![]() |
სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში (მ) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ლექსიკონები |
საავტორო უფლებები: © კენჭოშვილი გიორგი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
ლექსიკონის აღწერა: შეადგინა გიორგი კენჭოშვილმა, ენციკლოპედია, თბილისი |
![]() |
1 მ |
▲back to top |
მათრახი
მათრახი მაცხოვრის ვნებების ერთ-ერთი სიმბოლოა. ზოგჯერ მას გამოსახავენ სვეტთან ერთად, რომელზეც ქრისტე მიაბეს გაშოლტვის წინ. წმინდანის ხელში გამოსახული მათრახი მის მონანიებაზე მეტყველებს, თუმცა წმინდა ამბროსის ხელში მათრახი იტალიიდან არიანელთა განდევნაზე მიუთითებს.
ვიდრე ქრისტეს ჯვარს აცვამდნენ, პილატეს ბრძანებით მაცხოვარი ჯერ გაშოლტეს. ეს ფაქტი ძალზე ძუნწად არის აღწერილი ოთხივე სახარებაში. მახარებლები მხოლოდ მშრალად აღნიშნავენ, რომ პილატემ იესო გააშოლტვინა. მიუხედავად ამისა, ამ შიშველი ფაქტის საფუძველზე, ხელოვნებაში უამრავი ნაწარმოები შეიქმნა ქრისტეს გაშოლტვის თემაზე. ტრადიციულად ითვლებოდა სვეტზე (შესაძლოა სვეტების კოლონადის ერთ სვეტზე) მიბმული ქრისტეს გამოსახულება. სვეტების კოლონადას პილატეს ეზოს ნაწილი (praetorium) წარმოქმნიდა. შუა საუკუნეებში პილატე პონტოელის სახლი იერუსალიმის წმინდა ადგილად იყო მიჩნეული, თუმცა არსებობდა გარკვეული ეჭვები მისი ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ.
ადრეული აღორძინების პერიოდის ფერწერაში ქრისტე გაშიშვლებულია, მხოლოდ თეძოებზე აქვს შემოკრული მოსახვევი. მხატვრების წინაშე გარკვეული ტექნიკური პრობლემა იდგა: უნდა გამოესახათ ქრისტე, რომელსაც ზურგზე აყენებდნენ დარტყმებს და ამავე დროს მისი სახეც გამოჩენილიყო კომპოზიციაში. აღორძინების ეპოქის ფერწერაში ეს პრობლემა გადაწყვეტილია ქრისტეს ანფასში გამოსახვის გზით. ამ რაკურსში იგი მაჯებით არის მიბმული ძალზე დაბალი სიმაღლის სვეტზე. ქრისტეს გაშოლტვის ბრძანებას ორი ან სამი ჯარისკაცი ასრულებს. მათ ხელში მათრახი ან შოლტი უჭირავთ. შესაძლოა ამ სცენას პილატე პონტოელიც ესწრებოდეს. იგი მოსამართლის ადგილზე ზის, ზოგჯერ თავზე დაფნის გვირგვინი, ძალაუფლების რომაული ემბლემა ადგას.
GUERCINO
ქრისტეს გაშოლტვა
1657,ბაროკო
ზეთი ტილოზე, 250x185 სმ.
ანტიკური ხელოვნების
ნაციონალური გალერეა, რომი
RUBENS, Pieter Pauwel
ქრისტეს გაშოლტვა
ბაროკო
ზეთი ტილოზე, 37,4x35,1 სმ
ხელოვნების მუზეუმი, გენტი
მაიმუნი
ქრისტიანულ ხელოვნებაში მაიმუნი ცოდვის, ბოროტების, ცბიერებისა და ვნების სიმბოლოს წარმოადგენს. შესაძლოა იგი ადამიანის სულის დაუდევრობის - სიბრმავის, სიძუნწისა და ცოდვისადმი მიდრეკილების სიმბოლოდაც მოგვევლინოს. ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში მაიმუნი სატანის სიმბოლოს წარმოადგენდა. იგი წარმართობის გამომხატველი სიმბოლო უფრო იყო, ვიდრე ადამიანური ცოდვებისა. გოტიკურ ხელოვნებაში მაიმუნის გამოსახულება, რომელსაც პირში ვაშლი ედო, ადამიანთა დაცემის სიმბოლოდ იხმარებოდა. ამ სახით გვხვდება მაიმუნის ფიგურა მარიამ ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ზოგიერთ გამოსახულებაში.
DECAMPS, Alexandre Gabriel
მხატვარი მაიმუნი
1833, რომანტიზმი
ზეთი ტილოზე, 32x40 სმ.
