ინტელექტუალები, განათლება და თავისუფლება


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ეკონომიკა
წყარო: ISBN 99940-68-05-9 : [ფ.ა.][MFN: 30479] UDC: 37.035:338 + 37.035.4
საავტორო უფლებები: © ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: [კრებული / მთარგმნ.: ხათუნა ახობაძე, დავით ხანთაძე, პაატა შეშელიძე (მთ. რედ.)] - [თბ.] : ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო, [2006] : ინდ. მეწარმე "ანზორ გოგიჩაშვილი"-"იმედი" - 166გვ. : ფოტ. ; 28სმ. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 4, 2006) - - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – თავისუფლების ბიბლიოთეკა, წიგნი IV, 2006 ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო



1 რედაქტორის წინასიტყვაობა: განათლების ძირების სიმწარის მიზეზებისა და კენწეროში გატკბილების პირობების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

პაატა შეშელიძე
1968

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. კრებულ „თავისუფლების ბიბლიოთეკის“ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

ოდეს ცრუმეტყველება მოისპობა: დიადი სიმშვიდე დაისადგურებს“.
ლაო-ძი. დაო დე ძინი, XX თავი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მომზადებული 346 გვერდიანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოში სავალდებულო განათლება 1-დან მე-9 კლასებს მოიცავს, სახელმწიფო ბიუროკრატიის მიერ საბიუჯეტო რესურსებით იმართება, უკიდურესად ცენტრალიზებული და ხარჯიანია. მისი არაეფექტიანობის მაჩვენებელია, ერთი მხრივ, პედაგოგთა უდიდესი ნაწილის დაბალი კვალიფიკაცია და ზერელე დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი, რაც გამოწვეულია უკიდურესად დაბალი ანაზღაურებით, არაკონფორტული სამუშაო პირობებითა და ადმინისტრაციიდან მომდინარე შემოქმედებითი შეზღუდვებით. მეორე მხრივ, მოსწავლეთა დასწრების დაბალი მაჩვენებლები და ის, რომ დამამთავრებელი კლასების იმ მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა, რომელიც კარიერული თვალსაზრისით აუცილებელი უმაღლესი განათლების მიღებას აპირებს, იძულებელია გამოცდებისთვის დამატებით მოემზადოს ე.წ. რეპეტიტორებთან, რაც წელიწადში თითო საგანში 300-დან 1500 ამერიკული დოლარი (2006 წლის მონაცემებით) ჯდება და მათ მშობლებს მძიმე ტვირთად აწვება. მით უმეტეს, მშობლები საჯარო სკოლების შესანახად გადასახადებსაც იხდიან და საკუთრი შვილების მოსამზადებლად დახარჯულ დამატებით ხარჯებს მათ არავინ უნაზღაურებთ.

ავსტრიული ეკონომიკური სკოლის გამოჩენილი წარმომადგენელი დოქტორი ლუდვიგ ფონ მიზესი თვლიდა, რომ რესურსების მოხმარებისთვის საჭირო ეკონომიკური გათვლების საწარმოებლად საწარმოო ფაქტორებზე კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ფასების არსებობაა აუცილებელი. შესაბამისად, სისტემა, სადაც კერძო მესაკუთრეობა და თავისუფალი ფასების მექანიზმი არ მუშაობს, კალკულაციური ქაოსისა და რესურსების ფლანგვისთვის არის განწირული. სახელმწიფო განათლების სისტემაში ფასწარმოქმნას პოლიტიკური მიზანშეწონილობა (პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ამოცანები) განაპირობებს, მაშინ, როდესაც რეპეტიტორთა კერძო საგანმანათლებლო ქსელი ფასებს რეალური მოთხოვნის მიხედვით აწესებს და ის უშუალოდ პედაგოგისა და მოსწავლის (როგორც წესი, მშობლის სახით) გარიგების შედეგია. სახელმწიფო განათლების სისტემის პარალელურად თვით რეპეტიტორული ქსელის არსებობაც, და ე.ი. საჭიროებაც, ადასტურებს, რომ პირველში რესურსები არადანიშნულებისამებრ გამოიყენება (ასე რომ არ იყოს, რეპეტიტორებთან ასეთი მასობრივი ხასიათის მომზადება საჭირო არ იქნებოდა, რადგან გამოცდების თემატიკა არ სცდება სასკოლო პროგრამებს), ხოლო მეორე, საგამოცდო ბარიერის გადასალახად საჭირო ცოდნასა და/ან კავშირებზე მოთხოვნის შესაბამისი საბაზრო შეთავაზებაა. ანუ ეს არის თავისუფალი გარიგება, რომელიც გულისხმობს, რომ მომხმარებელი მისთვის აუცილებელი მომსახურებისთვის სათანადო საფასურს იხდის, ხოლო მიმწოდებელი თავს ამ გზით ირჩენს. შედეგად, ორივე მხარე კმაყოფილია. თუკი ადამიანი რამეში საფასურს უშუალოდ იხდის, მის ხარისხსაც ყურადღებას აქცევს და მომჭირნედაც იხარჯება. შესაბამისად, მწარმოებელი თავის მომსახურებას მომხმარებლის მითითებით აუმჯობესებს და რაც უფო მაღალი და გამორჩეული ხარისხის მომსახურებას უწევს მომხმარებელს, მით მეტი ანაზღაურების იმედი შეიძლება ჰქონდეს. საბაზრო კონკურენცია საუკეთესოს მომხმარებლის მომსახურებაში ავლენს. მაშინ, როდესაც, ბიუროკრატიული კონკურენცია, როგორც წესი, ყველა რგოლში უფრო მაღალი რანგის ხელისუფალის წინაშე მლიქვნელობას ახალისებს და შედეგად, როგორც ავსტრიული ეკონომიკური სკოლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ეკონომიკაში ნობელის პრიზის მფლობელი, ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი აღნიშნავდა, ცენტრალიზებული პოლიტიკურბიუროკრატიული პირამიდის სათავეებში ყველაზე უარესები აღწევენ.

საბაზრო პრინციპზე აგებული საგანმანათლებლო სისტემის დანიშნულება არა უბრალოდ ანა-ბანისა და მეცნიერებათა საფუძვლების შესწავლა, არამედ თითოეული მოზარდისთვის საკუთარი ინტელექტით, შრომითა და ხარჯით ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოვლენაა. სახელმწიფო სკოლების განვითარების გარდაუვალი შედეგი კი ისაა, რომ ისინი ინტელექტუალური აღზრდა-გასწორების ბანაკებად ჩამოყალიბდნენ და, ძირითადად, პოლიტიკური ინდოქტრინაციით არიან დაკავებული.

მაგალითისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო:

„სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის, მოზარდი თაობის პატრიოტული და სამოქალაქო აღზრდის საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სახელმწიფო სიმბოლიკას. სულიერად მდიდარი, ფიზიკურად ჯანსაღი და განათლებული მომავალი თაობა სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის მყარი საფუძველია. მისი უპირველესი მოვალეობაა სახელმწიფოს სიმბოლოებისადმი (დროშა, ჰიმნი, გერბი) ერთგულება, მოკრძალებული მოპყრობა, პატივისცემა და დაცვა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას, მასში ეროვნული სიამაყის გრძნობის ჩამოყალიბებას. სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლე ახალგაზრდობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის ეფექტურ ფორმას წარმოადგენს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით (იგი უნდა გამოირჩეოდეს მაღალი ემოციურობით, შინაარსობრივი დატვირთვითა და პატრიოტული პათოსით)“.

მოცემული სტრიქონები რომელიმე ტოტალიტარული სახელმწიფოს ოფიციალური დოკუმენტიდან არ არის ამოღებული. ეს თანამედროვე, რეფორმირებადი, ღია საზოგადოების მშენებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის იმ ბრძანებულების ნაწილია, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში სახელმწიფო სიმბოლოების (დროშა, ჰიმნი, გერბი) გამოყენების წესებს ადგენს, სავალდებულო ხასიათი აქვს, სამინისტროს ელექტრონულ გვერდზეა გამოქვეყნებული და დღემდე ძალაშია. ამ ბრძანებულების სულისკვეთებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი არაა, რომ ყოველივე ამას, პრაქტიკაში, პატივცემული სამთავრობო გვამებით გავსებულ სახელისუფლებო ტრიბუნების წინ, მოზარდებისა და მათი მშობლების მქუხარე ვაშას შეძახილებით ჩავლის საკრალური ცერემონიალი დაემატოს.

პირველი, ნიშანდობლივი ცნობა, რომელსაც მოცემული დოკუმენტი გვაწვდის, ისაა, რომ მომავალი თაობა სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის მყარი საფუძველია. სხვა სიტყვებით, ბრძანებულების მიხედვით, ყმაწვილები ერთგვარ საშენ მასალას წარმოადგენენ ქვეყნისა და მისი სოციალური სტრუქტურის გარკვეული პოლიტიკური მოდელის მიხედვით მოსაწყობად. როგორც ჩანს, სასწავლო დაწესებულებების კერძო პოლიტიკური მიზნებით (ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების, სხვა შემთხვევაში - აბსოლუტური მონარქიის, პროლეტარიატის დიქტატურის, არიული ერთობის ან სხვა იდეალური წყობის შესაქმნელად) გამოყენების ძველთაძველი სურვილი, რომელიც ჯერ კიდევ სპარტაში დამკვიდრებული გასამხედროებული აღმზრდელობითი სისტემის მაგალითით აღფრთოვანებული პლატონის მიერ იყო გაღმერთებული, ძნელად დასათმობია. მაგალითად, საბჭოეთში, სახელმწიფო სადამსჯელო აპარატის მეშვეობით სავალდებულო სწავლების დანერგვის მიზანი ახალი საბჭოთა ადამიანის ჩამოყალიბება იყო; ამერიკის შეერთებულ შტატებში - სავალდებულო სწავლება ე.წ. უცხო ელემენტების - განსაკუთრებით ირლანდიური, იტალიური და გერმანული ემიგრაციის მზარდი კულტურული გავლენის განეიტრალება და მათი ანგლო-საქსურთან ასიმილირება. შუასაუკუნეების რელიგიურ რეფორმატორებს - ლუთერს, კალვინს და პროტესტანტიზმის სხვა მამებს კი, საყოველთაო სავალდებულო სწავლება თავიანთი რელიგიური თვალსაზრისის მთელ მოსახლეობაზე გასავრცელებლად დასჭირდათ, რადგან ეს ეშმაკთან და ეშმაკის მოციქულებთან ბრძოლის აუცილებელ საშუალებად მიაჩნდათ. როგორც ჩანს, „ეშმაკები” არც თანამედროვე ქართველებს ასვენებთ, ცხოვრების ავ-კარგზე განსხვავებული აზრები აქვთ და ამიტომ, სხელმწიფო სიმბოლოების ზემოქმედებით სამოქალაქო აღზრდას ძნელად ექვემდებარებიან. ამასთან, მათთვის ერთობ ბუნდოვანი შინაარსის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ცენტრალიზებულ მშენებლობაში უხალისოდ ებმებიან და მათ დიდ ნაწილს საერთოდაც სხვა, „თბილ” ქვეყნებში ემიგრაციის სურვილიც კი არ ასვენებს.

მეორე, რაც თვალსაჩინოა, ისაა, რომ დოკუმენტი სახელმწიფოს სიმბოლოებისადმი და, შესაბამისად, სავარაუდოდ, თავად სახელმწიფოსადმი ერთგულებას მოსწავლეების, მათ შორის, მაგალითად, პირველკლასელი, ანუ 6-7 წლის ყმაწვილების უპირველეს მოვალეობად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც ამას, საჯაროდ, ლენინიც კი არ კადრულობდა და ახალგაზრდებისგან „სწავლას, სწავლას და სწავლას” მოითხოვდა. კიდევ კარგი, ეს ბრძანებულება პირადად რომელმე სახელმწიფო თანამდებობის პირისადმი მორჩილებას არ ითხოვს (როგორც ეს, მაგალითად, ნაცისტურ გერმანიაში იყო). და არც, იმ სავარაოდო სადამსჯელო ღონისძიებების სია ახლავს დანართის სახით, რომელიც მაშინ უნდა ამოქმედდეს, როდესაც პატარები სახელმწიფო სიმბოლოებისადმი თავგადადებულ ერთულებას ვერ გამოიჩინენ ან სახელმწიფო ჰიმნის ფონზე სახელმწიფოსავე დროშის აღმართვას სათანადო ემოციურობით და პატრიოტული პათოსით ვერ შეხვდებიან. გარდა ამისა, საკითხავი ისიც არის, თუ რა ღირებულებათა სისტემითაა სახელმწიფო სიმბოლოებისადმი ერთგულება, მაგალითად, მშობლების სიყვარულზე, ღვთისმოსაობაზე ან ბეჯითად სწავლაზე უპირველესი მოვალეობა? თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საყოველთაო სავალდებულო სასკოლო განათლების იდეა სახელმწიფოს მიერ მშობლების ჩანაცვლებას და ბავშვების ოჯახის გავლენისგან ჩამოშორებას გეგმავს, მაშინ სახელმწიფოს პირველობა „გამართლებას“ პოულობს.

მესამე, რასაც ხაზი უნდა გაესვას ისაა, რომ სასწავლო დაწესებულებებს მოსწავლე ახალგაზრდობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას სთხოვს, ზუსტად ისე, როგორც ეს, მაგალითად, ნაპოლეონის მიერ დამარცხებულ ლუთერანულ პრუსიაში რევანშის მოსურნე მეფე ფრედერიკ უილიამ III-ის თაოსნობით 1817 წელს დაკანონდა. პრუსიაში სისტემის დამკვიდრების მთავრი მიზეზი დემორალიზებულ ქვეყანაში ნაციონალიზმის გაღვივება, ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერება, ახალგაზრდობის სამხედრო და ბიუროკრატიულ სამსახურებში მოზიდვა იყო. ფილოსოფოსი იოჰან ფიხტე, ამ სისტემის იდეური მამა, ფრედერიკ უილიამ III-ს ურჩევდა, რომ სკოლებმა „ადამიანები იმგვარად უნდა აღზარდონ, რომ მათ სხვა არაფერი სურდეთ, გარდა იმისა, რასაც თქვენ ინებებთ რომ მათ სურდეთო“. ნიშანდობლივია, რომ, მოგვიანებით, მსგავს მითითებებს ბოლშევიკების განათლების სახალხო კომისარ ამხანაგ ლუნაჩარსკის პროლეტარიატის დიქტატურის სახელით „ბავშვების მოყვარული“ ლენინიც აძლევდა და აღნიშნავდა: „მოგვეცით ბავშვი 8 წლით და ის მთელი დანარჩენი ცხოვრება ბოლშევიკად დარჩება“.

როგორც ჩანს, ყველა, ვისაც სხვისი ცხოვრების საკუთარ ჭკუაზე მოწყობის ცდუნება არ ასვენებს და სურს, რომ სასწავლო დაწესებულებები ახალგაზრდების სახელმწიფოსადმი მორჩილ არსებებად (მოქალაქეებად, მშრომელებად, მეომრებად, ბოლშევიკებად, პატრიოტებად და ა.შ.) ჩამომყალიბებელ ფაბრიკებად გადააქციოს, „ერთ ენაზე“ საუბრობს და ერთნაირადაც მოქმედებს. მაგალითად, ხალხების დიდი მამის, სტალინის აზრით: „განათლება არის იარაღი, რომლის შედეგი დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ და რისთვის ფლობს მას“. არადა, ხელისუფლებას, ყველანაირ ხელისუფლებას, ზოგადად, არ უყვარს, როდესაც ადამიანები მოაზროვნე პიროვნებებად ყალიბდებიან, რადგან ამ შემთხვევაში მათ კრიტიკული აზროვნების უნარი უჩნდებათ, ბევრ კითხვებს სვავენ, ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას და არ სჯერათ, რომ თეთრი შავია. ამასთან, როგორც წესი, საკუთარი ცხოვრებისეული მიზნები გააჩნიათ და მათ განხორციელებას განსხვავებული, თავისებური გზებით ცდილობენ.

შესაბამისად, ლენინურ-სტალინური ტერმინოლოგიითვე რომ ითქვას, განათლების სისტემა ხელისუფლებისთვის სხვა არაფერია თუ არა პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მომართულია ცალკეული პიროვნებების დამოუკიდებელი აზროვნების ჩასახშობად და მათი თამამი გადაწყვეტილებების შესაზღუდად. სავალდებულო სასკოლო სისტემის დამკვიდრებას ყველგან სახელმწიფოს გავლენის მკვეთრი ზრდა და ადამიანის თვითმყოფადი პიროვნულობის დაკნინება მოჰყვა. შედეგად, ყველგან სადაც კი ეს სისტემა დაინერგა, მომრავლდა ხელისუფლების ნებაზე მინდობილი ადამიანები, რომლებიც მზად არიან უდრტვინველად და მოწიწებით მიიღონ ხელისუფლების მითითებები იმის შესახებ თუ რა და რომელი წიგნებიდან ისწავლონ, რა მიირთვან, რა ჩაიცვან, სად და რა პირობებზე იმუშაონ, ვისთან და როგორ იმკურნალონ, როგორ აშენებულ სახლებში იცხოვრონ, როგორი ტრანსპორტით იმგზავრონ და ა.შ. როგორც ჩემი უფროსი მეგობარი, ამერიკელი ეკონომისტი და პოლიტიკური ფილოსოფოსი დოქტორი შელდონ რიჩმენი ამბობს, „თანამედროვე სახელმწიფო იმასაც ჩემს მაგივრად წყვეტს, მეზობელ მაგიდაზე მჯომ პიროვნებას სიგარეტის მოწევის უფლება მივცე თუ არა“.

სავალდებულო სასკოლო სისტემა ყველგან ერთობ შედეგიანად ასრულებს იმ ფუნქციას, რომლის შესასრულებლადაც ის შეიქმნა და გამოიყენება: მისი მეშვეობით სახელმწიფო ყმაწვილების უმრავლესობაში დაკვირვებისა და დედუქციური აზროვნების უნარის დაჩლუნგებას და, შედეგად, მათი მანიპულირების გაიოლებას ახერხებს. სახელმწიფო სკოლებში გონებაგაფილტრული თაობები ისევე, როგორც ზოოპარკში აღზრდილი ცხოველები, მოკლებულნი არიან რეალურ გარემოში ცხოვრების უნარ-ჩვევებს და ხელისუფლების მზრუნველი ყურადღების გარეშე „შორს“ ვერ მიდიან.

სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალზე ყმაწვილების მწყობრში სავალდებულო დაყენებას, საქართველოს რიგ ქალაქებში მათ სავალდებულო სასკოლო ფორმებში გამოწყობაც მოჰყვა. ოფიციალურ მოტივაციად სოციალური უთანაბრობით გამოწვეული უსამართლობის აღმოფხვრის საჭიროება დასახელდა: სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მყოფი ოჯახების შვილებს, საკლასო ოთახში ჩაცმულობა არ უნდა გამოარჩევდეთო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სასკოლო ფორმებით „გამოთანაბრებულ“ მოსწავლეებს ჯიბეებში სხვადასხვა თანხა და მობილური ტელეფონები უდევთ, სხვადასხვა ხარისხის ფეხსაცმელი აცვიათ, ქუდებიც ნაირ-ნაირი ახურავთ და სკოლებშიც განსხვავებული ტრანსპორტით მგზავრობენ, ცხადი ხდება, რომ საკლასო ოთახებში „სოციალური დაძაბულობის“ განმუხტვის ამგვარი მცდელობა გაცილებით შორს მიმავალი განზრახვის ნაწილია. სინამდვილეში, სასკოლო ფორმების შემოღება მოზარდებში საკუთარი სტილის ძიების, გემოვნების დახვეწისა და არჩევანის თავისუფლების დათრგუნვის ერთ-ერთი ხერხია, რომლითაც სახელმწიფო მშობლებსა და მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ ვის ნებასა და გემოვნებას უნდა მიენდონ. გარდა ამისა, ხელისუფლებისთვის მსგავის წამოწყებები საჯარო ბიუჯეტიდან ხელის მოთბობისა და პოლიტიკურ ასპარეზზე თავის გამოჩენის მიზნითაც გამოიყენება.

გათანაბრებისა და გაერთფეროვების ამ სისტემაში მოხვედრილი განათლების მაძიებელი ყმაწვილების ბედი ერთობ მწარეა, რადგან მათ საკუთარი თვითმყოფადობის დაკარგვისა და დამოუკიდებელი, შემეცნებითი აზროვნების იერარქიულ ბრძანებებით ჩანაცვლების მუდივი საფრთხე ემუქრებათ.

მაგრამ ასეთი ვითარება უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს. ერთი მხრივ, სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემის აშკარა აკადემიური წარუმატებლობა და ხარჯიანობა, ხოლო მეორე მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, ადრე თუ გვიან, მოწადინებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, რომ სულ უფრო ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოზე, როგორც ინფორმაციისა და ფორმალური განათლების წყაროზე.

წარმოდგენილ კრებულში თავმოყრილი შრომები, ძირითადად, განათლების სახელმწიფო სისტემის აუცილებლობის მითის გაფანტვას ემსახურება და ამხელს ინტელექტუალთა, ანუ პლატონის ენით რომ ითქვას „ბრძენკაცთა“ წვლილს თავისუფლების შემზღუდველი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების მხრიდან სოციალურად უფრო „სამართლიანი“ საზოგადოების შექმნის ნებისმიერი მცდელობა, ყოველთვის ტოტალიტარული საზოგადოების ჩამოყალიბებით და სოციალური კავშირ-ურთიერთობების რღვევით მთავრდება. ხელისუფლების მხრიდან ცალკეული პიროვნებების საჭიროებებისა და კეთილდღეობის პირობების ცოდნის პრეტენზია, სხვა ხომ არაფერია, თუ არა მათზე ბატონობის სურვილი.

მთავარი დასკვნა, რომელიც კრებულში თავმოყრილი შრომებიდან შეიძლება იქნეს გამოტანილი ისაა, რომ სახელმწიფო პოლიტ-ბიუროკრატიის ნაწილად ქცეული განათლების სისტემის რეფორმა პრინციპულად შეუძლებელია და მისი სრული ლიკვიდაციაა საჭირო. არსებული სისტემის ერთადერთი ალტერნატივა კი, კერძო არჩევანზე და დაფინანსებაზე, უპირველეს ყოვლისა, საოჯახო ე.ი. პერსონალიზებული განათლებაა. რადგან მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი, რომ თითოეულმა ადამიანმა, სასურველი განათლება საკუთარი მენტალური, ემოციური და მატერიალური შესაძლებლობების შესაბამისად, პირადად მასზე მორგებული სასწავლო ენით მიიღოს, ხოლო შემდგომი ცხოვრება საკუთარი ნიჭის, მუყაითობის, პროფესიონაოლიზმისა და მახვილგონიერების ნაყოფით დაიტკბოს.

2 ეკონომიკური მეცნიერება და ცოდნა (გამოქვეყნდა 1936 წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ფრიდრიხ . ფონ ჰაიეკი
1899-1992

ავსტრიული წარმოშობის გამოჩენილი ეკონომისტი და პოლიტიკური ფილოსოფოსი - უდიდესი მოაზროვნე, რომელმაც მთელი ცხოვრება ყოველგვარი ტოტალიტარიზმის, სოციალიზმის, კოლექტივიზმის, ეკონომიკური ცენტრალიზმისა და ანტილიბერალური ტენდენციების წინააღმდეგ ინტელექტუალურ ბრძოლას მოანდომა. 1944 წელს მის მიერ გამოქვეყნებული ანტისოციალისტური ნაშრომი - გაფრთხილება „გზა ბატონყმობისკენ“, დღემდე ტოტალიტარიზმის საუკეთესო მხილებად ითვლება.

I

წინამდებარე სტატიის სათაურის ორაზროვნება შემთხვევითი არ არის და, პირველ რიგში, იმის დადგენას ემსახურება, თუ რა როლს ასრულებს ეკონომიკური ურთიერთობების კვლევაში დაშვებები და ვარაუდები საზოგადოების სხვადასხვა წევრის ხელთ არსებული ცოდნის შესახებ. მაგრამ ეს, იმავდროულად, აუცილებლად მოიცავს კითხვას, რომელიც შეიძლება იმავე სათაურით განვიხილოთ - რამდენად გვაძლევს ფორმალური ეკონომიკური ანალიზი რაიმე ცოდნას რეალურ სამყაროში მიმდინარე პროცესების შესახებ. მთავარი მოსაზრება, რომლის დაცვას მე შევეცდები, იმაში მდგომარეობს, რომ ტავტოლოგიები, რომლისგანაც ეკონომიკურ თეორიაში წონასწორობის ფორმალური ანალიზი შედგება, მხოლოდ იმდენად შეიძლება გადაიქცეს ისეთ ვარაუდებად, რომელიც რეალურ სამყაროში არსებულ მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობას გვამცნობს, რამდენადაც შევძლებთ ამ ფორმალური გამონათქვამების შევსებას მკაფიო მტკიცებულებებით იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ცოდნის შეძენა და გაზიარება. მოკლედ, მე ვამტკიცებ, რომ ეკონომიკური თეორიის ემპირიული ელემენტი - ერთადერთი ნაწილი, რომელიც არა მარტო შედეგებს, არამედ მიზეზებსა და გავლენასაც იკვლევს და რასაც ისეთ დასკვნებამდე მივყავართ, პრინციპში, დასაბუთებას ყოველთვის რომ ექვემდებარებიან1 - ცოდნის შეძენის შესახებ ვარაუდებისგან შედგება.

ალბათ, ერთი საყურადღებო ფაქტის შეხსენებით უნდა დავიწყო. ბოლო დროს სხვადასხვა სფეროში განხორციელებულმა მრავალმა მცდელობამ, რომ თეორიული კვლევები როგორმე ტრადიციული წონასწორობის ანალიზის საზღვრებს გასცდენოდა, გვაჩვენა, რომ პასუხი დამოკიდებულია იმ საკითხთან დაკავშირებულ დაშვებებზე, რომელიც შეიძლება ჩემ მიერ დაყენებული საკითხის იდენტური არ არის, მაგრამ მის ნაწილს მაინც წარმოადგენს და მომავლის განჭვრეტის საკითხს უკავშირდება. მომავლის განჭვრეტასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს ყურადღება პირველად რისკების თეორიამ მიაქცია2. ამ თვალსაზრისით, ფრანკ კ. ნაითის ნაშრომით გამოწვეულ ბიძგს, როგორც ჩანს, მისი კონკრეტული სფეროს მიღმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს. მოგვიანებით, მომავლის განჭვრეტასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულმა ვარაუდებმა არასრულყოფილი კონკურენციის თეორიის მიერ წარმოქმნილი თავსატეხების, ასევე დუოპოლიის და ოლიგოპოლიის პრობლემების გადაწყვეტაში მთავრი როლი ითამაშა. შემდგომ, სულ უფრო ცხადი გახდა, რომ ფულისა და წარმოების არასტაბილურობასთან დაკავშირებული „დინამიკური“ საკითხების განხილვისას არანაკლებ მნიშვნელოვანია მომავლის განჭვრეტასა და „მოლოდინებთან“ დაკავშირებული ვარაუდები. განსაკუთრებით ის, რომ ამ სფეროებში გადმოღებული სრულყოფილი წონასწორობის ანალიზის ცნებები, მაგალითად, სარგებლის წონასწორული განაკვეთი, სწორად შეიძლება განიმარტოს მხოლოდ მომავლის ჭვრეტასთან დაკავშირებული ვარაუდების მეშვეობით. ამ შემთხვევაში მდგომარეობა ასეთია: სანამ შევძლებთ იმის ახსნას, თუ რატომ ჩადიან ადამიანები შეცდომებს, მანამდე უნდა ავხსნათ, თუ საერთოდ რატომ უნდა იქცეოდნენ ისინი სწორად.

როგორც ჩანს, ზოგადად, ჩვენ უკვე მივედით იქამდე, როცა ყველა ვაცნობიერებთ, რომ წონასწორობის ცნების განმარტება და ცხადი ფორმულირება მხოლოდ მომავლის განჭვრეტასთან დაკავშირებული ვარაუდების მეშვეობით არის შესაძლებელი, თუმცა ჯერ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ, თუ კონკრეტულად რა შინაარსი უნდა ჰქონდეს ძირითად ვარაუდებს. ამ საკითხს ქვემოთ კვლავ დავუბრუნდები. ამჟამად მხოლოდ იმის ჩვენება მსურს, რომ არსებულ მდგომარეობაში მიზნად ვისახავთ ეკონომიკური სტატიკის საზღვრების დადგენას, მაგრამ, თუ გვსურს მის მიღმა გასვლა, ჩვენს არგუმენტაციაში მომავლის განჭვრეტასთან დაკავშირებული ვარაუდების ზუსტი ადგილის დადგენის მტკივნეულ პრობლემას ვერ ავიცილებთ. გვაქვს კი აქ საქმე უბრალო შემთხვევითობასთან? როგორც უკვე აღვნიშნე, ამის მიზეზი, ჩემი აზრით, ისაა, რომ საქმე უფრო დიდი საკითხის სპეციფიკურ ასპექტთან გვაქვს, რომელიც გაცილებით ადრეულ ეტაპზე უნდა შეგვემჩნია. მსგავსი კითხვები მაშინვე ჩნდება, როცა ვცდილობთ ტავტოლოგიების სისტემა, ანუ იმ გამონათქვამების რიგი, რომლებიც აუცილებლად ჭეშმარიტია, რადგან ისინი მხოლოდ იმ დაშვებების ტრანსფორმაციას წარმოადგენენ, საიდანაც ამოვდივართ და რომელიც წონასწორობის ანალიზის ძირითად შინაარსს ქმნის, ისეთი საზოგადოების შემთხვევაში გამოვიყენოთ, რომელიც მრავალი დამოუკიდებელი წევრისაგან შედგება. დიდი ხანია ვგრძნობ, რომ თვით წონასწორობის ცნებას და მეთოდებს, რომლებსაც მისი სრულყოფილი ანალიზისას ვიყენებთ, ცხადი მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ გააჩნიათ, როცა ისინი ცალკეული ინდივიდის ქცევის ანალიზით შემოიფარგლებიან, ხოლო როცა მათი მეშვეობით სხვადასხვა ინდივიდების ურთიერთქმედების ახსნას ვცდილობთ, ნამდვილად სხვა სფეროში გადავდივართ და ფარულად სრულიად განსხვავებული სახის ელემენტი შემოგვაქვს.

დარწმუნებული ვარ, ბევრი გაღიზიანებითა და უნდობლობით აკვირდება წონასწორობის თანამედროვე ანალიზის ყველა ტენდენციას, რომელთა მიზანია ეკონომიკური მეცნიერების წმინდა ლოგიკის განშტოებად გადაქცევა, რომელიც ცხად მოსაზრებებს ეყრდნობა და, მათემატიკისა და გეომეტრიის მსგავსად, არანაირ შემოწმებას არ ექვემდებარება. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ პროცესის საკმარისად ღრმად განვითარების შემთხვევაში, იგი თვითონ მიგვიყვანს პრობლემის გადაწყვეტამდე. ეკონომიკური ცხოვრების შესახებ ჩვენი მსჯელობიდან ჭეშმარიტად a priori ელემენტების გამოცალკევებით, ჩვენ არა მარტო მთლიანად გამოვყოფთ ჩვენი მსჯელობის ერთ ელემენტს, როგორც არჩევანის წმინდა ლოგიკას, არამედ ასევე გამოვყოფთ და ხაზს ვუსვამთ მეორე ელემენტის მნიშვნელობას, რომელიც ბოლო დრომდე ერთობ უგულვებელყოფილი იყო. ჩემი მხრიდან ეკონომიკური თეორიის სულ უფრო მზარდი ფორმალიზაციის უკანასკნელი ტენდენციების კრიტიკა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ისინი ძალიან წინ წავიდნენ, არამედ იმაში, რომ ისინი საკმარისად არ განვითარდნენ, რომ ამ გზით ლოგიკის აღნიშნული სფეროს იზოლაცია დასრულებულიყო და მიზეზშედეგობრივი პროცესების კვლევა თავის კუთვნილ ადგილზე დაგვებრუნებინა, რომელიც ეკონომიკური თეორიის ფორმალურ სტრუქტურას ისევე გამოიყენებდა თავის ინსტრუმენტად, როგორც მათემატიკას იყენებს.

II

მაგრამ, სანამ ჩემი თვალსაზრისის მართებულობას დავასაბუთებ, რომლის არსი ისაა, რომ წონასწორობის სრულყოფილი ანალიზისთვის დამახასიათებელ ტავტოლოგიურ გამონათქვამებს სოციალური ურთიერთობების ასახსნელად უშუალოდ ვერ გამოვიყენებთ, უნდა ვაჩვენო: პირველი, რომ წონასწორობის ცნებას აზრი მხოლოდ ცალკეული ინდივიდის ქმედებების ანალიზის დროს აქვს და, მეორე, თუ საერთოდ რას გულისხმობს იგი.

ჩემი მტკიცების საპირისპიროდ შეიძლება ითქვას, რომ წონასწორობის ცნებას სწორედ ამ შემთხვევაში არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რადგან მისი გამოყენებისას ერთადერთი, იმის თქმას შევძლებდით, რომ კონკრეტული ინდივიდი ყოველთვის წონასწორობის მდგომარეობაში იქნება. ეს უკანასკნელი დებულება, მიუხედავად იმისა, რომ ტრუიზმს წარმოადგენს, მხოლოდ იმას გვაჩვენებს, თუ რაოდენ ჩვეულებრივი მოვლენაა წონასწორობის ცნების არასწორი გამოყენება. მნიშვნელოვანია არა ცალკეული ინდივიდის, როგორც ასეთის, წონასწორობის მდგომარეობაში ყოფნა, არამედ ის, თუ მისი ქმედებებიდან რომელი არის ერთმანეთთან წონასწორობაში. წონასწორობის ანალიზის ყველა დებულება, მათ შორის ისეთებიც, როგორიცაა, მაგალითად, რომ ფარდობითი ღირებულება ფარდობით დანახარჯებს უნდა შეესაბამებოდეს, ან ის, რომ ნებისმიერი პიროვნება, ნებისმიერი საწარმოო ფაქტორების ზღვრულ სარგებელს მათი განსხვავებული გამოყენების გზით გამოათანაბრებს, წარმოადგენს ვარაუდებს პიროვნებების ქმედებებს შორის კავშირის შესახებ. პიროვნების ქმედებები კი წონასწორულ მდგომარეობაში მხოლოდ იმდენად შეგვიძლია განვიხილოთ, რამდენადაც მათი ერთი გეგმის ნაწილად აღქმა შეიძლება. ჩვენი მოსაზრებები მათი ურთიერთკავშირის შესახებ, რომლებიც აღნიშნული პირის ცოდნასა და პრეფერენციებთან დაკავშირებული ჩვენივე ვარაუდებიდან გამომდინარეობს, მხოლოდ იმ შემთხვევაშია მართებული, თუ ეს მართლაც ჭეშმარიტებას ასახავს და თუ ამ ქმედებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავე გარემოებების გათვალისწინებით იქნა მიღებული. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ე.წ. „მონაცემები“, რომელსაც ამგვარი ანალიზის დროს ვეყრდნობით, წარმოადგენს ფაქტებს, რომლებიც მხოლოდ აღნიშნულ ადამიანს ეხება (თუ არ ჩავთვლით მის გემოვნებას), ანუ იმას, რაც მან იცის (ან სჯერა, რომ იცის) მათ შესახებ, და ისინი, მკაცრად რომ ვთქვათ, ობიექტურ ფაქტებს არ წარმოადგენენ. მხოლოდ ამის გამო, ჩვენ მიერ გამოყვანილი დებულებები აუცილებლად აპრიორულად ჭეშმარიტია და ჩვენი არგუმენტაციის დამაჯერებლობის შენარჩუნებასაც ამიტომ ვახერხებთ3.

აქედან გამომდინარეობს ორი დასკვნა: პირველი, გამომდინარე იქიდან, რომ წონასწორული ურთიერთობა პიროვნების თანმიმდევრულ ქმედებებს შორის მხოლოდ იმდენად არსებობს, რამდენადაც ისინი ერთი და იმავე გეგმის განხორციელების ნაწილს წარმოადგენს, პიროვნების ცოდნის მოცულობის ნებისმიერი ცვლილება, ანუ ისეთი ცვლილება, რაც მას გეგმას აცვლევინებს, მის ხელთ არსებულ ცოდნასა და ამ ცოდნის განახლების შემდგომ განხორციელებულ ქმედებებს შორის წონასწორულ ურთიერთობას არღვევს. სხვანაირად რომ ვთქვათ, წონასწორული ურთიერთობები მოიცავს მხოლოდ იმ ქმედებებს, რომლებსაც ის ახორციელებს იმ პერიოდის მანძილზე, როცა მისი ვარაუდები მართებულია. მეორე, რადგან წონასწორობა ქმედებებს შორის კავშირს წარმოადგენს და, რადგან პიროვნების ქმედებები მხოლოდ დროში ხორციელდება, ცხადია, დროის ასპექტი არსებითია. ღირს ამის აღნიშვნა, რადგან მრავალ ეკონომისტს, როგორც ჩანს, დღემდე უჭირდა წონასწორობის ანალიზში დროის ადგილი ეპოვა და ვარაუდობდა, რომ წონასწორობა დროის მიღმა უნდა იქნეს აღქმული. ჩემი აზრით, წონასწორობის ცნების ასეთი სახის ინტერპრეტაცია მას უშინაარსოს ხდის.

III

კონკურენტული საზოგადოების პირობებში წონასწორობის ანალიზის გამოყენების გაუმართლებლობასთან დაკავშირებით ჩემ მიერ გამოთქმული მოსაზრების მიუხედავად, რა თქმა უნდა, არ მსურს იმის უგულვებელყოფა, რომ აღნიშნული ცნება თავიდან სხვადასხვა ინდივიდების ქმედებებს შორის გარკვეული სახის წონასწორობის აღწერისთვის იქნა შემოღებული. რასაც აქამდე ვამტკიცებდი, მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ იმ გაგებით, რომლითაც წონასწორობის ცნებას გარკვეული პიროვნების სხვადასხვა ქმედებებს შორის ურთიერთკავშირის აღწერისას ვიყენებთ, სხვადასხვა ინდივიდების ქმედებებს შორის კავშირის აღწერისთვის არ გამოდგება. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ცნებას, როცა წონასწორობაზე კონკურენტულ სისტემასთან მიმართებაში ვლაპარაკობთ.

სავარაუდოდ, ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე, პირველი პასუხი ის არის, რომ წონასწორობა ამ შემთხვევაში მაშინ მყარდება, თუ საზოგადოების ყველა წევრის ყველა ქმედება გარკვეული პერიოდის მანძილზე თითოეული მათგანის იმ ინდივიდუალური გეგმის განხორციელებაა, რომელიც ამ პერიოდის დასაწყისში ყველამ სათავისოდ ჩამოიყალიბა. მაგრამ, როცა დავუფიქრდებით, თუ რას ნიშნავს ეს კონკრეტულად, აღმოჩნდება, რომ იგი პასუხებზე უფრო მეტ კითხვებს წარმოშობს. ადვილია წარმოვიდგინოთ განყენებული პიროვნება (ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელსაც ერთ-ერთი მათგანი მართავს), რომელიც გარკვეული დროის მანძილზე წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით მოქმედებს. ამ შემთხვევაში, გეგმის განხორციელების შესაძლებლობა რაიმე პირობას არ უნდა აკმაყოფილებდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ იგი თანხვედრ ფაქტებთან დაკავშირებით მცდარ დაშვებებს ეფუძნებოდეს და ამის გამო შეიძლება მისი შეცვლა აუცილებელი გახდეს. მაგრამ ყოველთვის იარსებებს თანხვედრი ფაქტების შესაძლო სიმრავლე, რაც გეგმის თავდაპირველი ჩანაფიქრის შესაბამისად განხორციელებას შესაძლებელს გახდის.

თუმცა სხვადასხვა პიროვნებების მიერ ერთდროულად, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული გეგმების შემთხვევაში განსხვავებული სიტუაცია მიიღება. ყველა ამ გეგმის განხორციელებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ თითოეული მათგანი თანხვედრი მოვლენების ერთი და იმავე წყებას ეფუძნებოდნეს, რადგან, თუ სხვადასხვა ინდივიდი საკუთარ გეგმას თანხვედრი მოვლენების მიმართებაში წინააღმდეგობრივ მოლოდინებზე დააფუძნებდა, ყველა ამ გეგმის განხორციელებას თანხვედრი მოვლენების ვერანაირი გადაჯგუფება ვერ გახდიდა შესაძლებელს. მეორე მხრივ, გაცვლებზე დაფუძნებულ საზოგადოებაში ინდივიდების გეგმები გარკვეულ დონეზე აუცილებლად მოიცავს ისეთ ქმედებებს, რომლებიც სხვა ინდივიდების მხრიდან საპასუხო ქმედებებს მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ ცალკეული ინდივიდების გეგმები ერთმანეთთან გარკვეული მნიშვნელობით თავსებადი უნდა იყოს, რათა ყოველი მათგანის განხორციელების შესაძლებლობა პოტენციურად მაინც არსებობდეს4. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, რადგან ზოგიერთი მოცემულობა, რომელზეც ნებისმიერი ინდივიდი საკუთარ გეგმებს აფუძნებს, აუცილებლად შეიცავს მოლოდინს, რომ სხვა ინდივიდების ქმედებებს სრულიად გარკვეული სახე ექნება, ამიტომ სხვადასხვა ადამიანების გეგმების თავსებადობისთვის არსებითია, რომ ცალკეული ინდივიდების გეგმები სწორედ იმ ქმედებებზე აიგოს, რომლებიც სხვა ინდივიდის გეგმებში მოცემულობას წარმოადგენს.

წონასწორობის ტრადიციული ანალიზი აღნიშნული სირთულის ნაწილს თავს იმ დაშვების მეშვეობით არიდებს, რომ მოთხოვნის გრაფიკის ფორმით წარმოდგენილი მონაცემები, რომლებიც ინდივიდუალურ მოთხოვნილებასა და ტექნიკურ ფაქტებს შეიცავს, ყველა ინდივიდისთვის თანაბრადაა ცნობილი; და, რადგანაც ისინი ერთი და იმავე გარემო პირობებიდან გამომდინარე მოქმედებენ, ეს მათი გეგმების თავსებადობას შესაძლებელს გახდის. ხშირად თქმულა, რომ აღნიშნული ვერ ხსნის იმ სირთულეს, რომელიც გამომდინარეობს შემდეგი ფაქტიდან: ერთი პიროვნების ქმედებები მეორე პიროვნების მოცემულობას წარმოადგენს და იგი გარკვეულ დონეზე ურთიერთდამოკიდებულებების ჩაკეტილ წრეს ქმნის. თუმცა აქამდე არ თქმულა, რომ ეს არგუმენტაცია მთლიანად უფრო ზოგადი ხასიათის აღრევას წარმოადგენს და ზემოხსენებული მოსაზრება მხოლოდ მისი კონკრეტული მაგალითია და „მონაცემის“ ცნების ორაზროვნებითაა განპირობებული. ის მონაცემები, რომლებიც ობიექტურ ფაქტებად მიიჩნევა და ყველასთვის ერთი და იგივეა, ცხადია, იმავე რანგის მონაცემები აღარ არის, რომელიც არჩევანის წმინდა ლოგიკის ტავტოლოგიური გარდაქმნების ათვლის წერტილს წარმოადგენდა. მაშინ „მონაცემები” ნიშნავდა ფაქტებს და ისიც მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლებიც კონკრეტული ინდივიდისთვის იყო მოცემული და მხოლოდ „მონაცემის” ცნების სუბიექტურმა გაგებამ გახადა აღნიშნული დებულებები უცილობელ ჭეშმარიტებად. “მონაცემი” ნიშნავდა, რომ ის შესაბამისი პიროვნებისთვის იყო მოცემული და ცნობილი. მაგრამ ცალკეული ინდივიდის ქმედების ანალიზიდან საზოგადოების მდგომარეობის ანალიზზე გადასვლისას ამ ცნების შინაარსმა ეშმაკური ცვლილება განიცადა.

IV

მონაცემის ცნებასთან დაკავშირებული გაუგებრობა ჩვენს სფეროში იმდენ სირთულეს წარმოქმნის, რომ მისი უფრო საფუძვლიანი გაანალიზება აუცილებელი ხდება. მონაცემი, რა თქმა უნდა, მოცემულს ნიშნავს, მაგრამ კითხვა, რომელიც ღიად რჩება და რომელზეც სოციალურ მეცნიერებებში ორი განსხვავებული პასუხია შესაძლებელი, იმაში მდგომარეობს, თუ ვისთვის არის ფაქტები მოცემული. ეკონომისტები, როგორც ჩანს, არაცნობიერად ყოველთვის გრძნობდნენ უხერხულობას იმასთან დაკავშირებით, რომ ზუსტად არ იცოდნენ თუ ვისთვის იყო ფაქტები მოცემული და ამ უსიამოვნო გრძნობისგან თავის დასაცავად, იძულებულნი იყვნენ, მოცემულობის არსებობა ისეთი ზედმეტი გამონათქვამით დაეზუსტებინათ, როგორიცაა „მოცემული მონაცემები“. მაგრამ ეს მაინც არ პასუხობს კითხვას, თუ ვინ ფლობს აღნიშნულ ფაქტებს, დამკვირვებელი ეკონომისტი თუ ისინი, ვისი უკანასკნელ შემთხვევაში გაუგებარია სხვადასხვა პირებისთვის ერთი და იმავე ფაქტებია ცნობილი, თუ სხვადასხვა პირებისთვის ცნობილი „მონაცემები“ ერთმანეთისაგან შეიძლება განსხვავდებოდნენ კიდეც.

ეჭვგარეშეა, „მონაცემთა” ორგვარი გაგება, ანუ ერთი მხრივ ობიექტური, რეალური ფაქტები, რომელთაც, ივარაუდება, რომ დამკვირვებელი ეკონომისტი ფლობს და, მეორე მხრივ, სუბიექტური, იმ პიროვნებათა წარმოდგენების შესაბამისად აღქმული ფაქტები, რომელთა ქმედებების ახსნასაც ვისახავთ მიზნად, ერთმანეთისგან ძირეულად განსხვავდება და მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს. როგორც ვხედავთ, კითხვა, თუ საერთოდ რატომ ხდება, რომ სუბიექტური მონაცემები ობიექტურს შეესაბამება, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომლის გადასაწყვეტად საჭირო პასუხიც ჩვენ უნდა ვიპოვოთ.

ამ ორი ცნების განცალკევების სარგებლობას მაშინვე დავინახავთ, როცა მას იმის გასარკვევად გამოვიყენებთ, თუ რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ საზოგადოება წონასწორულ მდგომარეობაშია. ცხადია, გამონათქვამი, რომ სხვადასხვა პიროვნებების ხელთ არსებული სუბიექტური მონაცემები და მისგან გამომდინარე ინდივიდუალური გეგმები ერთმანეთთან თანხმობაში მოდიან, შეიძლება ორნაირად გავიგოთ. ჩვენ შეიძლება უბრალოდ ვიგულისხმოთ, რომ ეს გეგმები ურთიერთთავსებადია და პოტენციურად არსებობს თანხვედრ მოვლენათა ისეთი თანმიმდევრობა, რომელიც ყველა ინდივიდს საკუთარი გეგმის განხორციელების საშუალებას აძლევს და იმედგაცრუებას არასოდეს იწვევს. რომ არ არსებობდეს განზრახვათა ეს ურთიერთთავსებადობა, ცალსახად შეგვეძლებოდა გვეთქვა, რომ ეს არ არის წონასწორული მდგომარეობა, რადგან, ამ შემთხვევაში, თანხვედრ მოვლენათა თანმიმდევრობა ყველა მოლოდინის დაკმაყოფილებას ვერანაირი სიმრავლით ვერ მოახერხებდა. საქმე გვაქვს მდგომარეობასთან, რომელიც გარდაუვალს ხდის, სულ მცირე, ზოგიერთი ადამიანის მიერ გეგმების შეცვლას, ანუ, რომ გამოვიყენოთ ფრაზა, რომელსაც წარსულში საკმოდ ბუნდოვანი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ რომელიც ჩვენს შემთხვევას იდეალურად ერგება, „ენდოგენური“ დარღვევები გარდაუვალი ხდება.

თუმცა კვლავ გასარკვევია, რამდენად შეესაბამება ინდივიდების სუბიექტური მონაცემები ობიექტურს და, შედეგად, რამდენად დადასტურებულია ობიექტური ფაქტებით ის მოლოდინები, რომლებსაც გეგმები ეფუძნება. თუკი წონასწორობის მდგომარეობის შეფასება მონაცემთა შორის ამგვარი თანხვედრის დადგენას მოითხოვს, საზოგადოების იმთავითვე წონასწორულ მდგომარეობაში ყოფნაარყოფნის საკითხი მხოლოდ წარსულის შედარების გზით, დროის იმ მონაკვეთის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი, რომლისთვისაც გეგმები შემუშავდა. ამ შემთხვევაში, არსებული ტრადიციიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წონასწორობა, პირველი განმარტების მნიშვნელობით, შეიძლება (ობიექტური) მონაცემების გაუთვალისწინებელი ცვალებადობის გამო დაირღვეს და ამ მოვლენას შინაგანი (exogenous) დარღვევა შეგვიძლია ვუწოდოთ. სინამდვილეში (ობიექტური) მონაცემების ცვლილების ცნებას, რომელსაც ასე ხშირად ვიყენებთ, კონკრეტული მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ აქვს, როცა გარემო პირობების ცვლილებებისა და ჩვენი მოლოდინების შესაბამისობის ხარსისხს ვადგენთ, ამასთან, „ცვლილებად“ ფაქტობრივ და ნავარაუდებ განვითარებას შორის ნებისმიერ განსხვავებას მივიჩნევთ, მიუხედავად იმისა, ნიშნავს თუ არა ეს „ცვლილებას“ აბსოლუტური გაგებით. მაგალითად, უცბად წელიწადის დროთა მონაცვლეობა რომ შეწყდეს და რაღაც თარიღის შემდეგ ამინდი უცვლელი დარჩეს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გაგებით, მონაცემთა ცვლილებას წარმოადგენს, ანუ, ცვლილებას ჩვენს მოლოდინთან მიმართებაში, თუმცა აბსოლუტური გაგებით, ეს არა ცვლილება, არამედ, პირიქით, ცვლილების არარსებობა იქნებოდა. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მონაცემთა ცვლილებაზე მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, თუ წონასწორობად მივიჩნევთ მდგომარეობას, რომელიც პირველ განმარტებას შეესაბამება, ანუ, თუკი ყველა ადამიანის მოლოდინის თანხვედრა ხდება. ისინი ერთმანეთს რომ ეწინააღმდეგებოდნენ, თანხვედრი ფაქტების ნებისმიერი ცვლილება ზოგიერთის მოლოდინს დაადასტურებდა, ზოგიერთისას კი - არა, შესაბამისად, შეუძლებელი იქნება იმის დადგენა, თუ ობიექტურად რაში მდგომარეობდა მონაცემების ცვლილება5.

V

საზოგადოებასთან მიმართებაში წონასწორულ მდგომარეობაზე საუბარი დროის გარკვეული მომენტისთვის შეგვიძლია - მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული გეგმები, რომლებიც ინდივიდებმა დროში მოქმედებების განსახორციელებლად შეადგინეს, ურთიერთთავსებადია. ხოლო წონასწორობა, მისი მიღწევის შემდეგ, მანამდე გაგრძელდება, სანამ თანხვედრი მონაცემები საზოგადოების თითოეული წევრის მოლოდინებს შეესაბამება. ამ გაგებით, წონასწორული მდგომარეობის ხანგრძლივობა, აბსოლუტური გაგებით, არც ობიექტური მონაცემების მუდმივობაზეა დამოკიდებული და არც უცვლელ პროცესებზეა აუცილებლად მიბმული. წონასწორობის ანალიზი პრინციპულად შესაძლებელი ხდება თუკი ის დინამიკურ საზოგადოებას და ფასების იმ დროებით ურთიერთობებს ეხება, რამაც უკანასკნელ დროს ამდენი თავსატეხი შეგვიქმნა6.

ეს მსჯელობა, როგორც ჩანს, წონასწორობასა და განჭვრეტას შორის არსებულ კავშირს ნათელს ჰფენს, რაც ბოლო პერიოდში ცხარე დებატების საგანს წარმოადგენდა7. როგორც ჩანს, წონასწორობის ცნება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების სხვადასხვა წევრი მომავალს გარკვეული გაგებით სწორად ჭვრეტს. სწორი კი იმ გაგებით უნდა იყოს ის, რომ ყოველი პიროვნების გეგმა ეფუძნება სხვა პირების მხრიდან სწორედ იმ ქმედებების მოლოდინს, რასაც ეს სხვა პირები გეგმავენ და ყველა ეს გეგმა ერთი და იმავე გარემო პირობების მოლოდინს ეფუძნება, ისე რომ გარკვეულ პირობებში საკუთარი გეგმის შეცვლის მიზეზი არავის ექნება. სწორი განჭვრეტა ამ შემთხვევაში ის აუცილებელი წინაპირობა არ არის, როგორც აქამდე ხანდახან ესმოდათ, რომლის გარეშეც წონასწორობის მიღწევა ვერ ხერხდება. იგი უფრო წონასწორული მდგომარეობის განმსაზღვრელი თვისებაა. ასევე აუცილებელი არ არის, ამ მიზნისთვის მომავლის ჭვრეტა სრულყოფილი იყოს იმ გაგებით, რომ იგი უსასრულო მომავალს მოიცავდეს, ან ყველა ყველაფერს სწორად ჭვრეტდეს. უფრო მართებული იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ წონასწორობა გაგრძელდება მანამ, სანამ მომავლის განჭვრეტა სწორია და, რომ ის ასეთი უნდა იყოს მხოლოდ იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც მნიშვნელოვანია ცალკეული პიროვნებების მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის. იმას, თუ რა საკითხებთან დაკავშირებით უნდა იყოს მართებული მომავლის განჭვრეტა, მოგვიანებით დავუბრუნდები.

სანამ გავაგრძელებდე მსჯელობას, უმჯობესი იქნება ერთ კერძო მაგალითზე შევჩერდე, რათა ნათლად ვაჩვენო ის, რაც წონასწორული მდგომარეობის მნიშვნელობის შესახებ ვთქვი და ისიც, თუ როგორ შეიძლება მისი დარღვევა. მაგალითად, მოსამზადებელი სამუშაოები ავიღოთ, რომლებიც სახლების მშენებლობის მიზნით ხორციელდება. აგურის მწარმოებლები, წყალგაყვანილობის ოსტატები და სხვები იმ მასალებს აწარმოებენ, რომლებიც ყოველ კერძო შემთხვევაში განსაზღვრული რაოდენობის სახლის ასაშენებლად არის აუცილებელი. ჩვენ ასევე შეგვიძლია, ის პოტენციური მყიდველები წარმოვიდგინოთ, რომლებიც ისეთ დანაზოგებს აკეთებენ, რომელიც მათ გარკვეულ დროს განსაზღვრული რაოდენობის სახლების შეძენის საშუალებას მისცემდათ. თუ ყველა ეს ქმედება ერთი და იმავე რაოდენობის სახლების აშენების (და შეძენის) მოსამზადებელ ღონისძიებას წარმოადგენს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ შორის წონასწორობა იმ გაგებით არსებობს, რამდენადაც ამ პროცესში ჩართული თითოეული პიროვნება საკუთარი გეგმის განხორციელებას შესაძლებლად ჩათვლის8. შესაძლოა ეს ასე არ მოხდეს, რადგან ახლადწარმოქმნილი გარემოებები, რომლებიც მათ სამოქმედო გეგმებში გათვალისწინებული არ იყო, მათთვის მოულოდელი აღმოჩნდეს. მასალის ნაწილი შეიძლება კატასტროფის შედეგად განადგურდეს, ამინდმა შეიძლება მშენებლობა შეუძლებელი გახადოს ან ახალმა გამოგონებამ მშენებლობისთვის საჭირო სხვადასხვა საწარმოო ფაქტორების პროპორცია შეცვალოს. სწორედ იმას ვუწოდებთ ჩვენ (თანხვედრი) მონაცემების ცვლილებას, რაც არსებულ წონასწორულ მდგომარეობას არღვევს. მაგრამ, თუ სხვადასხვა გეგმა თავიდანვე ურთიერთწინააღმდეგობრივი იყო, მაშინ, რაც არ უნდა მოხდეს, გარდაუვალია ზოგიერთი მათგანის ჩაშლა და მასში ცვლილებების შეტანა. შედეგად, გარკვეული დროის განმავლობაში დაგეგმილი ქმედებების ერთობლიობას ის თვისებები აღარ ექნება, როგორც იმ შემთხვევაში, როცა თითოეული პიროვნების ქმედება იმ ერთიანი გეგმის ნაწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც მან დასაწყისში ჩამოაყალიბა9.

VI

როცა ხაზს ვუსვამ მხოლოდ ინდივიდუალურ გეგმებს10 შორის ურთიერთთავსებადობას და მათ არსებულ გარეგან ფაქტორებთან ან ობიექტურ მონაცემებთან შესაბამისობას, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ გარკვეულწილად სუბიექტურ ურთიერთშეთანხმებებზე გარეგანი ფაქტორები არ ზემოქმედებს. რა თქმა უნდა, თუ ობიექტური ფაქტების ერთი და იმავე აღქმა არ იქნებოდა, შესაბამისობა არც სხვადასხვა პიროვნებების სუბიექტურ მონაცემთა შორის იარსებებდა. საქმე ისაა, რომ წონასწორობის წმინდა ანალიზი არ იკვლევს იმას, თუ როგორ შეიძლება ამ შესაბამისობის მიღწევა. არსებული წონასწორული მდგომარეობის აღწერისას, რასაც ეს თეორია ემსახურება, უბრალოდ ივარაუდება, რომ სუბიექტური მონაცემები ობიექტურს ემთხვევა. წონასწორული ურთიერთობები ობიექტური ფაქტებიდან არ გამომდინარეობს, რადგან იმის ანალიზი, თუ რას მოიმოქმედებენ ადამიანები, მხოლოდ იმას შეიძლება ეყრდნობოდეს, თუ რა არის მათთვის ცნობილი. ასევე შეუძლებელია წონასწორობის ანალიზი მოცემულ სუბიექტურ მონაცემთა სიმრავლიდან ამოდიოდეს, რადგან განსხვავებული ინდივიდების სუბიექტური მონაცემები თავსებადი შეიძლება იყოს ან არ იყოს, ანუ ისინი თავიდანვე განსაზღვრავენ, არსებობდა თუ არა წონასწორობა.

მსჯელობის გაგრძელებამდე აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, თუ რატომაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რასაც ყველა აღიარებს, ფიქტიური წონასწორობის მდგომარეობა. „წმინდა“ ეკონომიკური თეორიის მიმდევრებმა დროდადრო რაც არ უნდა ამტკიცონ, ეჭვგარეშეა, მისი ერთადერთი გამართლება ისაა, რომ ის წონასწორობისკენ მიმართული ტენდენციის არსებობას ვარაუდობს. ეკონომიკური მეცნიერება წმინდა ლოგიკის საზღვრებს მხოლოდ ასეთი სახის ტენდენციის არსებობის მტკიცების დახმარებით სცდება და ემპირიულ მეცნიერებად გადაიქცევა; სწორედ ეკონომიკა, როგორც ემპირიული მეცნიერება, არის ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს.

წონასწორული მდგომარეობის ჩვენეული ანალიზიდან გამომდინარე, იმის დადგენა, თუ რას ნიშნავს წონასწორობისკენ მიმართული ტენდენციის არსებობა, ადვილი უნდა იყოს. ეს მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ გარკვეულ პირობებში საზოგადოების სხვადასხვა წევრის განზრახვები, სავარაუდოდ, სულ უფრო შეთანხმებული ხდება, ანუ, იმავე ნაკლებ ზოგადად და ნაკლებ ზუსტად, მაგრამ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ - ადამიანების, განსაკუთრებით მეწარმეების, მოლოდინი სულ უფრო მართლდება. ამ სახით იმის მტკიცება, რომ წონასწორობისკენ მიმართული ტენდენცია არსებობს, ცალსახად ემპირიული გამონათქვამია, ანუ, ეს არის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურ სამყაროში, რაც, პრინციპში, სულ ცოტა, გადამოწმებას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს კი ჩვენს ოდნავ ზოგად გამონათქვამს უფრო დამაჯერებელს და საღი გონებისთვის მისაღებს ხდის. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ კვლავ შედარებით ცოტა ვიცით (ა) იმ პირობების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ივარაუდება ამ ტენდენციის არსებობა და (ბ) იმ პროცესის ბუნების შესახებ, რომლის მეშვეობითაც ინდივიდუალური ცოდნის ცვლილება ხდება.

VII

წონასწორობის ტრადიციული ანალიზი, როგორც წესი, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს პასუხი კითხვაზე, თუ როგორ მიიღწევა წონასწორობა, ჩვენთვის ცნობილია. მაგრამ უფრო კარგად თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა იმის დამტკიცება, რაც უკვე დაშვებების სახით არსებობს11. ის ხერხი, რომელიც, როგორც წესი, ამ შემთხვევაში გამოიყენება, იმგვარი სრულყოფილი ბაზრის არსებობას ნიშნავს, სადაც ნებისმიერი შემთხვევა ბაზრის ყველა მონაწილისთვის იმწამსვე ხდება ცნობილი. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საკმარისად სრულყოფილი ბაზარი, რომელიც წონასწორობის ანალიზის დაშვებებს აკმაყოფილებს და რომელიმე საქონლის კონკრეტული ბაზრით შემოიფარგლება, არ არსებობს; შესაბამისად, უნდა დავუშვათ, რომ სრულყოფილ ბაზარს იმგვარი ეკონომიკური სისტემა წარმოადგენს, სადაც ყველამ ყველაფერი იცის. შესაბამისად, სრულყოფილი ბაზრის დაშვება გულისხმობს ერთს - მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყველა წევრი ყოვლისმცოდნე არ არის, საკუთარი გადაწყვეტილებებისთვის საჭირო ცნობებს თითოეული მყისვე იგებს. როგორც ჩანს, „ეკონომიკური ადამიანი“-ს ჩონჩხი, რომელიც ჩვენ ლოცვით და მარხვით კარადაში განვდევნეთ, უკანა კარიდან კვაზი-ყოვლისმცოდნე პიროვნების სახით დაბრუნდა. მტკიცება, რომ ყოვლისმცოდნე ადამიანები წონასწორულ მდგომარეობაში არიან, ჭეშმარიტია, რადგან წონასწორობას სწორედ ასე განვმარტავთ. ამ გაგებით, სრულყოფილი ბაზრის დაშვება იმის კიდევ ერთხელ გაცხადებას ნიშნავს, რომ წონასწორობა არსებობს, მაგრამ ეს საერთოდ არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ როდის და როგორ მიიღწევა ასეთი მდგომარეობა. ცხადია, თუ გვსურს იმის მტკიცება, რომ გარკვეულ პირობებში ადამიანები ამ მდგომარეობას მიაღწევენ, მაშინ ჩვენ ის პროცესი უნდა ავხსნათ, რომლის მეშვეობითაც ისინი აუცილებელ ცოდნას იძენენ. რა თქმა უნდა, ამ პროცესის განმავლობაში ცოდნის შეძენის შესახებ ნებისმიერ დაშვებას ჰიპოთეზური ხასიათი ექნება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი სახის ყველა დაშვება ერთნაირად გამართლებულია. ჩვენ საქმე მიზეზშედეგობრივ დაშვებებთან გვაქვს და, აქედან გამომდინარე, რასაც დავუშვებთ არა მარტო შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს (რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის, თუ ადამიანებს ყოვლისმცოდნედ მივიჩნევთ), არამედ, სავარაუდოდ, ჭეშმარიტადაც; და შესაძლებელი უნდა იყოს, სულ მცირე, იმის ჩვენება, რომ იგი ჭეშმარიტია კონკრეტულ შემთხვევაში.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს, თითქოსდა დამხმარე დაშვებები თუ ჰიპოთეზები იმის შესახებ, რომ ადამიანები გამოცდილების მეშვეობით სწავლობენ და იმის შესახებ, თუ როგორ იძენენ ისინი ცოდნას, რომელიც რეალურ სამყაროში მიმდინარე პროცესების ჩვენეული ვარაუდების ემპირიულ ნაწილს შეადგენს, როგორც წესი, ისინი ბაზრის იმ სახეობას, რომელსაც ჩვენი მოსაზრებები ეხება, სახეშეცვლილი და არასრული სახით აღწერენ; მაგრამ ეს უფრო ზოგადი პრობლემის მხოლოდ ერთი, თუმცა ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მხარეა, ხოლო თუ როგორ ხდება ცოდნის შეძენა და გადაცემა კვლავ ამოუხსნელი რჩება. მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გათვალისწინებაც ეკონომისტებს ხშირად ავიწყდებათ, ისაა, რომ ამ ჰიპოთეზების ბუნება მრავალმხრივ განსხვავდება იმ დაშვებებისგან, რასაც არჩევანის წმინდა ლოგიკა ეფუძნება. ჩემი აზრით, მათ შორის ორი სახის მთავარი განსხვავება არსებობს:

პირველი - ის დაშვებები, საიდანაც არჩევანის წმინდა ლოგიკა ამოდის, წარმოადგენს ფაქტებს, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ადამიანების აზროვნებისთვის საერთოა. ისინი შეიძლება აქსიომებად მივიჩნიოთ, რომლებიც იმ სფეროს განსაზღვრავენ, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია სხვა ადამიანების აზროვნების წესი გავიგოთ ან წარმოვიდგინოთ. შედეგად ისინი მთლიანად მიესადაგება იმ სფეროს, რომელიც გვაინტერესებს, თუმცა, რა თქმა უნდა, იმის დადგენა, თუ სად გადის ამ სფეროს საზღვრები, ემპირიული საკითხია. ისინი ადამიანის ქმედების გარკვეულ სახეობას ეხებიან (რასაც ჩვენ, ზოგადად, „რაციონალურს“, ან, უბრალოდ, „ცნობიერს“ ვუწოდებთ, „ინსტიქტური“ ქმედებისგან განსხვავებით) და არა იმ კონკრეტულ პირობებს, რა შემთხვევაშიც ამ ქმედების განხორციელება ხდება. მაგრამ დაშვებები თუ ჰიპოთეზები, რომელიც უნდა შევიმუშავოთ, როცა სოციალური პროცესის ახსნა გვსურს, ინდივიდის აზროვნებასა და გარე სამყაროს შორის არსებულ კავშირს ეხება, ანუ იმას, თუ რამდენად და როგორ შეესაბამება მისი ცოდნა გარეგან ფაქტებს. ამიტომ ჰიპოთეზები აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს მტკიცებებს მიზეზშედეგობრივი კავშირების შესახებ, ანუ იმაზე, თუ როგორ წარმოშობს გამოცდილება ცოდნას.

მეორე განსხვავება იმაშია, რომ მაშინ, როცა არჩევანის წმინდა ლოგიკის სფეროში ჩვენი ანალიზი შეიძლება ამომწურავი იყოს, ანუ, ამ შემთხვევაში ჩვენ ფორმალური ინსტრუმენტების შემუშავება შეგვიძლია, რომლებიც ყველა შესაძლო მდგომარეობას შეიცავს, დამატებითი ჰიპოთეზები აუცილებლად შერჩევითი უნდა იყოს - უთვალავი შესაძლო მდგომარეობიდან ის იდეალური ტიპები უნდა შევარჩიოთ, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენი აზრით, რეალურ სამყაროში არსებული პირობებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია12. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინა შეგვექმნა, რომლის კვლევის საგანი, თავისი განსაზღვრებიდან გამომდინარე, „სრულყოფილ ბაზარზე“ ან რაიმე მსგავსი სახით განმარტებულ ობიექტზე ისე იქნებოდა მიბმული, როგორც არჩევანის წმინდა ლოგიკა მხოლოდ ისეთ პიროვნებებს მიესადაგება, რომლებმაც შეზღუდული რესურსები სხვადასხვა მიზნებს შორის უნდა გადაანაწილონ. ამგვარად განსაზღვრული სფეროსთვის ჩვენი მტკიცებები a priori ჭეშმარიტი იქნებოდა, მაგრამ ასეთი ქმედების

გამართლებას ჩვენ ვერ შევძლებდით, რაც იმის დაშვებას ითვალისწინებს, რომ რეალურ სამყაროში არსებული მდგომარეობა ჩვენს დაშვებებში ნაგულისხმებ მდგომარეობას შეესაბამება.

VIII

ახლა იმ საკითხს უნდა დავუბრუნდე, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობს იმ პირობებთან დაკავშირებული ჰიპოთეზები, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, ადამიანები საჭირო ცოდნას იძენენ და როგორ წარმოგვიდგენია საკუთრივ პროცესი, რომლის მეშვეობითაც ცოდნის შეძენა ხდება. იმ ჰიპოთეზების მნიშვნელობის გარკვევის მიზნით, რომლებსაც ამ საკითხთან მიმართებაში ვიყენებთ, ისინი ორი თვალსაზრისით უნდა გავაანალიზოთ: პირველ რიგში უნდა დავადგინოთ, არის თუ არა ისინი აუცილებელი და საკმარისი, რომ წონასწორული მდგომარეობისკენ მოძრაობა ახსნას და უნდა ვაჩვენოთ, თუ რამდენად ადასტურებს მათ რეალობა. მაგრამ, ვშიშობ, ახლა ვუახლოვდები იმ ზღვარს, როცა უაღრესად რთული ხდება იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა დაშვებების საფუძველზე ვამტკიცებთ, რომ ტენდენცია წონასწორული მდგომარეობისკენ იქნება მიმართული და შეგვეძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ანალიზი რეალურ სამყაროს მიესადაგება13. არ შემიძლია ვიამაყო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თითქოს დიდი წინსვლა მქონდეს. შესაბამისად, ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემიძლია, იმ კითხვების დასმაა, რომლებზეც პასუხი ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ, თუ გვსურს, რომ ჩვენი არგუმენტის მნიშვნელობაში სიცხადე შევიტანოთ14.

წონასწორობის მისაღწევად საჭირო ერთადერთი პირობა, რომლის აუცილებლობაზეც ეკონომისტები თითქმის ერთსულოვნად თანხმდებიან, „მონაცემთა უცვლელობაა“. მაგრამ მას შემდეგ, რაც „მონაცემის“ ცნების ბუნდოვანებაში დავრწმუნდით, უნდა ვივარაუდოთ, და სავსებით მართებულადაც, რომ ეს დიდ დახმარებას ვერ გაგვიწევს. თუნდაც დავუშვათ, რაც, ალბათ, ასეც უნდა გავაკეთოთ, რომ ამ შემთხვევაში ცნება თავისი ობიექტური მნიშვნელობით გამოიყენება (ეს, როგორც გვახსოვს, სხვადასხვა ინდივიდების პრეფერენციებსაც შეიცავს), სრულიად გაურკვეველია, არის თუ არა იგი საჭირო ან საკმარისი, რათა ადამიანებმა რეალურად შეძლონ საჭირო ცოდნის შეძენა, თუ ეს იმ პირობების შესახებ მოსაზრებას წარმოადგენს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ისინი ამას მიაღწევდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი ავტორი აუცილებლად თვლის „სრულყოფილი ცოდნის”, როგორც დამატებითი და დამოუკიდებელი პირობის, მიმატებას15. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინახავთ, რომ ობიექტური მონაცემების არსებობა არც აუცილებელი და არც საკმარისი პირობაა. ის, რომ ეს აუცილებელი პირობა არ არის, პირველ რიგში, იქიდან გამომდინარეობს, რომ აბსოლუტური გაგებით მის ინტერპრეტაციას და მტკიცებას, რომ სამყაროში არასოდეს არაფერი არ უნდა ხდებოდეს არავინ მოისურვებს. მეორე მხრივ, როგორც უკვე დავინახეთ, თუ გვსურს იმ ცვლილებების გათვალისწინება, რომელთაც პერიოდული ან თუნდაც მუდმივი ხასიათი აქვთ, მაშინ უცვლელობის ახსნის ერთადერთი შესაძლებლობა მისი მოლოდინებთან მიმართებაში განმარტებაა. ყველაფერი, რასაც ეს მოთხოვნა ნიშნავს, ის არის, რომ სამყაროში ერთგვარი წესრიგი უნდა არსებობდეს, რაც მოვლენების სწორ წინასწარმეტყველებას შეგვაძლებინებდა. მაგრამ, რამდენადაც ცხადია, რომ ეს იმის დასამტკიცებლად საკმარისი არ არის, ადამიანები მოვლენების სწორად განჭვრეტას რომ ისწავლიან, იმავე მონაცემთა აბსოლუტური გაგებით უცვლელობის შემთხვევაშიც არანაკლებ მართებულია. ნებისმიერი პიროვნებისთვის მონაცემთა უცვლელობა მისგან დამოუკიდებელი ყველა ფაქტის უცვლელობას არ ნიშნავს, რადგან, რა თქმა უნდა, ამ გაგებით სხვა ადამიანების მხოლოდ გემოვნება და არა ქმედებები ჩაითვლება უცვლელად. რადგან ყველა ეს ადამიანი თავის გადაწყვეტილებას იმ გამოცდილების შედეგად შეცვლის, რომელსაც თანხვედრი ფაქტებისა და სხვა ადამიანების ქმედებების შეფასების შედეგად შეიძენს, არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა შეწყდეს ოდესმე თანდათანობითი ცვლილებების ეს პროცესი. ეს პრობლემები კარგად არის ცნობილი და აქ მხოლოდ იმიტომ აღვნიშნავ, რომ შეგახსენოთ, თუ რამდენად ცოტა რამ ვიცით იმ პირობების შესახებ, რომლის არსებობის შემთხვევაშიც წონასწორობა მიიღწევა. მაგრამ მე ამ მიმართულებით მსჯელობას არ გავაგრძელებ არა იმიტომ, რომ აღნიშნული ემპირიული ალბათობის საკითხი, რაც ადამიანების სწავლის უნარს ეხება (რაც ნიშნავს, რომ მათი სუბიექტური მონაცემები ობიექტურ ფაქტებთან ურთიერთშესაბამისობაში მოვა) უამრავ გადაუწყვეტავ და საინტერესო პრობლემას არ მოიცავს. ამის მიზეზი უფრო იმაში მდგომარეობს რომ, ჩემი აზრით, ცენტრალური პრობლემის გადასაწყვეტად სხვა, უფრო ნაყოფიერი გზა არსებობს.

IX

საკითხებს, რომლებსაც იმ პირობებთან დაკავშირებით შევეხე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, სავარაუდოა, რომ ადამიანები აუცილებელ ცოდნას შეიძენენ, და იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელთა მეშვეობითაც ისინი ამას შეძლებენ, წარსულ დისკუსიებში გარკვეული ადგილი ეთმობოდა. მაგრამ, ასევე არსებობს შემდეგი საკითხი, რომელიც, ჩემი აზრით, იმავე მნიშვნელობისაა, მაგრამ აქამდე კვლევის საგანი საერთოდ არ გამხდარა: რამდენ და რა სახის ცოდნას უნდა ფლობდნენ პიროვნებები, რომ წონასწორობაზე საუბარი შესაძლებელი გახდეს. ცხადია, თუ ცნებას რაიმე ემპირიული შინაარსი უნდა ჰქონდეს, ის არ შეიძლება გულისხმობდეს, რომ ყველამ ყველაფერი იცის. მე უკვე გამოვიყენე გამონათქვამი „შესაბამისი ცოდნა”, ანუ ის ცოდნა, რომელიც მნიშვნელოვანი კონკრეტული ადამიანისთვისაა. მაგრამ რაში მდგომარეობს მნიშვნელოვანი ცოდნა? ეს, ალბათ, უბრალოდ იმ ცოდნას არ ნიშნავს, რომელმაც მის ქმედებებზე მოახდინა ზეგავლენა, რადგან ისინი შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო არა მხოლოდ ცოდნის მცდარობისა თუ მართებულობის, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ იგი სრულიად განსხვავებული სფეროების შესახებ ცოდნას დაეუფლებოდა.

ცხადია, აქ საქმე ცოდნის დანაწილების პრობლემასთან გვაქვს16, რომელიც ძალიან წააგავს, და, სულ მცირე, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შრომის დანაწილების პრობლემა. მაგრამ მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ჩვენი მეცნიერების წარმოშობის დღიდან კვლევების ერთ-ერთ მთავარ ობიექტს წარმოადგენს, პირველი მთლიანად იგნორირებული იყო, თუმცა, ჩემი აზრით, იგი ეკონომიკის, როგორც სოციალური მეცნიერების, ჭეშმარიტად ცენტრალურ პრობლემას წარმოადგენს. პრობლემა, რომელსაც ჩვენ თითქოს ვწყვეტთ, იმაში მდგომარეობს, თუ როგორ ქმნის ცოდნის მხოლოდ მცირე ნაწილის მფლობელი მრავალი ადამიანის სპონტანური ურთიერთქმედება ისეთ მდგომარეობას, რომ მაგალითად, ფასები ხარჯებს შეესაბამება, და ა.შ., და რის განზრახ მიღწევას მხოლოდ ის შეძლებდა, ვინც ყველა ამ ინდივიდის ცოდნას ერთიანად დაეუფლებოდა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რაღაც მსგავსი მართლაც ხდება, რადგან ემპირიული დაკვირვება ფასების ხარჯებთან შესაბამისობის შესახებ, ჩვენი მეცნიერების დაბადებას ნიშნავდა. მაგრამ იმის მაგივრად, რომ ვაჩვენოთ თუ რა სახის ინფორმაციას უნდა ფლობდნენ სხვადასხვა ინდივიდები, ამ შედეგის მისაღებად, ფაქტობრივად, ვუბრუნდებით იმ დაშვებას, რომ ყველამ ყველაფერი იცის და, ამგვარად, პრობლემის რეალურად გადაწყვეტას გავურბივართ.

თუმცა სანამ სხვადასხვა ინდივიდებს შორის ცოდნის დანაწილების საკითხს უფრო კონკრეტულად განვიხილავდეთ, მანამდე აუცილებლად იმ ცოდნის ზუსტი სახეობა უნდა განვსაზღვროთ, რომელიც ამ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი. ეკონომისტებს შორის ტრადიციად მხოლოდ ფასების ცოდნის აუცილებლობის ხაზგასმა ჩამოყალიბდა, ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ ობიექტური და სუბიექტური მონაცემების ერთმანეთში აღრევის შედეგად ობიექტური ბოლო პერიოდში თვით მიმდინარე ფასების ცოდნა იმდენად თავისთავადად აღიქმება, რომ ერთადერთ პრობლემატურ საკითხად მომავალი ფასების წინასწარი განჭვრეტა მიიჩნევა. მაგრამ, როგორც უკვე ნაშრომის დასაწყისში მივუთითე, ფასებთან დაკავშირებული მოლოდინი და თვით არსებული ფასების ცოდნა, ცოდნის პრობლემის, ისე, როგორც მას მე ვხედავ, მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. ამ პრობლემის უფრო მნიშვნელოვანი მხარეა იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება განსხვავებული საქონლის შეძენა და გამოყენება17, და რა პირობებში ხდება რეალურად მათი შეძენა და გამოყენება, ანუ, ფუნდამენტური კითხვაა, თუ რატომ შეესაბამება სხვადასხვა პირების სუბიექტური მონაცემები ობიექტურ ფაქტებს. ცოდნის პრობლემა ჩვენი მნიშვნელობით იმ თანხვედრის არსებობას ნიშნავს, რომელიც არსებული წონასწორობის ანალიზის უმრავლეს შემთხვევაში, უბრალოდ, მოცემულად მიიჩნევა, მაგრამ ის, რაც უნდა ავხსნათ, თუ გვსურს ვაჩვენოთ, თუ რატომ უნდა იყოს მტკიცებები, რომლებიც უცილობლად ჭეშმარიტია პიროვნების საგნებისადმი დამოკიდებულებაზე მსჯელობისას, რომლებსაც, მისი რწმენით, გარკვეული თვისებები გააჩნია, ასევე ჭეშმარიტია საზოგადოების მხრიდან ქმედებებისას იმ საგნებთან მიმართებაში, რომლებიც ამ თვისებებს ან ფლობენ, ან, გარკვეული მიზეზების გამო, რაც ჩვენი მხრიდან ახსნას მოითხოვს, საზოგადოების უმრავლესობა თვლის, რომ ამ თვისებებს ფლობს18.

მაგრამ, დავუბრუნდეთ კონკრეტულ პრობლემას, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით, ანუ რა რაოდენობის ცოდნას უნდა ფლობდნენ ცალკეული ინდივიდები, რომ წონასწორობის მიღწევა მოხერხდეს (ან რა არის ის „საჭირო” ცოდნა, რომელსაც ისინი უნდა ფლობდნენ): პასუხს მივუახლოვდებით, თუ გავიხსენებთ როგორ დგინდება, რომ წონასწორობა არ არსებობს ან იგი დაირღვა. ჩვენ ვნახეთ, რომ წონასწორული ურთიერთობები ირღვევა, თუ თავის გეგმებს ერთი ინდივიდი მაინც შეცვლის, თუნდაც იმიტომ, რომ მისი გემოვნება შეიცვალა (რაც ამ შემთხვევაში არ გვაინტერესებს) ან იმიტომ, რომ მისთვის ახალი ფაქტები გახდა ცნობილი. მაგრამ, ცხადია, ორი გზა არსებობს, რომელთა მეშვეობითაც მან შეიძლება ახალი ფაქტების შესახებ გაიგოს, რაც მას გეგმების შეცვლისკენ უბიძგებს, რასაც ჩვენთვის სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. მან შეიძლება ახალი ფაქტების შესახებ შემთხვევით გაიგოს, ანუ ისე, რომ ეს მის მიერ გეგმის განხორციელების მცდელობის სავალდებულო შედეგი არ იყოს, ან შეიძლება გარდაუვალი იყოს, რომ მან გეგმის განხორციელებისას გარდაუვალი აუცილებლობით დაინახოს, რომ ფაქტები მოსალოდნელისგან განსხვავდება. ცხადია, საკუთარი გეგმის შესაბამისად მოქმედებისთვის მისი ცოდნა ადეკვატური მხოლოდ იმ საკითხებთან მიმართებაში უნდა იყოს, რომლებიც გეგმის განხორციელების პროცესში აუცილებლად დადასტურდება ან მისი კორექცია მოხდება. მაგრამ, ამავე დროს, მას შეიძლება არანაირი ცოდნა არ ჰქონდეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რისი ცოდნაც მის გეგმებზე აუცილებლად იმოქმედებდა.

აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ის საჭირო ცოდნა, რომელსაც ადამიანი უნდა ფლობდეს, რათა წონასწორობის მიღწევა შესაძლებელი იყოს, არის ცოდნა, რომელიც მან იმ მდგომარეობიდან უნდა შეიძინოს, რომელშიც იგი თავიდან იმყოფება, და იმ გეგმებიდან გამომდინარე, რომელსაც იგი მაშინ შეადგენს. ეს, რა თქმა უნდა, იმ მთლიან ცოდნას არ მოიცავს, რომელსაც ის შემთხვევით მოიპოვებდა, მისთვის სასარგებლო აღმოჩნდებოდა და მისი გეგმების შეცვლას გამოიწვევდა. ამიტომ სავსებით შესაძლებელია გვქონდეს წონასწორული მდგომარეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ მიიღოს, რომელთა ცოდნაც მას გეგმების შეცვლას აიძულებდა. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წონასწორობის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ცოდნასთან მიმართებით შეგვიძლია დავუშვათ, ადამიანმა საკუთარი პირვანდელი გეგმის განხორციელების მცდელობის პროცესში რომ უნდა შეიძინოს.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მდგომარეობა, ერთი მხრივ, წონასწორულ მდგომარეობას წარმოადგენს, ცხადია, ეს არ არის წონასწორობა გარკვეული სახის ოპტიმალური მდგომარეობის თვალსაზრისით, როგორც ეს ესმით ხოლმე. იმისთვის, რომ პიროვნული ცოდნის მცირე ნაწილების გაერთიანების შედეგები ყოვლისმცოდნე დიქტატორის მართვის შედეგა მიღწეულ შედეგებს შეესაბამებოდეს, ცხადია, აუცილებელია, დამატებითი პირობები არსებობდეს19. თუმცა შესაძლებელი უნდა იყოს იმ აუცილებელი ცოდნის განსაზღვრა, რომელსაც ადამიანები უნდა ფლობდნენ, რათა აღნიშნული შედეგის მიღწევა შეძლონ, ამბავი ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. ერთი პირობა ალბათ ის იქნებოდა, რომ ნებისმიერი სახის რესურსის მფლობელი, რომელიც ამ რესურსს ფაქტობრივად სხვა მიზნისთვის იყენებს, ამ რესურსის ყველა ალტერნატიული გამოყენების შესაძლებლობის შესახებ ფლობდეს ცოდნას და ამ რესურსების გამოყენებების განსხვავებული საშუალებები ერთმანეთთან უშუალოდ თუ ირიბად იყოს დაკავშირებული20. მაგრამ, ამ პირობას აღვნიშნავ, როგორც იმის ერთ-ერთ მაგალითს, რომ უმრავლეს შემთხვევაში, შესაბამის სფეროში ყველა საჭირო ინფორმაციის მფლობელი ადამიანების მხოლოდ გარკვეული რაოდენობის არსებობაა საკმარისი. აღნიშნული საკითხის განვრცობა საინტერესო და უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა იქნებოდა, მაგრამ ეს აღნიშნული ნაშრომის ფარგლებს აშკარად სცდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს კრიტიკის სახე აქვს, არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დავტოვო, თითქოს იმას, რასაც მივაღწიეთ, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ჩვენ რომ მტკიცებულებების ჯაჭვის თუნდაც ერთ-ერთი რგოლი გამოგვრჩენოდა, მაინც მიმაჩნია, რომ სოციალურ მეცნიერებათა შორის, სწორედ ეკონომიკური მეცნიერება მიუახლოვდა ყველაზე ახლოს სოციალური მეცნიერებების ცენტრალურ კითხვაზე პასუხის გაცემას, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: როგორ ხდება, რომ ცალკეული პიროვნებების გონში არსებული ცოდნის ფრაგმენტების ურთიერთკავშირი ისეთ შედეგებს წარმოშობს, რაც, მათი განზრახ მიღწევის მცდელობისას, მმართველი გონისგან იმ რაოდენობის ცოდნას მოითხოვდა, რაც არც ერთ პიროვნებას არ ძალუძს? იმის ჩვენება, რომ პიროვნებების სპონტანური ქმედებები, იმ პირობებში, რომლის დადგენაც ჩვენ შეგვიძლია, რესურსების ისეთ გადანაწიმიუხედავად იმისა, რომ ასეთი გეგმა არავის არ შეუდგენია, ჩემი აზრით, წარმოადგენს პასუხს იმ პრობლემაზე, რომელსაც ზოგჯერ მეტაფორულად „საზოგადოებრივი გონის” პრობლემას უწოდებენ. მაგრამ არ უნდა გვიკვირდეს, რომ აღნიშნული პრობლემის ჩვენეული ახსნა არ იქნება მიღებული, რადგან ჩვენ მას არასწორი არგუმენტებით ვამყარებდით.

ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო. წონასწორულ მდგომარეობასთან მიახლოების ტენდენცია, რისი მტკიცების საფუძველსაც ჩვენ ემპირიული მასალა გვაძლევს, თუ მხოლოდ ისეთ წონასწორულ მდგომარეობასთან მიახლოებას ნიშნავს, რომელიც იმ ცოდნას ეხება, ადამიანები თავიანთი ეკონომიკური საქმიანობის მანძილზე რომ შეიძენენ, და ცოდნის ნებისმიერი სხვა ცვლილება მხოლოდ „მონაცემების ცვლილებად” ჩაითვლება, იმ ტრადიციული გაგებით, რაც სცილდება წონასწორობის ანალიზის კვლევის სფეროს, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოდნის ასეთი ცვლილების მნიშვნელობის შესახებ წონასწორობის ანალიზს მართლაც არაფრის თქმა არ შეუძლია. აქ საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ წმინდა ანალიზს ასევე ცოტა რამის თქმა შეუძლია ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიცაა პრესა, რომლის მიზანიც ცოდნის გავრცელებაა. ეს შეიძლება, აგრეთვე, დაგვეხმაროს იმ ფაქტის ახსნაში, თუ რატომ იწვევს წმინდა ანალიზით გატაცება განსაკუთრებულ სიბრმავეს, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში ისეთი ინსტიტუტების როლს ეხება, როგორიცაა რეკლამა.

X

ეს თემები უფრო ღრმა ანალიზს იმსახურებს, მაგრამ ჩემი ნაშრომი, ალბათ, მათი უფრო ზედაპირული განხილვით უნდა დავამთავრო. ბოლოს მხოლოდ ორიოდე მოსაზრებას დავამატებ.

როდესაც განსაკუთრებულად აღვნიშნავ იმ ემპირიულ მოსაზრებებათა ხასიათს, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, თუ რეალური სამყაროს ახსნა წონასწორობის ანალიზის სწორი მეთოდით გვსურს, და როდესაც ვამბობ, რომ მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისწავლოს ხალხმა, არსებითად განსხვავებული ხასიათისაა, რასაც ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს, იმას სულაც არ ვგულისხმობ, რომ, ჩემი აზრით, ემპირიული კვლევისთვის იმწამსვე ფართო პერსპექტივა იშლება. ძალიან მაეჭვებს, გვასწავლიდა კი საერთოდ რამეს ასეთი კვლევები? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, თუ რაში მდგომარეობს ის ფაქტები, რომელიც ჩვენი თეორიების რეალურ სამყაროში გამოყენებას განსაზღვრავს, ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში, რა საკითხებში მოითხოვენ ისინი დადასტურებას.

მეორე საკითხის არსი ასეთია - მე, რა თქმა უნდა, არ ვვარაუდობ, რომ პრობლემები, რომლებზეც ვისაუბრე, ძველი თაობის ეკონომისტებისთვის უცხო იყო. ერთადერთი შენიშვნა, რაც შეიძლება გამოითქვას მათი მისამართით, ის არის, რომ მათ მტკიცებების ორი სახე - a priori და ემპირიული, რომელსაც მუდმივად იყენებს ყველა საღად მოაზროვნე ეკონომისტი, ერთმანეთში იმდენად აურიეს, რომ ხშირად შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა სახის მნიშვნელობას ანიჭებდნენ კონკრეტულ თეორიებს. შედარებით უფრო გვიანდელი ნაშრომები თავისუფალია ამ შეცდომისგან - მაგრამ მხოლოდ მათი თეორიების რეალური სამყაროს მოვლენებთან მიმართებაში მნიშვნელობის მეტი გაბუნდოვნების ფასად. ჩემი მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ ჩვენი კვლევებისთვის დამებრუნებინა საღი აზრი, რაც, ვშიშობ, შეიძლება დავკარგოთ ჩვენი კვლევების სულ უფრო მეტი დეტალიზაციის კვალობაზე. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ იმის დიდი ნაწილი, რაზეც ვისაუბრე, ბანალური ჭეშმარიტებაა. მაგრამ დროდადრო ალბათ აუცილებელია, რომ ტექნიკური საკითხებისაგან გავთავისუფლდეთ და უბრალოდ ვიკითხოთ, თუ რასთან გვაქვს საერთოდ საქმე. თუ მოვახერხე იმის ჩვენება, რომ გარკვეული კუთხით ამ კითხვაზე პასუხი არათუ ბუნდოვანია, არამედ ხანდახან საერთოდ უცნობია, მაშინ ჩემს მიზანს მიღწეულად ჩავთვლიდი.

______________________

1. ან უფრო ფალსიფიცირებას (შეად. K.R. Popper, Logik der Forschung [Vienna, 1935], passim).

2. იმ პროცესის უფრო სრულყოფილი გამოკველვა, რომლის მეშვეობითაც მოლოდინი თანდათან ეკონომიკური ანალიზის ნაწილი გახდა, ალბათ ირვინგ ფიშერის ნაშრომით „შეფასება და მოგება“ (Appreciation and Interest) (1896) უნდა დაიწყოს.

3. შდრ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Ludwig von Mises, Grundprobleme der Nationalökonomie (Jena, 1933), გვ. 22 ff. და გვ. 169 ff.

4. ჩემთვის დიდი ხანია გაუგებარი რჩება, რატომ არ არსებობს სოციოლოგიაში, რამდენადაც მე ვიცი, სოციალური ურთიერთოებების პირადი მიზნების და მისწრაფებების შესაბამისობის და შეუსაბამობის, ან თავსებადობის და შეუთავსებლობის კუთხით ანალიზის მცდელობა.

5. შდრ. წინამდებარე ნაშრომის ავტორის სტატია, „კაპიტალის შენარჩუნება“ (The Maintenance of Capital), Economica, 11(new ser., 1935), 265, ხელახლა გამოქვეყნდა Profits, Interest, and Investment (London, 1939).

6. წონასწორობის ცნების სტატიკური მდგომარეობის ცნებისაგან განცალკევება კარგა ხნის წინ დაწყებული პროცესის გარდაუვალ შედეგად მეჩვენება. დღეს, ალბათ, უკვე აღიარებულია ის, რომ ამ ორი ცნების ერთმანეთთან დაკავშირება აუცილებელი არ არის და იგი მხოლოდ ისტორიული მიზეზებით იყო განპირობებული. მიზეზი, თუ რატომ არ მოხდა ამ ორი ცნების ერთმანეთისგან საბოლოო გამიჯვნა, მხოლოდ ის უნდა იყოს, რომ არავის არ შემოუთავაზებია წონასწორობის ცნების ალტერნატიული განმარტება, რაც, ზოგადი სახით, წონასწორობის ანალიზის იმ მოსაზრებების ჩამოყალიბებას გახდიდა შესაძლებელს, რომლებიც სტატიკური მდგომარეობის ცნებისგან არსობრივად განსხვავებულია. თუმცა, ცხადია, არ იგულისხმება, თითქოს წონასწორობის ანალიზიდან გამომდინარე მოსაზრებების უმრავლესობა შეიძლება მხოლოდ იმ სტატიკურ მდგომარეობაში გამოვიყენოთ, რასაც, სავარაუდოდ, ვერასოდეს ვერ მივაღწევთ. გამიჯვნის პროცესმა, როგორც ჩანს, სათავე მარშალის მიერ გრძელ და მოკლევადიან წონასწორობებს შორის გამიჯვნისგან აიღო. შდრ. მაგ., მისი გამონათქვამები, როგორიცაა: „რადგან თვით წონასწორობის და იმ მიზეზების ბუნება, რომლებიც მას განაპირობებენ, დამოკიდებულია იმ პერიოდის ხანგრძლივობაზე, რომლის განმავლობაშიც ივარაუდება ბაზრის გაფართოება“ (პრინციპები [მე-7 გამოცემა], 1, 330). წონასწორული მდგომარეობის იდეა, რომელიც სტატიკური მდგომარეობა არ იყო, ჩემს ნაშრომში „ფასების სისტემა დროის გარკვეულ მონაკვეთში და ფულის კურსის ცვლილებები“ (Das intertemporale Gleichgewichtssystem der Preise und die Bewegungen des Geldwertes), Weltwirtschaftliches Archiv, Vol. XXVIII (1928 wlis ivnisi) უკვე იყო გარკვეულწილად აღწერილი. ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით ისტორიული მასალები მოცემულია ე. შამს-ის (E. შცჰამს) ნაშრომში „შედარებითი სტატიკა” (Komparative Statik?), Zeitschrift für Nationalökonomie, Vol. 1, No. I (1930). იხ.., აგრეთვე, ფ. ნაითი (F. H. Knight), „კონკურენციის ეთიკა“ (The Ethics of Competition) (London, 1935), გვ. 175; ამ ნაშრომის პირველად გამოქვყნების შემდგომი პერიოდის გასაცნობად იხ. წინამდებარე ნაშრომის ავტორის „კაპიტალის წმინდა თეორია” (Pure Theory of Capital) (London, 1941), მე-II თავი.

7. შდრ. განსაკუთრებით ო. მოგრენშტერნი (O. Morgenstern), Vollkommene Voraussicht und wirtschaftliches Gleichgewicht, Zeitschrift für Nationalökonomie, VI (1934), 3.

8. უფრო ზოგადი მნიშვნელობის მაგალითია, რა თქმა უნდა, „ინვესტიციების” და „ხარჯების” შესაბამისობა იმ გაგებით, რომ მწარმობელების მიერ გარკვეული დროისთვის შექმნილი საწარმოო და სამომხმარებლო საქონლის (რომელიც გამოსახულია შედარებითი დანახარჯების მეშვეობით) პროპორცია ზოგადად მომხმარებლების მიერ ამ დროისთვის საკუთარი რესურსების საწარმოო და სამომხმარებლო საქონელს შორის გადანაწილებას შეესაბამება (შდრ. ჩემი ნაშრომი, „Price Expectations, Monetary Disturbances and Malinvestment” [1933], reprinted in „Profits, Interesets, and Investment” [London, 1939], pp. 135-56, and „The Maintenance of Capital“, in the same volume, pp. 83-134). ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება საინტერესო იყოს, რომ იმავე პრობლემის, ანუ კრიზისის თეორიის კვლევისას, რომელმაც წინამდებარე ნაშრომის ავტორი ამ მსჯელობამდე მიიყვანა, G. თარდე-მ ხაზი გაუსვა, რომ ამ ფენომენის მთავარ მიზეზს „მსოფლმხედველობების კონფლიქტი”, ან „მოსაზრებების კონფლიქტი”, ან „მისწრაფებების კონფლიქტი” წარმოადგენს. (Psychologie economique [Paris, 1902], 11, 128-129; შდრ. აგრეთვე N. Pinkus, Das Problem der Normalen in der Nationalökonomie [Leipzig, 1906], pp. 252 and 275).

9. საინტერესო საკითხია, რასაც აქ, სამწუხაროდ, ვერ განვიხილავ, აუცილებელია თუ არა წონასწორობის მიღწევისთვის თითოეული ინდივიდის სიმართლე, თუ საკმარისი იქნებოდა, რომ შეცდომების სხვადასხვა მიმართულებით აღმოფხვრის მეშვეობით, ბაზარზე გამოსული საქონლის რაოდენობა იმდენივე იყოს, რამდენიც იქნებოდა, თითოეული ინდივიდი მართალი რომ ყოფილიყო. მეჩვენება, რომ წონასწორობა მკაცრი გაგებით პირველი პირობის დაკმაყოფილებას მოითხოვს, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ უფრო ფართო ცნება, რომელიც მხოლოდ მეორე პირობის შესრულებას მოითხოვს, ხანდახან შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ამ პრობლემის უფრო ღრმა განხილვისთვის აუცილებელი იქნებოდა იმ მნიშვნელობის გარკვევა, რომელსაც ამ საკითხთან მიმართებაში ზოგიერთი ეკონომისტი (პარეტოს ჩათვლით) დიდი რაოდენობის კანონს ანიჭებს.

10. ან, რადგან არჩევანის წმინდა ლოგიკის ტავტოლოგიური ხასიათიდან გამომდინარეა „ინდივიდუალური გეგმები“ და „სუბიექტური მონაცემები“ ერთი და იმავე მნიშვნელობისაა, შეთანხმება განსხვავებული ინდივიდების სუბიექტურ მონაცემთა შორის არის საჭირო.

11. ჩემი აზრით, ეს მოსაზრება ნაგულისხმებია, თუმცა გაცნობიერებული არ არის, როცა ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ წონასწორობის ანალიზი მხოლოდ წონასწორობის პირობებს აღწერს და არ ცდილობს წონასწორული მდგომარეობის მონაცემებიდან გამოყვანას. წონასწორობის ანალიზი ამ გაგებით, რა თქმა უნდა, წმინდა ლოგიკის ნაწილია, რომელიც რეალურ სამყაროსთან მიმართებაში არანაირ მოსაზრებას არ შეიცავს.

12. ეს განსხვავება შეიძლება სასიკეთო აღმოჩნდეს იმ ძველი დავის გადასაწყვეტად, ეკონომისტებს და სოციოლოგებს შორის ეკონომიკურ მეცნიერებაში „იდეალური ტიპების“ ადგილის შესახებ რომ არსებობს. სოციოლოგები, როგორც წესი, ხაზს უსვამენ, რომ ეკონომიკური მეცნიერება შეიცავს დაშვებებს კონკრეტული სახის იდეალური ტიპების შესახებ, მაშინ, როცა ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ მისი მსჯელობა იმდენად ზოგადი ბუნებისაა, რომ არანაირი „იდეალური ტიპის” გამოყენება არ ესაჭიროება. ჭეშმარიტება, როგორც ჩანს, იმაში მდგომარეობს, რომ არჩევანის წმინდა ლოგიკის, ეკონომისტის პირველი რიგის ინტერესების სფეროში მისი მტკიცება მართალი იყო, მაგრამ მაშინვე, როცა კი იგი სოციალური პროცესის განმარტებას მოინდომებს, იძულებული გახდება ამა თუ იმ სახის „იდეალური ტიპი” გამოიყენოს.

13. ძველი ეკონომისტები უფრო ნათლად მსჯელობდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე მათი თანამედროვე ან დღევანდელი კოლეგები. მაგ., იხ. ადამ სმითი (Wealth of Nations, ed. Cannan, 1, 116): „[ხელფასების] წონასწორობას რომ მივაღწიოთ, მთელი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, სამი რამ არის აუცილებელი, თუნდაც სრულყოფილი თავისუფლების შემთხვევაში. პირველ რიგში ხელობა სამეზობლოში ცნობილი და დიდი ხნის დაარსებული უნდა იყოს...“; ან დავიდ რიკარდო (წერილები მალთუსისადმი, 22 ოქტომბერი, 1811, გვ. 18): „ჩემთვის არ იქნებოდა პასუხი მტკიცება, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ საკუთარი ბიზნესის და ვალების გადახდის საუკეთესო და ყველაზე იაფი საშუალებების შესახებ, რადგან ეს ფაქტების და არა მეცნიერების სფეროს ეკუთვნის, და ეკონომიკური მეცნიერების ნებისმიერი მტკიცების მიმართ შეიძლება ითქვას“.

14. იხ. N. Kaldor, „A Classificatory Note on the Determinateness of Equilibrium”, Review of Economic Studies, 1, No.2 (1934), 123.

15 Ibid., passim.

16 შდრ. L.v. Mises, Gemeinwirtschaft (2d ed.; Jena, 1932), გვ. 96: “Die Verteilung der Verfügungsgewalt über die wirtschaftlichen Güter der arbeitsteilig wirtschaftenden Sozialwirtschaft auf viele Individuen bewirkt eine Art geistige Arbeitsteilung, ohne die Produktionsrechnung und Wirtschaft nicht möglich wäre”.

17. ცოდნა ამ გაგებით უფრო მეტია, ვიდრე ის, რასაც შრომის დანაწილებაში გულისხმობენ. მოკლედ რომ ვთქვათ, „უნარი“ აღნიშნავს მხოლოდ იმ ცოდნას, რომელსაც პიროვნება იყენებს თავისი სამუშაოს შესრულებისას, მაშინ, როცა ის დამატებითი ცოდნა, რაზეც უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რათა შევძლოთ რამე ვთქვათ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ, ეს არის ცოდნა იმ ალტერნატიული მოქმედებების შესახებ, რომლის გამოყენებაზე იგი უარს ამბობს. შეიძლება დავამატოთ, რომ ცოდნა, რა შინაარსითაც ვგულისხმობ, განჭვრეტის იდენტურია იმდენად, რამდენადაც ნებისმიერი სახის ცოდნა წინასწარმეტყველების უნარს ნიშნავს.

18. ის, რომ ეკონომიკური თეორიის მტკიცებები ეხება საგნებს, რომლებსაც ადამიანის მათ მიმართ არსებული დამოკიდებულებები განმარტავენ, ანუ, „შაქარი“, რომელსაც შეიძლება შეეხოს ეკონომიკური თეორია, განმარტებულია არა მისი „ობიექტური“ თვისებებით, არამედ იმ გარემოებებით, რომ ადამიანებს სჯერათ, რომ ის მათ მოთხოვნილებებს გარკვეული სახით დააკმაყოფილებს, მთელი რიგი სირთულეების და გაუგებრობების წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით „დადასტურების“ პრობლემებთან დაკავშირებით. ეს ის საკითხიცაა, რომელიც ნათლად აჩვენებს ვერსტეჰენდე სოციოლოგიასა და ბიჰევიორისტულ მიდგომებს შორის არსებულ განსხვავებებს. დარწმუნებული არ ვარ, რომ სოციოლოგიით დაინტერესებულ ბიჰევიორისტებს გაცნობიერებული აქვთ, თუ ტრადიციული მიდგომიდან რამდენ რამეზე მოუწევთ უარის თქმა, თუ თანმიმდევრულობას შეინარჩუნებენ ან თუ ამ მიდგომისადმი ერთგულებას მოისურვებენ, ეს საკითხი კარგად რომ ესმოდეთ. ამ მიდგომიდან, მაგალითად, გამომდინარეობს, რომ ფულის თეორია „ლითონის მრგვალ ფირფიტებს, რომელზეც ამობეჭდილია გარკვეული სიმბოლოები“ ან რაიმე ამგვარად განმარტებულ ფიზიკურ საგნებს ან საგანთა ჯგუფს უნდა იკვლევდეს.

19. ამ პირობად, როგორც წესი, „უთანხმოების“ არარსებობას მიიჩნევენ. სტატიაში “Quantity of Capital and the Rate of Interest~, / Journal of Political Economy, XLIV, No. 5 [1936], ფრანკ ჰ. ნაითი სწორად აღნიშნავს, რომ “ეკონომიკურ დისკუსიებში წინააღმდეგობა, როგორც წესი, <შეცდომას> ნიშნავს”.

20. ეს იქნებოდა ერთი, მაგრამ ალბათ არასაკმარისი პირობა იმისათვის, რომ მოცემული მოთხოვნის არსებობისას წარმოების სხვადასხვა ფაქტორების ზღვრული პროდუქტიულობის გამოთანაბრება მოხდეს და ამ გაგებით წარმოების წონასწორობის დამყარებას მივაღწიოთ. ის, რომ არ არის აუცილებელი, როგორც შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ნებისმიერი რესურსის გამოყენების ყველა შესაძლებლობა ცნობილი უნდა იყოს ამ, ერთი კონკრეტული მიზნისთვის განკუთვნილი რესურსის მფლობელთა შორის ერთერთისთვის მაინც, იქიდან გამომდინარეობს, რომ მფლობელთათვის ცნობილი ალტერნატივები ამ რესურსების ფასებში აისახება. ამიტომ, საქონლის ალტერნატიული გამოყენების არსებული მ,ნ,ო, ... ყ,ზ შესაძლებლობების შესახებ ცოდნა საკმარისად იქნება გადანაწილებული, თუ A-მ, რომელიც მის ხელთ არსებულ რესურსებს იყენებს მ-თვის, იცის ნ-ის შესახებ, და B-მ, რომელიც თავის რესურსებს ნ-თვის იყენებს, იცის მ-ის შესახებ, ხოლო ჩ-მ, რომელიც ო-თვის იყენებს, იცის ნ-ის შესახებ და ა.შ., სანამ არ მივალთ L-თან, რომელიც თავის რესურსს ზ-თვის იყენებს და ფლობს ინფორმაციას მხოლოდ ყ-ის შესახებ. ჩემთვის ბუნდოვანია, ამი გარდა რა რაოდენობის დამატებითი ცოდნის განაწილება არის აუცილებელი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კონკრეტული საქონლის წარმოების მიზნით სხვადასხვა საწარმოო ფაქტორების ერთმანეთთან დაკავშირება. სრული წონასწორობის მისაღწევად აუცილებელი იქნება დამატებითი დაშვებების გაკეთება, რათა გავითვალისწინოთ თუ რა ცოდნას ფლობენ მომხმარებლები იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად აკმაყოფილებს კონკრეტული საქონელი მათ მოთხოვნებს.

3 ცოდნის გამოყენება საზოგადოებაში (გამოქვეყნდა 1945 წ.)

▲ზევით დაბრუნება


ფრიდრიხ ა. ფონ ჰაიეკი

I

რაში მდგომარეობს პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც გვსურს, როდესაც რაციონალური ეკონომიკური წესრიგის დამკვიდრებას ვცდილობთ? ყველაზე გავრცელებული მიდგომის მიხედვით, პასუხი სრულიად მარტივია: თუ სათანადო ინფორმაციას სრულად ვფლობთ, თუ შეგვიძლია, რომ პრეფერენციების მოცემულ სისტემას დავეყრდნოთ და თუ ხელმისაწვდომი საშუალებების შესახებ სრულყოფილ ცოდნას ვფლობთ, მაშინ გადასაწყვეტი მხოლოდ ლოგიკური ხასიათის პრობლემა დაგვრჩება. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს არსებული საშუალებების საუკეთესო გამოყენება, ჩვენსავე დაშვებებში იგულისხმება. პირობები, რომელშიც პრობლემები ოპტიმალურად წყდება, სავსებით შესაძლებელია, რომ მათემატიკური ფორმით ჩამოყალიბდეს, ანუ ნებისმიერი ორი სახის საქონლის ან საწარმოო ფაქტორის ურთიერთჩანაცვლების ზღვრული ნორმა მათი ნებისმიერი გამოყენებისას ერთი და იგივე უნდა იყოს.

როგორც არ უნდა იყოს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს საზოგადოების წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემა არ არის. ზემოხსენებული ლოგიკური პრობლემის გადასაწყვეტად შემუშავებული ეკონომიკური გათვლები მართალაც რომ იყოს საზოგადოების ეკონომიკური პრობლემის მოგვარების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, საკუთრივ პრობლემის გადაწყვეტად მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს. მიზეზი კი იმაშია, რომ „მონაცემები“, რომლებსაც ეკონომიკური გათვლები ეყრდნობა და მთელ საზოგადოებას მოიცავს, ვერასოდეს იქნება „ხელმისაწვდომი“ ცალკეული გონისთვის, რომელიც ყველა შესაძლო შედეგის განჭვრეტას შეძლებდა და ამ სახით ხელმისაწვდომი ვერც ვერასოდეს იქნება.

რაციონალური ეკონომიკური წესრიგის პრობლემის თავისებურება სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ცოდნა იმ გარემოებების შესახებ, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, არსებობს არა კონცენტრირებული ან ინტეგრირებული სახით, არამედ მხოლოდ მცირე ნაწილებად გაფანტული, არასრული და ხშირად წინააღმდეგობრივი ცოდნის სახით, რომელიც თითოეულ პიროვნებას გააჩნია. შედეგად, საზოგადოების ეკონომიკური პრობლემა გულისხმობს არა იმას, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს „მოცემული“ რესურსები - თუკი „მოცემული“ ნიშნავს, რომ ისინი მოცემულია ცალკეული გონისთვის, რომელიც პრობლემებს არსებული “მონაცემების” გააზრების შედეგად თანმიმდევრულად წყვეტს. პრობლემა, პირველ რიგში, იმის განსაზღვრაშია, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საზოგადოების თითოეული წევრისთვის ცნობილი რესურსის ოპტიმალური გამოყენება იმ მიზნებისთვის, რომელთა შედარებითი მნიშვნელობა მხოლოდ აღნიშნულ პიროვნებებს ესმით. ანუ, მოკლედ რომ ითქვას, პრობლემის არსი იმ ცოდნის გამოყენებაშია, რომელსაც ერთიანად არავინ ფლობს.

ამ ძირეული პრობლემის აღნიშნული მახასიათებელი, ვშიშობ, დღევანდელმა დახვეწილმა ეკონომიკურმა თეორიებმა, განსაკუთრებით კი მათემატიკის ინტენსიურმა გამოყენებამ, არათუ ცხადი და გასაგები, არამედ უფრო ბუნდოვანი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პრობლემა, რომლის წარმოჩენაც ამ ნაშრომში მსურს, ეკონომიკური სისტემის რაციონალურ მოწყობას უკავშირდება, მსჯელობისას, კვლავ და კვლავ მომიწევს, რომ გარკვეულ მეთოდურ საკითხებთან მის მჭიდრო კავშირზე მივანიშნო. მრავალი მოსაზრება, რომელთა ჩამოყალიბებასაც ვაპირებ, დასკვნებს წარმოადგენს, რომელთა მიმართებაშიც დასაბუთების სხვადასხვა მიდგომის მოულოდნელი თანხვედრა ხდება. მაგრამ, აღნიშნული პრობლემების ამჟამინდელი ხედვა მაფიქრებინებს, რომ საქმე შემთხვევითობასთან არ უნდა გვქონდეს. მეჩვენება, რომ ეკონომიკურ თეორიასა და ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული მრავალი უთანხმოება საზოგადოების ეკონომიკური პრობლემის არასწორი გაგებიდან გამომდინარეობს. ეს გაუგებრობები კი, თავის მხრივ, ბუნების მოვლენებთან მიმართებაში ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული მეცნიერული მიდგომების სოციალურ მოვლენებზე გავრცელების მცდარი პრაქტიკით არის განპირობებული.

II

ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვა „დაგეგმვით“ იმ ურთიერთდაკავშირებული გადაწყვეტილებების ერთობლიობას აღვნიშნავთ, რომელიც ჩვენ ხელთ არსებული რესურსების გადანაწილებას ეხება. ამ გაგებით, ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა დაგეგმვას წარმოადგენს და ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელშიც მრავალი ადამიანი თანამშრომლობს, ამგვარი დაგეგმვა, ვინც არ უნდა ახორციელებდეს მას, გარკვეულწილად იმ ცოდნას უნდა დაეფუძნოს, რომელსაც თავიდან არა მგეგმავი, არამედ ვინმე სხვა ფლობს და რომელიც, როგორმე, მგეგმავის განკარგულებაში უნდა აღმოჩნდეს. იმ განსხვავებული გზების არსებობა, რომელთა მეშვეობითაც იმ ცოდნის გამოყენება ხდება, რომლებზეც ადამიანები საკუთარ გეგმებს აფუძნებენ, ნებისმიერი თეორიისთვის, რომელიც ეკონომიკური პროცესის ახსნას ცდილობს, უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. ცალკეულ ადამიანებს შორის გაფანტული ცოდნის ოპტიმალური გამოყენების საფუძველზე ქმედითი ეკონომიკური სისტემის შექმნა ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ თუ არა ერთ-ერთ უმთავრეს სირთულეს წარმოადგენს.

აღნიშნული სირთულისაგან თავის დაღწევა უშუალოდაა დამოკიდებული ამავე საკითხთან დაკავშირებული სხვა კითხვის პასუხზე: ვინ უნდა განახორციელოს დაგეგმვა? „ეკონომიკური დაგეგმვის“ შესახებ ყველა დავა სწორედ ამ კითხვაზე პასუხის ძიებას უკავშირდება. განხილვის საგანს წარმოადგენს არა ის, თუ რამდენად აუცილებელი ან უსარგებლოა დაგეგმვა, არამედ ის, თუ როგორ უნდა განხორციელდეს იგი: ცენტრალიზებული წესით, ერთიანი სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მთელი ეკონომიკური სისტემისთვის, თუ მრავალი ცალკეული პიროვნების მიერ. დაგეგმვა იმ გაგებით, რომლითაც ის თანამედროვე განხილვებში მოიხსენიება, მხოლოდ ცენტრალურ დაგეგმვას, ანუ მთელი ეკონომიკური სისტემის ერთიანი და ყოვლისმომცველი გეგმის მიხედვით გაძღოლას ნიშნავს. მეორე მხრივ, კონკურენცია მრავალი ცალკეული პიროვნების მიერ დეცენტრალიზებულად განხორციელებულ დაგეგმვას გულისხმობს. მათ შორის კომპრომისს, რაზეც ბევრი საუბრობს, თუმცა ცოტას თუ მოსწონს მისი არსებობა, დაგეგმვის უფლების სამეურნეო სინდიკატებზე, ანუ მონოპოლიებზე მინდობა წარმოადგენს. აღნიშნულ სისტემებს შორის უფრო ეფექტიანი ის იქნება, რომელიც არსებული ცოდნის უფრო სრულფასოვანი გამოყენების საშუალებას მოგვცემს. ეს კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია ან იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ცენტრალური ხელისუფლების ხელში იმ მთლიანი ცოდნის თავმოყრას, რომელიც სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად არის საჭირო, მაგრამ მრავალ ცალკეულ პიროვნებას შორის არის გაბნეული, ან იმაზე, თუ რამდენად მოხერხდება ცალკეული პიროვნებების უზრუნველყოფა იმ დამატებითი ცოდნით, რომელიც მათ საკუთარი გეგმების სხვების გეგმებზე მორგების საშუალებას მისცემთ.

III

ერთხელაც ნათელი გახდება, რომ ამ საკითხისადმი მიდგომა განსხვავებული სახის ცოდნაზე იქნება დამოკიდებული; შესაბამისად, ჩვენ მიერ წამოჭრილი კითხვის პასუხი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ფარდობითი მნიშვნელობა ექნება ცოდნის თითოეულ სახეს; ერთი მხრივ, სავარაუდოდ, ცალკეული პიროვნებების განკარგულებაში არსებულ ცოდნას და, მეორე მხრივ, იმ ცოდნას, რომელსაც შესაბამისი გამოცდილების ექსპერტებისგან შემდგარი სახელისუფლებო სტრუქტურა ფლობს. ამ უკანასკნელის უპირატესობის შესახებ სადღეისოდ გაბატონებული შეხედულება განპირობებულია იმით, რომ ცოდნის ერთმა სახემ, კერძოდ მეცნიერულმა ცოდნამ, საზოგადოების თვალში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და თითქმის დავიწყებას მიეცა ის ფაქტი, რომ იგი ცოდნის ერთადერთი მნიშვნელოვანი სახე სულაც არ არის. შეიძლება ვაღიაროთ, რომ, როცა საქმე მეცნიერულ ცოდნას ეხება, ამ სახის ცოდნას საუკეთესოდ სწორედ შესაბამისი გამოცდილების მიხედვით შერჩეული ექსპერტები ფლობენ - თუმცა ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ მთელი სიმძიმე მეტწილად ექსპერტების შერჩევის წესის დადგენის პრობლემაზე გადავა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ექსპერტების შერჩევის წესის დადგენის პრობლემის წარმატებით გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი, იგი ჩემ მიერ განსახილველად წარმოდგენილი უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.

დღესდღეობით, მოსაზრება, რომ მეცნიერული ცოდნა მთლიანი ცოდნის ჯამს არ წარმოადგენს, თითქმის მკრეხელობად ითვლება. მაგრამ მცირეოდენი ანალიზიც კი გვარწმუნებს, რომ, მიუხედავად არაორგანიზებული ხასიათისა, უეჭველად არსებობს უაღრესად მნიშვნელოვანი ცოდნის სახეობა, რომელსაც ალბათ შეუძლებელია, მეცნიერული ვუწოდოთ ზოგადი წესების ცოდნის მნიშვნელობით. - ეს დროისა და ადგილის განსაკუთრებული გარემოებების ცოდნაა. სწორედ ამ სახის ცოდნა ანიჭებს უპირატესობას პრაქტიკულად ყოველ პიროვნებას სხვებთან მიმართებაში, რადგან იგი სწორედ იმ განსაკუთრებულ ინფორმაციას ფლობს, რომლის სარფიანი გამოყენება შეიძლება. თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ ამ ინფორმაციაზე დამოკიდებული გადაწყვეტილებები პირადად მან მიიღოს ან მისი აქტიური მონაწილეობით მოხდეს.

ჩვენ თუნდაც ის უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენი რამის სწავლა გვიხდება ნებისმიერი პროფესიის დაუფლებისას, მას შემდეგ, რაც თეორიული განათლების კურსს დავამთავრებთ; ჩვენი პროფესიული ცხოვრების რაოდენ დიდ ნაწილს ვუთმობთ კონკრეტული გარემოებების შესწავლას და რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერ პროფესიაში ადამიანების, ადგილობრივი პირობების და თავისებურებების ცოდნა. ვფლობდეთ და ვიყენებდეთ ინფორმაციას მანქანის შესახებ, რომელიც ბოლომდე დატვირთული არ არის ან რომელიმე ადამიანის რაიმე უნარის შესახებ, რომლის გამოყენება უკეთაა შესაძლებელი, ან ვფლობდეთ ინფორმაციას საქონლის არსებული მარაგის შესახებ, რომლის გამოყენება მომარაგების შეფერხების დროს არის შესაძლებელი, საზოგადოებისთვის იმდენადვე სასარგებლოა, რამდენადაც სხვადასხვა მეთოდების ცოდნა. ყველა, მათ შორის ტვირთის გადამზიდავი, რომელიც სარჩო-საბადებელს ცარიელი ან ნახევრად სავსე გემის მოგზაურობას საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებით შოულობს ან უძრავი ქონებით მოვაჭრე, რომლის ცოდნაც მხოლოდ სწრაფად ცვალებადი შესაძლებლობების გამოყენებაში თუ მდგომარეობს, ან ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე (arbitrageur), რომელიც მოგებას სათამასუქო კურსის ლოკალური განსხვავებების ოპტიმალური გამოყენებით ნახულობს, აშკარად სასარგებლო ფუნქციას ასრულებს, რაც სწორედ იმ დროის მონაკვეთში შექმნილი გარემოებების ზედმიწევნით ცოდნას ეფუძნება, რომელიც სხვებისთვის უცნობი რჩება.

