![]() |
რეკომენდაციები ინკლუზიური განათლებისათვის წერა-კითხვის სწავლება I კლასში |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კოტეტიშვილი იათამზე, ჯალაღანია ირინე, კეკენაძე თადული |
თემატური კატალოგი განათლება|განათლების სისტემა |
წყარო:
რეკომენდაციები ინკლუზიური განათლებისთვის : წერა-კითხვის სწავლება I კლასში / შემდგ.: ი. კოტეტიშვილი და სხვ. ; [გაეროს ბავშვთა ფონდი] - თბ., 2004 - 43გვ. : ილ. ; 20სმ. - ISBN 99940-0-159-0 : [ფ.ა.] [MFN: 22480] UDC: 373.3.02 + 372.016:003-028.31 K 245.497/3 - საერთო ფონდი K 245.498/3 - საერთო ფონდი K 255.407/3 - საერთო ფონდი F 85.416/3 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © გაეროს ბავშვთა ფონდი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: შემდგენლები: ი. კოტეტიშვილი, ი. ჯალაღანია, თ. კეკენაძე თბილისი 2004 პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი სრულიად არაა აუცილებელი ასახავდეს გაეოს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს. © გაეროს ბავშვთა ფონდი 2004 გაეროს ბავშვთა ფონდი ერისთავის ქ. 9, გაეროს შენობა 0179, თბილისის, საქართველო ტელ:25 11 30, 23 23 80 ელ. ფოსტა: Tbilisi@unicef.org www.unicef.org დეკემბერი, 2004 |
![]() |
1 შესავალი |
▲back to top |
საქართველოში წერა-კითხვის სწავლების ძალზე დიდი ისტორია აქვს, ალბათ ისეთივე ძველი, როგორც თავად ქართული დამწრელობის შემოღებას.ძნელი სათქმელია, ჩვენი შორეული წინაპრები როგორ ასწავლიდნენ წერა-კითხვას და ვინ როგორი წარმატებით ართმევდა თავს ამ ურთულეს ამოცანას, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წერა-კითხვის სწავლება დღემდე რჩება სწავლების ერთ-ერთ ურთულეს პრობლემად, რომელსაც ბავშვი სკოლაში მისვლისთანავე აწყდება.
მთავარი ღირსება იაკობ გოგებაშვილის ,,დედაენისა“ (რომელიც 1874 დაიბეჭდა და დღემდე აქტიურად გამოიყენება) იყო და არის ის, რომ იგი ვარაუდობდა ანბანის სწავლების დაწყებამდე ბავშვის მომზადებას წერა-კითხვის სწავლებისათვის.
დღესდღეობით მოქმედი პროგრამის მიხედვით, წერა-კითხვის სწავლებისათვის გამოყოფილი დრო ორ ნაწილად არის დაყოფილი: წინასაანბანო და საანბანო პერიოდებად. წინასაანბანო პერიოდს ეთმობა ერთი თვე, რომლის განმავლობაში მასწავლებელმა უნდა გადაჭრას რთული ამოცანა:
ბავშვის მეტყველების განვითარება და მისი მომზადება კითხვისა და წერისათვის.
პედაგოგმა ამ მიზნით უნდა გამოიყებოს სურათები და ილუსტრაციები, რომლებიც ,,დედაენის“ დასაწყისშია მოთავსებული. თუ როგორ მოახერხებს ის ამ სურათების მოშველიებას ბავშვების მეტყველების დასახვეწად და მსჯელობის უნარის გამოსამუშავებლად, ეს მთლიანად მასწავლებლის შემოქმედებით ალღოსა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული, თუმცა ამ ილუსტრაციებმა, საეჭვოა, დიდი დახმარება გაუწიოს მას.
რაც შეეხება ბავშვის მომზადებას კითხვისათვის, იგი ოდნავ წინ უსწრებს წერისათვის მომზადებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წერა-კითხვის სწავლება ძალზე რთული პროცესია და მას სატანადო მომზადება სჭირდება.
გავიხსენოთ როგორ ხდება ეს:
მასწავლებელი ტექსტიდან ან სურათიდან, რომელზედაც მოსწავლეებს ამუშავებს, გამოყოფს მარტივ წინადადებას, ამ წინადადებას აშლევინებს სიტყვებად, სიტყვებს - ბგერებად, აცნობს ხმოვანს და თანხმოვანს. შემდეგ იწყებს ბგერებიდან მარცვლების, მარცვლებიდან სიტყვის, სიტყვებიდან წინადადების შედგენას. აი, პრაქტიკულად ეს არის ბავშვების მომზადება კითხვისათვის.
მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენი პრობლემის წინაშე დგას ბავშვი? სიტყვებიდან ასოების გამოყოფა, ასოებიდან მარცვლების, მარცვლებიდან სიტყვების შედგენა...
როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ბავშვისთვის ისე ძნელი არ არის ცალკეული ასოს დამახსოვრება, როგორც ამ ასოებიდან მარცვლების შედგენა და მათი წარმოთქმა. მაგალითად, მან გაიგო როგორ გამოითქმის ასო ,,ხ“ და ასო ,,ე“, მაგრამ ერთად ვერ გამოთქვამს ,,ხე“-ს. ,,ხე“ მისთვის ხ+ე კი არ არის, არამედ სულ სხვა, ახალი ბგერა, რომელიც მისთვის საგნობრივი მნიშვნელობისაგან დაცლილი არის. ბავშვს უჭირს ამ ახალი ბგერის წარმოთქმა და მისი დაკავშირება იმ საგანთან, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს. სამაგიეროდ, სიტყვის მნიშვნელობა სავსებით გასაგები ხდება, თუ მას თან ახლავს შესატყვისი სურათი.
თანამედროვე პედაგოგიკაში არის მცდელობა კითხვისთვის მოსამზადებელ პერიოდში ყურადღება არა სიტყვების შემადგენელ ასოებზე, არამედ მთელ სიტყვებსა და მათ შორის შესატყვის ნახატებზე (მათ შინაარსზე) გავამახვილოთ.*
აღმოჩნდა, რომ ბავშვისათვის ბევრად უფრო იოლად გასაგები და დასამახსოვრებელია სიტყვები, რომლებიც მისთვის გარკვეული მნიშვნელობის მატარებლები, ვიდრე ასოები, რომლებიც მისთვის პრაქტრიკულად არაფერს ნიშნავს. 6 წლის ბავშვისთვის ძნელი არ არის კონკრეტული სურათის აღქმა და მისი დაკავშირება ნაწერთან, მაგრამ უჭირს ამ სიტყვის წარმოდგენა.
ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა უნარშეზღუდულ ბავშვებთან, რომლებსაც განსაკუთრებით ეძნელებათ წარმოდგენა და აბსტრაქცია. ანუ, ის რასაც ხელით ეხებიან ან თვალით ხედავენ, მათთვის უფრო გასაგებია, ვიდრე ის, რაც უნდა გაიაზრონ და წარმოიდგინონ. მასწავლებელმა, რომელიც შეზღუდული უნარის მქონე ბავშვებთან მუშაობს, უნდა გაითვალისწინოს ეს ფაქტორი და ყურადღება გაამახვილოს სიტყვის შინაარსობრივ მხარეზე (მნიშვნელობაზე).
მართალია, ამგვარი მეცადინეობები, როდესაც ბავშვი ნახატ სურათსა და მის შესატყვის ნაწერს (სიტყვას) ერთად ეცნობა და იმახსოვრებს, ჯერ საკუთრივ კითხვა არ არის, მაგრამ ის შეიძლება ჩაითვალოს კითხვის სწავლების მოსამზადებელ ეტაპად.
უფრო მეტიც, სიტყვის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება მხოლოდ სიტყვების დამახსოვრებას როდი ნიშნავს. შემოქმედებით მასწავლებელს შეუძლია ამ მეთოდის გამოყენებით უფრო მეტსაც მიაღწიოს, წაახალისოს და გაააქტიუროს ბავშვები, გამოუმუშაოს მათ მსჯელობისა და აზრის გამოთქმის უნარი და თავი საკლასო საზოგადოების სრულუფლებიან წევრად აგრძნობინოს. ამგვად დამოკიდებულებასა და ყურადღებას ნებისმიერი ბავშვი საჭიროებს და მით უფრო, უნარშეზღუდული ბავშვი.
ამ მიზნის განხორციელებაში მასწავლებელს დიდად დაეხმარება უახლესი მეთოდიკები და აქტიური სავარჯიშოები, რომელთა წყალობითაც ნებისმიერმა მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია და საყურადღებო და თუ მოინდომებს, ყველა პრობლემას სხვებზე ნაკლებ როდი დაძლევს.
______________________
* მ. ასლანიშვილი, სადისერტაციო ნაშრომი ,,ადრეული კითხვის მეთოდურ-ფსიქოლოგიური საფუძვლები“.
![]() |
2 ინტერაქტიული მეთოდიკა |
▲back to top |
ვიდრე კითხვის სწავლების მოსამზადებელი ეტაპის დაწვრილებითი განხილვას შევუდგებოდეთ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია თქვენი ყურადღება გავამახვილოთ პედაგოგიური მიდგომისა და სწავლების უახლეს მეთოდიკაზე, რომელიც ინტერაქტიული მეთოდიკის სახელითაა ცნობილი.
