![]() |
ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ განახლებული ევროპული ქარტია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი დემოკრატია|თვითმმართველობა, სამოქალაქო განათლება|ბილები, დეკლარაციები, კონვენციები |
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: არაოფიციალური თარგმანი წინამდებარე ქარტიას არ გააჩნია კონვენციის სტატუსი მიღებულია ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის (CLRAE) მიერ (მე-10 სესია, 2003 წლის 23 მაისი, 128-ე რეკომენდაციის დანართი) |
![]() |
1 შესავალი |
▲back to top |
ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ განახლებულ ევროპულ ქარტიას საფუძველი ჩაეყარა ახალგაზრდობის პოლიტიკის პირველ და მეორე კონფერენციაზე, რომელიც ორგანიზებულ იქნა ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალ მუდმივმოქმედი კონფერენციის მიერ 1988 წლის ივნისში ქ. ლოზანაში (შვეიცარია), ხოლო 1991 წლის სექტემბერში ქ. ლანგოლენში (ჩრ.ირლანდია). მოგვიანებით კი, 1992 წლის მარტში, მუდმივმოქმედმა კონფერენციამ მიიღო რეზოლუცია 237, რომლის 22-ე მუხლი განსაზღვრავს ქარტიის მიღებას.
ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ ევროპული ქარტიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესმა, ევროპის საბჭოს ახალგაზრდობისა და სპორტის დირექტორატთან თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა კონფერენციას თემაზე - „ახალგაზრდობა, როგორც ქალაქებისა და რეგიონების აქტიური ძალა“. 2002 წლის 7-8 მარტს ქ. კრაკოვში გამართული ამ კონფერენციის მთავარ მიზანს ქარტიის არსებობის მანძილზე ახალგაზრდობის მონაწილეობის სფეროში მიღწეული წარმატებების შეფასება წარმოადგენდა. კონფერენციაზე იმსჯელეს ახალგაზრდობის მონაწილეობის წახალისების სხვადასხვა გზებზე. შედეგად, მიღებულ იქნა კრაკოვის დეკლარაცია, რომლითაც მონაწილეებმა კვლავ დაადასტურეს, რომ ახალგაზრდობა, მსგავსად სხვა ასაკის ადამიანებისა, წარმოადგენს მოქალაქეთა ერთობას და, შესაბამისად, ხელი უნდა მიუწვდებოდეს საზოგადოებაში მონაწილეობის ყველა ფორმაზე. ამასთან, კონფერენციის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში ახალგაზრდობის როლის წახალისებას, განსაკუთრებით, ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე. ამას გარდა, კონფერენციამ საკმაო წვლილი შეიტანა ევროპის საბჭოს ინტეგრირებულ პროექტში - „დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობისათვის ხელშეწყობა“.
მონაწილეები დამატებით გამოეხმაურნენ იმ სირთულეებს, რომელთაც თანამედროვე ახალგაზრდობა ხვდება. შესაბამისად, მათ თხოვნით მიმართეს CLRAE-ს და ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საკითხების საკონსულტაციო საბჭოს, რათა მათ დაენიშნათ ექსპერტები ზემოაღნიშნულ ქარტიაში ცვლილება-დამატებების შეტანის მიზნით და შესაბამისობაში მოეყვანათ იგი ოცდამეერთე საუკუნის ახალ გამოწვევებთან, როგორიცაა ინფორმაციული საზოგადოება და სამოქალაქო უსაფრთხოება.
სამუშაო შეხვედრები გაიმართა 2002 წლის ბოლოსა და 2003 წლის დასაწყისში. მათზე გამართულმა მსჯელობებმა საფუძველი ჩაუყარა ქარტიის წინამდებარე ვერსიის ჩამოყალიბებას. იგი დაყოფილია სამ ნაწილად: პირველი ნაწილი ხელისუფლების ადგილობრივ და რეგიონალურ ორგანოებს სთავაზობს სახელმძღვანელო პრინციპებს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ სფეროებში. მეორე ნაწილი წარმოგვიდგენს ახალგაზრდობის მონაწილეობაში წინსვლის საშუალებებს. დაბოლოს, მესამე ნაწილი ითვალისწინებს რჩევებს ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის საჭირო ინსტიტუციონალური გარემოს უზრუნველსაყოფად.
![]() |
2 პრეამბულა |
▲back to top |
ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებასა და ღონისძიებების განხორციელებაში ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობა მეტად მნიშვნელოვანია დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და წარმატებული საზოგადოების ასაშენებლად. მიუხედავად არჩევნების მნიშვნელობისა, საზოგადოების დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობა უფრო მეტია, ვიდრე ხმის მიცემით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მონაწილეობა და მოქალაქეობრივი აქტივობა გულისხმობს უფლებების, საშუალებების, სივრცისა და შესაძლებლობათა ქონას, საჭიროების შემთხვევაში კი, მონაწილეობაში მხარდაჭერასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაბმას უკეთესი საზოგადოების შექმნის მიზნით.
ხელისუფლების ადგილობრივ და რეგიონალურ ორგანოებს, როგორც ახალგაზრდებთან ყველაზე მეტად დაახლოებულ ინსტიტუტებს, მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ახალგაზრდობის მონაწილეობის წახალისებაში. მათ შეუძლიათ ახალგაზრდების არა მხოლოდ ინფორმირება დემოკრატიისა და მოქალაქეობის შესახებ, არამედ, მათთვის ყოველივე ამის პრაქტიკულად წარმოჩენა. ახალგაზრდობის მონაწილეობა მხოლოდ აქტიური მოქალაქეობისა თუ მომავლის დემოკრატიის ცნებების დამკვიდრებას როდი გულისხმობს. ის რამდენადმე ღირებულია, თუ ახალგაზრდები გავლენას ახდენენ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ჯერ კიდევ თავიანთ ახალგაზრდობაში და არა მხოლოდ ცხოვრების შემდგომ საფეხურზე.
ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოები, ახალგაზრდობის მონაწილეობისადმი თავიანთი მხარდაჭერითა და ბიძგის მიცემით, ხელს უწყობენ, ასევე, ახალგაზრდების სოციალურ ინტეგრაციას, ეხმარებიან რა მათ არა მხოლოდ ახალგაზრდობასთან დაკავშირებული სირთულეებისა და ზეწოლის გადალახვაში, არამედ მთლიანად თანამედროვე საზოგადოებაში - სადაც ანონიმურობა და ინდივიდუალიზმი, ხშირ შემთხვევაში, დომინანტი ფაქტორებია - არსებული გამოწვევების დაძლევაში. თუმცა, ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის წარმატებული და გრძელვადიანი მონაწილეობა მოითხოვს არა მხოლოდ პოლიტიკური ან ადმინისტრაციული სისტემების განვითარებასა თუ რესტრუქტურიზაციას. ახალგაზრდობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პოლიტიკა ან ღონისძიება უნდა ქმნიდეს კულტურული გარემოს, როგორც ახალგაზრდების პატივისცემის ერთ-ერთი მთავარი წყაროს. ის ასევე უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდების კომპლექსურ მოთხოვნილებებს, მისწრაფებებსა და გარემოებებს, გართობის გარკვეული ელემენტების გათვალისწინებით.