უცნაურია, რომ ამ სახის ცოდნას დღეს, ზოგადად, ერთგვარი ამრეზით უყურებენ და თითქმის საძრახისად მიიჩნევა იმ ადამიანის საქციელი, რომელიც თეორიული ან ტექნიკური ცოდნით მასზე უკეთ აღჭურვილ ნებისმიერ ადამიანთან შედარებით უპირატესობას ასეთი სპეციფიკური ცოდნის მეშვეობით აღწევს. კომუნიკაციის ან ტრანსპორტის საშუალებების უკეთესი ცოდნის შედეგად უპირატესობის მიღწევა ხანდახან თითქმის არაკეთილსინდისიერებადაც კი მიიჩნევა, თუმცა საზოგადოების მიერ კომუნიკაციის ან ტრანსპორტის სფეროში არსებული საუკეთესო შესაძლებლობების გამოყენება მეცნიერების უახლესი მიღწევების გამოყენებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. აღნიშნულმა მცდარმა წარმოდგენამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ვაჭრობისადმი, წარმოებისგან განსხვავებით. თვით ეკონომისტებიც კი, რომლებიც საკუთარ თავს წარსულის ტლანქი მატერიალისტური ცრურწმენებისგან დაცულად მიიჩნევენ, მუდმივად იმეორებენ მსგავს შეცდომას, როცა საქმე პრაქტიკულ ცოდნას ეხება, სავარაუდოდ, ეს ასე იმიტომ ხდება, რომ მათ მიერ ასეთი სახის ცოდნა „მოცემულად“ მიიჩნევა. გავრცელებული აზრის თანახმად, ასეთი სახის ცოდნა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს და არსებული ეკონომიკური წესრიგის დადანაშაულება ირაციონალურობაში ხშირად იმას ეფუძნება, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. აღნიშნული შეხედულება უარყოფს ფაქტს, რომ მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ასეთი სახის ცოდნის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა მიიღწევა, სწორედ იმ პრობლემას წარმოადგენს, რომელზე პასუხიც ჩვენ უნდა ვიპოვოთ.

IV

დღესდღეობით, დროის და ადგილის განსაკუთრებული გარემოებების ცოდნის მნიშვნელობის გაუფასურება ცვლილების, როგორც ასეთის, მნიშვნელობის დაკნინებას უკავშირდება. ძირითადი განსხვავება, რომელიც „მგეგმავების“, როგორც წესი, მხოლოდ ვარაუდზე დაფუძნებულ დაშვებებსა და მათი ოპონენტების დაშვებებს შორის არსებობს, პირველ რიგში, ცვლილებების მნიშვნელობას და სიხშირეს ეხება, რაც საწარმოო გეგმების არსებით და ხშირ ცვლილებას აუცილებელს ხდის. რა თქმა უნდა, გრძელვადიანი დეტალური ეკონომიკური გეგმების წინასწარი შედგენა და შემდგომ, მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის გარეშე, მათი მკაცრი დაცვა შესაძლებელი რომ იყოს, მაშინ იმ ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავებაც გაცილებით გაადვილდებოდა, რომელიც მთლიან ეკონომიკურ საქმიანობას მოაწესრიგებდა.

შესაძლოა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები ყოველთვის და მხოლოდ ცვლილებებითაა განპირობებული. სანამ მდგომარეობა უცვლელია ან თუდნაც ისეთია, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი პრობლემები, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვს, არ წარმოიშობა და, შესაბამისად, არც ახალი გეგმების ჩამოყალიბების საჭიროება არსებობს. რწმენა, რომ ახლანდელ დროში ცვლილებები ან მათი ყოველდღიური გათვალისწინება ნაკლებად მნიშვნელოვანია, გულისხმობს, რომ ეკონომიკური პრობლემებიც ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. ცვლილებების მნიშვნელობის დაკნინება, როგორც წესი, იმ ადამიანებს სწამთ, რომლებიც იმავდროულად ამტკიცებენ, რომ ტექნოლოგიური ცოდნის მზარდმა მნიშვნელობამ ეკონომიკური გააზრების საჭიროება უკანა პლანზე გადასწია.

მართალია, რომ თანამედროვე წარმოების დახვეწილი მექანიზმი მხოლოდ ისეთი გრძელვადიანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს, როგორიცაა ფაბრიკის დაარსება ან ახალი ტექნოლოგიური პროცესის შემოღება? მართალია, რომ საწარმოს დაფუძნების შემდეგ ყველაფერი დანარჩენი მეტნაკლებად მექანიკური პროცესია, რომელსაც წარმოების ხასიათი განსაზღვრავს და ცოტა რამ რჩება შესაცვლელი მუდმივად ცვალებად გარემოებებზე მოსარგებად?

გავრცელებული რწმენა, რომ ყველაფერი მართლაც ასეა, რამდენადაც დავადგინე, მეწარმის გამოცდილებით არ დასტურდება. ყოველ შემთხვევაში, კონკურენტულ საწარმოში (და მხოლოდ ასეთი საწარმო შეიძლება იყოს ჩვენთვის საინტერესო) ხარჯების მინიმალურ დონეზე შენარჩუნება მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, რასაც მენეჯერის ენერგიის უდიდესი ნაწილი მიაქვს. რამდენად იოლია უუნარო მენეჯერისთვის იმ შესაძლებლობების გაფლანგვა, რომლებსაც მოგება ეფუძნება და რომ შესაძლებელია, ერთი და იმავე ტექნიკური საშუალებების მიუხედავად, ბიზნესის განსხვავებული ხარჯებით წარმოება, სამეწარმეო სფეროში ბანალური ჭეშმარიტებაა, რაც, როგორც ჩანს, ეკონომისტთა სამყაროში შესაბამის ასახვას ვერ პოულობს. მწარმოებლების და ინჟინრების მკაფიოდ გამოხატული სურვილი, რომ გადაწყვეტილებები მხოლოდ ფულადი დანახარჯებიდან გამომდინარე მიიღონ, იმის ნათელი საბუთია, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნულ ფაქტორებს ყოველდღიური მუშაობისას.

იმის ერთი მიზეზი, ეკონომისტები სულ უფრო და უფრო რატომ უგულებელყოფენ იმ მუდმივ მცირე ცვლილებებს, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის მთლიანი სურათის გაუკუღმართება შეუძლიათ, სავარაუდოდ, მათ მიერ სტატისტიკური მონაცემებისადმი მზარდ ინტერესში უნდა ვეძიოთ, რადგან იქ გამოყენებულ აგრეგირებულ მონაცემებს, სწრაფად ცვლად სამყაროსთან შედარებით, მეტი სტაბილურობა ახასიათებს. სტატისტიკური მონაცემების შედარებითი სტაბილურობა ე.წ. „დიდი რიცხვების კანონით“ ან შემთხვევითი ცვლილებების ურთიერთგამათანაბრებელი ხასიათით არ შეიძლება აიხსნას, როგორც ამას დროდადრო სტატისტიკოსები აკეთებენ ხოლმე. ჩვენს შემთხვევაში ელემენტთა რაოდენობა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის საკმარისი არ არის. ბაზარზე საქონლის და მომსახურების უწყვეტ მიწოდებას მიმდინარე ვითარებაზე მუდმივი მორგება უზრუნველყოფს. ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც ყოველდღიურად ჯერ კიდევ წინა დღისთვის უცნობი გარემოებებიდან გამომდინარე მიიღება, გულისხმობს, რომ B დაუყოვნებლივ ერთვება იქ, სადაც A ვეღარ ახერხებს მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. თვით დიდი და კარგად მექანიზებული ქარხანაც კი, მუშაობას ძირითადად იმიტომ აგრძელებს, რომ არსებული გარემო პირობები მას ნებისმიერი მოულოდნელობების გადალახვაში ეხმარება; კრამიტი, საკანცელარიო საგნები თუ სხვა ათასგვარი სახის აღჭურვილობა, რომელსაც საწარმო თვითონ ვერ აწარმოებს, მაგრამ მისი სრულყოფილი მუშაობისთვის არის საჭირო, ბაზარზე იოლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცოდნა, რომელზეც მე ვსაუბრობდი, მისი ბუნებრივი თავისებურების გამო, არ შეიძლება სტატისტიკურ აღრიცხვას დაექვემდებაროს და, ამდენად, ნებისმიერი ცენტრალური ხელისუფლებისთვის მისი მიწოდება სტატისტიკური მონაცემების სახით შეუძლებელია. სტატისტიკა, რომელიც ასეთმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს, საგნებს შორის არსებული მცირე განსხვავებების უგულებელყოფის შედეგად ყალიბდება, ანუ, როდესაც მსგავს რესურსად ისეთი საგნები მიიჩნევა, რომლებიც ერთმანეთისგან მდებარეობით, ხარისხით და სხვა თვისებებით განსხვავდება, შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი იყოს ყოველი ცალკეული გადაწყვეტილების მიღებისას. ცხადია, სტატისტიკის მონაცემებზე დაფუძნებული ცენტრალური გეგმა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, დროის და ადგილის გარემოებების უშუალო გათვალისწინებას ვერ შეძლებს და ცენტრალური მგეგმავი იძულებული იქნება, ისეთი გამოსავალი იპოვოს, რომელიც ამ გარემოებებზე დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღებას „ადგილობრივი პირობების მცოდნე ადამიანს“ დააკისრებს.

V

თუ შევთანხმდებით, რომ საზოგადოების ეკონომიკური პრობლემა დროის და ადგილის განსაკუთრებული გარემოებების ცვლილებებზე სწრაფ მორგებაში მდგომარეობს, მაშინ, ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებები იმან უნდა მიიღოს, ვინც ამ გარემოებებს კარგად იცნობს, უშუალოდ ფლობს ინფორმაციას როგორც თავად მნიშვნელოვან ცვლილებებზე, ისე მათზე ადეკვატური რეაგირებისთვის საჭირო რესურსებზე. ჩვენ არ უნდა მოველოდეთ, რომ ხსენებული პრობლემა მთელი ცოდნის ცენტრალური ორგანოსთვის მიწოდების გზით გადაწყდება, რომელსაც, ვითომდა სრულყოფილი ცოდნის საფუძველზე, მას შესაბამისი მითითებების მეშვეობით მოაწესრიგებს. პრობლემა მხოლოდ გარკვეული დეცენტრალიზაციის გზით უნდა გადავწყვიტოთ, თუმცა ეს ჩვენს პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ აგვარებს. დეცენტრალიზაცია გვესაჭიროება იმისთვის, რომ მისი მეშვეობით ადგილისა და დროის განსაკუთრებული გარემოებების ცოდნის უშუალო გამოყენება უზრუნველვყოთ. მაგრამ „ადგილობრივი პირობების მცოდნე ადამიანი“ გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ მის ირგვლივ არსებული გარემო პირობების კარგი ცოდნის საფუძველზე ვერ შეძლებს. მისთვის იმ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მას ესაჭიროება, რომ საკუთარი გადაწყვეტილებები უფრო დიდი ეკონომიკური სისტემის ცვლილებების მთლიან სტრუქტურას მოარგოს, პრობლემად რჩება.

რა მოცულობის ცოდნა სჭირდება მას აღნიშნული ამოცანის წარმატებით გადასაწყვეტად? მისი უშუალო თვალსაწიერის მიღმა მიმდინარე მოვლენებიდან რომელი უფრო ახდენს გავლენას მის მიერ უშუალო გადაწყვეტილების მიღებაზე და რა უნდა იცოდეს მან მათ შესახებ?

ცოტა რამ თუ ხდება მსოფლიოში, რომელსაც შეიძლება, რომ მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე რაიმე ზეგავლენა არ ჰქონდეს. მაგრამ მას არც ამ შემთხვევების მიზეზების ამომწურავი ცოდნა სჭირდება და არც მათი მთელი შედეგების ერთობლიობა აინტერესებს. მისთვის სულერთია, თუ რატომ არის გარკვეულ მომენტში გარკვეული სიდიდის ხრახნებზე უფრო დიდი მოთხოვნა ვიდრე სხვაზე, რატომ შეიძლება ქაღალდის ტომრის შოვნა უფრო ადვილად ბრეზენტის ტომარასთან შედარებით ან რატომ გახდა კვალიფიციური სამუშაო ძალის, ან მანქანა-დანადგარის შოვნა უფრო რთული ამა თუ იმ მომენტისთვის. მისთვის მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, თუ რამდენად რთულად ან იოლად შეიძლება მათი შეძენა სხვა საგნებთან შედარებით, რომლებიც მას ასევე აინტერესებს, ან რამდენად მეტია ან ნაკლები მოთხოვნა მის მიერ წარმოებულ ან მოხმარებულ სხვადასხვა საგანზე. მას ყოველთვის მხოლოდ მისთვის არსებითი კონკრეტული საგნების შედარებითი მნიშვნელობა აინტერესებს, ხოლო მიზეზები, რომლებიც მათ შედარებით მნიშვნელობას ცვლიან, მას მხოლოდ იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ისინი მისი გარემოს კონკრეტულ საგნებზე ახდენენ ზეგავლენას.

ამ შემთხვევაში გვეხმარება ის, რასაც მე „ეკონომიკური გათვლა“ ვუწოდე, რომელიც თუნდაც მაგალითის დონეზე გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება და სინამდვილეში როგორ გვარდება კიდეც აღნიშული პრობლემა ფასების მექანიზმის გამოყენებით. თვით ერთმმართველი გონიც კი, რომელიც სრულად ფლობს მონაცემებს რომელიმე მცირე, თვითკმარი ეკონომიკური სისტემის შესახებ, ვერ შეძლებდა მიზნებსა და საშუალებებს შორის არსებული ყველა იმ კავშირ-ურთიერთობისთვის ყურადღების მიქცევას, რომლებზეც მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გარკვეული ზეგავლენა იქონიოს, რადგან რესურსების უკეთ გადანაწილების მიზნით, მუდმივად მცირე შესწორებების შეტანა იქნება აუცილებელი. მართლაც, წმინდა ლოგიკური არჩევანის უდიდესი დამსახურებაა, რაც მრავალგზის დადასტურებულა, რომ აღნიშნული სახის პრობლემის გადაწყვეტას ცალკეული პიროვნებაც კი, მხოლოდ ეკვივალენტურობის ნორმის (ან „ღირებულების“, ან „ჩანაცვლების ზღვრული ნორმის“) შემუშავებით და მუდმივი გამოყენებით შეძლებდა, რაც მწირი რესურსის თითოეული სახეობისთვის ციფრული ინდექსის მინიჭებაში გამოიხატება, რომელიც არა კონკრეტული ნივთის რომელიმე თვისებიდან, არამედ საშუალებებსა და მიზნებს შორის შესაძლო კავშირ-ურთიერთოებების მთლიანი სტრუქტურიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ნივთის მნიშვნელობას ანარეკლის ან კონცენტრირებული სახით წარმოაჩენს. ნებისმიერი მცირე ცვლილებისას მან მხოლოდ ეს რაოდენობრივი ინდექსი (ან „ღირებულება“) უნდა გაითვალისწინოს, რომელშიც სრულადაა თავმოყრილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რაოდენობების ცვლილების გზით მას შეუძლია, საკუთარი გეგმები შესაბამისად შეცვალოს, მთელი ამ თავსატეხის ძირეულ ან ნებისმიერ მომდევნო ეტაპზე მისი საფუძვლიანი ანალიზის გარეშე.

არსებითად მნიშვნელოვანია, რომ სისტემაში, რომელშიც საჭირო ფაქტების ცოდნა მრავალ ადამიანს შორის არის გაფანტული, ფასებს შეუძლია სხვადასხვა ადამიანების ცალკეული ქმედებების კოორდინაცია ისევე, როგორც სუბიექტური ფასეულობები ადამიანს საკუთარი გეგმის ელემენტების კოორდინაციაში ეხმარება. ამასთან დაკავ- შირებით ღირს ერთი მარტივი და უბრალო მაგალითის მოყვანა. დავუშვათ, სადმე მსოფლიოში ნედლი მასალის, მაგალითად კალის, გამოყენების ახალი შესაძლებლობა აღმოაჩინეს ან კალის ერთ-ერთ საბადოში მარაგი ამოიწურა. ჩვენი მიზნისთვის სულერთია - და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ სულერთია ამ ორი მიზეზიდან რომლის გამო გახდა კალა უფრო დეფიციტური. ის, რისი ცოდნაც კალის მომხმარებლებისთვის საკმარისია, იმაში მდგომარეობს, რომ კალა, რომელსაც ისინი აქამდე მოიხმარდნენ, სადღაც სხვაგან უფრო მომგებიანად გამოიყენება და ამის გამო, იგი უფრო მომჭირნედ უნდა ხარჯონ. მათ დიდ უმრავლესობას იმის ცოდნაც კი არ ესაჭიროება, თუ სად წარმოიშვა კალაზე უფრო დიდი მოთხოვნა ან რომელი ახალი გარემოებების გამო მოუწევთ კალის დარჩენილი მარაგის დაზოგვა. თუკი რამდენიმე მათგანი ახალი მოთხოვნის შესახებ უშუალო ინფორმაციას ფლობს და რესურსებს მათ დასაკმაყოფილებლად მიმართავს და, თუკი ადამიანები, რომლებმაც ამის შედეგად წარმოშობილი დეფიციტის შესახებ იციან, მას სხვა წყაროებიდან შეავსებენ, ეფექტი ეკონომიკის მთლიან სისტემაზე სწრაფად გავრცელდება და ზეგავლენას არა მხოლოდ კალის, არამედ მისი შემცვლელის და შემცვლელის შემცვლელის, აგრეთვე, ყველა იმ საგნის მოხმარებაზე მოახდენს, რომელიც კალისგან ან მისი ნებისმიერი შემცვლელისგან მზადდება და ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება. ხოლო ეს ყველაფერი ისე მოხდება, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა, რომელთა მეშვეობითაც აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება, ამ ცვლილებების მიზეზებს არც კი ჩაეძიება. სისტემა ერთიანი ბაზრის სახით მოქმედებს არა იმიტომ, რომ მისმა ერთერთმა წევრმა ეს ყველაფერი იცის, არამედ იმიტომ, რომ ცალკეული წევრების თვალსაწიერი სივრცეები ერთმანეთს იმდენად გადაფარავს, რომ ინფორმაცია ყველას ერთმანეთის მეშვეობით გადაეცემა. ის უბრალო ფაქტი, რომ ნებისმიერი საქონლისთვის ერთიანი ფასი არსებობს - ან, უფრო სწორედ ის, რომ ადგილობრივი ფასები ტრანსპორტირების ხარჯებითაა განპირობებული და ა.შ. - წყვეტს პრობლემას, რომელსაც ცალკეული მოაზროვნე ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში (და ისიც მხოლოდ თეორიის დონეზე) გადაწყვეტს, როცა იგი ყველა იმ ინფორმაციას დაეუფლება, რომელიც პროცესში ჩართულ ინდივიდებს შორის არის გაფანტული.

VI

საფასო მექანიზმს უნდა შევხედოთ, როგორც ინფორმაციის გაცვლის საშუალებას, თუ მისი ნამდვილი ფუნქციის შეცნობა გვსურს, რომელსაც იგი, ფასების სიხისტის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნაკლებად სრულყოფილად ასრულებს (მაშინაც კი, როდესაც დადგენილ ფასებს ძალზედ ხისტად იცავენ, ძალები, რომლებიც ფასის ცვლილებზე ზემოქმედებდა, ხელშეკრულების სხვა პირობებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედებით ავლენს თავს). საფასო მექანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისი მეშვეობით ცოდნის მომჭირნედ გამოყენება ხდება, ანუ თითოეული პიროვნების მიერ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნის მოცულობა საგრძნობლად მცირდება. შეკვეცილი სახით და გარკვეული სიმბოლოს ფორმით მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა ხდება და, თანაც, მხოლოდ დაინტერესებულ პირებზე. რა თქმა უნდა, უბრალო მეტაფორაზე მეტი იქნება, თუკი საფასო მექანიზმს აღვწერთ, როგორც გარკვეული სახის ცვლილებების რეგისტრაციის მექანიზმს ან ტელეკომუნიკაციების სისტემას, რომლის დახმარებითაც პროდიუსერს შეუძლია, რომ თვალი მხოლოდ რამდენიმე ისრის მოძრაობას ადევნოს, ისევე, როგორც ინჟინერს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ბერკეტი გააჩნია, რათა მათი მეშვეობით საკუთარი საქმიანობის კორექტირება იმ ცვლილებებიდან გამომდინარე მოახდინოს, რომელთა მიზეზებზეც მან შეიძლება ვერასოდეს გაიგოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს ფასების ცვლილების დინამიკაშია ასახული.

ხსენებული კორექტირებები არასდროსაა „სრულყოფილი“ იმ გაგებით, რასაც ეკონომისტი წონასწორობის ანალიზისას გულისხმობს. მაგრამ, ვშიშობ, ჩვენი მცდარი მეცნიერული ტრადიცია, რომელიც გულისხმობს, რომ პრობლემის გადაწყვეტისას ამოვიდეთ დაშვებიდან, თითქოს ყველა მონაწილეს გააჩნია მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ცოდნა, ხელს გვიშლის ფასის მექანიზმის ჭეშმარიტი ფუნქციის დანახვაში და გვიბიძგებს მისი ეფექტიანობის ანალიზის დროს მცდარი სტანდარტები გამოვიყენოთ. სასწაული, როგორც ეს ნედლეულის სიმწირის შემთხვევაში დავინახეთ, იმაშია, რომ, მიუხედავად იმისა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა რომ იცის მიზეზი, ყოველგვარი ბრძანების გარეშე, ათიათასობით ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირებისთვის თვეებიც კი არ იქნებოდა საკმარისი, მასალას ან მისგან დამზადებულ ნაწარმს, უფრო ყაირათიანად იყენებს, რაც ნიშნავს, რომ ისინი სწორი მიმართულებით მოძრაობენ. ეს სასწაულია, და, არცთუ პატარა სასწაული, იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა ყველა, მუდმივად ცვალებად სამყაროში საკუთარი მოგება ჩვეულ ან „მისაღებ“ დონეზე შეინარჩუნოს.

მე განგებ ვიხმარე სიტყვა „სასწაული“, რათა მკითხველი გამომეყვანა იმ თვითკმაყოფილებიდან, რომელიც ხშირად გვეუფლება, როდესაც აღნიშნული მექანიზმის მუშაობას თავისთავად მოვლენად აღვიქვამთ. მჯერა, ფასების მექანიზმი ადამიანის ჩანაფიქრის შედეგი რომ ყოფილიყო და ადამიანებს, რომლებიც ფასის ცვლილებებით ხელმძღვანელობენ, რომ ესმოდეთ ის, თუ რაოდენ სცილდება მათი გადაწყვეტილებების მნიშვნელობა მათივე უშუალო მიზნების ფარგლებს, აღნიშნულ მექანიზმს ადამიანის გამჭრიახობის უდიდეს ნიმუშად აღიარებდნენ. მაგრამ, საუბედუროდ, ერთი მხრივ, ფასების მექანიზმი ადამიანური ჩანაფიქრის შედეგს არ წარმოადგენს და, მეორე მხრივ, ადამიანებმა, რომლებიც ამ მექანიზმით ხელმძღვანელობენ, არ იციან, თუ რატომ არიან იძულებული აკეთონ ის, რასაც აკეთებენ. მაგრამ მათ, ვინც მოითხოვს „გააზრებულ მართვას“ - და ვინც ვერ იჯერებს, რომ რამეს, რაც ჩანაფიქრის გარეშე (და ჩვენგან გაუცნობიერებლად) წარმოიშვა, ხელეწიფება იმ პრობლემების მოგვარება, რომლის გააზრებული გადაწყვეტა ჩვენ არ ძალგვიძს - უნდა ახსოვდეთ შემდეგი: პრობლემა ზუსტად იმაში მდგომარეობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენ მიერ გამოყენებული რესურსების მოცულობის გაზრდა ისე, რომ ის ერთი ადამიანის გონებრივი კონტროლის შესაძლებლობებს გასცდეს; შესაბამისად, როგორ დავაღწიოთ თავი გააზრებული კონტროლის საჭიროებას და როგორ შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც აიძულებს პიროვნებებს სასურველი ქმედების განხორციელებას ისე, რომ არავინ იყოს ვალდებული მათ ამის შესახებ მიუთითოს.

პრობლემა, რომელსაც აქ ვაწყდებით, მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის არ არის და თითქმის ყველა ჭეშმარიტად სოციალურ მოვლენაში, ენასა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უდიდეს ნაწილში იჩენს თავს. ამასთან, ყველა სოციალური მეცნიერების მთავარ თეორიულ პრობლემას წარმოადგენს. როგორც ალფრედ უაითჰედმა სხვა კონტექსტში აღნიშნა: „ყველა ცნობილ სახელმძღვანელოსა და განთქმული ადამიანების გამოსვლებში მუდმივად ძირეულად მცდარი ტრუიზმი მეორდება, რომლის მიხედვით ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყველაფრის გააზრება, რასაც ვაკეთებთ. რეალური მდგომარეობა დიამეტრალურად განსხვავებულია. ცივილიზაცია იმგვარად ვითარდება, რომ სულ უფრო მეტი მნიშვნელოვანი მოქმედებების განხორციელება შეგვიძლია, მათ არსში წვდომის გარეშე“. სოციალურ სფეროში ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ფორმულებს, სიმბოლოებს და წესებს, რომელთა მნიშვნელობა არ გვესმის და რომელთა მეშვეობით ვიყენებთ ცოდნას, რომელსაც პიროვნულად არ ვფლობთ. აღნიშნული ჩვევები და ინსტიტუტები იმ ტრადიციებსა და ინსტიტუტებზე დაყრდნობით შევქმენით, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა შესაბამის სფეროში და რომლებიც, შესაბამისად, ჩვენ მიერ შექმნილი ცივილიზაციის საფუძველი გახდა.

საფასო მექნიზმი იმ ქმნილებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლითაც სარგებლობა ადამიანმა შემთხვევით, მისი არსის გააზრების გარეშე დაიწყო (თუმცა მისი საუკეთესო გამოყენებისგან კვლავაც შორსაა). ამით შესაძლებელი გახდა არა მარტო შრომის დანაწილება, არამედ თანაბრად განაწილებული ცოდნის საფუძველზე რესურსების კოორდინირებული გამოყენებაც. ადამიანები, რომლებსაც მოვლენათა ასეთი ვითარების ჭეშმარიტება სასაცილოდ არ ჰყოფნით, როგორც წესი, საწინააღმდეგოს დასასაბუთებლად ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ცივილიზაციაზე საუკეთესოდ მორგებული სისტემის სპონტანურად ჩამოყალიბების შესაძლებლობა რაღაც სასწაულს წააგავს. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა: ადამიანმა შეძლო შრომის დანაწილება, რასაც ჩვენი ცივილიზაცია ეფუძნება, იმიტომ, რომ მან ის მეთოდი აღმოაჩინა, რამაც ეს შესაძლებელი გახადა. ასე რომ არ მომხდარიყო, იგი ალბათ მაინც შეძლებდა სხვა, სრულიად განსხვავებული ტიპის ცივილიზაციის, მაგალითად, ტერმიტების “სახელმწიფოს” მსგავსი, ან სხვა, ჩვენთვის ამჟამად სრულიად წარმოუდგენელი სახის ივილიზაციის შექმნას. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა ეგვიძლია, რომ ისეთი ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც არსებულის იმ თვისებებს შეინარჩუნებდა, რომლებიც თვით ამ სისტემის თანმიმდევრული მოწინააღმდეგეებისთვისაც კი მნიშვნელოვანია და თითოეული პიროვნებისთვის საკუთარი მიზნების დამოუკიდებლად განსაზღვრისა და, შესაბამისად, საკუთარი ცოდნისა და უნარის თავისუფლად გამოყენებისთვის საკმარისი ასპარეზის არსებობას გულისხმობს, დღემდე ვერავინ მოახერხა.

VII

მრავალი თვალსაზრისით იქნებოდა ხელსაყრელი, რომ კამათი რთული კავშირურთიერთობების მქონე საზოგადოებაში რაციონალური გათვლებისთვის ფასების მექანიზმის გამოყენების აუცილებლობის შესახებ მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ბანაკებს შორის აღარ მიმდინარეობდეს. ლუდვიგ ფონ მიზესის დებულებას, რომ შრომის საყოველთაო დანაწილებაზე დაფუძნებული საზოგადოების შენარჩუნებას საფასო მექანიზმის გარეშე ვერ შევძლებთ, 25 წლის წინ სიცილით შეხვდნენ. დღეს ის სირთულეები, რის გამოც ზოგს მისი აღიარება უჭირს, მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის აღარ არის, რაც კრიტიკული დისკუსიისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. როცა ვხედავთ, თუ როგორ ამტკიცებს ლევ ტროცკი, რომ „ეკონომიკური გათვლები საბაზრო ურთიერთობების გარეშე შეუძლებელია“; როცა პროფესორი ოსკარ ლანგე პროფესორ ფონ მიზესს ჰპირდება, რომ მომავალის ცენტრალური დაგეგმვის სამსახურის მარმარილოს დერეფანში მის ძეგლს დადგამს; და როცა პროფესორი აბბა ფ. ლერნერი ადამ სმითის ხელახალი აღმოჩენის შედეგად აღნიშნავს, რომ საფასო მექანიზმის მთავარი დანიშნულებაა აიძულოს პიროვნება მაშინაც კი, როდესაც იგი საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობს, გააკეთოს ის, რაც საერთო ინტერესებში შედის, უთანხმოების მიზეზი უკვე არა მცდარ პოლიტიკურ შეხედულებებში, არამედ, უპირატესად, ინტელექტუალურ, უფრო ზუსტად, მეთოდოლოგიური ხასიათის განსხვავებებში უნდა ვეძიოთ.

წიგნში „კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია“ - პროფესორ იოზეფ შუმპეტერის მიერ გამოთქმული აზრი იმ მეთოდოლოგიური განსხვავებების ნათელი მაგალითია, რასაც მე ვგულისხმობ. მისი ავტორი იმ ეკონომისტთა სახელოვანი წარმომადგენელია, რომლებიც ეკონომიკურ მოვლენებს პოზიტივიზმის ერთგვარი განშტოების პერსპექტივიდან უყურებენ. აღნიშნულ მოვლენებს საქონლის ობიექტურად მოცემული სიმრავლეების სახე აქვს, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში, როგორც ჩანს, ადამიანის გონების თითქმის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე მოდის. მხოლოდ აღნიშნულიდან გამომდინარე შემიძლია გავიგო შემდეგი (ჩემთვის უცნაური) განცხადება, როდესაც პროფესორი შუმპეტერი ამტკიცებს, რომ საწარმოო ფაქტორების რაციონალური გათვლა ბაზრის არსებობის შემთხვევაში თეორეტიკოსისთვის იმ „ელემენტარული გარემოებიდან გამომდინარეობს, რომ მომხმარებელი სამომხმარებლო საქონლის შეფასებით (მისი მოთხოვნით), თავისთავად პროდუქციის იმ საშუალებებსაც აფასებს, რომელიც ამ საქონლის წარმოებისას იქნა გამოყენებული“1.

სიტყვასიტყვით თუ გავიგებთ, აღნიშნული მოსაზრება უბრალოდ მცდარია. მომხმარებელი მსგავსს არაფერს აკეთებს. პროფესორ შუმპეტერის „თავისთავადობა“ სავარაუდოდ ნიშნავს, რომ საწარმოო ფაქტორების შეფასება მომხმარებლის მიერ საქონლის შეფასებაში არის განსხეულებული ან აუცილებლად გამომდინარეობს ამ შეფასებიდან. თუმცა აღნიშნული მტკიცება არასწორია. განსხეულება ლოგიკურ კავშირს ნიშნავს, რომელსაც აზრი მხოლოდ იმ გამონათქვამების შემთხვევაში აქვს, ერთსა და იმავე გონებაში ერთდროულად რომაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოების ფაქტორების ღირებულება დამოკიდებულია არა მხოლოდ მომხმარებლის მიერ საქონლის შეფასებაზე, არამედ წარმოების ფაქტორების მიწოდების სხვადასხვა პირობებზეც. მოცემული ფაქტებიდან პასუხი მხოლოდ იმ მოაზროვნე პიროვნებისთვის გამომდინარეობს, რომელიც ყველა ფაქტს ერთდროულად ფლობს. რეალური პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ცალკეული გონიერი არსება ამ ფაქტებს ამ ფორმით არასოდეს ფლობს, და, შესაბამისად, პრობლემის გადაწყვეტისთვის მრავალ ადამიანს შორის გაფანტული ცოდნის გამოყენებაა აუცილებელი.

აქედან გამომდინარე, არაფრის მთქმელია იმის მტკიცება, რომ ცალკეული მოაზროვნე ადამიანისთვის ყველა ფაქტის ხელმისაწვდომობა (რასაც ეკონომისტის მიერ დაკვირვების შემთხვევაში ვუშვებთ) ცალსახად განაპირობებს პრობლემის მოგვარებას; ამის ნაცვლად უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ ხდება ეს სინამდვილეში, ადამიანების ურთიერთქმედების მეშვეობით, რომლებიც, თავის მხრივ, ცოდნის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ფლობენ. იმის დაშვება, რომ მთლიან ცოდნას ცალკე აღებული ერთი გონიერი არსება ფლობს, იმავე პირობითობით, როგორც მას ჩვენ - თეორეტიკოსი ეკონომისტები ვფლობთ, პრობლემის იგნორირებას და იმის უგულებელყოფას ნიშნავს, რაც რეალურ სამყაროში მნიშვნელოვანი და არსებითია.

პროფესორ შუმპეტერის რეპუტაციის მქონე ეკონომისტის იმ ხაფანგში გაბმას, რომელსაც გაუცნობიერებელ ადამიანს „მონაცემის“ ცნების ბუნდოვანება უმზადებს, უბრალო შეცდომად ვერ მივიჩნევთ. იგი უფრო იმაზე მიანიშნებს, რომ ძირეულად მცდარია მიდგომა, რომელიც ჩვეულებისამებრ, უგულებელყოფს ჩვენთვის საყურადღებო მოვლენების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ადამიანის ცოდნის მარადიულ არასრულყოფილებას და, შესაბამისად, იმგვარი პროცესების აუცილებლობას გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც ცოდნის მუდმივი გაცვლა და შეძენა გახდება შესაძლებელი.

ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ამოდის დაშვებიდან, რომ თითქოს ადამიანების ცოდნა სიტუაციის ობიექტურ ფაქტებს შეესაბამება, როგორც ეს, მაგალითად, მათემატიკურ ეკონომიკაში სინქრონული წონასწორობის იდეების გამოყენებისას ხდება, სისტემატურად უგულებელყოფს იმას, რისი ახსნაც ჩვენი მთავარი მოვალეობაა. მე შორს ვარ იმისაგან, რომ ჩვენი სისტემისთვის წონასწორობის ანალიზის მნიშვნელობა უარვყო. მაგრამ, როცა საქმე იქამდე მიდის, რომ მას ჩვენი წამყვანი მოაზროვნეები შეცდომაში შეჰყავს, აჯერებს რა მათ, რომ სიტუაციას, რომელსაც ის აღწერს, პრაქტიკული პრობლემის გადაწყვეტისათვის უშუალო მნიშვნელობა აქვს, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ იგი საზოგადოებრივ პროცესს საერთოდ არ ეხება და მთავარი პრობლემის კვლევისას მხოლოდ მოსამზადებელ, თუმცა სასარგებლო სამუშაოს ნაწილს წარმოადგენს.

_____________________

1. I Sumpeteri, Capitalism, Socialism and Democracy (New York; Harper, 1942), გვ. 175. ჩემი რწმენით, პროფესორი შუმპეტერი იმ მითის ავტორიცაა, რომლის მიხედვითაც პარეტომ და ბარონმა სოციალისტური გათვლების პრობლემა „ამოხსნეს“. ის, რაც მათი და სხვა ბევრის დამსახურებაა, მხოლოდ იმ პირობების განსაზღვრაა, რომელსაც რესურსების რაციონალური გადანაწილება უნდა აკმაყოფილებდეს და იმის აღნიშვნა, რომ ეს იგივეა, რაც კონკურენტული ბაზრის წონასწორობის პირობები. ეს რესურსების რეალური გადაადგილების ცოდნისგან სრულიად განსხვავდება, რომელიც აღნიშნულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. თვითონ პარეტო (რომლისგანაც ბარონმა აიღო ყველაფერი, რაზეც კი ის საუბრობს) შორს იყო იმის მტკიცებისგან, რომ მან შეძლო პრაქტიკული პრობლემის გადაწყვეტა, პირიქით, ის პირდაპირ ამბობს, რომ მისი გადაწყვეტა შეუძლებელია ბაზრის დახმარების გარეშე. იხ. მისი Manuel d'economie pure (მე-2 გამოცემა, 1927), გვ. 233-34. შესაბამისი ადგილი ინგლისურ ენაზე იხ. ჩემი სტატიის დასაწყისში „Socialist Calculation: The Competitive Solution“, in Economica, New Series, Vol. VIII, No. 26 (May, 1940), გვ. 125.

4 მოქმედი ადამიანი და ეკონომიკა (გამოქვეყნდა 1951 წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლუდვიგ ფონ მიზესი
1881-1973

ლუდვიგ ფონ მიზესმა თავისი ცხოვრება სოციალიზმისა და ტოტალიტარიზმის მხილებას მიუძღვნა და ერთ-ერთ უკომპრომისო მეცნიერად ითვლება. მან უდიდესი გავლენა იქონია ავსტრიული ეკონომიკური სკოლისა და კლასიკური ლიბერალიზმის აღორძინებაზე, ასევე, თანამედროვე ლიბერტარიანული პოლიტიკური ფილოსოფიის განვითარებაზე.

ზოგადად, ადამიანები ფიქრობენ, რომ ეკონომიკა მხოლოდ მეწარმეების, ბანკირების და მათი მომიჯნავე პროფესიების მქონე ხალხის ინტერესის საგანია, ამასთან, ყოველ ჯგუფს, საზოგადოებრივ სეგმენტს ან ქვეყანას საკუთარი გამორჩეული ეკონომიკური ურთიერთობები ახასიათებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე ახალი დარგია, გასაკვირი არ არის, რომ ცოდნის ამ ნაწილში მოვლენათა მნიშვნელობის და შინაარსის შესახებ მრავალი მცდარი შეხედულებაა გაბატონებული.

დიდი დრო დაჭირდება იმის ახსნას, თუ როგორ ჩამოყალიბდა მცდარი წარმოდგენების მთელი წყება, თუ რომელი ავტორები იყვნენ ამაზე პასუხისმგებელნი და რა გავლენა ჰქონდა ყოველივე ამაზე პოლიტიკურ გარემოს. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს გაუგებრობები აღვრიცხოთ და საზოგადოების მიერ მათი აღიარების შედეგები განვიხილოთ.

პირველი დამკვიდრებული გაუგებრობა იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკური მეცნიერება ადამიანის ყოველდღიურ ყოფას არ ეხება და ის მეცნიერთა მიერ შეთხზულ სამყაროს ასახავს. ამ მიდგომის უარსაყოფად ხაზი ესმევა იმ გარემოებას, რომ ნამდვილი ადამიანი მითიური „ეკონომიკური ადამიანისგან“ მკვეთრად განსხვავდება.

როგორც კი ამ პირველი გაუგებრობას უარყოფენ, მეორე შეცდომა იჩენს თავს - ეს არის რწმენა, რომ ეკონომიკური მეცნიერების მიხედვით, ადამიანებს მხოლოდ პატივმოყვარეობა და გამორჩენა ამოძრავებთ, რათა საკუთარი ყოფა-ცხოვრება გაიუმჯობესონ. ამ თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ ამბობენ, რომ ყველა ადამიანი ეგოისტი არ არის.

მესამე გაუგებრობა იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკა ყოველ ადამიანს კეთილგონიერ, რაციონალურ და მხოლოდ გონების კარნახით მოქმედ არსებად მიიჩნევს. ამ მოსაზრების კრიტიკა გულისხმობს, რომ ადამიანები ხშირად „ირაციონალურად“ მოქმედებენ.

სამივე აღნიშნული გაუგებრობა ძირეულად მცდარ დაშვებებს ეყრდნობა. ეკონომიკური მეცნიერება არ გულისხმობს, რომ ეკონომიკური ადამიანი ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავდება. ერთადერთი, რასაც ეკონომიკური მეცნიერება ასაბუთებს, ისაა, რომ სამყაროში არსებობს გარემოებები, რომელთა მიმართ ადამიანი გულგრილი არ არის და შესაბამისი მდგომარეობის შეცვლა მიზანმიმართული მოქმედების გზით სურს. თუკი ადამიანი ნეიტრალურია, გულგრილია, კმაყოფილია, ის აღარ მოქმედებს. მაგრამ, როდესაც ის სხვადასხვა შესაძლო მდგომარეობას ერთმანეთს ადარებს და ხედავს, რომ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება, ის მოქმედებას იწყებს.

ადამიანის მოქმედება, მისი პირადი შეფასების შედეგად ჩამოყალიბებული თვალსაზრისის შესაბამისად მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობას გულისხმობს. ეს არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა მეტაფიზიკის ან ღმერთის თვალსაზრისით უმჯობესდება. ადამინის მიზანი, მისი აზრით, ნაკლებად ხელსაყრელი გარემო პირობების უფრო ხელსაყრელი გარემო პირობებით შეცვლაა. ის იღწვის, რომ ნაკლებად სასურველი მდგომარეობა უფრო ხელსაყრელით ჩაანაცვლოს. ამ მიზნის მიღწევით ის უფრო ბედნიერი ხდება, ვიდრე მანამდე იყო. ეს მიდგომა თავად მოქმედების შინაარსს არ ეხება, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს ეგოიზმი ამოძრავებს თუ ალტრუიზმი.

იმ გაუგებრობების აღმოსაფხვრელად, რომელიც „რაციონალიზმისა“ და „ირაციონალიზმის“ გარჩევისას წარმოიქმნება, უნდა გაცნობიერებდეს, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანი შეგნებულად აკეთებს, იმ ძალის ზეგავლენით ხდება, რასაც ჩვენ გონს ვუწოდებთ. ნებისმიერი ქმედება, რომელიც გარკვეული მიზნის მიღწევას გულისხმობს, არსით „რაციონალურია“. „რაციონალურსა“ და „ირაციონალურს“ შორის გაბატონებული დაპირისპირება ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. „ირაციონალურობის“ მაგალითად გამოდგება პატრიოტიზმი, ახალი ქურთუკის ან საკონცერტო ბილეთის შეძენა იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე სხვა ქმედება უფრო კეთილგონივრულად შეიძლება ჩანდეს. ადამიანური მოღვაწეობის შემსწავლელი თეორიული მეცნიერება მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ არსებობს მოქმედება, ე.ი. ცალკეული ადამიანების სწრაფვა საკუთარი დარდის გასაქარვებლად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მოქმედების მიზეზის ან შინაარსის არავითარი ღირებულებითი შეფასება არ ხდება. ეკონომიკური მეცნიერება ღირებულებების მიმართ ნეიტრალურია, ღირებულებითი შეფასების შედეგებს განიხილავს, მაგრამ თავად ნეიტრალური რჩება.

„ეკონომიკურ“ და „არაეკონომიკურ“ მოქმედებას შორის განსხვავებების ძიებაც ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ზოგიერთი ქმედება თავად ადამიანის სასიცოცხლო გრძნობებისა და საჭიროებების (საკვების, საცხოვრისის და ა.შ.) დაკმაყოფლებისკენ არის მიმართული. სხვები, მიიჩნევა რომ უფრო „ამაღლებული“ მიზნებით არის განპირობებული. მაგრამ განსხვავებული ადამიანები სხვადასხვა მიზნებისკენ სწრაფვას სხვადასხვანაირ ღირებულებით შეფასებას აძლევენ და ერთი პიროვნებაც კი, შექმნილ ვითარებას სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად აფასებს. ეკონომიკური მეცნიერება უბრალოდ მოქმედებას ეხება. მოქმედების მიზნების კვლევა კი ისტორიის საგანია.

ეკონომიკური კანონების ჩვენეული ცოდნა შემეცნების შედეგია და არ შეიძლება ის ისტორიული გამოცილების შედეგად დადგინდეს, რადგან ისტორიული გამოცდილება ყოველთვის კომპლექსურია და შეუძლებელია, მისი ლაბორატორიულ პირობებში გადამოწმება. ეკონომიკური ფაქტების წყარო ადამიანების საკუთარი შემეცნებაა, ე.ი. ის, რასაც ჩვენ ეპისტომოლოგიაში a priori (გამოცდილებისგან დამოუკიდებელ - მთარგ. შენიშვ.) ცოდნას ვუწოდებთ, რაც უკვე ცნობილია. a priori ცოდნა განსხვავდება პოსტერიორი (გამოცდილებიდან გამომდინარე - მთარგ. შენიშვ.) ცოდნისაგან, რაც გამოცდილების შედეგად მიიღება.

რაც შეეხება a priori ცოდნას, ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა (1632-1704) ჩამოაყალიბა თეორია, რომლიც მიხედვით ახალშობილის გონება სუფთა ფურცელს ჰგავს, რომელიც გამოცდილების შეძენის კვალობაზე ივსება. მან თქვა, რომ თანდაყოლილი ცოდნა არ არსებობს. გერმანელემა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლეიბნიცმა (1646-1716) ამ დებულებაში ერთი გამონაკლისი დაუშვა, თავად ინტელექტის სახით. მისი აზრით, გამოცდილება ადამიანის გონებაში არსებულ ცარიელ ფურცელზე კი არ იწერება, არამედ, მხოლოდ ადამიანის გონებაში არსებული სააზროვნო მექანიზმის მეშვეობით მუშავდება და შესაძლებელს ხდის, ადამიანმა გამოცდილება ცოდნად გარდაქმნას.

მე არ ვაპირებ, რომ „რეციონალიზმსა“ და „ემპირიციზმს“, გამოცდილებასა და ცოდნას შორის განსხვავებების შესახებ კამათში ჩავერთო, რასაც ბრიტანელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი ჯონ სტიუარტ მილი (1806-1873) a prioristic ცოდნას უწოდებდა. თუმცა, თავად მილსაც და ამერიკელ პრაგმატისტებსაც სწამდათ, რომ a prioristic-ული ცოდნაც გამოცდილებით მიიღება.

ეკონომიკური ცოდნა, ეკონომიკური თეორია და ა.შ. ეკონომიკურ ისტორიასა და ყოველღიურობას იმავე გზით უკავშირდება, რითიც ლოგიკა და მათემატიკა - ჩვენ მიერ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ათვისების უნარს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია აღმოვფხვრათ ეს ანტიეგოიზმი და ვაღიაროთ ფაქტი, რომ ეკონომიკური თეორიის ცოდნა შემეცნებიდან გამომდინარეობს. ლოგიკა და მათემატიკა ასევე შემეცნებიდან გამომდინარეობს; მათემატიკაში ექსპერიმენტები და ლაბორატორიული კვლევები არ გამოიყენება. ერთერთი მათემატიკოსის თქმით, ის ხელსაწყოები, რომელიც მათემატიკოსს სჭირდება, შემოიფარგლება ფანქრით, ფურცლით და ნაგვის ყუთით, რადგან მისი მთავარი იარაღი გონებაა.

მაგრამ, ჩვენ შეიძლება ვიკითხოთ, როგორ შეიძლება, რომ მათემატიკა, რომელიც ერთავად ადამიანის შემეცნების ნაყოფია და არავითარი კავშირი არ აქვს გარე სამყაროსთან და რეალობასთან, იმ სამყაროს კვლევაში გამოვიყენოთ, რაც ადამიანის გონების გარეთ და მის დამოუკიდებლად არსებობს? ამ კითხვაზე პასუხი ფრანგმა მეცნიერმა ჰენრი პუანკარემ (1854-1912) და ფიზიკოსმა ალბერტ აინშტაინმა (1879-1955) გასცეს. იგივე კითხვა ეკონომისტებმა შეიძლება ეკონომიკური მეცნერების მიმართ დასვან. როგორ შეიძლება, რომ რამე, რაც მხოლოდ ჩვენი შემეცნების, ჩვენი აზროვნების შედეგია, იმ მოვლენების შესასწავლად იქნეს გამოყენებული, რაც ბაზარზე და სამყაროში მიმდინარეობს?

ყოველი პიროვნების მოღვაწეობა - ყველა მოქმედება - გამომდინარეობს გონიდან, იმავე წყაროდან, საიდანაც ჩვენი თეორიები იღებს სათავეს. ადამიანის მოქმედებას ბაზარზე, ხელისუფლებაში, სამსახურში, დასვენებისას, ყიდვა-გაყიდვისას, გონება იმ არჩევანის მიხედვით მართავს, რასაც ადამიანი აკეთებს იმასა და იმას შორის, რაც მოსწონს და რაც არ მოსწონს. შემეცნება არის მეთოდი, რომელიც გადაწყვეტილებას (მნიშვნელობა არ აქვს კარგს თუ ცუდს) განაპირობებს. ყოველი მოქმედება ცვლილებაა, რადგან ერთ ვითარებას მეორეთი ცვლის. მოქმედი პირი იმედოვნებს, რომ შედეგად საკუთარ მდგომარეობას გაიუმჯობესებს.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კვლევის საწყისი წერტილი გარკვეული ექსპერიმენტების შედეგად მიღებული ფაქტებია. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო აბსტრაქტული და სულ უფრო და უფრო განზოგადებული თეორიები ყალიბდება. თეორიები საბოლოოდ ისეთ სახეს იღებს, რომ საზოგადო გამოყენებისთვის გამოუსადეგარი ხდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამით ისინი უფასურდება; სრულიად საკმარისია, რომ მათ მეცნიერთა მცირე ნაწილი მაინც იყენებს.

ყოველ a prioristic-ულ მეცნიერებაში, ჩვენ ზოგადი დებულებით ვიწყებთ - მოქმედება ერთი ვითარების მეორეთი ჩასანაცვლებად ხორციელდება. ამ თეორიას, რომელსაც მრავალი უაზრობად მიიჩნევს, სხვა იდეასთან მივყავართ, რაც სულ უფრო და უფრო გასაგები ხდება და ნაკლებად აბსტრაქტულია.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ნაკლებად ზოგადი დებულებებიდან სულ უფრო ზოგადი დებულებებისკენ ვითარდება. ეკონომიკური მეცნიერება საპირისპირო მიმართულებით ვითარდება. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სამარადჟამო კავშირ-ურთიერთობების დაამყარებას ცდილობს. ადამიანური მოღვაწეობის ასპარეზზე ამგვარი ურთიერთობები არ არსებობს, შესაბამისად, არც მათი გათვლის საშუალება არსებობს. ღირებულებითი შეფასება, რომელიც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს, რომლებიც ფასებს და საბაზრო ურთიერთობებს აყალიბებს, არ იზომება; ისინი უპირატესობათა საფეხურებრივ სისტემას ქმნიან; რანგირებას ექვემდებარებიან. ისინი არ ამბობენ, რომ „A“ „B“-ს ტოლია, ან მასზე მეტია, ან ნაკლები. ისინი ამბობენ, „მე B-სთან შედარებით A-ს ვანიჭებ“ უპირატესობას. ისინი სამსჯავროს არ აყალიბებენ. ეს გარემოება ორი ათასი წელია მცდარად იყო გაგებული. დღესაც კი, ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი ფილოსოფოსები, ამ საკითხში სრულ უმეცრებას იჩენენ. საბაზრო ფასების სისტემა სწორედ ღირებულებათა და უპირატესობათა სისტემის შედეგად ყალიბდება.

არისტოტელე, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ქალისა და მამაკაცის მრავალ სახასიათო განსხვავებაზე წერს. ის ხშირად ცდებოდა. მას რომ ქალბატონ არისტოტელესთვის ქალის შესახებ გამოეკითხა, მიხვდებოდა, რომ მრავალ შემთხვევაში ცდებოდა; შესაბამისად, მისი კვლევაც სხვაგვარად განვითარდებოდა. ის ცდებოდა მაშინაც, როდესაც მიიჩნევდა, რომ ბაზარზე ორი საგანი ერთმანეთზე ტოლობის გამო იცვლება. მაგრამ, თუკი ისინი ერთმანეთის ტოლია, მაშინ რატომ ჩნდება მათი გაცვლის აუცილებლობა? თუკი თქვენ გაქვთ შაური და მეც მაქვს შაური, ჩვენ მათ არ ვცვლით, რადგან ისინი ერთგვაროვანია. აქედან გამომდინარეობს, რომ გაცვლის შემთხვევაში ადგილი უნდა ჰქონდეს არა ტოლობას, არამედ განსხვავებას.

კარლ მარქსმა (1818-1883) საკუთარი ღირებულების თეორია სწორედ ამ მცდარ თვალსაზრისზე ააგო. მარქსის ამ შეცდომის ნახვა ეუგენ ფონ ბემ-ბავერკის (1851-1914) ნაშრომის - „კაპიტალი და მოგება“ მეშვიდე თავში შეიძლება. მარქსიდან კარგა ხნის შემდეგ, ჰენრი ბერგსონმა, თავის ნაშრომში, რომელიც რელიგიაში მორალის ორი წყაროს არსებობას ეხება, იგივე შეცდომა გაიმეორა და ასაბუთებდა, რომ თუკი ბაზარზე ორი საგანი იცვლება, ისინი გარკვეულწილად ტოლები უნდა იყოსო. მაგრამ „ტოლი“ საგნები ერთმანეთზე არ იცვლება. გაცვლას მხოლოდ მაშინ ექნება ადგილი, როდესაც საგნები არაერთგვაროვანია. შენ სწორედ იმიტომ წუხდები ბაზარში წასვლით, რომ ერთი თავი პური უფრო მეტად გიღირს, ვიდრე ფული, რომელსაც მასში გადაიხდი. ხალხი საგნებს იმიტომ ყიდულობს, რომ დროის შესაბამის მომენტში მათ უფრო მეტად აფასებს, ვიდრე მათში გადახდილ ფულს. გაცვლა წაგების განზრახვით არასოდეს ხდება. მოქმედი ადამიანი არასოდეს არის პესიმისტი, რადგან მისი ნებისმიერი მოქმედება განპირობებულია მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობის რწმენით.

მოქმედების მიზანი ის არის, რომ ადამიანმა არსებული ყოფა გაიუმჯობესოს. ნებისმიერი ცვლილება ფასდება „მოგებად“, თუკი მას მდგომარეობის გაუმჯობესება ახლავს, ან „წაგებად“, თუკი შედეგად მდგომარეობა უარესდება. ეს შეფასება წმინდა ფსიქოლოგიური ხასიათისაა და მისი გაზომვა შეუძლებელია. მასზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება თუ რამდენად დიდია ან პატარა. მისი გაზომვა მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, როდესაც ბაზარზე საგნები ფულზე იცვლება. მას შემდეგ, რაც მოქმედება შედგა, მას არავითარი შემდგომი მათემატიკური ღირებულება არ გააჩნია.

მაგრამ, თქვენ იტყვით, ეს ჩვენ ყოველდღიურ გამოცდილებას ეწინააღმდეგება. დიახ, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოებრივი გარემო გათვლებს შესაძლებელს ხდის, რამდენადაც საგნები გაცვლის საყოველთაო საშუალებაზე, ფულზე იცვლება. როდესაც საგნები ფულზე იცვლება, შესაძლებელი ხდება, რომ ეკონომიკური გათვლები ფულადი ტერმინებით გამოვხატოთ, თუმცა ამისთვის სამი პირობის დაცვაა აუცილებელი:

1. უნდა არსებობდეს კერძო საკუთრება და ის არა მხოლოდ სამომხმარებლო საქონელზე, არამედ საწარმოო ფაქტორებზეც უნდა ვრცელდებოდეს;

2. დამკვიდრებული უნდა იყოს შრომის დანაწილება, შესაბამისად, წარმოება სხვების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეც უნდა იყოს მიმართული;

3. უნდა მოქმედებდეს საერთო მაჩვენებლებით გამოხატული არაპირდაპირი გაცვლა.

ამ სამი პირობის დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება ღირებულების გარკვეული მათემატიკური სიდიდე ჩამოყალიბდეს, მაგრამ ის ვერასოდეს იქნება ზუსტი. ეს გათვლები ვერასოდეს გახდება ზუსტი, რადგან ისინი ყოველთვის ეხება იმას, რაც მოხდა გუშინ, წარსულში. სამეურნეო ანგარიშები შესაძლოა დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, მაგრამ ფულადი ღირებულებაც კი მომავალის სპეკულაციური შეფასების შედეგია. ღირებულება, რომელიც დანადგარებს და სხვა აქტივებს ენიჭება, ასევე სპეკულაციურია. ინფლაციისგან მომდინარე რეალური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის ეკონომიკურ გათვლებს ამახინჯებს და ამით ტრაგიკული შედეგები მოაქვს.

ფულადი გათვლების არსებობა სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ საზოგადოებაში აუცილებელი არ არის. ისინი არ არსებობდნენ მაშინ, როდესაც სამეურნეო ურთიერთოებები დაიწყო. პირველყოფილი ადამიანებიც მოქმედებდნენ; ადამიანები ყოველთვის მოქმედებდნენ; მაგრამ ათასობით წელი დასჭირდა, რომ, შრომის დანაწილებისა და საბუღალტრო აღრიცხვის განვითარების კვალობაზე, ფულადი გათვლები შესაძლებელი გამხდარიყო. ფულადი გათვლები შუა საუკუნეებში ნაბიჯნაბიჯ განვითარდა. განვითრების პირველ პერიოდში მას ბევრი ის მახასიათებელი აკლდა, რასაც ჩვენ დღეს აუცილებლად მივიჩნევთ (სოციალისტურ საზოგადოებაში [სადაც სამი ზემოთ მოყვანილი პირობა არ სრულდება - მთარგმ. შენიშვ.], აღნიშნული პირობები კვლავ ქრება და, შესაბამისად, ეკონომიკური გათვლები შეუძლებელი ხდება).

საბუნებისმეტყველო საგნების რაოდენობრივი ხასიათი შესაძლებელს ხდის, რომ მექანიკის საფუძველზე სათანადო ნახაზები შედგეს და ხიდები აიგოს. თუკი თქვენ იცით თუ რას აშენებთ, საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიები სასარგებლოა. თუმცა მთავარი კითხვა მაინც ის არის, თუ რა უნდა აშენდეს, რა უნდა გაკეთდეს. ტექნოლოგიებს ამ კითხვაზე პასუხი არ ძალუძს.

სინამდვილეში, საწარმოო საშუალებები მწირია. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველთვის იარსებებს სხვა გეგმები, რომელთა განსახორციელებლად საჭირო საწარმოო ფაქტორების დეფიციტი იქნება. ყოველთვის გაჩნდება სხვა გადაუდებელი მოთხოვნა. ეს ის ფაქტორია, რომელსაც მეწარმე ითვალისწინებს, როდესაც მოგებასა და წაგებას ანგარიშობს. როცა მეწარმე ძალზე მაღალი ხარჯების გამო გარკვეულ პროექტზე უარს ამბობს, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება მზად არ არის ნედლეულის ამ გზით გამოყენების საფასური გადაიხადოს. მოხმარება განაპირობებს არსებული საწარმოო ფაქტორების გამოყენებას იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელთა მეშვეობითაც ყველაზე გადაუდებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საწარმოო ფაქტორების გაფლანგვის გარეშე ხდება, რაც ნიშნავს, რომ საწარმოო ფაქტორები ყველაზე უფრო გადაუდებელი საჭიროებებისთვის მოიხმარება.

ამის მისაღწევად აუცილებელია, სხვადასხვა საწარმო ფაქტორის დანახარჯების შედარება იყოს შესაძლებლი. მაგალითად, დავუშვათ, რომ მიზანშეწონილად არის ჩათვლილი ორ ქალაქს შორის რკინიგზის აგება. ვთქვათ, ამ ორ ქალაქს შორის აღმართულია მთა. არსებობს სამი გამოსავალი: რკინიგზამ მთას გადაუაროს, შემოუაროს ან მის წიაღში გვირაბით გავიდეს. საერთო მაჩვენებელი აუცილებელია, რომ ამ სამ შესაძლებლობას შორის არჩევანი გაკეთდეს. მაგრამ ამ გზით მხოლოდ ფულადი მდგომარეობის სურათის წარმოდგენა შეიძლება. ეს არ არის გათვალა. ეს მხოლოდ დღევანდელი დღის შუქზე დანახული მოთხოვნებისა და გარემოებების შეფასებაა. ხვალ ვითარება შეიცვლება. ნებისმიერი სამეურნეო პროექტის წარმატება სწორედ მომავალი შესაძლებლობების სწორ განჭვრეტაზეა დამოკიდებული.

ეკონომიკის, რაოდენობრივი მეცნიერების, განვითარების მცდელობების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თეორიული ეკონომიკა მეცნიერების სხვა დარგების მიერ გაკვალულ გზას უნდა გაჰყვეს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ხარისხობრივიდან რაოდენობრივში განვითარდა და მრავალ ადამიანს სწამს, რომ ეკონომიკურმა მეცნიერებამ იგივე გზა უნდა გაიაროს. მაგრამ ეკონომიკაში მუდმივი კავშირ-ურთიერთოებები არ არსებობს. ამასთან, გათვლების გარეშე ეკონომიკის რაოდენობრივი განვითარება შეუძლებელია. რაოდენობრივი მაჩვენებლები ეკონომიკური ისტორიის და არა ეკონომიკური თეორიის კუთვნილებაა.

წიგნი, რომლის სათაურია „მოთხოვნის ელასტიურობის გათვლა“, ახლახან სენატორმა პოლ დუგლასმა (1892-1976) განიხილა, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე უნდა ოცნებობდეს. დუგლასი ამტკიცებს, რომ ეკონომიკა ზუსტ მეცნიერებად უნდა გადაიქცეს და მას ისეთივე მუდმივი ფასეულობათა სისტემა უნდა ჰქონდეს, როგორიცაა ატომის წონა ქიმიაში. მაგრამ წიგნი არ ეხება მყარ ფასეულობებს; ის გარკვეული ქვეყნის, კერძოდ, აშშ-ს, გარკვეული პერიოდის ეკონომიკურ ისტორიას ეხება. შედეგები, შესაძლოა, განსხვავებული ყოფილიყო თუკი ის სხვა დროს და სხვა ქვეყანას შეეხებოდა. ამ სამყაროში ატომის წონა უცვლელია, მიუხედავად დროისა და ქვეყნისა, მაგრამ, ამავდროულად, ეკონომიკური ღირებულებები და ეკონომიკური რაოდენობები დროისა და ადგილმდებარეობის მიხედვით განუწყვეტლივ იცვლება.

ეკონომიკა - ეს ადამიანური მოღვაწეობის თეორიაა. უდიდესი ისტორიული ფაქტია, რომ კარტოფილის სასარგებლო თვისებები მექსიკის მკვიდრი აცტეკების მიერ იქნა აღმოჩენილი, ევროპაში ბრიტანელი ჯენტლმენის მიერ იქნა ჩამოტანილი და მალე ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ ფაქტმა უდიდესი გავლენა მოახდინა, მაგალითად, ირლანდიის ისტორიაზე, მაგრამ ეკონომიკის თვალსაზრისით ეს მხოლოდ შემთხვევითობაა.

როდესაც ეკონომიკაში მაჩვენებლებს იყენებთ, მაშინ ეკონომიკური თეორიის ასპარეზიდან ეკონომიკური ისტორიის ასპარეზზე გადადიხართ. ცხადია, ეკონომიკური ისტორია მეტად მნიშვნელოვანი ასპარეზია. სტატისტიკა ადამიანის მოღვაწეობის ასპარეზზე ისტორიული კვლევის მეთოდია. სტატისტიკა ფაქტებს აღიცხავს, მაგრამ მათ ამ ფაქტზე უფრო მეტის განმარტება არ ძალუძთ (სრული სიმართლეა, რომ ზოგიერთი სტატისტიკოსი „თაღლითია“ და სათანადო ფაქტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მთავრობაში მათ სწორედ ამის გამო იწვევევენ).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გარკვეულმა ადამიანებმა, შესაძლოა, მცდარი დასკვნა გამოიტანონ და მიიჩნიონ, რომ, ეკონომიკის, როგორც წმინდა a prioristic-ული მეცნიერების, მიზანი მომავლის სამეცნიერო პროგრამის შემუშავებაა, და, რომ ეკონომიკა მხოლოდ მხართეძოზე წამოწოლილი ჯენტლმენის თეორიაა. ეს ორივე მოსაზრება მცდარია. ეკონომიკა სულაც არ არის პროგრამა იმ მეცნირებისთვის, რომელიც ჯერ არ არსებობს. ის არც პურისტების მეცნიერებაა. შესაბამისად, ჩვენ უნდა უარვყოთ მავანის მოსაზრება, რომ ადამიანური მოღავწეობის შესასწავლად ისტორიის კვლევაა საჭირო. ისტორია მნიშვნელოვანია. მაგრამ დღევანდელ გარემოებებთან გამკლავება წარსულის კვლევით შეუძლებელია.

იმის მაგალითად, თუ რას ვგულისხმობ: ეკონომიკური კვლევის ეროვნულმა ბიურომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის, ინფლაციისა და მთავრობის მიერ კრედიტების გაცემის შეზღუდვების დაწესების წინ განვადებით გაყიდვას ეხებოდა. მაშინ, როდესაც ეს კვლევა ჩატარდა, მოვლენა უკვე ჩავლილი იყო; ის შეეხო მოვლენას, რომელიც წარსულს ჩაბარდა. მე არ ვთვლი, რომ ის სრულიად უსარგებლო იყო. ჭკვიანი ადამიანი ამ კვლევიდან ბევრ რამეს ისწავლის. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ეს არაა ეკონომიკა, ეს ეკონომიკური ისტორიაა. სინამდვილეში, ეს კვლევა უახლესი ეკონომიკური ისტორიის შესწავლას ეხებოდა.

ეს დარვინმაც გააცნობიერა. მან დაინახა, რომ, ცხოველთა სამყაროს შესწავლის მიზნით, ცხოველებს კლავდნენ. ასე რომ, სინამდვილეში, ცხოველთა სამყაროს შესწავლის მაგიერ მათი ლეშის შესწავლა მიმდინარეობდა.

იგივე ეხება ეკონომიკურ მეცნიერებასაც. ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობის აღწერა არავის შეუძლია, ყველა აღწერა წარსულს ეხება. მომავალს წარსულის კვლევის საფუძველზე ვერავინ იწინასწარმეტყველებს. ხშირად ეკონომიკის ისტორიას „ეკონომიკური მეცნიერების“ მაგივრად ასწავლიან. არადა, წარსულის შესახებ ყველაფერი რომც იცოდე, ეს მომავლის ცოდნის საშუალებას არ იძლევა.

5 მე ფანქარი (გამოქვეყნდა 1958 წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლეონარდ ე. რიდი
1898-1983

ამერიკის პირველი ლიბერტარიანული კვლევითი დაწესებულების „ეკონომიკური განათლების ფონდი“-ს დამფუძნებელი და 37 წლის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე მისი პრეზიდენტი იყო. მან საკუთარი ცხოვრების მიზნად თავისუფლებისა და საბაზრო ეკონომიკის ურთიერთოებების პროპაგანდა დაისახა. ის 27 წიგნისა და ასობით სტატიის ავტორია, მაგრამ მისი მთავარი დამსახურება საბაზრო ურთიერთობების მკვლევართა მთელი თაობების, მათ შორის შემდგომში 4 ნობელის პრიზის მფლობელის, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერაა.

მე შავი გრაფიტის ფანქარი ვარ - ჩვეულებრივი ხის ფანქარი. მე ყველა მიცნობს - ბიჭებიც და გოგონებიც, ყველა, ვინც კი წერა-კითხვა იცის. წერა ჩემთვის შრომაც არის და გართობაც. მოკლედ, ყველაფერია. გაინტერესებთ, რატომ ვწერ ჩემს გენეალოგიას? - გიპასუხებთ. უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა და იმიტომ. მეორეც, მე იდუმალი ვარ - გაცილებით იდუმალი, ვიდრე რომელიმე ხე, მზის ჩასვლა ან ელვის ნათება. მაგრამ დასანანია, რომ მათ, ვინც მე მიყენებს, ერთი უბრალო და უშინაარსო ვინმე ვგონივარ. ამ ქედმაღლურმა დამოკიდებულებამ არარაობად მაქცია. ეს მძიმე ცოდვაა. დიდი დრო არ გავა და კაცობრიობას მოეკითხება. ერთხელ ბრძენმა გ.კ.ჩესტერტონმა ბრძანა, „საოცრებანი არ გვაკლია, მაგრამ საოცრების წყურვილით ვკვდებით“. მე უბრალო ფანქარი ვარ, მაგრამ, გპირდებით, შევეცდები გაგაოცოთ და ჩემს მიმართ მოწიწების გრძნობა აღგიძრათ. სინამდვილეში, თუ ჩემი გესმით - არა, ამის მოთხოვნა მეტისმეტია - თუ იმ საოცრებას აცნობიერებთ, რის სიმბოლოსაც მე წარმოვადგენ, შეგიძლიათ იხსნათ თავისუფლება, რასაც, სამწუხაროდ, კარგავს კაცობრიობა. სერიოზული გაკვეთილის ჩატარება მომიხდება, მაგრამ არ გამიჭირდება, უფრო უკეთ შევძლებ ჭკუის სწავლებას, ვიდრე ავტომობილი ან თვითმფრინავი, ან მექანიკური ჭურჭლის სარეცხი, იმიტომ - ჰო, იმიტომ, რომ გარეგნულად ასე უბრალო ვარ. რატომ უბრალო? დედამიწის ზურგზე ხომ არავინ იცის როგორ ხდება ჩემი დამზადება. უცნაურად ჟღერს, არა? განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ, რომ ამერიკაში ყოველ წელიწადს მილიარდნახევარ ფანქარს ამზადებენ. აბა, ხელი მომკიდეთ და დამათვალიერეთ. რა მოგხვდებათ თვალში? ბევრი არაფერი - ხე, ლაკი, მარკა, გრაფიტის გული, ცოტა ლითონი და საშლელი.

წინამორბედნი

როგორც თქვენ ვერ შეძლებთ თქვენს საგვარეულო ხეს ძირამდე ჩასწვდეთ, მეც ყველა ჩემს წინამორბედს ვერ დავასახელებ და ვერ დავახასიათებ, მაგრამ მსურს მათზე საკმაოდ ბევრი რამ გიამბოთ, რომ დაგარწმუნოთ რა მდიდარი და საინტერესო ბიოგრაფია მაქვს. ჩემი საგვარეულო ხე მართლაც ხისგან იწყება, ფოთლოვანი ჭადრის ხისგან, რომელიც კალიფორნიასა და ორეგონში ხარობს. აბა, წარმოიდგინეთ ჭადრის ხის მორების დამზადებისა და გადაზიდვისთვის საჭირო ხერხები, სატვირთო მანქანები, ბაგირები და სხვა ათასი მექანიზმები. წარმოიდგინეთ მათ დამზადებას რამდენი ადამიანის რამდენი პროფესია სჭირდება: სამთამადნო საქმე, ფოლადის ჩამოსხმა და მისგან ხერხების, ნაჯახების, ძრავების გამოყვანა; კანაფის მოყვანა და სხვადასხვა ოპერაციის მეშვეობით მისგან მძიმე და ძლიერი ბაგირის დამზადება; ხის მორების დამამზადებელთა კარვები, საწოლები და სასადილოები; სამზარეულოები და საკვები პროდუქტები. ათასობით ადამიანის ხელი ურევია ყოველი ფინჯანი ყავის მომზადებაში, რომელსაც ტყისმჭრელები სვამენ! ხის მორებს კალიფორნიაში, ლეანდროს ქარხანაში ეზიდებიან. ამასთან ერთად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ისინი, ვინც ვაგონ-პლატფორმას და რკინიგზის ლოკომოტივებს ამზადებენ, და ისინი, ვინც საკომუნიკაციო სისტემებს აგებენ და ამონტაჟებენ? ყველა, ერთად აღებული, ჩემი წინამორბედია.

აბა, წარმოიდგინეთ რა ხდება სან ლეანდროს ქარხანაში. ფიჭვის მორებს პატარა, მეოთხედზე ნაკლები დუიმის სისქის, ფანქრის სიგრძის ფიცრებად ჭრიან. მერე საშრობში აშრობენ და ღებავენ იმავე მიზნით, რა მიზნითაც ქალები ფერ-უმარილს ისვამენ სახეზე. ხალხს ურჩევნია ლამაზი ვიყო, ვიდრე უფერული. პატარა ფიცრებს გასანთლავენ და ისევ აშრობენ. რამდენი ცოდნა სჭირდება საღებავისა და საშრობის დამზადებას, სითბოს, სინათლის და ენერგიის მიწოდებას, აგრეთვე, ღვედებს, ძრავებს და ყველა სხვა რამეს, რაც ქარხნებს სჭირდება? ჯაგრისებიც ჩემი წინაპრებია? დიახ, რასაკვირველია. აგრეთვე ისინიც, ვინც „ამერიკის გაზისა და ენერგოკომპანიის” ჰიდროელექტროსადგურის კაშხლისთვის ბეტონი ჩაასხა, საიდანაც ქარხანა ენერგიას იღებს. აღარაფერს ვიტყვი იმ ახლობელ თუ შორეულ წინაპრებზე, ვისი ხელითაც ქვეყანაში სამოცამდე ვაგონი ფიცარი აქეთ-იქით მიედინება.

ფანქრების ქარხანა, რაც 4 000 000 დოლარის ღირებულების მანქანებსა და შენობას წარმოადგენს, ჩემი მშობლების მომჭირნეობითა და დანაზოგებით დაგროვილი კაპიტალია. იქ ერთი რთული მანქანა ყოველ ფიცარზე რვა წიბოს ტვიფრავს, შემდეგ მეორე მანქანა ყოველ ფიცარში გრაფიტს დებს, წებოს უსვამს და ზედ მეორე ფიცარს აფარებს - ასე ვთქვათ, გრაფიტის სენდვიჩს ამზადებს. მე და ჩემ შვიდ ძმას მექანიკურად გვჭრიან ამ „ხის” სენდვიჩიდან. მართალია, ჩემი „გული“ ტყვიას ჰგავს, მაგრამ ტყვია სულ არ ურევია, ის გრაფიტისგან მზადდება. გრაფიტს ცეილონში მოიპოვებენ. წარმოიდგინეთ მადნის მთხრელები და ისინი, ვინც მათთვის სხვადასხვა იარაღს ამზადებს; წარმოიდგინეთ ქაღალდის ტომრები, რითაც გრაფიტს ეზიდებიან; წარმოიდგინეთ ისინი, ვინც იმ ზონრებს ამზადებს, რითაც ტომრებს კრავენ; ისინი, ვინც მათ გემზე უდებს და ისინიც, ვინც გემებს აგებს. დაბადებაში შუქურას გუშაგებიც და ნავსადგურის ლოცმანებიც მეხმარებიან. გრაფიტს მისისიპის თიხას ურევენ, მისი დამუშავების პროცესში კი ამონიუმის მჟავას იყენებენ. შემდეგ მას დასარბილებლად გოგირდირებულ საცხს უმატებენ - გოგირდის მჟავათი დამუშავებულ ცხოველის ცხიმს. ნარევი უსასრულო მასა გამოდის, როგორც სოსისი, ზომებად იჭრება, შრება და რამდენიმე საათით ფარენგეიტის 1850 გრადუსზე ცხვება. ამის შემდეგ გულებს სიმაგრისა და სირბილისათვის ცხელი ნაყენით ამუშავებენ, რის შემცველობაშიც მექსიკის კანდელიური ცვილი, პარაფინი და ჰიდროგენიზებული ექვსი ფენით იფარება. ლაკის შემადგენლობას იცნობთ? ვინ იფიქრებდა, რომ ისინი, ვისაც აბუსალათინის მარცვლები მოჰყავს და აბუსალათინის ზეთს ამუშავებს - ამ პროცესის მონაწილენი იქნებოდნენ? დიახ, ასეა. ის პროცესიც ხომ ბევრი პროფესიის ადამიანს მოითხოვს, რის შემდეგაც ლაკი ლამაზ ყვითელ ფერს ღებულობს! აბა, მარკას გაცხელებით წარმოქმნილი ერთი აპკია. როგორ მზადდება, ძვირფასებო, ფისი და ჭვარტლი? ლითონის ნაწილი - ჩემი ლითონის თავი - თითბერი მოიპოვებს და ვინც ამ ბუნებრივი დოვლათისგან ბრჭყვიალა ლატუნის დამზადების ხელოვნებას ფლობს. ის შავი რკალები ჩემი ლითონის თავზე შავი ნიკელია! რა არის შავი ნიკელი და რაში გამოიყენება? მთელი ამბავი რომ მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ ჩემი ლითონის თავს შავი ნიკელის რკალი რატომ არ აქვს, ქაღალდი არ მეყოფა. ჩემი დამაგვირგვინებელი სიამაყე, რომელსაც ვაჭრობაში უხეშად „ქუდს“ უწოდებენ, ის ნაწილია, რასაც ადამიანები ჩემთან ერთად დაშვებული შეცდომების წასაშლელად იყენებენ. იმ შემადგენელს, რასაც წაშლა შეუძლია, „ფაქტისი“ ჰქვია. რეზინისებრი მასალაა, რაც „ჰოლანდიური ისტ-ინდია კომპანიის“ მიერ წარმოებული მწიფე ზეთისხილის თესლების გოგირდის ქლორით დამუშავებით მიიღება. რეზინი, მართალია, სხვა რამ ჰგონიათ, მაგრამ მხოლოდ შემკვრელის ფუნქციას ასრულებს, სხვა უამრავ მწებავ ნივთიერებასა და აქსელერატორთან ერთად. პემზა იტალიიდან მოდის, პიგმენტი კი, რაც “ქუდს”ერს აძლევს, კადმიუმის სულფიდია.

არავინ იცის

კიდევ ეპარება ვინმეს ეჭვი ჩემს ნათქვამში, რომ დედამიწის ზურგზე არავინ იცის როგორ ხდება ჩემი დამზადება? ფაქტობრივად, მილიონობით ადამიანის ხელი ურევია ჩემს შექმნაში და არც ერთმა მათგანმა სხვებზე ოდნავ მეტიც კი არ იცის. შეგიძლიათ თქვათ, რომ ძალიან შორს მივდივარ, როცა ბრაზილიელი ყავის მარცვლების მკრეფავებსა და სხვა ქვეყნების საკვები პროდუქტების მომყვანთ ჩემს შექმნას ვუკავშირებ, და რომ ეს თვალსაზრისი ძალიან შორს მიდის. მე ჩემს აზრზე ვდგავარ. ამ მილიონიან არმიაში არ არსებობს ადამიანი, თვით ფანქრის მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტიც კი, ვისაც წარმოების საიდუმლოში პაწაწინა, სულ უმნიშვნელო წვლილი მაინც შეჰქონდეს. ამ თვალსაზრისით, ცეილონელ გრაფიტის მომპოვებელსა და ორეგონელ ხის მჭრელს შორის ერთადერთ განსხვავებას წარმოების ტექნოლოგია წარმოადგენს. ვერც გრაფიტის მომპოვებელი და ვერც ხის მჭრელი, ისევე, როგორც ქარხნის ქიმიკოსი ან მუშა, ნავთობის საბადოს გარეშე ვერაფერს გახდება - რის ნარჩენ პროდუტსაც პარაფინი წარმოადგენს.

საოცარი ფაქტია: უჩემოდ ვერც ნავთობის საბადოს მუშა, ვერც ქიმიკოსი, ვერც გრაფიტის ან თიხის მომპოვებელი, ან ვინმე, ვინც ხალხს ასაქმებს ან გემებს, მატარებლებს და სატვირთო მანქანებს ამზადებს და ვერც ის, ვინც იმ მანქანებს მართავს, რითაც ჩემი ლოთონის ნაწილს ტვიფრავენ, ვერც კომპანიის პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის ერთადერთ ამოცანას. ყველას მე ვჭირდები, შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე პირველკლასელ ბავშვს. თუმცა, ამ ფართო მასაში ისეთებიც არიან, ვისაც ფანქარი არც კი უნახავს და არც მისი ხმარება იცის. შეიძლება, მათ მე სულ არ ვაინტერესებ. მათ სხვა მოტივი ამოძრავებთ, შეიძლება რამე ამდაგვარი: თითოეულმა მათგანმა იცის, რომ თავის პაწაწინა საიდუმლოს იმ საქონელსა და მომსახურებაზე გადაცვლის, რაც მას სჭირდება ან რაც მას აკლია. მათ შორის შეიძლება მეც ვიყო ან არც ვიყო.

არავითარი მმართველი ძალა

უფრო საოცარი ფაქტია, რომ: არ არსებობს მმართველი ძალა, ვინმეს რამეს რომ კარნახობდეს ან იძულებით წარმართავდეს იმ უსასრულო ოპერაციებს, ჩემს წარმოშობას რომ სჭირდება. ასეთი კაცის კვალიც კი არ ჩანს. სამაგიეროდ, უხილავ ხელს ვგრძნობთ. სწორედ ეს არის ის საიდუმლო, რაზედაც ზემოთ გეუბნებოდით. ნათქვამია, „ერთმა ღმერთმა იცის, როგორ შექმნას ხე“. რატომ ვეთანხმებით? იმიტომ ხომ არა, რომ ვხვდებით - ჩვენ არ ვიცით? მართლა, აღწერა მაინც თუ შეგვიძლია? არა, მხოლოდ ზედაპირულად. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მოლეკულათა გარკვეული კონფიგურაცია ხეს ქმნის. ადამიანებს შორის ვინ არის ისეთი, რომ ხეში მთელი სიცოცხლის მანძილზე მიმდინარე მოლეკულების უწყვეტი ცვლილების აღნუსხვა შეეძლოს, მათ მართვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ? ასეთი რამ ყოვლად წარმოუდგენელია!

მე ფანქარი ვარ, საოცრებათა რთული ნაერთი: ხე, თუთია, სპილენძი, გრაფიტი და ა.შ. მაგრამ ბუნებრივ საოცრებებს კიდევ უფრო უჩვეულო საოცრება ემატება: ადამიანის შემოქმედებითი ენერგიების კონფიგურაცია - მილიონობით პაწაწინა საიდუმლო ბუნებრივად, თავისით ქმნის კონფიგურაციას ადამიანების საჭიროებისა და მოთხოვნილების საპასუხოდ, თანაც იმ დროს, როდესაც ადამიანის მმართველი ძალა არ არსებობს! რადგან ერთმა ღმერთმა იცის, როგორ შექმნას ხე, დაბეჯითებით ვამბობ, ერთმა ღმერთმა იცის, როგორ შემქმნას მე. ადამიანს როგორც მოლეკულების შეერთება არ ძალუძს ხის შესაქმნელად, ისევე არ ძალუძს მილიონობით საიდუმლოს გამოყენება ჩემს შესაქმნელად. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვწერდი: „თუ იმ საოცრებას აცნობიერებთ, რის სიმბოლოსაც მე წარმოვადგენ, შეგიძლიათ იხსნათ თავისუფლება, რასაც, სამწუხაროდ, კარგავს კაცობრიობა“. თუკი აცნობიერებთ რომ ეს საიდუმლოებები ბუნებრივად, დიახ, ავტომატურად თავისით (ანუ ხელისუფლების ან რომელიმე ძალადობრივი მმართველობის არარსებობისას) შექმნიან შემოქმედებით და ნაყოფიერ კონფიგურაციებს ადამიანის საჭიროებისა და მოთხოვნილებისათვის, მაშინ თქვენ თავისუფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ფლობთ: თავისუფალი ადამიანის რწმენა გაგაჩნიათ. თავისუფლება ამ შემოქმედებითი აქტივობის მონოპოლიას ჩაიგდებს ხელში, მაგალითად, ავიღოთ ფოსტა, ადამიანთა უმრავლესობა დაიჯერებს, რომ ფოსტას დამოუკიდებლად მოქმედი ადამიანები ეფექტურად ვერ დაარიგებენ. საქმეც ამაშია: ყოველი ადამიანი აცნობიერებს, რომ მან თვითონ ფოსტის დატარებასთან დაკავშირებული ყველა საიდუმლო არ იცის. ამასთანავე, ის იმასაც ხვდება, რომ არც სხვა ვინმემ იცის. ეს ვარაუდები სწორია. არც ერთი ადამიანი ისევე არ ფლობს მთელი ქვეყნის ფოსტის დატარებისთვის საჭირო ტექნოლოგიას, როგორც ფანქრის წარმოების ტექნოლოგიას. თუ თავისუფალი ადამიანისადმი რწმენა არ გვექნება - თუ ვერ გავაცნობიერებთ, რომ მილიონობით პაწაწინა საიდუმლო ბუნებრივად და სასწაულებრივად წარმოქმნის და ხელს შეუწყობს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას - თავიდან ვერ ავიცილებთ იმ მცდარ დასკვნას, რომ ფოსტის ტარება მხოლოდ სახელმწიფოს „მმართველ ძალას“ შეუძლია.

უამრავი მტკიცებულება

მე, გრაფიტის ფანქარი, ერთადერთი ნივთი რომ ვიყო, რაც ამტკიცებს, რომ ადამიანები ყველაფერს შეძლებენ, თუ დამოუკიდებლად იმოქმედებენ, მაშინ ის, ვისაც ამის ნაკლებად სჯერა, მართალი იქნება. მაგრამ, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ ყველაფერი ჩვენზე, თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული. მაგალითად, ავტომობილის, გამომთვლელი მანქანის, კომბაინის, წისქვილის ან ათიათასობით სხვა რამის გამოშვებასთან შედარებით, ფოსტის ტარება ძალიან ადვილია. ფოსტის დატარება? ამქვეყნად, სადაც ხალხს თავისუფლად მოქმედება შეუძლია, ნახევარი წამიც არ სჭირდება, რომ მთელ მსოფლიოს ხმა მიაწვდინონ; ნებისმიერ ინფორმაციას ვიზუალურად აწვდიან, თანაც მოძრავად, ნებისმიერი ადამიანის სახლში შეტანით მაშინვე, როგორც კი სადმე რამე მოხდება. სიეტლიდან ბალტიმორამდე 150 მგზავრის გაგზავნას ოთხი საათიც კი არ სჭირდება; გაზის გაშვება ტეხასიდან ნიუ-იორკში პირდაპირ გაზქურამდე ან ღუმელთან წარმოუდგენლად მცირე ფასად შეიძლება, თანაც სუბსიდიების გარეშე; სპარსეთის ყურიდან აღმოსავლეთის სანაპირომდე - ნახევარი გზა მსოფლიოს გარშემო - ოთხ გირვანქა ნავთობს უფრო ნაკლებ ფასად ეზიდებიან, ვიდრე მთავრობა ერთი უნცია წერილის ქუჩის გადასწვრივ გადაგზავნაში იღებს! სწორედ ის გაკვეთილი უნდა გასწავლოთ, რომ: თავი დაანებოთ შემოქმედებითი ენერგიის დათრგუნვას. საზოგადოება მოაწყვეთ ისე, რომ ამ გაკვეთილის შესაბამისად იმოქმედოს. დაე, საზოგადოების სამართალდამცავმა აპარატმა რაც შეიძლება უკეთ მოგაცილოთ ყველა დაბრკოლება. მიეცით თავისუფლად დინების საშუალება შემოქმედებით საიდუმლოებებს. გჯეროდეთ, თავისუფალ ადამიანებს „უხილავი ხელი” უხელმძღვანელებს. ეს რწმენა გაამართლებს. მართალია, მე უბრალო ფანქარი ვარ, მაგრამ ჩემი წარმოშობის საოცარი ისტორია იმის დასადასტურებლად გიამბეთ, რომ ეს ჭეშმარიტი რწმენაა, ისევე ჭეშმარიტი, როგორც მზე, წვიმა, ჭადრის ხე და კეთილი დედამიწა.

6 თავისუფალი და სავალდებულო განათლება (გამოქვეყნდა 1971 წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მარი ნ. როთბარდი
1926-1995

მარი როთბარდმა სახელი ავსტრიული ეკონომიკური სკოლისა და ანარქოკაპიტალიზმის პოლიტიკური ტრადიციების სინთეზით, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის რადიკალურად განსხვავებული გააზრებითა და ლიბერტარიანულ პოლიტიკურ ფილოსოფიაში ბუნებითი სამართლის პოზიციების გამყარებით გაითქვა.

1. ინდივიდუალური განათლება
2. სავალდებულო განათლება ევროპაში
3. სავალდებულო განათლება ა.შ.შ.-ში

1. ინდივიდუალური განათლება

ქვეყნად მოვლენისას არც ერთ ახალშობილს არ აქვს ჩამოყალიბებული ადამიანისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები. ისინი მკაფიოდ ვერ ხედავენ, ვერ დადიან, თავისით ვერ იკვებებიან და ა.შ. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მათ არ აქვთ განსჯის უნარი - ის უნარი, რაც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს. ახალშობილი ბავშვის ცხოველისგან განმასხვავებელი მთავარი ნიშანი ის არის, რომ ეს უნარ-ჩვევები, კერძოდ, განსჯის უნარი, მასში პოტენციურად ძევს. ის სუსტი და უმწეო მდგომარეობიდან, რაც ზოგიერთ ახალშობილ ცხოველსაც ახასიათებს, სრულყოფილ ადამიანად იზრდება და ვითარდება.

ბავშვის განვითარება, ისევე, როგორც მისი ფიზიკური გარდაქმნა, თვალში საცემია: ის იზრდება სიმაღლესა და წონაში, იწყებს სიარულსა და ლაპარაკს და ა.შ. შეიძლება, ბავშვის ზრდა ცალკეული ფიზიკური მონაცემის, მაგალითად, კუნთების განვითარების თვალსაზრისით განვიხილოთ, მაგრამ ამ პროცესის დამახასიათებელი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება გონებრივი ზრდაა - გონებრივი შესაძლებლობების, ანუ ცნობიერებისა და განსჯის უნარის განვითარება.

ბავშვი გონებრივი უნარის მეშვეობით სწავლობს და იძენს ცოდნას - ცოდნას არა მარტო გარე სამყაროს, არამედ საკუთარი თავის შესახებაც... სიარულისა და ლაპარაკის დაწყება ბავშვის გონებრივ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. როდესაც ბავშვი ახალ შესაძლებლობებს - გონებრივ და ფიზიკურ ძალას - იყენებს, ეს შესაძლელობები იხვეწება და, თავის მხრივ, მას უფრო მეტის ათვისების სტიმულით აღავსებს. ის, გარე სამყაროს სხვა ბავშვებსა და მოზრდილებზე, საკუთარ გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე დაკვირვებით შეიცნობს.

ყოველი ბავშვი ქვეყნად მოვლენისთანავე გარკვეულ გარემოში ხვდება. ეს გარემო ბუნებრივი თუ ხელოვნური ფიზიკური საგნებისა და სხვა ადამიანებისგან შედგება, რომლებთანაც სხვადასხვაგვარად ამყარებს კონტაქტს. სწორედ ამ გარემოს მიმართ გრძნობს ის თავისი შესაძლებლობების განვითარებას. გონება უვითარებს მას აზრს სხვა ადამიანების შესახებ და მათთან და, საერთოდ, სამყაროსთან თავისი ურთიერთობის შესახებ; გონება კარნახობს მას თავისი მოთხოვნილებებისა და ფიზიკური შესაძლებლობების შესახებ. ამგვარად, ბავშვი იზრდება, გარემოს ეჩვევა, საკუთარი მიზნები უჩნდება და მათი მიღწევის გზებს პოულობს. მისი მიზნები მისივე პიროვნებიდან, მისთვის საუკეთესო მორალური პრინციპებიდან და ესთეტიკური გემოვნებიდან მომდინარეობს; ის თავის თეორიებს იმ საფუძველზე აგებს რომ, რაც მან შეიტყო, ყველაზე არსებითია. ის „თეორიული“ ცოდნა, რაც მას გააჩნია, უშუალოდ საკუთარი ან სხვების გამოცდილების, ანდა უშუალოდ საკუთარი ან სხვების ლოგიკური დასკვნების საფუძველზე, საკუთარი განსჯის უნარის მეშვეობით აქვს მოპოვებული. როდესაც ის, ბოლოს და ბოლოს ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, მას შეძლებისდაგვარად განვითარებული უნარ-ჩვევები, გარკვეული ღირებულებები, პრინციპები და განათლება ექნება შეძენილი.

ადამიანის განათლება მისი ზრდის, მისი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბების მთელ პროცესს მოიცავს. აშკარაა, ადამიანი განათლებას მთელი სიყმაწვილის განმავლობაში იძენს; ფხიზელ მდგომარეობაში გატარებული საათები ერთგვარი სწავლის პროცესია1. ცხადია, ცნება „განათლება“ ადამიანის ოფიციალურ სასწავლებელში სწავლით არ შემოიფარგლება. ის სულ სწავლობს. სწავლობს და საკუთარ თვალსაზრისს აყალიბებს სხვა ადამიანების, მათი სურვილებისა და ამ სურვილების მისაღწევად საჭირო ქმედებების და, ზოგადად, სამყაროსა და მასში მოქმედი ბუნების კანონების შესახებ. აგრეთვე, საკუთარი მიზნებისა და იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიოს მათ. მას აზრი უყალიბდება ადამიანის ბუნების შესახებ და იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მისი ან სხვა ადამიანების მიზნები, მათი ბუნებიდან გამომდინარე. ეს უწყვეტი პროცესია და აშკარაა, რომ სკოლაში სიარული ამ პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია. სინამდვილეში, ყველა ადამიანი „თვითნასწავლია“. ფიზიკური და სოციალური გარემო, რომელშიც ადამიანი იზრდება, არ „განაპირობებს“ იმ იდეებსა და განათლებას, რომელიც მას ზრდასრულობის ასაკში ექნება. ადამიანის ბუნების არსია, რომ მისი იდეები თვითონ მის თავში იბადება; სხვებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მასზე, მაგრამ არაფერს არ შეუძლია ცალსახად განაპირობოს ის იდეები და ღირებულებები, რასაც ადამიანი სიცოცხლის მანძილზე მიიღებს ან დაეთანხმება და მხარს დაუჭერს.

ფორმალური სწავლება

ყველა თუ გამუდმებით სწავლობს და თუკი თითოეული ბავშვის ცხოვრება მისი განათლების პროცესია, მაშინ რაღა საჭიროა ოფიციალური განათლება? ოფიციალურ სწავლებას ის ფაქტი უდევს საფუძვლად, რომ ბავშვის შესაძლებლობანი განუვითარებელია, პოტენციურია და მათ განვითარებას განსაკუთრებული ვარჯიში სჭირდება. ასეთი ვარჯიშისთვის ბავშვს ისეთი ბუნებრივი ნედლეული ესაჭიროება, რომელიც მას სამოქმედოდ გამოადგება და რაზედაც ზემოქმედება შეეძლება. ცხადია, ზოგადი განათლებისთვის მას სისტემატური, ოფიციალური სწავლება, როგორც წესი, არ სჭირდება.

ფიზიკური განვითარებისა და ვარჯიშის შესაძლებლობა თითქმის მუდამ არსებობს. ამისთვის ოფიციალური სწავლება არ არის საჭირო. საკვები და ბინა თუ აქვს, ადამიანი ფიზიკურად სწავლის გარეშეც გაიზრდება. მისი ურთიერთობა სხვებთან - ოჯახის წევრებსა თუ გარეშე პირებთან - ცხოვრების მანძილზე თავისთავად ვითარდება. ამ მხრივ ის საკუთარ უნარ-ჩვევებს თვითონ ამოწმებს. ამისთვის მის ირგვლივ უამრავი შესაძლებლობაა. საჭირო ქცევის წესების ათვისება საკამოდ მარტივია და სისტემატურ სწავლებას არ საჭიროებს.

მაგრამ არსებობს განათლების ერთი სფერო, სადაც სპონტანურობა და ცოტაოდენი ქცევის წესები საკმარისი არ არის. ეს არის ფორმალური განათლების, განსაკუთრებით, ინტელექტუალური ცოდნის სფერო. ასეთი ცოდნის შეძენას პირდაპირი, ყოველდღიური ცხოვრებისეული დაკვირვების გარდა, გონებრივი შესაძლებლობების გაცილებით მეტი ვარჯიში სჭირდება. ამ ცოდნას ბავშვი დაკვირვებისა და დედუქტიური აზროვნების მეშვეობით იძენს. ასეთ აზროვნებას კი საკმაოდ ხანგრძლივი სწავლა სჭირდება. ამასთან, საჭიროა სისტემატური სწავლა, რადგან განსჯა თანმიმდევრულად - ლოგიკურ საფეხურებად მიმდინარეობს და დაკვირვებებს სისტემური ცოდნის სახით აყალიბებს.

ბავშვს, რომელსაც დაკვირვება აკლია და განსჯის უნარი არ აქვს, ამ საგნებს, სხვების მსგავსად, თავისით ვერასდროს შეისწავლის. მას არ შეუძლია, ეს საგნები სხვების დაუხმარებლად, საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით შეისწავლოს და დასკვნები გამოიტანოს. ის ამას მასწავლებლის თხრობის ან წიგნებში ამოკითხული დებულებების მეშვეობით, ან ამ ორივე საშუალების კომბინაციით სწავლობს. წიგნის უპირატესობა ის არის, რომ მას შეუძლია სრულად და სისტემურად აგვიხსნას საგანი; მასწავლებელს კი ის უპირატესობა გააჩნია, რომ ის წიგნიერია, ბავშვსაც იცნობს და შეუძლია ძირითადი ან გაურკვეველი საკითხები მას პირადად აუხსნას. საერთოდ კი, თვითდაკვირვებისა და მასწავლებლის ხელმძღვანელობის შერწყმა ფორმალური სწავლების განუყოფელი ნაწილია.

შესაბამისად, ფორმალური სწავლების ამოცანა გარკვეული საგნების შესახებ არსებითი ცოდნის გადაცემაა. ესენია: უპირველეს ყოვლისა, კითხვა, როგორც ცოდნის შეძენის საუკეთესო იარაღი, და, აქედან გამომდინარე, ენის ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა მაგ., მართლწერა და გრამატიკა. ბავშვის გონებრივი განვითარების კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორია წერა. მას შემდეგ, რაც ბავშვი ამ ბერკეტებს დაეუფლება, ბუნებრივია, სწავლება ლოგიკურად მიმდინარეობს: წიგნებით ისწავლება ისეთი საგნები, როგორიც არის ბუნების კანონები (საბუნებისმეტყველო საგნები), ადამიანის განვითარების ისტორია, მისი მიზნები და საქმიანობა (ისტორია, გეოგრაფია); ქცევის „ეთიკა“ (ეკონომიკა, პოლიტიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია) და წარმოსახული ადამიანის კვლევა (ლიტერატურა). მწერლობა ორ მიმართულებად იყოფა: პირველის ამოცანაა ზემოხსენებული საგნების აღწერა, ხოლო მეორის - მათთან დაკავშირებული ამბების შეთხზვა. მესამე არსებითი და ძლიერი იარაღი არის არითმეტიკა, მარტივი რიცხვებიდან დაწყებული, მათემატიკის მაღალგანვითარებულ დარგებამდე. ამ ფუნდამენტური საგნებიდან კითხვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, ანბანის სწავლება პირველადი და ლოგიკური ბერკეტია.

ბოლო დროს ამ „სამი რესურსის“ მნიშვნელობის უგულებელყოფა შემოვიდა მოდაში. მაგრამ აშკარაა, მათ უზარმაზარი მნიშვნელობა აქვთ. რაც უფრო სწრაფად და კარგად აითვისებს მათ ბავშვი, მით უფრო სწრაფად შეძლებს ცოდნის იმ ფართო სფეროს ათვისებას, რაც ცივილიზაციის უდიდეს მემკვიდრეობას წარმოადგენს. ეს სამი რამ ადამიანის ცოდნის, ბავშვის გონებრივი აყვავებისა და განვითარების კარიბჭის გასაღებია. ისიც აშკარაა, რომ სისტემატური ფორმალური სწავლების აუცილებლობას და გამოყენებას სწორედ ეს ტექნიკური საგნები მოითხოვს, რადგან მათ ცოდნის სისტემატური გამოყენება სჭირდებათ. რასაკვირველია, „თამაშისთვის“, „ჯგუფთან შეწყობისთვის“, „კბილის ექიმის შესარჩევად“ ფორმალური სწავლება და „თანამედროვე განათლებით“ გათვალისწინებული სხვა მრავალი მსგავსი „კურსი“ არ არის აუცილებელი. რაკი ფიზიკურ ან უშუალოდ სპონტანურ სფეროებში ფორმალური სწავლება აუცილებლობას არ წარმოადგენს, „ფიზიკური განათლების“ ან ფრჩხილების შეღებვის სწავლება საჭირო არ არის2.

ადამიანთა მრავალფეროვნება და ინდივიდუალური სწავლება

ადამიანური ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პიროვნებათა შორის არსებული დიდი სხვაობაა. რასაკვირველია, არსებობს გარკვეული ზოგადი თავისებურებანი, როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი, რაც ყველა ადამიანს საერთო აქვს, მაგრამ სხვა სულიერ არსებებთან შედარებით, თითოეული ადამიანი თავისი თვითმყოფადობით განსხვავდება და გამოირჩევა3. ყოველ ადამიანს არა მარტო განუმეორებელი თითის ანაბეჭდი აქვს, არამედ პიროვნულადაც უნიკალურია. ყოველი პიროვნება განუმეორებელია თავისი გემოვნებით, ინტერესებითა და საქმიანობით. ცხოველი ინსტინქტებით ხელმძღვანელობს და ერთგვაროვნად მოქმედებს, შესაბამისად, მათი საქციელი სწორხაზოვანი და ერთმანეთის მსგავსია, მაშინ, როდესაც ადამიანები, მიუხედავად ერთნაირი მიზნებისა და ღირებულებებისა, მიუხედავად ურთიერთზეგავლენისა, უნიკალური პიროვნულობის ნიშნით გამოირჩევიან. ადამიანთა პიროვნული მრავალფეროვნება ცივილიზაციის პროგრესის მიზეზიც არის და შედეგიც. რაც უფრო წინ მიდის ცივილიზაცია, ადამიანს გონებრივი განვითარებისა და გემოვნების დახვეწის მით უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობა ექმნება. ასეთი შესაძლებლობები კი, ცოდნის გაფართოებასა და პროგრესს უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, საზოგადოებას უფრო ცივილურს ხდის. ამასთან, ადამიანთა ინტერესებისა და ნიჭის ნაირგვარობა სპეციალიზაციისა და შრომის დანაწილების საშუალებას იძლევა, რაც განვითარებული ეკონომიკური ურთიერთოებების წინაპირობაა. როგორც მისმა უწმინდესობა ჯორჯ ჰარისმა აღნიშნა:

„ველურები ერთნაირები არიან. ისინი მხოლოდ სქესის, ასაკის, ზომის და ძალის მიხედვით განსხვავდებიან. ყველა მათგანი ერთნაირად აზროვნებს ან სულ არ აზროვნებს. ამიტომ, ერთმარცვლიანი სიტყვებით საუბრობენ. ისინი ერთმანეთისგან თითქმის სულ არ განირჩევიან - ეს არის კაცების, ქალების და ბავშვების უბრალო ჯოგი. მომდევნო საფეხურზე, რომელსაც ბარბაროსულს უწოდებენ, ადამიანებს ფუნქციათა უფრო მეტი მრავალფეროვნება ახასიათებთ. მათ შორის, შრომის გარკვეული დანაწილება, აზრის გაცვლა-გამოცვლა, უკეთესი მმართველობა, მეტი ინტელექტუალური და ესთეტიკური კულტურა. უმაღლესი საფეხური, რომელსაც ცივილიზაცია ჰქვია, სპეციალიზაციის უფრო მაღალი ხარისხით ხასიათდება. ფუნქციები უფრო მრავალგვარი ხდება. ტექნიკურ დარგებში, სამეწარმეო საქმიანობაში, განათლებაში, მეცნიერებაში, პოლიტიკასა თუ ხელოვნებაში სულ ახალი და ახალი პროფესიები წარმოიშვება. განუვითარებელ საზოგადოებებს გარეგანი თანასწორობა ახასიათებს, ხოლო განვითარებულს კი - გარეგანი უთანასწორობა, ანუ მრავალფეროვნება. რაც უფრო ქვედა საფეხურზე ჩავდივართ, მით უფრო მეტი ერთფეროვნებაა, და რაც უფრო ზევით ავდივართ მით უფრო მეტი მრავალფეროვნება. ისე ჩანს... თითქოს თანასწორობას ველურობამდე დაქვეითება მოჰყვება, ხოლო ნაირფეროვნებას კი - უფრო მაღალი დონის ცივილიზაცია“.

რასაკვირველია, თუ პროგრესი სულ უფრო მეტი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით მიიღწევა, მაშინ ფუნქციები კიდევ უფრო ნაირფეროვანი უნდა იყოს, ხოლო სწავლებასა და საქმიანობაში ახალი და უფრო სრულყოფილი დანაწევრება უნდა მოხდეს. პროგრესის ყოველი ახალი საფეხური არსებულისგან ერთგვარად განსხვავებულ დამატებით ადამიანურ ფაქტორს გულისხმობს. მაშინ ცივილიზაციის პროგრესი საზოგადოების წევრთა თვითმყოფადობის ზრდას უნდა ნიშნავდეს. ეს უნდა იყოს ყოველი ახალი გამოგონებისა და ხელოვნების, სიახლეებისა და მორალური პრინციპების უფრო ფართო შერწყმა4.

ცივილიზაციის წინსვლასა და პიროვნებათა გამრავალფეროვნებასთან ერთად, სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება ერთგვაროვნებისთვის. აქედან გამომდინარე, „თანასწორობის“ ხარისხიც ნაკლებია. თავიანთი მახასიათებლების მიხედვით, სრულიად თანასწორი და ზუსტად ერთგვაროვანი მხოლოდ საწარმოო რობოტები ან ბალახები შეიძლება გვეგონოს. რაც უფრო ნაკლები საერთო მახასიათებელი აქვს ორ ორგანიზმს, მით უფრო მეტი „უთანასწორობაა“ მათ შორის, და მით უფრო არ ჰგვანან ისინი ერთმანეთს. ცივილიზებული ადამიანები სწორედ თავიანთი პიროვნული ღირსებებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. განსხვავებული გემოვნება, უნარი და ხასიათი აუცილებლად მტრულ დამოკიდებულებას არ ბადებს. ეს მხოლოდ ადამიანთა მრავალფეროვნების ნიშანია.

აშკარაა რომ, თანასწორობისკენ საერთო სწრაფვა, არსებითად, არაადამიანური ქმედებაა. ის ცალკეული პიროვნების განვითარებასა და მრავალფეროვნებას, თავად ცივილიზაციას ზღუდავს; ეს არის ველური ერთფეროვნებისკენ სვლა. ადამიანთა შესაძლებლობები და ინტერესები ბუნებრივად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ, მათი სრული ან ნაწილობრივი გათანაბრების მცდელობას უთუოდ მათი დეგრადირება მოჰყვება. ეს არის ნიჭის, მიდრეკილებების, მრავალფეროვნების, გონებრივი სრულყოფის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თანასწორობის და ერთგვაროვნების კრედო სიკვდილისა და ნგრევის კრედოა, ვინაიდან ის ადამიანის სიცოცხლისა და ზრდის მთავარ პრინციპებს უარყოფს.

მაგრამ, არსებობს ერთი საკითხი, რომელთან მიმართებაში ადამიანთა თანასწორობა გონივრული და სასარგებლოა. ყოველ ადამიანს თავისი შესაძლებლობებისა და პიროვნული განვითარებისთვის რაც შეიძლება დიდი თავისუფლება უნდა ჰქონდეს. ამისთვის კი ის ძალადობას არ უნდა განიცდიდეს. ძალადობა ადამიანის ზრდა-განვითარებას აჩერებს და ვნებს. გონება და შემოქმედებითი უნარი ითრგუნება ძალადობრივ გარემოში. თუკი ძალადობისგან ყოველი ადამიანი თანაბრად იქნება დაცული, „კანონის წინაშე თანასწორობა“ საშუალებას მისცემს მას, რომ რაც შეიძლება მეტად გაზარდოს თავისი შესაძლებლობები.

გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი ადამიანი განუმეორებელი პიროვნებაა, ცხადია, ფორმალური სწავლება მაშინ იქნება კარგი, თუ კონკრეტულ პიროვნებას მოერგება. ყოველ ბავშვს განსხვავებული გონებრივი გაქანება, მიდრეკილება და მისწრაფება აქვს. ამიტომ, თითოეული ბავშვისთვის მხოლოდ მისთვის შესაფერისი მიდგომა, განრიგი, ტემპი და სასწავლო კურსია მისაღები. შეიძლება, ზოგიერთი ბავშვის მიზანსწრაფვას და უნარს ძალიან კარგად ესადაგება არითმეტიკის ინტენსიური კურსი, რაც კვირაში სამ მეცადინეობას გულისხმობს, შეიძლება მან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მსგავსი დატვირთვით კითხვაში იმეცადინოს; სხვამ შეიძლება მოკლე დროში რამდენიმე საგანი აითვისოს, მაგრამ ზოგს, შეიძლება, კითხვის შესასწავლად უფრო დიდი დრო დასჭირდეს და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ, რომ დატვირთვისა და სირთულის მიხედვით, ფორმალური, სისტემური სასწავლო კურსების უსასრულო ნაირსახეობა არსებობს, შესაძლებელია თითოეული ბავშვისთვის ყველაზე უფრო შესაფერი შეირჩეს. ამიტომ, აშკარაა, რომ ინდივიდუალური სწავლება საუკეთესო ფორმაა. აშკარად უკეთესია, როდესაც ერთ ბავშვს ერთი მასწავლებელი ასწავლის. ადამიანის პოტენციალი უმაღლეს დონემდე მხოლოდ ასეთ პირობებში ვითარდება. ცხადია, სკოლების დამკვიდრებული სისტემა, სადაც საკლასო ოთახში ბევრი ბავშვი და ერთი მასწავლებელია, მეტისმეტად უხარისხოა. მასწავლებელს ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი რამის სწავლება შეუძლია, ამიტომ, მთელი კლასი ერთ ყალიბში ექცევა, და ეს იმ დროს, როდესაც სხვადასხვა ბავშვის ინტერესები და შესაძლებლობები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. იმის მიუხედავად, თუ როგორი მიდგომით, განრიგით, ტემპით და სირთულით ასწავლის მასწავლებელი, მას თითოეულ ბავშვზე ცალ-ცალკე და ყველაზე ერთად ძალადობა უხდება. ნებისმიერი სკოლა ბავშვებისთვის პროკრუსტეს საწოლივით არის (ბერძნ. მით. - ყაჩაღი პროკრუსტე მსხვერპლს ან ფეხებს აჭრიდა, ან ჭიმავდა, რომ მის საწოლს მორგებოდა - მთარგმნ. შენიშვნ.), რომელიც ყველას გათანაბრებას ცდილობს.

მაშ, რაღა უნდა ვთქვათ იმ კანონებზე, რომლებიც ყველა ბავშვს სკოლაში - სავალდებულო სახელმწიფო სისტემაში სწავლას ავალდებულებს? ეს კანონები დასავლურ სამაყროში ჩაისახა. იქაც კი, სადაც კერძო სკოლები ნებადართულია, მთავრობის მიერ დაწესებული საგანმანათლებლო სტანდარტებია შემოღებული. საგანმანათლებლო სტანდარტების თავს მოხვევა აშკარა უსამართლობაა. ზოგიერთი ბავშვი უფრო გონებაშეზღუდულია და სწავლა უფრო ნელი ტემპით შეუძლია; ნიჭიერ ბავშვებს კი თავიანთი შესაძლებლობების განსავითარებლად უფრო სწრაფი ტემპი სჭირდებათ. ამასთან, ზოგ ბავშვს ერთი საგანი ეხერხება, მეორე კი არა. მათ, რასაკვირველია, საშუალება უნდა მიეცეთ იმ საგნებში განვითარდნენ, რომელიც ყველაზე მეტად ეხერხებათ და თავი დაანებონ სხვა საგნებს. მთავრობამ რა სტანდარტებიც არ უნდა დაადგინოს, მაინც უსამართლო იქნება ყველასთვის - გონებაშეზღუდულებისთვისაც, რადგან ისინი ვერანაირ სტანდარტებს ვერ აითვისებენ, მათთვისაც, ვისაც სხვადასხვა საგნის მიმართ სხვადასხვაგვარი მიდრეკილება აქვთ და ნიჭიერი ბავშვებისთვისაც, ვის გონებასაც თავისუფლად შეუძლია წინ გაიჭრას და უფრო რთული კურსი გაიაროს, მაგრამ იძულებულია გონებაშეზღუდულებს ელოდოს.

ანალოგიურად, მასწავლებლის მიერ არჩეული ნებისმიერი კურსი თითქმის ყველას მიმართ უსამართლოა: გონებაშეზღუდულისთვისაც, რომელიც ვერ ასწრებს, და ნიჭიერი ბავშვისთვისაც, ვინც საკუთარი პოტენციალის განვითარების ინტერსს და ძვირფას შესაძლებლობას კარგავს.

ცხადია, ყველაზე დიდი უსამართლობა ბავშვების მშობლიური მზრუნველობისგან გარიდებაა. მშობლიური აღზრდა იდეალურია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ინდივიდუალური სწავლება, მასწავლებელი უშუალოდ მხოლოდ ერთ ბავშვს მოძღვრავს და საკუთარ მუშაობას მისი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად წარმარ- თავს. მეორე, ვინ შეიძლება მშობელზე უკეთ იცოდეს ბავშვის შესაძლებლობები და პიროვნული თვისებები? საკუთარი შვილების მიმართ ყოველდღიური მზრუნველობა და სიყვარული, მშობლებს გამორჩეულ ცოდნას აძლევთ ბავშვისთვის საჭირო ფორმალური განათლების მისაცემად. ამ შემთხვევაში ბავშვის პიროვნება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის. მშობელზე უკეთ არავინ იცის რამდენი უნდა ასწავლოს თავის ბავშვს და რა ტემპით, როგორი თავისუფლება და აღზრდა სჭირდება მის ბავშვს და ა.შ. თითქმის ყველა მშობელს გააჩნია საკმარისი კვალიფკაცია თავისი ბავშვის აღსაზრდელად, განსაკუთრებით ელემენტარულ საგნებში. ვისაც ამ საგნებში კვალიფიკაცია არ ჰყოფნის, მას მასწავლებლის დაქირავება შეუძლია. მასწავლებლის დაქირავება შეუძლიათ მაშინაც, თუ დრო არ ჰყოფნით თავიანთი ბავშვებისთვის ფორმალური განათლების მისაცემად. ყველაზე უკეთ თვითონ მშობელს შეუძლია გადაწყვიტოს პირადად ასწავლოს ბავშვს თუ არა, ან რომელი მასწავლებელი სჯობს მისთვის. მშობლებს შეუძლიათ განსაზღვრონ ბავშვის ყოველდღიური პროგრესი, მასწავლებლის ზეგავლენა, ასევე სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინება.

გარდა იმისა, რომ მშობლებს შეუძლიათ თავიანთ ბავშვს თავადვე ასწავლონ ან მასწავლებელი დაუქირავონ, მათ შვილების კერძო სკოლაში გაგზავნაც ძალუძთ, მაგრამ ეს ალტერნატივა არცთუ ისე სახარბიელოა, რადგან ამ შემთხვევაში ინდივიდუალური სწავლებისა და ინდივიდუალური გრაფიკის დაცვის ნაკლები საშუალება არსებობს. ჯგუფში ბევრი ბავშვია, სწავლების დადგენილი დრო, დადგენილი თანმიმდევრობა და ა.შ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ინდივიდუალურ სწავლებას სკოლა სჯობს, ეს არის ეკონომიკური პირობები: ინდივიდუალური სწავლება ბევრი მშობლისთვის ხელმიუწვდომელია. აქედან გამომდინარე, მათ მასობრივი სწავლების ერთადერთი პრაქტიკული ალტერნატივა უნდა აირჩიონ, სადაც ერთი მასწავლებელი ერთდროულად ბევრ ბავშვს ასწავლის. ცხადია, ასეთი კერძო სკოლები ინდივიდუალურ სწავლებას ვერ შეედრება. მასწავლებელმა სწავლების რა ტემპიც არ უნდა შეარჩიოს, ბევრი ბავშვისთვის ის მაინც შეუფერებელი იქნება. მაგრამ, თუკი სახელმწიფო კერძო სკოლებისთვის „სტანდარტებს“ დააწესებს, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაული იქნება ბავშვების წინაშე.

თუ მშობლებს სრულიად თავისუფლად შეეძლებათ სკოლის შერჩევა და სახელმწიფო ძალდატანება არ შეაფერხებთ, ისინი თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში სწავლების საუკეთესო ფორმის შერჩევას შეძლებენ, რადგან თავიანთ ბავშვს ყველაზე კარგად იცნობენ და ყველაზე მეტად უყვართ. მასწავლებელს თუ დაიქირავებენ, ყველაზე კომპეტენტურს აირჩევენ; კერძო სკოლაში თუ გადაწყვეტენ ბავშვის გაგზავნას, ისეთს შეარჩევენ, რომელიც მას ყველაზე მეტად შეეფერება. კერძო სკოლების უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თავისუფალი ბაზრის ტენდენცია მათ უსაზღვრო განვითარებას განაპირობებს. სხვადასხვა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა სახის სკოლა იქმნება. არსებობს სკოლები განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის, საშუალო დონისთვის, გონებაშეზღუდულებისთვის, ფართო შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის და მათთვის, ვისთვისაც სპეციალიზებული სწავლება სჯობს და ა.შ. მაგრამ თუ სახელმწიფო დაადგენს, რომ, მაგალითად, არითმეტიკა ყველგან უნდა ისწავლებოდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბავშვი, ვინც სხვა საგნებში ნიჭიერია, მაგრამ არითმეტიკა ნაკლებად ეხერხება, ტყუილუბრალოდ უნდა დაიტანჯოს. სახელმწიფო ერთიანი სტანდარტების დაწესებით ადამიანთა გემოვნებისა და შესაძლებლობების მრავალფეროვნებას ძალადობრივად ზღუდავს.

სახელმწიფო თავისი სავალდებულო სწავლების კანონებით არა მარტო აჩერებს სხვადასხვა ნიჭის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სპეციალიზებული, ნახევრად ინდივიდუალური კერძო სკოლების ჩამოყალიბებას, არამედ ბავშვის აღზრდაში ხელს უშლის მისთვის ყველაზე კვალიფიციურ აღმზრდელს, მისივე მშობელს. გარდა ამისა, ეს კანონები სკოლაში ძალით ერეკება იმ ბავშვებს, ვისაც სწავლა ნაკლებად ეხერხება ან სულ არ ეხერხება.

არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა უნარის მქონე ბავშვებს შორის არიან ნაკლებადგანვითარებულნი, რომლებიც სწავლების პროცესს არ ემორჩილებიან, რადგან მათ გონებრივი შესაძლებლობა არ ჰყოფნით. სკოლაში ამ ბავშვების იძულებით ტარება, რაც თითქმის ყველა სახელმწიფოში ხდება, მათი ბუნების მიმართ ჩადენილი დანაშაულია. თუკი მათ საგნების სისტემატურად სწავლის უნარი არ შესწევთ, ისინი ან უნდა ისხდნენ და იტანჯონ, სანამ სხვები სწავლობენ, ან ნიჭიერი და საშუალო დონის მოსწავლეების განვითარება უნდა შეფერხდეს, სანამ ამ ბავშვებს აიძულებენ, რომ ისწავლონ. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ბავშვებისთვის სწავლას შედეგი არ ექნება და მრავალი მათგანი უბრალოდ დროს დაკარგავს სახელმწიფო დეკრეტის გამო. ეს საათები პირდაპირ იმ საქმეზე რომ დაიხარჯოს, რისი ათვისებაც მათ ეხერხებათ, უდავოა, ისინი უფრო ჯანსაღები დაიზრდებიან. მათი ჩამოყალიბების პერიოდში სკოლაში ათწლიანი იძულებითი სიარული და იმ გაკვეთილებზე დასწრება, რაც არც ესმით და არც აინტერესებთ, მათ პიროვნებას მთლად დაამახინჯებს.

მშობელი თუ სახელმწიფო?

მთელი კამათის საკვანძო საკითხი სწორედ ეს არის: ბავშვის ზედამხედველი სახელმწიფო უნდა იყოს თუ მშობელი? ადამიანური ბუნების ძირითადი თვისება ის არის, რომ რამდენიმე წლის მანძილზე ის შედარებით უმწეოა, თავის რჩენის უნარი შედარებით გვიან უვითარდება. ვიდრე ეს უნარი სრულად არ განუვითარდება, მას არ შეუძლია, სრული პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. ის მზრუნველობის ქვეშ უნდა იყოს. ეს მზრუნველობა კომპლექსური და რთული ამოცანაა. ყმაწვილობიდან, როდესაც ბავშვი მთლად უფროსებზეა დამოკიდებული და დაქვემდებარებული, ის თანდათან იზრდება და დამოუკიდებელი მოზარდის მდგომარეობას აღწევს. საკითხავია ვინ უნდა უხელმძღვანელოს ბავშვს და ვის უშუალო „მფლობელობაში“ უნდა იყოს ის: მშობლების თუ სახელმწიფოს? ამ საქმეში სხვა, მესამე ან შუალედური საყრდენი არ არსებობს. ერთ-ერთმა მხარემ უნდა აკონტროლოს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ არსებობს მესამე დამოუკიდებელი მხარეც, რომელიც უფლებამოსილია ბავშვის აყვანასა და გაზრდაზე. აშკარაა, რომ საქმის ბუნებრივი მდგომარეობა მშობელს აკისრებს ბავშვზე პასუხისმგებლობას. მშობლები ბავშვის შემქმნელნი არიან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და რამდენადაც შეიძლება ადამიანები ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ბავშვი ყველაზე ახლო ურთიერთობაში მშობლებთან არის. მშობლებს ნათესაური სიყვარული აკავშირებთ ბავშვთან. მშობლებისთვის ბავშვი არის პიროვნება - მისი მოთხოვნილებები და პიროვნული თვისებები მათთვის საყურადღებო და ახლობელია.