სხვაგვარად მას განმავითარებელ, ანუ მოსწავლეზე ორიენტირებულ მეთოდიკასაც უწოდებენ. როგორც სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ინტერაქტიული მეთოდიკით მუშაობისას მთელი აქცენტი მოსწავლესა და მის აქტიურობაზეა გადატანილი, განსხვავებით სწავლების ტრადიციული მეთოდებისა, სადაც მთავარ ფიგურას მასწავლებელი წარმოადგენს. მასწავლებელი სთავაზობდა ბავშვებს თემებს, პრობლემებს, რომელთაც თავადვე ჭრიდა და გამოტანილ დასკვნებსაც მზა სახით აწვდიდა მათ, ხოლო ამ უკანასკნელთ ყოველივეს დასწავლა და გათვალისწინებაღა მოეთხოვებოდათ.
ინტერაქტიული მეთოდიკით მუშაობა მასწავლებლისაგან პროფესიონალოზმის გარდა, შემოქმედებით მიდგომას, მოთმინებასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მასწავლებელი აქ მეგზურის როლს ასრულებს. მან ეფექტური ხერხებითა და აქტიური სავარჯიშოებით იმგვარად უნდა წარმართოს მოსწავლეთა მონდომება და ენერგია, რომ ახალი მასალის ათვისების პროცესი მათთვის სახალისო და საინტერესო საქმედ აქციოს. მათ თავად უნდა დაინახონ და დაიმახსოვრონ, განასხვაონ ან იპოვონ მსგავსება, წამოჭრან პრობლემა და თავად ეძიონ გამოსავალი, დასვან კითხვები და შეეცადონ მათზე პასუხის გაცემას; ერთი სიტყვით, არა მხოლოდ მოისმინონ და დაიმახსოვრონ ახალი მასალა, არამედ საკუთარი აზრიც გამოუმუშავდეთ მის შესახებ.
ინტერაქტიული მეთოდიკით შეიარაღებული პადაგოგი არა მასწავლებელი-ლიდერია, არამედ მასწავლებელი-თანამშრომელი, რომელიც თავისი ცოდნა-გამოცდილებით კი არ თრგუნავს მოსწავლეს, არამედ სტიმულს აძლევს მას იაზროვნოს, იმსჯელოს. მასწავლებელი გულისყურით უსმენს ბავშვის ნააზრევს, რითაც აგრძნობინებს, რომ ყოველივე ეს მისთვის საინტერესო და ანგარიშგასაწევია. ამგვარი ყურადღება და მხარდაჭერა ახალისებს ბავშვს და ეხმარება მას თვითდამკვიდრებაში.
მასწავლებლისთვის ყოველი ბავშვი პიროვნებას უნდა წარმოადგენდეს და მასთან ინდივიდუალურად უნდა მუშაობდეს. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ მასწავლებელი კარგად იცნობდეს ბავშვის ფსიქო-ფიზიკურ შესაძლებლობებს. მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ყველა ბავშვს განვითარების თავისი ტემპი და თავისებურება აქვს და ხელს უწყობდეს მისი ინდივიდუალური ზრდის პროცესს.
ყოველივე ზემოთქმულს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როდესაც საქმე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ეხება. მასწავლებელზე დიდად არის დამოკიდებული, როგორ ჩაერთვება იგი საკლასო ცხოვრებაში. გადაჭარბებული ყურადღება ან მისი ნაკლებობა მხოლოდ ხაზს გაუსვამს მის განსაკუთრებულობას, გაღიზიანებაზე ან გაუცხოებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
![]() |
3 მუშაობა წყვილებსა და ჯგუფებში |
▲back to top |
ინტერაქტიული მეთოდიკა, აქტიური სავარჯიშოები და თამაშები საშუალებას აძლევს მასწავლებელს, რომ კლასში მყოფი ყველა მოსწავლე აქტიურად ჩართოს მუშაობაში, უყურადღებოდ და პასიურად არ დატოვოს არც ერთი ბავშვი, თუნდაც იგი უნარშეზღუდული იყოს. წყვილებში და ჯგუფებში შესრულებული სავარჯიშოები ხელს უწყობს თანამშრომლობის ჩვევის განვითარებას. მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, სხვისი აზრის გაზიარებასა და გათვალისწინებას, კრიტიკულ შეფასებას, კომპრომისს, საკუთარი აზრის გამოთქმას, მის დასაბუთებას და ა.შ. ბავშვები ეჩვევიან ფუნქციების დანაწილებას, დროის რაციონალურ გამოყენებას.
წყვილებში მუშაობისას
1. მასწავლებელი კლასს ყოფს წყვილად
2. კლასს ეძლევა საერთო დავალება
3. მოსწავლეები სამუშაოს ასრულებენ წყვილები
4. სამუშაოს დროს განსაზღვრულია (სამუშაოს სირთულის მიხედვით)
5. მასწავლებელი თვითონ ანაწილებს მოსწავლეთა ფუნქციებს.
წყვილებში მუშაობა ბევრად უფრო სახალისოა და საინტერესოა, ვიდრე ინდივიდუალური სამუშაო, გარდა ამისა, წყვილები ერთად უფრო იოლად და თამამად წყვეტენ დავალებას, ვიდრე ამას ცალ-ცალკე მოიმოქმედებენ.
წყვილებში მუშაობის დროს ბავშვებს სჭირდებათ ყურადღების კონცენტრაცია, რასაც ხელს უწყობს პასუხისმგებლობის გრძნობა თავისი მეწყვილის მიმართ.
წყვილებში გამომუშავებული თანამშრომლობის ჩვევა კიდევ უფრო მტკიცდება ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას.
ჯგუფური მუშაობისას
1. კლასი იყოფა 4-5 კაციან ჯგუფებად
2. კლასს ეძლევა საერთო დავალება
3. დაავალება სრულდება ჯგუფებში
4. ჯგუფი უნდა მუშაობდეს შეთანხმებულად ისე, რომ არ დაითრგუნოს არც ერთი მოსწავლე და არ მოხდეს კონფლიქტი
5. ჯგუფის ყოველი წევრი უნდა ჩაერთოს საქმიანობაში
6. დავალება სრულდება ერთ ფურცელზე
7. სამუშაო სრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროში
8. ჯგუფი მუშაობს ერთი მაგიდის გარშემო
ჯგუფის შერჩევა სხვადასხვაგვარად ხდება: შეიძლება ჯგუფი შეირჩეს ისე, რომ თითოეულ მათგანში თანაბარი შესაძლებლობების ბავშვები გაერთიანდნენ, შეიძლება შედგეს გოგონებისა და ბიჭების გუნდები, შეიძლება გავითვალისწინოთ ბავშვების სურვილები; ზოგჯერ უმჯობესია ჯგუფების შედგენა შემთხვევითობის პრინციპით, რათა ბავშვები მიეჩვივნონ ნებისმიერ პარტნიორთან ურთიერთობას. ჯგუფებში ფუნქციების განაწილება, სასურველია, თვით ბავშვებმა ითავონ, თუმცა შესაძლებელია ამ საქმეში მათ მასწავლებელიც დაეხმაროს. მასწავლებელმა თვალი უნდა ადევნოს, რომ ჯგუფში მოხვედრილი უნარშეზღუდული ბავშვი უფუნქციოდ არ დარჩეს. ნებისმიერი დავალება მას თავს ამ ჯგუფის სრულუფლებიან წევრად აგრძნობინებს.
მასწავლებელი თავს ადევნებს ჯგუფების (ან წყვილების) მუშაობას, მაგრამ აქტიურად არ ერევა მათ საქმიანობაში. იგი, ასე ვთქვათ, გეზის მიმცემია, მეთვალყურის როლს ასრულებს და ბოლომდე ნეიტრალურ წამყვანად რჩება.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ ჯგუფები (ჯგუფის ერთი ან ორი წარმომადგენელი) წარადგენენ საკუთარ ნამუშევარს. მოსწავლეები სიტყვას არ აწყვეტინებენ მომხსენებელს.
ნამუშევარი შეიძლება გამოიკრას კედელზე ან დაფაზე.
სასურველია, რომ მოსწავლეებმა თავად შეაფასონ სხვა ჯგუფის ნამუშევრები:
ყოველი ჯგუფის ნამუშევარი იკვრება დაფაზე და მიეწერება ჯგუფის ნომერი. თითოეული მოსწავლე ასახელებს, მისი აზრით, საუკეთესო ნამუშევარს (გარდა საკუთარი ჯგუფისა) და ასაბუთებს რა კრიტერიუმებით (ჩამოყალიბებული აზრი, მხატვრული გადაწყვეტა, გაფორმება, შთამბეჭდავი პრეზენტაცია და ა.შ.) იხელმძღვანელა შეფასებისას. ყოველი შემფასებლის აზრს მასწავლებელი დაფაზე სათანადო ჯგუფის ნამუშევრის ქვეშ აფიქსირებს (წერს ,,პლუსს“).
ქულების რაოდენობა გამარჯვებულს გამოავლენს.
მასწავლებელმა აუცილებლად უნდა შეაქოს ყველა ჯგუფი. შეიძლება შეფასების წინ გამართოს მცირე დისკუსიაც, რომლის დროსაც მასწავლებლები და ბავშვები კითხვებს დაუსვამენ თითოეული ჯგუფის წევრებს.
მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, რა დრო უნდა დაეთმოს დავალების შესრულებას, მის პრეზენტაციასა და შეფასებას.
