ადამიანი და მისი უფლებები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბებერაშვილი ზურაბ, ბესელია ნინო, მახაშვილი ნინო, მეიფარიანი თამარ, მიქიაშვილი ლელა, ნორაკიძე თინათინ, ჯალაღანია ირინე
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
წყარო: ISBN 99928-0-379-7
საავტორო უფლებები: © ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: [სახელმძღვ. ზოგადსაგანმ. სკ. მე-8 კლასისათვის] / ზურაბ ბებერაშვილი, ნინო ბესელია, ნინო მახაშვილი და სხვ. ; [რედ.: მარიამ მიქაშავიძე] - თბ. : ოთარ ყარალაშვილი, 2002 - 31გვ. ; 13სმ.: [ფ.ა.] [MFN: 17159] FLYKTNINGERÅDET ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო Sida ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო“ OPEN SOCIETY – GEORGIA FOUNDATION წიგნი გამოიცა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოსა და ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ძვირფასო მშობლებო, მოზარდის ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით შექმნილი ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო, ვფიქრობთ, საინტერესო და სასარგებლო იქნება როგორც თქვენი შვილებისათვის, ასევე თქვენთვის. გამომცემელი ოთარ ყარალაშვილი ჭავჭავაძის გამზ. 74, ოფისი 25 31 96 ტელ: 29 91 96, ტელ./ფაქსი 25 31 96 ელ-ფოსტა: okaralashvili@yahoo.com



1 როგორ ვასწავლოთ?

▲ზევით დაბრუნება


ეს საგანი არ შეიძლება ტრადიციული მეთოდით ისწავლებოდეს. ამ სახელმძღვანელოში გამოყენებულია სწავლების უახლესი ფორმა - თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ინტერაქტიული სწავლება, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეზე, საშუალებას აძლევს მას აქტიურად იყოს ჩართული გაკვეთილის პროცესში და მიღებული ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენოს. ამ წიგნში მოცემული საშინაო დავალებებიც განსხვავებულია და ხშირად თქვენს დახმარებას ითვალისწინებს.

ადამიანის უფლებების სწავლება არ დაიყვანება მის უბრალო დასწავლაზე. მოზარდმა თაობამ უნდა გაითვალისწინოს იდეა და გააცნობიეროს, რომ ადამიანის საყოველთაო უფლებები უშუალო კავშირშია მის ცხოვრებასთან. მან უნდა ,,გააცოცხლოს“ ეს იდეები, შეიძინოს უნარი, დაიცვას საკუთარი უფლებები და პატივი სცეს სხვის უფლებებს.

სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოზარდ თაობაში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა საკუთარი აზრის გამოთქმა და დაცვა, მოსმენა, მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, კონსტრუქციული ურთიერთობების ჩვევები, კონფლიქტების მართვა, დამოუკიდებლობა, თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა.

რატომ მერვე კლასში?

ადამიანის უფლებები გამარტივებული სახით მეოთხე კლასში ისწავლება, მაგრამ მერვეკლასელი მოზარდისათვის ახალ აქტუალურობას იძენს. 13-14 წელი სწორედ ის ასაკია, როდესაც გუშინდელი ბავშვები დღევანდელი ყმაწვილები და ქალიშვილები ხდებიან. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო თანატოლები, არამედ ,,დიდებმაც“აღიარონ მათი მოწიფულობა. მაგრამ, ამავე დროს, მათ სურთ ბავშვობის დარჩენილი ნაწილი ნებიერად გაატარონ, ითამაშონ, ისიამოვნონ. ეს არის „გარდატეხის ასაკი“ - აღსავსე წინააღმდეგობებითა და ვნებათაღელვით. მოზარდები იცვლებიან და უკვე სხვა თვალებით უყურებენ სამყაროს. მათ აღარ აწყობთ ძველი ურთიერთობები ,,დიდებთან“ და იძულებულები არიან ააშენონ ახალი ურთიერთობები. ეს ცვლილებები თქვენ, მშობლებსაც, გაღელვებთ. ბევრი თქვენგანი წუხს მათს აწმყოზე და ფიქრობს მომავალზე, როდესაც ისინი საბოლოოდ მიაღწევენ ზრდასრულობის ასაკს.

ამ ასაკში იწყება მოზარდის ფასეულობათა გადაფასება, საკუთარი ,,მე“-ს აღმოჩენა და დამკვიდრება. სწორედ ამ ასაკშია მნიშვნელოვანი მივეხმაროთ მოზარდებს, რათა ესძლონ საკუთარი ადგილის დამკვიდრება, მომავლისთვის საჭიროა და სასარგებლო სოციალური ჩვევების ათვისება, საკუთარი და სხვა ადამიანების უფლებათა შესწავლა და ცხოვრებაში გამოყენება.

