![]() |
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი დემოკრატია|არჩევნები |
საავტორო უფლებები: © ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ანგარიში მომზადებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო საქმეთა ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული ქვეგრანტის ფარგლებში. აღნიშნულ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებებიშეიძლება არ გამოხატავდეს დამფინანსებელ ორგანიზაციათა ოფიციალურ პოზიციას. |
![]() |
1 შესავალი |
▲back to top |
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს მასშტაბით 48 საარჩევნო ოლქსა1 და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს დააკვირდნენ. დაკვირვება განხორციელდა მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისის, ისნის, სამგორის, ჩუღურეთის, დიდუბის, ნაძალადევის, გლდანის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, თელავის, ახმეტის, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, მცხეთის, დუშეთის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ზესტაფონის, ბაღდათის, სამტრედიის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ქუთაისის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის ფოთის, ბათუმის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის, ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში.
პროექტის ძირითადი მიზანი იყო საარჩევნო ადმინისტრაციების 24 საათიანი მონიტორინგი. დაკვირვების სამიზნეს წარმოადგენდა საოლქო საარჩევნო კომისიების არჩევნების დღის შემდგომი საქმიანობა, მათ მიერ საჩივრების განხილვის, გადაწყვეტილებების მიღებისა და ოლქის შედეგების შეჯამების პროცესი.
პროექტში გამოყენებული იყო პირდაპირი დაკვირვების მეთოდოლოგია. დამკვირვებლებს გადაეცათ წინასწარ შემუშავებული ანგარიშგების ფორმები, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდა ყოველდღიური ანგარიშგება. შედეგები დამუშავდა ორივე ორგანიზაციის ცენტრალური ოფისების მიერ.
წარმოდგენილი დასკვნა ემყარება არა მხოლოდ „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ შეტანილი საჩივრების განხილვის პროცესის ანალიზს, არამედ, ოლქების მიერ განხილული, ყველა საარჩევნო სუბიექტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეტანილი საჩივრებისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
________________
1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დამკვირვებლები ჰყავდა 36 საარჩევო ოლქში, ხოლო „სამართლიან არჩევნებს“ - 40 ოლქში. ორივე ორგანიზაციამ სულ 48 საარჩევნო ოლქი მოიცვა.
![]() |
2 საოლქო საარჩევნო კომისიების მონიტორინგი |
▲back to top |
![]() |
2.1 № 1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შეტანილ იქნა 12 საჩივარი. ამათგან, 3 - საიას, 2 - „სამართლიანი არჩევნების“, ხოლო დანარჩენი პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლების მიერ. წარდგენილი საჩივრები ძირითადად შეეხებოდა ერთსა და იმავე უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს: უზუსტობებს უბნის შემაჯამებელ ოქმებში, ბიულეტენების მეტობას არსებულ ხელმოწერებთან შედარებით, ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებს.1
კომისიის სხდომები: საჩივრების განხილვისას ოლქის მიერ მოწვეულ იქნენ მხარეები. საარჩევნო კომისიამ ერთ უბანთან დაკავშირებით შესული რამდენიმე სუბიექტის საჩივარი ერთობლივად განიხილა. სხდომაზე ხდებოდა საჩივარში მითითებული ფაქტების გამოკვლევა, მაგალითად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება №23 და №5 უბნების შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით, №6 6უბანთან მიმართებით კომისიამ მოახდინა ოლქში დაფიქსირებული შედეგების შედარება ჩანაწერთა წიგნსა და მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ შედეგებთან. ასევე, №2, №4 უბანთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვისას, კომისიამ გამოიკვლია შესაბამისი გარემოებები. შედეგად, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები №5საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობის, ხოლო №6 საარჩევნო უბნის თავმჯდომარისა და მდივნის დაჯარიმების თაობაზე. 2
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომისიამ განუხილველად დატოვა კენჭისყრის პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით უბნებზე შესული საჩივრები იმ მოტივით, რომ ისინი მომჩივნის მიერ დაუყოვნებლივ არ იყო წარმოდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიაში.3 სადავო საკითხს წარმოშობს ის ფაქტი, რომ საარჩევნო კოდექსში 2008 წლის 21 მარტს განხორციელებული ცვლილებებით, საოლქო საარჩევნო კომისიას ევალება, დაარეგისტრიროს და განიხილოს კენჭისყრის დღის განმავლობაში უბანზე შემოსული საჩივრები,4 რაც საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არაერთგვაროვნად იქნა ინტერპრეტირებული. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 23 მაისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები (განსხვავებით სხვა დანარჩენი ოლქებისაგან) გაფორმდა არა სხდომაზე მათი მიღების, არამედ, განკარგულებების წერილობითი ფორმით გამოცემის თარიღით, რაც მისასალმებელი ფაქტია მათი გასაჩივრების ვადის გამოყენების თვალსაზრისით. 5
_____________________
1. იხ. საიას, „სამართლიანი არჩევნების“, რესპუბლიკური პარტიის, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლების საჩივრები №1,2,5,6,4,23 საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით.
2. იხ. მთაწმინდის №1 საარჩევნო ოლქის 2008 წლის 24 მაისის №119/2008 და №118/2008 განკარგულებები.
3. იხ. მთაწმინდის №1 საარჩევნო ოლქის 2008 წლის 23 მაისის №67 სხდომის ოქმი.
4.საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62.1. მუხლი.
5. იხ. მთაწმინსის №1 საარჩევნო ოლქის 2008 წლის 23 მაისის №67 სხდომის ოქმი და მის საფუძველზე მიღებული №118/2008, 120/2008;121/2008; 119/2008 განკარგულებები;
![]() |
2.2 №2 ვაკის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ იქნა 4 საჩივარი. ამათგან, 2 საიას დამკვირვებლების, ხოლო 2 ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლების მიერ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი იყო საჩივრები №45 და №59 უბნებზე პროცედურული დარღვევების გამო, რამაც უბანზე შედეგების შეჯამების შეუძლებლობა გამოიწვია. საბოლოოდ, უბანმა შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში განახორციელა.
მოთხოვნას წარმოადგენდა შემაჯამებელი ოქმის ბათილობა, რაც კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა. საჩივრის განხილვისა და შედეგების შეჯამებისას, ოლქის მიერ დაცულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები. დაკვირვებას არ გამოუვლენია საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები.
![]() |
2.3 №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
საბურთალოს საარჩევნო ოლქი, საჩივრების განხილვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური და არათანმიმდევრული იყო.
ოლქში შესული საჩივრები: საბურთალოს საარჩევნო უბნებზე დაიწერა 111 საჩივარი. უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შემოვიდა 9 საჩივარი, ამათგან, საიასა და „სამართლიანი არჩევნების“ 2 საჩივარი. საჩივრების გარდა, საიას მიერ ოლქის სახელზე წარდგენილი იყო განცხადებები საუბნო შემაჯამებელ ოქმებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე.
კომისიის სხდომები: საჩივრების განხილვამდე, საოლქო კომისიამ ჩაატარა სხდომა საუბნო საარჩევნო კომისიების პრობლემურ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით. საოლქო საარჩევნო კომისიამ საკუთარი ინიციატივით იმსჯელა 11 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით (№1, №6, №11, №30, №40, №48, №49, №51, №59, №73, №81) და მიიღო განკარგულებები ოქმების მონაცემებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.1
აღნიშნულ შეხვედრაზე კომისიამ განიხილა საიას განცხადება №27 საუბნო მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში არსებული ხარვეზების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოქმში არსებული ხარვეზების დადგენა და გამოსწორება შესაძლებელი იქნებოდა საუბნო შემაჯამებელი ოქმის გაბათილებითა და შედეგების გადათვლით, საოლქო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, უბნის მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.2
რაც შეეხება კომისიის სხდომას, რომელზეც ოლქში შემოსული საჩივრები განიხილებოდა, კომისიამ არ იმსჯელა უბნის სახელზე კენჭისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი 111 საჩივრის თაობაზე იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საჩივრები, საარჩევნო კოდექსის 61.4. მუხლის შესაბამისად, წარდგენილი არ იყო კომისიის სახელზე. კომისიამ არ გაიზიარა საიას წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გახსნილიყო აღნიშნული უბნების ჩანაწერთა წიგნები და გადამოწმებულიყო, აღმოიფხვრა თუ არა აღნიშნულ საჩივრებში მითითებული დარღვევები.3
კომისიის სხდომაზე ოლქის თავმჯდომარემ დააყენა №19 უბნიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმის ნამდვილობის საკითხი, რომელიც არ იყო დადასტურებული საუბნო კომისიის ბეჭდით. საკითხის გასარკვევად საოლქო კომისიამ სხდომაზე მოიწვია უბნის კომისიის წევრები, რომლებმაც დაადასტურეს ოქმზე მათი ხელმოწერების ნამდვილობა. გარდა ამისა, საოლქო საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინა საიას დამკვირვებლების მოსაზრება და იდენტურობის დადგენის მიზნით გახსნა და ოლქის მიერ გაცემულ ნომერს შეადარა უბნის კომისიის დალუქული ბეჭედი.
საჩივრების განუხილველად დატოვება: სამწუხაროდ, საოლქო საარჩევნო კომისიას არ გამოუჩენია მსგავსი ტიპის ინიციატივები სხვა მნიშვნელოვანი საჩივრების განხილვისას. მაგალითად, საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურასთან დაკავშირებით უბანზე დაწერილი საჩივრები იმ საფუძვლით, თითქოს აღნიშნული საჩივრები დარეგისტრირებული უნდა ყოფილიყო ოლქის სახელზეც.4 აღნიშნული ქმედება ოლქის მხრიდან წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის
61.6. მუხლის უხეშ დარღვევას, რომლის თანახმადაც, ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურასთან დაკავშირებით დაწერილი საჩივარი საუბნო სარჩევნო კომისიის მიერ განსახილველად ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განიხილებოდა №73 უბნის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი, რომლის თაობაზეც ოლქში წარდგენილი იყო 7 საჩივარი.5 დარღვევა მდგომარეობდა იმაში, რომ №73 საუბნო საარჩევნო კომისიაში №85 საარჩევნო უბნიდან შემოსულ საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა 6 კონვერტით მეტი, ვიდრე სიაში არსებული ხელმოწერები. საარჩევნო კოდექსის 58.4. მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, კონვერტები უნდა დაილუქოს, დაეწეროს „ბათილია“ და გაიგზავნოს საოლქო საარჩევნო კომისიაში. მიუხედავად ამისა, საუბნო საარჩევნო კომისიამ სპეციალური უბნიდან შემოსული გადასატანი საარჩევნო ყუთის კონვერტები აურია ძირითად საარჩევნო ყუთს და ისე მოახდინა ხმების დათვლა. საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმიდან არ ჩანს ნამდვილ ბიულეტენებსა და სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებს შორის განსხვავება, აღნიშნული ფაქტი არ წარმოადგენდა უბნის შედეგების ბათილობის საფუძველს.6 აღსანიშნავია, რომ იგივე პოზიცია გაიზიარა აღნიშნული დავის სასამართლოში განხილვის დროს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ. 7
ოლქის/სასამართლოს გადაწყვეტილებები: საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოკლებული იყო ყოველგვარ დასაბუთებას. გარდა ამისა, ოლქის გადაწყვეტილებებში ეწერა, რომ აღნიშნული განკარგულებების „გასაჩივრება შესაძლებელი იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში“, რაც წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც, საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედებების თაობაზე ოლქში მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ მიიჩნია, რომ „სადავო ადმინისტრაციულ აქტებზე მითითებული გასაჩივრების წესის დარღვევა არ არის არსებითი დარღვევა, ვინაიდან ის ვერ მოახდენდა გავლენას დაინტერესებული პირის უფლებათა დაცვის სფეროში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სავსებით სწორად მიმართა უფლების აღსადგენად უფლებამოსილ ორგანოს. ამდენად, ფაქტი, რომ სადავო განკარგულებაში მისი გასაჩივრების ორგანოდ მითითებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არ შეიძლება გახდეს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველი.“ 8
__________________
1 .იხ. საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №143/05- 2008; №145/05-2008; №144/05-2008; №140/05-2008; №142/05-2008; №141/05-2008 განკარგულებები.
2. იხ. საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №146/05- 2008 განკარგულება.
3. იხ. საბურთალოს საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №24 სხდომის ოქმი.
4. იხ. საბურთალოს საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №24 სხდომის ოქმი და საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №168/05-2008; №172/05-2008; №171/05-2008; №170/05-2008; №169/05-2008; №168/05-2008; №166/05-2008; №167/05-2008 განკარგულებები ეკატერინე ქობულაძის, ილია ნადირაშვილის, სოფიო გახელაძის, თამარ სამადაშვილის, ვალერ გახოკიას, ეთერ კერჭიაშვილისა და ქეთევან კოპალიანის საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის გიორგი ფარეშიშვილის, „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების - დარეჯან ჟღენტის, ბარბარე გაგნიძის, ვახტანგ კობახიძის, თამაზ გონგლაძის, დავით დოიძის, ელენე ნაპირელის საჩივრები.
5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის, გიორგი ფარეშიშვილის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების - დარეჯან ჟღენტის, ბარბარე გაგნიძის, ვახტანგ კობახიძის, თამაზ გონგლაძის, დავით დოიძის, ელენე ნაპირელის საჩივრები.
6. იხ. საბურთალოს საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №24 სხდომის ოქმი და საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №152/05-2008, №147/05-2008, №150/05-2008, №154/05-2008, №148/05-2008, №153/05-2008, №149/05-2008 განკარგულებები;
7. იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/1238-08; სააპელაციო სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილება, ანგარიშის შედგენის დროს, არ იყო ჩაბარებული მხარისთვის.
8. იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/1238-08; გვ.7.
![]() |
2.4 №4 კრწანისის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოვიდა 8 საჩივარი, ამათგან, 2 - საიას დამკვირვებლების, 5 - „სამართლიანი არჩევნების“, ხოლო 1 - რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ. წარდგენილ საჩივართა უმრავლესობა შეეხებოდა საარჩევნო უბნებზე არსებულ უმართავ სიტუაციებს.
ოლქის სხდომები/გადაწყვეტილებები: საჩივრების განხილვა ოლქში საარჩევნო პროცედურის დაცვით წარიმართა. გადაწყვეტილების მიღების დროს საარჩევნო კომისია ითვალისწინებდა ამავე საარჩევნო უბანთან მიმართებით არსებული სხვა საჩივრების შინაარსს. იკვლევდა მტკიცებულებებს და ისმენდა მხარის პოზიციებს. შესაბამისად, წარდგენილი საჩივრების საფუძველზე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილებები №29, №30, №31 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობისა და №45 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლის თაობაზე.1
_____________________
1. იხ. № 4 საარჩევნო ოლქის 2008 წლის 23 მაისის №0091/2008, №0091/2008, №0092/2008 განკარგულებები.
![]() |
2.5 №5 ისნის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: კენჭისყრის დღის განმავლობაში ისნის ოლქში სულ შეტანილი იქნა 248 საჩივარი. აქედან, საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ პროცედურებს ეხებოდა 6 საჩივარი, დანარჩენი კი - კენჭისყრის პროცედურებს. უშუალოდ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შეტანილ იქნა 3 საჩივარი. აქედან, ორი საჩივარი ეხებოდა საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ უბნებზე შედეგების შეჯამების განხორციელებას სანთლის შუქზე. ხოლო მესამე საჩივარი შეტანილ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ, რომელიც ეხებოდა რიგ უბნებზე შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული მონაცემების ბალანსს.
კომისიის სხდომები: 24 მაისს გამართულ კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა კენჭისყრის დღის განმავლობაში უბნებზე შეტანილი 248 საჩივარი. სხდომის მიმდინარეობისას, საიას დამკვირვებლის მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა, რათა კომისიის მიერ მომხდარიყო უბნებზე შეტანილი იმ საჩივრების განხილვა, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე არ შემოსულა. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. კომისიამ განიხილა საჩივრები, თუმცა, ისინი უსაფუძვლობის გამო არ იქნა დაკმაყოფილებული. უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა ოლქის სახელზე შეტანილი საჩივრებიც.
კომისიის სხდომები მიმდინარეობდა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც მხარეები, ასევე, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები ინფორმირებულნი იქნენ საჩივრის განხილვის თაობაზე.
![]() |
2.6 №6 სამგორის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შეტანილ იქნა 34 საჩივარი, ამათგან 2 საიას დამკვირვებლების, ხოლო 32 - სხვა ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. შესული საჩივრების უმეტესობა ეხებოდა კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევას.
ოლქის სხდომები/სხდომის ოქმი: საჩივრების განხილვა ზედაპირულად მიმდინარეობდა, საარჩევნო კომისია არ ცდილობდა, გამოეკვლია მითითებული მტკიცებულებები, მაგალითად, საარჩევნო კომისიას არ დაუკმაყოფილებია არც ერთი მოთხოვნა ვიდეო თვალის გახსნის თაობაზე.1 სხდომის განმავლობაში არ მიმდინარეობდა სხდომის ოქმის წარმოება. სხდომის დასრულების შემდეგ შედგენილ ოქმში სრულყოფილად არ ასახულა სხდომის მიმდინარეობისას გამოთქმული მოსაზრებები. 2 მსჯელობას კი, რომელიც ოქმშია დაფიქსირებული, სხდომაზე ადგილი არ ჰქონია.3
ოლქის გადაწყვეტილებები: სხდომის ოქმიდან ირკვევა (უშუალოდ სხდომაზე დაკვირვებით, შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ და რა საფუძვლით), რომ საჩივრების ნაწილი, რომლებიც კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნებიდან მიიღეს, განიხილეს, ხოლო, ანალოგიური წესით, ოლქში წარმოდგენილი საჩივრების ნაწილის განხილვაზე უარი ითქვა იმ მოტივით, რომ ისინი, 61.4. მუხლის შესაბამისად, განმცხადებლების მიერ არ იყო წარმოდგენილი უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში,4 რაც მიუთითებს საოლქო საარჩევნო კომისიის არათანაბარ მიდგომაზე სხვადასხვა სუბიექტის მიერ წარდგენილი საჩივრების მიმართ.
