![]() |
გზამკვლევი სასამართლო სისტემაში (წიგნი I ) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|სასამართლო ხელისუფლება |
საავტორო უფლებები: © სამართლებრივი განათლების ასოციაცია ALPE |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003 - ; 19სმ. [MFN: 19894] წ. 1 - , 2003 - 50გვ. - : [ფ.ა.] [MFN: 19895] 2003 წლის მაისი გზამკვლევი სასამართლო სისტემაში მოამზადა სამართლებრივი განათლების ასოციაცია ALPE-ს იურისტმა, ზურაბ გუნცაძემ. ასოციაცია მადლობას უხდის უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს გაწეული დახმარებისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვამართეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ინგოროყვას 14, ტელ: 935841, 922914 ფაქსი: 920596 E-Mail: office@alpe.ge გზამკვლევის ელექტრონულ ვერსიას იხილავთ ALPE-ს ვებ-გვერდზე: WWW.ALPE.GE |
![]() |
1 რისთვის გვჭირდება ეს წიგნი? თავი I |
▲ზევით დაბრუნება |
1.1. შესავალი
მიზანი
წიგნის „გზამკვლევი სასამართლო სისტემაში“ მიზანია, გაუადვილოს მოქალაქეს კანონით მინიჭებული უფლებების სასამართლოს საშუალებით განხორციელება. გზამკვლევი მკითხველს დაეხმარება უკეთ გაეცნოს საქართველოს სასამართლო სისტემას, მის სტრუქტურასა და პროცესუალურ მოქმედებათა წესებს. ის განკუთვნილია მოსახლეობის ფართო ფენებისთვის და მასში სასამართლოსთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპებია გადმოცემული. ეს გამოცემა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო სამართლის საკითხებს მიმოიხილავს. სისხლის და საკონსტიტუციო სამართლის საკითხებთან დაკავშირებულ გზამკვლევს მკითხველს ცალკე შევთავაზებთ. ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვემარტივებინა სამართლის ენა. წიგნში იხილავთ სამოქალაქო საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებსა და მათი განხორციელებისათვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს.
ბროშურაში თანდართული სახით იხილავთ ნიმუშებს, რათა გაერკვეთ, თუ როგორ უნდა დაიწეროს სხვადასხვა პროცესუალური დოკუმენტი (სასარჩელო განცხადება, სააპელაციო და საკასაციო საჩივრები), ასევე, გაეცნობით იურიდული პირების სასამართლოში რეგისტრაციის წესს (შპს, სს, კს, კავშირი).
1.2. საერთო სასამართლოების მოწყობა
საქართველოს სასამართლო სისტემა აგებულია მსოფლიოში აპრობირებული სასამართლო სისტემებისა და ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საფუძველზე. სასამართლო ხელისუფლების უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, ორგანული კანონები საერთო სასამართლოების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ, კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ. სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლის დამოუკიდებლობა დაცულია და მისი ხელყოფა ისჯება კანონით.
თუ თქვენ წინაშე დადგა პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ქონებრივ დავასთან, მორალური ან მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან, კომერციული (შპს, სააქციო საზოგადოება) და არაკომერციული იურიდიული პირების (კავშირი, ფონდი) რეგისტრაციასთან, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენასა და სხვა სამოქალაქო უფლებების განხორციელებასთან, უნდა მიმართოთ საერთო სასამართლოებს. საერთო სასამართლოები, აგრეთვე, განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ დავებს.
საერთო სასამართლოები სამი საფეხურისაგან ანუ ინსტანციისაგან შედგება, რომელთაგან:
- პირველი ინსტანციის სასამართლოები არსებითად განიხილავენ საქმეს და გამოაქვთ გადაწყვეტილება.
- მეორე, იგივე სააპელაციო ინსტანციაში შესაძლებელია გაასაჩივროთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
- მესამე, იგივე საკასაციო, რომელიც საბოლოო ინსტანციის სასამართლოა და გადასინჟავს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საქართველოს საერთო სასამართლოებია:
რაიონული (საქალაქო) სასამართლო;
საოლქო სასამართლო;
აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოები;
უზენაესი სასამართლო.
ინსტანციების მიხედვით საერთო სასამართლოები შემდეგნაირად იყოფიან:
I ინსტანცია
რაიონული (საქალაქო) სასამართლოები; თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების კოლეგიები; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია.
II ინსტანცია - აპელაცია
თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სააპელაციო პალატები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების სააპელაციო პალატები.
III ინსტანცია - კასაცია
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა.
