ევროპის საბჭოს სოციალური ინტეგრაციის ახალი სტრატეგია (სოციალური ინტეგრაციის შესწორებული სტრატეგია)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საერთაშორისო ორგანიზაციები
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭო
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: დამტკიცებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2004 წლის 31 მარტს სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი (CDCS) ყდა: Christophe Nutoni – www.creative-instinct.com კოორდინაცია: კომუნიკაციისა და კვლევის დირექტორატი ითარგმნა და გამოიცა საქართველოში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს მიერ ივლისი, 2007 წელი




1 ნაწილი I - სოციალური ინტეგრაცია:

▲ზევით დაბრუნება


1.1 ევროპის საბჭოს პრიორიტეტი

▲ზევით დაბრუნება


1. ევროპის საბჭოს განმარტებით, სოციალური ინტეგრაცია ნიშნავს საზოგადოების შესა ძლებლობას, უზრუნველყოს ყველა მისი წევრის კეთილდღეობა უთანასწორობის მინიმუმამდე დაყვანისა და პოლარიზაციის თავიდან აცილების გზით. ერთიანი საზოგადოება ურთიერთდამხმარე თავისუფალ ინდივიდთა თემია, რომელიც დემოკრატიული საშუალებებით საერთო მიზნებისაკენ ისწრაფვის.

2. ყველა საზოგადოებას უხდება იმ დაძაბულობისა და სტრესის პირობებში ცხოვრება, რომლებსაც განსხვავებები და პოტენციური განსხვავებები ქმნიან. მაგალითად, ყველა საზოგადოებაში არსებობს მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება სიმდიდრის განაწილებაში; როდესაც ასეთი განსხვავებები დიდია ან მათი გაღრმავებაა მოსალოდნელი, ინტეგრაციას საფრთხე ემუქრება. მართლაც, ყველა საზოგადოება ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანია; საქმე ამ მრავალფეროვნების ისე მართვაა, რომ იგი ურთიერთგამდიდრების წყაროდ იქცეს და არა დაყოფისა და დაპირისპირების მიზეზად. ერთიანი საზოგადოება ის საზოგადოებაა, რომელმაც შეძლო, მოეძებნა ღია და დემოკრატიული საშუალებებით ამ და სხვა დაძაბულობების გადალახვის გზები. ეს უთანასწორობის შემცირებისა და თანაფარდობის აღდგენისათვის ისეთი ქმედებების განხორციელებას გულისხმობს, რომლებითაც შესაძლებელი იქნება განსხვავებების ისე მართვა, რომ ისინი არ გაღრმავდეს და საფრთხე არ შეუქმნას საზოგადოების სტაბილურობას.

3. არც ერთი საზოგადოება ბოლომდე ერთიანი არ არის. სოციალური ინტეგრაცია უფრო იდეალია, რომლისკენაც სწრაფვაა საჭირო, ვიდრე მიზანი, რომლის სრულად მიღწევაც შესაძლებელია. მასზე მუდმივი ზრუნვა და მისი გაუმჯობესება და მოდიფიცირებაა საჭირო. თითოეულ თაობას ხელახლა უხდება ძალთა ისეთი წონასწორობის მოძებნა, რომლის მართვაც შესაძლებელია. ეს წონასწორობა მუდმივად ცვალებადია და იგი უნდა მოერგოს იმ ცვლილებებს, რომლებიც სოციალურ და ეკონომიკურ გარემოში, ტექნოლოგიაში, ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემებში ხდება.

4. სოციალური ინტეგრაცია მხოლოდ სოციალურ მარგინალიზაციასთან და სიღარიბესთან ბრძოლას არ ნიშნავს. ეს გულისხმობს საზოგადოების ისეთ სოლიდარობას, რომელიც მარგინალიზაციას მინიმუმამდე დაიყვანს. ამავე დროს, ვინაიდან კვლავ არსებობს სიღარიბე და სოციალური მარგინალიზაცია, საჭიროა კონკრეტული ზომების მიღება საზოგადოების უმწეო წევრების დასახმარებლად. ამიტომ სოციალური ინტეგრაციის სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს სოციალური მარგინალიზაციის როგორც პრევენციის, ასევე დაძლევის გზებს.

5. მე-20 საუკუნეში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა პასუხისმგებლობა აიღეს ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ სამართლიანობას შორის ბალანსის მიღწევაზე. მიუხედავად ქვეყნებს შორის განსხვავებისა, ევროპას, მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საკმაოდ გამოკვეთილი მიდგომა აქვს, რომელსაც ხშირად ,,ევროპულ სოციალურ მოდელად” მოიხსენიებენ. თუმცა ევროპული მიდგომა ამჟამად მრავალი პრობლემისა და სირთულის წინაშე დგას. 21-ე საუკუნეში ევროპის ამოცანაა, ისე მოარგოს სოციალურ პოლიტიკაში მიღწეული წარმატებები ცვალებად მოთხოვნებსა და ცვალებად ვითარებას, რომ არ დაიკარგოს მათი ძირითადი დამახასიათებელი თვისებები.

6. თანამედროვე ევროპელები ათვითცნობიერებენ იმ პოტენციურ საფრთხეებს, რომლებიც შეიძლება სოციალურ ინტეგრაციას დაემუქროს. მაგალითად, ცვლილებები დასაქმების მოდელებში და სოციალური უზრუნველყოფის სისტემების მდგრადობასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვი ბევრისთვის სულ უფრო სათუოს ხდის მათ მომავალ კეთილდღეობას. ქალაქების ღარიბ უბნებში არსებულმა სოციალურმა პრობლემებმა და დანაშაულმა შეიძლება ადამიანებში დაუცველობის განცდა გააძლიეროს. ზოგი, მაგალითად, კულტურული მრავალფეროვნების მომძლავრებაში ტრადიციული თვითმყოფადობის დაკარგვის საფრთხეს ხედავს. ამავე დროს იკვეთება სიღარიბისა და მარგინალიზაციის ისეთი ახალი საფრთხე, როგორიც თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ან პრივატიზებული კომუნალური მომსახურების (წყალი, ელექტროენერგია და სხვ.) არასათანადო ხელმისაწვდომობაა.

7. ამ და სხვა მიზეზების გამო ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ სოციალურ ინტეგრაციას საფრთხე ემუქრება.

8. სწორედ ამის გამო აღიარეს ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა სოციალური ინტეგრაცია პრიორიტეტად. 1997 წლის ოქტომბერში სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა სოციალური ინტეგრაცია განსაზღვრეს, როგორც ,,გაფართოებული ევროპის ერთ-ერთი უპირველესი აუცილებლობა და [...] ადამიანის უფლებათა და ღირსების დაცვის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი” (საბოლოო დეკლარაცია). ვინაიდან 45 წევრი ქვეყანა პრაქტიკულად მთელ გეოგრაფიულ ევროპას შეადგენს, ევროპის საბჭოს ენიჭება საგანგებო და გამორჩეული როლი, ხელი შეუწყოს სოციალური ერთობის ჩამოყალიბებას მთელ კონტინენტზე. წევრ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, თავიდან აიცილონ ისეთი ,,ორსიჩქარიანი საზოგადოებების” წარმოშობა, რომლებიც წარმატებულ უმრავლესობად და მარგინალიზებულ უმცირესობად დაიყოფა, ,,ორსიჩქარიანი ევროპის” წარმოშობის თავიდან აცილებაც სურთ.

