![]() |
მართლმსაჯულების განხორციელება და ადამიანის უფლებები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|მართლმსაჯულება |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2000 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: წიგნი III წიგნი გამოიცა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ფინანსური დახმარებით თბილისი 2000 |
![]() |
1 მოხსენება გაეროს არსებული გამოცდილების განხილვასთან დაკავშირებით გამართული სხდომის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მოსკოვი, 21-25 ნოემბერი, 1988წ.
შესავალი
მართლმსაჯულების განხორციელებისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოცდილების განხილვასთან დაკავშირებული სხდომა, რომელიც გაერომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მიუძღვნა, პირველად გაიმართა მოსკოვში (სსრკ), 1988 წლის 21-25 ნოემბერს.
აღნიშნული სხდომებით, რომლებიც ორგანიზებული იყო გაეროს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გაეროს საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობითა და საბჭოთა მთავრობის მხარდაჭერით, აღინიშნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-40 წლისთავი და ეს სხდომები შეტანილ იქნა ადამიანის უფლებათა სფეროში გაეროს საკონსულტაციო მომსახურების პროგრამაში.1 სხდომების მიზანს წარმოადგენდა იმ იურისტთა გათვითცნობიერება ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო ნორმებსა და პროცედურებში, რომელთაც გააჩნიათ შესაბამის ქვეყნებში მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობის უშუალო გამოცდილება, კერძოდ პროკურორები, წესრიგის დამცველები, ადვოკატები, მოსამართლეები და გამომძიებლები.
მომხსენებლები და მონაწილეები
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა ყველა აუცილებელი ზომა მიიღო იმისათვის, რომ ადამიანის უფლებებზე მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებს სიტყვით გამოსვლისა და განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ. დისკუსიებს უძღვებოდა ბატონი ჟან მარტენსონი.2
განხილვაში მონაწილეობდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების ოცდაათი მაღალკვალიფიციური ექსპერტი, რომელთა შორის იყვნენ მოსამართლეები, წესრიგის დამცველები, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლები შემდეგი ქვეყნებიდან: ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ბელორუსიის სსრ, უკრაინის სსრ, რუმინეთი, ჩეხოსლოვაკია და სსრკ.
დისკუსია წარიმართა ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.
შვიდი სამუშაო სხდომა, რომლებიც გახსნითი სხდომით დაიწყო და შემაჯამებელი სხდომით დასრულდა, ეძღვნებოდა შემდეგ საკითხებს: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (საკანონმდებლო ფუნქცია), ადამიანის უფლებათა სფეროში გაეროს საქმიანობის როლი და საშუალებები (გამოყენებითი ფუნქცია), ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა საკითხი და საზოგადოებრივი აზრის როლი (საინფორმაციო ფუნქცია), ადამიანის უფლებათა დაცვა პოლიციური გამოძიებისას და გამოძიების დაწყებამდე, საერთაშორისო პაქტები ადამიანის უფლებათა შესახებ, კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ და გაეროს სხვა დოკუმენტები დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა დაცვის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვა სასამართლო წარმოებისას და ხელყოფილ უფლებათა აღდგენა, ადამიანის უფლებათა დაცვა დამნაშავეებთან მოპყრობისას სპეციალურ დაწესებულებებსა და საზოგადოებაში.
პირველი სხდომა
სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ვ. პეტროვსკიმ, განაცხადა, რომ იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საბჭოთა მთავრობისა და გაეროს საბჭოთა ასოციაციის მოწვევით გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მიერ მოსკოვში პირველად გამართულ სემინარზე გაეროს გამოცდილების განხილვას. მან დამატებით აღნიშნა, რომ ექსპერტებსა და სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებს შორის მართლმსაჯულების განხორციელების სფეროში ინფორმაციისა და მოსაზრებების გაცვლა და გამოცდილებათა გაზიარება უაღრესად ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება როგორც თითოეული მონაწილის, ასევე მათი ქვეყნებისთვისაც. დაბოლოს, ბატონმა პეტროვსკიმ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა იმპერატიულად ხორციელდება საბჭოთა კავშირში ,,პერესტროიკის“, ,,გლასნოსტისა“ და საზოგადოების დემოკრატიზაციის მეშვეობით.
გაეროს საბჭოთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა დ. ხლესტოვმა, ხაზგასმით აღნიშნა საყოველთაო დეკლარაციისა და იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ გაერომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მრავალრიცხოვან ნორმათა ერთობლიობა დაამკვიდრა. მონაწილე სახელმწიფოები ასრულებენ ამ ნორმებს და ყველა საჭირო ზომას იღებენ მათი პრაქტიკული გამოყენებისათვის. ამასთან, მან დაადასტურა, რომ აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდა ურთიერთთანამშრომლობისა და არა კონფრონტაციის პირობებში, და რომ სახელმწიფოები მიმართავენ ყველა საჭირო ზომებს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განვითარებისა და დაცვისათვის.
სტუმრად მიწვეული სახელმწიფოების მიმართ მადლიერების გამოხატვის შემდეგ ბატონმა ჟან მარტენსონმა დისკუსიისთვის დააყენა გაეროს მიერ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობისა და საყოველთაო დეკლარაციის როლის საკითხი, კერძოდ, გაეროს მიერ გატარებული ღონისძიებების, როგორებიცაა: ნორმატიული საქმიანობა, ნორმების გამოყენება, ადამიანის უფლებების გამოყენებისათვის ხელშეწყობა. განხილვისას მან დამსწრეთ შეახსენა, რომ გაერომ შესთავაზა სახელმწიფოებს საკონსულტაციო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების გაწევა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და აღდგენის მიზნით; მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში ამ პროგრამის წარმატება დამოკიდებული იყო ინფორმაციისა და განათლების სფეროში გატარებულ ღონისძიებებზე, რომლებმაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყვეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე საზოგადოებრივი თვითშეგნების ზრდას, ,,რამე თუ დუმილი ტირანიის თანამონაწილეა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ხანგრძლივი ჩადენის მიზეზი ამ უფლებების უცოდინრობასა და უგულებელყოფაში მდგომარეობს.” ამასთან დაკავშირებით, მან ხაზი გაუსვა იმ ღონისძიებათა მნიშვნელობას, რომლებიც საყოველთაო დეკლარაციის მეორმოცე წლისთავთან დაკავშირებით განახორციელა საერთაშორისო საზოგადოებამ ადამიანის უფლებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდების მსოფლიო კამპანიის ჩატარების მიზნით.
_____________________
1 მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის 1955 წლის 926-ე (X) რეზოლუციით.
2 გენერალური მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, გაეროს შტაბ-ბინის გენერალური დირექტორი Jენევაში (შვეიცარია).
![]() |
1.1 I - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ამ სფეროსთან დაკავშირებით წარსულში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებები (საკანონმდებლო ფუნქცია) |
▲ზევით დაბრუნება |
გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ მიღებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მრავალ შემთხვევაში ის ასრულებდა ქცევის წესისა და ამ სფეროს მიკუთვნებული საერთაშორისო ნორმების დაცვა-გამოყენების განმსაზღვრელ ფუნქციას.
საყოველთაო დეკლარაციის დებულებები ძირითადად აისახა კონვენციურ საერთაშორისო სამართალში ადამიანის უფლებათა შესახებ პაქტების სახით, რომლებსაც მთელი რიგი საერთაშორისო კონვენციები ავსებს.
ქალბატონმა დაემ დაადასტურა, რომ საყოველთაო დეკლარაციამ შეიძინა ამოუწურავი შთაგონების წყაროს ხასიათი. კანონმდებლებმა, პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა და იურისტებმა, რომლებიც ჩაბმული არიან ეროვნული კონსულტაციების, სისხლის სამართლის კოდექსებისა და სხვა საკანონმდებლო ტექსტების რეფორმირებასა და გადასინჯვაში ან თითოეული ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებით ახალი პროცედურების, გასაჩივრების სისტემის შემუშავებასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებაში, დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ დეკლარაციასა და მისი დებულებების გადმოღებას. ქალბატონმა დაემ გამოთქვა იმედი, რომ ხელისუფლების ორგანოები და ის ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებული არიან საბჭოური კონსტიტუციისა და სხვა ტექსტების, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსისა და ზოგადად, სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმითა და გადასინჯვით, დაიცავენ საყოველთაო დეკლარაციითა და ადამიანის უფლებათა შესახებ სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილ ნორმებსა და პრინციპებს.
თავის მხრივ, ბატონმა გუსევმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და მათი განვითარების ხელშეწყობისადმი ნდობის გარემოცვის მნიშვნელობას. მან მიუთითა, რომ მოსამართლეები, ადვოკატები და წესრიგის დამცველები მართლმსაჯულების განხორციელებისას ჯეროვან ყურადღებას არ უთმობენ ამ უფლებებს, რადგან ადამიანის უფლებათა დაცვა სასამართლოში იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც მათი განმტკიცება ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში. დაადასტურა რა მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებლობა საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, ბატონმა გუსევმა მაგალითის სახით დაასახელა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლი, რომლის თანახმად, თითოეულ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად იმ პირობით, რომ ეროვნული კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექსტით დადგენილ ნორმებს. ამასთან, პირს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი, რომელიც მას მიადგა უკანონო დაკავების ან დაპატიმრების გამო.
საბჭოთა საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელებისას ყველა უფლება ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მათ შორის საქმის წარმოებისა და გასაჩივრების ძირითადი უფლებები. ამ მხრივ, ბატონმა გუსევმა აღიარა საბჭოთა კონსტიტუციის 58-ე მუხლის დებულებებში ცვლილების შეტანის აუცილებლობა. მან ასევე დაადასტურა, რომ სამთავრობო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, პროფკავშირები, სასამართლოები და მართლმსაჯულების განხორციელების სფეროში დასაქმებული პერსონალი ვალდებული არიან ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა განვითარებას და დაიცვან ეს უფლებები.
ბატონმა გუსევმა მიუთითა საბჭოთა სასამართლოების მიერ იმ პირთა რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე, რომლებიც სასამართლო სისტემის მიერ როგორც სისხლის სამართლის, ასევე სხვა სფეროებში დაშვებული მძიმე პოლიტიკური შეცდომების მსხვერპლი გახდნენ. მან დამატებით განაცხადა, რომ ეფექტური სასამართლო რეფორმა აუცილებელია მსგავს პრობლემათა თავიდან ასაცილებლად.
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მართლმსაჯულების განხორციელებისას უნდა წარმოადგენდეს ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიას. ამასთან, დაცული უნდა იყოს კანონი „საადვოკატო საქმიანობის შესახებ“, რათა მათ ისევე, როგორც პროკურატურის წარმომადგენლებს, შეეძლოთ სასამართლოში შესაბამისი უფლებებისა და კანონის გამოყენება.
სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი და მიზანი უნდა იყოს სასიკვდილო განაჩენთა რაოდენობისა და დაკავების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება.
ბატონმა ფაუსტო პოკარმა განაცხადა, რომ საყოველთაო დეკლარაციამ შესაძლებელი გახადა ადამიანის უფლებათა ინტერნაციონალიზაცია. ამ უფლებათა დაცვამ საერთაშორისო მასშტაბი მოიპოვა იმდენად, რომ იგი სახელმწიფოთა ურთიერთობის მარეგულირებელი ვალდებულების ობიექტად იქცა. პირის პირადი უფლებები, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი მოცემული სახელმწიფოს ქვეშევრდომი, უნდა დაფიქსირდეს არა მარტო ეროვნული სამართლის, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმებითაც, იმ პირობით, რომ იგი არ გახდება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.
