესები; ის ცხოვრობს, რათა შეისწავლოს. ამიტომ მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ამა თუ იმ სოციალური სიტუაციის ჩვეულებრივი მონაწილის და ჩართული დამკვირვებლის როლები. აქ შეიძლება გამოვყოთ 6 ძირითადი განსხვავება9:

1. დამკვირვებელს ორმაგი მიზანი აქვს: ჩვეულებრივი მონაწილისაგან განსხვავებით, ის არა მარტო მონაწილეობს სოციალურ სიტუაციაში, არამედ შეგნებულად და მიზანმიმართულად აკვირდება მოვლენათა განვითარებას, ხალხს, მათ საქმიანობას. ამასთან, მას აკისრია გარკვეული მოვალეობები: დააკვირდეს, თუ როგორ ვითარდება მოვლენები, ჩაინიშნოს და/ან დაიხსომოს ყველაფერი, რაც ხდება, რათა შემდგომში თავის ჩანაწერებში აღწეროს მოვლენები და მათში მონაწილე პირები.

2. ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, დამკვირვებელმა გაასკეცებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებისადმი, რათა შენიშნოს და დაიხსომოს ისეთი დეტალებიც კი, რომლებსაც ჩვეულებრივ პირობებში ყურადღებას არ ვაქცევთ. ეს გარკვეულ მომზადებას მოითხოვს. ჩართული დაკვირვებისას ჩვენი მიზანი უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად არაფერი დაგვრჩეს ყურადღების გარეშე (რა თქმა უნდა, ყველაფრის შენიშვნა შეუძლებელია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, მაქსიმალურად გავზარდოთ დაკვირვებული ელემენტების რაოდენობა).

3. ცხოვრებაში ყველას გვიწევს გარკვეული დაკვირვებების ჩატარება; ასეთი ცხოვრებისეული დაკვირვებებისაგან განსხვავებით, ჩართული დამკვირვებლის მიზანი უნდა იყოს, მოვლენათა რაც შეიძლება ფართო სპექტრი მოაქციოს თავისი დაკვირვების სფეროში; ეს მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც მკვლევრის მიზანია, შეისწავლოს სოციალური ჯგუფის კულტურული ნორმები, რომლებიც არაა გამოტანილი სააშკარაოზე.

4. კიდევ ერთი, შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი განსხვავება მოვლენების რიგით მონაწილესა და დამკვირვებელს შორის ისაა, რომ დამკვირვებელი, იმასთან ერთად, რომ არის მოვლენების მონაწილე, უყურებს ამ მოვლენებს გარეშე მოწმის - „უცხოს“ - თვალით, ანუ ერთსა და იმავე დროს ის არის ამ სოციალური სიტუაციის მონაწილეც და შემსწავლელიც, რომელიც განიხილავს სიტუაციას, როგორც შესასწავლ ობიექტს. ესე იგი, ერთსა და იმავე დროს პროფესიული დამკვირვებლები არიან სიტუაციის მონაწილეებიც და გარეშე პირებიც, რომლებიც ამ სიტუაციას აკვირდებიან. მკვლევარიათვითცნობიერებს, რომ ის ორმაგ როლს თამაშობს, და მკაფიოდ განასხვავებს თავისი მოქმედებების „მონაწილეობით“ და „შემეცნებით“ მხარეებს.

5. ჩართული დაკვირვების პროცესში მკვლევარი თავად არის თავისი კვლევის ინსტრუმენტი - მას არ „ეხმარება“ არც კითხვარი, არც სადისკუსიო გეგმა ან რაიმე სხვა ინსტრუმენტი. ყოველ საღამოს, საველე მუშაობის შემდეგ, იწყება კვლევის მეორე, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც მან უნდა გააანალიზოს მის მიერ შეგროვებული ინფორმაცია, ნანახი და გაგონილი, მათ შორის - თავისი საკუთარი მოქმედებები, გრძნობები, რეაქციები, და აზრები. ასეთ ინტროსპექციას ყოველდღიურად მიმდინარეობს და ის დიდად ამდიდრებს ჩართული დაკვირვების პროცესში მოპოვებულ ფაქტოლოგიურ მასალას. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ადამიანი არ ეწევა თავისი მოქმედებების და გრძნობების ასეთ სისტემატურ და ღრმა ანალიზს.

6. და ბოლოს, დამკვირვებელი აწარმოებს თავისი დაკვირვების შედეგების დაწვრილებით ჩაწერას - ესაა ისეთი რამ, რასაც სოციალური სიტუაციის ნებისმიერი სხვა, რიგითი მონაწილე არასდროს არ აკეთებს - თუ არ გავითვალისწინებთ იმ ადამიანებს, ვინც რეგულარულად აწარმოებს პირად დღიურს. მაგრამ ბოლო შემთხვევაში, როგორც წესი, ასეთი დღიურები მიმართულია ინდივიდის პირადი გრძნობების და გამოცდილებების აღსაწერად და ამით განსხვავდება საველე ჩანაწერებისგან. დაკვირვების შედეგების ჩაწერასაც სათანადო ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, და ჩვენ განვიხილავთ მოთხოვნებს მათი წარმართვისადმი.

ჩართული დაკვირვების უმთავრესი უპირატესობა უბრალო დაკვირვებასთან შედარებით ისაა, რომ აქტორებთან ხანგრძლივი და მჭირდო ურთიერთობის შედეგად მკვლევარი ძალზე მდიდარ ინფორმაციას იღებს მათი ცხოვრების შესახებ; მეტიც, ის თავად იზიარებს მათი ცხოვრების წესს საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაკვირვების მეთოდით ჩატარებული გამოკვლევა, როგორც წესი, დიდხანს გრძელდება, და ამ დროის მანძილზე მკვლევარი და აქტორები ძალაუნებურად საკმაოდ ახლოს იცნობენ ერთმანეთს. წარმატებული დაკვირვების განხორციელება შეუძლებელია, თუ მკვლევარმა არ მოიპოვა აქტორების ნდობა, ნდობის მოპოვება კი გარკვეული პიროვნული ურთიერთობების დამყარებას გულისხმობს. რიგით ინტერვიუერს, რომელიც მათთვის სრულიად უცხო ადამიანია, რესპონდენტები გაცილებით ნაკლები გულახდილობით ესაუბრებიან, ვიდრე დამკვირვებელს, რომელიც თვეების, არ რამდენიმე წლის განმავლობაში იზიარებს მათი ცხოვრების წესს; ეს ეხება არა მარტო საერთო ინფორმაციას, არამედ, აგრეთვე ინფორმაციას აქტორებისთვის მგძნობიარე თემებზე.

არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლევის მანძილზე აქტორები ეჩვევიან მათ გვერდით დამკვირვებლის ყოფნას, რის შედეგადაც მცირდება მათი ქცევის და მათი საუბრების რეაქტიულობა, შესაბამისად, ჩართული დაკვირვების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია უფრო სანდო ხდება.

ჩართული დაკვირვების განხორციელება ყოველთვის მოქმედებს მკვლევარის ემოციურ მდგომარეობაზე. რაც არ უნდა ეცადოს მკვლევარი, ობიექტური იყოს თავისი ინფორმატების მიმართ, ამის სრულად მიღწევა შეუძლებელია, უფრო მეტიც, ეთნოგრაფიული კვლევის შედეგად მკვლევრები ხშირად რესოციალიზაციის პროცესს გადიან, ანუ ეჩვევიან აქტორების თვალით უყურონ მოვლენებს. ხშირად მკვლევარი რთული ეთიკური დილემის წინაშე დგება - აღწეროს თუ არა მოქმედება, რომელიც მის ინფორმანტებს ცუდად დაახასიათებს? მიუხედავად ამისა, მკვლევარი მაინც „უცხოდ“ რჩება იმ საზოგადოებაში, რომლის შესწავლასაც ცდილობს, თუნდაც იმის გამო, რომ ის ყოველთვის, ნებისმიერი მოვლენის დროს იმაზე ფიქრობს, რამდენად მნიშვნელოვანია ის მისი კვლევისთვის, ღირს თუ არა მასზე ყურადღების გამახვილება და ჩანიშვნა, და ა.შ.

ხშირ შემთხვევაში მკვლევარმა შეიძლება იმიტომ მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ ღონისძიებაში, რომ მას გადწყვეტილი აქვს მის შესახებ დაწეროს, მნიშნველოვნად მიაჩნია თავისი კვლევისთვის. აქედან გამომდინარეობს ის, რომ რაც არ უნდა ეცადოს მკვლევარი, სრულად „შეერწყას“ შესასწავლს ჯგუფს, მისთვის ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ხელს აიღებს თავის კვლევაზე.

ბერნარდი გამოყოფს ჩართული დაკვირვების განხორცილების პროცესში მკვლევარის მიერ განცდილი ფსიქოლოგიური მდგომარეობების თანამიმდევრობას:

  • პირველი კონტაქტი;

  • კულტურული შოკი;

  • აღმოჩენა იმისა, რაც აშკარაა;

  • შესვენება;

  • ფოკუსირება;

  • დაქანცვა, მეორე შესვენება და გაშმაგებული საქმიანობა; და

  • მუშაობის დასრულება და „საიტის” დატოვება.10

შემთხვევითი არ არის, რომ მკვლევარს ეუფლება შოკი, გარკვეულ ეტაპზე ის გადაიღლება, გაუჩნდება შესვენების აუცილებლობა. დასახული მიზნის მისაღწევად ჩართული დაკვირვება მკვლევრისაგან სრულ ჩართვას მოითხოვს. ბოლოს, არც ისეთი ეტაპის გამოყოფაა შემთხვევითი, როგორიცაა „საიტის“ დატოვება - ჩართული დაკვირვების დამთავრება და „საიტიდან“ წასვლა ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდის დამთავრებას ნიშნავს, და ის ხშირად მტკივნეულია როგორც მკვლევრისთვის,ისევე იმ აქტორებისათვის, ვისთანაც მან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა;

მკვლევარსა და აქტორებს შორის დამყარებული ურთიერთობები, როგორც წესი, გამოკვლევის დამთავრების შემდეგაც გრძელდება; არის შემთხვევები, როდესაც დამკვირვებელი დაუმეგობრდა აქტორებს, მონათლა მათი შვილები, და სხვ. ჩართული დაკვირვება საბოლოო ჯამში ძალზე პირადი ხასიათის განუმეორებელი გამოცდილებაა; ეს არ არის რომელიმე რიგითი მეთოდი, რომელიც შეიძლება „ვცადოთ, როგორ გამოგვივა“ - ეს არის საქმე, რომელსაც მკვლევარი უძღვნის ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდს. ამიტომაა, რომ ბერნარდი თვლის, რომ გარკვეული თვალსაზრისით, „მკვლევარი არასოდეს ტოვებს საიტს“ - სულიერად ის იქ რჩება. რაც არ უნდა ეცადოს ის, შეუძლებელია ინფორმატების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების შენარჩუნება და ბევრი ინფორმანტი საბოლოო ჯამში მკვლევრის ნამდვილი მეგობარი ხდება.

საველე ჩანაწერები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეთნოგრაფიული კვლევის ფარგლებში ხდება ინდივიდების და სოციალური ჯგუფების ყოველდღიური ცხოვრების აღწერა მათი კულტურული ნორმების შესწავლის მიზნით, რაც თავისთავად გულისხმობს საველე მუშაობის ჩატარებას არა ექსპერიმენტალურ პირობებში, არამედ ამა თუ იმ შესასწავლი ჯგუფის თუ ინდივიდისათვის დამახასიათებელ ბუნებრივ პირობებში. ეთნოგრაფიული კვლევის ჩატარების ძირითადი მიზანია იმის გაგება, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენენ ამა თუ იმ გამოცდილებას, ცხოვრების წესსა თუ კულტურულ ნორმას ის ადამიანები, რომელთა ყოფასაც ჩვენ შევისწავლით.

ჩართული დაკვირვების ჩატარება მკვლევრისაგან მთელი რიგი უნარ-ჩვევებს დახვეწას მოითხოვს - ის უნდა იყოს ყურადღებიანი დამკვირვებელი, კარგი მსმენელი, კვალიფიციური ინტერვიუერი როგორც ფორმალიზებული, ასევე არაფორმალიზებული ინტერვიუების ჩატარებისას. მას უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი მეხსიერება, რომელიც დაეხმარება დაიმახსოვროს ის, რასაც შენიშნავს დაკვირვების პროცესში, რათა შემდგომ ჩაიწეროს დაკვირვების შედეგები, ხოლო ამ ჩანაწერების და შემდგომში დაკვირვების ანგარიშის მომზადებისათვის მას მოეთხოვება სხვადასხვა ტიპის ტექსტების შექმნის უნარი - დაწყებული საველე ჩანაწერებით და დამთავრებული შემაჯამებელი ანგარიშით, რომელიც ხშირად მონოგრაფიის საფუძველი ხდება. ამასთან, მას უნდა შეეძლოს მიიღოს გადაწყვეტილებები გამოკვლევის ფოკუსის დადგენისა და გამოკვლევის დროს წამოჭრილი ახალი საკითხების ინტეგრირების ან უარყოფის თაობაზე.

მკვლევრის მიერ განხორციელებული დაკვირვების დოკუმენტაცია საველე ჩანაწერების მეშვეობით ხდება, სადაც ის ცდილობს ჩაინიშნოს ყველა ის წვრილმანი თუ მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის მომსწრეც გახდა. კვლევის პროცესში ყოველდღიური საველე ჩანაწერების (ფიელდნოტეს) წარმოების წესების შესწავლა ჩართული დაკვირვების მეთოდის შესწავლის მნიშვნელოვანი ნაწილია თანამედროვე ეთნოგრაფიაში. საველე ჩანაწერებში წარმოჩენილი უნდა იყოს ის სოციალური რეალობა, რომელსაც მკვლევარი შეისწავლის; მათში ხდება არსებული ცხოვრების წესის, კულტურული ნორმების და სოციალური ორგანიზაციის ფორმების აღწერა დეტალური დაკვირვევების დონეზე.საველე ჩანაწერები ის მასალაა, რომელიც შემდგომში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დაკვირვების შედგების შესწავლასა და ანალიზში - საბოლოო ჯამში, საველე ჩანაწერები მასობრივი გამოკითხვის დროს შევსებული კითხვარების ანალოგიური ინფორმაციის წყაროა, ამიტომ მათი შედგენა და მომზადება გულდასმით უნდა მოხდეს.

ჩართული დაკვირვების მეთოდის გამოყენებით კვლევის ჩატარების ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი თვისება ისაა, რომ კვლევით უნარ-ჩვევებთან ერთად, ასეთი კვლევა მოითხოვს გამართულად და საინტერესოდ წერის უნარს. მკვლევარს უნდა შესწევდეს უნარი, ყოველდღიურად აღწეროს როგორც მნიშვნელოვანი, ასევე უმნიშვნელო მოვლენები, რომელთა მოწმეც გახდა კვლევის პროცესში, ჩაინიშნოს ყველა დეტალი და შემდგომში ეს დეტალები უფრო ფართო კონტექსტში მოათავსოს.

საველე ჩანაწერების მიმართ ორი ძირითადი დამოკიდებულება არსებობს. ერთის თანახმად, საველე ჩანაწერების წარმოების უნარი, ისევე როგორც ზოგადად წერის ნიჭი, თანდაყოლილია და მისი სწავლება შეუძლებელია - ის ან აქვს ადამიანს, ან არა. მეორე მიდგომის თანახმად კი საველე ჩანაწერების წარმოება ისეთივე წარმატებით შეიძლება ასწავლო ადამიანს, როგორც ნებისმიერი სხვა უნარ-ჩვევა. ჩვენც ამ აზრს ვიზიარებთ და გვჯერა, რომ სავსებით შესაძლებელია ამ უნარ-ჩვევის დაუფლება შესწავლის და პრაქტიკული საქმიანობის პროცესში; თუ ადამიანი დღიდან დღემდე აწარმოებს ჩანაწერებს და კრიტიკული თვალით აფასებს მათ, მას აუცილებლად გამოუმუშავდება მათი უკეთ წარმოების უნარი.

დაკვირვების შედეგად გაკეთებული საველე ჩანაწერების უმრავლესობა წარმოადგენს თხრობით ჩანაწერებს, სადაც აღწერილია დამკვირვებლის მიერ დანახული სოციალური სიტუაციები, ჩაწერილია მოსმენილი დიალოგები ან ცალკეული ფრაზები.

დევიდ მ. ფეტერმანის აზრით, საველე ჩანაწერები „ეთნოგრაფიული სტრუქტურის აგური და ცემენტია”11. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან მოყოლებული მათ ყველა ეთნოგრაფი იყენებდა თავის მუშაობაში, მეთოდოლოგიური განხილვის საგანი საველე ჩანაწერები სულ რაღაც ბოლო 15-20 წლის წინ გახდა. როგორც რობერტ ემერსონი აღნიშნავს, ადრე მკვლევრები არ აქცევდნენ ყურადღებას იმას, თუ როგორ უნდა წარმოებულიყო საველე ჩანაწერები. ამიტომაა, რომ დღესდღეობით ჯერ კიდევ არ არის მიღწეული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა სახის ჩანაწერებს უნდა ეწოდოს „საველე ჩანაწერები“, რამდენად უნდა განვასხვავოთ მათგან „დღიურები“ ან „ჟუნალები“, და, საერთოდ, რამდენად მართებულია საველე ჩანაწერების სხვადასხვა ტიპებად დაყოფა12.

რობერტ ემერსონის მსგავსად, ჩვენ ვთვლით, რომ საველე ჩანაწერებია საველე მუშაობისას გაკეთებული ყველა ჩანაწერი. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ არსებობს განსხვავება საველე ჩანაწერებსა და დღიურებს შორის. მათი აზრით, საველე ჩანაწერად უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ და მხოლოდ ის ჩანაწერი, სადაც მკვლევარი შეძლებისდაგვარად მიუკერძოებლად აღწერს საველე პირობებში გაკეთებული დაკვირვების შედეგებს. რაც შეეხება დღიურს ან ჟურნალს, მათში ის თავის პირად მოსაზრებებს და შთაბეჭდილებებს ინიშნავს, შეაქვს თავისი შენიშვნები გამოკვლევის მსვლელობასთან დაკავშირებით, თავისი მოლოდინი, მიღებული გამოცდილება, დაშვებული შეცდომები, პრობლემები, რომლებიც უჩნდება მუშაობის პროცესში. მაგრამ, როგორც ემერსონი აღნიშნავს, ასეთი დაყოფის შემთხვევაში ხელოვნურად ხდება დაკვირვებისათვის “ობიექტურობის” მინიჭების მცდელობა, რამდენადაც საველე ჩანაწერები (ამ ტერმინის ვიწრო გაგებით) მომხდარის ობიექტურ ასახვად ითვლება, ხოლო დღიურები განიხილება როგორც წარმოებული დაკვირვების „სუბიექტური“ შთაბეჭდილებების ასახვა. საველე ჩანაწერები უაღრესად ინდივიდუალური დოკუმენტია, რომელზეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს მკვლევრის პიროვნული თვისებები. ეჭვს გარეშეა, რომ რამდენიმე მკვლევრის მიერ ერთი და იგივე მოვლენის შესახებ გაკეთებული საველე ჩანაწერები შეიძლება აბსოლუტურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან იქიდან გამომდინარე, თუ რომელ აქტორებზე, მოვლენებზე, დეტალებზე, ფაქტებზე გაამახვილეს მათ ყურადღება. საველე ჩანაწერების აუდიტორია მხოლოდ ერთი ადამიანია - თავად მკვლევარი.

მაგრამ სწორედ საველე ჩანაწერების გაკეთებით იწყება მონაცემთა ანალიზი, ამრიგად, საველე ჩანაწერები უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც ინსტრუმენტი, არამედ როგორც წარმატებული ეთნოგრაფიული კვლევის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. საველე ჩანაწერები არ უნდა განვიხილოთ როგორ ამა თუ იმ მოვლენის უბრალო აღწერა; მათი წარამოების პროცესი ეთნოგრაფიული კვლევის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ხშირად სწორედ საველე ჩანაწერების გაკეთების დროს უჩნდება მკვლევარს ესა თუ ის კითხვა, წამოიჭრება კვლევის ახალი მიმართულებები. ეს პროცესი ეხმარება მკვლევარს გააანალიზოს მოვლენები, რომელთა მომსწრეც ის გახდა, რაც ხელს უწყობს კვლევის წარმატებულად ჩატარებას.

როგორ უნდა გაუკეთდეს ორგანიზაცია ამ ჩანაწერებს?

პირველი კითხვა, რომელსაც მკვლევარმა უნდა გასცეს პასუხი საველე ჩანაწერების წარმოებისას, არის ის, თუ რომელ ენაზე უნდა აწარმოოს ეს ჩანაწერები? რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს კითხვა ეხება იმ მკვლევრებს, რომლებიც უცხო ქვეყნებში მუშაობენ და კვლევის საველე ეტაპი უცხო ენაზე ხორციელდება, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც მკვლევარი თავის მშობლიურ ქვეყანაში მუშაობს, ეს საკითხი არ კარგავს თავის აქტუალობას, ვინაიდან მაინც არსებობს რამდენიმე ენის გამოყენების შესაძლებლობა:

  • ყოველდღიური, სალაპარაკო ენა;

  • მეცნიერული ენა (უფრო კონკრეტულად, სოციალური მეცნიერების ენა);

  • შესასწავლი ჯგუფის ენა (პროფესიული ლექსიკა, ჟარგონი და სხვ.).

მკვლევარი არ უნდა აჰყვეს სურვილს, გაამარტივოს მის წინაშე მდგარი ამოცანა და უკვე საველე ჩანაწერების წარმოების პროცესში მეცნიერულ ენაზე თარგმნოს ის, რასაც აკვირდება; ეს არც თუ იშვიათად ხდება მოვლენების კულტურული მნიშვნელობის დამახინჯების მიზეზი. ჯეიმს სპრადლი ურჩევს ყველა მკვლევარს, უარი თქვას შეფასებებსა და განზოგადოებებზე საველე ჩანაწერების გაკეთების დროს, შეძლებისდაგვარად გააკეთოს ჩანაწერები იმავე ენაზე, რა ენაზეც მიმდინარეობდა საუბარები, და აუცილებლად მიუთითოს თავის ჩანაწერებში ყველა ფრაზის ავტორის ვინაობა, რათა რაც შეიძლება ზუსტად მოხდეს განხორციელებული დაკვირვების ასახვა. როდესაც მკლევარი აქტორების ნათქვამს გადმოსცემს, მისი მიზანი უნდა იყოს, ეს ნათქვამი სიტყვასიტყვით ჩაინიშნოს. ეს მოთხოვნა, სპრადლის აზრით, ყველაზე ხშირად ირღვევა, ვინაიდან დამკვირვებელისთვის უფრო ადვილია, მოკლედ და „თავისებურად“ გაუკეთოს თქმულს პერეფრაზირება. შემდგომში ეს მრავალი შეცდომის მიზეზი ხდება, რამეთუ აქტორების მიერ გამოყნებული ენა მათი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, და თუ ის არ შევინარჩუნეთ, მაშინ გარკვეულ კულტურულ ელემენტებსაც დავკარგავთ.

სპრადლის მესამე რჩევა ასეთია: დაკვირვების შედეგების ჩაწერისას, იყავით რაც შეიძლება ზუსტი და კონკრეტული, მოვლენები დაწვრილებით აღწერეთ, მაშინაც კი, როდესაც თქვენი შთაბეჭდილებებისა და გრძნობების შესახებ ლაპარაკობთ. ეს რთულია, და გაცილებით მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე მოკლე „შეჯამებები“, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ დეტალებია, რაც ყველაზე მეტად დაგვეხმარება მონაცემების ანალიზის დროს. ჩანაწერებში არაა მიზანშეწონილი, ვიხმაროთ ისეთი მეცნიერული ტერმინები, როგორებიცაა „როლი“, „სოციალური სიტუაცია“, „ინტერაქცია“, „კულტურული სტრატეგია“, „სოციალიზაცია“ და სხვ. დეტალური და კონკრეტული აღწერა იმისა, რისი მოწმეებიც ჩვენ გავხდით დაკვირვების დროს, დაგვეხმარება დავიცვათ თავი წინასწარი (და ხშირად მცდარი) შეჯამებებისა და შეფასებებისაგან; რა თქმა უნდა, განზოგადოებები საჭირო იქნება ჩვენი შემდგომი მუშაობისას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც უკვე შევაგროვებთ ფაქტებს.

მკლვევარი უნდა ეცადოს, რომ გადმოგვცეს ამა თუ იმ მოვლენის ინფორმანტისეული ახსნა-განმარტებები, მათ თავს გადამხდარი ამბები, სხვადასხვა ისტორიები - საველე ეტაპის ჩატარების პროცესში აქტორების ყურადრებით მოსმენის უნარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

განხორციელებული დაკვირვების აღწერა საველე ჩანაწერებში ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს უშუალოდ დაკვირვების დასრულების შემდეგ - წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დაგვავიწყდეს დეტალები და დავკარგოთ ბევრი ფასეული ინფორმაცია. დაკვირვების ანგარიშის დაწერა შეიძლება ორ ეტაპად მოხდეს: უშუალოდ დაკვირვების დამთავრებისას იწერება მოკლე ანგარიში, შემდეგ კი - ვრცელი. ვრცელი ანგარიშის დაწერაც არ უნდა გადავდოთ შორეული მომავლისათვის, მაგრამ ვინაიდან ასეთი ანგარიშების ჩაწერის დასრულებისთვის მეტი დროა საჭირო, სანამ მათ შევუდგებოდეთ, მიზანშეწონილია მოკლე ანგარიშის დაწერა უშუალოდ დაკვირვების დამთავრების შემდეგ.

ვრცელ ანგარიშში დამკვირვებელს არ უნდა ეშინოდეს ხშირი განმეორებების - პირიქით, თუ მოვლენები ხშირად მეორდება, ისინი ისევ და ისევ უნდა იქნეს აღწერილი; შემდგომში ეს მნიშვნელოვნად დაგვეხმარება უცხო კულტურის შეცნობაში. ამასთან, სპრადლი დარწმუნებულია, რომ სწორედ მრავალგზის განმეორებული დაკვირვებების აღწერის შედეგად ახერხებს მკვლევარი ჩაწვდეს სოციალური სიტუაციის მთელ სირთულეს, რომელიც პირველი შეხედვით მას, შესაძლოა, იოლიც კი ეჩვენა.

დეტალური საველე ჩანაწერების რეგულარული გაკეთება ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია, ამიტომ ეთნოგრაფისთვის აუცილებელია კარგი მეხსიერების ქონა. მას უნდა შეეძლოს დაიმახსოვროს ადამიანების გარეგნობა, საკვანძო ფრაზები, გარემო, ჟესტები და სხვა. მაგრამ მეხსიერების სრულად ნდობა არ შეიძლება. იმისათვის, რომ მკვლევარს არ დაავიწყდეს მნიშვნელოვანი მოვლენები, მან აუცილებლად უნდა რამენაირად ჩაინიშნოს ისინი; ეს შეიძლება არ იყოს გამართული და ჩამოყალიბებული წინადადებები - საკმარისია საკვანძო ფრაზა, ან რაიმე საკვანძო დეტალის მოკლედ ჩანიშვნა, რომ მათი წაკითხვის შემდეგ მკვლევარმა შეძლოს ამა თუ იმ მოვლენის მეხსიერებაში აღდგენა და დეტალურად აღწერა.

არსებობს ასეთი ტერმინი - jottings, an jotting notes, რაც მოკლე ჩანაწერის გაკთებას ნიშავს. ეს ტერმინი შეესაბამება სიტუაციას, როდესაც მკვლევარი იყენებს მხოლოდ მისთვის გასაგებ შემოკლებებს, შეიძლება, ფიგურებს ან სქემებს იმისათვის, რომ ჩაინიშნოს რაიმე დეტალი თუ მოვლენა. ასეთი ჩანაწერები ხშირ შემთხვევაში უცხო პირებს შესაძლოა სიტყვების უაზრო ნაკრები ეჩვენოს. ქვემოთ მოყვანილია ასეთი ჩანწერების მაგალითი:

ჯორჯი მაგიდასთან არავინ არ გამაცნო ეხლა მარტო ესპანურად საუბრობს საერთო საუბარი - ვინ უკრავს “ისინი არ არიან ძალიან მაგრები” - ბოდიში13 ეს ჩანაწერი გაკეთდა ესპაურენოვანი როკ-მუსიკის ერთ-ერთ კლუბში. ჩვენ ვიგებთ, რომ ჯორჯი მაგიდასთან ზის, რომ თავიდან ის ინგლისურად საუბრობდა და რაღაც მომენტში გადავიდა ესპანურზე. ჯორჯმა არ გააცნო მკვლევარი არავის, ვინც მაგიდასთან იჯდა. მაგიდასთან საერთო საუბარი მიმდინარეობს, რომლის დროსაც ვიღაცამ იკითხა, რომელი ჯგუფი უკრავს ამ დროს სცენაზე; ერთ-ერთი დამსწრეთაგანი - არა მკვლევარი - აკეთებს კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უკრავს ეს ჯგუფი - „ისინი არ არიან ძალიან მაგრები“, და მკვლევარი აღნიშნავს, რომ ეს შენიშვნა გარკვეულწილად ბოდიშის მოხდას ნიშნავს, იმის გამო, რომ ის ისეთ კლუბში მოიყვანეს, სადაც ჯგუფი ვერ უკრავს სათანადო დონეზე.

მკვლევარი უნდა ეცადოს, რაც შეიძლება დაწვრილებით გადმოსცეს თავის ჩანაწერებში ის გარემო და დიალოგები, რომელთა მომსწრეც ხდება. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი ნათქვამი, პერეფრაზირება ან ირიბი ნათქვამი. საველე ჩანაწერებში ინფორმანტის ზუსტი ნათქვამი ბრჭყალებში უნდა მოვათავსოთ, პერეფრაზირებული სიტყვები კი ბრჭყალების გარეშე დავწეროთ. განვიხილოთ შემდეგი მაგალითი:

2004 წლის ... ივნისი. ნიუ-იორკი.

შეხვედრაზე - მეტროს გაჩერება ბრაიტონ ბიჩი, მე-10 აღმოსავლეთის ქუჩა - თამაზი ზუსტად წუთი-წუთზე მოვიდა (საღამოს 5 საათზე). თამაზი მაღალი, დაახლოვებით 1.80 სმ. და 32-34 წლისაა. ეცვა თეთრი პერანგი და ლურჯი ჯინსები, ტყავის ფეხსაცმელი. პერანგის ჯიბეში უჩანდა camel-ის კოლოფი და სანთებელა. იმ დროის მანძილზე, რაც სახლამდე მივდიოდით, ჩვენ მივესალმეთ და მოვიკითხეთ ერთმანეთი და ის გამიძღვა თავისი საცხოვრებელი ბინისკენ, უფრო სწორედ კი იმ ბინისკენ, სადაც ის საწოლადგილს ქირაობდა. გზად შევეკითხე, რამდენი წელია, რაც ნიუ-იორკში ცხოვრობდა და აღმოჩნდა, რომ უკვე მეექვსე წელი იყო. „სულ აქ ცხოვრობდით თუ სხვა ბინაც გქონდათ ნაქირავები?“ - „სულ აქ, რაც ჩამოვედი, პირველი დღიდან, აქა ვარ“. როგორც აღმოჩნდა, მასთან ერთ ოთახში კიდევ 3 ადამიანი ცხოვრობს, ზოგი დღისით მუშაობს და ზოგი ღამით. „ისეთი დაღლილი მოვდივარ ხანდახან სამსახურიდან რომ ძილის გარდა არაფრის თავი არა მაქვს ხოლმე. აი, მოვედით კიდეც“. ჩვენ გავიარეთ 3 კვარტალი აღმოსალეთით და აღმოვჩნდით თეთრად შეღებილი ორსართულიანი ბინის წინ, რომელსაც ორი შესასვლელი ქონდა, წინ პატარა კიბეებით. ჩვენ მარცხენა შესასვლელში შევედით - „არ შეგეშინდეთ, ცოტა დასალაგებელია აქაურობა, მაინც, კაცები ვცხოვრობთ ყველანი“, გამოტყდა თამაზი და კარი შეაღო.14

ამ მაგალითში გამოყენებულია როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი ნათქვამი, პერეფრაზი, მოცემულია გარემოს და თავად ინფორმანტის აღწერა. მნიშვნელოვანია, რომ საველე ჩანაწერებში დათარიღებული იყოს ყოველი ჩანაწერი. სასურველია ასევე, მითითებული იყოს ზუსტი საათი, როდესაც ესა თუ ის დაკვირვება განხორციელდა, ადგილი, მონაწილეთა რაოდენობა, მათი დახასიათება - როგორც ეთნოგრაფები ამბობენ, რაც მეტი დეტალია, მით უკეთესი. ასეთი ჩანაწერები ინფორმაციის მდიდარი წყაროა, კვლევის საველე ეტაპის დამთავრების შემდეგ ის ეხმარება მკვლევარს აღადგინოს გრძნობები და განწყობები, რომლებმაც, შესაძლოა, გავლენა იქონიეს მიღებულ შედეგებზე.

საველე ჩანაწერები საკმაოდ ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს, რადგან ისინი ცალკეული დაკვირვებების აღწერას წარმოადგენს. მაგრამ მათი ანალიზისა და გადამუშავების შედეგად იქმნება საბოლოო ნაშრომი, რომელიც გამართულია როგორც შინაარსობრივად, ასევე სტილისტურად.

რამდენადაც საველე ჩანაწერები მხოლოდ მკვლევრისთვისაა განკუთვნილი, მათში შეიძლება აქტორების და ინფორმანტების ნამდვილი სახელების ხმარება, მაგრამ როდესაც კვლევის ანგარიშს ვამზადებთ, ყველა სახელი უნდა შეიცვალოს ისე, რომ შეუძლებელი გახდეს აქტორის იდენტიფიკაცია. ზოგ შემთხვევაში, აქტორების კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, აუცილებელია, აგრეთვე შევცვალოთ ან საერთოდ არ დავასახელოთ დასახლებული პუნქტი, სადაც კვლევა ჩატარდა, ან ორგანიზაცია, სადაც ვაწარმოებდით დაკვირვებას.

