თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან (სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო IX-XII კლასებისათვის; მასწავლებლის წიგნი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ერემაშვილი ნინო, ახვლედიანი ლევან
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები
წყარო: ISBN 978-9941-15-491-1
საავტორო უფლებები: © Project Harmony, Inc.
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სამუშაო ჯგუფის ლიდერი: ნინო ბესელია რედაქტორი: ნინო გოგალაძე დიზაინერი: მართა თაბუკაშვილი დამკაბადონებელი: ლადო ლომსაძე ყველა უფლება დაცულია სახელმძღვანელო დასაბეჭდად მომზადდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში. სახელმძღვანელო მომზადდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის საფუძველზე. ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ სახელმძღვანელოში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრებათ ავტორებს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.



1 წინასიტყვაობა

▲back to top


2010 წელს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

ამ მიზნის მისაღწევად პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 4 დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო განათლების სწავლებისათვის, ჩატარდა პედაგოგთა ტრენინგები, შეიქმნა სასკოლო სამოქალაქო კლუბები, გაიცა მცირე გრანტები მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა სამოქალაქო ინიციატივებისათვის, დაფუძნდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, მოეწყო სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკები, შეიქმნა სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო ინიციატივების ორი ვებპორტალი www.civics.ge da www.initiatives.ge, ჩატარდა მოსწავლეთა ტრენინგები სოციალურ მედიაში და დაარსდა სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკები. წინამდებარე სახელმძღვანელო ერთ-ერთია იმ დამხმარე სახელმძღვანელოების სერიიდან, რომლებიც პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. იგი გამიზნულია პედაგოგებისათვის და შეიცავს ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას. სახელმძღვანელოს მეშვეობით პედაგოგები შეძლებენ, ხელი შეუწყონ მოსწავლეებს, გაკვეთილზე მიღებული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში გამოიყენონ, მოიძიონ თანამოაზრეები და დაამყარონ თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან; მოსწავლეებმა დაგეგმონ და განახორციელონ საზოგადოებისათვის სასარგებლო პროექტები. კარგი მოქალაქეობის პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში განხორციელებით მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს, როგორც ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებაში.

მომავალი წარმატებების სურვილით,
PH International - საქართველო

2 შესავალი

▲back to top


მოცემული პროგრამის სწავლების მიზანია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა და ფუნქციები, გაიგონ, როდის და რატომ უნდა მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას, გამოიმუშაონ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის უნარ-ჩვევები, მოახდინონ იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომელთა გადაწყვეტაც ხელეწიფება ადგილობრივ თვითმმართველობას, შეადგინონ პროექტები და თვითმმართველობასთან ერთად გადაწყვიტონ აღნიშნული პრობლემა.

საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის დასამკვიდრებლად მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა სრულფასოვანი თვითმმართველობის დამკვიდრებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ამ მნიშვნელოვან საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ აქტიურ მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

ახალგაზრდებმა უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და საკუთარი ქალაქის, დაბისა თუ სოფლისათვის მოპოვონ ყველა ის სიკეთე, რაც მათთვის კანონით არის განსაზღვრული.

3 როგორ გამოვიყენოთ წიგნი

▲back to top


სახელმძღვანელო შედგება 6 თემისგან, რაც, მთლიანობაში 8 გაკვეთილს, ერთ შეხვედრასა და ერთ შემაჯამებელ გაკვეთილს მოიცავს. სახელმძღვანელოში ასევე მოცემულია თითოეული გაკვეთილის სავარაუდო სცენარი, გამოყენებული მეთოდების აღწერა. გაკვეთილები შედგება თეორიული ნაწილისგან, საკლასო სამუშაოებისგან და საშინაო დავალებებისგან.

თითოეული გაკვეთილის ბოლოს მოცემული საშინაო დავალებები მოსწავლეებს დაეხმარება ერთი დიდი პროექტის განხორციელებაში. ეს პროექტი მიმართულია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, თქვენი ქალაქის, დაბისა თუ სოფლის პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებასა და მოგვარებაში.

გაკვეთილებში დეტალურად არის ახსნილი, თუ რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა, რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის და ცალკეული მოქალაქისთვის და როგორ უნდა ითანამშრომლოთ მასთან.

გაკვეთილებს თან ახლავს დანართები, რომლებიც დაგეხმარებათ დავალებების მომზადებასა და პროექტის შექმნა-განხორცილებაში.

წიგნში ასევე მოცემულია ლექსიკონი ტერმინთა განმარტებებით.

გისურვებთ წარმატებებს!

4 გამოყენებული მეთოდების აღწერა გონებრივი იერიში

▲back to top


გონებრივი იერიში დროის მცირე მონაკვეთში მრავალგვარი იდეის გენერირების საშუალებას იძლევა. იგი ტარდება დამოუკიდებლად ან წარმოადგენს სხვა სავარჯიშოს ნაწილს. ამ მეთოდის გამოყენება თითოეული მოსწავლისგან ინდივიდუალურ აქტივობას მოითხოვს და საერთო პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტას განაპირობებს.

მასწავლებელი წინასწარ შეარჩევს თემას და შეკითხვის სახით ჩამოაყალიბებს მას. შეკითხვა უნდა იყოს მკაფიო და მოსწავლეთათვის გასაგები ფორმით მიწოდებული.

ამის შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და გვთავაზობენ პრობლემის გადაწყვეტის გზებს. იდეების გენერირების დროს სასურველია დავიცვათ შემდეგი პრინციპები:

1. მოსწავლეთა მიერ მოსაზრების გამოთქმის დროს დაუშვებელია კამათი, კრიტიკა ან შეფასება. უნდა ვიმუშაოთ პრინციპით: ყველა მოსაზრება ღირებულია.

2. აზრის გამოთქმა ნებაყოფლობითი და თავისუფალია. მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან მოსაზრებები, როცა თავად მოისურვებენ და არა მაშინ, როცა ამას მასწავლებელი მოითხოვს, იდეა შეიძლება იყოს როგორც ორიგინალური, ისე სხვისი იდეის განვითარების შედეგი.

3. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იდეების რაოდენობა და არა ხარისხი. ხარისხზე მსჯელობა უნდა მოხდეს გენერირების ეტაპის დასრულების შემდეგ (შეფასების ეტაპი).

4. ყველა იდეა უნდა დაიწეროს დაფაზე ან დიდ ქაღალდზე (მათ შორის, ყველაზე მიუღებელიც კი).

5. შეფასების წინ მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ დაფიქრების საშუალება.

6. იდეების გენერირების პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გაკვეთილის მსვლელობაზე, თუმცა, მასწავლებელმა შეიძლება წინასწარ განსაზღვროს იგი (რეკომენდებულია 2-დან 5 წუთამდე, თუმცა რთული საკითხის შემთხვევაში შესაძლოა 20 წუთამდეც).

მასწავლებელმა აქტიური სამუშაოს მსვლელობისას უნდა განსაზღვროს, რამდენი ხნის შემდეგ დაიწყება შეფასების ეტაპი: მაშინვე, თუ მომდევნო დღეს. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები უნდა ეწეროს დაფაზე ან კედელზე გაკრულ დიდ ქაღალდზე. გამოყენებული მეთოდების აღწერა

იდეების შეფასების ეტაპის დაწყებისას უნდა მოხდეს მოსაზრებათა მოკლე მიმოხილვა. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად უნდა განსაზღვრონ, დააჯგუფონ მსგავსი იდეები და განაზოგადონ ისინი.

მსგავსი იდეების გაერთიანების მერე შესაძლებელია მცირე დისკუსია მათ ავკარგიანობაზე, რომლის შემდეგაც უნდა მოხდეს მათი დახარისხება მნიშვნელობის მიხედვით - თითოეულ მოსწავლეს შეუძლია ამოარჩიოს რამდენიმე, მისი აზრით, ყველაზე ფასეული თემა და დაალაგოს ისინი მნიშვნელობის მიხედვით (თავისი დამოკიდებულება გამოხატოს ქულებით).

ქულების შეჯამების შემდეგ უნდა გამოიკვეთოს 1, 3 ან 5 იდეა, რომელსაც კლასი უპირატესობას მიანიჭებს.

მასწავლებელს, გაკვეთილის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, შეუძლია შეცვალოს შეფასების ეტაპის მიმდინარეობა. მაგ.: ძირითადი აქცენტი გადაიტანოს თავად დისკუსიაზე, რომელიც სრულდება არა შეფასებით (ქულებით), არამედ მოსწავლეთა შეთანხმებით, მაგრამ ეს შეთანხმება არ უნდა იყოს ხელოვნური და თავს მოხვეული.

როლებით თამაში

როლებით თამაში მოსწავლის (ან მასწავლებლის) მიერ შექმნილი პატარა იმპროვიზებული წარმოდგენაა, რომლის მიზანია კონკრეტული სიტუაციისა და ამბის გაცოცხლება. იგი საშუალებას იძლევა, უკეთ წარმოვიდგინოთ, გავიაზროთ და გავაანალიზოთ მოცემული ამოცანა.

სავარჯიშოსთვის მასწავლებელი შეარჩევს რეალური ცხოვრებიდან აღებულ ამბავს ან ტექსტს (სცენას) მასალიდან. შესაძლებელია მასწავლებელმა ან მოსწავლეებმა თავად მოიფიქრონ ისტორია საჭირო თემაზე და გაითამაშონ იგი.

მასწავლებელი თვალს ადევნებს როლების განაწილებას და მოქმედების განვითარებას. მოსწავლეები შემოქმედებითად უნდა მიუდგნენ თავიანთ როლებს, რაც იმის გარანტიაა, რომ ისინი კრიტიკულად განეწყობიან როგორც საკუთარი პერსონაჟის, ისე სხვა მოქმედი გმირების მიმართ. ბუნებრივია, მათ გაუჩნდებათ შეკითხვები, რომლებზედაც ძნელია ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა.

იმართება დისკუსია, რომლის დროსაც მოსწავლეები აქტიურად განიხილავენ და მსჯელობენ აღებული თემის ირგვლივ. არ უნდა დავუშვათ, შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა შეიძლებოდეს. სულაც არ არის აუცილებელი, გამოთქმული აზრი გაიზიაროს ყველა მოქმედმა გმირმა. შეთანხმება არ უნდა იქცეს თვითმიზნად და არ უნდა ვეცადოთ მის ხელოვნურად მიღწევას.

საკითხი, რომელზედაც შეთანხმება ძნელია, შეიძლება ღიად დარჩეს.

სიტუაციის მოდელირება

სიტუაციის მოდელირება შეიძლება განვიხილოთ, როგორც როლებით თამაში, რომელშიც უკლებლივ მთელი კლასი მონაწილეობს. ის საშუალებას იძლევა, მოსწავლეებმა გამოსცადონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები „ექსტრემალურ“ ვითარებაში.

სიტუაციის მოდელირება მონაწილეთაგან დიდ ძალისხმევასა და მონდომებას მოითხოვს, ამიტომ იგი მეტად შთამბეჭდავია და დიდ ზემოქმედებას ახდენს მონაწილეებზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოდელირების შემდგომი ანალიზი. „მსახიობებმა” უნდა იმსჯელონ საკუთარ გრძნობებზე (რატომ გადაწყვიტეს ემოქმედათ ამგვარად, გრძნობდნენ თუ არა უხერხულობას და რამდენად მისაღებია მათთვის პრობლემის ამგვარი გადაწყვეტა).

მასწავლებელი ამ შემთხვევაში უნდა დაეხმაროს მათ, რათა მონაწილეებმა შეძლონ, განცდილი დააკავშირონ რეალობასთან.

საკლასო დისკუსია

ინტერაქტიური მეთოდიკის ერთ-ერთ ეფექტიან ხერხს წარმოადგენს საკლასო დისკუსია. იგი ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: აქტიური მოსმენა, საკუთარი აზრის გამოთქმა და არგუმენტირება, მსჯელობა, სხვისი მოსმენა-გათვალისწინება, განსხვავებული აზრის გაზიარების უნარი.

დისკუსიის წარმატებით ჩატარებისთვის საჭიროა კლასში იყოს ნდობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო, სადაც, პირველ ყოვლისა, მასწავლებელი უნდა იყოს მისაბაძი მაგალითი.

დისკუსიის სწორი წარმართვისათვის აუცილებელია მისი ორგანიზება და რეგულირება, დისკუსიის მონაწილენი უნდა იცავდნენ წესებს, რომლებსაც მასწავლებელთან ერთად თავად ჩამოაყალიბებენ. წესების ჩამონათვალი შეიძლება ამგვარი იყოს:

1. როცა ერთი საუბრობს, სხვები უსმენენ;

2. აიწიეთ ხელი, როცა რაიმეს თქმა გსურთ;

3. არ გააწყვეტინოთ სხვას სიტყვა;

4. არ უნდა გაიცინოთ, როცა სხვა საუბრობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი ხუმრობს;

5. კამათში ყველა მონაწილეობს;

6. და სხვა წესები (რომლებსაც კლასი დამატებით შემოგვთავაზებს). დისკუსია იწყება მოტივაციით, რომელიც გულისხმობს:

პრობლემის დასმას ან კონკრეტული შემთხვევის აღწერას, ლექსის ან სიტუაციური ამოცანის წაკითხვას, ილუსტრაციების ჩვენებას, მელოდიების მოსმენას.

მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს: რა? როგორ? რატომ? რა მოხდებოდა, რომ...? რამ იქონია გავლენა? არის თუ არა ალტერნატივა?

დისკუსიის მსვლელობა:

  • იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხმაური და ქაოსი გაკვეთილზე, თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოსვლა წამყვანის, მასწავლებლის ან კლასის მიერ არჩეული ლიდერის ნებართვით;

  • გამომსვლელმა უნდა დაიცვას რეგლამენტი;

  • დაუშვებელია მონაწილეებს შორის დაპირისპირება;

  • დისკუსიის მონაწილეები უნდა შეეცადონ, რომ თითოეული აზრი იყოს დასაბუთებული და ფაქტებით განმტკიცებული;

  • თითოეულ მონაწილეს უნდა მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება;

  • თითოეული გამონათქვამი ყურადღებით უნდა იყოს განხილული;

  • განხილვა მოითხოვს კორექტულობას, ურთიერთპატივისცემას;

  • დაუშვებელია დამამცირებელი გამონათქვამები.

თუ დიალოგი დაიძაბა, მაშინ დისკუსია უნდა წარიმართოს სამოქალაქო ღირებულებებზე დაყრდნობით. მაგალითად, თუ მოსწავლეები მსჯელობენ ჩაცმის კულტურაზე, კერძოდ, სკოლაში გამომწვევი ჩაცმულობის აკრძალვაზე, კარგი იქნება, ჯერ გავარკვიოთ, მიაჩნიათ თუ არა მათ, რომ სკოლამ უნდა გაითვალისწინოს ამა თუ იმ საკითხზე მოსწავლის შეხედულება.

ყველა მოსწავლეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი. დისკუსიის დროს ყურადღება გაამახვილეთ სამოქალაქო ღირებულებებზე, აღნიშნეთ, ვის აქვს უფლება, გამოიტანოს გადაწყვეტილება. გავრცელებულია დისკუსიის შემდეგი ფორმები:

მრგვალი მაგიდა - საუბარი, რომელშიც თანაბარ საწყისებზე მონაწილეობს მოსწავლეთა მცირე ჯგუფი (4-5 კაცი), ხდება აზრთა ურთიერთგაცვლა, როგორც ერთმანეთთან, ასევე - კლასთან.

