აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
საავტორო უფლებები: © UNDP
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მიმოხილვა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმოხილვაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მთავრობათა ოფიციალურ პოზიციას Tbilisi 2002



1 აღმსარებლობის თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


1917 წლის 12 (ახალი სტილით 25 მარტს) მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც 106 წლის განმავლობაში იყო გაუქმებული. მეფის რუსეთში ეკლესია სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილს, მის ერთ-ერთ უწყებას წარმოადგენდა, რომელსაც საერო ხელისუფალი, უწმინდესი სინოდის ობერ-პროკურორი განაგებდა. სახელმწიფო მფარველობას უწევდა მართლმადიდებელ ეკლესიას, სანაცვლოდ კი, თავისუფალი განვითარების საშუალებას უზღუდავდა. ეკლესიაც შეგუებული იყო თავის „სახელმწიფოებრივ” როლსა და მისიას და არც ცდილობდა, გათავისუფლებულიყო საერო ხელისუფლების გავლენისა და კონტროლისაგან. სარწმუნოების მიმართ გამოჩენილმა ამგვარმა „სახელმწიფოებრივმა მზრუნველობამ” გამოიწვია რუსეთის იმპერიის მთელ სივრცეზე ათეიზმის მასობრივი გავრცელება, რამაც კომუნისტებს გამარჯვების საფუძველი მისცა. 1911 წლის 30 ივლისს რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და იგი რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთ საეგზარხოსოდ გამოაცხადა. ავტოკეფალიის აღდგენისთანავე, 14 მარტს, ეპისკოპოსები - ლეონიდე, ანტონი და პიროსი - მივიდნენ ეგზარხოს პავლე როჟდესტვენსკისთან და გამოუცხადეს, რომ მცხეთაში მომხდარი აქტის საფუძველზე იგი გადაყენებულია საქართველოს ეგზარხოსის თანამდებობიდან.

საქართველოს საეკლესიო კრების გადაწყვეტილების საპასუხოდ, 27 მარტს შეიკრიბა საქართველოს საეგზარხოსოს რუსული სამღვდელოება, რომელმაც გადაწყვიტა, არ დამორჩილებოდა კრების გადაწყვეტილებას და დაეარსებინა ამიერკავკასიის საეგზარხოსო, რომელიც უშუალოდ რუსეთის წმინდა სინოდის იურისდიქციაში შევიდოდა. რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდი და სინოდის ობერ-პროკურორი ლვოვი ცდილობდნენ, ხელი შეეწყოთ საქართველოში „ნაციონალური” ეკლესიის დაარსებისთვის და მორწმუნეებში ეთნიკურ ნიადაგზე შეეტანათ განხეთქილება. 1917 წლის ივნისში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ობერ-პროკურორი ცდილობდა, საქართველოს დელეგაციის წევრები დაეთანხმებინა, რომ მათ უარი ეთქვათ ტერიტორიულ ავტოკეფალიაზე და კულტურულ-ნაციონალური ავტოკეფალია მოეთხოვათ:

„ტერიტორიული ავტოკეფალია ხელსაყრელი არ იქნება, რადგან ვერ შევთანხმდებით. რუსები უარს ამბობენ, დაემორჩილონ თქვენს კათალიკოზს, ბერძნები ავტონომიურ ეპისკოპოსს ითხოვენ, აფხაზები - უეპისკოპოსო ავტოკე ფალიას, რომლებიც ზოგი თქვენსკენ იწევენ, ზოგიც - რუსებისკენ. სულ სხვა საქმეა კულტურულ-ნაციონალური ავტოკეფალია”, - ამბობდა ობერ-პროკურორი.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას იმთავითვე ჰქონდა დაკისრებული სახელმწიფოებრივი გამაერთიანებლის ფუნქცია. 1919 წლის 23 თებერვალს, რიგით მეორე კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს (ოქროპირიძე) კურთხევის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში გ.გვაზავა ამბობდა: „სრულიად საქართველოს კათალიკოზი მატარებელია ეროვნული იდეოლოგიისა, იგი გამომხატველია საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისა. სწორედ ეს იდეა ტრიალებს ახლა საქართველოში და აღელვებს ყველას გულს”.

საქართველოს ეკლესიის ამგვარი პოზიცია გამოჩნდა 1921 წლის თებერვალშიც, როდესაც წითელი არმია უკვე თბილისს მიუახლოვდა. 21 თებერვალს საკათალიკოზო საბჭომ დააგზავნა სპეციალური წერილი, რომელშიც ნათქვამია: „ეკლესიებში დაუყოვნებლივ იქნას გადახდილი პარაკლისები მტრებისგან საქართველოს გათავისუფლებისთვის; ეკლესიებში წინამძღვრების მიერ განმარტებულ იქნას დღევანდელი ომის მნიშვნელობა; სამრევლო საბჭოების მიერ გადადებული იქნას საეკლესიო ქონებისგან შეწირულობანი ომისგან გამოწვეულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად; იმავე საჭიროებისთვის წირვა-ლოცვის დროს შეგროვებული იქნას ნებაყო ფლობითი შეწირულობანი...”

საქართველოს ეკლესიამ ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგაც ამავე სულისკვეთებით გააგრძელა მოღვაწეობა. რიგით მესამე კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) 1922 წლის გაზაფხულზე გენუის საერთაშორისო კონფერენციას მისწერა წერილი, რომელმაც მძიმე დღეში ჩააყენა რუსეთის დელეგაცია და მისი ხელმძღვანელი ჩიჩერინი. პატრიარქი წერდა: „ოკუპანტები, მართალია, ლამობენ, შინ და გარეთ ყველა დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ მე ვუწყი, მისმა სულიერმა მამამ და დღესდღეობით ერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება.”

პატრიარქი საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვდა დახმარებას, რომ საოკუპაციო ჯარებს დაეტოვებინათ საქართველო, რადგან, მისი თქმით, ბოლშევიკების ბატონობა ქართველ ერს ფიზიკურ გადაშენებამდე და გახრწნამდე მიიყვანდა. დაკითხვებზე მხცოვანი პატრიარქი „ჩეკას” თავმჯდომარეს, კოტე ცინცაძეს ბრალს სდებდა არა მხოლოდ ეკლესიის დევნაში, არამედ ელემენტარული დემოკრატიული პრინციპების უგულველყოფაში, განსხვავებული აზრის, განსხვავებული მიმართულების ჟურნალ გაზეთების დევნაში და საქართველოში „უცხო ელემენტის” ხელოვნურ მომრავლებაში.

ბოლშევიკებმა არ აპატიეს ამბროსი ხელაიას ერის ინტერესების დაცვა და 1923 წლის 12 იანვარს, 9 სხვა სასულიერო პირთან ერთად, იგი დააპატიმრეს, თუმცა, არც თავად პატრიარქს და არც საკათალიკოზო საბჭოს პატიმრობის დროსაც არ შეუწყვეტიათ თავიანთი მოღვაწეობა. მაგალითად, 1923 წლის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ამბროსის (ხელაია) სახელზე მოვიდა მსოფლიო პატრიარქის ბასილ მესამის წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 1923 წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო საპატრიარქო აპირებდაახალი სტილის კალენდარზე გადასვლას და სთხოვდა საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელობას, მიებაძათ მსოფლიო საპატრიარქოსთვის. 1923 წლის 24 ოქტომბერს საკათალიკოზო საბჭომ, რომლის დიდი ნაწილი დაპატიმრებული იყო, იმსჯელა ამ საკითხზე და გადაწყვიტა, რომ 1923 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეკლესია ახალ სტილზე გადასულიყო. ახალ სტილს მოწინააღმდგეებიც გამოუჩნდნენ, რომელთა უმთავრესი არგუმენტი ის იყო, რომ რუსეთის ეკლესია არ გადავიდა ახალ სტილზე. თანაც, საქართველოში არსებული რუსულენოვანი ეკლესიები ისედაც არ ცნობდნენ საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციას, ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი კიდევ უფრო გააძლიერეს ანტიქართული ისტერია. მორწმუნე მოსახლეობაშიც გავრცელდა ხმა, თითქოს ახალი სტილის კალენდარზე გადასვლა ბოლშევიკების მოთხოვნით მოხდა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, 1927 წლის 24 ივნისს საქართველოს მეოთხე საეკლესიო კრებამ დაადასტურა ახალი სტილის შემოღების სამართლიანობა. „ყველა საეკლესიო პირს ევალება მეოთხე საეკლესიო კრების გადაწყვეტილების მტკიცედ და უცვალებლად შესრულება” - ნათქვამია ეპისტოლეში, რომლითაც საქართველოს საპატრიარქომ მიმართა საქართველოს ეკლესიის შვილებს.

საქართველოს ოკუპაციის პირობებში ეკლესიამ, გარკვეულწილად, ერის არა მხოლოდ სულიერი, არამედ ნაციონალური წინამძღოლის ფუნქციაც იტვირთა. საპატიმროში მყოფი კათალიკოზი ამბროსი თავის უბის წიგნაკში წერდა: „შეიძლება მეც მომთხოვონ ისეთივე სინანული, რომელიც ჩამოურთმევიათ რუსეთის პატრიარქ ტიხონისთვის. ჩემი განცხადება ასეთი იქნება - მე არ მიმაჩნია ჩემი თავი დამნაშავედ. მე ვიცავდი ჩემი ქვეყანის სუვერენიტეტს, თუ ვიტყვით ახლანდელის ენით. იყო ინტერვენცია საქართველოს რესპუბლიკის ცხოვრებაში, დაიკარგა სუვერენიტეტი, პოლიტიკური თავისუფლება, საქართველო იქცა უცხო სახელმწიფოთა ნაწილად. ამნაირი პოლიტიკური ცვლილება მე მაფიქრებინებდა, რომ პოლიტიკურ დამორჩილებას მოჰყვებოდა ეკლესიური დამორჩილებაც”. ბოლშევიკების ანტიეროვნული და ანტირელიგიური საქმიანობა კიდევ უფრო განამტკიცებდა ეკლესიის, როგორც ერის სულიერი და ნაციონალური წინამძღოლის როლს. მაგალითად, 1923 წლის თებერვალში ქუთაისში მოეწყო „სასამართლო”, რომელმაც დამნაშავეებად გამოაცხადა წმინდა მოწამეების, დავით და კონსტანტინეს, ნეშტები. ამგვარი ქმედებებით ბოლშევიკები ერთდროულად აყენებდნენ შეურაცხყოფას როგორც ქრისტიან წმინდანებს, ისე საქართველოს ისტორიას, მის ისტორიულ გმირებსა და იმ ცნობიერებას, რომელსაც ემყარებოდა ქართველთა ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითშეგნება. ასეთი პოლიტიკა, თავის მხრივ, ხელს უწყობდა მართლმადიდებლობის, ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის იმგვარ ურთიერთ გადადჯაჭვას, რაც, მოგვიანებით, ერთგვარ ფილეტიზმშიც კი გადაიზარდა, როცა მოხდა მართლმადიდებლობის სრული გაიგივება ეროვნულობასა და სახელმწიფოებრიობასთან. დავიწყებას მიეცა რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების ის თეზისი, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს გამოთქვა ილია ჭავჭვავაძემ: „რადგანაც არსებითი ნიშანი ეროვნებისა, მისი გული და სული - ენაა, ამიტომაც ტლანქი ხელი უმეცარის მოხელეობისა ყველაზედ უწინარეს ენასმისწვდა. თუ რომელსამე მოხელის ხელს ამ შემთხვევაში აზრი რამ ამოქმედებდა, ეგ ის აზრი იყო, რომ სახელმწიფოს ერთიანობა შეუძლებელია იქ, საცა ყველანი ერთსა და იმავე სახელმწიფო ენაზედ არ ლაპარაკობენო. უგნურება ამ აზრისა ცხადია. იყო დრო, როცა რჯულის, სარწმუნოების სხვადასხვაობასაც ამასავე სწამობდნენ. იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ იქ, საცა ერთისა და იმავე სახელმწიფოს ერნი სხვადასხვა წესით ადიდებენ ღმერთსა, ერთობა სახელმწიფოსი ვერ იხეირებსო და დაირღვევაო.

რეფორმაციამ დაამტკიცა, რომ ეგ აზრი მარტო უმეცრების ნაყოფია: დაამტკიცა, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფოში ძალიან კარგად მოთავსდება სხვადასხვაობა სარწმუნოებისა და ერთობის კავშირს საძირკველიდამ ერთს ქვასაც ვერ გამოაცლის. მოვა დრო, და გვგონია - დიდის ხნის ლოდინიც არ მოგვინდეს, რომ ენის შესახებაც იმას იტყვიან, რასაც ეხლა რჯულის შესახებ ბრმანიცა და თვალხილულნიც ამბობენ ერთხმად.”

„შინაური მიმოხილვა, 1881 წ. მარტი”

2 რელიგიური ექსტრემიზმისა და შეუწყნარებლობის მიზეზები და პროპაგანდა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან, მაგრამ, ამავე დროს, აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში. ამასთან, კონსტიტუციის მე-14 მუხლი აღიარებს ყველა ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე „განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივიდა წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.

სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერად აღიარებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და კანონის წინაშე ყველას თანასწორობას, პრაქტიკულად ხელს უწყობს რელიგიური უმცირესობების დევნა-შევიწროებას და შეუწყნარებლობის ატმოსფეროს დანერგვას. საქართველოში პერმანენტული ხასიათი მიიღო არამართლმადიდებლური რელიგიური მიმდინარეობების დევნამ და შევიწროებამ, რაზეც სახელმწიფო, უმეტეს შემთხვევაში, თვალს ხუჭავს, ხოლო ხშირად დევნა სახელმწიფოს თანხმობით, წაქეზებით ან მონაწილეობით ხორციელდება;

არ არის დაცული რელიგიურ მიმდინარეობათა თანასწორობის პრინციპი;

სახელმწიფო ხელს უწყობს რელიგიური შეუწყნარებლობის ატმოსფეროს დამკვიდრებას; ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები ან თვითონ არღვევენ რელიგიური უმცირესობების უფლებებს, ან რელიგიური შუღლის გამჩაღებლებად გვევლინებიან, ან რაიმე ფორმით ხელს უწყობენ რელიგიური შუღლის გაჩაღებას.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არამართლმადიდებელ მორწმუნეებზე შვიდასზე მეტი თავდასხმა განხორციელდა. თავდამსხმელები სახლებში და სალოცავებშიუვარდებიან რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს, საჯაროდ წვავენ მათ რელიგიურ ლიტერატურას, ანადგურებენ მათ საკულტო საგნებს და სხვა სახის ქონებას, სცემენ და ხშირად სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებებსაც აყენებენ მორწმუნეებს, ხელს უშლიან მათ რელიგიური რიტუალებისა და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებაში. არის შემთხვევები, როდესაც რელიგიურ უმცირესობათა დარბევა იარაღის გამოყენებით ხორციელდება. პოლიცია, უმეტეს შემთხვევაში, წინასწარ არის ინფორმირებული ამგვარი აქციების შესახებ, ესწრება დარბევებს, მაგრამ ან არ ერევა კონფლიქტში და ხელს არ უშლის ექსტრემისტულ რელიგიურ ჯგუფებს, ან თავადაც მონაწილეობს დარბევებში.

რელიგიური შეუწყნარებლობის ჩამოყალიბებას გარკვეული საფუძველი საზოგადოების განწყობაშიც აქვს, თუმცა ამ განწყობის რელიგიურ ექსტრემიზმში გადაზრდა უშუალოდ სახელმწიფოს დაკვეთით და ხელშეწყობით მოხდა. საზოგადოებრივი განწყობა, რომელიც სინდისის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, რამდენიმე მომენტით არის განპირობებული. ამ მიზეზთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საზოგადოების ნაწილი მართლმადიდებლობას ერთგვარი „ეროვნული იდეოლოგიის” დატვირთვას ანიჭებს, ხოლო სხვა რელიგიური მიმდინარეობები მიჩნეულია საფრთხედ ქართული სახელმწიფოსა და ეროვნული მთლიანობისათვის. შესაბამისად, საზოგადოების ამ ნაწილის მოთხოვნები რამდენიმე პუნქტად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

1. საქართველო უნდა იყოს მართლმადიდებელი ქვეყანა, ხოლო მართლმადიდებლობა სახელმწიფო იდეოლოგიად უნდა გამოცხადდეს;

2. სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უნდა გაატაროს პროტექციონისტული პოლიტიკა და უნდა უზრუნველყოს მისი პრივილეგირებული მდგომარეობა;

3. მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოს შემდეგ ყველაზე დიდი მესაკუთრე უნდა გახდეს;

4. განათლების სისტემა მართლმადიდებლობას უნდა დაეფუძნოს;

5. მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება და აგიტაცია-პროპაგანდა კანონით უნდა აიკრძალოს. სახელმწიფო პოლიტიკა, ფაქტობრივად, ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების რეალიზაციისკენ არის მიმართული. ეს ჩანს როგორც სახელმწიფოს მიერ რეალურად გატარებულ პოლიტიკაში, ისე იმ საკანონმდებლო ინიციატივებში, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მოდის.

სახელმწიფო პოლიტიკა რომ რელიგიური შეუწყნარებლობისა და ექსტრემიზმის გაღვივებისკენ არ იყოს მიმართული, საზოგადოებაში არსებული აგრესიული განწყობები საკმაოდ მალე შესუსტდებოდა. ამაზე მეტყველებს, თუნდაც, ის ხელმოწერები, რომლებიც 2001 წლის იანვარში შეგროვდა: ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში საქართველოს 133 375-მა მოქალაქემ, რომელთა უმრავლესობა მართლმადიდებელური აღმსარებლობას მიეკუთვნებოდა, ხელი მოაწერა პრეზიდენტისადმი მიმართვას თხოვნით - აღკვეთილიყო სასტიკი თავდასხმები რელიგიური ექსტრემისტების მხრიდან.

