ა) კაცის ძის განდიდება (13,31-32)
იესოს ჟამი ჯვრის ჟამია. ეს სიყვარულის მსხვერპლია - ღმრთის დიდების გამოცხადება. ჯერ კიდევ კანაში გამოავლინა იესომ თავისი დიდება (იოან. 2,11), თუმცა მისი ჟამი ჯერ არ დამდგარიყო (იხ. იოან. 2,4). იოანე ხშირად უბრუნდება ღმრთის ძის განდიდების თემას: პროლოგში (1,14), კარვობის დღესასწაულის მოვლენათა აღწერისას (7,39), ლაზარეს აღდგინებისას, რასაც ქრისტეს ბრალდება მოსდევს.
პირველი გამოსათხოვარი სიტყვა განდიდების უწყებით იწყება: იესო ზეიმობს თავის გამარჯვებას, როგორც უკვე აღსრულებულს, რადგან იუდას წასვლა ვნების მოახლოვებას მოასწავებს:
„ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში. რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავისთან და უმალვე განადიდებს“ (მუხლ. 31-32).
იესოს ვნება და სიკვდილი მისი განდიდებაა. ორ მუხლში ეს სიტყვა ხუთჯერ მეორდება, ხოლო მთელ გამოსათხოვარ სიტყვაში - 15-ჯერ. ამ კონტექსტში ვნების აღწერა, რომელიც გამოსათხოვარ სიტყვებს მოსდევს, უნდა იკითხებოდეს, როგორც იესოს ღმრთეების გამოცხადება. თავისი მორჩილებით ძე მამის სიყვარულს გვიცხადებს, აღდგომით კი მამა ამტკიცებს, რომ იესო ძეა. ეს ურთიერთდამოკიდებულება სამღვდელმთავრო ლოცვაშია ხაზგასმული (იოან. 17,1-5).
ზმნა სრულ დროშია გამოყენებული - „განდიდდა“: დიდება იესოს მთელ ცხოვრებას მოიცავს, დაბადებიდანვე, რადგან „სიტყვა ხორცი იქმნა... და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა“ (იოან. 1,14).
ა) ახალი მცნება (13,33-38)
,,შვილებო” - ასე მიმართავს იესო მოწაფეებს (იოან. 13,33; 21,5; მარკ. 10,24). ეს მიმართვა, სინაზით აღსავსე, წინ უსწრებს მოძღვრის მიერ ახალი მცნების დაწესებას: „გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“.
იესო სამგზის იმეორებს: „თუ მე გიყვარვართ“ (14,15.23.28). სიყვარული იმის საწინდარია, რომ ქრისტეს ერთგულნი ვიქნებით და მის მცნებასა და სიტყვას აღვასრულებთ (14,15.21.24).
სიყვარულის მცნება ხშირად მეორდება ახალ აღთქმაში (იხ. იოან. 15,12; 15,17; 1იოან. 2,8; ეფეს. 5,2). ახალი მცნება აღემატება ორ ძველაღთქმისეულ ბრძანებას, რომელთაც სინოპტიკური სახარებების ავტორები გვახსენებენ (იხ. მათ. 22,34-40; მარკ. 12,28-34; ლუკ. 10,25-28): „ისმინე, ისრაელ: უფალი, ჩვენი ღმერთი, ერთი უფალია. და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით“ (რჯლ. 6,4-5); „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც შენი თავი“ (ლევ. 19,18). ქრისტე სჯულზე აღმატებულია: იგი არა მხოლოდ ასწავლის, არამედ აღასრულებს კიდეც.
თავის პირველ ეპისტოლეში იოანე ამბობს:
„გწერთ არა ახალ მცნებას, არამედ ძველ მცნებას, რომელიც დასაბამიდან გქონდათ. ძველი მცნება არის ის სიტყვა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან. ამასთანავე გწერთ ახალ მცნებასაც“ (1იოან. 2,7-8).
„როგორც მე შეგიყვარეთ“ - ამაშია სიახლე, ქრისტიანული უწყების განუმეორებლობა ძველი აღთქმის მცნებებთან შედარებით: ამიერიდან სიყვარულს სახე აქვს. მუხლი 13,34 შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ:
„ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, რათა თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“.
სიტყვა ,,როგორც” ამავე დროს ნიშნავს „იმგვარად“ და „რადგან“. მას მოსდევს სიტყვა „რათა“. უნდა მივბაძოთ ქრისტეს, გავიხსნათ მისი სიყვარულისათვის და ეს სიყვარული სხვებს გავუზიაროთ. ქრისტე ერთდროულად სიყვარულიც მაგალითიცაა და სიყვარულის წყაროც.