![]() |
3 სახელმძღვანელო პრინციპები |
▲back to top |
1. ახალგაზრდობის ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე მონაწილეობა უნდა წარმოადგენდეს მოქალაქეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის საერთო პოლიტიკის ნაწილს, როგორც ეს განსაზღვრულია მინისტრთა კომიტეტის წევრი-სახელმწიფოებისათვის განკუთვნილ (2001) მე-19 რეკომენდაციაში ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ.
2. ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოები ადასტურებენ ფაქტს, რომ ყველა სექტორულ პოლიტიკას უნდა გააჩნდეს ახალგაზრდული მიმართულება. ხსენებულიდან გამომდინარე, ისინი იზიარებენ წინამდებარე ქარტიის დებულებებს, მიმართულს მონაწილეობის სხვადასხვა ფორმების იმპლემანტაციისაკენ, რეალიზებულს ახალგაზრდობასთან და მათ წარმომადგენლებთან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის გზით.
3. წინამდებარე ქარტიით გათვალისწინებული სახელმძღვანელო პრინციპები და მონაწილეობის სხვადასხვა ფორმები ეხება ყველა ახალგაზრდას დისკრიმინაციის გარეშე. ამ მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში საზოგადოების არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი სექტორების აქტივობის წახალისებაზე, როგორიცაა ეთნიკური, ეროვნული, სოციალური, სექსუალური, კულტურული, რელიგიური და ლინგვისტური უმცირესობები.
![]() |
4 ნაწილი I: სექტორული პოლიტიკა |
▲back to top |
![]() |
4.1 I.1. სპორტის, დასვენებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკა |
▲back to top |
4. ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას, განხორციელებულს ახალგაზრდული ასოციაციებისა და ორგანიზაციების, ახალგაზრდული ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ, რაც, ოჯახთან, სკოლასა თუ სამსახურთან ერთად, მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში სოციალური ინტეგრაციის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამგვარი მიდგომაა ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების იდეალური საშუალება შემდეგ სფეროებში: სპორტი, კულტურა, წარმოება-ვაჭრობა, ხელოვნება, მხატვრობა თუ შემოქმედებისა და თვითგამოხატვის სხვა სფეროები.
5. ადგილობრივი და რეგიონალური ახალგაზრდული ასოციაციების სექტორის განვითარების მიზნით, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა, შესაბამისი საშუალებებით, განსაკუთრებული დახმარება უნდა აღმოუჩინონ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ახალგაზრდული კლუბებისა და ორგანიზაციების პარტნიორებსა და ლიდერებს ამზადებენ, მხარდაჭერა გამოხატონ ახალგაზრდობის სფეროში მოღვაწე იმ პირებისადმი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში.
6. ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა მოუწოდონ ასოციაციებს, რომ მათ წაახალისონ ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობა თავიანთ საწესდებო ორგანოებში.
![]() |
4.2 I.2. ახალგაზრდობის დასაქმების პოლიტიკა და უმუშევრობასთან ბრძოლა |
▲back to top |
7. ახალგაზრდების სურვილი, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დამოკიდებულია იქ არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე. უმუშევრობა და სიღარიბე ამცირებს ახალგაზრდების მოტივაციას, საშუალებებსა და სოციალური თანადგომის ალბათობას და აქვეითებს ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში მათ აქტივობას. უმუშევარი ახალგაზრდობა, სავარაუდოდ, ყველაზე გარიყული ფენაა საზოგადოებაში, შესაბამისად, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა გაატარონ იმგვარი პოლიტიკა და ინიციატივები, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდობის უმუშევრობის შემცირებისაკენ.
8. ხსენებულიდან გამომდინარე, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა:
i. ახალგაზრდებთან (როგორც უმუშევრებთან, ასევე, რისკის ქვეშ მყოფებთან), მათ ორგანიზაციებთან, ადგილობრივ საწარმოებთან, პროფკავშირებთან, საგანმანათლებლო, პროფესიული სწავლებისა და დასაქმების ცენტრებთან ერთად, უნდა გაატარონ პოლიტიკა და განახორციელონ პროგრამები ახალგაზრდობის უმუშევრობის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და მათი დასაქმების წახალისების მიზნით;
ii. უნდა დააფუძნონ დასაქმების ადგილობრივი ცენტრები, უმუშევარი ახალგაზრდებისათვის სტაბილური სამუშაოს მოძიებაში პროფესიონალური დახმარების აღმოჩენის მიზნით. უმუშევარ ახალგაზრდებს, სურვილის შემთხვევაში, უნდა გააჩნდეთ უფლება, ჩაერთონ აღნიშნული ცენტრების მენეჯმენტის პროცესში;
iii. უნდა აღმოუჩინონ დახმარება ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს ბიზნესის, საწარმოებისა და კოოპერატივების დაფუძნებაში დაფინანსებითა და სხვაგვარი დახმარების გაწევის გზით, როგორიცაა, მაგალითად, მათი საჭირო ფართით, ინვენტარითა და პროფესიული კონსულტაციით უზრუნველყოფა, სასწავლო პროგრამების ჩატარება და სხვ.
iv. უნდა მოუწოდონ ახალგაზრდობას, ჩაერთონ სოციალურ ეკონომიკურ ყოფაში, თვითდახმარების საიინიციატივო ჯგუფებსა თუ კოოპერატიულ ერთობებში.
![]() |
4.3 I.3. ურბანული გარემო და საცხოვრებელი ადგილი, განსახლების პოლიტიკა, ტრანსპორტი |
▲back to top |
9. ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა შექმნან პირობები იმგვარი ურბანული პოლიტიკის განვითარებისათვის, რომელიც ორიენტირებული იქნება უფრო ინტეგრირებულ, ნაკლებად ფრაგმენტულ საცხოვრებელ გარემოზე, რაც ხელს შეუწყობს სოციალურ თანაცხოვრებასა და მაღალი დონის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მომრავლებას..
10. ურბანული და განსახლების პოლიტიკა უნდა გატარდეს ახალგაზრობასა და ადგილობრივ ან რეგიონალურ დონეზე არჩეულ წარმომადგენლებს, ეკონომიკურ საკითხებში პასუხისმგებელ პირებს, ასოციაციათა ლიდერებსა და არქიტექტორთა შორის კონსულტაციური შეთანხმებების ფონზე. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს:
i. პროგრამების შემუშავება უფრო ჰარმონიული გარემოსათვის, რაც ხელს შეუწყობს პიროვნულ სრულყოფასა და თაობათა შორის ჭეშმარიტი სოლიდარობის წარმოშობას;
ii. ურბანული გარემოს შეთანხმებული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც, განსახლებისა და/ან ბინების რეკონსტრუქციის პროგრამების შემუშავებისას, გაითვალისწინებს ადგილობრივ მაცხოვრებელთა სოციალურ და კულტურათშორის რეალიებს.
11. ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, მესაკუთრეთა ორგანიზაციებთან და/ან მომხმარებელთა ორგანიზაციებთან, განსახლების სააგენტოებთან და სოციალურ სფეროში დასაქმებულ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა წაახალისონ გარკვეული სფეროები, ან, არსებული სოციალური სტრუქტურების ფარგლებში, განავითარონ:
i. განსახლების შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრები ახალგაზრდობისათვის;
ii. ადგილობრივი პროექტები (როგორიცაა, მაგალითად, დაბალ პროცენტიანი სესხები, ქირავნობის გარანტირების სისტემა), რათა ახალგაზრდობისათვის ხელმისაწვდომი გახდეს განსახლებასთან დაკავშირებული სიკეთეები.
12. ახალგაზრდების მობილურობა ადვილი მისაღწევია, თუკი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომია. მობილურობა კი აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრობისა.
13. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ახალგაზრდები ჩართულ უნდა იყვნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზებაში როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ დონეზე. უნდა დადგინდეს მგზავრობის სპეციალური ნიხრები არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდებისათვის.
14. მობილურობა და სატრანსპორტო საშუალებები სოფლად წარმოადგენს უმთავრეს მოთხოვნილებას ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით. ამდენად, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა დახმარება უნდა აღმოუჩინონ ტრანსპორტთან დაკავშირებულ ინიციატივებს სოფლად და ყველა ღონე უნდა იხმარონ სატრანსპორტო მომსახურების (საზოგადოებრივი თუ კერძო, ინდივიდუალური თუ კოლექტიური) უზრუნველსაყოფად ახალგაზრდობისათვის, განსაკუთრებით იქ, სადაც ტრანსპორტის გაუმართაობის გამო, გაძნელებულია ზემოხსენებულ მთელ რიგ ღონისძიებებში მონაწილეობა.
![]() |
4.4 I.4. საგანმანათლებლო და სასწავლო პოლიტიკის წახალისება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის |
▲back to top |
15. სკოლა ეს ის ადგილია, სადაც ახალგაზრდები არა მხოლოდ მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ და საგანმანათლებლო პროგრამას გადიან, არამედ გარემო, სადაც ყალიბდება ახალგაზრდების შეხედულებები და ცხოვრების სამომავლო პერსპექტივები. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის სკოლიდანვე ინფორმირება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის, დემოკრატიისა და მოქალაქეობის შესახებ და ამ კურსის სათანადო დონეზე გატარება. სკოლაში უნდა ხდებოდეს, ასევე, ახალგაზრდების მხრიდან დემოკრატიის პრინციპების პრაქტიკული ჩვევების დაუფლება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის წახალისებაც. აქედან გამომდინარე:
i. ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა აქტიურად უნდა მოუწოდონ ახალგაზრდობას სკოლის ცხოვრებაში მონაწილეობასაკენ. მათ უნდა გასწიონ ფინანსური და სხვა სახის დახმარება (თავშეყრის ადგილით უზრუნველყოფა, მაგალითად) იმ მიზნით, რომ ახალგაზრდობას შესაძლებლობა მიეცეს, დააფუძნოს სკოლის მოსწავლეთა დემოკრატიული ასოციაციები. ამ ასოციაციებს უნდა გააჩნდეთ საკმარისი ავტონომია, და, სურვილის შემთხევაში, უნდა ჰქონდეთ უფლება, მასწავლებლებთან და დირექციასთან თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღონ სკოლის მენეჯმენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გამოტანაში.
ii. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოები პასუხისმგებელნი არიან სასკოლო პროგრამების შედგენაზე, მათ უნდა უზრუნველყონ სტუდენტებთან და სტუდენტთა ასოციაციებთან კონსულტაციების გამართვა სასკოლო პროგრამების განვითარებასთან დაკავშირებით. ამასთან, სამოქალაქო და პოლიტიკური განათლება სათანადო დონეზე უნდა იყოს ჩართული სასკოლო პროგრამებში.
![]() |
4.5 I.5. გაცვლისა და მობილურობის პოლიტიკა |
▲back to top |
16. ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა დახმარება უნდა აღმოუჩინონ იმ ასოციაციებს ან ჯგუფებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ახალგაზრდობის (ახალგაზრდა მუშაკები, სტუდენტები, მოხალისეები) მობილურობის გაცვლითი პოლიტიკის დახმარებით გაზრდით და განავითარონ გაცვლის ქსელური პოლიტიკა ევროპის მოქალაქეობის გაცნობიერებასთან ერთად.
17. ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა მოუწოდონ ახალგაზრდობას, მათ ორგანიზაციებსა და სკოლებს აქტიური მონაწილეობისაკენ საერთაშორისო ორმხრივ ღონისძიებებში, ყველა სახის გაცვლით პროგრამაში, ისევე როგორც, სხვადასხვა ევროპულ ქსელებში. უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ფინანსური დახმარება ენის შესწავლასა და კულტურათშორისი გაცვლის წახალისების, გამოცდილების გაცვლის მიზნით.
18. მათ უნდა შეიყვანონ ახალგაზრდობა და/ან მათი წარმომადგენლები ორმხრივ კომიტეტებსა და სხვა ორგანოებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ხსენებული გაცვლითი პროგრამების ცხოვრებაში გატარებაზე.
![]() |
4.6 I.6. ჯანმრთელობის პოლიტიკა |
▲back to top |
19. ახალგაზრდობისაგან მომდინარე იმ პროექტების წარმოჩენისა და განხორციელების მიზნით, რომელიც განამტკიცებს როგორც ჯანმრთელობის საყოველთაო კონცეფციის განვითარებას, ისე დინამიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა ჩამოაყალიბონ ან განავითარონ ინსტიტუციონალური მექანიზმები ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის გარშემო მომუშავე ახალგაზრდების ჯგუფებს, არჩეულ წარმომადგენლებსა და ყველა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფს შორის კონსულტაციის უზრუნველსაყოფად.
20. ახალგაზრდებში თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების უარყოფითი შედეგების შესამცირებლად, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ჯანმრთელობის სამსახურებთან ერთად, უნდა დანერგონ ან განავითარონ ადგილობრივი საკონსულტაციო-საინფორმაციო პოლიტიკა ახალგაზრდების აღნიშნული ჯგუფებისათვის, ხოლო ხსენებული პრობლემების პრევენციისა და რეაბილიტაციის სტრატეგიაზე მომუშავე პირებისათვის შეიუშაონ (სოციალურ სფეროში მოღვაწე ახალგაზრდები, მოხალისეები და ორგანიზაციათა ლიდერები) სპეციალური სასწავლო პოლიტიკა.
21. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ზრდის გათვალისწინებით, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა გააძლიერონ საინფორმაციო კამპანიები და პრევენციული ღონისძიებები ახალგაზრდებისათვის, რაც წაახალისებს საზოგადოებაში სოციალური სოლიდარობის განწყობას და საფუძველს ჩაუყრის ისეთ სოციალურ ურთიერთობებს, სადაც ადგილი არ მოეძებნება მორალურ მსჯავრდებასა და სეგრეგაციას. ახალგაზრდები, ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და ჯანმრთელობის სამსახურებთან ერთად, მჭიდროდ უნდა იყვნენ ჩაბმულნი ამგვარი საინფორმაციო და სამოქმედო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.
![]() |
4.7 I.7. გენდერული თანასწორობის პოლიტიკა |
▲back to top |
22. ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის ზოგადი პოლიტიკიდან გამომდინარე, ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოების მიერ უნდა გატარდეს პოზიტიური ცვლილებები, რათა ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცებისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს საპასუხისმგებლო თანამდებობები პროფესიულ საქმიანობაში.
23. ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ადრეული ასაკიდანვე უნდა წაახალისონ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საგანმანათლებლო პოლიტიკა.
24. ამ მიზნით, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა:
i. შეიმუშაონ საშუალოვადიანი გეგმა ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს შორის უთანასწორობის აღკვეთის მიზნით;
ii. განახორციელონ და შეაფასონ ის ღონისძიებები, რომელიც წაახალისებს თანასწორ შესაძლებლობებს გოგონებისა და ახალგაზრდა ქალებისათვის.
25. კერძოდ, დასახული მიზნის მისაღწევად, ეს პოლიტიკა გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს საშუალებას უნდა აძლევდეს:
i. მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია პროფესიული კვალიფიკაციის მიმნიჭებელი სასწავლო კურსების შესახებ;
ii. გრანტებისა და სპეციალური სასწავლო კურსების დახმარებით შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები, მათ შორის ისეთ სფეროებში, რომლებშიც, ტრადიციულად, კაცები არიან ჩაბმულნი;
iii. შეისწავლონ საზოგადოებრივი საქმეების მართვა მაღალ დონეზე პასუხისმგებლობის დაკისრებით, ამ მიზნით ქალებისათვის გამოყოფილი ქვოტის საფუძველზე;
iv. ისარგებლონ სოციალური სამსახურებისათვის დაწესებული ფინანსური საშუალებებით.
![]() |
4.8 I.8. სპეციალური პოლიტიკა სოფლებისათვის |
▲back to top |
26. ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის წახალისების მიზნით, საჭიროა, რომ ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა დაგეგმარებისას გაითვალისწინონ ახალგაზრდების განსხვავებული მოთხოვნილებები სოფლად. ამ მიზნით, მათ:
i. უნდა უზრუნველყონ, რომ განათლების, დასაქმების, განსახლების, ტრანსპორტის ან სხვა სექტორული პოლიტიკა ასახავდეს სოფლის ახალგაზრდობის სპეციფიკურ მოთხოვნილებებს. ამგვარი პოლიტიკა შესაბამის დახმარებას უნდა უწევდეს ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელსაც სურს სოფლად ცხოვრება. სოფლის მაცხოვრებელთ არ უნდა ჰქონდეთ (ან მოელოდნენ) სოციალური მომსახურების უფრო დაბალი დონე თუ პირობები, ვიდრე ქალაქის მოსახლეობას;
ii. უზრუნველყონ ფინანსური და სხვა სახის დახმარება ახალგაზრდული ორგანიზაციებისა თუ სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც სოფლებში ეწევიან თავიანთ საქმიანობას, რადგან მათ გააჩნიათ საკმაო ძალა სოფლის საზოგადოებაში სოციალური და კულტურული ცხოვრების სტიმულირებისათვის. ამასთან ერთად, ისინი, ამ კატეგორიის ახალგაზრდებისათვის, შესაძლოა, განასახირებდნენ სოციალური ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმას. ახალგაზრდობისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები უდიდეს როლს თამაშობენ არა მხოლოდ ახალგაზრდობის მონაწილეობის წახალისებაში, მათ შესწევთ უნარი, აგრეთვე, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ისეთი პრობლემების დაძლევისა, როგორიცაა სოფლის იზოლაცია.
![]() |
4.9 I.9. ყველასათვის ხელმისაწვდომი კულტურის პოლიტიკა |
▲back to top |
27. ხელოვნება და კულტურა მრავალგვარ ფორმას ღებულობს და განიცდის მუდმივ ცვალებადობას გემოვნების, ადგილისა და დროის მიხედვით. თუმცა, ამავე დროს, ის წარმოადგენს წარსულის, აწმყოსა და მომავლის პირადი თუ კოლექტიური მემკვიდრეობის ნაწილს, რომელშიც წვლილი მომდევნო თაობებსაც შეაქვთ. ის, გარკვეულწილად, გამოხატავს თითოეულ საზოგადოებას. ახალგაზრდები, პრაქტიკული კულტურული საქმიანობის, ინიციატივების, შესწავლისა და ინოვაციების განსაკუთრებული პოტენციალის წყალობით, აშენებენ და წვლილი შეაქვთ ხსენებულ კულტურულ წინსვლაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მათ ხელი მიუწვდებოდეთ კულტურის ყველა გამოვლინებაზე და წახალისდეს მათი უნარები შემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის, ახალ სფეროებში.
28. ამგვარად, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა, ახალგაზრდებთან და მათ ორგანიზაციებთან ერთად, უნდა გაატარონ ისეთი პოლიტიკა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, გახდნენ კულტურული ცხოვრების თანამონაწილეები, ხელი მიუწვდებოდეთ ცოდნაზე, პრაქტიკულ კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაზე, ამ მიზნისათვის ადგილზე განკუთვნილი მეთოდების გამოყენებით.
![]() |
4.10 I.10. პოლიტიკა მდგრადი განვითარებისა და გარემოს შესახებ |
▲back to top |
29. გარემოს აშკარად სულ უფრო მეტად დაბინძურების შესაჩერებლად, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა დააფინანსონ სკოლებსა და ასოციაციებში მოქმედი საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ცოდნის ამაღლებას ისახავენ მიზნად.
30. აცნობიერებენ რა, რომ გარემოს დაბინძურების პრობლემები ახალგაზრდობის უმთავრეს საზრუნავად შეიძლება იქცეს მომავალში, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურ ორგანოებმა მხარი უნდა დაუჭირონ ყველა საქმიანობასა და პროექტს, რომელიც წაახალისებს მდგრად განვითარებასა და გარემოს დაცვას ახალგაზრდობისა და მათი ორგანიზაციების მონაწილეობით.
