სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში (კ-ლ)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © კენჭოშვილი გიორგი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: შეადგინა გიორგი კენჭოშვილმა, ენციკლოპედია, თბილისი



1

▲back to top


კაკაბი

მიუხედავად იმისა, რომ კაკაბი თავისი პოზიტიური მნიშვნელობით ეკლესიისა და ჭეშმარიტების სიმბოლოდ იხმარება, ჩვეულებრივ ეს ფრინველი სიცრუისა და ქურდობის განსახიერებაა, ხოლო უფრო ფართო გაგებით - ეშმაკის სიმბოლო: „გუგულმა გამოჩეკა, თვითონ კი არ დაუდევს - ასეთია სიმდიდრის მომხვეჭელი, უსამართლოდ რომ იხვეჭს. თავისი დღეების შუაძალზე დაკარგავს მას, ბოლოს კი ბრიყვად დარჩება“ (იერ 17:11). (ამ ციტატაში ნახმარი სიტყვა გუგული ბიბლიის რუსულ ტექსტში იკითხება куропатка, ინგლისურში - partritge, იტალიურში - pernice, პოლონურში - kuropatwa, ლათინურში - perdix, რომელთა მნიშვნელობაა - კაკაბი). წმინდა იერონიმუსი შემდეგნაირად აღწერს კაკაბის დამახასიათებელ ქცევებს: „როგორც კაკაბი დებს კვერცხებს და გამოჩეკს ბარტყებს, რომლებიც არ გაჰყვებიან მას, ასევე უღვთო ადამიანს მოეპოვება სიმდიდრე, რომელიც კანონით მას არ ეკუთვნის და, რომელსაც მაშინ დაკარგავს, როცა ყველაზე ნაკლებ სურს ამის გაკეთება“. პარალელური სიმბოლური დატვირთვა ენიჭება კაკაბს სიცრუისადმი მიდრეკილების გამო. წმინდა ამბროსის სიტყვებით „კაკაბი სატანაა, რომელიც ბრბოს თავისი ხმით აცდუნებს“. კაკაბის გამოსახულება ძალზე გავრცელებულია რომანული სტილის ორნამენტებში, მაგალითად, სილოსის მონასტრის სამხრეთი გალაერეა.

0x01 graphic

GIOTTO di Bondone
წმ. ფრანცისკის ლეგენდა:
15. ჩიტებთან ქადაგება
1297-99, შუა საუკუნეები
ფრესკა, 270x200 სმ.
ზედა ეკლესია, სან-ფრანცისკო

კაკაბი სიბრიყვის სიმბოლოცაა. იგი თავს მალავს და დარწმუნებულია, რომ საიმედოდ არის დამალული და სრულ უსაფრთხოებაში იმყოფება. ანალოგიურ სიბრიყვეს იჩენენ ადამიანები, რომლებიც საიდუმლოდ ჩადიან ცოდვებს და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ისინი არ უფიქრდებიან იმ გარემოებას, რომ ღმერთი ყოვლისმხედველია და მის თვალს არაფერი გამოეპარება.

კალათა

ხელოვნებაში კალათა რამდენიმე ბიბლიურ სიუჟეტთანაა დაკავშირებული. კალათში მწოლიარე ჩვილი მოსეს განასახიერებს. ფარაონის ბრძანებით ყველა ახალშობილი ებრაელი ვაჟი უნდა მოეკლათ. მოსეს დედამ, ფარაონის ბრძანების შიშით „აიღო ლერწმის კალათა და შეგოზა იგი კუპრით და ფისით, და ჩააწვინა მასში ყრმა და დადგა ლერწმიანში, მდინარის პირას“ (გამ 2:3). ყრმა მოსე მდინარეზე საბანაოდ მისულმა ფარაონის ასულმა იპოვა.

ქრისტესთან და მის მოწაფეებთან ერთად გამოსახული პურით სავსე კალათა, ახალ აღთქმაში მოთხრობილ სიუჟეტს ასახავს, სადაც იესო ხუთი პურით და ორი თევზით ახდენს სასწაულს და ხუთი ათას კაცს აპურებს: „...აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და დაურიგა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი ხალხს. ...მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა“ (მათ 14:19-21).

კალათში მჯდომარე კაცი, რომელიც თოკით მიიწევს ზევით - პავლე მოციქულია.

0x01 graphic

DIZIANI, Gaspare
მოსეს პოვნა
ბაროკო
ზეთი ტილოზე, 122x152 სმ.
კერძო კოლექცია

კალამი (ფრინველის ფრთის)

კალამი მოწაფეობისა და მახარებლების სიმბოლოა. იგი წმინდანების ავგუსტინეს, ბერნარდისა და თომა აკვინელის ატრიბუტს წარმოადგენს.

კალია

კალია უბედურების და ღვთის რისხვის სიმბოლოა. კალიების შემოსევა ძველ აღთქმაში მოიხსენიება, როგორც ღვთის რისხვის განსაკუთრებული გამოხატულება. მერვე სასჯელი, რომელიც ღმერთმა მოუვლინა ეგვიპტელებს, სწორედ კალიების შემოსევა გახლდათ: „შეესია კალია ეგვიპტის მთელ ქვეყანას და მოედო მთელი ეგვიპტის მიწა-წყალს ძალზე მძიმედ. არც მანამდე ყოფილა ასეთი კალია და არც მერე იქნება. და დაფარა მთელი მიწის პირი და დაბნელდა ქვეყანა, და გადაჭამა მან ყოველი ბალახი მიწისა და ყოველი ნაყოფი ხისა, რომელიც სეტყვას გადაურჩა. და ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე არ შერჩენილა სიმწვანე ხეს და ველის ბალახს“ (გამ 10:14-15). ქრისტიანობამდე ხალხი მეუფის, ქრისტეს გარეშე ცხოვრობდა. „მეფე არა ჰყავს კალიას, მაგრამ ყველანი მწყობრად გამოდიან“ (იგავ 30:27). სოლომონის იგავების წიგნის ამ პასაჟის გავლენით, ყრმა ქრისტეს ხელში გამოსახული კალია ადამიანების ქრისტიანულ რელიგიაზე მოქცევის სიმბოლოდ იქცა. მათე მახარებელი გვაუწყებს, რომ იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში კალიებითა და თაფლით იკვებებოდა.

0x01 graphic

MINIATURIST, Spanisn
კალიები მოდიან მიწის წიაღიდან
დაახ. 1180, შუა საუკუნეები
ტემპერა, ოქრო და მელანი
პერგამენტზე, 44,5x30 სმ.
მეტროპოლიტენ მუზეუმი,
ნიუ-იორკი

იოანეს ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, მეხუთე ანგელოზის საყვირის დაყვირებისას, „უფსკრულის ჯურღმულიდან“ ამოვარდა კვამლი, კვამლიდან გამოვიდნენ კალიები, რომლებსაც მიეცათ ძალა, მაგრამ არ უნდა დაეზიანებინათ „მიწის ბალახეულობა, და არავითარი მწვანილეულობა და არავითარი ხე, არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც შუბლზე არა აქვთ ღვთის ბეჭედი“ (9:3). აქ უკვე საქმე აღარა გვაქვს მომთაბარე მწერებთან, ისინი დემონური არსებები არიან: „შესახედაობით კალიები წააგავდნენ საომრად გამზადებულ ცხენებს... მათი კბილები იყო, როგორც ლომისანი. ჰქონდათ ჯავშანი, როგორც რკინისა... ჰქონდათ კუდები, მსგავსი მორიელთა, და ნესტრები. და მათ კუდებში იყო მათი ხელმწიფება ხუთ თვეს ადამიანთა საწამებლად. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია აბადონი, ხოლო ბერძნულად აქვს სახელი აპოლიონი“ (9:7-11).

კამათელი

სახარებებიდან ცნობილია, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ჯარისკაცებმა მაცხოვრის სამოსელი ოთხ წილად გაყვეს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი, უკერველი კვართის დასანარჩუნებლად ჯარისკაცებმა უთხრეს ერთმანეთს: „ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ ვის შეხვდება“ (იოან 19:24). ამიტომ, სათამაშო კამათელი იესო ქრისტეს ვნებების სიმბოლოა. გოლგოთაზე იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი მცხეთელმა ებრაელებმა, იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოიტანეს. მაცხოვრის კვართი დამარხულია მცხეთაში, სვეტის ქვეშ და ის სვეტიცხოვლის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. გარდა ამისა, კვართი ანუ სტიქარი მედავითნის, დიაკვნის, მღვდლისა და ეპისკოპოსის ჩასაცმელია. მიჩნეულია ქრისტეს სამოსელის სიმბოლურ გამოხატულებად.

