მსუბუქი და მცირეკალიბრიანი შეიარაღების გავრცელება ქვემო ქართლში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი მესამე სექტორი|დისკუსიები, კონფერენციები, მონიტორინგი, ანგარიშები, მიმოხილვები
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერით ვითარების ანალიზი და რეკომენდაციები სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისათვის. თბილისი 2004



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


ეს ნაშრომი ეყრდნობა კვლევას, რომელიც 2004 წლის აპრილ-სექტემბერში მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა გარდაბნისა და მარნეულის რაიონებში ჩაატარა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (GTZ) დახმარებით. ამ კვლევაში კავკასიური ინსტიტუტის პარტნიორი იყო ქვემო ქართლში მოქმედი კულტურათა შორის თანამშრომლობის კავშირი „ხიდი”.

ამ ნაშრომისთვის საჭირო სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა მარინა ელბაქიძის ხელმძღვანელობით. ტექსტი დაწერა თამარ პატარაიამ, მისი რედაქტირება მოახდინა გია ნოდიამ.

აღნიშნულ კვლევას წინ უძღოდა კვლევითი პროექტი, რომელიც კავკასიურმა ინსტიტუტმა იმავე პარტნიორებთან, აგრეთვე საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად 2003 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში განახორციელა. ამ კვლევის მიზანი უფრო ზოგადი იყო: გამოვლენილიყო ქვემო ქართლში, კერძოდ, გარდაბნისა და მარნეულის რაიონებში არსებული კონფლიქტური პოტენციალი. ჩატარებულმა თვისობრივმა და რაოდენობრივმა სოციოლოგიური კვლევების შედეგებმა ცხადყო, რომ რეგიონში არ არსებობს სერიოზული შეიარაღებული კონფლიქტების უშუალო წინაპირობები. ამავე დროს, გამოვლინდა გარკვეული შემაშფოთებელი ნიშნები, როგორიცაა: ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობის სუსტი ინფორმირებულობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების საკითხებზე და მათი ჩაურთველობა ამ პროცესებში; მოსახლეობის ზოგადი უნდობლობა სახელმწიფოს მიმართ, კერძოდ, უკმაყოფილება მიწის განაწილებასთან და საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გამო; გაუცხოება სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რაც ეთნიკური ნიშნით შექმნილი კრიმინალური ჯგუფების თარეშის ფონზე დროდადრო ლოკალური დაძაბულობის საფუძველი ხდება; უმუშევრობის მაღალი დონე (რაც განსაკუთრებული სიმწვავით ახალგაზრდებში ვლინდება), არაეფექტურად კონტროლირებადი საზღვრები, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს არალეგალური ტვირთბრუნვა. ამას ემატება ზოგადად საქართველოსთვის დამახასიათებელი არასასურველი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, როგორიცაა მოსახლეობის სიღარიბე და სოციალური ინფრასტრუქტურის დაქვეითება.

ყოველივე ეს ქმნის კონფლიქტურ ფონს, რომელმაც, სხვა (პოლიტიკური თუ ეკონომიკური) პრობლემების გამწვავების შემთხვევაში, შეიძლება უფრო სერიოზული დაძაბულობა გამოიწვიოს. ამის გამო რეგიონი ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო ყურადღებასა და გადამჭრელი ზომების გატარებას საჭიროებს. ამავე დროს, საჭიროა მეტი ძალისხმევა საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

ჯერ კიდევ ნაადრევია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად შეიცვალა სიტუაცია რეგიონში 2003 წლის ნოემბერში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ზოგადი ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ შესამჩნევად გაიზარდა ხელისუფლების მოქმედების ეფექტურობა ცალკეულ სფეროებში (როგორიცაა დანაშაულთან ბრძოლა, საზღვრის კონტროლი და კონტრაბანდის აღკვეთა ან შემცირება). ამისდა მიუხედავად, ბევრი ზემოთჩამოთვლილი პრობლემა არსებითად გადაუწყვეტელი რჩება.

ერთ-ერთი შემაშფოთებელი პრობლემა, რაც 2003 წლის კვლევამ გამოავლინა, რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღის ფართო გავრცელებაა. ამის გამო გადაწყდა, 2004 წელს ჩატარებულიყო დამატებითი კვლევა საკუთრივ ამ საკითხზე. ჩამოყალიბდა ახალი მიზანი: რეგიონში აღნიშნული პრობლემის შესწავლა, იმ ძირითად ამაცანათა გამოყოფა, რომელთა გადაჭრა პრობლემის გადასაწყვეტად არის საჭირო და კონკრეტული სამოქმედო რეკომენდაციების შემუშავება.

იმთავითვე ცხადი იყო, რომ პრობლემა კომპლექსური ხასიათისაა და მისი გადაწყვეტა მრავალმხრივ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ კვლევის შედეგად წარმოდგენილი რეკომენდაციები ზოგად ხასიათს ატარებს და თითოეული მათგანის შესრულება, თავის მხრივ, უფრო კონკრეტულ სამოქმედო გეგმას მოითხოვს. ამ ნაშრომის მიზანია, შექმნას იმ ამოცანათა და ღონისძიებათა ერთიანი სურათი, რაც აუცილებელია პრობლემის გადაჭრის გზაზე პროგრესის მისაღწევად.

2 ძირითადი შედეგები

▲ზევით დაბრუნება


ჩატარებულმა გამოკვლევებმა ნათლად გვიჩვენა, რომ

მარნეულსა და გარდაბნის რაიონების მოსახლეობაში იარაღის დიდი რაოდენობით გავრცელება სერიოზული პრობლემაა რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისათვის.

რეგიონის წინაშე მდგარი სხვა პრობლემების მსგავსად, მსუბუქი და მცირეკალიბრიანი იარაღის გავრცელება და მათი ადვილად ხელმისაწვდომობა კონფლიქტური კერების წარმოშობის ხელშემწყობი პირობაა, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობას, რეგიონში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის შორის ნდობის და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, სერიოზულად აფერხებს დანაშაულებრიობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას.

იარაღის ფართო გავრცელებას ქვემო ქართლის რეგიონში შემდეგი ძირითადი მიზეზები განაპირობებს:

  • აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შედეგები, სახელმწიფოში უკონტროლო ტერიტორიების არსებობა;

  • საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ბაზები, რომლებიც არასაკმარისად კონტროლდება;

  • ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის დაბალი ხარისხი, არასაკმარისი ნდობა რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის;

  • მოსახლეობის სამართლებრივი შეგნების დაბალი დონე;

  • მოსახლეობის უნდობლობა სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიმართ;

  • სამართალდამცავი სისტემის არაეფექტურობა და დანაშაულებრიობის მაღალი დონე;

  • სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუსტი უზრუნველყოფა.

პრობლემის გადაწყვეტის, ან მისი გადაწყვეტის გზაზე სერიოზული პროგრესის მიღწევის წინაპირობა ამ მიზეზების აღმოფხვრაა. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს ქმედებათა განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით. ამ ქმედებების ძირითადი მიზანია, ერთი მხრივ, შეზღუდოს მსუბუქი და მცირეკალიბრიანი იარაღის ხელმისაწვდომობა და შექმნას არსებული იარაღის შენახვისა და გამოყენების მაქსიმალურად უსაფრთხო რეჟიმი, მეორე მხრივ კი, შეამციროს მოქალაქეთა სურვილი, იქონიონ იარაღი.

ამ მიზნების მისაღწევას გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი ამოცანა:

ნდობის განმტკიცება და მოსახლეობის მართლშეგნების ამაღლება. ნდობის დაბალი ხარისხი სახელმწიფო ორგანოების და, კერძოდ, სამართალდაცვითი სისტემის მიმართ, აგრეთვე უნდობლობა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის მოქალაქეთა შორის დაუცველობის სინდრომს ბადებს, რაც, თავის მხრივ, იარაღის შეძენის, საკუთარი უსაფრთხოების საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფის სურვილს აღძრავს. ამიტომ საჭიროა მოქმედება როგორც ხელისუფლების მიმართ, ისე სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის ნდობის დონის ასამაღლებლად. გარდა ამისა, მოქალაქეებმა უკეთ უნდა გააცნობიერონ როგორც საკუთარი სამართლებრივი პასუხისმგებლობა იარაღის უკანონო შენახვისა და გამოყენებისათვის, ისე ზოგადად იარაღის ფართო გავრცელებიდან გამომდინარე საფრთხეები.

  • პოლიციის ეფექტურობა და მისი საზოგადოებასთან ურთიერთობა. პოლიციის ეფექტურობის მკვეთრი ამაღლების გარეშე მოქალაქეებს არ შეუსუსტდებათ იარაღის ფლობის მოტივაცია. გარდა ამისა, მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ პოლიცია მისი უფლებების დამცველია და არა შემლახავი. ამიტომ აუცილებელია ძირეული რეფორმები პოლიციაში, ერთი მხრივ მისი მოქმედების ეფექტურობის, მეორე მხრივ კი, დემოკრატიული ნორმების განუხრელი დაცვის მიმართულებით.