პანელური დისკუსია - ჯგუფს ჰყავს წინასწარ არჩეული ლიდერი. ჯგუფი საკითხს განიხილავს დამოუკიდებლად და შემდეგ წარუდგენს კლასს. ჯგუფის თითოეულ წევრს აქვს თავისი მოსაზრებების საჯაროდ გამოთქმის უფლება.

ფორუმი - ჰგავს პანელურ დისკუსიას, რომლის დროსაც ჯგუფი ახდენს აზრთა და იდეათა ურთიერთგაცვლას კლასთან.

სიმპოზიუმი - მონაწილეები გამოთქვამენ საკუთარ თვალსაზრისს ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ, აგრეთვე, უპასუხებენ კლასის შეკითხვებს.

დებატები

დებატები დისკუსიის ერთ-ერთი ფორმაა და აგებულია მონაწილეთა წინასწარ დაგეგმილ გამოსვლებზე. წარმომადგენლებს ირჩევენ ჯგუფიდან. კამათი იწყება ორი დაპირისპირებული მხარის თითო წარმომადგენლის გამოსვლით. მათ შემდეგ ტრიბუნა ეთმობა თითოეული მხარის სხვა მონაწილეებსაც შეკითხვებისა და კომენტარებისთვის. მასწავლებელმა თითოეული გამომსვლელისთვის უნდა დაადგინოს განსაზღვრული დრო.

როგორც წესი, დებატების დაწყებამდე და მისი დასრულების შემდგომ კლასის საერთო შეხედულება ფასდება, მაგალითად:

პოზიცია: „...“

დებატების დაწყებამდე

დებატების დასასრულს

გამართლებულია

გაუმართლებელია

ზოგჯერ გამართლებულია, ზოგჯერ გაუმართლებელია

დებატების გამოყენება

მაგალითად, სიკვდილით დასჯის თემა საკმაოდ აქტუალურია კულტურული, პოლიტიკური და ზოგადად ღირებულებითი თვალსაზრისით, ამიტომ, ბუნებრივია, მოსწავლეები თემის გარშემო მრავალფეროვან ინფორმაციას იკვლევენ. ერთნი სიკვდილით დასჯის გამამართლებელ არგუმენტებს იპოვიან, მეორენი, პირიქით - სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო არგუმენტებს. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ორივე გუნდის არგუმენტები მესამემ საკუთარი პოზიციების დასაცავად გამოიყენოს. ამ ასაკის ბავშვებისათვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის მიუხედავად, აქტიური მეთოდებით ჩატარებული ოცამდე თემის გავლის შემდეგ კლასი საკმაოდ გახსნილი და გულახდილი იქნება. ბავშვები პიროვნული ამბიციებისა და ახირებების მიხედვით კი არ აირჩევენ პასუხს, არამედ - არგუმენტებისა და კრიტერიუმების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე.

მასწავლებლის მისიაა, მოსწავლეებს დებატებით სწავლების სტრატეგია დაანახვოს, „ამოგზაუროს“ შემეცნების ამ უაღრესად საინტერესო გზაზე, სადაც ცოდნის, განცდის, ემოციისა და დამოკიდებულების სინთეზი მიიღწევა.

მაინც, რა უპირატესობა აქვს დებატებს?

  • დებატები სასწავლო პროცესის შესახებ ფიქრი და მასზე დაკვირვებაა. მოსწავლეებმა ბავშვობის ასაკიდან უამრავი რამ ისწავლეს. თავიდან ყველაფერი ერთი სიტყვის წარმოთქმით დაიწყო, შემდეგ ყველაფერი გამრავლდა და გაიშალა. დებატები არის ის საშუალება, რომელიც დასაშვებისა და დაუშვებელის, ნაწილისა და მთელის, სიტყვისა და საქმის პრინციპებს შეისწავლის, უკიდურესობებს გამოკვეთს და მსგავსებაგანსხვავებებს წარმოაჩენს.

  • დებატები ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი მეთოდია. მოსწავლემ დებატებში წარმატებისათვის უამრავი ახალი მასალა უნდა მოიძიოს, აქტიურად უსმინოს ოპონენტის ინფორმაციას და ის დიალოგის წარმართვისათვის გამოიყენოს.

  • დებატები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ იდეები ზედმეტი რისკის გარეშე. ჩვეულებრივი კამათი შეიძლება კონტროლს აღარ დაემორჩილოს. დებატებისას პროცესები სრულად კონტროლდება. თავდაპირველად მოსწავლეებს წესები საკმაოდ მკაცრი და ძნელად დასაცველი ეჩვენებათ, მაგრამ მათ გარეშე სამართლიანობის შენარჩუნება და პირადი შეურაცხყოფის გამორიცხვა შეუძლებელია.

  • დებატები იძლევა კამათის ხელოვნების პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ასე მნიშვნელოვანია ადამიანისათვის. დებატებისათვის საჭირო უნარები აუცილებელია როგორც პროფესიული განვითარებისათვის, ასევე, ზოგადად, სამოქალაქო ცხოვრებისათვის. ლოგიკურ მსჯელობაზე, დამამტკიცებელ მასალაზე, მაგალითებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე დაფუძნებული დასკვნა, ანუ არგუმენტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობა, ქმნის პოზიციას - მტკიცეს ან მერყევს.

T დიაგრამა

ეს სქემა მასწავლებელმა შეიძლება მრავალმხრივ გამოიყენოს. იგი ძალზე მოსახერხებელია საპირისპირო მოსაზრებათა გამოსათქმელად, მოვლენებისა თუ ფაქტების შესაპირისპირებლად და შესადარებლად, მოქმედ გმირთა დასახასიათებლად.

T სქემა საშუალებას გვაძლევს, წარმოვაჩინოთ დაპირისპირება განსახილველ საკითხებს (ფაქტებს, მოვლენებს, ადამიანებს, საგნებს და ა.შ.) შორის.

სავარჯიშო კარგია ინფორმაციის დასახარისხებლად (ვთქვათ, დადებითად და უარყოფითად) და დასაჯგუფებლად. სამუშაო სრულდება ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად, მასწავლებლის შეხედულებისამებრ: დაფაზე, რვეულში ან თაბახის ფურცელზე. ივსება ჯერ სქემის მარცხენა მხარე (5 წთ.), შემდეგ - მარჯვენა (5 წთ.).

0x01 graphic

აზრობრივი რუკა

აზრობრივი რუკის მიზანია კონკრეტულ საკითხებზე მოსწავლეთა (კლასის) ცოდნის დადგენა-შემოწმება. იგი ხელს უწყობს არსებული ინფორმაციის შეკრება-მობილიზებას, ახალი იდეების დაბადებასა და გამოხატვას.

წრის შუაგულში იწერება ერთი ან ორი სიტყვა (ნაწარმოების სათაური, საკვანძო სიტყვა, გამონათქვამი, პერსონაჟის სახელი, ადგილის სახელწოდება და ა.შ.), ირგვლივ კი - ყველა აზრი, რომელიც ამ სიტყვას უკავშირდება.

0x01 graphic

აზრობრივი რუკა წარმოადგენს ეფექტიან საშუალებას პერსონაჟის, მოვლენის, იდეის დასახასიათებლად. იგი შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლეთა მოტივაციისთვის.

რეიტინგი

მეთოდი გამოიყენება კლასისათვის კონკრეტული ინფორმაციის მისაწოდებლად ან ჯგუფებში მიზანმიმართული დისკუსიის წახალისება-სტიმულირებისათვის.

მასწავლებელი წინასწარ ამზადებს ბარათების კომპლექტს - თითოეული ჯგუფისთვის 9 ბარათს და განსახილველ თემასთან დაკავშირებულ 9 მოსაზრებას (თითო წინადადებას წერს თითო ბარათზე).

ჯგუფებში განიხილავენ შემოთავაზებულ მოსაზრებებს და ალაგებენ მათ მნიშვნელობის ხარისხის მიხედვით. რეიტინგის სქემას შეიძლება კიბის ან მრავალკუთხედის ფორმა მიეცეს. საფეხურებრივი რეიტინგის შედგენისას, ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრება სულ ზემოთ თავსდება, მის ქვემოთ მასზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, მომდევნო საფეხურზე - კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი და ა.შ. ყველაზე უმნიშვნელო გამონათქვამი ყველაზე ქვემოთ აღმოჩნდება.

საფეხურებრივი რეიტინგი

ყველაზე მნიშვნელოვანი

ყველაზე უმნიშვნელო

„მრავალწახნაგა“ რეიტინგის შედგენისას, თავდაპირველად, უნდა განისაზღვროს, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრება, შემდეგ მნიშვნელობით მისი მომდევნო ორი გამონათქვამი, შემდეგ - სამი საშუალოდ ძლიერი მოსაზრება, შემდეგ ორი მომდევნო და ბოლოს - ყველაზე უმნიშვნელო.

მრავალწახნაგიანი რეიტინგი

0x01 graphic

საკითხების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა, როგორც წესი, ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, რეიტინგის ამგვარი ფორმა უფრო პირობითი და მისაღებია მოსწავლისათვის. გარდა ამისა, იგი კონსენსუსის მიღწევის მეტ შესაძლებლობასაც იძლევა. რეიტინგის შედგენისას შეიძლება ბარათებზე 8 მოსაზრება დაიწეროს, ერთი ბარათი კი ცარიელი დარჩეს და ის თავად მონაწილეებმა შეავსონ.

პროექტები

პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაო, რომელშიც წარმმართველია კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარების განვითარება. ეს მეთოდი აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლეოდა და იძლევა.

მოსწავლეები მუდმივად სვამენ შეკითხვებს: რატომ გვასწავლით ამა თუ იმ საკითხს? რაში გამომადგება ეს ცოდნა? მასწავლებლებს უჭირთ ამ კითხვებზე დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხის გაცემა. ამ პრობლემის მოგვარებაში მასწავლებელს დაეხმარება იმის ცოდნა, თუ როგორ ამუშაოს მოსწავლეები სასწავლო პროექტზე. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები რეალური პრობლემის გადასაჭრელად შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იყენებენ. პროექტით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივაციას და ზრდის მათ პასუხისმგებლობას. ისინი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს და შეუძლიათ ხანგრძლივად იმუშაონ დასმულ საკითხებზე.

საკითხებს მოსწავლეები ხანგრძლივი დროის (ერთი ან რამდენიმე კვირის) განმავლობაში ამუშავებენ და შემდგომ წარუდგენენ მთელ კლასს ან უფრო ფართო აუდიტორიას. პროექტები ეხმარება მოზარდს, რეალურ ცხოვრებაში გამოიყენოს მიღებული ცოდნა და გამოცდილება დასახული მიზნის მისაღწევად.

პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუკი მისი შედეგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად, კორექტული ფორმით არის წარმოდგენილი (მაგ.: წერილობითი დოკუმენტი, მაკეტი, ინსცენირება, დებატები, აქცია, თანმიმდევრული ღონისძიებები და ა.შ.).

მასწავლებელი სასწავლო პროექტების მიმდინარეობისას კონსულტანტის როლს ასრულებს, ხელმძღვანელობს სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს აძლევს მიმართულებას. ასევე, იგი უთითებს ინფორმაციის წყაროებს.

პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეს სჭირდება შემოქმედებითობა, საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევები.

სასწავლო პროექტის დაგეგმვის დროს მასწავლებელი ითვალისწინებს:

  • რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემა, რომელიც კვლევას ითხოვს;

  • მოსალოდნელი შედეგების ნოვაციურობას (ობიექტურს ან სუბიექტურს);

  • პროექტზე მუშაობის დროს გამოყენებული მეთოდების კავშირს კვლევასთან;

  • არჩევანის საშუალების არსებობას, რაც მოსწავლეთა პასუხისმგებლობის ზრდას იწვევს.

პროექტი შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად; ერთი საგნის ფარგლებში; რამდენიმე საგნის ფარგლებში (საგანთა ინტეგრაცია);

მასწავლებელი-მოსწავლეების დამოკიდებულების მხრივ შეიძლება გამოიყოს სამი ტიპის სასწავლო პროექტი:

1. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გამზადებულ პროექტს. იგი თავად განსაზღვრავს პრობლემას, სახავს მისი გადაჭრის სტრატეგიასა და ტაქტიკას. მოსწავლე კი დამოუკიდებლად გადაჭრის პრობლემას;

2. მასწავლებელი სვამს პრობლემას, მოსწავლე დამოუკიდებლად ირჩევს კვლევის მეთოდებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს;

3. მოსწავლე განსაზღვრავს პრობლემას, დამოუკიდებლად ირჩევს კვლევის მეთოდებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს.

პროექტის აღწერა

პროექტის აღწერა არის მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილი. აღნიშნული პუნქტი სასურველია დაიყოს ქვეპუნქტებად, რომლებშიც გაერთიანდება შემდეგი სახის ინფორმაცია:

) პრობლემის განსაზღვრა (იდენტიფიკაცია) - გულისხმობს იმ კონკრეტული პრობლემის ხაზგასმას, რომლის საპასუხოდაც არის მიმართული თქვენი პროექტი.

) მიზანი - გულისხმობს ფართო, ზოგად დებულებას იმის შესახებ, თუ რის მიღწევა გსურთ. პროექტის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ისეთი სასურველი გარემოს ან პირობების შექმნა, რომლებიც ლოგიკურად დაუკავშირდება ზემოაღწერილ პრობლემას.

) ამოცანები - გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებს მიზნის მისაღწევად. აქ უნდა მიუთითოთ, რა ამოცანების გადაჭრას ისახავთ თქვენს პროექტში მითითებული მიზნის მისაღწევად. მიზნის მისაღწევად შეიძლება დაისახოთ ერთი, ორი ან რამდენიმე ამოცანა იმის გათვალისწინებით, თუ როგორია თქვენი პროექტის სპეციფიკა.

) განხორციელების გზები - გულისხმობს კიდევ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენ მიერ დასმული ამოცანების შესასრულებლად. განხორციელების გზები არის პროცესი, რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვებს:

1) „როგორ?“ - როგორ განახორციელებთ თქვენი პროექტის ამოცანებს?

2) „ვინ?“ - ვინ მონაწილეობს თქვენი პროექტის განხორციელებაში და რა არის მათი ფუნქციები პროექტში?

პროექტის შესრულების ვადები

უნდა შეიცავდეს პროექტის დროში განაწილებულ მსვლელობას. მასში უნდა აისახოს ეტაპებად დაყოფილი პროექტის შესასრულებლად გასაწევი საქმიანობა, განაწილებული დღეების, კვირების, თვეების იხედვით, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

მოსალოდნელი შედეგები

ამ ნაწილში აღწერეთ ის სავარაუდო ეფექტი ან მოსალოდნელი ედეგი, რომელიც მოჰყვება პროექტის წარმატებით განხორციელებას.

მონიტორინგი

ამ ნაწილში უნდა მიუთითოთ, თუ როგორი იქნება კონკრეტულად ქვენი პროექტის განვითარებაზე თვალყურის დევნების (მონიტორინგის) ექანიზმი და პერიოდულობა.

შეფასება

მიუთითეთ ის სავარაუდო კრიტერიუმები (მაჩვენებლები), რომლებიც ანსაზღვრავენ თქვენი პროექტის წარმატებას.

პროექტის შეფასების კრიტერიუმები:

პრობლემის იდენტიფიცირება;

თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება;

ინფორმაციის მოძიების უნარი;

კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების უნარი;

საზოგადოებასა და შესაბამის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უნარი;

ჯგუფის შემოქმედებითი უნარი;

მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციისა და ინტერპრეტაციის უნარი;

კვლევის შედეგების ანალიზის უნარი;

პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება;

გადაწყვეტილებების მიღება;

წარმოდგენილი ნამუშევრის ორგანიზება;

მოსწავლეების მიერ შექმნილი თვალსაჩინოებები.