ბატონმა პოკარმა გაეროს წესდების შესაბამისად განმარტა სახელმწიფოზე დაკისრებული ადამიანის უფლებათა ცხოვრებაში გატარების მოვალეობის მნიშვნელობა, შინაარსი და მიუთითა საყოველთაო დეკლარაციასა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებზე. 1948 წლის დეკლარაცია წარმოადგენს უმთავრეს და ამასთან, ყველაზე ზოგად კრიტერიუმს სახელმწიფოზე დაკისრებული ადამიანის უფლებათა პატივისცემის მოვალეობის შესახებ მსჯელობისას, როგორც ეს გათვალისწინებულია წესდებით. როგორც ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ თეირანის 1968 წლის კონფერენციაზე აღინიშნა: „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია გამოხატავს მთელი მსოფლიოს ხალხთა კონცეფციას ადამიანთა ოჯახის თითოეული წევრის განუსხვისებელი და ხელშეუხებელი უფლების შესახებ და წარმოადგენს ვალდებულებას საერთაშორისო საზოგადოების წევრებისათვის.“
ბატონმა პოკარმა დამატებით აღნიშნა, რომ საყოველთაო დეკლარაცია სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას თანაბრად გასწიონ მუშაობა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებთან დაკავშირებით. დეკლარაცია, როგორც ითქვა, არ არის პიროვნების უფლებების უბრალო ჩამონათვალი, არამედ იგი მითითებას აძლევს სახელმწიფოებს ამ უფლებათა განვითარებისა და დაცვის საშუალებებზე.
დისკუსიის დროს წარმოიშვა საკითხი იმის შესახებ, უშუალოდ ასახული და გამოყენებულია თუ არა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ისევე, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, კანონმდებლობაში და მართლმსაჯულების განხორციელებისას. დისკუსიის მსვლელობისას აღინიშნა, რომ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშვიდობის, სუფთა გარემოსა და განვითარების უფლება.
![]() |
1.2 II - გაეროს საქმიანობის როლი და საშუალებები ადამიანის უფლებათა სფეროში (გამოყენებითი ფუნქცია) |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებებით მოსარგებლეა ყველა, მდიდარი და ღარიბი. ყველას შეუძლია ისარგებლოს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული, ასევე, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით. ამავე დროს, გაეროს ორგანოები ქმნიან იმის შთაბეჭდილებას, რომ მათ მიერ პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებები უგულებელყოფენ ადამიანის უფლებათა ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს. ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებთან დაკავშირებული საქმიანობა გარკვეულ სირთულეებს აწყდება, ვინაიდან ცალკეული ქვეყნები და მოსახლეობა განიცდის ეკონომიკურ კრიზისსა და რესურსების სიმცირეს.
ადამიანის უფლებათა რეალიზაციისას არასამთავრობო ორგანიზაციები ოჯახის ექიმის როლს ასრულებენ; მათ ჩარევას არსებითი მნიშვნელობა აქვს.
ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა სწავლების აუცილებლობაზე ყველა დონეზე, დაწყებითი სკოლის ჩათვლით. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თითოეულს შეგნებული ჰქონდეს თავისი, როგორც ადამიანის, უფლებებისა და თავისუფლებების არსებობა და მათი ფარგლები.
ბატონმა მავრომატისმა აღწერა ადამიანის უფლებათა რეალიზაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო პროცედურები, მექანიზმები და აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ყველა კონფლიქტი საერთაშორისო ხასიათს იძენს, დროა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები ზედმეტი პოლიტიზირების გარეშე გადაიჭრას.
გაეროს სისტემის საფუძველს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა საკითხით დაკავებული გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის საქმიანობა და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ქარტია (ასევე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ) და ამ სფეროს მიკუთვნებული სხვა დოკუმენტები. ეს უკანასკნელი, საერთაშორისო კონსენსუსის საფუძველზე, ემსახურება ისეთი ნორმების შემუშავებას, რომლებიც შეიძლება აღიარებულ და გამოყენებულ იქნეს მთელ მსოფლიოში, და ამასთანავე, მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა განვითარების მეთოდების შემუშავებასა და მათი გამოყენების შემოწმებას.
ადამიანის უფლებათა დაცვაში გაეროს როლი ძირითადად ამ უფლებათა გამოყენებაზე კონტროლში მდგომარეობს და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღების ან სანქციების გამოყენების უფლებამოსილებაზე. ეს აშკარა ხარვეზი გამოსწორებადია ამ უფლებათა რეალიზაციის ეფექტური მეთოდებისა და მექანიზმების შექმნის გზით.
აღნიშნული მიზნის მიღწევის საშუალებაა: პირველი, სახელმწიფოთა შორის ერთმანეთის მიმართ გადაცემული საჩივრებისთვის მსვლელობის მიცემა და მეორე, ცალკეულ პირთა ან კერძო ორგანიზაციათა შეტყობინების შემოწმების პროცედურები.
ბატონმა მავრომატისმა ასევე მოკლედ აღწერა პაქტებით გათვალისწინებული საქმიანობის საშუალებები და ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა კომიტეტის მუშაობაზე, განსაკუთრებით იმ უფლებამოსილებებზე, რომლებიც მას ენიჭება დამატებითი ოქმით, და მიუთითა საერთაშორისო პაქტზე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა, რომლის თანახმადაც, მას უფლება აქვს მიიღოს შეტყობინება შესაბამის უფლებათა დარღვევის შედეგად დაზარალებული ცალკეული პირებისაგან, რომლებიც ამ უფლებათა დარღვევის გამო თავს დაზარალებულად მიიჩნევენ.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობა ფართოდ იქნა აღიარებული, რაც აიხსნება მისი წევრების კომპეტენტურობითა და დამოუკიდებლობით, ერთობლივი სულისკვეთებითა და კოლექტიური მუშაობით, სახელმწიფოთა მოხსენებებში მათი კეთილი ნებით წარმოდგენილი მონაცემებითა და, საბოლოო ჯამში, კომიტეტის სამუშაო მეთოდით, რომელიც ემყარებოდა შემდეგ პრინციპებს:
-მეგობრული დიალოგი და დარწმუნების ხანგრძლივი ძალისხმევა უფრო სასურველია, ვიდრე გადაწყვეტილების გამოტანა პირდაპირი და მარტივი წესით;
-ადამიანის უფლებათა დეტალური, მიუკერძოებელი შესწავლა მოითხოვს დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობას და უპირატესად, კონსენსუსის ძიებას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით;
-ადამიანის უფლებათა შესაბამისი ნორმები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საყოველთაოდ, სოციალურ-ეკონომიკური სისტემის, რელიგიური აღმსარებლობისა და სხვა ფაქტორების მიუხედავად;
-ადამიანის უფლებათა დაცვისა და მათი განვითარების საკითხის გადაწყვეტამდე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პრობლემები, რომელთა წინაშეც სხვადასხვა სახელმწიფოები დგანან;
-ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა: ეროვნული კომისიები, ომბუდსმენის ინსტიტუტი თუ პეტიციის სხვა საერთაშორისო სისტემები, საუკეთესო საშუალებას წარმოადგენენ ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.
დისკუსია
ბატონმა ჩერნიშენკომ (სსრკ) განაცხადა, რომ ამჟამად, როდესაც გაეროს მიერ შექმნილია დოკუმენტების კრებული ადამიანის უფლებათა შესახებ და დამკვიდრებულია მათი გამოყენების სხვადასხვა საშუალება, აუცილებელია შესწავლილ და გამოსწორებულ იქნეს არსებულ საშუალებათა უარყოფითი მხარეები. იბადება კითხვა, ისახავს თუ არა მიზნად გაერო ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველი კონვენციის მიღებისას განაგრძოს ახალი კომიტეტების შექმნის პრაქტიკაჱ ამის საფუძველზე, გაეროს სისტემა შეიძლება შევადაროთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სისტემას. ადამიანის უფლებათა კომისიის 1503-ე პროცედურა ხარვეზებით ხასიათდება და საჭიროებს ბევრ შესწორებას.
ბატონმა იამბასოვმა (ბულგარეთი), აღნიშნა რა თავის ქვეყანაში ,,პერესტროიკის“ მიმდინარეობის შესახებ, განაცხადა, რომ ეფექტურობის მიღწევისათვის საჭიროა თავად რეფორმა გახდეს ეფექტური იურიდიული თვალსაზრისით. ბულგარეთის სისხლის სამართლის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ამჟამად გადასინჯულია და მათში შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც სასამართლო ხელისუფლების ფუნქციებთან, ასევე კანონის გამოყენებაზე კონტროლთან დაკავშირებით. ხელისუფლების ორგანოები თვლიან, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისას, სისხლის სამართლის წესით პატიმრობის გამოყენებამდე უნდა განხორციელდეს აღმზრდელობით-საგანმანათლებლო საქმიანობა ან გამოყენებულ იქნეს ეკონომიკური სანქციები.
ბატონმა მულერსონმა (სსრკ) განაცხადა, რომ ყველას უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებისა და ამ უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული ზომების შესახებ. ამასთანავე, ინფორმაციის თავისუფლებისა და ინფორმაციის მოპოვების უფლების უპატივცემულობამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. რაც შეეხება ეროვნულ მექანიზმებს, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საზედამხედველო სისტემა იმის გამოსარკვევად, სახელმწიფოები და კომპეტენტური ორგანოები ეროვნულ დონეზე ასრულებენ თუ არა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ბატონმა ბურჩაკმა (უკრაინის სსრ) აღნიშნა, რომ საერთაშორისო ვალდებულებათა პატივისცემა ყოველ საზოგადოებაში მიღწეულ უნდა იქნეს არსებულ ვითარებათა გათვალისწინებით. უკრაინის სსრ-ს კანონმდებლობა საკმაოდ აბსტრაქტული ხასიათისაა და ადამიანის უფლებათა ეფექტური დაცვის მიზნით მეტ სიზუსტეს საჭიროებს. აღიარებულია გასაჩივრების უფლება, მაგრამ ამ უფლების სრული რეალიზაციის გარანტირების მიზნით დაწესებულია სპეციალური პროცედურა. უნდა გადაისინჯოს და განმტკიცდეს კონსტიტუციური დებულებები ადამიანის უფლებათა შესახებ. ასევე, შესაძლებელია კონსტიტუციით გათვალისწინებულ იქნეს საზედამხედველო სისტემის შექმნა.
ბატონმა ბანდარმა შენიშნა, რომ პროცედურები სრული არასოდეს ყოფილა, მაგრამ მათი დახვეწა შესაძლებელია. მან დამატებით მიუთითა, რომ პრობლემას წარმოადგენს საქმიანობის საშუალებათა გაუმჯობესება და განმტკიცება, აგრეთვე ისეთი საშუალებების შემუშავება, რომლებსაც არ უგულებელყოფენ და ანგარიშგაუწევლად არ დატოვებენ, იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნულ დონეზე საქმიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო დონეზე. მან ასევე მიანიშნა ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების მნიშვნელობაზე.
![]() |
1.3 III - ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა საკითხი და საზოგადოებრივი აზრის როლი (საინფორმაციო ფუნქცია) |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონმა დიმიტრიევიჩმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანის უფლებათა სწავლებას, მომავალ წესრიგის დამცველებსა და თანამდებობის პირთა შორის შესაბამისი კულტურის ფართოდ გავრცელების მიზნით.