0x01 graphic

HOLBEIN, Hans the Younger
უფლის ვნება (დეტალი)
1524-25, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი ცაცხვის მერქანზე
ხელოვნების მუზეუმი, ბაზელი

კანდელაბრი

ქრისტიანულ ხელოვნებაში შვიდი კანდელაბრი (ან შვიდსანთლიანი კანდელაბრი) სულიწმიდისა და სულიწმიდის შვიდი ნიჭის სიმბოლოა (შიში ღვთისა, ღვთისმსახურება, აღსარება, ზრახვა, მეცნიერება, გულისხმიერება, სიბრძნე). ღმერთის - შემოქმედის, განმანათლებელისა და მაცხოვარის წინაშე, ყველა თანასწორია.

სანთლის ძირითადი სიმბოლიკა გადადის შანდალზე ანუ კანდელაბრზე. განსაკუთრებით ცნობილია მენორა ანუ ძველ აღთქმაში აღწერილი ბაჯაღლო ოქროს შვიდსანთლიანი შანდალი. „და გააკეთე შვიდი კანდელი მისი და აანთე მისი კანდელები, რათა ანათებდეს მის წინ“ (გამ 25:37). სასანთლეს ჰქონდა „სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე... და თვით სასანთლეზე ოთხი ნუშისებრი თასი, მისი კვირტები და მისი ყვავილები“ (გამ 25:33). მენორას შვიდი სანთელი განასახიერებენ მზეს, მთვარესა და დანარჩენ, ძველთაგანვე ცნობილ ხუთ პლანეტას, აგრეთვე, კვირის შვიდ დღეს. მენორა ქრისტიანობის სიმბოლოს, ჯვრის საპირწონედ, იუდაიზმის სიმბოლოდ იქცა. ამჟამად მენორა ებრაელთა ყველაზე გავრცელებული ნაციონალური და რელიგიური ემბლემაა.

0x01 graphic

DCRER, Albrecht
წმ. იოანეს გამოცხადება:
2. წმ. იოანეს მიერ ქრისტესა და
შვიდი კანდელაბრის ხილვა.
1497-98, ჩრდილოევროპული
აღორძინება
გრავიურა მერქანზე, 39x28 სმ.
ხელოვნების გალერეა, კარლსრუე

0x01 graphic

MICHELANGELO Buonarroti
ანგელოზი კანდელაბრით
1494-95, აღორძინება
მარმარილო, სიმაღლე 51,5 სმ.
სან დომენიკო, ბოლონია

კარი (კარიბჭე)

კარი იესო ქრისტეს სიმბოლოა. სიმბოლოს პირველწყაროა იოანეს სახარება: „კვლავ უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია, და ცხვარმა არ უსმინა მათ. მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება, და შევა და გამოვა და პოვებს საძოვარს“ (იოან 10:7-9). კარის დირეზე წასმული სისხლი პირველი პასექის მიმანიშნებელია. ღმერთმა შეიწყალა თავისი რჩეული ერი და ეგვიპტიდან გამოსვლის წინ დასაჯა ეგვიპტელები. „აიღეთ უსუპის კონა და ამოაწეთ სისხლში, რომელიც ჯამშია, და წააცხეთ კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლს სისხლი, რომელიც ჯამშია. არავინ არ გამოხვიდეთ თქვენი სახლის კარიდან დილამდე. და ჩაივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრად და იხილავს სისხლს კარის ზედა ძელზე და ორივე წირთხლზე და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს და არ შემოუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში შესამუსრავად“ (გამ 12:21-23). ეს ძველი აღთქმისეული ისტორია, იესო ქრისტეს მიერ ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად დაღვრილი სისხლის წინასწარუწყება იყო.

0x01 graphic

MASTER of the Osservanza
ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლა
დაახ. 1445, ადრეული აღორძინება
ტემპერა და ოქრო მერქანზე,
38x47 სმ.
ფოგის ხელოვნების მუზეუმი,
კემბრიჯი, მასაჩუსეტსი

კარიბჭეს ხელოვნებაში რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. კარიბჭე შეიძლება სიკვდილსა და ამქვეყნიურ ცხოვრებასთან განშორებას აღნიშნავდეს: „... იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისაგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან“ (ფსალმ 9:14); შესაძლოა სამოთხეში ან მარადიულ სასუფეველში შესასვლელს გამოხატავდეს: „მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თავები, აიწიეთ, მარადიულნო კარნო...“ (ფსალმ 23:7). სწორედ ზემოთ აღნიშნულ ორ მნიშვნელობას იძენს კარიბჭე ადამისა და ევას სამოთხის ბაღიდან განდევნის სცენაში. გარდა ამისა, განკითხვის დღის სცენაში იგი ასრულებს ზღუდის მოვალეობას, რომელიც მართლმორწმუნეებსა და ცოდვილებს აცალკევებს ერთმანეთისგან. კარიბჭე ყოველთვის ცენტრალური ფიგურაა ჯოჯოხეთში შთანთქმის სცენებში. ქრისტემ გაარღვია ქვესკნელის კარიბჭე და მისი ნამსხვრევები იესოს ფეხებთან მიმოიფანტა, ამიტომ დანგრეული კარიბჭე ჯოჯოხეთის ძალაა, რომელიც ქრისტემ დაამარცხა. მარიამ ღვთისმშობელს, ქალწულობის გამო, ხშირად დახშულ კარიბჭეს ადარებენ.

გადატანითი მნიშვნელობით კარიბჭე, გადასვლის, მნიშვნელოვან სივრცეში შესვლის აღმნიშვნელია. ეკლესიაში წმინდა საკურთხეველში შესასვლელი ხშირად დიდებული კარიბჭითაა დამშვენებული.

სამოთხის კარიბჭის მცველთა მოვალეობებს ასრულებენ მიქაელ მთავარანგელოზი და პეტრე მოციქული. ამ უკანასკნელს ხელში გასაღები უჭირავს. ბიბლიური მოთხრობა სამსონის შესახებ, რომელიც მხრებზე გაიდებს ფილისტიმელთა ქალაქის, ღაზის კარიბჭეს, აიხსნება, როგორც ქრისტეს გმირობის ტიპოლოგიური პირველსახე.

კატა

თავისი ჩვევების გამო კატა სიზარმაცისა და ავხორცობის სიმბოლოდ იქცა. არსებობს ლეგენდა ღვთისმშობლის კატის (gatta del la Madonna) შესახებ, სადაც მოთხრობილია, რომ ქრისტეს დაბადებამდე, იმავე ბაგაში კატამ დაყარა კნუტები. ჩვეულებრივ, მხატვრები ამ კატას ზურგზე ჯვრის ფორმის ნიშნით გამოსახავდნენ.

შუა საუკუნეებში, კატებს (განსაკუთრებით შავ კატებს) მინდვრებში მარხავდნენ, რათა მოსავალი ავი სულებისგან დაეცვათ. „ალქაჯებზე ნადირობის“ დროს კატა სატანის განსახიერებად და ალქაჯთა საყვარელ თანამგზავრად ითვლებოდა. შუა საუკუნეების ევროპულ ხელოვნებაში ფართოდ იყო გავრცელებული სატირული სცენა „კატებისა და თაგვების ბრძოლა“.

0x01 graphic

BAROCCI, Federico Fiori
ხარება
1592-96, მანიერიზმი
ზეთი ტილოზე
სანტა მარია დელი ანჯელი,
პერუჯა

განსაკუთრებულად მყარი იყო კატის ასოციაცია ბოროტ ძალებთან (კატა, როგორც ავხორცობის ატრიბუტი, კატა, როგორც დამარცხებული სატანის სიმბოლო ხარების სცენებში). XIXXX საუკუნეებში ვითარდება კატის ხატებასთან დაკავშირებული მითოლოგიური და პოეტური ასოციაციები ლიტერატურაში და სახვით ხელოვნებაში (ჰოფმანი, ბოდლერი, ბულგაკოვი, პიკასო და სხვა).

მიუხედავად იმისა, რომ კატა არსად არის ნახსენები ახალ აღთქმაში, არსებობს მრავალი ლეგენდა ნოესა და პირველი კატის შესახებ. ზოგჯერ ყრმა იესოს კატის კნუტთან ერთად ხატავდნენ.

კედარი

კედარი, განსაკუთრებით ლიბანური კედარი, იესო ქრისტეს სიმბოლოს წარმოადგენს: „...მისი პირისახე ლიბანის მსგავსია და დიდებული, როგორც კედარი“ (ქებ 5:15). კედარის გოლიათური შესახედაობა დიდებულებისა და სილამაზის ცნებებთანაა გაიგივებული. ეზეკიელ წინასწარმეტყველმა კედარი მესიისა და მისი მეუფების სიმბოლოდ გამოიყენა: „...მე თვითონ მოვტეხ მაღალი კედრის კენწეროდან, მისი ზედა ყლორტებიდან მოვწყვეტ ნედლ ტოტს და მე თავად დავრგავ მაღალ და ციცაბო მთაზე. ...და გაუშვებს ტოტებს და გამოიღებს ნაყოფს, და გახდება დიდებული კედარი“ (ეზეკ 17:22-23).