![]() |
4 მომზადება კითხვისათვის |
▲back to top |
მეცადინოებები, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვების მომზადებას კითხვისათვის, სასურველია, ჩატარდეს ყოველ დღე.
მასწავლებელმა თავად უნდა განსაზღვროს მათი ხანგრძლივობა - ისე, რომ ეს პროცესი ბავშვებისათვის გადამღლელი და მომაბეზრებელი კი არ იყოს, არამედ საინტერესო და სახალისო გასართობად იქცეს.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამგვარმა მეცადინეობებმა გაკვეთილის 10-15 წთ. დაიკავოს.
მეცადინეობის პირველ ეტაპზე ხდება ნაწერისა და ნახატის ერთმანეთისაგან გარჩევა, მოგვიანებით კი - მისი დამახსოვრება.
ქვემოთ გთავაზობთ სავარჯიშოებს, რომლების დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში.
I მეცადინეობა
მასწავლებელი აჩვენებს სურათს, რომელზეც გამოსახულია ხე.
მასწავლებელი: - რა არის ამ სურათზე დახატული?
- აქ ხატია ხე.
ბავშვები იმეორებენ, თუ რა ხატია სურათზე.
შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს ბავშვებს ფირფიტას, რომელზედაც წერია სიტყვა ,,ხე“.
მასწავლებელი: - აქ წერია სიტყვა ,,ხე“, აქ კი ხატია ხე.
- რა წერია ამ ფირფიტაზე?
- აქ წერია ,,ხე“.
- რა ხატია ამ სურათზე?
- სურათზე ხატია ხე.
მასწავლებელი ამეორებინებს რამდენიმე ბავშვს, სად წერია ,,ხე“ და სად ხატია ხე - გამოჰყავს ისინი სათითაოდ დაფასთან და სთხოვს ხელი დაადონ, სად ხატია ხე და სად წერია ,,ხე“.
სამუშაო სრულდება წყვილებში. დაფასთან გამოდის ორი ბავშვი (წყვილი)
მასწავლებელი: თქვენს წინაშე მაგიდაზე დევს ორი ფირფიტა: ერთმა თქვენგანმა (მიუთითებს, რომელმა), ჩემგან მარჯვნივ მდგარმა, უნდა აიღოს ფირფიტა, რომელზედაც ხატია ხე. მეორემ, ჩემგან მარცხნივ მდგარმა - ფირფიტა ნაწერი ,,ხით“. მოათავსეთ ფირფიტები ისე, რომ ნახატი ხის ქვეშ აღმოჩნდეს ნაწერი ,,ხე“.
- ბავშვებო, სწორად შეასრულა წყვილმა სამუშაო? თუ არა, ვინ შეასწორებს? (გამოდის ახალი წყვილი).
ამის შემდეგ მასწავლებელს გამოჰყავს შემდეგი წყვილი და სთხოვს ახლა ზემოთ მოათავსონ ფირფიტა, რომელზედაც წერია ,,ხე“, მის ქვემოთ კი - ფირფიტა ნახატი ხით.
სამუშაო შეიძლება გავაგრძელოთ (რომ მთელმა კლასმა მიიღოს მონაწილეობა) მცირეოდენი ცვლილებებით - მომდევნო წყვილმა ნახატი ხე მარცხნივ უნდა დაამაგროს, მის გვერდით, მარჯვნივ კი - ნაწერი ,,ხე“. დანარჩენმა წყვილებმა, პირიქით, ფირფიტები ისე უნდა განათავსონ, რომ დაფაზე, მარცხენა კუთხეში აღმოჩნდეს ნაწერი ,,ხე“, მის გასწვრივ კი - ფორფიტა ნახატი ხით.
მასწავლებელი ნახატი ხის ქვეშ ათავსებს სიტყვა ,,ხე“?
- რა ხატია აქ?
- აქ ხატია ხე.
- რა წერია აქ?
- აქ წერია ხე.
მასწავლებელი დაფაზე ათავსებს სამ ნახატს, რომელზედაც ხატია: ხე, მზე, კუ.
მასწავლებელი დაფასთან გამოსულ ბავშვებს აძლევს ბარათს, რომელზედაც წერია სიტყვა ,,ხე“ და სთხოვს დააკვირდეს ნახატებს და შესაბამისი სურათის ქვეშ მოათავსოს სიტყვა ,,ხე“ (შესაძლებელია სამუშაო შეასრულოს წყვილმა).
ახლა მასწავლებელი დაფაზე ატავსებს სამ ბარათს სიტყვებით ,,ხე“, ,,მზე“, ,,კუ“.
მასწავლებელი: - ვინ მეტყვის, ამ ნაწერებიდან რომელია ,,ხე“?
დაფასთან გამოსული ბავშვი თითს ადებს სიტყვას ,,ხე“.
მასწავლებელი: - აბა, აბა წაიკითხე, რა წერია აქ?
- აქ წერია ,,ხე“.
მთელი კლასი იმეორებს სიტყვას ,,ხე“.
,,ჯადოსნური ყუთი“.
მუშაობა სრულდება ჯგუფებში. კლასი იყოფა 4-კაციან ჯგუფებად (წინა მერხზე მჯდარი ორი ბავშვი ბრუნდება უკანა მერხისაკენ. ამ მაგიდის გარშემო აღმონდება 4 ბავშვი, რომლებმაც ერთად უნდა შეასრულონ დავალება).
დაფაზე წერია სიტყვა ,,ხე“.
მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს თითო ყუთს (ან ერთ ყუთს ჩამოატარებს), რომელშიც ყრია რამდენიმე (3 ან 5) სურათი. ბავშვები სათითაოდ იღებენ ყუთიდან ბარათებს, ყურადღებით ათვალიერებენ და არჩევენ რომელი ნახატი მიამაგრონ სიტყვის ,,ხე“ ქვეშ.
შემდეგ თითოეული ჯგუფი ირჩევს ბავშვს - პრეზენტატორს, რომელმაც ჯგუფის მიერ არჩეული ნახატი უნდა მიამაგროს დაფაზე. ჯგუფების წარმომადგენლები გადიან დაფასთან და თავის ვარიანტს წარმოადგენენ.
ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მათ, ჩამოხსნან ხის გარდა ყველა ნახატი.
დაფაზე რჩება ორი ფირფიტა, რომლებიც მასწავლებელს გადააქვს კედელზე, გამოსაჩენ ადგილას. სასურველია, თუ პედაგოგი ამ ნახატს შესაბამისი წარწერით მთელი წინასაანბანო პერიოდის განმავლობაში არ ჩამოხსნის და პირველი გაკვეთილის შემდეგ მათ ახალ სიტყვა - ნახატებს მიუმატებს. ამგვარი თვალსაჩინოება ცოდნის განმტკიცებასა და განმეორებას ემსახურება.
მასწავლებელს შეუძლია ყოველი გაკვეთილი კედელზე გაკრული ნასწავლი სიტყვების ამოკითხვით დაასრულოს და დაიწყოს ახალი.
ეს სავარჯიშოები მასწავლებელმა, თავისი შეხედულებისამებრ, შეუძლია ჩაატაროს ერთ ან ორ გაკვეთილზე, ისე, რომ მეცადინეობას 10-15 წუთი დაუთმო.
II მეცადინეობა
შემდეგ გაკვეთილზე მასწავლებელს შემოაქვს სიტყვა ,,მზე“.
მასწავლებელი დაფაზე ათავსებს სურათს ნახატი მზით.
- რა ხატია ამ სურათზე?
- მზე.
- აქ კი წერია ,,მზე“.
ნახატი და ნაწერი მზის გასარჩევად და დასამახსოვრებლად ვატარებთ ყველა იმ პროცედურას, რაც სიტყვა ,,ხესთან“ დაკავშირებით გვქონდა. ბუნებრივია, სიტყვა ,,მზესთან“ ერთად ,,ხეც“ ფიგურირებს.
დაფაზე ერთმანეთის ქვეს მოთავსებულია 3 ფირფიტა, რომელზედაც ხატია: მზე, ხე, კუ, მათ გასწვრივ ერთმანეთის ქვეშ წერია სიტყვები: ,,ხე“, ,,კუ“, ,,მზე“.
მასწავლებელი სთავაზობს წყვილებს მოიფიქრონ სად ხატია ხე და სად წერია ,,ხე“, სად ხატია მზე და სად წერია ,,მზე“. ის წყვილი, რომელიც პირველი გადაწყვეტს ამ ამოცანას, გამოდის დაფასთან ნახატ ხეს და მზეს შესაბამის სიტყვებთან აკავშირებს.
სწორი პასუხის შემთხვევაში მასწავლებელი ურევს ნახატებს (ან სიტყვებს) და ახლა სხვა წყვილი გამოჰყავს და ასე მანამ, ვიდრე სამუშაოში ყველა მოსწავლე არ მიიღებს მონაწილეობას.
სავარჯიშო სრულდება წყვილებში.
მასწავლებელი თითო მერხზე აწყობს 2 ფურცელს. ერთზე ხატია სხვადასხვა საგნები (მათ შორის ხე და მზე), მეორეზე წერია 4 სიტყვა: ,,ხე“, ,,მზე“, ,,კუ“, ,,ბუ“. წყვილებმა უნდა ამოარჩიონ ამ სიტყვებიდან ,,ხე“ და ,,მზე“ (შეიძლება წყვილმა ერთად ამოარჩიოს ან ერთმა - ერთი სიტყვა, მეორემ - მეორე), ამოჭრან და მიაწებონ შესაბამისი ნახატი ხის და მზის ქვეშ.