1.2 ადამიანის უფლებებზე დამყარებული სოციალური ინტეგრაციის მშენებლობა

▲ზევით დაბრუნება


9. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ფუნდამენტური ვალდებულება ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაა. ორგანიზაციის მიზანია მის წევრებს შორის მძლავრი ერთობის მიღწევა მათი იდეალების და პრინციპების დაცვის და ,,ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ხელშეწყობის” მიზნით (ევროპის საბჭოს დებულების მუხლი 1ა).

10. სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს უზრუნველყოფს ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის ორი ფუნდამენტური ინსტრუმენტი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ევროპის სოციალური ქარტიის ორგანოები პასუხისმგებელნი არიან, უზრუნველყონ ამ უფლებების განუხრელად დაცვა ყველა მონაწილე მხარის მიერ. ევროპის შესწორებულ სოციალურ ქარტიაში განსაზღვრული უფლებები სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის ამოსავალი წერტილია.

11. როგორც ზემოთ აღინიშნა (იხ. 1-ლი პუნქტი), სოციალური ინტეგრაცია ნიშნავს საზოგადოების შესაძლებლობას, უზრუნველყოს ყველა მისი წევრის კეთილდღეობა უთანასწორობის მინიმუმამდე დაყვანისა და პოლარიზაციის თავიდან აცილების გზით. კეთილდღეობა გულისხმობს არა მარტო ადამიანის უფლებების თანასწორ და არადისკრიმინაციულ ხელმისაწვდომობას, არამედ:

● ყველა ადამიანის ღირსების დაცვას, მისი შესაძლებლობების და საზოგადოებაში შეტანილი წვლილის აღიარებას, კულტურათა, მოსაზრებათა და რელიგიური მრწამსის მრავალფეროვნების პატივისცემას;

● ყველა ადამიანის თავისუფლებას, იზრუნოს პირად განვითარებაზე მთელი ცხოვრების მანძილზე;

● ყველა ადამიანის შესაძლებლობას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა.

12. ამიტომ ბუნებრივია, რომ ევროპის საბჭო ცდილობს, შეიმუშაოს სოციალური ინტეგრაციისადმი ისეთი მიდგომა, რომელიც ადამიანის უფლებებს ემყარება. ადამიანის უფლებები სოციალური პოლიტიკის ყველაზე მყარი საფუძველია. უფლებები საზოგადოების ყველა წევრს თანაბარ პირობებში აყენებს. ეფუძნება რა ადამიანის უფლებებს, სახელმწიფოს საქმიანობა სოციალური პოლიტიკის სფეროში აღარ არის ქველმოქმედება ან დახმარება, რომელიც საზოგადოების ნაკლებად იღბლიანი წევრებისკენ არის მიმართული, არამედ იმ უფლებების გარანტირებაა, რომლებიც ყველასათვის ერთნაირია.

13. რაც არ უნდა ძლიერად იყოს კანონმდებლობით უფლებები დაცული, არ არის ყოველთვის ადვილი უზრუნველყო, რომ საზოგადოების ყველა წევრმა, განსაკუთრებით კი ყველაზე უმწეოებმა, საკუთარი უფლებებით რეალური სარგებელი მიიღოს. პარადოქსია, მაგრამ მათ, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება საკუთარი უფლებების დაცვა, ამის ყველაზე ნაკლები საშუალება აქვთ. სწორედ ამიტომ იურიდიულ დაცვასთან ერთად ყოველთვის საჭიროა ისეთი სოციალური პოლიტიკის გატარება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველამ ისარგებლოს თავისი უფლებებით.

14. ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობაც ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ფუნდამენ ტური ვალდებულებაა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიას. ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ სოციალურ სფეროში არც ერთმა სტრატეგიულმა ჩარევამ უარყოფითად არ იმოქმედოს გენდერულ თანასწორობაზე და რომ გენდერული მიმართულება ამ სფეროს საქმიანობის განუყოფელი ელემენტი გახდეს.

15. ევროპის საბჭოს მიდგომა, რომელიც ადამიანის უფლებებს ემყარება, გულისხმობს კონკრეტულ პასუხისმგებლობას, რეალობად აქციოს იმ ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლებები და მოთხოვნები, რომლებსაც განსაკუთრებით ემუქრებათ დაუცველობის საფრთხე. ასეთ ჯგუფებში შედიან:

● ბავშვები, როგორც ეს ცნება განსაზღვრულია გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციაში და ბავშვის უფლებათა განხორციელების ევროპულ კონვენციაში;

● ზოგადად ახალგაზრდები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეთმოთ სოციალური ინტეგრაციის ნებისმიერ იმ სტრატეგიაში, რომელიც, მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, მომავალი თაობების კეთილდღეობას ეხება;

● ოჯახები, რომელთა მდგომარეობა არასტაბილურია, განსაკუთრებით ის ოჯახები, რომლებშიც მარტოხელა მშობლები არიან;

● უნარშეზღუდული ადამიანები, რომელთა საგანგებო საჭიროებები სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ადამიანის კეთილდღეობის მიღწევის საქმეში;

● მოხუცები, განსაკუთრებით მარტოხელა მოხუცები ან ისინი, რომლებიც ოჯახისგან დახმარებას ვეღარ იღებენ.

16. ევროპის საბჭოს ყოველთვის მიაჩნდა, რომ სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობა უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:

● ყველა ადამიანის უზრუნველყოფა თანასწორი უფლებებით, დისკრიმინაციის გარეშე;

● ყველასათვის ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

● საზოგადოების დაუცველი წევრების საჭიროებებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება;

● განსაკუთრებით უმწეოთა სტიგმატიზაციის თავიდან აცილება;

● სამართლიანი და მდგრადი ფისკალური პოლიტიკის გატარება;

● მომხმარებელთა მონაწილეობა.

ამავე დროს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ სოციალური დახმარებისა და სოციალური მომსახურების გამოყენებას.

1.3 სოციალური ინტეგრაცია, როგორც პასუხისმგებლობა, რომელიც ყველას აკისრია

▲ზევით დაბრუნება


17. საზოგადოების შესაძლებლობა, უზრუნველყოს ყველა ადამიანის კეთილდღეობა, უნდა განიხილებოდეს, როგორც საზოგადოების ყველა სექტორის პასუხისმგებლობა. მე-20 საუკუნეში მიაჩნდათ, რომ ოჯახის როლისა და სხვა ტრადიციული სოციალური ურთიერთობის გარდა, კეთილდღეობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იყო (,,საერთო კეთილდღეობის სახელმწიფო”), ხოლო ბიზნესი ეკონომიკურ განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი. ბოლო ათწლეულების ეკონომიკურმა პრობლემებმა და ეკონომიკის გლობალიზებამ აჩვენეს, რომ ასეთი მოდელი უკვე შეუფერებელია და ყველა ადამიანის კეთილდღეობა ისეთ მიზნად უნდა იქცეს, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ყველა სოციალური პარტნიორი - სახელმწიფო, ბიზნესი და ინდივიდი (,,კეთილდღეობის საზოგადოება”). ასეთი ვითარება სახელმწიფოს როლს კი არ ამცირებს, არამედ სახელმწიფოსგან მოითხოვს მოქმედების უფრო მრავალფეროვანი გზების ძიებას ახალი პარტნიორების მონაწილეობით.