0x01 graphic

CARDUCHO, Vicente
წმ. ფრანცისკ ასიზელის ხილვა
1631, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 246x173 სმ.
ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი

ბიბლიის მიხედვით კედარს მეფე სოლომონი იერუსალიმის ტაძრის მშენებლობისას იყენებდა. 91 ფსალმუნში ნათქვამია: „წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება“. ეკლესიის მამა, ორიგენი (185-254) დღეგრძელობის ცნების მორალურ და სიმბოლურ მხარეებს შემდეგნაირად ახასიათებს: „კედარი არ ლპება. ჩვენი სახლების საბჯენები, რომლებიც კედარის ხისგანაა დამზადებული, ჩვენს სულებს ლპობისაგან იცავენ“. კედარს სიძლიერით მხოლოდ ღვთის რისხვა აღემატება: „ხმა უფლისა დაამსხვრევს ნაძვებს; და დაამსხვრევს ლიბანის ნაძვებს უფალი“ (ფსალმ 28:5).

კვერთხი

კვერთხი ძალაუფლების სიმბოლოა. გვირგვინთან ერთად კვერთხი სამყაროზე ქრისტეს განუსაზღვრელ ძალაუფლებას გამოხატავს: „შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია“ (ებრ 1:8). ეპისკოპოსის კვერთხი ბოლოში ჯვრითაა შემკული. იგი საზეიმო პროცესიების დროს მოაქვთ პატრიარქებისა და არქიეპისკოპოსების წინ. თავდაპირველად კვერთხის ბოლოზე აღმართული ჯვარი ორი განივი ძელით იყო შემკული, ხოლო მოგვიანებით ერთი ძელით. რომის პაპის კვერთხს სამი განივი ძელი აქვს. ასეთი კვერთხი პეტრე მოციქულის ატრიბუტს წარმოადგენს. ბეჭდებიანი კვერთხი ეპისკოპოსის ძალაუფლებასა და ავტორიტეტს გამოხატავს. კვერთხი მარცხენა ხელში კარდინალის, არქიეპისკოპოსის, ეპისკოპოსის ან აბატის ხარისხზე მიუთითებს. ეპისკოპოსის კვერთხი მამობრივი სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენს თავისი სამწყსოს მიმართ. კვერთხი გაბრიელ მთავარეპისკოპოსის ემბლემაა და მის ავტორიტეტს გამოხატავს.

0x01 graphic

CARAVAGGIO
Ecce Homo
დაახ. 1606, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 128x103 სმ.
პალაცო როსო, გენუა

0x01 graphic

LOTTO, LORENZO
ღვთისმშობელი და ყრმა
წმ. დომენიკთან, გრიგოლთან და
ურბანთან ერთად
1508, აღორძინება
ზეთი მერქანზე, 227x108 სმ.
პინაკოთეკა კომუნალე, რეკანატი

0x01 graphic

BELLINI, Giovanni
წმ. ქრისტეფორე, იერონიმე და
ლუდვიგ ტულუზელი
1513, ადრეული აღორძინება
ზეთი ტილოზე, 300x185 სმ.
სან ჯოვანი ქრისოსტომო, ვენეცია

0x01 graphic

HOLBEIN, Hans the Younger
უილიამ უარაანის, კენტერბერის
არქიეპისკოპოსის პორტრეტი
ჩრდილოევროპული აღორძინება
ზეთი მუხის მერქანზე, 87x67 სმ.
ლუვრი, პარიზი

ქრისტიანულ იკონოგრაფიაში კვერთხი წმინდანად შერაცხულ ხელისუფალთა ატრიბუტად არის მიჩნეული (მაგალითად, კარლოს დიდი, ჰენრიხ II, წმინდა ლუდოვიკო, სიგიზმუნდი). პილატეს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ, დაცინვის მიზნით, მაცხოვარს ხელში ლერწმის კვერთხი დააჭერინეს: „დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს მას თავზე და მარჯვენა ხელში ლერწამი მისცეს...“ (მათ 27:29). აღორძინების პერიოდის ნახატებში Ecce Homo იესო ქრისტეს ხელში ლერწმის კვერთხი უჭირავს.

კვერცხი

კვერცხი ქრისტიანული იმედისა და იესო ქრისტეს აღდგომის სიმბოლოა. ლუკა მახარებელი ამბობს: „რომელი მამა იქნება თქვენში, რომ შვილმა პური სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს? ანდა კვერცხი რომ სთხოვოს, მორიელი მისცეს? ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც თხოვს“ (11:11-13). ეს სტყვები ქრისტიანებს უბიძგებდა რწმენის, იმედისა და სასოების სამი თეოლოგიური ღირებულების ძიებისკენ. „რწმენა“ წარმოდგენილია თევზის სახით, „მოწყალება“ - პურის სახით, ხოლო „იმედი“ - კვერცხის სახით.

0x01 graphic

PIERO della Francesca
ღვთისმშობელი და ყრმა
წმინდანებთან ერთად
1472-74, ადრეული აღორძინება
ზეთი პანოზე, 248x170 სმ.
დი ბრერას პინაკოთეკა, მილანი

კვერცხის სიმბოლიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. მაგალითად, აღდგომის კვერცხი, გაზაფხულის სიმბოლო, ბუნების ძილბურანიდან ნაყოფიერებისკენ ლტოლვის ნიშანია და ასოცირდებოდა გაზაფხულის დღესასწაულებთან. აქედან გამომდინარე აღდგომის დღესასწაულთან. სააღდგომო კვერცხებს წითლად ღებავენ. წითელი ფერი ქრისტეს მიერ ადამიანთა კეთილდღეობისთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა, ხოლო კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლო. კვერცხის ნაჭუჭის ქათქათა თეთრი ფერი და მის ქვეშ დაფარული საიდუმლო, კვერცხის სიმბოლიკის სხვა მნიშვნელობებთანაც ასოცირდებოდა. მაგალითად, ფერწერულ ტილოებში „მადონა და ყრმა იესო“ კვერცხი ღვთისმშობლის უმანკო მუცლადღების სიმბოლოა. არსებობს კვერცხების ჭამის ტრადიცია დიდი მარხვის დასრულებისა და საიდუმლო ზიარების მიღების შემდეგ.

ქრისტიანულ ხელოვნებაში კვერცხი გამოიყენებოდა მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესა და კვერცხიდან გამოჩეკილი ბარტყის შესადარებლად. კვერცხის ნაჭუჭის თეთრი ფერი სიწმინდისა და სრულყოფილების სიმბოლოდ ითვლება.

კვრინჩხი

ბუჩქი, რომელსაც ძველად ეკლოვანას უწოდებდნენ. კვრინჩხის, როგორც ეკლოვანი ბუჩქის სიმბოლიკა და ტიპოლოგია განისაზღვრება ძველი აღთქმის გამოსვლის წიგნიდან: „და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში შუაგულ მაყვალში. და უთხრა: აჰა, მაყვალს ცეცხლი უკიდია, მაგრამ არ იწვის... და დაუძახა მას ღმერთმა მაყვალის შუაგულიდან...“ (გამ 3:2,4). ამ შემთხვევის შემდეგ მოსე თავისი ხალხის სულიერი წინამძღოლი გახდა.

სულიერი ცეცხლის სიწმინდე არ ქრება, მარიამ ღვთისმშობელი ქრისტეს დედა გახდა და მიუხედავად ამისა, მაინც ქალწულად დარჩა. ამიტომ XV-XVI საუკუნეებში საკუთხევლების ფერწერულ ნამუშევრებში წმიდა მარიამ ღვთისმშობელი ახალშობილ მაცხოვართან ერთად ცეცხლმოდებული კვრინჩხის ბუჩქის შუაგულშია გამოსახული.

0x01 graphic

FETI, Domenico
მოსე ალმოდებული ბუჩქის წინ
1613-14, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 168x112 სმ.
ხელოვნების ისტორიის მუზეუმი,
ვენა

0x01 graphic

FROMENT, Nicolas
ალმოდებული ბუჩქი (დეტალი)
1476, ჩრდილოევროპულუ
აღორძინება
მერქანი
წმ. სოვერის კათედრალური
ტაძარი, ექს ან პროვანსი

გარდა ამ შემთხვევისა, ეკლოვანა ბუჩქის ეკლები, უპირველეს ყოვლისა, იესო ქრისტეს ეკლიანი გვირგვინით ვნების სიმბოლოს წარმოადგენს.