მონაცემთა ანალიზი

ჩართული დაკვირვების შედეგების დამუშავება ეყრდნობა საველე ჩანაწერებს და კვლევის პროცესში ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეგროვებულ ინფორმაციას. ვინაიდან ჩართული დაკვირვების მანძილზე ჩატარებული ყველა ინტერვიუს აუდიოჩაწერა არ ხერხდება, ზოგ შემთხვევაში მკვლევარი ეყდნობა ინტერვიუს შედეგად ხელით გაკეთებულ ჩანაწერებს, ზოგ შემთხვევაში კი - ტრანსკრიპტებს. ანალიზის პროცესში მკვლევარმა ძალიან ვრცელი მასალა უნდა შეისწავლოს - ამ მასალის უმრავლესობა მის მიერაა შეგროვებული ხანგრძლივი საველე მუშაობის პროცესში; საკუთარი საველე ჩანაწერების შესწავლის დროს მკვლევარი გამოყოფს იმ დეტალებს, შემთხვევებს, ფაქტებს და ციტატებს, რომლებიც მნიშვნელოვანია შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით და ცდილობს, გააკეთოს დასკვნები შესწავლილი სოციალური ურთიერთობების სპეციფიკისა და აღმოჩენილი კანონზომიერებების შესახებ. მონაცემთა ანალიზის საბოლოო მიზანი უნდა იყოს კვლევით კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ რამდენადაც ხშირ შემთხვევაში კვლევითი კითხვების საბოლოო დაზუსტება საველე მუშაობის ჩატარების პროცესში ხდება, ბუნებრივია, რომ ადრეული ჩანაწერები ამ მიზნისთვის შედარებით ნაკლებად გამოსადეგი იქნება. მაგრამ ეს ჩანაწერები შეიძლება გამოდგეს იმის ასაღწერად, თუ როგორ მოხდა კვლევის ფოკუსის გამოყოფა, თუ ისინი შეიცავენ ინფორმაციას იმ მოვლენის შესახებ, რომელმაც უბიძგა მკვლევარს, გარკვეული მიმართულებით წარემართა კვლევა.

როგორც ანალიტიკური სტრატეგიის მაგალითი, საინტერესოა უილიამ ფ. უაითის მიერ გაკეთებული ანალიზი იმისა, თუ როგორია ერთ-ერთი ამერიკული ქალაქის იტალიურ უბანში არსებული დაჯგუფების შიდა სტრუქტურა, რა არის ამ ჯგუფის ლიდერის ავტორიტეტის საფუძველს.15

ჩართული დაკვირვების შედეგების შეჯამება, მათი ანალიზის საბოლოო შედეგი, როგორც წესი, არის მონოგრაფია, სადაც განხილულია კვლევის საველე ეტაპი და მოყვანილია მიღებული დასკვნები. აღსანიშნავია, რომ გამართულად წერის უნარი საჭირო და აუცილებელია არა მხოლოდ საველე მუშაობის ყველა ეტაპზე, არამედ, აგრეთვე მიღებული შედეგების ანალიზის დროს, შუალედური თუ დასკვნითი ანგარიშის/მონოგრაფიის დაწერის მიზნით.

დავალება:

წადით საჯარო ბიბლიოთეკაში, შეუკვეთეთ წიგნები და დააკვირდით იქ მყოფ/მისულ ადამიანებს და სიტუაციებს 3 საათის მანძილზე. დაკვირვების დასრულებისთანავე გააკეთეთ დეტალური ჩანაწერები.

რეკომენდებული ლიტერატურა:

H. Russel Bernard. 2002. Research Methods in Anthropology. Qualitative and Quantitative Approaches. Third edition. AltaMira Press. Pp. 323-364 (“Participant Observation”).

Robert M. Emerson, Rachel I.Fretz, and Linda L. Shaw. 1995. Writing Ethnographic Fieldnotes. Chicago: The University of Chicago Press.

David M.Fetterman. 1989. Ethnography: Step by Step. Beverly Hills, Calif.: Sage Publications.

Roger Sanjek, ed. 1990. Fieldnotes. The Making of Anthropology. Ithaca: Cornell University Press.

James P. Spradley. 1980. Participant Observation. New York: Holt, Rhinehart and Winston.

John Van Maanen. 1988. Tales of the Field. On Writing Ethnography. Chicago: The University of Chicago Press.

William Foote White. 1993. Street Corner Society: The Social Structure of an Italian Slum. Forth edition. Chicago: University of Chicago Press.

_____________________

1. Robert S. Weiss. Learning from Strangers. The Art and Method of Qualitative Interview Studies. New York: Free Press. P. 236.

2. ასეთ შემთხვევად შეიძლება ჩავთვალოთ სიტუაცია, როდესაც შესასწავლი ობიექტი ვერ იგრძნობს დამკვირვებლის არსებობას - ერთ-ერთი ასეთი მაგალითია დაკვირვება ხალხმრავალ ადგილებში.

3. იხ. James P. Spradley. 1980. Participant Observation. New York: Holt, Rhinehart and Winston. გვ. 58.

4. ქართულად ჩართული დაკვირვება ზოგ შემთხვევაში მოიხსენიება როგორც „მონაწილე დაკვირვება” რაც შესაბამისი ინგლისური ტერმინის უფრო ზუსტი თარგმანია.

5. James P. Spradley. 1980. Participant Observation. New York: Holt, Rhinehart and Winston.

6. H. Russel Bernard. 1994. Research Methods in Anthropology. 2nd Edition. Thousand Oaks: Sage Publishers. P. 144.

7. James P. Spradley. Op. cit. Pp. 33-34.

8. ჯეიმს სპრადლის მოჰყავს აღწერითი კითხვების ყველა შესაძლო ტიპის ცხრილი (იხ. James Spradley. Op. cit. Pp. 82-83).

9. ეს კლასიფიკაცია მოყვანილია შემდეგი გამოცემის მიხედვით: James P. Spradley. 1980. Op. cit. Pp.53-58.

10. H. Russell Bernard. 2002. Research Methods in Anthropology. Qualitative and Quantitative Approaches. Third Edition. Walnut Creek: AltaMira Press. Pp. 356-362.

11. David M.Fetterman. 1989. Ethnography: Step by Step. Beverly Hills, Calif.: Sage Publications. P. 107.

12. Robert M. Emerson, Rachel I.Fretz, and Linda L. Shaw. 1995. Writing Ethnographic Fieldnotes. Chicago: The University of Chicago Press. Pp.viii-x.

13. Robert M. Emerson, Rachel I.Fretz, and Linda L. Shaw. Op. cit. P. 30.

14. თამარ ზურაბიშვილის მიერ ჩატარებული კვლევის საველე ჩანაწერებიდან.

15. William Foote White. 1993. Street Corner Society: The Social Structure of an Italian Slum. Forth edition. Chicago: University of Chicago Press.

6 თემა 5. მონოგრაფიული გამოკვლევა

▲back to top


ისევე როგორც თვისებრივი მეთოდების უმარავლესობა, მონოგრაფიული გამოკვლევაც თავდაპირველად ანტროპოლოგების მიერ იქნა შემუშავებული და მათი გამოცდილების გათვალისწინების შედეგად დამკვიდრდა სოციალურ მეცნიერებებში. ერთერთი პირველი მკვლევარი, რომელმაც ეს მეთოდი გამოიყენა, იყო ცნობილი ბრიტანელი ანტროპოლოგი ბრონოსლავ მალინოვსკი (1884-1942 წწ.). თუმცა, გარკვეულწილად შეიძლება მონოგრაფიულ გამოკვლევად მივიჩნიოთ აგრეთვე 1890-იანი წლების ბოლოს ლონდონში ჩარლზ ბუტის მიერ ჩატარებული სიღარიბის ცნობილი გამოკვლევა, რომელიც ერთ-ერთ პირველ სოციალურ გამოკვლევად ითვლება მსოფლიოში და არა აქვს კავშირი ანტროპოლოგიასთან.

მონოგრაფიული გამოკვლევა საკმაოდ განვითარებული იყო ფრანგულ მეცნიერებაშიც, სადაც ის კლოდ ლევი-სტროსის და ფრედერიკ ლე პლეის სახელს უკავშირდება. მიიჩნევდა რა, რომ საზოგადოების შესწავლის მიზნით საჭიროა მისი საკვანძო ელემენტის შერჩევა, სადაც ყველაზე აშკარად გამოიკვეთება ამ საზოგადოების დამახასიათებელი თვისებები, ლე პლეიმ საზოგადოებების შესწავლა მუშათა ოჯახების შესწავლის მეშვეობით გადაწყვიტა. ლე პლეის და მის მიმდევართა ნაშრომებში ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა ინფორმაციის შეგროვების ისეთი მეთოდები, როგორებიცაა დაკვირვება, ინტერვიუ და სამთავრობო ორგანოების მიერ შეგროვებულ მონაცემთა შესწავლა.

მონოგრაფიული გამოკვლევის განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს ჩიკაგოს სოციოლოგიური სკოლის წარმომადგენლებმა. სოციოლოგიაში სწორედ მათ დაამკვიდრეს მკვლევრის ხანგრძლივი დროით დასახლების ტრადიცია აქტორების გვერდით, და მათთვის საინტერესო ფენომენის მრავალმხრივი სიღრმისეული შესწავლა.

მეთოდის აღწერა

მონოგრაფიული გამოკვლევა1 ცალკეული შემთხევის, თემის ან სოციალური ჯგუფის სიღრმისეული და ყოველმხრივი შესწავლაა მკვლევართა ხელთ არსებული ყველა საშუალების მეშვეობით, რომელთა შორის უმნიშნველოვანესია ჩართული დაკვირვება. საერთოდ, ჩართულ დაკვირვებასა და მონოგრაფიულ გამოკვლევას შორის იმდენი საერთო ელემენტია, რომ ზოგჯერ ისინი გაიგივებულიცაა ერთმანეთთან; მიუხედავად ამისა, მონოგრაფიული გამოკვლევის ფარგლებში მკვლევარის ხელთ კვლევის ჩატარების უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი საშუალებებია, ვიდრე ჩართული დაკვირვების ჩატარების დროს, თუმცა ეს უკანასკნელიც კვლევის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

მონოგრაფიული გამოკვლევის მთავარ უპირატესობად ითვლება მის მიერ პრობლემის სიღრმისულად და მრავალმხრივ შესწავლის უნარი. ამ მეთოდს, ისევე როგორც საერთოდ თვისებრივ მეთოდებს, საფუძვლად უდევს მაქს ვებერის სახელთან დაკავშირებული „ინტერპრეტაციული სოციოლოგიის“ პრინციპები, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური აგენტების მოქმედებათა საზრისში ჩაწვდომას. მონოგრაფიული გამოკვლევის შესახებ ტრადიციული წარმოდგენის თანახმად, მკვლევარი შეისწავლის ამა თუ იმ სოციალურ ერთობას მასში „ჩაძირვის“ მეშვეობით. ამ “ჩაძირვის” შედეგად მკვლევარი უკეთ ეცნობა შესასწავლი ჯგუფის ცხოვრებას, იზიარებს მისი წევრების ყოფას და საშუალება ეძლევა, მათი თვალით შეხედოს სამყაროს.

მკვლევრის მუშაობა იწყება მისი „საიტში“ ჩასვლით და პირველი კონტაქტების დამყარებით შესასწავლი ჯგუფის წარმომადგენლებთან. ასეთ გამოკვლევებში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩართული დაკვირვების როლი; მუშაობის წარმატება დიდად არის დამოკიდებული კარგი ინფორმანტების პოვნაზე.

საველე მუშაობის დროს აუცილებელი მოთხოვნაა, მკვლევარი იმყოფებოდეს „საიტზე“ საკმოად ხანგრძლივი დროის მანძილზე, რესპონდენტებთან ერთად იცხოვროს და გაიზიაროს მათი ყოფის ყველა ელემენტი. ეს საშუალებას აძლევს მკვლევარს, არა მარტო უშუალო ურთიერთობა დაამყაროს აქტორებთან და უფრო ღრმად შეისწავლოს მათი ცხოვრება, არამედ, აგრეთვე მოიპოვოს მათი ნდობა.

ხანგრძლივი საველე მუშაობა შედგება, ერთი მხრივ, პირველი შეხედვით ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრებისგან, რომელსაც მკვლევარი აქტორებთან ერთად იზიარებს, ესწრება მათ შეხვერდებს, მუშაობს მათ გვერდით, საუბრობს მათთან, ისვენებს მათთან ერთად და ა.შ., ხოლო მეორე მხრივ - ყოველდღიური ანგარიშების შედგენისგან, სადაც რაც შეიძლება დაწვრილებითაა გადმოცემული ყოველივე ის, რასაც მკვლევარი აკვირდებოდა და რაც მან შეიტყო დღის მანძილზე. ყოველივე ეს ძალიან მკაცრ თვითდისციპლინას, საკუთარი თავის მოქმედებების კონტროლს და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარს მოითხვოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მკვლევარი მარტო მუშაობს.

მონოგრაფიული გამოკვლევა შეიძლება ჩაატაროს როგორც ერთმა მკვლევარმა, ასევე მკვლევართა ჯგუფმა. უკანასკნელ შემთხვევაში, საჭიროა გამოკვლევის ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზება, რათა კვლევითი ჯგუფის წევრები მართლაც ერთსა და იმავე საკითხზე მუშაობდნენ, და მიღებული იქნეს შედეგები, რომელთა შედარებაც შემდგომში შესაძლებელი იქნება. თავდაპირველად მონოგრაფიული გამოკვლევები ინდივიდუალურ კვლევით პროექტებს წარმოადგენდა, და დღემდე შეიმჩნევა ტენდენცია, ეს კვლევითი მიდგომა ერთი მკვლევრის მიერ იქნეს გამოყენებული.

მონოგრაფიული გამოკვლევის ჩატარების პროცესში მკვლევარი არასოდეს ყაბულდება ინფორმაციის შეგროვების მხოლოდ ერთ მეთოდს, არამედ რამდენიმე ურთიერთშემავსებელ მეთოდიკას გამოიყენებს, რომლებიც შესასწავლი პრობლემის განსხვავებულ მხარეებს გამოავლენენ. ესენია, უპირველეს ყოვლისა, დაკვირვება და სხვადასხვა სახის ინტერვიუ, დოკუმენტების ანალიზი, ფოკუს-ჯგუფი; ეს შეიძლება იყოს, აგრეთვე საარქივო საბუთების შესწავლა, პირადი წერილები და/ან დღიურები, ასევე - ფოტოსურათები და სხვ. სხვადასხვა მეთოდის გამოყენება უზრუნველყოფს გამოკვლევის შედეგების სანდოობის გაზრდას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თვისებრივი მეთოდებით ჩატარებული ყველა გამოკვლევისათვის. არცთუ იშვიათად, შესასწავლი თემის შესახებ სრული ინფორმაციის მიღების მიზნით მკვლევრები მიმართავენ მოსახლეობის აღწერას ან გამოკითხვას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ასეთი მრავალმეთოდური მიდგომა ახასითებდა ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ავსტრიის სოფელ მარიენტალში მარია იაჰოდას, პოლ ლაზარსფელდის და ჰანს ცაიზელის მიერ ჩატარებულ გამოკვლევას, რომლის თემაც უმუშევრობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.2 ეს გამოკვლევა ჩატარდა სოფელში, რომლის თითქმის მთელი მოსახლეობა სტრუქტურული ცვლილებების შედეგად უმუშევარი დარჩა. მკვლევართა მიზანი მოსახლეობაზე უმუშევრობის გავლენის შესწავლა იყო, რაც მათ ისეთი განსხვავებული მიდგომების გამოყენებით განახორციელეს, როგორებიცაა რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება და სიტუაციაში „ჩართვა“. ამ გამოკვლევის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის დასაწყისშივე მკვლევრებს მოყავთ თავისი ინფომაციის წყაროების სრული სია:

საოჯახო დოსიე: მარიენტალში მცხოვრები 478-ვე ოჯახის ყველა წევრის შესახებ შეგროვებული იქნა დეტალური და ვრცელი ინფორმაცია: მათი პირადი მონაცემები, უმუშევრობის შემწეობის სახეობა, და სხვა. დოსიე შეიცავდა აგრეთვე სრულ ინფორმაციას საცხოვრებელი პირობების, ოჯახური ცხოვრების, ოჯახში შრომის განაწილების შესახებ და ა.შ. დამატებით, ყველა ოჯახში ჩვენი თხოვნით ავსებდნენ საოჯახო დღიურს.

ცხოვრების ისტორიები: ჩვენ ჩავიწერეთ 32 მამაკაცის და 30 ქალის დეტალური ცხოვრების ისტორია. ამ ისტორიების მნიშვნელობა პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ ისინი ადამიანის მთელ ცხოვრებას ასახავენ. როდესაც ამ ადამიანებმა უმუშევრობის შესახებ დაიწყეს ლაპარაკი, მათი თხრობა უკვე მიმდინარეობდა. მათთვის უფრო იოლი იყო უმუშევრობის გამოცდილების აღწერა, ვინაიდან ამ დროისათვის მათ უკვე მოყოლილი ჰქონდათ თავისი ცხოვრების წინა პერიოდის შესახებ, რომელიც მათთვის შედარებების საფუძველს წარმოადგენდა. ჩვენ რომ პირდაპირ მათი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ დაგვესვა კითხვები, შედეგად შეიძლება მორიდებული სიჩუმე ან არაფრისმთქმელი საერთო ფრაზები მიგვეღო.

დროის გრაფიკები: 80 ადამიანმა შეავსო კითხვარი, რომელშიც აღწერეს, თუ როგორ გაატარეს თავისი ცხოვრების ერთი დღე.

ანგარიშები და ჩივილები: ჩვენ შევისწავლეთ უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ვენის ნოიშტატის ოლქის სამრეწველო კომისიაში წარდგენილი ანგარიშები და ჩივილები (მარიენტალი ამ ოლქში შედის).

სასკოლო ესეები: სკოლის დამწყები და საშუალო კლასების რამდენიმე მოსწავლემ დაწერა ნაშრომები შემდეგ თემებზე: „რა მინდა ყველაზე მეტად“, „ვინ მინდა ვიყო“ და „რა საჩუქარი მინდა საშობაოდ“.

ესეების კონკურსი, რომლის გამარჯვებულისთვისაც დაწესებული იყო ჯილდო: რამდენიმე მოზარდმა დაწერა ნაშრომი თემაზე: „როგორ მესახება ჩემი მომავალი“.

კვების ანგარიშები: ერთი კვირის მანძილზე 40 ოჯახი იწერდა, თუ რას ჭამდნენ, აგრეთვე, რა საგზალს ატანდნენ სკოლაში ბავშვებს შემწეობის მიღების წინა დღეს და შემწეობის მიღების შემდგომ დღეს.

სხვადასხვა სახის ინფორმაცია: ჩვენ შევაგროვეთ ინფორმაცია 80 პატარა ბავშვის მიერ მიღებული საშობაო საჩუქრების შესახებ; ბარებში საუბრის თემებისა და საქმიანობის შესახებ; იმ სირთულეების თაობაზე, რომლებსაც მშობლები შვილების აღზრდისას აწყდებიან (იმ ჩანაწერების საფუძველზე, რომლებიც ექიმის საკონსულტაციო კაბინეტში მოვიძიეთ); სამედიცინო ანალიზები; მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაცია მათი მოსწავლეების წარმატებების შესახებ; სახელმწიფო ორგანოების, ქარხნის, ეკლესიის და სხვათა მიერ წარმოებული საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ; დუქანში, დალაქთან, ყასაბთან, ფეხაცმლის შემკეთებელთან, მკერავთან, კონდიტერთან დახარჯული თანხების შესახებ; აგრეთვე, სხვადასხვა პოლიტიკური კლუბის თუ სხვა ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

სტატისტიკური მონაცემები: ამ ტიპის მონაცემებს წარმოადგენდა კოოპერატიული მაღაზიის საანგარიშო წიგნები; საჯარო ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნების შესახებ გაკეთებული ჩანაწერები; ინფორმაცია გაზეთების გამოწერის შესახებ; კლუბების წევრების რაოდენობა;

არჩევნების შედეგები; ასაკობრივი განაწილების, შობადობის, სიკვდილიანობის, ქორწინებების და მიგრაციის მაჩვენებლები.

საოჯახო სტატისტიკა: მარიენტალში ჩამოვიდა სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი სპეციალური მიზნით: რათა შეეგროვებინა საოჯახო სტატისტიკა, მაგრამ ტექნიკური სირთულეების გამო მან მხოლოდ რამდენიმე ოჯახის მონაცემების შეგროვება მოახერხა.“3

გარდა ამისა, კვლევის მანძიზე სოფელში განხორციელებული იქნა რამდენიმე სოციალური პროგარმა (ე.წ. ტანსაცმლის პროექტი; სამედიცინო მომსახურების პროექტი; ჭრა-კერვის კურსები; კონსულტაციები მშობლებისათვის და სხვ.); ამ პროგრამების მსვლელობაში, აგრეთვე შეგროვებული იქნა დამატებითი ინფორმაცია. ინფორმაციის წყაროების ასეთი მდიდარი სია თანამედროვე მონოგრაფიული გამოკვლევებისთვისაც შთამბეჭდავად გამოიყურება.

ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენლებიც ინტენსიურად იყენებდნენ ე.წ. „მრავალმეთოდურ მიდგომას“ (multimethod approach) მონოგრაფიული გამოკვლევის ფარგლებში; ისინი თვლიდნენ, რომ ამის მეშვეობით ინფორმაციის მაქსიმალურად ფართო სპექტრის შეგროვება იყო შესაძლებელი. ოთხი ძირითადი მეთოდი, რომლებსაც ისინი იყენებდნენ, იყო: (1) შესასწავლი დასახლებული პუნქტის სოციალური ისტორია; (2) ამა თუ იმ მაჩვენებლების გავრცელების ამსახველი გრაფიკული მასალები; (3) სხვადასხვა კულტურული ჯგუფის ან ურთიერთობის მოდელების აღწერა, და (4) ისეთი რაოდენობრივი მონაცემების სტატისტიკური ანალიზი, როგორებიცაა შემოსავლები და ხარჯები, მოსახლეობის მობილობა, მიწის ზომა, და სხვ.

ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ასეთი გამოკვლევებში პირადი ხასიათის დოკუმენტების (წერილების, დღიურების) გამოყენება, ისევე როგორც განსაკუთრებული ყურადღების დათმობა რესპონდენტების ცხოვრების ისტორიებისადმი; რიგ შემთხვევებში, გამოკვლევის საბოლოო ანგარიშიც ისე იყო მოყოლილი, როგორც მთავარ აქტორთა ცხოვრების ისტორია4. ამ ანგარიშებშიც თავის ასახვას პოულობს კვლევის დროს რამდენიმე მეთოდის გამოყენება, რამდენადაც აქ მოყვანილია როგორც დაკვირვების შედეგები, ასევე ჩატარებული ინტერვიუების ფრაგმენტები, ექსპერტების შეფასებები, რომლებიც არც თუ იშვიათად ილუსტრირებულია რუკებით, სქემებით ან ფოტოსურათებით.

მონოგრაფიული გამოკვლევის ფარგლებში გამოყენებული მეთოდების მრავალფეროვნება აქტუალურს ხდის შეკითხვას, რომელსაც რიგი მკვლევარი სვამს: კერძოდ, უფრო გამართლებული ხომ არ იქნებოდა, მონოგრაფიულ გამოკვლევას ეწოდოს კვლევითი მიდგომა (რომელიც მეთოდების ვრცელ არსენალს აერთიანებს), და არა რომელიმე ერთი ცალკეული მეთოდი? ვფიქრობთ, ამ კითხვას დადებითად უნდა ვუპასუხოთ.

რა თქმა უნდა, მრავალი მეთოდის გამოყენებისას მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო განსხვავებული, ზოგჯერ - საწინააღმდეგო შედეგების მიღება. თუმცა, „რაოდენობრივი“ მკვლევრებისაგან განსხვავებით, თვისებრივი მეთოდების მომხრეები ამას არ აღიქვამენ როგორც საშიშროებას, არამედ როგორც კიდევ ერთ შესაძლებლობას, მიღებულ შედეგებს განსხვავებული თვალით შევხედოთ, რაც, საბოლოო ჯამში, სრული და ყოველმხრივი სურათის დახატვაში უნდა დაგვეხმაროს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მონოგრაფიულ გამოკვლევაში გამოყენებული მეთოდები სავსებით არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ თვისებრივი მეთოდებით - პირიქით, ისინი ხშირად მდიდრდებოდა სტატისტიკური და რაოდენობრივი მონაცემებით. ჩიკაგოს სკოლის ერთერთი ლიდერის, ერნესტ ბერჯესის თქმით, „ორი მიდგომის თანამოქმედება უეჭველად ყველაზე ნაყოფიერი იქნება“5.

როგორც ამ მეთოდის თეორეტიკოსები მიიჩნევენ, კვლევითი ამოცანების დასახვა მონოგრაფიული გამოკვლევის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მკვლევარმა დაიწყო საველე სამუშაოები, ამიტომ თვითონ გამოკვლევა იწყება, როგორც წესი, გამოკვლევის საერთო თემის განსაზღვრით, და არა კონკრეტული ჰიპოთეზების შემუშავებით. ამის შედეგად მონოგრაფიული გამოკვლევა განსაკუთრებული მოქნილობით გამოირჩევა. თუმცა, როგორც რობერტ იინი აღნიშნავს, „პარადოქსალურია, მაგრამ რაც უფრო „რბილია“ კვლევითი სტრატეგია, მით უფრო რთული განსახორციელებელია ის პრაქტიკულად“ 6.

მონოგრაფიული გამოკვლევის ჩატარებაში ძალიან დიდია მკვლევრის როლი და ძალიან ბევრია დამოკიდებული ამ უკანასკნელის პროფესიულობაზე. მონოგრაფიული გამოკვლევის ჩატარების დროს მკვლევარი არ არის დაცული ემოციური სტრესისაგან, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ჩართულ დაკვირვებას. ამიტომ კვლევის დაწყებამდე მის მიერ კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული მის წინაშე მდგარი სირთულეები.

ძირითადად მკვლევარზეა დამოკიდებული, თუ როგორ განსაზღვრავს ის გამოკვლვევის ხანგრძლივობას - ის შეიძლება გაგრძელდეს როგორც რამდენიმე თვე, ასევე რამდენიმე წელი. ძნელია იმის დადგენა, თუ როდის უნდა დამთავრდეს საველე სამუშაოები. მეტიც, როგორც უ.ფ.უაითი აღიარებს, „რომელიმე თემის ან ორგანიზაციის შესწავლას არ შეიძლება, რაიმე ლოგიკური დასასრული ჰქონდეს. რაც უფრო მეტს იგებთ, მით უკეთ გესმით, თუ რა დაგრჩათ კიდევ შესასწავლი“7.

ითვლება, რომ მონოგრაფიული გამოკვლევა ყველაზე ეფექტურია როგორც რომელიმე სოციალური პრობლემის წინასწარ შესწავლის, მისი პირველადი აღწერის საშუალება, ამიტომ პრაქტიკაში ეს მეთოდი ყველაზე ხშირად აღწერით ფუქნციას ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ასევე ხედავდა ამ მეთოდის როლს ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენელი ვივიენ პალმერი, ამ მეთოდისადმი მიძღვნილი პირველი სახელმძღვანელოს8 ავტორი (ეს სახელმღვანელო 1928 წელს გამოვიდა). თუმცა თანამედროვე მკვლევრები სულ უფრო და უფრო ხშირად თვლიან, რომ ამ მეთოდს სავსებით შესწევს ძალა, არა მარტო აღწეროს, არამედ, აგრეთვე ახსნას ესა თუ ის სოციალური სიტუაცია; კერძოდ, რობერტ იინი გამოყოფს მონოგრაფიული გამოკვლევების ორ განსხვავებულ სახეობას - რომლებიც აღწერენ სოციალურ სინამდვილეს და რომლებიც ხსნიან მას.9

მონოგრაფიული გამოკვლევის შედეგები ვრცელი ანგარიშის, ხშირად კი - წიგნის სახით ხდება ხოლმე ცნობილი, სადაც ავტორი ცდილობს, შესთავაზოს მკითხველს შესასწავლი ჯგუფის წევრების ღირებულებების და ნორმების თავისებური ინტერპრეტაცია. ამიტომ მკვლევარს ნარატიული ნიჭი უნდა ჰქონდეს. ამ მხრივ საინტერესოა, რომ ამ მეთოდის ჩამოყალიბების პერიოდში, როდესაც ჯერ არ არსებობდა თეორიული ლიტერატურა მის შესახებ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ურჩევდნენ, ეკითხათ რომანები და ავტობიოგრაფიული თხზულებები, რომლებიც თანამიმდევრულად ასახავენ ადამიანის ან ჯგუფის ცხოვრებას და ამდენად გარკვეულწილად ავსებდნენ არსებულ სიცარიელეს.

თავდაპირველად მონოგრაფიული გამოკვლევის ჩატარებისთვის ყველაზე მიზანშეწონილ „საიტებად“ ითვლებოდა დიდ ქალაქებს და სხვა დასახლებებს მოწყვეტილი პატარა სოფლები და მცირე იზოლირებული ტომები, ვინაიდან, ერთი მხრივ, მათი მოსახლეობის კულტურული და ეთნიკური ერთიანობა შესაძლებელს ხდიდა, ასეთი დასახლებები განხილული ყოფილიყო როგორც კულტურული ერთობა, ხოლო მეორე მხრივ, მათი მცირე ზომა და მოსახლეობის მცირე რაოდენობა ასეთ შესწავლას შესაძლებელს ხდიდა ერთი ადამიანის ძალებითაც კი.

თანამედროვე მკვლევრები მონოგრაფიული გამოკვლევის მეშვეობით შეისწავლიან ისეთ მრავალფეროვან საკითხებს, როგორებიცაა სასკოლო განათლების ხარისხი, სოციალური დახმარების პროგრამების ეფექტურობა, თანამედროვე სამრეწველო ორგანიზაციების სტრუქტურა, ეთნიკური და რასობრივი პრობლემები და სხვ. თუმცა, ისევე როგორც XX საუკუნის დასაწყისში, მონოგრაფიული გამოკვლევები შედარებით მცირე თემების ან ორგანიზაციების შესწავლით შემოიფარგლება, რათა შესაძლებელი იყოს მკვლევრის უშუალო კონტაქტი შესასწავლი ჯგუფის წევრებთან.

საბოლოო ჯამში, მონოგრაფიული გამოკვლევის მიზანია აღწეროს შესასწავლი ჯგუფის ცხოვრება და გააანალიზოს ამ ცხოვრების დამახასიათებელი თვისებები, შეძლებისდაგვარად - გააკეთოს მეცნიერული დასკვნები ჯგუფში არსებული იერარქიის, ურთიერთობათა სპეციფიკის და ა.შ. შესახებ.

SIDEWALK: მონოგრაფიული გამოკვლევის ერთი მაგალითი

თანამედროვე მონოგრაფიული გამოკვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია მიტჩელ დუნიერის წიგნი „Sidewalk“ („ტროტუარი“)10. ეს წიგნი ამ მეთოდის გამოყენების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება, რომელმაც რამდენიმე პრემიაც კი მიიღო11. გარდა იმისა, რომ ეს საინტერესო და შემეცნებითი კვლევაა, ის ამავე დროს ინოვაციურისაა როგორც საველე სამუშაოების ჩატარების, ასევე შედეგების წარმოდგენის თვალსაზრისით - ის უხვადაა ილუსტრირებული ფოტოსურათებით, რომლებიც „ჩიკაგო ტრიბიუნ“-ის ფოტოკორესპონდენტმა ოვი კარტერმა გადაუღო დუნიერის თხოვნით აქტორებს და იმ გარემოს, სადაც მათ უწევდათ ცხოვრება და მუშაობა (და, რა თქმა უნდა, სურათები აქტორების ნებართვით იქნა გადაღებული). შესაბამისად, მკითხველს საშუალება ეძლევა საკუთარი თვალით ნახოს ის ადამიანები, რომლებიც წიგნის მთავარი გმირები არიან, დაინახოს ის გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ. გარდა ამისა, დუნიერის კვლევა ერთ-ერთი იმ კვლევათაგანია, რომლის პროცესშიც განვითარდა განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა და, შეიძლება ითქვას, ინტელექტუალური თანამშრომლობა მკვლევარსა და ინფორმანტების შორის; დუნიერმა საშუალება მისცა ინფორმანტებს, გაცნობოდნენ წიგნის ხელნაწერს და თავიანთი შენიშვნები გამოეთქვათ. დუნიერის კვლევა იმითაც გამოირჩევა, რომ მან გამომცემლობასთან გააფორმა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მის ინფორმანტებს წიგნის გაყიდვიდან შემოსული მოგების გარკვეული პროცენტი უნდა მიეღოთ. უფრო მეტიც, დუნიერმა მიიწვია თავისი ძირითადი ინფორმანტი, ჰაკიმ ჰასანი თავის უნივერსიტეტში და მასთან ერთად უძღვებოდა სემინარს ბაკალავრებისათვის „შავი ამერიკის ქუჩის ცხოვრება და გონებრივი ცხოვრება“ („The Life of the Street and the Life of Mind in Black America“); დუნიერმა, აგრეთვე შესთავაზა ჰაკიმ ჰასანს, მისი წიგნის ბლოსიტყვაობის ავტორი ყოფილიყო, რაზეც ჰასანს უარი არ უთქვამს.

დუნიერის კვლევა, ისევე როგორც ბევრი სხვა მონოგრაფიული გამოკვლევა, სრულიად შემთხვევით დაიწყო. ნიუ-იორკში მყოფი დუნიერის ყურადღება მიიპყრო წიგნების ერთ-ერთმა ქუჩის მოვაჭრემ - ჰაკიმ ჰასანმა, რომლის მაგიდაზეც მან თავისი წიგნი დაინახა.

„ - საიდან გაქვთ ეს წიგნი? - ვკითხე მას, თან გამეფიქრა, მოპარული ხომ არ არის-მეთქი.

მე ჩემი არხები აქვს, - მიპასუხა ჰაკიმმა. - გაინტერესებთ ეს წიგნი?

ეს წიგნი მე დავწერე, - ვუპასუხე.

მართლა? აქ ახლომახლო ცხოვრობთ?

დიახ, ქუჩის კუთხეში, მერსერის ქუჩაზე.

ხომ არ მომცემდით თქვენს მისამართს და ტელეფონის ნომერს, ჩემს როლოდექსში რომ შევიტანო?“12

სწორედ ჰაკიმის ამ ბოლო ფრაზამ გამოიწვია დუნიერის დაინტერესება: ქუჩის გამყიდვლების უმრავლესობა იქვე ქუჩაში ცხოვრობდა და ის ფაქტი, რომ ჰაკიმს ჰქონდა როლოდექსი - მისამართების და ტელეფონების ჩასაწერი სპეციალური მოწყობილობა, რომელსაც, როგორც წესი, საქმიანი ადამიანები ხმარობენ, - მართლაც რომ გასაკვირი იყო. მიტჩელს დაებადა იდეა, დაკვირვება დაეწყო წიგნებით და ჟურნალებით ქუჩის მოვაჭრეების საქმიანობაზე და შეესწავლა, თუ რა როლს თამაშობენ ეს ადამიანები - რომელთა დიდი ნაწილიც უსახლკაროა, ზოგი ნარკომანი, ზოგიც ციხიდან ახალი გამოსული - ქალაქის ამ უბნის ცხოვრებაში. მიტჩელი შეეცადა დაახლოვებოდა და დამეგობრებოდა ჰასანს, და ეს ერთ-ერთი თავისი ყოფილი კურსელის მეშვეობით მოახერხა, რომელიც ჰასანის წიგნების ხშირი მყიდველი აღმოჩნდა.