სასარგებლო რჩევები

ამოქალაქო წიგნიერების განვითარება

(ბეჭდვით მასალაზე მუშაობა)

სამოქალაქო განათლების სწავლებისას ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები ნაბეჭდ მასალას სწავლის პროცესში, იქნება ეს სხვადასხვა ხასიათის სტატიები თუ საგაზეთო მასალა, პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა გამოსვლები, კანონთა ტექსტები და სხვა.

მასალის რაოდენობა და მრავალფეროვნება დამოკიდებულია მის ხელმისაწვდომობასა და დასამუშავებელი თემის მნიშვნელობაზე.

თითოეული სახის ბეჭდვითი მასალა გარკვეული, მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით ხასიათდება. მათი ანალიზიც სხვადასხვაგვარად ხორციელდება. თუმცა, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ შეკითხვების ჩამონათვალი, რომლებიც მათ დასამუშავებლად გამოიყენება, შეიძლება ერთგვაროვანი იყოს.

შეკითხვები, რომლებიც გვეხმარებიან სხვადასხვა ტიპის დოკუმენტის დამუშავებაში:

1. ვინ არის დოკუმენტის ავტორი/ავტორები? ავტორის/ავტორების გარდა, დოკუმენტის შექმნაში იღებდა თუ არა მონაწილეობას სხვა პირი/პირები? რა იცით ამ ავტორის/ავტორების შესახებ? რა შეგიძლიათ დამატებით გაიგოთ ავტორის/ავტორების შესახებ შესასწავლი დოკუმენტიდან?

2. როდის შეიქმნა ან დაიწერა დოკუმენტი? შეიძლება თუ არა ამის დადგენა დოკუმენტის შინაარსზე დაყრდნობით? რა მნიშვნელობა აქვს დოკუმენტის შექმნის დროის დადგენას?

3. სად ჩაეყარა საფუძველი იმ მოვლენას/მოვლენებს, რომლის შესახებაც საუბარია დოკუმენტში? როგორ შეიძლება ამის დადგენა დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე? რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნული მოვლენის ადგილის განსაზღვრას?

4. რა ფაქტებია მოყვანილი დოკუმენტში? რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ამ ფაქტების გაცნობის შემდეგ?

5. რატომ შეიქმნა ეს დოკუმენტი? რა იყო მიზეზი მისი შექმნისა?

6. როგორ დაგეხმარათ ეს დოკუმენტი, გაგეგოთ მეტი შესასწავლი მოვლენის/მოვლენების შესახებ?

მიუხედავად შეკითხვების ამგვარი უნიფიცირებისა, თითოეული ტიპის დოკუმენტს გააჩნია თავისი სპეციფიკა. ქვემოთ განვიხილავთ იურიდიული დოკუმენტების ანალიზის სპეციფიკას, რომელიც გამოგვადგება სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ეფექტიანად წარმართვისთვის. საუბარი გვექნება სამი სახის დოკუმენტზე: კონსტიტუციაზე, კოდექსსა და კანონზე.

კონსტიტუცია - სახელმწიფოს ძირითადი კანონია. ის ამკვიდრებს ქვეყნის მმართველობის ფორმას, იძლევა სოციალური და პოლიტიკური უფლებების გარანტიებს და განსაზღვრავს პოლიტიკურ პრინციპებს.

კოდექსი - კანონებისა და წესების კრებულია, რომელიც განეკუთვნება განსაზღვრულ საზოგადოებრივ მოვლენას.

კანონი - წარმოადგენს დებულებებს, რომელთაც შეიმუშავებენ კანონმდებლები ან პრეზიდენტი და რომელიც არეგულირებს ხელისუფლების და საზოგადოების ქმედებებს კონკრეტულ სფეროში.

ეს სამი იურიდიული დოკუმენტი ქმნის იერარქიულ სტრუქტურას. ყოველი კანონი უნდა ეფუძნებოდეს კონსტიტუციის კონკრეტულ დებულებას და უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული კოდექსის შემადგენელ ნაწილს.

ჩვენ მიერ ჩამოთვლილი დოკუმენტების ანალიზი მსგავსი მეთოდებით ხორციელდება. თუ მოსწავლეს დავავალებთ ამ დოკუმენტების შესწავლას, მან უნდა მოიძიოს და გააანალიზოს კონკრეტული დოკუმენტის წარმოშობის ისტორია, მისი მნიშვნელობა და იურიდიული განმარტება, მოხმარების სფერო და გამოყენების შედეგები.

დოკუმენტის წარმოშობის ისტორიული ანალიზი გულისხმობს ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემას, როგორებიცაა:

  • სად, როდის და როგორ პოლიტიკურ ვითარებაში შეიქმნა შესასწავლი დოკუმენტი?

  • ჰყავდა თუ არა მას „წინამორბედები“?

  • როგორი მიმართება არსებობს მასა და სხვა, ამავე პრობლემაზე არსებულ დოკუმენტებს შორის?

  • ვინ იღებდა მონაწილეობას მის შექმნაში?

  • ვინ იყვნენ დოკუმენტის მიღების მომხრეები და მოწინააღმდეგეები?

  • რა მიზნით იქმნებოდა იგი?

დოკუმენტის მნიშვნელობის ანალიზის დროს, შესაძლებელია წარმოიშვას შემდეგი კითხვები:

  • დოკუმენტის შექმნის პროცესში რატომ გამოიყენეს შესაბამისი სტილი?

  • როგორია დოკუმენტის ოფიციალური ინტერპრეტაცია, იცვლება თუ არა მისი მნიშვნელობა?

  • რა ადგილი უკავია კონკრეტულ თავს ან რომელიმე დებულებას მთლიან დოკუმენტში?

დოკუმენტის თანამედროვე გამოყენებისთვის შეიძლება დაისვას შემდეგი კითხვები:

  • როგორ გამოიყენებოდა ეს დოკუმენტი დღევანდლამდე?

  • წარმოიშვა თუ არა რაიმე პრობლემა მისი გამოყენებისას?

  • შეიცვალა თუ არა დოკუმენტი და თუ შეიცვალა - როგორ?

  • რა პრობლემები იქმნება დღეს მისი გამოყენებისას?

  • რა შესწორებები იქნა შეთავაზებული დოკუმენტის დასახვეწად?

  • რა მიზეზი დაედო საფუძვლად ამ შესწორებებს?

  • როგორია მოსწავლეთა აზრი დოკუმენტის და მისი გამოყენების შესახებ?

დოკუმენტების შესწავლისას, შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვა მასალებიც: გამოკვლევები, პოლიტიკური გამოსვლები, საგაზეთო სტატიები და ინტერვიუები, სატელევიზიო გადაცემები, დებატები და სხვა.

მასწავლებელს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს მოსწავლეების ჩართვას უფრო დიდ პროექტში. ამ შემთხვევაში ცალკეულ მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს შესასწავლად ეძლევა დიდი დოკუმენტის რომელიმე ერთი თავი. ამგვარად გადანაწილდება კლასზე მთელი დოკუმენტი. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოხდება კლასის მიერ შესრულებული სამუშაოს გაერთიანება.

5 თემა 1.

▲back to top


5.1 ადგილობრივი თვითმმართველობა - ისტორიული მიმოხილვა და დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება

▲back to top


მიზნები:

  • დამხმარე სახელმძღვანელოსა და მისი მიზნების წარდგენა;

  • ადგილობრივი თვითმმართველობის ზოგადი გააზრება;

  • დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

საჭირო რესურსები - სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, კალმები, დაფა, ცარცი.

ხანგრძლივობა - ერთი გაკვეთილი.

გაკვეთილის სავარაუდო პროცესი

აქტივობა №1

თავდაპირველად მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს სახელმძღვანელოს მიზნებს (5 წთ). შემდეგ გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით არკვევს, რა იციან მოსწავლეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და მოსწავლეებს უხსნის, თუ რა არის თვითმმართველობა და სად იღებს ის სათავეს (15 წთ).

შემდეგ მოსწავლეები ასრულებენ დავალებას (10 წთ).

აქტივობა №2

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, საიდან აიღო დასაბამი ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტმა და როგორ განვითარდა ის დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში (10 წთ).

აქტივობა №3

დარჩენილი 5 წუთის განმავლობაში მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას. უნდა დაიწყონ პროექტის განხორციელება. პირველ ეტაპზე მათ უნდა ჩაატარონ საზოგადოებრივი აზრის კვლევა. აღსანიშნავია, რომ, სავარაუდოდ, ეს არის პირველი მცდელობა, როცა მოსწავლეები ამგვარ სამუშაოს ასრულებენ. მოსწავლეებმა, ასევე, უნდა მოამზადონ მცირე ზომის პრეზენტაცია. შესაძლებელია ეს სამუშაო შეასრულონ ჯგუფურად ან იმუშაონ წყვილებად. ასევე შინ უნდა გაეცნონ ილია ჭავჭავაძის პუბლიკაციას და წარმოადგინონ მცირე პრეზენტაცია.

6 თემა 2.

▲back to top


6.1 თვითმმართველობის არსი და მნიშვნელობა, თვითმმართველობის სისტემა და საკანონმდებლო ბაზა საქართველოში

▲back to top


მიზნები:

  • თვითმმართველობის მნიშვნელობის გაანალიზება დემოკრატიულ საზოგადოებაში.

  • თვითმმართველობის სამართლებრივი საფუძვლებისა და კანონმდებლობის შესწავლა.

  • სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილების გაცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში.

საჭირო რესურსები - სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, კალმები, დაფა, ცარცი.

ხანგრძლივობა - ერთი გაკვეთილი.

გაკვეთილის სავარაუდო პროცესი

აქტივობა №1

თავდაპირველად მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ პრეზენტაციებს, რომლებიც მათ უნდა მოემზადებინათ თემაზე: „რა არის თვითმმართველობა“ (ხანგრძლივობა - 10 წუთი).

აქტივობა №2

მასწავლებელი მოკლედ მიმოიხილავს, თუ როდის დაიწყო საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირება, როდის შეუერთდა საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას, რა ვალდებულებები დააკისრა ჩვენს ქვეყანას ამ ქარტიის რატიფიცირებამ და რა სამართლებრივი მექანიზმები უზრუნველყოფს საქართველოში თვითმმართველობის განხორციელებას. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს ორგანული კანონის განმარტებაზე. მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს აზრობრივი რუკა, რათა დარწმუნდეს, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიგეს ორგანული კანონის მნიშვნელობა (ხანგრძლივობა - 10 წუთი).

აქტივობა №3

თვითმმართველობის მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტების (ანუ სხვადასხვა კანონის) მიმოხილვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, თუ რა უფლებებსა და შესაძლებლობებს აძლევს ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს მოქალაქეებს და რა კავშირია ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის (ხანგრძლივობა -10 წუთი).

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას, გაეცნონ სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში და „რეიტინგის“ მეთოდის გამოყენებით შეასრულონ ის. ამისათვის მოსწავლეები უნდა დაიყონ ჯგუფებად. დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს მიეცემათ 10 წუთი. დასასრულს ყველა ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს და გაიმართება საკლასო დისკუსია. - ხანგრძლივობა 10 წუთი.

აქტივობა №4

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას - პროექტის მეორე ეტაპს. სამეზობლოში ან სამეგობროში მათ უნდა ჩაატარონ გამოკითხვა თემაზე: „სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილება თვითმმართველობის სფეროში“. მოსწავლეები უნდა გაეცნონ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მე-4 მუხლს, სადაც აღწერილია სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში; გამოკითხვის შედეგებისა და კანონის მე-4 მუხლის მოცემულობების შედარების საფუძველზე მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ პრეზენტაცია თემაზე: „სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილება თვითმმართველობის სფეროში“.

7 თემა 3.

▲back to top


7.1 ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები

▲back to top


მიზნები:

  • თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებისა და ფუნქციების გაცნობა-გაანალიზება.

  • თვითმმართველობის უფლებამოსილებების ფუნქციათა მიხედვით გამიჯვნა.

  • თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაანალიზება საჯარო სკოლასთან დაკავშირებით.

საჭირო რესურსები - სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, დიდი ფორმატის ქაღალდები, მარკერები, კალმები.

ხანგრძლივობა - ერთი გაკვეთილი.

გაკვეთილის პროცესი

აქტივობა №1

თავდაპირველად მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ პრეზენტაციებს (5 წთ.) შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის თვითმმართველობის განხორციელების პრინციპებსა და ფუნქციებს და აძლევს დავალებას. დავალების შესრულებისას მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ მეთოდი „რეიტინგი“. ამისათვის მოსწავლეები უნდა დაიყონ ჯგუფებად. დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს მიეცემათ 5-7 წუთი. დასასრულს ყველა ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს და გაიმართება საკლასო დისკუსია.

ხანგრძლივობა - აქტივობა №1-ის სრული ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 25 წუთს.

აქტივობა №2

მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად ფუნქციებს. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება კონფლიქტების თავიდან არიდებისა და მოგვარების საკითხში ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე. უნქციების განხილვის შემდეგ, იწყება თვითმმართველობის დგილობრივი თვითმმართველობის ანხორციელების ძირითადი ფლებამოსილებათა განხილვა. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა არგად გაიაზრონ, თუ კონკრეტულად რომელ უფლებამოსილებას ყენებს თვითმმართველობა ამა თუ იმ ფუნქციის შესასრულებლად. ასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას. მოსწავლეები ნდა გაეცნონ 4 შემთხვევას და გაარკვიონ, თუ ახორციელებდა ან რ ახორციელებდა ძირითად ფუნქციას თვითმმართველობის ორგანო ხანგრძლივობა 10 წუთი).

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს შემთხვევა, ისევე, როგორც სახელმძღვანელოში მოცემული სხვა შემთხვევები რეალურია და ეყრდნობა სხვადასხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას. შესაძლებელია მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალოს, თავადაც მოიძიონ მსგავსი შემთხვევები.

აქტივობა №3

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად შეაჯამებენ აქტივობა №2-ის დავალებას, მასწავლებელი მათ აძლევს ახალ დავალებას: მოსწავლეები დანართში უნდა გაეცნონ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლს და მასში მოცემული თვითმმართველობის უფლებამოსილებანი დააჯგუფონ ფუნქციების მიხედვით, მოცემული ცხრილი გადაიტანონ რვეულში და შეავსონ (ხანგრძლივობა - 10 წუთი). დავალება №3.3-სა და დავალება 3.№4-ს მოსწავლეები ასრულებენ შინ.

8 თემა 4.

▲back to top


8.1 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო და მისი არჩევნები

▲back to top


მიზნები:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევისა და განხორციელების მექანიზმების გაანალიზება.

  • საკრებულოს, როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის გაცნობა.

  • საკრებულოს უფლებამოსილებათა გაცნობა.

საჭირო რესურსები - სახელმძღვანელო, რვეული, კალმები.

ხანგრძლივობა - ორი გაკვეთილი.

1-ლი გაკვეთილის პროცესი

აქტივობა№1

მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რა არის საკრებულო და როგორ ირჩევენ მას. შემდეგ გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები; მათი აზრით, ვინ შეიძლება გახდეს თვითმმართველობის(საკრებულოს) წევრი. ამისათვის შესაძლებელია დიაგრამის გამოყენება. მას შემდეგ, რაც დიაგრამის ერთ მხარეს მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს, მასწავლებელი აცნობს, რა მოთხოვნებს უყენებს კანონი თვითმმართველობის წევრობის კანდიდატს და დიაგრამაზე ადარებენ მოსწავლეთა მოსაზრებებს და კანონის მოთხოვნებს (ხანგრძლივობა - 15 წუთი).