ლუვრი, პარიზი
შუა საუკუნეების პერიოდიდან მოყოლებული მაიმუნი ხელოვნების, კერძოდ, ფერწერისა და ქანდაკების სიმბოლოდ იქცა. მხატვრის ხელოვნება თავისი არსით, იმიტაციად ითვლებოდა და მას იმ ცხოველებს, უკავშირებდნენ რომლებიც განთქმულნი იყვნენ მიმბაძველობის უნარით. ამ იდეამ გამოხატულება ჰპოვა აფორიზმში „Ars simia naturae“ (ლათ. „ხელოვნება ბუნების მაიმუნია“), რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა XVII საუკუნის ფლამანდიელ მხატვრებში. ისინი მაიმუნის სახით გამოხატავდნენ მხატვარს, რომელიც ქალის პორტრეტს ხატავდა. დროთა განმავლობაში მხატვრების ეს პაროდიული სახე ადამიანის შემოქმედების სხვა სფეროებზეც გავრცელდა, რითაც მხატვრები დასცინოდნენ ადამიანის პრეტენციოზულობას - სიბრიყვეს და ამაოებას.
მამა ღმერთი
მამა ღმერთი წმიდა სამების პირველი პირია. ისტორიული თვალსაზრისით იესო ქრისტეს დაბადებამდე ღმერთის ყველა გამოსახულება სწორედ მამა ღმერთის ხატებას უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, შემოქმედს, რომელმაც შექმნა ადამი და ევა, ვინც გამოეცხადა აბრაამს, მოსეს და სხვა წინასწარმეტყველებს, შუა საუკუნეების ხელოვნებაში, თითქმის XV საუკუნემდე გამოსახავდნენ ქრისტეს სახით, რაც დასტურდება ღმერთის ჯვრის ფორმის ნიმბით.
შემოქმედის ამგვარი ხატების დასტურად გვევლინება იოანე მახარებელი, რომელიც ამბობს, რომ „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი“ (1:1). გარდა ამისა, ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (325 წელი) დამტკიცებული სარწმუნოების სიმბოლოს დოქტრინაში ჩაწერილია: „Jesum Christum... per quern omnia factasunt“ (ლათ. „იესო ქრისტე... რომლისგან ყოველი შეიქმნა“).
აღორძინების ეპოქამ გააიგივა ძველი აღთქმის ღმერთი მამა ღმერთთან და მას, „რომელიც არის“ გრძელი თეთრი თმებითა და გაჩეჩილი წვერით გამოსახავდა (ეს განსაკუთრებით შესამჩნევია რაფაელისა და მიქელანჯელოს ქმნილებებში). მამა ღმერთის გამოსახულება ფიგურირებს არა მხოლოდ ძველი აღთქმის სიუჟეტების ამსახველ ნახატებში, არამედ ისეთ თემებში, როგორებიცაა ხარება, წმიდა სამება, მარიამ ღვთისმშობელი და ყრმა იესო, ნათლისღება, ღვთისმშობლის გვირგვინით შემკობა.
FRANCHESCO di Giorgio
Martini
მამა ღმერთი
დაახ. 1470, ადრეული
აღორძინება
პანო, 36x51 სმ.
ხელოვნების ნაციონალური
გალერეა, ვაშინგტონი
მამალი
განთიადისას მამალი პირველი მიესალმება აღმოსავლეთიდან მზის (ქრისტეს) ამოსვლას, რომელიც განდევნის ბოროტებისა და ბნელეთის ძალებს. ეს ფრინველი სიფხიზლისა და გულმოდგინების სიმბოლოა. შუა საუკუნეებში მამლის გამოსახულებას ფლუგერის სახით იყენებდნენ, რომელიც იმ მხარეს მიბრუნდებოდა, საიდანაც ბოროტი ძალების გამოჩენის საფრთხე იყო მოსალოდნელი. წმინდა გრიგოლმა მამალი კეთილი მწყემსის ალეგორიად აქცია, ვინაიდან მამალი „ფრთებს ურტყამს თავის სხეულს (ინანიებს), ვიდრე ხმას აღიმაღლებდეს“.
DUCCIO di Buoninsegna
ქრისტეს დაცინვა
1308-11, შუა საუკუნეები
ტემპერა მერქანზე, 45,5x53,5 სმ.
მთავარი ტაძრის მუზეუმი, სიენა
ქრისტეს ვნებებთან შეხამებული მამალი აღდგომას განასახიერებს. პეტრე მოციქულის ფიგურასთან გამოსახოლი მამალი ადამიანური სისუსტისა და მონანიების სიმბოლოს წარმოადგენს: როდესაც პეტრე თავის ერთგულებას უმტკიცებს იესოს, იგი პასუხობს: „...ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ“ (იოან 13:38). ამ ცნობილი ისტორიის გავლენით მამალი პეტრე მოციქულის ერთ-ერთი ატრიბუტი გახდა.