კიდევ ერთი ახალი ელემენტი ურთიერთსიყვარულია. ქრისტესთან მეგობრობა მორწმუნეთა გულებში საპასუხო სიყვარულს ჰბადებს. ისინი ერთად განიცდიან იმას, რაც იესომ მათთვის აღასრულა. ამიერიდან მათში სიყვარული მყოფობს.
„ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“ (იოან. 13,35).
მხოლოდ ქრისტეს უარყოფის შემდეგ გააცნობიერა პეტრემ, რომ ქრისტეს გარეშე ჭეშმარიტი სიყვარული შეუძლებელია. მხოლოდ სულიწმიდა გვაძლევს ძალას, გავყვეთ სიყვარულს იქ, სადაც მას მივყავართ. „ახლა იქ ვერ გამომყვები“ (მუხლ. 36) - ამბობს ქრისტე ვნებამდე, აღდგომის შემდეგ კი ორგზის მოგვიწოდებს: „შენ მე გამომყევი“ (იოან. 21,19.22). პეტრემ არ იცის, სად მიჰყავს იგი მოძღვარს, ამიტომაც წარმოთქვამს ცნობილ სიტყვებს: „Quo vadis, Domine?“ - „უფალო, ვიდრე ჰხუალ?“ (მუხლ. 36. იხ. იოან. 16,5).
გ) გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე (14,1-15)
„...სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა“.
ეუბნება მას თომა: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?“
ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და ნანახი გყავთ იგი.
ეუბნება მას ფილიპე: „უფალო, გვაჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის“.
ეუბნება მას იესო: „რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, მამა გვაჩვენეო? არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია?“ (14,4-10).
ისევე, როგოც ბავშვები საპასექო სერობისას (იხ. გამ. 13), მოწაფეები შეკითხვებს უსვამენ იესოს და იგი თავის მოძღვრებას აძლევს მათ. იგი არის კარი; იგი არის გზა. იესო თავად მიუყვება ამ გზას და ჩვენც მიგვიძღვის. „მოციქულთა საქმეებში“ ლუკა სახარებას უწოდებს გზას (იხ. საქმე 9,3; 18,25-26; 19,9-23; 24,12.22). ქრისტიანული ცხოვრება ჭეშმარიტების გზით სიარულია (იხ. 2პეტრე 2,2), ისევე სიარული, როგორც ის დადიოდა (1იოან. 2,6. ბერძ. ორიგინალი). ქრისტიანული მოძღვრება არც რეცეპტებია, არც განწესებები, არამედ პიროვნება - ვინმე. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ პიროვნებისა გვწამს და არა განწესებების. იესოა ჭეშმარიტება და სიცოცხლე. გაჰყვე მას, ნიშნავს იყო ჭეშმარიტი და ცოცხალი, გახდე ის, ვისაც აღიარებ.
იესოა ჭეშმარიტება და სიცოცხლე, რადგან იგი და მამა ერთნი არიან. იხილო იესო, - ნიშნავს, იხილო მამა, რომელიც გზის მიზანია. „ღმერთი არასოდეს არვის უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა“ (იოან. 1,18), რადგან ,,არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია” (იოან. 3,13). ,,ისე კი არაა, თითქოს ყველას ეხილოს მამა. ვინც ღვთისგანაა, მხოლოდ მან იხილა მამა” (იოან. 6,46).
წმიდა ავგუსტინე წერდა: „თუკი გიყვარს, უნდა გაჰყვე. შენ ამბობ: „მე მიყვარს, მაგრამ საით უნდა წავიდე?“ წარმოიდგინე, რომ შენმა უფალმა ღმერთმა გითხრა: „მე ვარ ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. ჭეშმარიტება გსურდა, სიცოცხლეს მიელტვოდი და მათკენ მიმავალ გზას ეძებდი. ეუბნებოდი საკუთარ თავს: „ჭეშმარიტება მშვენიერია, სიცოცხლე - დიდებული; რომ ვიცოდე, როგორ მივაღწიო მათ!“ გზას ეძებ? მაგრამ მანამდე მან თქვა: „მე ვარ გზა“. სანამ გეტყოდა, - საითკენ, მან გიპასუხა, - როგორ. „მე ვარ გზა“. გზა რისკენ? ჭეშმარიტებისა და სიცოცხლისაკენ. მან ჯერ გითხრა, სად და როგორ უნდა იარო, შემდეგ კი - საით და რისკენ. მაშ, ადექი, უქნარავ! გზა თავად მოვიდა შენთან, გაგაღვიძა - ღმერთმა ქნას, რომ გეღვიძოს! ადექი და გაიარე!”1.
ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ამბობს:
„ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს გაბედულება წმიდაში შესვლისა იესოს სისხლის მეშვეობით, ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი, თავისი ხორცით, /.../ მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით“ (ებრ. 10,19-22).
ჭეშმარიტების გამოცხადება და სიცოცხლის ნიჭი ქრისტეს საქმეთა მიზანია. ეს თემები იოანეს მთელ სახარებას გასდევს:
„მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა“ (1,17).
„შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (8,32).
„მისი მოწმობა ჭეშმარიტია“ (21,24).
„მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი“ (1,4).
„მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ“ (10,10).
„ეს კი დაიწერა, /.../ რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით“ (20,30).
მოწაფეები მიუყვებიან ამ გზას. იმისთვის, რომ თავად გახდნენ ჭეშმატიტნი და ცოცხალნი, მეგზური სჭირდებათ, - სულიწმიდა, რომელიც შეუძღვება მათ „სრულ ჭეშმარიტებაში“ (იოან. 16,13).
დ) ღმრთის შინაგანი მყოფობა (14,18-24)
„იმ დღეს გაიგებთ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები. /.../ ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს“ (იოან. 14,20-23).
ყოველ მორწმუნეში ღმრთის მყოფობის თემას იოანე მე-15 და მე-17 თავებში უბრუნდება (ვაზი და ლოცვა ერთობისთვის). ამ მონაკვეთის თავისებურებაა გამოყენება სიტყვებისა - „დარჩენა“ და „სავანე“. ბერძნული სიტყვა mone (სავანე, სამყოფელი) წარმოებულია ზმნისაგან menk (დარჩენა. იოან. 15,1-16-ში გამოყენებულია 11-ჯერ), რომელიც ასევე შეიძლება ნიშნავდეს გაჩერებას, მყოფობას, დასვენებას. მორწმუნის გული ის ადგილია, სადაც სულიწმიდა რჩება (იხ. მუხლ. 17) და სულიწმიდით სამების პირველი ორი პირი მყოფობს2.
გამოცხადება საუბრობს ამ მყოფობაზე, როგორც ღმრთის უდიდეს ნიჭზე: „აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან“ (გამოცხ. 3,20). ერთობლივი სერობა შინაგანი ერთობაა, რომელიც უმაღლეს გამოხატულებას ევქარისტიაში ჰპოვებს: „ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება, და მე - მასში“ (იოან. 6,56).
1. იოანეს სახარების განმარტება, 34,9.
2. ეკლესიის გადმოცემასთან სრულ თანხმობაში წმ. სამების ელისაბედმა შექმნა შინაგანი მყოფობის ღმრთისმეტყველება, რომელსაც იხსენიებს პაპი ლეონ XIII ენციკლიკაში ,,Divinum illud“ და ადასტურებს პიუს XII ენციკლიკაში ,,Mystici Corporis”
ამ მონაკვეთს ძალზე მკაფიოდ გამოხატული სტრუქტურა აქვს, ისევე, როგორც სიტყვებს კეთილ მწყემსსა (იოან. 10) და სიცოცხლის პურზე (იოან. 6).
იესო ორჯერ იმეორებს: „მე ვარ ვაზი“. ისევე, როგოც კეთილი მწყემსის სახის განმარტებისას, ყოველი ელემენტი - მე ვარ კარი; მე ვარ მწყემსი კეთილი - ორგზის მეორდება. აქ ვხედავთ ორ ეტაპს, ან ორ ასპექტს იმ საქმისა, რომელსაც ღმერთი აღასრულებს იესოს მოწაფის გულში. პირველ ეტაპზე გვიცხადდება იესოსა და მამის ურთიერთდამოკიდებულება. მამა განწმედს მას, ვინც სიტყვას მიიღებს. მეორე ეტაპი გვიჩვენებს ქრისტესთან პიროვნული ურთიერტობის მნიშვნელობას: გულებში მოქმედმა სიყვარულმა მიწისმუშაკისათვის სასურველი ნაყოფი უნდა გამოიღოს. მამა აშორებს (airei) უნაყოფო ლერწებს და გაწმედს (katairei) ნაყოფიერს, „რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს“.