აქტივობა№2

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დამოუკიდებლად შესასრულებელ დავალებას №4.1. შემდეგ იმართება საკლასო დისკუსია, რომელსაც გულისხმობს დავალება №4.2. (ხანგრძლივობა - 15 წუთი).

აქტივობა№3

მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას საკრებულოს არჩევისა და შემადგენლობის შესახებ, ასევე ქალაქის მერის, საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვადასხვა სტრუქტურის შესახებ და აძლევს დავალებას, რომ მოიძიონ ინფორმაცია მათი ქალაქის, სოფლის ან დაბის საკრებულოს შემადგენლობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება რიგი ქალაქების შემთხვევაში შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით. შესაძლებელია წერილით მიმართონ საკრებულოს და გამოითხოვონ აღნიშნული ინფორმაცია. წერილის ნიმუში მოცემულია დანართში. მოსწავლეებს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი, ან ინდივიდუალურად მიმართონ საკრებულოს, ან კლასის სახელით გაუგზავნონ კოლექტიური წერილი. დასასრულს მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას, მოამზადონ პრეზენტაცია თემაზე: „ჩემი ქალაქის მერი“ ან „ჩემი სოფლის გამგებელი“.

აქტივობა №3-ის სრული ხანგრძლივობაა 15 წუთი.

მე-2 გაკვეთილის პროცესი

აქტივობა №1

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, წარმოადგინონ მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები. ხანგრძლივობა - 15-20 წუთი. აქტივობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოსწავლეთა რაოდენობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლეს მიეცეს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. დასასრულ, შესაძლებელია, აზრობრივი რუკის გამოყენებით შეიქმნას სასურველი მერის ან გამგებლის პორტრეტი.

აქტივობა №2

მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო ენისა და სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ და აძლევს დავალებას, მოიძიონ ინფორმაცია მათი ქალაქის, დაბის ან სოფლის თვითმმართველი ერთეულის გერბისა და დროშის შესახებ. მოსწავლეები ასევე ადგილზე უნდა გაეცნონ დავალებაში მოცემულ მაგალითს (ხანგრძლივობა - 5 წუთი).

აქტივობა №3

გაკვეთილის მეორე ნახევარი სრულად ეთმობა საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებათა გაცნობასა და გაანალიზებას. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია მეთოდ „რეიტინგის“ გამოყენება. ასევე გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, გაიხსენონ მათი ქალაქის, დაბის ან სოფლის საკრებულოს მიერ განხორციელებული რაიმე აქტივობა, რომელიც პოზიტიურად აისახა მათი თემის ცხოვრებაზე. ასევე დაასახელონ ისეთი საკითხები, რომლებიც, მათი აზრით, შესაძლებელია გადაჭრან თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. ასევე მოსწავლეები უნდა გაეცნონ 40-41-ე გვერდებზე მოცემულ მაგალითებს და განმარტონ, თუ კონკრეტულ შემთხვევაში რომელი კონკრეტული უფლებამოსილება გამოიყენა საკრებულომ (ხანგრძლივობა - 20 წუთი).

9 თემა 5.

▲back to top


9.1 თვითმმართველობა საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში

▲back to top


მიზნები:

  • საჯარო სკოლაში თვითმმართველობის განხორციელების საშუალებათა გახსენება და გაანალიზება.

  • ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობის საშუალებათა გაცნობა.

  • უმაღლეს სასწავლებლებში თვითმმართველობის გაცნობა, გაანალიზება.

საჭირო რესურსები - სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, კალმები.

ხანგრძლივობა - ერთი გაკვეთილი.

გაკვეთილის პროცესი

აქტივობა №1

მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს საჯარო სკოლის განმარტებასა და სტრუქტურას. გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით არკვევს, იციან თუ არა მოსწავლეებმა, თუ ვინ შეიძლება იყოს სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი და იცნობენ თუ არა სამეურვეო საბჭოს წევრებს? რა სახის ურთიერთობა ჰქონიათ სამეურვეო საბჭოსთან (ხანგრძლივობა - 5 წუთი).

აქტივობა №2

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დამოუკიდებელ დავალებას. მოსწავლეები უნდა გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას ზოგადი განათლების სფეროში, უპასუხონ დავალება 5.1-ში მოცემულ კითხვებს და დასასრულს გამართონ დებატები თემაზე: „რა სიკეთის მოტანა შეუძლია ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სკოლის თანამშრომლობას სკოლისთვის და მათი დასახლებისთვის“ აქტივობის (ხანგრძლივობა - 20 წუთი).

აქტივობა №3

მასწავლებელი გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებისგან იღებს ინფორმაციას, თუ რა იციან მათ მოსწავლეთა თვითმმართველობისა და მისი ფუნქციების შესახებ. მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციების განსაზღვრისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას აზრობრივი რუკა, რომლის მონაცემებსაც კანონს შეადარებენ. შესაძლებელია გაიმართოს საკლასო დისკუსია, თუ რამდენად აქტიურია მათი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობები, რას შეცვლიდნენ თვითმმართველობის საქმიანობაში და რა საკითხებზე იმუშავებდნენ. მოსწავლეები პასუხს სცემენ დავალებებში მოცემულ კითხვებს, მას შემდეგ, რაც გაეცნობიან მოცემულ მაგალითებს (ხანგრძლივობა - 15 წუთი).

აქტივობა №4

გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობების შესახებ და აძლევს დავალებას, მოიძიონ ინფორმაცია სტუდენტური თვითმმართველობების მიერ განხორციელებული მათთვის საინტერესო აქტივობების შესახებ.

10 თემა 6.

▲back to top


10.1 როგორ განვახორციელოთ თვითმმართველობა

▲back to top


მიზნები:

  • ადგილობრივ თვითმმართველობასთან კონკრეტული თანამშრომლობის გზების დასახვა.

  • მოქალაქეების საჭიროებათა და პრობლემათა გამოვლენის უნარ-ჩვევების შეძენა.

  • საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისათვის მომზადება და გამოკითხვის ჩატარება.

  • პრეზენტაციებისა და პროექტების მომზადება.

  • თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება.

  • პროექტის ან პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

საჭირო რესურსები - სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, კალმები.

ხანგრძლივობა - სამი გაკვეთილი.

1-ლი გაკვეთილის პროცესი

აქტივობა №1

მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, კანონის თანახმად როგორ ხორციელდება მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობა და გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, განვლილ მასალაზე დაყრდნობით, მოსწავლეებს ეკითხება, კონკრეტულად რა საკითხებზე სურთ მათ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა. მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ გაკვეთილის ტექსტში დასმულ კითხვას (ხანგრძლივობა - 10 წუთი).

აქტივობა №2

მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, თუ რა არის საჯარო ინფორმაცია და რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისთვის ინფორმაციის საჯაროობას. მოსწავლეები დანართში მოცემული ნიმუშის მიხედვით ამზადებენ წერილს, რათა საკრებულოდან გამოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. ამ საკითხში დასახმარებლად შესაძლებელია მასწავლებელმა წინასწარ მიმართოს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთანაც სკოლას აქვს პარტნიორული ურთი ერთობა. სასურველია, დანართში მოცემული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლების გამოყენებით, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეადგინონ წერილი, შემდეგ განიხილონ კლასში და შეიმუშაონ საბოლოო ვერსია (ხანგრძლივობა -15 წუთი).

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმარტებას, თუ რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი აზრის კვლევას და მოსწავლეები, მასწავლებლის დახმარებით, იწყებენ პირველი პრაქტიკული დავალების განხორციელებას ეტაპების მიხედვით (ხანგრძლივობა - 10 წუთი). პროექტის განხორციელების ეტაპები დეტალურად არის აღწერილი მოსწავლის წიგნში.

მე-2 გაკვეთილის პროცესი

მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს გამოკითხვის შედეგებსა და თვითმმართველობიდან მიღებული პასუხის მონაცემებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ მოსწავლეები თვითმმართველობიდან ვერ მიიღებენ საჯარო ინფორმაციაზე პასუხს, მნიშვნელოვანი იქნება ამ საკითხის განხილვა გაკვეთილის დასაწყისში. კანონის რა მოთხოვნები დაარღვია თვითმმართველობამ - ამ კითხვაზე პასუხი მოსწავლეებმა უნდა გასცენ და იფიქრონ იმაზე, თუ რა ბერკეტები უნდა გამოიყენონ, რათა თვითმმართველობამ პირნათლად შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილებანი. ხანგრძლივობა - 10 წუთი.

შემდეგ მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ, თუ რა საკითხებზე მოამზადებენ პრეზენტაციებს. ამისათვის სასურველია გაიმართოს დებატები და სწორედ დებატების გზით შეირჩეს ის საკითხები, რომლებსაც შემდეგ წარუდგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს.

ასევე უნდა მოამზადონ ოფიციალური წერილი და მოიწვიონ შეხვედრაზე თვითმმართველობის წარმომადგენელი. შესაძლებელია, შეხვედრა გაიმართოს სკოლაში ან საკრებულოში.

მას შემდეგ, რაც შეირჩევა, თუ რა საკითხებზე მომზადდება პრეზენტაცია და მოხდება მათი გადანაწილება, მასწავლებელმა პარალელურად უნდა დაავალოს მოსწავლეებს აღნიშნულ თემებზე პროექტების მომზადება. პროექტების მომზადების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს ისეთ პროექტებს, რომლებიც არ საჭიროებს დაფინანსებას და შესაძლებელია მხოლოდ კრეატიული იდეებისა დ ადამიანური რესურსების გამოყენების გზით მათი განხორციელება. ამ აქტივობას ეთმობა გაკვეთილის დარჩენილი დრო.

მე-3 გაკვეთილის პროცესი

ამ გაკვეთილზე მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ პრეზენტაციებსა და პროექტებს. დებატების მეთოდის გამოყენებით შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო პროექტი და პრეზენტაცია. შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უნაწილებს როლებს, ვინ რა უნდა გააკეთოს თვითმმართველობის წარმომადგენელთან შეხვედრისას. როლებით თამაშისა და სიტუაციის მოდელირების მეთოდების გათვალისწინებით, კლასში იმართება მოდელირებული შეხვედრა, რათა რეალური შეხვედრის დროს ყველამ ზუსტად იცოდეს თავისი ფუნქცია და თავიდან იქნას აცილებული რაიმე სახის უზუსტობა და გაუგებრობა.

გახსოვდეთ: შესაძლოა სწორედ თვითმმართველობის მხრიდან პასიურობა ან თანამშრომლობაზე უარის თქმა გამოვლინდეს ერთერთ მიზეზად. და თუკი ამ დროისათვის მოსწავლეებმა უკვე იციან, რა არის თვითმმართველობის ფუნქცია და მათ, როგორც მოქალაქეებს, რის მოთხოვნის უფლება აქვთ, ისინი შეეცდებიან, უფრო აქტიურად და, რაც მთავარია, კანონიერად მოითხოვონ თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან საკუთარი ფუნქციების შესრულება.

პროექტის შედეგების შეჯამება და ანალიზი მიზნები:

საგანმანათლებლო პროგრამის შეჯამება, ამა თუ იმ მოლოდინისა და შედეგის შედარება.

საჭირო რესურსები - სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, კალმები.

ხანგრძლივობა - ერთი გაკვეთილი.

გაკვეთილის პროცესი

გაკვეთილზე გამართეთ დებატები თემაზე, რა შედეგები მოჰყვა თქვენ მიერ განხორციელებულ აქტივობებს. კმაყოფილი ხართ თუ არა შეხვედრის შედეგებით. დააკონკრეტეთ, რა მოლოდინი გქონდათ. გამართლდა თუ არა ის. მთლიანობაში შედეგი კარგია, დამაკმაყოფილებელი თუ არადამაკმაყოფილებელი? როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღეთ ასეთი შედეგი? მომავალში კიდევ ისურვებთ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობას?

სასარგებლო რესურსები

ცხოვრება და კანონი

ილია ჭავჭავაძე

0x01 graphic

რაც უნდა მდიდარი იყოს ქვეყანა ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა, ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის.

ბუნებამ, რაც უნდა სიმდიდრით მორთოს რომელიმე მხარე, ანუ ქვეყანა, რაც უნდა მრთელი ჰავა მისცეს ადამიანს საცხოვრებლად და ნაყოფიერი მიწა საზრდოებისათვის, მაინცდამაინც ხალხთა კეთილდღეობას სხვა მხრითაც ხელის შეწყობა სდომებია. კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისათვის, ხალხთა კეთილდღეობისათვის, ეს უკანასკნელი უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყნიერობაზედ.

მთიულსა შოტლანდიისას გარს ახვევია გულდახურული, ღარიბი ბუნება. იგი დიდის შრომითა და ღვაწლით ართმევს ბუნებას იმ თითო ლუკმა პურს, რომელსაც აწვდის თვის ჯალაბს საზრდოებისათვის. იგი თავგადადებით, თავგამომეტებით დღედაღამ ებრძვის ბუნებას და ყოველი ესრეთ მოპოებული ლუკმაპური ძლევამოსილებაა მისის მხნეობისა, შრომისმოყვარეობისა. თუმცა ესრეთ აღამებს იგი დღეს და ათენებს ღამეს, მაგრამ იგი უფრო ბედნიერია და კმაყოფილი, ვიდრე სპარსელი, რომლისთვისაც ბედს შემოუფარგლავს უკეთესი ქვეყანა კაცთა საცხოვრებლად და საზრდოებისათვის. ერთი არის თავმომწონე, გამბედავი, თავისუფალი, მედგარი და გულდაგული კაცი, მეორე არის გულჩათუთქვილი, ილაჯგაწყვეტილი, ფრთხალი და გათელილი. ერთი - იმედით აღსავსე სულ წინ იყურება და ყოველი მისი ფეხის წინ წადგმა ძლევამოსილობაა ხვალისათვის, მეორე - სასოწარკვეთილია, შიშით სულ უკან იყურება და გუშინდელს, მშვიდობით გატარებულს დღეს ნატრულობს და არა სწამს ხვალე. ერთი - სულით თუ ხორცით ყოველდღე წარმატებაშია, თუმცა ღარიბი ბუნება ახვევია, მეორე - სულითაც და ხორცითაც დალევაშია, თუმცა მის გარე ბუნება უხვია და მდიდარი. რა არის ამისი მიზეზი? ის არის, რომ ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის „ჩემი აქ თავდებაო და სხვისა აქ იწყებაო“, უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისა. რაც სხვისაა - ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია - ეგ ჩემი უფლებაა.

უფლება და მოვალეობა, რომელნიც არიან პირველნი და უკანასკნელნი საგანნი ურთიერთშორის განწყობილებისა, დაიდგინება და განისაზღვრება მხოლოდ ხალხის კანონთმდებლობის ძალითა და ნიჭითა. ამ მხრით, რასაკვირველია, საბუთი აქვსთ მათ, ვინც ამბობენ, რომ მომქმედთა კანონთა უვარგისობა, თუ სიკეთე, თითონ ხალხის ბრალიაო, იმიტომ რომ თავი და ბოლო კანონებისა თვით ხალხიაო. რამოდენად მისაღებია ეს საბუთი, ჩვენ მაგის გამოძიებას არ შევუდგებით; ჩვენ მარტო ის გვინდოდა გვეთქვა, რომ რაც უნდა მდიდარი ქვეყანა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა, ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის. ამისი მაგალითი თვით ჩვენი ქვეყანაა. ერთი მითხარით, რა არ მოუცია ღმერთს ჩვენის ბედნიერებისათვის? ყოველისფერი უხვად გვაქვს, მხოლოდ არა გვაქვს ურთიერთშორისი განწყობილება...