როგორც დუნიერი აღნიშნავს, თავიდან ჰასანი ძალიან სკეპტიკურად შეხვდა მის იდეას - პირველ რიგში იმიტომ, რომ დუნიერის გეგმა ითვალისწინებდა შავაკნიანი ქუჩის მოვაჭრეების გვერდით მუშაობას, მაშინ როდესაც ქუჩაში მუშაობა თავისთავად არ იყო უსაფრთხო საქმიანობა, მით უმეტეს კი დუნიერისთვის - ებრაული წარმოშობის თეთრკანიანი პროფესორისთვის, რომლის გარეგნობაც და აქცენტით მაშინვე გამოყოფდა მას ქუჩის მოვაჭრეებს შორის, რომელთა უმრავლესობასაც აფროამერიკელი მამაკაცები შეადგენდნენ.

მიუხედავად ამისა, დუნიერი თანდათან ჩაება დაკვირვებაში, რომელიც საერთო ჯამში თითქმის 7 წელს გაგრძელდა - რადგან ის სხვა ქალაქში ასწავლიდა უნივერსიტეტში, დუნიერი მხოლოდ არდადეგების პერიოდში ახერხებდა დაკვირვების განხორციელებას, ისე რომ, თუ შეიძლება ითქვას, მისი კვლევა სეზონურ ხასიათს ატარებდა.

დუნიერმა ჰაკიმი 1992 წელს გაიცნო და ნელ-ნელა დაუახლოვდა მას. ჰაკიმმა ის სხვა ქუჩის მოვაჭრეებს გააცნო და დუნიერმა დაიწყო მუშაობა მათ დამხმარედ - ის თვალს ადევნებდა მოვაჭრეების მაგიდებს, როდესაც ისინი სხვაგან მიდიოდნენ; მოჰქონდა ყავა; ყიდულობდა და ყიდდა საქონელს. 1996 წლის ზაფხულში, შემდგომ კი 1997 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე მან ჟურნალების გამყიდვლად იმუშავა; 1998 წლის ზაფხულში რეგულარულად მიდიოდა ხოლმე „საიტზე“ დღეში რამდნეიმე საათით, ხოლო 1999 წლის მარტში, როდესაც მისი კვლევა თითქმის უკვე დასრულებული იყო, კიდევ 2 კვირის მანძილზე იმუშავა სრული დატვირთვით როგორც ქუჩის მოვაჭრემ13.

თავად დაკვირვების ადგილი (Greenwhich Village) ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ, გარკვეულწილად ბოჰემურ რაიონად ითვლება, სადაც უამრავი მხატვარი, მწერალი, სქესობრივი უმცირესობების წარმოამდგენელი ცხოვრობს. აქვეა რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი - ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (NYU), New School University, ისე რომ ამ უბანში ბევრი სტუდენტი და პროფესორი ცხოვრობს. ეს ხელს აძლევს ქუჩის გამყიდვლებს - ამ უბნის მოსახლეობა მათ ძველი წიგნებით და ჟურნალებით ამარაგებს; ამასთან, გამყიდვლები თავად ეძებენ გადასაყრელად გამზადებულ ნივთებში წიგნებს და ჟურნალებს.

თავდაპირველად დუნიერი მხოლოდ ჰასანს და მის საქმიანობას აკვირდებოდა; წიგნის პირველი ვარიანტიც მხოლოდ ჰასანს ეხებოდა - მას „ჰასანის მაგიდა“ ერქვა („Hassan's Table“; ეს სათაური გარკვეულწილად დუნიერის პირველი წიგნის სათაურის - „Slim's Table“ - გამოძახილი იყო). დუნიერმა ეს ვარიანტი ჰასანს წააკითხა, და სწორედ ამ უკანასკნელმა ჩათვალა, რომ კვლევა უსამართლოდ იყო ფოკუსირებული მხოლოდ მასზე; მან ურჩია დუნიერს, თავის კვლევაში ჟურნალების გამყიდვლებიც ჩაერთო.

კვლევის ჩატარების პროცესში დუნიერის ძირითად „იარაღს“ წარმოადგნენდა მაგნიტოფონი, რომელიც ფაქტიურად მთელი დღის მანძილზე ჩართული იყო. დუნიერი ცდილობდა, ყველაფერი ჩაეწერა - გამყიდვლების საუბრები ერთმანეთს შორის, მათი საუბრები მყიდველებთან. ამასთან, დუნიერი მაქსიმალურად ცდილობდა გაეკეთებინა იმ დიალოგების მოკლე ჩანაწერები (jotted notes), რომლების მომსწრეც ის ხდებოდა. როგორც თავად დუნიერი აღნიშნავს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებაში, როდესაც ერთი კულტურის ან რასის წარმომადგნელი იკვლევს სხვა კულტურის და რასის წარმოადგენლებს. „კულტურის მნიშვნელობა გარკვეულწილად ენაშია ჩაქსოვილი, და შეუძლებელია კულტურის გაგება სხვა კულტურის წარმომადგენლის მიერ იმის გარეშე, რომ ყურადღება დაეთმოს სიტყვებისა და წინადადებების, მათი თანამიმდევრობის შერჩევას“. ამასთან, დუნიერი აღნიშნავს, რომ მაგნიტოფონს შესაძლოა გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა ინფორმანტებზე - როდესაც იცი, რომ შენი სათითაო სიტყვა ფიქსირდება, შენ ძალაუნებურად ცდილობ, აკონტროლო საკუთარი საუბარი, თავი აარიდო ზოგიერთ თემას და არ იყო ზედმეტად გულახდილი. მაგრამ, დუნიერის თქმით, მაგნიტოფონმა შეძლო ის, რაც ყველაზე მთავარი იყო - ტროტუარზე მიმდინარე ცხოვრების დაფიქსირება. ჩაწერილი დიალოგების შესწავლის მიზნით დუნიერმა საუბრის სპეციალურ ანალიზს მიმართა (conversational analysis), რათა გამოეკვეთა ურთიერთობის გარკვეული სტრატეგიები.

იმისათვის, რომ რაც შეიძლება სრული ინფორმაცია შეეკრიბა, დუნიერმა ჩაატარა ინტერვიუები ძირითად ინფორმანტებთან, გაესაუბრა წიგნებისა და ჟურნალების მყიდველებს, მოინახულა და ინტერვიუები ჩაატარა ნიუ-იორკის იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც ქალაქის რაიონების კეთილმოწყობისათვის იბრძვიან და ზღუდავენ უსახლკაროებს (და უსახლკარო ქუჩის მოვაჭრეებს) თავიაანთი რაიონების ტერიტორიებზე; გაიცნო და ინტერვიუ ჩამოართვა იმ ადამიანს, ვინც დაწერა კანონი ქუჩაში ბეჭვდითი პროდუქციით ვაჭრობის შესახებ. დუნიერმა ასევე ჩაატარა ინტერვიუები ახლომდებარე კაფეებისა და მაღაზიების მეპატრონეებთან, რათა დაედგინა, თუ რა აზრის არიან ქუჩის მოვაჭრეების შესახებ მათ მახლობლად მომუშავე ადამიანები.

იმის საჩვენებლად, თუ რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს დამოკიდებულება ქუჩაში მომუშავე ადამიანების მიმართ მათი სოციალური, ეკონომიკური და რასობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე, დუნიერმა, აგრეთვე ჩაატარა თავისებური საკონტროლო დაკვირვება იქვე მახლობლად, რამდენიმე კვარტალის მოშორებით მომუშავე ნაძვის ხეებით მოვაჭრეთა თეთრკანიან ოჯახზე.

ეს ნაძვის ხეები ყოველ ზამთარს ჩამოაქვს ნიუ-იორკში ერთ ოჯახს ვერმონტის შტატიდან; ისინი თეთრკანიანები არიან; ისინი ნოემბრის ბოლოს ჩამოდიან ნიუ-იორკში და შობამდე რჩებიან. მთელი ამ პერიოდის მანძილზე მათ მანქანის მისაბმელში უწევთ ცხოვრება, სადაც არც აბაზანაა და არც ტუალეტი. მაგრამ მათ მოახერხეს დაემყარებინათ იმდენად კარგი ურთიერთობა უბანში მცხოვრებ ხალხთან, რომ ისინი მათ უფლებას აძლევენ, მათი აბაზანებით ისარგებლონ, ხოლო როდესაც ქალაქგარეთ მიდიან, ბინის გასაღებსაც კი უტოვებენ ნაძვის ხეებით მოვაჭრეებს. ასეთი კეთილმოსურნე დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდება იმ დამოკიდებულებისგან, რასაც მოსახლეობა იჩენს წიგნებით და ჟურნალებით ქუჩის მოვაჭრეების მიმართ; ძალაუნებურად იბადება კითხვა, თუ რატომ ხდება ასე. დუნიერის აზრით, ამას შეიძლება რამდენიმე ახსნა ჰქონდეს - ის, რომ ნაძვის ხეებით მოვაჭრეები თეთრკანიანები და საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან; ის, რომ ისინი ბავშვებთან ერთად არიან ჩამოსულები, ბავშვები კი ყოველთვის მეტ თანაგრძნობას იწვევენ; სხვა მიზეზები შეიძლება უკავშირდებოდეს იმ გარემოებას, რომ ბევრი ქუჩის მოვაჭრე ან ნასამართლევია, ან ნარკომანი/ყოფილი ნარკომანი, რაც აფრთხობს მოსახლეობას; ყოველივე ამასთან ერთად, ზოგ მათგანს საკმაოდ გამომწვევად უჭირავს თავი, რაც, რა თქმა უნდა, არ იწვევს მოსახლეობის სიმპათიებს.

დუნიერი თვლის, რომ ჯეიმს ვილსონის და ჯორჯ კელინგის თეორია, რომელიც ცნობილია როგორც „ჩამტვრეული ფანჯრების თეორია“, ქუჩაში მომუშავე წიგნებისა და ჟურნალების გამყიდვლებთან დაკავშირებით არ მართლდება. ეს თეორია ამტკიცებს, რომ თუ რომელიმე უბნის ბინებში ჩამტვრეულია ფანჯრები და ქუჩებში მატულობს ნაგავი, მოსახლეობას ექმნება შთაბეჭდილება, რომ არავის არ ადარდებს და არავის არ აინტერესებს, თუ რა ხდება ამ უბანში; შესაბამისად, ამ უბანში მატულობს დანაშაული, მოსახლეობა ცდილობს სხვა უბნებში გადავიდეს საცხოვრებლად; საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იწვევს კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებას და უბანში ცხოვრების დონის დაცემას.

ამ თეორიის გავლენის შედეგად აშშ-ს პოლიციამ გაამკაცრა დამოკიდებულება ნაკლებად სერიოზული საზოგადოებრივი წესრიგის დანაშაულებებისადმი - მათხოვრებისადმი, მთვრალებისადმი, ხულიგნებისადმი და ა.შ. ასეთი მიდგომის ფარგლებში პოლიცია ქუჩის მოვაჭრეებიც წესრიგის დამრღვევებად აღიქვამს და ყველანაირად ცდილობს მათი საქმიანობის შეზღუდვას.

დუნიერი კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქუჩის გამყიდვლების მაგალითმა ბევრ ციხიდან გამოსულს უჩვენა, რომ შეიძლებოდა ფულის პატიოსნად შოვნა - ანუ, ქუჩაში მუშაობა სოციალური რეაბილიტაციის ფუნქციას ასრულებს.

როგორც დუნიერმა კვლევის შედეგად დაადგინა, ერთი შეხედვით ერთმანეთის მსგავს ქუჩის გამყიდვლებს შორის საკმაოდ მკაცრი იერარქია არსებობს; მათ შორის განაწილებულია როლები და ფუნქციები. აქ არიან „ადგილის დამკავებლები“, ანუ ადამიანები, რომლებიც ყველაზე ადრე მოდიან და იკავებენ სავაჭრო ადგილს, შემდეგ კი „ყიდიან“ მას 20-50 დოლარად; აქ არიან „მომტანები“ - ადამიანები, რომლებსაც მოაქვთ შენახული საქონელი საწყობებიდან და ამისათვის გარკვეულ გასამრჯელოს იღებენ; „მაგიდაზე თვალის დამჭერებს“, რომლებიც ხშირად იქვე ახლოს მდგომი მათხოვრები ან სხვა გამყიდვლები არიან, თვალი უჭირავთ ამა თუ იმ საქმეზე წასული გამყიდვლის მაგიდაზე, რათა პოლიციამ მისი კონფისკაცია არ მოახდინოს14, და ა.შ.

დუნიერი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქუჩის მოვაჭრეები „საჯარო ფიგურები“ (public character) არიან, რომლებიც აწესრიგებენ ცხოვრებას და საზოგადოებრივი კონტროლის ფუნქციასაც ასრულებენ.

„საზოგადიებრივი ფიგურების“ კონცეფცია ცნობილ სოციალურ მეცნიერს, ჯეინ ჯეიკობსს (Jane Jacobs) ეკუთვნის, რომელმაც ჯერ კიდევ 1961 წელს გამოსცა წიგნი „დიდი ამერიკული ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე“ („Death and Life of Great American Cities“), სადაც ის გრინვიჩ ვილიჯის უბანში განხორციელებული დაკვირვებების საფუძველზე საუბრობს თანამედროვე ქალქური ცხოვრების შესახებ:

„ტროტუარის სოციალური ცხოვრება ბევრად არის დამოკიდებული მათზე, ვისაც შეიძლება თვითდანიშნული საჯარო ფიგურები ვუწოდოთ. საჯარო ფიგურა არის ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ხშირი კონტაქტი აქვს მრავალ ადამიანთან და ვინც საკმარისად არის დაინტერესებული იმით, რომ საკუთარი თავი საჯარო ფიგურად წარმოაჩინოს. საჯარო ფიგურას არ უნდა ჰქონდეს რაიმე განსაკუთრებული ნიჭი ან სიბრძნე, რათა თავისი ფუნქციები შეასრულოს - თუმცა მას ხშირად აქვს ეს თვისებები. <...> მისი მთავარი კვალიფიკაცია ისაა, რომ ის არის საჯარო, რომ ის ესაუბრება ბევრ სხვადასხვანაირ ადამიანს. ამგვარად ხდება ახალი ამბების გავრცელება, რაც ტროტუარის მიზანია“15.

ჯეინ ჯეიკობსი საჯარო ფიგურებად მიიჩნევს მაღაზიის გამყიდვლებს, მცირე ბიზნესის მეპატრონეებს, რომლებსაც “თვალი უჭირავთ ქუჩაზე”. დუნიერის აზრით, სწორედ ასეთ ფუნქციას ასრულებენ წიგნებით და ჟურნალებით ქუჩის მოვაჭრეები — მათ უტოვებენ საგაზეთო ჯიხურში მოტანილ გაზეთებს, ისინი ყურადღებას აქცევენ მათ მახლობლად გაჩერებულ მანქანებს, ისინი ესაუბრებიან უბნის მაცხოვრებლებს, და ა.შ.

თავის კვლევის მეთოდს მიტჩელ დუნიერი „დიაგნოსტიკურ ეთნოგრაფიას“ უწოდებს. „როდესაც მე დავბრუნდი მე-6 ავენუეზე, რათა მემუშავა როგორც ჟურნალების გამყიდველს, მე ჯერ კიდევ არ მქონდა ჩამოყალიბებული ზუსტი კვლევითი შეკითხვა“16, - ამბობს დუნიერი. მით უმეტეს, კვლევის საწყის ეტაპზე მას არ ჰქონია თეორია, რომლის შემოწმებასაც აპირებდა. ამიტომ ის ცდილობდა ყურადღება გაემახვილებინა ქუჩაში მიმდინარე კოლექტიურ საქმიანობაზე; როგორ ხდებოდა საქონლის მოძიება, როგორი ურთიერთობა იყო გამყიდვლებსა და მყიდველებს, გამყიდვლებსა და პოლიციელებს შორის, და ა.შ. „ის, რომ მე არ მქონდა გაკრვეული კვლევითი შეკითხვა ჩემი კვლევის დაწყებისას, შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს იმას, რაც სოციოლოგიაშია მიღებული. მიუხედავად ამისა, მე სხვანაირი შეხედულება მაქვს. ხშირად სოციალურ მეცნიერებებში, განსაკუთრებით კი თვისებრივი კვლევის დროს, როდესაც მონაცემთა დიდი რაოდენობა მოიპოვება, კვლევის დიზაინი მონაცემების შეგროვების შემდეგ გამოიკვეთება ხოლმე.

<...> ჩემი იდეები ჩამოყალიბდა იმის საფუძველზე, თუ რას ვხედავდი და რა მესმოდა ქუჩაში“17.

როგორც ჩართულ დამკვირვებელს, დუნიერს უნდა შეემჩნია და ყურადღება გაემახვილებინა ისეთ მოვლენებზე, რომლებიც სხვებს უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა. მეტიც - იმის წყალობით, რომ მას თითქმის მთელი დღის განმავლობაში ჩართული ჰქონდა მაგნიტოფონი, კასეტების მოსმენისას ის აფიქსირებდა ისეთ მომენტებს, რომლებიც გამორჩა ანდა არ ჩათვალა მნიშვნელოვნად უშუალოდ დაკვირვების დროს. „ჩართული დაკვირვების დროს კვლევითი შეკითხვები საველე სამუშაოების ჩატარებისას იბადება. მაგალითად, მე არ შემეძლო მეთქვა მარვინისთვის და რონისთვის18, რომ მაინტერესებდა იმის შესწავლა, თუ როგორ ესაუბრება რამოდენიმე მამაკაცი (რომელიც ქუჩაში ვაჭრობს - თ.ზ.) ჩამვლელ ქალებს, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი, რომ ეს საკითხი წამოიჭრებოდა. ასევე, მე სრულებით არ ვიცოდი, თუ დამაინტერესებდა დღევანდელი ტროტუარის ცხოვრების შედარება იმ პერიოდთან, როდესაც ჯეინ ჯეიკობსი წერდა თავის წიგნს. მე ვიყავი იქ, რათა უბრალოდ მეწარმოებინა დაკვირვება და გამეკეთებინა ჩანაწერები, და მე ვთხოვდი იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში მუშაობდნენ, რომ ჩემთვის ამის ნება დაერთოთ“19.

დუნიერმა ეს ნებართვა მიიღო, თუმცა ის ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, რომ ქუჩის მოვაჭრეები ენდობოდნენ და „თავისიანად“ მიიჩნევდნენ მას. ის აღიარებს, რომ ქუჩის მოვაჭრეებს სხვადასხვა მოტივი ამოძრავებდათ, როდესაც მათ მასთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადეს: „ზოგიერთ გამყიდველს ... უბრალოდ უნდოდა, რომ იქ ვყოფილიყავი როგორც ცოტაოდენი ხურდის და სესხების წყარო, ... კიდევ რამოდენიმემ კი ჩემთან საქმის დაჭერა იმიტომ გადაწყვიტა, რომ დაწერილიყო წიგნი ამ უბნის და მათ შესახებ. მაგრამ ჩემი მხრიდან გულუბრყვილო იქნებოდა მეფიქრა, რომ მე ვიცოდი, თუ რას ფიქრობდნენ ისინი, რომ ისინი მენდობოდნენ, ან „თავისიანად“ მთვლიდნენ, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს“20.

ადამიანები ფიცის ქვეშაც იტყუებიან, მით უმეტეს მკვლევარს არა აქვს არანაირი გარანტია, რომ ინფორმანტი მას სრულ ჭეშმარიტებას ეტყვის. ამიტომაა, რომ დუნიერის კვლევისთვის დამახასიათებელია მოკვლეული მასალის გადამოწმების მცდელობა - ყოველთვის, როდესაც ეს შესაძლებელი იყო. მაგალითად, დუნიერმა გადაამოწმა მისი ინფორმანტების ბიოგრაფიის ფაქტები (მართლა ჰქონდა თუ არა ჰასანს დამთავრებული რუტგერსის უნივერსიტეტი? მართლა მიატოვა თუ არა რონმა თავისი საცხოვრებელი ბინა, როდესაც უმუშევარი დარჩა? მართლა ზრუნავდა თუ არა მერდიკი თავის შვილიშვილზე და ა.შ.); შეისწავლა ქუჩაში ბეჭვდვითი პროდუქციით ვაჭრობის კანონის ევოლუცია; როდესაც ეს შესაძლებელი იყო, იყენებდა მრავალ მოწმეს, და ა.შ.

კვლევის წარმოების პროცესში დუნიერი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იმისათვის, რათა მკვლევარმა წარმატებული კვლევა ჩაატაროს, არ არის აუცილებელი, რომ აქტორებმა ის „თავისიანად“ მიიჩნიონ - საკმარისია, რომ მკვლევარს ჰქონდეს დაკვირვების საშუალება; რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის უნდა აკვირდებოდეს ისეთ სოციალურ სტრუქტურას, სადაც მეორდება გარკვეული მოქმედებები და სიტუაციები. მაგალითად, თუ ოჯახში დამოკიდებულება მეუღლეებს შორის არც თუ იდეალურია, დროთა განმავლობაში ჩვენ აუცილებლად გავხდებით ჩხუბის ან უსიამოვნების მოწმენი - რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ჩხუბი შეიძლება სულ სხვა რამის გამო იყოს გამოწვეული და სულ სხვა ფორმები მიიღოს, ვიდრე მათ შორის ჩხუბის წინა შემთხვევამ, მაგრამ თვით ასეთი ფაქტის სიხშირემაც შეიძლება მიუთითოს იმაზე, თუ რამდენადაა გამწვავებული ურთიერთობები; ანდა, თუ რომელიმე დაწესებულებაში ფართოდაა გავრცელებული კორუფცია, დიდია იმის ალბათობა, რომ ჩვენ აუცილებლად შევესწრებით ასეთ ფაქტს.

მიუხედავად ამისა, ჩართული დაკვირვების ჩატარებისას მაინც სასურველია, რომ მკვლევარი მაქსიმალურად იყოს „საიტზე“, რადგან არსებობს უნიკალური შემთხვევებიც, რომლებიც აღარ მეორდება და რომლებსაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს კვლევის წარმატებისთვის. მაგალითად, მასალა, რომელიც დუნიერის კვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თავს დაედო საფუძვლად („შობა მე-6 ავენუეზე“), სრულიად შემთხვევით იქნა შეგროვებული. შობა დღეს, როდესაც დუნიერი არ აპირებდა კვლევის ჩატარებას, მან გაუარა ჰაკიმს, რათა კინოში წასულიყვნენ. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ქუჩაში პოლიციამ უბრძანა მოვაჭრეს, აელაგებინა თავისი საქონელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კონფისკაციით დაემუქრნენ. დუნიერმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, პოლიცია მის მიმართაც ისეთივე ზომებს მიმართავდა თუ არა. მან გაშალა მაგიდა იმავე ადგილას და დაელოდა პოლიციის გამოჩენას - საბედნიეროდ, მას თან ჰქონდა თავისი მაგნიტოფონი და შეძლო ჩაეწერა პოლიციასთან საუბარი, შემდეგ კი გააანალია, თუ რა გავლენას ახდენს რასა და სოციალური მგომარეობა იმაზე, თუ როგორ ექცევა პოლიცია ადამიანებს.

სწორედ დუნიერის დაკვირვების არასისტემატურობამ განაპირობა ის, რომ ასეთი ხანგრძლივი საველე მუშაობის მიუხედავად, კრიტიკოსები დუნიერის კვლევის ერთ-ერთ მთავარ ნაკლად მიიჩნევდნენ იმას, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, 24 საათის მანძილზე დაკვირვებოდა თავისი ინფორმანტების ცხოვრებას და საქმიანობას. როგორც წესი, ის მათ წელიწადში რამდენიმე თვის მანძილზე ხედავდა; ხვდებოდა დილით და შორდებოდა საღამოთი, თუმცა მათთან ერთად წიგნებით და ჟურნალებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმიანობაში მონაწილეობდა - მაგალითად, მოუწია საქმეების გარკვევა პოლიციასთან, როდესაც პოლიციელებმა მაგიდების აღება მოითხოვეს; გაჰყვა თავის ინფორმანტებს გადასაყრელად გამზადებული ნივთებიდან გასაყიდად გამოსადეგი წიგნების და ჟურნალების ამოსარჩევად, და ა.შ.

მაინც, დუნიერის კვლევა წარმატებულად უნდა ჩაითვალოს; ეს წარმატება, ჰასანის აზრით, იმან განაპირობა, რომ მიტჩელს მოსმენის უნარი ჰქონდა - ის არ ახვევდა თავის აზრს თანამოსაუბრეებს, არამედ ცდილობდა გაერკვია, თუ რატომ იქცეოდა ესა თუ ის ადამიანი ისე, როგორც ის იქცეოდა, ამასთან, მას თავად ამ ადამიანის ახსნა აინტერესებდა. „ქუჩა მაინც ქუჩაა, - ამბობს ჰაკიმ ჰასანი. - ეს არ უნდა დაგავიწყდეთ. მიტჩი ამას მაშინვე მიხვდა. მას არ უცდია მოეჩვენებინა თავი სხვა ადამიანად, ვიდრე ის სინამდვილეში იყო: ადამიანი და სოციოლოგი, რომელიც ცდილობდა ჩასწვდომოდა ჩვენი ცხოვრების აზრს“ 21.

მეტიც, ჰასანი ამბობს, რომ დუნიერის მიდგომა კვლევისადმი არ გამომდინარეობდა პარადიგმიდან „მეცნიერმა ყველაზე უკვეთ იცის“, არამედ მას ახასიათებდა სოციალური მეცნიერის მონდომება, მოესმინა სხვებისთვის22.

რეკომენდებული ლიტერატურა:

1. Mitchel Dunier. 2001. Sidewalk. New York: Farrar, Strauss and Giroux.

2. Marie Jahoda, Paul F. Lazarsfeld, and Hans Zeisel. [1971.] Marienthal: The Sociography of an Unemployed Community. Chicago: Aldine - Atherton.

3. Robert K. Yin. 2002. Applications of Case Study Research. Second edition. Sage Publications.

____________________

1. ქართულ ენაზე ჯერ არ არის დამკვიდრებული ინგლისური “case-study”-ს შესაბამისი ტერმინი. მის ქართულ შესატყვისად ჩვენ ვხმარობთ ტერმინს „მონოგრაფიული გამოკვლევა”, თუმცა მისი ზუსტი თარგმანი „შემთხვევის შესწავლა” იქნება.

2. Marie Jahoda, Paul F. Lazarsfeld, and Hans Zeisel. [1971.] Marienthal: The Sociography of an Unemployed Community. Chicago: Aldine - Atherton.

3. Marie Jahoda, Paul F. Lazarsfeld and Hans Zeisel. [1971.] Op. cit. Pp. 4-5.

4. მაგ.: Clifford R. Shaw. 1966. The Jack-Roller: A Delinquent Boy's Own Story. Chicago: University of Chicago Press.

5. ციტირებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: Martin Bulmer. 1984. The Chicago School of Sociology. Institutionalization, Diversity, and the Rise of Sociological Research. Chicago and London: The University of Chicago Press. P. 162.

6. Robert K Yin. 1994. Case Study Research: Design and Methods. 2nd Ed. Thousand Oaks: Sage Publications. P. 16.

7. William F. Whyte. 1993. Street Corner Society. The Social Structure of an Italian Slum. Fourth Edition. Chicago and London: The University of Chicago Press. P. 324-325.

8. Viven M. Palmer. 1928. Field Studies in Sociology: A Student's Manual. Chicago, Ill.: The University of Chicago Press.

9. Robert K. Yin. Op. cit

10. Mitchel Dunier. 2001. Sidewalk. New York: Farrar, Strauss and Giroux.

11. Los Angeles Time Book Prize და The C.Wright Mills Award.

12. Mitchel Dunier. 2001. Op. cit. P. 21.

13. Ibid. P. 11.

14. Ibid. P. 339.

15. კანონის თანახმად, პოლიციეს უფლება აქვს იმ მაგიდის კონფისკაცია მოახდინოს, რომელიც უპატრონოდ დგას ტროტუარზე.

16. Mitchel Dunier. 2001. Op. cit. P. 6.

17. Ibid. P. 340-341.

18. Ibid. P. 341.

19. დუნიერის ინფორმანტები.

20. Mitchel Dunier. 2001. Op. cit. P. 335.

21. Ibid. P. 338-339.

22. Ibid. P. 325

23. Ibid. P. 327. უკვე რამდენიმე წელია, რაც ჰაკიმ ჰასანი ქუჩაში აღარ ვაჭრობს - ის ნიუ იორკის ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს (Director of the Metropolitan Institute at MCNY, Metropolitan College of New York).

7 თემა 6. სოციალური კვლევის ეთიკა

▲back to top


სოციალური კვლევა ყოველთვის რესპონდენტების, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეების მონაწილეობით ტარდება, მისი შედეგები კი არცთუ იშვიათად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ამიტომ სოციალური მეცნიერების ყველა დარგის წარმომადგენელი პროფესიული ორგანიზაციების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა გამოკვლევების წარმართვისას მთელი რიგი ეთიკური პრინციპების დაცვა, რომლებიც რესპონდენტთა და ფართო საზოგადოების უფლებებსა და ინტერესებს იცავს და რომლებიც პროფესიული ეთიკის კოდექსებშია გაერთიანებული.

ეთიკის კოდექსი პროფესიული საქმიანობის პრინციპების კრებულია, რომელიც ამა თუ იმ პროფესიის ზნეობრივ ღირებულებებს გამოხატავს. როგორც წესი, ის ასახავს იდეალურ წარმოდგენებს ამა თუ იმ პროფესიის შესახებ. საერთო აზრის თანახმად, პროფესიული მორალის ნორმების შემუშავება ამა თუ იმ პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლების მიერ მათი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და აღიარების შედეგია. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული ეთიკის ნორმების აღიარება ამ პროფესიის წარმომადგენლების მიერ ხდება ნებაყოფლობით, ვინაიდან ისინი აფასებენ ამ პროფესიულ გაერთიანებაში წევრობას; პროფესიული ეთიკის მოთხოვნები მათ ინტერნალიზებული აქვთ პროფესიული მომზადების შედეგად.

ეთიკის კოდექსები ხშირად განიხილება როგორც ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ნორმების გავრცობა ამა თუ იმ პროფესიული საქმიანობის გათვალისწინებით, თუმცა თავად ეთიკის კოდექსები სამართლებრივ დოკუმენტებს არ წარმოადგენენ - ისინი უფრო ფართო ხასიათისა და შინაარსისაა, ვიდრე იურიდიული დოკუმენტები. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ვერცერთი პროფესიული კოდექსი ვერ შეძლებს, შესაძლო სიტუაციების სრული სპექტრი მოიცვას.

აშკარაა, რომ ნებისმიერი სოციალური კვლევის წარმატება დამოკიდებულია საზოგადოების კეთილგანწყობაზე მკვლევრების მიმართ, რესპონდენტების ნდობაზე ინტერვიუერებისა და გამოკვლევის ორგანიზატორებისადმი, მათ რწმენაზე, რომ კვლევა ტარდება კეთილსინდისიერად, ობიექტურად, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვით და რომ დაცული იქნება რესპონდენტთა კონფიდენციალობა. ეთიკის კოდექსის მიზანია, აამაღლოს სოციალური კვლევების საზოგადოებრივი პრესტიჟი, გააძლიეროს ნდობა ამ ტიპის საქმიანობის მიმართ და მისი წარმართვისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შექმნას.

სოციალურ მეცნიერებებში ეთიკური სტანდარტების სისტემატური შემუშავება XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიულმა გაერთიანებებმა. დღეს ეს გაერთიანებები ხშირ შემთხვევაში ტრანსნაციონალურ ხასიათს ატარებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მკვლევრებს აერთიანებენ.

ეთიკური ნორმების შემუშავება და მათი შეძლებისდაგვარად ფართოდ დანერგვა სოციალური მეცნიერების პროფესიული გაერთიანებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა. ყველა ასეთ ასოციაციაში გაერთიანების აუცილებელ პირობას წარმოადგენს კანდიდატის მიერ ასოციაციის ეთიკური კოდექსის ნორმების აღიარება და მიღება.

სოციალური მეცნიერების პროფესიული კოდექსის ნორმების შესწავლის მიზნით ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ ორ ასეთ დოკუმენტს - საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) და საზოგადოებრივი აზრისა და საბაზრო კვლევის ევროპული კავშირის (ESOMAR) საბაზრო და სოციალური კვლევის პრაქტიკის ერთობლივ კოდექსს1 და ამერიკის სოციოლოგიური ასოციაციის (ASA) ეთიკის კოდექსს2.

დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ სოციალური კვლევის ეთიკური სტანდარტები საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისაგან შედგება, რომელთა დაცვასაც ყველა მკვლევარი თავის მოვალეობად მიიჩნევს. ყველა პროფესიული კოდექსი შეიცავს ე.წ. საერთო პრინციპებს, როგორებიცაა: პროფესიული კომპეტენტურობა, პატიოსნება, რესპონდენტების უფლებებისა და ღირსების პატივისცემა; პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, და სხვ.

პროფესიული ნორმების დაყოფა მიზანშეწონილია რამდენიმე ჯგუფად, გამომდინარე იქიდან, თუ რომელი სოციალური ჯგუფის ინტერესების დაცვის მიზნითაა შემუშავებული ეთიკური მოთხოვნების ესა თუ ის ჯგუფი. ამ თვალსაზრისით, გამოიყოფა ეთიკური ნორმები, რომლებიც იცავს (ა) რესპონდენტების, (ბ) დამკვეთების და (გ) ფართო საზოგადოების ინტერესებს. პროფესიული კოდექსების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, განსაზღვროს მკვლევართა პასუხისმგებლობა ამ სამი ჯგუფის მიმართ.

. რესპონდენტთა უფლებები

ეთიკის კოდექსები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ რესპონდენტთა უფლებების დაცვას. ეს გასაგებიცაა - რესპონდენტები კვლევის უმთავრეს ობიექტს წარმოადგენენ. მათი მონაწილეობა კვლევაში დამოკიდებულია მათ კეთილ ნებაზე, და ჩვენი უპირველესი ვალდებულება უნდა იყოს უზრუნველვყოთ, რომ ისინი არ დაზარალდნენ კვლევაში მონაწილეობის მიღების შედეგად.

ეთიკის კოდექსების მოთხოვნების თანახმად, რესპონდენტების მონაწილეობა გამოკვლევაში ნებაყოფლობითი უნდა იყოს, მკვლევარმა შეძლებისდაგვარად უნდა მიაწოდოს მას სრული ინფორმაცია გამოკვლევის მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

რესპონდენტთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელსაც მკვლევრები კისრულობენ, მათი კონფიდენციალობის დაცვაა. ხშირად რესპონდენტები მხოლოდ იმ პირობით იძლევიან თანხმობას ჩვენთან საუბარზე, თუ მათი ვინაობა არ იქნება გამჟღავნებული, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, ძალზე რთულია მათი დარწმუნება, რომ ჩვენ მათ კონფიდენციალობას დავიცავთ, ვინაიდან მკვლევრებისთვის, როგორც წესი, ცნობილია რესპონდენტის ვინაობა, მასობრივი გამოკითხვის ჩატარებისას კი ინტერვიუერების მუშაობის კონტროლის უზრუნველსაყოფად ყოველთვის ხდება თითოეული რესპონდენტის სახელისა და მისამართის ჩაწერა. მნიშვნელოვანია, დავარწმუნოთ რესპონდენტები, რომ ეს მხოლოდ გამოკვლევის სათანადო ხარისხით ჩატარების უზრუნველსაყოფად ხდება და რომ შედეგების დამუშავების შემდეგ მათი პასუხები მხოლოდ ანონიმურად იქნება გამოყენებული, მასობრივი გამოკითხვის შემთხვევაში - სტატისტიკური დამუშავების შემდეგ.