ქრისტიანული ხელოვნების გარიჟრაჟზე ფრინველი „ფრთიანი სულის“ სიმბოლოს სახით გამოიყენებოდა. ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მხატვრები ფრინველთა ცალკეულ სახეობებს სიმბოლურ მნიშვნელობებს მიანიჭებდნენ, ფრინველის გამოსახულება გამოიყენებოდა სულიერი საწყისის მნიშვნელობით, რომელიც მატერიალურ საწყისს უპირისპირდებოდა.
მანდორლა
მანდორლა (mandorla − იტალიურად „ნუში“) წარმოადგენს ნუშის ფორმის შარავანდედს, რომლის შიგნით ქრისტეს (ხშირ შემთხვევაში მაცხოვრის აღდგომის ან ფერისცვალების სცენა) ან მარიამ ღვთისმშობლის ფიგურაა გამოსახული. ნუშისებრი ნიმბი, რომელიც ორი დაუსრულებელი წრეწირის გადაკვეთის შედეგად წარმოიქმნება, ღვთიური სიდიადის ან მარიამ ღვთისმშობლის სიმბოლოს წარმოადგენს
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის გეომეტრიული სიმბოლო კვადრატია, ხოლო ცის სიმბოლო - წრე, უმაღლეს და უმდაბლეს სამყაროთა ანუ ცისა და მიწის სიმბოლური გამოხატულებისთვის, ხშირად ორი წრე იხმარება. ორი სამყაროს ურთიერთკავშირის ასახვა ხდება მანდორლის, ნუშისებრი ფიგურის საშუალებით, რომელიც წრის ორი რკალის გადაკვეთის შედეგად წარმოიქმნება. იკონოგრაფიის მოთხოვნების შესაბამისად მანდორლა გამოისახება ვერტიკალურად, ხოლო ორ წრეს განიხილავენ, როგორც მარცხენა (მატერია) და მარჯვენა (სული) წრეს. იშვიათად, მანდორლას შვიდი მტრედის საშუალებით გამოსახავენ. მტრედები სულიწმიდის შვიდი ნიჭის (შიში ღვთისა, ღვთისმსახურება, აღსარება, ზრახვა, მეცნიერება, გულისხმიერება, სიბრძნე) სიმბოლური მინიშნებაა. კიდევ უფრო იშვიათად, მანდორლის შიგნით ანგელოზებია გამოსახული.
MINIATURIST, English
ბიბლია
დაახ. 1135, შუა საუკუნეები
მოხატულობა პერგამენტზე,
170x255 სმ.
კორპუს კრისტი კოლეჯი,
კემბრიჯი
GHERARDUCCIO,
don Silvestro del
ღვთისმშობლის მიძინება
დაახ. 1365, შუა საუკუნეები
ტემპერა მერქანზე, 41x27 სმ.
პინაკოთეკა, ვატიკანი
მანტია
IV საუკუნიდან მანტია აღმოსავლეთის ეკლესიის ყველა ეპისკოპოსს ენიჭებოდა ხელდასხმის შემდეგ, როგორც მწყემსის სიმბოლო, რომელსაც მხრებით ცხვარი მოჰყავს. დასავლეთში მანტიას ატარებდნენ რომის ეპისკოპოსები და წარჩინების ნიშნად შეეძლოთ მისი სხვა პირისთვის გადაცემა. VIII საუკუნიდან მანტიამ მიტროპოლიტების ღირსების მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ, ამავე დროს, რომის პაპმა შეინარჩუნა საპატიო წარჩინების ნიშნით მისი ეპისკოპოსებისთვის გადაცემის უფლება. მანტია მხოლოდ განსაზღვრულ პიროვნებას ეკუთვნის, მხოლოდ მას აქვს უფლება იგი ატაროს თავის ეპარქიაში, ეკლესიაში, საზეიმო სადღესასწაულო მსახურების დროს. პაპის მანტიას რომის წმიდა ანას მონასტრის მონაზვნები ამზადებენ 21 იანვარს ნაკურთხი ცხვრის შალისგან. 28 ივნისს რომის პაპი დალოცავს მას და შემდეგ ღამეს მანტიით შეამკობენ წმინდა პეტრეს სამარხს. იგი ინახება განსაკუთრებულ საცავში წმიდა პეტრეს კათედრის თავზე.
