სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში (ა-ბ)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © კენჭოშვილი გიორგი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: შეადგინა გიორგი კენჭოშვილმა, ენციკლოპედია, თბილისი



1 მცირე შესავალი

▲ზევით დაბრუნება


რა არის სიმბოლოს საფუძველი? მატერიალურ და სულიერ სამყაროებს ერთი შემოქმედი ჰყავს. მიწიერი სამყაროს (კოსმოსი) მიზანია გარდასახვა, შთაგონება და სულიერ სამყაროსთან ერთიანობა. იდეაში სულისა და მატერიის გაერთიანება მაშინ განხორციელდა, როდესაც ღმერთის ძე და სიტყვა ადამიანის სახით მოევლინა ქვეყანას. ღვთისმეტყველები სულიერსა და მატერიალურს შორის განსაკუთრებული ფორმის მსგავსებას ხედავენ. კერძოდ ღვთიური სიბრძნით შექმნილი მატერიალური სამყარო სიმბოლოების იერარქიულ სისტემას წარმოადგენს, რომლშიც დაშიფრულია ინფორმაცია მარადიულობისა და უსასრულობის, სამყაროსა და მისი შემოქმედის დანიშნულების შესახებ. იდეალურსა და რეალურს, სულსა და მატერიას შორის არსებული ეს მსგავსება და განსხვავება, იმ სახეობის შემეცნების საფუძველს წარმოადგენს, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ წმინდა სიმბოლიკა.

სიმბოლოებით უძველესი დროიდან სარგებლობდნენ პოეტები და ფილოსოფოსები, თუმცა მათი განმარტება არავის მოსვლია აზრად. ითვლებოდა, რომ სიმბოლო არა მარტო აზრის გადმოცემის საშუალებას წარმოადგენდა, არამედ ყოფიერების საიდუმლოსაც შეიცავდა. ალეგორიისა და ემბლემისგან სიმბოლო უპირველეს ყოვლისა იმით განსხვავდება, რომ არ ხდება მისი გამოგონება (ალეგორია) ან შექმნა (ემბლემა). სიმბოლო რეალურად არსებობს ადამიანთან ურთიერთკავშირში მყოფ ისტორიულ, კულტურულ, საზოგადოებრივ და მატერიალურ გარემოში, ხოლო გამოხატულებას ჰპოვებს კაცობრიობის შემეცნების, განსაკუთრებით შემოქმედებითი შემეცნების საშუალებით. ემბლემებისა და ალეგორიების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, სიმბოლოების რიცხვი განსაზღვრულია.

პირველი ქრისტიანული სიმბოლური გამოსახულებები მიეკუთვნება კატაკომბების ხელოვნებისა და ქრისტიანთა დევნის პერიოდებს. იმ დროს სიმბოლოები გამოიყენებოდა კრიპტოგრამის, ერთგვარი საიდუმლო დამწერლობის სახით, რათა ერთმორწმუნეებს შეძლებოდათ ერთმანეის ცნობა მტრულად განწყობილ გარემოში.

მართლმადიდებლებისთვის ხატი ტაძრის ორგანული კუთვნილებაა, სადაც მატერიალური თვალსაზრისით უხილავი და სულიერი განსაკუთრებული ნიშნების ენითაა გამოხატული. ხატი სიმბოლოსა და მსგავსების ერთიანობას წარმოადგენს, სადაც სიმბოლოს აზრობრივ დატვირთვას გამოსახულება იძენს, და სადაც მსგავსება სიმბოლოდ იქცევა, ხოლო სიმბოლო ვიზუალურ მსგავსებად. ხატზე კონკრეტული წმინდანის გამოსახულება მისი სულიერი არსებობის სიმბოლოდ გვევლინება. ხატი არ წარმოადგენს სულიერი სამყაროს ფერწერას, ის გამოხატავს სრულიად აღმოსავლური ეკლესიის მისტიკურ გამოცდილებას, რომელიც მხატვრულ იდიომაშია განზოგადებული. ძველი ქრისტიანული სიმბოლოებისა და ხატების ურთიერთკავშირი განსაკუთრებულად შეიმჩნევა მათ ძირითად ფუნქციაში, კერძოდ, ძირითადი ღვთისმეტყველური და დოგმატური კონცეფციების მხატვრული ფორმით გადმოცემა. არსებითად, ხატისა და ძველი ქრისტიანული სიმბოლოების მნიშვნელობა ერთნაირია.

სიმბოლოსადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება შეიმჩნევა კათოლიკურ და პროტესტანტულ მიმდინარეობებში, როგორც მართლმადიდებლობის მიმართ, ასევე ერთმანეთის მიმართ. ამ მოვლენის ფესვები, შესაძლოა, ანტროპოლოგიურ კონცეფციებში იმალებოდეს. კათოლიციზმი ამცირებს ადამიანის მიმართ პირველადი ცოდვის მნიშვნელობას და შედეგებს. კათოლიკე თეოლოგები, განსაკუთრებით იეზუიტების ორდენის წარმომადგენლები, ამტკიცებენ, რომ ადამისა და ევას დაცემამ კაცობრიობას მხოლოდ სიუხვე და ზებუნებრივი მფარველობა დააკარგვინა, თუმცა ხელუხლებელი დარჩა ადამიანის ბუნებრივი ძალები. კათოლიციზმისთვის უცხოა უძველესი მოღვაწეების ასკეტიზმი, მოძღვრება ვნებებთან ბრძოლისა და განუწყვეტელი ლოცვის შესახებ. ამიტომ კათოლიციზმში შეიმჩნევა სიმბოლურიდან ნახატის ტიპის გამოსახულებისაკენ გადახრა. ხატის, როგორც სიმბოლური გამოხატულების ჩანაცვლება პორტრეტული ნახატითა და ქანდაკებით, თითქოს სიმბოლო იცვლება სულიერი სამყაროს სარკისებური ანარეკლით. კათოლიკურ ლიტურგიკაში ეს მოვლენა ღვთისმსახურების თეატრალურობასა და გარეგნულ ეფექტურობაში გამოიხატება.

ქრისტიანობის გარიჟრაჟზე დამკვიდრებულმა, ხოლო მოგვიანებით შუა საუკუნებში განვითარებულმა სიმბოლოებმა დღემდე შეინარჩუნეს თავდაპირველი მნიშვნელობა და მათი მეშვეობით მორწმუნე ადამიანს მრავალი დაფარული აზრის ამოკითხვა შეუძლია, თუ სიმბოლოების წაკითხვის ხელოვნებას ფლობს.

2

▲ზევით დაბრუნება


აარონის კვერთხი

კვერთხის, არგანის ან წნელის გამოსახულება, რომელზეც ნუშის ყლორტები, ყვავილები და (ან) ნაყოფია ამოსული. სიუჟეტის პირველწყაროა ძველი აღთქმის რიცხვთა წიგნი: „...და აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი - ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და გამოიბა ნუში“ (17:8). აარონის კვერთხი მარიამ ღვთისმშობლის მიერ იესო ქრისტეს ხორციელად შობის სიმბოლოა.

0x01 graphic

აბრაამის წიაღი

აბრაამის წიაღი ღმერთზე მინდობილი, პატრიარქის საფარველის ქვეშ მყოფი ადამიანების მფარველობის სიმბოლოა. უამრავ რომაულ და ადრეულ გოტიკურ ნაწარმოებებში (მოზაიკა, რომის ტაძარი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი) ფიგურირებს ბიბლიური პატრიარქი, რომელსაც მუხლებზე ხელსახოცი აქვს დაფენილი, ხოლო ხელსახოცზე პატარა ბავშვებივით სხედან ჭეშმარიტ მორწმუნეთა სულები. მართალია, სიტყვა „წიაღი“ დედობრივ წიაღთან და ქალურ საწყისთან ასოცირდება, მაგრამ დასავლეთ ევროპაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ძველებრაული წარმოდგენა „პატრიარქის წიაღის“ შესახებ. ეს იყო წინაპარი, რომელსაც სამოთხეში განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ, ხოლო ამქვეყნად მრავალრიცხოვანი შთამომავლობითა და სიმდიდრით იყო კურთხეული. აბრაამის წიაღი - ზეცაა.

0x01 graphic

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.
აბრაამის წიაღი.
გოტიკა
სამხრეთის ტრანსეპტი,
ცენტრალური პორტალი

ადამი და ევა

'adam - ებრაულად „ადამიანი“, adamah - „მიწა“, თავდაპირველად, ალბათ, „წითელი მიწა“ (შდრ. ლათინური homo - „ადამიანი“, humus - „მიწა“). ძველ აღთქმაში გადმოცემულია ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის ორი თქმულება. პირველი, „ხალხური“ თქმულება მოგვითხრობს, რომ უფალმა მიწის მტვერისგან შექმნა კაცი, ხოლო მოგვიანებით, მისი ნეკნისგან - ქალი: „... და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად... და მოჰგვერა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. და როცა დაეძინა, ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი. და აუშენა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნი დედაკაცად, და მიიყვანა იგი ადამთან“ (დაბ 2:7, 2:21-22).

0x01 graphic

MICHELANGELO Buonarroti
ადამის შექმნა
1510, აღორძინება
ფრესკა, 280x570 სმ.
სიქსტის კაპელა, ვატიკანი

მეორე ანუ ქურუმთა თქმულება, ძველი აღთქმის ტექსტების შედარებით გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება, როცა ბაბილონის ტყვეობის პერიოდში ისრაელის მოდგმას საბოლოოდ ჩამოუყალიბდა წარმოდგენა სამყაროს შემოქმედ ღმერთზე. ტექსტში ქვეყნიერების გაჩენის ექვსდღიანი შრომა ადამიანების შექმნით სრულდება: „და თქვა ღმერთმა: შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად... და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად - ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად“ (დაბ 1:26-27).

თვალში საცემია ამ თქმულებებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა. პირველ შემთხვევაში ღმერთი არ ჰგავს სამყაროს უძლეველ შემოქმედს. იგი უფრო კეთილი მებაღის შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო მეორე თქმულებაში ღმერთი უხორცო, სამყაროს თვითმპყრობელი შემოქმედია - იმ სამყაროსი, რომლის ნაწილსაც ადამიანი წარმოადგენს.

პირველი ადამიანების ბედი ტრაგიკულად განვითარდა. ღმერთმა სიკვდილის მუქარით აუკრძალა ადამსა და ევას კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამა. ცხოველთა შორის ყველაზე ცბიერმა, გველმა, შეაცდინა დედაკაცი. მან უთხრა ევას: „...აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (დაბ 3:5). ევამ გასინჯა აკრძალული ნაყოფი, მისცა ადამსაც და მანაც შეჭამა. განრისხებულმა ღმერთმა დასაჯა ადამიანები. ევას ტანჯვა-ტკივილში მშობიარობა და ადამის მორჩილება არგუნა წილად, ხოლო ადამს სიკვდილამდე საკვების ოფლითა და შრომით მოპოვება მიუსაჯა. ჩააცვა უფალმა ადამსა და ევას ტყავის სამოსი და გააძევა ედემის ბაღიდან, რათა არ გაესინჯათ სიცოცხლის ნაყოფი და არ გამხდარიყვნენ უკვდავნი. სამოთხის მცველებად ღმერთმა ქერუბიმები დააყენა.

ამ სიუჟეტს ქრისტიანული ღვთისმსახურება პირველი ადამიანების „დაცემას“ და „ცოდვას“ უწოდებს, რომელმაც ადამიანის ნატურა, მისი „ღვთის ხატება“ დაამახინჯა. შუა საუკუნეების ტიპოლოგიური წარმოდგენით, პირველი წყვილის ცოდვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სიმბოლოა, სადაც მარიამმა, „ახალმა ევამ“, გამოისყიდა დაცემული ევას ცოდვა.

ადამი იესო ქრისტეს სიმბოლოა. ლუკას სახარებაში მაცხოვარი თავის თავს „კაცის ძეს“ უწოდებს (არამეულად bar `enas, ებრაულად ben`adam, „ადამის ძე“). ამავე დროს, პავლე მოციქული ახალ აღთქმაში ქრისტეს „მეორე ადამს“ ანუ „ახალ ადამს“ უწოდებს (რომ 5:14). ადამის ცდუნების გამო ცოდვამ და სიკვდილმა შემოაბიჯა ქვეყნიერებაზე. იესო ქრისტემ იტვირთა ადამიანთა შეცოდებანი და კაცობრიობა ცოდვებისგან გამოიხსნა. ამრიგად, „თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ“ (რომ 5:18).

ადამისა და ევას გამოსახულებები ჯერ კიდევ ადრეული ქრისტიანული პერიოდის ხელოვნებაში გვხვდება (კატაკომბების ფრესკები, სარკოფაგების რელიეფური გამოსახულებები). შუა საუკუნეების ფერწერაში მხატვრებს იშვიათი შესაძლებლობა ეძლეოდათ, რომ შიშველი ადამიანების ფიგურები გამოესახათ. ადამისა და ევას თემაზე შექმნილი ხელოვნების ნაწარმოებებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა რამდენიმე სიუჟეტი, კერძოდ, ადამის შექმნა, ევას შექმნა, ცხოველთათვის სახელების დარქმევა, ცდუნება, ედემის ბაღიდან განდევნა.