სახელმწიფო არ აწარმოებს საზოგადოებრივ კამპანიას, რომლის მიზანი იქნება საზოგადოებაში ტოლერანტობის დონის ამაღლება, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის სულისკვეთების დანერგვა. ამ მიმართულებით არ მუშავდება რაიმე საგანმანათლებლო პროგრამები და კონფეფციები, არ არსებობს სახელმწიფოებრივი კონცეფცია, რომლის მიზანი იქნება რელიგიური და ეთნიკური შემწყნარებლობის ატმოსფეროს დანერგვა. პირიქით, სახელმწიფო თავისი მოქმედებით მხარს უჭერს და ახალისებს ექსტრემიზმისა და შეუწყნარებლობის ატმოსფეროს დამკვიდრებას.

სახელმწიფოს მხრიდან ექსტრემიზმის მხარდაჭერა თუნდაც იმ რეაგირებიდან ჩანს, რასაც ხელისუფლება რელიგიური ექსტრემიზმის ფაქტებზე ახდენს. 700-ამდე კრიმინალური საჩივარი შევიდა პროკურატურაში რელიგიურ უმცირესობათა დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით, მსგავსი საჩივრები შევიდა ომბუდსმენთანაც, არაერთი მიმართვა იქნა გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის წარმომადგენელთან რელიგიურ საკითხებში, რათა შეეჩერებინათ ძალადობა და პასუხისგებაში მიეცათ დანაშაულებრივ აქტებზე პასუხისმგებელი პირები, მაგრამ ყოველივე ამას შედეგი არ მოჰყოლია. ასევე დაუკმაყოფილებელი დარჩა ის უამრავი სამოქალაქო სარჩელი, რომელიც სასამართლოში იქნა შეტანილი იმ მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რასაც ექსტრემისტები აყენებდნენ რელიგიურ უმცირესობებს, ასევე იმ სამართალდამცავი ორგანოების მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც რელიგიური ექსტრემიზმის აღსაკვეთად არ იყენებდნენ კანონით მინიჭებულ ძალაუფლებას. ექსტრემიზმისა და შეუწყნარებლობის მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის ბევრ ასპექტში გამოიხატება, კერძოდ:

1. ექსტრემისტების დაუსჯელობა (ბასილ მკალავიშვილი, საზოგადოება „ჯვარი”...);

2. სახელმწიფოს მიერ პოზიტიურ ვალდებულებათა შეუსრულებლობა(უმცირესობათა დაცვა დარბევებისგან, როცა ეს დარბევები პოლიციისთვალწინ ხორციელდება...);

3. რელიგიურ უმცირესობათა შეზღუდვის მოთხოვნა, რასაც ყველა დონის სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები აკეთებენ, თვით პრეზიდენტის ჩათვლით;

4. სახელმწიფოს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს რელიგიურ უმცირესობათა შეზღუდვას (იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ”.

5. უმცირესობათა შეზღუდვისა და შევიწროების პოლიტიკა, რასაც თავად სახელმწიფო ახორციელებს:

პოლიციის მიერ ბაპტისტური ეკლესიის დარბევა თიანეთში;

პოლიციის მიერ ევანგელური ეკლესია „მადლის” შეკრების დარბევა გლდანში და ამ დარბევის გამართლება სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ; პოლიციის მიერ „კრიშნას ცნობიერების საზოგადოების” ოფისის დარბევა და მათი ლიტერატურის განადგურება;

სასამართლოს მიერ „იეჰოვას მოწმეებისთვის” რეგისტრაციის გაუქმება;

სახელმწიფოს მიერ კათოლიკური ეკლესიის კუთვნილი ტაძრების მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემა;

კათოლიკური ეკლესიისა და სხვა კონფესიების შეზღუდვა, ააშენონ თავიანთი სამლოცველოები;

სხვადასხვა კონფესიებისთვის ჰუმანიტარულ საქმიანობაში ხელის შეშლა (საზოგადოება „ბეთელი”, კამილიელთა ორდენი და სხვა);

სახელმწიფოს მიერ საბაჟოზე რელიგიურ მიმდინარეობათა კუთვნილი ლიტერატურის უკანონო გაჩერება („იეჰოვას მოწმეების” ლიტერატურა);

6. სახელმწიფოს მიერ ექსტრემისტული მიმართულების მედიის დაფინანსება და მხარდაჭერა (გაზეთი „ლიტერატურული საქართველო” და სხვა);

7. სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხით უმცირესობათა მიმართ დისკრიმინაციული გადაცემების გაშვება;

8. სახელმწიფოს მიერ რელიგიურ მიმდინარეობათა საქველმოქმედო საქმიანობის შეზღუდვა. ეს სია არ არის ამომწურავი და მისი გავრცობა კიდევ არის შესაძლებელი. თანაც, ესქტრემიზმის პროპაგანდა, 1997 წლიდან მოყოლებული, სულ უფრო მეტად ფართოვდება. ამ პროპაგანდაში, ნებსით თუ უნებლიედ, ქართული მასმედიაც აქტიურ როლს ასრულებს.

საქართველოში 1997 წლამდეც არსებობდა ერთგვარი დაძაბულობა რელიგიურ ნიადაგზე, ოღონდ, ეს დაძაბულობა ჯერ კიდევ არ იყო გადაზრდილი რელიგიურ ექსტრემიზმში. რელიგიური ექსტრემიზმის წარმოშობა და რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტების წარმოშობა პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკასთან, რაც წლიდან წლამდე უფრო აგრესიული და უმცირესობების მიმართ შეუწყნარებელი ხდებოდა.

საზოგადოებაში არსებული განწყობები მკაფიოდ გამოვლინდა შეხვედრაზე, რომელიც 1997 წელს შედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რელიგიის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე უნივერსიტეტის პროფესორები, პარლამენტის წევრები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ერთხმად ითხოვდნენ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას და არამართლმადიდებლური კონფესიების შეზღუდვას.

პარლამენტის წევრმა გურამ ადამაშვილმა პირდაპირ მოითხოვა, უშიშროების სამინისტრომ უნდა შეისწავლოს სექტების საქმიანობა და საზოგადოების რელიგიური დაყოფა არ უნდა დაუშვასო. ეს არ იყო მხოლოდ ერთი კერძო პარლამენტარის აზრი, რეალურად, ეს იყო პოლიტიკა, რომლის გატარებაც 1997 წლიდან მოყოლებული დაიწყო სახელმწიფომ.

რელიგიური შეუწყნარებლობის იდეოლოგიის დამკვიდრებაში მონაწილეობდნენ და დღესაც მონაწილეობენ როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, მათ შორის უმაღლესი იერარქებიც, ისე ეკლესიიდან განკვეთილი სამღვდელოება, პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ინტელიგენცია. არგუმენტი, რომელსაც რელიგიური შეუწყნარებლობის პროპაგანდისტები იყენებენ, ის არის, რომ არატრადიციული რელიგიების წარმომადგენლები იყენებენ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გაჭირვებას და ცდილობენ, მართლმადიდებელი მრევლის წევრები მატერიალური დახმარებით „მოისყიდონ” და „გადაიბირონ”, რომ არატრადიციული აღმსარებლობების გავრცელება გამოიწვევს „ქართველთა” დაშლას და გაყოფას, დაარღვევს ქვეყნის ერთიანობას, საფრთხეს შეუქმნის ქართველთა ტრადიციებს და თვითმყოფადობას. ყველაზე მკაფიო მაგალითად, თუ როგორ უშლიან ხელს ქვეყნის სიმტკიცეს არატრადიციული რელიგიები, სახელდებიან იეჰოვას მოწმეები, რომლებიც უარს ამბობენ ჯარში სამსახურზე. რელიგიური ძალადობის პროპაგანდას ყველაზე აქტიურად მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი, ე.წ. „გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის” პროტოპრესვიტერი ბასილ მკალავიშვილი ახორციელებს. 2001 წლის დასაწყისში გავრცელებულ ერთ-ერთ განცხადებაში „გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის” პრესცენტრი წერდა: „მკაცრად ვაფრთხილებთ სულიწმიდის მგმობელ სექტებს: გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის დროებითი მმართველი და წინამძღვარი პროტოპრესვიტერი მამა ბასილი (მკალავიშვილი) თავის მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად მკაცრად აფრთხილებს სხვადასხვა სექტას: იეღოველებს, ევანგელისტებს, ბაპტისტებს, ადვენტისტებს, კრიშნაიდებს… რომ შეწყვიტონ ანტიმართლმადიდებლური ქმედებები საქართველოში, აკრძალონ სატანური მასობრივი შეკრებები მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოების წინააღმდეგ. ქართველ მართლმადიდებელ ერს კი მოვუწოდებთ, არ დაუშვან სექტანტური თავყრილობები და აქტიურად დაიცვან მამა-პაპათა ქრისტიანული სჯული.” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბევრი წარმომადგენელი იზიარებს მკალავიშვილის პოზიციას და რელიგიურ უმცირესობათა დარბევის ფაქტებს მოწონებით ხვდება. მაგალითად, რუსთავის ეპისკოპოსმა ათანასე ჩახვაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ეთერით განაცხადა, რომ საქართველოში არავითარი შემწყნარებლობა არ შეიძლება არსებობდეს, განსხვავებული სარწმუნოების მიმდევრებთან ურთიერთობა კი მხოლოდ ომის გზით არის შესაძლებელი. მოგვიანებით ეპისკოპოსმა ათანასემ თავისი საჯარო გამოსვლისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა მისი სატელევიზიო გამოსვლა სრულად თანხვდება მის მიერვე სხვა დროს გაკეთებულ განცხადებებსა და ქმედებებს: იგი იწონებდა ბასილ მკალავიშვილის მოქმედებებს, ესწრებოდა გურამ შარაძისა და „იეჰოვას მოწმეების” სასამართლო პროცესს და აქტიურად გულშემატკივრობდა გურამ შარაძეს, რომელიც სასამართლოსგან „იეჰოვას მოწმეებისთვის” რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა.

2002 წლის დასაწყისში საგარეჯო-გურჯაანის მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი) საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით გამოვიდა პროტესტანტული ეკლესიების ალაგმვის მოთხოვნით.

უფრო ადრე, 1999 წლის აპრილში, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას მიეძღვნა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-ემ გააკეთა მოხსენება, სადაც ხაზი გაუსვა მართლმადიდებელი ეკლესიის როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. ამავე სიტყვაში ილია მეორემ „სექტების” შეზღუდვაც მოითხოვა.

რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინება იყო მართლმადიდებელი სასულიერო პირების გამოსვლებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რომის პაპის ვიზიტს საქართველოში და აცხადებდნენ, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე მე-13 საუკუნეში ჯალალ-ედ-დინის შემოსევა იყო. მართლმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნით, საქართველოში ჩამოსულ იოანე-პავლე მეორეს არ მისცეს უფლება, ღია ცის ქვეშ ჩაეტარებინა მესა, საპატრიარქომ კი გაავრცელა განცხადება, რომლითაც მართლმადიდებლებს მოუწოდა, არ მიეღო მონაწილეობა იმ მესაში, რომელიც სპორტის სასახლეში უნდა ჩატარებულიყო.

ექსტრემისტული განცხადებებით სასულიერო პირებს პოლიტიკოსებიც არ ჩამოუვარდებიან. 2000 წლის 7 ივლისს, თბილისის საოლქო სასამართლოში იეჰოას მოწმეების წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ პარლამენტარმა გურამ შარაძემ ჩაატარა პრესკონფერენცია, სადაც განაცხადა: „მე ვხელმძღვანელობ ღვთის ნებით და ღვთის კანონებით, ამ კანონებით კი მე არა მაქვს მიტევების უფლება, მე არ მაქვს უფლება, ვინმეს ვაპატიო ღვთის წინააღმდეგ ბრძოლა, მე მხოლოდ ეკლესიის დაცვის უფლება მაქვს”.

ამ გამოსვლიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მხარი დაუჭირა გურამ შარაძის ბრძოლას რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ. განცხადებაში ნათქვამია: „საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციების სახელს ამოფარებული სექტები ეწევიან ანტიმართლმადიდებლურ და ანტისაზოგადოებრივ საქმიანობას. ეგრეთწოდებული იეღოველები თავიანთ სწავლებაში პირდაპირ ავითარებენ ანტისახელმწიფოებრივ იდეოლოგიას, მათი მოძღვრება იწვევს ფსიქიკის და ცნობიერების დარღვევას და სხვა არაჯანსაღ გამოვლინებებს. დღეს გამორჩეულ აქტიურობას ეღოველთა სექტის წინააღმდეგ პარლამენტარი გურამ შარაძე იჩენს, რომელიც ამხელს მათ დანაშაულებრივ საქმიანობას და ცდილობს შეზღუდოს იგი. საპატრიარქო მხარს უჭერს მის ენერგიულ მოქმედებას სამართლიანობის დასაცავად, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ მიიღოს კანონი რელიგიის შესახებ და დასავლეთის ცივილიზებულ სახელმწიფოთა მსგავსად აიკრძალოს ტოტალიტარული სექტები, რომელთა რიცხვს იეღოველებიც მიეკუთვნებიან”. ექსტრემისტული ძალების დაუსჯელი აქტიურობა, ერთი მხრივ, თავად ექსტრემიზმის წახალისებას, მათი გავლენის ზრდას და გაძლიერებას უწყობდა ხელს, მეორე მხრივ კი აიძულებდა დემოკრატიული ფრთის პოლიტიკურ ლიდერებს, დასაყრდენის ძებნა დაეწყოთ ექსტრემისტებს შორის. ამის ნიშანი იყო 2000 წლის 12 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნაზე, პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას საპროგრამო სიტყვა, რომელმაც თქვა: „თითოეული ჩვენთაგანი არ შეიძლება რჩებოდეს იმ ვნებათაღელვის მიღმა, რაც აშკარად არსებობს დღეს საზოგადოებაში. მე ვგულისხმობს იმ ვნებათაღელვას, რომელიც წარმოიქმნა ბოლო თვეების განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში ზოგიერთი სექტის საქმიანობასთან დაკავშირებით. ალბათ ცალკე ამოცანაა, რომ ჩამოვაყალიბოთ სერიოზული, მკაცრი წესები, როგორიც არსებობს ბევრ ევროპულ ქვეყანაში, არსებობს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად სომხეთში, რათა საკანონმდებლო საფუძველზე შეიზღუდოს სექტების საქმიანობა”. იმავე წლის 21 სექტემბერს, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან წამოსული მძაფრი კრიტიკის პასუხად, ქრისტეშობის 2000 წლისთავისადმი მიძღვნილ გელათის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო სესიაზე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ წაიკითხა მოხსენება, რომელშიც უარყოფითად შეაფასა რელიგიურ უმცირესობათა დევნა, თუმცა, იმავე მოხსენებაში მან, პრაქტიკულად, ბასილ მკალავიშვილისეული ტერმინებითა და პათოსით შეაფასა რელიგიურ უმცირესობათაგან მომდინარე საფრთხე: „ჩვენში არასდროს არ ყოფილა სხვა რჯულის მიმდევართა რბევა და თუკი დღეს ვინმე თავის თავს უფლებას აძლევს, დაარბიოს სხვა რწმენის ადამიანები, მისთვის ამის უფლება სახელმწიფოს არ მიუცია, ეს ქართული ტრადიციების, ქართული ხასიათის საწინააღმდეგო, ხშირად ჩვენი მტრების მიერდაკვეთილი პროვოკაციული ქმედებაა.

დღევანდელი საქართველო, მსოფლიოს მიმართ გახსნილი და, გარკვეულწილად, დაუცველიცაა... უეცრად გახსნილი საზღვრებით საქართველო პირისპირ აღმოჩნდა მსოფლიოს დიდი რელიგიებისა თუ ამა თუ იმ სექტის წინაშე, პირისპირდა დაუცველიც.

საქართველოს, ისე როგორც მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეს, ბევრი მისიონერი მოედო, რომელნიც უვიც, რწმენაში მერყევ თუ მაძიებელ ადამიანებს თავის მრწამსს ახვევენ თავზე.

ერთი შეხედვით, პიროვნების სულიერი არჩევანი თითქოს საკმაოდ დიდია და შეუზღუდავი, მაგრამ ეს ყოველივე ეროვნული ცნობიერების დაშლის საფრთხესაც შეიცავს, რადგან ერის სული ყოველ ჩვენგანშია განფენილი და, შესაბამისად, ჩვენს წარმოდგენებში, ჩვენს რწმენასა და კულტურაში ჰპოვებს ასახვას თავისი მთლიანობითა თუ ინდივიდუალური მრავალფეროვნებით.”

პრეზიდენტის სიტყვები, რომ მისიონერთა მოღვაწეობა ეროვნული ცნობიერების დაშლის საფრთხეს შეიცავს, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი მოწოდება იმათ წინაღმდეგ, ვინც ამ საფრთხეს წარმოშობს და ვინც თავისი არსებობითა თუ მოღვაწეობით ემუქრება „ყოველ ჩვენგანში განფენილ ეროვნულ სულს”. პრეზიდენტმა რელიგიურ ექსტრემიზმს მომდევნო წელსაც დაუჭირა მხარი, მას შემდეგ, რაც 2001 წლის 2 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართველ იეჰოვას მოწმეების სარჩელს პრიორიტეტული მნიშვნელობა მინიჭებოდა. 10 ივლისს, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: „სამწუხაროდ, მოხდა ის გახმაურებული შეტაკება მკალავიშვილის ჯგუფსა და იეღოველებს შორის და მაშინ პოლიცია იძულებული იყო, ჩარეულიყო. ბატონი მკალავიშვილი დააკავეს, სასამართლომ იგი ხელწერილის დადების შემდეგ გაუშვა, ამან განაპირობა ის, რომ კონფლიქტების სერია არ შეწყდა და გაგრძელდა. მომავალში უფრო ფხიზლად უნდა ადევნონ თვალყური, რომ ასეთი რამ არ მოხდეს და არავის უფლება არ დაირღვეს, არც იეღოველების, არც მათი მდევნელებისა და არც სხვების.”

