![]() |
რა არის ისტორია? |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კარი ჰელეტ ედვარდ |
თემატური კატალოგი დემოკრატია|სახელმწიფო და საზოგადოება, საზოგადოებრივი მეცნიერებები|პოლიტოლოგია |
წყარო:
კარი, ედვარდ ჰელეტ რა არის ისტორია? : კემბრიჯის უნ-ტში წაკითხული ლექციების ციკლი, 1961 წ. იანვარი-მარტი / ინგლ. თარგმნა მანანა ბეზარაშვილმა ; [რედ.: დავით ზურაბიშვილი]. - თბ. : CIPDD, 2001. - 143გვ. ; 20სმ.. - ISBN: 99928-37-13-6 : [4ლ.][MFN: 15467] UDC: 93(042.4) თემატიკა: K 234.607/3 - საერთო ფონდი |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, 2001 |
თარიღი: 2001 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ედვარდ ჰელეტ კარი კემბრიჯის უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების ციკლი 1961 წ. იანვარი-მარტი ინგლისურიდან თარგმნა მანანა ბეზარაშვილმა თბილისი 2001 63 930.1 კ 27 რედაქტორი დავით ზურაბიშვილი წიგნი დაფინანსებულია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ და ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. The book is financed by fund of “Open Society – Georgia Foundation” and OSI Budapest. გამომცემელი – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, ტელ. 334081, ფაქსი 334163 |
![]() |
1 ისტორიკოსი და მისი ფაქტები |
▲ზევით დაბრუნება |
რა არის ისტორია? ეს კითხვა ვინმეს უაზრობად და ზედმეტად რომ არ მოეჩვენოს, შემოგთავაზებთ ორ ნაწყვეტს ტექსტიდან, რომელიც ეხება „კემბრიჯის ახალი ისტორიის“ პირველ და მეორე გამოცემებს. აი, რას წერს ლორდ ექტონი კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობისათვის წარდგენილ ანგარიშში 1896 წლის ოქტომბერში, როცა თავის თავზე აიღო აღნიშნული ნაშრომის რედაქტირება და გამოსაცემად მომზადება:
„ეს არის ფაქტების აღნუსხვის უნიკალური შესაძლებლობა, ყველაზე ქმედითუნარიანი ფორმა ადამიანთა უმრავლესობისათვის. ეს არის ცოდნა, რომელსაც მე-19 საუკუნე ტოვებს მემკვიდრეობად... შრომის გონივრული განაწილების გზით შევძლებთ ყოველ ადამიანს მივაწოდოთ ცინცხალი ინფორმაცია, ინტერნაციონალური კვლევა-ძიების საბოლოოდ ჩამოყალიბებული დასკვნები.
დასრულებული ისტორია ჩვენ არ შეგვიძლია გვქონდეს ამ თაობაში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ ტრადიციულ ისტორიაზე, თვალსაჩინო გავხადოთ ჩვეული მიღწევები იმ ნარ-ეკლიან გზაზე, როცა ისტორიისადმი ერთი მიდგომა იცვლება მეორით, ვაჩვენოთ, რომ ყველა მოვლენა უამრავი ცალკეული ფაქტისაგან შედგება, ხოლო ნებისმიერ პრობლემას შეიძლება ახსნა მოეძებნოს“.1
ზუსტად 60 წლის შემდეგ პროფესორმა სერ ჯორჯ კლარკმა „კემბრიჯის თანამედროვე ისტორიის“ მეორე გამოცემის ზოგად შესავალში გააკრიტიკა ექტონისა და მისი თანამოაზრეების შეხედულება, რომ ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა შექმნილიყო „დასრულებული ისტორია“; იგი წერდა:
„გვიანდელი თაობის ისტორიკოსები ამგვარ პერსპექტივას არ ელიან. მათ ბუნებრივად მიაჩნიათ, რომ მათი შრომები კვლავ და კვლავ გადამუშავდება. ისტორიკოსების აზრით წარსულის ცოდნა ერთი ან რამდენიმე ადამიანის გონებაში გაივლის, გადამუშავდება და სწორედ ამიტომ ის არ შედგება ელემენტარული და უპიროვნო ატომებისგან, რომელთაც ვერაფერი შეცვლის... კვლევა-ძიებას დასასრული არ უჩანს; ზოგი სულსწრაფი მეცნიერი თავშესაფარს სკეპტიციზმში ეძებს, ან მიდის იმ დასკვნამდე, რომ რაკი ნებისმიერი ისტორიული განხილვა მოიცავს ორ მხარეს - პიროვნებასა და შეხედულებას, ორივეს აქვს არსებობის უფლება და ამიტომ „ობიექტური“ ისტორიული სიმართლე საერთოდ არ არსებობს.“2
ვიდრე ცოდნის ქურუმები ეპაექრებიან ერთმანეთს, სამეცნიერო სფეროში პრობლემები პრობლემებად რჩება. სრულებით არ მინდა იმის თქმა, რომ ყველაფერი, რაც დაწერილი იყო მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში, უაზრობაა, მაგრამ ვერც იმ აზრს გავიზიარებ, რომ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი აუცილებლად ჭკვიანურია. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს გამოკვლევა უნდა გადაიზარდოს უფრო მასშტაბურში, ვიდრე მხოლოდ ისტორიაა? უთანხმოება ექტონსა და სერ ჯორჯ კლარკს შორის სხვადასხვა დროში საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებისა და ტოტალური შეხედულებების შეცვლის გამოხატულებაა. ექტონს მხედველობაში ჰქონდა საკუთარი ძალების პოზიტიური ანუ ნათელი რწმენა, რაც აგრერიგად დამახასიათებელი იყო გვიანდელი ვიქტორიანული ეპოქისათვის. სერ ჯორჯ კლარკი კი დაღლილი და იმედგაცრუებული თაობის ქაოსსა და სკეპტიციზმს გამოხატავს. ალბათ ამიტომაც, როცა ვცდილობთ ვუპასუხოთ კითხვას „რა არის ისტორია?“, ჩვენი პასუხი ნებსით თუ უნებლიედ გამოხატავს ჩვენს პოზიციას დროის გარკვეულ მონაკვეთში და ნაწილია უფრო ფართომასშტაბური პრობლემისა: რა არის საზრისი იმ საზოგადოებისა, რომელშიც ვცხოვრობთ? მე არ მაშინებს ის გარემოება, რომ ჩემი კვლევის საგანი უფრო ახლო განხილვისას შეიძლება ტრივიალურად მოგეჩვენოთ; მე მხოლოდ ერთი რამის მეშინია: ვინმემ ზედმეტად თვითდაჯერებულ პიროვნებად არ ჩამთვალოს, რახან ასეთ უზარმაზარ და მნიშვნელოვან თემას შევეჭიდე.
მე-19 საუკუნე უაღრესად მდიდარი იყო ფაქტებით. „ის, რაც მე მჭირდება, არის ფაქტები,“ - ამბობდა მისტერ გრედგრინდი „მძიმე დროებაში“, „ფაქტები არის ერთადერთი რამ, რაც საჭიროა ცხოვრებაში.“ მე-19 საუკუნის ისტორიკოსები მთლიანობაში ეთანხმებიან მას. როცა რანკემ 1830-იან წლებში მართებულად გაილაშქრა დამმოძღვრავი ისტორიის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ისტორიის ამოცანაა „უბრალოდ აჩვენოს, რა მოხდა სინამდვილეში (wie es eigentlich gewesen)“, მისი ეს არცთუ ღრმააზროვანი გამონათქვამი საოცარი პოპულარობით სარგებლობდა. გერმანელი, ბრიტანელი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ფრანგი ისტორიკოსების სამი თაობისათვის ეს მაგიური სიტყვები „Wie es eigentlich gewesen“ ლამის საბრძოლო ჰიმნად იქცა, ან თუ გნებავთ ფარად, რომელიც აარიდებდა მათ მომქანცველ მოვალეობას ეფიქრათ და პასუხი ეგოთ საკუთარ ნაფიქრალზე. პოზიტივისტებმა, რომლებიც სისხლხორცეულად დაინტერესებულნი იყვნენ, ისტორია ჩამოყალიბებულიყო ცალკე მეცნიერებად, სიმძიმის ცენტრი ფაქტებზე გადაიტანეს და თავისი ინტერესების შუაგულში სწორედ ფაქტები დააყენეს. ჯერ ფაქტები მოიპოვე და შემდეგ გამოიტანე დასკვნები, ამბობდნენ პოზიტივისტები. დიდ ბრიტანეთში ისტორიისადმი ამგვარმა მიდგომამ ნოყიერი ნიადაგი პოვა და უმტკივნეულოდ მოერგო ბრიტანულ ფილოსოფიაში გაბატონებულ ტრადიციულ ემპირიულ მიმდინარეობას, დაწყებული ლოკიდან ვიდრე ბერტრან რასელამდე. ცოდნის ემპირიული თეორია გულისხმობს სუბიექტისა და ობიექტის სრულ გამიჯვნას. ფაქტები გრძნობების მსგავსად გარედან მოქმედებს ადამიანზე და არაფერი აქვს საერთო გონებასთან. აღქმის პროცესი პასიურია: მიიღებს რა პირველად ინფორმაციას, ადამიანი იწყებს მასზე ზემოქმედებას. ოქსფორდის მოკლე ინგლისური ლექსიკონი, უაღრესად საჭირო და იმავდროულად ტენდენციური ნაშრომი ემპირიული მოძღვრებისა, მკვეთრად მიჯნავს აღქმის ორ სახეობას და ფაქტს განიხილავს როგორც „გრძნობად ცდას, განსხვავებულს გონებისმიერი დასკვნებისაგან“. სწორედ ეს არის ისტორიის საღი აზრი. ისტორია დადასტურებული ფაქტების კრებულია. სხვადასხვა დოკუმენტების, ხელნაწერების, თუ სხვა სახით წარმოდგენილი ფაქტები ისეთივე ხელმისაწვდომი და თვალსაჩინოა ისტორიკოსისათვის, როგორც დახლზე გასაყიდად ჩამწკრივებული თევზი. ისტორიკოსები აგროვებენ მათ, მიაქვთ სახლში, შემდეგ კი ისეთ შეჭამანდს ამზადებენ და გვთავაზობენ, როგორიც თვითონ აწყობთ. ექტონი, მაგალითად, უბრალო და სადა საკვების მოეყვარულია. წერილში, რომელშიც მან ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრებები და გაუგზავნა „კემბრიჯის ახალი ისტორიის“ პირველი გამოცემის სპონსორებს, კერძოდ, ნათქვამია, რომ მისი დიდი სურვილია „ჩვენი ვატერლოო იყოს ისეთი, რომელიც ერთნაირად მისაღები იქნება ფრანგისა თუ ინგლისელისთვის, გერმანელისა თუ ჰოლანდიელისთვის; რომ ავტორთა კვლევა-ძიების გარეშე ვერავინ თქვას, თუ სად დაუვარდა თავისი კალამი ოქსფორდის ეპისკოპოსს და ვინ აიღო იგი იატაკიდან - ლიბერმანმა თუ ჰარისონმა.3“ თვით სერ ჯორჯ კლარკიც კი, რომელსაც უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა ექტონის პოზიციისადმი, ერთმანეთს უპირისპირებს „ფაქტების მაგარ ბირთვს“ და „საეჭვო ინტერპრეტაციის რბილეულს“4, მაგრამ ავიწყდება, რომ ხილის რბილი გული გაცილებით გემრიელია, ვიდრე მაგარი. ჯერ მოაწესრიგეთ ფაქტები და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაყვინთეთ ინტერპრეტაციის ჭანჭრობში - ამაში მდგომარეობს ემპირიზმის ანუ ისტორიის საღი აზრის სკოლის უმაღლესი სიბრძნე. ამან გაგვახსენა დიდი ლიბერალი ჟურნალისტის ს.ფ. სკოტის ცნობილი გამონათქვამი: „ფაქტები წმინდაა, ხოლო აზრი - თავისუფალი“.
მაგრამ ახლა ეს აღარ გამოგვადგება. მე არ ვაპირებ ფილოსოფიური დისკუსიის გამართვას წარსულის ცოდნის დამახასიათებელ ნიშნებსა და არსზე. მოდით, ავიღოთ ორი ფაქტი. პირველი - კეისარმა გადაკვეთა რუბიკონი და მეორე - მაგიდა დგას ოთახის შუაგულში. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ორი ფაქტი დაახლოებით ერთნაირი მნიშვნელობისაა და შესაძლებელია მათი შედარება; წარმოვიდგინოთ, რომ ორივე ფაქტი შემოდის ჩვენს ცნობიერებაში ერთი და იმავე ან შესადარისი ფორმით და ორივეს ობიექტური ხასიათი აქვს იმ ადამიანისათვის, რომლისთვისაც ცნობილია ეს ფაქტები. მაგრამ ეს ფრიად თამამი და სარწმუნო არგუმენტაციაც კი ვერ უშველის ჩვენს მოსაზრებას, რომ ყველა ფაქტი წარსულის შესახებ არ წარმოადგენს ისტორიულ ფაქტს და ასეთად მოიაზრება მხოლოდ ისტორიკოსების მიერ. რა არის ის კრიტერიუმი, რომლითაც უნდა განვასხვავოთ ისტორიული ფაქტები უბრალოდ ფაქტებისაგან წარსულის შესახებ?
რა არის ისტორიული ფაქტი? ეს არის გადამწყვეტი საკითხი, რომელიც უფრო სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. საყოველთაოდ მიღებული აზრით, არსებობს გარკვეული ძირითადი ფაქტები, რომელიც საერთოა ყველა ისტორიკოსისათვის და წარმოადგენს ისტორიის საფუძველს, ასე ვთქვათ, ხერხემალს. ასეთია, მაგალითად, ფაქტი, რომ ჰასტინგსის ბრძოლა 1066 წელს მოხდა. მაგრამ, გამომდინარე აქედან, მინდა გავაკეთო ორი შენიშვნა; რასაკვირველია, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დიდი ბრძოლა 1066 წელს მოხდა და არა 1065 ან 1067 წელს, რომ ბრძოლის ადგილი ჰასტინგსი იყო და არა ისტბორნი ან ბრაიტონი. ისტორიკოსმა, ცხადია, ზუსტად უნდა მიუთითოს მოვლენის დროც და ადგილიც; ოღონდ, როცა ასეთი საკითხები წამოიჭრება, ყოველთვის მახსენდება ჰაუსმანის სიტყვები: „სიზუსტე მოვალეობაა და არა სიქველე“5. ისტორიკოსის შექება სიზუსტისათვის იგივეა, რაც არქიტექტორის შექება მშენებლობისას კარგად გამომშრალი ხის მასალის, ან მაღალხარისხოვანი ბეტონის გამოყენებისთვის. ეს მისი საქმიანობის აუცილებელი პირობაა და არა ძირითადი ფუნქცია. ასეთი საკითხების განხილვისას ისტორიკოსი ეყრდნობა ისტორიის ე.წ. „დამხმარე მეცნიერებებს“, როგორებიცაა: არქეოლოგია, ეპიგრაფია, ნუმიზმატიკა, ქრონოლოგია და სხვა. ისტორიკოსს არ მოეთხოვება განსაკუთრებული უნარი, რომელიც საშუალებას აძლევს ექსპერტს ზუსტად დაადგინოს კერამიკული ან მარმარილოს ნაკეთობის წარმომავალობა თუ პერიოდი, ამოიკითხოს დროთა განმავლობაში გაუფერულებული, მანამდე უცნობი ხელნაწერი, ან ასტრონომიული გამოთვლების გზით განსაზღვროს ამა თუ იმ მოვლენის ზუსტი თარიღი. ეს ე.წ. საბაზისო მონაცემები, რომლებიც საერთოა ყველა ისტორიკოსისათვის, განეკუთვნება „ნედლეულის კატეგორიას“ - ნედლეულს უფრო ისტორიკოსისათვის, ვიდრე თავად ისტორიისათვის. მეორე მოსაზრება, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, მდგომარეობს იმაში, რომ ამა თუ იმ ისტორიული ფაქტის დადგენა გაპირობებულია არა თვით ფაქტის მნიშვნელობით, არამედ ისტორიკოსის აპრიორული გადაწყვეტილებით. რასაც არ უნდა აცხადებდეს ს.ფ. სკოტი, დღეს უკვე ნებისმიერმა ჟურნალისტმა იცის, რომ შეხედულების ჩამოყალიბების ყველაზე ქმედითუნარიანი ფორმაა ხელსაყრელი ფაქტების არჩევა და სისტემატიზაცია. ამბობენ, რომ ფაქტებს ვერსად გაექცევი. ეს, რასაკვირველია, სიცრუეა. ფაქტებს ვერ გაექცევი, როცა ეს აწყობს ისტორიკოსს, ადამიანს, რომელიც თავად წყვეტს, თუ როგორ, რანაირად და რა კონტექსტში მოგვაწოდოს ისინი. მგონი, პირანდელოს ერთ-ერთმა გმირმა თქვა, რომ ფაქტი ტომარასავითაა: ვერ დგება მყარად, სანამ რამით არ გაავსებ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გვაინტერესებს, რომ ჰასტინგსის ბრძოლა 1066-ში იყო, არის ის, რომ ისტორიკოსები მას დიდ მოვლენად მიიჩნევენ. სწორედ ისტორიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ კეისრის მიერ რუბიკონის, ამ პაწაწინა წყალმარჩხი მდინარის გადაკვეთა, გინდა თუ არ გინდა, მოგწონს თუ არ მოგწონს, ისტორიული მოვლენაა, თორემ მანამდეც და მის შემდეგაც უამრავმა ხალხმა გადაჭრა ეს ოხერი მდინარე, მაგრამ არავინ გაგიჟებულა, რატომ არ ვიცი ეს ამბავიო. ის, რომ თქვენ აქ მოხვედით ნახევარი საათის წინ ფეხით, ველოსიპედით თუ მანქანით, ისეთივე ფაქტია წარსულის შესახებ, როგორც კეისრის მიერ რუბიკონის გადაკვეთა. არსებობს მხოლოდ ერთი პატარა განსხვავება: თქვენი მოსვლის ფაქტს ისტორიკოსები არაფრად ჩააგდებენ. პროფესორმა თალკოთ პარსონსმა ერთხელ მეცნიერებას „რეალობის შესაცნობად ორიენტირების შერჩევითი სისტემა“6 უწოდა. ეს აზრი შეიძლება უფრო მარტივადაც ჩამოყალიბდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ისტორია სხვა მეცნიერებათა რიგებში აღმოჩნდება. ისტორიკოსი აუცილებლად საკუთარ არჩევანს გააკეთებს. შეხედულება, რომ ისტორიული ფაქტები ობიექტურ ხასიათს ატარებს და არსებობს ისტორიკოსის ინტერპრეტაციის გარეშე, წმინდა წყლის სოფისტიკაა და სხვა არაფერი, მაგრამ მისი აღმოფხვრა ადამიანთა ცნობიერებიდან უაღრესად რთულია.
მოდით, განვიხილოთ პროცესი, როცა უბრალო ფაქტი წარსულიდან ისტორიულ ფაქტად იქცევა. 1850 წელს პატარა ქალაქ სთეილბრიჯ უიქში წვრილმანი შეკამათების გამო ბრბომ სასიკვდილოდ გაიმეტა თაფლკვერების გამყიდველი. არის თუ არა ეს ისტორიული ფაქტი? ერთი წლის წინ დაუფიქრებლად გიპასუხებდით, რომ არა, ეს არ არის ისტორიული ფაქტი. ეს ამბავი გამოქვეყნებული იყო ერთი თვილმხილველის მიერ ნაკლებად ცნობილ სამეცნიერო სტატიაში7, მაგრამ არასდროს გამხდარა ისტორიკოსების მსჯელობის საგანი. ერთი წლის წინ, დოქტორ ქითსონ კლარკმა მოიხსენა იგი ოქსფორდში ლექციების კითხვისას.8 მაგრამ იქცა კი ეს ფაქტი ისტორიულად? მე ჯერ კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ არა. დღესდღეობით, იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც გამორჩეული ფაქტი მსგავს მოვლენათა რიგიდან, რომელიც შესაძლოა ოდესმე ისტორიულ ფაქტად იქცეს, მანამდე კი დახმარებასა და ხელის შეწყობას ელოდება. რამდენიმე წლის შემდეგ ეს ფაქტი შეიძლება ამოვიკითხოთ მე-19 საუკუნის ინგლისის ისტორიაზე შექმნილ წიგნებსა თუ გამოკვლევებში, ხოლო ოცი-ოცდაათი წლის მერე ძირფესვიანად გამოკვლეულ და შესწავლილ ისტორიულ ფაქტად მოგვევლინოს. ყოველ შემთხვევაში, ვერავინ განსაზღვრავს, თუ რა ბედი მოელის მას: იქცევა ისტორიულ ფაქტად, თუ კვლავ ჩაყვინთავს უკიდეგანო ჭაობში, რომელსაც „წარსულის შესახებ ფაქტები“ ეწოდება და საიდანაც ასე სათუთად ამოატივტივა დოქტორ ქითსონ კლარკმა. რა ფაქტორებმა უნდა გადაწყვიტოს ზემოხსენებული ფაქტის მომავალი ბედი, ან რომელ გზას აარჩევს იგი მის წინ არსებული ორი ალტერნატიული ვარიანტიდან? ვფიქრობ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და დამაჯერებული გახდება სხვა ისტორიკოსებისთვის დოქტორ კლარკის მიერ ამ შემთხვევის დასაცავად მოყვანილი თეზისი და ინტერპრეტაცია. რაიმე მოვლენის აღიარება ისტორიულ ფაქტად ხშირად დაკავშირებულია ინტერპრეტაციის საკითხთან. ინტერპრეტაციის ელემენტი ნებისმიერი ისტორიული ფაქტის შემადგენელი ნაწილია.
ნება მომეცით, საკუთარი მოგონებები გაგიზიაროთ. როცა, დიდ ხნის წინ უნივერსიტეტში ძველ ისტორიას გავდიოდი, ცალკე საგნად იყო გამოყოფილი „საბერძნეთი სპარსეთის ომების დროს“. ჩემს თაროებზე დაგროვდა თხუთმეტი თუ ოცი წიგნი, სადაც, მერწმუნეთ, აღნუსხული მქონდა ამ საგანთან ასე თუ ისე დაკავშირებული კარგად შესწავლილი ან იმ დროისათვის ნაკლებად ცნობილი ფაქტობრივი მასალა. არასოდეს დავინტერესებულვარ იმ პროცესებით, ან თუ გნებავთ კრიტერიუმებით, რომელიც განაპირობებს უკვე ცნობილი უამრავი ფაქტიდან ერთი რომელიმე ფაქტის არჩევას და მის გარდაქმნას ისტორიულ ფაქტად. მე დღესაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ საშუალებას გვაძლევს გარკვეულწილად საკუთარი სურვილისამებრ წარვმართოთ ფაქტები: გაუთავებელი დავა „ისტორიულია“ თუ „არაისტორიული“ ესა თუ ის ფაქტი, ნელ-ნელა დაკარგავს თავის აქტუალობას, რადგან ცოტამ თუ იცის, რომ ყველა ფაქტი ისტორიულია. ჯ. ბერი, რომელიც ორივე პერიოდის ისტორიაზე მუშაობდა, აღნიშნავდა: „ძველი და შუა საუკუნეების ისტორია სავსეა ხარვეზებით“9. მაგრამ ხარვეზები არ არის მთავარი პრობლემა. ჩვენი წარმოდგენა ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნის საბერძნეთზე არ არის სრულყოფილი არა იმიტომ, რომ უამრავი ფაქტი მისი ისტორიიდან უცნობი და დაკარგულია, არამედ ძირითადად იმიტომ, რომ პრინციპში იგი იქმნებოდა ადამიანთა პატარა ჯგუფის მიერ ათენში. ჩვენ ბევრი რამ ვიცით V საუკუნის საბერძნეთზე, მაგრამ ეს ცოდნა ცალმხრივია, რადგან ეყრდნობა მარტო ათენელი მოქალაქის წარმოდგენას და არ ვიცით, როგორ აფასებდნენ მოვლენებს სპარტის, კორინთოს ან სხვა ქალაქებისა თუ რეგიონების მაცხოვრებლები, რომ აღარაფერი ვთქვათ სპარსელებზე ან მონებზე, რომლებიც ათენში ცხოვრობდნენ, მაგრამ არ იყნენ მისი მოქალაქეები. ჩვენი შეხედულება წინასწარ განსაზღვრულ ხასიათს ატარებს არა იმდენად თავად მოვლენების, არამედ იმ ადამიანების გამო, რომლებსაც მყარად ჩამოყალიბებული აზრი გააჩნიათ და თვლიან, რომ ისტორიას მხოლოდ ის ფაქტები უნდა შემორჩეს, რომლებიც სწორედ მათ შეხედულებას დაამტკიცებს. ასე იყო მაშინაც, როცა შუა საუკუნეების თანამედროვე ისტორიაში ამოვიკითხე, რომ შუა საუკუნეებში ადამიანი და რელიგია მჭიდროდ დაკავშირებული იყო ერთმანეთთან. მას შემდეგ მუდამ ვეკითხებოდი საკუთარ თავს: საიდან ვიცით ეს და მართლაც ასე იყო თუ არა. ჩვენთვის ცნობილია, რომ შუა საუკუნეების ჟამთაღმწერლები უმეტესად ბერები იყვნენ, რომელთაც ცხოვრების ეს მხარე მიაჩნდათ უმნიშვნელოვანესად, და პირველ რიგში მას აღწერდნენ. იმთავითვე ღრმადმორწმუნე რუსი გლეხის ყოფის აღწერა 1917 წლის რევოლუციამ სრულებით გაანადგურა, მაგრამ ხელუხლებელი დარჩა შუა საუკუნეების ადამიანის ცხოვრების სურათები, სადაც ის გამოყვანილია როგორც უაღრესად მორწმუნე და არა აქვს მნიშვნელობა მართლა იყო თუ არა ასე, რადგან ფაქტები შერჩეულია იმ ხალხის მიერ, ვისაც ასე სწამდა და სურდა, რომ სხვასაც ასე დაეჯერებინა. ის ფაქტები კი, რომელნიც საპირისპიროს ღაღადებენ, ყურადღების მიღმა დარჩა. გარდასულ დღეთა მემატიანეების „მძლავრმა ხელმა“ ისე განგვისაზღვრა წარსული, მისი გადასინჯვის შესაძლებლობაც არ დაგვიტოვა. შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალისტი პროფესორი ბარკლაი წერს: „ისტორია, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ, მართალია, ფაქტობრივ მასალაზეა დაყრდნობილი, მაგრამ უფრო მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ეს არა ფაქტების, არამედ მისაღები შეხედულებების კრებულია.10
თუმცა, მივუბრუნდეთ თანამედროვე ისტორიკოსის მძიმე ხვედრს. ძველი თუ შუა საუკუნეების ისტორიკოსი მადლიერი უნდა იყოს, რომ მრავალი წლის შემდეგაც კი საშუალება აქვს საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენოს მოქნილი ისტორიული ფაქტების კრებული. როგორც აღნიშნავდა ლიტონ სტრეჩი მისთვის დამახასიათებელი ცინიზმით, „უმეცრება - აი, რა სჭირდება პირველ რიგში ისტორიკოსს; დიახ, სწორედ უმეცრება, რომლებიც აადვილებს და ნათელს ჰფენს მოვლენებს; უმეცრება, რომელიც ეხმარება ისტორიკოსს გამოარჩიოს, ან სულაც გამოტოვოს ესა თუ ის ფაქტი თავისი სურვილისამებრ.“11 როცა ზოგჯერ შურით ვივსები ჩემი ადრინდელი და შუა საუკუნეების ისტორიაზე მომუშავე კოლეგების მიმართ, მხოლოდ ერთადერთი აზრი მამშვიდებს: ჩემი კოლეგების ცოდნა იმიტომ არის ასეთი ღრმა, რომ არაფერი გაეგებათ ამ საკითხებში. თანამედროვე ისტორიკოსი ვერც კი ხვდება უმეცრების უპირატესობას. მან თავად უნდა შეუწყოს ხელი საკუთარი უმეცრების განვითარებას, რადგან ორმაგი ამოცანა უნდა გადაწყვიტოს: ერთის მხრივ, აღმოაჩინოს მნიშვნელოვანი მოვლენები და აქციოს ისინი ისტორიულ ფაქტებად და, მეორეს მხრივ, უმნიშვნელო მოვლენები არ აიყვანოს იმავე რანგში. მე-19 საუკუნის ცდომილება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ისტორია მაქსიმალური ოდენობის უეჭველი და ობიექტური ფაქტების კრებულად მიიჩნეოდა. ნებისმიერი, ვინც ამ ცდომილებაში ჩავარდება, ან უნდა შეეშვას ისტორიას, როგორც უვარგის საქმიანობას, ან აირჩიოს მოღვაწეობის სხვა სფერო, და ხელი მიჰყოს, ვთქვათ, მარკების შეგროვებას, ანდა საგიჟეთში დაამთავროს ცხოვრება.
იმავე ცდომილებამ უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში გამანადგურებლად იმოქმედა გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში მოღვაწე თანამედროვე ისტორიკოსებზე, ხელი შეუწყო მშრალ ფაქტობრივ მასალაზე აგებული უამრავი მატიანისა და უახლეს დეტალებზე დაყრდნობილი მონოგრაფიების აღმოცენებას, რომელთა ავტორებმა - „ვაიისტორიკოსებმა“ - სულ უფრო მეტი იციან სულ უფრო ცოტა რაღაცეებზე და ბოლოს უკვალოდ ქრებიან ფაქტების უკიდეგანო ოკეანეში. ჩემი ღრმა რწმენით, ამის მიზეზი სწორედ ზემოთ ხსენებული ცდომილება უფრო იყო, ვიდრე ყალბი უთანხმოება ლიბერალურ და კათოლიკურ ლოიალობას შორის, რამაც გაანადგურა ექტონი, როგორც ისტორიკოსი. ადრეულ ესეში მან ასეთი რამ თქვა თავის მასწავლებელ დოლინგერზე: „ის არასოდეს იმუშავებდა არასრულყოფილ მასალაზე, მაგრამ მისთვის ყველა მასალა არასრულყოფილი იყო.“12 ამ შემთხვევაში ექტონმა აშკარად იჩქარა განაჩენი გამოეტანა საკუთარი თავისთვის - ისტორიკოსის ერთობ უცნაური ფენომენისთვის; იგი ბევრისთვის ყველაზე გამორჩეული პროფესორი იყო კემბირჯის უნივერსიტეტში თანამედროვე ისტორიის სამეფო კათედრაზე, რომელსაც არასოდეს დაუწერია ისტორია. და ექტონმაც დაწერა საკუთარი ეპიტაფია კემბრიჯის თანამედროვე ისტორიის I ტომის შესავალში, რომელიც გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ. ამ პუბლიკაციაში იგი წერს, რომ მკაცრი მოთხოვნები, რომელსაც უყენებენ ისტორიკოსს, „აიძულებს მას იყოს არა მწერალი, არამედ ენციკლოპედიის შემდგენელი.“13. ცხადია, აქ რაღაცაში იყო საქმე. კერძოდ იმაში, რომ ჩვენ კვლავ გვჯეროდა, თითქოს, ისტორიის საფუძველს ულმობელი ფაქტების დაუცხრომელი და მუდმივი შეგროვება წარმოადეგნს. ჩვენ გვწამდა, რომ ფაქტებს ვერსად გაექცევი და რომ არ შეიძლება გვქონდეს მეტისმეტად ბევრი ფაქტი. ეს საკითხი იმდენად ცხადი და უდავო იყო იმ დროს, რომ ზოგიერთი ისტორიკოსი უკვე მაშინ თვლიდა საჭიროდ და ზოგი ახლაც არ თვლის საჭიროდ, საკუთარ თავს დაუსვან კითხვა - „რაა ისტორია?“
დასრულდა მე-19 საუკუნეში გაბატონებული ფაქტების ფეტიშიზმი; იგი შეცვალა დოკუმენტების ფეტიშიზმმა. დოკუმენტები იქცა აღთქმის კიდობნად ფაქტების ტაძარში. ისტორიკოსები მოწიწებით ქედს იხრიდნენ მათ წინაშე და ღრმა მოკრძალებით საუბრობდნენ მათზე. თუ დოკუმენტში ასე წერია, ე.ი. მართლაც ასეა. მაგრამ მაშინ გვითხარით, როგორ მოვექცეთ ისეთ დოკუმენტებს, როგორებიცაა: დეკრეტები (ბრძანებულებები), ხელშეკრულებები, მიწების ჩამონათვალი, რომელიც იჯარით არის გაცემული და შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, მთავრობისა თუ პარლამენტის დადგენილებები, ანუ ე.წ. „ლურჯი წიგნები“, ოფიციალური კორესპონდენცია, პირადი მიმოწერა და დღიურები? ყველა დოკუმენტი ასახავს ავტორის შეხედულებებს - რა მოხდა, რა მოხდებოდა, ან რა უნდა მომხდარიყო, აღნუსხავს მხოლოდ იმას, თუ ავტორის აზრით რა არის საჭირო იფიქრონ სხვებმა. ყველაფერი ეს არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას, სანამ ისტორიკოსი არ შეუდგება დოკუმენტზე მუშაობას და არ განმარტავს მას. ნებისმიერი ფაქტი, არა აქვს მნიშვნელობა იყო თუ არა დოკუმენტში აღნუსხული, გამოყენებამდე საჭიროებს დამუშავებას ისტორიკოსის მიერ. ფაქტების გამოყენება გადამუშავების პროცესს გულისხმობს.
ნება მომეცით, მოგიყვანოთ მაგალითი, რომელიც უფრო ნათლად ცხადყოფს, თუ რის თქმას ვცდილობ; ეს შემთხვევა ჩემთვის კარგად არის ცნობილი: როცა 1929 წელს გარდაიცვალა ვაიმარის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გუსტავ სტრესმანი, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩა ზღვა მასალა - 300 პირთამდე გავსებული ყუთი ქაღალდებისა, ოფიციალური თუ ნახევრად ოფიციალური დოკუმენტები, პირადი მიმოწერა, მოკლედ ყველაფერი, რაც ასე თუ ისე დაკავშირებული იყო მის ექვსწლიან საქმიანობასთან საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. მისი მეგობრები და ნათესავები, ბუნებრივია, ფიქრობდნენ, რომ ეს მასალა წარმოაჩენდა მას, როგორც დიდ მოღვაწეს. მინისტრის ერთგულმა მდივანმა ბერნჰარდმა სამი წლის მუშაობის შედეგად შეადგინა სამი უზარმაზარი ტომი, თითო 600 გვერდის მოცულობის, სადაც შევიდა 300 ყუთიდან შერჩეული დოკუმენტაცია. წიგნს ფრიად შთამბეჭდავი სათაური ჰექონდა: სტრესმანის ანდერძი. ჩვეულებრივ გარემოებებში ეს დოკუმენტები სადმე სარდაფში ან სხვენში დალპებოდა და სამუდამოდ დაიკარგებოდა, თუკი ასი წლის შემდეგ ვინმე ცნობისმოეყვარე მეცნიერი არ მიაკვლევდა შემთხვევით და ბერნჰარდის მიერ გამოცემული წიგნს არ შეადარებდა. მაგრამ მოვლენები გაცილებით უფრო დრამატულად განვითარდა. 1945 წელს ეს დოკუმენტები ბრიტანეთისა და ამერიკის მთავრობებს ჩაუვარდათ ხელთ, რომლებმაც გადაღებული ფოტოფირები მეცნიერთა სამსჯავროზე გამოიტანეს ლონდონისა და ვაშინგტონის არქივებში, ასე რომ, თუ გვეყო ჟინი და ცნობისმოეყვარეობა, შეგვიძლია ზუსტად გავიგოთ, რა მოიმოქმედა ბერნჰარდდმა. მის საქციელში არაფერი იყო უცნაური და შემზარავი. როცა სტრესმანი გარდაიცვალა, მისმა პოლიტიკამ დასავლეთში, როგორც ჩანს, მთელ რიგ ბრწყინვალე წარმატებებს მიაღწია: ლოკარნოს ხელშეკრულება, გერმანიის შესვლა ერთა ლიგაში, სესხი ამერიკიდან, მოკავშირეების საოკუპაციო ჯარების გაყვანა რეინლენდიდან. ეს გახლდათ მნიშვნელოვანი და ღირებული ნაწილი სტრესმანის საგარეო პოლიტიკისა და ბუნებრივია, რომ ბერნჰარდის წიგნში სწორედ ეს მოვლენებია ყველაზე უფრო წარმოჩინებული. მაგრამ, მეორეს მხრივ, სტრესმანის პოლიტიკა აღმოსავლეთში, მაგალითად ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან აშკარად განწირული იყო. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დოკუმენტი მოლაპარაკებებისა და მათ უმნიშვნელო შედეგების თაობაზე არ იყო მაინცდამაინც საინტერესო და არაფერს მატებდა სტრესმანის რეპუტაციას, მაინც მიმაჩნია, რომ ფაქტების შერჩევა უფრო ზემიწევნით და ზუსტად უნდა მომხდარიყო. სინამდვილეში სტრესმანს უფრო მეტად აწუხებდა სსრკ-სთან ურთიერთობა და ამ საკითხს გაცილებით დიდი ადგილი ეკავა მის პოლიტიკაში, ვიდრე ბერნჰარდის წიგნის მკითხველმა შეიძლება წარმოიდგინოს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ტომები მაინც უკეთესია დოკუმენტების სხვა კრებულებთან შედარებით, რომლებსაც ბრმად ენდობიან ხოლმე საშუალო ისტორიკოსები.
ეს ამბავი ამით არ მთავრდება. ბერნჰარდის ნაშრომის გამოსვლიდან სულ მალე ხელისუფლებაში ჰიტლერი მოვიდა. სტრესმანის სახელი დავიწყებას მიეცა, ხოლო ნაშრომი მის შესახებ სადღაც უკვალოდ გაქრა. მისი დიდი ნაწილი ალბათ საერთოდ განადგურდა. ამჟამად Stresemanns Vemჰchtnis საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენს. მაგრამ დასავლეთში სტრესმანის რეპუტაცია კვლავ მაღალია. 1935 წელს ერთმა ინგლისელმა გამომცემელმა გამოსცა ნაწყვეტები ბერნჰარდის ნაშრომისა ინგლისურ ენაზე. ამ გამოცემაში გამოტოვებული იყო ორიგინალის დაახლოებით ერთი მესამედი. ცნობილმა მთარგმნელმა გერმანულიდან, სატონმა, ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ საქმეს: თარგმანი მაღალ პროფესიულ დონეზე იყო შესრულებული. წინასიტყვაობაში სატონმა განმარტა, რომ ნაშრომის ინგლისური ვერსია „ოდნავ შემოკლებულია, მაგრამ მხოლოდ იმ მასალის ამოღებით, რომელიც ცოტა ეფემერულ ხასიათს ატარებდა და არ წარმოადგენდა არანაირ ინტერესს მკითხველებისა და სტუდენტებისთვის.“14 ეს ბუნებრივი იყო, მაგრამ შედეგად მივიღეთ, რომ სტრესმანის პოლიტიკამ აღმოსავლეთში, ისედაც არასრულად გაშუქებულმა ბერნჰარდის მიერ, კიდევ უფრო შორეულ პლანზე გადაიწია ინგლისურ გამოცემაში, ხოლო საბჭოთა კავშირი მოიაზრებოდა როგორც რაღაც შემთხვევითი და არასასურველი მოვლენა სტრესმანის საგარეო პოლიტიკაში, სადაც დასავლეთს ეკავა უმნიშვნელოვანესი ადგილი და სიამაყის საფუძველს აძლევდა მას, როგორც პოლიტიკოსს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა არ იზიარებდა სატონის მოსაზრებას; ამაზე მეტყველებს ბერნჰარდის ნაშრომიც და დოკუმენტური მასალაც. დოკუმენტები რომ განადგურებულიყო 1945 წელს დაბომბვის შედეგად, ან სადღაც გამქრალიყო ბერნჰარდის ნაშრომის ჩვენამდე მოღწეული ნაწილი, სატონის მოსაზრება უდავოდ იქნებოდა აღიარებული ჭეშმარიტებად და აღარ დადგებოდა კითხვის ქვეშ. უამრავი ისტორიული ხასიათის ნაშრომი ეყრდნობა კიდევ უფრო არასარწმუნო ფაქტებს, რადგან არ არსებობს ამა თუ იმ მოვლენის პირველწყარო.
მაგრამ მე მინდა, ჩემს მიერ მოთხრობილი ამბავი უფრო ფართოდ გავაშუქო. მოდით, დავივიწყოთ ბერნჰარდი და სატონი და მადლობა ვთქვათ, რომ შეგვიძლია უშუალოდ მივიღოთ ინფორმაცია ევროპის უახლესი ისტორიის მოვლენების უშუალო მონაწილეების მიერ შედგენილი დოკუმენტებიდან. რას მოგვითხრობენ ეს ნაწერები? სხვა მოვლენებთან ერთად ისინი შეიცავენ სტრესმანის საუბრების ასობით ჩანაწერს, საბჭოთა ელჩთან ბერლინში და დაახლოებით ამდენივე საუბარს ჩიჩერინთან. ამ ჩანაწერებს ერთი რამ აერთიანებთ: ისინი ცხადყოფენ სტრესმანის ლომის წილს ამ მოლაპარაკებებში, მისი მუდამ მტკიცედ ჩამოყალიბებული და დამაჯერებელი არგუმენტაციით, მაშინ როცა სტრესმანის პარტნიორების არგუმენტები უმეტესწილად მწირი, არეულ-დარეულია და მოკლებულია დამაჯერებლობას. ეს დამახასიათებელია ყველა დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის. დოკუმენტებში არ არის აღნიშნული, რა მოხდა, არამედ ის, თუ რა მოხდებოდა სტრესმანის აზრით, ან თუ რა უნდოდა მას, რომ სხვებს ეფიქრათ, ან თავად მას რა უნდოდა, რომ ეფიქრა. ფაქტების შერჩევა დაიწყო თვითონ მან, სტრესმანმა და არა სატონმა ან ბერნჰარდმა. და თუკი ჩვენ გვექნება, ვთქვათ, ჩიჩერინის ჩანაწერები იმავე მოლაპარაკებების შესახებ, მხოლოდ ჩიჩერინის შეხედულებას გავიგებთ, ხოლო რა მოხდა სინამდვილეში, ეს კვლავ ისტორიკოსმა უნდა დაასკვნას; სწორედ ისტორიკოსმა უნდა დახატოს თავის გონებაში მომხდარის რეალური სურათი. ცხადია, ფაქტები და დოკუმენტები უაღრესად მნიშვნელოვანია ისტორიკოსისთვის. მაგრამ ნუ გავხდებით კერპთაყვანისმცემლები და ნუ გავაფეტიშებთ მათ. ცარიელი ფაქტები და დოკუმენტები ჯერ არ არის ისტორია და არ შეიცავენ მზამზარეულ პასუხს ყბადაღებულ კითხვაზე - „რა არის ისტორია?“
ამ საკითხთან დაკავშირებით მსურს ორიოდ სიტყვა მოგახსენოთ და აგიხსნათ, თუ რატომ არიან მე-19 საუკუნის ისტორიკოსები საზოგადოდ ასე ინდეფერენტულად განწყობილნი ისტორიის ფილოსოფიის მიმართ. ეს ტერმინი პირველად ვოლტერმა შემოიღო და მას შემდეგ სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მაგრამ პირადად მე ამ ტერმინს ერთადერთი მიზნით გამოვიყენებ (თუ საერთოდ გამოვიყენებ): პასუხი გავცე შეკითხვას - „რაა ისტორია?“ დასავლეთ ევროპის ინტელექტუალებისთვის მე-19 საუკუნე უაღრესად ნუგეშის მომცემი პერიოდი გამოდგა, რადგან ნდობითა და ოპტიმიზმით გახლდათ გაჟღენთილი. ფაქტები მთლიანობაში დამაკმაყოფილებელი იყო, შესაბამისად თითქმის აღარ არსებობდა სურვილი უხერხული შეკითხვების დასმისა და მათზე პასუხის გაცემისა. რანკე, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, დარწმუნებული იყო, რომ ღვთის განგება იზრუნებდა ისტორიის მნიშვნელობაზე, თუკი ის იზრუნებდა ფაქტებზე. ხოლო ბერნჰარდი, რომლის შეხედულებებსაც თანამედროვე ცინიზმის ელფერი დაჰკრავდა, აღნიშნავდა, რომ „ჩვენ არავინ გვაზიარა მუდმივი სიბრძნის მიზნებს“. პროფესორმა ბატერფილდმა 1931 წელს აშკარა კმაყოფილებით შენიშნა, რომ „ისტორიკოსებს არ ძალუძთ შუქი მოფინონ არათუ საგნების ბუნებას, არამედ საკუთარი მოღვაწეობის სფეროსაც კი“15. ჩემი წინამორბედი ამ ლექციების კითხვაში, დოქტორი ა.ლ. როუზი, სამართლიანი კრიტიკულობით მიუდგა სერ უინსტონ ჩერჩილის წიგნს პირველი მსოფლიო ომის შესახებ „მსოფლიო კრიზისი;“ როდესაც აღნიშნავდა, რომ ეს ნაშრომი თავისი ინდივიდუალობით, თვალსაჩინოებითა და თხრობის სიცხადით ზუსტად მიესადაგება ტროცკის წიგნს „რუსეთის რევოლუციის ისტორია“, მაგრამ ერთი რამით ჩამორჩება: „მას ზურგს არ უმაგრებს ისტორიის ფილოსოფია“.16 ბრიტანელი ისტორიკოსები არ ლაპარაკობდნენ ამაზე არა იმიტომ, რომ არ სჯეროდათ ისტორიის მნიშვნელობის არსებობა, არამედ იმიტომ, რომ დარწმუნებულნი იყვნენ ამ მნიშვნელობის იმპლიციტურობასა და თავისთავად სიცხადეში. მე-19 საუკუნის ლიბერალური შეხედულება ისტორიაზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული „ჩაურევლობის პოლიტიკის“ ეკონომიკურ დოქტრინასთან, რომელიც ასევე მსოფლიო პროცესებზე მშვიდი და თავდაჯერებული შეხედულების შედეგია: მთავარია ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ხოლო უხილავი ხელი იზრუნებს უნივერსალურ ჰარმონიაზე. ისტორიული ფაქტები თავად წარმოადგენდა მოწყალე და, როგორც ჩანს, უსაზღვრო პროგრესს უზენაესი ფაქტისა უმაღლესი საგნების მიმართ. ეს იყო ხანა უბიწოებისა, ისტორიკოსები დასეირნობდნენ ედემის ბაღში, მათ ტანს არ ფარავდა ფილოსოფიის არანაირი ნაკუწიც კი, და იყვნენ სრულიად შიშველნი და შეურცხვენელნი ისტორიის ღმერთის წინაშე. მხოლოდ შემდეგ გავიგეთ, თუ რა იყო ცოდვა და ვიგემეთ გარყვნილება. და ის ისტორიკოსები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ იოლად გავლენ ისტორიის ფილოსოფიის გარეშე, ამაოდ ირჯებიან. მათი მცდელობა უბრალოდ ზედმეტი თვითდაჯერების შედეგია და სხვა არაფერი. ისინი ჰგვანან ნუდისტთა კოლონიის წევრებს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი კუთვნილი ბაღი გარეუბანში, არც მეტი არა ნაკლები, ედემის ბაღად წარმოაჩინონ. დღეს უკვე შეუძლებელია თავი ავარიდოთ წყეულ კითხვას: „რა არის ისტორია?“
გასული ორმოცდაათი წლის განმავლობაში უამრავი სერიოზული ნაშრომი გამოქვეყნდა საკითხზე, თუ „რა არის ისტორია?“ ისტორიული ფაქტების პირველადობისა და დამოუკიდებლად არსებობის თეორია პირველად გერმანიაში დააყენეს ეჭვქვეშ 1880-1890-იან წლებში. ეს იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელსაც უზარმაზარი შრომა უნდა გაეწია, რათა დაემხო ყველასთვისს მოსახერხებელი მე-19 საუკუნის ლიბერალიზმის ბატონობა. საზოგადოებისათვის ცნობილი იყო იმ ფილოსოფოსების გვარები, რომლებიც წინ აღუდგნენ არსებულ ვითარებას; მხოლოდ დილთაი იყო ერთადერთი, რომელმაც სულ ახლახანს მოიპოვა დაგვიანებული აღიარება დიდ ბრიტანეთში. იქ ორი საუკუნის მიჯნაზე კეთილდღეობა და მტკიცე რწმენა კვლავ იმდენად დიდი იყო, რომ არავინ აქცევდა ყურადღებას რამდენიმე ერეტიკოსის შეტევებს ფაქტების კულტზე. მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე სიახლის სხივმა იტალიამდეც ჩააღწია, სადაც კროჩემ საყოველთაო სამსჯავროზე გამოიტანა ფილოსოფიის ისტორია, რომელიც აშკარად გერმანელი დიდოსტატებისგან ჰქონდა ნაზიარები. ისტორია მთლიანობაში წარმოადგენს „თანამედროვეობის ისტორიას“, - აცხადებდა კროჩე.17 მას მხედველობაში ჰქონდა, რომ ისტორია არის წარსულის ხედვა თანამედროვეობის ჭრილში და დღევანდელი პრობლემების გათვალისწინებით, ხოლო ისტორიკოსის ამოცანაა არა მოვლენების ჩაწერა, არამედ შეფასება. რადგან თუ არ შეაფასა, როგორ გაიგოს, რომელი მოვლენაა ჩაწერისა თუ აღნიშვნის ღირსი? კარლ ბეკერი კატეგორიულად აცხადებს, რომ „ისტორიული ფაქტები არ არსებობს ისტორიკოსისთვის, სანამ ის თავად არ შექმნის მათ“.18 ეს გამოწვევა იმ დროს თითქმის არავის შეუმჩნევია. მხოლოდ 1920 წლის შემდეგ კროჩეს მიექცა სათანადო ყურადღება და დიდი პოპულარობაც მოიპოვა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. ეს მოხდა არა იმიტომ, რომ კროჩე განსაკუთრებით გამჭრიახი მოაზროვნე იყო, ან უკეთესი სტილისტი, ვიდრე მისი გერმანელი წინამორბედნი, არამედ იმიტომ, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფაქტები თითქოს ნაკლებად კეთილგანწყობილნი იყვნენ ჩვენს მიმართ, ვიდრე 1914 წლამდე და ამის გამო ჩვენც უფრო დამყოლნი გავხდით ფილოსოფიის მიმართ - ფილოსოფიის, რომელსაც სურდა დაეკნინებინა ფაქტების პრესტიჟი. კროჩეს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ოქსფორდში მოღვაწე ფილოსოფოსსა და ისტორიკოსზე - კოლინგვუდზე, ერთადერთ ბრიტანელ მოაზროვნეზე ჩვენს თანამედროვეობაში, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისტორიის ფილოსოფიის განვითარებაში. ის არ ცხოვრობდა იმისთვის, რომ სისტემატურად ეწერა სამეცნიერო ტრაქტატები. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ 1945 წელს, გამოვიდა მეცნიერის გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი ნაშრომების კრებული სათაურით „ისტორიის იდეა“.
კოლინგვუდის შეხედულებები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: ისტორიის ფილოსოფიას არაფერი აქვს საერთო არც „თავისთათად ცალკე აღებულ წარსულთან“ და არც „ისტორიკოსის ნაფიქრალთან ისტორიაზე, თუკი ისიც თავისთავად ცალკეა აღებული“. მისი კვლევის საგანს წარმოადგენს „ამ ორივე ელემენტის ურთიერთკავშირი“ (ეს გამონათქვამი ასახავს სიტყვის „ისტორია“ ორ მნიშვნელობას, რომელიც დღეს ფართოდ არის გავრცელებული: ისტორიკოსის მიერ ჩატარებულ კვლევას). წარსული, რომელსაც სწავლობს ისტორიკოსი, არ არის უსიცოცხლო რამ, არამედ ესაა წარსული, რომელიც ერთგვარად კვლავ აგრძელებს სიცოცხლეს აწმყოში. წარსული მაშინ არის მკვდარი, თუკი აზრსმოკლებულია ისტორიკოსისათვის ასე, რომ „მთელი ისტორია არის ფიქრის ისტორია“ და „ისტორია არის ისტორიკოსის გონებაში ხელახალი გადამუშავება იმათი ისტორიისა, ვის წარსულსაც ის სწავლობს“. ისტორიკოსის გონებაში წარსულის აღდგენა დამოკიდებულია ემპირიულ საფუძველზე. მაგრამ ეს არ არის თავად ემპირიული პროცესი და არ შეიძლება განისაზღვროს ფაქტების უბრალო გადმოცემით. პირიქით, აღდგენის პროცესი მართავს ფაქტების შერჩევასა და მათ ინტერპრეტაციას: სწორედ ეს აქცევს მათ ნამდვილ ისტორიულ ფაქტებად. პროფესორი ოუკშოტი, რომელიც ამ საკითხში კოლინგვუდს ეთანხმებოდა, ამბობდა, რომ „ისტორია ისტორიკოსის გამოცდილებაა. ისტორიას ვერავინ შექმნის“ ისტორიკოსის გარდა და ისტორიის „შექმნის“ ერთადერთი გზა მისი დაწერაა“.19
ეს გულმოდგინე და გამოწვლილვითი კრიტიკა შესაძლებელია დამატებით შენიშვნებს საჭიროებდეს, მაგრამ მაინც ნათელს ჰფენს ზოგიერთ მივიწყებულ ჭეშმარიტებას.
უპირველეს ყოვლისა, ისტორიული ფაქტები ვერ აღწევენ ჩვენამდე „წმინდა“ სახით, რადგან ისინი არ არსებობენ და ვერც იარსებებენ წმინდა ფორმით: ისინი ყოველთვის თავისებურად აღიქმება ისტორიკოსის გონების მიერ. ამიტომ, როცა ხელში ვიღებთ ისტორიულ ნაწარმოებს, პირველად ინტერესს ვავლენთ არა ფაქტების მიმართ, რომელთაც შეიცავს ეს ნაწარმოები, არამედ გვაინტერესებს, თუ ვის მიერ არის ის დაწერილი. ნება მომეცით, მაგალითისთვის მოგიყვანოთ ერთი ცნობილი ისტორიკოსი, რომლის კეთილშობილება და შეუბღალავი სახელი დაედო საფუძვლად ამ ლექციებს. როგორც აღნიშნავდა თავის ავტობიოგრაფიაში ჯ.მ. ტრეველიანი, „ის დაიბადა ზედმეტად ლიბერალური ტრადიციების ოჯახში“20; მე ვიმედოვნებ, რომ ის უარს არ იტყოდა თავის ტიტულზე, როგორც ბოლო, მაგრამ არა უმნიშვნელო წარმომადგენელზე ლიბერალიზმის ტრადიციებზე აღზრდილი უდიდესი ისტორიკოსებისა. მისი წარმომავლობა აქ არაფერ შუაშია, თუმცა ისიც იმავე საგვარეულოს მიეკუთვნება, რომელსაც ეკუთვნოდნენ ცნობილი ვიგი ისტორიკოსი ჯორჯ ოტო ტრეველიანი და უდიდესი ვიგი ისტორიკოსი მაკველი. ტრეველიანის უმშვენიერესი ნაწარმოები „ინგლისი დედოფალ ანას მეფობის ხანაში“ დაწერილია ამ ფონის საწინააღმდეგოდ და მკითხველიც მხოლოდ მაშინ ჩასწვდება სრულად წიგნის ჭეშმარიტ არსსა და მნიშვნელობას, როცა წაიკითხავს მას, როგორც არსებული ფონის საწინააღმდეგო ნაწარმოებს. მართლაც, ავტორი სხვა გამოსავალს არ უტოვებს მკითხველს. თუკი დეტექტური რომანების მოყვარულთა მსგავსად ჩვენც წიგნის კითხვას ბოლოდან დავიწყებთ, მესამე ტომის ბოლო რამდენიმე გვერდი საუკეთესო დასკვნითი ნაწილია, რომელიც კი ოდესმე წამიკითხავს და რასაც ისტორიის ლიბერალური ინტერპრეტაცია ეწოდება. თქვენ ნახავთ, რომ ტრეველიანი ცდილობს, გამოიძიოს ვიგების ტრადიციათა სათავე და განვითარება; სათანადოდ და ჯეროვნად დაამკვიდროს ისინი ამ ტრადიციების ფუძემდებლის, უილიამ III-ის, სიკვდილის შემდეგ. იქნებ ეს არც იყოს დედოფალ ანას მეფობის შესახებ არსებული ფაქტობრივი მასალის ერთადერთი და მისაღები განმარტება, მაგრამ ტრეველიანის ინტერპრეტაცია ბრწყინვალედ არის დასაბუთებული და ამდენად, მოსახერხებელია. იმისთვის, რათა სრულად შევაფასოთ ამ ინტერპრეტაციის მნიშვნელობა, ჩვენ უნდა გავიაზროთ, თუ რას აკეთებს ისტორიკოსი. როგორც კოლინგვუდი აღნიშნავდა, თუკი ისტორიკოსი ვალდებულია გონებით ჩაწვდეს, რა ხდებოდა მისი მოქმედი პირების ცნობიერებაში, ასევე მკითხველმა უნდა აღადგინოს, რა ხდება ისტორიკოსის გონებაში. შეისწავლეთ ჯერ ისტორიკოსი, სანამ დაიწყებდეთ ფაქტების შესწავლას. ეს არ არის რთული, მით უმეტეს, ამის პრეცენდენტი უკვე გვაქვს: ასე მოიქცა ერთი ჭკვიანი სტუდენტი; როცა მას ურჩიეს წაეკითხა ცნობილი ისტორიკოსის, ჯოუნზის, ნაშრომი, იგი წავიდა თავის მეგობართან, რათა გაერკვია, თუ რა ტიპია ეს ჯოუნზი და რა ოფოფები ჰყავს თავში. როცა კითხულობთ ისტორიულ ნაშრომს, ყოველთვის მიაყურადეთ ხმაურს გარედან. თუ ვერაფერს გაიგონებთ, მაშინ ან ყურს გაკლიათ, ან თქვენი ისტორიკოსი საშინლად მოსაწყენია. ფაქტები სულაც არ ჰგავს თევზით მოვაჭრის დახლზე ჩამწკრივებულ თევზებს. ისინი უფრო უზარმაზარი ოკეანის ხშირად მიუწვდომელ სიღრმეებში მოცურავე თევზებია. ხოლო რას დაიჭერს ისტორიკოსი, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ბედნიერ შემთხვევითობაზე, იღბალზე და აგრეთვე იმაზე, ოკეანის რომელ ადგილს და რომელ სათევზაო მოწყობილობას აირჩევს მეთევზე. ბოლო ორი ფაქტორი გაპირობებულია, რასაკვირველია, იმით, თუ რა სახეობის თევზის დაჭერა აქვს ისტორიკოსს გადაწყვეტილი; საბოლოო ჯამში, ისტორიკოსი მიიღებს იმგვარ ფაქტებს, როგორიც თავად სურს. ისტორია გულისხმობს ინტერპრეტაციას. თუ თავდაყირა დავაყენებთ სერ ჯორჯ კლარკის სიტყვებს, მე ისტორიას ვუწოდებდი „მყარ ინტერპრეტაციას, რომელსაც გარს დაუზუსტებელი ფაქტების რბილობი აკვრია“. ცხადია, ჩემი გამონათქვამი ცალმხრივი და დამაბნეველია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არა უფრო მეტად, ვიდრე თავდაპირველი მტკიცება.
მეორე გარემოება, რომელსაც შევეხებით, უფრო ახლოს დგას ისტორიკოსის პრობლემასთან - წარმოსახვით ჩაწვდეს ადამიანთა გონებას და იმ ჩანაფიქრს, რომლითაც გაპირობებულია ადამიანთა მოქმედებები. მე-19 საუკუნე მოიკოჭლებდა შუა საუკუნეების ისტორიაში, რადგან გაჟღენთილი იყო ცრურწმენითი წარმოდგენებით შუა საუკუნეებზე, ხოლო იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი სისასტიკე ხელს უშლიდა ისტორიკოსს შუა საუკუნეების ადამიანთა წარმოსახვით წვდომაში. ანდა ავიღოთ თუნდაც ბურკჰარდტის უაღრესად კრიტიკული შენიშვნა ოცდაათწლიანი ომის თაობაზე: „ეს სამარცხვინოა ნებისმიერი რწმენისათვის, სულერთია, პროტესტანტული იქნება ეს თუ კათოლიკური, საკუთარი გადარჩენა უფრო მაღლა დააყენო, ვიდრე ერის მთლიანობა“.21 მე-19 საუკუნის ლიბერალ ისტორიკოსისათვის უაღრესად ძნელი იყო დაერწმუნებინა მავანნი და მავანნი, რომ კაცის მოკვლა საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად სწორი და საქებურია, მაგრამ იგივე ქმედება რელიგიური უთანხმოების ნიადაგზე - ყოვლად მიუღებელი და მცდარი. ძალიან რთული იყო იმ ადამიანთა ტვინში ჩახედვა, ვინც აწარმოებდა ოცდაათწლიან ომს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ სფეროში, რომელშიც მე ახლა ვმუშაობ. ნაშრომების უმრავლესობაში, რომელიც დაიწერა საბჭოთა კავშირზე ბოლო ათი წლის მანძილზე ინგლისურენოვან ქვეყნებში, ძირითადი არსი დამახინჯებულად არის გადმოცემული უმთავრესად იმის გამო, რომ ვერ შეძლეს დაედგინათ წარმოსახვითი წვდომის ყველაზე ელემენტარული საზომიც კი, რომელიც დაეხმარებოდათ გაეგოთ, რა ხდებოდა მოწინააღმდეგე მხარის გონებაში; ამიტომ მოპაექრეთა ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება გამოიყურება როგორც დამღუპველი, უაზრო და ფარისევლური. ისტორიკოსი ვერ დაწერს ვერანაირ ისტორიას, თუ არ ეცდება დაამყაროს თუნდაც სულ მცირე კონტაქტი იმ ადამიანთა გონებასთან, ვისზედაც წერს.