![]() |
4.11 I.11. დანაშაულთან და ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკა |
▲back to top |
31. იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდობა ხშირად გვევლინება დანაშაულისა და ძალადობის მსხვერპლად, რომ თანამედროვე საზოგადოებაში აუცილებლობას წარმოადგენს დანაშაულსა და ძალადობაზე ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფა, და რომ საჭიროა ახალგაზრდობის უშუალოდ ჩაბმა ამ პრობლემების აღმოფხვრაში;
32. ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა:
i. ჩართონ ახალგაზრდები დანაშაულის აღკვეთის საბჭოებში, ამგვარის არსებობის შემთხვევაში;
ii. განსაკუთრებული ინტენსივობით იმუშაონ პოტენციურად ახალგაზრდებთან, ან, უკვე დამნაშავეებთან;
iii. ყველა არსებული საშუალებით აღკვეთონ რასობრივი დისკრიმინაცია;
iv. შესაბამის მონაწილეებთან თანამშრომლობით, როგორიცაა განათლებისა და პოლიციის ორგანოები, მასწავლებლები, მშობლები და თვით ახალგაზრდები, აღკვეთონ ძალადობის ყველა გამოვლინება სკოლებში;
v. ხელი შეუწყონ იმგვარი ასოციაციებისა და პროექტების ქსელის შექმნას, რომელიც წაახალისებს არაძალადობრივ მიდგომასა და შემწყნარებლობას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ;
vi. მიმართონ ყველა ძალას ახალგაზრდების სექსუალური ექსპლუატაციის, შეურაცხყოფისა თუ ცუდად მოპყრობის სხვა ფორმებისაგან დასაცავად და უზრუნველყონ ისეთი სტრუქტურების ქმედუნარიანობა, რომელიც ითვალისწინებს დაზარალებულთა ფსიქოლოგიურ თუ მატერიალურ დახმარებასა და მათთვის კონფიდენციალურ კონსულტაციას.
33. ზემოხსენებულის განხორციელებით ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოები ხელს უწყობენ ნდობისა და პატივისცემის კლიმატის შექმნას ახალგაზრდებსა და ხელისუფლების ორგანოებს, მაგალითად, პოლიციას შორის.
![]() |
4.12 I.12. ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა |
▲back to top |
34. ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა აქტიურად უნდა წაახალისონ ადამიანის უფლებები და საშუალებები, რომლებიც აღმოფხვრის დისკრიმინაციას უმცირესობებთან (მათ შორის, მათ ახალგაზრდა წევრებთან) ან ახალგაზრდა ინვალიდებსა და მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან მიმართებაში. წახალისებულ უნდა იქნეს, აგრეთვე, მრავალკულტურული საზოგადოებების განვითარება, რაც მიიღწევა უმცირესობათა ინტეგრაციის მეშვეობით, მათი განსხვავებული მოთხოვნილებებისა და ჩვეულებების, კულტურისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით.
35. ამ მიმართულებით ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა:
i. მიიღონ და განახორციელონ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რათა ყველა მოქალაქისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებრივი ადგილები, პროფესიული სასწავლო კურსები, სასწავლებლები, განსახლება, კულტურული ღონისძიებები და ცხოვრების სხვა სფეროები, რაზედაც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი და გარანტირებული უნდა იქნეს ადგილობრივი ხელისუფლების, უმცირესობათა წარმომადგენლებისა და თვით ახალგაზრდებისაგან დაკომპლექტებული ერთობლივი კომისიების მხრიდან.
ii. ხელი შეუწყონ რელიგიათშორის დიალოგს, მრავალკულტურულ, ანტირასისტულ, ისევე როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულ განათლებას, ქცეულთ სასკოლო პროგრამის ნაწილად.
![]() |
4.13 I.13. სქესობრივი პოლიტიკა |
▲back to top |
36. ოჯახზე, სკოლაზე, რელიგიურ საზოგადოებაზე ან სხვა „ხელისუფლებაზე“ ბავშვური დამოკიდებულებიდან ზრდასრულ, დამოუკიდებელ ცხოვრებაში შესვლისას, ახალგაზრდების წინაშე წამოიჭრება ხოლმე სხვადასხვა პრობლემა, დაკავშირებული მათ პირად ურთიერთობებთან ოჯახსა თუ ახლობლების წრეში, თანატოლებთან, მეგობრებთან ან პარტნიორებთან. მათი სქესობრივი შეხედულებების გამოვლენა არ არის ყოველთვის ადვილი, მაშინაც კი, როცა ისინი არ არიან მზად ამის აღიარებისათვის. გარდა ამისა, სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები ხშირად უგულებელყოფილია, ხოლო ზოგიერთ სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებულ რისკებზე ოფიციალური შეხედულებების მიმართ გარკვეული უნდობლობა არსებობს.
37. იმისათვის, რომ დაეხმარონ ახალგაზრდებს ამ სფეროში გზის გაკვლევაში, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა, მშობლებთან, სკოლასა და ამ სფეროში სპეციალიზირებულ ორგანიზაციებთან ერთად, უნდა წაახალისონ და მხარი დაუჭირონ:
i. სკოლებში არადირექტიულ სქესობრივ განათლებას;
ii. იმ ორგანიზაციებსა და სამსახურებს, რომლებიც იძლევიან ინფორმაციას ურთიერთობებისა და ოჯახის დაგეგმარების შესახებ;
iii. ერთგვაროვანი ჯგუფების მუშაობას ამ სფეროში.
38. ახალგაზრდობა აქტიურად უნდა იყოს ჩაბმული ამ სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მომსახურების დაგეგმვაში, იმპლემენტაციასა და შეფასებაში.
![]() |
4.14 I.14. უფლებებისა და კანონის საჯაროობის პოლიტიკა |
▲back to top |
39. საზოგადოება ეფუძნება წესებს, რომელთაც, თანაცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით, ყველამ უნდა სცეს პატივი. დემოკრატიულ საზოგადოებებში ამ წესებს განიხილავენ და იღებენ მოქალაქეების მიერ არჩეული წარმომადგენლები, მათ ეძლევათ კონკრეტული გამოხატულება, კერძოდ, საკანონმდებლო ტექსტების სახით, რომლებიც ითვალისწინებს უფლებებსა და ვალდებულებებს ყველასათვის.
40. იმის გამო, რომ კანონების რიცხვი მატულობს, მოქალაქეთა მხრიდან სულ უფრო რთული ხდება მათი გაცნობა და გამოყენება. ეს, შესაბამისად, წარმოშობს უთანასწორობას მოქალაქეთა შორის და აღნიშნული ფენომენი, უმეტესწილად, ახალგაზრდებს ეხება.
41. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა შექმნან საკმარისი პირობები იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ თავიანთ უფლებების შესახებ და ეს უნდა უზრუნველყონ შემდეგი საშუალებებით:
i. ცოდნის გაღრმავების მიზნით ინფორმაციის გავრცელება სკოლებში, ერთგვაროვან ჯგუფებსა და საინფორმაციო სამსახურებში.
ii. იმ სამსახურების მხარდაჭერით, რომლებიც ახალგაზრდებთან თანამშრომლობაზე არიან ორიენტირებულნი, თავიანთი უფლებების გამოყენების მოსურნე ახალგაზრდების დახმარება.
iii. ახალი ნორმების ჩამოყალიბების პროცესში ახალგაზრდებისათვის მონაწილეობის უფლების მიცემა.
