![]() |
ოჯახური ძალადობა - შენ გიცავს კანონი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|სამოქალაქო სამართლებრივი განათლება |
საავტორო უფლებები: © ქალთა საინფორმაციო ცენტრი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 პუბლიკაციის შესახებ |
▲back to top |
პუბლიკაცია მომზადებულია UNIFEM TRUST FUND-ის პროექტის „უწყებათშორისო და საზოგადოებრივი ზომები ოჯახური ძალადობის აღმოსაფხვრელად საქართველოში: გაერთიანებული ძალები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობის შესასრულებლად“ ფარგლებში, რომელიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საქართველოში.
პროექტს ახორციელებს ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია
ქალთა განალებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი;
ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
დინამიკური ფსიქოლოგია განვითარებისა და დემოკრატიისათვის;
სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება;
ქალთა იმედი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს საიტი www.nasilie.net
Published in „Women's Polygraphic Service“
დაიბეჭდა „ქალთა პოლიგრაფიული სერვისში“
T.: (995 32) 942 699, wps@ginsc.net
2008
პროექტი შემუშავებულია და ხორციელდება პარტნიორობით შემდეგ სტრუქტურებთან:
საგარეო საქმეთა სამინისტრო;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
უზენაესი სასამართლო;
სტატისტიკის დეპარტამენტი;
სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობათა ასოციაცია;
პარლამენტის თავჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხების საკონსულტაციო საბჭო;
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.
![]() |
2 * * * |
▲back to top |
ქალთა მიმართ ძალადობა კომპლექსური მოვლენაა, რომელსაც ფესვები ღრმად აქვს გადგმული საზოგადოების ორგანიზაციის სტრუქტურაში - კულტურულ რწმენებსა და სქესთაშორის ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილებაში. გენდერული ნიშნით ძალადობა ყველა საზოგადოებაში ხორციელდება და მიზნად ისახავს ერთი სქესის (უმეტეს შემთხვევაში ქალების) სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ დაქვემდებარებას მეორე სქესისადმი. ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური ფენომენია, იგი და მახასიათებელია სხვადასხვა რასის, ეთნოსის, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ რელიგიური კუთვნილების ადამიანებისთვის.
ხშირად მოძალადეები არიან ის პიროვნებები, რომელთაც ქალები ენდობიან, პატივს სცემენ, უყვართ, რაც განსაკუთრებით ართულებს მათი დაცვის ამოცანას. მილიონობით ქალისათვის ყველაზე საშიში ადგილი შესაძლოა საკუთარი სახლი იყოს. უახლოესი პარტნიორის მიერ ჩადენილ ძალადობას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ვხვდებით, განსაკუთრებით კი ისეთ საზოგადოებებში, სადაც შეინიშნება სქესთაშორის მკვეთრი უთანასწორობა, ფესვგადგმულია ისეთი კულტურული ნორმები, რომლებიც ქალთან მიმართებაში მამაკაცის უპირატესობას ქადაგებს.
ძალადობა ოჯახში შეიძლება გამოვლინდეს მრავალი ფორმით, მათ შორის, და არა მხოლოდ ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ფორმებით, ხშირად კი ყველა აღნიშნული ფორმის კომბინაციით.
ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ დუმილი 1970-იანი წლებიდან, დასავლეთში ფემინისტური მოძრაობის მეორე ტალღის გააქტიურების შემდეგ დაირღვა. ამ პერიოდიდანვე თავი იჩინა საერთაშორისო თუ ეროვნულ დონეზე მომზადებულმა კანონმდებლობამ, სახელმწიფო პოლიტიკამ ძალადობისაგან ქალთა დასაცავად.
საქართველოში ოჯახურ ძალადობაზე მუშაობა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 1990-იანი წლების ბოლოდან სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით გააჩაღეს. მომზადდა კანონპროექტი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს დახმარებით საქართველოს პარლამეტმა 2006 წლის 25 მაისს მიიღო. კანონში განისაზღვრა ოჯახური ძალადობის ცნება და სახელმწიფო დაცვის მექანიზმები, რომელიც ტარდება მოძალადის მიმართ, კერძოდ შემოღებულია შემაკავებელი და დამცავი ორდერი, რაც საშუალებას აძლევს პოლიციას და სასამართლოს სწრაფი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობის ფაქტზე, უზრუნველყოს მსხვერპლის დაცვა და შეზღუდოს მოძალადის გარკვეული ქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონი სრულფასოვნად დღემდე არ ამოქმედებულა - არ ამოქმედებულა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლთათვის, ისევე როგორც მოძალადეთა დროებითი განთავსების სარეაბილიტაციო ცენტრი, არ გადაწყვეტილა ოჯახში ძალადობის პრობლემის სოციალური მომსახურების საკითხი.
რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა?
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ვინ მოიაზრება ოჯახის წევრებში?