რაიონული სასამართლო
რაიონული (საქალაქო) სასამართლოები წარმოადგენენ საერთო სასამართლოების ყველაზე დაბალ რგოლს - პირველ ინსტანციას, სადაც ყველა საქმე განიხილება ერთი მოსამართლის მონაწილეობით. რაიონული სასამართლოები ფუნქციონირებენ საქართველოს რაიონებში და იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან არცერთ რაიონში, აგრეთვე, ქალაქის რაიონებში. საქართველოში სულ 75 რაიონული სასამართლოა.
საოლქო სასამართლო
საქართველოში ორი ასეთი სასამართლოა; ესენია ქუთაისისა და თბილისის საოლქო სასამართლოები. საოლქო, რაიონულის მსგავსად, წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს, სადაც საქმე კოლეგიურად, სამი მოსამართლის მიერ განიხილება. საოლქო სასამართლოებში ფუნქციონირებს სისხლის სამართლის, სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიები.
საოლქო სასამართლოებში შექმნილია სააპელაციო პალატა, რომელიც მეორე ინსტანციით, აპელაციის წესით, განიხილავს რაიონულ (საქალაქო) გადაწყვეტილებას.
აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოები
აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები, საოლქო სასამართლოს მსგავსად, დავებს პირველი ინსტანციით ისმენენ. ხოლო პალატები აპელაციის წესით განიხილავენ საჩივრებს მათი ქვემდებარე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოს უზენაესი სასამართლო
უზენაესი სასამართლო ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში. უზენაეს სასამართლოში მოქმედებს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია, რომელიც პირველი ინსტანციით განიხილავს განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის საქმეებს, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფოს ღალატი, ჯაშუშობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით. უზენაესი სასამართლოს შესაბამისი პალატები სამი წევრის შემადგენლობით საკასაციო წესით იხილავენ საჩივრებს სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. უზენაესი სასამართლოს მუშაობას უძღვება თავმჯდომარე, რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით ათი წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. საქართველოს უზენაესი სასამართლო მდებარეობს თბილისში.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფუნქციონირებს დიდი პალატა, რომელიც 9 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს ყველა კატეგორიის განსაკუთრებით მძიმე და რთულ საქმეებს.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს უფლება აქვს მისი უფლებების დასაცავად მოითხოვოს დამოუკიდებელი და მიუმხრობელი სასამართლოს მიერ საქმის სამართლიანად და საჯაროდ განხილვა.“
1.3. განსჯადობა და კომპეტენცია
სადაო საკითხის მოცულობისა და შინაარსის მიხედვით, საქმეები სხვადასხვა სასამართლოს განსჯადობას მიეკუთვნება, თუმცა უცვლელი რჩება პრინციპი, რომ ყოველი საქმე თავდაპირველად პირველმა ინსტანციამ უნდა განიხილოს. ძირითადად, საქმეების განხილვა რაიონულ სასამართლოში იწყება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო დავის ღირებულება 500 000 ლარს აღემატება, ან უკავშირდება ინტელექტუალურ საკუთრებას, მას განიხილავს საოლქო სასამართლოს, ან აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები.
პირს, რომელსაც სურს თავისი უფლებები სასამართლო წესით დაიცვას, სასამართლოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა მიმართოს. (მაგ. თუ პირი, რომელსაც თქვენი ვალი მართებს, რომელსაც არ გიბრუნებთ და ის ცხოვრობს გლდანის რაიონში, სარჩელით მოვალის მიმართ ვალის დაბრუნების შესახებ უნდა მიმართოთ გლდანინაძალადევის რაიონულ სასამართლოს).
I ინსტანციის სასამართლოები
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოები;
2. თბილისის და ქუთაისის საოლქო სასამართლოების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები;
3. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია.
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოები განიხილავენ:
- დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობების საფუძველზე;
- საქმეებს რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დავების შესახებ;
- უდავო წარმოების საქმეებს;
- საქმეებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე, იმ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები;
- სისხლის სამართლის საქმეებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის თაობაზე, გარდა იმ დანაშაულებისა, რომლებსაც განიხილავენ საქართველოს უზენაესი სასამართლო, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი და საოლქო სასამართლოები;
- ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, საკრებულოს დადგენილების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მერიის სამშენებლო ფირმასთან შეთანხმების კანონიერების საკითხის გარკვევა, ან საქენერგოს მიერ მოქალაქესათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი და ა.შ.
- კანონით სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვაც.