  • კოორდინაცია სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ სისტემაში. საჭიროა აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკოორდინაციო ერთეულის შექმნა, რომელიც ერთიან სისტემაში მოიყვანს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს მუშაობას მსუბუქი და მცირეკალიბრიანი შეიარაღების შეზღუდვის საკითხებზე. მის ამოცანებში უნდა შედიოდეს, კერძოდ, შიდა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის სამოქმედო გეგმის კოორდინაცია მსუბუქი და მცირეკალიბრიანი იარაღის კონტროლის სფეროში, ასევე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დონეზე ამ საკითხების განხილვა და სხვა.

  • საერთაშორისო თანამეგობრობას მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა მსუბუქი და მცირეკალიბრიანი შეიარაღების შეზღუდვის საკითხებზე და მას შეუძლია დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ დარგში. ეს დახმარება შეიძლება ნიშნავდეს როგორც უშუალოდ სახელისუფლებო ორგანოებთან მუშაობას, ისე, ამ მიმართულებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ძალისხმევის მხარდაჭერას.

კვლევის შედეგად იკვეთება ძირითადი დასკვნა: საჭიროა ყველა ამ მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. შესაბამისი რეკომენდაციები მოცემულია ნაშრომის ბოლო თავში.

3 კვლევის მეთოდოლოგია და ნაშრომის სტრუქტურა

▲ზევით დაბრუნება


კვლევის დროს გამოყენებულ იქნა თვისობრივი სოციოლოგიური კვლევების, კერძოდ, ფოკუს-ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდები. ჩატარდა 4 ფოკუს-ჯგუფი და 40 ჩაღრმავებული ინტერვიუ. რესპონდენტების შერჩევისას გათვალისწინებული იყო ეთნიკური ჯგუფისადმი კუთვნილების ფაქტორი, საქმიანობის სფერო, ასაკი და სქესი. რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალკე ჯგუფად გამოიყო სვანური თემის წარმომადგენლობა, რადგან სვანების დიდი უმრავლესობა შედარებით ახალი ჩასახლებულია რეგიონში, საკმარისად ინტეგრირებული არ არის ადგილობრივ დონეზე და დანარჩენი მოსახლეობის მიერ განსაკუთრებულ ჯგუფად აღიქმება. შესაბამისად, კვლევისთვის გამოიყო შემდეგი ჯგუფები: ზოგადად ქართული, სვანური, აზერბაიჯანული და სომხური. რესპონდენტები წარმოადგენენ სხვადსახვა ასაკობრივ ჯგუფს 16-დან 60 წლამდე. გარდა ამისა, რესპონდენტები წარმოადგენენ საქმიანობის სხვადასხვა სფეროსა და განთლების სხვადასხვა დონეს (სახელმწიფო მოხელე, სტუდენტი, მცირე მეწარმე, გლეხი და ა. შ.). აღსანიშავია, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი უმუშევარია, რაც აგრეთვე შეესაბამება რეგიონის რეალობას.

გარდა ამისა, მოეწყო შეხვედრები გარდაბნისა და მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიციის, საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურების თანამშრომლებთან, ჟურნალისტებთან, ადგილობრივი რელიგიური, ბიზნესის, ახალგაზრდული და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

კვლევის შედეგების სწორი აღქმისათვის აუცილებელია აღინიშნოს, რომ არ არსებობს მსუბუქი იარაღის საყოველთაოდ მიღებული კლასიფიკაცია. ამ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროექტზე მომუშავე ინსტიტუტები სარგებლობენ სამთავრობო ექსპერტთა გაეროს საბჭოს 1997 წლის ანგარიშში მითითებული განმარტებით (A/52/298, #24. 27 აგვისტო, 1997 წ.), რომლის მიხედვითაც მსუბუქ და მცირეკალიბრიან შეიარაღებას განეკუთვნება იარაღის შემდეგი ტიპები:

მცირეკალიბრიანი იარაღი:

რევოლვერი და ავტომატური პისტოლეტი, კარაბინი და შაშახანა, ავტომატი, მცირეკალიბრიანი ტყვიამფრქვევი.

მსუბუქი იარაღი:

მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი, ხელის ყუმბარმტყორცნი, გადასატენი ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი, გადსატენი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, მსხვილკალიბრიანი შაშხანა, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, გადასატენი ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, 100 მმ ნაკლები კალიბრის მქონე ნაღმმტყორცნი.

ფეთქებადი იარაღი და ტყვია-წამალი:

მსუბუქი იარაღისათვის განკუთვნილი ავტომატური მოწოდების მჭიდები, მსუბუქი იარაღის, ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისათვის განკუთვნილი რაკეტები, ქვეით - და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები.

წინამდებარე დოკუმენტში ხდება არსებული სიტუაციის, მსუბუქი იარაღის გავრცელების მიზეზებისა და შექმნილი ვითარებით გამოწვეული შედეგების ანალიზი. შემდეგ ნაწილში განხილულია პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელი ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია რეგიონულ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე. ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები სახელმწიფო პოლიტიკის განვითარებისათვის მსუბუქი იარაღის გავრცელების პრობლემის დასაძლევად. რეკომენდაციების მიზანს წარმოადგენს სამთავრობო, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს რეგიონში მსუბუქი იარაღის გავრცელების მასშტაბების მნიშვნელოვან შემცირებას.

4 ქვემო ქართლში მსუბუქი და მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელება და მისი შედეგები

▲ზევით დაბრუნება


იარაღის გავრცელების დონე

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქვემო ქართლის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ფლობს რეგისტრირებულ, ნებადართულ იარაღს (სატაბელო, სანადირო და გაზის). უფრო ზოგადი შეფასებით, რომელიც როგორც რეგისტრირებულ, ისე უკანონო იარაღს მოიცავს, დღესდღეობით ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 70-80%-ის მფლობელობაშია სხვადასხვა ტიპის იარაღი - სანადირო თოფით დაწყებული და ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით დასრულებული. აღნიშნული შეფასება გაკეთებულია სოციოლოგიური ჯგუფის წევრების მიერ, რომლებმაც პროექტის ფარგლებში განახორციელეს კვლევა მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში და, შესაბამისად, არ ეყრდნობა რაოდენობრივი კვლევის მაჩვენებლებს. მიუხედავად ამისა, სოციოლოგები ადასტურებენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ ზუსტად ასახავს მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში იარაღის გავრცელების მასშტაბებს, რადგან როგორც კვლევამ აჩვენა, ოჯახების გარკვეული რაოდენობა რამოდენიმე ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღს ფლობს. ამასთან, სოფლებში უფრო მეტი იარაღია თავმოყრილი, ვიდრე ქალაქებში. იარაღის განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა სასაზღვრო დასახლებებში, აქ ძირითადად ავტომატური იარაღი აქვთ. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, სასაზღვრო სოფელებში იმდენი იარაღია თავმოყრილი, რომ ამის გამო პოლიცია იქ შესვლას და კრიმინალურ ინციდენტებზე ადეკვატურ რეაგირებას თავს არიდებს.

სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ იარაღის რაოდენობა დაახლოებით თანაბრადაა განაწილებული მოსახლეობის ყველა სოციალურ ფენაში. კერძოდ, ნებადართული თუ უკანონო იარაღის მფლობელთა შორის შემდეგი ძირითადი კატეგორიები შეიძლება გამოვყოთ:

  • პირები, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობა აძლევს ამის უფლებას ან საშუალებას (პოლიციელები, სამხედროები, სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლები);

  • პირები, ვისაც ლიცენზიის მიღებისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შედეგად ხელი მიუწვდება კანონიერი იარაღის შეძენაზე;

  • კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები (ისინი როგორც წესი უკანონოდ ფლობენ იარაღს);

  • ზოგიერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც იარაღი თავის მოსაწონებლად, სატრაბახოდ სჭირდება;

  • საქმიანი ადამიანები, რომელთა მიზანსაც საკუთარი კერძო ბიზნესის დაცვა ან მოსალოდნელი თავდასხმის თავიდან აცილება წარმოადგენს (მათ იმედი აქვთ, რომ თუ თავდამსხმელს ეცოდინება, რომ ისინი იარაღს ფლობენ, მოერიდება მათზე თავდასხმას);

  • სასაზღვრო ზოლში მცხოვრები ოჯახები, რადგან ისინი დაუცველად გრძნობენ თავს საზღვრის სიახლოვის გამო;

  • მონადირეები.

რეგიონში იარაღის ფართო გავრცელება ძირითადად 1980-90-იანი წლების მიჯნაზე, საბჭოთა სისტემის დაშლის, სამოქალაქო და ეთნოტერიტორიული კონფლიქტების ფონზე მოხდა. თუმცა, ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება: იარაღი კვლავ მისაწვდომია, ხოლო ადამიანებს კვლავ აქვთ მოტივაცია, შეიძინონ იარაღი.