ოჯახის წევრები არინ - დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, მეურვე;
ოჯახში რა სახის ძალადობას შეიძლება ჰქონდე ადგილი?
ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატი-ვისა და ღირსების შელახვას;
იძულება - ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;
სექსუალური ძალადობა - სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;
ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
ოჯახური ძალადობის დროს თქვენი უფლებების დასაცავად ვის შეგიძლიათ მიმართოთ და როგორ იცავს კანონი ოჯახური ძალადობის მსხვერპლს
ოჯახური ძალადობის დროს შეგიძლიათ დარეკოთ პატრულში 022-ზე ან მიმართოთ სასამართლოს განცხადებით.
პატრული გამოსცემს შემაკავებელ ორდერს, ხოლო სასამართლო ამტკიცებს შემაკავებელ ორდერს, რომელიც ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ოჯახში ძალადობის ფაქტზე უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე წერილობითი ფორმით შეიტანება პირველი ინსტანციის სასამართლოში.
განვიხილოთ პირველი შემთხვევა თუ რა დროს გამოსცემს პატრული შემაკავებელ ორდერს და რას კრძალავს ეს ორდერი.
პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა: დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ მისი ოჯახის წევრმა, ან მსხვერპლის თანხმობით პირმა, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში - ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ.
ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია:
მიიღოს ზომები ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად
განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, ბავშვი, რაც წერილობით უნდა დააფიქსიროს
მიაწოდოს ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ
მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში
მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და ბავშვის გადაყვანა თავშესაფარში;
მსხვერპლის სხვა ადგილას გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს საცხოვრებელი ადგილიდან მისი პირადი ნივთების წამოღება;
უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ;
პოლიცია ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს. მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, გამოსცემს შემაკავებელ ორდერს.
აღნიშნული ორდერი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს, რომელიც იღებს გადაწყვე-ტილებას მისი დამტკიცების ან დამტკიცების უარის თქმის შესახებ.
სასამართლო შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს მისი მოქმედება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, საქმეზე იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა.
რა მოქმედებებათა განხორცილება ეკრძალება მოძალადეს?
შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი პატრული და მსხვერპლი, შეიძლება ითვალისწინებდეს:
მოძალადის იმ სახლისაგან მოშორების საკითხს, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა;
მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
მოძალადის ბავშვისაგან განცალკევების საკითხებს;
მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;
მოძალადისათვის იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვას, ასევე იარაღის შეძენის უფლების აკრძალვას.
განვიხილოთ მე რე შემთხვევა თუ რა დროს გამოსცემს სასამართლო დამცავ ორდერს?
ოჯახში ძალადობისას სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს:
მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას. ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში - ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
ოჯახში ძალადობის ფაქტზე უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი.
განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე შეიტანება პირველი ინსტანციის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სასამართლოში.
განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. იგი უნდა შეიცავდეს:
განცხადების შემტანი პირის სახელს, გვარს;
განცხადების შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს;
ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას;
ცნობებს მოძალადისა და მსხვერპლის, მათი ურთიერთკავშირის შესახებ;
მტკიცებულებათა ჩამონათვალს;
დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნას;
მსხვერპლის ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლების მქონე სხვა პირის ხელმოწერას.
სასამართლო განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას. დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.
სასამართლო პროცესზე მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას შესაბამის სასამართლოში.
რას შეიძლება ითვალისწინებდეს დამცავი ორდერი?
მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს;
მსხვერპლის მოძალადისაგან გარიდებისა და თავშესაფარში მოთავსების საკითხებს;
მოძალადის ვალდებულებას - არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია პიროვნების ნორმალური არსებობისათვის;
მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
მოძალადის ბავშვისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს;
მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;
მოძალადისათვის იარაღით, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით, სარგებლობის უფლების შეზღუდვას, ასევე იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის მოპოვების უფლების აკრძალვას ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში;
მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრულ ფარგლებს მიკუთვნებული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; მოძალადის სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსების, მისი რეაბილიტაციის ღონისძიებებისა და რეაბილიტაციაზე ზედამხედველობის საკითხებს;
გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;
რა ვადით გამო ცემა დამცავი ორდერი?
დამცავი ორდერი გამოიცემა 3 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედება შესაძლებელია გაუქმდეს მხარეთა შერიგებისას მოსამართლის სათანადო გადაწყვეტილებით სასამართლოსათვის მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე.
რა შედეგები შეუძლია გამოიწვიოს სასამართლოს მიერ გამოცემული დამცავი ორდერის მოთხოვნათა შეუსრულებლობამ?
მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ს.ს.კ. 381 მუხლის თანახმად, ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულების ხელის შეშლა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
რომელი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის?