ადრეული აღორძინების ეპოქამდე ღმერთი, როგორც წესი, სამების მეორე წევრად იყო გამოსახული. შედარებით გვიანდელი პერიოდის ფერწერულ ტილოებში მას უფრო მამა ღმერთის „პატრიარქალურ“ ტიპს მიაკუთვნებდნენ. ადამის შექმნის სიუჟეტებში, ღმერთი სიცოცხლეს შთაბერავს ადამს ან ღრუბლიდან ხელი აქვს მისკენ გაწვდილი, რათა ხელის შეხებით სიცოცხლე მიანიჭოს. II საუკუნის ერთ-ერთ ფრანგულ მინიატურაში ძალზე საინტერესო სცენაა გამოსახული: ღმერთი თიხისგან შექმნილ ადამს მუცელზე თითით უკეთებს ჩაღრმავებას.

0x01 graphic

MICHELANGELO Buonarroti.
ევას შექმნა
1509-10, აღორძინება
ფრესკა, 170x260 სმ.
სიქსტის კაპელა, ვატიკანი

ევას შექმნის სცენებში ადამი მიწაზე წევს, რადგან უფალმა ღრმა ძილი მოჰგვარა და, როცა დაეძინა „ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი. და აუშენა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნი დედაკაცად...“ (დაბ 2:21-22). ხელოვნებაში გავრცელებული წესის მიხედვით, ევა ადამის სხეულიდან იმ მომენტში გამოდის, როდესაც ადამს სძინავს. ზოგიერთ ნახატში ევა მთლიანადაა შექმნილი და ღმერთის წინ მოკრძალებულ პოზაში დგას. ხშირად მხატვრები ადამისა და ევას ფიგურებს ჭიპის გარეშე ხატავდნენ.

დაცემის სიუჟეტში ადამი და ევა სამოთხეში დგანან ხესთან. ჩვეულებრივ, ეს არის ვაშლის ან ლეღვის ხე. გველი ხის ტანზე შემოხვეული ან ხის ახლოს არის გამოსახული. შესაძლოა მას ქალის თავი, ზოგჯერ კი ქალის ტანიც ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ფორმით დახატული მაცდური ფეხზე დგას, მაშინ მის ფიგურას ხვლიკის მსგავსი ოთხი ფეხი აქვს. ევას ხელში ვაშლი უჭირავს ან იმ მომენტშია გამოსახული, როცა ვაშლის დამალვას ცდილობს. ზოგჯერ, ევა მოკბეჩილ ვაშლს ადამს სთავაზობს.

0x01 graphic

CRANACH Lucas the Elder
ადამი და ევა
1538, ჩრდილოეევროპული
აღორძინება
პანო
ეროვნული მუზეუმი, პრაღა

ცხოველთათვის სახელების დარქმევის სიუჟეტში ადამი, სხვადასხვა ცხოველებით დასახლებულ ედემის ბაღში, წიგნში ცხოველების სახელებს იწერს. ჩრდილოეთ ევროპელი ოსტატების ნამუშევრებში სამოთხის ბაღი მრავალფეროვანი მცენარეულობითა და გრძელი ხეივნებით არის დაფარული. სამხრეთ ევროპის ფერმწერები სამოთხეს უდაბნოში მდებარე ოაზისის სახით ხატავდნენ, სადაც ოთხი მდინარე მოედინება და ბაღი მაღალი გალავნით არის შემოზღუდული.

სამოთხიდან განდევნის სცენებში ადამი და ევა შიშვლები არიან, ხელები წინ აქვთ აფარებული. ზოგჯერ ფიგურირებს თეძოზე შემოხვეული ფოთლების ყვავილწნული. მათი გამომეტყველება მწუხარებასა და სრულ სასოწარკვეთილებას გამოხატავს. უკანა პლანზე მოჩანს ანგელოზი, რომელსაც ხელში მახვილი ან მათრახი უჭირავს. ღმერთი ადამსა და ევას ცხოველების ტყავებისაგან დამზადებულ სამოსს აძლევს. შორიახლო გამოსახული მოსასხამში გახვეული სიკვდილის ფიგურა მიგვანიშნებს, რომ ადამიანებმა სამუდამოდ დაკარგეს უკვდავება. ზოგჯერ სიუჟეტს ახლავს სცენა, სადაც ადამი მიწას ამუშავებს, ხოლო ევა ეხმარება ქმარს ან იქვე საქმიანობს. მახლობლად ორი ბავშვი, აბელი და კაენი, თამაშობს.

0x01 graphic

MICHELANGELO Buonarroti
დაცემა და ედემის ბაღიდან
განდევნა
1509-15, აღორძინება
ფრესკა, 170x260 სმ.
სიქსტის კაპელა, ვატიკანი

ავაზა

ავაზა იესო ქრისტეს გამოხატულებაა, რადგან გველებსა და დრაკონებს მტრობს, რომლებიც სატანას სიმბოლოს წარმოადგენენ.

ლეგენდის მიხედვით პანტერა საკვების მიღების შემდეგ სამი დღე იძინებდა გამოქვაბულში. გამოღვიძებისას იგი ღრიალით გამოდიოდა გარეთ და იმდენად სასიამოვნო სურნელებას აფრქვევდა, რომ ამ არომატით ყოველი ცხოველი ტკბებოდა. ავაზას კეთილსურნელოვანი სუნთქვა ასოცირდება ქრისტესთან, რომელიც იყო სიცოცხლის სურნელება კეთილმორწმუნეთათვის და სიკვდილის სურნელება სატანისთვის: „მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავისი ცოდნის კეთილსურნელებას ყოველ ადგილას, ვინაიდან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისათვის დახსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც. ზოგისთვის სიკვდილის სურნელია სასიკვდილოდ და ზოგისთვის სიცოცხლის სურნელია სასიცოცხლოდ. ვინაა ღირსი ამისათვის?“ (2კორ 2:14-16). მხოლოდ გველი და დრაკონი შეშინებულები ცახცახებდნენ და მიწისქვეშეთში გარბოდნენ. ეს ცრურწმენა დაუკავშირდა ქრისტეს აღდგომას, რომელმაც წამებულის სასმისი შესვა და სამი დღე გაატარა საფლავში. „უთხრა იესომ პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში. სასმისი, რომელიც მამამ მომცა არ შევსვა?“ (იოან18:11).

ათი მცნება

მცნებები, რომლებიც ღმერთისგან მიეცა მოსეს სინას მთაზე. ეს მცნებები კაცობრიობისთვის ზნეობრივი და სულიერი სრულყოფის მარადიული კანონის განსახიერებაა. ღმერთმა მოსეს სინას მთაზე გადასცა მოწმობის ქვის ორი დაფა, რომლებზეც ღვთის თითით იყო დაწერილი ათი მცნება. ეს მცნებებია:

„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
არ გაიკეთო კერპი და არცა რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არცა ემსახურო. არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ.
დაიცავი შაბათი დღე, რათა წმინდაჰყო იგი. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე, ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია.
პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
არა კლა.
არ იმრუშო.
არ იქურდო.
არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა“ (გამ 20:2-17).

0x01 graphic

ROSSELLI Cosimo
კანონის დაფები და ოქროს ხბო
1481-82, ადრეული აღორძინება
ფრესკა, 350x572 სმ,
სიქსტის კაპელა, ვატიკანი

იესო ქრისტემ ძველი აღთქმისეული ეს ათი მცნება ორ უდიდეს ზნეობრივ და სულიერ მცნებაში ჩამოაყალიბა. იუდეველთა მზაკვრულ შეკითხვაზე, თუ რომელი მცნებაა რჯულში უფრო დიდი, იესომ უპასუხა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“ (მათ 22:37-40).

აკაცია

აკაცია სიმბოლიკაში ხშირად მიმოზასთან არის გაიგივებული. სულისა და უკვდავების სიმბოლური მნიშვნელობით გვხვდება აკაცია ქრისტიანულ, განსაკუთრებით კი, დასავლეთ ევროპულ რომანულ ხელოვნებაში. ხმელთაშუაზღვისპირეთის ქრისტიანულ ქვეყნებში აკაცია უკვდავებისა და მორალური ცხოვრების ნიშანია.

ტრადიციის მიხედვით აკაცია ებრაელთა წმინდა ხეა. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ იესო ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი აკაციისგან იყო დაწნული. ამ მცენარის წითელი და თეთრი ყვავილები სიცოცხლისა და სიკვდილის განუყოფლობას განასახიერებენ.

ალი

ცეცხლი რელიგიური ვნების, აღმაფრენის სიმბოლოა. მოციქულების თავზე გამოსახული ცეცხლის ალი სულთმოფენობის სასწაულსა და დიდებას გამოხატავს. „ორმოცდამეათე დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას. და იქმნა მოულოდნელად ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ“ (საქმე 2:1-4).

ცეცხლი შესაძლოა სულიერ სწრაფვასაც გამოხატავდეს. ზოგჯერ ალი ჯოჯოხეთში მოხვედრილთა წამებას ასახავს: „მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის“ (მათ 25:41). წმინდანის ხელებში გამოსახული ცეცხლი რელიგიური ვნების სიმბოლიკაა. „როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ. მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის. უთხრეს ერთმანეთს: განა არ გიზგიზებდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს განგვიმარტავდა?“ (ლუკ 24:30-32).

0x01 graphic

GRECO, El
სულთმოფენობა
1596-1600, მანიერიზმი
ტილო, ზეთი, 275x127 სმ.
პრადო, მადრიდი

ალმოდებული ხანჯალი ღვთის განსჯის სიმბოლოა. იგი ცეცხლოვანი მახვილისა და იმ ანგელოზების გამოხატულებაა, რომლებიც ადამისა და ევას შერისხვის შემდეგ სამოთხის კარიბჭეს იცავდნენ. „და გააძევა მან ადამი და ედემის ბაღის აღმოსავლეთით დააყენა ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი სიცოცხლის ხისაკენ მიმავალი გზის დასაცავად“ (დაბ 3:24).

ალმასი

თავისი სიმკვრივისა და ციალის გამო ალმასი სიმტკიცის, ძლიერებისა და უხრწნადობის სიმბოლოდ არის მიჩნეული. ეს ძვირფასი ქვა მამა ღმერთის ბრწყინვალე საფარველს წარმოადგენს და ღვთიური სიბრძნის ნიშნია. შუა საუკუნეების გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ფიგურა, მისტიკური შრომების ავტორი ჰილდეგარდ ფონ ბინგენი (1098-1179) წერდა: „ეშმაკი მტრულად არის განწყობილი ამ ქვის მიმართ, ვინაიდან ალმასი წინააღმდეგობას უწევს მის ძალას“.

ანტიკური ხანისა და ადრეული ქრისტიანული პერიოდის „ფიზიოლოგუსის“ ტექსტების თანახმად, ალმასი აღმოსავლური ქვაა და მისი პოვნა მხოლოდ ღამით არის შესაძლებელი. ალმასი მაცხოვრის სიმბოლოდ ითვლება, ვინაიდან ქრისტე აღმოსავლევთში დაიბადა ღამით და ამქვეყნიური ძალები ამაოდ ცდილობდნენ მისთვის ვნების მიყენებას. წმინდა იერონიმუსის აზრით, ალმასის თვისებები ქრისტეს ღირსებებს შეესაბამება.

ალმასის სიმკვრივის გამოსაცდელად, მას გრდემლზე ათავსებდნენ და ჩაქუჩს ურტყამდნენ. ასე გამოიცდება ყოველი ადამიანი და არავინ უწყის, აღმოჩნდება თუ არა იგი ალმასივით მტკიცე. ძველი აღთქმის მიხედვით ალმასი გულადობის, მტკიცე გულისა და მყარი გადაწყვეტილების სიმბოლოა: „შენ სხეულს მე მივანიჭე ალმასის სიმტკიცე, რომელიც ქვაზე მაგარია; ნუ გეშინია მათი და ნუ შედრკები მათ წინაშე, რამეთუ ისინი განდგომილნი არიან“ (ეზეკ 3:8).

ალოე

ალოე წმიდა წერილში კეთილსურნელებითაა ცნობილი და მურსა და კასიასთან ერთად არის მოხსენებული: „მთელი შენი სამოსი - ვითარცა მური, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ“ (ფსალმ 44:9). იესო ქრისტეს გასაპატიოსნებლად ნიკოდემოსმა მოიტანა ნაზავი, რომელიც ალოესა და სმირნისგან შედგებოდა: „მოვიდა ნიკოდემოსიც, უწინ ღამით რომ ეწვია იესოს, და მოუტანა ასიოდე ლიტრა სმირნისა და ალოეს ნაზავი“ (იოან 19:39).