2 ვინ ზემოქმედებს მოზარდზე?

▲ზევით დაბრუნება


ოჯახი და სკოლა არის ის გარემო, სადაც ყალიბდება მოზარდი თაობა, ეზიარება ურთიერთობის და ქცევის ნორმებს.

თქვენ გსურთ, რომ თქვენი შვილები ჯანსაღსა და სამართლიან გარემოში იღებდნენ განათლებას, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთმა თქენთაგანმა არ იცის, რა ხდება სკოლაში. ადამიანის უფლებათა სწავლების ეფექტურობის გასაზრდელად სასურველია, სასწავლო პროცესში ტქვენი, მშობლების, ჩართვა.

მშობლების ჩართვას სკოლაში მუშაობაში რამდენიმე პრივილეგია აქვს. თუ ეს თანამშრომლობა წარმატებით ხორციელდება, მაშინ მშობლებსა და სკოლას შეუძლიათ გაერთიანებული ძალისხმევით დაეხმარონ მოზარდს ცოდნის მიღებაში.

მოზარდისათვის უფრო ადვილია სწავლა, როდესაც თქვენს მხარდაჭერასა და ინტერესს გრძნობს. მშობლებმა, პედაგოგებთან ერთად, უნდა შექმნათ ის ზნეობრივი და სამართლიანი გარემო, რომელშიც მოხდება თანამედროვე საზოგადოების სრულფასოვანი წევრის ჩამოყალიბება.

დაეხმარეთ შვილებს ადამიანის უფლებების ათვისებაში:

- შეეცადეთ, დაიცვათ თქვენს ოჯახში ის პრინციპები და ნორმები, რომლებიც ადამიანის უფლებებს უდევს საფუძვლად.

- ჰკითხეთ შვილებს, რა თემას გადიან სკოლაში და შეძლებისამებრ მიეხმარეთ მათ დავალების შესრულებაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში.

- გამოყავით დრო და შვილთან ერთად გააკეთეთ მასწავლებლის მიერ მიცემული სავარჯიშოები. ერთობლივი მუშაობა დაგაახლოვებთ მასთან და გაგიუმჯობესებთ შვილთან ურთიერთობას.

- შეხვდით პედაგოგს და გამოჰკითხეთ თქვენი შვილის საქმიანობის შესახებ, გაუზიარეთ ტქვენი შთაბეჭდილებები და აზრები.

- გაიცანით თქვენი შვილის თანაკლასელთა მშობლები. ერთობლივად, პედაგოგთან შეთანხმებით, დაგეგმეთ და მოამზადეთ ღონისძიებები, შეხვედრები, აქციები.

- მოზარდის სამართლებრივი კულტურა მხოლოდ გაკვეთილზე კი არ უნდა ისწავლებოდეს, არამედ მთლიანად მოზარდის გარემოს - უპირველეს ყოვლისა, ოჯახის სამართლიანი ატმოსფეროს ზეგავლენით უნდა ყალიბდებოდეს.

3 რას წარმოადგენს გარდამავალი ასაკი?

▲ზევით დაბრუნება


მოზარდობა - ცხოვრების პერიოდია ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის. ამ შუალედს გარდამავალ ასაკსაც უწოდებენ, რადგან იგი ბავშვობიდან მოწიფულობის ასაკში გადასვლის პერიოდად ითვლება. მოზარდობა, ჩვეულებრივ, 11-დან 18 წლამდე გრძელდება.

გარდამავალ ასაკში ხდება სქესობრივი მომწიფება, რომელიც განაპირობებს როგორც მოზარდის ფიზიკურ, გარეგნულ ცვლილებებს, ასევე მისი ემოციების და ქცევების შეცვლას. ამ პერიოდში იზრდება კიდურები, ინტენსიურად მატულობს სიმაღლე, იცვლება სხეულის ფორმები; მოძრაობა კარგავს ელასტიურობას, სიზუსტეს და უხეში, აჩქარებული, ნერვიული ხდება.

მოზარდის, საკუთარი სხეულის დაუმორჩილებლობით განპირობებული, მოუხეშავი ქცევა გარშემო მყოფთა ყურადღებას იქცევს. თავად მოზარდში ქცევის უკონტროლობა შინაგან დისჰარმონიასა და გაღიზიანებას იწვევს. უფროსების უკმაყოფილება კიდევ უფრო ამძაფრებს ისედაც დაძაბულ ემოციურ მდგომარეობას - იგი ყველას მიმართ აგრესიული, ბრაზიანი, გაღიზიანებული ხდება.

