ინფორმაციის თავისუფლებას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ჩამონათვალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული ადამიანის სხვა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
ინფორმაციის თავისუფლება მოიცავს ინფორმაციის ძებნას, მოპოვებასა და მიღებას (პასიური ინფორმაციის თავისუფლება) ასევე ინფორმაციის გადაცემასა და გავრცელებას (აქტიური ინფორმაციის თავისუფლება).
ამგვარად, ერთის მხრივ ეს არის უფლება მივიღოთ ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი ინფორმაციის თავისუფლება მოისაზრება როგორც აზრის გამოხატვის უფლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და გულისხმობს ინფორმაციის გავრცელების უფლებას. ინფორმაციის თავისუფლება არის აზრის გამოხატვის უფლების წინაპირობა, რადგანაც იმისათვის, რათა ადამიანს ჩამოუყალიბდეს ობიექტური ხედვა ამა თუ იმ საკითხის მიმართ, საჭიროა, მან პირველ რიგში მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.
ხალხის მიერ ხელისუფლების კონტროლი ვერ განხორციელდება, თუკი საზოგადოება არ იქნება ინფორმირებული სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის შესახებ. იმ საზოგადოებაში, რომელსაც საკმარისი ინფორმაცია არ მიეწოდება სახელმწიფო ორგანოების შესახებ, დემოკრატია მხოლოდ მოჩვენებით კატეგორიად ჩამოყალიბდება.
სახელმწიფო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას დღევანდელ საქართველოში საფრთხეს ის კი არ უქმნის, რომ გამჭვირვალობის შემთხვევაში მოქალაქეთა მოზღვავებული ინტერესის შედეგად მათი პარალიზება მოხდება, არამედ პირიქით - საზოგადოების თითქმის სრული სამოქალაქო ნიჰილიზმი და პოლიტიკური ინდიფერენტულობა.
საქართველოში სახელმწიფოსაგან ხალხის გაუცხოებას ხანგრძლივი ისტორიული ტრადიცია აქვს. თითქმის 600 წელი არ გვიცხოვრია ერთიან და დამოუკიდებელ სახელმწიფოში. ბოლო 200 წელი ქართული სახელმწიფოებრიობის წყვეტას ჰქონდა ადგილი, ხოლო უკანასკნელი 70 წელი ტოტალიტარული სისტემის მარწუხებში ვიყავით მოქცეულები. 1990 წელს აღდგენილ სახელმწიფოებრიობას 1991-92 წლებში მომხდარი სამოქალაქო ომის გამო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევდა.
1995 წლის კონსტიტუციამ ქართულ სახელმწიფოს ერთგვარი ლეგიტიმურობა შესძინა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ინსტიტუტებში გაბატონებული კორუფცია და განუკითხაობა ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეებს ქართული სახელმწიფო საკუთარ ქვეყნად ჩათვალონ, ხოლო სახელმწიფო საქმე კი საზოგადოების ყველა წევრის პირად საქმედ მიიჩნიონ.
საზოგადოების თვალში ხელისუფლება და მისი მსახურნი ერთგვარ დახურულ კასტად აღიქმებიან. ხალხი თანამდებობის პირთა ყოველ ნაბიჯს უნდობლობითა და ცინიზმით უყურებს. სახელმწიფო მოხელეთა სიტყვებისა და საქმეების უკან პირადი ინტერესების ძებნა უკვე კოლექტიური პარანოიის ფორმას იღებს.
ხალხისა და ხელისუფლების გაუცხოება პოლიტიკური ინსტიტუტების ეროზიას იწვევს და უაღრესად სახიფათოა ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსათვის. იმ შემთხვევაშიც კი, როცა თანამდებობის პირები ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ, ოფიციალური პოლიტიკა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის აბსოლუტურად გაუგებარია, ზოგჯერ კი - კატეგორიულიად მიუღებელი.
ყოველივე ამას ერთი ძირითადი მიზეზი აქვს: დღევანდელ საქართველოში მოქალაქეებს, როგორც წესი, არ ესმით საკუთარი სახელმწიფოსი. ხელისუფლების შესახებ ადეკვატური ინფორმაციის უქონლობის პირობებში საზოგადოება ძველი სტერეოტიპებით ხელმძღვანელობს. აქედან გამომდინარე, სამთავრობო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში დღესავით ნათელი უნდა იყოს.
ახალ ქართულ სახელმწიფოში ხალხსა და ხელისუფლებას შორის გაუცხოების ტრადიციის დასაძლევად საკუთარი მოქალაქეების ნდობის მოპოვება შესაძლებელი რომ გახდეს, საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩაებას სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტის პროცესში.
მხოლოდ მთავრობის გამჭვირვალობა აღადგენს ხალხის ნდობას სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებისადმი. სრული გამჭვირვალობის პირობებში გაიფანტება საზოგადოების ეჭვები და გაქრება თანამდებობის პირთა ტოტალური არაკეთილსინდისიერების სტერეოტიპი. მხოლოდ ინფორმაციის თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი განხორციელდეს დემოკრატიის იდეალი - სახელმწიფო სისტემა შექმნილი ხალხის მიერ და ხალხისათვის.
ინფორმაციის თავისუფლების უპირველესი გარანტია საქართველოს კონსტიტუციაა. კონსტიტუციის საფუძველზე მიღებული კანონებია: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი - ინფორმაციის თავისუფლება; კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ; ზოგიერთი კანონი მედიცინისა და ეკოლოგიის სფეროში.
კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ვინაიდან თანამედროვე საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციის ერთ-ერთ ძირითად წყაროს აღმასრულებელი ხელისუფლება წარმოადგენს, კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი ნაწილი აღიარებს საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ, პირად ან კომერციულ საიდუმლოებას.
თუ კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი ნაწილი ღია მთავრობის პრინციპს ამკვიდრებს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. ეს ნორმა ბუნებრივად გამომდინარეობს კონსტიტუციის მე-20 მუხლით აღიარებული პრინციპიდან, რომელიც ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავს.
კონსტიტუციის 37-ე მუხლის თანახმად, ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ.
კონსტიტუციის შემდეგ ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომელიც არეგულირებს მოქალაქეთა უფლებას დაესწროს საჯარო დაწესებულებებში სხდომებს, თავისუფლად მიუწვდებოდეთ ხელი ოფიცილურ დოკუმენტებზე, აგრეთვე საკუთარი თავის შესახებ ხელისუფლების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე, არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი - ინფორმაციის თავისუფლება.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის გამჭვირვალეობის სფეროში სხვა კანონებიც მოქმედებს, აღნიშნული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავი ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და ეფექტურ სამართლებრივ დებულებად შეიძლება ჩაითვალოს.
ბუნებრივია, რაც უფრო ფართოა კანონის გამოყენების სფერო, მით უფრო დიდია ინტერპრეტაციათა დიაპაზონი. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავის გარდა მოქმედებს სხვა ნორმატიული აქტებიც, რომელთა ცოდნა, მართალია, მოქალაქეს განცხადების შედგენისას არ სჭირდება, მაგრამ თანამდებობის პირისათვის არის აუცილებელი განცხადებაზე კანონიერი და დასაბუთებული პასუხის გასაცემად.
გამჭვირვალე მთავრობის, კონკრეტულად კი წინამდებარე ნაშრომის თემიდან გამომდინარე, გამჭვირვალე სკოლის არსებობა საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს, მაგრამ ეს ინტერესი გამონაკლისის შემთხვევაში შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მეორე, არანაკლებ არსებით საზოგადოებრივ ინტერესთან, როგორიცაა სკოლის გამართული და ეფექტური საქმიანობა, პირადი საიდუმლოების დაცვა და ა.შ.
