სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში (წ-ხ)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © კენჭოშვილი გიორგი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: შეადგინა გიორგი კენჭოშვილმა, ენციკლოპედია, თბილისი



1

▲back to top


წაბლი

ქრისტიანებისთვის წაბლი ქველმოქმედებისა და უმანკოების სიმბოლოა. ნაჭუჭში მოთავსებული წაბლის ნაყოფი გარედან ეკლებითაა დაფარული, რომლებიც ვნებას არ აყენებენ ნაყოფს. ამის გამო იქცა წაბლი უმანკოების სიმბოლოდ, ვინაიდან უბიწოება ამარცხებს ხორციელ ცდუნებებს, რომელთა სიმბოლოს წაბლის ეკლები წარმოადგენენ.

წარღვნა

ბიბლიაში აღწერილი კატასტროფული წყალდიდობა, რომელმაც გაანადგურა თითქმის მთელი კაცობრიობა. დღეს, მეცნიერების მიერ დადასტურებულია წარღვნის ისტორიული რეალობა. ეს მოვლენა ჯერ კიდევ შუმერულ და ბაბილონურ ეპოსშია აღწერილი და სიმბოლურად მდიდარ მითოლოგიურ მოტივს წარმოადგენს. გარდაქმნა წყლის საშუალებით, რომელიც გადარეცხავს წარსულს და ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას იძლევა. მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, გარდა აფრიკისა, არსებობს თქმულებები წარღვნის ან რამდენიმე წარღვნის შესახებ. მათი სიმბოლიკა ერთმანეთს ემთხვევა. კერძოდ, წარღვნა ციკლური აღორძინების ეტაპს აღნიშნავს: კაცობრიობის ცოდვებსა და მანკიერებებს წყალი წალეკავს და შესაძლებელი ხდება ახალი, გარდასახული, გონიერი ადამიანების საზოგადოების ჩამოყალიბება. ხშირად კაცობრიობის გადარჩენის საშუალებად გამოყენებულია ბიბლიური კიდობნის ტიპის გემი, რომელსაც შუა საუკუნეებში ცოდვიანი სიკვდილისგან მხსნელ „ეკლესიის გემს“ ადარებდნენ.

0x01 graphic

PEETERS, Bonaventura the
Elder
წარღვნა
ბაროკო
ზეთი მუხის პანოზე, 19x34 სმ
კერძო კოლექცია

ქრისტიანულ ხელოვნებაში ნოე ქრისტეს ერთ-ერთი უმთავრესი პატრიარქალური ტიპაჟია. ჩვეულებრივ იგი თეთრწვერიანი მოხუცის სახითაა გამოსახული. ადრეულ ქრისტიანულ ხანაში ეკლესიის მამები წარღვნას ადარებდნენ ქრისტიანულ ნათლისღებას. ორმოცდღიანი წვიმის შედეგად გამოწვეული წარღვნა, რომლის დროსაც მთებიც დაიფარა წყლით, 150 დღე გრძელდებოდა. წყლის დაკლების შემდეგ კიდობანი არარატის მთას მიადგა. წყლის დაკლებისა და მიწის გამოჩენის შესახებ ნოეს და მის ოჯახს მტრედმა ამცნო, რომელმაც ნისკარტით ზეთისხილის რტო მოუტანა ნოეს. მტრედმა ნოეს წარღვნის დასასრული ახარა. ქრისტეს ნათლისღების დროს სულიწმიდის მტრედის გამოჩენა იმის ნიშანია, რომ კაცობრიობის ცოდვით წარღვნა დამთავრებულია, რადგან მიწაზე მოვიდა ღმერთი და მოიტანა ნათელი. როგორც შუქურა უნათებს აბობოქრებულ ზღვაში გზადაკარგულ მეზღვაურებს და მიანიშნებს მიმართულებას ნაპირისკენ, ასევეა ქრისტეს ნათელი ადამიანის ცხოვრებისთვის.

ნოეს კიდობანისა და წარღვნის თემა დასაბამიდანვე ფიგურირებს ქრისტიანულ ხელოვნებაში. რომის კატაკომბების ნახატებში კიდობანი აღდგომის ახალ ქრისტიანულ კონცეფციას განასახიერებდა. მოგვიანებით გემი თვით ეკლესიის საყოველთაოდ მიღებულ სიმბოლოდ იქცა.

ნოეს კიდობანი ღმერთის მიერ ცოდვილი კაცობრიობისთვის გამოტანილი განაჩენის სიმბოლოა. „და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო“ (დაბ 6:5). და ღმერთმა ყოველი სულიერის განადგურება გადაწყვიტა. მან მხოლოდ ნოე გამოარჩია და უბრძანა აეგო კიდობანი, სადაც დედამიწის ყველა სულიერს წყვილად მოათავსებდა. მხატვრები იგნორირებას უკეთებდნენ კიდობნის კონსტრუქციის ტექნიკურ დეტალებს, რომლებიც ძველი აღთქმის დაბადების წიგნშია აღწერილი. რომის კატაკომბების ფერწერაში კი დობანს ყუთის ფორმა აქვს, რომელიც კუბოს ჩამოგავს. შუა საუკუნეების ხელოვნებაში იგი თავისებური მცურავი სახლია, ხოლო აღორძინების ეპოქაში კიდობანი ნამდვილი გემის სახითაა წარმოდგენილი. ნოეს შვილები გემის აღჭურვას აწარმოებენ ნოეს ხელმძღვანელობით. თუ კიდობანი დასრულებული სახითაა გამოსახული, ნოეს ცხოველები და ფრინველები აჰყავს მის გემბანზე. წარღვნის დასრულების შემდეგ ღმერთმა პირობა დადო, რომ ასეთი წარღვნა აღარ განმეორდებოდა და დაურღვეველი პირობის, აღთქმის ნიშნად ცაზე ცისარტყელა გამოაჩინა.

0x01 graphic

MICHELANGELO, Buonarroti
წარღვნა
1508-09, აღორძინება
ფრესკა, 280x570 სმ

სიქსტის კაპელა, ვატიკანი

წერო

წერო რელიგიურობის, მართლმორწმუნეობის, სიფხიზლის, ერთგულებისა და სათნოების სიმბოლოა. „ცაში ყარყატმაც კი იცის თავისი ვადები, და გვრიტი და მერცხალი და წერო იცავენ თავიანთი მოსვლის ჟამს, ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის სამართალი“ (იერ 8:7). ამბობენ, რომ ყოველ ღამე წეროები თავიანთ მეფესთან იკრიბებიან. წეროების გარკვეულ ჯგუფს დარაჯებად ირჩევენ, რომლებმაც მთელი ღამე უნდა იფხიზლონ და ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა არ ჩაეძინოთ. მართლაც, ნატურალისტებმა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ წერო ბუნებით ძალზე ფრთხილი ფრინველია. ამ თვისების გამო, იგი ცალ ფეხზე მდგარი იძინებს, ხოლო მეორე, აწეული ფეხით ქვა უჭირავს. ღრმად ჩაძინების შემთხვევაში წეროს აწეული ფეხიდან ქვა უვარდება, მეორე ფეხზე ეცემა და იმწამსვე ეღვიძება.