2. საოლქო, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიები განიხილავენ:
- ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებს;
- დავებს, რომელთა ღირებულება აღემატება 500 000 ლარს;
- ადმინისტრაციულ საქმეებს, მაგრამ, რაიონული სასამართლოებისგან განსხვავებით, საოლქო სასამართლოს კოლეგიას შეუძლია იმსჯელოს უკვე პრეზიდენტის ბრძანებულების ან სხვა სახის აქტის კანონიერების თაობაზე, აგრეთვე, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისა და მხარეებში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. ეს ვრცელდება ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის აქტებზეც. საოლქო სასამართლოს კომპეტენციაა, ასევე, კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემის, ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის ან ჩამორთმევის შესახებ საქმეების განხილვა;
- კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს.
3. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია განიხილავს კანონით გათვალისწინებულ ზოგიერთი კატეგორიის განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის საქმეებს. მაგალითად, სახელმწიფოს ღალატი, ტერორისტული აქტი, მკვლელობა - ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში და სხვა.
![]() |
2 როგორ მივმართოთ სასამართლოს? თავი II - პირველი ინსტანცია |
▲ზევით დაბრუნება |
2.1. რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სასამართლომ განიხილოს თქვენი საქმე?
პირველი ინსტანციით (რაიონული ან საქალაქო სასამართლოები, საოლქო სასამართლოს კოლეგიები, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები) საქმის განხილვის საფუძველია განცხადება (სასარჩელო განცხადება), რომლის ფორმაც დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით (იხ. დამატება. ნიმუში 1). გარდა ამისა, მოსარჩელეს უფლება აქვს სასარჩელო განცხადებაში ჩამოაყალიბოს შემდეგი მოთხოვნები სასამართლოს მიმართ:
- დაევალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნებს;
- მიეცეს მითითება შესაბამის დაწესებულებებს, რათა მათ წარუდგინონ სასამართლოს ყველა ის წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში მითითებული გარემოებები და რომელთა გაცემაზე არამართლზომიერად უთხრეს უარი მოსარჩელეს;
- დროულად შეატყობინონ და სასამართლო სხდომაზე გამოიძახონ მოწმეები, რომელთაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები.
სასარჩელო განცხადება არ მიიჩნევა სრულყოფილად, თუ:
ა) ის (თანდართული საბუთებით) სასამართლოს არ წარედგინა იმდენი ასლით, რამდენი მოპასუხეცაა;
ბ) მას თან არ დაერთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.2. მხარეების უფლება-მოვალეობები: სახელმწიფო ბაჟი
იმისათვის, რათა სასამართლომ განიხილოს თქვენი სამოქალაქო საქმე, თქვენ უნდა გადაიხადოთ სახელმწიფო ბაჟი.
- პირველი ინსტანციით სახელმწიფი ბაჟის ოდენობა შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 2.5%-ს;
- სააპელაციო საჩივრისათვის - სადავო საგნის ღირებულების 3%-ს;
- საკასაციო საჩივრისათვის -სადაო საგნის ღირებულების 4%-ს;
- დავალიანების ამოღების შესახებ გადახდის ბრძანების მიღებისათვის - სადაო საგნის ღირებულების 1.5%-ს;
- კერძო საჩივრისათვის -სადაო საგნის ღირებულების 1.5%-ს;
- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში (მაგ. მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით), მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს სახელმწიფო ბაJის გადახდისაგან გათავისუფლება, ბაჟის შემცირება, გადავადება ან განწილვადება.
დაცვის უფლება
სასამართლოში დაცვის უფლება უზრუნველყოფილია კონსტიტუციითა და კანონით. იმ შემთხვევეაში თუ, მხარეს არა აქვს ადვოკატის დაქირავების მატერიალური შესაძლებლობა;უფლება აქვს მოითხოვოს სახაზინო ადვოკატი, რომლის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო გაიღებს.
2.3. მხარეების თანასწორუფლებიანობა
სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლება-მოვალეობებით. თქვენ, ისევე როგორც მოწინააღმდეგე მხარეს, უფლება გაქვთ:
1. გაეცნოთ საქმის მასალებს, გააკეთოთ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღოთ ასლები, განაცხადოთ აცილება, წარადგინოთ მტკიცებულება, მონაწილეობა მიიღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვათ მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადოთ შუამდგომლობები, მისცეთ სასამართლოს წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტებები, წარადგინოთ თქვენი დასკვნები და გამოთქვათ მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, აგრეთვე, უარყოთ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივროთ სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინებები.