ამგვარი წინააღმდეგობები დამახასიათებელია ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოებისათვის. კანონი მოწოდებულია გარკვეულწილად დააბალანსოს ყველა ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი და საშუალება არ მისცეს ღიაობის ზოგადი წესიდან ცალკეულ გამონაკლისებს ინფორმაციის თავისუფლების ეროზია მოახდინონ.
კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, ინფორმაციის თავისუფლების თავი მთავრობის გამჭვირვალობასთან ერთად ოფიციალურ დოკუმენტებში არსებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის საკითხსაც არეგულირებს.
ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ არასწორი მონაცემების შესწორება და უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის განადგურება. ამ უფლების დაცვა შესაძლებელია სასამართლოს საშუალებით. მთავრობა ვალდებულია აგვინაზღაუროს საკუთარი დაუდევრობით, შეცდომით ან უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანი.
ინფორმაციის თავისუფლების საკითხებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გარდა სხვა საკანონმდებლო აქტებიც არეგულირებს. ამგვარად, აუცილებელია, რომ ის საჯარო მოსამსახურე, ვისაც უხდება ინფორმაციის თავისუფლების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ყველა ამ აქტს საფუძვლიანად იცნობდეს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იძლევა ტერმინის - „საჯარო ინფორმაცია. ზუსტ განმარტებას. კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის: ნახაზი, მაკეტი, სქემა, გეგმა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. საჯაროა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაცულია საჯარო დაწესებულებაში და აუცილებელი არ არის, რომ იგი მხოლოდ ქაღალდზე იყოს გამოსახული. ამასთან საჟარო ინფორმაცია ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს ინფორმაცია ღიაა.
საჯარო ინფორმაცია იყოფა ღია და დახურულ ინფორმაციად. ღიაა 12 ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებული წესით არ არის გასაიდუმლოებული. კანონის თანახმად, დახურულია ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას. სკოლის შემთხვევაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როგორც წესი, ინახება მხოლოდ პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
ეს არის ინფორმაცია, რომელიც შეეხება გარემომცველი გარემოს მდგომარეობას. ასევე იმ საფრთხეს, რომელიც ემუქრება ან შეიძლება დაემუქროს ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, გასაიდუმლოებას არ ექვემდებარება ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოების სტრუქტურისა და მისი თანამდებობის პირების, აღნიშნულ ორგანოებში გადაწყვეტილებების მიღების, არჩევითი თანამდებობის პირთა არჩევის, ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების და გაცემის, საჯარო დაწესებულებათა ფინანსური საქმიანობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და გარემომცველი გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ღიაობის მოთხოვნა კონსტიტუციური დებულების ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლში მითითებულია, რომ ყველას აქვს უფლება მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს შესახებ. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე საზოგადოებას უმეტეს შემთხვევაში არ ჰქონდა ინფორმაცია იმ საშიშროების შესახებ, რასაც გარემომცველი გარემო უქმნიდა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამჟამად, ასეთი ინფორმაციის დაფარვა არაკონსტიტუციურია და იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. ნებისმიერი საფრთხე, რომელიც ექმნება მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, სრულად უნდა ეცნობოს საზოგადოებას. ამასთან, საქართველომ ხელი მოაწერა ორჰუსის საერთაშორისო კონვენციას, რომელიც საზოგადოებას ანიჭებს შეუზღუდავ უფლებამოსილებებს სასიცოცხლო გარემოს დაცვისა და გარემოს შესახებ ინფორმაციის მიღების სფეროში.
ამ საკითხს არეგულირებს ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის 36-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია კონკრეტული საჯარო მოხელე. აღნიშნული დებულება გულისხმობს, რომ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში შიდა აქტით უნდა განისაზღვროს იმ პირის ვინაობა, ვისაც დაეკისრება საჯარო ინფორმაციის გაცემის ფუნქცია და შესაბამისი პასუხისმგებლობაც. აღნიშნული თანამდებობის პირის ვინაობა და სამსახურეობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია საჯარო დაწესებულებაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას უნდა იქნას მოთავსებული. საჯარო დაწესებულების მნიშვნელობის სიდიდისა და ფუნქციების გათვალისწინებით, აღნიშნული ფუნქციის განხორციელება შეიძლება შეითავსოს იმ თანამდებობის პირმა, რომლის ძირითად ფუნქციასაც სხვა საკითხთა გადაწყვეტა წარმოადგენს. სკოლის შემთხვევაში, საკითხის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა იქნება ოპტიმალური.
თუკი საჯარო დაწესებულებაში ინფორმაცია სხვადასხვა სახით არსებობს (მაგალითად: ქაღალდზე, მაგნიტურ ფირზე, ვიდეო გამოსახულების სახით), საჟარო დაწესებულება/შესაბამისი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია მოქალაქეს მიაწოდოს ინფორმაცია ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი ფორმით. პირი ასევე უფლებამოსილია გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუკი არსებობს ორიგინალის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებელებას ეკისრება დოკუმენტის ზედამხედველობის ქვეშ გაცნობის, ან სათანადო წესით დამოწმებული ასლის წარდგენის ვალდებულება.
მოქალაქეს შეუძლია მიიღოს საჯარო ინფორმაციის ასლი. კანონის თანხმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გადაიღოს საჯარო ინფორმაციის ასლები. ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება ინფორმაციის მომთხოვნს. იმ შემთხვევაში, როცა პირი საჯარო დაწესებულებიდან პერსონალურ მონაცემებს მოითხოვს, ამ სახის ინფორმაციის ასლები მას გადაეცემა უფასოდ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჟარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ. დაუყოვნებლივ გაცემა გულისხმობს საკითხის გადაწყვეტას განცხადების შეტანისა და საჯარო დაწესებულებაში რეგისტრაციისთანავე, იმავე დღეს. აღნიშნული წესიდან კანონი აწესებს რამდენიმე გამონაკლისს, როდესაც საჯარო დაწესებელებას ათდღიანი ვადა ეძლევა ინფორმაციის გაცემისთვის. სკოლაში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გამონაკლისებში გათვალისწინებული პირობები ვერ წარმოიშვება და, შესაბამისად, მათ აღარ განვიხილავთ.
საჯარო დაწესებულებამ დაინტერესებულ პირს ინფორმაციის გაცემაზე უარი უნდა აცნობოს დაუყოვნებლივ. ამ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება, კერძოდ კი შესაბამისი თანამდებობის პირი, ვალდებულია განმცხადებელს აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების, მისი საფუძვლის და იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების პროცედურა, აგრეთვე ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომლებთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.
გარდა იმისა, რომ უმეტესად საჯარო დაწესებულება გასცემს მოთხოვნილ ინფორმაციას, ან უარს ამბობს მის გაცემაზე, არსებობს სხვა შესაძლო პასუხებიც. მაგალითად,
საჯარო დაწესებულება აცხადებს, რომ მას მოთხოვნილი ინფორმაცია არ გააჩნია;
საჯარო დაწესებულება აცხადებს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იძებნება (ეს გულისხმობს, რომ დაწესებულება აღიარებს მოთხოვნილი ინფორმაციის მასთან არსებობას ან არსებობის ვალდებულებას, მაგრამ აცხადებს, რომ დოკუმენტის სიძველის, აღურიცხაობის, თუ სხვა მიზეზის გამო, მისი მოძებნა ვერ ხერხდება);
დაწესებულება აცხადებს, რომ მოთხოვნილი დოკუმენტი განადგურებულია (დოკუმენტი შეიძლება განადგურდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, როდესაც დოკუმენტის შემდგომი შენახვა აღარ არის სავალდებულო).
ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, ისევე როგორც ინფორმაციის გაცემაზე უარის დროს, საჯარო დაწესებულების პასუხი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში და მოთხოვნილ იქნას როგორც ინფორმაციის გაცემა, ისე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე და თვითმმართველობის ორგანოზე, ასევე მათზეც, ვისაც სახელმწიფომ გარკვეული უფლებამოსილების განხორციელება მიანდო ან რომლებიც ნაწილობრივ, ან სრულ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჟეტის სახსრებიდან. ამგვარად სკოლა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ცალსახად მიეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას.