0x01 graphic

RAFFAELLO Sanzio
თევზის სასწაულებრივი ჭერა
დაახ. 1519, აღორძინება
აბრეშუმის და ბამბის გობელენი
მოოქროვილი ვერცხლის ძაფებით
490x441 სმ
ვატიკანის მუზეუმი, ვატიკანი

წერო ძალზე წააგავს ყანჩას. ამის გამო ძველებურ გამოსახულებებზე რთული გასარკვევია, ამ ორი ფრინველიდან, რომელია გამოსახული ნახატზე. ხშირად წეროს მრავალწლოვანი კიპარისებისა და ფიჭვების გვერდით ხატავენ.

წიგნი

წიგნი ყველაზე ხშირად უფლის სიტყვის - ბიბლიის გამოხატულებაა. ქრისტიანობაში თავდაპირველად გამოარჩევდნენ კოდექსებსა (ერთად შეწებებული ფურცლებიანი წიგნი) და გრაგნილებს. ამ საგნებს ხშირად გამოსახავენ მოციქულების ხელში, როგორც მოძღვრების ტრადიციის სიმბოლოს. აღსანიშნავია, რომ ოთხ მახარებელს გამოხატავენ თავიანთ სიმბოლურ ცხოველებთან ერთად. გადაშლილი წიგნი ჭეშმარიტების ან გამოცხადების სიმბოლოა. დახურული წიგნი, შესაძლოა, წმინდანთა სახელებს შეიცავდეს და ამიტომ განკითხვის დღისა და წმინდანთა სამკვიდროს სიმბოლიკას წარმოადგენს.

სამყაროს მსაჯული (Pantocrator - ყოვლისმპყრობელი) ძალზე ხშირად წიგნით ხელშია გამოსახული, რომელშიც ადამიანთა მოქმედებებია აღწერილი და, რომელსაც „ალფა და ომეგა“ (ქართულად - „ანი და ჰოე“) ეწოდება, ხოლო იოანე ღვთისმეტყველი „შვიდი ბეჭდით დაბეჭდილ“ წიგნს უწოდებს. დაბეჭდილ წიგნს ხშირად მარიამ ღვთისმშობლის ხელში გამოსახავდნენ: „...და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავლისა ჩემისა...“ (ფსალმ 138:16). ზოგჯერ წიგნი ღვთისმშობლის მუხლებზე მჯდარ ყრმა ქრისტეს უჭირავს ხელში. ხარების სიუჟეტში ხშირად გვხვდემა მარიამის გამოსახულება, რომელიც ბიბლიას კითხულობს.

0x01 graphic

ALBANI, Francesco
ხარება
ბაროკო
ზეთი სპილენძზე, 62x47 სმ
ერმიტაჟი, სანკტ-პეტერბურგი

0x01 graphic

GRECO, El
წმ. მათე მახარებელი
1610-14, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი ტილოზე, 97x77 სმ
ელ გრეკოს მუზეუმი, ტოლედო

აღორძინების ეპოქის ფერწერაში წიგნს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, იმის მიხედვით, თუ ვის ხელშია იგი გამოსახული. გადაშლილი წიგნი მახარებლის ან მოციქულის ხელში ახალი აღთქმის წიგნების სიმბოლოა. წმინდა სტეფანეს ხელში წიგნი ძველ აღთქმას განასახიერებს (საერთოდ, ძველი აღთქმის წიგნების სიმბოლოს ეტრატი წარმოადგენს). სხვა რომელიმე წმინდანის ხელში გამოსახული წიგნი მიუთითებს, რომ ამ წმინდანმა განსწავლულობითა და საღვთისმეტყველო ნაწარმოებებით გაითქვა სახელი. სწორედ ამგვარი მნიშვნელობით ფიგურირებს წიგნი წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელის, წმინდა თომა აქვინელის, წმინდა ბერნარდისა და სხვა ღვთისმეტყველების გამოსახულებებში.

0x01 graphic

CARPACCIO, Vittore
წმ. ავგუსტინეს ხილვა
1502, აღორძინება
ტემპერა ტილოზე, 141x210 სმ
სკუოლა დი სან ჯიორჯიო დელი
სკიავონი, ვენეცია

მონაზონთა ორდენების ამსახველ ფერწერაში კალამთან და სამელნესთან ერთად დახატული წიგნი მიუთითებს, რომ სურათზე გამოსახული ადამიანი ამ წიგნის ავტორია. ხშირად სწორედ ამგვარად გამოსახავდნენ წმინდა ავგუსტინეს. იგივე ატრიბუტები ახასიათებს ოთხ მახარებელს. ორდენის დამაარსებლის ხელში გადაშლილი წიგნი მის მიერ შემოღებული წესების სიმბოლოა და ხშირად წიგნზე ორდენის წესდების პირველი პუნქტია დაწერილი. წიგნი განათლების, ცოდნისა და სწავლის ემბლემაა. იგი ყოველთვის გადაშლილი სახითაა გამოხატული, აბსოლუტურად ცარიელი, თოვლივით ქათქათა გვერდები ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულად არიან განლაგებული. წიგნის თეთრი ფურცლები სუფთა გონებასთანაა ასოცირებული.

0x01 graphic

PARMIGIANINO
ღვთისმშობელი და ყრმა
დაახ. 1525, მანიერიზმი
ზეთი ტილოზე, 58,8x34,1 სმ
დორია პამფილის გალერეა, რომი

0x01 graphic

BERRUGUETE, Pedro
წმ. დომენიკი და ალბიგოელები
დაახ. 1495, ადრეული
აღორძინება
ტემპერა და ზეთი მერქანზე,
122x83 სმ.
პრადო, მადრიდი

ქრისტიანული ევანგელიზაციის მიმდინარეობისას ტრადიციად იქცა ეგრეთ წოდებული ერეტიკული წიგნების დაწვა. 1562 წელს, იუკატანის ნახევარკუნძულზე, დიეგო დე ლანდას ბრძანებით მთლიანად დაწვეს მაიას ტომის მრავალრიცხოვანი წიგნები (კოდექსები).

წინასწარმეტყველნი

აღორძინების ეპოქაში ძველი აღთქმა აღიქმებოდა ისტორიის სახით, რომლითაც ღმერთი წინასწარ ამზადებდა კაცობრიობას, ადამიანთა ცხოვრების წეს სა და აზროვნებას ქრისტეს მოსვლისთვის. ძველ აღთქმაში აღწერილი ამბები განიხილებოდა ქრისტიანულ ეპოქაში ამიმდინარე მოვლენების მოლოდინის ასპექტში. ძველაღთქმისეულ შთამომავლობათა ფუძემდებლებში, მეფეებში და ბელადებში ხედავდნენ ქრისტესთან მსგავსებას. წინასწარმეტყველებსაც ეთაყვანებოდნენ იმის გამო, რომ მათ ქრისტეს მოსვლა იწინასწარმეტყველეს.