1995-6 წლებში საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივით გამოცხადდა იარაღის ჩაბარების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტის დროს მოსახლეობაში გავრცელებული უკონტროლო იარაღის ამოღებას, მაგრამ ამ პროგრამის განხორციელებამ ვითარება არსებითად არ შეცვალა. ექსპერტთა აზრით, ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობაში გავრცელებული იარაღის დაახლოებით მეოთხედის შეგროვება თუ მოხერხდა (ეს იარაღი მოგვიანებით შინაგან ჯარს და პოლიციას დაურიგდა). პროგრამის შედეგებს სკეპტიკურად აფასებს ასევე ქვემო ქართლის მოსახლეობაც. მისი სიტყვით, უმეტესობას არც კი გაუგია იარაღის ჩაბარების შესახებ, ხოლო ვინც მონაწილეობა მიიღო ამ აქციაში, ჩააბარა ყოვლად უვარგისი იარაღი, ისიც მცირე რაოდენობით.

შესაბამისად, ქვემო ქართლის რეგიონში 90-იანი წლების დასაწყისში გავრცელებული იარაღის მასა ძირითადად დღესაც მოსახლეობაშია გადამალული, ხოლო ახალ კანონებს, რომელებიც იარაღის შესახებ იქნა მიღებული, გავლენა არ მოუხდენია იარაღის მფლობელთა შემდგომ ქცევასა და მოტივაციაზე.

მაგალითად, 1994 წლის 15 მარტს პარლამენტის მიერ მიღებული იყო ,,კანონი ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ”, რომელმაც პრინციპულად განსაზღვრა იმ იარაღის ჩამონათვალი, რომლის შეძენის და შენახვის უფლებაც ენიჭებოდათ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს. კანონის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა პასუხისმგებლობა, კონტროლი გაეწია სამოქალაქო პირების კუთვნილ იარაღზე, თუმცა ამ კანონმა ვერ უზრუნველყო იარაღის ჩაბარების აქციის ეფექტურობა 1995-6 წლებში.

საკანონმდებლო ბაზა

1994 წლის შემდეგ განვითარდა და დაიხვეწა საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ბაზა იარაღის შესახებ. ამ პერიოდიდან სახელმწიფო ცდილობს მსუბუქი იარაღის უკანონო ვაჭრობა და გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ნორმების შესაბამისად შეზღუდოს: დღეისათვის ქართული კანონმდებლობა არეგულირებს მსუბუქი იარაღის წარმოებას, ვაჭრობას, ტრანზიტს და გადაცემას მესამე მხარისათვის, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას, იარაღის, სამხედრო და სხვა ორმაგი დანიშნულების ნაწარმის ექსპორტ-იმპორტის კონტროლს.

საქართველოში მსუბუქი და მცირეკალიბრიანი შეიარაღების სტატუსი შემდეგი კანონებით განისაზღვრება:

1) საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი;

2) საქართველოს კანონი სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ, 2002 წლის 14 მაისი;

3) საქართველოს კანონი შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ, 1998 წლის 28 აპრილი;

4) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის ბრძანებულება # 582, სადაც განისაზღვრა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოებისას ტექნიკური დოკუმენტაციის, სხვა სამუშაოებისა და მომსახურების, მათ შორის ექსპორტისა და იმპორტის განხორციელების პროცედურები;

5) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულება # 103, რომლის თანახმადაც იუსტიციის სამინიტროს მიენიჭა იარაღის ექსპორტზე ლიცენზიის გაცემის უფლება.

ამ კანონებს შორის მსუბუქი შეიარაღების გავრცელებაზე კონტროლის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია ,,საქართველოს კანონი იარაღის შესახებ”, რომელიც არეგულირებს მოსახლეობის მიერ იარაღის შეძენის უფლებას. კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქესა ან სხვა ნებისმიერ ფიზიკურ პირს ეძლევა უფლება, შეიძინოს გრძელლულიანი და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი შენახვის უფლებით, ხოლო გაზის, სასპორტო და სანადირო იარაღი ტარების უფლებით. ამასთან, ზემოთჩამოთვლილი იარაღების შეძენა დასაშვებია მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, თანაც ნებართვის გაცემიდან მხოლოდ 3 თვის ვადაში. შეძენიდან ათი დღის მანძილზე კერძო პირი ვალდებულია, იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაარეგისტრიროს. იარაღის ფლობაზე ნებართვა არ გაიცემა 18 წლამდე ახალგაზრდებზე, ფსიქიურად არასრულყოფილ, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების, ნარკოტიკებისა და სასმელისადმი მიდრეკილების მქონე და ნასამართლევ, ანდა ძებნაში მყოფ პირებზე და სხვ.

,,კანონი სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” არეგულირებს იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მწარმოებლის მიერ ლიცენზიის მიღების აუცილებლობას და შემდგომში იარაღის სერტიფიცირებას. ამასთან, ,,იარაღის შესახებ კანონის” თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის იარაღი, რომლის დამზადება და შემოტანა ხდება საქართველოში, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას. ამავე კანონში აღნიშნულია, რომ სერტიფიცირებული იარაღის შესახებ დაწვრილებითი მონაცემები უნდა გაერთიანდეს ერთიან იარაღის სახელმწიფო კადასტრში. კადასტრის წარმოება ევალება საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტს, ხოლო თავად სერტიფიცირების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

გარდა ამისა, საქართველოში იარაღის და სამხედრო ტექნიკის ექსპორტ იმპორტის კონტროლის სისტემის საფუძვლები შეიქმნა კანონით ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო კონტროლის შესახებ”, რომელიც მკაცრ რეგლამენტირებას აწესებს საქართველოში მოქმედ იარაღის ექსპორტიმპორტიორებზე ლიცენზირების სისტემის დაწესებით. ლიცენზირების პროცედურის საფუძვლები ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 და 1999 წლების ბრძანებულებებით.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისია, რომელიც განსაზღვრავს საექსპორტო და საიმპორტო სამხედრო დანიშნულების პროდუქციის, სამუშაოების (მომსახურების) ნუსხას, აგრეთვე მათი საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციათა განხორციელების პირობებს ქვეყნის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად.

1999 წლის პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის, ტექნიკური დოკუმენტაციის, სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტისა და იმპორტის ლიცენზირების წესი. სამხედრო დანიშნულების პროდუქციის, ტექნიკური დოკუმენტაციის, სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტის ლიცენზირების გაცემას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

ქვემო ქართლში ჩატარებული კვლევების საფუძველზე შესაძლებელია გაკეთდეს ერთგვარი შეფასება ზემოთ ჩამოთვლილი კანონების აღსრულების ხარისხისა და ეფექტურობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, ექსპერტებსა და ამ საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებს რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება გააჩნიათ.

მაგალითად, რიგი ადგილობრივი სამართალდამცავის აზრით, საჭიროა გამკაცრდეს კანონის ის ნორმა, რომელიც უფლებას აძლევს ადამიანს შეიძინოს იარაღი. არსებული კანონი იარაღის შესახებ რეგიონის ნებისმიერი მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისა და კანონით განსაზღვრული თანხის გადახდის შემთხვევაში შეიძინოს იარაღი, თუნდაც სანადირო თოფი. ამასთან ერთად, როგორც კვლევამ აჩვენა, ქვემო ქართლის რეგიონში კრიმინალურ ვითარების გამწვავებასა და დანაშაულის დონის ზრდაზე რეგისტრირებული იარაღის გავრცელება უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე უკანონო იარაღი. ყოველივე ამის მიზეზი კი შემდეგშია:

ჯერ ერთი, იარაღის ფლობის თაობაზე მოქალაქისათვის ნებართვის გასაცემად აუცილებელი საბუთების მიღება საკმაოდ ფორმალურად ხდება, რომლის დროსაც ხშირად კორუფციულ გარიგებებსაც აქვს ადგილი. თანაც, ნებართვა საკმაოდ იაფი ჯდება, რის გამოც დაინტერესებულ პირთა უმრავლესობა ადვილად იღებს მას, მათ შორის პიროვნებები, რომლებიც დამნაშავეთა წრეს წარმოადგენენ.

მეორე მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართალდამცავთა განცხადებით, იარაღის შესახებ არსებული კანონმდებლობა ვერ უწყობს ხელს კრიმინალისა და შეიარაღებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას. სამართალდამცავების აზრით, კანონის გამკაცრებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს თუნდაც იმ პიროვნებების რიცხვის მნიშვნელოვან შემცირებას, ვინც იარაღის ქონებაზე ნებართვას უკანონო გარიგებების საშუალებით იღებენ.

კანონის მიმართ განსხვავებული შენიშვნა აქვთ სამხედრო-ტექნიკური დანიშნულების მქონე სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელებსაც. ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ დღეს მოქმედმა კანონმდებლობამ გაითვალისწინოს ადგილობრივ მწარმოებელთა ინტერესი და სამართლებრივად ნაკლებად შეზღუდოს იარაღის მწარმოებლების ხელთ არსებული ტექნიკური თუ ინტელექტუალური რესურსები. კერძოდ, მათი სურვილია, რომ საქართველომ დაიტოვოს უფლება, ხოლო ხელისუფლებამ კი რეალურად შეუწყოს ხელი მსუბუქი შეიარაღებაში შემავალი სამხედრო დანიშნულების ნაწარმის წარმოებას, ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების ჩათვლით.