ალუბალი

ამ ხილს ქრისტიანები სამოთხის ხილს უწოდებენ. იგი კეთილი საქმის, სინაზის განსახიერებაა. ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ალუბალი ზოგჯერ ვაშლის მაგივრად იხმარება, როგორც კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი. ხშირად ყრმა ქრისტეს ალუბლით ხელში გამოსახავდნენ.

ალფა და ომეგა

ალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და უკანასკნელი ასოებია (ქართულში შეესაბამება ანი და ჰოე). ეს ორი ასო სიმბოლურად ღმერთს, როგორც ყოველივე არსებულის დასაწყისსა და დასასრულს გამოხატავს. „მე ვარ ანი და ჰოე, - ამბობს უფალი ღმერთი, - ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი“ (გამოცხ 1:8). ასოცირდებოდა წმინდა სამების პირველ და მეორე წევრებთან. ადრეულ ქრისტიანულ ხელოვნებაში იხმარებოდა Chi Rho მონოგრამასთან ერთად. ფართოდ იყო გავრცელებული აღორძინების პერიოდის ხელოვნებაში. ხშირად გამოისახებოდა წიგნის ყდაზე ან გადაშლილ წიგნზე, რომელიც მამა ღმერთს უჭირავს ხელში.

როგორც ჩანს, ალფა და ომეგას სიმბოლიკის პირველწყარო ესაიას ბიბლიური ტექსტია: „მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი“ (44:6). სიმბოლოს გამოსახულება ხშირად გვხვდება ქრისტიანულ საფლავებზე, რაც იმის აღმნიშვნელია, რომ გარდაცვლილი ღმერთში თავის დასაბამს და საბოლოო მიზანს ხედავდა. ხშირად, შუა საუკუნეების პერიოდის ხელოვნებაში ალფა და ომეგა უფლის შარავანდედის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ამშვენებდა.

ამაღლება

აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ელეონის მთაზე, ქრისტე თავისი მოწაფეების თვალწინ ზეცად ამაღლდა და ღრუბლებში გაუჩინარდა: „...და სანამ ისინი უყურებდნენ მას, ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალს. როცა ისინი ხედავდნენ მის ცად ამაღლებას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით. უთხრეს: გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესოა, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა ისევე, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ“ (საქმე 1:9-11).

0x01 graphic

BARTOLOMEO, Fra
მამა ღმერთი წმ. ეკაკატერინე
სიენელსა და მარიამ
მაგდალელთან ერთად
1509, აღორძინება
პანო, 361x236 სმ.
ნაციონალური პინაკოთეკა, ლუკა,
იტალია

მაცხოვრის ამაღლება არ იყო ზეცად ამაღლების ერთადერთი შემთხვევა, რომელმაც ვიზუალური სახე მიიღო. ხელოვნებაში ხშირად გვხვდება მარიამ ღვთისმშობლის (მიძინება), წინასწარტყველთა და წმინდანთა (ილია, მარიამ მაგდალელი) ამაღლების სიუჟეტები.

შუა საუკუნეებში, ბიზანტიურ და დასავლეთ ევროპის ეკლესიებში, იესო ქრისტეს ამაღლების თემაზე შექმნილმა გამოსახულებებმა ურთიერთ განსხვავებული ფორმები შეიძინა. აღმოსავლურ ხელოვნებაში სავალდებულო იყო ქრისტეს ანფასში გამოსახვა. ჩვეულებრივ, იგი შემოზღუდულია ნუშის ფორმის მანდორლით, რომელიც ზოგჯერ ანგელოზებს უჭირავთ. ამ ფრესკისთვის განკუთვნილი ადგილი ეკლესიის ცენტრალური გუმბათის ჭერი იყო. იკონოგრაფიაში ამაღლების ხატზე მაცხოვარი ზეციურ ტახტზე დაბრძანებული გამოისახება. ქრისტე წრეშია მოქცეული, იგი ანგელოზებს აჰყავთ ზეცაში. წრე მარადიულობის სიმბოლოა და ქრისტეს დიდების მარადიულობაზე მიგვითითებს.

0x01 graphic

GAROFALO
ქრისტეს ამაღლება
1510-20, აღორძინება
ტილო, ზეთი, 314x204,5 სმ.
ანტიკური ხელოვნების
ნაციონალური გალერეა, რომი

რომანული და გოტიკური პერიოდების ხელოვნებაში ქრისტეს ფიგურას უმეტესად პროფილში გამოსახავენ. ამაღლების სცენა მანდორლაშია ჩასმული და ეკლესიის დასავლეთ კედელზეა განთავსებული. მესამე ფორმა ქრისტეს ღრუბლებში გაუჩინარებას გამოსახავს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ღრუბლებს ქვემოთ მხოლოდ მაცხოვრის ფეხები მოჩანს. ამაღლების სამივე ვერსია აღორძინების ეპოქის ფერწერაში გამოიყენება.

„ამაღლების“ კომპოზიცია ორ, ზედა და ქვედა ნაწილად ანუ ცად და მიწად იყოფა. კომპოზიციის ცენტრალური ნაწილია ქერუბიმებით გარშემორტყმული ღრუბლებზე მდგარი ქრისტეს ფიგურა. ანგელოზები მანდორლის ფორმით არიან განლაგებული. ზოგჯერ ქრისტეს მარცხენა ხელში აღდგომის დროშა უჭირავს, ხოლო მარჯვენათი ლოცავს მოწაფეებს. კომპოზიციას მარჯვენა მხარეს აწონასწორებს ანგელოზების ფიგურები. შესაძლოა ისინი მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ. მიწაზე მოციქულები დგანან და ზეცაში ამაღლებულ ქრისტეს გაოცებით შეჰყურებენ ან მუხლმოდრეკილნი ლოცულობენ. მოციქულები შეიძლება იყვნენ თერთმეტნი. მათთან ერთად ფიგურირებს მარიამ ღვთისმშობელიც, დედაეკლესიის სიმბოლო, რომელიც ქრისტემ დედამიწაზე დატოვა. ღვთისმშობლის ხელმარჯვნივ გამოსახულია წმინდა პეტრე, გასაღებით ხელში, ხოლო ხელმარცხნივ წმინდა პავლე მახვილით. ეს ორი მოციქული სიმბოლურად ებრაელ ხალხსა და წარმართებს გამოხატავენ, ვინაიდან სწორედ პეტრესა და პავლეს გადაეცათ ქრისტიანული ეპისტოლეები. შესაძლოა კომპოზიციაში ფიგურირებდეს ორი ანგელოზი, რომლებიც ეცხადებიან მოციქულებს.

0x01 graphic

PERUGINO Pietro
ქრისტეს ამაღლება
1496-98, ადრეული აღორძინება
ტილო, ზეთი, 342x263 სმ
ხელოვნების მუნიციპალური
მუზეუმი, ლიონი

ბაროკოს პერიოდის ხელოვნებაში იგნორირებულია ამაღლების ფორმალური კომპოზიცია. აღარ ფიგურირებს მანდორლა. ამ ეპოქაში სიუჟეტი ჭერის დეკორისთვის გამოიყენება. მანდორლაში ჩახატული ღრუბელზე მდგარი ქრისტეს მოტივი, ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, აღორძინების პერიოდის იტალიური ფერწერა) ქრება იმ „სცენური რეკვიზიტიდან“, რომელიც იქმნებოდა ეპოქის თანამედროვე რელიგიური დრამების სცენაზე დასადგმელად. ეს თეატრალური დადგმები სრულდებოდა, როგორც საეკლესიო მსახურების ნაწილი. ამაღლების მსგავს „ხატებს“ ასწევდნენ და ჩამოსწევდნენ თოკების ან ჭოჭონაქების საშუალებით, რაც ტექნიკურად საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო.

ამეთვისტო

მრავალფეროვანი, ძირითადად მეწამული ფერის ძვირფასი ქვა. იოანე ღვთისმეტყველის „გამოცხადებაში“ ციური იერუსალიმისკენ აღმავალ პირამიდაზე ამ ქვას ქვედა საფეხური უკავია. „ქალაქის გალავნის საძირკვლები მოპირკეთებული იყო ყოველნაირი ძვირფასი ქვებით. პირველი საძირკველი იყო იასპი, მეორე - საფირონი, მესამე - ქალკედონი, მეოთხე - ზურმუხტი, მეხუთე - სარდონიქსი, მეექვსე - სარდიონი, მეშვიდე - ქრიზოლითი, მერვე - ბივრილი, მეცხრე - ტოპაზი, მეათე - ქრისოპრასი, მეთერთმეტე - იაკინთი, მეთორმეტე - ამეთვისტო“ (გამოცხ 21:19-20).

ამეთვისტო აარონის წმინდა შესამოსელის სამკერდულშიც იყო ჩასმული. იგი მესამე ქვაა მესამე მწკრივში: „და ჩასვეს მასში ქვათა ოთხი მწკრივი: მწკრივი ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა - ერთი მწკრივი. მეორე მწკრივი: ზურმუხტისა, საფირონისა და ალმასისა. და მესამე მწკრივი: იაგუნდისა, აქატისა და ამეთვისტოსი. და მეოთხე მწკრივი: ქრიზოლითისა, სარდიონისა და იასპისა, მოჩარჩოებული ოქროს ბუდეებით, თავიანთი მოჭედილობით“ (გამ 39:10-13).

ანგელოზი

ანგელოზი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მაცნეს“, „მაუწყებელს“. იგი ადამიანებთან ღმერთის სიახლოვისა და სიფხიზლის სიმბოლოა. ძველი აღთქმის მიხედვით ანგელოზები ღმერთის მიერ შექმნილი სულიერი არსებები არიან, რომლებიც ადამიანებს ღვთის ნებას აცნობენ და მიწაზე უფლის ბრძანებებს ასრულებენ. ახალ აღთქმაში ანგელოზები იესო ქრისტესა და მის ეკლესიას ემსახურებიან. ისინი ეცხადებიან ადამიანებს და ღვთის ნებას აუწყებენ, ხელს უმართავენ და წინამძღვრობენ კეთილ საქმეში. ანგელოზებმა ახარეს ქვეყანას მაცხოვრის შობა, მისი აღდგომა, მეორედ მოსვლის გარდუვალობა და ა.შ. „წარმოიგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი, ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან, და ქალწულის სახელი იყო მარიამი. და შევიდა მასთან და უთხრა: გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის“ (ლუკ 1:26-28). ღმერთმა ანგელოზები ხილული სამყაროს შექმნამდე გააჩინა. ისინი სულიერი და უსხეულო არსებები არიან. მათთვის არ არსებობს ადამიანებისთვის დამახასიათებელი სივრცული დაბრკოლებები. ანგელოზთა რიცხვი უთვალავია და იყოფა დასებად. პირველად ამის შესახებ პავლე მოციქული გვამცნობს: „...მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და მიწაზეა, ხილული და უხილავი: საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი“ (კოლ 1:16). ქრისტიანული თეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ფსევდოდიონისე არეოპაგელის ტრაქტატის „ციური იერარქიის შესახებ“ თანახმად, ანგელოზები სამ იერარქიად იყოფიან, რასაც ღმერთთან მეტ-ნაკლები სიახლოვის ფაქტორი განაპირობებს.

0x01 graphic

ANGELICO, Fra
ანგელოზი (დეტალი)
1433, ადრეული აღორძინება
ტემპერა, მერქანი, სიგანე: 20 სმ.
სან მარკოს მუზეუმი,
ფლორენცია

უმაღლესი იერარქია: სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარნი. სერაფიმები ღმერთისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და თაყვანისცემით არიან გამსჭვალულნი. უფლის ტახტი მათ უშუალო გარემოცვაში იმყოფება. სერაფიმებს, როგორც ღვთიური სიყვარულის წარმომადგენლებს, წითელი ფრთები აქვთ და ხელში ანთებული სანთლები უჭირავთ. ქერუბიმებს, როგორც ღვთიური სიბრძნის წარმომადგენლებს, მოყვითალო, ოქროსფერ და ლურჯ ტონებში გამოსახავენ. ზოგჯერ, მათ ხელში წიგნი უკავიათ. საყდართ უფლის ტახტი უჭირავთ და ღვთიურ სამართალს განასახიერებენ. მათ ხშირად მოსამართლის მანტიითა და ძალაუფლების კვერთხით გამოსახავენ.

0x01 graphic

BRUEGEL, Pieter the Elder
განდგომილი ანგელოზის დაცემა
1562, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, მუხის მერქანი, 117x162 სმ.
ხელოვნების სამეფო მუზეუმი,
ბრიუსელი

საშუალო იერარქია: ხელმწიფებანი, უფლებანი, ძალნი. ისინი ციურ მნათობებსა და სტიქიას განაგებენ. ხელმწიფებანი ატარებენ გვირგვინსა და კვერთხს, როგორც ძალაუფლების სიმბოლოებს, და ღმერთის ძალაუფლებას განასახიერებენ. უფლებანი, როგორც ბოროტ ძალებზე გამარჯვებულები, ხშირად საომარ აბჯარში არიან შემოსილნი. ძალთა ხელში თეთრი შროშანი ან ზოგჯერ უფლის ვნებათა სიმბოლო, წითელი ვარდები უპყრიათ.