ის მხარდაჭერა, რასაც რელიგიური ექსტრემიზმის მიმართ სიტყვითა თუ საქმით ავლენდნენ ქვეყნის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის მრავალი წევრი, სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელები და რიგითი თანამშრომლები, სულ უფრო მეტი აგრესიულობისკენ უბიძგებდა რელიგიურ ექსტრემისტებს და ხელს უწყობდა მათი პოზიციების განმტკიცებასა და მათი მიმდევრების რიცხვის ზრდას. 2001 წლის 11 მაისს, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მკალავიშვილმა ტელევიზიით განაცხადა, რომ იგი პირადად აღარ ჩაერეოდა არატრადიციული რელიგიის მიმდევართა დარბევაში, მაგრამ ამას, მისი მითითებით, მისივე თანამზახველები გააკეთებდნენ. 24 ივლისს კი, ტელეკომპანია „კავკასიის” პირდაპირ ეთერში, მკალავიშვილმა კურთხევა მისცა ხალხს - გააჩერონ იეჰოვას მოწმეები ქუჩებში ან ნებისმიერ შემხვედრ ადგილას, ჩამოართვან ლიტერატურა და დაწვან მათ წინაშე, საჭიროების შემთხვევაში კი ძალის გამოყენების უფლებაც დართო.

3 მოწოდებებიდან სისხლიან დარბევებამდე

▲ზევით დაბრუნება


ბოლო 5 წლის მანძილზე რელიგიური ექსტრემიზმის ავანგარდში მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი, ბასილ მკალავიშვილი დგას. თავდაპირველად იგი მკვეთრად უპირისპირდებოდა საქართველოს საპატრიარქოს და ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდიოდა. ამ პერიოდში მის გარშემო, ძირითადად, ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ შეკრებილი.პოლიცია სასტიკად არბევდა ბასილ მკალავიშვილისა და მისი მომხრეების იმ შეკრებებს, რომლებიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, თუმცა, არასდროს უშლიდა ხელს, მოეწყო აუტოდაფეები და გაენადგურებინა ის ლიტერატურა, რომელშიც, მკალავიშვილის აზრით, მწვალებლური აზრები იყო გამოთქმული.

უნდა ითქვას, რომ ამ საქმეში ბასილ მკალავიშვილი და საქართველოს საპატრიარქო თანამოაზრეები იყვნენ: საპატრიარქო არანაკლები მონდომებითა და კატეგორიულად იბრძოდა იმ ლიტერატურის აკრძალვისთვის, რომელსაც ბასილ მკალავიშვილი საჯაროდ წვავდა კოცონზე. კერძოდ, ეს იყო სასკოლო სახელმძღვანელოები - ნუგზარ პაპუაშვილის „რელიგიის კარიბჭე (რელიგიის ისტორია)” და რევაზ თვარაძის „რელიგია და კულტურა (ქრისტიანული მოძღვრების შესავალი)”.

ამავე პერიოდში ხელისუფლება იწყებს არამართლმადიდებლური კონფესიების მიზანმიმართულ შევიწროებას. მაგალითად, 1998 წელს თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის, სოსო ალავიძის ბრძანებით უკანონოდ „დააპატიმრეს” იეჰოვას მოწმეების კუთვნილი ლიტერატურა. როცა ამ ფაქტის გამო ხმაური ატყდა, სოსო ალავიძემ აღიარა, რომ მან კანონი დაარღვია, თუმცა, იქვე დასძინა, რომ მან ეს „მართლმადიდებლობის სიყვარულით” ჩაიდინა და ამის „იმართლა” თავი.

ამის შემდეგ იეჰოვას მოწმეების ლიტერატურის დაკავებამ ტენდენციის სახე მიიღო. მაგალითად, 1999 წლის 23 აპრილს ვალეს საბაჟოზე იეჰოვას მოწმეების 6 ტონა ლიტერატურა დააკავეს.

რელიგიური ექსტრემიზმის ერთ-ერთ მორიგ გამარჯვებად იქცა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოწყობილი მრავალრიცხოვანი აქციების წარმატება, რომელთა მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მუზეუმებში დაცული ხელოვნების ნიმუშების გამოფენის ჩაშლა წარმოადგენდა. პოლიტიკოსთა ნაწილი, რომელთა შორის ყველაზე მეტად პარლამენტის წევრი გურამ შარაძე აქტურობდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ინტელიგენციისა და სტუდენტობის ნაწილი ამ გამოფენის ჩაშლასრამდენიმე მიზეზის გამო ითხოვდნენ:

1. თითქოს შეერთებულ შტატებში „მოიპარავდნენ” ქართული ხელოვნების ნიმუშებს და მათ ასლებით შეცვლიდნენ;

2. თითქოს შეერთებული შტატების მთავრობა მათ საქართველოს ვალების სანაცვლოდ დაიტოვებდა;

3. თითქოს საეკლესიო საგანძურის გატანის შედეგად საქართველოდან „მადლი გაიწოვებოდა”;

4. თითქოს ხანგრძლივი მოგზაურობა ხელოვნების ნიმუშების განადგურებას გამოიწვევდა. ხელისუფლებამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაეშალა უკვე შემდგარი მოლაპარაკება და გამოფენის მოწყობაზე უარი განაცხადა.

1999 წლიდან რელიგიურ უმცირესობათა დარბევა განსაკუთრებით ფართო ხასიათს იღებს. მაგალითად, 1999 წლის 28 აგვისტოს ბასილ მკალავიშვილის მრევლმა თბილისში, ნაძალადევის რაიონში დაარბია ერთ-ერთი პროტესტანტული ეკლესიის, „ორმოცდაათიანელთა” რელიგიური მიმდინარეობის შეკრება. პოლიციამ, რომელიც დარბევას ესწრებოდა, არაფერი იღონა დარბევის შესაჩერებლად. დაზარალებულები ამტკიცებდნენ, რომ პოლიცია და მკალავიშვილის მრევლი შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

1999 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, გლდანის რაიონში ბასილ მკალავიშვილის 200-კაციანმა მრევლმა სასტიკად დაარბია იეჰოვას მოწმეთა 120-კაციანი შეკრება. შეტაკების დროს დაზიანება მიიღო 16-მა პიროვნებამ, მათ შორის რამდენიმემ - სავსებით სერიოზული, გლდანის პოლიციამ კი, რომელიც ამ დარბევას ესწრებოდა, ჩარევაზე უარი განაცხადა. ერთ-ერთი დაზარალებული, პატი თაბაგარი თავდასხმის შედეგად მთელი თვის განმავლობაში მკურნალობდა და მას სამუდამოდ დაუზიანდა მარცხენა თვალი.

მომდევნო, 2000 წელს მკვეთრად გაიზარდა დარბევების რიცხვი და სისასტიკე. შესაბამისად, სულ უფრო მეტად იზრდებოდა ბასილ მკალავიშვილის გავლენა და მის მიმდევართა რიცხვი, რაც მათი დაუსჯელობის პირდაპირი შედეგი იყო. იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2000 წელს მხოლოდ იეჰოვას მოწმეები ოცდათვრამეტჯერ დაარბიეს. დარბევათა უმრავლესობას მკალავიშვილის მომხრეები ახორციელებდნენ, რასაც პოლიცია ან ხელს არ უშლიდა, ან თავადაც მონაწილეობდა დარბევებში.

2000 წლის 28 ივნისს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში ცეცხლი წაუკიდეს იეჰოვას მოწმეების ლიტერატურის საწყობს. საწყობი და მასში მოთავსებული 6 ტონა ლიტერატურა მთლიანად დაიწვა, ხოლო მოსაზღვრე სახლში მძინარე ოჯახის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნა. იეჰოვას მოწმეთა კავშირის თავმჯდომარის, ბადრი კოპალიანის თქმით, მანამდე, კარგა ხნის განმავლობაში, ამ მისამართზე პერიოდულად აკითხავდნენ პოლიციისა და უშიშროების წარმომადგენლები, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს დაკითხვებს უწყობდნენ.

2000 წლის 2 ივლისს მკალავიშვილის მიმდევრებმა გლდანში სცემეს იეჰოვას მოწმე ლადო ქოქოსაძე, მაგრამ პოლიციამ იმ ეტაპზე ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა.

2000 წლის 3 სექტემბერს სენაკში დაარბიეს იეჰოვას მოწმეების კრება. კრების თავმჯდომარეს შუბლზე სიგარეტი მიაწვეს და სცემეს, ოთახში ავეჯი დაამტვრიეს, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა კი იარაღი ამოიღო. შეშინებული ადამიანები თავის გადარჩენის მიზნით ფანჯრებიდან გადახტნენ. მათ შორის ერთ-ერთი, 70 წლის მანდილოსანი, ისე დაშავდა, რომ ლოგინს მიეჯაჭვა. 2000 წლის 25 სექტემბერს ბასილ მკალავიშვილი და მისი მრევლი დასარბევად გაზეთ „რეზონანსსაც” მიადგნენ და ხანგრძლივი მუქარისა და შეჩვენებების შემდეგ რედაქციის შენობის რკინის კარები შეადუღეს.

4 საქართველოს პოლიცია რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


1999 წლიდან იწყება, ერთი მხრივ, ურთიერთობათა „დატკბობა” პოლიციასა და ბასილ მკალავიშვილს შორის, მეორე მხრივ კი პოლიციის დაუფარავი მონაწილეობა რელიგიურ უმცირესობათა დევნასა და შეზღუდვაში. 1999 წლის 29 მაისს თბილისში, გლდანის რაიონში ამავე რაიონის პოლიციამ დაარბია ევანგელური ეკლესია „მადლის” აქცია. პოლიციამ სასტიკად სცემა ეკლესიის წევრები, მათ შორის ქალებიც, დაუმტვრია მათ საკრავები („იამაჰა”), მეგაფონი და სხვა. ევანგელისტებმა ვერ გაბედეს, რომ ამ ფაქტის გამო პროკურატურაში ეჩივლათ და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოეთხოვათ, რადგან ხელახალი დარბევის შეეშინდათ. სამაგიეროდ, მათ სასამართლოში შეიტანეს სამოქალაქო სარჩელი, რადგან პოლიციამ დაარღვია მათი კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად შეკრებილიყვნენ და გამოეხატათ თავისი მრწამსი, აგრეთვე მიაყენა მათ მატერიალური და მორალური ზიანი. სასამართლოზე ბასილ მკალავიშვილი და მისი მომხრეები პოლიციის სასარგებლო ჩვენებებს იძლეოდნენ, თითქოს ევანგელისტები თვითონ სცემდნენ პოლიციელებს. თავად დარბევის ხელმძღვანელები, მაიორი გივი ექიზაშვილი და პოლკოვნიკი შალვა რუხაძე სასამართლო პროცესზე, მართალია, ერთი მხრივ, თითქოს უარყოფდნენ კიდეც დარბევის ფაქტს, მაგრამ, ამავე დროს, დაუფარავად აცხადებდნენ, რომ დარბევას დიდ დანაშაულად არ მიიჩნევდნენ. „მე მართლმადიდებელი ვარ, ესენი კი ჩემს თვალში წარმართები არიან”, - ასეთი იყო მაიორ ექიზაშვილის არგუმენტი, რომლითაც იგი დარბევას ამართლებდა.

სასამართლოს მიმდინარეობის პერიოდში ევანგელური ეკლესიის წევრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ხორციელდებოდა ზეწოლა. კერძოდ, შსს მე-6 განყოფილების თანამშრომელი ვიტალი ქათამაძე ტელეფონით რამდენჯერმე დაემუქრა ეკლესიის პასტორებს, ნინო და ზაალ ტყეშელაშვილებს. სასამართლოს სხდომებს, ფაქტობრივად, ბასილ მკალავიშვილი და მისი მრევლი აკონტროლებდნენ, რომლებიც პროცესზე არ უშვებდნენ მათთვის არასასურველ პირებს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს.

პოლიციისა და ექსტრემისტული ჯგუფების თანამშრომლობის ფაქტი დადასტურდა 2000 წლის სექტემბერში, როდესაც პოლიცია ორჯერ შეეცადა, რომ ჩაეშალა იეჰოვას მოწმეთა კონგრესი და გულხელდაკრეფილი უყურებდა, როგორ არბევდნენ ექსტრემისტული ჯგუფები იეჰოვას მოწმეების თავყრილობებს.

2000 წლის 14 აგვისტოს თიანეთში ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებმა თვითნებურად ჩაშალეს ღვთისმსახურება ბაპტისტურ ეკლესიაში და ეკლესიიდან წაიღეს ეკლესიის კუთვნილი ნივთები, მათ შორის რელიგიური ლიტერატურა. პოლიციის უფროსმა დიური გიგაურმა დაამტვრია ეკლესიაში მდგომი კათედრა, ჯვარი მოგლიჯა და გადააგდო, წიგნები და სკამები პოლიციაში წაიღო, ეკლესიის მოძღვარს, ოთარ კალატოზიშვილს კი დაემუქრა, რომ თუ კიდევ ჩაატარებდა რელიგიურ მსახურებას, დააპატიმრებდა. მოგვიანებით გიგაურმა დარბევის ფაქტი უარყო, წიგნების წაღება კი მათი შენახვის სურვილით ახსნა.

რამდენიმე კვირის შემდეგ, 9 სექტემბერს დიური გიგაური დაემუქრა ბაპტისტებს, მოსახლეობა დარბევას გიპირებთ და, თუ ფუნქციონირებას არ შეწყვეტთ, მე არ დაგიცავთო. არადა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც მოსახლეობა და არც ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ბაპტისტების მიმართ არავითარ აგრესიას არ ამჟღავნებდნენ. პირიქით, თიანეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა თამაზ ჩოხელმა ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია. როგორც გაირკვა, პოლიციის უფროსს ბაპტისტური ეკლესიის დარბევის იდეა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის თანამშრომელმა, ირმა ჯაფარიძემ მიაწოდა. 2000 წლის 3 სექტემბერს ქუთაისში საგზაო პოლიციის ორმა თანამშრომელმა ცემა იეჰოვას მოწმე ვლადიმერ გაბუნია. მათ გაბუნიას დაუხიეს რელიგიური ჟურნალები, წაართვეს 2 ცალი ბიბლია, მდინარე რიონში გადაგდებით დაემუქრნენ და ქუჩაში სიარული აუკრძალეს.

2000 წლის 8 სექტემბერს პოლიციამ არ გაატარა ზუგდიდის კონგრესზე მიმავალი ავტობუსები და ძალის გამოყენებით დაშალა უკვე შეკრებილი იეჰოვას მოწმეები. პოლიციის მოქმედება განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა:

პოლიციელებმა ხელკეტებით დაარბიეს უკვე შეკრებილი კონგრესის მონაწილეები, შეკრებილთა თავზე რამდენიმე ჭურვი ააფეთქეს, მათ მიერ გაკეთებული სცენა გადაწვეს, ავეჯი დაამტვრიეს, ბევრ იეჰოვას მოწმეს წაართვეს პირადი ნივთები. ამასთან, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ წინასწარ დაგეგმილი აქცია იყო. როგორც იეჰოვას მოწმეები ამბობენ, ქალაქ ზუგდიდის მერი და პოლიციის წარმომადგენლები მათ წინასწარ ემუქრებოდნენ კონგრესის ჩაშლით, თუკი ისინი შეკრებას გაბედავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეიარაღებული დარბევის შემდეგ თითქმის 2 წელი გავიდა, სასამართლოს ჯერ კიდევ არ დაუნიშნავს განხილვის თარიღი. 2000 წლის 16 სექტემბერს პოლიციამ უკან გააბრუნა მარნეულში მიმავალი იეჰოვას მოწმეების 19 ავტობუსი.

პოლიციელებმა არ გააჩერეს მოძალადეთა ბრბო, რომელიც თავს დაესხა კონგრესის მონაწილეებს. თავდამსხმელებმა იეჰოვას მოწმეები ჩამოათრიეს ავტობუსებიდან და სასტიკად სცემეს ისინი; ბრბომ მიწასთან გაასწორა შეკრების ადგილი. არსებობს ამ დარბევაში პოლიციის მონაწილეობის დამადასტურებელი ასზე მეტი ჩვენება და ვიდეომასალა. მიუხედავად დამამტკიცებელი მასალების არსებობისა, ამ საქმის მოსმენა თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში გაჭიანურდა.

2000 წლის 11 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში შემდგარ შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღიად დააფიქსირა, რომ სახელმწიფო არა მარტო ხელს უწყობს რელიგიურ უმცირესობათა დარბევებს, მეტიც, იგი უშუალოდ მონაწილეობს აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვაში. შეხვედრაზე მოწვეულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილემ ლევან ხოზრევანიძემ იეჰოვას მოწმეებს კონსტიტუციის დარღვევაში დასდო ბრალი. მისი თქმით, იეჰოვას მოწმეები კონსტიტუციის 26-ე მუხლს არღვევენ, კერძოდ, აღვივებენ ხალხებს შორის შუღლს და ხელს უწყობენ კუთხურ დაპირისპირებას, თუმცა, თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად რაიმე არგუმენტი არ წამოუყენებია. ლევან ხოზრევანიძემ განაცხადა, სანამ არ იქნება მიღებული კანონი რელიგიის შესახებ, მანამ პოლიცია არ დაიცავს რელიგიურ უმცირესობათა უფლებებს.

შეხვედრაზე მყოფ რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს ხოზრევანიძემ განუცხადა: „კანონი როცა იქნება მიღებული, აბსოლუტურად ყველა რელიგიისადმი ჩვენ გვექნება ერთნაირი დამოკიდებულება. კანონი როცა იქნება, ჩვენც კანონის მიხედვით ვიმოქმედებთ - თუ გექნებათ შეკრების უფლება, დაგრთავთ ნებას და თქვენი ღონისძიების აღმკვეთ ღონისძიებას კი არ გავატარებთ, არამედ პირიქით, დაგიცავთ, რომ კანონის შესაბამისად ჩაატაროთ თქვენი ღონისძიება და ვერც ერთმა მომხდურმა ვერ შეგიშალოთ ამაში ხელი.”

პოლიციასა და რელიგიურ ექსტრემისტებს შორის არსებული კავშირის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა საქართვლოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ. მისი თქმით, 2001 წელს იეჰოვას მოწმეებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, თუ სად და როდის აპირებდნენ შეკრებების მოწყობას და სთხოვეს, დახმარებოდა ამ შეკრებათა უსაფრთხოების დაცვაში. ელენე თევდორაძემ ეს სია გადასცა ქალაქის პოლიციის მაშინდელ უფროსს, სოსო ალავიძეს, რომელმაც, თავის მხრივ, სია „შემდგომი რეაგირებისთვის” ბასილ მკალავიშვილს გადაუგზავნა. პოლიციისა და ბასილ მკალავიშვილის კავშირს არაპირდაპირ ისიც ადასტურებს, რომ 2001 წლის ივნისში, გაზეთ „რეზონანსის” წინააღმდეგ სარჩელი თითქმის ერთდროულად შეიტანეს შს მინისტრმა სამინისტროს 6 უმაღლეს თანამდებობის პირთან ერთად და ბასილ მკალავიშვილმა.