ქრისტე მოქმედებს თავის მოწაფეებში, რათა მათ მევენახეს სასურველი ნაყოფი მოუტანონ. ეს ნაყოფი მორწმუნის ცხოვრებაში ღმრთის სიტყვის განხორციელებაა. სიტყვაშია ცხოველმყოფელი წვენი. ნაყოფს ის მოიტანს, ვინც ამ სიტყვის თანახმად ცხოვრობს. ნაყოფი კი - უანგარო სიყვარულია, რომელსაც სულიწმიდა ჰბადებს. იგი გამუდმებით მიუძღვის მათ, ვინც ქრისტესმიერად ცხოვრობს.
იესო და მამა: უნდა ვისმინოთ სიტყვა (15,1-4)
„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწის მუშაკია. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმენდს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ უკვე განწმედილნი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით. თქვენ ჩემში დარჩით, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით“.
იესო და მოწაფეები: ვინც მასში დარჩება, ნაყოფს გამოიღებს (15,5-6).
„მე ვაზი ვარ, თქვენ კი ლერწები. ვინც ჩემში დარჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვება“.
იესო ორ ეტაპად განმარტავს ალეგორიას (მუხლ. 7-10 და 12-17). ეს ორი ეტაპი გამიჯნულია მე-11 მუხლით: „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს“. ქრისტეს მიზანია, სრულყოფილი სიყვარულით აღავსოს ადამიანი.
განმარტების პირველი ეტაპი ხაზს უსვამს ზმნას „დარჩენა“ (ეს ზმნა 5-ჯერ მეორდება, ისევე, როგორც თავად ალეგორიაში). იესოში დარჩენა ნიშნავს, - გავიხსნათ მისი სიყვარულისათვის და ვიცოდეთ, რომ მას უსაზღვროდ ვუყვარვართ; უნდა დავრჩეთ ქრისტეში, და იგი დაივანებს ჩვენში.
მეორე ეტაპზე ცენტრალური ადგილი სიყვარულს უჭირავს (ეს სიტყვა 4-ჯერ მეორდება; 2-ჯერ - მეგობრობა). სწორედ სიყვარულია ის ნაყოფი, რომელიც ლერწებმა უნდა გამოიღონ. სიყვარულს ღმრთისაგან ვიღებთ და მოყვასს ვუზიარებთ. სიყვარული არც ვალდებულებაა, არც ტვირთი, არამედ სრულყოფილი სიხარულის წყაროა. სწორედ ეს სიხარულია ერთობის მიზანი:
„ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს“.
მცნება ერთია. სიყვარულს სიყვარულის ნაყოფი მოაქვს (იოან. 15,12-17).
განმარტების ორი ეტაპი იდენტურად ვითარდება, მაგრამ საწინააღმდეგო მიმართულებებით:
A. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება,
B. რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ. ამით განდიდდება ჩემი მამა,
C. თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ
D. და ჩემი მოწაფეები იქნებით.
E. როგორც მამამ შემიყვარა მე,
F. მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში.
G. თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში.
G. ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვერეთ თქვენ. იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის.
E. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ. მე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ,
E. რადგან ყველაფერი, რაც ჩემი მამისაგან მოვისმინე, თქვენ გამცნეთ. თქვენ არ აგირჩევივართ,
D. არამედ მე აგირჩიეთ თქვენ
C. და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს,
B. რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცეთ თქვენ.
A. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი”.
ამგვარი გაყოფა საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ ალეგორია. იესო ჯერ ეუბნება მოწაფეებს, რომ ცხოვრების მიზანი ქრისტესთან მუდმივი ურთიერთობაა, რათა ერთობაში ვიყოთ მამასთან. ეს ურთიერთობა და ერთობა შესაძლოა მხოლოდ ღმრთის ნების უპირობო მიღებით. მაშინ სიყვარული გულის ნათებად იქცევა, რომელიც სხვებსაც ეფინება და მსჭვალავს მოწაფეთა ურთიერთობას.
ქრისტესთან დარჩენა ნიშნავს, - გავიხსნათ მისი ცხოველმყოფელი მოქმედებისთვის, გვწყუროდეს მისი ნების გაგება, რათა სრულად მივეცეთ მას. საუბარია იმაზე, რომ ქრისტესმიერად ვიცხოვროთ, და არა ქრისტესთვის (ბევრი რამ შეიძლება ვაკეთოთ ღმრთისათვის, მაგრამ - უღმრთოდ!).
„ჩემში დარჩებით /.../ ჩემს სიყვარულში დარჩებით“ - ეს სულაც არ გულისხმობს ქცევის რაიმე ნორმათა დაცვას („რა გავკეთო?“); ეს სულის მდგომარეობაა. „ერთ წამსაც ვერ ვიცოცხლებ უსიყვარულოდ; მოყვარული ტანჯვის გარეშე მოქმედებს. უფრო ზუსტად კი თვით ეს ტანჯვაც უყვარს“ - ამბობს წმიდა ავგუსტინე.