ქვეყნიერობაზედ მართველობას ორგვარი წყობა და აგებულება ჰქონია და აქვს. თუ სადმე რაიმე ცვლილება არის, მაინც არ შეიძლება, რომ მმართველობა ან ერთისაკენ არ იყოს მიდრეკილი, ან მეორისაკენ. ერთგვარი მმართველობა იგია, საცა სახელმწიფო საჭიროების საქმესაც თვით მთავრობა განაგებს და საზოგადოებისასაც, ყველგან და ყოველს ნაწილში. ამ შემთხვევაში მთავრობა ყოველგვარის საქმის დამწყები და მოთავეა, ყოველგვარის საქმის მწარმოებელია, - ყოველის მზრუნველი და გამგეა, ასე რომ, ყოველივე მისგან წარმოსდგება და ყოველივე მასვე ერთვის. ამგვარად გამგეობისათვის მას თავისი საკუთარნი მოხელე-კაცნი ჰყვანან, რომელთაც თვით ირჩევს, თვით ნიშნავს, თვით გადააყენებს და რომელნიც მხოლოდ მის წინაშე არის პასუხისმგებელნი. ამგვარს მმართველობას ცენტრალიზაციას ეძახიან.

მეორე-გვარი მმართველობა იგია, საცა მთავრობას ხელთ უპყრია მარტო მთელის სახელმწიფოის საჭიროების საქმენი და ყოველივე სხვა კი საზოგადოებას გაუსაკუთრებია, მერე ასე, რომ ყოველს ნაწილს თვისნი ადგილობრივი საქმენი აქვს ხელშეუვალად მინდობილნი. ეს საზოგადოების საჭიროების საქმენი, ადგილობრივად განაწილებულნი, განიგებიან უსათუოდ ადგილობრივთა მოხელეთა შემწეობით, რომელთაც ირჩევს თვით ადგილობრივთა მცხოვრებთა საზოგადოება და რომელნიც ამავე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელნი არიან. ამგვარს გამგეობას თვითმმართველობას უწოდებენ, რადგანაც ამ შემთხვევაში თვითოეული ნაწილი ერთისა და იგივე სახელმწიფოისა თავის საკუთარს საქმეს თვით ჰპატრონობს, თვით უვლის და თვით ჰმართავს. ერთის სიტყვით, ამგვარის მმართველობის დედა-აზრი იგია, რომ ადგილობრივნი საქმენი თვით ადგილობრივთა მცხოვრებთაგან განიგებოდეს.

ამგვარი მმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობასა: ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუასა და გონებას უხსნის, რადგანაც საზოგადო მზრუნველობისათვის ხალისს უღვიძებს და საზოგადო საქმისათვის სწურთნის და ავარჯიშებს. ამგვარი მმართველობა ისეთის თვისებისაა, რომ, საცა კი სურს ადამიანს, ყველგან და ყოველს ხალხში იხეირებს და ჩვეულებრივს ნაყოფს მოიტანს. იქ, საცა მაგას გზა და ადგილი ჰქონია, ყველგან ცხოვრება ადამიანისა აუყვავებია და მთავრობისათვისაც მძიმე ტვირთი ქვეყნის გამგეობისა შეუმსუბუქებია, აუხსნია.

ერთი მწერალი ამბობს: „ისტორია ამტკიცებს, რომ თვითმმართველობა უკეთესი წამალია ხალხის ყოველგვარის საჭიროებისა. საცა უნდა დარგათ, იგი ყველგან ხეირობს: ინგლისშიაც, საცა დიდკაცობაა ყოველის წყობის საფუძველი, ამერიკაშიაც, საცა განუსაზღვრელი თანასწორობაა მიღებული სახელმწიფოს ქვაკუთხედადა. ერთნაირის სიკეთით და მადლით მოქმედებს და თავსდება იქაც, საცა იმისთანა პატარა ქვეყანაა, როგორც შვეიცარია (739 ოთხკუთხი მილია) და იქაცა, საცა იმისთანა უზარმაზარი უდაბნო მინდვრებია, როგორც ჩრდილო-ამერიკაში. იქაც კეთილადგანწყობილი და შეთვისებულია, საცა იმისთანა სახელოვანი განათლებაა, როგორც ლონდონში და იქაცა, საცა იმისთანა გაუნათლებელი ხალხია, როგორც კანადაში, ავსტრალიაში და სხვა ინგლისის კოლონიებში“.

თუმცა ესეა, მაგრამ მაგ თვითმმართველობას ქვეყანაზედ ბევრი მტერი ჰყავს; ბევრს უფრთხობს ტყუილუბრალოდ ძილსა და მოსვენებასა. ამბობენ, რომ საშიშარიაო - საზოგადოებას ეგ უფლება მიენიჭოს: აურზაურს მოჰყვება, თავს გაიზვიადებს და მორჩილებიდამ გამოვაო.

როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: „ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი“.

თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის...

ყოველი სახელმწიფო, თუნდ გვარტომობით ერთისა და იგივე ხალხით იყოს შემდგარი, მაინც, ადგილობრივის სხვადასხვაობისა გამო, ბევრს სხვადასხვა თვისების მხარეს წარმოგვიდგენს. ყოველს მხარეს, ყოველს ნაწილს ერთისა და იგივე სახელმწიფოსას, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აქვს, თავისი საკუთარი გაჭირვება ადგია, თავისი საკუთარი მზრუნველობა და ფიქრი უმძიმებს გულსა, თავისი საკუთარი ნეტარება აფხიზლებს და იბირებს. უმაღლესის მთავრობის პირდაპირი დანიშნულება იგია, რომ ყოველს ქვეშევრდომს მისი სატკივარი გაუგოს, მისი წამალი დასდოს, ყოველს სიკეთისა და კეთილდღეობის გზა გაუხსნას. ამისათვის საჭიროა უმაღლესმა მთავრობამ უტყუარად, პირუთვნელად, ზედმიწევნით იცოდეს ყოველის კუთხის ნამდვილი ვითარება, მისი ავკარგიანობა, რომ საცა შესაძლოა შველა, უშველოს, შემწეობა მიაწვდინოს. ცხადია, რომ უმაღლესს მთავრობას თითონ, სხვის დაუხმარებლად, ვერ შეუძლიან ვერც თვალი მიაწვდინოს დასანახავად ყველგან, ვერც ყური სასმენლად და ვერც ხელი საშველადა. ცხადია, რომ მან უნდა იყოლიოს ამისათვის ანუ საკუთარი მოხელენი, ყოველგან მოფანტულნი და მორიგებულნი, ანუ ეგ მოხელეობა თვით ადგილობრივ მცხოვრებთა უნდა ჩააბაროს, მიანდოს. პირველმა საშუალებამ თავი ვერსად ვერ გაიმართლა, იმიტომ რომ სხვის ხელით საქმის გაკეთება არსად და არასფერში არც თავს მოსულა და არც მოვა. სხვას, ტყუილია, ჩემთვის ისე გული არ შესტკივა, როგორც მე თითონ; სხვა ჩემს ავკარგიანობას ჩემსავით ვერ შეიტყობს, ჩემს ტკივილს ჩემსავით ვერ მოუვლის, ჩემს ჩივილს ჩემსავით ვერ იტყვის; რაც მე ვიცი ჩემი, სხვას თავის-დღეში არ ეცოდინება. ეს ყველგან ესე სცნეს და ამიტომაც ეგ საშუალება თითქმის ყველგან დაწუნებულ იქმნა და უარყოფილი.

სულ სხვა არის, როცა უმაღლეს მთავრობას თვის მეთვალყურედ, მოხელედ და ადგილობრივთა საქმეთა გამგედ თვით ადგილობრივი მცხოვრებნი ჰყვანან. მათ უკეთ იციან თავისი ვითარება, უკეთ იციან თავისი საჭიროება, უკეთ იციან თვისის თავის მოვლა, თვისთა საქმეთა პატრონობა. ამ შემთხვევაში, ერთის მხრით, ყოველის კუთხის ჭეშმარიტი საჭიროება, უტყუარი ტკივილი, გულწრფელი და მართალი წადილი მთავრობამდე მიღწეულია, მეორეს მხრით - უმაღლესის მთავრობის საერთო მზრუნველობა ერთნაირის გულისტკივილით, ერთნაირის მადლით ყოველს კუთხემდე მიწვდენილია, მორიგებული და მოფენილი.

აქედამ ცხადია, სად უნდა დაიდვას საზღვარი უმაღლესის მთავრობისა და თვითმმართველობის შუა. უმაღლესი მთავრობა, რა სახისაც უნდა იყოს, საყოველთაო საქმეთა მზრუნველი და მოღვაწეა, ესე იგი იმა საქმეთა, რომელნიც არამც თუ ყოველს ნაწილს, არამედ ყოველს ქვეშევრდომს ერთნაირად და ერთგვარად შეეხება და რომელნიც საერთო, საყოველთაო კეთილდღეობისათვის ცნობილია.

მაგგვარნი საქმენი ეკუთვნიან საყოველთაო კანონმდებლობის წარმოებასა, საყოველთაო ფინანსთა (შემოსავალ-გასავალის) მოძრაობასა და საყოველთაო მხედრობის განწყობილებასა. ესე ყოველი ხელშეუვალი კუთვნილებაა უმაღლესის მთავრობისა, და თვითმმართველობას, როგორც კერძო სამმართველოს, ამ საქმეებში ხმა არა აქვს: იგი ემორჩილება ყოველს მას, რაც უმაღლესის მთავრობისაგან განგებულია, დაწყობილი და განწესებული. თვითმმართველობა ხელქვეითია ამ შემთხვევაში უმაღლესის მთავრობისა და საერთო კანონის ადგილობრივი მცველია და აღმასრულებელი.

რაც სახელმწიფოს საერთოს ვითარებას არ შეადგენს, იგი თვითმმართველობის უცილო კუთვნილებაა. თვითმმართველობა თავის ადგილას ყოველის შინაურის საქმის გამგებელია და მეოხე; ყოველივე საერთო სახელმწიფო ხარჯის და სამსახურის ადგილობრივთა მცხოვრებთა შორის განმაწილებელია, ადგილობრივის საზოგადოების რიგისა და წესის დამწყობია, მისის ზნეობის, პატივის, ქონების, განათლების და ერთობ კეთილდღეობის მზრუნველია. ყოველივე ამის მომქმედია იმოდენად, რამოდენადაც ყოველივე ეს მის სამმართველოს წრეში მცხოვრებთა განკერძოებით შეეხება და არ ეწინააღმდეგება საერთო სახელმწიფო კანონსა და განკარგულებასა. აქედამ სჩანს, რომ თვითმმართველობა ერთის მხრით ადგილობრივ საქმეთა დამწყობია და გამრიგებელი, მეორეს მხრით უმაღლესის მთავრობის ხელისუფალი ორღანოა. ამ სახით, იგი ერთსა და იმავე დროს ადგილობრივის საზოგადოების ორღანოც არის უმაღლესის მთავრობის წინაშე, და უმაღლესის მთავრობის ორღანოცა წინაშე ადგილობრივის საზოგადოებისა.

ცხადია, რომ როგორიც უნდა იყოს უმაღლესი მთავრობა -თვითმპყრობელობითი, მონარქიული წარმომადგენლობითი, თუ რესპუბლიკის სახისა, - ერთშიაც, მეორეშიაც და მესამეშიაც თვითმმართველობა მშვიდობიანად მოეწყობა, საზოგადო წყობილებას არამც თუ ხელს შეუშლის, არამედ ხელს მოუმართავს, რადგანაც თვით ადგილობრივის საზოგადოების მოჭირნახულეა და ამასთანავე უმაღლესის მთავრობის უკეთესი თვალი და ხელია, ყოველ კუთხემდე მიწვდენილი.

თვითმმართველობამ რომ თავისი ჩვეულებრივი ნაყოფი მოიტანოს და თავის თავს არ უმტყუნოს, მისდა შესაფერად უნდა იყოს მოწყობილი და დარგული. ამ მოწყობაში არც ერთი მისი არსებითი კუთვნილება დავიწყებული არ უნდა იქმნას, არც ერთი ძირეული აზრი არ უნდა დაირღვეს. თუ ეს სიფრთხილე არ იხმარა ადამიანმა, თვითმმართველობა უფრო უქმი სიტყვა იქნება, უფრო სახელი იქნება, ვიდრე სახრავი.

საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი
თვითმმართველობის შესახებ

ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის შესაბამისად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ, ეკონომიკურ და ფინანსურ საფუძვლებს, სახელმწიფო გარანტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესს, მათ უფლებამოსილებებს და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობას.

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობა - საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად;

ბ) თვითმმართველი ერთეული - დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსულობები, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ცენტრი და არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

გ) ამოღებულია (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

დ) დასახლება - მოსახლეობის განსახლების პირველადი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ჰყავს მუდმივი მცხოვრებლები, აქვს ფუნქციონალური ინფრასტრუქტურა და რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახლება შედის თვითმმართველი ერთეულის შემადგენლობაში ან თვითმმართველი ერთეულია. დასახლების კატეგორიებია:

დ.ა) სოფელი - დასახლება, რომლის საზღვრებშიც მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის გათვალისწინებული მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები ან/და რომლის ინფრასტრუქტურა ძირითადად ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე;

დ.ბ) დაბა - არანაკლებ 3000 მოსახლისაგან შემდგარი დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც არსებობს სამრეწველო საწარმოები, კომუნალური მეურნეობა, სამკურნალო და სოციალურკულტურულ დაწესებულებათა ქსელი, რითაც იგი ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს, ამასთანავე, არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საკმარისი მიწის სავარგულები. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის მოსახლეთა რიცხვი 3000-ზე ნაკლებია, თუ იგი არის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი;

დ.გ) ქალაქი - არანაკლებ 5000 მოსახლისაგან შემდგარი მსხვილი დასახლება, რომელსაც აქვს საქალაქო მეურნეობა და ეკონომიკურ-კულტურული ცენტრია. ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის მოსახლეთა რიცხვი 5000-ზე ნაკლებია, თუ იგი არის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი ან აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის უახლოესი პერსპექტივა. ქალაქებს, მათთვის დაკისრებული სპეციფიკური ფუნქციებიდან და სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება მიენიჭოს სპეციალური სტატუსი;

ე) მუნიციპალიტეტი - დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი;

ვ) თვითმმართველი ქალაქი - ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი;

ზ) ადმინისტრაციული ერთეული - თვითმმართველი ერთეულის ნაწილი, სადაც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანო. ადმინისტრაციული ერთეულებია:

ზ.ა) დასახლება (სოფელი, დაბა, ქალაქი);

ზ.ბ) დასახლებათა გაერთიანება (თემი);

ზ.გ) დასახლების ნაწილი (უბანი);

თ) საკუთარი უფლებამოსილება - თვითმმართველი ერთეულის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით; (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

ი) დელეგირებული უფლებამოსილება - სახელმწიფო მმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით, კანონის თანახმად ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსახორციელებლად გადაეცემა თვითმმართველ ერთეულს;

კ) ამოღებულია (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

მუხლი 2. საქართველოს მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელება

1. საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად.

2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ:

ა) აირჩიონ და არჩეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ამ კანონით და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა, თუ აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან და თანამდებობის პირებისგან;

დ) წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებების პროექტებს; მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში; მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და საჯარო განხილვა;

ე) მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და თანამდებობის პირებს;

ვ) განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების წესი და თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონითა და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით (28.12.2007. №5661).

3. მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამატებითი უფლებამოსილებანი და თავისებურებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი, ამ კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

მუხლი 4. სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება თვითმმართველობის სფეროში

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და მატერიალურ-ფინანსური პირობების შექმნას და ხელს უწყობენ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელებაში.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებიც შეეხება ამ კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს, მოთხოვნის შემთხვევაში გამართონ წინასწარი კონსულტაციები იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომლებიც აერთიანებენ ქვეყნის თვითმმართველი ერთეულების ნახევარზე მეტს (14.12.2006. №3991).

3. თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენელთა ოფიციალური მიმართვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი, რომელიც შეეხება თვითმმართველობის ინტერესებს, განხილული უნდა იქნეს არსებითად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

4. სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განეკუთვნება:

ა) ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონების მიღება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო პროგრამების დამტკიცება და განხორციელება;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში კანონით დადგენილი სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა;

დ) მინიმალური სახელმწიფო სოციალური სტანდარტების დადგენა და უზრუნველყოფა;

ე) სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ურთიერთობის რეგულირება; გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრა და უზრუნველყოფა;

ვ) თვითმმართველი ერთეულებისათვის იმ დამატებითი გადასახდელების კომპენსაცია, რომლებიც გაწეული იქნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა გადაწყვეტილებების შედეგად (30.12.2008. №950 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან);

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;

თ) თვითმმართველი ერთეულისა და დასახლებების შექმნისა და გაუქმების, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის, სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესების დადგენა და თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაცია;

ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გამიჯვნის უზრუნველყოფა და დაცვა;

კ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაზე საქართველოს მოქალაქეთა კანონით დადგენილი უფლებების რეგულირება და დაცვა;

ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების წესის განსაზღვრა და მათი ჩატარების უზრუნველყოფა; მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დაცვა;

მ) მაღალმთიან რეგიონებსა და კანონით განსაზღვრულ საქართველოს სხვა ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების თავისებურებების საკანონმდებლო უზრუნველყოფა.

ნ) ამოღებულია (18.12.2009. №2441 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან).

მუხლი 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

ა) საქართველოს მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში;

გ) საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე;

ვ) ამოღებულია (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე;

თ) სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულს შორის, აგრეთვე თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთობათა დაფუძნება დახმარებასა და თანამშრომლობაზე, საერთო პრობლემების ერთობლივად ნებაყოფლობით გადაჭრაზე;

ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნა;

კ) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლო წესით გადაწყვეტა;

ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკური დამოუკიდებლობა.

მუხლი 6. თვითმმართველი ერთეულების უფლება ერთობლივი სამსახურების შექმნაზე

ურთიერთმოსაზღვრე თვითმმართველ ერთეულებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა ეფექტიანი განხორციელების მიზნით, საკრებულოს თანხმობით უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ხელშეკრულების საფუძველზე შექმნან საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველმყოფი ერთობლივი სამსახურები, რომლებსაც გადასცემენ მათ უფლებამოსილებაში არსებულ ცალკეულ ერთგვაროვან ფუნქციებს და ამ ფუნქციათა შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს.

მუხლი 7. თვითმმართველ ერთეულთა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (14.12.2006. 3991)

1. თვითმმართველ ერთეულებს თავიანთი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნან გაერთიანება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან გამართონ კონსულტაციები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან თვითმმართველი ერთეულების სახელით, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში.

3. თვითმმართველ ერთეულთა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლონ თვითმმართველი ერთეულების საერთაშორისო კავშირებთან (ასოციაციებთან) ან/და გაერთიანდნენ ასეთ კავშირებში (ასოციაციებში).

მუხლი 8. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები (20.04.2010 2946)

1. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით თვითმმართველ ერთეულს აქვს გერბი და დროშა.

2. თვითმმართველი ერთეულის გერბს და დროშას საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე და მისი თანხმობით ადგენს თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სახელმწიფო რეგისტრაციას.

3. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

მუხლი 9. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

თავი II
თვითმმართველი ერთეული

მუხლი 10. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი

1. თვითმმართველი ერთეული არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი, საკუთარი ქონება და ბიუჯეტი.

2. დასახლების ან დასახლებათა ერთობლიობის თვითმმართველი ერთეულის სტატუსს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულის შექმნა და გაუქმება

1. თვითმმართველი ერთეულის შექმნის საფუძველია:

ა) თვითმმართველი ერთეულის გაყოფა ორ ან მეტ თვითმმართველ ერთეულად;

ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე თვითმმართველი ერთეულის გაერთიანება ერთ თვითმმართველ ერთეულად.

2. თვითმმართველი ერთეულის გაუქმების საფუძველია:

ა) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე თვითმმართველი ერთეულის გაერთიანება ერთ თვითმმართველ ერთეულად;

ბ) თვითმმართველი ერთეულის გაყოფა ორ ან მეტ თვითმმართველ ერთეულად.

3. საქართველოს მთავრობა საკუთარი ინიციატივით, თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) საკრებულოსთან (საკრებულოებთან) ან მოსახლეობასთან კონსულტაციის ან თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) საკრებულოს (საკრებულოების) წარდგინების საფუძველზე მიმართავს საქართველოს პარლამენტს თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების შესახებ წარდგინებით.

4. თვითმმართველი ერთეულის გაყოფის გზით ახალი თვითმმართველი ერთეულის შექმნის შემთხვევაში წარდგინებაში უნდა მიეთითოს:

ა) თვითმმართველი ერთეულის გაყოფის საჭიროების დასაბუთება;

ბ) გაყოფის შედეგად შესაქმნელ თითოეულ თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების და მოსახლეთა რიცხოვნობა;

გ) გაყოფის შედეგად შესაქმნელი თითოეული თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა;

დ) თვითმმართველი ერთეულის გაყოფის თაობაზე გასაყოფი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები;

ე) გაყოფის შედეგად შესაქმნელი თითოეული თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი და მისი შესაბამისობა ადმინისტრაციული ცენტრისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;

ვ) ახალშექმნილ თვითმმართველ ერთეულებზე ფინანსური და სხვა სახის უფლებამოვალეობებისა და ქონების განაწილების წესი.

5. ორი ან მეტი თვითმმართველი ერთეულის ერთ თვითმმართველ ერთეულად გაერთიანების შემთხვევაში წარდგინებაში უნდა მიეთითოს:

ა) თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საჭიროების დასაბუთება;

ბ) გაერთიანების შედეგად შესაქმნელ თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების და მოსახლეთა რიცხოვნობა;

გ) გაერთიანების შედეგად შესაქმნელი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი;

დ) თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების თაობაზე გაერთიანების მსურველი თითოეული თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები;

ე) გაერთიანების შედეგად შესაქმნელი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

6. თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე.

7. თვითმმართველი ერთეულის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება ამოქმედდება ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს და შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არჩევნები ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგ არჩევნებთან ერთად (10.11.2006. №3680).

მუხლი 12. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა

1. საქართველოს მთავრობა საკუთარი ინიციატივით, თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებთან ან მოსახლეობასთან კონსულტაციის ან თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების წარდგინების საფუძველზე მიმართავს საქართველოს პარლამენტს თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წარდგინებით. თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.

2. თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წარდგინებაში უნდა მიეთითოს:

ა) თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საჭიროების დასაბუთება;

ბ) თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულების მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები;

გ) თვითმმართველი ერთეულების ახალი ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

მუხლი 13. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია

1. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციას სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2. თვითმმართველი ერთეულის სარეგისტრაციო მონაცემებია:

ა) თვითმმართველი ერთეულის დასახელება;

ბ) თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებები;

გ) თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდი;

დ) თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

მუხლი 14. თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების, მისი ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ დავის გადაწყვეტის წესი

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების, მისი ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 141. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების შეზღუდვა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი არ ვრცელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე (3.07.2007. №5177 ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან).

თავი III
თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებანი

მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეები (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

1. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეებია:

ა) საკუთარი უფლებამოსილებები;

ბ) დელეგირებული უფლებამოსილებები.

2. თვითმმართველი ერთეული საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებანი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით.

3. დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარ უფლებამოსილებათა იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს საკანონმდებლო აქტის მოთხოვნათა დარღვევა, სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე ორგანიზაციებისა და დაწესებულებების გამართული ფუნქციონირების შეფერხება, თვითმმართველ ერთეულებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა, ან საფრთხე შეუქმნას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას.

მუხლი 16. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები (28.12.2009.2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

1. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონით.

2. მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე:

ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

ბ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში;

გ) ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა და თვითმმართველ ერთეულში ინვესტიციების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;

დ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;

ე) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება;

ვ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა; თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით კანონით განსაზღვრული იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

თ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

კ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა;

ლ) მშენებლობის ნებართვის გაცემა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობა კანონით დადგენილი წესით;

მ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობისა და ავტოსატრანსპორტო გადაყვანის რეგულირება, კანონით დადგენილი ნებართვების გაცემა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება (15.12.2010. №4056).

ნ) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება;

ო) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

პ) ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა და პარკირების წესების დადგენა; დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, გარე განათება, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, ნაგავსაყრელების მოწყობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;

ჟ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება, შესაბამისი პროგრამების დამტკიცება, პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება;

რ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა;

ს) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა; მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დამტკიცება;

ტ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ორგანიზება;

უ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;

ქ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება და დამტკიცება;

ღ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზება, შესაბამისი ღონისძიებების (ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკფაქტორების იდენტიფიცირება) შემუშავება, განხორციელება და ამის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება;

ყ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

შ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;

ჩ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ც) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება;

ძ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება და ნუმერაცია.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკითხებისა, თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული

თვითმმართველი ერთეულისათვის.

მუხლი 17. უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები

1. სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის უფლებამოსილებათა დელეგირება დაიშვება საქართველოს საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

2. სახელმწიფო მმართველობის ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას თვითმმართველ ერთეულს ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

მუხლი 18. ამოღებულია (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

მუხლი 181. ამოღებულია (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

თავი IV
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები

მუხლი 19. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო.

2. საკრებულოს გადაწყვეტილების შესრულებას უზრუნველყოფს გამგეობა (მერია) (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

მუხლი 20. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები

ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები არიან:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით (17.12.2010. №4131);

ბ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები, რომლებსაც ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;

გ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები;

დ) მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველი ქალაქის მერი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თანხმობით. საკრებულოს თანხმობა მიღებულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.გამგებლის (მერის) მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე (თანამდებობებზე) ნიშნავს და თანამდებობიდან (თანამდებობებიდან) ათავისუფლებს გამგებელი (მერი) (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან);

ე) გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი);

ვ) გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - გამგეობის (მერიის) რწმუნებული, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).

თავი V
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი

მუხლი 21. საკრებულო

1. საკრებულო შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.

2. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს წევრთა რაოდენობაა: (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.)

ა) პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული თხუთმეტი და მაჟორიტარული წესით არჩეული ათი წევრი, თუ თვითმმართველ ქალაქში ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75000-ს;

ბ) პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული ათი და მაჟორიტარული წესით არჩეული ხუთი წევრი, თუ თვითმმართველ ქალაქში ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 75000-ს.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამის მუნიციპალიტეტში შემავალი ყოველი თემიდან მაჟორიტარული წესით არჩეული თითო წევრით და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული ათი წევრით.

4. საკრებულოს არჩევის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.

მუხლი 22. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება (28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

1. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევა (17.12.2010. №4131);

ბ) საკრებულოს კომისიების შექმნა, კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა, კომისიების დებულებებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

გ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ვ) გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარისათვის;

ზ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა, მათი საზღვრების დადგენა და მათი გაუქმება;

თ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) და საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცება; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, გამგეობის (მერიის), მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა;

კ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება;

დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

ლ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი;

მ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ავტოსატრანსპორტო გადაყვანის წესების, რეგულირებადი ტარიფების, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა (15.12.2010. №4056);

ო) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

პ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება;

რ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ტ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება;

უ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება;

ქ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფოს და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა;

ღ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა;

ყ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

შ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხმობის მიცემა თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადებაზე, აგრეთვე თანხმობის მიცემა ისეთი გარიგებების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%25-ს;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება;

ც) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოებისა და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა;

ძ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს.

მუხლი 23. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა და შეკრება

1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა იმართება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის განმავლობაში. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს (არჩეულად გამოაცხადებს) საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევას.

2. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი.

3. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, არის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.

4. თუ იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება. ახალარჩეული საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები.

მუხლი 24. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზება

1. საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით;

ბ) ამოღებულია (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით;

დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;

ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%25-ის მოთხოვნით.

3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან 1 კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის ამ ვადაში მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. საკრებულოს წევრთა გაფრთხილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ინიციატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს დამსწრეთაგან

უხუცესი წევრი (17.12.2010. №4131).

4. საკრებულოს მუშაობის წესი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

მუხლი 25. საკრებულოში საკითხების განხილვის წესი

1. საკრებულოს სხდომას, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. საკრებულოს სხდომა ღიაა.

4. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.

მუხლი 26. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის წესი

1. საკრებულოს სხდომაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, როგორც წესი, ღია კენჭისყრით წყდება (10.11.2006. №3680).

2. საკრებულოს გადაწყვეტილებები (დადგენილებები და განკარგულებები) მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

3. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა.

მუხლი 27. საკრებულოს სხდომის ოქმი

1. საკრებულოს სხდომის ოქმში აღინიშნება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, დამსწრეთა გვარები, განსახილველი და განხილული საკითხები, მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე დამსწრეთა განსაკუთრებული მოსაზრებები.

2. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.

3. საკრებულოს სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული დოკუმენტაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 28. საკრებულოს კომისიები

1. საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის (მერიის) და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით იქმნება არა უმეტეს 5 კომისიისა (10.11.2006. №3680).

2. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან. კომისიების წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით, ამტკიცებს საკრებულო. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.

3. საკრებულოს კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 29. დროებითი სამუშაო ჯგუფი

1. ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები.

2. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და თავმჯდომარეს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო.

მუხლი 30. საკრებულოს ბიურო

1. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების), საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან (17.12.2010. №4131).

2. საკრებულოს ბიურო:

ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, ასევე საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;

ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; ამტკიცებს სამუშაო ჯგუფების დებულებებს;

გ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;

დ) ამოღებულია(28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.)

ე) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან);

ვ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 31. საკრებულოს ფრაქცია

1. საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საკრებულოს ფრაქციაში. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

2. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები.

3. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 ფრაქციაში.

4. ფრაქციის ჩამოყალიბება შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.

5. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო (რელიგიური, პროფესიული და ა.შ.) ნიშნით.

მუხლი 32. საკრებულოს წევრის სტატუსი (28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

1. საკრებულოს წევრის სტატუსი არის მისი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს.

2. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობების შესრულებისას საკრებულოს წევრი შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით.

3. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.

4. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.

5. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

7. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში მაინც.

მუხლი 321. საკრებულოს წევრის საქმიანობის ანაზღაურება (17.12.2010. 4131)

საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ საკრებულოსშემდეგ თანამდებობის პირთა საქმიანობა:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე;

დ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;

ე) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.

მუხლი 322. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება;

ბ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში;

ვ) დაინიშნა, არჩეულ ან დამტკიცებულ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე;

ზ) გარდაიცვალა.