უმდაბლესი იერარქია: მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი. ამ იერაქიის საშუალებით ხორციელდება კონტაქტი ღმერთის მიერ შექმნილ ქვეყნიერებასთან და ადამიანთან. მთავრობანი ხალხთა ბედიღბალს განაგებენ, მთავარანგელოზები ციურ მეომრებს წარმოადგენენ, ხოლო ანგელოზები - უფლის მიერ ადამიანთან გამოგზავნილ მაცნეებს.

0x01 graphic

ABADIA, Juan de la
მთავარანგელოზი მიქაელი
დაახ. 1490, ადრეული აღორძინება
მერქანი, 127x78 სმ.
კატალონიის ხელოვნების
ნაციონალური მუზეუმი,
ბარსელონა

თითოეული ქვემო დასი ღვთიურ ნათელს მხოლოდ ზემდგომი გუნდის მეშვეობით ეზიარება. ღმერთი თავის ნებასა და სათქმელს პირველად სერაფიმებს აუწყებს, სერაფიმები - ქერუბიმებს, ქერუბიმები - საყდართ, საყდარნი - ხელმწიფებათ, ხელმწიფებანი - უფლებათ, უფლებანი - ძალთ, ძალნი - მთავრობათ, მთავრობანი - მთავარანგელოზთ, მთავარანგელოზნი - ანგელოზთ, ანგელოზნი კი - ადამიანებს. ასე შეიქმნა ბიბლია და ასე შეიმოსა მადლით წუთისოფელი. სამების ერთ-ერთი წევრი, სულიწმიდა სწორედ ანგელოზთა იერარქიული კიბის მეშვეობით უკავშირდება წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს. 653 წელს, კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ დაგმო მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ანგელოზები ერთნაირი ბუნებისა და ძალისანი გააჩინა უფალმა.

თავდაპირველად ღმერთმა მხოლოდ კეთილი ანგელოზები შექმნა და მიმადლა თავისუფალი ნება, არჩევანის უფლება. ზოგიერთმა მათგანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფლება, ღვთის საწინააღმდეგო გზას დაადგა, რასაც შედეგად დაცემა, მადლის აყრა და წყევლა მოჰყვა. ესენი არიან დემონები ანუ ბოროტი ანგელოზები - ეშმაკები, რომელთა ერთადერთი მიზანია „ვარდნარის წიაღ ეკლისა და ღვარძლის დათესვა“.

უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თითოეულ ადამიანს, ერს და ქალაქს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს. ხელოვნებაში ანგელოზის თანმხლები ატრიბუტებია საყვირი, ქნარი, მახვილი, საცეცხლური, არგანი ან კვერთხი. მთავარანგელოზის გამოსახულება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა ყველა დროის ქრისტიანულ ხელოვნებაში.

ანკი

ანკი სიცოცხლის და სულიერი აღორძინების ძველეგვიპტური გამოხატულებაა. ქრისტიანების მიერ მარადიული არსებობის ან უკვდავების სიმბოლოდ იქნა მიღებული. ქრისტიანობის კოპტურ პერიოდში მარყუჟიანი ჯვარი ეგვიპტეში გამოიყენებოდა მარადიული ცხოვრების სიმბოლოს სახით, რომელიც ადამიანს მაცხოვრის მოწამებრივი სიკვდილის წყალობით ებოძა. ანკი ფორმით გასაღებს წააგავს, ამიტომ ხშირად „ნილოსის გასაღებს“ ან „სიცოცხლის გასაღებს“ უწოდებდნენ. უკანასკნელ პერიოდში იგი სხვადასხვა ეზოტერიკული დაჯგუფებების სიმბოლოდ იქცა.

0x01 graphic

ქვაზე ამოკვეთილი ანკის
ძველეგვიპტური გამოსახულება

ანკის პირველადი მნიშვნელობა საკამათოა. შესაძლოა იგი მხოლოდ მაგიურ მარყუჟს წარმოადგენდა. იეროგლიფის მნიშვნელობით ანკი „სიცოცხლეს“ ნიშნავს, ხოლო როგორც სიმბოლო, მარადიული სიცოცხლის გამოხატულებაა. ჯვრის მსგავსი ფორმის გამო ამ ნიშანმა ქრისტიანულ-კოპტურ სიმბოლიკაში დაიმკვიდრა ადგილი.

ანტიქრისტე

ქრისტეს მოწინააღმდეგე და სატანის მოციქული. გადმოცემის თანახმად იგი უფლის სამსჯავროს დადგომის წინ უნდა გამოჩნდეს და დედამიწაზე არსებული მთელი ბოროტება ქრისტიანული ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა მიმართოს. პავლე მოციქული ანტიქრისტეს „ურჯულოების კაცს“ უწოდებს, ქვაზე ამოკვეთილი ანკის ძველეგვიპტური გამოსახულება რომლის მოსვლა სატანის მოქმედებით არის, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით, და უსამართლობის ყველა საცდურით“ (2თეს 2:9-10). იგი იერუსალიმის ტაძარში დამკვიდრდება, „როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს“ (2თეს 2:4). ანტიქრისტეს ძალაუფლება სამი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ვიდრე ღრუბლებში მაცხოვარი გამოჩნდება და ბოროტების მოციქულს ცეცხლოვან ქვესკნელში შთანთქავს. შუა საუკუნეების მოაზროვნეები (ნეტარი ანგუსტინე, თეოდორ კიროსელი, პაპი გრიგოლ დიდი) ძველი და ახალი აღთქმების ტექსტებზე დაყრდნობითა და წინასწარმეტყველებათა კომბინირებით ცდილობდნენ ანტიქრისტეს ცხოვრების სრული სიუჟეტი ჩამოეყალიბებინათ. ვარაუდობდნენ, რომ იგი წარმოშობით იუდეველი დანის ტომიდან იქნება, ხოლო დაიბადება ბაბილონში, ვინაიდან, გადმოცემის თანახმად, დანის შთამომავლები სწორედ ბაბილონში წავიდნენ საცხოვრებლად. ანტიქრისტეს მეძავი ქალი შობს, თუმცა იგი ყველას ქალწული ეგონება. ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით ომში სამ მეფეს (ეგვიპტის, ლიბიისა და ეთიოპიის) დაამარცხებს, გახდება მსოფლიოს მბრძანებელი, თავს ღმერთად გამოაცხადებს, წაბილწავს ქრისტიანულ ტაძრებს და თავად იმ დროისათვის აღდგენილ იერუსალიმის ტაძარში დაჯდება. მართლმორწმუნეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ზეთისხილის მთას შეაფარებს თავს. როდესაც დრო დადგება, მისი არმიის განადგურება დილის ცხრა საათზე დაიწყება და საღამომდე გასტანს. ხეობა ზეთისხილის მთასა და იერუსალიმს შორის სისხლით მოირწყვება. ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, ქრისტესგან თავის დაღწევისა და გადარჩენის მიზნით, ანტიქრისტე მაღალ მთაზე ავა და შემდეგ ძირს გადაეშვება.

0x01 graphic

SIGNORELLI, Luca
ანტიქრისტეს ქადაგებები და
მოქმებედები
1499-1502, ადრეული აღორძინება
ფრესკა
ორვიეტოს ტაძარი, ლუკა,
იტალია.

იკონოგრაფიული ტრადიცია მაქსიმალურად აახლოებს ანტიქრისტეს იერს ქრისტეს გარეგნობასთან. ამავე დროს, სატანის მოციქულის სახეზე აღბეჭდილია ამპარტავნული, უსიცოცხლო და სასოწარკვეთილი გამომეტყველება (ლუკა სინიორელის ფრესკები ქალაქ ორვიეტოს ტაძარში, იტალია. XV და XVI საუკუნეები).

არგანი (კვერთხი)

არგანი „კეთილი მწყემსის“ ატრიბუტს წარმოადგენს (იესო ქრისტე, როგორც „მწყემსი კეთილი“).

ეპისკოპოსის კვერთხი ბოლოში ჯვრითაა შემკული. იგი საზეიმო პროცესიების დროს მოაქვთ პატრიარქებისა და არქიეპისკოპოსების წინ. თავდაპირველად კვერთხის ბოლოზე აღმართული ჯვარი ორი განივი ძელით იყო შემკული, ხოლო მოგვიანებით მხოლოდ ერთი ძელით. რომის პაპის კვერთხს სამი განივი ძელი აქვს. ასეთი კვერთხი პეტრე მოციქულის ატრიბუტს წარმოადგენს. ბეჭდებიანი კვერთხი ეპისკოპოსის ძალაუფლებასა და ავტორიტეტს გამოხატავს. ღვთისმსახურის მარცხენა ხელში გამოსახული კვერთხი კარდინალის, არქიეპისკოპოსის, ეპისკოპოსის ან აბატის ხარისხზე მიუთითებს. საეკლესიო სიმბოლიკაში კვერთხი პასტორის ატრიბუტის და რწმენის სიმბოლოა.

0x01 graphic

LE BRUN, Charles
მწყემსების თაყვანისცემა
1689, ბაროკო
ზეთი, ტილო, 151x213 სმ.
ლუვრი, პარიზი

მწყემსის არგანი ზედა ბოლოში მოხრილია და კავის ფორმა აქვს. რელიგიურ ხელოვნებაში იგი ქრისტეს („მწყემსი კეთილი“) გამოხატავს. არგანი ერთ-ერთი საჩუქარი იყო, რომელიც მწყემსებმა იესო ქრისტეს მიართვეს შობის ღამეს.

სხვა საგნებთან ერთად ან ცალკე გამოსახული მწირის არგანი, იმ წმინდანთა ატრიბუტად იხმარება, რომლებიც მომლოცაობით იყვნენ განთქმულნი. მწირის არგანი წმინდა იოანე ნათლისმცემლის ატრიბუტია.

არგანთან დაკავშირებული სამყაროს შექმნისა და ნაყოფიერების სიმბოლიკა ნათლად ჩანს ძველ აღთქმაში. ლევიანთა მოდგმისადმი ღმერთის კეთილგანწყობის ნიშნად აარონის (მოსეს ძმა) კვერთხი აყვავდა, რითაც დადასტურდა ისრაელის მღვდელმთავრის, აარონის უფლებები (რიცხ 17).

არწივი

არწივი აღდგომის სიმბოლოა. მის მნიშვნელობას საფუძვლად უდევს უძველესი ლეგენდა. არწივს პერიოდულად გაახალგაზრდავება შეეძლო. ამ მიზნის მისაღწევად ძალიან ახლოს მიფრინდებოდა მზესთან, ხოლო შემდეგ ტბაში ან ჩანჩქერში შურდულივით ჩაყვინთავდა. არწივის სწრაფვამ განახლებისკენ გამოხმაურება ჰპოვა ფსალმუნებშიც: „...ორბივით განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა“ (102:5). ხშირად ეს ფრინველი ქრისტიანის სულს და იმ ახალ ცხოვრებას განასახიერებს, რომელიც ნათლობის ემბაზიდან იწყება. „ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ, ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები...“ (ეს 40:31). არწივს შესწევს ძალა, რომ ნარნარით იფრინოს თვალუწვდენელ სიმაღლეზე და თვალი გაუსწოროს შუადღის მხურვალე მზეს. ამ თვისებებმა იგი ქრისტეს სიმბოლოდ აქცია.

0x01 graphic

VERHAEGEN, Theodor
იოანე მახარებელი
1736, ბაროკო
მერქანი
მეხელენი, ჰოლანდია

საყოველთაოდ ცნობილია ეზეკიელ წინასწარმეტყველის ხილვა: „და მის შიგნიდან გადმოვიდნენ მსგავსნი ოთხი ცხოველისა... შესახედაობა მათი სახისა: სახე ადამიანისა და სახე ლომისა ოთხივეს ჰქონდა მარჯვნივ და სახე ხარისა - ოთხივეს მარცხნივ, და სახე არწივისა ჰქონდა ოთხივეს“ (ეზეკ 1:5,10). ეზეკიელის ამ ხილვამ საფუძველი ჩაუყარა ოთხი მახარებლის სიმბოლიკას. აღნიშნული ოთხი ცხოველიდან წმინდა იოანეს სიმბოლოდ მიჩნეულია არწივი, რადგან იოანე მახარებელმა მაცხოვრის ღვთიურ ბუნებაზე განსჯის საკითხში წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია.