დაწყებით სკოლაში ბავშვი უნდა შეეჩვიოს ამ უფლებებს, როგორც ადამიანის ძირითად უფლებებს. სკოლის პროგრამებში განმარტებული უნდა იყოს გაეროს არსებობა და როლი, ისინი უნდა შეიცავდნენ სწავლებას ადამიანის უფლებათა როლის შესახებ. გარდა ამისა, ყველა ბავშვს შეგნებული უნდა ჰქონდეს მისი, როგორც მოქალაქის, უფლებები.
ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო ნორმების სწავლება უნდა დაიწყოს საშუალო სკოლებში.
უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამა უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა სფეროში ნაშრომებსა და დოკუმენტებს, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მიერ მომზადებულ და გამოცემულ დოკუმენტებს. სამწუხაროდ, გაეროს გამოცემებში ხშირად გამოტოვებულია ქვეყნების სახელწოდებები, რაც მათ ცოტა არარეალურად აქცევს. სასწავლო პროგრამაში შეტანილი ნაშრომები უნდა იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი და არატენდენციური ხასიათისა. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა სწავლება არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ იურიდიული ფაკულტეტების პრეროგატივას.
ინფორმაციის თავისუფლების უფლება ადამიანის უფლებათა რეალიზაციისათვის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს და, ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია არასამთავრობო ორგანიზაციათა როლი; მათ გარეშე ადამიანები მოვლენებში გაუთვითცნობიერებლები დარჩებოდნენ.
ბატონმა კოლოსოვმა მიუთითა, რომ საზოგადოებრივმა აზრმა და შეგნებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ადამიანის უფლებათა კონკრეტიზაციის შესახებ სამართლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მან მადლიერება გამოხატა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიმართ, რომელიც ცდილობს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და რომელიც, ამასთან ერთად, საკონსულტაციო როლსაც ასრულებს.
ადამიანის უფლებათა შესახებ ღია სემინარების, არსებული გამო-ცდილების განხილვის სხდომების, ლექციებისა და საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება დადებითი ნიშანია.
ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს ასრულებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ამასთან, საერთაშორისო სამართალი აღიარებს სიტყვის თავისუფლების, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლების უფლებას, რაც განმტკიცებულია საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლით.
შეუძლებელია ადამიანის უფლებები იქცეს რეალობად, თუ არ არსებობს სიტყვის თავისუფლების, ინფორმაციის თავისუფალი მიღებისა და გავრცელების უფლების მყარი გარანტია. ეს კავშირი ადამიანის უფლებათა აქტიურ ცოდნასა და ამ უფლებებით რეალურ სარგებლობას შორის აისახება სსრკ-ს დემოკრატიზაციის დღევანდელ პროცესში აისახება, რომლის დროსაც ცდილობენ ადამიანის უფლებებისადმი მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებას. იუნესკოს რეკომენდაციების ციტირების შემდეგ, ბატონმა კოლოსოვმა დამატებით აღნიშნა, რომ ინფორმაციას მშვიდობის განმტკიცებასა და მსოფლიოში მის გავრცელებასთან დაკავშირებით უნდა ერთვოდეს ინფორმაციისა და სიტყვის თავისუფლების განმტკიცება.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კამპანიის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თაობაზე მოხსენებისას, ბატონმა კოლოსოვმა განაცხადა, რომ სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა გამოაქვეყნოს და გაავრცელოს საერთაშორისო დოკუმენტები ადამიანის უფლებათა შესახებ. გაეროს რეკომენდაციები ისწავლება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის კურსსა და ადამიანის უფლებათა სხვა კურსებზე მოსკოვში.
ადამიანის უფლებათა შესახებ საინფორმაციო პროგრამები დიდ ყურადღებას უნდა უთმობდნენ საუბარს პიროვნების ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე, რაც, ასევე, აუცილებელია ამ უფლებათა კონკრეტიზაციისთვის. მეორე მხრივ, ხალხისათვის ადამიანის უფლებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ მასწავლებლების მეშვეობით, რომელთა საქმიანობის მიზანია ამ უფლებათა რეალური გამოყენება.
ბატონმა მარტენსონმა აღნიშნა ინფორმირებული საზოგადოების მოსაზრების მზარდი მნიშვნელობა. მან განხილვაზე დააყენა ინფორმაციის მიწოდებისა და ინფორმაციული საქმიანობისას საშუალებების ხელმისაწვდომობის საკითხი, ასევე, საყოველთაო დეკლარაციის მე-40 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ამასთანავე, მან გაიხსენა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის საკონსულტაციო მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამით განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ.
დისკუსია
ბატონმა ვასილენკომ (უკრაინის სსრ), წარმოადგინა რა საერთაშორისო საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა გავრცელების საკითხი, განაცხადა, რომ არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს 1975 წლის ჰელსინკის კონფერენციის დასკვნით აქტს, აგრეთვე ჰუმანიტარულ სამართალს და წინადადება შემოიტანა, ადამიანის უფლებათა ჩამონათვალში შეტანილ იქნას ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უფლება, რომელშიც გაერთიანებული იქნება უფლება ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო ტექნოლოგიასა და ნაწარმზე. ეკოლოგიისა და გარემოს საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული სიცოცხლის უფლებასთან და ეკოლოგიური და გენოციდის ცნება ამ პრინციპიდან გამომდინარეობს.
ბატონმა პუდიჟმა (პოლონეთი) განაცხადა, დამატებით აღნიშნა, რომ სწორედ პაქტები და ადამიანის უფლებათა შესახებ სხვა დოკუმენტები მოიპოვება პოლონურ ენაზე და ამ უფლებებზე პიროვნებათა დამოკიდებულების განმტკიცება აღნიშნულ სფეროში ცოდნის გავრცელებით ხორციელდება.
ადამიანები უნდა ენდობოდნენ მათ, ვინც მათ ქვეყანაში პასუხისმგებელია კანონის აღსრულებაზე. ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტირების მიზნით, პოლონეთში არსებობს ომბუდსმენის ინსტიტუტი და რეფერენდუმისა და აზრის გამოკითხვის სხვადასხვა სისტემები.
ბატონმა პუდიჟმა შენიშნა, რომ საზოგადოებრივი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს კანონის შესაბამისად და მოსახლეობის ნებაყოფლობითობის საფუძველზე.
გააკეთა რა მოხსენება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის თაობაზე, ქალბატონმა დაემ აღნიშნა დამატებითი ოქმის მნიშვნელობა. მან შენიშნა, რომ ადამიანის უფლებათა სწავლება აუცილებელია ამ უფლებათა კონკრეტიზაციისთვის; აგრეთვე, რადგან, ჩვეულებრივ, სახელმწიფოს შესაძლებლობები აღემატება პიროვნების შესაძლებლობებს, მან სააშკარაოზე უნდა გამოიტანოს ადამიანის უფლებები, შესაბამისი მოვალეობების გადაჭარბების გარეშე. ყველა ადამიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია საკმარის ცოდნასა და ინფორმაციას უნდა ფლობდეს ადამიანის უფლებათა შესახებ.
საბჭოთა კავშირსა და სხვა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობა არსებობდა ადამიანის უფლებათა დეკლარირებულ ვალდებულებებსა და რეალურ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც საჭიროებს შეთანხმებულ ეროვნულ და საერთაშორისო მოქმედებებს მათი აღმოფხვრის მიზნით. სხდომაზე ცალსახად აღინიშნა, რომ აუცილებელია ყველა ქვეყანაში დაუყოვნებლივ შეიქმნას და ამოქმედდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა. ადამიანის უფლებები წარმოადგენს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული უფლებების კრებულს, რომელიც უნდა მოქმედებდეს ყველასათვის თანასწორ საფუძველზე.
ბატონმა ნაზაროვმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება ძირითადად სასამართლო ხელისუფლებას ეკისრება, რაც, შესაბამისად, საჭიროებს კონსტიტუციის გადასინჯვას. ასეთი დაცვა რაიმე შეზღუდვებს არ უნდა ექვემდებარებოდეს. მან გამოთქვა წინადადება გაგრძელდეს საკანონმდებლო რეფორმა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტურობის მიღწევის მიზნით.
შეუძლებელია ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულების უზრუნველყოფა, თუ არ გამოაშკარავდება ნეგატიური და დესტრუქციული ინფორმაცია. საჭიროა ხალხს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, თუ გვაქვს დარღვეული უფლების აღდგენის სურვილი.
დაბოლოს, ბატონმა დიმიტრიევიჩმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს აბსოლუტურად თანასწორი. ადამიანის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას ყურადღება უნდა დაეთმოს არა მხო-ლოდ სახელმწიფოსადმი, არამედ შესაბამისი საზოგადოების მიმართ გაკეთებულ მოხსენებებში. ინფორმაციის მიწოდება და სწავლება ადამიანის უფლებათა დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების შესახებ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო პროცედურების შესახებ ინფორმირება და სწავლება.
ბატონმა კოლოსოვმა განაცხადა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანის უფლებათა შესახებ ყველა საერთაშორისო დოკუმენტს და მოქალაქეები უნდა მონაწილეობდნენ ამ ნორმათა აღსრულებაში.
![]() |
1.4 IV - ადამიანის უფლებათა დაცვა პოლიციური გამოძიებისას და გამოძიების დაწყებამდე |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონმა ს. ნიირიმ (უნგრეთი) განაცხადა, რომ უცხოელთა გასამართლება ან დასჯა უმნიშვნელოვანესი საკითხია, რამდენადაც ზოგიერთ ქვეყანაში სისხლისსამართლებრივი დევნა ძალიან ხშირად სანქციის ცალკეულ ფორმას წარმოადგენს. პირობით მსჯავრდებული ან პირობით გათავისუფლებული დამნაშავეების გადაცემის შეთანხმებული პროექტი ითვალისწინებს უცხოელთა უფლებას _ გასამართლებულ იქნენ მათი წარმოშობის ქვეყანაში. უნგრეთმა უკვე დადო ასეთი ხასიათის ხელშეკრულება რამდენიმე ქვეყანასთან. უნგრეთში უცხოელთა მიმართ ძიება ტარდება ორმხრივი ხელშეკრულებების შესაბამისად.
საჭიროა თვალყური ედევნოს ადამიანის უფლებათა ეფექტურ დაცვას, რათა სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის ურთიერთობები უფრო დემოკრატიული გახდეს. უნგრეთში სასამართლო გამოძიება, სისხლისსამართლებრივი სასჯელები და სასჯელთა აღსრულება პასუხობს ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს. ბატონმა შირიჟესკუმ (რუმინეთი) განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სამთავრობო კურსი ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს. რუმინეთის კონსტიტუციით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობა. დაპატიმრება და დაკავება ხორციელდება კანონის შესაბამისად. გარანტირებულია უდანაშაულობის პრეზუმფცია.
ბატონმა ჰ. სტარჟაკმა (პოლონეთი) განმარტა, რომ მის ქვეყანაში ბრალდებულისათვის მრავალი საპროცესო გარანტია არსებობს, მათ შორის დამცველის დახმარებით სარგებლობის უფლება და უფლება _ არ წარმოადგინოს ისეთი მტკიცებულებები და არ მისცეს ისეთი ჩვენება, რომელიც მის წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული. წინასწარი პატიმრობა, რომელიც წინათ პროკურატურის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, ამჟამად მხოლოდ სასამართლოს დაქვემდებარებაშია გადასული. პოლონეთისთვის ძალაშია შესული საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
სასამართლო გამოძიება ემსახურება არა მარტო დაზარალებულთა, არამედ ბრალდებულის დაცვის ინტერესებსაც. ჩატარებულია სამუშაოები საპროცესო გარანტიების სხვადასხვა ასპექტების შესახებ კონსტიტუციის მუხლების ხელახალი ფორმულირების მიზნით.