______________________
1. იხ. №6 სამგორის საარჩევნო ოლქის №117, 65, 56, 7 უბნებთან დაკავშირებით მარიამ ჯაჯანიძის, დიანა თამლიანის, ნანა მიკიჩაშვილის და ნუგზავ ოდილავას საჩივრები;
2. მაგალითად, №56 უბანთან დაკავშირებით დარღვევის განხილვისას, კომისიამ ზეპირად მიიღო გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარის გაფრთხილების თაობაზე, თუმცა, როგორც ოქმში ვკითხულობთ, კომისიამ არ დააკმაყოფილა პასუხისმგებლობის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო.
3. იხ. №6 სამგორის საარჩევნო ოლქის 2008 წლის 22 მაისის №16 სხდომის ოქმი.
4. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხსენებულ ფაქტებზე მიღებულ იქნა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, და არა განხილვაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებები.
![]() |
2.7 №7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე „სამართლიანი არჩევნებისა“ და საიას დამკვირვებლების მიერ შეტანილ იქნა 2 საჩივარი - №1 საარჩევნო უბანზე იაპონიის მოქალაქის მიერ ხმის მიცემის ფაქტთან დაკავშირებით. ოლქის მიერ განხილულ იქნა საჩივარი, რომლის საფუძველზეც, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გამოეცხადა საყვედური.
საოლქო საარჩევნო კომისიამ, უსაფუძვლობის მოტივით, განუხილველად დატოვა უბნებზე კენჭისყრის პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით შესული საჩივრები.1 აღნიშნული მოტივი წარმოადგენს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, და არა განხილვაზე უარის თქმის, საფუძველს. შესაბამისად, ხსენებული გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო პროცედურული ნორმების დარღვევით.
________________
1. იხ. ჩუღურეთის №7 საარჩევნო ოლქის 2008 წლის 23 მაისის სხდომის ოქმი №19.
![]() |
2.8 №8 დიდუბის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები არ შესულა. როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, შედეგების შეჯამების პროცედურები ოლქში კანონის მოთხოვნათა დაცვით მიმდინარეობდა.
![]() |
2.9 №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შეტანილ იქნა ორი საჩივარი,1 რომელთაგანაც ერთ-ერთი ეხებოდა უზუსტობებს კონკრეტული საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებში, ხოლო მეორე შეეხებოდა №41 საარჩევნო უბანზე საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქის გასწვრივ სიაში ხელმოწერის არსებობას. საოლქო საარჩევნო კომისიამ, უსაფუძვლობის მოტივით, არ დააკმაყოფილა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის მიერ შეტანილი საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში არსებული უზუსტობების თაობაზე, ხოლო №41 უბნის შედეგები, უბანზე დაფიქსირებული დარღვევის გამო, ბათილად ცნო.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საიას დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით დაწერილი საჩივრები, საარჩევნო კოდექსის 61.7. მუხლის შესაბამისად, არ შემოსულა სარეგისტრაციო ჟურნალთან ერთად დალუქული.2 მართალია, სარეგისტრაციო ჟურნალში დაფიქსირებული იყო საჩივრის შემოტანის ფაქტი, თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უარი განაცხადა დალუქული პაკეტების გახსნასა და საჩივრების განხილვაზე. შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება საჩივრების განხილვაზე უარის თქმის თაობაზე.3
______________________
1 იხ. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ლევან ტერაშვილის საჩივარი №7,23,18,24,88,12,16,43,45,67,84,2,86,77,75,8,51,39,41,50,78,79,34,70,71,72,65,56,62,63,19, 28,64 უბნებთან დაკავშირებით; ირინე მაჭარაძის საჩივარი №41 უბანთან დაკავშირებით.
2. საიას დამკვირვებლების ნინო ნადიბაიძისა და თამარ რაზმაძის საჩივრები №48 და №30 საარჩევნო უბნებზე წილისყრის პროცედურის დარღვევის თაობაზე.
3. იხ. ნაძალადევის№9 საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 22 მაისის №40/2008 განკარგულება.
![]() |
2.10 №10 გლდანის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: გლდანის №10 საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შეტანილ იქნა 9 საჩივარი, ამათგან 2 - საიას დამკვირვებლების, 1 - „სამართლიანი არჩევნების“, ხოლო დანარჩენი სხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ. ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ 22 მაისს, საღამოს 6 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე წარდგენილ იქნა საჩივარი,1 რომელიც ოლქის მიერ არ დარეგისტრირებულა საჩივრის შეტანის ვადის გადაცილების გამო.2 აღნიშნული გადაწყვეტილება მოგვიანებით გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლომ და საოლქო კომისიას დაევალა, განსახილველად მიეღო და ემსჯელა საჩივარში მითითებულ გარემოებებზე.3
ოლქში წარდგენილი საჩივრების უმრავლესობა შეეხებოდა მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის პროცედურების დარღვევის ფაქტებს, სიაში აღმოჩენილ უზუსტობებს.4
ოლქის სხდომები/მიღებული გადაწყვეტილებები: საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მოიწვია ყველა საჩივრის ავტორი. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე ყველას ეძლეოდა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, საჩივართა განხილვა კომისიის წევრების მხრიდან ზედაპირულად მიმდინარეობდა. არ ხდებოდა მტკიცებულებათა სათანადო გამოკვლევა.
კომისიამ ცნობად მიიღო საჩივრებში/განცხადებებში მითითებული გარემოებები საარჩევნო სიებსა და მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული უზუსტობების თაობაზე. №10 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გამოეცხადა საყვედური საჩივრის ჩაუბარებლობის გამო. რაც შეეხება საჩივარს №107 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ორ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით, აღნიშნულ ფაქტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვის თაობაზე.5
კომისიამ არ დააკმაყოფილა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილი საჩივარი 41 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით.6 აღნიშნული გადაწყვეტილება მოგვიანებით გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, გასაჩივრებული უბნებიდან გაბათილებულიყო მხოლოდ ერთი - №34 უბნის შედეგები.7
აღსანიშნავია საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უარი ითქვა საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ საჩივარი წარდგენილი იყო საჩივრის შედგენაზე არაუფლებამოსილი პირის - კომისიის წევრის მიერ.8 მიგვაჩნია, რომ კომისიის წევრის უფლებამოსილება, წარადგინოს საჩივარი უბანზე დაფიქსირებულ დარღვევასთან დაკავშირებით, საკამათო საკითხია. საქართველოს საარჩევნო კოდექსის
522.8. მუხლის თანახმად, საჩივრის შედგენის უფლებამოსილება გააჩნიათ კენჭისყრის შენობაში მყოფ პირებს. ამავე კოდექსის 6565. 2 „ა“ მუხლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი წარმოადგენს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს. შესაბამისად, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კომისიის წევრს გააჩნია საჩივრის შედგენის უფლებამოსილება. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაში, რომელიც განსაზღვრავს საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრის/განცხადების შეტანისა და განხილვის წესებს, აღნიშნულია, რომ „თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის თაობაზე უნდა ეცნობოს პირადად მას.“9 შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ, როგორც საარჩევნო კანონმდებლობა, ასევე, მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები, იცნობს კომისიის წევრის მიერ საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი (საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა) საჭიროებს უფრო ნათლად და მკაფიოდ დარეგულირებას. თუკი საარჩევნო კოდექსი უშვებს მათ მიერ საჩივრის შედგენის უფლებას, საჭიროა, რომ ეს ნათლად განისაზღვროს, რათა არაერთგვაროვან პრაქტიკას და საჩივრის განხილვაზე უკანონოდ უარის თქმას არ ჰქონდეს ადგილი. თუმცა, რამდენად აქვს კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრს უფლება, გაასაჩივროს კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სამართლებრივად, ესეც საკმაოდ საკამათოა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საკითხი, ამ ორი პოზიციის გათვალისწინებით, ნათლად და მკაფიოდ უნდა განისაზღვროს.
რეკვიზიტებისა (საჩივარში შეცდომით მითითებული იყო სხვა საარჩევნო უბნის ნომერი) და სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის გამო, კომისიამ განუხილველად დატოვა ასევე კახა კუკავას და ზეინაბ ჯავახიშვილის საჩივრები, რაც არასწორ განმარტებას წარმოადგენს და არ ემყარება არანაირ სამართლებრივ საფუძველს. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლი10 არ ითვალისწინებს საჩივარში მოთხოვნის ჩამოყალიბებას, როგორც განცხადება/საჩივრის სავალდებულო, ან თუნდაც, ფაკულტატურ რეკვიზიტს. არც საარჩევნო კოდექსის 62.2. პუნქტი ითვალისწინებს მოთხოვნის არარსებობას, როგორც საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
რაც შეეხება საარჩევნო უბნის ნომრის შეცდომით მითითებას სასარჩელო მოთხოვნაში, საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, არც აღნიშნული ხარვეზი წარმოადგენს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს, არამედ, შესაბამის საარჩევნო კომისიას აკისრია ვალდებულება, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით, შესაბამისი ვადის განსაზღვრის თაობაზე, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ მომხდარა. შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა (განსაკუთრებით, პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ განცხადება/საჩივრებთან დაკავშირებით) იყო დაუსაბუთებელი და მოკლებული სამართლებრივ არგუმენტებს.
________________________
1.საარჩევნო ბლოკ „გაერთიანებული ოპოზიცია - ეროვნული საბჭო-მემარჯვენეების“ საჩივარი №10 გლდანის საარჩევნო ოლქის №2, 4, 9, 11, 26, 27, 32, 33, 34, 36, 37,39, 40, 45, 46, 48, 49, 50, 52, 54, 55, 57, 78, 69, 60, 67, 69, 70, 71, 72, 77, 78, 82, 83, 87, 89, 94, 96, 102, 105 და 108 საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
2. იხ. №10 გლდანის საარჩევნო ოლქის 2008 წლის 22 მაისის№068/2008 განკარგულება.
3. იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
4. საიას, სამართლიანი არჩევნების, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის, რესპუბლიკური პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების საჩივრები №107, 10, 19, 97 საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით.
5. იხ. გლდანის №10 საოლქო საარჩევნო კომისიის №074/2008 განკარგულება.
6. იხ. გლდანის №10 საოლქო საარჩევნო კომისიის №075/2008; №076/2008; №077/2008 განკარგულებები.
7. იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლექიის 2008 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1239/08.
8. იხ. გლდანის №10 საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №073/2008 განკარგულება.
9. ცესკოს 2008 წლის 10 მაისის №28/2008 დადგენილება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში „დამატების შეტანის შესახებ“, მუხლი 11 - საჩივრის განხილვის პირობები და წესი.
10. იხ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61.2 და 5 პუნქტები.
![]() |
2.11 №12 გურჯაანის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე დაიწერა 21 საჩივარი, აქედან 7 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, 2 „სამართლიანი არჩევნების“, ხოლო დანარჩენი სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთა საჩივრების უმეტესობა ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში უზუსტობების და გადასწორების ფაქტებს.1 აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, შესაბამისი შემაჯამებელი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, თუმცა, ორ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი 1000 ლარით დააჯარიმა.2
საარჩევნო ოლქში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ შეტანილ იქნა 8 საჩივარი, რომელთა უმრავლესობა ეხებოდა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა გასწვრივ სათანადო აღნიშვნების არარსებობას, აგიტაციას კომისიის წევრების მიერ, ხმის დათვლის პროცედურების დარღვევას.3 საოლქო კომისიის მიერ არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა.
ოლქის სხდომები: გურჯაანის №12 საოლქო საარჩევნო კომისიამ ოლქში შესული ყველა საჩივარი 22 მაისის სხდომაზე განიხილა. სხდომის დანიშვნა ნაჩქარევად და მოუმზადებლად მოხდა, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა მიერ დანიშნულ წევრებს სხდომის დაწყებისას გადაცემული არ ჰქონდათ არც ერთი საჩივრის და არც ერთი შემაჯამებელი ოქმის ასლი, რომელთა თაობაზეც იხილავდა საჩივრებს გურჯაანის №12 საოლქო საარჩევნო კომისია.
საჩივრების განხილვისას საოლქო კომისია არაობიექტური და ზედაპირული იყო. წინასწარ ჰქონდა ჩამოყალიბებული მოსაზრება თითოეულ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტებისა და მტკიცებულებების გამოკვლევა არაჯეროვნად მიმდინარეობდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სხდომაზე არ ყოფილა მოწვეული არც ერთი უბნის კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, რომელთა მიმართაც საჩივარი იყო დაწერილი. საოლქო კომისიის თავმჯდომარე სხდომაზე თავად ცდილობდა წარმოედგინა და დაეცვა ამ ადამიანების ინტერესები.
საინტერესოა ის გარემოება, რომ მიუხედავად დამკვირვებელთა და პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენელთა მოთხოვნისა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საჩივრები არა უბნების, არამედ საჩივრის ავტორთა მიხედვით განიხილა, რამაც ცალსახად ხელი შეუშალა იმას, რომ სხდომაზე დამსწრე პირებს ერთობლიობაში დაენახათ კონკრეტულ უბანზე მიმდინარე კანონდარღვევები.
სასამართლო სამართალწარმოება: აღსანიშნავია გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 34-ე, მე-66 და მე-1666 საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი, ტექნიკური მიზეზების გამო, საიას მიერ წარდგენილ იქნა 10 წუთის დაგვიანებით (18:10 საათზე), სასამართლომ მიიჩნია, რომ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1223-3-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში, №12 გურჯაანის საოლქო კომისიამ განკარგულება მიიღო 22 მაისს, შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს სასამართლოში სარჩელით მიმართვის ვადა ჰქონდა 2008 წლის 23 მაისს ღამის 24 საათამდე, მან კი სასამართლოს სარჩელით მომართა 2008 წლის 23 მაისს, 18 საათსა და 10 წუთზე, რა დროსაც კანცელარია დაკეტილი იყო და, შესაბამისად, მოსარჩელეს სასამართლოში სარჩელის წარმოდგენის ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაითვალოს“.4 (აღსანიშნავია, რომ ოზურგეთისა და გორის სასამართლოების მიერ აღნიშნული საკითხი მოსარჩელეს საწინააღმდეგოდ განიმარტა).
ასევე, აღსანიშნავია, რომ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში გადააჭარბა სასარჩელო მოთხოვნის საგანს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა უბნის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, №6 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიიჩნია, რომ საუბნო შემაჯამებელ ოქმში ოლქის ნომრის, თარიღის, კოდის არარსებობა, ასევე, მონაცემების შესწორების ოქმის გარეშე გადასწორება წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების არსებით დარღვევას. 5
______________________
1.38 იხ. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე 3/50, გვ.15. ორგანიზაციათა დამკვირვებლების საჩივრები №16, 34, 6, 11, 1, 3 უბნებთან დაკავშირებით.
2.იხ. გურჯაანის №12 საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 22 მაისის №44 და №47 განკარგულებები №6 და №16 უბნებთან დაკავშირებით.
3. იხ. რესპუბლიკური პარტიისა და „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელთა საჩივრები №7,8,34,41,31,17,6 15 უბნებთან დაკავშირებით.
4 .იხ. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე 3/50, გვ.13
5. იხ. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე 3/50, გვ.15.
![]() |
2.12 №14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შეტანილ იქნა 1 საჩივარი. საჩივარი შეიტანეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მოითხოვეს მე-19 საარჩევნო უბანზე შედეგების გადათვლა, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ აქ მოხდა ბიულეტენების ჩაყრა.
კომისიის სხდომები: საჩივრების განხილვისას ოლქის მიერ მოწვეულ იქნენ მხარეები, სხვა პარტიების წარმომადგენლები და სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები. კომისიამ დააკმაყოფილა მოთხოვნა - გადათვალა მე-19 უბნის შედეგები, სადაც არ აღმოჩნდა ცდომილება. უნდა აღინიშნოს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების მიღებასა და განხილვაზე რაიმე პრობლემა არ წარმოქმნილა.
![]() |
2.13 №16 ყვარლის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქის სახელზე შესული საჩივრები/მიღებული გადაწყვეტილებები: ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ იქნა 15 საჩივარი, ამათგან 3 საიას, ხოლო 12 რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ. ოლქში წარდგენილი ყველა საჩივარი შეეხებოდა შეუსაბამობებს მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ და უბანზე არსებული ბიულეტენების ოდენობას შორის. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თხუთმეტივე საჩივარი დარჩა განუხილველი.1
კერძოდ, საიას მიერ წარდგენილი საჩივრების განუხილველად დატოვების მოტივად საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ მისამართის მითითების გარდა, აუცილებელი იყო საჩივარში დაფიქსირებულიყო, თუ რომელი დაწესებულების შენობაში იმყოფებოდა საარჩევნო უბანი. აღსანიშნავია, რომ ოლქის გადაწყვეტილება ორმაგად უკანონოა. პირველი, საიას საჩივრებში საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სავალდებულო რეკვიზიტი - უბნის მისამართი - მითითებული იყო, კოდექსი კი არ ითხოვს, რომ მისამართის გარდა საჩივარში დაფიქსირდეს, თუ რომელი დაწესებულების შენობაში მდებარეობს საარჩევნო უბანი. მეორე, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საჩივარში მისამართი არ იქნებოდა სრულყოფილად დაფიქსირებული, საარჩევნო კოდექსის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებული იყო, საჩივარზე დაედგინა ხარვეზი, ხოლო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის განკარგულება ხარვეზის გამოსწორებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეღო. 2
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ წარდგენილ საჩივრებს, მათ მიერ საჩივრის წარდგენისას დარღვეულ იქნა საარჩევნო კოდექსის 61.4. პუნქტით დადგენილი ვადა, რის გამოც, ოლქის მიერ უარი ეთქვათ საჩივრის განხილვაზე.
_________________
1.იხ. ყვარლის საარჩევნო კომისიის 2008 წლის 22 მაისის №23, 24 განკარგულებები.