სოციალური გამოკვლევის ზოგიერთი სახეობა მოითხოვს ინტერვიუების ჩაწერას აუდიო- ან ვიდეოფირზე. ამისათვის ასევე ცალკე ნებართვა გვჭირდება რესპონდენტებისგან, და აქაც, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რესპონდენტები, რომ ჩამწერი მოწყობილობების გამოყენების მიუხედავად მათი კონფიდენციალობა დაცული იქნება.

განსაკუთრებით რთულია რესპონდენტთა უფლებების დაცვა მაშინ, როდესაც ხორციელდება გაუმჟღავნებელი დაკვირვება; მაგალითად, თუ დაკვირვებას ხალხმრავალ ადგილას ვატარებთ, სადაც ჩვეულებრივ მრავალი ადამიანი იყრის თავს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავაფრთხილებთ ყველა ადამიანს, რომ ისინი კვლევის ობიექტები არიან. ამიტომ ჩართული დაკვირვების ჩატარებისას, ეთიკის ნორმები გარკვეულწილად სპეციფიკურ ხასიათს იძენს, და საკმაოდ რელატივისტური ხასიათისაა; ერთადერთი სტაბილური მოსაზრება, რომლითაც მკვლევარი უნდა ხელმძღვანელობდეს, ისაა, რომ მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა კვლევამ რესპონდენტებს რაიმე ვნება არ მიაყენოს. კვლევის ანგარიშიდან ამოღებული იყოს არა მხოლოდ რესპონდენტთა სახელები და გვარები, არამედ, აგრეთვე ყველა ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ადამიანის იდენტიფიცირება.

. დამკვეთების უფლებები

ემპირიული გამოკვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი კომერციული ხასიათისაა და საბაზრო, პოლიტიკური თუ სხვა შეკვეთების შესასრულებლად ტარდება. მკვლევარებს არა ნაკლები პასუხისმგებლობა აკისრიათ დამკვეთებთან ურთიერთობისას, და მათი მოვალეობაა, უზრუნველყონ, რომ თითოეული გამოკვლევა დამკვეთის მიერ დასმული პრობლემების გადაჭრის გზების პოვნას ისახავდეს მიზნად და ყველაზე უფრო ოპტიმალურ გზებს სთავაზობდეს დამკვეთს გამოკვლევის განსახორციელებლად.

მკვლევარისა და დამკვეთის ურთიერთობები განსაკუთრებული ხასიათისაა იმდენად, რამდენადაც პროფესიული ეთიკის კოდექსის გარდა მათი რეგულირება ხდება აგრეთვე ორ მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეთიკის მოთხოვნები უფრო ფართო ხასიათისაა, ვიდრე ადმინისტრაციული და სამართლებრივი დოკუმენტები, ამდენად ეთიკის კოდექსები არეგულირებს მკვლევრისა და დამკვეთის ურთიერთობების იმ სფეროებს, რომლებიც ხელშეკრულებების მიღმა რჩება და ურთიერთპატიოსნებისა და ურთიერთგაგებისკენ, მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვისაკენ მოუწოდებს ორივე მხარეს.

. ფართო საზოგადოებრიობის ინტერესების დაცვა

რამდენადაც სოციალური მეცნიერების პასუხისმგებლობა ფართო საზოგადოების წინაშე იურიდიული რეგულირების ობიექტს არ წარმოადგენს, ის მთლიანად ექცევა პროფესიული ეთიკის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება სოციოლოგების მოღვაწეობის ძალზე მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. როგორც ამერიკის სოციოლოგიური ასოციაციის ეთიკის კოდექსშია ხაზგასმული, სოციოლოგები აცნობიერებენ მათ პროფესიულ და მეცნიერულ პასუხისმგებლობას იმ საზოგადოების წინაშე, სადაც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ; ისინი იყენებენ თავის ცოდნას, რათა ხელი შეუწყონ საზოგადოებრივ კეთილდღეობას. გამოკვლევის ჩატარებისას ისინი მიზნად ისახავენ როგორც სოციოლოგიური მეცნიერების განვითარებას, ასევე საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობას.3

სანქციები

რამდენადაც პროფესიული ეთიკის კოდექსები იურიდიული დოკუმენტები არ არის, მათი ნორმების დამრღვევთა წინააღმდეგ ვერ იქნება გამოყენებული სამართლებრივი სანქციები. არადა, ეთიკის კოდექსის ნორმების დამყარება მხოლოდ მკვლევართა კეთილგანწყობაზე და მათ მიერ ამ ნორმების დიდი მნიშვნელობის გაცნობიერებაზე ყოველთვის საკმარისი არ არის. ამიტომ, პროფესიული საზოგადოებები ზრუნავენ იმაზე, რომ პროფესიული ეთიკის დარღვევის შემთხვევებმა შეუმჩნევლად არ ჩაიაროს და შეძლებისდაგვარად ძვირად დაუჯდეს ამ ნორმების დამრღვევს, ვინაიდან ყოველი ასეთი დარღვევის შემთხვევაში ლაქა ეცხობა ყველა მკვლევარს, სოციალური მეცნიერების საზოგადოებრივ რეპუტაციას.

ეთიკური კოდექსების სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე, მათ მიერ გათვალისწინებული სანქციებიც თავისებური ხასიათისაა. ისინი დიდ ყურადღებას აქცევს ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევების გახმაურებას პროფესიულ წრეში და ასეთი ფაქტების დაგმობას კოლეგების მიერ. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ნებისმიერი ფაქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება როგორც პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევა, თუ ეს დამტკიცებული იქნა, იქამდე კი ყველას მიმართ თავისებური „უდანაშაულობის პრეზუმფცია“ მოქმედებს.

პროფესიული ეთიკის ნორმების დამრღვევთა წინააღმდეგ ძალზე სერიოზული სანქციები იქნა შემუშავებული ამერიკის სოციოლოგიური ასოციაციის (ASA) მიერ. ამ ორგანიზაციის ფარგლებში მუშაობს პროფესიული ეთიკის კომიტეტი, რომელიც ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტებს განიხილავს. ეს კომიტეტი უფლებამოსილია ASA-ს წევრების მიერ, შემდეგი სახის სანქციები გამოიყენოს დამნაშავეთა მიმართ:

ა) პირადი გაფრთხილება. ეს შედარებით რბილი სანქცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა შედარებით მსუბუქი იყო და არ გამოუწვევია სერიოზული პირადი ან პროფესიული ზიანი. პირადი გაფრთხილება, როგორც წესი, წერილის სახით ეგზავნება ეთიკის ნორმების დამრღვევს.

ბ) საჯარო გაფრთხილებას იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ დარღვევა სერიოზულ ხასიათს ატარებდა. ისიც შეიძლება წერილის სახით იყოს, მაგრამ ეს წერილი ქვეყნდება შესაბამის საინფორმაციო საშუალებებში.

გ) პრივილეგიების ჩამორთმევა. ნებისმიერი სოციოლოგიური ასოციაციის (მათ შორის ASA-ს) წევრობა არა მხოლოდ საკმაოდ მაღალი სტატუსის ნიშანია, არამედ წევრებისათვის გარკვეულ პროფესიულ და მატერიალურ პრივილეგიებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ამ პრივილეგიების ჩამორთმევა საკმაოდ სერიოზულ სასჯელს წარმოადგენს. კერძოდ, ეთიკის ნორმების დამრღვევი შეიძლება არ იქნეს დაშვებული ამ ასოციაციის მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე; არ იქნეს შეყვანილი სარედაქციო კოლეგიებში; აეკრძალოს მონაწილეობის მიღება ასოციაციის სხვადასხვა კომიტეტებში არჩევნებში, არ იქნეს განხილული მისი კანდიდატურა ასოციაციის წევრებისათვის განკუთვნილი კვლევითი სტიპენდიების განაწილების პროცესში და ა.შ. იმ საკითხს, თუ, კერძოდ, რომელი პრივილეგიები ჩამოერთმევა ეთიკის ნორმების დამრღვევს, პროფესიული ეთიკის კომიტეტი ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე გადაწყვეტს.

დ) ასოციაციაში წევრობის შეწყვეტა ASA-ს პროფესიული ეთიკის კომიტეტის ყველაზე სერიოზული სანქციაა. აქაც, კომიტეტი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტს, თუ რამდენი ხნით უნდა მოხდეს ამა თუ იმ სოციოლოგის წევრობის შეწყვეტა ASA-ში და რა პირობითაა შესაძლებელი ამ წევრობის განახლება მომავალში. სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმაა პროფესიული საზოგადოების წევრთა რიგებიდან გარიცხვა, რაც თავისთავად არა მხოლოდ სამარცხვინოა, არამედ აბრკოლებს გარიცხულის შემდგომ პროფესიულ საქმიანობას, ხელს უშლის მას მნიშვნელოვანი შეკვეთების მოზიდვაში.

კვლევის შედეგების პუბლიკაცია

პროფესიული ნორმების სპეციფიკური ჯგუფია მოთხოვნები კვლევის შედეგების გამოქვეყნებისადმი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ამ მოთხოვნების შემუშავება არაპროფესიული პუბლიკაციების მომრავლების შედეგად გახდა აუცილებელი. მკვლევრები სულ უფრო და უფრო ხშირად რწმუნდებოდნენ, რომ ჟურნალისტები, რომლებსაც არა აქვთ შესაბამისი ცოდნა, ხშირად საკმაოდ უხეშ შეცდომებს უშვებდნენ მასობრივი გამოკითხვების ან სხვა ტიპის კვლევების შედეგების გამოქვეყნებისას, ამ შეცდომებს კი შემდეგ მათი მკითხველები იმეორებდნენ. არცთუ იშვიათად ჟურნალისტურ მასალებში დაშვებული შეცდომების გამო კვლევის შედეგები შეფასებული იყო როგორც არასწორი, ეს კი არასახარბიელო გავლენას ახდენდა ამ კვლევების შეფასებაზე საზოგადოების მიერ.

ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით 1983 წელს საზოგადოებრივი აზრისა და საბაზრო კვლევის ევროპულმა კავშირმა (ESOMAR) შეიმუშავა „საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების გზამკვლევი“4, რომლის მიზანსაც პრესაში სოციალური გამოკვლევების შედეგების გამოქვეყნებისას დაშვებული შეცდომების შემცირება იყო. განსაკუთრებული ყურადღება ამ კოდექსში მასობრივი გამოკითხვის შედეგების პუბლიკაციას ეძღვნება, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად შუქდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ. გარდა იმისა, რომ ეს კოდექსი განიხილავს გამოკითხვების შედეგების მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოებებისათვის და ჟურნალისტებისა და სოციალური მეცნიერებების პროფესიული თანამშრომლობის თავისებურებებს, აქ წარმოდგინელია პრაქტიკული რეკომენდაციები კვლევის შედეგებზე დამყარებული პუბლიკაციების მომზადებასთან დაკავშირებით. ESOMAR-ის რჩევით, ყველა პუბლიკაციას, რომელიც მასობრივი გამოკითხვების შედეგებს იყენებს, აუცილებლად უნდა ახლდეს მეთოდური ინფორმაცია ჩატარებული გამოკითხვის შესახებ, კერძოდ:

  • რომელმა კვლევითმა ორგანიზაციამ ჩაატარა გამოკითხვა;

  • გამოკითხვის ჩატარების მეთოდიკა (პირადი, სატელეფონო, საფოსტო თუ სხვა);

  • შერჩევითი ერთობლიობის რაოდენობა;

  • შერჩევის რეპრეზენტატულობა;

  • გამოკითხვის ჩატარების თარიღები;

  • დასმული კითხვების ტიპი (ღია, დახურული თუ ნახევრადდახურული) და მათი

  • ზუსტი ფორმულირება.

სოციალური კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის გამოქვეყნებისას აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიღებული შედეგები და ამ შედეგების საფუძველზე ჟურნალისტების მიერ გაკეთებული კომენტარი.

გარდა ამისა, ESOMAR-ი ურჩევს კვლევით ორგანიზაციას და მასობრივი ინფორმაციის ორგანოს, დადონ ხელშეკრულება, რომელშიც განხილული იქნება მათ შორის თანამშრომლობის პირობები.

დავალებები:

1. იპოვეთ ინტერნეტში სოციალური კვლევის ეთიკის რამდენიმე კოდექსი (გარდა იმ კოდექსებისა, რომლებიც ამ მასალაშია მითითებული) და შეადარეთ ისინი ერთმანეთს მათი დეტალურობის თვალსაზრისით.

2. გაეცანით პუბლიკაციას „გამოკითხვამ უჩვენა, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობაში იზრდება ემიგრაციის სურვილი“ (მაგალითი №4). როგორ შეაფასებდით კვლევის შედეგების გაშუქების ხარისხს?

რეკომენდებული ლიტერატურა:

1. Bruce L. Berg. Qualitative Research Methods for the Social Sciences. Fifth edition. Boston: Pearson. Pp. 43-73 (“Ethical Issues”).

2. Eric J. Arnould. 1998. “Ethical Concerns in Participant Observation/Ethnography,” in Advances in Consumer Research 25: 72-74.

3. ICC/ESOMAR International Code of Marketing and Social Research Practice. http://www.esomar.org/esomar/show/id=65961

4. American Sociological Association. 1997. Code of Ethics. http://www.asanet.org/members/ ecoderev.html

5. American Sociological Association Committee on Professional Ethics. 1997. Policies and Procedures. http://www.asanet.org/members/enforce.html

__________________

1. ICC/ESOMAR International Code of Marketing and Social Research Practice. ICC/ESOMAR, 1995. კოდექსის ნახვა შეიძლება აგრეთვე ESOMAR-ის ვებ-გვერდზე: www.esomar.nl.

2. Code of Ethics and Policies and Procedures of the ASA Committee on Professional Ethics. American Sociological Association, 1999. კოდექსი შეგიძლიათ იხილოთ აგრეთვე ამერიკის სოციოლოგიური ასოციაციის ვებ-გვერდზე: www.asanet.org.

3. Code of Ethics and Policies and Procedures of the ASA Committee on Professional Ethics. American Sociological Association, 1999. P. 4-5.

4. Guide to Opinion Polls. E.S.O.M.A.R., 1993.

7.1 მაგალითი №4. გამოკითხვამ უჩვენა, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობაში იზრდება ემიგრაციის სურვილი

▲back to top


CNN იტალია, 26 აგვისტო, 2002 წ.

ლონდონი (CNN) - ისინი ვეღარ იტანენ ამინდის კაპრიზებს და ცხოვრების სიძვირეს, ზოგი - სამზარეულოსაც კი. სწორედ ესაა ძირითადი მიზეზები, რომელთა გამოც ბრიტანეთის მოქალაქეების უმრავლესობას სურს საზღვარგარეთ გამგზავრება - იქ, სადაც უფრო რბილი ჰავა, დაბალი ფასები და გემრიელი სამზარეულოა. ამაზე მოწმობს გამოკითხვის შედეგები, რომელიც გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ შეკვეთით ჩაატარა დემოსკოპიურმა საზოგადოებამ YouGov. როგორც გამოკითხულთა 54 პროცენტმა განაცხადა, შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ ისინი სიამოვნებით გაემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ საცხოვრებლად.

მათთვის ყველზე სასურველი ქვეყნებია შეერთებული შტატები და ავსტრალია, სადაც მათ არ დასჭირდებათ ენობრივი ბარიერის გადალახვა. (ევროგაერთიანებაში ბრიტანელები ყველაზე ნაკლებად ფლობენ უცხო ენებს). რომ არა ეს ბარიერი, მაშინ ესპანეთს და საფრანგეთს არჩევდნენ.

უკანასკნელი წლების მანძილზე ბრიტანეთის მოსახლეობაში გაიზარდა ქვეყნიდან გამგზავრების სურვილი. მსგავსი გამოკითხვის შედეგად, რომელიც უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჩატარდა, გაირკვა, რომ ასეთი სურვილი მოსახლეობის 42 პროცენტს ჰქონდა. 1975 წელს კი ეს რაოდენობა 40 პროცენტამდე შემცირდა.

უმთავრესი მოტივი, რის გამოც მოსახლეობას დიდი ბრიტანეთიდან გამგზავრება სურს, არის ცხოვრების სიძვირე და შესაძლებლობების ნაკლებობა. ჰავის ცვალებადობა კიდევ ერთი მიზეზია, რომელსაც გამოკითხულები ხშირად ასახელებდნენ.

ინგლისელების მხოლოდ 25 პროცენტმა განაცხადა, რომ ახალი საცხოვრებელი ადგილების ძებნის მთავარი მიზეზია მათი უკმაყოფილება ეროვნული სამზარეულოთი. სხვა მხრივ, უმთავრესი, რაც მათ შინ დარჩნის სურვილს უძლიერებს, ოჯახი, მეგობრები, და ეროვნული ისტორიით გამოწვეული სიამაყის გრძნობაა.

8 დანართი №1 კორუფცია საქართველოში1

▲back to top


ფოკუს-ჯგუფის ტრანსკრიპტი

ფოკუს-ჯგუფის ჩატრების თარიღი: 29 ივნისი, 2004 წ.

ფოკუს-ჯგუფის ჩატრების ადგილი: ქ. თელავი.

ფოკუს-ჯგუფის რესპონდენტების კატეგორია: სტუდენტები.

შენიშვნა:

ტრანსკრიპტი ფოკუს-ჯგუფის დროს გამართული დისკუსიის დროს ჩაწერილი აუდიო- ან ვიდეოკასეტის დეტალური გაშიფვრის შედეგია; მასში უნდა აისახოს ფოკუს-ჯგუფის მსვლელობაში გამოთქმული ყველა აზრი, რომლებიც შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით უნდა იყოს გადატანილი ქაღალდზე. არის შემთხვევები, როდესაც რესპონდენტი ჩუმად ლაპარაკობს და მისი სიტყვების გარჩევა ვერ ხერხდება - მაშინ ტრანსკრიპტში შესაბამისი მინიშნება უნდა იყოს გაკეთებული. ამ მაგალითში, ასეთ შემთხვევებში გამოყენებული კვადრატული ფრჩხილები.

ფოკუს-ჯგუფის მსვლელობაში გამართული დისკუსიის გაშიფვრის შედეგად სრულად ხდება რესპონდენტთა სტილის დაცვა; დაუშვებელია საუბრის სტილისტური რედაქტირება.

ზოგჯერ ტრანსკრიპში მითითებულია, თუ რომელ რესპონდენტს ეკუთვნის ყოველი გამოთქმული აზრი; ვინაიდან ფოკუს-ჯგუფის რესპონდენტების ვინაობის გამჟღავნება არასოდეს არ ხდება, რესპონდენტებს პირობითი სახელებით მოიხსენიებენ ხოლმე. აქ მოყვანილ მაგალითში მოყვანილია მხოლოდ ჯგუფის მსვლელობაში გამოთქმული აზრები, ავტორის მითითების გარეშე. გამოყოფილია მხოლოდ მოდერატორის სიტყვები.

ჩვენი საუბრის თემაა კორუფცია. საუბრის პროცესში კიდევ დავაკონკრეტებთ იმ საკითხებს, რომლებსაც დღეს განვიხილავთ მაგრამ თავდაპირველად გთხოვთ ყველამ წარვადგინოთ თავი.

- ...,2 სტუდენტი.

- ..., აგრარული უნივერსიტეტი.

- ..., უცხო ენები3.

- ....

- ..., ბიოსამედიცინო.

- ..., უცხო ენები.

- ..., იურიდიული.

- ..., სტუდენტი.

სანამ კონკრეტულ მაგალითებზე და კონკრეტულ შემთხვევებზე გადავალთ, ჯერ შევეცადოთ ცოტა აკადემიურად მივუდგეთ ამ საკითხს - თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვმარტოთ, რა არის კორუფცია? ამ ცნების თეორიული განმარტება თუ გაქვთ ვინმეს?

- გააჩნია, ისეთ შენობაში ვიმყოფებით, რომ აკადემიურად მიდგომა, ალბათ, უფრო საჭირო იქნება,4 სამეცნიერო დონეზე. გასარკვევია, კორუფციაში რას ვგულისხმობთ - ეს არის მარტო ფულის მიცემა, თუ საჩუქარიც იგულისხმება, ნამცხვარი... ჩემი აზრით, ორივე იგულისხმება.

- იგულისხმება.

- კორუფცია არის, როდესაც რომელიმე ადგილზე მოსახვედრად თუ რაღაც, გჭირდება გასამრჯელო, რომ მიიტანო, და არა ის, რაც სინამდვილეში საჭიროა, ცოდნა ან რაღაც; სინამდვილეში რაც არ გაქვს, იმ კრიტერიუმებს შენ ვერ აკმაყოფილებ და ამის საფასურად შენ უნდა გადაიხადო რაღაც...

- შეავსო...

- კორუფცია ეს არის კანონის გარეთ მომხდარი გარიგება, როდესაც ორივე მხარე რაღაც ვალდებულებას კისრულობს, ვთქვათ, ერთი მხარე კისრულობს რაიმე თანხის გაღებას, ხოლო მეორე, და ძირითადად სახელმწიფო მოხელეზე უნდა გვქონდეს აქ საუბარი, კისრულობს რაიმე უკანონო ქმედების შესრულებას ამ პირის სასარგებლოდ.

- მეც, ალბათ, დაახლოებით ასე ვფიქრობ.

კორუფცია და მექრთამეობა ერთი და იგივეა თუ არა?

- კი.

- ჩემი აზრით, კი.

- კი.

- ერთია.

- ჩემი აზრით, არა, იმიტომ რომ მექრთამეობა შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერ პირთან მიმართებაში, ანუ ეს შეიძლება არ იყოს სახელმწიფო მოხელე, ვთქვათ, და ქრთამი მიუტანო კერძო პირს, რომელმაც გინდა რომ სამსახურში მიგიღოს. კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის უშუალოდ სახელმწიფო სამსახურში მომხდარი მოვლენა, ხოლო ქრთამი შეიძლება გამოიხატოს კერძო სექტორშიც, არასამთავრობო ორგანიზაციაშიც.

- მაინც კორუფციასთან არის გადაჯაჭვული.

- მაგრამ ამას არ შეიძლება დავარქვათ, ჩემი აზრით, კორუფცია.

- ქრთამი პირდაპირ კავშირშია, ჩემი აზრით, კორუფციასთან, იმიტომ რომ ქრთამს იღებ, ესე იგი... შენ ხდები კორუმპირებული.

- რაღაცას უკანონოდ აკეთებ ამ შემთხვევაში.

- თუ ამ განსაზღვრებას გამოვიყენებთ, ამ შემთხვევაში ვერ მივალთ კორუფციამდე, იმიტომ რომ, როგორც წესი, იგულისხმება საქართველოში ქრთამი როგორც საჩუქარი, ანუ რაიმე ვალდებულების შესრულება, რაიმე მომსახურების შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მადლიერების ნიშნად უხდიდა ადამიანს რაღაცას. განსაკუთრებით, ვთქვათ, ნოტარიუსებთან მიმართებაში, ვთქვათ, რაღაც მოქმედებას ასრულებენ, ხომ? მოქალაქე, რომელიც რაიმე თხოვნით მიმართავს, ცდილობს რომ რამე გადაუხადოს, რომ ის დააყენოს პირველ რიგში, ან უფრო უკეთესად მოემსახუროს. ეს მენტალობიდანაც გამომდინარეობს.

- და არ არის, შენი აზრით, ეს კორუფცია?

- არა, კორუფცია არის, კორუფციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მთლიანობაში იდენტური ცნებები არ არის.

- არა, იდენტური არ არის, რა თქმა უნდა.

...- რომ მოიყვანა მაგალითი - როდესაც სამსახურში იღებენ არა ცოდნის საფუძველზე, არამედ იმის საფუძველზე, თუ ვის რას მისცემ - იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცა გაიძულებს რაღაცა მისცე სამსახურში მიღებისათვის, მაგრამ ამავე დროს ასე თუ ისე აკმაყოფილებს, თუნდაც ფორმალურად, ცოდნის მხრივ არსებულ მოთხოვნებს - ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?

- ესეც კორუფციაა, მე თუ მკითხავთ, თვითონ იმ მოხელის მიმართ, ვინც იღებს ფულს, იმიტომ რომ ის მაინც აკეთებს ამას და არასამართლებრივად ხდება იმ მხრივ, რომ შეიძლება უფრო კარგი კრიტერიუმების, უფრო კარგი შეფასების მქონე ადამიანი დარჩეს გარეთ.

- ცხადია, ასეთ შემთხვევაში თვითონ იმ ადამიანის უფლებაც ირღვევა, ვისაც თხოვენ [ფულს], მაგრამ კორუფციის ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ის არის, რომ სახელმწიფო მოხელე თვითონ ითხოვს „აუცილებელ“ გადასახადს, ხოლო ქრთამის შემთხვევაში მექრთამე თვითონ არის შემთავაზებელი.

- დღეს-დღეობით, მგონი, ქრთამიც იგივენაირად ხდება - ეგ შეიძლება ადრე იყო მასე, მაგრამ დღეს ქრთამის მიცემისას იგივე მოვალეობას ასრულებს ის, რომ შენ გთხოვენ იმ ქრთამს, რომ მიიტანო. ადრე შეიძლება ნებაყოფლობითი იყო, მაგრამ დღეს-დღეობით აღარ არის, მე მგონი, ნებაყოფლობითი.

- თუ ნებაყოფლობითია, მაშინ ეს უკვე საჩუქარია, ვთქვათ, მადლიერების ნიშნად.

- ქრთამის შემთხვევაში ინიციატივა მოდის შენი მხრიდან, ხოლო კორუფციის შემთხვევაში ინიციატივა მოდის იმ მხრიდან.

- ჩემი აზრით, შეიძლება ხმამაღლა არ იყოს ნათქვამი, რომ აი, შენ რაღაც მომიტანე, მაგრამ ქვეცნობიერად, ფარულად მიგანიშნებს, რომ აი, კარგი იქნებოდა, თუ რაღაცას მომიტან.

- კი.

- სიტყვაზე, ვთქვათ, რომელიღაც სამსახურში გამოცხადდა რაღაც კონკურსი, შესარჩევი, მიიღე მონაწილეობა და გეუბნებიან, რომ აი, კი, აკმაყოფილებ ამას, მაგრამ რაღაც დამატებითი ისინი უნდა გაიმართოს - შენ ატყობ, რომ გიჭიანურებენ საქმეს, არ გაწყობენ — იძულებული ხდები რომ შესთავაზო რაღაც, „პატივს გცემ, რა“...

- ქრთამი მე მაინც სულ ცუდი გაგებით მახსოვს, აი „ქრთამი მისცა“ და...

- არა, კარგი გაგებით ვერც იტყვი.

- კარგი გაგებაა, როდესაც პატივს გცემენ და შენ პატივს სცემ ადამიანს, მაგას ხომ ქრთამს ვერ დაარქმევ?

- ქრთამი არის კორუფციის გამომხატველი მეთოდი.

მაშინ სხვა კითხვაკორუფცია შეიძლება აღვიქვათ როგორც რაღაც ფულადი თანხის ან საჩუქრის მიღება, თუ ამას სხვა ფორმებიც აქვს?

- სხვა ფორმებიც აქვს, რა თქმა უნდა.

- და ბანკში ვერ შეიტან, ნამდვილად.

- კორუფციას აქვს ყველანაირი ფორმა - სწორედ ის არის, რომ შენ არასამართლებრივად იმ ადამიანს, ვთქვათ, იგივე როგორც სამსახურთან დაკავშირებით ჩამოვარდა ლაპარაკი, თანამშრომლად იყვან და ნებისმიერი - ამას შეიძლება, უხეშად გეუბნები, პარკეტის დაგება უნდოდეს ან სულ სხვა რაღაცის [შეკეთება]; ამ შემთხვევაში შენ რაღაცის საფასურად უკეთებ ამას. იმით კი არა, რომ ის სამართლებრივად სწორია, რომ ის დაიმსახურა ან რაღაცა - სხვას ტოვებ თამაშგარეთ, იმიტომ რომ გაწყობს იმ წუთას შენ ამ ადამიანის შემოთავაზებული წინადადება, და მნიშვნელობა არა აქვს, ეს რა იქნება.

- ამას კანონიც არეგულირებს, კანონში არის, რომ საჯარო პირებს არ შეუძლიათ მიიღონ საჩუქარი, რომლის ფასიც აღემატება [800] ლარს, თუ სწორად მახსოვს - არის კონკრეტული თანხა მიღებული, ანუ საჩუქარში იგულისხმება თანხაც და იგულისხმება ნივთიც.

- 1000 ლარი.

- ამ შემთხვევაში მაშინ ის მოითხოვს სამ 400-ლარიანს, და თავისუფლად შეუძლია

რომ ცალ-ცალკე აიღოს.

- ელემენტარულად აი, ნაცნობია, კარგი, ფულს არ გამოვართმევ, მაგრამ უკვე იცი, რომ საჩუქარი შენ უნდა „იკისრო“.

- მადლიერების ნიშნად.

- ეგ უკვე ტრადიციული მომენტია.

- არა! მაინც კორუფციაა.

- კორუფციას იმას ვერ დავარქმევთ, რომ ექიმთან მიდიხარ და “ბანბანერკა” მიგაქვს.

- არა, რა თქმა უნდა!

- ანდა, ვთქვათ, პატივს სცემ ადამიანს ელემენტარულად ადამიანური მოტივით და

არა იმიტომ, რომ...

- ეგ ვთქვი წეღან, ქრთამს ვერ დაარქმევ-თქო პატივისცემას; პატივისცემა სხვაა, ქრთამი სხვაა.

- ეგ იყო ისტორიული წინამძღვარი ქრთამისა.

არის აქ ვინმე, ვინც დღეს პირველად გაიგო სიტყვა კორუფცია?

- რაღაც არ მგონია, საქართველოში...

- იმდენად ხშირად ისმის დღეს-დღეობით, რომ არა მგონია.

არის აქ ვინმე, ვისაც უცხო ხალხის თანდასწრებით ჯერ არ ულაპარაკია იმის შესახებ, თუ რა არის კორუფცია და არ გამოუთქვია თავისი აზრი?

- შედეგებზე გვილაპარაკია, მაგრამ კორუფცია არ განგვიმარტავს როგორც ასეთი.

რომელი ქვეყნებია, თქვენი აზრით, სადაც კორუფცია ძალიან არის გავრცელებული?

- ეს არის ძირითადად განვითარებადი ქვეყნები, თუმცა კორუფციის ხარისხი და კორუფციის მასშტაბი — აქ ყველა სფეროში მიდის კორუფცია, იქ კი, შეიძლება...

- ასევე ჩამორჩენილი ქვეყნები.

მოდით დავასახელოთ ქვეყნები, ნუ დავაჯგუფებთ.

- ინდოეთი მგონია მე.

- რუსეთი.

- სასომხეთიც ასევე.

- სასომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა. ყოფილი საბჭოთა სამყარო.

რატომ არის ამ ქვეყნებში შედარებით მეტად გავრცელებული?

- კანონი არ კანონობს, ალბათ.

- უფრო მეტად გავრცელებული არ არის, მე მგონი, სასომხეთში ან რუსეთში, მაგრამ სადაც მართლაა გავრცელებული - ინდოეთში, ვთქვათ.

- მოიცავს იმ ქვეყნებს, რასაც ჰქვია „განვითარებადი“.

- და ხალხის დონეა უფრო შეიძლება დაბალი.

- არა, თვითონ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესი არ არის იქ დასრულებული, აქედან გამომდინარე, თვითონ საზოგადოებაც და, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო მოხელეებიც ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს სახელმწიფოში ცხოვრება. მეორეც, თვითონ კორუფციის სისტემაზეც არის აქ საუბარი, ვთქვათ, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც ატყობენ, რომ რაღაც სფერო ექცევა მაქსიმარულად ჩრდილში, და იქ ხდება კორუფციული გარიგება, ცდილობენ ეს გადმოიტანონ საკანონმდებლო რეგულირების სფეროში, და აქ ეს კულტურა არ არის ხშირ შემთხვევაში.

- იმიტომ, რომ, ალბათ, კანონი არ კანონობს.

- დამოკიდებულია აზრისა და სიტყვის თავისუფლებასთან, რაც ჩვენთანაც იყო დიდი პრობლემა.

კარგით. და რომელია, თქვენი აზრით, ქვეყნები, სადაც კორუფცია არ არის, ან შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული?

- ნაკლებად.

- გაცილებით ნაკლებად.

- ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა.

- ეს არის ცივილიზებული ქვეყნები.

- ამერიკა.

- მე ამერიკას დავასახელებდი.

- კორუფცია არის ყველა ქვეყანაში.

- არა, ნაკლებად.

და რა არის იმის მიზეზი, რომ ამ ქვეყნებში კორუფცია ნაკლებადაა გავრცელებული?

- განვითარებულია, კანონი კანონობს.

- იქ არის საკანონმდებლო რეგულირება.

- ძალიან დიდ პატივს სცემენ საზღვარგარეთ საერთოდ, გინდა ამერიკაში, გინდ ევროპაში, კანონებს და ეშინიათ, იმიტომ რომ იციან, რაღაცას რომ დააშავებენ, იციან, რომ მართლა დაისჯებიან.

- წეღან დამავიწყდა მეთქვა, რომ კრიმინოგენული სიტუაცია ჩვენთან და იმ ქვეყნებში [სადაც კორუფცია გავრცელებულია] ძალიან დაბალ დონეზეა, და იქ, [სადაც კორუფცია არ არის გავრცელებული,] მე ვფიქრობ, უფრო მაღალ დონეზეა. იციან, რომ თუ ეს მოხდება, დაისჯება ის ადამიანი, და ჩვენთან უკვე არავის ეშინია არაფრის გაკეთების.

- ჰო, იგივე მომენტია - რაღაცას ჩაიდენ, ფულს მიიტან და მორჩა.

- ეგ ცხადია, კანონის სიმკაცრე იმდენად არ განსაზღვრავს კანონის დაცვას, რამდენადაც თვითონ სასჯელის აუცილებლობა, ანუ პრევენცია ამ შემთხვევაში.

- დაუსჯელობა აკეთებს ამას.

- დაუსჯელობის სინდრომია საქართველოში.

- ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ისეთ ქვეყნებში არსებობს ისეთი კანონები, რომლებიც უშუალოდ ხელს უწყობენ კორუფციის გაღვივებას.