ბატონმა კაშეპოვმა (სსრკ) აღნიშნა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპებისა და ადვოკატურის როლის საბაზისო პრინციპების დამკვიდრების პროექტის მნიშვნელობა. ამ ნორმების გამოყენება არ უნდა წარმოადგენდეს ერთ იზოლირებულ მოქმედებას, არამედ უნდა ხორციელდებოდეს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად. დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების პროცესში პიროვნება უნდა სარგებლობდეს სრულყოფილი დაცვით. როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოს თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ ბრალდებულის უფლებათა დაცვის ყველა გარანტია. ბრალდებულს უნდა გაეწიოს დამცველის დახმარება გამოძიების დაწყების მომენტიდან. გამოძიება უნდა ჩატარდეს ადამიანის უფლებათა შესახებ პრინციპების შესაბამისად. სერიოზულ შემოწმებას საჭიროებს საერთაშორისო ნორმების ადგილის საკითხი ეროვნულ კანონმდებლობაში.
ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უნდა მოქმედებდნენ არა მარტო ეროვნული კანონმდებლობის, არამედ ადამიანის უფლებათა შესახებ საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად. |
ბატონმა პოკარმა დააზუსტა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა უნდა ხორციელდებოდეს არა მარტო სასამართლო წარმოების, არამედ გამოძიების წარმოების პროცესშიც. მან დაუმატა, რომ დაპატიმრების მომენტისათვის აღნიშნული საპროცესო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს ხშირად არ აქვს სათანადო ნებართვა. დაადასტურა, რომ პოლიცია წინდახედულობით უნდა მოეკიდოს მტკიცებულებათა გამოვლენას. რიგ საქმეებზე პირები დაკავების ადგილას პატიმრობაში იმყოფებიან დაპატიმრების საფუძვლის ცოდნის გარეშე. ასევე, ხშირად ადგილი აქვს პირის დაკავებას ან დაპატიმრებას მხოლოდ პოლიტიკური საფუძვლით.
ხანგრძლივი დაკავება, რომელიც არ არის გამართლებული საქმის გარემოებებით, ადამიანის უფლებათა დარღვევას წარმოადგენს. ასევე, ადამიანის უფლების დარღვევაა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პრევენციული მოთავსება. შემთხვევითი ან უკანონო დაკავებისას მიყენებული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას ფულადი ან სხვა სახით. ამჟამად გადაწყვეტილია - დაკავების ვადა მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი.
ბატონმა მავრომატისმა განაცხადა, რომ ზუსტადაა განსაზღვრული დაპატიმრების და დროებითი დაკავების პირობები. მსუბუქი სამართალდარღვევა არ იწვევს პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას. დაპატიმრებისთვის საჭიროა სათანადო ნებართვის არსებობა. სამართალწარმოება უნდა ხორციელდებოდეს დაყოვნების გარეშე; ამ მხრივ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უკვე გამოსცა ზოგადი მითითებები.
ასევე დადგენილია, რომ დაპირებითა და ძალის გამოყენებით მიღებულ აღიარებას მტკიცებულების ძალა არა აქვს.
ბატონმა ვეტერმა (დანაშაულის აღკვეთისა და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების გაეროს სამსახური) ხაზი გაუსვა წინასწარი გამოძიების დროს დაპატიმრებული ან დაკავებული პირების უფლებათა დაცვას და მინიშნება გააკეთა კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ პირთა საქმიანობის წესებისა და მათ მიერ იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საბაზისო პრინციპების პროექტიდან. მან დაამატა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ძირითად პრინციპს წარმოადგენს.
ბატონმა დიმიტრიევიჩმა აღნიშნა, რომ დაპატიმრების შემდგომი 72 საათი ეჭვმიტანილისთვის ყველაზე მეტ საფრთხეს შეიცავს და მძიმე დარღვევებს სწორედ ამ პერიოდში აქვს ადგილი. ხდება ისეც, რომ შესაბამისი ორგანოები ზოგჯერ პატიმრობის ზომას იყენებენ ბრალდების საფუძვლის გარეშე. უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა გამოიყენებოდეს არა მარტო სასამართლოში, არამედ პრესაშიც.
ქალბატონმა დაემ, შეახსენა რა დამსწრეთ არანებაყოფლობითი აღიარებისა და ფსიქიურად დაავადებული ან ჭკუასუსტი პირების ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების საკითხი, აღნიშნა, რომ გაერო ამ პრობლემებზე უკვე მრავალი წელია მუშაობს. ქალბატონი დაე თავად იყო ჩაბმული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული ფსიქიურად დაავადებული ან ჭკუასუსტი პირების დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპების, მითითებებისა და გარანტიების შესწავლაში, ასევე დეკლარაციის პროექტის შემუშავებაში. ამ ორი ტექსტის შინაარსზე მიღწეულია შეთანხმება. პრინციპების პროექტი შემოწმებისა და დასკვნის გამოსატანად უკვე გადაეცა ადამიანის უფლებათა კომისიას. ძირითად პრინციპებს შორის ქალბატონმა დაემ მიუთითა პოლიტიკური მოტივით ფსიქიატრიული მკურნალობის აღკვეთის, ნარკოტიკის მოხმარების აკრძალვისათვის, ფსიქიური მოშლილობით დაავადებული პირების ღირსების პატივისცემის თაობაზე. იხელმძღვანელა რა ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებებში აღნიშნული დასკვნებითა და რეკომენდაციებით, მრავალმა სახელმწიფომ გაატარა რეფორმა ან შეიტანა ცვლილებები კანონმდებლობაში.
ბატონმა სინგვიმ ხაზგასმით აღნიშნა გამოძიების მიმდინარეობისას თავისუფლად დანიშნული დამცველის დასწრების მნიშვნელობაზე. როდესაც დაკავებული ან დაპატიმრებული პირი ყველაზე მეტად იმყოფება ზეწოლის საფრთხის ან შიშის ქვეშ. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია დაიცვას დაპატიმრებული პირის უფლებები.
უდანაშაულობის პრეზუმფცია აღიარებულ უნდა იქნას არა მარტო სამართალწარმოების პროცესში, არამედ წინასწარი გამოძიების სტადიაზეც. დროებითი გათავისუფლება უნდა იყოს ზოგადი წესი, ხოლო საპატიმრო - აღნიშნული წესიდან გამონაკლისი. |
ბატონმა პოკარმა მწუხარება გამოთქვა სატელეფონო მოსმენისა და პოლიციის მიერ კორესპონდენციაზე ცენზურის პრაქტიკის გამო.
![]() |
1.5 V - საერთაშორისო პაქტები ადამიანის უფლებათა შესახებ, კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ და გაეროს სხვა დოკუმენტები დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა დაცვის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონმა ვოიამმა განმარტა წამების წინააღმდეგ კონვენციის მნიშვნელობა, ასევე კავშირი ამ დოკუმენტსა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-5 მუხლს შორის.
გახანგრძლივებული ვადით დაკავება შედის წამების განსაზღვრებაში. წამება შეიძლება ჩადენილ იქნას არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მორალური ზემოქმედების საშუალებით. |
მან ყურადღება მიაპყრო 1981 წელს შექმნილი წამების შედეგად დაზარალებულთა გაეროს ნებაყოფლობითი შენატანების ფონდის არსებობას.
ბატონმა ვოიამმა ასევე ერთმანეთს შეადარა 1984 წლის წამების წინააღმდეგ კონვენციით გათვალისწინებული რეალიზაციის ღონისძიებები და 1985 წელს კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მომხსენებლის, პროფესორ პიტერ კოოიჟმანსის, მიერ რეკომენდირებული ღონისძიებები.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა გენერალურ ასამბლეას წარუდგინა მოხსენება და მას უკვე შეუძლია შეუდგეს განხილვას.
ბატონმა პოკარმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს ნაკისრი აქვთ პაქტების გამოყენების ვალდებულება, რადგანაც მათ მოახდინეს ამ პაქტების რატიფიცირება ან შეუერთდნენ მათ; ეს გამოყენება გარკვეულ შედეგებს იწვევს საკანონმდებლო და სასამართლო სისტემის თვალსაზრისით.
მან დეტალურად განმარტა იურიდიული ბუნების სხვადასხვაობა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტსა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს შორის.
მან დამატებით აღნიშნა, რომ იოლი არ არის იმ ნორმის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც გადაუდებლობის შემთხვევაში უფლებათა შეზღუდვას ითვალისწინებს _ არსებობს უფლებები, რომელთა შეზღუდვა ასეთივე გადაუდებელი აუცილებლობის დროსაც არ შეიძლება, მათ შორის უფლება _ არ გახდე წამების ობიექტი.
დისკუსია
ბატონმა რიმალმა (ჩეხოსლოვაკია) განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ მოახდინა წამების წინააღმდეგ კონვენციის რატიფიცირება, მაგრამ სურს მისი გამოყენება გამარტივებული წესით - რატიფიკაციის მომენტისთვის არსებული რეზერვების გათვალისწინებით. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის იდეა ვითარდება და ადამიანის უფლებათა დაცვა ვრცელდება გამოძიების სტადიასა და თავად სასამართლო განხილვაზე. ჩეხოსლოვაკია იცავს ჰელსინკის დასკვნითი აქტით დადგენილ სისხლის სამართლის ნორმებს.
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან დამცველის დახმარებით სარგებლობის უფლება შეძენილი მონაპოვარია. თავის მხრივ, პროკურატურის პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება ადამიანის უფლებათა დაცვა ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების ფუნქციის მეშვეობით. |
ბატონმა სინგვიმ განაცხადა, რომ წამების წინააღმდეგ კონვენციაში გამოყენებული ტერმინები ზედმეტად იურიდიული ხასიათის ჩანს; კონვენციის მიზნები და პრინციპები დაინტერესებული პირებისთვის, პოლიციის თანამშრომლების ჩათვლით, გასაგები ტერმინებით უნდა იყოს გადმოცემული.
ასევე, შესწავლას საჭიროებს სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის ცნებები.
სასიკვდილო სასჯელის ან დამახინჯების დამაშინებელი შედეგის შესახებ აზრის შეცვლა მოხდა მხოლოდ ზნეობრივი დარწმუნების გზით. რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა სასჯელისა და სასტიკი მოპყრობის მალულად გამოყენებას. უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება დასაშვებად ჩაითვალოს.
ადამიანის უფლებათა ინფრასტრუქტურის განმტკიცებისათვის განვითარებულმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დახმარება უნდა გაუზარდონ მსოფლიოს მესამე ქვეყნებს, სადაც ფინანსური სირთულეების გამო საპატიმროში ცხოვრების პირობები ზოგჯერ მიუღებელია.
ბატონმა ვეტერმა აღნიშნა, რომ წამების დანაშაულით დაზარალებულთა ფონდის შექმნის შემდეგ, 1985 წელს, მიღებულ იქნა დანაშაულით და უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებით დაზარალებულებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განხორციელების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკვეთრად შემცირდა სიკვდილით დასჯის შემთხვევების რიცხვი, რადგან ასეთი სასჯელი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ხელშეკრულებას სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.
განვითარებადმა ქვეყნებმა მათი ინფრასტრუქტურის განმტკიცებისათვის მხარდაჭერის თხოვნა ნათლად უნდა გამოხატონ, ხოლო საერთაშორისო საზოგადოება მაქსიმალური მხარდაჭერის ზომებს მიიღებს.