კიბე

კიბე იესო ქრისტეს ვნებების ერთ-ერთი სიმბოლოა. იგი ხშირად ფიგურირებს მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის ამსახველ სცენებში. შუა საუკუნეების ემბლემებში და ალეგორიებში გამეფებული იყო კიბის საფეხურებზე გასავლელი გზის აღმავალი მნიშვნელობა, რომელიც ხელოვნებაში კიბის სიმბოლიკით გამოიხატებოდა. იაკობმა სიზმარში იხილა, რომ „კიბე იდგა მიწაზე და მისი თავი სწვდებოდა ცას. და ღვთის ანგელოზნი ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე.“ (დაბ 28:12). ამ შემთხვევაში, კიბე ქრისტეს ალეგორიაა, რასაც იოანე მახარებლის სიტყვები ადასტურებს: „ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთ და ჩამომავალთ“ (იოან 1:51).

0x01 graphic

ELSHEIMER, Adam
იაკობის სიზმარი
მანიერიზმი
ზეთი სპილენძზე, 19,5x26,1 სმ.
ხელოვნების ინსტიტუტი,
ფრანკფურტი

ანტონიო ბეტინის (1396-1487) წიგნში, „წმინდა მთა“ (ფლორენცია, 1477), აღწერილია მთაზე ამავალი საფეხურები, რითაც ხაზგასმულია მთისა და კიბის სიმბოლიზმის იდენტურობა. მთა გამოხატულია ტერასების სახით, ხოლო ტერასები, კიბის საფეხურების სახით. კიბის თითოეულ საფეხურს სათნოებათა სახელები აწერია: თავმდაბლობა, კეთილგონიერება, ზომიერება, მოთმინება, მოკრძალება, სამართლიანობა, გულმოწყალეობა და სიბრძნე.

0x01 graphic

RAFFAELLO Sanzio
იაკობის სიზმარი
1518-19, აღორძინება
ფრესკა
მეორე სართულის ლოჯია,
პაპის სასახლე, ვატიკანი

პატრიარქთა ამსახველ სცენებში კიბე წმინდა ბენედიქტეს ატრიბუტად გამოიყენება, რომელმაც თავისი დაარსებული ბენედიქტელთა ორდენის ბერები ზეცაში კიბით ამავალნი იხილა.

კიბე ხშირად გამოიყენება იკონოგრაფიაში.

კიოტა

კიოტა ბუების ოჯახის პატარა მტაცებელი ფრინველია. ეს ფრინველი ზოგჯერ ჩიტბატონას მაგივრად იხმარება ლეგენდარულ ისტორიაში, რომლის მიხედვითაც, ჩიტმა ერთი ეკალი ამოაძრო ქრისტეს ეკლის გვირგვინიდან და გაწითლდა იესოს სისხლით. შესაძლოა, ამ ისტორიამ დაუდო საფუძველი ევროპის ქვეყნებში ცრურწმენას, რომ კიოტა სიკვდილის მომასწავებელია, ხოლო ვინც ამ ფრინველს მოკლავს, უბედურება არ ასცდება.

კიპარისი

ანტიკურ ეპოქაში კიპარისს სიკვდილს უკავშირებდნენ. ქრისტიანულ აკლდამებზე ხშირად ნახავთ ამოკვეთილ კიპარისის ტოტს. კიპარისებს ხშირად რგავენ საფლავებზე, როგორც სასოებისა და საიქიო ცხოვრების სიმბოლოს. ეს მარადმწვანე და მრავალწლოვანი მცენარე თავისი მკვრივი მერქნით დღეგრძელობის სიმბოლოდაც არის მიჩნეული, რადგან ხშირად გამოიყენებოდა სამოთხის სცენების ამსახველ სურათებში.

კლდე

კლდე უფალი ღმერთის სიმბოლოა. ამ სიმბოლური მნიშვნელობის პირველწყაროა ამბავი ძველი აღთქმის გამოსვლის წიგნიდან, სადაც მოსემ კვერთხის დარტყმით გააპო კლდე, ხოლო კლდიდან გადმოჩქეფა წყალმა და ხალხმა წყურვილი მოიკლა. ქრისტიანულ რელიგიაში ქრისტე - ეს არის კლდე, მაცოცხლებელი ნაკადულისა და ოთხი სახარების ანკარა მდინარის სათავე. კლდიდან წყაროს სახით გადმოდენილი წყალი ეკლესიის წიაღიდან ამოხეთქილ ნათლისღებასა და საუკუნო ნეტარებას გამოხატავს. კლდე პეტრე მოციქულის (ბერძნულად petros - ქვა, petras - კლდე) სიმბოლოსაც წარმოადგენს. ქრისტიანული ეკლესიის დამფუძნებელს, პეტრე მოციქულს, ეკლესიის ქვაკუთხედს უწოდებდნენ, რადგან ქრისტემ უთხრა პეტრეს: „...შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას...“ (მათ 16:18).

ბიბლიის ძველი აღთქმის ნაწილში მრავლადაა წარმოდგენილი ქვის სიმბოლიკა. მაგალითად, ფსალმუნებში: „...იყავ ჩემთვის კლდე ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად. რადგანაც ჩემი ბურჯი ხარ...“ (ფსალმ 30:3-4), ან დავითის საგალობელში: „უფალი კლდეა ჩემი, ციხე-სიმაგრეა ჩემი, მხსნელია ჩემი! ღმერთი კლდეა ჩემი, რომელსაც ვესავ...“ (2მეფ 22:2-3).

0x01 graphic

TINTORETTO
მოსეს გაპობილი კლდიდან
გადმოდის წყალი
1577, მანიერიზმი
ზეთი ტილოზე, 550x520 სმ.
წმ. როხის საძმოს სკოლა, ვენეცია

კოშკი

კოშკი ან ციხე-სიმაგრე ჩვენი თავშესაფრის, მფარველი უფლის სიმბოლოა. „...უფალი გახდა ჩემი მტკიცე სიმაგრე, ჩემი თავშესაფრის კლდე“ (ფსალმ 93:22). შუა საუკუნეების ქრისტიანულ სიმბოლიკაში ქალწულ მარიამს უწოდებდნენ „დავითის კოშკს“ და „სპილოს ძვლის კოშკს“, წმინდასა და უბიწოს. კოშკი წმინდა ბარბარეს ემბლემად ითვლება. ლეგენდის თანახმად, როდესაც აშენებდნენ კოშკს, სადაც წმიდა ბარბარე უნდა გამოემწყვდიათ, ამ უკანასკნელმა მოითხოვა კოშკისთვის ტრადიციული ორი ფანჯრის მაგივრად, სამი ფანჯარა გაეკეთებინათ, რითაც წმიდა სამება გამოხატა. სპილოს ძვლის კოშკი ხელშეუვალი ქალური საწყისის, ქალწულობის სიმბოლოა.

0x01 graphic

GHIRLANDAIO, Domenico
წმ. ბარბარა
დაახ. 1471, ადრეული აღორძინება
ფრესკა
წმ. ანდრიას კარის ეკლესია,
კერკინა

აუცილებელია აღინიშნოს ანალოგია კოშკსა და ადამიანს შორის: ისევე, როგორც ხე, კოშკი თავისი ვერტიკალური ფორმით (ცხოველთა ჰორიზონტალური ფორმისგან განსხვავებით) ახლოს დგას ადამიანის ფიგურასთან, რომლის განმსაზღვრელი მახასიათებელი ვერტიკალური ორიენტაციაა, ხოლო კოშკის უმაღლეს იარუსზე განლაგებული ფანჯრები ადამიანის გონებასა და თვალებს შეესაბამება. სწორედ ამ თვალსაზრისით, ძველ აღთქმაში მოთხრობილმა ისტორიამ ბაბილონის კოშკის შესახებ, განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა ადამიანის მიერ ციური სიმაღლეების მიღწევის თვითდაჯერებული მცდელობის სახით, რომელიც უბედურებასა და სულიერ აფორიაქებას იწვევს.

ქრისტიანულ ხელოვნებაში პოზიტიური მნიშვნელობა ენიჭება კოშკ-შუქურას, რომელიც თავისი ნათებით გზას უკვლევს სიცოცხლის ხომალდს და იცავს მორწმუნეებს ჯოჯოხეთური ძალების ზემოქმედებისგან.