მიუხედავად შესაბამისი კანონმდებლობის მიმრათ გამოთქმული ზმოთჩამოთვლილი წუხილებისა, დღესდღეობით საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რთულია ვისაუბროთ საკანონმდებლო გარემოს ვარგისიანობაზე, რადგანაც, როგორც კვლევებმა აჩენა, იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემის დასაძლევად პირველი რიგის ამოცანებს შორის მხოლოდ კანონის აღსრულების ხარისხის გაუმჯობესება, ადმინისტრირების გამკაცრება, ნდობის განმტკიცება ხვდება.

მაგალითად, იმის გამო, რომ ხშირად იარაღი დამნაშავის ხელში აღმოჩნდება ხოლმე, უფრო ეფექტური ზომა იქნებოდა არა ლიცენზირების სისტემის გამკაცრება, არამედ ადმინისტრირების გაუმჯობესება. გარდა ამისა, ვინაიდან საქართველო რეალურად არ მიეკუთვნება იარაღის მწარმოებელ ქვეყანათა რიცხვს, ხოლო იარაღის მსოფლიო ბაზარზე არ არის მოთხოვნა დამატებითი მწარმოებლების მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე, კანონის მოთხოვნების მიმართ ამ მხრივ რაიმე პრეტენზიების წაყენება დღეისათვის უსაფუძვლოდ ჩანს.

იარაღის ფართოდ გავრცელებიდან მომდინარე საფრთხეები

მოსახლეობის თქმით, იარაღის ფართო გავრცელება ქვემო ქართლის რეგიონში პოლიტიკური, სოციალური ან კრიმინალური სიტუაციის დაძაბვას უკავშირდება. ვითარებას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ეთნიკურ ჯგუფებს გამუდმებით თან სდევთ სხვა ჯგუფების მხრიდან თავიანთი უფლებების შელახვის განცდა. სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტური მუშაობა, დანაშაულის მაღალი დონე და კრიმინალების დაუსჯელობა ხშირად იწვევს პოლიტიკური თუ სოციალურ-ყოფითი ხასიათის ინციდენტების იარაღის ამოყენებით გადაწყვეტას. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა ქართველი მებაჟის მხრიდან აზერბაიჯანელი მოსახლისადმი ბაჟის გადახდის მოთხოვნას ქართულ-აზერბაიჯანული ლოკალური დაპირისპირება მოჰყვა იარაღის მუქარით; გასულ წლებში არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური ბატალიები არაერთხელ დასრულებულა შეიარაღებული შეტაკებებით და ა. შ.

მსუბუქი იარაღის უკონტროლოდ გავრცელების შედეგები შემდეგნაირად შეიძლება შევაჯამოთ:

  • იზრდება ადამიანების შეშფოთება საკუთარი დაუცველობის გამო

  • მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, პესიმისტურად არის განწყობილი რეგიონის განვითარების პერსპექტივის მიმართ, რაც ზრდის მიგრაციის დონეს;

  • იზრდება ნებისმიერი ინციდენტის, მათ შორის ეთნიკურ ნიადაგზე შექმნილის, შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზრდის რისკი;

  • ფერხდება ბიზნესის განვითარება;

  • მოსახლეობას უვითარდება ხელისუფლებისადმი უნდობლობის სინდრომი;

  • იზრდება დამნაშავეობა, ხშირია ადამიანებზე ძალადობა და კერძო საკუთრების ხელყოფა;

  • იზრდება დამნაშავეობა და ნარკომანიის დონე ახალგაზრდებში;

  • იზრდება საზღვარზე არალეგალური გადაზიდვების რაოდენობა.

არსებული ვითარების მიზეზები

მოსახლეობაში იარაღის გავრცელების მიზეზები, საზოგადოდ, ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ: ერთი უკავშირდება იარაღის მისაწვდომობას, მეორე ადამიანების მოტივაციას, შეიძინონ იარაღი. ორივე ამ ნიშნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1989-93 წლების პერიოდი, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და დაინგრა რეპრესიული კომუნისტური პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად მკაცრად აკონტროლებდა იარაღის გავრცელებას. მეორე მხრივ, ახალ ქართულ სახელმწიფოს საკმაო დრო დასჭირდა საიმისოდ, რომ თუნდაც მინიმალური კონტროლი დაეწესებინა საკუთარი ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ამ პერიოდში საქართველო შეიძლებოდა დახასიათებულიყო, როგორც ,,არშემდგარი სახელმწიფო” (failing state). ძალადობის საშუალებების - იარაღის გავრცელებასა და გამოყენებაზე კონტროლის არქონა - ასეთი ,,არშემდგარობის” ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორია. სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევისა და ეთნოტერიტორიული და პოლიტიკური კონფლიქტების ფონზე მკვეთრად დაეცა ადამიანების დაცულობის დონე და, შესაბამისად, გაიზადა მათი მოტივაცია, საკუთარი რესურსებით უზრუნველეყოთ პირადი უსაფრთხოება.

1994 წლიდან დაიწყო შედარებითი სტაბილიზაციის და სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების პერიოდი, მაგრამ სახელმწიფოს სისუსტე მაინც მწვავე სინდრომად დარჩა. სამართალდამცავმა სისტემამ ვერც იარაღის გავრცელებაზე დაამყარა ეფექტური კონტროლი და ვერც ადამიანთა უსაფრთხოების დაცვის ქმედითი მექანიზმები შექმნა. მოსახლეობის ნდობა როგორც სამართალდამცავი სისტემის, ისე საზოგადოდ ხელისუფლების მიმართ მეტად დაბალი რჩება. ამას ემატება ეთნიკური ფაქტორი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვემო ქართლისთვის. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს - აზერბაიჯანელებს, სომხებს, ბერძნებს, ნაკლებ სჯერათ, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს მათ უსაფრთხოებაზე. სახელმწიფოსადმი ნდობის ხარისხი მათში კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე ეთნიკურად ქართულ მოსახლეობაში.

საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში 2003 წლის ,,ვარდების რევოლუციის”, 2004 წლის იანვრისა და მარტის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა, კორუფციასთან და, საზოგადოდ, დამნაშავეობასთან ბრძოლას, სახელმწიფო და განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებას და მისი ეფექტურობის მკვეთრ ზრდას ძირითად პრიორიტეტებად მიიჩნევს. მაგრამ ამ ეტაპზე გამოკვლევამ ვერ გამოავლინა რაიმე გაუმჯობესება ქვემო ქართლის რეგიონში იარაღის გავრცელებაზე კონტროლის ან მისი მიზეზების აღმოფხვრის თვალსაზრისით.

არსებული ვითარებდან გამომდინარე, იარაღის გავრცელების მიზეზები ქვემო ქართლის რეგიონში შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

1. დღესდღეობით მთელი საქართველოს მასშტაბით მსუბუქი შეიარაღების ფართოდ გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია 1989-93 წლებში ქვეყანაში მიმდინარე შეიარაღებული ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტები. აქ იგულისხმება როგორც ეთნოტერიტორიული ომები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცენტრალურ ხელისუფლებასა და სეპარატისტულ ძალებს შორის, ისე საქართველოს ხელისუფლების ძალადობის გზით შეცვლა 1992 წლის იანვარში და შემდგომი დაპირისპირება ახალ ხელისუფლებასა და გაძევებული პრეზიდენტის მომხრეთა შორის.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო დაპირისპირების დროს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შეიარაღებული ძალები სუსტად იყვნენ ორგანიზებულნი და ცენტრალურ კონტროლს ნაკლებად ექვემდებარებოდნენ. ხელისუფლების ძალადობის გზით შეცვლას მოჰყვა სახელმწიფო ინსტიტუტების ზოგადი დასუსტება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და კერძო შეიარაღებული ჯგუფების თარეშის ხანგრძლივი პერიოდი. ყოველივე ამის შედეგად იარაღი ადვილად მისაწვდომი გახდა. ამით ისარგებლეს როგორც კრიმინალურმა ჯგუფებმა, ისე ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, ვინც იარაღს პირადი დაცვის მიზნით იძენდა.

ქვემო ქართლის მოსახლეობის აზრით, მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში თავის დროზე კონფლიქტური ზონებიდან ჩამოტანილი იარაღი დღესაც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა.

2. პოლიტიკური და ტერიტორიული კონფლიქტების განვითარებას და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების პერიოდს დაემთხვა საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საბჭოთა, ხოლო შემდეგ მისი მემკვიდრე - რუსეთის სამხედრო შენაერთების დაშლის პროცესებიც. 1990-93 წლებში არსებითად შესუსტდა მოსკოვის რეალური კონტროლი ამ შენაერთებზე და მათი უმრავლესობა თანდათანობით გადიოდა საქართველოს ტერიტორიიდან. ამ ბაზებზე განლაგებული იარაღის დიდმა ნაწილმა უკანონო გზებით ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფების თუ ცალკეული

მოქალაქეების ხელში გადაინაცვლა. იაღარის ძირითადი მომხმარებლები, ცხადია, ეთნოტერიტორიულ კონფლიქტებში მონაწილე შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ, მაგრამ იარაღის მოპოვება რუსეთის ბაზებიდან სხვა პირებსაც საკმაოდ ადვილად შეეძლოთ. კერძოდ, ქვემო ქართლის რეგიონში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზებიდან იარაღი ადვილად იყო ხელმისაწვდომი ნებისმიერი მოქალაქისათვის, ეთნიკური კუთვნილებისდა მიუხედავად. როგორც ადგილობრივი მოსახლეები მოწმობენ, 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთის სამხედრო ბაზებიდან ,,იარაღი მანქანებით გამოჰქონდათ”.