SIMONE MARTINI
ღვთისმშობელი გულმოწყალება
(Madonna of Mercy)
1308-10, შუა საუკუნეები
ტემპერა მერქანზე, 154x84 სმ.
ნაციონალური პინაკოთეკა, სიენა
ის მოსაზრება, რომ ადამიანის „აურა“ მის სამოსზე გადადის, მანტიას წინასწარმეტყველთა კუთვნილებად აქცევს, რომელიც მემკვიდრეობით გადადის. ელია წინასწარმეტყველმა „...დაგორგლა თავისი მოსასხამი და დაჰკრა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი ხმელეთზე გავიდნენ“ (4მეფ 2:8). მას შემდეგ, რაც ელია წინასწარმეტყველი ზეცაში ავიდა ქარბორბალათი, ელიას მოსასხამი ელისეს კუთვნილება გახდა, ხოლო იერიხონის წინასწარმეტყველნი ელისეზე ამბობდნენ, რომ „...ელიას სული გადმოვიდა ელისეზე“ (4მეფ 2:15). მანტია დამცავი საბურველის სიმბოლური მნიშვნელობითაც იხმარება. ეს ნათლად ჩანს სურათზე „ღვთისმშობელი საბურველით“. ამგვარი მანტიებით გამოსახავდნენ აგრეთვე მონაზონთა ორდენების დამაარსებლებს.
მარგალიტი
ადრეული ქრისტიანული ხანის გნოსტიკოსები მაცხოვარს ღვთიურ „აუწერელ მარგალიტს“ უწოდებდნენ. ისინი მარგალიტს საიდუმლო შემეცნებისა და ეზოთერიკული სიბრძნის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ, რომელიც ქრისტიანობაში აიხსნებოდა, როგორც წარმართთათვის მიუწვდომელი ქრისტეს მოძღვრება. ალექსანდრიის ღვთისმეტყველები და მწერლები, ორიგენი და კლიმენტი ალესანდრიელი ამტკიცებდნენ, რომ მარგალიტი ლოგოსის (სიტყვა) სიმბოლოს წარმოადგენდა. ისინი ეყრდნობოდნენ იოანეს სახარებას: „სიტყვა იყო ღმერთი“.
FOUQUET, Jean
ანგელოზებით გარშემორტყმული
ღვთისმშობელი და ყრმა
დაახ. 1450, ჩრდილოევროპული
აღორძინება
მერქანი, 93x85 სმ.
ხელოვნების სამეფო მუზეუმი,
ანტვერპენი
CARAVAGGIO
მაგდალელი (დეტალი)
1596-97, ბაროკო
ზეთი ტილოზე, დეტალის სიმაღლე
30 სმ.
დორია-პამფილის მუზეუმი, რომი
მარგალიტი სიწმინდის, კეთილშობილების, სიმდიდრის, ჯანმრთელობის, რწმენის, საიდუმლო სიბრძნის, ხელდასხმის სიმბოლოს წარმოადგენს. იგი იესო ქრისტესა და მარიამ ღვთისმშობლის ატრიბუტია. მათეს სახარებაში მაცხოვარი ამბობს: „ნუ მისცემთ სიწმიდეებს ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ...“ (მათ 7:6). ამ ალეგორიით იესო მიგვითითებს, რომ ჭეშმარიტი რწმენის საგანძური მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი, ვინც მას დაიმსახურებს. იგივე სახარება მარგალიტს ცის სასუფევლის სიმბოლოს უწოდებს: „...ცათა სასუფეველი წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს. როცა წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იმას შეიძენს“ (13:45-46). მარგალიტს ციური სასუფევლისკენ მიმავალ გზასაც უწოდებენ, ამიტომ სახელს „მარგარიტა“ ძალზე ბევრი წმინდანი ქალწული და წამებული ატარებდა ქრისტიანობის სადიდებლად.
ადრეული ქრისტიანული პერიოდის ტექსტი, „ფიზიოლოგუსი“ მარგალიტის წარმოშობის შესახებ გვამცნობს: „ზღვაში ცხოვრობს მოლუსკი, რომელსაც მეწამული მოლუსკი ეწოდება. იგი ზღვის ზედაპირზე ამოდის... და სვამს ციურ ნამს, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების სხივებს და სინათლის უმაღლესი წყაროების დახმარებით ქმნის მარგალიტს...“ ნიჟარის ორი საგდული ძველ და ახალ აღთქმას აღნიშნავენ, ხოლო მარგალიტი - იესო ქრისტეს. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მიხედვით ახალი იერუსალიმის „თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტი იყო. ყოველი კარიბჭე თითო მარგალიტი...“ (21:21).