1. სისხლისსამართლებრივი დაცვის მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
მაგ: 2006 წლის 25 თებერვალს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ სანდროსა და მის მეუღლე ლიკას შორის მოხდა კონფლიქტი, რაც სანდროს მხრიდან სერიოზულ ძალადობრივ ქმედებაში გადაიზარდა.
სანდრომ ლიკას მრავალი დარტყმა მიაყენა მუშტებით თავის არეში, ხოლო სახე, გულმკერდი, მუცელი და კიდურები სამზარეულოს დანით დაუსერა და დაუჩხვლიტა. შედეგად ლიკამ მიიღო ტვინის შერყევა, განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
სანდრო დაკავებული იქნა სამართალდამცავების მიერ. წინასწარი გამოძიების შედეგად სანდროს მიერ ჩადენილი ქმედება განისაზღვრა როგორც საქართველოს ს.ს.კ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ძალადობა.
გამოძიების დასრულების შემდეგ საქმე განსახილველად გადაეგზავნა საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.
აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საგულისხმოა, რომ მოძალადის სასჯელი გაცილებით მკაცრია იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობის ფაქტს მოჰყვება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გათვალისწინებული საქართველოს ს.ს.კ-ის 117-ე და 118-ე მუხლებით;
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
2. სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მაგ: განქორწინება, სასამართლო დადგენილება მეუღლეთა ცალკე ცხოვრების შესახებ, მეუღლისაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოსათხოვნად.
ლამარა 2000 წლიდან იმყოფებოდა კანონიერ ქორწინებაში მეუღლე არმენთან. ლამარა ცხოვრობდა მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ვაჟიშვილთან ერთად ქ. თბილისში. 2007 წლის ნოემბერის დასაწყისში არმენმა მეუღლე დაადანაშაულა ღალატში, მოსთხოვა გაყრა და ბინის დატოვება ბავშვებთან ერთად, ვინაიდან აღნიშნული ბინა ეკუთვნოდა მას. ლამარამ უარი განაცხადა ბინიდან გასვლაზე, ვიდრე არ მიიღებდა გაყრის საბუთს სასამართლოს გზით სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რადგან მეუღლეების თანაცხოვრების მანძილზე მათ ერთობლივად შეძენილი ჰქონდათ ოჯახისათვის საჭირო ნივთები, ასევე აღნიშნული ბინა (ლამარამ თავისი ოქროული ჩადო ლომბრადში და მიღებული თანხა დაუმატა არმენს ბინის შესაძენად).
2007 წლის 5 ნოემბერს ლამარამ შეიტანა სარჩელი ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განქორწინების, ქონების გაყოფის და ალიმენტის დანიშვნა თაობაზე.1 სასამართლომ.ასევე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გარემოებების საკითხი და მიიღო დადგენილება: დააყადაღა მეუღლის სახელზე რიცხული ბინა საქმის საბოლოო განხილვამდე, რათა არ მომხდარიყო აღნიშნული ქონების გასხვისება.
2007 წლის 13 ნოემბერს ლამარას მეუღლე მივიდა სახლში და წაიღო დაუკითხავად გარკვეული საოჯახო ნივთები. ლამარამ დარეკა საპატრულო პოლიციაში და ითხოვა მისი უფლებების დაცვა. ლამარამ საპატრულო პოლიციას განუმარტა, რომ აღნიშნული კონფლიქტის წარმოქმნის შემდეგ მისი მეუღლე არმენი ლამარას მიმართ იყენებს ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას. საპატრულო პოლიციამ მეუღლეებს ჩამოართვა ახსნა-განმარტება, შეადგინა შემაკავებელი ორდერის ოქმი, ასევე შემაკავებელი ორდერი, სადაც დაფიქსირდა მოძალადე არმენის მიერ ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა ლამარასთან მიმართებაში. შემაკავებელი ორდერი დასამტკიცებლად წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.2 სასამართლომ განიხილა და დაამტკიცა შემაკავებელი ორდერი შემდეგი3 პირობებით: აეკრძალა მოძალადე არმენს ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა და თანასაკუთრების ერთპიროვნულად სარგებლობის უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე და შემაკავებელი ორდერის მოქმედება გაგრძელდა დამცავი ორდერის4 გამოცემამდე.
3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დაცვის მექანიზმები გამოიყენება, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
მაგ.: თბილისში მცხოვრები ვინმე მაია და დათო იმყოფებოდნენ ქორწინებაში. დათო სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს და სიმთვრალის ფონზე ოჯახში ხდებოდა კონფლიქტი. დათო აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა და ემუქრებოდა მეუღლეს. მაია განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას.