![]() |
5 ნაწილი II: ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ინსტრუმენტები |
▲back to top |
42. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდობის რეალური მონაწილეობის მისაღწევად, საჭიროა ახალგაზრდების განკარგულებაში არსებობდეს მთელი რიგი საშუალებები. ეს გულისხმობს მონაწილეობის შესახებ სასწავლო კურსების განვითარებას, ინფორმაციის თავისუფლებას, კომუნიკაციის საშუალებებით უზრუნველყოფას, ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერას, ასევე, საზოგადოებრივ საკითხებზე და მოხალისედ მომუშავე ახალგაზრდების მოწოდების აღიარებასა და წახალისებას. მონაწილეობა მხოლოდ მაშინაა სრულფასოვანი, როდესაც ახალგაზრდობის როლი პოლიტიკურ პარტიებში, პროფესიულ კავშირებსა თუ ასოციაციებში აღიარებულია და როდესაც უმთავრესი ძალისხმევა მიმართულია უშუალოდ ახალგაზრდებთან ერთად ან მათ მიერ დაფუძნებული ახალგაზრდული ორგანიზაციების წახალისებისაკენ.
![]() |
5.1 II.1. სასწავლო სემინარები ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ |
▲back to top |
43. ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა, ახალგაზრდების ცხოვრებაში სკოლის დომინანტური როლის გაცნობიერებით, უნდა უზრუნველყონ სასკოლო გარემოში ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებების სფეროში მათი გათვითცნობიერება და არაფორმალური სწავლება სკოლებში. მათ, აგრეთვე, უნდა უზრუნველყონ ახალგაზრდების ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და ამის შესახებ ტრენინგების გამართვა.ამით ისინი წაახალისებენ:
i. ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ მასწავლებლებისა და ახალგაზრდობის საკითხებით დაკავებული პირების პროფესიულ სასწავლო სემინარებს;
ii. მოსწავლეთა მონაწილეობის ყველა ფორმას სკოლებში;
iii. სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამებს სკოლებში;
iv. ერთგვაროვანი ჯგუფების სწავლებას და ამ მიზნით მათ უზრუნველყოფას საჭირო სივრცითა და საშუალებებით, მათ შორის პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას.
![]() |
5.2 II.2. ახალგაზრდების ინფორმირება |
▲back to top |
44. ინფორმაცია და მისი ხარისხი ხშირად გვევლინება მონაწილეობის არსებით ფაქტორად. ახალგაზრდების უფლება არსებული შესაძლებლობებისა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციის თავისუფლად მოპოვებაზე. თანდათან სულ უფრო მეტ აღიარებას ჰპოვებს არა მხოლოდ ადგილობრივი და რეგიონალური ცხოვრების კონტექსტში, არამედ ოფიციალურ ევროპულ და საერთაშორისო დოკუმენტებში1.
45. თავიანთი საზოგადოების საქმიანობასა და ცხოვრებაში მონაწილეობის ან მათთვის განკუთვნილი მომსახურებითა და შესაძლებლობებით სრულფასოვნად სარგებლობის მიზნით, ახალგაზრდები უნდა ფლობდნენ საჭირო ინფორმაციას. მათთვის საინტერესო და მათ მიერ ორგანიზებულ საქმიანობასა და პროექტებში მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, მის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი უფრო ღრმად ჩაბმის წინაპირობაა.
46. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ და გააძლიერონ ახალგაზრდული საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრები, ახალგაზრდების მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი მომსახურების მიზნით. სადაც ამგვარი ცენტრები არ არსებობს, ხელი უნდა შეეწყოს და წახალისდეს მათი შექმნა, inter alia, ისეთი სტრუქტურების მეშვეობით, როგორიცაა: სკოლები, ახალგაზრდული სამსახურები და ბიბლიოთეკები. სპეციალური ღონისძიებები უნდა გატარდეს, ასევე, ახალგაზრდების იმ ჯგუფების საინფორმაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთაც ძნელად მიუწვდებათ ხელი ინფორმაციაზე (ენის ბარიერის, ინტერნეტის უქონლობის გამო).
47. ახალგაზრდული საინფორმაციო სამსახურები უნდა შეესაბამებოდეს მთელ რიგ პროფესიულ პრინციპებსა და სტანდარტებს.2 ხელისუფლების ორგანოები მოწოდებულნი არიან, უზრუნველყონ ეს სტანდარტები და წაახალისონ მათი მუდმივი გაუმჯობესება. ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრების/სამსახურების საქმიანობისა და შედეგების მომზადებაში, განხორციელებასა და შეფასებაში, აგრეთვე წარმოდგენილი იყვნენ მათ მმართველობით ორგანოებში.
_________________________
1. მაგალითად, იხ. ევროპაში ახალგაზრდებისათვის ინფორმაციისა და კონსულტაციის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის № R (90) 7 რეკომენდაცია, რომელიც მიღებულ იქნა 1990 წლის 21 თებერვალს.
2. მაგალითად, იხ. ახალგაზრდების საინფორმაციო ევროპული ქარტია, რომელიც მიღებულ იქნა ახალგაზრდების საინფორმაციო და საკონსულტაციო ევროპული სააგენტოს (ERYICA ) მიერ.
![]() |
5.3 II.3. ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით |
▲back to top |
48. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით ახალგაზრდების ინფორმირებისა და მონაწილეობის ახალი ფორმების დანერგვაა შესაძლებელი. მათ გამოიყენებენ ფართო სპექტრის ინფორმაციის გაცვლისა და, ინტერაქტიულობის წყალობით, ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდის მიზნით. ამდენად, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა ინფორმაციისა და მონაწილეობის პოლიტიკის მართვაში იმ პირობით, რომ ის იქნება ხელმისაწვდომი ყველა ახალგაზრდისათვის ადგილისა და სწავლების თვალსაზრისით.
![]() |
5.4 II.4. ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისება მედიაში |
▲back to top |
49. ახალგაზრდებს, მართალია, მედიის ფართო მომხმარებლები არიან, შეუძლიათ გარკვეული ფუნქციის შესრულება საკუთარი აზრის გამოხატვის მიზნით ამ სფეროში მათთვის მიცემული შესაძლებლობების გაზრდით/გამოყენებით. მათ შეუძლიათ, ასევე, თვითონ შექმნან სხვადასხვა საკითხების მიმომხილველი ინფორმაცია, განსხვავებული და უფრო მეტად ხელმისაწვდომი თავიანთი თანატოლებისათვის. ამგვარი მონაწილეობა ნათელს ხდის ინფორმაციის, როგორც ცნების არსს და ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს.