2. სანამ დამთავრდება საქმის მომზადება წინასწარი განხილვისათვის, შეცვალოთ სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოთ ან შეამციროთ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო ვალდებულია აცნობოს მოპასუხეს.
3. საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისთვის.
შეგებებული სარჩელი
მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის წინასწარი განხილვისთვის მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი მხოლოდ სასამართლო პაექრობის დამთავრებამდე, თუ სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს ვადის გადაცილებას.
თუ შეგებებული სარჩელი აღიძრა და მიღებულ იქნა საქმის წინასწარი მომზადების დამთავრების შემდეგ, მოსარჩელეს თხოვნით, ან სასამართლოს ინიციატივით შესაძლებელია ამ საქმის განხილვის სხვა დროისთვის გადადება.
საქმის განხილვის გადადებით გამოწვეული ხარჯები დაეკისრება მოპასუხეს, რომელმაც დაგვიანებით აღძრა შეგებებული სარჩელი.
მოსამართლე
მოსამართლემ სარჩელის ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში უნდა გამოიტანოს განჩინება სარჩელის მიღების შესახებ. სარჩელი მიღებულად მიიჩნევა მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ განჩინება გამოტანილი არ იქნება აღნიშნულ ვადაში, მაშინ ეს შესაძლებელია ვადის გასვლის შემდეგ.
მოსამართლემ შეიძლება დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა იმ მიზნით, რომ დაჩქარდეს საქმის განხილვა, შესაძლებელი გახდეს საქმის სწორად გადაწყვეტა ან საქმის დამთავრება ერთ სასამართლო სხდომაზე.
დავის არსებითი გადაწყვეტის შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. სასამართლოს არა აქვს უფლება თავისი გადაწყვეტილებით მხარეს მიაკუთვნოს იმაზე მეტი, ვიდრე ის სარჩელით მოითხოვდა, ან ის, რაც მას არ მოუთხოვია სარჩელით.
მოსამართლე ვალდებულია სასარჩელო განცხადების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში განიხილოს საქმე და გამოიტანოს გადაწყვეტილება, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში უფლება აქვს ეს ვადა სამი თვით გააგრძელოს.
2.4. გადაწყვეტილება
გადაწყვეტილება შეიძლება იყოს:
1. ნაწილობრივი - თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად;
2. წინასწარი (შუალედური) - თუ სადაოა სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ან მისი მოცულობა, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით. კანონიერ ძალაში შესგადაწყვეტილება ვლის შემდეგ მას ექნება სავალდებულო ძალა სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებისათვის, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავს. (მაგ: მოპასუხისგან თქვენ მოითხოვდით გატეხილი ნივთის სანაცვლოდ თქვენთვის გადაეხადა რაღაც თანხა, რომელიც ბევრად მეტი იყო ნივთის თვითღირებულებაზე. სასამართლომ დააკისრა მოპასუხეს თანხის გადახდა, თუმცა ამ თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებით).
3. დამატებითი - რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით:
ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი, მისცეს ახსნა-განმარტებანი და გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
ბ) თუკი სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
გ) თუკი სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნას სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ არის დაშვებული.
4. დაუსწრებელი - თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე ან მოპასუხე, რომელთაც შეტყობინება გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
თუ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლოს გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გაუქმდეს სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილებით.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს როგორც ახალი გადაწყვეტილება, ისე განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით, ხოლო საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება და განჩინება - საკასაციო წესით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში თუ:
დაუშვებელია სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრება;
გადაწყვეტილება შესაბამისი წესის დაცვით არ გასაჩივრდა სააპელაციო გასაჩივრების ვადის გასვლამდე;
გადაწყვეტილება გასაჩივრდა, მაგრამ იგი ძალაში იქნა დატოვებული ზემდგომი სასამართლოების მიერ;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყონებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
თუკი სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლე პირებს, არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადაო გახადონ სხვა, პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ. მხარეთა თხოვნით სასამართლოს დაუყონებლივ, მთლიანად ან ნაწილობრივ აღსასრულებლად შეიძლება გადაეცეს გადაწყვეტილებები, დაკავშირებული:
ალიმენტის მიკუთვნებასთან;
დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრებასთან;
მუშაკისათვის არა უმეტეს სამი თვის ხელფასის მიკუთვნებასთან;
უკანონოდ დათხოვილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენასთან;
დაუსწრებელ გადაწყვეტილებებთან;
თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებებთან;
ყველა სხვა საქმესთან, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების დაშვების საკითხი განხილულ უნდა იქნას სასამართლო სხდომაზე. მხარეებს უნდა ეცნობოთ სხდომის დღე და ადგილი, თუმცა მათი გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტას.