მეორე ნაწყვეტი აღრმავებს ამ აზრს: „ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში“. სიყვარული, რომელსაც იესო გვაზიარებს, სულიწმიდაა, მამისა და ძის ურთიერთსიყვარულია. იგივე სახეს ვხვდებით სამღვდელმთავრო ლოცვაში: „შენ... ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე... სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო“ (იოან. 17,23.26). მორწმუნე პასუხობს ქრისტეს სიყვარულს და სულიწმიდას მიიღებს. მასში სუფევს „მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და თანაზიარება სულიწმიდისა“ (იხ. 2კორ. 13,13). „გახდე სიყვარული“, „მიიღო სულიწმიდა“, „სული მშვიდობისა“ - ქრისტიანული ცხოვრების მიზანია1; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი მიზანია, - „გავხდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი“ (2 პეტრე 1,4). იმისთვის, რომ იესოში დავრჩეთ, რომ სულიწმიდამ დაივანოს ჩვენს გულებში, სამი პირობა უნდა დავიცვათ: უნდა შევინარჩუნოთ მადლის მდგომარეობა, ანუ არ ,,ვათრიოთ“ ცოდვები, რომლებიც ჩვენს სინდისს ამძიმებს; გამუდმებით ვევედროთ ქრისტეს სიყვარულის ნიჭისათვის და თავადაც მივეცეთ მის სიყვარულს; გავუზიაროთ ეს სიყვარული მათ, ვინც ღმრთის გზას ადგას. „რადგან უყვარხარ სიყვარულს და ღია ხარ მისთვის, თავად ხდები სიყვარული“ - უთხრა იესომ ლეანდრ ლეშანსს. ერთ ფრაზაშია გადმოცემული შინაგანი გარდაქმნის ეს პროცესი.
სიყვარულის მცნება (15,12-13; იხ. 13,34; 15,17)
„ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის“.
უზენაესი დასტური სიყვარულისა, რომელსაც ქრისტე გვიანდერძებს - თავგანწირვაა. არა ,,მოკვდე”, არამედ ნებით და სიყვარულით მიუძღვნა მოყვასს სიცოცხლე - გრძნობები, მოლოდინი, დრო, ძალა, ყურადღება და ნება. „მსხვერპლი ტკივილით სიყვარულია“ - უთქვამს დედა ტერეზას. რჩეულნი ისინი არიან, რომლებმაც „გაიმარჯვეს კრავის სისხლით და სიტყვით და არ შეიყვარეს მათი სული თვით სიკვდილამდე“ (გამოცხ. 12,11), რადგან „ვისაც თავისი სული უყვარს, კარგავს მას. ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ სოფელში, საუკუნო სიცოცხლისთვის შეინახავს მას“ (იოან. 12,25).
თავის სიტყვებში იესო გადმოგვცემს ქრისტიანული ცხოვრების საფუძვლებს:
- სიყვარულის წყარო და გამოვლინება ქრისტეს თავისუფალ მსხვერპლშია.
- სიყვარული სრულყოფს ადამიანს და იგი ხდება ნიჭი სხვებისთვის.
- ღმრთის სიყვარული, ჩვენში დავანებული, ჩვენს ძმებზე ვრცელდება.
- მე თავად ვხდები სიყვარული, რადგან სიყვარულს ვუყვარვარ.
- ეს სიყვარული - სულიწმიდაა.
იოანეს პირველი ეპისტოლე ამ მოძღვრებას რამდენიმე მუხლში განაზოგადებს (1 ინ 4,8-16):
„...ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ. ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მოსატევებლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენშია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა... ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი - მასში“.
სიყვარული ვაზის ნაყოფია. „ყოველი ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვენი ნაყოფის მომტანია“ (დაბ. 1,12). სიყვარული თავისთავად ნაყოფიერია: იგი გადაეცემა და ვრცელდება სიყვარულითვე. ქრისტიანობა თანაზიარება და საიდუმლოა. იგი არ არის თეორია, არამედ სიყვარულის ეპიდემიაა. მხოლოდ ის შეგიძლია „გადასდო“, რაც თავად გჭირს. სიყვარული სხვაგვარი ცხოვრებაა. იგი აღავსებს მოწაფეთა გულებს და „გადაედება“ მათ, ვინც მოყვარულთ უახლოვდება. ამიტომაც ამბობს ქრისტე: „ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით“. უნდა გვწამდეს, რომ სიყვარული ყოვლისშემძლეა; რომ ის, ვინც ჩვენში მოქმედებს, მუდამ იმარჯვებს:
„ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის გაკეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ, მას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში, ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ (ეფ 3,20-21).