მართლმადიდებლობის ზეიმი მართლმადიდებლობის ზეიმის აღსრულების დღედ ითვლება დიდი მარხვის პირველი კვირა დღე. დაფუძნდა საბერძნეთში IX საუკუნის პირველ ნახევარში მართლმადიდებლური ეკლესიის ერესზე გამარჯვების, განსაკუთრებით ხატმებრძოლთა ერესზე საბოლოო გამარჯვების აღსანიშნავად. ამავე პერიოდში, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, მეთოდემ, შეადგინა ღვთისმსახურება, რომელიც მისადაგებული იყო მართლმადიდებლობის ზეიმთან. ამჟამად მართლმადიდებლობის მსახურება (რომელიც სრულდება კონსტანტინოპოლში) შედგება მხოლოდ გარდაცვილთა მოხსენიებით, ლოცვით, რომელსაც ასრულებს თავად პატრიარქი.
მარიამ მაგდალელი მარიამ მაგდალელი შუა საუკუნეების, განსაკუთრებით კი კონტრრეფორმაციის ეპოქის მონანიე ცოდვილის სახეა ქრისტიანულ ხელოვნებაში და ეკლესიის მიერ შვიდი საიდუმლოს, განსაკუთრებით კი მონანიების საიდუმლოს თაყვანისცემის კულტივირების რეზულტატს წარმოადგენს. მართალია, ცოდვილი ქალის ვინაობა, რომელიც ცრემლებით უსველებდა ფეხებს ქრისტეს და შემდეგ თავისი თმებით უმშრალებდა, უცნობია, მაგრამ იოანე ცოდვილ ქალს აიგივებს მარიამთან, მართასა და ლაზარე ბეთანიელის დასთან. გარდა ამისა, ტრადიციის მიხედვით მონანიე ქალი არის „...მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი გავიდა“ (ლუკ 8:2) და, რომელიც ესწრებოდა მაცხოვრის ჯვარცმას. ისევე, როგორც თანამედროვე თეოლოგია, აღმოსავლეთის ეკლესია სამივე ქალს სხვადასხვა პიროვნებებად მიიჩნევს, მაგრამ დასავლეთის ეკლესია და, შესაბამისად, დასავლური ხელოვნება მათ ერთ პიროვნებაში აერთიანებს.
მარიამ მაგდალელის განუყოფელი ატრიბუტია ნელსაცხებლით სავსე ჭურჭელი ან ლარნაკი, რომელიც ხელში უჭირავს ან მის ფეხებთან დევს. მას გაშლილი, გრძელი და ხუჭუჭა თმა აქვს. ხელოვნებაში მარიამ მაგდალელს ორგვარად გამოსახავენ.
არაბიბლიურ სიუჟეტები. მონანიებამდე მარიამს მდიდრულად აცვია, უკეთია ძვირფასი სამკაულები და ხელთათმანები. მეორე თემაში მარიამს გამოსახავენ ქრისტეს ან მართას თანდასწრებით, იმ მომენტში, როდესაც იშორებს ლაბადას და ძვირფასეულობას. მის ფეხებთან გადაბრუნებული ძვირფასეულობის ზარდახშა აგდია. როგორც მონანიე ცოდვილი, იგი უბრალო მოსასხამს ატარებს ან ზოგჯერ შიშველია გამოსახული, ხოლო სიშიშვლეს მხოლოდ გაშლილი თმა უფარავს. ხშირად მარიამ მაგდალელის ამსახველ ნაწარმოებებში ფიგურირებსჯვარი და თავის ქალა, იშვიათად ეკლის გვირგვინი. მოქმედების ადგილი შეიძლება იყოს გამოქვაბულში შესასვლელი. სცენების სიუჟეტები აღებულია სახარებებიდან და შუა საუკუნეების ფრანგული ლეგენდიდან.
BENSON, Ambrosius
მარიამ მაგდალელი
ზეთი მუხის პანოზე, 69,5x55,5 სმ.
ჩრდილოევროპული აღორძინება
გრონინგის მუზეუმი, ბრიუგე
CORREGGIO
არ შემეხო (Nili me Tangere)
1525, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი ტილოზე, 130x103 სმ.
პრადო, მადრიდი
სახარებების სიუჟეტებზე შექმნილი მარიამ მაგდალელის სახეები.