![]() |
3 თავი III - მეორე ინსტანცია - აპელაცია |
▲ზევით დაბრუნება |
II ინსტანცია (აპელაცია) - თბილისის და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სააპელაციო პალატები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების სააპელაციო პალატები.
გადაწყვეტილების გადმოცემის მომენტიდან (თუ არ ესწრებოდით სასამართლოს იმ სხდომას, რომელზედაც გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება) უფლება გაქვთ ერთი თვის ვადაში შეიტანოთ სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება, თუ მისი ღირებულება 500 ლარზე ნაკლებია.
სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ერთ-ერთ მხარეს, ან მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნით.
აპელანტმა სააპელაციო საჩივარი უნდა შეიტანოს იმავე სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, რის შემდეგაც, თუ საჩივარი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არის შედგენილი, საქმე დაუყონებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს. (იხ. ნიმუში 2)
თუ სააპელაციო საჩივარი ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით არის შედგენილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს გამოასწოროს ხარვეზები გარკვეულ ვადაში. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
სააპელაციო სასამართლო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის განმავლობაში ამოწმებს, თუ რამდენად დასაშვებია სააპელაციო საჩივარი. თუ იგი მიიჩნევს, რომ საჩივარი დასაშვებია, დაიწყება საქმის განხილვა.
სააპელაციო (II ინსტანციის) სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, როგორც ამას მოითხოვენ მხარეები.
სააპელაციო სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და უბრუნებს მას საქმეს ხელახლა განსახილველად, თუ:
საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;
სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, ან ეს მოხდა მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუკი ასეთი წარმომადგენლის არსებობა კანონით იყო გათვალისწინებული (მაგ: მხარე არასრულწლოვანია, ხოლო მისი წარმომადგენელი არ ესწრებოდა სხდომას). თუ კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის შესაძლებლობას მისი მონაწილეობის გარეშე, მაშინ დარღვევას ადგილი არ აქვს;
გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომლის განხილვა უწყებრივად სასამართლოს არ ექვემდებარება;
გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე მხარეთა დაუსწრებლად, რომლის დროსაც დაირღვა პროცესის საჟაროობის წესები;
გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
გადაწყვეტილებას ხელს აწერს ის მოსამართლე, რომელიც გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული;
გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ;
საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი; გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ დააბრუნოს საქმე და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
![]() |
4 კვლავ უკმაყოფილო ხართ გადაწყვეტილებით? თავი IV - მესამე ინსტანცია - კასაცია |
▲ზევით დაბრუნება |
4.1. კასაცია
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება გაასაჩივრონ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს. კასატორის მიერ საჩივრის შეტანა საკასაციო სასამართლოში უნდა მოხდეს კანონით დადგენილ ვადებში (ერთი თვე).
საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება.
საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. თუ ღირებულების მოცულობა ეჭვს იწვევს, მაშინ საკასაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება უნდა დაადასტუროს.
საკასაციო საჩივრის შეტანა ხდება წერილობითი ფორმით იმ სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს:
ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც შედგენილია საჩივარი;
ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელს, გვარს და მისამართს;
გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების დამდგენ სასამართლოზე;
დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;
ე) მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზებს) და განმარტებას იმის თაობაზე, თუ რას მოითხოვს მომჩივანი -გადაწყვეტილების გაუქმებას თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი);
ვ) მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუკი საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება;
ზ) საკასაციო საჩივარზე დართულ წერილობითი მასალების ნუსხას;
თ) საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.
წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.
თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისთვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარსა და მთლიანად საქმეს.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება საკასაციო წესით გაასაჩივროს იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი. საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებითი დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს. ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება კასაციის წესით გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არსებობდა სათანადო სამართლებრივი წინამძღვრები.
საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმ მიზეზს, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.
სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ:
- არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა;
- გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;
- არასწორედ განმარტა კანონი.
საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
4.2. გადაწყვეტილება
საკასაციო სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება. ის უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) არა აქვს ადგილი მითითებულ კანონდარღვევას;
ბ) სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
- საკასაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
- საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის სასამართლოს გაგადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით. აქ არ ხდება ახალი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა.
- საკასაციო საჩივარი შეიძლება განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.
- საკასაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია.