50. ამგვარად, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ ახალგაზრდების მიერ და მათთვის შექმნილი მედიის (რადიოს, ტელევიზიის, ბეჭდვითი და ელექტრონული პრესის და ა.შ.), ისევე როგორც შესაბამისი სასწავლო პროგრამების ფუნქციონირებას.
![]() |
5.5 II.5. ახალგაზრდების ნებაყოფლობით და საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის წახალისება |
▲back to top |
51. იმ დროს, როცა ახალგაზრდები სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდიან განათლების მიღების ან სამუშაოს ჯეროვნად შესრულების მხრივ, აღიარებული და წახალისებული უნდა იქნეს ახალგაზრდების ნებაყოფლობითი საქმიანობა. ამ მიზნით, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა:
i. მხარი დაუჭირონ ნებაყოფლობითი ორგანიზაციების შექმნას და განავითარონ ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩაბმას ნებაყოფლობით საქმიანობაში, როგორიცაა მაგალითად, საინფორმაციო და წამახალისებელი კამპანიები;
ii. ახალგაზრდებთან, ნებაყოფლობით ორგანიზაციებთან, განათლების სფეროს ინსტანციებთან და მის თანამშრომლებთან პარტნიორობით, განავითარონ სისტემები, რომლებიც აღიარებს და ახორციელებს ნებაყოფლობით საქმიანობას დასაქმებასა და განათლების ფორმალურ სისტემაში.
![]() |
5.6 II.6. ახალგაზრდების პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერა |
▲back to top |
52. ახალგაზრდებს, მათი მისწრაფებების შესაბამისად, შესაძლოა ჰქონდეთ მრავალი იდეა, რომელთა პროექტებად და ადგილობრივ საქმიანობად გარდაქმნა ყველასათვის სასარგებლო იქნებოდა. სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში, ამგვარი პროექტების წარმატება ან წარუმატებლობა დაეხმარება ახალგაზრდებს პასუხისმგებლობის გრძნობისა და მათი დამოუკიდებლობის განვითარებაში, და შესაბამისად, საზოგადოებრივ მონაწილეებად ჩამოყალიბებაში. ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა, ამგვარად, ხელი უნდა შეუწყონ ხსენებული მცირე თუ ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებას და ხელმისაწვდომი გახადონ მათთვის როგორც პროფესიონალების მხარდაჭერა, ასევე ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური დახმარება.
![]() |
5.7 II.7. ახალგაზრდული ორგანიზაციების წახალისება |
▲back to top |
53. ახალგაზრდული ორგანიზაციების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი, ძირითად, კონცენტრირებულნი არიან ამ ჯგუფის მოსაზრებების, მოთხოვნილებებისა და ინტერესების ასახვაზე. ეს ის ასპარეზია, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ ისწავლონ გადაწყვეტილებების მიღება, დაინახონ სხვა ახალგაზრდებთან ერთად საქმიანობის პერსპექტივები თუ გამოწვევები და მიიღონ გამოცდილება. ისინი შეიძლება წარმოდგენილნი იყვნენ სტრუქტურული სახით ჩამოყალიბებული ორგანიზაციების ან ახალგაზრდების გამაერთიანებელი არაფორმალური ჯგუფების სახით. ამდენად, ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილისამებრ, შეუერთდნენ მათ საზოგადოებაში არსებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ან შექმნან ასეთი.
აქედან გამომდინარე,
i. საჭიროა, რომ ხელისუფლების ადგილობრივ და რეგიონალურ ორგანოებს გააჩნდეთ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ბიუჯეტი. უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ ორგანიზაციებს, რომელთაც მართავენ ახალგაზრდები და/ან აქვთ ისეთი პოლიტიკა და სისტემა, რომელიც იძლევა ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას;
ii. ახალგაზრდებთან და ახალგაზრდულ საქმეთა ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა განავითარონ ევროპის საბჭოს თანამმართველობის პრინციპი და გადაწყვეტილების მიღების სისტემა ახალგაზრდებისადმი განკუთვნილ პოლიტიკის საკითხებში. არსებითია, რომ, სადაც ასეთი თანამმართველობის სტრუქტურები არსებობს, ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს პატივს სცემდნენ, როგორც თანასწორ პარტნიორებს და მათ გააჩნდეთ მონაწილეობის სრული თავისუფლება.
![]() |
5.8 II.8. ახალგაზრდების მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებში |
▲back to top |
54. ეფექტური, დამოუკიდებელი და აქტიური არასამთავრობო სექტორი ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების არსებითი ელემენტია. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების სხვა ძლიერი სექტორების, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების არსებობა. ნებისმიერი ქვეყნის, რეგიონის ან დასახლებული პუნქტის დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობა გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე ხმის მიცემას ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებში მონაწილეობა, რადგან ეს ეხმარება მოქალაქეებს, მუდმივად ჩაბმულნი იყვნენ და ზეგავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისებაც.
55. ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა გამოყონ ფინანსური და სხვა სახის რესურსები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც განამტკიცებენ თავიანთ საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულ სტრუქტურებსა თუ პროცედურებში ახალგაზრდების მონაწილეობას,.
56. ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და ზეპარტიულ საწყისებზე, უნდა წაახალისონ ახალგაზრდების მონაწილეობა, ზოგადად, პარტიის პოლიტიკურ სისტემაში და მხარი დაუჭირონ სპეციფიკურ ღონისძიებებს, მაგალითად, სასწავლო კურსებს.
![]() |
6 ნაწილი III. ადგილობრივ და რეგიონალურ საკითხებში ახალგაზრდების ინსტიტუციონალური მონაწილეობა |
▲back to top |
57. პირველ ნაწილში ჩამოყალიბებული სექტორული პოლიტიკის განხორციელების მიზნით, ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ ისეთი სტრუქტურებისა და ფორმების ჩამოყალიბება, რომლებიც ითვალისწინებს ახალგაზრდების მონაწილეობას მათ შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და განხილვაში.
58. აღნიშნული სრტუქტურები სხვადასხვა ფორმით არსებობს იმ დონის შესაბამისად, რომელზეც ისინი იქმნება, იქნება ეს სოფელი, დაბა, ურბანული დასახლება ქალაქის ფარგლებში თუ რაიონი. ისინი უნდა ქმნიდნენ ახალგაზრდებსა და ადგილობრივ და რეგიონალურ ორგანოებს შორის რეალური დიალოგისა და თანამშრომლობის პირობებს და საშუალებას აძლევდნენ ახალგაზრდებსა და მათ წარმომადგენლებს, მიიღონ სრული მონაწილეობა მათთან დაკავშირებულ პოლიტიკაში. ზოგადად, ასეთი სტრუქტურები უნდა იყოს წარმომადგენლობითი და მუდმივი, დაკავებული ყველა იმ საკითხით, რომლებშიც ახალგაზრდები გამოხატავენ დაინტერესებას. გარდა ამისა, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ad hoc სტრუქტურის შექმნა სპეციფიკური საკითხის განხილვის ან გადაჭრის მიზნით. ზოგჯერ მიზანშეწონილია ამგვარი განსხვავებული ფორმების შეერთებაც.