აფთარი

აფთარი სიბინძურის, სიძუნწისა და სიმხდალის სიმბოლოა. მისი ბერძნული სახელწოდებაა ჰყს, რაც ქართულად „ღორს“ ნიშნავს. აფთარი ღამის ცხოველია და ამიტომ, შეიძლება საიდუმლოს გამოსახატავადაც იხმარებოდეს. ეს ცხოველი სიბრძნისა და ნიჭიერების სიმბოლოდაც იხმარებოდა, მაგრამ მუდმივი ღამეული ხარხარის გამო მისი სიბრძნე ფალსიფიცირებული და წაბილწულია. ყოვლის მცოდნე ღმერთთან შედარებით ბრძენი აფთარი ბრიყვია და განასახიერებს ადამიანის სიბრძნის არარაობას ღმერთთან შედარებით: „რადგან უგნურება ღვთისა ადამიანებზე უბრძნესია, და უძლურება ღვთისა - ადამიანებზე უძლიერესი“ (1კორ 1:25).

აფთი

აფთი საბრძოლო იარაღია, რომლის ხის ტარზეც ჩამოცმულია ნაჯახი. ეს იარაღი ევროპაში გავრცელებული იყო XV-XVII საუკუნეებში. შუბის მსგავსი ეს იარაღი წმინდა იუდასა (თადეოზი) და მათე მახარებლის ატრიბუტს წარმოადგენს. წმინდა იუდა წმინდა სიმონთან ერთად მოგზაურობის დროს აფთით იქნა მოკლული.

0x01 graphic

GRECO, El
წმ. თადეოზ (იუდა) მოციქული
1610-14, მანიერიზმი
ზეთი, ტილო, 97ხ77 სმ.
ელ გრეკოს მუზეუმი, ტოლედო

აფთი გამოიყენება ჰერალდიკაშიც. იგი ტობოსის გერბზე ფიგურირებს.

აქატი

ადრეული ქრისტიანული პერიოდის ტექსტი „ფიზიოლოგუსი“ მოგვითხრობს, რომ მარგალიტების მომპოვებლები თოკზე აქატის ნატეხს გამოაბამდნენ და ზღვაში ისროდნენ. მათი რწმენით აქატი პირდაპირ მარგალიტთან დაეცემოდა ზღვის ფსკერზე. ეს მინერალი წმინდა იოანე ნათლიმცემლის ნიშანია. იოანემ მისკენ მომავალი იესოს დანახვისას თქვა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა“ (იოან 1:29), რითაც ადამიანებს სულის მარგალიტები „დაუმოწმა“.

შუა საუკუნეებში ვარაუდობდნენ, რომ აქატის ტარება ავგაროზის ან სამკაულის სახით ადამიანს მახვილგონიერებასა და მჭერმეტყველებას ანიჭებდა.

აქლემი

აქლემს დიდი ხანი შეუძლია გაძლოს უწყლოდ. ამ თვისების გამო ეს ცხოველი თავშეკავების სიმბოლოა. აღმოსავლეთში იგი სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა და არა მხოლოდ საპალნე ცხოველის ფუნქციას ასრულებდა, არამედ მეუფებისა და დიდების ნიშანსაც ატარებდა. ტვირთი, რომელსაც აქლემი ეზიდებოდა, საკმაოდ დიდი თანხა ღირდა. აღორძინების ეპოქის ხელოვნებაში აქლემის ფიგურა ბიბლიის აღმოსავლური სიუჟეტების გამოსახატავად გამოიყენებოდა. მაგალითად, შობის ღამეს ყრმა ქრისტეს თაყვანსაცემად აღმოსავლეთიდან ბეთლემში მოსული მოგვები. აქლემის ბეწვი იოანე ნათლიმცემლის უცილობელი სიმბოლოა: „იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა“ (მარკ 1:6).

აქლემი ორ მეტრზე მაღალია და თითქმის 1500 ფუნტს იწონის, რის გამოც დიდი ზომის არსებების სიმბოლოდ არის მიჩნეული. ძველად, აქლემი სიმდიდრის ნიშანს წარმოადგენდა. აღორძინების ეპოქაშიც კი, ამ ცხოველების მდიდრული მორთულობა კეთილდღეობასა და წარმატებას გამოხატავდა. ხელოვნებაში ხშირად გამოსახავენ სამ ბრძენს, რომლებიც აქლემებით მიდიან ბეთლემში. ამ სიუჟეტში ეს ცხოველები მუხლებზე დგებიან, რათა თაყვანი სცენ ყრმა იესოს. ლეგენდის მიხედვით ბრძენ მოგვთა აქლემები საკვების, წყლისა და დასვენების გარეშე მიდიოდნენ თორმეტი დღის განმავლობაში, რათა დროზე ჩასულიყვნენ ბეთლემში და თაყვანი ეცათ ყრმა იესოსთვის.

0x01 graphic

GIOTTO di Bondone
მოგვების თაყვანისცემა
1310, შუა საუკუნეები
ფრესკა, ჩრდილოეთის
ტრანსეპტი, ქვედა ეკლესია,
სან ფრანჩესკო, ასიზი

0x01 graphic

GIOTTO di Bondone
N18, სცენები ქრისტეს ცხოვრებიდან:
2. მოგვების თაყვანისცემა
1304-06
ფრესკა, 200ხ185 სმ.
არენის კაპელა, პადუა

მაცხოვარი შეუძლებლად მიიჩნევდა მდიდარი ადამიანის ცის სასუფეველში დამკვიდრებას და თავისი დასკვნის დამადასტურებელ მეტაფორად აქლემს იყენებდა: „კიდევ გეუბნებით თქვენ: უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში“ (მათ 19:24).

ქრისტიანებისთვის ჯადოსნური აქლემი საშობაო ემბლემას წარმოადგენს.

აღდგომა

სიკვდილიდან მესამე დღეს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი დოგმატია. მაცხოვრის მიწაზე დაბრუნების მომენტის მოწმეები არ არსებობენ, არავის უნახავს აღდგომის წამი. ამიტომ, აღდგომიდან ორმოცი დღის განმავლობაში მაცხოვარი მიწაზე რჩება, და მკვდრეთით აღმდგარი ეცხადება იმ ადამიანებს, ვისთვისაც ის მართლა ძვირფასია. ყველამ უნდა ირწმუნოს, რომ სიცოცხლესთან ბრძოლაში სიკვდილი დამარცხდა. ამ მიზეზით, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს გამოცხადებები რელიგიური ხელოვნების უმნიშვნელოვანესი თემები გახდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში ეკლესია გაურბოდა აღდგომის სიუჟეტის გამოსახვას, რომლის აღწერა არ არის გადმოცემული წმინდა წერილში.

აღმოსავლეთის ეკლესიაში არ არსებობს აღდგომის წამის (მომენტის) ხატი. თვით აღდგომის ხატი გამოსახავს ჯოჯოხეთიდან ტყვეების გათავისუფლებას. აღდგომა იწყება ჯოჯოხეთიდან, ღმერთისგან ყველაზე დაშორებული ადგილიდან, რათა არ დარჩეს არც ერთი წერტილი, რომელსაც მაცხოვარი არ აღავსებს თავისი სიკეთით. იესო გაივლის სიკვდილის გზას, რათა სიკვდილი აღარ იყოს საშიში და საბედისწერო ადამიანებისთვის.

0x01 graphic

CARAVAGGIO
ურწმუნო თომა
1601-02, ბაროკო
ზეთი, ტილო, 107x146 სმ.
სანსოუცი, პოტსდამი

დასავლეთის ეკლესიის ხელოვნებაში აღორძინების ეპოქამდე (უფრო ზუსტად, ჯოტომდე), რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ მოიპოვება ამ სიუჟეტზე შექმნილი რაიმე პლასტიკური გამოსახულება. აღდგომა იყო ქრისტეს დაბრუნება დედამიწაზე. ეს დეტალი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ვინაიდან არსებობს აღდგომის თემის ერთი სიუჟეტი, რომელიც XIV-XV საუკუნეების იტალიურ ფერწერაში გვხვდება: მანდორლაში ჩახატული ქრისტეს ფიგურა ჰაერშია გამოსახული, რაც ამაღლების თემაა და არა აღდგომის. გვიანი შუა საუკუნეების რენესანსის პერიოდის ფერწერაში დომინირებს მაცხოვრის გამოსახულება, რომელიც ფეხზე დგას და წითელჯვრიანი აღდგომის დროშა უჭირავს ხელში ან თავღია სარკოფაგიდან მთელი ტანითაა წამომართული. ტრიდენტის საეკლესიო კრებამ დაგმო როგორც ღია სარკოფაგის გამოსახულება, ასევე მასზე მთელი ტანით წამომართული ფიგურა. ამიტომ, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან ხელოვნების ნაწარმოებებში ქრისტე დახურული კუბოს წინ დგას.

0x01 graphic

ჯოჯოხეთიდან ტყვეების გათავისუფლება
XV საუკუნის მეორე ნახევარი
ხატი, 89,5x59,5 სმ.
ნოვგოროდი, რუსეთი

მაცხოვრის მიწაზე დაბრუნების მომენტის მოწმეები არ არსებობენ. სახარებებში მოთხრობილია მხოლოდ აღდგომის შემდგომი მოვლენები. უპირველეს ყოვლისა, პეტრეს მიერ ნანახი ცარიელი სამარხი, სადაც მან ტილოები და ცარიელი სუდარა იპოვა. სამარხიდან გადაგორებული ქვა, რომელზეც თეთრ სამოსიანი ჭაბუკი იჯდა. ქრისტეს აღდგომის შესახებ მოლაპარაკე ანგელოზი (მათე) თუ ორი ანგელოზი (ლუკა). მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ეცხადება თავის მიმდევრებს. გადმოცემის თანახმად, აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე პირველად მარიამ ღვთიმშობელს გამოეცხადა. ეს თქმულება არ დასტურდება სახარების ტექსტებით, მაგრამ ამ ფაქტს იზიარებენ როგორც მართლმადიდებელი, ასევე კათოლიკური ეკლესიების ტრადიციები.

აღდგომის სანთლები

აღდგომის სანთლები ორმოცი დღის განმავლობაში ანთია, იესო ქრისტეს აღდგომის დღიდან მაცხოვრის ზეცაში ამაღლებამდე. ისინი სიმბოლურად ქრისტეს მიერ მოწაფეებთან გატარებულ ორმოც დღეს გამოხატავენ. ამაღლების დღესასწაულზე, აღდგომიდან მეორმოცე დღეს, სანთლებს აქრობენ. ჩამქრალი აღდგომის სანთლები იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან განშორების სიმბოლოა. გარდა ამისა, აღდგომის სანთლები მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ნათელსა და ახალ სიცოცხლეს გამოხატავს.

ახალი მთვარე

ახალმთვარეობის დღესასწაულებს გამორჩეული ადგილი უჭირავთ ძველ აღთქმაში. ისინი მსხვერპლშეწირვის განსაკუთრებული რიტუალებით გამოირჩეოდნენ და საყვირის ხმის თანხლებით მიმდინარეობდნენ: „ჩაჰბერეთ ახალმთვარობაზე ბუკს, სრულმთვარობაზე, ჩვენი დღესასწაულის დღეს“ (ფსალმ 80:4). პავლე მოციქული ამბობს, რომ ახალი მთვარის დღესასწაულებს მხოლოდ დროებითი მნიშვნელობა ჰქონდათ და ამიტომ, იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლასთან ერთად მათი ჩატარება უნდა შეწყდეს: „ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმელისა თუ სასმელისათვის, ან რაიმე დღესასწაულისათვის ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისათვის. ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი - ქრისტესი“ (კოლ 2:16:17).

3

▲ზევით დაბრუნება


ბაბილონის გოდოლი

ბაბილონის გოდოლი ანუ კოშკი ადამიანის თავხედური ქედმაღლობის მითიური სიმბოლოა. წარღვნის შემდეგ „ჰქონდა მთელ ქვეყანას ერთი ენა და ერთი სიტყვა...“ (დაბ 11:1). სემის შთამომავლები დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, იპოვეს ველი და იქ დამკვიდრდნენ. გააკეთეს აგურები, გამოწვეს ცეცხლში და თქვეს: „მოდი, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თავიც ზეცას მიწვდება“ (დაბ 11:4). გადიდგულებული ადამიანების დასაოკებლად ღმერთმა მათი ენები ისე აღრია, რომ ხალხს აღარ ესმოდა ერთმანეთის, გაფანტა უფალმა ისინი მთელ დედამიწაზე და „მათ შეწყვიტეს ქალაქის შენება“ (დაბ 11:8). თეოლოგები ფიქრობენ, რომ ბაბილონის გოდოლის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ნიმროდი, ბაბილონის ლეგენდარული დამპყრობელი (ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეული).