- საკასაციო სასამართლოში განხილვის შემდეგ საქმე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლთან ერთად უკან უნდა დაუბრუნდეს საქმის განმხილველ სასამართლოს.
4.3. საკასაციო საჩივრის (აგრეთვე, სააპელაციო საჩივრის) აბსოლუტური საფუძვლები
ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ:
ა) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;
ბ) სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას;
გ) გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება;
დ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები;
ე) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
ვ) გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი;
ზ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ;
თ) საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს (აპელაციის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს) სხდომის ოქმი.
![]() |
5 რა არის განჩინება? თავი V - სასამართლოს განჩინება |
▲ზევით დაბრუნება |
სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით.
განჩინებაში უნდა აღინიშნოს:
ა) განჩინების მიღების დრო და ადგილი;
ბ) განჩინების მიმღები სასამართლოს დასახელება, შემადგენლობა და სასამართლო სხდომის მდივანი;
გ) მხარეები და დავის საგანი;
დ) საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნას განჩინება;
ე) მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა;
ვ) სასამართლოს დადგენილება;
ზ) განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა. მხარეებს, რომლებიც არ ესწრებიან განჩინების გამოცხადებას, ეგზავნებათ განჩინების ასლები მისი გამოტანიდან არაუგვიანეს 5 დღისა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ეხება საქმის წარმოების შეწყვეტას, სარჩელის განუხილველად დატოვებას, ან საქმის წარმოების შეჩერებას.
![]() |
6 არ ეთანხმებით განჩინებას? თავი VI - კერძო საჩივარი |
▲ზევით დაბრუნება |
სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნას წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. მისი შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
თუ პირველი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს 5 დღის განმავლობაში.
კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია პირველი ინსტანციის სასამართლოს, ან სააპელაციო სასამართლოს, თუ კერძო საჩივარი მას გადაეგზავნა.
კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს სააპელაციო სასამართლოს. განჩინება მიიღება მოწინააღმდეგე მხარის მოსმენის შემდეგ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის ვითარების გარკვევას. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, აგრეთვე, განიხილოს კერძო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის მოსმენის გარეშეც, თუ კერძო საჩივარი დაუშვებელი ან აშკარად უსაფუძვლოა.
![]() |
7 შეიძლება თუ არა თქვენი საქმის ხელახლა განხილვა? თავი VII - საქმის გადასინჯვა |
▲ზევით დაბრუნება |
7.1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის წარმოების განახლება
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წინამძღვრები.
თუ სასამართლოში შემოსულია განცხადებები როგორც ერთი, ისე ერთდროულად ორივე მხარის მიერ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, სასამართლომ უნდა შეაჩეროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების განხილვა, ვიდრე არ იქნება განხილული განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი, თუ:
ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც, კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში;
ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.
განცხადება აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებელია, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:
ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;
ბ) დადგინდება მოწმის მიერ შეგნებულად მიცემული ცრუ ჩვენება, ექსპერტის მიერ შეგნებულად გაკეთებული ყალბი დასკვნა, შეგნებულად გაკეთებული არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;
გ) დადგინდება ამ საქმეზე მხარეების, მათი წარმომადგენლების ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;
დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;
ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;
ვ) მხარისათვის ცნობილი გახდება ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს განაპირობებდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მხარემ უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში.
თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
7.2. ვადა
განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნას ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ემყარება იმ გარემოებას, რომ ერთ-ერთი მხარე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღეს, როცა მხარეს ან, თუ იგი ქმედუუნაროა, მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობა გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას;
ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება;
გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე;
დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე;
ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას. თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
![]() |
8 გსურთ საწარმოს ან ასოციაციის შექმნა? თავი VIII - იურიდიული პირები |
▲ზევით დაბრუნება |
იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც შეადგენს სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, უნდა შეიქმნას მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით.
იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა, შეიძლება არსებობდეს, როგორც კავშირი (ასოციაცია) ან ფონდი.
ფილიალი (წარმომადგენლობა, სააგენტო) არ არის იურიდიული პირი.
სასამართლოში უნდა დარეგისტრირდნენ სამეწარმეო იურიდიული პირები (შპს, სს, კს, სპს, კოოპერატივი) და არასამეწარმეო იურიდიული პირები (კავშირი)
ფონდის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
სამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაცია ხორციელდება სასამართლოს მიერ სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერით. განცხადება რეგისტრაციის შესახებ შეიტანება სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე საზოგადოების იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფელის) მიხედვით.