0x01 graphic

MICHELANGELO, Buonarroti
დანიელ წინასწარმეტყველი
1511, აღორძინება
ფრესკა, 395x380 სმ
სიქსტის კაპელა, ვატიკანი

0x01 graphic

MICHELANGELO, Buonarroti
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
1510
ფრესკა, 355x380 სმ
სიქსტის კაპელა, ვატიკანი

ხელოვნებაში წინასწარმეტყველთა სახეები უფრო გარკვეულ სიმბოლოს მნიშვნელობით იხმარება, ვიდრე უბრალოდ პორტრეტული გამოსახულების მნიშვნელობით. ჩვეულებრივ, წინასწარმეტყველები ოთხი მახარებლისა და თორმეტი მოციქულის ორეულებს წარმოადგენენ. ამიტომ, მათი რიცხვი თექვსმეტით განისაზღვრება. ხელოვნებაში სხვებზე ხშირად გამოსახავდნენ ესაია, დანიელ, ეზეკიელ და იოანა წინასწარმეტყველებს. იონა წინასწარმეტყველის გამოსახულებებზე ფიგურირებს მისი განმასხვავებელი ატრიბუტი - „დიდი თევზი“. სხვა წინასწარმეტყველთა ცნობა შესაძლებელია წიგნის ან გრაგნილის მიხედვით, რომლებშიც მათი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი. იონას ისტორიის გარდა, იტალიური აღორინების ეპოქის ხელოვნებაში მოიპოვება ნაწარმოებები, რომლებშიც სხვა წინასწარმეტყველთა ცხოვრების სცენებია ასახული. მაგალითად „ეზეკიელ წინასწარმეტყველის ხილვა“, რომელიც ეზეკიელის წიგნის პირველ თავშია აღწერილი. რასაკვირველია, ამ თემაზე შექმნილ ხელოვნების ნაწარმოებებს შორის, ყველაზე სახელგანთქმულ ნიმუშს სიქსტის კაპელის ჭერის მოხატულობა წარმოადგენს.

წისქვილი

წისქვილი ინაწილებს პურის სიმბოლიკას, როგორც ხორბლის დამუშავების ინსტრუმენტი. შუა საუკუნეების ქრისტიანულ სიმბოლიკაში ფიგურირებს ნახატი „მისტიკური წისქვილი“. ამ ნაწარმოებში ესაია წინასწარმეტყველი ძველი აღთქმის ხორბლის მარცვლებს ყრის წისქვილის ძაბრში, ხოლო პავლე მოციქული ამ დროს ახალი აღთქმის ფქვილს აგროვებს. ზოგიერთ ნახატში წისქვილში დასაფქვავ მარცვლებს ოთხი მახარებელი ყრის, ხოლო მოციქულები მდინარეს უცვლიან კალაპოტს, რომელმაც წისქვილის ქვა უნდა აამოძრაოს. თემის წინამძღვრები ფქვილს აგროვებენ, ხოლო იესო ამ ფქვილიდან გამომცხვარ პურს ანაწილებს მორწმუნეთა შორის. ქრისტე თავად არის არსებობის პური.

ზეციდან მიწაზე გადმოსროლილი წისქვილის დოლაბი, ღმერთის სასჯელის მომასწავებელია. „ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა და გადააგდო ზღვაში და თქვა: ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი...“ (გამოცხ 18:21).

წრე

წრე, წრეწირი, რგოლი მარადიულობისა და უწყვეტი არსებობის უნივერსალურ სიმბოლოდ ითვლება. შეუძლებელია დავინახოთ წრის დასაწყისი და დაბოლოება, მიმართულება, ორიენტირი. ასევეა ცის თაღიც, იგი მრგვალი სფეროს ფორმით გვესახება. ამიტომ, წრე შეესაბამება ზეცას და სულიერებას. წრე აბსოლუტიზმისა და სრულყოფილების ნიშანია. თითქმის ყველა კულტურაში წრის სიმბოლურ პირველსახეს მზის დისკო წარმოადგენს. როგორც ღმერთის მონოგრამა, წრე თავისი არსით გამოხატავს არა მხოლოდ ღმერთის სრულყოფილებას, არამედ მის მარადიულობასაც, ვინც „არის, ვინც იყო და ვინც მომავალ არს, ყოვლისმპყრობელი“ (გამოცხ 1:8). იკონოგრაფიაში წმინდა შარავანდედი, უმეტესწილად, წრის ფორმით გამოიხატება. ქრისტიანობაში წრე მსოფლიო ეკლესიის სიმბოლოს წარმოადგენს.

სამი კონცენტრული წრე წარმოადგენს წარსულის, აწმყოსა და მომავლის სიმბოლოს. წრეწირში გამოსახული ჯვარი აღნიშნავს სამოთხის ბაღს და მდინარეს, რომელიც სათავეს სიცოცხლის ხესთან იღებდა და შემდეგ ოთხად იყოფოდა. წრეში ჩახატული ორი ჯვარი ოთხი ძირითადი და ოთხი დამატებითი მიმართულებაა: ქვეყნის ოთხი მხარე (აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი), ოთხი კოსმიური ციკლი (ზამთარი - მიწა, გაზაფხული - ჰაერი, ზაფხული - წყალი, შემოდგომა - ცეცხლი), წელიწადის ოთხი დრო (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი) და ადამიანის სიცოცხლის ოთხი პერიოდი (დაბადება, ზრდა, სიკვდილი, აღორძინება). ზოგიერთი ბიზანტიური ეკლესია დაფუძნებულია ხუთ წრეწირზე ანუ გვირგვინზე, რომლებიც ჯვრის ფორმით არიან განლაგებულნი და ბოლოვდებიან შესაბამისი გუმბათების რგოლებით. უმეტეს შემთხვევაში ქრისტიანული ეკლესია წარმოადგენს ჯვარს, რომელიც ეკლესიის ეზოს წრის შიგნით მდებარეობს. წრის სიმბოლურ კონტრასტს წარმოადგენს კვადრატი, რომელიც წრეწირისგან განსხვავებით მატერიალურ და ამქვეყნიურ სამყაროს განასახიერებს. წრე შეესაბამება ღმერთსა და ზეცას, ხოლო კვადრატი - დედამიწასა და ადამიანს. ამიტომ, ანდაზურ გამონათქვამად ქცეული ამოცანა „წრის კვადრატურა“, კვადრატის გადაქცევა ფართობით ტოლფასოვან წრეწირად (წმინდა გეომეტრიული საშუალებებით), ნიშნავს ადამიანის ძალისხმევას, რომ მან შეძლოს თავისი საკუთარი არსების გადაყვანა ღვთიურ არსებაში ანუ ზნეობრივად ამაღლდეს ღმერთამდე. ჩვეულებრივი გეომეტრიული საშუალებებით ამოუხსნელი ეს ამოცანა, ხშირად ამოტივტივდებოდა აღორძინების პერიოდის ხელოვნებაში, როგორც ადამიანის „გაღმერთებისაკენ“ სწრაფვის ალეგორია.