შეიძლება პირიქითაც: ამოჭრან ხე და მზე და მიაწერონ შესაბამისი სიტყვის ქვეშ.
III მეცადინეობა
გაკვეთილი იწყება ნასწავლი სიტყვების განმეორებით.
მასწავლებელი დაფაზე აწყობს ფირფიტებს სიტყვებით ,,ხე“ და ,,მზე“ და სთხოვს ბავშვებს ხმამაღლა წაიკითხონ ეს სიტყვები.
მასწავლებელი“ - თქვენ უკვე ისწავლეთ ორი სიტყვა - თითს ადებს დაფას:
- აი, ხე
- აი, მზე
- აბა ერთად ვთქვათ: აი, ხე, აი, მზე.
ახლა თქვენ დაადეთ თითი და მითხარით, რომელია ხე (აი, ხე) და რომელია მზე (აი, მზე).
მასწავლებელი არჩევს ერთ ილუსტრაციას ,,დედაენიდან“, აჩვენებს ბავშვებს და ამბობს:
- მოდით, ერთად ვიპოვოთ ამ სურათზე ხე და მზე.
დაადეთ ხელი:
- აი, ხე
- აი, მზე
მასწავლებელი:
- ხომ ვერ მეტყვით, რა ჰქვია იმ ყვავილს, რომელიც ხის ქვეშ ამოსულა?
- ია
მასწავლებელი ბავშვებს ურიგებს ფურცლებს, რომელზედაც ასახულია სქემა. სამუშაო შეიძლება შესრულდეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში ან ჯგუფებში.
დავალება: ბავშვებმა ამოჭრილი ნახატებიდან უნდა შეავსონ ცარიელი უჯრები.
მასწავლებელი: ყურადღება მიაქციეთ უჯრებისა და ნახატების ფერებს:
ერთი უჯრა მწვანეა, მეორე - ყვითელი, მესამე იისფერი.
- რა ფერის უჯრაში ჩასვამთ მზეს? ხეს? იას?
სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი ბავშვების კარნახით ავსებს ანალოგიურ სქემას დაფაზე და კითხულობს:
IV მეცადინეობა
ნასწავლი სიტყვების განმეორება
მასწავლებელი აჩვენებს ილუსტრაციას ,,დედაენიდან“.
მასწავლებელი: - ამ გოგონას ჰქვია ლია
- რას აკეთებს ლია?
- ლია სვამს ჩაის. მას უყვარს ჩაი და რძე.
ტარდება ყველა სავარჯიშო სიტყვების ,,ლია“, ,,ჩაი“, ,,რძე“ დასამახსოვრებლად.
მასწავლებელი არიგებს ფურცლებს, რომელზედაც ხატია სასმელები: ,,ცივი ჩაი“, ,,კოკა-კოლა“, ,,ფანტა“, რძე და ჩაი, ქვემოთ მიწერილი შესაბამისი სახელწოდებებით.
მასწავლებელი: - ამოარჩიეთ რომელი სასმელები უყვარს ლიას? ხაზი გაუსვით სახელწოდებებს (ცაი და რძე).
V მეცადინეობა
ნასწავლი სიტყვების განმეორება.
მასწავლებელი ურიგებს წყვილებს ფირფიტებს და აძლევს დავალებას: - იპოვეთ, რომელია ლია მის მეგობრებს შორის? ამაში დაგეხმარებათ მათი სახელები, რადგან ბავშვები ზურგით დგანან.
- აბა, დაუფიქრდით და მაჩვენეთ, რომელია ლია?
- აი, ლია.
შემოხაზეთ ლიას სახელი.
მასწავლებელი: - მოდით გავიცნოთ ლიას მეგობრები:
- ამ ბიჭს ჰქვია გია.
- აბა, დაადეთ ხელი, რომელია გია?
- ია, გია.
- ამ გოგონას კი ჰქვია ნია.
- აბა, რომელია ნია?
- აი, ნია.
ტარდება ყველა სავარჯიშო სიტყვების ,,ნია“ და ,,გია“ დასამახსოვრებლად
- ამ სამი ბავშვიდან რომელია ლიას მეგობარი გოგონა ნია?
- აი, ნია.
მასწავლებელი დაფაზე წერს:
- აი, ნია.
ყველა ერთად: - აი, ნია.
- რომელია ლიას მეგობარი ბიჭი გია?
- აი გია.
ყველა ერთად: - აი გია.
მასწავლებელი ლიას და გიას უცვლის ადგილებს და სთხოვს გაიმეორონ ვინ ვინ არის.
შემდეგ დაფიდან იღებს ერთ სიტყვას და სურათს, ვთქვათ, გიას
- ვინ არიან ს გოგონები?
- ნია და ლია.
- რომელია ნია? (ხელი დაადეთ).
- რომელია ლია?
მასწავლებელი ახლა დაფიდან ხსნის ფირფიტას ნიას ნახატით და შესაბამისი წარწერით.
- ვინ არის ეს გოგონა?
- ლია.
მასწავლებელი იძახებს წყვილს დაფასთან. ერთ მათგანს აძლევს ფირფიტებს, რომელზედაც ხატია ნია და გია. ერთმა ბავშვმა უნდა აირჩიოს, რომელია ნია და ფირფიტა დაკიდოს დაფაზე, მისმა მეწყვილემ კი უნდა სახელი ნია ამოარჩიოს მაგიდაზე დადებული ორი ფირფიტიდან (ერთზე წერია ,,ნია“, მეორეზე - ,,გია“) და მოათავსოს იგი დაფაზე ნიას ნახატის ქვეშ.
მასწავლებელი მაგიდაზე აწყობს ოთხივე ფირფიტას და დაფაზე იძახებს ახალ წყვილს, რომელმაც ახლა გიას სახელი და ნახატი უნდა მოათავსოს დაფაზე, შემდეგმა წყვილმა - ლიას სახელი და ნახატი და ასე რამდენჯერმე.
მასწავლებელი ართულებს სავარჯიშოს და ნიას და გიას ნახატებს უმატებს ფირფიტებს ლიას ნახატითა და შესაბამისი წარწერით.
მასწავლებელი დაფასთან გამოყენებული სურათების კონტურებს ქვეშ გაკეთებული წარწერებითურთ ურიგებს ბავშვებს. მათ ყვითელი ფერის ფლომასტერით (ფანქრით) უნდა შემოხაზონ ნიას კონტური და სახელი, წიტელი ფლომასტერით - ლიას კონტური და მისი სახელი, ლურჯით - გიას კონტური თავისი წარწერითურთ.
მასწავლებელი ამ სავარჯიშოს შესასრულებლად იყენებს იგივე ფირფიტებს ბავშვების ნახატებითა და მათი სახელებით. მასწავლებელი დაფაზე ხატავს სამ ცარიელ უჯრას.
მასწავლებელი: - ამ სავარჯიშოს ჰქვია ,,შეავსე უჯრები ამბებით“.
მოდით ერთად მოვიგონოთ ამბავი, რომლის გმირები არიან: ნია, ლია, და გია.
მასწავლებელი იღებს ბავშვების სურათებს და ათავსებს უჯრების ზემოთ.
- რა ჩავწეროთ ამ უჯრებში?
- ლიას მეგობარ ბიჭუნას ჰქვია...
- გია.
- ლიას მეგობარ გოგონას ჰქვია...
- ნია.
მასწავლებელმა დაახლოებით ამგვარად უნდა ცვალოს სიტუაციები, რომ ბავშვებმა მორიგეობით შეავსონ უჯრები.
მასწავლებელი შეუძლია მსგავსი სამუშაო შეასრულებინოს ბავშვებს ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფებში. ამისათვის ურიგებს მათ ფურცლებს ნახატებით, ცარიელი უჯრებითა და სიტყვებით. ბავშვებმა უნდა ამოჭრან სიტყვები ნია, ლია და გია და ჩააწებონ ცარიელ უჯრებში ნახატების მიხედვით.
VI მეცადინეობა
გაკვეთილი იწყება ნასწავლი სიტყვების ამოკითხვა-განმეორებით.
შემოდის ახალი სიტყვები ,,და“ და ,,ძმა“.
მასწავლებელი კვლავ კიდებს ლიას, ნიას და გიას სურათების შესაბამისი წარწერებითურთ.
მასწავლებელი: - ვინ არის ეს გოგონა?
- ნია.
- ვინ არის ეს ბიჭი?
- გია.
- ვინ ხატია მათ შორის? - ლია
და ა.შ.
მასწავლებელი რომელიმე ბავშვს სთხოვს ჩამოხსნას ლიას სურათი წარწერითურთ.
დაფაზე რჩება
მასწავლებელი ხატავს ცარიელ უჯრას მათ გვერდით.
მასწავლებელი: - როგორ გგონიათ ვინ არის ნია გიასთვის?
- ნია არის გიას და.
მასწავლებელი ადგილს უცვლის გიას და ნიას ნახატებს (წარწერითურთ).
მასწავლებელი: - ვინ არის გია ნიასთვის?
- გია არის ნიას ძმა.
მასწავლებელს გამოჰყავს ორი ბავშვი (წყვილი) და აძლევს მათ ფირფიტებს (ერთს - სიტყვით ,,ძმა“, მეორეს - სიტყვით ,,და“.