სკოლა საჯარო დაწესებულებაა. საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოხელის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია საჟარო ინფორმაციაა.
სკოლის წინაშე მდგარი ინფორმაციის თავისუფლების პრობლემატიკა ნაწილობრივ სახელმწიფოებრივ დონეზე არსებული პრობლემატიკის ანალოგიურია, მაგრამ არსებობს სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე თავისებურებებიც.
სკოლის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჩამოყალიბება, საბჭოთა რეჟიმის ქვეშ მოხდა და სკოლა, როგორც უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელსაც პიროვნების სოციალიზაციის პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი მიეკუთვნება, მთლიანად ტოტალიტარული წყობის პირმშო აღმოჩნდა.
სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ ქვეყანა უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა; თავი იჩინა სოციალურ-ეკონომიკურმა და ეთნიკურმა პრობლემებმა. ამგვარ ფონზე ქვეყნის ხელისუფლებამ ეფექტური რეფორმების ინიცირება განათლების სფეროში ვერ მოახერხა. არ დაწყებულა სკოლების დეცენტრალიზაციის, სამართლებრივი ბაზის მოდერნიზაციისა და ადამიანური რესურსების გადამზადების პროცესები.
სამწუხაროდ დღესდღეობით სკოლების ძირითადი ნაწილი ისევ საბჭოთა რეჟიმის გადმონაშთების მატარებლად რჩება. რაც შეეხება ინფორმაციის თავისუფლების პრობლემატიკას, სხვა საჯარო დაწესებულების მსგავსად, სკოლაში არ ხდება ინფორმაციის თავისუფლების პრინციპების დაცვა. სკოლის ფინანსების მართვა ერთპიროვნულად ხორციელდება. რაც შეეხება სკოლაში დაცულ პირად ინფორმაციას, არ არსებობს პირადი საიდუმლოების დაცვის ტრადიციები, რაც ეწინააღმდეგება ქართულ კანონმდებლობას და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით უარყოფით აღმზრდელობით შედეგს იძლევა.
საზოგადოებაში უნდა დამკვიდრდეს აზრი, რომ ოფიციალური დოკუმენტების, სხდომაზე დასწრების, ან პირადი საიდუმლოების დაცვის მოთხოვნა არ არის უხერხული. რაც არ უნდა მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების ადამიანები მსახურობდნენ სკოლაში, მათი ძალისხმევის გარეშე ეს ინსტიტუტი გამჭვირვალე ვერ გახდება. უნდა არსებობდეს გამჭვირვალობაზე საზოგადოებრივი მოთხოვნა და მოქალაქეთა მზადყოფნა საკუთარი უფლებების დასაცავად.
სკოლის მოსწავლეებში, მასწავლებლებისა და მშობლებისგან განსხვავებით, გაცილებით დიდი ხარისხით შეინიშნება სოციალური აქტივობა ინფორმაციის თავისუფლების დასაცავად. ეს გასაკვირი არ არის, რადგან დღევანდელ მოსწავლეთა თაობების სოციალიზაცია ქვეყნის დემოკრატიული პრინციპებისადმი ლტოლვის პირობებში ხდება; თუმცა ეს პროცესი სრულყოფილი ვერ იქნება, თუკი სოციალიზაციის უმნიშვნელოვანესი რგოლი - სკოლა დემოკრატიის მოთხოვნებსა და იდეალებს არ დანერგავს. მასწავლებლებისა და მშობლების დიდი ნაწილისათვის კი ღრმად ფესვებგამდგარ წარმოდგენებთან გამომშვიდობება, მაგალითად ის, რომ გარკვეული ინფორმაციის მოთხოვნა უხერხულია და სხვის საქმეში ჩარევად შეიძლება ჩაითვალოს, სირთულეს წარმოადგენს.
მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს სკოლაში დემოკრატიის იდეალების დამკვიდრება, ქართულ სკოლას სხვა ალტერნატივა არა აქვს. სასკოლო განათლების სისტემის ცენტრალიზებული, არაეფექტური მართვის უარყოფითი შედეგები დღეს სახეზეა. დროთა განმავლობაში კი უარყოფითი შედეგი სულ უფრო და უფრო გამწვავდება, თუკი ეფექტურად ვერ მოხერხდება სასკოლო რეფორმის განხორციელება.
სასკოლო განათლების სისტემაში წესრიგის დამყარებით დაინტერესებული ერთადერთი ძალა საზოგადოებაა, რომელსაც სკოლამ მომავალი თაობები დემოკრატიის მონაპოვრებზე უნდა აღუზარდოს. სკოლის აშენებას ჩვენი მონაწილეობის გარეშე ვერავინ შეძლებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს უპირველესად ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარეობს.
შეიძლება ჩამოვთვალოთ რამდენიმე ზოგადი მიზეზი, რომლებიც ინფორმაციის გამჭვირვალობის დადებით შედეგზე მიუთითებს. ამ მიზეზების უკან კი უამრავი კონკრეტული მაგალითი მოიაზრება.
პირველი მიზეზი - ინფორმაციით დაინტერესებული პირი გაეცნობა სკოლის ფუნქციონირების დეტალებს. ეს კი ზრდის იმის ალბათობას, რომ იგი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სკოლის მართვაში.
მეორე მიზეზი - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხელს უშლის კორუფციასა და არაკომპეტენტურობას. იმის ცოდნა, რომ მათი მოქმედება საჯარო განსჯის საგანი შეიძლება გახდეს, სტიმულს მისცემს სკოლის თანამშრომლებს უკეთესად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები. საზოგადოების მხრიდან კონტროლი აუმჯობესებს მუშაობის ხარისხს.
მესამე მიზეზი - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და არ ელოდონ, რომ ამას მათ ნაცვლად მთავრობა გააკეთებს. ინფორმაცია პირდაპირ შესაძლებლობას იძლევა, რომ სკოლაში განათლების ხარისხის გაკონტროლება და გაუმჟობესება მოხდეს.
კანონმდებლობა, რომელიც საჯარო დაწესებულებაში, ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში კი სკოლაში, დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და სხდომების საჯაროობას უზრუნველყოფს, მოქალაქეთა მიერ ამ უფლების რეალიზაციის ძალიან მარტივ პროცედურებს ითვალისწინებს.
მიუხედავად ამისა, მზად უნდა ვიყოთ ისეთი შემთხვევებისათვის, როცა თეორია და პრაქტიკა ერთმანეთს არ ემთხვევა. დიდ როლს თამაშობს სუბიექტური ფაქტორი: ზოგიერთი სკოლის თანამშრომელი შეიძლება მტკიცედ იყოს განწყობილი ღიაობისა და თანამშრომლობისათვის, ზოგი კი უკიდურესად დახელოვნებულია ინფორმაციის დამალვაში. წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მათ ადგილზე, განა ჩვენ გვსიამოვნებს, როცა ვიღაცა ჩვენს საქმეში ცხვირის ჩაყოფას ცდილობს? განა ჩვენ არ ვცდილობთ აბეზარი ცნობისმოყვარეების თავიდან მოშორებას? სკოლის კედლებში მომუშავენიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან. ასე რომ, მათთვის არაფერი ადამიანური უცხო არ არის. ადამიანები კი ხშირად ცდებიან და ახასიათებთ სხვადასხვა სისუსტეები.
ამასთან, უნდა დავუშვათ, რომ სკოლის მუშაკი, რომელიც შეიძლება შესანიშნავი სპეციალისტია თავის სფეროში, კარგად არ იყოს გათვიცნობიერებული ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონმდებლობაში.