კრავი

კრავი ანუ ტარიგი (ლათ. Agnus) ქრისტიანული ხელოვნების მთელი არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმბოლოა. კრავი - „ღვთის კრავი“, ბიბლიური და ქრისტიანული სამსხვერპლო ცხოველი, ქრისტეს ერთ-ერთი ალეგორიული გამოხატულება, წმინდა, უმანკო მხვერპლის სიმბოლოა. „მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა“ (იოან 1:29). კრავის გამოსახულების ამ მნიშვნელობას ადასტურებს ახალი აღთქმის ტექსტები. „...იდგნენ ტახტის წინაშე და კრავის წინაშე თეთრი სამოსელით შემოსილნი და პალმებით ხელში. იძახდნენ დიდი ხმით და ამბობდნენ: ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს!“ (გამოცხ 7:9-10). ღვთის კრავი ხშირად შარავანდედითაა გამოსახული და დგას პატარა ბორცვზე, საიდანაც წყლის ოთხი ნაკადი გადმოედინება. „ვიხილე: აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე...“ (გამოცხ 14:1). ბორცვი ქრისტეს ეკლესიის, ღვთის სახლის სიმბოლოა. ოთხი ნაკადული განასახიერებს ოთხ სახარებას, სამოთხის ოთხ მდინარეს, რომლებიც თავიანთი დინებით განუწყვეტლივ ავსებენ მიწაზე ქრისტეს ეკლესიის სამწყსოს. ნახატებზე, სადაც მაცხოვარი მწყემსის სახითაა გამოსახული, კრავი ცოდვილს განასახიერებს. იესოს ეს სახება, რომელიც კეთილი მწყემსის სახელითაა ცნობილი, ძალზე ხშირად გვხვდება ადრეულ ქრისტიანულ ხელოვნებაში. აღორძინების ეპოქის ნახატებში წმინდა ოჯახისა და ჩვილი იოანეს გამოსახულებებით, ხშირად გვხვდება კრავის ფიგურა. ამ შემთხვევაში კრავი წმინდა იოანე ნათლიმცემლის, როგორც ქრისტეს წინამორბედის, მისიის მინიშნებაა. VII საუკუნეში საეკლესიო კრებამ აკრძალა ბიზანტიურ ხატებში ქრისტეს გამოსახვა კრავის სახით. დასავლეთ ევროპაში კი, პირიქით, სიკვდილზე გამარჯვების დროშასთან ერთად გამოხატული კრავი აღდგომის გამორჩეულ სიმბოლოდ იქცა, ხოლო ნაკურთხი ცვილისგან გამოძერწილი მისი ფიგურა ავგაროზის სახით იხმარება.

0x01 graphic

RAFFAELLO Sanzio
წმინდა ოჯახი კრავთან ერთად
1507, აღორინება
ზეთი მერქანზე, 29x21 სმ.
პრადო, მადრიდი

0x01 graphic

GRCNEWALD, Matthias
ჯვარცმა (დეტალი)
დაახ. 1515, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი მერქანზე
უნტერლინდენის მუზეუმი,
კოლმარი

კრავი ახლო აღმოსავლეთის, მათ შორის იუდეველთა რელიგიური რიტუალების სამსხვერპლო ცხოველს წარმოადგენდა. „და აღაპყრო აბრაამმა თვალი და იხილა ვერძი, რომელიც რქებით იყო გახლართული ბუჩქნარში. და წავიდა აბრაამი და აიყვანა ის ვერძი და შესწირა იგი სრულადდასაწველად თავის ძის ნაცვლად“ (დაბ 22:13). პირველმა ქრისტიანებმა კრავი ქრისტეს სიმბოლოდ მიიღეს, როგორც სამსხვერპლო ცხოველი, რითაც იგი ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვის მიზნით ჯვარცმულ მაცხოვართან ასოცირდება „...ტახტსა და ოთხ ცხოველს შორის და უხუცესებს შორის იდგა კრავი... ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინ. ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და საკმეველით სავსე ოქროს თასები, რომლებიც წმიდათა ლოცვებია. გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან შენ დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან“ (გამოცხ 5:6-9). კრავი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გავრცელებული ემბლემაა. მას, თანმხლები ატრიბუტების შესაბამისად, სხვადასხვა მნიშვნელობები ენიჭება: კრავი ჯვრით გამოხატავს ტანჯვას, სიკვდილს; კრავი დროშით - გამარჯვებას, ხოლო წინა ფეხებით წიგნზე მდგომარე კრავი - სახარებას. ადრეულ ქრისტიანულ ხელოვნებაში იესოს თორმეტი მოწაფე თორმეტი კრავის სახით გამოისახებოდა. თავისი თვისებების წყალობით კრავი იქცა უბიწოების, უწყინარობის, მოთმინებისა და მორჩილების პერცონიფიცირების ატრიბუტად.

0x01 graphic

CESARE da Sesto
ღვთისმშობელი და ყრმა ღვთის
კრავთან ერთად
აღორძინება
პოლდი-პეცოლის მუზეუმი,
მილანი

0x01 graphic

MEMLING, Hans
წმ. იოანეს კანკელის ხატება
(ცენტრალური ნაწილი)
1474-79, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი მუხის მერქანზე,
173,6x173,7 სმ.
მემლინგის მუზეუმი, ბრიუგე

კრიალოსანი

მარიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ლოცვების თანმიმდევრობა; ასევე ძაფზე ასხმული მძივი, რომელიც გამოიყენება ლოცვისას კანონის შესასრულებლად. სახელწოდება წარმოდგება ბერძნული „კირიე ელეისონიდან“, რაც ნიშნავს „უფალო შემიწყალეს“. მძივის მარცვლებით მლოცველი წარმოთქმული ლოცვების რაოდენობას განსაზღვრავს.

0x01 graphic

LOTTO, Lorenzo
ღვთისმშობელი კრიალოსნით
(Madonna of the Rosary)
1539, აღორძინება
ზეთი ტილოზე, 384x264 სმ.
წმ. ნიკოლოზის ეკლესია, კინგოლი

0x01 graphic

MURILLO, Bartolome
Esteban
ღვთისმშობელი და ყრმა
კრიალოსნით
1650-55, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 164x110 სმ.
პრადო, მადრიდი

ღვთისმშობლის მისტიკური ვარდების ბაღი. 165 მძივის მარცვალი დაყოფილია ხუთ დეკადიან ჯგუფებად. ყოველი ხუთი დეკადა შეესაბამება მარიამის სიხარულის, მწუხარებისა და დიდებით შემოსვის განსაკუთრებულ „მისტერიებს“. მძივებს შეესაბამებათ კათოლიკური ლოცვები: დიდებს - Paber Moter, პატარებს - Ave Maria. კრიალოსანი ინგლისურ ენაში მართლწერით ემთხვევა სიტყვას Rosary - „ვარდის ბაღი“. XIII საუკუნეში ეს სახელწოდება ქრისტიანმა მისტიკოსებმა მიანიჭეს ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ლოცვების განსაკუთრებულ სიას, „ციური ვარდების ბაღი“, რომლებსაც წარმოთქვამდნენ კრიალოსნით.

კრიალოსანი წარმოადგენს დომინიკესა და ეკატერინე სიენელის ატრიბუტს და შესაძლოა, ერთ-ერთი საგანი იყოს ალეგორიულ ნატურმორტში.

კურდღელი

კურდღლის, როგორც სიმბოლური ცხოველის, დამახასიათებელი თვისებების დაწვრილებით აღწერას შეიცავს ადრექრისტიანული ტრაქტატი „ფიზიოლოგუსი“: კურდღელს წინა ფეხები გაცილებით მოკლე აქვს ვიდრე უკანა ფეხები და, ამის გამო, ყოველთვის ცდილობს მდევარს აღმართზე გაექცეს. „შენც, ადამიანო, ეძიე კლდეები, როცა ბოროტი ქოფაკი, დემონი დაგიწყებს დევნას... თუ იგი ხედავს, რომ ადამიანი მთიდან ქვემოთ გარბის და გულში ამქვეყნიურ ამაოებას ატარებს, თავგამოდებით ცდილობს აცდუნოს იგი. ხოლო თუკი ხედავს, რომ ადამიანი გარბის ღვთის შეწევნით, და ეძებს ჭეშმარიტების კლდეს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და სათნოების მწვერვალებისკენ მიემართება, მაშინ უკან დაიხევს ქოფაკი დავითის 34 ფსალმუნის სიტყვათა ძალით: „უკუიქცნენ და სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი.“

ალბათ, ეს ტექსტი ნათელყოფს, თუ რატომ ფიგურირებს ასე ხშირად კურდღელი ქრისტიანულ იკონოგრაფიაში. კურდღელი ძალზე უმწეო ცხოველია და სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, მოკლებულია თავდაცვის ყოველგვარ საშუალებას. ამიტომ, კურღელი გამოხატავს ქრისტიანის რწმენას და იმედს ქრისტეს გულმოწყალებაზე და მეურვეობაზე, როგორც ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც. „...გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.“ (2კორ 12:9-10).

0x01 graphic

CARIANI
წმინდა საუბარი
1524-30, აღორძინება
ზეთი ტილოზე, 168x164 სმ.
ანტიკური ხელოვნების
ნაციონალური გალერეა, რომი

ყურძნის მტევნის ჭამისას გამოსახული კურდღელი, განასახიერებს სამოთხეში მოხვედრილ სულებს, რომლებიც მარადიული სასუფევლის ნაყოფით ტკბებიან. კურდღლის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა თრთოლა, რის გამოც იგი სიმხდალისა და მორჩილების მნიშვნელობითაც იხმარება.