ბავშვები უნდა დააკვირდნენ წარწერებს და ისინი შეცვალონ სიტყვებით ,,ძმა“ და ,,და“.
და პირიქით დაფაზე მოთავსებულ ფირფიტებს, რომლებზედაც წერია ,,და“ და ,,ძმა“, ქვეშ მიუმაგრონ შესაბამისი ნახატები, შემდეგ.
VII მეცადინეობა
შემოდის ახალი სიტყვები: ,,ბუ“, ,,კუ“.
მასწავლებელი, თავისი შეხედულებისამებრ, ირჩევს სავარჯიშოებს ზემოთ დასახელებული სავარჯიშოებიდან.
VIII მეცადინეობა
ახალი სიტყვები: ,,მთა“, ,,თხა“.
სავარჯიშოების ჩასატარებლად ვიყენებთ ნასწავლ ორ სიტყვას. მაგ.: ,,ხე“, ,,მზე“.
IX მეცადინეობა
შემოდის ახალი სიტყვები: ,,სკა“, ,,ქვა“, ვიყენებთ განვლილ სიტყვებს ,,ბუ“ და ,,კუ“.
X მეცადინეობა
ვიმეორებთ სიტყვებს: ,,ბუ“, ,,კუ“, ,,თხა“ და ვამატებთ ახალ სიტყვებს: ,,უთო“, ,,ჭა“, ,,რკო“.
XI მეცადინეობა
განვლილი სიტყვების განმეორება. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია არა ერთი, არამედ რამდენიმე მეცადინეობა დაუთმოს განმეორებას.
XII მეცადინეობა
მეცადინეობის მეორე ეტაპზე ვასწავლით ისეთი ორმარცვლიანი სიტყვების წაკითხვას, რომლის პირველი მარცვალი ბავშვებისათვის ნაცნობია.
მაგალითად, ვიმეორებთ სიტყვას ,,ხე“ და შემოგვაქვს ორი ახალი სიტყვა: ,,ხელი“ და ,,ხერხი“.
XIII მეცადინეობა
ვიმეორებთ სიტყვას ,,ბუ“ და შემოგვაქვს სამი ახალი სიტყვა: ,,ბუზი“, ,,ბურთი“, ,,ბუდე“.
XIV მეცადინეობა
ვიმეორებთ სიტყვებს: ,,სკა“ და ,,ქვა“ და შემოგვაქვს სიტყვები: ,,სკამი“ და ,,ქვაბი“.
XV მეცადინეობა
ვიმეორებთ სიტყვებს: ,,ძმა“ და ,,ჭა“ და შემოგვაქვს ახალი სიტყვები: ,,ძმარი“, ,,ჭაღი“, ,,ჭადი“.
XVI მეცადინეობა
ვიმეორებთ ნასწავლ სიტყვებს.
XVII მეცადინეობა
მეცადინეობის მომდევნო ეტაპზე ვასწავლით ორმარცვლიან სიტყვებს, რომლებიც ბავშვებისთვის ნაცნობი გარემოდან არის აღებული და ახლობელია.
სავარჯიშოს ჰქვია ,,მე მაქვს“.
მასწავლებელი დაფაძე ხატავს ბავშვს და მის ირგვლივ ცარიელ უჯრებს.
მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს დაეხმარონ ცარიელი უჯრების შესაბამისი წარწერებით შევსებაში.
მასწავლებელი ურიგებს ჯგუფებს ფურცლებს, რომელზედაც ხატია ანალოგიური ნახატი - ბავშვი და ირგვლივ ცარიელი უჯრები, ქვემოთ კი წერია სიტყვები: ,,თავი“, ,,პირი“, ,,თითი“, ,,მუხლი“, ,,თმა“, ,,თვალი“, ,,ყური“, ,,ენა“, ,,ხელი“, ,,ფეხი“, ,,ყელი“, ,,ცხვირი“.
მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს დავალებას: სიტყვებიდან ამოარჩიონ: ,,თმა“, ,,თავი“, ,,თითი“, ,,თვალი“, ამოჭრან და ჩააწებონ სათანადო უჯრებში.
შემდეგ ამოჭრან და ჩააწებონ სიტყვები: ,,ხელი“, ფეხი“, ,,ყელი“, ,,ყური“.
შემდეგ - სიტყვები: ,,ენა“, ,,პირი“, ,,ცხვირი“.
მასწავლებელმა შეიძლება ეს სამი დავალება სამ სხვადასხვა ჯგუფს მისცეს.
XVIII მეცადინეობა
მეცადინეობის თემაა ,,ჩემი ოჯახი“. მასწავლებელი იყენებს ილუსტრაციას. კლასს ახსენებს სიტყვებს ,,და“ და ,,ძმა“ და უმატებს ახალ სიტყვებს: ,,დედა“, ,,მამა“, ,,ბებო“, ,,პაპა“.
XIX მეცადინეობა
მეცადინეობის თემაა: ,,ჩემი საკვები“.
ვიხსენებთ სიტყვებს: ,,რძე“ და ,,ჩაი“ და ვამატებთ ახალ სიტყვებს: ,,პური“, ,,შოთი“, ,,ფაფა“, ,,ვაშლი“, ,,ყველი“, ,,წყალი“.
XX მეცადინეობა
მასწავლებელი ამეორებინებს ბავშვებს სიტყვებს, რომლებიც მათ ისწავლეს თემებთან ,,მე მაქვს“, ,,ჩემი ოჯახი“, ,,ჩემი საკვები“ დაკავშირებით.
XXI მეცადინეობა
მეცადინეობის თემაა ,,ჩემი საკლასო ოთახი“.
შემოდის სიტყვები: ,,სკამი“, ,,დაფა“, ,,მერხი“, ,,ჭერი“, ,,კარი“, ,,ცარცი“.
შემდეგ მეცადინეობებზე შესაძლებელია (მასწავლებლის შეხედულებისამებრ) ბავშვებს მიეწოდოთ სამმარცვლიანი სიტყვებიც, რომლებშიც მარცვლები მეორდება, მაგალითად: მამალი, წიწილა, ჩოჩორი, ჯეჯილი, ყაყაჩო, კოკორი, პეპელა, თავთავი, დიდედა.
რამდენიმე მეცადინეობა შეიძლება დაეთმოს ნასწავლი სიტყვების განმეორებას.
წინასწარი პერიოდის დასრულების შემდეგ ბავშვები ცნობენ იმ სიტყვებს, რომლებიც ზემოთ ხსენებული მეცადინეობების ჩატარების შემდეგ დაიმახსოვრეს - შეუძლიათ მათი ამოკითხვა და ერთმანეთისგან გარჩევა.
მასწავლწებელს უნდა ახსოვდეს, რომ ამ მეცადინეობების მიზანი არ არის კითხვის სწავლა, არამედ ბავშვების მომზადები კითხვისათვის, ამიტომ მათ შეიძლება შეცდომები დაუშვან, ერთმანეთში აურიონ ან ვერ ამოიკითხონ ცალკეული სიტყვები. სამაგიეროთ, როდესაც ბავშვები საანბანო პერიოდში ასოების შესწავლას შეუდგებიან, მათ უკვე აღარ გაუჭირდებათ ამ ასოების სიტყვების შედგენა და ამოკითხვა, რადგან ეს სიტყვები მათთვის უცნობი და შინაარსისაგან დაცლილი აღარ იქნება.
შენიშვნა: მასწავლებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითოს ასოებზე, არ შეეცადოს მათ გამოყოფას, არ მოსთხოვოს ბავშვებს მათი დამახსოვრება. ეს გამოიწვევს მთლიანი სიტყვების დაშლას ნაწილებად, მათ დანაწევრებას და ბავშვი დადგება ასოების შეერთების, მათი სინთეზის წინაშე, რაც ამ ასაკის ბავშვისთვის სირთულეს წარმოადგენს. კითხვისათვის მოსამზადებელ პერიოდში ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ კითხვა - ეს აზრის ამოკითხვაა, რაც სიტყვის მთლიანად, აღქმის ერთ აქტში წვდომით ხორციელდება. არც სიტყვების დაფაზე დაწერაა სასურველი. ამ დროსაც ხდება სიტყვის დაშლა. ერთიანი ფირფიტა, რომელზედაც სიტყვა წერია, მისი მთლიანობის საფუძველია. კლასში მასწავლებელი ამაგრებს (მაგნიტურ) დაფაზე ამ სიტყვებს და მათ ბავშვები როგორც ერთ მთლიანს, ისე ეპყრობიან. მარცვლების და ასოების აქცენტირება მხოლოდ საანბანო პერიოდში ხდება.
![]() |
5 მომზადება წერისათვის |
▲back to top |
წერისათვის მომზადება იმ უნარებისა და ჩვევების დაუფლებას გულისხმობს, რომლებიც აუცილებელია წერითი მოქმედების განსახორციელებლად. აქედან ძირითადია გრაფიკულ სივრცეში (ქაღალდზე) ორიენტაცია, დასაწერი (ან დასახატი) სიმბოლოს გარკვეულ ადგილას მოთავსება, ინტერვალების დაცვა სიმბოლოებს შორის და სხვა. თავდაპირველად ბავშვისთვის ცარიელი ქაღალდის ფურცელი (უჯრებიანიც კი) ამორფული მთლიანია, რომელიც მან თავდაპირველად უნდა დაანაწევროს, დაეუფლოს, გამოიმუშავოს სამოქმედო ორიენტირები.