წარსული უუფლებობიდან გამომდინარე, ჩვენ ხშირად გვიჭირს ეჭვი შევიტანოთ სკოლის თანამშრომელთა ავტორიტეტული განცხადებების კანონიერებაში და კრიტიკული თვალით შევხედოთ მათი გადაწყვეტილებების სამართლიანობას.
ასეთ შემთხვევაში, უნდა გვახსოვდეს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში, რომლის აშენებასაც ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ, მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილებები და განსაჟოს, თუ რა არის ამა თუ იმ შემთხვევაში კანონიერი და რა - არა.
ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასამართლოში მიმართვისას, ჩვენი შანსები მივიღოთ სასურველი ინფორმაცია, დავესწროთ სხდომას ან მოვითხოვოთ ჩვენი პირადი საიდუმლოების გასაიდუმლოება, იზრდება. სასამართლოს არა აქვს პირდაპირი უწყებრივი დაინტერესება დამალოს ინფორმაცია. ასე რომ, თუკი სკოლის შესაბამისი მუშაკი საფუძვლიან არგუმენტებს არ მოიტანს, მოსამართლე დავას ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს.
სკოლაში ინფორმაციის თავისუფლების პრაქტიკა შემდეგ საკითხებს მოიცავს:
სამეურვეო საბჭოს არჩევნები
სკოლის ბიუჯეტის გამჭვირვალობა
პირადი საიდუმლოების დაცვა სკოლაში
მოსწავლეთა შეფასებასთან და გამოცდებთან დაკავშირებული ზოგიერთი აღმზრდელობითი ხასიათის საკითხი
ჩვენ შევეცდებით დეტალურად განვიხილოთ ოთხივე საკითხი, შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილების ფონზე.
სამეურვეო საბჭოს ჩამოყალიბება მიმდინარე სასკოლო რეფორმის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ეს არის ახალი რგოლი სასკოლო ადმინისტრაციაში და სკოლის მართვის დეცენტრალიზაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი სამეურვეო საბჭოს მნიშვნელობასა და ფუნქციონალურ დატვირთვას, მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს მისი უფლებამოსილებების ნუსხიდან:
სამეურვეო საბჭო განიხილავს და ამტკიცებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ დაწესებულების მართვის სტრატეგიულ გეგმას. იგი უფლებამოსილია წარმოადგინოს წინადადებები აღნიშნული სტრატეგიული განვითარების გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
სამეურვეო საბჭო განხილავს და ამტკიცებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სტრატეგიას დაწესებულების საკადრო და არასაბიუჟეტო ფინანსური რესურსების მართვის შესახებ, ასევე მატერიალური რესურსების გამოყენების გეგმას. იგი უფლებამოსილია წარმოადგინოს წინადადებები ცვლილებების შეტანის შესახებ.
თუკი სამეურვეო საბჭო არ დაამტკიცებს ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე გეგმას, სკოლის დირექტორს უფლება აქვს ათი დღის ვადაში მოსთხოვოს მას გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება, ან კონკრეტული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, დირექტორს უფლება აქვსაღნიშნული გეგმა ხელმეორედ წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს.
სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მოიზიდოს დამატებითი (არასაბიუჯეტო) ფინანსური და მატერიალური რესურსები. საბჭოს ეს ფუნქცია, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ერთგვარი მოვალეობა, გადამწყვეტია საქართველოს სკოლების ძირითადი ნაწილისათვის.
სამეურვეო საბჭო მონიტორინგს უწევს, ანუ სწავლობს სკოლის ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენებას, დისციპლინის დაცვას სკოლაში და იცავს მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებებს.
ამგვარად, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებათა ჩამონათვალი შთამბეჭდავია და იძლევა იმის თეორიულ წინაპირობას, რომ სამეურვეო საბჭო სკოლაში დღეს არსებულ ფინანსურ, საკადრო და მეთოდოლოგიურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჟობესებს. მოსალოდნელ შედეგს მივიღებთ, თუკი სამეურვეო საბჭოს არჩევნებს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩავატარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუბიექტური მოსაზრებების, სკოლის დირექტორის ან ადმინისტრაციის ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგად დაკომპლექტებული სამეურვეო საბჭო კიდევ ერთი უფუნქციო რგოლი იქნება სკოლის ადმინისტრაციაში.
იმის შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭოს პოტენციალი განვიხილეთ, შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ ინფორმაციის თავისუფლების პრინციპების დაცვაზე სამეურვეო საბჭოს არჩევისას.
სამეურვეო საბჭოს არჩევა უნდა მოხდეს მშობელთა საერთო კრებაზე, რომელსაც მოიწვევს სკოლის დირექტორი ან ადმინისტრაცია. არჩევნების თარიღი წინასწარ უნდა გახდეს ცნობილი მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. ეს შეიძლება მოხდეს ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნების ან სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას განცხადების გამოკვრის საშუალებით. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნების შესახებ ინფორმაციის წინასწარი გავრცელება იქნება იმის გარანტი, რომ მშობლები არჩევნებამდე შეძლებენ სასურველი კანდიდატურების შერჩევას. თვითონ კანდიდატებსაც ექნებათ საშუალება, რომ ამომრჩევლებს (მშობლებს) დაუსაბუთონ, თუ რის გაკეთებას შეძლებენ საბჭოში და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები სკოლის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით.
მოსალოდნელი არჩევნების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობასთან ერთად დიდი როლი ენიჭება თვითონ საარჩევნო პროცესის კანონის დაცვით ჩატარებას. მშობლების საერთო კრება უფლებამოსილია აირჩიოს სამეურვეო საბჭო, თუ მას ესწრება ამ სკოლის მოსწავლეთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მშობელი (ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი). როგორც წესი, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა ღია კენჭისყრით ხდება. კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით მიიღოს ფარული კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვა კანდიდატებთან შედარებით მეტ ხმას მოაგროვებენ. საბჭო აირჩევა 3 წლის ვადით. იმის მიუხედავად, თუ კენჭისყრის რომელ მეთოდს (ღია ან ფარული) აირჩევს მშობლების საერთო კრება, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს. ღია კენჭისყრის შემთხვევაში, გამჭვირვალობა თითქმის გარანტირებულია. ფარული კენჭისყრის შემთხვევაში კი ხმების დათვლა უნდა მოხდეს კენჭისყრის დამთავრებისთანავე მშობლების საერთო კრების თვალწინ, შერჩეული კომისიის მიერ.
არჩეული საბჭო უნდა შეიკრიბოს შექმნიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში და ხმათა უმრავლესობით აირჩიოს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე. კენჭისყრის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ამ შემთხვევაში გაცილებით მარტივი იქნება, რადგან სამეთვალყურეო საბჭო 7-11 წევრისგან შედგება.
აღნიშნული პროცედურების დარღვევით შექმნილი სამეურვეო საბჭო არ ჩაითვლება უფლებამოსილად განახორციელოს მასზე დაკისრებული უფლებამოვალეობები.
სკოლის ეფექტური მართვა გულისხმობს ფინანსური და მატერიალური რესურსების განკარგვის გამჭვირვალობას. სკოლის ბიუჯეტი არის სკოლის ეკონომიკური პოლიტიკის ამსახველი პირველხარისხოვანი დოკუმენტი. ამის გამო, გამჭვირვალობა და მონაწილეობის მიღება ბიუჟეტის მიღების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მოვიყვანთ გამჭვირვალობით სარგებლობის რამდენიმე მაგალითს:
გამჭვირვალობა იძლევა სკოლის დირექტორისა და ადმინისტრაციის ძლიერი და სუსტი მხარეების ადრეული იდენტიფიკაციის საშუალებას. ის ბიძგს აძლევს რეფორმებს.
სკოლის დირექტორისა და ადმინისტრაციის აღრიცხვიანობის გაუმჯობესება კორუფციის აღმოფხვრის საშუალებაა.