) სახელმწიფოს და სხვა სახელმწიფო უწყებების ძირეული როლის დაზუსტება და შესრულება

18. მაშინ, როდესაც სოციალურ პოლიტიკაში სახელმწიფოს შესაფერისი როლი კამათის საგანია, საჭიროა ამ სფეროში ხელისუფლების ძირეული ვალდებულებების დაზუსტება და დადასტურება.

19. უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობაზე დამყარებული დემოკრატიის გარანტია.

20. მეორე, სახელმწიფო იცავს სათანადო თანასწორობას სიმდიდრის განაწილებაში ისეთი სოლიდარობის მექანიზმებით, როგორებიცაა გადანაწილებული დაბეგვრა და სოციალური უზრუნველყოფა. მართლაც, სოციალური უზრუნველყოფის სისტემები სოციალური სოლიდარობის ყველაზე ძლიერი ინსტიტუციური ინსტრუმენტია. სოლიდარობაზე დამყარე ბული სოციალური უზრუნველყოფის გამართული სისტემის შექმნა ან მართვა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად არის მიჩნეული. ამიტომ სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის მთავარი მიზანი უნდა იყოს მდგრადი სოციალური უზრუნველყოფის სისტემების გაძლიერება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სისტემების მომავალ განვითარებასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა ჩნდება.

21. მესამე, სახელმწიფო იცავს სოციალური მარგინალიზაციის საფრთხის წინაშე მყოფ ადამიანთა ჯგუფებს. ამიტომ სოციალური დაცვის სისტემების ფუნქცია არა მარტო სოციალური უზრუნველყოფაა, რომელიც გამიზნულია საზოგადოების ყველა წევრის დასაცავად სიცოცხლის რისკებისგან, არამედ ყველა ადამიანისთვის სოციალური მომსახურების, ხოლო განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთათვის - სოციალური დახმარების გაწევაც.

22. მართალია, ეს ვალდებულებები სახელმწიფოს ძირეულ ვალდებულებებად რჩება, მაგრამ იცვლება მათი შესრულების წესი. ბევრ ქვეყანაში გამოიკვეთა სოციალური მომსახურების ხალხთან დაახლოების ტენდენცია, რაც უფლებამოსილების რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისთვის დელეგირებით გამოიხატება. გარდა ამისა, მთავრობები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, რომ სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საუკეთესო გზა სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობა და ერთობლივი მუშაობით სოციალური ინტეგრაციის საერთო მიზნების მიღწევაა. საჭიროა პარტნიორებთან ტრადიციულად ჩამოყალიბებული დიალოგის გაგრძელება და მისი ცვალებადი ვითარების შესაბამისად მოდიფიცირება. სოციალური პრობლემების მოგვარებაში ერთი-ერთი სიახლე მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მზარდი პარტნიორობაა. ახალი სოციალური მოთხოვნების განსაზღვრასა და დაკმაყოფილებაში არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოფიციალურ სტრუქტურებთან ერთად, ხშირად ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლიათ საზოგადოების დაუცველი ფენების სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში.

23. მმართველობის კონცეფციებსა და მეთოდებში ეს ცვლილებები გულისხმობს აბსოლუტური უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფოსაგან ახალი პარტნიორული მმართველობისაკენ ან ისეთი მმართველობისაკენ სვლას, რომელიც მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის ფორმით ხორციელდება. თუმცა აუცილებელია ეთიკურ პრინციპებზე შეთანხმება, რათა ეს პარტნიორობა რეალურად წაადგეს სოციალურ ინტეგრაციას.

) სოციალური პარამეტრების ინტეგრირება ეკონომიკურ ცხოვრებაში

24. ეკონომიკის ზრდა ხელს უწყობს სოციალური ერთობის მიღწევას. მაგრამ ეკონომიკური განვითარება ჰუმანური განვითარების უფრო ფუნდამენტური მიზნის მიღწევის საშუალებად უნდა განიხილებოდეს. ამ თვალსაზრისით საერთაშორისო საზოგადოებრიობამ აიღო ვალდებულება, აღმოფხვრას სიღარიბე და მიაღწიოს მდგრად განვითარებას. კერძოდ, იოჰანესბურგის სამიტის შემდეგ სულ უფრო მეტად აღიარებენ იმას, რომ ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია მდგრად სოციალურ განვითარებასა და სტაბილურ გარემოზე. ამისათვის საჭიროა ეკონომიკური პოლიტიკისა და სოციალური პოლიტიკის ადრინდელთან შედარებით უფრო მეტად დაახლოება.

25. სათანადო მაკროეკონომიკურ სტრატეგიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდის მდგრადი პირობების შექმნისთვის. მაგრამ სტრატეგიებში მხოლოდ საბაზრო მექანიზმებით ხელმძღვანელობა უარყოფითი სოციალური შედეგების რისკის გარეშე შეუძლებელია. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ეკონომიკური სისტემა, საბაზრო ეკონომიკა წარმოშობს სიმდიდრისა და სოციალური სტატუსის უთანასწორობას და ასეთი უთანასწორობა ბევრ ევროპულ ქვეყანაში იზრდება. ასეთი განსხვავებები მანამ იქნება მისაღები, სანამ ხალხს ექნება განცდა, რომ აქვს თანაბარი შესაძლებლობები, გამოისწოროს მდგომარეობა. მაგრამ თუ ეს განსხვავებები ძალზე თვალშისაცემი გახდა, მეტიც, თუ ნაკლებად პრივილეგირებული ფენა იგრძნობს, რომ ძალზე მცირე შესაძლებლობა აქვს, რეალურად გაიუმჯობესოს მდგომარეობა, სიღარიბის ხაფანგშია გაბმული, სოციალურად მარგინალურია და საზოგადოებაში მისი ადგილი არ არის, ვინაიდან საზოგადოება მას ვერაფერს სთავაზობს, სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობა საფრთხეს შეუქმნის სოციალურ ინტეგრაციას.

26. გლობალიზების პროცესში მყოფ ეკონომიკაში ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებშიც მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამები ხორციელდება, შეიძლება იძულებული გახდეს, შეამციროს სოციალური დახმარება. მართალია, სოციალური დახმარება ეკონომიკურად რაციონალური უნდა იყოს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ისეთი სოციალური ხარჯები, რომლებიც სტაბილური და მდგრადი საზოგადოების საფუძველს ქმნის, მომავალ ეკონომიკურ მდგრადობაში დაბანდებული ბრძნული ინვესტიციაა და არა უბრალოდ ხარჯების ტვირთი.

27. ეკონომიკურ განვითარებას სოციალური ინტეგრაციაც უწყობს ხელს. სტაბილური საზოგადოება ბიზნესის წარმოებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. საბაზრო ეკონომიკა დამოკიდებულია ხალხზე, რომელსაც დასახარჯი ფული გააჩნია; სიღარიბე არ არის ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც კარგია სოციალური ინტეგრაციისთვის, კარგია ბიზნესისთვისაც.