გამოსათხოვარ სიტყვებში ვხვდებით ხუთ მონაკვეთს, სადაც იესო საუბრობს სულიწმიდაზე, რომელსაც ნუგეშისმცემელს უწოდებს (ბერძ. parakletos). ამ სახელით, სულიწმიდის გარდა, იოანე იესოსაც იხსენიებს (იხ. იოან. 14,16 და 1 იოან. 2,1). სიტყვასიტყვით parakletos ნიშნავს - „ის, ვინც მოწოდებულია, სიახლოვეში იყოს“. აქედანვეა ლათინური თარგმანები - ad-vocatus (დამცველი) და cum-solator (ნუგეშისმცემელი). შემდგომში ამ ლათინური სიტყვების აზრი შეიცვალა, იურიდიული ელფერი შეიძინა და სიახლოვეში ყოფნას აღარ ნიშნავს. parakletos - მამისაგან მოვლინებული მყოფობაა: ძის მყოფობა მისი ქვეყნიური ცხოვრებისას და ძით - სულიწმიდის მყოფობა; სულიწმიდისა და სულიწმიდით ძის მყოფობა განდიდების შემდეგ. ეს ორმაგი მყოფობა ერთდროულად სიწმიდეცაა (იოან. 6,69; 14,26; 20,22) და ჭეშმარიტებაც (იოან. 14,6; 15,26; 16,13).
ეს ხუთი მონაკვეთი თავისებურ კრეშენდოს ქმნის. ზმნები, რომლებითაც სულიწმიდის მოქმედებაა გადმოცემული, მომავალ დროში იმეორებენ ძის მიერ აღსრულებულ საქმეებს. სულიწმიდა განაგრძობს და განავრცობს სამყაროში მისიას, რომელიც ქრისტემ აღასრულა ჯვარზე. ამიტომაც უკანასკნელი, რაც გააკეთა ჯვარცმულმა - სულის განტევება იყო (იოან. 19,30); ხოლო პირველი, რაც მოიმოქმედა მკვდრეთით აღმდგარმა - „სული შეუბერა და ეუბნება: „მიიღეთ სულიწმიდა“ (იოან. 20,22).
სულიწმიდის პირველი მოქმედება: საუკუნო მყოფობა (14,16-17)
„მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ, ჭეშმარიტების სული, რისი მიღებაც არ შეუძლია სოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება“
სულიწმიდის პირველი მოქმედება - სხვა დანარჩენთა საფუძველი - ღმრთის სიახლოვის გამოვლინებაა. მოწაფეებმა უკვე მიიღეს ეს გამოცდილება, მაგრამ მხოლოდ განდიდების შემდეგ იქნება მათში სულიწმიდა, „რადგან ჯერ კიდევ არ იყო მოცემული სული, რაკი იესო ჯერ განდიდებული არ იყო“ (იოან. 7,39). „თქვენთან რჩება და თქვენში იქნება“ - სული წმიდის მყოფობის ნაყოფი შემდეგ მუხლებშია აღწერილი: „ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან... მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ“. სულიწმიდა თრგუნავს მარტოობას, გვიჩვენებს, „გვაგემებს“ გამარჯვებული ქრისტეს ქმედით მყოფობას.
სულიწმიდის მეორე მოქმედება: გასწავლით და გაგახსენებთ (14,26-27)
„ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს. მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდებით“.
სულიწმიდა გვასწავლის, გამუდმებით გვახსენებს ჭეშმარიტებას. ცხოვრების კონკრეტულ პირობებში მიუთითებს ადამიანს ღმრთის ნებას. ამისთვის იგი გვახსენებს, თუ რა თქვა და რა განიცადა ქრისტემ. ეს დამოძღვრა ნათელს ჰფენს ჩვენს ყოველდღიურობას. იგი წყაროა მშვიდობისა, რომელიც სულიწმიდის პირველ ნაყოფთაგანია, ისევე, როგორც სიხარული (იხ. გალ. 5,22). აღდგომის დღეს მოწაფეებმა მიიღეს მშვიდობის ნიჭი და სულიწმიდა (იოან. 20,19-23). ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ იმ კაცის სულში სუფევს, რომელიც ღმრთის ნებას აღასრულებს.