მუხლი 323. საკრებულოს წევრის შეზღუდვები და საქმიანობის ფორმები (28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

1. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს:

ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;

ბ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ;

გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც დანიშვნა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ;

დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ;

ე) იმუშაოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, კონტროლის პალატის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ორგანოებში;

ვ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე;

ზ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს;

თ) იმუშაოს საკრებულოს აპარატში და გამგეობაში (მერიაში);

ი) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის საწარმოების მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე, გარდა საგანმანათლებლო (სასკოლო დაწესებულებები და სხვა), კულტურის (თეატრები და სხვა) და ჯანმრთელობის დაცვის (საავადმყოფოები და სხვა) დაწესებულებებისა.

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა ამ კანონის 322 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკრებულო იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე.

3. საკრებულოს წევრს ამ მუხლისა და ამ კანონის 322 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შესახებ შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.

4. თუ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, საკრებულოს ერთ-ერთი კომისია საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

5. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს, კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.

6. საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა;

ბ) საკრებულოს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა;

გ) საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და მათი ინიცირება;

დ) საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა;

ე) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისადმი კითხვით მიმართვა;

ვ) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები.

მუხლი 324. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან (28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

1. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან მოიცავს:

ა) ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) მოქალაქეთა მიღებას;

გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლას;

დ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას;

ე) გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას;

ვ) ამომრჩევლებთან შეხვედრას სამ თვეში ერთხელ მაინც.

2. საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საკრებულოს წევრს უფლება აქვს, ინიცირების წესით საკრებულოში:

ა) შეიტანოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს სამართლებრივი აქტის შესახებ;

გ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

3. საკრებულო ვალდებულია განიხილოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით ინიცირების წესით საკრებულოს სხდომაზე შეტანილი საკითხები.

4. საკრებულოს წევრი საკრებულოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით. საკრებულოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს საკრებულოს იმ ორგანოების მუშაობაში მონაწილეობისას, რომლის წევრიც არ არის.

მუხლი 325. საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელება საკრებულოს სხდომაზე (28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე:

ა) დასვას საკითხი განსახილველად;

ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვით მიმართოს მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს პასუხი და შეაფასოს იგი;

დ) გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;

ე) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას აძლევს საკრებულო;

ვ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხის განხილვაში;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომაზე თავისი უფლებამოსილების განხორციელების პროცედურული საკითხები განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

მუხლი 326. საკრებულოს წევრის ზოგადი უფლებამოსილებები (28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

1. საკრებულოს წევრი უფლებამოსილია:

ა) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, გამგებელს (მერს), სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებულნი არიან, ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის კითხვას. კითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ათი დღისა;

ბ) შეუფერხებლად შეხვდეს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;

გ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა თავის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად;

ე) საკრებულოს აპარატს დადგენილი წესით მოსთხოვოს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;

ვ) ისარგებლოს იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ინფორმაციის მიწოდების უპირატესი უფლებით, რომლებიც ფინანსდება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

2. საკრებულოს წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები;

ბ) საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;

გ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებში და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში;

დ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია.

3. საკრებულოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში მას უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

4. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში საკრებულოს წევრს:

ა) აღუდგება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი არის, და მიეცემა კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) თუ გასულია იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი იყო, დაკავებისან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.

5. საკრებულოს წევრი არ შეიძლება ადმინისტრაციის ინიციატივით დაითხოვონ საჯარო დაწესებულებიდან ან დისციპლინური წესით გადაიყვანონ დაბალხელფასიან სამუშაოზე საკრებულოს თანხმობის გარეშე, ხოლო საკრებულოს სხდომებს შორის პერიოდში - საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე.

6. საკრებულოს წევრი საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად საკრებულოს თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ვადით თავისუფლდება საჯარო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან საშუალო ხელფასის შენარჩუნებით და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.

7. საჯარო მოსამსახურეების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ საკრებულოს წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მისი საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 33. საკრებულოს თავმჯდომარე (28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

1. საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელი.

2. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, ტარდება ხელახალი არჩევნები. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი, მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს. თუ არჩევნების მეორე ტურში ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე, ტარდება ხელახალი არჩევნები.

3. საკრებულოს თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს;

ბ) ხელს აწერს საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

გ) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, მისი სხდომების ოქმებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

დ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას;

ე) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საკრებულოს სხდომებს;

ვ) თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;

ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;

თ) საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს (მერს);

ი) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; თანხმობას აძლევს გამგებელს (მერს), დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად გადაანაწილოს თანხები მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის;

კ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ლ) საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით;

მ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის (მერიის) დებულებას, გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;

ნ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ამტკიცებს გამგეობის (მერიის) შინაგანაწესს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ო) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს:

პ.ა) გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე;

პ.ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე;

პ.გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ;

ჟ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.

5. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.

7. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

მუხლი 34. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (17.12.2010. 4131)

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ანდა გადაყენებისას.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს

ცნობად კენჭისყრის გარეშე.

მუხლი 341. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე (17.12.2010. 4131)

1. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

2. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.

3. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ანდა გადაყენებისას. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად კოორდინაციას უწევენ საკრებულოს კომისიების და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.

4. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან/და მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

5. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლება არა აქვთ, ეკავოთ რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეები. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე.

მუხლი 35. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს.

2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;

გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;

ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;

ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. საკრებულოს კომისის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ორმა მესამედმა. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

მუხლი 36. ფრაქციის თავმჯდომარე

1. საკრებულოს ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე, რომლის არჩევის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

2. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილება (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

მუხლი 37. საკრებულოს აპარატი

1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

2. საკრებულოს აპარატის დებულებას ამტკიცებს საკრებულო (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

3. საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

თავი VI
გამგეობის (მერიის) სტრუქტურა და უფლებამოსილებები

(28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.)

მუხლი 38. გამგეობა (მერია)

1. გამგეობა (მერია) აღასრულებს საკრებულოს გადაწყვეტილებებს.

2. გამგეობა (მერია) შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან.

3. გამგეობის (მერიის) საქმიანობას უძღვება გამგებელი (მერი).

4. გამგეობის (მერიის) სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის (მერიის) დებულებით, რომელსაც ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

5. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს და გამგებლის (მერის) დავალებებს. (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

6. თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს გადაწყვეტილებით იქმნება გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოები (20.11.2007. №5463).

7. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

8. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).

მუხლი 39. გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნის წესი და უფლებამოსილებები (28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

1. გამგებელი (მერი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი (მერი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში.

3. გამგებელი (მერი):

ა) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის (დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების) პროექტს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

გ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

დ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე, სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

ე) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე;

ვ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს გამგეობის (მერიის) დებულების, გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

თ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს;

ი) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

კ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს გამგეობის (მერიის) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის (მერიის) მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;

მ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ნ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს და სამართლებრივი აქტების პროექტებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;

პ) ახორციელებს გამგეობის (მერიის) დებულებითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. გამგებლის (მერის) არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გათავისუფლებისას გამგებლის (მერის) მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის (მერის) მოადგილე.

5. საკრებულოს წევრს ეკრძალება გამგებლის (მერის) საქმიანობაში ჩარევა პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას.

მუხლი 40. ამოღებულია (28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

მუხლი 41. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი) (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

2. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის;

გ) გამგებელს (მერს) წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს (მერს) წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს (მერს) პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის (მერის) წინაშე.

3. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი (მერი).

მუხლი 42. გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი (11.07.2009. 1383)

1. გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - გამგეობის (მერიის) რწმუნებული (შემდგომში - რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).

2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად

გამოცხადების დღიდან).

3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით:

ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან (მერიასთან) და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს (მერს) წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის (მერის) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

დ) გამგებელს (მერს) წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვას და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის (მერისთვის) მათ მიწოდებას;

ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს (მერს) და საკრებულოს;

კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;

ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში (18.12.2009. №2442 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან);

მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;

ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს (მერს) ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:

ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;

ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

5. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.

6. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის (მერის) წინაშე.

7. გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი (მერი).

თავი VII
ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები

მუხლი 43. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის სამართლებრივ აქტებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტია საკრებულოს დადგენილება. საკრებულოს დადგენილების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;

ბ) საკრებულოს განკარგულება;

გ) გამგებლის (მერის) ბრძანება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

4. სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 44. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა შეჩერება და გაუქმება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებანი შეიძლება შეცვალოს მხოლოდ ამ გადაწყვეტილებათა მიმღებმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა.

2. საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მისივე გადაწყვეტილებით ან სასამართლო წესით.

3. იმ სახელმწიფო ორგანოებს, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადასცეს თავიანთ გამგებლობაში არსებული ცალკეული უფლებამოსილებები, შეუძლიათ შეაჩერონ ან/და გააუქმონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გადაცემული უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები.

4. საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის (მერის) სამართლებრივი აქტების შეჩერებისა და გაუქმების უფლება აქვს საკრებულოს, აგრეთვე სასამართლოს - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე საკრებულოს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტში ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო თვითმმართველ ქალაქში - საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (17.12.2010. №4131).

თავი VIII
თვითმმართველი ერთეულის საფინანსო-ეკონომიკური საფუძვლები

მუხლი 45. თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური საფუძვლები

თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკურ საფუძვლებს ქმნის თვითმმართველი ერთეულის ქონება და ფინანსები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის ქონება, რომელიც მართვის უფლებით გადაცემული აქვს თვითმმართველ ერთეულს, აგრეთვე კანონით დადგენილი სხვა ქონება, რომელიც გათვალისწინებულია თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

მუხლი 46. თვითმმართველი ერთეულის ქონება

1. თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება:

ა) ამ კანონით თვითმმართველი ერთეულისათვის მიკუთვნებული ქონება;

ბ) სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული ქონება;

გ) თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი ან შეძენილი ქონება (25.12.2009. №2479).

2. თვითმმართველი ერთეულები საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან. დაუშვებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩარევა თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, მართვისა და განკარგვის საკითხებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობისა და განკარგვის, მისით სარგებლობის დროს ვალდებულნი არიან დაიცვან თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.

4. თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის წესი, წყაროები და კატეგორიები, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 47. მიწა და ბუნებრივი რესურსები თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია:

ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას;

ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე მიმაგრებული მიწა;

გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწა, გარდა:

გ.ა) საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასებისა (21.07.2010. №3515);

გ.ბ) 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა;

გ.გ) დაცული ტერიტორიების მიწისა;

გ.დ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწისა;

გ.ე) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწისა;

გ.ვ) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწისა;

გ.ზ) წყლის ფონდის მიწისა;

გ.თ) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა;

გ.ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა, რომელიც ექვემდებარება პრივატიზებას „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები.

მუხლი 48. ადგილობრივი შესყიდვა

1. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით მომსახურების შესყიდვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში ადგენენ საზოგადოებრივი მომსახურების გაწევის წესებს, დებენ ხელშეკრულებებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, აკონტროლებენ მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და მომსახურების გაწევის დადგენილი წესების დაცვას.

3. ამოღებულია (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

მუხლი 49. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი პრინციპები (18.12.2009. 2442 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

1. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არის ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ.

2. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისგან, ისე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისგან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისგან.

3. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და განხილვის, ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები შედგება საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობებისაგან. საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, გათანაბრებითი ტრანსფერი და საქართველოს კანონმდებლობით თვითმმართველი ერთეულებისათვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები, ხოლო არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსულობები.

5. თვითმმართველ ერთეულს საკუთარი შემოსულობების ხარჯვა შეუძლია განახორციელოს დამოუკიდებლად და თავისი შეხედულებისამებრ.

6. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ოდენობებს განსაზღვრავს საკრებულო საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ზღვრული განაკვეთების გათვალისწინებით. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო თვითმმართველი ერთეულის სხვა შემოსავლებისა და არაფინანსურ აქტივებზე განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას - შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის სამსახურები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, კომპენსირებული უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიერ.

8. თვითმმართველ ერთეულს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტების, სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერების გარდა, დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ყველა სხვა წყაროდან მიღებული შემოსულობები.

9. თვითმმართველი ერთეული დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამ კანონით დადგენილი ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი გადასახდელების მიმართულებებს.

10. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, გამოიყენება მომდევნო წელს.

მუხლი 50. ამოღებულია (18.12.2009. №2442 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 51. ამოღებულია (18.12.2009. №2442 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

თავი IX
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების გარანტიები

მუხლი 52. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უზრუნველყოფის სისტემა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებების განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან შექმნან კანონით დადგენილი, აუცილებელი საფინანსო-ეკონომიკური, ორგანიზაციული და სამართლებრივი პირობები.

მუხლი 53. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების შესრულების სავალდებულოობა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის.

მუხლი 54. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა მიმართვების განხილვა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა მიმართვები სავალდებულოა განსახილველად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის, აგრეთვე იმ იურიდიული პირების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც ეს მიმართვები ეგზავნება.

თავი X
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლი

მუხლი 55. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის ფორმები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლის ფორმებია:

ა) სახელმწიფო ზედამხედველობა;

ბ) საფინანსო კონტროლი;

გ) შიდა კონტროლი.

მუხლი 56. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების ზომები და წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 57. საფინანსო კონტროლის ფორმები

1. საფინანსო კონტროლის ფორმებია:

ა) აუდიტორული შემოწმება;

ბ) საფინანსო შემოწმება.

2. აუდიტორული შემოწმება არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო დოკუმენტაციის აუდიტორული შემოწმება, რომელსაც საკრებულოს ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ ატარებს მოწვეული აუდიტორი.

3. აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მათ გააცნობს საკრებულოს. ანგარიშს და დასკვნას აუდიტორი გზავნის საქართველოს კონტროლის პალატაში. აუდიტორის დასკვნა საჯაროდ ქვეყნდება.

4. საფინანსო შემოწმებას ახორციელებს საკრებულოს საფინანსო კომისია სახსრების გამოყენების შემდეგ, მათი მიღება-გამოყენების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის დადგენის მიზნით. საფინანსო შემოწმება აგრეთვე შესაძლებელია განახორციელოს საქართველოს კანონით განსაზღვრულმა სხვა ორგანომ (30.12.2008. №950 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან).

მუხლი 58. შიდა კონტროლი

1. შიდა კონტროლი მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დებულებების, შინაგანაწესების, ინსტრუქციების და სამუშაო პროცესის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების დაცვის კონტროლს.

2. შიდა კონტროლს ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

თავი X1
მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში

(28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

მუხლი 581. თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა (28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადგილობრივი სამსახურები და თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, თვითმმართველობის ორგანოების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა კონტროლის გამჭვირვალობისათვის კანონით დადგენილი წესით:

ა) ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით გამოაქვეყნონ:

ა.ა) ინიციირებული გადაწყვეტილებათა პროექტები;

ა.ბ) ინიციირებული გადაწყვეტილებათა პროექტების განხილვის პროცედურები და ვადები;

ა.გ) საკრებულოს, აგრეთვე საკრებულოს კომისიის სხდომების დღის წესრიგი, ჩატარების ადგილი და თარიღი;

ა.დ) მიღებული ნორმატიული, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული აქტები, მათი გასაჩივრების ვადები და პროცედურები;

ა.ე) გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლში მოქალაქეთა მონაწილეობის ვადები და პროცედურები;

ბ) უზრუნველყონ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კოდიფიცირება და მათი ხელმისაწვდომობა.