28. მუშაობის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის განმსაზღვრელი ფაქტორია. დასაქმების ყველასათვის ხელმისაწვდომობა და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა სიღარიბისა და მარგინალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. გარდა ამისა, სოციალური დაცვის სისტემები, გარდა შემოსავლის ჩანაცვლების ტრადიციული ფუნქციისა, ცდილობენ შეასრულონ სხვა ფუნქციაც - დაეხმარონ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, გადაინაცვლოს კეთილდღეობაზე პასიური დამოკიდებულების მდგომარეობიდან ეკონომიკაში აქტიური მონაწილეობისაკენ. ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკაში ადამიანურ რესურსებში ინვესტირება მომავალ ეკონომიკურ ზრდაში ინვესტირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. მაგრამ შემთხვევითი, მოკლევადიანი სამუშაოების ცვლა ხელს ვერ შეუწყობს სოციალურ ინტეგრაციას, თუ მას შედეგად სოციალური მარგინალიზაცია მოჰყვება.

29. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებებში იკვეთება ეკონომიკური პარტნიორების სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი. ინტერესი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისადმი იზრდება; მუშავდება ამ პასუხისმგებლობის განხორციელების მრავალი ინსტრუმენტი. მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის სოციალურ ინტეგრაციაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის ჩამოყალიბება; უნდა შემუშავდეს ასეთი წვლილის აღიარებისა და ხელშეწყობის იურიდიული და ფინანსური მექანიზმებიც (მაგალითად, სერტიფიცირება, საგადასახადო შეღავათები).

30. ასევე იკვეთება ინტერესი ეკონომიკური აქტივობის ისეთი ახალი ფორმებისადმი, რომლებიც სოციალურ ინტეგრაციაში შეიტანს წვლილს. ხალხი იყენებს მისთვის (როგორც ინდივიდისთვის) ხელმისაწვდომი ქმედების ისეთ საშუალებებს, როგორიც მომხმარებლის ძალაუფლება და საკუთარი დანაზოგების გამოყენების გზებია.

31. ამის მთავარი მიზანი ისეთი გზების მოძებნაა, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ საბაზრო ეკონომიკამ ხელი შეუწყოს სოციალურ ინტეგრაციას და არ გამოიწვიოს იმ ინდივიდთა მარგინალიზაცია, რომლებიც, როგორც მომხმარებლები, ნაკლებად მიმზიდველნი არიან. ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია ისეთ ვითარებაში, როდესაც ცხოვრების სულ უფრო მეტი სფერო, მათ შორის საჯარო სამსახურებიც, რომლებიც ადრე ხალხს კომუნალურ მომსახურებას უწევდა, საბაზრო მექანიზმებით იმართება.

) სოციალური პასუხისმგებლობის ახალი ეთიკური პრინციპების შემუშავება

32. საზოგადოება ერთიანია, როდესაც ინდივიდები ერთმანეთზე პასუხისმგებლობას იღებენ. დღევანდელი ევროპული საზოგადოების ღირებულებები ყოველთვის არ უწყობს ამას ხელს. ამრიგად, ადამიანის უფლებებზე განსაკუთრებული მახვილის გაკეთება ვერ ქმნის სოციალური ინტეგრაციისთვის საკმარისად მყარ საფუძველს. ინდივიდის უფლებები ყველაზე კარგად იმ საზოგადოებებში იქნება დაცული, რომლებშიც ადამიანები იზიარებენ პასუხისმგებლობას ყველას უფლებებსა და კეთილდღეობაზე. მეტიც, საბაზრო ეკონომიკამ, რომელიც საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონკურენციას, შეიძლება უგულებელყოს თანამშრომლობის სოციალური სიკეთე. მხოლოდ საბაზრო ღირებულებებზე კონცენტრირება ადამიანებს საკუთარ ინტერესებზე და არა სხვების ინტერესებსა და საჭიროებებზე ზრუნვისაკენ უბიძგებს; ეს მათ ვერც ნდობისა და სოლიდარობის ღირებულებებს შეასწავლის, რომლებიც სოციალური ინტეგრაციის საფუძველს წარმოადგენს.

33. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობისა და ურთიერთდამოკიდებულების შეგნების ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია სოციალური ინტეგრაციისთვის. სამოქალაქო ორგანიზაციებმა, განათლების სისტემამ და მშობლებმა უნდა განავითარონ და დანერგონ აქტიური მოქალაქეობის ახალი ტიპი. ბავშვების აღზრდისას მშობლებმა მათ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა განუვითარონ, რომლის დემონსტრირებაც ოჯახში უნდა ხდებოდეს. ბიზნესმა და მედიამ უნდა გაათვითცნობიერონ,რომ პასუხისმგებლები არიან მათი ქმედებების სოციალურ შედეგებზე. ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები უნდა ითვალისწინებდნენ ინვესტიციის ეთიკურ მხარეს.

34. ეს საზოგადოების წევრობის, მისდამი ვალდებულების შეგნების ჩამოყალიბების, საერთო სოციალური მიზნების მიღწევაზე პასუხისმგებლობის გაზიარების საკითხია. ამის გაკეთება ყოველთვის ადვილი არ არის ისეთ კულტურაში, სადაც მძლავრი აქცენტი ინდივიდის პერსონალურ მიღწევებზე კეთდება და სადაც საბაზრო ღირებულებები და კონსიუმერიზმი, რომელთა პოპულარიზაციას ზოგიერთი მედია-საშუალება ეწევა, ძირს უთხრის ფართო სოლიდარობას. ევროპის საბჭო, თავისი სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის მეშვეობით, წვლილს შეიტანს ამ საკითხებზე მსჯელობაში.

) ოჯახების დახმარება და ოჯახური სოლიდარობის ხელშეწყობა

35. ადამიანები თვითრეალიზებას სხვებთან ურთიერთობებშიც ახდენენ. ამიტომ სოციალური ინტეგრაციის სტრატეგია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების ავტონომიურობის შეულახავად, ხელს უნდა უწყობდეს ოჯახებს და სხვა ისეთ კავშირებსა და ურთიერთობებს, რომლებიც ინდივიდებს სოლიდარობის უფრო ფართო წრეში აერთიანებს.

36. ოჯახი ის ადგილია, სადაც პირველად შეიგრძნობენ და სწავლობენ სოციალურ ინტეგრაციას. იგი გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადებაში. დახმარებისათვის ოჯახს ხშირად მიმართავენ მოხუცები, როდესაც ისინი უფრო მეტად დამოკიდებულნი ხდებიან. გაჭირვების დროს ოჯახი სოციალური დაცვის მიღების ბოლო ინსტანციაა. ღირებულებებსა და ქცევაში ცვლილებების შედეგად ოჯახის უფრო მრავალფეროვანი მოდელები ჩნდება, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს დაკნინებას ოჯახის სოციალური ფუნქციისა, რომელიც ისეთივე ფუნდამენტურია, როგორიც ყოველთვის იყო. რთულ და ცვალებად საზოგადოებაში აუცილებელია ოჯახებისთვის დახმარების გაწევა მათი ფუნქციების შესრულებაში. კერძოდ, მშობლებს სჭირდებათ დახმარება მავნე სოციალური და საბაზრო ზეწოლების ნეუტრალიზებაში, სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების ჰარმონიზებაში და ისეთ ვითარებასთან შეგუებაში, რომელშიც ბავშვები საკუთარი უფლებების მქონე ინდივიდებად განიხილებიან.

37. საზოგადოებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებსაც, ამა თუ იმ მიზეზით, არ შეუძლიათ ოჯახის ან სხვა სოციალური ქსელის დახმარებისა და დაცვის იმედად ყოფნა. მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა თუ მოხუცების უფლებები და ღირსება საგანგებო ყურადღების საგანი უნდა იყოს. მზრუნველობის ტრადიციული ინსტიტუტები სულ უფრო ნაკლებ როლს ასრულებენ და მნიშვნელოვანია მზრუნველობის ალტერნატიული საშუალებების განვითარება (სადაც ეს შესაძლებელია).

) სამოქალაქო საზოგადოებაში მონაწილეობის ხელშეწყობა

38. ინდივიდები ბევრ სხვა ისეთ ქსელსა და ინსტიტუტში არიან ჩართულნი, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების შეკავშირებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი სულ უფრო ნაკლებად ისწრაფვის ჯგუფური საქმიანობისაკენ, პოლიტიკური პარტიები, პროფესიული კავშირები და რელიგიური ორგანიზაციები კვლავ აერთიანებენ ადამიანებს ფართო სოციალურ ქსელებში. საქველმოქმედო, სპორტული და კულტურული ასოციაციები, საბავშვო და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სოციალური ინტეგრაციის მშენებლობაში და ბევრ ადამიანს სოციალურად სასარგებლო ნებაყოფლობით საქმიანობებში რთავენ. მთავრობებმა უნდა შექმნან ხელსაყრელი გარემო ისეთი ორგანიზაციებისა და საქმიანობების ხელშესაწყობად, რომლებიც მთავრობის მიერ დაფინანსებული სოციალური ინტეგრაციის პროგრამების განსახორციელებლად შესაფერისი პარტნიორები არიან.

39. უნდა მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების როლის აღიარება და მათთვის ხელის შეწყობა, რომ უფრო აქტიური წვლილი შეიტანონ სოციალური ინტეგრაციის გაძლიერებაში.

2 ნაწილი II:

▲ზევით დაბრუნება


2.1 სტრატეგიის პრაქტიკული განხორციელება

▲ზევით დაბრუნება


40. ევროპაში სოციალური ინტეგრაციის მშენებლობა და მისი დაცვა, უპირველეს ყოვლისა, წევრი სახელმწიფოების მოვალეობაა. ევროპის საბჭოს ფუნქციაა, წაახალისოს წევრი სახელმწიფოები და ხელი შეუწყოს მათ ამ საქმიანობაში სტანდარტების განსაზღვრის ინსტრუმენტების, მთავრობათაშორისი თანამშრომლობის აპარატის და ისეთი მიზნობრივი პროექტების მეშვეობით, რომლებიც მიზნად ისახავს ცალკეული სახელმწიფოების ან სახელმწიფოთა ჯგუფის დახმარებას, დანერგონ ევროპის საბჭოს სტანდარტები და რეკომენდაციები.

41. ევროპის საბჭოს სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე უშუალო პასუხისმგებლობა დაეკისრა ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობათაშორის ორგანოს, სოციალური ინტეგრაციის ევროპულ კომიტეტს, რომელიც 1998 წლის ბოლოს შეიქმნა. სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტის პირველი ხუთი წლის მუშაობის საფუძველზე მინისტრთა კომიტეტმა დაამტკიცა წინამდებარე შესწორებული სტრატეგია; მომდევნო რამდენიმე წელი ევროპის საბჭო სოციალური ინტეგრაციის სფეროში ამ სტრატეგიით იხელმძღვანელებს.

42. აღიარებს რა, რომ სოციალური ინტეგრაციის მშენებლობა შესაძლებელია ისეთი ერთიანი ღონისძიებებით, რომელთა განხორციელებაში მრავალი პარტნიორი მონაწილეობს, სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებთან, როგორებიც არის საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფალთა ორგანოების კონგრესი, მთავრობათაშორისი კომიტეტები, ევროპის სოციალური ქარტიის ორგანოები და წარმომადგენლობითი სტატუსის მქონე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. გარდა ამისა, დამყარდა სამუშაო ურთიერთობები მონათესავე სფეროებში მოღვაწე სხვა საერთაშორისო ორგანოებთან. კერძოდ, გარკვეული სამუშაო ტარდება ევროკომისიასთან ერთობლივი პროგრამების ფარგლებში; სოციალური უზრუნველყოფის საქმიანობაშია ჩართული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაც.

43. ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი, როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც სოციალური განვითარების საკითხებზე მუშაობს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის პრაქტიკულ განხორციელებაში.

2.2 პირველი ხუთწლეულის უმთავრესი მიღწევები

▲ზევით დაბრუნება


44. სოციალური ინტეგრაციის ევროპულ კომიტეტს მიაჩნია, რომ სიღარიბისა და სოციალური მარგინალიზაციის აღმოსაფხვრელად აუცილებელია, რეალურად ხელმისაწვდომი გახდეს ძირითადი სოციალური უფლებები, კერძოდ, სოციალური დაცვა, დასაქმება, საცხოვრებელი, ჯანდაცვა და განათლება. ეს უფლებები ყველაზე ხშირად სწორედ მათთვის არის მიუწვდომელი, ვისაც ისინი ყველაზე მეტად სჭირდება. სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობის სფეროში ფართო სამუშაო პროგრამის შედეგად დამტკიცებული იქნა სოციალური დაცვის, დასაქმებისა და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები, სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობის ყოვლისმომცველი ანგარიში და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია. ეს სამუშაო სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტის პროგრამის ბირთვია.

45. სოციალური ინტეგრაციის ევროპულ კომიტეტს სოციალური უზრუნველყოფის სფეროში ძირითადი მოვალეობების შესრულება აკისრია. კერძოდ, მისი მოვალეობაა, მონიტორინგი გაუწიოს სოციალური უზრუნველყოფის ევროპული კოდექსის (და, ამოქმედების შემდეგ, სოციალური უზრუნველყოფის ევროპული შესწორებული კოდექსის) შესრულებას მონაწილე მხარეების მიერ. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ახალი წევრი ქვეყნების მოსამზადებლად კოდექსის რატიფიცირებისთვის. მოსალოდნელია, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა მომდევნო რამდენიმე წელიწადში მოახდენს ამ კოდექსის რატიფიცირებას. იმ ქვეყნებში, სადაც კოდექსის რატიფიცირება უფრო შორეული მომავლის საკითხია, ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ მოხდეს სოციალური უზრუნველყოფის ისეთი რეფორმირება, რომელიც შესაძლებელს გახდის რატიფიცირებას მომავალში. სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალური უზრუნველყოფის სისტემების კოორდინაციასაც და ამ სფეროში წევრ ქვეყნებს დახმარებას უწევს.

46. სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი აგროვებს ინფორმაციას სოციალური უზრუნველყოფის განსხვავებულ სისტემებზე და ამ სფეროს მიმდინარე საკითხებსა და ამოცანებზე დებატების ფორუმს წარმოადგენს. ეს ხორციელდება სოციალური უზრუნველყოფის სფეროში სტანდარტების განმსაზღვრელი ინსტრუმენტების ექსპერტთა კომიტეტის მუშაობის და საინფორმაციო სისტემა MISSCEO-ს (ევროპის საბჭოს ორმხრივი საინფორმაციო სისტემა სოციალურ დაცვაზე) მეშვეობით, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და კოორდინირებულია ევროკავშირის სისტემა MISSOC-თან (ორმხრივი საინფორმაციო სისტემა სოციალურ დაცვაზე).

47. ბავშვთა პროგრამა წარმატებით დასრულდა და შედეგად შეიქმნა ახალი ორგანო - ბავშვებისა და ოჯახების ფორუმი. ფორუმი აერთიანებს ამ სფეროში მოქმედი პარტნიორების ძალზე ფართო სპექტრს ისეთი საკითხების შესასწავლად, როგორებიცაა ბავშვთა შრომა, ბავშვების ფიზიკური დასჯა და ბავშვთა ომბუდსმენის როლი. ახლახანს დასრულდა მუშაობის ორწლიანი პროგრამა, რომელიც კონცენტრირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ბავშვის მოვლა დღის განმავლობაში, რისკის წინაშე მყოფი ბავშვები ან ნაშვილები ბავშვები და ბავშვები, დემოკრატია და მონაწილეობა.

48. სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი ასევე ცდილობს, შეიმუშაოს ქმედითი ინსტრუმენტები სოციალურ ინტეგრაციაში პროგრესის მონიტორინგისათვის. წევრ სახელმწიფოებს წარედგინათ სოციალური ინტეგრაციის ინდიკატორების გამოყენების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო. ამჟამად ხდება ამ მეთოდოლოგიის გამოცდა შერჩეულ ქვეყნებსა და რეგიონებში.

49. კომიტეტმა მოაწყო ფორუმები სოციალური ინტეგრაციის ქვემოთ ჩამოთვლილ ასპექტებზე მსჯელობისათვის:

● 2001 წლის ფორუმი: ახალი სოციალური მოთხოვნები და მმართველობა;

● 2002 წლის ფორუმი: ახალი სოციალური პასუხისმგებლობა გლობალიზების პროცესში მყოფ მსოფლიოში: სახელმწიფოს, ბაზრისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი;

● 2003 წლის ფორუმი: სოციალური ინტეგრაცია თუ საზოგადოების უსაფრთხოება: როგორ უპასუხოს ევროპამ დაუცველობის კოლექტიურ განცდას?

ამ ყოველწლიურმა ღონისძიებებმა, რომლებმაც თავი მოუყარა ცნობილ გამომსვლელებს, საშუალება მისცა კომიტეტს, მნიშვნელოვნად დაეხვეწა სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია.

50. ამ მთავრობათაშორისი საქმიანობის გარდა, შემუშავდა ორმხრივი პროექტების ვრცელი პროგრამა, უმთავრესად გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, რომელიც ითვალისწინებს ცალკეული წევრი სახელმწიფოების ან სახელმწიფოთა ქვერეგიონული ჯგუფებისათვის რჩევისა და დახმარების გაწევას კონკრეტულ ვითარებებში ევროპის საბჭოს სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის გამოყენებაში. სოციალური ინტეგრაციის სტაბილურობის პაქტის ინიციატივასთან დაკავშირებით შემუშავდა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის ვრცელი პროგრამა. მრავალი პროექტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, უკრაინასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ყურადღება გამახვილებული იყო სოციალური უფლებების (განსაკუთრებით, დასაქმების და სოციალური დაცვის) ხელმისაწვდომობაზე, ნაშვილებ ბავშვებსა და ქუჩის ბავშვებზე და მოხუცებზე, რომლებსაც მზრუნველობა ესაჭიროებათ.

2.3 მომდევნო წლების პრიორიტეტები

▲ზევით დაბრუნება


51. სოციალური ინტეგრაციის გაძლიერებისა და სიღარიბისა და სოციალური მარგინალიზაციის დაძლევაში წევრი სახელმწიფოებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი მიიჩნევს, რომ მომდევნო წლებში მისი საქმიანობა კონცენტირერებული უნდა იქნეს შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებზე:

52.სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება საზოგადოების ყველა წევრისათვის ძირითადი სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, როგორც ეს ევროპის შესწორებულ სოციალურ ქარტიაშია განსაზღვრული. ამ მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს წევრი სახელმწიფოების მიერ ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის (კოლექტიური საჩივრის პროცედურის ჩათვლით) რატიფიცირების ხელშეწყობით და მთავრობათაშორისი საქმიანობების შემუშავებით შემდეგ სფეროებში:

. სოციალური დაცვა

გაგრძელდება ღონისძიებები, რათა სოციალური უზრუნველყოფის ევროპულ კოდექსში და სოციალური უზრუნველყოფის შესწორებულ ევროპულ კოდექსში განსაზღვრული სტანდარტების მოქმედების არეალმა მოიცვას ყველა ის წევრი სახელმწიფო, რომლებიც მზად არიან ამ სტანდარტების მისაღებად. ამავე დროს, სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი მონიტორინგს გაუწევს რეფორმებს სოციალური უზრუნველყოფის სფეროში და განსაზღვრავს, რა ტიპის ცვლილებებია საჭირო დემოგრაფიული და ფინანსური ამოცანების შესასრულებლად ისე, რომ არ შეილახოს სოციალური ინტეგრაცია.

. სოციალური სამსახურები

სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს პერსონალური სოციალური სამსახურების ეფექტიანობის გასაზრდელად იმ ადამიანების კომპლექსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც სოციალურ მარგინალიზაციას განიცდიან ან რომლებსაც მარგინალიზაცია ემუქრებათ.

. დასაქმება

გაგრძელდება მუშაობა დასაქმების ხელმისაწვდომობის, დასაქმების სახელმწიფო სამსახურების საქმიანობის, დასაქმების ხარისხის და სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე, როგორც მარგინალიზაციის პრევენციისა და აღმოფხვრის უმთავრეს საშუალებაზე.

. საცხოვრებელი

სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი გააფართოებს თავის საქმიანობას საცხოვრებლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და ეს საქმიანობა კონცენტრირებული იქნება ისეთ წევრ ქვეყნებზე, სადაც საცხოვრებლის პრობლემა ძალზე მწვავედ დგას.

53. გაგრძელდება ბავშვებთან და ოჯახებთან დაკავშირებული მუშაობა ევროპის საბჭოს კონვენციებისა და გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად ბავშვთა უფლებებისადმი ინტეგრირებული მიდგომების შემუშავების ფარგლებში. სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიით გათვალისწინებული საქმიანობები კონცენტრირებული იქნება თანამედროვე საზოგადოებაში ბავშვის სრულფასოვანი და ჰარმონიული განვითარებისათვის შესაფერის, ეფექტიან აღზრდაზე.

54. კონკრეტული საქმიანობები კონცენტრირებული იქნება ასევე მოხუცთა საჭიროებებზე. სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი შეისწავლის დაბერების ზეგავლენას ევროპის საზოგადოებების მდგრად სოციალური განვითარებაზე. ეს წამოჭრის საკითხებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა დასაქმება, სოციალური დაცვა და სოციალური სამსახურები.

55. სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი გააგრძელებს ეფექტიანი გზების ძიებას იმისათვის, რომ:

. სოციალური ინტეგრაციის კომპონენტი ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების პროგრამების განუყოფელი ნაწილი გახდეს. იგი მოიძიებს თანამშრომლობის შესაძლებლობებს სხვა მთავრობათაშორის ორგანოებთან, განსაკუთრებით იმათთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჯანდაცვის, მიგრაციის, მოსახლეობის, უნარშეზღუდული ადამიანებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიაში აქცენტი პარტნიორობაზე კეთდება, შენარჩუნდება და გაძლიერდება კავშირები საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ორგანოთა კონგრესთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

. გამოყენებული იქნეს სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის შედეგები წევრ ქვეყნებში. ყოველ ზემოაღნიშნულ პრიორიტეტულ სფეროში მთავრობათაშორისი თანამშრომლობის პარალელურად შემუშავდება პროექტები, რომლებიც დაეხმარება წევრ სახელმწიფოებს, გამოიყენონ ევროპის საბჭოს რეკომენდაციები და გამოსცადონ მათი ქმედითობა კონკრეტულ ქვეყნებსა და რეგიონებში არსებულ სიტუაციებში. ამასთან დაკავშირებით ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა გამოყენებული იქნეს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკთან არსებული თანამშრომლობა პროექტების შემუშავებისა და დაფინანსებისათვის.

. გაგრძელდეს სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის შემუშავება. სემინარების და ექსპერტთა კომისიების სხდომების, ასევე, ევროპის მოსახლეობის კომიტეტის მიერ ჩატარებული სოციალურ-დემოგრაფიული კვლევების საფუძველზე გამოტანილი დასკვნების მეშვეობით გაგრძელდება სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის კონცეფტუალური ბაზის დახვეწა და გაფართოება, რათა მოხდეს მისი მოდიფიცირება ახალი ამოცანების შესაბამისად და მასში ნოვატორული მეთოდებისა და მიდგომების ჩართვა. მაგალითად, გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მოქალაქეებმა, ბიზნესმა, ფინანსურმა სექტორმა და სამოქალაქო საზოგადოებამ მეტი პასუხისმგებლობა იკისრონ უფრო ერთიანი საზოგადოებების განვითარებაზე.

. გაგონილი იქნეს მარგინალიზებული ადამიანების ხმა: არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობამ უშუალოდ ღარიბ და მარგინალიზებულ ხალხთან აჩვენა, რომ უმწეო ადამიანებს შეუძლიათ ღირებული იდეებით რეალური წვლილი შეიტანონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში. სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი თავისი მუშაობით შეეცდება, ხელი შეუწყოს ასეთი ადამიანებისა და ზოგადად მოქალაქეთა მონაწილეობას ამ პროცესში.

. მოხდეს სოციალური ინტეგრაციის ევროპული მიდგომის გაზიარება დანარჩენ მსოფლიოსთან: სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი მოიძიებს შესაძლებლობებს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციებში და ითანამშრომლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, მთავრობათაშორის რეგიონულ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ არაწევრ ქვეყნებთან.

2.4 სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის შეფასება და შესწორება

▲ზევით დაბრუნება


56. სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი ყოველ წელს შეამოწმებს პრიორიტეტების სიას, შეაფასებს მიღწეულ წინსვლას და განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა პრიორიტეტების გადასინჯვა. ამ შეფასების საფუძველზე იგი შეიმუშავებს წინადადებებს იმ საქმიანობებზე, რომლებიც უნდა შევიდეს შემდეგი წლის მთავრობათაშორის პროგრამაში. მაქსიმუმ ხუთ წელიწადში სოციალური ინტეგრაციის სტრატეგია საფუძვლიანად იქნება გადასინჯული შედეგების და წევრ სახელმწიფოებზე მათი ზეგავლენის სიღრმისეული შეფასების საფუძველზე.

სოციალური ინტეგრაციის შეფასება

57. მოხდება ბოლო წლებში ევროპის საბჭოს მიერ ჩატარებული მეთოდოლოგიური სამუშაოს შედეგად მიღებული სოციალური ინტეგრაციის ინდიკატორების ნებაყოფლობით დანერგვა, რაც უზრუნველყოფს ევროპის საბჭოსაც და მის წევრ ქვეყნებსაც სოციალურ ინტეგრაციაში მიღწეული პროგრესის შეფასების პრაქტიკული ინსტრუმენტებით.

3 დანართი

▲ზევით დაბრუნება


3.1 გამოცემები და ძირითადი ანგარიშები

▲ზევით დაბრუნება


● მრავალფეროვნება და ერთობა: იმიგრანტთა და უმცირესობათა ინტეგრაციის ახალი ამოცანები (იან ნიესენი). ივლისი, 2000 წ., ISBN 92-871-4345-5.

● ინოვაციური სოციალური სტრატეგიები ქალაქში, სამეცნიერო ნაშრომი. ოსლოს კონფერენცია, 22-24 ივნისი, 2000 წ., 1-ლი და მე-2 ტომები, გამოცემა - ივლისი, 2001 წ., ევროპის საბჭო.

● სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობა ევროპაში, მერი დელის ანგარიში, რომელიც სოციალური ინტეგრაციის ევროპულმა კომიტეტმა 2002 წლის მაისში მიიღო1. ISBN 92-871-4985-2.

● სხვის კმაყოფაზე მყოფ მოხუცთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სპეციალისტთა ჯგუფის (CS-QV) ანგარიში და დასკვნები - (2002 წლის აგვისტო) ISBN 92-871-5000-1.

● კონფერენცია სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობის საკითხებზე (14-15 ნოემბერი, 2002 წ., სანტ-იულიანი, მალტა), საბოლოო დოკუმენტები, ივლისი, 2003 წ.

● სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობა უნარშეზღუდული ადამიანებისათვის ევროპაში (მარკ მოდინე, 2003 წ.). ISBN 92-871-5328-0.

● ,,უნდა ვიყოთ გიგანტები” - დასაქმების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. რუსეთის ფედერაციის დასაქმებისა და სოციალური განვითარების სამინისტროსა და ევროპის საბჭოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელო (მხოლოდ ინგლისურ და რუსულ ენებზე). სახელმძღვანელოს შემდგენელი ბერტინ ოსკარსონი (2003).

● საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის სპეციალისტთა ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოს საბოლოო ანგარიში (CS-LO), CDCS (2001)61.

● სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობის სპეციალისტთა ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოს საბოლოო ანგარიში (CS-PS), CDCS (2001)62.

● დასაქმების ხელმისაწვდომობის ექსპერტთა კომიტეტის მიერ ჩატარებული სამუშაოს საბოლოო ანგარიში (CS-EM), CDCS (2001)63.

● ანგარიში: ექსპერტთა გამოხმაურება სოციალური განვითარების გზებზე, 28-30 მაისი, 2001 წ., პორტუგალია (ორგანიზებულია გაერო-ს ეკონომიკისა და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ, ევროპის საბჭოს მე-3 გენერალურ დირექტორატთან (სოციალური ინტეგრაცია) და ჩრდილოეთ-სამხრეთ ცენტრთან თანამშრომლობით).