დასასრულ, თუ საერთოდ გვჯერა თავისუფალი საზოგადოების, სადაც ყველა თავის თავს ეკუთვნის და საკუთარი ნაყოფის მფლობელია, ცხადია, ბავშვი მშობლისთვის ყველაზე ძვირფასი ნაყოფია და მასვე ეკუთვნის. ერთადერთი ლოგიკური ალტერნატივა იმისა, რომ ბავშვი მშობელს „ეკუთვნოდეს“, სახელმწიფოს მიერ ბავშვის მისაკუთრება და მის აღზრდაზე სრული პასუხისმგებლობის აღებაა. ეს ნაბიჯი თავისუფლების ნებისმიერმა მომხრემ მართლაც საშინელებად უნდა მიიჩნიოს. პირველ რიგში, მშობლების უფლებები აბსოლუტურად დაირღვევა, თუ მათ სიყვარულის ნაყოფს წაართმევენ და უცხო ადამიანების ნებას დაუმორჩილებენ. მეორე, ბავშვის უფლებები დაირღვევა, რადგან უსიყვარულოდ გაიზრდება სახელმწიფოს მორჩილებაში, სადაც მის პიროვნებას ნაკლებ პატივს სცემენ. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავისუფლება ყოველი ადამიანის „განათლების“, მისი შესაძლებლობების სრულფასოვანი განვითარების წინაპირობაა. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ძალადობისგან თავისუფლება ადამიანის გონებრივი და პიროვნული განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობის საკითხია. მაგრამ სახელმწიფო! სახელმწიფო სწორედ ძალადობასა და იძულებაზეა აგებული. ფაქტობრივად, სახელმწიფოს სხვა ინდივიდებისა და ჯგუფებისაგან სწორედ ის განასხვავებს, რომ ძალის გამოყენების (საკანონმდებლო) უფლება მხოლოდ მას აქვს. სხვა ინდივიდებისა და ორგანიზაციებისგან განსხვავებით, სახელმწიფო გამოსცემს კანონებს, რასაც დაპატიმრების ან ელექტროსკამის შიშით ემორჩილებიან. თუ ბავშვი ისეთი ინსტიტუტის ფრთებქვეშ გაიზრდება, რომელიც ძალადობასა და შეზღუდვებზეა აგებული, რა მშვიდობიან განვითარებაზეა საუბარი ასეთი მფარველის შემთხვევაში? ამასთან, სახელმწიფო სავალდებულო სწავლებას აუცილებლად ერთგვაროვანს გახდის. ერთგვაროვნება არა მარტო ახლოს არის ბიუროკრატიულ ხასიათთან და იოლი გასატარებელია, არამედ ეს არის სწორედ ის კოლექტივიზმი, რომელიც ინდივიდუალიზმს უსათუოდ დევნის.

თუ ბავშვების კერძო მფლობელობას და უფლებებს სახელმწიფოს კოლექტიური მფლობელობა შეცვლის, აშკარაა, სწავლებაშიც კოლექტიური პრინციპები გატარდება. ის, რასაც უპირველეს ყოვლისა ასწავლიან, თავად სახელმწიფოს მორჩილება იქნება. ადამიანის სულისთვის, რომელსაც სრულად განსავითარებლად თავისუფლება სჭირდება, ტირანია არსებითად მიუღებელია, ამიტომ, უსათუოდ ამოქმედდება დესპოტიზმის შეგუებისა და „აზროვნების კონტროლის“ სხვადასხვა ხერხები. სპონტანური, მრავალფეროვნებისა და დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანების ნაცვლად, პასიური, სახელმწიფოსადმი ცხვარივით მორჩილი რასა ჩამოყალიბდება. არასრულყოფილი განვითარების გამო, მათი ცხოვრება უღიმღამო იქნება. უნდა ითქვას, რომ ასეთი საშინელი ღონისძიებების გატარება დაუშვებელია. კომუნისტური რუსეთიც კი არ წასულა ისე შორს, რომ „ბავშვების კომუნიზმი“ შემოეღო, იმის მიუხედავად, რომ თავისუფლების ჩასახშობად თითქმის ყველა ღონეს ხმარობდა. განათლებაში ეტატისტთა ლოგიკური ამოცანა სწორედ ეს არის.

წარსულშიც და აწმყოშიც ერთი კითხვა ისმის: როგორი უნდა იყოს საზოგადოება, თავისუფალი, სადაც ბავშვები მშობლების მზრუნველობის ქვეშ გაიზრდებიან თუ დესპოტური, სადაც ყველაფერზე სახელმწიფოს მეთვალყურეობა გავრცელდება? ვნახოთ, რა ლოგიკური განვითარება მოსდევს სახელმწიფოს ჩარევასა და მეთვალყურეობას. მაგალითად, ამერიკაში თავიდან, უმეტესად, ფასიანი ან შეწირულობების საფუძველზე მოქმედი სასკოლო სისტემა იყო. XIX საუკუნეში სახელმწიფო განათლების კონცეფცია თანდათან იმდენად შეიცვალა, რომ კერძო სკოლებს განხეთქილების ჩამოგდება დააბრალეს და ყველას სახელმწიფო სკოლაში სწავლა აიძულეს. ბოლოს, სახელმწიფომ ხალხს სავალდებულო სწავლება დააკისრა, ანუ ბავშვები აიძულა სახელმწიფო სკოლებში ევლოთ. ამასთან, კერძო სკოლებს ხელოვნური სტანდარტები დაუდგინა, მშობლების აღმზრდელობითი როლი კი უარყო. ამგვარად, სახელმწიფო მშობლებს მათივე ბავშვების კონტროლის გამო ეომებოდა. მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის ზრდა როდი იყო პრობლემა. კანონის წინაშე თანასწორობის იდეის პოლიტიკაზე გავრცელების შედეგები კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა. თანასწორობისკენ სწრაფვამ წარმოშვა ის ტენდენცია, თითქოს ყველა ბავშვი თანასწორი იყო, თანასწორ მოპყრობას იმსახურებდა და ამიტომ, საკლასო ოთახში სრული თანასწორობა უნდა ყოფილიყო, როგორც ბავშვებთან მოპყრობის, ისე თავად ოთახის კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ამას კლასში მოწაფეთა გათანაბრების მცდელობის ტენდენცია მოჰყვა; მაგრამ ეს უნაყოფო აღმოჩნდა, რადგან გონებაშეზღუდულები (რომლებიც, ჩანაფიქრით, თანასწორობისა და დემოკარტიის სახელით სხვა ბავშვების დონეს არ უნდა ჩამორჩენოდნენ) სწავლაში სულ უფრო და უფრო მეტად ჩამორჩნენ. როგორც ვხედავთ, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ განათლებაზე ზრუნვა დაიწყო, აშკარად გამოიკვეთა, რომ ის პიროვნების ჭეშმარიტი განვითარების გზის ნაცვლად, თანდათან განათლების დათრგუნვისა და შეფერხების გზით წავიდა. ის თვითმყოფადობას კი არ უწყობდა ხელს, არამედ ძალადობის, უმდაბლეს საფეხურზე იძულებით გათანაბრების, სასწავლო საგნების გაუფასურების და ფორმალური განათლების განადგურების, აგრეთვე, სახელმწიფოსა და „ჯგუფის“ მორჩილების დანერგვისა და ინტელექტუალური საგნების უარყოფის ტენდენციებს ამჟღავნებდა.

სახელმწიფოსა და მისი წარმომადგენლების ძალაუფლების წყურვილი განაპირობებს მათ „თანამედროვე საგანმანათლებლო“ კრედოს „ბავშვის სრული განათლების შესახებ“ და სკოლის გადაქცევას „ცხოვრების იმ მონაკვეთად“, როცა ბავშვი თამაშობს, ჯგუფს ეთვისება და ა.შ. ამ და სხვა მრავალი ღონისძიების შედეგი იყო გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისა და პიროვნული დამოუკიდებლობის ნებისმიერი ტენდენციის დათრგუნვა, სხვადასხვა გზით ოჯახისა და სამეგობრო წრის „საგანმანათლებლო ფუნქციის“ (ფორმალური სწავლების გარდა) ხელში ჩაგდების მცდელობა და „ბავშვის ერთავად“ სასურველ გზაზე დაყენების მცდელობა. ამგვარად, „თანამედროვე განათლებამ“ ფორმალური სასკოლო სწავლების ფუნქცია იმ მიზნით უკუაგდო, რომ პიროვნებებს შორის თანასწორობა უმდაბლეს საფეხურზე დაემყარებინა, ოჯახის ზოგადსაგანმანათლებლო როლი მიეთვისებინა და რაც შეიძლება მეტი გავლენა მოეპოვებინა მასზე.

რადგან ბავშვების სახელმწიფო „კომუნიზაციას“ ღიად არავინ არ თანხმდება, თვით კომუნისტური რუსეთიც კი, აშკარაა, რომ სახელმწიფოს ზედამხედველობა უფრო ჩუმად და თანდათან მყარდება. ბავშვებზე მშობლების მზრუნველობასა და სახელმწიფო ზედამხედველობას შორის არჩევანი ყველასთვის ნათელია, ვისაც ადამიანის ღირსების გრძნობა აღელვებს, ვისაც სურს, რომ პიროვნება თავისუფალ საზოგადოებაში განვითარდეს და ჩამოყალიბდეს. მაშ, ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაში არანაირად არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო? დავუშვათ, მშობლები ძალმომრეობენ ბავშვზე და ამახინჯებენ მას. უნდა მივცეთ მათ ამის ნება? თუ არა, მაშ სად უნდა გავავლოთ ზღვარი? ზღვარის გავლება ძალიან იოლია. სახელმწიფოს შეუძლია მკაცრად დაიცვას ყველა ძალადობისგან. ეს გულისხმობს ბავშვებსაც და მოზრდილებსაც, რადგან ბავშვი იზრდება და მომავალში თავისუფალ ადამიანად ჩამოყალიბდება. თუ მშობელი ბავშვს „განათლებას“ არ აძლევს, უფრო სწორად, მის სწავლას არ უზრუნველყოფს, ეს ჩარევის საფუძველს არ წარმოადგენს. ამ ორ შემთხვევას შორის განსხვავებას ლაკონურად აღწერს ჰერბერტ სპენსერი:

„ვიდრე ბავშვის უფლებები არ ირღვევა, ასეთი [სახელმწიფო] ჩარევის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მათი უფლებები კი მათი განათლების [უფრო სწორად, სწავლების] უგულებელყოფით არ ირღვევა... ის, რასაც ჩვენ უფლებებს ვუწოდებთ, უბრალოდ ჩვენი შესაძლებლობების გამოყენებისთვის საჭირო ზოგადი თავისუფლების შემადგენელი ნაწილია. უფლებების დარღვევა შეიძლება მხოლოდ იმას დავარქვათ, რაც, სინამდვილეში, ამ თავისუფლებას ზღუდავს და სასურველი შედეგის მიღწევის მანამდე არსებულ შესაძლებლობას ამცირებს. მშობელი, რომელიც ბავშვის განათლებას უდარდელად ეკიდება, მის თავისუფლებას არ არღვევს, რადგან ეს ბავშვს ხელს არაფერში არ უშლის. ბავშვი სწავლას თუ მოაკლდება, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მას თავისუფლება მოაკლდება და რაც სურს ან რაც უფრო ეხერხება, იმას ვერ გააკეთებს. თავისუფლება სწორედ ის არის, რასაც სამართლიანობა მოითხოვს. უნდა გვახსოვდეს, ყოველ ძალმომრეობას - უფლებების დარღვევას - აუცილებლად აქტიური ქმედების სახე აქვს. რაიმეს უგულებელყოფას, უყურადღებობას, სათვალავიდან გამორჩენას კი - უთუოდ პასიური. რაც არ უნდა დიდი შეცდომა იყოს მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობა, ეს თანასწორი თავისუფლების კანონის დარღვევას არ ნიშნავს, ამიტომ, ამ საკითხის განხილვა სახელმწიფოს კომპეტენციაში არ შედის“5.

ბავშვთა გაერთიანებები

კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტი სავალდებულო განათლების წინააღმდეგ, რაც ხშირად აღინიშნება, ის არის, რომ თუ სწავლება სავალდებულოა და მშობელს არ აქვს შესაძლებლობა თავისი ბავშვები კერძო სკოლაში გაგზავნოს ან მასწავლებელი დაუქირაოს და არც თვითონ შეუძლია სწავლება, მან ბავშვი სახელმწიფო სკოლაში უნდა მიიყვანოს. სახელმწიფო სკოლაში ძირითადად ის ბავშვები მოიყრიან თავს, რომლებიც სკოლაში საერთოდ არ ივლიდნენ საყოველთაო სავალდებულო სწავლების კანონი რომ არ არსებობდეს. აქ იგულისხმება გონებასუსტი, უცოდინარი ბავშვები, სხვადასხვა სახის მცირეწლოვანი სამართალდამრღვევები და ხულიგნები. მშობელს ურჩევნია, ბავშვი სკოლაში არ გაგზავნოს, რომ ასეთ უვარგის გარემოში არ მოხვდეს, მაგრამ სახელმწიფო აიძულებს მას ასე მოიქცეს, რამაც შეიძლება მავნე გავლენა მოახდინოს უდანაშაულო ბავშვზე.

დღის ერთ ნაწილში მშობლის მზრუნველობასა და მეთვალყურეობას მოკლებულ ბავშვს უვარგის ამხანაგებთან უხდება ურთიერთობა და შეიძლება მათი ზეგავლენის ქვეშაც მოექცეს და, შესაბამისად, შესაძლებელია, მცირეწლოვანთა ბანდაშიც აღმოჩნდეს, ნარკოტიკებსაც მიეჩვიოს და ა.შ. არ ვაზვიადებთ, დღევანდელი პრესის ნებისმიერმა მკითხველმა იცის, რომ ეს ასეა. უკეთესისა და გამორჩეულის მიმართ საერთო სიძულვილი, მასთან გათანაბრებისკენ სწარფვა ბოროტებისკენ უბიძგებს მცირეწლოვან დამნაშავეებს და აფიქრებინებს: ყველა ბავშვი უნდა ვაიძულოთ ნახოს რა არის „ცხოვრება“ და ვაიძულოთ უმდაბლეს საფეხურზე მდგომ არსებებთან იმეგობრონ. ამ შემთხვევაში პოტენციურად უკეთესი ბავშვების მიმართ შური აშკარაა და იძულებითი თანასწორობისა და პიროვნულობის ჩახშობის სურვილი უდევს საფუძვლად.

სავალდებულო და თავისუფალი განათლება

მისი უწმინდესობა ჯორჯ ჰარისი სავალდებულო განათლების დამკვიდრებისთანავე მისი ერთგვაროვანი და იძულებითი თანასწორობის შედეგებს აღწერს: „[1897] ამერიკასა და სხვა ქვეყნებშიც საგანმანათლებლო სისტემა იმდენად არის დანერგილი, რომ წარმოსახვითი პროგნოზირების გარეშეც იოლია იმის დანახვა, თუ რა თანასწორობას ითვალისწინებს ეს შესაძლებლობა... ყველას ერთი და იგივე დრო ეთმობა; ყველა ერთსა და იმავე კურსს გადის; ყველას ერთი და იგივე მასწავლებლები ჰყავს; ეს შესაძლებლობა უბრალოდ კი არ არსებობს, არამედ ყველასათვის იძულებითია. ვერც ერთი სოციალისტური პროგრამაც კი ვერ გაითვალისწინებს ყველასთვის ისეთი თანასწორი განათლების მიცემის შესაძლებლობას, როგორც ამას არსებული სახელმწიფო სასკოლო სისტემა აკეთებს. მისტერ ბელამსაც კი [იმდროინდელი ცნობილი სოციალისტი, ტოტალიტარიზმის მომხრე] მიაჩნია, რომ XX საუკუნეშიც კი XIX საუკუნის მოდელის სკოლებს ვხვდებით. ყველაფერი შეიცვალა, სკოლების გარდა... ორმოცდაათ მერხთან ორმოცდაათი ერთნაირი გოგონა და ბიჭი ზის და ერთნაირ გაკვეთილს ამზადებს. მაგრამ მას, ვისაც მათემატიკის მიდრეკილება არ აქვს, ალგებრა თანასწორობის შესაძლებლობას არ აძლევს... სინამდვილეში, გარეგნულად რაც უფრო თანასწორია შესაძლებლობა, რეალურად მით უფრო უთანასწოროა. როდესაც ერთი და იგივე მასწავლებელი, ერთსა და იმავე დროში ორმოცდაათ ბიჭსა და გოგონას ერთსა და იმავეს ასწავლის, უმრავლესობას სწავლის არანაირი შესაძლებლობა არ ეძლევა. ნიჭიერი მოსწავლეები თავიანთ შესაძლებლობებს სრულად ვერ გამოავლენენ,… გონებაჩლუნგები მათ მაინც ვერ დაეწევიან, ხოლო საშუალო დონის ბავშვებს სწავლის ხალისი არ ექნებათ, რადგან ნიჭიერი ბავშვები მათზე იოლად ასრულებენ დავალებას“6.

1940-იან წლებში ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი ჰერბერტ რიდი ადამიანთა მრავალფეროვნებაზე ამახვილებდა ყურადღებას და სავალდებულო „ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის“ „ფსიქოლოგიურ“ წინააღმდეგობრიობაზე მიუთითებდა. კაცობრიობა ბუნებრივად მრავალგვარია და ადამიანების ერთ ყალიბში მოთავსების მცდელობა აუცილებლად რეპრესიებამდე და გადაგვარებამდე მიგვიყვანს. სხვადასხვა მეთოდების გამოსაყენებლად და სხვადასხვა ხასიათის დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა სახის სკოლა უნდა არსებობდეს. ტოტალიტარული სახელმწიფოც კი უნდა აღიარებდეს ამ პრინციპს. საქმე ის არის, რომ ადამიანების სახეცვლილება ორგანული პროცესია, რომელიც სხვადასხვა მიზნით სპონტანური და დროებითი გაერთიანების შედეგია. დაყოფა და დანაწილება იგივე არ არის, რაც შეერთება და გაერთიანება. ეს სრულიად საპირისპირო პროცესებია. განათლების მთელი სტრუქტურა, როგორც ბუნებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ნაწილებად დაიშლება თუ შევეცდებით, რომ ის... ხელოვნური გავხადოთ7.

დიდი ფილოსოფოსი ჰერბერტ სპენსერი აღნიშნავდა, რომ დესპოტიზმი სავალდებულო განათლების განუყოფელი ნაწილიაო: „რას გულისხმობს გამოთქმა, მთავრობამ უნდა გაანათლოს ხალხი? რატომ უნდა განათლდნენ ისინი? რისთვის არის საჭირო განათლება? ცხადია, იმისთვის, რომ ხალხი სოციალურ ცხოვრებას მოერგოს - რომ მათგან კარგი მოქალაქეები დადგნენ. და ვინ უნდა თქვას რა არის კარგი მოქალაქე? მთავრობამ, სხვა მსაჯული არ არსებობს. ამგვარად, ეს წინადადება შეიძლება ასე შევცვალოთ - მთავრობამ ბავშვები კარგ მოქალაქეებად უნდა ჩამოაყალიბოს.… მან ჯერ თავისთვის უნდა შექმნას სანიმუშო მოქალაქის გარკვეული კონცეფცია და ამის შემდეგ შეიმუშაოს ისეთი სწავლების სისტემა, რომელიც ასეთი მოდელის მოქალაქეებს ყველაზე უკეთ ჩამოაყალიბებს. სწავლების ეს სისტემა ბოლომდე უნდა გატარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მოდელით წარმოდგენილი ადამიანისგან განსხვავებული ადამიანები ჩამოყალიბდებიან და, ამის გამო, დაკისრებული მოვალეობა შეუსრულებელი დარჩება“8.

მისის იზაბელ პატერსონს ბრწყინვალე დასკვნა გამოაქვს სავალდებულო სახელმწიფო განათლების ტირანიისა და თავისუფალი კერძო განათლების უპირატესობის შესახებ: „როდესაც საქმე სასწავლო პროგრამების შედგენას ეხება, პოლიტიკური მმართველობა.თავისი ბუნებიდან გამომდინარე, იძულებულია ფაქტებისა და მოსაზრების სა წინააღმდეგო კანონები გამოსცეს. ყველაზე ზუსტი და დასაბუთებული მეცნიერული ცოდნა, რასაკვირველია, გარკვეული თვალსაზრისით არასასურველია პოლიტიკური მმართველობისთვის, რადგან მას ძალუძს, რომ მთავრობის წინდაუხედაობა და მისი საქმიანობის არასასურველი შედეგები გამოამჟღავნოს. „დიალექტიკური მატერიალიზმის“ უაზრობის ლოგიკური ანალიზით დამტკიცების უფლებას რუსეთში არავის მისცემდნენ... პოლიტიკური მმართველობის მიერ განათლების სისტემის ზედამხედველობის მცდელობას ყველა ქვეყანაში ასეთივე შედეგი მოჰყვება. სასწავლო ტექსტები აუცილებლად საკითხისადმი განსაზღვრულ მიდგომას, ენასა და მსოფლმხედველობას უნდა მოერგოს. იქ, სადაც კერძო სკოლების სისტემა მოქმედებს, სკოლებისა და სასწავლო პროგრამების მნიშვნელოვანი მრავალფეროვნება შეინიშნება; მშობლები შეთავაზებული პროგრამიდან თავად ირჩევენ თუ რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა. შედეგად, თითოეული მათგანი ობიექტურ ჭეშმარიტებას უნდა ესწრაფოდეს... არავინ აიძულებს მათ „სახელმწიფოს უზენაესობა“ სავალდებულო დოქტრინად მიიღონ. მაგრამ პოლიტიკურად კონტროლირებადი საგანმანათლებლო სისტემა ადრე თუ გვიან სახელმწიფოს უზენაესობის დოქტრინის ჩანერგვას დაიწყებს, ეს იქნება მითი სამეფო უფლებების ღვთაებრივი წარმოშობისა თუ „ხალხის ნებასურვილით“ „დემოკრატიის“ დამკვიდრების შესახებ. როგორც კი ამ დოქტრინას შემოიღებენ, ადამიანების პოლიტიკური ხელისუფლების მარწუხებიდან დაღწევის მცდელობა თითქმის ზეადამიანურ ამოცანად იქცევა. ბავშვების სხეული, ქონება და გონება ადრეული ასაკიდანვე სახელმწიფოს კლანჭებშია მოქცეული. რვაფეხა უფრო მალე გაუშვებს თავის მსხვერპლს, ვიდრე მათ სახელმწიფო.

სახელმწიფოს მიერ საგადასახდო შემოსავლებიდან დაფინანსებული სავალდებულო საგანმანათლებლო სისტემა ტოტალიტარული სახელმწიფოს სრულყოფილი მოდელია“9.

აქვე უნდა დავამატოთ ისიც, რომ შეერთებული შტატების თანამედროვე განათლების სისტემაში სახელმწიფომ იმგვარი გამოსავალი იპოვა, რომ კერძო სკოლები კი არ აკრძალა, როგორც ეს ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მოხდა, არამედ მათ სახელმწიფოს უზენაესობის სწავლება აიძულა. მინიმალური სტანდარტების სერტიფიკატების შემოღებით სახელმწიფო ეფექტურად, თუმცა ფარულად ბატონობს კერძო სკოლაზე და ამით, სინამდვილეში, სახელმწიფო სასკოლო სისტემას განავრცობს. კერძო სკოლებს მხოლოდ სავალდებულო სკოლების და იძულებითი სტანდარტების თავიდან მოშორება გაათავისუფლებს და დამოუკიდებლად ქმედების საშუალებას მისცემს. მისის პატერსონი მოკლედ მიმოიხილავს სავალდებულო სწავლებისა და განათლების საკითხს. მაგრამ განა არავინ იქნება წერა-კითხვის უცოდინარი? კი, იქნება, ისევე, როგორც ახლაც არიან წერა-კითხვის უცოდინარნი და წარსულშიც იყვნენ. შეერთებულ შტატებს ერთი პრეზიდენტიც კი ჰყავდა, რომელმაც წერა-კითხვა გვიან ისწავლა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის არც დაოჯახებაში და არც ცხოვრებაში. საქმე ისაა, რომ თავისუფალ ქვეყანაში თუ ვინმე წერა-კითხვის უცოდინარი დარჩება, შეიძლება ასევე დავტოვოთ; რასაკვირველია, უბრალოდ წერაკითხვის ცოდნა თავისთავად საკმარისი განათლება არ არის, მაგრამ ცივილიზაციის ეპოქაში განათლების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ სკოლების სრული პოლიტიკური კონტროლის პირობებში ცივილიზაციის მიღწევა და განათლების შეძენა სრულიად შეუძლებელი იქნება. ეს მხოლოდ აზროვნების გარკვეულ ჩარჩოებშია შესაძლებელი, როდესაც ცოდნის შეძენა ნებაყოფლობით ხდება. მისის პატერსონი მასწავლებლებსა და განათლებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს, ვინც მის კრიტიკას

ალბათ ეპითეტებით შეამკობს, ასე პასუხობს: „თქვენ გგონიათ, არავინ განდობთ თავის შვილს და სიამოვნებით არ გადაგიხდიან მისი აღზრდისთვის? რატომ უნდა მოაგროვოთ მოსწავლეები იძულებით?“10

სავალდებულო სწავლების პრობლემის გასაანალიზებლად ერთ-ერთ საუკეთესო გზას წარმოადგენს მის თითქმის ზუსტ ანალოგიაზე, განათლების მეორე დიდ წყაროზე - გაზეთებზე დაფიქრება. რას ვიტყოდით მთავრობას რომ (ფედერალური ან საშტატო) გადასახადების გადამხდელთა ფულით მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო გაზეთების ქსელი გაეხსნა და მათი წაკითხვა ყველასთვის (ან ყველა ბავშვისთვის მაინც) სავალდებულო ყოფილიყო? რას ვიტყოდით, თუ ამის შემდეგ მთავრობა აკრძალავდა ყველა სხვა გაზეთს, ან, უფრო სწორად, აკრძალავდა იმ გაზეთებს, რომელიც არ შეეფერებოდა იმ „სტანდარტებს“, რასაც, სამთავრობო კომისიის აზრით, ბავშვი უნდა კითხულობდეს? ამერიკაში ასეთი წინადადება ალბათ საშინელ რეაქციას გამოიწვევდა, თუმცა ეს სწორედ ისეთივე რეჟიმია, რაც მთავრობამ განათლების სფეროში დაამყარა. სავალდებულო სახელმწიფო პრესას ხალხი პრესის ძირითადი უფლების დარღვევად მიიჩნევდა. მაგრამ, განა განათლების უფლება ისეთივე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც პრესის უფლება? განა ორივე მათგანი საზოგადოების ინფორმირებისა და განათლების ქმედითი საშუალება - ჭეშმარიტების ძიებისა და ინფორმაციის თავისუფლად მოპოვების საშუალება არ არის? ცხადია, თავისუფალი სწავლების ჩახშობა უფრო დიდ შეშფოთებას უნდა იწვევდეს, ვიდრე თავისუფალი პრესის, რადგან აქ ბავშვების ჩამოუყალიბებელ გონებასთან გვაქვს საქმე.

II. სავალდებულო სწავლება ევროპაში

სავალდებულო სწავლების შემოღებით სახელმწიფო რეკორდულ შედეგებს აღწევს: მშობელს საკუთარ ბავშვზე ზედამხედველობის უფლებას ართმევს; ერთიანობისა და თანასწორობის იდეას პიროვნული ზრდის დასათრგუნად იყენებს და ისეთ მეთოდებს იგონებს, რაც ბავშვების გონებრივი შესაძლებლობებისა და დამოუკიდებელი აზროვნების ზრდას აფერხებს.

სათავეები

ანტიკური საბერძნეთისა და რომის განათლების სისტემებზე საუბარს დიდ დროს არ დავუთმობ. ათენში, თავიდან სავალდებულო სახელმწიფო განათლების სისტემა მოქმედებდა, მოგვიანებით მას განათლების ნებაყოფლობითი სისტემა ჩაენაცვლა. მეორე მხრივ, სპარტაში, რომელიც თანამედროვე ტოტალიტარიზმის უძველეს მოდელს წარმოადგენს, სახელმწიფო ერთი დიდი სამხედრო ბანაკის სახით ჩამოყალიბდა, სადაც ბავშვებს მშობლებს ართმევდნენ და ყაზარმებში სახელმწიფოს მონურ მორჩილებას ასწავლიდნენ. სპარტამ სავალდებულო განათლების სისტემის სრულიად ლოგიკურ შედეგს მიაღწია: „ყველა ბავშვზე“ სრული ზედამხედველობა დაამყარა, მათ თანასწორობას მიაღწია და სახელმწიფო ბრძანებებისადმი პასიურ მორჩილებას შეაჩვია. ამ სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის იყო, რომ ის პლატონისთვის იდეალი გახდა. „რესპუბლიკისა“ და „კანონების“ თანახმად, მან ამგვარი საგანმანათლებლო სისტემა თავისი იდეალური სახელმწიფოს საფუძვლად წარმოადგინა. პლატონის „უტოპია“ დესპოტიზმის პირველი მოდელი გახდა - ის სავალდებულო სწავლებასა და მორჩილებაზე ამახვილებდა ყურადღებას, ბავშვების „კომუნიზმსა“ და მათ ელიტარულ „აღმზრდელებზე“ საუბრობდა, რომელთაც თავადაც არანაირი კერძო საკუთრება არ გააჩნდათ; ხოლო სიცრუე სახელმწიფოს მიერ ხალხის დამორჩილების საუკეთესო ბერკეტად მიაჩნდათ.

შუა საუკუნეების ევროპაში სავალდებულო სახელმწიფო სწავლების საკითხი საერთოდ არ წამოჭრილა. სწავლება საეკლესიო სკოლებსა და უნივერსიტეტებში, კერძო სკოლებსა და სახელოსნო სასწავლებლებში მიმდინარეობდა. სავალდებულო სახელმწიფო განათლების დამკვიდრებისკენ პირველი ნაბიჯები უშუალოდ რეფორმაციის დროს გადაიდგა. მთავარი მამოძრავებელი ძალა მარტინ ლუთერი იყო, რომელიც საზოგადოებას ერთავად სახელმწიფო სკოლებისა და სავალდებულო სწავლებისკენ მოუწოდებდა. ლუთერის მიერ გერმანელ ხელისუფალთათვის 1520 წელს მიწერილ ცნობილ წერილს ეტატისტური შინაარსი და ასეთივე დასკვნა ჰქონდა: „ძვირფასო ხელისუფალნო, …ჩემი აზრით, სამოქალაქო ხელისუფლება ვალდებულია, ხალხს ბავშვების სკოლაში გაგზავნა აიძულოს... თუკი მთავრობა სამხედრო სამსახურისთვის ვარგის მოქალაქეებს ომის დროს იარაღის ასხმას, ციხესიმაგრეების აგებას და სხვა სამხედრო მოვალეობათა შესრულებას აიძულებს, როგორ არ უნდა ჰქონდეს მას იმის უფლება, რომ ხალხს ბავშვების სკოლაში აგზავნა აიძულოს, თუკი ამით ეშმაკს შევებრძოლებით, რომელიც უჩუმრად ცდილობს, ჩვენს ქალაქებსა და სამთავროებს ძლიერი ადამიანები გამოაცალოს“ 11.

რასაკვირველია, ლუთერი ამგვარი მხედრული შემართებით ტყუილუბრალოდ არ საუბრობდა „ეშმაკსა“ და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მისთვის ომი ძალიან რეალური რამ იყო. ლუთერის დაჟინებული მოთხოვნით, 1524 წელს გოთის გერმანულმა სახელმწიფომ პირველი თანამედროვე სახელმწიფო სკოლები დააარსა, რასაც 1527 წლიდან ტიურინგიაც მიჰყვა. თვითონ ლუთერმა საქსონიის სასკოლო გეგმა შეადგინა, რომელიც, მოგვიანებით, გერმანიის პროტესტანტულ სახელმწიფოთა უმრავლესობაში სახელმწიფო განათლების სისტემას დაედო საფუძვლად. ეს გეგმა, რომელიც ყველა სოფელსა და ქალაქში სახელმწიფო სკოლების გახსნას გულისხმობდა, ლუთერის გამორჩეული მოსწავლის - მელანქტონის მომზადებული ბრძანების მიხედვით პირველად 1528 წელს ამოქმედდა საქსონიაში. თანამედროვე სამყაროს პირველი სახელმწიფო სავალდებულო სისტემა 1559 წელს ვურტემბურგელმა ჰერცოგმა ქრისტოფერმა დააარსა. სკოლაში დასწრება სავალდებულო იყო, აღრიცხვა წარმოებდა და გაცდენების გამო ჯარიმას ახდევინებდნენ. მალე ამ მაგალითს სხვა გერმანულმა სახელმწიფოებმაც მიბაძეს.

რა იმალებოდა ლუთერის მოწოდების უკან სახელმწიფო განათლების შესახებ? გავრცელებული აზრის თანახმად, ეს რეფორმატორების დემოკრატიულ განწყობილებასა და იმ სურვილს წარმოაჩენდა, რომ ბიბლიის წაკითხვა და გაგება ყველას დამოუკიდებლად შესძლებოდა12. სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო. რეფორმატორები საყოველთაო სავალდებულო სწავლებას იმიტომ უჭერდნენ მხარს, რომ ამ გზით თავიანთი განსაკუთრებული რელიგიური თვალსაზრისის მთელ მოსახლეობაზე გავრცელება სურდათ, რადგან „ეშმაკთან“ და ეშმაკის მოციქულებთან ბრძოლის აუცილებელ საშუალებად მიაჩნდათ. ლუთერისთვის ამ მოციქულების დიდ ჯგუფს არა მარტო ებრაელები, კათოლიკები და ურწმუნოები შეადგენდნენ, არამედ სხვა პროტესტანტული სექტებიც. ლუთერის პოლიტიკური იდეალი ლუთერანული პრინციპებითა და მინისტრებით მართული ყოვლისმომცველი სახელმწიფო იყო. მისთვის ამოსავალი პრინციპი იყო, რომ ბიბლია, მისი, ლუთერისეული განმარტებებით, ცხოვრების ყველა სფეროში ერთადერთი გზამკვლევი იყო. მისი თქმით, „მოსეს კანონები ცრუ წინასწარმეტყველთა სიკვდილით დასჯას მოითხოვს და ეს ღვთის ნება სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. სახელმწიფოს მოვალეობაა ლუთერანული ეკლესიისგან განდგომილები ისევ მის სამწყსოში დააბრუნოს. არ არსებობს ხსნა ლუთერანული ეკლესიის მიღმა, ამიტომ სახელმწიფო არა მარტო ვალდებულია ყველას ლუთერანობა აიძულოს, არამედ ეს მისი განსაკუთრებული ამოცანაა“. დიდი ისტორიკოსი ლორდ ექტონი ლუთერის შესახებ ამბობდა: „რელიგიის დაცვა სამოქალაქო ხელისუფლების მოვალეობად აქცია, და არა მხოლოდ მოვალეობად, არამედ მის მთავარ ამოცანადაც. მისი მოვალეობა მხოლოდ და მხოლოდ [ლუთერანულ] ეკლესიას მიღმა დარჩენილ ადამიანებზე ზემოქმედება გახდა“13.

ლუთერი ყურადღებას ამახვილებდა პასიური მორჩილების თეორიაზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებას არანაირი მოტივი ან უკმაყოფილება არ ამართლებს. 1530 წელს მან განაცხადა, რომ: „ქრისტიანები ვალდებული იყვნენ უსამართლობა აეტანათ, ხოლო იმპერატორები არც ფიცის გატეხვის და არც თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კარგავდნენ ქვეშევრდომებისგან სრული მორჩილების მოთხოვნის უფლებას“. ამგვარად, ლუთერი იმედოვნებდა, რომ დიდგვაროვნებს ლუთერანიზმს მიაღებინებდა და მათ სამფლობელოებში მის გავრცელებას აიძულებდა. ლუთერი ერთმნიშვნელოვნად იდგა იმ აზრზე, რომ სახელმწიფო ძალაუფლება უკიდურესი სიმკაცრით უნდა გამოეყენებინათ იმ ხალხის მიმართ, ვინც ლუთერანიზმზე იტყოდა უარს. ის მოითხოვდა, რომ ყველა დანაშაული უკიდურესი სიმკაცრით დასჯილიყო. რასაკვირველია, მთავარი დანაშაული ლუთერანიზმის უარყოფა იყო და უმკაცრესად სწორედ ამგვარი საქციელი უნდა დასჯილიყო. სახელმწიფოს ცოდვები უნდა აღმოეფხვრა, ეკლესიისგან განდგომას და სექტანტობას არ უნდა შერიგებოდა. „არ შეიძლება რომ რომელიმე ერისკაცმა დიდგვაროვანმა თავის ქვეშევრდომებს საპირისპირო დოქტრინათა ქადაგებისა და შუაზე გახლეჩის ნება მისცეს“. მოკლედ, „ერეტიკოსებს კი არ უნდა ვედაოთ, არამედ დაუნდობლად დავსაჯოთ. ისინი ცეცხლმა უნდა შთანთქას“.

აი, ასეთი მიზანი იმალებოდა დასავლური სამყაროს პირველი სავალდებულო სახელმწიფო სასკოლო სისტემის უკან და ასეთი იყო ის შთაგონება, რასაც ამ სისტემისთვის სული უნდა შთაებერა. არანაკლებ მკაცრი დესპოტი იყო მელანქტონი, ლუთერის მარჯვენა ხელი გერმანიაში სავალდებულო სახელმწიფო სკოლებისათვის ბრძოლაში. მელანქტონი მტკიცედ იდგა იმ აზრზე, რომ ყველა ერეტიკოსს ცეცხლითა და მახვილით უნდა გასწორებოდნენ და თუ ვინმე ახალ რელიგიურ მოსაზრებებს წამოაყენებდა, სიკვდილით უნდა დაესაჯათ. ეს სასჯელი პროტესტანტული მოძღვრებიდან ნებისმიერ გადახვევას ეხებოდა. სულ უმნიშვნელოსაც კი, ლუთერანების გარდა ყველა მკაცრად უნდა განედევნათ - კათოლიკები, ანაბაპტისტები, სერვეტიანები, ცვინგლიანები და ა.შ.

დასავლეთში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, ლუთერს პოლიტიკურ და საგანმანათლებლო ცხოვრებაზე ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდა. ის სავალდებულო სწავლების მთავარი მომხრე იყო, მისი პროექტები კი პირველი გერმანული სკოლების ნიმუშები. ამასთან, მან ლუთერანებს სახელმწიფოს მიმართ მორჩილებისა და დისიდენტების დევნის იდეა ჩაუნერგა. როგორც ექტონი ამტკიცებს, მან „თავისი მომხრეები პოლიტიკურად დამოკიდებული გახადა და სახელმწიფოს მიმართ უტყვი მორჩილების ჩვევაც მას მერე დამკვიდრდა“14.

ლუთერის თაყვანისმცემლები მის გავლენას პოლიტიკასა და სავალდებულო სწავლებაზე ასეთ შეფასებას აძლევენ: „ლუთერის 1524 წლის განცხადების მარადიული და დადებითი მნიშვნელობა იმდენად მის უშუალო შედეგებში კი არ მდგომარეობს, არამედ იმაში, რომ მან პროტესტანტულ გერმანიაში ეროვნულ რელიგიასა და პიროვნებისა და სახელმწიფოს საგანმანათლებლო მოვალეობებს შორის ღვთიური კავშირი შეკრა. უდავოა, სწორედ ამგვარად შეიქმნა ის ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი, რამაც პრუსიაში ინგლისზე გაცილებით უფრო ადრე გახადა შესაძლებელი სკოლებში სწავლის სავალდებულო პრინციპის დანერგვა“15.

ლუთერის გარდა თანამედროვე სამყაროში სავალდებულო განათლების დამკვიდრებაში წამყვანი როლი მეორე დიდმა რეფორმატორმა, ჯონ კალვინმა შეასრულა. კალვინი 1536 წელს ჟენევაში ჩავიდა, სადაც იმ დროს სავოის ჰერცოგისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხი წარმატებით დამთავდრა. კალვინი მთავარ პასტორად და ქალაქის მმართველად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ის 1564 წლამდე დარჩა. კალვინმა ჟენევაში რამდენიმე სახელმწიფო სკოლა დააარსა, სადაც დასწრება სავალდებულო იყო. რამ შთააგონა კალვინს სახელმწიფო სასკოლო სისტემის დაარსება? ის კალვინიზმისა და მის მიერ დამყარებული თეოკრატიული დესპოტიზმისადმი მორჩილების დანერგვას ისახავდა მიზნად. კალვინმა თავის თავში პოლიტიკური დიქტატორი და რელიგიური მოძღვარი გააერთიანა. კალვინისთვის საკუთარი დოქტრინისა და მისი უზენაესობის გარდა არაფერი არ არსებობდა, არც თავისუფლებას ჰქონდა რამე მნიშვნელობა და არც უფლებას. კალვინის დოქტრინა ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს მიზანი და ამოცანა კალვინიზმის მხარდაჭერა იყო, რაც დოქტრინის წმინდად დაცვას და ადამიანთა ქცევაში მკაცრ ასკეტიზმს გულისხმობდა. დედამიწაზე „რჩეულთა” მხოლოდ პატარა უმცირესობა იყო (კალვინის მეთაურობით), დანარჩენები ცოდვილთა მასას წარმოადგენდნენ, ვინც მახვილით უნდა დაეპყროთ და დაემორჩილებინათ, რომ მათზე კალვინისტური რწმენა გაევრცელებინათ.

ის ყველა ერეტიკოსის დახოცვის მომხრე არ იყო. კათოლიკებს და ებრაელებს სიცოცხლის უფლება რჩებოდათ, მაგრამ, კალვინისტების გარდა, ყველა პროტესტანტი სიკვდილით უნდა დასჯილიყო. თუმცა, ზოგჯერ აზრს იცვლიდა და ყველა კათოლიკის სასტიკად დასჯასაც უჭერდა მხარს. კალვინიც ხელისუფალთა მორჩილების იდეას იცავდა, განურჩევლად მათ მიერ არჩეული მმართველობის ფორმისა. მისი აზრით, ხელისუფლებას ღვთაებრივი ფუნქცია ჰქონდა და თუკი ის კალვინისტური იყო, მის არც ერთ გადაწყვეტილებას არ უნდა მოჰყოლოდა უკმაყოფილება. ერეტიკოსების გარდა, ისინიც სიკვდილს იმსახურებდნენ, ვინც ამგვარ დასჯას უსამართლობად მიიჩნევდა. ერეტიკოსების დევნას კალვინის გამორჩეული მოწაფეებიც, მათ შორის ბეზაც, მტკიცედ უჭერდნენ მხარს.

დასავლურ სამყაროზე კალვინს უფრო დიდი ზეგავლენა ჰქონდა, ვიდრე ლუთერს, რადგან მისმა გულმოდგინე პროპაგანდისტულმა ძალისხმევამ ჟენევა ევროპაში საკუთარი პრინციპების ფართოდ გავრცელების ცენტრად აქცია. ხალხი მთელი ევროპიდან მოდიოდა, რომ კალვინის სკოლაში ესწავლა და მისი ნაშრომები წაეკითხა, რის შედეგადაც კალვინიზმის გავლენა მთელს ევროპას მოედო. კალვინისტებმა მთელ ევროპაში დაიწყეს აგიტაცია სავალდებულო სახელმწიფო სკოლების დასაარსებლად16. 1560 წელს ფრანგმა კალვინისტებმა და ჰუგენოტებმა მემორანდუმი გაუგზავნეს მეფეს, სადაც საყოველთაო სავალდებულო განათლების შემოღებას სთხოვდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. თუმცა, კალვინისტების გავლენით, 1571 წელს ნავარიის დედოფალმა ჟანა დ'ალბრემ საფრანგეთის ამ ნაწილში დაწყებითი განათლება სავალდებულო გახადა. სავალდებულო სახელმწიფო სკოლები კალვინისტურმა ჰოლანდიამ 1609 წელს შემოიღო. ჯონ ნოქსი, რომელმაც შოტლანდია თავისი პრესვიტერიანული ეკლესიით დაიპყრო, კალვინისტი იყო, თუმცა ზოგიერთი პრინციპი თვითონ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა. მან კალვინისტური მიმართულების ეკლესია დააარსა და კათოლიკების სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. 1560-იან წლებში ნოქსმა, საყოველთაო სავალდებულო სწავლების შემოღება სცადა შოტლანდიაში, მაგრამ წარუმატებლად. ის თავის „დისციპლინის წიგნში“ სავალდებულო განათლებას უჭერდა მხარს და ყველა შოტლანდიურ ქალაქს სახელმწიფო სკოლის გახსნისკენ მოუწოდებდა. ამერიკაში განათლების სისტემის განვითარებაზე ყველაზე დიდი გავლენა კალვინისტურმა ტრადიციამ მოახდინა. კალვინისტების ზეგავლენა ძლიერი იყო ინგლისელ პურიტანებს შორისაც. სწორედ პურიტანების ზეგავლენით მოხდა სახელმწიფო სკოლებისა და სავალდებულო განათლების ინაუგურაცია ახალ ინგლისში, რის შემდეგაც საბოლოოდ მოედო მთელ შეერთებულ შტატებს. ამერიკის სავალდებულო განათლების ისტორიაზე მომდევნო ნაწილში ვისაუბრებთ.

პრუსია

ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ევროპის ყველაზე აშკარად დესპოტური ქვეყანა, პრუსია, პირველი იყო, რომელმაც სავალდებულო განათლების ეროვნული სისტემა შემოიღო. არც ის არის გასაკვირი, რომ თავიდან, როგორც ვნახეთ, ეს შთაგონება ლუთერიდან და მისი სახელმწიფოს აბსოლუტიზმისადმი მორჩილების დოქტრინიდან დაიწყო. როგორც მისტერ თვენთიმენი გადმოგვცემს: „სახელმწიფოს ჩარევა განათლების სისტემაში თითქმის ემთხვევა პრუსიის სახელმწიფოს აღმასვლას“. XVII საუკუნის პირველ ნახევარში, ოცდააათწლიანი ომის შედეგად, გერმანიის განათლების სისტემა, ისევე, როგორც მისი სხვა ინსტიტუტები და კულტურა, სრულიად განადგურდა. მაგრამ კონფლიქტის დასასრულს სხვადასხვა გერმანული სახელმწიფოების მთავრობებმა ღონისძიებები გაატარეს და ჯარიმის დაკისრებისა და დაპატიმრების მუქარით, ბავშვების სკოლაში დასწრება სავალდებული გახადეს. პირველი ნაბიჯი 1643 წელს გოთამ გადადგა. მას სხვა სახელმწიფოებიც მიჰყვა, მაგალითად, ჰეილდშეიმი 1663 წელს, პრუსია 1669 წელს და კალემბერგი 1681 წელს17.

პრუსიის სახელმწიფო ძალაუფლებისა და ბატონობის ზრდა XVIII ს-ში დაიწყო, მეფე ფრედერიკ უილიამ I-ის დროს. ფრედერიკ უილიამს მშობლების დესპოტიზმისა და მონარქიული აბსოლუტიზმის სიქველის გულწრფელად სჯეროდა. ერთ-ერთი პირველი ღონისძიება, რაც მან გაატარა, ეს იყო მთელ ევროპაში ცნობილ რკინისებურ დისციპლინაზე აგებული პრუსიული ჯარის რიცხოვნობის მნიშვნელოვანი გაზრდა. სამოქალაქო მმართველობისთვის ფრედერიკ უილიამმა სამოქალაქო სამსახურის ცენტრალიზებული მექანიზმი მოიგონა, რომელიც პრუსიის ცნობილ ავტოკრატიულ ბიუროკრატიად იქცა. კომერციულ სამყაროში მეფემ ვაჭრობასა და მეწარმეობაზე შეზღუდვები, ნებართვები და სუბსიდიები შემოიღო. ევროპაში პირველი ეროვნული სავალდებულო სასკოლო სისტემა ფრედერიკ უილიამ I სწორედ პრუსიაში დააფუძნა.

1717 წელს მან ბრძანება გამოსცა ყველა ბავშვის სკოლაში სავალდებულო დასწრების შესახებ. მისი მომდევნო ნაბიჯი უფრო მეტი ასეთი სკოლის აგება იყო. ალბათ კანონზომიერი იყო, რომ მეფის პირად ინტერესებს სწორედ დესპოტიზმისა და მილიტარიზმის აშკარა ხელშეწყობა წარმოადგენდა. კაილფონ ჰეისი ამტკიცებს: „ის თავის სამეფოს საკლასო ოთახივით ეპყრობოდა და თავის ხელქვეითებს მკაცრი მასწავლებელივით უმოწყალოდ სცემდა“. მისი დაწყებული საქმეები მისმა ვაჟმა ფრიდრიხ დიდმა წასწია წინ, რომელმაც განაახლა და კიდევ უფრო განამტკიცა სახელმწიფო სკოლებში სავალდებულო დასწრების პრინციპი და ეროვნული განათლების სისტემა შექმნა, რომელშიც 1763 წლიდან განსაკუთრებული ადგილი სასოფლო სკოლებმა დაიკავა.

რა მიზანი ასულდგმულებდა ფრიდრიხ დიდს? ისევ და ისევ აბსოლუტური დესპოტიზმის მხურვალე რწმენა, თუმცა მას „განმანათლებლობის“ იერი უნდა ჰქონოდა. მისი თქმით, „პრინცი იმ ხალხს ეკუთვნის, ვის სათავეშიც დგას; მისი მოვალეობაა მთელ საზოგადოებას მოუაროს, მასზე იზრუნოს და მისთვის იმოქმედოს“. მას განსაკუთრებულად უყვარდა ჯარი. ჯარის გამუდმებულ წრთვნასა და იქ მკაცრი დისციპლინის დანერგვაზე სახელმწიფო სახსრებს დაუზოგავად ხარჯავდა.

პრუსიული დესპოტიზმი უშუალოდ ნაპოლეონის მიერ მიყენებული საშინელი მარცხის შედეგად წარმოიშვა. 1807 წელს პრუსიელმა ხალხმა მომავალი გამარჯვებებისთვის მზადება და ძალების მოკრება დაიწყო. მეფე ფრედერიკ უილიამ III-ის დროს აბსოლუტური სახელმწიფო კიდევ უფრო გაძლიერდა. მისმა ცნობილმა მინისტრმა, ფონ შტეინმა ნახევრად რელიგიური კერძო სკოლების გაუქმება დაიწყო და მთელი განათლების სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუქვემდებარა. 1810 წელს სამინისტრომ დეკრეტი გამოსცა ყველა მასწავლებლის აუცილებელი სახელმწიფო შემოწმებისა და სერტიფიცირების შესახებ. 1812 წლიდან კი გამოცდების პრაქტიკა აღდგა, როგორც სახელმწიფო სკოლის დამთავრების აუცილებელი პირობა, რასაც სოფლებსა და ქალაქებში სკოლებზე ზედამხედველ ბიუროკრატთა წინასწარ გააზრებული სისტემის შექმნა მოჰყვა. საინტერესოა ისიც, რომ პირველმა სწორედ ამ აღიარებულმა სისტემამ გაუხსნა ასპარეზი „პროგრესულ განათლებას“ - ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერის პესტალოცის ახალ ფილოსოფიურ მოძღვრებას. სავალდებულო სასკოლო სისტემის განვითარების პარალელურად ახლდებოდა და ფართოვდებოდა არმია, კერძოდ, შემოიღეს საყოველთაო სავალდებულო სამხედრო სამსახური. ომების შემდეგ ფრედერიკ უილიამ III გარდაქმნები განაგრძო და 1843 წელს, სავალდებულო სახელმწიფო სასკოლო სისტემის გასაძლიერებლად, პროფესიული სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის, ისევე, როგორც საჯარო მოსამსახურეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, უფროსი კლასების დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარება სავალდებულო გახადა. ამგვარად, პრუსიის სახელმწიფო ქმედითად ზედამხედველობდა მთელ ახალგაზრდა მეცნიერებსა და სხვა სპეციალისტებს.

როგორც ქვემოთ ვნახავთ, ეს დესპოტური პრუსიული სისტემა შეერთებულ შტატებში იმ წამყვან პედაგოგ-თეორეტიკოსთა შთაგონების წყაროდ იქცა, ვინც სახელმწიფო სასკოლო სისტემას მართავდა და მის განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი18. მაგალითად, კალვინ ე. სტოუმ, იმდროინდელი ამერიკის ერთ-ერთმა გამოჩენილმა პედაგოგმა, პრუსიულ სისტემაზე მოხსენება დაწერა, სადაც მას ხოტბას ასხამდა და მიბაძვის ღირსად მიიჩნევდა. სტოუ პრუსიას აქებდა, რადგან ფრედერიკ უილიამ III-ის აბსოლუტური მონარქიის მიუხედავად, მას მსოფლიოში „ყველაზე განათლებულ“ ქვეყანად მიიჩნევდა. იძულებითი სახელმწიფო სწავლება, დაწყებითი და მაღალი კლასების გარდა, უნივერსიტეტში შემსველელ სტუდენტებსა და დამწყებ მეწარმეებსაც მოიცავდა, ისევე, როგორც 1700 პედაგოგის გადამზადების ცენტრს. გარდა ამისა, მკაცრი კანონები მშობლებს ბავშვების სკოლაში გაგზავნას აიძულებდა. ყველა ბავშვს, შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, სკოლაში აუცილებლად უნდა ევლო. არანაირი გასამართლებელი საბუთი არ ჭრიდა, ფიზიკური უუნარობის და აბსოლუტური გონებაჩლუნგობის გარდა. გამცდენი ბავშვების მშობლებს გაფრთხილებას აძლევდნენ, ბოლოს კი ჯარიმას ახდევინებდნენ, სამოქალაქო უფლებების შეზღუდვით სჯიდნენ ან უკანასკნელი ზომების სახით ბავშვს ართმევდნენ. ასეთი ბავშვების სწავლააღზრდაზე ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ეზრუნა.

სკოლებში რელიგიის სწავლება ადგილობრივი რელიგიების შესაბამისად მიმდინარეობდა, თუმცა ბავშვების დასწრება სავალდებულო არ იყო, მაგრამ რელიგიური ცოდნა სახლში ან ეკლესიაში უნდა მიეღოთ. ამასთან, განათლების მინისტრი აუცილებლად პროტესტანტი უნდა ყოფილიყო. კერძო სკოლები ნებადართული იყო, მაგრამ მათ სახელმწიფო სკოლების მსგავსი სასწავლო სტანდარტების შემოღებას ავალდებულებდნენ. ამ გზით და გამოსაშვებ გამოცდებზე დაწესებული მოთხოვნების მეშვეობით, სახელმწიფო ქვეყნის ყველა სკოლაზე ახორციელებდა ზედამხედველობას. სტოუს მიაჩნდა, რომ საყოველთაო და ერთგვაროვანი სწავლების პრუსიული მეთოდები მშვენიერი იყო. მეორე პრინციპი, რომელიც მას მოსწონდა, ის იყო, რომ ამით პრუსიის სახელმწიფო ენის ერთიან სტანდარტს აწესებდა. სტოუ აცხადებდა, რომ მშობლებს უფლება არ ჰქონდათ თავიანთი ბავშვები სახელმწიფო ენის ერთიანი სტანდარტის მიღმა დაეტოვებინათ და „ამით მათთვის სახელმწიფოსთვის ყველა იმ სამსახურის გაწევის უფლება წაერთვათ, რისი გაწევაც მათ შეეძლოთ“.

მთავრობის ხელში სავალდებულო სახელმწიფო განათლება ზოგიერთი ენის გაბატონებისა და ქვეყნის ფარგლებში არსებული სხვადასხვა ეროვნული და ენობრივი ჯგუფების მოსასპობ საშინელ იარაღს წარმოადგენდა, განსაკუთრებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მმართველი სახელმწიფო თავის ოფიციალურ ენას და კულტურას ძალით ახვევდა თავს საკუთარი ენისა და კულტურის მქონე დამორჩილებულ ხალხებს, რაც მათ უსაზღვრო გაღიზიანებას იწვევდა. სწავლება რომ ნებაყოფლობითი ყოფილიყო, ასეთი პრობლემა არ წარმოიშობოდა. ეკონომისტი ლუდვიგ ფონ მიზესი სავალდებულო განათლების ერთ მნიშვნელოვან ასპექტს აღნიშნავს: „განათლება იძულებითი დენაციონალიზაციისა და ასიმილაციის მთავარი იარაღია. ენობრივი თვალსაზრისით შერეულ ტერიტორიებზე ის საშინელ იარაღად იქცა მთავრობის ხელში, რომელიც თავისი ქვეშევრდომების მშობლიური ენის შეცვლას ისახავდა მიზნად. ფილანთროპები და პედაგოგები, რომლებიც სახელმწიფო განათლებას უჭერდნენ მხარს, ვერ ითვალისწინებდნენ, თუ რა სიძულვილი და წყენა მოჰყვებიდა ამ ინსტიტუტების დანერგვას“19.

გერმანული ქვეყნების ეროვნულ სახელმწიფოდ გაერთიანების შემდეგ პრუსიის საგანმანათლებლო სისტემა გერმანიის დანარჩენ ტერიტორიებზეც გავრცელდა. ამასთან, კათოლიკური ეკლესიის მხრიდან რაიმე შესაძლო შემოტევისგან დასაცავად, 1872 წლის ბრძანებით, სკოლებზე სახელმწიფო ზედამხედველობა გაძლიერდა. ის შთაგონება, რაც გერმანულ სავალდებულო განათლებას ასულდგმულებდა, კარგად ჩანს ერთ-ერთ სახოტბო ნაშრომში: „გერმანული განათლების საძირკველი მის ეროვნულ პრინციპებზეა აგებული. კულტურა გერმანელი ხალხის დიდი მონაპოვარია. ...გერმანული განათლების ძირითად თვისებას წარმოადგენს: განათლება სახელმწიფოსგან, განათლება სახელმწიფოსთვის, განათლება სახელმწიფოს მიერ. სახალხო სკოლები ეროვნული პრინციპის პირდაპირი შედეგია, რომლის მიზანი ეროვნული ერთიანობაა. სახელმწიფო არის უზენაესი ხილული მიზანი“20.

პრუსიისა და გერმანიის ყველაზე ძველი და ყველაზე ცნობილი სავალდებულო სასკოლო სისტემის შესახებ კიდევ ერთ საყურადღებო ცნობას წამყვანი გერმანელი პროფესორების ნარკვევების წიგნი იძლევა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის ოფიციალურ პოზიციას განმარტავს21. ამ ნაშრომში ერნესტ ტროელში გერმანიას ახასიათებს, როგორც არსებითად მილიტარისტულ ერს, რომელიც არმიისა და მონარქიის დიდი ერთგულია. რაც შეეხება განათლებას: „სკოლის აგებულება არმიისას ჰგავს, სახელმწიფო სკოლა სახალხო არმიას შეესაბამება. არმია, ისევე, როგორც სკოლა, იმ პერიოდში შეიქმნა, როდესაც გერმანიის მომავალი სახელმწიფო პირველად აღსდგა სერიოზულად ნაპოლეონის წინააღმდეგ. ფიხტემ, რომელიც ნაპოლეონის უღლის ქვეშ მგმინავი გერმანული სახელმწიფოს აღდგენის გზებს და საშუალებებს განიხილავდა, საჭიროდ მიიჩნია, რომ პესტალოცის მიერ ჩაყრილ საძირკველზე ეროვნული დაწყებითი სკოლები შეექმნა და მისი საშუალებით ხალხის მასაში გერმანული კულტურა გაევრცელებინა. გერმანიის სხვადასხვა სახელმწიფომ ეს პროგრამა ფაქტობრივად მოიწონა და XIX საუკუნეში საგანმანათლებლო სისტემა მასზე დაყრდნობით განავითარა... ეს გერმანული სულის ჩამოყალიბების რეალურ ფაქტორად იქცა. როგორც ფიხტე ფიქრობდა, ასეთ სასკოლო სისტემაში დემოკრატიის ელემენტებიც არის და სახელმწიფო სოციალიზმისაც“ 22.

საფრანგეთი

საფრანგეთში, საყოველთაო სავალდებულო სწავლება, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მსგავსად, რევოლუციის შედეგად დამკვიდრდა. 1791 წელს რევოლუციურმა კონსტიტუციამ ყველასთვის სავალდებულო დაწყებითი სწავლება დააკანონა. თავიდან, ამ პრინციპების გასატარებლად მთავრობას ბევრი რამის გაკეთების საშუალება არ ჰქონდა, მაგრამ რაც შეეძლო ყველა ღონე იხმარა. 1793 წელს კონვენციამ დაადგინა, რომ ფრანგული ენა „რესპუბლიკაში ერთადერთი და განუყოფელი“ უნდა ყოფილიყო.

გარკვეული მცდელობების მიუხედავად, საყოველთაო სახელმწიფო განათლების სისტემის დამკვიდრება ნაპოლეონის ხელისუფლებაში მოსვლამდე არ მოხერხდა. ყველა სკოლა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, ეროვნული მთავრობის მკაცრ კონტროლს ექვემდებარებოდა. მთელ სისტემაში „საფრანგეთის უნივერსიტეტი“ დომინირებდა, რომელიც მთელი საფრანგეთის საგანმანათლებლო სისტემის ერთიანობის უზრუნველსაყოფად და მასზე ზედამხედველობისთვის დაარსდა. მისი ხელმძღვანელები ნაპოლეონის მიერ ინიშნებოდნენ და ოფიციალური უნივერსიტეტის ლიცენზიის გარეშე ახალი სკოლის გახსნა ან საჯარო მასწავლებლობის დაწყება არავის შეეძლო. ამგვარად, 1806 წლის კანონით ნაპოლეონმა განათლების სისტემაში სახელმწიფოს მონოპოლია უზრუნველყო. სახელმწიფო სკოლების მასწავლებლებს სახელმწიფო სკოლებისთვის განკუთვნილი პროგრამით უნდა ეხელმძღვანელათ. ყველა ეს სკოლა მოწოდებული იყო, რომ სწავლების პრინციპად სახელმწიფოს ერთგულება და უნივერსიტეტის კანონების მორჩილება გაეხადათ.

თანხების ნაკლებობის გამო სახელმწიფო სკოლების ყოვლისმომცველი სისტემის დანერგვა იმხანად ვერ მოხერხდა. ნაპოლეონის ეპოქის დასასრულს სახელმწიფო სკოლაში ფრანგი ბავშვების მხოლოდ ნახევარზე ცოტა ნაკლები სწავლობდა, ხოლო დანარჩენები უმეტესად კათოლიკურ სკოლებში დადიოდნენ. თუმცა, კერძო სკოლებს უკვე სახელმწიფო ზედამხედველობდა და იძულებულნი იყვნენ, ხელისუფალთა მითითებით პატრიოტიზმი ესწავლებინათ. რესტავრაციის პერიოდში ნაპოლეონის სისტემა სწრაფად დაემხო და განათლება უმეტესად კათოლიკური ეკლესიის ხელში გადავიდა. მაგრამ 1830 წლის რევოლუციის შემდეგ, მინისტრმა გიზომ, თავისი 1833 წლის აქტით, განათლების სისტემაში სახელმწიფო ძალაუფლების აღდგენა სცადა. სკოლაში დასწრება სავალდებულო აღარ იყო და კერძო სკოლების საქმეშიც აღარ ერეოდნენ, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნილებას აყენებდნენ, რომ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას „საშინაო და საზოგადოებრივი მშვიდობა“ უნდა ესწავლებინა. ლუი ნაპოლეონმა, 1850 წელს მიღებული კანონით, კერძო სკოლების სრული თავისუფლება აღადგინა. ამგვარად, რევოლუციური პერიოდისა და ნაპოლეონის ეპოქის გამოკლებით, საფრანგეთის განათლების სისტემამ XIX საუკუნის ბოლო წლებამდე თავისუფლება შეინარჩუნა. სავალდებულო სწავლებისა და აბსოლუტიზმის სულისკვეთების აღზევება პრუსიაში ნაპოლეონისგან მიყენებულმა მარცხმა განაპირობა, ხოლო საფრანგეთში სავალდებულო სწავლებისა და დიქტატის შთაგონების წყაროდ 1871 წელს პრუსიის მიერ მისი დამარცხება აღმოჩნდა. საფრანგეთმა პრუსიის გამარჯვება პრუსიის არმიისა და პრუსიელი მასწავლებლების გამარჯვებად მიიჩნია და შურისძიების წყურვილით საკუთარი ინსტიტუტები პრუსიულ ყაიდაზე გარდაქმნა. 1882-1889 წლებში საფრანგეთში პრუსიული ყაიდის სამხედრო გაწვევა ამოქმედდა. ახალი პოლიტიკის გატარებას მინისტრი ჯიულ ფერი ხელმძღვანელობდა. ის ახალი შემტევი იმპერიალიზმისა და კოლონიური დაპყრობების პოლიტიკის მომხრე იყო. დაპყრობები ჩრდილო აფრიკის, სამხრეთ აფრიკის და ინდო-ჩინეთის მიმართულებით განხორციელდა.

სავალდებულო განათლების სისტემაზე მოთხოვნა სამხედრო რევანშის სურვილმა განაპირობა. როგორც ცნობილი პოლიტიკოსი გამბეტა ამბობს: „ბოლო ომი პრუსიელმა სკოლის მასწავლებელმა მოიგო, მომდევნო კი ფრანგმა მასწავლებელმა უნდა მოიგოს”. ამ მიზნით, სასკოლო სისტემის ყველა ფრანგ ბავშვზე გავრცელება და მათი მოქალაქეებად ჩამოყალიბება გადაწყდა. ამას გარდა, სავალდებულო განათლება იმ მიზნითაც მიიჩნიეს საჭიროდ, რომ ყველა ბავშვში რესპუბლიკანიზმი ჩაენერგათ და მონარქიული აღორძინების ხიბლისგან დაეცვათ. ამის შედეგად, ფეიმ, 1881 და 1882 წლებში მთელი რიგი კანონები გამოსცა, რითაც საფრანგეთში განათლება სავალდებულო გახდა. კერძო სკოლებს ნომინალური თავისუფლება დარჩათ, მაგრამ იეზუიტთა ორდერის იძულებით გაუქმებისა და მისი საფრანგეთიდან გაძევების შედეგად ეს თავისუფლება ძალიან შეიზღუდა. საფრანგეთში ხომ კერძო სკოლების სათავეებში, როგორც წესი, იეზუიტები იდგნენ. ამასთან ერთად, კანონმა მრავალი სამონასტრო ორდენი გააუქმა, რომლებსაც სახელმწიფოსგან ოფიციალური „უფლებამოსილება“ არ ჰქონდათ მიღებული და მათ წევრებს მასწავლებლობა აუკრძალა. ზოგიერთ სკოლაში დასწრება ექვსიდან ცამეტი წლის ასაკის ყველა ბავშვისთვის სავალდებულო გახდა. ახალი რეჟიმის შედეგად კერძო სკოლებზე სახელმწიფოს სრული ბატონობა დამყარდა, რამდენადაც იმ სკოლებზეც კი, რომლებზედაც ანტიკათოლიკური კანონები არ გავრცელდა, ის კანონი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც „კერძო სკოლების დაარსება სამინისტროს ლიცენზიის გარეშე არ დაიშვებოდა, ხოლო მათი დახურვა კი სამინისტროს უბრალო ბრძანებითაც შეიძლებოდა“23.

კერძო საშუალო სკოლები განსაკუთრებით ვოლეკ-რუსისა და კომბეს 1901 და 1904 წლების აქტებით დაზარალდა, რომლის მიხედვით საფრანგეთში ყველა რელიგიური კერძო საშუალო სკოლა იკრძალებოდა.

სხვა ქვეყნები

ევროპის სხვა ქვეყნების სავალდებულო განათლების ისტორია თითქმის ასეთივეა, მაგრამ მათ უმრავლესობას ადგილობრივი სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლებაც ემატებოდა. ავსტრიაუნგრეთის იმპერია ერთიანი, ცენტრალიზებული აბსოლუტური მონარქიისკენ ისწრაფოდა, სადაც მხოლოდ გერმანული ენა უნდა ყოფილიყო გაბატონებული, ამავდროულად, იმპერიის უნგრული ნაწილი ცდილობდა, მის საზღვრებს შიგნით არსებულ ეროვნულ უმცირესობათა ასიმილირება მოეხდინა და უნგრული ენის გარდა ყველა სხვა ენა ამოეძირკვა. ესპანეთმა სავალდებულო სასკოლო კანონები კატალონური ენის ასაკრძალად და კასტილიური ენის გასავრცელებლად გამოიყენა.

შვეიცარიას სავალდებულო სწავლება კონსტიტუციით ჰქონდა დაკანონებული. საზოგადოდ კი, 1900 წლისთვის ევროპის ყველა ქვეყანამ სავალდებულო განათლება დაამკვიდრა. ერთადერთი გამონაკლისი ბელგია იყო, რომელიც მათ კვალს 1920 წელს მიჰყვა24.

ჰერბერტ სპენსერის აზრით, სავალდებულო განათლების იდეა თავის ლოგიკურ შედეგებამდე ჩინეთში მივიდა: „მთავრობა აქვეყნებს იმ ნაშრომთა სიას, რომელთა წაკითხვაც ნებადართულია და მორჩილების უზენაეს ღირსებად აღიარებიდან გამომდინარე, ამ სიაში მხოლოდ ის ნაწარმოები შეაქვს, რომელიც დესპოტიზმის მიმართ არის კეთილგანწყობილი. სიახლეების უსიამონო შედეგების შიშით მთავრობა მხოლოდ იმ საგნების სწავლების უფლებას იძლეოდა, რაც თვითონ მისგან მოდიოდა. სანიმუშო მოქალაქეების ჩამოყალიბების მიზნით, ყოველგვარ საქციელზე მკაცრ დისციპლინას ამყარებდა. ჯდომის წესები, დგომის წესები, სიარულის წესები, საუბრის წესები, მისალმების წესები დაწვრილებით იყო ჩამოთვლილი“25.

თანამედროვე „პროგრესულ“ განათლებასთან დიდი მსგავსების გამო, ყურადღებას იპყრობს იმპერიული იაპონიის სახელმწიფო სავალდებულო განათლების სისტემა. როგორც ლაფკადიო ჰერნი შენიშნავს, „ადამიანის აღზრდის მიზანი მისი დამოუკიდებელი მოქმედებისთვის მომზადება კი არა, არამედ ერთობლივი მოქმედებისთვის წვრთნა იყო... ჩვენში შეზღუდვები ბავშვობიდან იწყება და თანდათან ნელდება (რაც ყველაზე კარგია ბავშვისთვის, რადგან მისი გონებრივი შესაძლებლობანი ვითარდება და მას მეტი თავისუფლება და ნაკლები ინსტრუქციები უნდა მიეცეს); შორეულ აღმოსავლეთში შეზღუდვები შედარებით გვიან იწყება და თანდათან ძლიერდება... იაპონელი ბავშვი დიდ თავისუფლებას განიცდის, გაცილებით დიდს, ვიდრე დასავლელი ბავშვები, თანაც არა მარტო სკოლის ასაკამდე, არამედ გვიან სიყმაწვილემდე... მართალია, სკოლაში გარკვეული დისციპლინა მყარდება, მაგრამ საჯარო შენიშვნის მეტი სასჯელი არ არსებობს. ბავშვზე ზეწოლა უმთავრესად მთელი კლასის საერთო აზრის გათვალისწინებით ხორციელდება; მოხერხებულ მასწავლებელს კი ამ აზრის მართვის უნარი შესწევს... მმართველი ძალა მუდამ კლასის აზრია... ეს არის ბევრის მიერ ერთის მმართველობა და ეს ძალა საშიშია. ბავშვს მუდამ საზოგადოებისთვის თავგანწირვას და პიროვნული დამოუკიდებლობის ჩახშობას შთააგონებენ. ზრდასრული ადამიანის სახელმწიფო კანონიდან ნებისმიერი უმნიშვნელო გადახრა კი მაშინვე მკაცრად ისჯება“26.

ინგლისი

თავისუფლების ტრადიცია ყველაზე ძლიერი ინგლისში იყო, იმდენად ძლიერი, რომ XIX საუკუნის ბოლომდე არა მარტო სავალდებულო განათლება არ ყოფილა, არამედ სახელმწიფო სკოლების სისტემაც არ არსებობდა. სახელმწიფო 1830-იან წლებამდე საერთოდ არ ერეოდა განათლების საქმეში, მხოლოდ 1833 წლიდან დაიწყო გრანტების გაცემა კერძო სკოლებში ღარიბი ბავშვების განათლების ხელშესაწყობად. ეს მხოლოდ და მხოლოდ ფილანთროპია იყო და მას სავალდებულო სწავლების არანაირი კვალი არ აჩნდა. საბოლოოდ, სავალდებულო განათლება ინგლისში 1870 წლის ცნობილი „განათლების კანონით“ შემოიღეს. ეს კანონი საგრაფო საბჭოებს უფლებას აძლევდა, რომ სკოლაში სიარული სავალდებულო გაეხადათ. ლონდონის საგრაფომ ეს კანონი ხუთიდან ცამეტ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მაშინვე აამოქმედა და მას სხვა დიდმა ქალაქებმაც მიბაძეს, თუმცა სასოფლო საგრაფოები სავალდებულო განათლების შემოღების წინააღმდეგნი იყვნენ.

1876 წლისთვის სავალდებულო განათლების სისტემა ბრიტანეთში სასკოლო ასაკის ბავშვთა 50%25 მოიცავდა. ქალაქის ბავშვების 84%25 სწავლობდა სკოლაში27. 1876 წლის კანონმდებლობით სასკოლო საბჭოები ჩამოყალიბდა იმ რაიონებში, სადაც არ იყო და სკოლაში სწავლა სავალდებულო გახდა ყველა რაიონში, გარდა იმ ადგილებისა, სადაც ბავშვები სკოლიდან ორი მილის დაშორებით ცხოვრობდნენ. ბოლოს, 1880 წლის აქტი ყველა საგრაფოს სასკოლო საბჭოს ავალდებულებდა, რომ სავალდებულო სასკოლო განათლების შესახებ ბრძანებულებები გამოეცათ და გაეტარებინათ. ამგვარად, ათ წელიწადში სავალდებულო განათლების სისტემამ მთელი ინგლისი მოიცვა. სამართლის დიდი ისტორიკოსი ა.ვ.დაისი ასეთ განვითარებას კოლექტივიზმისკენ სვლას უწოდებდა: „ჯერ ერთი ეს იმას ნიშნავს, რომ თუ A თავის ბავშვების განათლებაში ფასს იხდის, ახლა იძულებულია შ-ის ბავშვების განათლების ფასიც გადაიხადოს, რომელსაც შეიძლება ამ თანხის გადახდის საშუალება აქვს, მაგრამ ურჩევნია, რომ A-ს მსგავსმა მეზობლებმა გადაუხადონ. მეორეც ის, რომ, ელემენტარული განათლება რაც უფრო შორს წავა, მით უფრო ეცდება ღარიბი და მდიდარი, მომჭირნე და მფლანგველი ადამიანების ბავშვები ერთ მდგომარეობაში ჩააყენოს. მოკლედ, მისი მიზანია შესაძლებლობების გათანაბრება“28.

იძულებითი კოლექტივიზმის პრინციპი დიდად ეწინააღმდეგებოდა ინგლისის ინდივიდუალისტურ ტრადიციას. 1861 წელს ნიუ-კასტლის ცნობილმა კომისიამ ინდივიდუალისტური პრინციპიდან გამომდინარე სავალდებულო განათლების იდეა უარყო. ჰერბერტ სპენსერმა29 და ცნობილმა ისტორიკოსმა და იურისტმა სერ ჰენრი მეინმა სავალდებულო სახელმწიფო განათლების პროგრამა მწვავედ გააკრიტიკეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ის მზარდი სახელმწიფო ტირანიის გვირგვინი იყო30. ახლახან, არნოლდ ტოინბიმ აღნიშნა, რომ სავალდებულო სახელმწიფო განათლება დამოუკიდებელ აზროვნებას ახშობს31.

XIX საუკუნის ბოლოს ინგლისსა და ევროპაში უფრო ფართო განათლების მოთხოვნით სავალდებულო განათლებისთვის წამოწყებულ მოძრაობას ტრედუნიონისტებმა დაუჭირეს მხარი. მათ წარჩინებულმა ფენებმაც აუბეს მხარი, რადგან სურდათ, რომ მასებისთვის ხმის მიცემის უფლების სწორად გამოყენება ესწავლებინათ. საზოგადოების თითოეულ ჯგუფს თავისებურად სურდა სახელმწიფო ძალაუფლებისთვის საკუთარი ინტერესების დაცვა დაემატებინა იმ იმედით, რომ ამ ძალაუფლებას სასარგებლოდ გამოიყენებდა. 1905 წელს დეისი წერდა, ძნელად თუ იპოვიდით ვინმეს, ვინც სავალდებულო განათლებას ეწინააღმდეგებოდაო. ეს მაშინ, როდესაც 1859 წელს, ჯონ სტიუარტ მილი, თავის ნაშრომში „თავისუფლება“, აცხადებდა, რომ ძნელად თუ იპოვით ვინმეს, ვინც სავალდებულო განათლებას აქტიურად არ ეწინააღმდეგებაო. საკმაოდ საინტერესოა, რომ მილი სავალდებულო განათლებას უჭერდა მხარს, მაგრამ სახელმწიფო სკოლების აგებას ეწინააღმდეგებოდა, და მართლაც ისე მოხდა, რომ ინგლისის ბევრ საგრაფოში სავალდებულო განათლება სახელმწიფო სკოლების გახსნამდე დაიწყო. მაგრამ მილი იმას მაინც აღიარებდა, რომ სახელმწიფო სავალდებულო სკოლები სახელმწიფოს ერთიანობის სახელით პიროვნების დამოუკიდებლობას სპობს და, ბუნებრივია, მას სახელმწიფოს მორჩილს ხდისო. მილის არგუმენტი სავალდებულო განათლების შესახებ სრულიად გააბათილა სპენსერმა თავის ნაშრომში „სოციალური სტატისტიკა“. მილი ამტკიცებდა, რომ განათლებაში მომხმარებელმა არ იცის რა არის მისთვის უმჯობესი და ამიტომ მთავრობის ჩარევა გამართლებულიაო. სპენსერი აღნიშნავს, რომ ეს არგუმენტი სახელმწიფო ტირანიის თითქმის ყველა

ქმედებას ამართლებსო. არადა ერთადერთი სწორი მსაჯული თვითონ მომხმარებელია, ვინც პროდუქტს უშუალოდ მოიხმარს. სახელმწიფო კი ყველაფერს მისი დესპოტური ინტერესების შესაბამისად განსჯის.

ინგლისში სავალდებულო განათლების შესახებ გავრცელებული კიდევ ერთი არგუმენტი შეერთებულ შტატებშიც ფართოდ გამოიყენებოდა. ეს იყო მაკოლეის არგუმენტი - განათლება დანაშაულს მოსპობს და რადგან დანაშაულის აღმოფხვრა სახელმწიფოს მოვალეობაა, სახელმწიფომ სავალდებულო განათლება უნდა შემოიღოსო. სპენსერმა თავისი არგუმენტის ჭეშმარიტება აქაც წარმოაჩინა და დაამტკიცა, რომ დანაშაულს განათლებასთან საერთო არაფერი აქვს. სადღეისოდ ეს ყველაფერი სრულიად აშკარაა. საყოველთაოდ განათლებულ ამერიკაში მცირეწლოვან დამნაშავეთა რაოდენობა მისი არგუმენტის სიმართლეს მოწმობს. სპენსერმა იმდროინდელი სტატისტიკა შეისწავლა და დაამტკიცა, რომ ნაკლებად განათლებული ადამიანებით დასახლებულ რაიონებსა და დამნაშავეებით დასახლებულ რაიონებს შორის სტატისტიკური კორელაცია მილის არგუმენტს ვერ ასაბუთებდა; მეტიც, სინამდვილეში, ხშირად საპირისპირო კორელაციას ჰქონდა ადგილი - რაც მეტი იყო განათლება, მით მეტი იყო დანაშაული.

ფაშიზმი, ნაციზმი და კომუნიზმი

სავალდებულო სახელმწიფო განათლების მიმართ სერიოზული და უპასუხოდ დატოვებული ბრალდება იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი თანამედროვე ტოტალიტარიზმის მომხრეებს დიდი სურვილი ჰქონდათ თავიანთი რეჟიმის დროს სავალდებულო სახელმწიფო განათლება დაეწესებინათ. მართლაც, საკუთარ სკოლებში ახალგაზრდების იდეოლოგიური მომზადება ამ მონათმფლობელური სახელმწიფოებისთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო. ფაქტობრივად, XX საუკუნის დროინდელ საშინელებათა და უფრო ადრინდელ დესპოტურ რეჟიმებს შორის განსხვავება ის არის, რომ ახლანდელი უფრო უშუალოდ ეყრდნობა მასის მხარდაჭერას, ამიტომ, სავალდებულო განათლებას და იდეოლოგიურ მომზადებას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სავალდებულო სახელმწიფო განათლების არსებული სისტემა ტოტალიტარულ წისქვილზე ასხამდა წყალს32. ტოტალიტარიზმსა და სავალდებულო განათლებას საფუძვლად ის იდეა უდევს, რომ ბავშვი სახელმწიფოს ეკუთვნის და არა მის მშობლებს. ევროპაში ამ იდეის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ცნობილი მარკიზ დე ლა სადე იყო, რომელიც დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ბავშვი სახელმწიფოს საკუთრებააო.

საჭირო არ არის კომუნისტური ქვეყნების განათლებაზე დიდხანს შევჩერდეთ. კომუნისტური ქვეყნები სავალდებულო სახელმწიფო განათლებას აწესებენ და მმართველობის მორჩილებას მკაცრად აკანონებენ. სავალდებულო სახელმწიფო განათლებას ემატება სახელმწიფო მონოპოლია პროპაგანდისა და განათლების სხვა სფეროებში. ანალოგიურად, ნაციონალისტურ-სოციალისტური განათლება ადამიანს სახელმწიფოზე დამოკიდებულს ხდის და მორჩილებას აიძულებს. ნაციონალისტურსოციალისტური სახელმწიფო განათლებას თავისი პრინციპების დასანერგად ეპატრონება.

სახელმწიფო სკოლების და აბსოლუტური სახელმწიფოსადმი მორჩილების დაკანონების მხრივ ფაშისტურ იტალიაშიც მსგავსი მდგომარეობა იყო. იტალია განსაკუთრებით საინტერესოა განათლების პირველი ფაშისტი მინისტრის ჯიოვანი ჯენტილის საქმიანობის მხრივ. ბებერ და დასუსტებულ იტალიაში განათლება ცალკეული ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებასა და საგნების სწავლაზე ამახვილებდა ყურადღებას. ჯენტილის ფაშისტურმა რეჟიმმა თანამედროვე „პროგრესული განათლების“ მეთოდები დაამკვიდრა. მან შემოიღო და გააძლიერა ხელგარჯილობა, სიმღერა, ხატვა და თამაშები. დასწრებას ჯარიმების გადახდევინების შიშით ავალდებულებდნენ. ჯენტილი ქადაგებდა „განათლებას გამოცდილებით, შრომით უნდა მივაღწიოთო“33. ბავშვებს უფლება ჰქონდათ საკუთარი გამოცდილებით ესწავლათ, რასაკვირველია, კულტურული განვითარებისთვის საჭირო ზომით. „ამიტომ, სასწავლო პროგრამა არ იყო შედგენილი, მაგრამ ბავშვებს უფლება ჰქონათ, რაც უნდოდათ ის ეკეთებინათ. დიდი ყურადღება ექცეოდა მხოლოდ და მხოლოდ “ისეთი გმირების შესწავლას, რომლებიც ეროვნული შთაგონების სიმბოლოს წარმოადგენდნენ, მაგალითად, როგორიც მუსოლინი იყო“34.

III. სავალდებულო განათლება შეერთებულ შტატებში

სავალდებულო განათლების ისტორია

ზოგს ალბათ ჰგონია, რომ ისეთ თავისუფალ ქვეყანაში, როგორიც შეერთებული შტატებია, სავალდებულო განათლების ტირანიასთან გაიგივება შეუძლებელია. პირიქით, ამერიკის სავალდებულო განათლების ხასიათი და ისტორია სწორედ ტირანიის საშიშროებაზე მიუთითებს. ამერიკის კოლონიების უმრავლესობაში ტრადიციული ინგლისური განათლების სისტემა იყო, ე.ი. ნებაყოფლობით საოჯახო განათლებას ეფუძნებოდა და სახელმწიფო სკოლები მხოლოდ ღარიბებისთვის არსებობდა, სადაც მათ განათლების მიღება უფასოდ შეეძლოთ. ეს სისტემა ძირითადად შუა და სამხრეთ კოლონიებში მოქმედებდა. ერთადერთი გამონაკლისი ახალი ინგლისი იყო, რომელიც ამერიკის კოლექტივისტური საგანმანათლებლო სისტემის სულის- ჩამდგმელს წარმოადგენდა. სხვა კოლონიებისგან განსხვავებით, ახალ ინგლისში, როგორც პურიტანებით დასახლებულ მასაჩუსეტსში, ისე სხვა კოლონიებში კალვინისტური ტრადიცია დომინირებდა35. უმოწყალო და ასკეტი პურიტანები, რომლებმაც მასაჩუსეტსის ყურეში კოლონია დააარსეს, სავალდებულო განათლების კალვინისტური პროგრამის შემოღებას ესწრაფოდნენ, რომ კარგი კალვინისტების აღზრდა და ყოველგვარი განხეთქილების ჩახშობა შესძლებოდათ. 1642 წელს, ანუ პირველივე კანონების მიღებიდან ერთ წელიწადში, მასაჩუსეტსის ყურის კოლონიამ ბავშვებისთვის სავალდებულო განათლების კანონი შემოიღო. სახელმწიფოს შეეძლო ბავშვი მშობლებისთვის წაერთმია და საჭირო განათლების მისაღებად სახელმწიფოს მიერ დანიშნული აღმზრდელისთვის მიებარებინა, თუკი სახელმწიფო მოხელეები მიიჩნევდნენ, რომ მშობელი ან მის მიერ შერჩეული აღმზრდელი არ ვარგოდა და ბავშვის სწორად აღზრდის უნარი არ შესწევდა. საყურადღებოა, რომ 1642 წლის 14 ივლისს მიღებული ეს კანონი ინგლისურენოვან სამყაროში პირველი იყო, რომელიც სავალდებულო განათლებას ამკვიდრებდა. ამიტომ, ამ კანონის ზოგიერთი პუნქტი ზუსტ ციტირებას იმსახურებს: „ვინაიდან კარგი განათლება ნებისმიერი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად სასიკეთო და სასარგებლოა და, რადგან ბევრი მშობელი და მასწავლებელი ამგვარ მოვალეობას ძალიან უგულისყუროდ და დაუდევრად ეკიდება, ნაბრძანებია, ყველა ქალაქის სამმართველოს წევრებმა მეზობლებს ფხიზლად ადევნონ თვალი და არც ერთ ოჯახში არ დაუშვან ისეთი ბარბაროსობა, რომ ვინმე თავის ბავშვებს ან შეგირდებს თვითონვე ან სხვების დახმარებით ასწავლიდეს“36.

კოლონიამ ეს კანონი 1647 წელს სისრულეში მოიყვანა და სახელმწიფო სკოლები დააარსა. სავალდებულო განათლებაში მთავარი ყურადღება კალვინისტურ-პურიტანული პრინციპების სწავლებას ექცეოდა. მნიშვნელოვანია, რომ ცოტა უფრო ძველი და რელიგიური, ლიბერალი პილიგრიმების მიერ დაარსებულ პლიმუთის კოლონიაში სავალდებულო განათლების სისტემა არ შემოუღიათ. თუმცა, როდესაც პლიმუთის კოლონია მასაჩუსეტსის ყურის კოლონიას შეუერთდა, მასზე ამ უკანასკნელის საგანმანათლებლო კანონები გავრცელდა. როგორი იყო ის ხელისუფლება, რომელმაც ინგლისურენოვანი სამყაროს პირველი სავალდებულო განათლების სისტემა დაამკვიდრა, რამაც შემდეგ სხვა შტატების საგანმანათლებლო სისტემაზეც მოახდინა გავლენა? ეს იყო კალვინისტური თვითმპყრობელური ხელისუფლება. კოლონიის მცხოვრებთ კონგრეგაციონალურ ეკლესიაში სიარულს აიძულებდნენ, მაგრამ წევრობას ყველას არ ანიჭებდნენ. სახელმწიფო არჩევნებში მონაწილების უფლება კი მხოლოდ ეკლესიის წევრებს ჰქონდათ. ეს თეოკრატიული მთავრობა „წესრიგს“ იცავდა - წარმატებულს და წარუმატებელს თავის ადგილს უჩენდა. გაბატონებული ძალა ეკლესიის უხუცესთა საბჭო იყო. ეკლესიის წევრის სტატუსის (და ხმის უფლების) მისაღებად ეკლესიის უხუცესებს კანდიდატი ყურადღებით უნდა გამოეკვლიათ. მათ უნდა გადაეწყვიტათ, იყო თუ არა მის სულში „რამე ღვთაებრივი და კეთილგანწყობილი“ და ეკუთვნოდა თუ არა წევრობა. პურიტანთა დიდი სულიერი ლიდერი, უწმინდესი ჯონ კოტონი აცხადებდა, რომ ფარისევლებს, რომლებიც უხუცესთა გადაწყვეტილებებს შინაგანი რწმენის გარეშეც იოლად ეთანხმებოდნენ, ეკლესიის წევრობა შეეძლოთ, თუკი თავიანთ საქმეში არ ზარმაცობდნენ. საინტერესო ფაქტია, რომ 1636 წელს კოლონიამ თავისი ერთერთი პირველი აქტით სახელმწიფო კოლეჯის სახით ჰარვარდის უნივერსიტეტი დააარსა. ხელისუფლება აცხადებდა, რომ სწორი დოქტრინების დამახინჯების თავიდან ასაცილებლად, სკოლები სახელმწიფო მოხელეებს უნდა დაქვემდებარებოდა.

მეორე წამყვანი პურიტანი მინისტრი და ხელისუფალი უწმინდესი უილიამ ჰუბარდი აცხადებდა: „გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი მოკლებულია შემოქმედებით უნარს და მხოლოდ იარაღია სხვების ხელში“. ისინი ცხვრებივით არიან და მუდამ მწყემსი სჭირდებათ. სახელმწიფო მოხელეები მმართველი ძალაა, საზოგადოების „გონება“. უწმინდესი ჯონ დავენპორტი ამომრჩევლებს ურჩევდა კარგი ხელისუფლება აერჩიათ, გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგ მათი ძალაუფლებისადმი მორჩილება მოუწევდათ. „კარგი იქნება თუ ცუდი, ვისაც ამოირჩევთ, მათ უნდა დაემორჩილოთ და ემსახუროთ... თქვენსა და მათ შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების გამო“. ამგვარად, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ფორმალური დემოკრატია მმართველთა მიერ მართულთა ჩაგვრას ეხამებოდა. მასაჩუსეტსის ყურის კოლონიის ჩამოყალიბებაზე ყველაზე დიდი გავლენა მისმა პირველმა გუბერნატორმა, ჯონ უინთროპმა მოახდინა, რომელიც კოლონიას 1630 წლიდან, მისი ჩამოყალიბებიდან ოცი წლის მაძილზე მართავდა. უინთროპის თანახმად, ბუნებრივი თავისუფლება „ველურ მხეცს ჰგავს“, რომელიც „ღვთიური წესებით“ უნდა მოითოკოს. სწორი სამოქალაქო თავისუფლება კი „ხელისუფლების მორჩილებას“ ნიშნავს.

უინთროპი გუბერნატორის ნებისმიერი პოლიტიკისადმი წინააღმდეგობის გაწევას აშკარა ამბოხს უწოდებდა. მასაჩუსეტსის მმართველობა სწორედ ამ პრინციპებს მისდევდა. ყველა ერეტიკოსი და ჯადოქრობაში ეჭვმიტანილი ისჯებოდა და იდევნებოდა, პურიტანული ასკეტიზმი და სრული ერთსულოვნება თითქმის მთელ ტერიტორიაზე ძალით ინერგებოდა. როჯერ უილიამსისა და ანა ჰაჩინსონის მსგავს დისიდენტებს კოლონიიდან დევნიდნენ. მალე პურიტანობა სხვა შტატებშიც გავრცელდა. მაგალითად, კონექტიკუტის ხელისუფლებაშიც მსგავსი სულისკვეთება სუფევდა. მაგრამ როდ აილენდი გაცილებით ლიბერალური იყო და შემთხვევითი არ არის, რომ ახალ ინგლისში სახელმწიფო სასკოლო სისტემის დამკვიდრების საქმეში როდ აილენდი გამონაკლისს წარმოადგენდა. XVIII საუკუნეში, თავისი სისასტიკის გამო,

კოლონიური რელიგიის გავლენა ქვეყანაში თანდათან შესუსტდა. მრავალი სექტა წარმოიშვა და აყვავდა. მაგრამ მასაჩუსეტსმა და კონექტიკუტმა კვაკერების წინააღმდეგ რეპრესიული შეზღუდვები შემოიღეს და მათ სკოლების დაარსება აუკრძალეს. ამასთანავე, კონექტიკუტმა მოძრაობა „ნიუ-ლაითის“ ჩახშობის ამაო მცდელობის შემდეგ, 1742 წელს კანონი მიიღო, რითაც სკოლების დაარსება „ნიუ-ლაითსაც“ აეკრძალა.მათი აზრით, ამას „შეიძლება ახალგაზრდების ისეთი პრინციპებითა და წესებით აღზრდის მცდელობა და ისეთი უწესრიგობა მოჰყოლოდა, რომ კოლონიის საზოგადოებრივი სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის საბედისწერო შედეგები მოეტანა“37.

კოლონიურ პერიოდში რელიგიურ ინდოქტრინაციას და სავალდებულო განათლების შემოღებას ეკონომიკური მოტივიც ედო საფუძვლად. სწავლა განსაკუთრებით სავალდებულო იყო საჯარო მოსამსახურეებისთვის, რადგან, ზოგიერთი ღვთისმსახურის აზრით, თუკი საჯარო მოსამსახურეებს კატეხიზმოსა და პურიტანულ ბიბლიას ჩაუნერგავდნენ, ისინი დამოუკიდებლობაზე ნაკლებად იფიქრებდნენ და „პრობლემებსაც ნაკლებად შექმნიდნენ“.

ამერიკის გათავისუფლებისთვის ბრძოლამ საგანმანათლებლო სისტემა მთლიანად დაანგრია და დამოუკიდებელმა შტატებმა მისი აღდგენა დაიწყო. ახალი შტატები თითქმის იმავე პრობლემებს აწყდებოდა, რაც კოლონიური რეჟიმის დროს არსებობდა. მასაჩუსეტსმა კიდევ ერთხელ გაუკვალა გზა სავალდებულო განათლების შემოღებას, რასაც მისი კოლონიური კანონებიც მუდამ ითვალისწინებდა. 1780 წელს მასაჩუსეტსის ხელისუფლებამ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა, როდესაც კონსტიტუციაში შეიტანა დებულება, რითაც საკანონმდებლო ხელისუფლებას სავალდებულო სწავლების შემოღების პირდაპირი უფლება ენიჭებოდა. მათ ეს უფლება მაშინვე გამოიყენეს და 1789 წელს მასაჩუსეტსში სკოლაში დასწრება სავალდებულო გახდა. 1805 წელს მას კონექტიკუტმაც მიბაძა და კანონი გამოსცა, რომლის თანახმადაც ყველა მშობელს შვილისთვის განათლება უნდა მიეცა. 1842 წელს კონექტიკუტში სავალდებულო განათლების კანონს მეორე კანონი მოჰყვა, რომლის მიხედვით თხუთმეტ წლამდე ასაკის ყველა დასაქმებულ ბავშვს წელიწადში სამი თვის მანძილზე სკოლაში უნდა ევლო. ამგვარად, სავალდებულო ზოგად ელემენტარულ განათლებას, ანუ წერა-კითხვის სწავლას, სკოლაში სავალდებულო სიარულიც დაემატა. მასაჩუსეტსში გაცდენების მიმართ მკაცრი კანონები არ იყო, მაგრამ 1845 წელს ბოსტონში უმუშევარი ბავშვების გაცდენების წინააღმდეგ კანონპროექტის შემოტანა სცადეს, მაგრამ ვერ გაიტანეს, რადგან მშობლების უფლებებს ეწინააღმდეგებოდა. 1846 წელს ეს კანონპროექტი მაინც გავიდა.

1850 წელს მასაჩუსეტსმა უფლებამოსილება მისცა თავის ქალაქებს სისტემატური გამცდენებისთვის დამსჯელი ღონისძიებები გაეტარებინათ, რაც ციხეში ჩასმასაც ითვალისწინებდა. ბოლოს, 1852 წელს, მასაჩუსეტსმა შეერთებულ შტატებში პირველმა შემოიღო თანამედროვე სავალდებულო საგანმანათლებლო სისტემის მსგავსი სახელმწიფო სწავლება, რაც ითვალისწინებდა, რომ რვიდან თოთხმეტ წლამდე ასაკის ყველა ბავშვს წელიწადში ცამეტი კვირა მაინც უნდა ევლო სკოლაში. მასაჩუსეტსი საუკუნის ბოლომდე განაგრძობდა თავისი სავალდებულო განათლების კანონების გაფართოებასა და გამკაცრებას. მაგალითად, 1862 წელს სკოლის სისტემატურად გამცდენი ბავშვების ციხეში ჩასმა დაკანონდა და სასკოლო ასაკი შვიდიდან თექვსმეტ წლამდე პერიოდამდე გაიზარდა. 1866 წელს სკოლაში წელიწადში ექვს თვეს სიარული სავალდებულო გახდა. აქ ადგილს ვერ დავუთმობთ „სახელმწიფო სკოლებისთვის ბრძოლაზე“ მსჯელობას, რამაც 1800-1850 წლებში ამერიკის განათლების სისტემა საგრძნობლად შეცვალა. მხოლოდ ამ მოძრაობის მომხრეთა მიზანზე ვისაუბრებთ. ისიც საკმარისია ითქვას, რომ ძლიერი პროპაგანდის შედეგად, 1800-1825 წწ. ახალი ინგლისის კვალდაკვალ კერძო საგანმანათლებლო სისტემა სხვა შტატებშიც ყველასთვის ხელმისაწვდომმა უფასო სკოლების იმ სისტემამ შეცვალა. ამასთან, სკოლების ხასიათიც შეიცვალა. სისტემა, რომელიც ღარიბი ბავშვების სწავლის საქველმოქმედო მხარდაჭერას ითვალისწინებდა ისეთმა სისტემამ შეცვალა, რომელიც სკოლაში სიარულს ყველა ბავშვს აძალებდა. 1850 წლისათვის უფასო სახელმწიფო სკოლების ქსელმა ყველა შტატი მოიცვა, მაგრამ მხოლოდ მასაჩუსეტსა და კონექტიკუტში იყო სავალდებულო.

XIX საუკუნის ბოლოს სავალდებულო სწავლებისთვის ბრძოლამ მთელი ამერიკა მოიცვა. მასაჩუსეტსში გამოსვლები დაიწყო და 1870-იან და 1880- იან წლებში მას სხვა შტატებიც აჰყვნენ. 1900 წელს სავალდებულო სწავლება თითქმის ყველა შტატს ჰქონდა შემოღებული38. როგორც ჩანს, სავალდებულო სწავლების შესახებ დიდი დებატები არ გამართულა. ამ არსობრივი საკითხის იგნორირების მიზეზი იოლი მისახვედრია, მით უმეტეს, რომ ეს განათლების ისტორიიდან კარგად ჩანს. პროფესიონლმა „პედაგოგებმა“ შეიძლება იცოდნენ, რომ სარისკო იქნებოდა, თუ სახალხო დებატებში ამ თემაზე ზედმეტად გაამახვილებდნენ ყურადღებას. სავალდებულო სწავლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რამდენიმე ციტატას მოვიშველიებთ, რომ „განათლების რეფორმატორთა“ და მათი პროპაგანდისტული მოძრაობის განვითარების ისტორია გავაანალიზოთ, რადგან მათ სახელმწიფო სკოლების დაარსებას და მათ მართვას შეუწყეს ხელი.

შეერთებულ შტატებში სავალდებულო სწავლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

XIX საუკუნის დასაწყისში თომას ჯეფერსონმა კარგად გამოხატა ინდივიდუალისტური ტრადიცია ამ საკითხთან მიმართებაში. ღარიბთა დასახმარებლად თომას ჯეფერსონი სახელმწიფო სკოლებს მხურვალედ უჭერდა მხარს, მაგრამ სავალდებულო სწავლებას ის აშკარად უარყოფდა: „სჯობს იმ იშვიათ მოვლენას შევეგუოთ, როდესაც მშობელი თავისი შვილის განათლებაზე უარს ამბობს, ვიდრე სხვების გრძნობებსა და აზრებს დარტყმა მივაყენოთ და ბავშვი მამის სურვილის წინააღმდეგ იძულებით წავიყვანოთ და ვასწავლოთ“39. მსგავსი იყო ერთი ახალგაზრდა ვირჯინიელის განცხადება: მშობლის უფლების წართმევა, სახელმწიფოზე გადაცემა და ამით მშობელსა და ბავშვს შორის ცოცხალი ურთიერთობის მოსპობა არ შეიძლებაო.

XIX საუკუნის ბოლოდან ინდივიდუალისტური ტრადიცია მკვეთრად შესუსტდა40. სავალდებულო სწავლების მხარდაჭერის ტიპური მაგალითი იყო 1898 წელს პროფესიონალ პედაგოგთა ერთ-ერთი ჯგუფის, კერძოდ, „ფილადელფიის სახელმწიფო განათლების კავშირის“ მიერ მომზადებული მოხსენება, სადაც ირწმუნებოდნენ, რომ რადგან უგუნური და ეგოისტი მშობლები არსებობენ, ბავშვის უფლებების დასაცავად სავალდებულო სწავლების შემოღება აუცილებელიაო41. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ 1895 წლის „პენსილვანიის სავალდებულო სწავლების კანონი“ ფილადელფიაში არ მოქმედებსო, და მის ამოქმედებას ითხოვდნენ. იქვე აღნიშნავდნენ, რომ ასეთი კანონების დანერგვის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს იმედის მომცემი პროფკავშირული მოძრაობა წარმოადგენდა42. მოხსენებაში დიდ ხოტბას ასხამდნენ პრუსიული სავალდებულო სწავლების სისტემას და მის მიღწევებს. მასაჩუსეტსისა და პრუსიის სისტემას ხოტბას იმის გამო ასხამდნენ, რომ იქ კერძო სკოლებს მხოლოდ სახელმწიფო განათლების კომიტეტის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემთხვევაში აძლევდნენ ნებართვას. ამავე დროს, იმ ფაქტსაც ხოტბით ეგებებოდნენ, რომ მასაჩუსეტსა და ნიუ-იორკში გამცდენებისთვის სპეციალური სკოლები დააარსეს და თუ მშობლები უარს იტყოდნენ თავიანთი ბავშვების იქ გაგზავნაზე, სასამართლო იძულებით წაიყვანდა მათ. პროფესიონალ პედაგოგთა განწყობილება იგრძნობა ზემოხსენებული მოხსენების მრავალ განცხადებაში. მაგალითად, ერთი ბრუკლინელი პედაგოგი არსებულ სისტემას იმის გამო აკრიტიკებდა, რომ ყოველი წლის 31 ივლისს გამცდენ ბავშვებს სასჯელისგან ათავისუფლებდნენ. მისი აზრით, ეს სასჯელი განუსაზღვრელი ვადით უნდა გაგრძელებულიყო იქამდე, ვიდრე ცვლილება აშკარა არ იქნებოდა, ან იქამდე, სანამ ბავშვი სკოლის ასაკს არ გასცდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის გამცდენი ბავშვების ციხეში გამომწყვდევას მოითხოვდა. ნიუ-იორკის შტატის ნიუ-ბურგის სკოლის ზედამხედველი მოითხოვდა, რომ თოთხმეტ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს, ვინც სკოლაში სიარულს თავს არიდებდა, ან ვინც ამის გამო სავალდებულო სწავლების ასაკის ზღვარს გასცდა, იძულებით ევლოთ შრომის გაკვეთილებზე, მუსიკასა და სამხედრო წვრთნაზე. პრუსია სავალდებულო სწავლების მომხრე ერთ-ერთი გაზეთისთვისაც იდეალს წარმოადგენდა. გავლენიანი „ნიუ-იორკ სანი” აცხადებდა, რომ ბავშვებს განათლება უნდა ჰქონოდათ და ისინი უნდა დაევალდებულებინათ ეს განათლება სახელმწიფოსგან მიეღოთ. გაზეთი პრუსიისა და სხვა გერმანული სახელმწიფოების საყოველთაო სავალდებულო განათლების სისტემას იწონებდა43.

1872 წელს, კონექტიკუტის შტატის განათლების სამმართველოს მდივნის ბ.გ.ნორთრუპის აზრით, აშკარა იყო, რომ ბავშვებს განათლების უფლება „ღვთისგან” ჰქონდათ მინიჭებული და მათი უგუნურად აღზრდა „დანაშაული“ იყო (პირველ ნაწილში ვნახეთ, რომ ყველა, მათ შორის წერაკითხვის უცოდინარნიც, ფორმალური სწავლების გარეშეც იძენენ ცოდნას და „განათლებას“). განათლების მთავარმა ორგანომ „ეროვნული განათლების ასოციაციამ“ 1897 წლის შეკრებაზე სახელმწიფო სავალდებულო სწავლების კანონების მხარდასაჭერად გადაწყვეტილება მიიღო44. ამგვარად, როგორც ვხედავთ, ამერიკაში სავალდებულო განათლების შემოღებაში მთავარ ძალას პროფკავშირებთან ერთად პროფესიონალი პედაგოგები, წარმოადგენდნენ. 1890-იანი წლების დასაწყისში დიდი მღელვარება იგრძნობოდა სავალდებულო განათლების წინააღმდეგ, მაგრამ ამ პერიოდში ეს მოძრაობა აშკარა გამარჯვებისკენ მიდიოდა. 1891 და 1893 წელს თავისუფალი განათლების ტრადიციების მქონე პენსილვანიის შტატის პატისონის გუბერნატორმა ორჯერ დაადო ვეტო სავალდებულო განათლების კანონპროექტს იმ საფუძველზე, რომ მშობლების პირად უფლებებში ჩარევა ამერიკულ პრინციპებს ეწინააღმდეგებაო. მაგრამ 1895 წელს ეს კანონი მაინც ამოქმედდა, როდესაც გუბერნატორმა ჰასთინგმა კანონპროექტს ხელი მოაწერა45.

1892 წელს „დემოკრატიული პარტიის ეროვნული პლატფორმა“ აცხადებდა: „ჩვენ არ ვეთანხმებით ბავშვების განათლების საკითხთან მიმართებაში მშობლების პირად უფლებებსა და თვისუფლებაში სახელმწიფოს ჩარევას, რადგან ეს ფუნდამენტურ დემოკრატიულ დოქტრინას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, ამერიკის უმაღლესი ტიპის მოქალაქეობისა და საუკეთესო მთავრობის გარანტი პიროვნების უდიდესი თავისუფლებაა, თუკი ის სხვების თავისუფლებას არ ეწინააღმდეგება“46.

სახელმწიფო სწავლების ამოცანები:
განათლების რეფორმის მომხრეთა მოძრაობა

საყურადღებოა სახელმწიფო სკოლების დაარსების მიზანი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროფესიონალი პედაგოგები, როგორც თავისუფალი საზოგადოებრივი, ისე სავალდებულო სწავლების შემოღების საქმეში წამყვან ძალად იქცნენ. პირველ რიგში, სახელმწიფო სკოლების მოთხოვნა ისეთი, ვითომ განმათავისუფლებლების მიერ, როგორიც თომას ჯეფერსონი და თომას პეინია, იმ რწმენას ეყრდნობოდა, რომ რესპუბლიკურ მთავრობას ყველაზე უკეთ კარგად ნასწავლი მოქალაქეები ეგუებიან და მთავრობამ ასეთი დაწესებულებები ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ძალიან ღარიბების თვის47, ვისაც კერძოდ სწავლის შესაძლებლობა არ აქვს. რა თქმა უნდა, ამ მიზეზით სახელმწიფო სკოლების დაარსებას ბევრი უჭერდა მხარს. მაგრამ სხვა უფრო საშიში მიზეზებიც არსებობდა, განსაკუთრებით იმ პედაგოგებში, ვინც ამ მოძრაობის ძირითად ძალას წარმოადგენდა, განათლების საბჭოებსა და მასწავლებელთა მოსამზადებელ კოლეჯებს აკონტროლებდა და სახელმწიფო სკოლის მასწავლებლებს ხელმძღვანელობდა. ჯერ კიდევ 1785 წელს უწმინდესმა ჯერემი ბელქნეფმა ნიუ-ჰემფშირის გენერალური სასამართლოს წინაშე მხარი დაუჭირა ყველასთვის თანასწორ და სავალდებულო განათლებას და განსაკუთრებულად აღნიშნა, ბავშვი სახელმწიფოს ეკუთვნის და არა თავის მშობელსო48.

გავლენიან ბენჟამინ რაშს საერთო განათლება ერთიანი, ერთგვაროვანი და ეგალიტარული ერის ჩამოყალიბებისთვის სურდა. ჩრდილო კაროლინას სახელმწიფო სასკოლო სისტემის მამამთავარისთვის სახელმწიფოსადმი მორჩილების დოქტრინა უმთავრესი იყო; არჩიბალდ დ. მერფი სახელმწიფო სასკოლო სისტემას შემდეგნაირად გეგმავდა: „ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს... ამ სკოლებში ზნეობრივი და რელიგიური პრინციპები უნდა დაინერგოს და მორჩილებისა და პატივისცემის ჩვევები ჩამოყალიბდეს... სახელმწიფომ ბავშვების კეთილდღეობაზე გულწრფელად უნდა იზრუნოს, მათზე პასუხისმგებლობა უნდა იკისროს და ისეთ სკოლაში მიაბაროს ისინი, სადაც ისე აღიზრდებიან, რომ გონება გაუნათდებათ და ღირსება შეემატებათ“49.

მიუხედვად იმისა, რომ ინდივიდუალისტური ტრადიცია ჯერ კიდევ ძლიერი იყო, მათმა მიზნებმა განათლების სავალდებულო სისტემისა და ეტატიზმის შესახებ, 1820-იანი წლებისთვის უკვე მთელი ქვეყანა, განსაკუთრებით კი ახალი ინგლისი მოიცვა. ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც განათლების სისტემაში კოლექტივიზმის იდეის დანერგვის საკითხში ახალი ინგლისის გავლენა გაზარდა, ეს დიდი მიგრაცია იყო. ახალი ინგლისიდან ხალხი მასიურად მიედინებოდა სამხრეთისა და დასავლეთისკენ და თან სახელმწიფო სკოლებსა და მის სავალდებულო შემოღებაზე ოცნება მიჰქონდა. ამ ვითარებაში მოხდა იმ იდეების დანერგვა, რაც ამქვეყანად სახელმწიფოს მიერ ბავშვების სრული კომუნისტური კონტროლის პლატონისეულ იდეასთან ყველაზე ახლოს იდგა. ეს იყო ამერიკის ორი პირველი სოციალისტის - ფრენსის რაიტისა და რობერტ დეილ ოუენის გეგმა. ოუენი ერთ-ერთი პირველი „სოციალისტ-უტოპისტის“ ვაჟი იყო. მან მამასთან, რობერტ ოუენთან ერთად ექსპერიმენტის ჩატარება სცადა ინდიანას შტატის ნებაყოფლობით კომუნისტურ გაერთიანებაში „ახალი ჰარმონია“. ფრენსის რაიტი შოტლანდიელი იყო და ისიც „ახალ ჰარმონიაში“ მოღვაწეობდა. მან ოუენთან ერთად გაზეთი „frii enqvaierer“ (Free Enquirer) დააარსა. მათი მთავარი ამოცანა სავალდებულო განათლებისთვის ბრძოლა იყო. რაიტმა და ოუენმა თავიანთი გეგმა შემდეგნაირად ჩამოაყალიბეს: „ეს არის ნაციონალური, რაციონალური, რესპუბლიკური განათლება, ყველასთვის უფასო და ყველას ხარჯზე, სახელმწიფოს ზედამხედველობით მოქმედი და სახელმწიფოს დიდების, ბედნიერების, ღირსებისა და ხსნის მომტანი“50. ამ პროგრამის ძირითადი მიზანი, ერთნაირი აზროვნების, ყოფა-ქცევისა და გრძნობების დანერგვა, და, ბოლოს, ქონებისა და მდგომარეობის გათანაბრება იყო. საზოგადოებრივი სკოლების, უმაღლესი სკოლების, სემინარიების და ამ რთული კონსტრუქციის სხვა ნაწილების ნაცვლად, რაიტი და ოუენი უბრალო, ერთი ტიპის სახელმწიფო დაწესებულებების შექმნას უჭერდნენ მხარს, ერთ რაიონში მცხოვრები ყველა ბავშვის „ერთად მისაღებად“. ეს დაწესებულებები სხვადასხვა ასაკის ბავშვთა ჯგუფების აღზრდას მოემსახურებოდა.ბავშვებს ამ ადგილებში ოცდაოთხი საათი უნდა ეცხოვრათ.

მშობლებს უფლება ჰქონდათ, თავიანთი ბავშვები დროდადრო ენახათ. ყოველი ბავშვი ორი წლის ასაკიდან სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ იქნებოდა. არანაირი უთანასწორობა თავისუფალი ქვეყნის საბავშვო ბაღებში არ უნდა ყოფილიყო... ერთიანი კვება, ერთნაირი ტანსაცმელი... ერთნაირი აღზრდა საერთო მოვალეობების შესასრულებლად ..საერთო ღირსებისთვის, საერთო სიამოვნებისთვის; ერთნაირი სწავლა; ერთი მიზნისკენ სწრაფვა აბა რას იტყვით! ასეთი თაობა ... განა არ შეცვლის საზოგადოებას და განა არ სრულყოფს ამერიკის თავისუფალ ინსტიტუტებს? ოუენი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ამ სისტემას „არც მეტი, არც ნაკლები, მთელი მოსახლეობა მოეცვა“, რასაც უნდა მოჰყოლოდა „ამერიკის ერთიანი რეგენერაცია, რაც ბევრისგან ერთადერთ კლასს ქმნის“. ფრენსის რაიტი სისტემის მიზანს არ მალავდა და ხალხს მდიდარი არისტოკრატიისა და სამღვდელო იერარქიების დამხობისკენ მოუწოდებდა. „ეს არის კლასობრივი ბრძოლა“. როგორც ვხედავთ, სავალდებულო განათლების ძველ გაგებაში სახელმწიფოს აბსოლუტიზმის ახალი ელემენტები ჩნდება. მეორე ამოცანაა აბსოლუტური თანასწორობა და ერთიანობა. ოუენისა და რაიტის აზრით, სავალდებულო სასკოლო სისტემა იდეალურად შეესაბამება ამ მიზანს. პირველ რიგში, ყველა ბავშვის ყოფა-ქცევა, აზროვნება და შეხედულება აბსოლუტურად თანაბრად უნდა ჩამოყალიბდეს. მაშინ ქვეყანა ქონებისა და შემოსავლების საბოლოო იძულებითი გათანაბრებისთვის მზად იქნება. რატომ მოითხოვდნენ ოუენი და რაიტი ასე დაჟინებით ორი წლის ასაკიდან ბავშვების ოცდაოთხი საათით მიტაცებას და მხოლოდ სასკოლო ასაკის დამთავრებისას, ანუ თექვსმეტი წლის ასაკში გათავისუფლებას? როგორც ოუენი აცხადებს: „რესპუბლიკურ სკოლებში არისტოკრატიული მეშჩანური ცრურწმენით ცდუნების არანაირი შესაძლებლობა არ უნდა არსებობდეს. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ახალგაზრდა, თანასწორი მოქალაქეები არიან. პატივისცემა მდიდრებს არ უნდა მიაგონ და ღარიბებს არ უნდა მოაკლონ. მაგრამ, თუ ყოველ საღამოს სახელმწიფო სკოლიდან ერთი ბავშვი თავისი მდიდარი მშობლების რბილი ხალიჩებით მოფენილ სახლში წავა, მეორე კი თავისი ღარიბი მამის ან დაქვრივებული დედის მოუწყობელ ღარიბულ ქოხში, მეორე დღეს, როცა დაბრუნდებიან, დარჩებიან კი ისინი ისევ მეგობრებად და თანასწორებად?“

შესაბამისად, განსხვავებული ხარისხის ტანსაცმელი შურის გრძნობას აღძრავს ღარიბებში, მდიდრებში კი უპატივცემულობას, რაც ორივე შემთხვევაში სასკოლო უნიფორმის შემოღებით უნდა აღმოიფხვრას. მათ მთელ პროგრამას ადამიანის თვითმყოფადობისადმი, განსაკუთრებით სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის განსხვავების სიძულვილი გასდევს. იძულებითი თანასწორობის მისაღწევად, სკოლამ შეუპოვარი გეგმა უნდა განახორციელოს, რომლის მიხედვით, ბავშვებს დღეში მხოლოდ ექვსი საათით კი არ უნდა ასწავლოს, არამედ უნდა გამოკვებოს, შემოსოს და დააბინაოს კიდეც; მიმართულება უნდა მისცეს არა მარტო სწავლაში, არამედ საქმიანობასა და გართობაშიც და მათზე უნდა იზრუნოს მანამ, სანამ მათი განათლება არ დასრულდება.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ოუენ-რაიტის გეგმა მნიშვნელოვანი არ არის, რომ ის სრულიად უსაფუძვლოა და უმნიშვნელო გავლენა ექნება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამ გეგმამ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია. რასაკვირველია, განათლების რეფორმის მომხრეთა გავლენიანი ჯგუფის მოსაზრებებში, რომლებმაც 1830-იან და 1840-იან წლებში მთელ ქვეყანაში სახელმწიფო სკოლები დააარსეს და მათზე ზედამხედველობა დააწესეს, თანასწორობის ხელშეწყობის იდეა დომინირებდა. ამასთან, ოუენის გეგმამ სახელმწიფო სავალდებულო სწავლების მთელი იდეა ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა არა მარტო იმიტომ, რომ სახელმწიფო აბსოლუტიზმსა და საყოველთაო თანასწორობას უჭერდა მხარს, რასაც სავალდებულო განათლების სისტემა დიდად უწყობდა ხელს, არამედ იმიტომაც, რომ ოუენმა აღიარა „ბავშვი მთლიანად“ სახელმწიფომ უნდა გაანათლოს, რომ მომავალი თაობა სრულად ჩამოაყალიბოსო. განა სავარაუდო არ არის, რომ ბავშვების მთლიანად იძულებით ჩამორთმევის კომუნისტური გეგმის მაგიერ, რასაც ამერიკაში არავინ დათანხმდებოდა, ბავშვის სრულ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ოუენ-რაიტის „ბავშვის მთლიანად“ განათლების „პროგრესული“ იდეა ისახავს მიზნად? ოუენ-რაიტის გეგმის გავლენას ის ფაქტიც მოწმობს, რომ სახელმწიფო სასკოლო მოძრაობის მეხოტბე იმდროინდელი ისტორიკოსი პირველად ამ გეგმის შესახებ იწყებს თხრობას და მნიშვნელოვან ადგილსაც უთმობს51. კრემინი აცხადებს, რომ ძალიან ბევრი გაზეთი აქვეყნებდა და იწონებდა ოუენის ნარკვევებს ამ გეგმის შესახებ. თავისი პროექტის გაფართოება ოუენმა 1820-იანი წლების დასასრულს დაიწყო და 1840-იანი წლების დასასრულამდე განაგრძო, ვიდრე რაიტთან ერთად შემუშავებული პროგრამა არ დაწერა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მშრომელთა ჯგუფებზე.

მან დიდი გავლენა მოახდინა ფილადელფიის მშრომელთა კომიტეტის 1829 წლის ცნობილ მოხსენებაზეც პენსილვანიის განათლების შესახებ. მოხსენება საყოველთაო თანასწორობის, თანასწორი განათლების და სწორი აღზრდისკენ მოუწოდებდა ყველას. ამ და სხვა მსგავსმა მოხსენებებმა „მნიშვნელოვნად გაუკვალა გზა ოცდაათიანი წლების შუა ხანების პროგრესულ კანონმდებლობას“52. მოკლედ, ამ დროიდან ამერიკის ისტორიაში ახალი შესანიშნავი ფენომენი გაჩნდა: განათლების რეფორმის მომხრეთა მჭიდროდ შეკრული ჯგუფი.კრემინი მათ „განათლების რეფორმატორებს“ უწოდებს, რომელთა აქტიურმა პროპაგანდამაც ხელი შეუწყო სახელმწიფო სკოლების შემოღებას და ვინც, შემდეგ, განათლების სამინისტროებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნითა და მასწავლებელთა მოსამზადებელ ინსტიტუტებზე ზედამხედველობით, ისევე, როგორც სხვა ღონისძიებებით, სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებზე დაიწყო კონტროლი. იგივე დაჯგუფება, თავისი გამოკვეთილი იდეებითა და ჟარგონებით, თუმცა სხვა სახელით, დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემაში თავის ბატონობას დღემდე განაგრძობს. რაც მთავარია, მათ მასწავლებელთა სახელმწიფო სერტიფიცირების მოთხოვნებზე თავიანთი სტანდარტები შემოიღეს. ამგვარად, სახელმწიფო სკოლებში სწავლება არ შეუძლია მათ, ვინც მასწავლებლის მოსამზადებელ იმ სასწავლო კურსს არ გაივლის, რომელსაც ეს რეფორმატორები ხელმძღვანელობენ. სავალდებულო განათლების დამკვიდრებას სწორედ ამ ჯგუფმა შეუწყო ხელი და უფრო და უფრო „პროგრესულ“ განათლებასაც მანვე დაუჭირა მხარი. ამიტომ, ეს საკითხი უფრო ყურადღებით შესწავლას იმსახურებს. ზოგიერთი ამერიკელი ამაყობს, რომ მათი განათლების სისტემა არასდროს იქნება ტირანული, რადგან იქ არა ფედერალური, არამედ საშტატო მმართველობაა. მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავება არ არის. საშტატო იქნება თუ ფედერალური, მთავრობა მაინც მთავრობაა, ამასთან, განათლების მესვეურებიც სრულიად ცენტრალიზებულები არიან ეროვნული გაერთიანებებისა და ჟურნალების საშუალებით. ამიტომ, ფაქტობრივად, სასკოლო სისტემა ეროვნულ დონეზე და ცენტრის მიერ არის კონტროლირებადი და ოფიციალური ფედერალური კონტროლი ეროვნული თანხმობისა და კონტროლის მხოლოდ საბოლოო საფეხურია. ტირანიას და აბსოლუტიზმს კიდევ ის ფაქტი უწყობს ხელს, რომ მასწავლებლები სახელმწიფო სამსახურში არიან. ამიტომ, როგორც კი ოფიციალურ გამოცდებს ჩააბარებენ, რასაც მათ სამასწავლებლო უნარ-ჩვევების რეალურ შეფასებასთან ნაკლები კავშირი აქვს, მასწავლებელს სახელმწიფო ხელფასი ენიშნებათ და მთელი სიცოცხლე ბავშვებთან უნდა იმუშაონ. სახელისუფლებო ბიუროკრატია ხელს უწყობს სახელმწიფო სამსახურების არსებობას, რადგან ეს მტკიცე და მუდმივი ბატონობის

არაჩვეულებრივად ძლიერი იარაღია. ხმათა უმრავლესობით დამყარებული ტირანია შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენა იყოს, მაგრამ ხელისუფლება დემოკრატიის კრიტერიუმებს სულ ოდნავ მაინც თუ ემორჩილება, ამომრჩეველთა უმრავლესობას უნდა ასიამოვნოს. მაგრამ სახელმწიფო მოხელეები, ვისაც მომდევნო არჩევნებში მარცხი არ ემუქრება, დემოკრატიის არანაირ კრიტერიუმებს არ ემორჩილებიან. ისინი მარადიული ტირანები არიან. „პოლიტიკიდან ზოგი რამის“ სახელმწიფო სამსახურში გადატანა, რასაკვირველია, ბიუროკრატთა „ზნეობას არ ამაღლებს“. მათ ეს თავიანთი საქმიანობის სფეროში თითქმის უცვლელ აბსოლუტურ მმართველებად აქცევს. ის ფაქტი, რომ მასწავლებლები სახელმწიფო სამსახურში დგანან, ამერიკის სავალდებულო სწავლების დღევანდელი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლია.

