![]() |
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საზოგადოებრივი მონიტორინგისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარების აქტუალური პრობლემების თავისებურებები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჭახნაკია ნიკოლოზ |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ნიკოლოზ ჭახნაკია
მსოფლიო ბანკი კვლავაც მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების რეფორმის განხორციელებას. როგორც საქართველოში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლის ბ-ნ ტეფიკ იაპრაკის მიერ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბ-ნ ავთანდილ ჯორბენაძის სახელზე გაგზავნილ წერილშია აღნიშნული „სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა“.
საქართველოში შესყიდვების ახალი სისტემის დანერგვა ჯერ არ დასრულებულა. მსოფლიო ბანკის მიერ 2001 წლის ივნისში წარმოდგენილ, ქვეყნის შესყიდვების შეფასების დეტალურ ანგარიშში „2001 წლის ქვეყნის შესყიდვების გარემოს შეფასების შესახებ“, შესყიდვების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების წინაშე არსებული პრობლემატური საკითხების დასაძლევად - მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა, შესყიდვების ეფექტიანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით ერთობლივ სიმპოზიუმს ჩაატარებენ.
აღნიშნული სემინარი - სიმპოზიუმი განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების მომავალი პროგრესის პარამეტრებს და დახვეწავს საბიუჯეტო სახსრების - სახელისუფლებო და საზოგადოებრივი მონტორინგის ფორმებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ წარმატებით შეასრულა მსოფლიო ბანკის SAC III-II ტრანშის პირობები, რაც დაადასტურა სპეციალურმა სამთავრობო კომისიამაც. ამჟამად მსოფლიო ბანკის მისიას წარედგინა მასალები SAC III-III ტრანშის პირობებით განსაზღვრული ვალდებულებებზე.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული „ქვეყანაში შესყიდვების გარემოს შეფასების დოკუმენტის“ (CPAR) თანახმად საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში.
მიმდინარე წლიდან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, სახელმწიფო სახსრების მენეჯმენტში სამართლებრივი წესრიგის პოლიტიკის შემუშავებისა და რეალიზაციის სფეროში, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს ახალი სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით განახორციელებს. პარლამენტის გადაწყვეტილებით აღნიშნულ საკითხზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დამატებები შევიდა, რითაც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ნორმების დარღვევისთვის - ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფორმები დადგინდა.
მოქმედი კანონმდებლობით, ყოველწლიურად, 1 თებერვლამდე ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიაწოდოს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშები. ცალკეული უწყებებიდან გასული წლის ანგარიშების დაგვიანებითა და არასათანადო ფორმით მოწოდება ართულებს საბიუჯეტო სახსრების მონიტორინგს. ამჟამად შემსყიდველი ორგანიზაციები სააგენტოში წარმოადგენენ 2002 წლის შესყიდვების გეგმას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდონ სააგენტოს.
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ანტიკორუფციული ღონისძიებები ტარდება, როგორც საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის ძირითადი მიმართულებების, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 მარტის „ზოგიერთი პირველი რიგის ანტიკორუფციული ღონისძიებების შესახებ“ №95 ბრძანებულების, ასევე მსოფლიო ბანკის მიერ შედგენილი ქვეყანაში შესყიდვების შეფასების ანგარიშისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად.
ცოტა რამ ისტორიიდან
საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის ძირითადი მიმართულებების შესასრულებლად და სახელმწიფო შესყიდვების რეფორმის წარმატებულად გაგრძელებისა და სახელმწიფო სახსრების მენეჯმენტში სამართლებრივი წესრიგის დამყარების მიზნით, 2000 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა, კერძოდ:
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მიერ 2000 წელს შემუშავდა კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, რომელიც პარლამენტში მიღების შემდეგ, 2001 წლის 20 აპრილიდან ამოქმედდა. აღნიშნული კანონით სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. კანონის შესასრულებლად პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დამტკიცდა, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულებები, ასევე თანამდებობაზე დაინიშნა სააგენტოს თავმჯდომარე და ჩამოყალიბდა სამეთვალყურეო საბჭოს პირველი შემადგენლობა.
სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭო შექმნილია სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობის და დემოკრატიული პრინციპებით მართვის უზრუნველყოფის მიზნით.
სამეთვალყურეო საბჭო შედგება 7 წევრისაგან (საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით). მის შემადგენლობაში შედიან მმართველობისა და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირები (ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, კონტროლის პალატის წარმომადგენლები), ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები, რომლებსაც ერთი წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით, კანონის მოქმედების სფერო გაფართოვდა და იგი ვრცელდება სახელმწიფო სახსრებით განხორციელებულ თითქმის ყველა შესყიდვაზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო განხილვების დროს კანონპროექტიდან ამოღებულ იქნა დებულება, რომლის თანახმადაც კანონი უნდა გავრცელებულიყო, აგრეთვე, 100% სახელმწიფო წილით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ შესყიდვებზეც.