0x01 graphic

BRUEGEL, Pieter the Elder
ბაბილონის გოდოლი
1563, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, მუხის მერქანი, 114x155 სმ.
ხელოვნების ისტორიის მუზეუმი,
ვენა

ქრისტიანულ ხელოვნებაში კოშკი შეიძლება კენწეროსკენ სპირალურად მიმავალი გზის სახით ან თანმიმდევრული იარუსების სახით იყოს გამოსახული. ყოველი მომდევნო იარუსი უფრო ვიწროა, ვიდრე მისი წინამორბედი. ნიმროდი ზოგჯერ მშენებლებს ხელმძღვანელობს, რომლებიც აგურებსა და სამშენებლო ხსნარს ეზიდებიან. ენების აღრევის იდეა ფერწერულ ტილოებზე გადმოცემულია სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა გამოსახულებების საშუალებით.

ბაბუაწვერა

ბაბუაწვერა მწუხარების ტრადიციული ქრისტიანული სიმბოლოა. ამ ლამაზი მცენარის ხილვა შეიძლება შუა საუკუნეების ფლამანდიელი და გერმანელი მხატვრების ფერწერულ ტილოებზე, რომლებზეც გამოსახულია იესო ქრისტეს ჯვარცმა. ბაბუაწვერა მაცხოვრის ვნებების მონათესავე სხვა სიუჟეტებშიც ფიგურირებს. მაგალითად, „Noli me tangere“ (ლათ. „არ შემეხო მე“)და წმიდა ვერონიკა (უცნობი მხატვარი, სახელმწიფო სამხატვრო გალერეა, ფრანკფურტი).

0x01 graphic

GIOTTO di Bondone
სცენები მარიამ მაგდალელის
ცხოვრებიდან: „Noli me tangere“
დაახ. 1320, შუა საუკუნეები
ფრესკა
მაგდალელის კაბელა,
ქვედა ეკლესია, სან ფრანჩესკო,
ასიზი

ბაბუაწვერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე „მწარე ბალახი“ (გამ 12:8), ქრისტეს ვნებების სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამ მნიშვნელობით ფიგურირებს ეს მცენარე მარიამ ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ამსახველ ფერწერულ ტილოებზე. ისრაელში და ზოგიერთ სახვა ქვეყანაში ბაბუაწვერას საკვების მოსამზადებლად იყენებენ.

ბავშვი

ბავშვის დამახასიათებელი თვისებებია სისპეტაკე, პოტენციური შესაძლებლობები, უმანკოება, გულწრფელობა. აქედან გამომდინარე, ბავშვი ბუნებრივი, პირველადი მდგომარეობისა და გულადობის სიმბოლოა. მხარზე შემოსმული ბავშვი წმინდა ქრისტეფორეს გამოხატავს, ხელში აყანილი ბავშვი - წმიდა ვინსენტ დე პოლს, ხოლო ხელში აყვანილი ყრმა ქრისტე - წმინდა ანტონს. გულმოწყალება, პერსონიფიცირებულია ქალის სახით, რომელიც ძუძუს აჭმევს ბავშვს.

0x01 graphic

RIBERA, Jusepe de
წმ. ქრისტეფორე
1637, ბაროკო
ზეთი, ტილო, 127x100 სმ.
პრადო, მადრიდი

ხელოვნებაში ბავშვი შეიძლება მისტიკური ცოდნის, გულწრფელი რწმენის სიმბოლო იყოს. ქრისტეს მიაჩნდა, რომ ბავშვებს თვინიერების წყალობით შეუძლიათ ცის სასუფევლის დამკვიდრება. „თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“ (მათ 18:3).

ბაირაღი (ალამი)

აფრიალებული თეთრი ბაირაღი, რომელზეც წითელი ჯვარია გამოსახული, აღდგომის დროშა და გამარჯვების ქრისტიანული სიმბოლოა. დროშის პირველწყაროს წარმოადგენს ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინეს ხილვა. მან ბრძოლის წინ ღრუბლებში დროშა იხილა, რომელზეც გამოსახული იყო ჯვარი და წარწერა „ამით გაიმარჯვებ“. იმპერატორმა ბრძანება გასცა მის დროშაზე ჯვარი გამოესახათ და ამ დროშით წარუძღვა წინ ჯარს. გამარჯვების შემდეგ კონსტანტინე ქრისტიანულად მოინათლა.

ქრისტიანულ ხელოვნებაში ღვთის კრავი (Agnus Dei) ხშირად წითელჯვრიან დროშასთან ერთად ფიგურირებს, რაც სიმბოლურად გამოხატავს იესო ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებას, რომელიც მაცხოვარმა ბნელეთის ძალებთან ბრძოლაში მოიპოვა.

ქრისტეს ხილვა ბაირაღთან ერთად მხოლოდ აღდგომის ან გამოცხადების ამსახველ სცენებშია შესაძლებელი. ალმით ხელში ზოგჯერ იოანე ნათლისმცემელსაც გამოხატავენ. იოანეს დროშაზე გამოსახულია ჯვარი ან ლათინური სიტყვები „Esse Agnus Dei“ („აჰა, ღვთის კრავი“). ბეთანიაში, იორდანეს გადაღმა, იოანემ იხილა მისკენ მომავალი იესო და თქვა: „აჰა ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა“ (იოან 1:29).

დროშა წმინდა მეომართა ემბლემასაც წარმოადგენს. ალმით ხელში გამოხატავდნენ მიქაელ მთავარანგელოზსაც, რომელმაც ამბოხებული ლუციფერი დაამარცხა. წითელჯვრიანი დროშა წმინდა გიორგი კაპადოკიელის ატრიბუტია. ბაირაღი ეკლესიის წმიდა დროშას გამოხატავს, რომელიც დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობის დროს გამოიყენება. იგი მართლმადიდებლობის გამარჯვების სიმბოლოა.

0x01 graphic

UNKNOWN MUSTER, Flamish
აღდგომა
დაახ. 1400, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ტემპერა მერქანზე, 33,1x21,2 სმ.
ვან დერ ბერგის მუზეუმი,
ანტვერპენი

0x01 graphic

GONZALES Y SERRANO
Bartolome
წმ. იოანე ნათლისმცემელი
მანიერიზმი
ზეთი, ტილო, 150x90 სმ.
ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი

ბარძიმი

ბარძიმი ძვირფასი ლითონისგან (ოქრო, ვერცხლი) დამზადებული მაღალფეხიანი სასმისია, რომელშიც ზიარების საიდუმლოს აღსრულების დროს ღვინო იესო ქრისტეს სისხლად გარდაიქმნება. აქედან გამომდინარე, ბარძიმი წმინდა ზიარებისა და ცოდვების მიტევების სიმბოლოა, ვინაიდან ადამიანების ცოდვები ქრისტემ იტვირთა და გამოისყიდა ჯვარზე დაღვრილი სისხლით. ბარძიმის პირველსახე ის ღვინიანი სასმისია, რომელსაც საიდუმლო სერობის დროს მაცხოვარმა მადლი შესწირა: „აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის“ (ლუკ 22:17).

0x01 graphic

HEEM, Jan Davidsz
ევქარისტია თავთავების
გვირგვინით
1648, ბაროკო
ზეთი, ტილო, 138x125,5 სმ.
ხელოვნების ისტორიის მუზეუმი,
ვენა

ხელოვნებაში ბარძიმი ძირითადად ევქარისტიის საიდუმლოს ამსახველ სცენებში და ნატურმორტებში გვხვდება. ხშირად გამოსახავენ ფეშხუმთან (დაბალფეხიანი თეფში, რომელზეც აწყობენ ტარიგს - ნაკვეთ სეფისკვერს) ერთად, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს იესო ქრისტეს საფლავს და ბაგას, სადაც მარიამ ღვთისმშობელმა დააწვინა იესო შობის შემდეგ. ზოგჯერ ნატურმორტებში ბარძიმთან და ფეშხუმთან ერთად გამოსახულია პურის თავთავი და ყურძნის მტევანი, რომლებისგანაც მიიღება ზიარებისთვის აუცილებელი ორი ელემენტი - პური და ღვინო. ბარძიმზე აღმართული ან მასზე გამოსახული ჯვარი სიმბოლურად იესო ქრისტეს მიერ ვნებების დათმენასა და ვნებებთან ბრძოლას გამოხატავს: „ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ“ (მათ 26:39).

ბაყაყი

ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ძველი ეგვიპტელი ქრისტიანები ბაყაყს ქრისტეს აღდგომის სიმბოლოდ თვლიდნენ, ვინაიდან, ბაყაყი ჩამოყალიბების პროცესში სახეცვლილებას განიცდის. იგი ქვეყანას მოევლინება კვერცხიდან, შემდეგ იღებს თავკომბალას სახეს და მხოლოდ ამის შემდეგ ყალიბდება ზრდასრულ ბაყაყად. გარდა ამისა, ცხოველთა სამყაროს ეს წარმომადგენელი იმ გარდაცვლილ ადამიანთა აღდგომის სიმბოლოა, რომლებიც ქრისტიანთა კვლავ აღორძინებისა და განკითხვის დღეს აღდგებიან: „...საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით“ (1კორ 15:51-52).

ძველი აღთქმის გამოსვლის წიგნიდან ცნობილია, რომ ეგვიპტეზე თავდატეხილი ათი უბედურებიდან ერთ-ერთი ბაყაყების შომოსევა იყო. ამის გამო, ბაყაყი ეშმაკის მნიშვნელობითაც არის ცნობილი. ამ ცხოველს ხშირად ერეტიკოსს ადარებენ. ხელოვნებაში ბაყაყის ფორმით საზიზღარ ცოდვას გამოსახავენ.

ბაძგი

ბაძგი ანუ ქვის მუხა მარადმწვანე ბუჩქია, რომელიც მჩხვლეტავი ფოთლების გამო ქრისტეს ეკლის გვირგვინის სიმბოლოდ იქცა. იგი თეთრ ყვავილს იკეთებს და მოშავო წითელი ფერის კურკიან ნაყოფს ისხამს. ძველი ქრისტიანული ლეგენდის მიხედვით, ზამთრის ერთ საღამოს ბაძგი უეცრად შეიფოთლა, რათა შეეფარებინა და დაემალა ეგვიპტეში გაქცეული წმინდა ოჯახი, რომელსაც მეფე ჰეროდეს ჯარისკაცები მოსდევდნენ. ამის შემდეგ, როგორც ქრისტეს მადლიერების სიმბოლო, ბაძგი მარადმწვანე მცენარე გახდა. ერთ-ერთი თქმულების თანახმად მაცხოვრის ჯვარი გაკეთებული იყო ბაძგის მერქნისგან და, ამიტომ ეს მცენარე ქრისტეს ვნებების სიმბოლოდ იხმარება. ლეგენდის მიხედვით, ხეებმა შეიტყვეს, რომ მაცხოვარი ჯვარს უნდა ეცვათ და ერთხმად გადაწყვიტეს ადამიანებისთვის არ დაერთოთ მათი მერქნისგან ჯვრის დამზადების ნება. ნაჯახის ყოველი დარტყმისას თითოეული ხე წვრილ ნაფოტებად ქუცმაცდებოდა და შეუძლებელი ხდებოდა ჯვრის დამზადება. ხეებს შორის მხოლოდ ბაძგი გადარჩა უვნებლად და ნება დართო ადამიანებს მისგან დაემზადებინათ ჯვარი, ქრისტეს ვნების იარაღი.

0x01 graphic

CARAVAGGIO
წმ. იოანე ნათლისმცემელი
დაახ. 1600, ბაროკო
ზეთი, ტილო, 132x97 სმ.
დორია პამფილის გალერეა, რომი

ბაძგი ხშირად ფიგურირებს იმ ნახატებში, რომლებზეც უფლის ვნებებზე ჩაფიქრებული წმინდა იერონიმე ან წმინდა იოანე ნათლისმცემელია გამოსახული. ამ უკანასკნელმა ქრისტეს „ღვთის კრავი“ უწოდა, რითაც იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ვნებები.

ბეღურა

იესო ქრისტე ბეღურას ღმერთის სიყვარულის ილუსტრირებისთვის იყენებდა: „ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“ (მათ 28-31).

თორმეტი ბეღურა ქრისტეს თორმეტ მოციქულს განასახიერებს. აპოკრიფულ სახარებებში მოთხრობილია იესოს ბავშვობის ერთ-ერთი ისტორია. შაბათ დღეს ხუთი წლის ქრისტე სხვა ბავშვებთან ერთად ეზოში თამაშობდა. იქვე მდინარე მოედინებოდა. იესომ მდინარის პირას თიხისგან გამოძერწა თორმეტი ბეღურა. მისი ეს საქმიანობა დაინახა მორწმუნე ებრაელმა და იმით გაოცებულმა, რომ იესო შაბათ დღეს თამაშობდა, იმწამსვე მამამისთან გაიქცა საჩივლელად. იოსები ებრაელთან ერთად გაემართა მდინარისაკენ და ჰკითხა პატარა იესოს, რატომ არღვევდა ღმერთის მიერ დადგენილ შაბათის წესს და რატომ თამაშობდა შაბათ დღეს. იესო გაემართა თიხის ბეღურებისკენ, ტაში შემოჰკრა თავისი პატარა ხელებით და დაიძახა „გაფრინდით!“ იმწამსვე, თორმეტივე ბეღურა გაცოცხლდა და გაფრინდა.