დავუბრუნდეთ განათლების პირველ მესვეურებს. ამ მოძრაობის ძირითადი მოქმედი პირები ახალი ინგლისიდან იყვნენ: ჰორეს მანი მასაჩუსეტსში და ჰენრი ბარნარდი კონექტიკუტში, აგრეთვე, ჯეიმს კარტერი, კალვინ სტოუ, კალებ მილსი და ბევრი სხვა. როგორი იყო მათი მეთოდები და მიზნები? მათთვის მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მეთოდი ცენტრალიზებული საგანმანათლებლო ორგანიზაციების დაარსება იყო. ერთ-ერთი პირველი ასეთი ორგანიზაცია ამერიკული ლიცეუმი იყო, რომელიც ჯოზია ჰობრუკმა გახსნა 1826 წელს. მათი მთავარი მიზანი განათლების საშტატო და ადგილობრივ საბჭოებზე ზეგავლენის მოხდენა და მათზე გაბატონების მცდელობა იყო. 1827 წელს პენსილვანიაში პირველი „სახელმწიფო სკოლების მხარდამჭერი საზოგადოება გაიხსნა“. ეს საზოგადოება კორესპონდენციის, პამფლეტების, პრეს-რილიზების და ა.შ. ფართო პროგრამებზე მუშაობდა. მსგავსი ორგანიზაციები 1830-იანი წლების დასაწყისში მთელ დასავლეთში ჩამოყალიბდა. მათთვის დამახასიათებელი იყო ლექციები, შეკრებები, კანონმდებელთა მემორიალური შეხვედრების მოწყობა და ლობირება. მთელ ქვეყანაში ასობით ასეთი ასოციაცია ჩამოყალიბდა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ამერიკის განათლების ინსტიტუტი იყო, რომელიც 1830 წელს ახალ ინგლისში დაარსდა. ამ ინსტიტუტის ყოველწლიური შეკრებები და მოხსენებები საგანმანათლებლო მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ანგარიშგებით ორგანოსა და ცენტრს წარმოადგენდა. მეორე, საგანმანათლებლო სისტემის მესვეურებმა რამდენიმე საგანმანათლებლო ჟურნალი დააარსეს, რითაც თავის მიმდევრებში ძირითად პრინციპებს ავრცელებდნენ. წამყვან ჟურნალებს მიეკუთვნებოდა „ამერიკის განათლების ჟურნალი“, „ამერიკის განათლების მატიანე“, „ზოგადი სკოლის დამხმარე“, „ზოგადი სკოლის ჟურნალი“. განათლების რეფორმატორებისთვის გავლენის მოპოვების ყველაზე მნიშვნელოვანი გზა სახელმწიფო სასკოლო სისტემებში წამყვანი თანამდებობების ხელში ჩაგდება იყო. ჰორას მანი „ზოგადი სკოლის ჟურნალის“ რედაქტორი და მასაჩუსეტსის განათლების საბჭოს მდივანი გახდა. 1840-იან წლებში მისი წლიური მოხსენებები დიდ გავლენას ახდენდა განათლების რეფორმატორთა „ხაზის“ დამკვიდრებაზე. ჰენრი ბარნარდი კონექტიკუტის განათლების საბჭოს მდივანი გახდა, კალვინ უაილი - ჩრდილო კაროლინას სახელმწიფო სკოლის დირექტორი, კალებ მილსი - ინდიანას სახელმწიფო სკოლის, სამუელ ლუისი კი - ოჰაიოსი და ა.შ.

განათლების მესვეურები კერძოდ ისინი, ვინც ჰორას მანის გავლენის ქვეშ იყო, ისე შორს არ წასულან, რომ სავალდებულო განათლებისთვის დაეჭირათ მხარი. მაგრამ ისინი სწორედ აქეთკენ მიექანებოდნენ, რადგან ყველას სახელმწიფო სკოლებში სწავლისკენ მოუწოდებდნენ და კერძო სკოლებს ლაფში სვრიდნენ. ისინი დაჟინებით მოუწოდებდნენ ყველას, რომ სახელმწიფო სკოლებში ესწავლათ, რადგან შესაძლებლად მიაჩნდათ, რომ ამ გზით მათი ერთ ყალიბზე მორგება მოხერხდებოდა და თანასწორობისკენ გადაიდგმებოდა ნაბიჯები. ვირჯინიის განათლების რეფორმის მომხრე ჩარლზ მერსერმა საჯარო სკოლის სახოტბო სიტყვა დაწერა, რომელიც ზუსტად ესადაგება ოუენის გეგმას: „თანასწორობა, რასაც ჩვენი ინსტიტუტები ეყრდნობა, ჩვენი ახალგაზრდობის აზროვნების წესთან ძალიან მჭიდროდ ვერ იქნება დაკავშირებული; ცხადია, ამ კავშირის დასამყარებლად საჭიროა, რომ ისინი რაც შეიძლება მეტი ხნით იყვნენ ერთად, სიყმაწვილიდან ერთსა და იმავე სკოლებში სწავლობდნენ, ერთი და იგივე ფორმა ეცვათ, ერთსა და იმავე შეჯიბრში იყვნენ ჩაბმულნი, ერთსა და იმავე გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს ასრულებდნენ და ერთად თამაშობდნენ, ერთი და იმავე მასწავლებლის ზედამხედველობით ერთსა და იმავეს სწავლობდნენ, ერთი და იმავე ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ“.

მერსერი ვირჯინიის საგანმანათლებლო მოძრაობის ლიდერი იყო. განათლების მესვეურთა ყველა ნაშრომში თანასწორობის მიღწევის საქმეში ისევ და ისევ სახელმწიფო სკოლების როლის აშკარა და ძლიერი მხარდაჭერა იგრძნობოდა. სამუელ ლუისი განსაკუთრებულად აღნიშნავდა, რომ საჯარო სკოლები განსხვავებულ ადამიანებს „ერთიან ხალხად“ ჩამოაყალიბებსო. თეოდორ ედისონს ის ახარებდა, ასეთ სკოლებში კარგი ბავშვები ცუდებთან ურთიერთობას შეეჩვევიან, რაც მათ ცხოვრებაშიც გამოადგებათო. გავლენიანი ოლივ ტეილორი, ჟურნალ „საჯარო სკოლის დამხმარეს“ რედაქტორი, აცხადებდა: „დაე, ყველა გაგზავნონ იქ (საჯარო სკოლაში), ეს სავალდებულოა“. 1837 წელს მის მიერ ნათქვამი სიტყვები ძალიან ჰგავდა მერსერისა და ოუენის გამონათქვამებს: „სადაც მაღალი და დაბალი ერთსა და იმავე კლასში ისწავლიან, ერთი და იმავე წიგნიდან და ერთსა და იმავე მასწავლებლისგან. სწორედ ეს არის რესპუბლიკური განათლება“53.

ასეთ განწყობას თან სდევდა კერძო სკოლების ლაფში გასვრა, რაც საყოველთაო განათლების მომხრეთა თითქმის ყველა ნაშრომში იგრძნობოდა და რაზეც, 1820-იან წლებში, ჯეიმს კარტერიც ამახვილებდა ყურადღებას. ორვილ ტეილორის სიტყვები ძალიან ჰგავდა ოუენისას - მდიდარ ბავშვს თუ კერძო სკოლაში გააგზავნიან, „მას ასწავლიან, რომ ის სახელმწიფო სკოლის მოსწავლეებზე უკეთესია. ეს კი რესპუბლიკანიზმი არ არის“. განათლების მესვეურებს მიაჩნდათ, რომ ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზნეობრივი პრინციპების ჩანერგვა იყო, ეს კი რელიგიურ რწმენასაც გულისხმობდა. ბავშვების სახელმწიფო სკოლებში გაგზავნას ყველა რელიგიის წარმომადგენლებს აიძულებდნენ, მაგრამ ისინი სექტანტები არ უნდა ყოფილიყვნენ. ამიტომ, სახელმწიფო სკოლებში ყველასთვის საერთო რწმენის შემოღება გადაწყვიტეს და პროტესტანტული ეკლესიის საფუძვლების სწავლება დაიწყეს. ეს გადაწყვეტილება ადრე თვალში საცემი არ იყო, მაგრამ კათოლიკეთა გაძლიერებულმა ემიგრაციამ საუკუნის შუა წლებიდან, გადაულახავი სირთულეები შეუქმნა ამ პროგრამებს. ის გარემოება, რომ იმ პერიოდში სწავლება ჯერ კიდევ ნებაყოფლობითი იყო, განათლების მესვეურების გავლენის შეზღუდულობაზე მიუთითებს. საგანმანათლებლო ბიუროკრატიას სრული ძალაუფლება ვერ ექნებოდა, რადგან მშობლებს არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდათ ან შეეძლოთ ბავშვები სახელმწიფო სკოლაში სულ არ გაეგზავნათ. როგორც ჩანს, მშობლები ისევ ფლობდნენ სიტუაციას. ამიტომ, ვერანაირი რელიგიური აბსოლუტიზმი ვერ მყარდებოდა. ამას გარდა, ჰორას მანი დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ ყველა საკამათო პოლიტიკურ საკითხზე მასწავლებელი ნეიტრალური ყოფილიყო. მასწავლებელი თუ აბსოლუტურად ნეიტრალური არ იქნებოდა, მაშინ საპირისპირო თვალსაზრისის მქონე მშობლები თავიანთ ბავშვებს სახელმწიფო სკოლაში არ გაგზავნიდნენ და საყოველთაო ერთიანი, თანასწორი განათლების იდეა დამარცხდებოდა.

ამგვარად, როგორც ვხედავთ, ტირანიის შესაჩერებლად ნებაყოფლობითი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო სკოლებს პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტი უნდა შეენარჩუნებინათ54. ამ გეგმის ერთ-ერთი ხარვეზი, რასაკვირველია, სწორედ ის არის, რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე კეთილგონივრული და შეუცდომელი მსჯელობა თითქმის შეუძლებელი იქნება, თუკი აბსოლუტურად ნეიტრალური ვიქნებით და ყოველგვარ პოლემიკას თავს ავარიდებთ. მაგრამ სახელმწიფო სკოლების დაარსებას თუ გავითვალისწინებთ, ეს აშკარად საუკეთესო გეგმაა.

განათლების მესვეურებს შეზღუდვები აღიზიანებდათ და პრუსიის მოდელისკენ ისწრაფოდნენ, სადაც ეს სირთულეები არ წამოჭრილა. ფაქტობრივად, ისინი მხოლოდ პოლიტიკურად იყვნენ ნეიტრალური, სადაც არანაირი უთანხმოება არ არსებობდა და ამერიკულ ნაციონალიზმს და ენის ერთიანობას ნერგავდნენ. კალვინ სტოუ პრუსიული მეთოდების შემოღებას ითხოვდა, მაგრამ ის, რასაკვირველია, აცხადებდა, რომ ამერიკაში რესპუბლიკანიზმისთვის უნდა მიეღწიათ და არა დესპოტიზმისთვის. სტოუ საყოველთაო სავალდებულო სკოლის იდეის განხილვას იმავე სიბრტყეში ითხოვდა, რომელშიც სამხედრო ვალდებულებას განიხილავდნენ. გავლენიანი სტოუ 1836 წელს თითქმის ისე ლაპარაკობდა, როგორც მარტინ ლუთერი სამი საუკუნის წინ: „თუკი საზოგადოების უსაფრთხოების თვალსაზრისით სწორია, რომ, როცა ქვეყანას თავს ესხმიან, მთავრობამ მოქალაქეებს სამხედრო მოვალეობის მოხდა უნდა აიძულოს, იგივე საფუძველი მთავრობას უფლებას აძლევს მშობლებს თავიანთი შვილებისთვის მტერი იმდენს ვერაფერს დაგვაკლებს, რამდენსაც უვიცობაში და ცოდვაში ყოფნა. ადამიანს უვიცი და ცოდვილი ბავშვების აღზრდით სახელმწიფოსთვის საფრთხის შექმნის უფლება ისევე არ აქვს, როგორც თავდამსხმელების ქვეყანაში შემოშვების. მშობელს თუ ბავშვისთვის განათლების მიცემა არ შეუძლია, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, თუ არ მოისურვებს, უნდა აიძულოს. ზოგადი განათლება, სამხედრო მწყობრზე ბევრად უფრო სანდო და ბევრად უფრო იაფი თავდაცვის საშუალებაა. სახელმწიფო განათლება სურვილი კი არ არის, მოვალეობაა... რადგან მშობლებისგან მიღებულ განათლებას, ისევე, როგორც მასში ფულის გადახდას, არავითარი შედეგი არ მოაქვს, სახელმწიფო განათლება სავალდებულოა“55.

პრუსიული სისტემის კიდევ ერთი პრინციპი, რომელსაც სტოუ ეთაყვანებოდა, ეს იყო სავალდებულო ერთიანი ენა. ის პრუსიული სისტემის მკაცრი და სავალდებულო დასწრებისა და გაცდენების საწინაღმდეგო კანონებსაც იწონებდა. სტოუს მოხსენებამ პრუსიული განათლების სისტემის შესახებ, დიდი გავლენა იქონია განათლების მესვეურებზე და ამ საკითხში ის სამაგალითოდ გაიხადეს. მანი და ბარნარდი ერთ თვალსაზრისს იზიარებდნენ, მაგრამ მანი სავალდებულო სწავლებას ეჭვით უყურებდა, ბარნარდი კი წინაღმდეგი არ იყო. პრუსიული საგანმანათლებლო სისტემის ქებისას ის წერდა: “სკოლაში რეგულარული დასწრება განსაკუთრებულად და უდიდესი სიფხიზლით უნდა კონტროლდებოდეს, რადგან სწორედ ესაა ის უპირატესობა, რაც სკოლას ახასიათებს. ბედნიერება იქნებოდა მშობლებს და ბავშვებს თავად ჰქონოდათ ამის სურვილი... სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ არის, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში. მართალია, შეურაცხმყოფელია, რომ იძულებული ვართ ზეწოლას მივმართოთ, მაგრამ თავიდან თითქმის მუდამ აუცილებელი ხდება“56.

რასაკვირველია, ჰორას მანის გულწრფელობა ჯერ კიდევ საკითხავია. თავის ყოველწლიურ მოხსენებებში ის საკუთრების უფლებას კიცხავდა და საზოგადოებრივ კონტროლსა და ერთიან საქვეყნო საკუთრებაზე საუბრობდა. მეორე მხრივ, როდესაც მან მეწარმეებისგან სკოლებისთვის წყალობა მოითხოვა, თავი დაანება ამ მიმართულებას, ნეიტრალიტეტზე საუბარი შეწყვიტა და განაცხადა, რომ ჯექსონის დემოკრატიისა და ერთმმართველობისგან განსხვავებით, სავსებით იწონებდა იდეოლოგიურ აღზრდას57.

ჰენრი ბარნარდიც მხარს უჭერდა იდეოლოგიურ აღზრდას. აშკარაა, განათლების მესვეურებს განათლების ნებაყოფილობითი სისტემის მიერ თანასწორობის წინააღმდეგ აღმართული ბარიერი აწუხებდათ. სახელმწიფოსთვის იდეოლოგიური აღზრდისა და ერთიანობის ნების მისაცემად სავალდებულო სწავლების პრუსიული სისტემა იყო საჭირო, რაც XIX საუკუნის ბოლოს შემოიღეს და ყველაფერს ფარდა აეხადა. ნეიტრალიტეტის დაძალება ან მისკენ მოწოდება საჭირო აღარ იყო. სახელმწიფო ხელისუფლების სასარგებლოდ კიდევ ერთი რეფორმისტული განცხადება ბოსტონის მერსა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ჯოსაია კუინსის ეკუთვნის, რომელმაც 1873 წელს განაცხადა, განათლება ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს, რომ ხელისუფლების მორჩილება ისწავლოსო. შესაბამისად, ეს კომენტარები განათლების მესვეურთა ჟურნალებში - „საჯარო სკოლის ჟურნალი“ და „სკოლა და მასწავლებელი“ - იბეჭდებოდა. გავლენიანი იაკობ ებოტი 1856 წელს აცხადებდა, რომ მასწავლებელმა უნდა დაარწმუნოს მოსწავლეები არსებული ხელისუფლება სცნონო. 1853 წელს ინდიანას შტატის სახელმწიფო სწავლების ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ სკოლის პოლიტიკამ მთელი ხალხი საერთო ინტერესების მქონე ერთიან ერად უნდა ჩამოაყალიბოსო.

პროგრესული განათლება და თანამედროვე გარემო

ცხადია, აქ დიდად გაკრიტიკებულ, არასავალდებულო პროგრესულ განათლებასა და A კლასის სახელმწიფო სკოლების დღევანდელ მდგომარეობაზე ვრცელი საუბრის დრო და ადგილი არ არის, მაგრამ ამ ქვეყანაში 1900 წლიდან რუსო-პესტალოცი-დიუის სისტემის ტრიუმფის შუქზე ერთგვარი საერთო მოსაზრებები გამოიკვეთა:

1. პროგრესული განათლების მიზანია ბავშვის დამოუკიდებელი აზროვნების მოშლა, უფრო სწორად, ნებისმიერი აზრის ჩახშობა. სანაცვლოდ, ბავშვებს ასწავლიან ზოგიერთი გმირობის სიმბოლოს პატივისცემას (ჯენტილე) ან გაბატონებული „ჯგუფის” მორჩილებას (როგორც იაპონია ლაფკადიო ჰერნისთვის). ამგვარად, საგნები რაც შეიძლება მცირე დოზით ისწავლება და ბავშვს რომელიმე კონკრეტული კურსის სწავლისას გონებრივი შესაძლებლობების სისტემატური განვითარების ძალიან ცოტა შანსი აქვს. ეს პროგრამა უფროს კლასებშიც გრძელდება ისევე, როგორც საშუალო კლასებში, რადგან ბევრმა კურსდამთავრებულმა ელემენტარული წერა-კითხვა არ იცის და აზრიანი წინადადების დაწერა არ შეუძლია. განათლების მესვეურთა მმართველი ჯგუფი იმ გზას დაადგა და იმგვარ კოლეჯებს აარსებს, სადაც არავითარი სისტემური სწავლება არ მიმდინარეობს, რა პრინციპის დანერგვაც მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსების შემთხვევაში უკვე წარმატებულად შეძლეს. ძალიან ცბიერი პოლიტიკაა ბავშვს უფლება მისცე „რაც უნდა ის აკეთოს“, რადგან ეს ბავშვებს იქით უბიძგებს, რომ მუდმივად თავდაპირველ ზედაპირულ დონეზე დარჩნენ და არაფერი ისწავლონ. ამას გარდა, სამი ძირითადი იარაღი „წერა, კითხვა და არითმეტიკა“ უაღრესად უგულებელყოფილია, რის შედეგადაც ბავშვის გონებრივი განვითარება ქვეითდება და ფერხდება. ანბანის სწავლის ნაცვლად სიტყვების სურათებიდან დასწავლის მეთოდი ბავშვის ყველაზე ძლიერი იარაღის, გონებრივი იარაღის, წართმევას ცდილობს.

2. თანასწორობისა და ერთიანობისთვის ისე ძლიერ იბრძვიან, როგორც არასდროს, იმ ნიღაბქვეშაც კი, როდესაც ბავშვებს ნებას აძლევენ, რაც უნდათ, ის აკეთონ. ეს გეგმა იმ შეფასებათა გაუქმებას ითვალისწინებს, რითაც უკეთესი და უარესი ბავშვები საკუთარ წინსვლას ამჩნევენ. სამაგიეროდ, მათ „სუბიექტურად“ შეაფასებენ ან სულაც არ შეაფასებენ. სუბიექტური შეაფასება საშინელი სქემაა. მოსწავლეებს მასწავლებელი თვითნებურად აფასებს იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობს ბავშვის შესაძლებლობებზე და აფასებს იმდენად, რამდენადაც ბავშვი ამ შესაძლებლობებს იყენებს. ეს ნიჭიერ ბავშვებს საშინელ დაბრკოლებებს უქმნის და გონებასუსტებს საგანგებო პრივილეგიებს ანიჭებს, რამაც შეიძლება მათ აფიქრებინოს, რომ არც ისე გონებაჩლუნგები არიან, როგორც სინამდვილეში ჰგონიათ. ახლა სწავლება უმდაბლესი საერთო მაჩვენებლებისკენ უფრო ისწრაფვის, ვიდრე საშუალოსკენ, რომ ძალიან გონებაჩლუნგებს არ „აწყენინონ“, რაც ნიჭიერ მოსწავლეებს სწავლის ხალისსა და შესაძლებლობებს ართმევს, გონებასუსტებს კი არწმუნებს, რომ წარმატება თავისით მოვა შეფასებებით, წახალისებით და ა.შ. პიროვნულობას ახშობენ, რადგან ყველას „ჯგუფთან” შეგუებას ასწავლიან. მთელი აქცენტი „ჯგუფზეა“ გადატანილი - ხმას კლასი აძლევს, საქმეს უმრავლესობა უძღვება და ა.შ. ამით ბავშვებს ასწავლიან ჭეშმარიტება უმრავლესობის აზრში ეძებონ და არა საკუთარ დამოუკიდებელ დასკვნებში, ან ამ სფეროში საუკეთესოთა აზრში. ბავშვებს დემოკრატიისთვის ამზადებენ და მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობას ისე აწყებინებენ, ჯერ სისტემურ საგნებს (პოლიტიკა, ეკონომიკა, ისტორია) არ ასწავლიან, რაც ამისთვის აუცილებელია. გონივრულ დამოუკიდებელ აზროვნებას გონებადაბნელებული ადამიანის ლოზუნგები და ზედაპირული აზროვნება ცვლის. ასეთი აზროვნება კი ჯგუფის უმდაბლესი საერთო მნიშვნელია. ცხადია, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ყველაზე გონებასუსტების ჯგუფი წარმოადგენს. პროგრესულობის მომხრე განათლების მესვეურები ხედავდნენ, რომ მათ რთულ საგნებს ან, უფრო სწორად, მარტივ საგნებსაც ვერ ასწავლიდნენ, მაგრამ იმის ნაცვლად,რომ აქედან ლოგიკური დასკვნები გამოეტანათ და უნიჭოების სავალდებულო სწავლებაზე უარი ეთქვათ, სწავლების უმდაბლეს დონეზე დაყვანა გადაწყვიტეს, რომ ათვისება ყველაზე გონებასუსტებსაც შესძლებოდათ. საბოლოო ჯამში, საგნებისა და შეფასების საერთოდ გაუქმებამდე მივიდნენ.

3. „დამატებით საგნებზე“ ყურადღების გამახვილება - ფიზიკური განათლება, თამაში და სხვა უამრავი წვრილმანი კურსები - იმავე მიზანს ემსახურება, რომ ყველაზე გონებასუსტებისთვის იოლად გასაგები და ყველასთვის ერთნაირი სწავლების დონე იყოს. ამას გარდა, რაც უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას ასეთ საგნებზე, მით უფრო ნაკლები სივრცე რჩება სისტემური აზროვნებისთვის.

4. ის აზრი, რომ სკოლამ უბრალოდ საგნები კი არ უნდა ასწავლოს, არამედ ბავშვი ცხოვრების ყველა ასპექტში „ერთნაირად” უნდა გაანათლოს, აშკარად იმის მცდელობაა, რომ სახელმწიფოს უსაფუძვლოდ მიაწერონ ოჯახის ფუნქციები. ეს არის მცდელობა, ბავშვი ისე ჩამოყალიბდეს, რომ პლატონის და ოუენის გეგმებისგან განსხვავებით, ოჯახს რეალურად არ მოწყვიტონ.

5. უდავოა, ყველაფერი ეს მიზნად ისახავს, რომ პიროვნება ჯგუფსა და სახელმწიფოზე იყოს დამოკიდებული.

______________________

1. უფროსი ასაკის ადამიანებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლობენ საკუთარი თავის შესახებ, სხვა ადამიანების და, საერთოდ, გარე სამყაროს შესახებ. მაგრამ, რადგან მათი განსჯის უნარი ბავშვებთან შედარებით უკვე კარგად არის განვითარებული, ამის შესახებ აქ არ ვისაუბრებთ.

2. რასაკვირველია, მოგვიანებით შეიძლება ბავშვმა სპეციალური მომხადება გაიაროს სპორტში, ფერწერაში ან მუსიკაში, რაშიც სისტემატურად იმეცადინებს, როგორც სპეციალობაში.

3. იხ. სხვა ნაშრომები ბიოლოგიური თავისებურებისა და ფსიქოლოგიის თემაზე: Roger J. Williams, Free and Unequal (1953), and Biochemical Individuality (1956); Gordon W .Allport, Becoming (1955); and Abraham H. Maslow, Toward a Psychology of Being (1962).?

4. George Harris, Inequality and Progress (Boston: Houghton, Mifflin, 1898), pp. 74-75,88 and passim.

5. Herbert Spencer, Social Statics: The Conditions Essential to Human Happiness Specified, and the First of Them Developed (New York: Robert Schalkenbach Foundation, 1970), p. 294; Clara Dixon Davidson, „Relations Between Parents and Children“, Liberty, September 3,1892..

6. Harris, Inequality and Progress, pp. 4243.

7. Herbert Read, The Education of Free Men (London: Freedom Press, 1944), pp. 27-28.

8. Spencer, Social Statics , p. 297.

9 Isabel Paterson, The God of the Machine (Caldwell, Idaho: Caxton Printers, 1943), pp. 271-72.

10. lbid, pp. 273 and 274; emphasis in original.

11. John William Perrin, The History of Compulsory Education in New England, 1896.

12. cf. Lawrence A. Cremin, The American Common School: An Historic Conception (New York: Teachers College, Columbia University, 1951), p. 84.

13. Cf. John, Lord Acton, „The Protestant Theory of Persecution“ in his Essays on Freedom and Power (Glencoe, Ill.: The Free Press, 1948), pp. 88-127.

14. Ibid., p. 94.

15. A.E. Twen tyman, „Education: Germany“, Encyclopedia Britannica, 14th ed ., vol. 7, pp. 999-1000.

16. Cf. Perrin, The History of Compulsory Education in New England.

17. Cf. Howard C. Barnard, National Education in Europe (New York, 1854).

18. Calvin E. Stowe, The Prussian System of Public Instruction and Its Applicability to the United States (Cincinnati, 1836).

19. Ludwig von Mises, Omnipotent Government: The Rise of the Total State and Total War (Spring Hills, Penn.: [I944] Libertarian Press, 1985), pp. 82-83.

20. Franz de Hovre, German and English Education, A Comparative Study (London: Constable, 1917).

21. Modern Germany, In Relation to the Great War , W. W. Whitlock, trans. (New York, 1916).

22. Ernest Troeltsch, „The Spirit of German Kultur“, Modern Gemzany, pp. 72-73. Also see Alexander H. Clay, Compulsory Continuation Schools in Germany (London, 1910 ).

23. Herbert Spencer, Social Statics (New York: Robert Schalkenbach Foundation, 1970), p. 297.

24. evropis qveynebis savaldebuli ganaTlebis kanonebi detalurad ix. naSromSi: London Board of Education, Statement as to the Age at Which Compulsory Education Begins in Certain Foreign Countries (London, 1906).

25. Spencer, op. cit., pp. 297-98.

26 Lafcadio Hearn, Japan: An Interpretation, (New York: Macmillan, 1894), in Isabel Paterson, The God of the Machine, (Caldwell, Idaho: Caxton Printers, 1964).

27. Howard C .Barnard, A Short History of English Education, 1760-1944 (London: Uni versity of London Press, 1947). სავალდებულო განათლების პირველი ელემენტები 1844 წელს გაჩნდა, როდესაც გამოვიდა კანონი ქარხნების შესახებ, რომელიც მოითხოვდა, რომ მუშაობის დაწყებამდე ბავშვებს განათლება უნდა მიეღოთ.

28. A.V. Dicey, Lectures on the Relation between Law and Public Opinion in England During the Nineteenth Centur y (New York: Macmillan, 1948), pp. 276-278.

29. The Man Versus the State (Caldwell, Idaho: Caxton Printers, 1946).

30. Sir Henry Maine, Popular Government (Indianapolis, Ind.: Liberty Classics, [I8851 1976).

31. Arnold J. Toynbee, A Study of History, 10 vols. (New York: Oxford University Press, 1962), vol. 4, pp. 196-97.

32. იხ. Erik von Kuehnelt-Leddihn, Liberty or Equality (Caldwell, Idaho: Caxton Printers, 1952), pp. 63-64.

33. აშკარა მსგავსებაა ჯონ დიუის გამოთქმასთან: „სწავლა და საქმე“, რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ. იხ. Franklin L. Burdette, „Politics and Education,“ pp. 410-23, esp. 419, in Twentieth Centur yPolitical Thought, ed. J. Roucek (New York: Philosophical Library, 1946).

34. იხ., H.W. Schneider and S.B. Clough, Making Fascists (Chicago: University of Chicago Press, 1929); George F. Kneller, The Educational Philosophy of National Socialism (New Haven, Conn.: Yale University Press, 1941); Walter Lando, „Basic Principles of National Socialist Education“, Education for Dynamic Citizenship (Philadelphia: University of Pennsylvania Press, 1937); Howard R. Marraro, The New Education in Italy (New York: S.F. Vauni, 1936); Albert P. Pinkevitch, The New Education in the Soviet Republic (New York: John Day Company, 1929). აგრეთვე საინტერესოა: Edward H. Riesner, Nationalism and Education Since 1789: A Social and Political History of Modem Education (New York: Mamillan, 1922) .

35. John William Perrin, The History of Compulsory Education in New England, 1896; Lawrence Cremin, The American Common School, an Historic Conception (Teachers College, New York, 1951); and Forest Chester Ensign, Compulsory School Attendance and Child Labor (Iowa City: Athens Press, 1921).

36. Perrin, The History of Compulsory Education in New England

37. Merle E. Curti, The Social Ideas of American Educators (Paterson, N.J .: Pageant Books, 1959).

38. სახელმწიფოთა სავალდებული განათლების კანონების მიღების თარიღების სია იხ.: Edgar W. Knight, and Clifton L. Hall, Readings in American Educations History (New York: Appleton-Century, Crofts, 1951). სხვადასხვა სახელმწიფოთა სავალდებულო განათლების კანონების ამოქმედების თარიღები იხ.: Report of the Commissioner of Education for 1906, chap. 28, „Compulsory Attendance and its Relation to the General Welfare of the Child“ (Washington, D.C.: U.S. Government Printing Office, 1906).

39. Cf. Saul K. Padover, Jefferson (New York: Harcourt, Brace and Company, 1942), p. 169.

40. „A Constituent,“ Richmond (Va.) Enquirer, January 1818 .

41. Compulsory Education, prepared for the Public Education Association of Philadelphia, 1898.

42. Cf. Philip Curoe, Educational Attitudes and Policies of Organized Labor in the United States (New York: Teachers College, Columbia University, 1926).

43. New York Sun , 16 April 1867.

44. Journal of Proceedings and Addresses, N.E.A., 1897, p. 196.

45. Knight and Hall, Readings in American Educational Histor y.

46. Ibid.; and H.L. Mencken, A New Dictionary of Quotations on Historical Principles from Ancient and Modern Sources (New York: A.A. Knopf, 1942), pp. 333-34.

47. Cremin, T he History of Compulsory Education in New England.

48. Hans Kohn, The Idea of Nationalism: A Study in Its Origins and Background (New York: Macmillan, 1934), p. 104.

49. Archibald D. Murphey, The Papers of Archibald D. Murphey, 2 vols. (Raleigh, N.C.: E.M. Uzzell, 1914), pp. 53-54.

50. Robert Dale Owen and Frances Wright, Tracts on Republican Government and National Education (London, 1847). Also, see Cremin, The History of Compulsory Education in New England.

51. Cremin, op. cit, pp. 37 ff.

52. Ibid.

53. Common School Assistant, vol. 2, 1837, p. 1. For Mercer's statement, see Charles Fenton Mercer, A Discourse on Popular Education (Princeton, 1826 ). Mercer's expression antedated Owen's. Also see the various annual lectures before the American Institute of Instruction.

54. Horace Mann's Twelfth Annual Report ,p. 89.

55. Calvin E. Stowe, The Prussian System of Public Instruction and its Applicability to the United States (Cincinnati, 1830).

56. Henry Barnard, National Education in Europe (New York, 1854).

57. cf. Cremin, The History of Compulsory Education in New England and Curti, The Social Ideas of American Educators.

7 მოჩვენებითი ცოდნა (მიეძღვნა ალფრედ ნობელის ხსოვნას. წაკითხული იქნა 1958 წ.)

▲ზევით დაბრუნება


ფრიდრიხ . ფონ ჰაიეკი

ამ ლექციის თემა მისი განსაკუთრებულობისა და იმ მნიშვნელოვანი პრაქტიკული პრობლემის გამო ავირჩიე, რაც დღეს ეკონომისტების წინაშე დგას. ერთი მხრივ, სულ ახლახან, ეკონომიკურ მეცნიერებაში ნობელის პრიზის შემოღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რითაც საზოგადოებრივმა აზრმა ეკონომიკას ფიზიკურ მეცნიერებათა ღირსება და პრესტიჟი მოუტანა. მეორე მხრივ, ახლა ეკონომისტებს თავისუფალი სამყაროს სწრაფი ინფლაციის საშიშროებიდან გამოყვანა ეკისრებათ, რაც, უნდა ვაღიაროთ, იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც ეკონომისტთა უმრავლესობა ურჩევდა მთავრობას და გაატარებინა კიდევაც. ამჟამად, ეკონომისტებს სიამაყის მიზეზი მართლაც არ გვაქვს, რადგან ყველაფერი ჩვენ თვითონ ავურდავურიეთ.

ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ეკონომისტებმა პოლიტიკის უფრო წარმატებულად წარმართვა ვერ მოახერხეს, იმ ტენდენციამ განაპირობა, რომ ისინი ზუსტად ბაძავენ ფიზიკური მეცნიერების განსაკუთრებულად წარმატებულ მეთოდებს - ამ ტენდენციამ შეიძლება ჩვენი დარგი აშკარა შეცდომამდე მიიყვანოს. ასეთ მიდგომას „მეცნიერულს“ უწოდებენ, მაგრამ მე ჯერ კიდევ ოცდაათიოდე წლის წინ განვაცხადე, რომ ეს მიდგომა „უდავოდ არამეცნიერულია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან ის აზროვნების ნირის მექანიკურ და ბრმად გამოყენებას გულისხმობს იმ დარგისგან სრულიად განსხვავებულ სფეროში, სადაც ის ჩამოყალიბდა“1. დღეს საუბარი იმის ახსნით მინდა დავიწყო, თუ რატომ არის ბოლოდროინდელი ეკონომიკური პოლიტიკის ზოგიერთი უმძიმესი შეცდომა ამ მეცნიერული შეცდომის უშუალო შედეგი.

თეორია, რითაც ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე სავალუტო და ფინანსური პოლიტიკა ხელმძღვანელობს და რომელიც, ჩემი აზრით, უმთავრესად გარკვეული სამეცნიერო მეთოდიკის მცდარად გაგების შედეგია, ამტკიცებს, რომ სრულ დასაქმებასა და საქონელზე მთლიან მოთხოვნას შორის უშუალოდ გამოხატული კორელაცია არსებობს; ეს გულისხმობს, რომ მიმოქცევაში არსებული ფულის სწორად ხარჯვის შედეგად მუდმივად შეგვიძლია სრული დასაქმების უზრუნველყოფა. მასობრივი უმუშევრობის ფაქტის ასახსნელად წამოყენებულ სხვადასხვა თეორიებს შორის, ალბათ ეს ერთადერთი თეორიაა, რომლის დასასაბუთებლადაც მტკიცე რიცხობრივი არგუმენტების მოყვანა შეიძლება. ამის მიუხედავად, ეს თეორია მე არსებითად არასწორად მიმაჩნია, მის თანახმად მოქმედება კი, რაც ახლა ხდება, ძალიან საზიანოდ.

კრიტიკულ საკითხს მივადექით. ფიზიკური მეცნიერებისგან განსხვავებით, მოვლენათა ის ასპექტები, რომელიც ეკონომიკამ და კომპლექსურ მოვლენებთან დაკავშირებულმა სხვა დისციპლინებმა უნდა ახსნას, რაოდენობრივი მონაცემების მხრივ შეზღუდულია და შეიძლება მნიშვნელოვან მონაცემებს არც შეიცავდეს. ფიზიკურ მეცნიერებაში საერთოდ დაშვებულია, და ალბათ სამართლიანადაც, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დაკვირვების ობიექტს განსაზღვრავს, თვითონვე დაკვირვებას ექვემდებარება და იზომება. მაგრამ ისეთი კომპლექსური ფენომენის კვლევისას როგორიც ბაზარია, რომელიც მრავალი ადამიანის მოქმედებაზეა დამოკიდებული, ყველა იმ გარემოების სრულად გამოკვლევა და გაზომვა, რამაც შედეგი უნდა განსაზღვროს, ძნელია, იმ მიზეზების გამო, რასაც მოგვიანებით აგიხსნით. ფიზიკურ მეცნიერებაში მკვლევარს შეუძლია გაზომოს ის, რაც prima facie თეორიის საფუძველზე მნიშვნელოვნად მიაჩნია, ხოლო სოციალურ მეცნიერებაში ხშირად მნიშვნელოვნად ის მიაჩნიათ, რის გაზომვაც შეუძლიათ. ამის გამო ზოგჯერ მოითხოვენ, რომ ჩვენი თეორიები მხოლოდ გაზომვადი სიდიდეების აღმნიშვნელი ტერმინებით ჩამოყალიბდეს.

ვერ უარვყოფთ, რომ ასეთი მოთხოვნა საკმაოდ ხელოვნურად ზღუდავს იმ ფაქტორებს, რაც რეალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენათა შესაძლო მიზეზებად უნდა დავუშვათ. ამ თვალსაზრისს ერთობ პარადოქსული შედეგები მოსდევს. ხშირად საკმაოდ გულუბრყვილოდ მიიჩნევენ, თითქოს ამას სამეცნიერო პროცედურა მოითხოვდეს. რასაკვირველია, ბაზარსა და სხვა სოციალურ სტრუქტურებთან მიმართებაში ძალიან ბევრი ისეთი ფაქტორია, რის გაზომვაც არ შეგვიძლია და რაზედაც მართლაც ძალიან გაურკვეველი და ზოგადი ინფორმაცია გაგვაჩნია. რაკი ამ ფაქტორების შედეგები ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში რაოდენობრივი ფაქტებით არ დასტურდება, მათ უბრალოდ უგულებელყოფენ ისინი, ვისაც დასაშვებად მხოლოდ ის მიაჩნიათ, რასაც მეცნიერულ ფაქტორად განიხილავენ. შესაბამისად, იმ ილუზიამდე მიდიან, რომ ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რის გაზომვაც შეუძლიათ.

მაგალითად, ერთობლივ მოთხოვნასა და სრულ დასაქმებას შორის თანაფარდობა შეიძლება მხოლოდ მიახლოებითი იყოს, მაგრამ რადგან ეს ერთადერთი თანაფარდობაა, რომლის რიცხობრივი მონაცემებიც გაგვაჩნია, მას ერთადერთ მნიშვნელოვან მიზეზობრივ კავშირად მიიჩნევენ. ამ სტანდარტებით შეიძლება მცდარი თეორიისთვის უფრო უკეთესი „მეცნიერული“ ფაქტები არსებობდეს და ის უფრო „მეცნიერულად“ მიიჩნიონ, ხოლო სამართლიანი ახსნა უკუაგდონ იმის გამო, რომ საკმარისი რიცხობრივი მონაცემები არ არსებობს.

მოკლედ აგიხსნით, თუ რა მიმაჩნია მასობრივი უმუშევრობის ნამდვილ მიზეზად და რატომ ვერ აღმოიფხვრება ის ამჟამად მოდური ახალი თეორიით რეკომენდებული ინფლაციური პოლიტიკით. მე ვფიქრობ, ნამდვილ ახნას ის განსხვავება გვაჩვენებს, რაც სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნილების განაწილებასა და მუშახელისა და სხვა რესურსების ამ პროდუქციის წარმოებაში განაწილებას შორის არსებობს. ჩვენ საკმაოდ კარგი „ხარისხობრივი“ ინფორმაცია გაგვაჩნია იმ ძალების შესახებ, რითაც ეკონომიკური სისტემის სხვადასხვა სექტორში მოთხოვნა-მიწოდებას შორის შესაბამისობა მყარდება, აგრეთვე იმ პირობების შესახებ, რა პირობებშიც ის მიიღწევა და იმ ფაქტორების შესახებ, რომელიც თითქოს ამას უშლის ხელს. ამ პროცესის აღწერაში თითოეული საფეხური ყოველდღიურ გამოცდილებაზეა აგებული და ცოტა თუ შეეცდება, რომ ამ არგუმენტების სარწმუნოდ ფაქტობრივი ვარაუდების სამართლიანობა ან მათგან მიღებული დასკვნების ლოგიკურობა იკითხოს. საფუძველი გვაქვს დავიჯეროთ - უმუშევრობა მართლა იმაზე მიუთითებს, რომ ფარდობითი ფასებისა და ხელფასების სტრუქტურა დაირღვა (ჩვეულებრივ, მონოპოლისტური ან მთავრობის ფიქსირებული ფასებით) და ყველა სექტორში მუშახელის მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობის აღსადგენად ფარდობითი ფასების ცვლილება და მუშახელის გადანაწილებაა საჭირო.

მაგრამ, როდესაც ფასებისა და ხელფასების კონკრეტული სტრუქტურები შეთავაზებული პროდუქციისა და მომსახურების ერთგვაროვანი უწყვეტი გასაღების უზრუნველსაყოფად რაოდენობრივ მონაცემებს გვთხოვს, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ასეთ ინფორმაციას არ ვფლობთ. სხვა სიტყვებით, ჩვენ ზოგადად ვიცით ის პირობები, რაშიც თავისით წარმოიქმნება ის მდგომარეობა, რასაც მცდარად წონასწორობას ვუწოდებთ: მაგრამ თუ ასეთ წონასწორობას ბაზარი განაპირობებს, ფასებისა და ხელფასების კონკრეტული განაკვეთები ვერ გვეცოდინება. მხოლოდ იმის თქმას შევძლებთ, თუ რა პირობებში შეიძლება ბაზარზე იმ ფასებისა და ხელფასების დამკვიდრებას ველოდოთ, რაზედაც მოთხოვნილება მიწოდებას გაუტოლდება. მაგრამ იმ სტატისტიკურ მონაცემებს ვერ გამოვიყვანთ, რომელიც აჩვენებს, აწეული ფასები რამდენად არის გადახრილი იმ ფასებისგან, რასაც არსებული მუშახელის ერთგვაროვანი უწყვეტი გასაღების უზრუნველყოფა შეუძლია. უმუშევრობის მიზეზების ასეთი ახსნა ემპირიულ თეორიას წარმოადგენს იმ გაგებით, რომ ის შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს, მაგ., თუ ფულის მუდმივი მიწოდების შედეგად ხელფასების საერთო დონის ზრდამ უმუშევრობა არ გამოიწვია, რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს თეორია ხელფასების დონის ზუსტი სიდიდის განსაზღვრაში ან მუშახელის მოსალოდნელ განაწილებასთან მიმართებაში პროგნოზის მისაღებად გამოგვადგება.

მაგრამ ეკონომიკაში რატომ უნდა ვითხოვდეთ ისეთი ფაქტების იგნორირებას, რის შესახებაც ფიზიკაში მეცნიერისგან უთუოდ ზუსტ ინფორმაციას მოელიან? ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ისინი, ვინც ფიზიკური მეცნიერების მაგალითით არიან მოხიბლული, ამ მდგომარეობას ძალიან არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ და მტკიცებულების იმ სტანდარტებს მოითხოვენ, რასაც იქ ხედავენ. საქმის ასეთ ვითარებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ, როგორც უკვე მოკლედ აღვნიშნე, სოციალური მეცნიერებები, ბიოლოგიის მსგავსად, მაგრამ ფიზიკურ მეცნიერებათა უმრავლესობისგან განსხვავებით, მნიშვნელოვან კომპლექსურ სტრუქტურებს ეხება, ე.ი., იმ სტრუქტურებს, რომელთა დამახასიათებელი თვისებები შეიძლება მხოლოდ იმ მოდელებით გამოვლინდეს, რომელიც ცვლადების დიდ რიცხვებთან მიმართებაშია აგებული. მაგალითად, კონკურენცია ისეთი პროცესია, რომელიც კონკრეტულ შედეგებს მხოლოდ მაშინ იძლევა, თუ მასში ადამიანთა საკმაოდ დიდი რაოდენობა მონაწილეობს.

ზოგიერთ სფეროში, კერძოდ ფიზიკაში, სადაც მსგავსი პრობლემები წარმოიშობა, ცალკეული ელემენტის შესახებ სპეციფიკური ინფორმაციის ნაცვლად ფარდობითი სიხშირის ან ალბათობის მონაცემების გამოყენებით სირთულეების აღმოფხვრა შესაძლებელია. მაგრამ ეს მხოლოდ იქ გამოდგება, სადაც „კომპლექსური არაორგანიზებულობის ფენომენთან“ გვაქვს საქმე, როგორც დოქტორ უორენ უივერდმა (როკფელერის ფონდი) უწოდა „ორგანიზებული კომპლექსის ფენომენისგან“ განსასხვავებლად, რასაც სოციალურ მცნიერებებში ვხვდებით2. კომპლექსური ორგანიზებულობა გულისხმობს, რომ სტრუქტურათა ხასიათი არა მარტო მისი შემადგენელი ცალკეული ელემენტების თვისებების იმ სიხშირეზეა დამოკიდებული, რა სიხშირითაც ის ხდება, არამედ იმაზეც, თუ როგორ არის ცალკეული ელემენტები ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ, თუ ჩვენს თეორიას კონკრეტული პროგნოზისთვის გამოვიყენებთ, შეგვიძლია თითოეული მოვლენის შემთხვევაში ასეთი სტრუქტურების მუშაობის აღწერისას ინფორმაცია ცალკეული ელემენტების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით კი არ შევცვალოთ, არამედ თითოეული ელემენტის შესახებ სრული ინფორმაცია მოვითხოვოთ. ასეთი სპეციფიკური ინფორმაციის გარეშე მხოლოდ იმ პროგნოზებით ვიქნებით შემოზღუდული, რასაც სხვა შემთხვევაში, უბრალოდ მოდელურ პროგნოზებს დავარქმევდი - პროგნოზებს ზოგიერთი ზოგადი მახასიათებლის შესახებ, რაც თავისით წარმოიშობა, მაგრამ სტრუქტურის შემადგენელი ცალკეული ელემენტების შესახებ სპეციფიკურ მონაცემებს არ შეიცავს3.

ეს ჭეშმარიტად აისახება კონკრეტულად ჩვენს თეორიებში, რომელიც იმ ფარდობითი ფასებისა და ხელფასების სისტემის განსაზღვრას ითვალისწინებს, რაც კარგად ფუნქციონირებად ბაზარზე თავისით წარმოიშობა. ფასებისა და ხელფასების განსაზღვრაზე ის კონკრეტული ინფორმაცია ახდენს გავლენას, რასაც საბაზრო პროცესის ყველა მონაწილე ფლობს (ზოგიერთი ფაქტი, რაც შეიძლება მეცნიერ-დამკვირვებლის ან სხვა რომელიმე მოაზროვნისთვის ნაცნობი არ იყოს). საბაზრო სისტემის უპირატესობის საფუძველი და იმის მიზეზი, თუ მუდამ ის რატომ ცვლის სხვა ტიპის სისტემას, როდესაც მთავრობის ძალაუფლება ვერ ახშობს მას, ის არის, რომ აქ რესურსების განაწილების შედეგად კონკრეტული ფაქტების შესახებ ხალხში გაფანტული ინფორმაციის უმეტესი ნაწილის გამოყენება მანამდე ხდება, ვიდრე რომელიმე ადამიანი დაეუფლება. ამის გამო, ჩვენ, თეორეტიკოს მეცნიერებს, ასეთი სისტემის ყველა დეტერმინანტი ვერ გვეცოდინება და, შესაბამისად, ვერც ის, თუ ფასებისა და ხელფასების რომელ კონკრეტულ სტრუქტურაზე გაუტოლდება მოთხოვნა მიწოდებას. ამიტომ, ვერც ამ სისტემის ცვალებადობის გაზომვას შევძლებთ და ვერც სტატისტიკური მონაცემებით დავამტკიცებთ ჩვენს თეორიას, რომ ფასებისა და ხელფასების „წონასწორობის“ სისტემიდან გადახრის გამო შეუძლებელი ხდება ზოგიერთი პროდუქციისა და მომსახურების იმ ფასად გაყიდვა, რა ფასადაც სთავაზობენ.

ვიდრე ჩემს უშუალო თემაზე საუბარს გავაგრძელებდე, ანუ ყველაფერ იმაზე, რაც ახლანდელი დასაქმების პოლიტიკაზე ახდენს ზეგავლენას, უფლება მომეცით უფრო კონკრეტულად განვმარტო ჩვენი ციფრობრივი სიდიდეების ცოდნისთვის დამახასიათებელი არასრულყოფილება, რასაც ასე ხშირად უგულებელყოფენ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ისეთი შთაბეჭდილება არ მოვახდინო, თითქოს საერთოდ უარს ვამბობდე ეკონომიკაში მათემატიკური მეთოდის გამოყენებაზე. სინამდვილეში, უაღრესად ხელსაყრელად მიმაჩნია, რომ მათემატიკური ტექნიკა ალგებრული განტოლებებით იმ მოდელების ზოგადი ხასიათის აღწერის საშუალებასაც კი იძლევა, რომელთა დამახასიათებელი ციფრობრივი სიდიდეები უცნობია. ამ ალგებრული ტექნიკის გარეშე ალბათ ვერ მივაღწევდით ბაზრის სხვადასხვა მოვლენათა ურთიერთდამოკიდებულების სრული სურათის დანახვას. მაგრამ ამან ის ილუზია შეგვიქმნა, რომ შეგვიძლია ეს ტექნიკა ამ სიდიდეების რიცხვითი მნიშვნელობების დასადგენად და პროგნოზისთვის გამოვიყენოთ, რამაც რაოდენობრივ და რიცხობრივ მუდმივათა ამაო ძიება დაგვაწყებინა. ეს იმ ფაქტის მიუხედავად მოხდა, რომ მათემატიკური ეკონომიკის თანამედროვე ფუძემდებლებს ასეთი ილუზია არ ჰქონიათ. უნდა ითქვას, რომ მათი განტოლებათა სისტემები, რომელიც ბაზრის წონასწორობის მოდელს აღწერს, ისეა შედგენილი, რომ აბსტრაქტული ფორმულის ყოველი ცარიელი ადგილის შევსება რომ შეგვეძლოს, ე.ი., იმ განტოლებათა ყველა პარამეტრი რომ ვიცოდეთ, ყველა გასაყიდი საქონლისა და მომსახურების გამოთვლას შევძლებდით. მაგრამ, როგორც ამ თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვილფრედო პარეტო ამტკიცებს, არ შეიძლება ამ თეორიის მიზანი „ფასების ციფრობრივ გამოთვლამდე დავიდეს“, რადგან, როგორც ის ამბობს, „აბსურდი“ იქნება დავუშვათ, რომ ჩვენ ყველა მონაცემის დადგენას შევძლებთ4. ფაქტობრივად, თანამედროვე მათემატიკური ეკონომიკის შესანიშნავი წინამორბედები, მეთექვსმეტე საუკუნის სწავლულები უკვე ხედავდნენ სწორ მოსაზრებას. ისინი ყურადღებას იმაზე ამახვილებდნენ, რომ ის, რასაც ისინი მათემატიკურ ფასს pretium mathematicum-ს უწოდებდნენ, იმდენ კონკრეტულ გარემოებაზე იყო დამოკიდებული, რომ ღმერთის გარდა ვერავინ გაიგებდა5. ხშირად ვნატრობ, რომ ჩვენი მათემატიკოს-ეკონომისტები ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდნენ. უნდა ვაღიარო, მაინც ვეჭვობ, რომ გაზომვადი სიდიდეების ძიებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკური ფენომენის თეორიულ გაგებაში. იმ გამართლებას ვერ დავეთანხმები, რომ კვლევის ეს სფერო ჯერ ძალიან ახალგაზრდაა: სერ უილიამ პეტი, ეკონომეტრიკის ფუძემდებელი, ბოლოს და ბოლოს სერ ისააკ ნიუტონის უფროსი კოლეგა იყო სამეფო სამეცნიერო საზოგადოებაში!

შეიძლება, ისეთი შემთხვევა ბევრი არ ყოფილა, რომ ეკონომიკის სფეროში რეალური ზიანი მოეტანოს იმ უსაფუძვლო რწმენას, თითქოს მხოლოდ გაზომვადი სიდიდეებია მნიშვნელოვანი, მაგრამ ამჟამინდელი ინფლაციიის და უმუშევრობის პრობლემა ძალიან სერიოზული რამ არის. ამის შედეგი იყო, რომ ეკონომისტთა მეცნიერულად განწყობილმა უმრავლესობამ უგულებელყო ის, რაც, ალბათ, მასიური უმუშევრობის ნამდვილი მიზეზია, რადგან გაზომვად სიდიდეებს შორის ურთიერთდამოკიდებულება პირდაპირ ხილული ფაქტებით ვერ დადასტურდა და მხოლოდ და მხოლოდ რაოდენობრივად გაზომვად ზედაპირულ მოვლენებზე ყურადღების გამახვილებამ ისეთი პოლიტიკა წარმოშვა, რამაც საქმე გააუარესა.

რასაკვირველია, უნდა ვაღიაროთ, რომ ის თეორია, რაც მე უმუშევრობის ჭეშმარიტ ახსნად მიმაჩნია, ერთგვარად შეზღუდულია, რადგან ისეთი მოვლენების მხოლოდ ძალიან ზოგადი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომელსაც მოცემულ ვითარებაში უნდა მოველოდეთ. მაგრამ უფრო ამბიციურ კონსტრუქციებს პოლიტიკაზე სახარბიელო გავლენა არ მოუხდენია და, უნდა ვაღიარო, რომ ჭეშმარიტი, მაგრამ არასრულყოფილი ცოდნა მირჩევნია, თუნდაც ის ბევრ რამეს გაურკვეველს და არაპროგნოზირებადს ტოვებდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ზუსტი, მაგრამ მცდარი ცოდნა. როგორც ახლანდელი შემთხვევა გვიჩვენებს, ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ მცდარი თეორიების აღიარებულ სამეცნიერო სტანდარტებთან აშკარა შეთავსებადობის დაჯერებას, შეიძლება, სამწუხარო შედეგები მოჰყვეს.

ფაქტობრივად, განხილულ შემთხვევაში სწორედ ის საზომი, რაც გაბატონებულმა „მაკროეკონომიკურმა“ თეორიამ უმუშევრობის რეცეპტად შემოგვთავაზა, სახელდობრ, მთლიანი მოთხოვნილების გაზრდა, რესურსების დიდი უთანასწორო განაწილების მიზეზი გახდა, რაც, ალბათ, მოგვიანებით გარდაუვალს გახდის ფართომასშტაბიან უმუშევრობას. ეკონომიკური სისტემის წერტილებში დამატებითი რაოდენობის ფულის უწყვეტი შეტანა, სადაც ის დროებით მოთხოვნას წარმოშობს, მაშინვე შეწყდება, როგორც კი ფულის რაოდენობის ზრდა შეჩერდება ან შენელდება. ამავე დროს, ფასების უწყვეტი ზრდის მოლოდინს მუშახელი და სხვა რესურსები ისეთი სამუშაოსკენ მიჰყავს, რაც მხოლოდ იმდენ ხანს გრძელდება, რამდენ ხანსაც ფულის რაოდენობის ზრდა - ან შეიძლება იმდენ ხანს, სანამ ზრდის ტემპი არ აჩქარდება. ამ პოლიტიკამ ისეთი დასაქმების დონე კი არ წარმოშვა, რაც სხვა გზით ვერ მოხერხდებოდა, არამედ დასაქმების ისეთი განაწილება მოახდინა, რასაც უსასრულოდ ვერ შევინარჩუნებთ და, რაც ცოტა ხანში მხოლოდ ინფლაციის ისეთი დონით შენარჩუნდება, რასაც მთელი ეკონომიკური საქმიანობის სწრაფი რღვევა მოჰყვება. ფაქტია, მცდარმა თეორიულმა თვალსაზრისმა ისეთ უიმედო მდგომარეობაში ჩაგვაგდო, რომ მასიური უმუშევრობის ხელახლა გაჩენას თავიდან ვერ ავიცილებთ; უმუშევრობა განზრახ კი არ არის გამოწვეული ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით, როგორც ხშირად არასწორად ქადაგებენ, არამედ წარსულის მცდარი პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია, რომელიც მაშინვე დაიწყება, როგორც კი ინფლაციის ზრდა შენელდება.

ახლა თავი დავანებოთ ამ უშუალოდ პრაქტიკული მნიშვნელობის პრობლემებს, რაც უმთავრესად იმ მნიშვნელოვანი შედეგების საილუსტრაციოდ გაგაცანით, რაც ფილოსოფიური მეცნიერების აბსტრაქტულ პრობლემებთან დაკავშირებულ შეცდომებს შეიძლება მოჰყვეს. ხანგრძლივ საშიშროებათა წარმოშობის ასეთივე შემაშფოთებელი საფუძველი არსებობს უფრო დიდ სფეროში იმ მტკიცებულებებზე ბრმად დათანხმებით, რომელიც გარეგნულად მეცნიერული ჩანს, ისევე, როგორც იმ პრობლემებთან მიმართებაში იყო, რაზედაც ახლა ვისაუბრე. ის, რაც ამ მწვავე მაგალითით მსურდა მეჩვენებინა, რასაკვირველია, ჩემს სფეროს ეხება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზოგადად მეცნიერებაშიც ხშირად უკიდურესად არამეცნიერულია ის, რაც გარეგნულად მეცნიერული მეთოდების უმრავლესობას ჰგავს. ამას გარდა, ამ სფეროებში არსებობს აშკარა საზღვრები, რის მიღწევასაც ამ მეცნიერებისგან მოველით. ეს იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებას თუ იმაზე მეტს მივანდობთ ვიდრე მეცნიერული მეთოდით მიიღწევა, მაგ., მეცნიერულ პრინციპებზე აგებული საგანგებო ზედამხედველობის სისტემის დამკვიდრებას, ეს შეიძლება სამწუხარო შედეგებით დასრულდეს. დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პროგრესმა იმდენად გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, რომ, რასაკვირველია, დაუჯერებელი იქნება ნებისმიერი მოსაზრება რაიმე საზღვრის არსებობის შესახებ. ასეთ მოსაზრებას განსაკუთრებით ისინი გაუწევენ წინააღმდეგობას, ვინც იმედოვნებს, რომ საზოგადოებრივ პროცესებში გამოყენებული პროგნოზირებისა და კონტროლის მზარდი შესაძლებლობა, რომელიც ზოგადად მეცნიერების წინსვლის დამახასიათებელ შედეგად განიხილება, მალე შესაძლებლობას მოგვცემს საზოგადოება მთლიანად ჩვენი სურვილისამებრ ჩამოვაყალიბოთ. უნდა ითქვას, რომ ფიზიკის აღმოჩენები აღტაცებას იწვევს, ხოლო ის, რასაც საზოგადოების შესწავლით ვიგებთ, უმეტესად საპირისპიროდ მოქმედებს ჩვენს მისწრაფებებზე; და, ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი პროფესიის ახალგაზრდა იმპულსური წარმომადგენლები ხშირად ამას ვერ ეგუებიან. მაგრამ მეცნიერების შეუზღუდავი შესაძლებლობებისადმი რწმენა ძალიან ხშირად იმ ცრურწმენას ეყრდნობა, რომ მეცნიერული მეთოდი მზა მეთოდოლოგიის გამოყენებას გულისხმობს, და თითქოს ყველა სოციალური პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ რაიმე სამზარეულო რეცეპტის დაცვა იყოს საჭირო. ზოგჯერ გვეჩვენება, თითქოს მეცნიერული ტექნოლოგია უფრო იოლად ისწავლება, ვიდრე აზროვნება, რაც გვიჩვენებს, რა პრობლემები არსებობს და როგორ მივუდგეთ მათ.

საზოგადოებაში არსებული განწყობილება იმის შესახებ, რასაც ის მეცნიერების მიღწევებისგან მოელის, მეცნიერების რეალურ შესაძლებლობებს ეწინააღმდეგება, რაც სერიოზულ საკითხს წარმოადგენს, რადგან, შეიძლება ჭეშმარიტი მეცნიერები იმ ზღვრებს აღიარებდნენ, რის მიღწევაც მათ შეუძლიათ ადამიანთა საქმიანობის სფეროში. მაგრამ, საზოგადოება უფრო მეტს მოელის, და ამიტომ, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც თავს მოაჩვენებს თითქოს სჯერა (ან, შეიძლება მართლაც სჯერა), რომ იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია ხალხის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ვიდრე რეალურად არის შესაძლებელი. ხშირად საკმაოდ ძნელია ექსპერტისთვის და, რასაკვირველია, მრავალ შემთხვევაში არაპროფესიონალისთვისაც, მეცნიერების სახელით წამოყენებულ კანონიერ და არაკანონიერ განცხადებას შორის განსხვავების დანახვა. ერთგვარ შეშფოთებას იწვევს ის მოსალოდნელი ზიანი, რაც შეიძლება მეცნიერების პრესტიჟს მიაყენოს იმ ფაქტმა, რომ ახლახან მეცნიერების სახელით მედიამ უზარმაზარი რეკლამა გაუწია რეპორტაჟს „ეკონომიკური ზრდის საზღვრები“ და იმავე მედიამ ხმა არ ამოიღო იმ უსაშველო კრიტიკაზე, რაც ამ რეპორტაჟმა დაიმსახურა კომპეტენტური ექსპერტების მხრიდან6. მაგრამ არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ ადამიანის საქმიანობის სხვა მეცნიერული მიმართულებების სახელითაც გაისმის შორს გამიზნული განცხადებები და სპონტანური პროცესების „ადამიანის შეგნებული მართვის პროცესებით“ შეცვლის სურვილი. თუ არ ვცდები, ფსიქოლოგიის, ფსიქიატრიის და სოციოლოგიის სხვა დარგებისთვის, ე.წ. ფილოსოფიის ისტორიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კიდევ უფრო მეტად არის დამახასიათებელი მეცნიერული ცრურწმენები, როგორც მე ვუწოდე, და არასწორი განცხადებები მეცნიერების შესაძლებლობების შესახებ.7

მეცნიერების რეპუტაცია რომ დავიცვათ და ხელი შევუშალოთ ფიზიკასთან გარეგნულ მსგავსებაზე დაფუძნებული ცოდნის მითვისებას, დიდი ძალისხმევა უნდა მივმართოთ იქით, რომ ასეთი ფაქტები გამოვააშკარაოთ, რაც ახლა ზოგიერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესის საგნად იქცა. არ შეიძლება მადლიერი არ ვიყოთ ისეთი თანამედროვე ფილოსოფოსის, როგორიც კარლ პოპერია, იმის გამო, რომ მან ტესტი მოგვაწოდა, რაც საშუალებას იძლევა განვასხვავოთ, თუ რა შეიძლება მივიღოთ მეცნიერებად და რა არა - ტესტი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი ფართოდ აღიარებული დოქტრინა ვერ გაივლის. მაგრამ არსებობს ზოგიერთი განსაკუთრებული პრობლემა იმ არსებითად კომპლექსურ მოვლენებთან მიმართებაში, რომელთაგან სოციალური სტრუქტურები ასე მნიშვნელოვანია, რამაც სურვილი აღმიძრა დასკვნაში კიდევ ერთხელ, უფრო ზოგადი ცნებებით ჩამოვაყალიბო არა მარტო ამ დარგების სპეციფიკური მოვლენების პროგნოზირებისას არსებული განსაკუთრებული დაბრკოლებების მიზეზები, არამედ ისიც, თუ რა საჭიროა ისეთი მოქმედება, თითქოს ჩვენი მეცნიერული ცოდნა ამ დაბრკოლებების გადალახვის საშუალებას გვაძლევდეს, რაც შეიძლება თვითონვე იქცეს ადამიანის ინტელექტის განვითარების სერიოზულ დაბრკოლებად.

მთავარია, გვახსოვდეს, რომ ფიზიკის სწრაფი წინსვლა ისეთი მიმართულებით მოხდა, სადაც შესაძლებელი გახდა ახსნა და პროგნოზი იმ კანონებზე დამყარებულიყო, რომელიც დასაკვირვებელ მოვლენას ხსნიდა, როგორც შედარებით მცირე ცვლადების ფუნქციას (ან კონკრეტული ფაქტები, ან მოვლენათა ფარდობითი სიხშირე). ეს შეიძლება საგანგებო მიზეზიც კი იყოს იმისა, თუ რატომ გამოვყოფთ ამ სფეროს, როგორც „ფიზიკურს“ უფრო მაღალორგანიზებული სტრუქტურების საპირისპიროდ, რომელსაც მე, არსებითად, კომპლექსური ფენომენი ვუწოდე. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რატომ უნდა იყოს ამ უკანასკნელში იგივე მდგომარეობა, როგორც წინაში. ამ მოვლენების ასახსნელად თეორიების ჩამოყალიბება სირთულეს არ წარმოადგენს, როგორც ეს შეიძლება თავიდან მოგვეჩვენოს, თუმცა ისინიც განსაკუთრებულ სირთულეებს უქმნიან შემოთავაზებული თეორიების ტესტირებას და, ამდენად, ცუდი თეორიების გამორიცხვის შესაძლებლობასაც. ეს კი იმ მთავარი პრობლემით არის განპირობებული, რომელიც ჩვენი თეორიების რეალურ სამყაროში გამოყენებისას ნებისმიერ კონკრეტულ ვითარებაში წარმოიშობა. არსებითად, კომპლექსური ფენომენის თეორია კონკრეტული ფაქტების დიდ რაოდენობას უნდა ეხებოდეს; მისგან პროგნოზის მისაღებად ან მისი ტესტირებისთვის კი, ყველა ეს კონკრეტული ფაქტი უნდა შევაფასოთ. როდესაც ამას შევასრულებთ, რთული არ იქნება ტესტირებადი პროგნოზების მიღება - თანამედროვე კომპიუტერების დახმარებით ამ მონაცემების შეტანა თეორეტიკული დოქტრინისნებისმიერ შესაბამის ფორმულარზე და პროგნოზირება საკმაოდ იოლია. რეალური სირთულე, რომლის გადაჭრაშიც მეცნიერებას ნაკლები წვლილი მიუძღვის, და რომელთა გადაჭრაც ზოგჯერ მართლაც შეუძლებელია, კონკრეტული ფაქტების შეფასებაში მდგომარეობს.

ამ სირთულის ხასიათს ერთი მარტივი მაგალითი დაგვანახვებს. დავუშვათ, რამდენიმე, დაახლოებით ერთნაირი უნარის მქონე ადამიანი ბურთს თამაშობს. თუ თითოეული მოთამაშის უნარის შესახებ ინფორმაციის გარდა, დამატებით რამდენიმე კონკრეტული ფაქტი გვეცოდინება, მაგალითად, მათი ყურადღებიანობა, გამჭრიახობა და გულის, ფილტვების, კუნთების და ა.შ. მდგომარეობა თამაშის ყოველ მომენტში, მაშინ, ალბათ, შედეგების პროგნოზირებასაც შევძლებთ. მართლაც, თუ ჩვენთვის ნაცნობი იქნება თამაშიც და გუნდებიც, ალბათ გონივრული წარმოდგენა გვექნება იმის შესახებ, რაზედაც შედეგი იქნება დამოკიდებული. მაგრამ, რასაკვირველია, ჩვენ იმ ფაქტების შეფასებას ვერ შევძლებთ და, აქედან გამომდინარე, თამაშის შედეგი მეცნიერული პროგნოზირების ფარგლებს მიღმა დარჩება, რაც არ უნდა კარგად ვიცოდეთ, თუ რა გავლენას მოახდენს თამაშის შედეგზე კონკრეტული მოვლენები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავითარი პროგნოზი არ გვექნება თამაშის მიმდინარეობის შესახებ. თუ თამაშის სხვა წესები გვეცოდინება, ძალიან მალე მივხვდებით, თუ რა სახის თამაშია, რა მოქმდებებს უნდა მოველოდეთ და რას არა. მაგრამ ჩვენი პროგნოზირების უნარი მოსალოდნელი მოვლენების ასეთი ზოგადი მახასიათებლებით შემოიფარგლება და რომლიმე კონკრეტული მოვლენის პროგნოზირების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

ეს პროგნოზირების უბრალო მოდელს შეესაბამება, რაზედაც დიდად ვართ მიჯაჭვული, რადგან ისეთი სფეროდან ვაღწევთ, სადაც მთელ რიგ მოვლენათა შორის შედარებით მარტივი კანონები ჭარბობს, რომელთა შორის კომპლექსური ორგანიზება გამოირჩევა. რაც უფრო წინ მივიწევთ, უფრო ხშირად აღმოვაჩენთ, რომ, ფაქტობრივად, ყველა კონკრეტული გარემოების დადგენა კი არ შეგვიძლია, რაც მოცემული პროცესის შედეგს განსაზღვრავს, არამედ მხოლოდ ზოგიერთის; შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგის ყველა თვისების განვჭვრეტას კი ვერ შევძლებთ, არამედ მხოლოდ ზოგიერთის. ხშირად აღმოჩნდება, რომ ყველაფერი, რის პროგნოზირებაც შეგვიძლია, მხოლოდ ამ მოდელის ერთგვარი აბსტრაქტული მახასიათებელია - ურთიერთდამოკიდებულება სხვადასხვა ელემენტებს შორის, რომელთა შესახებაც კონკრეტულად ძალიან ცოტა რამ ვიცით. მაგრამ, მსურს კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მაინც მივიღებთ ისეთ პროგნოზებს, რის გაყალბებაც შესაძლებელია და ამიტომ ემპირიული მნიშვნელობისაა.

რასაკვირველია, ისეთ ზუსტ პროგნოზებთან შედარებით, რასაც ფიზიკამ შეგვაჩვია, ასეთი მარტივი სახის პროგნოზები ვერ დაგვაკმაყოფილებს. მაგრამ მინდა იმ საშიშროების შესახებ გაგაფრთხილოთ, რაც სწორედ იმ მოსაზრებას მოსდევს, რომ მეცნიერების პრეტენზია მხოლოდ მეტის მიღწევით შეიძლება გვქონდეს. ეს თაღლითური სიცრუეა და უარესიც. ალბათ დიდი ზიანის მომტანი იქნება იმ რწმენის საფუძველზე ქმედება, თითქოს ისეთ ცოდნას და შესაძლებლობებს ვფლობდეთ, რომ საზოგადოებრივი პროცესების მთლიანად ჩვენი სურვილისამებრ ჩამოყალიბების საშუალება გვქონდეს, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ფიზიკაში შეუძლებელის გაკეთების მცდელობას შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა ჰქონდეს; იქნებ, ხელი არც უნდა შევუშალოთ ზედმეტად თავდაჯერებულ ადამიანებს, რადგან შეიძლება ბოლოს და ბოლოს მათმა ექსპერიმენტმა რაიმე ახალი თვალსაზრისი წარმოშვას. მაგრამ სოციალურ სფეროში ზოგიერთი შესაძლებლობის გამოყენების სასარგებლო შედეგების შესახებ მცდარი რწმენა, ალბათ ახალი სახის ძალაუფლებამდე მიგვიყვანს, რომელიც ადამიანებს, უფლებამოსილების მისთვის გადაცემას აიძულებს. თუნდაც ასეთი შესაძლებლობა თავისთავად ცუდი არ იყოს, მისი გამოყენება ალბათ ხელს შეუშლის იმ სპონტანური მარეგულირებელი ძალების მოქმედებას, რაც გაცნობიერების გარეშეც ადამიანს მიზნების მიღწევაში დიდ ფაქტობრივ დახმარებას უწევს. მხოლოდ ახლა ვიწყებთ ჩვენ იმის გაგებას, თუ მოწინავე სამრეწველო საზოგადოების მუშაობა რა ფარულ საკომუნიკაციო სისტემას ეყრდნობა - საკომუნიკაციო სისტემას, რომელსაც ჩვენ ბაზარს ვუწოდებთ და რომელიც უფრო ეფექტიანი მექანიზმი აღმოჩნდა გაფანტული ინფორმაციის სისტემატიზაციისთვის, ვიდრე ოდესმე ადამიანს წინასწარ დაუგეგმავს. თუ არ გვინდა, რომ სოციალური წყობის გაუმჯობესების მცდელობამ ზიანი უფრო მეტი მოიტანოს, ვიდრე სიკეთე, უნდა გავიგოთ, რომ ამ და ყველა სხვა სფეროში, სადაც კომპლექსური ორგანიზებულობა ჭარბობს, ვერ შევძლებთ ისეთი სრულყოფილი ცოდნის შეძენას, რაც მოვლენებზე გავლენას შესაძლებელს გახდის. ამიტომ, ის ცოდნა, რის შეძენასაც შევძლებთ, იმისთვის კი არ უნდა გამოვიყენოთ, რომ შედეგები ხელოსნის ნაკეთობასავით ჩამოვაყალიბოთ, არამედ შესაფერისი გარემო უნდა შევქმნათ განვითარებისთვის ისე, როგორც მებაღე ზრუნავს თავის მცენარეებზე. არსებობს შესაძლებლობის ზრდის გადაჭარბებულად შეფასების საშიშროება, რამაც ფიზიკური მეცნიერების წინსვლას საფრთხე შეუქმნა, და რაც, ადრინდელი კომუნიზმისთვის დამახასიათებელი ფრაზა რომ ვიხმაროთ, „წარმატებისგან გაბრუებულ“ ადამიანს სურვილს აღუძრავს, რომ არა მარტო ბუნება დაიმორჩილოს, არამედ ადამიანიც თავის ნებას დაუქვემდებაროს. სინამდვილეში, მკვლევარს მისი ცოდნის საზღვრების გაცნობიერება საზოგადოების გაკვეთილის მორჩილებას უნდა ასწავლიდეს, რამაც ის იმისაგან უნდა დაიცვას, რომ საზოგადოების კონტროლისადმი ფატალური მისწრაფების თანამონაწილე არ გახდეს - იმ მისწრაფების, რაც მას არა მარტო თავისი მეგობრების ტირანად აქცევს, არამედ, შეიძლება, იმ ცივილიზაციის გამანადგურებლადაც აქციოს, რომელიც არც ერთ გონებას არ დაუგეგმავს, მაგრამ, რომელიც მილიონობით ადამიანის თავისუფალმა ნებამ წარმოშვა.

______________________

1. „Scientism and the Study of Society“, Economica, vol. IX, no. 35, August 1942, reprint: The Counter-Revolution of Science, Glencoe, Ill., 1952,. 15.

2. Warren Weaver, „A Quarter Century in the Natural Sciences“, The Rockefeller Foundation Annual Report 1958, chapter I, „Science and Complexity“.

3. F. A. Hayek. „The Theory of Complex Phenomena“. The Critical Approach to Science and Philosophy. Essays in Honor of K.R. Popper, ed. M. Bunge, New York 1964, reprint: Studies in Philosophy, Politics and Economics, London and Chicago 1967.

4. V. Pareto, Manuel d'économie politique, 2nd. ed., Paris 1927, pp. 223-4.

5. იხ. Luis Molina, De iustitia et iure, Cologne 1596-1600, tom. II, disp. 347, no. 3, da Johannes de Lugo, Disputationum de iustitia et iure tomus secundus, Lyon 1642, disp. 26, sect. 4, no. 40.

6. იხ. The Limits to Growth: A Report of the Club of Rome's Project on the Predicament of Mankind, New York 1972; cf. Wilfred Beckerman, In Defence of Economic Growth, London 1974; Gottfried Haberler, Economic Growth and Stability, Los Angeles 1974..

7. F. A. Hayek. Die Irrtümer des Konstruktivismus und die Grundlagen legitimer Kritik gesellschaftlicher Gebilde, Munich 1970.

8 მოსაზრებანი ინტელექტუალთა როლის შესახებ ჩაურევლობის პოლიტიკის მიმართულებით განსახორციელებელ სოციალურ ცვლილებში (გამოქვეყნდა 1986 წ.)

▲ზევით დაბრუნება


მარი . როთბარდი

აშკარად რადიკალურია ჩაურევლობის პოლიტიკის კრედო - პიროვნების თავისუფლება, საკუთრების ხელშეუვალი უფლება, თავისუფალი ბაზარი და მინიმალური მმართველობა. ეს გულისხმობს, რომ მას (კრედოს) არსებულ პოლიტიკურ ფორმებთან, რომლებიც ზოგადად ეტატიზმის ამა თუ იმ ნაირსახეობას წარმოადგენს, აუცილებლად ძლიერი ბრძოლა ელის. ამ სტატიაში სხვადასხვა მოაზროვნეთა მიერ დაწერილი ჩაურევლობის პოლიტიკის დოქტრინათა განხილვას ან გასჯას კი არ ვცდილობთ, არამედ გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხზე, თუ როგორ აპირებენ ეს ავტორები და თეორეტიკოსები ამ დოქტრინათა საფუძველზე თავიანთი იდეალური პოლიტიკის გატარებას. მოკლედ, ამ თეორეტიკოსებმა მმართველობის იმდროინდელი დოგმების წინააღმდეგ ეს უაღრესად რადიკალური კრედო კი ამოირჩიეს, მაგრამ სოციალური ცვლილების რა სტრატეგიას გვთავაზობენ (თუ გვთავაზობენ) თავისუფლების მისაღწევად?

ჩვენთვის ცნობილია, როგორ შეეცადნენ მარქსი და მარქსისტები რადიკალური იდეალის დამკვიდრებას. მაგრამ როგორ ახერხებენ საკუთარი მოსაზრებების დამკვიდრებას ჩაურევლობის პოლიტიკის მომხრე მოაზროვნეები, რაც, ერთი მხრივ მსგავსი ამოცანაა, ხოლო, მეორე მხრივ, განსხვავებული? ამ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოაზროვნე და მათი დაჯგუფება შევარჩიეთ, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩაურევლობის პოლიტიკას უჭერდნენ მხარს. ვნახოთ, ლიბერტარიანული სოციალური ცვლილების მისაღწევად რა გზას გვთავაზობენ ისინი.

მათი რწმენით, მარქსისტებმა სტრატეგიისა და ტაქტიკის პრობლემებზე ფიქრში გაცილებით მეტი დრო და ენერგია დახარჯეს, ვიდრე ჩაურევლობის პოლიტიკის მომხრეებმა. მეორე მხრივ, ლიბერტარიანელებს არ ჰქონდათ ის ფუფუნება, რომ იოლად მიეგნოთ იმ სოციალური კლასისთვის, რომელსაც ცვლილების გასატარებლად სასურველ ძალად გამოიყენებდნენ („პროლეტარიატი“ კლასიკური მარქსისტებისთვის; გლეხობა ლენინისტებისა და მაოისტებისთვის; და ლუმპენ-პროლეტარიატი და „სტუდენტთა კლასი“ ახალი მემარცხენეებისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებში 1960-იანი წლების ბოლოს გააქტიურდნენ). ლიბერტარიანელებს არც ის გაუცნობიერებიათ, რომ მათი გამარჯვება „ისტორიის მეცნიერული კანონებისა“ და იდუმალებით მოცული მატერიალისტური დიალექტიკის გარდაუვალი შედეგი იყო.

ყველა ახალი რადიკალური იდეა და იდეოლოგია აუცილებლად ერთი ან ერთი მუჭა ცალკეული მოაზროვნეებით იწყება და ამიტომ, ისტორიულად, როდესაც ეს მოაზროვნენი ხედავენ, რომ მათ რადიკალური პოლიტიკური კრედო აქვთ, აცნობიერებენ, რომ თუკი ოდესმე სოციალური ცვლილება უნდა მოხდეს, ეს პროცესი მათ უნდა დაიწყონ. კლასიკური ლიბერალიზმისა და ჩაურევლობის პოლიტიკის მომხრეთა უმრავლესობამ, ალბათ ბევრი ფიქრისა და განსჯის გარეშე, ერთი მარტივი სტრატეგია აირჩია, რასაც შეიძლება „განმანათლებლობა“ ვუწოდოთ. მოკლედ, ჭეშმარიტებას მივადექით, მაგრამ ხალხის უმრავლესობა შეცდომაშია შეყვანილი და კვლავ არასწორი წარმოდგენა აქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავანათლოთ ისინი ლექციების, დისკუსიების, ნაშრომების, პამფლეტების, გაზეთების საშუალებით ან სხვა გზით მანამ, სანამ სწორ თვალსაზრისზე არ დავაყენებთ. უმცირესობა რომ უმრავლესობა გახდეს, საჭიროა დარწმუნებისა და გარდაქმნის პროცესი, ერთი სიტყვით - განათლება.

რასაკვირველია, ეს სტრატეგია გამართლებულია, რამდენადაც მას შედეგი მოაქვს. ყველა ახალმა ჭეშმარიტებამ და კრედომ, მეცნიერული იქნება ის, მხატვრული, რელიგიური თუ პოლიტიკური, დაახლოებით შემდეგი გზა უნდა განვლოს: ჭეშმარიტების ყოველი ახლად აღმოჩენილი მარცვალი მისი პირველაღმომჩენიდან მოწაფეებსა და აღსაზრდელებს, მწერლებსა და ჟურნალისტებს, ინტელიგენციას და ძირითად მოსახლეობას უნდა გადაეცეს1. თუმცა თავისთავად წმინდა განმანათლებლობა მარტივი სტრატეგიაა, რადგან ის ზოგიერთ პრობლემაზე თვალს ხუჭავს, მაგალითად იმაზე, თუ როგორ აღვუდგეთ წინ ძალაუფლების პრობლემას.

გარდაქმნას დიდი უმრავლესობა უნდა დაექვემდებაროს თუ მხოლოდ ვიწრო წრე, ან ეგებ მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული და მიზანსწრაფული უმცირესობის კრიტიკული მასა? თუ ასეთ გარდაქმნას განვახორციელებთ, რა მოუვა სახელმწიფოს? თავისით, ავტომატურად გაქრება, თუ დაძაბუნდება? არსებობს რომელიმე ჯგუფი ან ჯგუფები, რომელზედაც უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენი აგიტაციისას? მწირი რესურსები ერთი ჯგუფის გარდაქმნას უნდა მოვახმაროთ თუ რამდენიმეს? აგიტაცია თანმიმდევრულად და აშკარად უნდა გავწიოთ, თუ სანამ ბრძოლისთვის მზად არ ვიქნებით, მალულად ვიმოქმედოთ? საზოგადოების რომელი მდგომარეობიდან უნდა ვიხეიროთ უფრო მეტად? რამდენად სასარგებლო ან საზიანო იქნება ჩვენი მოძრაობისთვის ეკონომიკური, სამხედრო ან სოციალური კრიზისი? არც ერთი ეს საკითხი იოლი არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩაურევლობის პოლიტიკის იდეოლოგებმა და მომხრეებმა ძალიან ცოტა დრო დაუთმეს მათზე ფიქრს, მათ გადაწყვეტაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ამ ნარკვევში წარსულში ცნობილ ზოგიერთ მოაზროვნეს განვიხილავთ. რას ფიქრობდნენ ისინი სოციალური ცვლილების პრობლემებზე, კერძოდ, როგორც განათლებული ადამიანები, რას ფიქრობდნენ, რა როლი უნდა შეესრულებინა ინტელექტუალებს (შეიძლება საკუთარი თავის ჩათვლითაც) ასეთი ცვლილების ხელშესაწყობად?

1. რეტრეატიზმი (განდეგილობა): დაოიზმი ძველ ჩინეთში

დაოიზმის ფუძემდებელი, ლაო-ძი პირველი ლიბერტარიანელი მოაზროვნე იყო. მისი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ, როგორც ჩანს, ის პირადად იცნობდა კონფუციუსს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში და, ამ უკანასკნელის მსგავსად, წარმოშობით სუნგის სახელმწიფოდან იყო. შთამომავლობით ის ინის დინასტიის დაბალი წრის არისტოკრატიას ეკუთვნოდა. ფილოსოფოს ბიუროკრატთა მმართველობის გამოჩენილი აპოლოგეტებისგან განსხვავებით, ლაო-ძიმ შეიმუშავა რადიკალური ლიბერტარიანული კრედო. ლაო-ძისთვის ადამიანი და მისი ბედნიერება ქვეყნის მთავარი საჭირბოროტო საკითხი და ამოცანა იყო. მისი აზრით, თუკი საზოგადოებრივი ინსტიტუტები ხელს უშლიდა ადამიანის აყვავებას და ბედნიერებას, მაშინ ასეთი ინსტიტუტები შემცირებული, შესუსტებული ან საერთოდ გაუქმებული უნდა ყოფილიყო. ინდივიდუალისტი ლაო-ძი მთავრობას ადამიანის ბოროტ მჩაგვრელად მიიჩევნდა, რომელსაც „იმდენი კანონები და დადგენილებები ჰქონდა, რამდენი ბეწვიც კი არ იყო ხარის ტყავზე“, და რომელიც „მძვინვარე ვეფხვზე უფრო საშიში იყო“. მოკლედ, მთავრობა რაც შეიძლება მინიმუმამდე უნდა შეიზღუდოს; მთავრობის მთავარი ფუნქციაა „ჩაურევლობა“ - ადამიანს აღმშენებლობისა და ბედნიერების საშუალებას მხოლოდ მთავრობის მხრიდან ჩაურევლობა აძლევს. მთავრობის ნებისმიერ ჩარევას, აცხადებდა ლაო-ძი, უკუშედეგი მოსდევს და არეულობასა და დაბნეულობას იწვევს. ლაო-ძიმ მთავრობასთან მიმართებაში კაცობრიობის გამოცდილება მოიშველია და, ბოლოს, ასეთ მკაცრ დასკვნამდე მივიდა: “ქვეყნად რაც უფრო მეტია ხელოვნური ტაბუ და შეზღუდვები, მით უფრო ღარიბია ხალხი... რაც უფრო მეტი იქნება ასეთი კანონები და წესები, მით უფრო მეტი ქურდი და ყაჩაღი იქნება”.

შესაბამისად, ყველაზე ჭკვიანური ის იქნება, რომ სუსტი მთავრობა გვყავდეს, რომელიც არაფერში ჩაერევა და შედეგად, ქვეყანა „თვითონვე მოწესრიგდება“. ამას ლაო-ძი ასე გადმოგვცემს: „ბრძენს უთქვამს: არაფერში ვერევი, ხალხი თვითონ იცვლება; მე სიმშვიდეს ვუწყობ ხელს, ხალხი კი ყველაფერს თვითონ აწესრიგებს; არაფერში ვერევი, ხალხი თვითონ მდიდრდება...“

აღმოსავლური დესპოტიზმის ბატონობის დროს ლაო-ძი მრავალმნიშვნელოვან და რადიკალურად ახალ თვალსაზრისამდე მივიდა. რა სტრატეგია უნდა გამოვიყენოთ სოციალური ცვლილების მისაღწევად? რა თქმა უნდა, ლაო-ძის ამის მოფიქრება არ შეეძლო, რადგან ლიბერტარიანული სოციალური ცვლილების არანაირი ისტორიული ან თანამედროვე მაგალითი არ არსებობდა და მას არ შეეძლო რაიმე ოპტიმისტური სტრატეგია ჩამოეყალიბებინა ან ხელისუფლების დასამხობად მასობრივი მოძრაობის წამოწყებაზე ეფიქრა. ამიტომ, ერთადერთი სტრატეგიული გამოსავალი, რაც მას შესაძლებლად ეჩვენებოდა, ის იყო, რომ საზოგადოებისა და ქვეყნისგან მოწყვეტის, განმარტოებისა და ფიქრის ცნობილი დაოისტური გზა აერჩია.

მე ვფიქრობ, მართალია, თანამედროვე დაოისტები ქვეყნისგან მოწყვეტას რელიგიური ან იდეოლოგიური კუთხით უდგებიან, მაგრამ სრულიად შესაძლებელია რომ ლაო-ძი ამ პრინციპით კი არ მოუწოდებდა განდგომისკენ, არამედ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილს ეს ერთადერთ სტრატეგიად ეჩვენებოდა. თუ უიმედო იყო იმაზე ფიქრი, რომ საზოგადოება სახელმწიფოს ჩაგვრისგან დაეხსნა, მაშინ შეიძლება ის ვარაუდობდა, რომ საზოგადოებიდან და ქვეყნიდან განდგომა სახელმწიფო ტირანიიდან თავის დაღწევის ერთადერთი სწორი გზა იყო2. დაოისტთა მთავარი ამოცანა სახელმწიფოსგან განდგომა რომ იყო, კარგად ჩანს დიდი დაოისტის ჯუანგ-ძის მოსაზრებებიდან (369 ჩვ.წ.ა. - 286 ჩვ.წ.-მდე), რომელმაც ორი საუკუნის მერე ჩაურევლობის პოლიტიკის შესახებ ლაო-ძის მოსაზრებები ლოგიკურ დასასრულამდე - ინდივიდუალისტურ ანარქიზმამდე მიიყვანა. გამორჩეული სტილის მქონე, გავლენიანი ჯუანგ-ძი, რომელიც ალეგორიულ არაკებს წერდა, ძალიან განსწავლული კაცი იყო მანის სახელმწიფოში.წარმოშობით ისიც ძველ არისტოკრატიას ეკუთვნოდა. ჯუანგ-ძი თავის მშობლიურ ქვეყანაში პატარა მოხელე იყო, მაგრამ, როგორც მწერალი, ის ცნობილი გახდა მთელ ჩინეთში, იმდენად ცნობილი, რომ ჩუ-ს სამეფოს მეფე უეიმ ემისარი გაუგზავნა მას, დიდძალი საჩუქრები გაატანა და თავისი სახელმწიფოს მინისტრობა შესთავაზა. ჯუანგ-ძიმ მეფის წინადადება არაფრად ჩააგდო და უარი შეუთვალა. ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული საქციელი იმ ბოროტების საპასუხოდ, რომელიც სახელმწიფო ძალაუფლებაში იმალება: ეს იყო საკადრისი პასუხი იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც, ალბათ, პირველი ანარქისტი იყო მსოფლიოში.

ათასი უნცია ოქრო, ალბათ, მართლაც, დიდი ჯილდო იყო და მთავარი მინისტრის პოსტიც ნამდვილად მაღალი თანამდებობა, მაგრამ, ოდესმე გინახავთ სამსხვერპლო ხარი, რომელსაც შესაწირად ამზადებენ? რამდენიმე წლის მანძილზე მას კარგად უვლიან და კვებავენ, მერე მდიდრული ფარჩით რთავენ და დიდ ტაძარში წასაყვანად ამზადებენ. ამ დროს, ალბათ, ის სიამოვნებით გაუცვლიდა ადგილს რომელიმე ღორს, მაგრამ შეძლებდა კი ამას? ვინ მოისურვებს ბატონის სამსხვერპლოზე ყოფნას, თუნდაც ტალახიან ორმოში იჯდეს? ამიტომ, არავინ არ ჩადგება სახელმწიფო სამსახურში და საკუთარ მოწოდებაზე ხელს არ აიღებს.

ჯუანგ-ძიმ გაიმეორა და გაალამაზა ლაო-ძის სიტყვები ჩაურევლობის პოლიტიკისა და სახელმწიფო მმართველობის წინააღდეგ: „კაცობრიობა ყოველთვის თავის ნებაზე იყო მიშვებული; არასდროს ყოფილა, რომ კაცობრიობა ვინმეს [წარმატებით] ემართოს“. ფაქტობრივად, სამყაროს „არ სჭირდება მართვა; სინამდვილეში, ის არ უნდა იმართებოდეს“.

„სპონტანური წესრიგის“ იდეაც პირველად ჯუანგ-ძიმ წამოაყენა, რომელიც XIX საუკუნეში პრუდონმა, XX საუკუნეში კი ავსტრიული ეკონომიკური სკოლის წარმომადგენელმა ფ.ა.ჰაიეკმა განავითარა: „კარგი წესრიგი სპონტანურად მყარდება, როდესაც საქმეში არავინ ერევა“.

გარდა ამისა, ჯუანგ-ძი ალბათ პირველი თეორეტიკოსი იყო, რომელიც სახელმწიფოში აშკარა ყაჩაღს ხედავდა: „პატარა ქურდს ციხეში სვამენ, უფრო დიდი ყაჩაღი კი სახელმწიფოს მმართველი ხდება“. ამგვარად, ერთადერთი განსხვავება სახელმწიფო მმართველსა და ნამდვილ ყაჩაღთა ბელადს შორის ნადავლის რაოდენობაშია. ეს საკითხი მმართველის ყაჩაღობის შესახებ ციცერონმა გაიმეორა, რასაკვირველია, სრულად დამოუკიდებულად, მერე კი - წმინდა ავგუსტინემ და შუა საუკუნეეების სხვა ქრისტიანმა ფილოსოფოსებმა3.

2. ლა ბოეტიე: ფილოსოფოსი და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სტრატეგი

ახლაგაზრდა ფრანგი არისტოკრატი, ეტიენ დე ლა ბოეტიე (1530-1563) პირველი თანამედროვე ლიბერტარიანელი პოლიტიკური ფილოსოფოსი იყო. ლა ბოეტიეს მამა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის პერიგორდის რეგიონში სამეფო სამსახურში იდგა; დედა ბორდოს პარლამენტის თავმჯდომარის და იყო. ეტიენი ადრეულ ასაკშივე დაობლდა და მისივე მოსახელე ბიძა ზრდიდა, რომელიც საეკლესიო მსახური იყო. ლა ბოეტიემ 1553 წელს ორლეანის უნივერსიტეტში სამართლის ხარისხი მიიღო და მაშინვე ბორდოს პარლამენტში იშოვა სამსახური, სადაც მნიშვნელვან წარმატებას მიაღწია, როგორც მოსამართლემ და დიპლომატმა, მაგრამ 1563 წელს უდროოდ გარდაიცვალა 32 წლის ასაკში. ლა ბოეტიე ცნობილი იყო, როგორც შესანიშნავი პოეტი და ჰუმანისტი, თარგმნიდა ქსენოფონტეს, პლუტარქეს და საფრანგეთის ახალგაზრდა პოეტების ჯგუფთან, „პლეადასთან“ ახლო კავშირი ჰქონდა.

ლა ბოეტიეს სახელმწიფო კარიერას ლიბერტარიანიზმთან არაფერი აკავშირებდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან დაწერა „მოგონებები 1562 წლის იანვრის შესახებ“, სადაც ის საფრანგეთის ხელისუფლებას, პროტესტანტი ლიდერების, როგორც აჯანყებულების, დასჯას და საფრანგეთში კათოლიკობის ძალით დამკვიდრებას სთხოვდა4. მას ეს ხელნაწერი არ გამოუქვეყნებია.

ლა ბოეტიეს დიდი დამსახურება თავისუფლების იდეასთან მიმართებაში იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ის იურიდიული ფაკულტეტის საწყალი სტუდენტი იყო. პარალელს თუ გავავლებთ, XVI საუკუნისთვის ეს ისეთივე პერიოდი იყო, როგორც თანამედროვე უკმაყოფილო ახალგაზრდობის ბოჰემური ან „ჰიპური“ პერიოდი. ამასთან, ორლეანის უნივერსიტეტმა აზროვნების გადახალისებისა და რელიგიური მღელვარების ეპოქა გამოიარა. უნივერსიტეტში ლ. ბოეტიეს მთავარი მოძღვარი ან დიუ ბურგი იყო, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო პროტესტანტი, მაგრამ დიდ მიდრეკილებას ამჟღავნებდა. დიუ ბურგი ლა ბოეტიეს მიერ უნივერსიტეტის დამთავრებიდან ექვსი წლის შემდეგ გახდა წამებული ჰუგენოტი, რომელიც, ერეტიკული რწმენის გამო, კოცონზე დაწვეს. სწორედ ამ მღელვარე პერიოდში ჩამოაყალიბა ბოეტიემ თავისი მოკლე მაგრამ ნათელი, ღრმა და ძალიან რადიკალური ნაშრომი „საუბარი ნებაყოფლობით მონობაზე“ (Discourse de la Servitude Voluntaire), რომელიც მას არ გამოუქვეყნებია, მაგრამ ხელნაწერის სახით ფართო წრეში ტრიალებდა, როგორც „სამიზდატი“-ის მსგავსი გამოცემა და ძალიან პოპულარული გახდა პერიგორდიანის პროგრესულად მოაზროვნეთა წრეში5.

ჯერ ერთი, ლა ბოეტიე ჰობსსა და ლოკზე ერთი საუკუნით ადრე აბსტრაქტული, დედუქტიური მსჯელობით ამტკიცებდა, რომ ყველა ადამიანს აბსოლუტური, სრულიად ბუნებრივი უფლება აქვს თავისუფალი იყოს. ლა ბოეტიე გონებისთვის მისაწვდომ მარადიულ და ზოგად პრინციპებს გვთავაზობდა და მაგალითებს მხოლოდ კლასიკური ისტორიიდან იღებდა, იმ დროს, როდესაც შემდგომი პერიოდის, 1570-1580-იანი წლების რადიკალი ჰუგენოტი მონარქომაქები (ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლი მწერლები და პუბლიცისტები დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში) საფრანგეთის თავისუფლებაზე საუბრისას მხოლოდ სამართლებრივ და ისტორიულ არგუმენტებს იყენებდნენ.

მეორე, ლა ბოეტიემ „ტირანის“ კლასიკური და შუასაუკუნეების დროინდელი ბუნდოვნი გაგება, რაც ერთი ადამიანის არასწორ მმართველობას გულისხმობდა, მთელ სახელმწიფოზე განავრცო, რომელიც ადამიანის ბუნებრივ უფლებებს ლახავდა. ამასთან, მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამსახურება ის არის, რომ „ტირანიის” გაგებამ არა მხოლოდ თავად დესპოტი, არამედ მთელი სახელმწიფო აპარატი მოიცვა, რომელიც დესპოტს ემსახურებოდა და სახელმწიფოს მართვა-გამგებლობაში მონაწილეობდა.

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ლა ბოეტიემ დევიდ ჰიუმზე ორი საუკუნით ადრე შენიშნა, რომ ყოველგვარ ტირანიას, ძალადობრივს თუ დესპოტურს, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ხალხის უმრავლესობის ნება ედო საფუძვლად, რადგან ერთ ადამიანს ან სახელმწიფო აპარატის შემადგენელ უმცირესობას ფიზიკურად ძალა არ შესწევს, რომ უმრავლესობის ნებას დიდხანს გაუწიოს წინააღმდეგობა. როგორც ლა ბოეტიე აღნიშნავდა, მართალია, ყოველი სახელმწიფო მმართველობა ძალადობისა და დაპყრობის შედეგად წარმოიშვა, მაგრამ მმართველის ხელისუფლებაში დასარჩენად მთელი ხალხის ნებაა საჭირო.

თუკი სახელმწიფო ტირანია ხელისუფლებაში ხალხის ნებით რჩება, მაშინ ამ ხელისუფლების თავიდან მოშორების გზა და თავისუფლების მიღწევის სტრატეგია სრულიად ნათელია. პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში ლა ბოეტიემ პირველმა მიაგნო სახელმწიფო ტირანიის თავიდან მოშორების მარტივ გზას. ეს არის სახელმწიფო ბრძანებებისადმი მასობრივი დაუმორჩილებლობა, განსაკუთრებით კი, სახელმწიფოს მიერ დაკისრებული სავალდებულო გადასახადებისა და ბეგარის გადახდაზე უარის თქმა.

ლა ბოეტიეს თქმით, ტირანიის დასამარცხებლად ძალის გამოყენება არ არის აუცილებელი: „ერთი ტირანის ჩამოგდებას ნამდვილად არ სჭირდება ბრძოლა, რადგან ის ავტომატურად დამარცხდება, თუ ქვეყანა უარს იტყვის საკუთარ მონობაზე“. ამისთვის საჭიროა, ხალხმა ტირანების თანხებითა და რესურსებით მომარაგება შეწყვიტოს. „უბრალოდ, ნუღარ დაემორჩილებიან“, და „ტირანები ისე გაქრებიან როგორც არაფერი“. ლა ბოეტიე „ღარიბ, გასაცოდავებულ და დაბეჩავებულ ხალხს“, სიკეთეს მოკლებულ, გაღატაკებულ და სახლ-კარიანად გაძარცულთ, გულმოწყალედ ევედრება, რომ ბორკილები დაამსხვრიონ და ტირანების საკუთარი ჩაგვრის იარაღებით მომარაგებაზე ხელი აიღონ. როგორც ის ამბობს, „ტირანს არაფერი აქვს იმ ძალაუფლების მეტი, რასაც თქვენ ანიჭებთ თქვენივე გასანადგურებლად. სად შეუძლია მას, ყველას თვალყური გადევნოთ, თუ თქვენვე არ დაეხმარებით? სად აქვს იმდენი ხელი, რომ ყველას გირტყათ, თუ თქვენივე ხელებს არ გამოიყენებს? სად აქვს იმდენი ფეხები, რომ თქვენი ქალაქები გათელოს, თუ თქვენივე ფეხებს არ გამოიყენებს? საიდან აქვს მას ძალაუფლება, თუ არა თქვენივე საშუალებით? მაშასადამე, გამოსავალი არეულობა და სისხლისღვრა კი არ არის, არამედ მხოლოდ „თავისუფლების სურვილი“. მოკლედ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ ემსახურებით, და მაშინვე გათავისუფლდებით. მე არ გთხოვთ, ხელი აღმართოთ ტირანზე და ძირს ჩამოაგდოთ. უბრალოდ, აღარ დაეხმაროთ. მაშინ ნახავთ, როგორ დაკარგავს თავის წონას და ნაწილებად დაიშლება იმ ქანდაკების მსგავსად, რომელსაც კვარცხლბეკი გამოაცალეს6. მაგრამ, თუ ტირანია აუცილებლად ხალხის თანხმობას ეყრდნობა, საერთოდ რატომ თანხმდება ხალხი ამას და რატომ უწყობს ხელს საკუთარ უბედურებას და განადგურებას?“

ლა ბოეტიე ლოგიკურად მიდის იქამდე, რაც მას პოლიტიკური თეორიის მთავარ პრობლემად მიაჩნია, და რასაც შეიძლება ჩვენ „სამოქალაქო მორჩილების საიდუმლო“ ვუწოდოთ. რატომ არის ქვეყნად ხალხი საკუთარ მონობაზე თანახმა? ყველგან და ყოველთვის რატომ ემორჩილება ხალხი საზოგადოების იმ მცირე ნაწილის ბრძანებებს, რომლისგანაც მთავრობა შედგება? რატომ, რატომ - ყვირის გაბრაზებული ლა ბოეტიე მთელი განცდით, - რატომ, როდესაც გონება გვკარნახობს, რომ სამართლიანობა ყველასთვის ბუნებრივ უფლებებსა და თანასწორ თავისუფლებას მოითხოვს? რატომ, როდესაც ცხოველებიც კი თავისუფლების ბუნებრივ ინსტინქტს ამჟღავნებენ? რატომ არ ახსოვს ადამიანს, „რეალურად თავისუფლებაში დაბადებულ ერთადერთ არსებას“, თავისი პირვანდელი მდგომარეობა და რატომ არ აქვს მისი დაბრუნების სურვილი?7 მოკლედ, რატომ ეფლობა ხალხი ისეთ „აუტანელ“ და „საშინელ მანკიერებაში“, რომ საკუთარ მონობას ეთანხმება?

უპირველესად, - ამბობს ლა ბოეტიე, - ტირანიული სახელმწიფო ხელისუფლების დამყარება რთულად იწყება და დაპყრობის გზით ხორციელდება, ეს ან გარეშე ძალების დახმარებით, ან შიდა გადატრიალებით, ან საომარი მდგომარეობით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად ხელისუფლების უფლებამოსილებების გაზრდის გამართლებით ხდება. მაშ, რატომ ეგუება ხალხი ამას?

ლა ბოეტიეს აზრით, ამის პირველი მიზეზი ის არის, რომ არსებობს იდუმალი ძალა, რომელიც ხალხს ნებისმიერ ინსტიტუტს, მათ შორის საკუთარი დამონების ინსტიტუტსაც სწრაფად აჩვევს და აგუებს.

მართალია, თავიდან ადამიანებს ზეწოლითა და იძულებით იმორჩილებენ, მაგრამ მათი მომდევნო თაობა თავისით ემორჩილება და სიამოვნებით ასრულებს იმას, რასაც მათი წინაპრები იძულებით აკეთებდნენ. ამიტომ, უღლის ქვეშ დაბადებული და მონობაში გაზრდილი ადამიანები ძალდაუტანებლად ეგუებიან იმ გარემოში ცხოვრებას, რომელსაც მშობლიურად მიიჩნევენ. სხვა ვითარებას და სხვა უფლებებს არ იცნობენ და სრულიად ბუნებრივად მიაჩნიათ ის პირობები, რა პირობებშიც დაიბადნენ.

ამგვარად, თავისუფლებისკენ კაცობრიობის ბუნებრივ ლტოლვას ჩვეულება სძლევს, „რადგან, რაც არ უნდა კარგი იყოს ბუნების ნაბოძები, ხელშეწყობა თუ არ ექნება, ქრება, ცხოვრება კი მუდამ თავის გზით მიგვაქანებს“. ამიტომ, ადამიანები იმ აზრთან შეგუებული იზრდებიან, რომ მუდამ ასეთ მდგომარეობაში იყვნენ და მათი მამებიც იმასვე განიცდიდნენ, რასაც ისინი. ამგვარად, ცდილობენ შეეგუონ ამ მონობას, ამ ბოროტებას და სხვების მაგალითსა და საქციელს ბაძავენ. საბოლოოდ, ძალაუფლებას ანიჭებენ მათ, ვინც მესაკუთრული უფლებებით მბრძანებლობს მათზე იმ მოსაზრების საფუძველზე, რომ ეს მუდამ ასე იყო8. ამგვარად, ხალხი ხალისით და სიამოვნებით კი არ უნდა ხვდებოდეს უამრავ „გადასახადს“, არამედ მათ საბოლოოდ „გაუქმებას“ უნდა ესწრაფოდეს.

მეორე მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფო აპარატს არ სჭირდება ხალხის ჩვეულებების გარდაქმნა, თანხმობა დაყოლიებითაც მიიღწევა. ლა ბოეტიე საუბარს იმ სხვა ბერკეტების შესახებ განაგრძობს, რომელთა გამოყენებით მბრძანებლები ამ თანხმობას აღწევენ. ერთ-ერთ ძველისძველ მექანიზმს მასებისთვის საცირკო სანახაობის მოწყობა წარმოადგენს: „პიესები, ფარსი, სპექტაკლები, გლადიატორები, უცხო მხეცები, ჯილდოები, სურათები და სხვ. ... ეს ყველაფერი ანტიკური ხალხების დასამონებლად გამოყენებული ოპიუმი და ხაფანგი იყო, მათი თავისუფლების საფასური და ტირანიის ბერკეტი. ძველი დიქტატორები ასეთი მანევრებითა და გართობებით, დროსტარებითა და ამაო სიამეებით ხიბლავდნენ და წარმატებით მართავდნენ დამონებულ, დაბეჩავებულ ხალხს. ისინი კი მიამიტად სწავლობდნენ მორჩილებას, მაგრამ არა ისე, როგორც პატარა ბავშვები ლამაზი, სურათებიანი წიგნებიდან სწავლობენ კითხვას“9.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი ხალხისთვის იმ რწმენის ჩანერგვა იყო, რომ ტირანი კეთილგონიერი, სამართლიანი და კეთილშობილი მმართველია. ახლანდელ დროში, - წერს ლა ბოეტიე, - მმართველები „უსამართლო, თუნდაც მნიშვნელოვანი, პოლიტიკის გატარებას ისე არ დაიწყებენ, წინ ლამაზი სიტყვა თუ არ წაუმძღვარეს ხალხის კეთილდღეობისა და საერთო სიკეთის შესახებ“. ძლიერი იდეოლოგიური პროპაგანდა კარგად მოფიქრებული მისტიფიკაციაა. ამიტომ, ძველი მეფეები ხალხს იმ აზრს უნერგავდნენ, რომ თვითონ ჩვეულებრივ ადამიანებზე მაღლა და ღმერთებთან ახლოს იდგნენ. მეფის გვირგვინზე სასწაულებრივი და ჯადოსნური სიმბოლოები იყო ამოტვიფრული. „ამით ისინი საკუთარ ქვეშევრდომებს მეფის პატივისცემასა და თაყვანისცემას შთააგონებდნენ“. ზოგჯერ ტირანები ისე შორს მიდიოდნენ, რომ საკუთარ თავს ღვთაებას უწოდებდნენ. ამგვარად, „საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად ტირანები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ხალხს არა მარტო მათი მორჩილება და მონობა ესწავლა, არამედ მათი თაყვანისცემაც“10.

„საცირკო სანახაობა განსაკუთრებული იდეოლოგია და მისტერია იყო. ამასთან ერთად, ის წმინდა პროპაგანდისტული მექანიზმი იყო, მაგრამ მბრძანებლებს ქვეშევრდომებისგან თანხმობის მისაღებად სანახაობის გარდა კიდევ ერთი სტრატეგია ჰქონდათ. ეს იყო ხალხის მოსყიდვა. ხალხის უხვად დასაჩუქრება განსაკუთრებული ეშმაკური მეთოდია მათთვის იმ რწმენის ჩასანერგად, რომ ტირანული მმართველობა სასარგებლოა.

უჭკუო ხალხი ვერ ხვდებოდა, რომ ისინი უბრალოდ მათ თავისსავე ქონების ნაწილს უბრუნებდნენ. მმართველი ვერ შეძლებდა, რომ მათთვის რამე მიეცა, თუკი უფრო ადრე თავად არ წაართმევდა მათ... ბრბო მუდამ ასე იქცევა - მუდამ მზად არის ქრთამის მისაღებად“11.

დასასრულ, ლა ბოეტიეს კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი და ორიგინალური წვლილი პოლიტიკურ თეორიაში ის არის, რომ მან ერთი ადამიანის ტირანიის ცნება მთელ სახელმწიფო აპარატზე განავრცო. როგორც ასეთი, ეს არის მუდმივი და ხანგრძლივი მოსყიდვების გზით ჩამოყალიბებულ ქვეშევრდომ მოკავშირეთა სტაბილური იერარქია, მოახლეთა, თანამდებობის პირთა და ბიუროკრატთა ლოიალური ბანდა. ლა ბოეტიე ამ ფაქტორში „ტირანიის ბატონობის მთავარ მამოძრავებელ ძალას და საიდუმლოს, მის საყრდენსა და საძირკველს“ ხედავს.

არსებობს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იშვიათად მიღებული ასეთი ნაწყალობევით არ ტყუვდება და ისინი, ვინც დესპოტიის პირობებში დიდ და მუდმივ სარგებლობას ღებულობს. ამიტომ მათი დესპოტიისადმი ერთგულება ილუზიაზე, ჩვევაზე ან სასწაულზე კი არ არის აგებული, არამედ უფრო მყარი და საფუძვლიანია.

ამგვარად, მძარცველთა მიერ ყალიბდება პატრონის ერთგული იერარქია და ადამიანები საზოგადოებრივ ფენებად იყოფიან. ისინი „ტირანიას იმ ძაფით ებღაუჭებიან, რა ძაფითაც თავად არიან მასზე მიბმული“. მოკლედ, „ყველა, ვინც მწველი ამბიციით ან მეტისმეტი სიხარბით არის შეპყრობილი, ტირანიის ირგვლივ იყრის თავს და მხარს უჭერს მას, რომ მისი ნადავლით ისარგებლოს და დიდი ტირანის ქვეშევრდომ პატარა უფროსად იქცეს“. მართალია, ისინიც ხელქვეითები არიან და სხვის უფროსობასაც განიცდიან, მაგრამ მორჩილების სანაცვლოდ ამ ხელქვეითებს უფლება აქვთ დანარჩენი ხალხი დაჩაგრონ12.

უფრო ღრმად თუ დავუკვირდებით, თავისუფლების მიღწევის სტრატეგია არც ისე იოლი მისაგნებია: მართალია, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მთავარი გასაღებია, მაგრამ ჩვეულების, პროპაგანდის და განსაკუთრებული პრივილეგიების ხლართებით დაბრმავებული ხალხი როგორ უნდა მივიყვანოთ იქამდე? ლა ბოეტიე გულს არ იტეხს, რადგან, ერთი რამ ცხადია, მთელი საზოგადოება არ არის მოტყუებული და მონობას შეჩვეული. გარემო შეიძლება გავლენას ახდენდეს, მაგრამ ყველაფერს ის არ განსაზღვრავს; „პირუტყვი მასისგან“ განსხვავებით, ყოველთვის არსებობს უფრო გამჭრიახი ნაწილი - ელიტა, რომელიც რეალობას აცნობიერებს: “მუდამ არსებობს რამდენიმე ადამიანი, ვისაც სხვებზე მეტი ნიჭი აქვს, ვინც გრძნობს უღლის სიმძიმეს და თავს ვერ იკავებს, რომ თავიდან არ მოიშოროს”. ეს ის ხალხია, ვისაც ნათელი და შორსმჭვრეტელი გონება აქვს, ვინც არასდროს აღიგვება პირისაგან მიწისა. „დედამიწაზე თავისუფლება რომც გაქრეს, მას ადამიანები აღმოაჩენენ“. მიუხედავად იმისა, რომ თავის სახელმწიფოში ყველა მბრძანებელი ნამდვილი განათლების გაკონტროლებასა და ჩახშობას ერთნაირად ცდილობს, ხოლო ელიტას სიტყვისა და მოქმედების უფლებას, ამდენად, გარდაქმნის შესაძლებლობასაც კი ართმევს, მაინც არსებობენ გმირი ლიდერები, რომლებსაც „ქვეყნის ბოროტი ხელიდან დახსნა“ არ გაუჭირდებათ. ეს განათლებული და გულადი ელიტა რევოლუციური წინააღმდეგობის ავანგარდს ჩამოაყალიბებს. განათლებითა და ხალხის ჭეშმარიტების გზაზე დაყენებით, ისინი ხალხს ბედნიერებისა და თავისუფლების შესახებ ცნობიერების დაბრუნებაში დაეხმარებიან და სახელმწიფოს მიერ ჩანერგილ მითებსა და ილუზიებს გაფანტავენ. გარდა ამისა, როგორც ლა ბოეტიე აღნიშნავს, მათ ის ფაქტიც დაეხმარება, რომ სასახლის მრავალი პრივილეგირებული მსახური და მაღალჩინოსანი საცოდავ, მონურ ცხოვრებას ეწევა. ამიტომ, ზოგიერთი მათგანიც შეუერთდება საზოგადოებრივ დაუმორჩილებლობას და მმართველი ელიტის დამხობაში ისინიც მიიღებენ მონაწილეობას13.

ამგვარად, ლა ბოეტიე პირველი თანამედროვე ლიბერტარიანელი თეორეტიკოსი იყო, რომელმაც, სახელმწიფო ძალაუფლების საფუძვლების ანალიზიდან ლოგიკურად აღმოცენებული შესანიშნავი სტრატეგიული თეორია შემოგვთავაზა. მაგრამ, პირადად მან რა გააკეთა ამისთვის? მარქსისტთა ენით თუ ვიტყვით, გააერთიანა კი მან თავის სიცოცხლეში თეორია და პრაქტიკა? რასაკვირველია, - არა. ბედის დაცინვას ჰგავდა, რომ მიუხედავად განათლებული ელიტის წევრობისა, ლა ბოეტიე გაბედული ადამიანი არ იყო. მან არ გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი „Discourse“ და მმართველ ელიტაში თანამდებობა მიიღო; როგორც პროფესორი კეოჰანი ამბობს, „ჩვენ არ ვიცით ირონიულად უყურებდა თუ არა ის იმ ფაქტს, რომ იმ წრის მოწინავე მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, რომელსაც ერთ დროს ასე მკაცრად აკრიტიკებდა“14.

რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ უნივერსიტეტის ენთუზიაზმით აღსავსე რადიკალური სტუდენტები სწრაფად ეფლობოდნენ კომფორტულ და პატივსაცემ კონსერვატიზმში, როგორც კი პრივილეგიებისა და ჯამაგირის გარანტიებს მიიღებდნენ. მაგრამ, სინამდვილეში, საქმე ცოტა სხვაგვარად იყო. „Discourse“-ის ბრწყინვალე რადიკალური არგუმენტიც კი მისივე ლპობის ნიშნებს შეიცავდა. სწორედ მისი მეთოდოლოგიის აბსტრაქტულობა და უნივერსალურობა, და ის ფაქტი, რომ მან საკუთარი დოქტრინა XVI საუკუნის საფრანგეთის რეალურ ვითარებაში ვერ გამოიყენა, იმას ნიშნავდა, რომ როდესაც ლა ბოეტიეს პირადი კარიერისტული ინტერესები აბსტრაქტულიდან კონკრეტულში გადაიზარდა, მისთვის ძალიან იოლი აღმოჩნდა თავისი ახალგაზრდული და აბსტრაქტული რადიკალიზმისთვის თავი დაენებებინა. მან ვერ შეძლო თეორიისა და პრაქტიკის, ზოგადი დოქტრინის კონკრეტულ გამოყენებასთან შერწყმა, რაც მისი პირველი მარცხი იყო და რამაც მისი თეორიის აღსასრულს შეუწყო ხელი, ყოველ შემთხვევაში თავად ლა ბოეტიეს სიცოცხლეში. მაგრამ „Discourse”-ის საბოლოო ხვედრი ბედის დაცინვას არ ჰგავდა. თუ აბსტრაქტულმა მეთოდმა მას საშუალება მისცა, რომ რეალურ სამყაროსთან დაპირისპირებისას თავისი რადიკალიზმი იოლად მიეტოვებინა, „Discourse“-მა საწინააღმდეგო გავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის მკითხველებზე. ნაშრომი კონკრეტული დროით არ შემოიფარგლება, რის გამოც შემდგომი პერიოდის ინსტიტუტებისა და თაობებისთვის სწორედ რადიკალური ფორმით არის გამოსადეგი. ამგვარად, „Discourse“ არც ლა ბოეტიეს გამოუქვეყნებია და არც მის მიმდევრებს მისი დავალებით. ის არასრული სახით უსახელოდ გამოქვეყნდა რადიკალი ჰუგენოტის პამფლეტში Le Reveille-Matin des Franois (1574), რომელიც, ალბათ, ადმირალ კოლინის სამსახურმა დაწერა დიდ კალვინისტთან, თეოდორე ბეზასთან თანამშრომლობით. პირველად „Discourse“-ს სრული ტექსტი, ავტორის სახელის დართვით, ორი წლის შემდეგ გამოქვეყნდა რადიკალური ჰუგენოტური ნარკვევების კრებულში, რომელიც ჟენევის კალვინისტმა მინისტრმა სიმონ გულარტმა შეადგინა15. ლა ბოეტიეს ახლო მეგობარი მიშელ დე მონტეინი, რომელსაც განზრახული ჰქონდა თვითონ გამოექვეყნებინა „Discourse“, გაშმაგდა, როცა ეს ნარკვევი ჰუგენოტებს მიაწერეს. მაშინ მან უარი თქვა თავისი პროექტის განხორციელებაზე და ჰუგენოტების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყო. მან განაცხადა, რომ მისი მეგობარი ჯერ მხოლოდ 18 თუ 16 წლის იყო, როდესაც ეს ნარკვევი დაწერა. ამგვარად, მან ყველაფერი ავტორის სიყმაწვილეს, მის უმწიფარ, რიტორიკულ არაფრისმთქმელ სიტყვებს გადააბრალა და „Discourse“-ის საოცარი რადიკალიზმი გააქარწყლა. ამის შემდეგ, ჰუგენოტებიც კი ამ რადიკალურ პამფლეტს დიდი სიფრთხილით იყენებდნენ.