ქრისტეს ვახშამი ფარისეველთან (ლუკ 7:36-50). სანამ ქრისტე სუფრასთან იჯდა, შემოვიდა ცოდვილი დედაკაცი, რომელიც მარიამ მაგდალელთან არის გაიგივებული. ქალმა მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით „და დადგა უკან, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცავდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა“ (7:38). ქრისტემ დამსწრეებს უთხრა, რომ ქალმა დაამტკიცა თავისი სიყვარული და ღირსი იყო მიტევებოდა ცოდვები. მარიამ მაგდალელი მუხლმოყრილი დგას ქრისტეს ფეხებთან და გამოსახულია იმ მომენტში, როდესაც თმებით უმშრალებს ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებს. ამ სცენაში შეიძლება ფიგურირებდეს იუდა ისკარიოტელი, მრისხანე და ზიზღით აღსავსე გამომეტყველებით. მას ენანებოდა ძვირფასი ნელსაცხებელი.
CANOVA, Antonio
მონანიე მაგდალელი
1796, ნეოკლასიციზმი
მარმარილო, სიმაღლე 94 სმ.
ბიანკოს სასახლის გალერეა,
გენუა
ქრისტე მართასა და მარიამის სახლში (ლუკ 10:38-42). მართა, აქტიური და მზრუნველი მასპინძელი, საყვედურობს თავის დას მარიამს, რომელიც „იესოს ფერხთით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას“ (10:39). ქრისტემ პასუხად უთხრა მართას, რომ მარიამმა უკეთესი წილი აირჩია. აქედან წარმოიშვა მარიამის წარწერა: „Optirnam partem elegit“ (ლათ. „უკეთესი წილი ამოირჩია“). ამ სიუჟეტში მართა ამზადებს საჭმელს, იგი გამოსახულია საოჯახო ნივთების გარემოცვაში, ხოლო მარიამი ყურადღებით უსმენს ქრისტეს. შეიძლება ნახატში ფიგურირებდეს ქალების ძმა ლაზარე ან რამდენიმე მოწაფე.
„Noll te tangere“ (ლათ. „არ შემეხო“) (იოან 20:14-18). აღდგომის შემდეგ ქრისტე გამოეცხადა მარიამ მაგდალელს, როდესაც იგი ცარიელ სამარხთან იდგა და ტიროდა. მარიამმა იცნო მაცხოვარი და მისკენ გაექანა, მაგრამ იესომ უბრძანა არ შეხებოდა. ეს სცენა მხოლოდ ორ ფიგურას მოიცავს: მაგდალელი მუხლმოდრეკილი დგას ან ქრისტესკენ მიიწევს, რომელიც რბილად არიდებს თავს მისკენ გაწვდილ მარიამის ხელებს.
მარიამობა
ღვთისმშობელმა მაცხოვრის ზეცაში ამაღლების შემდეგ კიდევ მრავალი წელი იცოცხლა. მიძინება არის ტერმინი, რომელსაც იყენებს ეკლესია მარიამ ღვთისმშობლის სიკვდილიდან მესამე დღეს მისი სულისა და სხეულის ზეცად ამაღლების აღსანიშნავად. ქრისტესგან განსხვავებით, რომელიც თვითონ ამაღლდა ზეცად, ღვთისმშობელი ანგელოზების მიერ იქნა აყვანილი ზეცაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა, როგორც ეკლესიური დღესასწაული, უკვე მრავალისაუკუნეა აღინიშნება, კათოლიკურ სამყაროში ოფიციალურად აღიარებული იქნა რომის პაპის, პიუს XIII ედიქტით 1950 წელს.
PIOLA, Domenico
ღვთისმშობლის მიძინება
1676, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 294x194 სმ.
წმ. იოანე ნათლისმცემლის
ეკლესია, გენუა
წმინდა წერილში არაფერია ნათქვამი ქალწული მარიამის მიძინების შესახებ. ეს კულტი ეყრდნობა III-IV საუკუნეების აპოკრიფებსა და კათოლიკური ეკლესიის ტრადიციას.
მიძინების გარემოებები წარმოშობენ მოთხრობათა ერთობლივ ჯაჭვს მარიამ ღვთისმშობლის სიკვდილის შესახებ. XIII საუკუნეში, როდესაც მარიამის კულტს განსაკუთრებული თავგამოდებით სცემდნენ თაყვანს, წარმოიშვა „ოქროს ლეგენდა“, პოპულარული ლიტერატურული წყარო მხატვრებისთვის. ამ ნაწარმოებში გადმოცემულია ერთი აპოკრიფული ისტორია: მარიამ ღვთისმშობლის გარდაცვალებიდან მესამე დღეს, როცა მის კუბოსთან ისხდნენ მოციქულები, მათ გამოეცხადა ქრისტე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზთან ერთად, რომელმაც მიიბარა ღვთისმშობლის სული. „და იმწამსვე სული კვლავ შევიდა სხეულში, და წამოდგა საზეიმოდ კუბოდან მარიამი და მიიღეს იგი ცის სავანეში, და მასთან იყო მრავალი ანგელოზი“.