სულიწმიდის მესამე მოქმედება: მოწმობა (15,26-27)
„როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისაგან - ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისაგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე. თქვენც დაამოწმებთ, ვინაიდან თავიდანვე ჩემთანა ხართ“.
მირონცხების საიდუმლო მორწმუნეთა გულებში სულთმოფენის დღეს აღესრულება. იმ დღეს გამოვლინდა სულიწმიდის ძლიერება: სუსტი, უსუსური არსებები მან ქრისტეს მოწმეებად აქცია. მოწმე კი ისაა, რომელმაც თავად ნახა, მოისმინა, გამოსცადა ის, რასაც ამოწმებს. მხოლოდ ამგვარად შეუძლია მორწმუნეს, დაამოწმოს ისეთივე დამაჯერებლობით, როგორიც დამახასიათებელი იყო პირველი ქრისტიანებისათვის (იხ. საქმე 2,29; 4,13.29.31). სიტყვა ,,მოწამე” ,,მოწმეს” ნიშნავს. ის, ვინც სიცოცხლეს სწირავს ჭეშმარიტებისათვის, აღდგომის რწმენას მოწმობს. ამიტომაც ეკლესია მათ „წმიდანებს“ უწოდებს.
სულიწმიდის მეოთხე მოქმედება: შემეცნება (16,7-11)2
„მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ. და როცა ის მოვა, ამხილებს სოფელს, ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო, ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს, სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვერასოდეს მიხილავთ, განკითხვის გამო, რომ მთავარი ამ სოფლისა განკითხულია“.
ამხილებს სოფელს, ანუ გააცხადებს საგანთა, მოქმედებათა, ქმნილებათა ჭეშმარიტ ღირებულებას. სულიწმიდა გვანიჭებს ცოდვის, სამართლიანობის, მსჯავრის დანახვისა და გაგების უნარს. ცოდვა - რწმენის არქონაა, ჭეშმარიტების, ანუ ქრისტეს უარყოფაა.
სამართლიანობა მამის მარჯვენით მჯდომარის დიდებაშია. ღმრთის ნების თანახმად, სამართლიანია ის, რაც იესოს სურს. სამსჯავრო, რომელზედაც სახარება საუბრობს, უკვე სრულდება: ყოველივე, რაც ქრისტეს ეწინააღმდეგება, სიცრუის სამყაროს, ეშმას ეკუთვნის და უკვე დაგმობილია. ჯვარზე აღსრულებული სამსჯავრო სულიწმიდის მოქმედებით ყოველ ადამიანში ხდება. ასე სრულდება იესოს სიტყვები: „ახლაა ამა სოფლის სამსჯავრო. ამ სოფლის მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება. და როცა ავმაღლდები მიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ” (იოან. 12,31-33); ,,განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა სოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები... ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის“ (იოან. 3,19.21).
სულიწმიდის მეხუთე მოქმედება: შეგიძღვებათ ჭეშმარიტებაში (16,13-15)
„როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი“
სულიწმიდის მეხუთე მოქმედებაა - შეუძღვეს ადამიანებს ჭეშმარიტებაში. მას არ მიჰყავს ისინი ჭეშმარიტებისაკენ, როგორც მიზნისაკენ (ბერძნულ ტექსტში გამოყენებულია eis + ბრალდებითი ბრუნვა); იგი შეუძღვება ჭეშმარიტების მდგომარეობაში (eis + მიცემითი ბრუნვა). მორწმუნის მთელი ცხოვრება ჩამოყალიბებადი ჭეშმარიტებაა, ღმერთთან ურთიერთობის გაღრმავებაა. ჭეშმარიტება ის საშუალებაა, რომლითაც ჩვენი ქმნილი ბუნების ერთგულნი ვრჩებით და იმავდროულად ღმრთის განგებულებასთან ჰარმონიაში ვცხოვრობთ. ეს სრულყოფილი ყოფიერებაა, როდესაც ღმრთის ხატი ღმრთის მსგავსად ცხოვრობს (დაბ. 1,26). სიმართლით ცხოვრება ერთგულებაა ქრისტესი, ერთადერთი ჭეშმარიტი ადამიანისა. ამ პირობის გარეშე სულიწმიდა ვერ აზიარებს კაცს მამისა და ძის სიკეთეს, მათ ღმრთეებას. სულიწმიდა მომავალს გვაუწყებს, მაგრამ ამით ჩვენ არ ვხდებით წინასწარმეტყველნი. იგი გვიცხადებს დაფარულ არსს იმ მოვლენათა, რომელთაც მორწმუნე აწმყოში ხედავს. ამიტომ მორწმუნეს არ უნდა ეშინოდეს მომავლისა: სულიწმიდა გვიცხადებს, რომ მომავალი ქრისტეს ეკუთვნის.