2.იხ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62.11 მუხლი.
![]() |
2.14 №17 თელავის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში წარდგენილი საჩივრები: თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ იქნა 17 საჩივარი, ამათგან, 3 საიას, 2 „სამართლიანი არჩევნების“, ხოლო დანარჩენი - სხვა სადამკვირვებლო მისიის მქონე ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ.
აღნიშნული საჩივრები შეეხებოდა უბანზე წილისყრის პროცედურების დარღვევის,1 ბიულეტენების ნაკლებობა-მეტობის,2 „კარუსელის“,3 კომისიის წევრების მიერ განხორციელებული ზეწოლის, შეურაცხყოფის,4 ხმის არაერთგზის მიცემის,5 შემაჯამებელი ოქმის გადასწორების6 ფაქტებს.
ოლქის სხდომები/გადაწყვეტილებები: საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა ზედაპირულად მოახდინა. არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ გამოკვლეულა საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო დაუსაბუთებელი. კომისიას არ უმსჯელია არც მოთხოვნათა საფუძვლიანობაზე და არც უარის მიზეზებზე. მიუხედავად ამისა, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის მიზეზად მითითებული იყო უსაფუძვლობა და მტკიცებულებათა არარსებობა.
კომისიის მიერ არ მომხდარა შედეგების გადათვლა, ან რაიმე ფორმით მითითებული გარემოებების გადამოწმება, თუმცა, ორ შემთხვევაში გამოიყენა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ საყვედურისა7 და 1000 ლარით დაჯარიმების ზომები.8
__________________
1. იხ. საიას და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთა საჩივრები №50 და №10 საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით.
2. იხ. საიას, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთა საჩივრები №54,42,17,2,38 უბნებთან დაკავშირებით, „სამართლებრივი განვითარების საზოგადოების“ დამკვირვებლის ლილი ბურბუთაშვილის საჩივარი №28 უბანთან დაკავშირებით, „ინფორმაციის თავისუფლების ასოციაციის“ დამკვირვებლის დალი გვენცაძის საჩივარი №49 უბანთან დაკავშირებით.
3. იხ. „სამართლებრივი განვითარების საზოგადოების“ დამკვირვებლის არჩილ ჯორჯაძის საჩივარი №54,39 უბნებთან დაკავშირებით.
4. იხ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის საჩივარი №10 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ დამკვირვებლის გელა მთივლიშვილის საჩივარი №28 უბანთან დაკავშირებით, „სამართლებრივი განვითარების საზოგადოების” დამკვირვებლის ლილი ბურბუთაშვილის საჩივარი №28 უბანთან დაკავშირებით.
5. იხ. „სამართლებრივი განვითარების საზოგადოების“ დამკვირვებლის ლილი ბურბუთაშვილის საჩივარი №42 უბანთან დაკავშირებით.
6. იხ. საიას დამკვირვებლების საჩივრები №54 №5 უბნებთან დაკავშირებით.
7. იხ საიას, ასევე, „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ დამკვირვებლის გელა მთივლიშვილის საჩივრები №50 და №28 უბნებთან დაკავშირებით.
8. იხ. საიას დამკვირვებლების საჩივრები №54, №5 უბნებთან დაკავშირებით.
![]() |
2.15 №18 ახმეტის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში წარდგენილი საჩივრები: საოლქო საარჩევნო ოლქის სახელზე წარდგენილ იქნა 2 საჩივარი, ამათგან 1 საიას დამკვირვებლის, ხოლო ერთიც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ. ოლქის სხდომები/მიღებული გადაწყვეტილებები: საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაბარებულ იქნენ საჩივრის ავტორები. სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ იქნა კომისიის გადაწყვეტილებების პროექტები. წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა საუბნო შემაჯამებელი ოქმებში აღმოჩენილ ნაკლოვანებებს,1 შედეგად, საოლქო საარჩევნო კომისიამ №1 და №27 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს გამოუცხადა საყვედური და გაფრთხილება.
____________________
1. იხ. საიას და რესპუბლიკური პარტიის საჩივრები№1 და №27 საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით.
![]() |
2.16 №20 რუსთავის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში წარდგენილი საჩივრები: რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შეტანილ იქნა 9 საჩივარი, ამათგან 3 საიას, ხოლო 1 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ.
ოლქის სხდომები/მიღებული გადაწყვეტილებები: რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ წარდგენილ საჩივართა უმრავლესობის განხილვაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ საჩივარში მითითებული არ იყო მოთხოვნა.1
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს მოთხოვნას, როგორც განცხადება/საჩივრის სავალდებულო, ან თუნდაც, ფაკულტატურ რეკვიზიტს. რაც შეეხება საიას დამკვირვებლების მიერ წარდგენილ საჩივრებს (რომლებიც, ასევე განუხილველი დარჩა საჩივარში მოთხოვნის არარსებობის მოტივით), აღსანიშნავია, რომ საჩივრის ფორმები, რის საფუძველზეც, საიას დამკვირვებლების მიერ საჩივარი წარედგინებოდა შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას, მითითების გარეშე, თავადვე შეიცავდა მოთხოვნას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების თაობაზე. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე, არ ეყრდნობოდა არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ გარემოებებს. ოლქმა განიხილა მხოლოდ „გაერთიანებული ოპოზიციის“ (ეროვნული საბჭო-მემარჯვენეების) მიერ წარდგენილი საჩივარი №38 უბნის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე და უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ საჩივარში მითითებული 8 მოწმიდან, მხოლოდ 4 მოწმის რეკვიზიტები იყო სრულყოფილად მითითებული, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს კომისიის მხრიდან მიღებულ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე.
_______________________
1. იხ. რუსთავის №20 საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №146/2008, №147/2008, №248/2008 განკარგულებები.
![]() |
2.17 №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში წარდგენილი საჩივრები: გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ იქნა 59 საჩივარი, ამათგან, 3 საიას,1 ხოლო 2 „სამართლიანი არჩევნების“დამკვირვებლების მიერ. ოლქში წარდგენილი საჩივრები შეეხებოდა უბნებზე მომხდარ ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებს, როგორიცაა, ბიულეტენების დატაცება, მარკირების არარსებობა, საარჩევნო ყუთის მთლიანობის დარღვევა, ბიულეტენების მეტობა-ნაკლებობის2 ფაქტები. ოლქის სხდომები/მიღებული გადაწყვეტილებები: საჩივრების დარეგისტრირების პროცესი ოლქში პრობლემების ფონზე მიმდინარეობდა. ოლქის მდივანი უარს აცხადებდა საჩივრების დარეგისტრირებაზესაოლქო კომისიის თავმჯდომარის „რეზოლუციის“ გარეშე. დამკვირვებლების პროტესტის შედეგად, აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრა. სხდომაზე დაბარებული იყვნენ მხარეები, თუმცა, მათი განხილვა ზედაპირულად და მშრალად მიმდინარეობდა, არ ხდებოდა მტკიცებულებათა გამოკვლევა. ოლქის მიერ საჩივრების განხილვა ხორციელდებოდა ზერელედ და, ხშირ შემთხვევაში, გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ 59 საჩივრის განხილვას ოლქმა დაუთმო დაახლოებით 20 წუთი. ოლქში ადგილი ჰქონდა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელზე ზეწოლას.
_____________________
1. იხ. საიას დამკვირვებლების საჩივარი №25, №58 და №59 უბნებზე.
2. იხ. ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებლების ნ. ბახტაძის და ლ. გოგოლაურის საჩივრები №41 ნაზარლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით.
![]() |
2.18 №22 მარნეულის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში წარდგენილი საჩივრები: მარნეულის საარჩევნო ოლქის სახელზე წარდგენილ იქნა 27 საჩივარი, ამათგან, 3 საიას, 8 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების, დანარჩენი კი სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლების მიერ.
ოლქის სხდომები/მიღებული გადაწყვეტილებები: საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა საიას მიერ წარდგენილი საჩივრების1 განხილვაზე უსაფუძვლობის გამო. აღსანიშნავია, რომ, რეალურად, საარჩევნო კომისიამ იმსჯელა და გამოიკვლია საჩივარში მითითებული გარემოებები, თუმცა, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მიიღო საჩივართა განუხილველად დატოვების, და არა დაუკმაყოფილებლობის, თაობაზე, რაც პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს.2
საოლქო საარჩევნო კომისიამ იმსჯელა ასევე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარდგენილ საჩივრებზე, №12,13,34,76,71,5566,57,48,49,43,83უბნებზე მარკირების პროცედურის დარღვევებთან დაკავშირებით. ქრისტიანდემოკრატების წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო №34, №76, №71 და №56 საარჩევნო უბნები. ამასთან, კომისიამ არ დააკმაყოფილა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლისა და „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის“ წარმომადგენლის საჩივრები ამავე ოლქის №5№58 და №13 უბნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. აღნიშნული უბნები ოლქის მიერ მოგვიანებით ბათილად იქნა ცნობილი.
ოლქის მიერ საჩივრების განხილვა არ ხდებოდა სრულყოფილად, რის შესახებ პროტესტს გამოხატავდნენ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები. აღსანიშნავია, რომ საჩივრების განხილვა მიმდინარეობდა არა ცალ-ცალკე, არამედ ერთობლივად.
____________________
1. საიას დამკვირვებლების მიხეილ ლურსმანაშვილისა და ლაშა პარასტაშვილის საჩივრები №7,3,67 უბნების შემაჯამებელ ოქმებში უზუსტობების თაობაზე.
2.იხ. მარნეულის №22 საარჩევნო ოლქის 2008 წლის 23 მაისის №33/2008 განკარგულება და №10 სხდომის ოქმი.
![]() |
2.19 №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში წარდგენილი საჩივრები: ბოლნისის საარჩევნო ოლქის სახელზე შეტანილ იქნა 19 საჩივარი, ამათგან 2 - საიას დამკვირვებლების მიერ.
ოლქის სხდომები/მიღებული გადაწყვეტილებები: ოლქმა, გარდა საიას დამკვირვებლების მიერ წარდგენილი საჩივრებისა, უარი განაცხადა ყველა სხვა საჩივრის განხილვაზე, საჩივრებში არსებითი ხასიათის ხარვეზების გამო. ასევე, უარი თქვა იმ საჩივრების განხილვაზეც, რომლებიც საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით დაიწერა.
ერთადერთი საჩივარი, რომელიც ოლქმა განიხილა, ეხებოდა №34 უბნის შედეგების ბათილობას უბანზე მომხდარი ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევების თაობაზე, როგორიცაა დამკვირვებლებზე განხორციელებული ძალადობა და ზეწოლა, არარეგისტრირებული მოქალაქეების მიერ ხმის მიცემა, უბანზე უკონტროლო სიტუაცია.1
მიუხედავად იმისა, რომ საჩივარში მითითებული იყო არაერთი მოწმის თაობაზე, საოლქო საარჩევნო კომისიამ, მტკიცებულების სახით, გამოიკვლია მხოლოდ გასაჩივრებული საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი წერილობითი განმარტება საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა საჩივარი.2
აღნიშნული ფაქტი საიას მიერ გასაჩივრებულ იქნა ცესკოს სახელზე, რის შედეგადაც, ცესკომ დაავალა ოლქს, „საკუთარი ინიციატივით“ ემსჯელა საჩივარში მითითებულ გარემოებებზე. საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული საკითხი 26 მაისის სხდომაზე შეისწავლა. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე მოწვეულ იქნენ მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და ის მოწმეები, რომლებიც არ წარმოადგენდნენ შემთხვევის უშუალო მოწმეებს. ორგანიზაციის მიერ დაყენებული შუამდგომლობის მიუხედავად, კომისიას არ მოუწვევია საჩივარში მითითებული მოწმეები. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საჩივარში მოცემული ინფორმაციის დაუდასტურებლობის თაობაზე.3
____________________________________________
1. იხ. საიას დამკვირვებლის ქეთევან ხუციშვილის 2008 წლის 21 მაისის №326 საჩივარი ბოლნისის №23 საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე.
2. იხ. ბოლნისის №23 საარჩევნო ოლქის 2008 წლის 23 მაისის №794 განკარგულება და 2008 წლის 22 მაისის №45 სხდომის ოქმი.
3. იხ. ბოლნისის №23 საარჩევნო ოლქის 2008 წლის 26 მაისის №47 სხდომის ოქმი.
![]() |
2.20 №24 დმანისის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
საოლქო საარჩევნო კომისიაში არ შესულა არავითარი საჩივარი.
გარკვეული პრობლემა შეიქმნა შემაჯამებელი ოქმის შედგენაზე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი კომისიის წევრები არ აწერდნენ ოქმზე ხელს.
![]() |
2.21 № 27 მცხეთის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში წარდგენილი საჩივრები: მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ იქნა 25 საჩივარი, აქედან საიას დამკვირვებლების 7 საჩივარი. ოლქის
სხდომები/მიღებული გადაწყვეტილებები: მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილ საჩივართა უმრავლესობა ეხებოდა უბანზე მომხდარ ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებს, როგორიცაა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების უკანონოდ ჩაყრა,1 შემაჯამებელ ოქმში არასწორი მონაცემების შეტანა, დამკვირვებელთა მიმართ ზეწოლის ფაქტები,2 საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო მხოლოდ №18 საარჩევნო უბნის შედეგები3 (აღნიშნულ უბანზე უკანონო ქმედებების უშუალო შემსწრე ევროპარლამენტის წარმომადგენლები იყვნენ). მაგალითად, კომისიამ მნიშვნელოვნად არ ჩათვალა №27 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი, რომლის თანახმად, მარკირების შემოწმება უბანზე ჩვეულებრივი ფანრით მიმდინარეობდა, რადგან მიიჩნია, რომ „აღნიშნულ ერთჯერად შემთხვევას კენჭისყრის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.“4
საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობდა მტკიცებულებათა არასათანადო გამოკვლევით. საოლქო საარჩევნო კომისია, ძირითადად, ეყრდნობოდა კომისიის წევრთა მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც უარყოფდნენ მათ მიერ საარჩევნო უბანზე განხორციელებულ უკანონო ქმედებებს. მაგალითად, №37 საარჩევნო უბანთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას, რომელიც შეეხებოდა შემაჯამებელ ოქმში არასწორი მონაცემების შეტანას, ასევე, №17 საარჩევნო უბანთან მიმართებით საჩივრის განხილვისას, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების უკანონოდ ჩაყრას, საარჩევნო კომისიამ საჭიროდ არ ჩათვალა, გადაეთვალა კენჭისყრის შედეგები, ან გაეხსნა ჩანაწერთა წიგნი და მიღებული შედეგები გადაემოწმებინა დღის განმავლობაში დაფიქსირებულ შედეგებთან. 5
ოლქში წარდგენილი საჩივრებიდან განუხილველი დარჩა 4 საჩივარი,6 საჩივრის წარდგენის პროცედურული დარღვევების გამო.7 აღსანიშნავია კომისიის გადაწყვეტილება №15 საარჩევნო უბნის წევრის მაია ხვიჩიას საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მოტივად საარჩევნო კომისია მიუთითებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-11 პუნქტსა და 771-ე მუხლის მე-18 პუნქტზე, ასევე აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლების საფუძველზე, კომისიის წევრს არ გააჩნია საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება.8 უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ განკარგულებაში მითითებული მუხლი (771 მუხლის მე-18 პუნქტი) განსაზღვრავს საჩივრის სასამართლოში, და არა ოლქში, წარდგენის უფლებამოსილ პირებს. შესაბამისად, იგი ოლქში საჩივრის წარდგენის მომწესრიგებელ ნორმად არ გამოდგება, როგორც ეს ოლქს თავის გადაწყვეტილებაში აქვს მითითებული. რაც შეეხება კომისიის წევრის უფლებამოსილებას, წარადგინოს საჩივარი უბანზე დაფიქსირებულ დარღვევასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი ჩვენ მიერ განხილულ იქნა გლდანის საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ანალოგიური გადაწყვეტილების განხილვისას.
სასამართლო სამართალწარმოებები: საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები9 №2 და №17 უბნებთან დაკავშირებით გასაჩივრებული იქნა სასამართლოში (ორივე საჩივარი შეეხებოდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების უკანონოდ ჩაყრის, კენჭისყრისა და შედეგების შეჯამების პროცედურის დროს გამოვლენილ უხეშ დარღვევებს). პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო №17 საარჩევნო უბნის შედეგები, თუმცა, როგორც რაიონულმა, ასევე სააპელაციო სასამართლომ, არ დააკმაყოფილა მოთხოვნა №2 უბნის შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში.10 აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას, არც ერთი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ იქნა როგორც დამკვირვებლის, ასევე ამავე უბნის კომისიის მიერ მიცემული ჩვენება არჩევნების დღის პროცედურების უხეში დარღვევის, მათზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის თაობაზე, არ გამოუკვლევია და უმსჯელია მოწმეთა მიერ მითითებული გარემოებების ნამდვილობა.
________________________
1. საიას დამკვირვებლის ნათია ხაინდრავას საჩივარი №18 საარჩევნო უბანთან, გიორგი კახნიაშვილის საჩივარი №2 საარჩევნო უბანთან, სოფიო ბენაშვილის და ნათია ხაინდრავას საჩივრები №17 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით.
2. იხ. საიას დამკვირვებლის მაია მოსიძის საჩივრები №37 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით.
3.იხ. მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 22 მაისის №045/2008 განკარგულება.
4. იხ. მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №25 სხდომის ოქმი, გვ.3.
5. იხ. მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №25 სხდომის ოქმი, გვ.6-7.
6. №15 საარჩევნო უბნის წევრის მაია ხვიჩიას საჩივარი; ნონა ბერიკაშვილისა და ეთერ თელიძის საჩივრები №17 და №26 საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით; ივანე თათარაშვილის საჩივრები №498 და №499 საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით.
7. იხ. მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 22 მაისის №049/2008, №48/2008, №54/2008 განკარგულებები და საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №25 სხდომის ოქმი, გვ.5.
8. იხ. საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №25 სხდომის ოქმი, გვ.5.