მართალია, ჰუგენოტების პამფლეტში „La France Turquie“ (1575) გააკრიტიკეს ლა ბოეტიეს მოწოდება მასების დაუმორჩილებლობისა და ქალაქებისა და პროვინციების სახელმწიფო გადასახადების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ, მაგრამ, მთლიანობაში, როგორც ლასკი ენამახვილურად წერდა: „რამდენადაც ლა ბოეტიეს ნარკვევს მიმზიდველი ხასიათი ჰქონდა, იმდენად ძალიან ძნელად მოსანელებელი ულუფა იყო იმ დროისთვის გულღია და აკადემიური რესპუბლიკანიზმი, იმიტომ კი არა, რომ ლა ბოეტიეს არავითარი გავლენა არ ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ მას ფრთხილად იყენებდნენ იმდენად, რამდენადაც შეიძლებოდა, რომ 1860-იან წლების ანგლიკანურ ეკლესიას დარვინიზმისადმი ინტერესი გამოეჩინა“16.

XVII საუკუნის შედარებით მშვიდობიანი პერიოდის საფრანგეთში თითქმის მთლიანად მივიწყებული „Discourse“ XVIII საუკუნეში მონტეინის ნარკვევის დანართის სახით გამოქვეყნების შემდეგ პოპულარული გახდა, თუმცა დიდი გავლენით არ გამოირჩეოდა. გასაკვირი არ იყო, რომ საფრანგეთის რევოლუციის ქარიშხლიან დღეებში „Discourse“ ორჯერ ხელახლა გამოიცა და თავისი აუდიტორია იპოვა. მოგვიანებით, ის ხელახლა გამოსცა აბე დე ლამენაისმა და მას საკუთარი „ამაღელვებელი“ წინასიტყვაობა წაუმძღვარა, 1852 წელს ასევე მოიქცა კიდევ ერთი მწერალი ნაპოლეონის წარმატებულ დიქტატურაზე საპასუხო დარტყმის მიყენების მიზნით. მოგვიანებით, XIX საუკუნეში ლა ბოეტიეს ნარკვევი ანარქისტული მოძრაობის არაძალადობრივი ფრთის შთაგონების წყარო გახდა. უნდა ითქვას, რომ, როდესაც ლევ ტოლსტოიმ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და არაძალადობრივი ანარქიზმის დოქტრინა წამოაყენა, თავისი არგუმენტების ჩამოსაყალიბებლად „Discourse“-დან ციტატების სახით ვრცელი ნაწყვეტები გამოიყენა. ამას გარდა, ლა ბოეტიემ დიდი გავლენა მოახდინა ტოლსტოის მიერ ინდუსებისადმი მიწერილ წერილზე, რომელმაც მასობრივი შეუიარაღებელი მოძრაობის შესახებ განდის თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი ითამაშა17. XVII საუკუნის დასაწყისში ცნობილმა გერმანელმა ანარქისტმა გუსტავ ლანდაუერმა, მას შემდეგ, რაც პაციფისტური მეთოდის მომხრე გახდა, ლა ბოეტიეს „Discourse“-ის ამაღელვებელი რეზიუმე თავისი ნაშრომის „Die Revolution“ (1910) მთავარ საყრდენად გამოიყენა. XX საუკუნის ცნობილმა ჰოლანდიელმა პაციფისტმა ანარქისტმა ბარტელიმი დე ლაიტმა თავისი ნაშრომის „Conquest of violence“-ის რამდენიმე გვერდი „Discourse“-ს განხილვასა და ქებას მიუძღვნა და 1933 წელს ჰოლანდიურ ენაზე თარგმნა18. ამგვარად, საუკუნეები გავიდა და ორლეანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტის დოქტრინებს შესაძლებლობა მიეცა, რომ ბორდოს პარლამენტის პატივსაცემ და გამოჩენილ მოხელეებზე სიკვდილის შემდეგ ეძია შური19.

3. მონარქიის გარდაქმნა: რევოლუცია ზემოდან

რეტრეატიზმი უფრო გულგატეხილი ფიქრი იყო, ვიდრე სტრატეგია იმ დროს, როდესაც მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მხოლოდ გმირულად განწყობილ უმცირესობას ხიბლავდა. ის არც ლიბერტარიანიზმის და ჩაურევლობის პოლიტიკისათვის საჭირო სოციალური ცვლილების მიმართულებით გამოსადეგი სტრატეგია აღმოჩნდა.

XVI საუკუნის ბოლოს საფრანგეთში ცენტრისტული პოლიტიკის გამარჯვებამ გზა გაუკვალა ფართო და ცენტრალიზებულ სამეფო აბსოლუტიზმს. XVII საუკუნის შუახანებში აბსოლუტიზმი ფრონდას და სხვა ცნობილი აჯანყებების დამხობის შედეგად სივრცობრივად გაიზარდა. ბოლოს, აბსოლუტიზმმა თავის აპოგეას, ლუდოვიკო XIV-ს მეფობისას მიაღწია.

მაგრამ, 1680-90-იანი წლებიდან ვაჭრებმა და არისტოკრატიამ, წამყვან ბიუროკრატიასთან, ეკლესიის მსახურებსა და თეორეტიკოსებთან ერთად სამეფო აბსოლუტიზმისა და მერკანტილისტური ეტატიზმის წინააღმდეგ ფართო ბრძოლა დაიწყეს.

დაიწყო ახალი და უფრო პრაგმატული თვალსაზრისის განვითარება. რატომ არ უნდა უკუვაგდოთ უნაყოფო აზრი მეფისადმი მასობრივი დაუმორჩილებლობის შესახებ? რატომ არ უნდა მოვაგვაროთ სოციალური ცვლილება თავად მეფის გარდაქმნით და ვაიძულოთ ის, რომ გათავისუფლება ზემოდან დაიწყოს და ამით თავიდან ავიცილოთ რადიკალური ცვლილება ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებში?

ამ ახალი სტრატეგიის განსახორციელებლად ახალ ოპოზიციონერებსა და ლიბერტარიანელებს არსებითად უტილიტარული არგუმენტების გამოყენება მოუწიათ. ბუნებრივი უფლებების მომხრეებიც კი, მაგალითად ფიზიოკრატები, XVII საუკუნის შუახანებში და ბოლოს, უტილიტარულ არგუმენტებს იყენებდნენ, რომ მეფე და მმართველი არისტოკრატია ასეთი უფლებების უპირატეს მნიშვნელობაში დაერწმუნებინათ. არსებითად, ეს იდეა, რომელიც ბუნებრივი უფლებების და თავისუფალი ბაზრის მეთოდების გამოყენებასაც გულისხმობდა, იმაში მდგომარეობდა, რომ საკუთრების უფლების პატივისცემისა და ჩაურევლობის პოლიტიკას მთელი ქვეყნისთვის უნდა მოეტანა სარგებლობა, რაც ყველას ბედნიერებასა და აყვავებას შეუწყობდა ხელს. და თუ ქვეყანა იხეირებდა, ეს მეფესაც შეეხებოდა.

ა) არქიეპისკოპოსი ფინელონი და ბურგუნდიის წრე

მეფე ლუდოვიკო XIV-ს აბსოლუტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე გავლენიანი განმათავისუფლებელი ცენტრების სათავეში ღრმად მორწმუნე ფრანსის დე სალინაკ დე ლა მოტე, კამბრეს არქიეპისკოპოსი ფენელონი (1651-1715) იდგა.

ფენელონი აბატ კლოდ ფლერის (1640-1723) მეგობარი და სტუდენტი იყო, რომელმაც 1670-იანი წლების დასაწყისში ანტიეტატისტური ბრძოლა დაიწყო, როგორც ახალგაზრდა თეოლოგმა. ახალგაზრდა ფენელონმა აღმოაჩინა, რომ მეფის მეუღლის, მარკიზა დე მონტენონის (1635-1719) რელიგიური მოძღვრისა და ინსტრუქტორის თანამდებობაზე დანიშვნით მას მაქსიმალური გავლენის მოხდენა შეეძლო სასახლის კარზე. 1680-იან წლებში მას ეს თანამდებობა ეჭირა, 1689 წლიდან კი მეფისწულების მასწავლებლად გადავიდა, კერძოდ, ლუდოვიკო XIV-ს შვილიშვილის, ბურგუნდიის ახალგაზრდა ჰერცოგის აღმზრდელად, რომელიც ერთ დღეს მეფე უნდა გამხდარიყო.

ფენელონის სტრატეგია ახალგაზრდა უფლისწულების აღმზრდელთა ჯგუფის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, რომ მათ ისინი თავისუფლების რწმენის მქონე მეფეებად აღეზარდათ. ის ფიქრობდა, რომ ამ გზით ისინი ძალაუფლების მიღების შემდეგ ზემოდან მოახდენდნენ განმათავისუფლებელ რევოლუციას. ფლერის დახმარებით ფენელონმა ბურგუნდიის ჰერცოგის აღზრდაში მართლაც მიაღწია წარმატებას და მისი ბურგუნდიული გარემოცვა ლუდოვიკო XIV-ის ეტატიზმისა და მერკანტილიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აქტიური და კარგად ინფორმირებული კერა გახდა. ფენელონს განსაკუთრებით აღაშფოთებდა ხანგრძლივი ომები, მათი თანმდევი მძიმე გადასახადები და ვაჭრობის მოშლა. 1693 წელს მეფისადმი ანონიმურად მიწერილ წერილში, რომელიც, სავარაუდოდ, ფენელონმა მხოლოდ მადამ დე მენტენონს გაუგზავნა, დაუსრულებელ „სისხლიან ომებს“ კიცხავდა, რადგან ომები გადასახადებით ანგრევს ვაჭრობას, ძარცვავს ღარიბებს და ხალხი სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს. ომი ხალხს იმ პურს ართმევს, რის მოსაპოვებლადაც ისინი შუბლზე ოფლს იდენენ”.

ახალგაზრდა ჰერცოგის სახელმძღვანელოდ დაწერილ პოლიტიკურ რომანში „Aventures de Telemaque“, ფენელონი ფინიკიელთა შორის განთქმული ბრძენი კაცის - მენტორის პირით ლაპარაკობს, რომელიც ახალგაზრდა პრინცს, ტელემაქეს უხსნის, თუ როგორ შეძლეს ფინიკიელებმა საგარეო ვაჭრობით აყვავება:

„უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობაში არასდროს ჩაერიო იმ მიზნით, რომ ის შენი შეხედულებისამებრ შეცვალო. პრინცი თვითონ არ უნდა წუხდეს და შიშობდეს ვაჭრობაზე და მის მოსალოდნელ შეფერხებაზე. მან მთელი მოგება თავის ხელქვეითებს უნდა დაუტოვოს, ვინც ის იშოვა, სხვაგვარად მათ ხალისი დაეკარგებათ“ 20.

როგორც ჩანს, ბურგუნდიის წრე ახლოს იყო თავის საოცნებო მიზანთან, როდესაც 1711 წელს ტახტის მთავარი მემკვიდრე, ლუდოვიკო XIV-ს შვილიშვილი გარდაიცვალა და ტახტის პირველი მემკვიდრე ბურგუნდიის ჰერცოგი გახდა. მაგრამ მომდევნო წელს ისევ ტრაგედია დატრიალდა, როდესაც ჰერცოგი, მისი ცოლი და უფროსი ვაჟი წითელას დაავადებისგან გარდაიცვალნენ. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ფელონემ მეგობარს მისწერა: „ადამიანები ცოდნას და განათლებას არ იშურებენ, რომ ვაჟკაცობითა და ცოდნით შემკული პიროვნება ჩამოაყალიბონ, ღმერთი კი მოდის და ანგრევს ამ ქაღალდის სახლს...“ ბურგუნდიის წრის მოულოდნელი და ტრაგიკული დასასრული მეფის გარდაქმნის (მომავალი მეფის თვალსაზრისით) იდეის ერთ პრობლემას ჰფენს ნათელს: „თუ ერთი ადამიანი გარდაიცვლება, ანუ გაქრება, თავისუფლების მთელი სტრატეგიაც მასთან ერთად გაქრება“21.

ბ) კენე, ფიზიოკრატია და ტიურგო

ფენელონის მცდელობიდან დაახლოებით 50 წლის შემდეგ ფრანსუა კენემ (1694-1774) საფრანგეთის არსებული და მომავალი მეფეების გარდასაქმნელი მოძრაობა წამოიწყო. ფენელონისგან განსხვავებით, რომელიც სასახლის კარზე განსაკუთრებული გავლენის მოპოვებას ცდილობდა, კენემ მანამდე მოიპოვა თავისი გავლენა, სანამ სოციალური ან ეკონომიკური საკითხებით დაინტერესდებოდა. ის სახელგანთქმული ქირურგი და თერაპევტი იყო და ვრცლად წერდა, როგორც მედიცინაზე, ისე სამედიცინო ტექნოლოგიაზე. წარმატებამ მას 1749 წელს მეფე ლუდოვიკო XV-ის მეუღლის მადამ დე პომპადორის პირადი ექიმის თანამდებობა აშოვნინა. რამდენიმე წლის შემდეგ, კენე თვითონ მეფის პირადი ექიმი გახდა.

1750-იანი წლების ბოლოს, დაახლოებით 60 წლის ასაკში, სამეფო კარის ექიმი ეკონომიკის საკითხებით დაინტერესდა. კენეს ფიზიოკრატიული მოძრაობის დასაწყისი შეიძლება 1757 წლის ივლისით დათარიღდეს, როდესაც ის შეხვდა ადამიანს, რომელიც შემდეგ მისი მთავარი მოძღვარი და პროპაგანდისტი გახდა. ეს იყო მკვირცხლი, მოუსვენარი, ენთუზიაზმით აღსავსე და ოდნავ ექსცენტრული ვიქტორ რიკეტი, მარკიზ დე მირაბო (1715-1789), რომელიც ის-ის იყო თავისი მრავალტომიანი ნაშრომის პირველი რამდენიმე ნაწილის გამოქვეყნებით გახდა ცნობილი. ეს იყო ბრწყინვალე, მაგრამ უსისტემო და მაღალფარდოვანი სახელწოდების ნაშრომი - ადამიანის მეგობარი (L'ami des hommes მაშინვე ბესტსელერად იქცა). ამ ორი ადამიანის შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმისთვის, რომ სასახლის ექიმის, ერთი შეხედვით, უწყინარი აზრები ფიზიოკრატიად - ფილოსოფიურ სკოლად ქცეულიყო.

სასახლის კარზე კენეს გავლენიანმა სამსახურმა და მირაბოს პოპულარობამ და ენერგიამ ფიზიოკრატია განამტკიცა და მალე დიდ და გავლენიან სკოლად აქცია, რომელიც თავის საქმიანობას ჟურნალების გამოცემით ახორციელებდა და სამშაბათობით სემინარებსა და სალონებს აწყობდა. ფიზიოკრატები მხარს უჭერდნენ აბსოლუტურ მონარქს, რომელსაც მმართველობის ისეთი სისტემა უნდა ჩამოეყალიბებინა და დაემკვიდრებინა, სადაც ყველას ხელშეუხებელი ქონებრივი და ბუნებრივი უფლებები ექნებოდა და ამის შედეგად თავისუფალი ეკონომიკური სისტემაც განვითარდებოდა. ფიზიოკრატებს განსაკუთრებული მოსაზრება ჰქონდათ სოფლის მეურნეობის შესახებაც, რაც მათ დამფუძნებელთა ინტერესებს გამოხატავდა და რაც იმ თვალსაზრისს შეიცავდა, რომ მხოლოდ მიწა იყო საწარმოო ფაქტორი.

ზოგიერთის თვალსაზრისით, ფიზიოკრატების სკოლა კენეს პიროვნების კულტად იქცა. მისი მიმდევრები უსაფუძვლოდ აცხადებდნენ, რომ კენე სოკრატეს ჰგავდა და მას „ევროპის იმედს“ უწოდებდნენ.

მირაბო კი ისე შორს წავიდა, რომ აცხადებდა „კაცობრიობის ისტორიაში სამ უდიდეს გამოგონებას დამწერლობა, ფული და კენეს ცნობილი დიაგრამა „tabliean economique“ წარმოადგენსო“.

ფიზიოკრატთა უმრავლესობის პოლიტიკური იმედები ისეთ მომნუსხველ პიროვნებას უკავშირდება, როგორიც არის ანე რობერტ ჟაკ ტიურგო (1727-1781). მართალია, ტიურგო ფიზიოკრატთა პოლიტიკური მოკავშირე იყო ისეთ საკითხებში, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობა და ჩაურევლობის პოლიტიკა, მაგრამ ეკონომიკურ თეორიაში ის ტიპური ფიზიოკრატი არ იყო. ის არც იმ თვალსაზრისს იზიარებდა, რომ მხოლოდ მიწა იყო საწარმოო ფაქტორი და არც პროკეინზიანურ „tablieau economique“-ს ეთანხმებოდა. ფაქტობრივად, ტიურგო იმ სკოლის ბრწყინვალე და შემოქმედი პიონერი იყო, რომელიც მოგვიანებით „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის სახელით გახდა ცნობილი“22.

ა.რ.ჟ.ტიურგო სამეფო მოხელისა და ადმინისტრატორის ცნობილ ნორმანდიულ ოჯახში დაიბადა და შემდეგ საკუთარი ადგილი სამეფო ბიუროკრატიის ზედა ფენებში დაიმკვიდრა. მან ადმინისტრაციული საქმეც და ჩაურევლობის პოლიტიკისადმი ერთგულებაც თავისი დიდი მეგობრისა და აღმზრდელს ჟაკ კლოდ მარიე ვინსენტისაგან (1712-1759) ისწავლა, რომელიც წარმატებული ვაჭარი იყო, შემდეგ კი სამეფო კარის ინსპექტორი და ვაჭრობის მინისტრი გახდა. ამასთან, ტიურგომ ოჯახის გადმოცემით იცოდა, რომ ფრაზა „laissez faire“ (ჩაურევლობა) ტიურგოს მამის მშობლების ახლო მეგობარმა მდიდარმა ნორმანდიელმა ვაჭარმა ტომას ლე ჟანდრმა მოიგონა. როდესაც ეკითხებოდნენ რა გზით უნდა დახმარებოდა მინისტრი კოლბერი ვაჭრობას, ლე ჟანდრი პასუხობდა - „laissez faire“.

ტიურგოს სტრატეგია საფრანგეთის ბიუროკრატიაში დაწინაურება იყო. ის იმედოვნებდა, რომ, როდესაც ფინანსთა მინისტრი გახდებოდა, ჩაურევლობის პოლიტიკის განხორციელებას შეძლებდა. მართალია, ეს მეფის გარდაქმნასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ, სინამდვილეში, ტიურგო არ იზიარებდა ფიზიოკრატთა ენთუზიაზმს აბსოლუტური მეფის შესახებ, რომელსაც შეეძლო მათი რეფორმები გაეტარებინა. ტიურგოს ერთ-ერთი ეპიგრამა, რომელიც მეგობარს გაუგზავნა, პოლიტიკურ თვალსაზრისსაც შეიცავდა და რელიგიურსაც: „მე ენციკლოპედისტი არ ვარ, რადგან ღმერთის მჯერა, ეკონომისტი არ ვარ [ფიზიოკრატი], რადგან არანაირი მეფე არ მინდა მყავდეს“. ტიურგო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კონსტიტუციური რესპუბლიკა მმართველობის ყველაზე კარგი ფორმა იყო, რომელიც უთუოდ უზრუნველყოფდა ჩაურევლობის პოლიტიკასა და საკუთრების უფლების დაცვას, და „სადაც საკუთრების ყველა მფლობელს კანონმდებლობის შექმნაში მონაწილეობის თანაბარი უფლება ექნებოდა“. მაგრამ თავის ახალგაზრდა მეგობარსა და მოწაფესთან, მათემატიკოსსა და ფილოსოფოს მარი ჟან ანტუან ნიკოლას დე კარიტატთან, მარკიზ დე კონდორცეტთან (1743-1794) ერთად, ტიურგოს არსებულ მონარქიაზე გავლენის მოხდენა და მისი გარდაქმნა სურდა. როგორც კონდორცეტის ბიბლიოგრაფი წერს, „მონარქიულ რეჟიმს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ შეეძლო ხალხის საკეთილდღეოდ ხელისუფლებაში კეთილგონიერი და პატიოსანი ადამიანებისთვის შეეთავაზებინა ადგილი”. ამ მსოფლმხედველობას ბიოგრაფი ენამოსწრებულად უწოდებს „მონარქიული ხელისუფლების შეგნებული გარდაქმნის იდეას, სახელმწიფო ხელისუფლების შემცირების XVIII საუკუნისეულ ვერსიას“23.

1774 წელს ჩაურევლობის პოლიტიკის მომხრეებმა ბოლოს და ბოლოს მიიღეს თავიანთი კეთილშობილური ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა, როდესაც ტიურგო ვაჭრობის მინისტრად დანიშნეს. ტიურგომ ამ მოძრაობის იდეოლოგები, მათ შორის კონდორცეტი და ახალგაზრდებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიოკრატი პიერ სამუელ დიუპო (1739-1817), გარს შემოიკრიბა და მათ მაღალი თანამდებობები უბოძა. ახალი ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯი 13 სექტემბრის ბრძანება იყო ყველა მარცვლეულის საშინაო და საგარეო ვაჭრობის იმპორტ-ექსპორტის თავისუფლების შესახებ. ბრძანების პრეამბულა, რომელიც დიუპომ შეადგინა, საზოგადოებისთვის ამ კრიტიკული ღონისძიების გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად. პრეამბულაში ეწერა, რომ „თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის მიზანი იყო მიწათმოქმედების აღორძინება და გაფართოება... ის სპობდა მონოპოლიას და თავისუფალი და სრული კონკურენციის ხელშესაწყობად ლიცენზიების გაცემას კრძალავდა... გზას უხსნიდა სხვადასხვა ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობას ჭარბი პროდუქციის პირველადი მოხმარების საქონელზე გადასაცვლელად, რაც ღვთის განგებით დამკვიდრებულ წესს შეესაბამებოდა“24.

მაგრამ მარცვლეულით თავისუფალმა ვაჭრობამ ბიუროკრატების, შეზღუდვების მომხრეთა და ხალხის იმ მასების საპროტესტო მღელვარება გამოიწვია, ვინც პურის ხელოვნურად გაიაფებას მოითხოვდა და ვისაც არ ესმოდა, რომ ფასების ასეთი კონტროლი პურის ნაკლებობას გამოიწვევდა, რაც, თავის მხრივ, მათ ამბოხებასა და ძარცვაგლეჯვამდე მიიყვანდა.

მაგრამ ტიურგო უკან არ იხევდა და ჩაურევლობის პოლიტიკის ფართოდ გატარებას ცდილობდა. კონდორცეტის აქტიური წაქეზებით მან თავისი „ექვსი ბრძანება” წარმოადგინა, მათ შორის უსამართლო შრომითი ბეგარის სახელმწიფო გზებზე იძულებითი მუშაობის სისტემის - გაუქმების ბრძანება. ამ სისტემის გაუქმება თავისუფალი სამუშაო სისტემის შემოღებას ნიშნავდა. ეს კი საკუთრების გადასახადის გაზრდას გულისხმობდა. ამიტომ, არისტოკრატია სასტიკად ებრძოდა ბეგარის გაუქმებას. უფრო სამწუხარო ის იყო რომ, ამ რეფორმას, არც მეტი, არც ნაკლები, ხიდებისა და გზების დეპარტამენტის უფროსი, ტიურგოს ძველი მეგობარი და კოლეგა, ჩაურევლობის პოლიტიკის მომხრე რეფორმატორთა ჯგუფიდან მოსული ტრუდეინ დე მონტინი ეწინააღმდეგებოდა, რომელმაც სამსახურში მოსვლისთანავე ბიუროკრატიული ძალაუფლებისკენ ლტოლვა გამოამჟღავნა და თანაც იმაზე მეტად, ვიდრე კანონები ითვალისწინებდა. სამინისტროსთვის ძალიან მოსახერხებელი იყო იაფი მუშახელის გამოყენება. ეს მას საბიუჯეტო შეზღუდვებისგან ათავისუფლებდა.

სამეფო საბჭოში მწვავე დებატები ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. ბოლოს, 1776 წლის თებერვალში „ექვსი ბრძანება“ პარიზის პარლამენტს წარუდგინეს, სადაც მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, განსაკუთრებით ბეგარისა და გილდიების გაუქმების ბრძანებას. წინააღმდეგობის შესუსტება კონდორცეტის მიერ გამოქვეყნებულმა ანონიმურმა (მაგრამ გამჭვირვალე) და მწვავე პამფლეტებმა გამოიწვია, სადაც ის მკაცრად აკრიტიკებდა შრომით ბეგარას და ფეოდალური გადასახადების გაუქმების მძაფრ საკითხს აყენებდა. პარლამენტი ჩვეული წესით მუშაობდა: კონსერვატორები ტრადიციულად ეწინააღმდეგებოდნენ ნებისმიერ არსებით და რადიკალურ ცვლილებას, რომელიც ლიბერალების ან სოციალისტების მხრიდან მოდიოდა. პარლამენტმა შეაჩერა „თანასწორობის მიუღებელ სისტემაზე აგებული პროექტი” და „მიწის გადასახადების ერთიანი სისტემა”, რაც მშვენიერი გადაწყვეტილება და ისტორიული პრეცედენტი იყო 25. რასაკვირველია, დიდი განსხვავებაა რომელ თანასწორობაზეა საუბარი, უფლებებსა და გადასახადებთან, თუ შემოსავალსა და ქონებასთან მიმართებაში. მოკლე ხანში, მეფემ, თავისი აბსოლუტური უფლებამოსილების გამოყენებით, პარლამენტს „ექვსი ბრძანების” გატარება მოსთხოვა. მაგრამ პარლამენტის წინააღმდეგობამ და სამინისტროს ინტრიგებმა ტიურგოს ძალა გამოაცალა და 1776 წლის მაისის შუა რიცხვებში იძულებული გახდა გადამდგარიყო. ეტატისტური წყობის ძველმა მომხრეებმა ტიურგოს რეფორმები მაშინვე გააუქმეს. ჩაურევლობის პოლიტიკის განხორციელების მშვენიერი ექსპერიმენტი და ამ „ფილოსოფიის ზეობა“ მალევე დასრულდა. მას შემდეგ, რევოლუციის დაწყებამდე, საფრანგეთში რეფორმის გატარების არანაირი მცდელობა აღარ ყოფილა.

ფილოსოფოსებისა და ფიზიოკრატების ბოლო იმედიც დაიმსხვრა. ტიურგოს ზეობა მათი უკანასკნელი წარმატება იყო. მათ უკვე ნელ-ნელა დაეტყოთ კენეს გავლენა, რომელმაც 1770-იანი წლების დასაწყისში ფიზიოკრატიისადმი ინტერესი დაკარგა და მისი მოუსვენარი გონება მათემატიკაზე გადაერთო, სადაც, მისივე თქმით, წრის კვადრატურის საუკუნოვანი პრობლემა გადაჭრა. 1776 წელს კენეს სიკვდილმა და საკუთარ ცოლ-შვილთან მწვავე ოჯახური დავის გამო მირაბოს თავს დამტყდარმა საზოგადოებრივმა რისხვამ, რაც დაახლოებით ტიურგოს გადაყენების პერიოდში მოხდა, ფიზიოკრატიული მოძრაობის დაშლას შეუწყო ხელი.

რაც შეეხება ფილოსოფოსებს, მათი მთავარი სალონის დიასახლისი (დიდი დ'ალამბერის მეუღლე) მილედი ჯული დე სესპინასე ექსპერიმენტის დასაწყისში აფრთხილებდა კონდორცეტის: „თუ ის [ტიურგო] ექსპერიმენტის კარგად ჩატარებას ვერ შეძლებს, ადრინდელზე ათასჯერ უარეს დღეში აღმოვჩნდებით, რადგან იმედიც კი დაგვეკარგება და მხოლოდ უბედურებით დავიტანჯებით”. მართლაც, როდესაც ტიურგო დამარცხდა, სასოწარკვეთილმა კონდორცეტმა თავის მოძღვარს, ვოლტერს მისწერა: „ამ მოვლენამ გუნება სულ შემიცვალა. ამ თვალწარმტაც ქვეყანაში აღარაფერი მახარებს; მას ხომ ბედნიერება უნდა მოეტანა... ჩემო ძვირფასო და დიდებულო მასწავლებელო, რა მაგრად, თანაც რა სიმაღლიდან დავენარცხეთ ძირს“. ამგვარად, ტიურგოც და კონდორცეტიც საზოგადოებრივ ცხოვრებას მოსწყდნენ. ტიურგო თავის კვლევებს დაუბრუნდა, ახლაგაზრდა კონდორცეტი კი აკადემიურ სამყაროს. კონდორცეტი ვოლტერს სწერდა: „ჩვენ კარგი სიზმარი ვნახეთ, მაგრამ ის ძალიან ხანმოკლე იყო. მსურს ჩემი თავი ისევ მათემატიკასა და ფილოსოფიას მივუძღვნა. მაგრამ როდესაც მახსენდება, რომ ერთ დროს ხალხის საკეთილდღეოდ ვმუშაობდი, გული მწყდება, რომ ახლა მხოლოდ პირადი მცირედი წარმატებებისთვის ბრძოლის საშუალებაღა დამრჩა“26. საფრანგეთის რევოლუციის დაწყების შემდეგ, კონდორცეტი, რასაკვირველია, ისევ დაუბრუნდა პოლიტიკურ სფეროს, რაც მისთვის სავალალოდ დასრულდა.

საფრანგეთის აბსოლუტური მონარქიის ჩაურევლობის პოლიტიკაზე გადაყვანის წარუმატებელი მცდელობანი მოწმობს, რომ ეს, ერთი შეხედვით, მარტივი სტრატეგია არსებითად მცდარია. მართლაც, რატომ უნდა იყოს მეფის პირად ინტერესებში თავის ქვეშევრდომთა ბუნებრივი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა? გარკვეული მოკლე პერიოდის მანძილზე, შესაძლოა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზეც კი, მეფის შემოსავალი (მის ძალაუფლებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მაქსიმალურად გაიზარდოს, თუკი თავის ქვეშევდომებს სასტიკად აღვრევინებს ოფლს და თავისთვის, თავისი ფავორიტებისა და მოკავშირეებისთვის, რაც შეიძლება დიდი შემოსავლის მიღებას მოინდომებს. ამიტომ, აბსოლუტური მონარქის ალტრუიზმზე დაყრდნობა ძალიან არამყარი საფუძველია ჩაურევლობის პოლიტიკის სტარტეგიისთვის. მაგრამ, ჩაურევლობის პოლიტიკის თეორეტიკოსები ისეთ რთულ და ხანგრძლივ სტრატეგიას რომ დაყრდნობოდნენ, როგორიც მასების მიერ ქვემოდან დაწყებული მოძრაობის პროვოცირებაა, ალბათ შეძლებდნენ, რომ საფრანგეთის რევოლუცია თავისუფლების გზაზე გაცილებით შორს გაეყვანათ.

4. მასების ხელმძღვანელი კადრები: ჯეიმს მილის „ლენინიზმი“

სოციალური აზრის ისტორიაში ჯეიმს მილი (1773-1836) ერთ-ერთი ყველაზე მივიწყებული და დაუფასებელი ფიგურაა. უბრალო შოტლანდიელი მეწაღის ვაჟი, ჯეიმს მილი, ედინბურგში ადამ სმითის საუკეთესო მოწაფის დუგალდ სტიუარტის ხელმძღვანელობით სწავლობდა. მართალია, მილი პრესვიტერიანული ეკლესიის სამსახურისთვის ემზადებოდა, მაგრამ შოტლანდიის ფუნდამენტალისტურ და ანტიინტელექტუალურ გარემოში საეკლესიო სამსახური ვერ იშოვა და კარგა ხნის განმავლობაში ლონდონში უშტატო მწერალად მუშაობდა და მუდმივად სიღატაკე სტანჯავდა. ბოლოს, უზარმაზარი ნაშრომის „ინდოეთის ისტორიის“ (History of lndia) დაწერის შემდეგ ჯ. მილმა „ისტ-ინდოეთის კომპანიაში“ თანამდებობა იშოვა.

ფილოსოფიური რადიკალიზმისთვის ჯეიმს მილს შეიძლება „ლენინი“ ან „მარქსი“ ვუწოდოთ. ტემპერამენტითა და პიროვნული თვისებებით მილი თავდადებული, ენერგიული და საოცრად პროდუქტიული საკადრო ხელმძღვანელი იყო. ის წერდა წიგნებს, ჟურნალის სტატიებს, საგაზეთო სტატიებს ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერების, ისტორიის, ეკონომიკის, განათლების დარგში. ის პირველობდა ყველგან: მეგობრების წრეში, აღმზრდელებში, ნაცნობებში და პარლამენტის ფილოსოფოს რადიკალთა გუნდშიც.

მის კოლოსალურ შრომას უაღრესად თანმიმდევრული, ლოგიკური და ნათელი გონება კვებავდა, რომელიც ძლიერ აქსიომატურ პრინციპებს ეყდრნობოდა. ამ პრინციპებს ის შემდგომში ჰუმანიტარულ მეცნიერებასა და პოლიტიკურ საქმიანობაშიც იყენებდა. გონებასუსტები ყოველთვის აკრიტიკებდნენ მას, რადგან მათ სხვა ტიპის საკადრო ხელმძღვანელები ჰყავდათ - „დოგმატური“ და „დოქტრინალური“. მილის ძირითად აქსიომათა ტრიადას უტილიტარიანიზმი, დემოკრატია და ჩაურევლობის პოლიტიკა შეადგენდა. მისი წერისა და პოლიტიკის მანერა ამ პრინციპებსა და ამოცანებზე მიუთითებდა.

ჯეიმს მილი ფილოსოფიის ისტორიაში გამონაკლისს წარმოადგენდა იმ თვალსაზრისითაც, რომ საკუთარ ინტელექტუალურ მიღწევებზე კრიტიკულად ფიქრობდა. მილი მუდამ აცხადებდა, რომ ის ორ დიდ ადამიანთან შედარებით უბრალო და მეორეხარისხოვანი იყო. ეს ორი ადამიანი კი ფილოსოფიაში ბენთამი და ეკონომიკაში რიკარდო იყო. მას თავი ამ ორი დიდი ადამიანის უბრალო პოპულარიზატორად და პროპაგანდისტად მიაჩნდა.

ფაქტობრივად, როდესაც მილი ბენთამის მდივანი და თანაშემწე იყო და მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მოხუცი ბენთამი ისე გარდაქმნა, რომ მან დემოკრატია და ხმის მიცემის სისტემა თავისი უტილიტარიანიზმის პოლიტიკურ-ფილოსოფიურ დასასრულად აღიარა. ბენთამი, ყოფილი ტორი, მზად იყო ამ გარდაქმნისთვის. ის ძალიან იყო განაწყენებული არსებულ არისტოკრატიულ სისტემაზე იმის გამო, რომ მან მისი ექსცენტრული „პანოპტიკური“ სქემა არ მიიღო, რომლის მიხედვით ბრიტანელი მოსახლეობის უმრავლესობა - მათ შორის ღარიბები, სკოლის ბავშვები, პატიმრები და სხვები, ერთად უნდა გამოემწყვდიათ „მეცნიერული” დანიშნულების საკონცენტრაციო და მონათა შრომის ბანაკებში27. ამიტომ, ბენთამი მომზადებული შეხვდა დემოკრატიულ გარდაქმნას, რასაც მისი სქემა თუ არ გააუმჯობესებდა, ვერ გააუარესებდა მაინც.

რაც შეეხება რიკარდოს, ბირჟის ყოფილ ბროკერს, ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მილი მისი აღმზრდელი და მასწავლებელი იყო არა მარტო ზოგად ინტელექტუალურ, არამედ ეკონომიკურ საკითხებშიც. მილმა ჩამოაყალიბა თავისი კარგი მეგობარი; წააქეზა, უბიძგა, აიძულა დიდ ეკონომისტად ქცეულიყო, რაზედაც, რატომღაც, თვითონ პრეტენზია არ ჰქონდა. ის ჩასჩიჩინებდა რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიისა და გადასახადების პრინციპების“ (1817) წერასა და დასრულებას, ათვალიერებდა და ასწორებდა ხელნაწერს, და შეიძლება, ბევრი რამ კიდევაც დაუმატა. ამის შემდეგ მილმა აიძულა რიკარდო პარლამენტში შესულიყო და აქტიურად ემუშავა რადიკალებთან. როგორც ჩანს, თვითონ რიკარდიანული სისტემაც უფრო მილს ეკუთვნის, ვიდრე რიკარდოს, მათ შორის, შედარებითი უპირატესობის ცნობილი კანონიც28.

შესაძლოა, ჯეიმს მილის ზედმეტი მოკრძალებულობა მისი ფსიქოლოგიური თავისებურებით კი არ იყო გამოწვეული, არამედ ფინანსური მდგომარეობით. იქნებ ეკონომიკურად სჭირდებოდა სიღატაკის ზღვარზე მყოფ უშტატო შოტლანდიელ ემიგრანტს თავისი მდიდარი მეგობრებისთვის, ბენთამისა და რიკარდოსთვის, ესიამოვნებინა და მათი (სავარაუდო) სიდიადის წინაშე თავი მორჩილად დაეხარა. მართალია, მილს, როგორც „ისტ-ინდოეთის კომპანიის“ მაღალჩინოსანს, არ შეეძლო პარლამენტის წევრი გამხდარიყო, მაგრამ აშკარა იყო, რომ პარლამენტის ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ათი თუ ოცკაციანი ფილოსოფოს რადიკალთა ჯგუფის საკადრო ლიდერი იყო, რომელსაც 1830-იან წლებში ხანმოკლე წარმატებები ჰქონდა პარლამენტში. მართალია, რადიკალები საკუთარ თავს ბენთამისტებად აცხადებდნენ, მაგრამ ასაკოვან ბენთამს პირადად ნაკლები რამ ჰქონდა საერთო ამ ჯგუფთან. ფილოსოფოს რადიკალ პარლამენტართა უმრავლესობა პირადად მილმა აქცია რადიკალად, რიკარდოდან დაწყებული და თავისი ვაჟით ჯონ სტიუარტით დამთავრებული, რომელიც 1836 წელს მილის გარდაცვალების შემდეგ მამამისივით რადიკალი გახდა. პარლამენტის რადიკალური ჯგუფის ოფიციალური ლიდერიც, ბანკირი და ანტიკური საბერძნეთის ისტორიის სპეციალისტი, ჯორჯ გროტეც (1794-1871) ჯეიმს მილმა აქცია რადიკალად. გროტე, მეტისმეტად განათლებული, მაგრამ იუმორის გრძნობას მოკლებული ადამიანი იყო. მალე ის ჯეიმს მილის მორჩილი მოწაფე გახდა. პროფესორ ჯოზეფ ჰამბურგერის სიტყვებით, გროტესთვის მილის მთელი დიეტა „საგადასახადო იძულებას და სანქციებს გულისხმობდა“. ქარიზმატულ, იუმორის გრძნობას მოკლებულ და დიქტატორ მილს თანამედროვე ლენინური კადრის სიმტკიცეც და სისუსტეც ახასიათებდა.

მილის წრე მშვენიერი ქალებისგანაც შედგებოდა. მისის ჰარიეტ ლევინ გროტე (1792), ქედმაღალი და თავდაჯერებული აქტივისტი, რომლის სახლიც პარლამენტარ რადიკალთა სალონად და საზოგადოებრივ ცენტრად იქცა, საქვეყნოდ ცნობილი იყო, როგორც „რადიკალთა დედოფალი“. სწორედ მასზე წერდა კობდენი „კაცი რომ ყოფილიყო, ჩვენი პარტიის ლიდერი გახდებოდაო“ . ჰარიეტ გროტე ადასტურებს მილის მჭევრმეტყველებასა და მის ქარიზმატულ გავლენას ახალგაზრდა მოწაფეებზე, რომელთა უმრავლესობა მილის წრეში მისმა ვაჟმა ჯონ სტიუარტმა მოიყვანა. იმავეს ადასტურებს უილიამ ელისი, ჯონის უმცროსი მეგობარი, რომელმაც მოგვიანებით ჯეიმს მილის შესახებ დაწერა: „მან სრული ცვლილება მოახდინა ჩემში, მან მასწავლა როგორ ვიფიქრო და როგორ ვიცხოვრო“.

ახლა შეგვიძლია უკეთეს ჭრილში წარმოვიდგინოთ მილის ცნობილი იდეოლოგიური დამუშავების მეთოდი, რა მეთოდითაც თავის ვაჟს ასწავლიდა და რის გამოც, ჭკვიანი ახალგაზრდა კაცის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა საგრძნობლად შეირყა. საქმე ის არის, რომ მილის მკაცრი და მწვავე მეთოდი, რომლითაც ის ჯონ სტიუარტს ზრდიდა, განათლებული და ჭირვეული მამის მიერ განათლების საკუთარი თეორიების განხორცილების მცდელობა კი არ იყო, არამედ პირიქით, განათლების ეს მეთოდი სპეციალურად ჯონისთვის იყო შექმნილი, მისი სასიცოცხლო და ისტორიული როლისთვის, როგორც ჯეიმსის მემკვიდრის და რადიკალური კადრების მომავალი ლიდერის, სასურველი ახალი „ლენინის“. ეს მეთოდი გარკვეულწილად სიგიჟე იყო. ჯეიმს მილის პროტესტანტულ-კალვინისტური სული მის ლიდერულ როლზე იყო მორგებული. ლონდონში ლიტერატურული მოღვაწეობის დროს მილმა ქრისტიანული რწმენა დაკარგა და ათეისტი გახდა, მაგრამ სხვა კალვინისტურად აღზრდილი ათეისტებისა და აგნოსტიკოსთა მსგავსად, მას მკაცრი, პურიტანული, ჯვაროსნული აზროვნების პროტოტიპული კალვინისტის გონება შერჩა29. ჯ.მილის კალვინიზმი აშკარად ჩანდა მის რწმენაში, რომ გონებამ მკაცრად უნდა აკონტროლოს გრძნობები. ეს რწმენა ბენთამის ჰედონიზმს ნაკლებად ჰგავდა. მილს პურიტანულად სძულდა და ვერ იტანდა თეატრსა და ხელოვნებას; როგორც ის ამბობდა, „მსახიობი არის არაერთგვაროვანი გემოვნების მონა...“ ამას გარდა, მილი, წინა საუკუნის კალვინისტების მსგავსად, ფერწერასა და ქანდაკებასაც არ სწყალობდა, როგორც ყველაზე დაბალი დონის ხელოვნებას, რომელიც მხოლოდ სახვითი ხელოვნების სიყვარულით ტკბობისთვის სრულდებოდა.

ჯეიმს მილის ლტოლვა დემოკრატიისკენ მისი კლასობრივი ანალიზისა და კლასობრივი ბრძოლის შესახებ დაწერილი თავისუფლების თეორიიდან დაიწყო, რომელიც უფრო ცნობილი, მაგრამ უკიდურესად შეუსაბამო მარქსისტული თეორიის არაპირდაპირი წინამორბედია. მილს, თავისი თეორია, რომელიც მან 1820-იან და 1830-იან წლებში ჩამოაყალიბა, ან დამოუკიდებლად მოუვიდა აზრად, ან XIX საუკუნის დასაწყისის ორი ფრანგი მოაზროვნის ჩარლზ კომტეს (ის ჯ.ბ. სეის სიძე იყო და უფრო ცნობილ ავგუსტ კომტესთან კავშირი არ ჰქონდა) და ჩარლზ დანოიერის თეორიის გავლენით. ეს არსობრივად „ორი კლასის“ კლასობრივი ბრძოლის თეორიაა. ნებისმიერ კონკრეტულ პერიოდში „მმართველ კლასს“ ერთი რომელიმე ჯგუფი წარმოადგენს, რომელმაც სახელმწიფო ძალაუფლების სადავეების ხელში ჩაგდება მოახერხა; „მართულ კლასს“ კი ის ჯგუფი წარმოადგენს, რომელსაც მმართველები გადასახადებს აკისრებენ, მართავენ და აკონტროლებენ. კლასობრივი ინტერესები ამ ჯგუფების სახელმწიფოსთან ურთიერთდამოკიდებულებით განისაზღვრება.

თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი საზოგადოების დროს ყველა კლასი ჰარმონიულ ურთიერთდამოკიდებულებაშია და არანაირი კონფლიქტი არ არსებობს. კონფლიქტი მხოლოდ იმასთან დაკავშირებით წარმოიშობა, თუ ვინ მართავს სახელმწიფოს და ვის მართავს სახელმწიფო. იმისდა მიუხედავად კომტემ, დანოიერმა და მათმა ახალგაზრდა კოლეგამ, ავგუსტინ ტიერიმ დამოუკიდებელად დაწერეს დასავლეთ ევროპის ისტორია და მილის ანალიზი დიდად არ გამოუყენებიათ30. მილი მხოლოდ ზოგადი თეორიით და მისი თანამედროვე გამოყენებით იყო დაინტერესებული. ამავე დროს, ჯეიმს მილი ძალიან დამაჯერებლად და ნათლად გამოხატავდა განმათავისუფლებელი კლასის თეორიას. მთელი მთავრობა, ამბობდა ის, მცირერიცხოვანი მმართველი კლასისგან იმართება, რომელიც ბატონობს და ექსპლუატაციას უწევს მრავალრიცხოვან მართულ კლასს. როგორც ის აცხადებს, არსებობს ორი კონფლიქტური კლასი: „პირველი, მცირერიცხოვანი, რომელიც ძარცვავს, ეს არის მმართველი უმცირესობა. მეორე მრავალრიცხოვანი, რომელსაც ძარცვავენ, არის უმრავლესობა“. ანუ, მილის თვალსაზრისი პროფესორ ჰამბურგერს ასეთ დასკვნამდე მიჰყავს: „პოლიტიკა არის ბრძოლა ორ კლასს შორის - ხარბ მმართველსა და სავარაუდო მსხვერპლს შორის“31. მაშინ მთავრობის მთავარი პრობლემაა როგორ აღმოფხვრას ძარცვის სისტემა, როგორ მოუღოს ბოლო იმ ძალაუფლებას, „რომლითაც მძარცველი კლასი წარმატებით აღწევს მიზანს“.

მილის მტკიცებით, ყველა ჯგუფი საკუთარი ეგოისტური ინტერესების მიღწევას ცდილობს, ამიტომ აბსურდია მმართველი წრისგან ხალხისთვის სასიკეთო უანგარო მოქმედებას მოველოდეთ. პირიქით, ისინი ყველა შესაძლებლობას თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ, რაც უმრავლესობის ძარცვას და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ პირადი ან ახლობლების კერძო ინტერესების დაცვას გულისხმობს. ამგვარად, მილი ჩვეულებრივ, ხალხის კეთილდღეობის საწინააღმდეგო ინტერესებს „მავნე” ინტერესებს უწოდებს. ამასთან, ცნება „ხალხს“ ჩვეულებრივ „უმრავლესობის“ დახასიათებისას იყენებს, რადგან მართულ კლასში ხალხს საერთო ინტერესი აერთიანებს - მმართველთა მავნე ინტერესების და მათი ჩაგვრისგან გათავისუფლება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მილი და რადიკალები ხალხის კეთილდღეობაში ჩაურევლობის პოლიტიკას და მინიმუმამდე შეზღუდულ მთავრობას გულისხმობდნენ, რომლის ფუნქციაც პოლიციით, თავდაცვით და სამართალწარმოებით შემოიფარგლებოდა. მაგრამ, როგორ უნდა მივიდნენ ამ დიად მიზნამდე? როგორ უნდა მოთოკონ ან მოსპონ მმართველი კლასის მძარცველობა? მილი ფიქრობდა, რომ ის ხედავდა გამოსავალს: ხალხმა მეთვალყურე უნდა დანიშნოს. მაგრამ, ვინ უნდა ადევნოს თვალყური თვითონ მეთვალყურეს? [პოლიტიკური თეორიის კლასიკური კითხვა]. თვითონ ხალხმა. სხვა რესურსი არ არსებობს; ასეთი მაქსიმალური დაცვის გარეშე ქარიყლაპია უმცირესობა მუდამ უმრავლესობის უბედურების და ჩაგვრის მიზეზი იქნება. მაგრამ თვითონ ხალხმა როგორ უნდა შეასრულოს მეთვალყურეობა? ამ ძველისძველ პრობლემას მილმა ისეთი პასუხი მოუძებნა, რაც ახლაც კი სტანდარტად არის მიჩნეული დასავლურ სამყაროში, მაგრამ მთლად დამაკმაყოფილებელი მაინც არ არის:

ხალხმა სამეთვალყურეოდ წარმომადგენლები უნდა აირჩიოს. ამგვარად, მილი ესწრაფოდა, რომ ხშირ არჩევნებში, საყოველთაო, ფარული კენჭისყრის გზით, უმცირესობის, არისტოკრატიის, მმართველი ელიტის ბატონობის საფუძველი მოესპო.

რა საფუძველი ჰქონდა მილს ეფიქრა, რომ თუ არისტოკრატიის მმართველობას ხალხის მმართველობა შეცვლიდა, ისინი ჩაურევლობის პოლიტიკის მოსურნენი იქნებოდნენ? ამ საკითხზე ის ორიგინალურად მსჯელობდა: მმართველი კლასი ერთად ტკბება თავისი ექსპლუატატორული მმართველობის ნაყოფით, მაგრამ ხალხი სულ სხვაგვარ კლასს წარმოადგენს, რადგან მათი ერთადერთი საერთო მიზანი განსაკუთრებული პრივილეგიების ბატონობის მოსპობაა. ამას გარდა, ხალხის მასას არ აქვს ერთიისეთი საერთო მიზანი, რასაც სახელმწიფოს საშუალებით უნდა მიაღწიონ. ხალხის მიზანია, ბოლო მოუღოს მავნე მმართველობას და უზრუნველყოს თავისუფლება ყველას საერთო ინტერესებისთვის. მაშინ, რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ვერავინ ამბობს, რომ მასები მუდამ ჩაურევლობის პოლიტიკას ემხრობოდნენ? და ის, რომ, ფაქტობრივად, მასები მუდამ უმცირესობათა ბატონობისადმი ლოიალურნი იყვნენ? აშკარაა, რომ, სახელმწიფო პოლიტიკის რთულ ატმოსფეროში, როგორც მოგვიანებით მარქსისტებმა თქვეს, ხალხს „მცდარი ცნობიერება“ ჰქონდა და ისინი ვერ აცნობიერებდნენ, თუ სინამდვილეში რაში მდგომარეობდა მათი ინტერესები. ამიტომ, მილისა და მისი მომხრე ფილოსოფოსი რადიკალების საქმე მათი განათლება და იმ მიმართულებით განვითარება იყო, რომ მათში სწორი ცნობიერება ჩამოეყალიბებინათ და თავიანთი შეუდრეკელი ძალები დემოკრატიისა და ჩაურევლობის პოლიტიკის დასამყარებლად გამოეყენებინათ.

მილმა, ჭეშმარიტი ლენინისტივით, დემოკრატია და საყოველთაო ხმის მიცემა თავის გრძელვადიან ამოცანად დაისახა და სურდა გაცილებით მცირე, მაგრამ არსებითად რადიკალური „გარდამავალი მოთხოვნა“ შუალედური ტაქტიკური ნაბიჯის სახით ჩამოეყალიბებინა. ეს იყო 1832 წლის რეფორმის კანონპროექტი, რომელიც ხმის მიცემის უფლებას საშუალო კლასებზეც ავრცელებდა. მილისთვის დემოკრატიის განვითარება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩაურევლობის პოლიტიკა, რადგან ივარაუდებოდა, რომ მმრთველი კლასის დამხობისა და მისი მთელი ხალხით ჩანაცვლების ჭეშმარიტად ფუნდამენტურ პროცესს, თითქმის ავტომატურად მოჰყვებოდა ჩაურევლობის პოლიტიკა. მაგრამ 1840-იან წლებში, მილის გარდაცვალების შემდეგ, დემოკრატიაზე ყურადღების გამახვილებამ რადიკალები იქამდე მიიყვანა, რომ თავისუფალ ვაჭრობასა და ჩაურევლობის პოლიტიკაზე შეთანხმების მიუხედავად, „ხორბლით ვაჭრობის კანონების მოწინააღმდეგე ლიგასთან“ (Anti-Corn Law League) თანამშრომლბაზე უარი თქვეს. რადიკალების აზრით, თავისუფალი ვაჭრობა უფრო საშუალო კლასის მოძრაობა იყო, რომელიც თავისი მნიშვნელობით დემოკრატიული რეფორმის ამოცანას გაცილებით ჩამორჩებოდა. ბედის დაცინვაა, რომ საშუალო კლასის მოძრაობზე უარის თქმით მათ უარი უთხრეს წარმატებულ მოძრაობას და ამ უარით მოსპეს რადიკალიზმი, როგორც 1840-იანი წლების ბრიტანეთის ძლიერი პოლიტიკური ძალა.

მილი შეიძლება მორალურად არამყარი იყო, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით ის თვალსაჩინო, მოწინავე და ისტორიის შემქმნელი ლიდერის ნიმუშს წარმოადგენდა, რომელმაც 1832 წლის რეფორმატორულ კანონპროექტთან მიმართებაში მთავარი მამოძრავებელი ძალის როლი შეასრულა. კულისებს მიღმა მილი „ლენინის“ როლს ასრულებდა და რეფორმატორული კანონპროექტის ამოქმედებას ოსტატურად ხელმძღვანელობდა. ის სტრატეგიულად ავრცელებდა ხმებს, რომ თუ კანონპროექტი ვერ გავიდოდა, მასები მზად იყვნენ მძლავრი რევულუცია მოეწყოთ, რითაც მშიშარა ცენტრისტული ვიგების მთავრობას აშინებდა (ძველი მეთოდი, რასაც ახლა ტომ ვულფი „მჩხავანა კრიტიკოსების ხაფანგს დაარქმევდა”).

მილმა და რადიკალებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არც ერთი ასეთი რევოლუცია უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ იყო, მაგრამ კანონპროექტის გასატარებლად ის საგანგებო, ცრუ კამპანიას ეწეოდა თავისი მეგობრების და მოკავშირეების საშუალებით პრესაში გამოქვეყნებული სტრატეგიული განცხადებებით, რაც ასულელებდა და აშინებდა ვიგებს. ცრუ კამპანიაში მონაწილეობდნენ პრესის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები: წამყვანი ყოველკვირეული გამოცემა „Examiner“, რომლის მფლობელი და გამომცემელი იყო „Benthamite Radical Albany Fonblanque“ ; ძალიან პოპულარული „Morning Chronicle“, ვიგების ყოველდღიური გამოცემა მილის ძველი მეგობრის ჯონ ბლეკის რედაქტორობით, რომელმაც გაზეთი რადიკალების საინფორმაციო საშუალებად აქცია; აგრეთვე „Spectator“, გამომცემელი „Benthamite S. Rintoul“. ამ თვალსაზრისით რადიკალების მიმართ მეგობრულად იყო განწყობილი „Times“ -ი და ყველაზე დიდი რადიკალი, ჟოზეფ პარკერსი „Birmingham Journal“ -ის მფლობელი და რედაქტორი. ამას გარდა, პარკერს შეეძლო ბირმინჰემის ე.წ. რევოლუციური საზოგადოებრივი აზრის შესახებ გამოგონილი ამბები სიმართლედ გაესაღებინა და როგორც „Morning Chronicle“ -ში, ისე „Times“ -ში დაებეჭდა. კანონპროექტის დამტკიცებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ ჯონ არტურ როუბაკმა, ამ კამპანიაში მილის ერთ-ერთმა მთავარმა დამხმარემ და, მოგვიანებით, პარლამენტის რადიკალური ფრთის წევრმა და რეფორმისტული მოძრაობის მემეტიანემ აღიარა:

„მიზნის მისაღწევად ბევრს ვლაპარაკობდით, მაგრამ სინამდვილეში არავის სჯეროდა; ბევრი არასასიამოვნო რამ ხდებოდა... ხშირად, სულ არ იყო საშიშროება, მაგრამ განგაში ტყდებოდა, რაც ლორდთა პალატას და ზოგადად არისტოკრატიას, როგორც იტყვიან, ერთიანად ატერორებდა. „ხმაურიანი ორატორების“ პარალელურად, რომლებიც ამ კამპანიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, როუბაკი იხსენებს „ცივი გონების მქონე, მოკრძალებულ, შორსმჭვრეტელ, გამჭრიახ და უდრეკ ადამიანებს... ვინც ამ უცნაურ მარიონეტულ სპექტაკლს წარმართავდნენ“. მთელ ამ სპექტაკლს „ძირითადად ხალხისთვის უცნობი ერთიორი ადამიანის გონება“ მანიპულირებდა და რეჟისორობდა. ისინი “სხვებს საკუთარ იარაღად იყენებდნენ“. ყველაზე „ცივი გონების მქონე, მოკრძალებული და უდრეკი მანიპულატორი კი ჯეიმს მილი იყო“32. ჯეიმს მილმა თეორია და პრაქტიკა გააერთიანა და გზა გაუკვალა დეზინფორმაციის ორგანიზებულ კამპანიას, რასაც გასამართლებლად კეთილი მიზნით ნათქვამ სიცრუეს უწოდებდა... მილი აღიარებდა: მართალია, სიმართლე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული ვითარება, „სადაც მეორე ადამიანი სიმართლის ცოდნას არ იმსახურებს“. ადამიანებს არ უნდა უთხრათ სიმართლე, „როდესაც მას ისინი ცუდად იყენებენ“, წერდა ის. რა უტილიტარისტულია! რასაკვირველია, ჩვეულებრივ მხოლოდ უტილიტარისტს უნდა გადაეწყვიტა, ადამიანი ინფორმაციას კარგად გამოიყენებდა თუ ცუდად. მილმა თავის პოლიტიკურ დოქტრინაში სიცრუის დაცვაც ჩართო. „პოლიტიკაში, ამტკიცებდა ის, ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელება“ „უზნეობა“ არ არის, “პირიქით, მიზანშეწონილია, ...თუკი მას ცუდი მმართველობის აღსაკვეთად გამოვიყენებთ. ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებს, რომ სწორ ინფორმაციას ფლობდეს, თუკი ის მას ცუდი მმართველობის გასახანგრძლივებლად იყენებს“.

XX საუკუნის ბოლოს შეუძლებელია დიდი მგზნებარება გამოიწვიოს მილის თვალსაზრისმა, რომ რადიკალური დემოკრატია და მასების მართვა ჩაურევლობის პოლიტიკის აშკარა ავტომატური გზაა. ძალიან ბევრი რამ მხოლოდ საპირისპიროს მოწმობს. სერიოზულ პრობლემას სწორედ ის წარმოადგენს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა მასების მცდარ ცნობიერებას უფრო აღრმავებს. ისინი მთავრობის მთელ ქმედებაში საკუთარ ადგილს ვერ ხედავენ. კონცეფცია, რომ „ჩვენ ვართ მთავრობა“, ალბათ უფრო დემოკრატიის ნაყოფია, ვიდრე მონარქიისა ან ოლიგარქიის, ამ უკანასკნელთა ურიცხვი ცოდვების გამო.

მილისეული ანალიზი ოლიგარქების რკინის კანონსა და თვითონ მთავრობის ძალადობრივ ხასიათს არ განასხვავებს. მმართველი კლასი მაინც უნდა წარმოიშვას, მაგრამ ის დემოკრატიული პროცესის ფორმამ უნდა წარმოშვას, რის შედეგადაც ხალხი სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის არსებით განსხვავებას ვეღარ შენიშნავს. რაც შეეხება თვითონ რადიკალებს, მათ 1840-იანი წლების დასაწყისში სწრაფად მოეღოთ ბოლო. იმის გარდა, რომ ისინი თავისუფალი ვაჭრობისთვის ბრძოლის მნიშვნელობას ვერ ჩასწვდნენ, აზრთა სხვადასხვაობის გამო ატეხილმა გაუთავებელმა განხეთქილებამ ყოფილ ანტი-მონოპოლიურ რადიკალებს შორის და კანადის აჯანყებამ რადიკალიზმს პოლიტიკაში ბოლო მოუღო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯონ სტიუარტ მილმა, მას შემდეგ, რაც მამამისი მშვიდად მიაბარა სამარეს, რადიკალურ აზროვნებას გადაუხვია. ბედის დაცინვაა, რომ იმ დროს, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ პოლიტიკისგან დაიღალნენ და თეორიულ და აკადემიურ საქმიანობას დაუბრუნდნენ, რადიკალთა ისეთი ლიდერები როგორიც ჯონ მილი და გროტე იყვნენ, სინამდვილეში საოცარი სისწრაფით მიექანებოდნენ ვიგების მყუდრო ცენტრისკენ, რასაც ადრე ასე დასცინოდნენ. მათი განცხადება, რომ პოლიტიკისადმი ინტერესი დაკარგეს, მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ პოლიტიკის მიმართ, როგორც სამყაროს იდეალური მდგომარეობისკენ მიმართული ცვლილების ასპარეზისადმი, იმედი გაუცრუვდათ. მაგრამ შეიძლება რადიკალურმა კადრებმა დიდი ფუძემდებლის სიკვდილს ვერ გაუძლეს და დათმეს.

ეპილოგი: სტრატეგიის გაკვეთილები

ამ სტატიაში თავისუფლებისთვის მებრძოლი რამდენიმე მნიშვნელოვანი მოაზროვნე დავახასიათეთ და აღვწერეთ მათი განსხვავებული მოსაზრებანი საზოგადოების თავისუფლების, საზოგადოებრივი იდეალისა და ჩაურევლობის პოლიტიკის სტრატეგიის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ამან რაიმე სასარგებლო გაკვეთილი ან მოსაზრება მოგვაწოდა სოციალური ცვლილების თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ ამ ამბის გავრცელების საშუალება მოგვცა და ან უკეთესის იმედი ჩაგვისახა? მათ სტრატეგიას დოგმატურად თუ არ მივუდგებით, მე ვფიქრობ, რომ კი.

სახელმწიფოსა და თავისუფლების შესახებ ამ მოაზროვნეთა და ავტორთა მიერ გამოთქმული სხვადასხვა მოსაზრებების პარალელურად, ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებით დავასკვნათ, რომ რეტრეატიზმი, რა სანუგეშოც არ უნდა იყოს ის, წარმატებული ცვლილების ვერანაირ სტრატეგიას ვერ გვთავაზობს. იგივე ითქმის მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეის შესახებ, თუ ზოგიერთ გამონაკლისს არ მივიღებთ მხედველობაში... რაც მე მახსოვს, ერთი რევოლუცია, რომელმაც მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ტაქტიკა და სტრატეგია კარგად გამოიყენა, ინდოეთში განდის მოძრაობა იყო, ხოლო მეორე 1979 წლის საყოველთაო გაფიცვა, რის შედეგადაც ირანის შაჰი ჩამოაგდეს. ორივე შემთხვევას სექტანტური და რელიგიური მოტივი ედო საფუძვლად. არც ერთი მათგანი არანაირად არ იყო რევოლუციური, არც არაძალადობრივი, არც განმათავისუფლებელი. აბსოლუტური მონარქის (ან თანამედროვე დიქტატორის) გარდაქმნის ერთი შეხედვით იოლი გზა კატასტროფის დიდ პოტენციალს შეიცავს. მისი ძირითადი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ის მხოლოდ მეფის ან, ყოველ შემთხვევაში, ელიტის მაღალჩინოსანთა აზროვნების გარდაქმნას ითვალისწინებს, საზოგადოების, ანუ მასებისას კი სულ არა. რევოლუციის ზემოდან დაწყება გრძელვადიან სტრატეგიას გულისხმობს. ასეთი სტრატეგიული მიმართულებით მილისეული საკადრო კონცეფცია ყველაზე საიმედო ჩანს, მაგრამ აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. გარდა იმისა, რომ მილის ჰიპეროპტიმიზმი დემოკრატიის მიმართ მცდარი იყო, როგორც ჩანს, მთელი მისი საკადრო მუშაობა უსიამოვნო ადამიანთა და მათ უნაყოფო ქმედებათა მსხვერპლი გახდა. საკადრო მუშაობაში არის რაღაც, რაც იზიდავს და კვებავს იუმორის გრძნობამოკლებულ და პურიტანულ ფანატიკოსებს. იქნებ, იუმორისა და იმედის შეგნებულ გაღვივებას და სრულყოფილ კოლეგებთან ურთიერთობას, ვისაც სიამოვნების განცდა კარგი ცხოვრების აუცილებელ წესად მიაჩნდა, ასეთი ხასიათი გამოესწორებინა. ბოლო წლების განმათავისუფლებელი იდეოლოგიური მოძრაობებიც კი პიროვნების კულტის, ლიდერის ჭირვეულობისა და დიქტატის, აშკარა ამორალური საქციელის, მაგ., მიზნის მისაღწევად სისტემატური ტყუილის მსხვერპლი გახდა. სულ მცირე განმათავისუფლებელი იდეოლოგიური მოძრაობებიც კი საკუთარი ქონებისა და ძალაუფლების მიღწევისა და შენარჩუნებისთვის თავისუფლების პრინციპების ერთიანად ხელყოფას არ ერიდება. დიდი სტრატეგიული პრობლემის წინაშე ვდგავართ: როგორ უნდა მიაღწიოს განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ეფექტიან ერთიანობას და ხელმძღვანელობას ისე, რომ დიდებული ელიტის მსხვერპლი არ გახდეს? როგორ უნდა შევინარჩუნოთ პასუხისმგებლობა და „ხანგრძლივი ბრძოლის“ აუცილებლობის შეგრძნება, თუ უარს ვიტყვით გულწრფელ ფანატიზმსა და პირად მიზნებზე? როგორ უნდა ავაგოთ ინსტიტუტები ისე, რომ არ ვუღალატოთ თავისუფლების პრინციპებსა და მიზნებს, რისთვისაც მას ვაგებთ? მართალია, ასეთი პრობლემები უჩვეულოდ რთული გადასაჭრელია, მაგრამ ვერასდროს ვერ გადაიჭრება, თუ მათზე არ დავფიქრდებით. მარქსისტებმა თავიანთი ენერგიის დაახლოებით 90 პროცენტი მოანდომეს სტრატეგიაზე ფიქრს და მხოლოდ 10 პროცენტი თავიანთ ძირითად იდეებს, ლიბერტარიანელები კი პირიქით, სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებზე ნაკლებად ფიქრობდნენ და მჯელობდნენ. იქნებ ამ სატატიამ დაგვაფიქროს ამ სასიცოცხლო საკითხებზე.

_______________________

1. ამ პროცესის შესახებ იხ. f. a. haiekis klasikuri statia: F. A. Hayek. “The intellectuals and Socialism”. Studies in Philosophy, Politics, and Economics (Chicago: University of Chicago Press, 1967) 178-94.

2. მოკლედ, დაოისტებმა, რომლებიც ყურადღებას არ აქცევდნენ მოძღვარის დოქტრინის არსობრივ ლიბერტარიანულ შინაარსს, შეიძლება უპერსპექტივო სტრატეგია მცდარად აქციეს მაღალ იდეალად.

3. დაოისტებისა და ძველი ჩინეთის პოლიტიკური აზროვნების სხვა სკოლების შესახებ ცნობილი ნაშრომია: Kung-chuan Hsiao, A History of Chinese Politica1 thought, Vol. I (Princeton: Princeton University Press, 1979).იხ. აგრეთვე: Elbert D. Thomas, Chinese Political Thought (New York: Prentice Hall. 1927); E. R. Hughes. Chinese Philosophy in Classical Times (1942, rev. ed., 1954); Sebastian de Grazia, ed., Masters of ChinesePolitical thought (New York: Viking Press, 1973).

4. უკანასკნელ წლებამდე ლა ბოეტიეს ნაშრომი „Memoir“ დავიწყებული იყო. ix., Donald Frame, Montaigne: A Biography (New York: Harcourt Brace & World, 1965). 72-73, 345.

5. ამგვარად, მიშელ მონტეინმა „Discourse” გამოქვეყნებამდე წაიკითხა, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე 1959 წელს ლა ბოეტიეს როგორც ბორდოს პარლამენტის წევრს ისე გაიცნობდა. ხელნაწერის დაწერის თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ სავარაუდოა, რომ ის 1552 ან 1553 წელს დაიწერა, როდესაც ის 22 წლის იყო. იხ. Frame, Montaigne, p. 71: da Pierre Mesnard, L'Essor de la philosophie politique au XVIe siecle (Paris: Boivin et Cie,1936). 390-391.

6. Etienne de La Boétie, The Politics of Obedience: The Discourse of Voluntary Servitude (New York: Free Life Editions, 1975), 51-53.

7. La Boétie. Discourse. 58.

8. La Boétie. Discourse. 60-65. როგორც დავიდ ჰიუმმა თქვა ორასი წლის შემდეგ, „ჩვევა მალე განამტკიცებს ხოლმე ადამიანის ხასიათის იმ თვისებებს, რაც არასრულყოფილია. კაცი რაკი ერთი შეეჩვევა მორჩილებას, აღარც არასდროს ფიქრობს იმ გზიდან გადახვევას, სადაც მისი წინაპრები მიაბიჯებდნენ“. Hume, „Of the Origin of Government“, Essays, Moral, Political and Literary (Oxford University Press. 1963).

9. La Boétie, Discourse, 69-70.

10. La Boétie, Discourse, 71-75.

11. La Boétie, Discourse, 70.

12. La Boétie, Discourse, 77-80. ჯონ ლუი ამ თვალსაზრისს ყველაზე დიდ სიახლედ და „Discourse“-ს ყველაზე მნიშვნელოვან ღირსებად მიიჩნევდა. D. Lewis, „The Development of the Theory of Tyrannicide to 1660“, in Oscar Jaszi and Lewis, Against the Tyrant: The Tradition and Theory of Tyrannicide (Glencoe, Ill: the Free Press, 1957), 56-57.

13. La Boétie, Discourse, 65-68, 79-86.

14. Nannerl O. Keohane, „The Radical Humanism of Etienne de La Boetie“, Journal of the History of ldeas. 38 (January-March 1977): 129.

15. Memoires de I'estat de Fronce (15761. ix. J. H. M. Salmon. French Religious Wars in English Political Thought (Oxford: Cliarendon Press, 1959), 1'9 n.. corrected by Donald R. Kelley, Francois Hotman: A Revolutionary's Ordeal (Princeton University Press, 1973). უფრო სრულად ჰუგენოტების მიერ გამოყენებული „Discourse“-s პირატული ვერსიის შესახებ იხ. ბოეტიეს პოლ ბენეფონისეული გამოცემის შესავალში.

16. Harold I. Laski, „Introduction, A Defense of . . , 24, 29.

17. Leo Tolstoy, The Law of Love and the Law of Violence (New York: Rudolph Field, 1948), 4245; Bartelemy de Ligt, The Conquest of Violence (New York: E.P. Dutton & Co., 1938), 105-106.

18. იხ., De Ligt, Conquest of Violence, 104-106, 189. agreTve, George Woodcock, Anarchism (Cleveland, Ohio: World Publishing Co., 1962), 432.

19. უფრო მეტი მასალა ლა ბოტიეს შესახებ იხ.: Murray N. Rothbard, „lntroduction: The Political Thought of Etienne de La Boétie“. La Boétie, Discourse, 9-42.

20. Lionel Rothkrug, Opposition to Louis XIV. The Political and Social Origins of the French Enlightenment (Princeton University Press. 1965), 270.

21. ბურგუნდიის წრის შესახებ იხ.: Philosophy and the State in France: Nanneri O.Keohane, The Reneissance to the Enlightnment (Princeton University Press, 1980). 332.

22. იხ. ტიურგოს ეკონომიკურ ნაშრომთა კრებული: P. D. Groenewegen, The Economics of A. R. J. Turgor (The Hague: Martinus Nijhoff, 1977).

23. Keith Michael Baker, Condorcet: From Natural Philosophy to Social Marhematics (University of Chicago Press. 1975). 56. თვითონ კონდორცეტმა 1787 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი ტიურგოს შესახებ.

24. Henry Higgs. The Physiocrats (1897); New York: The Langland Press, 1952, 62.

25. იხ., Baker, Condorcet, 72.

26. Baker, Condorcet, 80.

27. პანოპტიკონი, ბენთამის პოლიტიკური აზრისთვის მთავარი და მისი აპოლოგეტების მიერ „ხალთაში დამალული შუბი“ უტილიტარიანიზმი იყო. პანოპტიკონის შესახებ იხილეთ ნარკვევი: Gertrude Himmelfarb, „The Haunted House of Jeremy Bentham“, Victorian Minds (1968, rpt., Gloucester, Mass.: Peter Smith, 1975). 32-81; Himmelfarb, „Bentham's Utopia: the National Charity Company“, Journol of British Studies, 10(November 1970): 80-125; da Douglas Long, Bentham on Liberty: Jeremy Bentham's Idea of Liberty in Relation to his Utilitnrianism (Toronto: University of Toronto Press, 1977).

28. მილის გავლენის შესახებ რიკარდოსა და რიკარდინაულ ეკონომიკაზე იხ., T. W. Hutchison, „James Mill and Ricardian Economics: A Methodological Revolution?“, On Revolutions and Progress in Economi Knowledge (Cambridge: Cambridge University Press, 1978). აგრეთვე, William O.Thweatt, `James Mill and the Early Development of Comparative Advantage~, History of Political Economy, 8

(Summer 1976): 207-234.

29. პროფესორი ტომასი წერს: „ამიტომ იყო, რომ მილი, რომელიც მოგვიანებით სკეპტიკოსი გახდა, მუდამ კარგად ეწყობოდა [პროტესტანტ] დისიდენტებს [ანგლიკანური ეკლესიიდან]... შეიძლება ის ღმერთის უარყოფამდეც მისულიყო, მაგრამ მას ევანგელისტური მგზნებარება შერჩა. სკეპტიციზმი, რომელიც ერთი შეხედვით ეტყობოდა, მილის აზროვნების ნირს არ შეეფერებოდა“. William E. S. Thomas, The Philosophic Radicals: Nine Studies in Theory and Proctice, 1817-1841 (Oxford: Clarendon Press, 1979), 100.

30. ფრანგი თეორეტიკოსები მოსაზრებას გამოთქვამდნენ, რომ ევროპაში თავდაპირველად მეფეთა მმართველი კლასი ან ფეოდალური აზნაურობა ბატონობდა. მათ სჯეროდათ, რომ კაპიტალიზმისა და თავისუფალი ბაზრის განვითარებასთან, „ინდუსტრიალიზაციასთან” ერთად მმართველი კლასი აღარ იქნებოდა და კლასების მიერ მართული სახელმწიფო აღარ იარსებებდა და „უკლასო” თავისუფალი საზოგადოება იქნებოდა. სენ-სიმონი თავდაპირველად კომტე-დანოიერის ლიბერტარიანული თეორიის მომხრე იყო, მოგვიანებით კი მან და მისმა მიმდევრებმა კლასობრივი ანალიზი თავდაპირველი კატეგორიებით შეცვალეს და თავისუფალი ბაზრის ანაზღაურების თანაფარდობაში დამსაქმებლებს ისევ მმართველ ანუ მუშების ექსპლუატატორებად განიხილავდნენ. მარქსი ეთამხმებოდა სენსიმონიანური კლასობრივ ანალიზს, და კლასების მარქსისტული განსაზღვრება დღესაც მთლად მიუღებელია: აზიურ დესპოტიზმსა და ფეოდალიზმზე ძველ ლიბერტარიანულ მოსაზრებას ინარჩუნებს მმართველი კლასის შესახებ. მარქსისტული კლასობრივი თეორიის უსაფუძვლობის შესახებ ბრწყინვალე კრიტიკა იხ. ნაშრომში: Ludwiz van Mises, Socialism 3rd ed. (Indianapolis, Ind: Liberty Classics, 1981), 292-307.

31. Joseph Hamburger, Intellectuals in Politics: John Stiuart Mill and the Philosophic Rodicals (New Haven: Yale University Press, 1965), 44. მიუხედავად სათაურისა, ეს წიგნი უფრო ჯეიმს მილს ეხება, ვიდრე ჯონ სტიუარტს.

32. ჯეიმს მილის, როგორც საარჩევნო რეფორმის აგიტაციის ხელმძღვანელის შესახებ იხ.: Joseph Hamburger, James Mill and the Ann of Revolution (Yale University Press, 1963).

9 რატომ უპირისპირდებიან ინტელექტუალები კაპიტალიზმს? (გამოქვეყნდა 1986 წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რობერტ ნოზიკი
1938-2002

თანამედროვე ანგლო-ამერიკული ფილოსოფიის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელია, რომელმაც ფილოსოფიის თითქმის ყველა მთავარ დარგში თქვა თავისი სიტყვა. მას ძირითადად საჭირბოროტო საკითხების წამოწევა და შესაძლო ფილოსოფიური პასუხების წარმოჩენა უყვარდა, ხოლო განსჯას მკითხველს ანდობდა. ის მახვილგონივრულად უხამებდა ლიტერატურულ ხერხებს ფილოსოფიის, ეკონომიკის, ფიზიკის და ევოლუციური ბიოლოგიის საკითხების განხილვას. ნოზიკი თითქმის ერთადერთი ლიბერტარიანელი პოლიტიკური ფილოსოფოსია, რომელიც მის მიერ 1974 წელს გამოქვეყნებული და კლასიკად ქცეული ნაშრომის - „ანარქია, სახელმწიფო და უტოპია“ - წყალობით, ოფიციალურ აკადემიურ წრეებში ხელშეუხებელი ავტორიტეტით სარგებლობდა.

ინტელექტუალების მხრიდან კაპიტალიზმთან დაპირისპირება ისე ძლიერია, რომ გაკვირვებას იწვევს. მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე არც ერთი სხვა ჯგუფი არ ამჟღავნებს კაპიტალიზმისადმი ამგვარ უარყოფით დამოკიდებულებას. სტატისტიკური თვალსაზრისით, ინტელექტუალები მკვეთრად გამოირჩევიან.

ყველა ინტელექტუალი „მემარცხენე“ არ არის. სხვა ჯგუფების მსგავსად, მათი მოსაზრებებიც არაერთგვაროვანია. მაგრამ მათ შემთხვევაში, აზროვნების ვექტორი პოლიტიკური მემარცხენეობისკენ არის წანაცვლებული და გადახრილი.

ინტელექტუალებში ყველა განათლებულ ადამიანს არ ვგულისხმობ, არც განათლების რაიმე დონეს, არამედ მათ, ვისი პროფესიაც სიტყვებით გამოხატულ აზროვნებას უკავშირდება, ვინც აზრს სხვებისთვის გასაგები სიტყვების ნაკადად აქცევს. ესენი კალამგარები არიან: პოეტები, ნოველისტები, კრიტიკოსები, ჟურნალისტები და პროფესორები. მათ შორის არ არიან ისინი, ვინც უმთავრესად რაოდენობრივად, ანუ მათემატიკურად ფორმულირებულ ინფორმაციას ქმნიან და ავრცელებენ (რიცხვთა ოსტატები), არც ისინი, ვინც ვიზუალურ მედიაში მუშაობენ - მხატვრები, სკულპტორები, ოპერატორები. ამ პროფესიის ადამიანები, კალამგარებისგან განსხვავებით, კაპიტალიზმს არ ეწინააღმდეგებიან. კალამგარები გარკვეულ სამსახურებრივ ადგილებში, კერძოდ აკადემიაში, მედიაში, სახელმწიფო ბიუროკრატიაში იყრიან თავს.

კაპიტალისტურ საზოგადოებაში კალამგარები მშვენივრად ცხოვრობენ. ახალი იდეებისთვის, მათი ჩამოყალიბების, გავრცელების, წაკითხვისა და განხილვისთვის დიდი თავისუფლება აქვთ. მათ პროფესიაზე დიდი მოთხოვნილებაა და მათი შემოსავალი საშუალოზე ბევრად მაღალია. მაშ, რატომ ებრძვიან ისინი კაპიტალიზმს? როგორც ზოგიერთი მონაცემი მოწმობს, რაც უფრო პერსპექტიული და წარმატებულია ინტელექტუალი, მით უფრო მეტად ეწინააღმდეგება კაპიტალიზმს. კაპიტალიზმის წინააღმდეგობა ძირითადად „მემარცხენეებიდან“ მოდის, მაგრამ არა მხოლოდ. იატსი, ელიოტი და ფაუნდი საბაზრო საზოგადოებას მარჯვნიდანაც უტევდნენ.

კალამგართა წინააღმდეგობა სოციალური მნიშვნელობის ფაქტია. ისინი ჩვენს შეხედულებებსა და საზოგადოების იმიჯზე ახდენენ გავლენას; ისინი იმ პოლიტიკურ ალტერნატივებს განსაზღვრავენ, რომლებსაც ბიუროკრატები უგდებენ ყურს; მათი სამეცნიერო ნაშრომები თუ ცალკეული გამონათქვამები ჩვენი აზრების გამოხატვის საშუალებას იძლევა. მათი აზრი უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, რომლისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის ნათლად ჩამოყალიბებასა და გავრცელებას.

კაპიტალიზმის მოწინააღმდეგე ინტელექტუალთა სიმრავლეს ორი ახსნა აქვს. ერთი ფაქტორი საერთოა მხოლოდ ანტიკაპიტალისტი ინტელექტუალებისთვის. მეორე კი ყველა ინტელექტუალს ერთნაირად ესადაგება - ეს არის ძალა, რომელსაც ისინი ანტიკაპიტალისტური თვალსაზრისისკენ მიჰყავს. უბიძგებს თუ არა ეს ძალა რომელიმე კონკრეტულ ინტელექტუალს კაპიტალიზმის წინააღმდეგ, ეს მასზე მოქმედ სხვა გარემოებებზეა დამოკიდებული. თუმცა, მთლიანობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ფაქტორი ანტიკაპიტალიზმს ყველა ინტელექტუალისთვის მისაღებს ხდის, ანტიკაპიტალისტების რიცხვი იზრდება. ჩვენი მოსაზრება სწორედ ამ მეორე ფაქტორს ეხება. შევეცდებით ის ფაქტორი დავადგინოთ, რომელიც ინტელექტუალებს ანტიკაპიტალისტურ განწყობილებებს უღვივებს, თუმცა არც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში მის გარანტს არ წარმოადგენს.

ინტელექტუალთა ფასი

სადღეისოდ ინტელექტუალები საზოგადოებაში ყველაზე დაფასებული ადამიანები არიან. ისინი სარგებლობენ პრესტიჟით, გააჩნიათ ძალაუფლება და დაჯილდოებული არიან მრავალი ღირსებით. ინტელექტუალებს მიაჩნიათ, რომ ისინი ამას იმსახურებენ. მაგრამ, კაპიტალისტური საზოგადოება, ზოგადად, ინტელექტუალებს ნაკლებად აფასებს. ლუდვიგ ფონ მიზესი ინტელექტუალების განსაკუთრებულ გულისწყრომას იმით ხსნის, რომ მუშებისგან განსხვავებით, ისინი სოციალურად წარმატებულ კაპიტალისტებს უტოლებენ თავს, უჩუმრად ედრებიან მათ და შეურაცხყოფად მიიჩნევენ, რომ მათზე ნაკლები სოციალური სტატუსი აქვთ. ასეთივე გულისწყრომას ისინიც გამოხატავენ, ვინც მათ სოციალურად ვერ უტოლდება, თუმცა ისინი, ვინც მდიდრებს ემსახურებიან და მათთან საქმე აქვთ, მაგ., სპორტისა და ცეკვის მასწავლებლები, აშკარად გამოხატული ანტიკაპიტალისტები არ არიან.

მაშ, რატომ მიაჩნიათ თავი თანამედროვე ინტელექტუალებს საზოგადოების უმაღლესი ჯილდოს ღირსად და რატომ ბრაზობენ, როდესაც შესაბამის ყურადღებას ვერ გრძნობენ? მათი აზრით, ისინი ყველაზე ღირებული, უმაღლესი დონის ადამიანები არიან და საზოგადოებამ შესაბამისად უნდა დააფასოს და ღირსების მიხედვით დააჯილდოვოს. მაგრამ კაპიტალისტური საზოგადოება „ღირსებისა და თვითშეფასების მიხედვით“ დაჯილდოების პრინციპს არ ეთანხმება. თავისუფალ საზოგადოებაში, საჩუქრების, მემკვიდრეობისა და სპეკულაციური მოგების მიღების გარდა, საბაზრო წილი ხვდება მას, ვინც საბაზრო მოთხოვნას აკმაყოფილებს. ამ წილის ოდენობა კი მოთხოვნისა და მიწოდების სიდიდეზეა დამოკიდებული. წარუმატებელი ბიზნესმენები და მუშებიც კი ისე არ მტრობენ კაპიტალისტურ სისტემას, როგორც კალამგარები. ამ მტრობას მხოლოდ არაღიარებული უპირატესობა, კუთვნილი უფლების წართმევა წარმოშობს.

რატომ ფიქრობენ კალამგარები, რომ ისინი ყველაზე ღირებული ადამიანები არიან და რატომ ფიქრობენ, რომ განაწილება ამის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს? ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს უკანასკნელი პრინციპი სავალდებულო სულაც არ არის. განაწილება სხვა მოდელების მიხედვითაც ხდება, მაგ., თანაბრად, ზნეობრივი ღირსებების ან საჭიროების მიხედვით. სინამდვილეში, არ არის აუცილებელი, რომ საზოგადოება განაწილების რაიმე მოდელის მიღწევას ისახავდეს მიზნად, თუნდაც ეს საზოგადოება სამართლიანობაზე ზრუნავდეს. განაწილება სამართლიანი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, როდესაც ის სამართლიანად შეძენილი ქონებისა და გაწეული მომსახურების ნებაყოფლობითი ურთიერთგაცვლის შედეგად ხორციელდება. რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს ამ პროცესს, ის მაინც სამართლიანი იქნება, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული მოდელი, რასაც ეს შედეგი უნდა მოერგოს. მაშ, რატომ მიიჩნევენ კალამგარები თავს ყველაზე ღირებულ არსებებად და რატომ ეთანხმებიან ამ შეფასების მიხედვით განაწილების პრინციპს?

ინტელექტუალებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ მათი საქმიანობა ყველაზე ფასეულია. პლატონი გონებრივ ნიჭს სიმამაცესა და ინსტინქტებზე მეტად აფასებდა და მიიჩნევდა, რომ ფილოსოფოსებმა უნდა იმეფონო; არისტოტელე ამტკიცებდა, ინტელექტუალური მსჯელობა უზენაესი საქმიანობა არისო. გასაკვირი არ არის, რომ შემორჩენილ ტექსტებში ინტელექტუალური საქმიანობის სწორედ ასეთ მაღალ შეფასებებს ვხვდებით. ადამიანები, ვინც ეს შეფასებები ჩამოაყალიბა და ეს ინტელექტუალთა მხარდაჭერის მიზნით დაწერა, სხვას რომ თავი დავანებოთ, თავად ინტელექტუალები იყვნენ და ამით თავს იქებდნენ. სხვები კი თავს არ იწუხებდნენ უკვდავი ნაწერების დასატოვებლად, ალბათ სხვა რამეს უფრო მეტად აფასებდნენ, ვიდრე აზრების სიტყვებით გადმოცემის ხელოვნებას, მაგალითად, ნადირობას ან ძალაუფლებას, ან თუნდაც მუდმივ განცხრომას. მხოლოდ ინტელექტუალებმა ჩამოაყალიბეს თეორია იმაზე, თუ ვინ იყო უკეთესი.

ინტელექტუალთა აღზრდა

რა ფაქტორი წარმოშობდა საკუთარი უპირატესობის შეგრძნებას ინტელექტუალურ ადამიანებში? მსურს თქვენი ყურადღება კონკრეტულად ერთ ინსტიტუტზე შევაჩერო - სკოლებზე. როდესაც მწიგნობრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, სკოლები შემოიღეს, სადაც ახალგაზრდები წიგნის კითხვასა და მისი სიბრძნის შეცნობას ერთად სწავლობდნენ. ოჯახის გარეთ ახალგაზრდების ურთიერთობების ჩამოყალიბების მთავარი დაწესებულება სკოლა გახდა და იქ თითქმის ყველა მოაზროვნემ ისწავლა. წარმატებას მათ სწორედ იქ მიაღწიეს. მათ იქ სხვებს ადარებდნენ და საუკეთესოდ მიიჩნევდნენ. მასწავლებელთა ფავორიტები ქებას და ჯილდოს იმსახურებდნენ. აბა, როგორ ვერ შენიშნავდნენ ისინი თავიანთ უპირატესობას? მათი გამორჩეული აზროვნება და მახვილგონიერება ხომ ყოველდღიურად მათ განსაკუთრებულობას წარმოაჩენდა. სკოლაში მიეჩვივნენ ისინი იმ აზრს, რომ სხვებზე უკეთესები იყვნენ.

(გონებრივი) ღირსებების მიხედვით დაჯილდოების პრინციპიც სკოლაში ისწავლეს და ირწმუნეს. მათი გონებრივი ღირსებები შექებას, მასწავლებლის ღიმილს და უმაღლეს ნიშნებს იმსახურებდა. ყველაზე ჭკვიანებს სკოლა უფროს კლასებში სწავლის შესაძლებლობას სთავაზობდა. მართალია, ამას ოფიციალური სასწავლო პროგრამა არ ითვალისწინებდა, მაგრამ ისინი სწორედ სკოლაში იღებდნენ სხვებთან შედარებით საკუთარი პიროვნების აღმატებულების გაკვეთილებს და იმაზე ფიქრობდნენ, თუ როგორ უნდა გადაექციათ ეს შეფასება უფრო დიდ ჯილდოდ.

თუმცა, ფართო საბაზრო საზოგადოება მათ სხვა გაკვეთილს უმზადებდა. უდიდესი ჯილდო იქ ყველაზე ენაწყლიანს როდი ერგებოდა. იქ ინტელექტუალური ნიჭი დიდად არ ფასობდა. ინტელექტუალებმა ირწმუნეს საკუთარი უპირატესობა და სჯეროდათ, რომ ყველაზე დიდი ჯილდო მათ ერგებოდათ. მაგრამ, როგორ არ გაბრაზდებოდნენ კაპიტალისტურ საზოგადოებაზე, რომელმაც სწორედ ის დამსახურება დაუკარგათ, რაც მათ თვითშეგნებას ქმნიდა? გასაკვირია განა, რომ ნასწავლ ინტელექტუალებს კაპიტალისტური საზოგადოების მიმართ ძალიან მტრული გრძნობა ჰქონოდათ? მართალია, ამას ხალხის დასანახად სხვადასხვა შესაბამის მიზეზს უდებდნენ სარჩულად, მაგრამ, როდესაც ეს მიზეზები ადეკვატური არ იყო, მაინც არ ჩერდებოდნენ.

როდესაც ვამბობ, რომ ინტელექტუალებს, საერთოდ, საზოდგადოებაში არსებულ უმაღლეს ჯილდოს ღირსად მიაჩნიათ თავი (სიმდიდრე, სტატუსი, და ა.შ.), არ ვგულისხმობ, რომ მათთვის ასეთი ჯილდო დიდ კეთილდღეობას ნიშნავს. შეიძლება ისინი ინტელექტუალური საქმიანობისთვის დამახასიათებელ ჯილდოს ან საუკუნო პატივისცემას უფრო მეტად აფასებენ. რაც უნდა იყოს, მათ მიაჩნიათ, რომ მთელი საზოგადოებისგან უდიდეს დაფასებას იმსახურებენ, რაც შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ყველაზე დიდი და საუკეთესო ჯილდოა, რაც საზოგადოებას შეუძლია მათ მიაგოს. იმ ჯილდოებზე ყურადღების გამახვილებას არ ვაპირებ, რაც ინტელექტუალების ჯიბეებისკენ პოულობს გზას და პირადად მათთან აღწევს. რაკი ისინი თავს ინტელექტუალებად მიიჩნევენ, ის ფაქტი აღიზიანებთ, რომ ინტელექტუალურ საქმიანობას საკადრისად არ აფასებენ და აჯილდოებენ.

ინტელექტუალს სურს, რომ მთელი საზოგადოება სკოლას, ანუ იმ გარემოს ჰგავდეს, სადაც წარმატებები და დაფასება ჰქონდათ. ფართო საზოგადოების სტანდარტებისგან განსხვავებული სასკოლო ჯილდოები მომავალში ზოგიერთების დაღმასვლას განაპირობებს. მათ, ვინც სკოლის იერარქიის სათავეში ყოფნას არიან შეჩვეული, მიაჩნიათ, რომ ასეთ მდგომარეობას მხოლოდ ამ მიკრო საზოგადოებაში კი არ იმსახურებენ, არამედ უფრო ფართო საზოგადოებაშიც, რომლის სისტემაც მათ აღიზიანებს, რადგან ის მათ თავიანთი სურვილისა და თვითშეფასების მიხედვით არ ეპყრობა. ამით სკოლის სისტემა ანტიკაპიტალისტურ გრძნობებს აღძრავს ინტელექტუალებში. უფრო სწორად, ის კალამგარობის უნარის მქონე ინტელექტუალებს აღუძრავს ანტიკაპიტალისტურ გრძნობებს. რატომ არ უვითარდებათ ციფრების ოსტატებს ასეთივე დამოკიდებულება? მე ვფიქრობ, მართალია, მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები შესაბამის გამოცდებზე კარგ ნიშნებს იღებენ, მაგრამ მასწავლებლის ისეთსავე ყურადღებას და მოწონებას არ იმსახურებენ, როგორც კალამგარობის უნარით დაჯილდოებულნი. მხოლოდ კალამგარობის უნარის გამო იმსახურებენ ისინი მასწავლებლის პირად ჯილდოს და, როგორც ჩანს, სწორედ ეს ჯილდო უყალიბებს მათ განსაკუთრებული ღირსების გრძნობას.

ცენტრალური მმართველობა საკლასო ოთახში

კიდევ ერთი რამ უნდა დავამატო. (მომავალი) კალამგარები წარმატებას სკოლის ფორმალური, ოფიციალური სოციალური სისტემის ფარგლებში აღწევენ, სადაც სათანადო ჯილდოების განაწილება მასწავლებლის ცენტრალური ძალაუფლების ქვეშ ხორციელდება. საკლასო ოთახების, დერეფნებისა და ეზოების ფარგლებში მეორე არაფორმალური სოციალური სისტემაც არსებობს, სადაც ჯილდოები არა ცენტრალური დირექტივით, არამედ სპონტანურად, სკოლის ამხანაგების ჟინისა და სურვილის მიხედვით რიგდება. აქ ინტელექტუალები ნაკლებ წარმატებას აღწევენ.

ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მომავალში ინტელექტუალებისთვის დოვლათისა და ჯილდოების ცენტრალიზებული განაწილების მექანიზმი უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე ბაზრის “ანარქია და ქაოსი”. სოციალისტურ საზოგადოებაში კაპიტალისტური საზოგადოებისთვის დამახასიათებელ სპონტანურ განაწილებას ცენტრალიზებული განაწილება ცვლის, საკლასო ოთახში კი, სკოლის დერეფნებისა და ეზოებისგან განსხვავებით, განაწილება მასწავლებლის ნებით ხდება.

ამ განმარტებაში ყურადღება არ გაგვიმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ სკოლების აკადემიური ზედაფენის უმრავლესობას (მომავალი) ინტელექტუალები შეადგენენ. ეს ჯგუფი შეიძლება უმთავრესად იმათგან შედგებოდეს, ვისაც კალამგარობის დიდი (მაგრამ არა უდიდესი) ნიჭი აქვს და, ამასთანავე, გარეგნული მომხიბვლელობა, დიდი თავაზიანობა, მეგობრულობა, გამარჯვებისკენ სწრაფვა და გარკვეული ნორმების დაცვის უნარიც (და მზაობაც) არ აკლია. ასეთი მოსწავლეები მასწავლებლებშიც დიდად ფასობენ და ფართო საზოგადოებასაც ძალიან კარგად ეწყობიან (ისინი სკოლის არაოფიციალურ სოციალურ სისტემასაც კარგად ერგებიან, ამიტომ, სკოლის ოფიციალური სისტემის ნორმების დიდი მომხრენი ვერ იქნებიან). ეს ახსნა იმ ჰიპოთეზას შეიცავს, რომ სკოლის (ოფიციალურ) ზედაფენაში არაპროპორციულად დიდია (მომავალ) ინტელექტუალთა ის ნაწილი, რომელთაც დაღმასვლა ელით, ან, უფრო სწორად, ის ჯგუფი, რომელიც თავის თავს თვითონვე უწინასწარმეტყველებს გაუარესებულ მომავალს. მტრობა უფრო ფართო სამყაროში გადასვლამდე და სტატუსის დაკნინებამდე წარმოიშობა - მაშინვე, როგორც კი გამჭრიახი მოსწავლე მიხვდება, რომ ის ფართო საზოგადოებაში (ალბათ) უფრო ნაკლებს მიაღწევს, ვიდრე სკოლაში. სასკოლო სისტემის ეს გაუთვალისწინებელი შედეგი, ინტელექტუალთა ანტიკაპიტალისტური მიდრეკილება, რასაკვირველია, უფრო ძლიერდება, როდესაც მოსწავლეებს ის ინტელექტუალები ასწავლიან, ვინც თავად ანტიკაპიტალისტურად არის განწყობილი.

ეჭვგარეშეა, ზოგიერთი კალამგარი ინტელექტუალი სკოლაში სწავლისას შარიანი და ჭირვეული იქნებოდა და, ამიტომ, მასწავლებლებს ათვალწუნებული ეყოლებოდათ. შესაბამისად, შესაძლოა, სასკოლო სისტემისადმი წყრომა მათ თავიდანვე გაუჩნდათ, რადგან გააცნობიერეს, რომ უმაღლესი ჯილდო, მასწავლებელთა აზრით, საუკეთესოს ერგებოდა, არადა, ისინი მასწავლებელთა საპირისპიროდ ფიქრობდნენ, რომ საუკეთესონი სწორედ თვითონ იყვნენ. ცხადია, ამ და აქ განხილულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი ჰოპოთეზის დასახვეწად და შესამოწმებლად, მომავალი კალამგარი ინტელექტუალების სასკოლო ცხოვრების მონაცემები გვჭირდება.

ზოგადი მოსაზრებით, საკამათოც არ არის ის, რომ სკოლაში მოქმედი წესები ადამიანის ნორმატიულ რწმენაზე მას შემდეგაც ახდენს გავლენას, რაც ის სკოლას დატოვებს. ბოლოს და ბოლოს, ოჯახის შემდეგ სკოლა ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური გარემოა, სადაც ბავშვები საზოგადოებასთან ურთიერთობას ეჩვევიან და, ამდენად, მას მათი უფრო დიდი საზოგადოებისთვის მომზადების საქმეში შეაქვს წვლილი. გასაკვირი არ არის, რომ სკოლაში წარმატებულები განაწყენებული იქნებიან იმ საზოგადოებაზე, რომელსაც სხვა ნორმები შემოაქვს და რომელსაც მათთვის იგივე წარმატება არ მოაქვს, რაც სასკოლო ნორმებს. იმ დროს, როდესაც სწორედ ისინი ქმნიან საზოგადოების სახეს, გასაკვირი არც ის იქნება, რომ საზოგადოებრივი აზრი ამ საზოგადოებისვე საწინააღმდეგოდ შეტრიალდეს. თქვენ რომ საზოგადოების ჩამოყალიბებით იყოთ დაკავებული, არ დაუშვებდით, რომ კალამგარები, მთელი მათი გავლენის გათვალისწინებით, საზოგადოების ნორმების მოწინააღმდეგეებად აღზრდილიყვნენ.

ანტიკაპიტალისტურად განწყობილი ინტელექტუალების არაპროპორციულობის მიზეზის ჩვენეული ახსნა ძალიან სარწმუნო სოციოლოგიურ განზოგადებას ეყრდნობა.

იმ საზოგადოებაში, სადაც ბავშვები პირველად ისეთ ოჯახსგარე სისტემაში ან ინსტიტუტში შედიან, რომელიც მათ ჯილდოებს ურიგებს, ყველაზე უკეთესები ამ ინსტიტუტის ნორმების გათავისების მომხრენი იქნებიან და იმედი ექნებათ, რომ უფრო ფართო საზოგადოებაც ამ ნორმების მიხედვით იმუშავებს; ისინი ამ ნორმების მიხედვით მიიჩნევენ, რომ კუთვნილი წილის ღირსები არიან ან (უკიდურეს შემთხვევაში) იმ მდგომარეობის ღირსნი, რასაც ეს ნორმები უქმნით. ამას გარდა, ისინი, ვინც ამ პირველი ოჯახსგარე ინსტიტუტის იერარქიის ზედაფენას შეადგენენ და უფრო ფართო საზოგადოებაში გასვლის შემდეგ მდგომარეობას იუარესებენ (ან დაღმასვლას მოელიან), იმედგაცრუების გამო, უფრო ფართო სოციალურ სისტემას წინააღმდეგობას უწევენ და მის ნორმებს მტრობენ.

საყურადღებოა, რომ ეს დეტერმინისტული კანონი არ არის. ამ სისტემას ყველა არ ეწინააღმდეგება, ვინც სოციალურ დაღმასვლას განიცდის, მაგრამ დაღმასვლა ისეთი ფაქტორია, რომელიც ამ მხრივ დიდ გავლენას ახდენს და ამიტომ, მთლიანობაში, განსხვავებული მიდგომები იჩენს თავს. შეიძლება გამოვყოთ ის გზები, რითაც ზედაფენა დაღმა მიექანება: შეიძლება მან მეორე ჯგუფზე ნაკლებს მიაღწიოს ან (თუ მას ვერც ერთი ჯგუფი ვერ ჯაბნის) შეიძლება განვითარებაშიც შეფერხდეს და მათზე მეტს ვერ მიაღწიოს, ვინც ადრე მათზე უკან იყო. ეს ის პირველი მარცხია, რაც ყმაწვილების განსაკუთრებულ გაღიზიანებას და გულისწყრომას იწვევს; მეორე სახის დაღმასვლა კი გაცილებით უფრო ასატანია. მრავალი ინტელექტუალი თანასწორობას ემხრობა; ინტელექტუალთა მხოლოდ მცირე ნაწილი მოითხოვს ინტელექტუალთა არისტოკრატიის ჩამოყალიბებას. ჩვენი ჰიპოთეზა კაპიტალისტური სისტემისადმი განსაკუთრებული წყენისა და დაპირისპირების მიზეზად პირველი სახის დაღმასვლას მიიჩნევს.

სასკოლო სისტემა შემდგომი წარმატებისთვის მხოლოდ ზოგიერთი სახის ნიჭს აღიარებს და აჯილდოებს, ამიტომ, მისი დაჯილდოების სისტემა ფართო საზოგადოების დაჯილდოების სისტემისგან განსხვავდება. ამის გამო, სკოლიდან ფართო საზოგადოებისკენ მიმავალი ზოგიერთი ახალგაზრდა აუცილებლად განიცდის სოციალურ დაღმასვლას და ამის თანმდევ შედეგებს იმკის. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ინტელექტუალებს სურთ, მთელი საზოგადოება სკოლას ჰგავდეს. ახლა გასაგებია, იმედგაცრუების მიერ მოგვრილი წყენა იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ სკოლა (როგორც სპეციალიზებული ოჯახსგარე სოციალური სისტემა) საზოგადოების უმნიშვნელო ფაქტორს არ წარმოადგენს.

გამოდის რომ ჩვენი ახსნა სკოლაგამოვლილი ინტელექტუალების ნებისმიერი საზოგადოების, როგორც კაპიტალისტურის, ისე კომუნისტურის მიმართ (არაპროპორციულ) გულისწყრომაზე მიანიშნებს (კაპიტალისტურ საზოგადოებაში ინტელექტუალები მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის სხვა ჯგუფებთან შედარებით, ბევრად უფრო გააფთრებით ეწინააღმდეგებიან კაპიტალიზმს. სხვა საკითხია, თუ რამდენად არაპროპორციულია მათი წინააღმდეგობა სხვა საზოგადოების წევრი ინტელექტუალების მიერ შესაბამისი საზოგადოებისადმი წინააღმდეგობის ხარისხთან შედარებით). ამდენად, ცხადია, ცნობები კომუნისტური ქვეყნების სახელმწიფო აპარატის თანამშრომლების მიმართ ინტელექტუალთა დამოკიდებულების შესახებ მეტად მნიშვნელოვანი იქნება; გასარკვევია, უპირისპირდებიან კი იქაური ინტელექტუალები იმ სისტემას?

ჩვენს ჰიპოთეზას დახვეწა სჭირდება, რადგან ის ყველა საზოგადოებას არ ესადაგება (ან სრულად არ ესადაგება). განა გარდაუვალია, რომ ყველა საზოგადოების სასკოლო სისტემა წარმოშობდეს ანტისაზოგადოებრივ მეამბოხეებს იმ ინტელექტუალებს შორის, ვინც თავიანთი საზოგადოებისგან სათანადო აღიარებით არ სარგებლობენ? ალბათ, არა. კაპიტალისტური საზოგადოება განსაკუთრებულია. ის ღიად აცხადებს, რომ მხოლოდ ნიჭიერებას, დამოუკიდებელ ინიციატივას და პიროვნულ ღირსებას მიესალმება და უჭერს მხარს. საგვარეულო ციხე-კოშკში მიღებული აღზრდა, ანუ ფეოდალური საზოგადოება არ წარმოშობს იმ მოლოდინს, რომ ჯილდო პიროვნულ ღირსებას უნდა შეესაბამებოდეს. მიუხედევად იმისა, რომ ჯილდოს მოლოდინი უკვე არსებობს, კაპიტალისტური საზოგადოება ხალხს მხოლოდ იმდენად აჯილდოებს, რამდენადაც თავად ისინი აკმაყოფილებენ საბაზრო მოთხოვნას; იქ ჯილდო ეკონომიკური წვლილის და არა პიროვნული ღირსების მიხედვით ენიჭებათ. მაგრამ ეს საკმაოდ ახლოსაა ღირსების მიხედვით დაჯილდოების იმ გაგებასთან, რომელსაც სკოლებში ნერგავენ (ხშირად ღირსებასა და დამსახურებას ერთმანეთში ურევენ). უფრო ფართო საზოგადოების ხასიათი იმდენად ახლოსაა სკოლის ხასიათთან, რომ ეს სიახლოვე უკმაყოფილებას წარმოშობს. კაპიტალისტურ საზოგადოებაში პიროვნულ მიღწევებს აჯილდოებენ, ან აცხადებენ რომ აჯილდოებენ, და, ამგვარად, განსაკუთრებულად გამწარებულს ტოვებენ იმ ინტელექტუალებს, რომლებიც თავს ყველაზე ღირსეულად, გამორჩეულად საუკეთესოდ მიიჩნევენ.

ვფიქრობ, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც გარკვეული როლი ენიჭება. სკოლები ამგვარი ანტიკაპიტალისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისკენ მიდრეკილებას მით უფრო ავლენენ, რაც უფრო მრავალფეროვანი ხალხი სწავლობს იქ. როდესაც თითქმის ყველა ეკონომიკურად ძლიერი მოსწავლე სხვადასხვა სკოლაში ისწავლის, ინტელექტუალებს საკუთარი უპირატესობის შეგრძნება აღარ გაუჩნდებათ. მაგრამ, როგორც კი კალამგარობის უნარის მქონე მოწაფეთა გვერდით ბევრი ისეთი მოსწავლეც ივლის, რომელიც მომავალში ეკონომიკურად წარმატებული მეწარმე გახდება, საფუძველი გაჩნდება, რომ, მოგვიანებით, ინტელექტუალებმა გულისწყრომით გაიხსენონ, თუ როგორ სჯობდნენ ისინი სწავლაში იმ თანატოლებს, რომლებმაც უფრო მეტ სიმდიდრეს და ძალაუფლებას მიაღწიეს. ღია საზოგადოებას მეორე შედეგიც ახლავს, მოსწავლეებმა, მომავალმა კალამგარებმა და სხვებმაც, არ იციან თუ რას მიაღწევენ მომავალში. მათ შეუძლიათ ნებისმიერი განვითარების იმედი იქონიონ. დახურული საზოგადოება თავიდანვე ანგრევს ამ იმედებს. ღია კაპიტალისტურ საზოგადოებაში მოსწავლეები თავიდან შეზღუდული არ არიან განვითარებასა და სოციალურ წინსვლაში; საზოგადოება ღიად აცხადებს, რომ მწვერვალს ყველაზე მარჯვე და ღირსეული მიაღწევს. სწავლაში ყველაზე ნიჭიერებს კი საკუთარი სკოლა ატყობინებს, რომ ისინი ყველაზე ღირსეულნი არიან და ყველაზე დიდ ჯილდოს იმსახურებენ. მოგვიანებით, ეს ყველაზე ნაქები და იმედით აღსავსე მოსწავლეები დაინახავენ, რომ მათი ნაცნობი თანატოლები, რომლებიც ნაკლებ ღირსეულად მიაჩნდათ, მათზე მაღლა აიწევენ და ყველაზე გამორჩეულ ჯილდოს მიიღებენ, რის ღირსადაც მათ საკუთარი თავი მიაჩნდათ. განა გასაკვირია, რომ ისინი ამ საზოგადოებას დაუპირისპირდებიან?

სხვა ჰიპოთეზები

ჩვენ უკვე ცოტათი დავხვეწეთ ჩვენი ჰიპოთეზა. ინტელექტუალებში (კალამგარებში) ანტიკაპიტალისტურ განწყობილებას ფორმალური სკოლები კი არა, სპეციფიკური კონტექსტის მქონე ფორმალური სწავლება განაპირობებს. ეჭვგარეშეა, ამ ჰიპოთეზას კიდევ დახვეწა სჭირდება. მაგრამ საკმარისია. დროა, ეს ჰიპოთეზა სოციალურ მეცნიერებაზე გადავიტანოთ, რომ თეორიული მსჯელობა კაბინეტიდან გამოვიტანოთ და მათ მივაწოდოთ, ვინც უფრო კონკრეტულ ფაქტებსა და მონაცემებს დაეყრდნობა. მაგრამ შეგვიძლია ზოგიერთი სფერო მივუთითოთ, სადაც ჩვენი ჰიპოთეზა შეიძლება ყველაზე უკეთესად დასაბუთდეს. ჯერ ერთი, შესაძლებელი გახდება იმის განჭვრეტა, რომ რაც უფრო მერიოკრატულია ქვეყნის სასკოლო სისტემა, მით უფრო მეტი მემარცხენეები არიან მის აღზრდილ ინტელექტუალებში (მაგალითად, საფრანგეთი). მეორეც, ინტელექტუალებს, ვინც სკოლაში „გვიან გამოანათა“, განვითარებული არ ექნებათ ის შეგრძნება, რომ უმაღლესი ჯილდო ეკუთვნით. ამიტომ, ასეთ ინტელექტუალებში ანტიკაპიტალიზმის უფრო დაბალი ხარისხი იქნება, ვიდრე მათ შორის, ვინც თავიდანვე გამოირჩეოდნენ წარმატებებით. მესამე, ჩვენი ჰიპოთეზა იმ საზოგადოებით შემოიფარგლება (ინდური კასტური საზოგადოებისგან განსხვავებით), სადაც წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ შემდგომში უფრო ფართო საზოგადოებაში შესაბამის წარმატებას მოელოდნენ. ადრე, დასავლეთში, სავარაუდოდ, ქალებს ამის იმედი ვერ ექნებოდათ. ამიტომ, მოსალოდნელი არ იყო, რომ ქალ სტუდენტებს აკადემიურ ზედაფენაში შეეღწიათ, სანამ ვითარება საპირისპიროდ არ შეიცვალა და დაღმასვლის შედეგად მათ ისეთივე ანტიკაპიტალისტური განწყობილება არ გამოამჟღავნეს, როგორსაც მამაკაცი ინტელექტუალები ამჟღავნებდნენ. მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ რაც უფრო მეტად იწონებს თავს საზოგადოება ქალისა და მამაკაცის თანასწორი სამსახურებრივი უფლებებით, მით უფრო მეტად ავლენენ ქალი ინტელექტუალები ისეთსავე მკვეთრ ანტიკაპიტალისტურ განწყობილებებს, როგორც მამაკაცები.

ზოგიერთ მკითხველს შეიძლება ეჭვი შეეპაროს ინტელექტუალთა ანტიკაპიტალისტური განწყობილების ამგვარ ახსნაში. ასეა თუ ისე, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვან ფენომენს მივაგენით. სოციოლოგიური განზოგადება, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, აშკარად უდავოა; სიმართლე რაღაც ამდაგვარი უნდა იყოს. ამგვარად, სასკოლო ზედაფენები ისეთი მნიშვნელობის გავლენას ახდენს, რაც სოციალურ დაღმასვლას იწვევს და ფართო საზოგადოების მიმართ ერთგვარ ანტაგონიზმს წარმოშობს. და თუ ეს ასე არ არის, მაშ რა ახდენს გავლენას ინტელექტუალების მძაფრ წინააღმდეგობაზე? იმ ამოუცნობი ფენომენით დავიწყეთ, რაც ახსნას საჭიროებდა და, ვფიქრობ, ამხსნელ ფაქტორს მივაკვლიეთ (რაკი დავამტკიცეთ), რომელიც ისე აშკარაა, რომ, გვჯერა, მრავალ რეალურ ფენომენს ახსნის.

10 ეკონომიკური, პიროვნული და პოლიტიკური თავისუფლება (გამოქვეყნდა 1991 წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მილთონ ფრიდმენი
1912-2006

მილთონ ფრიდმენი ლეგენდარული ამერიკელი ეკონომისტია. მან მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია XX საუკუნის ეკონომიკური და პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებაზე, ასევე, პრაქტიკულ პოლიტიკაზე. მისი ნაშრომები მაკროეკონომიკის, მიკროეკონომიკის, ეკონომიკური ისტორიის, ფულისა და საბანკო საქმის, კაპიტალიზმის ბუნების და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის პოლიტიკის განხორციელების აუცილებლობას ეხება. 1976 წელს ფრიდმენმა სამომხმარებლო ურთიერთობების, ფულის, პოლიტიკური და სოციალური თავისუფლების კვლევისთვის ნობელის პრიზი მიიღო.

1962 წელს, როდესაც ჩემი წიგნი „კაპიტალიზმი და თავისუფლება“ (Capitalism and Freedom) გამოვიდა, საერთოდ, სულ სხვა ინტელექტუალური ატმოსფერო იყო, ვიდრე ახლა. ამ წიგნის რეცენზია შეერთებული შტატების არც ერთ მნიშვნელოვან გამოცემაში, არც „ნიუსვიქში“ (Newsweek), არც „თაიმში“ (Time), არც სხვა რომელიმე მნიშვნელოვან გაზეთში არ გამოქვეყნებულა. ის მხოლოდ პროფესიულმა ეკონომიკურმა ჟურნალებმა, მათ შორის ლონდონის „ეკონომისტმა“ (The Economist) მიმოიხილა. პირველ წელს 10 000 ეგზემპლარამდე გაიყიდა, მაგრამ მას შემდეგ, ყოველგვარი რეცენზიის გარეშე, ნახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გასაღდა.

1982 წელს უკვე სულ სხვა ვითარება იყო, როდესაც „არჩევანის თავისუფლება“ (Free to Choose) გამოვაქვეყნეთ, მაგრამ არა იმიტომ რომ ეს უკეთესი წიგნია. არა, ეს ასე არ არის. მე ვფიქრობ, სინამდვილეში, „კაპიტალიზმი და თავისუფლება“ უკეთესია, მაგრამ ამ დროისთვის ატმოსფერო შეიცვალა. 1950-1960-იან წლებში სოციალისტური მსოფლმხედველობა დომინირებდა. ყოველ ჩვენგანს, ვინც სხვაგვარად ფიქრობდა, საყოველთაოდ მიღებულ აზრთან შეუთავსებელ ექსცენტრულ ადამიანებად მიიჩნევდნენ. ამგვარ სოციალისტურ აზროვნებას შემდეგ მისი საწინააღმდეგო რეაქცია მოჰყვა. აღიარეს, რომ კერძო საწარმოებს და კერძო საკუთრებას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ეს რეაქცია უფრო აზროვნების სფეროში შეინიშნებოდა, ვიდრე პრაქტიკაში. საუბარი და რიტორიკა ერთი იყო, საქმე კი მეორე, რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებ.

ახლა მსურს ვისაუბრო იმაზე, თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაა ეკონომიკურ, პიროვნულ და პოლიტიკურ თავისუფლებას შორის. „კაპიტალიზმსა და თავისუფლებაში“ აღვნიშნე, რომ: „ისტორიული ფაქტები პოლიტიკურ თავისუფლებასა და თავისუფალ ბაზარს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე შეხმატკბილებულად მეტყველებს. არასდროს და არსად არ არსებულა საზოგადოება, რომელსაც დიდი პოლიტიკური თავისუფლების ნიშნები ჰქონდეს და, ამავე დროს, მთელი ეკონომიკური საქმიანობის მოსაწესრიგებლად თავისუფალი ბაზრის მსგავს რამეს არ იყენებდეს“. ამ დასკვნამდე იმის გამო მივედი, რომ „ისტორიულად პოლიტიკური თავისუფლების აუცილებელი პირობა კაპიტალიზმია. მაგრამ, აშკარაა, ეს პირობა საკმარისი არ არის“. მას შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა, მაგრამ დღეს ეს ორივე მოსაზრება ძალაში რჩება. საუკუნეების მანძილზე კაპიტალისტურ ურთიერთობებს მრავალი საზოგადოება ეყრდნობოდა, მაგრამ ისინი არც პიროვნული და არც პოლიტიკური თავისუფლებით არ გამოირჩეოდნენ. ანტიკური საბერძნეთი ძირფესვიანად კაპიტალისტური ქვეყანა იყო, მაგრამ მონები ჰყავდა. კიდევ ერთ მაგალითს შეერთებული შტატების სამხრეთი წარმოადგენს, სადაც სამოქალაქო ომამდე საზოგადოება უმთავრესად კერძო საკუთრებას ეყრდნობოდა, მაგრამ აქაც მონები ჰყავდათ. ამჟამად სამხრეთ აფრიკა უმთავრესად კერძო ბაზრებსა და საწარმოებს ეყრდნობა, მაგრამ თავისუფალ ქვეყანას არ წარმოადგენს. ლათინური ამერიკის მრავალი ქვეყანაც ასეთსავე მდგომარეობაშია. მათ ოლიგარქები მართავენ, თუმცა ისინი ძირითადად კერძო ბაზრებს იყენებენ. ამგვარად, აშკარაა, რომ პიროვნული და პოლიტიკური თავისუფლებისთვის კაპიტალიზმი აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა.

რაკი ცხოვრება ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოს არ გვიჩვენებს, დავრწმუნდი, რომ ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავისუფლებას შორის ჩემ მიერ აღნიშნული დიქოტომია ძალიან მარტივია. ვფიქრობ, აქ საჭიროა ზოგადად მაინც განვიხილოთ ტრიქოტომია: ეკონომიკური, პიროვნული და პოლიტიკური თავისუფლება.

1950-იანი წლებიდან, ჰონგ-კონგის განვითარების მაგალითმა, განსაკუთრებით კი „კაპიტალიზმისა და თავისუფლების“ დაწერის შემდეგ იქ განვითარებულმა მოვლენებმა, დამარწმუნა, რომ ეს ურთიერთდამოკიდებულება არც ისე მარტივი იყო, როგორც „კაპიტალიზმსა და თავისუფლებაში“ აღვწერე. ჰონგ-კონგი თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ თუ იქ ჩინელების კომუნისტური რეჟიმი გაიმარჯვებს, სამწუხაროდ, ის არათუ ყველაზე თავისუფალი, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი თავისუფალი ქვეყანაც კი აღარ იქნება არანაირი თვალსაზრისით, გარდა ერთისა. ჰონგ-კონგს არაჩვეულებრივი ეკონომიკური თავისუფლება აქვს: არავითარი ტარიფები, არც ექსპორტ-იმპორტის კვოტები, გარდა იმისა, რაც ჩვენი ჭკუით მოვახვიეთ მას თავს ჩვენი მრეწველობის მათი ზეგავლენისგან დასაცავად (შეერთებული შტატების მხრიდან ჰონგ-კონგისთვის ფართლეულის წარმოების შეზღუდვა ნამდვილი უაზრობა იყო იმ მოტივით, რომ ჩვენი ფართლეულის წარმოება არ დაზარალებულიყო. დიდი ქვეყნის მხრიდან ეს სწორი საქციელი არ არის). გადასახადები ძალიან დაბალია, მათი წილი ეროვნულ შემოსავალში 10-12%25-ია (შეერთებულ შტატებში სამთავრობო ხარჯები ეროვნული შემოსავლის 43%25-ია), ცოტა კანონებია ბიზნესზე და არავითარი კონტროლი ფასებსა და ხელფასებზე.

ჰონგ-კონგის სრულიად თავისუფალმა ეკონომიკამ სასწაული მოახდინა. ეს არის ადგილი, რომელიც ნახევარკუნძულისა და რამდენიმე კუნძულისგან შემდგარი მიწის ძალიან პატარა ნაგლეჯს წამოადგენს, სადაც, უზარმაზარი ნავსადგურის გარდა, არავითარი რესურსი არ არსებობს, მაგრამ იქ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოსახლეობა 500000-დან 6 მილიონამდე (ანუ ათჯერ და უფრო მეტად) გაიზარდა. ამავდროულად, ცხოვრების დონე ოთხჯერ გაუმჯობესდა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა და იმის შესანიშნავი მაგალითი, თუ რა შეუძლია თავისუფალ ბაზარს, თუკი მას არავინ შეზღუდავს. უნდა ითქვას, რომ ჰონგ-კონგი ისეთი ადგილი არ არის ყველას იქ ცხოვრება რომ უნდოდეს. პირიქით, ეს მჭიდროდ დასახლებული ძალიან პატარა და კლიმატურად რთული ტერიტორიაა, რომლის მოსახლეობაც, შესაძლებლი რომ იყოს, სხვაგან წასვლაზე უარს არ იტყოდა. მაგრამ, საოცარია, ასეთ არახელსაყრელ პირობებშიც კი ისინი ასე კარგად რომ მოეწყვნენ.

ჰონგ-კონგში ეკონომიკური თავისუფლების გარდა პიროვნული თავისუფლებაც დიდია. იქ ბევრჯერ ვყოფილვარ და სიტყვის, პრესის ან ჩვენთვის მნიშვნელოვანი რომელიმე სხვა სახის თავისუფლების ჩახშობას არც ერთხელ არ შევსწრებივარ.