პრეზიდენტთან წარდგენილია წინადადება ყველა შემსყიდველ ორგანიზაციაში შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის თაობაზე და საერთოდ, სამომავლოდ, აუცილებლია პროკურემენტის (შესყიდვების) დარგის სპეციალისტების მომზადება. ამისათვის საჭიროა სპეციალობათა ნუსხაში შრომისა და დასაქმების დეპარტამენტმა გაითვალისწინოს აღნიშნული სპეციალობის ჩამატება.
სააგენტოს მიერ შემუშავდა მიმწოდებელთა განახლებადი რეესტრი. სამწუხაროდ, აღნიშნული რეესტრი ჯერ კიდევ საჭიროებს სრულყოფას, რაც პირველ რიგში გამოწვეულია იმით, რომ შესყიდვების კანონის ამოქმედებიდან განვლილ პერიოდში შემსყიდველი ორგანიზაციების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებდა შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელებას და, შესაბამისად, ინფორმაცია რეესტრში ასახულია მხოლოდ კონტრაქტების მოცულობის მიხედვით.
მიმწოდებელთა რეესტრის წარმოების წესი ითვალისწინებს შესყიდვების განხორციელების თითოეულ ეტაპზე (განსაკუთრებით კონტრაქტების აღსრულების დროს) აქტიურ მონიტორინგს და არასაიმედო კონტრაქტორების გამოვლენას.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში მონაწილე პირების ინტერესთა კონფლიქტის ნორმები - კანონის დონეზე დადგინდა.
აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციულ პროგრამაში მოყვანილი ინფორმაციით, საჯარო დაწესებულების უმეტესობა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს სრულად უგულებელყოფს.
სააგენტოს აქტიური მუშაობით (შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის ტრენინგების მოწყობა, ახსნა-განმარტებითი და საკონსულტაციო სამუშაობის განხორციელება, ასევე ადმინისტრაციული ზემოქმედება) მიღწეულ იქნა, რომ ამჟამად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშებს აწვდის დაახლოებით 8000 შემსყიდველი ორგანიზაცია, აქედან 2000-მდე შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს აწარმოებს ძირითადად კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით და რეგულარული ურთიერთობა აქვს სააგენტოსთან.
რაც შეეხება თვით შესყიდვების განხორციელების რაციონალურობასა და კანონთან შესაბამისობას, უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ დღემდე ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს.
ბევრი შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს კანონის მკაცრი დაცვით ვერ ახორციელებს. ეს აიხსნება პირველ რიგში კადრების არაპროფესიონალიზმითა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ნორმატიულ ბაზაში გაუთვითცნობიერებულობით. ამ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სააგენტომ ყველა შემსყიდველ ორგანიზაციაში დააგზვნა ახსნა-განმარტებითი წერილი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გამოსცა და შემსყიდველ ორგანიზაციებს დაურიგა სახელმწიფო შესყიდვებში მოქმედი ნორმატიული აქტების კრებული, ჩაატარა ფართომასშტაბიანი ტრენინგ-სემინარი ტაბახმელაში (100 მსხვილი სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლის მონაწილეობით). ქვეყნის რეგიონებში, ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ შემსყიდველ ორგანიზაციებს ტრენინგ-სემინარები ჩაუტარდა.
სააგენტოში შემუშავდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - დებულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“. დებულება გინიხილეს, როგორც საჯარო, ასევე სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოზე და დარგობრივი სამინისტროს კოლეგიაზე. დოკუმენტის ექსპერტიზა მსოფლიო ბანკის I გრანტის სახსრებით დაქირავებულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარეს.
შესყიდვების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევები სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის გამოწვეული მათი არასათანადო ცოდნით.
ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაცია წინდაუხედავად, საკუთარი შესაძლებლობების გაუთვალისწინებლად და, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი განზრახვითაც აფორმებს ხელშეკრულებებს ისეთ შესყიდვებზე, რომლებიც გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ან ხელშეკრულებებს, რომელთა პირობები აშკარად განუხორციელებადია.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ მიზეზით შემსყიდველი ორგანიზაციები დროულად ვერ ასრულებენ დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, რასაც მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება მოჰყვება და, შესაბამისად, დამატებითი ხარჯები, სახელმწიფოს ფინანსური ზარალი. სწორედ ამით არის გამოწვეული სახაზინო ანგარიშების ხშირი დაყადაღება.