● ანგარიში: სემინარი ოჯახში ბავშვთა ფიზიკურ დასჯაზე CS-ფორუმი (2002)13 დანართი.

_______________

1 ხელმისაწვდომია 17 ენაზე: სომხურ, ბოსნიურ, ბულგარულ, ხორვატიულ, ჩეხურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, ლატვიურ, ლიტვურ, მოლდოვურ, პორტუგალიურ, რუმინულ, რუსულ და ესპანურ ენებზე.

3.2 გამოცემათა ციკლი:

▲ზევით დაბრუნება


სოციალური ინტეგრაციის ტენდენციები

სოციალურ მარგინალიზაციაზე პოლიტიკური დებატების ხელშეწყობის კომპარატივისტული ხედვა, ტომი №1, დეკემბერი, 2001 წ., ევროპის საბჭო, ISBN 92-871-4920-8.

მოხუცებულობის პენსიისა და ჯანდაცვის დაფინანსების ტენდენციები და განვითარება 1990 წლების ევროპაში, ტომი № 2, მარტი, 2002 წ., ევროპის საბჭო, ISBN 92-871-4921-6.

სოციალური დახმარების გამოყენება სიღარიბისა და სოციალური მარგინალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში - შესაძლებლობებისა და პრობლემების კომპარატივისტული ხედვა. მატი ჰეიკილა და სიუზან კუივალაინენი, ტომი № 3, სექტემბერი, 2002 წ., ევროპის საბჭო, ISBN 92-871-4937-2.

ახალი სოციალური მოთხოვნები: მმართველობის ამოცანები, ტომი №4, ნოემბერი, 2002 წ., ევროპის საბჭო, ISBN 92-871-5012-5.

სიღარიბის დაძლევა და სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში: ტერიტორიული მიდგომა, ტომი №5, მარტი, 2003 წ., ევროპის საბჭო, ISBN 92-871-5096-6.

სახელმწიფო და ახალი სოციალური პასუხისმგებლობები გლობალიზებად სამყაროში, ტომი №6, ივნისი, 2003 წ., ევროპის საბჭო, ISBN 92-871-5168-7.

სამოქალაქო საზოგადოება და ეთიკურ პრინციპებზე დამყარებული ახალი ოციალური ალდებულებები, ტომი №, ნოემბერი, 2003 წ., ევროპის საბჭო, ISBN 92-871-5309-4.

ელექტრონული ბიულეტენი ,,ციალური ინტეგრაცია: ცვლილებები” ამოიცემა 2000 წლის ბოლოდან - 11 სტანდარტული გამოცემა და 3 პეციალური გამოცემა (მიგრაცია, ასაქმება, უნარშეზღუდული ადამიანები).

ევროპის სოციალური ქარტია (უკანასკნელი გამოცემების კრებული)

დასკვნები XVI-2 - ევროპის სოციალური ქარტია, სოციალური უფლებების ვროპული ომიტეტი, ტომი №1, 2003 წ., IშBN 92-871-5243-8 და ტომი №2, 2003წ., ISBN 92-871-5245-4.

დასკვნები 2003 - ევროპის სოციალური ქარტია (შესწორებული), სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი, ტომი №1, 2003 წ., ISBN 92-871-5338-8 და ტომი №2, 2003 წ., ISBN 92-871-5341-8.

კოლექტიური საჩივრების პროცედურა - გადაწყვეტილებები მიღებაზე, 1998-2003, სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი.

კოლექტიური საჩივრების პროცედურა - გადაწყვეტილებები კრიტერიუმებზე, ტომი №1 (1999-2000) და ტომი №2 (2001-2003), სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი.

მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები წევრი ქვეყნებისათვის

რეკომენდაცია (99)9 სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაში სპორტის მნიშვნელობაზე, 22/04/99.

რეკომენდაცია (2001)1 სოციალურ მუშაკებზე, 17/01/2001.

რეკომენდაცია (2001)12 მარგინალურ გარემოში მცხოვრები ადამიანების ჯანდაცვის მომსახურების მოთხოვნებთან ჯანდაცვის სამსახურების მისადაგებაზე, 10/10/2001

რეკომენდაცია (2002)8 დღის განმავლობაში ბავშვთა მოვლაზე, 18/09/2002.

რეკომენდაცია (2003)2 ქალაქის ღარიბ უბნებში პირველად მომსახურებაზე, 13/02/2003.

რეკომენდაცია (2003)19 სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, 24/09/2003.

მთავარი მოთხოვნები

საოჯახო საკითხებზე პასუხისმგებელი ევროპელი მინისტრების კონფერენცია. ბავშვებისათვის ხელსაყრელი გარემოსაკენ. სტოკჰოლმი, 14-16 ივნისი, 1999 წ.

კონფერენცია: ყველა ადამიანის სოციალური განვითარებისაკენ: თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე დამყარებული ევროპული სტრატეგია. ირლანდიის პრეზიდენტობა/ევროპის საბჭო, 17-18 იანვარი, 2000 წ.

კონფერენცია: ინოვაციური სოციალური პოლიტიკა ქალაქში, ოსლო, 22-24 ივნისი, 2000 წ.

კონფერენცია: პროგრამა ბავშვებისათვის. ბავშვები ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე, კვიპროსი, 27-29 ნოემბერი, 2000 წ.

საოჯახო საკითხებზე პასუხისმგებელი ევროპელი მინისტრების კონფერენცია. ურთიერთშეთანხმებული მუშაობა და საოჯახო ცხოვრება. პორტოროზი (სლოვენია), 21-22 ივნისი, 2001 წ.

ფორუმი 2001 ,,ახალი სოციალური მოთხოვნები და მმართველობა”, სტრასბურგი, 18-19 ოქტომბერი, 2001 წ.

კონფერენცია სოციალური მომსახურების როლზე მდგრად სოციალურ განვითარებაში, ბერლინი, 25-26 ოქტომბერი, 2001 წ. (ორგანიზებულია გერმანიის ხელისუფლებასთან ერთად).

სოციალურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ევროპელი მინისტრების მე-8 კონფერენცია - შრომითი მიგრაციის ზემოქმედება სოციალური უზრუნველყოფის სისტემებზე ევროპის ქვეყნებში, - ბრატისლავა, 21-23 მაისი, 2002 წ.

ფორუმი 2002 ,,ახალი სოციალური პასუხისმგებლობები გლობალიზებად მსოფლიოში: სახელმწიფოს, ბაზრისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი”, სტრასბურგი, 2-3 ოქტომბერი, 2002 წ.

კონფერენცია სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობაზე, მალტა, 14-15 ნოემბერი, 2002 წ.

ფორუმი 2003 ,,სოციალური ინტეგრაცია თუ საზოგადოების უსაფრთხოება: როგორ უნდა უპასუხოს ევროპამ დაუცველობის კოლექტიურ განცდას?” - სტრასბურგი, 23-24 ოქტომბერი, 2003 წ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში დასაქმებაზე პასუხისმგებელი ევროპელი მინისტრების კონფერენცია, ბუქარესტი, რუმინეთი, 30-31 ოქტომბერი, 2003წ.