გამჭვირვალობის გაზრდა გამოიწვევს სკოლის დირექტორისა და ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ფაქტორის გაზრდას.
გაუმჯობესდება არასაბიუჟეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის შანსები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამეურვეო საბჭო ვერ შეძლებს ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვას. არცერთი დონორი ორგანიზაცია, ფიზიკური ან იურიდიული პირი არ დაინტერესდება დაეხმაროს სკოლას, თუკი გამჭვირვალე არ იქნება სკოლის მიერ მიღებული დახმარების განკარგვის პროცესი.
საჭიროა გამჭვირვალობის შერწყმა მონაწილეობასთან. საკმარისი არ არის მხოლოდ ობიექტური და ოპერატიული ინფორმაციის ფლობა იმის შესახებ, თუ როგორ განკარგავს სკოლა ფინანსურ რესურსებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამეურვეო საბჭოს ფუნქცია, მონიტორინგი გაუწიოს სკოლის ფინანსური და მატერიალური რესურსების განკარგვას.
ამგვარად, სკოლის ბიუჯეტთან მიმართებაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფა იძლევა სკოლების დღევანდელი დუხჭირი მდგომარეობის გაუმჯობესების რეალურ გარანტიას.
პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც იცავს ამა თუ იმ ფიზიკური პირის პერსონალურ მონაცემებს, ხოლო პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს წყვეტს თვით ის პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებაში.
კანონის თანახმად, პერსონალური მონაცემები არის ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის, ანუ ამოცნობის შესაძლებლობას იძლევა. როგორც წესი, პირად საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან და სხვა კერძო საკითხებთან. დაწესებულება, რომელშიც პირადი საიდუმლოების შემცველი მონაცემები ინახება, ვალდებულია არ გასცეს ეს ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) თვით ამ პირის თანხმობის, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე. ამგვარად, იმისათვის, რომ მივიღოთ პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, გვესაჭიროება თვით იმ პირის თანხმობა, რომლის პირად საიდუმლოებასაც ვითხოვთ. ასეთ შემთხვევაში, განცხადებასთან ერთად საჯარო დაწესებულებას უნდა მიეწოდოს სანოტარო წესით ან ადმინისტრაცული ორგანოს მიერ დამოწმებული თანხმობა. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დაცვის ზემოთ აღნიშნული წესი არ ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებსა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებზე. მათ შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები ღიაა და უნდა გაიცეს საჯარო დაწესებულების მიერ შესაბამისი პირის თანხმობის გარეშე.
ამგვარად, სკოლაში პერსონალური მონაცემების შენახვა, დამუშავება და განსაკუთრებით მათი გავრცელება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით უნდა ხდებოდეს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც საქართველოს კანონში განათლების შესახებ და არც სხვა კანონქვემდებარე აქტებში სკოლაში პირადი მონაცემების შენახვისა და დამუშავების დეტალური მითითება არ არის მოცემული. საქართველოს სკოლების ძირითადი ნაწილის პრაქტიკაში დამკვიდრებული აღნიშნული საკითხების მარეგულირებელი წესები კი შორს არის პირადი საიდუმლოების დაცვის იმ კრიტერიუმებისაგან, რომელსაც დღეს საქართველოს ზემოთ აღწერილი საკანონმდებლო ბაზა სთავაზობს.
ქართულ კანონმდებლობაში არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის შესავსებად ქვემოთ მოვიყვანთ დასავლური ქვეყნების გამოცდილებას სკოლაში პირადი მონაცემების შენახვასთან, დამუშავებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით.
პირადი მონაცემები, რომლებიც მოსწავლემ სკოლაში შესვლის დროს და შემდგომში წარუდგინა სკოლას, შეიძლება ავტომატურად იქნას გამოყენებული სკოლის ხელმძღვანელობის მიერ სხვადასხვა დანიშნულებით, ძირითადად, ცნობების გაცემისა და სასკოლო კორესპონდენციისათვის. პირადი მონაცემების ავტომატურად გამოყენებისა და გავრცელების წესი არ ვრცელდება იმ მონაცემებზე, რომლებიც მოპოვებულ იქნა სასკოლო სამედიცინო, სასკოლო ფსიქოლოგიური და სკოლაში წესრიგის დამამყარებელი ღონისძიებების შედეგად. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევებშიც, გამონაკლისის წესით შესაძლებელია პირადი მონაცემების ავტომატური დამუშავება, იმ პირობით, რომ მონაცემების შენახვა არ მოხდება და კონკრეტული ტექსტის შექმნისთანავე მათ გაანადგურებენ.
მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა პირადი მონაცემების პერსონალურ კომპიუტერზე დამუშავება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში სკოლის დირექტორის ნებართვით. ამისთვის საჭიროა, რომ პერსონალური კომპიუტერის გაკონტროლება ისევე იყოს შესაძლებელი, როგორც სკოლის კომპიუტერებისა.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქართულ რეალობაში სკოლების კომპიუტერიზაციას ჯერ კიდევ არ მიუღია მასიური სახე და საქართველოს სკოლების ძირითად ნაწილში მონაცემთა დამუშავება (მათ შორის, პირადი საიდუმლოების მომცველი მონაცემებისაც) დავთრული წესით ხდება, აუცილებელია მოიძებნოს მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ამგვარ პირობებშიც მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი პირადი საიდუმლოების დაცვა. დავთრები, რომლებშიც მოსწავლეთა ან მასწავლებელთა პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაა მოცემული, უნდა ინახებოდეს სეიფებში. დავთრების გატანა სკოლის შენობიდან, გარდა უკიდურესი, გამონაკლისი შემთხვევებისა, არ უნდა ხდებოდეს. დასამუშავებლად ან კონკრეტული ინფორმაციის მოსაძებნად ასეთი დავთრები შეიძლება გადაეცეთ მასწავლებლებს მხოლოდ კონკრეტული მიზნის შესასრულებლად დირექტორის ნებართვით. დასახული სამუშაოს შესრულებისთანავე უნდა მოხდეს დავთრის შენახვა. აღნიშნული პროცედურის დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნას დავთრის მიუწვდომლობა სხვა პირებისათვის.
სასწავლო წლის დასაწყისში მშობლებს შეიძლება გადაეცეს მასწავლებლების სახელები და გვარები, მისამართები და ტელეფონის ნომრები, ასევე კლასის მოსწავლეთა სახელები და გვარები. ყოველ მასწავლებელს ან მოსწავლეს უფლება აქვს უარი განაცხადოს აღნიშნულ სიაში საკუთარი მონაცემების შეტანაზე, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, ანუ ამ მოსწავლის ან მასწავლებლის მონაცემები არ უნდა გავრცელდეს.
საკლასო ჟურნალი, რომელიც კლასის ყველა მასწავლებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, უნდა მოიცავდეს მხოლოდ შემდეგ ინფორმაციას:
მოსწავლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი
საპატიო და არასაპატიო გაცდენები
გატარებული აღმზრდელობითი ღონისძიებები
მშობლების სახელი, გვარი, მისამართი
საკონტაქტო მონაცემები უბედური შემთხვევისათვის
რაც შეეხება აკადემიური მოსწრების მაჩვენებელ მონაცემებს, ანუ ნიშნებს, ისინი ყველა საგნის მასწავლებელს ცალკე დავთარში უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული. ყველა მასწავლებელი ინდივიდუალურად უნდა ინახავდეს სეიფში იმ სასწავლო კლასების დავთრებს, რომლებსაც ასწავლის. დავთარი ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს მოსწავლეების ან სხვა მასწავლებლებისათვის.
სკოლაში სწავლის დასრულებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მოსწავლის მონაცემების დამუშავება მისი პირადი თანხმობის გარეშე აღარ უნდა ხდებოდეს. დასაშვებია მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ კლასის შეკრების მიზნით, ყოფილი მოსწავლეების მონაცემთა გადაცემა კლასის შეხვედრის საორგანიზაციო ჯგუფისათვის.