არის შემთხვევები, როდესაც ხდება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების ან მეთოდის არასწორად შერჩევა ტენდერის ან ფასთა კოტირების ჩატარების თავიდან აცილების მიზნით, ან შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის განხორციელების საშუალებების დადგენილი მონეტარული (ფულადი) ზღვრების თავიდან აცილების მიზნით, ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ან სატენდერო დოკუმენტაციის არასწორი შედგენა, აგრეთვე, განცხადების გამოქვეყნების წესების დარღვევა.
აღნიშნულ დარღვევებს პირველ რიგში ხელს უწყობს ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის კონკრეტული ფორმები არასრულყოფილია.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად, პარლამენტმა, შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი დამატებების შეტანით პასუხისმგებლობის ფორმები დაადგინა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის საკითხი სამომავლოდ გადაიდო.
სააგენტომ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით, შესყიდვების უზრუნველმყოფი მექანიზმები შეიმუშავა:
1. ქვეყნის პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი დამატებების შეტანით შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ფორმები უნდა გააძლიეროს;
2. SRS კრედიტის სახსრების ფარგლებში სააგენტომ თანამშრომელთათვის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრებში გადამზადება და სასწავლო ტურების მოწყობა უნდა უზრუნველყოს;
3. შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობისა და მონიტორინგის მიზნით, შესყიდვების ერთიანი ინფორმაციული ქსელი უნდა დაპროექტეს და ინტერნეტში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდი შეიქმნას;
4. ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავების ეტაპზე, შესყიდვების დაგეგმვის პროცედურული სრულყოფის მიზნით, საჭიროა შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის აქტიური კონსულტაციების მოწყობა;
5. სააგენტომ ფინანსთა სამინისტროსა და სახაზინო სამსახურთან ერთად, შესყიდვების მონაცემთა ბაზაში, მათგან მოწოდებული ფაქტიური დანახარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, შემსყიდველ ორგანიზაციათა მიერ მოწოდებული ანგარიშები უნდა დააზუსტოს;
6. უნდა მოწესრიგდეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 5 ათას ლარზე მეტი ღირებულების დასადები კონტრაქტების სახაზინო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურა, ამასთან, რეგისტრირებული კონტრაქტების ვალდებულებებზე უნდა განისაზღვროს ფინანსთა სამინისტროს პასუხისმგებლობის დონე (რათა არ მოხდეს დადებული კონტრაქტის პირობების დარღვევა დაუფინანსებლობის მოტივით);
7. სატენდერო პროცედურების კანონიერებაზე მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ზედამხედველობითი ფუნქცია ტენდერის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების ფარგლებში;
8. საქართველოს ტერიტორიული ერთეულების (ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და მუნიციპალიტეტები) მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას კანონდარღვევათა აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ პრეზიდენტის რწმუნებულებთან, რაიონების გამგებლებთან და ქალაქების მერებთან თანამშრომლობით აქტიური პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს;
9. შესყიდვების სააგენტომ უნდა მოაწესრიგოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამთავრობო შესყიდვების შეთანხმების შესაბამისად მიმწოდებელთა მუდმივად განახლებადი რეესტრის წარმოება და საჯაროობა;
10. შემსყიდველ ორგანიზაციებში უნდა შეიქმნას შესყიდვების სპეციალისტთა მომზადებისა და სერთიფიცირების სისტემა, აგრეთვე ყოველ შემსყიდველ ორგანიზაციაში შესყიდვების სტრუქტურული რგოლი უნდა გამოიყოს;
11. შესყიდვების კანონის შესაბამისად 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებამდე საქართველოს მთავრობის სხდომაზე უნდა მოეწყოს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეების ინფორმაციების განხილვა.
დღეისათვის შესყიდვების სისტემის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები თითქმის უკლებლივად შესრულებულია:
- სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე მონიტორინგის სრულყოფა პროკურემენტის ყველა ეტაპზე (დაგეგმვა, საკუთრივ შესყიდვის პროცედურა, ხელშეკრულების დადება, ხელშეკრულების აღსრულება), აგრეთვე ანგარიშგება;
- სახელმწიფო შესყიდვებისათვის ფაქტიურად გამოყოფილი სახსრების შესახებ შესაბამისი საფინანსო ორგანოების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მაკოორდინირებელ ორგანოში სისტემატურად (ყოველთვიურად) წარმოდგენის ორგანიზება;
- სატენდერო პროცესთან დაკავშირებული სტანდარტული ფორმებისა და ტიპიური ხელშეკრულებების შემუშავება;
- სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის კონკრეტული ფორმების დადგენა;
- სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის პრინციპების პრაქტიკაში დამკვიდრება.