2

▲back to top


ლაბადა

ადამიანის სამოსთან დაკავშირებულ სიმბოლოთა შორის ლაბადა, ერთის მხრივ, მაღალი ღირსებისა და მდგომარეობის გამომხატველია, ხოლო მეორე მხრივ იგი ნიღაბია, რომელიც ადამიანს დანარჩენი სამყაროსგან აცალკევებს. მეომარი, რომელიც მახვილით ორ ნაწილად ჭრის თავის ლაბადას წმინდა მარტინია. წმინდა მარტინმა ზამთარში ღარიბი კაცი შეიფარა, თავისი ლაბადა შუაზე გაჭრა და ნახევარი მას დაუთმო. ქუდი და ლაბადა მწირის სამოსს წარმოადგენს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სატანას შავი ლაბადა აცვია.

0x01 graphic

OOST, Jacob van, the Elder
წმ. მარტინი
ბაროკო
ზეთი ტილოზე, 301x181 სმ.
გრონინგის მუზეუმი, ბრიუგე

0x01 graphic

DONNER, Georg Raphael
წმინდა მარტინი
1733-35, ბაროკო
ტყვია, სიმაღლე 275 სმ.
კათედრალური ტაძარი,
ბრატისლავა

ლაბარუმი

რომის იმპერატორის კონსტანტინე I დიდის (274-337) ლეგენდარული საიმპერატორო დროშა. ლაბარუმის გამოჩენა დაკავშირებულია მილვიანის ხიდთან 312 წლის 27 ოქტომბერს შემდგარ ბრძოლასთან კონსტანტინესა და მაკსენციუსს შორის. იმპერატორის ბიოგრაფის, ევსევიუსის მოწმობით კონსტანტინემ რომისკენ მიმავალ გზაზე ცაზე იხილა ჯვარი წარწერით „In hoc vinces“ (ამით გაიმარჯვებ). მეორე ვერსიის თანახმად, იმპერატორს ბრძოლის წინ სიზმარში მოესმა ხმა „In hoc signo vinces“ (ამ ნიშნით გაიმარჯვებ). 325 წელს კონსტანტინეს ერთპიროვნული ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ლაბარუმი იმპერატორის საბრძოლო დროშად იქცა. შემდგომში იგი ფიგურირებს პრისცინიუს ატილას (409-410) დროინდელ და მოგვიანებით ბიზანტიის იმპერატორების მონეტებზე.

0x01 graphic

GIOTTO di Bondone
No. 37 სცენები ქრისტეს
ცხოვრებიდან:
21. აღდგომა (Noli me tangere)
1304-06, შუა საუკუნეები
ფრესკა, 200x185 სმ.
სკროვენის კაპელა, პადუა

0x01 graphic

OGGIONO, Marco d'
ქრისტეს აღდგომა
წმ. ლეონარდოსთან და
წმ ლუცილთან ერთად
1491-94, მანიერიზმი
სახელმწიფო მუზეუმი, ბერლინი

ძმათაშორისი ბრძოლა ქრისტიანებში ასოცირდებოდა, როგორც დაპირისპირება კერპთაყვანისმცემლობასა და ქრისტიანობას შორის. ქრისტიანული რწმენის თავისუფლად ქადაგების შესახებ 313 წელს მიღებული ედიქტის შემდეგ ლაბარუმი სახარებისეული ქადაგების გამარჯვების დროშად იქცა.

კათოლიკურ საეკლესიო ხელოვნებაში ლაბარუმი ყველაზე ხშირად ბაირაღის სახით გვხვდება, რომელიც შემკობილია წრეში ან გვირგვინში ჩასმული კონსტანტინეს ჯვრით. მაგალითად, შუა საუკუნეების გამოსახულებებში ქრისტეს აღდგომა, როგორც მისი სიკვდილზე გამარჯვების ნიშანი. ლაბარუმი ღვთის კრავის ატრიბუტს წარმოადგენს.

მართლმადიდებლური ხატწერის ტრადიციის მიხედვით ანგელოზებსა და მთავარანგელოზებს ლაბარუმთან ერთად გამოსახავენ. დროშის ტარიდან დაშვებულ ნაჭერზე გამოსახულია იესო ქრისტეს სახელის პირველი ასოები ან სიტყვა „აგიოს“ (წმინდა).

ლაზარეს აღდგინება

მართასა და მარიამ მაგდალელის ძმა ლაზარე ბეთანიელი, მძიმე ავადმყოფი იყო. მისმა დებმა ქრისტეს კაცი გაუგზავნეს ლაზარეს ავადმყოფობის ცნობის შესახებ, მაგრამ, როცა იესო ბეთლემში ჩავიდა ლაზარე უკვე ოთხი დღის მკვდარი იყო. გზაში მაცხოვარს მართა შეეგება, მოგვიანებით მარიამიც შეუერთდა მათ და დაემხო იესოს ფერხთით. ისინი მივიდნენ სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული. იესომ თქვა: „აიღეთ ლოდი“. მართა შიშობდა, რომ მიცვალებული ყარდა, რადგან უკვე მეოთხე დღე იყო, რაც დამარხეს. მაცხოვარმა კი უპასუხა: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?“ ლოდი გადააგორეს. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე გამოდი!“

0x01 graphic

DUCCIO di Buoninsegna
ლაზარეს აღდგინება
1308-11, შუა საუკუნეები
ტემპერა მერქანზე, 43,5x46 სმ.
კიმბელის სახვითი ხელოვნების
მუზეუმი, ფორტი უერტე

0x01 graphic

PACHER, Michael
ლაზარეს აღდგინება
1479-81, ჩრდილოევროპული
რენესანსი
მერქანი, 173x140,5 სმ.
კარის ეკლესია,
სანკტ-ვოლფგანგი

ამ სიუჟეტის ამსახველ ფერწერულ ტილოებზე ზოგჯერ მართა და მარიამი ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილნი არიან გამოსახული, ამ დროს სამარხიდან გამოდის ლაზარე. ამ შემთხვევაში ხდება მოთხრობაში გადმოცემული ორი მომენტის დროში შერწყმა. დაკრძალვის ძველი ტრადიციის მიხედვით იუდეველები სხეულს ვერტიკალურ მდგომარეობაში ასაფლაფებდნენ, ამასვე გვიდასტურებს იოანე მახარებლის ტექსტი. ბიზანტიურ ხელოვნებაში ლაზარე სწორედ ვერტიკალურ პოზაშია გამოსახული, რომლის მაგალითებიც მეორდებოდა დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში, თითქმის აღორძინების ეპოქამდე. შედარებით გვიანდელი პერიოდის ხელოვნებაში ლაზარე დგება ჰორიზონტალურად გამოსახული კუბოდან. ამ სცენის ამსახველ ნახატებში ხშირად ფიგურირებს ადამიანი, რომელსაც ცხვირზე ხელი აქვთ აფარებული. ეს პერსონაჟი თითქოს ადასტურებს მართას ყოყმანს, რომელიც ეუბნება იესოს: „უფალო,, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ“.

ლალი

ლალი წითელი ფერის ძვირფასი ქვაა. ამჟამინდელი სახელი მიაკუთვნა თეოფრასტმა (372-287 წლები ქრისტეს შობამდე). ეს დასახელება დაკავშირებულია ლათინურ სიტყვასთან rubens - წითელი. ლალი სახვა ძვირფას ქვებთან ერთად აარონის წმინდა შესამოსელის სამკერდულში იყო ჩასმული. „და ჩასვეს მასში ქვათა ოთხი მწკრივი: მწკრივი ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა - ერთი მწკრივი“ (გამ 39:10).

XIV საუკუნის ტრაქტატში, რომელსაც სერ ჯონ მანდევილს მიაწერენ, ლალს თილისმის მრავალი თვისება მიეწერება. ამ ტრაქტატში მბრჭყვინავი ლალის ბედნიერ მფლობელს არწმუნებენ, რომ მისი ცხოვრება მშვიდობიანი იქნება, არასოდეს დაკარგავს მიწასა და საზოგადოებრივ მდგომარეობას, დაცული იქნება ყოველგვარი ხიფათისგან. ლალი დაიცავს მის სახლსა და ბაღ-ვენახს ქარიშხლისგან. ყველა ეს თვისება გარანტირებულია, თუკი მფლობელი ლალის ქვას ბეჭედში, სამაჯურში ან გულსაბნევში ჩასვამს და სხეულის მარცხენა მხარეს ატარებს.

ლამპარი

ძველი აღთქმის გამოსვლის წიგნში აღწერილია ოქროს ჭედური ლამპარი, რომელიც მოსემ რჯულის კიდობანში მოათავსა. ლამპარს უნდა ჰქონოდა შვიდი ტოტი, თითოეულ ტოტზე სამი ნუშის ფორმის თასი, კვირტი და ყვავილი. შვიდ სანთლიანი ლამპარის (მენორა) შვიდი სანათი ერთიანი ეკლესიის სიმბოლოს წარმოადგენს. ანთებული ლამპარი ღვთის სიტყვის სიმბოლოა, ხოლო მისი სინათლე წმინდა გაცისკროვნების, ჭეშმარიტი სულის სიმბოლოა. იგი უნათებს ეკლესიის მსახურებს ღმერთის გამოცხადებას, რომელიც სრულიად დაფარულია ჩვეულებრივი ადამიანისგან. მხოლოდ ჭეშმარიტ ხელდასხმულებს ეძლევათ უფლება იხილონ სინათლე, რომელიც ძალზე ღრმად არის დაფარული წმინდა წერილში.

0x01 graphic

MINIATURIST, Franch
ღმერთის ტახტის ხილვა
(The Paris Apocalypse)
დაახ. 1400, შუა საუკუნეები
პერგამენტი, 27,5x18,5 სმ.
მაციონალური ბიბლიოთეკა,
პარიზი

თავდაპირველად ლამპარის ტოტებზე ათავსებდნენ ნავთის სანათებს, რომლებიც მოგვიანებით ცვილის სანთლებით შეიცვალა. მენორა, თავისი მცენარეული ატრიბუტიკით, მიუთითებს სამყაროს ხეზე და მზეს, მთვარეს იმ დროისთვის ცნობილ ხუთ პლანეტას გამოხატავს. ლამპარი იერუსალიმის ტაძარში იდგა და რომაელებმა გაიტაცეს ქალაქის დაპყრობის შემდეგ. შუა საუკუნეების ხელოვნებაში იგი ხშირად ებრაელობის ემბლემის სახით გვევლინება.

ლამპარი მიგვანიშნებს, რომ უფალი ჩვენი მეგზურია. იოანე ნათლისმცემელი მაცხოვარზე ამბობს, რომ ის არის „ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც უნათებს სოფლად მომსვლელ ყოველ ადამიანს“. პეტრე მოციქული მაცხოვრის სიტყვებს ლამპარს ადარებს: „ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე დღე განათდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში“ (2პეტრ 1:19). შვიდი ლამპარი სულიწმიდის შვიდი ნიჭის სიმბოლოს წარმოადგენს.

ლარნაკი

ოქროს ლარნაკი, რომელშიც თეთრი შროშანების თაიგულია მოთავსებული, ხარების სიმბოლო და მარიამ ღვთისმშობლის ემბლემაა. შროშანებიანი ლარნაკი ის საგანია, რომელსაც ყველაზე ხშირად გამოსახავენ ხარების ამსახველ სცენებში. ზოგ შემთხვევაში ლარნაკი გამჭვირვალე მინისაა, ვინაიდან სუფთა და გამჭვირვალე მინა მარიამის სრულყოფილ სიწმინდეს განასახიერებს.

0x01 graphic

BROEDERLAM, Melchior
ხარება
1393-99, შუა საუკუნეები
ტემპერა მერქანზე
ხელოვნების მუზეუმი, დიჟონი

საფლავზე დადებული ცარიელი ლარნაკი გამოხატავს გარდაცვლილი ადამიანის სულისგან განცალკევებულ სხეულს. ლარნაკის კიდეზე ჩამომჯდარი ჩიტი, რომელიც წყურვილს იკლავს, მარადიული ნეტარების სიმბოლოს წარმოადგენს. ფერუ-მარილიანი ლარნაკი (ჩვეულებრივ თავდახურული) მარიამ მაგდალელის ატრიბუტია. შესაძლოა ანალოგიური ჭურჭელი გამოსახული იყოს თითოეული მენელსაცხებლე ქალის (მარიამ მაგდალელი, მარიამ იაკობისა და სალომე) ხელში.

ლეოპარდი

უძველესი დროიდან ხალხში გამეფებული იყო მოსაზრება, რომ ლეოპარდს შეეძლო შეფერილობის შეცვლა, რათა ხელიდან დასხლტომოდა მონადირეებს. ცხოველის ეს თვისება ასოცირდებოდა სატანის ჩვეულებასთან, რომელიც სხვადასხვა სახით ინიღბებოდა, რათა ეცდუნებინა ადამიანები. ამიტომ ხელოვნებაში ლეოპარდი სატანისა და ანტიქრისტეს სიმბოლური მნიშვნელობით იხმარებოდა. ლეოპარდი ზოგჯერ ფიგურირებს მოგვთა თაყვანისცემის ამსახველ სცენებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთის განსხეულება იესო ქრისტეში აუცილებლობას წარმოადგენდა, რათა მაცხოვარს კაცობრიობის ცოდვები გამოესყიდა.

ლერწამი

ლერწამი ქრისტეს ვნებების ერთ-ერთი სიმბოლოა. ცნობილია, რომ ჯვარცმულ მაცხოვარს, ლერწამზე წამოგებული ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი მიაწოდეს წყურვილის მოსაკლავად. გარდა ამისა, გამგებლის ჯარისკაცებმა ჯვარცმის წინ ქრისტეს თავზე დაადგეს ეკლიანი გვირგვინი და „...მარჯვენა ხელში ლერწამი მისცეს...“ (მათ 27:29). ამ ფაქტის ზეგავლენით, ლერწამი სიდიადის დამცირების სიმბოლოდაც მოიაზრება. ლერწმის ჯვარი იოანე ნათლისმცემლის ატრიბუტია, რომელიც ქრისტეს სიტყვებით არ ჰგავდა უდაბნოში ქარისგან შერხეულ ლერწამს.

0x01 graphic

DYCK, Sir Anthony Van
ეკლიანი გვირგვინით შემკობა
1618-20, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 223x196 სმ.
პრადო, მადრიდი

ლერწამი წყალთან ახლოს, დაბლობ ადგილებში მჭიდრო ჯგუფებად ხარობს. ამ თვისების გამო ლერწამი მორწმუნეთა ქრისტესადმი ერთგულებისა და მორჩილების სიმბოლოს წარმოადგენს. ძველი აღთქმის იობის წიგნში (8:11), ნათქვამია: „უჭანტობოდ თუ იზრდება ჭილი? უწყლოში თუ ამოდის ლერწამი?“ გარდა ამისა, როცა ფარაონის ქალიშვილმა ყრმა მოსე ლერწმიანში იპოვა, ეს მცენარე გადარჩენის ადგილს დაუკავშირეს. ზოგჯერ ძველ აღთქმაში ლერწამი გადატანითი მნიშვნელობით იხმარება და სისუსტესა და ყოყმანს აღნიშნავს. „...დანდობიხარ მაგ გადამტვრეულ ლერწამს, ეგვიპტეს, რომელსაც, თუ კაცი დაეყრდნობა, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს“ (4მეფ 18:21).

ლეღვი

ზოგჯერ თვლიდნენ, რომ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე, რომელიც ედემის ბაღში ხარობდა, იყო ლეღვი და არა ვაშლი. ამიტომ, დაცემის გამომხატველ ფერწერულ ტილოებში ლეღვი ზოგჯერ ცვლის ვაშლის ხეს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ლეღვი არ სარგებლობს დიდი პოპულარობით სამხრეთ ევროპის მხტვრებში. შეცოდების შემდეგ ადამმა და ევამ წელზე გარშემოსარტყმელი დასაფარი ლეღვის ფოთლებისგან გააკეთეს. ამასთან დაკავშირებით ლეღვი ჟინის სიმბოლოდ იქცა, ხოლო თესლის სიმრავლის გამო იგი ვნებისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ გამოიყენება.

0x01 graphic

CRANACH, Lucas the Elder
ადამი და ევა
1531, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ცაცხვის მერქანი, 170x69,5 სმ.
ფერწერის გალერეა, დრეზდენი

მაცხოვრის მიერ ლეღვის ხის დაწყევლა (მარკ 11:13-21) ზოგიერთ მკვლევარს სიძნელეების წინაშე აყენებდა, რადგან ციტატაში ნათქვამია, რომ „არ იყო ლეღვობის დრო“. შესაძლოა აღნიშნული სიტყვები საშუალებას გვაძლევდეს დავასკვნათ, რომ ჯერ არ იყო დამდგარი ლეღვის კრეფის დრო და, ამიტომ, ლეღვს კვლავ შეეძლო გამოესხა ნაყოფი. მართალია, ხეს არც ერთი ნაყოფი არ ესხა, მაგრამ ფოთლები კი ჰქონდა, ხოლო ლეღვი ჯერ ფოთლებს ისხამს და შემდეგ ნაყოფს. ამიტომ, თუკი იმ ხეს შეეძლო ნაყოფის მოცემა, უკვე დრო იყო მისი მოკრეფისა. სწორედ მისი უნაყოფობის გამო დაწყევლა ქრისტემ ის ლეღვის ხე. მაცხოვარს მიზნად ჰქონდა, რომ მოწაფეებს ღრმად აღბეჭდოდათ გონებაში უდიდესი ზნეობრივი ჭეშმარიტება.