განცხადება უნდა შეიცავდეს:
- საფირმო სახელწოდებას;
- ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას (შპს, სს და ა.შ.);
- ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);
- საქმიანობის საგანს;
- მონაცემებს სამეურნეო წლის დასაწყისისა და დამთავრების შესახებ;
- ინდივიდუალური მეწარმის ან ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის (კოოპერატივის შემთხვევაში - არანაკლებ ორის) სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, პროფესიას და საცხოვრებელ ადგილს.
- თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია - მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, სასამართლოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები) განცხადებას თან უნდა დაერთოს:
- საზოგადოების წესდება;
- არაფულადი შესატანით დაფუძნებისას - შესატანის შეფასების დამადასტურებელი საბუთი;
შპს, სს და კოოპერატივის რეგისტრაციისთვის, აღნიშნულის გარდა, დამატებით საჭიროა:
ა) საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შესატანის შესახებ;
ბ) ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა, შესაბამისად წილი;
გ) ყოველი დირექტორის, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას, სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი;
დ) დოკუმენტები დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს (თუკი ასეთი არსებობს) წევრების დანიშვნის შესახებ.
სასამართლო ვალდებულია, რეგისტრაცია განახორციელოს აუცილებელი საბუთების წარდგენიდან შვიდი კალენდარული დღის მანძილზე. თუ ამ ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდება, ან განმცხადებელს არ ეცნობება უარის შესახებ, საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად.
არასამეწარმეო იურიდიული პირის (კავშირის) დასაფუძნებლად საჭიროა სულ მცირე ხუთი დამფუძნებელი წევრი. რეგისტრაციისთვის აუცილებელია ყველა დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება, წესდება და დამფუძნებელი სხდომის ოქმი (დამოწმებული სანოტარო წესით). რეგისტრაციისთვის აუცილებელი მასალები წარედგინება კავშირის ადგილსამყოფელის მიხედვით არსებულ სასამართლოს.
სასამართლო ვალდებულია რეგისტრაცია განახორციელოს აუცილებელი საბუთების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. თუ ამ ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდება, კავშირი ჩაითვლება რეგისტრირებულად. თუ თქვენ უარი გეთქვათ რეგისტრაციაზე, ეს უნდა იყოს დასაბუთებული და ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს.
ცვლილებები, რომლებიც საჭიროებენ რეგისტრაციას, გამგეობამ უნდა წარუდგინოს სასამართლოს სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით.
ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო შესაბამისი წესებისა და ფორმების დაცვით.
საწარმოთა პირველადი რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო მოსაკრებელი (ბაჟი) განისაზღვრება შემდეგნაირად:
- ინდივიდუალური საწარმოსათვის - 10 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში;
- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - 30 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში;
- კომანდიტური საზოგადოებისთვის - 40 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში;
- სახაზინო საწარმოსათვის -50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში;
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის - 80 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში;
- სააქციო საზოგადოებისთვის - 180 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.
![]() |
9 თავი IX - პროცესუალურ დოკუმენტთა ნიმუშები |
▲ზევით დაბრუნება |
ნიმუში I
(სასარჩელო განცხადების ფორმა)
___________________რაიონული სასამართლოს
თავმჯდომარეს, ბატონ/ქალბატონ ___________
მოსარჩელე - გვარი, სახელი, მისამართი თუ წარმომადგენელს შეაქვს სარჩელი - მისი გვარი, სახელი და მისამართი. თუ იურიდიულ პირს (შპს, სს, კს და სხვ.) - ფირმის სახელწოდება და მისამართი.
მოპასუხის - გვარი, სახელი, მისამართი. თუ იურიდიული პირია (შპს, სს, კს და სხვ.) ფირმის სახელწოდება და მისამართი - მიმართ
სასარჩელო განცხადება
მიუთითეთ სასარჩელო მოთხოვნა
(მაგ: მოპასუხისათვის 1000 ლარის გადახდევინების დაკისრების, კუთვნილი ფართის გამოყოფის, ან ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე)
მიუთითეთ გარემოებები, რის გამოც შეგაქვთ სარჩელი სასამართლოში
(მაგ. გაასესხეთ გარკვეული თანხა, რომელსაც არ გიბრუნებთ მსესხებელი)
მიუთითეთ ფაქტი (ან ფაქტები), რომლითაც ადასტურებთ ზემოაღნიშნულ გარემოებებს
(მაგ. ფაქტი სესხის გაცემის შესახებ დადებული ხელშეკრულების არსებობაზე და ა.შ.)