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმა საქართველოში მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ხოლო საქარღველოს ბიუჯეტში დღემდე მისი განვითარებისთვის დაფინანსება განსაზღვრული არ ყოფილა, მიუხედავად საერთაშორისო ინსიტუტების აქტიური მოთხოვნისა. გთავაზობთ რეფორმის მიმდინარეობისა და არსებული პრობლემების დახასიათებას:
I ეტაპი. საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” მიღებულ იქნა 1998 წლის დეკემბერში და ამოქმედდა 1999 წლის ივლისში;
1999 წლის აგვისტოში დამტკიცდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - დებულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“;
1999 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
2001 წლის მარტში კანონში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების საფუძველზე შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები, შედეგად კანონი ბევრად უფრო დაუახლოვდა სახელმწიფო შესყიდვების საერთაშორისო წესებსა და ნორმებს (მსოფლიო ბანკის შესყიდვების წესები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამთავრობო შესყიდვების შეთანხმება, ევროდირექტივები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესყიდვების წესები);
კანონში ცვლილებებით სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი გამოეყო სამინისტროს (როგორც ამას მოითხოვდა ანტიკორუფციული პროგრამის ძირითადი მიმართულებები) და რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდ;
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მიზნებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა;
დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბება.
II ეტაპი. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ინსტიტუციონალური განვითარება
მსოფლიო ბანკის მისიებმა მოახდინეს საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების გარემოს შეფასება და შექმნეს შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მაღალი შეფასება მისცეს რეფორმის მიმდინარეობას;
2000 წლიდან საქართველოს, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ
დაამტკიცა „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულება და მისი დოკუმენტების დანართები;
მსოფლიო ბანკის დახმარებით მოეწყო სააგენტოს ოფისი და აღიჭურვა იგი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით;
ჩატარდა ტრენინგ-სემინარები სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების სპეციალისტებისთვის;
გამოიცა და გავრცელდა (სამ წიგნად) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი ნორმატიული საკანონმდებლო აქტები და მეთოდური მასალები;
შემუშავდა ინსტრუქციები და სტანდარტული დოკუმენტები;
პერსონალი 13 მუშაკიდან გაიზარდა 25-მდე, ყოველწლიურად მოხდება მათი ატესტაცია.
სადღეისო მიღწევები
ტენდერების ჩატარებით მიღებულია იმდენივე ეკონომია, რამდენიც კანონის ამოქმედებიდან 2 წლის მანძილზე;
გაორმაგდა ტენდერებით გამოვლენილი გამარჯვებულების რაოდენობა და თვით ჩატარებული ტენდერების რიცხვი;
კანონის მოთხოვნები დაყვანილი იქნა შემსრულებლებამდე.
ტიპიური დარღვევები შესყიდვების სფეროში
სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციები კონტრაბანდის გამსაღებლებად იქცნენ;
კორუფციული გარიგების („მეწილეობის“) ფორმები ჩამოყალიბდა:
ა) ტენდერი ტარდება შირმის სახით - ქვეყნდება არასრულყოფილი განცხადება, ხშირად არასპეციალიზებულ (უწყებრივ) გამოცემებში;
ბ) საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპზე კონკურსიდან ხსნიან არასასურველ კანდიდატებს;
გ) წარმოდგენილი წინადადებები ხშირად არარეალისტურია;
დ) გამარჯვებულები არღვევენ კონტრაქტებს;
ე) თანამდებობის პირები პირადი დაინტერესების გარეშე არ რიცხავენ შესყიდვის კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხებს;
ვ) კონკურენტები არაჯანსაღ საფუძველზე ინაწილებენ ბაზარს;
ზ) მაკონტროლებლები თვალს ხუჭავენ კონტრაქტის აღსრულებაზე;
თ) ირღვევა კანონით დაწესებული მონეტარული ზღვრები და ნაცვლად ტენდერისა გადაუდებელი შესყიდვის მომიზეზებით ერთპირთან მოლაპარაკებით იდება ხელშეკრულება;
ი) პროტექციონიზმი რეალიზდება კანონის ღიად უგულებელყოფით;
კ) სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ ფორმდება ხელშეკრულებები;
ლ) რეგიონებში, ხშირად, ჯერ იხარჯება თანხები და შემდეგ ხდება ამ უკანონობის წესების მიხედვით გაფორმება, რასაც ხელს უწყობს ადგილებზე საზოგადოებრივი მონიტორინგის არარსებობა;
მ) ხშირია სატენდერო კომისიებში ინტერესთა კონფლიქტი;
ნ) სპეციალური სახსრების ხარჯვისას თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია არღვევს შესყიდვების წესებს;
ო) გამოვლინდა უსაქონლო ოპერაციებისა და ურთიერთჩათვლების მცდელობები, როდესაც მიმწოდებელი და შემსყიდველი ორივე სახელმწიფო ორგანიზაციაა;
პ) სააგენტოში ორგანიზაციების ანგარიშგება ხშირად ყალბია, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული აღრიცხვიანობის დაბალი დონე - თვით სახაზინო სამსახურს არ გააჩნია სახსრების მოძრაობაზე აქტიური მონიტორინგის სისტემა, დასახვეწია ფინანსთა სამინისტროს მიერ სახსრების განაწილებისას მეთოდები და სახელმწიფო ხაზინაში კონტრაქტების რეგისტრაციის შემოღებული წესები.