1994 და 1995 წლებში საქართველომ და რუსეთმა მიაღწიეს შეთანხმებებს აფხაზეთში რუსეთის (ფორმალურად - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) სამშვიდობო ძალების და რუსეთის სამხედრო ბაზების შესახებ (თუმცა ეს ბოლო შეთანხმება რატიფიცირებული არ ყოფილა). ამის შემდეგ საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების არსებობის და ფუნქციონირების რეჟიმი შედარებით უფრო მოწესრიგებული გახდა. მიუხედავად ამისა, ქართველი დიპლომატების და ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებით, რუსეთის სამი სამხედრო ბაზა: გუდაუთაში, ახალქალაქსა და ბათუმში, ისევე როგორც რუსი სამშვიდობო ძალები აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების ზონაში მსუბუქი შეიარაღების უკონტროლო გავრცელების წყაროა არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის. მართალია, ქვემო ქართლში რუსეთის სამხედრო ბაზები აღარ არის, მაგრამ რუსეთის ბაზებიდან უკანონოდ გაყიდული იარაღი შეიძლება მოხვდეს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონშიც.

3. 1980-90-იანი წლების მიჯნაზე განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთი აზრით შეუწყო ხელი ქვემო ქართლში იარაღის გავრცელებას. გამსახურდიას მმართველობის დროს ცენტრალური ხელისუფლების ნაციონალისტურმა რიტორიკამ და პოლიტიკამ ეთნიკურ უმცირესობებს მოსალოდნელი საფრთხის შეგრძნება განუვითარა. ეს შეშფოთება განსაკუთრებით გაამწვავა იმან, რომ, თვითმხილველთა თქმით, ამ პერიოდში ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქართულ მოსახლეობას ტერიტორიულ კონფლიქტებში მონაწილეობის მისაღებად იარაღი დაურიგა. ეთნიკური უმცირესობების (აზერბაიჯანელი, სომეხი და ბერძენი) წარმომადგენლები იმავე პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად იძენდნენ იარაღს, რადგან ეს თავდაცვის აუცილებელ წინაპირობად მიაჩნდათ.

4. საქართველოში იარაღის გავრცელების დამატებითი მიზეზია კონფლიქტური რეგიონების საზღვრის სიახლოვეს არსებობა და მეზობელ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის უკმარისობა. ზოგადად, საზღვრების დაცვა საქართველოში ძალზე პრობლემატურია და სერიოზულ გაუმჯობესებას საჭიროებს. იარაღის გავრცელებას, განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობათა შორის, დამატებითი სტიმული მისცა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის: ადგილობრივი მოსახლეობის აღიარებით, საქართველოს აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებს ადვილად შეეძლოთ, იარაღი მოეპოვებინათ თავიანთი თანამოძმეებისაგან საზღვარს იქით. იარაღის გავრცელების წყაროა მეზობელ ჩეჩნეთში მიმდინარე კონფლიქტიც.

5. როგორც ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, ქვემო ქართლში არა მარტო თავმოყრილია დიდი რაოდენობით იარაღი, არამედ ბევრი ადამიანი დღესაც დაინტერესებულია მისი შეძენით. თავად რეგიონის მცხოვრებლები ამას იმით ხსნიან, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, ადგილობრივი სამართალდამცავების მოქმედება არაეფექტური და არაპროფესიონალური რჩება. პროექტზე მუშაობისას გამოჩნდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიციას ბრალს სდებს კრიმინალებთან კავშირში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, სხვადასხვა სახის უკანონო ბიზნესის ინტერესების დაცვასა და მასში მონაწილეობაში, პროფესიონალიზმის დაბალ დონეში. კრიმინალური შემთხვევების 90%-მდე გაუხსნელი რჩება. დაბალია საზოგადოდ ადგილობრივი ხელისუფლების იმიჯი, რომელსაც ადამიანები კორუფციულ გარიგებებსა და არალეგალურ ბიზნესში მონაწილეობას აბრალებენ. ყოველივე ეს მოსახლეობაში დაუცველობის სინდრომის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

იქმნება მანკიერი წრე, რასაც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში უსაფრთხოების დილემას უწოდებენ: სახელმწიფოს სისუსტის თუ მის მიმართ უნდობლობის პირობებში რიგითი ადამიანები ცდილობენ, თავად უზრუნველყონ საკუთარი თავის, თავიანთი ოჯახის და ბიზნესის უსაფრთხოება და საამისოდ იარაღს იძენენ. მაგრამ იარაღის იოლად მისაწვდომობა და მისი ფართო გავრცელება თავად განაპირობებს დანაშაულის ზრდას, რასაც სამართალდამცავი სისტემის რესურსები ვერ უმკლავდება. საბოლოო შედეგი ადამიანთა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შემცირებაა.

6. მნიშვნელობას ინარჩუნებს ეთნიკური ფაქტორიც. დღევანდელ ვითარებაში ეთნიკური უმცირესობები აღარ განიცდიან ისეთ შფოთვას მათი შესაძლო შევიწროების გამო, როგორც ეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პერიოდში იყო, მაგრამ უმცირესობების არასაკმარისი სამოქალაქო ინტეგრაციის ფონზე რჩება უნდობლობის სერიოზული ელემენტი ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს მიმართ. არსებობს გარკვეული შიში იმის გამო, რომ მათ უფლებებს, რწმენასა და კულტურულ თვითმყოფადობას შეიძლება საფრთხე შეექმნას ქართული საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან. უმცირესობების წარმომადგენლები ზოგიერთი კრიმინალური დაჯგუფების მოქმედებას უყურებენ როგორც მათი ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ მიმართულს. ყოველივე ეს ქმნის დაუცველობის ზოგად განცდას, რაც იარაღის შეძენის დამატებით მოტივაციას ქმნის.

7. რეგიონში იარაღის ასეთი დიდი რაოდენობით არსებობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ თავად ქვემო ქართლის მოსახლეობა სულაც არ განიხილავს იარაის გავრცელებას, როგორც პრობლემას. ამას ისიც ადასტურებს, რომ სოციოლოგიური გამოკითხვისას ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობამ გამოთქვა მზადყოფნა იარაღის შესაძენად და დაადასტურა, რომ რიგი მიზეზების გამო მას იარაღის ფლობა საჭიროდ მიაჩნია. იარაღის შეძენის მსურველთა შორის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ახალგაზრდები აღმოჩნდნენ.

8. საქართველოს და, კონკრეტულად, რეგიონის მოსახლეობა არ არის გათვითცნობიერებული იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში. მათ არ იციან, რა ნორმები და კანონები აწესრიგებს იარაღის შენახვას, ტარებას და გამოყენებას, რა დამსჯელი ღონისძიებებია გათვალისწინებული იარაღის დანაშაულებრივი მოხმარებისათვის. მოსახლეობა ასევე არ აცნობიერებს, თუ რა მორალური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იარაღის მფლობელს მისი ან მისი ოჯახის წევრების მხრიდან იარაღის შემთხვევით გამოყენების შედეგად: იარაღის შენახვა თასვისთავად იწვევს ოჯახური ინციდენტების ლეტალური შედეგით დასრულების პერსპექტივის ზრდას, ოჯახში ბავშვების დაუცველობას და ა.შ.

აღნიშნული ვითარება მიანიშნებს, რომ იარაღით დაინტერესება უახლოეს მომავალში კვლავაც დიდი იქნება და ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ შეიცვლება ამ პრობლემისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება, არ გაიზრდება მისი სამართლებრივი შეგნება და პასუხისმგებლობა იარაღის ფლობასთან დაკავშირებით. ამასთან, ამგვარი ცვლილების საფუძველი სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალიზმის ზრდა უნდა იყოს.

9. იარაღის შეძენის მოტივაციას აძლიერებს სასაზღვრო რეგიონში ცხოვრების ფაქტიც. როგორც მოსახლეობის გამოკითხვებიდან გამოჩნდა, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრების სიახლოვე და საზღვრის არასაკმარისი დაცულობა მოსახლეობაში აძლიერებს საფრთხის შეგრძნებას, რაც მას იარაღის შეძენის მოთხოვნილებას უჩენს. მაგალითად, ქართველ მოსახლეობას სჯერა, რომ თუ დასჭირდათ აზერბაიჯანელები იმავე დღეს შემოიტანენ აზერბაიჯანიდან იარაღის დიდ რაოდენობას. მსგავს ინციდენტებს უკვე ჰქონდა ადგილი 90-იან წლების დასაწყისში, ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დაძაბვისას. აზერბაიჯანული მხარე იმ დროს ლაპარაკობდა მძიმე ტექნიკის შემოყვანის შესაძლებლობაზეც კი. საბედნიეროდ, მაშინ ინციდენტის სიმწვავემ საკმაოდ სწრაფად იკლო, თუმცა წარსულში ურთიერთობების გამწვავების ფაქტი უარყოფითად მოქმედებს ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობის დღევანდელ განწყობებზეც.