მესამე საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ შეგვიძლია გავიაზროთ წარსული და გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ მხოლოდ დღევანდელობის გათვალისწინებით. ისტორიკოსი თავისი ეპოქის შვილია და დაკავშირებულია მასთან ცხოვრებისეული გარემოებებით. თვით სიტყვებსაც კი, რომელსაც ის იყენებს ყოველდღიურ საუბარში - დემოკრატია, იმპერია, ომი, რევოლუცია - თანამედროვეობის ელფერი დაჰკრავს და ვერ ამოგლიჯავს მათ ამ კონტექსტიდან. ძველ ისტორიაში მომუშავე ისტორიკოსები იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა პოლისი (რთული სიტყვების კომპონენტი, რომელიც „ქალაქს“ ნიშნავს) და პლებსი (მდაბიო ხალხი); ისინი სპეციალურდ მოიხსენიებენ მათ ისევე უცვლელად, როგორც ორიგინალშია, რათა აჩვენონ, რომ არ წამოეგნენ ამ ანკესს. მაგრამ ეს ხერხი ვერ შველის მათ, ისინი აგრეთვე თანამედროვე ხანაში ცხოვრობენ და ძველი სიტყვების გამოყენებით ვერ მოხვდებიან წარსულში, ისევე როგორც ვერ გახდებიან ბერძენ და რომაელ ისტორიკოსებზე უკეთესნი, თუ ლექციებს ბერძნულ ქლამიდში ან რომაულ ტოგაში გამოწყობილნი წაიკითხავენ. სიტყვები, მომდევნო თაობის ფრანგმა ისტორიკოსმა რომ გამოიყენა, რათა აღეწერა პარიზის ბრბო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საფრანგეთის რევოლუციაში - les sans-culottes, le peuple, la canaille, les bras-nus - განკუთვნილია იმათთვის, ვინც იცის თამაშის წესები, პოლიტიკური გაერთიანებებისა და ინდივიდუალური ინტერპრეტაციის მანიფესტები. ისტორიკოსი არჩევანის წინაშე დგას: ენა, რომელსაც ის იყენებს, არ აძლევს ნებას იყოს ობიექტური. მაგრამ ეს არ არის მარტოოდენ სიტყვების საკითხი. ევროპის ძალაუფლებაში მომხდარმა ცვლილებებმა ძირფესვიანად შეცვალა ბრიტანელი ისტორიკოსების დამოკიდებულება ფრიდრიხ დიდისადმი, ხოლო ეკლესიის შიგნით კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს შორის ძალთა ბალანსის ცვლამ აშკარად გადაასხვაფერა დამოკიდებულება ისეთი პიროვნებების მიმართ, როგორიცაა ლოიოლა, ლუთერი და კრომველი. საკმარისია გავეცნოთ ფრანგი ისტორიკოსების ნაშრომებს, რომლებიც ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში შეიქმნა და ეხება ფრანგულ რევოლუციას, ცხადი გახდება, თუ რა ღრმა გავლენა იქონია მასზე რუსეთის 1917 წლის რევოლუციამ. ისტორია ეკუთვნის არა წარსულს, არამედ აწმყოს. პროფესორ ტრევორ-როპერის თქმით, ისტორიკოსი „ვალდებულია უყვარდეს წარსული“.22 ეს საკმაოდ ორაზროვანი გამონათქვამია. ადვილი შესაძლებელია, რომ წარსულის სივყარული აღმოჩნდეს მოხუცი ადამიანისა თუ ხნიერი საზოგადოების ნოსტალგიური რომანტიზმის გამოხატულება, სიმპტომი იმისა, რომ დაიკარგა რწმენა და ინტერესი აწმყოსა და მომავლის მიმართ.23 გაცვეთილ ფრაზებს შორის მე იმას ავირჩევდი, რომელიც ეცდებოდა განთავისუფლებულიყო წარსულის „მკვდარი ხელიდან“. ისტორიკოსის ფუნქცია არც წარსულის მიმართ ნაზი გრძნობებია და არც მისგან განდგომა. მისი მოვალეობაა ისე ღრმად ჩაწვდეს წარსულის არსს, რომ დაგვეხმაროს აწმყოს გაგებაში.
თუ არსში წვდომის ამ უნარს შეიძლება ვუწოდოთ კოლინგვუდის შეხედულება ისტორიაზე, დადგა დრო ყურადღება გავამახვილოთ ზოგიერთ საფრთხეზე. ისტორიკოსის როლის გადაჭარბებული შეფასება ისტორიის შექმნის პროცესში ლოგიკურად მიგვიყვანს ობიექტური ისტორიის სრულ უარყოფამდე: ისტორია არის ის, რასაც ქმნის ისტორიკოსი. კოლინგვუდიც, როგორც ჩანს, რაღაც მომენტში იმავე დასკვნამდე მივიდა, რაც დაფიქსირებულია მის ერთ-ერთ გამოუქვეყენებლ წერილში და ციტირებულია მისი გამომცემლის მიერ: „წმ. ავგუსტინე ისტორიას განიხილავდა ადრეული ქრისტიანის პოზიციებიდან, ტილამონი - როგორც მე-17 საუკუნის ფრანგი, გიბონი - როგორც მე-18 საუკუნის ინგლისელი, მომზენი - როგორც მე-19 საუკუნის გერმანელი. უაზრობაა იმის გარკვევა, თუ რომელი შეხედულებაა სწორი. ყოველი ადამიანისთვის ის მიმართულებაა ერთადერთი და მართებული, რომლის მიმდევარიც თვითონ არის“24.
ამას მივყავართ ტოტალურ სკეპტიციზმამდე. როგორც ფროიდი შენიშნავს, ისტორია ჰგავს „ანბანის ყუთს ბავშვებისათვის, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ავაწყოთ ნებისმიერი სიტყვა“25.
კოლინგვუდი მკაცრად აკრიტიკებს „ისტორიაში ლიტერატურულ კომპილაციას“ და გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ისტორია მხოლოდ ფაქტების კრებულია და სხვა არაფერი. ამით იგი სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა და თითქმის გაიზიარა შეხედულება, თითქოს ისტორია ადამიანის გონების პირმშოა. ეს თეორია უკან გვაბრუნებს და გვახსენებს სერ ჯორჯ კლარკის დასკვნას, რომ „არ არსებობს `ობიექტური' ისტორიული ჭეშმარიტება“. თეორიის ნაცვლად, რომლის მიხედვითაც ისტორია მოკლებულია ყოველგვარ მნიშვნელობას, ჩვენ შემოგვთავაზეს სხვა, არანაკლებ აბსურდული რამ - თითქოს ისტორიას უამრავი მნიშვნელობა გააჩნია. ეს არ ნიშნავს, რომ მთას, რომელიც სხვადასხვა ფორმას იღებს, როცა სხვადასხვა კუთხიდან ვათვალიერებთ, ან ობიექტურად არ გააჩნია ფორმა საერთოდ, ანდა პირიქით - უამრავი ფორმა აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ რახან ინტერპრეტაციას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ისტორიული ფაქტის დადგენაში და არ არსებობს სრულიად ობიექტური ინტერპრეტაცია - ერთი ინტერპრეტაცია ისეთივე კარგია, როგორც სხვა -, რომ ისტორიული ფაქტები პრინციპში არ ექვემდებარებოდეს ობიექტურ ინტერპრეტაციას. ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ ჩემს აზრს ისტორიის ობიექტურობაზე.
კოლინგვუდის ჰიპოთეზა გაცილებით დიდ საშიშროებას შეიცავს. თუ ისტორიკოსი აუცილებლადდ უყურებს ისტორიას თანამედროვეობის გადასახედიდან და წარსულის პრობლემებს განიხილავს დღევანდელი პრობლემების გათვალისწინებით, ხომ შეიძლება, მისი ხედვა წმინდა პრაგმატული გახდეს და ინტერპრეტაციის სისწორის კრიტერიუმად თანამედროვე მიზნები აირჩიოს? ამ ჰიპოთეზის თანახმად ისტორიული ფაქტები არაფერია, ხოლო ინტერპრეტაცია - ყველაფერი. ნიცშემ წამოაყენა პრინციპი: „შეხედულების მცდარობა არ არის ზადი და არ უნდა იწვევდეს ჩვენს გაღიზიანებას... სხვა საკითხია, თუ რამდენად ახანგრძლივებს და იცავს ის სიცოცხლეს, ადამიანთა მოდგმას და რამდენად უწყობს ხელს ახლის წარმოშობას“.26 ამერიკელი პრაგმატისტები ამ მხრივ ნაკლებად გულწრფელნი არიან. ცოდნა საჭიროა გარკვეული მიზნის მისაღწევად. ცოდნის სისწორე დამოკიდებულია მიზნის სისწორეზე. მაგრამ თუ სადმე ამგვარი თეორია არ იყო ხმამაღლა აღიარებული, ხშირად პრაქტიკა არანაკლებ სირთულეებს ქმნიდა. ჩემი მოღვაწეობის სფეროში წავწყდომივარ უცნაური ინტერპრეტაციის უამრავ მაგალითს, რომლებიც მედიდურად დაჰყურებენ ფაქტებს ზემოდან და ყურადღებას არ აქცევენ რეალობას. ამიტომ, როცა უფრო ახლოს ვეცნობით საბჭოთა თუ ანტისაბჭოთა მიმართულების ისტორიოგრაფიის ყველაზე ექსტრემისტულ ნაშრომებს, ძალაუნებურად გარკვეული ნოსტალგიით ვიმსჭვალებით მე-19 საუკუნის ილუზორული, წმინდა ფაქტობრივი ისტორიის მიმართ.
ახლა როგორღა მოვიქცეთ, მე-20 საუკუნის შუა წლებში? უნდა განვსაზღვროთ თუ არა ისტორიკოსის პასუხისმგებლობა მისი ფაქტების მიმართ? ალბათ დამერწმუნებით, რომ ბოლო დროს არაერთი საათი გამიტარებია დოკუმენტების მოძიებასა და შესწავლაში. ვცდილობდი ჩემი მონათხრობისთვის რაც შეიძლება მეტი განმარტებითი ხასიათის შენიშვნა დამერთო, რათა თავიდან ამეცილებიან ბრალდება დოკუმენტებისა და ფაქტების ზედმეტად თავისუფალი ინტერპრეტაციის გამო. ისტორიკოსის ვალდებულება - პატივისცემით მოეპყრას ფაქტებს - არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ გააკონტროლოს მათი სიზუსტე. ის უნდა ეცადოს შეკრიბოს ყველა ცნობილი და საჭირო ფაქტი, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია იმ გამოსაკვლევ მოვლენასთან და მის მიერვე შემოთავაზებულ ინტერპრეტაციასთან. თუ მას გადაწყვეტილი აქვს დახატოს ვიქტორიას ეპოქის ინგლისელი, როგორც მაღალზნეობრივი და რაციონალური არსება, არც ის უნდა დაავიწყდეს, თუ რა მოხდა სტელიბრიჯ უიქში 1850 წელს. მაგრამ ეს, თავის მხრივ, არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია სრულად გამორიცხოს ინტერპრეტაცია, რომელიც ისტორიის სასიცოცხლო წყაროა. ე.წ. „არაპროფესიონალი“ მეგობრები, ანუ ისინი, რომელთაც არანაირი კავშირი არა აქვთ მეცნიერებასთან, ან მეცნიერების სხვა სფეროში მოღვაწეობენ, ხშირად მეკითხებიან, რა უნდა გააკეთოს ისტორიკოსმა ისტორიის დასაწერად. ყველაზე გავრცელებული განმარტება, რომელიც შეიძლება ადამიანს ამ დროს თავში მოუვიდეს, მდგომარეობს იმაში, რომ ისტორიკოსი თავის სამუშაოს ყოფს ორ მკვეთრად განსხვავებულ ფაზად, ან პერიოდად. პირველია მოსამზადებელი პერიოდი, როცა ის უამრავ დროს ანდომებს წყაროების კითხვას და რვეულებს ავსებს ფაქტებით. შემდეგ, როცა დაამთავრებს ამის კეთებას, იგი განზე დებს ყველა წყაროს, იღებს შევსებულ რვეულებს და წერს წიგნს თავიდან ბოლომდე. მართალი გითხრათ, ეს ვერსია პირადად ჩემთვის არაა დამაჯერებელი. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად ხდება: ჯერ კიდევ წყაროებზე მუშაობის პერიოდში ხანდახან ისეთი დაუოკებელი სურვილი მიპყრობს ქაღალდზე გადავიტანო ჩემი ნაფიქრალი, რომ თავს ვეღარ ვიკავებ და ვიწყებ წერას; სულაც არაა სავალდებულო, ეს წიგნის დასაწყისი იყოს, არამედ შუა, ბოლო, ან, რა ვიცი, რომელი ნაწილი. ამის შემდეგაც ვკითხულობ და ვწერ ერთდროულად. კითხვის პროცესში ჩემს მიერ დაწერილი რამდენჯერმე განიცდის ცვლილებას: რაღაც ემატება, რაღაც აკლდება... როგორც კითხვა მეხმარება წერის პროცესში, ასევე წერა მეხმარება კითხვისას: რაც უფრო მეტს ვწერ, მით უფრო კარგად ვაცნობიერებ, თუ რას ვეძებ, უფრო კარგად მესმის ნაპოვნის მნიშვნელობა და ადგილი. შესაძლებელია სხვა ისტორიკოსები წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოს გონებაში ზეპირად ატარებენ ყოველგვარი კალმის, ქაღალდის და საბეჭდი მანქანის გარეშე, ისევე როგორც ზოგნი ჭადრაკს თამაშობენ გონებაში დაფისა და ფიგურების გარეშე; მე ძალიან მშურს ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ხალხისა, მაგრამ მათთან შეჯიბრებას სულაც არ ვაპირებ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი ისტორიკოსისთვის, რომლებიც სერიოზულად ეკიდებიან თავის საქმიანობას, ორი პროცესი, ეკონომისტების ენაზე რომ „პროდუქციის წარმოებაში ჩაშვება“ და „პროდუქციის გამოშვება“ ჰქვია, ერთდროულად მიმდინარეობს და პრაქტიკულად ერთი პროცესის ორ მხარეს წარმოადგენს. ჩვენ თუ განვაცალკევებთ მათ, ან რომელიმე ერთს მივანიჭებთ უპირატესობას, აუცილებლად ორი ცდომილებიდან ერთ-ერთში ჩავარდებით: ან დავწერთ ისტორიის ლიტერატურულ კომპილაციას, რომელიც მოკლებული იქნება ყოველგვარ აზრსა და მნიშვნელობას, ანდა პროპაგანდისტული ან მხატვრული ხასიათის ნაწარმოებს, რომელშიც უხვად იქნება წარსულის ფაქტები, მაგრამ ისტორიასთან არაფერი ექნება საერთო.
ისტორიკოსის დამოკიდებულება ფაქტების მიმართ უაღრესად ფაქიზი თემაა და ამ სფეროს კვლევისას შეიძლება დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ, თუ ორ ცეცხლს შუა მოქცეულნი წონასწორობას დავკარგავთ და ერთ რომელიმე მხარეს გადავიხრებით: პირველი საშიშროება, არის ძნელად დასაჯერებელი თეორია, რომ ისტორია წარმოადგენს ფაქტების ობიექტურ ნაკრებს და უპირატესობას სწორედ მათ ანიჭებს ინტერპრეტაიასთან შედარებით. მეორე საშიშროებას წარმოადგენს ასევე ძნელად დასაჯერებელი თეორია, რომელიც ისტორიას განიხილავს როგორც ისტორიკოსის გონებაში წარმოქმნილს; ისტორიკოსი თავად ქმნის ისტრიულ ფაქტებს და ადვილად მართავს მათ ინტერპრეტაციის მეშვეობით. ჩვენ უნდა ვეცადოთ თავი ავარიდოთ ორივე თეორიას, რომელთაგანაც ერთს საყრდენი წერტილი წარსულში აქვს, ხოლო მეორეს - აწმყოში. საბედნიეროდ, ჩვენი მდგომარეობა არც ისე საშიშია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ჩვენ კვლავ არაერთხელ ვიქნებით მოწმენი ფაქტსა და ინტერპრეტაციას შორის ჭიდილისა, მაგრამ ამ დაყოფას უკვე სხვა სახე ექნება: კერძო და საზოგადო, ემპირიული და თეორიული, ობიექტური და სუბიექტური. ადამიანის ბუნების გადმოცემა ისტორიკოსისათვის ყოველთვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა. ადამიანი, თუ არ ჩავთვლით ბავშვობისა და ღრმა მოხუცებულობის ასაკს, არასოდეს არის სრულად ჩართული გარემოში და არ წარმოადგენს მის უცილობელ ნაწილს. მეორეს მხრივ, ადამიანი ვერასოდეს იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი გარე სამყაროსგან და მისი უეჭველი ბატონ-პატრონი. ადამიანის დამოკიდებულება მის გარშემო არსებულ სამყაროსთან არის ისტორიკოსის დამოკიდებულება განსახილველი საკითხის მიმართ. ისტორიკოსის დამოკიდებულება ფაქტებთან შენდება თანასწორუფლებრივ, ურთიერთდათმობის ნიადაგზე. როგორც ცნობილია ნებისმიერი მომუშავე ისტორიკოსიათვის, თუ ფიქრისა და წერის პროცესში შეწყვეტს რეფლექსიას, იგი იძულებული გახდება ან ფაქტები დაუქვემდებაროს ინტერპრეტაციას, ან ინტერპრეტაცია - ფაქტებს. ჯერ კიდევ საკითხავია, თუ რომელს ეკუთვნის უპირატესობა.
ისტორიკოსი მუშაობას იწყებს ფაქტების და იმგვარი ინტერპრეტაციის წინასწარი შერჩევით, რომელიც მისი და სხვების აზრითაც უფრო კარგად მიესადაგება ამ ფაქტებს და უკეთესად აშუქებს მათ. მუშაობის პროცესში ინტერპრეტაციამაც და შერჩეულმა ფაქტებმაც შეიძლება განიცადოს ძნელად აღსაქმელი, ხშირად ნაწილობრივ გაუთვითცნობიერებელი ცვლილებები. ეს გაპირობებულია ამ ორი ფაქტორის ზემოქმედებით ერთმანეთზე. ფაქტისა და ინტრეპრეტაციის ორმხრივი ზეგავლენა იწვევს ასეთივე თანასწორობას წარსულსა და აწმყოს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსი ამ დროის პირმშოა, ხოლო ფაქტები ეკუთვნის წარსულს, ისტორიკოსი და ისტორიის ფაქტები აუცილებელია ერთმანეთისათვის. როგორც ისტორიკოსი ფაქტების გარეშე საფუძველგამოცლილი და ურგები ადამიანია, ასევე ფაქტები ისტორიკოსის გარეშე უსიცოცხლოა და მნიშვნელობას მოკლებული. ასე რომ, ჩემი პირველი პასუხი შეკითხვაზე, თუ „რაა ისტორია?“. შემიძლია შემდეგნაირად ჩამოვაყალიბო: ეს არის უწყვეტი პროცესი ისტორიკოსისა და ფაქტის ურთიერთზემოქმედებისა და გაუთავებელი დიალოგი აწმყოსა და წარსულს შორის.
_______________________________________
1 The Cambridge History: Its Origin, Authorsip and Production (1907), გვ. 10-12
2 The New Cambridge Modern History, i (1957), გვ. XXIV-XXV
3 Action, Lectures on Modern History (1906), გვ 318.
4 ციტატა, Listener 19 ივნისი, 1952, გვ.992.
5 M. Manilii Astronomicon: Liber Primus (მე-2 გამოცემა, 1937), გვ. 87.
6 T. Parsons and E. Shils, Towards a General Theory of Action (მე-3 გამ., 1954), გვ. 167.
7 Lord George Sanger, Seventy Yars a Showman (მე-2 გამ., 1926), გვ. 188-9
8 Dr. Kitson Clark, The Making of Victorian England (1962)
9 J.B. Bary, Selected Essays (1930), გვ. 52.
10 G. Barraclough, History in a Changing World (1955) გვ.14.
11 Lytton Strachey, Preface To Eminent Victorians.
12 ციტატა ჯ.ფ გოჰის წიგნებიდან History and Historians in the Ninteenth Centery, გვ.385 მოგვიანებით ექტონმა თქვა დოლინგერზე, რომ ყოველივე „ამან წააქეზა დოლინგერი ჩამოეყალიბებინდა ისტორიის საკუთარი ფილოსოფია იმდენად ფართომასშტაბური დასკვნების საფუძველზე, როგორიც კი წარმოუდგენია ადამიანს“ (History of Freedom and Other Esssays, 1907, გვ. 435)
13 Cambridge Modern History, i (1902), გვ. 4.
14 Gustav Stresemann. His Diaries, Letters and Papers, i (1935), Editor's Note>
15 H. Butterfield, The Whig Interpretation of History (1931), გვ. 67.
16 A.l. Rowse, The End of an Epohch (1947), გვ. 272-3.
17 ამ ცნობილი აფორიზმის არსი შემდეგშია: პრაქტიკული მოთხოვნები, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერ ისტორიულ შეფასებას, მთლიანად ისტორიას ანიჭებს „თანამედროვე ისტორიის“ ხასიათს, რადგან, რაც, არ უნდა შორეულ წარსულს ეკუთვნოდეს აღწერილი მოვლენა, სინამდვილეში, ისტორია განმარტავს მას თანამედროვე მოთხოვნილებებიდან და დღევანდელი სიტუაციიდან, სადაც ეს მოვლენა პოულობს თავის გამოხატულებას. (B. Croce, History as the Story of Liberty, ინგ. თარგმ., გვ. 19).
18 Atlantic Monthly, ოქტომბერი, 1910, გვ.528.
19 M. Oakeshott, Experience and Its Modes (1933 ), გვ. 99.
20 G.M. Trevelyan, An Autobiography (1949), გვ. 11.
21 J. Burckhardt, Judgements on History and Historians, (1959), გვ. 179.
22 Introduction to J. Burchadt, Judgement on History and Historians, (1959), გვ. 17.
23 შეადარეთ ნიცშეს შეხედულება ისტორაზე: „წარსულის ნაწილია მოხუცი კაცი, რომელიც უკან იყურება, საკუთარ დასკვნებს აკეთებს და მის ერთადერთ ნუგეშს წარმოადგენს წარსულისა და ისტორიული კულტურის მეხსიერებაში აღდგენა (Thoughts Out of Season,ინგ. თარგ., 1909, ii, გვ. 65-6).
24 R. Collingwood, The Idea of History (1946), გვ. XII.
25 A. Freude, Short Studies on Great Subjects, i (1894), გვ. 21.
26 Beyond Good and Evil, თავი I
![]() |
2 საზოგადოება და პიროვნება |
▲ზევით დაბრუნება |
საკითხი, თუ რომელი იყო პირველი - საზოგადოება თუ ადამიანი, წააგავს მარადიულ დავას ქათმისა და კვერცხის პირველადობის შესახებ. თუ იგი განხილული იქნება, როგორც ლოგიკური ან ისტორიული საკითხი, ვერანაირ დასკვნამდე ვერ მივალთ, რადგან ჩვენი თვალსაზრისი ცალმხრივი იქნება. საზოგადოება და პიროვნება განუყოფელი ცნებებია. ისინი ავსებენ ერთმანეთს და არ წარმოადგენენ ერთმანეთში საპირისპირო მხარეებს. თუ გავიხსენებთ ჯონ დონის ცნობილ გამონათქვამს, „არც ერთი ადამიანი არ წარმოადგენს კუნძულს; თვით კუნძულიც არ არსებობს განცალკევებით. ყველა ადამიანი ნაწილია ერთი მთლიანი და მთავარი კონტინენტისა“.1 ასეთია ჭეშმარიტების ერთი ასპექტი, მაგრამ მეორეს მხრივ, ავიღოთ თუნდაც ჯ.ს. მილის, ცნობილი ინდივიდუალისტის, მოსაზრება, რომ „ერთად შეკრებილი ცალკეული ადამიანები არ გარდაიქმნებიან სხვა სახის სუბსტანციად“.2 რასაკვირველია, არა. მაგრამ შეცდომა იქნებოდა გვევარაუდა, რომ ისინი არსებობდნენ, ან გააჩნდათ სუბსტანციის რაიმე სახე, სანამ „ერთად არ შეკრიბეს“. დაბადების მომენტიდან მოყოლებული, გარესამყარო იწყებს ზემოქმედებას ჩვენზე და ბიოლოგიური არსებიდან სოციალურ არსებად გარდაგვქმნის. ყოველი ადამიანი ისტორიის ან წინა-ისტორიის ნებისმიერ საფეხურზე საზოგადოებაში იბადება და ადრეული ასაკიდანვე ფორმირდება ამ საზოგადოების მიერ. ენა, რომელზედაც ის მეტყველებს, არ წარმოადგენს მის პირად საკუთრებას, არამედ მემკვიდრეობით მიიღო იმ საზოგადოებისგან, რომელშიც იზრდება. ენაც და გარესამყაროც ეხმარება მას საკუთარი ნააზრევის უკეთ გაგებასა და ჩამოყალიბებაში. მისი პირველი იდეები სხვებისგან არის ნასესხები. სწორად შენიშნავენ, რომ საზოგადოებას მოწყვეტილი ადამიანი უენო და უტვინო იქნება. რობინზონ კრუზოს მითის მიმზიდველობა სწორედ იმაშია, რომ ეს არის ცდა წარმოვიდგინოთ ადამიანი საზოგადოებისგან განცალკევებით. ამ ცდას პერსპექტივა არა აქვს. რობინზონ კრუზო არ არის აბსტრაქტული ადამიანი, ის გახლავთ ინგლისელი იორკიდან. მას თან აქვს ბიბლია და თაყვანს სცემს თავისი ტომის ღმერთს. განგებამ მას სასწრაფოდ პარასკევა გამოუგზავნა და ახალი საზოგადოების მშენებლობაც დაიწყო. აქვე უპრიანი იქნება გავიხსენოთ მეორე მითი იმავე თემაზე - კირილოვი დოსტოევსკის რომანიდან „ეშმაკნი“, რომელმაც თავი მოიკლა, რათა ეჩვენებინა პიროვნების სრული თავისუფლება. თვითმკვლელობა ერთადერთი აქტია, რომელიც დასტურია ადამიანის შინაგანი თავისუფლებისა. ყველა სხვა ქმედება, ადამიანს მეტ-ნაკლებად განიხილავს როგორც საზოგადოების შემადგენელ ნაწილს.3
ანთროპოლოგები ამტკიცებენ, რომ განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ პრიმიტიულ ადამიანზე საზოგადოება მეტ ზეგავლენას ახდენს და იგი ნაკლებად ინდივიდუალისტურია, ვიდრე ცივილიზებული პიროვნება. ამაში უთუოდ არის ჭეშმარიტების მარცვალი. მცირე საზოგადოებები უფრო უნიფიცირებულნი არიან იმ გაგებით, რომ იქ ნაკლები შესაძლებლობა აქვს პიროვნებას გამოამჟღავნოს ინდივიდუალური მიდრეკილებები და უნარი, ვიდრე კომპლექსურ და მოწინავე ქვეყნებში. ინდივიდუალიზმის განვითარება ამ გაგებით თანამედროვე მოწინავე საზოგადოების აუცილებელი შედეგია, რომლითაც გამსჭვალულია საზოგადოების ყველა სფერო თავიდან ბოლომდე. მაგრამ დიდი შეცდომა იქნებოდა დაგვეპირისპირებინა ინდივიდუალიზმის პროცესი და საზოგადოების მზარდი სიძლიერე და ერთიანობა. საზოგადოების განვითარება და პიროვნების განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და აპირობებენ ერთმანეთს. მართლაცდა, რას გულისხმობს ტერმინი „კომპლექსური“ ან „მოწინავე“ საზოგადოება? ეს ისეთი საზოგადოებაა, სადაც პიროვნებათა ურთიერთდამოკიდებულებამ მიიღო მოწინავე და კომპლექსური ფორმა. ნუ ვიჩქარებთ და ნუ გამოვიტანთ მცდარ დასკვნას, რომ თანამედროვე სახელმწიფოს გაერთიანების უნარი ჩამოაყალიბოს მისი წევრი პიროვნებების ხასიათი და აზროვნება, შექმნას მათ შორის თანაფარდობისა და ერთგვაროვნების გარკვეული დონე, გაცილებით ჩამოუვარდება პრიმიტიული ტომობრივი გაერთიანების იმავე უნარს. დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა ეროვნული ხასიათის შესახებ ძველი კონცეფცია, რომელიც დაფუძნებული იყო ბიოლოგიურ განსხვავებებზე. თუმცა, ძნელია უარყო განსხვავება ეროვნულ ხასიათში, რაც გამომდინარეობს განსხვავებული ეროვნული წარმომავლობიდან და განათლებიდან. ამ ბუნდოვანმა, მაგრამ ობიექტურად არსებულმა „ადამიანის ბუნებამ“ იმდენჯერ განიცადა სახეცვლილება სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი საუკუნის განმავლობაში, რომ ძნელი იქნება უარყო ის, როგორც ისტორიული ფენომენი, ჩამოყალიბებული სოციალური პირობებისა და გავრცელებული პირობითობების ზეგავლენით. არსებობს უამრავი განსხვავება, ვთქვათ, ამერიკელს, რუსსა და ინდოელს შორის, მაგრამ უმთავრესი განსხვავება მდგომარეობს პიროვნების განსხვავებულ დამოკიდებულებაში სოციალური ურთიერთობების მიმართ. ანდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბებაა მიზანშეწონილი, რომ ამერიკულ, რუსულ ან ინდურ საზოგადოებებს შორის განსხვავებების შესწავლით, თუკი საზოგადოებას ერთ მთლიან ორგანიზმად წარმოვიგენთ, უკეთ ჩავწვდეთ ამერიკელის, რუსის თუ ინდოელის პიროვნულ განსხვავებას. საზოგადოება ისევე ახდენს გავლენას ადამიანზე, ცივილიზებული იქნება ის თუ პრიმიტიული, როგორადაც ადამიანი - საზოგადოებაზე. თქვენ ისევე არ შეგიძლიათ გქონდეთ კვერცხი ქათმის გარეშე, როგორც ქათამი კვერცხის გარეშე.
ამ ბანალურ ჭეშმარიტებებზე სულაც არ შევაჩერებდი თქვენს ყურადღებას, მაგრამ ისტორიის მნიშვნელოვანი და უაღრესად საინტერესო პერიოდი ჯერ კიდევ ბინდით არის მოსილი ჩვენთვის და დასავლეთის სამყარო ახლა იწყებს უცნობი ფაქტების შესწავლას, რათა სინათლეზე გამოიტანოს ისინი. ინდივიდუალიზმის კულტი ყველაზე გავრცელებული მითია თანამედროვე ისტორიაში. ბურკჰარდტი თავის წიგნში „რენესანსის ცივილიზაცია იტალიაში“, რომლის მეორე თავის ქვესათაურია „პიროვნების განვითარება,“ აღნიშნავს, რომ პიროვნების კულტს ჯერ კიდევ რენესანსის ეპოქაში ჩაეყარა საფუძველი, როცა ადამიანი, რომელიც მანამდე იყო მარტოოდენ „რომელიმე გვარ-ტომის, ხალხის, დაჯგუფების, ოჯახის, ან გაერთიანების წევრი, ბოლოს და ბოლოს იქცა ამაღლებული სულის პიროვნებად და მართლაც ასეთად გრძნობდა თავს“. მოგვიანებით ეს კულტი დაკავშირებული იყო კაპიტალიზმისა და პროტესტანტიზმის განვითარებასთან, ინდუსტრიულ რევოლუციასთან და ჩაურევლობის დოქტრინასთან. ფრანგული რევოლუციის მიერ წამოყენებული იდეები ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ წარმოადგენდა პიროვნების უფლებებს. ინდივიდუალიზმი საფუძვლად ედო უტილიტარიზმის თეორიას, რომელიც მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა. მორლი თავის ესეში „კომპრომისზედ“, რომელიც ვიქტორიანული ლიბერალიზმის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს, ინდივიდუალიზმსა და უტილიტარიზმს უწოდებს „ადამიანის ბედნიერებისა და კეთილდღეობის რელიგიას“. „უხეში ინდივიდუალიზმი“ იყო ადამიანის პროგრესის ძირითადი პრინციპი. შეიძლება ეს იყოს გარკვეული ისტორიული ეპოქისთვის დამახასიათებელი იდეოლოგიის უაღრესად ღრმა და ყურადსაღები ანალიზი, მაგრამ მე მსურს ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ინდივიდუალიზმის გაღრმავება, რაც თან ახლდა თანამედროვე სამყაროს აღმავლობას, სრულიად ნორმალური პროცესი იყო განვითარებული ცივილიზაციისათვის. სოციალურმა რევოლუციამ ძალაუფლების სადავეები ახალ სოციალურ დაჯგუფებებს გადასცა. ის, როგორც ყოველთვის, მოქმედებდა პიროვნებების ხელით და იყენებდა ადამიანის განვითარების შედეგად აღმოცენებულ ახალ-ახალ შესაძლებლობებს; და თუმცა კაპიტალიზმის ადრეულ საფეხურზე პროდუქციის წარმოება და დისტრიბუცია უმთავრესად ცალკეული პიროვნებების ხელში იყო, ახალი სოციალური წესწყობილების იდეოლოგიამ უფრო მეტად გააძლიერა კერძო ინიციატივის როლი ახალ წყობაში. მთლიანობაში კი პროცესი სოციალურ ხასიათს ატარებდა ისტორიული განვითარების გარკვეულ საფეხურზე და არ შეიძლებოდა შეფასებულიყო, როგორც პიროვნების ამბოხი საზოგადოების წინააღმდეგ ან მისი გამოსვლა მკაცრი სოციალური ჩარჩოებიდან.
უამრავი რამ ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ თვით დასავლეთის ქვეყნებშიც კი, რომლებიც ამ განვითარებისა და იდეოლოგიის საყრდენს წარმოადგენდა, ისტორიის ეს პერიოდი დასასრულს მიუახლოვდა: მე აქ არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ ნელ-ნელა ძლიერდება ე.წ. მასის დემოკრატია, ხოლო ეკონომიკური წარმოებისა და ორგანიზაციის ერთი ფორმა იცვლება მეორით - ინდივიდუალური საწყისი ადგილს უთმობს კოლექტიურ მიდგომას. მაგრამ ამ გრძელი და ნაყოფიერი პერიოდის დროს წარმოშობილი იდეოლოგია ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, მათ შორის ინგლისურენოვან ქვეყნებშიც. როცა ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ დაძაბულობაზე ისეთ ცნებებს შორის, როგორიცაა თავისუფლება და თანასწორობა, ან პიროვნული თავისუფლება და სოციალური სამართალი, უნდა გვახსოვდეს, რომ ომები სწორედ აბსტრაქტული იდეებიდან იწყება. ეს არ გახლავთ ბრძოლა პიროვნებებს, როგორც ასეთებსა, და საზოგადოებას, როგორც ასეთს, შორის, არამედ ადამიანთა დაჯგუფებებს შორის საზოგადოების შიგნით. ყოველი დაჯგუფება ძალ-ღონეს არ იშურებს შეუქმნას ნოყიერი ნიადაგი იმ იდეებს, რომელიც მათთვის იქნება ხელსაყრელი და წინ აღუდგნენ ისეთ სოციალურ კურსს, რომელიც ეწინააღმდეგება მათ პროგრამას. ინდივიდუალიზმი, არა მძლავრი სოციალური მოძრაობის მნიშვნელობით, არამედ როგორც მცდარი დაპირისპირება პიროვნებასა და საზოგადოებას შორის, დღესდღეობით ცარიელ ლოზუნგად იქცა დაინტერესებული მხარეების ხელში და თავისი წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო ხელისშემშლელი ფაქტორია თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გასაგებად. ცხადია, მე არაფერი მეთქმის პიროვნების კულტზე, თუ იგი წარმოადგენს პროტესტის ფორმას მცდარი შეხედულების წინააღმდეგ, რომელიც პიროვნებას განიხილავს როგორც საშუალებას, ხოლო საზოგადოებას და სახელმწიფოს - როგორც დასასრულს. მაგრამ ჩვენ ვერასოდეს გავერკვევით ვერც წარსულში და ვერც აწმყოში, თუ ვიხელმძღვანელებთ საზოგადოების გარეთ მდგომი აბსტრაქტული პიროვნების კონცეფციით.
ბოლოს და ბოლოს, შემიძლია ჩამოვაყალიბო ჩემი შეხედულება, რომლისთვისაც დამჭირდა ასეთი გრძელი გადახვევის გაკეთება. საზოგადოდ მიღებული შეხედულებით, ისტორია დაწერილია ადამიანების მიერ ადამიანებზე. ამ შეხედულებას იზიარებდნენ მე-19 საუკუნის ლიბერალი ისტორიკოსები, და, პრინციპში, ეს ასეც არის, მაგრამ ახლა ეს მოსაზრება უაღრესად მარტივად და შეუსაბამოდ გამოიყურება. ჩვენ უფრო ღრმად უნდა ჩავწვდეთ აღნიშნულ პრობლემას. ისტორიკოსის ცოდნა არ არის მხოლოდ მისი პირადი საკუთრება: სხვადასხვა ქვეყნის უამრავი თაობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ მის შექმნაში. ადამიანები, რომელთა საქმიანობასაც იკვლევს ისტორიკოსი, არ იყვნენ იზოლირებული პიროვნებები, რომლებიც ვაკუუმში შრომობდნენ. ისინი მოქმედებდნენ თავისი დროის საზოგადოებრივი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად. ჩემს ბოლო გამოსვლაში ისტორია განხილული იყო როგორც ურთიერთქმედების პროცესი, თანამედროვე ისტორიკოსისა და წარსულის ფაქტების დიალოგი. ამჯერად კი მსურს დავადგინო თანაფარდობა პიროვნებასა და სოციალურ ელემენტებს შორის განტოლების ორივე მხარეს. რამდენად არის ისტორიკოსი ცალკე აღებული ინდივიდუუმი და რამდენად - საკუთარი საზოგადოებისა და დროის პირმშო? როგორ არის შეფარდებული ისტორიულ ფაქტში ფაქტები ცალკეულ პიროვნებებზე და სოციალური ფაქტები?
ისტორიკოსიც ჩვეულებრივი ადამიანია. სხვა ადამიანებივით ის სოციალური ფენომენიცაა, ერთდროულად პირმშოც და ძალაუნებურად გამომხატველიც იმ ეპოქისა, რომელსაც მიეკუთვნება. სწორედ ამის გამო შესწევს მას უნარი ჩასწვდეს ისტორიული წარსულის ფაქტებს. ჩვენ ხშირად ისტორიას განვიხილავთ როგორც „დინამიურ პროცესს“. მშვენიერი მეტაფორაა; ისტორიკოსი თავს გრძნობს როგორც არწივი, რომელიც მიტოვებული კლდიდან მარტოდმარტო გადმოჰყურებს არემარეს, ან აღლუმის დროს ეულად მაღლობზე მდგარი მაღალჩინოსანი პირი. მაგრამ არაფერი ამისდა მაგვარი. ისტორიკოსი კვლავ რჩება უმნიშვნელო და ძნელად გასარჩევ ადამიანად, რომელიც ძლივს მილასლასებს საზეიმო სვლის ბოლო რიგებში და არაფრით გამოირჩევა სხვებისგან. რაც უფრო გადის ჩვენი თვალთახედვიდან ეს საზეიმო მსვლელობა, მით უფრო ირევა მწყობრი ნაბიჯი, ხალხი ხშირად უხვევს სწორი გეზიდან ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ხანაც ისევ უკან იხევს, რომ საკუთარი ნაფეხურების მეშვეობით კვლავ სწორ გზაზე გავიდეს, მონაწილეების რიგები მუდმივად იცვლება. ეს საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ, რომ, მაგალითად, შუა საუკუნეები გაცილებით ახლოა ჩვენთვის ამჟამად, ვიდრე ჩვენი წინამორბედებისთვის თუნდაც ერთი საუკუნის წინ, ანდა კეისრის ეპოქა უფრო მეტად არის ცნობილი ჩვენთვის, ვიდრე დანტეს პერიოდი. ახალ პერსპექტივებს, წარმოსახვის ახალ ჰორიზონტებს ბოლო არ უჩანს, ისევე როგორც საზეიმო აღლუმს და მისი მონაწილე ისტორიკოსიც აგრძელებს სვლას. ისტორიკოსი ისტორიის ნაწილია. მართალია, ის თანამედროვე აღლუმში იღებს მონაწილეობას, მაგრამ ერთადერთი, რაც აინტერესებს, არის წარსული.
ამ საყოველთაოდ ცნობილ გაცვეთილ ჭეშმარიტებას აქტუალობა არ აკლდება მაშინაც კი, როცა ისტორიკოსის კვლევის საგანს წარმოადგენს საკმაოდ შორეული წარსულის პერიოდი. როცა მე ძველ ისტორიას ვსწავლობდი, სახელმძღვანელოდ ვიყენებდი - და ალბათ ახლაც იყენებენ - გროტეს ნაშრომს „საბერძნეთის ისტორია“ და მომზენის „რომის ისტორიას“. გროტე იყო პროფესიით ბანკირი, რადიკალურად განწყობილი და უღრესად განათლებული მწერალი, რომელიც 1840-იან წლებში მოღვაწეობდა; ის ახალწარმოქმნილი და პოლიტიკურად პროგრესული ბრიტანული საშუალო კლასის მისწრაფებებს აიგივებდა ათენური დემოკრატიის იდეალიზებულ სურათთან, სადაც პერიკლე გამოეყვანილი იყო ბენტამის თეორიის მომხრედ. იქნებ არც იყოს უცნაური, თუ გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებას, რომ გროტეს მიერ მონობის პრობლემის უგულებელყოფამ ათენში გამოიწვია იმ ჯგუფის მარცხი, რომელსაც იგი ეკუთვნოდა და რომელსაც უნდა გადაეწყვიტა მუშათა კლასის პრობლემები ინგლისში. მომზენი იყო გერმანელი ლიბერალი, რომელსაც არანაირი ილუზიები აღარ ჰქონდა გერმანიაში 1848-9 წლების რევოლუციის ქაოსისა და დამცირების შემდეგ. იგი ეკუთვნოდა იმ თაობას, რომელიც სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა 1850-იან წლებში. მათ იგრძნეს და დაინახეს ახალი კონცეფციის - Realpolitik-ის დაბადება. მომზენის აზრით, გერმანელ ხალხს ესაჭიროებოდა ძლიერი პიროვნება, რომელიც სინათლეს შეიტანდა ადამიანთა გონებაში და დაეხმარებოდა პოლიტიკური მისწრაფებების რეალიზაციაში. ჩვენ ვერასდროს შევაფასებთ დამსახურებულად მის ისტორიას, სანამ არ შევიგნებთ, რომ მის მიერ კეისრის გაიდეალება გაპირობებული იყო მისი ოცნებით ძლიერ პიროვნებაზე, რომელიც გამოიყვანდა გერმანიას კრიზისიდან, ხოლო ციცერონი, ეს მოსამართლე-პოლიტიკანი, არაფრის მაქნისი მოლაყბე და გაიძვერა თაღლითი, სწორედ 1848 წელს გამოჩნდა ფრანკფურტის წმ. პავლეს ეკლესიის დებატებისას. ცხადია, არ გამიკვირდება და არ ჩავთვლი პარადოქსად, თუ ვინმე იტყვის, რომ გროტეს ნაშრომი „საბერძნეთის ისტორია“ დღეს იმდენივე უზარმაზარ ინფორმაციას გვაწვდის 1840 წელს ინგლისურ ფილოსოფიაში არსებულ რადიკალურ მიმდინარეობაზე, როგორც ათენის დემოკრატიაზე ჩვ.წ.-მდე V საუკუნეში, ანდა თუ ვინმე, ვისაც აინტერესებს 1848 წლის როლი გერმანელი ლიბერალების ცხოვრებაში, სახელმძღვანელოდ კვლავ მომზენის წიგნს „რომის ისტორია“ გამოიყენებს. ეს არ აკნინებს ამ წიგნების, როგორც ძალიან კარგი ისტორიული ნაშრომების, ღირსებას. მე არ ვაპირებ გავიზიარო ბერის შეხედულება, რომელიც მან გამოთქვა საინაუგურაციო სიტყვაში, რომ მომზენის სიდიადე დაფუძნებულია არა მის წიგნზე „რომის ისტორია“, არამედ ძველი წარწერების კრებულზე და ნაშრომზე რომის საკონსტიტუციო სამართლის შესახებ. ეს ნიშნავს, ისტორია დავიყვანოთ ფაქტების შეკრებამდე. ჭეშმარიტი ისტორია კი მხოლოდ მაშინ იწერება, როცა ისტორიკოსი წარსულის მოვლენებს თანამედროვეობის ჭრილში აშუქებს და აკავშირებს მათ დღევანდელი დღის პრობლემებთან. ზოგჯერ გაკვირვება გიპყრობს, რომ მომზენმა თავისი ისტორია რესპუბლიკის დაცემით დაასრულა და აღარ აღწერა შემდგომი პერიოდი. მას არ აკლდა არც დრო, არც შესაძლებლობა და არც ცოდნა. მაგრამ როცა მომზენმა დაწერა თავისი ისტორია, ძლიერი პიროვნება ჯერაც არ ჩანდა გერმანიაში. მომზენის აქტიური მოღვაწეობის პერიოდში ძლიერი პიროვნების პრობლემა ჯერ არ იყო იმდენად აქტუალური. ისტორიკოსმა ყოველგვარი სურვილი დაკარგა გაეშუქებინა იგი რომთან დამოკიდებულების ჭრილში და იმპერიის ისტორია დაუწერელი დარჩა.
ჩვენ კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია თანამედროვე ისტორიკოსებში ამ ფენომენის დასადასტურებლად. ბოლო გამოსვლაში მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე ჯ.მ. ტრეველიანის ნაშრომის მიმართ „ინგლისი დედოფალ ანას მეფობის პერიოდში“; ეს არის მშვენიერი მონუმენტი ვიგების ტრადიციებისა, რაზეც იყო აღზრდილი ისტორიკოსი. ახლა, გავნიხილოთ იმ ისტორიკოსის ღვაწლი და მნიშვნელობა, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს უდიდესი ბრიტანელი ისტორიკოსის მაღალ წოდებას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ: ეს გახლავთ სერ ლუის ნამიერი. ნამიერი იყო ჭეშმარიტი კონსერვატორი, არა ტიპიური ინგლისელი კონსერვატორი, რომელიც, თუ კარგად განვჩხრეკთ, 75%-ით ლიბერალია, არამედ კონსერვატორი, როგორსაც არ შევხვედრივართ ბრიტანელ ისტორიკოსებს შორის აგერ უკვე ას წელზე მეტია. ბოლო საუკუნის შუა პერიოდიდან ვიდრე 1914 წლამდე ბრიტანელი ისტორიკოსისთვის თითქმის შეუძლებელი იყო ისტორიულ ცვლილებებში წვდომა, თუ მათ უკეთესობისაკენ ცვლილებად არ აღიქვამდა. 1920-იან წლებში ჩვენ შევედით იმ ფაზაში, როცა ცვლილება ასოცირდებოდა შიშთან მომავლის წინაშე და რაღაც ცუდის მოლოდინთან - კონსერვატიული აზროვნების ხელახალ აღორძინებასთან. ექტონის ლიბერალიზმის მსეგავსად ნამიერის კონსერვატიზმიც ორ საწყისს შეიცავდა: სიძლიერესა და სიღრმეს; ორივე საწყისი არაინგლისურ საფუძველზეა აღმოცენებული4. ფიშერისა და ტოინბისგან განსხვავებით ნამიერი არ იყო დაკავშირებული მე-19 საუკუნის ლიბერალიზმთან და არანაირ ნოსტალგიას არ განიცდიდა მის მიმართ. პირველი მსოფლიო ომისა და წარუმატებელი მშვიდობის შედეგად ლიბერალიზმმა სრული კრახი განიცადა და უნდა შეცვლილიყო რეაქციონერული პოლიტიკით, რაც ორი გზით იყო შესაძლებელი: ან სოციალიზმი, ან კონსერვატიზმი. ამ ვითარებაში ნამიერი კონსერვატიული აზროვნების ისტორიკოსად მოგვევლინა. იგი ორივე მიმართულებით მუშაობდა და ორივე მნიშვნელოვანი იყო. ის დაუბრუნდა ინგლისური ისტორიის ბოლო პერიოდს, როცა მმართველი კლასი ცდილობდა რაციონალურად მისდგომოდა ვითარებას და მოეპოვებინა ძალაუფლება მოწესრიგებულ და ძირითადად სტატიკურ საზოგადოებაში. ვიღაცამ ბრალიც კი დასდო ნამიერს, რომ ის გონებას აცლიდა ისტორიას.5 ეს შეიძლება არ იყოს მთლად მარჯვე და მოქნილი ნათქვამი, მაგრამ კრიტიკოსის მოსაზრებაც ადვილი გასაგებია. გეორგ III-ის მეფობის დროს პოლიტიკა ჯერ კიდევ თავისუფალი იყო იდეების ფანატიზმისგან და პროგრესის იმ მგზნებარე რწმენისგან, რამაც საფრანგეთის რევოლუცია დაატეხა თავს მსოფლიოს და ყველას აუწყა ძლევამოსილი ლიბერალიზმის ფაზაში შესვლა. არანაირი იდეა, არანაირი რევოლუცია, არანაირი ლიბერალიზმი: ნამიერი შეეცადა დაეხატა ბედნიერი ხანის სურათი, რომელსაც არ ემუქრება ზემოთხსენებული არც ერთი საშიშროება, თუმცა იცოდა, რომ ეს პერიოდი დიდხანს ვერ გასტანდა.
მაგრამ ნამიერის მიერ მეორე მიმართულების არჩევა ასეთივე მნიშვნელოვანი იყო. მან გვერდი აუარა თანამედროვეობის უდიდეს რევოლუციებს ინგლისში, საფრანგეთში, რუსეთში, არ განუხილავს მათი არსი და მნიშვნელობა და გადაწყვიტა ყურადღება შეეჩერებინა 1848 წლის ევროპულ რევოლუციაზე, რომელიც დამარცხდა, დაამუხრუჭა ლიბერალიზმის აღზევება მთელ ევროპაში, დაგვანახა იდეების უსუსურობა შეიარაღებულ ძალასთან დაპირისპირებისას და დემოკრატებისა - ჯარისკაცებთან. იდეების შეჭრა პოლიტიკაში არასერიოზული და სახიფათოა: ისტორიკოსი შეეხო რევოლუციის მორალურ მხარესაც და მისი დამამცირებელი დამარცხება დაახასიათა როგორც „ინტელექტუალების რევოლუცია“. ჩვენი შეხედულება არ არის ერთადერთი და თუმცა ნამიერს არაფერი დაუწერია, მე ვგულისხმობ სისტემატური ხასიათის ნაშრომს, ისტორიის ფილოსოფიაზე, მან თავისი ნაფიქრალი ჩვეული ირონიითა და სიცხადით ჩამოაყალიბა ესეში, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა. იგი წერდა: „რაც უფრო ნაკლებად იქნება ადამიანის გონება დაკავებული პოლიტიკური დოქტრინებითა და დოგმებით, მით უკეთესი“ შემდეგ ისტორიკოსი გაკვრით ეხება, მაგრამ არ უარყოფს მოსაზრებას, თითქოს ის გონებას აცლიდეს ისტორიას და განაგრძობს: „ზოგიერთი პოლიტიკური ფილოსოფოსები უკმაყოფილებას გამოხატავენ „დროებითი სიწყნარისა“ და ზოგად პოლიტიკაში დღესდღეობით არგუმენტაციის არარსებობის გამო ამ ქვეყანაში; პრაქტიკული გადაწყვეტილებები კონკრეტული პრობლემების ძიებაში არიან, მაშინ როცა პროგრამები და იდეალები მივიწყებულ იქნა ორივე მხარის მიერ. მაგრამ პირადად მე ასეთი მიდგომა მეჩვენება ეროვნული მოწიფულობის ნიშნად და ერთადერთი ჩემი სურვილია, რაც შეიძლება დიდხანს არ შეეხოს მას პოლიტიკური ფილოსოფიის იდეები“.6 ამჟამად არ მინდა ესე დავაკავშირო ამ შეხედულებასთან, ამას შემდგომისთვის გადავდებ. ახლა კი მსურს თქვენი ყურადღება შევაჩერო ორ ჭეშმარიტებაზე; პირველი: თქვენ ვერ შეძლებთ ბოლომდე ჩაწვდეთ ან სრულად შეაფასოთ ისტორიკოსის საქმიანობა, თუ პირველ რიგში არ ჩაწვდებით იმ თვალსაზრისს, რასაც ემყარება ისტორიკოსის დასკვნები; მეორე, ისტორიკოსის მოსაზრება თავად არის აღმოცენებული სოციალურ და ისტორიულ საფუძველზე. დასტურად მარქსის სიტყვებს მოვიშველიებ: „ვინც ასწავლის, თვითონ უნდა იყოს განსწავლული; თანამედროვე ჟარგონით რომ ვთქვათ, ვისაც უნდა „ტვინი გამოურეცხოს“ სხვებს, ჯერ საკუთარ ტვინს უნდა მიხედოს. ისტორიკოსი, სანამ დაიწყებდეს ისტორიის წერას, თავად არის ისტორიის ნაყოფი.
ისტორიკოსები, რომლებზედაც ზემოთ მქონდა საუბარი - გროტე და მომზენი, ტრეველიანი და ნამიერი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთ სოციალურ და პოლიტიკურ ყალიბში არიან ჩამოსხმულნი. მათ ადრინდელ და უფრო გვიანდელ ნაშრომებში არ შეიმჩნევა ცვლილებები შეხედულებებში. მაგრამ სწრაფი ცვლილებების ეპოქაში ზოგიერთი ისტორიკოსის ნაშრომებმა ასახეს არა ერთი რომელიმე საზოგადოება ან სოციალური წყობა, არამედ სხვადასხვა წყობის მონაცვლეობა. ამის საუკუეთესო მაგალითს წარმოადგენს გერმანელი ისტორიკოსი მაინეკე; მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის უაღრესად გრძელი გზა გამორჩეული იყო უამრავი რევოლუციური და კატასტროფული ცვლილებებით ქვეყნის ცხოვრებაში. სინამდვილეში, ჩვენ საქმე გვაქვს სამ მაინეკესთან, რომელიც სამ სხვადასხვა ეპოქას წარმოადგენს თავის სამ ძირითად ნაშრომში. ერთი მაინეკე, ავტორი ნაშრომისა „Weltbьrgerthum and Nationalstaat“, რომელიც გამოქვეყნდა 1907 წელს, გერმანული ნაციონალისტური იდეების ხორცშესხმის შესაძლებლობას ნათლად ხედავს ბისმარკისეულ რაიჰში და როგორც მე-19 საუკუნის ბევრი სხვა მოაზროვნე, დაწყებული მაზინით, ნაციონალიზმს აიგივებს უნივერსალიზმის უზენაეს ფორმასთან. ეს იყო ვილჰელმის ბაროკოს ხანა, რომელსაც შედეგად მოჰყვა ბისმარკის მოსვლა ხელისუფლების სათავეში. მეორე მაინეკე, ავტორი ნაშრომისა „Die Idee der Staatsrჰson“, რომელიც გამოქვეყნდა 1925 წელს, დაბნეულად საუბრობს ვაიმარის რესპუბლიკაზე: პოლიტიკის სფერო იქცა არენად მოუგვარებელი კონფლიქტისა raison d'йtat და პოლიტიკის გარეთ არსებულ მორალს შორის, მაგრამ მაინც ვერ უგულებელყოფს სახელმწიფოს სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. და ბოლოს, მესამე მაინეკე, ავტორი ნაშრომისა „Die Entstehung des Historismus“, (გამოქვეყნდა 1936 წელს, როცა ისტორიკოსს ნაცისტური მოძრაობის ნაკადმა აკადემიური მეცნიერის პატივი და წოდება აჰყარა), სრულ სასოწარკვეთილებაში მყოფი უარყოფს „ისტორიციზმს“, და თვლის, რომ „რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი სიმართლეა“ და მერყეობს ისტორიულ ფარდობითობასა და სუპერ-რაციონალურ აბსოლუტს შორის. სულ ბოლოს კი მინდა გითხრათ, რომ უკვე სიბერეში შესულმა მაინეკემ დაინახა, რომ მისმა ქვეყანამ ვერ გაუძლო სამხედრო უპირატესობას უფრო დამანგრეველი ძალისა, ვიდრე 1918 წელს, თავის ნაშრომში „Die Deutsche Katastrophe“, რომელიც გამოქვეყნდა 1946 წელს, ისტორიას განიხილავდა როგორც თანაგრძნობას ბრმა ადამიანის მიმართ და ულმობელი ბედისგან ბოლო თავშესაფარს.“7 აქ ფსიქოლოგი ან ბიოგრაფი დაინტერესდებოდა მაინეკეს, როგორც პიროვნების, განვითარებით. უაღრესად საინტერსოა ის ხერხი, რომლითაც მაინეკე აწმყო დროის ურთიერთგამომრიცხავ სამ თუ ოთხ პერიოდს ხელახლა აბრუნებს ისტორიულ წარსულში.
ანდა, ავიღოთ ჩვენთვის უფრო ახლობელი მაგალითი საკუთარი ქვეყნის ცხოვრებიდან. 1930-იან წლებში, როცა ბრიტანულ პოლიტიკაში გამოჩნდა ლიბერალური პარტია, როგორც ქმედითუნარიანი ძალა, პროფესორმა ბატერფილდმა დაწერა წიგნი „The Whig Interpretation of History“, რომელსაც წილად ხვდა დიდი და დამსახურებული წარმატება. ეს წიგნი მრავალმხრივ იყო ღირსშესანიშნავი; უპირველესად იმის გამო, რომ განიხილავს რა ვიგების შეხედულებას ისტორიაზე თითქმის 130 გვერდზე, არ ასახელებს (რამდენადაც მე დავასკვენი გვარების ჩამონათვალში ჩაუხედავად) არც ერთ ვიგს ფოქსის გარდა, რომელიც არ იყო ისტორიკოსი და არც ერთ ისტორიკოსს ექტონის გარდა, რომელიც არ იყო ვიგი.8 წიგნი არ გამოირჩევა დეტალების სიზუსტით, მაგრამ ამ ნაკლს ანაზღაურებს მაღალოსტატური შეურაცხმყოფელი გამოხტომები. მკითხველი რწმუნდებოდა, რომ ვიგების შეხედულება უვარგისია და მათ წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრალდება მდგომარეობდა იმაში, რომ მათი თეორია „წარსულს განიხილავს აწმყოსთან მიმართებაში“. პროფესორმა ბატერფილდმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ეს მოსაზრება: „წარსულის შესწავლა ცალი თვალის გადავლებით, ასე ვთქვათ, აწმყოს გადასახედიდან, წარმოადგენს ყოველგვარი ცოდვისა და სოფისტიკის წყაროს ისტორიაში... სწორედ ეს გახლავთ არსი იმისა, რაც გამოიხატება სიტყვით „არაისტორიული“9. გავიდა თორმეტი წელი. წარსულს ჩაბარდა ძველი ტრადიციებისა და შეხედულებების მსხვრევის პერიოდი. პროფესორ ბატერფილდის ქვეყანა ჩათრეული აღმოჩნდა ომში, რომელსაც ხშირად უწოდებდნენ ომს კონსტიტუციური თავისუფლებების დასაცავად, რაც ასახული იყო ვიგების ტრადიციებში. ომი მიმდინარეობდა დიდი ლიდერის წინამძღოლობით, რომელიც აგრძელებდა წარსულის შესწავლას „ცალი თვალის გადავლებით, ასე ვთქვათ აწმყოს გადასახედიდან“. პატარა წიგნში „The Englishman and His History“, რომელიც გამოვიდა 1944 წელს, პროფესორი ბატერფილდი არა მარტო გვიზიარებს თავის მოსაზრებას, რომ ვიგების ინტერპრეტაცია ისტორიისა იყო „წმინდა ინგლისური“ ინტერპრეტაცია, არამედ აღფრთოვანებით საუბრობს „ინგლისელის ალიანსზე საკუთარ ისტორიასთან, მჭიდრო კავშირზე აწმყოსა და წარსულს შორის“10. მსჯელობის სუსტ მხარეებზე ყურადღების გამახვილება არ ნიშნავს მტრულ კრიტიკას. ჩემს მიზანს არ წარმოადგენს ერთმანეთს დავუპირისპირო პროტო-ბატერფილდი და დეუტერო-ბატერფილდი, ანდა ნასვამი პროფესორი და ფხიზელი პროფესორი. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვინმე ყურადღებით წაიკითხავს ჩემს ადრინდელ ნაშრომებს, დაწერილს ომის პერიოდში ან შემდგომ, ადვილად აღმოაჩენს უამრავ წინააღმდეგობასა და არათანმიმდევრობას ზუსტად ისე, როგორც მე ვამჩნევ მათ სხვების ნაშრომებში. მე ნამდვილად არ მშურს იმ ისტორიკოსისა, რომელიც პატიოსნად განაცხადებს, რომ მიუხედავად მსოფლიო კატაკლიზმებისა ბოლო 50 წლის განმავლობაში, რომლებმაც შეძრეს სამყარო, არ განუცდიათ რაიმე მოდიფიცკაცია მსოფლმხედველობაში. ჩემი მიზანია, უბრალოდ ვაჩვენო, რამდენად ზუსტად ასახავს ისტორიკოსის ესა თუ ის ნაშრომი იმ საზოგადოებას, რომელშიც ის ცხოვრობს. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის მოვლენები, რომლებიც მუდმივად განიცდიან ცვლილებას. ისტორიკოსი თავად განიცდის ცვლილებას. როცა ხელში იღებთ ისტორიულ ნაშრომს, არ არის საკმარისი წაიკითხოთ ავტორის გვარი, ყურადღება მიაქციეთ აგრეთვე გამოცემის ან დაწერის თარიღს - ხანდახან ეს უფრო არსებითია. თუკი სწორია ფილოსოფოსის აზრი, რომ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შევალთ, ასეთივე სწორი შეიძლება აღმოჩნდეს მოსაზრება, რომ არ შეიძლება ორი წიგნი ერთი და იმავე ისტორიკოსის მიერ იყოს დაწერილი.