ბეჭედი

ბეჭედი ღმერთის ნიშანია. „ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლიდან ამომავალი, ცოცხალი ბეჭდის მქონე, და დიდი ხმით შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ მიწისა და ზღვისათვის, და უთხრა: ნუ დააზიანებთ მიწას, ზღვასა და ხეს, ვიდრე ბეჭდებს შუბლებზე დავასვამდეთ“ (გამოცხ 7:2-3). ეს ბეჭედი ცოცხალი ღმერთის ბეჭედია.

ბერძნულ-რომაულ კულტურაში ბეჭედი დოკუმენტის ჭეშმარიტების დასადასტურებლად გამოიყენებოდა. მოგვიანებით იგი კანონიერებისა და თანამდებობის პირის უფლებამოსილებას გამოხატავდა. ბიბლიაში ნათქვამია: „შეკარი მოწმობა, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეთა შორის“ (ეს 8:16). სხვა ნიშნებისა და შტამპების მსგავსად, ბეჭედი საკუთრებისა და აშკარად გამოხატული ინდივიდუალურობის ნიშანია. ცვილის ბეჭედი ქალწულობის სიმბოლოა.

0x01 graphic

MEMLING, Hans
წმ. იოანეს სამკარედი
(მარჯვენა ფრთა)
1474-79, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, მუხა, 176x78,9 სმ.
მემლინგის მუზეუმი, ბრიუგე

ერთეულები ატარებენ ბეჭედს, ღვთის კურთხევის ნიშანს. ძველი აღთქმის მიხედვით მღვდლები ბეჭდიან ეფოდს (ზედა უსახელო სამოსი) ატარებდნენ, რომელიც ისრაელის თორმეტ ტომს განასახიერებდა. შესაძლოა, ბეჭედი რომაელი ჯარისკაცების მიერ დაბეჭდილ ქრისტეს საფლავს აღნიშნავდეს: „...წავიდნენ, სამარხი უსაფრთხო ჰყვეს: დაბეჭდეს ლოდი და დაცვა დაუყენეს“ (მათ 27:66).

შვიდი ბეჭედი განკითხვის დღის სიმბოლოა. მისი პირველწყარო იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნია, სადაც ნახსენებია ცნობილი „წიგნი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი“ (გამოცხ 5:1). წიგნის გადაშლისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი მხოლოდ კრავია. ხელოვნების ზოგიერთ ნაწარმოებში ღვთის კრავი (Agnus Dei) წინა ფეხებით დაყრდნობილია წიგნზე, რომელზეც შვიდი ბეჭედია გამოსახული. იოანეს ხილვის სცენებში პატარა წრეში გამოსახულია ტახტი, რომელზეც უფალია დაბრძანებული. მას მარჯვენა ხელში უჭირავს ბეჭდებით დაბეჭდილი წიგნი, რომელსაც ფეხით ეყრდნობა კრავი. ტახტის ირგვლივ მოჩანს ოთხი ფრთოსანი ცხოველი, ოთხი მახარებლის სიმბოლოები: ხარი, ლომი, ადამიანი და არწივი. მეორე, დიდ წრეში სხედან ოცდაოთხი უხუცესი. მათ ხელში მუსიკალური ინსტრუმენტები უჭირავთ. ნახატზე კუთხეში გამოსახულია თვით იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც წიგნში იწერს გამოცხადებას.

თითზე გასაკეთებელი ბეჭედი მარადიულობისა და განუწყვეტელი ყოფიერების საყოველთოდ აღიარებული სიმბოლოა. ნებისმიერი შეკრული მრუდის მსგავსად, იგი უწყვეტობისა და ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს. შუა საუკუნეებიდან ბეჭედი ნიშნობისა და ქორწინების საიდუმლოების სიმბოლოდაა აღიარებული. ერთმანეთზე გადაჯაჭვული ან ერთიმეორეს თავზე მოთავსებული ორი ბეჭედი ცისა და მიწის სიმბოლური გამოხატულებაა. ერთმანეთზე გადაბმული სამი ბეჭედი წმინდა სამებას გამოხატავს. საქორწილო ბეჭედი წმ. ეკატერინე სიენელის ატრიბუტია, რომელმაც თავისი თავი რელიგიურ ცხოვრებას მიუძღვნა და ლოცულობდა, რომ ქრისტეს სასძლო გამხდარიყო. მაკრობიუსი (დაახლოებით 400 წელი) გვამცნობს, რომ ადრექრისტიანულ პერიოდში ბეჭდის მსგავს სამკაულებს ამშვენებდა თევზის, მტრედისა და ღუზის გამოსახულებები.

0x01 graphic

CRANACH, Lucas the Elder
წმ. ეკატერინეს მისტიკური
ქორწინება
დაახ. 1516, ჩრდილოევროპული
აღორძინება
67,5x47,3 სმ.
ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი

ბეჭედი საეკლესიო იერარქიული წარჩინების ერთ-ერთ ნიშანს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც ძალაუფლების სიმბოლო, ასევე, კავშირის სიმბოლო. რომის პაპის ბეჭედზე ამოკვეთილია ნავში მჯდომი პეტრე მოციქული, რომელსაც ბადე ამოაქვს წყლიდან. ამ ბეჭედს „მეთევზის ბეჭედი“ ეწოდება და მიგვანიშნებს, რომ რომის პაპი პეტრე მოციქულის მემკვიდრეა. პაპის გარდაცვალების შემდეგ „მეთევზის ბეჭედს“ ამსხვრევენ. კარდინალები და შედარებით დაბალი თანამდებობის მქონე საეკლესიო პირები, მათი ხარისხის შესაბამის ბეჭდებს ატარებენ.

0x01 graphic

UNKNOWN MASTER, German
გამოცხადება
დაახ. 1450, ადრეული ღორძინება
ზეთი, პანო, 132,3x161,5 სმ.
ვოლრაფ-რიჩარდსის მუზეუმი,
კიოლნი

0x01 graphic

GIOTTO, di Bondone
No. 11 სცენები ღვთისმშობლის
ცხოვრებიდან: 5. ღვთისმშობლის ქორწინება
1304-06, შუა საუკუნეები
ფრესკა, 200x185 სმ. სკროვენის
კაპელა, პადუა

ხშირად ხელოვნებაში ეკატერინე ალექსანდრიელსა და ეკატერინე სიენელს „ქრისტეს სასძლოთა“ როლში გამოხატავენ. მისტიკური ქორწინება ღვთაებრიობასთან, სადაც ფიგურირებს ზრდასრულ ასაკში მყოფი ქრისტე ან, უფრო ხშირად, მარიამის მუხლებზე მჯდომი ყრმა იესო. მაცხოვარი ბეჭედს უკეთებს თითზე მის წინ დაჩოქილ წმინდანს. ღვთისმშობლისა და იოსების ქორწინების სცენებში შუაში დგას ღვთისმსახური, ხოლო მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს გამოსახული არიან მარიამი და იოსები. იოსები თითზე ბეჭედს უკეთებს მარიამს. ზოგჯერ იოსებს ხელში უჭირავს არგანი, რომელზეც მტრედი, სულიწმინდის სიმბოლო ზის.

0x01 graphic

GHIRLANDAIO, Domenico
მარიამის ქორწინება (დეტალი)
1486-90, ადრეული აღორძინება
ფრესკა
ტორნაბუონის კაპელა,
სანტა მარია ნოველას ეკლესია,
ფლორენცია

ბეჭედი მარადიული კავშირის სიმბოლოცაა. ეპისკოპოსის ბეჭედი ქრისტესა და ეკლესიის მსახურს შორის არსებულ კავშირზე მიუთითებს, „რადგან ღვთის ყველა აღთქმანი მასში „ჰო“ არის და მისით ითქმის „ამინი“ ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ. ის, რომელიც თქვენთან ერთად გვამტკიცებს ქრისტეში და რომელმაც გვცხო ჩვენ, ღმერთია, რომელმაც აგრეთვე დაგვბეჭდა კიდეც და მოგვცა ჩვენს გულებში სულის საწინდარი“ (2კორ 1:20-22).

ბზობა

იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში (აღდგომის წინამორბედი კვირა დღე). მაცხოვარი ვირით შევიდა ქალაქში, სადაც მოსახლეობა ზეიმით შეეგება. ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტს - ბაიას უფენდა, თან ოსანას შესძახოდენ. ხელოვნებაში ეს სიუჟეტი უფლის ვნებების ციკლის პირველ სცენას წარმოადგენს, თუმცა ხშირად დამოუკიდებელი თემის სახითაც გვხვდება.

პირველად იერუსალიმში შესვლის სიუჟეტი IV საუკუნის ხელოვნებაში (რომის კატაკომბების სარკოფაგებზე) აისახა. ვნებების ციკუტას ეპიზოდის სახით, ბზობის სცენა ხშირად ფიგურირებს გოტიკური ტაძრების ვიტრაჟებზე. გვიანი აღორძინების ეპოქაში სიუჟეტმა, როგორც ჩანს, დაკარგა პოპულარობა.

ბზობის სცენებში, როგორც წესი, გამოსახულია ვირზე მჯდომარე ქრისტე. მას უკან ჩოჩორი მიჰყვება. აღმოსავლეთის ეკლესიებში ქრისტე, ტრადიციის მიხედვით, გვერდულად ზის ვირზე და ამგვარად ანფასში, თითქოს ტახტზე მჯდომარეა წარმოდგენილი. უკანა ხედში ქალაქის კარიბჭე მოჩანს, საიდანაც ერი და ბერი მოედინება. წინ მიმავალნი მაცხოვარს ფეხქვეშ სამოსს უფენენ, მათ უკან ბავშვები მოჰყვებიან, რომლებსაც ხელში ტოტები უჭირავთ. კანონიკურ სახარებებში არაფერია ნათქვმი ბავშვების შესახებ, თუმცა ნიკოდემოსის აპოკრიფულ სახარებაში წერია, რომ „ებრაელთა ბავშვებს ხელში ეჭირათ ტოტები.“ იოანე მახარებლის მიხედვით ეს იყო პალმის ტოტები. ასე წარმოიშვა დღესასწაული „პალმების კვირა“ (აღმოსავლურ ეკლესიაში - ბზობის კვირა), რომელიც აღინიშნება აღდგომის წინამორბედ კვირა დღეს.

0x01 graphic

DUCCIO di Buoninsegna
იერუსალიმში შესვლა
1308-11, შუა საუკუნეები
ტემპერა მერქანზე, 100ხ57 სმ.
კათედრალური ტაძრის მუზეუმი,
სიენა, იტალია

რომაულ და აღმოსავლურ ეკლესიებში ეს დღესასწაული მოიცავს პალმის ტოტების (ქართულ ეკლესიაში ბზის ტოტების) კურთხევის რიტუალს. ფერწერულ ტილოებში ზოგჯერ პალმის ტოტების მაგივრად გამოსახულია ზეთისხილის რტოები, რაც იმით აიხსნება, რომ მოქმედება ზეთისხილის მთის ახლოს ვითარდებოდა. უკანა პლანზე გამოსახავენ ორ ხეს (ჩვეულებრივ ზეთისხილის). თითოეულ მათგანზე დახატულია თითო ადამიანი. ერთი მათგანი ამტვრევს ტოტებს, რათა გზაზე დაუფინონ მაცხოვარს (მათ 21:8). მეორე, სახელად ზაქე, მებაჟეთა უფროსი და მდიდარი კაცია, რომელსაც სურდა იესოს ხილვა, „მაგრამ ვერ შეძლო ხალხის სიმრავლის გამო, ვინაიდან ტანად დაბალი იყო. წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რათა დაენახა“ (ლუკ 19:3-4). ეს ეპიზოდი, რომელიც ადრე იერიქონში მოხდა, გადმოტანილია იერუსალიმში შესვლის სცენაში.

0x01 graphic

იერუსალიმში შესვლა
XVI საუკუნის პირველი ნახევარი,
რუსული ხატი.

აღმოსავლეთის ეკლესიის იკონოგრაფიაში ბზობის ხატზე გამოსახული სამოსის დაფენა ქრისტესადმი მორჩილებას, მის წინაშე საკუთარი საქმეების, სიცოცხლის დაგებას ნიშნავს. პალმის ხის მარადმწვანე რტოები კი ზეციური, მარადიული ცხოვრების მიმანიშნებელია. საქართველოში პალმის ნაცვლად ბზის ტოტებს იყენებენ, რაც იგივე შინაარსს გამოხატავს. აქედანვე მომდინარეობს დღესასწაულის სახელწოდება - ბზობა.

ბორბალი

ბრუნვითი მოძრაობა ღმერთის ძალის სიმბოლოა, რომლის გამოხატულებასაც ცეცხლოვანი ბორბალი წარმოადგენს. იგი ფიგურირებს ადამისა და ევას ედემის ბაღიდან გაძევების ეპიზოდში. „და გააძევა მან ადამი და ედემის ბაღის აღმოსავლეთით დააყენა ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზის დასაცავად“ (დაბ 3:24).

ეზეკიელის ხილვაში უფლის ტახტი ოთხ ცეცხლოვან ფრთიან ბორბალს უჭირავს, ხოლო „...ბორბლის ფერსოები სავსე იყო თვალებით ოთხივეს გარშემო“ (ეზეკ 1:18). ამ ისტორიის გავლენით ალმოდებულ ბორბალზე გამოხატული ფრთები და თვალები ანგელოზების (ქერუბიმების) ანუ ღვთის ტახტის ერთ-ერთი ნაწილის სიმბოლიკას წარმოადგენს.

მზის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მბრუნავი ბორბალი ბოროტების სიმბოლოა, ხოლო მზის მოძრაობის მიმართულებით მბრუნავი ბორბალი - სიკეთის. ბორბალი წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელის ატრიბუტია, რომელსაც ბორბალზე წამებით სიკვდილი მიუსაჯეს. ბორბალი კაცობრიობის კულტურული ისტორიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

0x01 graphic

MASOLINO da Panicale
წმ. ეკატერინეს წამება
1428-30, ადრეული აღორძინება
ფრესკა, სან კლემენტე, რომი

0x01 graphic

VALDES LEAL, Juan de
ელიას ამაღლება
დაახ. 1658, ბაროკო
ზეთი, ტილო, 567x508 სმ.
კორდობა

ბოძი (სვეტი)

ბოძი მაცხოვრის წამებისა და ვნების სიმბოლოა. გაშოლტვის სცენებში გამოსახულია ბოძზე გაკრულ ქრისტეს ფიგურა, რომელსაც რომაელი ჯარისკაცები მათრახს ურტყამენ. გარდა ამისა, სვეტი იყო სულიერი სიძლიერისა და სიმტკიცის რელიგიური სიმბოლო, რის გამოც იგი სიმტკიცისა და სიმამაცის ალეგორიული ფიგურების ატრიბუტად იქცა. სვეტის ფორმის ბოძებზე ცხოვრობდნენ წმინდა „მესვეტენი“, რომლებიც ღვთის წინაშე დებდნენ აღთქმას არ მიეტოვებინათ თავიანთი ადგილსამყოფელი. გადმოცემის თანახმად, ანტიოქიის მახლობლად, წმინდა სვიმონ მესვეტე ორმოცი წლის განმავლობაში ცხოვრობდა თხუთმეტი მეტრის სიმაღლის სვეტზე. მას ერთხელაც არ მიუტოვებია თავისი ადგილსამყოფელი, თუმცა ეშმაკი, რომელმაც უზარმაზარი გველის სახე მიიღო და გარს შემოეხვია სვეტს, ცდილობდა დაერღვია მისი მყუდროება.

0x01 graphic

ALTDORFER, Albrecht
ქრისტეს გაშოლტვა
1518, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, მერქანი
ავგუსტინელების მონასტერი,
სანტა ფლორიანი, ავსტრია.

ხელოვნებაში ისრაელის ღრუბლის ან ცეცხლის სვეტს, ზოგჯერ კლასიკური სვეტის სახით გამოსახავდნენ. ქრისტეს შობის ამსახველ სცენებში გამოხატული მარიამ ღვთისმშობელი შეიძლება სვეტზე იყოს მიყრდნობილი. ცეცხლოვანი სვეტი წმინდა თეკლას ატრიბუტს წარმოადგენს.

ბრინჯაოს გველი

მოსეს მიერ გაკეთებული ბრინჯაოს გველი ერთგვარ ჰომეოპათიურ პრინციპს გამოხატავს, „რამაც დაგაავადა, იგივე მოგარჩენს“. ისრაელის ხალხს სულმოკლეობისთვის ღმერთმა შხამიანი გველები მოუვლინა და „დაიხოცა მრავალი ისრაელიანი“. მოსემ ილოცა ხალხისთვის და „უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე შენთვის გველი და დაამაგრე იგი დროშაზე, და ყოველი დაგესლილი, ვინც მას შეხედავს, ცოცხალი დარჩება. და გააკეთა მოსემ სპილენძის გველი, და დადო იგი დროშაზე. და თუ დაგესლავდა გველი კაცს და შემდეგ შეხედავდა იგი სპილენძის გველს, ცოცხალი რჩებოდა“ (რიცხ 21:8-9). ბრინჯაოს გველი ქრისტეს ძველი აღთქმისეული არსებითი გამოსახულებაა. იესომ თავად აღიარა ტიპოლოგია, როდესაც თქვა: „როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა. რათა არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოან 3:14-15). გველისა და ხის კავშირი ხის ტანზე შემოხვეული გველის სახით გვხვდება ახლო აღმოსავლეთის რიტუალებში. მოგვიანებით ებრაულ მითოლოგიაში ეს კავშირი ჯერ გვევლინება ევას მაცდური გველის სახით, ხოლო შემდეგ მოსეს მიერ ხალხის გადასარჩენად გაკეთებული ბრინჯაოს გველის სახით.

0x01 graphic

BOURDON, Sebastien
მოსე და ბრინჯაოს გველი
1653-54, ბაროკო
ზეთი, ტილო, 105x89 სმ.
პრადო, მადრიდი

ბროწეული

ქრისტიანულ სიმბოლიკაში ბროწეულის ნაყოფი, რომელიც მარცვლების სიმრავლით გამოირჩევა, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის სიმბოლოს წარმოადგენს, ხოლო მარცვლები ერთ, უნივერსალურ ეკლესიად შეკრულ მორწმუნეებს განასახიერებს. ანტიკურ მითოლოგიაში ბროწეული პროზერპინას ატრიბუტი იყო და ყოველ გაზაფხულზე მის დედამიწაზე დაბრუნებას გამოხატავდა. ქრისტიანულ ხელოვნებაში გაზაფხულის დადგომისა და მიწის განახლების ანტიკურმა მნიშვნელობამ ახალი აზრი შეიძინა და აღდგომის იმედისა და უკვდავების სიმბოლო გახდა. ბროწეულის ნაყოფი იმდენად დაფასებული იყო სილამაზისა და გემოს გამო, რომ მღვდელმთავრების ცისფერ სამოსს ან ეფოდს ბროწეულის ნაყოფის გამოსახულებით ამკობდნენ: „და გაუკეთე კალთებზე ბროწეულები ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი მის კალთებზე ირგვლივ. და ოქროს ეჟვნები შეაბი მათ შორის, ირგვლივ. ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული სამოსის კალთებზე, ირგვლივ“ (გამ 28:33-34).

0x01 graphic

BOTICELLI, Sandro
ღვთისმშობელი
(Madonna of the Pomegranate)
დეტალი
დაახ. 1487, ადრეული ღორძინება
ტემპერა, პანო
უფიცის გალერეა, ფლორენცია

ხელოვნებაში ბროწეული ყრმა იესოს უჭირავს ხელში აღდგომის სიმბოლოს სახით. გარდა ამისა, იგი ფიგურირებს ალეგორიულ ნატურმორტებში. მარიამ ღვთისმშობლის ქალწულობას ხშირად ბროწეულის ხის სახით გამოხატავენ: ბროწეულის ხის ძირას ზის ღვთისმშობელი, ხოლო მის გვერდით მითიური მარტორქაა გამოსახული.

ბუ

ხალხურ გადმოცემებში ბუ ნეგატიურად არის დახასიათებული, რადგან მას სინათლის ეშინია და დღისით სიბნელეში იმალება, უხმაუროდ დაფრინავს და სპეციფიკურ, არასასიამოვნო ხმას გამოსცემს. ვოლფ ჰელმგარდ ფონ ხოხბერგი, ბაროკოს პერიოდის პოეტი, აღნიშნავს დღის ფრინველების წარმატებულ ბრძოლას ღამის ფრინველების თავდასხმის დროს. აქედან გამომდინარე, ბუ სატანის, აჩრდილთა მბრძანებლის სიმბოლოდ არის მიჩნეული. ეს ფრინველი ებრაელთა სიმბოლოც იყო, რადგან მათ სახარების ნათელს წყვდიადში ყოფნა ამჯობინეს. ამბობენ, რომ ბუ ატყუებს სხვა ჩიტებს, მზაკვრულად იტყუებს მათ მონადირეების მიერ დაგებულ ხაფანგში, ზუსტად ისევე, როგორც სატანა აცდუნებს ადამიანებს. გარდა ამისა, ბუ მარტოსულობის სიმბოლოცაა. სწორედ ამ მნიშვნელობით ფიგურირებს ეს ფრინველი იმ სცენებში, სადაც მლოცველი განდეგილები არიან გამოსახული. უძველესი დროიდან მიიჩნევდნენ, რომ ბუ სიბრძნით გამორჩეული ფრინველი იყო.

ამ ფრინველს სხვა სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. იგი იესო ქრისტეს ატრიბუტია, რომელმაც ადამიანთა ცოდვები იტვირთა „ბნელში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომარეთათვის გასანათებლად...“ (ლუკ 1:79). ამით აიხსნება, რომ მაცხოვრის ჯვარცმის გამომხატველ სცენებში ხშირად ფიგურირებს ბუ.

0x01 graphic

BOSCH, Hieronimus
ამქვეყნიურ სიამოვნებების ბაღი,
ცენტრალური კარედი (დეტალი)
დაახ. 1600, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი ტილო, ცენტრალური
კარედი: 220x195 სმ.
პრადო, მადრიდი

ბუზი

უძველესი დროიდან ბუზი სნეულების გადამტან მწერად ითვლებოდა. ქრისტიანულ სიმბოლიკაში ეს მწერი ცოდვის სიმბოლოა. ბუზი, რომელიც ცოდვისა და მონანიების იდეას გადმოსცემს, შესაძლოა ფიგურირებდეს სურათებში - ღვთისმშობელი ჩვილით. ზოგჯერ ბუზს, როგორც ინფექციების გადამტან მწერს, ჩიტბატონასთან ერთად ხატავდნენ. ეს უკანასკნელი სნეულების განმკურნავ ჩიტად არის ცნობილი. XV საუკუნის შუა პერიოდისა და XVI საუკუნის პირველი ათწლეულის ჰოლანდიელი, გერმანელი და იტალიელი მხატვრების ტილოებზე, ზოგჯერ გვხვდება ბუზის გამოსახულება ნატურალურ ზომაში. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს არ კეთდებოდა გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობით, ვინაიდან ნახატების სიუჟეტები ძალზე მრავალფეროვანია, თუმცა, ჩვეულებრივ ეს ტილოები რელიგიური შინაარსისაა.

0x01 graphic

BEERT, Osias
ნატურმორტი ალუბლითა და
მარწყვით ჩინურ ლარნაკში
1608, ბაროკო
ზეთი, პანო, 50x65,5 სმ.
სახელმწიფო მუზეუმი, ბერლინი

ბუკი

ბუკი ძლიერების, ღირსებისა და დიდების სიმბოლოა. ამიტომ, მეფეთა ძალაუფლების დასადასტურებლად იგი ხშირად არის მოხსენებული წინასწარმეტყველთა გამოცხადებებში. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების თანახმად საყვირს ანგელოზები აყვირებენ, რითაც იუწყებიან განკითხვის დღის დადგომას: „ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც ღვთის წინაშე იდგნენ. და მიეცა მათ შვიდი საყვირი“ (გამოცხ 8:2). XV საუკუნიდან ანგელოზთა კონცერტებში ზოგჯერ ორმაგად დახვეულ საყვირს გამოსახავენ, რომელიც თანამედროვე ინსტრუმენტის წინამორბედია. ხელოვნებაში საყვირი ან ბუკი ღვთის სამსჯავროს შვიდი ანგელოზის ატრიბუტია.

0x01 graphic

BOSCH, Hyeronimus
ღვთის სამსჯავრო
ტრიპტიქი (ცენტრალური კარედი)
ჩრდილოევროპული აღორძინება
ზეთი, 164x127
სახვითი ხელოვნების აკადემია,
ვენა

ბულბული

ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ბულბული კეთილმორწმუნეთა გაერთიანების სიმბოლოდ ითვლებოდა. იმის გამო, რომ ეს ჩიტი განთიადის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აღტაცებით იწყებდა გალობას, ბულბული ქრისტიანული სულის სიმბოლო გახდა, რომელიც ამქვეყნიურ ბნელეთში ამღერდება და სიხარულით მოელის ქრისტეს მოსვლას.

წმინდა ბონავენტურს მიაჩნდა, რომ ბულბულის სიკვდილისწინა, გამოსათხოვარი გალობა ყველაზე სასიამოვნო და გულში ჩამწვდომი იყო, ვინაიდან იგი სიხარულით ტოვებდა ამქვეყნიურ ამაოებას. გადმოცემის თანახმად ბულბულის გარდაცვალება, ისევე, როგორც იესო ქრისტეს გარდაცვალება, ყოველთვის დღის სამ საათს ემთხვეოდა.