9. იხ. მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 22 მაისის №051/2008 და№052/2008 განკარგულებები.
10. იხ. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/128-08; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ანგარიშის მომზადების დროისათვის, მხარისთვის გადმოცემული არ არის.
![]() |
2.22 №28 დუშეთის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: დუშეთის საარჩევნო ოლქის სახელზე შეტანილ იქნა 3 საჩივარი. მათგან, 1 - საიას დამკვირვებლის,1 1 - ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის, 1 - №12 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ.
ოლქის სხდომები: საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები მხარეებსა და დამკვირვებლებს ეცნობებოდათ წინასწარ. საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა და დააკმაყოფილა საიას დამკვირვებლების მიერ სხდომებზე გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი უზუსტობების თაობაზე.
__________________________
1. იხ. საიას დამკვირვებლის ამირან ზენაიშვილის საჩივარი №49 საარჩევნო უბანზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დამკვირვებლის სტატუსით, ყოფნის თაობაზე.
![]() |
2.23 № 32 გორის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შემოსული საჩივრები: საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე დაიწერა 19 საჩივარი. მათგან, საიას დამკვირვებლებისგან - 9 საჩივარი, „სამართლიანი არჩევნები“ - 1, „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ - 1, ეუთო - 1, გაერთიანებული ოპოზიცია - 1, რესპუბლიკური პარტია - 3, „მრავალეროვანი საქართველო“ - 1, ერთი საჩივარი შეადგინა დამკვირვებელმა, რომლის ვინაობაც ვერ დადგინდა.1
ოლქში საჩივრების განხილვა მიმდინარეობდა შემდეგი დარღვევების ფონზე:
საჩივრების განხილვაზე მხარეების დაუბარებლობა: საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის შუამდგომლობის მიუხედავად, არ მოხდა სხდომაზე მხარეების დაბარება. საჩივრების განუხილველობა: მსგავსად სხვა საარჩევნო ოლქებისა, აღნიშნულ ოლქშიც პრობლემატური გახლდათ კენჭისყრის დღეს უბანზე 8 საათამდე დაწერილი საჩივრების განხილვა. №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ მხოლოდ დამკვირვებლის შუამდგომლობის შემდეგ განიხილა უბანზე დაწერილი საჩივრები. სხვა სუბიექტების მიერ უბანზე დაწერილი საჩივრები კი განუხილველი დარჩა.
საჩივრების ზედაპირული განხილვა: საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობდა გარემოებების გამოკვლევის, მოწმეების დაუბარებლობისა და დაკითხვის, ასევე, დამკვირვებლებისგან ახსნა-განმარტების მოსმენის გარეშე. კითხვების დასმა კომისიის მხრიდან ხდებოდა ცინიკური ფორმით. არ მომხდარა არც ჩანაწერთა წიგნების გახსნა.
გადაწყვეტილებების დაგვიანებით ჩაბარება: გორის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 22 მაისის სხდომაზე მიღებული განკარგულებები საიას წარმომადგენლებს დაგვიანებით, 2008 წლის 23 მაისს 14:45 საათზე ჩაბარდათ.
ოქმის წარმოება: საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმში არ არის ასახული სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები, მომჩივნებისა და მათი წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები.
დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები: საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები შეტანილ იქნა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტებზე, როგორიცაა დამკვირვებლების გამოძევება,2 გარეშე პირის3 მიერ ამომრჩევლების ნაცვლად სიაში ხელმოწერების ფაქტი,4 ბიულეტენების უკანონოდ ჩაყრა,5 ამომრჩევლის მიერ განმეორებით ხმის მიცემა6 ისევე, როგორც ამომრჩევლის მიერ სხვის მაგივრად ხმის მიცემა.7 ამათგან, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არც ერთი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული. აღსანიშნავია ისიც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ და №5 №58 უბნებისშედეგები გააბათილა საკუთარი ინიციატივით, ხოლო საიას საჩივრები აღნიშნულ უბნებთან მიმართებით მიღებულ იქნა ცნობად.
სასამართლო სამართალწარმოებები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჩივრა №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები საიას საჩივრების დაუკმაყოფილებლობის თაობაზე.
აღსანიშნავია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები №25 და №10 უბნებთან მიმართებით. როგორც უკვე აღინიშნა, №25 უბანთან დაკავშირებით დარღვევის არსი მდგომარეობდა დამკვირვებლის უბნიდან გამოძევებაში. რაც შეეხება №1 უბანს, დარღვევის არსს წარმოადგენდა შევსებული შემაჯამებელი ოქმის გატანა უბნიდან რეგისტრაციაში გატარებამდე. 2008 წლის 23 მაისს სასამართლოს კანცელარია აღმოჩნდა დაკეტილი 18:00საათამდე, რის გამოც საიას დამკვირვებლებმა ზემოაღნიშნულ უბნებთან მიმართებით სარჩელები შეიტანეს მომდევნო დღეს.8 სასამართლომ ორივე სარჩელი მიიღო წარმოებაში, თუმცა, ხანდაზმულობის მოტივით,9 უარი განაცხადა სარჩელების დაკმაყოფილებაზე.10 სასამართლომ არ გაითვალისწინა კანცელარიის 18:00 საათამდე დაკეტვისა და საიასთვის გადაწყვეტილებების დაგვიანებით ჩაბარების ფაქტები.11
რაც შეეხება №54 უბანს, ჩვენი დამკვირვებლის მიერ საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ დაფიქსირდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლების ნაცვლად ხელის მოწერის, ხოლო, მოგვიანებით, ჩვენი დამკვირვებლის გამოძევების ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ თავად მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით, საჩივარში მითითებული პიროვნება იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის” წარმომადგენელი და იმყოფებოდა უბანზე კენჭისყრის დაწყებიდან შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა: „სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას, რომ 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცედურის დამთავრების შემდეგ, როცა უნდა დაწყებულიყო შეჯამების პროცედურები, „არარეგისტრატორი“ ზ. გინტური ხელს აწერდა ამომრჩეველთა სიას, ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა, რომ ზ გინტურმა, როგორც №54 საარჩევნო უბნის ამომრჩეველმა კენჭისყრის დამთავრებამდე მოახდინა თავისი საარჩევნო უფლების რეალიზება.“ 12
რაც შეეხება დამკვირვებლის გამოძევების ფაქტს, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ, მართალია, დაირღვა დამკვირვებლის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული უფლება, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე გორის საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე ჰქონდა მიღებული
გადაწყვეტილება, კერძოდ, კომისიის თავმჯდომარეს გამოეცხადა საყვედური. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საიას დამკვირვებლის საჩივრის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სარჩელი განიხილა 2008 წლის 29 მაისს და ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით,14 ბათილად იქნა ცნობილი №48 უბნის შედეგები.
__________________________
1. საჩივარში მითითებული იყო მხოლოდ დამკვირვებლის სახელი და გვარი და ვინაიდან იგი არ გამოცხადებულა საჩივრის განხილვაზე, ვერ დადგინდა დამკვირვებელი ორგანიზაციის დასახელება.
2. საიას დამკვირვებლის ნაილი საათაშვილის საჩივარი №25 უბანთან დაკავშირებით, ეუთოს წარმომადგენლის იანი ეგლიტისის, საიას დამკვირვებლის ქეთევან მაყიშვილისა და „ახალი თაობა, ახალი ინიციატივის“ დამკვირვებლის ალექსანდრე სილაგაძის საჩივარი №32 უბანთან მიმართებით, საიას დამკვირვებლის ნინო ბალოიანის საჩივარი №58 უბანთან მიმართებით, საიას დამკვირვებლის მალხაზ შავაძის საჩივარი 48 უბანთან დაკავშირებით, საიას დამკვირვებლის ტატო ტერუნაშვილის საჩივარი №62 უბანთან დაკავშირებით.
3. საარჩევნო სუბიექტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“ წარმომადგენელი.
4. საიას დამკვირვებლის ნაილი ხარაზიშვილის საჩივარი №54 უბანთან მიმართებით.
5. საიას დამკვირვებლის მალხაზ შავაძის და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის ნია ოდიაშვილის საჩივარი №48 უბანთან დაკავშირებით.
6. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის არინა თავაქარაშვილის საჩივარი №89 უბანთან მიმართებით.
7. რესპუბლიკური ინსტიტუტის დამკვირვებლის დავით ხუბულურის საჩივარი №89 და №82 საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით.
8. აღნიშნულ უბნებთან მიმართებით საიას წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები ჩაბარდათ გვიან, 2008 წლის 23 მაისს 14:45 წუთზე
9. №19 უბანთან მიმართებით უარი გვეთქვა ასევე უსაფუძვლობის გამო
10. იხ. გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/198-2008 და გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/200.
11. იხ. გადაწყვეტილებების დაგვიანებით ჩაბარების თავი.
12. იხ. გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/199-2008.
134.იხ. გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება №3/202.
![]() |
2.24 №33 ქარელის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ იქნა 11 საჩივარი. ამათგან, 2 - საიას დამკვირვებლების, 1 - „სამართლიანი არჩევნების“ და 4 - ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელთა მიერ.
საიას საჩივარი №21 უბანთან მიმართებით შეეხებოდა შემაჯამებელი ოქმის მონაცემების გადასინჯვას, რაც დაკმაყოფილდა. რაც შეეხება მეორე საჩივარს, იგი დაიწერა №21 უბანზე სარეგისტრაციო ჟურნალის არარსებობის გამო. თუმცა, აღნიშნული გარემოება საჩივრის დაწერის შემდეგ აღმოიფხვრა. „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრის საფუძველს წარმოადგენდა №4 უბანზე გადასატანი ყუთის გასვლა დაგვიანებით. საჩივრის შედეგად, კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის ორ წევრს აეკრძალა შემდგომ არჩევნებში სარჩევნო კომისიაში მონაწილეობა.
ლეიბორისტული პარტიის საჩივრებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ 2 საჩივარი1 შეეხებოდა ბიულეტენების ჩაყრას, ამათგან ერთ-ერთი დაკმაყოფილდა, დანარჩენი საჩივრები კი, შეეხებოდა საჩივრის რეგისტრაციაში არგატარებისა2 და უბანზე კენჭისყრის პროცედურების დარღვევას.3 აღნიშნული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
საჩივრების განხილვა მიმდინარეობდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საჩივარში მითითებული მოწმეები - პარტიის წარმომადგენლები - ხშირ შემთხვევაში უარს ამბობდნენ სხდომაზე მოსვლასა და მოწმედ გამოსვლაზე.
___________________
1. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის ირმა ნოზაძის საჩივარი №4 საარჩევნო უბანთან და ლელა ნოზაძის საჩივარი №5 უბანთან მიმართებით, დაკმაყოფილდა საჩივარი №4 უბანთან დაკავშირებით.
2. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის ლელა ნოზაძის საჩივარი №4 უბანთან მიმართებით.
3. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის ლელა ნოზაძის საჩივარი №4 უბანთან მიმართებით.
![]() |
2.25 №35 ხაშურის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შევიდა 10 საჩივარი, მაგთან 6 - გაერთიანებული ოპოზიციის, 2 - რესპუბლიკური პარტიის და 2 - საიას მიერ.
საჩივრები ძირითადად შეეხებოდა ბიულეტენების ჩაყრას1 ან ბიულეტენების ჩაყრის მცდელობას.2 საოლქო საარჩევნო კომისიამ ძირითადად განუხილველად დატოვა3 (მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე იმსჯელა საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე), უარი თქვა საჩივრების დაკმაყოფილებაზე,4 ხოლო №4 უბანთან მიმართებით, საჩივარი გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ პროკურატურას სათანადო რეაგირებისთვის.
______________________
1. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის რეზო გელაშვილის საჩივარი №21 უბანთან მიმართებით; გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ლ. გოლუბინის საჩივარი №9 უბანთან მიმართებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ლაშა გამცემლიძის საჩივარი №36 უბანთან მიმართებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ბესიკ სარჯველაძის საჩივარი №4 უბანთან მიმართებით, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის ნინო გოგნიაშვილის საჩივარი №7 უბანთან მიმართებით.
2. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ლ.გოლუბინის საჩივარი №17 უბანთან მიმართებით.
3. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის რეზო გელაშვილის საჩივარი №21 უბანთან მიმართებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ლ.გოლუბინის საჩივარი №17 უბანთან მიმართებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ლაშა გამცემლიძის საჩივარი №36 უბანთან მიმართებით.
4. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ლ.გოლუბინის საჩივარი №17 უბანთან მიმართებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ლ. გოლუბინის საჩივარი №9 უბანთან მიმართებით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ბესიკ სარჯველაძის საჩივარი №4 უბანთან მიმართებით, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის ნინო გოგნიაშვილის საჩივარი №7 უბანთან მიმართებით.
![]() |
2.26 №36 ბორჯომის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შეტანილ იქნა 1 საჩივარი. საჩივარი შეიტანა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა.
კომისიის სხდომები: საჩივრების განხილვისას ოლქის მიერ მოწვეულნი იქნენ მხარეები. სხვა პარტიების და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები. კომისიამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო. კომისიის გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო. საჩივრების მიღებასა და განხილვაზე რაიმე პრობლემა არ წარმოქმნილა.
![]() |
2.27 №37 ახალციხის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შეტანილ იქნა 27 საჩივარი. აქედან, სამართლიანი არჩევნების მიერ შეტანილ იქნა 4 საჩივარი, ხოლო დანარჩენი შეტანილ იქნა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების, 1 - „ახალი თაობა, ახალი ინიციატივის“ და 3 - რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ. აქედან, დაკმაყოფილდა 6 საჩივარი და არ დაკმაყოფილდა 21.
№20 უბანზე საჩივარი შეიტანეს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა. საჩივარი დაიწერა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მარკირების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო სამმა ამომრჩეველმა და მოახერხა ბიულეტენების საარჩევნო ურნაში ჩაყრა. №26 უბანზე საჩივარი შევიდა ოქმის ხარვეზით შევსების შესახებ. გარდა ამისა, აღნიშნული ოქმი იყო ბეჭედდაურტყმელი და ასევე იქნა ჩაბარებული ოლქში. №4 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით სარჩელი ოლქში წარადგინა „სამართლიანმა არჩევნებმა“. საჩივარი შეეხებოდა უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას. №4 საარჩევნო უბანზე იგივე შინაარსის საჩივარი შეიტანა შვიდმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ.
კომისიის სხდომები: საჩივრების განხილვისას ოლქის მიერ მოწვეულ იქნენ მხარეები. სხვა პარტიების წარმომადგენლები და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები.
№1 უბანზე საჩივარი შეეხებოდა შემდეგ ფაქტს: უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა დააფიქსირა, რომ მისი გვარის გასწვრივ იყო ხელმოწერა. საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი და დააფიქსირა, რომ ასეთი ფაქტი აღარ განმეორდებოდა. №3 უბანზე დაიწერა 4 საჩივარი: ბიულეტენების ჩაყრის მცდელობა, ბიულეტენებზე წინასწარი ხელმოწერა. საჩივრებით ითხოვდნენ კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. საოლქო კომისიამ მისცა საუბნო კომისიის წევრებს გაფრთხილებები. №28 უბანზე არ დაილუქა ძირითადი ყუთი, დაიწერა საჩივარი, ოლქმა მისცა შენიშვნა. №18უბანი: ფარული კენჭისყრის კაბინაში ერთად შევიდა 2 ამომრჩეველი, დედა-შვილი. №17 უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არის აღნიშნული ის პირები, რომლებიც გადაიყვანეს სიის დანართში. №6 უბანზე სარეგისტრაციო წიგნში არის აღმოჩენილი დარღვევა: რეგისტრატორების ხელმოწერებიან გრაფებში არის ამომრჩევლის ხელმოწერა. ფაქტობრივად, 20 ადამიანის ხელმოწერა წინასწარ იყო გაკეთებული. ოლქმა განიხილა ეს საჩივრები, კომისიის წევრებს მიეცათ გაფრთხილებები.
საარჩევნო კომისიამ განიხილა №4 უბნის საჩივარი რასაც მოჰყვა დადებითი შედეგი, სადავო უბანი გაბათილდა. საარჩევნო კომისიამ უარი განუცხადა „სამართლიან არჩევნებს“ №20 უბანთან დაკავშირებული საჩივრის განხილვაზე იმ არგუმენტით, რომ საჩივარი უბანზე არ იყო გატარებული სარეგისტრაციო ჟურნალში, რაც სრულიად აბსურდულია - საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე - 62-ე მუხლების თანახმად, საარჩევნო ოლქში შეტანილი საჩივარი დაუყოვნებლივ განხილვას ექვემდებარება.
საჩივრების მიღებასა და განხილვაზე სხვა რაიმე პრობლემა არ წარმოქმნილა.
![]() |
2.28 № 40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები - ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შეტანილ იქნა 7 საჩივარი.
1) ახალქალაქის №67 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის (ლეიბორისტული პარტიიდან) ნ.მელიქიძის საჩივარი შეეხება უბანზე სპეციალური სიის არარსებობას.
2) ახალქალაქის №40 უბანზე საერთაშორისო დამკვირვებელმა კონსტანტინა მოლიკოვმა საჩივარი შეიტანა იმასთან დაკავშირებით, რომ უბანზე არ იყო გამოკრული პარტიული სიები. ასევე, მოითხოვა ვიდეო თვალის გახსნა.
3) №67 უბანზე 1004 ამომრჩევლისათვის განკუთვნილი იყო 1 კაბინა. საჩივარი წარმოადგინა ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა სოსო ბალახაძემ.
4) №6 №67 უბანზე კომისიის წევრის (ლეიბორისტული პარტიიდან) ნაზი მელიქიძის საჩივარი შეეხება შემდეგ ფაქტს: არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ წარმომადგენელი ვართანიანი შეიჭრა უბანზე რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად და გაიტაცა კონვერტები, კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია. ასევე, ადგილი ჰქონდა გამგეობის თანამშრომლის ქაბადიანის მხრიდან საჩივრის ავტორის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტს.