და თუ ჩვენ სულ ცოტა ხნით მაინც თავს დავანებებთ ისტორიკოსს, როგორც ცალკე პიროვნებას, და ისტორიულ შრომებს უფრო ფართოდ განვიხილავთ, გაცილებით ცხადი და გასაგები გახდება მოსაზრება, რომ ისტორიკოსი მისი საზოაგდოების პირმშოა. მე-19 საუკუნეში თითქმის ყველა ისტორიკოსი, მცირე გამონაკლისის გარდა, ისტორიას თვლიდა ჩინებულ საშუალებად პროგრესული პრინციპების წარმოსაჩენად. მათთვის საზოგადოების იდეოლოგია ასოცირდებოდა პროგრესთან, ანუ თუ გნებავთ, საზოგადოების სწრაფი ტემპით განვითარებასთან. ბრიტანელი ისტორიკოსებისთვის ისტორია უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, სანამ იმავე გზით მიდიოდა, რაც ჩვენ, მაგრამ ახლა, როცა მცდარი გეზი აირჩია, რწმენა ისტორიის მნიშვნელობისა ცდომილებად იქცა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ტოინბი კიდევ ერთხელ შეეცადა სწორხაზოვანი შეხედულება ისტორიაზე შეეცვალა ციკლური თეორიით - დაკნინების ფაზაში შესული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი იდეოლოგიით.11 ტოინბის მარცხის შემდეგ ისტორიკოსებს არაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ შეგუებოდნენ მდგომარეობას და ეღიარებინათ, რომ ისტორიას არ გააჩნია გარკვეული ფორმა. ფიშერის ბანალურმა აზრმა ამ მოვლენის შესახებ12 დიდი პოპულარობა მოიპოვა, როგორც რანკეს გამონათქვამმა გასულ საუკუნეში. თუ ვინმე მეტყვის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბრიტანელი ისტორიკოსების გონებაში მომხდარი ცვლილებები საფუძვლიანი ანალიზისა და ფიქრში გათეული ღამეების შედეგია, მზად ვარ დავეთანხმო ამ შეხედულებას, მაგრამ ამ ანალიზსაც და გათეულ ღამეებსაც განვიხილავ როგორც სოციალურ ფენომენს, გაპირობებულს ფუნდამენტური ცვლილებებით ჩვენი საზოგადოების ხასიათსა და შეხედულებებში, რომელიც მიმდინარეობს 1914 წლიდან. არ არსებობს საზოგადოების ტიპის უფრო ზუსტი განმსაზღვრელი რამ ვიდრე ის, თუ რა ყაიდის ისტორია იწერება ან არ იწერება ამ პერიოდში. ჰოლანდიელი ისტორიკოსი გეილი თავის ჩინებულ მონოგრაფიაში ნაპოლეონის შესახებ, რომელიც ინგლისურადაც ითარგმნა, ნათლად გვაჩვენებს, თუ მე-19 საუკუნის ფრანგი ისტორიკოსების არაერთგვაროვანი შეფასება ნაპოლეონის პიროვნებისა როგორ ზეგავლენას ახდენდა საფრანგეთის ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაზე და დღესაც, ერთი საუკუნის შემდეგაც, იგივე მეორდება. ისტორიკოსის მოსაზრებები, ისევე როგორც სხვა ადამიანებისა, დამოკიდებულია გარე სამყაროზე, ადგილსა და დროზე. ექტონი რომელსაც სრულად ჰქონდა გათვითცნობიერებული ეს ჭეშმარიტება, ცდილობდა გაქცეოდა მას; იგი წერდა: „ისტორია უნდა იყოს ჩვენი მხსნელი არა მარტო სხვა, არამედ ჩვენი საკუთარი დროის გადაჭარბებული ზეგავლენისგან, გარესამყაროს ტირანიისა და თვით იმ ჰაერის ზეწოლისაგან, რომლითაც ვსუნთქავთ.13 შეიძლება ეს თვალსაზრისი ისტორიის როლზე ზედმეტად ოპტიმისტურად ჟღერდეს, მაგრამ მე მაინც გავრისკავ და დავიჯერებ, რომ ისტორიკოსი, რომელსაც ესმის თავისი მდგომარეობა, შეძლებს გადალახოს წინააღმდეგობები, უფრო ღრმად ჩასწვდეს განსხვავებათა არსს საკუთარ და სხვა საზოგადოებებს შორის, ასევე, მათზე არსებულ თვალსაზრისებს შორის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში, ვიდრე ისტორიკოსი, რომელიც ხმამაღლა აპროტესტებს, რომ ის პიროვნებაა და არა სოციალური ფენომენი. როგორც ჩანს, ადამიანის უნარი მაღლა დადგეს სოციალურ და ისტორიულ სიტუაციაზე გაპირობებულია იმით, თუ რამდენად ათვითცნობიერებს ის თავის რთულ მდგომარეობას.
ჩემს პირველ ლექციაში, თუ გახსოვთ, აღვნიშნე, რომ ისტორიის შესწავლამდე საჭიროა ჯერ თავად ისტორიკოსის შესწავლა. ახლა კი დავამატებ: სანამ შეისწავლიდეთ ისტორიკოსის პიროვნებას, შეისწავლეთ მისი ისტორიული და სოციალური გარემო. ისტორიკოსი, გარდა იმისა, რომ პიროვნებაა, ამავე დროს ისტორიისა და საზოგადოების პირმშოა; და სწორედ ამ კუთხით უნდა მიუდგეს მას ისტორიის შემსწავლელი სტუდენტი.
მოდით, ახლა ჯერჯერობით შევეშვათ ისტორიკოსს და იმავე ჭრილში განვიხილოთ ჩემი განტოლების მეორე მხარე - ისტორიული ფაქტები. რა არის ისტორიკოსის კვლევის საგანი - პიროვნებების ქცევა თუ სოციალურ ძალთა მოქმედება? აქ უკვე გაცვეთილ ჭეშმარიტებამდე მივდივართ. როცა რამდენიმე წლის წინ სერ ისაია ბერლინმა გამოაქვეყნა მშვენიერი და პოპულარული ესე „ისტორიული გარდაუვალობა“ - რომლის მთავარ თეზისსაც მოგვიანებით შევეხები - ეპიგრაფად გამოიყენა სიტყვები ტ.ს. ელიოტის ნაშრომებიდან: „უზარმაზარი უპიროვნო ძალები“. ამ ესეში ავტორი მასხრად იგდებს იმ ხალხს, ვისაც სჯერა „უზარმაზარი უპიროვნო ძალებისა“ და არა ინდივიდებისა, როგორც ისტორიის გადამწყვეტი ფაქტორისა. შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ყველაფერი, რაც კი ისტორიაში ხდება, დამოკიდებულია ცალკეული პიროვნებების ხასიათსა და ქცევაზე და რომელსაც მე ვუწოდებდი ისტორიის „უვარგისი მეფე ჯონის“ თეორიას, ღრმა ფესვები გააჩნია. სურვილი პიროვნული საწყისი წარმოაჩინონ, როგორც ისტორიის მამოძრავებელი ძალა, დამახასიათებელია ისტორიული ცნობიერების განვითარების დაბალი საფეხურისთვის. ძველი ბერძნები წარსულის ყველა მიღწევას მიაწერდნენ სახელოვან გმირებს, ეპიკურ პოემებს - ჰომეროსს, ხოლო კანონებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნას - ვინმე ლიკურგესა და სოლონს. იმავე მისწრაფებამ იჩინა თავი რენესანსის ეპოქაშიც, როცა ბიოგრაფი-მორალისტი პლუტარქე გაცილებით პოპულარულ და მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა კლასიკური აღორძინების ხანაში, ვიდრე ანტიკური დროის ისტორიკოსები. ჩვენში ეს თეორია ყველასთვის ბავშვობიდანვე ცნობილი იყო; დღეს შეიძლება ითქვას, რომ მასში მართლაც იყო რაღაც ბავშვური, ან თუ გნებავთ საბავშვო. როცა საზოგადოება გაცილებით მარტივი იყო და სახელმწიფოს ცნობილი პიროვნებები უდგნენ სათავეში, ამ თეორიის მიმზიდველობა სიმართლესთან მსგავსებით შეიძლება აიხსნას, მაგრამ ახლა, კომპლექსური საზოგადოების პირობებში ეს თეორია აღარ გამოგვადგება; სწორედ საზოგადოების სულ უფრო მზარდი კომპლექსურობით იყო გამოწვეული მეცნიერების ახალი დარგის - სოციოლოგიის - წარმოშობა მე-19 საუკუნეში, თუმცა კი ძველი ტრადიციები ადვილად არ თმობდნენ პოზიციებს. ამ საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ მტკიცე იყო მოსაზრება, რომ „ისტორია დიდი პიროვნებების ბიოგრაფიაა“. მხოლოდ ათი წლის წინ ცნობილმა ამერიკელმა ისტორიკოსმა ბრალი დასდო, რასაკვირველია ხუმრობით, რომელშიც სიმართლის მარცვალიც ერია, „ისტორიის მასობრივ მკვლელობაში“ და უწოდა მათ „სოციალურ და ეკონომიკურ ძალთა მარიონეტები“14. დღესდღეობით ამ თეორიის მიმდევრებს უნდა სრცხვენოდეთ თავიანთი თვალსაზრისისა, მაგრამ სულ ახლახანს საპირისპირო მოსაზრებას გადავაწყდი მის ვეჯვუდის ერთ-ერთი წიგნის წინასიტყვაობაში: „ჩემთვის გაცილებით საინტერესოა ცალკეული პიროვნების მოქმედება, ვიდრე რომელიმე დაჯგუფებისა ან კლასისა. ისტორია შეიძლება დაიწეროს როგორც ერთი, ისე მეორე კუთხით; არც ერთი მათგანი არ იქნება მცდარი... ეს წიგნი... ცდაა გავიგოთ, როგორ გრძნობენ ეს ადამიანები თავს და თვითონვე მისცენ შეფასება საკუთარ ქმედებებს: რატომ მოიქცნენ ასე და არა სხვაგვარად.“15 ეს მოსაზრება უაღრესად ზუსტია და ვინაიდან მისს ვეჯვუდი პოპულარული მწერალია, უამრავი ხალხი იზიარებს მის აზრებს. მაგალითად, დოქტორ როუზი ფიქრობს, რომ ელიზაბეთის სისტემა დაემხო, რადგან ჯეიმზ I-მა ვერ შეძლო მისი გაგება, ხოლო მე-17 საუკუნის ინგლისური რევოლუცია იყო „უბედური შემთხვევა“, რომელიც სტიუარტების პირველი ორი მეფის სიბრიყვის შედეგად მოხდა“16. თვით სერ ჯეიმზ ნილი, უფრო მკაცრი და შეუვალი ისტორიკოსი, ვიდრე დოქტორ როუზი, გაცილებით დიდი სიმპატიით ჩანს გამსჭვალული დედოფალ ელიზაბეთის მიმართ და, ცოტა არ იყოს, უჭირს აზრის გამოთქმა ტიუდორების მონარქიაზე; სერ ისაია ბერლინი, რომლის ესედან ციტატა მოვიყვანე, საშინლად შეშფოთებულია იმ გარემოებით, რომ ისტორიკოსებმა შეიძლება ვერ მისცენ უარყოფითი შეფასება განჯის ხანს და ჰიტლერს.17 თეორია „ცუდი მეფე ჯონი და კარგი დედოფალი ბესი“ სულ უფრო გავრცელებული და ჩვეულებრივი მოვლენაა დღევანდელ დღეს. გაცილებით ადვილია კომუნიზმს უწოდო „კარლ მარქსის გონების პირმშო“ (მე ვკრეფ ამ ყვავილს თანამედროვე საბირჟო მაკლერის ცირკულარიდან), ვიდრე გაანალიზო მისი საფუძვლები და ხასიათი, ბოლშევიკური რევოლუცია კი მიაწერო ნიკოლოზ II-ის სიბრიყვეს ან გერმანული ოქროს მოქმედებას, ვიდრე შეიწავლო მისი ღრმა სოციალური მიზეზები. ასევე უფრო იოლია ამ საუკუნის ორი მსოფლიო ომი აღიქვა როგორც ვილჰელმ II-ის და ჰიტლერის პიროვნული სისუსტის შედეგი, ვიდრე შედეგი უფრო სიღრმისეული განხეთქილებისა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში.
მისს ვეჯვუდის თეორია ორ ნაწილისგან შედგება. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანთა მოქმედება, როგორც ცალკეული პიროვნებებისა, მკვეთრად განსხვავებულია მათივე მოქმედებებისგან, როგორც რომელიმე დაჯგუფების ან კლასის წევრებისა და ისტორიკოსმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს ამ ორ სახეობას შორის. მეორე ნაწილის თანახმად ადამიანთა, როგორც ცალკეულ პიროვნებათა ქცევის შესწავლა შეუძლებელია, თუ არ ჩავწდებით მათი ქცევის გაცნობიერებულ მოტივებს.
ზემოთ რაც ვილაპარაკე, უფლებას მაძლევს პირველი ნაწილის განხილვაზე აღარც გავისარჯო. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ადამიანის შეხედულება, როგორც ცალკეული პიროვნებისა, მეტად ან ნაკლებად სწორია ვიდრე მისი თვალსაზრისი, როგორც რომელიმე ჯგუფის წევრისა. ესაა ცდა მკვეთრად გავმიჯნოთ სწორი და არასწორი მიდგომა. განსაზღვრების თანახმად, პიროვნება წევრია საზოგადოებისა, შეიძლება ერთზე მეტი საზოგადოებისა, დაარქვით ამას დაჯგუფება, კლასი, ტომი, ერი, ან რაც გნებავთ. ადრე ბიოლოგები მუშაობისას იყენებდნენ ჩიტებს, თევზებს და მხეცებს, რომლებიც გამოკეტილნი იყვნენ გალიებში, აკვარიუმებში და სამხეცეებში და აზრადაც არ მოსდიოდათ შეესწავლათ და კლასიფიკაცია გაეკეთებინათ ცოცხალი არსებებისათვის ბუნებაში, ანუ მათთვის ჩვეული გარემოს გათვალისწინებით და მასთან კავშირში. იქნებ სოციალური მეცნიერებები ისევ პრიმიტიულ საფეხურზე დარჩნენ და ჯერაც ვერ გამოვიდნენ ამ სტადიიდან. მავანნი და მავანნი ასხვავებენ ერთმანეთისაგან ფსიქოლოგიას - მეცნიერებას ადამიანების შესახებ - და სოციოლოგიას - მეცნიერებას საზოგადოების შესახებ. ხოლო ტერმინი „ფსიქოლოგიზმი“ განსაზღვრავს მოსაზრებას, რომ ნებისმიერი სოციალური პრობლემა შეიძლება დაყვანილ იქნას ადამიანის ქცევის ანალიზამდე. მაგრამ ფსიქოლოგების ცდა შეისწავლონ პიროვნების გარესამყარო თუ უშედეგოდ დამთავრდა, ისინი ვერ წაიწევენ წინ მუშაობაში.18 ეს გვაიძულებს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ცხოვრების ბიოგრაფიული აღწერა, რომელიც ადამიანს განიხილავს როგორც ცალკე პიროვნებას, და ისტორია, რომელიც ადამიანს განიხილავს როგორც რაღაც ერთი მთლიანობის ნაწილს. მე დარწმუნებული ვარ, რომ კარგი ბიოგრაფი ცუდი ისტორიკოსია. ექტონი წერდა, რომ „არაფერი იწვევს მეტ შეცდომასა და არასწორ ინტერპრეტაციას ადამიანის მიერ ისტორიული მოვლენების აღქმაში, ვიდრე ზედმეტი ინტერესი პიროვნული საწყისის მიმართ.“19 მაგრამ ეს განსხვავებებიც არ არის სწორი. ისე არ გამიგოთ, თითქოს ვეფარებოდე ვიქტორიანული ეპოქის ანდაზას, რომელიც ჯ.მ. იანგმა თავისი წიგნის „ვიქტორიას ინგლისი“ თავფურცელზე დაწერა: „მსახურები ხალხზე საუბრობენ, ხოლო დიდებულნი - საგნებზე“. ზოგიერთ ბიოგრაფს მნიშვნელოვანი წილი შეაქვს ისტორიის განვითარებაში: ჩემი მოღვაწეობის სფეროში ამის დასტურია ისააკ დოიჩერის მიერ დაწერილი სტალინისა და ტროცკის ბიოგრაფიები. სხვები მიეკუთვნება ლიტერატურას, როგორც ისტორიული რომანები. პროფესორი ტრევორ-როპერი აღნიშნავდა: „ლიტონ სტრეჩისთვის ისტორიული პრობლემები ყოველთვის წარმოადგენდა პიროვნების ქცევისა და ორიგინალურის პრობლემას... ის არასდროს ცდილა პასუხი გაეცა ან თუნდაც შეკითხვა დაესვა ისეთ ისტორიულ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა პოლიტიკას ან საზოგადოებას“.20 არავინ გავალდებულებთ წეროთ და იკითხოთ ისტორუილი ნაშრომები; არსებობს უამრავი მშვენიერი წიგნი წარსულზე, რომელიც არ არის ისტორია. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ამ ლექციაში, ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ სიტყვით „ისტორია“ გამოვხატავდით ადამიანის წარსულს საზოგადოებაში და ამ საკითხის კვლევის პროცესს.
მისს ვეჯვუდის თეორიის მეორე ნაწილიც, რომელიც, როგორც გახსოვთ, ეხებოდა თვით პიროვნების ინტერპრეტაციას, თუ რატომ მოიქცა ასე და არა სხვაგვარად, საკმაოდ უცნაური და ბუნდოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მე რატომღაც მეჩვენება, რომ მწერალს მოსწონს საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც არ იზიარებენ, რასაც ის ქადაგებს. თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ მან უნდა დაწეროს რაღაც უცნაური და გაუგებარი ისტორია. ყველასთვის ცხადია, რომ ძალიან ხშირად ადამიანთა ქცევა არ არის დაფუძნებული ბოლომდე გაცნობიერებულ მოტივებზე, ან არ სურთ, რომ ეს მოტივები ყველასთვის ცხადი გახდეს. თუ ვერ ჩავწვდებით ადამიანის ქცევის გაუცნობიერებელ ან ბოლომდე გაუცხადებელ მოტივებს, ჩვენი მუშაობა დაემსგავსება მოგზაურობას გაურკვევლობაში, თანაც ცალი თვალი დახუჭული გვაქვს და ჯიუტად არ გვინდა მისი გახელა. ზოგნი ფიქრობენ, რომ ისტორიკოსი სწორედ ასე უნდა იქცეოდეს. თუ თანახმა ხართ, მეფე ჯონის უვარგისობა მიაწეროთ მის სიხარბეს, რეგვენობას, ან ტირანის ამბიციებს, მაშინ თქვენ მხოლოდ მის პიროვნულ თვისებებს ეხებით, რაც ზღაპრის დონეზეც კი სავსებით გასაგებია. მაგრამ თუ თქვენ დაიწყებთ საუბარს, რომ მეფე ჯონი იქცა ბრმა იარაღად ფეოდალების მზარდი სიძლიერისა და ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, თქვენ არა მარტო ჩამოაყალიბებთ უფრო სრულად და ამომწურავად თქვენს შეხედულებას მეფე ჯონის უვარგისობის მიზეზებზე, თქვენ საშუალება მოგეცემათ დაასაბუთოთ, რომ ისტორიული მოვლენები ხშირ შემთხვევაში გაპირობებულია არა პიროვნებების გაცნობიერებული საქციელით, არამედ ყოვლისმომცველი გარე ფაქტორებით, რომლებიც მართავენ ადამიანთა ცნობიერებას. ეს რასაკვირველია სისულელეა. მე არ მჯერა ღვთის განგების, სამყაროს გონის, ბედ-იღბლის, ასომთავრულით დაწყებული სიტყვისა „ისტორია“, ან სხვა უამრავი აბსტრაქტული ცნებებისა, რომლებიც მიჩნეულია მოვლენათა განვითარების ფაქტორად. აქვე მინდა მოვიყვანო მარქსის კომენტარი, რომელსაც სავსებით ვეთანხმები: „ისტორია არაფერს აკეთებს, მას არ გააჩნია უზომო სიმდიდრე და არ იბრძვის; ის უფრო ნამდვილი ცოცხალი ადამიანია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომელიც ფლობს კიდეც და იბრძვის კიდეც“.21
ორ შენიშვნას, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში უნდა გამოვთქვა, არაფერი აქვთ საერთო ისტორიის აბსტრაქტულ გაგებასთან და დაფუძნებულია წმინდა ემპირიულ თვალსაზრისზე.
პირველი გახლავთ, რომ ისტორია უმეტესწილად რიცხვებია. კარლაილს ეკუთვნის არასწორი მოსაზრება, რომ „ისტორია დიდ პიროვნებათა ბიოგრაფიას წარმოადგენს“. მაგრამ მოვუსმინოთ თვით ისტორიკოსს, რომელიც უმნიშვნელოვანეს ნაშრომში ცხარედ იცავს თავისი შეხედულების მართებულობას: „შიმშილი, სიღატაკე და პანიკური შიში მძიმე ლოდად აწევს 25 მილიონი ადამიანის ყოფას. ეს, და არა შელახული პატივმოეყვარეობა ან ურთიერთდაპირისპირებული ფილოსოფიური თეორიების მომხრეები, მდიდარი მედუქნეები ან სოფლის თავადაზნაურობა, იყო ფრანგული რევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ასევე იქნება მუდამ, ყველა მსგავსი რევოლუციის დროს ნებისმიერ ქვეყანაში.22“ როგორც ლენინი აღნიშნავდა, „პოლიტიკა იწყება იქ, სადაც არის მასა: არა ათასი ადამიანი, არამედ მილიონი; სწორედ აქ იწყება სერიოზული პოლიტიკა“.23 კარლაილის და ლენინის მილიონებში იგულისხმება სრულებით კონკრეტული ადამიანები და არა ზოგადად ხალხი. ამ საკითხზე მსჯელობისას ხშირად ანონიმურობა ინდივიდუალობას მოკლებულში ერევათ. ხალხი ისევ ხალხად რჩება, ხოლო ადამიანი ადამიანად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეს მათი სახელები. მისტერ ელიოტის „უპიროვნო ძალები“ სწორედ ის პიროვნებებია, რომლებსაც კლარენდონი - სხვებზე თავხედი და გულახდილი კონსერვატორი - უწოდებს „ჭუჭყიან უსახო ბრბოს“.24 ეს უსახელო მილიონები ის პიროვნებები იყვნენ, რომლებიც მეტ-ნაკლებად გაუცნობიერებლად მოქმედებდნენ და ერთად ყოფნისას ქმნიდნენ სოციალურ ძალას. ჩეულებრივ სიტუაციაში ისტორიკოსმა ყურადღება არ უნდა მიაქციოს ცალკე აღებულ გლეხს ან სოფელს, მაგრამ მილიონობით ცალკეული გლეხი ათასობით სოფელში ის ფაქტორია, რომელსაც ვერც ერთი ისტორიკოსი გვერდს ვერ აუვლის. ისტორიკოსს არ აინტერესებს მიზეზი, თუ რატომ იკავებს თავს ქორწინებაზე ვინმე ჯონსი; მაგრამ ჯონსის თაობის ათასობით ინდივიდი თუ ამავე მიზეზით თავს შეიკავებს და ქორწინებათა რიცხვი დაეცემა, ისტორიკოსისთვის ეს უკვე ყურადსაღები შეიქმნება. ჩვენ არ უნდა შეგვაშფოთოს იმ ბანალურმა გარემოებამ, რომ ყოველგვარი მოძრაობა უმცირესობისგან მომდინარეობს. ყველა ღირსშესანიშნავ მოძრაობას რამდენიმე კაცი უდგას სათავეში, მაგრამ უამრავი მიმდევარი ჰყავს. ოღონდაც მიმდევართა უზარმაზარი არმია არასდროს ყოფილა წარმატების გარანტი.
ჩემი მეორე დაკვირვება კიდევ უფრო უკეთესადაა დადასტურებული. სხვადასხვა მიმდინარეობის მწერლები ეკამათებოდნენ ერთმანეთს, რომ ამა თუ იმ პიროვნების მოქმედებას გაუთვალისწინებელი ან არასასურველი შედეგი მოჰყოლია სხვა ადამიანებისა თუ მოღვაწეობისათვის. ქრისტიანებს სწამთ, რომ ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს საკუთარი, ხშირ შემთხვევაში სულელური, მიზნების მისაღწევად, ღვთის ნების უნებლიე აღმსრულებულია. მონდევილის პოლიტიკური სატირა „მანკიერებანი - საზოგადო სარგებელი“ იყო ამ თეორიის ადრეული და შეგნებულად პარადოქსული აღმოჩენა. ადამ სმიტის უხილავი ხელი და ჰეგელის „გონის ცბიერება“, რომელიც მოითხოვს პიროვნებებისგან ემსახურონ მას და შეასრულონ მისი მიზნები, მაშინ როცა თვით პიროვნებები დარწმუნებულნი არიან, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად იღწვიან, იმდენად გაცვეთილი და კარგად ნაცნობია, რომ არ საჭიროებს ციტირებას. წინასიტყვაობაში ნაშრომისათვის „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ მარქსი აღნიშნავდა, რომ „საწარმოო ძალები და წარმოების საშუალებები განვითარების იმ დონემდე მივიდნენ, როცა ადამიანებმა შექმნეს მათი ნებისგან დამოუკიდებელი და აუცილებელი ურთიერთობები.“ ტოლსტოი „ომსა და მშვიდობაში“ აღნიშნავდა, რომ „ადამიანი გააზრებულად ცხოვრობს საკუთარი თავისთვის, მაგრამ წარმოადგენს ბრმა იარაღს კაცობრიობის ისტორიულად უნივერსალური მიზნების მისაღწევად“.25 ტოლსტოის ეს მოსაზრება ეხმიანება ადამ სმიტის თვალსაზრისს. ამ საკმაოდ გრძელი ანთოლოგიის დასასრულს მინდა მოვიყვანო პროფესორ ბატერფილდის სიტყვები: „ისტორიული მოვლენების ბუნებაში არის რაღაც ისეთი, რაც ყველასთვის მოულოდნელ მიმართულებას აძლევს ისტორიის განვითარებას“.26 1914 წლის შემდგომ პერიოდში, როცა აქა-იქ მცირე მასშტაბის ლოკალური ომები მიმდინარეობდა, ჩვენ ორი უმძიმესი მსოფლიო ომის მომსწრენი გავხდით. ამის ახსნა არ შეიძლება იმით, რომ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ხალხის უმრავლესობას ომი უნდოდა, ხოლო მშვიდობა - უმცირესობას, მე-19 საუკუნის ბოლო სამი მეოთხედის განმავლობაში კი - პირიქით. ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმეს სდომოდა 1930-იანი წლების დიდი ეკონომიკური დეპრესია. ეს ჯერ კიდევ ისე მკვეთრად არ იგრძნობოდა ადამიანების მოქმედებებში, მაგრამ უკვე მაშინ ყოველი მათგანი რადიკალურად განსხვავებულ მიზნებს ისახავდა. ისტორიკოსი ხშირად ვერ ასწრებდა წარსულის ჭრილში ზუსტად განესაზღვრა შეუსაბამობა ადამიანის სურვილსა და მისი მოქმედების რეალურ შედეგებს შორის. „ის არ აპირებდა ომში ჩაბმას“, წერდა დოჯი 1917 წლის მარტში ვუდრო უილსონზე, „მაგრამ ვითარებამ აიძულა“27. ეს ძირს უთხრის მოსაზრებას, რომ ისტორია შეიძლება დაიწეროს „ადამიანთა განზრახვებში წვდომის“28 საფუძველზე, ან თავად მომქმედი პირების მიერ საკუთარი მოქმედების მოტივაციის გათვალისწინებით, თუ „მათი აზრით რატომ მოიქცნენ ასე და არა სხვაგვარად“. ისტორიული ფაქტები წარმოადგენს ფაქტებს პიროვნებებზე და არა მათ მოქმედებებზე, რომელიც შესრულდა იზოლაციაში; ისტორიულ ფაქტებში არ შედის აგრეთვე არც რეალური და არც წარმოდგენითი მოტივაცია მოქმედებისა, ვთქვათ, ესა თუ ის პიროვნება რატომ მოიქცა ასე. ისტორიული ფაქტები გულისხმობს ადამიანთა ურთიერთობას საზოგადოების შიგნით და სოციალურ ძალას, რომელიც წარმოიქმნება ადამიანთა მოქმედების შედეგად; ეს შედეგი სხვადასხვაა და შესაძლებელია არც ემთხვეოდეს ან სრულებით საპირსიპირო იყოს იმისა, რასაც ელოდებოდნენ ადამიანები.
ისტორიაზე კოლინგვუდის თვალსაზრისის ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა, რომელიც ჩემს ბოლო ლექციაში გავაანალიზე, მდგომარეობდა იმაში, რომ თითქოს იდეა, რომელიც დგას მოქმედების უკან და რომლის განხილვასაც აპირებს ისტორიკოსი, ეკუთვნის ისტორიული მოვლენის მონაწილეს. ეს მცდარი შეხედულებაა. ის, რის განხილვასაც აპირებს ისტორიკოსი, დგას მოქმედების უკან და არანაირი კავშირი არა აქვს თვით მონაწილის აზრთან ამ იდეისა თუ მოტივაციის შესახებ.
აქვე რამდენიმე სიტყვით შევეხები მეამბოხისა და დისიდენტის როლს ისტორიაში. მეამბოხე პიროვნების პორტრეტის დასახატად, რომელიც საზოგადოებასთან დაპირისპირების გამო პოპულარობით სარგებლობს, საკმარისია გადავხედოთ მცდარ ანტითეზას პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. არც ერთი საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი. ნებისმიერი საზოგადოება სოციალური კონფლიქტების სარბიელს წარმოადგენს, ხოლო ის პიროვნებები, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან, ისეთივე შედეგი და განსახიერებაა საზოგადოებისა, როგორც არსებული წესის მხარდამჭერნი. რიჩარდ II და ეკატერინე დიდი ძალაუფლების ტიპიური წარმომადგენლები არიან, პირველი - მე-14 საუკუნის ინგლისისა და მეორე - მე-18 საუკუნის რუსეთისა. მაგრამ იმავე სოციალური ძალების პირმშონი არიან უოტ ტაილერი და პუგაჩოვი - უდიდესი ამბოხებების წინამძღოლნი. მონარქებიცა და მეამბოხეებიც საკუთარი დროისა და ქვეყნის შვილები არიან. ყოველი მათგანისათვის განსაკუთრებული პირობებია საჭირო. უოტ ტაილერისა და პუგაჩოვის პიროვნებათა მოაზრება როგორც უბრალოდ საზოგადოების წინააღმდეგ მებრძოლებისა, საკითხის გამარტივება იქნებოდა. თუ ისინი მართლა ასეთები იყვნენ, ისტორიკოსი დროს არ დაკარგავდა მათზე. ორივენი თავიანთ როლს ისტორიაში მათ მიმდევრებს უნდა უმადლოდნენ; ისინი მნიშვნელოვანი იყვნენ, როგორც სოციალური ფენომენი და მეტი არაფერი. ანდა განვიხილოთ თუნდაც გამოჩენილი მეამბოხის და ინდივიდუალისტის მაგალითი უფრო სხვა დონეზე; ცოტა თუ ვინმე გამოდიოდა მეტი სიმძაფრითა და რადიკალურობით საკუთარი ქვეყნის საზოგადოების წინააღმდეგ, ვიდრე ნიცშე. ის იყო ტიპიური წარმომადგენელი ევროპული, კერძოდ, გერმანული საზოგადოებისა - ფენომენი, რომელიც ვერ იჩენდა თავს ვერც ჩინეთში და ვერც პერუში. ნიცშეს სიკვდილის შემდეგ მოსული თაობისათვის უფრო ცხადი გახდა ევროპული და, კერძოდ, გერმანული სოციალური ძალების სიძლიერე, რომლის გამომხატველიც ნიცშე იყო; ამიტომ გახდა იგი უფრო მნიშვნელოვანი შემდგომი თაობებისათვის ვიდრე მისი თანამედროვეებისათვის.
ხშირად მეამბოხისა და რომელიმე დიდი პიროვნების როლი ერთნაირადაა შეფასებული ისტორიის მიერ. დიდი პიროვნების თეორია ისტორიულ მეცნიერებაში - კერძოდ, „კარგი დედოფალ ბესის“ მოძღვრება დიდი ხანია არაა, რაც გამოვიდა მოდიდან, თუმცა, ხანდახან ახლაც წამოყოფს ხოლმე თავს. პოპულარული ისტორიული სახელმძღვანელოების გამომცემლები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში თავიანთ ავტორებს სთავაზობდნენ წიგნი დაეწყოთ რომელიმე ღირსშესანიშანვი პიროვნების ბიოგრაფიით. მისტერ ა.ჯ. ტეილორმა კი თავის ესეში პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ „თანამედროვე ევროპის ისტორია შეიძლება დაიწეროს მხოლოდ სამი ტიტანის ჭრილში: ნაპოლეონი, ბისმარკი და ლენინი“.29 თუმცა უფრო სერიოზულ ნაშრომებში იგივე ავტორი ნაკლებად რადიკალურია. რა როლი ეკისრება დიდ პიროვნებას ისტორიაში? დიდი ადამიანი წარმოადგენს პიროვნებას და როგორც ღირსშესანიშნავი პიროვნება, ის აგრეთვე უდიდესი მნიშვნელობის სოციალური ფენომენია. გიბონის აზრით, „ყველასთვის ცხადია, რომ დროის პერიოდები უნდა შეესაბამებოდეს გამოჩენილ მოღვაწეებს და კრომველის გენია დროა წარსულს ჩაბარდეს“30. მარქსის ნაშრომში „ლუი ბონაპარტის 18 ბრიუმერი“ საპირისპიროს ამტკიცებს: „კლასობრივმა ბრძოლამ საფრანგეთში შექმნა ისეთი პირობები და ურთიერთობები, რომელიც აიძულებს უტვინო მდარე ყაიდის ადამიანებს გმირის სამოსში გამოეწყონ“. ბისმარკი რომ მე-19 საუკუნეში დაბადებულიყო - რა აბსურდული ჰიპოთეზაა, არა? - მაშინ არც ბისმარკი იქნებოდა, ვერც გერმანიას გააერთიანებდა და საერთოდ არ იქნებოდა ღირსშესანიშნავი პიროვნება. მაგრამ არ ღირს ტოლსტოის დარად დიდი პიროვნებები განვიხილოთ როგორც მარტოოდენ „იარლიყი, რომლებიც სახელს აძლევს ამა თუ იმ მოვლენას“. ზოგჯერ - რასაკვირველია, დიდი პიროვნების კულტი დამღუპველ ინტერპრეტაციას იღებს. ნიცშეს ზეადამიანი ზიზღს იმსახურებს. იგივე ითქმის ჰიტლერზე და პიროვნების კულტის საშინელ მხარეებზე, რასაც ადგილი ექონდა საბჭოთა კავშირში. მაგრამ ჩემს ამოცანას სრულებით არ წარმოადგენს დიდ პიროვნებათა დაკნინება, არც იმის მტკიცებას მოვყვები, რომ „დიდი პიროვნება აუცილებლად ცუდი ადამიანია“. მე მხოლოდ მსურს შევეწინააღმდეგო მოსაზრებას, რომელიც დიდ პიროვნებებს განიხილავს ისტორიისგან მოწყვეტით და თავს ახვევენ ისტორიას თავის სიდიადეს, როგორც „სათამაშო, ყუთში მოთავსებული კაცუნას ფიგურა, თავსახურის ახდისას უცებ რომ გამოყოფს ხოლმე თავს, რათა თავისი გამოჩენით შეაჩეროს ისტორიის რეალური მიმდინარეობა“.31 არა მგონია, დღესაც კი ჰეგელზე უკეთ დავახასიათოთ ეს მოვლენა; იგი წერდა: „ეპოქის დიდ პიროვნებას ძალუძს სიტყვებით გადმოსცეს დროის ნება, უთხრას თანამედროვეობას ეს ნება და მისი განხორციელების გზები; რასაც აკეთებს ეს პიროვნება, სწორედ ამაშია მისი დროის სული და გული, მისი არსი; პიროვნება ახორციელებს თავის ეპოქას“32. დოქტორ ლევისსაც დაახლოებით იგივე აქვს მხედველობაში, როცა ამბობს, რომ დიდი მწერლები „მაშინ უფრო მნიშვნელოვანნი ხდებიან ჩვენთვის, თუ კარგად იცნობენ ადამიანს, რომელსაც მხარს უჭერენ“.33 დიდი პიროვნება ყოველთვის წარმომადგენელია ან უკვე არსებული ძალებისა, ან იმ ძალებისა, რომლის წარმოქმნაშიც თავად მონაწილეობს, რადგან ეჭვით უყურებს ძველ ხელისუფლებას. მაგრამ ძალიან ძნელია განსაზღვრო, რომელი პიროვნება უფრო ღირსშესანიშნავია: ის, ვინც კრომველისა და ლენინის მსგავსად თავის სიდიადეს ძველის ნგრევით მიაღწიეს, თუ ნაპოლეონისა და ბისმარკის მსგავსად ძველ, უკვე არსებულ ძალებზე დაყრდნობით. არც იმ დიდი პიროვნებების დავიწყება გვარგებს, რომლებსაც საკუთარმა დრომ ვერ გაუგო და მათი სიდიადე მხოლოდ შემდგომმა თაობებმა აღიარეს. ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყოველი პიროვნება აღქმულ იქნას ორ ჭრილში: ერთის მხრივ, როგორც პირმშო და მონაწილე ისტორიული პროცესისა და მეორეს მხრივ, წარმომადგენელი და შემქმნელი იმ სოციალური ძალებისა, რომლებიც ცვლიან სამყაროს და ადამიანთა შეხედულებებს.
მაშინ ისტორია განხილულ იქნება ორ ჭრილში - როგორც ისტორიკოსის კვლევის საგანი და როგორც წარსულის ფაქტები, რომლის კვლევასაც აპირებს ისტორიკოსი; და ორივე შემთხვევაში ისტორია აღიქმება სოციალურ პროცესად, ხოლო ადამიანები - სოციალურ არსებებად ამ პროცესში. წარმოსახვითი ანტითეზისი პიროვნებასა და საზოგადოებას შორის სხვა არაფერია, თუ არა თავგზის აბნევის მცდელობა შეცდომაში შეყვანის მიზნით. ორმხრივი პროცესი ისტორიკოსისა და ფაქტების ურთიერთქმედებისა, რასაც მე ვუწოდებ დიალოგს აწმყოსა და წარსულს შორის, წარმოადგენს დიალოგს დღევანდელ და წარსულ საზოგადოებებს შორის და არამც და არამც დიალოგს აბსტრაქტულ და იზოლირებულ პიროვნებებს შორის. ბურკჰარდტის სიტყვებით, „ისტორია არის ერთ ეპოქაში მომხდარი იმ მოვლენების აღნუსხვა, რომელსაც მეორე ეპოქა აღნიშვნის ღირსად მიიჩნევს“.34 წარსული მხოლოდ აწმყოს თვალთახედვით არის სიანტერესო ჩვენთვის, ასევე აწმყოს გაგება უფრო სრულად არ შეიძლება წარსულის გაუთვალისწინებლად. წარსულში წვდომის შედეგად მიღებული ცოდნის უკეთესად გამოყენება თანამედროვე საზოგადოებაში - აი, რა არის ისტორიის ორმაგი ამოცანა.
__________________________________
1 Devions upon Emergent Occasions, No XVII
2 J.S. Mill, A System of Logic, VII,1.
3 დურკემმა თავის ცნობილ მოძღვრებაში თვითმკვლელობის შესახებ შექმნა ახალი სიტყვა “anomie”, რათა განესაზღვრა პიროვნების მდგომარეობა, რომელიც იზოლირებულია საზოგადოებისაგან; ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი ემოციურად გაუწონასწორებელია და ახლოა თვითმკვლელობასთან. თუმცა ავტორის აზრით, თვითმკვლელობა არ არის დაკავშირებული სოციალურ პირობებთან.
4 აღსანისნავია, რომ ნამიერის გარდა კიდევ ერთი ბრიტანელი მწერალი, რომელიც ომებს შორის მოღვაწეობდა, მისტერ ტ.ს. ელიოტი ანიჭებდა უპირატესობას არაინგლისურ ნიადაგზე წარმოქმნილ თეორიას. 1914 წლამდე ვერავინ, თუკი ინგლისში იყო აღზრდილი, ვერ დააღწევდა ბოლომდე თავს ლიბერალური ტრადიციებიდის ზეგავლენას.
5 უცნობი კრიტიკოსი სტატიაში „ნამიერის შეხედულება ისტორიაზე“ (The Times Literaray Supplement 28 აგვისტო, 1953 წ.) წერდა: „დარვინს ბრალს სდებდნენ, რომ ის სამყაროს აცლიდა გონებას, სერ ლუისი კი პოლიტიკური ისტორიის დარვინია, თან უფრო ფართო გაგებით“.
6 L. Namier, Personalities and Powers (1955 წ.) გვ. 5,7.
7 ამ შემთხვევაში მე უნდა ვუმადლოდე დოქტორ ვ. სტარკის მშვენიერ ანალიზს, რომელიც მან წინასიტყვაობის სახით დაურთო მაინეკეს წიგნის „Die Idee der Staatsräson”ინგლისურ თარგმანს, რომელიც გამოვიდა სათაურით “Machiavellism” 1957 წელს. შესაძლებელია დოქტორ სტარკი ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სუპერრაციონალურ ელემენტს მაინეკეს მესამე პერიოდში.
8 ავტორი აღიარებს „საღი უნდობლობის“ აუცილებლობას „უმწეო არგუმენტაციის“ მიმართ. H. Bautterfield, The Whig Interpretation of History, (1931, გვ. 67).
9 H. Butterfield, The Whig Interpretation of History, (1931, გვ II ბ 31-29.
10 H. Butterfield, The Englishman and His History, (1944, გვ. 2, 4-5).
11 მარკუს ავრელიუსი რომის იმპერიის დაკნინების ხანაში თავს იმშვიდებდა აზრით, რომ „რაც ახლა ხდება, ხდებოდა წარსულშიც და მოხდება მომავალშიც“. (To Himself, X, გვ. 27). როგორც ცნობილია, ტოინბიმ თავისი იდეა გადმოიღო შპენგლერის წიგნიდან Decline of the West.
12 1934 წლის დეკემბრით დათარიღებულ წინასიტყვაობას წიგნისათვის A History of Europe.
13 Action, Lectures on Modern History (1906), გვ.33.
14 American Historical Review. Ivi, No 1 (იანვარი, 1951), გვ. 270)
15 C.V. Wedgwood, The King's Peace (1955) გვ. 17.
16 A.L. Rowse, The England of Elizabeth, (1950) გვ. 261-2, 382. აღსანიშნავია, რომ მისტერ როუზი ადრინდელ ესეში აკრიტიკებდა იმ „ისტორიკოსებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ბურბონებმა ვერ შეძლეს საფრანგეთში მონარქიის აღდგენა 1870 წლის შემდეგ, რადგან ჰენრი V ერთგული იყო პატარა თეთრი დროშისა“. (The end of Epoch, 1949, გვ. 275). იქნებ ასეთივე პირადი აზრი გააჩნია მას ინგლისურ ისტორიაზეც.
17 I. Berlin, Historical Inevitability, (1954). გვ. 42.
18 თანამედროვე ფსიქოლოგებსაც იმავე შეცდომისთვის აკრიტიკებენ: „ფსიქოლოგები, როგორც ჯგუფი, პიროვნებას განიხილავენ არა როგორც მოქმედი სოციალური სისტემის ნაწილს, არამედ როგორც კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც შემდეგ აყალიბებს სოციალური სისტემის ფორმირებისათვის საჭირო ქცევის ნორმებს. ეს ფსიქოლოგები ანგარიშს არ უწევენ იმ გარემოებას, რომ მათი კატეგორიები „აბსტრაქტულია“. (პროფ. ტალკოტ პარსონსის წინასიტყვაობა მაქს ვებერის წიგნებისათვის The theory of Social and Economic Organization, 1947 წ. გვ. 27).
19 Home and Foreighn Review, 1863 წ. იანვარი, გვ. 219.
20 ჰერბერტ სპენსერმა ჩვეული მაღალფარდოვნებით დეტალურად განიხილა ეს იდეა წიგნში The Study of Sociology; თავი 2: „თუ გსურთ მიახლოებით შეაფასოთ ვინმეს გონებრივი მონაცემები, საუკეთესო საშუალებაა მის საუბარში დაადგინოთ თანაფარდობა ზოგადსა და პიროვნულს შორის, კონკრეტული ჭეშმარიტებები რამდენად იცვლება აბსტრაქტული მსჯელობებით; რაც უფრო მეტ ადამიანს შეაფასებთ ამ მეთოდით, მით უფრო მიხვდებით, რომ უმრავლესობის შეხედულება ადამიანთა საქმიანობაზე ბიოგრაფიული ცნობებით ამოიწურება“.
21 H.R. Trevor-Roper, Historical Essays (1957), გვ. 281.
22 Marx-els: Gesamtausgabe, 1, iii, გვ. 625.
23 History of the French Revolution, III, iii, თავი 1.
24 Lenin, Selected Woks, vii, გვ. 295.
25 Clarendon, A Brief view and Survey of Dangerous and Percious Errors to Church and State ჰობის წიგნში Levithan (1676), გვ. 320.
26 ლ. ტოლსტოი, „ომი და მშვიდობა“, IX, თავი I.
27 H. Butterfield, The Englishman and His History (1944), გვ. 103.
28 B.W. Tuchman, The Zimmerman Telegram (N.Y., 1958), გვ. 180.
29 I. Berlin, Historical Inevitability (1954), გვ. 7.
30 A.J.P. Taylor, From Napoleon to Stalin, (1950), გვ. 74.
31 Gibbon, Decline and Fall of Roman Empire, თავი IXX.
32 V.G. Childe, History, (1947), გვ. 2.
33 Philosophy of Right (ინგლისური თარგმანი, 1942), გვ. 295.
34 F.R. Leavis, The Great Tradition, (1948), გვ.2.
35 J. Burkhardt, Judgment on History and on Histoians, (1959), გვ. 158.
![]() |
3 ისტორია, მეცნიერება და მორალი |
▲ზევით დაბრუნება |
ბავშვობაში ჩემს გაოცებას საზღვარი არ ექონდა, როცა გავიგე, რომ გარეგნული მსეგავსების მიუხედავად, ვეშაპი თევზი არა ყოფილა. მაგრამ დრო გადიოდა და კლასიფიკაციის საკითხები სულ უფრო ნაკლებად მაღელვებდა; ასეა დღესაც, როცა მავანნი ცდილობენ დამიმტკიცონ, რომ ისტორია არ არის მეცნიერება. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს ტერმინოლოგიური საკითხი ინგლისური ენის სპეციფიკითაა გაპირობებული, რადგან ნებისმიერ სხვა ევროპულ ენაში სიტყვები „მეცნიერება“ და „ისტორია“ ერთმანეთის ექვივალენტურია, ინგლისურენოვან სამყაროში კი ამ დავას დიდი ხნის ისტორია აქვს და მის მიერ წამოჭრილი პრობლემები კარგ შესავლად გამოდგება ამისთვის.
XVIII საუკუნის დამლევს, როცა მეცნიერებამ დიდი წვლილი შეიტანა ადამიანის მიერ ქვეყნიერებისა და საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების შეცნობაში, ისევ მეცნიერებას მიანდეს ადამიანის ცოდნის გაღრმავება საზოგადოებრივ სფეროშიც. დარწმუნებული ვარ, ამ ამოცანასაც მეცნიერება ბრწყინვალედ გაართმევდა თავს. სოციალურ მეცნიერებათა, და მათ შორის ისტორიის, კონცეფციის ჩამოყალიბება ერთბაშად არ მომხდარა; იგი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა XIX საუკუნეში. ადამიანთა საქმიანობის შესწავლისას გამოყენებული იყო იგივე მეთოდები, რაც ბუნების კანონზომიერებათა დადგენის დროს. პირველ ხანებში მეცნიერება ნიუტონის ტრადიციებზე დაყრდნობით და მისი ზეგავლენით საზოგადოებას განიხილავდა, როგორც რაღაც მექანიზმს; დღემდე არ არის დავიწყებული 1851 წელს ჰერბერტ სპენსერის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის სათაური - „სოციალური სტატისტიკა“; ბერტრან რასელი, აღზრდილი ამ ტრადიციებზე, მოგვიანებით იხსენებდა, რომ ოცნებობდა დროზე, როცა შეიქმნებოდა „ავტომატიკასავით ზუსტი ადამიანის ქცევის მათემატიკა“.1 შემდეგი გადატრიალება მეცნიერებაში დარვინის სახელთანაა დაკავშირებული; ბიოლოგიამ იმხანად ისეთი დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ საზოგადობასაც განიხილავდნენ როგორც ორგანიზმს. მაგრამ დარვინის თეორიის უდავო უპირატესობა ის იყო, რომ მან გააგრძელა ლაიელის მიერ გეოლოგიაში დაწყებული საქმე და ისტორია მეცნიერებათა რიცხვს მიათვალა. მეცნიერება აღარ იყო რაღაც უძრავი და დროსმოკლებული,2 არამედ ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც იცვლება და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვითარდება კიდეც. მეცნიერების ევოლუციამ დაადასტურა და ხელი შეუწყო ისტორიის განვითარებასაც. მაგრამ არაფერს შეეძლო შეეცვალა ინდუქციური შეხედულება ისტორიის მეთოდზე, რომელიც პირველ ლექციაში ჩამოვაყალიბე: ჯერ შეაგროვე ფაქტები და მხოლოდ ამის შემდეგ გაანალიზე ისინი; და მეცნიერული მეთოდიც ხომ სხვა არაფერია; დარწმუნებული ვარ, ბერისაც იგივე ექონდა მხედველობაში, როცა 1903 წლის იანვარში თავისი პირველი ლექციის დასასრულს განაცხადა, რომ ისტორია „მეცნიერებაა, არც მეტი და არც ნაკლები“. ამ ლექციიდან 50 წლის შემდეგ ბერის შეხედულებას ისტორიაზე კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს. 1930-იან წლებში გამოქვეყნებულ კოლინგვუდის ნაშრომებში აშკარად იგრძნობა ავტორის სურვილი მკვეთრად გამიჯნოს ბუნების სამყარო, როგორც მეცნიერული კვლევის საგანი, და ისტორია. ამან თავისი ნაყოფი გამოიღო: ბერის შეხედულებები დიდი ხნის განმავლობაში დაცინვისა და განქიქების საგნად იქცა, მაგრამ გარდაქმნების პროცესი თვით მეცნიერებასაც შეეხო და იქ მიმდინარე სიღრმისეულმა ცვლილებებმა ნათლად დაგვანახა, რომ ბერი, მიუხედავად მცდარი არგუმენტების წარმოდგენისა, გაცილებით ახლოს იყო ჭეშმარიტებასთან, ვიდრე გვეგონა. ლაიელისა და დარვინის აღმოჩენებმა თავის დროზე გადატრიალება მოახდინეს გეოლოგიასა და ბიოლოგიაში, მოგვიანებით იგივე მოხდა ასტრონომიაში - მეცნიერებაში სამყაროს შესახებ: მაგრამ თანამედროვე ფიზიკოსების აზრით, მათ საქმე აქვთ არა ფაქტებთან, არამედ მოვლენებთან. ამან შესაძლებლობა მისცა ისტორიკოსებს, ამჯერად უფრო შინაურულად ეგრძნოთ თავი მეცნიერებათა სამყაროში, ვიდრე ვთქვათ ასი წლის წინ.
მოდით, პირველ რიგში გადავხედოთ კანონების კონცეფციას. მეცნიერები თვლიან, რომ XIX-XX საუკუნეებში ისეთი საბუნებისმეტყველო კანონები, როგორიცაა ნიუტონის მოძრაობის კანონები, მიზიდულობის კანონი, ბოილის კანონი, ევოლუციის კანონი და სხვა, უკვე აღმოჩენილი და საბოლოოდ დადგენილია, ამიტომ მეცნიერთა ამოცანა იყო შეემუშავებინათ მეტი კანონი მოკვლეული ფაქტების ინდუქცირებით. იმხანად სიტყვა „კანონი“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, იგი გალილეისა და ნიუტონის - ამ ბრწყინვალე მეცნიერთა დიად სახელებთან ასოცირდებოდა და ამიტომ ყველა, ვინც მეცნიერულ საქმიანობას ეწეოდა, ცდილობდა იგივე ენა და მეთოდიკა აეთვისებინა. ამ ტენდენციამ თავისი მისია „პირნათლად“ შეასრულა: ახალ-ახალი კანონები წიწილებივით იჩეკებოდნენ ერთიმეორის მიყოლებით, რის შედეგადაც მივიღეთ „გრეშამის კანონი“, ადამ სმიტის საბაზრო კანონი, ელმუნ ბიორკის „კანონები კომერციაზე, ანუ ბუნების და აქედან გამომდინარე ღმერთის კანონები“.3 მალთუსმა მსჯელობის საგნად აქცია მოსახლეობის კანონი, ლასალს ეკუთვნის „ხელფასის რკინის კანონი“. ხოლო მარქსმა აღმოაჩინა „თანამედროვე საზოგადოების მოძრაობის ეკონომიკური კანონი“. ბაკლმა თავისი ნაშრომი „ცივილიზაციის ისტორია“ დაასრულა სიტყვებით, რომ ადამიანის საქმიანობის წარმართვა ხდება „სამყაროს ერთი დიადი პრინციპისა და ურყევი რეგულარობის საფუძველზე“. დღეს ეს ტერმინოლოგია მოძველდა თავისი პრეტენზიული ჟღერადობის გამო. იგი უარყვეს როგორც საბუნებისმეტყველო, ისე სოციალურ სფეროში მომუშავე მეცნიერებმა. ერთი წლით ადრე, ვიდრე ბერი წაიკითხავდა თავის პირველ ლექციას, ფრანგმა მათემატიკოსმა ანრი პუანკარემ გამოაქვეყნა პატარა წიგნი სათაურით „La Science et l'hypothиse“, რომელმაც გადატრიალება მოახდინა მეცნიერულ აზროვნებაში. ავტორის ძირითადი თეზისი იყო, რომ მეცნიერის მიერ შემოთავაზებული ესა თუ ის თეორია ნათელი განმარტების, ან თუნდაც შენიღბული პირობითობის გარეშე ენის თაობაზე მხოლოდ ჰიპოთეზაა და სხვა არაფერი, რომელსაც უნდა მიეცეს გარკვეული ფორმა; იგი მოითხოვს დაფიქრებას, შემდგომ გადამოწმებასა და ცვლილებებს და, საბოლოო ჯამში, შეიძლება უარყოფილ იქნას კიდეც. ეხლა ყოველივე ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ნიუტონის ცნობილი გამონათქვამი „Hypotheses non fingo“ („ჰიპოთეზებს არ ვთხზავ“) დღეს საკმაოდ ყალბად ჟღერს და თუმცა მეცნიერები, მათ შორის სოციალურ სფეროში მომუშავეები, ხანდახან საუბრობენ ხოლმე კანონებზე, მაგრამ როგორც გადმონაშთზე, რადგან აღარ სჯერათ მათი ისე, როგორც სჯეროდათ მე-18 და მე-19 საუკუნის მეცნიერებს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მეცნიერები აკეთებენ აღმოჩენებს და იღრმავებენ ცოდნას არა ზუსტი, გასაგები და ყოვლისმომცველი კანონების ფორმულირებით, არამედ ჰიპოთეზების მეშვეობით, რომლებიც ახალი აღმოჩენებისა და საკითხში უფრო ღრმად წვდომისაკენ უბიძგებენ მათ. ორი ამერიკელი ფილოსოფოსის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოში სამეცნიერო მეთოდი განხილულია როგორც „ძირითადად წრიული“: „ჩვენ ჩვენს შეხედულებებს ვადასტურებთ ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით, რაც აღიარებულია „ფაქტად“; ჩვენ ვაწარმოებთ გადარჩევას, ანალიზს და ინტერპრირებას ემპირიული მასალის პრინციპის ბაზაზე“4. სიტყვა „ორმხრივი“ შეიძლება ამ შემთხვევაში სჯობდეს სიტყვას „წრიული,“ რადგან ჩვენი მიზანი არ გახლავთ იმავე ადგილზე დაბრუნება, არამედ წინსვლა ახალი აღმოჩენებისკენ პრინციპებისა და ფაქტების, თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთქმედების თეორიაზე დაყრდნობით. ნებისმიერი აზრი მოითხოვს დაკვირვებაზე დამყარებულ წანამძღვრებს, რომელიც მეცნიერულ შეხედულებას შესაძლებელს ხდის; ეს წანამძღვრები შეიძლება მოწონებულ იქნას ან გადასწორდეს გარკვეული შეხედულების ჭრილში. ეს ჰიპოთეზები შეიძლება ძალიანაც ქმედითუნარიანნი აღმოჩნდენ რაღაც ასპექტში, მაგრამ მოიკოჭლებენ სხვა შემთხვევებში. როგორ ავიცდინოთ ეს უსიამოვნება თავიდან? ემპირიული მეთოდით ჩვენ ადვილად დავადგენთ მართლა უწყობს თუ არა ხელს ესა თუ ის ჰიპოთეზა ახალი შეხედულებების წარმოქმნას, რომელიც გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას. სულ ახლახანს რეზენფორდის მეთოდები აღწერა მისმა ერთ-ერთმა ყველაზე ღირსშესანიშნავმა მოწაფემ და თანამოაზრემ: „მას ჰკლავდა ცნობის წადილი იმისა, თუ როგორ მუშაობს ატომის ფენომენი, როგორც ჩვენ გვაინტერესებს ხოლმე, რა ხდება სამზარეულოში. მე არ მჯერა, რომ თავის შეკითხვებზე პასუხს ის ეძებდა კლასიკური მეთოდით, ანუ საბაზისო თეორიებსა და კანონებზე დაყრდნობით. ის კმაყოფილი იყო, რადგან იცოდა რა ხდებოდა“5. ეს აღწერა ეხება აგრეთვე ისტორიკოსსაც, რომელმაც თავი დაანება საბაზისო კანონების ძიებას და სრულიად კმაყოფილია, თუ როგორ ვითარდება მოვლენები.
ჰიპოთეზის სტატუსი, რომელსაც იყენებს ისტორიკოსი თავისი კვლევა-ძიების პროცესში საოცრად ჰგავს მეცნიერის მიერ გამოყენებული ჰიპოთეზის სტატუსს. მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც მაქს ვებერის ცნობილი განსაზღვრება პროტესტანტიზმსა და კაპიტალიზმს შორის არსებული დამოკიდებულებისა. დღეს ამ ზუსტ შეფასებას არავინ დაუძახებს კანონს, თუმც კი უფრო ადრეულ პერიოდში ის შეიძლება ასეთად აღგვექვა. ეს გახლავთ ჰიპოთეზა, რომელმაც დამუშავების პროცესში გარკვეული ცვლილებები განიცადა, თვითონაც მოახდინა ზეგავლენა მუშაობის პროცესზე და ეჭვსგარეშეა, გააღრმავა ჩვენი ცოდნა ორივე მიმართულებით. ანდა ავიღოთ მარქსის სიტყვები: „ხელის წისქვილმა მოგვცა ფეოდალური სახელმწიფო, ხოლო ორთქლის წისქვილმა განავითარა ინდუსტრიული კაპიტალიზმის საზოგადოება“,6 თანამედროვე, გაგებით, ეს არ არის კანონი, მიუხედავად იმისა, რომ მარქსი ასეთად თვლიდა ამ გამონათქვამს, არამედ მარჯვე ჰიპოთეზაა, რომელიც გვიჩვენებს შემდგომი მეშაობისა და ახალი აღმოჩენების მიმართულებას. ამგვარი ჰიპოთეზები სამეცნიერო მუშაობის აუცილებელ და უცვლელ იარაღს წარმოადგენს. ადრეული 1900-იანი წლების ცნობილი გერმანელი ეკონომისტი ვერნერ ზომბარტი ვერ ფარავს „შიშის გრძნობას“, რომელმაც შეიპყრო იგი, როცა უარი თქვა მარქსიზმზე: „როცა ვკარგავთ მოსახერხებელ საფუძველს და გზამკვლევს დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს ნარ-ეკლიან გზაზე, თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს ვიხრჩობით ფაქტების უზარმაზარ ოკეანეში, სანამ ახალ საყრდენს ვიპოვიდეთ ან იძულებულნი ვართ ცურვა ვისწავლოთ“7. დისკუსია პერიოდიზაციის საკითხზე ისტორიაში ამ კატეგორიის საკითხთა რიგშია. ისტორიის დაყოფა პერიოდებად არ არის ფაქტი, არამედ აუცილებელი ჰიპოთეზა, ან, თუ გნებავთ, სამეცნიერო მუშაობის იარაღი, რომელიც ერთდროულად ქმედითუნარიანიცაა და ამ ქმედითუნარიანობის გამო ინტერპრეტაციაზე დამოკიდებულიც. ისტორიკოსები, რომლებიც ვერაფრით შეთანხმებულან, როდის დასრულდა შუა საუკუნეები, სავსებით იზიარებენ ერთმანეთის აზრს სხვადასხვა მოვლენების ინტერპრეტაციისას. ეს საკითხი არ არის ფაქტის საკითხი, მაგრამ არც უმნიშვნელოა. ისტორიის დაყოფა გეოგრაფიულ სექტორებად ასევე არ წარმოადგენს ფაქტს, არამედ ჰიპოთეზას. თუ ვისაუბრებთ ევროპის ისტორიაზე, ეს ჰიპოთეზა ზოგ შემთხვევაში ვინძლო სწორიც იყოს, მაგრამ აბსოლუტურად უვარგისი სხვა შემთხვევებში. ისტორიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ რუსეთი ევროპის ნაწილია, სხვები უარყოფენ ამას. ისტორიკოსის შეხედულების სისწორე ყოველთვის უნდა განვიხილოთ იმ ჰიპოთეზის გათვალისწინებით, რომელსაც ის ეყრდნობა. მე შემიძლია მოვიყვანო ციტატა, რომელიც ეხება სოციალური მეცნიერების მეთოდებს; იგი ეკუთვნის სოციალურ სფეროში მომუშავე მეცნიერს, რომელიც ადრე საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მოღვაწეობდა - ჯორჯ სორელს, რომელიც ინჟინერი გახლდათ, სანამ 40 წლის ასაკში სოციალურ პრობლემებზე არ დაიწყო წერა; თავის ნაშრომებში იგი ეხებოდა ცალკე მდგომ კერძო ელემენტების საჭიროებებს ისეთ სიტუაციებშიც კი, როცა ვინმეს შეიძლება ზედმეტად პრიმიტიულად მიეჩნია; ის წერდა: „ადამიანი არ უნდა შეჩერდეს შუა გზაზე, უნდა გააცნობიეროს მიმართულება, უნდა ეცადოს გამოავლინოს შესაძლებელი და ნაწილობრივი ჰიპოთეზები, კმაყოფილი იყოს ჭეშმარიტებასთან დროებითი მიახლოებითაც კი და მზად იყოს ახალი კორექტივებისათვის“8. ეს არის მე-19 საუკუნის შორეული გამოძახილი, როცა ექტონის მსეგავსად ისტორიკოსები და მეცნიერები სულმოუთქმენლად ელოდებოდნენ იმ დროს, როცა შესაძლებელი გახდებოდა ათასჯერ გადამოწმებული და დადასტურებული ფაქტების გამოყენებით ისეთი ამომწურავი და ყოვლისმომცველი ცოდნის ჩამოყალიბება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოსპობდა ყველანაირ დისკუსიას. ამჟამად ისტორიკოსებიცა და მეცნიერებიც მუშაობის სხვა, „უფრო პროგრესულ“, ფორმას ამჯობინებენ, ანუ ერთი ჰიპოთეზის შეცვლას მეორით, ფაქტების შემოსაზღვრას ინტერპრეტაციის სივრცით და იმავე ფაქტებით იმავე ინტერპრეტაციის სისწორის გადამოწმებას. მეჩვენება, რომ ეს გზა, თითქმის ერთნაირია როგორც მეცნიერებისთვის, ასევე ისტორიკოსებისთვის. ჩემს პირველ ლექციაში, თუ გახსოვთ, მე მოვიტანე ციტატა პროფესორ ბარკლის გამოსვლიდან, რომ ისტორია „ფაქტებზე კი არ არის აგებული, არამედ ყველას მიერ აღიარებულ და მიღებულ მსჯელობაზე“. სანამ ამ ლექციების ციკლს ვამზადებდი, ერთმა ფიზიკოსმა უნივერსიტეტიდან ბი-ბი-სის არხით მეცნიერული ჭეშმარიტება განსაზღვრა, როგორც „სპეციალისტების მიერ საჯაროდ მოწონებული მოსაზრება“9. არც ერთი ამ მტკიცებებიდან არ არის დამაკმაყოფილებელი იმ მიზეზების გამო, რომელსაც ცოტა ქვემოთ განვიხილავ, როცა ობიექტურობის საკითხს შევეხები. მე სულ სხვა გარემოებამ გამაოცა: ისტორიკოსი და ფიზიკოსი ერთი და იმავე კრიტერიუმებით მიუდგნენ პრობლემას და საკუთარი აზრები თითქმის ერთი და იმავე სიტყვებით გადმოსცეს.