მიუთითეთ ფასი (ოდენობა) სარჩელისა (თუ შეფასება შესაძლებელია)
მიუთითეთ იმ საბუთების ნუსხა, რომლებსაც თან დაურთავთ სასარჩელო განცხადებას.
მოსარჩელე (ხელმოწერა)
თარიღი______________________________
ნიმუში II
(სააპელაციო საჩივრის ფორმა)
__________________ საოლქო სასამართლოს
თავმჯდომარეს, ბატონ/ქალბატონ ________
აპელანტი - გვარი, სახელი, მისამართი.
სააპელაციო საჩივარი
მიუთითეთ
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება და მითითება ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე
მიუთითეთ
იმის თაობაზე თუ გადაწყვეტილების რომელი ნაწილია გასაჩივრებული
მიუთითეთ
თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვთ სააპელაციო საჩივრით
მიუთითეთ
იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ ამ საჩივარს, აგრეთვე, მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს
მიუთითეთ
სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხა
სასამართლოს წარუდგინეთ
საჩივრისა და თანდართული მასალების იმდენივე ასლი, რამდენი მონაწილეც არის საქმეში
აპელანტი (ხელმოწერა)
თარიღი _____________
ნიმუში III
(საკასაციო საჩივრის ფორმა)
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარეს ბატონ/ქალბატონ _____
კასატორი - გვარი, სახელი, მისამართი
საკასაციო საჩივარი
მიუთითეთ
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება და მითითება ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე
მიუთითეთ
იმის თაობაზე თუ გადაწყვეტილების რომელი ნაწილია გასაჩივრებული
მიუთითეთ
თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვთ საკასაციო საჩივრით (გადაწყვეტილების გაუქმებას თუ შეცვლას)
მიუთითეთ
იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ ამ საჩივარს, აგრეთვე, იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუკი საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება
მიუთითეთ
საკასაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხა
კასატორი (ხელმოწერა)
თარიღი _____________
![]() |
10 დანართი I - დანართი II |
▲ზევით დაბრუნება |
გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1. აპელაცია - პირველი ინსტანციის (რაიონული) სასმართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა.
2. კასაცია - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა.
3. უდავო წარმოება - სასამართლოს მიერ ისეთი საქმეების განხილვა, რომლებიც არ შეიძლება იყოს დავის საგანი ვისიმე მხრიდან, ანუ, ვთქვათ, მოქალაქის უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარების, საწარმოსა და კავშირის რეგისტრაციის, იურიდიული ფაქტების დადგენის, შვილად აყვანის შესახებ.
4. განწილვადება - სასამართლოს მიერ ბაჟის გადამხდელისთვის ნების დართვა, გადაიხადოს ბაჟის ნაწილი, იმ პირობით, რომ დარჩენილ ნაწილს დაფარავს მოგვიანებით.
5. აცილება - მდგომარეობა, როდესაც მოსამართლე ჩამოშორებულია საქმის განხილვას, იმ მოტივებით, რომელთა ჩამონათვალიც მოცემულია შესაბამის კანონმდებლობაში.
6. მტკიცებულება - გარემოება, ან ნივთი, რომელიც ასაბუთებს ამა თუ იმ მოვლენის, ფაქტის არსებობას, რაიმე მოქმედების ჩადენას.
7. შუამდგომლობა - პროცესის მონაწილის თხოვნა სასამართლოსადმი მოსამართლის, ან პროცესის სხვა მონაწილის მიერ, ამა თუ იმ მოქმედების შესრულებაზე ან არშესრულებაზე.
8. განჩინება - სასამართლოს მიერ მიღებული დოკუმენტი, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება და წარმოადგენს რაიმე პროცესუალური მოქმედების ნებართვას, ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებას.
9. აპელანტი - პირი, რომელიც მიმართავს სააპელაციო სასამართლოს.
10. კასატორი - პირი, რომელიც მიმართავს საკასაციო სასამართლოს.
11. საწესდებო კაპიტალი - კანონმდებლობით დადგენილია, რომ ზოგი საწარმოს დაფუძნებისას აუცილებელია დამფუძნებლებს გააჩნდეთ საწყისი კაპიტალი, რომელიც უნდა დაფიქსირდეს დასაფუძნებელი საწარმოს ბალანსზე.
12. არაფულადი შესატანი - რაიმე საწარმოს დაფუძნებისას ფულის მაგივრად ბინის, მანქანის ან სხვა მოძრავ-უძრავი ქონების გამოყენება.