![]() |
6.1 III.1. ახალგაზრდული საბჭო, ახალგაზრდული პარლამენტი, ახალგაზრდული ფორუმი |
▲back to top |
59. ადგილობრივ და რეგიონალურ საქმეებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა უნდა ეფუძნებოდეს იმ სოციალური და კულტურული ცვლილებების ცოდნას, რომლებსაც ადგილი აქვს მათ საზოგადოებებში. იგი მოითხოვს მუდმივ წარმომადგენლობით სტრუქტურას, როგორიცაა: ახალგაზრდული საბჭო, ახალგაზრდული პარლამენტი ან ახალგაზრდული ფორუმი.
60. ასეთი სტრუქტურა შეიძლება შედგებოდეს ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან არჩეული ან დანიშნული ახალგაზრდებისაგან და/ან ნებაყოფლობით საფუძველზე. მისი შემადგენლობა უნდა ასახავდეს საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას.
61. ახალგაზრდებმა უნდა აიღონ უშუალო პასუხისმგებლობა პროექტებზე და ითამაშონ აქტიური როლი შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებაში. ამ მიზნით, ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უნდა შექმნან ან გააძლიერონ აქტიური მონაწილეობისათვის საჭირო სტრუქტურები.
62. აღნიშნული სტრუქტურები წარმოადგენს მნიშვნელოვან დასაყრდენს ახალგაზრდების მიერ თავიანთი ინტერესების თავისუფალი გამოხატვისათვის, განსაკუთრებით, ხელისუფლების წინაშე ასეთი პრობლემების წამოჭრასთან, მათთვის წინადადებებით მიმართვის შესაძლებლობასთან მიმართებაში.
63. ასეთი სტრუქტურა შესაძლოა გულისხმობდეს:
i. ახალგაზრდების მიერ თავიანთი ინტერესების, მათ შორის ხელისუფლების წინადადებებსა და პოლიტიკაზე რეაგირების, გამომხატველ ფორუმს;
ii. ახალგაზრდების მიერ ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოებისათვის წინადადებით მიმართვის საშუალებას;
iii. ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გარკვეულ საკითხებზე ახალგაზრდებთან კონსულტაციის საშუალებას;
iv. ფორუმს ახალგაზრდების მონაწილეობით მოქმედი პროექტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასებისას;
v. ახალგაზრდულ ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან კონსულტაციების მხარდამჭერ თავყრილობას;
vi. ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოების სხვა საკონსულტაციო ორგანოებში ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდაჭერას.
64. ასეთი სტრუქტურები, ახალგაზრდებისათვის თავიანთი პრობლემების განხილვისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობის მინიჭებით, უზრუნველყოფენ დემოკრატიული ცხოვრებისა და საზოგადოებრივ საქმეთა მართვის შესახებ სწავლებას.
65. ამგვარად, ახალგაზრდები წახალისებულ უნდა იქნენ, მონაწილეობა მიიღონ ასეთ სტრუქტურებსა და მათი ეგიდით წარმართულ საქმიანობაში, რათა განამტკიცონ თავიანთი პოტენციალი, შეისწავლონ და განახორციელონ დემოკრატიული მოქალაქეობის პრინციპები. ამ სტრუქტურების მეშვეობით, დემოკრატიული ლიდერობის ჩვევებს ეუფლებიან განსაკუთრებით ის ახალგაზრდები, რომლებიც სათავეში უდგანან ხელისუფლებასთან დიალოგის პროექტებს.
66. ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა, უშუალოდ ახალგაზრდებთან ერთად, უნდა ისარგებლონ აღნიშნულ სტრუქტურებში ახალგაზრდების მონაწილეობით გამოწვეული მულტიპლიკატორის ეფექტით. ეს, განსაკუთრებით, მოქალაქეობრივი უფლებების განხორციელებაში ახალგაზრდების დაინტერესებას ეხება, როგორიცაა, მაგალითისათვის, მონაწილეობა არჩევნებსა და ხმის მიცემის სხვა ფორმებში, მათ შორის რეფერენდუმში.
![]() |
6.2 III.2. ახალგაზრდების მონაწილეობის სტრუქტურებისადმი მხარდაჭერა |
▲back to top |
67. ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, ახალგაზრდების მონაწილეობის ინსტიტუციონალური (ფორმალური თუ არაფორმალური) სტრუქტურები მოითხოვს სათანადო რესურსებსა და მხარდაჭერას. ამ მიზნით, ხელისუფლების ადგილობრივმა და რეგიონალურმა ორგანოებმა ეს სტრუქტურები უნდა უზრუნველყონ საჭირო სივრცით, ფინანსური და მატერიალური საშუალებებით. აღნიშნული საშუალებების ფლობა არ გამორიცხავს ამ სტრუქტურების მხრიდან სხვა წყაროებით (კერძო ფონდები და კომპანიები) დამატებითი ფინანსური და მატერიალური დახმარების მოძიებას.
68. ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოების მხრიდან ამგვარი სრტუქტურებისადმი გარანტირებული მხარდაჭერის მიზნით, მათ უნდა დანიშნონ გარანტი - პირი ან პირთა ჯგუფი - მხარდამჭერი ღონისძიებების განსახორციებლად, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავენ ეს სტრუქტურები.
69. ასეთი პირი ან პირთა ჯგუფი პოლიტიკური და ახალგაზრდული მონაწილეობის სტრუქტურებისაგან დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდეს. მისი დანიშვნა ორივე მხარესთან უნდა იყოს შეთანხმებული.
70. ზემოაღნიშნული მხარდაჭერის გარდა, ამ პირის (პირთა) ფუნქციები შეიძლება ითვალისწინებდეს შემდეგს:
i. წარმოადგენდეს (წარმოადგენდნენ) შემაკავშირებელ რგოლს ახალგაზრდებსა და ხელისუფლების ადგილობრივ და რეგიონალურ არჩევით წარმომადგენლებს შორის, რომელიმე მათგანის მიერ წამოჭრილ ნებისმიერ საკითხზე;
ii. დაიცვას (დაიცვან) ახალგაზრდები ხელისუფლების ადგილობრივ და რეგიონალურ ორგანოებთან მიმართებაში, მათ შორის, დაძაბულობის შემთხვევაში;
iii. მოამზადოს (მოამზადონ) რეგულარული მოხსენებები ახალგაზრდებისა და ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოების ყურადღების მისაპყრობად, ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ხარისხის შეფასების მიზნით, მაგალითად, ახალგაზრდული პროექტების განხორციელების, სხვადასხვა სტრუქტურებში მათი ჩაბმისა და შედეგების შესახებ.
iv. შეასრულოს მეკავშირის ფუნქცია ხელისუფლების ადგილობრივ და რეგიონალურ ორგანოებსა და ახალგაზრდებს შორის.