0x01 graphic

ANGELICO, Fra
ეზეკიელის ხილვა
დაახ. 1450, ადრეული
აღორძინება
ზეთი სპილენძზე, 39x39 სმ
სან მარკოს მუზეუმი, ფლორენცია

0x01 graphic

AERT VAN ORT
სუსანა და უხუცესები
1520-25, ჩრდილოევროპული
აღორძინება
შეღებილი მინა, დიამეტრი 24 სმ
მეტროპოლიტენ მუზეუმი,
ნიუ-იორკი

წყალი

ნათლისღების სიმბოლიკა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული წყლის სიმბოლიკასთან, ჩამოყალიბებული აქვს წმინდა იოანე ოქროპირს („იოანეს სახარების განმარტებანი“, XXV, 2): „იგი წარმოადგენს სიკვდილსა და დაკრძლვას, სიცოცხლესა და მკვდრეთით აღდგომას... თავის წყალში შთაფლვით, როგორც აკლდამაში, ჩვენ მთლიანად ვძირავთ და ვასაფლავებთ ძველ ადამს. იმ წამს, როცა აღვდგებით წყლიდან, იბადება ახალი ადამიანი“. მოყვანილი ციტატა ერთი შეხედვით თითქოს ორაზროვანია, სინამდვილეში, წყლის საერთო სიმბოლიზმის მოცემულ ასპექტში სიკვდილი ეხება მხოლოდ ხორციელ ადამიანს, მაშინ, როცა აღორძინდება სულიერი ადამიანი. ქრისტიანულ იკონოგრაფიაში წყალს განწმენდის ელემენტის როლი აქვს მინიჭებული, რომელიც ნათლისღების დროს ჩამორეცხავს ცოდვის ლაქებს.

წყალი განბანისა და განწმენდის სიმბოლოა. სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენება იგი ზიარების დროს წმინდა ძღვენის სახით და ცოდვების ჩამორეცხვასა და ახალი ცხოვრებისთვის გამოღვიძებას განასახიერებს. წყალი უდანაშაულობის სიმბოლოცაა, ვინაიდან პილატე პონტოელმა, მას შემდეგ, რაც ყველას წინაშე ხელები დაიბანა, განაცხადა: „...უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან“ (მათ 27:24).

0x01 graphic

BOTTICELLI, Sandro
წმ. ზენობიას ნათლობა და მისი
ეპისკოპოსად კურთხევა
1500-05, ადრეული აღორძინება
ტემპერა პანოზე, 66,5x149,5 სმ
ნაციონალური გალერეა,
ლონდონი

იშვიათად, წყალი ვნებათაღელვას ან ტანჯვას გამოხატავს: „მიხსენი ღმერთო, რადგან ყელამდე მომადგა წყალი. ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო“ (ფსალმ 68:2-3). დუალისტური სისტების ნაირსახეობას წარმოადგენს ქრისტიანული მღვდელმსახურება, როდესაც ღვინოში ურევენ წყალს, რის წყალობითაც პასიურ ელემენტს ემატება ღვინის „ცეცხლი“. ღვინოში არეული წყალი ქრისტეს პიროვნების ორ ბუნებაზე მიუთითებს. წმინდა კიპრიანეს მიხედვით, წყალი იესოს ადამიანურ ბუნებას აღნიშნავს, ხოლო ღვინო - მაცხოვრის ღვთაებრივ ბუნებას. ქრისტიანულ ხელოვნებაში თავმდაბლობას ღვინოში გარეული წყლის სახით გამოსახავენ.

წყალი შესაძლოა სულიერი საზრდოსა და ცხონების მეტაფორა ყოფილიყო. მაგალითად, იოანეს სახარებაში, იესო ეუბნება სამარიტელ ქალს: „...ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება“ (იოან 4:14). სიცოცხლის ხიდან გამომდინარე სამოთხის წყარო საუკუნო ნეტარებისა და ცხონების სიმბოლოა.

წყლით გარშემორტყმული რაიმე გამოსახულებას არ ენიჭება უბრალოდ თავდაცვითი მნიჭვნელობა, წრის შიგნით არსებული სივრცე უმანკო და წმინდა ხდება. ნაკადული გამოხატავს ქრისტეს, როგორც სიცოცხლის წყაროს და მარიამ ღვთისმშობელს, როგორც „წმიდა შობილის“ მშობელ ქალწულს.

2

▲back to top


ხანჯალი

ხანჯალი თომა მოციქულისა და წმ. ლუკიოსის ატრიბუტს წარმოადგენს. ამ უკანასკნელს წამებისას ხანჯალი გაუყარეს ყელში. ხელოვნებაში ხანჯალი წმინდანის მოწამებრივი სიკვდილისას ზოგჯერ ხმლის შემცვლელ ინსტრუმენტად იხმარებოდა. ხშირად ფიგურირებს ჰეროდეს ბრძანებით ყრმების გაჟლეტის სიუჟეტზე შექმნილ ფერწერულ ტილოებზე.

0x01 graphic

CORNELIS VAN HAARLEM
ყრმების ამოჟლეტა
1590, მანიერიზმი
ზეთი ტილოზე, 245x358 სმ
ხელოვნების მუზეუმი,
ამსტერდამი

ალმოდებული ხანჯალი ღვთის რისხვის სიმბოლოა. უფალმა ადამი და ევა შეცოდებისთვის გააძევა სამოთხის ბაღიდან, ხოლო „...ბაღის აღმოსავლეთით დააყენა ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი სიცოცხლის ხისაკენ მიმავალი გზის დასაცავად“ (დაბ 3:24).

ხარება

ღმერთმა ამ ცოდვილ მიწაზე გამოგზავნა თავისი ძე იესო ქრისტე, რათა კაცობრიობა ცოდვებისა და საუკუნო დაღუპვისგან ეხსნა.

გალილეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა ქალწული, სახელად მარიამი, რომელიც იოსებზე იყო დანიშნული. ერთხელ მარიამს უფლის მიერ გამოგზავნილი გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის“ (ლუკ 1:28). ქალი შეაშინა ამ ნათქვამმა და ჩაფიქრდა რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება. ანგელოზმა დაამშვიდა შეშფოთებული მარიამი და ახარა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ“ (ლუკ 1:30-31).