- მარტივ მაგალითს მოვიყვან - ამერიკის ნებისმიერ უნივერსიტეტში რატომ არ არის კორუფციის დიდი მასშტაბი? ელემენტარულად, ყველა გადასახადი იქ არის კანონიზირებული, ანუ ის უკანონო იმაში არ ექცევა. აქ ყველაფერი დაურეგულირებელია, კანონს გარეშეა, ვაკუუმია საკანონმდებლო.

- უნდა მეთქვა ის, რომ ახლანდელი ახალგაზრდობაც უწყობს ამას ეფექტურად ხელს, იმიტომ რომ უკვე რომ იცი, რომ ამის გარეშე არ ხდება, ფულის გარეშე, ან ქრთამის გარეშე, და უკვე როგორ არის, იცით? მცდელობა აღარ არის. იმ დღეს ერთმა ამერიკელმა თქვა, რომ ქართველების ჩვევააო რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ ამთავრებენო - და დაახლოებით ჰგაქვს, რომ დაბრკოლებას განა გადალახავს, ის ფიქრობს, რომ მოდი ახლა უკვე ფულს მივცემ, ახლა უკვე დავიღალე...

- მარცხენა გზას გამონახავენ.

- ჩვენც ვუწყობთ ხელს რაღაც მომენტში, მე ვფიქრობ.

- რა თქმა უნდა!

- და საზღვარგარეთ არავინ გადაიხდის ფულს უსწავლელობისთვის, როგორც ჩვენ ვაკეთებთ, მგონი, ამას.

- როგორც ყოველთვის, უკუღმა ვართ ნიჭიერები - ნებისმიერი სხვა შეიძლება ფიქრობდეს პრობლემის გადაჭრაზე, ქართველმა შეიძლება ოთხჯერ მეტი იფიქროს მარცხენა მხრიდან მოგვარებაზე, მაინც მოძებნის რაღაცას.

- და საბოლოოდ ვერ ხვდებიან, რომ უსწავლელობა უფრო ძვირი უჯდებათ და უფრო ცუდია ქვეყნისთვის ეკონომიკურადაც და საერთოდაც.

- ცუდი კიდევ ის არის, რომ ადამიანი, რომელიც პროფესიას კორუფციული ხერხებით ეუფლება, ანუ რომელიც, ვთქვათ, იქიდანვე იხდის უკანონოდ, მერე, რა თქმა უნდა, ისიც უკანონოდ გადაახდევინებს, როდესაც თანამდებობას დაიკავებს, ანუ უკან ამოიღებს.

- ჰო, ხელისუფლებაში მოდის და...

- ჯაჭვივით მოდის.

ჩვენს ქვეყანას დავუბრუნდეთ. საქართველოში კორუფცია რამდენად არის გავრცელებული, თქვენი აზრით?

- საკმაოდ.

- ძალიან.

- ძალიან გავრცელებულია.

საკმაოდ თუ ძალიან?

- ძალიან.

- ძალიან.

- მე ვიტყოდი, კატასტროფული მასშტაბით.

- იგივეს ვიტყოდი მეც.

- ფაქტიურად სფერო არ არსებობს, სადაც კორუფცია არ არის.

შეგიძლიათ დაასახელოთ სამი სფერო, სადაც კორუფცია ყველაზე ძალიან არის გავრცელებული? ან თუ თვლით, რომ ერთია ასეთი სფერო - კი, ბატონო, ერთი დაასახელეთ.

- განათლება.

- საგანმანათლებლო.

- განათლება, სამართალდამცავი ორგანოები...

- სახელისუფლო სტრუქტურებში, განათლების სისტემაში, და მესამე - დამეხმარეთ.

- სამართალდამცავ ორგანოებში.

- ეს შეიძლება შევიდეს სახელმწიფო სტრუქტურებში.

- ეს იმ დონეზე, რომ ყველას თვალშია.

თელავის რაიონში იგივე სამი სფეროა, თუ აქ რაიმე სპეციფიკური სიტუაციაა?

- არა, მე მგონი, იგივე სამი გვაქვს.

- მგონი, გამონაკლისები იქნება, მაგრამ ძირითადად იგივე.

- ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე თუ გადმოვიტანთ ხელისუფლების სიტუაციას, მაშინ იგივე სამი სფეროა.

- იგივე.

- სამართალდამცავები, საგანმანათლებლო და...

საშუალოდ საქართველოს დონეს თუ შევადარებთ, თელავში კორუფცია მეტად არის გავრცელებული, ნაკლებად თუ იგივეა?

- იგივეა.

- იგივეა.

- ჩემი აზრით, იგივეა.

- არანაირად ნაკლებად.

- შედარებით ნაკლები შეიძლება იყოს.

- იქიდან გამომდინარე, რომ თელავი საქართველოსთან შედარებით ძალიან პატარაა...

- არა, მე ვიტყოდი პირიქით, თბილისში უფრო, ჩემი აზრით, ნაკლებია, ვიდრე აქ — პატარა ქალაქია, მაგრამ ძალიან [გავრცელებულია].

- პროცენტულად თუ აიღებთ, ამ შემთხვევაში ...

- შეიძლება სადღაც ნაკლები თანხაა გადასახდელი, მაგრამ შემოსავალიც ნაკლებია.

- ეგ არის მთავარი, თუ კორუფცია რა დონეზეა? ის არის მთავარი, რამდენს იხდი, თუ რა დონეზეა? ის ხომ მაინც იღებს ამ შემთხვევაში? კორუფცია ის არის, რომ იმან შეიძლება - უხეშად არ გამიგო - ლარი აიღოს, მაგრამ იმან ხომ მაინც საფასურად გაგიკეთა! ამ წუთას კორუფციაზეა ლაპარაკი, სამართლებრივი ის რომ ირღვევა; აქაც საკმაოდ ირღვევა.

- კი, ჰოდა თანაბრად არის პროცენტულად თუ ავიღებთ.

- ნუ, თანაბრად.

პირადად თქვენ თუ გქონიათ შეხება კორუფციასთან?

- ალბათ, ყველას ჰქონია მეტ-ნაკლებად.

- მეტ-ნაკლებად.

- მე შემიძლია ვთქვა, რომ არ მქონია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს არ მქონია.

- ჰო, ახლა მეც ვფიქრობ, რა ვიცი, ვერაფერს ვერ ვიგონებ.

- ქრთამი არ მიმიცია, მაგრამ ვიცი, რომ...

თქვენს პირად გამოცდილებას დავუბრუნდებით მაგრამ მანამდე - რა არის კორუფციის გავრცელების მიზეზი საქართველოში, რა იწვევს კორუფციას?

- ჩემი აზრით, უცოდინრობა.

- კანონის უცოდინრობა.

- გაუნათლებლობა.

- სამართლებრივი...

- არსებული მდგომარეობა, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ის საშინელებები, ასე ვთქვათ, რაც დღეს-დღეობით ხდება: უკანონობა...

- ეს შეიძლება იყოს ერთი კომპლექსი, სოციალური ფონი, ზოგადი სოციალური ფონი, როდესაც იგივე დაბალი ხელფასი აქვთ სახელმწიფო სამსახურში და ბუნებრივია, საჯარო მოხელეს არ შეუძლია 16 ლარიან ხელფასზე ცხოვრება. აქედანაც გამომდინარეობს, ერთი ფაქტორი შეიძლება ეს გამოვყოთ. მეორე ფაქტორი, თვითონ მოქალაქის სამართლებრივი განათლების ზედმეტად დაბალი დონე. მესამე ფაქტორიც შეიძლება არსებობდეს ამ შემთხვევაში...

- მაინც არაფერი არ შეიცვლება.

- მესამე ფაქტორია უმთავრესი, ზოგადად სახელმწიფოში უკვე საკანონმდებლო ვაკუუმი, როდესაც ესა თუ ის ურთიერთობა არ რეგულირდება კანონით, აქ ყოველთვის იქმნება რაღაც შეზღუდული წრე, სადაც მიმდინარეობს ეს პროცესი. ანუ ეს პროცესი რომ შეჩერდეს, ეს ვაკუუმი უნდა მოისპოს აუცილებლად. იგივე უნივერსიტეტში, განათლების სისტემაში, ეს ვაკუუმები ძალიან ბევრია.

განათლების სისტემაში კონკრეტულად რა ვაკუუმებია?

- ვთქვათ, იგივე არ არის განსაზღვრული სტუდენტის და უნივერსიტეტის ვალდებულებები. ჩვენ პრაქტიკულად არანაირ, როდესაც შემოვდივართ უნივერსიტეტში, ფორმალურად თუ იურიდიულად არ ხდება გამიჯვნა, რა ვალდებულებები აქვს უნივერსიტეტს ჩვენს მიმართ.

- ეს ვალდებულებები წესდებით არის განსაზღვრული.

- ჰო, წესდებით არის განსაზღვრული, მაგრამ საინტერესოა, რამდენი იცნობს ამ წესდებას, ხომ?

- ერთი პროცენტი.

- ერთიც არა.

თუ არის ეს წესდება და თქვენ მას არ იცნობთ, მაშინ იქნებ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე?

- არა, უნივერსიტეტში რომ შემოდის სტუდენტი, იქ უნდა ხდებოდეს პირადი გასაუბრება და უფლებების განმარტება.

- კი, მაგრამ არ ხდება.

- მაგრამ მე რას ვიძახი - თვითონ კანონი უკვე არ ავალდებულებს უნივერსიტეტს, რომ [სტუდენტის] შემოსვლის თანავე, თავისივე ინიციატივით...

- ანუ თუ გაინტერესებს შენი უფლებები, ის გეტყვის უხეშად: მე უნდა გასწავლო, შენ

უნდა ისწავლო; ის არც იმას გეტყვის, რომ თუ არ ისწავლი, ფული გადამიხადეო...

- გასაგებია, ვთქვათ, იგივე ჩვენს უნივერსიტეტზე რომ ავიღოთ, დებულებაში წლების განმავლობაში იყო ჩადებული, რომ 40% ვთქვათ ფასიანი სექტორიდან შემოსული თანხების უნდა მოხმარებოდათ სტუდენტებს, თვითონ უნივერსიტეტს, მატერიალურტექიკური ბაზის სახით, ხოლო 60% ლექტორებს ხელფასების სახით - არ ხმარდებოდა, მარტივად იმიტომ, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს ჰქონდათ ეს დებულება წაკითხული, ვინც ეს მიიღო. და საკმაოდ რთულად მოსაპოვებელი დოკუმენტია დღემდე.

სხვა მიზეზები, სხვა მოსაზრებები?

- ჩემი აზრით, შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყოს ჩემი მხრიდან, მაგრამ თელავში, ყოველ შემთხვევაში, ასეა, მე ასე მგონია, რომ ჩვენი მთავრობა და ხალხი ერთმანეთთან კავშირში საერთოდ არ არის, ანუ ჩვენ, ადამიანი ლაპარაკობს სულ სხვა ენაზე, მთავრობა ლაპარაკობს სულ სხვა ენაზე, ჩვენს პრობლემებზე არ ლაპარაკობენ.

მთავრობას ხალხი არ ირჩევს?

- ირჩევს, მაგრამ რაღაც მომენტში ისინი ...

- ფორმალურად ირჩევს.

- ადამიანების აზრს ისინი აღარ აქცევენ ყურადღებას იმის შემდეგ, რაც ისინი ამორჩეულები არიან.

- დაბალი პოლიტიკური კულტურაც არის ამომრჩევლისა, ამას აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი, ძირითადად პოპულისტი [პოლიტიკოსები].

- მე ისე მგონია, რომ ხალხი არც ცდილობს იმის გამოსწორებას, რაც ხდება.

- ეს ყველაფერი მოდის, ჩემი აზრით, მაინც საბოლოო ჯამში იმას ვფიქრობ, იმ დონეზე მიდის უკვე აქცენტი, რომ მთავრობა, მთავრობა - მე ვფიქრობ, ყველა ჩვენთაგანის ბრალიც, იმიტომ რომ საგანმანათლებლო სისტემა ძალიან დაბალ დონეზეა, ეს შეიძლება იმის ბრალიც არის, ამის ბრალიც, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ თუ ადამიანს უნდა სწავლა და რაღაცის მიღწევა, გადალახავს იმ რაღაც პრობლემებს, მაგრამ კიდევ ვიძახი, როგორც წეღან ვთქვი, ჩვენ ვუწყობთ ამას ხელს და ჩვენი ისიც არის.

- კი.

- სხვათაშორის, ბიბლიიდან მოვიყვან, რომ ცოდვილი ის კი არ არის, ვინც ქრთამს იღებს, შენ ცოდვილი ხარ, როდესაც ქრთამს აძლევ. და ამ შემთხვევაში — მე მაქვს მიცემული, ვთქვათ, ქრთამი და მე ჩემს თავს უფრო ვთვლი ამ შემთხვევაში დამნაშავედ, ვიდრე იმას, ვინც აიღო ეს.

- ერთი ფაქტი შემიძლია - დღესდღეობით იმასაც დავობენ, უხეშად რომ შევადაროთ, ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი; იგივე სიტუაციაა, მექრთამეობა უფრო ადრე გაჩნდა თუ თვითონ მექრთამე? იმდენად გადაჯაჭვულია ეს ყველაფერი ერთმანეთზე, იგივე ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაში, რომ...

- ეგ მართალია; იყო პერიოდი, როცა არც ცოდნა, არაფერი მართლა არ ფასდებოდა, მართლა გარეთ რჩებოდი, მართლა კატასტროფა იყო.

ახლა ლაპარაკია ამ შენობაზე, ამ ქალაქზე, ამ ქვეყანაზე თუ ...?

- ამ შენობაზეც, ამ ქალაქზეც და ამ ქვეყანაზეც. ელემენტარულად, ვერ შეხვალ, გინდაც ცოდნა გქონდეს, ვერ შეხვალ, თუ რაღაც გადასახადი არ შეიტანე უნივერსიტეტში; მისაღებ გამოცდებზე ერთხელ ჩაჭრა, ორჯერ ჩაჭრა, სამჯერ ჩაჭრა - ეს უკვე ხდებოდა რაღაც კატასტროფულად.

ახლა მასე აღარ არის?

- მე ვფიქრობ, ახლა შეიძლება ასე იყოს, მაგრამ მცოდნეს ხმის ამოღების უნარი და საშუალება ექნება, ოდნავ მაინც რომ გაიტანოს თავისი სიმართლე.

- მეტი აქვს.

- უკვე რაღას სასიკეთო ძვრები იქნება, უკვე რაღაც ტესტირება, რომელიც უნდა იყოს მისაღებ გამოცდებზე... გარკვეულწილად აფერხებს კორუფციას.

- მეორე მომენტიც არის, თვითონ სახელმწიფოებრივ დონეზე თუ ვიტყვით, სახელმწიფოში მოქალაქემ არ იცის თავისი ვალდებულებები, რა მოვალეობები აკისრია სახელმწიფოს წინაშე...

- და რა უფლებები აქვს, არც ის არ იცის.

- ... და რაც მთავარია, არ იცის, რა უფლებები აქვს, იმიტომ რომ მისი უფლებები, როგორც წესი, გამოიხატება სახელმწიფოს ვალდებულებებში.

- კი მაგრამ, ჩემი აზრით, მგონი უმეტესობას არც უნდა რომ იცოდეს...

- მასას, ზოგადად, ვერ მოთხოვ ამას.

- არც აქვთ მოთხოვნილება.

- გინდ იცოდე, ხომ წერია ხოლმე, ვთქვათ, „იცოდე კანონი, იქნები დაცული - ვიცი კანონი - რომ, ვთქვათ, არ უნდა გამჩხრიკონ ორდერის გარეშე, - ვიცი, რომ ის არ არის საბუთი იმისა, რომ იმ წუთას მე დამიჭირონ, მაგრამ დღეს-დღეობითაც საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს ეს. კანონი იცის იმ ადამიანმა, მაგრამ ვერ იცავს იმ კანონს!

- ვერც დაიცავს, მარტივად ვიტყვი: შენ როგორც არ უნდა იცოდე კანონი, შენ ისე ვერ დაიცავ კანონს, როგორც იურისტი დაგიცავს - მაშინ ჩვენი პროფესია საერთოდ არ გახდებოდა საჭირო.

- ელემენტარულ იმეებზე, ყველაფერზე ადვოკატი ხომ არ გეყოლება, არა?

- არა, ყველაფერზე ადვოკატი არა, თუნდაც იგივე საპროცესო მოქმედებებზე როცა ვსაუბრობთ, და გაკავებენ, მაინც გჭირდება დამცველი.

თქვენ დაიწყეთ ლაპარაკი, რომ ხალხს არც უნდაო არაფრის შეცვლა...

- უბრალოდ, მე ასე მგონია, რომ არც ცდილობენ იმ სიტუაციის შეცვლას, რაც არის.

თუ არ ცდილობენ, მაშინ ისე გამოდის, რომ მოსწონთ ის სიტუაცია, თუ რა ხდება?

- არ მოსწონთ, მე უბრალოდ ისე მგონია, რომ მიეჩვივნენ.

- როგორ არის, იცით? ყველა ადამიანს საქართველოში რომ ჰკითხო, უნდა ყველაფერი იყოს კანონიერად; მაგრამ უნდა, რომ ამ სიტუაციაში ყველა იქცეოდეს კანონიერად თვითონ მის გარდა, ხოლო თვითონ ისევ ძველებურად აგრძელებდეს. ანუ, ყველა ფიქრობს, რომ კი, რა თქმა უნდა, კანონი უნდა კანონობდეს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ...

- თან ქართველების ფსიქოლოგია უფრო სხვანაირია.

- ... მაგრამ ამ დროს თვითონვე ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა, რომ ყველა ასე იქცეოდეს, მაგრამ მე მაინც პრივილეგირებული უნდა ვიყო. ეს მომენტი ნამდვილად არის.

- ჩემი აზრით კიდევ, ეგ არ არის იმის დასაბუთება, რომ არ უნდა ქართველ ხალხს რაღაც შეცვალოს, იმიტომ რომ იგივე ეს ჩვენი ორი რევოლუცია იმის დამადასტურებელია, რომ ხალხს რაღაც უნდოდა და შეცვალეს კიდეც.

- არა, შენ ცუდად გამიგე - განა არ უნდა შეცვლა, უნდა რომ შეცვალოს, მაგრამ...

- რევოლუცია მოხდა, მაგრამ ჯერ იმდენი არაფერი არ მომხდარა.

- სურვილი რომ არა ყოფილიყო რაღაცის შეცვლისა და კეთილდღეობისკენ, არც მოხდებოდა რევოლუცია.

- კი.

- მე ვიტყვი, რომ ის ელოდება ვიღაცისგან შველას - კი უნდა, რომ შეიცვალოს, მაგრამ თვითონ მაინც არ აკეთებს.

- ეგ მართალია.

- საერთოდ, ქართველი ხალხის ჩვევაა, და, მგონი, მთავრობაც უკვე ისე მიეჩვია საზღვარგარეთიდან დახმარებას, მილიარდი, ორი მილიარდი - როგორა ვართ იცი, როგორც პატარა თოთო ბავშვი, რომ სულ ჭამაზე და სულ თხოვნით თვალით ვუყურებთ, უკვე გამოგვიმუშავეს ასეთი თვისება.

- ნუ, ახლა მარტივად რომ ავიღოთ: თუ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არ არის წიგნი, შენ შეგიძლია მოითხოვო ეს, ანუ დააყენო ასეთი მოთხოვნა, იმიტომ რომ გაქვს ამის უფლება, და მეორე ვარიანტი, რასაც რეალურად სტუდენტობა მიმართავს: ელოდება ახალ რექტორს, რომელიც შეიძლება 10 წლის შემდეგ მოვიდეს. „იმან გადაწყვიტოს“ - ეს მომენტი ძალიან არის.

ორი რამის შეჯერება მინდა. თქვენ ყველამ - თითქმის ყველამ - თქვით, რომ გქონიათ შეხება კორუფციასთან. ამავე დროს, თქვენ ახსენეთ რევოლუცია. თუ შევადარებთ მდგომარეობას რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ, სიტუაცია თქვენს ცხოვრებაში კორუფციასთან დაკავშირებით შეიცვალა თუ არ შეიცვალა?

- ჩვენს შემთხვევაში არ შეცვლილა.

- ჯერჯერობით...

- არაფერი არ შეცვლილა, ჯერჯერობით მაინც.

- მაგრამ მე ვფიქრობ, იმედი უნდა იყოს, მაგრამ ჯერჯერობით...

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ახლა კორუფცია ისევეა, როგორც იყო რევოლუციამდე?

- არა, იმის ლაპარაკი, რომ არ შეცვლილა სიტუაცია, ცოტა მგონი არარეალური მეჩვენება, იმიტომ რომ სიტუაცია მართლა შეიცვალა.

- არა, მე რასთანაც მქონდა შეხება, იქ არ შეცვლილა სიტუაცია. იგივე უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით, ლექტორებთან მიმართებაში.

- შეიძლება უფრო გაჩუმდა და არ ისმის. ისე აღარ არის აშკარად.

- გამოცდებთან დაკავშირებით.

- ახლა დამეთანხმებით, სამი თვეა თუ ოთხი თვეა, რაც ავირჩიეთ ჩვენი პრეზიდენტი - სამ თვეში და ოთხ თვეში ასეთი დიდი პრობლემის მოგვარება არ შეიძლება. შეიძლება ნელა, მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა წინ მიდის - გაუმჯობესებისაკენ, კორუფციას ვგულისხმობ.

- იმედი გექნება, მაგრამ ჯერჯერობით...

- ცენტრიდან იწყება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მერე რეგიონებში ცოტა უფრო სუსტდება.

- ერთი რამე მინდა ვთქვა, თუ შეიძლება მომისმინეთ. თუ ხალხს არ ენდომება, რომ კორუფცია მოისპოს, ის არ მოისპობა.

- კი.

- ჯერჯერობით მე ამას ვერ ვხედავ. უნივერსიტეტში იხდიდნენ ფულს, იმიტომ რომ ესწავლათ. მარწყვს ყიდიდნენ და იხდიდნენ. მერე იმაში იხდიდნენ, რომ არ ესწავლათ. მერე იმაში იხდიდნენ, რომ მოწყობილიყვნენ სამსახურში და ის ფული ამოეღოთ. ახლაც ასეა. მოვიდა ახალი რექტორი - რაც ჩემი თვალით მაქვს დანახული, მოდით კონკრეტულ ფაქტებზე დავიდეთ, მგონი, სჯობია. სახელმწიფო გამოცდაზე მოიკრიფა ისევ ფული, თითქმის ყველა ჯგუფში. მიდის რექტორი და ეუბნება: „ეს ფული დააბრუნეთ უკან, აზრი არა აქვს“. ან: „მოკრეფილი გაქვთ? დეკანს მიეცით?“ - „არა, როგორ გეკადრებათ“, სტუდენტი იძახის. არადა, დეკანი უდგა გვერდზე - კონკრეტული ფაქტი ვიცი, და „არა, არავის არ მიუტანოთ“, ეს დეკანიც იძახის; არადა, ის ფული ჯიბეში უდევს. კარგი, იმ სტუდენტს აწყობს, რომ გადაიხადოს, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად გაძვრეს.

- კი, ვეთანხმები, ეს მექრთამეობა უნივერსიტეტში, პირველ რიგში, ხელს აძლევს სტუდენტს. რომ ავიღოთ, მე როცა ვაბარებდი აქ უნივერსიტეტში, და 100 კაცი ვიყავით თუ უფრო მეტნი, ვინც ვაბარებდით ერთად, იქიდან ცოდნა ჰქონდა ერთი ხუთ-ათ კაცს. გვქონდა. დანარჩენი აბარებდა ფულით. გამოცდებზე ახლაც ყველანი აძლევენ ფულს, იმიტომ რომ ჩაირიცხნენ ფულით, არ აინტერესებთ ცოდნა, მშობლებს აქვთ ასეთი ის, რომ „ჩემს შვილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დიპლომი“ და არ უყურებენ იმას, რომ იმათ შვილს არ უნდა სწავლა.

- დიპლომიანი სიძე უნდა იყოს, დიპლომიანი რძალი უნდა იყოს...

- და შემდეგ გამოცდებზეც ლექტორებს აძლევენ ფულს. ლექტორი აიღებს ფულს, იმიტომ რომ ვალდებული არ არის, რომ უცოდინარ ბავშვს ისე დაუწეროს ნიშანი.

ახლა, ამ ბოლო სესიაზე აძლევენ ფულს?

- კი.

- კი, კაცო.

- კი, აი ახლა. უფრო ჩუმად, მაგრამ ...

- არიან ლექტორები, რომლებიც ნებაყოფლობით იძახიან უარს, და ეს ძალიან კარგია, შემიძლია დავასახელო კიდეც ეს ლექტორები, მაგრამ არიან ლექტორები, რომლებიც, პირიქით, მოსწრებაზე არიან, რომ ვთქვათ მომავალი წლიდან [არ იციან, რა მოხდება].

- გავალდებულებენ, ისეთ სიტუაციას გიქმნიან, რომ ვალდებული ხარ...

- კი, იმ დღეს ერთმა თქვა, ფული მომიკრიფეთ ჯგუფმაო.

- არა, ბოლოს მასე აშკარად აღარ არის, მაგრამ მაინც.

- და კიდევ რა სიტუაციაა — რომ ჩათვლაში 7 ლარი არ კმარა და 10 ლარი უნდა მოიტანო და ასეთი რაღაცეები.

- “სეილები” არ არის.

- უბრალო მაგალითს მოვიყვან, რაც მე გადამხდა. ხომ შეიძლება სახელების და გვარების დასახელება, არა? ესე იგი, ჩემი მეუღლე წაყვანილი მყავდა თბილისში სამშობიაროდ და დარჩენილი ჰქონდა გამოცდა გერმანულში, ქალბატონ მ. გ.-სთან. მივედი ამ ქალთან და ვეუბნები, რომ იქნება ან გადავავადოთ, ან რაღაცა, იმიტომ რომ არ არის ფიზიკურად და ახლა მშობიარე ქალი როგორ ჩამოგიყვანო ჩასაბარებლად? 25 ლარი მომეციო, და ყველაფერი კარგად იქნებაო. ნუ, ვიცი ეს ქალი ვინც არის, რაც არის - რასაც მეტყოდა ვიცოდი. ჯიბეში მიდევს ჩვეულებრივი რადიო. მე ვუთხარი, ნაკლებ არ იქნება-მეთქი? არაო, როგორ, თან ხუთიანიო - მასე არა ხდებაო. მე ვუთხარი, ვუხსნი, რომ თან გუნდში მღერის, აქტიური სტუდენტები ვართ, ის გვიკეთებია, ეს გვიკეთებია და იქნება გაგვიწიოთ ანგარიში... დაიცაო, კაცო, გრანტები გიკეთებიაო და გექნებაო ფული.

- და ამ შემთხვევაში შენ სთხოვ გადავადებას, არათუ ნიშნის დაწერას, არა?

- ნუ, იქნებ რამით მოგვეხმაროთ, ან რაღაცა - კარგი, გადამივადე, ეგ მითხარი! პირდაპირ 25 ლარს რომ მაჯახებ, ეგრე ხომ არა ხდება? კარგი-მეთქი მაშინ - ამოვიღე ეს რადიო, დავანახე. აი-მეთქი დიქტოფონი, ჰოდა უნდა გარბეინო-მეთქი მაგრად. ეს ხდება რექტორის არჩევნებამდე. ჩამოვედი, რექტორობის ორივე კანდიდატს ვუთხარი მე ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში ვიცრუე, რომ ვითომ დიქტოფონზე მქონდა ეს ჩაწერილი, რომ ცოტა სერიოზულობა შემატებოდა ამ ფაქტს, და ორივე ჩავაყენე საქმის კურსში. მერე იმან ეტყობა გაიკითხა, გამოიკითხა, რომ ვიღაცა იგრე არ ვიყავი - თავიდან მითხრა, სადაც გინდა იქ მიჩივლე, რაც გინდა ისა ქენიო და მერე, რომ, ეტყობა, მიხვდა, იქ ვიღაცასთან მივიდა და თქვა, უთხრეს, რომ ცოტა სახუმარო თემა არ არის ეგაო, მერე დაიწყო აქეთ-იქით სირბილი, ხან ვინ დამირეკა, კასეტა მომეციო, ხან ისა ქენიო, ხან ისა, ხან ესა...

- მერე რატომ არ უთხარი, 25 ლარი მომეცი და მოგცემ-თქო?

და ის 25 ლარი იქნა გადახდილი თუ არა?

- არა. ნიშანი კი თავისი სურვილით დაწერა, დაწერა ოთხიანი.

- იძულებით.

სტუდენტის გამოჩენის გარეშე?

- კი.

- შანტაჟირება მოახდინე.

- არა, შანტაჟი არ მომიხდენია, იმიტომ რომ მე არა მქონია ის კასეტა. მერე უკვე ვთქვი, რომ ის არ იყო ჩაწერილი. მორჩა.

- მინდა ვთქვა სახელმწიფო გამოცდებზე. ვფიქრობ, რომ ის პიროვნებები, ვინც თავიდანვე ფულით მიიღეს, მთელი ოთხი წლის განმავლობაში ცოდნა არ მიუღიათ, ესე იგი აძლევდნენ ლექტორებს ფულს. იმათ რომ მოსთხოვო სახელმწიფო გამოცდებზე ცოდნა, ცოტა, ჩემი აზრით, ვფიქრობ რომ არარეალურია, იმიტომ რომ ახლა თუ, ვთქვათ, მესამე კურსზე ხარ, ახლა შეიძლება ლექტორმა, ვთქვათ, ფული აღარ აიღოს და სახელმწიფო გამოცდაზეც ფული აღარ გთხოვონ, მაგრამ იმ მოსწავლეს, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში ფულს ართმევდნენ, ახლაც, ჩემი აზრით, ისევ ფულით უნდა ისა ქნან...

- კი, ვეთანხმები.

- იმიტომ რომ ...

- მაგრამ ახლა უყურე - ვერ დაგეთანხმები, უნივერსიტეტს თუ უნდა რამის პრეტენზია ჰქონდეს, ანუ თუ უნდა წინსვლის პრეტენზია ჰქონდეს, მან დიპლომი არ უნდა გასცეს უცოდინარზე — და ეს დაიწყება დღეიდან თუ ხვალიდან...

- პირადად ჩემთვის ეს დიდი ხარჯი იქნება, მართალი გითხრათ, მაგრამ [მასე] საქმე არ გაკეთდება.

- ის პიროვნება, რომელიც თავისი სწავლის პერიოდში იხდიდა და ახლა აღმოჩნდა ამ სიტუაციაში, ჩემი აზრით, ღირსია და არ იმსახურებს...

- კი, კი, კი!

- კი.

- ღირსია რატომ, კარგი რა! ყველაფერი მისაღები გამოცდებიდან იწყება.

- მასეთი არც უნდა მიიღო.

- ქრთამს რომ აძლევ შენ, მარტო ის არ არის, ვინც აიღო, კორუმპირებული, შენც ხარ კორუმპირებული.

- გასაგებია, მაგრამ ოთხი წლით უკან დროს ვერ დავაბრუნებთ.

- კაცო, სამი წელი რომ ფული იხადე, არ გეყო იმ ფულის გადახდა? დაჯექი ის ერთი წელი, ისწავლე რა!

- ერთ წელში ვერ ისწავლის ის.

- არა, მე ვამბობ ახლანდელ მდგომარეობაზე, მეოთხე კურსელები, ვინც ამთავრებს ახლა.

- ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ახლა სახელმწიფო გამოცდებზე იცი რა მოხდა? ეხვეწებოდნენ ლექტორები, სამ-სამი საკითხი ისწავლეთო - აქ არ იყო ლაპარაკი ყველა საკითხის მომზადებაზე.

- სამი კი არა, ერთი საკითხი.

- იმდენად აქვთ ტვინი გაყინული, რომ ვერ ისწავლეს ის სამი საკითხი - ვერ ისწავლეს თუ არ ისწავლეს, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მაინც იქიდან ცდილობენ გაძვრენას.

- ეს უკვე არის თვითონ იმ პიროვნების ბრალი, როგორ, სამი ფურცელი ვერ უნდა ისწავლო?

- ახლობელს ჰქონდა ერთი გვერდი სასწავლი - ლექტორმა უთხრა, ეს ერთი გვერდი ისწავლე და დაგიწერ რა ნიშანს, სამიანს დაგიწერ და წადი, რა - და ეს ერთი გვერდის სწავლა ვერ მოახერხა, გადაიხადა 15 ლარი. კინაღამ არა ვცემე, მე ვუთხარი, დაჯექი რა, რომ წაიკითხო, ვიღაცა რომ მოგიყვეს, იმას დაიმახსოვრებ ამხელა კაცი!

- ჰო, მაგრამ ელემენტარულად არ ატოკებენ ტვინს.

- ურჩევიათ ფული გადაიხადონ და...

- ჩვენთან, მაგალითად, აგრარულში5 ხომ ვსწავლობ - არის ასეთი პიროვნება, გ. ჩ., რომელიც არის თბილისელი პროფესორი, ჩამოდის ჩვენთან უნივერსიტეტში, ლექციას ატარებს, მიდის. მაგრამ ამ ადამიანის საგანი ხომ მაქვს მე, ვსწავლობ. იმის მაგივრად ატარებს ვიღაც ქალი - იმ საგანს, ლექციას რა. და ეს კაცი ჩამოდის - ამ სემესტრში, ბოლო სემესტრში იყო ერთხელ ჩამოსული - და ის ლექცია რატომღაც გავაცდინე მე, ვერ ვნახე, ისე რომ ამ სემესტრში არ მინახია ეს პიროვნება. ჩამოვიდა, ახლა ჩათვლაგამოცდების პერიოდი ხომ მოდის - ეს კაცი ჩამოდის ერთი დღით, და იმ ერთ დღეში წარმოიდგინე შენ რომ ვინ ჩააბარებს, თან არის საშინელი მკაცრი, რომ რა ვიცი. ჰოდა, ეს ითხოვს - დარეკავს, თავის საგანს ვინც კითხულობს, ეტყვის იმას, რომ ამდენი მომიკრიფოს ჯგუფმა, რომ ჩამოვა, დრო აღარ დაკარგოს, აიღოს, ჩაიდოს ჯიბეში და წავიდეს - ხელს კი მოაწერს.

- და ასეთი კაცი არის პროფესორი? პროფესორი არის ძალიან ბევრი, როგორც არის გენერალი ძალიან ბევრი.

- ჰოდა არის პროფესორი ასეთი კაცი და ის კაცი ამაყობს, რომ პროფესორია და საზოგადოებაში ჩანს, რომ პროფესორია. მე თუ მკითხავ, ასეთი პროფესორები კი არ უნდა დაიჭირო, უნდა რაღაც...

- უნდა ხარისხი ჩამოართვა და გაუშვა...

- ასეთი მომენტი ხომ არ შეიძლება, არა? ჩამოდის - იძულებული ხარ რომ მისცე ფული, იმიტომ რომ...