5) №67 უბნის კომისიის წევრმა მარიამ გრიგორიანმა და დამკვირვებელმა ვართუი თაკუიმ (ახალი თაობა - ახალი ინიციატივა) საჩივარი დაწერეს №67 უბანზე მყოფი კომისიის წევრის მელიქიძის ქმედებაზე. მათი განცხადებით, მელიქიძე ხელს უშლის კენჭისყრის პროცესს და ითხოვენ მის გაძევებას უბნიდან.
6) საერთაშორისო დამკვირვებელ კონსტანტინ ბოტიკუს განცხადება: საოლქო კომისიისგან ითხოვს, წარუდგინოს ვიდეო თვალის მასალები.
7) ახალქალაქის №40 უბანზე საერთაშორისო დამკვირვებელმა კონსტანტინა მოლიკოვმა საჩივარი შეიტანა იმასთან დაკავშირებით, რომ უბანზე არ იყო გამოკრული პარტიული სიები. მან ასევე მოითხოვა ვიდეო თვალის გახსნა.
კომისიის სხდომები: საჩივრების განხილვისას ოლქის მიერ მოწვეულ იქნენ მხარეები. პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიამ განიხილა სხდომაზე საჩივრები და არც ერთი არ დააკმაყოფილა, ძირითადად, უსაფუძვლობის მოტივით. უნდა აღინიშნოს, რომ საჩივრებს მართლაც აკლდა საფუძველი, რეალურად არ ასახავდა რაიმე სახის დარღვევას და არ შეიცავდა შესაბამის მტკიცებულებას.
საჩივრების მიღებასა და განხილვაზე რაიმე პრობლემა არ წარმოქმნილა. გადაწყვეტილებები მხარეებს ჩააბარეს კანონმდებლობის დაცვით.
![]() |
2.29 №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები/მიღებული გადაწყვეტილებები: ზესტაფონის საარჩევნო ოლქის სახელზე შეტანილ იქნა 1 საჩივარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, რომელიც ეხებოდა №37 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მიერ არასათანადო საბუთით ხმის მიცემის ფაქტს. საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ საარჩევნო უბნის გარდა, საჩივარი წარდგენილი არ იყო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე.
სხდომის ოქმი მხარეს ჩაბარდა დაგვიანებით, რის გამოც, ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების სასამართლოში დადგენილ ვადებში გასაჩივრება.
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა თავდაპირველად, არაგამჭვირვალედ წარიმართა. დამკვირვებლებს ეძლეოდათ მითითება, რომ მხოლოდ კომისიის მიერ განსაზღვრული ადგილიდან ედევნებინათ თვალყური მიმდინარე მოვლენებისათვის, რაც დამკვირვებელთა მიერ გამოთქმული პრეტენზიებისა და შენიშვნების შედეგად გამოსწორდა.
![]() |
2.30 №52 ბაღდათის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები/მიღებული გადაწყვეტილებები: საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე დაიწერა ერთი საჩივარი,1 რომელიც შეეხებოდა არჩევნების დღეს რეგისტრირებული კანდიდატის სახელით ამომრჩევლის მოსყიდვას. საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ, №9 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფოსტის შენობაში მოსახლეობისათვის თანხა გაიცემოდა იმ მაგიდიდან, სადაც ეწყო დეპუტატობის კანდიდატის თემურ კოხოძის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) სააგიტაციო მასალა. საჩივარს თან ახლდა ვიდეომასალა.
საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა აღნიშნული საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ, საარჩევნო კოდექსის 73.91 მუხლის თანახმად, აღნიშნული საკითხი არის სასამართლოს განსჯადი.2
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არ უსარგებლია საარჩევნო კოდექსის 771.15. „ბ“ მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, თავად წარედგინა სარჩელი სასამართლოში, აღნიშნული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით.
___________________
1. იხ. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის აკაკი ფანჩულიძის საჩივარი ნაციონალური მოძრაობის ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თემურ კოხოძის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.
2. იხ. ბაღდათის №52 საარჩევნო კომისიის 2008 წლის 22 მაისის №73 განკარგულება.
![]() |
2.31 №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ იქნა 3 საჩივარი:
1) „სამართლიანი არჩევნები“ - №38 უბანთან დაკავშირებით, უბნის გადასატანი ყუთის ბიულეტენების გაბათილების მოთხოვნა.
2) №10 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საჩივარი - არაუფლებამოსილი პირის ყოფნა საარჩევნო უბანზე.
3) №10 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საჩივარი - სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება იგივე კომისიის სხვა წევრის მიერ. რაიმე პრობლემა არც ერთ სუბიექტს არ შეჰქმნია საჩივრის დარეგისტრირებაზე.
კომისიის სხდომები: „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი №38 საარჩევნო უბანზე. იგივე საჩივარი შევიდა ოლქშიც. საჩივრის არსი მდგომარეობდა შემდეგში: გადასატანი ყუთის ბიულეტენები იყო ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. მოთხოვნა: №38 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის შედეგების გაბათილება. საჩივარი უბანშივე განიხილეს და საუბნო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა. ანუ გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილებულ იქნა. ამდენად, საოლქო კომისიის მიერ აღნიშნული ფაქტი ცნობად იქნა მიღებული.
საჩივრების მიღებასა და განხილვაზე რაიმე პრობლემა არ წარმოქმნილა.
![]() |
2.32 №56 ჭიათურის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ შევიდა 11 საჩივარი პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ არც ერთი საჩივარი არ იყო შეტანილი ოლქში. ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ შემოიტანა 2, ხოლო გაერთიანებულმა ოპოზიციამ 9 საჩივარი.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა როსტომ ცარციძემ შეიტანა ორი საჩივარი. ერთ-ერთი შეეხებოდა №23 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტს, საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა აიძულებდა ამომრჩევლებს, ხმა მიეცათ ნაციონალური მოძრაობისა და მისი მაჟორიტარი კანდიდატისათვის.
მეორე საჩივარი, რომელიც დაწერილია ასევე როსტომ ცარციძის მიერ, ეხება №23 საარჩევნო უბანზე სააგიტაციო მასალების გავრცელებას, სადაც იგი მიუთითებს, რომ აღნიშნული მასალები გაიცემოდა სოფლის გამგებლის გელა მიქაცაძის დავალებით, ასევე იგი აიძულებდა ხალხს, ხმა მიეცათ ნაციონალური მოძრაობისათვის.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის მაკა კაპანაძის მიერ შეტანილი 9 საჩივარი ეხებოდა №35, 28,27,23,22,21,20,19, 155 უბნებზე სიის დანართში ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდას. სარჩელში იგი მიუთითებდა, რომ სიის დანართში შეყვანილი არიან ისეთი პირები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეეძლოთ საარჩევნო უბანზე მისვლა და არ საჭიროებდნენ სიის დანართით ხმის მიცემას.
კომისიის სხდომები: სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ოლქში საჩივარი არ შემოუტანიათ. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მიერ შემოტანილ საჩივრებს, განხილული იქნა (11 საჩივარი) კანონით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით და არ იქნა დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის გამო. საჩივრების განხილვისას, მოწვეულნი იყვნენ მხარეები და გადასცეს გადაწყვეტილებები. საჩივრების მიღებასა და განხილვაზე რაიმე პრობლემა არ წარმოქმნილა.
![]() |
2.33 №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა 1 საჩივარი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ. საჩივრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა. საჩივრის არსი შეეხებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვას. კერძოდ, ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსის მაჟორიტარი კანდიდატი ეკატერინე მინდაძე მოსახლეობასთან დებდა ხელშეკრულებას, რომ, თუ მას მისცემდნენ ხმას, თითო ამომრჩეველი მიიღებდა 100 ლარს. მოთხოვნა: მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნა. საჩივარი საოლქო კომისიაში შევიდა 20 მაისს.
საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი განიხილეს 21 მაისს, სხდომას ესწრებოდა კომისიის ყველა წევრი. საოლქო კომისიამ იმსჯელა საკითხზე და გადაწყვიტა, რომ აღნიშნული საჩივრის განხილვა სცილდება მის კომპეტენციას და გადააგზავნა ტყიბულის რაიონულ სასამართლოში.
სასამართლომ, ვადების დარღვევის გამო, სარჩელი არ განიხილა.
საოლქო კომისიის მიერ საჩივრების მიღებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნილა.
![]() |
2.34 №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: წყალტუბოს №58 საარჩევნო ოლქის სახელზე შეტანილ იქნა 5 საჩივარი, ამათგან 3 - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ხოლო 2 - საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების მიერ.
ოლქის სხდომები: აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვისას, საჩივრის ავტორები არ იყვნენ დაბარებულნი სხდომაზე. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სხდომათა დანიშვნა ხდებოდა სპონტანურად და, რომ არა დამკვირვებლების აქტიურობა, რომლებიც ოლქში 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, არც მათ მიეცემოდათ საშუალება, დასწრებოდნენ ოლქის სხდომებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ოლქის სახელზე დაწერილი საჩივრები ძირითადად ეხებოდა იმას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა 20 მაისს, კენჭისყრის დღის წინა დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიიდან განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, დაარღვიეს საარჩევნო ბიულეტენების პაკეტების და ლუქის მთლიანობა იმ მოტივით, რომ შეიძლება მაჟორიტარული საარჩევნო ბიულეტენები ყოფილიყო სხვა ოლქისათვის განკუთვნილი, ასევე, იმ ფაქტს, რომ კონკრეტული საარჩევნო უბნებიდან საარჩევნო დოკუმენტაცია1 ოლქში დაულუქავი ფორმით შემოვიდა. წყალტუბოს საარჩევნო კომისიამ განიხილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრები, რომელთაგანაც, ერთ-ერთის მოთხოვნა - ხელახლა გადათვლილიყო საარჩევნო უბნის შედეგები-დააკმაყოფილა. დანარჩენი საჩივრების დაკმაყოფილებაზე კი,2 საოლქო კომისიამ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ დარღვევას არსებითი ზეგავლენა არ მოუხდენია შედეგებზე.3
სასამართლო სამართალწარმოებები: საიამ წყალტუბოს საარჩევნო ოლქის აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც რაიონულ, ასევე სააპელაციო სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა უბნის კომისიის წევრების მიერ პროცესზე მიცემული ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბიულეტენების პაკეტები, ლუქის დაუზიანებლად,4 მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით გაიჭრა, მაშინ, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისია თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავდა (რაც 2008 წლის 22 მაისის ოლქის სხდომის ოქმითაც დასტურდება), რომ, მართალია, ადგილი ჰქონდა საჩივარში მითითებულ გარემოებებს (ბიულეტენების პაკეტებისა და ლუქის მთლიანობის დარღვევას), თუმცა, მას არ უმოქმედია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.
___________________
1. ჩანაწერთა წიგნი, საარჩევნო სუბიექტებისათვის განკუთვნილი ბიულეტენები, სიები, ბათილად ცნობილი და გაფუჭებული ბიულეტენები.
2. საჩივრები შეეხებოდა არჩევნების წინა დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების პაკეტებისა და ლუქის მთლიანობის დარღვევის გამო უბნის შედეგების ბათილად ცნობას.
3. იხ. № 58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის №050/2008 განკარგულება.
4. იხ. წყალტუბოს საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/14 და სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/ბ-338-2008.
![]() |
2.35 №59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე დაიწერა 10 საჩივარი, ამათგან 9 - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და 1 - „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ.
აღნიშნული საჩივრები ძირითადად ეხებოდა არჩევნების დღის პროცედურების დარღვევას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ. წარდგენილი 10 საჩივრიდან, კომისიის გადაწყვეტილებით, 3 უბნის საარჩევნო კომისიის წევრებს, კენჭისყრის დღის პროცედურათა დარღვევის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
ოლქის გადაწყვეტილებების დაგვიანებით გაცემა: აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ საიას საჩივართან დაკავშირებით მიღებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება ორგანიზაციის დამკვირვებლებს დაგვიანებით გადასცა, რის გამოც, შეუძლებელი გახდა გადაწყვეტილების სასამართლოში დროულად გასაჩივრება. შესაბამისად, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ შედგენილი საიას სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განუხილველად დატოვა.1
სასამართლო სამართალწარმოებები: ქუთაისის რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული საიას მიერ წარდგენილი მეორე საჩივარი, რომელიც ეხებოდა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურების დარღვევას.2 თავის გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს, რომ „საარჩევნო კომისიის წევრებს და თავმჯდომარეს არ ეკრძალებოდათ უბნიდან იმ ამომრჩევლებთან გასვლა, რომლებმაც მათგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლეს კომისიის უბანზე პირველად გასვლის დროს კონსტიტუციური უფლების განხორციელება, შესაბამისად, კომისიის მხრიდან საარჩევნო კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.“
ცესკოს სახელზე დაწერილი საჩივრები: აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საიას დამკვირვებლების მიერ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში გამოვლინდა უზუსტობები, რის თაობაზეც საჩივარი დაიწერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე. ცესკომ 31 მაისის სხდომაზე დაადგინა, რომ ოლქში შემაჯამებელი ოქმის შევსებისას მართლაც მოხდა შეცდომა, შესაბამისად, დააკმაყოფილა საიას საჩივარი და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა, შეედგინა საოლქო შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმი.
________________________
1. იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 მაისის განჩინება საქმეზე №3/73.
2. დარღვევა მდგომარეობდა იმაში, რომ საარჩევნო უბნიდან დილით გატანილი გადასატანი საარჩენო ყუთი 14 საათსა და 50 წუთზე დააბრუნეს საარჩევნო უბანზე და კანონის მოთხოვნათა დაცვით დალუქეს. შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის მითითებით, მას ააძრეს ლუქი და კვლავ გაიტანეს საარჩევნო უბნიდან დარჩენილი ხმების მისაცემად. მეორედ გატანილი გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე დააბრუნეს 30-40 წუთის შემდეგ.
![]() |
2.36 №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქის სახელზე დაწერილი საჩივრები: ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ იქნა 36 საჩივარი, ამათგან 10 - საიას დამკვირვებლების, ხოლო 3 - „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ. ოლქში წარდგენილი არც ერთი საჩივარი თუ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილებულა, ხოლო 19 მათგანი დარჩა განხილვის გარეშე.
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის პროცესი ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა, როგორიცაა: მხარეთათვის სხდომის თარიღის შეუტყობინებლობა, საჩივართა დაურეგისტრირებლობა, საჩივართა განხილვაზე უკანონოდ უარის თქმა, ოლქის მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღება, მხარეთათვის გადაწყვეტილებების დაგვიანებით გადაცემა და ა.შ.
მხარეთათვის სხდომის თარიღის შეუტყობინებლობა: სხდომას, რომელზეც განიხილებოდა ოლქში წარდგენილი საჩივრები, საჩივრის ავტორები/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. როგორც ოლქის თავმჯდომარემ განმარტა, ისინი მოწვეულები იყვნენ, თუმცა, სხდომაზე არ გამოცხადებულან. გამომდინარე იქიდან, რომ საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, საჩივრის განხილვის თარიღი მხარეებს სატელეფონო საშუალებითაც შეატყობინოს, ჩვენ მიერ შეუძლებელი იყო აღნიშნული ფაქტის გადამოწმება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საიას ერთერთ დამკვირვებელს, რომელსაც საჩივარი ჰქონდა წარდგენილი ოლქში, ოლქიდან არავინ დაჰკავშირებია და არ შეუტყობინებიათ მისთვის საჩივრის განხილვის დრო. რომ არა საიას 24 საათიანი დაკვირვება, ორგანიზაციის საჩივრების განხილვა წარმომადგენლების გარეშე მოხდებოდა.
საჩივართა რეგისტრაციაში გაუტარებლობა: როგორც ორგანიზაციათა ოლქის დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, ოლქის მდივანი, როგორც წესი, იბარებდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ შემოტანილ საჩივრებს, თუმცა, კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ რეგისტრაციაში არ ატარებდა. ორგანიზაციათა დამკვირვებლების ჩარევისა და შესაბამისი მითითების შედეგად, ოლქის მდივანმა დაარეგისტრირა მიღებული საჩივრები.
საჩივართა განხილვაზე უკანონოდ უარის თქმა: საოლქო საარჩევნო კომისიამ განუხილველად დატოვა საიასა თუ სხვა ორგანიზაციების/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ ოლქში წარდგენილი ისეთი საჩივრები, რომელთა მეშვეობითაც საჩივრის ავტორი ითხოვდა უბნის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას, ასევე, საჩივრები, რომლებიც კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე იყო დაწერილი.
კომისიამ კანონის დარღვევით მიიჩნია, რომ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 34.2.”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მას არ ჰქონდა უფლებამოსილება, ემსჯელა უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე,1 შესაბამისად, საჩივრები, სადაც აღნიშნული მოთხოვნები იყო დაყენებული, განუხილველი დარჩა.2 აღსანიშნავია, რომ საიას საჩივრების საფუძველზე, სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო 7 გადაწყვეტილება უბნის შემაჯამებელი ოქმების ბათილობისა და შედეგების გადასინჯვის თაობაზე. შესაბამისად, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მოცემული დასაბუთება საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე სრულიად უსაფუძვლოა.