პრაქტიკაში ვაწყდებით უამრავ კონკრეტულ კითხვას, რომელზეც სწორი პასუხი ინფორმაციის თავისუფლების აღწერილი ნორმების ზედმიწევნით ცოდნას მოითხოვს სკოლის ადმინისტრაციისაგან. მაგალითად მოვიყვანთ რამდენიმე შესაძლო კითხვას:
ასეთი სამართლებრივი მოთხოვნა სკოლის კანონმდებლობაში არ არის ფეხმოკიდებული. თუმცა დაინტერესებულ პირებს აქვთ უფლება პირად მიზეზებზე მითითებით წერილობითი სახით გამოთქვან პროტესტი თავიანთი შვილების შესახებ ინფორმაციის საყოველთაო ან კონკრეტული ფორმებით დამუშავების წინააღმდეგ. თუ ამგვარი პროტესტი დასაბუთებულია, სკოლის ხელმძღვანელობა ვალდებულია პროტესტი გაითვალისწინოს.
მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების სკოლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება არ არის მიზანშეწონილი. თუ სკოლის ადმინისტრაცია ამის გაკეთებას მაინც საჭიროდ მიიჩნევს, მაშინ ეს უნდა მოხდეს ზრდასრული მოსწავლეების ან მათი მშობლების თანხმობით. წინასწარ უნდა მოხდეს მათი იმ საშიშროებების შესახებ ინფორმირება, რომლებიც პირადი მონაცემების ინტერნეტში გაშვებისას წარმოიქმნება. თანხმობის განცხადება წერილობით ხასიათს უნდა ატარებდეს. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ არ მოხდეს ბავშვის შესახებ სხვა ინფორმაციის გაცემა (მაგ. მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი და ა.შ.). მოსწავლეთა სურათებიც, ინფორმაციის თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე, ცალსახად განეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს.
არა. კერძო დაწესებულებებს, მათ შორის გაზეთებსაც, ამდაგვარი სახის მასალის გამოქვეყნება მხოლოდ დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში შეუძლიათ. თანხმობის გარეშე მასალების გადაცემა დასაშვებია, როდესაც მასალების მომთხოვნს საკმარისი სამართლებრივი ინტერესი გააჩნია, რაც გაზეთის შემთხვევაში მართებული არ არის. თუ სკოლის გაზეთს, ან სხვა ბეჭდვით გამოცემას სკოლადამთავრებულთა სახელების გამოქვეყნება სურს, მან ყოველი მშობლისაგან ან სრულწლოვანი მოსწავლისაგან სათითაოდ უნდა მიიღოს თანხმობა. ამასთან, ისინი უნდა გააფრთხილონ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი შესაძლო პრობლემების შესახებ. სკოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება მოსწავლეთა პირადი მონაცემები გადასცეს ბეჭდვით გამოცემას, თუ სკოლის მოსწავლეთა მშობლები წერილობით წარადგენენ თანხმობას.
საქართველოში დღემდე მიიჩნევა, რომ საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოსწავლეთა ნიშნების ღიად გამოცხადება. თითოეული მოსწავლის შეფასება, ზეპირი გამოკითხვის შემთხვევაში, ხმამაღლა ცხადდება კლასში გაკვეთილის დროს. თითოეულ კლასს ერთი საკლასო ჟურნალი აქვს ყველა საგნისათვის, ამიტომ ყველა საგნის მასწავლებელს შეუძლია გაეცნოს მოსწავლის ნიშნებს სხვა დისციპლინებში. მასწავლებელს ჟურნალში შეუძლია ნახოს არა მარტო ზეპირი გამოკითხვის, არამედ წერითი სამუშაოების შეფასებებიც. ნიშნების გამოცხადება ღიად ხდება მშობელთა კრებებზეც. აქედან გამომდინარე, მოსწავლის ნიშნები არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოებას.
ჩნდება შემდეგი კითხვები: მოსწავლეთა ნიშნები მათ პირად საიდუმლოებას ხომ არ უნდა განეკუთვნებოდეს? საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი თვალსაზრისით, რამდენად მართებულია ნიშნების ხელმისაწვდომობა ყველა მასწავლებლის, მოსწავლის და თანაკლასელების მშობლებისათვის?
საინტერესოა, როგორია საერთაშორისო გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით. გავეცანით რამდენიმე დასავლური ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას სკოლის შესახებ და აღმოჩნდა, რომ ნიშნებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოსწავლეებს და მათ მშობლებს მხოლოდ ინდივიდუალურად უნდა გააცნოს კონკრეტული საგნის მასწავლებელმა. ძნელია ნიშნების ასეთი ღიაობის დადებითი ეფექტის დამადასტურებელი მაგალითების მოყვანა. უარყოფითი ეფექტი კი ბევრია:
ნიშნების ღიაობა ხშირად იწვევს მოსწავლეებს შორის უარყოფითი მუხტის ჩამოყალიბებას. მოსწავლეს თანაკლასელებსა და მასწავლებლებს შორის ექმნება გარკვეული იმიჯი (ცუდი, საშუალო ან კარგი მოსწავლის), რისი შეცვლაც შემდეგ რთულია. ცუდმა მოსწავლემ ძალიან რომ მოინდომოს და კარგად მოემზადოს გაკვეთილებისათვის, გაუჭირდება პოზიტიური იმიჯის დამკვიდრება გარშემომყოფთა შორის სწორედ იმის გამო, რომ მისი ძველი შეფასებები ყველასათვის ცნობილია. როგორც წესი, ე.წ. „ცუდი მოსწავლე“, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აღარ ცდილობს სწავლის გაუმჯობესებას, რადგანაც ეგუება ამ იმიჯს და საკუთარი თავის რწმენას კარგავს. უკვე ხომ ისედაც ყველამ იცის, რომ ის ცუდი მოსწავლეა. განსაკუთრებით დიდია უარყოფითი ეფექტი, როცა მოსწავლის ნიშნები ყველა დიციპლინაში ერთ საკლასო ჟურნალშია შეტანილი და მასწავლებელს შეუძლია გაეცნოს მოსწავლის მოსწრებას სხვა საგნებში. როგორც წესი, ეს იწვევს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. მაგალითად, თუკი მოსწავლის შეფასება ფიზიკაში საშუალოდ 3-ია, ისტორიაში მან ბრწყინვალედაც რომ მოამზადოს გაკვეთილი, როგორც წესი, მასწავლებელი მას უმაღლეს შეფასებას აღარ აძლევს.
დასავლურ ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მოსწავლის მხოლოდ საერთო სემესტრული ნიშანი არ არის დაფარული.
საგამოცდო საკონტროლო წერების საკითხების გამჭვირვალობის საკითხი მეტად პრობლემატურია იმ დასავლურ ქვეყნებში, რომელთა გამცდილებასაც გარკვეულ საკითხებში ეყრდნობა მოცემული ნაშრომი. საინტერესოა ქართველი მასწავლებლების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ძნელად თუ მოიძებნება ისეთი პედაგოგიური მეთოდი, რომლზეც მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი არგუმენტების მოყვანა შეიძლება. საჭიროა არგუმენტების აწონ-დაწონვა და კომპრომისის საშუალებით საუკეთესო გადაწყვეტილების პოვნა. ამ მეთოდით შევეცდებით პასუხი გავცეთ დასმულ კითხვას - რამდენად გამჭვირვალე უნდა იყოს საგამოცდო საკითხები? გამოცდის საკითხების ქვეშ ვგულისხმობთ: საკონტროლო წერებსა და სემესტრულ გამოცდებს, რომლებიც სკოლის ადმინისტრაციის მიერ დგინდება. ჩვენ გვაინტერესებს გავარკვიოთ, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ შემთხვევებში მოსწავლეებისათვის საკონტროლო წერის, ან გამოცდის საკითხების წინასწარი გაცნობა. საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საკონტროლო წერების დროს ხდება ანალოგიური საკითხების წინასწარი განხილვა. გამოცდის შემთხვევაში კი, მოსწავლეებს, როგორც წესი, საშუალება აქვთ უშუალოდ საგამოცდო საკითხებს გაეცნონ.