5 საქართველოს პროკურატურა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


რელიგიური უმცირესობების შევიწროების კამპანიაში საქართველოს პროკურატურაც აქტიურ მონაწილეობას იღებს. მისი აქტიურობა, პირველ რიგში, საქმეების არაღძვრაში, ძიების გაჭიანურებაში და კვალიფიკაციების დამახინჯებაში გამოიხატება. 1999 წლის 17 ოქტომბრის დარბევასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით, 2000 წლის 30 მარტს პროკურატურამ მკალავიშვილს ბრალდება წაუყენა რელიგიური მსახურებისთვის ხელის შეშლისა (სსკ 155 მუხლი) და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის (სსკ 226 მუხლი: საზოგადოებრივ წესრიგის დამრღვევი ჯგუფური საქმიანობის მოწყობა და მასში მონაწილეობა) მოტივით. გენერალურმა პროკურატურამ თბილისის პროკურატურას გადაუგზავნა ათი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მოიცავს მკალავიშვილის მიერ ჩადენილ ჩვიდმეტ დანაშაულებრივ ეპიზოდს. „თავისუფლების ინსტიტუტმა” თბილისის პოკურატურას მოსთხოვა ინფორმაცია, თუ რომელ ეპიზოდებზე იყო საუბარი და ამის გამო 2001 წლის 8 აგვისტოს „თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ თბილისის პროკურატურის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. რაზეც აბსურდული პასუხი მიიღო, თითქოს, ამ ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში დაირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სარჩელის არსი შემდეგში მდგომარეობს: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოს, ღიაა. დანაშაული ყოველთვის არის საჯარო სამართლებრივი ბუნების, მით უფრო ისეთი სახის დანაშაული, რომელიც სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლებას ეხება. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას აქვს სრული უფლება ფლობდეს ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, ვინც განსხვავებულ რელიგიურ შეხედულებებს ძალის გამოყენებით უპირისპირდება. თბილისის პროკურატურა კი, როგორც საჯარო დაწესებულება, ვალდებულია საზოგადოების ეს უფლება არ შეზღუდოს.

სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ექსტრემიზმისა და ძალადობის მხარდაჭერისა და წაქეზების მაგალითს წარმოადგენს ქვემო ქართლის სამხარეო პროკურორის, სიმონ მაჭავარიანის საქციელი, რომელმაც 2001 წლის აგვისტოში შეკრიბა ქ. რუსთავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ მხარდაჭერა სთხოვა. მისი თქმით, პროკურატურაში შემოსულია საჩივრები საზოგადოება „ჯვარის” წინააღმდეგ, რომელიც ახორციელებს რელიგიური უმცირესობების დარბევას, ანადგურებს მათ ქონებას და ლახავს მათ უფლებებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, პროკურორმა მათ მოუწოდა, გამოეცხადებინათ მხარდაჭერა საზოგადოება „ჯვარისთვის”, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული მასალების საფუძველზე მას მოუწევდა ამ საზოგადოების წევრების დაპატიმრება. რეალურად, პროკურორი ცდილობდა, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მოეხდინა „ჯვარის” მხარდამჭერი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რათა შემდეგ თავისი უმოქმედობა საზოგადოებრივი აზრით გაემართლებინა. ამ ფაქტის შესახებ „თავისუფლების ინსტიტუტმა” ინფორმაცია მიაწოდა გენერალურ პროკურორს, მაგრამ რეაგირება, ჯერჯერობით, არ მოჰყვა. მეტიც, 2001 წლის 27 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში თვითმკვლელობათა რიცხვის ზრდა სექტების მომრავლებით ახსნა.

6 უშიშროების სამინისტრო რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


რელიგიური შეუწყნარებლობის პროპაგანდაში უშიშროების სამინისტროს მონაწილეობა დადასტურდა ქუთაისში, სადაც მოპოვებული იქნა რამდენიმე წერილი, რომლებიც უშიშროების სამინისტროს იქაურმა წარმომადგენელმა, თამაზ დეკანოიძემ ადგილობრივ პრესას მიაწოდა. ამ წერილებში დახასიათებულია სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების სწავლება, რაც გაკრიტიკებულია მართლმადიდებლური თვალსაზრისიდან და დახატულია სურათი, თითქოს ეს მიმდინარეობები საფრთხეს უქმნიან საქართველოს სახელმწიფოს, მათი წევრები თავს არიდებენ მოქალაქეობრივ ვალდებულებათა შესრულებას და ა.შ. მაგალითად, ბაპტიზმისადმი მიძღვნილ წერილში ნათქვამია: „ბაპტისტების დამახასიათებელი ნიშანდობლიობაა: ფიცის მიცემის უარყოფა, სამხედრო სამსახურის, სასამართლოს უარყოფა, უარყოფენ მოქალაქეობრივ ვალდებულებებს, გააჩნიათ მიდრეკილება იუდაიზმისკენ... ბაპტისტებს გააჩნიათ მტრული დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიასთან, უფრო მეტიც, ისინი უარყოფენ მოციქულთა სწავლებას ეკლესიის შესახებ.”

ამგვარი წერილები ხელს უწყობს რელიგიური ფანატიზმისა და შეუწყნარებლობის ატმოსფეროს დამკვიდრებას, ხოლო როცა ამას უშიშროების სამინისტრო ახორციელებს, სრულიად აშკარად ჩანს, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ფანატიზმისა და შეუწყნარებლობის გაღრმავებას.

უშიშროების სამინისტროს განწყობის დამადასტურებელი იყო უშიშროების მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილის, სიმონ ნოზაძის განცხადება, რომელიც მან 2001 წლის თებერვლის ბოლოს, უზენაესი სასამართლოს მიერ იეჰოვას მოწმეებისთვის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ გააკეთა. მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ საჭიროა „არატრადიციულ კოფნესიათა დოგმატების ქართულ მენტალიტეტთან და ტრადიციებთან შესაბამისობაში მოყვანა”. მინისტრის მოადგილის თქმით, სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული კანონი „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ”, რადგან, მისი თქმით, „საკანონმდებლო ვაკუუმის არსებობის პირობებში ცალკეული არატრადიციული კონფესიები აგრძელებენ მოღვაწეობას საკუთარი დოგმატების მიხედვით, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, წინააღმდეგობაში მოდის ქართულ მენტალიტეტთან, რეალურ საშიშროებას უქმნიან ადამიანთა სიცოცხლეს, ქადაგებენ შეიარაღებულ ძალებში სამსახურიდან თავის არიდებას და ა.შ.”

პოლიციასთან და უშიშროებასთან კავშირს თავად ბასილ მკალავიშვილიც არ მალავს. მაგალითად, 2000 წლის სექტემბერში, სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტური გამოძიების პროგრამა „60 წუთის” ეთერში მან ღიად განაცხადა, რომ იგი წინასწარ აფრთხილებს სამართალდამცავებს დაგეგმილი თავდასხმების შესახებ. 2001 წლის აგვისტოში BBC-მ გადასცა მკალავიშვილის ტრაბახი იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერენ მის საქმიანობას მხარს სამართალდამცავები. მან განაცხადა: „მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს უშიშროების სამსახურსა და პოლიციაში არიან ადამიანები, რომელთაც სურთ ჩემი დახმარება; მათ ესმით, რა საშიშიცაა ამ სექტების არსებობა საქართველოში.”

7 იუსტიციის სამინისტრო რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


სახელმწიფოს ნება - შეზღუდოს არამართლმადიდებლური რელიგიური მიმდინარეობები - მჟღავნდება არა მხოლოდ ცალკეულ თანამდებობის პირთა გამონათქვამებსა თუ ქმედებებში, ან იმ დაუსჯელობის გარანტიებში, რომლითაც რელიგიური ექსტრემისტები სარგებლობენ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმ საკანონმდებლო ინიციატივებში, რომელთაც სახელმწიფო ამზადებს. იუსტიციის სამინისტროში მომზადდა კანონპროექტი „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ”, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ლახავს რელიგიურ უმცირესობათა ინტერესებს და აღმსარებლობის თავისუფლების აკრძალვის მცდელობას წარმოადგენს.

კანონპროექტი, დეკლარირების დონეზე, აღიარებს მოქალაქეთა თანასწორობას რელიგიისადმი მათი დამოკიდებულების მიუხედავად, რელიგიური გაერთიანებების დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან და მათ თანასწორობას კანონის წინაშე. ამასთან აცხადებს, რომ კანონმდებლობით უნდა იქნას უზრუნველყოფილი სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება და უნდა დაწესდეს პასუხისმგებლობა მისი დარღვევისთვის. მაგრამ, ამ ზოგადი დეკლარაციის შემდეგ კანონპროექტი სერიოზულ შეზღუდვებს უწესებს რწმენის თავისუფლებას. კანონპროექტის მეოთხე მუხლში - „სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება” - იუსტიციის სამინისტროს შემოაქვს „არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის” ცნება: „დაუშვებელია არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი - რომელიმე რელიგიური ორგანიზაციიადმი ანდა კონფესიისადმი ახალი წევრების მიზიდვის მიზნით მატერიალური ანდა სოციალური შეღავათების შეთავაზება ან იგივე მიზნით პირზე ფსიქიკურიდეოლოგიური ხასიათის ზეწოლის განხორციელება მისი მხრიდან აშკარად გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე” (მუხლი 4,7). მოცემული ფორმულირებით იზღუდება სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მოიცავს „რელიგიისა და რწმენის გაცვლის თავისუფლებას მარტო თუ სხვებთან კავშირში, საჯაროდ თუ კერძოდ, თავისუფლებას - გამომჟღავნოს თავისი რელიგია ან რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, რიტუალების შესრულებითა და დაცვით”. არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის ცნების შემოტანით იზღუდება როგორც რელიგიის ან რწმენის თავისუფალი გამომჟღავნებისა და სწავლების თავისუფლება, ისე რელიგიური გაერთიანებების უფლება, გამოიჩინონ სოციალური აქტივობები, კერძოდ, ჩაატარონ საქველმოქმედო საქმიანობა, რადგან ამგვარი საქმიანობა ყოველთვის შეიძლება მოინათლოს არაკეთილსინდისიერ პროზელიტიზმად. ფაქტობრივად, პროექტის ეს მუხლი ეწინააღმდეგება მე-19 მუხლს, რომლის თანახმადაც რელიგიურ გაერთიანებებს უფლება აქვთ, ეწეოდნენ საქველმოქმედო საქმიანობას როგორც უშუალოდ, ისე კავშირების (ასოციაციების) და ფონდების მეშვეობით.

რაც შეეხება ამ კონტექსტში „იდეოლოგიური ხასიათის ზეწოლის” გაჩენას, ეს აბსოლუტური ნონსენსია და ნათლად აჩენს სახელმწიფოს სურვილს, სრულად გააკონტროლოს და, სურვილის შემთხვევაში, კანონის საფუძველზე შეზღუდოს ან სულაც აკრძალოს ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობის აქტივობა, რომელიც მიმართულია საკუთარი რწმენის სწავლებისა და გავრცელებისკენ. პროექტის თანახმად, არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი შეიძლება გახდეს რელიგიური გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი, თუმცა, კიდევ უფრო სახიფათოა პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ”. პროექტის თანახმად, კოდექსს უნდა დაემატოს 1551 მუხლი, რომლის თანახმადაც არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი „ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე”. პრაქტიკულად, კანონით იმის განსაზღვრა, რატომ ეხმარება ერთი ადამიანი მეორეს - ახალი წევრების მიზიდვის მიზნით თუ, უბრალოდ, კეთილი ნების გამო, შეუძლებელია. არსებული ფორმულირებით კი, ადამიანი შეიძლება 2 წლით აღმოჩნდეს ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ მან ქველმოქმედების გაწევა გადაწყვიტა. ეს მაშინ, როცა ბასილ მკალავიშვილი და მისი მომხრეები, ასეულობით ადამიანის ცემის, დაზიანების, სხვისი საკუთრების განადგურებისა და მითვისების მიუხედავად, არათუ არ დასჯილან, არამედ ხელისუფლება არც ცდილობს, აღკვეთოს მათ მიერ კანონის დარღვევა და სხვისი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, კანონის ეს მოთხოვნა პირდაპირ შეიძლება გახდეს ხელისუფლებისთვის არასასურველი რელიგიური მიმდინარეობების შეზღუდვის საფუძველი, მაშინ, როდესაც ხელისუფლების „პროტექტორატის” ქვეშ მყოფ რელიგიურ გაერთიანებებს ეს არ შეეხება. აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს შეიცავს პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”. პროექტის თანახმად, კოდექსის 199-ე მუხლის პირველი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რელიგიური გაერთიანების ხელმძღვანელი პირის მიერ რელიგიური გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციისგან თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით”. ფაქტობრივად, კანონპროექტის ხსენებული მუხლის თანახმად, თუ რომელიმე რელიგიური მიმდინარეობა ან რელიგიური მოღვაწე ეცდება, რომ რეგისტრაციის გარეშე წარმართოს თავისი საქმიანობა, ის კანონის საფუძველზე უნდა დაისაჯოს. ამით, რეალურად, იზღუდება როგორც რწმენის თავისუფალი გამომჟღავნების შესაძლებლობა, ისე ახალი რელიგიური მიმდინარეობის გაჩენის შანსი. კანონპროექტის თანახმად, რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციისთვის საჭიროა, მინიმუმ, 50 მიმდევარი პირის ხელმოწერა მათი გვარის, სახელის, მოქალაქეობის, დაბადების თარიღისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით. ანუ, ფაქტობრივად, თუკი გაჩნდება ახალი რელიგიური მიმდინარეობა, რომელსაც ჯერ არა ჰყავს 50 მიმდევარი, მას ეკრძალება საქმიანობის წარმართვა - სწავლება, რიტუალების შესრულება და სხვა. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, 50 მიმდევრის გაჩენაც სათუო ხდება და შეუძლებელს ხდის ახალი რელიგიური მიმდინარეობის გაჩენას, ან ამ მიმდინარეობის ლიდერებს აიძულებს, მოღვაწეობის დასაწყისშივე კანონის დარღვევით წარმართონ თავისი საქმიანობა. ასევე დისკრიმინაციულია პროექტის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც „რელიგიური გაერთიანება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს არანაკლებ 50 წლის განმავლობაში, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისას თავის დასახელებაში შეიტანოს სიტყვა „საქართველო”, „საქართველოს” და მისგან ნაწარმოები სიტყვები”. თავისთავად, არავის აქვს უფლება, სიტყვა „საქართველოს” მონოპოლიზება მოახდინოს, მისი გამოყენების უფლების შეზღუდვა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ახალ რელიგიურ მიმდინარეობებს. თანაც, ეს ეწინააღმდეგება იმ რელიგიურ პრინციპს, რასაც ქრისტიანული ტრადიცია ეფუძნება: ეკლესია, მოციქულთა დროიდან მოყოლებული, ტერიტორიული პრინციპით არსდებოდა და თითოეულ ეკლესიას სახელი იმ ტერიტორიის მიხედვით ეწოდებოდა, სადაც ხდებოდა მისი დაფუძნება. პროექტი ითვალისწინებს იმ რელიგიური მიმდინარეობების შეზღუდვას, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში მომზადებული ცვლილებების თანახმად (მუხლი 1271), „ისეთი რელიგიური ჯგუფის ორგანიზება ანდა ხელმძღვანელობა, რომლის მიერ რელიგიური შეხედულებების (მრწამსის) ქადაგების, რელიგიური რიტუალის შესრულების ანდა დაცვის მიზეზით განხორციელებული საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე”. რეალურად, ამ ნოვაციის საფუძველზე თავისუფლად შეიძლება აიკრძალოს „იეჰოვას მოწმეების” რელიგიური მიმდინარეობა, საბაბად კი, ამ შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებული იქნას სისხლის გადასხმაზე უარის თქმა. დღევანდელ საქართველოში არსებული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ პროექტში ამ მუხლის გაჩენა სწორედ „იეჰოვას მოწმეების” არსებობასთან არის დაკავშირებული და მათი შეზღუდვისკენ არის მიმართული, თუმცა, სხვა პოლიტიკური კონიუნქტურის არსებობის შემთხვევაში კანონის იგივე მუხლი შეიძლება სხვა რელიგიური მიმდინარეობების წინააღმდეგაც იქნეს გამოყენებული.

8 კონკორდატი და რელიგიური უმცირესობები

▲ზევით დაბრუნება


2001 წლის 30 მარტს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა უნდა განისაზღვროს სპეციალური საკონსტიტუციო შეთანხმებით. საკონსტიტუციო შესწორების თანახმად, კანონთა რანგში საკონსტიტუციო შეთანხმება კონსტიტუციის შემდეგ იკავებს ადგილს და იგი უფრო მაღლა დგას, ვიდრე საერთაშორისო შეთანხმებები ან ნებისმიერი სხვა კანონი. შეთანხმება უნდა დაიდოს ორ სუბიექტს - სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის და, შესაბამისად, იგი სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს არ უნდა შეეხოს, მაგრამ შეთანხმების ის ვარიანტები, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რეალურად, სხვა რელიგიური მიმდინარეობების მიმართ დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა და მართლმადიდებელ ეკლესიას მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებდა. ამასთან, შეთანხმების ხსენებული ვარიანტები ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის პრინციპს.