სასურველია, რომ რვეულში ჩასაწერი (ან ჩასახატი) სიმბოლოები არ იყოს ასოებთან მიმსგავსებული: ასეთებია მაგალითად წრეები, ოთკუთხედები, ჯვრები, ნახევარრკალები და სხვა. წერაში ვარჯიში სასურველია ყოველდრე ხდებოდეს 10-15 წუთის განმავლობაში. აქ ბავშვს კარგ სამსახურს გაუწევს ,,ქართული წერის დედანი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). იქ თითოეული გვერდი შუაზეა გაყოფილი და ორ მეცადინეობაზეა გათვალისწინებული. რაც უფრო დავაშორებთ ასოების წერასა და კითხვას ერთმანეთს - მით უფრო შევუწყობთ ხელს ორივე ქმედების სრულყოფილად დაუფლებას.
![]() |
6 საანბანო პერიოდი |
▲back to top |
სამუშაო სრულდება წყვილებში.
დაფაზე კიდია 5 სურათი შესაბამისი წარწერით: თითი, თუთა, თავი, კაბა, დაფა.
ყოველ წყვილს ურიგდება 10 ფირფიტა მარცვლებით. მათ ფერების მიხედვით უნდა შეაერთონ ფირფიტები, წაიკითხონ მიღებული სიტყვები და დაკიდონ შესაბამისი ნახატის ქვეშ.
სამუშაო სრულდება ჯგუფებში
თითოეულ ჯგუფს ურიგდება თითო სიტყვა. თითოეულმა ჯგუფმა სიტყვის ქვემოთ მიწერი ასოებიდან უნდა ამოირჩიოს (ამოჭრას) საჭირო ასო და შეავსოს საჭირო უჯრა ისე, რომ მიიღოს სიტყვა.
- მეორე სიტყვასაც ხომ ვერ შეადგენთ?
თითოეული ჯგუფიდან ერთ ან ორი წარმომადგენელი გადის დაფასთან და კითხულობს თავის ვარიანტს.
ბავშვებს ურიგდებათ ფირფიტები, სადაც მხოლოდ პირველი მარცვალი წერია.
ამოარჩიეთ მარცვლებიდან ერთ-ერთ და შეავსეთ ცარიელი უჯრა ისე, რომ მიიღოთ სიტყვა.
სხვა სიტყვას ხომ ვერ შეადგენდით?
სამუშაო სრულდება წყვილებში.
წყვილებს ურიგდებათ ფირფიტები, რომელზედაც წერია სიტყვა, რომელსაც პირველი მარცვალი აკლია. ქვემით ჩამოწერილი მარცვლები წყვილმა სათითაოდ უნდა ჩასვას ცარიელ უჯრაში და წაიკითხოს მიღებული სიტყვა. რამდენი სიტყვა მიიღეთ?
სამუშაოს დასრულების შემდეგ თითოეული წყვილი გამოდის დაფასთან და კითხულობს თითო სიტყვას.
მასწავლებელი ბავშვების დახმარებით ავსებს სქემას, რომელიც დაფაზე ხატია.
რა ასო უნდა დავამატოთ, რომ მივიღოთ იმ ნივთების სახელები, რომლებიც შენს საკლასო ოთახში დგას?
რა ასოთი იწყება ხილის სახელები?
სურათზე ხატია ბოსტნეულით სავსე კალათი.
დაუკვირდით რა აკლია კალათში?
დააკვირდით სურათს, რომელზედაც ერთი ოჯახია ასახული, (დედა, მამა, და, ძმა, ბებო, პაპა). მოდით ერთად გავარკვიოთ, ვინ ვი არის, რაშიც დაგეხმარებათ ფირფიტები, რომლებიც უნდა შეავსოთ.
,,ეს მე ვარ“.
სამუშაო სრულდება ჯგუფებში (წყვილებში), რომელთაც ურიგდებათ ფურცლების სქემით და უჯრებით. ზემოთ წერია ,,მე მაქვს“.
ბავშვებმა ცარიელი უჯრები უნდა შეავსონ და მიიღონ სხეულის რომელიმე ნაწილის აღმნიშვნელი სიტყვა.
მე მაქვს
თუ ბავშვებს გაუჭირდათ, შეიძლება მივაწოდოთ მზა მარცვლები. სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი ანალოგიურ სქემას ავსებინებს ბავშვებს, რომლებიც თავისი ჯგუფის სახელით გამოდიან დაფასთან.
![]() |
7 ფერები |
▲back to top |
ბავშვები ცნობისმოყვარენი არიან. ისინი აკვირდებიან გარემოს, ათვალიერებენ და ცდილობენ შეეხონ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებათ. ამის თაობაზე მათ საკუთარი აზრი უყალიბდებათ, მაგრამ უჭირთ თავისი გრძნობების გადმოცემა-ფორმულირება.
ეს განსაკუთრებით საგრძნობია უნარშეზღუდულ ბავშვთან ურთიერთობისას. ის შეიძლება ამჩნევდეს განსხვავებას ორ საგანს, ორ მოვლენას შორის ან მათ მსგავსებას, მაგრამ ვერ გვითხრან რით ჰგავს ან განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან.
სხვათა შორის, ფერების გარჩევა პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ უნარშეზღუდული ბავშვებისათვის. 6 წლის ბავშვმა შეიძლება იცოდეს რამდენიმე ძირითადი ფერი, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდეს ისეთ ფერებზე, როგორიცაა: რუხი, ნარინჯისფერი, სალათისფერი, აგურისფერი, შინდისფერი, იისფერი ...
შეიძლება ბავშვებს ყურადღება მივაქცევინოთ ამ ფერების აღმნიშვნელ სიტყვებზე:
ია იისფერია, აგური - აგურისფერი, შიდი - შინდიფერი, ნარინჯი - ნარინჯისფერი, სალათი - სალათისფერი.
მაგრამ უმჯობესია პრაქტიკულად ვაჩვენოთ ეს ფერები და ამ ფერის საგნები.
ბავშვებმა უნდა გადაშალონ ,,დედაენა“ ან მათემატიკის სახელმძღვანელო და იპოვონ წიტელი ფერის შესრულებული ნახატი ან წარწერა.
მასწავლებელმა კითხვებით უნდა შეიტყოს, რა წარმოდგენა აქვთ ბავშვებს ფერებზე, რამდენად არჩევენ მათ ერთმანეთისაგან (კიდევ რა ფერებია ნახატზე? რა ფერის წარწერებია? რა ფერია კურდღელი? მელია? ან ხის ფოთლები?
მასწავლებელი ბავშვებს აჩვენებს ცისარტყველას სურათზე (შესაძლებელია ის ფერადი ცარცებით დახატოს დაფაზე).
მასწავლებელი: - ვის უნახავს ცისარტყელა?
- როდის გამოჩნდება ხოლმე ცაზე ცისარტყელა?
- წვიმის შემდეგ.
- რამდენი ფერისაგან შედგება ცისარტყელა?
- 7 ფერისაგან.
მასწავლებელს ბავშვები გამოჰყავს კლასის შუაგულში (მერხები წინასწარ გაწეული კედლებისაკენ) ან დერეფანში (თუ შესვენების დროა) და ყოფს მათ 7-კაციან ჯგუფებად. შემდეგ ჯგუფის თოთოეულ წევრს ხელის გულზე ფლომასტერით ახატავს წრეს: ერთს - წითელს, მეორეს - ნარინჯისფერს, მესამეს - ყვითელს, მეოთხეს - მწვანეს, მეხუთეს - ლურჯს, მეექვსე - ცისფერს, მეშვიდეს - იისფერს.
ბავშვები ირევიან ერთმანეთში და დადიან ოთახში, ვიდრე მასწავლებელი არ ამბობს: სდექ!
მასწავლებელი: - ბავშვებო, მონახეთ თქვენი ფერი! იპოვეთ, ვის აქვს ხელის გულზე ამ ფერის რგოლი და გვერდით ამოუდექით მას.
სავარჯიშო სრულდება ხმის ამოუღებლად.
ბავშვები ახალ ჯგუფს ქმნიან. თოთოეულმა ჯგუფმა უნდა დაასახელოს თავისი ფერი და ჩამოთვალოს ამ ფერის საგნები, ცხოველები, ხილი, ბოსტნეული და ა.შ.
მაგიდასთან დაბრუნებული ბავშვები ხატავენ ცისარტყელად და აფერადებენ მას.
![]() |
8 შეადარეთ ერთმანეთს |
▲back to top |
ყურადღების გამახვილებასა და დაკონკრეტებას მოითხოვს ისეთი მცნებები, როგორიცაა: დიდი და პატარა, მაღალი და დაბალი, გრძელი და მოკლე, გამხდარი და მსუქანი, სქელი და თხელი, ვიწრო და ფართე, ზემოთ-ქვემოთ, მარჯვნივ-მარცხნივ, წინ-უკან.
სავარჯიშო სრულდება წყვილებში
მასწავლებელი სთავაზობს წყვილებს, კარგად დააკვირდნენ თავის მეწყვილეს და აღწერონ როგორია იგი: მასზე დაბალი თუ მაღალი, გამხდარი თუ მსუქანი, მის წინ დგას თუ უკან. მარჯვნივ თუ მარცხნივ, როგორი კაბა (შარვალი) აცვია, მოკლე თუ გრძელი, ვიწრო თუ ფართე, თმა მასზე მოკლე აქვს თუ გრძელი და ა.შ.