ერთ-ერთი ძალადობის დროს მაიამ დარეკა პატრულში „022“-ზე და ითხოვა კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვა. პატრულმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოახდინა სათანადო რეაგირება, გამოცხადდა შემთხვევის ადგილას, შეადგინა ოქმი და გამოსცა შემაკავებელი ორდერი4 შემდეგი პირობებით: აეკრძალოს მოძალადეს, დათოს, მიახლოება მსხვერპლთან - მაიასთან, და იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი მაია იმ ყოფება. პატრულმა შემაკავებელი ორდერი დასამტკიცებლად წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. აღნიშნულზე სასამართლომ იმსჯელა და დაამტკიცა შემაკავებელი ორდერი შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება. სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე და აღნიშნული შემაკავებელი ორდერის მოქმედება გაგრძელდა დამცავი ორდერის გამოცემამდე.
მაგ.: მეუღლეები ანა და ვლადიმერი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. სისტემატური ოჯახური უსიამოვნებების გამო ისინი გასცილდნენ ერთმანეთს და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გააგრძელეს ცხოვრება. ანა საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ ქირით. მიუხედავად ერთმანეთთან გაყრისა ყოფილი მეუღლე, ვლადიმერი, ნასვამ მდგომარეობაში მიდიოდა ანას მშობლების ოჯახში და ანას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ერთ დღესაც, კონფლიქტის დროს მშობლებმა გამოიძახეს პატრული. პატრულის მიერ დაკავებულ იქნა ვლადიმერი (მოძალადე), შედგენილ იქნა ოქმი და შემაკავებელი ორდერი შემდეგი პირობებით: აეკრძალა მოძალადეს მიახლოება მსხვერპლთან და იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. მოძალადე ვლადიმერი გადაყვანილ იქნა საქალაქო სასამართლოში შემაკავებელი ორდერის დასამტკიცებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე. შემაკავებელი ორდერის მოქმედება გაგრძელდა დამცავი ორდერის გამოცემამდე.
ექვსი თვის გასვლის შემდეგ მოძალადე ვლადიმერმა კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა ანას. ანამ და მისმა მშობლებმა მიმართეს იმავე სასამართლოს განცხადებით დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე და მოძალადეს აეკრძალა მიახლოება მსხვერპლთან და იმ ადგილებთან სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე განემარტა, რომ მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
სად შეიძლება განთავსდეს მსხვერპლი?
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ანუ ადამიანი, რომელმაც განიცადა ოჯახში ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, შესაძლოა მოთავსებულ იქნას თავშესაფარში 2 თვემდე ვადით, სადაც მას გაეწევა პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო, იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება.
თავშესაფარი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსების შემთხვევაში მსხვერპლს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე. თუ გაქვთ ოჯახში ძალადობის პრობლემა და გესაჭიროებათ კონსულტაცია თქვენი უფლებების შესახებ, შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს:
კავშირი - ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი“ (995 32) 98 90 80
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (995 32) 29 28 91
კავშირი „საფარი“ - ოჯახი ძალადობის გარეშე (995 32) 22 06 89
სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება (995 93) 16 23 83
რა სახის ღონისძიბები ტარდება მოძალადესთან ძალადობის აღმოსაფხვრელად?
მოძალადე - ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ - მისი რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაყვანილ იქნება დრობითი განთავსების მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრში5, სადაც ჩაუტარდება ფსიქოლოგიური დახმარება და მკურნალობა.
რა სახის დაცვის ღონისძიბები ტარდება არასრულწლოვანის ოჯახში ძალადობისაგან დასაცავად?
ბავშვი განცალკევდება მოძალადე მშობლისაგან შემდეგ შემთხვევებში:
ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობის კვალის არსებობისას კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდება მოძალადე მშობლისაგან მისი განცალკევება.
ოჯახში ძალადობის სხვა ფორმების არსებობისას პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს ბავშვთან მოძალადე მშობლის ურთიერთობის საკითხს.
როდის შეიძლება მოინახულონ მშობლებმა ბავშვი?
სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს მოძალადე მშობლის მიერ ბავშვის მონახულების ვადებს.
მშობელს ბავშვის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიმართ დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს ბავშვის მონახულების ადგილს, დროს, პერიოდულობას, ხანგრძლივობას და პირს, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე.
მოძალადის მიერ ბავშვის მოტაცების ან სხვა სახის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისას სასამართლოს გადაწყვეტილებით მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მისი მონახულება გარემოების შეცვლამდე.
საინფორმაციო კონსულტაციისათვის - იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების, ცხელი ხაზისა და თავშესაფრების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დარეკოთ: (+995 32) 95 29 34; (+995 32) 94 26 99. el-fosta: office@ginsc.net; wicmika@caucasus.net
_________________
1 პირველ შემთხვევაში ლამარამ გამოიყენა სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის მექანიზმები.
2.მეორე შემთხვევაში ლამარამ გამოიყენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დაცვისმექანიზმები.
3 შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
4 დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის საფუძველი და პირის რკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
5 საქართველოს კანონის თანახმად „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა ამოქმედებულიყო 2008 წლის 1 იანვრიდან, რაც დღემდე არ განხორციელებულა.