შეთანხმების არსებული ვარიანტები მკაცრად იქნა გაკრიტიკებული, რის შემდეგაც ისინი არ იქნა მიღებული, თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ დისკრიმინაციული მომენტები ხელშეკრულების იმ პროექტშიც იქნება, რომლებიც მომავალში შეიქმნება. ამაზე მეტყველებს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დამოკიდებულება, რომელიც გარკვეულ პრივილეგიებსა და ხელისუფლების მხარდაჭერას ითხოვს. მაგალითად, 2000 წლის 25 აგვისტოს, როდესაც პარლამენტში ფართოდ განიხილებოდა საკონსტიტუციო შეთანხმება, საპატრიარქოს პოზიცია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) გამოხატა, რომელმაც განაცხადა, რომ არ იქნება მართებული, მართლმადიდებელი ეკლესიაც იგივე იურიდიული სტატუსითა თუ ფაქტობრივი მდგომარეობით სარგებლობდეს, რომლითაც რომელიმე მცირე რელიგიური ჯგუფი. „ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა გათანაბრებაზე, არამედ წონასწორობაზე”, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

9 განათლების სამინისტრო რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


სარწმუნოებრივ ნიადაგზე დევნისა და შეუწყნარებლობის მაგალითები საკმაოდ ხშირად გვხვდება სასწავლო დაწესებულებებშიც.

1999 წლის სექტემბერში დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთში რაიონის განათლების განყოფილების გამგის მოთხოვნით გააუქმეს „რელიგიისა და კულტურის” სწავლება იმ მოტივით, რომ მასწავლებელი, ნუგზარ ვერძეული საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის წევრია. ამ ფაქტის შესახებ თვით რაიონის გამგებელი, ნუგზარ ოდიშვილიც იყო ინფორმირებული, რომელმაც ჟურნალისტებთან და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ოფიციალურ საუბარში ვერ შეძლო ამ გადაწყვეტილების კანონიერების დასაბუთება, თუმცა, თავისი დამოკიდებულება შემდეგი კომენტარით გამოხატა: „კი, მაგრამ, რა აიძულებდა, რომ თავის სარწმუნოებას, თავის ერს წინ აღუდგაო?”

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ვერძეული საგანს პროგრამის მიხედვით ასწავლიდა და თავისი მრწამსის საქადაგებლად არ იყენებდა. ამის შემდეგ, განათლების სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში აღადგინეს აღნიშნული საგნის სწავლება, ოღონდ ეს საათები სხვა მასწავლებელს გადასცეს, ნუგზარ ვერძეულს კი შეჰპირდნენ, რომ დანაკლისს სხვა საგნით შეუვსებდნენ. ევანგელური ეკლესიის წევრს, თბილისის 173-ე სკოლის მოსწავლეს ვასილ ბასიშვილის სკოლაში თანაკლასელები და მასწავლებლები ავიწროებდნენ. 2001 წელს ამ ფაქტთან დაკავშირებით ბავშვის მშობლებმა წერილით მიმართეს განათლების სამინისტროს. განათლების მინისტრის მოადგილემ თამაზ ტატიშვილმა თავდაპირველად უარყო დევნის ფაქტი, ორი თვის შემდეგ კი, 2001 წლის 4 ივნისის წერილში სამინისტროს სხვა წარმომადგენელმა, მინისტრის მოადგილემ რუსუდან გორგილაძემ აღიარა, რომ სკოლაში ბასიშვილს ნამდვილად ავიწროებდნენ: „სკოლის ადმინისტრაციას მიეცა მკაცრი გაფრთხილება, არ დაუშვას ამ ნიადაგზე მსგავსი კონფლიქტების განმეორება”, - ნათქვამია წერილში. მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, ბასიშვილის მშობლები იძულებული გახდნენ, რომ შვილი სხვა სასწავლებელში გადაეყვანათ.

ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო სკოლებში ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება და ეკლესიის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობის პრინციპი. ბევრ სკოლაში „რელიგიის ისტორიისა და კულტურის” გაკვეთილები რელიგიური პროპაგანდისთვის გამოიყენება, რასაც ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები მოსწავლეებს მარხვისკენ მოუწოდებენ, გოგონებს ავალებენ, გაკვეთილებზე თავსაბურავით იარონ და აიძულებენ, მოშალონ შტრიხ-კოდები სასწავლო ნივთებზე იმ მოტივით, თითქოს შტრიხ-კოდები სატანისტური სიმბოლოებია. ამგვარი ინფორმაციები არსებობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ამის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი არის ქუთაისის №14 საშუალო სკოლა (მასწავლებელი მალვინა ჟორჟოლიანი).

ხშირად „რელიგიის ისტორიისა და კულტურის” მასწავლებლები მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრების რეკომენდაციით ინიშნებიან, ან ამ მასწავლებლებს მხოლოდ სასულიერო სასწავლებლები აქვთ დამთავრებული. ამავე დროს, როგორც ზემოთ ითქვა, არის შემთხვევებით, როდესაც აღნიშნული საგნის სპეციალისტებს საგანი მხოლოდ იმის გამო ჩამოართვეს, რომ ისინი მართლმადიდებლები არ იყვნენ.

10 საქართველოს სასამართლო რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


1999 წლის მაისში გლდანის პოლიციის მიერ ევანგელური ეკლესია „მადლის” დარბევის ფაქტთან დაკავშირებით ამ ეკლესიის წევრებმა გლდანის სასამართლოში შეიტანეს სამოქალაქო სარჩელი. სასამართლო პროცესს, ფაქტობრივად, ბასილ მკალავიშვილი და მისი მრევლი აკონტროლებდნენ. მოსამართლე თამაზ საბიაშვილი არ იცავდა წესრიგს სხდომებზე და არავითარ ღონისძიებას არ ატარებდა, რომ ევანგელისტები დაცული ყოფილიყვნენ მკალავიშვილისა და მისი მრევლის თავდასხმებისაგან.

პროცესზე პოლიციის ოფიცრებმა გივი ექიზაშვილმა და შალვა რუხაძემ განაცხადეს, რომ აქვთ დოკუმენტი სამასი კაცის ხელმოწერით, რომლითაც გლდანის მოსახლეობა სთხოვდა პოლიციას, დაეშალა ეკლესიის შეკრება, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდებოდა. ამასთან, ისინი აცხადებდნენ, რომ მათ აქვთ იმ 75 კაცის სია, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციელებს არ დაუშლიათ ეს შეკრება, თუმცა მათ არც ერთი ხსენებული დოკუმენტი სასამართლოში არ წარმოადგინეს. სამაგიეროდ, მათ სასამართლოს წარუდგინეს იმ 19 კაცის სია, რომელთაც მოითხოვეს შეკრების დაშლა, მაგრამ სასამართლომ მხოლოდ ცხრა მათგანის ჩვენება მოისმინა. დაკითხული 9 მოწმიდან ორმა მართლაც დაადასტურა, თითქოს მათ სთხოვეს პოლიციას, შეეწყვიტა ხსენებული შეკრება, მაგრამ დანარჩენებმა განაცხადეს, რომ ხელი ამ დოკუმენტს მხოლოდ სასამართლო მოსმენის დღეს მოაწერეს.

ამასთან, მოსამართლემ უარი თქვა 29 მაისის ამსახველი ვიდეო მასალის ნახვაზე, ამ უარის მოტივაციად კი ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოადგინა. ყოველივე ამის შემდეგ, 1999 წლის 17 აგვისტოს, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა პოლიციის მოქმედება. მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასეთი დასაბუთება გააკეთა: „რელიგიური ჯგუფი, ცდილობდა რა ახალგაზრდების გადაბირებას, სანაცვლოდ მათ ჰპირდებოდა სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას. ასეთ შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა შეკრება, რადგან სამხედრო სამსახურზე უარის თქმა ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობაა”.

სასამართლომ არ მიუთითა, რომელი კანონი მიიჩნევს სამხედრო სამსახურზე უარის თქმას ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდად, თანაც, სასამართლოზე არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ევანგელისტები სამხედრო სამსხურიდან თავის არიდებას ქადაგებდნენ. მოსამართლე თამაზ საბიაშვილმა არ გაითვალისწინა მოპასუხეთა განმარტება, რომ ისინი სამხედრო სამსახურზე უარს არ ამბობენ და, ამდენად, მსგავს ფაქტს ადგილი ვერ ექნებოდა. იმავე წლის 10 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რაც შემდგომში უზენაესმა სასამართლომაც გაიმეორა. უზენაესი სასამართლოა საკასაციო პოლატამ გადაწყვეტილების გამოტანის დროს პარადოქსული სილოგიზმით იხელმძღვანელა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სასამართლო იხელმძღვანელა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით”, რომლის თანახმადაც მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ კონტრდემონსტრაციის შემთხვევაში მოსალოდნელია ძალისმიერი მოქმედებები. რამდენადაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მამა ბასილ მკალავიშვილი და მისი მიმდევრები, პოლიციის მიერ აქციის დარბევა გამართლებულია - ასეთი ლოგიკით იხელმძღვანელა უზენაესმა სასამართლომ.

სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა არ ყოფილიყო აღქმული, როგორც პირდაპირი მოწოდება რელიგიური უმცირესობების რბევისკენ, რამაც შემდგომში განსაკურებით ფართო მასშტაბი მიიღო. სწორედ ამის შემდეგ იწყება ბასილ მკალავიშვილის განსაკუთრებული გააქტიურება და რელიგიურ უმცირესობათა განსაკუთრებული სისასტიკით რბევა, რაც, როგორც წესი, პოლიციის თანხლებით ხორციელდება.

1999 წელს არამართლმადიდებლური კონფესიების წინააღმდეგ ბრძოლის ასპარეზზე კიდევ ერთი სახელი გამოჩნდა - საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ შარაძე, რომელმაც 4 მაისს სარჩელი შეიტანა თბილისის ისანი-სამგორის სასამართლოში იეჰოვას მოწმეების ორი ორგანიზაციის წინააღმდეგ. ამ სარჩელით შარაძემ „იეჰოვას მოწმეების კავშირისა” და „პენსილვანიის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოების თბილისის წარმომადგენლობის” აკრძალვა მოითხოვა. ეს ორი ორგანიზაცია ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 1998 წლის 17 აპრილსა და 11 ივნისს გაატარა რეგისტრაციაში, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციები (კავშირი). ფაქტობრივად, გურამ შარაძემ და მის მიერ დაარსებულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ - „საქართველო უპირველეს ყოვლისა” - 1999 წლის ოქტომბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ნაციონალისტური ლოზუნგებით დაიწყო, ამ ლოზუნგებიდან კი შარაძემ ყველაზე ქმედითად სწორედ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული კამპანია მიიჩნია. ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო როგორც ქართული საგანძურის გამოფენის წინააღმდეგ დაწყებული აქციები, ისე იეჰოვას მოწმეთა რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნაც.

უნდა ითქვას, რომ საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა რელიგიური ორგანიზაცია „კავშირის” ფორმით არის დარეგისტრირებული სასამართლოში და კერძო სამართლის იურიდიული პირს წარმოადგენს. მართალია, კანონის თანახმად რელიგიური ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, მაგრამ კანონში არ არის ნათქვამი, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი რეგისტრაცია, ამიტომ, გარკვეული აქტივობების კანონიერი გზით განხორციელებისთვის აუცილებელი ხდება ამ ორგანიზაციების რეგისტრაცია კერძო სამართლის იურიდიულ პირებად.

ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქო, რომელიც საერთოდ არ არის რეგისტრირებული და არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, თუმცა, ეს ხელს არ უშლის სახელმწიფოს, ბიუჯეტში გაითვალისწინოს სოლიდური დახმარება საპატრიარქოსთვის (წელიწადში თითქმის ორი მილიონი ლარი). მეტიც, გარკვეულ პერიოდში საპატრიარქოს სამეწარმეო საქმიანობაში საგადასახადო შეღავათებიც ჰქონდა მინიჭებული.

სარჩელში, რომელიც გურამ შარაძემ შეიტანა სასამართლოში, ნათქვამია, რომ „იეჰოვას მოწმეების კავშირი” და „პენსილვანიის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოების თბილისის წარმომადგენლობა” ეწევიან „ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ და ანტიმართლმადიდებლურ საქმიანობას... მათ მიერ ანტიმართლმადიდებლური ლიტერატურის გავრცელება იღებს აშკარად აკრძალული კონტრაბანდისტული ლიტერატურის უკანონო პროპაგანდის სახეს”. სარჩელს თან ერთოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და საპატრიარქოს მდივნის, ლევან ფირცხალაიშვილის წერილები, რომლებიც მხარს უჭერდნენ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციების რეგისტრაციის გაუქმებას და მათი საქმიანობის აკრძალვას. მაგალითად, კათოლიკოს-პატრიარქის წერილში ნათქვამია: „იეჰოვას მოწმეების მოქმედება ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივია... მათ ჟურნალებში დაბეჭდილი მასალა შეურაცხყოფს მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენას, მიმართულია საზოგადოების ტრადიციული სარწმუნოების შეცვლისკენ და იწვევს ადამიანთა შორის შუღლს. ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ლიტერატურის შემოტანა და გავრცელება დანაშაულია ერისა და კაცობრიობის წინაშე... მიგვაჩნია, რომ სანამ არ არსებობს კანონი რელიგიის შესახებ, რელიგიური შინაარსის უცხო ლიტერატურის შემოტანა უნდა აიკრძალოს”.

საბოლოოდ, სასამართლო განხილვა რელიგიური მრწამსისა და დოქტრინალური საკითხების შეფასების მცდელობაში გადაიზარდა, რის შემდეგაც მოსამართლე ცისანა ხაზალიამ პროცესზე წარმოდგენილი მასალები ექსპერტიზისთვის გადაუგზავნა თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტის სოციოლოგიის კათედრასა და ფილოსოფიის ინსტიტუტს, მათი პასუხის საფუძველზე კი, 2000 წლის თებერვალში, იეჰოვას მოწმეების გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, მაგრამ პროცესი ამით არ დამთავრებულა. გურამ შარაძემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საოლქო სასამართლოში, რომელმაც 2000 წლის 27 ივნისს გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და, შესაბამისად, იეჰოვას მოწმეების რეგისტრაციაც. 2001 წლის 22 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო პალატის გადაწყვეტილების თანახმად, იეჰოვას მოწმეთა კავშირი რელიგიური ორგანიზაციაა და იგი არ შეიძლება იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირი. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რეგისტრაციის გაუქმება არ ნიშნავს ორგანიზაციის აკრძალვას და ამით „არ იზღუდება მათი რწმენის შეცვლის თავისუფლება არც მარტო, არც სხვებთან ერთად კავშირში, არც საჯაროდ და არც კერძოდ... არ იზღუდება მათი რელიგიისა თუ რწმენის თავისუფლად გამომჟღავნების ან რელიგიის სწავლების, რიტუალების შესრულების დაცვის თვალსაზრისით”.

რეალურად, უზენაესი სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და სრულად ჯდებოდა რელიგიურ უმცირესობათა შეზღუდვის იმ კამპანიაში, რასაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს ბოლო წლების განმავლობაში. ამის დასტურია საქართველოს უზენაესი თუ ქვემოთა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებებიც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თებერვლის გადაწყვეტილების შემდეგ პენსილვანიის საგუშაგო კოშკის საზოგადოებას თავისი საქმიანობა მხოლოდ საქართველოში აკრედიტებული წარმომადგენლობის შუამავლობით შეუძლია აწარმოოს. იეჰოვას მოწმეებს ამჟამად შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, დაარეგისტრირონ იურიდიული პირები, რითაც მათ ხელი ეშლებათ რელიგიური საქმიანობის წარმართვაში და შეზღუდულია მათი აღმსარებლობის თავისუფლება.

2001 წლის 16 აგვისტოს იეჰოვას მოწმეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში, რომელიც დათანხმდა პრიორიტეტულ საფუძველზე მოისმინოს აპელაცია. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გურამ შარაძემ კიდევ უფრო გაააქტიურა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული მოღვაწეობა. იგი ითხოვდა იეჰოვას მოწმეების მიერ ლიტერატურის შემოტანის აკრძალვას, იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, არნო ტიუნგლერის საქართველოდან გაძევებას და იეჰოვას მოწმეების მიერ „თი-ბი-სი” ბანკში გახსნილი ანგარიშის გაუქმებას. საქართველოს საპატრიარქომ მხარი დაუჭირა გურამ შარაძის „ენერგიულ მოქმედებას სამართლიანობის დასაცავად”, მის „გამორჩეულ აქტიურობას „იეღოველთა” სექტის წინააღმდეგ და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის მხილებას”.

1999 წლის 17 ოქტომბერს, გლდანში განხორციელებული დარბევის შემდეგ, პროკურატურამ 4 პიროვნების მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგან 2 დაზარალებული იყო და 2 თავდამსხმელი. დაზარალებული იეჰოვას მოწმეებიდან საქმე აღიძრა ახალგაზრდა ბიჭების, მირიან არაბიძის და ზაზა კოშაძის მიმართ, რომელთაც სახელმწიფო ბრალმდებელმა ბრალი წაუყენა ხულიგნობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ბრალდების თანახმად, არაბიძემ და კოშაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გლდანის ეპარქიის წევრებს. პროცესზე ბრალდების დამამტკიცებელი რაიმე მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი, თუმცა, მოსამართლეზე ამან გავლენა არ მოახდინა და მან დამნაშავედ ცნო ორივე ახალგაზრდა. რაც შეეხება თავდამსხმელებს, პროკურატურამ მხოლოდ ორ მოხუცებულ ქალბატონს, ციური მღებრიშვილს და დესპინე შოშიტაშვილს წაუყენა ბრალი. ამ უკანასკნელთ ბრალი სხვისი ქონების, კერძოდ იეჰოვას მოწმეების კუთვნილი ლიტერატურის განადგურებაში ედებათ, რაც ქალბატონებს არც დაუმალავთ. მეტიც, ისინი სასამართლო პროცესზე აცხადებდნენ, რომ მომავალშიც ასე მოიქცევიან.

სასამართლო პროცესზე, სადაც ხსენებული დარბევის ფაქტი განიხილებოდა, მკალავიშვილის მომხრეები შეურაცხოფას აყენებდნენ იქ დამსწრე ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებსა და პროცესზე მყოფ იეჰოვას მოწმეებს. 17 აგვისტოს დაზარალებულთა შორის იყვნენ თავისუფლების ინსტიტუტის წევრები გიგა ბოკერია და კოტე ვარძელაშვილი, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წევრი ემილ ადელხანოვი და „რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპის” ჟურნალისტი დავით პაიჭაძე.