ბავშვებმა შეიძლება შეადარონ თავისი სასკოლო ნივთები, წიგნები, ფანქრები, სახაზავები, ჩანთები და ა.შ.
რომელია ზედმეტი და რატომ?
ბავშვებს ძალიან უყვართ ეს თამაში.
დედამ შვილებს სუფრის გაწყობა სთხოვა. ბავშვებმა მაგიდაზე დააწყეს: ფინჯანი, ჩანგალი, მაკრატელი, დანა, ჭიქა, თეფში, კოვზი.
- რომელი საგანია ზედმეტი?
- მაკრატელი.
- რა ჰქვია დანარჩენ საგნებს ერთად?
- ჭურჭელი.
სურათზე ხატია:
ირემი, კურდღელი, ლომი, სპილო, არწივი და მგელი.
- რომელია ზედმეტი და რატომ?
- არწივი, იმიტომ, რომ ფრინველია.
- დანარჩენ არსებებს რა ჰქვიათ ერთად?
- ცხოველები.
სურათზე ხატია: ბუზი, პეპელა, ჩიტი, კატა, თევზი, საათი.
ნატოს დაბადების დღეზე აკვარიუმი და გალია აჩუქეს.
- როგორ ფიქრობთ რას ჩასვამ ის აკვარიუმში და რას გალიაში?
მშობლები შინ არ არიან, ამიტომ ქეთინოს თავად მოუწევს ჩაცმა და თავისი ოთახის მილაგება.
შემოხაზეთ, რა უნდა ჩაიცვას გოგონამ, რა ჰქვია ამ ნივთებს?
- ტანსაცმელი.
- რა ჰქვია დანარჩენ ნივთებს ერთად?
- ავეჯი.
სურათზე ხატია: სკამი, მაგიდა, ქურთუკი, საწოლი, შარვალი, კარადა, მაისური, ფეხსაცმელი, სავარძელი.
![]() |
9 მიზეზ-შედეგობრივი კავშირი |
▲back to top |
ყურადღების კონცენტრირებასა და აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს სავარჯიშოები, რომელთა მიზანია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარება
სურათზე ასახულია გოგონა, რომელსაც ხელში ქოლგა უჭირავს. ბავშვი უნდა დაუკვირდეს სურათს, აღწეროს ის და იმსჯელოს, რატომ უჭირავს გოგონას ქოლგა?
- იმიტომ, რომ წვიმს.
- რატომ აცვია თბილად?
- იმიტომ, რომ ცივა
სურათზე ასახულია თოვლით გადათეთრებუილი მიდამო.
ბავშვი აკვირდება სურათს და იწყებს მსჯელობას:
- ხეებზე თოვლი დევს, ბავშვები თოვლის პაპას აკეთებენ, თბილად აცვიათ, ე.ი. ზამთარია.
ასევე შეიძლება სურათის მიხედვით გამოიცნონ წელიწადის რა დროა ასახული: გაზაფხული, ზაფხული თუ შემოდგომა.
ბავშვს დაკვირვებისა და მსჯელობის უნარს გამოუმუშავებს სავარჯიშოები, რომლის დროსაც იგი უნდა შეეცადოს გადმოსცეს სურათის შინაარსი. მასწავლებელი მას ეხმარება კითხვებით:
- რას აკეთებს გოგონა?
- გოგონა ბურთს თამაშობს.
- რას აკეთებს ბიჭი?
- ბიჭი წიგნს კითხულობს.
- რას აკეთებს კატა?
- კატა მიწაზე წევს.
- როგორ ფიქრობთ, როგორი ამინდია?
- კარგი, ცაზე მზე ანათებს.
ბავშვები ყოველთვის ითვალისწინებენ მასწავლებლის აზრს, მაგრამ პედაგოგი უნდა შეეცადოს ზედმეტად თავს არ მოახვიოს მათ საკუთარი შეხედულება, რათა არ დათრგუნოს ბავშვების ინიციატივა და არ ჩაუკლას სურვილი იაზროვნონ. მასწავლებელმა უნდა აგრძნობინოს თითოეულ მოსწავლეს, თუნდაც უნარშეზღუდულს, რომ აინტერესებს მისი აზრი და წაახალისოს იგი თამამად თქვას თავისი სიტყვა ამა თუ იმ საკითხის შესახებ.
მასწავლებელი არჩევს თემებს, რომლებზედაც ყველას უფიქრია და საუბარი არ გაუჭირდათ; მაგალითად:
მე ბედნიერი ვარ, როცა ... (მე მიხარია, როცა...)
მე ვწუხვარ, რადგან...
მე არ მომწონს, როცა...
ან მე რომ დიდი ვიყო... (როცა დიდი გავიზრდები...)
მე რომ მასწავლებელი ვიყო...
ჯადოსნური ყვავილი რომ მქონდეს...
როგორი მეგობარი მინდა მყავდეს...
მასწავლებელი შემოქმედებითად უნდა მიუდგეს ნებისმიერი თემას, რადგან ახსნილი მასალა საინტერესო, ადვილად გასაგები და დასამახსოვრებლად გახდეს.
მაგალითად, ვიდრე მასწავლებელი ახალი თემის ახსნას შეუდგება, უნდა დაფიქრდეს: მშრალი, თუნდაც მრავალმხრივი ინფორმაციის მიწოდებას ხომ არ აჯობებდა (ამ კონკრეტულ სიტუაციაში), ჯერ შეეტყო რა იციან მოსწავლეებმა ამ თემის გარშემო. ამით მათ წაახალისებდა, ინტერესს გაუღვივებდა და აგრძნობინებდა, რომ მათი აზრი აინტერესებს.
ამ შემთხვევაში მასწავლებელმა შეიძლება მიმართოს გონებრივი იერიშის მეთოდს, რომელიც იდეათა გენერაციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
ვთქვათ, საუბარი ეხება მზეს.
მასწავლებელი დაფაზე ხატავს წრესა და შიგ წერს სიტყვას ,,მზე“.
შემდეგ იგი სთხოვს ბავშვებს თქვან პირველივე სიტყვა, რაც გაახსენდათ. მასწავლებელს ეს სიტყვები დაფაზე გადააქვს.
შეიძლება ვინმემ უდაბნო და პაპანაქება სიცხე ახსენოს.
გონებრივი იერიშის საშუალებით მასწავლებელი, ერთი მხრივ, შეიტყობს რა ცოდნა-ინფორმაციას ფლობს კლასი, მეორე მხრივ ეს სამუშაო საფუძველს შეამზადებს და განაწყობს კლასს ახალ თემაზე გადასასვლელად.
სავარჯიშოს მეორე ეტაპზე მასწავლებელი ბავშვებს სთავაზობს მოიგონონ პატარა ამბავი მზის შესახებ, მასწავლებელი, რა თქმა უნდა, ეხმარება მათ, ვთქვათ ამბობს პირველ წინადადებას და სთხოვს განაგრძნონ იგი. შეიძლება ყველამ თითო წინადადება დაამატოს, ვიღაცამ კი საკუთარი ისტორიაც კი შემოგვთავაზოს.
მასწავლებელს შეუძლია:
ა) აჩვენოს ნახატები ან თავად დახატოს დაფაზე ის საგანი, რომელთაც ბავშვები დაასახელებენ და შესთავაზოს მათ მოიგონონ რაღაც ამბავი ამ საგნებთან დაკავშირებით;
ბ) ჩამოწეროს ამ თემასთან დაკავშირებული სიტყვები და სთხოვს შეადგინონ წინადადებები ამ სიტყვების გამოყენებით;
გ) ყოველგვარი შესავალი საუბრის გარეშე დაასახელოს თემა, დახატოს საგნები, რომელტა მიხედვით (გამოყენებით) ბავშვები იგონებენ რაიმე ისტორიას.
![]() |
10 თქვენ როგორ მოიქცეოდით? |
▲back to top |
მასწავლებელი უკითხავს ან უამბობს ბავშვს ზღაპარს, რომელიც შეიძლება მათ ძალიან კარგად იციან (მაგ.: ,,სამი გოჭი“, ,,ნაცარქექია“, ,,წითელქუდა“, ,,გვრიტის ამბავი“ და ა.შ.) და სთავაზობს მათ, თავისი შეხედულებისამებრ, შეცვალონ ამბის დასასრული.
მასწავლებელი, ბუნებრივია, ეხმარება მოსწავლეებს, მაგრამ არა ჩარევით, არამედ წამახალისებელი ღია კითხვებით, მაგ: როგორ გგონიათ, რა ბედი ეწვიათ გოჭებს ან მგელს შემდგომში, შეხვდნენ კიდევ ერთმანეთს?
ხომ არ გამოსწორდა ბოროტი კაცი მას შემდეგ, რაც მას გვრიტმა, ფილთაქვამ, სადგისმა, ვირმა და მამალმა ჭკუა ასწავლეს?
წარმოიდგინეთ, რომ ხართ მშიერი, ბებერი, გამხდარი და კბილებდაცვენილი მგელი, და გვიამბეთ, რა დღეში ჩააგდეს იმ საძაგელმა გოჭებმა?
ან და ხართ ერთად სოფლის ბოლოს მცხოვრები მარტოხელა კაცი და ძალიან მოწყენილი ხართ. რატომ ამოსხით ბუდიდან ბარტყები, მაშინ, როცა ისინი ბუდეში მარტონი იყვნენ, მათი დედა კი ამ დროს შორს იყო?