როგორც ითვლება, სწორედ ამ მომენტში მოხდა ქრისტეს ხორცშესხმა (განსხეულება). ხარების დღესასწაული 25 მარტს აღინიშნება, ქრისტეშობამდე ზუსტად ცხრა თვით ადრე. ინგლისში ხარების დღესასწაულს მარიამ ღვთისმშობლის დღეს ეძახიან. ამ თემის გაბატონებული მდგომარეობა ქრისტიანულ ხელოვნებაში მიუთითებს ხარების დიდ მნიშვნელიბაზე ქრისტიანული დოქტრინის თავალსაზრისით. ხარების სიუჟეტის სამი უმნიშვნელოვანესი ელემენტებია: ანგელოზი, მარიამ ღვთისმშობელი და მარიამზე გარდმოსული სულიწმიდის მტრედი. დასავლეთში ეს სიუჟეტი პირველად, როგორც ჩანს, გოტიკურ საეკლესიო ხელოვნებაში იქნა გამოყენებული. ამ თემის ილუსტრირებისას ძალზე ხშირად გამოიყენება დამატებითი ელემენტები. წმინდა ბერნანდი და სხვები აღნიშნავდნენ, რომ მოქმედება გაზაფხულზე ხდებოდა, რამაც წარმოშვა ყვავილიანი ლარნაკის მოტივი. მოგვიანებით ამ ყვავილმა შროშანის სახე მიიღო. შუა საუკუნეების ნაწარმოებებში გვხვდება სართავი ჯარა ან სართავიანი კალათა (ლეგენდის მიხედვით მარიამს იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურთა ტანისამოსი უნდა მოექსოვა). ხარების თემის თითქმის მუდმივ ატრიბუტს წა რმოადგენს წიგნი, სადაც მარიამი კითხულობს ესაიას წინასწარმეტყველებას: „ქალწული დაორსულდება და შობს ძეს...“ (ეს 7:14). ღვთისმშობლის ხელში გამოხატული დახურული წიგნი იმავე ესაია წინასწარმეტყველის სიტყვების ალუზიაა: „და იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა, როგორც სიტყვები დაბეჭდილი წიგნისა...“ (ეს 29:11).

0x01 graphic

RAFFAELLO Sanzio
ხარება
1502-03, აღორძინება
ზეთი ტილოზე, 27x50 სმ
პინაკოთეკა, ვატიკანი

0x01 graphic

LIPPI, Fra Filippo

ხარება
1445-50, ადრეული აღორძინება
ზეთი პანოზე, 117x173 სმ

დორია პამფილის გალერეა, რომი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სიუჟეტში გაბრიელ მთავარანგელოზი გამოსახულია ფრთებითა და თეთრი სამოსით. შესაძლოა იგი ზეციდან ეშვებოდეს მარიამისკენ, მაგრამ, ჩვეულებრივ მას ხატავდნენ მარიამის წინ მდგომს ან მის წინაშე მუხლმოდრეკილს. XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან იტალიურ ხელოვნებაში ანგელოზი ღრუბლებშია გამოსახული, რაც აღნიშნავს, რომ იგი ზეციდან იყო მოვლენილი. მტრედი, როგორც წესი, დაბლა ეშვება სინათლის სხივებში, რომელიც ეხება მარიამის თავს ან მის მკერდს. ადრეულ ნიმუშებში ანგელოზს ხელში სამეფო კვერთხი უპყრია, რომელიც ბოლოვდება ჰერალდიკური შროშანით, გაბრიელ მთავარანგელოზის ატრიბუტით. უფრო გვიანდელ ნაწარმოებებში კვერთხის მაგივრად მას ხელში შროშანი უჭირავს.

0x01 graphic

ANDREA DEL SARTO
ხარება
1513-13, აღორძინება
ზეთი ხეს მერქანზე, 183x184 სმ
გალერეა პალატინა, ფლორენცია

0x01 graphic

BEER, Jan de
ხარება
ჩრდილოევროპული აღორძინება
ზეთი პანოზე, 67x53 სმ.
კერძო კოლექცია

0x01 graphic

PITTONI, Giambattista
ხარება
1758, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 153x206 სმ
აკადემიის გალერეა, ვენეცია

კონტრრეფორმაციის პერიოდის ხელოვნებაში გაბრიელ მთავარანგელოზთან ერთად სხვა ანგელოზებიც ფიგურირებენ. მტრედი გამოსახულია სინათლის სხივებში, რომელიც ეხება მარიამის თავს ან მკერდს და ღვთისმშობლის ჩასახვის მომენტს ან სულიწმიდისგან ქრისტეს განსხეულებას აღნიშნავს.

მოქმედების ადგილის შესახებ ძალზე ძუნწ ცნობას გვაწვდის ლუკა მახარებელი: „... წარმოიგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი“ (ლუკ 1:26). მიუხედავად ამისა, აღორძინების ეპოქის იტალიელი მხატვრები მიისწრაფოდნენ გამოესახათ გარემო, სადაც მოქმედება ვითარდებოდა. კერძოდ, ღია შუშაბანდი ან გალერეა და იშვიათ შემთხვევაში მარიამის სამყოფელის ინტერიერი. ამავე პერიოდის ჩრდილოელი ოსტატები ხარების ამსახველ ფერწერულ ტილოებში შეყავთ საეკლესიო არქიტექტურა, რომელიც სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. გოტიკური სტილი თავისი გრძელი ისრისებური თაღებითა და მახვილი კანელურებული სვეტებით ძველი ჰოლანდიელი ფერმწერებისთვის კარგად იყო ცნობილი და მათში დასავლეთისა და ქრისტიანული ეკლესიის ასოციაციას იწვევდა. ზოგჯერ ღვთისმშობელი გამოსახულია გოტიკურ შენობაში ან მის შესასვლელში.

ამრიგად, აღსრულდა იესო ქრისტეს ხორცშესხმა, რითაც ქვეყნიერებას ეუწყა, რომ დასრულდა ძველი და დადგა ახალი აღთქმის ერა. ღია სივრცე, სადაც ანგელოზი ახარებს მარიამ ღვთისმშობელს, კაშკაშა და განათებულია. ეს ქრი სტიანული რწმენის ნათელია, რომელიც მკვეთრ კონტრასტს წარმოქმნის უკანა პლანზე გამოსახული სინაგოგის ან რომანული ეპოქის ტაძრის პატარა მუქ ფანჯრებთან შედარებით. ფანჯრების ვიტრაჟებიდან შემოჭრილი სინათლის სხივები უბიწოების სიმბოლოა. შესაძლოა სინაგოგაში მოჩანდეს საკურთხეველი, რომელზეც ძველი აღთქმის ქვის დაფები აწყვია. ზოგჯერ გამოსახულია გალავნით შემოზღუდული ბაღი (hortus conclusus, ლათ., დახშული ბაღი) და კოშკი. ორივე ქალწულებრივი უმანკოების სიმბოლოს წარმოადგენს.

კონტრრეფორმაციის პერიოდის ხელოვნებაში მთლიანად შეიცვალა ამ სიუჟეტის მოქმედების ადგილი. XVI საუკუნის ბოლოდან მთლიანად ქრება შენობები. მათ ადგილს იკავებს ღრუბლებთან და ზეცასთან შერწყმული ფონი, საიდანაც იდუმალ სინათლეში ეშვება მტრედი.

ხარი

ხარი სიძლიერის, ღვთისმსახურებისა და მოთმინების სიმბოლოა. „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან ...ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი - მსუბუქი“ (მათ 11:28-30). აღორძინების ეპოქაში ხშირად ისრაელის ტომს ხარის სახით გამოხატავდნენ.