პირველად მარიამის ზეცაში აყვანის სიუჟეტი ფართოდ იქნა წარმოდგენილი XIII საუკუნის გოტიკურ სკულპტურაში, განსაკუთრებით ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების პორტალებზე. მიძინება რელიგიური ხელოვნების მნიშვნელოვან თემად რჩებოდა. მისი ტიპური ფორმა აღორძინებისა და შედარებით გვიანდელი პერიოდების ფერწერაში ორი ან ზოგჯერ სამი ელემენტისგან შედგება. ქალწული მარიამი გამოსახულია სივრცის ცენტრში. იგი დგას ან დაბრძანებულია სამეფო ტახტზე, რომელიც ზეცაში აჰყავთ ანგელოზთა დასს. ხშირად ანგელოზები უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე. ღვთისმშობელს ხელები გულზე აქვს დაკრეფილი ან (განსაკუთრებით კონტრრეფორმაციულ ხელოვნებაში) ზეცისკენ აქვს გაწვდენილი. მარიამის თანამგზავრები ზოგჯერ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები არიან. იშვიათად გვხვდება კომპოზიცია, სადაც მარიამი და იესო ქრისტე ერთად ადიან ზეცაში. ქვევით, მიწაზე კუბოსთან შეკრებილი მოციქულები გაოცებულები იყურებიან ზევით, ცაში აყვანილი ღვთისმშობლისკენ ან დამწუხრებული და აცრემლებული სახეებით არიან გამოსახული. მოციქულთა შორის შეიძლება გამოყოფილი იყოს თომა მოციქული, რომელსაც მარიამი ქამარს გადასცემს. მიძინების სცენაში მონაწილე წმინდანები შეიძლება დახატული იყოს ისე, როგორც ეს მიღებულია „წმინდა გასაუბრებაში“ (Sacra Conversazione). ზოგიერთ შემთხვევაში ცარიელ კუბოში შროშანები და ვარდებია გამოსახული. რუბენსს „მიძინების“ სიუჟეტში შემოჰყავს ორი ქალი, რომლებიც ვარდებს კრეფენ. ეს მოტივი ტრადიციად იქცა XVII საუკუნის ესპანური ნიდერლანდების ფერწერაში. ერთი საეკლესიო ავტორიტეტის მიხედვით, ქალების ეს ფიგურები განასახიერებენ მარიამსა და მართას. ლუკას სახარების ის ნაწყვეტი (10:38-42), სადაც ქრისტე სახლში ეწვევა მარიამსა და მართას, ეკლესიებში მიძინების დღესასწაულზე იკითხება. შესაძლოა, სწორედ ამ გარემოებამ უბიძგა რუბენსს მიძინების სიუჟეტში ორი ქალის ფიგურა დაემატებინა. მესამე ელემენტი (არ არის აუცილებელი მონაწილეობდეს სცენაში) მამა ღმერთია, რომელიც ელოდება მარიამ ღვთისმშობლის ზეცაში მიღებას. იგი შეიძლება გამოსახული იყოს ქერუბიმებისა და სერაფიმების გარემოცვაში.
BARTOLOMEO DELLA
GATTA
ღვთისმშობელი აძლევს თავის
ქამარს წმ. თომა მოციქულს
დაახ. 1475, ადრეული
აღორძინება
ტემპერა პანოზე, 317x221 სმ.
დიოცეზანოს მუზეუმი, კორტონა
RUBENS, Pieter Pauwel
ღვთისმშობლის მიძინება
1626, ბაროკო
ზეთი პანოზე, 490x325 სმ.
კათედრალური ტაძარი,
ანტვერპენი
მარილი
მარილი ძალისა და უპირატესობის სიმბოლოა. მთაზე ქადაგების დროს ქრისტე თავის მოწაფეებს უწოდებს „მარილს მიწისა“ (მათ 5:13), რითაც მათ ზნეობაზე მიუთითებს. ვინაიდან მარილი ხელს უშლის საკვების ლპობას, იგი ბოროტებისგან თავდაცვის სიმბოლოდ მიაჩნდათ და, სწორედ ამიტომ, ზოგჯერ ბავშვებს ნათლობისას პირში მარილს უდებდნენ.
DCRER, Albrecht
ლოტი ქალიშვილებთან ერთად
გარბის სოდომიდან
დაახ. 1498, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი და ტემპერა პანოზე,
52x41 სმ.