ერთი დღით ადრე, 16 აგვისტოს, ბასილ მკალავიშვილის მომხრეებმა სასამართლოს დარბაზში სცემეს კანადელი ადამიანის უფლებათა დამცველი, ადვოკატი ჯონ ბერნსი, რომელიც სასამართლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებდა, როგორც იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელი. ბასილ მკალავიშვილის მომხრეებმა იგი იატაკზე დააგდეს და სცემეს დიდი ხის ჯვრით. ეს ყველაფერი ხდებოდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს, პოლიციის თანდასწრებით, რომელიც მოვლენებში არ ერეოდა.

„რადიო თავისუფლების” კორესპონდენტს სოზარ სუბელიანს, რომელმაც ჯონ ბერნსის გამოსარჩლება სცადა, მკალავიშვილის მომხრეებმა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სასამართლო პროცესზე ბასილ მკალავიშვილის მომხრეები იდგნენ ისეთი პლაკატებით, როგორიცაა „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი” და ხმამაღალი შეძახილებითა და მუქარით ზეგავლენის ახდენდნენ სასამართლოზე. თავად ბასილ მკალავიშვილი სასამართლოს სხდომებს ექსტრემიზმის საქადაგებლად იყენებდა, რაშიც მას მოსამართლე ხელს არ უშლიდა. მაგალითად, 19 სექტემბრის სასამართლო პროცესზე მკალავიშვილმა ხმამაღლა განაცხადა, რომ იგი პოლიციის მხარდაჭერით მოქმედებს და მადლობა გადაუხადა პოლიციას: „თქვენ არა მარტო სამართალდმცველები უნდა იყოთ და წესრიგი დაიცვათ ქუჩაში, არამედ უნდა დაიცვათ, პირველ რიგში, რჯული ქრისტესი. ამას იცავდნენ ჩვენი წინაპრები, ამას აკეთებდა წმინდა გიორგი - წმინდა გიორგის პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა… ისიც სამხედრო წოდების იყო, ამიტომ მეც ვთხოვ პოლიციას, რომ მაგალითი აიღოს. თქვენ უნდა გააკეთოთ ისეთნაირად, რომ ქართველმა ერმა დაგინახოთ, როგორ იბრძვით თქვენ მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის... არავითარი დათმობა მათ წინაშე, არავითარი ჭკვიანად საუბარი მათთან არ შეიძლება. მათი წამალი მხოლოდ მე ვიცი და ყველამ უნდა იმოქმედოთ იმ წამლით, რაც მე რეცეპტი გამოვუწერე ამ იეღოველთა სექტის წარმომადგენლებს. ყოველი ამგვარი უკეთურება ცეცხლითა და მახვილით უნდა ამოვშანთოთ”.

11 ექსტრემიზმის გაძლიერება სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


უზენაესი სასამართლოს მიერ 2001 წლის 22 თებერვალს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც საბოლოოდ გაუუქმა რეგისტრაცია იეჰოვას მოწმეებს, რელიგიურ ექსტრემიზმს ახალი იმპულსი შესძინა. სასამართლოს გადაწყვეტილება რელიგიური ექსტრემიზმის წაქეზებად და მხარდაჭერად იქნა აღქმული არა მხოლოდ რელიგიური ექსტრემისტული ჯგუფების მიერ, არამედ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიერაც, რასაც, თუნდაც, უშიშროების მინისტრის მოადგილის, სიმონ ნოზაძის ზემოთმოყვანილი განცხადებაც ადასტურებს, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაკეთდა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსტრემისტული ჯგუფების უკიდურესი გააქტიურებაც მოჰყვა. გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთ დღეში, 2001 წლის 27 თებერვალს, დილის ათ საათზე, 300-მდე იეჰოვას მოწმე შეიკრიბა თბილისის ისნის რაიონში მდებარე კერძო სახლის ეზოში. დღის სამი საათისთვის დაახლოებით ოცკაციანი ჯგუფი, ბასილი მკალავიშვილის მეთაურობით, შეიჭრა სახლის ეზოში და დაიწყო იქ მყოფთა ფიზიკური შეურაცხყოფა.

შეკრების მონაწილეების თქმით, შემთხვევის ადგილას ოცდაათამდე პოლიციელი იმყოფებოდა, მაგრამ, დარბევის შეჩერების ნაცვლად, ისინი დაეხმარნენ მოძალადეებს ჭიშკრის გაღებაში და მკალავიშვილის მომხრეები ეზოში შეუშვეს. დარბევამდე ცოტა ხნით ადრე, დაახლოებით დღის 3 საათზე, იეჰოვას მოწმეებს ტელეფონით აცნობეს იმის თაობაზე, რომ მკალავიშვილი და მისი მომხრეები კრების დასარბევად მიემართებოდნენ. შეკრებილებმა ეს ინფორმაცია დაუყონებლივ შეატყობინეს პოლიციელებს და დახმარება სთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. დარბევა, დაახლოებით, ნახევარი საათი გაგრძელდა. მკალავიშვილის მომხრეები ხელკეტებით, დიდი ჯვრებითა და ბიბლიებით სცემდნენ იეჰოვას მოწმეებს. პროკურატურის გამომძიებელმა, იმის ნაცვლად, რომ თავდასხმის დეტალები გამოეკითხა, სახლის პატრონს, რუდოლფ მიკირტუმოვს განუცხადა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები მას უჩიოდნენ კრებიდან გამომავალი ხმაურის გამო; გამომძიებლის თქმით, მას არ აინტერესებდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბასილ მკალავიშვილის მომხრეებს კარები პოლიციამ გაუღო, რადგან, მისი თქმით, ეს მასალები საქმისთვის საჭირო არ იყო დარბევებში ხელისუფლების მონაწილეობას ადასტურებს იმავე 2001 წლის 30 აპრილს მომხდარი დარბევა, როდესაც თბილისში, სვანეთის უბანში ლურსმნიანი ხელკეტებით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა დაარბიეს იეღოვას მოწმეთა შეკრება. თავდამსხმელებმა დაამსხვრიეს ფანჯრები, ავეჯი, ელექტრომოწყობილობები, ლურსმნიანი ჯოხებით სასტიკად სცემეს იქ შეკრებილთ და კოცონზე დაწვეს რელიგიური ლიტერატურა.

შედეგად, სამ დაზარალებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მათ შორის იყო თამაზ ნაჭყებია, რომელმაც მიიღო სხეულის მრავალი დაზიანება, რამდენიმე ღია ჭრილობა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე, მის თავზე მიყენებულ ჭრილობას კი 5 ნაკერის დადება დასჭირდა. თვითმხილველის, ზვიად ძაძამიას თქმით, როდესაც დარბევა დაიწყო, ერთ-ერთმა კრების მონაწილემ პოლიციას დაურეკა, სადაც მას უპასუხეს: „ასე მოგიხდებათ, საერთოდ, რას იკრიბებოდით?”

დაზარალებულები აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ დარბევის დროს, მაგრამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გაბრუნდნენ. დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდა პოლიციის მეორე მანქანა. იმ დროისათვის თავდამსხმელები უკვე იქ აღარ იმყოფებოდნენ და თანამშრომლებმა რამდენიმე დაზარალებულს ახსნა-განმარტებითი ბარათი ჩამოართვეს. იეჰოვას მოწმეების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დარბევის მოწმე გახდა პარლამენტის წევრი საქართველოს აღორძინების პარტიიდან ჯემალ გამახარია, რომელმაც ძაძამიას კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა მიმდინარე ძალადობაზე, ასე უპასუხა: „თქვენ ამას იმსახურებთ, უარესი ჯერ კიდევ მოგელით.” 2001 წლის 14 მარტს გამოძიებით დაუდგენელი 5 პირი შეიჭრა თბილისის „სახარებისეულ ქრისტიან ბაპტისტთა” ეკლესიაში. თავდამსხმელებმა წებოვანი ზონრებით გაკოჭეს დარაჯები, შესადუღებელი აპარატით ამოჭრეს სალაროში არსებული ცეცხლგამძლე კარადის საკეტები, გაიტაცეს 34440 გერმანული მარკა, 5423 დოლარი და ძვირფასი ნივთები.

2001 წლის 29 აპრილს თბილისში, მუხიანის დასახლებაში თავს დაესხნენ იეჰოვას მოწმე ნუგზარ ბუთხუზის ბინას, დაამტვრიეს კარი და შეიჭრნენ შიგნით, დაწვეს რელიგიური ლიტერატურა, დაამსხვრიეს ფანჯრის მინები. 20 მაისს მკალავიშვილის მომხრეთა ოცდაათკაციანი ჯგუფი თავს დაესხა ბილისში, მუხიანის დასახლების ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სალოცავად შეკრებილ სამოცამდე ადამიანს. დაზარალებულთა შორის იყვნენ ფეხმძიმე ქალი და ჩვიდმეტი წლის ბიჭი, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. იეჰოვას მოწმეებმა დარბევის შესახებ აცნობეს პოლიციას. პოლიცია რამდენიმე წუთში მივიდა დანაშაულის ადგილზე, დაიჭირა ხუთი თავდამსხმელი და წაიყვანა განყოფილებაში, მაგრამ ნახევარ საათში გაათავისუფლა ისინი და ცხრა თვითმხილველს ჩამოართვა ახსნა-განმარტებითი ბარათი. ამ ფაქტის გამო დღემდე არავინ დასჯილა. 17 ივნისს თბილისის ერთ-ერთ უბანში, ორთაჭალაში, ექსტრემისტთა 60-კაციანი ჯგუფი თავს დაესხა იეჰოვას მოწმეების 86-კაციან შეკრებას. თავდამსხმელებმა სცემეს კრების მონაწილენი, რომელთაგან ზოგს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, გამოიტანეს და ქუჩაში დაწვეს ავეჯი, პირადი ნივთები და რელიგიური ლიტერატურა. იეჰოვას მოწმეების თქმით, მათ ამჯერადაც გააფრთხილეს პოლიცია, რამდენიმე პოლიციელი მოვიდა კიდეც, მაგრამ მათ არც კი უცდიათ დარბევის შეჩერება და არც დაზარალებულები დაუკითხავთ.

ამასთან, 2001 წელს კიდევ უფრო გაიზარდა ხელისუფლების უშუალო ჩარევა რელიგიურ უმცირესობათა შეზღუდვის საქმეში. მაგალითად, 2001 წლის 14 მაისს საბაჟო დეპარტამენტმა იეჰოვას მოწმეებს უკანონოდ ჩამოართვა ოცი ტონა ლიტერატურა. ეს ტვირთი ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ჩამორთმეული და საბაჟო დეპარტამენტმა ლიტერატურა მხოლოდ სასამართლო განხილვის შემდეგ დაუბრუნა მფლობელს.

იმავე წელს თბილისის ადმინისტრაციამ, ყოველგვარი ნათელი მიზეზის გარეშე უარი თქვა მიექირავებინა იეჰოვას მოწმეებისთვის სტადიონები. უნდა ითქვას, რომ 2001 წლის დეკემბერში ბასილ მკალავიშვილმა გაავრცელა მუქარის შემცველი განცხადება იმ პირთა მიმართ, ვინც „სექტანტებს” დარბაზებს მიაქირავებდა. ეს მოხდა 2001 წლის 23 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ბასილ მკალავიშვილმა და მისმა მიმდევრებმა დაარბიეს ერთ-ერთი ქრისტიანული პროტესტანტული მიმდინარეობის - „სახარებისეული რწმენის ქრისტიანული ეკლესიის - სიცოცხლის სიტყვის” - მიმდევართა შეკრება. თუკი სხვა დროს დარბევა ქალაქის გარეუბნებში ან რაიონებში ხდებოდა, 23 დეკემბრის დარბევა ქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ განლაგებულ დარბაზში განხორციელდა, სადაც „სახარებისეული რწმენის ქრისტიანული ეკლესიის” 200-მდე მიმდევარი რელიგიურ მსახურებას ასრულებდა. დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე დარბაზში შეცვივდა მკალავიშვილის 60-მდე მომხრე, რომლებმაც შეკრებილებს ფიცრებითა და სკამებით დაუწყეს ცემა, დაამტვრიეს პროექტორი და სხვა ნივთები, წაიღეს მუსიკალური საკრავი „იამაჰა”, ეკლესიის წევრებს წაართვეს ჩანთები, ამოუტრიალეს ჯიბეები, რამდენიმე ადამიანს წაართვეს პასპორტი და სხვა დოკუმენტები, გაანადგურეს ბიბლიები და სხვა რელიგიური ლიტერატურა. დარბევა, დაახლოებით, 10-15 წუთი გაგრძელდა. მრევლის ერთ-ერთმა წევრმა, ენდი მამათელაშვილმა ტვინის შერყევა მიიღო და მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ავტომანქანის გამოძახება გახდა საჭირო. ექსტრემისტებმა ერთერთ მორწმუნეს, კახა ჩხაიძეს გონების დაკარგვამდე სცემეს, ასევე სასტიკად სცემეს ბადრი მაკარაშვილს, სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება რამდენიმე ათეულმა კაცმა მიიღო, მაგრამ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ფაქტი, ტრადიციულად, სათანადო რეაგირების გარეშე დატოვეს. ეკლესიის წინამძღვრის, კახა ძებისაშვილის თქმით, უბნის ინსპექტორმა მათ ურჩია, ექსპერტიზაზე უარი ეთქვათ, რადგან, მისი თქმით, „მსუბუქი დაზიანებების გულისთვის ექსპერტიზის გაკეთება არ ღირდა”. მეტიც, ძებისაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც თბილისის №1 საავადმყოფოს ექიმებმა გაიგეს, რომ დაზარალებულები განსხვავებული რელიგიური მიმდინარეობის წევრები („სექტანტები”) არიან, მათ შემოწმებაზეც უარი თქვეს.

თავად ბასილ მკალავიშვილმა და გლდანის ეპარქიის პრესცენტრმა დარბევის შემდეგ მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელეს: „კულტურული დარბაზების მფლობელებს ვაფრთხილებთ, არ გამოუყონ სექტანტებს შენობის ფართობი ჩვენი სამშობლოსა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ საქადაგებლად.” უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის მერიის მოქმედება და ბასილ მკალავიშვილის მუქარა-მოწოდება საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.

23 სექტემბერს მკალავიშვილმა და მისმა მრევლმა გლდანში დაარბია ევანგელისტური ეკლესია „მადლის” შეკრება. ეკლესიის პასტორის, ზაალ ტყეშელაშვილისა და სხვა დამსწრეთა თქმით, ექსტრემისტები შეიჭრნენ ლოცვაზე, ისინი ხელკეტებითა და წიხლებით სასტიკად სცემდნენ ქალებსა და ბავშვებს, თმებს აგლეჯდნენ მათ, მიწაზე ახეთქებდნენ. დარბევა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. მთლიანობაში, 12-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. პოლიცია, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 3 წუთის სავალზეა, მხოლოდ კონფლიქტის დამთავრების შემდეგ მოვიდა, თუმცა, შეტყობინება კონფლიქტის დაწყებისთანავე მიიღო. დარბევის შემდეგ პოლიცია უარს ამბობდა, ექსპერტიზის გავლის ნება მიეცა ევანგელისტებისთვის და მხოლოდ გვიან ღამით, „თავისუფლების ინსტიტუტის” ჩარევის შემდეგ დათანხმდა შესაბამისი მიმართვის გაცემას. ხოლო მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ დაზიანებები არსებობდა, საქმე ქალაქის პროკურატურაში გადავიდა და მკალავიშვილის სხვა, ცნობილ საქმეებს შეუერთდა.

იმავე 2001 წელს დარბევების ტალღამ მთელი საქართველო მოიცვა, ოღონდ, თუკი თბილისში უფრო მეტად ბასილ მკალავიშვილი და მისი მიმდევრები აქტიურობდნენ, თბილისს გარეთ დამრბევთა წრე გაცილებით ფართო იყო.

2001 წლის 6 მარტს საჩხერეში 150 კაციანი ბრბო თავს დაესხა იეჰოვას მოწმეებს. ისინი შეიჭრნენ იეჰოვას მოწმეთა ორ ოჯახში, რომელთაგან ერთ-ერთში იეჰოვას მოწმეები იკრიბებოდნენ ხოლმე, დაამსხვრიეს საყოფაცხოვრებო ნივთები და დაწვეს რელიგიური ლიტერატურა. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ისინი წინა დღეს, 5 მარტს ადგილობრივმა სასულიერო პირებმა გააფრთხილეს, რომ აღარ ჩაეტარებინათ შეკრებები, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაარბევდნენ. იეჰოვას მოწმეთა თქმით, დარბევის დროს ექსტრემისტებს მართლმადიდებელი მღვდელი მოუძღოდათ წინ და ის იძლეოდა დარბევის განკარგულებებს. 2001 წლის 7 აპრილს იეჰოვას მოწმეები ქალაქ რუსთავშიც დაარბიეს. დაახლოებით ოცკაციანი ჯგუფი, რომელსაც ორგანიზაცია „ჯვარის” წევრი პაატა ბლუაშვილი ხელმძღვანელობდა, შეიჭრა რუსთავში გამართულ იეჰოვას მოწმეთა კრებაზე. „ჯვარის” წევრებმა სცემეს შეკრებილები, დაამტვრიეს ბინაში არსებული ავეჯი, გაიტაცეს მათი რელიგიური ლიტერატურა და საჯაროდ დაწვეს იგი. ამ დარბევის შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა იჩივლეს რუსთავის პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც მათ განუცხადეს, რომ ისინი თვითონ არღვევდნენ წესრიგს, როცა საკუთარ ბინაში იკრიბებოდნენ.

იმავე წლის 29 აპრილს რუსთავში შეკრებილი იეჰოვას მოწმეები მეზობლებმა დაშალეს, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს შეკრებილებს, წაართვეს მათ ლიტერატურა, პირადი ნივთები, ჩანთები და ეს ყველაფერი ეზოში დაწვეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეებმა განუცხადეს პოლიციას, მაგრამ გამოძიება დღემდე არ მიმდინარეობს.