ამ პერიოდში მოზარდთა უმეტესობისათვის დამახასიათებელია ერთი ემოციური უკიდურესობიდან მეორეში სწრაფი გადასვლა. ისინი ერთ მომენტში დიდი ხალისითა და გატაცებით მოქმედებენ, მეორე წუთში კი - იგივე მოქმედებისადმი ყოველგვარ ინტერესს კარგავენ.

მოზარდის ხასიათის სწრაფი ცვლა არა მარტო ბიოლოგიური ცვლილებებით, არამედ სოციალური გარემოს ზეგავლენითაც არის გამოწვეული.

მოზარდი პირველად დგება რეალური და ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე, რომლებიც ახლა პირადად მისი გადასაწყვეტია. ესენია: დროის სწორი განაწილება, მომავალი ცხოვრების დაგეგმვა და საერთოდ, მომავალზე ფიქრი. ამის გამო მას ხშირად აწუხებს შფოთვა, რომელშიც თავად ვერ ერკვევა.

მოზარდი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მშობლების მფარველობის ქვეშ მუდამ ვერ იქნება. მალე მან დამოუკიდებლად უნდა იარსებოს, სოციალურ გარემოში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს, მომავლისათვის გარკვეული, სწორი გზა ამოირჩიოს. სწორედ ამ პრობლემების გადაჭრისათვის აუცილებელია, რომ მოზარდმა იცოდეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება.

მოზარდისათვის ძალზე მნიშვნელოვანია გარშემო მყოფთა დამოკიდებულება მის მიმართ. მოზარდის ინტერესი საკუთარი პიროვნების მიმართ გაძლიერებულია, რადგან მისთვის აუცილებელია დაიმკვიდროს ადგილი იმ გარემოში, სადაც ცხოვრება უხდება.

გარდამავალ ასაკში დიდი გარდატეხა ხდება ინტელექტუალურ სფეროშიც. მოზარდი უფრო სწრაფი ტემპით იწყებს გადასვლას კონკრეტული აზროვნებიდან აბსტრაქტულ, განყენებულ აზროვნებაზე. იგი უფრო ადვილად ახერხებს ისეთი მოვლენების და ობიექტების წვდომას და მათ შორის კავშირის დანახვას, რომლებიც მოკლებულია თვალსაჩინო ფორმებს.

ამ ასაკში განვითარებას იწყებს დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება, მოზარდი კრიტიკულად აფასებს როგორც საკუთარ, ასევე სხვათა თავისებურებებს, შესაძლებლობებს, ქცევებს. იგი კრიტიკულად ეკიდება უფროსების - მშობლების, პედაგოგის და სხვათა - მოსაზრებებს. მოზარდი ცდილობს იქონიოს საკუთარი აზრი და შეხედულება, მოძებნოს საკუთარი არგუმენტები იმ მოსაზრების წინააღმდეგაც კი, რომელიც აქამდე მისთვის ავტორიტეტს წარმოადგენდა.

ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ,,სიმართლისა“ და ,,სამართლიანობის“ გამზაფრებული აღქმა და ძიება. მაგრამ მოზარდის დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება მომწიფების წინა პერიოდშია და ხშირად მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს. აზროვნების ასეთი კრიტიკულობა გამოწვეულია ამ ასაკისათვის დამახასიათებელი სიჯიუტით, ნეგატივიზმით და უფროსებისადმი ბავშვური მორჩილებისაგან თავის დაღწევის მოთხოვნილებით.

რა არის ამ ასაკის ძირითადი მახასიათებლები?

- ორიენტაცია უფრო მეტად აწმყოზე, ვიდრე მომავალზე.

- საკუთარი თავის წარმოჩენა და აფიშირება, თანატოლთა მიერ აღიარების მოთხოვნილება (ორიენტაცია თანატოლებზე).

- გარეგნობაზე შფოთვა, სწრაფვა ფიზიკური მოწიფულობისაკენ.

- უხერხულობის განცდა ურთიერთობებში (აქედან გამომდინარეობს ხშირად არაადეკვატური და გამაღიზიანებელი ქცევები).

- ეძებს მისაბაძ ადამიანებს და ადვილად ექცევა სხვების გავლენის ქვეშ.

- ვერ საზღვრავს საკუთარი საქციელის შედეგებს.

- ძალიან დაინტერესებულია სექსუალური საკითხებით, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებით.

4 რა უნდა ასწავლოთ მოზარდს?

▲ზევით დაბრუნება


- თანამშრომლობა.

- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და პრობლემების გადაჭრა.

- პასუხისმგებლობის აღება.

- ლიდერობა.

- გარემოში, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართვა.

- უარის თქმა და მისი არგუმენტირება.

ურთიერთობის რომელ სტილს ირჩევთ?

მოზარდის ქცევის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს მათთან ოჯახის წევრების ურთიერთობის სტილი.

პირობითად, შეგვიძლია გამოვყოთ მოზარდთან ურთიერთობის სამი ტიპი:

1. დემოკრატიული. მოზარდის მშობლებთან ჰარმონიული ურთიერთობა აღზრდის დემოკრატიული ტიპის საშუალებით მიიღწევა. ის ყველაზე მეტად უწყობს ხელს ადამიანში დამოუკიდებლობის, აქტიურობის, ინიციატივის და პასუხისმგებლობის განვითარებას. მშობელი შვილს ყოველთვის უხსნის თავისი ქცევის მიზეზს, სიმკაცრეს იჩენს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, მხარს უჭერს მის მოსაზრებებს და ოჯახში არსებული წესების პატივისცემასა და დაცვას მოითხოვს როგორც შვილისგან, ასევე საკუთარი თავისაგან. ასეთ ოჯახში ყოველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ყველა წევრის აზრის გათვალისწინებით ხდება.

2. ავტორიტარული. ურთიერთობების ეს სტილი მოზარდის სრულ მორჩილებასა და მშობლის ავტორიტეტის ბრმა აღიარებას გულისხმობს. ეს მოზარდში იწვევს აგრესიას, პროტესტს, ან პირიქით, პასიურობას, საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობას და ოჯახიდან გარიყულობის გრძნობას.

3. ლიბერალური. ამ ტიპის ურთიერთობისას მშობლისაგან მოზარდი მისი ასაკისათვის შეუფერებელ, სრულ თავისუფლებას ღებულობს. მშობლის უყურადღებობა, გულგრილობა, პასიურობა მოზარდში გაუცხოებისა და ზედმეტობის განცდას იწვევს. ასეთ მოზარდებს ხშირად უჭირთ ადამიანებთან კონტაქტი, ურთიერთობები - ან ზედმეტად მორცხვნი და ჩაკეტილნი არიან, ან პირიქით - მომთხოვნნი და აგრესიულნი.

არსებობს აგრეთვე „შერეული“ სტიის ურთიერთობები. მაგალითად, როდესაც მამის ავტორიტარულ ქცევას დედის დემოკრატიული სტილი აწონასწორებს. ამიტომ ხშირად დედებს შვილებთან უფრო ახლო, გულღია ურთიერთობა აქვთ, ვიდრე მამებს.

თუ თქვენ გსურთ, დაამყაროთ შვილებთან ჰარმონიული ურთიერთობა, გირჩევთ, ურთიერთობის დემოკრატიული სტილის არჩევას, რადგან დემოკრატიულ ოჯახებში ბავშვთა უფლებები მაქსიმალურად დაცულია, მოზარდები აცნობიერებენ საკუთარ მოვალეობებს, მათი განვითარებისათვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. ასეთ ოჯახებში ყველა წევრს საკუთარი ვალდებულებები გააზრებული აქვს და პრობლემის გადაჭრას ერთობლივად ცდილობენ.

ყველაზე მეტად თქვენში შვილს მეგობრის, თანაგრძნობის დანახვა სურს. რაც არ უნდა დიდი იყოს დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვა, მას ძალზე სჭირდება გამოცდილი ადამიანის, განსაკუთრებით თქვენი, რჩევა-დარიგება. ყველაზე უფრო მშვიდი და კომფორტული ადგილი მისთვის ოჯახი და სახლია.

თუ ცნობილი ჩინური გამონათქვამის პერიფრაზირებას მოვახდენთ, შეიძლება ითქვას: „მოეპყარით შვილს ისე, თითქოს ხელში ჩიტი გიჭირავთ - ნუ მოუჭერთ ხელს ძალიან, რადგან ჩიტი მოკვდება და ნურც ძალიან თავისუფლეად დაიჭერთ, რადგან ამ შემთხვევაში ის გაგიფრინდებათ“.

5 რა უფლება აქვთ მოზარდებს?

▲ზევით დაბრუნება


რას ვფიქრობთ ჩვენ, როგორც მშობლები, ჩვენი შვილების უფლებების თაობაზე?

საკუთარი უფლებების დაცვის დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ადამიანის უფლებების გათვალისწინება, განსაკუთრებით კი ბავშვების.

რა მოვალეობები გაქვთ თქვენ?