მაგრამ, არის ერთი საკითხი, რომლის მიხედვით ჰონგ-კონგი თავისუფალი ქვეყანა არ არის. იქ პოლიტიკური თავისუფლება არ არსებობს. ჰონგკონგში გამოქცეული ჩინელები თავისუფალი ადამიანები არ იყვნენ. ისინი კომუნისტურ რეჟიმს გამოექცნენ, რომელიც ძალიან შორს იყო თავისუფალი საზოგადოებისგან, მაგრამ იქ მათ თავისუფლება თვითონ კი არ აირჩიეს, არამედ გარეშე ძალებმა მოახვიეს თავს. ჰონგ-კონგს საზოგადოების მიერ არჩეული წარმომადგენლები კი არ მართავდნენ, არამედ ბრიტანეთის კოლონიური სამსახურის მოხელეები. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბრიტანეთის ადმინისტრაცია ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ მას სამარცხვინო საქმე არ ჩაუდენია და ჰონგ-კონგი კომუნისტურის მსგავს ქვეყნად არ გადაუქცევია. ამიტომ, იქ საკანონმდებლო საბჭო ჩამოაყალიბა და პოლიტიკური წარმომადგენლობის დამკვიდრება სცადა, მაგრამ, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ იქ მთელი ამ ხნის მანძილზე პირდაპირი პოლიტიკური წარმომადგენლობა ფაქტობრივად არ არსებობდა.

ძალიან პარადოქსულად ჩანს ის, რამაც მაიძულა, სხვადასხვა სახის თავისუფლებას შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე ხელახლა დავფიქრებულიყავი. ბრიტანეთის კოლონიებმა, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლიტიკური თავისუფლება მიიღეს, სხვა თავისუფლებების შეზღუდვის გზას დაადგნენ. გარდა ამისა, სწორედ იმ დროს, როდესაც ბრიტანეთის კოლონიური სამსახურის მოხელეები ჰონგ-კონგს ეკონომიკურ თავისუფლებას ახვევდნენ თავს, თვითონ ბრიტანეთში სოციალისტური მთავრობა სოციალიზმს ნერგავდა. შეიძლება, თავიდან მოშორების მიზნით, მათ თავიანთი მოწინააღმდეგეები ჰონგ-კონგში გააგზავნეს, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რა რთული ურთიერთდამოკიდებულებაა ეკონომიკურსა და პოლიტიკურ თავისუფლებას შორის, პიროვნულსა და პოლიტიკურ თავისუფლებას შორის. ამგვარად, მართალია, ეკონომიკური თავისუფლება ხელს უწყობს პოლიტიკურ თავისუფლებას, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური თავისუფლება დამკვიდრდება, ის ეკონომიკური თავისუფლების განადგურებას იწყებს.

ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება ინდოეთის მაგალითის განხილვა, რომელსაც ბრიტანეთმა ორმოც წელზე მეტი ხნის წინ მიანიჭა პოლიტიკური თავისუფლება. ინდოეთი, იშვიათი გამონაკლისის სახით, პოლიტიკურ დემოკრატიას ინარჩუნებს. ქვეყანას ამომრჩეველთა ყუთთან არჩეული წარმომადგენლები მართავენ, მაგრამ ეკონომიკური თავისუფლება ძალიან უმნიშვნელო, ხოლო პიროვნული - ძალიან შეზღუდულია. ეკონომიკის მხრივ მას ძლიერი კონტროლი აქვს დაწესებული ექსპორტსა და იმპორტზე, უცხოურ ვალუტაზე, ფასებზე, ხელფასებზე. დაახლოებით ერთი წლის წინ იქ რეფორმა ჩატარდა, მაგრამ ბოლო დრომდე მთავრობის ნებართვის გარეშე ვერანაირი საწარმოს გახსნას ვერ შეძლებდით. ეკონომიკის ასეთი ცენტრალიზებული კონტროლის შედეგად, ინდოელთა დიდი ნაწილის ცხოვრების დონე ისეთივეა, როგორც ორმოცი წლის წინ, როდესაც პოლიტიკური თავისუფლება მიიღეს.

გაითვალისწინეთ, ეს ვითარება მით უფრო უჩვეულოა, რომ ჰონგ-კონგს, რითაც საუბარი დავიწყე, თავისი განვითარების მანძილზე უცხოეთიდან არავითარი დახმარება არ მიუღია, ინდოეთი კი დახმარების ყველაზე დიდი მიმღები იყო. ბოლო ორმოცი წლის მანძილზე მან დაახლოებით §55 მილიარდის უცხოური დახმარება მიიღო. ეს გვაფიქრებინებს, რომ უცხოური დახმარების მიუხედავად, ინდოეთი ვერ განვითარდა. ჩემი აზრით, საქმე სხვაგვარად იყო: უცხოური დახმარების სახით მიღებულმა რესურსებმა მთავრობას საშუალება მისცა, ქვეყნისთვის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ეკონომიკური პოლიტიკა მოეხვია თავს.

ის, რაც ინდოეთის მაგალითზე მოვიყვანეთ, სხვა ქვეყნებზეც ვრცელდება. უცხოურმა დახმარებამ სიკეთეზე უფრო მეტი ზიანი მოუტანა დახმარებების მიმღებ ქვეყნებს. რატომ - იმიტომ, რომ თითოეულ შემთხვევაში უცხოურმა დახმარებამ ისედაც საკმაოდ ძლიერი მთავრობა კიდევ უფრო გააძლიერა. მოზამბიკმა, ტანზანიამ და სხვა მრავალმა აფრიკულმა ქვეყანამ იგივე შედეგი იგემა, რაც ინდოეთმა.

ისევ ჰონგ-კონგს დავუბრუნდეთ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან პოლიტიკური თავისუფლება ვერ მიიღო, ის არის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას პოლიტიკური თავისუფლება არ სურდა. მათ ძალიან კარგად ესმოდათ, რომ ეს ჩინელი კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლით დამთავრდებოდა. საოცარია, რომ ჩინეთში კომუნისტური მთავრობის არსებობამ ხელი შეუწყო ჰონგ-კონგში ეკონომიკური თავისუფლებისა და ადამიანის თავისუფლების შენარჩუნებას. საკმაოდ პარადოქსული ვითარებაა.

ჰონგ-კონგი სულაც არ არის ერთადერთი გამონაკლისი. ყველგან, სადაც ბაზარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, პიროვნული თავისუფლება უფრო მაღალი ხარისხის და უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე იქ, სადაც ბაზარი არანაირ როლს არ თამაშობს. ტოტალიტარულ ქვეყნებში ბაზარი სულ აკრძალეს და, შესაბამისად, პიროვნული თავისუფლების დონეც ძალიან დაეცა.

რთული ვითარების კიდევ ერთ კარგ მაგალითს ჩილე წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ჩილეში ჯერ სალვადორ ალიენდემ და სოციალისტურმა ჯგუფმა გაიმარჯვა. ალიენდე ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდა. მას შემდეგ, რაც სამი წამყვანი პარტიიდან ხმათა უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა ვერ შეძლო, შესაბამისი პოლიტიკური მანევრებითა და კონსტიტუციის დაცვის დაპირებით, ალიენდე ხელისუფლებას დაეპატრონა. როგორც კი ალიენდე ხელისუფლებაში მოვიდა, საკუთარი დაპირება დაივიწყა და ჩილეს კომუნისტურ სახელმწიფოდ გადაქცევას შეეცადა.

ჩემი აზრით, მთავარი ის არის, რომ ალიენდეს პოლიტიკამ მისი შეიარაღებული გზით გადაყენება გამოიწვია და ქვეყნის მმართველად გენერალ პინოჩეტის ხელმძღვანელობით სამხედრო ხუნტის მოსვლა განაპირობა.

გასაგები მიზეზების გამო, თითქმის ყველა სამხედრო ხუნტა ეკონომიკური თავისუფლების წინააღმდეგია. სამხედრო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ცენტრიდან იმართება: გენერალი უბრძანებს პოლკოვნიკს, პოლკოვნიკი - კაპიტანს, კაპიტანი - ლეიტენანტს და ა.შ. საბაზრო ეკონომიკა კი ქვემოდან იმართება: მომხმარებელი ეუბნება გამყიდველს, გამყიდველი - საბითუმო მოვაჭრეს, საბითუმო მოვაჭრე -მწარმოებელს და მწარმოებელი აწვდის მას პროდუქციას. სამხედრო სისტემას საბაზრო ეკონომიკის საპირისპირო პრინციპები უდევს საფუძვლად.

პინოჩეტი და სამხედრო ხუნტა იძულებული იყვნენ, თავისუფალი ბაზრის პრინციპები შემოეღოთ, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ისინი ერთხანს ცდილობდნენ ეკონომიკის სათავეში სამხედრო ოფიცრები ჰყოლოდათ, მაგრამ მათი რეჟიმის პირველი რვა-ცხრა თვის მანძილზე ინფლაცია გაორმაგდა. როდესაც ინფლაციის დონე 700-დან 1 000%25-მდე ავიდა, იძულებული გახდნენ რამე ეღონათ. აღმოჩნდა, რომ ეკონომისტთა ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ალიენდესთან კავშირში არ იმყოფებოდა და სოციალიზმის ლაფში ამოსვრილი არ იყო, ე.წ. „ჩიკაგოელი ბიჭების“ ჯგუფი იყო. მათ “ჩიკაგოელი ბიჭები» იმიტომ ერქვათ, რომ თითქმის ყველას ჩიკაგოს უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და დოქტორის ხარისხებიც ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჰქონდათ დაცული. სოციალიზმის ლაფმა ისინი იმიტომ ვერ გასვარა, რომ იმ დროს შეერთებულ შტატებში ჩიკაგოს უნივერსიტეტი თითქმის ერთადერთი სასწავლო დაწესებულება იყო, სადაც ეკონომიკის ფაკულტეტზე თავისუფალი ბაზრის სპეციალისტთა ძლიერი ჯგუფი ასწავლიდა. ამიტომ, საგონებელში ჩავარდნილმა პინოჩეტმა საშველად სწორედ მათ მიმართა.

პინოჩეტის პოლიტიკური რეჟიმის შესახებ კარგს ვერაფერს ვიტყვი. ეს იყო საშინელი პოლიტიკური რეჟიმი. ნამდვილი სასწაული ის კი არ არის, თუ რა კარგად ააწყო ჩილემ ეკონომიკა, არამედ ის, რომ სამხედრო ხუნტამ თავისი პრინციპების წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა და მხარი დაუჭირა თავისუფალი ბაზრის თავგადადებულ მომხრეთა მიერ მოფიქრებულ საბაზრო რეფორმას. შედეგები შთამბეჭდავი იყო. ინფლაცია მკვეთრად შემცირდა. ინფლაციასთან ბრძოლისას გარდაუვალი ეკონომიკური ჩამორჩენილობისა და წარმოების შემცირების მოკლე პერიოდის შემდეგ წარმოება კვლავ გაფართოვდა. მას შემდეგ ჩილეს ეკონომიკა სამხრეთ ამერიკის ნებისმიერ სხვა ქვეყნაზე გაცილებით უკეთ ვითარდება.

ახლა, ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადავინაცვლებ. ეკონომიკური თავისუფლების შედეგად მიღწეულმა ეკონომიკურმა აღორძინება-განვითარებამ, თავის მხრივ, მეტი პოლიტიკური თავისუფლების სურვილი აღძრა ჩინეთის საზოგადოებაში, სადაც იქაურმა რეჟიმმა 1976 წლიდან ეკონომიკის ერთერთ სექტორში - სოფლის მეურნეობაში ეკონომიკური თავისუფლების გაზრდის შედეგად დიდ წარმატებას მიაღწია. ამას მოჰყვა პოლიტიკური თავისუფლების მოთხოვნა, რაც უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა და რამაც ხალხი ტიანანმენის მოედანზე მიიყვანა.

ეკონომიკური თავისუფლებისა და ეკონომიკური წარმატების მიღწევის შემდეგ პოლიტიკური თავისუფლებისათვის ბრძოლა დაიწყო ჩილეში, რაც, საბოლოოდ, რეფერენდუმით დამთავრდა და რის შედეგად პოლიტიკური დემოკრატია დამკვიდრდა. ახლა, უკვე დიდი ხანია, ჩილემ სამივე სახის თავისუფლება მოიპოვა: პოლიტიკური, ეკონომიკური და პიროვნული. კვლავაც საინტერესო იქნება ჩილეს ექსპერიმენტს ვადევნოთ თვალყური. შეძლებს ის სამივე სახის თავისუფლების შენარჩუნებას თუ, რაკი პოლიტიკური თავისუფლება გააჩნია, ეს ეკონომიკური თავისუფლების მოსპობას ან შეზღუდვას დაიწყებს?

პარადოქსია, რომ ეკონომიკური თავისუფლება პოლიტიკურ თავისუფლებას წარმოშობს, ხოლო პოლიტიკური თავისუფლება სპობს მას. ამ პარადოქსის ასახსნელად საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ თავისუფალი, კერძო მესაკუთრეობაზე დაფუძნებული ბაზარი მხოლოდ ჩვეულებრივ ვიწრო ეკონომიკურ გარიგებებს კი არ გულისხმობს, არამედ გაცილებით მეტს. ბაზარი ყველა ქვეყანას აქვს. ის რუსეთსაც კი ჰქონდა თავის ყველაზე უკიდურეს ტოტალიტარულ ეტაპზე. მაგრამ ბაზარი სხვადასხვა სახისაა. კერძო ბაზარზე ადამიანები გარიგებებს საკუთარი თავისთვის დებენ ან გარკვეულ ადამიანთა აგენტებს წარმოადგენენ და არა სახელმწიფო აგენტებს. რუსეთში ბაზარი კი არსებობდა და საბაზრო ოპერაციები მთელ ტერიტორიაზე წარმოებდა, მაგრამ ადამიანები ოპერაციებს საკუთარი თავისთვის კი არ აწარმოებდნენ ან გარკვეულ ადამიანთა აგენტებს კი არ წარმოადგენდნენ, არამედ სახელმწიფო აგენტებს, მთელი საზოგადოების აგენტებს. კერძო ბაზარი ძალიან განსხვავდება სახელმწიფო ბაზრისგან. აბსოლუტურად კერძო ბაზარზე ორი ადამიანი ერთმანეთს შორის ყველა ოპერაციას საკუთარი კეთილდღეობისთვის აწარმოებს ან გარკვეულ ადამიანთა აგენტებს წარმოადგენენ.

დასასრულ, შეიძლება კერძო ბაზარი გქონდეთ, მაგრამ ის შეიძლება იყოს თავისუფალი ან არ იყოს, იმის მიხედვით, თუ რამდენად ნებაყოფლობითია ოპერაციები. ყველა ოპერაცია სრულიად ნებაყოფლობითი მხოლოდ თავისუფალ კერძო ბაზარზეა შესაძლებელი. ზემოთ ჩემ მიერ დასახელებული კერძო ბაზრებიდან ბევრი თავისუფალ კერძო ბაზარს არ წარმოადგენს. ლათინური ამერიკის ქვეყნებში მრავალი კერძო ბაზარია, მაგრამ ყველა თავისუფალ კერძო ბაზარს არ წარმოადგენს. ინდოეთში არსებობს კერძო ბაზარი, მაგრამ ის თავისუფალი არ არის, რადგან იქ ზოგიერთი ნებაყოფლობითი ოპერაცია ნებადართული არ არის. ერთ ადამიანს მეორესთან საქონლის ან მომსახურების გაცვლების წარმოება მხოლოდ მთავრობის ნებართვის შემთხვევაში შეუძლია. მე ვიტყოდი, რომ მსოფლიოში აბსოლუტურად თავისუფალი ბაზარი არ არსებობს. შესაძლოა, ჰონგ-კონგი იდეალთან ყველაზე ახლოს არის, მაგრამ, ყველა საუკეთესო შემთხვევაში, სადაც კი ასეთი ბაზარი არსებობს, თითქმის ყველგან ის ნაწილობრივ თავისუფალ კერძო ბაზარს წარმოადგენს, რომელსაც ხელს ძალიან უშლიან.

ადამიანთა ნებაყოფლობითი თანამშრომლობის მექანიზმს თავისუფალი კერძო ბაზარი წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ეკონომიკურ ოპერაციებს კი არ ეხება, არამედ ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროსთვის გამოდგება. საიდან წარმოიშვა ჩვენი სასაუბრო ენა? რომელიმე სამთავრობო ერთეულმა შექმნა ის და მერე დაავალა ხალხს მისი გამოყენება? რომელიმე სამთავრობო კომისიამ შექმნა გრამატიკის წესები? არა, ჩვენი სასაუბრო ენა საბაზრო ეკონომიკის საშუალებით განვითარდა. ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებდნენ, მათ ერთმანეთთან საუბარი სურდათ და საუბარში გამოყენებული სიტყვები თანდათან ამა თუ იმ საგნის აღმნიშვნელი ხდებოდა. გრამატიკაც მთლიანად თავისუფალი ნებაყოფლობითი გაცვლის შედეგად გაჩნდა.

ავიღოთ მეორე მაგალითი - მეცნიერება. როგორ განვითარდა მრავალდარგოვანი ფიზიკა, ეკონომიკა ან სხვა რომელიმე დარგი? ესენიც თავისუფალ კერძო ბაზარზე განვითარდა და კვლავაც ვითარდება. მეცნიერები ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებენ, ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან, რადგან ნებისმიერი გაცვლის შედეგად სარგებელს ორივე მხარე იღებს.

თავისუფალი კერძო ბაზრის დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ გარიგებაში მონაწილე ორივე მხარეს სჯერა, ამის შედეგად უფრო შეძლებული გახდება. ეს „ნულოვანი ჯამის თამაში“ კი არ არის, სადაც მხოლოდ სხვების ხარჯზე შეიძლება სარგებლობის მიღება, არამედ, ეს ისეთი ვითარებაა, სადაც ყველა მოგებული რჩება.

თავისუფალი კერძო ბაზარი ისეთი მექანიზმია, რომელიც ადამ სმითისეული უხილავი ხელით თავისთავად, წინასწარი განზრახვის გარეშე წარმოშობს თანამშრომლობის რთულ სტრუქტურას. თავისუფალ კერძო ბაზარზე ყოველგვარი იძულება გამორიცხულია. ადამიანები ნებაყოფლობით აწარმოებენ ოპერაციებს ერთმანეთთან არა იმიტომ, რომ ვინმე ავალებს ან აიძულებს, ან იმიტომ, რომ ამ საქმეში ჩაბმულ ადამიანებს ერთმანეთი მოსწონთ, ან იმიტომ, რომ ერთმანეთს იცნობენ, ან ერთმანეთის მიმართ რაიმე ინტერესი აქვთ. შეიძლება მათ სძულდეთ კიდევაც ერთმანეთი. ყოველდღიურად ყოველი ჩვენგანი მსოფლიო მასშტაბით გაუცნობიერებლად აწარმოებს გარიგებას იმ ადამიანებთან, ვისაც არ ვიცნობთ და ვინც ჩვენ არ გვიცნობს. არც ერთი ზემდგომი სააგენტო არ ავალებს მათ, რომ ჩვენთვის რამე აწარმოონ. შეიძლება მათ სხვადასხვა რელიგია და სხვადასხვა ფერის კანი ჰქონდეთ ან სხვადასხვა რასას ეკუთვნოდნენ. ფერმერს, რომელსაც ხორბალი მოჰყავს, არ აინტერესებს მას თეთრკანიანი შეიძენს თუ შავკანიანი, ვინმე კათოლიკე თუ პროტესტანტი; ის ადამიანი კი, ვინც მას ყიდულობს, არ დაეძებს, თეთრკანიანმა მოიყვანა ის თუ შავკანიანმა, კათოლიკემ თუ პროტესტანტმა. ამგვარად, თავისუფალი კერძო ბაზრის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გარიგების ყველა მონაწილეს სჯერა, მოგებული დარჩება.

ადამიანის თავისუფლების, ისევე, როგორც თავისუფალი კერძო ბაზრის, საფუძველი არის ადამიანის უფლება, რომ საკუთარი გადაწყვეტილება თვითონვე მიიღოს, იმდენად, რამდენადაც ეს იმავე უფლების გამოყენებაში ხელს არავის შეუშლის. მე ვფიქრობ, აქედან ცხადი ხდება, თუ რატომ არის თავისუფალი კერძო ბაზარი ასე მჭიდრო კავშირში პიროვნულ თავისუფლებასთან. ეს ერთადერთი მექანიზმია, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ რთული ურთიერთკავშირების მქონე საზოგადოება ქვემოდან ზემოთ ავაგოთ და არა ზემოდან ქვემოთ, თუმცა, აქედან ისიც ცხადი ხდება, თუ რატომ წარმოადგენს თავისუფალი საზოგადოება ასეთ იშვიათობას - ის ძალაუფლებას ზღუდავს. იქ ცუდ ადამიანებს ბოროტი საქმეების კეთება უჭირთ, მაგრამ კეთილ ადამიანებსაც საკმაოდ უჭირთ სიკეთის კეთება. თავისუფლების ფარული თუ აშკარა მოწინააღმდეგენი ფიქრობენ, რომ მათ ყველაზე უკეთ იციან, თუ რა არის კარგი და ძალაუფლება იმისთვის უნდათ, რომ ადამიანებს ის აკეთებინონ, რაც მათთვისვეა კარგი.

ბოლო ხანს აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის ნგრევის მართლაცდა საოცარმა მოვლენამ ხელახალი სიმწვავით წამოჭრა ის საკითხები, რაზედაც ახლა ვსაუბრობთ. ამ ქვეყნებში თავისუფალ ბაზარზე გადასვლის შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ჯერჯერობით წარმატება უმნიშვნელოა. წარსულში, ფეოდალიზმის, სამხედრო ხუნტებისა თუ ავტოკრატიული მმართველობების დროს, თავისუფალი ბაზრები სხვადასხვა გზით განვითარდა. უმეტესად ეს შემთხვევით მოხდა და არა გამიზნულად. სრული შემთხვევითობა იყო, რომ ჰონგ-კონგში თავისუფალი ბაზარი განვითარდა, და თუ ეს შემთხვევითობა არ იყო, მხოლოდ იქ გაგზავნილ კოლონიურ მოხელეებს თუ შეეძლოთ ამის დაგეგმვა, მაგრამ აშკარაა, მათ შემთხვევით შეუწყვეს ხელი თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბებას, ყოველ შემთხვევაში მოვლენათა ასეთ განვითარებას ხელი არ შეუშალეს. თავისუფალი ბაზრის განვითარება ბუნებრივად არც შეერთებულ შტატებში მომხდარა - ეს შემთხვევითობა იყო. უბრალოდ, შესაძლოა, ჩვენ ძალიან განსხვავებული გზა ავირჩიეთ. ამ განსხვავებულ გზას 1830-იანი წლების ბოლოს დავადექით, მას შემდეგ, რაც საყურადღებო გაკვეთილი ვიწვნიეთ; მას შემდეგ, რაც მთავრობამ, არხებისა და ფასიანი გზების მშენებლობის მიზნით, ფართო ღონისძიებები გაატარა და ბანკების კონტროლი დაიწყო. სახელწიფო ბანკები ოჰაიოში, ილინოისში და სხვა შტატებში შეიქმნა. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ „1837 წლის პანიკის“ დროს ყველა ეს ბანკი გაკოტრდა. ყოველივე ამან ხალხში მოსპო რწმენა, რომ ქვეყანა მთავრობამ უნდა მართოს. გაჩნდა აზრი, რომ ყველა მთავრობას ისევ ძალზედ შეზღუდული უფლებამოსილებების მქონე და მცირერიცხოვანი მთავრობა სჯობს.

მართალია, თავისუფალი საზოგადოება სრულიად სხვდასხვა გზით შემთხვევით ჩამოყალიბდა, მაგრამ აქამდე არ არსებობს იმის მაგალითი, რომ ტოტალიტარული ქვეყანა თავისუფალ საზოგადოებად წარმატებით გარდაქმნილიყო. ამიტომ არის ასე საინტერესო ის, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება. ისეთი რამის მოწმე გავხდით, რაც აქამდე არ გვინახავს. ჩვენც ვიცით და მათაც იციან, რომ ძალიან მარტივი რამ არის გასაკეთებელი. როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ხალხს ვხვდები, სამი სიტყვით ვეუბნები რა არის საჭირო: პრივატიზაცია, პრივატიზაცია და პრივატიზაცია. მთავარია, ამისთვის პოლიტიკური ნება არსებობდეს და ეს სწრაფად მოხდეს. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ამის გაკეთებას?

მაგრამ ის, რაც ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია და რისი განსაკუთრებული აღნიშვნაც მსურს, ის არის, რომ ეს მხოლოდ მათი პრობლემა კი არ არის, არამედ ჩვენიც. ჩვენ მათგან ისევე უნდა ვისწავლოთ, როგორც მათ ჩვენგან. რაში მდგომარეობდა მათი პრომლემა კომუნიზმის დროს? - ძალიან დიდი, ძალიან აბეზარი და ძალიან ძლევამოსილი მთავრობა. ახლა გეკითხებით, რა პრობლემის წინაშე დგას დღეს შეერთებული შტატები? ჩვენ შედარებით თავისუფალი სისტემა გვაქვს; ეს დიდი ქვეყანაა და დიდი თავისუფლებაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ ამ თავისუფლებას ვკარგავთ. გარკვეულწილად, ჩვენ ჩვენ მიერ დაგროვებული კაპიტალით ღირსეულად ვცხოვრობთ. ეს ქვეყანა 150-ზე მეტი წლის განმავლობაში შენდებოდა, რაშიც მთავრობას, როგორც წესი, ძალიან მცირე როლი მიუძღვის. ჯერ კიდევ 1929 წელს შეერთებული შტატების სამთავრობო ხარჯები მთელი ეროვნული შემოსავლის 12%25-ზე მეტი არ იყო, ეს იგივე მონაცემია, რაც თანამედროვე ჰონგ-კონგში ფიქსირდება. ფედერალური ხარჯები ეროვნული შემოსავლის დაახლოებით 3-4%25-ს შეადგენდა. გამონაკლისს სამოქალაქო ომისა და მეორე მსოფლიო ომის წლები წარმოადგენს, როდესაც მისი ნახევარი შეიარაღებულ ძალებზე დაიხარჯა, ნახევარი კი ყველა დანარჩენზე. სახელმწიფომ და ადგილობრივმა მთავრობებმა ორჯერ მეტი დახარჯეს, ადგილობრივმა მთავრობებმა კი უფრო მეტი, ვიდრე სახელმწიფომ. იმ დროიდან დღევანდლამდე ვითარება მკვეთრად შეიცვალა. როგორც ამბობენ, მთელი სამთავრობო ხარჯები ეროვნული შემოსავლის 43%25-ს შეადგენს, რომლის ორი მესამედი ფედერალურია. ამასთანავე, მთავრობა უშუალო ხარჯვის გარდა, კერძო ბაზარზე მიმდინარე ოპერაციებსაც ინტენსიურად აკონტროლებს. მაგალითად, ის უფლებას არ მოგცემთ ყველაზე იაფ ბაზარზე შეიძინოთ შაქარი; გაიძულებთ მსოფლიო ფასებზე ორჯერ უფრო მეტი გადაიხადოთ. მთავრობა ხელფასებთან, სამუშაო საათებთან, დაბინძურების საწინააღმდეგო სტანდარტებთან და სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილებას აიძულებს საწარმოებს. ამათგან, შეიძლება ბევრი რამ კარგია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რესურსების გამოყენების გზებს მთავრობა გვკარნახობს და ეს, როგორც წესი, არაეფექტიანია. ერთი სიტყვით, ეს ჩვენთვის უკვე ნაცნობი სოციალიზმია.

სადღეისოდ, ჩვენი რესურსების მთავრობის მიერ კონტროლირებადი წილის მიხედვით, შეერთებული შტატების 50%25-ზე მეტი სოციალისტურია. კიდევ კარგი, სოციალიზმს ჯერჯერობით დანარჩენი 50%25-ის გაკონტროლება არ ძალუძს. კიდევ კარგი, მთავრობა მის დიდ ნაწილს ვერ იყენებს. ხალხი წუხს ამაზე, მე კი არა. მე უბრალოდ მაჟრჟოლებს, როდესაც ვფიქრობ, თუ რა ბედი ეწევა ამ ქვეყანაში თავისუფლებას, როცა მთავრობას ჩვენი ფულის დახარჯვის შესაძლებლობა გაუჩნდება. საბედნიეროდ, ჩვენი კერძო სექტორი ისეთი მძლავრია, ისე ეფექტიანია, რომ მან მთელი ჩვენი რესურსების ნახევარზე ნაკლებით ცხოვრების ისეთი დონე შექმნა, მსოფლიოს სხვა ქვეყნები შურის თვალით გვიყურებენ.

ყველა პრობლემა, რაც ამ ქვეყნის წინაშე დგას, მხოლოდ გადაჭარბებული სოციალიზმისგან მომდინარეობს. თუ ჩვენი დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემას გადახედავთ, ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე, თითოეულ მოსწავლეზე გაანგარიშებით, მთავრობამ რეალურად გაასამმაგა ხარჯები, რამაც ხელი შეუწყო ინფლაციას და თანაც, როგორც ტესტების შედეგები გვიჩვენებს, განათლება უარესობისკენ მიდის; მაღალია სკოლიდან გარიცხულთა დონე; არ არსებობს ფუნქციური განათლება. რა არის აქ გასაკვირი? შეერთებულ შტატებში, შეიარაღებული ძალების შემდეგ, დაწყებითი და საშუალო სასკოლო განათლების სისტემა ყველაზე დიდ სოციალისტურ საწარმოს წარმოადგენს. რატომ იქნება სოციალიზმი ჩვენთვის უფრო უკეთესი, ვიდრე რუსეთისთვის? სინამდვილეში, მათთვის უფრო უკეთესი უნდა იყოს, მათ ხომ უფრო მეტი გამოცდილება აქვთ. სამედიცინო მკურნალობის სფეროს თუ გადახედავთ, რაც ახლა მეორე მთავარი პრობლემაა, მთელი სამედიცინო მკურნალობის ხარჯები ეროვნული შემოსავლის 4-იდან 13%25-მდე გაიზარდა - ნახევარზე მეტი სამთავრობო ხარჯების სახით. ხარჯები გაიზარდა და საკმაოდ ნათელია, რომ შედეგი იმავე თანაფარდობით სულაც არ გაზრდილა. ავტომრეწველობა იმდენ ავტომანქანას უშვებს, რომ მის შეძენას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, თუ მოისურვებს. არა მგონია, აქ რამე პრობლემა იყოს, მაგრამ ჩვენი მთავრობა გზებს ვერ გვიკეთებს, რომ ვიაროთ. საავიაციო მრეწველობას შეუძლია თვითმფრინავები გამოუშვას, ავიაკომპანიები კი პილოტებს მოამზადებენ, მაგრამ მთავრობა რატომღაც სათანადო რაოდენობის ასაფრენ ზოლებსა და ავიადისპეტჩერებს ვერ უზრუნველყოფს. დამისახელოს ვინმემ შეერთებული შტატების რაიმე მნიშვნელოვანი პრობლმა, რაც ყოვლისმწვდომი მთავრობის ჩარევით არ იყოს გამოწვეული.

დამნაშავეობა იზრდება; ჩვენი ციხეები გადატვირთულია; ცენტრალურ ქალაქებში ცხოვრება მთლად აუტანელი ხდება იმის გამო, რომ „კეთილი მიზნების“ პროგრამამ არ გაამართლა. „კეთილი მიზნები“ ამ შემთხვევაში ნარკომანიასთან ბრძოლის პროგრამაა, რის შედეგადაც ნარკოტიკების მოხმარება უმნიშვნელოდ შემცირდა ან სულ არ შემცირებულა, უდანშაულო მსხვერპლთა რაოდენობა კი ძალიან გაიზარდა. ამ პროგრამამ გაცილებით დიდი ზიანი მოიტანა, ვიდრე სიკეთე, თანაც არამარტო ქვეყნის შიგნით. რა უფლება გვაქვს დავანგრიოთ სხვა ქვეყნები, მაგ., კოლუმბია - მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენივე ქვეყნაში ჩვენივე კანონების დაცვა არ შეგვიძლია?

ნაკლებად უნდა გვქონდეს იმედი, რომ ჩვენს შედარებით თავისუფალ სისტემას უპრობლემოდ შევინარჩუნებთ. აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური სახელმწიფოების დაშლა ჩვენთვის მისალოცი ამბავი იყო, რამაც თვითკმაყოფილებისა და თვითდამშვიდების ელემენტები ჩაგვინერგა. ყველა ამბობდა, „ოჰ, ჩვენ რა კარგად ვართ! ხედავთ, ჩვენ სწორი გზით მივდივართ“. მაგრამ, ჩვენ მათგან მთავარი გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ. ეს გაკვეთილი კი იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობას ძალიან რეალური ფუნქციები აკისრია და, თუ ამ ფუნქციებს არ შეასრულებს და გზას ასცდება, პიროვნულ და ეკონომიკურ თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება.

მე მაინც გამოუსწორებელ ოპტიმისტად ვრჩები და მჯერა, რომ შეერთებული შტატები დიდი ქვეყანაა და ჩვენი პრობლემები, როგორც ასეთი, ხალხისგან კი არ მომდინარეობს, არამედ ჩვენი სამთავრობო სტრუქტურით არის განპირობებული. მთავრობა მრავალ სფეროში არასწორად გვმართავს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მთავრობაში ცუდი ხალხია ან მათ ცუდი ზრახვები აქვთ. ისინი, ვინც ჩვენს მთავრობას ხელმძღვანელობენ, ისეთივე ხალხია, როგორიც ყველა. ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ თუ შესაფერის ადამიანებს ავირჩევთ, ამით ვითარებას გამოვასწორებთ. ჩვენ შეიძლება შესაფერისი ადამიანები ავირჩიოთ, მაგრამ როგორც კი ვაშინგტონში მოხვდებიან, ისინიც არასწორად მოიქცევიან. მეც და თქვენც ასე მოვიქცეოდით. მე არ ვამბობ, რომ ამაში რაიმე განსაკუთრებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ჩვენს პირად ცხოვრებაში, და მათ, თავიანთ სამთავრობო ცხოვრებაში, ერთი მოტივი გვამოძრავებს: საკუთარი ინტერესები. ერთხელ არმენ ალჩიანმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა: „იცით რა, უნდა გჯეროდეთ, რომ არსებობს ერთი რამ, რასაც ყველა გააკეთებს: უნდა გჯეროდეთ, რომ თავის ინტერესებს ყველა თქვენსაზე მაღლა დააყენებს“. ეს ყველა ჩვენგანს ეხება, როგორც კერძო სექტორში, ისე სამთავრობოში. ამ ორს შორის განსხვავება არც ხალხთან არის დაკავშირებული, არც რაიმე საგანგებო მოტივთან. ეს განსხვავებული ადამიანების ინტერესების მრავალფეროვნების ბრალია. კერძო ეკონომიკაში მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც ჩვენ თავისუფალი კერძო ბაზარი გვაქვს, ერთი მხარე მხოლოდ მაშინ იღებს სარგებელს, როცა მეორე მხარეც ხეირობს. სხვის ხარჯზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლებელია. სახელმწიფო ბაზარზე სულ სხვა ვითარებაა. კერძო ბაზარზე თქვენმა წამოწყებულმა საქმემ თუ არ გაამართლა, ისღა დაგრჩენიათ, საკუთარი ჯიბეები მოიქექოთ ამ საქმის გასაგრძელებლად. ეს იქნება თქვენთვის ერთადერთი გამოსავალი. მაგრამ თუ მთავრობაში ხართ, სხვა გამოსავალიც არსებობს. მთლად კეთილი მიზნითა და კეთილი ნებით არავინ აღიარებს თავის შეცდომას, თქვენ კი შეგეძლებათ თქვათ: „ოჰ, წარუმატებლობის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ საკმარისად არ ვიმუშავეთ. ნარკომანიის საწინააღმდეგო პროგრამის წარუმატებლობის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ საკმარისი ფული არ დავხარჯეთ მასზე“. ეს კი თქვენი საკუთარი ფული არ არის. შესაბამისად, აქ საქმე სხვაგვარად დამთავრდება. თქვენ, შესაძლოა, გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე კვლავ გაზარდოთ თქვენი პროგრამის დაფინანსება, თუ საკმაოდ დამაჯერებლად ილაპარაკებთ და თუ საკმაოდ კარგად ფლობთ სადავეებს. ამიტომაც, წარუმატებელი კერძო პროექტი დაიხურება იმ დროს, როდესაც წარუმატებელი სახელმწიფო პროექტი გაგრძელდება.

ერთადერთი, რითაც შეიძლება ეს ვითარება შევცვალოთ, არის პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლა. ამ მხრივ ყველაზე საიმედოდ მთავრობის სამოქმედო ვადის შეზღუდვის მოთხოვნით საზოგადოების დიდი ზეწოლა მეჩვენება. მართლაც, ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ ის.

მსურს ცოტა ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულო. დაახლოებით 200 წლის წინ, ერთი ინგლისური გაზეთი წერდა: „მსოფლიოში 775 300 000 ადამიანია. რასაკვირველია, აქედან 741 800 000 ადამიანს ავტოკრატიული მთავრობა მართავს, თავისუფალი მთავრობა კი მხოლოდ 33 500 000 მილიონს. მთლიანობაში, მონები ოცდასამჯერ უფრო ბევრია, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც რაიმე ხარისხით ადამიანური უფლებები გააჩნია“ [ციტირებული წიგნიდან Forrest McDonald, Novus Ordo Seclorum (Lawrence: University Press of Kansas, 1985), p.9]. მართალია, ახლანდელი მონაცემები ასე დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ, „თავისუფლების სახლის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, მიახლოებით დავითვალე და დავადგინე, რომ მონები ისევ გაცილებით მეტია, ვიდრე თავისუფალი ადამიანები. თუმცა მათი რაოდენობრივი თანაფარდობა თავისუფალ ადამიანებთან მიმართებაში ორი საუკუნის წინანდელი 23:1-დან 3:1-ზე ჩამოვიდა. ჩვენი მიზნისგან - აბსოლუტურად თავისუფალი სამყაროსაგან, ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე მიღწეული გასაოცარი პროგრესი უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე წინა ორი ათასწლეულის მიღწევები. იმედი ვიქონიოთ და ვეცადოთ ეს პროგრესი კვლავაც გაგრძელდეს.

11 კაპიტალიზმის დაცვა კაპიტალისტებისგან (გამოქვეყნდა 1997 წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ჯორჯ რეისმანი

1935 ჯორჯ რეისმანმა სამეცნიერო ხარისხი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ის ლუდვიგ ფონ მიზესის ხელმძღვანელობით სწავლობდა. სადღეისოდ, ის პეპერდინის უნივერსიტეტის პროფესორი და საბაზრო ურთიერთობების მკვლევარია. ნიშანდობლივია, რომ ის აინ რენდის მიერ ჩამოყალიბებულ „ობიექტივისტთა“ ფილოსოფიური წრის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელია.

ფასიანი ქაღალდებითა და უძრავი ქონებით მოვაჭრე მულტიმილიონერმა ჯორჯ სოროსმა 1997 წლის თებერვალში ჟურნალ „The Atlantic Monthly“-ში გამოაქვეყნა ნარკვევი „კაპიტალისტის მუქარა“. ამ ნარკვევის დედააზრი, სოროსის განცხადებით, ის არის, რომ თანამედროვე თავისუფალ საზოგადოებას მთავარი საფრთხე სრულიად თავისუფალი საზოგადოების, ანუ შეუზღუდავი კაპიტალიზმის (ლაისსეზფაირე ცაპიტალისმ) მხრიდან ემუქრება.

შეიძლება სოროსი ამ განცხადების აშკარა წინააღმდეგობრივ ხასიათს ვერ ამჩნევს, რადგან ის „თავისუფალი საზოგადოების“ ნაცვლად ბუნდოვან ფრაზას „ღია საზოგადოებას“ ხმარობს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ „ღია საზოგადოებაში” რაღაც სასურველ რამეს გულისხმობს, აშკარაა, ის თავისუფალ საზოგადოებაზე საუბრობს. მაგალითად, თავად სოროსი წერს: „შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია ღია საზოგადოების პრინციპებთან საკმაოდ ახლოს დგას...“

სოროსი თავისი განცხადების დასასაბუთებლად ორსტრიქონიან არგუმენტს გვთავზობს. პირველ სტრიქონს შეიძლება ეპისტემოლოგიური არგუმენტი ეწოდოს, მეორეს კი - ეკონომიკური.

სოროსის ეპისტემოლოგიური არგუმენტი

სოროსის ეპისტემოლოგიური არგუმენტის მიხედვით: შეუზღუდავ კაპიტალიზმს, კომუნიზმსა და ნაციზმს ერთი მნიშვნელოვანი საერთო თვისება გააჩნია. ის წერს: „მართალია, მარქსიზმ-ლენინიზმისა ან ნაციზმის რასობრივი სიწმინდის იდეებისგან განსხვავებით, ჩაურევლობის დოქტრინა ღია საზოგადოების პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ყველა ამ დოქტრინას ერთი მნიშვნელოვანი საერთო თვისება აქვს: თითოეული მათგანი ცდილობს მეცნიერულად დაასაბუთოს, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ქადაგებს”. სოროსი აცხადებს: „აბსოლუტური ჭეშმარიტება კაცობრიობისთვის მიუწვდომელია და საზოგადოებას იძულებით ახვევენ თავს ყველა ამ იდეოლოგიას [რომელთაც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას უწოდებენ]“.

ჩანს, სოროსს ესმის, რომ „ფაშიზმიც და კომუნიზმიც... სახელმწიფო ძალაუფლებას ადამიანის თავისუფლების ჩასახშობად იყენებდა“. მაგრამ შეუზღუდავი კაპიტალიზმი სახელმწიფოს მხრიდან ფიზიკურ ძალადობას კი არა, არამედ ადამიანის ყოველმხრივ თავისუფლებას გულისხმობს და, საოცარია, რომ მან შეუზღუდავი კაპიტალიზმი ამ დოქტრინათა კატეგორიას მიაკუთვნა. დღევანდელი სახელმწიფო სისტემის მხრიდან ეკონომიკურ ურთიერთობებში ყოველმხრივი ჩარევების სრულიად საპირისპიროდ, შეუზღუდავი კაპიტალიზმი სახელმწიფო საქმედ მხოლოდ ინდივიდის აგრესიისგან დაცვას მიიჩნევს, როგორიცაა მკვლელობა, ყაჩაღობა, გაუპატიურება, თაღლითობა და უცხო სახელმწიფოების თავდასხმა. სახელმწიფომ ამ მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციას არ უნდა გადაუხვიოს. ის არც ადამიანების ეკონომიკურ საქმიანობაში და არც მათი რელიგიური მრწამსისა თუ სქესობრივი ცხოვრების საკითხებში ან სხვა რომელიმე სფეროში არ უნდა ერეოდეს.

სოროსი შეიძლება ერთგვარ უხერხულობას გრძნობს შეუზღუდავი კაპიტალიზმის ამგვარი შეფასების გამო, რადგან შემდეგ, მრავალ ადგილას ცდილობს, ეს გამონათქვამი ცოტათი მაინც შეარბილოს. მნიშვნელოვანი „საერთო მახასიათებლის“ შესახებ ზემოხსენებული მოკრძალებული, უმნიშვნელო შეფასების შემდეგ ის წერს: „მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეუზღუდავ კაპიტალზმს იმავე კატეგორიას არ მივაკუთვნებ, რასაც ფაშიზმს ან კომუნიზმს. ტოტალიტარული იდეოლოგიები ღია საზოგადოების დანგრევას შეგნებულად ცდილობენ; მაგრამ საფრთხე მას ჩაურევლობის პოლიტიკამაც შეიძლება შეუქმნას, თუმცა მხოლოდ უნებურად“. რამდენიმე ფრაზის შემდეგ კი ის აცხადებს: „და მაინც, იმის გამო, რომ კომუნიზმიც და სოციალიზმიც მთლად დისკრედიტირებულია, ჩემი აზრით, დღეს ჩაურევლობა უფრო საშიშია, ვიდრე ტოტალიტარული იდეოლოგიები“. როგორადაც არ უნდა უარყოფდეს, ამ სიტყვებით ის კიდევ ერთხელ, სრულიად აშკარად მიაკუთვნებს თავისუფალ კაპიტალიზმს იმავე კატეგორიას, რომელსაც ფაშიზმსა და კომუნიზმს. კომუნიზმისა და სოციალიზმის უბრალო დისკრედიტაცია საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შეუზღუდავი კაპიტალიზმი უფრო დიდ საფრთხედ მივიჩნიოთ, ვიდრე ტოტალიტარული იდეოლოგიები, თუკი მას თან მდგომარეობის კიდევ უფრო მეტი გაუარესების პერსპექტივა არ ახლავს. ანალოგიისთვის ჯანმრთელობის სფეროს მაგალითს მივმართოთ. გულისა და კიბოს დაავადების მკურნალობის ან პრევენციის შედეგად შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში სხვა დაავადება განვითარდეს, მაგალითად, ინფარქტი, რომელიც ადამიანისთვის ყველაზე საშიშ დაავადებად ითვლება. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მთავარი ის არის, რომ სიცოცხლის შენარჩუნება პირველმნიშვნელოვანი ამოცანაა, ხოლო ინფარქტი უკიდურესად საზიანოა.

რაც შეეხება ე.წ. ნაკლს, რომელიც, სავარაუდოდ, შეუზღუდავ კაპიტალიზმს ფაშიზმსა და კომუნიზმთან აერთიანებს, სახელდობრ იმას, რომ მათ „აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე აქვთ“ პრეტენზია, სოროსმა, როგორც ჩანს, ის ფაქტი არ იცის, რომ ფაშიზმი და კომუნიზმი ფილოსოფიურად შეუთავსებელია ჭეშმარიტების აბსოლუტურ თუ სხვა სახის დასაბუთებასთან, რადგან ორივე დეტერმინისტული დოქტრინის სხვადასხვა ვარიანტს ეყრდნობა და ლოგიკის უნივერსალურ კანონებზე უარს ამბობს. მარქსიზმის თანახმად, ადამიანის იდეები ტყუილმართალის მისეული განსჯის შედეგად კი არ ყალიბდება, არამედ ავტომატურადაა განსაზღვრული გარკვეული ეკონომიკური კლასის წევრობით და შესაბამისი ეკონომიკური კლასის ინტერესებს გამოხატავს. ამგვარად, პროლეტარებს აშკარა პროლეტარულ ლოგიკაზე აგებული იდეები და კლასობრივი ინტერესები ჰქონდათ, მათ კლასობრივ მტერს, ბურჟუაზიას კი - აშკარა ბურჟუაზიულ ლოგიკაზე აგებული იდეები და ინტერესები. ფაშიზმის თანახმად, „ინტერესებს“ და „ლოგიკას“ რასობრივი წარმომავლობა განაპირობებს და არა ეკონომიკური კლასის წევრობა. ამგვარად, ფაშისტების იდეა არიელობის შესახებ „არიულ ლოგიკას“ და არიული რასის ინტერესებს ეყრდნობოდა, ხოლო მათი მტრების, მაგალითად, ებრაელების იდეები - „ებრაულ ლოგიკას“ და ებრაული რასის ინტერესებს.

აშკარაა, მარქსიზმის მეცნიერებად მიჩნევა რაციონალურ საფუძველს მოკლებულია. პოლილოგიზმისა და კლასობრივი ბრძოლის გარდა, მას საფუძვლად შრომითი ღირებულების თეორია უდევს, რასაც სრულიად აბსურდულ დასკვნებამდე, მათ შორის იმ მოსაზრებამდე მივყავართ, თითქოს, თავად შრომის ღირებულება მისი კვლავწარმოებისთვის საჭირო შრომის რაოდენობით განისაზღვრება, ანუ, შრომის იმ რაოდენობით, რაც მუშახელის ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისთვის არის საჭირო. სწორედ ეს აბსურდული აზრი უდევს საფუძვლად იმ მარქსისტულ მოსაზრებას, რომ მოგების საფუძველი შრომის ექსპლუატაციაა და რომ მასების ეკონომიკური მდგომარეობა კაპიტალიზმის დროს პროგრესულად უარესდება.

ასევე მოკლებულია რაციონალურ საფუძველს ფაშიზმის მეცნიერებად მიჩნევა. ამის მიზეზი მხოლოდ ფაშიზმის პოლილოგიზმი ან რასობრივი და ეროვნული შეუთავსებლობით გამოწვეული კონფლიქტების გარდაუვალობის დოქტრინა კი არ არის, და არც მხოლოდ ის, რომ ფაშიზმი ადამიანთა მოდგმას ცხოველთა მომშენებლის თვალით უყურებს, არამედ, ისიც, რომ მას სოციალიზმისთვის დამახასიათებელი ყველა შეცდომა ახასიათებს (რაც თუნდაც ფასებისა და ხელფასების კონტროლში გამოიხატება), რასაც თან ეკონომიკის ცენტრალიზებული მართვის განხორციელების პრეტენზია ახლავს, ეს კი ეკონომიკური სისტემის მართვაში არც მეტი, არც ნაკლები ყოვლისშემძლე ღვთაებრივი ძალის მონაწილეობას მოითხოვს (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაციზმი Nazional Socialismus (ნაციონალურ სოციალიზმს) უჭერს მხარს.

როგორც ჩანს, სოროსი მარქსიზმისა და ფაშიზმის სერიოზულ, საფუძვლიან კრიტიკას კარგად არ იცნობს. სინამდვილეში, რასობრივი სიწმინდის დოქტრინების ნეგატიურად მოხსენიების გარდა, ის მხოლოდ ერთს ამბობს: „პოპერმა დაამტკიცა, რომ ისეთი თეორია, როგორიც მარქსიზმია, მეცნიერება არ არის“. - თანაც, მისი თქმით, ეს პოპერმა დაამტკიცა და არა მიზესმა და ბემ-ბავერკმა (სოროსი უმთავრესად კარლ პოპერის ფილოსოფიის გავლენას განიცდის).

როგორც ჩანს, სოროსი ადამ სმითისა და დავიდ რიკარდოს შემდგომდროინდელ პროკაპიტალისტურ, ანტისოციალისტურ ეკონომიკურ თეორიებს და პოლიტიკურ ფილოსოფიას თითქმის არ იცნობს. ყველაზე უკეთეს ცოდნას ის ჰაიეკის შესახებ ამჟღავნებს, რომელსაც „ჩაურევლობის პოლიტიკის ერთ-ერთ მომხრეს“ უწოდებს, რაც, სამწუხაროდ, მცდარია, რამდენადაც ჰაიეკი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ისეთ საკვანძო ასპექტს უჭერს მხარს, როგორიცაა სოციალური უზრუნველყოფა. არსად არ ჩანს, რომ სოროსს XX საუკუნეში შეუზღუდავი კაპიტალიზმის ყველაზე დიდი მომხრეების, ლუდვიგ ფონ მიზესისა და ეინ რენდის ნაშრომები ჰქონდეს წაკითხული. ფაქტია, სოროსი იმ თემას, რაზედაც ნარკვევი დაწერა, კარგად არ იცნობს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ის ვერ ერკვევა შეუზღუდავი კაპიტალიზმის მეცნიერულ საფუძვლებში, რომელსაც სრულიად სამართლიანად ეკონომიკურ თეორიად აღიარებს. ის წერს: „არ შეიძლება საბაზრო ეკონომიკა მარქსისტულ ეკონომიკას შევადაროთ.“ მაგრამ იქვე ისეთ ფრაზას იყენებს, რომ უნებლიედ თვითონვე ახდენს ასეთ შედარებას. „მე ვამტკიცებ, რომ ჩაურევლობის იდეოლოგია იმდენადვე ამახინჯებს მეცნიერულ ჭეშმარიტებას, რამდენდაც მარქსიზმლენინიზმი“.

სოროსი თავის ასეთ უცნაურ განცხადებას იმ მოსაზრებაზე აგებს, რომ ჩაურევლობის იდეოლოგიის საფუძველი ეკონომიკური თეორიაა, რამდენადაც ის წმინდა კონკურენციისა და სრულყოფილი ცოდნის იმ დოქტრინას ეფუძნება, რომელსაც არათუ მხარს უჭერენ, არამედ აბსოლუტურ უაზრობად მიიჩნევენ. მაგალითად, წმინდა კონკურენციის დოქტრინის მთავარი დასკვნა ის არის, რომ მეტოქეობა და კონკურენცია საპირისპირო მოვლენაა (სრული ტექსტი და ამ დოქტრინის კრიტიკა იხ. George Reisman, Capitalism, pp. 425-437).

ის აგრეთვე აცხადებს, რომ შეცდომაა წონასწორობის მდგომარეობას ისე მოვეკიდოთ, თითქოს ნამდვილად არსებობდეს, რასაც, მისი აზრით, ეკონომიკური მეცნიერებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. მან არ იცის ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ 1940 წელს მიზესმა დაამტკიცა, რომ ეკონომიკა წონასწორობის მდგომარეობის რეალურ არსებობაზე დამოკიდებული არ არის და რომ ის მხოლოდ აზროვნების უბრალო ბერკეტია, რაც იმის გაგებაში გვეხმარება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბაზრის საბაზისო მონაცემების შემდგომი ცვლილების გარეშე, რომლებიც, სინამდვილეში, მუდმივად ცვალებადია.

ამასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სოროსის განცხადება, რომ ეკონომიკურ თეორიას ის ფაქტი უკარგავს ძალას, რომ ფინანსურ ბაზრებზე დაშვებულმა შეცდომებმა, რაც, სავარაუდოდ, მომავალს არ უწევს ანგარიშს, შეიძლება მომავალი შეცვალოს. მას აზრად არ მოსდის, რომ ეკონომიკური თეორია ასეთი შეცდომების შედეგების გაგების საშუალებას იძლევა (სხვათა შორის, ეს შეცდომები მთავრობის მიერ გამოყოფილი კრედიტების ფართო მასშტაბით გაზრდის შედეგია). მაგალითად, ასეთი შეცდომების შედეგად სხვადასხვა ინვესტორების ქონება და მოგება სხვადასხვა იქნება. სხვადასხვა წარმოების მოცულობა შეიძლება განსხვავებული იყოს, რის შედეგადაც შედარებით მაღალ და შედარებით დაბალ ფასებს მივიღებთ, იმისდა მიხედვით, რა მოჰყვება შეცდომას - გაიზრდება თუ შემცირდება მოთხოვნილება მოცემულ საქონელზე, გაიზრდება თუ შემცირდება მისი მიწოდება. არსებითად, სოროსი ცდილობს, შეუზღუდავი კაპიტალიზმი ღია კარის მტვრევითა და ქარის წისქვილებთან ბრძოლით მოიშოროს თავიდან.

„ღია საზოგადოების“ მსგავსად, „აბსოლუტური ჭეშმარიტებაც“ გაუგებარი ფრაზაა. ამ სიტყვებს სოროსი დამღუპველ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ცოდნასთან მიმართებაშიც, რაც აშკარაა, რადგან ფაქტებსა და ლოგიკაზეა აგებული და იმ დასკვნებთან მიმართებაშიც, რისი აღიარებაც უნებურად, თუმცა იძულებით უწევს, მიუხედავად ფაქტების არსებობისა თუ არარსებობისა. სოროსი, ერთი მხრივ, მეცნიერულად დამტკიცებული შეუზღუდავი კაპიტალიზმის დოქტრინისა და, მეორე მხრივ, ფაშიზმისა და კომუნიზმის ირაციონალური დოქტრინების ერთი ეპისტემოლოგიური ქოლგის ქვეშ მოქცევას მხოლოდ ამ გზით ახერხებს. ის ამას ერთი უბრალო ფრაზით გამოხატავს, როდესაც სამივე დოქტრინის დასახასიათებლად „აბსოლუტურ ჭეშმარიტებას“ იყენებს.

როგორც ჩანს, სოროსს სჯერა, რომ რაციონალური სინამდვილე უბრალოდ შეუძლებელია. ეს მისი თვალსაზრისიდან გამოსჭვივის, როდესაც აცხადებს, რომ „ღია საზოგადოების“ ძირითადი თვისება ადამიანური შეცდომების გაცნობიერებაა - „მე ღია საზოგადოება სრულყოფისკენ მიმავალ საზოგადოებად მესახება. ჩვენ საკუთარ შეცდომებს ვაღიარებთ... ნაცვლად იმისა, რომ ეს პრინციპები [დამოუკიდებლობის დეკლარაციის პრინციპები] თავისთავად აშკარაა, უნდა ვთქვათ, რომ ისინი ჩვენს შეცდომებთან თავსებადნი არიან... შეიძლება ჩვენი ცნობიერების არასრულყოფილების აღიარება ღია საზოგადოების, როგორც სოციალური მოწყობის სასურველი ფორმის დასამკვიდრებლად გამოგვადგეს? საკუთარი შეცდომა იმ დონეზე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამან ბუნებრივად აბსოლუტურ ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანოს“.

ერთ ადგილას სოროსი ისე შორს მიდის, რომ ამბობს: „რატომ ვერავინ აღწევს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას? პასუხი ნათელია: ჩვენ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, რომლის ახსნასაც ვცდილობთ; ჩვენს ცნობიერებას შეუძლია იმ მოვლენებზე მოახდინოს გავლენა, რის მონაწილენიც თვითონ ვართ. ჩვენი ცნობიერება ერთ სამყაროს რომ ეკუთვნოდეს და ჩვენი ცნობიერების კვლევის საგანი მეორეს, ჭეშმარიტება ჩვენს ხელთ იქნებოდა, რადგან ფაქტების შესაბამისი დებულებების ჩამოყალიბება შეგვეძლებოდა. დებულებების უტყუარობის დასადგენად ფაქტები საიმედო კრიტერიუმი იქნებოდა“.

ეს განცხადება, რომელიც პლატონიზმის ელემენტებს შეიცავს, როგორც ჩანს, გულისხმობს, რომ ჩვენ შორეული გალაქტიკის შესწავლის უკეთესი შესაძლებლობები გვაქვს, ვიდრე დედამიწის. იმავე აბზაცში სოროსი აცხადებს, რომ „არსებობს დარგები, სადაც აღნიშნული პირობა [ე.ი. ორი სამყარო, ერთი დამკვირვებლის, მეორე დაკვირვების ობიექტის] დაცულია. ასეთ დარგს ეკუთვნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. მაგრამ... სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებში ჩვენი მოსაზრებანი რეალობის დადგენას უწყობს ხელს. ასეთ ვითარებაში ფაქტები დებულების ჭეშმარიტე ბის დასაბუთების უცილობელ და საიმედო კრიტერიუმებს არ წარმოადგენს“.

ცოტა ქვემოთ ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ ე.წ. სოციალური მეცნიერებები, მაგალითად, ეკონომიკა, ქრონიკულად იმავე მდგომარეობაშია, როგორც ფიზიკის კვანტური მექანიკა, სადაც ჰეისენბერგის გაურკვევლობის პრინციპი მოქმედებს. ის აცხადებს: „სოციალურ მეცნიერებათა თეორიებსა და მათი კვლევის საგანს შორის უკუკავშირი არსებობს, ანუ მათ ისეთი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მოვლენებზე, რაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებას არ შეუძლია“. ჰეისენბერგის ცნობილი გაურკვევლობის პრინციპი გულისხმობს, რომ დაკვირვების წარმოებამ შეიძლება კვანტური ნაწილაკების ქცევაზე ზეგავლენა მოახდინოს; მაგრამ ზეგავლენას დაკვირვება ახდენს და არა თვითონ გაურკვევლობის პრინციპი. სოციალურ სფეროში თეორიას იმ საკითხზე მორგების უნარი შესწევს, რასაც ეხება.

აქ ჭეშმარიტებას წარმოადგენს ის, რომ ეკონომიკა და ყველა სხვა საგანი, რომლის იდეებიც იმ სამყაროზე ახდენს გავლენას, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, მაგალითად, უპირველეს ყოვლისა, ფილოსოფია, თავისი საბაზისო ეპისტემოლოგიით ფიზიკისა და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან არაფრით განსხვავდება. ეკონომიკასა და ფილოსოფიას უნარი შესწევს რეალობაზე ადამიანის ზემოქმედების შედეგები და სხვადასხვაგვარი შედეგების გამომწვევი სხვადასხვა გარემოებები დაადგინოს. ანუ მათ შეუძლიათ ადამიანის მიერ დღევანდლამდე შექმნილი სამყარო იმ სამყაროსგან განასხვავონ, რომლის შექმნასაც ადამიანი შეძლებდა, თუ სხვადასხვა შედეგის მომტანი განსხვავებული იდეებით იხელმძღვანელებდა.

ჯანსაღი ეკონომიკა მცდარი იდეების შედეგებს (მაგალითად, ის იდეები, რასაც ეკონომიკური სტაგნაცია, მასობრივი უმუშევრობა, ინფლაცია, ფასების კონტროლი და სოციალიზმი მოსდევს) სწორი იდეების შედეგებისგან (მაგალითად, ის იდეები, რასაც ეკონომიკური პროგრესი, შრომისა და ნაწარმის თავისუფალი ბაზარი, მყარი მსყიდველობითი უნარის მქონე ფული და წარმოების საშუალებების კერძო საკუთრება მოაქვს) განასხვავებს, რაც შესაბამისი მცდარი იდეების შედეგებს აბათილებს. უბრალოდ უაზრობაა იმის მტკიცება, რომ ადამიანს სამყაროს შეცნობაში ხელს ის ფაქტი უშლის, რომ მისი იდეები და ქმედება ცვლის სამყაროს. ის საარსებო გარემო პირობებსა და საკუთარ ნააზრევს შორის განსხვავებებს აკვირდება და მათ გამოცდილებისა და საკუთარი ინტუიციის შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბებულ პრინციპებთან ლოგიკურად აკავშირებს. ასე, მაგალითად, ეკონომიკაში ამგვარ პრინციპად ის ფაქტი გვევლინება, რომ სხვა პირობების მსგავსების პირობებში, ადამიანებს მაღალი შემოსავალი და დაბალი ფასები ურჩევნიათ, დაბალ შემოსავალსა და მაღალ ფასებს.

ფიზიკასა და, ზოგადად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ერთადერთი რამ, რის საფუძველზეც ცოდნის მიღება შეიძლება, ეს არის ადამიანის ბუნებასთან ურთიერთკავშირი, დაწყებული იქიდან, როცა ბავშვი თავის სკამს კოვზს ურახუნებს და დამთავრებული მის მიერ ჩატარებული ურთულესი ლაბორატორიული ექსპერიმენტით. ადამიანი ცოდნას საკუთარ ქმედებასა და გარე სამყაროზე მის ზემოქმედებას შორის ურთიერთკავშირის აღმოჩენისა და კერძო შემთხვევის საერთო განზოგადების შედეგად იძენს.

ადამიანის ფიზიკური ქმედება ფიზიკის კანონებს არ ცვლის და არც მისი ეკონომიკური საქმიანობა ცვლის ეკონომიკის კანონებს. მაგალითად, ფასების კონტროლი, რაც მიმწოდებელს აიძულებს, რომ საქონელი მოგების გარეშე ან არაკონკურენტუნარიანი დაბალი მოგებით გაყიდოს, ისევე შეუთავსებელია ბუნების კანონთან, როგორც ის საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ მწარმოებლებმა საქონელი ფიზიკურად შეუძლებელი მასალისგან, მაგალითად, ბენზინი ნავთობის ნაცვლად ქვიშისგან, ხოლო შენობები რკინა-ბეტონის ნაცვლად წყლისა და ჰაერისგან შექმნან. ეკონომიკური კანონი გვიჩვენებს, რომ ფასების ასეთი კონტროლით საქონლის მიწოდება თავისთავად ვეღარ მოხერხდება, ისევე, როგორც ფიზიკის კანონის თანახმად, ეს საქონელი ასეთი მასალისგან ვერ იწარმოება.

სოროსის მიდგომის საპირისპიროდ, პიროვნების თავისუფლების საფუძველს სწორედ ადამიანის რაციონალური განსჯის უნარი წარმოადგენს. განსჯის უნარი გონიერების საფუძველია, ამასთანავე, ის ადამიანთა მოდგმის განსხვავებულად შეფასების საფუძველიცაა, რომლის მთავარი თავისებურებაც, რასაკვირველია, მისი განსჯის უნარია. გამომდინარე იქიდან, რომ განსჯის უნარი მხოლოდ ადამიანს აქვს, სწორედ განსჯის საიმედოობაა ის, რაც თითოეული ადამიანის მნიშვნელობასა და კომპეტენტურობას განსაზღვრავს. პიროვნების მნიშვნელობა და კომპეტენტურობა პიროვნული თავისუფლებისთვის ქმნის საფუძველს, რის სიმბოლოსაც ამერიკის რევოლუციის დროშა წარმოადგენს ზედ გამოსახული ჩხრიალა გველით, და ავტოკრატიული მთავრობის გამაფრთხილებელი წარწერით: „არ დამაბიჯო“, რადგან მე, როგორც გონიერი არსება, უმაღლესი მნიშვნელობისა და კომპეტენტურობის მქონე არსება და ანგარიშგასაწევი ძალა ვარ ჩემი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. პრინციპი, რომლის მიხედვით მთავრობამ პიროვნების უფლებებს პატივი უნდა სცეს, რასაკვირველია ხაზს უსვამს, რომ პიროვნება მთავრობის მხრიდან ხელშეუხებელი უნდა იყოს.

გონიერება და განსჯის უნარი ადამიანებს ჭეშმარიტებაში დარწმუნების საშუალებას აძლევთ, რაც თავისუფლებას ამკვიდრებს. ადამიანებს ჭეშმარიტების გაგების საშუალებას გონი აძლევს, ჭეშმარიტების დადგენას ფიზიკური ძალის დახმარება არ სჭირდება. მის მხარეს გონებრივი ძალა დგას. ისტორიის საუკეთესო მაგალითი გალილეო გალილეია, რომელსაც ძალა არ გამოუყენებია იმ ჭეშმარიტების დასადგენად, რომ დედამიწა მზის ირგვლივ ბრუნავს. მან ეს ფაქტებითა და ლოგიკით დაამტკიცა. მაგრამ მათ, ვისაც კვლავ იმ აზრის გატარება სურდათ, რომ მზე დედამიწის ირგვლივ ბრუნავს, მართლაც სჭირდებოდათ ამისთვის ფიზიკური ძალა, რადგან მათ ამ მოსაზრების დამტკიცების სხვა საშუალება არ ჰქონდათ. შეუზღუდავი კაპიტალიზმის მომხრეთა მხრიდან პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებისადმი პატივისცემის განსამტკიცებლად მხოლოდ საკუთარი მოტივის ჭეშმარიტებისადმი რაციონალური რწმენაც საკამარისია. მათი იდეებისა და პროგრამის ხასიათი სწორედ პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებისადმი პატივისცემას მოითხოვს.

სულ ესაა, რაც შეუზღუდავი კაპიტალიზმის წინაღმდეგ სოროსის ეპისტემოლოგიური არგუმენტის შესახებ შემიძლია ვთქვა.

„ღია საზოგადოება“ თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ

ვიდრე საუბარს სოროსის ეკონომიკური არგუმენტის შესახებ დავიწყებდე, მინდა აღვნიშნო, რომ მის მიერ გამოყენებული ცნებები „ცდომილება“ და „აბსოლუტური ჭეშმარიტება“ ეპისტემოლოგიური შეცდომის ნიმუშებია, ანუ ეს ორივე ფრაზა გაცვეთილი, ბანალური სიტყვებია. ორივე მათგანი ჭეშმარიტების უფრო საფუძვლიან გაგებას მოითხოვს, რომელიც ცნობილია, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება. ამ ცნებების გამოყენება ჭეშმარიტების ზოგადი გაგების გარეშე შეუძლებელია მაშინ, როდესაც სოროსი მათ ჭეშმარიტების არსის უარსაყოფად და საწინააღმდეგოდ იყენებს.

ჭეშმარიტება თუ არ გვეცოდინება და მას შეცდომისგან არ განვასხვავებთ, ვერავინ მიხვდება შეცდომას, ანუ ვერ მიხვდება, რომ არასწორია ის, რაც შეცდომით სწორი ჰგონია. მაგალითად, შეიძლება რიცხვების ერთი სვეტი არასწორად შევკრიბო, მაგრამ ვერ მივხვდე ამას. ასეთ შემთხვევაში მე ვცდები, მაგრამ, ალბათ, ერთადერთი საშუალება, რითაც ჩემს შეცდომას მივხვდები, ის არის, რომ მე ამ რიცხვების სწორად შეკრება შემიძლია. მხოლოდ სწორი პასუხის დადგენისა და მიხვედრის შემთხვევაში შეიძლება მივხვდე, რომ წინა პასუხი არასწორი იყო. ხოლო თუ სწორ პასუხს ვერ დავადგენ და ვერ მივხვდები, არასდროს მეცოდინება, როდის დავუშვი შეცდომა. შეცდომის მისახვედრად არანაირი სტანდარტი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ არსებობს ჭეშმარიტება და ადამიანს მისი დადგენის უნარი შესწევს.

სოროსის ცნება „ღია საზოგადოება“ იმავე შეცდომის კიდევ ერთი მაგალითია. ამ ცნების გამოყენებით ზემოხსენებულ განცხადებაში, რომლის მიხედვით თავისუფალი საზოგადოების მთავარ საფრთხეს სრულიად თავისუფალი საზოგადოება წარმოადგენს, სოროსი არა მარტო ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებს, არამედ ყოველგვარი თავისუფლების უარყოფასაც ცდილობს. ის წერს, რომ ღია საზოგადოებაში „ადამიანები თავისუფლად უნდა ფიქრობდნენ და აზროვნებდნენ და მხოლოდ საერთო ინტერსებიდან გამომდინარე შეზღუდვებს უნდა ემორჩილებოდნენ. შეზღუდვები ცდებისა და შეცდომების შედეგად უნდა განისაზღვროს“ . ამგვარად, ის ღიად აცხადებს, რომ პიროვნების თავისუფლება გაურკვეველი საერთო ინტერესების პატივსაცემად უნდა შეიზღუდოს, რომლის ხასიათიც, მისი ნათქვამიდან გამომდინარე, დანამდვილებით არც არის ცნობილი, ხოლო თავისუფლების შეზღუდვის საზღვრები ცდებისა და შეცდომების შედეგად უნდა დადგინდეს. ცდებისა და შეცდომების პროცესის განსასჯელად სოროსი შემდეგ კრიტერიუმს გვთავაზობს: „სამწუხაროდ, ადამიანის საქმიანობაში ფაქტები ჭეშმარიტების სანდო კრიტერიუმს არ წარმოადგენს, ჩვენ კი ერთგვარი საზოგადოდ მიღებული ნორმები გვჭირდება, რითაც ცდებისა და შეცდომების პროცესის განსჯა შესაძლებელი იქნება. ასეთი ნორმები ყველა კულტურასა და რელიგიას გააჩნია; მათ გარეშე ღია საზოგადოებასაც გაუჭირდება. ღია საზოგადოებაში სიახლეს წარმოადგენს ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა კულტურა და რელიგია წმიდად საკუთარ ღირებულებებს მიიჩნევს, ღია საზოგადოებამ, რომელიც მრავალ კულტურასა და რელიგიას აღიარებს, თავისი საკუთარი საერთო ღირებულებები დებატებისა და არჩევანის გზით უნდა გამოკვეთოს. დებატები რომ შესაძლებელი იყოს, სულ ცოტა, ერთ საკითხზე მაინც უნდა იყოს ერთსულოვნება: ღია საზოგადოება სოციალური მოწყობის სასურველი ფორმა უნდა იყოს“.

აქედან გამოდის, რომ თუკი ჩვენი ცდებისა და შეცდომების პროცესის განსჯის კრიტერიუმი არ დაეყრდნობა იმის აღიარებას, რომ „ღია საზოგადოება სოციალური მოწყობის სასურველ ფორმას წარმოადგენს“, რაც, თავის მხრივ, არვითარ საზომს არ წარმოადგენს, ჩვენთვის არჩევანის პრინციპი უცნობი დარჩება, რადგან ასეთ ნორმებს ის „კულტურები და რელიგიები“ აწესებენ, რომელთა მრავალფეროვანი და საერთო ღირებულებები „დებატებისა და არჩევანის საკითხია“. ეს იმას ნიშნავს, რომ, სოროსის აზრით, „ღია საზოგადოებაში“ პიროვნების თავისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს, თუ ადამიანთა ერთი ნაწილი მოისურვებს განაცხადოს, რომ ამას მათი დაუდგენელი, გაურკვეველი სუბიექტური საერთო ინტერესები მოითხოვს.

სასაცილოა, რომ, როგორც ჩანს, სოროსი პიროვნების თავისუფლების შესაზღუდად იმავე კოლექტივისტური მორალურ-პოლიტიკური პრინციპის გამოყენებას აპირებს, რასაც ფაშიზმი. ფაშიზმის პრინციპი იყო: „Gemeinnutz geht vor Eigennutz (საერთო ინტერესები პირად ინტერესებზე მაღლა დგას)“. არსებითად იდენტურ პრინციპს გულისხმობს სოროსის ნათქვამი: „ჩვენი ახლანდელი სისტემა - რომელიც, მართალია, არასრულყოფილ, მაგრამ მაინც ღია საზოგადოებად იწოდება - დაიშლება, თუ არ აღიარებს, რომ საერთო ინტერესები კერძო ინტერესებზე წინ უნდა იდგეს“.

სოროსის ეკონომიკური არგუმენტები

ახლა სხვა არგუმენტებს მივუბრუნდები, რასაც სოროსი შეუზღუდავი კაპიტალიზმის წინააღმდეგ იყენებს. ეპისტემოლოგიური საკითხების განხილვისას გამოყენებული არგუმენტების, სახელდობრ „სრულყოფილ კონკურენციასთან“, წონასწორობის არარსებობასთან და ფინანსურ ბაზრებზე დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებული არგუმენტების გარდა, კიდევ ოთხ არგუმენტს გამოვყოფდი. ესენია: ე.წ. კონფლიქტი ეკონომიკურ კონკურენციასა და საზოგადოებრივ კოოპერაციას შორის ეკონომიკური უთანასწორობის არსებობის გამო, ქონების ე.წ. ხელახალი გადანაწილების აუცილებლობა, რეკლამა და ფასეულობების ე.წ. გახრწნა ფულის მეშვეობით, და, ბოლოს, ფინანსური კრიზისი.

კონკურენცია

კონკურენციასთან დაკავშირებული არგუმენტი უბრალოდ მთლად უსაფუძვლო მსჯელობაა: „ძალიან მაღალმა კონკურენციამ და ძალიან მცირე კოოპერაციამ შეიძლება აუტანელი უთანასწორობა და არასტაბილურობა გამოიწვიოს“. რასაკვირველია, ეს განცხადება უშუალოდ იმ პრინციპს გულისხმობს, რაც სოროსმა ეპისტემოლოგიური არგუმენტების გამოყენებამდე წამოაყენა, როდესაც განაცხადა, რომ „ღია საზოგადოებას“ მთავარი საფრთხე, ფაშიზმსა და კომუნიზმთან ერთად, შეუზღუდავი კაპიტალიზმისგანაც ემუქრებაო. ამ მოსაზრებას შემდეგნაირად გადმოგვცემს: „მჯერა, რომ ღია საზოგადოებას საპირისპირო მხრიდანაც შეიძლება დაემუქროს საფრთხე - გადაჭარბებული ინდივიდუალიზმისგან“.

როგორც ჩანს, სოროსი ფიქრობს, რომ მისი თვალსაზრისის სიმართლე კონკურენციისა და კოოპერაციის შესახებ, თავისთავად ცხადია, რადგან თანამედროვე ინტელექტუალთა დიდი უმრავლესობის მსგავსად, დასაბუთებულად მიიჩნევს, რომ ეკონომიკურ კონკურენციას არსებითად ისეთივე ხასიათი აქვს, როგორიც ბრძოლას ცხოველთა სამყაროში, სახელდობრ, ჯუნგლების კანონს - ბუნებრივი გადარჩევის გზით უძლიერესის გამარჯვებას. ცოტა ქვემოთ, ხელახალი გადანაწილების შესახებ მსჯელობისას, ის წერს: „ჩაურევლობის პოლიტიკის არგუმენტი შემოსავლების ხელახალი გადანაწილების წინააღმდეგ ბუნებრივი გადარჩევის დოქტრინის შემოღებას განაპირობებს“.

ამ საკითხში ის აშკარად ვერ ერკვევა, რადგან მომდევნო წინადადებაში ბუნებრივ გადარჩევას უკვე დადებითად აფასებს: „[ბუნებრივი] გადარჩევის არგუმენტს ფასს ის ფაქტი უკარგავს, რომ ქონება მემკვიდრეობით გადადის და ხშირად მეორე თაობა ისეთი ძლიერი ვეღარ არის, როგორც პირველი“. რასაკვირველია, აქ იგულისხმება, რომ ბუნებრივი გადარჩევის პრინციპს უარყოფითი მხარეც გააჩნია, რის გამოც ის კარგად ვერ მუშაობს, რადგან მემკვიდრეები სათანადოდ არ ამართლებენ.

თუმცა, მომდევნო წინადადებაში სოროსი ისევ უკან იხევს და აცხადებს: „ყოველ შემთხვევაში არასწორი იქნება, რომ ცივილიზებულმა საზოგადოებამ ბუნებრივი გადარჩევის პრინციპით იხელმძღვანელოს“.

სინამდვილეში, ეკონომიკური კონკურენცია ცხოველთა სამყაროსთვის დამახასიათებელი კონკურენციისგან სრულიად განსხვავდება. უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური კონკურენცია ბუნებისგან ბოძებული მწირი საშუალებების ხელში ჩასაგდებად ბრძოლას არ წარმოადგენს, როგორც ეს ცხოველთა სამყაროში ხდება. არამედ, ეს არის კონკურენცია, რომელიც ახალი და განსხვავებული დოვლათის შექმნას მიზანმიმართულად ემსახურება. ჯუნგლებში ლომებს ბრძოლა ბუნებისგან ბოძებული შეზღუდული საარსებო საშუალებებისთვის, მაგალითად ზებრებისა და სხვა გარეული ცხოველებისთვის უწევთ, რომელთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაზრდაც მათ არ შეუძლიათ. ბიზნესკომპანიებს შორის კი კონკურენცია ახალი და გაუმჯობესებული ნაწარმისა და წარმოების უფრო ეფექტიანი მეთოდების შესაქმნელად მიმდინარეობს. მაგალითად, კომპანია „General Motors“-ი და „Toyota“ ერთმანეთს საავტომობილო ფარეხში მოშენებული, ან საავტომობილო ხეებზე მოსხმული ბუნებისგან ბოძებული არასაკმარისი რაოდენობის ავტომობილების გარკვეული ნაწილის ხელში ჩასაგდებად არ ეჯიბრებიან ერთმანეთს. პირიქით, ისინი ერთმანეთს პროგრესული, უფრო ეფექტიანი მეთოდებით წარმოებული ახალი და უკეთესი ავტომობილების გამოშვებაში ეჯიბრებიან. ამგვარად, მათი საქმიანობა და, საერთოდ, ბიზნესკომპანიების საქმიანობა ნაწარმის წარმოების გაზრდას ემსახურება.

ამჟამად, ეკონომიკური კონკურენცია, თავისი ხასიათის არსიდან გამომდინარე, ბუნებრივი გადარჩევის პროცესი კი არ არის, არამედ პრაქტიკულად ყველას გადარჩენის საფუძველია, მათ შორის მათიც, ვინც წმინდა ბიოლოგიური თვალსაზრისით „უვარგისია“. აბა, წარმოიდგინეთ, რა შედეგებს მოუტანს ფარმაკოლოგიური საწარმოების, სათვალის მწარმოებლებისა და სმენის აპარატების მწარმოებლების კონკურენცია ავადმყოფებს ან იმ ადამიანებს, ვისაც მხედველობა ან სმენა აკლია. წარმოიდგინეთ, რა შედეგებს მოუტანს ფერმერებისა და სამეურნეო იარაღების მწარმოებელთა კონკურენცია მშიერ ადამიანებს და რა შედეგებს მოუტანს სხვადასხვა სახის მანქანა-ავტომატების მწარმოებელთა კონკურენცია იმ ადამიანებს, ვისაც ეს მანქანები რომ არ ჰქონდეს დაიქანცებოდა და დაიტანჯებოდა.

გარდა ამისა, როგორც რიკარდო და ფონ მიზესი ამტკიცებენ, ფარდობითი უპირატესობის კანონის გამო, კაპიტალისტური საზოგადების კონკურენციაში ადგილი ყველასთვის არის, მათ შორის, მათთვისაც, ვისაც ყოვლად უმნიშვნელო სამეწარმეო შესაძლებლობები გააჩნია. ასეთი ხალხისთვის იმ პირობით მოიძებნება ადგილი, თუ იმ სფეროში მოიყრიან თავს, სადაც მათი მცირე შესაძლებლობების ხარისხი ძალიან დაბალია და საშუალებას მისცემენ უფრო შეძლებულ ხალხს თავი მოიყარონ ისეთ სფეროში, სადაც მათი დიდი შესაძლებლობების ხარისხი ძალიან მაღალია.

მაგალითად, ბილ გეითსი ისეთი ნიჭიერია, რომ მსხვილი მრეწველობის გაძღოლისა და განვითარების შესანიშნავი უნარი აქვს. შესაბამისად, ის მრავალი სხვა საქმის კეთებასაც სხვებზე გაცილებით უკეთ შეძლებს. მიუხედავად ამისა, მას სხვა საქმის კეთება არც უცდია. ის მხოლოდ იმ საქმეზე ახდენს კონცენტრირებას, რაშიც მისი საწარმოო უპირატესობა ყველაზე მაღალია. მართალია, ის თავისი ვიცეპრეზიდენტის საქმეს მასზე უკეთ შეასრულებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ „Microsoft“-ის მდივანსა ან დამლაგებელზე, მაგრამ ის არც ერთ ამ საქმეს არ ასრულებს. მას უღირს, რომ ეს საქმე სხვებს დაუთმოს, რადგან ამით მას მეტი დრო რჩება ყველაზე ხელსაყრელი საქმისთვის, რაც მისთვის „Microsoft“ -ის ხელმძღვანელობაა.

ნაკლები შესაძლებლობების მქონე ხალხი, ვინც თავიანთ საქმეს წარმატებით უძღვება, ბილ გეითსს კონკურენციას ფაქტობრივად ვერ გაუწევს - კონკურენციას დამლაგებლის მოვალეობის შესრულებაში მას დამლაგებელიც კი ვერ გაუწევს. ის ფაქტი, რომ იატაკის დასახვეტად მას თავის რომელიმე დამლაგებელთან შედარებით ნახევარი დრო დასჭირდებოდა, უმნიშვნელოა იმ ფაქტთან შედარებით, რომ „Microsoft“-ის ხელმძღვანელობა მას საშუალებას აძლევს რამდენიმე ათასჯერ მეტი შემოსავალი მიიღოს, ვიდრე დამლაგებელმა. სინამდვილეში, დამლაგებელს შეუძლია მოცემულ დროში თავისი საქმის ნახევარი შეასრულოს, მაგრამ იმ თანხად, რაც რამდენიმე ათასჯერ ნაკლებია იმაზე, რასაც ბილ გეითსი მოითხოვდა „Microsoft“ - ის ხელმძღვანელობისთვის. მართალია, დამლაგებელს ორჯერ მეტი დრო სჭირდება თავისი საქმის შესასრულებლად, ვიდრე ბილ გეითსს, მაგრამ ის მას გაცილებით ნაკლებ ფასად ასრულებს და, ამდენად, დამლაგებლის სამუშაოს შესრულებაში ბილ გეითსს კონკურენციას ვერც ის და ვერც ვერავინ ვერანაირად ვერ გაუწევს.

უფრო შორს თუ წავალთ, რადგან ბილ გეითსს და სხვა გენიალურ მეწარმეებს შეუძლიათ სულ ნაწარმის გაუმჯობესებაზე იფიქრონ, მსოფლიოში ყველა დამლაგებელს შესაძლებლობა ექმნება, რომ ისეთი კომპიუტერები და ავტომობილები და პრაქტიკულად ყველა სხვა საქონელი იქონიონ, რაც თანამედროვე ცხოვრების დონეს შეესაბამება, მათ შორის უხვი საკვები, ტანსაცმელი და ბინა.

როგორც მიზესი ამტკიცებს, ეკონომიკური კონკურენცია ზუსტად ის მექანიზმია, რაც საზოგადოებრივი კოოპერაციის სისტემას ქმნის, რამდენადაც ის მასთან არავითარ წინააღმდეგობაში არ არის. ეკონომიკური კონკურენცია ადამიანებისთვის შესაფერისი საქმის შერჩევას და შრომის საზოგადოებრივ დანაწილებას შედარებითი უპირატესობის პრინციპით აწესრიგებს, რაც საზოგადოებრივი კოოპერაციის არსსა და აუცილებლობას წარმოადგენს. ამასთანავე, ის განსაზღვრავს, თუ რომელ ბაზარს რომელი ნაწარმი გამოადგება და წარმოების რომელი მეთოდი მიესადაგება ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებას. აქ „ბუნებრივი გადარჩევის“ ერთადერთ ელემენტს ადამიანთა სიცოცხლისა და კეთილდღეობისთვის საუკეთესო ნაწარმისა და წარმოების საუკეთესო მეთოდების არჩევა წარმოადგენს. ის, ვინც აცხადებს, რომ ეკონომიკური კონკურენცია ჯუნგლების კანონით „ბუნებრივ გადარჩევას“ ჰგავს, ეკონომიკური მეცნიერების უცოდინრობას ამჟღავნებს.

ეკონომიკური უთანასწორობა და ქონების ხელახალი გადანაწილება

სამწუხაროდ, სოროსი ასეთსავე უცოდინრობას ამჟღავნებს, როდესაც ეკონომიკურ უთანასწორობასა და, აქედან გამომდინარე, ქონების ხელახალი გადანაწილების ე.წ. აუცილებლობაზე საუბრობს: „ქონება ერთი პატრონის ხელში გროვდება და თუ მისი ხელახალი გადანაწილების რაიმე მექანიზმი არ გვექნება, ქვეყნად ძალიან დიდი უთანასწორობა იქნება. „ფული ნაკელივითაა - უსარგებლოა, თუ არ მიმოიფანტება“ - ამბობდა ბრძენი ეკონომისტი ფრანსის ბეკონი“.

ვინც ასეთ თვალსაზრისს მხარს უჭერს, მან ის ფაქტი არ იცის, რომ შრომის განაწილების შედეგად კაპიტალისტურ საზოგადოებაში კერძო საკუთრებაში კაპიტალის სახით არსებული ქონებით ყველა, მისი მფლობელიც და არამფლობელიც სარგებლობს. მაგალითად, საავტომობილო ქარხნების ნაწარმის ფიზიკური მოსარგებლე ქარხნის მფლობელი კი არ არის, არამედ ავტომობილის შემძენი. ფაქტობრივად, კერძო საკუთრებაში არსებული ყველა საწარმო, რომელიც ბაზარს ემსახურება, მაგალითად, მაღაზიები, საწყობები, მეურნეობები, მაღაროები და ქარხნები ამ პრინციპით მუშაობენ. მათი პროდუქციით ფიზიკურად მათი შემძენი სარგებლობს, რომლისთვისაც არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ ამისთვის მის მიერ შეძენილი საქონლის მწარმოებელი კომპანიის ერთ აქციას მაინც ფლობდეს. სინამდვილეში, ბიზნესკომპანიების მფლობელების და კრედიტორების, მაგალითად, აქციებისა და ობლიგაციების მფლობელების მოგების, სარგებელის და დივიდენდების ფასად შეძენილი საქონლის რაოდენობა წილობრივად ხელფასებითა და შრომის ანაზღაურებით შეძენილი საქონლის რაოდენობაზე გაცილებით, დაახლოებით ათი პროცენტით ნაკლებია.

კერძო საკუთრებაში არსებული კაპიტალით ნაწარმის შემძენის მსგავსად მუშახელიც სარგებლობს, რომელიც ყველა საავტომობილო ქარხნას და ბიზნესკომპანიას სჭირდება. რაც უფრო დიდია კაპიტალი, მით მეტი მუშახელია საჭირო და მათი საერთო სახელფასო თანხაც მით უფრო დიდია. სხვების საკუთრებაში არსებული კაპიტალით ორჯერ უფრო მეტად ისინი სარგებლობენ, ვინც მათ არ ფლობს: სახელდობრ, მათთვის ასეთი კაპიტალი მათ მიერ შესაძენი ნაწარმის წარმოშობის წყაროსაც წარმოადგენს და მათ მიერ გასაყიდი შრომის მოთხოვნილებასაც წარმოშობს.

როგორც ჩანს, სოროსი და ხელახალი გადანაწილების სხვა მომხრეები კერძო საკუთრებაში არსებულ წარმოების საშუალებებს ისე განიხილავენ, თითქოს სამომხმარებლო საქონელი იყოს, ან თითქოს შრომის საზოგადოებრივი დანაწილების სისტემის გარეშე არსებობდეს. ქონება სხვებისთვის უსარგებლო მხოლოდ მაშინ იქნება, „თუ არ გადანაწილდება“, მაგალითად, თუკი ქონება ერთ გიგანტურ თასში მოთავსებული სპაგეტივით იქნება ან საწარმოები საქონელს არა ბაზრისთვის, არამედ მხოლოდ მათი მფლობელებისა და მათი ნათესავების პირადი მოხმარებისთვის აწარმოებენ. კაპიტალისტურ საზოგადოებაში კაპიტალისტთა ქონების ძალიან დიდი ნაწილი წარმოების საშუალებების სახით არსებობს, რაც ბაზარს ემსახურება. ასეთი ქონების ხელახალი გადანაწილება მხოლოდ კაპიტალის ხარჯვას გამოიწვევს და მის შემდგომ დაგროვებას ხელს შეუშლის, რაც ყველას, მათ შორის, წარმოების საშუალებების არმქონეთა დიდი მასის ინტერესებსაც სერიოზულად ეწინააღმდეგება.

პრაქტიკულად, შემიძლია თავი წარმოების საშუალებების არმქონედ მივიჩნიო იმ თვალსაზრისით, რომ, სინამდვილეში, მთელ ჩემს ხარჯებს ჩემ მიერ გამომუშავებული ხელფასი ანაზღაურებს და არა მოგება, დივიდენდი ან სარგებელი. მართალია, წარმოების საშუალებებს არ ვფლობ, მაგრამ რაც გამაჩნია, ყველაფერს დავკარგავ, თუ მთავრობა გამოაცხადებს, ამიერიდან ყველა მოქალაქე თანასწორი უნდა გახდესო და შეეცდება წარმოების საშუალებების ნაციონალიზაციის გზით მათ მფლობელად მაქციოს. გარდა აბსოლუტური ეკონომიკური ქაოსისა, რასაც აქედან გამომდინარე ფასების სისტემის მოშლა გამოიწვევს, ამიერიდან, მომწოდებლებად უინიციატივო სახელმწიფო მონოპოლისტები და ბიუროკრატები მეყოლება, რის შედეგადაც მოგება-წაგების სტიმულით, თავისუფალი კონკურენციითა და ჩემი მომწოდებლების საქმიანობაში ჩემს სასარგებლოდ მოქმედი ცალკეული ინიციატივებით განპირობებულ სიკეთეს ვეღარ ვიგემებ.

მაშინაც წაგებული დავრჩები, თუ მთავრობა გადასახადებს გაუდიდებს ბიზნესკომპანიებს ან შეძლებულ ადამიანებს, რომლებიც ბიზნესკომპანიებს ეხმარებიან და აფინანსებენ და შემოსულ თანხებს საშუალო მოქალაქეებზე გაანაწილებენ. მაგალითად, თუ მთავრობა გადასახადებს გაზრდის კორპორაციულ მოგებაზე ან პირად შემოსავლებზე, რაც სხვა შემთხვევაში დაიზოგებოდა ან ინვესტიციის სახით ჩაიდებოდა, ვთქვათ, 100 მილიარდი დოლარი წელიწადში, საიდანაც ერთი წლის შემდეგ 1 000 დოლარის რაოდენობით შემხვდებოდა მეც და ყველა დანარჩენ 99 999 999 წარმოების საშუალებების არმქონეს, მე არსებითად წაგებული დავრჩები. რასაკვირველია, იმ 1 000 დოლარიდან, რასაც პირადად მივიღებ, მე რაღაცას ვისარგებლებ, მაგრამ იმ 1 000 დოლარიდან, რომელსაც ყველა ჩვენგანი მიიღებს, ანუ ერთიანად მიღებული 99 999 999 დოლარიდან, ფაქტობრივად ვერაფერს ვისარგებლებ, რადგან ისინიც და მეც მთელ მიღებულ თანხას დავხარჯავთ. ამასთან ერთად, მე ვიზარალებ, როცა 100 მილიარდ დოლარს იმ საწარმოდან ამოიღებენ, რომლის საქონელსაც მე ვყიდულობ და იმ საწარმოდან, სადაც ჩემ შრომაზე მოთხოვილებაა.

ამ ფონდების ამოღება მუშახელზეც და წარმოების საშუალებებზეც მოთხოვნილებას შეამცირებს. მუშახელზე მოთხოვნილების შემცირება გამოიწვევს ან ხელფასების შემცირებას, ან უმუშევრობის ზრდას. წარმოების საშუალებებზე მოთხოვნილების შემცირება და გადანაწილებული ფულის ახალი მესაკუთრეების მიერ ხარჯვა საქონელზე მოთხოვნილების გაზრდას გამოიწვევს. სამომხმარებლო საქონლის მოთხოვნილებასთან შედარებით წარმოების საშუალებებზე მოთხოვნილების კლება კაპიტალის წარმოებას შეამცირებს. ეს კი იმ ტემპს შეამცირებს, რა ტემპითაც ეკონომიკური სისტემა კაპიტალის დაგროვებას შეძლებდა. ამის შემდეგ მუშახელის პროდუქტიულობა შემცირდება და, ამდენად, რეალური ხელფასების ზრდაც, რადგან, თითოეულ მუშახელზე გათვლით, ეს ყველაფერი ძალიან დიდად არის დამოკიდებული წარმოების საშუალებების მიწოდებაზე. ეს შედეგები უფრო გაუარესდება ნაწარმის გაუმჯობესების სტიმული თუ აღარ იქნება, რაც ასეთი გადასახადების პირდაპირი შედეგია. ბოლოს ხელახალი გადანაწილება ეკონომიკური სტაგნაციითა და ეკონომიკური კოლაფსით დამთავრდება. ეს სათესლე მარცვლეულის საკვებად გამოყენებას უდრის.

აი, ასეთია სოროსის არგუმენტები ხელახალი გადანაწილების აუცილებლობის შესახებ იმ თითქოსდა აუტანელი ვითარების გამოსასწორებლად, რომ წარმოების საშუალებების მდიდარ მფლობელებს წარმოების საშუალებათა უქონელ- თათვის უზომო რაოდენობის საქონლის საწარმოებლად და წარმოების საშუალებებს მოკლებულთა დასასაქმებლად ძალიან ბევრი ქონება აქვთ დაბანდებული.

რეკლამა და ფასეულობების ე.წ. გახრწნა ფულის მეშვეობით

სოროსი ამბობს, რომ „რეკლამა, მარკეტინგი და შეფუთვაც კი, ადამიანის უბრალო რეაგირებას კი არ იწვევს, როგორც ჩაურევლობის თეორია ამტკიცებს, არამედ მიზნად მათი არჩევანის განსაზღვრას ისახავს. ადამიანები ვერ გარკვეულან რას ემსახურება რეკლამა და ღირებულების კრიტერიუმად უფრო ფასს მიიჩნევენ. ის, რაც ძვირია, უკეთესი ჰგონიათ. ხელოვნების ნიმუშის ღირებულება შეიძლება იმ ფასით განისაზღვროს, რა ფასადაც ის გაიყიდება. ხალხს პატივს სცემენ სიმდიდრის გამო. ის, რაც ადრე გაცვლის საშუალებად ითვლებოდა, მთავარი ფასეულობა გახდა და ის ურთიერთდამოკიდებულება შეცვალა, რასაც ეკონომიკური თეორია აცხადებს“.

რაც არ უნდა ბევრი ეთანხმებოდეს, სოროსის განცხადება რეკლამის შესახებ ძირფესვიანად მცდარია. მართალია, რეკლამის ავტორს რეკლამირებული ნაწარმის საყიდლად ხალხის წაქეზება სურს, მაგრამ წარმატებული რეკლამისთვის, როგორც წესი, აუცილებელია, მომხმარებელს ნაყიდი ნაწარმი მოეწონოს, კიდევ იყიდოს და სხვებსაც მისი შეძენა ურჩიოს. უეჭველია, ასეთი ნაწარმის რეკლამა ეკონომიკურად მომგებიანია. მაგრამ, თუ მომხმარებელს თავისი ნაყიდი რეკლამირებული ნაწარმი არ მოეწონება, აღარ იყიდის და სხვებსაც არ ურჩევს მის ყიდვას, რაც, ცხადია, ნაწარმის ჩავარდნას გამოიწვევს. სხვა სიტყვებით, წარმატებული რეკლამის საიდუმლო იმაშია, რომ რეკლამა ისეთ ნაწარმს გაუწიოს, რომელიც მომხმარებლის რეალურ მოთხოვნილებასა და საჭიროებას ეფექტიანად დააკმაყოფილებს.

სოროსი, რასაკვირველია მართალია, როდესაც ამბობს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ვერ გარკვეულა რას მიემხროს. მაგრამ როგორ უნდა გაერკვნენ რამეში, თუკი გამუდმებით კულტურული ბრძოლის ქარცეცხლში არიან ჩაბმული, რასაც სწორედ თავად სოროსის ცდომილებისა და თვითგაურკვევლობის წამყვანი პრინციპი ქადაგებს? ფილოსოფიური და მორალური პრინციპების თვალსაზრისით, რაც არ უნდა ესადაგებოდეს ეს დღეს სიმართალეს, ერთი რამ ცხადია, პიროვნული მატერიალური კმაყოფილების სფეროში ხალხმა თითქმის მუდამ ძალიან კარგად იცის, რა მოსწონს და რა არა. მოშუშული ბოსტნეულის სასარგებლო კულინარული თვისებების ვერანაირი რეკლამა ვერ შეუცვლის გემოვნებას მათ, ვისაც შოკოლადის ფილა ან ნაყინი უფრო უყვარს. ადამიანზე სანთლებისა და ლამპების ვერანაირი რეკლამა ვერ იმოქმედებს ისე, რომ ის ელექტროდენის მოხმარებას შეელიოს. ვერანაირი რეკლამა ვერ დაარწმუნებს ადამიანს, რომ თავის ავტომობილი ცხენზე ან ველოსიპედზე გაცვალოს.

გასაგებია, ხალხი მნიშვნელოვანწილად სცემს პატივს მათ, ვინც მდიდარია და ეს ასეც უნდა იყოს. იმდენად, რამდენადაც ადამიანები საქონლის წარმოებისა და გაცვლის შედეგად მდიდრდებიან, ისინი დოვლათს ფართო მასშტაბით, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვისაც ქმნიან. რასაკვირველია, არის შემთხვევები, როდესაც ფინანსური წარმატების გამო შეიძლება იმდენად დიდი პატივისცემა იყოს, რომ ადამიანმა სხვა თვალში საცემ ნაკლოვანებებს ყურადღება აღარ მიაქციოს. მაგალითად, შეიძლება ხალხმა ბატონი სოროსის მოსაზრებებს ეკონომიკური თეორიისა და პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ, ამ პიროვნების უდიდესი სიმდიდრის გამო, უფრო შემწყნარებლური, ჩვეულებრივზე რბილი სტანდარტები მიუყენოს.

ფინანსური კრიზისი

სოროსი წერს: „ისტორია გვასწავლის, რომ ფინანსური ბაზრები კრახს განიცდის, რაც ეკონომიკურ დეპრესიასა და საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ამის გამო ცენტრალური ბანკები და რეგულირების სხვა ფორმები წარმოიშვა. ჩაურევლობის პოლიტიკის იდეოლოგებს იმის მტკიცება უყვართ, რომ ფინანსური ბაზრების კრახი ბაზრის არასტაბილურობამ კი არა, არასწორმა კანონებმა გამოიწვია. მათ არგუმენტში არის ერთგვარი სიმართლე, რადგან, თუ ჩვენი აზროვნება ძირეულად არასრულფასოვანია, კანონებიც არასრულყოფილი გვექნება. მაგრამ მათი არგუმენტი არადამაჯერებლად ჟღერს. პირველ რიგში, ის ვერ ხსნის, თუ რატომ შემოვიღეთ ეს კანონები. ეს არგუმენტი ამ საკითხს მეორე არგუმენტის მოშველიებით უვლის გვერდს, რომელიც ასე ჟღერს: რადგან კანონები მცდარია, თავისუფალი ბაზარი კარგია“.

ამ სიტყვებით სოროსი ამტკიცებს, რომ დეპრესია და მასობრივი უმუშევრობა შეუზღუდავი კაპიტალიზმით არის გამოწვეული და ამას იმ ფაქტის საპასუხოდ ამბობს, რომ მთავრობა ფულისა და ბანკის საქმეებში ერევა. როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ თავდაპირველად შეუზღუდავი კაპიტალიზმი არსებობდა, მაგრამ დეპრესია არ აგვცდა, რამაც მთავრობის ჩარევის აუცილებლობა გამოიწვია. საერთოდ, კაპიტალიზმის წინააღმდეგ წამოყენებულ არგუმენტებში, როგორც წესი, მოვლენათა სწორედ ასეთი განვითარებაა წარმოდგენილი. მაგალითად, ქვეყნად სიღატაკეა? - მთავრობა უნდა ჩაერიოს; ხალხი ვერ იხდის ბინის ქირას? - მთავრობამ ბინის ქირაზე კონტროლი უნდა შემოიღოს; ხელფასები დაბალია და სამუშაო საათები ხანგრძლივი? - მთავრობამ შრომისა და სოციალური დაცვის კანონები უნდა შემოიღოს და პროფესიული კავშირების შექმნას შეუწყოს ხელი. ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება. უცნაურია, რომ სოროსს, რომელიც ხალხის აზრის გავლენაზე საუბრობს იმ სოციალურ რეალობაზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, აზრად არ მოსდის, რომ მთავრობის ჩარევის ნამდვილი მიზეზი თავისთავად პრობლემა კი არ არის, არამედ ხალხის აზრი ამ პრობლემების მიზეზების შესახებ და იმის რწმენა, რომ მთავრობას მათი გადაჭრის უნარი შესწევს.

შეუზღუდავი კაპიტალიზმის მომხრეები მთავრობის ჩარევას ფულისა და საბანკო საქმეებში, ისევე, როგორც საერთოდ ყველფერში, ძირითადად, იმიტომ ეწინააღმდეგებიან, რომ მათ მტკიცედ სწამთ, ადამიანი რეალურად მხოლოდ თავისუფლების დროს შეძლებს საკუთარი მატერიალური ინტერესების დაკმაყოფილებასა და მიზნების მიღწევას. თითოეულ ადამიანს საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და თუკი ის თავისუფალი იქნება, ანუ თუ სხვების ფიზიკური ძალდატანებით, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის ძალდატანებით არ მოუხდება რამის გაკეთება, თავის მიზანს აუცილებლად მიაღწევს. ამასთან, ზუსტად იმიტომ, რომ თავისუფლება ფიზიკურ იძულებას გამორიცხავს, საკუთარი მიზნისკენ სწრაფვისას ადამიანი მათ ინტერესებსაც უნდა უწევდეს ანგარიშს, ვისთანაც თანამშრომლობს, სულერთია ეს მუშახელი იქნება, მიმწოდებელი თუ მომხმარებელი. თავისუფლების დროს ფიზიკური იძულება გამორიცხულია, თანამშრომლობა მხოლოდ ნებაყოფლობითია, ამიტომ ადამიანი მასთან თანამშრომლობას მათთვისაც სასარგებლოს ხდის, მათ მიერ საკუთარი შრომის ან საქონლის გაყიდვის, ან ფულის დახარჯვის ნებისმიერ სხვა შესაძლო არჩევანზე გაცილებით უფრო სასარგებლოს.

მეორე მხრივ, თავისუფლების ხელყოფა ადამიანს იმ საქმის შესრულებაში უშლის ხელს, რაც მისთვისაც და სხვებისთვისაც სასარგებლოა. ამიტომ, თავისუფლების ხელყოფით სასარგებლო საქმე ფერხდება. სწორედ ამის გამო, თავისუფალი ქვეყნები აყვავებულია, ხოლო თავისუფლებასმოკლებული ქვეყნები ღატაკნი ან სიღატაკის ზღვარზე არიან.

შეუზღუდავი კაპიტალიზმის მომხრეთა განცხადება, რომ დეპრესია ეკონომიკური სისტემის რომელიმე თანდაყოლილი თვისებისგან არ მომდინარეობს, სავსებით თავსებადია ზემოხსენებულ ძირითად პრინციპთან. ის კრედიტების გაზრდის, ანუ ახალი სესხის სახით ჰაერიდან მოტანილი დამატებითი ფულის და ბაზარზე მისი დაბანდების შედეგია. ამ პროცესს ბიზნესმენები ფინანსურ არალიკვიდურობამდე მიჰყავს. ისინი იოლად და მომგებიანად ცვლიან სესხების პერსპექტივას ნაღდ ფულზე და როდესაც ნაღდი ფულის კრიზისში აღმოჩნდებიან სჯერათ, რომ რეალიზაციით მიღებული მოგების ზრდა, რასაც ახალი, დამატებითი ფული წარმოშობს, საშუალებას მისცემთ მატერიალური საქონელი ნაღდ ფულად იოლად და მომგებიანად აქციონ, როგორც კი და როდესაც კი აუცილებლობა მოითხოვს. როგორც კი კრედიტების ზრდის პროცესი დასრულდება ან მნიშვნელოვნად შენელდება, ან ისეთი ტემპით ვერ დაჩქარდება, როგორც ბაზარი მოელოდა, „საკრედიტო კრიზისი“ და ლიკვიდურობის კრიზისი იფეთქებს. ეს დეპრესიას წარმოშობს. დეპრესიის დროს ბანკები, რომლებმაც სესხების გაცემის გზით ახალი და დამატებითი ფულის მნიშვნელოვანი მარაგი შექმნეს, მიხვდებიან, რომ სესხების ღირებულება უფრო ნაკლები გახდა, ვიდრე იმ ფულის, რომელიც მათ შექმნეს. როდესაც მათი კლიენტები ამას მიხვდებიან, იწყება ბანკების დაცარიელება და ასეთი ფულის უმეტესი ნაწილი უბრალოდ ქრება.

ისტორიულად, კრედიტების ზრდის პრაქტიკა იმ კერძო ბანკებში წარმოიშვა, რომლებიც ფულს ან მათივე გამოშვებული ქაღალდის ბანკნოტების, ან მათივე გაცემული საჩეკო დეპოზიტების სანაცვლოდ ინახავდნენ. იმდენად, რამდენადაც ბანკები მათ საცავებში აღმოჩენილ ფულს ახალი სესხების გასაცემად, ბანკნოტების გამოსაშვებად ან სესხად გასაცემი საჩეკო დეპოზიტების შესაქმნელად იყენებდნენ, ისინი ფულის შექმნისა და კრედიტების ზრდის პროცესში ჩაერთვნენ. ბანკნოტები და საჩეკო დეპოზიტები, რომლებსაც ისინი ფულის სანაცვლოდ გასცემდნენ, ამ ფულის სრულ ეკვივალენტს წარმოადგენდა და გამოიყენებოდა. შედეგად, მათ მოახერხეს, რომ ფულის ეს სრული ეკვივალენტებიც ეხარჯათ და თვითონ საბაზისო ფულიც, ანუ მიმოქცევაში რეალურ ფულს მისი ეკვივალენტებიც დაემატა, რაც ფულის რაოდენობის ზრდას ნიშნავდა.

შეუზღუდავი კაპიტალიზმის მომხრეები მიიჩნევენ, რომ კრედიტების ზრდა კარგა ხნის წინ მინიმუმამდე შემცირდებოდა, მას ფულის მიმოქცევასა და საბანკო საქმეებში მთავრობის ჩარევის საუკუნოვანი პოლიტიკა რომ არ იცავდეს და ასაზრდოებდეს. ეს ჩარევა ისეთი ზომების გატარებას გულისხმობს, როგორიცაა ბანკებს შორის კონკურენციის შეზღუდვა და ამით კარგად მართვის მქონე, უფრო კონსერვატული ბანკების ზრდისთვის ხელის შეშლა; გადახდისუუნარო ბანკებისთვის გადასახადის გადავადება და ამით მათთვის თავიანთი საქციელის შედეგებიდან თავის დაძვრენის საშუალების მიცემა და, ამდენად, კრედიტების ზრდის პრაქტიკის დანერგვა და ბიძგის მიცემა; კრედიტების ზრდის პრაქტიკის მქონე ბანკების ფინანსური სიმტკიცის ილუზიის შესაქმნელად, მათი პერიოდული შემოწმება და ამით ხალხში ასეთი ბანკებისადმი ნდობის განმტკიცება და მათთვის არსებობის გახანგრძლივება. მოგვიანებით, მთავრობის ჩარევამ სადეპოზიტო დაზღვევის უზრუნველყოფის სახე მიიღო და ამას ცენტრალური საბანკო სისტემის დაარსება მოჰყვა, რასაც ისევ და ისევ საკრედიტო ექსპანსიის შესაძლებლობების შენარჩუნებისა და ამის ხელშესაწყობად საჭირო ფულადი რეზერვების მომარაგების ფუნქცია დაეკისრა. ფაქტობრივად, კრედიტების ზრდის ხელშეწყობა თითქმის ყველა მთავრობის მთავარი პოლიტიკური ამოცანა გახდა მას შემდეგ, რაც მათ ამ შესაძლებლობის შესახებ შეიტყვეს.

ამგვარად, ფინანსური კრიზისები სწორედ მთავრობის ჩარევის ბრალია და ასეთი კრიზისების განმეორება მომავალშიც მოსალოდნელია. ის, რომ სადღეისოდ ახალი დიდი ფინანსური კრიზისების განმეორების თავიდან აცილებას ვახერხებთ, ეს ფულის მარაგის გამუდმებული ინფლაციის ხარჯზე ხდება, რაც მხოლოდ იმის შედეგია, რომ მთავრობა საკუთარი ფულის შექმნის უფლებას ფლობს, რაც მას ეკონომიკური სისტემის მიღმა და მოქალაქეებზე ზემოთ აყენებს. ამ ვითარებამ იმ ილუზიამდე მიგვიყვანა, თითქოს ხალხს ფინანსურად მთავრობა ინახავს, რომელსაც ანაზღაურების გაზრდით და მუქთა პრემიების წვიმებით ყველას აყვავების უნარი შესწევს.

ფინანსური კრიზისები იმ ფაქტს ადასტურებს, რომ აუცილებელია შეუზღუდავი კაპიტალიზმი და არა “შერეული ეკონომიკის” რაიმე ფორმა. სწორედ ფინანსური კრიზისების პრობლემის მთავრობის ჩარევით მოგვარების მცდელობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მთავრობა უსაშველო ძალაუფლებას, ფულს, ფინანსებს და სხვა ბერკეტებს ფლობს. სწორედ მთავრობის მიერ ჰაერიდან ფულის შექმნის უფლებამოსილებისა და ინფლაციონისტური საბანკო სისტემის მხარდაჭერის შედეგად გაიზარდა უსაშველოდ მთავრობის სიდიდე და ძალაუფლება; ამან მთავრობას სანტა-კლაუსის სამოსში გამოწყობის საშუალება მისცა.

ჩაურევლობის პოლიტიკა და ჩვენი მომავალი

ჩაურევლობის პოლიტიკის იდეოლოგიის ძალისა და გავლენის შესახებ საუბრისას, სოროსის მოსაზრებები, ყოველ შემთხვევაში თავიდან მაინც, დიდ გაოცებას იწვევს. ის ისე აღწერს მას, როგორც ამჟამად არსებულ მთავარ კულტურულ ძალას. მაგალითად, ის წერს: „თუ დღეს ჩვენს საზოგადოებაში რაიმე რწმენას გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს, ეს ბაზრის მაგიურობის რწმენაა. შეუზღუდავი კაპიტალიზმის დოქტრინის თანახმად, საკუთარი მიზნისკენ სწრაფვის შეუფერხებლობა საერთო დოვლათის დაგროვების საუკეთესო შესაძლებლობაა“.

რასაკვირველია, სოროსის აღნიშნული დებულების საპირისპიროდ, სიმართლე ის არის, რომ დღეს ძალიან ცოტა თუ იქნება ისეთი იდეოლოგია, რომელსაც შეუზღუდავი კაპიტალიზმის იდეოლოგიაზე ნაკლები გავლენა ჰქონდეს, რაც აშკარა გახდება, თუ შემდეგ ცნობილ ფაქტებს გადავხედავთ: შეერთებულ შტატებში 19 მილიონზე მეტი სახელმწიფო მოხელეა, რომლებიც დაახლოებით ორმოციათასგვერდიანი ფედერალური კანონების, ათიათასგვერდიანი საშტატო და ადგილობრივი ხელისუფლების კანონების და უთვალავი ტომების მომცველი ფედერალური, საშტატო და ადგილობრივი დადგენილებების გატარებას ემსახურებიან, ყოველწლიურად კი კანონებისა და დებულებების რიცხვი ათასობით გვერდით იზრდება. ბოლო [1997 წლის] მონაცემები გვიჩვენებს, რომ შეერთებული შტატების 6,2 ტრილიონი დოლარის შემოსავლიდან, მთლიანი სახელმწიფო ხარჯები, სოცუზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის დახმარებათა გადარიცხვის ხარჯებიანად, 2,5 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ე.ი. დაახლოებით 40%25-ს. ნებისმიერი წარმატებული პიროვნება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ფედერალური და საშტატო გადასახადების სახით, კორპორაციული და პირადი შემოსავლებიდან ჯამში დაახლოებით 70%25-ს იხდის. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთავრობას გადასახადების ყოველგვარი გაცხადებული, დადგენილი ზღვრის გარეშე გაზრდის უფლება აქვს, განსაზღვრული თანხის დოლარებში გაფორმებული ყველა გრძელვადიანი კონტრაქტის მსყიდველობითი უნარის დაცემის მასშტაბი ყველასთვის ადვილი მისახვედრი გახდება, შესაბამისად, არც მილიონობით მოქალაქის მოსალოდნელი გაღატაკების დიდი ალბათობაა ძნელი გამოსათვლელი. რასაკვირველია, ასეთი ფაქტები არსებულ ვითარებაზე შეუზღუდავი კაპიტალიზმის იდეოლოგიის ფაქტობრივი ზეგავლენის შესახებ ყოველგვარ საუბარს აშკარად და პირდაპირ ეწინააღმდეგება.

სოროსს, შეუზღუდავი კაპიტალიზმის იდეოლოგიის ზეგავლენასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიძლია გავუგო, თუ დავუშვებ, რომ ის მომავალში მის პოტენციურ ზეგავლენას უფრო გულისხმობს და არა დღევანდელ, ფაქტობრივ ზეგავლენას. ეს მისი სპეკულაციური წარმატების რეკორდი იქნება. ასეთი წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ის არსებითი ფაქტები, რაც მომავალი მოვლენების განვითარების კურსს გვიჩვენებს, ყველაზე ადრე შევიტყოთ. მჯერა, ის არსებითი გარემოებები, რაზედაც სოროსი ამ შემთხვევაში წუხს, მხოლოდ ის კი არ არის, რომ „კომუნიზმი და თუნდაც სოციალიზმი აბსოლუტურად დისკრედიტირებულია“, არამედ ის, რომ ამის შედეგად შეუზღუდავი კაპიტალიზმი სადღეისოდ ერთადერთი ლოგიკური ალტერნატივაა და, ამდენად, მომავლის ტალღას წარმოადგენს. ეს პერსპექტივა მას აშინებს, ხოლო თავისი ნარკვევით მისთვის ხელის შეშალას და სხვა ალტერნატივის პოვნას ცდილობს.

მჯერა, სოროსი მიხვდა, რომ თუ ახლა ხალხი სოციალიზმის ფატალური ხასიათით გამოწვეულ დიდ მარცხს გაითვალისწინებს და იმ ფაქტს, რომ კაპიტალისტურ ქვეყნებში შექმნილი ძირითადი პრობლემები იქ ჩანერგილი სოციალისტური ელემენტებით არის განპირობებული, კარგად გააცნობიერებს, ყოველ მიზეზგარეშე შეუზღუდავი კაპიტალიზმის პატივისცემას დაიწყებს, რადგან ლოგიკურად ეს სწორედ იმ სისტემის საპირისპიროა, რაც დამარცხდა და იმ სისტემის ლოგიკური ანალოგიაა, რომელიც კი ოდესმე ყველაზე წარმატებული ყოფილა და რასაც კაპიტალიზმი ეწოდება.

სოროსის განზრახვის საწინააღმდეგოდ, მისმა ნარკვევმა, და მისადმი შეუზღუდავი კაპიტალიზმის მოწინააღმდეგეთა სიმპათიამ მნიშვნელოვნად განამტკიცა ის ვარაუდი, რომ შეუზღუდავი კაპიტალიზმი მომავლის ტალღაა.

მისმა ნარკვევმა და მის მიმართ გამოხატულმა სიმპათიამ გამოავლინა, რომ შეუზღუდავი კაპიტალიზმის მოწინააღმდეგეებს თავიანთი ოპოზიციური აზრის დასაცავად მნიშვნელოვანი სათქმელი არაფერი აქვთ. ამას თვითონ სოროსის ნარკვევიც ადასტურებს, რომელიც ძალიან უთავბოლოა და მოკლებულია ეფექტიან არგუმენტებს. ამის მიუხედავად, ის პოპულარულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სოროსის ნარკვევით აღფრთოვანებულმა ადამიანებმა შეუზღუდავი კაპიტალიზმის ნამდვილი ბუნების შესახებ სოროსზე ბევრად მეტი არ იციან. მათ ისე ცოტა იციან, რომ სოროსის არგუმენტების მართლა სჯერათ. ამასთან ერთად, ის ფაქტი, რომ სოროსი წარმატებული კაპიტალისტია, მათთვის იმას ნიშნავს, რომ ის იმ ადამიანის ავტორიტეტით ლაპარაკობს, ვინც სისტემას შიგნიდან იცნობს. ამგვარად, თუ კაპიტალიზმის მისეული შეფასება მათსას ემთხვევა, მათ ჰგონიათ, რომ მათეული შეფასება უთუოდ სწორია, რადგან სჯერათ, სოროსმა უთუოდ უნდა იცოდეს შეუზღუდავი კაპიტალიზმის უარყოფითი მხარეები. მათდა სამწუხაროდ, მან ეს არ იცის.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ როდესაც (თუკი) განათლებულ ადამიანთა საკმარისი რაოდენობა გადაწყვეტს, რომ შეუზღუდავი კაპიტალიზმის შესახებ ცოდნა შეიძინოს, მათ წინ ვერაფერი დაუდგება - მით უმეტეს ვერც სოროსის არგუმენტები და ვერც ისინი, ვისაც მისი სჯერა.

რასაკვირველია, ცოდნის შეძენის სასარგებლო არჩევანი ძალიან „სათუოა“. ხალხს, ძალიან განათლებულ ადამიანებსაც კი, აშფოთებს იმ ძალისხმევაზე ფიქრი, რაც მათ ცოდნის შესაძენად სჭირდებათ. ფაქტობრივად, ასეთ უარყოფით დამოკიდებულებას ის ეპისტემოლოგიური არგუმენტი უჭერს მხარს, რომელსაც ბატონი სოროსი ემხრობა. კერძოდ ის, რომ ჩვენი ძირითადი ინტელექტუალური მახასიათებელი ის არის, რომ შეცდომები მოგვდის და ამიტომ, ვერასდროს შევძლებთ სარწმუნო ცოდნამდე საბოლოოდ მიღწევას.

და, მაინც, თუ თვითონ ბატონი სოროსი და ისინი, ვინც მის ნარკვევს ეთანხმება, გამოიჩენენ ძალისხმევას, წაიკითხავენ და შეისწავლიან შეუზღუდავი კაპიტალიზმის მოწინავე დამცველთა ნაშრომებს, შესაძლოა განაცხადონ, რომ მათ შეუზღუდავი კაპიტალიზმის კი აღარ ეშინიათ, არამედ მიესალმებიან მას და შეუზღუდავი კაპიტალიზმის დასამკვიდრებლად ბრძოლაში ჩაერთვებიან კიდეც.

12 ბუნებრივი ელიტები, ინტელექტუალები და სახელმწიფო (გამოქვეყნდა 1999 წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ჰანს-ჰერმან ჰოპე 1949

ჰანს-ჰერმან ჰოპემ სახელი გაითქვა, როგორც თანამედროვე ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მოწინავე წარმომადგენელმა და ლიბერტარიანული ანარქოკაპიტალიზმის მედროშემ. გერმანული წარმოშობის ჰოპე საერთაშორისო გაერთიანება „საკუთრების და თავისუფლების საზოგადოებას“ უდგას სათავეში, რომელიც მისი ინიციატივით 2006 წლის მაისში, თურქეთის ქალაქ ბოდრუმში ჩამოყალიბდა. ეს გაერთიანება საბაზრო რადიკალიზმით და სამეცნიერო უკომპრომისობითაა ცნობილი. ჰოპესვე ეკუთვნის მრავალი სტატია და წიგნი, რომელთა შორის გამოირჩევა „დემოკრატია: ღმერთი, რომელიც მოკვდა“, სადაც ის გერმანელი ფილოსოფოსის იურგენ ჰაბერმანსისა და კარლოტო აპელის „განსჯის ეთიკის“ გავლენით ჩამოყალიბებული დასაბუთების ეთიკის” საფუძველზე დეტალურად აღწერს დემორკატიის დამკვიდრების შედეგად პირადი თავისუფლების და პასუხისმგებლობის დაკნინების პროცესს.

სახელმწიფო ტერიტორიულ მონოპოლიას ფლობს ძალადობაზე; მას საშუალება აქვს საკუთრების უფლება მუდმივად ხელყოს ინსტიტუციონალიზებულ საფუძველზე და ქონების ჩამორთმევის, გადასახადების დაკისრებისა და შეზღუდვების დაწესების გზით ექსპლუატაცია გაუწიოს კერძო საკუთრების მფლობელებს.