- ჰო, ასეთი სიტუაციაა, ზუსტად მაგას ვამბობ, შენ ხარ იმისი სტუდენტი, იძულებული ხარ მისცე, ხომ? ოთხი წელი ეს სტუდენტი იძულებულია მისცეს ლექტორს ფული, და ის ლექტორიც - „რა კარგი ბავშვი ხარ, აი დაგიწერ შენ ხუთიანს“ და მერე რომ სახელმწიფო გამოცდებზე სთხოვ ცოდნას...

- არა, ამ უნივერსიტეტში6 ხომ არ არის ასეთი სიტუაცია რომ ერთი პროფესორი ჩამოდის და მაგიტომ, თორემ აქ ხომ არ არის ასე, რომ თბილისიდან...

- პროფესორი არ არის, ლექტორია, და ლექტორი გაიძულებს...

- არა, როგორ არ არის, აქ უფრო მეტია, მაგრამ მე მინდა ისევ თავში დავბრუნდე, ერთი წუთი - ახლა, ნუ დავიკავებთ ისეთ პოზიციას, რომ ჩვენ ყველანი ისე მოვედით ამ უნივერსიტეტში და აი „სხვები“, სხვებზე ფულს იღებენ და ისა.

- არა, მაგას არც არავინ არ ამბობს.

- მე მართლა არ გადამიხდია.

- არც მე გადამიხდია.

- მე 15 ლარად ჩავაბარე.

- მე გადავიხადე.

- არც მე გადამიხდია, მაგრამ ვიღაცამ ვიღაცას უთხრა და მოვეწყე უნივერსიტეტში.

ეგ არის თუ არა კორუფცია?

- არ ვიცი.

- კი, რა თქმა უნდა.

- რა თქმა უნდა, არის.

- ერთი წუთი, დავამთავრებ თუ შეიძლება. ის ვიღაცის შვილია, ის ვიღაცის ნათესავია, მოეწყო. ნაწილი არის ფულით მოწყობილი, იმიტომ რომ იმას არა ჰყავს ნათესავი და უნდა სწავლა - იყვნენ, ჩემი კურსელებიც იყვნენ, ბრწყინვალედ დაამთავრეს, მაგრამ ფული ჰქონდათ გადახდილი. ჩემმა მეუღლემ 800 დოლარი გადაიხადა ინგლისურზე რომ მოწყობილიყო, მაგრამ ოთხი წელიწადი და სახელმწიფო გამოცდებზე ისე გავიდა, რომ არც ერთ იმაში კაპიკი არ გადაუხდია.

- ძალიან კარგი!

- იძულება არა ყოფილა, მაგრამ სურვილი რადგან ჰქონდა სწავლისა, გადაიხადა, იმიტომ რომ მეტი გზა არა ჰქონდა.

- არავინ არ მოაწყობდა.

კი, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ მასეთებიც არიან ჯერ კიდევ.

თუ საიდუმლო არ არის, კიდევ ვინ ჩააბარა აქ ისე, რომ ფული არ გადაუხდია?

- მე.

- მე ჩავაბარე.

- მეც.

- მე — არც ფული, არც...

- მე ჩავაბარე, მაგრამ ახლა რაშია საქმე, ვიღაცამ ვიღაცას უთხრაო — მე უბრალოდ არ დამიკარგეს ჩემი ცოდნა, იმიტომ რომ ვერ დამიკარგავდნენ, ამიტომ არ ვთვლი მე ამას გარიგებად.

- ბევრს დაუკარგეს. აი ჩემს დროს ბევრს დაუკარგეს.

- პიროვნულად ჩემზე ვერ დამიკარგავდნენ, რა, იმიტომ რომ…

- ბევრი ვიცი ისეთი, რომ ჰქონდათ ცონდა და დაარეკინეს უბრალოდ, ჰყავდათ ის ნათესავი ან ახლობელი, ისე რომ ამ ბავშვს ცოდნა აქვს და არ დაუკარგოთ.

რომ არ დაერეკინებინათ რა მოხდებოდა?

- დაუკარგავდნენ!

- კი, არ მიიღებდნენ!

რომ - მაგალითს მოვიყვან, ჩემი მეუღლე რომ მოწყობილიყო, ერთ-ერთ უმაღლეს პირთან რექტორატში რომ მივიდნენ და გასაუბრება იყო, თუ თანხაზე იყო ლაპარაკი, თუ რაც იყო, მაშინ ეუბნებოდნენ, რომ აი, მომზადებულია და რაღაცა - მაშინ უთხრეს, „ჩვენ ამ ეტაპზე ცოდნა არ გვაინტერესებს“.

- კი, ეგ...

- „ჩვენ ამ ეტაპზე ცოდნა არ გვაინტერესებს“. არ მინდა დავასახელო სახელი და გვარი.

- არც გჭიდება, ყველა მიხვდა!

- გავაგრძელებ. ინგლისური იციო, ეკითხება - კიო, კარგად ვიციო. მერე რად გინდაო? ინგლისურზე რად გინდა რომ ისწავლოო, აქ მაინც ვერაფერს ვერ ისწავლიო. ანუ პრესტიჟი არის ნულზე დაცემული. თითქმის ყველა ფაკულტეტზე, გარდა სოციოლოგიურისა, არ არის იმის პრესტიჟი დაცემული.

- არა, ჩვენები კი ფიქრობდნენ იმას, რომ, სიტყვაზე, ცუდი მომენტია, რომ შვილმა ვერ ჩააბაროს, და იძულებული გახდები მაგ შემთხვევაში, რომ გადაიხადო, ხომ? რომ არ დარჩეს შვილი გარეთ - მაგრამ მე ვუთხარი, რომ ახლა, სიტყვაზე, ვიღაცას დაარეკინოთ

- იქნებ ვაბარებ, ჰოდა რატომ უნდა ვიყო იმის მადლიერი, თუ შევძელი, რომ მე ჩემით ჩავაბარო. ის ფული გადავიხადო - არ იყო ის ფული გადასახდელი და ხომ არ ისესხებთმეთქი? თუ რაღაცა, ღმერთმა დაიფაროს, მოხდა ისე, რომ ვერ და რაღაცა - მერე ან ვინმეს [დაურეკეთ] ან რაღაცა, მაგრამ გავედი ჩვეულებრივ, უშპარგალკოდ შევედი, ჩვეულებრივ დავჯექი, დავწერე, გამოვედი, დამიწერეს 7 ქულა.

- ერთადერთი ვიყავი, ვინც თავისუფალი თემა დაწერა ქართულში.

- მეც თავისუფალი თემა დავწერე.

- მეორე დღეს [მათემატიკაში] მქონდა ტესტირება, 10-ქულიანი სისტემით იყო და მივიღე 7 დამიწერეს, მაგრამ აღარ ვიდავე, იმიტომ რომ გასული ვიყავი.

- მაგრამ ჩემს გვერდზე რა მოხდა, ვთქვათ - ძალიან კარგად მომზადებული ბავშვი, რომელიც არ იყო თელაველი - ბრწყინვალედ აბარებდა ისტორიას, მაგრამ არ უწერდნენ ამ ბავშვს იმ ნიშანს! სანამ ამან მერე პანიკა არ დაიწყო და ვიღაც არ იპოვა.

- იყო „პოსლეზე“ მოწყობა.

- კი.

- [ანუ] მოეწყობი, და პირველ სესიამდე თუ არ დაფარავ ამ გადასახადს, გაგრიცხავენ.

- მე ხომ არ ვიყავი ფულით მოწყობილი და ცხონებული გ. ა. <...> - მე ხომ არ ვიყავი ფულით მოწყობილი, და ეს ხომ იცოდა იმან, იყო პრორექტორი, და თუ ვინმე რაღაცას აკეთებდა ფულით, მიდიოდა მაგასთან, და ის მერე რექტორთან იყოფდა. მე რომ არ ვიყავი ფულით მოწყობილი, პირველი კვირა არაფერი და მეორე კვირას ბიჭებმა დალიეს სასმელი და კურსზე ვიყავით სამი კაცი ფხიზლები, რა - ატყდა მთელი ამბავი, დაგვიბარეს ხუთი კაცი, ორი ჩემთან ერთად სხვა, ვინც უფულოდ მოეწყო და ორი კიდევ ფულით მოწყობილები, მაგრამ იმათ ძალიან ცუდი რაღაცეები გააკეთეს სიმთვრალეში. მე ისე იძულებული გამხადეს, რომ მეღიარებინა, რომ არ გავეგდე, რომ მეც დავლიე, გესმის?

- ეგ უკვე დაბალი დონეა რაღაც, სხვა საკითხზე გადავდივართ. ახლა მე მინდა პრესტიჟს შევეხო - ესე იგი, ნულზეა დაცემული უნივერსიტეტის პრესტიჟი, აზრი არა აქვს, წითელს აიღებ, მწვანეს აიღებ, ცისფერს აიღებ, მნიშვნელობა არა აქვს არანაირი.

- და მე მინდოდა გამემახველებინა ყურადღება თვითონ ლექტორების დონეზე - პირადად მე უცხო ენებზე ვსწავლობ, მაგრამ მე თუ არ მოვემზადე და მე თუ არ ვისწავლე კერძო მასწავლებელთან...

- ეგ სკოლაშია ეგ პრობლემა და მაგაზეც ვილაპარაკებთ.

- ... კერძო მასწავლებელი თუ არ მეყოლება, მე ვინც მასწავლის - ნუ მოვკვდები, მე მგონი, ნამდვილად.

- ის ვერ გასწავლის.

- ხანდახან, მაგალითად - ჯეკ ლონდონის ისტორია მოვუყევით, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამე მოვუყევით და უბრალოდ სახელები შევცვალეთ და ქალი - ცოტა ნელა მოყევითო, რომ ცოტა შეესწორებინასავით; მე არ მოვყევი, ჩემმა კურსელმა გააკეთა, და თავისი საკურსო მიუტანა თვითონ, ესე იგი გადააქსეროქსა ჩუმად და მიუტანა, ნუ ქალი ვერ მიხვდა.

- ანუ კვალიფიკაცია არის ძალიან დაბალი.

- კი.

- ბოდიში, ერთი წამი, თუნდაც ჩვენთან, იურისტებთან რაც ხდება - ამ უნივერსიტეტში რომც გადაწყვიტოს ვინმემ, რომ ისწავლოს იმ პროგრამით, რაც არის დღეს - ვერასოდეს ვერ გახდება ნორმალური იურისტი, თუ თვითონ არ არის აქტიური პიროვნება.

- ეგ მინდოდა [მეთქვა], თვითონ აქტიურობა ძალიან [მნიშვნელოვანია].

- კი, ჯერ მარტო მასალები - განათლების სისტემაში მართლა რეფორმა უნდა გატარდეს, იმდენად მოძველებულ რაღაცეებს ვსწავლობთ, უბრალოდ...

- შეიძლება ვინმემ ისწავლოს, ვთქვათ, 60-იან წლებში გამოცემული წიგნიდან, მაგრამ იურისტისთვის ეს არის დაუშვებელი.

- კი, ზუსტად!

- დავამატებ, რა, თუ შეიძლება - აი ის პატიოსანი ლექტორებიც, რომლებიც ძალიან ცოტაა ამ უნივერსიტეტში, ისინიც გარკვეულწილად ხელს უწყობენ კორუფციას, და რატომ. მაგალითად, სოციოლოგიურზე მოწყობა პირველ წელიწადს ღირდა 400 დოლარი. მერე, როდესაც პრესტიჟი აიწია, რამოდენიმე ლექტორმა დახვეწა ჯგუფი და ძალიან კარგად გამოიყვანა, იგივე კონფერენციებზე წაიყვანა და რაღაცაში ჩართო - მერე გაძვირდა ეს, ფაქტია რა, 800 დოლარამდე იყო შარშან, საშუალოდ.

- არა, მეტი.

- შეიძლება. ანუ, ესე იგი, გინდა თუ არ გინდა, მაინც ხელს უწყობ კორუფციას, რა!

- კორუფციულ სისტემაში ყველაფერი...

- ალბათ, პრესტიჟის ხარჯზე ღირს რაღაც, ალბათ...

ახლა მინდა შევეცადო ძალიან მოკლედ შევაჯამოთ ის, რაც უკვე ვთქვით, და მერე გადავიდეთ სხვა თემაზე. ესე იგი თქვენს სტუდენტურ ცხოვრებაში ყველას გვხდებათ რაღაც კორუფციული ფაქტები და ყველას ერთხელ მაინც, შორიდან მაინც დაგინახავთ ის, რაც ხდება არაკანონიერად. ეს ეხება () უნივერსიტეტში ჩაბარებას (b) სესიებს და () სახელმწიფო გამოცდებს. ამის გარდა, თუ არის კიდევ რამე კორუფციული შემთხვევები თქვენს სტუდენტურ ცხოვრებაში?

- სხვა რაღა დარჩა?

თუ შეგიძლიათ დამისახელოთ კორუფციის რაიმე ფაქტი, რომელსაც, თქვენი აზრით, აქვს რაიმე გამართლება?

- არავითარი.

- გააჩნია ვისთვის?

- არა, გამართლება აქვს. მაგალითად, 16 ლარი როდესაც აქვს ლექტორს ხელფასი და მას შემოსავლის სხვა წყარო არა აქვს, იმას ვერანაირად ვერ მოსთხოვ, რომ არ აიღოს ფული ვიღაც დებილისგან, ვისაც აქვს ფული და სთავაზობს. ცოდოა.

- მაგრამ ერთი რამეა ოღონდ - ის ბავშვი არ არის ცოდო, რომ ნიშანს არ უწერს?

- არ არის ცოდო, ის არის დებილი...

- მცოდნესაც რომ არ არ უწერს ნიშანს, მაინც აწვალებს?

- არა, ეგ...

- არა, კი, ასეთი ფაქტები არის, რომ გაწვალებენ.

- ჩვენ ერთი რამე გამოგვრჩა. დღეს, ჩემს კურსელს - დღეს მოხდა ეს ამბავი - რომელიც პირველია თავის კურსზე და რომელსაც ჰყავს ყველგან „ხუთი“ - ყველაფერი იცოდა, მესამედ დაიბარა ქალმა და მაინც „ოთხი“ დაუწერა, იმ იმედით, რომ „ხუთიანისთვის“ ფულს მიუტანდა. ეს არ არის გაწამება?

- არა, მე მაგაზე არ ვიძახი.

- „ოთხი“ დამიწერეო, თქვა ამ ბავშვმა, „ხუთი“ არ მინდაო. უკვე იტირა კიდეც.

- არ არის განათლება. უნდა იცოდეს, რომ შეუძლია მან მოიწვიოს კომისია...

- უკვე რა არის, იცი? ის იმედი და ისა - ყველა ისეთი ხომ ვერ იქნება, არა?

- მაგას ვიძახი - სამოქალაქო საზოგადოება არ არის კარგად ჩამოყალიბებული, ბრძოლისუნარიანი.

- მე მაგაზე არ ვიძახი.

- ახლა სხვა თემაზე გადავედით, ჩვენ ხომ...

- არა, სხვა თემა არ არის, ამ ქალს უჭირს ამ შემთხვევაში, იტყვი, რომ 16 ლარი აქვს ხელფასი.

- არა, ეს არის უბრალოდ გამამართლებელი საბუთი.

- მე რაზე ვბრაზდები, იცით - ჩემი აზრით, დაუშვებელია სტუდენტს აქვს სტიპენდია 17 ლარი და ლექტორებს, პროფესორებს აქვთ სადღაც 50 ლარამდე, რა, დედაჩემს აქვს სადღაც 31 თუ რაღაცა, იმდენად სასაცილოა ეს ყველაფერი!

- 45 ლარი დეკანს აქვს.

- ერთი ძალიან უხეში შედარება უნდა მოვიყვანო, ბოდიშს ვიხდი წინასწარ. ეს არის რეალობა. აიღებს ქრთამს, მაშ რას იზავს! ახლა წარმოიდგინეთ: ერთი ლექციის ჩატარება ღირდა 15 თეთრი. და სამოქალაქო ტუალეტში რომ შეხვიდე, ღირს 20 თეთრი. არ აიღებს ქრთამს? აიღებს!

- ძალიან კარგი შედარებაა, მაგრამ...

- როცა ბავშვი ჩლუნგია და არ სწავლობს, მაგ შემთხვევაში ვერ გაამტყუნებ.

- უკაცრავად, მაგრამ ჩემი 3 თვის დისშვილს ჩლუნგმა ექიმმა დაუნიშნა გენტამიცინი - სინამდვილეში არაფერზე! ახლა, დედაჩემი კი აზროვნებს და არ გაუკეთა, მაგრამ შენ რომ დაუნიშნავ ბავშვს და - იმიტომ არის, დაყრუვდაო და ის მოუვიდა და ეს მოუვიდა - შენ ასე ნუ უყურებ, რომ ჩლუნგია და მორჩა, გავიდა [უნივერსიტეტიდან] და არაფერს არ გააკეთებს, იმაზე (ვთქვათ, უცხო ენებზე არა) - ათი და ათასი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული და ათი და ათასი ადამიანის განათლებაა დამოკიდებული.

- რა თქმა უნდა!

- ცხადია.

ახლა წარმოვიდგინოთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კორუფციის გარეშე.

- სამი სტუდენტიღა დარჩება!

- ვერ წარმომიდგენია!

- მე ვერ წარმომიდგენია.

- ძალიან სასიამოვნო იქნება, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით დარჩება - მე გავირიცხები, მაგრამ მირჩევია მეორედ ჩავირიცხო, მაგრამ ახლა გავირიცხო, მე ამას თამამად ვიტყვი.

- მე ძალიან გამიხარდება!

- მე, მაგალითად, ვიტყვი - მირჩევია, ამ უნივერსიტეტში სულ 5 კაცი დადიოდეს და იყოს ისეთი, როგორიც უნდა იყოს წესით, ვიდრე აქ იაროს 3 ათასმა...

- უნივერსიტეტი ვერ იარსებებს მაშინ, თუ ხუთი კაცი ივლის.

- მაშინ არ უნდა არსებობდეს, ეს არის სირცხვილი ამის არსებობა!

- კი, მართალია, ეს არის - მაშინ არ უნდა არსებობდეს.

- ჩამოვთვალოთ, რა შემთხვევაში არ იქნება უნივერსიტეტში კორუფცია. ჩემი აზრით - შეიძლება სრულად ვერ ვთქვა, მაგრამ შევავსოთ. ერთი ის, რომ ხელფასი უნდა მოემატოს პროფესორ-მასწავლებლებს. მეორე ის, რომ სკოლიდანვე ბავშვი უნდა წამოვიდეს ცოდნით. მესამე ის, რომ საერთოდ ეს კვალიფიკაცია გადაისინჯოს პროფესორ-მასწავლებლების.

- კი, აუცილებლად, ეგ არის პირველი.

- შემჩნეულები ვინც არიან ისე კი არა, რომ თან „არ გინდა“ და თან ჯიბეს უწევს, იძულებით რომ ართმევს იმ ფულს, [არამედ] ძალიან-ძალიან რომ აქვთ ამ კორუფციაში გადგმული ფეხები, ესენი უნდა მოშორდნენ.

- კი.

- და უცოდინრობა, თვითონ ლექტორების დონე უნდა იყოს ნორმალური.

- და ისეთი ლექტორები, რომლებიც ბავშვებს უკითხავენ - ვთქვათ, საგანი უწერია „ეკონომიქსი“ მაგრამ ეს ვერ გაურჩევია პოლიტიკური ეკონომიკისგან. ასეთი ლექტორებიც უნდა გავიდნენ.

- არის ლექცია, როდესაც ერთ-ერთმა ლექტორმა - ასეთი ფაქტი არსებობს, რა - დატოვა ბავშვები აუდიტორიაში და უთხრა: ჩუმად იყავითო, ბაზარი დაიკეტებაო, ღანძილი მაქვს საყიდელიო. ტაქსით გაიქცა, ღანძილი იყიდა, და ისევ იმ ლექციაში მოასწრო, ამოვიდა და გაუშვა ის ბავშვები. ისინი ჩუმად ისხდნენ, იმან ღანძილი იყიდა. ან, რძალ-დედამთილის ურთიერთობებზე მიდის საუბარი.

- ბავშვებსაც აწყობდათ, ხომ, ესე იგი, ჩუმად ჯდომა?

- როგორ არ აწყობდათ! მაგეთი ლექტორის ჩატარებულ ლექციას ნაღდად მირჩევია, რომ სიჩუმეს ვუსმინო!

- ეგ მართალია.

- ისე მართალი ხარ.

სკოლებში კორუფციას აქვს ადგილი?

- კი.

- რა თქმა უნდა!

- ადრე ისე არ იყო...

სკოლიდან მოდის, მე თუ მკითხავთ.

სად უფრო მეტია - სკოლაში თუ უნივერსიტეტში?

- უნივერსიტეტში.

- უნივერსიტეტში.

- სკოლაში იაფი, უნივერსიტეტში ძვირი.

- სკოლაში გამოხატვის ფორმა სხვა არის.

- სკოლაში იწყება კორუფცია და მერე გრძელდება უნივერსიტეტში.

- არა, იქ ფული არ არის, სკოლაში.

- როგორ არ არის! პირველ სკოლაში ვიცი მასწავლებელი, რომ 60 ლარს იღებს ნიშანში!

- თავი დაანებე პირველ სკოლას!

- გინდა დაგისახელო?

- ვინ არის?

- ნ. თ.

- არა.

- სტუდენტი მოდის სკოლიდან, მე ვფიქრობ, სკოლიდან უნდა დაიწყოს მასწავლებლებისა და სისტემის გადახალისება, რომ მერე კადრი წამოვიდეს ნორმალური.

- არ არის კორუფცია, რომ შენ ბავშვს ძალას ატან, რომ, გინდა თუ არა, შენთან მოემზადოს, და თუ შენთან არ მოემზადება, ნიშანს არ დაუწერ?

- და ემზადებიან?

- არ არის კორუფცია, რომ ამ უმაღლეს დამთავრებულ ჩლუნგს შენ 500 დოლარს ართმევ და მასწავლებლად იღებ, რომ ის ბავშვები ისევ დააჩლუნგოს, მერე ისევ აქ ფულით მოაწყოს, და მერე ისევ გააუბედუროს და ასე გაგრძელდეს მუდმივად?

- ჩაკეტილი წრეა.

- ეგ მოდის სკოლიდან. თავში რომ ურტყავ, რომ ეუბნები, რომ შენი საქმე არ არის, შენი უფლებების დაცვა არაფერი არ არის - აქ უნივერსიტეტში რომ ამოდის და ის რომ ფულს სძალავს - იმან არ იცის, რომ კომისია უნდა მოიწვიოს და ვიღაცასთან ერთად ჩააბაროს, დაჩაგრულია.

- აი, უნივერსიტეტშია ეგ ფაქტორი, რომ მომზადებაზე - სკოლა მახსენდება ხოლმე მაგაზე, ერთ ლექტორთან ვემზადებოდი, და შემდეგ უკვე, რომ დავანებე ამ ლექტორთან მომზადებას თავი, იმიტომ რომ არანაირი შედეგი ვერა ვნახე - აი ვერანაირი, ნახევარი საათი ვსაუბრობდით, მეჭორავებოდა უხეშად რომ ვთქვათ, და სითამამეც არ მყოფნიდა, რომ მეთქვა რომ „არა“ - შემდეგ მისი მშობლების ბინის პირდაპირ დავიწყე მომზადება და ამის გამო იგნორირებას მიკეთებდა კურსზე, მახსოვს, მაშინ კარგი აღმავლობის პერიოდი მქონდა, და, რასაც ჰქვია, ჩააქრო მთლიანად ჩემში ეგ, და ახლა ვერ ვიწყებ ისევ თავიდან, იმიტომ რომ ის ძალიან ძლიერი სურვილი მქონდა. და რომ ვუყვებოდი სემინარს, ყოველთვის უკმაყოფილების შეგრძნება ჰქონდა და შუაზე მაწყვეტინებდა ან როცა ხელს ვიწევდი, იგნორირებას მიკეთებდა - ეს იმიტომ, რომ მასთან აღარ ვემზადებოდი. - ასეთი ფაქტები სკოლაში ხშირია ხოლმე.

- ამაში გეთანხმები, მაგრამ მეორე მომენტიც არის. როდესაც აქ ადამიანი მოდის, და ელემენტარული, მინიმალური აზროვნების დონეც არა აქვს. მაგალითად, ჩვენ ვისხედით ჩათვლაზე, შეხვდა ქრისტიანობა, და ნახევარი საათი მეკითხებოდა, საიდან დავიწყო ქრისტიანობაო. ბოლოს ლექტორმა მოჰკრა ყური და ეუბნება - საიდან უნდა დაიწყო ქრისტიანობა, ახლა არ გამაგიჟოო!

- მკალავიშვილიდან-თქო.

- მით უმეტეს, რომ ფაქტები დაზეპირებული კი ჰქონდა, მაგრამ ვეღარ მოახერხა იმის „გადახარშვა“.

- თვითონ სკოლაში მასწავლებლების დონე არის ძალიან დაბალი. ერთი სტატია დავწერე ერთი სამი თვის წინ - ესე იგი, 90% მასწავლებლებისა ორი ხელით მწყევლიდა. სტატია ეხებოდა სკოლის პრობლემებს, არც სახელები დამისახელებია, არც გვარები -მოდიოდნენ და, „შენ ის რატომ დაწერე?“. იქ წამძღვარებული მაქვს ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანში“ რომაა, „ვინც ლუარსაბის სახეში თავის თავს იცნობს“ და ა.შ.

ვეკითხები: „იცანი შენი თავი?“ - „არა, კაცო!“ - „შენ გაგიკეთებია ასეთი რამე?“ - „არა!“ - „მაშ რა გინდა?“ - „არა, ეს ხომ სკოლის პრესტიჟია!“ რა სკოლის პრესტიჟია, ეს რომ ხდება, არ არის პრესტიჟის დაცემა?

- აი, გოკა გაბაშვილმა რომ თქვა, ერთი გადაცემა გავაკეთეო და სულ ნაცვალსახელებით ვლაპარაკობდიო - და ყველამ დამირეკაო, „რატომ თქვი, გოკა, ჩემზე?“ ყველა კარგად ხვდებოდა, ვინ რა გააკეთა.

- ყოფილი განათლების განყოფილების გამგე მიბარებს - ახლა მიბარებს, წარმოიდგინე - მეო სულით პედაგოგი ვარო, და როგორ უნდა მაკადროს ადამიანმაო, რომ სკოლაში ფულით აწყობენ ხალხსო? სახელი და გვარი მითხარი, ვინო? ახლა, მე უნდა ვუთხრა, გაიგეთ? მერე ის წავიდეს, ცილისწამებაზე მიჩივლოს და მარბენინოს გიჟივით.

- ახლა, სკოლის წესდებაში წერია, რომ ის ბავშვები, ვინც ცხოვრობენ თელავს გარეთ, სკოლას უნდა ჰქონდეს ერთი ავტობუსი, როგორც საზღვარგარეთ არის, და თურმე ეს ბავშვები - მე არ ვიცოდი, ახლა გავიგე - სკოლა ვალდებულია ეს ბავშვები წაიყვანოს სახლში და შემდეგ დილით წამოიყვანოს. იმის გამო, რომ სკოლას არა აქვს, იგივე პირველ სკოლას, ამის საშუალება, ჰქონდეს ავტობუსი, ჰქონდეს ყოველდღიურად ბენზინი...

- რა სისულელეა!

- ... დირექტორი არ იღებს საერთოდ სოფლიდან ბავშვებს, დამეთანხმებით, ალბათ, იმიტომ, რომ პირველ სკოლაში იშვიათია...

- ეგ არის დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

- ... ან თუ იღებს, მაშინ იმ ბავშვს სახლში მანქანა უნდა ჰყავდეს, და იმ შემთხვევაში იღებს.

- ან ფული უნდა ჰქონდეს და გადაიხადოს.

- რა თქმა უნდა, ესეც კორუფციაა, ხომ?

- არა, არა, ეს უკვე დისკრიმინაციაა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

- აი რა ინფორმაციას ვფლობ: 2003 წელში სკოლებში, თუ არ ვცდები, 355 ათასი ლარი იყო გამოყოფილი ხელფასებისა და სოცანარიცხების გარდა, რომ უნდა დახარჯულიყო. ესე იგი, რომ გადაგვეხედა, როგორ იყო გამოყოფილი: ყველა სკოლაში სახურავი უნდა იყოს გაკეთებული, ფასადი უნდა იყოს გაკეთებული, მერხები უნდა იყოს, სკამები უნდა იყოს, დაფები, სულ ყველაფერი უნდა იყოს - არ არის არსად! მიდიხარ ბუღალტერიაში, ხომ? ამ საქმეს ედგა ა. გ., პროექტის ფარგლებში. მივიდა ბუღალტერთან, ეკითხება: ეს ფული ჩამოგივიდაო? - ჩამომივიდაო. <...> მერე მივიდა სხვა სკოლებში, წამოიღეთო? - არაო. ის მიდის ისევ ბუღალტერთან, რომელიც ეუბნება, წაღებული აქვთო [ფული]. აბა მაჩვენეო ქვითრებიო, მიღება-ჩაბარების რაღაცა - ეგ კონტროლის პალატის საქმეაო, შენ ვინა გკითხავს, წადიო - არ იძლევა! აზრი არა აქვს, ხალხო!

- იქ სხვა სიტუაციაა.

- მაგედან მოდის.

- რა დონეზე ქრებოდა ფული, კაცმა ვერ მიაგნო.

- არა, დაწყება ეგ არის, სკოლიდან, მაგრამ დღეს-დღეობით უნივერსიტეტის კორუფცია უფრო დამღუპველია.

- არა, გამომდინარეა სკოლიდან.

- მე ვფიქრობ, უნივერსიტეტიდან გადაიღო სკოლის სტრუქტურამ, იმიტომ რომ ადრე არ იყო.

- არა, რა არის - ერთი რამე, რა. სტუდენტი რომ მოდის უნივერსიტეტში, ის მოდის სკოლიდან და ის სკოლაში თუ მიეჩვია მექრთამეობას, ფულის მიცემას, რაღაცეებს, ხომ — იგივეს გააგრძელებს აქ და არავის არ უნდა გაუკვირდეს ეს.

- ამის მიზეზი რა არის, იცით? წეღან რომ ვიძახდით, იმ ავტობუსებზე, იმ ფასადის შეკეთებაზე და ა.შ. - სკოლას არა აქვს ფული და იძულებული ხდება, ხომ?

- კი, იძულებული ხდება.

- ანუ სახელმწიფომ დღეს, სამწუხაროდ, ქართულმა სახელმწიფომ ყველანაირი მორალური უფლება დაკარგა, ვინმეს რამე მოსთხოვოს; თუნდაც იმ ადამიანს, რომელსაც შია და რაღაცას იპარავს, და მარტივად ვიტყვი, რატომაც. საქართველოს პარლამენტმა როდესაც დაადგინა, რომ საარსებო მინიმუმი უნდა იყოს 115 ლარი, და იგივე პარლამენტი ადგენს, რომ მინიმალური ხელფასი ქვეყანაში უნდა იყოს 14 ლარი, ხომ - ამით იგივე შენი ხელისუფლება გეუბნება, რომ სასიკვდილოდ ხარ განწირული და შენი თავის გადასარჩენად რაც გინდა ის ქენიო. აქედან გამომდინარე, ყველანაირ მორალურ ვალდებულებას მოსამართლე კარგავს, რომ მიუსაჯოს...

- ესე იგი, რაღაც მომენტში სახელმწიფო გვიბიძგებს კორუფციისკენ.

- რაღაც მომენტში კი არა, გიბიძგებს შენ!

- ეგ ყველაფერი მაღლიდან მოდის, აბა...

- ისიც საკითხავია, მინიმუმი არის მართლა ის 115 ლარი, თუ უფრო მეტი სჭირდება ადამიანს, მაგრამ როდესაც შენ ამას აკეთებ, და პლიუს...

- ყველას არა აქვს იმის საშუალება, კერძო ბიზნესი წამოიწყოს, ყველას არა აქვს იმის საშუალება, არიან ადამიანები, მცოდნეები...

- ვერ დადგება და პაპიროსს ვერ გაყიდის ქუჩაში!

- პროფესორია!

- ვიღა იყიდის, ყველამ რომ პაპიროსი გაყიდოს?

- როგორ არა, გაიყიდება! ოღონდ, ერთი რამე კიდევ და სკოლასთან დაკავშირებით ხმას აღარ ამოვიღებ. ძალიან არის ახლა ყურადღება მისაქცევი და დასაფიქრებელი - როგორც ვიცით, რეფორმით შეიძლება ისეთი რამე მოხდეს, უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ გაუქმდეს გამოცდები და სკოლაში მიღებული რაღაც შეფასებების მიხედვით განაწილდეს. ეს არის აბსურდი - აქ იხსნება კორუფცია და მიდის სკოლაში, თუ დირექტორი არ შეიცვალა, თუ სისტემა არ შეიცვალა, თუ მონიტორინგი ან საზოგადოებრივი, ან სახელმწიფო, ან რაღაცნაირი მონიტორინგი არ განხორციელდა.

- ნუ, პრაქტიკებზე რომ ვიყავით [სკოლებში] - ბავშვებს, შეიძლება ითქვას, სწავლა არ უნდათ! ეს არის კიდევ ყველაზე დიდი, და მასწავლებელს რომ ეუბნებიან, „კი-ჭა!“ მერე ვუბნები, შენ სწავლა არ გინდა-მეთქი? და - „მე რად მინდა სწავლა, მე რად მინდა!“, მარტო რომ იპრანჭებიან და ბოლოს ვეღარ შევიკავე თავი, მე რომ შენი მასწავლებელი ვიყო, კედელზე გარტყმევინებდი-თქო თავს. არის უსაშინლესი მდგომარეობა. არა, არ ვარტყმევინებდი, მაგრამ იმ წუთას...

- მეოთხე სკოლაში მასწავლებელმა მარილზე დააყენა მუხლებით ბავშვი.

- ეგ ადრე იყო, ახლა პირიქით ხდება.

- ადრე არა, ერთი წლის წინანდელი ფაქტი.

- შევედი სკოლაში და გული გამისკდა — ტელეფონზე თამაშობს ნახევარი კლასი, რა! მეოთხეკლასელი ლაწირაკები!

- ჩემს პერიოდშიც იყო, მაგრამ ვერც ერთი მასწავლებელი ვერ ბედავდა ხელი დაედო ჩემთვის.

- მასწავლებელი რომ ყვირის, მასწავლებელი რომ წივის, წიხლით რომ შემოდის, რომ შემოდის და არ იცის, რომ შესავალი უნდა გააკეთოს, ბავშვი უნდა მოამზადოს, და იმ გაგიჟებულ ბავშვს რომ დადგება და წივილ-კივილს დაუწყებს: „მოდი გაკვეთილი ჩამაბარე!“, ჟურნალში ყოფაქცევის მაგივრად საგანში „ერთიანს“ რომ დაუწერს - არ ისწავლის და ვერ გაამტყუნებ. აი ეგ მასწავლებელი უნდა მიარტყა კედელზე!