ქრისტიანთათვის ფრთოსანი ხარი ლუკა მახარებლის ემბლემას წარმოადგენს (ოთხი მახარებლის სიმბოლიკა: იოანე - არწივი, მარკოზი - ფრთოსანი ლომი, მათე - ფრთოსანი ადამიანი და ლუკა - ფრთოსანი ხარი). „სახე ადამიანისა და სახე ლომისა ოთხივეს ჰქონდათ მარჯვნივ და სახე ხარისა - ითხივეს მარცხნივ, და სახე არწივისა ჰქონდა ოთხივეს“ (ეზეკ 1:10). ხარი, ისევე როგორც ვირი, სამსხვერპლო ცხოველად ითვლებოდა. შობის მისტერიების სცენებში ეს ცხოველები თითქმის ყოველთვის ფიგურირებენ ბაგაში შობილ ყრმა ქრისტესთან ერთად. ძველი აღთქმის მიხედვით მოსე მიისწრაფოდა შეეცვალა სემიტებში გაბატონებული ხარის კულტის თაყვანისცემის ხანგრძლივი ტრადიცია.

0x01 graphic

MEMLING, Hans
მოგვების თაყვანისცემა
დაახ. 1470, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი ხის მერქანზე, 96,4x147 სმ
პრადო, მადრიდი

ხატი

ხატი ის სარკმელია, რომლითაც მორწმუნე ზეცას უკავშირდება. პირველი ხატი მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროს შეიქმნა. ტილოზე, რომელიც ქრისტემ სახეზე მიიფარა გამოსახულია მისი სახე. ამ ხატს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ეწოდება. იგი ანტონ მატრყოფელმა საქართველოში ჩამოიტანა და ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენა. ცნობილია, აგრეთვე ლუკა მახარებლის ხელით შექმნილი პირველი ხატი.

ხატის ვიზუალურ შინაარსს, მის რაობას, მნიშვნელობასა და არსს ყველაზე ზუსტად ქართული და ბერძნული სიტყვები გამოხატავენ. ქართული სიტყვა ,,ხატი'` და ბერძნული ,,ეიკონ'' აღნიშნავენ ,,ნახატს'`, ,,სურათს'`. სლავური ,,იკონა'` ბერძნულის კალკაა და სლავურში ბიზანტიურის გავლენით დამკვიდრდა. დროთა განმავლობაში სიტყვამ ,,ხატი'` (ეიკონ) დღევანდელი მნიშვნელობა შეიძინა და მხოლოდ ხის დაფაზე, ეკლესიის კანონების მიხედვით დახატულ სურათს აღნიშნავს, რომელიც ღვთისმსახურებისთვისაა განკუთვნილი.

საუკუნეების განმავლობაში ბიზანტიური ხატწერის ინვარიანტის ამა თუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სტილური ნაირსახეობა ჩამოყალიბდა: ქართული, რუსული და ა.შ. ამათგან ცალკეული რეგიონალური საეკლესიო ხატწერის სტილი დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ხატწერა სხვადასხვა სამხატვრო სკოლის პერიოდებით გამოირჩევა (ასე, მაგალითად, რუსულ ხატწერაში რუბლიოვის სკოლა, დიონისეს სკოლა, უშაკოვის სკოლა და სხვ.). ხატწერის შედარებით ბევრი ნიმუშია გადარჩენილი ბერძნული (ბერძნულ-ბიზანტიური) ხატების სახით ათენის ბიზანტიის მუზეუმი, კვიპროსზე, ათონის მთაზე, სინას ნახევარკუნძულზე და სხვ.).

ხატის კულტი მეორე საუკუნეში ჩაისახა და სწრაფი განვითარება დაიწყო IV საუკუნიდან. დღემდე შემორჩენილი უძველესი საკულტო ხატების უმეტესობა VI და შემდგომ საუკუნეებს გნეკუთვნებიან.

0x01 graphic

ბერძენი ოსტატი
ნათლისღება
დაახ. 1300
ხატი, 47x38 სმ.
კლემენცის მონასტრის გალერეა

0x01 graphic

ღვთისმშობელი გზის მანათობელი
(ოდიგეტრია)
XIV საუკუნე
ხატი, 94,5x80,3 სმ.
ხატების გალერეა, მაკედონია

0x01 graphic

ღვთისმშობელი გზის მანათობელი
(ოდიგეტრია) დეტალი
ბიზანტია, XVI საუკუნე
94,5x80,3 სმ
მაკედონიის ხატების გალერეა

ხატი შეიძლება განხილულ იყოს არა როგორც ღვთაების გამოსახულების ტოლფასი სურათი, არამედ ,,ორიგინალთან'`, არქეტიპთან სულიერი მიმართების სიმბოლო ანუ მატერიალური სამყაროს ნივთობრიობიდან, ზებუნებრივი სულიერი სამყაროს წვდომა.

თავდაპირველად ხატები ენკაუსტიკის (გამდნარი თაფლის სანთლისა და ფერადი მინერალური პიგმენტების ნაზავი) ტექნიკით სრულდებოდა. შემდეგ განსაკუთრებით XVII საუკუნიდან, ხატწერაში ზეთის საღებავსაც იყენებდნენ. ხატწერამ განსაკუთრებულ განვითარებას ბიზანტიის გარდა ბიზანტიასთან დაახლოებულ მართლმადიდებლურ ქვეყნებში - საბერძნეთში, საქართველოში, ეგვიპტის კოპტეთსა და ეთიოპიაში, ხოლო მოგვიანებით (XII საუკუნის შემდეგ) რუსეთში მიაღწია.

ხატის ზომა დამოკიდებულია მის საკულტო დანიშნულებაზე. ოჯახისთვის განკუთვნილი ხატები უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე საეკლესიო რიტუალისთვის - კანკელისა და კიოტებისათვის (კიოტები სპეციალური ყუთისმაგვარი ჩარჩოებია, რომლებშიც ხატებს ათავსებენ) განკუთვნილი ხატები.

ხბო

სამსხვერპლო სიწმინდე. ხბოს მსხვერპლად შეწირვა აღნიშნავს უმწიკვლო მსხვერპლს. ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ეს ცხოველი იესო ქრისტეს განასახიერებს (თუმცა, ყველაზე ხშირად მაცხოვარს კრავის სახით გამოსახავდნენ). ისეთი მეტაფორები, როგორიცაა: „და მგელი კრავთან ერთად იცხოვრებს, და ვეფხვი თიკნის გვერდით წამოწვება, ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ“ (ეს 11:6), წინასწარმენყველებენ ახალი იერუსალიმის მოსვლის უეჭველობას, სადაც არც ბინარული ბრძოლა იქნება, აღარც დუალისტური დაყოფა ან განხვავება, აღარც დაპირისპირებული ძალების წონასწორობა, არამედ უმდაბლესის უმაღლესთან, სიბნელის ნათელთან ასიმილაცია.

ბიბლიური ოქროს ხბო, რომელსაც ეგვიპტიდან გამოქცეულმა ისრაელის ხალხმა სცა თაყვანი, სულიერი ღირებულებების საზიანოდ მატერიალური ღირებულებებისთვის უპირატესობის მინიჭების სიმბოლოდ ითვლება.