რაც შეეხება სიკვდილით დასჯას, როგორც სასჯელს, ბატონმა ეიდმა მიუთითა, რომ დისკრიმინაციული ზომების წინააღმდეგ ბრძოლისა და უმცირესობათა დაცვის ქვეკომისია მუშაობდა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის დამატებითი ოქმის (სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ) პროექტზე, რომელიც უკვე გადაეცა ადამიანის უფლებათა კომისიას.
ბატონმა ვოიამმა დააზუსტა, რომ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ბიუჯეტი არ წარმოადგენს გაეროს ჩვეულებრივი ბიუჯეტის ნაწილს. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა დაადასტურონ თავიანთი დიდი პოლიტიკური ნება კომიტეტის მუშაობისათვის მყარი ბაზის შექმნის შესახებ.
საჭიროა უკეთ გავეცნოთ წამების კონვენციას საგანმანათლებლო თვალსაზრისით; ამ მიზნით, კარგი იქნებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა გამოსცეს ბროშურა აღნიშნულ საკითხზე. ასევე, დიდად სასარგებლო იქნება დამოუკიდებელი ეროვნული კომისიების შექმნა, რომელთა საქმიანობა იქნება წამების შესახებ საჩივრების შემოწმება.
ბატონმა პოკარმა განაცხადა, რომ განვითარებად ქვეყნებში ძალზე რთულია ადამიანის უფლებათა დაცვა, მაგრამ რესურსების ნაკლებობა არ შეიძლება მათი დარღვევის გამართლებად ჩაითვალოს. ასევე, იოლი არ არის ადამიანის უფლებათა დაცვა განვითარებულ ქვეყნებში. შეუძლებელია ეკონომიკური და სოციალური უფლებები დაცულ და რეალიზებულ იქნეს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საზიანოდ. სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლება მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვისათვის.
![]() |
1.6 VI - ადამიანის უფლებათა დაცვა სასამართლო წარმოებისას და ხელყოფილი უფლების აღდგენა |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონმა სინგვიმ თავისი მოსაზრება გამოთქვა სასამართლო ხელისუფლების, მსაჯულებისა და ესესორების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ადვოკატთა დამოუკიდებლობის შესახებ და ამასთანავე, შეეხო მართლმსაჯულების განხორციელების პრობლემებს ადამიანის უფლებებსა და უფლების აღდგენასთან დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესში.
ძირითადი საკითხები შეეხებოდა მართლმსაჯულების ხარისხს. საპროცესო კოდექსი სამართლიანი უნდა იყოს იმ მხრივ, რომ მისი გამოყენება ხდებოდეს ყველასათვის თანასწორ საფუძველზე და მთელი ეს სისტემა უნდა სარგებლობდეს საზოგადოებრივი აზრის ნდობით.
თანაფარდობა უნდა არსებობდეს ბრალდებულისა და საზოგადოების უფლებებს შორის. სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობას საფუძვლად უნდა დაედოს მიუკერძოებლობა და სამართლიანობა. ადამიანის უფლებათა გარანტიები, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 (კანონის წინაშე თანასწორობა), მე-8 (ხელყოფილი უფლების ეფექტური აღდგენის უფლება), მე-10 (ყოველი ადამიანის უფლება _ გასამართლდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ თანასწორობისა და საჯაროობის საფუძველზე) და მე-11 (უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება) მუხლებით, აუცილებელია წარმოების განხორციელებისთვის. ამასთანავე, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლში ჩამოთვლილია ის გარანტიები, რომლებზეც ბრალდებულს უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმეზე მის მიმართ წაყენებული ბრალდების განხილვისას. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მოსამართლეები, ადვოკატები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მოქმედებდნენ კანონის ძირითადი აზრის შესაბამისად და ადასტურებდნენ თავიანთ მორალურ შეგნებას. მათი შერჩევისა და პროფესიული მომზადების ეფექტურობა ისევე, როგორც მათი საქმიანობის უსაფრთხოება, გათვლილი უნდა იყოს ამ მიმართულებით.
ბატონმა კ.ფ. გუცენკომ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მოსაზრების გამოთქმისას აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა პროგრესულად უნდა აისახოს ეროვნულ სისტემებში.
ამ სფეროში განვითარების მხრივ არც ,,გლასნოსტი“ წასულა შორს. ჩვეულებრივ, პროცესები უნდა წარიმართოს საჯაროდ იმისათვის, რომ მართლმსაჯულება შეესაბამებოდეს საზოგადოებრივ შეხედულებებს.. ამ მხრივ, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლს.
დისკუსია
აღინიშნა, რომ პროკურატურამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს დაცვის მხარეს, მაგალითად, ბრალდებულის სასარგებლო მტკიცებულებათა წარდგენით.
ბატონმა გუცენკომ განაცხადა, რომ საბჭოთა სასამართლო სისტემა საჭიროებს მოსამართლეთა და მსაჯულთა რიცხვის გაზრდას. მსაჯულთა სისტემის შესაძლო ხელახალი შემოღება გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ამ შეშფოთების გამომხატველთა აზრით, ეს სისტემა არ იყო აქტუალური. სხვათა მოსაზრებით, მსაჯულთა სისტემა შეიძლება ემსახურებოდეს პოლიტიკური ზეწოლის თავიდან აცილებას.
ბატონმა ბურჩაკმა (უკრაინის სსრ) დაახასიათა უკრაინის სამართალწარმოებაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხის ევოლუცია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, შემცირებულია მკვლელობათა და პატიმრობის გამოყენების შემთხვევათა რიცხვი, რაც გარკვეულწილად განპირობებულია ალკოჰოლის მოხმარების საკითხის დარეგულირებით. როგორც ჩანს, სიკვდილით დასჯის გაუქმება არ გამოიწვევს დანაშაულთა რიცხვის ზრდას.
მან აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სახელმწიფომ ბრალდებულს მისცეს დაცვის უფლებისა და დამცველის დანიშვნის უფლების გარანტია.
მსაჯულთა სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დაინტერესებულმა საზოგადოებამ მეტი მონაწილეობა მიიღოს მართლმსაჯულების განხორციელებაში, მაგრამ ამისათვის საჭიროა მოსახლეობის აღზრდა და მისი გათვითცნობიერება სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში.
შეთანხმებულად აღინიშნა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიკერძოებულობა ართულებს ბრალდებულის უფლებათა დაცვას.
ბატონმა ა. ათანასოვმა (ბულგარეთი) განაცხადა, რომ ბრალდებულის ადამიანის უფლებათა დაცვა უნდა დაიწყოს გამოძიების სტადიიდან. ბულგარეთში ყველა მოსამართლე შეირჩევა პარლამენტის მიერ და მათი საქმიანობის უსაფრთხოება გარანტირებულია. სასამართლო ეფუძნება ეროვნულ ტრადიციებს და ამ საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებებს მნიშვნელობა არა აქვს - მთავარია, გარანტირებული იყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა.
ბატონმა ჟ. ბროლმა (პოლონეთი) ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ხელისუფლების მიერ კანონის ცოდნის მნიშვნელობას; ამ მხრივ პოლონეთის მოსაზრება ემთხვევა გაეროს მოსაზრებებს. წარმოიშვა კითხვა, არსებობს თუ არა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპის შეზღუდვები და შეიძლება თუ არა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის დებულებები ჩაითვალოს კრიტერიუმად ამ საკითხის გადაჭრისთვის.
ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას.
ბატონმა დაშუკმა (ბელორუსიის სსრ) აღნიშნა, რომ ნაყოფიერი გამოდგა მის ქვეყანაში სხვადასხვა დაინტერესებულ პარტიას შორის მეგობრული კამათი. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაპატიმრებულ პირთა 43%-ს შეეფარდა ბრალი; ამჟამად ეს ციფრი 22%-ს არ აღემატება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დანაშაულებრიობის მაჩვენებელი 25%-ით შემცირდა. მიღებულ იქნა ზომები სასჯელის სახით პატიმრობის შესაცვლელად ფინანსური სანქციებითა და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. სასამართლოების ერთ-ერთ ამოცანას უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლების და საცხოვრებელი ადგილის უფლების, დარღვევათა საკითხზე მუშაობა წარმოადგენს
ბატონმა ბანშიკმა (ჩეხოსლოვაკია) განაცხადა, რომ დამნაშავეთა დასჯა ეფუძნება იმ პიროვნებების გაკიცხვის აუცილებლობას, რომლებიც პატივს არ სცემენ სხვის უფლებებს. ჩეხოსლოვაკიაში მართლმსაჯულების განხორცილება ემსახურება არა მარტო სოციალისტური სახელმწიფოს დაცვას, არამედ მოქალაქეთა იურიდიულ ინტერესებსაც. ფაქტიურად, პირდაპირ თუ ირიბად, სისხლის სამართლის კანონი იცავს ადამიანისა და მოქალაქის უფლებებს.
ჩეხოსლოვაკიაში ერთმანეთს ემთხვევა სისხლის სამართლის თეორია და პრაქტიკა, ხოლო ეროვნული საკანონმდებლო აქტები შესაბამისობაშია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან.
ჩეხოსლოვაკიას ნაკისრი აქვს საერთაშორისო ვალდებულება შიდასახელმწიფოებრივი გეგმის შესახებ, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. აკრძალულია მილიტარისტული პროპაგანდა მაშინ, როდესაც განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა არ ითვალისწინებს სანქციას ომის ან რასობრივი შეუწყნარებლობის პროპაგანდისათვის.
სასამართლო წარმოებისას ბრალდებისა და დაცვის მხარეები თანასწორ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდნენ. ჩეხოსლოვაკიაში კანონის ამოცანას წარმოადგენს მოქალაქეთა უფლებების დაცვა. მრავალ შიდასახელმწიფოებრივ ნორმას უპირატესი ძალა აქვს საერთაშორისო ნორმებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სრულყოფილია ეს ნორმები. მაგალითად, ჩეხოსლოვაკიას განზრახული აქვს თავისი სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის ჩატარება.
ბატონმა კოჩეტკოვმა (სსრკ) მხარი დაუჭირა მონაწილეებს, რომელთაც განმარტეს თავიანთ ქვეყნებში მართლმსაჯულების პრაქტიკული ფუნქციონირების საკითხი. ადმინისტრაციული წარმოება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კანონის მოქმედება ადამიანის უფლებათა დაცვის სასარგებლოდ, განსაკუთრებით, როდესაც მმართველობის ორგანოები აღასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. მტკიცების ტვირთი უნდა დააწვეს ბრალდებას _ განაცხადა მან. წინასწარი პატიმრობა მინიმუმამდე უნდა შეიზღუდოს.
ბატონმა ჩერნიშენკომ გამოთქვა გარკვეული მოსაზრებები, კერძოდ, მსაჯულთა შერჩევის მეთოდის გაუმჯობესების შემთხვევაში მსაჯულთა სისტემის დადებითი მხარეების შესახებ. მსაჯულთა სისტემა საბჭოთა საზოგადოების გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. მან დამატებით განაცხადა, რომ ბრალდებულს უნდა მიეჩინოს დამცველი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან.
ბატონი საფანოვის (სსრკ) აზრით, მართლმსაჯულება წარმოადგენს არა მარტო მოსამართლის, არამედ ყველა დაინტერესებული პირის, ადვოკატებისა და სხვათა საქმიანობის საგანს, ამიტომ უნდა გაუმჯობესდეს როგორც სასამართლოების, ისე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ყველა ორგანოს ფუნქციონირება.
მან აღნიშნა, რომ საჭიროა სასამართლოების მუშაობის შემოწმება, რათა თავიდან ავიცილოთ შეფერხებები მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ასევე, განხილულ უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიების ან ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის საკითხი.