გ) ახალი დღის უწყება, ვნების შემდეგ (16,21-28.33)
„დედაკაცი მშობიარობისას წუხს, რადგან მისი ჟამი დადგა, ხოლო ბავშვს რომ გააჩენს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა სოფელში. თქვენც დამწუხრებულნი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ. იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს. ამას იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის ჟამი, როცა აღარ დაგელაპარაკებით იგავებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ. იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, ამიტომაც არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის. ვინაიდან თვით მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღვთისგან გამოვედი. მამისაგან გამოვედი და სოფელში მოვედი. კვლავ ვტოვებ სოფელს და მივდივარ მამასთან... ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს“.
„ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ“ (იოან. 16,16). მოწაფეები ვერ ჩაწვდნენ ამ სიტყვების აზრს. განმარტების შემდეგ მათ ჰგონიათ, რომ გაიგეს იესოს სიტყვები და იწამეს კიდეც. მაგრამ გაგება სულაც არ ნიშნავს რწმენას.
იესო ეუბნება მოწაფეებს, რომ მისი სიკვდილი და აღდგომა მათთვისაც გამოცდა იქნება; მათ მარტოობა ელით. მომავალ თაობებსაც მოუწევთ ბნელი ჟამის განცდა. ქრისტიანული ცხოვრება შობაა, - სრულიად ეკლესიისა და ყოველი მორწმუნისა. გამოცხადების წიგნი ამ პროცესს მშობიარე დედაკაცისა და გველეშაპის სახეებით გადმოგვცემს (მე-12 თავი).
ეს ალეგორია ზოგჯერ ქალწულ მარიამს მიეწერება, მაგრამ ამგვარი განმარტება იოანეს ღმრთისმეტყველებას არ ეთანხმება: იესოს დედა, რომელსაც ძე კანაში დედაკაცს უწოდებს, იოანესთვის პირველ ყოვლისა ეკლესიის სახეა. ძნელია ასევე მარიამის სამშობიარო ტკივილებზე საუბარი, რადგან ტკივილში შვილების შობა (იხ. დაბ. 3,16) - პირველქმნილი ცოდვის შედეგია.
ეკლესია, - მორწმუნეათა ერთობა, ტკივილით შობს ქრისტეს, როდესაც მასთან ერთად ვნებას განიცდის. ტანჯვას განიცდის ეკლესიის ყოველი წევრი - მეორედ მოსვლამდე. ქრისტე ორჯერ ამბობს: „იმ დღეს“. ეს მკვდრეთით აღდგომის დღეა - მეორედ მოსვლის დასაწყისი. „თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ“ - სრულყოფილი სიხარული ესქატოლოგიური ნიშანია. პავლე მოციქულისთვის ეს მცნებაა, რომელსაც მუდამ გვახსენებს თავის ეპისტოლეებში: „მარადის იხარეთ უფალში. და კიდევ ვიტყვი: იხარეთ!“ (ფილიპ. 4,4).
იესო ორგზის წინასწარმეტყველებს მოწაფეთა ლოცვების აღსრულებას იმ დღეს (იხ. იოან. 14,13 და 15,7). იმავე მოძღვრებას ვხვდებით სინოპტიკურ სახარებებშიც: „ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ“; „ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (მათ. 7,7; ლუკ. 11,9.13). ყოველი ნიჭის წყარო მამაა. ადამიანი, რომელსაც ძე უყვარს, მამის სიუხვისთვისაა გახსნილი. ძე ყოველივეს მამას გადასცემს, მაგრამ ეს მხოლოდ ძის პიროვნების თანაზიარებითაა შესაძლებელი (გალ. 4,7).
დაბოლოს, იესო აუწყებს მშვიდობას, რომლის საფუძველი მისი გამარჯვებაა. დევნაც იქნება, მაგრამ ულევი მშვიდობა ტანჯვის შუაგულში - ქრისტეს მყოფობის მოწმობაა. სიტყვები, რომლებიც სამღვდელმთავრო ლოცვას უსწრებს წინ, მძლეველის წამოძახილია: „მე ვძლიე სოფელს“.
1. ასე ამბობდა წმიდა სერაფიმე საროველი. წმიდა ბერნარდმა კი თქვა: ,,ქრისტიანული ცხოვრების მიზანია - ისწავლო სიყვარული”.
2. იოანე-პავლე II განმარტავს ამ ტექსტს თავის ენციკლიკაში ,,Dominum et vivi c ntem ».