0x01 graphic

ROSSELLI, Cosimo
კანონის დაფები და ოქროს ხბო
1481-82, ადრეული აღორძინება
ფრესკა, 350x572 სმ
სიქსტის კაპელა, ვატიკანი

ხე

ცნობილია, რომ ბიბლიურ სამოთხეში კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე ხარობდა. იქვე მახლობლად იზრდებოდა სიცოცხლის ხე, რომლის ნაყოფიც უკდავებას ანიჭებდა. უფალმა ღმერთმა ეს ხე ადამს არ ანახა. ცბიერმა გველმა აცდუნა ევა, რომ გაესინჯა შეცნობის ხის ნაყოფი. ზოგიერთი თეოლოგის განმარტებით, სიცოცხლის ხე შეცნობის ხის დაპირისპირებას წარმოადგენდა, რომელიც წმიდა ჯვრის, ცხონების სინონიმია. ხშირად იგი გამოსახულია ნაყოფით დახუნძლული, სიცოცხლის წყაროს მახლობლად, მაგრამ ყოველივე ამას იცავს დრაკონი, გველი ან ლომი. ზოგჯერ ამგვარ გამოსახულებაზე ფიგურირებენ ფრინველები, მაგალითად, მტრედი, რომელიც სიმბოლურად სულიწმიდას გამოხატავს.

ქრისტიანობაში ხე ადამიანს განასახიერებს, ვინაიდან ერთდროულად წარმოშობს როგორც კეთილ, ასევე ბოროტ ნაყოფს. მეორეს მხრივ, იგი აღდგომის სიმბოლოა, რადგან ქრისტეს ხის ჯვარზე სიკვდილით მოაქვს განახლება. ჯვარი კეთილისა და ბოროტის ხისგან იყო გაკეთებული და, ამრიგად, ცხონება და სიცოცხლე იმ ხის საშუალებით იქნა მოპოვებული, რომელის გამოც მოხდა დაცემა და სიკვდილი, და დამპყრობელი დაპყრობილად იქცა. შუა საუკუნეების ქრისტიანულ სიმბოლიკაში ცნობილი იყო სიცოცხლისა და სიკვდილის ხე, რომელიც სიკეთისა და ბოროტების ნაყოფს ისხამდა. ნაყოფი ხის სხვადასხვა მხარეს მწიფდებოდნენ. ხის ტანი იყო ქრისტე, როგორც გოლგოთაზე აღმართული ცენტრალური ჯვრის სიმბოლო.

სიცოცხლის ხე სულიერ სიცოცხლეს წარმოადგენს. „მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა, სოცოცხლის ხეა, რომელიც ისხამს თორმეტ ნაყოფს. ყოველ თვეში იძლევა თავის ნაყოფს. ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა“ (გამოცხ 22:2). კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე ღვთიური კურთხევისა და მზრუნველობის დაკარგვის სიმბოლური გამოხატულებაა. იუდეველთა ტრადიციის მიხედვით იგი ვაშლის ან ლეღვის ხეა, რომლის ნაყოფის გასინჯვის შემდეგ ადამმა და ევამ დაკარგეს ღმერთის მიერ ბოძებული უმანკოება.

0x01 graphic

CRANACH, Lucas the Elder
ადამი და ევა
1533, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ხის მერქანი, 47x35 სმ
სახელმწიფო მუზეუმი, ბერლინი

0x01 graphic

GADDI, Taddeo
ჯვრის ალეგორია
დაახ. 1330, შუა საუკუნეები
ფრესკა
ბაზილიკა სანტა-კროჩე,
ფლორენცია

მათეს სახარებაში გადმოცემული იესო ქრისტეს წარმოშობას (გენეალოგია) ხშირად გამოსახავენ ხის სახით, რომელიც ესაიასგან აღმოცენდება. ჩვეუ ლებრივ, ქრისტეს გენეალოგიური ხის კენწეროზე მარიამ ღვთისმშობელსა და ყრმა მაცხოვარს გამოსახავენ. ესაიას ხის ამგვარი წარმოდგენა ესაიას წინასწარმეტყველებიდან გამომდინარეობს: „და გამოვა ყლორტი იესეს კუნძიდან და ნორჩი ნერგი მისი ფესვებიდან ნაყოფს გამოიღებს. და დაივანებს მასზე უფლის სული...“ (ეს 11:1-2). იესოს წარმოშობის გამოსახულებაზე ცენტრალურ ფიგურას ჯვარცმული ქრისტე წარმოადგენს, რაც იმით არის განპირობებული, რომ შუა საუკუნეების ტრადიციის მიხედვით, დაღუპული სიცოცხლის ხე კვლავ გამოიღებს კვირტებს, თუკი მასზე დაემყნობა ცხოველმყოფელი მორჩი - ჯვარცმული ქრისტე, და თუკი სიცოცხლის ხე მაცხოვრის სისხლით მოირწყვება. ზოგჯერ ხის გვერდით გამოსახულია ვაზი, ზიარების სიმბოლო.

ხელი

ხელი (ქართულში ხშირად იხმარება მარჯვენა - მარჯვენა ხელი), ღმერთის ხელის გული ადამიანის შესაძლებლობებში განსახიერებული ღვთიური განგების ძალის, წმინდა ლოგოსის განსახიერებაა. ღვთის ხელი (Manus Dei) მამა ღმერთის სიმბოლოა. „და გამოიწვდინა უფალმა თავისი ხელი და შეეხო ჩემს ბაგეს და მითხრა მე უფალმა: აჰა, მე ჩაგიდევი ჩემი სიტყვები ბაგეში“ (იერ 1:9). manus Dey ერთადერთი სიმბოლო იყო, რომელიც ეკლესიის არსებობის პირველი რვა საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა.

კატაკომბების ადრექრისტიანულ კედლების მოხატულობებსა და სარკოფაგებზე ხშირადაა გამოსახული ხელი, რომელიც თითქოს ღრუბლიდან არის გამოწვდილი. ქრისტიანობის გარიჟრაჟზე მხატვრები ვერ ბედავდნენ ღმერთის გამოსახულების დახატვას და, ამიტომ უფალს ხშირად ხატავდნენ ღრუბლიდან გამოწვდილი ხელის სახით. ღრუბელი ფარავს ღმერთის ძლიერებასა და დიდებას, რომლის დანახვა ადამიანს არ შეუძლია, რადგან არ ძალუძს იხილოს ღმერთი და ცოცხალი დარჩეს (გამ 33:20). სიმბოლოს წარმოშობა განაპირობა წმინდა წერილში უფლის მარჯვენის, როგორც ღმერთის ყოვლისშემძლე ძალისა და ნების გამოხატულების ხშირმა მოხსენიებამ. ზოგიერთ ნახატზე ამ ხელს რაიმე საგანი უჭირავს ან გაწვდილია რაიმე საგნისკენ. ყველაზე ხშირად ნახატებში გამოსახავენ გაშლილ ხელს, რომლის სამი თითიდან სინათლის სხივები გამოდის და სამებას გამოხატავს. ცერა თითი მამა ღმერთის სიმბოლოს წარმოადგენს, საჩვენებელი თითი - სულიწმიდის, შუა თითი - ქრისტეს სიმბოლოს, ხოლო დარჩენილი ორი თითი - ქრისტეს ორი ბუნების სიმბოლოს.