როგორც აღინიშნა, საოლქო კომისიამ, სრულიად უკანონოდ, განუხილველად დატოვა კენჭისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრები იმ ლოგიკით, თითქოსდა აღნიშნული საჩივრების განხილვა არ შედიოდა ოლქის კომპეტენციაში.3 შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 21 მარტს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებებით, საოლქო საარჩევნო კომისიას დაეკისრა კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებით მიღებული საჩივრების რეგისტრაციისა და განხილვის ვალდებულება .4
დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები/სხდომის ოქმში დეტალების არასწორად ასახვა: №60 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებში არ არის დაფიქსირებული სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გამოცემის მოტივი და საფუძველი, რომელიც მხოლოდ სხდომის ოქმის საფუძველზე დგინდება. თუმცა, საიას დამკვირვებლის მიერ №11 უბანთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას (საჩივარი ეხებოდა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არჩევნების დღეს იმ ამომრჩევლების შეყვანას, რომლებიც არ იყვნენ სათანადო წესით კენჭისყრამდე 2 დღით ადრე რეგისტრირებულები სარეგისტრაციო ჟურნალში), საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ დარღვევის ჩადენის თარიღად დამკვირვებელს საჩივარზე უნდა მიეთითებინა არა 21 მაისი (დრო, როდესაც კომისიის წევრებს უკანონოდ შეჰყავდათ უბანზე არარეგისტრირებული ამომრჩევლები გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, არამედ 19 მაისი (!) (ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრაციის ბოლო თარიღი). ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით, სხდომის ოქმში დაფიქსირდა, თითქოს, საჩივრის განხილვაზე უარის თქმის მიზეზი იყო საჩივარზე დარღვევის ჩადენის დროის მიუთითებლობა.5
მიუხედავად იმისა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრები შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებს, როგორიც იყო ბიულეტენების მეტობა სიაში არსებულ ხელმოწერებთან შედარებით,6 საუბნო შემაჯამებელ ოქმზე კომისიის წევრების ხელმოწერების არარსებობა,7 შემაჯამებელი ოქმების უკანონოდ გადასწორება, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში იმ ამომრჩევლების არსებობა, რომლებიც არ იყვნენ სათანადო წესით რეგისტრირებულები სარეგისტრაციო ჟურნალში,8 წილისყრის გარეშე რეგისტრატორთა გამოვლენა9 (ეს უკანასკნელი საარჩევნო კომისიამ არც კი განიხილა იქიდან გამომდინარე, თითქოსდა კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე საჩივრების განხილვა არ შედიოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებში), საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან დამკვირვებლისათვის მისი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლას,10 საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი მათგანი მნიშვნელოვან დარღვევად არ მიიჩნია და უარი განაცხადა საჩივრების დაკმაყოფილებაზე.
აქვე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება: საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ადმინისტრაციული სასჯელის გამოყენების მოთხოვნით შემოსული საჩივრის განხილვისას,11 საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხი პერსონალურად გადაეწყვიტა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისია წარმოადგენს კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას, რომელსაც მისი ქვემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ქმედებების მიმართ გადაწყვეტილების მხოლოდ კოლეგიურად გამოტანის უფლებამოსილება გააჩნია.12
ოლქის გადაწყვეტილებების დაგვიანებით გაცემა: საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ოლქმა 24 საათის დაგვიანებით გამოსცა, რამაც საშუალება არ მისცა საიას დამკვირვებლებს, დროულად წარედგინათ სარჩელი სასამართლოში.
სასამართლოს არათანაბარი მიდგომა წარდგენილ სარჩელთა მიმართ: სასამართლო განხილვის სტადიაზე შესაძლებელია გამოიკვეთოს სასამართლოს მიერ არათანაბარი მიდგომა ერთი და იგივე საკითხების გადაწყვეტის მიმართ. მაგალითად, როგორც აღინიშნა, ოლქის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საიას დამკვირვებლებს დაგვიანებით ჩაჰბარდა, რის გამოც ორგანიზაციამ ვერ შეძლო სასამართლოში სარჩელების დროულად წარდგენა. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (ერთმა და იმავე მოსამართლემ) საიას მიერ წარდგენილი ერთი საჩივარი, რომელსაც გასაჩივრების ვადა გასული ჰქონდა, წარმოებაში მიიღო და გადაწყვეტილება გამოიტანა,13 ხოლო მეორე საჩივარი გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით განუხილველად დატოვა.14
განხილულ სარჩელთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე, სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა საიას მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები - ბიულეტენების პაკეტების დაულუქაობა, თუმცა, აღნიშნული ფაქტი არ მიიჩნია ისეთ მნიშვნელოვან გარემოებად, რასაც შესაძლებელია გამოეწვია უბნის შედეგების გაბათილება.15
_________________________
1. ოქმის ბათილობის და, შესაბამისად, უბნის შედეგების გადასინჯვის შესაძლებლობებს ითვალისწინებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61.5; 511.3; 104.2 მუხლები.
2. გაერთიანებული ოპოციზია-მემარჯვენეების წარმომადგენლის ვ.გობრონიძის საჩივრები №11,13,14,15,21,31,33,34,37,40,42,48,52,54,58,60 უბნებთან დაკავშირებით; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის ლევან ჩხაიძის საჩივარი №11 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით.
3. იხ. №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №19 სხდომის ოქმი.
4. იხ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62.1. მუხლი.
5. იხ. №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №19 სხდომის ოქმი.
6. ვასილ გობრონიძის (გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის) საჩივარი №54 უბანთან დაკავშირებით.
7. ვასილ გობრონიძის (გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის) საჩივარი №54 უბანთან დაკავშირებით.
8. საიასა და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლების, ლევან ჩხაიძისა და თამარ კუპრაძის საჩივრები №11 საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით.
9. საიას დამკვირვებლის, თამარ სურგულაძის საჩივარი, №55 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით.
10. „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ დამკვირვებელი მ. კოჭლამაზაშვილი - №52 საარჩევნო უბანი.
11. საიას დამკვირვებლის, ნ.ცეცხლაძის საჩივარი, №12 ლაითურის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების მოთხოვნით.
12. იხ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 34-ე მუხლი.
13. იხ. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
14. იხ. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის განჩინება საქმეზე №3/105.
15. იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განჩინება საქმეზე №3/ბ-394-08.
![]() |
2.37 №61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში შეტანილ იქნა 5 საჩივარი, ამათგან 2 - საიას დამკვირვებლების, 1 - „სამართლიანი არჩევნების“, ხოლო 2 - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ.1
ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრები შეეხებოდა იმ ფაქტებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნებიდან საარჩევნო დოკუმენტაციები დაულუქავი, ხოლო შემაჯამებელი ოქმი ბეჭედდაუსმელი შემოვიდა.2 თუმცა, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის, ისე რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ, სასარჩელო მოთხოვნა - გაბათილებულიყო შესაბამისი უბნის შედეგები და შემაჯამებელი ოქმი - არ დაკმაყოფილებულა. მართალია, სასამართლოების მიერ დადგენილად იქნა ცნობილი საჩივრებში მითითებული გარემოებები, თუმცა, სასამართლოს აზრით, საარჩევნო დოკუმენტაციის დაულუქაობა და საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმზე უბნის ბეჭდის არარსებობა არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს უბნის შედეგებისა და შემაჯამებელი ოქმების ბათილობა.3
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საჩივრებს, ისინი საარჩევნო ადმინისტრაციამ განუხილველი დატოვა იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ მათგანს, მიუხედავად კომისიის თავმჯდომარის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებელი ვადისა, ხარვეზი არ გამოუსწორებია, ხოლო მეორე საჩივარში თავადვე იყო მითითებული, რომ დარღვევა შემჩნევისთანავე აღმოიფხვრა.
ოლქის სხდომები: ოლქის მიერ უზრუნველყოფილი იქნა საჩივრის ავტორთა სხდომაზე მოწვევა და მონაწილეობა, თუმცა, ორგანიზაციათა დამკვირვებლებს გარკვეული ძალისხმევა დასჭირდათ, რათა საოლქო საარჩევნო კომისიისაგან გადაწყვეტილებები დროულად მიეღოთ. ოლქის გადაწყვეტილებები: რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებებს, ისინი შეიცავდა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს და არსად იყო მითითება გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებზე.
__________________________
1. „ტრადიციონალისტები - ჩვენი საქართველო, ქალთა პარტიის“ წარმომადგენლის სერგო ტუღუშის საჩივარი №61/04, ორაგვისღელის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაციის შესახებ; მრეწველთა პარტიის წარმომადგენლის გია ფირცხალაიშვილის საჩივარი, №61/16 ხაჯალიის საარჩევნო უბანზე კენჭისყრის კაბინაში ერთ-ერთი ამომრჩევლის მიერ თვალსაჩინოებისათვის ნიმუშად გაკრული სპეციალური ფორმატის სადემონსტრაციო ბიულეტენის შემოხაზვის ფაქტის თაობაზე.
2. №61 საარჩევნო ოლქის №14 და №9 საარჩევნო უბნები.
3. იხ. ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განჩინება საქმეზე №3/ბ-393-08.
![]() |
2.38 №62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში შეტანილ იქნა 13 საჩივარი, ამათგან 10 - საიას, ხოლო 3 - „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ. ორგანიზაციათა მიერ წარდგენილი საჩივრების უმრავლესობა ეხებოდა საარჩევნო უბნებიდან ოლქში დაულუქავი და ბე- ჭედდაუსმელი დოკუმენტაციის შემოსვლას.1
ოლქის სხდომები/გადაწყვეტილებები: საჩივრის განხილვის სხდომებს ესწრებოდნენ ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება იმ უბნების შედეგების გადათვლის შესახებ, საიდანაც დაულუქავი საარჩევნო ბიულეტენები შემოვიდა.2 რაც შეეხება ბეჭდისა და საკონტროლო ფურცლების დაულუქაობას, კომისიამ ეს ფაქტი მნიშვნელოვნად არ მიიჩნია. იმ უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომლის შემაჯამებელი ოქმიც გადასწორებული იყო, კომისიამ, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.3
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიცავდა დასაბუთებას, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს დასაბუთება უსაფუძვლო და ურთიერთგამომრიცხავი იყო. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ 1000 ლარიანი ჯარიმის დაწესებით, კომისიამ დაადასტურა საუბნო საარჩევნო კომისიის მხრიდან კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, კომისიის ამავე განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ „შესაბამისად, საჩივარი უსაფუძვლოა.“4 ასევე, საარჩევნო დოკუმენტაციის დაულუქაობისა და შემაჯამებელ ოქმზე ბეჭდის არარსებობის გამამართლებელ გარემოებად კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის „გადაღლილობა, სიჩქარე და უყურადღებობა“ მიიჩნია.5
_________________________
1. № 7,28,21,3,36,34,6,38,29,26 საარჩევნო უბნები.
2. იხ. №62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის №38/2008 განკარგულება.
3. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 511.3. მუხლი ითვალისწინებს კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, შემაჯამებელ ოქმში მონაცემების გადასწორების გამო.
4. იხ. №62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის№42/2008 განკარგულება.
5. იხ. №62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის №41/2008 და №37/2008 განკარგულებები.
![]() |
2.39 №64 სენაკის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ შეტანილი იქნა 4 საჩივარი, აქედან 3 - გაერთიანებული ოპოზიციის, ხოლო 1 - ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო უბნებზე დაწერილი იქნა არაერთი საჩივარი, როგორც კენჭისყრის, ისე ხმის დათვლის პროცედურებთან დაკავშირებით. მაგრამ ამ საჩივრების განხილვა არ მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიაში. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს უარი განუცხადეს საჩივრის დარეგისტრირებაზე. მიზეზი კი იყო საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელიც დიდხანს გაგრძელდა და თავის დროზე მიტანილი საჩივრის რეგისტრაციის ვადა გააშვებინეს ავტორს. სხდომის დამთავრების შემდეგ განუცხადეს, რომ სარეგისტრაციო ჟურნალი დაიხურა.
კომისიის სხდომა: სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია სხდომების ჩატარების დროს, საჩივარ-განცხადების განხილვის ნაწილში, უხეშად არღვევდა საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს, კერძოდ, 61-ე და 62 -ემუხლების თანახმად, იგი ვალდებული იყო, განეხილა უბნიდან შემოსული საჩივარი და მიეღო მასზე შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც ერთპიროვნულად უარყოფილი იქნა კომისიის თავმჯდომარის მიერ. იმ საფუძვლით, რომ საჩივარი უშუალოდ არ იქნა დაფიქსირებული საოლქო საარჩევნო კომისიაში, საერთოდ არ განიხილეს.
![]() |
2.40 №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი იქნა 14 საჩივარი: 3 - გაერთიანებული ოპოზიციის, 3 - ქართული პოლიტიკის წარმომადგენლის,
1 - „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლის,
6 - „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“, 1 - №83 საარჩევნო უბნის ამომრჩევლის თემურ წარღვავას მიერ.
ოლქში შემოსული საჩივრების დაფიქსირება ხდებოდა ყოველგვარი კანონის დაცვით. გატარდებოდა ჟურნალში, 1 კალენდარულ დღეში (საჩივრის შეტანიდან) ოლქში იმართებოდა სხდომა, რომელსაც ესწრებოდა კომისიის ყველა წევრი, პარტიების წარმომადგენლები, ოლქის დამკვირვებელი „სამართლიანი არჩევნებიდან“. ასევე, სხდომას ესწრებოდნენ საჩივრის შემომტანი პირები. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საჩივარი მიიჩნიეს უსაფუძვლოდ და არ დაკმაყოფილდა.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის როინ ხიჯაკაძის 3 საჩივარი:1) ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩეველთა დადგენილ ნორმაზე მეტის არსებობის შესახებ; 2) №41;27;45; 61;63;79; 97;43 უბნებზე ხმის მიცემის პროცესის შეფერხების შესახებ; 3) ოქმების შევსებისას დაფიქსირებული კანონდარღვევის შესახებ.
ქართული პოლიტიკის წარმომადგენლის ლალი შენგელიას 3 საჩივარი: 1) ვიდეო თვალის ჩართვის შესახებ; 2) №29 უბანზე თავმჯდომარის დროზე გამოუცხადებლობის და საკონტროლო ფურცლის ჩაგდების შესახებ; 3) სხვა უბნის ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შესახებ.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლის ლელა შავიძის 1 საჩივარი №67 საოლქო კომისიის შენობის გარეთ ოქმების გატანის გამო.
გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლის დავით შველიძის და იზაურა ყოლანდარიას 6 საჩივარი: 1) პოლიციელთა მხრიდან მუქარის ფაქტი; 2) სიაში ხელმოწერათა რაოდენობის შესახებ; 3) ყალბი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა; 4) უბნებზე პოლიციელების ყოფნა; 5) ამომრჩევლის ნაცვლად ხმის მიცემა; 6) ბიულეტენის დაკარგვა.
№83 უბნის ამომრჩევლის თემურ წირღვავას 1 საჩივარი, რომელიც შეეხებოდა ხმის მიცემას სხვა პიროვნების ნაცვლად. საჩივრები განიხილა საოლქო საარჩევნო კომისიამ. სხდომას ესწრებოდნენ პარტიების წარმომადგენლებიც. საარჩევნო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლობის მოტივით, უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის განხილვის ფორმალური მხარე დაცული იყო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, მათგან ხდებოდა წარმოდგენილი საჩივრის არასათანადოდ შესწავლა-შეფასება, რამაც, ფაქტობრივად, იმოქმედა შედეგზეც. რეალურად, არც ერთ საჩივარს რაიმე სახის შედეგი არ მოჰყოლია.
![]() |
2.41 №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი იქნა ერთი საჩივარი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით, სოფელ ლიის №10 უბანზე (სადემონსტრაციო ოქმში მონაცემების გადასწორება).
კომისიის სხდომაზე განიხილეს საჩივარი და საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს და მდივანს გამოუცხადეს საყვედური.
საინტერესოდ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შემდგომ აღმოჩნდა, ოქმში ბალანსი არ დგებოდა. მაჟორიტარულ ოქმში მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა 8-ით მეტი იყო. აღნიშნული ფაქტი გაასაჩივრეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მოითხოვეს მაჟორიტარული შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა ოლქში მაჟორიტარული ოქმების გადამოწმება, საოლქო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენის გზით.
საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 29 მაისის განკარგულების თანახმად, ცვლილებები შეტანილია №11 ლიას, №16 ობუჯის, №18 ფახულანის და რებია, ხოლო მეორე საჩივარში თავადვე იყო მითითებული, რომ დარღვევა შემჩნევისთანავე აღმოიფხვრა.255 წალენჯიხის საარჩევნო უბნების მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმებში.
![]() |
2.42 №70 ფოთის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: ფოთის №70 საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა 24 საჩივარი, ამათგან, 1 - საიას, ხოლო 2 - სამართლიანი არჩევნების მიერ. 24 საჩივრიდან ოლქის გადაწყვეტილებით, განუხილველი დარჩა 9 საჩივარი, დაკმაყოფილდა 2, ხოლო 13 საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის მსგავსად, ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა ოლქში წარდგენილი ყველა საჩივარი, გამოიკვლია გარემოებები, თუმცა, 9 მათგანზე, რომლებიც დაუსაბუთებლად მიიჩნია, მიიღო განკარგულებები „საჩივრების განუხილველად დატოვების“, და არა მათ დაკმაყოფილების თაობაზე უარის თქმის, შესახებ.
ოლქის სხდომები: საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები 2 დღეს, 22 და 23 მაისს გაიმართა, თუმცა, საბოლოოდ, ოლქის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება რატომღაც 22 მაისის თარიღით გაფორმდა, რამაც არ მისცა საშუალება საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, დროულად გაესაჩივრებინათ ოლქის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
![]() |
2.43 №79 ბათუმის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ იქნა 59 საჩივარი, აქედან, 2 - საიას და 3 - „სამართლიანი არჩევნების“ მიერ. აღნიშნული საჩივრებიდან გადაწყვეტილება 11 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ხოლო დანარჩენი საჩივრები, კომისიის გადაწყვეტილებით, განუხილველი დარჩა.
ოლქის სხდომები: სხდომის მიმდინარეობისას, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები გაეცნენ თითოეულ საჩივარს, თუმცა, კომისიამ მათი უმრავლესობა, ე.წ. „დაუსაბუთებლობის“ მოტივით, განუხილველი დატოვა. აღსანიშნავია, რომ ეს მოტივი საფუძვლად შეიძლება დაედოს მხოლოდ საჩივრის დაუკმაყოფილებლობას, და არა განუხილველად დატოვებას, რადგან, საარჩევნო კანონმდებლობით, მკაცრად არის განსაზღვრული საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევები და იგი, ძირითადად, საჩივრის წარდგენის პროცედურული ნორმების დარღვევას, და არა საჩივრის შინაარსის დაუსაბუთებლობას,1 გულისხმობს. ამასთანავე, თუკი კომისიამ მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ მან უკვე იმსჯელა საჩივრის საფუძვლიანობაზე არსებითად, რასაც, შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ განკარგულება უნდა მოჰყოლოდა.