ლომი

აღორძინების ეპოქის ხელოვნებაში ლომის სახე სხვადასხვა მნიშვნელობებით გამოიყენებოდა. საერთოდ, ლომი ძალაუფლების, დიდებულებისა და სულიერი ძალის გამომხატველია და იგავებში „ცხოველთა მეფის“ სახელითაა ცნობილი.

0x01 graphic

CARPACIO, Vittore
წმ. მარკოზის ლომი (დეტალი)
1516, აღორძინება
ტემპერა ტილოზე
დოჟების სასახლე, ვენეცია

0x01 graphic

GOZZOLI, Benozzo
წმ. იერონიმე ლომს თათიდან
აძრობს ეკალს
1452, ადრეული აღორძინება
ფრესკა
სან ჯერონიმოს კაპელა,
სან-ფრანცისკო

0x01 graphic

MEMLING, Hans
ალეგორია ღვთისმშობელთან
1479-80, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი მუხის მერქანზე,
38,3x31,9 სმ.
ანდრე-ჟაკმარის მუზეუმი, პარიზი

ლომი ქრისტეს სიმბოლოა, - ლომი იუდას ტომიდან. ადრეული ქრისტიანული პერიოდის ტექსტი „ფიზიოლოგუსი“ შეიცავს სიმბოლურ სიუჟეტებს ლომის შესახებ: მაგალითად, უდაბნოში ხეტიალისას იგი კუდით შლის თავის კვალს. უხილავი მამის მიერ გამოგზავნილი გამარჯვებული მაცხოვარიც, „ლომი იუდას

ტომიან“, შლის თავის ნაკვალევს, ანუ მალავს თავის ღვთაებრიობას.

ერთი საბუნებისმეტყველო ლეგენდის მიხედვით ლომის ბოკვერი მკვდარი იბადება, მაგრამ სამი დღის შემდეგ, როდესაც მშობელი ლომი სულს შეუბერავს, ბოკვერი ცოცხლდება. ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ეს ლეგენდა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან ასოცირდებოდა.

შუა საუკუნეების ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლომს ღია თვალებით სძინავს. ამის გამო ეს ცხოველი სიფხიზლესაც გამოხატავს.

ოთხი ცხოველიდან, რომლებსაც ეზეკიელი ახსენებს თავის წინასწარმეტყველებაში, ერთ-ერთი ლომია: „და მის შიგნიდან გადმოვიდნენ მსგავსნი ოთხი ცხოველისა... შესახედაობა მათი სახისა: სახე ადამიანისა და სახე ლომისა ოთხივეს ჰქონდა მარჯვნივ და სახე ხარისა - ოთხივეს მარცხნივ, და სახე არწივისა ჰქონდა ოთხივეს“ (ეზეკ 1:5,10). ლომი წმინდა მარკოზის სიმბოლოა, რადგან მარკოზის სახარებაში ყველაზე დეტალურადაა აღწერილი ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა და განსაკუთრებულად არის გამოკვეთილი ქრისტეს მეუფება. ფრთოსანი ლომი წმიდა მარკოზის განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენს.

ქრისტიანულ ხელოვნებაში ლომი ამბივალენტური სიმბოლოა. გარდა პოზიტიური მნიშვნელობებისა ლომი სატანური სამეფოს ან თვით ბნელეთის მოციქულის სიმბოლოდ გამოიყენება. სიმბოლოს ნეგატიური მნიშვნელობა ეყრდნობა წმინდა პეტრეს სიტყვებს: „მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1პეტრ 5:8), აგრეთვე, ფსალმუნებს (90:13), სადაც ნათქვამია: „...ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ.“ უკანასკნელი ციტატა ქრისტეს სატანაზე გამარჯვების გამომხატველია.

ლომი რამდენიმე წმინდანის ატრიბუტია, მათ შორის პირველმოწამისა და მოციქულთა სწორისა თეკლასი. ლომთანაა დაკავშირებული წმიდა იერონიმუსიც. უძველესი თქმულების თანახმად წმინდანმა ლომს ფეხიდან ეკალი ამოუღო, რომელიც მას აუტანელ ტკივილს აყენებდა. ამის შემდეგ ლომი იერონიმუსის ერთგული მეგობარი გახდა.

ლოცვა გეთსიმანიაში

საიდუმლო სერობის შემდეგ და უშუალოდ დაპატიმრების წინ, ქრისტე ელეონის მთაზე სალოცავად განმარტოვდა. იესოს ლოცვისას გამოკვეთილია სულიერი ბრძოლა მის ორ ბუნებას შორის. ადამიანური ბუნება შეშინებულია გარდაუვალი წამების გამო და სურვილი აქვს აიცილოს იგი, ხოლო ღვდაებრივი ბუნება ძალებს მატებს მაცხოვარს: „მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს ნება შენი“ (მათ 26:42). ქრისტემ თან გაიყოლა პეტრე, იაკობი და იოანე, შემდეგ განცალკევდა მათგან და „ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და აძლიერებდა. ამ აგონიაში მყოფი მხურვალედ ლოცულობდა“ (ლუკ 22:43:44). როდესაც იესო მოწაფეებთან დაბრუნდა, ნახა ისინი მწუხარებისგან ჩაძინებულნი და უსაყვედურა მათ.

XIII საუკუნემდე ეს თემა ხელოვნებაში იშვიათად გვხვდება.

ადრეულ ნიმუშებში ანგელოზის ნაცვლად ფიგურირებს მამა ღმერთის თავი ან მისი სიმბოლო - მარჯვენა ხელი, რომელიც ღრუბელზე მიუთითებს. ამ სიუჟეტის სხვა ადრეულ ნაწარმოებებში ქრისტე შეიძლება გამოსახული იყოს მუხლმოდრეკილი (ლუკა მახარებლის მიხედვით) ან პირქვე დამხობილი (მათე და მარკოზი მახარებლების მიხედვით). ამ დროს თერთმეტივე მოწაფეს სძინავს ან ქრისტე მარტოდმარტო ლოცულობს.

რენესანსის ეპოქაში ამ სიუჟეტის გამოსახვის განსაზღვრული კანონები დამკვიდრდა. მაცხოვარი მუხლმოდრეკილი დგას კლდოვან ამაღლებულ ადგილას. ქვემოთ გამოსახულია მისი სამი მძინარე მოწაფე:

0x01 graphic

BELLINI, Giovanni
აგონია გეთსიმანიის ბაღში
დაახ. 1465, ადრეული
აღორძინება
ტემპერა მერქანზე, 81x127 სმ.
ნაციონალური გალერეა,
ლონდონი

პეტრე (ჭაღარა, აწეწილი წვერით და მახვილით - იგი ამ მახვილით ყურს მოაჭრის მსახურს), იაკობი (მას მუქი ფერის წვერები და თმა აქვს), იოანე (ყველაზე უმცროსი, გრძელი თმებით, რომლებიც ზოგჯერ მხრებამდე სწვდება). შორს მოჩანს იერუსალიმი და ამ სცენასთან დაკავშირებული ადამიანების ჯგუფი - მეომრები, რომლებსაც იუდა მიუძღვის წინ.

ლურსმნები

ჯარისკაცებმა ლურსმნები მაცხოვრის ჯვარზე გასაკვრელად გამოიყენეს. აქედან გამომდინარე, სამი ცალი ლურსმანი იესო ქრისტეს ვნების სიმბოლოა. შუა საუკუნეების ლეგენდის მიხედვით ელენე დედოფალმა, იმპერატორ კონსტანტინე დიდის დედამ, ჯვართან ერთად აღმოაჩინა ის ლურსმნებიც, რომლებითაც იესო ქრისტე გააკრეს ჯვარზე და, რომლებიც ელენე დედოფლის ატრიბუტს წარმოადგენენ. შუა საუკუნეებში, ქრისტეს ჯვარცმის სცენებში, გამოსახული იყო ოთხი ლურსმანი, რომლებითაც გამსჭვალული იყო მაცხოვრის ხელები და ფეხები. შუა საუკუნეების შემდგომი პერიოდის ფერწერულ ტილოებზე ფიგურირებს სამი ლურსმანი. ქრისტეს ტერფები ერთიმეორეზეა გადადებული და ერთი ლურსმნითაა მიჭედებული ჯვარზე. ცალკე ლურსმნების, როგორც ვნების სიმბოლოს, გამოსახატავად იხმარება სამი ლურსმანი, რაც, შესაძლოა წმიდა სამების სიმბოლური მინიშნება იყოს.

0x01 graphic

MINIATURIST, German
უაინგარტენის კურთხევანი
დაახ. 1210, შუა საუკუნეები
მოხატულობა პერგამენტზე,
29,2x20,3 სმ.
მორგანის ბიბლიოთეკა,
ნიუ-იორკი

0x01 graphic

ANGELICO, Fra
გარდამოხსნა (დეტალი)
1437-40, ადრეული აღორძინება
ტემპერა პანოზე
სან მარკოს მუზეუმი, ფლორენცია