მოვიყვანთ საქართველოს სხვადასხვა სკოლის მასწავლებლების არგუმენტებს ამ საკითხთან დაკავშირებით:
საწინააღმდეგო არგუმენტები
|
|
გამოცდის საშუალებით უნდაგაირკვეს, თუ რა იცის მოსწავლემ. თუკი მას წინასწარ შევატყობინებთ,რა სახის საკითხები იქნება გამოცდაზე, ეს უკვე გამოცდა აღარ იქნება.
|
გამოცდა ბევრ ფუნქციას ატარებს.მისი შემოფარგვლა მხოლოდ შეფასების ფუნქციით ნიშნავს პოტენციური მოტივაციისა სწავლის ხელშემწყობი ასპექტების უგულებელყოფას
|
გამოცდის სავარაუდო საკითხების გაცნობა იწვევს მოსწავლეთა კონცენტრაციას ამ საკითხებზე, რის შედეგადაც მათი საერთო ცოდნა კონკრეტულ საგანში ზარალდება.
|
გამოცდის დროს ხდება სასწავლო მასალის კონცენტრირება მნიშვნელოვან თემებზე. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გამჭვირვალობის პრინციპის დაცვისას მოსწავლეები უფრო მეტ დროს ხარჯავენ წინასაგამოცდო მზადებაზე.
|
გამოცდის საკითხების გამჭვირვალობა იწვევს მოსწავლეთა მოსწრების ზრდას, რაც მოსწავლეთა რეალურ შესაძლებლობებს არ შეესაბამება
|
თუკი გამოცდის ერთადერთ მიზნად მოსწავლეთა დიფერენციაცია მიგვაჩნია, მაშინ გამოცდაზე დავსვათ ისეთი რთული შეკითხვები, რომლებსაც მოსწავლეთა 50% პასუხს ვერ გასცემს.
|
ისედაც გადატვირთულმა და სოციალურად დაუცველმა მასწავლებელმა რატომ უნდა დახარჯოს დრო გამოცდის საკითხების მოსწავლეებისთვის გაცნობაზე? მოსწავლეებში შიშის ფაქტორის შესამცირებლად?
|
წინასაგამოცდო საკითხების ჩამოყალიბება მასწავლებელსაც ეხმარება კონკრეტულ კლასთან გაწეული მუშაობის შედეგის დანახვაში.
|
ქართული საზოგადოება გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ეთანხმება იმას, რომ სკოლის საზოგადოებრივი სტრუქტურა მოსწავლეებში შიშს იწვევს.
|
ახალი სკოლა ხომ არ გვჭირდება, რომელსაც მოსწავლეები არა მუქარად, არამედ პიროვნების განვითარების კონსტრუქციულ საშუალებად აღიქვამენ?
|
კომენტარი თქვენთვის მოგვინდია. ჩვენ კი მხარს ვუჭერთ საგამოცდო და საკონტროლო საკითხების გამჭვირვალობას.
რეზიუმედ შემდეგი ფრაზა შეიძლება გამოდგეს - ერთად დავიწყოთ ახალი სკოლის შენება.
დანართის სახით გთავაზობთ სკოლაში ადამიანის უფლებების დაცვის შესაფასებელ ტესტს. ამ ტესტის საშუალებით შეძლებთ განსაზღვროთ, თუ როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები თქვენს სკოლაში. კონკრეტული პრობლემის იდენტიფიკაცია კი საშუალებას მოგცემთ შეიმუშაოთ ადამიანის ამა თუ იმ უფლების დაცვის გასაუმჟობესებელი ღონისძიებები.
სასურველია, ტესტის შეტანა მოხდეს ყველა სასწავლო კლასში ცალცალკე, მასწავლებლებს კი შეგიძლიათ ერთად შესთავაზოთ მისი შევსება.
საკლასო ოთახში დაფაზე დახაზეთ შკალა, სადაც მოცემული იქნება ქულები 1-დან 4-მდე. მოსწავლეებმა ტესტის თითოეული საკითხი ამ შკალის მიხედვით უნდა შეაფასონ.
შესაძლებელია, მოსწავლეებს არ გაუჩნდეთ საკუთარი აზრის ღიად გამოთქმის სურვილი. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მეთოდი - თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად ავსებს ტესტს. შემდეგ თქვენ აგროვებთ ფურცლებს, არევთ მათ და ისევ ურიგებთ მოსწავლეებს, რათა მათ ზეპირად გიკარნახონ ქულები. თქვენ ამ ქულებს წერთ დაფაზე წინასწარ მომზადებულ შკალაში. ასეთი ხერხით მთელ კლასს ეძლევა საშუალება განიხილოს თითოეული პუნქტის შეფასება და დაინახოს მიღებული შედეგი.
ტესტი შედგენილია ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის მიხედვით.
ყურადღებით გაეცანით თითოეულ პუნქტს და მარცხნივ დაიტანეთ შეფასება (ამ დროს შეეცადეთ იფიქროთ არა მარტო საკუთარი თავის მდგომარეობაზე, არამედ გაითვალისწინოთ სკოლის ყველა წევრის: მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა და დირექტორის უფლებების დაცვა). ტესტის შევსებამდე გაეცანით აქ მოყვანილ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის შემოკლებულ ვარიანტს. სასურველია, რომ კონვენციის ეს ვარიანტი დაფაზე, ან სხვა თვალსაჩინო ადგილას იყოს გაკრული. ტესტში წარმოდგენილ საკითხებზე პასუხის გაცემის შემდეგ შეკრიბეთ ყველა პუნქტზე მიწერილი ციფრი.
1 - არა/არასოდეს; 2 - იშვიათად; 3 - ხშირად; 4 - კი/ყოველთვის.
1. ჩემს სკოლაში ყველა მოსწავლე დაცულად გრძნობს თავს (მუხლი 2)
2. ჩემი სკოლის წევრების შევიწროება არ ხდება მათი ცხოვრების წესის გამო, მაგ. ჩაცმულობის სტილი (მუხლი 14)
3. ჩემი სკოლა თითოეულს სთავაზობს მონაწილეობის ერთნაირ შესაძლებლობებს და ერთნაირ საშუალებებს (მუხლი 14)
4. ჩემი სკოლის წევრები, როგორც წესი, უარყოფენ ხოლმე ჩვენს სკოლაზე გამოთქმულ უარყოფით შეფასებებს (მუხლი 2, 9)
5. პრობლემების გადაჭრა ჩემს სკოლაში არაძალისმიერი მეთოდებით, საერთო ძალისხმევით ხდება (მუხლი 2, 3)
6. სასკოლო წესრიგისა და დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში, ყველას ერთნაირად სამართლიანად ექცევიან. ეს ეხება როგორც დარღვევის დადგენას, ისე დასჯას (მუხლი 6)
7. ყველა, ვისზეც რაიმე ეჭვი წარმოიშვება, დარღვევის დამტკიცებამდე უდანაშაულოდ მიიჩნევა (მუხლი 6)
8. ჩემი პირადი საიდუმლოება, პირადი სფერო და ქონება დაცულია (მუხლი 8; მუხლი 1, 1 დამატებითი პროტოკოლი)
9. ჩემი სკოლის დევიზად შეიძლება ჩაითვალოს: „სხვადასხვა კულტურისა და წარმოშობის მოსწავლეებო, მასწავლებლებო და ადმინისტრაციის წევრებო, გაერთიანდით“ (მუხლი 1, 9, 10, 14)
10. ჩემი სკოლის ყველა წევრს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიულ პროცესებში (მუხლი 11; მუხლი 3, 1 დამატებითი პროტოკოლი)
11. ჩემი სკოლის წევრებს დღის განმავლობაში აქვთ შესვენებათა საკმარისი რაოდენობა, სასწავლო და სამუშაო საათების მისაღები რაოდენობა და კარგი სამუშაო პირობები (მუხლი 4)
12. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ჩემს სკოლაში არ ხდება დისკრიმინაცია და სკოლის თითოეული წევრი სკოლის უსაფრთხოებიდან და კეთილდღეობიდან გამომდინარე მოქმედებს (მუხლი 1)
მუხლი 1. ადამიანის უფლებათა პატივისცემის ვალდებულება
სახელმწიფოებმა ყველასათვის უნდა უზრუნველყონ ამ კონვენციაში ჩამოთვლილ უფლებათა დაცვა
მუხლი 2. სიცოცხლის უფლება
შენ გაქვს სიცოცხლის უფლება
მუხლი 3. წამების აკრძალვა
არავის აქვს უფლება გაწამოს, მოგეპყროს არაადამიანურად ან დაგსაჯოს. მაშინაც კი, თუკი შენ საპყრობილეში იმყოფები, შენი უფლებები დაცული უნდა იყოს მუხლი 4. მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა აკრძალულია მოგექცნენ ისე, როგორც მონას ან ყმას, ძალადობით ან იძულებით შეგასრულებინონ სამუშაო
მუხლი 5. უფლება თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე
შენ გაქვს უფლება პიროვნების თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე.