ახლა სკოლის თემა დავხუროთ. ერთი ძალიან მოკლე შეკითხვა უნივერსიტეტთან დაკავშირებით - როგორ ფიქრობთ, ახალი რექტორი რას შეცვლის? რამდენად თვლით, რომ რექტორის შეცვლა მოიტანს სასურველ ცვლილებებს კორუფციის დარგში? სხვა დარგებს ჯერჯერობით ნუ შევეხებით.

- ახალი რექტორი ეცდება, მე ვფიქრობ, რომ მცდელობა იქნება, მაგრამ რამდენად განახორციელებს, ეგ არ ვიცი. იმიტომ რომ მე ვიცი ერთი მაგალითი, რომ მოატყუეს რექტორი. სინამდვილეში ფული იქნა აღებული, ერთ-ერთი ბავშვის შეყვანით, აიღო სხვამ ის ფული, 300 დოლარზეა აქ საუბარი, აიღო სხვამ, ერთ-ერთმა მოხელემ ეს ფული და შეიყვანა რექტორთან როგორც უნიჭიერესი ბავშვი, როგორც ეს-ეს-ეს.

- მე შემიძლია ფაქტებით ვილაპარაკო. 12 მაისიდან არის რექტორი, დამტკიცდა 1 ივნისს, თუ არ ვცდები. უკვე არის რაღაც სასიკეთო ძვრები, მე, მაგალითად, ჩემს თავზე გამოვცადე, დავინახე.

- კი.

- ახალი ცოცხის ფაქტორი მგონია ჯერჯერობით.

- არა, მე არა მგონია ახალი ცოცხის ფაქტორი. ახლა რაშია საქმე - სახელმწიფო გამოცდებზე ამ კაცმა შემოიარა აბსოლუტურად ყველა აუდიტორია და უთხრა, რომ არ გადაიხადოთ არაფერი, არ მოკრიფოთ, დეკანს არ მისცეთ, არავის არ მისცეთ, ვინც გინდა მოგთხოვოთ, იმიტომ რომ აზრი არ ექნება. და მართლა ჩაიჭრნენ ის ფულგადახდილები.

- უკან დაუბრუნეს ფული?

- არ ვიცი, რა გააკეთეს.

- ეგ დეკანების და სტუდენტების [საქმეა].

- მერე მირბოდნენ საჩივლელად, აი, მაშ ფული რაღას გამოგვართვესო? კარგ დროს მირბოდნენ! ეს ერთი. მეორე, სანამ რექტორის არჩევნები იქნებოდა, სტუდენტების გარკვეულმა ნაწილმა მოვაგროვეთ 600 ხელმოწერა [ერთ-ერთი კანდიდატის] მხარდასაჭერად - მაგრამ ეს არ იყო რაღაცა თავის მოქონვის პრინციპი, ჩვენ მას წარვუდგინეთ ჩვენი პროგრამა, რა უნდა შეესრულებინა მას სტუდნეტებისთვის. და ამაზე დაგვთანხმდა. იქ იყო: ბიუჯეტის გამჭვირვალობა, მისაღები გამოცდების გამჭვირვალობა, რაც უკვე ფაქტია და მე პირადად ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით მივმართავ და მე დავაკვირდები მისაღებ გამოცდებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლა. და იქ იყო სხვადასხვა საკითხები, რომლებზეც ეს კაცი დაგვთანხმდა, რომლებზეც ვისაუბრეთ, რომლებიც გვჯერა, რომ გაკეთდება, და ჯერჯერობით მიდის სწორად ყველაფერი.

- ჰო, იმედი არის.

- ის ფული, მოსაწყობი ფული, ოჯახიდან მაინც ხომ გამოდიოდა, არა? და მიდიოდა მარცხენა ჯიბეში. ახლა მე ვნახე, რომ ფასიან სექტორზე გაზრდილია გადასახადები.

- ჰო.

- და ეს არის მართალი. იმიტომ რომ მაინც გამოდის ის ფული, და [სჯობს] წავიდეს ისე, რომ ლექტორებს გაუზარდო ხელფასი, ვიდრე ის „მარცხნივ“ წავიდეს.

- არ შეიძლება, შენი არასამთავრობო ორგანიზაცია არა მარტო მისაღებზე დაესწროთ, არამედ, ვთქვათ, სახელმწიფო გამოცდებზე და ასევე სესიაზე?

- კი.

- კარგი იქნება!

დანარჩენების აზრი მაინტერესებს - კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უნივერსიტეტში სიტუაცია გამოსწორდეს კორუფციის თვალსაზრისით?

- ჩემი აზრით, პირველ რიგში ლექტორებს ხელფასი უნდა გაეზარდოთ.

- უნდა გაეზარდოთ.

- [ფასიანი სექტორის გადასახადების გამოყენებით უფრო კარგია მათი ხელფასების გაზრდა.]

- კი, თორემ სახელმწიფო არ გაზრდის თავისი ინიციატივით.

- და შემდეგ ლექტორების ატესტაცია უნდა მოხდეს.

- უნდა აკონტროლონ მისაღები გამოცდები, თვითონ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ. ანუ, მე ვიძახი, კარგი მხრივ უნდა აკონტროლონ.

- ა. ერთ წელს იყო მიმღებ კომისიაში თავმჯდომარედ. მოვიდა ვიღაც ქისტიო, იმას, რა თქმა უნდა, თავიდანვე ისე ჰქონდა საქმე, რომ იმას უნდა ჩაებარებინა. დედაჩემმა [თქვა], თავიდანვე მომცესო სია, აი ამათ უნდა ჩააბარონო, და დანარჩენებმა არ უნდა ჩააბარონო.

- მარაა, კაცო, მე რომ გამოცდები მქონდა, მუბნებოდნენ, მწვანე გინთია, რისი გეშინიაო.

- მოვიდაო ვიღაც ქისტი, რომელმაც არ იცოდა ქართული. ახლა მე ვეუბნებიო, მე არ ვიცი ქისტურიო და რუსული მე კი ვიციო, მაგრამ რუსეთში არ ვართ და რატომ უნდა გამოგცადო რუსულად? ამ დროს ის უნდა მიეღოთ.

- ჩემს წინ გოგო გადიოდა, ისტორიას რომ ვაბარებდი - რა თქმა უნდა, არ იცოდა, და ერთ-ერთი საკითხი ჰქონდა [ერეკლე]. [გამომცდელი] ეუბნება ახლა, რაც იცი ის მოყევიო და - არაფერი არ ვიციო. გაგიჟდა, მოიხსნა სათვალე - რას ჰქვია არაფერი არ ვიციო, უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაგდებო, იქ 70 კაცზე მეტი ზის აუდიტორიაში, თან იცის, რომ ვიღაცა მაგის მერე უნდა ჩაჭრას - მოყევიო რამე! არაფერი არ ვიციო.

სანამ მოვრჩებით უნივერსიტეტის შესახებ საუბარს, ვინმეს რამე ხომ არ დარჩა სათქმელი?

- ამ ყველა პრობლემის მოგვარებასთან ერთად უნდა აიწიოს უნივერსიტეტის პრესტიჟი, ანუ, რაში გამოიხატება: უნდა დაემატოს ისეთი საგნები, ისეთი ფაკულტეტები, რომლებიც კახეთს სჭირდება, რა. ამდენი პედაგოგი წელიწადში კახეთს არა სჭირდება, ჩემი აზრით, და ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს და ეს რექტორის ძალიან დიდი სურვილია და, ალბათ, მომავალი წლიდან გაკეთდება, უნდა გაკეთდეს მევენახეობამეღვინეობის ფაკულტეტი, რაზეც არის მოთხოვნა კახეთში, ოღონდ ეს უნდა იყოს ძალიან პრესტიჟული ფაკულტეტი, თუნდაც წელიწადში უშვებდეს ხუთს, მაგრამ პროფესიონალ კადრს. და იმას გარანტირებული ექნება სამსახური. ახლა ჩვენ რომ მივდივართ, არ ვიცით სად მივდივართ - დიპლომს კი ვიღებთ, მაგრამ სულ სხვაგან ვფიქრობ ვიმუშავო, იმიტომ, რომ მაღალი ხელფასია.

- კიდევ ერთს დავამატებდი. მე ვფიქრობ, ლექტორების კადრი უნდა გადახალისდეს, ანუ გადამზადდესსავით...

- რამე ტრენინგებისავით...

- ... და ლიტერატურაც უნდა გაძლიერდეს, თორემ ის ლიტერატურა, რომლითაც სწავლობდნენ 10 წლის წინ, უკვე ჩვენთვის მოძველებულია.

- ანუ, თაობებია გაჭედილი. ერთი ქალია კახეთში, 75 წლის, ვინც აკეთებს მიწის ანალიზს.

- მარტო ერთი ქალი?

- ის ქალი რომ მოკვდეს, ვერ გაიგებ, კახეთში რა მიწაში რა ჩაყარო. შეიძლება ვაზის მიწაში მიწის თხილი ჩაყარო, ქვებში ჩაყარო ღანძილი, ანუ რა უნდა გააკეთო, არ იცი.

- მე ვფირქობ, მთავარი პრობლემები უკვე თქვეს: ის, რომ ლექტორებმა უნდა ატესტაცია, თუ რაც არის [გაიარონ], რომ ლექტორის დონე იყოს მაღალი, და რაც მთავარია, და მეც ამის მსხვერპლი ვარ, რომ თვითონ არა ვარ მონდომებული, მაგრამ ვაპირებ - ჩემი აზრით, ბავშვების მონდომება სწავლისადმი, ეს იქნება, მე მგონი, გადამწყვეტი, იმტომ რომ თუ ის ბავშვი სწავლობს, და შემდეგ თუ ის თავის უფლებებს გაეცნობა, და შემდეგ, თუ ის თავისი უფლებებისათვის დაიწყებს ბრძოლას, უკვე დაანახებს თავის სახეს რექტორატსაც და ლექტორებსაც და უკვე ესეც ერთ-ერთი ის იქნება, რომ კორუფცია აღმოიფხვრას მთლიანად. იმიტომ, რომ ამ რევოლუციაზეც, იგივე, ხალხმა დაანახა, და არა ვინმეს ყვირილმა, უკაცრავად, ხალხმა დაანახა, აქვს ხალხს ამის საშუალება, ენერგია და ჩვენით უნდა გავაკეთოთ ეს, მე მგონი.

- ჩემი აზრით, სანამ სახელმწიფოში არ შეიცვლება სიტუაცია, უნივერსიტეტშიც არ შეიცვლება; როცა სახელმწიფოში შეიცვლება, მე ვფიქრობ, რომ ავტომატურად აქაც სხვანაირი სიტუაცია შეიქმნება.

- არასწორი მიდგომაა.

- ჰო.

- საერთოდ ეს არის ძალიან დაშტამპული, ყოველთვის ასე იყო, ზევიდან ქვევით. მოდით, პირიქით, ქვევიდან შევცვალოთ, და ავა ის ნელ-ნელა ზევით.

- სახლის შენებას იწყებენ, მე როგორც ვიცი, საძირკვლიდან.

- წეღანაც ვთქვი მე ეს აზრი და ახლაც გავიმეორებ, რომ იგივე სახელმწიფო გამოცდებზე ის, როდესაც 4 წელი აძლევ ფულს, ახლა, სახელმწიფო გამოცდებზე, აღარ უნდა აიღონ ფული და პირდაპირ გაუშვან ისინი, არც ჩაჭრან, არაფერი - ჩემი აზრით. გაუშვან ის სტუდენტები, და იგივე სამსახურში როცა მივა ის, მიხვდებიან, რომ მას არა აქვს ცოდნა, და მორჩა. ის, რომ ის სტუდენტები ჩაჭრან, რომლებიც 4 წლის განმავლობაში ფულს აძლევდნენ უნივერსიტეტს...

- უნდა ჩაჭრან!

- არ შეიძლება!

- არა, არ უნდა ჩაჭრან!

- უნდა ჩაჭრან! ახლა რატომ -

- ჩემი აზრია! უნდა გაუშვან, წავიდნენ.

- წავიდნენ და ადამიანს წამალი დაუნიშნონ, რომელიც მას არ სჭირდება?

- არა, იმას არ მიიღებენ სამსახურში, როცა არ ექნება ცოდნა.

- ე-ე, ფულს მისცემს და მიიღებენ.

- თუ მაშინ, მე ვლაპარაკობ, როცა გამოსწორდება სიტუაცია.

- ჯერჯერობით ხომ... თუ შენ იგივეს გააკეთებ, არ გამოწორდება!

- მეტი რაღა პატივი უნდა ეცათ [სახელმწიფო გამოცდებზე], ვერ გავიგე - გეუბნებიან, წიგნი შემოიტანე, კონსპექტი შემოიტანე, მთელი ბიბლიოთეკა ამოიტანე, დადე და წაიკითხე - ერთ საათს გაძლევენ, ორი სიტყვა გვითხარი! ოთხიანს გიწერთ, თუ ოთხ სიტყვას გვეტყვი, ორ სიტყვაზე სამიანს გიწერთ. ვერ იძახიან! მაშ არ უნდა ჩაჭრა ეგეთები?

- ჰოდა უნდა გაუშვა, ისინი არც არასდროს არ ისწავლიან, უნდა გაუშვა ესეთები, წავიდნენ რა!

- უნდა საცერში გატარდეს ყველა.

- ვერ გარიცხავ, იმიტომ რომ როცა ფულით გყავს მიღებული, იმას...

- კარგი, ის წავა და გიჩივლებს.

- სად გიჩივლებს?

- გეტყვის, რომ ვაბარებდი, რას გამომართვიო ფული?

- რას გიჩივლებს, რას ამბობ?

- რაღაცა სისტემის ცვლას მოჰყვება ხოლმე ვიღაცის...

- ძირითადი ყველაფერი ითქვა, და, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს სასწავლო პროგრამები, რომლებიც არის ძალიან მოძველებული, თუნდაც ჩემს ფაკულტეტზე, უცხო ენებზე, არანაირად არა ვართ კმაყოფილი იმ სწავლით მეთოდებით, რასაც გავდივართ, და მე არა ვარ დარწმუნებული, რომ როდესაც დავამთავრებ, ვიქნები სრულყოფილი და კარგი სპეციალისტი და ისევ ბავშვი ფიქრობს, რომ სხვა გზებით მიიღოს, შეივსოს ის ცოდნა - როცა მან ეს ცოდნა უნდა მიიღოს უნივერსიტეტში, და ყველანაირად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ჩემი აზრით, ეს უნდა შეიცვალოს.

- ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გადახალისდეს სასწავლო პროგრამები, უკვე ითქვა და ვეთანხმები, აბსოლუტურად გაწელილი, გაბერილი და ხშირ შემთხვევაში, უაზრო საგნების სწავლება, ანუ, როგორც წესი, არ არის საჭირო, ვთქვათ, აკადემიურ დონეზე იცოდე საქართველოს ისტორია, ჩემი აზრით.

- თუ არ აბარებ ისტორიულზე.

- სჯობია პროფესიულს დაეთმოს მეტი დრო და არა პირიქით, პროფესიული საგნების ხარჯზე ფართოვდება ის საგნები, რომლებიც... ელემენტარულად, საქართველოს ისტორია იგულისხმება, რომ ისწავლება სკოლაში. იგივე ქართული ენა. მართალია, ქართული ენა აუცილებელია, იმიტომ რომ აჩვენა გამოკითხვებმა, რომ თითქმის არავინ არ იცის ნორმალურად აქ, მაგრამ მაინც ეს არ უნდა აღემატებოდეს, ვთქვათ, ერთ წელს და არ უნდა გადადიოდეს სამ წელზე.

- უბრალოდ ნორმალურად უნდა ისწავლებოდეს.

- და ტესტი უნდა იყოს. ეს აუცილებელია, ჩემი აზრით.

- მე მინდა კიდევ ერთი დავამატო, ჩემი აზრით, ჩათვლა-გამოცდების არსებული სისტემა უნდა შეიცვალოს ტესტირებით, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ჯერ ერთი ჩათვლაგამოცდებს მიაქვს უაზროდ დიდი დრო, მეორეც, ასეთი ერთი ერთზე შეცვლა ლექტორთან ყოველთვის იწვევს კორუფციულ მომენტს, და სჯობია ტესტი, ჯერ ერთი, ის დოკუმენტიც არის.

- დავამატებ - ტესტები იყოს არა მარტო, ვთქვათ, პირველი სემესტრის ბოლოს, მეორე სემესტრის ბოლოს, არამედ, ვთქვათ, ერთი თვის შემდეგ...

- კი, ყოველი თვის ბოლოს, და გაადვილდება სტუდენტის საქმე.

- კი, ყოველი თვის ბოლოს, იმიტომ რომ იცი, როგორ არის? რომ არ გთხოვენ, ადამიანი ხარ და გიმუშავდება ერთი მომენტი. ყოველთვიური ან ყოველკვირეული გამოკითხვა როდესაც არ არის, შენ არ სწავლობ, და გამოცდების [წინ] ამხელა წიგნებს იხლი თავში და რა ძალი მედგა...

- ჰო, რა

- მოვალეობას იხდი, ვერ გახსოვდება.

- ახლა ისეთი გადაღლილი ვარ გამოცდების მერე, ვერ ვაზროვნებ.

- მე თუ მკითხავთ, პირველ რიგში, უნდა გამოიცვალონ ლექტორები, არიან უკვე ძალიან ბებრები ბევრნი.

- მართალია!

- მართალია!

- საპენსიო ასაკი...

- ახალი კადრი უნდა მოვიდეს.

- არა, ერთი-ორი ხანში შესული ნამდვილად კარგია ოღონდ, ვერ იტყვი, რომ ახალგაზრდები უნდა შემოიყვანო...

- არა, მე არ ვიძახი, ახალგაზრდები უნდა შემოვიყვანოთ - უნდა შემოვიყვანოთ ისეთები, ვინც უფრო...

- შემოყვანაზე, უმჯობესი ხომ არ იქნება, რომ წეღან როგორც ვთქვი - რომ გადახალისდეს.

- ასაკსაც გააჩნია, მიკითხავდა კაცი, შეიძლება, ძალიან ბრწყინვალედაც იცოდა, [მაგრამ] მისი ხმის ტემბრი იყო ჩურჩული, და აუდიტორიის დამორჩილების დონე — ნული.

- და, სხვათაშორის, ეგ იწვევს უკვე... ხუთიანზე დამთავრებული სტუდენტი, მართლა კარგი სტუდენტი, ჩემი ახლობელი მოვიდა შარშან, უნდოდა რომ ლექტორად იმუშავოს, მაგრამ... ამ დროს მე მიკითხავს ქალი ლექციას, რომელსაც კბილები დაავიწყდა სახლში და მეუბნება, „წადი შვილო, კბილები მომიტანეო“. ამასთან ის ახალგაზრდა გოგო, რომელმაც მართლა ხუთებზე დაამთავრა - „მე ხუთოსნები არ მაინტერესებსო“, მაშინ რექტორატში უთხრეს.

- ერთი მომენტიც არის, არიან აქ მოხუცები, ხანში შესული კადრი, რომელსაც შეიძლება საპენსიო ასაკი აქვს, მაგრამ იმას ვერ შეცვლი, იმიტომ რომ ბრწინვალეა.

- ეგეთი შემთხვევები...

- სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც ასაკს რატომღაც აბავენ ღვაწლმოსილებას — ეს ასე აღარ არის.

- მართალია.

უნივერსიტეტის სიტუაცია, მგონი, საფუძვლიანად განვიხილეთ. თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა ახლა ვილაპარაკოთ წარმატებული ბრძოლის შესახებ კორუფციის წინააღმდეგ ზოგადად საქართველოში?

- არავითარ შემთხვევაში.

- ჯერ არა.

- ჯერჯერობით არ შეგვიძლია.

- ჩემი აზრით, იგივე რევოლუციამ ერთი ძალიან ცუდი რაღაც მოახდინა - ხალხი ადრე ხომ იძახდა, ჩვენ ვერაფერს ვერ შევცლით, უნდა მოვიდეს კარგი მთავრობაო. ახლა ხალხი უარესად გაზარმაცდა და იძახის, ჩვენ კარგი მთავრობა გვყავს და ახლა ისინი გვიშველიან. ანუ, რატომ აქვს ამ ხალხს ასეთი...

- არ გამიგია მასეთი ნათქვამი.

- რა? ყველა მასე იძახის!

- მართალია, რევოლუციამ ერთი რა შეიძლება ცუდი მოიტანოს - ხალხს ამდენი წლის დაგროვილი ენერგია იმ რამდენიმე კვირაში დაახარჯვინა და ახლა აღარ აინტერესებს იმ ხალხს ჯერ-ჯერობით, აი მერე უკვე დაიწყებს ისევ, ალბათ.

- არა, კი არ აინტერესებს, უკვე იმედი აქვთ, ალბათ, რომ რაღაცას გამოცვლიან.

- არა, იმედი შეიძლება გქონდეს, მაგრამ შენც უნდა იყო აქტიური.

- ეს აქსიომაა: შენ ხარ მოქალაქე, შენ გაქვს უფლებები, რომლებიც პირველ რიგში შენ უნდა დაიცვა. ხელისუფლებას - არავის არ ჰქონდეს ილუზია, როგორც გინდა კარგი ხელისუფლება იყოს, ის ყოველთვის თავხედდება ხელისუფლებით, ეს ასე ხდება გამონაკლისების გარეშე.

- შენ ხომ ახლა ამას იძახი - შენ რომ მოხვიდე ხელისუფლებაში, ანალოგიურად იქნება.

- აუცილებლად! ადამიანი ვარ და ასე იქნება!

- თუ არ შეგაწუხე, რაღაცა თუ არ გაიძულე, არ გააკეთებ. კეთილი ნებით ეს არ იქნება.

- აქედან გამომდინარე, შენ როგორც კი ხუჭავ თვალებს...

- ითხოვე და მოგეცემაო - რაღაც უნდა ითხოვო და...

მაშ ახლა არავინ არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ რამე სერიოზული ბრძოლა დაიწყოს კორუფციის წინააღმდეგ?

- არა, როგორ არა.

- სერიოზული ბრძოლა და სერიოზული ცვლილებები მოიტანა ამ რევოლუციამ.

- აბა რა არის სერიოზული ცვლილება?

- ძალიან ბევრი!

- მე დავინახე ცვლილება, დღეს-დღეობით მყავს ახალგაზრდა ახლობლები თბილისში, რომლებიც სამსახურს ეძებდნენ და საკმაოდ კარგი ცოდნა აქვთ, ერთმა გოგომ სამი ენა იცის, ყველა თავის პროფესიაში, ასე ვთქვათ, კარგ დონეზეა. აქამდე ძალიან წვალობდნენ, და სხვათაშორის ოთხიდან სამმა უკვე სამსახური ნახა. მე ვფიქრობ, უკვე იცით, როგორი დონე შემოვიდა და როგორი აზროვნება? რომ თუ არ გეყოლება სამსახურში პროფესიონალი, უკვე რომ მიდიხარ, თბილისში ელემენტარულად: „ინგლისური იცი? კომპიუტერი იცი?“ ატესტაციას გადიხარ და გიღებენ სამსახურში.

- ეგ კერძო სტრუქტურებში.

- კი, კერძოშია, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ ჩვენი ცოდნით, ჩემი აზრით, რაღაც პატარა წვლილს შევიტანთ კორუფციის წინააღმდეგ.

- კი!

- იმიტომ, რომ სულ რომ გვქონდეს მაგის იმედი, წეღან როგორც ვთქვი, თუ ქვევიდან არ წამოვიდა, ის ზემოდან ნამდვილად არ იქნება.

- ჩემი აზრით, კიდევ, უნდა შეიქმნას (და მგონი უკვე შექმნილიც არის) ანტიკორუფციული კომისიასავით რაღაცა, სადაც იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, უცხოეთიდან მოყვანილი ექსპერტები... უნდა გააკონტროლონ.

- ოღონდ, ეს არ უნდა იყოს... [ფორმალურად.]

- და უნდა შედგეს ეს ანტიკორუფციული საბჭო და უნდა გააკონტროლონ იგივე ჩვენი უნივერსიტეტი და ასე მივაღწევთ შედეგს.

კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს?

- ძალიან კარგია, პრეცედენტები იქმნება, რომ კორუმპირებულებს იჭერენ, ვინც იხლართება რაღაცეებში, იჭერენ, მაგრამ ჩუმად მაინც ხდება, რა.

- ჩუმად კი არ ხდება, ყველაზე დიდი შეცდომა რა არის - იჭერენ, მაგრამ არ იჭერენ თავისებს. ახლა საჩვენებელ დაჭერებზე ნუ დამიწყებთ ლაპარაკს, რა!

- წავიდნენ, დაიჭირონ ანზორ ბურჯანაძე და დავიჯერებ რომ ასეა, რა!

ვინ უნდა იბრძოდეს, თქვენი აზრით, ახლა საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ?

- ყველა.

- ხალხი.

- ყველა აბსოლუტურად.

- ყველამ, მაგრამ მთავრობისგან უნდა მოდიოდეს კეთილი ნება. მე რაც გინდა ვიყვირო...

- რა თქმა უნდა!

რა შემთვევაში იქნება ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ დღევანდელ საქართველოში წარმატებული?

- თუ კანონი იკანონებს.

- თუ არა მარტო სიტყვით, არამედ ჩვენი საქმითაც... სინამდვილეში აი გამოდიან რევოლუციის დროს, და სინამდვილეში საქმე საქმეზე რომ მიდგეს, საქმით ვერაფერს ვერ გააკეთებენ.

- კანონი იკანონებს და ხელფასები გაიზრდება. მაგრამ ერთი შემთხვევა მოხდა - საგადასახადოს თანამშრომლებს ჰქონდათ 400 ლარი ხელფასი. ახლა დააჭრეს და 30 ლარი დაუტოვეს.

- არა, 40 ლარი — ნული მოუჭრეს.

- არა, ვიცი რომ 30 - ძმაკაცის დედა 400 ლარს იღებდა, ატესტაცია გავლილები, სამჯერ გამოცდები ჩააბარებინეს, ახლა მეოთხედ ჩააბარებინეს და 30 ლარზე დასვეს. ადრე იღებდა 400 ლარს. ახლა წადი და ნუ მოაპარინებ იმას!

- ჯერჯერობით მაინც ძალიან ძნელად მოხდება ეს, მაგრამ იმედი არ უნდა დაიკარგოს.

კონკრეტულად რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ?

- მე, მაგალითად, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ რომ მე ბევრად მირჩევია, რომ მივცე ფული ლექტორს და რაღაც ჩავთვალო, იმიტომ რომ ნამდვილად პრობლემებით ვარ სავსე, მაგრამ დღეს-დღეობით მე ამას არ გავაკეთებ, მით უმეტეს, მაქვს საშუალება. მე სამი გამოცდა გადავიტანე და ვაპირებ სწავლას. მე ვფიქრობ, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი შეტანილი წვლილი ამ საკითხთან დაკავშირებით.

- მართალი ხარ.

- ალბათ მართლა, რომ აღარ გადავიხადოთ გამოცდებში და ჩათვლებში ფული.

- ჩვენი ცხოვრება ხომ მარტო გამოცდები და ჩათვლები არ არის?

- არა.

- არც არსად.

- მე ვფიქრობ, ზოგადად ინტერესი უნდა გავიღვიძოთ იმისა, რომ არ ჩავდგათ ფეხი იქ, სადაც...

- ჩვენს უფლებებს უნდა გავეცნოთ, უნდა გავაცნოთ სხვა ადამიანებიც ამ უფლებებს.

- ერთი, პირველი - შენი პირადი მაგალითით მისცე მაგალითი სხვას, მეორეს; ეს არის ერთი მომენტი, და მეორე მომენტი - ის, რაც შენ იცი და იმან არ იცის (თუნდაც უფლებები, თუნდაც შენ უფრო მებრძოლი ხარ, ვიდრე ის) - შენ დაეხმარო იმ ადამიანს იმ რესურსით, რაც შენ გაქვს. ბუნებრივია, თუ რაიმე ორგანიზაციის წევრი ხარ, მეტი საშუალება შეიძლება გქონდეს, თავისთავად, მაგრამ თუ ხარ რიგითი პიროვნება, ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლია - თუნდაც კერძო საუბარში შენს მეგობარს უთხრა, ელემენტარულად ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ვერ მოიპოვა, შეიძლება არ უნდოდა, არ გაიგო; ანდა ქმედითი დახმარება აღმოუჩინო, გაჰყვე იმას, იგივე ინფორმაციის გამოთხოვების მომენტში, ყველამ ხომ არ იცის? ეგეც შეტანილი წვლილია. ბევრი რამე შეიძლება!

- თუნდაც, უკანონო გადასახადს - მაგალითად, პასპორტის აღება მინდოდა, შევიტანე განცხადება. 6 ლარი თუ 12 ლარი მომთხოვეს. მე ვუთხარი: „დამიწერე ქვითარი და ვიხდი“. არ დაგიწერო. რატომ არ დამიწერ, ვეუბნები - სხვათაშორის, მაშინ ვიცრუე და თავისუფლების ინსტიტუტის სახელი გამოვიყენე...

- არ არის ეგ კორუფცია?

- პასპორტი, თუ პირადობის მოწმობა?

- პასპორტი.

- 6 ლარი ძალიან იაფია პასპორტისთვის.

- არა, უბრალოდ განცხადების შეტანა.

- ვეუბნები, დამიწერე [ქვითარი] და 24 ლარი უნდა მოგცე. ანალოგიურად, დიპლომის ფული მინდა, რომ ბანკში შევიტანო - არ არის არანაირი გზა!

- ანგარიშის ნომერი იცი, რომ შეიტანო?

- თუნდაც, ბავშვი მყავს, და რამდენიმე დღის წინ აღრიცხვაზე ავიყვანე ბავშვთა პოლიკლინიკაში. მაქვს პოლისი, დედისაც და ბავშვისაც. თბილისში სამშობიაროში 100 დოლარი მოაჭრა პოლისმა. აქ მივიტანე - რვეული ხომ მივიტანე, კარგი, ისტორიები არა აქვთ; 10 ლარი ხომ გადავიხადე, რისთვის - ეგ ღმერთმა იცის. და 5 ლარი კიდევ წამლები მოგვცეს რაღაც და იმაში გადაგვახდევინეს.

- და ის სადაზღვევო პოლისი რაღა იყო?

- ჰოდა, პოლისის ფუნქცია ვერ გავიგე. ძლივს ვიკავებდი თავს, მაგრამ აქეთ სიდედრი მედგა, იქით დედაჩემი - „კარგი, გაჩუმდი! ექიმებია, დაგვჭირდება“. გავჩუმდი. მერე გამოვდივარ და ყვირიან, ინტრიგანიაო. ინტრიგანი ვარ?

- ეგ არის კიდევ - მშობლების ფაქტორი ძალიან ის არის. ჩემს დას შეჰქონდა პასპორტზე 10 ლარი რომ მოსთხოვეს, მე ვუთხარი, არ გადავიხდით-მეთქი, და დეიდაჩემმა: „სირცხვილია, გადავიხადოთ, რა მოხდაო“.

- ჯერ სკოლიდანვე, ღამის სკოლაში ვსწავლობდი, 9 თვე ხომ ვსწავლობ, თვეში 10 ლარი უნდა გადამეხადა, ესე იგი 90 ლარი, არა? ფასიანზე ვსწავლობდი. კაცო, 120 ლარიანი გადასახადი მომიტანეს. მე ვუთხარი, დამიწერეთ-მეთქი ქვითარი - დამიწერეს, შენახული მაქვს დღემდე. რომ მოვითხოვე ეს ქვითარი - რატომ მოითხოვეო, დირექტორი იძახის, ეგ გიჟიაო, რომ დადის, თავისთვის ლაპარაკობსო. ანუ იგივე, რა!

დიდი მადლობა!

_____________________

1. ფოკუს-ჯგუფი ჩატარდა თავისუფლების ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში „კორუფცია საქართველოში და მისი შეფასება სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლების მიერ”.

2. რესპონდენტთა სახელები გამოტოვებულია მათი ანონიმურობის დაცვის მიზნით.

3. თუმცა ეს არ იყო მოდერატორის მოთხოვნა, რამდენიმე რესპონდენტმა მიუთითა ფაკულტეტი, სადაც სწავლობდნენ.

4. ფოკუს-ჯგუფი ჩატარდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში.

5. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თელავის ფილიალი.

6. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

9 დანართი №2. თვისებრივი კვლევის მეთოდიკის ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი

▲back to top


ანალიტიკური გამოკვლევა - სოციალური გამოკვლევის ყველაზე რთული სახეობა, რომელიც მიზნად ისახავს არა მარტო სოციალური პრობლემის აღწერას, არამედ, აგრეთვე მისი მამოძრავებელი ძალების, მიზეზების გამოაშკარავებას. იხ. აგრეთვე: დაზვერვითი გამოკვლევა და აღწერითი გამოკვლევა.

ანკეტირება - მასობრივი გამოკითხვის სახეობა, რომელიც კითხვარის გამოყენებით წარიმართება. ანკეტირების დროს რესპონდენტი თვითონ კითხულობს კითხვარის კითხვებს და თავადვე აღნიშნავს პასუხებს, რომლებიც მის აზრს შეესაბამება. იხ. აგრეთვე: ინტერვიუ.

აქტორი (თვისებრივ კვლევაში) - პიროვნება, რომლის მოქმედებაც მკვლევრის დაკვირვების და შესწავლის საგანია. ტერმინი გამოიყენება ძირითადად ჩართული დაკვირვების შესახებ საუბრისას.

ბიოგრაფიული ინტერვიუ - სიღმისეული ინტერვიუს ნაირსახეობა, რომელიც მიზნად ისახავს რესპონდენტის ცხოვრების (ბიოგრაფიის) ქრონოლოგიურ რეკონსტრუქციას, რათა შესწავლილ იქნეს ამა თუ იმ სოციალური პრობლემის გავლენა ინდივიდის ცხოვრებაზე, მის მიერ ამა თუ იმ მოვლენების გააზრება და შეფასება, და სხვ. ბიოგრაფიულ ინტერვიუსა და „ცხოვრების ისტორიას“ შორის ბევრია საერთო, თუმცა პირველი განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება ევროპაში, კერძოდ - გერმანიაში, ხოლო მეორე - აშშ-ში. იხ. აგრეთვე: ცხოვრების ისტორია.

აღწერითი გამოკვლევა - სოციალური გამოკვლევა, რომელიც ტარდება ამა თუ იმ სოციალური პრობლემის შეძლებისდაგვარად სრული აღწერის მიზნით, ხშირად - რათა გამოვლენილი იქნეს, არსებობს თუ არა კავშირი ამ პრობლემის შემადგენელ ელემენტებს შორის. იხ. აგრეთვე: დაზვერვითი გამოკვლევა და ანალიტიკური გამოკვლევა.