ვის მიერ ხდება კანონის იგნორირება
მთლიანად რეგიონების ხელმძღვანელობის მიერ;
ქალაქების მუნიციპალიტეტები;
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების აპარატები;
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი, მარეგულირებელი კომისიები, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული უმეტესი დაწესებულებები, საერთაშორისო პროგრამების განმახორციელებელი ცენტრები);
სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურები, მაკონტროლებელი ორგანოები (სამინისტროები, პროკურატურა, მაკონტროლებელი ორგანოების ცენტრალური აპარატები, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი, შინაგანი ჯარები, საბაჟო დეპარტამენტი, სახაზინო სამსახური, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები, სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტი);
საქართველოს პარლამენტი (საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო, საქართველოს პარლამენტთან არსებული ეროვნული ბიბლიოთეკა);
სახელმწიფო უწყებების (სამინისტროები, სახელმწიფო დეპარტამენტები) 70% დარღვევით აწარმოებს შესყიდვებს, თუმცა ზემოთ ჩამოვლილი უწყებებისაგან განსხვავებით შესყიდვებზე ანგარიშებს აწვდიან სააგენტოს;
რაიონული გამგეობების უმეტესობა, მიუხედავად სათანადო ახსნა-განმარტებითი მუშაობისა, არღვევენ კვარტალური ანგარიშების შედგენის წესს და ფარავენ გაწეულ ხარჯებს.
ამ კანონდარღვევათა შედეგები
ბიუჯეტური სახსრების განიავება;
საზოგადოების ნიჰილიზმი სახელმწიფო შესყიდვებისადმი;
კორუფცია;
სახსრების არამიზნობრივი გამოყენება;
სახელმწიფო ვალდებულებების შეუსრულებლობა;
სახელმწიფო სახსრების დაზოგვის რეზერვების გამოუყენებლობა;
ადგილობრივი მიმწოდებლების დაუინტერესებლობა.
რა ღონისძიებებს ატარებს სააგენტო
გამოვლენილი კანონდარღვევების ფაქტებს აცნობებს შესაბამის ორგანოებს;
ვინაიდან არ აქვს ადგილზე შემოწმების უფლება, გამოვლენილ ფაქტებს განსახილველად გადასცემს კონტროლის პალატას;
სახელმწიფო ზარალის თავიდან ასაცილებლად ფინანსთა სამინისტროს მიმართავს წინადადებით ამ ორგანიზაციებისთვის დაფინანსების შეჩერების თაობაზე;
მონაწილეობს დავების განხილვებში;
წერილობითი მოთხოვნებითა და რეკომენდაციებით მიმართავს შემსყიდველ ორგანიზაციებს;
ეწევა საკონსულტაციო მომსახურებას;
აწყობს ტრენინგ-სემინარებს, სასწავლო ტურებს და გამოსცემს მეთოდურ მასალებს;
ხელს უწყობს შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობას;
იცავს შესყიდვებში მონაწილე მხარეთა ინტერესებს;
ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციასა და მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით;
საერთაშორისო ორგანიზაციების (ძირითადად მსოფლიო ბანკის) დახმარებით ცდილობს ახალი პრინციპებისადმი ბიუროკრატიის წინააღმდეგობის დაძლევას.
რა უშლის ხელს კანონის აღსრულებას
პატრონაჟი და ბიუროკრატიის მენტალიტეტი - უმეტესობა მოითხოვს კანონის ინტერპრეტაციას პირადი ინტერესების სასარგებლოდ, თანხების მითვისებას ამართლებს დამქანცველი შრომის დაბალი ანაზღაურებით;
კანონის იგნორირება - საკუთარი გავლენისა და ხელშეუხებლობის იმედით;
დემაგოგია - კეთილი მოტივებით კანონის დარღვევის გამართლების მცდელობა;
დაუსჯელობის სინდრომი.