2001 წლის 21 აპრილს, თბილისიდან 150 კილომეტრის მოშორებით, ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში, თხუთმეტი კაცისაგან შემდგარი ჯგუფი დახვდა კრებიდან წამოსულ იეჰოვას მოწმეებს. მათ სცემეს იეჰოვას მოწმეები და წაართვეს მათ რელიგიური ლიტერატურა. ძალადობის მოწმე იყო სოფლის გამგებელი, რომელმაც გაკიცხა იეჰოვას მოწმეები კრების ჩატარების გამო. 2001 წლის 8 ივნისს მარტვილში ოცდაათკაციანმა ჯგუფმა მართლმადიდებელი მღვდლების, გოჩა ცაავასა და ბიორგი ბასილაიას წაქეზებით, შეურაცხყოფა მიაყენა კრებაზე მიმავალ იეჰოვას მოწმეებს და აუკრძალეს მათ შეკრება. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელებმა ერთ-ერთ მანდილოსანს ხელჯოხი გადაამტვრიეს, მეორეს სახეში სილა გააწნეს, თავად მღვდლები კი აიძულებდნენ ერთ-ერთ მანდილოსანს, ჯვრისთვის ეკოცნა. იეჰოვას მოწმეებმა ამის შესახებ აცნობეს ადგილობრივი პოლიციის უფროსს, მაგრამ მან უპასუხა, რომ 22 თებერვლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იეჰოვას მოწმეებს არ აქვთ შეკრების უფლება და აკრძალული აქვთ საქმიანობა. მომდევნო კვირების განმავლობაში, როდესაც იეჰოვას მოწმეები ცდილობდნენ პოლიციის უფროსის დარწმუნებას, რომ რეგისტრაციის გაუქმება არ ნიშნავდა შეკრების უფლების აკრძალვას, მათ სასულიერო პირები პოლიციის უფროსის თანდასწრებით დაემუქრნენ, რომ თუ ისინი კიდევ ერთხელ შეიკრიბებოდნენ, მათ „ბასილის მეთოდებით” გაუსწორდებოდნენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთმა „საპატრიარქოს უწყებანი” (30 ივნისი) გამოაქვეყნა ინტერვიუ მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტრის წინამძღვართან, მამა გოჩა ცაავასთან, რომელმაც უარყო მომხდარი დარბევის ფაქტი და იეჰოვას მოწმეებს ბრალი დასდო პრესისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებასა და ადგილობრივი მართლმადიდებლების შევიწროებაში. თუმცა, ამ უარყოფის მიუხედავად, მან სრულიად ბუნებრივად მიიჩნია ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი, აღარ შეიკრიბონ „სექტანტები” იმ სახლში, რომელიც ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს: „ეს გზა ეკლესიისკენ მიმავალი გზაა და მოსახლეობა მას არ დააგდებს. მომავალში, ალბათ, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ არ მივცეთ საშუალება, თავისუფლად იმოქმედონ სკოლებში და უკანონოდ გაავრცელონ სექტანტური ლიტერატურა, რისი იურიდიული უფლებაც არა აქვთ.” იმავე დღეს, 8 ივნისს ზუგდიდში, გამსახურდიას №30-ში, დაარბიეს სახარებისეული ქრისტიანების ეკლესიის („სიცოცხლის სიტყვის”) შეკრება, რომელსაც ამ ეკლესიის 12 უცხოელი სტუმარიც ესწრებოდა. ეკლესიის წევრების, ლევან ბერიშვილისა და გელა მალიჩავას თქმით, დამრბევთა შორის იყვნენ როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, კერძოდ, ზუგდიდის საკრებულოს წევრი, „ზუგდიდენერგოს” ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ზურაბ გოხია. დამრბევებმა გაიტაცეს სახარებისეული ქრისტიანების კუთვნილი დოკუმენტები, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებებს შეეხებოდა. „სიცოცხლის სიტყვა” ამ ფაქტამდე 3 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა ზუგდიდში და მას, დაახლოებით, 70-მდე წევრი ჰყავდა. 8 ივნისის ინციდენტი ამ ეკლესიის წევრთა მიმარ გამოჩენილი ძალადობის პირველი შემთხვევა იყო. ეკლესიის წევრებით თქმით, დარბევამდე მცირე ხნით ადრე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა ბესო გაბისონიამ მათ მოსთხოვა, რომ შეეწყვიტათ მსახურება. „სიცოცხლის სიტყვის” წარმომადგენლებმა დახმარებისთვის ზუგდიდის პოლიციას მიმართეს, მაგრამ მან მრევლის უსაფრთხოებისთვის რაიმე ზომა არ გაატარა. ამ დარბევის შემდეგ ადგილობრივი ტელეკომპანია “ოდიშის” ეთერით გამოვიდა მართლმადიდებელი მღვდელი მურთაზ ჭანტურია, რომელმაც განაცხადა, რომ სახარებისეულმა ქრისტიანებმა რწმენა ჰუმანიტარულ დახმარებებზე გაცვალეს. ამ დარბევამდე 2 დღით ადრე, იმავე ტელეკომპანიით გამოსვლისას, მურთაზ ჭანტურიამ განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს სხვა რელიგიათა არსებობას, თუნდაც ეს სისხლის ფასად დაუჯდეს.

13 ივნისს „სიცოცხლის სიტყვის” წარმომადგენლებმა დახმარებისთვის მიმართეს „თავისუფლების ინსტიტუტს”, რის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ მიუვიდა ბასილ მკალავიშვილს, რომელიც მრევლთან ერთად მიადგა თავისუფლების ინსტიტუტში. მკალავიშვილი იმუქრებოდა, რომ თუ „თავისუფლების ინსტიტუტი” თავს არ დაანებებდა მას და პოლიციას, მაშინ „თავისუფლების ინსტიტუტის” წინააღმდეგ „რადიკალურ ზომებს” გაატარებდა.

2001 წლის 9 ივლისს გორის რაიონის სოფელ ორთაშენში იეჰოვას მოწმეების შეკრების ადგილს მიადგა ბასილ მკალავიშვილი და მუქარით აიძულებდა შეკრებილებს, რომ დაშლილიყვნენ. ამ დროისთვის ბასილ მკალავიშვილს სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოტანილი ჰქონდა თბილისიდან გაუსვლელობა. ხელისუფლებამ ამჯერადაც უყურადღებოდ დატოვა სასამართლო გადაწყვეტილების დარღვევა. 2001 წლის 12 აგვისტოს, ნაშუადღევს, ექსტრემისტთა ბრბომ რუსთავში ჯიმშერ გოგელიშვილის ბინის კარი შეამტვრია, სადაც იეჰოვას მოწმეთა შეკრება ტარდებოდა. დაახლოებით თხუთმეტკაციანმა ბრბომ, რომელთაც პაატა ბლუაშვილი და მამუკა ჭუბაბრია ხელმძღვანელობდნენ, დამსწრეებს, რომელთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ, ლიტერატურა და პირადი ნივთები ჩამოართვა. თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელები იეღოვას მოწმეებს ხის ხელკეტებითა და რკინის მილებით სცემდნენ. დაზარალებულთაგან შვიდს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ბრბომ დაამტვრია სკამები, ელექტროაპარატურა, ავეჯი, ხოლო ლიტერატურა ქუჩაში დაწვა. რამდენიმე დაზარალებულმა ახლომდებარე პოლიციას შეატყობინა თავდასხმის შესახებ, მაგრამ პოლიციამ კატეგორიული უარი თქვა დახმარების გაწევაზე.

მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ვინაობა კარგად არის ცნობილი რუსთავის პოლიციისთვის, პოლიციამ არც არავინ დააკავა და არც პასუხისგებაში მისცა ვინმე.

2001 წლის 15 აგვისტოს აფხაზეთიდან დევნილი ზაურ კვარაცხელია ვაჟა-ფშაველას გამზირზე, შს სამმართველოს მე-2 განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა პოლიციის თანამშრომელმა ნუკრი მახარაშვილმა, რომელმაც პირადობის დამადასტურებელი საბუთები მოითხოვა. როგორც კვარაცხელია განცხადებაში უთითებს, პოლიციელმა მას ხელჩანთის გახსნა და პირადი ნივთების ჩანთიდან ამოყრა უბრძანა. ჩანთიდან ამოყრილი ნივთები, მათ შორის ბიბლიაც, მახარაშვილმა სასულიერო სემინარიიდან გამოსულ ორ ადამიანს, ვინმე დავითს და სასულიერო პირს გადასცა. „ნუკრი მახარაშვილმა მომაყენა ამ დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სასტიკად გამაფრთხილა, რომ საერთოდ არ გამევლო ამ ქუჩით”, - ნათქვამია ზაურ კვარაცხელიას განცხადებაში. კვარაცხელიას თქმით, მეორე დღეს, როცა იგი პირადი რელიგიური ლიტერატურის დაბრუნებას შეეცადა, ნუკრი მახარაშვილმა მას ხალხის თანდასწრებით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 2001 წლის 28 სექტემბერს მკალავიშვილის მრევლისა და რუსთავის საზოგადოება „ჯვარის” დაახლოებით ასამდე წევრმა მარნეულში ტრადიციულ შეკრებაზე მიმავალი იეჰოვას მოწმეები დაარბია. ექსტრემისტებისგან ბევრს ნიღაბი ეკეთა. იეჰოვას მოწმეებმა დარბევის საშიშროების შესახებ წინასწარ შეატყობინეს ხელისუ ფლებას და პოლიციისგან მიიღეს გარანტია, რომ პოლიცია მიიღებდა საჭირო ზომებს მათი შეკრების თავისუფლების დასაცავად. პოლიცია მართლაც ესწრებოდა დარბევას, მაგრამ, როგორც იეჰოვას მოწმეები აცხადებენ და ეს კარგად ჩანდა სატელევიზიო რეპორტაჟებშიც, პოლიციელები განზე გადგნენ და უყურებდნენ, როგორ გააჩერა ექსტრემისტების ჯგუფმა იეჰოვას მოწმე დელეგატების ავტობუსები, როგორ გამოყარეს კაცები, ქალები და ბავშვები გარეთ, როგორ სცემდნენ და ჩხვლეტდნენ მათ ხელკეტებით. 40-მა კაცმა მიიღო დაზიანება, მათ შორის 12-მა - სერიოზული. პოლიციელები ასევე მშვიდად უყურებდნენ, ჯერ როგორ გაძარცვა, შემდეგ კი გადაწვა ჯგუფმა ნაგებობა, სადაც უნდა შემდგარიყო ყრილობა, და როგორ წაართვეს იეჰოვას მოწმეებს ვიდეოკამერა და ვიდეოკასეტა. თავად მკალავიშვილმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში თავმომწონედ აღიარა, რომ მარნეულში იეჰოვას მოწმეების შტაბ-ბინა მთლიანად იქნა განადგურებული.

რელიგიურ უმცირესობათა დარბევები 2002 წლის დასაწყისშიც ძველებური ინტენსივობით გაგრძელდა. 2002 წლის 25 იანვარს ბასილ მკალავიშვილმა და მისმა მიმდევრებმა ტელეკომპანია „პირველი სტერეოს” დარბევა სცადეს. მკალავიშვილი ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისგან „ევანგელისტური გადაცემის” აკრძალვას ითხოვდა. ბასილ მკალავიშვილი ამ ფაქტამდე კარგა ხნით ადრე, რამდენიმე თვის განმავლობაში ემუქრებოდა ტელეკომპანიას დარბევით, მათ შორის, საჯაროდაც, კერძოდ, ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერით. ამ მუქარით მან აიძულა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა, გადაცემა იმ დროისთვის გადაეტანა, როცა ყველაზე ნაკლები მაყურებელი ეყოლებოდა, მაგრამ მკალავიშვილი ამან არ დააკმაყოფილა და გადაცემის მთლიანად შეწყვეტა მოითხოვა.

პირველი სტერეოსხელმძღვანელებს ხსენებული გადაცემის შეწყვეტა საპატრიარქოშიც ურჩიეს, ოღონდ მუქარის გარეშე.

2002 წლის 3 თებერვალს ბასილ მკალავიშვილმა და მისმა რაზმმა თბილისში, ვაშლიჯვარში მდებარე „გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების” საწყობი დაარბია, სადაც ბიბლიური საზოგადოებისა და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ლიტერატურა ინახებოდა. ეს იყო ქართულად, სომხურად, ოსურად და ჩრდილოკავკასიის ხალხთა ენებზე დაბეჭდილი ბიბლიები და სახარებები, ევანგელურბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, მალხაზ სონღულაშვილის „ბიბლიური მოთხრობები” და სხვა. მთლიანად განადგურებული ლიტერატურის ღირებულება 20 ათას ლარს აღემატებოდა. სამართალდამცავებმა არც ეს აქცია აღკვეთეს, არადა, უშიშროების სამინისტროში დარბევამდე 2 კვირით ადრე იცოდნენ, რომ ბასილ მკალავიშვილი და მისი მიმდევრები ამის გაკეთებას აპირებდნენ. 2001 წლის 3 სექტემბერს თბილისის საქალაქო პროკურატურამ აღძრა სს საქმე ვასილ მკალავიშვილისა და პეტრე (გია) ივანიძის მიმართ. მათ ბრალი წაეყენათ „წინასწარი განზრახვით სხეულის მსუბუქი დაზიანების მიყენებაში” (სსკ, მუხლი 125). მოგვიანებით მათ კიდევ რამდენიმე მუხლით წაეყენათ ბრალი, კერძოდ: “ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა”; „ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა”; „ცემა”; „მუქარა”; „ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა”; „იძულება”. საქმე პროკურატურამ 2001 წლის 6 ოქტომბერს გადააგზავნა დიდუბეჩუღურეთის სასამართლოში, მაგრამ მისი განხილვა უსაშველოდ ჭიანურდება.

12 ხელისუფლება და მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკეთა წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


ლოცვის, ღვითსმსახურების ჩატარებისა და რწმენის გავრცელების თავისუფლების შეზღუდვის პრობლემას ისეთი მიმდინარეობებიც აწყდებიან, რომელთაც საქართველოში მოღვაწეობის დიდი ხნის ტრადიცია აქვთ. მაგალითად, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში, ქუთაისსა და ბათუმში ილახება კათოლიკური ეკლესიისა და კათოლიკე მორწმუნეთა უფლებები. ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან დაკავშირებით საქმე სასამართლომდეც მივიდა - 2001 წლის 18 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, მეუფე გაბრიელე ბრაგანტინიმ, დასავლეთსაქართველოს კათოლიკეთა კავშირის, „სავარდის” სახელით თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა საქართველოს პრეზიდენტის, ედუარად შევარდნაძის წინააღმდეგ. სარჩელში ნათქვამია, რომ დასავლეთ საქართველოს კათოლიკეებს შეზღუდული აქვთ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, ვინაიდან არ ეძლევათ საშუალება, მსახურება ჩაატარონ ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც, ტრადიციულად, დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა სასულიერო ცენტრს წარმოადგენდა. სადავო ეკლესია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში აიგო კათოლიკეების მიერ იმ მიწაზე, რომელიც მათ მეფე სოლომონ მეორემ უწყალობა და 1939 წლამდე ამ ეკლესიაში კათოლიკური წესის მსახურება სრულდებოდა, რის შემდეგაც იგი კომუნისტურმა ხელისუფლებამ დახურა. მეოცე საუკუნის 80-იანი წლებში ქუთაისელმა კათოლიკეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს თხოვნით, დაებრუნებინა მათთვის ეკლესია, მაგრამ უარი მიიღეს. 1989 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს №30 ოქმით კი, ეს ეკლესია გადაეცა მართლმადიდებელ მორწმუნეთა საზოგადოებას (ე.წ. ოცეულს), რომელიც იურიდიულად საპატრიარქოს არ ექვემდებარებოდა.

1990 წლის 12 აპრილს საქართველოს მინისტრთა საბჭომ გამოცა №183 დადგენილება, რომლის თანახმადაც ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული მართლმადიდებლური ეკლესიები, საქართველოს საპატრიარქოს ყველა საკულტო ნაგებობა და უძრავ-მოძრავი ქონება საპატრიარქოს საკუთრებად გამოცხადდა. ეს დადგენილება სამართლებრივად ვერ გავრცელდება სადაო ტაძარზე, რადგან იგი არასდროს წარმოადგენდა მართლმადიდებლური მღვდელთმსახურების ტაძარს და არქიტექტურული თვალსაზრისითაც კათოლიკურია. მიუხედავად ამისა, ხსენებული ეკლესია დღემდე მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის, რომელიც უარს ამბობს მის დაბრუნებაზე.

მეტიც, ოფიციალურ მიმოწერაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მუქარის ტონს ურევს: საპატრიარქოს განცხადებაში, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი აწერს, ნათქვამია: „ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოში კათოლიკეთა ადმინისტრაციას, ასევე ვატიკანსაც, რომ სადაოდ მიჩნეული ტაძრების საკითხი მოხსნილი იქნას დღის წესრიგიდან მართლმადიდებლებსა და კათოლიკეთა შორის საქართველოში არსებული მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, რომელიც ვფიქრობ, ერთ-ერთი სამაგალითოა იმ პროცესებთან შედარებით, რასაც სხვა ქვეყნებში აქვს ადგილი. თქვენს მიერ დაყენებული საკითხები კი გამოიწვევს ურთიერთობის გართულებას”.

ამ დავაში მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს დგას როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება. მეტიც, ხელისუფლება უარს ეუბნება კათოლიკურ ეკლესიას, გამოუყოს ახალი ეკლესიის ასაშენებელი ადგილი და მისცეს მშენებლობის ნებართვა. თანაც, ამ დავაში ხელისუფლება უხეშად არღვევს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ისე საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხოდ დატოვეს დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა მოთხოვნა, ხელისუფლებას გამოეცა ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც სადაო ეკლესია კათოლიკური ეკლესიის კუთვნილებაში გადავიდოდა. ამის შემდეგ კათოლიკეებმა სარჩელი შეიტანეს, რომლითაც ისინი ისევ პრეზიდენტისგან ითხოვენ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.