0x01 graphic

MICHELANGELO, Buonarroti
განკითხვის დღე (დეტალი)
1537-41, აღორძინება
ფრესკა
სიქსტის კაპელა, ვატიკანი

0x01 graphic

PRETTI, Mattia
პილატე ხელს იბანს
1663, ბაროკო
ზეთი ტილოზე
მეტროპოლიტენ მუზეუმი.
ნიუ-იორკი

0x01 graphic

CARAVAGGIO
წმ. პავლეს მოხმობა (დეტალი)
1599-1600, ბაროკო
ზეთი ტილოზე
კონტარელის კაპელა, რომი

დაფარული ან სახელოში დამალული ხელი მოწმობს ძველ ჩვეულებაზე, დიდი ბატონის წინაშე პატივისცემის ნიშნად საკუთარი ხელების დამალვა. სწორედ ასეთი სახით ფიგურირებს მოსე იმ ნახატებში, რომლებშიც ასახულია სინას მთაზე რჯულის ქვის დაფების მიღება. ღვთისმსახურის ხელის დადება კურთხევას, ცოდვების მიტევებას აღნიშნავს: „როდესაც პავლემ დაასხა მათ ხელი, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი...“ (საქმე 19:6). შუა საუკუნეებში „სამართლიანობის ხელი“ საფრანგეთის მონარქთა დევიზი იყო. იმ პერიოდში მეფე უმაღლეს მსაჯულსაც წარმოადგენდა. მაღლა აღმართული ხელი ბიზანტიურ მბრძანებლურ სიმბოლიკაში, ქრისტიანულ კურთხევის ჟესტად გარდაიქმნა. თავზე შემოჭდობილი ხელები დაბნეულობას, სევდას, სასოწარკვეთილებას აღნიშნავს: „მისგანაც გამოხვალ შენ და ხელები თავზე გექნება შემოწყობილი, რადგან მოიძულა უფალმა შენი იმედები და არ გექნება მათთან წარმატება“ (იერ 2:37). ხელის დაბანა უდანაშაულო ადამიანის დაღვრილ სისხლს გამოსახავს. ქრისტესთვის სიკვდილის მისჯის შემდეგ პილატე პონტოელმა „...აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან, თქვენ იცით“ (მათ 27:24). ამავე დროს, ყმაწვილი ქალი, რომელიც ხელებს იბანს, უმანკოების განსახიერებაა. V საუკუნიდან ქრისტიანული ლოცვის ჟესტს წარმოადგენს ხელი, რომელიც პირჯვარს ისახავს.

ხელოვნებაში ღრუბლიდან გამოწვდილი ხელი სამების პირველი იპოსტასის გამოსახულების ადრეულ ფორმას წარმოადგენს. უფლის ვნებების სცენებში გაშლილი ხელისგული მიანიშნებს ქრისტეს აბუჩად აგდებას პრეტორიაში, სადაც კაიფასთან მიყვანილ იესოს „ზოგიერთნი სილას აწნავდნენ“ (მათ 26:67).

ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ქრისტე წარმოდგენილია, როგორც „ღმერთის მარჯვენა (მარჯვენა ხელი)“.

ხერხი

სადურგლო ხერხი, შალაშინთან, საჭრისთან და ნაჯახთან ერთად მარიამ ღვთისმშობლის ქმრის, წმინდა იოსების ატრიბუტს წარმოადგენს, რომელიც ხელობით დურგალი იყო. როგორც მოწამებრივი სიკვდილის ინსტრუმენტი, ხერხი წმინდა სიმონ ზელოტის ატრიბუტია. ლეგენდის თანახმად, ქრისტიანთა დევნის დროს ეს წმინდანი ნაწილ-ნაწილ დახერხეს.

0x01 graphic

MASTER of Flémalle
მეროდეს საკურთხეველი
დაახ. 1427, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი მერქანზე, 64,1x117,8 სმ.
მეტროპოლიტენ მუზეუმი,
ნიუ-იორკი

ხიდი

ერთი მდგომარეობიდან მეორეში, უფრო ამაღლებულ მდგომარეობაში გადასვლის (მაგალითად, ქრისტეს ამაღლება) სიმბოლო. ზოგჯერ ცისარტყელას გამოსახავენ, ზეციური ხიდის სახით. გენონის მიხედვით ძველი რომაული სიტყვა pontifex („პონტიფიკები“ - უმაღლესი ქურუმი) სიტყვასიტყვით ნიშნავს „ხიდების მშენებელს“ ანუ ორი განსხვავებული სამყაროს შემაკავშირებელს. ამავე დროს, სიტყვა pontificaus V საუკუნიდან რომის პაპის მმართველობის პერიოდს გამოხატავს. წმინდა ბერნარდი ამბობდა, რომ რომის პაპი, ამ სიტყვის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე, ადამიანსა და ღმერთს შორის შემაერთებელი ხიდი იყო. სწორედ ამიტომ, ცისარტყელა პონტიფიკატის ბუნებრივ სიმბოლოს წარმოადგენს.

0x01 graphic

LEONARDO da Vinci
მონა ლიზა (დეტალი)
1503-05 ადრეული აღორძინება
ზეთი ტილოზე
ლუვრი, პარიზი

ხორბალი

ხორბალი საყოველთაო ევქარისტიულ სიმბოლოს წარმოადგენს და იესო ქრისტეს ადამიანურ ბუნებაზე მიუთითებს. ეს განმარტება თვით მაცხოვრის სიტ ყვებიდან გამომდინარეობს: „ჭეშმარიტად, ჭემარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს“ (იოან 12:24). ხორბლის თავთავი და ყურძნის მტევანი წმინდა ზიარების პურისა და ღვინის სიმბოლური გამოსახულებებია.

0x01 graphic

HEEM, Jan Davidsz de
ნატურმორტი
1653, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 46x75 სმ
კერძო კოლექცია

ყველასთვის ცნობილია სახარებაში გადმოცემული ხორბლისა და ღვარძლის იგავი. სანამ მთესველს ეძინა, მოვიდა მისი მტერი და ხორბალში ღვარძლი ჩათესა. კაცმა დააცადა მკის დრომდე და შემდეგ გააცალკევა ერთმანეთისგან, რათა ცუდს კარგიც არ წაჰყოლოდა. თავად ქრისტე ასე განმარტავს ამ იგავს: ღვარძლის დამთესი მტერი - სატანაა, კეთილი და ბოროტი თესლი - მართლმორწმუნე და ცოდვილი ადამიანები, მკა - სოფლის დასასრულია, როდესაც მომკალნი (უფლის ანგელოზები) გადაარჩევენ მთესველის (კაცის ძე) ყანიდან ხორბალსა და ღვარძლს (მართალი და ცოდვილი ადამიანები). ხელოვნებაში ეს სცენა წარმოადგენს მინდორს, რომელზეც ქურდულად მიიპარება ღვარძლის მთესველი, ხოლო ხის ჩრდილში სძინავთ ყანის პატრონსა და მის კაცებს.