რეფორმა იურიდიულ და სხვა სფეროებში ემსახურება ადამიანის უფლებათა დაცვაში სასამართლოებისა და სასამართლო სისტემის სხვა ორგანოების როლის განმტკიცებას, რაც უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო და საუნივერსიტეტო სწავლებებსა და გამოკვლევებს.
ბატონმა შლეგელმა (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა მისი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მუშაობის ზოგიერთ ასპექტზე. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა შეუერთდა საერთაშორისო დოკუმენტებს ადამიანის უფლებათა შესახებ და მათი შინაარსი ეროვნულ კანონმდებლობაში ასახა.
დაუშვებელია კანონის სახელით პირის დევნა ან მისი ჩაყენება არასახარბიელო მდგომარეობაში პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური მოტივით. |
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დოკუმენტებით განმტკიცებულია ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც, შეთანხმების შესაბამისად, გამოიყენება თითოეული ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა საქმიანობის შეფასებისთვის. საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ადამიანის უფლებათა ყველა პრინციპს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მართლმსაჯულების განხორციელებისას კანონის ძალა აქვს და მოსამართლე ვალდებულია გამოიყენოს ისინი. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 და მე-15 მუხლებით დადგენილი პირობები წარმოადგენს ეროვნული კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილს. სამართალწარმოება ხორციელდება საჯაროდ, არ არსებობს სპეციალური ან განსაკუთრებული სასამართლოები.
![]() |
1.7 VII - ადამიანის უფლებათა დაცვა დამნაშავეებთან მოპყრობისას სპეციალურ დაწესებულებებსა და საზოგადოებაში |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონმა ვეტერმა (დანაშაულის თავიდან აცილებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაეროს სამსახური) აღნიშნა, რომ არამართლზომიერია არასათანადო მოპყრობა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევები, ჩადენილი როგორც სასჯელის მოხდის, ასევე პირის პატიმრების ადგილებში.
თანდათან მყარდება მოსაზრება, რომლის თანახმადაც, პატიმრები უნდა სარგებლობდნენ იგივე უფლებებით, რა უფლებებითაც სარგებლობენ სხვა მოქალაქეები, გარდა იმ უფლებებისა, რომლებიც მათ შეზღუდული ან ჩამორთმეული აქვთ პენიტენციალური დაწესებულების ხელმძღვანელობის მიერ. დამტკიცებულია, რომ საპატიმროს ჰუმანიზაციისა და პატიმართა რესოციალიზაციის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა მათი მოქალაქეებად ცნობა და იმ გზების გათვალისწინება, რომლებიც საპატიმროს გარე სამყაროსთან აკავშირებს. ეს მოსაზრებები გავრცელდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. პატიმრობის სასჯელთა რიცხვის შემცირება და საკითხის გადაწყვეტის სხვაგვარი ხერხების ძიება შეიძლება სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰუმანიზაციის ნიშანს წარმოადგენდეს.
რაც შეეხება საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ბატონმა ვეტერმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოები აჩვენებს, რომ მე-10 მუხლის (ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა მოეპყრონ ჰუმანურად და ადამიანისათვის განუყოფელი ღირსების პატივისცემით) დარღვევები ხშირად დაკავშირებულია მე-7 მუხლის (დაუშვებელია ადამიანის წამება, დასჯა ან მისდამი სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა) დარღვევებთან.
ბატონმა ვეტერმა გაიხსენა დაკავებულთა მიმართ მოპყრობის მინიმალური წესები, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ძირითად საერთაშორისო დოკუმენტს ადამიანის უფლებებისა და საპატიმროების შესახებ. აღნიშნული წესები მიღებულია გაეროს მიერ და მათი მიზანია თავიდან იქნეს აცილებული არასათანადო მოპყრობა, განსაკუთრებით სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დისციპლინის შენარჩუნებისა და იძულებითი ზომების გამოყენების დროს. ეს წესები ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სხვა საერთაშორისო დოკუმენტების ზოგადი დებულებების განმარტებას. 1997 წელს 90-ე წესის დამატებამ შესაძლებელი გახადა ასეთი დაცვის გაგრძელება დაპატიმრებულ, წინასწარ დაკავებაში მყოფ და დაკავებულ მსჯავრდებულ პირებზე, რეინტეგრაციის ზომების გამოყენების გარეშე.
ბატონმა ვეტერმა ასევე გაიხსენა მომზადების პროცესში მყოფი გაეროს დოკუმენტები, როგორებიცაა ნებისმიერი დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვის შესახებ პრინციპების კრებულის პროექტი; ადვოკატთა როლის შესახებ საბაზისო პრინციპების პროექტი; თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მინიმალური წესების კრებულის პროექტი; და სულით ავადმყოფთა დაცვისა და გონებრივად ჯანმრთელ ადამიანებზე ზრუნვის გაუმჯობესების გარანტიებისა და პრინციპების პროექტი.
მრავალ შემთხვევაში პატიმართა უფლებების დარღვევა აიხსნება სისტემისა და პერსონალის უუნარობით - გადაჭრას აკრძალვებისა და გაუმართლებელი რეპრესიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები ადამიანური მოპყრობისათვის დაცვის მხარის უფლებათა პატივისცემის პრინციპების შესაბამისად. ბატონმა ვეტერმა დამატებით აღნიშნა, რომ ყურადღებით უნდა მოეკიდონ პატიმრების მიერ სასამართლო ხელისუფლებისადმი მიმართვის შესაძლებლობის საკითხს.
იმ პირთა მინიმალური გარანტიები და დაცვის საშუალებები, რომელთაც შეფარდებული აქვთ თავისუფლების აღკვეთისაგან განსხვავებული ზომები, უნდა დადგინდეს მსოფლიო დონეზე, რადგან აღნიშნული გარანტიები და დაცვის საშუალებები ხასიათდება ადამიანის უფლებების იდენტური შინაარსით.
ბატონმა ეიდმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლი აზუსტებს, რომ „ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება“, მიუხედავად იმისა, შეასრულა თუ არა მან თავისი მოვალეობები საზოგადოების წინაშე. მან დამატებით განაცხადა, რომ სისხლისსამართლებრივი სანქციები არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. მისი თქმით, სახელმწიფომ ზუსტი ზღვარი უნდა გაავლოს პიროვნების უფლებათა პატივისცემასა და სხვის უფლებათა დაცვას შორის.
შესაბამისი ვალდებულებების დადგენის შემდეგ სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს სანქცია მათ მიმართ, ვინც პატივს არ სცემს სხვის უფლებებს ან არ ასრულებს თავის არსებითი მნიშვნელობის მოვალეობებს საზოგადოების წინაშე. მაგრამ ასეთი სანქცია არ უნდა ხელყოფდეს სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ძირითად ღირსებას. დამსჯელი ხასიათის ყველა სანქცია უნდა ხორციელდებოდეს კანონის ფარგლებში. სასამართლოები, რომლებიც არ წარმოადგენენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, კანონს უნდა იყენებდნენ საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების შესაბამისად.
ამასთან, ბატონმა ეიდმა განმარტა, რომ სწორედ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში ადამიანის უფლებების პატივისცემის მოვალეობა აიხსნება იმით, რომ ეს უფლებები წარმოადგენს იმ უფლებათა ნაწილს, რომელთა შესახებაც მიღწეულ უნდა იქნას შეთანხმება.
ბატონი ეიდის თქმით, ის მოხარულია, რომ 1988 წლის მარტში განხორციელდა საბჭოთა კანონმდებლობის რეფორმა ასეთი დაწესებულებების ფუნქციონირების სფეროში. სულიერი ავადმყოფობის დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს საერთაშორისო სამედიცინო ნორმების შესაბამისად.
ბატონმა ეიდმა აღნიშნა, რომ ზედამხედველობა უნდა დაწესდეს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენებაზე და მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე შემოწმებულ საქმეთა ორი მესამედის შემთხვევაში დარღვეულია დაკავების პირობები. შემაჯამებელ სიტყვაში მან განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვაზე კონტროლის საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებრივი აზრი და რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
დისკუსია
ბატონი მიშილინის მტკიცებით, მიღებული იქნა ზომები იმ მიმართულებით, რომ საპატიმროში ყოფნის ხანგრძლივობა გონივრული ყოფილიყო. პროკურატურის წარმომადგენლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოინახულონ პენიტენციალური დაწესებულებები და არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, მიიღონ ისეთი ზომები, როგორსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან.
სსრკ-ს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს სანქციებს, რომლებიც არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. მომხსენებელმა მიუთითა, რომ მისი ქვეყანა არ იყენებს გასახლების ზომებს.
ქალბატონმა ილიესკუმ (რუმინეთი) განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სასჯელაღსრულებით სისტემაში, კერძოდ, სტრუქტურულ მოწყობასთან დაკავშირებით, მალე განხორციელდება გარკვეული ცვლილებები. 1977 წელს შემოღებულ იქნა ახალი, სანქციების ჰუმანიზაციის კონცეფცია, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მიმართ გამოსაყენებელი სანქციების თაობაზე. არასრულწლოვანი დამნაშავეები დაწესებულებებში არ იგზავნებიან; მათი საკითხი განიხილება ცალკე და განსხვავებული წესით. მათ მიმართ გამოიყენება მხოლოდ აღმზრდელობითი ზომები. სკოლები, რომლებშიც ისინი სწავლობენ, გასცემენ სხვა ახალგაზრდებისათვის გაცემული მოწმობების იდენტურ მოწმობებს, შემდგომში მათი სათანადო დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. ასევე, გამოკვეთილია ოჯახის როლი. მართლმსაჯულების განხორციელების სფეროში მალე სხვა ღონისძიებებიც გატარდება.
ბატონმა ბიომმა (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) მიუთითა, რომ კონსტიტუციის თანახმად, დაუშვებელია მოქალაქის უფლებათა შეზღუდვის ზომის გამოყენება, თუ იგი უკანონოა და არ არის განპირობებული გადაუდებელი აუცილებლობით. 1968 წლის სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თავისუფლების აღკვეთისაგან განსხვავებულ ზომებს, რაც ასახულია სასამართლო პრაქტიკაში.
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მოპოვებული ბრწყინვალე შედეგები მოწმობს ამ სისტემის გაწონასწორებულობასა და ეფექტურობას. 1987 წელს დაახლოებით 16,4 მილიონ მოსახლეზე რეგისტრირებულია 114 815 სამართალდარღვევა, აქედან 100 000 მოსახლეზე მოდის 690 დასჯადი ქმედება, ანუ დაახლოებით 10 000 სამართალდარღვევით ნაკლები, 1970-1979 წლებში რეგისტრირებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამ სამართალდარღვევათა 50,5%-ს შეადგენს საკუთრების ხელყოფა. აღნიშნული სამართალდარღვევების დიდი ნაწილი მოდის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ასევე განზრახ ცემასა და წამებაზე. უმრავლეს შემთხვევებში სამართალდარღვევები ნაკლები სიმძიმისაა. დანაშაულებრიობის პროფილის ხილვა შესაძლებელია გამოტანილ გადაწყვეტილებებში. საქმეთა რაოდენობის დაახლოებით 25% განხილული იყო ამხანაგური სასამართლოების მიერ, რომელთაც შეუძლიათ პირს შეუფარდონ აღმზრდელობითი ზომები ან ჯარიმა გაკიცხვის სახით (500 გდრ-ის მარკამდე ოდენობით).