„თავისუფლების ინსტიტუტის” იურიდიული კონსულტაცების შედეგად სარჩელი ნაწილობრივ შეიცვალა და მასში ჩაემატა მოთხოვნა, ბათილად იქნას ცნობილი „ქუთაისის ქალაქის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის” 1939 წლის 29 ივნისის დადგენილება. ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს და უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ყველაზე ბევრი კათოლიკე სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს, სადაც მათი რაოდენობა, დაახლოებით, 40-50 ათას კაცს შეადგენს. სამცხე-ჯავახეთში ორი ყოფილი კათოლიკური ეკლესია, სოფელ უდეში და სოფელ ივლიტაში, ამჟამად მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის. კათოლიკური ეკლესია ითხოვს ამ ორი ეკლესიის უკან დაბრუნებას. განსაკუთრებით მწვავე დავას იწვევს ახალციხის რაიონის სოფელ ივლიტას „წმინდა ჯვრის” ეკლესია, რომელიც ჯერ კიდევ 1292 წელს აშენდა კათოლიკეების მიერ და საქართველოში აშენებული მეორე კათოლიკური ეკლესია იყო.

სოფელ ივლიტის 204 მაცხოვრებლიდან 155 კათოლიკეა, 19 მართლმადიდებელი და 30 სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი. 2002 წლის დასაწყისში სოფელ ივლიტას 200-მდე მაცხოვრებელმა „თავისუფლების ინსტიტუტს” მიმართა წერილით, რომელშიც ივლიტას ეკლესიასთან დაკავშირებული დავაა აღწერილი. წერილში აღწერილი ფაქტების თანახმად, 1992 წელს მართლმადიდებელმა მღვდელმა იოანე (შოთა) გელაშვილმა ცემენტით გალესა ის წარწერები, რომლებიც ეკლესიის წარმომავლობაზე მეტყველებდნენ, რის შემდეგაც ეკლესია მართლმადიდებლურად გამოაცხადა და კათოლიკეებს იქ შესვლა აუკრძალა. სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო წერილები გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინე კოკოევს, მაგრამ პასუხი არც ერთ წერილზე არ მიუღია. ხალხმა სცადა, არ შეეშვათ მღვდელი ეკლესიაში, მაგრამ მღვდელმა იოანემ ეკლესიის კარები პოლიციის ძალით გააღებინა, რომლის დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 90 წლის ქალს, ნინო ჩილინგარაშვილს. სოფელ ვალეს კათოლიკური ეკლესიის მოძღვარს იეჟი შიმეროვსკის, რომელიც სოფელ ივლიტაშიც ატარებდა წირვა-ლოცვას, არაერთხელ დაემუქრნენ, რომ თუ სოფელს არ დატოვებდა და იქ წირვა-ლოცვის ჩატარებას არ მოეშვებოდა, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ერთ-ერთი წირვის დროს მას მანქანის მინები ჩაუმტვრიეს. კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის დაპირისპირების ახალ მიზეზად ახალციხეში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის მცდელობა იქცა. 2001 წელს მღვდელმა იეჟი შიმეროვსკიმ და სოფელ არალის კათოლიკე მოძღვარმა ბერნარდინი სვიდერსკიმ ახალციხეში ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს. მათ გადაწყვიტეს, ეკლესია პრივატიზაციით შეძენილი დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე აეშენებინათ, რასაც როგორც რაიონული და სამხარეო ადმინისტრაციის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპისკოპოსის წინააღმდეგობა მოჰყვა. ეკლესიის აშენების წინააღმდეგ განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალციხის რაიონის გამგებელი კახა წერეთელი, ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ნასყიდაშვილი, პარლამენტის წევრი ანზორ თამარაშვილი და პარტია „ახალი მემარჯვენეების” ახალციხის წარმომადგენლები. 2001 წლის 14 თებერვალს ქალაქ ახალციხის გამგეობამ კავკასიის სამოციქულო ადმინსტრატორს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს მისწერა წერილი (№9), რომელშიც სწერს, რომ ქალაქის გამგეობას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, რომ დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსის ადგილას ეკლესია აშენდეს, რომ, თითქოს, ამ შენობის პრივატიზაცია კანონდარღვევით მოხდა და, თითქოს, მშენებლობისთვის საჭიროა შეთანხმება საქართველოს საპატრიარქოსთან და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ქალაქგანაშენიანების სამმართველოსთან.

2001 წლის 5 მარტის №49 წერილით ახალციხის ქონების მართვის სამმართველომ დაადასტურა, რომ აღნიშნული ობიექტის პრივატიზაცია კანონიერად მოხდა, ხოლო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი 2001 წლის 20 აპრილის №03-423 წერილით ადასტურებს, რომ სამინისტრო არ არის ეკლესიის მშენებლობის წინააღმდეგი აღნიშნულ ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, 2001 წლის 16 მაისის №35 წერილით ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ნასყიდაშვილი აცხადებს, რომ მშენებლობის მინისტრი შეცდომაშია შეყვანილი და ქალაქის საკრებულო წინააღმდეგია კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის.

რაიონის გამგებელმა, კახა წერეთელმა განაცხადა, რომ იგი აპირებს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი მშენებლობის წინააღმდეგ უკანონო პრივატიზებასთან დაკავშირებით. უფრო ადრე, 1998 წელს, როდესაც კახა წერეთელი ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მან საბაჟოზე უშუალოდ დააკავა იეჰოვას მოწმეების რელიგიური ლიტერატურა.

2001 წლის 25 ივნისს დანიშნული იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთის კურთხევის ცერემონიალი, რასაც ვატიკანის ელჩიც უნდა დასწრებოდა. ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო კურთხევა გადაიდო.

მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან ახალციხის რაიონში მცხოვრები კათოლიკური სარწმუნოების მიმდევარი ეთნიკური სომხები. ახალციხიდან 12 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ნაოხრებში 300 კათოლიკე ოჯახი ცხოვრობს. სოფელში არის კათოლიკური ეკლესია, რომელიც სომხების ერზრუმიდან გადმოსახლების (1829წ.) შემდეგ აშენდა. ეკლესია დანგრევის პირასაა, რადგან საბჭოთა პერიოდში მურა ნახშირის ამოღებამ ეკლესიას საძირკველი გამოუთხარა. 2002 წლის დასაწყისში სოფლის მოსახლეობამ (გამგებელი ე.არახელიანი) განცხადება შეიტანა ახალციხის რაიონის გამგებლისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სამცხის ეპისკოპოსის, თეოდორეს (ჭუიძე) სახელზე, რათა მათ ახალი ეკლესიის აშენების უფლება მიეცათ სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის, ს.კარაპეტიანის მიერ ეკლესიის ასაშენებლად ნაჩუქარ მიწაზე. სოფლის მოსახლეობამ როგორც რაიონის გამგებლისგან, ისე ეპისკოპოს თეოდორესგან მშენებლობის თაობაზე კატეგორიული უარი მიიღეს. 2002 წლის 7 იანვარს ქ.ქუთაისში საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ინიციატივით საშობაო მესა უნდა ჩატარებულიყო ყრუ-მუნჯთა საერთო ბინის პირველ სართულზე არსებულ დარბაზში. მესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დარბაზში გამოცხადდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი ვინაობის დასახელება არ ისურვეს და ბაპტისტებს მოსთხოვეს, მესა არ ჩაეტარებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დარბევით დაემუქრნენ. ბაპტისტები იძულებული გახდნენ, სადღესასწაულო მსახურება ქუთაისის ბაპტისტური ეკლესიის ხუცესის, გურამ კაპანაძის სახლში ჩაეტარებინათ.

ქუთაისში კათოლიკურ ეკლესიას ეზღუდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით დაცული რწმენის გამომჟღავნების თავისუფლება. ქუთაისში კათოლიკური ეკლესიის ინიციატივით 2002 წლის დასაწყისში რადიო „ძველი ქალაქის” ეთერში დაიწყო 20-წუთიანი საკვირაო გადაცემების ციკლი საქართველოს კათოლიკური ეკლესიის საქმიანობის შესახებ. გადაცემების დაწყების დროს რადიოს ეთიშებოდა ელექტროენერგია და, დაახლოებით, 15-20 წუთის შემდეგ ეძლეოდა. არადა, რადიოს ოფისი განთავსებულია სტამბის შენობაში, რომელიც მუდმივი ელექტროენერგიით მარაგდება. უბნის ჩამრთველ-გამომრთველი პულტი მხოლოდ იმერეთის ენერგოკომაპანიას გააჩნია. ამავე პერიოდში ქალაქის გვერდით უბნებს შეუფერხებლად მიეწოდებოდათ ელექტროენერგია.

2001 წელს კახეთის რეგიონში საკუთარი სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ ბაჰაისტებს, რომლებსაც ბრუშურებისა და წიგნების გავრცელება აუკრძალეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მაგრამ კონფლიქტი ადგილზევე მოგვარდა.

სახელმწიფოს მხრიდან ექსტრემიზმის წაქეზების მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთი პროტესტანტული მიმდინარეობის, “სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანთა ასოციაციის” ურთიერთობა საუწყებო დაცვის სახელმწიფო სამსახურთან. ასოციაცია თბილისის გარეუბანში, ხევძმარის ქუჩაზე ოფისისა და სკოლის აშენებას აპირებს. მშენებლობის ნებართვა ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა 2000 წელს გასცა, მაგრამ მშენებლობის დაწყება დღემდე ვერ მოხარხდა, რადგან ტერიტორია არ არის დაცული ბასილ მკალავიშვილისა და მისი მომხრეების თავდასხმებისგან, რომლებმაც ერთხელ უკვე დაარბიეს აქაურობა. ასოციაციის გამგეობის წევრის, ეკლესიის პასტორის, ოლეგ ხუბაშვილის თქმით, საუწყებო დაცვის სამსახურმა უარი თქვა ამ მშენებლობის დაცვაზე, ისე, როგორც უარი თქვეს დაცვის სხვა სამსახურებმაც. გაერთიანების თავისუფლება

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი იცავს გაერთიანების თავისუფლებას. საქართველოში გაერთიანების თავისუფლების დარღვევის ყველაზე მკაფიო მაჩვენებელი იყო „იეჰოვას მოწმეების” ორი კავშირისთვის - „იეჰოვას მოწმეთა კავშირისა” და „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის საქართველოს წარმომადგენლობისთვის” რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს სასამართლოს მიერ, როცა სასამართლომ პარლამენტის წევრის, გურამ შარაძის სარჩელი დააკმაყოფილა. 2002 წლის დასაწყისში გურამ შარაძემ, ამჯერად უკვე პარლამენტის ტრიბუნიდან, მოუწოდა ისანი-სამგორის სასამართლოს თავმჯდომარეს, აკაკი ბაქრაძეს, თავი დაანებოს „სექტების დაკანონებას”. ამჯერად ლაპარაკი იყო „სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანთა ასოციაციაზე”, რომელმაც ჯერ 1995 წელს გაიარა რეგისტრაცია, ხოლო ხელახალი რეგისტრაცია 1998 წელს გაიარა.

გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ”, რომლის თანახმადაც, რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციისთვის მინიმუმ 50 კაცის ხელმოწერაა საჭირო, რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციისგან თავის არიდება კი კანონით უნდა დაისაჯოს. ამასთან, პროექტის ითვალისწინებს სპეციალური საბჭოს შექმნას, რომელიც გადაწყვეტს, ვის შეიძლება მიენიჭოს რელიგიური გაერთიანების სტატუსი და ვის - არა. ამასთან, პროექტში არაფერია ნათქვამი იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლითაც საბჭოს წევრებმა უნდა იხელმძღვანელონ. არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ეს პროექტი სერიოზული დაბრკოლებას შეუქმნის რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას.

13 ხელისუფლების სიტყვიერი განცხადებები ექსტრემიზმის წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


2001 წლის 30 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება, რომლითაც დაგმო რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებები. დადგენილების ერთ-ერთი პუნქტით სამართალდამცავ ორგანოებს დაევალათ, რომ აღკვეთონ რელიგიური ექსტრემიზმისა და ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება, თუმცა, თავად დადგენილების განხილვის დროს გამოჩნდა, რომ თვით საქართველოს პარლამენტის წევრთა უმრავლესობისთვის რელიგიური შემწყნარებლობა საკმაოდ მიუღებელი ცნებაა. ისინი იწონებენ ბასილ მკალავიშვილის შეხედულებებს, ოღონდ ემიჯნებიან ექტრემიზმის გამოვლინების მკალავიშვილისეულ ფორმებს.

სხდომაზე პარლამენტის წევრი გურამ შარაძე გამოვიდა მოწოდებით, რომ შემწყდარიყო ბასილ მკალავიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციების წევრები კი აცხადებდნენ, ბასილ მკალავიშვილი ჩვენს საკეთებელს აკეთებსო. „რადგან ჩვენ ვერ შევძელით ცივილიზებული მეთოდებით განსხვავებული რელიგიური მიმდინარეობების შეზღუდვა, ამიტომ გაჩნდა ბასილ მკალავიშვილი”, - ასეთი იყო ფრაქცია „21-ე საუკუნის” თავმჯდომარის, ვახტანგ ბოჭორიშვილის გამოსვლის შინაარსი. მეტიც, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს სია, თუ სად რა ნაგებობას აშენებენ „სექტანტები” და პარლამენტს მოუწოდა, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ამ საქმის მიმართ. „სექტანტები სახლებში უვარდებიან შიმშილით დასუსტებულ ადამიანებს. გადაბირება უნდა ისჯებოდეს, ამაზე კანონია მისაღები”, - განაცხადა პარლამენტარმა. დაახლოებით ამავე სულისკვეთების გამოსვლა ჰქონდათ პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წევრებს, მაგალითად, ელდარ ნადირაძეს (ფრაქცია 21-ე საუკუნე), ხათუნა ხოფერიას (ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირი”), გურამ შარაძეს (ფრაქცია „მრეწველები”) და სხვა.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება: პარლამენტმა ეს დადგენილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, როდესაც რელიგიური ექსტრემიზმის მსხვერპლთ უცხოეთის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებიც შეუერთდნენ და საქართველოში აშშ საელჩომ და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრი განცხადებები გაავრცელეს ამასთან დაკავშირებით.

2001 წლის 22 მარტს გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება „დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ”, რომელიც მიზნა ისახავდა გატაცებების, ნარკოტიკების კონტრაბანდის, უცხოელებზე თავდასხმებისა და რელიგიის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობების აღმოსაფხვრელად ბრძოლის გაძლიერებას. სხვა მრავალ ღონისძიებებთან ერთად, ის ავალებდა პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, ბოლო მოეღოთ რელიგიური მოტივით ჩადენილი ძალადობისთვის და მიიღოთ საგანგებო ზომები დამნაშავე პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით.

ბრძანებულების პრეამბულაში ნათქვამია, რომ კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებით საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას სერიოზული ზიანი ადგება. უნდა ითქვას, რომ სწორედ ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა ეს ბრძანებულება გამოცა, ხოლო მისი მიზანი იყო არა მდგომარეობის გამოსწორება, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალის ახვევა. ეს კარგად გამოჩნდა თუნდაც იქიდან, რომ ამ ბრძანებულების გამოსვლის შემდეგ მდგომარეობა ოდნავადაც არ შეცვლილა უკეთესობისკენ და იქიდანაც, რომ სწორედ ამის შემდეგ შეიმუშავა იუსტიციის სამინისტრომ ზემოთხსენებული კანონპროექტი, რომელიც უკვე საკანონმდებლო დონეზე ითვალისწინებს აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვას. ზემოთ ხსენებული ბრძანებულების შემდეგ, 2001 წლის 10 ივლისს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ უმასპინძლა შვიდი რელიგიური მიმდინარეობის წინამძღვართ, რათა ერთობლივი სტრატეგია დაესახათ რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულების აღმოსაფხვრელად. შეხვედრაზე ითქვა, რომ რელიგიური ექსტრემიზმის გაძლიერებას და საზოგადოებაში აგრესიული ფონის გაზრდას ხალხის სიღარიბე იწვევს.

რელიგიური ექსტრემიზმის სიტყვიერი დაგმობის კამპანიას არც საქართველოს უზენაესი სასამართლო ჩამორჩა. მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას რელიგიური ექსტრემიზმის მკვეთრი მატება და დანაშაულებრივი ინციდენტენების გამწვავება მოჰყვა, უზენაესი სასამართლო იძულებული გახდა, დაეგმო მკალავიშვილის მიერ განხორციელებული „ვანდალური აქტები”, აგრეთვე „რელიგიური ექსტრემიზმის სხვა გამოვლენები…” 2001 წლის 15 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში უზენაესმა სასამართლომ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, „მიიღონ სათანადო ზომები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც თავიანთ თავს კანონზე მაღლა აყენებენ და რელიგიური მოტივით თავიანთ თავზე იღებენ სამართლის აღსრულებას. ასეთი ქმედებები არა მარტო ეწინააღმდეგება კანონს, არამედ საფრთხეს უქმნის საზოგადოებასა და სახელმწიფოს.”

ამავე განცხადებაში სასამართლო ცდილობს თავი იმართლოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და უარყოფს რაიმე კავშირს მის მიერვე მიღებულ 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებასა და რელიგიური შეუმწყნარებლობის ფაქტების მატებას შორის. განცხადებაში ნათქვამია, რომ იეჰოვას მოწმეების რეგისტრაციის გაუქმება არ ნიშნავდა მათი რწმენის თავისუფლების პრაქტიკის შეზღუდვას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ ასე იქნა აღქმული არა მხოლოდ ხელისუფლების დაბალი რგოლების მიერ, არამედ თვით ხელისუფლების უმაღლესი პირების, მათ შორის უშიშროების მინისტრის მოადგილის მიერაც. მით უმეტეს შეუძლებელი იყო, რომ რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებად და რელიგიურ უმცირესობათა შეზღუდვისკენ მოწოდებად არ ყოფილიყო აღქმული ის გადაწყვეტილება, რომლითაც უზენაესმა სასამართლომ პოლიციის მიერ ევანგელური ეკლესიის დარბევა გაამართლა, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელმაც, არაერთი დანაშაულებრივი ფაქტის არსებობის მიუხედავად, წინასწარი პატიმრობა არ მიუსაჯა ბასილ მკალავიშვილს.