როგორ წარმოიშვა სახელმწიფო? სახელმწიფოთა წარმოშობის შესახებ ორი თეორია არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ისეთ სახელებს უკავშირდება, როგორიცაა ფრანც ოპენჰეიმერი, ალექსანდრ რუსტოუ და ალბერტ ნოკი. ამ თეორიის თანახმად, სახელმწიფო ადამიანების ერთი ჯგუფის მიერ მეორის შეიარაღებული ძალით დაპყრობის შედეგად წარმოიშვა. ეს სახელმწიფოს წარმოშობის ეგზოგენური (გარეშე ძალების ზემოქმედებით - მთარგმ. შენიშვ.) თეორიაა. მაგრამ ეს მიდგომა ეთნოგრაფებმა და ანთროპოლოგებმა მრავალჯერ გააკრიტიკეს მკაცრად, როგორც ისტორიული, ისე თეორეტიკული თვალსაზრისით (მაგალითად, ვილჰელმ მიჰლმანმა). კრიტიკოსები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ყველა სახელმწიფო დაპყრობების შედეგად არ წარმოშობილა. ისინი მცდარს უწოდებენ იმ მოსაზრებას, თითქოს სულ პირველი სახელმწიფო მომთაბარე მესაქონლე ტომების მიერ მკვიდრი მიწათმომქმედების დაპყრობის შედეგად წარმოიშვა. ეს თვალსაზრისი თეორიულ წინააღმდეგობას აწყდება, რადგან დაპყრობა თავისთვად დამპყრობლების სახელმწიფოს მსგავსი ორგანიზაციის არსებობას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ეგზოგენური წარმოშობის თეორია უფრო ფუნდამენტურ, სახელმწიფოს ენდოგენური წარმოშობის თეორიას მოითხოვს.

ასეთი თეორია ბერტრანდ ჯოუვენელმა წარმოადგინა. მისი აზრით, სახელმწიფო ბუნებრივი ელიტის საფუძველზე აღმოცენდა: კერძო მესაკუთრეთა შორის ნებაყოფლობით გაცვლებს უთანასწორობა, იერარქიულობა და ელიტარულობა ბუნებრივად მოჰყვა. ყოველ საზოგადოებაში რამდენიმე ადამიანი თავისი ნიჭის წყალობით, ელიტის სტატუსს იძენდა. ეს ადამიანები სხვებზე მეტ წარმატებას აღწევდნენ და ქონებით, სიბრძნით და სიმამაცით გამოირჩეოდნენ. ამიტომ, ბუნებრივია, ავტორიტეტს იხვეჭდნენ. მათი მოსაზრებები და მსჯელობა ფართო პატივისცემით სარგებლობდა. გარდა ამისა, სელექციური შეწყვილების, ქორწინების და სამოქალაქო და გენეტიკური მემკვიდრეობის კანონების თანახმად, როგორც ჩანს, ბუნებრივი ავტორიტეტი მემკვიდრეობით რამდენიმე კეთილშობილი ოჯახის თაობიდან თაობაზე გადადიოდა. ამ ოჯახთა უფროსებს, რომლებმაც სხვებზე დიდი ხნით ადრე მიაღწიეს დიდ წარმატებას და წინდახედულებითა და სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ, სხვა ადამიანები თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად და ერთმანეთზე საჩივლელად მიმართავდნენ. ბუნებრივი ელიტის ლიდერები მსაჯულისა და მშვიდობისმყოფელის ფუნქციას ხშირად უფასოდ ასრულებდნენ. მათ საკუთარი პიროვნული მოვალეობის შეგრძნება ან, სამოქალაქო სამართალზე, როგორც კერძო წარმოების „საზოგადოებრივ სიკეთეზე“, ზრუნვა ამოძრავებდათ.

სწორედ მსაჯულისა და მშვიდობისმყოფელის ფუნქციის მონოპოლიზება იყო სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი. ერთხელაც, ბუნებრივი ელიტის ერთერთმა წარმომადგენელმა, რომლის ავტორიტეტი საყოველთაოდ იყო აღიარებული, დაჟინებით მოითხოვა, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე ყველა კონფლიქტი მხოლოდ მას განეხილა. სხვების წინააღმდეგობის მიუხედავად, მან თავისი გაიტანა და კონფლიქტურ მხარეებს სხვა მსაჯულისა და მშვიდობისმყოფელის ამორჩევა აეკრძალათ.

მონოპოლიის წარმოშობა

რაკი სახელმწიფო პირვანდელი ბუნებრივი ელიტის იერარქიული წყობისგან აღმოცენდა, გასაგები ხდება, თუ რატომ იყო კაცობრიობის ისტორიაში მონარქიული მმართველობა დემოკრატიულზე უფრო გავრცელებული. რასაკვირველია, იყო გამონაკლისებიც, მაგალითად, ათენის დემოკრატია, რომის რესპუბლიკა ჩვენი წელთაღრიცხვის 31 წლამდე, რესპუბლიკები ვენეციაში, ფლორენციასა და გენუაში რენესანსის დროს, შვეიცარიის კანტონები 1291 წლიდან, ნიდერლანდების გაერთიანებული პროვინციები 1648 წლიდან 1673 წლამდე და ინგლისი კრომველის დროს. მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევითობა იყო და არც ერთი მათგანი ოდნავადაც არ ჰგავდა თანამედროვე დემოკრატიულ სისტემას, რომელიც ყოველი ადამიანისთვის ერთ საარჩევნო ხმის უფლებას ითვალისწინებს. ეს სახელმწიფოები მეტისმეტად ელიტარული იყო. მაგალითად, ათენში არჩევნებში მონაწილეობის და მმართველ თანამდებობაზე არჩევის უფლების მქონე ადამიანთა რიცხვი მოსახლეობის 5%25-საც არ შეადგენდა. კაცობრიობამ მონარქიების ხანა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოიტოვა უკან.

მონოპოლიური ძალაუფლება

მაშინვე, როგორც კი ბუნებრივი ელიტის ერთმა წევრმა წარმატებით მოახდინა მსაჯულისა და მშვიდობისმყოფელის ფუნქციების მონოპოლიზება, სასამართლო წარმოება და მისი დადგენილების განხორციელება უფრო გაძვირდა. უფასო მომსახურების ან ნებაყოფლობითი გადასახადის ნაცვლად, მასთან დაკავშირებული ხარჯები სავალდებულო გადასახადებით იფარებოდა. მონოპოლიური სასამართლო, რომელსაც კლიენტების დაკარგვის საშიშროება არ ელოდა არსებულ კანონებს თავის სასარგებლოდ ამახინჯებდა, ნაცვლად იმისა, რომ კერძო საკუთრების დამცავი ანტიკური კანონებით ესარგებლა და სამართლის უნივერსალური და უცვლელი პრინციპებით ემოქმედა.

როდის გადადგა პატარა, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯი მეფემ სამართალწარმოებასა და წესრიგის დაცვის უფლებაზე მონოპოლიის განმტკიცებისკენ, რაც, სრულიად აშკარად, ძვირსა და უხარისხო სამართალს ნიშნავდა? რასაკვირველია, ბუნებრივი ელიტის სხვა წევრები ამის წინააღმდეგი იქნებოდნენ. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი მეფე საკუთარ თავს „ხალხთან“, ანუ „ჩვეულებრივ ადამიანებთან“ აიგივებდა. შურიანობის მარადიულ გრძნობებზე თამაშით, მეფეები ხალხს უფრო იაფ და უკეთეს სამართალს ჰპირდებოდნენ, მათთვის გადასახადების შემცირებით და მათ მეტოქეებზე (ე.ი. მეფის მოწინააღმდეგეებზე) უფრო მაღალი გადასახადების დაკისრების ხარჯზე. და, კიდევ, მეფეებს ინტელექტუალების გადაბირების იმედი ჰქონდათ.

ინტელექტუალთა როლი

სავარაუდოა, ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად, მწიგნობრობაზე მოთხოვნა იზრდებოდა, თუმცა, ხალხის უმრავლესობა მიწიერ, ყოველდღიურ ყოფაზე უფრო მეტად ზრუნავდა და ინტელექტუალთა სამსახურს ნაკლებად იყენებდა. ეკლესიის გარდა, მწიგნობრობაზე მოთხოვნა მხოლოდ ბუნებრივი ელიტის წევრებში იყო, მაგალითად, ბავშვების მასწავლებლებზე, პირად მრჩევლებზე, მდივნებსა და ბიბლიოთეკარებზე. ინტელექტუალთა სამსახურზე მოთხოვნა არამყარი, ხოლო ანაზღაურება, როგორც წესი, დაბალი იყო. ამასთან, მართალია, ბუნებრივი ელიტის წევრები თვითონ იშვიათად იყვნენ განსწავლულები (ე.ი. მთელ დროს სწავლას არ ანდომებდნენ), სამაგიეროდ, ისინი მატერიალური წარმოებით იყვნენ დაკავებული და ჭკუით მათ მიერ დასაქმებულ ინტელექტუალებს არ ჩამოუვარდებოდნენ, ამიტომ მათ მიღწევებს დიდად არ აფასებდნენ.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეს ფაქტი ინტელექტუალთა წყენას იწვევდა, რადგან მათ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდათ. რაოდენ უსამართლო იყო, რომ ბუნებრივი ელიტა, რომლსაც ინტელექტუალები ასწავლიდნენ, ფაქტობრივად, მათზე მაღლა იდგა და კომფორტულად ცხოვრობდა, ხოლო თავად ინტელექტუალები გაცილებით ღარიბნი და ბუნებრივ ელიტაზე დამოკიდებულნი იყვნენ. ადვილი წარმოსადგენია ისიც, რომ, თუკი ინტელექტუალები სამართალზე მონოპოლიის ხელში ჩაგდებას მოინდომებდნენ, მეფე მათ იოლად აჯობებდა. მონარქიული მმართველობის იდეოლოგიური მხარდაჭერის სანაცვლოდ, მეფეს შეეძლო მათთვის არა მარტო უკეთესი და მაღალი წოდების სამსახური შეეთავაზებინა, არამედ ამით მათთვის, როგორც სამეფო კარის ინტელექტუალებისთვის, შესაძლებლობა მიეცა, რომ ბოლოს და ბოლოს ბუნებრივი ელიტისათვის სამაგიერო გადაეხადათ მათდამი უპატივცემულო დამოკიდებულების გამო.

მაგრამ, ინტელექტუალთა მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა. მონარქიული მმართველობის დროს მმართველსა (მეფე) და მართულს შორის აშკარა განსხვავება იყო და მართულმა იცოდა, რომ ის მმართველი ვერასდროს გახდებოდა. ამიტომ, მეფის ძალაუფლების ზრდას დიდად ეწინააღმდეგებოდა როგორც ბუნებრივი ელიტა, ისე ჩვეულებრივი მოსახლეობა. შესაბამისად, მეფისთვის იოლი არ იყო გადასახადების გაზრდა და ინტელექტუალთა დასაქმების შესაძლებლობა ისევ ძალიან შეზღუდული რჩებოდა. ამასთან, რაკი მეფე უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, ის ინტელიგენციას ბუნებრივ ელიტაზე ბევრად უკეთ არ ეპყრობდა. და, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეფე უფრო დიდ ტერიტორიას აკონტროლებდა, ვიდრე ბუნებრივი ელიტის რომელიმე წარმომადგენელი, მასთან უსიამოვნება კიდევ უფრო სახიფათო იყო და ეს ინტელექტუალთა მდგომარეობას კიდევ უფრო საჩოთიროს ხდიდა.

ამას მოწმობს ცნობილ განათლებულ ადამიანთა ბიოგრაფიები - შექსპირიდან გოეთემდე, დეკარტედან ლოკამდე, მარქსიდან სპენსერამდე. თითქმის XIX საუკუნემდე მათ საქმიანობას კერძო დონორები, ბუნებრივი ელიტის წარმომადგენლები, პრინცები ან მეფეები აფინანსებდნენ. სპონსორთან უსიამოვნების გამო ისინი ხშირად იცვლიდნენ სამუშაოს და ზოგჯერ ადგილმდებარეობასაც კი. მართალია, ამით უმეტეს შემთხვევაში ფინანსურ უზრუნველყოფას კარგავდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს არა მარტო მათ უნიკალურ კოსმოპოლიტურობას უწყობდა ხელს (რასაც მრავალი ენის ცოდნა მოწმობს), არამედ მათ არაჩვეულებრივ ინტელექტუალურ დამოუკიდებლობასაც. რომელიმე დონორი ან სპონსორი თუ აღარ დაეხმარებოდათ, მრავალი სხვა არსებობდა, ვინც სიამოვნებით ენაცვლებოდა მათ. უნდა ითქვას, რომ ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრება უმეტესწილად ყვაოდა, მაგრამ ინტელექტუალები ყველაზე მეტი დამოუკიდებლობით იქ სარგებლობდნენ, სადაც მეფის პოზიცია, ანუ ცენტრალური მმართველობა შედარებით სუსტი იყო, ბუნებრივი ელიტა კი ძლიერი.

დემოკრატიის განვითარება

სახელმწიფოს, ბუნებრივ ელიტასა და ინტელექტუალებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ძირეული ცვლილება მხოლოდ მონარქიული მმართველობის დემოკრატიულზე გადასვლისას მოხდა. ისტორიულად, მონარქიის წინააღმდეგ ბრძოლას მართლმსაჯულების მზარდი ფასები და მეფეების მიერ (როგორც მონოპოლისტი მოსამართლეების და მშვიდობისმყოფელების) ანტიკური კანონების დამახინჯება განაპირობებდა. თუმცა ამ მოვლენის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით დიდი გაურკვევლობა არსებობდა. იყვნენ ისეთები, ვინც სწორად ხვდებოდნენ, რომ პრობლემას მონოპოლია ქმნიდა და არა ელიტა ან აზნაურობა. თუმცა, მათზე გაცილებით მეტნი იყვნენ ისინი, ვინც ამ პრობლემაში ელიტარული მმართველობის ხასიათს შეცდომით ადანაშაულებდა; იყვნენ ისეთებიც, ვინც მხარს უჭერდა სამართლისა და კანონების გატარების მონოპოლიას და ისეთებიც, ვინც უბრალოდ მეფისა და მეტისმეტად თვალში საცემი სამეფო პომპეზურობის „ხალხითა” და წესიერი „ჩვეულებრივი ადამიანებით“ ჩანაცვლებას მოითხოვდა. აქედან დაიწყო დემოკრატიის ისტორიული სვლა.

ბედის ირონიაა, რომ მონარქიზმი იმავე სოციალურმა ძალებმა დაანგრიეს, რომელთა წაქეზებასა და გადაბირებასაც ერთ დროს მეფეები ცდილობდნენ, როდესაც მოსამართლეობიდან კონკურენტი ბუნებრივი ავტორიტეტების ჩამოშორება დაიწყეს. ეს იყო უბრალო ადამიანთა შური მათ ზემდგომთა მიმართ და ინტელექტუალთა სწრაფვა საზოგადოებაში ე.წ. დამსახურებული ადგილის დასაკავებლად. როდესაც მეფის დაპირებები უკეთესი და უფრო იაფი მართლმსაჯულების შესახებ ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა, ინტელექტუალებმა ის ეგალიტარული მოსაზრებანი, რითაც ადრე მათ მეფეები ატყუებდნენ, თავად მონარქიული მმართველობის წინააღმდეგ შეატრიალეს. აქედან გამომდინარე, ლოგიკური აღმოჩნდა, რომ მეფეც უნდა ჩამოეგდოთ და ის ეგალიტარული პოლიტიკა, რომელიც მონარქებმა მოიგონეს, საბოლოოდ განეხორციელებინათ, ანუ სამართალზე მონოპოლია უბრალო ხალხისთვის გადაეცათ. ინტელექტუალთა აზრით, ეს ფუნქცია მათ თვითონ უნდა შეესრულებინათ, რადგანაც ისინი ხალხის სახელით ლაპარაკობდნენ.

როგორც ელემენტარული ეკონომიკური თეორია წინასწარმეტყველებდა, მონარქიული მმართველობის გადასვლამ საყოველთაო საარჩევნო უფლებაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ მმართველობაზე და მეფის ხალხით შეცვლამ საქმე გააუარესა. მართლმსაჯულების ფასი ასტრონომიულად გაიზარდა და სამართლის ხარისხი სულ უფრო გაუარესდა. ამ გარდაქმნამ მმართველობაზე კერძო საკუთრების სისტემა, ანუ კერძო მონოპოლია, მმართველობაზე საზოგადოებრივი საკუთრების სისტემით - საზოგადოებრივი მონოპოლიით შეცვალა.

ამით დაიწყო „საზიარო საკუთრების ტრაგედია“. ახლა მხოლოდ მეფე კი არა, არამედ ყველა დანარჩენიც სხვისი ქონების მიტაცებას ცდილობდა. ამან: მთავრობის მხრიდან გადასახადების სახით მეტი ექსპლუატაცია გამოიწვია; სამართალი იმ დონემდე დაკნინდა, რომ სამართლის უნივერსალური და უცვლელი პრინციპების არსებობის რწმენა გაქრა და ის სამართალშემოქმედების იდეამ ჩაანაცვლა (მიკვლეული და სამარადჟამოდ „დადგენილი“ სამართლის იდეა, დადგენილი და შეთანხმებული სამართლის იდეამ შეცვალა); გაიზარდა დროებითი უპირატესობის მქონეთა სოციალური დონე (გაიზარდა მედროვეობა).

მეფე ფლობდა ტერიტორიას და შეეძლო ის თავისი ვაჟისთვის გადაეცა, ამიტომ, ის მის ღირებულებას უფრთხილდებოდა. დემოკრატიული მმართველი იყო და არის დროებითი ხელმძღვანელი და, ამიტომ, ის ძირითადი კაპიტალის ხარჯზე ყველა სახის სახელმწიფო მიმდინარე შემოსავლის მაქსიმალურ გაზრდას ცდილობს და ფლანგავს მას.

აი, ზოგიერთი ფაქტი: მონარქიულ ხანაში პირველ მსოფლიო ომამდე სამთავრობო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით 5%25-ზე მაღალი არ იყო. მას შემდეგ ის 50 %25-მდე გაიზარდა. პირველ მსოფლიო ომამდე სახელმწიფო დასაქმება მთელი დასაქმების 3%25-ზე ნაკლები იყო. მას შემდეგ 15-20 %25-მდე გაიზარდა. მონარქიულ ეპოქაში ფულის ფუნქციას საქონელი (ოქრო) ასრულებდა და ფულის მსყიდველობითი უნარი თანდათან იზრდებოდა. დემოკრატიული ეპოქა კი ქაღალდის ფულის ეპოქაა, რომლის მსყიდველობითი უნარი თანდათან მცირდება.

მეფეები სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდნენ ვალებში, მაგრამ მშვიდობიან დროს ისინი თავიანთ ვალებს, ჩვეულებრივ, ცოტათი ამცირებდნენ. დემოკრატიულ ეპოქაში ჩვენი მთავრობის ვალები ომის დროსაც წარმოუდგენლად იზრდება და მშვიდობის დროსაც. მონარქიულ ეპოქაში რეალური საპროცენტო განაკვეთი თანდათან მცირდებოდა, დაახლოებით 2.5%25-მდე. მას შემდეგ რეალური საპროცენტო განაკვეთი (ნომინალური განაკვეთი ინფლაციის მიხედვით) დაახლოებით 5%25-მდე გაიზარდა - XV საუკუნის დონეს გაუტოლდა. კანონმდებლობა, ფაქტობრივად, XIX საუკუნის ბოლომდე არ არსებობდა. დღეს ერთ წელიწადში ათიათასობით კანონსა და დადგენილებას იღებენ. შემოსავლების ზრდასთან ერთად, დანაზოგების დონე კი არ იზრდება, მცირდება და ოჯახების დაშლისა და დანაშაულებათა მაჩვენებლები სულ ზევით და ზევით მიიწევს.

ბუნებრივი ელიტის ხვედრი

რა ბედი ეწია ბუნებრივ ელიტას და ინტელექტუალებს მაშინ, როდესაც დემოკრატიული მმართველობის პირობებში სახელმწიფოს მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო „ხალხის“ მდგომარეობა, რომელმაც საკუთარი თავის მართვა „თავადვე“ დაიწყო, მკვეთრად გაუარესდა? დემოკრატიზაციამ განსაკუთრებულ წარმატებას იქ მიაღწია, სადაც მას თავად მეფეებმა დაახვედრეს ნოყიერი ნიადაგი: სრულიად გაანადგურეს რა ბუნებრივი ელიტა და თავადაზნაურობა. დიდგვაროვანი ოჯახების ქონება მათ სიცოცხლეშივე და მათი გარდაცვალების შემდეგ საგადასახადო კონფისკაციის გზით განიავდა. ამ ოჯახების ეკონომიკური დამოუკიდებლობის ტრადიციები, გონივრული წინდახედულება, ზნეობრივი და სულიერი წინამძღოლობის სულისკვეთება ერთავად დაიკარგა და დავიწყებას მიეცა.

მდიდარი ადამიანები დღესაც არსებობენ, მაგრამ ხშირად მათ თავიანთი ქონება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სახელმწიფოს წყალობით აქვთ ნაშოვნი. ამდენად, ისინი ხშირად სახელმწიფოს მუდმივ დახმარებაზე უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი, ვიდრე ნაკლები ქონების მეპატრონეები.

ისინი უკვე არა დიდი ხნის წინ დამკვიდრებული მოწინავე ოჯახების წინამძღოლები, არამედ, „მდიდარი მეტიჩრები“ არიან. მათ ქცევას სიძლიერე, სიბრძნე, ღირსება ან გემოვნება კი არ ეტყობა, არამედ მედროვეობა, რაც იმავე პროლეტარული კულტმასობრივი ოპორტუნიზმის, ჰედონიზმის გამოხატულებაა, რაც თანამედროვე მდიდარ და ცნობილ ადამიანებს ყველა დანარჩენს ამსაგავსებს. ამიტომ, - მადლობა ღმერთს! - საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გავლენის თვალსაზრისით, მათ აზრს სხვების აზრზე უფრო მეტი წონა აღარ აქვს.

დემოკრატიამ შეძლო „რანტიეთა (პირი, რომელიც გასესხებული კაპიტალის სარგებლით ცხოვრობს) კლასის ევთანაზია“ (უმტკივნეული სიკვდილი), ანუ ის, რაზედაც კეინზი მხოლოდ ოცნებობდა. კეინზის განცხადება, „გარკვეული ხნის შემდეგ ყველა ჩვენგანი მოკვდებაო“, ჩვენი დროის დემოკრატიულ სულისკვეთებას - ჰედონისტურ მედროვეობას - ზუსტად გამოხატავს. ასეთი განსჯა ტიპური გახდა, თუმცა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრიც არასწორია. დემოკრატიამ, ნაცვლად იმისა, რომ პროლეტარიატი გაეკეთილშობილებინა, ელიტა გააპროლეტარიატა და ხალხის მასების აზროვნებასა და განსჯის უნარს სისტემატურად ამახინჯებს.

ინტელექტუალთა ხვედრი

მეორე მხრივ, იმ დროს, როდესაც ბუნებრივ ელიტას ანადგურებდნენ, ინტელექტუალებს საზოგადოებაში უფრო შესამჩნევი და ძლიერი პოზიცია ეჭირათ. უნდა ითქვას, რომ მათ მნიშვნელოვანწილად მიაღწიეს კიდეც მიზანს და იმ მმართველ კლასად ჩამოყალიბდნენ, რომელიც სახელმწიფოს მართავდა და მოსამართლის უფლებამოსილებას მონოპოლიურად ასრულებდა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკოსები ყველა ინტელექტუალია (თუმცა, რასაკვირველია, დღეს პრეზიდენტობას მეფეებთან შედარებით უფრო მეტად განათლებული ადამიანები აღწევენ). და, მაინც, მწიგნობარს განსხვავებული უნარი და ნიჭი სჭირდება, ვიდრე იმ ადამიანს, რომლესაც მასების მობილიზება ან დონორებიდან თანხების მოზიდვა ეხერხება. თუმცა, უწიგნურებიც საბიუჯეტო სკოლებისა და უნივერსიტეტების, აგრეთვე, ინტელექტუალი საჯარო მოხელეებისა და მათი მრჩევლების მიერ არიან გონებაარეული და თითქმის ყველა ერთ წუმპეშია ამოგანგლული.

ბუნებრივი ელიტის კერძო სამსახურში არც ერთი რიგიანი ეკონომისტი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი თუ სოციალურ მეცნიერებათა თეორეტიკოსი არ დგას. ძველი ელიტიდან შემორჩენილ რამდენიმე წარმომადგენელს კი, ვისაც მათი სამსახური შეიძლება სჭირდებოდეს, ფინანსური შესაძლებლობა აღარ აქვს. ამიტომ, თანამედროვე ინტელექტუალები მასიურად დგანან სახელმწიფო სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულება ან ფონდი, სადაც ისინი მუშაობენ, ნომინალურად კერძოა. ისინი თავს ჭირვეული მომხმარებლის მოთხოვნილებისგან თითქმის მთლიანად დაცულად გრძნობენ („მუდმივი სამუშაო ადგილი“). მათი რიცხვი დრამატულად იზრდება, ხოლო მათი საშუალო ანაზღაურება კი რეალურ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალია. ამასთანავე, მათი გონებრივი პროდუქტის ხარისხი გამუდმებით უარესდება. ის, რასაც ჩვენ ვაწყდებით, უმეტესად შეუსაბამობა და გაუგებრობაა. უფრო უარესი ის არის, რომ რამდენადაც დღეს გონებრივი პროდუქტი მთლად შეუსაბამო და გაუგებარია, ის საოცრად ეტატისტურია. არსებობს გამონაკლისები, მაგრამ თუ პრაქტიკულად ყველა ინტელექტუალი სახელმწიფოს მრავალრიცხოვან ორგანოებშია დასაქმებული, მაშინ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მათი ყველაზე დიდი მიღწევა, უპირველეს ყოვლისა, ეტატიზმის პროპაგანდა იქნება. დღეს დემოკრატიულ მმართველობას უფრო მეტი პროპაგანდისტი ჰყავს, ვიდრე კაცობრიობის ისტორიაში ოდესმე რომელიმე მონარქისტულ მმართველობას ჰყოლია.

ეტატიზმისკენ ეს, ერთი შეხედვით, შეუჩერებელი სვლა ე.წ. „ჩიკაგოს სკოლის“ წარმომადგენელთა, კერძოდ, მილთონ ფრიდმენის, მის წინამორბედთა და მის მიმდევართა მაგალითზე ჩანს კარგად. 1930-1940-იან წლებში „ჩიკაგოს სკოლას“ ჯერ კიდევ მემარცხენე ფრთას მიაკუთვნებდნენ და, ეს სამართლიანიც იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, ფრიდმენი ოქროს სტანდარტის ნაცვლად ცენტრალური ბანკების არსებობას და ქაღალდის ფულს უჭერდა მხარს. განუსაზღვრელი მინიმალური შემოსავლის გარანტირების აუცილებლობის შესახებ გამოთქმული მოსაზრებით (ნეგატიური საშემოსავლო გადასახადი), ფრიდმენი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპს გულწრფელად უჭერდა მხარს. ის მხარს ეგალიტარული მიზნით შემოღებულ პროგრესულად მზარდ საშემოსავლო გადასახადებს უჭერდა (და გადასახადების ამოღებაში პირადადაც ეხმარებოდა). ფრიდმენი იზიარებდა იმ მოსაზრებასაც, რომ სახელმწიფოს ყველა იმ საქოლის წარმოების დასაფინანსებლად უნდა შეეძლოს გადასახადების დაწესება, რასაც, მისი აზრით, გარემოზე დადებითი გავლენა აქვს ან ექნება. რასაკვირველია, ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის არ არსებობს არაფერი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება!

ამასთან, ფრიდმენი და მისი მიმდევრები ზედაპირულ ფილოსოფიებს შორის ყველაზე ზედაპირულს: ეთიკურ და ეპისტემოლოგიურ რელატივიზმს უჭერდნენ მხარს. სრული მორალური ჭეშმარიტება არ არსებობს და მთელი ჩვენი რეალური, ემპირიული ცოდნა კი, საუკეთესო შემთხვევში, ჰიპოთეზური ჭეშმარიტებაა. თუმცა მათ ეჭვი არასდროს შეპარვიათ, რომ სახელმწიფო უნდა არსებობდეს და თან ეს სახელმწიფო დემოკრატიული უნდა იყოს.

დღეს, ნახევარი საუკუნის შემდეგ, „ჩიკაგოს ფრიდმენისეული სკოლა“, რომელსაც თავისი პოზიციები არსებითად არ შეუცვლია, მემარჯვენე ფრთად და თავისუფალი ბაზრის მომხრედ ითვლება. უნდა ითქვას, რომ ეს სკოლა პოლიტიკური მემარჯვენეებისთვის მისაღები თვალსაზრისის ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას, რომელთანაც დაპირისპირება ექსტრემისტობას ნიშნავს. აი, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა საზოგადოებრივმა აზრმა, რაც სახელმწიფო მოხელეების დამსახურებაა.

ინტელექტუალთა წყალობით გამოწვეულ ეტატისტურ დამახინჯებათა სხვა შემთხვევებიც ყურადღებას იმსახურებს. თუ საარჩევნო სტატისტიკას გადავხედავთ, მეტ-ნაკლებად შემდეგ სურათს წავაწყდებით: რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი სასწავლო დაწესებულებაში, მაგალითად, მეცნიერებათა დოქტორი (Ph.D.) ბაკალავრთან შედარებით (B.A), უფრო სავარაუდოა, რომ ეს ადამიანი იდეოლოგიურად ეტატისტი იქნება და ხმას დემოკრატებს მისცემს. ამასთან, რაც უფრო დიდია იმ თანხების მოცულობა, რომელიც საგანმანათლებლო სისტემის დასაფინანსებლად საგადასახადო შემოსავლებიდან გამოიყოფა, მით უფრო დაბალია აკადემიური გამოცდებისა და ცოდნის შემოწმების სხვა ტესტების შედეგები. ვფიქრობ, შემდგომში ზნეობრივი ყოფაქცევისა და სამოქალაქო ღირსებისადმი მოთხოვნები კიდევ უფრო დაიწევს.

კიდევ ერთ მაგალითად შემდეგი მოვლენა გამოდგება: 1994 წელს „გადატრიალებად“ მოინათლა წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ნიუთ გინგრიჩის ე.წ. „რევოლუციური“ გამოსვლა, რომლის დროსაც მან სოციალური დაზღვევის ახალ კურსს დაუჭირა მხარი და სამოქალაქო უფლებათა კანონმდებლობა მოიწონა, რომელიც უპირატესი უფლებების მინიჭებასა და სავალდებულო ინტეგრაციას ითვალისწინებს, რაც, სინამდვილეში, კერძო საკუთრების უფლების გაუქმებას, გაერთიანებების, განცალკევებისა და გარიგებების თავისუფლებას ხელყოფს. განა შეიძლება რევოლუციად მოვიხსენიოთ მოვლენა, სადაც რევოლუციონერები ამჟამინდელი უბედურების ეტატისტურ წანამძღვრებსა და მიზეზებს გულწრფელად ეთანხმებიან? ცხადია, ასეთ მოვლენას რევოლუცია მხოლოდ ისეთ გარემოში შეიძლება ეწოდოს, რომელიც საფუძველშივე ეტატისტურია.

ისტორია და იდეები

მდგომარეობა გამოუვალი ჩანს, მაგრამ ეს ასე არ არის. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ვითარება საუკუნოდ არ გაგრძელდება. დემოკრატიული ეპოქა „ისტორიის დასასრული“ ვერ იქნება, როგორც ნეოკონსერვატორებს სურთ დაგვარწმუნონ, რადგან ამ პროცესს თავისი ეკონომიკური მხარეც გააჩნია.

საბაზრო ურთიერთობებში ჩარევა აუცილებლად უფრო მეტ წინააღმდეგობას გამოიწვევს, ვიდრე მოველით. ეს კი, სახელმწიფოს მხრიდან, უფრო და უფრო მეტი კონტროლისა და რეგულირებისკენ გვიბიძგებს, რაც იქამდე გაგრძელდება, სანამ საბოლოოდ განვითარებულ სოციალიზმს არ მივაღწევთ. ახლანდელი ტენდენცია თუ გაგრძელდება, შეგვიძლია უშეცდომოდ ვიწინასწარმეტყველოთ, რომ დასავლური ტიპის საყოველთაო კეთილდღეობის დემოკრატიული სახელმწიფო საბოლოოდ ისევე დაინგრევა, როგორც აღმოსავლეთის „სახალხო რესპუბლიკები“ დაინგრა 1980-იან წლებში. ათობით წელია, რაც დასავლეთში რეალური შემოსავალი ერთ ადგილს ტკეპნის და ბევრ შემთხვევაში შემცირდა კიდეც. სახელმწიფო გადასახადებმა და „სოციალური დაზღვევის“ პროგრამების ღირებულებამ ეკონომიკური კრახის პერსპექტივა წარმოშვა. ამავე დროს, სოციალურმა დაძაბულობამ საშიშ ზღვარს მიაღწია.

იქნებ ეკონომიკურ კრახს უნდა დაველოდოთ, რომ ახლანდელი ეტატისტური ტენდენცია შეიცვალოს. მაგრამ თუნდაც ასეთ შემთხვევაში კიდევ ბევრი რამ არის საჭირო. კრახი ავტომატურად ქვეყნის მდგომარეობის გამოსწორებას არ გამოიწვევს. შეიძლება საქმე გაუარესდეს კიდეც.

ფაქტობრივად, დასავლეთის ბოლოდროინდელ ისტორიაში ორი აშკარა შემთხვევა იყო, როდესაც კატასტროფის შედეგად ცენტრალური მთავრობის ძალაუფლება, თუნდაც დროებით, ფაქტობრივად შემცირდა: მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში, ლუდვიგ ერჰარდის დროს და ჩილეში, გენერალ პინოჩეტის დროს. კრიზისის გარდა, საჭიროა იდეები - სწორი იდეები და ის ადამიანები, ვისაც უნარი შესწევთ, რომ მათ ჩაწვდნენ და შესაძლებლობის გაჩენისთანავე განახორციელონ.

თუ ისტორიის სვლა გარდაუვალია, მაგრამ ეს ასე არ არის, მაშინ კატასტროფა არც აუცილებელია და არც გარდაუვალი. ბოლოს და ბოლოს, ისტორიას ჭეშმარიტი და მცდარი იდეები, და ამ იდეებით მოქმედი და შეპყრობილი ადამიანები განსაზღვრავს. კრახი მხოლოდ მაშინაა გარდაუვალი, როდესაც მართვაში მცდარი იდეები გამოიყენება. მეორე მხრივ, თუ სწორი იდეებით იხელმძღვანელებენ და საზოგადოებრივ აზრშიც საღი აზრი გაბატონდება, ამასთან, სწორი იდეების არსობრივი გაზიარება მყისვე გახდება შესაძლებელი - კატასტროფა აღარ მოხდება.

ინტელექტუალების როლი

ყოველივე ამან იმაზე დამაფიქრა, თუ რა როლი უნდა შეასრულონ საზოგადოებრივი აზრის რადიკალურად და ძირეულად შესაცვლელად ინტელექტუალებმა, ბუნებრივმა ელიტამ და ყველა დანარჩენმა. ორივე მხარეს ბევრი რამ მოეთხოვება, თანაც, რამდენიც არ უნდა მოეთხოვებოდეთ, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ანუ მისგან თავის დასაღწევად ეს მოთხოვნები ორივე მხარემ უნდა მიიღოს, როგორც საკუთარი ბუნებრივი მოთხოვნილება.

ინტელექტუალთა უმეტესობა კორუმპირებული რომც იყოს და შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მათ კისერზე იყოს, მათი მხარდაჭერის გარეშე რაიმე იდეოლოგიური რევოლუცია მაინც შეუძლებელი იქნებოდა. სახელმწიფოში გაბატონებულ ინტელექტუალთა მმართველობა მხოლოდ მწიგნობრობის მოწინააღმდეგე ინტელექტუალებმა შეიძლება დაამსხვრიონ. საბედნიეროდ, პიროვნული თვითმყოფადობის იდეები, კერძო საკუთრება, გაერთიანებებისა და გარიგებების თავისუფლება, პირადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც სახელმწიფო ძალაუფლება, როგორც თავისუფლებისა და კერძო საკუთრების უპირველესი მტერი, არ მოისპობა მანამ, სანამ ადამიანთა მოდგმა არსებობს და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებას წარმოადგენს, ჭეშმარიტება კი საკუთარ თავს თვითონვე იცავს. ამასთან, არც ადრინდელ ფილოსოფოსთა შრომები გაქრება, სადაც ეს იდეებია ასახული. მაგრამ აგრეთვე აუცილებელია, რომ ამჟამადაც არსებობდნენ მოაზროვნეები, რომლებიც ამ ნაშრომებს წაიკითხავენ, შეისწავლიან, გაიხსენებენ, გადაამუშავებენ, დახვეწენ და ხელახლა გაავრცელებენ, და, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა ექნება, საკუთარ აზრს გამოთქვამს და თავის კოლეგებს ღიად დაუპირისპირდება, შეებრძოლება და დაამარცხებს მათ.

ორი აუცილებელი მოთხოვნიდან - სამეცნიერო კომპეტენცია და რეპუტაცია - მეორე უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. წმინდა სამეცნიერო თვალსაზრისით, საკითხი უფრო მარტივად დგას. ეტატისტთა დღევანდელი არგუმენტების უმეტესობა, რაც ყოველდღიურად გვესმის, იოლი გასაბათილებელია, რადგან უაზრობაა როგორც მორალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. არც იმ ინტელექტუალთა მოძებნაა იშვიათობა, რომლებსაც პირადად არ სჯერათ ის, რასაც საზოგადოებაში დიდი რიხით აცხადებენ. ისინი შეცდომას კი არ უშვებენ, არამედ განზრახ ამბობენ და წერენ იმას, რაც თვითონვე იციან რომ არასწორია. მათ ინტელექტი კი არ აკლიათ, არამედ ზნეობა. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ არა მარტო სიცრუეს უნდა ვებრძოლოთ, არამედ ბოროტებასაც, რაც გაცილებით რთულია და გაბედულებას მოითხოვს.

ქრთამი შეიძლება ანტიინტელექტუალურ ინტელექტუალებსაც შესთავაზონ და, საოცარია, თუ რა იოლად შეიძლება ზოგიერთი მათგანის გარყვნა: რამდენიმე ასეული დოლარი, კარგი მოგზაურობა, ძლიერ და ძლევამოსილ პიროვნებასთან ერთად ფოტოს გადაღება ხშირად სრულიად საკმარისია, რომ კაცი გაიყიდოს. აუცილებელია ასეთი ვერაგული ცდუნებების უარყოფა. გარდა ამისა, ბოროტებასთან მებრძოლი შეგუებული უნდა იყოს იმ აზრთან, რომ შეიძლება „წარმატებას“ ვერასდროს მიაღწიოს; სიმდიდრეს, დაწინაურებასა და პროფესიულ აღიარებას ვერ ეღირსოს. სინამდვილეში, მეცნიერული „დიდება“ შეიძლება მიუღწეველი აღმოჩნდეს.

უნდა ითქვას, რომ არა მარტო იმ აზრს უნდა შევეგუოთ, რომ აკადემიური დაწესებულებიდან გაგვდევნიან, არამედ იმ აზრსაც, რომ კოლეგები თითქმის ყველაფერს იღონებენ ჩვენს გასანადგურებლად. აბა, გაიხსენეთ ლუდვიგ ფონ მიზესი და მარი ნ. როთბარდი. XX საუკუნის ამ ორ უდიდეს ეკონომისტს და მეცნიერს აკადემიურ დაწესებულებებში არსებითად არ ღებულობდნენ და მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. მაგრამ ისინი მთელი სიცოცხლის მანძილზე ოდნავადაც არ დანებებულან, არასდროს დაუკარგავთ საკუთარი ღირსება და არც პესიმიზმში გადავარდნილან. პირიქით, გამუდმებული უსიამოვნებების მიუხედავად, შეუპოვრობას განაგრძობდნენ და კარგ განწყობილებას ინარჩუნებდნენ. წარმოუდგენლად ნაყოფიერად მუშაობდნენ და იმითაც კმაყოფილი იყვნენ, რომ ჭეშმარიტებას ემსახურებოდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებას.

ბუნებრივი ელიტის როლი

ბუნებრივმა ელიტამ სწორედ ახლა უნდა იმოქმედოს. მათ გარეშე ლუდვიგ ფონ მიზესისა და მარი როთბარდის მსგავსი ჭეშმარიტი მეცნიერები თავიანთ საქმეში ვერაფერს გახდებიან. დაბრკოლებათა მიუხედავად, მიზესმა და როთბარდმა თავიანთი სიტყვა თქვეს. ისინი არ გაჩუმებულან. სწავლებას და წიგნების გამოქვეყნებას არ წყვეტდნენ. ისევ აუდიტორიას მიმართავდნენ და ხალხს საკუთარ შეხედულებებსა და იდეებს შთააგონებდნენ. ეს ყველაფერი სხვა ადამიანების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მიზესს ლოურენს ფერტიგისა და უილიამ ვოლკერის ფონდი უხდიდა ხელფასს ნიუიორკის უნივერსიტეტში, როთბარდს კი ლუდვიგ ფონ მიზესის სახელობის ინსტიტუტი დაეხმარა თავისი წიგნების გამოცემა-გავრცელებაში და ისეთი გარემო შეუქმნა, რაც საშუალებას აძლევდა ის ეთქვა და დაეწერა, რაც უნდოდა, რის გაკეთებაც აკადემიურ დაწესებულებებსა და ოფიციალურ, ეტატისტურ მედიაში უკვე შეუძლებელი იყო.

ოდესღაც, დემოკრატიამდელ ეპოქაში, როდესაც ეგალიტარულ სულისკვეთებას დამოუკიდებელი სიმდიდრის, თავისუფალი აზროვნებისა და განსჯის უნარის მქონე უმრავლესობა ჯერ არ ჰყავდა განადგურებული, არაპოპულარული ინტელექტუალების მხარდაჭერა ცალკეულმა ადამიანებმა იკისრეს. მაგრამ დღეს ვის აქვს შესაძლებლობა, რომ ინტელექტუალი მარტოდმარტომ, საკუთარ ხარჯზე დაასაქმოს თუნდაც მდივნად, მრჩევლად ან თავისი ბავშვების აღმზრდელად? ისინი, ვისაც ამის შესაძლებლობა გააჩნია, თითქმის ყველა ღრმადაა ჩაფლული დიდი მთავრობისა და დიდი ბიზნესის არნახულ კორუფციულ ალიანსში და ისევ იმ გონებასუსტ ინტელექტუალებს უწყობენ ხელს, რომლებიც ეტატისტურ უმაღლეს სასწავლებლებში ბატონობენ. ამის მაგალითად როკფელერი და კისინჯერიც გამოდგება.

ამიტომ, მხოლოდ ერთობლივად, რესურსების გაერთიანებით შეგვიძლია შევასრულოთ ის ამოცანა, რომ დავიცვათ და გადავარჩინოთ ჭეშმარიტება - კერძო საკუთრება, გარიგებების, გაერთიანებებისა და განცალკევების თავისუფლება, პირადი პასუხისმგებლობა, და ვებრძოლოთ სიყალბეს, სიცრუეს, ეტატიზმის სიბოროტეს, რელატივიზმს, ზნეობრივ მანკიერებას და უპასუხისმგებლობას. ამისთვის ისეთ ინსტიტუტებს უნდა დავუჭიროთ მხარი, როგორიც, მაგალითად, მიზესის სახელობის ინსტიტუტია, რომლებიც ხელისუფლებისგან ფიზიკურადაც შორს მდგომ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, უკომპრომისობით გამოირჩევიან და იმ ღირებულებებს ემსახურებიან, რაც დასავლურ ცივილიზაციას უდევს საფუძვლად. მათი სამეცნიერო, სასწავლო, საგამომცემლო და საკონფერენციო პროგრამები მეტი არაფერია, თუ არა ზნეობრივი და ინტელექტუალური სიკეთის კუნძული მანკიერებათა ზღვაში.

რასაკვირველია, ნებისმიერი ღირსეული პიროვნების უპირველესი მოვალეობა საკუთარ თავსა და საკუთარ ოჯახზე ზრუნვაა. მან რაც შეიძლება მეტი ფული უნდა იშოვოს თავისუფალ ბაზარზე, რადგან, რაც უფრო მეტ ფულს იშოვის, მით უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს თავის ახლობლებს.

მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ინტელექტუალი ადამიანი ჭეშმარიტებას უნდა ემსახუროს, მიუხედავად იმისა, ეს მას მეყსეულ შემოსავალს აძლევს თუ არა.

რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ ისინი ბიზნესსა თუ სხვა სფეროში, და რაც უფრო მეტი აღიარებს მათ წარმატებას, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათ კარგი მაგალითი მოგვცენ: მათ ზნეობრივი ყოფაქცევის ყველაზე მაღალი ნორმები უნდა დაიცვან. ეს გულისხმობს, რომ საკუთარ, უაღრესად კეთილშობილურ მოვალეობად მიაჩნდეთ იმ ღირებულებების ღიად, ამაყად და, რაც შეიძლება, გულუხვად მხარდაჭერა, რაც, მათი აზრით, სწორი და ჭეშმარიტია.

სამაგიეროდ, ისინი სამეცნიერო შთაგონებას, მხარდაჭერას და ძალას იგრძნობენ, აგრეთვე დარწმუნებული იქნებიან, რომ მათი, როგორც სხვებისგან გამორჩეული და განუმეორებელი პიროვნებების, სახელი სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, რადგანაც მათ კაცობრიობას დაუვიწყარი სამსახური გაუწიეს.

ლუდვიგ ფონ მიზესის სახელობის ინსტიტუტის მსგავსი ორგანიზაციები შეიძლება ძლევამოსილი დაწესებულებები გახდეს, განათლების აღორძინების, პედაგოგიკისა და მეცნიერების ნამდვილ კერებად ჩამოყალიბდეს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, როცა რაღაც მიზეზების გამო ჩვენივე იდეების ტრიუმფს ვერ მოვესწრებით, მაინც გვეცოდინება და ვიამაყებთ, რომ მათ განხორციელებას ყველაფერი შევწირეთ; ისე მოვიქეცით, როგორც ყველა პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანი მოიქცეოდა.

13 ნამდვილი განათლება (გამოქვეყნდა 2001წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ჯეიმს ოსტროვსკი

1950

ჯეიმს ოსტროვსკი გამოცდილი ადვოკატი და ლიბერტარიანელი მწერალია. იგი ნარკოტიკებთან ბრძოლის საკანონმდებლო მეთოდების კრიტიკისადმი მიძღვნილი ორი საქვეყნოდ აღიარებული ნაშრომის ავტორია. მისი სტატიები მრავალ ჟურნალ-გაზეთშია გამოქვეყნებული: „Wall Street Journal“, „Buffalo News“, „Cleveland Plain Dealer“, „Legislative Gazette“, ხოლო პოლიტიკური კვლევები - ჰუვერის ინსტიტუტის და სტენფორდის უნივერსიტეტის, ლუდვიგ ფონ მიზესისა და აქტონის ინსტიტუტების მიერ არის გამოცემული. ამჟამად იგი ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია და მსოფლიოში ორი უდიდესი პოლიტიკური ელექტრონული გამოცემის მუდმივი ავტორია, კერძოდ Mises.org და LewRockwell.com.

ერთი უდიდესი დაბრკოლება, რაც თავისუფალი საზოგადოების შექმნას ეღობება წინ, ეს არის მთავრობის მიერ განათლების სისტემის კონტროლი. მთავრობა ბავშვებს სკოლაში სიარულს აიძულებს, გადასახადის გადამხდელებს კი უზარმაზარ თანხებს ახდევინებს „უფასო“ სახელმწიფო სკოლების სუბსიდირებისთვის. შედეგი შემაშფოთებელია - მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა, თითქმის 90 პროცენტი, შვილების სახელმწიფო დაფინანსების სკოლებში ტარებაზე უარს ამბობს.

სკოლების სახელმწიფო მონოპოლია მთავრობას ძალაუფლებას მატებს, თავისუფლების საქმეს კი მრავალმხრივ ვნებს. განათლების ხარჯები, როგორც შტატების, ისე ადგილობრივ დონეზე, უაღრესად დიდია. ამერიკელ პოლიტიკოსთა იმ ნაწილის მოსაზრება, რომ მთავრობა უნდა შემცირდეს, მაგრამ სასკოლო სისტემა უცვლელი დარჩეს, ერთობ აბსურდულია. განათლებაზე გამოყოფილი ფედერალური ხარჯები ჯერ კიდევ შედარებით მცირეა, მაგრამ ჯერ სად არის: ეს მხოლოდ დასაწყისია.

გარდა ამისა, აღსანიშნავია საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებული სპეციალური მიზნობრივი ჯგუფების ჩახლართული ქსელის არსებობა, რომელიც მოიცავს: მასწავლებლებსა და მასწავლებელთა გაერთიანებებს, მომწოდებლებს, გამომცემლებს, ადმინისტრატორებს და იმ მშობლებსაც კი, რომლებიც ბავშვებს უსასყიდლოდ უვლიან. სახელმწიფო სკოლების სამი მილიონი მასწავლებელი ძლევამოსილ ეტატისტურ არმიას შეადგენს. ყოველი სუბსიდია ყოველი მომდევნო სუბსიდიის საფუძველია, ამიტომ, საგანმანათლებლო სისტემაში მოქმედი ლობისტური დაჯგუფებები სუბსიდიის ყველაზე ხელსაყრელ ფორმებს ძალიან ელოლიავებიან. ეს სუბსიდიები არა მარტო განათლების მუდმივად მზარდ ხარჯებს ფარავს, არამედ შექმნილი სიმდიდრის დაუსრულებელი გადანაწილების ერთიანი ეტატისტური პროგრამის სამსახურში დგას, რაც საზოგადოებაში ბიუროკრატიული აპარატისა და მმართველობის გაზრდას უწყობს ხელს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სახელმწიფო სკოლები მთავრობას შესაძლებლობას აძლევს თვითონ გადაწყვიტოს, თუ რომელი პოლიტიკური იდეები უნდა ისწავლონ ბავშვებმა. ლიბერტარიანელებს ყოველთვის აშინებთ ის, არსებითად ეტატისტური თვალთახედვა, რაც სახელმწიფო სკოლის მოსწავლეთა და მის კურსდამთავრებულთა დიდი უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი. მათ მხოლოდ ის „იციან“, რომ კონსტიტუცია ქვეყანაში ქაოსის გამო დაგვჭირდა, ფრანკლინ დელანო რუზველტმა დიდი დეპრესიისგან გვიხსნა, ხოლო თეოდორ რუზველტმა „ყაჩაღი ბარონებისგან“ დაგვიცვა.

გამგონე ბავშვებს ხალას გონებაში ამგვარ და კიდევ უფრო უარეს იდეებს უნერგავენ. სანამ ჩვენი ლიბერტარიანულ ინსტიტუტთაგან რომელიმე, საწინააღმდეგო იდეას არ მიაწოდებს, მათი გონება თანდათან ცემენტივით მაგრდება. განა თავისუფლების მომხრეთა უმრავლესობას თავისი შეხედულებები ბავშვობაში ან სიყმაწვილეში არ ჩამოუყალიბდა? პირადად მე არც ერთი ადამიანი არ მეგულება, ვინც ლიბერტარიანელი ოცდაათი წლის ასაკის მერე გახდა. ადამიანის აღზრდას მანამდე უნდა მოვკიდოთ ხელი, სანამ ისინი პატარები არიან, მერე კი ამას აზრი არ აქვს. ამჯერად ამ ამოცანის შესრულება უკვე შეუძლებელია.

სახელმწიფო სკოლებში რელიგიის აკრძალვა ეტატისტური თვალსაზრისის გავრცელებას უწყობს ხელს. ყველა ტოტალიტარული რეჟიმისთვის ცნობილია, რომ რელიგია ღირებულებებს სახელმწიფოზე წინ და სახელმწიფოზე მაღლა აყენებს. მაგრამ არც ისეა საქმე, რომ სახელმწიფო სკოლებში რელიგია სულ არ ისწავლებოდეს. თუკი რელიგიაში ზოგადად „ვინმეს უშუალო ინტერესები“ იგულისხმება, მაშინ, ცხადია, სახელმწიფო სკოლების რელიგია ბავშვებს ასწავლის, რომ ყოვლისმწვდომი მთავრობა კაცობრიობის უძვირფასესი განძია. სახელმწიფო სკოლები ყველა რელიგიის სწავლებას კრძალავს, რომელიც სახელმწიფოს გაღმერთებას არ ქადაგებს.

სახელმწიფო სკოლები ცხოვრებისადმი თავისუფალი, სპონტანური დამოკიდებულების ნაცვლად ბიუროკრატიულ აზროვნებას ნერგავს და ამყარებს. ბიუროკრატიული აზროვნებისთვის ცხოვრება მხოლოდ დესპოტური ქცევის წესების დაუფიქრებლად დაცვას გულისხმობს. ამ წესებს კი ბრძანებათა ჯაჭვის სათავეში მყოფნი ადგენენ. დიდი ფიქრი არ არის საჭირო, უბრალოდ, წესები უნდა დაიცვა. როგორც მათი ხასიათიდან ჩანს, ეს წესები ადამიანთა შორის განსხვავებას არ ითვალისწინებს. ყველას ისე ეპყრობიან, როგორც ერთიან მასას.

მოსწავლეებს თორმეტი წლის მანძილზე ასეთი ცხოვრების წესთან შეგუება ბიუროკრატიული სახელმწიფოს გაძლებას აჩვევთ, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე მოუწევთ. მართალია, სახელმწიფო სკოლაში ბევრი უძლებს ამას ისე, რომ გონება არ უზიანდება, მაგრამ დღევანდელ სამყაროში ასობით ათასი ადამიანი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის არც გონებრივად და არც მორალურად აღარ ვარგა. ასეთი ხეიბრები ამა თუ იმ ფორმით წვრილმანი დამნაშავეების, შემწეობის მომლოდინეთა, ნარკომანთა და მათხოვართა რიგებში დგებიან. ბუნებრივია, ასეთი ხალხის არსებობას სოციალური დახმარების უფრო მეტი პროგრამების, მეტი პოლიციის, ციხეების და განათლების ხარჯების გაზრდის მოთხოვნები ახლავს თან! ამ გზით მთავრობა საკუთარ თავზე მოთხოვნილებას ქმნის, რადგან ერთი სახელმწიფო პროგრამის ჩავარდნა მეორეს წამოწყებას აძლევს ბიძგს.

ამიტომ გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ განათლებაზე სახელმწიფოს ამჟამინდელი კონტროლი ეტატიზმის განხორციელების ტოლფასია. თავისუფლების თვალსაზრისით, თუ ეს საფუძველი არ დაიმსხვრევა, არანაირი მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოხდება. როგორ მოვუაროთ ამას? ჩვენი არჩევანი შეიძლება იყოს აჯანყება, რეფორმა ან სკოლის დატოვება. აჯანყებას თუ ცოტა ხნით დავივიწყებთ, დაგვრჩება რეფორმა და სკოლის დატოვება. განა სახელმწიფო სკოლების რეფორმა შესაძლებელია?

არა. რეფორმის ერთადერთი, თუმცა ვარგისი გზა ვაუჩერების შემოღებაა. როგორც ლეველინ როქუელი ამტკიცებს, ვაუჩერები თავისუფალი ბაზრისკენ ვერ წაგვიყვანს. პირიქით, საშუალო ფენისთვის საგანმანათლებლო სოციალიზმის ფორმას ჩამოაყალიბებს. სავაუჩერო სისტემის სახელმწიფო დაფინანსების გამო, ყველა კერძო სკოლა სახელისუფლებო რეგულირებას დაექვემდებარება. მოგეხსენებათ, „ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“.

რეფორმის შეუძლებლობის გამო, საგანმანათლებლო ლობის პოლიტიკურ არენაზე დამარცხება აბსოლუტურად შეუძლებელია. უბრალოდ, ისინი უფრო მეტად ახერხებენ რეფორმის შეჩერებას, ვიდრე რეფორმატორები მის ამოქმედებას. მათ მეტი ორგანიზაციული შესაძლებლობები აქვთ, რომ მეტი ფული, დრო და ენერგია დახარჯონ. ისინი ადრე და ხშირად გამოყოფენ თანხებს. ახლანდელ სისტემას, ისევე, როგორც ეტატისტური სისტემის ყველა სხვა ასპექტს, რაციონალური აპათიისა და რაციონალური უმეცრების კანონები იცავს. რეფორმა ვერ ამოქმედდება და თუნდაც ამოქმედდეს, ის კი არ შეამცირებს, არამედ გაზრდის მთავრობასა და მის ძალაუფლებას.

უახლოეს მომავალში კერძო სკოლები გარდატეხის შეტანას ვერ შეძლებენ, რადგან მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა. ხშირად მათ რომელიმე ბიუროკრატის იმ მოსაზრებით ხურავენ, რომ ისინი ზედმეტად არარელიგიური ან ძალიან რელიგიური, ან არასწორი რელიგიის გამტარებელი არიან.

ამას გარდა, მილიონობით მშობელს სახელმწიფო სკოლების დასაფინანსებლად უკიდურესად დიდი გადასახადები აკისრია და ისინი ძვირიან კერძო სკოლებს ვეღარ გაწვდებიან.

რჩება ერთი გამოსავალი, სკოლის დატოვება. ამას ზოგადად საოჯახო სწავლება ჰქვია. საოჯახო სწავლების მომხრეთა სპონტანურმა ზრდამ, რომელიც დაახლოებით ორ მილიონ მხარდამჭერს ითვლის, უკვე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მე ჯერ ვერ ვიტყვი, რომ საოჯახო სწავლება ყველასთვის იდეალური ფორმაა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთადერთი პოლიტიკური სტრატეგიაა, რასაც სახელმწიფო სასკოლო სისტემის მონსტრის მოსპობა შეუძლია.

მოდით, სახელმწიფო სკოლების პირველი სასწავლო დღე საოჯახო სწავლების ეროვნულ დღედ ვაქციოთ. წარმოიდგინეთ ბიუროკრატ მასწავლებელთა გაოცება, როდესაც პირველ სასწავლო დღეს საკლასო ოთახები ცარიელი დახვდებათ, რადგან უხარისხო სწავლების გამო იქ აღარვინ მოისურვებს მისვლას.

სამწუხაროდ, აქ ადგილი არ გვეყოფა, რომ სახელმწიფო სკოლების წყალობით სანახევროდ განათლებულ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სავალალო ვითარება სრულად აღვწეროთ.

14 თავისუფლება „სახელმწიფო პოლიტიკა“ არ არის (გამოქვეყნდა 2002 წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლეველინ ჰ. როქუელი,
უმცროსი 1944

ცნობილი ამერიკელი ლიბერტარიანელი მიმომხილველი და გამომცემელი, ლუდვიგ ფონ მიზესის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი პრეზიდენტი, ლიბერტარიანული კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე მთელი რიგი ინტერნეტგამოცემების, მათ შორის www.lewrockwell.com-ის რედაქტორი. მისი მსოფლმხედველობა კლასიკური ლიბერალიზმის, ავსტრიული ეკონომიკური სკოლის, დეცენტრალიზმის, კულტურული კონსერვატიზმისა და პალეოლიბერტარიანიზმის მემკვიდრეობას ეყრდნობა.

თავისუფალი ბაზრის მომხრე ინტელექტუალების კიდევ ერთი უდიდესი შეცდომა იმის დაშვება იყო, რომ მათი იდეები ძირითად მახასიათებლებში „სახელმწიფო პოლიტიკის“ ერთ-ერთ შესაძლებლობად ყოფილიყო მიჩნეული. ეს იმის აღიარებას გულისხმობს, რომ სახელმწიფოს - მისი მმართველებისა და ხელდასმული ინტელექტუალების - გადასაწყვეტია, თუ როგორ, როდის და სად დაუშვან თავისუფლება. გარდა ამისა, ეს გულისხმობს, რომ თავისუფლების, კერძო საკუთრებისა და საბაზრო მოტივაციების საბოლოო მიზანი საზოგადოების სრულყოფილი მმართველობაა, რაც ახლანდელი რეჟიმისთვის უფრო ეფექტიანი მუშაობის საშუალების მიცემას ნიშნავს.

ერთ ხანს საზოგადოებაში სწორედ ასეთი მოსაზრება ტრიალებდა. ჯერ კიდევ 1950-იან წლებში მარი როთბარდი აღნიშნავდა, რომ ის ეკონომისტებიც კი, ვინც საბაზრო ეკონომიკას უჭერდნენ მხარს, „სახელმწიფოს ეფექტიანობის ექსპერტები“ გახდნენ. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს ერთი პატარა ნაბიჯიღა რჩება გადასადგმელი, რომ თავისუფალი ბაზარი რიტორიკულ ნიღბად გამოიყენოს და თავის ნებაზე იმოქმედოს, რაც უთუოდ უკიდურესი კომპრომისია.

„რეიგანის რევოლუცია“ სწორედ ასეთ საფუძველზე იყო აგებული - გადასახადების შემცირება შემოსავლის გაზრდის ბერკეტად პირველად მაშინ გამოიყენეს. ვინ თქვა, რომ თავისუფლების მიზანი სახელმწიფოს უფრო უხვი დაფინანსების მიღწევაა? და რა მოხდება, თუ დაფინანსება არ გაიზრდება? ეს იმის ნიშანი იქნება, რომ გადასახადების შემცირებამ არ გაამართლა? ოცი წლის შემდეგ დავინახეთ, რომ ეს სტრატეგია დამღუპველი იყო, რადგან აღმოჩნდა, რომ სხვა, გაცილებით უფრო საიმედო გზა არსებობს: უფრო მეტი შემოსავლის მიღება.

ზემოხსენებული უხეირო დაშვების მაგალითები დღევანდელობაშიც მრავლად მოიძებნება. პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები სიტყვა პრივატიზაციას სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების გარკვეული ნაწილიდან მთავრობის გამოდევნის ჭრილში კი არ ხმარობს, არამედ, უმეტესწილად, ეტატისტური ამოცანების პოლიტიკური კავშირების მქონე კერძო მეწარმეებზე გადაბარების თვალსაზრისით.

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ცნობილ მაგალითებად სასკოლო ვაუჩერები და სოციალური უზრუნველყოფის „პრივატიზაცია“ გამოდგება. მთავრობის მიერ, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ დონეზე, მოგების მიზნით დადებული ნებისმიერი კონტრაქტი „პრივატიზაციად“ მოიაზრება. ვაშინგტონის სამეცნიერო ცენტრმა ახლახან ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შესთავაზა, რომ შეეძლო ცენტრს გამოყოფოდა და უფრო ეფექტიანი გამხდარიყო.

საფრთხეს სწორედ ის ქმნის, რომ გასარკვევია, რამდენად სწორად გვესმის თავისუფლების მნიშვნელობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. თავისუფლება არსებული სტრუქტურის სასარგებლო ბერკეტად მიგვაჩნია თუ ახლანდელი პოლიტიკური სისტემის ალტერნატივად? საქმე თავისუფლების მომხრე მოკინკლავე ჯგუფებს კი არ ეხება, არამედ თავად თავისუფალი ბაზრის იდეის სამომავლო პერსპექტივას.

რეფორმის ნაკლები შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ, როგორც კი ეს შესაძლებლობა გაჩნდება, თავისუფლების მხარდამჭერნი მხოლოდ ძირეული რეფორმის მოთხოვნით კი არ უნდა გამოვიდნენ, არამედ ნარჩენი მოვლენების მომაკვდინებელ საშიშროებაზეც უნდა მიუთითონ. ჩვენი მხრიდან უდიდესი შეცდომა იქნება, თუკი ჩვენს იდეებს სახელმწიფო მიზნების უკეთ მიღწევის საშუალებად მივიჩნევთ. თუმცა ჩვენშიც გავრცელდა ასეთი მიდგომა - სახელმწიფო მიზნების მიღწევის საუკეთესო პოლიტიკურ ალტერნატივად საბაზრო ეკონომიკის გამოცხადება.

რეალურ სამყაროში ასეთ მიდგომას, როგორც წესი, რეფორმატორები კალიფორნიის ენერგოსისტემის „დერეგულირების“ ფიასკოს მსგავს სამწუხარო შედეგებამდე მიჰყავს. ასეთი ნაწილობრივი რეფორმების შედეგად, თავისუფალი მეწარმეობის ზნეობრივი სახის დაკნინებასთან ერთად, რეფორმამდელზე უარესი სისტემა შეიძლება შეგვრჩეს ხელში. ნაწილობრივი რეფორმის წინააღმდეგ შენიშვნები ლუდვიგ ფონ მიზესსაც ჰქონდა: „ყველა სახის სახელმწიფო ძალაუფლებას ახასიათებს ტენდენცია, რომ თავის ქმედებას არანაირი ზღვარი არ დაუდოს და თავისი ბატონობის სფერო რაც შეიძლება მეტად გაზარდოს. ფარულად ყოველი მმართველი ცდილობს ყველაფერი აკონტროლოს, არ დაუშვას, რომ რამე თავისით, ხელისუფლების ჩარევის გარეშე მოხდეს. ამ პრობლემისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა, არ დავუშვათ სახელმწიფოს ჩარევა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკაში“.

რეფორმების არასწორად გატარებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა პოლონეთის ტრაგედიის თემა. კომუნიზმის დანგრევის შემდეგ უცაბედად საბაზრო ეკონომიკის იდეით გატაცებამ იფეთქა. მაგრამ „ნიუიორკ ტაიმსის“ თანახმად, მაისის თვეში, როდესაც ბანკებმა წამგებიანი ბიზნესის დახმარება შეწყვიტეს და ხელფასების გაცემა შეწყდა, შცეჩინის (პოლონეთი) გემთსაშენი ქარხნის ხელახალი ნაციონალიზაცია მოხდა, რადგან მუშების მღელვარების საფრთხე წარმოიშვა. სოციალიზმის დაშლის შემდეგ ეს პირველი ხელახალი ნაციონალიზაცია იყო პოლონეთში, რაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში გარკვეულ სამეწარმეო წარუმატებლობებს მოჰყვა. უფრო უარესი ის იყო, რომ ამის მერე ქვეყანას მემარცხენე ხელისუფლება აკონტროლებდა. თუ „ნიუ-იორკ ტაიმსს“ დავუჯერებთ, ქვეყნად კაპიტალიზმის მიმართ გულგატეხილობა იგრძნობოდა. ისევ დაბრუნდება ტოტალიტარული სოციალიზმი? ეს შიში შეიძლება გადაჭარბებული იყოს, მაგრამ პოლიტიკაში არ შეიძლება იმის დაჯერება, რომ უარესი აღარ მოხდება.

1989 წლის შემდეგ პოლონეთმა სერიოზული ეკონომიკური რეფორმა განიცადა. მოხდა ქარხნების პრივატიზაცია, 100000-ზე მეტი მუნიციპალური კომპანია გადავიდა კერძო ადამიანების ხელში, ვალუტა დასტაბილურდა, ფასები გათავისუფლდა. მთავრობამ ყველა სახის მეწარმეობა წაახალისა, რასაც საოცარი შედეგი მოჰყვა: უცხოური ინვესტიციების მოზღვავებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის ათწლეული. და, მაინც, ისევე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, პრივატიზაცია სრულყოფილად არც აქ ჩატარდა. კომუნიკაციების პრივატიზაცია მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა. ჯანმრთელობის სექტორი მოწესრიგდა, მაგრამ ძირითადად სახელმწიფოს ხელში დარჩა. პროფესიულმა კავშირებმა უზარმაზარი პრივილეგიების შენარჩუნება მოახერხეს და კორპორაციების კონტროლქვეშ არც ერთი აქტიური ბაზარი აღარ დარჩა. გადასახადები ძალიან მაღალი იყო (30%25). მუშახელის ერთი მეოთხედი ისევ სახელმწიფო სექტორში დარჩა დასაქმებული, თუმცა ბოლო დროს მისი კლების ტენდენცია შეინიშნება.

სამწუხაროა, რომ პოლონეთის მსოფლმხედველობა სათანადო სიმაღლემდე ვერ ავიდა. პოლიტიკური წრეები შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მაგალითებს შეჰყურებდა და, ამიტომ, თავისუფალ მეწარმეობას მთელი რიგი დაბრკოლებები შეუნარჩუნდა ან შეექმნა, მათ შორის ანტიმონოპოლისტური კანონმდებლობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კანონების, გარემოს დაცვისა და შრომის ნორმების სახით. მართალია, ეს კანონები ისე მკაცრი არ არის, როგორც აშშ-სა და ევროპაში, მაგრამ კომუნიზმისგან გაღატაკებული პოლონეთი ძლივს აუდის ამდენ უაზრო შეზღუდვებს.

მრავალ დიდ ქარხანას პრივატიზაცია არც შეხებია იმის შიშით, რომ, თუ თავისუფალ ბაზარზე მოუწევდათ კონკურენცია, ისინი უბრალოდ დაიხურებოდნენ. ასეთი პერსპექტივის პირობებში ერთადერთი გამოსავალი მათი გაკოტრებაა, რადგან უაზრობაა ფულის გადაყრა იმ საწარმოთა სუბსიდირებაზე, რომელიც ეკონომიკურად უნიათოა. გემთმშენებლობის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობამ სათანადო სიმკაცრე არ გამოიჩინა; გაკოტრების საშუალება არ მისცა ქარხნებს, რომლებსაც კონკურენციის გაწევა აღარ შეეძლოთ. ამის მიზეზი პროფკავშირების შიში იყო.

წარუმატებელი საწარმოების გადასარჩენად მთავრობის ჩარევა თვითონ ამ საწარმოებისთვისვეა ცუდი. ფაქტობრივად, ასეთი ჩარევა ბიზნესს არაფერს არ არგებს. ის მხოლოდ გადაავადებს იმ დღეს, როდესაც საწარმო, „ტენესის ველის სამმართველოს“ მსგავსად, სრულ სახელმწიფო ერთეულად უნდა გადაიქცეს ან გაკოტრდეს.

პოლონეთში მთავარ პრობლემას თვითონ სიტყვა „პრივატიზაცია“ წარმოადგენდა. პრივატიზაცია გულისხმობს, რომ ყველა და ყველაფერი ზუსტად ისევე რჩება, როგორც იყო, ოღონდ საკუთრება საზოგადოების ნაცვლად კერძო ხელში გადადის. ბოლოს და ბოლოს, კერძო მეწარმეთა მმართველობის შემთხვევაში სოციალიზმიც კი შესაძლებელია!

იგივე გაუგებრობაა აშშ-ში. ზოგი ამბობს, თუ სკოლების „პრივატიზაციას“ ვაუჩერებით ან სხვა მაქინაციებით მოვახდენთ, ისინი იაფი შესანახი გახდება და ტესტების შედეგებზეც უკეთ იმოქმედებს. იმასაც ამბობენ, რომ სოციალური უზრუნველყოფის „პრივატიზაცია“ ხანშიშესულებს დიდ მოგებას მისცემს. თავისუფალი პოლიტიკის მომხრეები ხშირად აცხადებენ, რომ, ბოლოს და ბოლოს, სოციალიზმი შესაძლებელია იმ პირობით, თუ მას კერძო მეწარმეობა უდგას სათავეში!

ფაქტობრივად, განათლების სექტორი რომ მთლიანად კერძო ხელში იყოს, ახლანდელის მსგავსი განათლების სისტემა აღარ იარსებებს. სასკოლო სისტემის ხელმძღვენელთა უმრავლესობა უმუშევარი დარჩება. თავად სკოლები შეიძლება სავაჭრო ცენტრებად გადაკეთდეს. განათლება რადიკალურად დეცენტრალიზებული გახდება და კერძო საწარმოებს დაემსგავსება. სკოლები ხან გაიხსნება, ხან დაიხურება. მასწავლებელთა ხელფასები ალბათ შემცირდება, სახელმწიფოს ხარჯზე განათლების მიღების უფლება კი არავის ექნება. სახელმწიფოს შეეძლება მოითხოვოს, მაგრამ განათლების შედეგებზე პირდაპირი გავლენა ვეღარ ექნება.

განათლების სისტემის უამრავი ალტერნატივა გაჩნდება, მაგრამ მათ შორის იშვიათობა იქნება თანამედროვე მეგასკოლების სისტემა, რომელიც ათასობით ბავშვს იტევს. რასაკვირველია, ჩვენ წინასწარ ვერ გვეცოდინება როგორი იქნება ეს სისტემა, როგორ ფორმას მიიღებს ის მომავალში, მაგრამ სწორედ ამაშია საქმე. ვაუჩერები და საკონტრაქტო სქემები თავისუფალ ბაზარს იმის შესაძლებლობასაც კი არ აძლევს, რომ თავიანთი შესაძლებლობები დაგვანახონ. უბრალოდ, მათი სახით უკვე არსებულ სოციალისტურ სისტემას სახელმწიფო ხარჯებისა და სახელმწიფო გარანტიების კიდევ ერთი ფენა დაემატება.

იგივე ითქმის სოციალურ უზრუნველყოფაზე. ისინი, ვინც ამბობენ, რომ პრივატიზაცია სურთ, ისეთივე სისტემას გვთავაზობენ, რომელიც სულ არ განსხვავდება არსებულისგან. ჩვენს ფულს ისევ სახელმწიფო მოიპარავს. პენსიები ისევ სახელმწიფოს ხელში იქნება. შეიძლება ორმაგი გადახდითაც დასრულდეს საქმე, ერთი მიმდინარე პენსიის სასარგებლოდ და ერთიც, საკუთარი „კერძო“ დაფინანსებისთვის. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ თანხის ნაწილი კერძო კომპანიების ხელში იქნება, რაც მათ ნაწილობრივ საზოგადოების სუბსიდიებზე დამოკიდებულს გახდის. ასი წლის წინ ვინმეს ასეთი სისტემის იდეა რომ წამოეყენებინა, სოციალისტობას დასწამებდნენ. დღეს კი ასეთ ადამიანებს „თავისუფლების მომხრე სახელმწიფო პოლიტიკის ექსპერტებად“ მიიჩნევენ. თუ მართლა გვსურს თავისუფალი საბაზრო რეფორმა, ნუ დავარქმევთ მას პრივატიზაციას. ბოლო უნდა მოვუღოთ არსებულ თაღლითობას. რეალური საბაზრო რეფორმების პირობებში არავინ არ უნდა იძარცვებოდეს და არავის არაფრის გარანტიები არ უნდა ეძლეოდეს. დევიზი ასეთი უნდა იყოს: „შეწყვიტეთ ქურდობა!“ პოლონეთში დიდი ქარხნების „პრივატიზაცია“ არ უნდა მომხდარიყო. უბრალოდ, სახელმწიფოს ეს ქარხნები აუქციონზე აქტივების უმაღლეს ფასად გაყიდვით უნდა მოეშორებინა თავიდან ან მუშებისა და მენეჯერებისთვის გადაეცა და ახალი მფლობელებისთვის ნება მიეცა, თავის ნებაზე ემუშავათ. შეერთებულ შტატებში სახელმწიფო სკოლებისა და სოციალური უზრუნველყოფის პრივატიზაცია კი არ უნდა მოხდეს, არამედ მათ თავი უნდა დავანებოთ და სრული თავისუფლება მივცეთ. სხვა სიტყვებით, ბაზრის ინსტიტუტები „სახელმწიფო პოლიტიკის“ ბერკეტებად კი არ უნდა იქცეს, არამედ, თავისუფალი საზოგადოების დე ფაქტო რეალობად უნდა წარმოჩინდეს.

ჩემს თეზისებში ერთი წინააღმდეგობა არსებობს. ბოლოს და ბოლოს, ნაწილობრივ ღონისძიებებს სწორი მიმართულებით მაინც ხომ მივყავართ. ნაწილობრივ თავისუფალი სისტემა ხომ მაინც უფრო უკეთესია ვიდრე მთლად სოციალისტური. მაგრამ ნაწილობრივი გამარჯვება მყარი არ არის. ის იოლად გადადის ეტატიზმში. ფაქტობრივად, აშშ სკოლებისა და პენსიების შემთხვევაში ასეთი საპრივატიზაციო სქემები არსებულ სისტემას დიდად არ ათავისუფლებს, რადგან ვაუჩერებისა და კერძო ანგარიშების ახალი ხარჯების დასაფარად ახალ თანხებს მოითხოვს. ბაზარზე ორიენტირებული რეფორმის პერიოდში კაპიტალიზმი ისეთ მექანიზმად მოიაზრებოდა, რომელიც წარუმატებელი სექტორებისთვის შესაძლებელს გახდიდა ისევ ის ეკეთებინათ, რასაც მუდამ აკეთებდნენ. უნდა ითქვას, რომ თავისუფალი ბაზრის რეფორმები გაცილებით მეტს ნიშნავს.

თავისუფალი ბაზარი მხოლოდ მოგებას და ნაყოფიერებას არ გულისხმობს, მხოლოდ სიახლეებსა და კონკურენციას არ წარმოშობს. ეტატიზმიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა სრულ გადატრიალებას ახდენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რის შედეგადაც იმ სისტემას, სადაც სახელმწიფო და მისი ინტერესები ბატონობს, მეორე სისტემაზე ცვლის, სადაც სახელმწიფო ძალაუფლება არავითარ როლს არ ასრულებს. თავისუფლება არ არის სახელმწიფო პოლიტიკის ალტერნატივა. ეს არის თვითონ სახელმწიფო პოლიტიკის დასასრული. დროა შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ და ამას სწორედ ეს სახელი დავარქვათ.

15 პოსტმოდერნიზმის სახელმძღვანელო მეცნიერებისთვის (ანუ აკადემიური თაღლითობის ანატომია) (გამოქვეყნდა 2003 წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სტივენ იატი

სტივენ იატიმა ჯორჯიის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამჟამად სამხრეთ კაროლინის უნვერსიტეტისა და გრინვილის ტექნიკური კოლეჯის ფილოსოფიის ლექტორია. გარდა ამისა, ის ფასიანი ქაღალდებითა და ოქროთი ელექტრონულ ვაჭრობას მისდევს. ცნობილია, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობებში ჩარევის, აგრეთვე, პოლიტიკოსების, ბიუროკრატებისა და სასამართლოების მიერ ნებელობითი გადაწყვეტილებების უარყოფითი შედეგების მამხილებელი ნაშრომების ავტორი.

არსებობს ძველი ანდაზა (შეიძლება, ეს რამდენიმე წლის წინ მე თვითონ მომივიდა აზრად), თუ გინდათ გაიგოთ, რა ტვირთი გაწევთ მხრებზე, გაინძერით! რაკი ერთი დაიძვრებით, მაშინვე იგრძნობთ მის სიმძიმეს და ამ კითხვის პასუხსაც უმალ გაიგებთ. ეს ახლახან ჩემს თავზე გამოვცადე, როდესაც ახალი პროექტების შესასრულებლად ორ შტატს შორის მომიხდა გადაადგილება. შესაძლოა, მოგზაურობაში დაბრკოლებებს წააწყდეთ, მაგრამ ამასაც გარკვეული სიკეთე ახლავს: შეიძლება ისეთ რამეს გადაეყაროთ, რაც სულ აღარ გახსოვთ. მწერლისთვის შეიძლება ეს ისეთი რამ იყოს, რაც დიდი ხნის წინ დროებით გადადო გვერდზე, მაგრამ მერე აღარც გახსენებია, მაგალითად, ჩანაწერები, ან რამე უფრო უკეთესიც. ზოგჯერ, შეიძლება, ზედაპირზე ნამდვილად ძვირფასი რამ ამოტივტივდეს.

მეც ასე დამემართა. პოსტმოდერნიზის შესახებ დიდი ხნის წინ ჩაწერილი შენიშვნები ახლახან აღმოვაჩინე. დღევანდელ მეცნიერებაში, მრავალფეროვან რელიგიასთან ერთად, პოსტმოდერნიზმი ერთერთი გაბატონებული მიმდინარეობაა. პოსტმოდერნიზმთან მიმართებაში ალბათ მრავალი შენიშვნა დაგიგროვდებათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პირველწყაროებიდან აზრის გამოტანას შეეცდებით. უმრავლესობისთვის ეს საკითხი დიდი იდუმალებითაა მოცული. ამას თავისი ახსნა აქვს. ყველასთვის ცხადია, რომ პოსტმოდერნისტები თვითონაც ვერ გარკვეულან თავის საქმეში. მაგალითად, ამ მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებლის სიტყვები ავიღოთ:

„პოსტმოდერნისტულია ის, რასაც მოდერნისტულში ისეთი რამ შემოაქვს, რისი წარმოდგენაც კი შეუძლებელია; რასაც ისეთი ნატიფი ფორმებით, უდავო გემოვნებით არ მოაქვს თავი, რომ მიუწვდომელის გამო სევდანარევი განცდა მოჰგვაროს ყველას; რაც წარმოსახვის ახალ ფორმებს ეძებს არა იმიტომ, რომ სასიამოვნო განცდა აღძრას, არამედ იმიტომ, რომ ცდილობს სიმძაფრე შემატოს იმ შეგრძნებას, რის წარმოდგენაც შეუძლებელია“.

ხომ ხვდებით, რისი თქმაც მსურს? ეს სიტყვები ფრანგი მწერლის, ჟან-ფრანსის ლიოტარდის წიგნიდან არის (The Postmodern Condition, 1979, 81). ეს სიტყვები რომ საკვები ყოფილიყო, გულზე დაგვადგებოდა. აკადემიური ნაშრომების უდიდესი ნაწილი კიდევ უფრო ბუნდოვანია, ამიტომაც, მათ უმრავლესობას ხელს არავინ ჰკიდებს და დამტვერილი აწყვია უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში. ზემოხსენებული ნაშრომის გარდა, ლიოტარდს ეკუთვნის აგრეთვე ნარკვევების კრებული - „განმარტებები პოსტმოდერნიზმის შესახებ“. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი თავის სახელწოდებას არ შეესაბამება.

ყველაფრის მიუხედავად, პოსტმოდერნიზმის რაობის შესახებ გარკვეული აზრის გამოტანა მაინც შეიძლება იმ თვალსაზრისით, თუ რატომ მიექანება ის აკადემიური მწვერვალიდან უფსკრულისაკენ.

მოდით, ვცადოთ, ამ ჟარგონების, ნეოლოგიზმების, ორაზროვანი გამოთქმებისა და უაზრო სიტყვების კორიანტელში იქნებ გავარკვიოთ, რას ფიქრობენ სინამდვილეში პოსტმოდერნისტები. სწამთ კი მათ რამე ისეთი, რაც შეიძლება ჩვენთვის გასაგები იყოს? არის კი რამე აზრიანი პოსტმოდერნიზმში, თუ ეს აკადემიური თაღლითობის კიდევ ერთი ნაირსახეობაა, კეინზიანური ეკონომიკისა თუ კეინზიანური სექსუალური ორიენტაციის მსგავსად (სერ ჯონ მეინარდ კეინზი, ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტი, ჰომოსექსუალი იყო, მაგრამ საზოგადოებრივი პრესტიჟის შენარჩუნების მიზნით, ცოლად შეირთო ქ-ნი ლიდია ლოპოკოვა - რედ. შენიშვნა)?

პოსტმოდერნისტების შესახებ დაგროვილი ჩემი ძველი ჩანაწერები გადავარჩიე და მათი ნააზრევი კატალოგის სახით დავალაგე, რასაც სიამოვნებით გაგაცნობთ. მოდით, თანმიმდევრობით განვიხილოთ რამდენიმე მოსაზრება.

პოსტმოდერნისტები გველთევზასავით მოქნილები არიან და თუ რამით გამოირჩევიან, მხოლოდ საკუთარ შეხედულებებზე პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენით ან თავის ისე დაჭერით, თითქოს ის, რასაც ისინი ასაბუთებენ, უკვე დამტკიცებულია. ვფიქრობ, მომიტევებთ, თუ თითოეული მათგანის წარმოსაჩენად ციტატებსა და სქოლიოებს არ დავურთავ. ალბათ, თქვენც არ მოისურვებთ, ენობრივი გაუგებრობების იმგვარ ჭაობში შეტოპოთ, რაც ზემოთ უკვე იხილეთ.

აბა, დავიწყოთ.

1. „აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს“ - ეს, ალბათ, იგივეა, რაც „აბსოლუტური არაფერი არ არსებობს“ ან „ცოდნის ძიება საბოლოო და საუკუნო შედეგს ვერ აღწევს“, ან სხვა მრავალი მსგავსი გამონათქვამი. ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ ეს მოსაზრება ახალია. დაახლოებით ასი წლის წინ ნიცშე იგივეს ამბობდა. როგორც ვიცით, ანტიკურ საბერძნეთში „სოფისტების“ სახელით ცნობილი სკოლის მრავალი წარმომადგენელი ამასვე ამტკიცებდა (სიტყვა „სოფისტიკა“ სწორედ აქედან წარმოიშვა). მაგრამ ეს იდეა ლოგიკურად წინააღმდეგობრივი ხასიათისაა, რადგან თვითონვე აბსოლუტურ ჭეშმარიტებად, ანუ საბოლოო და საუკუნო შედეგად წარმოგვიდგება. სხვა სიტყვებით, ის თავის თავს ეწინააღმდეგება; გარდა ამისა, ცხადია, ის მცდარია, როგორც მეცნიერული, ისე ცხოვრებისეული და ეთიკური თვალსაზრისით. მაგალითად, მეცნიერებაში „აბსოლუტური ნულის“ ცნება არსებობს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ყველაზე დაბალ ტემპერატურას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტემპერატურამდე რაიმეს გაცივება შეიძლება ექსპერიმენტულად ვერ ხერხდებოდეს, ეს ცნება თანამედროვე ფიზიკასა და ქიმიას მაინც სჭირდება. მანქანამ რომ გადაგიაროთ, ეს თქვენს „აბსოლუტურ სიკვდილს“ გამოიწვევს, მაგრამ, როგორც ჩანს, ხალხს ფიზიკურზე უფრო ზნეობრივი აბსოლუტურობა აწუხებს. მკითხველი ალბათ დამეთანხმება, რომ უდანაშაულო ადამიანისთვის კეთილი განზრახვით ტკივილისა და ტანჯვის მიყენება (მაგალითად, ავადმყოფობის ტყვიების ჯერით განკურნება) აბსოლუტურად არასწორია, რაც შეიძლება მხოლოდ რომელიმე ფსიქოპათს არ ესმოდეს;

2. „ჭეშმარიტების მტკიცება ძალაუფლების ფარულ გაღმერთებასა და გაბატონებული სოციალური სტრუქტურის შენიღბვას ემსახურება“. რამდენიმე წლის წინ ხანგრძლივი მიმოწერის ერთგვარი პატივი მქონდა ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტის ერთ პროფესორთან, რომელიც სახარებასავით იმეორებდა „ჭეშმარიტებას ძალაუფლება განაპირობებსო“. ეს მოსაზრება დიდი ხნის მანძილზე გუნებას მიფუჭებდა, რასაც, თუ ამჩნევთ, იგივე წინააღმდეგობა ახასიათებს. ცხადია, პროფესორს უნდოდა ეთქვა, რომ ჭეშმარიტება მის მოსაზრებაში იყო. თუმცა ჩვენი „ურთიერთობის“ კონტექსტიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელი იყო, რადგან ჩემთან მიმართებაში მას არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდა (ის პოსტმოდერნიზმთან კავშირსაც უარყოფდა, თუმცა ის, რასაც თვითონ თუთიყუშივით იმეორებდა, მათი მოსაზრებებისგან არაფრით გამოირჩეოდა). ჭეშმარიტების უარმყოფელი პოსტმოდერნისტები ძალაუფლების სურვილით არიან შეპყრობილი. ისინი სიტყვებს კლასიკური და კულტურული მარქსიზმიდან სესხულობენ და მხარს იმ მოსაზრებას უჭერენ, რომ ცალკეული კლასები (როგორც წესი, თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალური მამაკაცები) ყველა სხვა დანარჩენ კლასებზე „გაბატონობულ სტრუქტურებში“ ინარჩუნებენ ადგილს ან თვითონ მათ ინარჩუნებენ. მარქსის მსგავსად, პოსტმოდერნისტებიც სხვადასხვა „სამყაროში“ მცხოვრები განსხვავებული კლასების ურთიერთობების ზედაპირულ განზოგადებას ახდენენ. ცხადია, მარქსისთვის დაპირისპირებულ ბანაკებს ბურჟუაზია და პროლეტარიატი წარმოადგენდა, ხოლო პოსტმოდერნისტებისთვის დაპირისპირების ზღვარი რასობრივ ან სქესობრივ კუთვნილებაზე, სექსუალურ ორიენტაციაზე ან სხვა ამდაგვარ მახასიათებელზე გადის, რასაც უკვე შემდეგ შენიშვნასთან მივყავართ;

3. „ისტორიასა და კულტურასთან მიმართებაში ყველაფერი ფარდობითია“. სიახლეს არც ეს მულტიკულტურალისტთა და მათ მსგავსთა მოსაზრება წარმოადგენს. სათავეს ისიც ანტიკურ საბერძნეთში იღებს და მასაც წინააღმდეგობა ახასიათებს. თუ ისტორიასა და კულტურასთან მიმართებაში ყველაფერი ფარდობითია, მაშინ თვითონ ჭეშმარიტებაც, ანუ ის მოსაზრება, რომ კულტურასთან მიმართებაში ყველაფერი ფარდობითია, ასევე ფარდობითია - ამ შემთხვევაში ის პოსტმოდერნისტული მოძრაობის ისტორიასა და კულტურასთან მიმართებაშიც ფარდობითია, როგორიც არ უნდა იყოს ეს, ვითომდა აკადემიური კულტურა. ამგვარ ფარდობითობას, ანუ რელატივიზმს, მისი შინაგანი ლოგიკავე სპობს;

4. „დანამდვილებით ჩვენ ვერაფერი გვეცოდინება“. როდესაც რამე ამდაგვარი მესმის, მინდა ვიკითხო, რას ნიშნავს „ჩვენ“? პოსტმოდერნიზმს აშკარა კოლექტივიზმი ახასიათებს ჭეშმარიტებასა და ცოდნასთან, პოლიტიკასა და ეკონომიკასთან მიმართებაში, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ მოსაზრებებთან ისტორიისა და კულტურის შესახებ. პოსტმოდერნისტებს ნამდვილად სჯერათ, რომ კონსენსუსის გარდა არაფერი არსებობს. ისინი აცხადებენ, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტების რეალურ ფაქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ბოლო ხანებ- ში პოსტმოდერნისტების კომენტარები მეცნიერების შესახებაც გაისმის. მათი თქმით, მეცნიერული ჭეშმარიტებანი კი არ აღმოაჩინეს, არამედ შეთხზეს. რასაკვირველია, კონსენსუსი ცვალებადია. ამიტომ, რაც გუშინ „ჭეშმარიტება“ იყო, დღეს შეიძლება „მცდარი“ აღმოჩნდეს. არაფერია უდავო, თავად იმავე მოსაზრების გარდა, რომ არაფერია უდავო. ისევ წინააღმდეგობათა ყრუ კედელს მივადექით (მართალია, ჩვენი თეორიები დედამიწის მიზიდულობის შესახებ შეიძლება მართლაც გამოგონილი იყოს, მაგრამ, რასაკვირველია, არა თვითონ მიზიდულობა. ყველა, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ახლავე მოვიდეს და ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად ჩემი სახლის სახურავიდან გადმოხტეს - სულ 20 ფუტის სიმაღლეა).

5. „ადამიანის რწმენა გარკვეული ფსიქოლოგიური, სოციალური ან ქიმიური გარემოებებიდან მომდინარეობს“. წინააღმდეგობრიობის პრობლემის გარდა, ასეთ განცხადებებს უამრავი სავალალო შედეგი მოსდევს. ბევრი რამ, რაც დღეს სახელმწიფო სკოლებში ისწავლება, დაწყებული ჯონ დიუიდან, იმ იდეას ეყრდნობა, რომ ბავშვი გარკვეულ გარემოებათა უბრალო ნაყოფია და ამას თან ის მოსაზრება ახლავს, რომ მათი ყოფაქცევის განმსაზღვრელი გარემოებების ცვლილების გზით შეიძლება ისინი მშვენიერ პატარა სოციალიტებად გარდავქმნათ. ეს ფუძემდებლური მოსაზრება ვილჰელმ ვუნდტს (1832- 1920) უკავშირდება, რომელსაც ზოგჯერ „ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მამად“ მოიხსენიებენ. ვუნდტი ნამდვილი მატერიალისტი იყო. მისთვის ადამიანი ლაბორატორიული კვლევისთვის განკუთვნილი რთული აგებულების ცხოველი იყო, ზუსტად ისე- თივე, როგორიც ზღვის გოჭი. მართალია, ზოგი პოსტმოდერნისტული მოძრაობის მამამთავრად ნიც- შეს მიიჩნევს, მაგრამ აზროვნების იმ მიმდინარეობამაც, რომელიც ვუნდტით დაიწყო, ნამდვილად დიდი წვლილი შეიტანა პოსტმოდერნიზმის დამკვიდრების საქმეში, რადგან ადამიანის პიროვნების მიმართ ვუნდტისეულმა მიდგომამ ბევრი რამ გააკეთა, რომ ინტელექტუალური არენიდან პიროვნული პასუხისმგებლობის კონცეფცია ჩამოეშორებინა;

6. „ადამიანურობის არსი მისი კოლექტიურობაა“. ეს მოსაზრება ერთხელ კარლ მარქსმა გამოთქვა. ადამიანის სოციალურ ცხოვრებაში ფესვგადგმული ცნობიერების განზოგადების ყველა პოსტმოდერნისტულ თეორიას ამგვარი მტკიცე მოსაზრება უდევს საფუძვლად - თითქოს მოსაზრება ჭეშმარიტება იყოს (ღმერთო, დაგვიფარე!). ეს შეგვახსენებს, რომ პოსტმოდერნისტთა უმრავლესობა კულტურული მარქსიზმის იმ თეზისს ემხრობა, რომ კაცობრიობა ორ დიდ კლასად - მჩაგვრელებად (ჰეტეროსექსუალი, თეთრკანიანი, ქრისტიანი მამაკაცები) და ჩაგრულებად (ყველა დანარჩენი) იყოფა; აქედან გამომდინარე, პოსტმოდერნიზმის მჭიდრო კავშირი რადიკალურ ფემინიზმთან და, ზოგადად, იდენტობის პოლიტიკის მომხრეებთან, ისევე, როგორც იმ ჯგუფებთან, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ცივი ომი მათი დამარცხებით დამთავრდა, სრულიად ნათელია. ერთხელ, დაახლოებით ჩემი ასაკის ინგლისელ პროფესორთან (რომლის მსგავსნი დღევანდელ უნივერსიტეტებში მრავლად მუშაობენ) უცნაური საუბარი მქონდა. როდესაც მან შეიტყო, რომ მე ე.წ. შეღავათების მინიჭების იდეოლოგიის საფუძვლად იდენტობის პოლიტიკას ძირშივე უარვყოფდი, მკითხა, „თქვენ ბრძანდებით თეთრკანიანი, მამრობითი სქესის, ჰეტეროსექსუალი [რატომ იყო ამაში ასე დარწმუნებული, არ ვიცი]. ამის გარეშე რას წარმოადგენთ?“ რის გარეშე? რაზე საუბრობდა ეს პროფესორი? მის წინაშე ხომ ცოცხალი ადამიანი იდგა, რომელსაც ესაუბრებოდა და რომელიც შემთხვევით თეთრკანიანი, მამრობითი სქესის ადამიანი აღმოჩნდა. რასაკვირველია, პოსტმოდერნისტულ ჯოგში დამოუკიდებელი პიროვნებისთვის ადგილი არ მოიძებნება;

7. „ჩვენ მართლა კი არ ვამბობთ, რომ აბსოლუტური არაფერი არ არსებობს ან რომ ჭეშმარიტება ისტორიასა და კულტურასთან მიმართებაში ფარდობითია. არამედ, ჩვენ ვამბობთ, რომ „ჭეშმარიტების“ ძიება უშედეგოდ დამთავრდა“. ნება მომეცით, ამ შემთხვევაშიც არ დავეთანხმო მათ; ამის შესახებ ჩვენც მნიშვნელოვანი რამ გვაქვს სათქმელი: საქმე ის არის, რომ მეტი სოციალიზმისა და ე.წ. მრავალფეროვნებისკენ მიმართულ პოსტმოდერნისტთა პოლიტიკურ მიზნებს მხარს არც ეს დებულება უჭერს (თუკი „ჭეშმარიტების ძიება უშედეგოდ დამთავრდა“, მაშინ არც სოციალიზმის და არც სხვა რომელიმე პოლიტიკური სისტემის შენებას აქვს აზრი - რედ. შენიშვ.)

რასაკვირველია, პოსტმოდერნისტებმა უკან დასახევი გზაც დაიტოვეს: თუ მთელი ამ შინაგანად წინააღმდეგობრივი სისულელის გჯერათ, ეს სწორედ იმას ცხადყოფს, რომ თქვენ თეთრკანიანი ადამიანის, მამაკაცური, ჰეტეროსექსუალური, ევროცენტრისტული, არისტოტელესეული ლოგიკით დაჯილდოებულხართ. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ, რომ სიტყვა დაჯილდოებული ზმნის ფორმითაა, და არა ზედსართავი სახელის ფორმით - პოსტმოდერნისტულ მწერლობაში ეს ყველაზე გავრცელებული ლიტერატურული უცნაურობაა. მეორე, ყურადღება მიაქციეთ, რომ პოსტმოდერნისტებს, რომლებიც მსგავს რამეებს აცხადებენ, არ ძალუძთ „თეთრკანიანი ადამიანის, მამაკაცური, ჰეტეროსექსუალური, ევროცენტრისტული, არისტოტელესეული ლოგიკის“ რაიმე ნათელი ალტერნატივა წარმოგვიდგინონ, მაგალითად, ბარბარა ჰერნშტეინ სმითს, დუკის უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრიდან, რომელმაც ერთხელ ერთ-ერთ ნაკლებცნობილ ჟურნალში - „Common Knowledge“ - ვრცელი სტატია „Unloading the Self-Refutation Charge“ - გამოაქვეყნა, დიდი შრომა გაუწევია, მაგრამ ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოიხსენებს ისეთ ცნებებს, როგორიც არის, მაგალითად „გამოსადეგობა, დაკავშირებადობა, სტაბილურობა“, ამიტომ გაუგებარი და სრულიად არადამაჯერებელია. როგორ უკუაგდებს ყოველივე ეს არისტოტელესეულ ლოგიკას? რადგან ის ამას არ ამბობს, ალბათ, არც იცის.

პოსტმოდერნიზი შეიძლება ინტელექტუალთა მოძრაობად ან თანამედროვე აკადემიურ ფენომენად განვიხილოთ. როგორც ინტელექტუალთა მოძრაობა, ვეჭვობ, რომ ის ქრონიკული გონებაგაფანტულობის ნაყოფს უფრო ჰგავს. როგორც ვნახეთ, თვითონ მოსაზრებანი ახალი არ არის. მათი უმრავლესობა ანტიკურ ბერძნებს ეკუთვნოდა, უფრო მოგვიანებით კი ან მარქსს, ან ნიცშეს (არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა: ყველა ისინი თეთრკანიანი მამაკაცები იყვნენ). ზოგჯერ პოსტმოდერნიზმი ამერიკული პრაგმატიზმისგან სესხულობს იდეებს - ჩვეულებრივ, ეს ამერიკული პრაგმატიზმის ჯონ დიუისეული გააზრებებია, რადგან დიუის ფილოსოფია მუდმივ მოძრაობასა და ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას (რასაკვირველია, იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვები სოციალური ინჟინერიის მიზნების შესაბამისად გარდაქმნას).

გარდა ამისა, ზოგიერთი მოსაზრება ენობრივადაც გაუმართავია, რაც ყველა ავტორთან შეინიშნება. მაგალითად პოსტმოდერნისტებში გავრცელებული ასეთი განცხადება ავიღოთ: „ჩვენ ღმერთის თვალით არ ვიყურებით”! ვეთანხმები, ჩვენ ღმერთები არ ვართ! მაგრამ მერე რა რომ ასეა? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მოსაზრებები არ ვარგა. ასეთი განცხადებები ხშირად პოსტმოდერნისტების მიერ ისეთი იდეალების უარყოფასთან არის დაკავშირებული, როგორიცაა ობიექტურობა და რაციონალურობა. სახელდობრ, ობიქტურობას პოსტმოდერნისტი ილუზიად მიიჩნევს. მაგრამ, როდესაც ისეთი მწერლების ნაშრომებს ვათვალიერებთ, როგორიცაა ზემოხსენებული ჰერნშტეინ სმითი, ნათელი ხდება, რომ ისინი ობიექტურობას სრულიად განსხვავებულ ცნებაში - უნივერსალურ ცოდნაში ურევენ. ობიექტურობა უბრალოდ თქვენი რწმენის თქვენსავე თვალსაწიერში მოხვედრილ სათანადო ფაქტებზე დაფუძნებას გულისხმობს, ისევე, როგორც მოქნილობას და საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებას. ობიექტურობა ნიშნავს, რომ მავანი მხოლოდ სათანადო ფაქტებს უნდა დაეყრდნოს და არა ყველა არსებულ ფაქტს, რაც არ უნდა იყოს ის. ვიცი, არსებობს ზოგიერთი ისეთი ფაქტი, მაგალითად, რამდენი ღერი ბალახია მდელოზე ჩემი სახლის გვერდით, რასაც არავისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მართალია, მათი რაოდენობის გაგება შესაძლებელია, მაგრამ ეს ფაქტი არაფერში არ გამოგვადგება, ამიტომ, მათ დათვლას გულისფანცქალით არ დაველოდებით. ჩვენს რწმენას სათანადო ფაქტებზე იმიტომ ვაგებთ, რომ ჩვენი ცოდნის გასაუმჯობესებლად ან ჩვენი მიზნის მისაღწევად გამოვიყენოთ.

ამასთან ერთად, როდესაც ახალ საჭირო ფაქტებს ვპოულობთ, ჩვენი თვალსაწიერი იცვლება. სწორედ მაშინ გვჭირდება მოქნილობა და საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება. შეუმცდარი არავინ არის, ამიტომ, ჯანსაღად მოაზროვნე ფილოსოფოსები ობიექტურობის არსში ცდომილებასაც ითვალისწინებენ. ეს კონცეფცია გაცილებით მდიდარი და უფრო მოქნილია, ვიდრე ის ზოგიერთ დღევანდელ მოაზროვნეს (მათ შორის აინ რენდის მიმდევრებს) მიაჩნია.

რასაკვირველია, უნივერსალური ცოდნა ყოვლისმცოდნეობას გულისხმობს - ისეთ რამეს, რასაც ქრისტიანები ღმერთს მიაწერენ. ცხადია, ჩვენ არ ვფლობთ ასეთ ცოდნას - არც ცხოვრებაში, არც სხვა მხრივ. მაგრამ ჩვენ ბევრი რამის შესახებ პრაქტიკული ცოდნა გაგვაჩნია, მათ შორის ისეთი რამის შესახებ, რასაც პოსტმოდერნისტები „სოციალურ კონსტრუქციებს უწოდებენ“. სინამდვილეში ჩვენ დიდი პრაქტიკული ცოდნა გვაქვს. რასაკვირველია, არ ვიცით სრულყოფილია თუ არა ჩვენი თეორიები დედამიწის მიზიდულობის შესახებ. შეიძლება მომავალში აინშტაინის თეორია შესწორებული ან სულ შეცვლილი ვნახოთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიზიდულობა რეალური მოვლენა არ არის, რასაც ყოველდღე განვიცდით - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასწორზე შევდგებით და შეიძლება არ მოგვეწონოს, რასაც დავინახავთ! ყველა როდი იტყვის, რომ ელექტრობა ესმის, მაგრამ ყველამ იცის ჩამრთველზე ხელის დაჭერა და ის, რომ როზეტში თითი არ უნდა შეყოს. უფრო მეტიც, განა ყველა ჩვენგანს შეუძლია სრულად და ზუსტად თქვას როგორ მუშაობს ჩვენი ავტომობილის ძრავი? მაგრამ მანქანას ყოველდღე ვატარებთ. ამ თავისებურებებზე ვრცლად შეგვიძლია ვისაუბროთ. ზოგად პრაქტიკულ ჭრილში თუ შევხედავთ, ფილოსოფიური სკეპტიციზმი სისულელეა. მაგრამ პოსტმოდერნიზმი ჩვენი ლოგიკური და შემეცნებითი უნარის შესახებ არსებულ ღრმად სკეპტიკურ, თითქმის ცინიკურ მოსაზრებებში ვლინდება.

მოკლედ, როგორც ჩანს, პოსტმოდერნისტთა პროტესტი იმაში მდგომარეობს (როგორც თვითონ ამბობენ), რომ რეალობა მთლად გამჭვირვალე არ არის: შეუძლებელია უბრალოდ შევხედოთ სამყაროს და ამით უნივერსალურ ცოდნას თავისთავად ჩავწვდეთ. არსებობს ზოგიერთი ჭეშმარიტება, რაც, მჯერა, რომ ნამდვილად სწორად გვესმის, მაგალითად, ხუთს მივუმატოთ შვიდი თორმეტია, ელექტროენერგია ნათურას ანთებს, ანთებული ღუმელი წვავს, გუშინ მოწვიმა, კაპიტალიზმი სოციალიზმს სჯობს, უდანაშაულო ადამიანისთვის უმიზეზოდ ტანჯვის მიყენება არასწორია და სხვა მრავალი, მაგრამ არსებობს სხვა ჭეშმარიტებაც, რის დადგენაც ძალიან, ძალიან ძნელია - მაგალითად, როგორია კვარკის ნამდვილი ბუნება? ან ის, თუ სინამდვილეში რა ემართება დედამიწის მიზიდულობას შავი ხვრელის რადიუსზე? მაგრამ, პოსტმოდერნისტების გარდა, არავინ არ იფრთხობს ძილს ასეთ რამეებზე ფიქრით და აქედან იმ დასკვნების გამოსატანად, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში, ან თუნდაც „საერთოდ“ მეცნიერების სფეროში, საჭირო ცოდნას არ ვფლობთ. პოსტმოდერნიზმი, როგორც თანამედროვე აკადემიური სამყაროს სოციოლოგიური ფენომენი, ძალიან ჰგავს იმ პრივილეგირებული კლასის პროდუქტს, რომელსაც არ სურს, სხვებმაც დავინახოთ, რომ მეფე შიშველია. ამიტომ, ისინი თავიანთ მოსაზრებებს, რომელთაგან ზოგიერთი საუკუნოვანია, გაუგებარი სიტყვებით ამკობენ, კონფერენციებზე საინტერესოდ აღწერენ და აცხადებენ, თუ რა განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ მათ ახლა. რამდენიმე წელია, რაც „სუროს ლიგაში“ (Ivy League - რამდენიმე პრივილეგირებული საწავლო დაწესებულების გაერთიანება ამერიკაში - მთარგ. შენიშვ.) გაწევრიანებულ მრავალ უნივერსიტეტში სწორედ ასეთი მიდგომებია გაბატონებული, რის გამოც, ჩემი აზრით, პერსპექტიული სტუდენტები ასეთ ადგილებს უნდა მოერიდნენ. იგივე ითქმის სახელმწიფო დაფინანსების უნივერსიტეტთა უმრავლესობაზე, რადგან „მაღალი დონის“ კოლეჯებისა და უნივერსიტეტების მაგალითს „დაბალი დონის“ სასწავლებლებიც ბაძავენ.

პოსტმოდერნიზმს უმაღლესი სასწავლებლების არაკეთილგანწყობილი შრომის ბაზარიც უწყობს ხელს. როდესაც ზოგჯერ სულ უბრალო თანამდებობაზე ასობით მსურველია, დამსაქმებელ კომისიას შეუძლია, როგორც სურს, ისე მოიქცეს (რასაკვირველია, რელიგიური მრავალფეროვნების ფარგლებში). ამიტომ, მათ ურჩევნიათ ისინი დაიქირაონ, ვინც მათსავით ფიქრობს და ამ გზით საკუთარი ინტელექტუალური კლონები შეარჩიონ. დისიდენტებმა თავიდანვე იციან, რომ ისინი არასასურველნი არიან და მათი სამსახური არავის სჭირდება. ამგვარად, დღევანდელ საუნივერსიტეტო გარემოში პოსტმოდერნიზმის ტრიუმფს „იდეების ბაზარზე“ ინტელექტუალურმა უპირატესობამ კი არ შეუწყო ხელი, არამედ ერთგვარმა ნათესაურმა შეჯვარებამ (რასაკვირველია, არსებობს გამონაკლისებიც, მაგრამ ასეთი კოლეჯების რიცხვი შედარებით მცირეა). ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად უდიდესი პატივისა, რომელიც პოსტმოდერნიზმს არ აკლია, ის მაინც ნამდვილი თაღლითობაა. როგორც პოსტმოდერნისტი იტყოდა, თუ იქ არსს ეძებთ, ის იქ არ არის.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ გარი ნორთის სტატიაში დაწვრილებით იყო განხილული ზოგიერთი დამატებითი მიზეზი, თუ რატომ გათაღლითდა მთელი აკადემიური სამყარო - ბევრი მათგანი იმ ფაქტთან არის დაკავშირებული, რომ ამერიკაში უმაღლესი განათლების მთელი სტრუქტურა უაღრესად მოძველებულია. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა უმეტესობა დღეს უბრალოდ საჭირო აღარ არის. სერიოზული განათლების მიწოდება შეიძლება დაუსწრებლად ან ინტერნეტით, და თანაც გაცილებით იაფად, სასწავლო და სტუდენტთა საცხოვრებელი კორპუსებისათვის საჭირო სამეურნეო ხარჯების გარეშე. სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ მომავალი ე.წ. ციფრულ-კომპიუტერული ქსელით სწავლებას ეკუთვნის. ისეთი ინსტიტუტები როგორიც, მაგალითად, ფენიქსის უნივერსიტეტია, ათიათასობით სტუდენტს თითქმის ყველაფერს ინტერნეტით ასწავლის. მაიქლ დუნსბერის უკვდავი სიტყვების თანახმად, ამ სისტემაში კიდევ არის ზოგიერთი ნაკლოვანება, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ე.წ. ციფრული ტექნოლოგიები აუცილებლად გაუმჯობესდება. მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა და სტუდენტთა მხრიდან ნამდვილი განათლების მიღების სურვილისა, ახლანდელი ინსტიტუტების სისტემას დაშლისგან აკრედიტაცია იცავს. მათ მთავრობის ძლიერი მხარდაჭერა აქვთ.

ზოგმა შეიძლება ამ ყველაფერს შორიდან შეხედოს და ვერ გაიგოს რის გამოა ატეხილი ეს აურზაური. განა პოსტმოდერნიზმი აკადემიური მოძრაობა არ არის? დიახ, აკადემიურია - იმ დამამცირებელი გაგებით, რაზედაც იტყვიან, „ეს აკადემიური საკითხიაო“, რაც უაზროს ნიშნავს. ნეტავი, მხოლოდ ამაში იყოს საქმე. ფაქტობრივად, დღეს პოსტმოდერნისტულმა აზროვნებამ დასავლურ კულტურაში შეაღწია. აშკარაა - ხალხს საკუთარი მტკიცე რწმენის დაცვის ეშინია. ერიდება ვინმეს გრძნობებს არ ავნოს ან ვინმე არ „გაანაწყენოს”. ცოტა თუ ბედავს, რომ საკუთარ რწმენაზე განაცხადოს ჭეშმარიტიაო - ეშინიათ ვინმეს არ აწყენინონ ან ზედაპირულობა, ან ავტორიტარულობა არ დააბრალონ და არ დასცინონ. სწორედ ამ დღეებში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვუსმენდი, სპიკერი ასაბუთებდა თუ რატომ არ ხმარობდა სიტყვა აღდგომას - რასაკვირველია, აღდგომა მხოლოდ ქრისტიანული დღესასწაულია და მას ეშინოდა იქ დამსწრე მუსლიმანები ან ბუდისტები არ გაენაწყენებინა. ეს ქალი აშკარა ქრისტიანი იყო. ის აკადემიურ წრეს არ ეკუთვნოდა და ვერ ვიტყვი რადიკალური მემარცხენე იყო ან საერთოდ ჰქონდა თუ არა იდეოლოგიზირებული თვალსაზრისი, მაგრამ მას ეშინოდა განეცხადებინა, ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია და, ამიტომ, ღირსია, ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან დავიცვაო.

ამაში უჩვეულო არაფერია; ფარული პოსტმოდერნიზმი მრავალი ქრისტიანული მიმდინარეობის ოფიციალურ წერილებში შეუმჩნევლად გაჩნდა. ის ზემოქმედებას ახდენს სამუშაო ადგილებზეც, სადაც შეიძლება მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას შეუქმნას საფრთხე. ერთ-ერთი ჩემი კონტრაქტი კიბოს დაავადების პროფილაქტიკის კვლევითი ქსელისთვის ტექნიკური სტატიების წერას და რედაქტირებას ითვალისწინებს. კიბოს დაავადების პროფილაქტიკა მისასალმებელი საქმეა, რადგან ამ დაავადების სხვადასხვა ფორმისგან ძალიან ბევრი ადამიანი ადრეულ ასაკში კვდება. მაგრამ ახლახან ერთ-ერთ შეხვედრაზე მოვისმინე, ერთი ორატორი მსმენელებს იმ განცხადებებით ატკბობდა, რომ არასაკმარისი მრავალფეროვნება და „კულტურული განსხვავებულობა“ კიბოს დაავადების პროფილაქტიკის მცდელობას ხელს უშლისო. სინამდვილეში, ამით მან თავის ტირადაში კონფედერაციის დროშა ააფრიალა. შეიძლება შავკანიანები თეთრკანიან ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს არ ენდობიან, მაგრამ განა შეიძლება ეს მათი ბრალი არ იყოს, ვინც ბოლო 50 წელი რასებს შორის კულტურული უთანხმოების თითქმის გადაულახავი ჯებირის აღმართვას ცდილობდა? ასეთი ძალისხმევა სათანადო შედეგს არ გამოიღებს, თუ განსხვავებულობა და დამოკიდებულება მთავარი ფაქტორები გახდება. ამაზე პასუხისმგებელი ნაწილობრივ პოსტმოდერნისტული აზროვნებაა, იმდენად, რამდენადაც მისთვის მრავალფეროვნება და დამოკიდებულება ჭეშმარიტებასა და ეფექტიანი მოქმედების პირობებზე უფრო მნიშვნელოვნია.

ალბათ, ბილ კლინტონი ჩვენი პირველი პოსტმოდერნისტი პრეზიდენტი იყო, რომლისთვისაც „ჭეშმარიტების“ ცნება ერთავად დენადი იყო. ამიტომ იყო, რომ ერთ-ერთ წლიურ მოხსენებაში მან განაცხადა „დიდი მთავრობის ხანა დამთავრდაო“ და თან ადმინისტრაციულ ბრძანებებზე ხელის მოწერას და ისეთი კანონების შემოღებას განაგრძობდა, რომელიც მთავრობის ხარჯებსა და უფლებამოსილებების ჩარჩოებს ზრდიდა (ან მის შემდეგ გამონათქვამზე რას იტყვით: დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას გულისხმობს სიტყვა „არის“, - იმას ხომ არა, რომ მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებული ეპიზოდი, რაზედაც მედია ერთ ამბავში იყო, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რასაც ისინი საგულდაგულოდ მალავდნენ: თავისი მეორე საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად, მათმა გმირმა ატომური საიდუმლოებები ჩინელ კომუნისტებს მიჰყიდა). კლინტონის დროს დემაგოგიისა და ოფიციალური სიცრუის კორიანტელში ვიყავით გახვეული: საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლების შესახებ მხოლოდ სიცრუე გვესმოდა. კერძოდ, 1990-იანი წლების ბოლოს, უნდა ითქვას, რომ მთავრობისა და მედიის მიერ შექმნილ, საზოგადოებისთვის მისაღებ ფანტასტიკურ სამყაროში ვცხოვრობდით. ჯორჯ დაბლიუ ბუშმა და ნეოკონსერვატორებმა, ნაცვლად იმისა, რომ კურსი შეეცვალათ, არსებითად ის გზა განაგრძეს, სადაც კლინტონი გაჩერდა. ბუშმა ფედერალური მთავრობის ხარჯები და უფლებამოსილებების ჩარჩოები კლინტონზე მეტად გაზარდა. მან კლინტონის პროგრამიდან ძალიან ცოტა რამეზე თქვა უარი. მე ვფიქრობ, ნეოკონსერვატორთა მსოფლმხედველობა უფრო ახლოს არის პოსტმოდერნიზმთან, ვიდრე ისინი ისურვებდნენ. აბა, ჰკითხეთ ნეოკონსერვატორებს რას უფრთხილდებიან კონსერვატორული სულისკვეთებით და ისეთივე დაბნეულ, ცარიელ გამოხედვას წააწყდებით, როგორსაც ზემოხსენებულ ინგლისელ პროფესორთან დამოუკიდებელ პიროვნებაზე საუბრისას წავაწყდი.

ამგვარად, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიახ, ყოველივე ამას მნიშვნელობა აქვს. ეს აკადემიური თამაში არ არის. დიახ, იდეებს შედეგები მოჰყვება, როდესაც ისინი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან დანარჩენ საზოგადოებაზე გადადის. პოლიტიკაზე პოსტმოდერნიზმის გავლენის შედგად ჭეშმარიტების უარყოფა მოხდა, თანაც ზნეობრივი ჭეშმარიტების. ასე, რომ ყველაფერს ძალაუფლება წყვეტს. ამას დღეს ახლო აღმოსავლეთში ჩვენი მთავრობის ახლანდელი და მოსალოდნელი ჩარევა მოწმობს. რაკი უარს ვიტყვით ჭეშმარიტებაზე, თავისუფლად შეგვიძლია დავსახოთ და განვახორციელოთ ჩვენი გეგმა, თითქოს ამას წინ არაფერი ეღობებოდეს, მაგალითად, ეკონომიკური შეზღუდვები, ან ადგილობრივ მკვიდრთა სურვილი, თვითონ მართონ თავისი ქვეყანა. არაფერს ვიტყვი პოსტმოდერნიზმის გავლენის შესახებ მასობრივ კულტურაზე, კინოზე, მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე და ა.შ. ერთს კი ვიტყოდი, ჩვენ აუარება საქმე გვაქვს. საბედნიეროდ, მოზღვავებული პოსტმოდერნისტული აზროვნებისგან ჯანსაღი აზრი გვიცავს, რაც ბევრ ადამიანს მთელი ცხოვრება თან სდევს, თუკი ეს მას სახელმწიფო სკოლაში მიღებულმა „განათლებამ“ არ დააკარგვინა.

16 „უფასო“ სწავლა-განათლება (გამოქვეყნდა 2004 წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ბერი დინ სიმფსონი

ბარი დინ სიმფსონმა სამეცნიერო ხარისხი ალაბამის შტატში, ქ.ოუბურნის უნივერსიტეტში დაიცვა, ამჯამად, სამხრეთ ალაბამის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი და ქ. ოუბურნში, ლუდვიგ ფონ მიზესის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია.

სახელმწიფო უნივერსიტეტები მმართველ პარტიას ემორჩილება. ხელისუფლება ცდილობს, იქ მხოლოდ ის პროფესორები დანიშნოს, რომლებიც მზად არიან მისი მოსაწონი იდეები იქადაგონ”.

ლუდვიგ ფონ მიზესი, „ადამიანის მოღვაწეობა“

ზოგადად, „უფასო“, ანუ სახელმწიფო სწავლების მომხრეთა აზრით, თუ განათლების სისტემა ძირითადად ფასიანი იქნება, ბევრ ბავშვს განათლების გარეშე დატოვებს, რის გამოც ამ უკანასკნელის დონე დაეცემა, ხოლო ამერიკა მკვეთრად დაეშვება ძირს - ეკონომიკური აღმავლობის შენელებისა და სტაგნაციისკენ. ის, რომ განათლება ეკონომიკური ზრდის განუყოფელი ნაწილია, ამ სტატიის განხილვის საგანი არ არის, მაგრამ, თუ ამერიკისა და ინგლისის განათლების ისტორიას გადავხედავთ, სუსტი მოგვეჩვენება ის ბრალდება, რომ გაუნათლებლობის მიზეზი ფასიანი, ანუ კერძო სწავლების სისტემაა.

1870 წლამდე ინგლისის განათლების სისტემა მთლად „უფასო“ არ ყოფილა, მაგრამ ასობით წლის მანძილზე სწავლა-განათლება აღმავლობის გზაზე იყო. 1640 წელს ლონდონში მამაკაცთა 50%25-ზე მეტმა იცოდა წერა-კითხვა, სოფლად კი - 33%25-ზე მეტმა და ამ დონეს კერძო მესაკუთრეების მიერ მართული ფასიანი საგანმანათლებლო სისტემის პირობებში მიაღწიეს. „სამრეწველო რევოლუციის“ დროს, განათლების მსურველთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მომხმარებელთა მოთხოვნილება კერ- ძო სკოლებმა უფრო მეტად დააკმაყოფილა. 1818 წლისთვის, გარკვეული პერიოდის მანძილზე, სკოლაში ყოველი მეთოთხმეტე ადამიანი დადიოდა. სულ რაღაც ათი წლის შემდეგ კი მოსწავლეთა რაოდენობა კიდევ ორჯერ გაიზარდა. 1833 წლის სახელმწიფო ანგარიშის მიხედვით (რომელსაც მონაცემთა შეკვეცის გამო აკრიტიკებენ), აღმოჩნდა, რომ 1818-1833 წლებში სკოლის მოსწავლეების რაოდენობა 73%25-ით გაიზარდა. 1833 წელს მოსწავლეთა 58%25 სწავლების სრულ საფასურს იხდიდა და დახმარებას მხოლოდ 27%25 იღებდა.