ანალოგიები საშინელი ხაფანგია წინდაუხედაობისათვის. მე მაინც მინდა მჯეროდეს, რომ მიუხედავად განსხვავებისა მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შორის, ან თვით ამ მეცნიერებათა შიგნით არსებულ კატეგორიებს შორის, ისინი მაინც ერთნი არიან და ძირითადი განსხვავება აქ კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ ამ მეცნიერებებსა და ისტორიას შორის; იქნებ სწორედ ეს განსხვავებებია რომ თავგზას გვიბნევს და ამის გამო მოვიხსენიებთ ისტორიასაც და სხვა ე.წ. „სოციალურ მეცნიერებებსაც“ ერთი და იმავე სახელწოდებით - მეცნიერება. მთავარი არგუმენტაცია ძალიან მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1. ისტორია ეხება რაღაც უნიკალურს, ერთადერთს, ხოლო მეცნიერება - ზოგადს; 2. ისტორია ჭკუას არ გვარიგებს; 3. ისტორიას არ ძალუძს წინასწარმეტყველება; 4. ისტორია სუბიექტურ ხასიათს ატარებს, თითქოს ადამიანი საკუთარ თავს აკვირდება; და ბოლოს 5. ისტორია განსხვავებით მეცნიერებისგან, გამომდინარეობს რელიგიიდან და მორალიდან. მე შევეცდები განვიხილო თითოეული ეს პუნქტი.
პირველი პუნქტი ეხებოდა იმას, რომ ისტორიას საქმე აქვს რაღაც უნიკალურთან და ერთადერთთან, ხოლო მეცნიერებას - ზოგადთან და უნივერსალურთან. ეს თვალსაზრისი სათავეს იღებს ჯერ კიდევ არისტოტელესთან, რომელმაც განაცხადა, რომ პოეზია „უფრო ფილოსოფიური და სერიოზულია“, ვიდრე ისტორია, რადგან პოეზია ეხება ზოგად ჭეშმარიტებებს, ხოლო ისტორია - კერძოს10. უფრო გვიანდელი მწერლების უზარმაზარმა არმიამ კოლინგვუდის11 ჩათვლით გაიზიარა ეს შეხედულება მეცნიერებასა და ისტორიაზე. ეს, როგორც ჩანს, გაუგებრობასთან იყო დაკავშირებული. აქვე შეიძლება მოვიტანოთ ჰობსის ცნობილი გამონათქვამი: „ქვეყნად არაფერია უნივერსალური გარდა სახელწოდებებისა, მაგრამ საგნები, რომლებსაც ეს სახელები ჰქვიათ, ინდივიდუალური და ერთადერთია“12. ეს არის ზოგადი ჭეშმარიტება გავრცელებული მეცნიერების საბუნებისმეტყველო სფეროში. ეს სწორია, როცა საქმე ეხება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს: არც ორი გეოლოგიური ფორმაცია, არც ერთნაირი ჯიშის ორი ცხოველი, არც ორი ატომი არ შეიძლება იყოს აბსოლუტურად იდენტური. ასევე, არც ორი ისტორიული მოვლენა არასოდეს არის იდენტური. მაგრამ ისტორიული ფაქტების უნიკალურობა ისეთივე დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს, როგორც მურის მიერ ეპისკოპ ბატლერისაგან გადმოღებული ბანალობა, რომელიც ერთ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა ენათმეცნიერ ფილოსოფოსებს შორის: „ყველაფერი ისეა, როგორც არის და არა სხვაგვარად“. თუ ამ გზით ივლით, სულ მალე მიაღწევთ ფილოსოფიური ნირვანას მსგავს მდგომარეობას, სადაც ყველაფერს აზრი ეკარგება.
თვითონ ენა უბიძგებს ისტორიკოსს, ისევე როგორც მეცნიერს, განზოგადოებისაკენ. პელოპონესის ომი ძლიერ განსხვავდებოდა მეორე მსოფლიო ომისგან და ორივე თავისებურად უნიკალური იყო, მაგრამ ისტორიკოსები ორივე შემთხვევაში იყენებენ სიტყვას „ომი“ და მხოლოდ ვინმე პედანტი თუ განაცხადებს პროტესტს. როცა გიბონი ქრისტიანობის შემოღებასაც და ისლამის აღზევებასაც განიხილავს როგორც რევოლუციურ გადატრიალებას13, ამით იგი განაზოგადებს ორ უნიკალურ მოვლენას. ზუსტად ასევე იქცევიან თანამედროვე ისტორიკოსები, როცა წერენ ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ჩინურ რევოლუციებზე. ისტორიკოსი, სინამდვილეში, დაინტერესებულია არა მოვლენის უნიკალურობით, არამედ იმ ზოგადით, რაც არსებობს უნიკალურში. 1920-იან წლებში მიმდინარე ისტორიკოსების კამათი 1914 წლის ომის გამომწვევ მიზეზებზე ეყრდნობოდა დაუსაბუთებელ თვალსაზრისს, რომ ის შედეგი იყო ან დიპლომატების არასწორი ქმედებებით, რომლებიც მუშაობდნენ გასაიდუმლოებულ ვითარებაში და საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად, ანდა მსოფლიოს რუკაზე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების გამოჩენით. 1930-იან წლებში ეს კამათი სხვა გეზით წარიმართა და ომის მიზეზად თვლიდნენ უთანხმოებას დიდ იმპერიალისტურ სახელმწიფოებს შორის გავლენის სფეროების გადანაწილებისას. ამ დავამ გამოიწვია მიზეზების განზოგადება არა მარტო ამ კონკრეტული ომისა, არამედ საერთო მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი ომებისა. ისტორიკოსი განზოგადების მეთოდს მუდამ მიმართავს თავისი შეხედულებების გასაანალიზებლად. თუ ისტორიკოსისათვის ბოლომდე არ არის გასაგები, თუ რატომ მოკლა რიჩარდმა მეფის ქალიშვილი, ის ძალაუნებურად დაფიქრდება: იქნებ ეს ახასიათებდა მმართველებს - თავიდან მოეშორებინათ ყველა, ვინც ხელს უშლიდათ ტახტის დაპატრონებაში. მაშინ ისტორიკოსის მსჯელობა სავსებით სწორი იქნება სწორედ განზოგადების ზეგავლენით.
მკითხველი, ისე როგორც მწერალი, მუდამ განაზოგადებს ისტორიულ მოვლენებს, ისტორიკოსის დაკვირვებებს უსადაგებს სხვა, უფრო ახლობელ ვითარებებს, ან სულაც თანამედროვეობას. მაგალითად, მე კარლაილის წიგნის „საფრანგეთის რევოლუცია“ კითხვისას ისევ და ისევ გადამაქვს ავტორის ნაფიქრი ჩემი მუშაობის სფეროში და ძალაუნებურად ვაკავშირებ რუსეთის რევოლუციასთან. ავიღოთ თუნდაც ის მონაკვეთი, რომელიც ტერორს ეხება: „ტერორი აუტანელი და საშინელია იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც უკვე იგემეს ამგვარი სამართალი, მაგრამ არცთუ არაბუნებრივია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც მიახლოებითი წარმოდგენაც არა აქვთ, თუ რას ნიშნავს ეს“. ანდა ავიღოთ ასეთი ციტატა: „ეს უბედურებაა, მაგრამ სავსებით ბუნებრივია, რომ ამ პერიოდის ისტორია მეტწილად დაწერილია ისტერიულ მდგმოარეობაში: გაუსაძლისი ვითარება, ზიზღი, გოდება და საბოლოო ჯამში სრული უკუნეთი“.14 ანდა კიდევ ერთი ნაწყვეტი, ამჯერად ბურკჰარდტის ნაშრომიდან, რომელიც ეხება სახელმწიფოს მდგომარეობას მე-16 საუკუნეში: „რაც უფრო ახალგაზრდაა სახელმწიფო, მით უფრო ნაკლები შანსი აქვს მას შეინარჩუნოს სტაბილურობა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი შემქმნელები მიეჩვივნენ სწრაფ ცვლილებებს, მათი სურვილია ხელი შეუწყონ წინსვლას, რადგან ყოველთვის ნოვატორებად დარჩებიან; მეორე, მათ მიერ მოძრაობაში მოყვანილი ძალები შეძლებენ მოქმედებას მხოლოდ ახალ-ახალი ძალადობის ვითარებაში“,15 სისულელე იქნებოდა იმის მტკიცება, რომ განზოგადება უცხოა ისტორიისათვის. ისტორია სწორედ განზოგადებით არის ძლიერი. როგორც მისტერ ელტონი აღნიშნავდა ნაშრომში „კემბრიჯის თანამედროვე ისტორია“, „განზოგადება გახლავთ ის ფაქტორი, რომელიც განასხვავებს ჭეშმარიტ ისტორიკოსს ისტორიული ფაქტების უბრალო შემკრებლისგან“,16 მას აქვე შეეძლო დაეყოლებინა, რომ იგივე განზოგადება განასხვავებს საბუნებისმეტყველო სფეროში მომუშავე მეცნიერს ნატურალისტისგან ან ბუნების საგნების კოლექციონერისაგან. მაგრამ ნურც ისე წარმოვიდგენთ, რომ განზოგადების საშუალებით ჩვენ შევძლებთ ისტორიის ისეთი სქემის აგებას, რომელსაც ნებისმიერი მოვლენა მოერგება. და რადგან მარქსი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვისაც ხშირად ბრალს სდებენ სწორედ ამგვარი სქემის შექმნას, და ამ სქემის ქმედითუნარიანობის რწმენაში, მე მოვიტან ნაწყვეტს მისი წერილიდან, რომელიც ცხადს გახდის მის თვალსაზრისს: „ერთმანეთის მსგავს მოვლენებს სხვადასხვა ისტორიულ ვითარებაში განსხვავებულ შედეგებამდე მივყავართ. თუ თითოეულ მოვლენას ცალ-ცალკე განვიხილავთ და შემდეგ ერთმანეთს შევადარებთ, ადვილად ჩავწვდებით ამ ფენომენის არსს; მაგრამ ამ ამოცანის გადაწყვეტას ვერასოდეს მივაღწევთ ისეთი ისტორიულ-ფილოსოფიური თეორიის გამოყენებთი, რომელიც თავის ღირსებად ისტორიაზე მაღლა დგომას მიიჩნევს“.17 ისტორია წარმოადგენს უნიკალურისა და ზოგადის ურთიერთქმედებას. როგორც ისტორიკოსი თქვენ ვერ განაცალკევებთ მათ, ვერ მიანიჭებთ უპირატესობას რომელიმე მათგანს, ისევე როგორც ვერ განაცალკევებთ ფაქტსა და ინტერპრეტაციას.
იქნება დადგა დრო, მოკლედ შევეხოთ ისტორიისა და სოციოლოგიის დამოკიდებულებას. სოციოლოგია დღესდღეობით ორი საფრთხის წინაშე დგას - არ იქცეს ულტრათეორიულ ან ულტრაემპირიულ მოძღვრებად. პირველ შემთხვევაში ის ჩაიკარგება საზოგადოებაზე აბსტრაქტულ და მნიშვნელობამოკლებულ განზოგადოებებში. არც „საზოგადოება“ და არც „ისტორია“ არ უნდა დავწეროთ ასომთავრულით. ეს საშიშროება უფრო ცხადი ხდება იმ ადამიანთა წყალობით, ვინც სოციოლოგიას მიანიჭა განსაკუთრებული უფლება განზოგადებული დასკვნები გამოიტანოს ისტორიის უნიკალური მოვლენების საფუძველზე; ისეთი თვალსაზრისიც კი არსებობდა, რომ თითქოს სოციოლოგია განსხვავდება ისტორისაგან, იმიტომ რომ მას გააჩნია „კანონები“.18 მეორე საფრთხე, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ განჭვრიტა კარლ მანჰაიმმა და დღესაც არ დაუკარეგავს აქტუალობა მდგომარეობს შეხედულებაში, რომ სოციოლოგია „გახლეჩილია სოციალური გარდაქმნების სხვადასხვა ტექნიკურ პრობლემად“.19 სოციოლოგია განიხილება როგორც ისტორიული საზოგადოებები, ყოველი მათგანი უნიკალურია და გაპირობებულია ისტორიის წინარე პერიოდებით და ვითარებებით. მაგრამ იმისათვის, რომ განზოგადებისა და ინტერპრეტაციის პროცესში თავიდან ავიცილოთ უბრალო ჩამოთვლა და ანალიზი, ანუ არ შევიზღუდოთ ე.წ. „ტექნიკური“ პრობლემებით, საკმარისია გავხდეთ უბრალო აპოლოგეტები სტატიკური საზოგადოებისა. თუ სოციოლოგიას სურს შესწავლის საგანი გახდეს, მანაც ისტორიასავით თავისი ინტერესები უნდა მიმართოს უნიკალურისა და ზოგადის ურთიერთმიმართებისაკენ; მაგრამ ამასთან ერთად ის უნდა გახდეს დინამიური ე.ი. შეისწავლოს არა მარტო უკვე არსებული საზოგადოება, არამედ - სოციალური გარდაქმნები და განვითარება. მე მგონია, რომ რაც უფრო სოციალურ ელფერს მიიღებს ისტორია, ხოლო სოციოლოგია - ისტორიულს, მით უკეთესი იქნება ორივესათვის. მოდით, მათ შორის არსებული ხიდი უფრო გავაფართოოთ, რომ მოსახერხებელი გახდეს ორმხრივი მოძრაობა.
განზოგადების საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული მეორე პუნქტთან, ანუ ისტორიის გაკვეთილებთან. განზოგადების ჭეშმარიტი მიზანია ისტორიის გაკვეთილების ათვისება, ერთი ვითარებიდან გამოტანილი დასკვნების სხვა ვითარებისთვის მისადაგება: განზოგადებისას ჩვენ ნებსით თუ უნებლიედ სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ. ისინი, ვინც უარყოფს განზოგადებას და გვარწმუნებს, რომ ისტორიას საქმე აქვს მარტოოდენ უნიკალურ მოვლენებთან, თუმც უაღრესად ლოგიკურად ასაბუთებენ თავის თვალსაზრისს, თავისდაუნებურად უარყოფენ, რომ ისტორიისგან შეიძლება რაიმე გაკვეთილის გამოტანა. მაგრამ ამ შეხედულებას შეიძლება დავუსპირისპიროთ უამრავი ფაქტი, რომელიც სულ სხვას ღაღადებს. არანაირი გამოცდილება არ არის უფრო ფართოდ გავრცელებული. 1919 წელს მე ბრიტანული დელეგაციის შემადგენლობაში შევდიოდი, რომელიც დაესწრო პარიზის მშვიდობის კონფერენციას. დელეგაციის ყველა წევრი დარწმუნებული იყო, რომ შესაძლებლობა გვექნებოდა გარკვეული დასკვნები გამოგვეტანა ვენის კონგრესიდან, რომელიც შედგა ასი წლის წინ და ბოლო კონგრესი იყო ევროპული მშვიდობის საკითხებზე. ვინმე კაპიტანი ვებსტერი, რომელიც მერე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და მოგვიანებით კი ცნობილი ისტორიკოსი გახდა, თავის ესეში მოგვითხრობს, თუ რას ნიშნავდა ეს გაკვეთილები. ორი მათგანი ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში. პირველი ეხებოდა იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით, თუ ევროპის რუკის ხელახალი შედგენისას არ გავითვალისწინებთ ერების სწრაფვას თვითგამორკვევისკენ. მეორე საშიშროება არის საიდუმლო მასალების გადაგდება არასაჭირო ქაღალდების ურნაში, საიდანაც ისინი შეიძლება ხელში ჩაუვარდნენ სხვა დელეგაციების საიდუმლო სამსახურებს. ჩვენ ბრმად ვენდეთ ისტორიის ამ გაკვეთილებს და ჩვენი ქცევაც ამით იყო გაპირობებული. ეს მაგალითები თანამედროვე და ტრივიალურია, მაგრამ შედარებით ადრეულ ისტორიაშიც ადვილად მივაგნებთ უფრო შორეული წარსულის გავლენას. საყოველთაოდ ცნობილია ძველი საბერძნეთის ზემოქმედება რომზე. მაგრამ მე სრულებითაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ისტორიკოსებმა ამომწურავად გააშუქეს რომაელების მიერ ნამდვილად შეთვისებული, ან მათი აზრით შეთვისებული გაკვეთილები ელადის ისტორიიდან. თუ გავაანალიზებთ დასავლეთ ევროპის ისტორიულ გაკვეთილებს დაწყებული მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნიდან და შევადარებთ ძველი აღთქმის გაკვეთილებს, შესაძლებელია საოცარი შედეგი მივიღოთ. შეუძლებელია ამის გარეშე სრულად ჩავწვდეთ ინგლისურ პურიტანულ რევოლუციას; რჩეული ხალხის კონცეფცია ხელშემწყობი ფაქტორი გახდა თანამედროვე კონცეფციის აღმავლობაში. კლასიკური განათლების მთელი სიმძიმე მე-19 საუკუნის დიდ ბრიტანეთში სრულად დააწვა მმართველთა ახალ კლასს. როგორც ადრე აღვნიშნე, გროტე ახალი დემოკრატიის ნიმუშად ათენს მიიჩნევდა. მე დიდი სურვილი მაქვს ვნახო, თუ რა მნიშვნელოვანი დასკვნები გამოიტანეს ნებსით თუ უნებლიედ ბრიტანეთის ახალი იმპერიის მშენებლებმა რომის იმპერიის გაკვეთილებიდან. თუ შევეხებით ჩემი მუშაობის ვიწრო სფეროს, რუსული რევოლუციის მამამთავრებზე უდიდესი გავლენა მოახდინა ფრანგულმა რევოლუციამ, 1848 წლის რევოლუციამ და 1871 წლის პარიზის კომუნამ. ისინი შეიძლბა ითქვას შეპყრობილნი იყვნენ ამ მოვლენებით. მაგრამ აქვე შეგახსენებთ ისტორიის ორმაგ ხასიათს. ისტორიის გაკვეთილების ათვისება არ არის ცალმხრივი პროცესი. აწმყოს შესწავლა წარსულის გათვალისწინებით იმავდროულად წარსულის შესწავლაცაა აწმყოს ჭრილში. ისტორიის ფუნქციას წარმოადგენს ხელი შეუწყოს როგორც წარსულის, ისე აწმყოს შესწავლას მათი ურთიერთმიმართების გზით.
მესამე პუნქტი შეეხებოდა წინასწარმეტყველების როლს ისტორიაში. უნდა მოგახსენოთ, რომ ისტორიიდან არ შეიძლება არანაირი გაკვეთილის გამოტანა, რადგან მას, მეცნიერებისგან განსხვავებით არ ძალუძს იწინასწარმეტყველოს მომავალი. ამ საკითხმა მრავალი გაუგებრობა გამოიწვია. როგორც ვნახეთ, მეცნიერები ისეთი ხალისით აღარ საუბრობენ ბუნების კანონებზე როგორც უწინ. ე.წ. მეცნიერული კანონები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ფაქტობრივად სხვა არაფერია თუ არა ტენდენციის დაფიქსირება, დაფიქსირება იმისა, რა შეიძლება მოხდეს, საგნები თუ ერთნაირი იქნა ან თუ ლაბორატორიულ პირობებში აღმოჩნდა. ისინი არ დაგიდევენ, რა მოხდებოდა ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ წინასწარმეტყველება არ შედის მათ ფუნქციებში. მიზიდულობის კანონი არ ამტკიცებს, რომ ის კონკრეტული ვაშლი მაინცდამაინც მიწაზე დავარდება. შეიძლება ის კალათში ჩაუვარდეს ვინმეს. ოპტიკის კანონი, რომლის მიხედვითაც სინათლის სხივი ვრცელდება წრფივად, სულაც არ ამტკიცებს რომ ეს სხივი არ აირეკლება ან არ გარდატყდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს კანონები აბსოლუტურად უვარგისია, ან მოკლებულია ქმედითუნარიანობას. ჩვენ აგვიხსნეს, რომ საბუნებისმეტყველო თანამედროვე თეორიები იკვლევენ მიმდინარე მოვლენებს. დღესდღეობით მეცნიერება უფრო მეტად დაინტერესებულია თვალსაზრისით, რომ ინდუქციურ მეთოდს ლოგიკურად მივყავართ ალბათობამდე ან არგუმენტირებულ რწმენამდე, რასაც ზოგად კანონებსა და სახელმძღვანელო პრინციპებში აყალიბებს; მათი ქმედითუნარიანობა კი შეიძლება დასაბუთდეს განსაკუთრებული და სპეციფიკური ქმედებებით. როგორც კონტი ამბობდა, „Science, d'ou prйvoyance; prйvoyance, d'oъ action“20. წინასწარმეტყველების საკითხი ისტორიაში პირდაპირ დამოკიდებულებაშია განსხვავებასთან ზოგადსა და განსაკუთრებულს შორის, უნივერსალურსა და უნიკალურს შორის; განზოგადებას, როგორც ვხედავთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისტორიკოსისათვის; განზოგადების პროცესში ის აყალიბებს სახელმძღვანელო პრინციპებს მომავლისათვის, რომლებიც, მართალია, არ წარმოადგენს მოვლენების წინასწარ ჭვრეტას, მაგრამ მაინც საოცრად საჭირო და ქმედითუნარიანია. მაგრამ ისტორიკოსს არ ძალუძს იწინასწარმეტყველოს რა მოხდება ამა თუ იმ კონკრეტულ ვითარებაში, რადგან კონკრეტულობა გულისხმობს უნიკალურობას, რომელშიც ძალიან ძლიერია შემთხვევითობის ელემენტი. ეს განსხვავებები, რომლებიც ასე აწუხებს ისტორიკოსს, სრულიად ცხადია ჩვეულებრივი მოკვდავისათვის. თუ სკოლაში რამდენიმე ბავშვს წითელა აღმოაჩნდა, თქვენ შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ ეს შეიძლება ეპიდემიაში გადაიზარდოს. და ეს, გნებავთ უწოდეთ მას წინასწარმეტყველება, დაფუძნებულია წარსული გამოცდილების განზოგადებაზე და უაღრესად საჭიროა შემდგომი მოქმედებების წარმართვისათვის. მაგრამ თქვენ კონკრეტულად ვერ იტყვით, ჩარლზი გახდება ავად თუ მერი. ისტორიკოსიც ასე იქცევა. ხალხი არ მოითხოვს ისტორიკოსისაგან რურიტანიაში რევოლუციის დაწყების ზუსტ თარიღს; ერთადერთი დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოტანილ იქნას ნაწილობრივ რურიტანიაში შექმნილ მდგომარეობაზე და ნაწილობრივ ისტორიის ცოდნაზე დაყრდნობით, არის ის, რომ რურიტანიაში ისეთი ვითარებაა, რომ უახლოეს მომავალში, თუ იქნა ბიძგი, ან თუ მთავრობამ ყველაფერი არ იღონა მის აღსაკვეთად, შეიძლება რევოლუციამ იფეთქოს. ეს ვარაუდი დამაჯერებლად უნდა იყოს არგუმენტირებული, ეყრდნობოდეს სხვა რევოლუციების ანალოგიებს და ანალიზს, თუ რომელ ფრთას მიემხრობა მოსახლეობის სხვადასხვა ფენის უმრავლესობა. წინასწარმეტყველება, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ ამას, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უნიკალური შემთხვევათა საფუძველზე; ცალ-ცალკე ხომ მათ თავის განჭვრეტა არ შეუძლიათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისტორიიდან გამოტანილი დასკვნები მომავალზე უვარგისია ან ნაკლებ ქმედითუნარიანი, რათა გამოვიყენოთ ისინი როგორც სახელმძღვანელო პრინციპი მომავალი მოქმედებებისათვის და საფუძველი მომხდარი მოვლენების შესაფასებლად. მე არ მინდა გავუთანაბრო ერთმანეთს სოციალურ სფეროში მომუშავე მეცნიერის და ისტორიკოსის დასკვნები საბუნებისმეტყველო სფეროში მომუშავე მეცნიერის დასკვნებს, ანდა იდეების არასრულყოფილება დავაბრალო მხოლოდ სოციალური მეცნიერების ჩამორჩენილობას. ადამიანი ბუნების ყველაზე სრულყოფილი პირმშოა და მისი ქცევის შესწავლამ შეიძლება გამოიწვიოს კამათი, მაგრამ ამ კამათს სულ სხვა ელფერი და შინაარსი ექნება. მე მხოლოდ იმის დასაბუთება მინდა, რომ მათი მიზნები და მეთოდები არცთუ მაინცდამაინც განსხვავებულია.
მეოთხე პუნქტში განხილულია ის არგუმენტაცია და უფრო ზუსტი განსაზღვრება, თუ რა ნიშნით გამოყოფენ ერთმანეთისგან სოციალურ მეცნიერებებს, და მათ შორის ისტორიასაც, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათაგან. მთავარი არგუმენტი გახლავთ ის, რომ სოციალურ მეცნიერებებში სუბიექტი და ობიექტი ერთსა და იმავე კატეგორიას განეკუთვნება და ორმხრივად ზემოქმედებენ ერთმანეთზე. ადამიანი არა მარტო ყველაზე რთული და ცვალებადი ქმნილებაა ბუნებისა, არამედ ის შესწავლილ უნდა იქნას სხვა ადამიანების მიერ და არა მარტო დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ სხვა სამყაროებიდან. ამ შემთხვევაში ადამიანი აღარ წარმოადგენს მარტოოდენ ბიოლოგიური მეცნიერების საგანს შემადგენელი ნაწილებისა და ფიზიკური რეაქციების შესასწავლად. სოციოლოგებისთვის, ეკონომისტებისა და ისტორიკოსებისთვის მნიშვნელოვანია ჩასწვდნენ ადამიანის ქმედების იმ სფეროებს, სადაც ნებელობა უფრო აქტიურია, გააცნობიერონ, თუ რატომ მოიქცა ადამიანი ასე და არა სხვაგვარად. ეს აყალიბებს ურთიერთობას დამკვირვებელსა და დაკვირვების ობიექტს შორის, რომელიც დამახასიათებელია ისტორიისა და სოციალური მეცნიერებებისათვის. ისტორიკოსი ცდილობს რაც შეიძლება ღრმად ჩაწვდეს დაკვირვების ობიექტს და ისე ჩამოაყალიბოს თავისი შეხედულება. ფარდობითობა სულ უფრო ძლიერდება ისტორიაში. კარლ მანჰაიმის სიტყვებით, „თვით კატეგორიებიც კი, რომელსაც განეკუთვნება ესა თუ ის მოვლენა, შეგროვებისა და დალაგების მეთოდებიც განსხვავდება დამკვირვებლის სოციალური პოზიციის მიხედვით“.21 მაგრამ მთლად სწორი არ უნდა იყოს თვალსაზრისი, რომ სოციალურ სფეროში მომუშავე მეცნიერის მიკერძოებული შეხედულება ყოველთვის მოქმედებს დაკვირვების პროცესზე. ეჭვგარეშეა, რომ დაკვირვების პროცესიც აგრეთვე ზემოქმედებს და სახეს უცვლის დაკვირვების ობიექტს. ეს შეიძლება მოხდეს ორი საპირისპირო გზით; პირველი: ადამიანები, რომელთა მოქმედებებიც ანალიზის ობიექტად იქცა და შეიძლება წინასწარ ითქვას ყველაფერი; და მეორე: არასასურველი მოვლენების წინასწარი ჭვრეტით აიძულონ ადამიანები შეცვალონ მოქმედების სტილი; ასე რომ წინასწარმეტყველება, რაც არ უნდა სწორად დაფუძნებული ანალიზზე, ამტკიცებს თავის ამაოებას. ერთი მიზეზთაგანი, რომლის გამო ისტორია არ მეორდება ისტორიაში გაცნობიერებულ ხალხში, არის ის, რომ დრამის მონაწილე პირები მეორე დადგმაში პირველის წყალობით ხვდებიან, სად ხდება კვანძის გახსნა, და მოქმედებენ უკვე ამ ცოდნის გავლენით.22
ბოლშევიკებმა იცოდნენ, რომ საფრანგეთის რევოლუცია ნაპოლეონით დასრულდა და ეშინოდათ, რომ მათი რევოლუციაც იმავე ფორმით დასრულდებოდა. ამიტომაც მათ უნდობლობა გამოუცხადეს ტროცკის, რომელიც მათი ლიდერებიდან ყველაზე მეტად ჰგავდა ნაპოლეონს და მხარი დაუჭირეს სტალინს, ვინც ნაკლებად წააგავდა ფრანგული რევოლუციის წინამძღოლს. მაგრამ ამ პროცესს შეიძლება არასწორი მიმართულება მიეღო. ეკონომისტი არსებული ეკონომიკური ვითარების ანალიზის საფუძველზე ჭვრეტს მოახლოებულ აღმავლობას ან ჩავარდნას; თუ ამ ეკონომისტს დიდი ავტორიტეტი აქვს და თავის თვალსაზრისსაც სათანადოდ, დაასაბუთებს, თვით წინასწარმეტყველების ფაქტი საკმარისი იქნება, რომ მან ხელი შეუწყოს იმ ფენომენის წარმოქმნას, რომელიც იწინასწარმეტყველა. ეს პოლიტიკასაც ეხება: თუ ამ სფეროში მომუშავე მეცნიერები იმ იმედით სულდგმულობენ, რომ დესპოტიზმს დიდი დღე არ უწერია, თავისი შეხედულებებით შეუძლიათ ხელი შეუწყონ დესპოტის დამხობას. ყველასთვის ცნობილია, თუ როგორ იქცევიან კანდიდატები არჩევნების დროს: ისინი საკუთარ თავს უწინასწარმეტყველებენ ხოლმე გამარჯვებას და მერე ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მათი წინასწარმეტყველება ახდეს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ასევე იქცევიან ეკონომისტებიც, პოლიტოლოგებიც და ისტორიკოსებიც, რომლებსაც გამბედაობა ეყოთ გამოეთქვათ თავიანთი ვარაუდი და შემდეგ ქვეცნობიერად იმედს ეჭიდებიან, რომ შეძლებენ დააჩქარონ მათი წინასწარმეტყველების ცხოვრებაში გატარება. იგივე სრულიად თავისუფლად მიესადაგება ისეთ რთულ ურთიერთობებსა და ურთიერთქმედებებს, რომელიც არსებობს დამკვირვებელსა და დაკვივრების ობიექტს შორის, სოციალურ სფეროში მომუშავე მეცნიერსა და საწყის მონაცემს შორის, ისტორიკოსსა და ფაქტს შორის; ამას ბოლო არ უჩანს და თანაც მუდიმვად იცვლება; სწორედ ეს გახლავთ ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების განმასხვავებელი ნიშანი.
უნდა მოგახსენოთ, რომ ზოგმა ფიზიკოსმა სულ ახლახანს დაიწყო საუბარი ანალოგიებზე ისტორიასა და ფიზიკას შორის, რომელიც სამყაროს იკვლევს. მე მეჩვენება, რომ ჯერ ერთი: მათი დასკვნები ცოტა არ იყოს ბუნდოვანი და გაურკვეველია. ჩემს შემდეგ ლექციაში მე შევეხები ისტორიაში ე.წ. დეტერმინიზმის ბუნებასა და ლიმიტებს. მაგრამ რადგანაც თანამედროვე ფიზიკოსების გაურკვევლობა წარმოადგენს სამყაროს ბუნების ნაწილს, ან უბრალოდ მაჩვენებელს დღევანდლამდე ჩვენი საკუთარი არასრული წარმოდგენისა სამყაროზე (ეს საკითხი ჯერ კიდევ საკამათოა), პირადად მე ეჭვით შევხედავ ღირსშესანიშნავი ანალოგიების ძიებას ჩვენს შესაძლებლობებთან ისტორიული წიანსწარმეტყველებისა ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ ბევრს არ სჯეროდა რამდენიმე ენთუზიასტის მცდელობისაა დაესაბუთებინათ თავისუფალი ნებელობის მოქმედება სამყაროში. მეორე: ჩვენ გვითხრეს, რომ თანამედროვე ფიზიკაში სამყაროში მანძილსა და დროის მონაკვეთს აქვს განზომილება, რომელიც დამოკიდებულია „დამკვირვებლის“ მოძრაობაზე. თანამედროვე ფიზიკაში ყველა განზომილება ცვალებადი ხასიათისაა და ადასტურებს შეუძლებლობას განისაზღვროს მუდმივი თანაფარდობა „დამკვირვებელსა“ და „დაკვირვების ობიექტს“ შორის. ორივე, როგორც „დამკვირვებელი“ და ისე „დაკვირვების ობიექტიც“ წარმოადგენს სუბიექტსაც და ობიექტსაც და დაკვირვების საბოლოო შედეგის შემადგენელ ნაწილს. მაგრამ რამდენად მცირეც არ უნდა იყოს ცვალებადობა თანაფარდობაში ისტორიკოსსა და მისი დაკვირვების ობიექტებს შორის, მაინც არ ვიქნები მომხრე ეს თანაფარდობა შევადარო თანაფარდობას ფიზიკოსსა და სამყაროს შორის. და მიუხედავად იმისა, რომ მე პრინციპში მომხრე ვარ შევამცირო და არა გავზარდო განსხვავებათა რაოდენობა ისტორიკოსსა და მეცნიერს შორის, არასწორ და უვარგის ანალოგიებზე დაყრდნობილი განსხვავებები ვერ დაგვეხმარება ამ პრობლემის გადაწყვეტაში.
უნდა აღინიშნოს, რომ სოციოლოგისა და ისტორიკოსის ჩარევა შესასწავლ ობიექტში სულ სხვა ხასიათს ატარებს, ვიდრე ფიზიკოსისა, ხოლო სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთმიმართების საფუძველზე წამოჭრილი პრობლემები გაცილებით უფრო რთული და დაუსრულებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს საკითხის გადაჭრას. შემეცნების კლასიკური თეორიები, რომელიც არსებობდა მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნეებში, გამოირჩეოდა მკვეთრი დაპირისპირებით სუბიექტსა და ობიექტს შორის. შემდგომი პერიოდის ფილოსოფოსების მოძღვრებებშიც ცალ-ცალკე იყო განხილული სუბიექტი და ობიექტი, ადამიანი და სამყარო. ეს იყო მეცნიერების წარმოშობისა და განვითარების უდიდესი ხანა; ხოლო ამ პერიოდის თეორიებს აშკარად ატყვია მეცნიერების პიონერთა თვალსაზრისის კვალი. ადამიანი და გარესამყარო მკვეთრად დაპირისპირებულია ერთმანეთთან. ადამიანი ერკინება მას როგორც რაღაც უმართავსა და პოტენციურ მტერს: უმართავს იმიტომ, რომ ძნელია მისი შეცნობა, ხოლო მტერს იმიტომ, რომ ვერ იმორჩილებს. თანამედროვე მეცნიერების მიღწევებმა რადიკალურად შეცვალა ეს თვალსაზრისი. დღეს მეცნიერები ბუნების ძალებს აღარ აღიქვამენ მოწინააღმდეგედ, რომელსაც უნდა ებრძოლო, არამედ ძალებად, რომელთანაც შეიძლება გაერთიანება და გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის. შემეცნების კლასიკური თეორიებისთვის მიუღებელი იყო ახალი მიდგომა მოვლენებისადმი, განსაკუთრებით ფიზიკაში. არ არის გასაკვირი, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ეჭვის თვალით უყურებდნენ მათ და არ სურდათ აღეიარებინათ, რომ შემეცნების პროცესი, რომელიც არ მიჯნავს ასე მკვეთრად სუბიექტსა და ობიექტს, ხელს უწყობს მათ შორის ურთიერთმიმართებისა და ურთიერთდამოკიდებულების დადგენას. ეს მოვლენა უაღრესად მნიშვნელოვანია სოციოლოგიისათვის. პირველ ლექციაში მე აღვნიშნე, რომ ისტორიის შესწავლა ძალზედ რთული იყო ტრადიციულ ემპირიულ მეთოდებზე დაყრდნობით. მე შემიძლია დავამტკიცო, რომ სოციოლოგია მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს განიხილავს როგორც ერთდროულად სუბიექტსა და ობიექტს, მკვლევარსა და კვლევის საგანს, გამოირჩევა იმ თეორიებისგან, რომლებიც მკვეთრად მიჯნავენ ერთმანეთისაგან სუბიექტსა და ობიექტს. სოციოლოგიამ, რომელიც ცდილობს ლოგიკურ მეცნიერებად წარმოაჩინოს თავი, სრულიად მიზანდასახულად ჩამოაყალიბა ცალკე მოძღვრება, რომელსაც ეწოდება ცოდნის სოციოლოგია; ის ჯერჯერობით არ არის ფართოდ გავრცელებული, რადგან იძულებულია იტრიალოს ტრადიციული თეორიის ფარგლებში. თუ ფილოსოფოსები გაჰყვებიან თანამედროვე ფიზიკოსებისა და სოციოლოგების კვალს და ეცდებიან გაარღვიონ ჯადოსნური წრე, რათა შექმნან თანამედროვეობისათვის უფრო მისაღები მოდელი ვიდრე საწყისი მონაცემის ზემოქმედებაა ცნობიერებაზე, ეს კარგი ნიშანი იქნება სოციოლოგიისა და, კერძოდ, ისტორიის შემდგომი წინსვლისთვის. ამ პუნქტს კიდევ დავუბრუნდები, როცა განვიხილავ ობიექტურობის საკითხს ისტორიაში.
ბოლო - არა თავისი მნიშვნელობით - საკითხი, რომლის განხილვასაც ვაპირებ, გახლავთ ისტორიის დამოკიდებულება რელიგიასთან და მორალთან. ეს ასპექტი გამოყოფს ისტორიას საერთოდ მეცნიერებისგან და კერძოდ, სოციოლოგიისგან. ისტორიის დამოკიდებულებაზე რელიგიასთან ბევრს არ ვილაპარაკებ; ვიტყვი მხოლოდ იმ აუცილებელს, რაც ნათელს გახდის ჩემს აზრს. სერიოზული ასტრონომი შეიძლება ამავე დროს მორწმუნეც იყოს და სჯეროდეს, რომ ეს სამყარო ღმერთის მიერ არის შექმნილი და მოწესრიგებული. მაგრამ რწმენა გამორიცხავს ისეთი ღმერთის არსებობას, რომელიც სურვილისამებრ ცვლის პლანეტების ბუნებრივ მოძრაობას, იწვევს დაბნელებებს და უგულებელყოფს კოსმოსში არსებულ წესებს. ასევე შეიძლება გაიგონოთ, რომ სერიოზულ ისტორიკოსსაც შეიძლება სწამდეს ღმერთი, რომელმაც მოაწესრიგა და მნიშვნელობა შესძინა ისტორიას მთლიანობაში, მაგრამ არა ისეთი ღმერთისა, რომელიც ნაჩვენებია ძველ აღთქმაში; მისი უზენაესი ნებით მოხდა ამალეკების ჟლეტა, მანვე გაზარდა დღის ხანგრძლივობა იეშუას ჯარის სასარგებლოდ. ისტორიკოსისათვის ასევე მიუღებელია ღმერთი, როგორც ისტორიული მოვლენების განმარტება. მოძღვარი დ'არსი თავის ბოლო წიგნში შეეცადა განემარტა ეს განსხვავება: „რასაკვირველია, ყველა მოვლენა ღვთის ნებით ვერ აიხსნება, მაგრამ სანამ არ დავაკავშირებთ ერთმანეთს ზეციურ და ამქვეყნიურ მოვლენებს, არა გვაქვს უფლება უფრო ღრმა დასკვნები გამოვიტანოთ“.23 ძველ ბერძენ ისტორიკოსს პოლიბიოსს საპირისპირო აზრი ჰქონდა: „სადაც შეიძლება, რომ თავად გაერკვე მომხდარში, ღმერთებს არ უნდა მიმართო“. დ'არსის შეხედულების უვარგისობა იმაში მდგომარებს, რომ რელიგიას ისე ექცევა, როგორც ბანქოს მოთამაშე ჯოკერს, ანუ ინახავს იმ დროისათვის, როცა მხოლოდ ჯოკერის საშუალებით მიაღწევს მიზანს, რადგან სხვა ყველა გზა მოჭრილი აქვს. ლუთერანი თეოლოგი კარლ ბარტი კიდევ უფრო შორს წავიდა, როცა გამოაცხადა საერო და ღვთიური ისტორიის სრული გამიჯვნა და პირველი მათგანი საერო სასამართლოს გადასცა. პროფესორ ბატერფილდსაც, თუ სწორად გავუგე, რაღაც ამდაგვარივე ჰქონდა მხედველობაში, როცა საუბრობდა „ტექნიკურ“ ისტორიაზე. ტექნიკური ისტორია ერთადერთი სახეობაა ისტორიისა, რომლის დაწერასაც მოახერხებთ თქვენც და მეც, ან რომელიც მას ოდესმე დაუწერია. მაგრამ ამ ფრიად ბუნდოვანი ეპითეტის უკან ადვილი შესამჩნევია მისი რწმენა იდუმალი და წინასწარ განსაზღვრული ისტორიისა, რომლებიც არ აინტეერსებს უმეტესობა ჩვენთაგანს და არ თვლის საჭიროდ რაიმე კავშირი იქონიოს მასთან. ისეთი მწერლები, როგორიც ბერდიაევი, ნიბური და მარიტენი, აღიარებდნენ ისტორიის ავტონომიურ სტატუსს, მაგრამ თვლიდნენ, რომ ისტორიის შედეგი და მიზანი მის გარეთ უნდა ვეძიოთ. პირადად ჩემთვის ძალიან ძნელია ისტორიის არსი და მნივშნელობა დავაკავშირო რაღაც ზეისტორიული ძალების რწმენასთან, იქნება ეს რჩეული ხალხის ღმერთი, ქრისტიანული ღმერთი, დეისტის უხილავი ხელი, თუ ჰეგელის სამყაროს გონი. მე მიმაჩნია, რომ ისტორიკოსმა თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი პრობლემები ყოველგვარი deus ex machina-ს გარეშე; დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ისტორია არის ბანქოს თამაში უჯოკეროდ.
ისტორიის მიმართება მორალთან უფრო რთულია და წარსულში ამ საკითხზე მსჯელობას ბუნდოვანებისა და ორაზროვნების ელფერი დაჰკრავდა. დღეს უკვე ყველასთვისს ცხადია, რომ ისტორიკოსი არ არის ვალდებული განიხილოს მისი გმირების კერძო ცხოვრების მორალური მხარე. ისტორიკოსისა და მორალისტის მიზანი და თვალსაზრისი განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჰენრი VIII შეიძლება ყოფილიყო ცუდი ქმარი, მაგრამ კარგი მეფე. ისტორიკოსის ინტერესი მისი პიროვნების მიმართ გაპირობებულია მხოლოდ იმით, თუ რა გავლენა იქონია ამ მეფემ თავისი ქვეყნის პოლტიკურ მოვლენებზე. თუ მისმა პირადმა ცოდვებმა ოდნავ მაინც იქონია გავლენა სახელმწიფო საქმეებზე, როგორც ეს ჰენრი II-ის შემთხვევაში მოხდა, ამან არ უნდა შეაწუხოს ისტორიკოსი. ეს ეხება როგორც სათნოებას, ისე მანკიერებას. როგორც ამბობენ, პასტერი და აინშტაინი პიროვნულად სამაგალითო და კეთილშობილი ადამიანები იყვნენ, მაგრამ თუკი ისინი მოღალატე ქმრები, მკაცრი მამები და არაკეთილსინდისიერი კოლეგები აღმოჩნდებოდნენ, განა ამ პიროვნებათა ისტორიული მნიშვნელობა ნაკლები იქნებოდა? და სწორედ ამ მხარემ უნდა დააინტერესოს ისტორიკოსი პირველ რიგში. ამბობენ, რომ სტალინი საშინლად ეპყრობოდა თავის მეორე ცოლს, მაგრამ, მე, როგორც სსრკ-ის ისტორიის მკვლევარს, ნაკლებად მაწუხებს ეს ამბავი. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ პირად ზნეობრიობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ანდა მორალის ისტორიას არ გააჩნია თავისი ადგილი ისტორიულ მეცნიერებაში, მაგრამ ისტორიკოსი არ არის ვალდებული ზნეობრივი შეფასება მისცეს თავისი გმირების კერძო ცხოვრებას; მას სხვა მიზნები აქვს.
გაცილებით მეტ სირთულეებთან გვაქვს საქმე, როცა ვაფასებთ მთელი ერის, ან საზოგადოების ქცევის ზნეობრივ ნორმებს. თვალსაზრისს, რომ ისტორიკოსი ვალდებულია ზნეობრივი შეფასება მისცეს მის გმირებს, ღრმა ფესვები აქვს; მაგრამ ეს შეხედულება არასდროს ყოფილა ისე მძლავრი, როგორც მე-19 საუკუნის ბრიტანეთში, რაც გაპირობებული იყო როგორც იმ ეპოქაში მომძლავრებული მორალური ტენდენციებით, ისე ინდივიდუალიზმის კულტით. როზენბერის სიტყვებით, ინგლისელების ინტერესი ნაპოლეონის მიმართ ამოიწურება მხოლოდ იმით, „კარგი კაცი იყო თუ არა“.24 ექტონი თავის მიმოწერაში კრეიტონთან აღნიშნავდა, რომ „მორალური პრინციპების სიმყარე წარმოადგენს ისტორიის გავლენის საიდუმლოს, ღირსებასა და პრაქტიკულ მარგებლობას“ და მოითხოვდა ისტორია გამხდარიყო „არბიტრი კამათის დროს, მანათობელი ვარსკვლავი გზააბნეულთათვის, მხარდამჭერი იმ მორალური სტანდარტებისა, რომელიც მუდამ იქელებოდა სამყაროსა და თვით რელიგიის ძალების მიერ“25. ექტონის ეს თვალსაზრისი დამყარებული იყო ისტორიული ფაქტების ობიექტურობისა და უზენაესობის თითქმის მისტიურ რწმენაზე; ის ისტორიას განიხიალვს როგორც რაღაც ზეისტორიული ძალის გამოვლინებას, რაც უფლებას აძლევს ისტორიკოსს გვერდი აუაროს ისტორიულ მოვლენებში მონაწილე პიროვნებების ზნეობრივ შეფასებას. ამგვარი მიდგომა მოულოდნელი ფორმით ხანდახან ახლაც წამოყოფს ხოლმე თავს. პროფესორ ტოინბის აზრით, მუსოლინის თავდასხმა აბისინიაზე 1935 წელს „პირადად მისი ბრალი“ იყო და სხვა არაფერი26, ხოლო ი. ბერლინი თავის ესეში, საიდანაც ადრე უკვე მოვიტანე ციტატა, გაცხარებული ამტკიცებს, რომ სწორედ ისტორიკოსის მოვალეობაა „ხოცვა-ჟლეტისთვის პასუხი მოსთხოვოს პირადად შარლემანს და ნაპოლეონს, ჩინგიზ ხანს, სტალინს და ჰიტლერს“27. ეს თვალსაზრისი გააკრიტიკა პროფესორმა ნოულზმა; მან თავის საინაუგურაციო გამოსვლაში მოიტანა მოტლის სიტყვები ფილიპ II-ზე: „თუ არსებობს შეცოდებები, რომელიც მას არ ახასიათებდა, ეს იმიტომ რომ ადამიანის ბუნებას არ ძალუძს მიაღწიოს სრულყოფილებას მანკიერებაშიც კი“ (და სტაბსის სიტყვები მეფე ჯონზე - „ის ჩაძირული იყო ყველანაირ მანკიერებაში, რომელსაც კი შეუძლია ჩირქი მოსცხოს ადამიანს“); ორივე გამონათქვამი მოყვანილია როგორც პიროვნების მორალური შეფასების ნიმუში, რაც არ შედის ისტორიკოსის კომპეტენციაში; პროფესორის აზრით, „ისტორიკოსი არ არის მოსამართლე და მით უფრო ჯალათი“28. მაგრამ კროჩესაც აქვს მშვენიერი სიტყვები, რომლის ციტირებაც მინდა შემოგთავაზოთ: „საბრალდებო დასკვნა არ ითვალისწინებს ერთ უაღრესად მნიშვნელოვან მომენტს, რომ ჩვენი სასამართლო (იურიდიული იქნება ის თუ მორალური) განკუთვნილია ამჟამად ცოცხალ და დღესდღეობით მოქმედ ბოროტმოქმედთათვის და არა გარდასულ დღეთა საშიშ პიროვნებათათვის, რომლებიც უკვე წარსდგნენ თავისი დროის სასამართლოს წინაშე და არ შეიძლება გასამართლებულ და დასჯილ იქნენ ხელმეორედ. ისინი აღარ აგებენ პასუხს არანაირი სასამართლოს წინაშე, რადგან წარმოადგენენ წარსულის ნაწილს, ისტორიულ სუბიექტებს და მათზე მსჯელობა შეუძლებელია, თუ არ ჩავწვდებით და ბოლომდე არ გავიაზრებთ მათი ქმედებების არსს... ისინი, ვისაც ისტორიის საფუძველზე თავი მოაქვთ მოსამართლეებად - ვიღაცას ადანაშაულებენ, ხოლო ვიღაცას ამართლებენ - აბსოლუტურად მოკლებულნი არიან ისტორიული აღქმის უნარს“29. და თუ ვინმე უკმაყოფილებას ვერ ფარავს იმ თვალსაზრისის გამო, რომ ისტორიკოსი არ უნდა შეეხოს მორალურ ჭრილში პიროვნებას - იქნება ეს ჰიტლერი, სტალინი ან თუნდაც სენატორი მაკარტი, იმიტომ, რომ ისინი ბევრი ჩვენთაგანის თანამედროვენი იყვნენ და ასობით თუ ათასობით ადამიანი, ვისაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ შეეხო ის ტანჯვა-წვალება, რაც ამ პიროვნებების ქმედებებით იყო გამოწვეული, ჯერაც ცოცხალია და სწორედ ამ მიზეზით ჩვენთვის ძნელია ისტორიკოსის თვალით შევხედოთ მათ და უკუვაგდოთ ყოველივე, რაც ხელს გვიშლის მათი მოქმედებების შეფასებაში. ეს გახლავთ ერთ-ერთი პრობლემა, მე ვიტყოდი უმთავრესი პრობლემა თანამედროვე ისტორიკოსისა. მაგრამ რას მოგვიტანს ახლა შარლემანის ან ნაპოლეონის ცოდვების გამომზეურება?
მოდით, ჯერჯერობით შევეშვათ ჩვენს წარმოდგენას ისტორიკოსზე როგორც ჯალათზე და მივუბრუნდეთ გაცილებით რთულ საკითხს - ისტორიკოსის პოზიციას - არ მისცეს ზნეობრივი შეფასება არა მარტო ცალკეული პიროვნებების მოქმედებას, არამედ ისტორიულ მოვლენებს, წარსულის სახელმწიფო ინსტიტუტებს და პოლიტიკას. ამგვარი შეფასება უაღრესად მნიშვნელოვანია ისტორიკოსისათვის, ხოლო ვინც დაჟინებით მოითხოვს დავგმოთ ამა თუ იმ ცალკეული პიროვნების ქმედება მორალის თვალსაზრისით, უნებლიედ პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს სხვადასხვა დაჯგუფებას ან მთელ საზოგადოებას. ამის მაგალითს წარმოადგენს ფრანგი ისტორიკოსი ლეფევრი, რომელიც ცდილობს ფრანგულ რევოლუციას აარიდოს პასუხისმგებლობა სისხლის ღვრასა და ხოცვა-ჟლეტაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების დროს და ყველაფერი ეს გადააბრალოს „გენერლის დიქტატორულ ხასიათს... რომლის ტემპერამენტიც ადვილად ვერ ეგუებოდა მშვიდობასა და სიწყნარეს“30. დღესდღეობით გერმანელებიც მზად არიან ყველაფერი მიაწერონ ჰიტლერის პიროვნულ უსუსურობას, ოღონდაც თავიდან აიცილონ ისტორიკოსის მიერ მთელი საზოგადოების მორალური გაკიცხვა, საზოგადოებისა, რომელმაც წარმოშვა ჰიტლერი. რუსები, ინგლისელები, ამერიკელები თავს ესხმიან სტალინის, ჩემბერლენისა და მაკარტის პიროვნებებს როგორც მათ ბოროტმოქმედებათა პირველწყაროებს. უფრო მეტიც: პიროვნებათა ზნეობის პანეგირიკული შეფასება შეიძლება ისეთივე არასწორი და საზიანო აღმოჩნდეს, როგორც მათი ზნეობის ზედმეტად განქიქება და ეჭვის ქვეშ დაყენება. ზოგიერთი მონათმფლობელის პიროვნულ მაღალზნეობრიობას ხშირად იყენებდნენ მონათმფლობელობის, როგორც ყოვლად ამორალური წყობილების, გასამართლებლად. გერმანელმა ისტორიკოსმა და სოციოლოგმა მაქს ვებერმა შეიმუშავა ე.წ. „გაგებითი სოციოლოგია“, რომლის მიხედვით „სოციოლოგიური კვლევის ამოცანაა მოცემული ეპოქის გაბატონებული იდეების შემეცნება და არა იმ პიროვნებებისა, რომლებმაც შეიმუშავეს ეს იდეები“.31იგი მატერიალისტური მონიზმის საპირსიპიროდ იცავს მეთოდოლოგიურ პლურალიზმს. მისი აზრით, ისტორიკოსი არ არის ვალდებული განიხილს რომელიმე აღმოსავლელი დესპოტის პიროვნება, მაგრამ აუცილებლად მისი ინტერესების სფეროში უნდა შედიოდეს აღმოსავლეთის დესპოტიზმისა და პერიკლეს დროინდელი ათენის საზოგადოების ანალიზი; ისტორიკოსს შეუძლია არ შეეხოს რომელიმე მონათმფლობელის პიროვნულ ზნეობას, მაგრამ გვერდს ვერ აუვლის მონათმფლობელობის, როგორც სოციალური წყობის, მორალურ შეფასება. როგორც ვხედავთ, ისტორიული ფაქტები გარკვეულ წილად წარმოადგენს ინტერპრეტაციის წინაპირობას, ხოლო ისტორიული ინტერპრეტაცია თავის მხრივ ყოველთვის შეიცავს მორალური შეფასების ელემენტს, ან თუ უფრო ნეიტრალურ ტერმინს ანიჭებთ უპირატესობას - ღირებულ და არსებით შეფასებას.
სწორედ აქ იწყება ჩვენი სიძნელეები. ისტორია ბრძოლის პროცესია, რომელშიც შედეგს (მიუხედავად იმისა, დადებითად ვაფასებთ ამ შედეგს თუ უარყოფითად) - პირდაპირ თუ არაპირდაპირ - უფრო მეტად კი პირდაპირ - აღწევს გარკვეული ჯგუფი სხვების ხარჯზე. წაგებული იხდის. ტანჯვა-წვალება ისტორიის დამახასიათებელი ნიშანია. ყველა ისტორიულ ეპოქას აქვს თავისი ჩავარდნისა და აღმავლობის პერიოდები. ეს უაღრესად რთული საკითხია, რადგან არ გაგვაჩნია საზომი ერთეული, რომლითაც განვსაზღვრავდით ადამიანების თავგანწირვის საზღაურს სხვების საკეთილდღეოდ. თუმცა, საჭიროა მოიძებნოს რაღაც წონასწორობა ამ საკითხში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ისტორიის პრობლემა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ გაცილებთი ხშირად, ვიდრე გვგონია, აღმოვჩნდებით ხოლმე ისეთ სიტუაციაში, როცა ორი ბოროტებიდან ნაკლები უნდა ავირჩიოთ, ან ჩავიდინოთ ბოროტება სიკეთის მოლოდინის იმედით. ისტორიაში ეს საკითხი ზოგჯერ განიხილება როგორც „პროგრესის საზღაური“ ან „რევოლუციის ფასი“. ეს არ არის სწორი. როგორც ბეკონი აღნიშნავს თავის ესეში „მეცნიერებათა დიადი გადახალისება“, „ძველი წარმოდგენების ჯიუტად დაცვა ისევე ძნელია, როგორც მათი გადახალისება“. ამ ტვირთის სიმძიმეს ერთნაირად გრძნობენ როგორც კონსერვატორები, ისე ნოვატორები. თეზისი, რომ ხალხის ერთი ნაწილის კეთილდღეობა ამართლებს სხვების ტანჯვას, უპირობოდ არის მიღებული ყველა მთავრობის მიერ და წარმოადგენს როგორც კონსერვატიულ, ასევე რადიკალურ დოქტრინას; დოქტორ ჯონსონი ცდილობს „ნაკლები ბოროტების“ არგუმენტით გაამართლოს არსებული უთანასწორობა.
ჯობს, რაღაც გარკვეული ნაწილი ადამიანებისა იყოს უბედური და უკმაყოფილო, ვიდრე ყველა, რაც უცილობელი შედეგი იქნება საყოველთაო თანასწორობისა“.32 ამ საკითხმა ყველაზე მწვავე ხასიათი რადიკალური ცვლილებების პერიოდში მიიღო, რამაც შესაძლებლობა მოგვცა უფრო ადვილად ჩავწდომოდით ისტორიკოსის დამოკიდებულებას მის მიმართ.