რამდენიმე მუხლი ბავშვის უფლებათა კონვენციიდან, რომელიც მშობლების ვალდებულებებს ეხება:

- მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობელთა და, შესაბამის შემთხვევაში, მეურვეთა უფლებებსა და მოვალეობებს - უხელმძღვანელონ ბავშვს მისი უფლებების განხორციელებისას იმ მეთოდით, რომელიც ეთანხმება ბავშვის განვითარებად უნარს. (მუხლი 14, 2)

- მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევაში კანონიერ მეურვეებს, ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. (მუხლი 18,1)

- მშობელს (მშობლებს), ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლები უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. (მუხლი 27, 2)

6 რამდენიმე რჩევა

▲ზევით დაბრუნება


როგორ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა შვილებთან?

ურთიერთობის გასაუმჯობესებლად საჭიროა, ყურადღება მიაქციოთ თქვენი მოსმენის უნარს და დახვეწოთ აქტიური მოსმენის ხელოვნება. კარგი მსმენელი მოქმედებს შეფასების, ანალიზისა და საკუთარი შეხედულებების თავზე მოხვევის გარეშე, რაც უადვილებს მოსაუბრეს, და მით უმეტეს ბავშვს, სათქმელის გულღიად გამოხატვას, პრობლემის და მოსაზრების გაზიარებას. აქტიური მოსმენა ორი ადამიანის თანასწორი ურთიერთობის თანასწორია.

აქტიური მოსმენა გულისხმობს:

დაზუსტებისა და გარკვევის მიზნით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც „ეპატიჟება“ მოზარდს, მოძებნოს სხვა სიტყვები აზრის გამოსახატავად:

- რას გულისხმო?

- ხომ არ გაიმეორებდით კიდევ ერთხელ?

- ხომ ვერ ამიხსნიდი ამას უკეთ?

ნათქვამის შეჯამებას, რეზიუმირებას იმ მიზნით, რომ მოსაუბრე დარწმუნდეს - მისი ნათქვამი სწორადაა გაგებული, მას უსმენენ:

- ამრიგად, მთავარი...

- მაშასადამე, შენ მთავაზობ, რომ...

- თუ სწორად გავიგე, მაშინ...

- თუ ნათქვამს შევაჯამებთ...

აქტიური მოსმენისას მნიშვნელოვანია გამოხატოთ, რომ ,,გესმით“ მოსაუბრის ემოციები და განცდები, რაც მას დაეხმარება, თავად გააცნობიეროს საკუთარი გრძნობები. უნდა ერიდოთ კატეგორიულ ფორმულირებებს, რადგან თქვენს მიერ აღქმული შეიძლება არ იყოს ზუსტი და ყოველივე ამან შეიძლება მოსაუბრის იმედგაცრუება და დიალოგის შეფერხება გამოიწვიოს.

- მე მაქვს განცდა, რომ შენ...

- ჩემი აზრით, შენ გრძნობ...

მოსმენის უნარის უმაღლესი დონე - ემპათიური მოსმენაა. ემპათია არის მეორე ადამიანის თანაგრძნობა და თანაგანცდა. ეს არის განცდა, რაც შეიძლება ღრმად და სრულად ჩაწვდე მოსაუბრის შინაგან სამყაროს, გაუგო მას.

როგორ მოიქცეთ დაზაბულ, კონფლიქტურ სიტუაციაში?

უპირველეს ყოვლისა, უნდა მოერიდოთ განზოგადებას: „შენ ყოველთვის აგვიანებ...“, „შენ არასდროს მიგდებ ყურს“ და ა.შ.

უნდა მოერიდოთ მოზარდისათვის „იარლიყის“ მიკვრას, პიროვნების შეფასებას: „ელენე, შენ უსუფთაო ხარ...“. აქცენტი გააკეთეთ ქცევაზე და არა პიროვნებაზე. კომუნიკაცია დაფუძნებული უნდა იყოს იმ ქცევის აღწერაზე, რომელმაც თქვენი შესაბამისი გრძნობა გამოიწვია. ყოველივე ეს მოზარდის პროტესტის განცდას ამსუბუქებს, ნაკლებად იწვევს ბავშვის ფსიქოლოგიურ თავდაცვას, განმუხტავს დაძაბულობას და ქმნის უფრო ეფექტური, წარმატებული ურთიერთობების ფონს. „შენ უსუფთაო და ზარმაცი ხარ“ - შეფასება და შეურაცხყოფაა, ხოლო „შენ წვნიანი დაგეღვარა და მაგიდა არ გადაწმინდე“ - ქცევის აღწერა.