მუხლი 582. საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიციირება პეტიციის წესით (28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%25-ს უფლება აქვს, მოამზადოს და შეიტანოს საკრებულოს დადგენილების პროექტი, ან წარადგინოს წინადადება საკრებულოს ნორმატიული აქტის გაუქმების, ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან დამატებების შეტანის შესახებ.

2. პეტიციის წესით საკითხი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით.

3. პეტიციის წესით შეტანილ პროექტს ხელს უნდა აწერდეს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%25.

4. პეტიციის წესით შეტანილ პროექტს თან უნდა ერთოდეს ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დასაბუთება, პროექტის ავტორის (ავტორების) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი.

5. კანონით დადგენილი წესით შეტანილ პეტიციას რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი.

6. საკრებულო ვალდებულია პეტიციის წესით შემოტანილი პროექტი რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში განიხილოს საკრებულოს სხდომაზე.

7. საკრებულოს სხდომაზე პეტიციის წესით შემოტანილი პროექტის განხილვაში მომხსენებლის სტატუსით, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს პროექტის ინიციატორთა მიერ დანიშნული მომხსენებელი.

მუხლი 583. საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა

(28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში.

მუხლი 584. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირისა და საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების მოსმენა (28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირისა და საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების მოსმენას.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარდგნენ მათ წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით, უპასუხონ ანგარიშის მოსმენისას ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

თავი XI
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა

მუხლი 59. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე ეკისრებათ საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონების დარღვევის შემთხვევაში.

მუხლი 60. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან კანონით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დებულებებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსახლეობას ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

მუხლი 61. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა ფიზიკური და იურიდიული პირების წინაშე

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობა ფიზიკური და იურიდიული პირების წინაშე ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

თავი XII
საკრებულოს დათხოვნა, საქმიანობის შეჩერება, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

მუხლი 62. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება

1. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას. საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მართვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 63. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (28.12.2009. 2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)

1. საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება, თუ:

ა) თვითმმართველი ერთეული გაუქმებულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით;

ბ) საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით.

2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით დაითხოვოს საკრებულო, თუ საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან 3 თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.

3. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას.

4. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მართვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

თავი XIII
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 64. თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭების დროებითი წესი

1. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ენიჭებათ 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

ა) საქართველოს იმ ქალაქებს, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში;

ბ) საქართველოს რაიონებს;

გ) ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის თემებს.

2. მუნიციპალიტეტის, რომელიც წარმოადგენს დასახლებათა ერთობლიობას, ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრება 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამისი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრად - 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამისი თემების ადმინისტრაციული ცენტრები.

3. საქართველოს იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი და უფლებამოსილება, ამ კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

მუხლი 65. სამართალმემკვიდრეობა

1. მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე.

2. თვითმმართველი ქალაქი არის იმ ქალაქის სამართალმემკვიდრე, რომელიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედის რაიონის შემადგენლობაში.

მუხლი 651. ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და თვითმმართველი ერთეულის ლიკვიდაცია (10.11.2006. 3680)

1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული.

2. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგებელი (მერი) ან მისი მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს სალიკვიდაციო აქტებს და ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და რაიონის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სხვა სალიკვიდაციო ღონისძიებებს 2006 წლის 15 დეკემბრამდე.

3. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს და რაიონის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სალიკვიდაციო ღონისძიებებს 2006 წლის 15 დეკემბრიდან ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საკრებულოს თავმჯდომარე.

4. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, და თვითმმართველი ერთეულის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი უფლებები და ვალდებულებები გადაეცემა შესაბამის თვითმმართველ ერთეულს.

5. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 იანვრამდე მთავრობის დადგენილებით განსაზღვროს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი დავალიანებების რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის წესი.

6. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები მათზე დამაგრებული მიწით „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხელშეკრულების გარეშე საკუთრებაში გადაეცეს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს.

61. 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთები არის შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების საკუთრება (11.07.2007. №5296).

62. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ან/და თვითმმართველობის 100%25-იანი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები ან/და მათი ნაწილები, რომლებზედაც საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება, მათზე დამაგრებული მიწით (25.12.2009. №2479).

63. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე დარეგისტრირდეს ის საერთო საცხოვრებლები, რომლებიც აღრიცხულია ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში, როგორც საერთო საცხოვრებელი, აგრეთვე იმ საერთო საცხოვრებლების შენობა-ნაგებობები ან/და მათი ნაწილები, რომლებზედაც საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება (25.12.2009. №2479).

7. სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მეთოდური დახმარება დაევალოს საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებს. სალიკვიდაციო ღონისძიებების კოორდინაცია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში განახორციელონ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა.

8. 2007 წლის 1 იანვრამდე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნორმატიული აქტების რეგისტრაციის 5-დღიანი ვადა შეიცვალოს 20-დღიანით.

მუხლი 652. ადგილობრივი თვითმმართველობის დროებითი უფლებამოსილება

1. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელონ:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობების აღმასრულებელმა ორგანოებმა - კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა - მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება (11.07.2007. №5275).

2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენა (11.07.2007. №5296).

3. ამ კანონის ამოქმედებიდან თვითმმართველი ერთეულისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემამდე ის ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, კლუბი, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო სასწავლებლები, რომლებსაც აფინანსებდა შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო, დაფინანსდეს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან (27.04.2007. №4688).

4. 2011 წლის 1 იანვრამდე თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნებაყოფლობით გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისათვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევის საკითხი. ეს ნორმა გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე (11.02.2011 №4181).

5. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის თვითმმართველ ერთეულებს უფლება აქვთ, სხვა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, სადაც კომპაქტურად არიან განსახლებული იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიებზე, განახორციელონ მათი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებებისადმი დაქვემდებარებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა დახმარებას და მათთვის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე (3.05.2011 №4568).

მუხლი 66. დასახლებათა და თვითმმართველ ერთეულთა ადმინისტრაციული

საზღვრების დადგენის დროებითი წესი

1. დასახლებების ადმინისტრაციულ საზღვრებად დგინდება ამ კანონის მიღების დროისათვის დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრები.

2. თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრები დგინდება თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების ამ კანონის ამოქმედების დროისათვის არსებული ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით.

3. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას და სარეგისტრაციო მონაცემებს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია ხდება ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე.

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის სააგენტომ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციით საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საკანონმდებლო ინიციატივის პროექტი, რომლითაც განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საზღვრების დადგენის წესი და პროცედურები არა უგვიანეს 2011 წლის 1 იანვრისა (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

მუხლი 67. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა

1. 2006 წლის 1 სექტემბრამდე მიღებულ იქნეს:

ა) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“;

გ) ამოღებულია (28.12.2009. №2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).

11. 2007 წლის 1 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანებულებით უზრუნველყოს „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ დამტკიცება.

12. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 მაისამდე მიიღოს დადგენილებები:

ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის შესახებ;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, წყლის რესურსების, გზებისა და ობიექტების (ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები და სხვა) განსაზღვრის წესის შესახებ (16.07.2009. №1459 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან).

13. ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული ქონება საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს ამ მუხლის 12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების შემუშავების შემდეგ.

14. ამ მუხლის 12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების შემუშავებამდე ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.) საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განკარგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (5.04.2011 №4486).

15. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია თვითმმართველ ერთეულს მისცეს ამ მუხლის 14 პუნქტით განსაზღვრული ქონების სამინისტროს თანხმობის გარეშე განკარგვის უფლება (5.04.2011 №4486).

2. ამ კანონის მიღებიდან 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების ჩატარებამდე უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობა.

3. საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ბრძანებულების გამოცემა (20.04.2010 №2946).

მუხლი 671 (10.12.2010. 3965 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

1. ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ითვლება იმ ფიზიკურ პირთა საკუთრებად, რომელთა კანონიერ სარგებლობაშიც იმყოფება ისინი, და რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით.

2. მიწა, რომელიც ექვემდებარება საკუთრების უფლებით გადაცემას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრებაში გადაიცემა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით, რომელთა განკარგვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ამ კანონის ამოქმედებამდე, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.

4. დაურეგისტრირებელი ან/და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებია, საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.

5. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია შენობა-ნაგებობები, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას დაქვემდებარებული მიწებისა, რეგისტრირდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.

თავი XV
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 68. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 64-ე-67-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.

2. ამ კანონის 64-ე-67-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“.

საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 16 დეკემბერი.
№2304 - რს

10.2 ტერმინთა ანბანური ლექსიკონი

▲back to top


ანგარიშვალდებულება - ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება. ეს არის გზა, რომლითაც მოსახლეობა მთავრობის საქმიანობას აფასებს.

ანგლოსაქსური ქვეყნები - ინგლისურენოვანი ქვეყნები: აშშ, ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა და სხვა.

არჩევნები - საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა საყოველთაო არჩევნებით.

აქტიური საარჩევნო უფლება - მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებსა და რეფერენდუმში.

დასავლეთის ქვეყნები იგულისხმება დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები.

დემოკრატია - (ბერძ. ხალხის მმართველობა) სახელმწიფოსა და ხელისუფლების, პოლიტიკური რეჟიმის პროგრესული ფორმა, რომელიც დამყარებულია „უმრავლესობის მმართველობაზე“.

დემოკრატიული წყობილება - სახელმწიფო წყობილება, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ მმართველობაზე.

თვითმმართველი ქალაქი - ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი.

იერარქიულობა - (იერარქია - ბერძ. წმინდა მმართველობა) მართვის პრინციპი სახელისუფლებო სტრუქტურებში. დაბალი სახელისუფლებო ორგანოების დაქვემდებარების წესი უფრო მაღალი სახელისუფლებო ორგანოებისადმი.

კოლეგია - პირთა ჯგუფი, რომელიც აყალიბებს ადმინისტრაციულ ან სათათბირო ორგანოს.

კომუნალური - საქალაქო მეურნეობასთან დაკავშირებული.

ორგანული კანონი

კოლეგიალობა - მართვის პრინციპი, რომლის დროსაც ხელმძღვანელობა ხორციელდება არა ერთპიროვნულად, არამედ პირთა ჯგუფის მიერ, რომელთაც გადაწყვეტილების მიღების დროს აქვთ თანაბარი უფლებები.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით.

მოსაკრებელი - აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისა თუ სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის. მოსაკრებლების ზოგადი პრინციპები განსაზღვრულია საქართველოს 1998 წლის 6 თებერვლის კანონით „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“.

მუნიციპალიტეტი - ქალაქის ან სოფლის თვითმმართველობის ორგანო.

ორგანული კანონი - 1. კონსტიტუციის პირდაპირი მითითების თანახმად, კონსტიტუციური და ჩვეულებრივი კანონისგან განსხვავებული წესით მიღებული კანონი.

2. საქართველოს კონსტიტუცია ორგანული კანონის მიღებას ითვალისწინებს შემდეგ სფეროებში: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი, უფლებამოსილება და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა; საქართველოს პარლამენტის პალატების შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და არჩევის წესი; საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები; საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი; სახალხო დამცველის უფლებამოსილება; პარლამენტის წევრის არჩევის წესი, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა; პრეზიდენტის არჩევნების წესი და პირობები, აგრეთვე, არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა; საერთო სასამართლოების სისტემა და ორგანიზაცია, მოსამართლის სამართლებრივი მდგომარეობა; რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები; საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი; ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია; ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი;

3. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 66);

4. ორგანულ კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და კანონქვემდებარე აქტების მიმართ („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 22).

პასიური საარჩევნო უფლება - მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად.

პოლისი - ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო.

პროპორციული საარჩევნო სისტემა - საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე.

რატიფიკაცია (რატიფიცირება) - 1. სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება, რომელიც ხელმოწერილია ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიერ, რაც ხელშეკრულებას აძლევს იურიდიულ ძალას;

2. საქართველოს მიერ მისთვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა (თანხმობის გამოხატვის სხვა ფორმებია: დამტკიცება, შეერთება („საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3)).

საარჩევნო ბლოკი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 2 ან მეტი პარტიის გაერთიანება.

საზოგადოებრივი გამოკითხვა - ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების დამოკიდებულებისა თუ პოზიციის გარკვევა; თუმცა, ეს ტერმინი ამომრჩეველთა გამოკითხვის აღსანიშნავადაც გამოიყენება; საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დამკვეთნი არიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, პოლიტიკური პარტიები, სოციოლოგიური ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ლობისტური ჯგუფები და სხვა. მედია გამოკითხვებს სხვადასხვა საკითხებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების გასაშუქებლად იყენებს, ხოლო პარტიები - პოლიტიკური განწყობილებების დასადგენად. ამდენად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არაოფიციალურ რეფერენდუმადაც შეიძლება ჩაითვალოს.

საჯარო ინფორმაცია - ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის: ნახაზი, მაკეტი, სქემა, გეგმა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. საჯაროა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაცულია საჯარო დაწესებულებაში. ყველას შეუძლია გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ საჯარო ინფორმაციას, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოს. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლის ხელმისაწვდომობა.

საჯარო მომსახურება - მომსახურება და პროდუქტი, რომლის აუცილებლობა განპირობებულია საზოგადოების საჭიროებებით და რომლის მიწოდებაც ხელეწიფება მხოლოდ სახელმწიფოს.

სეგრეგაცია - დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმა. ნიშნავს კანონის ან წეს-ჩვეულების საფუძველზე ეთნიკური ჯგუფების განცალკევებას.გარკვეული ეთნიკური ან რასობრივი ჯგუფის იზოლაცია საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან, დამაბრკოლებელი სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეზღუდვების შეფარდება ამ ჯგუფებისათვის, მათი წევრებისათვის; სპეციალური დასახლების პუნქტებში მოთავსება, გადაადგილების შეზღუდვა, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველაზე დაბალ საფეხურზე იძულებით შეკავება, განათლების სფეროში განცალკევებული სწავლების შემოღება და სხვ.

ქარტია - 1. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი დოკუმენტის სახელწოდება;

2. საერთაშორისო სამართალში დეკლარაციის სინონიმი.

შუამდინარეთი - ტერიტორია მდ. ტიგროსსა და ევფრატს შორის, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. შუმერი - უძველესი ქვეყანა შუამდინარეთის ტერიტორიაზე.

ცენტრალიზაცია - 1. ერთ ცენტრში თავმოყრა, ერთ ადგილას გაერთიანება.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის კომპეტენციის შეზღუდვის ხარჯზე სახელმწიფო ხელისუფლების კონცენტრაცია უმაღლეს მმართველობის ორგანოებში.

ცენტრალიზებული მმართველობა - ისეთი ტიპის მმართველობა, როდესაც მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ან ერთი ჯგუფის ხელშია თავმოყრილი; სახელმწიფო იმართება ერთი ცენტრიდან.

ჰერალდიკა - გერბთმცოდნეობა; გერბის შედგენა და განმარტება.

10.3 გამოყენებული ლიტერატურა

▲back to top


1. „ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის“ - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში, 2004

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ეროვნული სტრატეგია“ - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში, 2004

5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

6. საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ

7. საქართველოს კონსტიტუცია

8. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

9. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების ელექტრონული ლექსიკონი

10. საქართველოს საარჩევნო კოდექსი

11. ხმალაძე ვახტანგ, „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში: წარსული, თანამედროვეობა, ტენდენცია“ - გაეროს პროგრამა; საქართველო, თბილისი, 1997