5 იარაღის გავრცელების შეზღუდვის გზები

▲ზევით დაბრუნება


რა ღონისძიებები უნდა დაგეგმოს და განახორციელოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მსუბუქი და მცირეკალიბრიანი იარაღის გავრცელებით გამოწვეული საფრთხეები თავიდან აიცილოს?

პირველ ყოვლისა, საჭიროა იმ მიზეზების აღმოფხვრა, რამაც დღევანდელი სიტუაცია გამოიწვია. ეს მიზეზები კი, როგორც წინა თავიდან ჩანს, მეტად მრავალფეროვანია და მხოლოდ იარაღის კონტროლზე მიმართული ადმინისტრაციული ზომების ნაკლებობით არ ამოიწურება.

როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, სახელმწიფოს ბრძოლა იარაღის გავრცელების წინააღმდეგ გულისხმობს ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული რეფორმების პოლიტიკის გატარებას საკანონმდებლო, სამართალდამცავ სისტემაში, ადგილობრივ ხელისუფლებაში, საზოგადოებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, მშვიდობიანი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. პრობლემის დაძლევის შემთხვევაში შესაძლებელია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების პოტენციური კერების თავიდან აცილება, ხოლო ცალკეული მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების შექმნა.

ეს ზომები, უპირველეს ყოვლისა, საერთო-ეროვნულ დონეზე უნდა განხორციელდეს, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი ამოცანები სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წინაშეც. თავისი წვლილი აქვს შესატანი არასამთავრობო სექტორსა და მედიას. გარდა ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობას დაგროვილი აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ამ მიმართულებით და მზადაა თავისი რესურსები შესთავაზოს როგორც ხელისუფლებას, ისე არასამთავრობო აქტორებს. პრობლემის გადაწყვეტა ყველა ამ დონეზე შეთანხმებულ მოქმედებას საჭიროებს. ამიტომ, პირველ ყოვლისა, აუცილებელია განისაზღვროს ძირითადი ამოცანები თუ საპრობლემო სფეროები, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია შედეგის მისაღწევად, და რომლებზე მუშაობაც ძალუძთ ამ მოქმედ პირებს.

პრობლემის გამომწვევ მიზეზთა შორის არის ქართული სახელმწიფოსთვის ისეთი სტრატეგიული პრობლემები, როგორიცაა უკონტროლო ტერიტორიების არსებობა ან საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ბაზების არსებობა და მათი სტატუსის გაურკვევლობა. საქართველოს ხელისუფლებას, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, კარგად ესმის ამ პრობლემათა მოგვარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, მაგრამ ეს მხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევაზე არ არის დამოკიდებული. ამიტომ ამ ნაშრომში ამ პრობლემათა მოგვარებაზე ყურადღება არ გამახვილდება.

არსებული ამოცანების გადასაწყვეტად ასევე მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს საკანონმდებლო სფეროში გატარებულმა ცვლილებებმაც, თუმცა დღევანდელ პირობებში, როდესაც საქართველოში კანონის აღსრულების სფეროში სერიოზული ხარვეზები ვლინდება სახელმწიფო ინსტიტუტების არაადეკვატური მოქმედების გამო, ძნელია ამა თუ იმ კანონის არაეფექტურობასა და წარუმატებლობაზე საუბარი. გარდა ამისა, იარაღის შესახებ დღეს მოქმედი კანონები შექმნილია დასავლეთის ექსპერტების მონაწილეობით, სადაც გათვალისწინებულია იარაღის წარმოების, ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტის საერთაშორისო სტანდარტები და მოთხოვნები ეროვნული ხელისუფლებების მიმართ. შესაბამისად, უმჯობესი იქნება, თუ ამ ეტაპზე მაინც საზოგადოება და ხელისუფლება ყურადღებას გაამახვილებს კანონის აღსრულების საშუალებებისა და ფორმების გაუმჯობესებაზე და არა თავად კანონების სრულყოფაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია, ნაშრომში მოცემული რეკომენდაციების განხორციელებისათვის საჭირო გახდეს საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, მაგრამ ამ საკითხის განხილვა ნაშრომის შინაარსის ფარგლებს სცილდება და, შესაბამისად, არ განიხილება.

ნდობის განმტკიცება და მოსახლეობის მართლშეგნების ამაღლება

ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით იარაღის გავრცელების შედეგთა ზეგავლენის შესამცირებლად სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია იმგვარი ღონისძიებების გატარება, რომლებიც შეამცირებს მოქალაქეებში იარაღის შეძენის სურვილს. ეს სურვილი კი, თავის მხრივ, გაპირობებულია იმით, რომ მოსახლეობა დაუცველად გრძნობს თავს შემდეგი საფრთხეების წინაშე:

  • ლოკალური კონფლიქტი ეთნიკური დაპირისპირების ნიადაგზე, გამომდინარე ეთნიკურ ჯგუფებს შორის არსებული უნდობლობიდან;

  • სიცოცხლისა და ქონების ხელყოფა დანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან, გამომდინარე სამართალდამცავი სტრუქტურების არაეფექტურობიდან წესრიგის დაცვის საქმეში და თვით პოლიციის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებიდან;

  • სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვით განპირობებული გარეშე საფრთხეები.

ქვემო ქართლის რეგიონთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი ის უნდა იყოს, რომ ადგილობრივი მოქალაქეები ამ საფრთხის შეგრძნებისგან განთავისუფლდნენ. საამისოდ სახელმწიფომ შემდეგი ამოცანების განხორციელება უნდა შეძლოს:

  • დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისი ეთნიკური პოლიტიკის შემუშავება და გატარება, რომელიც ხელს შეუწყობდა უმცირესობების სრულფასოვან ინტეგრირებას სამოქალაქო საზოგადოებაში;

  • მოსახლეობის სამართლებრივი შეგნების ამაღლება, რათა მან უკეთ გაიაზროს იარაღის უკანონოდ შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა და იარაღის უკონტროლო გავრცელებიდან გამომდინარე შედეგები;

  • ადგილობრივი მმართველობისა და სამართალდამცავი ინსტიტუტების ეფექტურობის მკვეთრი ამაღლება;

  • საზღვრის დაცვის სტრუქტურების მუშაობის ეფექტურობის გაზრდა.

ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანების გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელი იქნება მოსახლეობაში გავრცელებული იარაღის რაოდენობის შეზღუდვა ან თუნდაც შემცირება, ვთქვათ, იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარების პროგრამის განხორციელებით. როგორც ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, დღეისათვის მოსახლეობა არ არის მზად, ნებაყოფლობით თქვას უარი იარაღზე მანამ, ვიდრე სახელმწიფოსგან შესაბამის გარანტიებს არ მიიღებს. ამავე დროს, ადამიანები თანხმობას აცხადებენ, ჩააბარონ იარაღი შესაბამისი ფულადი ანაზღაურების საფასურად იმ შემთხვევაში, თუ მათ მიეცემათ უსაფრთხოების, ხელშეუხებლობისა და ანონიმურობის დაცვის გარანტიები. სხვადასხვა საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი კამპანიების ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელია, მოსახლეობის ნაწილმა იარაღი ჩააბაროს რაიმე სოციალური პროექტების სანაცვლოდ, როგორიცაა სარწყავი არხის გაყვანა, სკოლების კომპიუტერიზაცია და სხვ. თუმცა ზემოხსენებული ძირითადი ამოცანების შესრულების გარეშე მოქალაქეები კვლავაც შეინარჩუნებენ იარაღის შეძენის სურვილს, რათა საშუალება ჰქონდეთ საკუთარი ძალებით დაიცვან საკუთარი უსაფრთხოება. შესაბამისად, იარაღის ჩაბარების ერთჯერადი აქცია ვერ უზრუნველყოფს რეგიონში იარაღის გავრცელების პროცესის შეჩერებას.

ამგვარად, დღევანდელ ვითარებაში უშუალოდ იარაღის ამოღებაზე მიმართული ღონისძიებები სასწრაფო და პრიორიტეტული არ უნდა იყოს. ხელისუფლებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა მოსახლეობის ნდობის აღდგენა. უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივმა სამართალდამცავმა და მართვის სტრუქტურებმა უნდა დაუმტკიცონ ხალხს, რომ ისინი მზად არიან, შეასრულონ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებები და უზრუნველყონ ცალკეული მოქალაქის დაცულობის მაღალი ხარისხი. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი იარაღის ამოღების პროგრამების შესახებ სამოქმედო გეგმის დასახვა.

პოლიციის ეფექტურობა და მისი საზოგადოებასთან ურთიერთობა

უსაფრთხოების სისტემის რეფორმა, უპირველეს ყოვლისა, პოლიციის სისტემის რეფორმას ისახავს მიზნად, რაც პირდაპირ კავშირშია საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის დამყარებასთან. როგორც არსებული საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, იარაღის გავრცელების შეზღუდვა საზოგადოებასა და სამართალდამცავებს შორის არსებული ნდობის გარეშე შედეგს არ იძლევა.