ინგლისში განათლების კერძო სისტემა ზრდას განაგრძობდა. 1851 წლისთვის დღის სკოლებში სწავლების დონემ ისე აიწია, რომ ყოველი 8.36 მოსახლიდან ერთი მოსწავლე იყო, 1861 წელს კი ყოველი 7.7-დან - ერთი. 1870 წლის „განათლების კანონით” მთელი მოსახლეობისთვის „უფასო“ სკოლები გაიხსნა. მაგრამ 1975 წელს, „უფასო” სკოლების შემოღებიდან ას წელზე მეტი ხნის შემდეგ, ეს ციფრი მხოლოდ 6.4-ზე ჩამოვიდა. თუ გარემოებებს გავითვალისწინებთ, ინგლისში „განათლების კანონის” გამოცემამდე განათლებაში ჩადებული კერძო ინვესტიცია ფენომენალური იყო. მაგრამ საშუალო ოჯახის ბიუჯეტში ბავშვების განათლებისთვის გაწეული ხარჯების წილმა მაინც მნიშვნელოვანი თანხა შეადგინა. ედი უესტის შეფასებით, 1833 წელს მხოლოდ დღის სკოლებში სუფთა ეროვნული შემოსავლის ზუსტად ერთი პროცენტი იხარჯებოდა განათლებაზე. ეს ციფრი ჭარბობს ამერიკის 1860 წლის მონაცემებს, აგრეთვე, გერმანიის 1860 და საფრანგეთის 1880 წლის მონაცემებს, სადაც განათლება უფასო და სავალდებულო იყო. დასავლეთში ამტკიცებენ, რომ მოსახლეობის 100%25-იანი განათლების მიღწევა შეუძლებელია. მაგრამ, თუ საყოველთაო განათლება მოსახლეობის 90%25-ის სწავლებას გულისხმობს, ინგლისში კერძო სისტემამ ჯერ კიდევ 1860 წელს მიაღწია მას - მთელი ათი წლით ადრე, ვიდრე განათლება „უფასო“ გახდებოდა.

ამერიკაში დაახლოებით იგივე ვითარება იყო, რაც ინგლისში. 1650 წელს ამერიკაში წერა-კითხვა მამაკაცთა 60%25-მა იცოდა. 1800-1840 წლებში - 75%25-დან 90%25-მდე გაიზარდა ჩრდილოეთ შტატებში, სამხრეთ შტატებში კი 75%25-დან 81%25-მდე. ეს ზრდა გრძელდებოდა მანამ, სანამ ცნობილი „საზოგადო სასკოლო მოძრაობა” დაიწყებოდა ჰორეს მანის ხელმძღვანელობით. 1850 წელს, 1852 წლის სახელმწიფო სავალდებულო განათლების კანონის გამოსვლამდე, მასაჩუსეტსში წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვმა 98%25-ს მიაღწია. 1880-იან წლებში კი სენატორ კენედის კაბინეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მასაჩუსეტსის შტატში განათლებულ მოქალაქეთა რიცხვი 91%25 იყო.

შეიძლება ზოგისთვის მთლად გასაგები არ არის, თუ სწავლების როგორი დონე იყო XIX საუკუნის დასაწყისში, მაგრამ ცალკეული ფაქტები მოსახლეობის განათლებულობასა და დახვეწილობაზე მიუთითებს. შელდონ რიჩმანი თავის წიგნში „სახელმწიფოსა და სკოლის განცალკევება“ (Separating School and State) მრავალფეროვან მაგალითებს გვთავაზობს ამერიკელი მკითხველის რთული ხასიათის შესახებ. სამ მილიონიან მოსახლეობაში ტომას პეინის წიგნის - „საღი აზრის“ (Common Sense) 120 000 ეგზემპლარი გაიყიდა, 1990-იანი წლებისთვის ეს იგივეა, რაც 10 მილიონი ეგზემპლარი. 1818 წელს ნოე ვებსტერის წიგნის - „შეჯიბრი მართლწერაში“ (Spelling Bee) - ხუთ მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა ოც მილიონიან მოსახლეობაში. 1813-1823 წლებში ამავე რაოდენობის უოლტერ სკოტის რომანები გაიყიდა, 1990-იანი წლებისთვის ეს იგივეა, რაც 60 მილიონი ეგზემპლარი. ჯეიმს ფენიმორ კუპერის „უკანასკნელი მოჰიკანიც“ მილიონობით გაიყიდა. რასაკვირველია, სკოტი და კუპერი დღევანდელი მეოთხეკლასელი მკითხველის დონეზე არ წერდნენ. ამერიკელთა განათლება იმდროინდელ მოგზაურებს ალექსის დე ტოკევილსა და პიერ დიუ პონტსაც აოცებდათ. ვიქტორიანული პერიოდის ინგლისის მკითხველი საზოგადოება ისე კარგად არის ცნობილი, რომ ამ საკითხს მრავალი წიგნი და სასწავლო ლიტერატურა ეძღვნება. საზოგადოების დასამშვიდებლად ინგლისი, ფაქტობრივად, თანდათან გადავიდა ფულად გადასახადზე, რაც ლიდერებს ძალიან ჭკვიანურად მიაჩნდათ.

ფასიანი სწავლების სისტემის წარმატების მიზეზი ეკონომიკის ფაკულტეტის ნებისმიერი სტუდენტისთვის მარტივად გასაგებია: კერძო ბიზნესი მომხმარებელზეა ორიენტირებული. მეწარმეს მოგებაწაგებას შორის უკუკავშირი უჩვენებს, თუ როდის აკმაყოფილებს ან როდის ვერ აკმაყოფილებს ის მომხმარებლის მოთხოვნილებას. მეწარმე, რომელიც სულ ზარალს განიცდის, საბოლოოდ შეწყვეტს მეწარმეობას. მოგება კი, პირიქით, წამახალისებელი ჯილდოა იმ მეწარმისთვის, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნილებას სწორად განჭვრეტს. ამ ფაქტს იმდროინდელი კერძო სკოლების ერთი თვალის გადავლებაც ადასტურებს. კერძო სკოლებში მოსწავლეებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობდნენ. სახელმწიფო სკოლებში მხოლოდ წერაკითხვა და არითმეტიკა ისწავლებოდა, კერძო სკოლებში კი გეოგრაფია, ბუღალტერია, გეომეტრია, ტრიგონომეტრია, გეოდეზია, ფრანგული, გერმანული, ისტორია და ზოგჯერ ცეკვაც. მომხმარებელთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად პროფესიული და საღამოს სკოლებიც გაიხსნა. ამერიკის რევოლუციის შემდეგ, მრავალ შტატში სკოლების ადგილობრივი სახელისუფლო დაფინანსება შემცირდა, კერძო განათლება კი აყვავდა.

მაშ, რატომ გააჩაღეს ბატონმა მანმა და სხვა ე.წ. რეფორმატორებმა კამპანია, რომლის მიხედვით, ბავშვებისთვის ყველა სკოლა სახელმწიფო და უფასო უნდა ყოფილიყო? ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მომხმარებელს კერძო სკოლების ხარისხი უფრო მოსწონდა. 1830-1840 წლებში მოსწავლეთა საერთო რიცხვი არ შემცირებულა, მაგრამ სახელმწიფო სკოლების დამსწრეთა წილი სულ უფრო და უფრო კლებულობდა. მანი და მისი მიმდევრები, რომლებიც სახელმწიფო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციის ინტერესებს იცავდნენ, კერძო სკოლების წინააღმდეგ მრავალ არგუმენტს იყენებდნენ. ასეთი არგუმენტები იყო „ცუდი მშობლები, რომლებსაც თავიანთი შვილებისთვის განათლების მიცემა არ სურდათ“, და კერძო სკოლების „არადემოკრატიულობა“. ე.წ. რეფორმატორები სახელმწიფო სკოლების პოზიციების გასამყარებლად ეკონომიკურ არგუმენტებსაც იშველიებდნენ, რასაც ეკონომიკის აღმავლობას, დამნაშავეობის კლებას და განათლებულ ამომრჩეველთა ზრდას უკავშირებდნენ. მანის თაოსნობით განათლების მუშაკებმა და ადმინისტრაციამ ლობისტთა ძლიერი წრე შექმნეს და საკუთარი ხედვა სახელმწიფო მანქანას მოახვიეს თავს, ეს კი კერძო განათლების სისტემისთვის ლახვრის ჩაცემას ნიშნავდა. საქმე ისაა, რომ სწავლა-განათლებაში ორმაგის გადახდა ყველას არ შეუძლია, ჯერ სწავლის საფასურის და მერე საგადასახადო სანქციის სახით.

ახლა ბევრი ხვდება სახელმწიფო სკოლების უუნარობას, მათ შორიც ისინიც კი, ვინც ამ ცუდი სისტემის შესაცვლელად მხოლოდ მისი რეორგანიზაციის გზებს ეძებენ. მშობლები, რასაკვირველია, აანალიზებენ ამ სინამდვილეს, რადგან, სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემის აშკარა დეფექტის გამო, კერძო და საშინაო სკოლები კვლავ აღმავლობის გზაზეა. აშკარაა, ბევრს ურჩევნია სწავლაგანათლებაში ორმაგი გადაიხადოს, ვიდრე უცოდინარი დარჩეს. ეკონომიკური თეორია გვასწავლის, რომ კერძო ბიზნესი სხვადასხვაგვარი მომხმარებლის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას გაცილებით უკეთ უზრუნველყოფს, ვიდრე ბიუროკრატია. ისტორია გვასწავლის, რომ განათლების კერძო სისტემა ვარგისია და, თუ მას დავუჯერებთ, მალე დავრწმუნდებით, რომ მასობრივი სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემის მოსპობით, განათლება არ დაზარალდება და ნაკლებად შეძლებული ფენები მათთვის საჭირო განათლებას მაინც მიიღებენ.

17 სახელმწიფო სკოლების შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა (გამოქვეყნდა 2005 წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მარკ ჰარისონი

მარკ ჰარისონის ინტერესის ძირითადი საგანი განათლების ეკონომიკაა და ცდილობს, სახელმწიფო, ანუ ე.წ. უფასო საგანმანათლებლო სისტემის ნაკლოვანებები წარმოაჩინოს და ახსნას. მისი აზრით, საგანმანათლებლო დაწესებულებები კერძო სამეურნეო სუბიექტები უნდა იყოს და მომხმარებლებს ისე მოემსახურონ, როგორც ამას მოთხოვნა-მიწოდების კანონი და სამეურნეო მოგების მიღების ლოგიკა მოითხოვს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო სკოლების მონოპოლიას შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ედება ბრალად: რესურსების ფლანგვა, კარგი სწავლების დათრგუნვა, მშობლების შეზღუდვა, ინფორმაციის ჩახშობა, ახალი მეთოდების შეფერხება, კონფლიქტურობა და ღარიბებისთვის ზიანის მიყენება.

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ადამიანურ სისუსტეებს უკავშირდება. სახელმწიფო განათლების ცოდვები კი არსებულ სისტემას მიეწერება, რადგან განათლებას მთავრობა აკონტროლებს, მართავს და აფინანსებს. პოლიტიკოსებს და ბიუროკრატებს, ვისაც სახელმწიფო სკოლების კონტროლი ევალება, მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად, ფასების კონტროლისა და კარგი სწავლების ხელშესაწყობად არც ძლიერი მოტივი და არც ცოდნა არ გააჩნიათ. არსებული სისტემის პირობებში არ არსებობს საფასო ნიშნები მომხმარებელთა არჩევანის გამოსავლენად და ღირებულების დასადგენად ან შესაბამისი ღონისძიების გასატარებლად. ამ სისტემას მარტივი და პირდაპირი რეაგირების მექანიზმი აკლია, რაც ბიზნესში გადაწყვეტილების სისწორის საზომია. მთავრობა ვერ ამჩნევს, სწორ განათლებას იძლევა თუ არა და თანაც როგორი დოზით. პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყველაფერს ან არაფერს ნიშნავს. ერთი გადაწყვეტილება ყველა შემთხვევას ეხება და მრავალფეროვნების შესაძლებლობა არ არსებობს. ცვლილება ძვირი ჯდება, როდესაც მთელი სისტემა ან ერთი, ან მეორე მიმართულებით გადაიხრება. მცდარი ცვლილებები დამღუპველია.

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სკოლები, იმის ნაცვლად, რომ მომხმარებელზე ზრუნავდეს, საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდეს და გაჭირვებულებს ეხმარებოდეს, ხშირად მასწავლებელთა კავშირების მსგავსი პოლიტიკურად ძლიერი, საგანგებო, მიზნობრივი ჯგუფების ინტერესებს ემსახურება.

არსებული საგანმანათლებლო სისტემა ვერც ვერაფერს უხერხებს ცუდ სკოლებს და ვერც ხურავს, ამგვარად, მათი გაუმჯობესების მცდელობის მიუხედავად, ათწლეულების მანძილზე ყველაფერი უცვლელად რჩება. ეს სისტემა კონკურენციასაც უშლის ხელს, რაც ჩამორჩენილ სკოლებს იცავს და მათ გარდაქმნას აფერხებს.

სახელმწიფო სკოლების დაბალი დონე ყველაზე მეტად ღარიბ ხალხს ვნებს. ღარიბებს ყველაზე ცუდ სკოლებში უწევთ სწავლა. მდიდარ მშობლებს შეუძლიათ სადაც მოისურვებენ იქ იცხოვრონ. ეს მათ სკოლის არჩევანის საშუალებას აძლევს. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მდიდრებს კერძო სკოლაში სწავლის შესაძლებლობაც გააჩნიათ. მდიდარი ოჯახებით დასახლებულ რაიონებში მოსწავლეების მიერ ცუდი სკოლების მიტოვების საფრთხე არსებობს, რაც სახელმწიფო სკოლებზე კონკურენტულ ზეწოლას ზრდის. ღარიბებს ძალიან მცირე ალტერნატივა აქვთ და მათი უმრავლესობისთვის სკოლების ფართო არჩევანი მომგებიანია. ამასთან ერთად, მოუწესრიგებელი ოჯახის ბავშვები, რომლებიც აკადემიურ ცოდნას სახლში ვერ ეუფლებიან, უფრო სკოლაში სწავლას ეყრდნობიან!

საგანმანათლებლო სისტემის გამოსწორების საშუალება პოლიტიზებული სახელმწიფო სასკოლო სისტემიდან დეცენტრალიზებულ კონკურენტუნარიან საბაზრო სისტემაზე გადასვლაა. კონკურენციაში ჩაბმული და პირდაპირ მშობლების წინაშე ანგარიშვალდებული სკოლა უკეთ მუშაობს, ვიდრე მისი ბიუროკრატიული ალტერნატივა.

საბაზრო პროცესები ეფექტიანობისა და ნაირფეროვნების სტიმულს იძლევა და სიახლეების დანერგვას უწყობს ხელს. მფლობელს დიდი სტიმული ეძლევა, რომ ინვესტიცია ჩადოს და ხარჯები შეამციროს ან აქტივები უფრო ეფექტიანად გამოიყენოს, რითაც ჯილდოს მოიმკის. კონკურენცია გამუდმებით აუმჯობესებს ხარისხსა და მომსახურებას. სკოლებს ექსპერიმენტის ჩატარების, ახალი მეთოდების შემოღების და არაეფექტიანი მეთოდების ახლით შეცვლის სტიმული ეძლევა.

კონკურენტულ გარემოში სკოლის ხელმძღვანელობას და მომსახურე პერსონალს სტიმული ეძლევა ცვლილება შეიტანონ სკოლაში უკეთესი შედეგების მისაღწევად და კონკურენციას გაუძლონ ან წარმატების შედეგად მიღებული წილის მოზიარენი გახდნენ. არსებული სისტემის პირობებში არც მასწავლებლები და არც ხელმძღვანელობა დიდი მიღწევებისგან არანაირ სარგებლობას არ ღებულობენ. აქ მთავარი საზრუნავი ეფექტიანობა კი არა, არამედ დანაწილებაა - ხარჯების რაოდენობა და მასში მასწავლებლების წილი. ხშირად ჩამორჩენილობა დამატებითი რესურსების გამოყენებას იწვევს.

კიდევ ერთი სარგებლობა, რაც არჩევანის საშუალებას მოაქვს, ეს არის ბავშვის აღზრდაში მშობლების უფრო მეტი მონაწილეობა და, საერთოდ, ოჯახის გაძლიერებული როლი. მშობლების ჩარევით ბავშვი უკეთეს შედეგებს აღწევს და დაბალი დონის განათლებისა და დაბალი შემოსავლის მქონე მშობლების ჩარევას ისეთივე დიდი სარგებლობა მოაქვს ბავშვისთვის, როგორც უფრო მეტი განათლებისა და მეტი შემოსავლის მქონე მშობლების შემთხვევაში.

არჩევანის საკითხი მხოლოდ ტესტის ქულებისა და შედეგების გაუმჯობესებას არ ნიშნავს. არჩევანის დროს უფლებამოსილება მთავრობიდან მშობლებზე გადადის და ოჯახს განამტკიცებს. სკოლის არჩევანისას მშობლის პასუხისმგებლობა, თავდაჯერებულობა, დამოუკიდებლობა და ინიციატივა უფრო მეტია, ვიდრე მაშინ, როდესაც თავისი კანონიერი როლის ძალით მოპოვება უხდება. არჩევანი მშობელს ბავშვის საკუთარი ღირებულებებით აღზრდის საშუალებას აძლევს. ამ დროს მშობელი არაკომპეტენტურად კი აღარ მიიჩნევს თავს, არამედ თავისი შვილისთვის რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს. მშობელს რეალური უფლება, რეალური თავისუფლება და რეალური პასუხისმგებლობა ეძლევა საკუთარი გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც მასზეც და ბავშვზეც დიდ გავლენას ახდენს.

18 რა მოხდება, სუპერმარკეტები სკოლებივით რომ იმართებოდეს? (გამოქვეყნდა 2006 წ.)

▲ზევით დაბრუნება


მარკ ჰარისონი

ეკონომისტებს ბრალს სდებენ, რომ მათ სკოლების მართვა სუპერმარკეტების მსგავსად უნდათ. ჩემი დაკვირვებით, სუპერმარკეტში ყურადღებიანი და მუყაითი ხალხი მუშაობს, ამასთან, ისინი მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ. მომხმარებელთა უმრავლესობა სუპერმარკეტების მუშაობით საკმაოდ კმაყოფილია.

ცხადია, სკოლები და სუპერმარკეტები ერთმანეთისგან განსხვავებული დაწესებულებებია. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სუპერმარკეტები სკოლების მსგავსად იმართებოდეს. ანუ, იმის მომიზეზებით, რომ ყველა ბავშვი უცოდინარი და გულგრილი მშობლების მიერ შეძენილი შეუსაბამო საკვების მიღებისა და შიმშილისგან უნდა გადავარჩინოთ, ყველას უნდა მიენიჭოს ერთნაირი შესაძლებლობა, რომ სურსათის გარკვეული ნაკრები მიიღოს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვქონდეს სახელმწიფოს მიერ მართული სუპერმარკეტები, რომელთა ხარჯები საგადასახადო შემოსავლებით დაიფარება და სადაც მყიდველებს შეეძლებათ, საჭირო სურსათი უფასოდ მიიღონ.

მომხმარებლები ვალდებულნი იქნებიან, კუთვნილი სურსათის მისაღებად საკუთარი უბნის სუპერმარკეტს მიმართონ და, თუკი მისი გამოცვლა მოუნდებათ, სათანადო ნებართვა უნდა აიღონ და ისიც, მხოლოდ სხვა სახელმწიფო სუპერმარკეტში სავაჭროდ. სახელმწიფო სუპერმარკეტების გვერდით კერძო სუპერმარკეტებიც არსებობს, მაგრამ იქ სურსათის მისაღებად მომხმარებლებმა საფასური უნდა გაიღონ, რაც გადასახადების გადახდის შემდეგ ჯიბეშეთხელებულ დაბალშემოსავლიან მომხმარებლებს აღარ შეუძლიათ.

ახალი სუპერმარკეტების გახსნის პირობები მკაცრად განსაზღვრულია. მათი გახსნა ნაკლებად დასახლებულ უბნებში არ დაიშვება. კერძო სუპერმარკეტების გახსნის ნებართვასაც სახელმწიფო იძლევა და გასაქანს არც მათ აძლევთ.

სახელმწიფო სუპერმარკეტებს ყოველი შტატის სუპერმარკეტების დეპარტამენტები მართავს, რომელთა თანამშრომლების ანაზღაურება და სამუშაო პირობები ცენტრალიზებულად, პროფესიულ კავშირებთან შეთანხმების საფუძველზე წესდება.

ზოგიერთ რეგიონს თანამშრომლების მიზიდვა უჭირს. დაქირავების პირობები და ცალკეული თანამდებობის სარგო მკაცრად განსაზღვრულია, ისევე, როგორც სამუშაო საათები, უფლებამოსილებები და თითოეულ თანამდებობაზე დასაქირავებელ პიროვნებათა რიცხვი. სხვადასხვა თანამდებობრივ სარგოებს გათანაბრების ტენდენცია ახასიათებს. თუმცა, როგორც ჩანს, სახელმწიფო სუპერმარკეტებში გაცილებით მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე აუცილებელია, განსაკუთრებით კერძო სუპერმარკეტებთან შედარებით. ამასთან, რიგები სახელმწიფო სუპერმარკეტების სალაროებთან გაცილებით გრძელი, ხოლო თაროები, როგორც წესი, ცარიელია.

მმართველებს უჭირთ რომ საქონელი დროულად მოიმარაგონ ან, ექსპერიმენტის სახით, ახალი ნაწარმი შემოიტანონ, სუპერმარკეტები თავის გემოზე შეღებონ ან ახალი სათავსოები მოაწყონ. ამგვარ გადაწყვეტილებებს ცენტრალური ოფისის ჩახლართული ბიუროკრატია იღებს. ხარჯების დიდი ნაწილი ხელფასებზე მიდის, ხოლო ტექნიკურ აღჭურვილობაზე გათვალისწინებული ხაჯების შეკვეცის შედეგი ისაა, რომ სავაჭრო კალათები ძველი და დაზიანებულია. ხარჯების დაზოგვის მიზნით, დაკვეთების სახლში მიტანის სისტემა სრულიად მოშლილია. კერძო სექტორში გამოცდილი სიახლეები, მაგალითად, გასასვლელებში დამონტაჟებული სკანერები, პროფესიული კავშირების წინააღმდეგობის გამო, სახელმწიფო სუპერმარკეტებში არ ინერგება.

სუპერმარკეტების ხარისხი უბნების მიხედვით განსხვავდება; მდიდარ უბნებში ისინი უკეთ გამოიყურებიან და მათი ხარისხი ხშირად იმას მიანიშნებს თუ რამდენად პრესტიჟულია ესა თუ ის უბანი.

ბევრი სახელმწიფო სუპერმარკეტის მომსახურებით უკმაყოფილოა. ბევრი დაჯგუფება საარჩევნო მოთხოვნად სახელმწიფო სუპერმარკეტების დაფინანსების გაზრდას აყენებს და ამაში სხვადასხვა ლობისტური ჯგუფებისგან, მაგალითად, სკანერების მწარმოებელთა კავშირიდან - დახმარებას იღებს.

დროდარდო კერძო სუპერმარკეტების დახურვის მოწოდებები გაისმის, რაც გარკვეულ ადამიანებს საკუთარი პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების და სახელმწიფო სუპერმარკეტების დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობას აძლევს; თუმცა პოლიტიკოსების, ბიუროკრატების და თავად სახელმწიფო სუპერმარკეტების თანამშრომლების უდიდესი ნაწილი საყიდლებზე კერძო სუპერმარკეტებში დადის.

მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში სუპერმარკეტებთან დაკავშირებული საკითხები კარგად ორგანიზებული ლობისტური დაჯგუფებების დაკვეთით შუქდება.

თავად ის, თუ რა ნაწარმი უნდა იდოს სახელმწიფო სუპერმარკეტების დახლებზე, ერთობ წინააღმდეგობრივი პოლიტიკური განხილვის საკითხია და მეტწილად ლობისტური ჯგუფების მიერ მმართველ ძალებზე ზეწოლის შედეგად წყდება. სახელმწიფო სუპერმარკეტების დახლებზე მხოლოდ ადგილობრივი ნაწარმი დევს, მაგრამ ვერსად ვერ წააწყდებით სიგარეტებს და ალკოჰოლურ სასმელებს. მთავრობა აფინანსებს პროგრამას, რომელიც სუპერმარკეტებში მხოლოდ ადგილობრივი ნაწარმის გაყიდვას ისახავს მიზნად, რაც თან ცხიმიანი და ეკოლოგიურად მავნე ნაწარმის დახლებიდან გამოდევნასაც ითვალისწინებს.

სახელმწიფო სუპერმარკეტების მმართველებს ადგილობრივი საბჭოები ნიშნავს, სადაც სხვადასხვა ლობისტური დაჯგუფებების წარმომადგენლებს დიდი გავლენა აქვთ. კანდიდატებს კი ცენტრალური დეპარტამენტები არჩევს. ახალი სკოლადამთავრებულები, რომელთაც მოლარეებად მუშაობა სურთ, ვალდებულნი არიან მოლარეების პროფესიული კავშირების მიერ მოწყობილი საგანგებო სასწავლო კურსები გაიარონ, რომლის ერთ-ერთი სავალდებულო საგანი ვაჭრობის სოციოლოგიაა.

თანამშრომელთა დაქირავება ერთობ რთული პროცესია. ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე, მაგრამ, გარკვეული გამოცდების ჩაბარების შედეგად შესაძლებელია დამატებითი ანაზღაურების მოპოვებაც და სახელმწიფო სუპერმარკეტებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიღებაც.

სქესობრივი თანასწორობის მოთხოვნების მიხედვით, დაოჯახებულ წყვილებს სუპერმარკეტებში ვაჭრობის ტვირთის გაზიარება დაევალათ.

სუპერმარკეტების დახურვა წინააღმდეგობრივი პოლიტიკური საკითხია, რაც მრავალრიცხოვანი სამთავრობო განხილვებისა და მომხმარებელთა დემონსტრაციების შედეგად წყდება. არც ერთ უბანს არ უნდა, რომ მისი სუპერმარკეტი დაიხუროს, რის გამოც ხშირად მომხმარებელთა გამოსვლები ერთობ ხმაურიანი და ძალისმიერია. შტატების მთავრობები ხშირად ყველა სახელმწიფო სუპერმარკეტის შენარჩუნების დაპირების გამო გადაირჩევიან ხოლმე.

თავად ის აზრი, რომ სახელმწიფო სუპერმარკეტები კერძო სუპერმარკეტების მსგავსად იმართოს, ძირშივე განწირულია. მაღალმეცნიერული კვლევები ასაბუთებს თუ როგორი უნდა იყოს ადგილობრივი პროდუქციის წახალისების პოლიტიკა, სუპერმარკეტების ოპტიმალური ზომა და სხვა აუცილებელი ღონისძიებები, მაგრამ ამ კვლევების შედეგები ნაკლებად გამოიყენება სახელმწიფო სუპერმარკეტებში. სამაგიეროდ, ძალიან დიდია ზეწოლა, რომ თანამშრომლებისა და მომხმარებელების შეფარდება იქნეს დაცული: საუკეთესოდ ის სუპერმარკეტები ითვლება, სადაც მომხმარებელი უფრო დიდ დროს ატარებს.

სახელწიფო სუპერმარკეტებს უჭირთ იმის დადგენა, თუ რას ანიჭებს უპირატესობას მომხმარებლი. ზოგიერთმა მმართველმა მომხმარებლების მმართველ საბჭოში მიწვევაც კი სცადა, მაგრამ მათ სუპერმარკეტების უშუალოდ მართვის სურვილი დიდად არ გამოუჩენიათ. ხოლო მმართველ საბჭოში მოხვედრილი მომხმარებლების კეთილსინდისიერება კი ერთობ საეჭვო გამოდგა, რადგან მათ ლობისტურ ჯგუფებთან ჰქონდათ კავშირი.

ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცენტრალურ ოფისში მიიღება, სადაც ცოტა რამ თუ იციან მომხმარებელთა მოთხოვნილებებზე და არც მათ დაკმაყოფილებას ეშურებიან. საკითხები არა სამომხმარებლო არჩევანის, არამედ პოლიტიკური ინტერესების მიხედვით წყდება.

მთავარი ოპოზიციური დაჯგუფების ლიდერის მოწოდება, რომ სახელმწიფო სუპერმარკეტებმა შაბათ-კვირაობით, ეროვნულ დღესასწაულებზე და საღამოს 5 საათის შემდეგ იმუშაონ, როგორც ამას ზოგიერთი კერძო სუპერმარკეტი აკეთებს, კატეგორიულად უარყვეს ამ დარგის წარმომადგენლებმა იმ მოტივით, რომ თითქოს ამ დროს მომხმარებლებს სავაჭროდ არ სცალიათ და თან ეს ყველა სუპერმარკეტს არ სურს. სამაგიეროდ, „მომხმარებლებისგან თავისუფალი“ დღეები მომრავლდა, როდესაც სხვადასხვა სუპერმარკეტების თანამშრომლები იკრიბებიან და სავაჭრო ნაწარმის შერჩევის საკითხს წყვეტენ.

ეკონომისტები მოუწოდებენ, რომ უპრიანია სუპერმარკეტებმა თავიანთ საქმეებს თავადვე მიხედონ, ხოლო ახალი სუპერმარკეტების გახსნა თავისუფალი გახდეს და მომხმარებლებს არჩევანის უფლება მიეცეთ, სადაც უნდათ იქ ივაჭრონ, რომ შედეგად მომხმარებლებისთვის ანგარიშის გაწევა ისწავლონ. სუპერმარკეტები მომხმარებლებზე და არა ბიუროკრატებზე უნდა გახდეს დამოკიდებული, შესაბამისად, წარმატება იმათ მხარეზე იქნება, ვინც უკეთესად მოემსახურება მომხმარებელს.

უმრავლესობას ეს იდეა წარმოუდგენლად მიაჩნია. მას განსაკუთრებით მომწოდებლები ეწინააღმდეგებიან, ასაბუთებენ, რომ მოუმზადებელი მომხმარებლები ვერ შეძლებენ გაერკვნენ თუ რა დევს დახლებზე და, შედეგად, ყველაზე მეტად ღარიბები დაზარალდებიან. მათი აზრით, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სუპერმარკეტების მართვა კერძო სექტორს გადაეცეს.

მადლობა ღმერთს, პოლიტიკოსების უმეტესობა პატარა მაღაზიებს იმდენად უმნიშვნელოდ თვლის, რომ მათ კერძო სექტორის სამართავად იმეტებს.

იქნებ საკითხი პირიქით იდგეს: ეგებ ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი მთავრობაზე დაკისრება არ ღირს?

19 კერძო განათლება: სახელმწიფო სკოლების გაუქმება (გამოქვეყნდა 2006 წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

უოლტერ ბლოკი

უოლტერ ბლოკი კანადაში, ქალაქ ვანკუვერში მოღვაწეობს და, ამავდროულად, ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელია. ის თანამედროვე ავსტრიული ეკონომკური სკოლის და ფილოსოფიური ლიბერტარიანიზმის მოწინავე წარმომადგენელია. მას 500-ზე მეტი სტატია და ათობით წიგნი ეკუთვნის, რომელთა შორის პირველი და ყველაზე სკანდალური ნოველების კრებული გაუგონარის დაცვა იყო, სადაც ის ნარკომანიის, პროსტიტუციის, გამომძალველობის და მანკიერებებად შეფასებული სხვა მოვლენების ეკონომიკაზე საუბრობს და მათში ზრდასრულ ადამიანებს შორის ნებაყოფილობითი გარიგებების ნიშნებს ეძებს.

0x01 graphic

ენდრიუ იანგი

ეკონომიკის პროფესორი ოქსფორდში, მისისიპის უნივერსიტეტში. მისი კვლევის სფეროებს წარმოადგენს: მაკროეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიური ცვლილებები, ეკონომიკის ზრდის ემპირიკა, აშშ ბიზნეს ციკლების ისტორია

ქვეყნის თავდაცვის გარდა, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი არც ერთი სამსახურის უზრუნველყოფა და სუბსიდირება არ ხდება ისე შეუზღუდავად, როგორც სახელმწიფო განათლების სისტემის. თავისუფალი ბაზრის ცნობილი მომხრეებიც კი, მაგალითად, მილთონ ფრიდმენი, საშუალო სკოლების სახელმწიფო დაფინანსების მომხრეა:

„ყველასთვის ხელმისაწვდომი განათლებით მუდამ ვამაყობდით, და არცთუ უსაფუძვლოდ. სახელმწიფო განათლება ყოველთვის ემიგრანტთა საზოგადოებასთან ასიმილაციას უწყობდა ხელს, რაც ქვეყანას დაქუცმაცებისა და დაქსაქსულობისაგან იცავდა და სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის ადამიანებს ჰარმონიული თანაარსებობის საშუალებას აძლევდა“ (Friedman and Friedman, 1979, 140-141).

განათლების სფეროდან მთავრობის მთლიანად ჩამოშორების იდეას ან უგუნურებად და ბოროტებად, ან თავქარიანობად და მიამიტობად მიიჩნევენ. ძალიან უცნაურია, რომ პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვინც სახელმწიფო განათლების დღევანდელ მდგომარეობას აკრიტიკებს. მაგრამ მოსახლეობასა და სამეცნიერო წრეებში ძირითადად ის განწყობილებაა, რომ მიუხედავად სახელმწიფო განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობისა, მთავრობამ მაინც ყველას უნდა მისცეს „უფასო“ განათლება.

განათლებას, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მომსახურებას, ყველაზე ეფექტიანად ბაზარი უზრუნველყოფს. სკოლების “პრივატიზაციის” მოთხოვნით წამოყენებული თანამედროვე არგუმენტების უმრავლესობისგან განსხვავებით, მთავრობის მიერ კერძო კომპანიებთან ხელშეკრულების დადება, სწავლის საფასურისთვის ვაუჩერების გაცემა ან უშუალოდ კერძო ინსტიტუტების სუბსიდირება, თავისუფალი ბაზრისთვის შესაფერის გადაწყვეტილებებად არ გვესახება1.

საშუალო განათლების გათავისუფლება მთავრობის მარწუხებისგან თავისუფალი ბაზრის შესაფერისი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება.

განათლება მომსახურებაა

საშუალო განათლება, რომელიც დაწყებით კლასებში იწყება და უფროს კლასებში გრძელდება, ისეთივე მომსახურებაა, როგორც ნებისმიერი სხვა და, შესაბამისად, საბაზრო მოთხოვნისა და საფასო სისტემის მეშვეობით უნდა იმართებოდეს. მშობლებს, როგორც წესი, თავიანთი ბავშვებისთვის განათლების მიცემა სურთ. ამ მომსახურებას მათ მასწავლებლები, დირექტორები და სკოლების მფლობელები უწევენ, რისთვისაც ისინი ანაზღაურებას იღებენ. როდესაც მშობელი სასწავლო დაწესებულებას მიმართავს, ის შეთავაზებული მომსახურების ფასს ადგენს. სკოლას, რომელიც მომსახურებას მოგების მიზნით აწარმოებს2, გარკვეული ხარჯები აქვს, ამიტომ მათ შესაბამის ან უფრო მეტ ფასს ითხოვს. მშობელი კი მხოლოდ იმაზე ნაკლებს ან იმდენს სთავაზობს, რაც, მისი შეფასებით, ეს განათლება ღირს. თუ ფასი ორივე მხარისთვის მისაღებია, გარიგება შედგება და ბავშვი მომსახურებას მიიღებს. ყოველმა ეკონომისტმა და, ქვეცნობიერად, თითქმის ყველა სხვამაც კარგად იცის, რომ ბაზარს საბაზო განათლების უზრუნველყოფა თმის შეჭრის, ავტომობილის შეკეთების და უამრავი სხვა მომსახურების მსგავსად შეუძლია, რომელთა წარმოებასა და მოხმარებაზე ხალხი ერთმანეთთან გარიგებებს დებს.

დამკვიდრებული თვალსაზრისის მიუხედავად, არ არსებობს მარტივი ახსნა, თუ რატომ უნდა შეცვალოს სახელმწიფო საშუალო განათლება კერძომ3.

განათლება მომსახურებაა, ბაზარი კი ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში უამრავ მომსახურებას უზრუნველყოფს. რადგან მთავრობის მიერ საშუალო განათლების უზრუნველყოფას საზოგადოება უჭერს მხარს და რადგან მის დასაფინანსებლად ხალხი მთავრობას გადასახადებს უხდის, ამას გამართლება უნდა ჰქონდეს. მთავრობის მიერ საშუალო განათლების უზრუნველყოფა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუკი ეს დამაკმაყოფილებელ შედეგს მოიტანს.

რა არგუმენტები არსებობს სახელმწიფოს მიერ საშუალო განათლების დაფინანსების სასარგებლოდ?

მხოლოდ რამდენიმე არგუმენტზე შევაჩერებთ ყურადღებას:

1. განათლება დემოკრატიის აუცილებელი ასპექტია და პარადოქსი იქნება, რომ ხალხმა თავისივე თავისუფლების უზრუნველსაყოფად განათლების სისტემას გადასახადი უხადოს;

2. ბაზარი ყველას ვერ უზრუნველყოფს საშუალო განათლების მიღებისთვის საჭირო თანაბარი შესაძლებლობით და ხარისხით;

3. ბაზარი განათლებას ოპტიმალურად ვერ უზრუნველყოფს.

განვიხილოთ თითოეული მათგანი.

აუცილებელია „თავისუფლებისთვის“?

ის თვალსაზრისი, რომ საშუალო განათლება სახელმწიფო განათლების სისტემის საშუალებით ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, წარსულში რესპუბლიკური საზოგადოების კონცეფციის არსებითი ნაწილი გახდა. პირსი (1964, 3-4) ისტორიულ მაგალითს გვთავაზობს:

„განათლებისადმი ახალი დამოკიდებულება მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც თომას ჯეფერსონმა განაცხადა, რომ ხალხი განათლებული თუ არ იქნება, საკუთარი თავის კარგად მართვას ვერ შეძლებსო... ჯეფერსონის შემდეგ, რომელიც ყურადღებას იმაზე ამახვილებდა, რომ კონკურენტული იდეოლოგიების სამყაროში გონივრული არჩევანის გასაკეთებლად, ხალხი განათლებული უნდა იყოსო, ამ კონცეფციამ განვითარების რამდენიმე საფეხური გაიარა“4.

ეს თვალსაზრისი წარმატებული დემოკრატიული მმართველობის კატალიზატორი იყო, რამაც დროთა განმავლობაში მეტამორფოზა განიცადა და ისეთი თვალსაზრისის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც განათლებას თავისუფლების აუცილებელ პირობად მიიჩნევდა. რადგან მოვლენები ასე განვითარდა, თავისუფლების მნიშვნელობაც შეიცვალა. როგორც გრეჰემი (1963, 45-46) აცხადებს, შეიძლება ხალხი ცდება, როდესაც “თავისუფლება საკუთარი უფროსების გაკრიტიკებისა და არჩევის უფლებად მიაჩნია - იმ ადამიანების გაკრიტიკებისა და არჩევის უფლებად, ვინც მათ ამუშავებს, ვინც პოლიტიკასა და სახელმწიფო საქმეებს უძღვება, გაზეთებსა და წიგნებს გამოსცემს, საჯაროდ სიტყვაში გამოდის, ტელეპროგრამებს უძღვება და, ამდენად, მათ აზროვნებაზე ახდენს გავლენას”. სინამდვილეში, „დემოკრატიული საზოგადოება ყველა სოციალურ ჯგუფთან მიმართებაში ხელისუფლების აუცილებლობას აღიარებს და თავისუფლებას ქვეყნის მართვაში მონაწილეობის მიღების უფლებასთან აიგივებს“ (Graham, 1963, 45-46). ქვეყნის მართვაში მონაწილეობის მისაღებად კი (ამერიკის მთავრობის წარმომადგენლობითი ხასიათიდან გამომდინარე) მოქალაქეებს ინფორმაცია სჭირდებათ. ამიტომ, განათლების მიცემა სახელმწიფოს კანონიერი უფლებაა5.

მაგრამ, თავისუფლების შესახებ გამოთქმული ეს მოსაზრება სადავოა. განვიხილოთ ის თვალსაზრისი, რასაც ჯონ ლოკი უჭერდა მხარს - ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, უდიდესი პიროვნება, რომელმაც ამერიკის რევოლუციაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ზეგავლენა მოახდინა.

„ადამიანის თავისუფლება და საკუთარი სურვილის თანახმად მოქმედების უფლება მისი განსჯის უნარს ეყრდნობა, რის საშუალებითაც ის იმ კანონებს სწავლობს, რითაც საკუთარი თავი უნდა მართოს და რის საშუალებითაც იმ რეალობას აცნობიერებს, თუ რამდენად შორს არის ის თავისუფლებისგან“ (Locke, 1978, 3).

ლოკის თანახმად, თავისუფლების საფუძველი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის განსჯის უნარია. განსჯის უნარის შედეგად მას საკუთარი თავის მართვის შესაძლებლობა და მოვალეობა უჩნდება. ამერიკაში თავისუფლების ლოკისეული კონცეფცია პირველად „კატონის წერილებით“ გავრცელდა (Rothbard, 1978, 4). თავისუფლების ასეთივე კონცეფცია ჰქონდა ჯონ სტიუარტ მილსაც, რომელმაც ის მოგვიანებით, XIX ს-ში ჩამოაყალიბა. „...ის არგუმენტები, რაც გვიჩვენებს, რომ აზროვნება თავისუფალი უნდა იყოს, იმასაც ამტკიცებს, რომ [ადამიანს] საკუთარი იდეების თავისუფლად გამოხატვისა და პრაქტიკულად განხორციელების უფლება უნდა ჰქონდეს“ (Mill, 1956, 23)6.

ამას გარდა, მართალია, განათლებულ საზოგადოებას უფრო მეტი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია რესპუბლიკურ მმართველობაზე, მაგრამ რაღაც არასწორია იმაში, რომ სახელწიფო თვითონ ასწავლის მოქალაქეებს, როგორ მართონ სახელმწიფო.

როგორც ლიბერმანი (1989, 11) აღნიშნავს: „საზოგადოების არჩევანის თეორია ადასტურებს, რომ პოლიტიკოსთა და ბიუროკრატთა საქციელი იმავე პრინციპით აიხსნება, რითაც კერძო მეწარმეების საქმიანობა. მეწარმეობაში კი ადამიანები საკუთარ სარგებელს ეძებენ... [სახელმწიფო მოხელეები] ან ხელმეორედ არჩევისთვის იღწვიან, ან უფრო მაღალი ანაზღაურებისთვის, დამატებითი შემოსავლებისა და უკეთესი სოციალური სტატუსისთვის. თუ სახელმწიფო სწავლების მიზანი განათლებული მოქალაქეების ჩამოყალიბებაა, ვისაც მთავრობის არჩევის უნარი უნდა შესწევდეთ, მაშინ, ცხადია, მთავრობა არ უნდა ასწავლიდეთ მათ ვინ აირჩიონ ქვეყნის მმართველებად და როგორ“.

როგორც ბოუზი (1991, 19) აღნიშნავს: „ძირითად აკადემიურ საგნებშიც კი, ყველა სკოლაში სწავლების ერთი მეთოდის გამოყენების საშიშროება არსებობს“. სასკოლო სისტემაზე სახელმწიფოებრივი მონოპოლია სასწავლო პროგრამების ერთფეროვნებას უწყობს ხელს. უილიამსი (1978) სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ერთობ მართებულად წერს, რომ ის „[განათლების] მრავალ საკითხთან მიმართებაში კოლექტიურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს” და ყველას ერთგვაროვან განათლებას სთავაზობს, „იმის მიუხედავად [მშობელი] ეთანხმება ამას თუ არა“7. სახელმწიფო თანამდებობებზე ფეხმოკიდებული ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა ისტორიასთან, მთავრობასთან, ეკონომიკასთან მიმართებაში და ა.შ.

გამოდის, რომ სახელმწიფო მოხელეები ასწავლიან მოქალაქეებს, თუ როგორ აირჩიონ სახელმწიფო მოხელეები!

რასაკვირველია, ის სახელმწიფო მოხელეები, ვინც სასწავლო პროგრამებს ადგენენ და ხელმძღვანელობენ, უმეტესად კეთილი განზრახვით მოქმედებენ8, მაგრამ, როგორც ლუდვიგ ფონ მიზესი სამართლიანად აღნიშნავს: „პროგრამის არც ერთ ავტორს აზრადაც არ მოსდის, რომ მთავრობის მიერ ამ გეგმის განხორციელების შედეგები მათი ჩანაფიქრისგან სრულიად განსხვავებული იქნება“. სხვა სიტყვებით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას დაგეგმავს ეს ადამიანი სხვების სასარგებლოდ, საბოლოოდ, მისი გეგმა მასვე რჩება, ხოლო მოვლენები მისგან დამოუკიდებლად ვითარდება.

ამასთან, ამერიკის ხელისუფლების ხალხის არჩევანზე დაფუძნების შესახებ თომას ჯეფერსონის კეთილშობილური აზრებისა და მოქალაქეთა „თავისუფლების“ შენარჩუნებაზე მაღალფარდოვანი სიტყვების გარდა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ საშუალო განათლების სახელმწიფო სისტემის დანერგვა საკმაოდ სულმდაბლური მოტივებით იყო განპირობებული. თანამედროვე სახელმწიფო განათლების სისტემის ფუძემდებლების, მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანების ამერიკის „განათლების რეფორმატორთა” ერთ-ერთი მოტივი ზუსტად ის იყო, რომ ამერიკაში ემიგრანტი მოსახლეობის კულტურა და ენა დაემახინჯებინათ და, როგორც სამუელ ლუისი აღნიშნავს, ისინი „ერთ ერად“ ჩამოეყალიბებინათ (Rothbard, 1978, 125). ამერიკის საგანმანათლებლო რეფორმის განსაკუთრებულ სამიზნეს გერმანელები და ირლანდიელები წარმოადგენდნენ. მონრო (1940, 224) ემიგრანტთა ნაკადებისა და მათ მიერ ამერიკაში ჩამოტანილი კულტურის მიმართ დამოკიდებლებას გულწრფელად აღწერს: „მილიონნახევარზე მეტი ირლანდიელი და ამდენივე გერმანელი შეემატა მოსახლეობას. დიდი რაოდენობით ჩამოვიდნენ ინგლისელებიც და უელსელებიც, მაგრამ ირლანდიელებმა და გერმანელებმა ერთ ადგილას მოიყარეს თავი და მათი განსხვავებული რასობრივი ტემპერამენტი და სოციალური წეს-ჩვეულებანი ჩვენს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ახალ ფაქტორად იქცა... [ამ] ელემენტებმა ერთობლიობაში განათლების საკითხი კიდევ უფრო გაამწვავა და ჩვენს პოლიტიკურ და სოციალურ სტრუქტურას გამოცდა მოუწყო, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღება განათლების მნიშვენელობაზე გადაატანინა“.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ინგლისი და უელსი, რომელთა კულტურაც გაბატონებულ ამერიკულ რწმენასთან უფრო თავსებადია, მხოლოდ გაკვრით მოიხსენიება მაშინ, როდესაც ეგზოტიკური ირლანდიური და გერმანული ელემენტები, რომლებიც „ჩვენს პოლიტიკურ და სოციალურ სტრუქტურაზე გავლენას ახდენდა“, „საგანმანათლებლო პრობლემის“ წყაროდ მიიჩნევა.

გარდა ამისა, პიროვნულმა თავისუფლებამ, რაც ამერიკამ თავის მოქალაქეებს მიანიჭა და რამაც „ადამიანებს ყოველგვარი სახელმწიფო შეზღუდვების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ასწავლა, ისეთი ექსცესები გამოიწვია, რომ თვითმმართველობის უპირატესობა ეჭვქვეშ დააყენა“. ამ ვითარების გამო, რაც ანარქიისკენ ისწრაფოდა, ხალხი უმთავრესად უზრდელ და თავზეხელაღებულ უცხო ელემენტებს აკისრებდა პასუხისმგებლობას...“ (Monroe, 1940, 223 — 224). ამერიკის საზოგადოება ემიგრანტთა კულტურაში იმ უბედურებას ხედავდა, რომელიც ამერიკულ თავისუფლებასთან შეუთავსებადი იყო. პარადოქსია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ემიგრანტებს ამერიკაში თავისუფალი ცხოვრებით ტკბობის საშუალებას აძლევდა, მათ განათლების მიღების თავისუფლებას ართმევდა და სახელმწიფო სკოლებისთვის გადასახადის გადახდას აიძულებდა, მიუხედავად იმისა, უნდოდათ მათ იმ სკოლაში სწავლა თუ არა.

1846 წელს კონექტიკუტის სასკოლო საბჭოს მიერ ჩატარებულმა სასკოლო სისტემის პრობლემების კვლევამ მრავალი ნაკლოვანება გამოავლინა: „ერთერთი ნაკლოვანება მრავალი კერძო სკოლის არსებობა იყო” (Monroe 1940, 244). კერძო სკოლების არსებობა განსაკუთრებულ საშიშროებად ირლანდიური კათოლიციზმის ჭრილში განიხილებოდა. როგორც როთბარდი (1978, 125) წერს: “ანგლო-საქსური მოსახლეობის უმრავლესობას... კათოლიკების სამრევლო სკოლების მოსპობა სურდა”. კერძო განათლებისთვის ხელის შეშლის ერთ-ერთი ხერხი განათლების გადასახადის განურჩევლად ყველაზე დაკისრება იყო. ვინც კერძო სკოლას ირჩევდა, მათ ორჯერ უწევდათ გადახდა (ერთი სახელმწიფო გადასახადის და მეორე კერძო სკოლის საფასურის სახით). კერძო სკოლების აკრძალვის კიდევ უფრო აშკარა მცდელობა 1920-იან წლებში ორეგონში განხორციელდა (Rothbard, 1978, 126). იქ სპეციალური კანონი შემოიღეს, რომელიც კერძო სწავლებას კრძალავდა და ყველა ბავშვს სახელმწიფო სკოლაში სწავლას აიძულებდა. საბედნიეროდ, 1925 წელს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთი სასამართლო პროცესის დროს (Pierce v. Society of Sisters) ეს კანონი არაკონსტიტუციურად სცნო.

თანაბარი შესაძლებლობა?

მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივი უდევს საფუძვლად განათლების სახელმწიფო სისტემის წარმოშობას, საბაზრო ეკონომიკის ზოგიერთი მოწინააღმდეგე აცხადებს, რომ, ამჟამად, მთავრობა ყველას თანაბრად აძლევს განათლების შესაძლებლობას. მათ შორის ყველაზე მკაცრ მოწინააღმდეგეებს არაკონსტიტუციურადაც კი ეჩვენებათ, რომ ვინმე „უფასო“ სახელმწიფო განათლების გარეშე დარჩეს (Pierce, 1964, 12). უდავოა, ბაზარი ყველას ასეთი მომსახურებით ვერ უზრუნველყოფს. საბაზრო სისტემის პირობებში განათლება უფლება არ არის. ვინც ფულს ვერ გადაიხდის, ვერ მიიღებს9, ხოლო ვინც გადაიხდის, მიიღებს.

ბაზრის მოწინააღმდეგეთა დასამშვიდებლად შეიძლება ითქვას, რომ განათლების დეფიციტი ისეთ პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც მათ ესახებათ. ცხადია, საბაზრო სისტემის პირობებში ყველა შეძლებს რაღაც რაოდენობის სწავლის საფასურის გადახდას, თუმცა ყველა ვერ მიიღებს მაღალხარისხოვან მომსახურებას და ისეთი ხარისხის განათლებას, რა ხარისხისასაც სხვები10. აშშ განათლების დეპარტამენტი აცხადებს: „ჩვენი მისიაა მთელ ქვეყანაში განათლების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა და საუკეთესო განათლების ხელშეწყობა“11. ეს სახეცვლილი არგუმენტი ისევ ძალაშია. საბაზრო სისტემა ყველას ეგალიტარულ, მაღალი ხარისხის განათლებას ვერ მისცემს; სახელმწიფო განათლების სისტემა კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ სახელმწიფო მართლაც ყველასთვის უზრუნველყოფს უფრო ეგალიტარულ და უფრო მაღალი ხარისხის განათლებას.

ეგალიტარული მიზნების გამოდევნების კვალობაზე სახელმწიფო სისტემა საშინელ საქმეს სჩადის. მისი ყველაზე მხურვალე მხარდამჭერებიც კი ვერ იტყვიან იმას, რომ სახელმწიფო სკოლები ყველა სოციალურ-ეკონომიკურ კლასს თანაბარი ხარისხის განათლებას სთავაზობს. ჯენქსი (1985) აცხადებს: „მდიდარ გარეუბანში თითო მოსწავლეზე წლიური ხარჯი, ჩვეულებრივ, ორმოცდაათი პროცენტით მეტს მაინც შეადგენს, ვიდრე იმავე ქალაქის ღარიბულ კვარტალში... როგორც წესი, გადასახადის გადამხდელები ღარიბი კვარტლის ბავშვების ოფიციალურ განათლებაზე 5 000 დოლარზე ნაკლებს ხარჯავენ მაშინ, როდესაც მდიდარი გარეუბნის ბავშვებზე — 10 000 დოლარზე მეტს [თითო მოსწავლეზე, წელიწადში]“. ამასთანავე, ეტატისტურმა სისტემამ ყველა რასის თანასწორი საშუალო განათლება ვერ უზრუნველყო. კოლემანმა და ჰოფერმა (1987, ხხივ) კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ კერძო სკოლებში ნაკლები რასობრივი სეგრეგაციაა, ვიდრე სახელმწიფო სკოლებში.

გარდა ამისა, სახელმწიფო განათლების საშუალო მაჩვენებელიც კი ძალიან შორს არის მაღალი ხარისხისგან. „განათლების პროგრესის შეფასების ეროვნული ცენტრის“ ცნობით, მთელი ამერიკის უფროსკლასელთა 50%25-მა ვერ უპასუხა შემდეგ კითხვას:

რას უდრის 10-ის 87%25 და შემდეგი პასუხებიდან რომელია სწორი?

ა) ათზე მეტია;
ბ) ათზე ნაკლებია;
გ) ათს უდრის;
დ) არ ვიცი.
(Boaz, 1991, 2).

„განათლების პროგრესის ეროვნული შეფასების ცენტრი“ იმასაც იტყობინება, რომ 17 წლის ასაკის მოზარდთა მხოლოდ 7%25-ს „აქვს კოლეჯის დონის სასწავლო კურსის ასათვისებლად საჭირო ცოდნა და უნარი“ (Boaz, 1991, 3). გარდა ამისა, 1989 წელს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ეროვნული ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ კოლეჯის უფროსკურსელთა 54%25-მა, რომელთა უმრავლესობა სახელმწიფო სკოლიდან იყო მოსული, არ იცოდა საუკუნის რომელ ნახევარში მოხდა სამოქალაქო ომი, 58%25-მა ვერ თქვა, რომ ფილოსოფიური ნაშრომის „რესპუბლიკის“ ავტორი პლატონი იყო, და 23%25-მა მარქსის სიტყვები „თითოეულისგან უნარის მიხედვით, თითოეულს მოთხოვნილების მიხედვით“ შეცდომით ამერიკის კონსტიტუციას მიაწერა (Bacon, 1989).

სახელმწიფო სკოლები არა მარტო საშინელი ხარისხით გამოირჩევა, არამედ საოცარი ხარჯები- თაც. ამერიკაში სახელმწიფო საშუალო სკოლამ 1989 წელს თითო ბავშვზე საშუალოდ 5 246 დოლარი დახარჯა12, ანუ 25-მოსწავლიან კლასზე 130 000 დოლარი დაიხარჯა13, რაც კერძო სკოლის ხარჯებზე გაცილებით მეტია. 1989 წელს უფროსი კლასების განათლებაზე დახარჯული დაახლოებით 212 მილიონი დოლარიდან14 მასწავლებელთა ხელფასებს მხოლოდ 40%25 მოხმარდა (West, 1983)15.

სად წავიდა დამატებითი 100 მილიარდი დოლარი?

ხელმძღვანელებსა და ბიუროკრატებზე ძალიან ბევრი იხარჯება.

ბოუზი (1999, 17) წერს: „სინამდვილეში, ასეთი დიდი ბიუროკრატიული აპარატი რეალური საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ მწირ რესურსებს ითვისებს, სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს უფლებამოსილებასა და დამოუკიდებლობას ართმევს და სასკოლო სისტემის შეცვლის მცდელობას გადაულახავ დაბრკოლებებს უქმნის“. გრეჰემი (1963, 57) აცხადებს, რომ „თანამედროვე განათლების სისტემის დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის ბავშვების მომზადებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას პრობლემების გადაჭრის კოოპერაციულ გზებს ანიჭებს“ (Graham, 1963, 57), მაგრამ, როდესაც ეს სისტემა ორჯერ უფრო მეტს ხარჯავს ბიუროკრატიულ აპარატზე, ვიდრე თვითონ მასწავლებლებზე, და გადამხდელთა რესურსების არაკეთილსინდისიერად ფლანგვის პრობლემა გადაუჭრელი რჩება, კოოპერაციაზე ბევრი საუბარი არ შეიძლება.

მხოლოდ ბაზარს შეუძლია მოუღოს ბოლო რესურსების ასეთ საყოველთაო ფლანგვას ისეთ მიზნებზე, რაც არ მატერიალიზდება. სახელმწიფო განათლების სისტემა რესურსებს იმიტომ ფლანგავს, რომ ყველა სოციალისტური საწარმოს მსგავსად, თავისუფალი ფასებისა და კერძო საკუთრების უფლების არარსებობის გამო, რაციონალური გათვლების შესაძლებლობა არ აქვს (Mises, 1981; Hoppe, 1989). საბაზრო სისტემაში მომხმარებელი ყიდვაარყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გზით აძლევს ნიშანს წარმოებას. მეორე მხრივ, სახელმწიფო განათლების სისტემა ნიშანს იმ მომხმარებლებისგან იღებს, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ მოხელეებს ირჩევენ. მაგრამ, ამ ნიშნების მნიშვენელობა გაუგებარი რჩება იმის გამო, რომ ამომრჩევლები მოხელეებს, განათლების გარდა, უამრავი სხვა საკითხის გამოც ირჩევენ. მეორე მხრივ, მომხმარებლები კერძო სასწავლებლებს სრულიად გარკვევით და დაუყოვნებლივ ატყობინებენ თავიანთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, შეიყვანენ თავიანთ შვილებს იმ სკოლაში თუ არა. ნაყოფიერების გაზრდის მოტივაციის მიზნით, საბაზრო სისტემაში მოქმედი ამგვარი აშკარა და მყისიერი ნიშანი საგანმანათლებლო (და ნებისმიერი სხვა) დაწესებულებებისთვის აუცილებელია. კერძო სისტემაში სკოლის მასწავლებლები, დირექტორები და ადმინისტრატორები პასუხს მომხმარებელთან აგებენ. ბოუზი (1999, 28) წერს: „[სახელმწიფო სასკოლო სისტემაში] არც ერთ დირექტორს ან მასწავლებელს არ მოუმატებენ ხელფასს კლასში ბევრი მოსწავლის მიღების გამო“. ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სახელმწიფო სისტემაში დირექტორს ან მასწავლებელს სამსახურიდან იშვიათად ითხოვენ ან სჯიან იმის გამო, რომ განათლების საუკეთესო ხარისხი ვერ უზრუნველყო.

ლიბერმანი (1989, 62) კალიფორნიის შესახებ წერს: „რომელიმე ოლქში ერთი დღის ნამუშევარი მასწავლებლის დასათხოვად ისეთივე პროცედურაა საჭირო, როგორიც გამოცდილი მასწავლებლის სამსახურიდან დათხოვნისას. ოლქის ადმინისტრაცია და თავად დაქირავებული თითო პიროვნებას ნიშნავენ სამკაციან კომისიაში, რომელიც გადაყენების საქმეს განიხილავს (მესამე წევრი სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადმინისტრაციული მოსამართლეა). საქმის წაგების შემთხვევაში ოლქის ადმინისტრაციამ ზარალი უნდა აუნაზღაუროს მასწავლებელს და სასამართლო ხარჯებიც უნდა გადაიხადოს. გასაკვირი არ არის, რომ ყოველწლიურად კალიფორნიაში დაახლოებით ყოველი 10 000 მასწავლებლიდან მხოლოდ ერთის გადაყენება ხერხდება.

სახელმწიფო მოხელეებს არც დადებითი და არც უარყოფითი მოტივი არ გააჩნიათ, ბავშვებს იმგვარად ასწავლონ, რომ მშობლები, რომლებიც ხარჯებს ფარავენ (ე.ი. გადასახადებს იხდიან), მათ მიერ გაწეული სამუშოთი კმაყოფილი დარჩნენ. ავტომატური უკუკავშირის მექანიზმი არ არსებობს, რომელიც მთავრობის მიერ დაქირავებულ ადამიანებს თითოეული „მომხმარებლის“ ინდივიდუალური გემოვნების შესაფერისი ნაყოფიერი, რენტაბელური სწავლების პროგრამების შედგენის სტიმულს მისცემს. მაგალითად, ღარიბმა ოჯახებმა შეიძლება უარი თქვან დაწყებითი ფიზიკური განათლებისა და ხატვის მასწავლებლის დაქირავების ხარჯებზე, რაც ხშირად მეტი არაფერია, თუ არა ის, რასაც სკოლის გარეთ ბავშვები თავისით აკეთებენ. მაგრამ, სახელმწიფო სისტემის ადმინისტრატორები გაბატონებული სასკოლო სისტემის შესაცვლელად ინიციატივას არ იჩენენ და თუნდაც გამოიჩინონ, ეს საგადასახადო სტრუქტურაზე მყისიერ გავლენას არ მოახდენს. ამდენად, მშობლები მხოლოდ იმას დაინახავენ, რომ მათ ბავშვებს მომსახურება მოაკლდებათ, განათლების საფასური კი იგივე დარჩება. ამასთან, არც ადმინისტრაციას მოემატება ხელფასი კარგი მუშაობისთვის. რაკი სახელმწიფო სასკოლო სისტემის მხარდამჭერებმა სკოლების ნაყოფიერების გაზრდის ხელშემწყობ საბაზრო მექანიზმებზე უარი თქვეს, მათ ისღა დარჩენიათ, რომ ოლქის, შტატისა და ფედერალური ბიუროკრატიის იმედად იყვნენ.

საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის ასამაღლებლად საჭირო საშუალებების აღდგენის ერთადერთი გზა არსებობს. ეს არის სახელმწიფო ზედამხედველობის მოსპობა. მიზესის აზრით (1952, 45), საკითხი შემდეგნაირად დგას: „ან ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება შრომის სოციალური დანაწილების დროს თვითონ გადაწყვიტონ როგორ ითანამშრომლონ და... რა აწარმოონ“, ან ყველაფერი „მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს და თავისი გადაწყვეტილება ძალადობისა და იძულების გზით განახორციელოს“.

განათლება საზოგადოებრივი სიკეთეა?

სახელმწიფოს მიერ საშუალო განათლების უზრუნელყოფის სასარგებლოდ წამოყენებული უკანასკნელი არგუმენტი ის არის, რომ საშუალო განათლება საზოგადოებრივი სიკეთეა. საზოგადოებრივი სიკეთეა ის, რისი მოხმარებაც განურჩევლად ყველას შეუძლია და/ან რაც კოლექტიურ სარგებლობაშია (Holcombe, 1997). განურჩევლად ყველას მიერ მოხმარება გულისხმობს, რომ რაკი საქონელი შექმნილია, დაუშვებელია ხალხის მიერ ამ საქონლის მოხმარების შეზღუდვა. კოლექტიური მოხმარება გულისხმობს, რომ საქონელი, რომელიც ერთი პიროვნებისთვის შეიქმნა, სხვების მიერ ყოველგვარი დამატებითი ღირებულების გარეშე მოიხმარება. საზოგადოებრივი სიკეთის არგუმენტის თანახმად, საშუალო განათლება განურჩევლად ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საშუალო განათლებას ის გარეგანი ეფექტები ახლავს, რომ ამ სიკეთით ის პიროვნებებიც სარგებლობენ, რომლებიც განათლების პირველადი მომხმარებლები (ე.ი. გადამხდელები) არ არიან16. პეტერსონი (1991, 345-346) წერს: „ოჯახის დონეზე მშობლების განათლება სასარგებლოა მათი ბავშვებისთვის... უმეტესად განათლებული მშობლების ბავშვები მიდიან კოლეჯში სასწავლებლად... არსებობს აგრეთვე ტენდენცია, რომ მშობლები სკოლაში შეძენილი ცოდნის ნაწილს მაინც გადასცემენ თავიანთ შვილებს... თემის დონეზე კი ცალკეულ პიროვნებათა განათლება უკეთესი ცხოვრების პირობებს უქმნის ყველას. მაგალითად, იმ რაიონში, სადაც გაუნათლებელი და მცირე შემოსავლიანი ხალხი ცხოვრობს, ძარცვის გაცილებით მეტი ალბათობა არსებობს, ვიდრე იქ, სადაც უმრავლესობა განათლებული და შეძლებულია... აგრეთვე, განათლების საერთო დონის ზრდა ერთმანეთისადმი შიშსა და ეჭვსაც ამცირებს... ის გვეხმარება, რომ ჩვენგან განსხვავებული ადამიანების მიმართ უფრო შემწყნარებლურები გავხდეთ.

საყოველთაო სწავლების ხარისხი ოპტიმალური ვერ იქნება. ის, ვინც პირველადი მომხმარებლების (გადამხდელების) ხარჯზე იღებს განათლებას, მუქთად იყენებს მიმწოდებლის (ე.ი. სკოლის) მომსახურებას. რადგან ეს მუქთა მომხმარებლები სწავლის ფულს არ იხდიან, მასწავლებელები სრულად ვერ იღებენ იმ ანაზღაურებას, რასაც სწავლება მოითხოვს. შესაბამისად, სწავლების დონე ძალიან დაბალია. საზოგადოებრივი სიკეთის არგუმენტის თანახმად, სწავლება რომ ოპტიმალური გახდეს, მუქთა მომხმარებლებმა საშუალო განათლების საფასური უნდა გადაიხდონ (ე.ი. მოქალაქეებს ამისთვის გადასახადი უნდა დაეკისროთ)“.

საზოგადოებრივი სიკეთის ამ არგუმენტთან მიმართებაში მრავალი პრობლემა არსებობს. დავუშვათ, განათლების ოპტიმალურ დონეზე უზრუნველყოფა კერძო საშუალებებით მართლაც შეუძლებელია, მაგრამ რა საბაბით უნდა დავიჯეროთ, რომ მისი ოპტიმალური დონის მიღწევა მთავრობას უკეთ შეუძლია? ბუქენენი (1975) სამართლიანად აღნიშნავს, რომ მრავალი ეკონომისტი, როგორც კი ირწმუნებს, რომ საზოგადოებრივი სიკეთის განსაზღვრებას მიაგნო, კრიტიკულად ვეღარ განიხილავს მთავრობის როლს: „ისე გამოვიდა თითქოს საზოგადოებრივი არჩევანის ალტერნატივა რომელიმე გარეგანი წყაროსგან დამოუკიდებლად არსებობდეს და მიმწოდებლებისა [მთავრობის] და მწარმოებლების დამოკიდებულებაში არავითარი პრობლემა არ იყოს“.

გარდა ამისა, თაიდმანი და თულოკი (1976), რომლებიც სოციალური არჩევანის პროცესის დაგეგმვას ცდილობდნენ, აღიარებენ, რომ „ეს პროცესი უბედურებას ვერ მოსპობს, დინებას ვერ შეაჩერებს და სხვა მრავალ პრობლემასაც ვერ გაუმკლავდება“. ამას ნუ დავივიწყებთ და იმაზეც დავფიქრდეთ, რამდენჯერ უქცევია პოლიტიკურ პროცესს ეკონომიკური თეორია პოლიტიკურ რეალობად? საარჩევნო კამპანიების, ინტერესთა ჯგუფებისა და კომპრომისების პოლიტიკურ სამყაროში ამ კითხვის პასუხი ასეთია: ან იშვიათად, ან არასდროს. ამიტომ, არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მთავრობას სამეურნეო ეფექტიანობის განსაზღვრის უნარი შესწევს.

საზოგადოებრივი სიკეთის არგუმენტთან დაკავშირებული მეორე პრობლემა, რომელიც ზემოხსენებული პრობლემისგან მთლად დამოუკიდებელი არ არის, იმაში მდგომარეობს, რომ საეჭვოა, სახელმწიფოს მიერ სკოლების მართვის ერთადერთი მოტივი ოპტიმალური სწავლების უზრუნველყოფა იყოს. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სახელმწიფო სკოლები გარკვეული ემიგრაციული ჯგუფების კულტურასთან ბრძოლის მიზნით დაარსდა. ამასთანავე, როგორც ჰოლკომბი (1997) აღნიშნავს: „...მთავრობას განზრახული აქვს მოსახლეობაში ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს მისი მოქმედება სამართლიანია... [მას შეუძლია] პროპაგანდის საშუალებით მოქალაქეებს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პროცესების პატივისცემა ჩაუნერგოს“.

მთავრობას ხალხისთვის განათლების მიცემა იმიტომ სურს, რომ მოქალაქეებს მორჩილება და ლოიალობა ასწავლოს. „ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რატომ ესწრაფვის დიქტატურა მედიაზე სამთავრობო ზედამხედველობის დაწესებას ან, თუ რატომ განიხილება პრესის თავისუფლება მთავრობის ძალაუფლებაზე კონტროლის არსებით ბერკეტად... მაგრამ, თუ განათლების სისტემას სახელმწიფო გააკონტროლებს, ის საზოგადოებრივი აზრის კონტროლს მედიის გარეშეც შეძლებს“ (Holcombe, 1997).

სახელმწიფო სკოლების არსებობის გამამართლებელი საზოგადოებრივი სიკეთის არგუმენტი სუსტია. ის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უშვებს, რომ მთავრობას ოპტიმალური მომსახურების უზრუნველყოფა შეუძლია. ამავე დროს, ეს არგუმენტი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მხოლოდ ოპტიმალური განათლების უზრუნველყოფის მიზანი ამოძრავებს. სინამდვილეში, სახელმწიფოს ფარული მიზნები აქვს, რაც ოპტიმალურობის ნებისმიერი მოჩვენებითი მოტივის წინააღმდეგ მოქმედებს.

დასკვნა

სახელმწიფოს მიერ საშუალო განათლების უზრუნველყოფის ყველა მხარდამჭერი არგუმენტი უსაფუძვლო და/ან არასწორი აღმოჩნდა. სახელმწიფო ვერ ახერხებს ყველა მაღალი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოს (როგორც აცხადებს), რის გამოც საშუალო სახელმწიფო განათლება შეუძლებელი გახდა; რესურსების უზომო ფლანგვისა და მომხმარებელთა მოთხოვნილების უგულებელყოფის შედეგად განათლების სისტემა უზნეობის მორევში ჩაეფლო. ამავე დროს, თუ რესპუბლიკურ ხელისუფლებაში მუშაობას განათლებული ადამიანი სჭირდება, მაშინ გაუმართლებელი ინტერესთა კონფლიქტია, როდესაც არჩეული მთავრობის წევრები ისინი არიან, ვისაც ამ განათლების უზრუნველყოფა ეკისრებათ. გარდა ამისა, სოციალისტური განათლების არსებობას ვერც გარეშე ფაქტორებისა და ვერც განურჩევლად ყველას მიერ მოხმარების არგუმენტი ვერ ასაბუთებს. საშუალო განათლების უზრუნველსაყოფად ერთადერთი ეთიკური, გონივრული სისტემა თავისუფალი ბაზარია.

______________________

1. ამ და სხვა ფსევდო-პრივატიზაციული რეფორმების შესახებ იხ. Lieberman (1989, 6-9).

2. საბაზრო სისტემის კრიტიკოსები და მათი მომხრეები ყურადღებას არ აქცევენ იმ გარემოებას, რომ საბაზრო მოგება შეიძლება ფულადი სახის არც იყოს; შეიძლება ის ემოციური და/ან ფსიქოლოგიურიც იყოს. ვინ უფრო მოგებულია, ის მასწავლებელი, რომელსაც ბავშვები სძულს და 100 დოლარს უხდიან, თუ ის მასწავლებელი, რომელიც სიყვარულით ასწავლის და მხოლოდ 75 დოლარს უხდიან? ამას ვერ დავადგენთ. მართალია, ისეთ საზოგადოებაში, სადაც საბაზრო სისტემაა, ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფონზე, ბავშვების სიყვარული მთავარ არგუმენტად არ განიხილება, მაგრამ, მაინც, საბაზრო ეკონომიკაში ჰუმანურობის არად ჩაგდება საკუთარი ინტერესებისა და პოტენციური კეთილგანწყობის არასწორად წარმოჩენას ნიშნავს. იხ. Friedman (1978, ch. 3).

3. ამას გარდა, არ არსებობს მარტივი ახსნა იმისა, თუ მაინცდამაინც განათლება რატომ ამოირჩია მთავრობამ თავისი კონკრეტული და სპეციფიკური ამოცანების შესასრულებლად. განათლება იმ უზარმაზარ გამოცდილებასაც გულისხმობს, რასაც ადამიანი ცხოვრებისგან ღებულობს და იმასაც, რასაც წიგნებიდან, გაზეთებიდან, ტელევიზორიდან ან სხვა ადამიანებთან საუბრისა და დისკუსიის საფუძველზე სწავლობს. მაგრამ ბაზარი სხვა საგანმანათლებლო გამოცდილებებითაც არის აღსავსე.

4. უნდა ითქვას, რომ ჯეფერსონი აშკარად დიდად აფასებდა განათლებას, მაგრამ საკითხავია, მოიწონებდა თუ არა ის სახელმწიფო განათლების სისტემას. ჩვენი მეორე პრეზიდენტი დასაწყისში თვითონვე ეწინააღმდეგებოდა ფედერალისტების მიერ მცირედი შეზღუდვების დაწესებასაც კი. იხ. Rothbard (1978, 7).

5. ის პარადოქსული შეხედულება, რომ თავისუფლება იძულების გზით, თუნდაც ხალხის მიერ იძულების გზით მიიღწევა, კომუნისტურ იდეოლოგიას უფრო შეეფერება, ვიდრე იმ ლიბერალურ ტრადიციას, რომელიც, ჩვეულებრივ, შეერთებული შტატების დაარსებასთან ასოცირდება. შეადარეთ თავისუფლების გრაჰამისეული კონცეფცია ანარქისტული კომუნიზმის მომხრე პიოტრ კროპოტკინის თეორიას: „ადამიანები კერძო საკუთრებას თვითონვე გააუქმებენ... იმიტომ, რომ მთელი საზოგადოების სახელით მიისაკუთრებენ წინა თაობების შრომით დაგროვილ სიმდიდრეს... ისე მოიქცევიან, როგორც არასდროს არავინ მოქცეულა. შრომა თავისუფალი იქნება და ყველაფერი, რასაც მუშა გააკეთებს, მთელი საზოგადოების კეთილდღეობის წყარო იქნება“. იხ. Kropotkin (1970, 128).

6. მართალია, ეს ქვეყანა თავისუფლების გრაჰამისეულ კონცეფციაზე არ აგებულა, მაგრამ თანდათან ის გავრცელებულ კონცეფციად ყალიბდება. საბედნიეროდ, თავისუფლების ძირითადი იდეების კვლევა და განვრცობა ახლაც მიმდინარეობს. იხ. Hayek (1960).

7. ბრაუნი (1992) ამტკიცებდა, რომ საშუალო განათლების მომხმარებელს სწორედ შეთანხმებულობა სურს: „სკოლებში გავრცელებული ერთიანი საყოველთაო პროგრამების არსებობა, მეტწილად გაურკვევლობის ბრალია... ხალხი მოისურვებს სკოლები ერთმანეთისგან ერთიანი საყოველთაო პროგრამების მიხედვით განასხვაოს და ისეთ სკოლებს აირჩევენ, სადაც ასეთი პროგრამებია”. ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ ტრადიციული სასწავლო პროგრამა ყველა სფეროს ზედაპირულ შესწავლას გულისხმობს (მაგ., მათემატიკა, ისტორია, ინგლისური, საბუნებისმეტყველო საგნები, და ა.შ.) და თუ თითოეულ საგანს ცალკე ინვესტიციად განვიხილავთ, ყოველი მომხმარებელი თავის საგანმანათლებლო პორთფელს ირჩევს. ამიტომ, სახელმწიფო და კერძო სკოლების სასწავლო პროგრამები ერთმანეთს ემთხვევა. ბრაუნი იმ ფაქტს იმოწმებს, რომ კერძო სკოლებს ძირითადად მსგავს სასწავლო პროგრამებს სთავაზობენ და იძულებული არიან სამაგიეროდ მეორადი საგნების სწავლებით შევიდნენ კონკურენციაში, მაგალითად რელიგიური აღზრდა დაამატონ. მაგრამ, ბრაუნი ორი სახის შეცდომას უშვებს. ჯერ ერთი, ის უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ, მართალია, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სკოლებში ხშირად ერთსა და იმავე ძირითად საგნებს სთავაზობენ, მაგრამ კერძო სკოლას მეტოქეობა შეუძლია და კიდევაც მეტოქეობს იმ თვალსაზრისით, თუ როგორ და რა პერსპექტივიდან ასწავლიან იქ ამ საგნებს, აგრეთვე სწავლების შედეგის მხრივაც (ე.ი. კარგად ისწავლა თუ არა მოსწავლემ საგანი). მეორე, ბრაუნი საშინელ შეცდომას უშვებს, როდესაც ამტკიცებს, რომ კერძო სკოლების ახლანდელი სასწავლო პროგრამები საბაზრო სისტემის შედეგია მაშინ, როდესაც მათი კონკურენტი სახელმწიფო მონოპოლიაა, რომელსაც სწავლების საფასურის მიღება გადასახადების ხარჯზე შეუძლია (ამიტომ, სახელმწიფო სკოლებისთვის სწავლის საფასურს მომხმარებლის შეუქცევად ხარჯად მიიჩნევს).

8. რასაკვირველია, „უმეტესად“ იგივე არ არის, რაც მუდამ. მაგალითად, 1946 წლის „სასკოლო კვების ეროვნული პროგრამა“ განვიხილოთ. არ შეიძლებოდა ასეთი კანონმდებლობის უკან ამერიკელი ბავშვებისთვის სიკეთის მოტანის გარდა სხვა ზრახვები დამალულიყო. სინამდვილეში ამ პროგრამას ორმაგი მიზანი ჰქონდა: პირველი იყო ბავშვების “ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის» დაცვა, მეორე, „ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის რეკლამა”. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი, ერთი შეხედვით, გულმოწყალე აქტი ამერიკელი ფერმერების სუბსიდია იქნებოდა? სასკოლო კვების პროგრამას 1954 წელს სოფლის მეურნეობის კანონი მოჰყვა, რომელიც სკოლების ხარჯზე (რასაკვირველია, გადამხდელთა დოლარების ხარჯზე) რძის მოხმარების გაზრდას ისახავდა მიზნად. იხ. Pierce (1964, 35). ამ პროგრამასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ეს არის ფარული ბრძოლა ოჯახთან (იგივე ეხება სასკოლო კვების პროგრამასაც). სახელმწიფო ოჯახს კონკურენტ ინსტიტუტად განიხილავს. ის, რაც ერთს ასუსტებს, მეორეს აძლიერებს და პირიქით (ამიტომ იყო, რომ საბჭოთა ხელისუფლება ბავშვებს მშობლებზე საჭორაოდ აქეზებდა). მშობლების ხელიდან ბავშვის გამოსაგლეჯად და სახელმწიფოს გულში ჩასაკრავად რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი გზა, თუ არა იმ სისტემისთვის ხელშეწყობა, სადაც სწორედ მომავალი თაობის ფიზიკურ არსებობაზე ზრუნვა სახელმწიფო სექტორს აკისრია.

9. ეს მოსაზრება თითქოს გამორიცხავს განათლების საქველმოქმედო საჩუქრად მიცემას (მაგ., სტიპედიები), ყოველ შემთხვევაში, ფასების სისტემასთან მიმართებაში ასეა. რასაკვირველია, ქველმოქმედება მართლაც არსებობს, მაგრამ აქ უგულებელყოფილია იმის საჩვენებლად, რომ მოცემული არგუმენტის გამო ეგოიზმიც კი, ამ სიტყვის ყველაზე უარესი მნიშვნელობით, თავსებადია ამ სტატიის არსთან. ამას გარდა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბუნებრივია, სტიპენდიები ერთგვარი წარმატებისთვის ეძლევათ. აქედან გამომდინარე, სტიპენდიის მიმღები თავისი სწავლის საფასურს სწავლისადმი, სპორტისადმი და ა.შ. ერთგულებით იხდის. სტიპენდიის გამცემი, რომელსაც სურს, რომ ზოგიერთი თვისება საგანმანათლებლო მომსახურების უფასოდ ან შეღავათიან ფასად მიღების გარანტად წარმოაჩინოს, თვითონაც მოგებული რჩება (ე.ი. სულიერ კმაყოფილებას განიცდის). ალბათ არსებობს შემთხვევები, როდესაც სტიპენდიის მიმღებს არაფერი გაუკეთებია მის მოსაპოვებლად, მაგალითად, არსებობს სტიპენდიები რასობრივ ან ეთნიკურ საფუძველზე, მაგრამ სტიპენდიის გამცემი ამ შემთხვევაშიც „სულიერ კმაყოფილებას” იღებს, ხოლო მიმღები სწორედ იმ მოთხოვნებს აკამყოფილებს, რასაც გამცემი აფასებს, მაგალითად, მას შესაბამისი კანის ფერი აქვს.

10. არსებული სისტემის პირობებში ღარიბთა შორის უღარიბესიც შეძლებდა თავისი სოციალური შემწეობიდან იმდენი დაეზოგა, რომ თავისი ბავშვებისთვის წელიწადში ოთხი-ხუთი წიგნი ეყიდა ან რომელიმე უფროსკლასელისთვის საფასური გადაეხადა, რომ ერთი-ორი საათით მათემატიკის საფუძვლებში ემეცადინებინა. ცხადია, ეს ძალიან დაბალხარისხოვანი განათლება იქნებოდა, მაგრამ სწორედ აქედან ჩანს, რომ პრობლემა მხოლოდ განათლება კი არ არის, არამედ ხარისხისა და თანასწორობის საკითხი.

11. U.S. Department of Education Web site (3/31/97).

12. სოციალისტი რიჩარდ როტშტეინი აღნიშნავს, რომ 1967 წელს ამერიკის სკოლებმა საშუალოდ თითო ბავშვზე მხოლოდ 687 დოლარი დახარჯა. შემდეგ ის წერს: „მაგრამ, სავარაუდოა, რომ მომხმარებელთა ფასების ინდექსის (CPI-U) გამოყენება [ძველი და ახალი ხარჯების რეალურ განზომილებებთან მორგების შედეგად] სკოლის ხარჯების ზრდას აზვიადებს”. სხვა სიტყვებით, რეალურად ამერიკის მთავრობას 1960-იანი წლების შემდეგ საშუალო განათლების ხარჯები მკვეთრად არ გაუზრდია (Rothstein, 1996). ეკონომისტთა შორის ფართოდ არის გავრცელებული ის აზრი, რომ (CPI-U) ინფლაციას სულ ცოტა ერთი პროცენტით აზვიადებს (Belton, 1996). ამგვარად, რეალობაში (CPI-U) განათლების სახელმწიფო ხარჯებს აზვიადებს.

13. 1989 Back-to-School Forecast, Department of Education news release, August 24 (1989).

14. თბიდ.

15. 1970 - 71 წწ. ფაქტობრივი სტატისტიკა 49,2 პროცენტი იყო და 1970 - 71 წწ. 38,7 პროცენტი. ეს ტენდენცია რომ გაგრძელებულიყო, 1989 წელს 35 პროცენტი იქნებოდა, მაგრამ 40 პროცენტი ეჭვის საფუძველს იძლევა.

16. მაგრამ, თუ სახელმწიფო უზრუნველყოფა ასეთ შეუზღუდავობას ეყრდნობა, მაშინ მთავრობას მართლაც უამრავი ფუნქცია უნდა ჰქონდეს! მაგალითად, საცხობები სწორედ სახელმწიფოს ფუნქცია უნდა იყოს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თონესთან ჩაევლოს და ახლად გამომცხვარი პურის სურნელით ფულის გადაუხდელად არ დამტკბარიყოს. მცხობელების მხრიდან გამვლელებისთვის პურის სურნელის ყნოსვის აკრძალვა მართლაც მეტისმეტი იქნებოდა. ამგვარად, შეიძლება ახალი პურის წარმოება ოპტიმალურ დონედ მივიჩნიოთ.

ლიტერატურა:

1. Bacon, Kenneth A. (1989). „College seniors fail to make grade“. Wall Street Journal, October 9. 2. Belton, Beth (1996). „Bad data: Flawed economic reports rattle markets, rifle pocketbooks“. U.S.A. Today, December 3. 3. Boaz, David (1991). „The public school monopoly: America's Berlin Wall~. Liberating Schools: Education in the Inner City, Cato Institute, Washington, D.C. 4. Brown, Byron (1992). „Why governments run schools“. Economics of Education Review 11 (4). 5. Buchanan, James M. (1975). „Public finance and public choice“. National Tax Journal 28 (4). 6. Coleman, James and Thomas Hoffer (1987). Public and Private High Schools: The Impact of Communities. New York: Basic Book. 7. Friedman, David (1978). The Machinery of Freedom: Guide to Radical Capitalism. La Salle: Open Court Publishing Company. 8. Friedman, Milton and Rose Friedman (1979). Free to Choose: A Personal Statement. New York: Avon Books. 9. Graham, Grace (1963). The Public School in the American Community. New York: Harper & Row, Publishers. 10. Hayek, Friedrich A. (1960). The Constitution of Liberty. Chicago: The University of Chicago Press. 11. Holcombe, Randall G. (1997). „A theory of the theory of public goods“. Review of Austrian Economics 10 (1). 12. Hoppe, Haus (1989). A Theory of Socialism and Capitalism: Economics, Politics and Ethics. Boston: Kluwer. 13. Jencks, Christopher (1985). „Is the public school obsolete?“ The Public Interest 80. 14. Kropotkin, P. A. (1970). Selected Writings on Anarchism and Revolution. Cambridge: The M.I.T. Press. 15. Lieberman, Myron (1989). Privatization and Educational Choice. New York: St. Martin's Press. 16. Locke, John (1960). Two Treatises of Government. Cambridge: Cambridge University Press. 17. Mill, John Stuart (1956). On Liberty. New York: The Bobbs- Merrill Company, Inc. 18. Monroe, Paul (1940). Founding of the American Public School System. New York: The Macmillian Company. 19. Peterson, Willis L. (1991). Principles of Economics: Micro. Boston: Richard D. Irwin. 20. Pierce, Truman M. (1964). Federal, State, and Local Government in Education. Washington, D.C.: The Center for Applied Research in Education, Inc. 21. Rothbard, Murray N. (1978). For a New Liberty: The Libertarian Manifesto. San Francisco: Fox and Wilkes. 22. Rothstein, Richard (1996). „The real cost of education: What the numbers tell us“. Dissent, Spring. 23. Tideman, T. Nicolaus and Gordon Tullock (1976). „A new and superior process for making social choices“. Journal of Political Economy 84(6). 24. Von Mises, Ludwig (1952). Planning for Freedom. Illinois: The Libertarian Press. 25. Von Mises, Ludwig (1981). Socialism. Indianapolis: Liberty Fund. 26. West, E. G. (1983). „Are American schools working? Disturbing cost and quantity trend“. Cato Institute Policy Analysis 26. 27. Williams, Walter E. (1978). „Tuition tax credits: Other benefits“. Policy Review, (Spring).

20 სახელმწიფო განათლება - გადასახადების პატიოსანი გადამხდელების ფულის გაფლანგვეს სისტემა (გამოქვეყნდა 2005 წელს)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ამირან ძოწენიძე

1965-1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1996-2000 წლებში იყო გაზ. რეზონანსის რედაქტორის მოადგილე და მისი დამატებების რეზონანს ექსკლუზივისა და ევროპის მთავარი რედაქტორი; 2002- 2004 წლებში - გაზ. ხვალინდელი დღის რედაქტორის მოადგილე. 2004 წლიდან ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოსეკონომიკური ექსპერტი.

მთავრობა განათლების წარმატებული რეფორმით იწონებს თავს და, როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ აზრს ეთანხმება. თავიდანვე ვიტყვი, საქართველოს განათლების სისტემა ისეთივე მაკიერია, როგორიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე იყო. ცოტა გაუგებარია, რატომ მოინათლა ერთიანი ეროვნული (იგულისხმება საყოველთაო, იგივე ტოტალური) გამოცდები რადიკალურ ფორმად, როცა განათლების სისტემის კომუნისტური თვისებრივად არ შეცვლილა.

უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდაზე ქრთამის აღება ხომ მოისპოო, მომიგებს ზოგიერთი. ჯერ ერთი, კიდევ საკითხავია, მოისპობა თუ არა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ - არა. თუნდაც მოისპოს, განა სისტემის მთავარი პრობლემა ქრთამია? თუ პრობლემა მხოლოდ ქრთამია, მისი მოგვარება ძალიან ადვილია, გაგვეუქმებინა გამოცდები და ქრთამის მიცემაც აღარ იქნებოდა საჭირო.

ხელისუფლება მექრთამეობას ებრძვის, ვერაფერს იტყვი, კარგია, თუმცა, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობს: „მექრთამეობაზე საშინელება მხოლოდ მექრთამეობასთან ბრძოლაა“. სისტემაში „ჩაწყობის“ აღმოფხვრა შეუძლებელია, რადგან მანკიერი თვითონ ცენტრალიზებული სისტემაა. არ იქნება ქრთამი მისაღებ გამოცდებზე, იქნება საგნის ჩაბარების და დიპლომის აღებისას. ან სად არის გარანტია, რომ ტესტები მათ ხელში არ მოხვდება, ვინც მისი „ნამდვილი ფასი“ იცის? თუ „რეფორმის მამებს” დავუჯერებთ, ამის გარანტია იმ ხალხის პატიოსნებაა, ვისაც ეს საქმე ევალება. აი, ასე, სისტემა კი არ ყოფილა ცუდი, არამედ ხალხი, ვინც ამ სისტემაში მუშაობდა. ისინი შეცვალეს და ყველაფერი კარგად იქნება. ასეთი ლოგიკა ძალიან მაგონებს „პერესტროიკის“ დროინდელ რიტორიკას.

ზოგიერთი ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც თავს „მემარჯვენეებად“ მოიხსენიებენ, სინამდვილეში კი არაფრით გამორჩეული სოციალისტები არიან, არ ვთვლი, რომ განათლების სისტემა ნადგურდება. არ ვთვლი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი არც არასდროს არსებობდა. მე უფრო ის მაწუხებს, სისტემის რეფორმირება ამჯერადაც რომ არ ხდება.

რეფორმა ის იქნება, თუ მთავრობა ხელს აიღებდა განათლების სისტემის (უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით - სწავლების სისტემის) მართვაზე და მას ბუნებრივ დინებაზე მიუშვებდა. ამით ადამიანის საქმიანობის მნიშვნელოვანი სფერო გათავისუფლდებოდა სახელმწიფოს მავნე ზეგავლენისაგან.

რეფორმა ის იქნებოდა, თუ ხალხს ეტყოდნენ, - წლების განმავლობაში სახელმწიფო განათლების (სწავლების) სისტემის კონტროლით თქვენს პირად ცხოვრებას აკონტროლებდა, ჩვენ კი, ახალი დროის პოლიტიკოსები, ამას არ ვაპირებთ, ამიტომ სწავლების სისტემა არა საზოგადოებრივი, არამედ კერ- ძო სისტემის ასპარეზი გახდება.

ამით სწავლას ფასი დაედებოდა. ადამიანს განათლების სამინისტრო კი არ მიუთითებდა, სად და როგორ ესწავლა, არამედ ის ამას თავად აირჩევდა. გაჩნდებოდა კონკურენცია სასწავლებელთა შორის, რაც, დროთა განმავლობაში, ისეთ დადებით შედეგს მოგვცემდა, რომელთა წარმოდგენაც კი შეუძლებელია. მართალია, ამ რეფორმის დადებითი შედეგების ზოგადად განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ ერთი რამ დღესავით ნათელია, დაიზოგებოდა ათეულ მილიონობით ლარი, რომელსაც დღეს სახელმწიფო ხარჯავს განათლების სამინისტროს ბიუროკრატიის და, საერთოდ, სისტემის შესანახად.

საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდა იხდიდეს ადამიანი გადასახადს იმისთვის, რომ სხვისმა შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ. რამდენად სამართლიანია, ჩემი გადასახადები იხარჯებოდეს ჩემი შვილების თანატოლების ეკონომიკური პოტენციალის გასაზრდელად? რატომ უნდა გახდეს სხვა ადამიანი იურისტი, ექიმი, ვეტერინარი ან მარკშეიდერი ჩემს ხარჯზე? მათთან ხომ ჩემს შვილებს მომავალში სამუშაო ადგილებისთვის კონკურენცია მოუწევთ. თუნდაც ეს ასე არ მოხდეს, როგორ გგონიათ, ვინ მოუფრთხილდება იმ მილიონებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. უფასო უმაღლეს განათლებაში გადახდილი გადასახადების სახით უჯდებათ? რამდენად სამართლიანია, ახდევინო ადამიანს მთელი ცხოვრება გადასახადი იმისთვის, რომ მისმა შვილმა რამდენიმე წელი „უფასოდ“ ისწავლოს. უფრო სამართლიანი იქნება, ყველამ თავის თავს მიხედოს. ოპონენტთა მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ასე ბევრი ნიჭიერი, მაგრამ ხელმოკლე ახალგაზრდა განათლებას ვერ მიიღებს.

მე ასე არ ვფიქრობ, თუ განათლება კერძო საკუთრებაში გადავა, მაშინ სწორედ უნარიან ადამიანზე გაიზრდება მოთხოვნილება და აი, რატომ: უმაღლესი სასწავლებლის გონიერი მენეჯერი დაინტერესებული იქნება, რაც შეიძლება მეტმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ მიიღოს განათლება მის სასწლავლებელში, რაც მის პრესტიჟს და, შესაბამისად, შემოსავლებს გაზრდის. ამისთვის ბევრი საშუალება არსებობს. თუნდაც წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნა, სწავლის ქირისგან გათავისუფლება და ა.შ.

რაც მთავარია, წახალისდებოდა სტუდენტთა დაკრედიტება. შეიქმნება ახალი საბანკო მომსახურება. კრედიტორი დაეხმარებოდა ახალგაზრდას მომავალი პროფესიის შერჩევასა და განათლების მიღების შემდეგ სამუშაოს შოვნაში. ახალგაზრდაც პასუხისმგებლობას იგრძნობს და მეტ დროს ბიბლიოთეკასა და აუდიტორიებში გაატარებს და არა ქუჩაში. თუ ასე არ მოიქცევა, პასუხს საკუთარი ფულით აგებს. დღესდღეობით კი ვის ხარჯზე დგანან ლექციების დროს ქუჩაში სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტები? დიახ, გამოიცანით - გადასახადების პატიოსანი გადამხდელების ხარჯზე!

ძირეული რეფორმების ნაცვლად, მთავრობამ დაიწყო ძველი, კომუნისტური სისტემის აღდგენაგანახლება. საყოველთაო გამოცდებითა და აკრედიტაციით სწავლების სფეროში მოისპო ის მცირედი თავისუფლებაც კი, რაც ბოლო წლებში გაჩნდა. ამის საილუსტრაციოდ „კავკასიის ბიზნეს სკოლის“ მაგალითიც კმარა. ამ ერთ-ერთმა წარმატებულმა კერძო უმაღლესმა სასწავლებელმა განათლების სამინისტროს კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. სასწავლებელი, რომლის დიპლომიც სამუშაოს შოვნის თითქმის 100%25-იანი გარანტიაა, სახელმწიფომ აკრედიტაციის გარეშე დატოვა.

ისე, საინტერესოა, პლატონისა და არისტოტელეს სკოლები, თუნდაც გელათის აკადემია თუ დააკმაყოფილებდა საქართველოს განათლების სამინისტროს მოთხოვნას. ექნებოდათ კი მათ შესაბამისი ფართი? - არა მგონია. ძველი ბერძნები საერთოდ განაცხადსაც ვერ შეიტანდნენ, მათ ხომ კაპიტალური შენობები საერთოდ არ ჰქონდათ. საცოდავები!

ბერძნები იქით იყვნენ, ჩვენი სამინისტროს ფართთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება კემბრიჯის უნივერსიტეტსაც კი გაუჭირდებოდა. სამაგიეროდ, იგი წარმატებით დასძლია ქპი-მ და სპი-მ (ქუთაისისა და საქართველოს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტებმა, უკაცრავად - უნივერსიტეტებმა) ამ სასწავლებლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, გარდა ერთისა, ისინი სახელმწიფო საკუთრებაში არიან და, ამდენად, ჩვენს (გადასახადის გადამხდელების) ფულებს მიირთმევენ. მაშინ, როდესაც ადამიანები თუნდაც იგივე „კავკასიის ბიზნეს სკოლაში“ მოსახვედრად საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიდნენ და იქ მიღებული ცოდნით კამყოფილები იყვნენ.

ის, რაც დღეს განათლების სისტემაში ხდება, არაა თვისებრივად ახალი, პირიქით - ხელისუფლება, ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, უფრო მეტად ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში. ის ისევ აკონტროლებს უმაღლეს დამთავრებულთა რიცხვს, როგორც ამას კომუნისტები აკეთებდნენ. ამას წინათ პრეზიდენტმა სიამაყით აღნიშნა, რომ სახელმწიფო კარგად მოიქცა, როცა უმაღლესი განათლების მსურველების თითქმის ნახევარი გარეთ დატოვა. რა საჭიროა ამდენი უმაღლეს დამთავრებული? - იკითხა მან. მთავარი ის კი არაა, საჭიროა თუ არა ამდენი მარკშეიდერი, არამედ ის, რომ ხელისუფლება ამ საკითხებს არ უნდა წყვეტდეს.

საშუალო სკოლებს, ფაქტობრივად, ჩამორთმეული აქვთ თვითმმართველობა, სკოლები კი ირჩევენ მენეჯერს (დირექტორს), ოღონდ იმ კანდიდატებიდან, რომელთაც განათლების სამინისტრო მოიწონებს. ეს რაღაცით საბჭოთა არჩევნებს მაგონებს, გახსოვთ, ალბათ, ყველა კანდიდატი „კომუნისტებისა და უპარტიოთა ურღვევი ბლოკის“ წარმომადგენლები და „ზემოთ“ შერჩეულები რომ იყვნენ.

აქ სხვა საკითხებზე აღარ შევჩერდები, თუმცა ერთ სახიფათო ექსპერიმენტზე აუცილებლად უნდა ვთქვა. საქმე ეხება სახელმწიფოს, ანუ ჩვენს ხარჯზე სავალდებულო სასკოლო ფორმების შემოღებას. ცნობილია, ერთნაირი ჩასაცმელი ყველგან ადამიანის თვითმყოფადობის დასათრგუნად იქმნებოდა. მჯერა, ეს ექსპერიმენტი წარუმატებელი იქნება, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მთავრობას არც მისი ხანგრძლივად მხადაჭერის და არც აღსრულების გაკონტროლების რესურსები არ აქვს.

21 განათლება, თავისუფლება და პიროვნება (ვრცელი სახით გამოქვეყნდა 2006 წ.)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გია ჯანდიერი
1961

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტია. 1983 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ხოლო 1993 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში, საქართველოს პარლამენტში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ანტიკორუფციულ სამუშაო ჯგუფში, აგრეთვე, სტრატეგიული კვლევების ცენტრში და კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა სასწავლებლებში. გავლილი აქვს სტაჟირება საფრანგეთში, შვედეთში, ამერიკაში; მონაწილეობდა კონფერენციებში აშშში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში. არის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციების, ისევე, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელი და წევრი. 2004 წლიდან არის კრებულ „თავისუფლების ბიბლიოთეკის“ თანადამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს წევრი. ელექტრონული გვერდის www.nesgeorgia.org რედაქტორი.

წინამდებარე სტატია განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს - სახელმწიფო ბიუროკრატიის მმართველობის ხარვეზების მხილებას ეძღვნება. ის ააშკარავებს, რომ ბიუროკრატებს დაქვემდებარებული განათლების სისტემა სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური სისტემის უპრინციპო დანამატი და ის ემსახურება არა მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ადამიანების აღზრდას, არამედ კონკრეტული პოლიტიკური რეჟიმის ძალაუფლების განმტკიცებას. ამასთან, ასაბუთებს, რომ განათლების სრულყოფის გზა გადის არა სამთავრობო სტრუქტურების მმართველობის „სრულყოფასა“ და სახელმწიფოს მხრიდან სასწავლო დაწესებულებების საქმიანობაზე კონტროლის ახალი გზების ძიებაზე, არამედ თითოეული ჩვენგანის პირადი და დამოუკიდებელი არჩევანის წახალისებაზე.

მკითხველმა ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს მიგვაჩნია, რომ განათლებაში არსებული პრობლემა მხოლოდ არასწორ მენეჯმენტშია. აქ მოყვანილია განათლების პრობლემის შემადგენელი რამდენიმე საკითხი, რომელიც აჩვენებს, რომ, სინამდვილეში, სამწუხაროდ, პრობლემა გაცილებით უფრო დიდი და რთულია - უმჯობესია, მთავრობა დაეხსნას განათლების მართვას:

საზოგადოებრივი განათლება. ადამიანები, რომლებიც განათლებაში ინვესტირებისაგან თავს იკავებენ, არ შეიძლება ვაიძულოთ ისწავლონ, ხოლო სხვები კი - გადაუხადონ მათ სწავლის ფული. ასეთი წესით მხოლოდ იმის მიღწევა შეიძლება, რომ ადამიანებმა ყოველგვარი პასუხისმგებლობა დაკარგონ საკუთარ ცხოვრებასა და მომავალზე. ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ თვითონ გაერკვას საკუთარ განათლება, თავისუფლება და პიროვნება (ვრცელი სახით გამოქვეყნდა 2006 წ.) გია ჯანდიერი 1961 „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტია. 1983 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ხოლო 1993 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში, საქართველოს პარლამენტში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ანტიკორუფციულ სამუშაო ჯგუფში, აგრეთვე, სტრატეგიული კვლევების ცენტრში და კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა სასწავლებლებში. გავლილი აქვს სტაჟირება საფრანგეთში, შვედეთში, ამერიკაში; მონაწილეობდა კონფერენციებში აშშში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში. არის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციების, ისევე, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელი და წევრი. 2004 წლიდან არის კრებულ „თავისუფლების ბიბლიოთეკის“ თანადამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს წევრი. ელექტრონული გვერდის www.nesgeorgia.org რედაქტორი. უპირატესობებში და ამის მიხედვით შეადგინოს ცხოვრების წესი და გეგმა სხვისი კარნახის გარეშე. ამ გეგმაში კი ისეთი ინვესტიცია, როგორც განათლებაა, მთავარი უნდა იყოს. ნებისმიერი ადამიანი, რაგინდ დიდ ფულს ფლობდეს, მყისვე გაკოტრდება, თუ თუნდაც ელემენტარულ მათემატიკას არ გაეცნობა - რად უნდა ამას სხვისი კარნახი? მაშასადამე, განათლება ისეთი კაპიტალია, ამდვილად უპასუხისმგებლობა იქნება მისი ხარისხის კონტროლი და დაფინანსება სხვას გადავაბაროთ.

განათლებისადმი დამოკიდებულება. ბევრი ინტელექტუალი თვლის, რომ მას ყველაზე სწორად ესმის განათლების რაობა და მისთვის საჭირო გადაწყვეტილებების რეცეპტი. სამწუხაროდ, ეს გათვლები ხშირად ისევ კოლექტივისტურ, ცენტრალური დაგეგმვის მეთოდებს გულისხმობს. ძირითადი არსი ისევ იგივეა - მე უკეთ ვიცი და ყველამ მე უნდა მომისმინოს. ზოგი ექსპერტი თვლის, რომ განათლება - ეს მხოლოდ მეთოდია, როგორ ავითვისოთ ცოდნა, ზოგიც განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას უნარ-ჩვევებზე; ბევრი თვლის, რომ განათლება არის სულიერი შემოქმედება და მისი დაკავშირება რაიმე მატერიალურთან შეუძლებელია. ამ უკანასკნელის საპირისპიროდ, არიან ისეთები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ განათლება უბრალოდ მიზნის მიღწევის ყველაზე სწორი საშუალებაა. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მოსაზრებანიც. ყველა ეს მოსაზრება სიმართლის მარცვალს შეიცავს და არავინ აპირებს მათზე თავდასხმას. მაგრამ, ამ ყველა ადამიანს ერთი შეცდომა მაინც მოსდის - ეს მათი, საზოგადოებისა და მით უმეტეს მთავრობის საქმე არ არის. თითოეული მოქალაქე რას გულისხმობს განათლების მთავარ მიზნად - ეს მათი პირადი საქმეა და მასში ჩარევა დაუშვებელია. ადამიანების, მათ შორის ინტელექტუალების, სურვილი - ჭკუა ასწავლონ უგუნურებს, პირდაპირ კავშირშია ყველაზე ტოტალიტარულ იდეებთან და რაგინდ კარგი სურვილებით არ იყოს ამ ჭკუის სწავლება ჩაფიქრებული, აუცილებლად და მაინც ტოტალიტარიზმით და მონობით დამთავრდება.

განათლება და პიროვნული თავისუფლება. ადამიანი გონიერი არსებაა, რომელიც სხვა ძუძუმწოვრებისგან აზროვნების უნარით განსხვავდება. ადამიანის საქმიანობის მთავარ მიმართულებას სწორედ აზროვნება წარმოადგენს. მისი პიროვნული თავისუფლების დიდი ნაწილი სწორედ აზროვნების თავისუფლებაა და, შესაბამისად, რაც მეტადაა შეზღუდული ადამიანის აზროვნება, მით უფრო არათავისუფალია იგი და, პირიქით. ფორმალური განათლება, ნებისმიერი სისტემატიზებული ფუნქციობა სწორედ აზროვნების შეზღუდვას (თუნდაც ყველაზე კეთლშობილური მიზნებით) გულისხმობს და მას ემსახურება. მის მესვეურებს, როგორც ითქვა, მიაჩნიათ, რომ სხვებზე უკეთ იციან რა არის საჭირო რომ სხვებმა ისწავლონ და რა არა.

როგორც ერთმა თურქმა სტუდენტმა თქვა თავის კომენტარში განათლებასთან დაკავშირებით ერთი დისკუსიის დროს სკოლა აზროვნების ციხეა”. ანუ სკოლაში ჩვენს აზროვნებას დიდი ხნით აპატიმრებენ და მთელი ცხოვრება ვცდილობთ, გავათავისუფლოთ.

საჯარო-საზოგადოებრივ (უფასო, სავალდებულო) განათლებასთან შედარებით ნებისმიერი კერძო განათლება ამ პრობლემას გაცილებით ნაკლები დოზით მოიცავს - ამისაგან მას კერძო განათლების ნებაყოფლობითობა, ფულის გადამხდელთა პირდაპირი ინტერესი და კონკურენცია იცავს. გასაგებია, რომ ეს თვისებები საზოგადოებრივ განათლებას არ ახასიათებს. მაგალითად, ცხადია, რომ ჩვენი ინტერესი, სხვისი ფული სწორად იხარჯებოდეს, გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს ჩვენი საკუთარი ფულის შემთხვევაში იქნებოდა.

განათლება და ეფექტიანობა. აქ, თქმა არ უნდა, გაცილებით უკეთესად გვაქვს საქმე. ალბათ, არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვინც კერძო განათლების უპირატესობას არ ცნობდეს საზოგადოებრივთან შედარებით. ალბათ, ძნელია იპოვოთ პოლიტიკოსი, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საზოგადოებრივ განათლებას და თვითონ პირველივე შესაძლებლობას არ გამოიყენებდა შვილი კერძო მასწავლებლებთან მიეყვანა. მითი საზოგადოებრივი განათლების აუცილებლობისა და შეუცვლელობის შესახებ საქართველოში ან აზერბაიჯანში, თურქეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა თუ სხვა ჩამორჩენილ ქვეყნებში, დიდი ხანია გაბათილებულია. საბჭოთა უმკაცრესი დამოკიდებულების მიუხედავად, ჩრდილოვანი ეკონომიკა განათლებაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტიანიც იყო. როგორც უკვე ვთქვით, ფულის ხარჯვისა და ეფექტიანობის ყველაზე ადვილად მისაღწევი ფორმაა ფულის ხარჯვას ის აკონტროლებდეს, ვინც მას იხდის, სხვა შემთხვევაში გაფლანგვა გამოურიცხავია.

სიღარიბე - მითი და რეალობა. საზოგადოებრივი განათლების მომხრეების მთავარ და მომაკვდინებელ არგუმენტს წარმოადგენს მრავალი ღარიბი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია განათლებაში ინვესტირება. ეს არგუმენტი, როგორც არ უნდა იმედი ჰქონდეთ, მაინც სუსტია.

როგორც არ უნდა მკაცრად მოგვეჩვენოს, სწორედ ასეთი ღარიბი ინდივიდების კერძო განათლებაში ჩასაბმელად უნდა გადაიდგას ყველა ნაბიჯი. მათ, და სწორედ მათ უნდა შეაფასონ განათლების მნიშვნელობა და ყველაფერზე მოკლების ფასად მიიღონ სასურველი განათლება. ჯერ ერთი, ბევრ ოჯახს შეუძლია მართლაც მოიკლოს ბევრი რამ, თუ განათლებას მართლაც მეტად აფასებენ, ვიდრე გართობას და კომფორტს. მეორეც, შესაბამისი მონდომებისა და ტალანტების გამოჩენის შემთხვევაში განათლებისთვის სესხის მიღება არცთუ ისე რთულია (უკვე საქართველოშიც). ეს რეალობაა, ხოლო მითს ის წარმოადგენს, რომ, თითქოს საზოგადოებას და მის წევრებს მეტი სარგებელი აქვთ (ან ექნებათ), თუ ღარიბები განათლებას უფასოდ მიიღებენ.

პირველ რიგში, უფასო არაფერი არსებობს - ეს მხოლოდ ნიშნავს - სხვის ხარჯზე. მეორეც, არავინ ცდილობს დაინახოს მეორადი ეფექტები და დანახარჯები, რომელიც საზოგადოებისთვის „უფასო“ განათლებას მოაქვს. ზემოთ ამ დანახარჯების შესახებ უკვე ბევრი რამ ვთქვით - არაეფექტიანობა მისი ერთი ნაწილია, თავისუფლებააყრილი ადამიანების ცხოვრება - მეორე. როგორც ჩანს, ამ მითების ავტორებს სჯერათ, რომ თავისუფლებააყრილი, მაგრამ წერა-კითხვის რამენაირად მცოდნე ადამიანები საზოგადოებრივი - უფასო განათლების დადებითი შედეგია. ჩვენ არ გვინდა ეს დავიჯეროთ. გვეტყვიან, გაუნათლებელი ადამიანი თავისუფალი ვერ იქნებაო - არც ეს დაიჯეროთ. ეს პირიქითაა - ადამიანი განათლებული ვერასოდეს გახდება, თუ თავისუფალი არ იქნება.

განათლება და ჩვენი რეალობა. რასაც დღევანდელი მთავრობა ვერ ახერხებს (როგორც ჩანს, ვერ ბედავს პოლიტიკურად წამგებიან თემებზე პირდაპირ საუბარს), ეს არის ღიად და საჯაროდ იმისი გაცხადება, რომ დღევანდელი საქართველოს მთავრობას არ აქვს და უახლოეს მომავალში არ ექნება სათანადო სახსრები ისეთი დონის განათლება დააფინანსოს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება. ასე განსაჯეთ, დღევანდელი ქართული მთავრობის შესაძლებლობა, მაგალითად, ერთ მოსწავლეზე გადაანგარიშებით 30-დან 50-მდე ჯერადად მცირეა, ვიდრე აშშ-ში ერთ მოსწავლეზე ხარჯები (ეს ვარირებს შტატების მიხედვით). როგორ შეიძლება ასეთი სხვაობის პირობებში გვეგონოს, რომ შეგვიძლია მათ რაღაც დონეზე მაინც მივუახლოვდეთ, ეს მკითხველისთვის მიგვინდვია გასააზრებლად. თუმცა, ეს განსხვავება ბიუჯეტურ ხარჯებში სრულად არ ასახავს მდგომარეობას, ამას უნდა დავამატოთ ის, თუ რა ხარისხის წიგნები, სასწავლო ტექნიკა და ინვენტარი და მასწავლებელები ჰყავთ მათ და რა დონის მენეჯმენტი. რა შეიძლება ამას დავუპირისპიროთ, რათა იმის იმედი გვქონდეს, რომ მათთან კონკურენციას უახლოეს მომავალში შევძლებთ? - ფული? ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჩვენ ასე სწრაფად გავმდიდრდეთ, სახელმწიფოს კი ჩვენი ფულის მეტი არაფერი აქვს. უკეთესი მენეჯმენტი? სახელმწიფო სექტორის მენეჯმენტის ხარისხის მეყსეული ამაღლებაც ნაკლებად სავარაუდოა. ის, რაც შესაძლებელია, ეს არის მხოლოდ კერძო ფული, კერძო ინტერესი და კერძო, პირდაპირი კონტროლი.

განათლება და მენეჯმენტი. ზემოთ აღნიშნული მართვის პრობლემები არ გვიკვირს - მსგავსი პრობლემა ჩვენს გარშემო ბევრ საჯარო თუ კერძო საქმიანობაში შეიძლება შევნიშნოთ. ჩვენ მხოლოდ ის გვიკვირს, რომ ასეთი ხარისხის მართვის პირობებში უამრავი ადამიანი გულუბრყვილოდ თუ უგერგილოდ (არხეინად) მზადაა უამრავი სახსრები იყრებოდეს. თუ შევადარებთ, ამერიკაში ათასჯერ მეტი ფული იყრება - იქაც შედეგის გარეშე, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე ან სიმდიდრის ზომის მიხედვით ჩვენი ზარალი ამ უგერგილობის გამო გაცილებით დიდი გამოვა. მაშასადამე, ჩვენ ვალდებული ვართ უარი ვთქვათ ბევრ ადამიანურ სისუსტეზე და წავიდეთ რადიკალურ ნაბიჯებზე, რათა მომავალი თაობები სიბნელისაგან ვიხსნათ.

მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად განათლებაში ნამდვილად ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში, მაგალითად, შრომის საფასური - ნებისმიერი მენეჯმენტი ჩავარდება, თუ მის მიერ შეთავაზებული ანაზღაურების სისტემა არ შეესაბამება საბაზროს. ბაზარი ერთადერთი საშუალებაა რაიმეს შესაფასებლად და შესაბამისად ასანაზღაურებლად.

განათლება და კორუფცია. პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, როგორც წესი, კორუფციასთან დაკავშირებით შეიძლება ვხედავდეთ. არავინ შეეცდება ალბათ იმ კორუფციის გამართლებას, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს. მაგრამ კორუფციასთან ბრძოლის იარაღად აქაც ცდილობენ არასაბაზრო მეთოდები გამოიყენონ. კორუფციის შეზღუდვა - იქ, სადაც საზოგადოება მზად არ არის, იქ, სადაც კორუფცია მიზნის მიღწევის ერთადერთი გზაა - შეუძლებელია. იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფო განათლების სისტემის სხვადასხვა მხარეებს აქვთ, კორუფციის დაძლევა წარმოუდგენელიც კი ჩანს. როდესაც ზემოთ ამოცანებზე ვსაუბრობდით, სწორედ ამას ვგულისხმობდით.

განათლების მიზანი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - ადამიანს შეუქმნას უკეთესი პირობები მისი ტალანტების უკეთესად გამოსაყენებლად, ცხოვრებაში საკუთარი მიზნების მიღწევის გასაადვილებლად და კონკურენციის დასაძლევად.

როდესაც ცენტრალური დამგეგმავები ცდილობენ განათლება მართონ, ისინი სწორედ ამ შეცდომას უშვებენ. შეუძლებელია ათასობით ადამიანის ტალანტის ექსპერტული შეფასება, მათ მიზნებსა და ინტერესებში გარკვევა და ამ ინტერესებზე/სათვის სასარგებლო ინფორმაციის მოგროვება ისე ეფექტიანად, როგორც ამას ბაზარი და სხვა კერძო ინსტიტუტები შეძლებენ. უნდა დავიჯეროთ, რომ სოციალიზმი არ ამართლებს არც წარმოებაში და არც განათლებაში, რომელიც ასევე შეიძლება წარმოებად ვიგულისხმოთ - ცოდნის წარმოებად.

თუ ჩვენს საკუთარ წარსულში ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ იმ პერიოდში, როდესად განათლებას და განათლებულ ადამიანს მართლაც ფასი ჰქონდა, მოვლენები სწორედ იმგვარად ვითარდებოდა, როგორც ჩვენ ვხედავთ.

ნურავის ნუ ექნება იმის იმედიც, რომ ამ თუ სხვა სფეროში გამოსავალი უცხოელების ფინანსური დახმარებაა. ასეთ დახმარებას არსად გაუმართლებია.

თვით სიტყვა კორუფცია უფრო მეტად გარყვნილებას ნიშნავს, ვიდრე მექრთამეობას. სახელმწიფოს გარეთა დახმარების ნებისმიერ გზას გარყვნილებისაკენ მივყავართ. ისევე, როგორც ცალკეული ადამიანის შემთხვევაში, საზოგადოებრივი წარმონაქმნი, რომელიც სხვის იმედად ყოფნას ამჯობინებს, მყისვე იწყებს დეგრადირებას, საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის გადაფასებას შემცირების მიმართულებით. მისი წევრები შეეცდებიან ეს უპასუხისმგებლო და უპატრონო ფული საკუთარი ინტერესებისთვის შეაბრუნონ და ა.შ.

განათლება და კანონის მმართველობა. ნამდვილი განათლება, როგორც აღვნიშნეთ, თავისუფალი ადამიანების ხვედრია. თავისუფალი ადამიანები პატივს სცემენ ერთმანეთს, სხვათა ღირსებას, საკუთრებას და თავისუფლებას. მხოლოდ ამის შედეგი შეიძლება იყოს კანონის მმართველობის პრინციპის მოქმედება.

კანონის მმართველობის პრინციპი, ცნობილი ელინისტების გამოკვლევის მიხედვით, პირველად ძველ საბერძნეთში დაიბადა - სწორედ თავისუფალი ბერძენი მოქალაქეების მოსაზრებებში, თუ როგორ უნდა მართულიყო ქვეყანა. ისინი, იმისათვის, რომ თავიანთი თავისუფლება შეენარჩუნებინათ, ადამიანის მმართველობას კანონის მმართველობას ამჯობინებდნენ.

როგორ შეიძლება კანონის მმართველობისა და განათლების ცენტრალური დაგეგმვის სისტემის შეთავსება? ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ სისტემას შეუძლია მიიღოს, პირდაპირ კავშირში უნდა იყოს სახელმწიფო აპარატის იმდროინდელ პოლიტიკურ მოთხოვნებთან. პოლიტიკური ხელმძღვანელობა პირდაპირაა ჩაბმული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლის შედეგად განათლების სისტემა ან მიიღებს ფულს, ან არა. ამ ფულის (გადასახადის) გადამხდელებს არ გააჩნიათ არანაირი სწრაფი რეაგირების საშუალება, ისეთივე, როგორც კერძო სექტორში ექნებოდათ, რათა ან მენეჯერები (ბიუროკრატები) აიძულონ შეწყვიტონ ფულის ფლანგვა, ან საერთოდ ჩამოართვან ეს ფული მათ. ფული ამ შემთხვევაშიც ძალაუფლებაა.

ეს კავშირი უფრო მეტ სტიმულს იძლევა მეტი და მეტი პოლიტიკური ჩარევისთვის და სისტემას აიძულებს პირდაპირ დაემორჩილოს პოლიტიკურ მოთხოვნებს და ეცადოს მხარი დაუჭიროს პოლიტიკური ელიტის საჭიროებებს. ეს საჭიროებები ზოგჯერ მარტივია: არჩევნებში მიღებული ხმები და „უანგარო” დახმარება. ზოგჯერ უფრო რთულია: იდეოლოგიური მხარდაჭერა. ეს გვარწმუნებს, რომ განათლების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შემცირება და, მით უმეტეს, შეწყვეტა, მხოლოდ მისი პრივატიზებით შეიძლება.

ცხადია, ამას არანაირი კავშირი არ აქვს კანონის მმართველობის პრინციპთან. ადვილი წარმოსადგენია, ალბათ, რა ხდება განათლების სისტემაში, როდესაც იქ პირველი პირი იცვლება, მაგალითად, როდესაც მთავრობა იცვლება, მის მიერ შექმნილი მთელი სისტემა უნდა შეიცვალოს. ადვილი წარმოსადგენია როგორ ზემოქმედებას ახდენს ასეთი ცვლილება განათლებაზე, რომელიც შედეგებს ნებისმიერ შემთხვევაში გაცილებით უფრო გვიან იძლევა, ვიდრე 1 თუ 2 პოლიტიკური ციკლია. ხოლო ამ ციკლის შიგნით პოლიტიკოსებს გაცილებით რთული პრობლემები უჩნდებათ, ვიდრე განათლების ეფექტიანობის ზრდაა. ამ პოლიტიკური პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ უდიდესი გამჭრიახობით და სიმამაცით შეიძლება - პრივატიზების გზით.

ვფიქრობთ, უკვე საკმარისზე მეტი არგუმენტი მოვიყვანეთ იმისთვის, რომ დავივიწყოთ გულუბრყვილო ფიქრები განათლების საზოგადოებრივი ხასიათის და მნიშვნელობის შესახებ. განათლება მხოლოდ ინდივიდუალური მოვლენაა და რაც მეტი აქვს ის პიროვნებას, მით უკეთესი მისთვისაც და, საბოლოო ჯამში, საზოგადოებისთვის.