მდგომარეობის გამოსწორების გზა
მოწინავე გამოცდილების დანერგვა;
მარეგულირებელი კანონმდებლობის განუწყვეტელი სრულყოფა;
პროკურმენტის პროფესიონალური კადრების მომზადება;
კანონის აღსრულებაზე აქტიური მონიტორინგი;
შესყიდვების სისტემის ინსტიტუციონალური განვითარება;
სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის პრესტიჟის ამაღლება;
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საბაზრო პრინციპების დაცვით;
საერთაშორისო შეთანხმებების უპირატესობათა გამოყენება.
ზემოთ აღნიშნული სქემის მიხედვით შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დასკვნითი ინფორმაციის წარმოდგენა შემდეგი სახით:
მნიშვნელოვნად გაფართოვდა კანონის მოქმედების სფერო. კერძოდ, მასში მოექცა:
სახელმწიფო ბიუჯეტის და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სპეცსახსრები;
უცხოეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დახმარებისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრები;
სახელმწიფო გარანტიით მიღებული კრედიტები და სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (საქართველოს ეროვნული ბანკის გარდა) სახსრები.
აღნიშნული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები შეიძლება განხორციელდეს
ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;
ფასთა კოტირების მეთოდით;
დახურული და ღია ტენდერით, მათ შორის ორეტაპიანი ტენდერით, რომელიც ძირითადად გამოიყენება ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვისას.
მსოფლიო ბანკის ექსპერტთა რეკომენდაციებით, კანონში ჩაიდო სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ფასთა კოტირების მეთოდი, რომელიც შესყიდვების პროცედურების გამარტივებასთან ერთად უზრუნველყოფს სახელმწიფო სახსრების რაციონალური და ეფექტიან ხარჯვასა და კონკურეტული გარემოს შექმნას.
ასევე კანონით დადგინდა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები, დაზუსტდა შესყიდვების დაგეგმვის წესი და პროცედურები, ფინანსთა სამინისტროს და ადგილობრივ საფინანსო ორგანოებს, სააგენტოსათვის, საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის სახსრების ფაქტობრივი გამოყოფის ინფორმაციის მოწოდება დაეკისრა.
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მნიშვნელოვნად გაფართოვდა სააგენტოს კომპეტენცია და კანონში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ახალი რეალური შესაძლებლობები გაჩნდა.
სწორედ ზემოაღნიშნული ცვლილებებისა და დამატებების ამოქმედების შემდგომ, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში 2001 წელს აშკარად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები, რასაც ადასტურებს მსოფლიო ბანკის მისიის მიერ მომზადებული საქართველოში შესყიდვების გარემოს შეფასების დოკუმენტი.
აღნიშნული მოვლენა სათანადო ასახვას პოულობს სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ისეთი ფუნქციის შესრულებაში, როგორიცაა მიმწოდებელთა ყოველწლიურად განახლებადი რეესტრის წარმოება. ფასთა კოტირების მეთოდის რეალური ამოქმედებით ამ რეესტრში მიმდინარე წლის განმავლობაში მოსალოდნელია კონკურენტულ საწყისებზე შერჩეული მიმწოდებელთა რიცხვის შეუქცევადი ზრდა.
აღსანიშნავია, რომ ტენდერების შედეგად დადებულ ხელშეკრულებებში აშკარად შეინიშნება მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ზრდის ტენდენცია, რაც უდავოდ პროგრესული ნაბიჯია სახელმწიფო შესყიდვების სტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
გარდა ამისა, სააგენტო აწარმოებდა ტენდერების აქტიურ მონიტორინგს, როგორც მათი მიმდინარეობის პროცესში, ასევე სააგენტოში წარმოდგენილი ტენდერების ოპერატიულ ანგარიშებზე.
საგულისხმოა, რომ 2001 წელს წარმოდგენილი ტენდერების შესახებ ოპერატიული ანგარიშების 70,7% გამოირჩოდა რიგი დარღვევებით. მათ შორის ტიპიურ დარღვევათა რიცხვს განეკუთვნებოდა:
კანონით დაწესებული მონეტარული ზღვრების იგნორირება და ტენდერის ნაცვლად გადაუდებელი შესყიდვის მომიზეზებით ერთ პირთან მოლაპარაკებით ხელშეკრულების დადება;
ინტერესთა კონფლიქტი სატენდერო კომისიებში;
უსაქონლო ოპერაციებისა და ურთიერთჩათვლის მცდელობები, როდესაც მიმწოდებელი და შემსყიდველი ორგანიზაცია ორივე სახელმწიფო ორგანიზაციაა;
ანგარიშების დაგვიანებით წარმოდგენა, ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში საკვალიფიკაციო მონაცემების მიღებისათვის დადგენილი ვადების იგნორირება;
ხელშეკრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების მიუხედავად განცხადებაში აღნიშნული პირობის არასახვა;
ხელშეკრულებაში წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენების მიუხედავად სატენდერო დოკუმენტაციაში ამ მოთხოვნის იგნორირება;
ხელშეკრულების ჯამური ღირებულების მიუთითებლობა.