ასეთი ნდობის არარსებობას მიზეზი ერთის მხრივ არის პოლიციის დაბალი საზოგადოებრივი იმიჯი: პოლიცია ხშირად ასოცირებულია კორუფციასთან და კრიმინალურ გარიგებებთან, ასევე - მოქალაქეთა უფლებების დარღვევასთან. მაგრამ არსებობს მიზეზთა მეორე წყება, რაც პოლიციის ხელთ არსებული რესურსების ნაკლებობას უკავშირდება.

  • პოლიციელს აკლია ადეკვატური წვრთნა და პროფესიონალიზმი, რის გამოც მისთვის რთულია დემოკრატიული ღირებულებების დაცვა;

  • რესურსების სიმცირის გამო ის ცუდადაა აღჭურვილი და არ გააჩნია ძირითადი საკომუნიკაციო თუ გადასაადგილებელი საშუალებები.

შესაბამისად, საქართველოში მიმდინარე პოლიციის სისტემის რეფორმის წარმატებით ჩატარებისათვის მნიშვნელოვანია ადამიანური, ფიზიკური და მატერიალური რესურსების მოძიება, რაშიც დახმარების გაწევა შეუძლიათ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, ცალკეულ განვითარებულ ქვეყნებს. პოლიციის რეფორმის წინაშე არსებული პრობლემების დასაძლევად საქართველოს მთავრობას ეხმარება ეუთო, აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები, თუმცა როგორც მრავალი უცხოელი ექსპერტი აღნიშნავს, დღეისათვის უცხოელი დონორების მიერ გაწეული დახმარება არ არის კოორდინირებული და ეფექტურად არ მოიხმარება.

კოორდინაცია სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ სისტემაში

იარაღის გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებული საქმიანობა მოითხოვს არა მარტო იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი საპოლიციო ფუნქციები ეფექტურად და დემოკრატიული ნორმების შესაბამისად შეასრულოს. აუცილებელია მთლიანად სამართალდამცავი და ადმინისტრაციული სისტემის შეთანხმებული, კოორდინირებული მუშაობა იმ მიმართულებითაც, რომლის მიზანი უნდა გახდეს სახელმწიფო უწყებების მფლობელობაში არსებული იარაღის მარკირება-რეგისტრაცია-კონტროლის ერთიანი სისტემის შექმნა. რეგისტრაცია-კონტროლის ეს ერთიანი სახელმწიფო სისტემა, საინფორმაციო ბაზის, იარაღის კადასტრის, შექმნასთან ერთად, იარაღის მოძიების, სერტიფიცირების, უსაფრთხოდ შენახვის, მოქალაქეთა მფლობელობაში არსებული იარაღის სერტიფიცირების უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.

ხელისუფლება ვალდებულია, კონტროლი გაუწიოს იმ საწარმოებსაც, რომლებიც მსუბუქი და მცირკალიბრიანი შეიარაღების ჩამონათვალში შემავალ პროდუქციას აწარმოებენ. კონტროლის შედეგად უნდა გამოირიცხოს უკანონო და არამარკირებული იარაღის წარმოება, მკაცრად უნდა იქნას აღრიცხული ყველა წარმოებული იარაღი, სერტიფიცირებული იარაღის მონაცემები კი უნდა მოხვდეს კონტროლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში.

ამ მხრივ საყურადღებო იდეებია ჩადებული 2001 წლის ივლისში გაეროს მიერ მიღებულ სამოქმედო პროგრამაში, სადაც აღიარებულია სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელოვანი როლი მსუბუქი და მცირეკალიბრიანი იარაღის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში (სამწუხაროდ, აქამდე ხელისუფლებას ამ დოკუმენტზე რაიმე რეაგირება არ მოუხდენია). გაეროს დოკუმენტი სასურველად მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ აქტიური ღონისძიებები გაატაროს მოსახლეობაში გავრცელებული მსუბუქი და მცირეკალიბრიანი შეიარაღების მოსაძიებლად, შესაგროვებლად და გასაუვნებელყოფად. გაეროს სამოქმედო პროგრამის მიხედვით, სასურველია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ფარგლებში შეიქმნას ერთგვარი საკოორდინაციო სტრუქტურა, შესაბამისი ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურით, რომლის ფუნქციებშიც შევა მსუბუქი და მცირეკალიბრიანი შეიარაღების გავრცელების წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისათვის ძირითადი მიმართულებებიოს დასახვა, პრობლემის გადასაწყვეტად და მის წინააღმდეგ საბრძოლველად გადამწყვეტი ღონისძიებების დაგეგმვა და მის ხელთ არსებული საშუალებების მოძიება, კვლევა და სიტუაციის მონიტორინგი (გაეროს სამოქმედო პროგრამა, სექცია II: 4).

გარდა ამისა, 2000-2001 წლებში გაეროსა და ეუთოს მიერ მიღებულ დოკუმენტებში ეროვნული მთავრობებისათვის რეკომენდირებულია მსუბუქი და მცირეკალიბრიანი შეიარაღების გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად იარაღის იმპორტ-ექსპორტის კონტროლის, გადაზიდვის, შენახვის პროცედურების მკაცრად განსაზღვრა და დაცვა, ისევე როგორც იარაღის დამზადების, მარკირების, ლიცენზირებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვის აუცილებელი პროცედურების დაწესება; დოკუმენტებში ასევე ხაზგასმულია სახელმწიფოს როლი სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ინფორმაციის სწრაფი გაცვლის უზრუნველყოფაში, იარაღის ამოღების, შენახვის მენეჯმენტისა და ზედმეტი იარაღის გაუვნებელყოფის საქმეში. ზემოხსენებული ფუნქციების კოორდინირება კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო უწყებას უნდა დაეკისროს.

საერთაშორისო თანამეგობრობის რესურსების ეფექტური გამოყენება

ამ ამოცანების შესრულებაში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლიათ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მსუბუქი და მცირეკალიბრიანი იარაღის გავრცელების პრობლემის მოგვარებაზე. სახელმწიფომ უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს ეს რესურსები. სახელმწიფო მმართველობის სისტემაში შექმნილი საკოორდინაციო ერთეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნდა იყოს.

საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მსუბუქი და მცირეკალიბრიანი შეიარაღების გავრცელების პრობლემებისადმი მკვეთრად გაიზარდა 1990-იანი წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ცივი ომის დამთავრებასთან ერთად დაინგრა გლობალური დაპირისპირების ორპოლუსიანი სისტემა, სამაგიეროდ, გავრცელდა ძირითადად მსუბუქი და მცირეკალიბრიანი იარაღის გამოყენებით მიმდინარე ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტები. კერძოდ, ასეთი კონფლიქტების კერები შეიქმნა პოსტკომუნისტურ სამყაროში, განსაკუთრებით კი ბალკანეთსა და კავკასიაში. ამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ რაც არ უნდა ლოკალური ხასიათისა იყოს ესა თუ ის კონფლიქტი, მსუბუქი და მცირეკალიბრიანი იარაღის გავრცელების პრობლემა სცდება ეროვნული სახელმწიფოების ფარგლებს. პრობლემის ერთ ცალკეულ ქვეყანაში გამწვავებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს როგორც მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებას, ასევე საერთაშორისო სისტემის სტაბილურობას და გაართულოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები.

შესაბამისად, მისი გადაწყვეტაც საერთაშორისო დონეზე კოორდინირებულ ძალიხმევას საჭიროებს. ამ კოორდინირებული მოქმედების სათავეში დგას ისეთი გლობალური ინსტიტუტები, როგორებიც არიან: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო). მაგრამ მსუბუქი და მცირეკალიბრიანი იარაღის გავრცელების პრობლემებთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაში დიდ როლს თამაშობენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. ასეთი ორგანიზაციები გაერთიანებულნი არიან საერთაშორისო სამოქმედო ქსელში მცირე შეიარაღების საკითხებზე (IANSA). დიდი ავტორიტეტით სარგებლობს აგრეთვე ისეთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა “უსაფრთხო მსოფლიო” (Saferworld), “მცირე შეიარაღებაზე დაკვირვება” (Small Arms Survey), მსუბუქი და მცირეკალიბრიანი იარაღის კონტროლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის საინფორმაციო ოფისი (SEESAC) და ა. შ.

საერთაშორისო ორგანიზაციების ძირითადი მიზანია ეროვნული ხელისუფლების გააქტიურება და ამ უკანასკნელისთვის საექსპერტო დახმარების გაწევა აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით. ხშირად მსგავსი დახმარების შედეგად სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურ შედეგებს აღწევენ უკონტროლო იარაღის რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით.

საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურ დახმარებას უწევენ ეროვნულ მთავრობებს კონკრეტული ღონისძიებების მომზადებასა და განხორციელებაში, ასეთია, მაგალითად, მოსახლეობიდან იარაღის ამოღების პროგრამების მხარდაჭერა, როგორიც გაერომ განახორციელა პროგრამები ხორვატიაში (1996-1997 წწ.), ალბანეთში (1997-2002 წწ.), კვიპროსში (2002წ.), ან ნატოს ეგიდით ჩატარდა კოსოვოში (1999 წ.), ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში (1999-2002 წწ.), მაკედონიაში (2001 წ.)1 .