მოდით, მაგალითისთვის ავიღოთ ინდუსტრიალიზაციის პროცესი დიდ ბრიტანეთში, ვთქვათ, 1780-1870 წლებში. ნებისმიერი ისტორიკოსისათვის ინდუსტრიალიზაციის პროცესი მნიშვნელოვანი მიღწევა და პროგრესული ფაქტია თავისთავად, მაგრამ მან უარყოფითი მხარეებიც უნდა აღწეროს, აი ისეთი, როგორიცაა გლეხების აყრა მიწებიდან, ნახირივით მუშების შეყრა ქარხნების და ფაბრიკების არაჯანსაღ ატმოსფეროში, ამას ემატება საცხოვრებელი ადგილებში სიბინძურე, ანტისანიტარია და ბავშვთა შრომის გამოყენება. ისტორიკოსმა შეიძლება თქვას, რომ შრომის არასწორი ექსპლუატაცია და მუშებისთვის დამახასიათებელი აგრესიულობა სისტემის ბრალია და სიამოვნებით ისაუბრებს ჰუმანურობის ზრდაზე უკვე ჩამოყალიბებულ სისტემაში. მაგრამ უსიტყვოდაც ცხადია, რომ ძალისმიერი მეთოდები და ექსპლუატაცია ინდუსტრიალიზაციის განუყოფელი ნაწილია, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე მაინც. მე არ მეგულება ისტორიკოსი, რომელიც იტყვის, რომ, იქნება სჯობდეს, გარკვეული დროით შევაჩეროთ პროგრესი და ინდუსტრიალიზაცია. თუკი ვინმე მაინც არსებობს ასეთი, ის უეჭველად მიეკუთვნება ჩესტერტონისა და ბელოკის სკოლას და სერიოზული ისტორიკოსების მხრიდან უყურადღებოდ რჩება. ეს მაგალითი განსაკუთრებით მნივშნელოვანია პირადად ჩემთვის, რადგან ვიმედოვნებ სულ მალე შევეხო კოლექტივიზაციის პრობლემას საბჭოთა რუსეთის ისტორიაში და განვიხილო იგი, როგორც ინდუსტრიალიზაციის შედეგი. მე კარგად მესმის, რომ თუ გავყვები იმ ისტორიკოსების მაგალითს, რომლებიც მუშაობენ ინდუსტრიული რევოლუციის პრობლემებზე ბრიტანეთში და კოლექტივიზაციის დროს დაშვებულ ყველა შეცდომას მივაწერ ინდუსტრიალიზაციის საჭირო და მნიშვნელოვან პოლიტიკას, ხოლო ამ პროცესისთვის დამახასიათებელ სისასტიკეებს ნათელი და დიადი მიზნით გავამართლებ, ვერაფრით ავცდები ცინიკოსისა და „ცოდვების მიმტევებლის“ იარლიყს. ისტორიკოსებმა კარგა ხანია აპატიეს მე-19 საუკუნის დასავლელ კოლონიზატორებს აზიისა და აფრიკის დაპყრობა არა მარტო სწრაფი შედეგიანობის გამო მსოფლიო ეკონომიკაში, არამედ უაღრესად ეფექტური და დადებითი ზეგავლენის გამო ამ კონტინენტების ჩამორჩენილ ხალხებზე. სხვას რომ თავი დავანებოთ, თანამედროვე ინდოეთი ბრიტანეთის მმართველობის პირმშოა, ხოლო ამჟამინდელი ჩინეთი წარმოადგენს ნაზავს მე-19 საუკუნის დასავლური იმპერიალიზმისა და რუსული რევოლუციისა. საუბედუროდ, ჩინელი მუშები არ შედიოდნენ იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებიც მუშაობდნენ დასავლეთის მფლობელობაში არსებულ საწარმოებში: საგარეო ვაჭრობის პორტებში, სამხრეთ აფრიკის მაღაროებში, ან პირველი მსოფლიო ომის სამხრეთის ფრონტზე. მათ ერგოთ ყველანაირი დიდება, პატივი და სარგებელი, რაც კი შეიძლება მოეტანა მათთვის ჩინეთის რევოლუციას. ის, ვინც იხდის, ძალიან იშვიათად თუ იხვეჭს პატივსა და დიდებას. ენგელსის ცნობილი გამონათქვამი, ჩემი აზრით, ზუსტად შეესაბამება ზემოთქმულს: „ისტორია ყველაზე უწყალო ღვთაებაა, რომელსაც შეუძლია გადააბიჯოს გვამების გროვას არა მარტო ომიანობის დროს, არამედ „მშვიდობიან“ ეკონომიკური განვითარების პროცესშიც. და ჩვენ, სამწუხაროდ, იმდენად ლენჩები ვართ, რომ სითამამე არ გვყოფნის ჭეშმარიტი პროგრესის მისაღწევად, გზა კი მისკენ მხოლოდ ტანჯვა-წამებაზე გადის“.33 ივან კარამაზოვის დაუმორჩილებლობა, მართალია, გმირული საქციელი იყო, მაგრამ მაინც შეცდომა. ჩვენ ყველა საზოგადოების შვილები ვართ, და აქედან გამომდინარე, ისტორიის შვილები. ჩვენზე გაცემული საშვი არასდროს გვაძლევს არჩევანის საშუალებას - მივიღოთ თუ უარვყოთ იგი. ისტორიკოსის მიმართება ტანჯვის პრობლემისადმი არ გამოირჩევა მეტი დამაჯერებლობით ვიდრე თეოლოგისა. ისტორიკოსიც იზიარებს თეზისს ორი ბოროტებიდან ნაკლების არჩევისა და მეტი კეთილდღეობისა. ისტორიკოსი მეცნიერისგან განსხვავებით ზნეობრივ შეფასებას აძლევს თავის მასალას; მაგრამ განა ეს ფაქტი ამტკიცებს რომ ისტორია ექვემდებარება ზეისტორიის ფასეულობებს? მე ასე არ ვთვლი. მოდით, განვიხილოთ ისეთი აბსტრაქტული ცნებები, როგორიცაა „კარგი“ და „ცუდი“ და ამ ცნებების განვითარების უფრო რთული ფორმა ისტორიული მეცნიერების ფარგლებში. ასეც რომ იყოს, ეს ცნებები ისტორიული მორალის კვლევისას დაახლოებით იმავე როლს თამაშობს, როგორც მათემატიკური და ლოგიკური ფორმულები საბუნებისმეტყველო მეცნიერებისთვის. ისინი აზროვნების უცილობელი კატეგორიებია, მაგრამ განსხვავებული მნიშვნელობებით და გამოყენების სფეროებით, თქვენ წარმოიდგინეთ შინაარსითაც კი, რომელსაც ვდებთ ამ ცნებებში. შემიძლია სხვა შედარებაც შემოგთავაზოთ: ზნეობრივი მოთხოვნები, რომელსაც ვუყენებთ ისტორიას და ყოველდღიურ ცხოვრებას, ძლიერ წააგავს ბანკის ჩეკს, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: პირველში უნდა ჩაიბეჭდოს, ხოლო მეორეში ხელით ჩაიწეროს გარკვეული მონაცემები. დასაბეჭდი ნაწილი შედგება ისეთი აბსტრაქტული ცნებებისგან, როგორიცაა, მაგალითად, „თავისუფლება“ და „თანასწორობა“, „სამართლიანობა“ და „დემოკრატია“. მაგრამ ჩეკს არა აქვს ძალა, სანამ არ შევავსებთ მეორე ნაწილსაც, სადაც მითითებულია, თუ რა მასშტაბის თავისუფლებას ვანიჭებთ და ვის, ასევე მითითებულია, თუ ვის ვთვლით ჩვენს თანასწორად, ანდა ვის რა სიმაღლეზე ვაყენებთ. ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე ჩვენს მიერ შევსებული ნაწილი დროდადრო ცვლილებებს განიცდის. კონკრეტული შინაარსი, რომელსაც ვანიჭებთ ამა თუ იმ აბსტრაქტულ ცნებას, წარმოადგენს ისტორიულ პროცესს; და მართლაც, ჩვენი მორალური შეფასება არ ცდება კონცეპტუალურ ჩარჩოებს, რომელიც თავის მხრივ ისტორიის პირმშოა. მორალურ საკითხებზე თანამედროვე დაპირისპირების ნოყიერ საფუძველს წარმოადგენს განსხვავებული წარმოდგენა თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. კონცეფციები ასბტრაქტულია და უნივერსალური, მაგრამ შინაარსი, რომელსაც ვანიჭებთ მათ სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს სრულიად განსხვავებულია ისტორიული განვითარების პროცესში. ნებისმიერი პრაქტიკული გადაწყვეტა ამ სადავო საკითხისა შეიძლება კამათის და წვდომის საგანი გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განვიხილავთ მას ისტორიულ ასპექტში. ავიღოთ ნაკლებად გავრცელებული მაგალითი, იყო მცდელობა გამოეყენებინათ „ეკონომიკური რაციონალიზმის“ კონცეფცია, როგორც ობიექტური და ყველასთვის მისაღები კრიტერიუმი, რომლითაც შეფასდებოდა ეკონომიკური პოლიტიკის სასურველობა. ეს მცდელობა კრახით დამთავრდა. თეორეტიკოსებმა იგი აღიქვეს როგორც ირაციონალიზმის შეჭრა რაციონალურ ეკონომიკურ პროცესში; მაგალითად, მგეგმავებმა უარი თქვეს გაეთვალისწინებინათ მოთხოვნისა და მიწოდების კანონი, რის შედეგადაც გათვალისწინებული გეგმით ფინანსები შეიძლება რაციონალური ბაზისის გარეშე დარჩენილიყო. ძალიან ხშირად მგეგმავები ირაციონალურად და სულელურადაც მოქმედებენ, მაგრამ კლასიკური ეკონომიკის ძველი „ეკონომიკური რაციონალიზმი“ არ გამოდგება მათი ქმედების კრიტერიუმად. პირადად მე საპირისპირო თვალსაზრისი უფრო მომწონს, რომ ეს იყო გაუკონტროლებელი, არაორგანიზებული და თვითდინებაზე მიშვებული ეკონომიკა, ხოლო დაგეგმარება წარმოადგენდა მცდელობას, „ეკონომიკური რაციონალიზმის“ ელემენტი შეეტანა ამ პროცესში. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ აბსტრაქტული და სუპერისტორიული სტანდარტებით არ შეიძლება ვიმსჯელოთ ისტორიულ მოვლენებზე. ეს სტანდარტები აუცილებლად უნდა მივუსადაგოთ კონკრეტულ ისტორიულ ვითარებას და დროის მისწრაფებებს.
ეს არის პირდაპირი დარტყმა იმათ მიმართ, ვინც ისტორიული მოვლენებისა და სიტუაციების შეფასებისას არ ითვალისწინებს სუპერ-ისტორიულ სტანდარტებსა და კრიტერიუმებს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს სტანდარტები - იქნება ეს ღვთიური ძალა, როგორც ფიქრობენ თეოლოგები თუ სტატიკური მიზეზი ან ბუნება, როგორც ფიქრობენ ფილოსოფოსები განმანათლებლური ეპოქისა. ამის მიზეზი არ გახლდათ სტანდარტის არასრულფასოვანი გამოყენება ან რაიმე ზადი თვით სტანდარტის შიგნით. მიზეზი გახლავთ ის, რომ ამგვარი სტანდარტების თავად გამოყენებაა ანტიისტორიული და ეწინააღმდეგება ისტორიის არსს, რადგან იძლევა უაღრესად დოგმატურ პასუხებს მუდამ მაძიებელი ისტორიკოსის პროფესიიდან გამომდინარე ახალ-ახალ შეკითხვებზე. და თუ ისტორიკოსი თანახმაა მიიღოს წინასწარ შემზადებული განმარტებები, ე.ი. ის ბრმად მიჰყვება დინებას და უარს ამბობს თავის მოწოდებაზე. ისტორია მოძრაობაა, ხოლო მოძრაობა გულისხმობს შედარებას. ამიტომაც ისტორიკოსები რაიმე მოვლენის ზნეობრივი შეფასებისას უპირატესოაბს ანიჭებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „პროგრესული“ ან „რეაქციული“ და არა ურყევი, უეჭველი და მაქსიმალური ცნებების შემცველ სიტყვებს, როგორიცაა „კარგი“ და „ცუდი“. ეს წარმოადგენს მცდელობას განისაზღვროს სხვადასხვა საზოგადოება ან ფენომენი არა რაღაც აბსოლუტურ სტანდარტთან მიმართებაში, არამედ ურთიერთმიმართებაში. უფრო მეტიც, თუ უფრო დაკვირვებით შევისწავლით ამ ე.წ. აბსოლუტურ და ექსტრა-ისტორიულ ღირებულებებს, ადვილად აღმოვაჩენთ, რომ ისინი ისტორიიდან იღებენ სათავეს. მოცემულ დროს და მოცემულ ადგილზე განსაკუთრებული ფასეულობისა ან იდეალის აღმოცენება შეიძლება აიხსნას გარკვეულ დროს და გარკვეულ ადგილას ჩამოყალიბებული ისტორიული პირობებით. კონკრეტული შინაარსი ისეთი აბსტრაქტული ცნებებისა, როგორიცაა თანასწორობა, თავისუფლება, სამართლიანობა ან უბნების კანონი სხვადასხვა შეფერილობას იღებს დროთა განმავლობაში და სხვადასხვა კონტინენტზე. ყველა დაჯგუფებას გააჩნია საკუთარი ღირებულებები, რომელიც ისტორიიდან იღებს სათავეს. ყველა დაჯგუფება ცდილობს თავი დაიცვას უცხო და არასასურველი ღირებულებებისგან, რომელიც თავის ნაკვალევს ტოვებს და განისაზღვრება ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით, როგორიცაა ბურჟუა და კაპიტალისტი, ანტიდემოკრატიული და ტოტალიტარული, ან უფრო ზოგადად - არაინგლისური და არაამერიკული. ფასეულობის აბსტრაქტული სტანდარტი, რომელსაც არაფერი აკავშირებს საზოგადოებასთან და ისტორიასთან, ისეთივე ილუზიაა, როგორც აბსტრაქტული პიროვნება. ისტორიკოსი არის ის ადამიანი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ყველა ღირებულების დამოკიდებულება ისტორიულ ვითარებაზე და არ ამტკიცებს საკუთარი ღირებულებების ობიექტურობას ისტორიისგან მოწყვეტით. ჩვენი შეხედულებები და შეფასების სტანდარტები წარმოადგენს ისტორიის შემადგენელ ნაწილს და მისი კვლევის საგანს ისევე, როგორც ადამიანის მოღვაწეობის სხვა ნებისმიერი სფერო. დღევანდელ დღეს მეცნიერთა მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელშიც სოციოლოგები უმცირესობას წარმოადგენენ, შეიძლება ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობის რაიმე პრეტენზია. მაგრამ ისტორიას არ გააჩნია არანაირი დასაყრდენი საკუთარი დოქტრინის გარეთ, რომელიც განასხვავდება მას სხვა მეცნიერებათაგან.
ნება მომეცით, შევაჯამო ისტორიის ყველა მოთხოვნა სხვა მეცნიერებათა რიგში მისი ჩართვის თაობაზე. სიტყვა „მეცნიერება“ მოიცავს ცოდნის იმდენ სფეროს, მეთოდსა და ტექნოლოგიას, რომ პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე აწვება არა იმათ, ვინც ცდილობს გამორიცხოს ისტორია მეცნიერებათა რიგებიდან, არამედ იმათ, ვინც ცდილობს შეიყვანოს იგი მათ რიგებში. აღსანიშნავია, რომ გამოყოფის არგუმენტაცია მომდინარეობს არა სხვა სფეროს მეცნიერებიდან, რომლებსაც არ სურთ ისტორიკოსები მათ წრეში იხილონ, არამედ თავად ისტორიკოსებისა და ფილოსოფოსებისგან, რომლებსაც სურთ ისტორია ჩამოყალიბდეს ცალკე დარგად და მიენიჭოს აღმწერის სტატუსი. ეს ადეა ასახავს უძველესი დროიდან არსებულ მიკერძოებულ და არაობიექტურ შეხედულებას „ჰუმანიტარული მეცნიერებებისა“ და „მეცნიერების“ გაყოფის თაობაზე, როცა ჰუმანიტარები წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მმართველი კლასის მრავალმხრივი კულტურის წარმომადგენლები, ხოლო მეცნიერება - ტექნიკური დარგის მუშაკების უნარი, რომელიც ემსახურება მას. თავად სიტყვები „ჰუმანიტარული“ და „ჰუმანიტარული მეცნიერებანი“ წარმოადგენს იმდროინდელ გადმონაშთს. ხოლო ის ფაქტი, რომ განსხვავება „მეცნიერებასა“ და „ისტორიას“ შორის არსებობს მხოლოდ ინგლისურ ენაში, ცხადყოფს ამვგარი მიკერძოებული შეხედულების ვიწრო ბრიტანულ ხასიათს. უმთავრესი მოსაზრება, რომლის გამოც ვთვლი, რომ ისტორია მეცნიერებაა, გახლავთ ის, რომ ისტორია ამართლებს და უკვდავყოფს ბზარს ე.წ. „ორ კულტურას“ შორის. თავად ბზარი ნაყოფია უძველესი დროიდან მოყოლებული მიკერძოებული შეხედულებისა, რომელიც ეფუძნება ინგლისური საზოგადოების კლასობრივ სტრუქტურას, რაც წარსულის საკუთრებას წარმოადგენს. არა მგონია, რომ განსხვავება ისტორიკოსსა და გეოლოგს შორის უფრო ღრმა და გადაულახავი იყოს, ვიდრე განსხვავება გეოლოგსა და ფიზიკოსს შორის. მაგრამ ამ განსხვავების წასაშლელად არ კმარა, ჩემი აზრით, ისტორიკოსმა აითვისოს მეცნიერების ელემენტარული საფუძვლები, ხოლო მეცნიერმა - ისტორიისა. ეს გზა ვერ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად მეცნიერები ასე არ იქცევიან: მე არასდროს გამიგია, რომ ინჟინრისთვის შეეთავაზებინათ ბოტანიკის საფუძვლების შესწავლა.
გავბედავ და ერთ საშუალებას მაინც შემოგთავაზებთ ისტორიული კრიტერიუმის გასაუმჯობესებლად, რათა, თუ შეიძლება ითქვას, უფრო მეცნიერული ხასიათი მივცეთ მას და ჩვენი მოთხოვნებიც გაცილებით დამაჯერებლად ჩამოვაყალიბოთ. ისტორია, როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთი აკადემიური საგანი, შეიძლება უფრო მრავალფეროვან დისციპლინად მოეჩვენოს იმათ, ვისთვისაც ანტიკური ლიტერატურა მეტისმეტად რთულია, ხოლო მეცნიერება - მეტისმეტად სერიოზული. ჩემი მიზანია დაგიმტკიცოთ, რომ ისტორია გაცილებით რთული საგანია, ვიდრე ანტიკური ლიტერატურა და ისეთივე სერიოზული, როგორც ნებისმიერი სხვა მეცნიერება. ჩემს მიერ შემოთავაზებული საშუალება თავად ისტორიკოსებს განუმტკიცებს საკუთარი ძალებისა და საქმიანობის რწმენას. სერ ჩარლზ სნოუმ ახლახანს წაკითხულ ლექციაში მკვეთრად გამიჯნა მეცნიერის „დაუოკებელი“ ოპტიმიზმი და „ყრუ ხმა“ ან „ანტი-სოციალური გრძნობა“, რასაც ის „ლიტერატურულ ინტელექტუალს“ უწოდებს34. ზოგიერთი ისტორიკოსი, უმეტესწილად კი არაისტორიკოსი, რომელიც უბრალოდ ისტორიაზე წერს, მიეკუთვნება „ლიტერატურული ინტელექტუალების“ კატეგორიას. იმდენად დიდია მათი სურვილი დაგვიმტკიცონ, რომ ისტორია არ არის მეცნიერება, აგვიხსნან როგორი არ შეიძლება ან არ უნდა იყოს იგი, რისი გაკეთება არ ძალუძს და არც უნდა გააკეთოს, რომ ხშირად დრო აღარ რჩებათ გაწვდნენ მის მიღწევებსა და პოტენციალს.
მეორე გზა ბზარის აღმოსაფხვრელად გახლავთ მეცნიერისა და ისტორიკოსის საბოლოო მიზნის იგივეობის გათვითცნობიერება; და სწორედ ამ მთავარი ღირსების გამო გაიზარდა ინტერესი მეცნიერების ისტორიისა და ფილოსოფიის მიმართ. მეცნიერები, სოციოლოგები და ისტორიკოსები, მართალია, სხვადასხვა სფეროში მუშაობენ, მაგრამ კვლევის საგანი ერთი აქვთ: ადამიანი და მისი გარემო, ადამიანის ზემოქმედება გარემოზე და გარემოს ზემოქმედება ადამიანზე. მათი მიზანიც ერთი და იგივეა: გააღრმაოს ადამიანის მიერ გარემოს წვდომა და გააფართოოს მისი ზემოქმედება სამყაროზე. რასაკვირველია, ფიზიკოსების, გეოლოგების, ფსიქოლოგებისა თუ ისტორიკოსების მეთოდები და წანამძღვრები ძალიან განსხვავებულია დეტალებში; არც მე ვარ იმის მომხრე, რომ ისტორიკოსმა ფიზიკოსის მეთოდები გამოიყენოს, რათა ისტორიას უფრო „მეცნიერული“ ხასიათი მიანიჭოს. მეთოდები განსხვავებულია, მაგრამ ფუნდამენტური მიზანი ისტორიკოსსაც და ფიზიკოსსაც ერთი აქვს: განმარტოს და პასუხი მოუძებნოს უამრავ კითხვას. ისტორიკოსი, მსგავსად სხვა ნებისმიერი მეცნიერისა, მუდამ ერთსა და იმავე შეკითხვას სვამს „რატომ?“. შემდეგ ლექციაში შევეცდები გაჩვენოთ - როგორ სვამს კითხვას ისტორიკოსი და როგორ სცემს მასზე პასუხს.
_____________________________________
1 B. Russell, Portraits from Memory (1958), გვ. 20.
2 1874 წელს ბრედლიმ გამოყო მეცნიერება და ისტორია, რადგან თვლიდა, რომ ის დროს მოკლებულია და „უცვლელი“, (F.H. Bradley, Collected Essays, 1935, I, გვ. 36).
3 Thoughts and Details on Scarcity (1795) in The Works of Edmund Burke (1846), iv, 270.
4 M.R. Cohen, E. Nagel, Introduction to Logic and Scientific Method (1934), gv. 594.
5 Sir Charles Ellis, Trinity Review (Cambridge, Lent Term, 1960), გვ. 14.
6 Marx-Engels: Cesamtausgabe, I, vi, გვ. 179.
7 W. Sombart, The Quintessence of Capitalism ინგ. თარგ., 1919. გვ. 354.
8 G. Sorel, Matêriaux d'une thêorie du prolêtariat (1919), გვ. 7.
9 Dr. J. Ziman in the Listener, 1960 წლის 18 აგვისტო.
10 „პოეტიკა“, თავი IX.
11 R.G Collingwood, Historical Imagination (1935), გვ. 5.
12 Levithan, I, iv.
13 Decline and Fall of the Roman Empire”, თ. xx, 1.
14 History of the French Revolution, I,v,თავი 9; iii, თავი i.
15 J Burckhardt, Judgements on History and Historians (1959). გვ.34.
16 cambridge Modern History, ii (1958), გვ. 20.
17 მარქსი და ენგელსი, „თხზულებანი“ (რუსული გამოცემა), XV, გვ. 378. ციტატა მოყვენილია წერილიდან, რომელიც დაიბეჭდა რუსულ ჟურნალში „ოტეჩესტვენიე ზაპისკი“ 1877 წ. პროფ. პოპერის აზრით მარქსმა დაუშვა „ისტორიკოსისათვის მიუტევებელი შეცდომა“; მას მხედველობაში ჰქონდა რწმენა, რომ ისტორიული ტენდენციები და განვითარების მიმართულება „შეიძლება დაუყონებლივ დავადგინოთ მარტოოდენ უნივერსალურ კანონებზე დაყრდნობით“. (The Poverty of Historicism, 1957), გვ. 128-9, სწორედ ამ შეხედულებას უარყოფდა მარქსი.
18 ეს იყო პროფ. პოპერის შეხედულება (The Open Society, მე-2 გამოც. 1952, გვ. 322) სამწუხაროდ, მან მოგვცა სოციოლოგიური კანონის ნიმუში: „სადაც აზროვნების თავისუფლება და აზრთა დაუბრკოლებელი გავრცელება ეფექტურად არის დაცული სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ, კამათის საჯაროობა უზრუნველყოფილია, იქ გვექნება სამეცნიერო პროგრესი.“ ეს დაიწერა 1942 ან 1943 წელს და ეფუძნებოდა დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობის რწმენას და იმას, რომ სწორედ ისინი იქნებოდნენ სამეცნიერო პროგრესის ავანგარდში, მაგრამ მეცნიერების რწმენას დიდი დღე არ ეწერა საბჭოთა კავშირში დატრიალებული მოვლენების გამო. ეს არ იყო დამაჯერებელი განზოგადება, კანონზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
19 K. Mannheim, Idcology and Utopia (ინგ. თარგ., 1936), გვ, 223.
20 Cours de philosophie positive, I, 51.
21 K Mannheim Ideology and Utopia (1930), გვ. 130.
22 ეს არგუმენტი ავტორმა განავიტარა წიგნში: ბოლშევიკური რევოლუცია, 1917-1923, (1959 წ.), გვ. 42.
23 M.C. D'Arcey, The Sense of History. Secular and Sacred (1959), გვ. 164.
24 Rosbery, Napoleon: The Last Phase, გვ. 364.
25 Action, Historical Essays and Studies (1907), გვ. 505.
26 Survey of International Affairs, (1935), ii 3გვ.
27 I. Berlin, “Historical Inavitability”, გვ. 76-7. ბერლინის მიდგომამ გამახსენა მე-19 ს-ის კონსერვატორი იურისტის ფ. სტივენის სიტყვები: „სისხლის სამართლის კანონის თანახმად დამნაშავეები ზიზღს იმსახურებენ მორალის თვალსაზრისით; რასაკვირველია, იმსახურებენ და დასჯა გამომხატველი უნდა იყოს საზოგადოების ბუნებრივი და ჯანსაღი გრძნობისა მათ მიმართ“ (A History of Criminal Law of England, 1883, ii, გვ. 81-2). ამ თვალსაზრისს კრიმინოლოგები არ იზიარებენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ კრიმინოლოგების სისწორე არ ვრცელდება ისტორიის განაჩენზე.
28 D. Knowles, The Historian and Character (1955) გვ. 4-5, 12, 19.
29 B. Croce, History as the Story of Liberty (ინგ. თარგ., 1941), გვ.47.
30 Peuple et civilisations, vol. XIV, “Napoleon”, გვ. 58.
31 Max Weber, Essays in Sociology (1947), გვ.58.
32 მაშინ, როცა ბოსუელი ცდილობს იყოს გულწრფელი, ბურკჰარტი ცხარედ დასტირის პროგრესის „უტყვ მსხვერპლთ“, რომლებსაც სხვა არაფერი უნდოდათ გარდა parta tueri-სა, მაგრამ არაფერს ამბობს „ძველი რეჟიმის“ მსხვერპლზე, რომლებსაც როგორც წესი არაფერი ჰქონდათ დასაკარგი. Boswell, life of Doctor Jhnson, 1776 (Everman ed. II გვ. 20). Burckhardt, Judgments on History and Historians, გვ.85.
33 კ მარქსი და ფ. ენგელსი, წერილები, 1846-1895 (1934); წერილი დენიელსონს, დაწერილი 1893 წ. 24 თებერვალს, გვ. 510.
34 C.P. Snow, The Two Cultures and the Scientific Revolution, (1959), გვ. 4-8.
![]() |
4 მიზეზობრიობა ისტორიაში |
▲ზევით დაბრუნება |
თუ რძეს დავდგამთ ქვაბით ცეცხლზე, ის ადუღდება. მე არ ვიცი და, მართალი გითხრათ, არც მაინტერესებს, რატომ ხდება ასე. თუ არ მომეშვებიან და დაჟინებით მომთხოვენ პასუხს, ალბათ ვიტყვი, რომ რძეს გააჩნია ადუღების თვისება, რაც, ერთის მხრივ, მართლაც ასეა, მაგრამ არაფერს განმარტავს. მაგრამ მე ხომ ფიზიკოსი არა ვარ. ზუსტად ასევე, მავანნი კითხულობენ ან წერენ წარსულის მოვლენებზე და სულაც არ აინტერესებთ, თუ რატომ მოხდა ესა თუ ის მოვლენა; მათთვის აბსოლუტურად სულ ერთია, რომ მეორე მსოფლიო ომი იმიტომ დაიწყო, რომ ჰიტლერს უნდოდა ომი, რაც თავისთავად ასეა, მაგრამ არაფერს განმარტავს. მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია ისტორიკოსობაზე. ისტორიის შესწავლა მიზეზში წვდომას გულისხმობს. როგორც ჩემს ბოლო ლექციაში აღვნიშნე, ისტორიკოსი მუდამ სვამს ერთსა და იმავე შეკითხვას „რატომ?“ და სანამ არ მიიღებს პასუხს, ვერ მოისვენებს. დიდი ისტორიკოსი ან დიდი მოაზროვნე თუ გნებავთ, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, არის ადამიანი, რომელიც იმავე შეკითხვას სვამს ახალ ვითარებებთან დაკავშირებით და სულ სხვა კონტექსტში.
ჰეროდოტე, „ისტორიის მამად“ წოდებული, თავისი ნაშრომის შესავალ ნაწილში გვაძლევს საკუთარი მიზნის ზუსტ განსაზღვრებას: შემოუნახოს შთამომავლობას ბერძნებისა და ბარბაროსების „საქმენი საგმირონი“ და „კერძოდ, გაანალიზოს მათ შორის ომების მიზეზები“. მან ძველ სამყაროში თავისი მიმდევრებიც კი აღმოაჩინა: თურმე თუკიდიდესაც თავის დროზე ბრალს სდებდნენ მიზეზობრიობის მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონცეფციის არქონაში1. მაგრამ როცა მე-19 საუკუნეში საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ისტორიგორაფიას, მონტესკიემ ნაშრომში „მსჯელობანი რომაელთა დიდებისა და დაცემის მიზეზთა შესახებ“ ძირითად პრინციპად აიღო თვალსაზრისი, რომ „ყველა სახის მონარქიულ სახელმწიფოში მოქმედებს ზოგადი, ზნეობრივი თუ ფიზიკური მიზეზები, რომელიც ხელს უწყობს მონარქიის აყვავებას, განვითარებას და დაკნინებას“, ხოლო „რაც ხდება, სწორედ ამ მიზეზების გამო ხდება“. რამდენიმე წლის შემდეგ მონტესკიემ განავითარა და განაზოგადა ეს იდეა ნაშრომში „კანონთა გონი“. სისულელე იქნებოდა გვეფიქრა, რომ „ყოველივე, რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ, ბრმა ბედ-იღბლით არის გაპირობებული“; ადამიანის „მართვა შეუძლებელი იყო მხოლოდ გამორჩეული წარმოსახვის ძალით“. მისი ქცევა გარკვეულ კანონებსა და პრიცნიპებზე იყო დამყარებული, რომელიც „საგანთა ბუნებიდან“2 გამომდინარეობდა. ამის შემდგომ აგერ უკვე 200 წელი ისტორიკოსები და ისტორიის ფილოსოფოსები ცდილობდნენ მოეხდინათ კაცობრიობის წარსული გამოცდილების სისტემატიზაცია, გაერკვიათ ისტორიული მოვლენების მიზეზები და კანონები, რომელნიც მართავდნენ მათ, განიხილებოდა ხან მექანიკურ, ხან ბიოლოგიურ, ხან მეტაფიზიკურ, ხან ეკონომიკურ და ხანაც ფსიქოლოგიურ ჭრილში. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა აღიარებდა, რომ წარსულის მოვლენების განხილვა უნდა ხდებოდეს მიზეზ-შედეგობრივი პრინციპით და ეს დოქტრინა წარმოადგენს ჭეშმარიტი ისტორიის საფუძველს. ენციკლოპედიისთვის დაწერილ ისტორიულ მიმოხილვაში ვოლტერი ამბობდა: „თუ სხვა არაფერი გაქვთ სათქმელი გარდა იმისა, თუ როგორ სძლია ერთმა ბარბაროსმა მეორეს, რა არის ამაში განსაკუთრებული და საინტერესო ჩვენთვის?“ ბოლო წლებში სურათმა სხვა ელფერი მიიღო. დღეს იმ მოვლენების გამო, რომელზედაც ზემოთ მქონდა საუბარი, ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ ისტორიულ „კანონებზე“ და თვით სიტყვა „მიზეზი“ ამოვიღეთ ჩვენი ლექსიკონიდან ნაწილობრივ ფილოსოფიური ორაზროვნების გამო, რომლის გარჩევასაც არ ვაპირებ და ნაწილობრივ სავარაუდო ასოციაციის გამო დეტერმინიზთან, რომელზედაც ჩემი მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ. ერთნი საუბრობენ არა ისტორიაში არსებულ „მიზეზობრიობაზე“, არამედ „განმარტებაზე“, „ინტერპრეტაციაზე“, „სიტუაციის ლოგიკურობაზე“, ან მოვლენების შინაგან ლოგიკაზე“; უკანასკნელი გამოთქმა მომდინარეობს, ან სულაც მიზეზობრივი თვალსაზრისის უგულებელყოფაზე (როგორ მოხდა ესა თუ ის მოვლენა), თუმცა ეს კვალვ უკან გვაბრუნებს შეკითხვასთან „რატომ?“ სხვანი მკვეთრ მიჯნას ავლებენ მიზეზის სხვადასხვა სახეობას შორის, როგორიცაა, მაგალითად, მექანიკური, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ა.შ. და ისტორიულ მიზეზობრიობას განიხილავენ როგორც თავისთავად კატეგორიას. შეიძლება ამ სახესხვაობებიდან ზოგიერთი ფრიად ქმედითუნარიანიც აღმოჩნდეს, მაგრამ ჩვენი ამჟამინდელი მიზნებისათივს უკეთესი იქნებოდა გვეძებნა საერთო და არა განსხვავებული ნიშნები მიზეზობრიობის სხვადასხვა სახეობებს შორის. პირადად მე სრულიად დამაკმაყოფილებდა ყველაზე გავრცელებული მნიშვნელობა სიტყვისა „მიზეზი“ და არ დავიწყებდი ახალი ფომრულირების ძიებას.
მოდით, ამ საკითხის განხილვა დავიწყოთ იმით, თუ რა პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს ისტორიკოსი, როცა იძულებულია მიზეზი და მოვლენა დაუკავშიროს ერთმანეთს. პირველი დამახასიათებელი პრობლემა ისტორიკოსის ამგვარი მიდგომისა გახლავთ ის, რომ მან ერთ მოვლენას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება მოუძებნოს. ეკონომისტი მარშალი აღნიშანვდა, რომ „ხალხი გაფრთხილებული უნდა იყოს იმ შედეგებზე, რომელიც მოჰყება რაიმე მოვლენის განმარტებას მხოლოდ ერთი მიზეზით და ყველა სხვა მიზეზის უგულებელყოფით.“3 ადამიანი, რომელიც შეკითხვაზე, თუ რატომ მოხდა რევოლუცია რუსეთში, მხოლოდ ერთ მიზეზს დაასახელებს, მესამე კლასელის დონეზე თუ ჩაითვლება. ისტორიკოსს საქმე აქვს უამრავი მიზეზის ერთობლიობასთან, ამიტომაც ერთ შეკითხვაზე იგი რამდენიმე მიზეზს მოიყვანს, როგორიცაა: რუსეთის სამხედრო კრახი, ომით გამოწვეული ეკონომიკური ჩავარდნა, ბოლშევიკების კარგად გააზრებული პროპაგანდა, ცარისტული რეჟიმის წარუმატებელი მცდელობა მოეგვარებინა აგრარული პრობლემა, გაღატაკებული მუშების დიდი კონცენტრაცია პეტროგრადის ფაბრიკა-ქარხნებში, სადაც ხდებოდა მათი შრომის ექსპლუატაცია, ლენინის ზუსტად გათვლილი პოლიტიკა, მან მშვენივრად უწყოდა, რასაც აკეთებდა, რასაც ვერ ვიტყვით მის მოპირისპირე მხარეზე; მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობდა უამრავი ერთმანეთში არეული ეკონომიკური, პოლიტიკური, იდეოლოგიური და ადამიანური ფაქტორი, მოკლე და გრძელვადიანი მიზეზები.
მაგრამ ეს უცილობლად მიგვიყვანს მეორე პრობლემამდე, რომელიც დამახასიათებელია ისტორიკოსის ამგვარი მიდგომისათვის. ადამიანმა შეიძლება ჩამოთვალოს რუსული რევოლუციის გამომწვევი უამრავი მიზეზი, მაგრამ მაინც პირველი ან მეორე კლასის დონეს ვერ აცდეს. ამ შემთხვევაში ადამიანზე იტყვიან, რომ „ის განათლებულია, კარგად ინფორმირებული, მაგრამ მოკლებულია წარმოსახვის უნარს და მეტისმეტად პროზაულია“. როცა ჭეშმარიტი ისტორიკოსი იძულებულია მიზეზთა ეს ჩამონათვალი შეადაროს მის მიერ შეგროვებულ მასალას, მას ძალაუნებურად უჩნდება სურვილი მოიყვანოს ის წესრიგში, მნიშვნელობის ხარისხის მიხედვით დაალაგოს მიზეზები და როგორმე დააკავშიროს ისინი ერთმანეთს, რათა გადაწყვიტოს, თუ რომელი მიზეზი ან მიზეზთა კატეგორია შეიძლება გამოიყენოს „უკიდურეს შემთხვევაში“ ან „საბოლოო ანალიზისას“ (ისტორიკოსების საყვარელი გამოთქმა) როგორც უდავო და უეჭველი მიზეზი, მიზეზთა მიზეზი. სწორედ ეს არის მასალის იტერპრეტაცია და ისტორიკოსის სახელი დაკავშირებულია იმ მიზეზებთან, რომელსაც იყენებს თავისი შეხედულებების დასამტკიცებლად. გიბონი რომაული იმპერიის დანინებასა და დაცემას უკავშირებს ბარბაროსების აღზევებასა და რელიგიას. მე-19 საუკუნის ინგლისელი ლიბერალი ისტორიკოსები ბრიტანეთის სიძლიერესა და კეთილდღეობას უკავშირებენ ისეთი პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომელიც ცხოვრებაში ატარებს კონსტიტუციური თავისუფლებების პრინციპებს. მაგრამ გიბონსაც და მე-19 საუკუნის ისტორიკოსებსაც მოძველებული წარმოდგენები ჰქონდათ, რადგან უგულებელყოფდნენ თანამედრვე ისტორიკოსების მიერ წინ წამოწეულ ეკონომიკურ მიზეზებს. ნებისმიერი ისტორიული არგუმენტი გულისხმობს მიზეზთა პრიორიტეტს.
ანრი პუანკარე ნაშრომში, რომლიდანაც ციტატა ადრეც მომიტანია ჩემს ლექციებში, აღნიშნავდა, რომ მეცნიერების განვითარება ხდებოდა „უაღრესად რთულსა“ და „უაღრესად მარტივს“ შორის და ეს ორი, ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორი წარმოადგენს ცოდნის ათვისებისთვის აუცილებელ პრიცნიპს.4 ეს ჭეშმარიტება ისტორიაზეც ვრცელდება. რაც უფრო ღრმა და ფართო ხდება ისტორიკოსის კვლევა, მით უფრო მეტ პასუხს იღებს იგი თავის მუდმივ შეკითხვაზე „რატომ?“ ბოლო წლების მიღწევებმა ეკონომიკის, სოციალურ, კულტურულ და სამართლის ისტორიაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალ მიდგომებზე პოლიტიკურ ისტორიაში, ფსიქოლოგიასა და სტატისტიკაში, უაღრესად გაზარდა პასუხების რაოდენობა და მასშტაბი. ბერტრან რასელი აღნიშნავდა, რომ „ყოველი წინსვლა მეცნიერებაში აორებს უხეშ ერთფეროვნებას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, შეინიშნება წანამღძვრისა და დასკვნის მკვეთრი გამიჯვნისას და რელევანტურად მიჩნეულ წანამძღვართა წრის მუდმივ გაფართოებაში“.5 ეს სიტყვები ზედმიწევნით ასახავს ისტორიაში არსებულ ვითარებას. ისტორიკოსი თავის სწრაფვაში, ჩაწვდეს წარსულს, იძულებულია მეცნიერის მსგავსად გააუბრალოს პასუხების უზღვავი რაოდენობა, დაუქვემდებაროს ისინი ერთმანეთს და შეძლებისდაგვარად მოაწესრიგოს მოვლენებისა და მიზეზების რიგებში არსებული ქაოსი. „ერთი ღმერთი, ერთი კანონი, ერთი ელემენტი და ერთი შორეული ღვთიური მოვლენა“, ანდა ჰენრი ადამსის ძიება „რაღაც დიდი განზოგადებისა, რომელიც დააგვირგვინებდა განათლების მოთხოვნებს“6 საკმაოდ მოძველებულად გამოიყურება დღევანდელ დღეს. მაგრამ უცვლელი რჩება ისტორიკოსის ამოცანა - გაამარტივოს უამრავი მიზეზი. ისტორიის წინსვლა, ისევე როგორც მეცნიერებისა, ამ ორაზროვანი და საპირისპირო პროცესში მიმდინარეობს.
ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ისეთ შეხედულებებს, რომელსაც ჩვენი ყურადღება სხვა მოვლენებზე გადააქვს, რათა როგორმე დაგვაბნიოს: ერთს ეწოდება „დეტერმინიზმი ისტორიაში, ან ჰეგელის ცოდვები“, ხოლო მეორეს - „შემთხვევითობა ისტორიაში, ან კლეოპატრას ცხვირი“. უპირველეს ყოვლისა, აგიხსნით, თუ რა კავშირშია ეს ორი მოვლენა ჩვენს მიერ განსახილველ საკითხთან. 1930 წელს პროფესორმა კარლ პოპერმა ვენაში გამოაქვეყნა უაღრესად მნიშვნელოვანი ნაშრომი მეცნიერებაზე ახალი ხედვის შესახებ; იგი ძალიან მალე ითარგმან ინგლისურად და გამოქვეყნდა სათაურით „The Logic of Scientific Enquiry“; მეორე მსოფლიო ომის დროს გამოვიდა იმავე ავტორის ორი ნაშრომი უფრო პოპულარული ხასიათისა: „The Open Society and Its Enemies“ და „The Poverty of Historicism“.7 ისინი დაწერილი იყო ჰეგელის კრიტიკით, სადაც ჰეგელი და პლატონი გამოყვანილნი იყვნენ როგორც ნაციზმის სულიერი წინამორბედნი და დაუსაბუთებელი, შეზღუდული მარქსისტული აზროვნების წინააღმდეგ, რომელსაც ეყრდნობოდნენ ბრიტანელი მემარცხენეები 1930-იან წლებში. კრიტიკის უმთავრეს სამიზნედ იქცა ჰეგელის დეტერმინიზმი ისტორიის ფილოსოფიაში და მარქსის შეხედულებები, გაერთიანებული შეურაცხმყოფელი სახელწოდებით „ისტორიზმი“8. სერ ისაია ბერლინმა 1954 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „Historical Inevitability“, სადაც თავს ესხმის პლატონს იქნებ იმიტომაც, რომ ძალიან დიდხანს განიცდიდა მოწიწებას ოქსფორდის ისტებლიშმენტის ამ უძველესი საყრდენის მიმართ.9 მან კიდევ ერთი არგუმენტი დაამატა პოპერის მიერ წამოყენებულ ბრალდებებს და ამტკიცებდა, რომ ჰეგელისა და მარქსის „ისტორიზმი“ მიუღებელია, რადგანაც ადამიანთა ქმედებების ახსნას მიზეზებით ცდილობს, ამით უარყოფს ადამიანთა თავისუფალ ნებას და უფლებას აძლევს ისტორიკოსს ზნეობის თვალსაზრისით შეაფასოს (რაზედაც ადრე უკვე ვისაუბრე) ისტორიაც და პიროვნებებიც: იქნება ეს შარლემანი, ნაპოლეონი, სტალინი თუ სხვა. სხვა მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა, მაგრამ სერ ისაია ბერლინი უაღრესად პოპულარული მწერალია, რომელსაც ბევრი მკითხველი ჰყავს. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში თითქმის ყველამ, ვინც სერიოზული ნაშრომი, ან თუნდაც ნარკვევი გამოაქვეყნა ისტორიაზე ჩვენს ქვეყანაში ან ამერიკაში, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ჰეგელიც, მარქსიც, დეტერმინიზმიც და მიუთითეს ისტორიაში შემთხვევის უგულებელყოფის აბსურდულობაზე. იქნებ არც იყოს მართებული სერ ისაიას დავაკისროთ პასუხისმგებლობა მის მოწაფეებზე. მაშინაც კი, როცა სისულელეს ლაპარაკობს, ამას ძალიან მიმზიდველად აკეთებს. მიმდევრები იმეორებენ იმავე სისულელეს, მაგრამ იგი მოკლებულია მიმზიდველობას. ამაში ახალი არაფერია. ჩარლზ კინგსლი, თანამედროვე ისტორიის არცთუ მაინცდამაინც გამორჩეული სპეციალისტი, რომელსაც შეიძლება არც კი წაუკითხავს ჰეგელი და მარქსზედაც ფრიად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, საინაუგურაციო სიტყვაში 1860 წელს აცხადებს, რომ ადამიანს გააჩნია „აუხსნელი ძალა დაარღვიოს მისივე ყოფნის კანონები“ და რომ სწორედ ამით აიხსნება „გარდაუვალი წესრიგის“ არსებობის შეუძლებლობა ისტორიაში“10. მაგრამ, საბედნიეროდ, კინგსლი აღარავის ახსოვს. პროფესორმა პოპერმა და სერ ბერლინმა კვლავ შთაბერეს სული ამ არაფრისმაქნის შეხედულებას; ამ არეულ-დარეულ აბდაუბდაში გასარკვევად მეტი მოთმინება გვმართებს.
უპირველესად ავიღოთ დეტერმინიზმი, რომელსაც პირადად მე განვსაზღვრავდი როგორც რწმენას, რომ ყველაფერს, რაც ხდება, გააჩნია მოტივი და არფერი შეიცლვება, თუ არ შეიცვალა მოქმედების მოტივი ან თუ გნებავთ მიზეზი11. დეტერმინიზმი არ გახლავთ მარტოოდენ ისტორიის პრობლემა, არამედ მთლიანად ადამიანის ქცევისა. ადამიანი, რომლის მოქმედებასაც არ გააჩნია მოტივი, ისეთივე აბსტრაქციაა როგორც პიროვნება საზოგადოების გარეშე, რაზედაც ადრე უკვე ვისაუბრეთ. პოპერის განცხადება, რომ „ადამიანის საქმიანობაში ყველაფერი შესაძლებელია“12, ან ყალბია და ან უაზრო. ყოველდღიურ ცხოვრებაში ამას არავინ დაიჯერებს. აქსიომა, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი, საშუალებას გვაძლევს გავერკვეთ, თუ რა ხდება ირგვლივ.13 კაფკას რომანებისთვის დამახასიათებელი კოშმარულობა სწორედ იმით არის გაპირობებული, რომ ყველაფერი უმიზეზოდ ხდება, არ არსებობს ადამიანის მოქმედების დამაჯერებელი ან თვალსაჩინო არგუმენტი: ამას მივყავართ პიროვნების სრულ გახრწნამდე, რადგან უგულებელყოფილია თვით რწმენის ფაქტორი - რწმენისა, რომ ყველა მოვლენას გააჩნია მიზეზი, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს გონებით გაანალიზოს როგორც წარსული, ისე აწმყო და ამის საფუძველზე შეიმუშაოს შემდგომი მოქმედების გეგმა. ყოველდღიური ცხოვრება შეუძლებელი იქნება, სანამ ადამიანი არ შეიგნებს, რომ ყოველ მის ქცევას აქვს გარკვეული მიზეზი. ოდესღაც ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ბუნების მოვლენებში წვდომა ღვთისგმობა იყო, რადგან ყველაფერი უზენაესი განგებით იყო გაპირობებული. სერ ისაია ბერლინის პროტესტი ჩვენი თვალსაზრისის წინააღმდეგ, რომ ადამიანის მოქმედება მისი თავისუფალი ნებით არის გაპირობებული, იდეების იმავე კატეგორიას განეკუთვნება და შესაძლებელია მიანიშნებს იმას, რომ სოციოლოგია დღეს განვითარების იმავე საფეხურზე დგას, რომელზედაც ოდესღაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, როცა ამგვარი არგუმენტი მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.
მოდით, ახლა ვნახოთ, თუ როგორ ვწყვეტთ ამ პრობლემას ყოველდღიურ ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დღე თქვენ ხვდებით თქვენს ნაცნობს, ვთქვათ, გვარად სმიტს. თქვენ ესალმებით მას მეგობრულად, მაგრამ ზედმეტი გულითადობის გარეშე, ცალყბად მოიკითხავთ, გაესაუბრებით ამინდზე ან შეეკითხებით თუ როგრ მიდის საქმეები კოლეჯში, უნივერსიტეტში, მაგრამ ამას აკეთებთ უბრალო თავაზიანობის გამო. ისიც, აგრეთვე უბრალო თავაზიანობის გამო, პასუხობს თქვენს შეკითხვებს და ასე გრძელდება უკვე დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ერთხელაც უეცრად თავს ვეღარ შეიკავებს და მკვახედ გიპასუხებთ; ამ შემთხვევაში როგორ მოიქცევით - მხრებს აიჩეჩავთ, ყოველივეს სმიტის თავისუფალი ნებით ახსნით და ადამიანთა ურთიერთობებში ყველაფრის შესაძლებლობით? არა მგონია. პირიქით, თქვენ გაიფიქრებთ: „საბრალო სმიტი! ალბათ იცით, რომ მამამისი საგიჟეთში მოკვდა“, ანდა „საბრალო სმიტი! ალბათ ცოლთან მოუვიდა უსიამოვნება“. სხვა სიტყვებით, თქვენ შეეცდებით ახსნა მოუძებნოთ სმიტის უცნაურ საქციელს, რომლის მიზეზიც ერთი შეხედვით შეიძლება აუხსნელად მოგვეჩვენოს; ე.ი. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მიზეზი ნამდვილად არსებობს. თქვენი თვალსაზრისი, ვშიშობ, ისაია ბერლინის დიდ გულისწყრომას გამოიწვევს, რადგან მისი აზრით სმიტის ხეპრული ქცევის მიზეზების ძიება უბრალო თვალის ახვევაა და სხვა არაფერი, რადგან არ გსურთ სმიტი უზრდელ ადამიანად აღიაროთ; ბერლინი თვლის, რომ ეს ჰეგელისა და მარქსის დეტერმინიზმის ბრმა აღიარებაა. კიდევ კარგი, რომ რეალურ ცხოვრებაში არავინ აქცევს ყურადღებას ბერლინის შეხედულებას და აზრადაც არ მოსდის სამარცხივნო ბოძზე გააკრას არც დეტერმინიზმი, არც მორალური პასუხისმგებლობა. რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს დილემა თავისუფალ ნებასა და დეტერმინიზმს შორის. არც იმის პრობლემაა, რომ ეს ქმედება თავისუფალი ნებით არის გაპირობებული, ხოლო ეს უკანასკნელი - დეტერმინიზმის პრინციპით. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ქმედებანი ერთდროულად თავისუფალიც არის და დეტერმინირებულიც, იმისდა მიხედვით, თუ რა კუთხიდან განვიხილავთ მათ. ჩვენი ინტერესის სფერო სულ სხვა სიბრტყეში ძევს, კერძოდ: სმიტის მკვეთრად განსხვავებულ ქცევას უდავოდ ჰქონდა მიზეზი ან მიზეზებიც კი, მაგრამ ვინაიდან ეს არ იყო გამოწვეული გარე ძალდატანებით, არამედ უფრო პიროვნულიდან გამომდინარეობდა, ის უბედური სმიტი, რასაკვირველია, მორალურად პასუხისმგებელი იყო თავის ქცევაზე. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნორმალური ზრდასრული ადამიანი ხომ მუდამ პასუხს უნდა აგებდეს თავის ქცევაზე. რაც შეეხება ამ კერძო შემთხვევას, მისი განსჯა თქვენთვის მომინდია. რა დასკვნაც არ უნდა გამოიტანოთ, ეს არ ნიშნავს, რომ „უბედური სმიტის“ ქცევას მიზეზი არ ჰქონდა: მიზეზი და მორალური პასუხისმგებლობა სხვადასხვა კატეგორიებია. ახლახან უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა კრიმინოლოგიის ინსტიტუტი და კათედრა. დანაშაულის მიზეზების ძიება, დარწმუნებული ვარ, არ მოხსნის ბოროტმოქმედთა მორალურ პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულის გამო.
ახლა კი ისევ ისტორიკოსს მივუბრუნდეთ. ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად ისტორიკოსსაც სჯერა, რომ ადამიანთა მოქმედებებს გაკრვეული მოტივები განაპირობებს და ეს მოტვიები პრინციპში ადვილი დასადგენია. თუ ამ ვარაუდს არ დავეთანხმებით, ისტორია, ისევე როგორც ყოველდღიური ცხოვრება შეუძლებელი იქნება. ისტორიკოსის ამოცანაა გამოიკვლიოს ეს მოტივები. ამ ჭრილში მისთვის შეიძლება ფრიად საინტერესო აღმოჩნდეს ადამიანის ქცევის სწორედ დეტერმინისტული ასპექტი, რაც სრულებით არ ნიშნავს თავისუფალი ნების უარყოფას; ეს შეიძლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდეს: თუკი უგულებელყოფს ყოვლად უვარგის ჰიპოთეზას, რომ ნებაყოფლობით ქმედებას არა აქვს მიზეზი. მას არც გარდაუვალობის პრობლემა აწუხებს მაინცდამაინც. ისტორიკოსებს სხვა ადამიანებივით ხანდახან რიტორიკაში გადავარდნა სჩვევიათ და საუბრობენ „გარდუვალობაზე“, როცა გულისხმობენ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტორთა ერთიანობის უძლეველობას. ასეთი რამისგან არც მე ვარ დაზღვეული; ამასწინათ შევნიშნე, რომ ერთგან მიწერია, რომ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შეჯახება ბოლშევიკებსა და ეკლესიას შორის „გარდაუვალი“ იყო, მაგრამ ცხადია, უფრო ჭკვიანურ იქნებოდა მეთქვა „მოსალოდნელი“. ამგვარი შესწორება ცოტა არ იყოს პედანტურად მეჩვენება. პრაქტიკულად ისტორიკოსები არ თვლიან მოვლენას „გარდაუვალად“, სანამ იგი არ მოხდება. ისინი ჩვეულებრივ იწყებენ ალტერნატიული მიზეზების ძიებას, რომელიც გამოსადეგი იქნებოდა მოცემულ სიტუაციაში და აანალიზებენ, თუ რატომ იქნა არჩეული სწორედ ეს მიზეზი და არა ის. ისტორიაში არაფერია გარდაუვალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვლენის წანამძღვარი მიზეზი სხვაგვარი არ იქნებოდა. როგორც ისტორიკოსი, მზად ვარ ფონს გავიდე ისეთი სიტყვების გარეშე როგორიცაა: „გარდაუვალობა“, „აუცილებლობა“, „აუცდენლობა“ და თვით „განუხრელობაც“ კი. ამით ცხოვრება უღიმღამო გახდება, მაგრამ, მოდით, ეს საკითხი პოეტებსა და მეტაფიზიკოსებს დავუტოვოთ.
ასე რომ, გაირკვა გარდუვალობის უაზრობა, ის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, მაგრამ ბოლო დროს ისეთი შემართებით იცავდნენ ამ თვალსაზრისს, რომ ძალაუნებურად მიჩნდება სურვილი მის უკან მდგარი ფარული მოტივები გავარკვიო. ჩემი აზრით, მის ძირითად წყაროს წარმოადგენს ვ.წ. „დაკარგული შესაძლებლობების“ მოძღვრება, უფრო კი ემოცია. ის თანამედროვე ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ამას წინათ აქ, კემბრიჯში, მე დავესწარი ლექციას თემაზე „იყო თუ არა გარდაუვალი რუსეთის რევოლუცია?“ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლექცია ჩაფიქრებული იყო როგორც უაღრესად სერიოზული მსჯელობა. მაგრამ თუ გაიხსენებთ, როგორ ჩატარდა მსგავსი ლექცია თემაზე „იყო თუ არა გარდაუვალი „ვარდების ომი“?“, უფრო მეტი ირონიით განეწყობოდით. ისტორიკოსი ისე საუბრობს ინგლისის დაპყრობაზე ნორმანების მიერ 1066 წელს ან ამერიკის განმათავისუფლებელ ომზე, თითქოს სურს არ გასცდეს მომხდარი მოვლენების ჩარჩოებს - უბრალოდ აღწეროს, რა მოხდა, როგორ მოხდა და სხვა არაფერი. საკვირველია, მაგრამ ისტორიკოსს არავინ სდებს ბრალს დეტერმინიზმში და არ ადანაშაულებს, რომ არ განიხილა მოვლენების ალტერნატიული განვითარება - ხომ შეიძლება უილიამ დამპყრობელი ან ამერიკელი მეამბოხეები დამარცხებულიყვნენ? როცა მე ვცდილობ ასევე მოვიქცე რუსეთის რევოლუციაზე წერისას, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისტორიკოსისთვის ეს არის ერთადერთი მართებული გზა, კრიტიკოსები საშინელ დღეში მაგდებენ სწორედ იმის გამო, რომ აღვწერე ის, რაც სინამდვილეში იყო და არა ის, თუ რა შეიძლება ყოფილიყო. წარმოვიდგინოთ, რომ სტოლიპინს დასცლოდა აგრარული რეფორმის გატარება, ან რუსეთს გაეგრძელებინა ომი, რაკი რევოლუციას არ ექნებოდა ადგილი, ანდა წარმოვიდგინოთ, რომ კერენსკის მთავრობა არ ჩამოეგდოთ, ხოლო რევოლუციას მენშევიკები ან ესერები ჩასდგომოდნენ სათავეში და არა ბოლშევიკები. ყოველივე ეს, ცხადია, პრაქტიკულად შესაძლებელია და მუდამ შეიძლება გამოიყენოთ „დაკარგული შესაძლებლობების“ თეორია. მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო ისტორიულ დეტერმინიზმთან, რადგან დეტერმინისტის აზრით მოვლენები რომ სხვაგვარად დატრიალებულიყო, მიზეზებიც სხვაგვარი უნდა ყოფილიყო. ეს არც ისტორიასთან არის დაკავშირებული.
საქმე იმაშია, რომ დღეს სერიოზულად არავის სურს იკამათოს იმ შედეგებზე, რაც მოჰყვა ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობას და ამერიკის დამოუკიდებლობას; არავინ აპირებს ცხარე პროტესტის გამოთქმას ამ მოვლენების გამო და არავინ ღიზიანდება, როცა ისტორიკოსები აცხადებენ, რომ ეს საკითხები დიდი ხანია აღარ აინტერესებთ. მაგრამ არსებობს უამრავი ხალხი, რომლებიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი გაგებით დაზარალდა ბოლშევიკების გამარჯვების შედეგად, ზოგი დღემდე იტანჯება ამის გამო და სურს გამოხატოს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება რევოლუციისადმი. პირველ რიგში სწორედ ამ ტიპის ადამიანებს არ აკმაყოფილებთ და აღიზიანებთ ისეთი ისტორიული ნაშრომების კითხვა, სადაც ისტორიკოსი წყნარად და მშვიდად ჰყვება, თუ რა მოხდა და აუჩქარებლად მიჰყვება დროის მდინარებას, მათი იმედები არ მართლდება. თანამედროვე ისტორიის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს ტრაგიკული მოვლენები და ძნელად ეგუება აზრს, რომ ისტორიკოსებისათვის ისინი უბრალოდ „წარსულის ფაქტებს“ წარმოადგენს. ეს მიდგომა ემოციებზეა დაფუძნებული და შორს დგას ჭეშმარიტი ისტორიისგან. მაგრამ სწორედ ეს გახლავთ ყველაზე ქმედითუნარიანი ფორმა „ისტორის გარდუვალობის“ დოქტრინის წინააღმდეგ პროტესტისა და მოდით, ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ ეს გაუგებრობა.
დავის მეორე საგანს წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილი კლეოპატრას ცხვირი, რომელიც დღემდე ბნელით მოცულ გამოცანად რჩება ისტორიკოსებისთვის. ეს არის თეორია, რომლის მიხედვითაც ისტორია არის ასე ვთქვათ მოვლენების უნებლიე დამთხვევა, შემთხვევითობების მთელი წყება, რომელსაც ვერაფრით ავხსნით, თუ არა მარტოოდენ კაზუალური მიზეზებით. ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის აქციუმის კონცხთან ბრძოლის შედეგი გაპირობებული იყო არა ისტორიკოსების მიერ ჩამოყალიბებული მიზეზებით, არამედ ანტონიუსის უსაზღვრო სიყვარულით კლეოპატრას მიმართ. როცა ოსმალეთის სულთანმა ბაიაზიდმა ნიკრისის ქარის შეტევით გათანგულმა უარი თქვა გაეგრძელებინა დამპყრობლური ომები ცენტრალურ ევროპაში, გიბონმა აღნიშნა, რომ „ერთი ადამიანის ცუდად ყოფნამ შეიძლება ხალხებს თავიდან ააცილოს ან დროებით შეაჩეროს მოსალოდნელი უბედურება“14. როცა საბრეძნეთის მეფე ალექსანდრე 1920 წლის შემოდგომით მოულოდნელად გარდაიცვალა მოშინაურებული და საყვარელი მაიმუნის ნაკბენისგან, ამან გამოიწვია ისეთი მოვლენების განვითარება, რამაც უინსტონ ჩერჩილს ათქმევინა, რომ „მეოთხედი მილიონი ადამიანი დაღუპა ამ მაიმუნის კბენამ“15. ანდა, რად ღირს ტროცკის კომენტარი ციებაზე, რომლითაც იგი დასნეულდა იხვებზე ნადირობისას და გამოიყვანა წყობიდან ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა ედავებოდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს - ზინოვიევს, კამენევს და სტალინს 1923 წლის შემოდგმოაზე: „შესაძლებელია იწინასწარმეტყველო რევოლუცია ან ომი, მაგრამ ვერაფრით განსაზღვრავ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს შემოდგომით იხვებზე ნადირობას“16. პირველი, რაც შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხს არაფერი აქვს საერთო დეტერმინიზმთან. ანტონიუსის სიყვარული კლეოპატრას მიმართ, ნიკრისის ქარის შეტევა, რომელმაც შეაწუხა ბაიაზიდი და ტროცკის დაავადება ციებით ისეთივე შემთხვევითობაა, როგორც ყველაფერი სხვა, რაც ხდება. ჩვენი ვარაუდი, რომ ანტონიუსის ტრფობას არ ჰქონდა მიზეზი ან უსაფუძვლო იყო, სულაც არ აყენებს ჩრდილს კლეოპატრას მშვენიერებას. ქალის მშვენიერება და მამაკაცის მიჯნურობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა მიზეზ-შედეგობრიობისა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ე.წ. ისტორიული შემთხვევითობები წინააღმდეგობაში მოდის და, ასე ვთქვათ, უპირისპირდება მოვლენათა მსვლელობას, რომელიც ისტორიკოსმა უნდა გამოიკვლიოს. ბერი სრულებით მართებულად აღნიშნავს „დაპირისპირებას ორ დამოუკიდებელ კაზუალურ ჯაჭვს შორის“17. სერ ისაია ბერლინი ისტორიკოსთა იმ ჯგუფის წარმომადგენელია, რომლებიც ვერ ასხვავებენ შემთხვევითობას და მიზეზის არქონას. ეს გაუგებრობა ნამდვილ პრობლემად იქცა. როგორ დავაკავშიროთ ლოგიკურად ერთმანეთთან მიზეზი და შედეგი, როგორ განვსაზღვროთ ისტორიის მნიშვნელობა, თუკი ნებისმიერ მომენტში, ჩვენი ჯაჭვი მიზეზ-შედეგობრიობისა შეიძლება გაწყდეს სხვა, ჩვენი აზრით, არასწორი დამოკიდებულების ზეგავლენით ამ საკითხისადმი?
ცხადია, ჩვენ შეგვიძლია შევყოვნდეთ ცოტა ხნით აქ და გამოვიკვლიოთ ისტორიულ შემთხვევითობაზე ესოდენ გავრცელებული თანამედროვე მიდგომის ფესვები. ძველმა ბერძენმა ისტორიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ პოლიბიოსმა პირველმა მიაქცია ამ საკითხს ყურადღება; იგი ისტორიკოსის ამოცანად მიიჩნევდა არა მარტო მოვლენათა აღწერას, რომლებიც, ცხადია, თანმიმდევრულად და ქრონოლოგიის მკაცრი დაცვით უნდა ყოფილიყო გადმოცემული, არამედ მათ ახსნას მიზეზ-შედეგობრივ კავშირში. გიბონიც ჩქარობდა ფარდა აეხადა მოვლენათა მიზეზებისთვის. იგი წერდა, რომ „ბერძნებმა ქვეყნის პროვინციებად დაქუცმაცება მიაწერეს არა რომის იმპერიის ტრიუმფს, არა მის დამსახურებას, არამედ რესპუბლიკის ბედ-იღბალს“.18 აი, კიდევ ერთი მაგალითი; ცნობილი რომაელი მწერალი და ისტორიკოსი ტაციტუსი გამოირჩევა ფაქტების ზუსტი, სხარტი და ცოცხალი გადმოცემით, კარგად იცნობს წყაროებს და კრიტიკულად უდგება მათ; ტაციტუსისთვის დამახასიათებელია ისტორიული დიალექტიკის გაგება და მანაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია შემთხვევითობის ფაქტორს ისტორიაში. ბრიტანულ ისტორიოგრაფიაში ამ საკითხისადმი ხელახალი ინტერესი დაკავშირებულია გაურკვევლობასთან და ცუდ წინათგრძნობებთან, რამაც ფეხი მოიკიდა ჩვენს საუკუნეში დაახლოებით 1914 წლიდან. პირველი ბრიტანელი ისტორიკოსი, რომელიც დიდი ინტერვალის შემდეგ კვლავ მიუბრუნდა ამ თემას, იყო ბერი. მან 1909 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნარკვევში „დარვინიზმი ისტორიაში“ ყურადღება გაამახვილა „შემთხვევითი ფაქტების უნებლიე თანხვედრაზე“, რაც უფრო ფართო გაგებით „გვეხმარება განვიხილოთ მოვლენები სოციალური ევოლუციის პროცესში“; მანვე 1916 წელს გამოაქვეყნა ცალკე ნაშრომი სათაურით „კლეოპატრას ცხვირი“19. ჰ.ა.ლ. ფიშერი, რომლის ნაშრომიდანაც უკვე მოვიტანე ციტატა - გამომხატველი გულგატეხილობისა ლიბერალური იდეების დაკნინების გამო პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში - ეხვეწება მკითვხელს კარგად გაიაზრონ „შემთხვევითი და გაუთვალისწინებელი“ ისტორიაში3. იმ დროს, როცა ბრიტანეთში სულ მეტი პოპულარობით სარგებლობდა თვალსაზრისი, რომ ისტორია შემთხვევითობებზეა დაფუძნებული, ამავე პერიოდში საფრანგეთში ძალას იკრებდა ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც თვალსაჩინოდაა გადმოცემული სარტრის ცნობილ ფილოსოფიურ ნაშრომებში „ყოფიერება და არარა“ და ამტკიცებს, რომ ყოფიერებას არ გააჩნია „არც მიზეზი, არც საფუძველი და არც აუცილებლობა“. გერმანიაში ცნობილი ისტორიკოსი მაინეკე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდად გაიტაცა შემთხვევითი ფაქტორების ზემოქმედების კვლევამ ისტორიულ მოვლენებზე. იგი უკმაყოფილებას არ მალავდა, რომ რანკე სათანადო ყურადღებას არ აქცევს ამ ფაქტორს. ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში მომხდარ ყველა უბედურებას მიაწერს მოვლენათა მთელ რიგს - კაიზერის უსაზღვრო პატივმოყვარეობას, ჰინდენბურგის არჩევას ვაიმარის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე, ჰიტლერის აკვიატებულ იდეებს და ა.შ. რაც მოწმობს დიდი ისტორიკოსის უსუსურობას საკუთარი ქვეყნის ტრაგიკული ბედის გამო.20 ხალხისთვის, ან ადამიანთა ჯგუფისთვის, რომელმაც დიდი ეროვნული ტრაგედია გადაიტანა, ისტორიაში შემთხვევითობის წინ წამომწევი თეორიები ყოველთვის შეასრულებს იმ ხავსის ფუნქციას, რომელსაც ეჭიდება წყალწაღებული; თვალსაზრისი, რომ შედეგი დამოკიდებულია იღბლიანობაზე, მუდამ პოპულარული იქნება ცხოვრების ფსკერზე მოქცეული ადამიანებისთვის.