საერთო სასამართლოებს შეუძლიათ შეუფარდონ ისეთი სასჯელები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს, როგორიცაა: საზოგადოებრივი გაკიცხვა, ჯარიმა ან პირობითი მსჯავრი; ეს უკანასკნელი საკმაოდ ხშირად გამოიყენება.
ბატონმა ბიომმა ხაზი გაუსვა არასრულწლოვან დამნაშავეთა მიმართ მოპყრობასა და სამუშაო ადგილზე მათი შემოწმების ვალდებულებას.
ბატონმა პასელნიკოვმა (ბელორუსიის სსრ) აღწერა ვითარება თავის ქვეყანაში არასრულწლოვანთათვის სასჯელის შეფარდებას, მათ აღზრდასა და რეინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა სამართლის ნორმა სერიოზულად გადაისინჯა „გლასნოსტისა“ და დემოკრატიზაციის ფონზე. რადიკალურად და ძირეულად უნდა შეიცვალოს არასრულწლოვან დამნაშავეთა მოპყრობა.
ბელორუსიაში არსებობს არასრულწლოვან დამნაშავეთა ხელახალი აღზრდის ორი ბანაკი. იქ დაკავებულებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მშობლებს საქალაქთაშორისო ტელეფონის საშუალებით, ბანაკები აღარ არის გარშემორტყმული ეკლიანი მავთულის ღობით, ყურადღება დაეთმო პროფესიულ მომზადებას და დაკავებასთან შედარებით მეტი უპირატესობა მიენიჭა დამნაშავეთა გამოსწორებას.
პატიმრობისა და დაკავების შეფარდების რიცხვი 50%-ით შემცირდა და გათავისუფლებულ პირთა მხოლოდ მეოთხედი დაუბრუნდა დანაშაულებრივ საქმიანობას.
განხორციელებულმა აღმზრდელობითმა კამპანიამ რეინტეგრაციის საქმეში მეტად დადებითი შედეგები გამოიღო.
![]() |
1.8 შემაჯამებელი სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
1988 წლის 25 ნოემბერს გაიმართა არსებული გამოცდილების განხილვის შემაჯამებელი სხდომა. საგარეო საქმეთა სამინისტროს დროებითი დეპარტამენტის უფროსმა, ბატონმა გლუხოვმა, აღნიშნა, რომ განხორციელებული რეფორმები იძლევა ეროვნული კანონმდებლობის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობის შესაძლებლობას. საერთაშორისო უშიშროების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით ჰუმანიტარულ საკითხებს და ადამიანის უფლებებს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც განათლების, გარემოს დაცვისა და ეკონომიკურ საკითხებს.
სსრკ ყოველ ღონეს ხმარობს სირთულეების აღმოფხვრის, ანტაგონიზმის შერბილებისა და სხვადასხვა სფეროებში საუკეთესო პირობების შექმნისთვის. ბატონმა გლუხოვმა კმაყოფილებით აღნიშნა იმ კონსტრუქციული დიალოგის შესახებ, რომელიც თანდათანობით წარიმართა აშშ-სა და სსრკ-ს შორის. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მიღებული ზომები ემსახურება პიროვნების არსებული მდგომარეობისა და კანონმდებლობის გაუმჯობესებას და არა იდეოლოგიური კონფრონტაციისადმი დაბრუნებას.
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა მართლმსაჯულების განხორციელებასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სფეროებში, როგორებიცაა: წარმოება არასრულწლოვანის მონაწილეობით, ფსიქიატრია და საპატიმრო, ასევე ქვეყნიდან გასვლის უფლება. მეცნიერები, პროკურორები, იურისტები და მოქალაქეები აქტიურად თანამშრომლობენ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ბატონმა გლუხოვმა კმაყოფილებით განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან დადებულია ხელშეკრულება ფსიქიატრთა გაცვლის, სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ოჯახების გამთლიანებას, შეერთებული შტატებისა და სსრკ-ს პარლამენტის წევრთა შეხვედრის ორგანიზების შესახებ. ნდობის განმტკიცებისაკენ მიმართული აღნიშნული ღონისძიებები უაღრესად მნიშვნელოვანია. ანალოგიური ნაბიჯები გადაიდგა გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებთან ერთად.
ბატონმა გლუხოვმა მიუთითა ჰუმანიტარული საკითხების შესახებ ჰელსინკის ხელშეკრულების მე-3 თავის მნიშვნელობაზე.
თავის შემაჯამებელ სიტყვაში ბატონმა მარტენსონმა განაცხადა, რომ არსებული გამოცდილების განხილვა მეტად ნაყოფიერი იყო და მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის უმაღლესი დონის ექსპერტებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ადამიანის უფლებათა საკითხებით უშუალოდ არიან დაკავებული.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია წარმოადგენს ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ქარტიას, რომელიც აღნიშნულ უფლებებს ანიჭებს განურჩევლად ყველას. ბატონმა მარტენსონმა აღნიშნა საკონსულტაციო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების საკითხებზე ადამიანის უფლებათა პროგრამის ახალი პრიორიტეტების შესახებ, როგორებიცაა: განათლება და ინფორმირება, აგრეთვე, სამმხრივი დამოკიდებულება დოკუმენტების ტექსტებს, მათ რეალიზაციასა და ინფორმაციის გავრცელებას შორის. მან განაცხადა, რომ ამაოდ ჩაივლიდა ადამიანის უფლებათა შესახებ ნორმებისა და დოკუმენტების ტექსტების სიის გაგრძელება და მათი ცხოვრებაში გატარების საშუალებათა დახვეწა, მოსახლეობა რომ უგულებელყოფდეს იმ უფლებებისა და მოვალეობების არსებობას, რომლებიც დადგენილია იმ მონაწილე სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულებებით, რომელთაც რატიფიკაცია მოახდინეს.
უნდა გაგრძელდეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა სასარგებლოდ. მსოფლიო საზოგადოებრიობამ - მთავრობებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მასწავლებლებმა, მკვლევარებმა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა და კერძო პირებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ამ საქმეში.
![]() |
2 დანართი 1 |
▲ზევით დაბრუნება |
პროგრამა
ორშაბათი, 21 ნოემბერი, 1988წ.
10:00 - 11:00 - ოფიციალური გახსნა
11:00 - 12:30 - პირველი სამუშაო სხდომა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ამ სფეროსთან დაკავშირებით განხორციელებული გასული, მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებები (საკანონმდებლო ფუნქცია)
მომხსენებლები:
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და უმცირესობათა დაცვის ქვეკომისიის წევრი
ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
დისკუსია
15:00 - 17:30 - მეორე სამუშაო სხდომა
ადამიანის უფლებათა სფეროში გაეროს საქმიანობის როლი და საშუალებები (გამოყენებითი ფუნქცია)
მომხსენებლები
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და უმცირესობათა დაცვის ქვეკომისიის თავმჯდომარე
ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი
დისკუსია
სამშაბათი, 22 ნოემბერი, 1988წ.
10:00 - 11:30 - მესამე სამუშაო სხდომა
ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა საკითხი და საზოგადოებრივი აზრის როლი (საინფორმაციო ფუნქცია)
მომხსენებლები
ადამიანის უფლებათა კომიტეტის მომხსენებელი
მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი
დისკუსია
ოთხშაბათი, 23 ნოემბერი, 1988წ.
10:00 - 13:00 - მეოთხე სამუშაო სხდომა
ადამიანის უფლებათა დაცვა პოლიციური გამოძიებისას და გამოძიების დაწყებამდე
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი
დისკუსია
15:00 - 18:00 - მეხუთე სამუშაო სხდომა
საერთაშორისო პაქტები ადამიანის უფლებათა შესახებ, კონვენცია წამებისა და სხვა სასჯელთა ან სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ და გაეროს სხვა დოკუმენტები დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა დაცვის შესახებ
მომხსენებლები
წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
დისკუსია
ხუთშაბათი, 24 ნოემბერი, 1988წ.
10:00 - 13:00 - მეექვსე სამუშაო სხდომა
ადამიანის უფლებათა დაცვა სასამართლო წარმოებისას და დარღვეული უფლების აღდგენა
მომხსენებლები
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და უმცირესობათა დაცვის ქვეკომისიის სპეციალური მომხსენებელი სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესწავლის დარგში
მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი
დისკუსია
15:00 - 18:00 - მეშვიდე სამუშაო სხდომა
ადამიანის უფლებათა დაცვა დამნაშავეთა მოპყრობისას დაწესებულებებში და საზოგადოებაში
მომხსენებლები
დანაშაულის თავიდან აცილებისა და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების სამსახურის დირექტორი (გაერო)
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და უმცირესობათა დაცვის ქვეკომისიის წევრი
დისკუსია
![]() |
3 სამართალდამცავ პირთა ქცევის წესების კოდექსი |
▲ზევით დაბრუნება |
მიღებულია გენერალური ასამბლეის 1979წ. 17 დეკემბრის 34/169 რეზოლუციით
მუხლი 1
სამართალდამცავი პირები ყოველთვის უნდა ასრულებდნენ მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას პროფესიით მოთხოვნილი პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხის შესაბამისად, საზოგადოების სამსახურისა და ყველა ადამიანის არაკანონიერი ქმედებებისგან დაცვის მიზნით.
კომენტარი:
(a) ტერმინი, „სამართალდამცავი პირები“, მოიცავს სამართლის ყველა, როგორც დანიშნულ, ისე არჩეულ პირს, ვინც პოლიციის, განსაკუთრებით კი, დაპატიმრების ან დაკავების უფლებამოსილებას ანხორციელებს.
(b) იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციის უფლებამოსილება განხორციელებულია ფორმიანი ან ფორმის გარეშე სამხედრო ხელისუფლების ან სახელმწიფო უშიშროების ძალების მიერ, სამართალდამცავ პირთა განსაზღვრება უნდა მოიცავდეს ასეთი სამსახურების მოხელეებსაც.
(c) საზოგადოებისთვის სამსახური ნაგულისხმევია მოიცავდეს დახმარების გაწევას, განსაკუთრებით საზოგადოების იმ წევრებისათვის, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ პირადი, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა კრიტიკული მდგომარეობის გამო.
(d) ეს დებულება განზრახულია, მოიცავდეს არა მხოლოდ ძალმომრეობით, მძარცველობით ან მავნე ქმედებას, არამედ სისხლის სამართლის კანონებით განსაზღვრულ აკრძალვათა ფართო სპექტრს. იგი ვრცელდება იმ ადამიანთა ქმედებაზეც, რომლებთაც არ ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მუხლი 2
თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცავმა პირებმა პატივი უნდა სცენ და დაიცვან ადამიანის ღირსება და უფლებები.
კომენტარი:
(a) ადამიანის უფლებები, რომელთა შესახებაც ვსაუბრობთ, დადგენილი და დაცულია ეროვნული და საერთაშორისო სამართლით. ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებსა და საყოველთაო დეკლარაციებს განეკუთვნება: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, დეკლარაცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელისგან დაცვის შესახებ, გაეროს დეკლარაცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, საერთაშორისო კონვენცია აპართეიდის დანაშაულის ჩახშობისა და დასჯის შესახებ, კონვენცია გენოციდის დანაშაულის აცდენისა და გენოციდისათვის დასჯის შესახებ, პატიმრებთან მოპყრობის საყოველთაოდ აღიარებული მინიმალური წესები და ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ.
(b) ამ დებულების ნაციონალურმა კომენტარებმა უნდა მიუთითონ უფლებათა დამცველ რეგიონალურ ან ეროვნულ დებულებებზე.
მუხლი 3
სამართალდამცავ პირებს ძალის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას განსაკუთრებული აუცილებლობა მოითხოვს და იმ ფარგლებში, რაც მათი მოვალეობის შესრულებისთვისაა საჭირო.