ცხადია, ამ პროცესში გადამწყვეტი სიტყვა ისევ ეროვნულ ხელისუფლებას ეკუთვნის. საერთაშორისო დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს შედეგს, თუ ადგილზე სათანადო პირობებია შექმნილი. საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების გამოყენებით შედეგის მიღწევა უფრო სწრაფად და ეფექტურად გახდება შესაძლებელი. კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება, თავის მხრივ, შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ სახელისუფლებო ორგანოებთან, ისე ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით.

6 რეკომენდაციები კონკრეტული ღოსიძიებებისთვის

▲ზევით დაბრუნება


აღნიშნული ზოგადი სამოქმედო სფეროებიდან გამომდინარე, კვლევის შედეგების საფუძველზე გთავაზობთ კონკრეტულ ღონისძიებათა რეკომენდაციებს ქვემო ქართლის რეგონში მსუბუქი და მცირეკალიბრიანი იარაღის გავრცელების პრობლემების გადასაწყვეტად. ამ რეკომენდაციათაგან ზოგიერთი საზოგადოდ საქართველოს მასშტაბით გასატარებელ ღონისძიებებს ეხება, რადგან მხოლოდ ერთი რეგიონის ფარგლებში მუშაობა შედეგს ვერ გამოიღებს, ზოგი რეკომენდაცია კი სახელდობრ ქვემო ქართლის სპეციფიკას ითვალისწინებს. მეორე მხრივ, რეკომენდაციები დალაგებულია იმ ძირითადი მოქმედი პირების მიხედვით, ვის მიმართაც არის ისინი მიმართული. ასეთი ძირითადი მოქმედი პირებია: საქართველოს ეროვნული ხელისუფლება, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები და აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობის ინსტიტუტები, რომლებთან თანამშრომლობაც მეტად სასარგებლო იქნება პრობლემების მოსაგვარებლად.

ეროვნული ხელისუფლება

  • ეროვნული საკოორდინაციო უწყების დაფუძნება, რომლის ფუნქციებშიც შევა როგორც შიდა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის სამოქმედო გეგმის კოორდინაცია მსუბუქი და მცირეკალიბრიანი იარაღის კონტროლის შესახებ, ასევე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დონეზე ამ საკითხების განხილვა;

  • პოლიციის სისტემის რეორგანიზაცია, სამსახურის ეფექტურობის გაზრდა და მოსახლეობის ნდობის ამაღლება კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებით;

  • შინაგან საქმეთა (მასში გაერთიანებული პოლიციის და საზღვრის დაცვის ინსტიტუტებით), უშიშროების სამინისტროს, დაზვერვის და იარაღის მფლობელი სხვა სტრუქტურების თანამონაწილეობით იარაღის ერთიანი რეგისტრაციისა და კონტროლის ეროვნული სისტემის შექმნა;

  • შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების კუთვნილი იარაღის უსაფრთხოდ და მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ შენახვის უზრუნველყოფა;

  • სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა იარაღის მწარმოებელი ორგანიზაციების მიერ გამოშვებული პროდუქციის სერტიფიცირებაზე;

  • იმპორტ-ექსპორტის კონტროლის შესახებ არსებული კანონმდებლობის დაცვა;

  • იარაღის წარმოების, შენახვის, გადაცემის პროცედურების აღმწერი შესაბამისი დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანა;

  • საზღვრის დაცვის სტრუქტურების მუშაობის ეფექტურობის გაზრდა;

  • დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისი ეთნიკური პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს ეთნიკურ ჯგუფებს შორის ნდობის განმტკიცებას და უმცირესობების სრულფასოვან ინტეგრირებას სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში;

  • მოსახლეობის სამართლებრივი შეგნების ამაღლება იმ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება იარაღის უკანონო შენახვას, წარმოების, ვაჭრობისა და გადატანის უარყოფითი შედეგების გაცნობიერებას;

  • ქვეყნის მასშტაბით კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების ხელშეწყობა;

  • საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის, მანამდე კი კონტროლის ხელშეწყობა.

ქვემო ქართლის სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლება და სამართალდამცავი სტრუქტურები

  • ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მეტი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ცხოვრების ძირითადი მოვლენების და მასში მონაწილე და მისი წარმმართველი ელიტის შესახებ;

  • ეთნიკური უმცირეობის წარმომადგენლების მონაწილეობის ხელშეწყობა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში და მათი მოთხოვნებისა და აზრების გაზიარება ამ პროცესებში;

  • რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მქონე ახალგაზრდების ერთობლივი მონაწილეობის ხელშეწყობა საგანმანათლებლო, სოციალური თუ კულტურული პროგრამების განხორციელებაში;

  • რეგიონის სამოქალაქო სექტორის: ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.

  • რეგიონის მოსახლეობის სამართლებრივი შეგნების ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის მიერ იარაღის გავრცელების, როგორც პრობლემის, გაცნობიერებას.

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები

როგორც ითქვა, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ სახელისუფლებო ორგანოებთან თანამშრომლობით, ისე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთქმედებით. პირველ ყოვლისა, ჩამოვთვლით იმ რეკომენდაციებს, რაც უშუალოდ ხელისუფლებასთან ურთიერთობას ეხება. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ იმ პროგრამებში, რომლებიც სახელისუფლებო ორგანოების მიმართ საექსპერტო დახმარებას ან მათი თანამშრომლების ინფორმირებას და გაწვრთნას ეხება, თავისი როლის შესრულება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ადგილობრივ სამოქალაქო სექტორსაც შეუძლია.

  • ზოგადი ექსპერტული დახმარების გაწევა სხვადასხვა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ მათი რეფორმირების პროცესში;

  • ექსპერტული დახმარების გაწევა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ, რათა მათ უფრო ეფექტურად განახორციელონ იარაღის კონტროლის ფუნქცია;

  • ექსპერტული დახმარება იარაღის შეგროვების და განადგურების პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში;

  • სასაზღვრო-საბაჟო კონტროლის სრულყოფილად განხორციელებისათვის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დახმარება ტრენინგების საშუალებით;

  • პოლიციელების გაწვრთნა დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული საუკეთესო გამოცდილების (best practies) გათვალისწინებით;

  • იარაღის საწყობების დაცვისა და მენეჯმენტის საკითხებში შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლების დახმარება წვრთნისა და საჭირო უნარებით აღჭურვის მიზნით;

  • რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ხელშეწყობა;

  • კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების ხელშეწყობა, ძლიერი საერთა- შორისო მოთამაშეების (აშშ, ევროკავშირი, გაერო, ეუთო) მონაწილეობის უზრუნველყოფა მოლაპარაკებების პროცესში;

  • გაეროს სამოქმედო პროგრამით რეკომენდირებული ეროვნული საკოორდინაციო სტრუქტურის, როგორც სამართალდამცავ უწყებათა მაკოორდინირებელი სტრუქტურის, დაფუძნების ხელშეწყობა, რომელიც იმუშავებს მსუბუქი და მცირეკალიბრიანი იარაღის გავრცელების შეზღუდვის საკითხებზე.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია

ამავე დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ძალისხმევას ამ მიმართულებით. აქ უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში ქართულმა არასამთავრობო სექტორმა და მედიამ დააგროვეს მუშაობის გარკვეული გამოცდილება იარაღის უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების შეზღუდვის საკითხებზე. სამოქალაქო სექტორს მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს ნდობის განმტკიცებისა და საზოგადოების ინფორმირების ღონისძიებებში, აგრეთვე ხელი შეუწყოს ხელისუფლების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და მოქალაქეთა შორის კომუნიკაციას. უფრო კონკრეტულად, ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით, რომ ხელი შეეწყოს მათ მიერ შემდეგი საქმიანობის განხორციელებას:

● იარაღის უკანონო გავრცელების საკითხებზე საერთაშორისო სემინარების მოწყობა და საჯარო მოხელეების გაწვრთნის პროგრამებში მონაწილეობით სახელმწიფო სექტორში შესაბამისი ცოდნისა და უნარების გაძლიერების ხელშეწყობა;

  • დონორთა დახმარება ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობაში;

  • საზოგადოების დებატების ორგანიზება იარაღის გავრცელებასთან დაკავ- შირებულ პრობლემებზე;

  • დებატებში ადგილობრივი პრესის წარმომადგენლების ჩაბმა;

  • ახალგაზრდების გაცნობიერება იარაღის ფლობასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებში;

  • თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონიდან არჩეულ პარლემენტარებთან, რათა მეტი ყურადღება მიექცეს რეგიონში იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს;

  • ადგილობრივი მოსახლეობის სამართლებრივი შეგნების ამაღლებისაკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებების ინიცირება;

  • მუშაობა ადგილობრივ დონეზე ეთნიკურ ჯგუფებს შორის ნდობის განმტკიცების მიზნით;

  • ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ქართული ენის დაუფლების ხელშეწყობა შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების საშუალებით;

  • ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული საინფორმაციო სივრცის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;

  • ცენტრში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.

_______________________

1. 1989-2000 წლებში იარაღის ამოღების მიზნით ევროპაში ჩატარებული საერთაშორისო პროგრამები და ინიციატივები (Small Arms Survey, 2003)