რწმენის საფუძვლების გამოაშკარავება სრულებითაც არ ნიშნავს მის უარყოფას; ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ზუსტად განვსაზღვროთ კლეოპატრას ცხვირის ადგილი და მნიშვნელობა ისტორიული მოვლენების განვითარებაში. მონტესკიემ პირველმა სცადა დაეცვა ისტორიული განვითარების კანონები მსგავსი ზეგავლენებისაგან. რომის იმპერიის აყვავებისა და დაცემის მაგალითზე ის ამტკიცებდა, რომ „თუკი ერთმა განსაკუთრებულმა მიზეზმა, რომელიც შეიძლება იყოს ერთი ბრძოლის წაგება, გამოიწვია სახელმწიფოს რღვევა, ე.ი. არსებობდა სხვა უფრო ზოგადი მიზეზები, რამაც ერთი ბრძოლის წაგების გამო დაშალა უზარმაზარი იმპერია“. მარქისტებისთვისაც ეს საკითხი საჯილდაო ქვად იქცა; მარქსი მხოლოდ ერთხელ შეეხო ამ პრობლემას და ისიც მხოლოდ წერილში: „მსოფლიო ისტორიას უაღრესად მისტიკური ხასიათი ექნებოდა, რომ არ არსებობდეს შემთხვევითობა. შემთხვევითობა თავისთავად ისტორიული განვითარების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და აწონასწორებს შემთხვევითობის სხვა ფორმებს. მაგრამ დაჩქარება და შენელება დამოკიდებულია ისეთ შემთხვევით პირობებზე, რომელიც მოიცავს მოძრაობის პირველ ეტაპზე სათავეში მდგომი პიროვნებების „შემთხვევით“ ხასიათს“.21 ასე რომ, მარქსი შეეცადა ჩამოეყალიბებინა ისტორიაში შემთხვევითობის არსებობის სამი ფორმა: პირველი, შემთხვევითობა არაა მაინცდამაინც მნიშვნელოვანი: იგი შეიძლება დაჩქარდეს ან შენელდეს, მაგრამ არა ისტორუილი მოვლენების მიმდინარეობს ძირფესვიანად შეცვლით; მეორე, ერთი შემთხვევითობა აწონასწორებს მეორეს, ასე რომ, საბოლოო ჯამში ვღებულობთ სრულ ბალანსს; მესამე შემთხვევითობა განსაკუთრებულად ვლინდება პიროვნებათა ხასიათში22. ტროცკიმ ზუსტად შერჩეული მშვენიერი ანალოგიით კიდევ უფრო გაამყარა შემთხვევითობათა თვითგაწონასწორების თეორია: „უწყვეტი ისტორიული პროცესი აღიქმება როგორც ისტორიული კანონი შემთხვევითი მოვლენების ჭრილში. თუ პარალელს გავავლებთ ბიოლოგიასთან, შეიძლება ვთქვათ, რომ ისტორიული პროცესის რეალიზება ხდება შემთხვევითობათა ბუნებრივი გადარჩევის გზით“23. აქვე მინდა ვაღიარო, რომ ეს თეორია არადამაკმაყოფილებლად და დაუსაბუთებლად მიმაჩნია. დღეს ისტორიაში შემთხვევითობის როლი სერიოზულად გაბუქებულია იმათ მიერ, ვინც დაინტერესებულია ხაზი გაუსვას მის მნიშვნელობას. მაგრამ შემთხვევითობა მართლაც არსებობს და იმის თქმა, რომ ის მარტოოდენ ჩქარდება ან ნელდება, მაგრამ არ განიცდის არანაირ ცვლილებას, თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი. მე ისიც არ მჯერა, რომ რომელიმე მოულოდნელი შემთხვევის - როგორიც იყო, მაგალითად, ლენინის გარდაცვალება 54 წლის ასაკში, ავტომატური კომპენსაცია შესაძლებელია იყოს სხვა შემთხვევითობით, რაც აღადგენდა ისტორიული პროცესის წონასწორობას.
ასევე არასწორია თვალსაზრისი, რომ ჩვენ ისტორიულ შემთხვევითობას მივაწერეთ ნებისმიერ მოვლენას, რომლის ახსნაც აღემატება ჩვენს ძალას24. ცხადია, ასეც ხდება ხოლმე. ადრე, როცა ადამიანებს არ ესმოდათ, რომ ყველა ვარსკვლავს საკუთარი მოძრაობის წესი გააჩნია და ეგონათ, რომ უგზო-უკვლოდ, ყოველგვარი სისტემის გარეშე დახეტიალობენ ცაში, ნებისმიერ პლანეტას ერქვა „ცთომილი“. მოვლენის აღიარება მეცნიერულ მარცხად გაცილებთი იოლია, ვიდრე დამქანცველი შრომა მის არსში ჩასაწვდომად; და როცა ვინმე მეუბენბა, რომ ისტორია შედგება შემთხვევითობებისგან, ჩემი აზრით, ეს მიუთითებს ამ ადამიანის ან სიზარმაცეზე, ან ინტელექტუალურ უძლურებაზე. საკმაოდ ხშირად სერიოზულ ისტორიკოსებს დაუმტკიცებიათ, რომ ესა თუ ის მოვლენა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეული იყო ისტორიულ შემთხვევითობად, სულაც არ იყო მოულოდნელი და შესაძლებელია სრულიად რაციონალური ახსნა მოეძებნოს, თუკი უფრო ფართოდ მივუდგებით ამ საკითხს. მაგრამ ეს არ არის ჩვენი პრობლემის სრული გადაწყვეტის გზა. შემთხვევითი მოვლენები არ მოიცავს მხოლოდ იმას, რომელსაც ოდღესღაც ვერ მოვუძებნეთ მართებული განმარტება. ეს პრობლემა სულ სხვა ჭრილში უნდა მოვიაზროთ.
ჩვენ დავინახეთ, რომ ადრეულ ეტაპზე ისტორია იწყება ისტორიკოსის მიერ ფაქტების შერჩევითა და მოწესრიგებით, რათა ისტორიულ ფაქტებად აქციოს ისინი. ყველა ფაქტი არ შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულად, მაგრამ განსხვავება ისტორიულ და არაისტორიულ ფაქტებს შორის არ არის მკაცრად განსაზღვრული და უცვლელი; ნებისმიერი ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულად, თუკი დავამტკიცებთ მის მნიშვნელობას ისტორიისათვის. რაღაც მსეგავსი ხდება ისტორიკოსის მუშაობაში, როცა ცდილობს მოვლენების მიზეზთა დადგენას. ისტორიკოსის მიდგომა მიზეზისადმი ისეთივე გაორებულია, როგორც მისი მიდგომა ფაქტისადმი. მიზეზობრიობა ზემოქმედებს ისტორიული პროცესის ინტერპრეტაციაზე ისევე, როგორც ინტერპრეტაცია განსაზღვრავს ისტორიკოსის მიერ მიზეზების შერჩევისა და მოწესრიგების პროცესს. მიზეზების დალაგება მნიშვნელობის კატეგორიების მიხედვით, ან იმის განსაზღვრა, თუ რომელი მიზეზი ან მიზეზთა წყება უკეთესია სხვაზე, სუფთა ინტერპრეტაციული საკითხია და სწორედ ეს წარმოადგენს ისტორიაში შემთხვევითობის პრობლემის გადაწყვეტის ძირითად პრინციპს. კლეოპატრას ცხვირი, ნიკრისის ქარი, რომელიც აწუხებდა ბაიაზიდს, მაიმუნის კბენა, რამაც სიცოცხლე მოუსწრაფა მეფე ალექსანდრეს, ლენინის სიკვდილი - ყველაფერი ეს ის შემთხვევებია, რომელმაც სხვა მიმართულებით დაატრიალა ისტორიის ჩარხი; ამის უარყოფა არ იქნებოდა მართებული, მაგრამ მეორე მხრივ, რადგან ყველა ეს მოვლენა შემთხვევით ხასიათს ატარებდა, ისინი უძლურნი არიან ისტორიული პროცესის რაციონალური განმარტება შემოგვთავაზონ, ან აღქმულ იქნან ისტორიკოსის მიერ როგორც მნივშნელოვანი მიზეზები მიზეზთა იერარქიაში. პროფესორი პოპერი და პროფესორი ბერლინი, რომელთა ციტირებასაც ასე ხშირად იმიტომ ვახდენ, რომ მათი ნაშრომები უაღრესად პოპულარულია და ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავთ, თვლიან, რომ ისტორიკოსის მცდელობა სისტემატიზაციაში მოიყვანოს ისტორიული ფაქტები და გარკვეული დასკვნები გამოიტანოს ისტორიული პროცესიდან იგივეა, რომ ყველაფერს ერთი საზომით მიუდგე, რაც ცხადია, მარცხით მთავრდება. მაგრამ არც ერთ ჭკუათმყოფელ ისტორიკოსს აზრად არ მოუვა მოიცვას „ყველაფერი“; მას შეუძლია მოიცვას მხოლოდ ნაწილი იმ ფაქტებისა, რომელიც მის მიერ არჩეულ ისტორიულ პერიოდს ეხება. ისტორიკოსის სამყარო, ისევე როგორც მეცნიერისა, არ წარმოადგენს რეალური სამყაროს ზუსტ ასლს, არამედ უფრო სამუშაო მოდელია, რომელსაც შეძლებისდაგვარად აძლევს განსაზღვრებას და აუმჯობესებს. ისტორიკოსი მუშაობისას იყენებს წარსულის გამოცდილებას, ან გამოცდილების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც სჭირდება რაციონალური განმარტებისთვის და ინტერპრეტაციისთვის, საიდანაც გამოაქვს დასკვნები მომავალი მოქმედებისთვის. ერთმა თანამედროვე მწერალმა ფრიად ოსტატურად შეადარა ერთმანეთს სამეცნიერო მიღწევები და ადამიანის გონება, რომელიც „იქექება განსახილველი „ფაქტების“ ტომარაში, არჩევს და აკოწიწებს ცალკეულ ნაწილებს, ცდილობს არ გამორჩეს რელევანტური ფაქტები და უკუაგდოს არარელევანტური, სანამ არ მიიღებს „ცოდნის“ ლოგიკურ და რაციონალურ ახსნას“25. ვაღიარებ, რომ ეს თვალსაზრისი „სუბიექტურ ხასიათს“ ატარებს, მაგრამ პრინციპში ეს გახლავთ ის საფუძველი, რომელსაც ეყრდნობა ისტორიკოსის კვლევა.
ჩემს მიერ დახატული სურათი იქნებ მიუღებელი იყოს ფილოსოფოსებისთვის და თვით ისტორიკოსებიც კი შეაცბუნოს, მაგრამ სავსებით მისაღებია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც პრაქტიკულად უდგებიან ცხოვრებას. შემიძლია მაგალითიც მოგიყვანოთ: ვინმე ჯოუნსმა, რომელიც წვეულებიდან „ნაბახუსევი“ ბრუნდებოდა შინ მანქანით, ერთ-ერთი ქუჩის ჩაბნელებულ კუთხეში მოულოდნელად დაარტყა ვინმე რობინსონს, რომელიც გადადიოდა ქუჩაზე სიგარეტის საყიდლად. უბედურ შემთხვევას, რომელსაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, იმანაც „შეუწყო ხელი“, რომ მანქანის მუხრუჭები არ იყო წესრიგში. პოლიციამ უნდა დაადგინოს ტრაგედიის მიზეზები: იყო თუ არა ეს მძღოლის ბრალი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და მაშინ ეს სუფთა წყლის კრიმინალია, თუ იყო ეს პროფილაქტიკის პერსონალის ბრალი, რომლებმაც სულ ერთი კვირის წინ ჩაატარეს მანქანის შემოწმება? იქნებ ჩაბნელებული ქუჩის ბრალია, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ყურადსაღები იმ პირებისთვის, რომლებიც იძიებენ ამ შემთხვევას და ვერაფრით აუვლიან გვერდს არსებულ ვითარებას? სანამ ჩვენ პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტით ვართ დაკავებული, ოთახში შემორბის ორი პიროვნება, რომელთა ვინაობა არ წარმოადგენს ინტერესს, და ძალიან დამაჯერებლად იწყებენ იმის მტკიცებას, რომ საცოდავი რობინსონი იმ საღამოს ქუჩაში რომ არ გამოსულიყო სიგარეტის საყიდლად, მანქანა არ დაეჯახებოდა და ცოცხალი იქნებოდა. ასე რომ, რობინსონის სურვილი სიგარეტის ყიდვისა წარმოადგენს სიკვდილის მიზეზს და ნებისმიერი გამოძიება, რომელიც უგულებელყოფს ამ მიზეზს, ტყუილი დროის კარგვაა და სხვა არაფერი. მაშ, როგორ მოვიქცეთ? სანამ მჭერმეტყველების მორევი ჩაგვნთქავდეს, მშვიდად, წყნარად და ამავე დროს მტკიცედ უნდა გავისტუმროთ ის ორი ადამიანი, კარისკაცი გავაფრთხილოთ, რომ აღარ შემოუშვას ისინი და განვაგრძოთ ჩვენი გამოძიება. მაგრამ მაინც რა პასუხს ვაძლევთ იმ ორ ადამიანს? ერთი შეხედვით, რობინსონი მართლაც იმიტომ დაიღუპა, რომ სიგარეტს ეწეოდა. ყველაფერი, რაც ისტორიაში შემთხვევითობის სასარგებლოდ მეტყველებს, სწორი და ლოგიკურია. ასეთივე მყარი ლოგიკით გამოირჩევა ლუის კეროლის ზღაპრები „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ და „ელისი სარკისმიღმეთში“; მიუხედავად იმისა, რომ მე სხვებზე ნაკლებად არ ვარ მოხიბლული ოქსფორდელი სწავლულის ბრწყინვალე მაგალითებით, მაინც უნდა ვაღიარო, რომ სულ სხვა ლოგიკური პრინციპების მიმდევარი ვარ, ხოლო მის მეთოდს ისტორიის მეთოდთან საერთო არაფერი აქვს.
სწორედ ამის გამოა, რომ ისტორია მეცნიერული თვალსაზრისით მნიშვნელოვანის გადარჩევის პროცესს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ დავესესხები ტალკოტ პარსონსს, ამერიკელ სოციოლოგს, რომელიც თვლიდა, რომ ისტორია არის „გადარჩევის სისტემა“ არა მარტო შემეცნებითი, არამედ აგრეთვე რეალობასთან მიზეზობრივი ორიენტაციებისა. ისტორიკოსი აგროვებს არა მარტო მისთვის საჭირო ფაქტებს მოვლენების უზღვავი რაოდენობიდან, არამედ ასევე უთვალავი მიზეზ-შედეგობრივი თანაფარდობიდან იგი არჩევს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც ისტორიულ ინტერესს წარმოადგენს, რათა ამა თუ იმ მოვლენას რაციონალური განმარტება და ინტერპრეტაცია მისცეს. სხვა სახის მიზეზ-შედეგობრივი თანაფარდობა შეიძლება უარვყოთ როგორც შემთხვევითი, არა იმიტომ, რომ მიმართება მიზეზსა და შედეგს შორის განსხვავებულია, არამედ საკუთრივ მიმართება მათ შორის არერელევანტურია. ამ შემთხვევაში ისტორიკოსი უძლურია რამე გააკეთოს; თანაფარდობა არ ექვემდებარება რაციონალურ განმარტებას და არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს არც წარსულისთვის და არც აწმყოსთვის. კლეოპატრას ცხვირს, ბაიაზიდის ნიკრისის ქარებს, ალექსანდრეს მაიმუნის კბენას, ლენინის სიკვდილსა და რობინსონის სურვილს მოეწია სიგარეტი, მართლაც ჰქონდა თავისი შედეგები; მაგრამ, ცხადია, უაზრობა იქნებოდა გვემტკიცებინა, რომ მხედართმთავრები ბრძოლებს აგებენ იმიტომ, რომ დაბრმავებულნი არიან დედოფლების მშვენიერებით, ანდა ომების მიზეზს მეფეების პატარა და საყვარელი მაიმუნები წარმოადგენენ, ანდა ადამიანები იმიტომ კვდებიან ავტოკატასტროფებში, რომ სიგარეტს ეწევიან. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ჩვეულებრივ ადამიანს აუხსნით, რომ რობინსონის სიკვდილის მიზეზი მთვრალი მძღოლი იყო, ან ჩაბნელებული ქუჩა, ან მოუწესრიგებელი მუხრუჭები, მისთვის ამგვარი განმარტება სავსებით მისაღები, რაციონალური და გასაგები იქნება. თუ საქმე არჩევანზე მიდგა, ის ამ ახსნას მიანიჭებს უპირატესობას და არა იმას, რომ ტრაგედიის მიზეზი იყო რობინსონის სურვილი სიგარეტი მოეწია.
ზუსტად ასევე, თუ ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტს ეტყვით, რომ 1920-იან წლებში რუსეთში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი იყო ინდუსტრიალიზაცია, ან გლეხებზე ზეწოლა მეტი ხორბლის მოსაყვანად, რათა ქალაქები გამოეკვებათ, ან ზემდგომი პირების უსაზღვრო ამბიციები, იგი სწორედ ამგვარ განმარტებას ჩათვლის ყველა უბედურების რაციონალურ და ისტორიულად მისაღებ მიზეზად, მით უმეტეს, რომ ეს მიზეზები სხვა ისტორიულ რეალიებსაც კარგად მიესადაგება, ამიტომ ისინია ყველაფრის თავი და თავი - „ჭეშმარიტი მიზეზი“ და არა ლენინის უდროო სიკვდილი. მან ამ შემთხვევაში შეიძლება ჰეგელის ცნობილი გამონათქვამიც კი გაიხსენოს, რომ „რაც გონიერია, ნამდვილია და, რაც ნამდვილია, გონიერია“.
კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ რობინსონის დაღუპვის მიზეზებს. დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს იმის გარკვევა, რომ ზოგი მიზეზი რაციონალურია და „ნამდვილი“, ხოლო ზოგი - არარაციონალური და შემთხვევითი. მაგრამ რა კრიტერიუმები არსებობს ამის გასარკვევად? მიზეზი გარკვეულ მიზანს ემსახურება. ზოგი გონიერი ადამიანი შესაძლებელია დასკვნებს აკეთებს, ან ფიქრობს რომ აკეთებს, გასახალისებლად, მაგრამ უფრო ღრმად თუ ჩავწვდებით, ყველა ადამიანის დასკვნას რაღაც მიზანი აქვს; და როცა ერთ რომელიმე თვალსაზრისს მივიჩნევთ რაციონალურად, ხოლო მეორეს - ირაციონალურად, ვფიქრობ ამ პრინციპით ხდება „საჭირო“ და „არასაჭირო“ მიზეზების განსხვავება ერთმანეთისაგან. ჩვენს მიერ განხილული შემთხვევის ჭრილში, რასაკვირველია, თუ მეტ ყურადღებას მივაქცევთ, რომ ადამიანი არ მართავდეს მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში, მუხრუჭები გამართულად მუშაობდეს და ქუჩების განათებაც უკეთესი იყოს, ეს უცილობლად შეამცირებდა საგზაო უბედურებების რაოდენობას, მაგრამ სიგარეტის მოწევის აკრძალვას საგზაო შემთხვევებთან არანაირი კავშირი არა აქვს. ეს კრიტერიუმი გამოვიყენეთ ჩვენ განსხვავების დასადგენად. იგივე პრინციპი მოქმედებს ისტორიული მიზეზების მიმართ ჩვენი დამოკიდებულების დადგენის დროსაც. აქაც უნდა განვასხვავოთ რაციონალური და კაუზალური, ანუ შემთხვევითი, მიზეზები. რაციონალური მიზეზი იძლევა ფართო განზოგადებისა და ისტორიული გაკვეთილების გათვალისწინების საშუალებას, რადგან პოტენციურად სხვა ქვეყნის ვითარებასაც შეიძლება მივუსადაგოთ, სხვა პერიოდებს და სხვა სიტუაციებს. ის დაგვეხმარება გავაფართოოთ და გავაღრმავოთ ჩვენი წვდომა ისტორიულ პროცესებში.27 შემთხვევითი მოვლენები არ შეიძლება განზოგადდეს და თუმც უფრო მეტი უნიკალურობის ელფერს აძლევს სიტყვას, ვერ შეგვიწყობს ხელს ვერანაირი ისტორიული დასკვნების გამოტანაში. მაგრამ მე მინდა განსხვავებული მოსაზრება შემოგთავაზოთ, რომელიც ამ ბოლო დროს გაბატონდა ისტორიული შემთხვევითობის განსაზღვრისას და ყურადღებას იმსახურებს. როგორც დავრწმუნდით, ინტერპრეტაცია ისტორიაში დაკავშირებულია ღირებულებით მსჯელობასთან, ხოლო შემთხვევითობა - ინტერპრეტაციასთან. მაინეკეს სიტყვებით, რომელიც 1920-იან წლებში უდიდესი მოაზროვნე იყო, „ისტორიაში შემთხვევითობების ძიება შეუძლებელია, თუ არ მოვიშველიებთ ღირებულებათ. შემთხვევითობების ძიების უკან პირდაპირ თუ არაპირდაპირ მუდამ დგას ღირებულებათა ძიება“28. ეს ეხმიანება ჩემს ადრე გამოთქმულ აზრს ისტორიის გაორებულ და ორმხრივ ფუნქციაზე: აღვიქვათ წარსული აწმყოს ჭრილში, ხოლო აწმყო - წარსულის ჭრილში. ნებისმიერი მოვლენა, რომელიც არ იქნება განხილული ისტორიის ამ თავისებურების გათვალისწინებით, მსგავსად ანტონიოსის ტრფობისა კლეოპატრას მიმართ, განწირულია ისტორიის მიღმა დასარჩენად.
ახლა კი ნება მომეცით გამოვტყდე იმ მცირე უზუსტობაში, რომელიც სპეციალურად დავუშვი, რათა უფრო გასაგებად მეთქვა ჩემი სათქმელი. ალბათ შეამჩნევდით, რომ ძალიან ხშირად ვიყენებდი სიტყვებს „წარსული და აწმყო“, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ აწმყო სხვა არაფერია, თუ არა წარმოდგენითი გამყოფი ხაზი წარსულსა და მომავალს შორის. ვსაუბრობდი რა აწმყოზე, ვგულისხმობდი, რომ უფრო ადვილად და ყოვლისმომცველად დავასაბუთებდი წარსულისა და მომავლის კავშირს, ანუ მათ შინაგან ურთიერთმიმართებას. გამყოფი ხაზი პრეისტორიულ და ისტორიულ ხანას შორის გაჩნდა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა თავი ანებეს მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრებას და დაინტერესდნენ როგორც თავისი წარსულით, ისევე მომავლით. ისტორია ტრადიციით იწყება, ხოლო ტრადიცია გულისხმობს წარსული ჩვევებისა და გაკვეთილების გადატანას მომავალში. წარსულის ჩაწერა მომავალი თაობებისთვის გადასაცემად დაიწყეს. ჰოლანდიელი ისტორიკოსი ჰაიზინგა წერს: „ისტორიული მოძღვრება მუდამ ტელეოლოგიურია“,29 ხოლო ჩარლზ სნოუ სულ ახლახანს წერდა რეზერფორდზე, რომ „როგორც ყველა მეცნიერს, უნდა თუ არ უნდა, მომავალი ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი“30. ასევე კარგი ისტორიკოსი ნებსით თუ უნებლიედ მომავლით არის გაჟღენთილი და გარდა კითხვისა „რატომ?“ მას კიდევ ერთი შეკითხვა აწუხებს: „საით?“
__________________________________
1 F.M. Cornford, Thucydides Mythistoricus, passim.
2 კანონთა გონი, შესავალი და თავი I.
3 Memorials of Alfred Marshall, ed A.C. Pigou (1925), გვ. 428.
4 H. Poincarê, La Sience et l'hipothêse (1902), გვ. 202-3.
5 B. Russell, Mysticism and Logic (1918), გვ. 188.
6 The Education of Henry Adams (Boston, 1928), გვ. 224.
7 The poverty of Historicism წიგნი გამოვიდა 1957 წელს, მაგრამ შედგებოდა 1944 და 1945 წლებში ცალ-ცალკე გამოქვეყნებული მასალებისაგან.
8 მე ვცდილობდი არ გამომეყენებინა ტერმინი „ისტორიზმი“ გარდა ერთი-ორი შემთხვევისა, სადაც სიზუსტეს არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა; პროფესორმა პოპერმა თავის ნაშრომებში ამ ტერმინს ჩამოაცილა სიზუსტის შინაარსი, მაგრამ ადამიანმა უნდა იცოდეს, თუ რაზეა საუბარი. პროფესორი პოპერი ფრიად არაერთგვაროვნად უდგება ამ ტერმინს და იყენებს მას ისტორიაზე ნებისმიერი შეხედულების განსაზღვრისას, რომელიც მას არ აწყობს ამა თუ იმ მიზეზის გამო მიუხედავად იმისა, მისაღებია თუ არა სხვა ისტორიკოსებისათვის. მის ნაშრომებში „ისტორიზმი“ორივე შემთხვევაში: როცა ისტორია აღიარებულია მეცნიერებად და როცა მკვეთრად გამიჯნულია მისგან. ნაშრომში „The Poverty of Historicism“ ისტორიზმი განხილულია ჰოპერის მიერ როგორც „მიდგომა სოციოლოგიური მეცნიერებებისადმი, რომელიც ისტორიულ წინასწარმეტყველებას უმტავრეს მნიშვნელობას ანიჭებს“. დ'არსი ტერმინს „ისტორიზმი“ იყენებს „ისტორიის ფილოსოფიის მნიშვნელობით“.
9 შეტევა პლატონზე, როგორც ფაშიზმის დამაარსებელზე, დაიწყო ჯერ კიდევ 1937 წელს რადიოგადაცემებში ოქსფორდელმა სწავლულმა ვინმე რ.ჰ. კროსმანმა; მის გადაცემათა სერიას ერქვა „პლატონი დღეს“.
10 C. Kingsley, The Limits of Exact Science as Applied ti History (1860), გვ. 22.
11 „დეტერმინიზმი... ნიშნავს... რომ საწყისი მონაცემები ისეთია, რომ როგორც არის და რაც ხდება, უნდა მოხდეს სწორედ ასე და არა სხვაგვარად; სხვაგვარად შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი მონაცემები სხვაგვარად იქნებოდა“. (S.W. Alexander, Essays Presented to Ernst Cassirer, 1936, გვ. 18).
12 K.r. Popper, The Open Society (II გამ., 1952), ii გვ. 197.
13 „მიზეზობრიობის კანონი სამყარომ კი არ შემოგვახვია თავზე“, არამედ „ყველაზე მისაღები და ხელსაყრელი მეთოდია ჩვენი ადაპტაციისა სამყაროსტან“. (J. Rueff, From the Physical to the Social Sciences, Baltimore, 1929, გვ. 52) თვით პროფესორი პოპერი მიზეზობრიობის რწმენას უწოდებდა „მეტაფიზიკურ ჰიპოსტაციას კარგად დასაბუთებული მეთოდოლოგიური წესისა“. (The Logic of Scientific Enquiry, გვ. 248).
14 Decline and Fall of Roman Empire, ch. Ixiv.
15 W. Churchill, The World Crisis: The Aftermath (1929) 386.
16 ლ.ტროცკი, ჩემი ცხოვრება (ინგლ. თანგმ., 1930), გვ. 425.
17 J.B. Bury, The Idea of History (1920), 303-4.
18 Decline and Fall of The Roman Empire, თ. xxxviii. ფრიად საინტერესოა აღინიშნოს, რომ ბერძნებმა სიამოვნებით მიიღეს თამაშის წესები სახელწოდებით „დაკარგული შესაძლებლობები“ - ნებისმიერი დაპყრობილი ერის უკანასკნელი თავშესაფარი: „ალექსანდრე დიდი რომ არ მომკვდარიყო ახალგაზრდა, ის დაიპყრობდა დასავლეთს და რომი რომი ბერძენთა მფლობელობაში იქნებოდა“ - ამბობდნენ ისინი. (K. von Frits, The Theory of Mixed Constitution in Antiquity, N.y. 1954, გვ. 395).
19 J.B. Bury, Selected Essays (1930); Collingwood, The Idea of History, 148-50.
20 ტოინბის მიერ მოტანილი ფიშერის სიტყვების ციტატა არასწორად განმარტავს ფაქტებს: ის მიიჩნევს, რომ ეს შეხედულება შედეგია „თანამედროვე დასავლური რწმენის შემთხვევითობის ყოვლისმომცველობის შესახებ, რომელმაც წარმოშვა ჩაურევლობის ტეორია“, მაგრამ ჩაურევლობის თეორიის მიმდევრებს სჯერათ არა შემთხვევისა, არამედ ფარული ხელისა, რომლითაც განპირობებულია ადამიანის ქცევა. ფიშერის შენიშვნა ცაურევლობის თეორიის შესახებ გამოძახილი იყო ჩაურევლობის ლიბერალიზმის არა აღმავლობისა, არამედ მისი დაკნინებისა 1920-1930-იან წლებში.
21 ეს ციტატები მოყვანილიაქვს. ვ. სტარკს წინასიტყვაობაში მაინეკეს წიგნისთვის „მაკიაველიზმი“ გვ. XXXV-XXXVI
22 მარქსი და ენგელსი, შრომები (რუსული გამოც.) XXVI, გვ. 103.
23 ლ. ტოლსტოი ომსა და მშვიდობაში ტერმინებს „შემთხვევითობა“ და „გენიოსობა“ იყენებს რათა განსაზღვროს ადამიანის უნარი ჩაწვდეს საბოლოო მიზეზებს.
24 ლ. ტროცკი, ჩემი ცხოვრება (1938), გვ. 422.
25 ლ. ტოლსტოის აზრით: „ჩვენ მზად ვართ კვლავ ფატალიზმს მივუბრუნდეთ ირაციონალური მოვლენების განმარტებისას, ანდა ისეთი მოვლენებისა, რომლის რაციონალიზმით ჩვენთვის მიუწვდომელია“.
26 L. Paul, The Annihilation of Man (1944), 147.
27 პროფ. პოპერის წინაშე ერთ დროს პრობლემა იდგა, მაგრამ სათანადო ყურადღებით არ მოეკიდა მას. თავის ვარაუდს, რომ „ინტერპრეტაციის მრავალგვარობა წარმოადგენს ფაქტობრივად იმავეს, რაც ნებისმიერობა და უხამსობა ყველა იმ მნიშვნელობით, რასაც კი მოიცავს ეს ორი სიტყვა, მან ფრჩხილებში მაინც მიუთითა, რომ „ზოგი მათგანი მაინც შეიძლება განისაზღვროს თავისი ნაყოფიერებით, რაც არ არის უმნიშვნელო. ეს ამტკიცებს, რომ „ისტორიზმი“ (ზოგი მნიშვნელობით) არც ისეთი უაზრობაა. The Poverty of Historicism, გვ. 151.
28 Kausalitäten und Werte in der Geschichte (1928).
29 J. Huizinga, თარგმანი წიგნში: Varieties of History, რედ. F. Stern (1957).
30 The Baldwin Age, რედ. John Raymond (1960).
![]() |
5 ისტორია როგორც პროგრესის ფორმა |
▲ზევით დაბრუნება |
ნება მომეცით, ეს თავი დავიწყო ციტატით პროფესორ პოუიკის საინაუგურაციო გამოსვლიდან, რომელიც მან ოქსფორდში 30 წლის წინ წარმოთქვა: „ისტორიის ინტერპრეტაციის სურვილი ისე ღრმად არის გამჯდარი ჩვენს ცნობიერებაში, რომ სანამ არ გვექნება კონსტრუქციული თვალსაზრისი წარსულზე, ყოველთვის ან მისტიციზმის და ან ცინიზმის მსხვერპლნი გავხდებით“1. ჩემი აზრით, „მისტიციზმი ისტორიის მნიშვნელობას მის გარეთ ეძებს - თეოლოგიასა და ესქატოლოგიაში, რომელსაც იზიარებდნენ ისეთი მწერლები, როგორებიც იყვნენ: ბერდიაევი, ნიბური, ტოინბი.2 „ცინიზმი“ კი, რომლის მაგალითებიც არაერთხელ მომიყვანია, გულისხმობს, რომ ისტორია მოკლებულია მნიშვნელობას, ან უამრავი მნიშვნელობა აქვს - დასაბუთებულიც და დაუსაბუთებელიც, ანდა ის მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენდა უნებურად ვანიჭებთ. ასეთია ორი ყველაზე პოპულარული შეხედულება ისტორიაზე დღესდღეობით, მაგრამ მე არც ერთს არ ვეთანხმები. ასე რომ გვრჩება უაღრესად უცნაური, მაგრამ დამაფიქრებელი ფრაზა - „კონსტრუქტიული თვალსაზრისი წარსულზე“. მართალი გითხრათ, აზრზე არა ვარ, რა იგულისხმა ამ ფრაზაში პროფესორმა პოუიკმა, მაგრამ შევეცდები ჩემეული ინტერპრეტაცია მოგახსენოთ.
საბერძნეთისა და რომის კლასიკური ცივილიზაციები, აზიის უძველესი ცივილიზაციის მსგავსად, საფუძველშივე არ იყო ისტორიული. ჰეროდიტეს, როგორც ისტორიის მამას, როგორც ვნახეთ, მაინცდამაინც ბევრი შვილი არ ჰყოლია და კლასიკური ანტიკური ხანის მწერლები მთლიანობაში ისევე შორს იდგნენ მომავლისგან, როგორც წარსულისგან. თუკიდიდე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ არც წარსულში მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი და არც მომავალში უნდა ველოდოთ რაიმე ამდაგვარს. ლუკრეციუსი ადამიანის ინდეფერენტულობას მომავლის მიმართ ხსნიდა მისი ინდეფერენტულობით წარსულის მიმართ: „დაუსრულებელ წარსულ დროს, რაც იყო ჩვენს დაბადებამდე, არაფერი აკავშირებს დღევანდელობასთან; ის სარკეა, რომელშიც ბუნება ჩვენი სიკვდილის შემდგომ დროს გვიჩვენებს“.3
ბრწყინვალე მომავლის პოეტურმა წარმოსახვამ მიიღო წარსულის ოქროს ხანაში დაბრუნების ფორმა - ერთგვარი ციკლური თვალსაზრისი, რომელიც ისტორიულ პროცესებს აიგივებდა ბუნების პროცესებთან; ისტორიას არსად მივყავდით, რადგან არც წარსულს და არც მომავალს არანაირი აზრი არ ჰქონდა; მხოლოდ ვირგილიუსმა, რომელმაც თავის მეოთხე ეკლოგაში მოგვცა კლასიკური სურათი ოქროს ხანაში დაბრუნებისა, მოახერხა ციკლური კონცეფციისათვის თავი დაეღწია. „Imperium sine fine dedi“ - გახლავთ ყველაზე არაკლასიკური აზრი, რამაც მოგვიანებით მას კვაზიქრისტიანი წინასწარმეტყველის სახელი მოუპოვა.
ჯერ იუდეველებმა და შემდეგ ქრისტიანებმა ახალი ელემენტი შემოიტანეს ისტორიის განხილვაში: ისინი თვლიდნენ, რომ ისტორია ცვალებადი პროცესია, იგი არ დგას ერთ ადგილზე, ხოლო მისი მიზნები, არსი და ძირითადი პრინციპები არ არის ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული, ისინი მუდმივ ცვალებადობას განიცდიან; ეს გახლავთ ტელეოლოგიური შეხედულები ისტორიაზე; ასე რომ, ისტორიამ მიიღო მნიშვნელობა და მიზანი, მაგრამ დაკარგა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული და ტრადიციულად საერო ხასიათი. ისტორიული მიზნების წვდომა ავტომატურად გამოიწვევდა ისტორიის კვდომას: ისტორია თავად არის თეოდიცია - „ღმერთის გამართლება“. ეს იყო შუალედური თვალსაზრისი ისტორიაზე. რენესანსის ეპოქამ უარყო კლასიკური თვალთახედვა ანთროპროცენტრულ სამყაროზე და მიზეზის პირველადობაზე და კლასიკური პესიმისტური შეხედულება შეცვალა ოპტიმისტურით, რომლის საფუძველსაც იუდაურ-ქრისტიანული ტრადიციები წარმოადგენდა. დროის ფაქტორი, რომელიც ოდესღაც მტრული და გამთიშველი იყო, ახლა მეგობრული და შემოქმედებითი გახდა. შეადარეთ ჰოროციუსის - „Damnosa quid non imminuit dies?“ ბეკონის - „Veritas temporis filia“. განმანათლებლობის ეპოქის რაციონალისტებმა, რომლებმაც თავის დროზე საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ისტორიოგრაფიას, გაიზიარეს იუდეველ-ქრისტიანული ტელეოლოგიური თვალსაზრისი, მაგრამ ისტორიის მიზნებს არაეკლესიური, საერო ყაიდა მისცეს: ამით კვლავ აღადგინეს რაციონალური ხასიათი თავად ისტორიული პროცესისა. ისტორია გახდა ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების პროგრესული ფორმა. გიბონი, უდიდესი ინგლისელი ისტორიკოსი, არ შეუშინდა განსახილველი საგნის ბუნებას და ჯიუტად აგრძელებდა იმის აღნუსხვას, რასაც თავად უწოდებდა „სასიამოვნო დასკვნით ნაწილს, რომელიც კი ოდესმე შეუქმნია ყველა ხანას სამყაროს არსებობის განმავლობაში, ან ახლაც ქმნის, ჭეშმარიტ კეთილდღეობას, ბედნიერებას, ცოდნას, ან თუ გნებავთ, ადამიანთა მოდგმის მაღალ ზნეობრიობას“4. პროგრესის კულტმა კულმინაციას მიაღწია ბრიტანეთის წარმატებების, ძალაუფლებისა და თვითდაჯერების უმაღლეს მწვერვალზე ყოფნის პერიოდში; ბრიტანელი მწერლები და ისტორიკოსები ამ კულტის თავგამოდებული მომხრეების რიგებში იყვნენ. აღნიშნული ვითარება იმდენად ახლობელი და თვალსაჩინოა, რომ არ მიმაჩნია საჭიროდ რაიმე კონკრეტული მაგალითის მოყვანა, სრულიად საკმარისია ერთი ან ორი ციტატა, რომელიც ნათლად დაგვანახებს, თუ რაოდენ სისხლხორცეული გახდა ჩვენი აზროვნებისათვის რწმენა პროგრესისა: ექტონი 1896 წელს, როცა გამოსაცემად ამზადებდა ნაშრომს „კემბრიჯის თანამედროვე ისტორია“, საიდანაც არაერთხელ მომიტანია ციტატა, ისტორიას განიხილავდა როგორც „პროგრესულ მეცნიერებას“ და პირველი ტომის წინასიტყვაობაში აღნიშანვდა, რომ „სამეცნიერო ჰიპოთეზები, რომელსაც ეყრდნობა ისტორია, უნდა ჩაითვალოს პროგრესულ მიღწევად ადამიანის საქმიანობაში“, 1918 წელს გამოცემული „ისტორიის“ ბოლო ტომში დემპიერი, რომელიც იყო ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი ოქსფორდში სწავლის დროს, ამტკიცებდა, რომ „ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე მომავალში უსაზღვრო იქნება და შემდგომი თაობები ამ ფაქტორს გამოიყენებენ ხალხის კეთილდღეობის ასამაღლებლად“5. ზემოთმოყვანილი ციტატები თვალსაჩინოდ ასახავს იმ ატმოსფეროს, რომელშიც ვიღებდი განათლებას. მე უყოყმანოდ ხელს მოვაწერდი 15 წლით უფროსი ბერტრან რასელის სიტყვებს: „მე ვიზრდებოდი ვიქტორიანული ოპტიმიზმის სრული გაფურჩქვნის პერიოდში და იმედიანი განწყობილება ჩემში იმ ხანიდან იღებს სათავეს“6.
1928 წელს, როცა ბერიმ დაწერა წიგნი „პროგრესის იდეა“, სისასტიკისა და დაუნდობლობის ატმოსფერომ საყოველთაო გამარჯვება იზეიმა, რაშიც ბერი გავრცელებული შეხედულების შესაბამისად ადანაშაულებდა „დოქტრინერებს, რომლებმაც დაამკვიდრეს ტერორი რუსეთში“, თუმცაღა პროგრესს მაინც განიხილავდა როგორც „დასავლური ცივილიზაციის მაცოცხლებელ და მარეგულირებელ იდეას“7. შემდგომში ამ საკითხზე კრინტიც აღარ დაუძრავთ. ამბობენ, რომ რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ბრძანებაც კი გამოსცა, რომელიც კრძალავდა სიტყვა „პროგრესის“ წარმოთქმას; თანამედროვე ფილოსოფოსები და ისტორიკოსები დასავლეთში და ამერიკაშიც კი დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაეთანხმნენ მის ამგვარ გადაწყვეტილებას და აღიარეს იმპერატორის სისწორე.
პროგრესის ჰიპოთეზამ არ გაამართლა. დასავლეთის სამყაროს დაკნინება იმდენად თვალსაჩინო დასტურია ამისა, რომ ზედმეტად აღარ გადაგღლით სხვა მაგალითებით. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? ვის მიერ იყო ჩამოყალიბებული ეს ახალი შეხედულება, რომელმაც შემდგომში საყოველთაო ხასიათი მიიღო? ამას წინათ შემთხვევით თვალში მომხვდა ბერტრან რასელის ერთი გამონათქვამი, რომელმაც გამაოგნებელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე: თურმე ნუ იტყვით და „ამჟამად მთლიანობაში ნაკლები თავისუფლებაა მსოფლიოში, ვიდრე ასი წლის წინ“8. მე არ გამაჩნია თავისუფლების საზომი და ამიტომ ვერ გეტყვით, რა იგულისხმება სიტყვებში „ცოტა თავისუფლება“, „ნაკლები თავისუფლება“, „ბევრი თავისუფლება“, ან „კიდევ უფრო მეტი თავისუფლება“, მაგრამ ერთი რამის თქმა კი დაბეჯითებით შეიძლია, რომ თავისუფლების ნებისმიერი „საზომი ერთეული“ მართებული არ იქნება; პირადად ჩემთვის გაცილებით მიმზიდველია მისტერ ა.ჯ. ტეილორის „ერთი თვალის გადავლებით გაკეთებული ზედაპირული“ დასკვნები; იგი წერს, რომ მთელი ეს სჯა-ბაასი ცივილიზაციის დაკნინებაზე ძალიან წააგავს სიტუაციას, როცა „უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებსაც ადრე ყოველთვის ჰყავდათ შინამოსამსახურეები, ახლა იძულებულნი არიან თვითონ რეცხონ ჭურჭელი“9. რასაკვირველია, ყოფილი მოსამსახურეებისთვის პროფესორების მიერ ჭურჭლის რეცხვა შეიძლება პროგრესის ნიშანი იყოს. ასევე თეთრკანიანების ბატონობის შესუსტება აფრიკაში, რაც ძალიან აღელვებთ იმპერიის მომხრეებს, აფრიკანერ რესპუბლიკელებს და ინვესტორებს ოქროსა და სპილენძის მოპოვებაში, შეიძლება მავანთათვის პროგრესს ნიშნავდეს; ჩემთვის გაუგებარია თუ პროგრესის საკითხის განხილვისას რატომ უნდა მივანიჭო უპირატესობა თვით ფაქტის გამო 1950-იანი წლების შეხედულებას და არა 1890-იანი წლებისა, ანდა ინგლისურენოვანი სამყაროს თვალსაზრისს და არა რუსეთის, აზიისა და აფრიკის მოსახლეობისას, ან ვთქვათ, საშუალო კლასის ინტელექტუალის აზრს და არა ჩვეულებრივი რიგითი გამვლელისას, რომელსაც მისტერ მაკმილანის აზრით მაინცდამაინც არაფერი გაეგება ამ საკითხში. მოდით, წარმოვიდგინოთ ჩვენი მსჯელობა ამ თემაზე თუკი ვიცხოვრებდით პროგრესის ან დაკნინების ეპოქაში, ცოტა უფრო ღრმად ჩავწვდეთ, თუ რას გულისხმობს პროგრესის კონცეფცია, რა ვარაუდებს ეყრდნობა და რამდენად არასწორია მისი პრინციპები.
პირველ რიგში, მინდა გავარკვიო ის დომხალი, რომელიც არსებობს პროგრესისა და ევოლუციის საკითხებში. განმანათლებლობის ეპოქის მოაზროვნეებმა აითვისეს ორი აშკარად ურთიერთსაპირისპირო შეხედულება. ისინი ცდილობდნენ მოეძებნათ ადამიანის ადგილი ბუნების სამყაროში: ისტორიის კანონები გაიგივებული იყოს ბუნების კანონებთან; მეორე მხრივ, მათ სჯეროდათ პროგრესის; მაგრამ რას ეყრდნობოდა მათი რწმენა, როცა ბუნებას განიხილავდნენ პროგრესულ მოვლენად, რომელიც მუდმივად მიისწრაფის გარკვეული მიზნისკენ? ჰეგელი მკვეთრად მიჯნავდა ერთმანეთისგან ისტორიას, რომელიც პროგრესულად მიაჩნდა და ბუნებას, რომელიც არ მიაჩნდა ასეთად. დარვინისეული რევოლუცია მიზნად ისახავდა მოესპო ყოველგვარი გაუგებრობა ევოლუციასა და პროგრესს შორის თანაფარდობის დადგენით: აღმოჩნდა, რომ ბუნებაც ისტორიის მსგავსად, პროგრესული იყო. ამან უფრო მეტი გაუგებრობა შეიტანა საკითხში, რადგან ერთმანეთში აურია ბიოლოგიური მემკვიდრეობითობა, რომელიც ევოლუციის წყაროა, და სოციალური შენაძენი, რომელიც ისტორიულ პროგრესს უდევს საფუძვლად. განსხვავება მათ შორის ცხადი და თვალსაჩინოა: თუ ევროპელ ბავშვს ჩინელების ოჯახში აღვზრდით, იგი მაინც თეთრკანიანი დარჩება, მაგრამ ჩინურად ილაპარაკებს. პიგმენტაცია ბიოლოგიური მემკვიდრეობაა, ხოლო სალაპარაკო ენა - სოციალური შენაძენი და ადამიანის გონების მეშვეობით მიიღწევა. ევოლუციის მემკვიდრეობითობა ერთი ან რამდენიმე ათასწლეულობით იზომება, მაგრამ ისტორიული ჩანაწერების დასაბამიდან ვერსად ვიპოვით ადამიანის ბიოლოგიური ცვლილების ერთ მაგალითსაც კი. პროგრესის შენაძენი შეიძლება თაობებით გაიზომოს. ადამიანი იმიტომ ითვლება რაციონალურად მოაზროვნე არსებად, რომ ძალუძს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დააგროვოს წინა თაობების გამოცდილება. როგორც ამბობენ, თანამედროვე ადამიანის ტვინი და აზროვნების უნარი იგივეა, რაც იყო 5000 წლის წინ, მაგრამ აზროვნების ეფექტურობა გაცილებით გაიზარდა და გაფართოვდა, რადგან საკუთარ გამოცდილებას ემატება წინა თაობების გამოცდილებაც. შეძენილი სახასიათო ნიშნების გადაცემა, რასაც აგრერიგად უარყოფენ ბიოლოგები და თვლიან შეუძლებლად, წარმოადგნეს სოციალური პროგრესის საფუძველს. ისტორია პროგრესულია იმდენად, რამდენადაც ხდება შეძენილი მახასიათებლების გადაცემა ერთი თაობიდან მეორეზე.
მეორე, ჩვენ არ უნდა განვიხილოთ პროგრესი როგორც ისეთი მოვლენა, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული. 50 წლის წინ საყოველთადო პოპულარული თვალსაზრისი, რომ ცივილიზაციის აკვანში ნილოსის ველზე დაირწა მე-4 ათასწლეულში ჩვ.წ.აღ.-მდე, დღეს აღარავის აინტერსებს ისევე, როგორც ის, რომ სამყარო შეიქმნა 4004 წელს ჩვ.წ.აღ.-მდე. ცივილიზაციას მართლაც რომ ჰქონდა დასაწყისი, ეს არ არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი და ამას ეფუძნება პროგრესის ჩვენეული ჰიპოთეზა, მაგრამ ეს არის განვითარების მუდმივი და უაღრესად ნელი პროცესი, რომელშიც შესაძლებელია ეფექტური ნახტომებიც გამოერიოს ხოლმე შიგადაშიგ. ჩვენ არ უნდა გვაღელვებდეს პროგრესის ან ცივილიზაციის დაწყების დრო. ჰიპოთეზამ პროგრესის შესაძლო დასასრულზე შეიძლება გაცილებით სერიოზულ გაუგებრობამდე მიგვიყვანოს. ჩემი აზრით, ჰეგელი ძალიან მართებულად იყო გაკრიტიკებული იმის გამო, რომ პრუსიის მონარქიას პროგრესის დასასრულად თვლიდა, რაც ეფუძნებოდა მის მიერ წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას. მაგრამ ჰეგელის გადახრას ჭეშმარიტების გზიდან დაეთანხმა და კვერი დაუკრა ვიქტორიანული ეპოქის თვალსაჩინო მოღვაწემ, ოქსფორდის თანამედროვე ისტორიის პროფესორმა თ. არნოლდმა, რომელმაც საინაუგურაციო გამოსვლაში 1841 წელს განაცხადა, რომ მისი აზრით თანამედროვე ისტორია სავარაუდოა გახდეს ბოლო ეტაპი კაცობრიობის ისტორიისა: „როგორც ჩანს დადგა ჟამი შევწვყიტოთ დროის ათვლა, რადგან ამის შემდეგ მომავალი ისტორია აღარ იარსებებს“10.
მარქსის წინასწარმეტყველება, რომ პროლეტარული რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდება უკლასო საზოგადოება, ლოგიკურად და მორალურად ნაკლებად დაუცველი ჩანდა; მაგრამ ისტორიის დასასრულის ალბათობა ესქატოლოგიურ ხასიათს ატარებს, რაც დამახასიათებელია უფრო თეოლოგისთვის, ვიდრე ისტორიკოსისათვის და კვლავ გვაბრუნებს იმ მცდარ თვალსაზრისთან, რომლის მიხედვითაც ისტორიის მიზანი მის გარეთ უნდა ვეძებოთ. რასაკვირველია, ადამიანის გონებისთვის არსებობის დასასრულის თეორიას გარკვეული მომხიბვლელობა აქვს, ხოლო ექტონის შეხედულება ისტორიაზე, როგორც დაუსრულებელ მისწრაფებაზე თავისუფლებისკენ, ცოტა რა იყოს გაურკვეველი და ბუნდოვანია. თუკი ისტორიკოსს სურს რამენაირად დაიცვას თავისი ჰიპოთეზა პროგრესზე, მან უნდა განიხილოს იგი როგორც პროცესი, სადაც შემდგომი პერიოდების მოთხოვნები და ვითარებები შეიძენენ საკუთარ მნიშვნელობას. სწორედ ეს იგულისხმება ექტონის თეზისში, რომ ისტორია არა მარტო აფიქსირებს პროგრესს, არამედ თავად არის „პროგრესული მეცნიერება“, ან თუ გნებავთ, ისტორია, როგორც მოვლენათა მიმდინარეობა და როგორც ამ მიმდინარეობათა აღმწერი, პროგრესულია. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ისტორიაში თავისუფლების ექტონისეული განმარტება: „ძალადობა და მუდმივი ბოროტება იმიტომ გაბატონდა, რომ ადამიანებმა სისუსტე გამოიჩინეს და მას ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, მაგრამ 400 წლის ნელი პროგრესის ვითარებაში, თავისუფლებას ინარჩუნებდნენ, უფრთხილდებოდნენ, აფართოებდნენ და საბოლოოდ შეიცნეს“11. ისტორია, როგორც მოვლენების მიმდინარეობა, ექტონის მიერ განიხილებოდა როგორც პროგრესი თავისუფლების გაგების მიმართულებით, ხოლო ისტორია, როგორც მოვლენების აღნუსხვა - როგორც პროგრესი თავისუფლების შეცნობის მიმართულებით: ორივე პროცესი მიმდინარეობს ერთმანეთის პარალელურად12. ფილოსოფოსი ბრედლი, რომელიც წერდა იმ პერიოდში, როცა ევოლუციიდან ანალოგიების მოყვანა ფრიად მიღებული იყო, აღნიშნავდა, რომ „რელიგია აღვივებს რწმენას, რომ სამყარო უახლოვდება თავის დასასრულს“.13 ისტორიკოსისათვის ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი: ეს შორეული პერსპექტივების საგნად რჩება და გზის მაჩვენებელი ისარიც მაშინ გვიჩვენებს მიმართულებას, თუ ერთ ადგილზე არ გავჩერდებით და განვაგრძობთ მოძრაობას. ეს სრულებითაც არ აკნინებს კომპასის მნიშვნელობას; ის მართლაც რომ საჭირო საგანს წარმოადგენს, მაგრამ არ არის რუკა, რომლითაც შეიძლება ვიხელმძღვანელოთ მარშრუტის არჩევისას; ისტორიას ჩვენ თავად ვაძლევთ გარკვეულ მნიშვნელობას და ეს მნიშვნელობა ჩვენზეა დამოკიდებული.
მესამე საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია არის ის, რომ არავინ ირწმუნებს პროგრესის ისეთ სახეს, რომელიც სწორხაზოვნად მიმდინარეობს ყოველგვარი გადახრებისა და სირთულეების გარეშე; ასე რომ, ყველაზე საბედისწერო გადახრაც კი ვერ შეარყევს ამ რწმენას. ისტორიაში არსებობს როგორც აღმავლობის, ასევე დაკნინების პერიოდები; უფრო მეტსაც გეტყვით: სისულელე იქნებოდა გვევარაუდა, რომ უკან დახევის შემდეგ წინსვლა იმავე წერტილიდან ან იმავე სწორხაზოვნებით წარიმართება. ჰეგელის და მარქსის ოთხი თუ სამი ცივილიზაცია, ტოინბის 21 ცივილიზაცია, თეორია ცივილიზაციის ციკლური ხასიათის შესახებ, რომელიც შეიცავს აღმავლობასაც, დაკნინებასაც და სრულ განადგურებასაც, არანაირ როლს არ თამაშობს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ძალისხმევა, რომელიც საჭიროა ცივილიზაციის აღმავლობისათვის ერთ რომელიმე ადგილას, სხვა ადგილას დაკნინებას განიცდის, ასე რომ პროგრესი, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ისტორიაში, არ არის უსასრულო არც დროსა და არც სივრცეში. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ისტორიული კანონების ჩამოყალიბება, ერთ-ერთი კანონი ასეთი იქნებოდა: გარკვეული ჯგუფი - დავარქვათ მას კლასი, ერი, კონტინენტი, ცივილიზაცია ან სხვა ნებისმიერი სახელი - რომელიც წამყვან როლს თამაშობს ცივილიზაციის აღორძინებაში ერთ გარკვეულ პერიოდში, ძნელად დასაჯერებელია, რომ იმავეს გააკეთებს სხვა ისტორიულ ხანაში. ეს ჯგუფი მთელი თავისი არსით დაკავშირებულია ადრეული პერიოდის ტრადიციებთან, ინტერესებთან და იდეოლოგიასთან და გაუჭირდება ალღო აუღოს ახალი დროის მოთხოვნებსა და რეალიებს.14 შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ის, რაც ერთი ჯგუფისთვის დაკნინებას ნიშნავს, მეორე ჯგუფისთვის აღმავლობის წინაპირობა გახდეს. პროგრესი არ არის და არც შეიძლება იყოს ერთნაირი და ერთგვაროვანი პროცესი ყველასთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი რომლებსაც ისტორია უაზრობად მიაჩნიათ და ამტკიცებენ, რომ პროგრესს მომავალი არ უწერია, მიეკუთვნებიან მსოფლიოს იმ ნაწილს და საზოგადოების იმ ფენას, თავის დროზე რომ მნიშვნელოვანი წილი შეიტანეს ცივილიზაციის აღორძინებასა და წინსვლაში. მათთვის ვერაფერი ნუგეშია, რომ ახლა მომავალმა თაობებმა შეიძლება შეასრულონ იგივე როლი. სრულიად აშკარაა, რომ ისტორია, რომელმაც ასე ბოროტად დასცინა მათ, არ შეიძლება იყოს აზრიანი და რაციონალური პროცესი. მაგრამ თუ კვლავ მივუბრუნდებით პროგრესის ჰიპოთეზას, იძულებულნი გავხდებით დავეთანხმოთ არასწორხაზოვნების არსებობას.
ბოლოს, შევეხები პროგრესის ძირითად პრინციპს ისტორიული ქმედების ჭრილში. ხალხი, რომელიც, ვთქვათ, იბრძვის სამოქალაქო უფლებების გასაფართოებლად, ან დასჯის სისტემის რეფორმისთვის, ან რასობრივი თანასწორობისა და კეთილდღეობის გათანაბრებისთვის, არ ელტვის „პროგრესს“, არ ცდილობს ჩაწვდეს რომელიმე ისტორიულ „კანონს“ ან პროგრესის „ჰიპოთეზას“, ეს ისტორიკოსები ცდილობენ საკუთარი მოქმედებები მათსავე ჰიპოთეზებს დაუქვემდებარონ და ეს მოქმედებები წარმოაჩინონ როგორც პროგრესი. მაგრამ ეს არანაირ ზიანს არ აყენებს პროგრესის კონცეფციას. სასიამოვნოა, რომ ამ საკითხში ჩემი და ისაია ბერლინის შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა; მან განაცხადა, რომ „რაც უნდა არასწორად ჟღერდეს სიტყვები „რეაქცია“ და „პროგრესი“, ეს კონცეფციები არ არის მოკლებული მნიშვნელობას“.15 ისტორია ეყრდნობა თვალსაზრისს, რომ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს (ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლადდ იყენებს) წინაპრების გამოცდილება და რომ პროგრესი ისტორიაში, ბუნებაში ევოლუციისგან განსხვავებით, ეყრდნობა შეძენილ მემკვიდრეობას. ეს მემკვიდრეობა შეიცავს როგორც მატერიალურ ქონებას, ასევე ადამიანის უნარს გააუმჯობესოს, გარდაქმნას და გამოიყენოს გარესამყარო. ცხადია, ეს ორი ფაქტორი ურთიერთდაკავშირებულია და ზემოქმედებს ერთმანეთზე. მარქსი ადამიანის შრომას განიხილავდა როგორც მთელი სისტემის საფუძველს და ეს ფორმულა შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვა შემთხვევებშიც, თუ სიტყვას „შრომა“ უფრო ფაროთ მნიშვნელობას მივანიჭებთ. მაგრამ შესაძლებლობების უბრალო შერწყმით ვერაფერს მივაღწევთ, სანამ ამ პროცესს არ მოჰყვება არა მარტო ტექნიკური თუ სოციალური ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება, არამედ ადამიანის გარესამყაროს გაუმჯობესება უფრო ფართო გაგებით. დღესდღეობით ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც ეჭვი შეეპარება, რომ პროგრესისათვის საჭიროა როგორც მატერიალური რესურსები, ასევე მეცნიერული ცოდნა, და არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, ამას უნდა დაემატოს აგრეთვე გარესამყაროს გაუმჯობესება ტექნოლოგიური მნიშვნელობით. საკითხი, რომელიც გაოცებას იწვევს და რომელზედაც პასუხს მოველით, შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: იყო თუ არა რაიმე პროგრესი ჩვენს საზოგადოებრივ წყობაში მე-12 საუკუნის გარესამყაროს გაუმჯობესებაში, იქნებოდა ეს ნაციონალური თუ ინტერნაციონალური, ან იყო თუ არა აშკარად გამოკვეთილი რეგრესი? ადამიანის, როგორც სოციალური არსების, განვითარება ხომ არ ჩამორჩა კატასტროფულად პროგრესს ტექნოლოგიაში? სიმპტომები, რომელმაც წამოჭრა ეს საკითხი, ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ თავად საკითხი არასწორად არის დასმული. ისტორიას ახსოვს ისეთი მაგალითები, როცა ხელმძღვანელობა და ინიციატივა გადადიოდა ერთი ჯგუფიდან მეორეზე, ან სამყაროს ერთი ნაწილიდან მეორეზე: თანამედროვე სახელმწიფოს აღმავლობის პერიოდი, როცა ძალაუფლებამ ხმელთაშუა ზღვიდან გადაინაცვლა დასავლეთ ევროპაში, აგრეთვე ფრანგული რევოლუციის პერიოდი, თვალსაჩინო მაგალითებია თანამედროვე ისტორიიდან. ასეთ პერიოდებს მუდამ თან სდევს არეულობა, ქაოსი და ძალაუფლების სფეროების გადანაწილება. ძველი ხელისუფლება დაუძლურდა, ძველი ორიენტირები გაქრა. სისასტიკით გამორჩეული კონფლიქტებისა და შეჯახებების შედეგად ახალი წეს-წყობილება იწყებს აღმოცენებას. მე ვფიქრობ, რომ ახლა სწორედ ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით. არ იქნება სწორი თუ ვიტყვი, რომ სოციალური ორგანიზაციის პრობლემებში გარკვევის სურვილმა ან კეთილმა ნებამ საკუთარი სურვილისამებრ მოვაწყოთ ჩვენი საზოგადოება, რაიმე ცვლილება, და, მითუმეტეს, რეგრესი განიცადა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბოლო დროს ჩვენ ძლიერ წავიწიეთ წინ; ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ჩვენი საკუთარი შესაძლებლობები დაქვეითდა, ან მორალური ნორმები უარესი გახდა. მაგრამ გაუთავებელმა კონფლიქტებმა კონტინენტებს, ერებსა თუ კლასებს შორის, რომლის გადატანაც გვიხდება, უაღრესად დაგვძაბა და შეასუსტა ჩვენი სწრაფვა კეთილი საქმეების კეთებისა. არანაირი სურვილი არ მაქვს ბოლო 50 წლის განმავლობაში დასავლეთში მომხდარი ამბები დავუკავშირო პროგრესის რწმენას, მაგრამ არც იმის დაჯერება მინდა, რომ პროგრესს ისტორიაში მომავალი არ გააჩნია. თუ თქვენ მომთხოვთ, უფრო ღრმად ჩავწვდე პროგრესის არსს, ვფიქრობ, დაახლოებით ასეთ პასუხს მიიღებთ: წარმოდგენა ისტორიული პროგრესის საბოლოო და აშკარა მიზანზე, რომელზედაც ასე ბევრს საუბრობდნენ მე-19 საუკუნის მოაზროვნენი, უვარგისი და უაზრო გამოდგა. პროგრესის რწმენა ნიშნავს არა ავტომატური და გარდაუვალი პროცესის რწმენას, არამედ ადამიანის შესაძლებლობების აღმავალი გზით განვითარების რწმენას. პროგრესი აბსტრაქტული ცნებაა: კონკრეტული დასასრულის შესაძლებლობა, რომელსაც დროდადრო განიხილავს კაცობრიობა, დაკავშირებულია არა ისტორიული მოვლენების მიმდინარეობასთან, არამედ გარკვეულ წყაროებთან მის გარეთ. მე არ მჯერა ადამიანის სრულყოფილებისა და მომავალი სამოთხისა დედამიწაზე.