წარმოდგენილთან დაკავშირებით, სათანადო წესით რეაგირებისათვის მასალები გადაეგზავნა კონტროლის პალატასა და ფინანსთა სამინისტროს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, სააგენტო კანონით დაკისრებული ფუნქციების ფარგლებში სისტემატურად ასრულებს განმარტებითი და საკონსულტაციო ხასიათის სამუშაოებს, აქტიურად მუშაობს ნორმატიული ბაზის დახვეწისა და სრულყოფის მიმართულებით.
შემუშავდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებისა და ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმები, რომლებიც გაუადვილებს შესყიდვებში მონაწილე მხარეებს შესყიდვების რაციონალურად წარმართვას. ამ მასალების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია სააგენტოს სამი კრებულის გამოცემით.
სახელმწიფო შესყიდვების სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნისათვის შედგენილია მონაცემთა ბაზის სტრუქტურა, გრძელდება შემსყიდველი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ამ ინფორმაციის სისტემატიზაცია.
ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტომ მნიშვნელოვანი ტრენინგ-სემინარები და გასვლითი შეკრებები მოაწყო ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოებისათვის, სამართალდამცავი ორგანოებისათვისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. კერძოდ, 2001 წლის აპრილში ჩატარდა ფართომასშტაბიანი ტრენინგ-სემინარი ტაბახმელაში, სადაც წარმოდგენილი იყო ყველა მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაცია. მათ წარმომადგენლებს დაურიგდათ სახელმწიფო შესყიდვების მეთოდოლოგიური მასალებისა და ნორმატიული აქტების კრებული, რომელშიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სხვა თემებთან ერთად აისახა UNCITRAL-ის ჩარჩო კანონი საქონლის (სამუშაოების) და მომსახურების შესყიდვების შესახებ, ევროკავშირის დირექტივები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამთავრობო შესყიდვების შეთანხმებით განსაზღვრული შესყიდვების მეთოდები და შესყიდვების განხორციელების მსოფლიო ბანკის წესები.
2001 წელსვე შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის მოეწყო „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების პროექტის საჯარო განხილვა. აგვისტო-სექტემბერში სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა მხარეში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გასვლითი თათბირები ჩაატარა.
2001 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“, რომელიც ამოქმედდა 2002 წლის 1 იანვრიდან. კანონით დადგინდა შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფორმები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დაშვებული დარღვევებისათვის.
ამავე კანონით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ენიჭება უფლება შეადგინოს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები და გადააგზავნოს ისინი სასამართლოში. ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გარკვეული წესრიგის დამყარებასა და სახელმწიფო შესყიდვების რეფორმის წარმატებით გაგრძელებას.
2000 წლიდან საქართველოს, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყანას, მიენიჭა სამთავრობო შესყიდვების შეთანხმებაზე დამკვირვებლის სტატუსი, ძირითადად შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მსოფლიო ბანკის სტრუქტურული რეფორმის კრედიტის (SAC-III)პირობებით საქართველოს მხარის მიერ აღებული ვალდებულებები. აქტიურად მიმდინარეობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს სამთავრობო შესყიდვების შეთანხმებაზე (GPA) მისაერთებლად მოლაპარაკებებისათვის მზადება.