ოლქის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები: მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ კომისიას არ მიუღია განკარგულებები საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე. რომ არა ორგანიზაციათა დამკვირვებლები, ინფორმაციის მიღება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობის თაობაზე წარმოუდგენელი იქნებოდა, ვინაიდან ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც საჩივრების განხილვის შესახებ იუწყება - საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი2 - სრულიად არაკომპეტენტურად, გაუგებრად და ურთიერთგამომრიცხავი გარემოებების მითითებით აღწერს ოლქში მიმდინარე სიტუაციას (ოქმში მითითებულია მხოლოდ ოლქის სახელზე შემოსული და განხილული საჩივრების ჩამონათვალი და ოლქის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რამდენიმე უბნის მიმართ).
______________________
1. იხ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62.2. მუხლი.
2. იხ. №79 ბათუმის საოლქო კომისიის 2008 წლის 23 მაისის №13 სხდომის ოქმი.
![]() |
2.44 №80 ქედის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა 1 საჩივარი საიას დამკვირვებლის მიერ.1 საჩივრის განხილვის პროცესში საჩივარში მითითებულმა მოწმემ (დამკვირვებელმა სხვა ორგანიზაციიდან) უარყო თავისი ჩვენება ვინაიდან საჩივარი ძირითადად ეყრდნობოდა მოწმის ჩვენებას, კომისიამ არ დააკმაყოფილა საიას საჩივარი უსაფუძვლობის გამო. სასამართლოში გასაჩივრება კი ვერ მოხერხდა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო.
_________________
1. ქედის №29 უბანზე 2 კონვერტში აღმოჩნდა ერთი სახის 2 ბიულეტენი. კომისიის თავმჯდომარემ განზრახ აურია ეს ბიულეტენები სხვა ბიულეტენებს. ამ ფაქტის შემდეგ №29 საარჩევნო უბნის 3 წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა უბანი. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა კენჭისყრის შედეგების ბათილობა.
![]() |
2.45 №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: ოლქის სახელზე დაიწერა 16 საჩივარი. ამათგან, 2 - საიას დამკვირვებლების, ხოლო 1 - „სამართლიანი არჩევნების“ მიერ.
ქობულეთის საარჩევნო ოლქში დაფიქსირებულ იქნა საარჩევნო კანონმდებლობის ისეთი უხეში დარღვევის ფაქტები, როგორიც არის საჩივრის განხილვაზე უკანონოდ უარის თქმა, მხარისთვის გადაწყვეტილების დაგვიანებით გადაცემა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ, განსხვავებით სხვა საჩივრების ავტორებისაგან, საჩივრის განხილვაზე დაბარებულ იქნენ მხოლოდ საიასა და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები.
ოლქის სხდომები: ქობულეთის საარჩევნო კომისიამ საიას დამკვირვებლებს არჩევნების დღის 20:00 საათის შემდეგ უბანზე დაწერილი საჩივრის განხილვაზე უკანონოდ უთხრა უარი.1 აღნიშნული ფაქტი გასაჩივრებული იქნა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში. სასამართლომ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა და ქობულეთის საოლქო კომისიას დაავალა საჩივრის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.2 მოგვიანებით, აღნიშნული ფაქტი განხილულ იქნა, თუმცა, არ დაკმაყოფილდა როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის, ასევე რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ. აღსანიშნავია, რომ საჩივრის განხილვის დროს მოწმეებმა (კომისიის წევრმა და უბანზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა) შეცვალეს თავიანთი ჩვენება და უარყვეს უბანზე მომხდარი კანონდარღვევის ფაქტი. სასამართლომ კი, საკმარის მტკიცებულებად
არ მიიჩნია დარღვევის ჩადენისთანავე დამკვირვებლის მიერ სათანადო წესით შედგენილი და რეგისტრირებული საჩივრის არსებობა.3 აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში დაყენებული იყო, ასევე, მოთხოვნა №17 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. კომისიამ გადაწყვეტილება საიას დაგვიანებით გადასცა, რის გამოც, ორგანიზაციამ ვერ შეძლო ფაქტის სასამართლოში გასაჩივრებაში.
ოლქის გადაწყვეტილებები: ოლქის გადაწყვეტილების დაგვიანებით გაცემასთან დაკავშირებით, 24 მაისს საჩივარი შევიდა ცესკოს სახელზე, სადაც საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა ოლქის მდივნის პასუხისმგებლობა, კერძოდ, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. ცესკომ საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო.
____________________
1. სარჩელი შეეხებოდა იმ ფაქტს, რომ ქობულეთის ოლქის №17 უბანზე კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდგომ არ შემოწმდა ყუთების ლუქის მთლიანობა. კომისიის თავმჯდომარემ არ მოახდინა გადასატანი და ძირითადი საარჩევნო ყუთების საკონტროლო ფურცლების შედარება, ისე მოახდინა გადასატან და ძირითად საარჩევნო ყუთებში მოთავსებული კონვერტების ერთმანეთში შერევა; წილისყრით არ გამოვლენილან მთვლელები, არ მომხდარა ერთიანი და სპეციალური სიების მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ოდენობის დათვლა და მათი შედარება კონვერტების ოდენობასთან.
2. იხ. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №3-84.
3. შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებად სწორედ უბანზე დაფიქსირებული საჩივარი მიიჩნია და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის მიზეზად ასეთი საჩივრის არარსებობა მიუთითა.
![]() |
2.46 №82 შუახევის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: შუახევის №82 საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შეტანილ იქნა 1 საჩივარი „სამართლიანი არჩევნების“ მიერ.
კომისიის სხდომები: საჩივრების განხილვისას ოლქის მიერ მოწვეულ იქნა საჩივრის წარმდგენი ორგანიზაცია. საჩივარი შეეხებოდა №38 უბანს, სადაც წილისყრის გარეშე გამოავლინეს გადასატანი საარჩევნო ყუთის გამყოლი ორი წევრი, საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარი იმ დღესვე - 21 მაისს განიხილა. კომისიის ყველა წევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ დარღვევას ამომრჩეველთა ნების გამოვლენასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამდენად, გადასატანი ყუთის შედეგების გაბათილების მოთხოვნა ოლქმა არ დააკმაყოფილა და მიიღო გადასატანი ყუთის უბანზე დათვლის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას 12 წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი. აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს, რადგანაც წილისყრით ფუნქციების გამოვლენა ერთ-ერთი ძირეული დაცვის მექანიზმია გარიგების თავიდან ასაცილებლად. რაც მთავარია, კანონის თუნდაც ფორმალური მოთხოვნები უნდა იქნეს შესრულებული და, შესაბამისად, ამის უგულებელყოფა კანონდარღვევა და დასჯადი ქმედებაა.
საჩივრების მიღებასა და განხილვაზე რაიმე პრობლემა არ წარმოქმნილა.
![]() |
2.47 №83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შემოვიდა 16 საჩივარი, მათგან 3 - საიას და 2 - „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ. აღნიშნული საჩივრებიდან დაკმაყოფილებულ იქნა 1. საჩივრების განხილვის პროცედურები ოლქში ზედაპირულად მიმდინარეობდა, კომისიის წევრები კი, წინასწარვე აცხადებდნენ, რომ არ მოხდებოდა საჩივრების დაკმაყოფილება.
ოლქის სხდომები: აღსანიშნავია, რომ საჩივრების განხილვის პირველი დღე საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლებისა და საჩივრის ავტორთა დაუბარებლად წარიმართა. საიას მუდმივმა დამკვირვებელმა ოლქში შემთხვევით აღმოაჩინა, რომ საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოთახისაგან განცალკევებით არსებულ ოთახში - თავმჯდომარის კაბინეტში - მიმდინარეობდა. დამკვირვებელთა მხრიდან აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდგომ, საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომები საჯარო გახადა.
ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ მხარეთა დაუსწრებლად განიხილა და არ დააკმაყოფილა საიას საჩივარი ამავე ოლქის №11 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ამავე უბანზე აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევების გამო1 (ზეწოლა საიას დამკვირვებელზე, საჩივრის არჩაბარების ფაქტი, ბიულეტენების ჩაყრის მცდელობა და ა.შ). ასევე, არ დაკმაყოფილდა საიას საჩივრები №13 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურების დარღვევის გამო კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ამავე უბანზე კომისიის წევრის მიერ საუბნო შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის თაობაზე.
სასამართლო სამართალწარმოებები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.
№11 უბანთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის დროს რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა საიას მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ უბანზე მიმდინარეობდა ზეწოლა დამკვირვებლის მიმართ, ადგილი ჰქონდა ბიულეტენების უკანონოდ ჩაყრის, საარჩევნო სიებში არმყოფი მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის მცდელობებს, რის შემდეგაც, დამკვირვებელმა დატოვა საარჩევნო უბანი. არგუმენტად სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული დარღვევები დაფიქსირებული არ იქნა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და დამკვირვებელს საჩივრით არ მიუმართავს საუბნო საარჩევნო კომისიისათვის2 (აღსანიშნავია, რომ სარჩელის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა სწორედ უბნის კომისიის წევრების უკანონო მოქმედებები საჩივრის ჩაუბარებლობისა და დამკვირვებელზე ზეწოლის სახით). მოთხოვნას წარმოადგენდა, ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიას მიეღო გადაწყვეტილება №1 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის თაობაზე. სასამართლომ უარი უთხრა საიას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხება №13 საარჩევნო უბანთან დაკავშირებულ სასარჩელო მოთხოვნას (საია ითხოვდა, დავალებოდა საოლქო საარჩევნო კომისიას, შეესწავლა და მიეღო გადაწყვეტილება №13 საუბნო საარჩევნო კომისიის იმ წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, რომელმაც უკანონოდ განაცხადა უარის საუბნო შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერაზე),3 აღსანიშნავია, რომ სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ კომისიის წევრის ხელმოწერის არარსებობას არ გამოუწვევია საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიუღებლობა, მაშინ, როდესაც კანონი იმპერატიულად ავალებს თითოეულ დამსწრე კომისიის წევრს, ხელი მოაწერონ შემაჯამებელ ოქმზე მიუხედავად იმისა, მისი ხმა არის თუ არა აუცილებელი კვორუმის მისაღებად.
_________________
1. იხ. №83 საოლქო საარჩევნო კომისიის №46/2008 განკარგულება.
2. იხ. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №3-311.
3. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 60.4. პუნქტის თანახმად, „საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია, ხელი მოაწეროს ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა უბანზე“.
![]() |
2.48 №84 ხულოს საარჩევნო ოლქი |
▲back to top |
ოლქში შესული საჩივრები: უშუალოდ ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში არ შესულა არც ერთი საჩივარი. ყველა საჩივარი გადაიგზავნა უბნებიდან.
კომისიის სხდომები: უბნებიდან უკლებლივ ყველა საჩივარი შევიდა ოლქში. განხილვას ესწრებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის 11 წევრი და იურისტი, „სამართლიანი არჩევნების“ ოლქის კოორდინატორი, ოლქში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელი. კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ოლქის თავმჯდომარის მოსაზრებას, რომ აღარ განეხილათ უბნის საჩივრები და უბნის გადაწყვეტილებები კანონიერად მიეჩნიათ, რადგანაც საჩივრებს ადგილზე - უბანზევე მოჰყვა რეაგირება და ოლქის ახალი გადაწყვეტილება არაფერს შეცვლიდა.
საჩივრების მიღებასა და განხილვაზე რაიმე პრობლემა არ წარმოქმნილა.
![]() |
2.49 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
▲back to top |
2008 წლის 21 მარტს საარჩევნო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომლის მიხედვითაც, მკაცრად განისაზღვრა საარჩევნო უბანთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოში გასაჩივრების წესი,1 ცესკოს როლი საჩივრების განხილვის კუთხით პასიური გახადა. არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდში ცესკოში ძირითადად შედიოდა საჩივრები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევებს შეეხებოდა. 2
გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო კოდექსში შესული ზემოაღნიშნული ცვლილებებით, შეიცვალა გასაჩივრების ზოგადი წესები, გამიჯვნა იმისა, თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული რა ტიპის გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრებულიყო ცესკოში და რომელი - პირდაპირ სასამართლოში, ხშირად რთული ხდებოდა. მაგალითად, აღნიშნული მოტივით, 24 მაისის სხდომაზე ცესკომ განუხილველად დატოვა რესპუბლიკური პარტიის მიერ №10 გლდანის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი, რომელიც შეეხებოდა ამავე ოლქის №97 უბნის არასათანადო შენობაში განთავსების ფაქტს. განუხილველი დარჩა, ასევე, ოზურგეთის №60 ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის ლაშა ჩხარტიშვილის საჩივარი ამავე ოლქის მიერ საჩივრების განუხილველად დატოვების ფაქტთან დაკავშირებით.3 აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას საოლქო საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ, თუკი უფლებამოსილი პირი 8 საათამდე უბანზე დაწერილ საჩივარს არ წარადგენს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე, აღნიშნული საჩივარი განუხილველი რჩება. მსგავსი მსჯელობა კი, ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 62.1. პუნქტს, რომლის თანახმადაც, აღნიშნული საჩივრები უბნის კომისიის მიერ განსახილველად გადაეცემა ზემდგომ საარჩევნო კომისიას.
25 მაისის სხდომაზე ცესკომ არ დააკმაყოფილა საიას დამკვირვებლების საჩივრები საბურთალოს №3, ქობულეთის №81 და ბოლნისის №23 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთა და კომისიის მდივანთა პასუხისმგებლობის თაობაზე, მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო. 4
კომისიამ არ დააკმაყოფილა, ასევე, „ტრადიციონალისტები, ჩვენი საქართველო და ქალთა პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საჩივარი, რომელიც აღნიშნავდა, რომ საარჩევნო ბიულეტენში მისი გვარი შეცდომით იყო დაფიქსირებული და რომ აღნიშვნა „მოხსნილია“, სხვა კანდიდატის ნაცვლად, მითითებული იყო მისი გვარის გასწვრივ. გადაწყვეტილების მიღების დროს ცესკო დაეყრდნო მხოლოდ მარნეულის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
მოგვიანებით, ცესკოს წარედგინებოდა საჩივრები საოლქოს შემაჯამებელი ოქმების ბათილობის მოთხოვნით. აღნიშნული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ცესკოს ძირითადად მოჰყავდა შემდეგი არგუმენტები: საჩივარში მითითებული გარემოებები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს,5 საჩივარი შემოტანილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ,6 საჩივრის შეტანისას დარღვეული იყო საჩივრის წარდგენის ვადა, ცესკო უფლებამოსილი არ არის, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმზე. 7
მხოლოდ სამ შემთხვევაში - საიას, „სამართლიანი არჩევნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილ საჩივრებზე - ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება მათი მოთხოვნის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე: გააუქმა ოლქის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ოლქს დაავალა, ემსჯელა საჩივარში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით.8
მნიშვნელოვანი გახლდათ ის ფაქტი, რომ სხდომებზე არაერთგზის დაისვა საკითხი, საარჩევნო კოდექსის 29ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცესკოს საკუთარი ინიციატივით ემსჯელა საჩივარში მითითებული საუბნო შემაჯამებელი ოქმების კანონიერებაზე. თუმცა, როგორც ცესკოს პროფესიული ნიშნით შერჩეული, ასევე მმართველი პარტიის მიერ დანიშნული წევრების მხრიდან აღნიშნული არგუმენტი უარყოფილ იქნა იმ მოტივით, თითქოსდა განსახილველად წარმოდგენილ კონკრეტულ შემთხვევებში ცესკოს არ გააჩნია მსგავსი უფლებამოსილება.
საჩივრების განხილვისას, ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობდა, მოეხსნა პასუხისმგებლობა - ქვემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან კანონმდებლობის დაცვის თვალსაზრისით - არ გამოეყენებინა საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება.
______________________
1. იხ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77.3. მუხლი.
2. 30 2008 წლის 22 მაისის ცესკოს სხდომაზე განხილული იქნა ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის დავით გოგუას განცხადება მაჟორიტარი კანდიდატის წინააღმდეგ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე; ასევე, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის ირინა იმერლიშვილის განცხადება საარჩევნო უბნებში დადგენილ რაოდენობაზე მეტი ამომრჩევლის არსებობის ფაქტზე; „გაერთიანებული ოპოზიცია - მემარჯვენეების“ წარმომადგენლის როინ ხიჯაკაძის საჩივარი.
3. 2008 წლის 25 მაისის სხდომა.
4. საჩივრები შეეხებოდა კომისიის გადაწყვეტილებათა დაგვიანებით გაცემისა და საჩივრების განუხილველად დატოვების ფაქტებს.
5. გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარი №64 სენაკის ოლქის შედეგების ბათილობის მოთხოვნით; რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის ირინა იმერლიშვილის საჩივარი №79 ბათუმის საარჩევნო ოლქის №35 საარჩევნო კომისიის წევრების ქმედებასთან დაკავშირებით.
6. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის ირინა იმერლიშვილის საჩივარი №79 ბათუმის საარჩევნო ოლქის №35 საარჩევნო კომისიის წევრების ქმედებასთან დაკავშირებით.
7. „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატის დათო ლორთქიფანიძის განცხადება №53 ვანის საარჩევნო ოლქის №5, №21, №27, №8, №7, №10, №13, №16, №25, №29 საუბნო შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის საჩივრები №26 თეთრიწყაროს და №5 საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების საჩივრები №10 გლდანისა №11 საგარეჯოს, №22 მარნეულისა და №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით.
8. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება სენაკის საარჩევნო ოლქის №23 უბანთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილების ბათილობა, ამავე უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის პასუხისმგებლობა; საიას საჩივარი №59 ქუთაისის ოლქის შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანის თაობაზე; გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარი №68 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარული შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
![]() |
3 სტატისტიკური ინფორმაცია |
▲back to top |
ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების რაოდენობა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოება:
კენჭისყრის დღეს სულ დაიწერა - 137 საჩივარი;
არ ჩაიბარეს - 10 საჩივარი;
საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა - 57 საჩივარი;
სასამართლოში გასაჩივრდა - 3 უბნის შემაჯამებელი ოქმები;
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გასაჩივრდა - 1 საარჩევნო ოლქის გადაწყვეტილება.
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაწერილი საჩივრების საფუძველზე:
გაუქმდა - 16 უბნის შედეგები;
ნაწილობრივ გაუქმდა - 3 უბნის შედეგები;
დადგა საარჩევნო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი - 14 შემთხვევა;
ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა - 2 მოხელე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:
კენჭისყრის დღეს სულ დაიწერა - 147 საჩივარი;
არ ჩაიბარეს - 4 საჩივარი;
საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა - 69 საჩივარი;
სასამართლოში გასაჩივრდა - 29 უბანი;
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გასაჩივრდა - 5 საარჩევნო ოლქის გადაწყვეტილება.
საიას მიერ დაწერილი საჩივრების საფუძველზე:
გაუქმდა - 11 უბნის შედეგები;
ხელახლა გადაითვალა - 7 უბნის შედეგები;
შესწორდა შემაჯამებელი ოქმი - 10 შემთხვევა;
დადგა საარჩევნო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი - 12 შემთხვევა.
რეგიონების მიხედვით, განსხვავდებოდა საჩივრების განხილვისა და მათზე შესაბამისი რეაგირების1 ტენდენცია.2
რეგიონი |
საჩივრების |
განუხილავი |
დაკმაყოფი- |
დაუკმაყოფი- |
ბათუმის1
|
98 |
5 |
6 |
87 |
ქუთაისის2 |
46 |
1 |
3 |
42 |
გურჯაანის3 |
112 |
43 |
14 |
55 |
თბილისის4 |
216 |
11 |
28 |
177 |
ხაშურის5 |
65 |
6 |
12 |
47 |
სულ |
537 |
66 |
63 |
408 |
განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოავლინა შემდეგი სახის პრობლემები:
დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები (№17 თელავის, №12 გურჯაანის, №16 ყვარლის, №58 წყალტუბოს, №59 ქუთაისის, №62 ჩოხატაურის, №61 ლანჩხუთის, №60 ოზურგეთის, №83 ხელვაჩაურის, №3 საბურთალოს, №22 მარნეულის, №32 გორის, №33 ქარელის, №35 ხაშურის საარჩევნო ოლქები);
საჩივრის განხილვაზე უკანონოდ უარის თქმა (№16 ყვარლის, №1 მთაწმინდის, №3 საბურთალოს, №22 მარნეულის, №81 ქობულეთის, №83 ხელვაჩაურის, №32 გორის საარჩევნო ოლქები);
საჩივრის განხილვისას მოწმეთა დაუბარებლობა და არსებულ მტკიცებულებათა არასათანადოდ გამოკვლევა (№17 თელავის, №12 გურჯაანის, №58 წყალტუბოს, №23 ბოლნისის, №32 გორის, №9 ნაძალადევის, №27 მცხეთის, №60 ოზურგეთის, №10 გლდანის, №83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქები);
მხარეებისათვის საჩივრის განხილვის თარიღის მიზანმიმართულად შეუტყობინებლობა (№58 წყალტუბოს, №83 ხელვაჩაურის, №32 გორის, №9 ნაძალადევის, №22 მარნეულის საარჩევნო ოლქები);
საჩივრების შესახებ გადაწყვეტილებების დაგვიანებით გაცემა (№12 გურჯაანის, №51 ზესტაფონის, №59 ქუთაისის, №60 ოზურგეთის, №61 ლანჩხუთის, №62 ჩოხატაურის, №81 ქობულეთის, №70 ფოთის, №23 ბოლნისის, №32 გორის, №9 ნაძალადევის, №4 კრწანისის, №5 სამგორის საარჩევნო ოლქები);
სხდომის ოქმებში დეტალების არასაკმარისად ასახვა (№23 ბოლნისის, №6 სამგორის საარჩევნო ოლქები).
__________________________
1. რეგიონები დაყოფილია „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონული დაყოფის მიხედვით და მოიცავს, საქართველოს მასშტაბით, 40 ოლქს.
2. იგულისხმება ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე წარდგენილი საჩივრების საერთო რაოდენობა.
![]() |
4 დასკვნები და რეკომენდაციები |
▲back to top |
განხორციელებულმა მონიტორინგმა საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობაში არაერთი პრობლემა გამოავლინა, რომლებიც განპირობებული იყო როგორც საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკანონმდებლო ნორმების უგულებელყოფით.
საკანონმდებლო ხარვეზები:
საჩივარი კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლში, რომელიც აწესრიგებს „ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის განხილვას“, 2008 წლის 21 მარტს განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა როგორც კენჭისყრის დღის პროცედურების, ასევე ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურასთან მიმართებით საარჩევნო უბანზე დაწერილი საჩივრების რეგისტრაცია და განხილვა. მიუხედავად აღნიშნულისა, საარჩევნო ოლქები არაერთგვაროვნად უდგებოდნენ კენჭისყრის დღის 8 საათამდე დაწერილ საჩივრებს - ნაწილმა მათგანმა განიხილა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები აღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით, ნაწილმა კი, განუხილველად დატოვა იმ მოტივით, რომ ასეთი ტიპის საჩივრების განხილვას ოლქს კანონმდებლობა არ ავალდებულებდა. იყო შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ოლქმა განიხილა საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების ნაწილი, ხოლო ანალოგიური საჩივრების გარკვეული ნაწილის განხილვაზე უარი განაცხადა ზემოაღნიშნული მოტივით.
არაერთგვაროვანი პრაქტიკა განაპირობა 61-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 62-ე მუხლის პირველ პუნქტს შორის გარკვეულმა შეუსაბამობებმა. კერძოდ, 61.4. მუხლის თანახმად, „თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/ საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს, ხოლო უფლებამოსილი ორგანიზაციის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში - ასევე მის წარმომადგენელს, უფლება აქვს, ანალოგიური განცხადება/ საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“ აღნიშნული ნორმა მისი ორგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა: პირველი - განმცხადებელს/მომჩივანს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი საუბნო კომისიის თავმჯდომარე არ ან ვერ აღმოფხვრის საჩივარში მითითებულ დარღვევას და მეორე - ზემდგომ საარჩევნო კომისიაში საჩივრის წარდგენა, აღნიშნული მუხლის თანახმად, მომჩივნის „უფლებაა“, რისი გამოუყენებლობის შემთხვევაშიც, ამოქმედდება 62.1. მუხლის მოთხოვნები, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიას ავალდებულებს, განიხილოს უბნიდან შემოსული ორივე ტიპის საჩივრები.
პრაქტიკაში მისი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის გარდა, აღნიშნული ნორმა გარკვეულ ხარვეზს შეიცავს, კერძოდ, 62-ე მუხლის პირველ პუნქტში, ნაცვლად იმისა, რომ მითითება იყოს 61-ე მუხლის პირველ პუნქტზე (კენჭისყრის დღის პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილ განცხადება/საჩივარზე), სრულიად უკონტექსტოდ, მითითება კეთდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც აღნიშნულ განცხადება/საჩივარში სავალდებულო რეკვიზიტების არსებობას არეგულირებს. შესაბამისად, იმისათვის, რომ უფრო ნათელი გახდეს კანონმდებლის ნება - საოლქო საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრიროს და განიხილოს კენჭისყრის დღის პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებით უბანზე შედგენილი განცხადება/ საჩივარი - აუცილებელია 62.1. მუხლის პირველი ორი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ კანონის 61-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებში აღნიშნული განცხადება/საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება საოლქო საარჩევნო კომისიის ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან ერთი კალენდარული დღის ვადაში.“
საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა
არაერთგვაროვანი იყო, ასევე, მიდგომა საარჩევნო კომისიის წევრის მიერ დაწერილი საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით. ზოგიერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩვეულებრივ რეჟიმში განიხილა აღნიშნული საჩივრები, ხოლო ნაწილმა უარი განაცხადა მათ განხილვაზე იმ მოტივით, რომ ისინი შედგენილი იყო საჩივრის შედგენაზე არაუფლებამოსილი პირების მიერ. როგორც ანგარიშში არაერთგზის აღინიშნა,1 მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს კომისიის წევრის მიერ საჩივრის დაწერის უფლებამოსილებას, პირიქით, ანალიზი გვიჩვენებს, რომ საარჩევნო სამართალი იცნობს აღნიშნული ტიპის საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს უფრო ნათლად და მკაფიოდ დარეგულირებას, რათა არაერთგვაროვან პრაქტიკას და საჩივრის განხილვაზე უკანონოდ უარის თქმას არ ჰქონდეს ადგილი.
კომისიის წევრის ანალოგიურად, გარკვეულწილად ბუნდოვანია ამომრჩევლის შესაძლებლობა, საარჩევნო უფლების დარღვევის შემთხვევაში, საჩივარი წარადგინოს შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციებში. მართალია, განხორციელებულ დაკვირვებას არ გამოუვლენია ამომრჩეველთა მხრიდან საჩივრის წარდგენის ფაქტები და, აქედან გამომდინარე, მათ განხილვაზე უარის თქმის შედეგები, თუმცა, აღნიშნული საკითხი, კომისიის წევრის უფლებამოსილების მსგავსად, აუცილებლად საჭიროებს დარეგულირებას.
გასაჩივრების არაეფექტური ვადები
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლში 2008 წლის 21 მარტს განხორციელებული ცვლილებებით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა მისი მიღებიდან ერთი, რიგ შემთხვევებში - ორ კალენდარულ დღედ განისაზღვრა. გარდა იმისა, რომ გასაჩივრების ვადები შემცირდა, დასაბუთებული და დროული საჩივრის/სარჩელის წარდგენა გასული საპარლამენტო არჩევნების დროს პრობლემატური იყო სხვა ფაქტორების გამოც - გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით გაცემა კანონით დადგენილი ვადის ბოლოს (მისი მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე), ან აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ხდებოდა; როგორც ცესკო, ასევე სასამართლოებიც საჩივრებს/სარჩელებს სამუშაო დღის 18:00 საათამდე (კანცელარიის დახურვამდე) იბარებდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 18:00 საათის შემდეგ წარდგენილი საჩივრების განსახილველად მიღების საკითხი სასამართლოების მიერ არაერთგვაროვნად გადაწყდა - გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრების ერთდღიანი ვადა მომდევნო დღის 24 საათზე გადიოდა, შესაბამისად, სარჩელი არსებითად განიხილა, თუმცა, გორის სასამართლომ უარი თქვა სარჩელის განხილვაზე სარჩელის წარდგენის ვადის გადაცილების გამო. იყო შემთხვევები, როდესაც ერთმა და იმავე მოსამართლემ 18 საათის შემდეგ წარდგენილი 2 საჩივრიდან ერთი განიხილა, ხოლო მეორეს განხილვაზე უარი განაცხადა სარჩელის სასამართლოსთვის დაგვიანებით წარდგენის გამო.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31 მუხლი ითვალისწინებს კოდექსში მითითებული ვადების ათვლის წესებს, თუმცა, არ განსაზღვრავს, თუ როდის მთავრდება კალენდარული დღე სამუშაო დღის დასრულებისთანავე, თუ აღნიშნული დღის 24 საათამდე. მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვმარტავთ აღნიშნულ ვადებს, ფაქტი ერთია, პრაქტიკაში, როგორც სასამართლო, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისია, წარდგენილ საჩივარს/ სარჩელს მხოლოდ საღამოს ექვს საათამდე იბარებს.
იმისათვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს საჩივრის წარდგენის პროცედურები, ჩვენი აზრით, სასურველია, კალენდარული დღის ბოლო ვადად, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, განისაზღვროს აღნიშნული დღის 24 საათი, ხოლო სასამართლოებმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო დავების შემჭიდროებული ვადებიდან გამომდინარე, უზრუნველყონ საჩივრის/სარჩელის ჩაბარების შესაბამისი ტექნიკური მხარე.
აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 771 მუხლის მე-18 და მე-19 მუხლები, რომლებიც აწესრიგებს კენჭისყრის დღის განმავლობაში და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს საუბნო საარჩევნო კომისიისა და მის ცალკეულ წევრთა ქმედებების და გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების წესს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა გასაჩივრების შესაძლებლობას პირდაპირ სასამართლოში, საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის წარდგენის გარეშე, რაც წინააღმდეგობაში მოდის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის თანახმადაც, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება თავდაპირველად საჩივრდება საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო შემდგომ - სასამართლოში. შესაბამისად, არაერთგვაროვანი პრაქტიკისა და საჩივრის განხილვაზე უკანონოდ უარის თქმის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია აღნიშნული ნორმის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობაში მოყვანა.
კომისიის წევრთა პასუხისმგებლობა
საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივართა განხილვის პროცესში ყველაზე არათანმიმდევრულნი იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებისას. ხშირ შემთხვევაში, მათთვის გაუგებარი რჩებოდა, თუ რა ტიპის პასუხისმგებლობის ზომები უნდა გამოეყენებინათ დამრღვევი კომისიის წევრის მიმართ - ხშირად კომისია მიდიოდა დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო კომისიის წევრის მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გატარება, თუმცა, იმის გამო, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ იცნობს შესაბამის ნორმებს, საოლქო საარჩევნო კომისიები იღებდნენ გადაწყვეტილებებს სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე, ან, უფრო მეტიც, კომისიის წევრის პასუხისმგებლობის თაობაზე განკარგულებებს შესაბამის ნორმატიულ აქტზე მითითების გარეშე იღებდნენ, რაც სამართლებრივად სრულიად გაუმართავი გადაწყვეტილებაა.
ხშირ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიები პასუხისმგებლობის ზომად იყენებდნენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს - შენიშვნასა დაგაფრთხილებას, რაც, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს უფლებამოსილება არჩევნების დღიდან მაქსიმუმ 10 დღის ვადაში უწყდებათ, ვფიქრობთ, პასუხისმგებლობის არაეფექტური მექანიზმია.
ასევე, საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის 1000 ლარით დაჯარიმებას შემაჯამებელი ოქმში შესწორების შეტანის გამო. მიუხედავად იმისა, რომ გასული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიები აქტიურად იყენებდნენ აღნიშნული პასუხისმგებლობის ზომას, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, ვინაიდან, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოცემული ნორმის აღსრულების პრო ცედურულ გარანტიებს. გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსში სანქციის შემცველი ნორმის არსებობა სამართლებრივად გაუმართლებელია.
შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შემოღებულ იქნეს ნორმა, რომელიც დაარეგულირებს პასუხისმგებლობის ზომებს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მსგავსი სანქციის გათვალისწინება თავისთავად მოაგვარებს ნორმის აღსრულების პრობლემასაც.
საჩივრების განხილვის პროცედურები
პრაქტიკამ ცხადყო, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები, რომლებიც ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე რამდენიმე სუბიექტის მიერ წარდგენილ საჩივრებს ერთად განიხილავდნენ (და არა ცალ-ცალკე, საჩივრების ავტორთა მიხედვით), უფრო დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. იმისათვის, რომ კენჭისყრის დღის განმავლობაში უბანზე მიმდინარე დარღვევების სიმძიმისა და ხასიათის თაობაზე ერთიანი სურათი შეიქმნას, სასურველია, თუკი საოლქო საარჩევნო კომისიების რეგლამენტი გაითვალისწინებს წარმოდგენილ საჩივართა უბნების მიხედვით განხილვის ვალდებულებას საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან.
ხარვეზები პრაქტიკაში
გარდა იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა საჩივრების განხილვა/გადაწყვეტის კუთხით ჯერ კიდევ დასახვეწია, პრობლემატური იყო, ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები, რაც დროულ რეაგირებასა და აღმოფხვრას საჭიროებს. პრობლემები ძირითადად შემდეგ ქმედებებში გამოიხატებოდა:
ადგილი ჰქონდა საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებათა და სხდომის ოქმის არადროულ გაცემას, რაც განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნიდა დაინტერესებულ მხარეებს გასაჩივრების შემჭიდროებული ვადების პირობებში;
საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაცვლად, ხშირ შემთხვევაში, საჩივრის განხილვაზე უარის თქმის გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რაც პროცედურულად გაუმართლებელია;
მონიტორინგმა გამოავლინა საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლად და კომისიის წევრის სტატუსით არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტები. სასურველია, მომავალში ცესკომ შექმნას გარანტიები მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად - დამკვირვებლად რეგისტრაციის პროცედურებზე უფრო მეტი კონტროლის განხორციელების გზით;
საარჩევნო ოლქები უარს ამბობდნენ საჩივართა განხილვაზე იმ მოტივით, რომ საჩივარში მოთხოვნა მითითებული არ იყო. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არ იცნობს მოთხოვნას, როგორც საჩივრის სავალდებულო ან ფაკულტატურ რეკვიზიტს;
საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს აკლდა დასაბუთება, არ ხდებოდა შესაბამის საარჩევნო ნორმაზე მითითება;
ადგილი ჰქონდა საჩივართა განხილვაზე უკანონოდ უარის თქმას;
არ ხდებოდა მტკიცებულებათა ჯეროვანი გამოკვლევა, მოწმეთა დაბარება. არც ერთ საარჩევნო ოლქს, სადაც მიმდინარეობდა დაკვირვება, არ დაუკმაყოფილებია ვიდეო თვალის გახსნის მოთხოვნა;
ხშირ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიები არ უზრუნველყოფდნენ სხდომის თაობაზე მხარეთა ინფორმირებას;
საოლქო კომისიების სხდომის ოქმები ვერ ასახავდა სხდომაზე მიმდინარე მოვლენებს სრულყოფილად და ობიექტურად.
________________________________
1. იხ. №10 გლდანის და №27 მცხეთის საარჩევნო ოლქების მონიტორინგის ანგარიში.