ამ საკითხში მე სრულებით ვეთანხმები თეოლოგებსა და მისტიკოსებს, რომლებიც ამტკიცებენ სრულყოფილების შეუძლებლობას ისტორიაში. მაგრამ მე შინაგან კმაყოფილებას უნდა ვგრძნობდე პროგრესის უსაზღვრო შესაძლებლობების გამო - ანუ პროგრესის საგნის გამო, რომელიც არ არის მოქცეული განსაზღვრულ ჩარჩოებში, რომელიც შეგვიძლია ან მოითხოვს წინასწარ გათვალისწინებას, - ისეთი მიზნების მიმართ, რომელიც შეიძლება განისაზღვროს საკუთარი სურვილისამებრ და რომლის მართებულობა შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ამ მიზნების მიღწევის შემთხვევაში. არც ის ვიცი, თუ როგორ უნდა იარსებოს საზოგადოებამ, თუ არა აქვს შემუშავებული პროგრესის რაღაც ამდაგვარი კონცეფცია. ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოება, შეიძლება ითქვას, წირავს თანამედროვე თაობას მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. ამგვარ მოქმედებებს ჩვეულებრივ ამართლებენ ხოლმე უკეთესი მომავლის რწმენით, ხოლო გარანტიად უზენაეს მიზნებს იშველიებენ. ბერის სიტყვებით რომ ვთქვათ, „მოვალეობის პრინციპი მომავალი თაობების მიმართ პირდაპირი შედეგია პროგრესის იდეისა“16. თუ ეს მართლაც ასეა, მე არ მეგულება სხვა საშუალება მისი ახსნისა და გამართლებისა.
ამან მიმიყვანა ცნობილ პრობლემამდე, რომელსაც ეწოდება ობიექტურობა ისტორიაში. თავად ტერმინი ფრიად უაზრო და გაუგებარია. ადრე უკვე განვაცხადე, რომ სოციოლოგია და ისტორია არ შეიძლება მივაკუთვნოთ ცოდნის თეორიას, რომელიც ასხვავებს სუბიექტსა და ობიექტს და მკაცრ ზღვარს ავლებს დაკვირვების საგანსა და დამკვირვებელს შორის. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ახალი მოდელი, რომელიც მათ შორის ურთიერთქმედებასა და მიმართებას განიხილავს როგორც კომპლექსურ პროცესს, ისტორიული ფაქტები არ შეიძლება აბსოლუტურად ობიექტური იყოს, რადგან ისინი ისტორიულ ფაქტებად იქცნენ იმის გამო, რომ ისტორიკოსმა ყურადღება მიაქცია მათ. ობიექტურობა ისტორიაში - თუ კვლავაც ტრადიციულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ - არ ნიშნავს ფაქტის ობიექტურობას, არამედ ურთიერთმიმართების ობიექტურობას ფაქტსა და ინტერპრეტაციას შორის, აგრეთვე წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. არაა აუცილებელი მივუბრუნდეთ იმ მიზეზებს, რომლის გამოც არაისტორიულად მიმაჩნია მცდელობა ვიმსჯელოთ ისტორიულ მოვლენებეზე საყოველთაოდ მიღებული ფასეულობების გაუთვალისწინებლად და ამ მოვლენების ახსნა ვეძებოთ ისტორიის გარეთ და მისგან დამოუკიდებლად. მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტების კონცეფციაც არ მიესადაგება ისტორიას და, ვფიქრობ, საერთოდ მეცნიერებას. ეს არის ისტორიული მსჯელობის უმარტივესი ფორმა, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - განსაზღვროს ესა თუ ის ფაქტი ან მოვლენა როგორც „აბსოლუტურად სწორი“ ან „აბსოლუტურად არასწორი“. უფრო რთულ სოფისტიკურ დონეზე კი ისტორიკოსი მუდამ აკრიტიკებს წინამორბედების თვალსაზრისს არა როგორც „აბსოლუტურად არასწორს“, არამედ როგორც შეუსაბამოს, ან ცალმხრივს, ან დაუსაბუთებელს, ან ისეთი არგუმენტაციის შედეგს, რომლის მცდარობა თვალსაჩინო გახდა ბოლოდროინდელი მოვლენების ჭრილში. ერთნი აცხადებენ, რომ რუსეთის რევოლუცია ნიკოლოზ II-ის სიბრიყვის გამო მოხდა, მეორენი ამ მოვლენას ლენინის გენიოსობას მიაწერენ, მაგრამ ორივე შეხედულება შეუსაბამო და მცდარია, თუმცა მათ არ შეიძლება ვუწოდოთ „აბსოლუტურად არასწორი“. ისტორიკოსი არ შეიძლება მსჯელობდეს აბსოლუტური ცნებებით.
მოდით, კვლავ გავიხსენოთ იმ უბედური რობინსონის სიკდვილი, რომელიც სიგარეტის საყიდლად იყო ქუჩაში გამოსული. ჩვენი მიზანი ამ შემთხვევის გამოძიებისას იყო არა ფაქტების სწორად დალაგება, არამედ იმის გარკვევა, თუ რომელი ფაქტი იყო რეალურად მნივშნელოვანი და საინტერესო ჩვენთვის და რომელი იყო შემთხვევითი, რომლისთვისაც შეგვეძლო არ მიგვექცია ყურადღება. ამ ამოცანას ჩვენ ძალზედ იოლად გავართვით თავი, რადგან ჩვენი ობიექტურობა უაღრესად მარტივ პრინციპს ეყრდნობოდა - მიზნის რელევანტურობას, ანუ საგზაო შემთხვევების დროს სიკვდილიანობის რაოდენობრივ შემცირებას. მაგრამ ისტორიკოსი ნაკლებ იღბლიანი ადამიანია, ვიდრე ის გამომძიებელი, რომლის წინაშეც მარტივი და გასაგები ამოცანა დგას - თავიდან აიცილოს საგზაო შემთხვევები. ისტორიკოსსაც ესაჭიროება „მნიშვნელოვანობის“ სისტემა, რომელსაც იყენებს ინტერპრეტაციისას და იმავდროულად წარმოადგენს ობიექტურობის სტანდარტს, რათა ერთმანეთისგან განასხვაოს „მნიშვნელოვანი“ და „შემთხვევითი“. ამის გაკეთება მხოლოდ რელევანტურობის მეშვეობით შეიძლება. ეს არის აუცილებელი მიზანი, რადგან წარსულის ინტერპრეტაცია ისტორიის ძირითადი ფუნქციაა. ტრადიციული შეხედულება, რომ ნებისმიერი ცვლილება უნდა განიმარტოს რაღაც უცვლელი და მყარი ფორმულირებებით, ეწინააღმდეგება ისტორიკოსის პრინციპებს. პროფესორი ბატერფილდი, თუმცა არ იყო დარწმუნებული, რომ ისტორიკოსები გაიზიარებდნენ მის შეხედულებას, აცხადებდა, რომ „ისტორიკოსისთვის არსებობს ერთადერთი აბსოლუტი, ეს არის ცვლილება“17. აბსოლუტი ისტორიაში არ არის წარსულში არსებული ისეთი რაღაც, საიდანაც ვიწყებთ ამა თუ იმ მოვლენის განხილვას; იგი არ არსებობს არც აწმყოში, თუმცა ყველა თანამედროვე თვალსაზრისი, როგორც წესი, ფარდობითია. ის ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია, მომავალში კი საკუთარ ფორმას მიიღებს და ნებისმიერ მოვლენას მის ჭრილში განვიხილავთ; ის დაგვეხმარება წარსულის ინტერპრეტაციაშიც. რელიგიური მითის უკან დგას მუდმივი ჭეშმარიტება, რომ განკითხვის დღე შეცვლის ისტორიის შინაარსს. ჩვენი კრიტერიუმი არ წარმოადგენს აბსოლუტს იმ გაგებით, რომ როგორიც იყო გუშინ, ასეთივეა დღეს და იქნება მომავალში, ანუ სტატიკურია და არ განიცდის ცვლილებას. ამგვარი აბსოლუტი არ მიესადაგება ისტორიის ხასიათს, მაგრამ ამავე დროს აბსოლუტია წარსულის ინტერპრეტაციის თვალსაზრისით: ის უარყოფს ფარდობითობის თეორიას, რომ ერთი ინტერპრეტაცია ისეთივე მართებული და კარგია, როგორც მეორე და რომ ნებისმიერი ინტერპრეტაცია ვარგისია განსაზღვრულ დროსა და ვითარებაში; ზოგიერთების აზრით, ეს არის ის კრიტერიუმი, რომლითაც უნდა შემოწმდეს წარსულის ჩვენეული და კონკრეტული ინტერპრეტაცია, მხოლოდ ასე შეიძლება მოვაწესრიგოთ და ინტერპრირება გავუკეთოთ წარსულის მოვლენებს; ისტორიკოსის მოვალეობაც ხომ ეს არის; ადამიანის ენერგიის განთავისუფლება და მისი ორგანიზება აწმყოში მომავალი პერსპექტივების გათვალსიწინებით კი უკვე სახელმწიფო მოღვაწეების, ეკონომისტების და სოციალური რეფორმისტების საქმეა. მაგრამ თავად პროცესი პროგრესული და დინამიურია. მიმართულების არჩევა და წარსულის ინტერპრეტაცია მუდმივი გარდაქმნისა და ევოლუციის საგანს წარმოადგენს.
ჰეგელმა თავის აბსოლუტს სამყაროს სულის მისტიური ელფერი მიანიჭა. მან მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, როცა ისტორიის დასასრული გადმოიტანა აწმყოში იმის მაგიერად, რომ ეწინასწარმეტყველა იგი მომავალში. მან გააცნობიერა ევოლუციის პროცესი წარსულში, მაგრამ უარყოფდა მის შესაძლებლობას მომავალში. ვინც ჰეგელის შემდეგ უფრო ღრმად ჩასწვდა ისტორიის ბუნებას, შენიშნა მასში აწმყოსა და მომავლის სინთეზი; ტოკვილი, რომელიც ვერა და ვერ გამოვიდა თავისი დროის თეოლოგიური აზროვნების ზემოქმედებიდან, თავის აბსოლუტს ძალზე ვიწრო გაგებით განიხილავდა, თუმცა კი წვდებოდა მოვლენის არსს. როცა ის თანასწორობის ფენომენს განიხილავდა როგორც უნივერსალურსა და მუდმივს, იგი აცხადებდა, რომ „თუ თანამედროვე ადამიანი მოახერხებდა დაენახა თანასწორობის ფენომენის პროგრესულ განვითარება როგორც წარსულში, ისე მომავალში, ის ამ პროცესს ღვთის ნებას მიაწერდა“.18 ამ თემაზე შეიძლებოდა ისტორიის ახალი, მნიშვნელოვანი ფურცელი დაწერილიყო. მარქსი, რომელიც იზიარებდა ჰეგელის ზოგ შეხედულებას მომავალზე, მტკიცედ იცავდა თავის თვალსაზრისს წარსული მოვლენების განვითარებაზე და საზოგადოების მომავალს კლასობრივ ურთიერთობებს უკავშირებდა. ბერის იდეა პროგრესის შესახებ გამოირჩეოდა უცნაურობით, მაგრამ იმავე მიზანს ისახავდა, რასაც „თეორია, რომელიც წარმოადგენს წარსულის სინთეზს მომავლის წინასწარმეტყველებასთან“19. ნამიერმა ჩვეული პარადოქსულობით განაცხადა, რომ „ისტორიკოსები წარმოიდგენენ ხოლმე წარსულს და ახსოვთ მომავალი“20. მხოლოდ მომავალში შეიძლება ვეძიოთ წარსულის ინტერპრეტაციის გასაღები და მხოლოდ ამ ჭრილში შეიძლება ვილაპარაკოთ ისტორიის ობიექტურობაზე. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება ავხსნათ ის გარემოება, რომ წარსული შუქს ფენს მომავალს, ხოლო მომავალი - წარსულს.
მაშ, რას ვგულისხმობთ, როცა ისტორიკოსს მოვუწოდებთ ობიექტურობისკენ, ან ვამბობთ, რომ ერთი ისტორიკოსი უფრო ობიექტურია ვიდრე მეორე? საქმე ის კი არ არის, რომ ის სწორად ალაგებს ფაქტებს, არამედ იმაში, რომ სწორ ფაქტებს არჩევს და მნიშვნელოვნობის სწორი სტანდარტით სჯის მათ. როცა ისტორიკოსზე ვამბობთ, რომ ის ობიექტურია, ჩვეულებრივ ორ რამეს ვგულისხმობთ: უპირველესად, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ მას შესწევს უნარი ამაღლდეს სიტუაციის ვიწრო ხედვაზე, რომლებიც არსებობს საზოგადოებასა და ისტორიაში - უნარი, რომელიც ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აცნობიერებს ისტორიკოსი სიტუაციაში უფრო ღრმად წვდომის შესაძლებლობას და ამასთანავე, სრული ობიექტურობის შეუძლებლობას; მეორე, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ის დაგვიხატავს მომავლის უფრო სრულ სურათს, რათა მისი საშუალებით შევძლოთ წარსულის უკეთ გაანალიზება, ვიდრე გააკეთეს იმ ისტორიკოსებმა, რომლებიც ვერ გასცდნენ სიტუაციის საკუთარ გაგებას. დღეს უკვე აღარავინ დავობს ექტონის შეხედულებაზე „დასრულებული ისტორიის“ შესახებ, მაგრამ ზოგი ისტორიკოსი წერს მტკიცე, დასრულებულ და ობიექტურ ისტორიას, ვიდრე სხვები. ასეთ ისტორიკოსებს შეიძლება ვუწოდოთ ისტორიკოსები უფრო გრძელვადიანი ხედვით წარსულსა და მომავალზე. წარსულის ისტორიკოსები შესაძლებელია მიუახლოვდნენ ობიექტურობას იმ შემთხვევაში, თუ ეცდებიან ჩაწვდნენ მომავალს.
როცა ადრე ვსაუბრობდი ისტორიაზე, როგორც დიალოგზე წარსულსა და აწმყოს შორის, შემეძლო მეთქვა, რომ ეს არის დიალოგი წარსულის მოვლენებსა და სამყაროს პროგრესულად განვითარების მზარდ მიზნებს შორის. ისტორიკოსის მიერ წარსულის ინტერპრეტაცია, მნიშვნელოვანი რელევანტური ფაქტების შერჩევა უცილობლად დაკავშირებულია ახალ პროგრესულ მიზნებთან. ავიღოთ სულ უბრალო მაგალითი: როცა მთავარ მიზანს წარმოადგენდა კონსტიტუციური თავისუფლებებისა და პოლიტიკური უფლებების შექმნა, ისტორიკოსებმა წარსული მოვლენები კონსტიტუციურ და პოლიტიკურ ჭრილში განიხილეს, ხოლო როცა პრიორიტეტი მიენიჭა ეკონომიკურ და სოციალურ მიზნებს, ისტორიკოსებმა მათ მიანიჭეს უპირატესობა წარსულის ინტერპრეტაციისას. ამგვარ ვითარებაში სკეპტიკოსებმა შეიძლება გამოთქვან ვარაუდი, რომ ახალი ინტერპრეტაცია არაფრით ჯობია ძველს; ყოველი მათგანი სწორია რაღაც გარკვეულ პერიოდში; მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური და სოციალური მიზნების პირველ პლანზე დაყენება მიუთითებს კაცობრიობის განვითარების უფრო მაღალ საფეხურს, ვიდრე პოლიტიკური და კონსტიტუციური მიზნებისა, ამიტომ ისტორიის ეკონომიკური და სოციალური ინტერპრეტაცია შეიძლება განვიხილოთ როგორც უფრო მაღალი დონე, ვიდრე პოლიტიკური ინტერპრეტაცია. ძველი ინტერპრეტაცია არ იქნა უარყოფილი და ინტერპრეტაციის ორივე სახეობის საფუძველზე შეიქმნა სრულიად ახალი თვალსაზრისი. ისტორიოგრაფია პროგრესული მეცნიერებაა იმ მნიშვნელობთ, რომ ცდილობს უფრო ღრმად ჩასწვდეს ისტორიული მოვლენების არსს და უფრო ფართოდ გააშუქოს თავისთავად პროგრესული მოვლენები. სწორედ ეს მქონდა მხედველობაში, როცა აღვნიშნავდი, რომ გვჭირდება „კონსტრუქტიული შეხედულება წარსულზე“, თანამედროვე ისტორიოგრაფიას საფუძველი ჩაეყარა ამ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში; ეს ხდებოდა პროგრესზე გაორებული თალსაზრისის ვითარებაში და ისტორიოგრაფია ვერ გადაურჩა მის ზემოქმედებას, რადგან სწორედ ამ თვალსაზრისმა აღჭურვა იგი მნიშვნელოვნობის სტანდარტით და კრიტერიუმით, რომლითაც უნდა განვასხვავოთ ძირითადი და შემთხვევითი. ერთხელ გოეთემ აღნიშნა, რომ „დაკნინების ვითარებაში ყველა ტენდენცია სუბიექტურ ხასიათს ატარებს, მაგრამ როცა მწიფდება ახალი ეპოქის ჩამოყალიბების შესაძლებლობა და ვითარება, ყველა ტენდენცია ობიექტური ხდება“21. არავინაა ვალდებული ირწმუნოს ან ისტორიისა ან საზოგადოების მომავალი. სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენს საზოგადოებას დაკნინება ელის ან სრული განადგურება, ხოლო ისტორია იქცეს თეოლოგიის ნაირსახეობად, ანუ მისი შესწავლის საგანი გახდეს არა ადამიანი და მისი მიღწევები, არამედ უზენაესი წმინდა მიზნები, ან იქცეს ლიტერატურად - ყოვლად უმიზნო და უმნიშვნელო ამბებისა და ლეგენდების თხრობად, მაგრამ ეს ხომ აღარ იქნება ისტორია იმ მნიშვნელობით, რომლითაც ვიცნობდით მას ბოლო 200 წლის განმავლობაში.
აქამდე მე განვიხილავდი უაღრესად ნაცნობ და პოპულარულ კრიტიკულ შეხედულებებს იმ თეორიებისა, რომლებიც ისტორიის შეფასების დასრულებულ კრიტერიუმს მომავალში ეძებენ. ასეთი თეორიების მიხედვით შეფასების დასრულებული კრიტერიუმი წარმატებულია და ნებისმიერ შემთხვევაში სწორი. ბოლო 200 წლის განმავლობაში ისტორიკოსების უმეტესობამ არა მარტო განსაზღვრა ისტორიის განვითარების მიმართულება, არამედ ნებსით თუ უნებლიედ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ არჩეული მიმართულება მთლიანობაში სწორია, რადგან კაცობრიობა მიისწრაფვის ცუდიდან უკეთესობისკენ, დაბალი საფეხურიდან უფრო მაღალი საფეხურისაკენ. ისტორიკოსმა არა მარტო გაიგო, არამედ მოიწონა კიდეც ეს მიმართულება. მნიშვნელოვნობის პრინციპი, რომლითაც ისტორიკოსი უდგება წარსულის მოვლენებს, გულისხმობს არა მარტო ისტორიის განვითარების მიმართულებას, არამედ ზნეობრივ პრობლემებსაც. თითიდან გამოწოვილი თითქოსდა რეალურად არსებული შეუსაბამობა ისეთ ორ ცნებას შორის, როგორიცაა „არის“ და „ჯერ არს“, ანდა ფაქტსა და ღირებულებას შორის როგორც იქნა მოგვარდა. ეს გახლდათ ოპტიმისტური შეხედულება, მომავლის უკიდეგანო რწმენის შედეგი. ვიგები და ლიბერალები, ჰეგელიანელები და მარქსისტები მეტ-ნაკლებად შეეგუენ მას. 200 წლის განმავლობაში აღიარებული ეს თვალსაზრისი გაზვიადების გარეშე შეიძლება ჩაგვეთვალა პასუხად შეკითხვაზე „რა არის ისტორია?“ უარყოფითი დამოკიდებულება ამ შეხედულების მიმართ დაკავშირებულია მის თანამედროვე გაგებასთან და პესიმიზთან, რამაც გზა გაუხსნა თეოლოგებს, რომლებიც ისტორიის არსს მის გარეთ ეძებენ, და სკეპტიკოსებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ისტორია საერთოდ მოკლებულია ყოველგვარ საზრისს.
ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ შეუსაბამობა ისეთ ორ ცნებას შორის, როგორიცაა „არის“ და „ჯერარს,“ მუდამ იარსებებს და მისი მოგვარება შეუძლებელია, ხოლო „ღირებულებანი“ არ შეიძლება გამოვიყვანოთ „ფაქტებიდან“. ეს ყალბი გზაა. მოდით, ვნახოთ, თუ მეტ-ნაკლებად როგორ დაუფიქრებლად და ნაჩქარევად გამოაქვს დასკვნა ამ საკითხზე ზოგიერთ ისტორიკოსსა და ისტორიულ ნაწარმოებებზე მომუშავე მწერლებს. გიბონი თავისი ნაშრომების დიდ ნაწილს უთმობს ისლამის გამარჯვებებს და ამ ფაქტს იმით ამართლებს, რომ „მუჰამედის მიმდევრებს ჯერ კიდევ ხელთ უპყრიათ აღმოსავლეთ სამყაროს სამოქალაქო და რელიგიური კვერთხი“, მაგრამ იქვე დასძენს, რომ „იგივე შრომა ამაო დროის ხარჯვა იქნებოდა იმ ბარბაროსთა ტომების მიმართ, რომლებიც VII-XII საუკუნეებში წამოვიდნენ სკვითიის ველებიდან“, რადგან „ბიზანტიის ძლიერმა ტახტმა უკუაგდო მათი სტიქიური შემოტევები და განიმტკიცა ძალაუფლება“22. ეს ყოველივე არცთუ ისე უსაფუძვლოა. ისტორია ხომ, ასე ვთქვათ, იმის აღნუსხვაა, თუ რა გააკეთა ხალხმა და არა იმისი, თუ რისი გაკეთება ვერ შეძლო: გარკვეულწილად ამაზეა დამოკიდებული მონათხრობის წარმატება. პროფესორი სტოუნი აღნიშნავს, რომ ისტორიკოსი „გარდუვალობის იერს“ ანიჭებს არსებულ მდგომარეობას „გამარჯვებული ძალების წინ წამოწევით და დამარცხებულების უკანა პლანზე გადაწევით“23. მაგრამ განა ამაში არ მდგომარეობს ისტორიკოსის მუშაობის არსი? მოწინააღმდეგის სათანადოდ ვერშეფასება შეიძლება ძვირად დაუჯდეს ისტორიკოსს; მან გამარჯვება არ უნდა წარმოაჩინოს უბრალო გასეირნებად, როცა ის დიდ საშიშროებასთან და რისკთან იყო დაკავშირებული; დამარცხებულებიც არ იშურებენ ძალ-ღონეს გამარჯვებისთვის, როგორც გამარჯვებულები. ეს ცნობილია ნებისმიერი ისტორიკოსისათვის. მაგრამ ისტორიკოსებს, ასე ვთქვათ, საქმე აქვთ იმათთან, რომლებმაც გამარჯვებისა თუ დამარცხების მიუხედავად რაღაცას მიაღწიეს. მე არა ვარ კრიკეტის ისტორიის სპეციალისტი, მაგრამ წიგნის ფურცლები სავსეა იმათი სახელებით, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს და ლეგენდარული მოთამაშეები იყვნენ და არა იმათი სახელებით, რომლებმაც ვერც ერთი ქულა ვერ მოიპოვეს. ჰეგელის ცნობილ გამონათვქამს, რომ „ისტორიაში უნდა მოიხსენიებოდეს მხოლოდ ის ხალხი, რომელმაც მოახერხა სახელმწიფოდ ჩამოყალიბება“24, კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს, როგორც თვალსაზრისს, რომელიც მხოლოდ ერთ სოციალურ ფორმაციას ცნობს და მიაჩნია ყურადღების ღირსად. მაგრამ ჰეგელის გამონათქვამი პრინციპში სწორია, რადგან ცდილობს ზღვარი გაავლოს პრეისტორიასა და ისტორიას შორის. თუ კარგად დავაკვირდებით, ისტორიას მხოლოდ ის ბარბაროსული ტომები შემორჩა, ვინც მოახერხა თუნდაც პრიმიტიული, მაგრამ მაინც საზოგადოების შექმნა. ნაშრომში „საფრანგეთის რევოლუცია“ კარლაილი ლუი XV-ს „მსოფლიო სოლეციზმის“ აშკარა გამოვლინებას უწოდებს; შემდგომში მან მთელი პასაჟი მიუძღვნა ამ თემას და უფრო ვრცლად გააშუქა მისთვის საინტერესო საკითხი: „ეს რა ახალი საყოველთაო თავბრუსდამხვევი ორომტრიალია: მმართველობის ინსტიტუტები, სოციალური წყობა, ადამიანის გონება, რომლებიც ერთ დროს გაერთიანებული ძალებით მუშაობდნენ, ახლა პატარ-პატარა ცალკეულ ნაწილებად ქცეულან და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მომართულან, რათა სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებან ერთმანეთს. ეს გარდაუვალია; მსოფლიო სოლეციზმი უნდა დაინგრეს და ამოიძირკვოს ერთხელ და სამუდამოდ“25. ამ შემთხვევაში კიდევ ერთ ისტორიულ კრიტერიუმთან გვაქვს საქმე: ის, რაც მიზანშეწონილი იყო ერთ ეპოქაში, მეორეში სოლეციზმად იქცა და შეცდომად აღიქმება. თვით ისაია ბერლინიც კი, ფილოსოფიური აბსტრაქციების სიმღლეებიდან რომ დაეშვება და კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაზე შეაჩერებს თავის ყურადღებას, თურმე, ნუ იტყვით და იმავე დასკვნამდე მიდიოდა. ი. ბერლინის ესეს „ისტორიული გარდუვალობა“ გამოქვეყნებიდან ცოტა ხნის შემდეგ გადაცემაში, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს მიეძღვნა, ისტორიკოსმა ხოტბა-დიდება შეასხა ბისმარკს ზნეობრივი ცოდვების მიუხედავად და უწოდა „გენიოსი“ და „უდიდესი ძალისხმევის პოლიტიკოსი ბოლო საუკუნის საზოგადოებრივ ასპარეზზე.“ მან პარალელი გაავლო მასსა და ავსტრიის იმპერატორ იოზეფ II-ს, რობესპიერს, ლენინსა და ჰიტლერს შორის და უპირატესობა ბისმარკს მიანიჭა, რადგან სხვა ზემოთჩამოთვლილმა პიროვნებებმა ვერ შეძლეს თავისი „პოზიტიური მიზნების“ განხორციელება. ამგვარი შეფასება ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება, მაგრამ მე შეფასების კრიტერიუმი მაინტერესებს ამ შემთხვევაში. სერ ისაიას აზრით, ბისმარკი კარგად ერკვეოდა იმ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობდა, სხვები კი ასბტრაქტულ თეორიებს აჰყვნენ, რამაც გადაიყვანა ისინი სწორი გზიდან. ამ მაგალითიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ „ვერასდროს მიაღწევ წარმატებას, თუ წინააღმდეგობას გაუწევ იმას, რაც უკეთ მუშაობს და უპირატესობას მიანიჭებ პრინციპებს, რომლებიც საყოველთაო კანონიერებას მოითხოვენ“26. სხვა სიტყვებით, ისტორიაში შეფასების კრიტერიუმი „საყოველთაო კანონიერების პრინციპი“ კი არ არის, არამედ „ის, რაც უკეთ მუშაობს“.
სრულებით არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შეგიქმნათ, რომ თითქოს ჩვენ, ისტორიკოსები, წარსულის ანალიზისას ვხელმძღვანელობთ მხოლოდ პრინციპით - „ის, რაც უკეთ მუშაობს“. თუ ვინმე თავის მოსაზრებას გაგიზიარებდათ, რომ თანამედროვე რთულ ვითარებაში კარგი იქნებოდა ინგლისისა და აშშ-ის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, თქვენ უპასუხებდით, რომ ეს არცთუ ისე ცუდი აზრია; თუკი შემდეგ გეტყოდათ, რომ საკონსტიტუციო მონარქია, როგორც მმართველობის ფორმა, უკეთესია ვიდრე საპრეზიდენტო დემოკრატია, თქვენ შეიძლება აქაც დათანხმებულიყავით; მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ამის შემდეგ მან შემოგთავაზათ მონაწილეობის მიმიღება კამპანიაში ამ ორი ქვეყნის გაერთიანების შესახებ ბრიტანეთის სამეფო ტახტის მმართველობის ქვეშ, თქვენ უპასუხებდით, რომ ეს დროის ფუჭი კარგვაა და სხვა არაფერი, მაგრამ თუ მიზეზების ახსნას მოინდომებდით, უნდა გეთქვათ, რომ ასეთი საკითხები წყდება არა ზოგადი წარმოდგენების, არამედ კონკრეტული ისტორიული რეალიების გათვალისწინებით და მათზე დაყრდნობით; ალბათ იმასაც შეახსენებდით, რომ სიტყვა ისტორია არ იწერება ასომთავრული „ი“-თ და რომ ისტორია არ დაუჭერს მას მხარს. პოლიტიკოსს ევალება გაიაზროს არა მარტო ის, თუ რა არის უკეთესი ზნეობრივად და თეორიულად, არამედ მსოფლიოში არსებული ძალები და მათი წარმართვის გზები, რათა ნაწილობრივ მაინც შეასრულოს თავისი მიზნები. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, განხილული ისტორიის ჩვენეული ინტერპრეტაციის ჭრილში, ამ კომპრომისს ეფუძნება; მაგრამ თავად ინტერპრეტაციაც იმავე კომპრომისს ეყრდნობა. არაფერია იმაზე უფრო ყალბი, ვიდრე რაღაც აბსტრაქტული იდეის ჭრილში გაშუქებული წარსულის მოვლენები. მოდით, სიტყვას „წარმატება“, რომელსაც ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელი და გამაღიზიანებელი ელფერი დაჰკრავს, შევურჩიოთ ყველაზე ნეიტრალური განმარტება, ანუ „ის, რაც უკეთ მუშაობს“. თუმცა რამდენჯერმე საკამათო საკითხების განხილვისას ისაია ბერლინის სიტყვები მომყავდა მაგალითად, მაგრამ ვფიქრობ, კომპრომისი მაინც მოიძებნება და გულში ხინჯად არაფერი დაგვრჩება.
თავისთავად კრიტერიუმის - „ის, რაც უკეთ მუშაობს“ - აღიარება არ ნიშნავს, რომ უფრო იოლი ან ცხადი ხდება მისი გამოყენების შესაძლებლობა. იგი არ გვაძლევს უფლებას გამოვიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები, ან დავეთანხმოთ შეხედულებას, რომ რაც არის, სწორია. ისტორიისთვის ცნობილია შემთხვევები, როცა გამჭრიახი გონების ადამიანებს ვერ მიუღწევიათ წარმატებისთვის; მისთვის არც ის არის ახალი ხილი, რასაც მე შევარქვი „დაგვიანებული წარმატება“: შეიძლება ისე მოხდეს, რომ აშკარა წარუმატებლობა დღეს გახდეს უდიდესი წარმატებისა და გამარჯვების წანამძღვარი, ხვალ; ამის მაგალითია წინასწარმეტყველები, რომლებმაც გაუსწრეს საკუთარ დროს. ამ კრიტერიუმის უპირატესობაც სხვა კრიტერიუმთან შედარებით, რომელიც სავარაუდოდ დადგენილ და საყოველთაო პრინციპს მიესადაგება, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გვაძლევს საშუალებას გამოვთქვათ ჩვენი თალსაზრისი ან გავაშუქოთ იგი იმ მოვლენის ჭრილში, რომელიც ჯერ არ მომხდარა. პრუდონი, რომლის შეხედულებებიც აბსტრაქტულ ზნეობრივ პრინციპებს ეყრდნობოდა, აკრიტიკებდა ნაპოლეონ III-ს უკვე მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, ხოლო მარქსი, რომლისთვისაც მიუღებელი იყო აბსტრაქტული ზნეობრივი პრინციპები, თავის მხრივ პრუდონს აკრიტიკებდა. თანამედროვე გადასახედიდან შეიძლება შევთანხმდეთ, რომ პრუდონი ცდებოდა, ხოლო მარქსი კი სწორი იყო. ბისმარკის მიღწევები ჩინებული საბაბია, რათა დავიწყოთ საუბარი ისეთ პრობლემაზე, როგორიცაა ისტორიული მოვლენის შეფასება. რადგანაც უნდა გამოვიყენო ისაია ბერლინის კრიტერუიმი „ის, რაც უკეთ მუშაობს“, იძულებული ვარ არ გავცდე მის ფრიად ვიწრო ჩარჩოებს, რომელიც ყველაფერთან ერთად მოკლევადიანიც არის. მართლა ასე კარგად მუშაობდა ის, რაც ბისმარკმა შექმნა? ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ მე მსურს დავაკნინო ბისმარკის მიღწევები, რომელმაც შექმნა გერმანული რაიხი, ან იმ გერმანელების ღვაწლი, რომლებიც ეხმარებოდნენ მას ამ საქმეში, მაგრამ როგორც ისტორიკოსს უამრავი კითხვა მაწუხებს. ნუთუ რაიხის საბოლოო პოლიტიკური კატასტროფის მიზეზი მართლა მის სტრუქტურაში არსებული უჩინარი ბზარები იყო? იქნებ თვით ქვეყნის შიდა მოვლენებმა, რომელმაც წარმოშვა რაიხი, წინასწარ განსაზღვრა მისი თვითდაჯერებულობა და აგრესიულობა? ან იქნებ იმ დროს, როცა ის შეიქმნა, ევროპა და მთელი მსოფლიოც ისე გადატვირთულები იყვნენ უამრავი ზესახელმწიფოთი, რომ ვეღარ გაუძლეს კიდევ ერთის წარმოშობას და მთელი სისტემა ამიტომ ჩამოიშალა? არ იქნებოდა მართებული ბისმარკისა და გერმანელებისთვის დაგვეკისკრებინა მთელი პასუხისმგებლობა მომხდარი კატასტროფისთვის: არ შეიძლება ყველაფერი ბოლო წვეთს მიაწერო. მაგრამ ბისმარკის მოღვაწეობის ობიექტურმა ანალიზმა ჯერ კიდევ უამრავ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი და მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ისტორიკოსები მზად იყვნენ დამაჯერებლად გააკეთონ ეს. ამით იმის თქმა მსურს, რომ 1920-იან წლებში ისტორიკოსები უფრო ახლოს იყვნენ ობიექტურობასთან, ვიდრე 1880-იან წლებში, თანამედროვე ისტორიკოსები უფრო ახლოს, ვიდრე 1920-იან წლებში, ხოლო 2000 წელს კიდევ უფრო ახლოს იქნებიან, ვიდრე დღეს. ამის ნათელი მაგალითია ჩემი თეზისი ისტორიულ ობიექტურობაზე, რომელიც არც და ვერც დაეფუძნება ამჟამად არსებულ შეფასების ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ და ურყევ სტანდარტს, არამედ ისეთ მსჯელობას, რომელიც წარსულის მოვლენებს მომავლის ჭრილში განიხილავს, ხოლო ისტორიას არა როგორც რაღაც სტატიკურს, არამედ ცვალებად და განვითარებად პროცესს. ისტორია მნიშვნელოვანი და ობიექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენს შემაერთებელ ხიდს წარსულსა და მომავალს შორის.
ახლა სხვა კუთხით შევხედოთ იმ დიქოტომიას, რომელიც არსებობს ფაქტსა და ღირებულებას შორის. ღირებულება არ შეიძლება გამოვყოთ ფაქტისგან. ეს თვალსაზრისი ერთი მხრივ სწორია, მაგრამ მეორე მხრივ - არა. საკმარისია მხოლოდ ზერელედ გადავხედოთ სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში გაბატონებულ და ფართოდ გავრცელებულ ღირებულებათა სისტემას, რომ მივხვდეთ, რამდენად იცვლებიან ისინი არსებული ვითარების ზეგავლენთი. ადრე მე თქვენი ყურადღება მივაპყარი იმ გარემოებას, რომ ისეთმა სიტყვებმაც კი შეიცვალეს მნიშვნელობა, რომლებიც მარადიულ ღირებულებებს აღნიშანვენ - თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. ანდა ავიღოთ თუნდაც ქრისტიანული ეკლესია, რომელიც ზნეობრივი ფასეულობების მქადაგებლად გვევლინებოდა მუდამ. შეადარეთ ქრისტიანობის საწყისი პერიოდი შუასაუკუნეობრივ პაპობას, შუასაუკუნეობრივი პაპობა მე-19 საუკუნის პროტესტანტიზმს; ამ პერიოდების ღირებულებანი ხომ აბსოლუტურად განსხვავებულია; ან ავიღოთ თუნდაც ქრისტიანული ღირებულებანი, რომლებსაც ქადაგებენ ესპანეთსა და ამერიკაში. ეს განსხვავებები ღირებულებათა შორის გამომდინარეობს ისტორიული ფაქტიდან. ანდა ავიღოთ ისეთი მოვლენები, რომლებიც გავრცელებული იყო წინა საუკუნეში - რასობრივი უთანასწორობა და ბავშვთა შრომის ექსპლუატაცია; ყოველივე ეს ცხოვერბის ნორმად ითვლებოდა, არავის აღშფოთებას არ იწვევდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ორივე მოვლენა დაგმობილ იქნა როგორც ცუდი და უზნეო. წარმოდგენა, რომ ესა თუ ის ღირებულება შეუძლებელია გამომდინარეობდეს ფაქტიდან, რბილად რომ ვთქვათ, ცალმხრივი და არასწორია. თუ სიტყვებს გადავაადგილებთ, მივიღებთ, რომ ფაქტები შეუძლებელია გამომდინარეობდეს ღირებულებათაგან. ეს აზრი ნაწილობრივ მართებულია, მაგრამ ნაწილობრივ შეიძლება მცდარიც აღმოჩნდეს და ამიტომ დამატებით განმარტებას მოითხოვს. როცა ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ფაქტები, ან მივიღოთ პასუხები ამა თუ იმ შეკითხვაზე, ეს პასუხები გაპირობებულია ფასეულობათა ჩვენეული სისტემით. ჩვენი გარესამყაროს ფაქტობრივი სურათი დამოკიდებულია იმ ღირებულებებზე, ანუ კატეგორიებზე, რომელსაც ვიყენებთ ამა თუ იმ ფაქტის გაშუქებისას, ხოლო საბოლოოდ მიღებული სურათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც უფრო ყურადსაღები და მნიშვნელოვანია. ღირებულებები შედის ფაქტების შემადგენლობაში და მათ ძირითად ნაწილს წარმოადგენს. ღირებულებანი ჩვენი, როგორც ადამიანების, ყოფის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენენ. ეს მათი წყალობითაა, რომ ვეგუებით გარესამყაროს, ხოლო გარესამყარო გვეგუება ჩვენ, რომლებსაც შეგვწევს უნარი მისი გაუმჯობესებისა. ისტორია ხომ პროგრესის დასაფიქსირებლადაა შექმნილი. მაგრამ ზედმეტ დრამატულობას ნუ მივანიჭებთ ადამიანის ბრძოლას გარესამყაროსთან, ნუ ჩამოვაყალიბებთ ყალბ ანტითეზას და ხელოვნურად ნუ დავაშორიშორებთ ფაქტსა და ღირებულებას. ისტორიული პროგრესი ფაქტისა და ღირებულების ურთიერთმიმართებითა და ურთიერთზეგავლენით მიიღწევა. ისტორიკოსის ობიექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ღრმად ჩასწვდება ამ ორმხრივ პროცესს.
ფაქტისა და ღირებულების მიმართების პრობლემა შეიძლება გადაიჭრას, თუ გავიხსენებთ სიტყვას „ჭეშმარიტება“, რომელიც მოიცავს როგორც ფაქტის, ისე ღირებულების გაგებას. მასში ორივე ცნების ელემენტებია გაერთიანებული. თითქმის ყველა ენაში ამ სიტყვას ორი მნიშვნელობა აქვს: იგი შეიცავს არა მარტო სიმართლეს ფაქტზე, არამედ მსჯელობის სიმართლესაც.27 ჩემს წასვლას ლონდონში, რაც წარმოადგენს ფაქტს, თქვენ შეიძლება უწოდოთ „სიმართლე“ და არა „ჭეშმარიტება“. ეს დამოკიდებულია თქვენთვის ფაქტის ღირებულებაზე, მაგრამ როცა ამერიკის მამებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციაში განაცხადეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორი უფლებებით სარგებლობს, თქვენთვის განცხადების მნიშვნელობა გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე მისი ფაქტობრივი შინაარსი და ამ საფუძველზე მიიღებთ მას როგორც ჭეშმარიტებას. არსებობს ორი პოლუსი: ერთია ჩრდილოეთის პოლუსი, მეორე - სამხრეთის. ისტორიული ჭეშმარიტების მიწა 2 პოლუსს შორის მდებარეობს - ღირებულებამოკლებული ფაქტების ჩრდილოეთ პოლუსსა და ღირებულებითი მსჯელობების სამხრეთის პოლუსს შორის. ისტორიკოსი, როგორც ადრე აღვნიშნე, მოძრაობს ფაქტსა და ინტერპრეტაციას შორის, ფაქტსა და ღირებულებას შორის. მას არ შეუძლია მათი განცალკევება ისე, როგორც ეს ხდება სტატიკურ სამყაროში, როცა ისტორიკოსი იძულებულია მკვეთრი ზღვარი გაავლოს ფაქტსა და ღირებულებას შორის; მაგრამ სტატიკურ ვითარებაში ისტორიას ყოველგვარი აზრი ეკარგება, რადგან მისი არსი ცვალებადობა და მოძრაობაა, ანუ პროგრესი, თუკი არაფერი გაქვთ ამ სიტყვის საწინააღმდეგო.
მე კვლავ ვუბრუნდები ექტონის განსაზღვრებას, რომ პროგრესი არის „მეცნიერული ჰიპოთეზა, რომელზედაც უნდა აიგოს ისტორიის წერა“. თქვენ შეგიძლიათ ისტორია განიხილოთ როგორც თეოლოგია და წარსულის მნიშვნელობა დაუქვემდებაროთ რაღაც ექსტრაისტორიულ (ზე-ისტორიულ) და სუპერ-რაციონალური ძალებს; ან განიხილოთ როგორც ლიტერატურა - ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებულ და უაზრო მოთხრობებისა და ლეგენდების კრებული წარსულზე. ისტორია შეიძლება დაწეროს იმან, ვინც იპოვა და დაეთანხმა ისტორიის შინაგან არსს. რწმენა, რომ ჩვენ საიდანღაც მოვდივართ, მჭიდროდ უკავშირდება რწმენას, რომ სადღაც მივდივართ. საზოგადოება, რომელსაც არ სჯერა მომავალი პროგრესისა, არც იმას დაიჯერებს, რომ წარსულში ჰქონდა რაიმე პროგრესი. როგორც ადრე უკვე მოგახსენეთ, ჩვენი წარმოდგენა ისტორიაზე დიდად მოქმედებს ჩვენს წარმოდგენაზე საზოგადოების შესახებ. ამჟამად მე კვლავ ვუბრუნდები ჩემს მტკიცებას და ვადასტურებ ღრმა რწმენას როგორც ისტორიის, ისე საზოგადოების მომავლისა.
__________________________________
1 F. Powicke, “Modern Historians and Study of History (1955), გვ.174.
2 „ისტორია გადადის თეოლოგიაში“, როგორც ჯიუტად ამტკიცებდა ტოინბი (“Civilization on Trail”, 1948, preface).
3 de Remum Natura, iii, II 992-5.
4 Gibbon, The Declare and Fall of the Roman Empire, ტ. xxxviii ამ გადახრის მიზეზი იყო დასავლეთის იმპერიის დაცემა. ერთმა კრიტიკოსმა თავის სტატიაში დასვა შეკითხვა მართლა ასე ფიქრობდა გიბონი თუ არა; რასაკვირველია, ასე ფიქრობდა; როგორც ჩანს, მწერლისთვის უფრო ადვილია ასახოს ის პერიოდი, რომელშიც ცხოვრობს, ვიდრე ის, რომელზეც წერს; ეს ჭეშმარიტება ნათლად დაგვანახა კრიტიკოსმა, რომელიც შეეცადა თავის შუა მე-12 საუკუნის შუახნის სკეპტიციზმი მიეწერა გვიანდელი მე-19 საუკუნის მწერლისათვის.
5 Cambridge Modern History: Its Origin, Authorship, and Production (1907), გვ. 13; Cambridge Modern History, I (1902), გვ. 791.
6 B. Russel, Portraits From memory (1956), 17.
7 J.B Bury, The Idea of Prgress (1920), გვ. vii-viii.
8 B. Russell, Portraits From Memory (1956), გვ. 124.
9 The Observer, ივნისი, 1959.
10 T. Arnold, An Inaugural Lecture on the Study of Modern History (1841).
11 Action, Lectures on Modern History (1906), გვ. 51.
12 K. Mannheim, Ideology and Utopia. (1936), გვ. 236.
13 F.H. Bradley, Ethical Studies (1876), გვ. 293.
14 „ხნიერი ხალხი, როგორც წესი, წარსულზეა ორიენტირებული, როცა ძალაუფლება და ძლიერება მათ ხელში იყო, ხოლო მომავალს ეჭვის თვალით უყურებენ; ამას ემატება არასტაბილურობა და დეზინტეგრაციის პროცესებიც, რაც უფრო ამძაფრებს მათ ნოსტალგიას „ოქროს ხანაზე“. ამასობაში კი ცხოვრება აწმყოს კანონებით ვითარდება“. R.S. Lynd, Knowledge for What? (N.Y., 1939), გვ. 88.
15 Foreign Affairs, xxviii, ¹3 (ივნისი, 1950) გვ.382.
16 J.B. Bury, The Idea of Progress (1930), გვ. ix.
17 „ინერცია და მოძრაობა, სტატიკა და დინამიკა ფუნდამენტური კატეგორიებია, რომლითაც ხდება ისტორიის სოციოლოგიური კვლევა. ისტორიისათვის არც ინერცია და არც ცვლილება არ არის უცხო, მაგრამ რომელია ამ ორ ცნებას შორის უფრო მნიშვნელოვანი - აი, რაშია პრობლემა“. ცვლილება წარმოადგენს ისტორიის პოზიტიურ და აბსოლუტურ ცნებას, ხოლო ინერცია სუბიექტური და ფარდობითი. H. Butterfield, The Whig Interpretation of History (1931). A. von Martin, The Sociology Of Renaissance (1945).
18 De Ticqueville, წინასიტყვაობა წიგნისა Democracy in america.
19 J.B. Bury, The Idea of Progress (1929), გვ. 5.
20 L.B. Namier, Conflits (1942). გვ. 70.
21 J. Huizinga, Men and Ideas (1959), გვ. 50.
22 Gibbon, The Decline and Fall of the Roman Empire, თავი IV
23 R.H. Tawney, The Agrarian Problem in the Sixteenth Century (1912), გვ. 177.
24 ,,Lectures on the Philosophy of History (1884), გვ. 40..
25 T. Carlyle, The French Revolution, I, i, ch. 4. I, iii, ch. 7.
26 Broadcast on Political Judgement in the B.B.C. Third Programme, 19 June, 1957.
27 რუსული სიტყვა ,,პრავდა“ძალიან საინტერესო მაგალითია, რადგან რუსულში ამ ცნების აღსანიშნავად მეორე სიტყვაც არსებობს - ,,ისტინა“, მაგრამ განსხვავება ფაქტსა და ღირებულებას შორის აქ არაფერ შუაშია; ორივე სიტყვას ორი მნიშვნელობა აქვს: ,,პრავდა“ არის სიმართლე ადამიანთა დონეზე, რომელიც ორივე ასპექტს შეიცავს, ხოლო ,,ისტინა“, რომელსაც ასევე ორმაგი მნიშვნელობა გააჩნია, გულისხმობს სიმართლეს ღმერთზე და ღვთისმიერ სიმართლეს. (ქართულში - ,,სიმართლე“ და ჭეშმარიტება“).
![]() |
6 ჰორიზონტის გაფართოება |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემი კონცეფციის მიხედვით ისტორია მუდმივად ცვალებადი და მოძრავი პროცესია, ხოლო ისტორიკოსი ადამიანია, რომელიც მასთან ერთად მოძრაობს და განიცდის ცვლილებას; ამიტომაც გამიჩნდა სურვილი გამომეთქვა აზრი თანამედროვე ისტორიასა და ისტორიკოსებზე. ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა მსოფლიო კატასტროფის საშიშროება (უკვე მერამდენედ ისტორიის განმავლობაში) კვლავ ტრიალებს ჰაერში და მძიმე ტვირთად აწვება ყველას. მას ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ; თუმცა, ნაკლებ სარწმუნოდ მეჩვენება, რომ ყველა დავიხოცებით. ამგვარი წინასწარმეტყველების მიუხედავად ხალხი მაინც განაგრძობს ცხოვრებას, ფიქრობს საკუთარ მომავალზე და მეც თავს უფლებას მივცემ გავაანალიზო ჩვენი საზოგადოების აწმყო და მომავალი იმ რწმენით, რომ ეს ქვეყანა თუ მსოფლიოს დიდი ნაწილი მაინც, გადაურჩება საფრთხეს და ისტორიაც გაგრძელდება.
მე-20 საუკუნის შუა წლებში მსოფლიოში გაცილებით უფრო კარდინალური და მასშტაბური ცვლილებები მიმდინარეობდა, ვიდრე შუასაუკუნეების შემდგომ პერიოდში, მას მერე, რაც XV-XVI საუკუნეებში საფუძველი ჩაეყარა ახალ ეპოქას. ცხადია, ცვლილება საბოლოო შედეგია მეცნიერული კვლევისა და აღმოჩენებისა, ყველაზე გავრცელებული შეხედულებებისა, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ ამ შეხედულებების რეალურ გამოყენებასთანაა დაკავშირებული. ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება სოციალური რევოლუციაა, დაახლოებით როგორიც XV-XVI საუკუნეებში მოხდა და რომლის შედეგად წარმოიშვა ახალი კლასი; იგი თავდაპირველად ფულსა და ვაჭრობაზე იყო დამყარებული, მოგვიანებით კი ინდუსტრიაზე. ჩვენი ინდუსტრიისა და საზოგადოების ახალმა სტრუქტურამ გიგანტური პრობლემები წარმოშვა, მაგრამ ამჯერად არ შევეხები მათ. ცვლილებას კიდევ ორი ასპექტი მოჰყვა თან, რომელიც უფრო ახლოს დგას ჩემს თემასთან და რომელსაც პირადად მე ვუწოდებდი სიღრმისა და გეოგრაფიული განფენილობის ცვლილებას. შევეცდები მოკლედ შევეხო ორივეს.
ისტორია იწყება მაშინ, როცა ადამიანი დროს განიხილავს არა როგორც ბუნებრივ პროცესს - წელიწადის დროთა ცვალებადობას, ცხოვრების ხანგრძლივობას, არამედ როგორც მოვლენათა წყებას, რომელშიც ჩართულია თავად ადამიანი და შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მათზე. ბურკჰარდტის აზრით, ისტორია არის „ჭიდილი ბუნებასთან, რომელიც გაპირობებულია ცნობიერების გამოღვიძებით“,1 ისტორია ადამიანის ბრძოლაა, რათა უფრო ღრმად ჩაწვდეს მიზეზებს, უკეთ შეიცნოს გარესამყარო და გავლენა მოახდინოს არა მარტო მასზე, არამედ საკუთარ თავზეც, რაც ახალ განზომილებას სძენს მიზეზსაც და ისტორიასაც. სხვა ეპოქებთან შედარებით ჩვენი ეპოქა ყველაზე უფრო მეტ ინტერესს იჩენს ისტორიისადმი. თანამედროვე ადამიანი უაღრესად მორცხვია და ამიტომაც გაცილებით მგრძნობიარე ისტორიისადმი. იგი კვლავ და კვლავ უბრუნდება წარსულ მოვლენებს იმ იმედით, რომ მათი მკრთალი შუქი გაუნათებს ბინდით მოცულ გზას მომავლისაკენ, ხოლო რაც უფრო მალე გაივლის ამ გზას, მით უკეთ მიხვდება, თუ რა იყო უწინ. წარსული, აწმყო და მომავალი ისტორიის უწყვეტი ჯაჭვით არიან ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი.
ცვლილება თანამედროვე ისტორიაში, რომელიც გულისხმობს ადამიანის ცნობიერების განვითარებასაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ დეკარტეს დროს დაიწყო: მან პირველმა შეაფასა ადამიანის უნარი არა მარტო იფიქროს, არამედ გაანალიზოს თავისი ნაფიქრი, სხვა მოვლენებზე დაკვივრების პროცესში საკუთარ თავსაც დააკვირდეს, ასე რომ ადამიანი ერთდროულად დამკვირვებელიც არის და დაკვირვების საგანიც. მაგრამ განვითარება არ იყო სრული, სანამ მე-18 საუკუნის ბოლოს რუსომ უფრო არ გააღრმავა ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეცნობის პროცესი და არ დააჯილდოვა იგი ახალი ხედვით ბუნებასა და ტრადიციულ ცივილიზაციაზე. ტოკვილის აზრით, საფრანგეთის რევოლუცია გაპირობებული იყო „რწმენით, რომ საჭირო იყო იმდროინდელი სოციალური მმართველობის რთული და ტრადიციული პრინციპები შეცვლილიყო ადამიანის აზროვნებასა და ბუნების კანონებზე დაფუძნებული გამარტივებული მეთოდებით“2. ექტონი აღნიშნავდა, რომ „მანამდე ადამიანებს არასდროს უძებნიათ თავისუფლება, რადგან არ იცოდნენ, თუ რას ეძებდნენ“3. ექტონისთვის, ისევე როგორც ჰეგელისთვის, თავისუფლება და ცნობიერება არ ყოფილა გამიჯნული; ამერიკის რევოლუციაც საფრანგეთის რევოლუციასთან იყო დაკავშირებული. „რვა ათეული და შვიდი წლის წინ ჩვენმა მამებმა ამ კონტინენტზე ჩამოაყალიბეს ახალი ერი, რომელსაც თავისუფლებაში უნდა ეცხოვრა და განაცხადეს, რომ ყველა ადამიანი დაბადებიდან თანასწორია“. ეს იყო, როგორც ლინკოლნის სიტყვებიც ადასტურებს, უნიკალური მოვლენა - პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა ადამიანებმა სრულიად გაცნობიერებულად საკუთარი თავი ერად ჩამოაყალიბეს და ასევე შეგნებულად ცდილობდნენ ეროვნული ცნობიერების გაღვივებას ყველაში. მე-17 და მე-18 საუკნეებში ადამიანს უკვე სავსებით გაცნობიერებული ჰქონდა მის გარშემო არსებული სამყარო და მისი კანონები. სამყარო აღარ იყო უზენაესი განგებით შექმნილი და მიუწვდომელი რამ, რომლის აღქმაც შეუძლებელი იყო, არამედ დაფუძნებული იყო ბუნების კანონებზე, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ახსნა-განმარტებას; მაგრამ ეს კანონები არ იყო შექმნილი ადამიანის მიერ, ადამიანი თავად იყო მათი სუბიექტი. შემდგომ ეტაპზე ადამიანმა უფრო სრულად გააცნობიერა მის გარშემო არსებული სამყარო, მოიპოვა ძალაუფლება ბუნებასა და საკუთარ თავზე და ასევე უფლება თავად შეექმნა ის კანონები, რომლის მიხედვითაც სურდა ცხოვრება.
მე-18 საუკუნიდან თანამედროვე სამყაროზე გადასვლა ხანგრძლივი და თანდათანობითი პროცესი იყო. მისი შესანიშნავი წარმომადგენლები იყვნენ ფილოსოფოსები, ჰეგელი და მარქსი; მათი პოზიციები ამბივალენტური გახლავთ: ჰეგელი გამოდიოდა იმ თვალსაზრისიდან, რომ უზენაესი განგების კანონები გარდაიქმნა ცნობიერების კანონებად, მაგრამ მკვეთრად მიჯნავდა მათ. ეს ადამ სმიტის იდეების გამოძახილია. ადამიანები „აკმაყოფილებენ თავიანთ ინტერესებს; მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რაც გამოხატულებას პოულობს მათ ქმედებებში და არა ცნობიერებაში“, სამყაროს სულის რაციონალურ მიზანზე ჰეგელი წერდა, რომ ადამიანები „ამ მიზნის განხორციელების პროცესშივე იკმაყოფილებენ თავიანთ სურვილს, რომლის არსიც განსხვავებულია იმ მიზნისგან“. ეს უბრალოდ ინტერესთა თანხვედრაა, გადმოთარგმნილი გერმანული ფილოსოფიის ენაზე4. ჰეგელის ეკვივალენტი ადამ სმიტის „უხილავი ხელისა“ იყო ცნობილი „გონის ცბიერება“, რომელიც უბიძგებს ადამიანებს მიაღწიონ მიზნებს, რომლებიც არა აქვთ გაცნობიერებული. ჰეგელს არ სჭირდებოდა, ყოფილიყო ფრანგული რევოლუციის ფილოსოფოსი, რომ ერთ-ერთ პირველს დაენახა რეალობის არსი ისტორიული ცვლილებებისას და ადამიანის ცნობიერების განვითარებაში. ისტორიული განვითარება ნიშნავდა განვითარებას თავისუფლების ცნების მიმართულებით. მაგრამ 1815 წლიდან მოყოლებული საფრანგეთის რევოლუციის აღტკინება მინელდა და ადგილი დაუთმო რესტავრაციის ეპოქის გუნება-განწყობას. ჰეგელმაც პოლიტიკური სისუსტე გამოიჩინა და თავის მეტაფიზიკურ თეორიას ვეღარ მისცა რაიმე კონკრეტული მნიშვნელობა. გერცენის განსაზღვრება ჰეგელის დოქტრინისა, როგორც „რევოლუციის ალგებრის“, ძალიან მართებული აღმოჩნდა. ჰეგელი იყენებს პირობით ნიშნებს, მაგრამ არ აძლევს მათ პრაქტიკულ შინაარსს. მარქსი იყო ის პიროვნება, რომელმაც ჰეგელის ალგებრას არითმეტიკული გაანგარიშებები მიუსადაგა.