დაპატიმრების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა გაცნობონ დაპატიმრების მიზეზი და გაგაცნონ შენს წინააღმდეგ არსებული ბრალდება.
შენ დაუყოვნებლივ უნდა წარგადგინონ მოსამართლესთან, რომ მან გადაწყვიტოს შენი საქმის სასამართლო განხილვამდე შენი განთავისუფლება.
მუხლი 6. სამართლიანი სასამართლოს უფლება
შენ გაქვს უფლება, რომ შენი საქმე სამართლიანად და ღიად იქნას მოსმენილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის მიერ.
თუკი ბრალი გედება დანაშაულში, კანონის შესაბამისად, დამნაშავედ ცნობამდე უდანაშაულოდ უნდა განიხილებოდე.
თუკი შენი დანაშაული დამტკიცდა, გაქვს ადვოკატის დახმარების უფლება. თუკი შენ არა გაქვს საკმარისი სახსრები მისი სამართლებრივი დახმარების ასანაზღაურებლად, დახმარება უნდა გაგეწიოს უფასოდ.
მუხლი 7. არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე
არ შეიძლება აღიარებულ იქნა დამნაშავედ რაიმე ქმედების ან შეცდომის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს იმ დროისათვის, როცა ის იქნა ჩადენილი
მუხლი 8. პირადი და საოჯახო ცხოვრების უფლება
შენ გაქვს უფლება შენს პირად და საოჯახო ცხოვრებაზე, სახლსა და კორესპონდენციაზე
მუხლი 9. აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება
შენ გაქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებაზე. შენ გაქვს უფლება ეულად თუ სხვებთან ერთად საჯაროდ თუ კერძოდ გამოხატო შენი რელიგია ან რწმენა; თაყვანი სცე მას, შეისწავლო, შეასრულო რიტუალები ან დაემორჩილო. შენ გაქვს უფლება შეიცვალო რელიგია ან რწმენა
მუხლი 10. გამოხატვის თავისუფლება
შენ გაქვს უფლება თქვა და დაწერო ის, რასაც ფიქრობ; გაავრცელო და მიიღო ინფორმაცია
მუხლი 11. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
შენ გაქვს უფლება მონაწილეობა მიიღო მშვიდობიან შეკრებებზე;
შენ გაქვს უფლება შექმნა და გაერთიანდე კავშირებში - პროფესიული კავშირების ჩათვლით
მუხლი 12. ქორწინების უფლება
ქორწინების ასაკის ქალებსა და მამაკაცებს აქვთ უფლება დაქორწინდნენ და შექმნან ოჯახი ეროვნული კანონების მიხედვით, რომლებიც აწესრიგებენ ამ უფლებების განხორციელებას
მუხლი 13. უფლება ეფექტურ საჩივარზე
თუკი შენ დაგერღვა შენი უფლებები, შეგიძლია საჩივარი შეიტანო სასამართლოში ან სხვა საჟარო დაწესებულებაში.
მუხლი 14. დისკრიმინაციის აკრძალვა
ამ უფლებების გამოყენება შეგიძლია მიუხედავად შენი კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, წარმოშობისა და შენი აზრისა.
მუხლი 15. გამონაკალისი საგანგებო სიტუაციის დროს
ომის ან სხვა საზოგადოებრივი საგანგებო სიტუაციის დროს ხელისუფლებას უფლება აქვს მიიღოს ზომები, რომლებიც შეიძლება არღვევდეს შენს აქ აღწერილ უფლებებს. თვით ასეთ სიტუაციებშიც კი ხელისუფლებას აკრძალული აქვს ადამიანთა წამება და განუკითხავად სიკვდილით დასჯა.
მუხლი 16. უცხოელთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა
ხელისუფლებას შეუძლია შეზღუდოს უცხოელთა პოლიტიკური საქმიანობა მაშინაც, როცა ეს წინააღმდეგობაში მოდის კონვენციის მე-10, მე-11 ან მე-14 მუხლებთან.
მუხლი 17. უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა
ამ კონვენციის არცერთი უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას კონვენციის სხვა უფლებებისა და თავისუფლებების საზიანოდ.
მუხლი 18. უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ლიმიტირება
ამ კონვენციით დაშვებული უფლებების ძირითადი ნაწილი შეიძლება შეზღუდულ იქნას საყოველთაო კანონით. ასეთი შეზღუდვა დასაშვებია, თუკი დამტკიცებულია მისი აუცილებლობა.
ეს მუხლები აღწერენ თუ როგორ ფუნქციონირებს ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლო
მუხლი 1.1. დამატებითი პროტოკოლი - ქონების დაცვა
შენ გაქვს უფლება ფლობდე ქონებას
მუხლი 2.1. დამატებითი პროტოკოლი - განათლების უფლება
შენ გაქვს უფლება იარო სკოლაში
მუხლი 3.1. დამატებითი პროტოკოლი - თავისუფალი არჩევანის უფლება
შენ გაქვს უფლება ფარული კენჭისყრით აირჩიო შენი ქვეყნის ხელისუფლება
მუხლი 2.4. დამატებითი პროტოკოლი - თავისუფალი მიმოსვლის უფლება
თუკი შენ ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფები კანონიერი სტატუსით, გაქვს უფლება ამ ქვეყნის ფარგლებში იმოგზაურო და იცხოვრო შენი სურვილის მიხედვით.
მუხლი 1.6. დამატებითი პროტოკოლი -სიკვდილით დასჯის აკრძალვა
არ შეიძლება ვინმეს მიესაჯოს სიკვდილით დასჯა
მუხლი 2.7. დამატებითი პროტოკოლი -სამართლებრივი საშუალებები
თუკი შენ დამნაშავედ გცნეს სისხლის სამართლის დანაშაულში, შეგიძლია გადაწყვეტილება გაასაჩივრო ზემდგომ სასამართლოში
მუხლი 3.7. დამატებითი პროტოკოლი - უფლება ზარალის ანაზღაურებაზე
თუკი შენ დამნაშავედ გცნეს სისხლის სამართლის დანაშაულში და შემდგომ დადგინდა, რომ შენ უდანაშაულო იყავი, უფლება გაქვს მოითხოვო ზარალის ანაზღაურება