გამოკვლევის პროგრამა - საბუთი, რომელიც აუცილებელია ემპირიული სოციალური გამოკვლევის ჩასატარებლად. გამოკვლევის პროგრამა კვლევის დაწყებამდე უნდა შემუშავდეს. აქ ჩამოყალიბებულია გამოკვლევის სტრატეგია, დასაბუთებულია გამოკვლევის პრობლემის მნიშვნელობა და აქტუალურობა და მის შესასწავლად შერჩეული გზების (მეთოდების) გამოყენების მართებულობა. გამოკვლევის პროგრამის საფუძვლიანი დამუშავება ხელს უწყობს ხარისხიანი გამოკვლევის ჩატარებას და სანდო შედეგების მიღებას, თუმცა წმინდა გამოყენებითი გამოკვლევების შემთხვევაში მისი შემუშავება შეიძლება არ მოხდეს.

გენერალური ერთობლიობა - ყველა იმ ადამიანთა ერთობლიობა, ვისაც ახასიათებს ის სოციალურ-დემოგრაფიული თვისებები, რომელთა შესწავლაც მკვლევრის მიზანს წარმოადგენს. გამოკვლევის ობიექტიდან გამომდინარე, გენერალური ერთობლიობა შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, თუ ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობის აზრის შესწავლა, გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენს საქართველოს ყველა სრულწლოვანი მოქალაქე; თუ შევისწავლით ქართველი ქალების დამოკიდებულებას ამა

თუ იმ პრობლემისადმი, გენერალური ერთობლიობაა საქართველოში მცხოვრები ქალები; თუ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აზრის შესწავლას ვისახავთ მიზნად, ჩვენი გენერალური ერთობლიობა ამ უნივერსიტეტის სტუდენტები იქნებიან. გენერალური ერთობლიობის განსაზღვრა შერჩევის შედგენის საფუძველია.

დაზვერვითი გამოკვლევა - სოციალური გამოკვლევის ყველაზე უბრალო ტიპი, რომლის მიზანიცაა ამა თუ იმ პრობლემის წინასწარი შესწავლა, მისი მდგომარეობის „დაზვერვა“. იხ. აგრეთვე: აღწერითი გამოკვლევა და ანალიტიკური გამოკვლევა.

დაკვირვება - ინფორმაციის შეგროვების მეთოდი (ძირითადად გამოიყენება ეთნოგრაფიაში, ანტროპოლოგიაში და სოციოლოგიაში), რომლის დროსაც მკვლევარი აკვირდება აქტორ(ებ)ის მოქმედებას. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ე.წ. „უბრალო“ და „ჩართულ“ („მონაწილე“) დაკვირვებას. პირველ შემთხვევაში, მკვლევარი არანაირად არ ერევა იმ მოვლენებში, რომლებსაც აკვირდება, ხოლო მეორე შემთხვევაში ის ხშირად სრულად იზიარებს დაკვირვების ობიექტთა ყოფას, მონაწილეობას იღებს მათ საქმიანობაში, ესაუბრება მათ, რათა უკეთ შეისწავლოს მათი ცხოვრება.

დახურული კითხვები - კითხვების სახეობა სოციოლოგიურ კითხვარში, რომლებსაც თან ახლავს პასუხის შესაძლო ვარიანტების სია.

დემოგრაფია - მოსახლეობის სტრუქტურის მეცნიერული შესწავლა, რომელიც აწარმოებს მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა და შემცირების, შობადობის, სიკვდილიანობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, მიგრაციის ანალიზს; აგრეთვე, განიხილავს მის ასაკობრივ, სქესობრივ თანაფარდობას და ამ მაჩვენებლების ცვლილებებს. დემოგრაფიული ინფორმაციის შეგროვების უმთავრესი წყაროა რეგულარული აღწერა, რომელიც ყველა სახელმწიფოში საშუალოდ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.

ეთნოგრაფია - განსხვავებული კულტურის შესწავლა და აღწერა, რომელიც ძირითადად თვისებრივი მეთოდების გამოყენებით ხდება. ეთნოგრაფიის ძირითადი მიზანია ცხოვრების განსხვავებული წესების გაგება ისე, როგორც ეს წესები ამ კულტურის წარმომადგენლებს ესმით.

ეთიკა - პროფესიული საქმიანობის განმსაზღვრელი პრინციპების და ნორმების ერთობლიობა, რომელიც ამა თუ იმ პროფესიის ზნეობრივ ღირებულებებს გამოხატავს. ეთიკური ნორმები თავმოყრილია ეთიკის კოდექსებში.

თვისებრივი მეთოდები - სოციალური კვლევის მეთოდების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა სიღრმისეული ინტერვიუ, „ცხოვრების ისტორია“, ფოკუს-ჯგუფი, დაკვირვება, მონოგრაფიული გამოკვლევა, და სხვ. ეს მეთოდები ცნობილია როგორც „მოქნილი“ მეთოდები და რაოდენობრივი მეთოდებისაგან განსხვავებით მიზნად ისახავს არა შესასწავლი ფენომენის რაოდენობრივი გავრცელების სურათის დადგენას, არამედ მის სიღრმისეულ შესწავლას.

ინტერვიუ - რესპონდენტის გამოკითხვის, მისგან ინფორმაციის მიღების პროცესი. ინტერვიუ ვერბალური ინფორმაციის მიღების ყველაზე უფრო გავრცელებული საშუალებაა სოციალურ კვლევებში. მისი რამდენიმე ძირითადი ტიპი გამოირჩევა, გამომდინარე იქიდან, რამდენად სტრუქტურირებულია ინტერვიუ: სტრუქტურირებული, ნაწილობრივ სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული.

ინტერვიუერი - კვლევითი ჯგუფის წევრი, რომელიც უშუალოდ ესაუბრება რესპონდენტს, მიმართავს მას კითხვარის კითხვებით და ინიშნავს მიღებულ პასუხებს. ინტერვიუერი ძირითადად მასობრივი გამოკითხვის პროცესში გამოიყენება.

ინფორმანტი - ჩართული დაკვირვების დროს მკვლევარის ინფორმაციის ერთ-ერთი ძირითადი წყარო; შესასწავლი კულტურის წარმომადგენელი, რომელიც ეხმარება მკვლევარს ამ კულტურის შესწავლაში.

კითხვარი - სპეციალური წესების თანახმად შედგენილი კითხვების ერთობლიობა, რომელთაც რესპონდენტები პასუხობენ მასობრივი გამოკითხვის დროს. გამოკითხვის ტიპიდან გამომდინარე, კითხვარი შეიძლება მიძღვნილი იყოს მხოლოდ ერთი თემისადმი, ან სხვადასხვა თემატური ბლოკისაგან შედგებოდეს.

კონტენტ-ანალიზი - სოციოლოგიური კვლევის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეისწავლება სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები მათში ამა თუ იმ მაჩვენებლების გამოვლენის სიხშირის დაფიქსირების მიზნით. ტერმინი ითარგმნება ქართულ ენაზე როგორც „შინაარსის ანალიზი“; ის შეიძლება იყოს როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი.

მასობრივი გამოკითხვა - სოციოლოგიური კვლევის ყველაზე ფართოდ გავრცელებული რაოდენობრივი მეთოდი, მოსახლეობის აზრის შესწავლა ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით მისი რეპრეზენტატული ნაწილის (შერჩევის) გამოკითხვის საფუძველზე. გამოკითხვა ხდება ფორმალიზებული კითხვარის საფუძველზე, სპეციალური წესების თანახმად შერჩეულ რესპონდენტებთან.

მეთოდი - ამა თუ იმ საქმიანობის პრაქტიკული განხორციელების კონკრეტული ხერხი. სოციალურ კვლევაში - პირველადი ინფორმაციის შეგროვების საშუალება. იხ. აგრეთვე: თვისებრივი მეთოდები და რაოდენობრივი მეთოდები.

სოციალური კვლევის მეთოდიკა - პირველადი ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების და გამოყენების მეთოდების ერთობლიობა.

სოციალური კვლევის მეთოდოლოგია - სამეცნიერო კვლევის ლოგიკა, რომელიც ერთიან სისტემაში აერთიანებს მის პრინციპებს, წესებსა და მეთოდებს. სოციალურ კვლევაში მეთოდოლოგია განიხილება როგორც კვლევის თეორიული საფუძველი, უკავშირდება მის პრობლემურ მონახაზს და თავის გამოხატულებას პოულობს გამოკვლევის პროგრამაში.

მოდერატორი - ფოკუს-ჯგუფის წამყვანი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც თავად მკვლევარი, ასევე მოწვეული პირი.

მონოგრაფიული გამოკვლევა - კვლევითი მიდგომა სოციალურ მეცნიერებებში, რომელიც რამდენიმე მეთოდს აერთიანებს; ცნობილია, აგრეთვე „შემთხვევის შესწავლის“ სახელით. ეს მიდგომა უპირველეს ყოვლისა გამოირჩევა იმით, რომ მის ფარგლებში მრავალი მეთოდი გამოიყენება (უპირველეს ყოვლისა - ჩართული დაკვირვება), საველე სამუშაოები კი ძალიან დიდი ხნის მანძილზე გრძელდება. თუმცა ყველაზე ხშირად მონოგრაფიული გამოკვლევა თვისებრივ მეთოდებთან ასოციდება, მის ფარგლებში რაოდენობრივი მეთოდებიც გამოიყენება.

ნახევრად დახურული კითხვები - კითხვების სახეობა სოციოლოგიურ კითხვარში, რომლებსაც თან ერთვის პასუხის შესაძლო ვარიანტების სია, მაგრამ, აგრეთვე მოცემულია დამატებითი ვარიანტი „სხვა“, სადაც რესპონდენტებს საშუალება ეძლევათ, დააფიქსირონ განსხვავებული აზრი, რომელიც არ იქნა (ან ვერ იქნა) გათვალისწინებული გამოკითხვის ორგანიზატორების მიერ.

პირისპირ ინტერვიუ - ინტერვიუს ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომლის დროსაც ინტერვიუერი პირისპირ ესაუბრება რესპონდენტს და კითხვარში ინიშნავს მის მიერ გაცემულ პასუხებს. პირისპირ ინტერვიუ, როგორც წესი, რესპონდენტის ბინაზე ტარდება; მისი ხანრგძლივობა შეიძლება მერყეობდეს 20 წუთიდან 60 წუთამდე. ინტერვიუს სხვა სახეობებია სატელეფონო და საფოსტო ინტერვიუ.

რაოდენობრივი მეთოდები - სოციალური კვლევის ფორმალიზებული მეთოდები, რომელთა გამოყენებაც სტატისტიკურ კანონზომიერებებს ემყარება და რომლებიც მიზნად ისახავს გამოავლინოს ამა თუ იმ სოციალური ფენომენის გავრცელება, მისი გამოვლენის სიხშირე. ეს ისეთი მეთოდებია, როგორც მასობრივი გამოკითხვა, კონტენტ-ანალიზი.

რეაქტიულობა - მკვლევრის ან კვლევითი სიტუაციის გავლენა აქტორების საქციელსა და ნათქვამზე, კვლევის ობიექტების რეაქცია იმ გარემოებაზე, რომ მკვლევარი შეისწავლის მათ; განსაკუთრებით ვლინდება ჩართული დაკვირვების წარმოების პროცესში. იციან რა, რომ მათ მოქმედებას აკვირდებიან, ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ იქცევიან, როგორ ეპყრობიან სხვა ადამიანებს, რას და როგორ ამბობენ, და საბოლოო ჯამში მათი საქციელი ბუნებრივი აღარ არის, მკვლევრის არსებობა რომ არა, ისინი ასე არ მოიქცეოდნენ. რეაქტიულობა ადამიანების ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ დაკვირვების წარმოებისას ეს ძალზე სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან ამახინჯებს მიღებულ შედეგებს.

რეპრეზენტატულობა - მთავარი მოთხოვნა რესპონდენტთა შერჩევისადმი მასობრივი გამოკითხვის ჩატარების დროს. რეპრეზენტატულობა გულისხმობს, რომ შერჩევა პროპორციულად ასახავს გენერალური ერთობლიობის ძირითად მაჩვენებლებს, წარმოადგენს რა მის „მიკრომოდელს“.

რესპონდენტი - ადამიანი, რომელიც კვლევის ჩატარების დროს ინფორმაციის უშუალო წყაროა, რომლისგანაც მკვლევრები იღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას; გამოკითხული.

სადისკუსიო გეგმა - კვლევის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სიღრმისეული ინტერვიუს და ფოკუს-ჯგუფების სტრუქტურირების მიზნით. ესაა ინტერვიუს სავარაუდო კითხვების სია. სადისკუსიო გეგმა ძირითადად „ღია“ კითხვებისგან შედგება.

საველე სამუშაოები - ტერმინი, რომლითაც მოიხსენიება კვლევის ჩატრებისას პირველადი ინფორმაციის შეგროვების პროცესი.

სატელეფონო გამოკითხვა - მასობრივი გამოკითხვის სახეობა, რომელიც ტელე-ფონის მეშვეობით ტარდება. სატელეფონო ინტერვიუები, როგორც წესი, 10-15 წუთზე მეტ ხანს არ გრძელდება. სატელეფონო გამოკითხვის ჩატარებისას განსაკუთრებით ძნელია რეპრეზენტატულობის დაცვა.

სიღრმისეული ინტერვიუ — ინტერვიუს სახეობა, რომელიც ფართოდ გამოიყენება თვისებრივ მეთოდებში. ესაა ნაწილობრივ სტრუქტურირებული ინტერვიუ, რომელიც სადისკუსიო გეგმის საფუძველზე წარიმართება და მიზნად ისახავს, შეიტყოს რესპონდენტის არა მხოლოდ დამოკიდებულება და პოზიცია, არამედ მოტივაციები.

ტრანსკრიპტი - ინტერვიუს ან ფოკუს-ჯგუფის აუდიო-ჩანაწერის ქაღალდზე გადატანის („გაშიფვრის“) შედეგად მიღებული ტექსტი. თვისებრივ კვლევაში ხშირად სწორედ ტრანსკრიპტის სახით ვიღებთ პირველად („ნედლ“) მონაცემებს, რომელთა დამუშავებაც ხდება კვლევის შედეგების ანალიზის მიზნით.

ფოკუს-ჯგუფი - თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი, რომელიც ასევე ცნობილია „ჯგუფური დისკუსიის“ სახელით. როგორც წესი, ფოკუსჯგუფში 6-დან 12-მდე რესპონდენტი იღებს მონაწილეობას; ის წარიმართება სადისკუსიო გეგმის საფუძველზე სპეციალური კვალიფიკაციის მქონე წამყვანის, მოდერატორის მიერ.

ღია კითხვა - კითხვის სახეობა, რომელიც არ სთავაზობს რესპონდენტებს პასუხის შესაძლო ვარიანტებს. ამ ტიპის კითხვები ძალიან მიზანშეწონილია იმდენად, რამდენადაც ისინი მინიმალურ გავლენას ახდენს რესპონდნეტთა პასუხებზე, მაგრამ მათი სტატისტიკური დამუშავება ძალიან შრომატევადია, ამიტომ ღია კითხვები უფრო ფართოდაა გავრცელებული, და უფრო დამახასიათებელია თვისებრივი კვლევისთვის.

შერჩევა - წესები, რომელთა თანახმადაც უნდა მოხდეს რესპონდენტთა შერჩევა გენერალური ერთობლიობის წევრებისაგან. ამ პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მასობრივი გამოკითხვის ჩატარების დროს, სადაც შერჩევა რეპრეზენტატული უნდა იყოს; თვისებრივ კვლევაში შერჩევის შედგენასთან დაკავშირებით ნაკლები მოთხოვნა არსებობს.

შერჩევითი ერთობლიობა - რესპონდენტთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ შერჩევის შედეგად და რომლებსაც უშუალოდ გამოვკითხავთ. თუ შერჩევა სწორად განხორციელდა, შერჩევითი ერთობლიობა გენერალური ერთობლიობის რეპრეზენტატული იქნება.

ცხოვრების ისტორია- სიღრმისეული ინტერვიუს ნაირსახეობა, რომელიც მიზნად ისახავს ამა თუ იმ პრობლემის შესწავლას რესპონდენტის ცხოვრებაში ამ პრობლემის ადგილის, მისი გავლენის დადგენის მეშვეობით. იხ. აგრეთვე: ბიოგრაფიული ინტერვიუ.

ჰიპოთეზა - მეცნიერულად დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, თუ როგორი პასუხია მოსალოდნელი მკვლევრის მიერ დასახულ კვლევით კითხვებზე. ჰიპოთეზა გამოკვლევის პროგრამის აუცილებელი ნაწილია.

10 QUALITATIVE METHODS IN SOCIAL RESEARCH

▲back to top


Tinatin Zurabishvili

Course outline

As stated in the course syllabus, the main objectives of this 8-week course are two-fold: as a result of attending this course, the students will: (a) get familiar with the theory and history of qualitative research methods in social sciences; and (b) learn how to conduct various types of qualitative research which are most frequently used in the contemporary social research practice.

Main topics covered in the course are outlined below.

Week 1.

Qualitative Methods in Social Research: Introduction and Historical Overview.

Lecture, 3 hours; discussion, 1 hour

The first lecture offers introduction to qualitative research methods in social sciences. We start with discussion of the nature and distinctive features of qualitative research methods, which are compared with quantitative methods, such as surveys. We stress that, unlike quantitative research method results, qualitative data are not representative, which, however, does not mean that they are less scientific; they provide deeper understanding of the social world than the quantitative methods do, although they can not be generalized and claimed that their results are representative for the population under study.

Qualitative research methods offer more flexibility to the researcher while doing field work. On the other hand, this leads to higher responsibility of the researcher, and poses specific ethnical issues, which will be covered more in detail later on.

Major issues in the discussion of the nature of qualitative and quantitative research methods are connected with the idea that qualitative and quantitative methods of social research are of different, but not of opposite nature; they should be used appropriately in order to achieve reliable results. The model of “qualitative - quantitative interactive continuum” developed by Isadore Newman and Carolyn R. Benz (1998) is introduced, which stresses the idea that the two groups of methods can mutually enrich the research.

First lecture also offers a historical analysis of development of qualitative research methods, and a discussion of theoretical paradigms that lay behind qualitative and quantitative research methods At the end of the lecture, we discuss research design and the ways to develop it. Detailed analyses of components of research design are presented, in order to make the students familiar with the ways of thinking about new research projects and getting prepared to start one.

At the end of the class, we will have discussion and/or Q&A session.

Required readings for this week are:

Earl Babbie. 2004. The Practice of Social Research. 10th Edition. Belmont, Calif.: Thomson/Wadsworth. Pp. 288-298 (“Some Qualitative Filed Research Paradigms”).

Michael Burawoy. 1991 “The Extended Case Method.” Pp. 271-287 in: Michael Burawoy et al. 1991. Ethnography Unbound. Power and Resistance in the Modern Metropolis. Berkley: University of California Press.

Isadore Newman and Carolyn R. Benz. 1998. Qualitative-Quantitative Research Methodology. Exploring the Interactive Continuum. Carbondale: Southern Illinois University Press. Pp. 1-12 (“Qualitative-Quantitative Research: A False Dichotomy”).

John Lofland and Lyn Lofland. 1995. Analyzing Social Settings: A Guide to Qualitative Observation and Analysis. Belmont, Calif.: Wadsworth. Pp. 101-122 (“Thinking Topics”).

იაგო კაჭკაჭიშვილი. 1998. „კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის მეთოდოლოგია.”//სოციოლოგიური კვლევის მეთოდები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998. გვ. 22-44.

Recommended readings:

Earl Babbie. 2004. The Practice of Social Research. 10th Edition. Belmont, Calif.: Thomson/Wadsworth. Pp. 282-268 (“Qualitative Filed Research”).

Howard S. Becker. 2001. “The Epistemology of Qualitative Research.” Pp. 317-330 in: Robert M. Emerson, ed. Contemporary Field Research. Perspectives and Formulations. Prospect Heights, Ill.: Waveland Press.

W. Lawrence Newman. 2003. Social Research Methods: Qualitative and Quantitative Approaches. Fifth edition. Boston: Allyn and Bacon. Pp. 363-381 (“Field Research”).

В. Ядов. 1995. Социологическое исследование: методология, программа, методы. Изд-во «Самарский университет». С. 42-80 («Методология»).

After the first lecture, students are required to prepare two assignments to be submitted two days prior the next class:

a) Think of and bring a list of 5 issues which are suitable for qualitative research; and

b) Come up with a research design of their own, where both theoretical and practical aspects of the proposed research will be considered; research proposals submitted by the students will be discussed during the next seminar.

Week 2.

In-Depth Interview

Lecture, 2 hours; discussion, 2 hours

The first method that is covered in detail in terms of this course is in-depth interview. While introducing this method, we first distinguish between structured, semi-structured and non-structured interviews. In-depth interview is an example of semi-structured interviews which are conducted based on a discussion guide as a major research instrument, which, however, is not directive, and allows both researcher/interviewer and respondent to develop new issues not mentioned in the guide, provided that they are of interest to the study.

After Robert S. Weiss, we consider in-depth interviewing as a process of collaboration between researcher and respondent. Use of open-ended questions stimulates development of the respondent's narrative, which can be directed by the questions of the interviewer. We also discuss several probing techniques (silence, echo, baiting) that can help us get more information, often - without interviewer's injection in respondent's narrative.

We also discuss technical aspects of conducting in-depth interviews, such as selection and preparation of the setting; recording equipment; selection of respondents.

In addition to general discussion about in-depth interview as qualitative research method in the social sciences, we consider two variations of in-depth interviewing, namely, life histories and biographic narrative interviews (Gail Kligman's and Gabriele Cappai's works are used to get better understanding of these types of in-depth interview).

The lection finishes with the discussion of possibilities of analyzing in-depth interviews.

In the end, we offer an example of how a Discussion Guide of an in-depth interview can look like, with a short review which emphasizes its major features.

Homework assignments for this week are:

1) to prepare a discussion guide which could be used to conduct a series of in-depth interviews. An example of a discussion guide is presented in the appendix, which can help students to work on their own guide;

2) to conduct 3 in-depth interviews based on this guide, and to discuss the process of conducting these, specifically focusing on the difficulties they encounter;

3) the students are also required to transcribe one of these interviews - the one they think was the most successful.

The most important and/or typical experiences reported by the students will be discussed during next meeting.

Required readings for this week are:

Robert S. Weiss. 1994. Learning from Strangers. The Art and Method of Qualitative Interview Studies. New York: Free Press. Pp. 121-150 („Issues in Interviewing”).

H. Russel Bernard. 2002. Research Methods in Anthropology. Qualitative and Quantitative Approaches. Third edition. Walnut Creek, CA: AltaMira Press. Pp. 206-220 („Unstructured Interviewing”).

გაბრიელე კაპაი. 2000. „ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუ: თეორიული წინამძღვრები და გამოყენების ხერხები“. (თარგმანი წიგნიდან: Gabriele Cappai. 2000. Fra realtà locale e processi globali. Emigrazione, associanismo ed identità nelle società multikulturali. Halle/Saale: Hallescher Verlag).

Recommended readings:

Robert S. Weiss. 1994. Learning from Strangers. The Art and Method of Qualitative Interview Studies. New York: Free Press. Pp. 61-120 (“Interviewing”).

H. Russel Bernard. 2002. Research Methods in Anthropology. Qualitative and Quantitative Approaches. Third edition. Walnut Creek, CA: AltaMira Press. Pp. 449-488 (“Some Traditions of Text Analysis”).

Gail Kligman. 1998. The Politics of Duplicity. Controlling Reproduction in Ceausescu's Romania. Berkley: University of California Press. Pp. 148-205 (“Bitter Memories: The Politics of Reproduction in Everyday Life”).

С. Белановский. 2000. Глубокое интервью. М.: Никколо М., 2000.

Week 3.

Focus Groups

Lecture, 2 hours; discussion, 2 hours

We discuss focus group as a “group in-depth interview,” which, however, has several specific features, which are determined, first of all, by the fact that up to a dozen of respondents participate in a single focus group discussion. The greatest advantage of focus groups as a qualitative research method is that it gives the researchers the possibility to observe the process of forming group judgments and/or decisions.

A short review of the historical development of the focus groups in the social sciences focuses on Robert K. Merton's and his colleagues' work in this field. Major areas of use of focus groups in contemporary research practice are reviewed, namely, marketing research, social and political research; these are the areas where focus groups proved to be most effective, while there are some areas where it is not usually recommended to use focus groups - e.g., personal relationships; income.

In the section devoted to the main features of this method, we discuss distinctiveness of focus groups, technical aspects of their preparation, selection of participants, and advises regarding how to conduct them, specifically focusing on the role and functions of the moderator.

Next section is devoted to the 10 most frequently used projective techniques that facilitate focus group discussions. These techniques are: verbal associations, finishing sentences, personification, stereotypes, collages, brand mapping, etc.

Last section discusses the possibilities of analysis of the data obtained through focus group discussions. Analysis of focus group results is quite similar to the analysis of in-depth interview data, although there are several specific considerations, first of all - the level of analysis should be determined; although both individual and group level can be justified, our advise is to base analysis on the interplay of the two levels of analysis (Morgan 1997: 60).

Two examples are offered in the end of this lecture, one of which is a possible discussion guide, and the other - a descriptive report of a research project based exclusively on focus groups. In addition, Appendix 1 offers a transcript of a focus group conducted with students of one of Georgian universities, where the causes of corruption in Georgian higher education are discussed.

Homework assignments for this week are:

1. To find out which projective techniques are used in the Discussion Guide presented in the Example 2.

2. To write a Project Proposal on a given topic (“Causes of Corruption in the Georgian Higher Educational Institutions”); the project should be conducted using focus groups.

3. To prepare a discussion guide which could be used to conduct a series of focusgroup discussions, where the students are required to use projective techniques they find suitable for the topic they choose.

Our discussion classes will be based on the analysis of the students' homework assignments; besides, we'll watch a tape of a focus-group discussion and evaluate how it was conducted. If possible, I'll try to arrange a visit to a research center where the students will have an opportunity to see a room designed for focus group discussions, with all necessary equipment.

Required readings for this week are:

David L. Morgan. 1997. Focus Groups as Qualitative Research. Second Edition. Thousand Oaks, Calif.: Sage Publications. Pp. 31-65.

Richard A. Krueger. 2000. Focus Groups: A Practical Guide for Applied Research. Third edition. Thousand Oaks, Calif.: Sage Publications. Pp. 39-68; 97-124.

მაია არავიაშვილი, თამარ ზურაბიშვილი. 2001. „ნარკომანია: პრობლემის შეფასება ახალგაზრდების მიერ.“ // სოციოლოგია საქართველოში: თანამედროვე მდგომარეობა და

პერსპექტივები. თელავი: „სამოქალაქო განათლების პროექტი“.

Recommended readings:

С. Белановский. 2001. Метод фокус-групп. М.: Никколо М.

Week 4.

Participant Observation

Lecture, 3 hours; discussion, 1 hour

As we move towards non-verbal techniques of data collection, observation is obviously the first method to be introduced. In contrast with the interview techniques discussed during the previous weeks, observation takes place in the natural environment, which presents additional challenges to the researcher. Although a distinction will be made between nonparticipant and participant observation, we will focus on the latter, which is one of the most popular qualitative research methods.

Historically, participant observation was first developed by anthropologists and ethnographers, and was considered as a means to learn about distinctive culture. Contemporary participant observation as it is practiced by most social sciences, can be applied in modern as well as in non-modern societies; its major aim as well as its major advantage is the possibility to study a distinctive (sub)culture and explain its meanings as they are understood and interpreted by its members. Paradoxically, it is considered that studying unfamiliar cultures is usually more effective than researchers' own culture, because in the latter case the researcher can not approach his/her own culture as a complete stranger.

Participant observation is always a long-time commitment and usually takes years to collect the data. It starts with entering the field, establishing contact with the actors, finding informants. Characteristics of good informants are also discussed during the lecture.

During the fieldwork, the researcher defines the exact focus of observations, starting with descriptive stage of observation and eventually arriving to selective observation.

Fieldnotes are discussed in detail, as a way to document how the fieldwork proceeds.

As an example of possible analytic strategy used by participant observers, W.F.White's classical analysis of group structure in the Street Corner Society will be presented, to be further discussed during next week's class.

There is only one homework assignments for this week:

The students are required to go to a public library in pairs, take different seats and observe what's going on in the library for 3 hours. They are required to take notes during the observation, but not to share any observations with each other. Immediately after the observation, they have to write (again, separately) fieldnotes based on what they've observed, and submit them.

Required readings for this week are:

James P. Spradley. 1997. Participant Observation. New York: Holt, Rhinehart and Winston. Pp. 53-62; 73-84; 100-111; 122-129.

William Foote White. 1993. Street Corner Society: The Social Structure of an Italian Slum. Forth edition. Chicago: University of Chicago Press. Pp. 3-51; 94-110; 279-373.

Recommended readings:

H. Russel Bernard. 2002. Research Methods in Anthropology. Qualitative and Quantitative Approaches. Third edition. AltaMira Press. Pp. 323-364 („Participant Observation“).

Week 5.

Participant Observation (continued)

Lecture, 1 hour; discussion, 3 hours

During our fifth week, we continue to learn participant observation, in particular - how to write fieldnotes during the fieldwork, and how to transform them into the research report. Relatively little new material will be delivered during this week; instead, we will focus of detailed discussion of (a) fieldnotes submitted by the students as a result of observations they made, and (b) readings from White's Street Corner Society.

By next week, the students have to make final decisions regarding their course projects, so these discussions will be particularly helpful at this stage.

Week 6.

Case Study

Lecture, 3 hours; discussion, 1 hour

Case study is the final method considered in terms of this course. As in the case of participant observation, we will discuss this method during two week.

First we will focus on the history of this method, which was introduced in the social sciences based on the experience of anthropologists. Experience of the Chicago School and their role in establishing this method are also discussed.

Case studies are a lot in common with participant observation, but we consider the former as an even broader research approach, rather than a single method of collecting the data. As a multi-method approach, case studies employ a number of research techniques that help the researchers to collect the data; what is particularly specific with case studies, the methods used can be both qualitative and quantitative (e.g., surveys).

As an example of early case study research, we will discuss a study of the 1930s conducted by Paul Lazarsfeld and his colleagues in the Austrian village of Marienthal. This study is very interesting for us mainly from the methodological perspective, use of many various techniques of data collection which are discussed in detail by the authors.

Since there is no single way to conduct case study research, and there are no clear guidelines regarding site selection and data analysis, one of the best ways to learn about this method is to introduce more examples. So, the second study we will discuss in detail in this class is Mitchel Dunier's Sidewalk, which is distinctive in a number of ways. We discuss several aspects of this study: the research question and how it was formulated; its theoretical context and how Dunier fit his study into the particular one; methodology used by Dunier and, specifically, his relationships with the informants; use of photography in presenting the findings.

Required readings for this week are:

Mitchel Dunier. 2001. Sidewalk. New York: Farrar, Strauss and Giroux. Pp. 17-42, 231-289.

James P. Spradley. 1979. The Ethnographic Interview. New York: Holt, Rinehart and Winston. Pp. 25-39 (“Informants”).

Recommended readings:

Robert K. Yin. 2002. Applications of Case Study Research. Second edition. Sage Publications.

James P. Spradley. 1979. The Ethnographic Interview. New York: Holt, Rinehart and Winston. Pp. 55-68 (“Interviewing an Informant”).

Week 7.

Case Study (continued)

Discussion, 2 hours; students' presentations, 2 hours

This week is focused on discussions. During the class, we will first discuss readings from the Sidewalk, focusing on the specific ways of conducting fieldwork and building relationships with informants.

In the second part of the class, the students will present their research projects focusing on (a) their research questions; (b) sites; and (c) methodology they use to conduct the fieldwork. This will be our final discussion of students' research projects before they finish and submit them.

Week 8.

Ethics of Qualitative Research

Lecture, 2 hours; discussion, 2 hours

It's hard to overestimate significance of ethical issues while doing fieldwork. During our last class, we will focus on the responsibility of the researcher while doing fieldwork and the requirements of professional communities towards their members.

Codes of ethics have been elaborated in a systematic way after the Second World War by professional associations of the social scientists in Europe and North America; other countries joined them later. Nowadays, most of the professional association are international, which leads to unification of ethical standards of the respective professional activity over the state boarders.

Codes of ethics should be distinguished from the legal requirements, and from mutual responsibilities outlined in the contracts signed between the researchers and clients; during the class, we discuss the specific character of ethical norms.

Two Codes of Ethics we are focusing on in this class are ICC/ESOMAR International Code of Marketing and Social Research Practice (ICC/ESOMAR, 1995) and Code of Ethics and Policies and Procedures of the ASA Committee on Professional Ethics (American Sociological Association, 1999). We focus on: (a) Rights of the respondents; (b) Rights of the clients who commission research; and (c) responsibility towards the society in general.

Sanctions against those who violate ethical norms are discussed based on the hierarchy of sanctions in the ASA Code of Ethics.

We will also discuss special rules that try to regulate publications of research results in the media, in order to avoid misinformation and deception of public.

Two case studies are presented during the class, to be discussed during the seminar; one is a CNN publication where survey results are presented, and the second is a paper where an ethnographer (Eric J. Arnould) discusses ethical dilemmas he faced while doing fieldwork in Chad.

Homework assignments for this week are:

1. the students are required to find on the web codes of ethics of several professional organizations whose members are involved in social research, and to compare these Codes;

2. Assess the quality of presentation of the finding in the CNN publication distributed in class.

3. Discuss the case study concerning ethical dilemmas that Eric J. Arnould faced during his fieldwork and provide their own assessment of the situation and best ways to deal with it.

Required readings for this week are:

W. Lawrence Newman. 2003. Social Research Methods: Qualitative and Quantitative Approaches. Fifth edition. Boston: Allyn and Bacon. Pp. 396-398 (“Ethical Dilemmas of Field Research”).

Earl Babbie. 2004. The Practice of Social Research. 10th Edition. Belmont, Calif.: Thomson/Wadsworth. Pp. 306-307 (“Research Ethics in Qualitative Field Research”).

Eric J. Arnould. 1998. “Ethical Concerns in Participant Observation/Ethnography,” in Advances in Consumer Research 25: 72-74.

ICC/ESOMAR International Code of Marketing and Social Research Practice. http://www.esomar.org/esomar/show/id=65961

American Sociological Association. 1997. Code of Ethics. http://www.asanet.org/members/ecoderev.html

American Sociological Association Committee on Professional Ethics. 1997. Policies and Procedures. http://www.asanet.org/members/enforce.html

In the Appendix 1, a transcript of a focus group interview is presented.

In the Appendix 2, a Short Glossary of the terms used in qualitative research practice is presented. This is a concise reference for the students, where only terms covered in terms of this particular course are explained. Nevertheless, I hope this will be helpful for the students, given that some of them may not be familiar with any vocabulary connected with research practice, and few of the terms used in this course are already established in Georgian (some are not fully established even in English).

Over 40 terms are defined in this glossary, e.g.: actor; respondent; in-depth interview; biographic interview; life history; research design; observation; close-ended questions; openended questions; ethnography; ethics; qualitative methods; quantitative methods; content analysis; focus group; moderator; case-study; fieldwork; discussion guide, transcript; hypothesis, et al. The terms and in (Georgian) alphabetical sequence.

This Glossary, however, is not the only one the students will be using; they will be encouraged to consult academic social science dictionaries.