ან და ხართ ნაცარქექია და რა დასამალია, ერთ დროს ძალიან გიყვარდა ნაცრის ქექვა, მაგრამ დევების დამარცხების შემდეგ... რა გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცევით მომავალში?
ბავშვები ცდილობენ სხვა თვალით შეხედონ მათთვის კარგად ნაცნობ ამბავს, ასე ვთქვათ, შეიცვალონ პოზიცია, რისთვისაც თავი ზღაპრის გმირების ადგილას უნდა წარმოიდგინონ, შეეცადონ მათ გამართლებას ან პირიქით, გაამტყუნონ, მოუხმონ პანტაზიას მათი მომავალი ცხოვრების წარმოსადგენად.
მასწავლებელი მოსწავლეებს უკითხავს ზღაპარს იმ მომენტამდე, როდესაც ზღაპრის გმირი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს. აქ მასწავლებელი წყვეტს კითხვას (ან თხრობას) და სვამს კითხვას: თქვენ როგორ მოიქცეოდით ამ სიტუაციაში, რა გამოსავალს აირჩევდით? უმჯობესია, ბავშვებმა ჯგუფებში მოითათბორონ და გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ.
მზა პასუხს კლასის წინაშე წარადგენს ჯგუფის ერთი ან ორი წარმომადგენელი.
ამ სავარჯიშოს შესრულებისას ბავშვებს გამოუმუშავდებათ მსჯელობის, ერთმანეთის მოსმენის, სხცისი აზრის გათვალისწინების, შეთანხმებისა და საერთო გადაწყვეტილების გამოტანის უნარი.
![]() |
11 დაუსრულებელი ისტორია |
▲back to top |
მასწავლებელი კითხულობს ან ყვება ამბავს, რაღაც ეტაპზე წყვეტს მას და სთავაზობს ბავშვებს განაგრძნ ის. უმჯობესია ეს სამუშაო შეესრულდეს 4-კაციან ჯგუფებში ან წყვილებში, რაც ბევრად უფრო სახალისოა. ბავშვები კამათობენ, მსჯელობენ, გამოთქვამენ აზრს და თანხმდებიან ბოლო ვერსიაზე.
დასრულებული ისტორია მასწავლებელმა შეიძლება აღმზრდელობითი მიზნითაც გამოიყენოს, ვთქვათ, კლასში შექმნილი რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად.
მაგალითად, ცნობილია, რომ გოგონები და ბიჭები ხშირად ჩხუბობენ, არ უთმობენ ერთმანეთს, არ სურთ ერთ მერხზე დაჯდომა და ა.შ.
მასწავლებელი, ცხადია, ტუქსავს ბავშვებს: გოგონებს მოთმინებას ურჩევს, ბიჭებს კი გოგონების, როგორც მათზე სუსტი არსებების, პატივისცემას. მაგრამ, როგორ ფიქრობთ, ეს დამაჯერებელი არგუმენტია გაბრაზებული და ნაწყენი ბავშვებისათვის?
კლასში ტყუილ-მართლის ძიებამ შეიძლება შორს წაგვიყვანოს, რადგან ბავშვები ობიექტურად ვერ აფასებენ საკუთარ საქციელს. მაშინ, როცა სხვა, მსგავსი, სიტუაციის შეფასებისას ისინი მიუკერძოებელნი და პირუთვნელნი არიან.
მასწავლებელი ყვება ამბავს:
ერთ ქალაქში ქალებს პატივს არ სცემდნენ: ბიჭები გოგონებს თმას აწიწკნიდნენ, მამები დედებს არ ეხმარებოდნენ, ბაბუები ბებიებს ებუტებოდნენ... ასე გრძელდებოდა დიდხანს.
მაგრამ ერთ დილას, როდესაც კაცებმა გაიღვიძეს, მათ ქალები ვეღარ იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ყველა ქალი - პაწაწინა გოგონად დაწყებული მოხუცი ბებიით დამთავრებული - ქალაქიდან წასულიყო.
ბავშვებმა თავიდან ძალიან გაიხარეს: რა კარგია, ახლა როგორც უნდათ, ისე მოიქცევიან, უწესრიგოდ დაყრიან ტანსაცმელს, ხელებს არ დაიბანენ და რაც უნდათ იმას შეჭამენ. მაგრამ სად იყო საჭმელი? ან ვინ იყო ტანსაცმლის დამრეცხავი? სახლის დამლაგებელი?
ახლა ყველაფრის გაკეთება კაცებს უნდა ეთავათ, ან ...
როგორ გგონიათ, როგორ მოიქცევიან მამაკაცები?
მასწავლებელი აქ წყვეტს თხრობას და სთავაზობს ბავშვებს ამბის გაგრძელებას.
სამუშაო სრულდება ჯგუფებში.
ჯგუფის წევრებმა უნდა მოიფიქრონ ამბის გაგრძელება და იპვონ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. სასურველია, ჯგუფმა თავის პასუხს ნახატიც დაურთოს, რაც მათ ნამუშევარს წარდგენისას უფრო შთამბეჭდავს გახდის. სამუშაოსათვის ბავშვებს ეძლევათ 15 წთ. როცა ბავშვები მზად იქნებიან, თითოეული ჯგუფიდან 1-2 წარმომადგენელი თავის ვერსიას გააცნობს კლასს.
სავარჯიშოს მიზანია ბავშვებს დაანახოს, რომ ქალებს, გოგონებს იმდენად დიდი როლი ეკისრებათ მათ ცხოვრებაში, რომ მათ გარეშე გაძლება ძალიან ძნელია. ამიტომ ისინი გაფრთხილებას და სათუთ მოპყრობას იმსახურებენ.
მასწავლებელი მადლობას უხდის ბავშვებს, აქებს ყველა ჯგუფის ნამუშევარს და აჯამებს სამუშაოს.
![]() |
12 ტექსტის ინსცენირება |
▲back to top |
ახალი მასალის აღქმას, ნასწავლის გააზრებას, დამახსოვრებასა და განმტკიცებას უწყობს ხელს ზღაპრისა თუ მოთხრობის დადგმა-ინსცენირება-გაცოცხლება მოსწავლეთა მიერ. ეს სავარჯიშო ავითარებს ფანტაზიასა და შემოქმედებით წარმოსახვას.
მასწავლებელმა ტექსტის ინსცენირება იმდენად უნდა დაგეგმოს, რომ მასში მთელი კლასი ჩართოს:
ა) როლები მთელ კლასში გადაუნაწილოს ან
ბ) რიგრიგობით ყველა მოსწავლე ათამაშოს.
პირველი ვარიანტი უპრიანია მაშინ, როცა დასადგმელ მოთხრობაში (ზღაპარში) ბევრი მოქმედი გმირია, თუმცა არც ეს არის პრობლემა - მასწაველბელმა შეიძლება თავად დაამატოს როლები, მაგალითად „ნაცარქექიაში“ მხოლოდ ორი მთავარი მოქმედი გმირია - ნაცარქექია და დევი (თუ არ ჩავთვლით ნაცარქექიას ძმებსა და რძლებს). მასწავლებლის წარმოსახვაზეა დამოკიდებული როგორ ჩართავს მთელ კლასს თამაშში, ისე, რომ როლის გარეშე არავინ დარჩეს. ვთქვათ, შეიძლება რამდენიმე ბავშვს შესთავაზოს ერთმანეთს მხრებზე ხელი გადახვიონ და მდინარის ტალღებივით იმოძრაონ ნაცარქექიასა და დევს შორის, ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ შეიძლება მოშრიალე ბუჩქი ან ქვაც კი განასახიეროს.
ბავშვები თავის შეხედულებისამბრ წარმართვენ თხრობას, შეიძლება დაამატონ და დააკლონ სიუჟეტს რაიმე დეტალი.
მეორე შემთხვევაში, პატარა ტექსტების დადგმაში (შეგვიძლია ,,დედაენიდან“ ავიღოთ ნებისმიერი პატარა მოთხრობა, ვთქვათ, ,,ერთგული პატარა ქალი“, ,,დაკარგული ბავშვი“, ,,კაკო და კოკა“ და სხვა). შეიძლება მონაწილეობდეს 2-3 ბავშვი (ერთიც მთხრობელი), რომლებმაც იციან მოთხრობის შინაარსი და ცდილობენ ზუსტად გადმოსცენ იგი. ამ დროს ისინი არა მარტო მასალის ცოდნას ამჟღავნებენ, არამედ თავის მხატვრულ შესაძლებლობასაც.
როდესაც ერთი ჯგუფი დაასრულებს თავის ,,სპექტაკლს“, ,,სცენაზე“ დაფასთან მეორე ჯგუფი გამოდის, შემდეგ მესამე და ა.შ.
ბავშვებს ძალიან მოსწონთ ამგვარი თამაში და ყველას სურს მასში მონაწილეობის მიიღება.
მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ბავშვების მონდომება ახსნილი მასალის დასამახსოვრებლად და ცოდნის გასამტკიცებლად. ასე გაკვეთილი ძალზე ეფექტურია და დასამახსოვრებელი.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, სწავლის პროცესი რომ შედეგიანად წარიმართოს, ის სახალისო და საინტერესო უნდა იყოს და არამც და არამც მომაბეზრებელი და დამღლელი.