სახელმწიფო შესყიდვების სრულყოფის ღონისძიებები
შესყიდვების სფეროში არსებული რეზერვების გამოკვლევები ადასტურებს, რომ შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომი სრულყოფა და საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღწევაც. ექსპერტული დასკვნებით ამ ეტაპზე შესაძლებელია 15-დან 20%-მდე სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი თანხების ეკონომია, თუ ჩავთლით, რომ სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყენებული თანხები შეადგენს ხარჯების სახელმწიფო დაფინანსების მესამედს. ამ მიზნით 2002 წელს აუცილებელია განხორციელებულ იქნას შემდეგი ძირითადი ღონისძიებები:
კორუფციისა და სხვა ნეგატიური მოვლენების თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი წესების მკაცრი დაცვით;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის კონტროლისა და გადამოწმების ჩანაწერების სისტემა კანონისა და მისი განხორციელების წესის დარღვევათა აღმოჩენის მიზნით;
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ჩამოყალიბდეს სპეციალიზებული ერთეული შესყიდვების საზოგადოებრივი მონიტორინგის განსახორცილებლად, კანონდარღვევის ფაქტების მოძიებისა და ორგანიზაციათა შიდა აუდიტის მონაცემების ანალიზისათვის;
ყოველ შემსყიდველ ორგანიზაციაში შეიქმნას შესყიდვების პერმანენტული განყოფილებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას შესყიდვებთან დაკავშირებული გამოცდილებისა და ჩვევების განვითარება და უწყვეტობა;
პროფესიათა ეროვნულ ჩამონათვალში დაემატოს სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტის პროფესია. დაინერგოს შესყიდვების სპეციალისტების აკრედიტაციის სისტემა და მოეწყოს ტრენინგ-სემინარები შესაბამისი სპეციალისტების მოსამზადებლად;
შეიქმნას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდი ქართულ გვერდში ან სუბ-გვერდი გლობალურ გვერდში, რათა გამოქვეყნდეს სატენდერო განცხადებები, გამარჯვებულთა ვინაობა, ადმინისტრაციული გარჩევების შედეგები, მიმწოდებელთა შავი სია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წლიური ანგარიში, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტები, მოწინავე გამოცდილება, ასევე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო შესყიდვების ყოველკვარტალური ანალიზი. გამოიცეს სააგენტოს ბიულეტენი და განვითარდეს სააგენტოს ინფორმაციულ მონაცემთა ბაზა სააგენტოში დაპროექტებული ერთიანი ქსელის ფარგლებში;
SRS კრედიტის სახსრების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს შესყიდვების მონიტორინგის განხორციელების მოწინავე გამოცდილების გაცნობის მიზნით თანამშრომელთათვის სასწავლო ტურების მოწყობა საზღვარგარეთის შესაბამის ქვეყნებში, აგრეთვე, მათი გადამზადება საერთაშორისო ტრენინგ ცენტრებში;
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თითოეულ ეტაპზე გატარდეს კანონდარღვევათა პრევენციის ღონისძიებები და განხორციელდეს კანონმდებლობის მოთხოვნათა აქტიური მონიტორინგი;
სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის ეტაპზე ეფექტური მონიტორინგის საწარმოებლად ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავების ეტაპზე საჭიროა შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის აქტიური კონსულტაციების მოწყობა შესყიდვების დაგეგმვის პროცედურული სრულყოფის თვალსაზრისით;
უნდა გაძლიერდეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 5 ათას ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტების სახაზინო სამსახურში რეგისტრაციის, როგორც მონიტორინგის ეფექტური ღონისძიების როლი (სასურველია სახაზინო სამსახურს დაევალოს განსაზღვრული პერიოდულობით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის ამ კონტრაქტებზე ინფორმაციის მიწოდება), ამასთან, რეგისტრირებული კონტრაქტების ვალდებულებებზე უნდა განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პასუხისმგებლობის დონე (რათა არ მოხდეს დადებული კონტრაქტის პირობების დარღვევა დაუფინანსებლობის მოტივით);
კონტრაქტების აღსრულებაზე შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფების მუშაობის ქმედუნარიანობის ამაღლების მიზნით დაინერგოს მათ საქმიანობაზე შერჩევითი კონტროლის პრაქტიკა და სააგენტოს ბიულეტენში გამოქვეყნდეს მათი ანგარიშები;
გატარდეს აქტიური პრევენტული ღონისძიებები საქართველოს ტერიტორიული ერთეულების (ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და მუნიციპალიტეტები) მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას კანონდარღვევათა აღმოფხვრის მიზნით;
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილ იქნეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამთავრობო შესყიდვების შეთანხმების დანართების შესაბამისად მიმწოდებელთა მუდმივგანახლებადი რეესტრის წარმოება და მისი საჯარო ხელმისაწვდომობა;
სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებში შეიქმნას შესყიდვების სპეციალისტთა მომზადებისა და სერთიფიცირების სისტემა;
პრაქტიკაში რეალურად დაინერგოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის შესაბამისად 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე სატენდერო კომისიის თავმჯდომარეების მთავრობისადმი ანგარიშგების წესი;
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შესყიდვების პროცედურების საზოგადოებრივი მონიტორინგის გაძლიერების ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად, მოაწყოს მათი შედეგების საჯარო განხილვები;
საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კანონდარღვევათა მიმართ გაამკაცროს პასუხისმგებლობის ზომები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით.