სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში (გ-დ-ე)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © კენჭოშვილი გიორგი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: შეადგინა გიორგი კენჭოშვილმა, ენციკლოპედია, თბილისი



1

▲back to top


განთიადი

განთიადი ქრისტეს სისხლის სიმბოლოა. მაცხოვარმა საკუთარი სისხლით დაამხო ცოდვის უკუნეთი და ქვეყნიერებას მარადიული ნეტარების ცისკრის ნათელი მოჰფინა. სწორედ ასეთი მნიშვნელობის გავლენით, აღორძინების ეპოქის ნახატებში ქრისტე გამოსახულია განთიადისთვის დამახასიათებელ იისფერ სამოსელში. „ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენ გულებში... წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას“ (2პეტრ 1:19,21).

0x01 graphic

RUNGE, Philipp Otto
დიადი განთიადი
1809-10, რომანტიზმი
ზეთი, ტილო152x113 სმ.
ხელოვნების გალერეა, ჰამბურგი

გარდა ამისა, განთიადი მაცხოვრის აღდგომისა და ქრისტეს დაბრუნების სიმბოლოა.

ღამის ბოროტ სიბნელეს ენაცვლება დღის სიკეთისმომტანი სინათლე, რომელიც შემუსრავს ღამის უკეთურ სულებს. ხალხურ თქმულებებში განთიადის პერსონიფიკაცია „ქალწულის“ ან „ვარდისფერი ქალწულის“ სახით ხდებოდა, ხოლო ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ - მარიამ ღვთისმშობლის სახით.

განკითხვის დღე

ამქვეყნად ქრისტეს მეორედ მოსვლა ადამიანთა განსასჯელად . ქრისტიანული დოქტრინის მიხედვით, ამ დღეს მკვდრები აღდგებიან და საუკუნო განაჩენს მიიღებენ ცოცხლებთან ერთად. წმინდა წერილში არაერთგზის არის ნახსენები განკითხვის დღე, მაგრამ უდაო ავტორიტეტით სარგებლობს მათეს მიერ გადმოცემული ქრისტეს სიტყვა მოწაფეების მიმართ: „როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. და შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთი-მეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს - მარცხნივ“ (25 31:46). ადამიანები ამქვეყნიური გულისთქმისა და სინდისის მიხედვით განიკითხებიან. ცოდვილები წავლენ „საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში“.

0x01 graphic

EYCK, Jan van
განკითხვის დღე
1420-25, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, მერქანი, 56,5x19,5 სმ.
მეტროპოლიტენ მუზეუმი,
ნიუ-იორკი

ქრისტეს მეორედ მოსვლას ელოდნენ 1000 წელს და, მას შემდეგ, რაც ეს მოლოდინი არ გამართლდა, ეკლესია მეტ მნიშვნელობას ანიჭებს „უკანასკნელი ოთხი საქმის“ (სიკვდილი, განკითხვა, ზეცა, ჯოჯოხეთი) დოქტრინას. ამ დროიდან ჩნდება (ძირითადად XII-XIII საუკუნეებში) განკითხვის დღის გამოსახულებები ფრანგული ტაძრების დასავლეთ ფრონტონებზე. ეს არის საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ქრისტემსაჯული ცენტრალური ფიგურაა. მის ორივე მხარეს დგანან მოციქულები, რომლებიც ესწრებოდნენ საიდუმლო სერობას: „და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად“ (ლუკ 22:30). სურათის ქვედა ნაწილში მკვდრები ამოდიან საფლავებიდან ან მიწიდან ან ზღვიდან. მიქაელ მთავარანგელოზს ხელში სასწორი უჭირავს, რომელზეც ადამიანთა სულებს წონის. ქრისტესგან ხელმარჯვნივ კეთილმორწმუნეებს ანგელოზები მიაცილებენ სამოთხეში, ხოლო ხელმარცხნივ ცოდვილები ჯოჯოხეთის გზას ადგანან, სადაც მათ ელოდებათ მარადიული ტანჯვა.

0x01 graphic

COXCIE, Raphael
განკითხვის დღე
მანიერიზმი
ზეთი, პანო, 300x369 სმ.
სახვითი ხელოვნების მუზეუმი,
გენტი

ქრისტე-მსაჯული და მოციქულთა და წმიდანთა სამსჯავრო. რომანულ და გოტიკურ ხელოვნებაში ქრისტე ხელებაპყრობილი ზის ტახტზე ან თაღზე (ცისარტყელა). ხელისგულები გარეთა მხარეს აქვს შემობრუნებული და თავისი ჭრილობების დემონსტრირებას ახდენს. სიუჟეტის ეს ფორმა (სხვადასხვა ვარიანტებით) მთელი აღორძინების პერიოდის განმავლობაში დომინირებდა. მაცხოვრის გამოსახულების მარჯვნივ და მარცხნივ შესაძლოა შროშანი და მახვილი ფიგურირებდნენ, რომლებიც სიმბოლურად უცოდველობასა და ცოდვას გამოხატავენ. XV საუკუნის ზოგიერთი იტალიელი ფერმწერის ნაწარმოებში ქრისტე ცოდვილებს ისრებს ესვრის. ისევე, როგორც შუა საუკუნეების სკულპტურაში, ადრეული აღორძინების ხანის ფერწერაშიც მოციქულები და წმინდანები მკაცრი თანმიმდევრობით არიან განლაგებულნი ქრისტეს ორივე მხარეს. მათთან ერთად შესაძლოა ძველი აღთქმის პატრიარქები, წინასწარმეტყველები (გამოცხადების ოცდაოთხი უხუცესი) და შუა საუკუნეების წმინდანები ფიგურირებდნენ. მოციქულთა შორის ქრისტესთან ყველაზე ახლოს, ხელმარჯვნივ, პეტრე დგას. მარიამ ღვთისმშობელიც, ჩვეულებრივ, მუხლმოდრეკილი, ქრისტესგან ხელმარჯვნივაა გამოსახული. იგი მათზე ლოცულობს, ვინც უნდა წარდგეს სამსჯავროს წინაშე (XIV საუკუნის რამდენიმე ნიმუშში მარიამი თვითონ გვევლინება მსაჯულის როლში). იოანე ღვთისმეტყველი მარიამის პირდაპირ დგას მუხლმოყრილი.

0x01 graphic

BOSCH, Hieronimus
განკითხვის დღის სამკარედი
ჩრდილოევროპული აღორძინება
ზეთი პანოზე,
99,5x60,3 სმ. (ცენტრალური ნაწილი)
99,5x29 სმ. (თითოეული გვერდითი კარედი)
გრონინგის მუზეუმი, ბრიუგე

მკვდრების აღდგომა. მიცვალებულები კუბოებიდან ან მიწაში გაჩენილი ნაპრალებიდან და ზღვის წიაღიდან ამოდიან. ზოგჯერ მათი გამოსახულებები სახეცვლილებას განიცდიან. მიწიდან ამოსვლის მომენტში მკვდრებს ჩონჩხის ფორმა აქვთ და თანდათანობით, მიწის წიაღიდან ამოსვლასთან ერთად, ხორცს ისხამენ.

მიქაელ მთავარანგელოზი და სულების აწონვა. ფრთებითა და სამხედრო საჭურვლით გამოსახულ მიქაელ მთავარანგელოზს, ხელში სასწორი უჭირავს. სასწორის თითოეულ პინაზე შიშველი ფიგურა, ადამიანის სულია გამოსახული. როგორც წესი, კეთილმორწმუნე ადამიანის სული უფრო მძიმეა. ზოგჯერ დემონი ცდილობს გადაწონოს სასწორის პინა (ნიდერლანდური ფერწერისთვის დამახასიათებელი მოტივი).

მთავარანგელოზები. იესო თავის მოწაფეებს კაცის ძის მეორედ მოსვლის შესახებ ეუბნებოდა: „მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან“ (მათ 24:31). განკითხვის დღის სიუჟეტებში ანგელოზები საყვირებით ამცნობენ ქვეყანას მეორედ მოსვლასა და მიცვალებულთა აღდგომას. გარდა ამისა, ისინი მორწმუნეებს სამოთხეში მიაცილებენ ან შიშველი მახვილებით ცოდვილებს მიერეკებიან ჯოჯოხეთში.

ცა. გოტიკურ სკულპტურაში ზეცის გამოსახატავად გამოყენებულია საყოველთაოდ მიღებული პირობითობა: მჯდომარე აბრაამის ფიგურას კალთაზე დაფენილი აქვს პირსახოცი, რომელზეც პატარა ბავშვებივით სხედან კეთილმორწმუნეთა სულები (იხ. აბრაამის წიაღი). ამ გამოსახულების პირველწყაროა იგავი ლაზარესა და მდიდარი კაცის შესახებ: ჯოჯოხეთში მოხვედრილმა მდიდარმა კაცმა ზევით აიხედა და შორს დაინახა აბრაამი და ლაზარე „in sinus ejus“ (ლათ. „მის წიაღზე“). ადრეული აღორძინების პერიოდის ფერწერა სამოთხეს გოტიკური ტაძრის ან ცისარტყელას სახით გამოსახავდა. შესაძლოა, ტაძრის კარიბჭესთან იდგეს პეტრე მოციქული, რომელიც იწვევს მოსულებს.

0x01 graphic

CORNELIUS, Peter
განკითხვის დღე
1836-39, რომანტიზმი
ფრესკა
ლუდვიგის ეკლესია, მიუნხენი

ჯოჯოხეთი. შუა საუკუნეების ჯოჯოხეთის დაღებული ხახის პირველწყაროა იობის წიგნის ზღვის ურჩხული: „მისი მისი სუნთქვა ნაკვერცხლებს აღვივებს, და მისი პირიდან ალი გამოდის“ (იობ 41:21). ჯოჯოხეთი შეიძლება გამოსახული იყოს გამოქვაბულის სახით. იგი ნახატზე დაბლა, ქრისტესგან მარცხნივ მდებარეობს. ჯოჯოხეთში ცოდვილებს თმებით ათრევენ ან დემონები ფიწლებით მიერეკებიან ან ისინი დემონების ფრთებით გადაადგილდებიან. მიქელანჯელომ შემოიტანა მოტივი დანტეს „ჯოჯოხეთიდან“, სადაც განკითხულთა ტანჯვა მათი ცოდვის ბუნებას შეესაბამება. მაგალითად, ღორმუცელა სიბინძურეში აგდია, ხოლო გარყვნილი მარადიულ ცეცხლზე შემოდგმულ გოგირდით სავსე ქვაბში იხარშება. სამსახოვანი სატანის თითოელი პირიდან გამოჩრილია ნახევრად გადაყლაპული ცოდვილი. ერთ-ერთი მათგანი, ცენტრში, იუდა ისკარიოტელია.

გარდამოხსნა

იესო ქრისტეს ჯვრიდან ჩამოხსნა ოთხივე სახარებაშია აღწერილი. იოსებ არიმათიელმა, სინედრიონის მდიდარმა და პატივცემულმა წევრმა და ქრისტეს ფარულმა მოწაფემ, იუდეის პროკურატორისგან, პილატე პონტოელისგან, მიიღო მაცხოვრის ჯვრიდან ჩამოხსნის უფლება. ნიკოდემოსთან ერთად, რომელიც წინა ღამით ეწვია იესოს და მიუტანა სმირნისა და ალოეს ნაზავი, იოსებმა ჩამოხსნა ჯვრიდან ქრისტეს სხეული. იოსებმა და ნიკოდემოსმა ცხედარი სუფთა ტილოში შეახვიეს და კლდეში გამოჭრილ სამარხში დაასვენეს. ამ სიუჟეტის ამსახველ სცენებში ხშირად ფიგურირებს ლურსმნები, რომლებსაც სხეულიდან აძრობენ. ზოგჯერ პირდაპირ დაფიქსირებულია მაცხოვრის ჯვრიდან ჩამოხსნის მომენტი.

დასავლეთ ევროპული ხელოვნების ადრეულ ნიმუშებში X-XI საუკუნეების ბიზანტიური ორიგინალების გავლენა იგრძნობა, რომლებშიც გამოირჩეოდა ოთხი მთავარი მოქმედი პირი: ნიკოდემოსი, რომელიც მარწუხით აძრობს ლურსმანს მარცხენა ხელიდან, იოსები, რომელსაც უჭირავს სხეული, მარიამ ღვთისმშობელი, რომელსაც უკავია ქრისტეს მარჯვენა, გათავისუფლებული ხელი და იოანე მოციქული, რომელიც დათრგუნული დგას შორიახლოს. აღორძინებისა და ბაროკოს პერიოდების ფერწერის მთელი ისტორიის განმავლობაში ამ თემის განვითარების მიმდინარეობისას ყოველთვის შეიმჩნეოდა სიუჟეტის გართულებისა და მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის ტენდენცია. XIV-XV საუკუნეებში ჯვრის ხარიხის ორივე მხარეს თითო კიბეს გამოსახავდნენ, რომლებზეც ასულები არიან იოსები და ნიკოდემოსი. ქვემოთ დგანან მარიამ ღვთისმშობელი თავის თანამგზავრებთან ერთად და წმინდა იოანე. ჯვრის ძირას ხშირად მოჩანს ადამის თავის ქალა.

0x01 graphic

DÜRER, Albrecht
გოდება ქრისტესათვის
1500-03, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, 151x121 სმ.
ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი

0x01 graphic

BACCHIACCA
გარდამოხსნა
დაახ. 1518, აღორძინება
ზეთი, ხის მერქანი, 93x71 სმ.
უფიცის გალერეა, ფლორენცია

XVI საუკუნიდან, განსაკუთრებით ესპანური ნიდერლანდების გვიანდელი პერიოდის ფერწერაში, ჯვრიდან ჩამოხსნის სიუჟეტის გამოსახვა ხდება თავისუფალი და სრული სახით. ჯვარი აღარ იხატება ფრონტალურად, კიბე ხშირად ორის მაგივრად ოთხია, ხოლო იოსებსა და ნიკოდემოსს სხეულის ჯვრიდან ჩამოხსნაში ორი უცნობი კაცი ეხმარება. შესაძლოა სცენაში მუხლმოდრეკილი მარიამ მაგდალელი იესოს ფეხებს კოცნიდეს. მესამე ქალი მარიამია, კლეოპას ცოლი, რომლის მონაწილეობას მაცხოვრის ჯვარცმის სცენაში იოანე მახარებელი გვაუწყებს. მიწაზე აწყვია ვნების იარაღები: ეკლიანი გვირგვინი, ლურსმნები, ზოგჯერ წარწერიანი ფიცარი და ღრუბელი. სიუჟეტის მეორე ვერსიაში ქრისტეს სხეული ზემოდან ქვემოთ დაშვებულ გრძელ ტილოს ნაჭერზე მოსრიალებს. იოსებისა და ნიკოდემოსის გარჩევა მათი სამოსის მიხედვით არის შასაძლებელი. იოსები მდიდრულადაა ჩაცმული და არ არის გამორიცხული, რომ თავზე ქუდიც ეხუროს.

აღორძინების ეპოქის ადრეულ პერიოდში ნიკოდემოსი ქრისტეს ფეხებიდან აძრობს ლურსმნებს. წმინდა იოანე, როგორც ყოველთვის, ახალგაზრდაა, ხშირად მას გრძელი თმები აქვს. კონტრრეფორმაციის ეპოქამდე მარიამ ღვთისმშობელს გულწასულს და მის ახლოს მდგომთა ხელებზე უგრძნობლად მისვენებულ მდგომარეობაში გამოსახავდნენ, თუმცა უფრო გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში იგი მწუხარე გამომეტყველებით დგას. გარდამოხნის სიუჟეტზე შექმნილ XVII საუკუნის ფერწერულ ტილოებში, ცენტრალურ ფიგურად მარიამ მაგდალელი გვევლინება, რომელსაც კონტრრეფორმაციის პერიოდში გამორჩეულად სცემდნენ თაყვანს, როგორც ქრისტიანული მონანიების განსახიერებას. იგი გამოსახულია ძვირფასი სამოსით და შესაძლოა თავისი გრძელი თმებით ფეხებს უმშრალებდეს იესო ქრისტეს.

0x01 graphic

ANTELAMI, Benedetto
ჯვრიდან გარდამოხსნა
1178, შუა საუკუნეები
მარმარილო
მთავარი ტაძარი - „დუომო“,
პარმა

გასაღები

მათე მახარებლის თანახმად, იესო ქრისტე ზეცის გასაღებს პეტრე მოციქულს გადასცემს: „შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს...“ (მათ 16:18-19). გასაღები პეტრეს განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენს. ხშირად, გასაღები, რომლითაც რაიმეს გაღება ან დაკეტვაა შესაძლებელი, ეკლესიის ძალაუფლების გამომხატველი სიმბოლოა. ეკლესია განსაზღვრავს გასაღების მფლობელის „უფლებისა და უუფლებობის ძალას“. ამგვარი ძალა ეკლესიაში პეტრე მოციქულს აქვს მინიჭებული. იმის გამო, რომ წმინდა პეტრეს ძალზე ხშირად გამოსახავენ ხელში დიდი გასაღებით, ხალხში მას „ციური კარიბჭის მცველად“ მიიჩნევდნენ. არცთუ იშვიათად, განკითხვის დღის ამსახველ ნახატებში, გამოსახულია დიდი გასაღები, რომლითაც სატანა უნდა ჩაიკეტოს უფსკრულში ათასი წლით. „ვიხილე ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელში ჰქონდა უფსკრულის კლიტე და დიდი ჯაჭვი“ (გამოცხ 20:1).

0x01 graphic

GRECO, El
პეტრე მოციქული
1610-14, მანიერიზმი
ზეთი, ტილო, 97x77 სმ.
ელ გრეკოს მუზეუმი, ტოლედო

გასაღები საიდუმლო დამწერლობასა და სიმბოლოთა ამოცნობის საშუალებასაც გამოხატავს. ლუკას სახარებაში ნათქვამია: „ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, რომ წარიტაცეთ ცოდნის გასაღები!“ (11:52) ანუ ბიბლიის არასწორი განმარტებით, დაიხშო ღვთის შეცნობის გზა.

გედი

გედი ქათქათა, თეთრი ფერის ფრინველია და კამკამა წყლებში ბინადრობს, ამიტომ იგი იესოს ქრისტესა და მარიამ ღვთისმშობლის სიწმიდეს და მიზანსწრაფვას გამოხატავს. გედი სრულყოფილი სიყვარულის, მამაცობის, სუფთა სინდისისა და სინათლის სიმბოლოდ იქცა. ეს ფრინველი მორწმუნეებში იესო ქრისტეს ასოციაციას იწვევდა, რომელიც თავის თავს „წუთისოფლის ნათელს“ უწოდებდა. გედის თეთრი შეფერილობა პერსონიფიცირებული იყო მაცხოვრის ფერისცვალებასთან: „და გაბრწყინდა მისი სამოსელი და ძალზე სპეტაკი გახდა, ისეთი, რომ გამთეთრებელს ამ ქვეყანაზე არ ძალუძს ისე გათეთრება“ (მარკ 9:3).

0x01 graphic

GOZZOLI, Benozzo
სცენები წმ. ფრანცისკის
ცხოვრებიდან (მეორე სცენა,
სამხრეთის კედელი)
1452, ადრეული აღორძინება
ფრესკა, 270x220 სმ.
აფსიდალური სამლოცველო,
სან რანჩესკო, მონტეფალკო

ანტიკური ხანის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ გედი სიკვდილის წინ მომაჯადოებელად მღეროდა. მომღერალი გედი ჭეშმარიტ ქრისტიანს განასახიერებს, რომელსაც არ ანაღვლებს გარდუვალი სიკვდილის მოახლოება. სიკვდილი ხომ ერთადერთი გზაა, რომელსაც მარადიული სასუფევლისკენ მივყავართ. ზოგჯერ გედი ორპირობის სიმბოლოდ ითვლება, რადგან მისი ბრწყინვალე თეთრი ბუმბულის ქვეშ, შავი ხორცი იმალება. ამ ფაქტმა დასაბამი მისცა პირმოთნე ადამიანების ალეგორიას. ამ ადამიანებს საზოგადოებაში დამკვიდრებული აქვთ ღირსეული ადგილი, ხოლო შინაგანად გახრწნილი და ავხორცი არსებები არიან.

გემი

გემი ეკლესიის სიმბოლოა. ადრექრისტიანული პერიოდის ეკლესიის მამები და აპოლოგეტები ეკლესიას გემს ამსგავსებდნენ, რომელშიც მორწმუნე ადამიანი უსაფრთხოდ გრძნობდა თავს და სულის ცხონებას მოიპოვებდა. ქრისტეს მიერ გალილეის ზღვაზე მოხდენილი სასწაული, როდესაც მან დააშოშმინა აბობოქრებული ზღვა და გადაარჩინა ნავში მსხდომი მოწაფეები, იმის წინაპირობა გახდა, რომ გემი რელიგიური სიმბოლო გამხდარიყო.

ნოეს კიდობანი მისი საფარველის შესაფერის სიმბოლოს წარმოადგენდა, იმ ნავის მსგავსად, რომელშიც ქრისტეს მოწაფეები ისხდნენ (Navicella), წყალზე მოსიარულე იესოს სიუჟეტში. ტერტულიანე (დაახლოებით 160-230) გემს ეკლესიაში ღვთისმსახურების ჩასატარებელ ადგილს ადარებდა. აქედან წარმოიშვა სიტყვა „ნავი“, ლათინურად navis, ქართულად „გემი“. თავდაპირველად გემის გამოსახულება გამოჩნდა რომის კატაკომბების ქრისტიანულ ფერწერაში და სხვადასხვა საგნებზე, როგორებიცაა იმ პერიოდის ბეჭდები და სანათები. წმინდა ამბროსი თავის ნაწერებში ეკლესიას ადარებს გემს, ხოლო ჯვარს - გემის ანძას. ამიტომ, ხელოვნებაში გემის ანძას ჩვეულებრივ ჯვრის ფორმა აქვს და მის წვეროზე შეიძლება მტრედი იყოს გამოსახული. ზოგჯერ გემი ქრისტიანთა უძველესი სიმბოლოს, თევზის ზურგზე ფიგურირებს. გემი ზოგიერთი წმინდანის ატრიბუტსაც წარმოადგენს. მაგალითად, წმიდა ნიკოლოზის (მეზღვაურების მფარველი), პეტრე მოციქულის, წმიდა ურსულასი.

0x01 graphic

ANGELICO, Fra
წმ. ნიკოლოზის ამბავი
1437, ადრეული აღორძინება
ტემპერა მერქანზე, 34x60 სმ.
პინაკოთეკა, ვატიკანი

გეომეტრიული სიმბოლოები

წრე ანუ რგოლი მარადისობისა და უსასრულო ყოფის უნივერსალური სიმბოლოა. როგორც ღმერთის მონოგრამა, გამოხატავს არა მხოლოდ უფლის სრულყოფილებას, არამედ იმის მარადიულობასაც, ვინც „არის, ვინც იყო და ვინც მომავალ არს, ყოვლისმპყრობელი“ (გამოცხ 1:8). იკონოგრაფიაში წმინდა შარავანდედი (ნიმბი), უმეტესწილად, წრის ფორმით გამოიხატება. წრეს არა აქვს არც დასაწყისი და არც დაბოლოება. იგი აბსოლუტიზმისა და სრულყოფილების ნიშანია. თითქმის ყველა კულტურაში წრის სიმბოლურ პირველსახეს მზის დისკო წარმოადგენს.

კვადრატი, წრისგან განსხვავებით, მატერიალური სამყაროს ნიშანია, რომელიც ოთხი სტიქიისგან (ჰაერი, მიწა, წყალი, ცეცხლი) შედგება. ისინი, თავის მხრივ, ქვეყნიერების ოთხ მხარეს გამოხატავეს. ასეთი სახით განხილული მატერიის გამოსახვა უფრო დამაჯერებელი ხდება, თუ კვადრატის შიგნით ჯვარია ჩახატული. ამგვარი ფორმით სიმბოლო საფლავის ჯვარს ან ციხის ფანჯარას ჰგავს და მიგვანიშნებს, რომ ამქვეყნად ყოველივე წარმავალია. კვადრატისადმი ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, აიხსნება ადამიანის სურვილით, რომ გაერკვეს სამყაროს ქაოტურობაში მიმართულებებისა და კოორდინატების შემოღების საშუალებით. ლეგენდარული „წრის კვადრატურა“ ორი ელემენტის, „ზეცის“ და „მიწის“, იდეალურ თანხმობაში მოყვანის სიმბოლოს წარმოადგენს (ლათ. coincidentia oppositorum). წმინდა ქალაქი „ახალი იერუსალიმი“, რომელიც ანგელოზმა იოანე ღვთისმეტყველს ანახა „...ოთხკუთხედად იყო მდებარე და მისი სიგრძე იგივე იყო, რაც სიგანე“ (გამოცხ 21:16).

სამკუთხედი. სამების ადრექრისტიანული სიმბოლური გამოსახულება იშვიათობაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტოლგვერდა სამკუთხედი წმიდა სამების ერთ-ერთი პირველი სიმბოლოა. სამკუთხედის ტოლი გვერდები მამა ღმერთს, ძე ღმერთსა და სულიწმიდას განასახიერებენ. სამების დოქტრინის პირველწყარო იესო ქრისტეს ნათლისღების ისტორიაა, სადაც მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა ერთარსებადაა წარმოდგენილი: „...როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკ 3:21-22). სამკუთხა ნიმბი მხოლოდ მამა ღმერთის ან სამების სიმბოლოდ გამოიყენება. სამკუთხედი სამი წრეწირით სამების მონოგრამას წარმოადგენს. ერთიანი ღმერთის სამი იპოსტასი ზოგჯერ სამკუთხედში ჩახატული თვალის სახითაა გამოსახული.

0x01 graphic

QUERCIA, Jacopo della
ადამის შექმნა
1425-35, ადრეული აღორძინება
სიმაღლე 86 სმ.
ბაზილიკა სან პეტრონიო,
ბოლონია

პენტაგრამა ხუთკუთხა ფიგურაა, რომლისგანაც შეიძლება ვარსკვლავის წარმოქმნა. ამ გეომეტრიულ ფიგურას ძველთაგანვე გააჩნდა სიმბოლური მნიშვნელობა. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ ბერძენი ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის პითაგორას მიმდევრები, ხოლო შუა საუკუნეებში - მისნები. ქრისტიანულ სიმბოლიკაში პენტაგრამა ქრისტეს ხუთი ჭრილობის სიმბოლოა.

გველი

გველი ეშმაკის სიმბოლო და სატანის ბიბლიურ სინონიმია. ლათინურად სიტყვა draco აღნიშნავს გველსაც და დრაკონსაც. ქრისტიანულ ხელოვნებაში ორივე ეშმაკთან არის გაიგივებული. გველი არის სატანა, მაცდური, უფლის მტერი და პირველი ადამიანების დაცემის მონაწილე. იგი განასახიერებს ბოროტ ძალებს, ნგრევას, საფლავს, ცბიერებასა და მზაკვრობას, რაც ადამიანმა უნდა დათრგუნოს საკუთარ თავში. დანტე ალიგიერი გველს მტერთან აიგივებს, თუმცა, მისი აზრით, სიცოცხლის ხეზე შემოხვეული გველი სიბრძნეს წარმოადგენს და სასიკეთო სიმბოლოა, ხოლო თუკი ბოროტისა და კეთილის შეცნობის ხეზეა შემოხვეული, მაშინ იგი ლიუციფერი და ბოროტების საწყისია. ჯვარზე გამოსახული გველი ჯვარცმული ქრისტეს პროტოტიპია, რომელიც სიცოცხლის ხეზე ამაღლდა კაცობრიობის გადასარჩენად. ზოგჯერ გველი ქალის თავით არის გამოსახული, რაც ცოდვის სიმბოლოა. ჯვრის ფუძესთან დახატული გველი აღნიშნავს ქრისტეს ტრიუმფალურ გამარჯვებას ბოროტებაზე და ბნელეთის ძალებზე. მარიამ ღვთისმშობელი არ წამოეგო სატანის ხრიკზე და ევას მაცდურ გველს ფეხით უჭეჭყავს თავს. ხელოვნებაში სატანას დრაკონული სახის ნაკვთები ახასიათებს და შესაძლოა მისი სხეულის ნაწილები გველებით იყოს დაფარული. შხამიან თასში გამოსახული გველი იოანე მახარებლის ატრიბუტია.

0x01 graphic

CARAVAGGIO
მადონა გველთან
1606, ბაროკო
ზეთი, ტილო, 292x211 სმ.
ბორხესის გალერეა, რომი

0x01 graphic

MEMLING, Hans
დიპტიქი წმ. იოანე და ვერონიკა
(მარჯვენა ფრთის უკანა მხარე)
დაახ. 1483, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, მერქანი, 31,6x24,4 სმ.
ხელოვნების ნაციონალური
გალერეა, ვაშინგტონი

ძველად, ახლო აღმოსავლეთის ნაყოფიერების ქალღმერთის, იშტარასტარტის ზნე-ჩვეულებებში არსებობდა გველისა და ხის კავშირი. ეს კავშირი ხის ტანზე შემოხვეული გველის სახით იყო გამოხატული. შედეგად ეს გველი ებრაული მითოლოგიის სამოთხის ბაღის გველი გახდა. ხეზე შემოხვეული გველის ანუ მაცდურის სიმბოლო დაბადების წიგნიდან იღებს სათავეს და ცოდვას, დაცემას გამოხატავს. სწორედ გველის წყალობით განვითარდა ადამიანების პირველი წყვილის შემდგომი ბედი ტრაგიკულად. დაცემის სიუჟეტში, გველი ხის ტანზეა შემოხვეული ან ხესთან ახლოსაა გამოსახული. შეიძლება გველს ჰქონდეს ქალის თავი, ზოგჯერ კი ქალის ტანიც. იმ შემთხვევაში, თუ მაცდური ფეხზე დგას, მაშინ მას ხვლიკის მსგავსი ოთხი ფეხი აქვს.

გველის მიერ კანის გამოცვლის ჩვეულება ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა ანტიკური პერიოდის ავტორებზე. ფილონ ალექსანდრიელს მიაჩნდა, რომ კანის გამოცვლასთან ერთად გველს წლებიც აკლდებოდა და მას ადამიანის მხოლოდ მოკვლა კი არა, განკურნებაც შეეძლო. ამ თვისებებიდან გამომდინარე, ფილონ ალექსანდრიელის აზრით, გველი იმ აქტიური ძალების (პოზიტიური და ნეგატიური) სიმბოლოს და ატრიბუტს წარმოადგენს, რომლებიც სამყაროს მართავენ. საბოლოოდ იგი ასკვნის, რომ გველი „ცხოველებს შორის ყველაზე სულიერ“ არსებას წარმოადგენს.

გველის შესახებ კურიოზულ განმარტებებს შეიცავს გვიანდელი ანტიკური ხანის „ფიზიოლოგუსის“ ტექსტი. თავდაპირველად ტრაქტატი მოგვითხრობს კანის გამოცვლის პერიოდში გველის „გაახალგაზრდავების“ შესახებ (ადამიანმაც უნდა ჩამოიბერტყოს „ამქვეყნიური მობერებული წლები“ და, გაახალგაზრდავებულმა, ისწრაფოს მარადიული სასუფევლის დასამკვიდრებლად), ხოლო შემდეგ გვამცნობს, რომ გველი, წყაროდან წყლის დალევის წინ, შხამს სოროში ტოვებს, რათა წყალი არ მოიწამლოს (მარადიულ წყაროსკენ მიმავალმა ადამიანმა, თავისი ცოდვის შხამი უნდა მოიცილოს).

სიმბოლიკაში წინა პლანზეა წამოწეული გველის ნეგატიური როლი, რაც იმითაა განპირობებული, რომ გველის ნაკბენი შხამს შეიცავს და სიცოცხლისათვის სახიფათოა. ამიტომ ის არსებები, რომლებიც გველს კლავენ (არწივი, შევარდენი, ყარყატი), პოზიტიური სიმბოლიკის მატარებლები არიან.

გვიმრა

ლეგენდის მიხედვით გვიმრა თავის დიდებულებას, სინატიფესა და სილამაზეს ტყის ჩრდილიან ხეობებში მალავს და ისეთი ჯადო-თილისმითაა დაჯილდოებული, რომ მისი დანახვა მხოლოდ ღვთისნიერ ადამიანს შეუძლია. ლეგენდაში გადმოცემული ამ თვისებიდან გამომდინარე, გვიმრა თავმდაბლობის, გულახდილობისა და გულწრფელობის სიმბოლო გახდა.

გვირგვინი

გვირგვინი, როგორც ღვთიური, ასევე მიწიერი, უმაღლესი ხელისუფლების სიმბოლოა. გვირგვინით შემკობილი ადამიანი, თავს იკანონებს ზეადამიანურ, უზენაეს სამყაროსთან დაკავშირებულ პიროვნებად. მრგვალი ფორმა გვირგვინს უსასრულო წრეწირის სიმბოლურ შინაარსს ანიჭებს. სხივების სახით გაფორმებული გვირგვინის კბილანები მზის სხივებს წააგავს, ამიტომ სამეფო გვირგვინებს, როგორც წესი, ამზადებენ „მზის მეტალისგან“ - ოქროსგან. ქრისტიანულ სიმბოლიკაში გვირგვინი წარმოადგენს არა მხლოდ „ღვთიური დიდების“ სიმბოლოს, არამედ ყოფიერების უმაღლეს მიღწევად საფეხურს, მაგალითად, მარიამ ღვთისმშობლის გვირგვინით შემკობა (ხშირად მარიამი გამოსახულია გვირგვინით, რომელიც შემკობილია 12 ვარსკვლავითა და 12 ძვირფასი ქვით). არცთუ იშვიათად, წამებულ წმიდანებსაც ხატავდნენ გვირგვინით, რომელიც მათ შეკრული ან ბორკილებიანი ხელებით უჭირავთ. შუა საუკუნეების პლასტიკაში სამი სათნოება: რწმენა, სასოება, სიბრძნე, ისევე, როგორც ეკლესია, წარმოგვიდგებიან გვირგვინოსანი სახით. სამმაგი გვირგვინი პაპის სიმბოლოა, ხოლო ხუთმაგი - მამა ღმერთის. გვირგვინი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც „სიცოცხლის გვირგვინი“, - მარადიული ჯილდო მორწმუნეთათვის. სამი გვირგვინი ბრძენ მოგვებს განასახიერებს, რომლებმაც ახალშობილ იესო ქრისტეს სცეს თაყვანი.

0x01 graphic

BARTOLOMEO, Fra
ქრისტე ეკლის გვირგვინით
აღორძინება
ფრესკა, 52x37 სმ.
წმ. მარკოზის მუზეუმი,
ფლორენცია

ყვავილებისა და ფოთლების რტოებისგან დაწნული გვირგვინი „ცოცხალი გვირგვინია“ და ხშირად წყვდიადსა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს. ამჟამად საეკლესიო დღესასწაულების დროს ტაძრებს ხშირად ამკობენ გვირგვინის სახით გაფორმებული ყვავილებისა და ტოტების კონებით, მარადიული სიცოცხლის, აღდგომისა და სიხარულის სიმბოლოებით.

ეკლიანი გვირგვინი ქრისტეს ვნების სიმბოლოა. ზოგჯერ გვხვდება ჯვართან ერთად და იესოს ჯვარცმას გამოხატავს. ეკლიანი გვირგვინი მოგვაგონებს ჯარისკაცების მიერ ქრისტეს დაცინვას და მათ ირონიულ გამონათქვამებს იესოს იუდეველთა მეფის ტიტულის შესახებ. მაცხოვრის თავზე ეკლიანი გვირგვინის დადგმა ერთ-ერთი უკანასკნელი სცენაა ქრისტეს გასამართლების ეპიზოდების ციკლიდან. ამ სცენაში ქრისტე პოდიუმზე მოთავსებულ ტახტზე ზის. თავზე ადგას ეკლის გვირგვინი, შემოსილია მეწამული სამოსით და ხელში უჭირავს ლერწმის სკიპტრა. ხელებდამუშტული მეომრები მზად არიან დაარტყან მას ან დამცინავი მოკრძალებით იჩოქებენ მის წინაშე. XV-XVI საუკუნეების იტალიურ ფერწერაში იმ დროისათვის გაბატონებული წესების თანახმად, გამოსახავდნენ ორ ჯარისკაცს. თითოეულ მათგანს ხელში უჭირავს ჯოხი, რომლის დახმარებითაც ისინი ეკლის გვირგვინს ადგამენ ქრისტეს. ამ მომენტში მათი ჯოხები წარმოქმნიან ჯვრის ფიგურას. რაც შეეხება თავად გვირგვინს, სამხრეთის ქვეყნების მხატვრები გვირგვინს მცირე ზომის ეკლებით გამოსახავდნენ, რაც აშკარა კონტრასტს ქმნიდა გერმანელი და ჰოლანდიელი ოსტატების მანერასთან, რომლებიც ხატავდნენ უზარმაზარ ეკლებს.

საშობაო გვირგვინი ქრისტიანობაში დამკვიდრდა წარმართული ტრადიციის ზეგავლენით. გადმოცემის თანახმად, ზამთრის მზებუდობის მოლოდინში, ანთებულ სანთლებს გვირგვინში ამაგრებდნენ, რათა ამ დღეს განთიადს სინათლეში შემოებიჯებინა. ზამთრის მზებუდობა ემთხვევა შობის დღესასწაულს, ამიტომ შუა საუკუნეებში საშობაო გვირგვინს მორწმუნეები იყენებდნენ, როგორც სიფხიზლისა და მოჭარბებული სიხარულის სიმბოლოს. წრის ფორმის გვირგვინი, რომელიც მარადმწვანე ხის ტოტებისგანაა დაწნული, მარადიულობას განასახიერებს, ანთებული სანთლები მორწმუნე ქრისტიანთა მოჭარბებული სიხარულის გამოხატულებაა. სანთლები იისფრად (ან ლურჯად) არის შეფერადებული, რომელიც სიფხიზლისა და მუდმივი მზადყოფნის სიმბოლოა. ზოგიერთ ეკლესიაში მესამე ან მეოთხე სანთელი ვარდით ან მიხაკით არის შეცვლილი, რაც სიხარულს გამოხატავს. ეკლესიათა ნაწილი სანთლებს რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მნიშვნელობას ანიჭებს. ზოგჯერ, შობა დღეს, გვირგვინის შუაგულში თეთრი ფერის სანთელს ანთებენ.

0x01 graphic

DCRER, Albrecht
ვარდების გვირგვინების
დღესასწაული (დეტალი)
1506, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, ალვის ხის პანო
ნაციონალური გალერეა, პრაღა

0x01 graphic

DCRER, Albrecht
მადონა ჭივჭავით
1506
ზეთი, პანო, 31x76 სმ.
სახელმწიფო მუზეუმი, ბერლინი

გვირგვინით შემკობა

ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობის სიუჟეტი ღვთისმშობლის ცხოვრების ციკლის დასკვნით და კულმინაციურ სცენას წარმოადგენს, რომელიც მოსდევს წმინდა მარიამის გარდაცვალებასა და ზეცად ამაღლებას (მიძინებას). უფრო ხშირად კი, ღვთისმშობლის გვირგვინით შემკობის გამოსახულება წარმოდგენილია ლოცვის სახით, რაც ეკლესიის პერსონიფიცირებას წარმოადგენს. გამოსახულების ეს უკანასკნელი ვარიანტი XIII საუკუნის გოტიკური ხელოვნების პირმშოა და მისი ხილვა ფრანგული ტაძრების პორტალების სკულპტურულ მორთულობაში შეიძლება. მოგვიანებით იგი ეკლესიათა საკურთხევლებისთვის საგანგებოდ შექმნილ ფერწერულ ტილოებში გვხვდება, რომლებიც ღვთისმშობლისადმი ან მის მფარველობაში მყოფ მონაზონთა ორდენებისადმია მიძღვნილი.

მარიამის გვირგვინით შემკობის სიუჟეტის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტში ღვთისმშობელს გვირგვინით ამკობს ქრისტე, რომელიც მის გვერდით ზის. მეორე ვარიანტში წმიდა მარიამი მაცხოვრის წინ დგას მუხლმოდრეკილი. მას მამა ღმერთი (გამოსახულების ჩვეულებრივი ტიპი XV საუკუნის იტალიურ ფერწერაში) ან წმიდა სამება ადგამს გვირგვინს. ნახატში ფიგურირებს სამების სამივე წევრი: მამა ღმერთი, ქრისტე და მტრედი (წმიდა სამების სიმბოლო), ხოლო ღვთისმშობელს გვირგვინით ამკობს იესო ქრისტე. შესაძლოა მაცხოვარს ცალი ხელი წიგნზე ჰქონდეს დაყრდნობილი. ზოგჯერ წიგნზე მოჩანს წარწერა: „veni, electa mea, et in thronus meum“ (ლათ. „მოდი, ჩემო რჩეულო, და მე დაგსვამ შენ ჩემს ტახტზე“). მარიამს ძვირფასი სამოსი აცვია, როგორც ეს ზეციურ დედოფალს (Regina Coeli) შეეფერება. ხშირად კომპოზიციის ცენტრალური ჯგუფი ანგელოზების გუნდით არის გარშემორტყმული. ზოგჯერ ანგელოზები მუსიკალური ინსტრუმენტებით არიან გამოსახულნი. შესაძლოა სცენაში ფიგურირებდნენ პატრიარქები, ეკლესიის მამები, დიდმოწამენი და ქრისტიანული სამყაროს სხვა წმინდანები.

0x01 graphic

ANGELICO, Fra
ღვთისმშობლის გვირგვინით
შემკობა
1434-35, ადრეული აღორძინება
ტემპერა, პანო, 240x211 სმ.
ლუვრი, პარიზი

კონტრრეფორმაციული ხელოვნებისთვის დამახასიათებელია მარიამის გვირგვინით შემკობის თემის ჩანაცვლება ქალწულის მუცლადღების სიუჟეტით. ამ თემაში ხშირად ფიგურირებენ მარიამის ცარიელი კუბოს ირგვლივ თავმოყრილი მოციქულები.

0x01 graphic

GHIRLANDAIO, Domenico
ღვთისმშობლის გვირგვინით
შემკობა
1486, ადრეული აღორძინება
ტემპერა მერქანზე
პინაკოთეკა კომუნალე, რიმინი

0x01 graphic

CHARONTON, Enguerrand
მარიამის გვირგვინით შემკობა
1454, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, პანო, 183x220 სმ.
ქსენონი, ავინიონი

გოგრა

ბოთლის ფორმის გოგრას მოგზაურები წყლის გადასაზიდად იყენებდნენ, რის გამოც, გოგრა ყარიბების ატრიბუტი გახდა. ძველ აღთქმაში მოთხრობილია ისტორია გოგრის ხის შესახებ, რომელიც უფალმა აღმოაცენა, რომ ჩრდილი შეექმნა იონა წინასწარმეტყველისთვის და წყენა გაექარვებინა მისთვის. მეორე დღეს, განთიადისას ღმერთმა მოავლინა სამი მატლი და გაახმობინა მცენარე.

ამ ისტორიის გავლენით გოგრა აღდგომის სიმბოლოდ იქცა. დაცემის სცენაში ვაშლის მაგივრად გამოსახული გოგრა, როგორც აღდგომის სიმბოლო, ვაშლის (ბოროტება, სიკვდილი) მოქმედებას ანეიტრალებს. გოგრა წმინდა იაკობ ალფესის, რაფაელ მთავარანგელოზისა, ხოლო ზოგჯერ კი ქრისტეს განსაკუთრებული ატრიბუტია. იესოს ატრიბუტად ეს მცენარე იმ შემთხვევაში იხმარება, როდესაც ქრისტეს ემაუსის გზაზე მოწაფეებთან შესახვედრად მიმავალს გამოსახავენ მწირის სამოსით.

0x01 graphic

BOL, Ferdinand
იაკობის სიზმარი
დაახ. 1642, ბაროკო
ზეთი, ტილო, 128,5x67 სმ.
სამხატვრო გალერეა, დრეზდენი

გოლგოთის გზა

ქრისტეს უკანასკნელი გზა პილატე პონტოელის სახლიდან გოლოგოთის მთამდე, სადაც იგი ჯვარს აცვეს. მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები ერთ მნიშვნელოვან მომენტში განსხვავდებიან იოანე მახარებლის ვერსიისგან. თუმცა, ახალი აღთქმის კომენტატორები არ მიიჩნევენ ამ ორ ვარიანტს ერთმანეთთან შეუთავსებელ ისტორიად. იოანე უბრალოდ ამბობს: „თავად მოიკიდა ჯვარი და გავიდა თხემის ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია“ (იოან 19:17). ამავე დროს, დანარჩენ სამ სახარებაში აღწერილია, რომ იპოვეს ვიღაც კაცი, სახელად სიმონ კვირინელი, და აიძულეს ეტარებინა ქრისტეს ჯვარი, ხოლო ლუკა ამატებს: „მისდევდნენ მას დიდძალი ხალხი და დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ“ (ლუკ 23:27). მაცხოვართან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ ორი ავაზაკი. მხატვრები ორივე ვარიანტს იყენებდნენ.

0x01 graphic

MASTER M S.
ქრისტე ზიდავს ჯვარს
1506, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ტემპერა მერქანზე, 147,5x92,6 სმ.
ქრისტიანული მუზეუმი,
ესზტერგომი

აღმოსავლური ეკლესია სიმონს ტრადიციულად გამოსახავდა. ფერმწერთათვის განკუთვნილ ბიზანტიურ სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: „ქრისტე ძალაგამოცლილი ეცემა მიწაზე... სიმონ კვირინელი შეიძლება გამოსახული იყოს ჭაღარა თმებით, მომრგვალებული თავით, მოკლე კაბაში შემოსილი. მხრებით მას მიაქვს ჯვარი“.

ხშირად, აღორძინების ადრეული პერიოდის იტალიელი მხატვრებისთვის ბიზანტიური ვერსია მისაღები იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი გაქრა დასავლური ფერწერული ტილოებიდან და სიმონ კვირინელს მხოლოდ მაცხოვრის დამხმარეს ფუნქცია დაეკისრა. რასაკვირველია, დასავლური ტრადიცია უპირატესობას ქრისტეს მეორე ხატებას ანიჭებდა, რომელსაც დამოუკიდებლად მიჰქონდა საკუთარი ჯვარი. ამ შემთხვევაში ჯვარი იმ ტვირთის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელსაც ქრისტიანი მთელი ცხოვრება ატარებს. XIV-XV საუკუნეების ფერწერაში ქრისტე წელში გამართულია და ჯვარი დაძაბულობის გარეშე მიაქვს. შედარებით გვიანდელი პერიოდის ხელოვნებაში ჯვარი სულ უფრო მასიური და მძიმე ხდება. ნახატში თემის ხასიათი იცვლება: ტრიუმფის ნაცვლად ჩნდება ტანჯვა, რომელიც ქრისტეს ერგო. ჯვრის სიმძიმისგან მაცხოვარი მიწაზე ეცემა, ხოლო რომაელი მეომრები აიძულებენ გზა განაგრძოს. მიუხედავად იმისა, რომ ძირს დავარდნილი ქრისტეს ეს გავრცელებული ხატება წმინდა წერილზეა დაფუძნებული, იმ როლიდან, გამომდინარეობს რომელიც სიმონ კვირინელს ჰქონდა დაკისრებული, თუმცა ისტორიული ფაქტების თანახმად, რომაელების ბატონობისას განსასჯელს მხოლოდ ჯვრის ხარიხა მიჰქონდა სასჯელის ადგილამდე, სადაც ჯვრის ვერტიკალური ბოძი უკვე მიწაში იყო ჩარჭობილი.

0x01 graphic

BRUEGEL, Pieter the Elder
ქრისტე ზიდავს ჯვარს
1564, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი მუხის პანოზე, 124x170 სმ.
ხელოვნების ისტორიის მუზეუმი,
ვენა

გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე ქრისტეს უკვე აღარ აცვია ის სამოსი, რომლითაც შემოსეს პილატესთან. ჩვეულებრივ, იგი გამოსახულია ცისფერი მოსასხამით და წითელი პერანგით. თავზე კვლავ ეკლიანი გვირგვინი ადგას. შესაძლოა მაცხოვარს თოკით მიათრევდეს მეომარი. პროცესიის გამოსახულებაში ფიგურირებენ მეომრები, რომლებსაც მოაქვთ შტანდარტები რომაული დევიზით „S.P.Q.R.“ - „Senatus Populusque Romanus“ (ლათ. „სენატი და რომაელი ხალხი“), გამორჩეული მოწაფეები პეტრე, იაკობ ზებედე და იოანე მახარებელი, ორი ავაზაკი (მათ არ მოაქვთ ჯვრები), ლუკას მიერ მოხსენებული ქალები, რომლებიც ტრადიციის თანახმად მარიამ ღვთისმშობელთან და სამ მარიამთან არინ გაიგივებულნი. ნიკოდემოსის აპოკრიფული სახარების მიხედვით იოანემ ახალი ამბავი შეატყობინა მარიამ ღვთისმშობელს, რომელიც ამბის გაგების შემდეგ მარია მაგდალელის, მართასა და სალომეს თანხლებით მივიდა ჯვარცმის ადგილას, სადაც ქრისტეს ტანჯვის ხილვისას გული წაუვიდა. ხშირად ამ ეპიზოდის ტრანსფორმირება გოლგოთის გზაზე მომხდარ სცენაში ხდება. მარიამს გული უწუხდება იმ მომენტში, როდესაც ქრისტე ჯვრის სიმძიმისგან მიწაზე ეცემა. ღვთისმშობელი ღონემიხდილი ეშვება იქვე მდგომი ქალების ან იოანეს ხელებზე. XV საუკუნის დასაწყისში, იმ პერიოდში გავრცელებული რელიგიური დრამის ზეგავლენით, გამოჩნდა ვერონიკას ფიგურა. ლეგენდის თანახმად ვერონიკა სახლიდან იმ დროს გამოვიდა, როდესაც მაცხოვარმა ჩაიარა. ქალმა პირახოცი მიაწოდა ქრისტეს, რათა სახიდან ოფლი მოეწმინდა. პირსახოცზე სასწაულებრივ აღიბეჭდა მაცხოვრის ხატი. ვერონიკას გზის პირას მუხლმოდრეკილს გამოსახავენ. მას ხელში sudarium ან თავშალი უჭირავს, რომელზეც გამოსახულია ქრისტეს ხატება.

0x01 graphic

MASTER of Saint Veronica
ვერონიკა წმინდა თავსაფრით
დაახ. 1420, ადრეული
აღორძინება
ტემპერა მუხაზე, 78x48 სმ.
ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი

გრაალი

გრაალი ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი და ლეგენდარული სიმბოლოა. იგი ორ ძირითად თემას მოიცავს, თავად გრაალის სიმბოლიკას და მისი ძიების პროცესს. ლეგენდის მიხედვით გრაალი ანგელოზებმა იმ ზურმუხტისგან გააკეთეს, რომელიც ლუციფერის შუბლიდან მაშინ ჩამოვარდა, როდესაც ღმერთმა იგი ქვესკნელში ჩაამხო. ამგვარად, როგორც ქალწულმა მარიამმა გამოისყიდა ევას მიერ ჩადენილი ცოდვა, ასევე მაცხოვარმაც, თავისი სისხლითა და გრაალის საშუალებით გამოისყიდა სატანის მიერ შეცდენილი ადამის ცოდვა. გრაალის დაკარგვა, შინაგანი წონასწორობის დაკარგვის ტოლფასია, ამიტომ ამგვარ დანაკარგს პირველყოფილი ანუ სამოთხეში ყოფნის მდგომარეობის დაკარგვა მოჰყვება. გრაალის მნიშვნელობა ბარძიმს (grasase) და, ამავე დროს, წიგნსაც (gradaie) უკავშირდება.

თორმეტი რაინდის მრგვალი მაგიდის ცენტრში მოთავსებული გრაალის სიმბოლიკა ძალზე ახლოსაა ჩინური ცის გამოსახულებასთან, რომელსაც შუაში გახვრეტილი წრის ფორმა აქვს (თასის ანალოგი). პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული მონუსკრიპტის მინიატურაზე „გაბრწყინებული ლანსელოტი“, გამოსახულია ორი ანგელოზი, რომლებიც გრაალს მისტიკური მრგვალი მაგიდის ცენტრში ათავსებენ.

ყველაზე პოპულარული ლეგენდის მიხედვით, იოსებ არიმათიელმა გრაალის თასი ჯვარცმული იესო ქრისტეს სისხლით შეავსო, ამიტომ გრაალის სიმბოლიკა დაკავშირებულია ნებაყოფლობითი თავგანწირვისა და ცოდვათა გამოსყიდვის იდეასთან.

გრაალი შუა საუკუნეების ლეგენდებისა და მისტიკური ნაწარმოებების სახელგანთქმული სიმბოლური საგანი, ცოდვების გამოსყიდვისა და მადლის წმინდა ჭურჭელია. ნიკოდემოსის აპოკრიფული სახარების მიხედვით გრაალი ის თასია, რომელიც ქრისტემ საიდუმლო სერობის დროს გამოიყენა, ხოლო მოგვიანებით, ჯვარცმისას, მისი სისხლით შეივსო.

გადმოცემის თანახმად გრაალი მაღალ მთაზე აგებულ ციხე-სიმაგრეში ინახება. იგი ანგელოზებმა შეავსეს სასწაულებრივი ძალის მომნიჭებელი სანუკვარი ელექსირით, რომელიც ზიარებისთვის არის განკუთვნილი.

გრაალის ძიების სიმბოლიკა ზეციური კეთილდღეობისა და სულიერი ღირებულებების ძიებასთან არის დაკავშირებული. თქმულების მიხედვით, გრაალს თავისი მფლობელისთვის მარადიული ახალგაზრდობა მოჰქონდა. გრაალის შესახებ ლეგენდების წარმოშობას ძალზე შეუწყო ხელი ჯვაროსანი რაინდების მიერ რელიქვიის ფანატიკურმა ძიებამ. მოგვიანებით, ეს ლეგენდები მრავალმა ავტორმა დაამუშავა და გააფორმა (ვოლფრამ ფონ ეშენბახმა, კრეტიენ დე ტრუამ, რობერ დე ბორონმა და სხვ.), ხოლო კულმინაციას პარციფალის თქმულებებში მიაღწია.

0x01 graphic

ANGELICO, Fra
ჯვარცმასთან მუხლმოყრილი წმ.
დომენიკე
დაახ. 1440, ადრეული აღორძინება
ფრესკა, 340x155 სმ.
კოლმარი.

0x01 graphic

JUANES, Juan de
ქრისტე ბარძიმით
მანიერიზმი
მერქანი, 101x63 სმ.
ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი.

გრაგნილი (ეტრატი)

გრაგნილი ცხოვრების წიგნია. გრძელი ვიწრო ლენტი დევიზით ან წმინდანთა გამონათქვამებით ან მასზე გამოსახული წმინდანის სიტყვებით, აგრეთვე პერგამენტის ან ქაღალდის რულონი. გრაგნილით, როგორც წიგნის უძველესი ფორმით, ხშირად ამკობდნენ ძველი აღთქმის ავტორებს, მაგალითად, ესაია, იერემია, ეზეკიელ და სხვა წინასწარმეტყველებს. გარდა ამისა, წიგნიგრაგნილი ხშირად მახარებლების ატრიბუტსაც წარმოადგენს. სულიწმიდის გარდამოსვლის ამსახველ სცენებში შეიძლება გამოსახული იყოს თორმეტი გრაგნილი, რომლებიც თორმეტ ენაზე თარგმნილი სახარებების (ისინი მოხუც კაცს უჭირავს) სიმბოლური გამოხატულებაა.

0x01 graphic

DUCCIO di Buoninsegna
ეზეკიელი
1308-11, შუა საუკუნეები
ტემპერა მერქანზე, 43,5x16 სმ.
ხელოვნების ნაციონალური
გალერეა, ვაშინგტონი

0x01 graphic

DUCCIO di Buoninsegna
იერემია
1308-11
ტემპერა მერქანზე, 42,5x16 სმ.
სიენა

გრაგნილი იკონოგრაფიაში ძველთაგანვე დაგროვილი ცოდნისა და სიბრძნის, წინასწარმეტყველების ან კანონიკური წესების ემბლემას წარმოადგენს.

გული

გული სიყვარულის საერთო საკაცობრიობო სიმბოლოს წარმოადგენს. ქრისტიანულ რელიგიაში გული ურთიერთგაგების, ერთგულების, სევდისა და სიყვარულის წყაროდ ითვლებოდა. მისი ღრმა რელიგიური არსი მეფეთა პირველ წიგნშია გამოხატული: „და უთხრა უფალმა სამუელს: ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას სხედავს რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს.“ ახალ აღთმაში პავლე მოციქული მუხლმოდრეკილი ევედრება უფალს, რათა ადამიანებს მიეცეს ძალა „ქრისტეს დასამკვიდრებლად რწმენით თქვენს გულებში, და იყოთ თქვენ ფესვგადგმულები და დაფუძნებულები სიყვარულში“ (ეფეს 3:17).

0x01 graphic

DCRER, Albrecht
ღვთისმშობლის შვიდი მწუხარება
დაახ. 1496, ჩრდილოევროპული აღორძინება
ზეთი, პანო, 109x43 სმ.
(ცენტრალური პანო),
63x46 სმ.
(პანოს თითოეული მხარე)
მიუნხენი და დრეზდენის გალერეა

სახვით ხელოვნებაში აალებული გული რელიგიურ ერთგულებასა და რწმენისადმი თავდადებას გამოხატავს. წმინდანის ხელეი გამოსახული ადამიანის გული სიყვარულისა და ღვთისმოშიშობის სიმბოლოდ გამოიყენება. ისრით განგმირული გული გამოხატავს ჭეშმარიტ, გულწრფელ მონანიებასა და ღმრთისადმი ერთგულების შენარჩუნებას, იმის მიუხედავად, რაც უნდა მძიმე გამოცდა მოევლინოს მორწმუნეს. აღორძინების ეპოქაში ეროსის ისრით განგმირული გულის თემა წმინდა ვალენტინის დღის აღმნიშვნელ მოტივად იქცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დღესასწაულს უფრო მეტად წარმართული ფესვები აქვს, ვიდრე ქრისტიანული. ბევრ რელიგიაში გული ჭეშმარიტების, სინდისისა და მორალური გამბედაობის ემბლემაა. ისლამურ, იუდეურ და ქრისტიანულ რელიგიურ აზროვნებაში გული ღმერთის ტაძარს ან ტახტს გამოხატავს. რომაულ კათოლიკურ ეკლესიაში იესო ქრისტეს „სამსხვერპლო გული“ თაყვანისცემის საგნად იქცა, როგორც ღმერთის მხსნელი სიყვარულის სიმბოლო. ზოგჯერ გული ეკლიანი გვირგვინით გამოიხატება, რაც ჯვარცმას განასახიერებს. ლუკას სახარებაში ღრმად მოხუცებული სიმონი უწინასწარმეტყველებს ღვთისმშობელს: „და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა გაცხადდეს მრავალ გულთაგან ზრახვები“ (ლუკ 2:35). სახარების ამ ნაწყვეტის გავლენით მარიამის შვიდგზის განგმირული გული ღვთისმშობლის ერთი ან შვიდი მწუხარების სახით არის გადმოცემული. იკონოგრაფიაში გულს ლარნაკის ფორმით ან გადაბრუნებული სამკუთხედის სახით გამოსახავდნენ. იგი იმ ჭურჭლის სიმბოლოდ ითვლება, რომელშიც იღვრება და ინახება სიყვარული. ამ თვალსაზრისით გული წმინდა გრაალს უკავშირდება.

გუნდრუკი

გუნდრუკი ამქვეყნიური სიწმინდის, უმანკოებისა და აღვლენილი ლოცვის სიმბოლოა. ზეცისკენ აღმავალი კვამლი სიმბოლურად მლოცველთა მიერ აღვლენილ ლოცვას განასახიერებს. ლიტერატურულ და იკონოგრაფიულ მემკვიდრეობას იმ აზრამდე მივყავართ, რომ თავდაპირველად გუნდრუკი მსხვერპლისა და მიცვალებულთა დაწვის მიზნით დანთებული კოცონებიდან აღძრული არასასიამოვნო სუნის ჩახშობის მიზნით გამოიყენებოდა. მოგვიანებით დაიწყეს მისი, როგორც წმინდა სიმბოლური შესაწირავის დაწვა. გუნდრუკის კვამლი ცასა და მიწას შორის ხილული კავშირის დამყარებას ემსახურებოდა. ახალდაბადებულ ქრისტეს, თაყვანის საცემად მისულმა მოგვებმა ძღვნად მიართვეს გუნდრუკი და მური, რომლებიც, ძალზე ძვირფას საქონელს წარმოადგენდნენ იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში.

0x01 graphic

ANGELICO, Fra
მოგვების თაყვანისცემა
1433-34, ადრეული აღორძინება
ტემპერა მერქანზე
დიოცეზანოს მუზეუმი, კორტონა

თავდაპირველად ქრისტიანული ეკლესია სიფრთხილით ეკიდებოდა ასოციაციებს, რომლებიც გუნდრუკის კმევასა და წარმართული ღმერთების თაყვანისცემას შორის არსებობდა. თუმცა, მალე თავად დაიწყო გუნდრუკის გამოყენება, რაც გუნდრუკის კმევის საყოველთაო საეკლესიო ტრადიციად ჩამოყალიბდა.

2

▲back to top


დაკრძალვა

0x01 graphic

ALTDORFER, Albrecht
დაკრძალვა
დაახ. 1516, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი მერქანზე, 70,5x37,3 სმ.
ხელოვნების ისტორიის მუზეუმი,
ვენა

ქრისტეს ვნებების ეს ეპიზოდი ოთხივე მახარებელს აქვს მოთხრობილი. მათეს სახარებაში იოსებ არიმათიელმა აიღო გვამი, „შეახვია იგი სუფთა ტილოში და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი. სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა. იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ“ (მათ 27:59-61). იოანე ღვთისმეტყველი კი აღნიშნავს, რომ იოსებს ეხმარებოდა ნიკოდემოსი „უწინ ღამით რომ ეწვია იესოს“ და გასაპატიოსნებლად მოუტანა სმირნისა და ალოეს ნაზავი. იოანე იმასაც გვამცნობს, რომ სამარხი ბაღში მდებარეობდა. აქედან გამომდინარე მხატვრები ამ ეპიზოდს სხვადასხვაგვარად გამოსახავდნენ.

შესაძლოა მოქმედება ვითარდებოდეს გამოკვეთილი მართკუთხა შესასვლელის მქონე ცარიელი ნიშის წინ ან აკლდამის შიგნით, რომლის თაღისებური გასასვლელიდან გარეთა ხედი მოჩანს. ზოგჯერ ცარიელი ნიშის წინ გამოსახულია სამარხის დასაფარი ლოდი. იტალიური აღორძინების პერიოდის ფერწერაში აღსანიშნავია ლიტერატურული პირველწყაროსადმი გულგრილი დამოკიდებულება. ანტიკურ რელიეფებზე აგებულ კომპოზიციებში გამოსახულია გაშლილ ადგილას დადგმული უბრალო მართკუთხა სარკოფაგები. მოსასხამზე დასვენებული ქრისტეს სხეული გამზადებულია კუბოში ჩასასვენებლად. იოსებს, რომელიც ტრადიციულად ასაკითაც და რანგითაც ნიკოდემოსზე უფროსად ითვლება, მოსასხამი მიცვალებულის თავთან უჭირავს, ხოლო ნიკოდემოსს - ფეხებთან. მარიამ ღვთისმშობელი და იოანე მოციქული სხეულის გვერდით დგანან. შესაძლოა მარიამი ქრისტეს სახეზე საკოცნელად იყოს დახრილი. მარიამ მაგდალელი მაცხოვარს ფეხებზე ეხვევა, ისევე, როგორც მონანიების მიზნით ფეხებს უმშრალებდა იესოს თავისი თმით ან იგი მწუხარედ ხელებაპყრობილი დგას ქრისტეს სხეულის გვერდით. შესაძლოა სცენაში ფიგურირებდეს ორი ან სამი წმინდანი ქალი. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ სიუჟეტს რელიგიური დატვირთვა უფრო აქვს, ვიდრე სახარების ილუსტრირებისა, ადამიანების ადგილი შეიძლება ანგელოზებმა დაიკაონ. ამგვარი სურათის ხილვა შესაძლებელია კონტრრეფორმაციული პერიოდის ხელოვნებაში, სადაც ანგელოზებს ქრისტეს სხეული აკლდამისკენ მიაქვთ ან კუბოში ასვენებენ მას.

0x01 graphic

RAFFAELO, Sanzio
დაკრძალვა
1507, აღორძინება
ზეთი მერქანზე, 184x176 სმ.
ბორგეზეს გალერეა, რომი

0x01 graphic

ANGELICO, Fra
დაკრძალვა
დაახ. 1440, ადრეული
აღორძინება
ტემპერა მერქანზე, 37,9x46,4 სმ.
ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი

დანა

როგორც წესი, დანა წამებისა და მსხვერპლად შეწირვის სიმბოლოდ გამოიყენება. იგი აბრაამის ატრიბუტია, რადგან აბრაამი მზად იყო აღესრულებინა ღმერთის მოთხოვნა და მსხვერპლად შეეწირა თავისი შვილი ისააკი, მაგრამ ღმერთმა არ დაუშვა ისააკის სიკვდილი: „და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა... და თქვა: არ აღმართო შენ ხელი ამ ყრმაზე და არაფერი უყო მას...“ (დაბ 22:11-12). პეტრე მოციქულის ხელში გამოსახული დანა გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს დაპატიმრების სცენის გამოძახილია. სიმონ-პეტრემ მღვდელმთავრის მონას, მალქოსს, ცალი ყური ჩამოათალა. დანა ბართლომე მოციქულის ატრიბუტსაც წარმოადგენს, რომელიც ცოცხლად გაატყავეს. ამიტომ, ხშირად ამ წმინდანს განსაკუთრებული ფორმის დიდი დანით ხელში და მხარზე გადაგდებული ადამიანის ტყავით გამოსახავენ.

0x01 graphic

LE GROS, Pierre the Younger
წმ. ბართლომე
1708-18, ბაროკო
მარმარილო, სიმაღლე 425 სმ.
ბაზილიკა სან ჯოვანი ინ
ლატერანო, რომი

დაფნა

დაფნა გამარჯვების, მარადიულობისა და უმანკოების სიმბოლოა. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გამარჯვებულებს დაფნის გვირგვინით აჯილდოვებდნენ. პავლე მოციქული უხრწნად გვირგვინს უპირისპირებს ხრწნად გვირგვინს, რომელიც ასპარეზობაზე გამარჯვებულს ერგება. „...ასპარეზობაზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს. მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ. ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისაგან. ისინი - ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი - უხრწნადისა“ (1კორ 9:24- 25). დაფნა მარადმწვანე მცენარეა და მისი ფოთლები არასოდეს ჭკნება, ამიტომ დაფნა მარადიულობის სიმბოლოდ იქცა. დაფნის კავშირი უმანკოებასთან, როგორც ჩანს, წარმართობის დროიდან იღებს სათავეს, როდესაც დაფნას ქალწულებს უძღვნიდნენ. დაფნის ხის გამხმარი კუნძზე ამოსული ნორჩი ყლორტი სიკვდილის, როგორც ახალი სიცოცხლის დასაწყისის, სიმბოლოა.

0x01 graphic

DUCCIO, di Buoninsegna
ქრისტეს ბრალს დებენ
ფარისევლები
1308-11, შუა საუკუნეები
ტემპერა მერქანზე, 49x57 სმ.
მთავარი ტაძრის მუზეუმი
(dell'Opera del Duomo), სიენა

რომის პირველი იმპერატორები გვირგვინს არ ატარებდნენ. მათ თავი შემკული ჰქონდათ დაფნის გვირგვინით, რომელიც გამარჯვებისა და სამეფო ხელისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა. ამის გამო, პილატე პონტოელის მიერ ქრისტეს გასამართლების სცენებში, პილატეს ხშირად დაფნის გვირგვინით გამოსახავენ.

დაცემა

იოანე მახარებლის თანახმად წუთისოფელი „ბოროტსა ზედა დგას“ და იგი ღმერთს არ შეუქმნია. მეტიც, ღმერთს არ შეუქმნია იმგვარი მატერია, რომელსაც ხრწნა, ლპობა და სიკვდილი ახასიათებს, სამყარო იმ ქიმიური შემადგენლობითა თუ ფიზიკური თვისებებით, როგორადაც ადამიანის თვალსა და აზრს ესახება, სადაც ყველაფერი მიედინება და ყველაფერი იცვლება, სადაც ბატონობს სიკვდილის, აღსასრულის გარდაუვალი კანონი. ყოველივე ზემოთ თქმულის შემოქმედი არის ადამიანი. ის, რაც ღმერთმა შექმნა, კეთილად ქმნა. მის მიერ გაჩენილი სამყარო სრულყოფილი, უმწიკვლო და მშვენიერი იყო. იქ სუფევდა სრული ჰარმონია, აბსოლუტური თანხმობა და წესრიგი. ყოფიერებას საფუძვლად ედო მატერია, რომლისთვისაც უცხოა სიკვდილი. ესაა სულიერი მატერია. მას არა აქვს სიმყიფე, ზომა და წონა. ეს კატეგორიები მხოლოდ მის პოტენციაშია და გარკვეული მიზეზის შედეგად გამოვლინდება. ეს მიზეზია ცოდვა, რის გამოც სულიერი მატერია იცვლის სახეს და გარდაიქმნება ხრწნადად და მოკვდავად, მარადიულობიდან - წუთისოფლად.

0x01 graphic

TINTORETTO
ადამი და ევა
დაახ. 1550, მანიერიზმი
ზეთი, ტილო, 150x220 სმ.
აკადემიის გალერეა, ვენეცია

ღმერთმა სამყაროს შექმნის ბოლო საფეხურზე შექმნა ადამიანი და დააჯილდოვა განუზომელი ღირსებითა და აღმატებული პატივით. ადამიანი შექმნა თავის ხატად და მხოლოდ ადამიანს მიმადლა აზროვნება, ნებისყოფა, შემოქმედების უნარი და მისცა მას არჩევანის თავისუფლება. ადამიანები უნდა აღორძინებულიყვნენ, მათ უნდა „ენაყოფიერათ და ემრავლათ“, მაგრამ არა ისე, როგორც დღეს, არამედ სულიერად, წმინდად და უმანკოდ (მსგავსად ქალწული მარიამისა). ასე, რომ ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფლების გამოვლენის შესაძლებლობა. და ადამიანმაც გააკეთა არჩევანი. ბოროტება ხილულ სამყაროში არახილულიდან შემოიჭრა. ამქვეყნად ეს აქტი გველის საშუალებით განხორციელდა. აი დასაბამი ცოდვისა, საბედისწერო ნაბიჯისა, რომელიც გადადგა ადამიანმა, მოაზროვნემ, თავის თავზე კონტროლის უნარმქონე არსებამ. ასე, რომ ჩვენი თვალთახედვის წინ მყოფი სამყარო შეიქმნა ადამიანის მიზეზით, პირველცოდვის გამო. ცოდვასა და დანაშაულს, მართლმსაჯულების შეუქცევადი პრინციპის ძალით, სასჯელი მოჰყვა. ცოდვა გავრცელდა არა მარტო სივრცეზე, არამედ დროზეც, ესე იგი შემდგომ თაობებსა და ეპოქებზე, რაც ბუნებრივი პროცესია: მსგავსი მსგავსს შობს და ავითარებს.

0x01 graphic

GOSSAERT, Jan (Mabuse)
ადამი და ევა
დაახ. 1520, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, პანო, 168,9x111,4 სმ.
სამეფო კოლექცია, უინძორი

შუა საუკუნეების ტიპოლოგიური წარმოდგენით, პირველი წყვილის ცოდვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სიმბოლოა, სადაც მარიამმა, „ახალმა ევამ“, გამოისყიდა დაცემული ევას ცოდვა. ადამი იესო ქრისტეს სიმბოლოა. ლუკას სახარებაში მაცხოვარი თავის თავს „კაცის ძეს“ უწოდებს (არამეულად bar`enas, ებრაულად ben`adam, „ადამის ძე“). ამავე დროს, პავლე მოციქული ახალ აღთქმაში ქრისტეს მოიხსენიებს, როგორც „მეორე ადამს“ ანუ „ახალ ადამს“ (რომ 5:14). ადამისა და ევას მიერ ჩადენილმა ცოდვამ დაამახინჯა ადამიანის პირველადი ნატურა, მისი „ღვთის ხატობა“. ადამის შეცოდებით ცოდვა და სიკვდილი შემოვიდა სამყაროში, ხოლო იესო ქრისტემ კაცობრიობა ცოდვებისგან გამოიხსნა. ამრიგად, „თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ“ (რომ 5:18).

0x01 graphic

MICHELANGELO, Buonarroti
დაცემა და ედემის ბაღიდან განდევნა
1509-10, აღორძინება
ფრესკა, 280x570 სმ.
სიქსტის კაპელა, ვატიკანი

ხელოვნებაში გამოირჩევა დაცემის ორი ძირითადი სიუჟეტი: ცდუნება და სამოთხის ბაღიდან განდევნა. დაცემის სიუჟეტში ადამი და ევა სამოთხეში დგანან ხესთან. ჩვეულებრივ, ეს არის ვაშლის ან ლეღვის ხე. გველი ხის ტანზეა შემოხვეული ან ხესთან ახლოსაა გამოსახული. შეიძლება გველს ჰქონდეს ქალის თავი, ზოგჯერ კი ქალის ტანიც. იმ შემთხვევაში, თუ მაცდური ფეხზე დგას, მაშინ მას ხვლიკის მსგავსი ოთხი ფეხი აქვს. ევას ხელში ვაშლი უჭირავს ან იმ მომენტშია გამოსახული, როცა მის დამალვას ცდილობს. ზოგჯერ, ევა მოკბეჩილ ვაშლს ადამს სთავაზობს.

სამოთხიდან განდევნის სცენებში ადამი და ევა შიშვლები არიან, ხოლო წინ ხელები აქვთ აფარებული. ზოგჯერ თეძოზე შემოხვეული აქვთ ფოთლების ყვავილწნული. მათი გამომეტყველება მწუხარებასა და სრულ სასოწარკვეთილებას გამოხატავს. უკანა პლანზე ფიგურირებს ანგელოზი, რომელსაც ხელში უჭირავს მახვილი ან მათრახი. ღმერთი აძლევს ადამსა და ევას ცხოველების ტყავებისგან დამზადებულ სამოსს. შორიახლო დგას მოსასხამში გახვეული სიკვდილის ფიგურა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ადამიანებმა სამუდამოდ დაკარგეს უკვდავება. ზოგჯერ სიუჟეტს თან ახლავს სცენა, სადაც ადამი მიწას ამუშავებს, ხოლო ევა ეხმარება მას ან იქვე საქმიანობს. მახლობლად თამაშობს ორი ბავშვი, აბელი და კაენი.

დელფინი

პირველი ქრისტიანების წარმოდგენაში თევზი მათ რწმენასთან ასოცირდებოდა. ხშირ შემთხვევაში ამ თევზს დელფინი წარმოადგენდა. იგი აღდგომისა და ცხონების სიმბოლოდ იქცა. ითვლებოდა, რომ დელფინს, ზღვის ბინადართა შორის ყველაზე ძლიერ და სწრაფ არსებას, მიცვალებულთა სულები გადაჰყავდა საიქიო სამყოფელში. ღუზასთან ან ნავთან ერთად გამოსახული დელფინი განასახიერებს ეკლესიას ან ქრისტიანის სულს, რომელსაც ქრისტე ცხონებისკენ მიუძღვის.

0x01 graphic

MICHELANGELO, Buonarroti
იონა
1511, აღორძინება
ფრესკა 400x300 სმ.
სიქსტის კაპელა, ვატიკანი

დელფინი გაცილებით ხშირად გვხვდება ქრისტიანულ ხელოვნებაში, ვიდრე ზღვის სხვა ბინადარნი. ცნობილია, რომ უფალმა იონას მოუვლინა „დიდი თევზი“ და „შთაანთქმევინა იონა“. ამ სიუჟეტს ქრისტიანობის გარიჟრაჟზე აღიქვამდნენ, როგორც იესო ქრისტეს აღდგომის პირველსახეს და, სავარაუდოა, რომ ამიტომ იქცა დელფინი აღდგომის სიმბოლოდ. ეს ზღვის ძუძუმწოვარა ცხოველი ქრისტეს მსხვერპლის ემბლემას წარმოადგენს და ამ მნიშვნელობით დელფინს ხშირად გამოხატავენ სამკაპით დაჭრილ მდგომარეობაში ან ჯვრის საიდუმლო სიმბოლოსთან, ღუზასთან ერთად. საფრანგეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეებს დოფინებს (დელფინებს) უწოდებდნენ, თუმცა ამას კავშირი არ ჰქონდა დელფინის სიმბოლიკასთან. ეს იყო საკუთარი სახელი, რომელიც დოფინის პროვინციის მმართველების ტიტულს წარმოადგენდა და XIV საუკუნეში საფრანგეთის სამეფო კარს გადაეცა.

დიადემა (ნიმბი)

ნათება, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა V-XV საუკუნეების ქრისტიანულ ხელოვნებაში. იგი სამების, წმიდა ოჯახის, წმინდანებისა და ანგელოზების ღვთიური წარმომავლობისა და სიწმინდის სიმბოლოს წამოადგენდა. ეს ადათი დაკავშირებულია მზის დისკოს ირგვლივ არსებულ დიადემასთან და ნასესხებია მზის ღმერთის წარმართული გამოსახულებებიდან, განსაკუთრებით მიტრაიზმის იკონოგრაფიიდან, რომელიც ქრისტიანობამ განდევნა რომის იმპერიიდან.

0x01 graphic

GIOTTO, di Bodone
მადონა და ყრმა
1297, შუა საუკუნეები
ტემპერა მერქანზე
კერძო კოლექცია

დიადემა ღვთიური ენერგიის, სიწმინდისა და უძლეველობის სიმბოლოა. ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ხშირად გამოიყენება სტილიზებული დიადემები მანათობელი რკალის, შარავანდედის ან მანდორლას სახით. გამოსახული პერსონის მიხედვით ნიმბი შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით. წმიდა სამების (მამა ღმერთი, ქრისტე და სულიწმიდა) სიმბოლიზირება ხდება თავიდან გამომავალი სამი სხივით, რომლებიც დიადემას წარმოქმნიან. ჯვრის ფორმის ნიმბი ანუ წრეში გამოსახული ჯვარი, ქრისტეს მიერ ადამიანების ცოდვების გამოსყიდვის სიმბოლოა და, ამიტომ მხოლოდ ქრისტეს გამოსახულებებზე გამოიყენება. სამკუთხედის ფორმის დიადემა ზოგჯერ მამა ღმერთის ან სულიწმიდის გამოსახულებებზე გვხვდება და სამებას გამოხატავს. მარიამ ღვთისმშობლის დიადემა ყოველთვის მრგვალი ფორმისაა და დახვეწილი მორთულობით გამოირჩევა. წმიდანთა ან სხვა ღვთიურ პერსონათა დიადემა მრგვალია და არ არის შემკობილი ორნამენტებით.

0x01 graphic

PEREDA, Antonio de
წმიდა სამება
ბაროკო
ზეთი, ტილო, 143x230,5 სმ.
ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი

0x01 graphic

ANGELICO, Fra
ქრისტეს დაცინვა
1440-41, ადრეული აღორძინება
ფრესკა, 188x164 სმ.
წმ. მარკოზის მონასტერი,
ფლორენცია

კვადრატული ფორმის ნიმბი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გამოიყენება. კვადრატი, წრეწირთან შედარებით, ყოველთვის დაბალ საფეხურზე იდგა და იგი მიჩნეულია მიწის სიმბოლოდ, ხოლო წრე ზეცისა და მარადიული არსებობის სიმბოლოს წარმოადგენს. მრავალკუთხა ნიმბები ღვთისნიერი ადამიანების ან სხვა ალეგორიული ფიგურების გამოსახულებებში გამოიყენება.

დოქი და ჯამი

დოქი და ჯამი რიტუალურ სიწმინდეებს განასახიერებენ და უმწიკვლოების სიმბოლოს წარმოადგენენ. ეს ნივთები დაკავშირებულია ახალი აღთქმის ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მოთხრობასთან. პირველ სიუჟეტში პასექის დღესასწაულის წინა პერიოდში იესო ფეხებს ბანს თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის შემდეგ: „ფერხნი რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: იცით რა გიყავით? თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან ვარ. ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, გაგბანეთ ფერხნი, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფერხნი. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი. რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ“ (იოან 13:12-17). ამ მოქმედებით იესომ თავისი სულისკვეთება გამოხატა ადამიანის ადამიანისადმი დამოკიდებულების შესახებ. დოქი და ჯამი ხშირად საიდუმლო სერობის ამსახველ ფერწერულ ტილოებზე ფიგურირებენ.

სახარებაში დოქი და ჯამი კიდევ ერთ ადგილასაა მოხსენებული, ოღონდ სულ სხვა სიმბოლური მნიშვნელობით. მათე მახარებლის გადმოცემით, იესო ქრისტესთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ, რომის ხელისუფლების წარმომადგენელი, პროკურატორი პილატე პონტოელი ხელებს იბანს და ამით ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის თავიდან: „როცა პილატემ დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: უბრალო ვარ ამ მართლის სიხლისაგან, თქვენ იცით“ (მათ 27:24).

0x01 graphic

GIOTTO, di Bodone
No. 30 სცენები ქრისტეს
ცხოვრებიდან:
14 ფეხების დაბანა
1304-06, შუა საუკუნეები
ფრესკა, 200x185 სმ.
სკროვენის კაპელა, პადუა

0x01 graphic

JUANES, Juan de
საიდუმლო სერობა
დაახ. 1560, მანიერიზმი
პრადო, მადრიდი

დრაკონი

დრაკონი ანუ გველი, აღორძინების ეპოქის მხატვრების მიერ ეშმაკის სიმბოლოდ იქნა არჩეული. დრაკონი, როგორც ღმერთის მტერი, სრულფასოვნად აღწერა იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებაში: „შეიქნა ცაში ომი: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს. შეებრძოლნენ გველეშაპი და მისი ანგელოზები. მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად“ (გამოცხ 12:7-9). ზეციდან განდევნილი დრაკონი აგრძელებს ღმერთთან დაპირისპირებას. ამიტომ მას გამოსახავენ ურჩხულის სახით, რომელიც გამხეცებული შთანთქავს თავის მსხვერპლს. დრაკონი წმინდა გიორგი კაპადოკიელის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელმაც შუბით განგმირა და დაამარცხა გველეშაპი.

გველი, როგორც ეშმაკის ან სატანის სიმბოლო, ადამისა და ევას მაცდურს წარმოადგენს „და უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა გააკეთე? და უთხრა დედაკაცმა: გველმა მაცდუნა და შევჭამე“ (დაბ 3:13). გველი, როგორც წესი, ვერაგი მაცდურის სიმბოლოა, რომელმაც ადამიანი ცოდვის მორევში შეიტყუა. ზოგჯერ გველს ჯვრის ფუძესთან გამოსახავენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქრისტემ კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად ჯვარზე სიკვდილით დაამარცხა მაცდური ბოროტი სული. ქრისტიანულ სიმბოლიკაში დრაკონი განიხილება, როგორც ეშმაკეულის ან სატანისეულის განსახიერება, რომელსაც მიქაელ მთავარანგელოზი ამარცხებს და შთანთქავს ქვესკნელის წიაღში. დრაკონი, როგორც შიშის განსახიერება, მეომრების პოპულარულ ემბლემას წარმოადგენდა და მას ხშირად გამოსახავდნენ რომაულ შტანდარტებზე. დრაკონის მოჩუქურთმებული გამოსახულებით ვიკინგები გემების კიჩოს ამკობდნენ. კელტებში, ისევე, როგორც ანგლოსაქსების დროშებზე, გველეშაპი სამეფო ძალაუფლების სიმბოლოდ გვევლინება. უელსში წითელი დრაკონი დღემდე ეროვნულ ემბლემად ითვლება.

0x01 graphic

COLOMBE, Michel
წმ. გიორგი და დრაკონი
1508, ჩრდილოევროპული
აღორძინება
მარმარილო
გაილონის ციხესიმაგრის კაპელა

0x01 graphic

MARZAL DE SAX, Andres
წმ. გიორგი (დეტალი)
დაახ. 1400, ადრეული აღორინება
ტემპერა მერქანზე, 670x486 სმ.
ვიქტორიისა და ალბერტის
მუზეუმი, ლონდონი

დროშა

აფრიალებული თეთრი დროშა, რომელზეც წითელი ჯვარია გამოსახული, აღდგომის დროშაა და გამარჯვების ქრისტიანულ სიმბოლოს წარმოადგენს.

სიმბოლო სათავეს იღებს იმპერატორ კონსტანტინესგან, რომელმაც რომაელებთან ბრძოლის წინ ღრუბლებში ჯვარი იხილა. იმპერატორმა ბრძანება გასცა მის დროშაზე ჯვარი გამოესახათ და ამ დროშით წარუძღვა წინ ჯარს. გამარჯვების შემდეგ კონსტანტინე ქრისტიანულად მოინათლა.

ქრისტიანულ ხელოვნებაში ღვთის კრავს (Agnus Dei) ხშირად წითელჯვრიან დროშასთან ერთად გამოსახავენ, რაც იესო ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა. ეს გამარჯვება ქრისტემ ბნელეთის ძალებთან ბრძოლაში მოიპოვა. მაცხოვარი დროშასთან ერთად მხოლოდ აღდგომის ან გამოცხადების ამსახველ სცენებში ფიგურირებს. ზოგჯერ დროშით იოანე მახარებელსაც გამოხატავდნენ. ამ შემთხვევაში დროშაზე გამოსახულია ჯვარი ან ლათინური სიტყვები „Esse Agnus Dei.“

დროშა წმინდა მეომართა ემბლემატიკასაც წარმოადგენს. დროშასთან ერთად გამოხატავნენ მიქაელ მთავარანგელოზსაც, რომელმაც ამბოხებული ლუციფერი დაამარცხა. წითელჯვრიანი დროშა წმინდა გიორგი კაპადოკიელის ატრიბუტია. დროშა ფიგურირებს ესაიასა და იერემიას წინასწარმეტყველებაში. „დროშას აღუმართავს ერებს, და შეკრებს გაძევებულთ ისრაელიდან და გაფანტულთ - იუდადან, შეაგროვებს ქვეყნის ოთხივე კიდიდან“ (ეს 11:12).

ეკლესიის წმიდა დროშა, რომელიც გამოიყენება დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობის დროს, აღნიშნავს მართლმადიდებლობის ქვეყნიერებაზე გამარჯვებას.

0x01 graphic

BELLINI,Giovanni
ქრისტეს აღდგომა
1475-79, ადრეული აღორძინება
ზეთი, 148x128 სმ.
სახელმწიფო მუზეუმი, ბერლინი

0x01 graphic

PINTURICCHIO, Giovanni
აღდგომა (ცენტრალური ნაწილი)
ადრეული აღორძინება
ფრესკა
პაპის სასახლე, ვატიკანი

3

▲back to top


ეგვიპტეში გაქცევა

იოსებს სიზმარში ანგელოზი გამოეცხადა და გააფრთხილა, რომ ჰეროდეს სურს იესოს მოძებნა და მოკვლა. იოსები ადგა ღამით, წაიყვანა ყრმა იესო და დედამისი და ეგვიპტეში გაიქცა, სადაც ისინი ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩნენ. მათეს ამ ლაკონურმა ცნობამ თანდათანობით ხორცი შეისხა სხვადასხვა აპოკრიფულ ტექსტებში, რომლებიც ხელოვნებაში ასახული სიუჟეტის ლიტერატურულ წყაროებად იქცნენ.

ეგვიპტეში გაქცევის ამსახველ სცენებში გამოირჩევა სამი ძირითადი ფიგურა: მარიამ ღვთისმშობელი, რომელიც ვირზეა ამხედრებული, ყრმა იესო, რომელიც დედამისს უჭირავს ხელში და იოსები, რომელსაც აღვირით მოჰყავს ვირი. წმინდა ოჯახს ერთი ან რამდენიმე ანგელოზი იცავს. ადრეული აღორძინების ეპოქის ნახატებზე შესაძლოა ფიგურირებდნენ იოსების სამი ვაჟი და ბებიაქალი სალომე. კონტრრეფორმაციის პერიოდის ხელოვნებაში ვირი აღარ ფიგურირებს და გაქცეულები ფეხით მიუყვებიან გზას. შუა საუკუნეების დასარულისა და აღორძინების ეპოქის ფრანგი და ჰოლანდიელი მხატვრების ტილოებზე ხშირად უკანა პლანზე გამოსახულია ყანის მკა და მომკალები. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ წმინდა ოჯახს, ეგვიპტისკენ მიმავალ გზაზე შემოეყარათ გლეხი, რომელიც ხორბალს თესავდა. მარიამ ღვთისმშობელმა სთხოვა მდევრებისთვის ეთქვა, რომ ამ ადგილას მგზავრები ყანის დათესვამდე ნახა. ღამის განმავლობაში მარცვალი სასწაულებრივად ამოვიდა და დამწიფდა. მეორე დღეს მოსულმა ჰეროდეს მეომრებმა უარი თქვეს დევნის გაგრძელებაზე, რადგან შეიტყვეს მთესველის სრულიად გულწრფელი ნათქვამი, რომ დევნილებმა, ჯერ კიდევ თესვის დაწყებამდე ჩაიარეს ამ ადგილას. მეორე ვერსიაში, რომელიც XVII-XVIII საუკუნეების იტალიურ და ფრანგულ ფერწერაში გვხვდება, წმიდა ოჯახი ჯდება ნავში, რათა ანგელოზმა მდინარის მეორე ნაპირზე გადაიყვანოს. მაცხოვრის სიკვდილის წინასწარმეტყველება ხაზგასმულია ღრუბლებში გამოსახული ჯვრიანი ანგელოზის ფიგურით. ზოგჯერ ეგვიპტეში გაქცევის სცენაში მოქმედება ხდება ღამით, როგორც ეს სახარებაშია აღწერილი.

0x01 graphic

BAROCCI, Federico Fiori
დასვენება ეგვიპტეში გაქცევისას
1570, მანიერიზმი
ზეთი, ტილო
პინაკოთეკა, ვატიკანი

კონტრრეფორმაციის პერიოდის ხელოვნებაში პოპულარული თემაა შესვენება (სიზმარი) ეგვიპტისკენ მიმავალ გზაზე. მარიამ ღვთისმშობელი და ყრმა პალმების ძირში სხედან პეიზაჟის ფონზე. იქვეა იოსებიც. მეორე პლანზე მოჩანს ვირის ფიგურა. ბოღჩაში გამოკრული დევნილების ბარგი მიწაზე დევს. ცაში დაფრინავენ ანგელოზები ან ანგელოზებს მგზავრებისთვის საკვები მიაქვთ. ამ სცენაში გამოსახული მოხუცი ქალი ბებიაქალი სალომეა. მიწაზე მიმობნეული დამტვრეული სკულპტურული ქანდაკებები მიგვანიშნებს ფსევდო-მათეს აპოკრიფული სახარების მოთხრობაზე: როცა წმიდა ოჯახი ეგვიპტის ქალაქ სირენაში ჩავიდა, მარიამი და ყრმა იესო ტაძარში შევიდნენ. მათი შესვლისთანავე წარმართული ღმერთების ქანდაკებები მიწაზე დაცვივდნენ და დაიმტვრნენ. ზოგჯერ ეს თემა ცალკე სიუჟეტის სახით გამოისახებოდა, განსაკუთრებით შუა საუკუნეების ფრანგულ ტაძრებში. ამავე სახარებაში მოთხრობილია ისტორია პალმის ხის შესახებ, რომლის ჩრდილშიც ისვენებდა წმინდა ოჯახი. ყრმა იესოს ბრძანებით პალმის ხემ დახარა თავისი ტოტები, რათა მგზავრებს მისი ნაყოფი დაეკრიფათ. ეს ხე, რომლის ტოტებიც ქრისტიანი წამებულის სიმბოლოს წარმოადგენენ, ძალზე ხშირად ფიგურირებს „სიზმრის“ თემაში. იოსები კრეფს ფინიკს და აწვდის მას ყრმას. ზოგჯერ გამოსახული არიან ანგელოზები, რომლებიც დაბლა სწევენ ხის ტოტებს.

0x01 graphic

PATENIER, Joachim
დასვენება ეგვიპტეში გაქცევისას
პანო, 121x177 სმ.
პრადო, მადრიდი

0x01 graphic

CAROSELLI, Angelo
დასვენება ეგვიპტეში გაქცევისას
ზეთი, ტილო, 122x144 სმ.
ანტიკური ხელოვნების
ნაციონალური გალერეა, რომი

0x01 graphic

LLANOS, Fernando
დასვენება ეგვიპტეში გაქცევისას
აღორძინება
ზეთი, 194x227 სმ.
კათედრალური ტაძარი, ვატიკანი

0x01 graphic

BRUEGHEL, Jan the Elder
დასვენება ეგვიპტეში გაქცევისას
1607, ჩრდილოევროპული აღორძინება
ზეთი, ხის მერქანი
ერმიტაჟი, სანკტ-პეტერბურგი

ეგვიპტიდან დაბრუნების თემა გაქცევის თემის ანალოგიურია, მხოლოდ განსხვავებულია ყრმა იესოს ასაკი, რომელიც უკვე მოზარდია და არა ჩვილი ბავშვი. წმინდა ოჯახისა და იოანე ნათლისმცემლის ლეგენდარული შეხვედრა, როგორც ვარაუდობენ, სწორედ ეგვიპტიდან დაბრუნებისას შედგა. ზოგჯერ ეს სიუჟეტი ფიგურირებს აღორძინების ხანის იტალიურ ფერწერაში.

ედემი (სამოთხე)

0x01 graphic

UNKNOWN MASTER, Gernan
ედემის ბაღი
დაახ. 1410, შუა საუკუნეები
ტემპერა მერქანზე, 26,3x33,4 სმ.
ხელოვნების ინსტიტუტი,
ფრანკფურტი

ედემის ბაღი დასაბამითი სრულყოფილებისა და ოქროს ხანის სიმბოლოა. ედემი განასახიერებს კოსმოსურ ცენტრს, საწყის უბიწოებას, ნეტარებას, სრულყოფილ ჰარმონიას ღმერთსა და ადამიანს, ადამიანსა და ყველა ცოცხალ არსებას შორის. ედემი სულის ის სიღრმეებია, სადაც თავს აფარებს უკვდავება, ის ადგილია, სადაც დრო არ იძვრის. ედემი ყოველთვის ზღვით შემოზღუდული ადგილია, რომელიც მხოლოდ ზეცისთვისაა გახსნილი. ედემის ბაღის ცენტრში ორი ხე დგას, სიცოცხლის ხე და კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე, ხე უკვდავებისა და ხე სიკვდილისა. სიცოცხლის ხის ფესვებიდან გამოედინება სამოთხის მდინარე ბაღის მოსარწყავად. იგი იყოფა სამოთხის ოთხ მდინარედ (ფიშონი, გიხონი, ტიგროსი და ევფრატი), რომლებიც მიედინებიან ქვეყნიერების ოთხივე მხარეს და, რომლებიც წარმოქმნიან ჯვრის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებს. დაკარგული სამოთხე ანუ ცოდვის შედეგად დაცემა, სიმბოლურად განასახიერებს ერთიანობიდან სამყაროს გაორებისკენ, მრავალგვარობისკენ დაცემას, სრულყოფილების ცენტრიდან დაშორებას, გაფანტვას და დეზინტეგრაციას მრავალგვარობის სამყაროში. კვლავ მოპოვებული სამოთხე ნიშნავს დაბრუნებას ერთობისკენ, სულიერი ცენტრისკენ, ადამიანის საკუთარ თავზე გამარჯვებას, თავდაპირველი უბიწოების აღდგენას. დაკარგულ სამოთხეს ანგელოზები დარაჯობენ ცეცხლოვანი მახვილებით.

0x01 graphic

BRUEGHEL, Jan the Elder
ედემის ბაღი
1612, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, სპილენძი, 50,3x80,1 სმ.
გალერეა დორია-პამფილი, რომი

ეკალი

ეკალი და ეკლიანი ტოტები სევდას, ტანჯვასა და ცოდვას გამოხატავს. თომა აქვიტანელის აზრით ეულად მდგარი ეკლიანი ბუჩქები უმნიშვნელო ცოდვებს აღნიშნავენ, ხოლო მაყვლისა და ასკილის ბარდები გაცილებით მძიმე ცოდვებზე მიუთითებენ. ეკალი ქრისტეს ტანჯვის სიმბოლოა. ეკლიანი გვირგვინი, რომელიც ჯვარცმის წინ ჯარისკაცებმა თავზე დაადგეს ქრისტეს, რომის იმპერატორის სადღესასწაულო გვირგვინის პაროდირებას წარმოადგენდა. ეს მოქმედება იყო მწვალებლების მიერ ქრისტეს უსულგულო დაცინვა იმის გამო, რომ იგი თავის თავს იუდეველთა მეფეს უწოდებდა. სხვა წმინდანებთან გამოსახული ეკლის გვირგვინი, მათ მოწამეობაზე მიუთითებს. წმინდა ეკატერინე სიენელს ხშირად გამოხატავენ ეკლიანი გვირგვინით, რომელიც წმინდანმა ქრისტესგან მიიღო.

0x01 graphic

TIEPOLO, Giovanni Batista
ღვთისმშობელი ეცხადება
დომინიკანელ წმინდანებს
1747-48, როკოკო
ზეთი, ტილო, 340x168 სმ.
სანტა მარია დელ როსარიოს
ეკლესია, ვენეცია

ეკლესია

ეკლესია ბერძნული სიტყვაა და მოწოდებას, დაძახებას ნიშნავს. ეკლესია უფლის სახლია, ღმერთის მიერ დადგენილი ადამიანთა საზოგადოებაა, რომლებსაც რწმენა აერთიანებს. ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს იერუსალიმში, სიონის მთაზე ქრისტეს მოწაფეები და ღვთისმშობელი ერთ სახლში შეიკრიბნენ. მოულოდნელად ზეციდან ხმაური მოისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო და აავსო მთელი სახლი. თითოეულს თავზე ცეცხლის ენები დაადგა. ეს იყო სულიწმიდის მადლი, რომელმაც აავსო იქ მყოფი ადამიანები. ეს დღე ითვლება დედამიწაზე ახალი აღთქმის ეკლესიის დაბადების დღედ. ეკლესია იესო ქრისტემ დააფუძნა. მათეს სახარებაში (16:14-19) ქრისტე ეკითხება მოწაფეებს: „რას იტყვით ვინა ვარ მე?“ პეტრემ უპასუხა: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა.“ ამაზე მაცხოვარმა უთხრა პეტრეს: „შენა ხარ კლდე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს...“ ეკლესია შენდება კლდესავით მტკიცე და ურყევ რწმენაზე, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, რომელიც იმისთვის განკაცდა, რომ ადამიანი ეხსნა და მისთვის სასუფევლისკენ გაეხსნა გზა.

0x01 graphic

PERUGINO, Pietro
ქრისტე აძლევს გასაღებს წმ. პეტრეს
1481-82, ადრეული აღორძინება
ფრესკა
სიქსტის კაპელა, ვატიკანი

ეკლესია ქრისტეს სხეულია. თავად ქრისტე ზეცაში ამაღლდა, მაგრამ მიწაზე ეკლესიის საშუალებით მოქმედებს. ეკლესიაში თავს იყრიან ზეციური ანგელოზები, წმიდანები და მიწაზე მცხოვრები ადამიანები, ზეციური და მიწიერი ეკლესია. ზეციურ ეკლესიას მოზეიმე ეკლესია ჰქვია, რადგან ის უკვე ღმერთთანაა და ვერავითარი ძალა ვერ განაშორებს მას. მიწიერი ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა. ის ებრძვის ბოროტებასა და ცოდვას.

ეშმაკი (სატანა)

ბოროტი საწყისი, ღმერთის მთავარი მოქიშპე, ყველა ცოდვისა და უბედურების მიზეზი, წყვდიადის მთავარი, მაცდური დემონი, ზნედაცემული და განდევნილი ანგელოზი, რომელიც თავის თანამზრახველებთან ერთად ღმერთის მტერია და აქტიურად უწყობს ხელს ბოროტებას. ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ეკლესიას მიაჩნდა, რომ სატანის დაცემა წინ უსწრებდა ადამიანის შექმნას, და ამ აქტის ალუზიად მიაჩნდა ესაიას სიტყვები (4:12): „როგორ ჩამოვარდი ციდან, მთიებო, განთიადის ძევ...“ შუა საუკუნეებისა და ადრეული აღორძინების ხანის ხელოვნებაში დემონსტრირებულია აჯანყებული ანგელოზები, რომლებიც ციდან ვარდებიან. ვარდნის პროცესში მათ ეზრდებათ კუდები, ბრჭყალები და სხვა დემონური ნაკვთები. ქვემოთ წევს ლუციფერი, შესაძლოა ის გამოსახული იყოს ლევიათანის ხახაში. მაღლა ცაში მოჩანან შუბიანი ანგელოზები და ტახტზე მჯდარი ღმერთი. XVI საუკუნეში ეს თემა ერთიანდება სიუჟეტთან „ომი ზაცაში“ (გამოცხ 12:7-9), სადაც მიმდინარეობს ბრძოლა მიქაელ მთავარანგელოზსა და სატანას (გველეშაპი) შორის.

0x01 graphic

BECCAFUMI, Domenico
აჯანყებული ანგელოზის დაცემა
დაახ. 1540, აღორძინება
ზეთი, მერქანი, 347x227 სმ.
ნაციონალური პინაკოთეკა, სიენა

0x01 graphic

BRUEGEL, Pieter the Elder
აჯანყებული ანგელოზის დაცემა
1562, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, მუხის მერქანი, 117x162 სმ.
ხელოვნების სამეფო მუზეუმი,
ბრიუსელი

ეშმაკის, როგორც ცხოველის მსგავსი არსების სახე, სათავეს იღებს ძველი სპარსული და ეგვიპტური რელიგიებიდან. სწორედ აღმოსავლეთის ზეგავლენამ განაპირობა აპოკალიფსის მრავალთავიანი მონსტრებისა და სატანის შექმნა იმ ხატებით, როგორიც ბიზანტიურ ხელოვნებაშია წარმოდგენილი. დროთა განმავლობაში შუა საუკუნეების დასავლურმა ხელოვნებამ შეცვალა ეშმაკის იერი. მისი გარეგნობა ადამიანისას დაემსგავსა, თუმცა შემორჩა ცხოველური გადმონაშთებიც: თითებზე ბრჭყალები, კუდი, გველებით გარშემორტყმული სხეულის ნაწილები და ზოგჯერ ფრთები, რომელიც სატანის ანგელოზურ შთამომავლობაზე მიუთითებს. ეშმაკის ადამიანური ან ცხოველური სახის გროტესკული ნაკვთები, ფაშვზე უცნაურად აღმართული თავი, მისი უკანალი ან გენიტალიები, ყველაფერი ეს, როგორც ჩანს, იყო გვიანდელი შუა საუკუნეების ბერების წარმოსახვის ნაყოფი. აღორძინების ეპოქის ხელოვნებაში ეშმაკის იერსახე ნასესხებია ანტიკური ხანის სატირისგან, თავისი რქებითა და შუაზე გაყოფილი ჩლიქებით, რომელიც ქრისტიანობის მტრის, წარმართობის განსახიერებაა. შესაძლოა სატანა ბერის ან მწირის სახით იყოს შენიღბული, თუმცა თავის ნამდვილ სახეს ააშკარავებს ჩლიქებით, რომლებიც მოსასხამის ქვეშ მოუჩანს.