ადამ სმიტისა და ჰეგელის მოწაფემ - მარქსმა დაიწყო სამყაროს კონცეფციით, რომელიც დამყარებულია ბუნების რაციონალურ კანონებზე. ჰეგელის მსგავსად, მაგრამ პრაქტიკულ და კონკრეტულ ფორმებში იგი გადავიდა სამყაროს კონცეფციაზე, რომელიც დაფუძნებული იყო რაციონალურ საწყისებზე და ხელს უწყობდა ადამიანის რევოლუციურ ინიციატივას. ანალიზის შედეგად მარქსი მივიდა საბოლოო დასკვნამდე, რომ ისტორია სამი ელემენტის სინთეზს წარმოადგენს; ისინი მჭიდროდ არიან გადაჯვაჭვულნი ერთმანეთზე და ერთ მთლიანობს ქმნიან: მოვლენების განვითარება ობიექტური, უმთავრესად ეკონომიკური, კანონების საფუძველზე ხდება; აზროვნების განვითარება გაპირობებულია დიალექტიკური პროცესებით; და ბოლოს, შესაბამისი მოქმედება, რომელსაც კლასთა შორის ბრძოლის ფორმა გააჩნია და რომელიც მიუთითებს რევოლუციური თეორიისა და პრაქტიკის ერთიანობაზე, რასაც მარქსი გვთავაზობს არის ობიექტური კანონებისა და მათგან გამომდინარე პრაქტიკული მოქმედებების სინთეზი, რასაც ზოგჯერ შეცდომით უწოდებენ „დეტერმინიზმსა“ და „ვოლუნტარიზმს“. მარქსი მუდამ ისეთ კანონებზე წერს, რომელთა სუბიექტებიც აქამდე იყვნენ ადამიანები, მაგრამ ვერ აღიქვამდნენ მათ: მას არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რასაც უწოდებს იმ ადამიანთა „ყალბ ცნობიერებას“, რომლებიც გაებნენ კაპიტალისტური ეკონომიკისა და კაპიტალისტური საზოგადოების ბადეში: „წარმოებისა და საქონლის ბრუნვის მონაწილეთა გონებაში ფორმირებული კონცეფცია წარმოების კანონებზე ძალიან განსხვავებული იქნება რეალური კანონებისგან“.5 მაგრამ მავანმა მარქსის ნაშრომებში შეიძლება შეამჩნიოს აშკარა მოწოდება გაცნობიერებული რევოლუციური მოქმედებებისადმი. ფოიერბახი თავის ცნობილ გამონათქვამში აღნიშნავს, რომ „ფილოსოფოსები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ სამყაროს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, თუ როგორ შევცვალოთ იგი“. „კომუნისტურ მანიფესტში“ ნათქვამია, რომ „რევოლუცია განუწყვეტელი იქნება მანამდე, ვიდრე ყველა შეძლებული კლასი განდევნილი არ იქნება ბატონობის ასპარეზიდან, ვიდრე პროლეტარიატი არ დაიპყრობს სახელმწიფო ხელისუფლებას... და ვიდრე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საწარმოო ძალები მაინც თავმოყრილი არ იქნება პროლეტარების ხელში“. ნაშრომში „ლუი ბონაპარტის მეთვრამეტე ბრიუმერი“ მარქსი საუბრობს ბურჟუაზიული სახელმწიფო მანქანის დამსხვრევის აუცილებლობაზე და პროლეტარიატის დიქტატურის ძალაზე, რაც ხელს შეუწყობს ყოველგვარი კლასის მოსპობას და უკლასო საზოგადოების წარმოქმნას. მაგრამ 1848 წლის რევოლუციის დამარცხება სერიოზული დარტყმა იყო, მან დაამუხრუჭა ის პროცესები, რომლებიც გარდაუვალი ჩანდა მარქსის მოღვაწეობის დასაწყისში. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარმა აყვავებისა და სიმშვიდის ატმოსფეროში ჩაიარა. ჯერ არ იყო დამდგარი ე.წ. ისტორიის თანამედროვე პერიოდისკენ შემობრუნების ხანა, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა იმ ობიექტური კანონების წვდომა, რომელიც მართავს ადამიანის მოქმედებას საზოგადოებაში, თვით საზოგადოებისა და იმ ადამიანთა ცნობიერების შეცვლა, რომლებმაც თავისი შეგნებული მოქმედებით შექმნეს ეს საზოგადოება. თუმც მარქსმა არ დააზუსტა, თუ რას ნიშნავს „კლასი“, მაგრამ მთლიანობაში სწორედ იგი რჩებოდა ობიექტურ კონცეფციად, რომლებიც უნდა შექმნილიყო ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე. ლენინმა განჭვრიტა „კლასიდან“ „პარტიაზე“ გადასვლის აუცილებლობა; პარტია სათავეში უნდა დამდგარიყო კლასობრივ ბრძოლაში და დაენერგა კლასობრივი ცნობიერება. მარქსთან სიტყვას „იდეოლოგია“ ნეგატიური მნიშვნელობა აქვს, იგი გამოხატავს კაპიტალისტური საზოგადოების ყალბ ცნობიერებას; ლენინთა „იდეოლოგიამ“ ნეიტრალურ-პოზიტიური ელფერი შეიძინა: მას იყენებდნენ პროლეტარიატის ლიდერები მასებთან მუშაობისას, ანუ მუშათა კლასობრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების მიზნით. ზემოქმედება კლასობრივ ცნობიერებაზე სხვა არაფერია თუ არა ავტომატური პროცესი, მაგრამ ფრიად აუცილებელი და მნიშვნელოვანი საქმიანობა.
ჩვენი დროის კიდევ ერთი დიდი მოაზროვნე, რომელმაც ახალი განზომილება შემატა ჩვენს ცნობიერებას, გახლდათ ფროიდი. დღემდე იგი გამოუცნობ პიროვნებად რჩება. აღზრდა-განათლებით იგი XIX საუკუნის ლიბერალი ინდივიდუალისტია. მან უყოყმანოდ მიიღო ზოგადი, მაგრამ მცდარი აზრი ინდივიდისა და საზოგადოების ფუნდამენტური განვითარების შესახებ. ფროიდი ადამიანს განიხილავდა როგორც ბიოლოგიურ, ვიდრე სოციალურ ერთიანობას; მისთვის სოციალური გარემო იყო რაღაც ისტორიულად მოცემული და არა თავად ადამიანის მიერ წარმართული პროცესი შემოქმედებისა და ტრანსფორმაციისა. მარქსისტები აკრიტიკებდნენ ფროიდს სოციალური პრიბლემების ინდივიდის დონეზე განხილვისათვის და ამის საფუძველზე რეაქციულად ნათლავდნენ მის მოძღვრებას. ეს ბრალდება კიდევ უფრო მეტად ეხება ნეოფროიდისტულ სკოლას ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათ მიაჩნიათ, რომ გადახრები ინდივიდში თანდაყოლილია და ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის საზოგადოების სტრუქტურას. ისინი ფსიქოლოგიის მთავარ ფუნქციად მიიჩნევენ ინდივიდის საზოგადოებასთან ადაპტაციას. მეორე პოპულარული ბრალდება ფროიდის წინააღმდეგ - ადამიანის საქმიანობაში ირაციონალურის როლის გაზვიადება - სრული სიყალბეა. ადამიანის ქცევაში ირაციონალური ელემენტის აღიარება არ ნიშნავს ირაციონალურის კულტს. ირაციონალურის კულტის არსებობა დღეს ინგლისურენოვან სამყაროში, უმთავრესად ცნობიერების მიღწევებისა და შესაძლებლობების გაუფასურების სახით, სამწუხაროდ, სიმართლეს შეეფერება. ის არის ნაწილი პესიმიზმის და ულტრაკონსერვატიზმის თანამედროვე ტალღისა, რაზეც მოგვიანებით ვილაპარაკებ. მაგრამ ეს არანაირად ეხება ფროიდს, რომელიც იყო უპირობოდ პრიმიტიული რაციონალისტი. ფროიდმა ცნობიერი, რაციონალური ქცევის არაცნობიერი ძირების დადგენით გააფართოვა ჩვენი ცოდნისა და გაგების ჩარჩოები. ფროიდის მოძღვრებამ განავრცო ცნობიერების სფერო, გააძლიერა ადამიანის უნარი საკუთარი თავისა და გარემოს გაგების კონტროლის თვალსაზრისით. ამდენად ეს მოძღვრება წარმოადგენს რევოლუციურსა და პროგრესულ მოვლენას. იგი კი არ უპირისპირდება, არამედ ავსებს მარქსის შემოქმედებას. ფროიდი მიეკუთვნება თანამედროვეობას. ის, მართალია, ბოლომდე არ განთავისუფლებულა იმ გაგებისაგან, რომ ადამიანის ბუნება მყარია და უცვლელი, მაგრამ მან შექმნა იარაღები ადამიანის ქცევის ძირების უფრო ღრმად შესასწავლად და ქცევის ცნობიერი მოდიფიკაციისათვის.
ისტორიკოსებისათვის ფროიდის, როგორც მეცნიერის, მნიშვნელობა არაერთვაგროვანია. პირველ რიგში ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ფროიდმა საბოოოდ გააცამტვერა შეხედულება, რომლის მიხედვითაც ადამიანს ძალუძს ახსნას თავისი მოქმედებები და მოგვცეს მიზეზების დასაბუთებული განმარტება; ეს არის ნეგატიური მხარე, მაგრამ არსებობს პოზიტიური მომენტიც: ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ ისტორიკოსების სურვილს გააშუქონ ამა თუ იმ დიდი ისტორიული პიროვნების ქმედებანი ფსიქოანალიზის საფუძველზე. ფსიქოანალიზის პროცედურა ეყრდნობა ჯვარედინ დაკითხვას იმ პიროვნებისა, რომელზედაც ვაწარმოებთ დაკვირვებას; ჩვენ არ შეგვიძლია დავკითხოთ პიროვნება, რომელიც უკვე აღარ არის ცოცხალი. მეორე, ფროიდი მოუწოდებს ისტორიკოსებს ანალიზი ჩაუტარონ საკუთარ თავს და საკუთარ პოზიციას ისტორიაში, გააშუქონ მოტივები - იქნებ დაფარული მოტივებიც - რომლებმაც გააკეთებინეს ეს არჩევანი: თემა, პერიოდი, ფაქტების შერჩევის და ინტერპრეტაციის პრინციპი, ნაციონალური და სოციალური საფუძველი, რომლითაც გაპირობებულია ხედვა, მომავლის კონცეფცია, რომელიც თავის ელფერს ანიჭებს წარსულის კონცეფციას. როგორც ფროიდი და მარქსი აღნიშნავდნენ, ისტორიკოსს არა აქვს უფლება საკუთარი პიროვნება განიხილოს ცალკე, საზოგადოებისგან მოწყვეტით, ისტორიისგან განცალკევებით; ეს აზროვნების ხანაა; ისტორიკოსს შეუძლია და უნდა იცოდეს კიდეც თუ რას აკეთებს.
გადასვლა ე.წ. თანამედროვე სამყაროზე, ანუ ცნობიერების ფუნქციის და ძალის სფეროთა გაფართოებაზე, არ არის დასრულებული: ეს არის რევოლუციური ცვლილებების ნაწილი, რომლებიც უნდა გაიაროს მე-20 საუკუნის მსოფლიომ. შევეხები ამ გადასვლის რამდენიმე მთავარ სიმპტომს.
ნება მომეცით, ეკონომიკით დავიწყო. 1914 წლამდე ობიექტურობა ეკონომიკური კანონებისა, რომლებიც მართავდნენ ადამიანისა და ერების ეკონომიკურ მოქმედებებს, არ იწვევდა კრიტიკას და უარყოფით დამოკიდებულებას. 1930 წელს, როცა დაიწყო „დიდი დეპრესია“, ეს თვალსაზრისი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა გაბატონებულ მდგომარეობას. ამის შემდეგ მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდა. 1930-იან წლებში ხალხი ალაპარაკდა „ეკონომიკური ადამიანის აღსასრულზე“, ანუ ადამიანზე, რომელიც საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს უსადაგებდა ეკონომიკურ კანონებს და ამის შემდგომ აღარავის სჯეროდა ამ კანონებისა, გარდა მე-19 საუკუნის რამდენიმე რიფ ვან ვინკლისა (ანუ ადამიანისა, რომელიც მოწყვეტილია თანამედროვებას), რომლებსაც კვლავ ძველი წარმოდგენა ჰქონდათ ეკონომიკურ კანონებზე. დღესდღეობით ეკონომიკა ან თეორიული მათემატიკის განტოლებას წარმოადგენს, ან პრაქტიკულ ხერხს სხვისი მოტყუებისა. ეს იმის შედეგია, რომ კაპიტალიზმმა დაკარგა პიროვნული (ინდივიდუალური) სახე და უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. სანამ უპირატესი ადგილი წვრილ მეწარმესა და ვაჭარს ეკავა, ისე ჩანდა, თითქოს ვერავინ გააკონტროლებდა ეკონომიკურ პროცესებს და ვერ მოახდენდა მნიშვნელოვან ზეგავლენას მათზე; იქმნებოდა ილუზია, რომ შენარჩუნებული იყო უსახური კანონები და პროცესები; თვით ინგლისის ბანკიც კი, მისი ძლიერების ზენიტშიც არ მიიჩნეოდა მარჯვე ოპერატორად და მანიპულატორად, არამედ ეკონომიკური პროცესების ობიექტურ და ავტომატურ აღმნუსხველად. მაგრამ როგორც კი თვითდინებაზე მიშვებული ეკონომიკა ხდება მართვადი (სულერთია, ვინ მართავს მას - მსხვილი კაპიტალისტი კონცერნი თუ სახელმწიფო), უმართაობისა და ქაოსის ილუზია მაშინათვე ქრება. სრულიად ნათელი ხდება, რომ გარკვეული პიროვნებები გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებენ გარკვეული მიზნების მისაღწევად, ხოლო ეს მიზნები განსაზღვარვენ ჩვენს ეკონომიკურ კურსს. ყველასთვის ცხადია, რომ დღეს ნავთობისა და საპნის ფასი არ იცვლება მოთხოვნა-მიწოდების ობიექტური კანონების შესაბამისად. ყველამ იცის, ან დარწმუნებულია, რომ იცის, რომ ეკონომიკური კრიზისი და უმუშევრობა ხელოვნურად არის შექმნილი თავად ადამიანების მიერ: მთავრობები ვარაუდობენ და პრეტენზიაც კი აქვთ, რომ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ მძიმე მდგომარეობიდან. მოხდა გადასვლა თვითდინებიდან გეგმაზე, გაუცნობიერებელიდან გაცნობიერებულზე, ობიექტურად არსებული კანონების რწმენიდან რწმენაზე, რომ ადამიანს საკუთარი მოქმედებით შეუძლია გაიუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა. სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა გვერდიგვერდ მიაბიჯებენ. ნება მომეცით, ციტატად იმ ადამიანის სიტყვები მოვიყვანო, ვინც ყველაფერი იყო გარდა მარქსისტისა და სავსებით შესაძლებელია, რომ აზრზეც კი არ იყო, თუ ვინ არის ლენინი; ეს გამონათქვამი დაიბეჭდა „კემბრიჯის თანამედროვე ისტორიის“ პირველი გამოცემის ბოლო ტომში 1910 წელს: „სოციალური რეფორმების გაცნობიერებულად წარმართვის შესაძლებლობა დომინირებს ევროპულ აზროვნებაში; მას ისე უყურებენ, როგორც ოდესღაც თავისუფლების იდეალს და პანაცეას... მას ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადამიანთა უფლებებს საფრანგეთის რევოლუციის დროს“6. დღეს, როცა 50 წელი გავიდა ამ სიტყვების დაწერიდან, 40 წელი - რუსეთის რევოლუციიდან და 30 წელი - დიდი დეპრესიის პერიოდიდან, ეს რწმენა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და გადასვლა ეკონომიკის ობიექტური კანონებიდან, რომელიც შეიძლება სადღაც რაციონალურიც იყო, მაგრამ უგულებელყოფდა ადამიანის უნარს თავად გაეკონტროლებინა საკუთარი ეკონომიკური კეთილდღეობა გაცნობიერებული მოქმედებებით ისეთ კანონებზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ამ უნარს, პირადად ჩემთვის წინსვლის ნიშანია და იმის წინაპირობა, რომ ადამიანი უფრო ღრმად ჩაწვდება და გააუმჯობესებს გარესამყაროს; ამას კი მხოლოდ ერთი სახელი აქვს - პროგრესი.
მე არ ვაპირებ დეტალურად შევეხო იმავე პროცესებს სხვა სფეროებში; თვით მეცნიერებაც კი, როგორც დავინახეთ, ნაკლებად არის დაინტერესებული ბუნების ობიექტური კანონების დადგენით და უპირატესობას ანიჭებს სამუშაო ჰიპოთეზებს, რომელიც დაეხმარება ადამიანს გამოიყენოს ბუნება თავისი მიზნებისათვის და სამყარო უკეთესი გახადოს. მე-18 საუკუნის ბოლოს მალთუსმა შეიმუშავა „მოსახლეობის ბუნებრივი კანონი“, რომელიც ყველასთვის ბუნდოვანი იყო ისევე, როგორც ადამ სმიტის კანონი. დღეს აღარავის სჯერა ამგვარი ობიექტური კანონებისა, მაგრამ მოსახლეობის სიჭარბე რაციონალური სოციალური პოლიტიკის საგნად იქცა. ჩვენ მოწმენი ვარ, თუ როგორ გაიზარდა ცხოვრების ხანგრძლივობა და შეიცვალა ბალანსი თაობებს შორის ადამიანის ძალისხმევის შედეგად; წამდაუწუმ გვესმის საუბარი ახალ წამლებზე, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის ქცევაზე და ქირურგიულ ოპერაციებზე, რომელსაც ძალუძს შეცვალოს ადამიანის ხასიათი.
შეიცვალა როგორც ადამიანი, ისე საზოგადოება და ეს ცვლილება განაპირობა ადამიანის ცნობიერმა საქმიანობამ, მაგრამ ცვლილებათა უმეტესობა გამოწვეული იყო აზროვნებისა და შეფასებების ახალი ფორმებისა და თანამედროვე მეთოდების დანერგვითა და გამოყენებით. დღეს აღმზრდელები ყველა დონეზე ცდილობენ კოკნრეტული და განუმეორებელი ელფერი მისცენ საზოგადოებას და ახალ თაობებს ჩაუნერგონ მათი საზოგადოებისთვის მართებული დამოკიდებულებები, ერთგულება და შეხედულებები. განათლების პოლიტიკა ნებისმიერი რაციონალურად დაგეგმილი სოციალური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ადამიანის საზოგადოებრივი ცნობიერების უპირველესი ფუნქცია არის არა მარტო წვდომა, არამედ ტრანსფორმაცია, ხოლო ცნობიერების საზღვრების გაფართოება უფრო ქმედითუნარიანს გახდის ადამიანის ძალისხმევას უკეთ წარმართოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საქმიანობა რაციოანლური პროცესების დანერგვით, რაც, ჩემი აზრით, მე-20 საუკუნის რევოულუციის უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს.
ცნობიერების ექსპანსია მხოლოდ ნაწილია იმ პროცესისა, რასაც მე ვუწოდებ „ინდივიდუალიზაციას“ - პიროვნული უნარის, საქმიანობისა და შესაძლებლობების გაფართოებას, რაც თანამედროვე ცივილიზაციის დამახასიათებელი და თანმდევი ნიშანია და რაზეც ადრე უკვე ვისაუბრე. იქნებ ინდუსტრიული რევოლუციის ყველაზე ღრმად მიმავალმა სოციალურმა შედეგმა მოგვცა პროგრესული რაოდენობრივი ზრდა იმ ადამიანებისა, რომლებიც სწავლობენ ფიქრს. დიდ ბრიტანეთში ჩვენი სწრაფვა სოციალური გარდაქმნებისაკენ ნაკლებ შესამჩნევია. ჩვენ თითქოსდა გვყოფნის ის დაფნის გვირგვინი, რომლითაც შეგვამკეს უნივერსალური პირველდაწყებითი განათლების მიღებისთვის საუკუნის საუკეთესო ეპოქაში და არაფერს ვაკეთებთ, რათა უფრო შორს ან უფრო ჩქარა წავიწიოთ წინ უნივერსალური უმაღლესი განათლების მისაღებად. ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, როცა ჩვენ ვმართავდით მსოფლიოს, მაგრამ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა, როცა ყველამ გაგვისწრო, რადგან უფრო სწრაფად მიიწევენ წინ და სიჩქარე კი იზომება ახალი თანამედროვე ტექნოლგიების დანერგვით. სოციალური რევოლუცია, ტექნოლოგიური სიახლეები და მეცნიერების თანამედროვე მიღწევები ნაწილებია ერთი და იმავე პროცესის. თუ გსურთ თქვენი წარმოდგენა ინდივიდუალიზაციის პროცესზე აკადემიური მაგალითით განამტკიცოთ, თქვენი ნებაა; ამისათვის საკმარისია შეადაროთ გასულ 50-60 წლების განმავლობაში უზარმაზარი ნახტომი ისტორიაში, მეცნიერებაში, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში და სპეციალიზაციების მრავალფეროვნება, რომელსაც ამ ბოლო დროს გვთავაზობს მეცნიერების ყველა სფერო; მაგრამ მე სხვა, უფრო თვალსაჩინო მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც ამ პროცესს სხვა დონეზე განიხილავს: დაახლოებით 30 წელზე მეტი ხნის წინ გერმანელი მაღალჩინოსანი სამხედრო ოფიცერი ესტუმრა საბჭოთა კავშირს და შეხვდა საბჭოთა ოფიცერს, რომელიც თავისი საქმიანობით დაკავშირებული იყო საბჭოთა საჰაერო ძალების მშენებლობასთან. აი, ციტატა წითელი ოფიცრის საუბრიდან: „ჩვენ, რუსებს, კვლავაც პრიმიტიულ ადამიანებთან გვიხდება მუშაობა, ამიტომ იძულებულნი ვართ თვითმფრინავები მივუსადაგოთ იმ მფრიანვებს, რომლებიც გვყავს. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ არა მარტო ჩვენი მანქანები, არამედ გადავაკეთოთ იმ ადამიანთა გონებაც, რომლებიც მიუსხდებიან ახალი მოდელის თვითმფრინავებს. ეს ორი ფაქტორი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ჩვენ არ შეგვიძლია მაღალი დონის მანქანები პრიმიტიული დონის ადამიანებს ვანდოთ“7. დღეს, აგერ უკვე 30 წლის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ არც რუსული თვითმფრინავებია პრიმიტიული და არც ის ადამიანები, კაცი იქნება ეს თუ ქალი, რომლებიც ქმნიან, აშენებენ და მართავენ ამ მანქანებს. როგორც ისტორიკოსი, მე ამ უკანასკნელი ფენომენით უფრო ვარ დაინტერესებული. წარმოების რაციონალიზაცია ნიშნავს ადამიანის რაციონალიზაციას და ამით არის ის მნიშვნელოვანი. მთელს მსოფლიოში დღეს პრიმიტიული ადამიანები სწავლობენ ურთულესი მანქანების მართვას, რაც ავითარებს მათ გონებას და აღრმავებს მათ ცნობიერებას. რევოლუცია, რომელსაც თქვენ ალბათ უწოდებთ „სოციალურ რევოლუციას“, მე კი - „ცნობიერების ექსპანსიას“, მხოლოდ დასაწყისია. იგი მოწოდებულია არ ჩამორჩეს წინა თაობების მიერ შექმნილ, მაგრამ უკვე მორყეულ და მოძველებულ ტექნოლოგიებს, რაც მე-20 საუკუნის რევოლუციის უმთავრეს ასპექტად მიმაჩნია.
ალბათ ჩვენი პესიმისტები და სკეპტიკოსები არ მაპატიებენ, თუ არ შევეხები იმ უარყოფით ასპექტებს, რომელიც თან ახლავს ცნობიერების გაზრდილ როლს თანამედროვე სამყაროში. ადრე უკვე აღვნიშნე, რომ ინდივიდუალიზმის გაძლიერება არ გულისხმობს სოციალური წნეხის შესუსტებას, მორჩილებისა და ერთგვაროვნობის პრინციპებზე უარის თქმას. ეს მართლაც რომ თანამედროვე რთული საზოგადოების ერთ-ერთი პარადოქსია. განათლება, რომელიც აუცილებელი და ძლიერი ფაქტორია პიროვნული უნარისა და შესაძლებლობების გასაღვივებლად და აქედან გამომდინარე, ინდივიდუალიზმის იდეების გასავრცელებლად, ამავე დროს უაღრესად ქმედითუნარიანი იარაღია დაინტერესებული ჯგუფების ხელში სოციალური ერთგვაროვნობის პრინციპების დასანერგად. მიმართვები და განცხადებები, რომლებიც წამდაუწუმ გაისმის რადიო-ტელევიზიით, ან იბეჭდება პრესის ფურცლებზე, პირველ რიგში მიმართულია ისეთი ნეგატიური მოვლენის წინააღმდეგ, რომლის დაგმობა და გაკიცხვა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იმავე ხერხს მიმართავენ, როცა საუბარია საზოგადოების საკეთიდღეოდ სასურველ გარკვეულ იდეებსა და აზრებზე. ასეთი კომპანიები რაღაცის უარსაყოფად ან დასაცავად, სავსებით რაციონალური და გაცნობიერებული მოქმედებაა იმ ხალხისა, რომელიც ხელმძღვანელობს ამგვარ აქციებს იმ იმედით, რომ მათთვის სასურველ მიმართულებასა და ელფერს მისცემენ როგორც მთლიანად საზოგადოებას, ასევე მის თითოეულ წევრს.
კიდევ ერთი საშიშროება, რომელსაც შეიძლება შევეჯახოთ, არის კომერციული რეკლამა ან პოლიტიკური პროპაგანდა. ეს ორი როლი მუდმივად ორმაგდება. ამერიკაში სრულიად დაუფარავად, ხოლო დიდ ბრიტანეთში გაცილებით მორიდებულად, პარტიები და კანდიდატები ქირაობენ პროფესიონალებს რეკლამის გასაკეთებლად. ორი მეთოდი, რაც არ უნდა ფორმალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მთავარში მაინც ემთხვევა. პროფესიონალები, რომლებიც რეკლამის ბიზნესში მუშაობენ, აგრეთვე გავლენიანი პარტიების პროპაგანდის დეპარტამენტის უფროსები, ნამდვილი ინტელექტუალები არიან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა უკეთ შეასრულონ თავისი საქმე. ცნობიერება ამ შემთხვევაში გამოყენებულია არა როგორც სტატიკური მოვლენა, რომელიც კვლევას საჭიროებს, არამედ კონსტრუქტიული და დინამიური ხასიათის მქონე. რეკლამის პროფესიონალებს და კამპანიის მენეჯერებს არ აკმაყოფილებთ მხოლოდ არსებული ფაქტები. მათ აინტერსებთ, თუ რა სწამს მომხმარებელსა და ამომრჩეველს, ან ის მოვლენები, რომელსაც საბოლოო შედეგამდე მივყავართ, ანუ მომხმარებლისა და ამომრჩევლისთვის რომელი განცხადება გახდება უფრო მისაღები და ქმედითუნარიანი.
უფრო მეტიც, მასების ფსიქოლოგიის შესწავლამ დაანახა მათ, რომ უმოკლესი გზა იდეების განხორციელებისა გახლავთ მომხმარებლისა და ამომრჩევლის ბუნებისთვის დამახასიათებელი ირაციონალური ელემენტის გათვალისწინება; ამჟამად რაციონალიზმმა გაცილებით ფართო მასშტაბები მიიღო, ვიდრე უწინ, მაგრამ ამ პირობებშიც კი პროფესიონალი მრეწველებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების ელიტა ვერ მიაღწევს მიზანს, თუ არ ჩაწვდება და არ გამოიყენებს მასების ირაციონალიზმს. ეს არ ეხება ცნობიერებას; იგი კვლავ იმ მეთოდით ვითარდება, რომელსაც ოსკარ უაილდმა „დარტყმა ინტელექტს ქვემოთ“ უწოდა. სჯობს, ვითარება უფრო მუქ ფერებში დავხატო, ვიდრე ბრალი დამდონ, რომ სრულად ვერ აღვიქვი მოსალოდნელი საშიშროება.8 მაგრამ ეს პრინციპში სწორია და ამიტომ სხვა სფეროებსაც შეიძლება მივუსადაგოთ. ნებისმიერ საზოგადოებაში სათავეში მდგარი ძალები სთავაზობენ მეტ-ნაკლებად „იძულების მეთოდებს“ მასების შეხედულებების მოსაწესრიგებლად და გასაკონტროლებლად. ეს მეთოდი სხვებზე უარესად მეჩვენება, რადგან გზას უხსნის ცნობიერებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებას.
ამ სერიოზული და კარგად ჩამოყალიბებული ბრალდების საპირისპიროდ მხოლოდ ორი არგუმენტი გამაჩნია. პირველი და საყოველთაოდ ცნობილი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ აღმოჩენას, ნებისმიერ სიახლესა თუ ახალ მეთოდს განვიხილავ როგორც უარყოფით, ისე დადებით ჭრილში. ნებისმიერ შემთხვევაში ვიღაცას მაინც მოეთხოვება პასუხი. ვერც კი გეტყვით, რამდენი დრო გავიდა ნაბეჭდი გამოცემების გამოსვლიდან, სანამ კრიტიკოსები აღმოაჩენდნენ, რომ ეს ხელს უწყობს მცდარი აზრების გავრცელებას. დღეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა საგზაო კატასტროფებში დაღუპულთა დატირება, რაც გამოწვეულია მანქანების მომრავლებით ჩვენს გზებზე, ხოლო ზოგიერთმა მეცნიერმა გამოთქვა შეშფოთება ატომური ენერგიის გამოყენების გზებისა და მეთოდების გამო, რადგან ამან საშინელი შედეგები შეიძლება გამოიღოს. ვერცერთი სიახლე და გამოგონება ვერ ასცდა ამგვარ ბრალდებას ვერც უწინ და ვერ ასცდება მომავალშიც. მასობრივ პროპაგანდას უზარმაზარი პოტენციალი და უამრავი საშუალება გააჩნია, რომელიც არ შეიძლება უბრალოდ განადგურდეს. არც ის არის შესაძლებელი, რომ დავუბრუნდეთ ჯონ ლოკის ვიწრო ინდივიდუალისტურ დემოკრატიას, ან ლიბერალურ თეორიას, რომელიც ნაწილობრივ განხორციელდა დიდ ბრიტანეთში მე-19 საუკუნის შუა წლებში; ვერ დავუბრუნდებით ასევე თვითდინებაზე მიშვებულ პირველყოფილ კაპიტალიზმსაც. მაგრამ სამართლიანობა გვაიძულებს აღვნიშნოთ, რომ ყველა ამ ბოროტებას საკუთარი შესწორებები ახლავს თან. გამოსავალი მდგმოარეობს არა ირაციონალიზმის კულტში, ან თანამედროვე საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდილი როლის უკუგდებაში, არამედ თუ რის გაკეთება შესწევს გაზრდილ ცნობიერებას როგორც პირველ საფეხურზე, ისე ბოლო ეტაპზე. ეს არ გახლავთ უტოპიური ზმანება, როცა ცნობიერების ფართო გამოყენება საზოგადოების ყველა საფეხურზე ძალისმიერ ზეგავლენას ახდენდა ჩვენზე ტექნოლოგიური და მეცნიერული გარდაქმნების მეშვეობით. როგორც ნებისმიერ წინსვლას ისტორიაში, ამ უკანასკნელსაც გააჩნია თავისი „შემოსავალ-გასავალი“, რომელიც უნდა გადავიხადოთ და თავისი საშიში და უარყოფითი მხარეები, რასაც პირისპირ უნდა შევეჯახოთ. განსხვავებით სკეპტიკოსებისაგან, ცინიკოსებისა და უბედურების წინასწარმეტყველებისგან, განსაკუთრებით ქვეყნის ინტელექტუალთა წრეებში, რომლებსაც ხელიდან გამოეცალათ უწინდელი ავტორიტეტი, მე ვერ დამდებენ ბრალს, რომ ეს ისტორიული პროგრესის მომასწავებელ ნიშნად მივიჩნიე. იქნებ ეს არის ჩვენი დროის ყველაზე თვალსაჩინო და რევოლუციური მოვლენა.
პროგრესული რევოლუციის მეორე ასპექტი, რომელიც უნდა გავიაროთ, გახლავთ მსოფლიოს შეცვლილი იერსახე. მე-15 და მე-16 საუკუნეების დიადმა ეპოქამ, როცა საბოლოოდ განადგურდა შუასაუკუნეობრივი მსოფლიო და საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე სამყაროს, გზა გაუხსნა ახალი კონტინენტების აღმოჩენას, ხელი შეუწყო მსოფლიოს სიმძიმის ცენტრის გადატანას ხმელთაშუა ზღვიდან ატლანტიკის ოკეანის ნაპირებზე. თვით საფრანგეთის რევოლუციასაც კი, ჰქონდა თავისი გეოგრაფიული შედეგი, რაც გამოიხატა მოთხოვნაში ახალი სამყაროსადმი აღედგინა ძველი წონასწორობა. მაგრამ მე-20 საუკუნის რევოლუციით გამოწვეული ცვლილებები გაცილებით სწრაფი და რადიკალური აღმოჩნდა, ვიდრე ყველაფერი, რაც მოხდა მე-16 საუკუნის შემდეგ. სულ რაღაც 400 წელი დასჭირდა იმას, რომ მსოფლიოს სიმძიმის ცენტრი აშკარად გადაწეულიყო დასავლეთ ევროპიდან. დასავლეთ ევროპა ინგლისურენოვან სამყაროსთან ერთად გახდა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის დანამატი, ან თუ გნებავთ, აგლომერაცია, სადაც შეერთებული შტატები ერთდროულად გენერატორიც არის და საკონტროლო-სადისპეტჩერო პუნქტიც. არც ეს არის ერთადერთი, და მითუმეტეს ყველაზე მნიშვენლოვანი, ცვლილება. ცხადზე უცხადესია, რომ მსოფლიოს სიმძიმის ცენტრი ახლა ეკუთვნის ინგლისურენოვან სამყაროს თავისი დასავლეთევროპული დანამატით და კიდევ დიდხანს იქნება მისი საკუთრება. მაგრამ დადგება დრო, როცა აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნები აფრიკასთან ერთად ჩაებმებიან მსოფლიო პოლიტიკაში და ვინძლო ტონის მიმცემნიც გახდნენ, ასე რომ „უცვლელი აღმოსავლეთი“ გაცვეთილი კლიშეა და სხვა არაფერი.
მოდით, თვალი გადავავლოთ ბოლო საუკუნის განმავლობაში აზიაში მომხდარ მოვლენებს. ყველაფერი დაიწყო 1902 წელს ინგლის-იაპონიის ალიანსით, რაც წარმოადგენდა ევროპის უმძლავრეს სახელმწიფოებთან აზიური ქვეყნების გაერთიანების საწყის ეტაპს. შეიძლება დამთხვევად ჩავთვალოთ, რომ იაპონიამ მიიღო რუსეთის გამოწვევა და ჩაება მასთან ორთაბრძოლაში, რითაც გააღვივა ის ნაპერწკალი, რამაც გამოიწვია მე-20 საუკუნის დიადი რევოლუცია. 1789 და 1848 წლების საფრანგეთის რევოლუციებს მიმბაძველები გამოუჩნდნენ ევროპაში. 1905 წლის რუსეთის პირველ რევოლუციას კი ევროპაში არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია, მაგრამ იპოვა მიმბაძველები აზიაში: რამდენიმე წლის განმავლობაში რევოლუციამ იფეთქა სპარსეთში, თურქეთში, ჩინეთში. პირველი მსოფლიო ომი იმდენად მსოფლიო ომი არ იყო თავისი ხასიათით, რამდენადაც ევროპული სამოქალაქო ომი. ამით ევროპამ თვალსაჩინოდ დაანახა ყველას, რომ თავის თავზე იღებს მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტას და დიდი პრეტენზიებიც გააჩნია; ამაში შედიოდა ინდუსტრიის განვითარება აზიის მთელ რიგ ქვეყნებში, ჰომოფობიური გრძნობების გაღვივება ჩინეთში, ინდოეთსა და არაბეთში ნაციონალიზმის წარმოშობა. 1917 წლის რევოლუციას რუსეთში უფრო ღრმა და თვალსაჩინო შედეგები მოჰყვა: მისი ლიდერები დაძაბულად, მაგრამ ამაოდ, ელოდნენ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს ევროპაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შედეგმა აზაიში იჩინა თავი: ევროპა „უცვლელი“ დარჩა, ხოლო აზიაში დაიწყო ცვლილებები. არ მიმაჩნია საჭიროდ გავაგრძელო ყველასთვის ცნობილი მოვლენების ჩამოთვლა, რამაც დღევანდელი ვითარება განაპირობა; არა მგონია, ისტორიკოსები მზად იყვნენ ღრმა ანალიზი გაუკეთონ აზიასა და აფრიკაში მომხდარ რევოლუციებს, თუმც კი კაი ხანი გავიდა უკვე მათ მერე, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიული პროცესების გაფართოება, განათლებისა და პოლიტიკური ცნობიერების გაღრმავება თავისთავად ადასტურებს, თუ რა მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა ამ კონტინენეტების მოსახლეობის ცხოვრებაში და როგორ შეიცვალა მათი იერსახე. მე არ შემიძლია განვჭვრიტო მომავალი და არც სხვა კრიტერიუმი გამაჩნია შეფასებისა, მაგრამ ვერ ვხედავ საფუძველს, რატომ არ შეიძელბა განვიხილოთ ეს ყოველივე როგორც პროგრესული განვითარების მაგალითი მსოფლიო ისტორიის პერსპექტივაში? ამ მოვლენებიდან გამომდინარე, მსოფლიომაც სხვა ელფერი მიიღო: შესუსტდა ინგლისურენოვანი სამყაროს ზეგავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, მაგრამ შესუსტება არ ნიშნავს სრულ განადგურებას. მე არა ვარ წინააღმდეგი აზიისა და აფრიკის ქვეყნების ასეთი წინსვლისა, პირიქით, მივესალმები კიდეც, მაგრამ ძალიან მაწუხებს ვითარება თვით ინგლისურენოვან სამყაროში, რომელიც უკვე მზად არის ხელი ჩაიქნიოს ყველაფერზე, გადავარდეს ნოსტალგიაში და თავი მისცეს ტკბილ მოგონებებს წარსულზე.
ისტორიკოსისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც მე „ცნობიერების ექსპანსიას“ ვუწოდებ და რომელიც მე-20 საუკუნის რევოლუციისთვის არის დამახასიათებელი. თავისი არსით ცნობიერების ექსპანსია ნიშნავს, ისტორიის მსვლელობას დაუქვემდებარო კონტინენტებისა და ხალხების სხვადასხვა დაჯგუფებები თუ კლასები, რომელნიც აქამდე ისტორიის გარეთ იყვნენ. ადრე უკვე აღვნიშნე, რომ შუა საუკუნეების ისტორიკოსების ტენდენცია, შუასაუკუნეობრივი საზოგადოება განიხილონ რელიგიურ ჭრილში, სავსებით შეესაბამებოდა იმ წყაროებს, რომელსაც ისინი ეყრდნობოდნენ. მე მინდა უფრო განვავრცო ეს საკითხი. თავის დროზე მთლიანობაში სწორად იყო აღნიშნული, რასაკვირველია, ზოგიერთი ცალკეული შენიშვნის გათვალისწინებით, რომ ქრისტიანული ეკლესია წარმოადგენდა „ერთადერთ რაციონალურ ინსტიტუტს შუა საუკუნეებში“.9 და რადგან ის იყო ერთადერთი რაციონალური ინსტიტუტი, და, იმავე დროს ერთადერთი ისტორიული ინსტიტუტიც. ის იყო ერთადერთი სუბიექტი ისტორიული განვითარებისა, რომელსაც შეიძლება დაყრდნობოდა ისტორიკოსი. საერო (არაეკლესიური) საზოგადოება ჩამოყალიბდა ეკლესიის მიერ და არა გააჩნდა საკუთარი რაციონალური ცხოვრება. ისევე როგორც პრეისტორიულ ხანაში ხალხი ეკუთვნოდა ბუნებას და არა ისტორიას. ისტორიის თანამედროვე ეტაპი მაშინ დაიწყო, როცა სულ უფრო მეტმა ადამიანმა გამოავლინა თავისი სოციალური და პოლიტიკური ცნობიერება, დაინტერესდნენ საკუთარი წარსულით, მომავლით და ისტორიის აბსოლუტურ საკუთრებად იქცნენ. ბოლო 200 წლის მანძილზე სოციალური, პოლიტიკური და ისტორიული ცნობიერება გავრცელდა მოსახლეობის უდიდეს ნაწილში, უპირატესად, განვითარებულ ქვეყნებში. ამდენი დროის განმავლობაში მხოლოდ ამჟამად გახდა შესაძლებელი, რომ ხალხი ისტორიისა და ისტორიკოსის სუბიექტად ქცეულიყო და არა, კოლონიელი ადმინისტრატორის ან ანთროპოლოგისა.
ეს რევოლუციის ტოლფასი მოვლენაა ისტორიის კონცეფციაში. მე-18 საუკუნის ისტორია ჯერ კიდევ ელიტარული ფენების ისტორიად რჩება. მე-19 საუკუნეში ისტორიკოსებმა უკვე ნელ-ნელა დაიწყეს ისტორიის განხილვა როგორც მთლიანად ერის ისტორიისა. საშუალო დონის ისტორიკოსმა ჯ.რ. გრინმა სახელი და დიდება მოიხვეჭა, როცა გამოქვეყნდა მისი ნაშრომი „ინგლისელი ხალხის ისტორია“. მე-20 საუკუნის ყველა ისტორიკოსმა არაგულწრფელი პატივისცემით და ყალბი მორჩილებით თავი დახარა ამ თვალსაზრისის წინაშე. თუმცა, აქ აღარ გავაგრძელებ შეცდომებზე საუბარს და გადავალ ჩემთვის უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე. ესაა ისტორიის თვალსაწიერის გაფართოება. ექტონი 1895 წელს გაკეთებულ მოხენებაში უნივერსალურ, ანუ მსოფლიო ისტორიას განიხილავს როგორც „ისტორიას, რომელიც განსხვავდება ყველა ხალხის ისტორიათა ნაკრებისგან“. შემდეგ იგი აგრძელებს: „ისტორიის განვითარება ხდება იმ თანმიმდევრობის საფუძველზე, რომელსაც თვით ერი ექვემდებარება; ისტორიის თხრობა ხდება არა ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ მოვლენების დროისა და მნიშვნელობის მიხედვით კაცობრიობის წინაშე10. აქედან ცხადია, რომ ისტორიის ექტონისეული გაგება მკვლევარის სერიოზულ მიდგომას გულისხმობს. საინტერესოა, დღეს საიმისოდ რას ვაკეთებთ, რათა გავაიოლოთ ამ გაგებით მსოფლიო ისტორიასთან მიახლოება?
მე არ ვაპირებდი მელაპარაკა ისტორიის სწავლების საკითხზე ამ უნივერსიტეტში, მაგრამ ისეთ მაგალითებს გადავაწყდი, რომ დიდი სიმხდალე იქნებოდა ჩემი მხრიდან თავი ამერიდებინა ამ რთული საქმისათვის. აგერ უკვე 40 წელია ჩვენს სასწავლო გეგმაში ადგილი დაეთმო ისეთ საგანს, როგორიცაა „აშშ-ის ისტორია“. ეს მნიშვნელვანი წინსვლაა, მაგრამ ამავე დროს დიდ რისკთანაცაა დაკავშირებული, რადგან ხელს უწყობს ინტერესის დავიწროებას ინგლისის ისტორიისადმი, რომლებიც ისედაც „მკვდარ სულად“ გვიწერია სასწავლო გეგმაში. ეს, თავის მხრივ ნელ-ნელა აქარწყლებს ინტერესს მთლიანად ინგლისურენოვანი სამყაროს ისტორიისადმი. ინგლისურენოვანი სამყაროს ისტორია ბოლო 400 წლის განმავლობაში ითვლებოდა ერთ-ერთ ბრწყინვალე ფურცლად ისტორიაში, მაგრამ უდიდესი შეცდომა იქნებოდა იგი ჩაგვეთვალა მსოფლიო ისტორიის ღერძად, ხოლო ყველაფერი დანარჩენი, ამ ღერძის ირგვლივ არსებულ პერიფერიებად. უნივერსიტეტის მოვალეობაა გამოასწოროს ამგვარი მცდარი შეხედულებები. ჩემი აზრით, უნივერსიტეტმა თავი ვერ გაართვა მის წინაშე მდგარ ამოცანას. არც ის მიმაჩნია გამართლებულად, რომ ისტორიაში ხარისხის მაძიებლები არ ფლობენ სხვა თანამედროვე ენებს, გარდა ინგლისურისა. მოდით, გაფრთხილებად მივიღოთ ის, რაც ოქსფორდში ფილოსოფიის ფაკულტეტზე მოხდა. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ძველი და საპატიო საგნის სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყოველდღიური სალაპარაკო ინლისურითაც ფონს იოლად გავიდოდნენ. ყოვლად დაუშვებელია იმგვარი მიდგომა, როცა სტუდენტს სთავაზობენ წიგნს, ამა თუ იმ ქვეყნის თანამედროვე ისტორიაზე ახალი ინფორმაციის გაცნობის მიზნით, თუ ის არ შედის საჭირო და აუცილებელ სახელმძღვანელოთა ნუსხაში. ადამიანი, რომელიც მუშაობს აზიის, აფრიკის, ან ლათინური ამერიკის პრობლემებზე და გარკვეულ ცოდნას ფლობს ამ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე, უაღრესად შუზღუდულია უფლებებში. მას არავინ სთხოვს გააშუქოს ისეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ქვეყნების, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი და სპარსეთი, ისტორია იმ დრომდე, ვიდრე ევროპელებმა არ სძლიეს მათ. ისტორიის სასწავლო გეგმაში შედის რუსეთის, სპარსეთისა და ჩინეთის ისტორია, მაგრამ არ არის გათვალისწინებული პროფესორ-მასწავლებელთა დაინტერესება. კემბრიჯის ისტორიკოსებმა ყურად არ იღეს ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ჩინეთის ისტორიის პროფესორის სიტყვები, რომ „ჩინეთი არ შეიძლება განვიხილოთ კაცობრიობის ისტორიის განვითარების პროცესიდან მოწყვეტით“11. როგორ შეიძლება ყურადღებითა და სათანადო ინტერესით მოეკიდო კემბრიჯის კედლებში ათდღიან პერიოდში გამოცემულ უდიდეს ისტორიულ ნაშრომს, როცა იცი, რომ ის გამოცემულია ისტორიის ფაკულტეტისა და იქ მომუშავე ისტორიკოსების ყოველგვარი დახმარების გარეშე, მათი აზრის გაუთვალისწინებლად? მე მივმართავ დოქტორ ნიდემს, რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი „მეცნიერება და ცივილიზაცია ჩინეთში“. მაინცდამაინც არ მსიამოვნებს შინაური ნაგვის სამზეოზე გამოვიტანა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაშრომის პათოსი ტიპიური მოვლენაა ბრიტანეთის უნივერსიტეტებისა და ბრიტანელი ინტელექტუალებისათვის მე-20 საუკუნის შუა ხანებში. უკვე მოძველებულ გამქირდავ შენიშვნას, რომ „ინგლისი კუნძულზე მდებარეობს და კონტინენტზე მიმდინარე პროცესებისგან მას ლა-მანშის სრუტე იცავს“ დღესაც ჰყავს თავისი მიმდევრები. ქვეყნიერებას, რომელიც ჩვენი საზღვრების მიღმა მდებარეობს, კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს და სანამ ჩვენ, ინგლისურენოვანი სამყარო ერთად ვართ და აუღელვებლად ყოველდღე ვუმტკიცებთ ერთმანეთს, რომ სხვა კონტინენტები თავისი ექსტრაორდინარული საქციელით მოწყვეტილნი არიან ჩვენი ცივილიზაციის კეთილდღეობას, ეს ხანდახან ისე გამოიყურება, თითქოს ჩვენმა უუნარობამ ან სურვილის არქონამ - ჩავწვდეთ მოვლენებს, მართლაც დაგვაშორა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
წიგნის დასაწყისში თქვენი ყურადღება გავამახვილე, თუ რით განსხვავდება მე-20 საუკუნის შუა წლებისა და მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდის შეხედულებები. წიგნის ბოლოს მინდა უფრო განვავრცო ეს თემა. როგორც გახსოვთ, მე გამოვიყენე სიტყვები „ლიბერალური“ და „კონსერვატიული“, მაგრამ ალბათ ყველასთვის ცხადია, რომ ისინი ამ კონტექსტში პარტიების იარლიყებად არ მიხმარია. როცა ექტონი საუბრობდა პროგრესზე, იგი არ „გრედუალიზმის“ ბრიტანეთში პოპულარული კონცეფცია. „რევოლუცია, ანუ ლიბერალიზმი, როგორც ჩვენ ვუწოდებთ“, ფრიად მნიშვნელოვანი ფრაზაა 1887 წლის წერილიდან. „თანამედროვე პროგრესის მეთოდს რევოლუცია წარმოადგენს“, - აღნიშანვდა ექტონი ათი წლის შემდეგ თავის ლექციაში თანამედროვე ისტორიის შესახებ, ხოლო მეორე ლექციაში საუბრობდა „საყოველთაო იდეების შემოსვლაზე, რომელსაც ჩვენ რევოლუციას ვეძახით“. ამავე საკითხზე მსჯელობს იგი ერთ-ერთ გამოუქვეყნებელ ნარკვევში: “ვიგები კომპრომისების საშუალებით მართავდნენ სახელმწიფოს, ხოლო ლიბერალების სათავეში მოსვლით დაიწყო იდეების მმართველობის პერიოდი”12. ექტონი დარწმუნებული იყო, რომ “იდეების მმართველობა” ლიბერალიზმს ნიშნავდა, ხოლო ლიბერალიზმი - რევოლუციას. ექტონის დროს ლიბერალიზმი ჯერ არ ითვლებოდა სოციალური გარდაქმნების მამოძრავებელ ძალად. დღესდღეობით, ის რაც გადაურჩა ლიბერალიზმს, საზოგადოების დამამუხრუჭებელ ფაქტორად იქცა. ჩვენ დროში უაზრობა იქნებოდა ექტონთან მიბრუნება გვექადაგა. ისტორიკოსებმა პირველ რიგში უნდა გაარკვიონ ექტონის შეხედულება, მეორე: შეადარონ მისი პოზიცია და თანამედროვე მოაზროვნეების შეფასება და მესამე: გაარკვიონ, მისი თვალსაზრისის რომელი ელემენტი შეიძლება იყოს დღეს ქმედითუნარიანი. სრულიად ნათელია, რომ ექტონის თაობა მეტისმეტად თავდაჯერებული და ოპტიმიზმით აღსავსე იყო. მათ ბოლომდე კარგად არ ჰქონდათ გააზრებული მერყევი ბუნება იმ სტრუქტურისა, რაზედაც მათი რწმენა ეფუძნებოდა; სამაგიეროდ, მათ ჰქონდათ ის ორი რამ, რაც ჩვენ აგრერიგად გვაკლია დღეს: ცვლილებების განხილვა, როგორც ისტორიის პროგრესული ფაქტორისა და გონის რწმენა, რომელიც გვეხმარება რთული სიტუაციების გაგებაში.
ახლა კი განვიხილოთ 1950-იანი წლების შეხედულებები. ადრე უკვე მოვიყვანე სერ ლუის ნამიერის სიტყვები, რომელიც კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ სანამ “კონკრეტული პრობლემები პრაქტიკული გადაწყვეტილების გზებს ეძებენ, ორივე პარტიას დავიწყებული აქვს პროგრამები და იდეალები”; ისტორიკოსის აზრით, ეს “ერის განვითარებისა და წინსვლის” ნიშანია13. პირადად მე მაინცდამაინც არ აღმაფრთოვანებს პიროვნებისა და ერის ცხოვრების ხანგრძლივობის შედარება, მაგრამ თუ ამგვარი ანალოგია მაინც ჩნდება, თავს უფლებას მივცემ დავსვა კითხვა: რა გველის, როცა გავივლით ამ “განვითარების ეტაპს”? ყველაზე უფრო მაინტერესებს ის მკვეთრი ზღვარი, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, პრაქტიკულსა და კონკრეტულს, რომელსაც ქება-დიდებას ასხამენ და, მეორე მხრივ, უგულებელყოფილ “პროგრამებსა და იდეალებს” შორის. პრაქტიკული მოქმედებების უპირატესობა იდეალისტურ თეორიებთან შედარებით, რასაკვირველია, კონსერვატიზმის უპირველესი ნიშანია. ნამიერის შეხედულებები გამოხატულებაა მე-10 საუკუნის ინგლისისა გეორგ III-ის ტახტზე ასვლის პერიოდში, რომელმაც გაილაშქრა ექტონის შეხედულების წინააღმდეგ მოსალოდნელი რევოლუციისა და იდეების ბატონობის წინააღმდეგ. მაგრამ დღეს უაღრესად პოპულარულია ტოტალური კონსერვატიზმი, რომელიც ამ ბოლო დროს ტოტალური ემპირიზმის ფორმით მოგვევლინა. იმავე აზრს იზიარებს, ტრევორ-როპერიც, რომელიც აღნიშნავს, რომ “როცა რადიკალები გაჰკივიან, რომ გამარჯვება უეჭველად მათ დარჩებათ, საღად მოაზროვნე და გონიერი კონსერვატორები სწორედ მაშინ აყენებენ მოულოდნელ დარტყმას”.14 პროფესორი ოუკშოტი გვთავაზოსბ ემპირიზმის უფრო სოფისტიკურ ვერსიას: ჩენს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩვენ “მივცურავთ უკიდეგანო ზღვაში”, სადაც არ არის “არც საწყისი და არც საბოლოო პუნქტი” და სადაც ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს “გავყვეთ დინებას და არ ჩავიძიროთ”15, ალბათ არ დამჭირდება იმ მწერლების ჩამოთვლა, რომლებმაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს “უტოპიზმი” და “მესიანიზმი”. ეს სიტყვები შეურაცხმყოფელ ტერმინებად იქცნენ საზოგადოების მომავალზე შორსმიმავალი რადიკალური იდეების ანალიზისას. მე არ ვაპირებ გავაანალიზო ბოლო დროს ამერიკაში მიმდინარე პროცესები და ტენდენცია, რომელიც საშუალებას აძლევს ისტორიკოსებსა და პოლიტოლოგებს უფრო აშკარად გამოხატონ თავისი ლოიალობა კონსერვატიზმის მიმართ, ვიდრე მათ კოლეგებს ჩვენს ქვეყანაში; მხოლოდ ერთ ციტატას მოვიყვან; ეს სიტყვები ეკუთვნის ყველაზე თვალსაჩინო და ზომიერი კონსერვატიული შეხედულებების მქონე ამერიკელ პროფესორს საუელ მორისონს, რომელიც ჰარვარდში მოღვაწეობს; ეს სიტყვები ამოღებულია ადრესიდან, რომელიც პროფესორმა გაუგზავნა ამერიკის ისტორიკოსთა ასოციაციას 1950 წ. დეკემბერში; იგი ამ ასოციაციის პრეზიდენტი გახლდათ; აი, მისი სიტყვები; “მე მგონი, დადგა ხანა რეაქციული დამოკიდებულებისა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელთაც ატარებდნენ ჯეფერსონი, ჯეკსონი და ფ.დ. რუზველტი და ამერიკის ისტორია განვიხილოთ საღი კონსერვატიული თვალსაზრისით”16.
პროფესორმა პოპერმა კიდევ ერთხელ სცადა, ყოველ შემთხვევაში დიდ ბრიტანეთში, გამოეყენებინა ეს ზომიერი კონსერვატიული თვალსაზრისი და უფრო თვალსაჩინო და უკომპრომისო ფორმა მიეცა მისთვის. ეხმიანება რა ნამიერის უარყოფით დამოკიდებულებას “პროგრამებისა და იდეალიზმის” მიმართ, იგი მკაცრად აკრიტიკებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს “მთელი საზოგადოების ხელახლა გადაკეთებას წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად”, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. “საზოგადოების ნაწილ-ნაწილ შენებას” და აშკარად უგულებელყოფს ბრალდებებს მისი მისამართით და იმ “უბადრუკ შედეგს, რაც საქმის ნაწილ-ნაწილ კეთებას სდევს თან”.17 ერთი მხრივ, მე, რასაკვირველია, პატივს მივაგებ პროფესორ პოპერს; იგი კვლავაც ცნობიერების მკაცრი დამცველია და არანაირად არ გადაუხვევს სწორი გზიდან და არ დაადგება ირაციონალიზმის გზას, მაგრამ თუ გადავხედავთ მის კონცეპციას “ნაწილ-ნაწილ სოციალური ორგანიზაციის” შესახებ, დავინახავთ, თუ როგორი შეზღუდულია ცნობიერების როლი. თუმცა პოპერის განსაზღვრება “ნაწილ-ნაწილ მშენებლობაზე” მაინცდამაინც ზუსტი არ არის, მაგრამ სრულიად ნათლად მიგვანიშნებს, რომ “საბოლოოო მიზნები” კრიტიკას არ ექვემდებარება, ხოლო გულდასმით შერჩეული მაგალითები ნათლად მიუთითებს იმ ფარგლებს, რომელსაც არ უნდა გასცდეს ცნობიერებას ჩვენს საზოგადოებაში, რომელმაც თავის თავზე აიღო სრული პასუხისმგებლობა; მისი მოქმედების სფეროებია “კონსტიტუციური რეფორმა” და “შემოსავლების სტაბილიზაციის ტენდენცია”; მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მისი მოქმედება კანონიერი და გამართლებული.18 ცნობიერების სტატუსი პროფესორ პოპერის სქემაში ძალიან წააგავს ბრტანეთის სახელმწიფო მომსახურის სტატუსს; მას შეუძლია დახმარება გაუწიოს მთავრობას პოლიტიკის გატარებაში და კონკრეტული ქმედებებიც კი შესთავაზოს, რომ პოლიტიკამ უფრო გამართულად იმუშაოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს ძირითად პრინციპებსა და საბოლოო მიზნებს. ეს საჭირო საქმეა: მეც ვიყავი ერთ დროს სახელმწიფო მოსამსახურე, მაგრამ ცნობიერების ამგვარი დაქვემდებარება არსებული წყობის პასუხისმგებლობაზე კიდევ დიდხანს იქნება ჩემთვის პირადად მიუღებელი; იგი აბსოლუტურად განსხვავდება ექტონისეული განტოლებისგან: რევოლუცია - ლიბერალიზმი - იდეების ბატონობა. პროგრესი ადამიანების საქმიანობაში, ისევე როგროც მეცნიერებაში, ისტორიაში ან საზოგადოებაში გამოწვეულია ძირითადად იმით, რომ ადამიანებს არ სურთ მუდმივად ელოდონ საზოგადოების ნაწილ-ნაწილ და თანდათანობითი წინსვლისა და განვითარების შედეგებს; მათ უნდათ შეიტანონ კარდინალური ცვლილებები არსებულ ვითარებაში კანონიერი გზით და არა უკანონო ქმედებებით, რომელსაც ეს ცვლილებები ეყრდნობა; ეს ცვლილებები გონებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მე მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როცა ინგლისურენოვანი სამყაროს ისტორიკოსები, სოციოლოგები და პოლიტოლოგები ვაჟკაცურად შეეჭიდებიან ამ პრობლემას.
ვინც რა უნდა ილაპარაკოს, პირადად მე მაწუხებს არა იმდენად გონიერების რწმენის დაკნინება ინგლისურენოვანი ქვეყნების ინტელექტუალებსა და პოლიტიკურ მოღვაწეებში, არამედ ის, რომ დაიკარგა რწმენა მსოფლიოს მუდმივი მოძრაობისა. ეს ერთი შეხედვით პარადოქსულად შეძლება მოგვეჩვენოს; ცვლილებებზე საუბრები უმეტესწილად ზედაპირულ ხასიათს ატარებს; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილება აღარ განიხილება როგორც აღმოჩენა, საუკეთესო შესაძლებლობა ან პროგრესი, არამედ როგორც შიშის საგანი. ჩვენი პოლიტიკოსი და ეკონომისტი “სწავლულნი” ვერაფერს გვთავაზობენ გარდა იმისა, რომ არ ვენდოთ რადიკალურ და შორსმიმავალ იდეებს, მოვერიდოთ ყველაფერს, რასაც რევოლუციის სუნი სდის და წინ წავიწიოთ, მაგრამ ეს წინსვლა უაღრესად ფრთხილი და გონივრული უნდა იყოს. დღეს, როცა სამყარო უფრო სწრაფად და რადიკალურად იცვლის თავის იერსახეს, ვიდრე გასული 400 წლის განმავლობაში, ეს უბრალოდ სიბრმავედ მიმაჩნია, რომელზედაც დაფუძნებულია შიში; შიში არა იმისა, რომ მსოფლიო შეწყვეტს განვითარებას, არამედ იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა და მასთან ერთად მთელი ინგლისურენოვანი სამყარო ჩამორჩება საერთო განვითარების პროცესს, და მაჩანჩალას როლში აღმოჩნდება და ტკბილ ნოსტალგიაში ჩაიძირება. რაც შემეხება მე, მაინც ოპტიმისტად ვრჩები და მიუხედავად იმისა, რომ ლ. ნამიერი მაფრთხილებს მოვერიდო პროგრამებსა და იდეალებს, ხოლო პოფესორი ოუკშოტი მეუბნება, რომ ჩვენი მოძრაობის მიმართულება გაურკვეველია და წააგავს შუაგულ ზღვაში მოხვედრილ გემს, რომელსაც არავინ მართავს, პროფესორი პოპერი კი ოცნებობს ძველი მოდელის შენარჩუნებაზე და ნაწილ-ნაწილ შენებაზე, პროფესორი ტრევორ-როპერი იმით ერთობა, რომ ცხვირზე წკიპურტებს ურტყამს რადიკალებს, ხოლო პროფესორი მორისონი იცავს საღ კონსერვატიულ ყაიდაზე დაწერილ ისტორიას, მე ვჭვრეტ სამყაროს მის აურზაურსა და მოძრაობაში და დიდი მეცნიერის კარგად გაცვეთილ სიტყვებს ვიმეორებ: “ის მაინც ბრუნავს”.
_____________________________________
1 Burckhardt, Reflections on History (1959), გვ.31.
2 A. De Tocqueville, De FAncien Regime, III, თავი I.
3 Cambridge University Library: And. MSS.: 4870.
4 Hegel, Philisophy of History.
5 კაპიტალი (ინგ. თარგმ., 1909), გვ. 369.
6 Cambridge Modern History, XII (1910).
7 Vierteljahrshefte fur Zeitgeschichte (Munich) i(1953), გვ. 38
8 The New Society (1951)
9 A. von Martin, The Sociology of the Renaissance (1945), გვ. 18.
10 Cambridge Modern History: Its Origin. Authorship and Production (1907), გვ. 14.
11 E. G. Pulleyblank, Chinese History and World History (1955); გვ. 36.
12 Acton, Selections from Correspondence (1917), გვ.238. Lectures on Modern History (1906), gv. 4, 32; Add MSS. 4949 (Cambridge University Library). 1887 წელს გამოქვეყნებულ წერილში ექტონი აღნიშნავდა, რომ ,,ძველი“ ვიგების ადგილი ,,ახლებმა“ დაიკავეს (იგულისხმება ლიბერალები), ,,როსინდისის განვითარებამ“ სრულიად ცხადია, რომ სინდისი ამ შემთხვევაში ასოცირდება ცნობიერებასთან და ეხმიანება ,,იდეების მმართველობას“ სტაბსიც ორ ნაწილად ყოფს ისტორიას; ეს დაყოფა საფრანგეთის რევოლუციის მიერ არის გაკეთებული: ,,პირველი პერიოდია ძალაუფლების, ძალის და დინასტიების, ხოლო მეორე პერიოდში იდეებმა მიისაკუთრეს უფლებებიც და ფორმებიც“. ( W. tubbs, Seventeen Lectures on the Study of Medieval and Modern History”, 3.rd ed. 1900, გვ.239)
13 L. Namier, Personalities and Povers” (1955)
14 ,,Encounter”VII, No,6, 1957, გვ,. 17.
15 M. Oakeshott, Political Education (1951), გვ. 22
16 American Historical Review, No Ivi, No, 2 (January 1951), გვ . 272- 3.
17 K, Popper, The Poverty of Historicsm (1957), გვ. 67, 74.
18 იქვე, გვ. 64, 68.