კომენტარი:
(a) ეს დებულება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამართალდამცავ პირთა მიერ ძალის გამოყენება დაიშვება მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევებში; თუმცა, იგი გულისხმობს, რომ სამართალდამცავი პირები შეიძლება უფლებამოსილი იყვნენ ძალის გამოყენებაზე, როდესაც ეს გონივრულად აუცილებელია დანაშაულის აღკვეთის ან დამნაშავეთა ან დანაშაულში ეჭვმიტანილთა კანონიერი დაკავების განხორციელებისას ან დაპატიმრებაში დახმარებისას. ძალის გამოყენება ამ არ უნდა გასცდეს ფარგლებს.
(b) ეროვნული სამართალი, პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, ჩვეულებრივ, ზღუდავს სამართალდამცავ პირთა მიერ ძალის გამოყენებას. პროპორციულობის ასეთი ეროვნული პრინციპები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ დებულების ინტერპრეტაციისას. ეს დებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნეს იმგვარად, რომ მოხდეს ნებართვის მიცემა ძალის გამოყენებაზე, რომელიც არაპროპორციული და არაადეკვატურია მისაღწევ კანონიერ მიზანთან მიმართებაში.
(c) ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უკიდურეს ზომად ითვლება. ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მოხმარების გამორიცხვისათვის, განსაკუთრებით ბავშვების წინააღმდეგ. ზოგადად, ცეცხლსასროლი იარაღის მოხმარება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეჭვმიტანილი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს ან სხვაგვარად უქმნის საშიშროებას სხვათა სიცოცხლეს და ეჭვმიტანილის დაკავების ან დაპატიმრებისათვის სხვა ზომები საკმარისი არ არის. ყველა შემთხვევაში, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი იქნება გამოყენებული, დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს მოხსენება ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოების წინაშე.
მუხლი 4
კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელსაც სამართალდამცავები ფლობენ, შესაბამისად უნდა იქნას დაცული, თუ მოვალეობის შესრულება ან მართლმსაჯულების საჭიროება რაიმე სხვას არ მოითხოვს.
კომენტარი:
სამართალდამცავი პირები, სამსახურეობრივი მოვალეობების ფარგლებში მოიპოვებენ ინფორმაციას, რომელიც შესაძლებელია სხვათა პირად ცხოვრებას ეხებოდეს ან პოტენციურად ზიანის მომტანი იყოს მათი ინტერესებისათვის, განსაკუთრებით რეპუტაციისათვის. დიდი სიფრთხილე უნდა იქნეს გამოჩენილი ასეთი ინფორმაციის დაცვისა და გამოყენების დროს. იგი უნდა გამოაშკარავდეს მხოლოდ მოვალეობათა შესრულებისას ან მართლმსაჯულების მოთხოვნათა შესაბამისად. ასეთი ინფორმაციის ნებისმიერი გამოაშკარავება სხვა მიზნებისათვის მიუღებელი და სრულიად არასწორია.
მუხლი 5
არც ერთ სამართალდამცავ პირს არ შეუძლია წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის პროვოცირება ან დაშვება; არც ერთ სამართალდამცავ პირს არ შეუძლია მიუთითოს ზემდგომთა ბრძანებაზე ან საგანგებო მდგომარეობაზე, როგორიცაა ომის მდგომარეობა ან ომის, ეროვნული უსაფრთხოების საშიშროება, შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა ან ნებისმიერი სხვა კრიტიკული ვითარება, როგორც წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის გამამართლებელ პირობაზე.
კომენტარი:
(a) ეს აკრძალვა გამომდინარეობს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაციიდან ადამიანის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელისგან დაცვის შესახებ, რომლის თანახმადაც: ,,ასეთი ქმედება ადამიანის ღირსების შემლახველი დანაშაულია და უნდა დაისაჯოს, როგორც გაეროს მიზნების უარყოფა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით გამოცხადებული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევა“
(b) დეკლარაცია წამებას განსაზღვრავს შემდეგნაირად:
,,...წამება ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც სახელმწიფო მოხელის წაქეზებით მძიმე ფიზიკური ან ფსიქიური ტკივილი ან ტანჯვა განზრახ მიადგა პირს იმ მიზნით, რომ მისგან ან მესამე პირისაგან მიღებულ იქნას ინფორმაცია ან აღიარება, მისი დასჯა იმ ქმედებისათვის, რომელიც მან ჩაიდინა ან ეჭვმიტანილია მის ჩადენაში, მისი ან სხვა პირთა დაშინებით. ეს განმარტება არ მოიცავს ტკივილსა და ტანჯვას, რომელიც გამომდინარეობს, განუყოფელია ან შემთხვევით გამოიწვევა კანონიერების ფარგლებში პატიმრებთან მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესების შესაბამისად.“
(c) ტერმინი ,,სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი“ არ არის განმარტებული გენერალური ასამბლეის მიერ, მაგრამ ინტერპრეტირებულ უნდა იქნეს ისე, რომ გაფართოვდეს ფიზიკური ან ფსიქიკური შეურაცხყოფისაგან ყველაზე უფრო ფართო შესაძლებელი დაცვა.
მუხლი 6
სამართალდამცავმა პირებმა უნდა უზრუნველყონ პატიმრობაში მყოფთა ჯანმრთელობის დაცვა, კერძოდ, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად ყოველთვის, როცა ამას საჭიროება მოითხოვს.
კომენტარი:
(a) ,,სამედიცინო მომსახურება“, რომელიც ნებისმიერი სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეულ სამსახურს გულისხმობს, სერთიფიცირებული ექიმებისა და მათი ასისტენტების ჩათვლით, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საჭიროების ან მოთხოვნის შესაბამისად.
(b) მაშინ, როდესაც სამედიცინო პერსონალი მიმაგრებულია სამართალდამცავ პირთა ოპერაციაზე, ამ უკანასკნელებმა, პატიმრის შესაფერისი მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა გაითვალისწინონ ასეთი პერსონალის აზრი, სამართალდამცავი ოპერაციის გარეთ მყოფი სამედიცინო პერსონალის არჩევითა და მათთან კონსულტაციით.
(c) ნაგულისხმევია, რომ სამართალდამცავმა პირებმა ასევე უნდა უზრუნველყონ სამედიცინო მზრუნველობა კანონის დარღვევის მსხვერპლთა ან კანონის დარღვევის პროცესში მომხდარი (უბედური) შემთხვევების მსხვერპლთათვის.
მუხლი 7
სამართალდამცავმა პირებმა არ უნდა ჩაიდინონ კორუფცია. ისინი მკაცრად უნდა შეეწინააღმდეგონ და ებრძოლონ ყველა ამგვარ ქმედებას.
კომენტარი:
(a) კორუფციის ისევე, როგორც ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ნებისმიერი აქტი, სამართალდამცავ პირთა პროფესიასთან შეუთავსებელია. კანონი უნდა აღსრულდეს სრულად, ნებისმიერ სამართალდამცავ პირთა მიმართ, რომლებიც კორუფციულ ქმედებას ჩადიან, რადგან მთავრობებს არ შეიძლება იმედი ჰქონდეთ, რომ კანონს ცხოვრებაში გაატარებენ მოქალაქეები, თუკი თვითონ მათ არ შეუძლიათ ან არ გაატარებენ კანონს საკუთარი წარმომადგენლების წინააღმდეგ და თავიანთ ორგანოებში.
(b) მაშინ, როდესაც კორუფციის განსაზღვრება ეროვნული სამართლის საგანი უნდა იყოს, იგი გაგებულ უნდა იქნეს პიროვნების ვალდებულებასთან ერთად ან მათი შესრულებისას - ვალდებულებით აღჭურვის ან წინდაუხედაობის მომცველ ქმედებად მოთხოვნილი ან მიღებული საჩუქრების, დაპირებების ან სტიმულის საპასუხოდ, ან მათი კანონიერი მიღება, ვინც ასეთი ქმედებები ჩაიდინა ან გამოტოვა.
(c) ტერმინი ,,კორუფციის აქტი“, ზემოხსენებულის გარდა, კორუფციის მცდელობასაც მოიცავს.
მუხლი 8
სამართალდამცავმა პირებმა პატივი უნდა სცენ კანონსა და ამ კოდექსს. ამასთანავე, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა აღკვეთონ და მკაცრად აღუდგნენ წინ შესაბამის დარღვევებს.
სამართალდამცავმა პირებმა, რომელთაც აქვთ მიზეზი იფიქრონ, რომ მოხდა ან მოხდება ამ კოდექსის დარღვევა, ამის შესახებ უნდა აცნობონ ზემდგომ ორგანოებს და, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლების სხვა შესაბამის ორგანოებს, ანუ განხილვისა და გამოსწორების ძალაუფლებით აღჭურვილ სხვა ორგანოებს.
კომენტარი:
(a) ეს კოდექსი დაცული უნდა იყოს, როდესაც იგი ეროვნული კანონმდებლობის ან პრაქტიკის ნაწილია. თუ კანონმდებლობა ან პრაქტიკა მოიცავს უფრო მკაცრ დებულებებს, ვიდრე ეს კოდექსი, მოქმედებს უფრო მკაცრი დებულებები.
(b) წინამდებარე მუხლის მიზანია შეინარჩუნოს ბალანსი, ერთი მხრივ, იმ ორგანოს შიდადისციპლინის საჭიროებას, რომელზეც საზოგადოების უშიშროება დიდად არის დამოკიდებული და, მეორე მხრივ, ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევასთან ბრძოლის საჭიროებას შორის. სამართალდამცავმა პირებმა უნდა მოახსენონ დარღვევების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს და განახორციელონ სხვა კანონიერი ქმედებები ხელისუფლების ორგანოებს გარეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებები ხელმისაწვდომი და ეფექტური არ არის. იგულისხმება, რომ სამართალდამცავ პირებზე არ უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციული ან სხვა სასჯელი, ამ კოდექსის დარღვევის ან შესაძლო დარღვევის თაობაზე შეტყობინებების გაკეთების გამო.
(c) ტერმინი ,,ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ან განხილვის ან გამოსწორების ძალაუფლებით აღჭურვილი სხვა ორგანოები“ ეხება ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოს, რომელიც განმტკიცებულია ეროვნული სამართლით. იგი მოიცავს სამართალდამცავი ორგანოების შიდა- თუ მისგან დამოუკიდებელ სტრუქტურებს და კანონით დადგენილ, ჩვეულებებზე დამყარებულ თუ სხვა ხელისუფლებით აღჭურვილ ინსტიტუტებს, რომლებიც ამ კოდექსის ფარგლებში დარღვევებიდან წარმოშობილ საჩივრებს განიხილავენ.
(d) რიგ ქვეყნებში მასმედია შეიძლება საჩივართა მიმომხილველი ფუნქციების შემსრულებლად ჩაითვალოს, რაც უახლოვდება (ც) ქვეპუნქტში განხილულ უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავი პირები შეიძლება გამართლებული იყვნენ როგორც უკანასკნელი იმედი და მათი ქვეყნების კანონებისა და ჩვეულებების და ამ კოდექსის მე-4 მუხლის დებულებების შესაბამისად, თუ ისინი მასმედიის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ყურადღებამდე მიიტანენ დარღვევებს.
(e) სამართალდამცავი პირები, რომლებიც ამ კოდექსის დებულებებს ასრულებს, იმსახურებს პატივისცემას, სრულ მხარდაჭერასა და საზოგადოების, ასევე, იმ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობას, რომელშიც ისინი მსახურობენ.