ხელოვნების ნაციონალური
გალერეა, ვაშინგტონი
ძველ აღთქმაში მარილი ღმერთისა და მისი რჩეული ხალხის ერთმანეთთან კავშირის სიმბოლური გამოხატულებაა: „...და არ დატოვო შენი მსხვერპლები შენი ღმერთის აღთქმის მარილის გარეშე“ (ლევ 2:13). ელისე წინასწარმეტყველი ქალაქის „ცუდი წყლის“ გაწმენდის მიზნით წყაროს სათავეში მარილს ყრის, ხოლო ეკლესიის მამა წმინდა იერონიმე (348-420) იესო ქრისტეს უწოდებს მხსნელ მარილს, რომელიც ცასა და მიწას კვებავს. ცნობილია მარილის შემმუსვრელი მოქმედების შესახებაც. აბიმელექმა დაპყრობილ და განადგურებულ ქალაქ შექემის ველებზე „მარილი დათესა“, რათა მიწა მოსავლისთვის უვარგისი გამხდარიყო. სოდომის დაღუპვისას, ლოტის ცოლმა არ შეისმინა ღმერთის გაფრთხილება და უკან მოიხედა, რის გამოც ღმერთმა ქალი მარილის სვეტად აქცია, რომელიც ღვთიური სასჯელის სიმბოლოს წარმოადგენს. ცრემლები (მარილიანი წყალი) ძლიერი მწუხარების სიმბოლოა.
ძველი ბერძნები და რომაელები მარილს თავდაცვით თვისებებს მიაწერდნენ. აქედან გაჩნდა ცრურწმენა, რომ მარილის დაყრას ჩხუბი მოსდევს და მისი თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ერთი მწიკვი მარილის მხარსუკან გადაყრა. ლეონარდო და ვინჩის ნახატზე „საიდუმლო სერობა“ გამოსახული იუდა ისკარიოტელი მხარსუკან ყრის მარილს.
მარტორქა
მითის მიხედვით, მარტორქა ბავშვისოდენა პატარა ცხოველია, მაგრამ არაჩვეულებრივად ველური და მოხერხებული. მისი შუბლი ერთადერთი მახვილი რქითაა შემკობილი. ამბობენ, რომ მისი დაჭერა ვერცერთმა მონადირემ შეძლო, ვინც ძალის გამოყენებას შეეცადა. თუმცა, ზოგმა მონადირემ მოხერხებულობის წყალობით, მაინც მოახერხა მარტორქის შეპყრობა. მონადირეს მარტორქის საცხოვრებელი ადგილის მიდამოებში ქალწული უნდა მიეყვანა და იქ მარტო დაეტოვებინა. ცხოველი მყისვე გრძნობდა ქალწულის უბიწოებას, მიირბენდა მასთან, კალთაში თავს ჩაუდებდა და მის მულებზე იძინებდა. სწორედ ამ დროს იჭერდა მონადირე მარტორქას. ამ მითის გავლენით მარტორქა უმწიკვლოების, კერძოდ კი ქალური უმანკოების სიმბოლოდ იქცა.
DOMENICHINO
ქალწული და მარტორქა
დაახ. 1602, ბაროკო
ფრესკა
ფარნეზეს სასახლე, რომი
UNKNOWN MASTER, Franch
დაახ. 1500, ადრეული
აღორძინება
შალი და აბრეშუმი, 300x303 სმ.
დე კლუნის მუზეუმი, პარიზი
ქრისტიანი ავტორები ამ ლეგენდას განმარტავენ, როგორც ანგელოზის მიერ მარიმ ღვთისმშობლის ხარებისა და ქალწულისგან შობილი ქრისტეს ხორცშესხმის ალეგორიას. ამ გაგებით, ხარების მაუწყებელი გაბრიელ მთავარანგელოზი მოიაზრება, როგორც მონადირე, რომელსაც ზურგს უმაგრებენ მწევრები სახელად „რწმენა, სასოება და სიყვარული“. ძველი აღთქმის სიმბოლიზმში მარტორქა ძალაუფლებისა და ძლიერების სიმბოლოდ ითვლება. „მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქის რქისაგან!“ (ფსალმ 21:22). სწორედ ამ მნიშვნელობებითაა გამოსახული მარტორქა დიდი ბრიტანეთის გერბზე.
მარწყვი
მარწყვი ჭეშმარიტი გულწრფელობის ან გულწრფელი ადამიანის სიმბოლოა, რომლის ნაყოფიც მადლიერებას გამოხატავს. სხვა ხილთან ან ყვავილებთან ერთად გამოსახული მარწყვი ალალი ადამიანის სიკეთის გამომხატველია. ამ მნიშვნელობას სრულიად შეესაბამება ის ფაქტი, რომ ღვთისმშობელს ზოგჯერ მარწყვის ტოტით მორთულ სამოსელში გამოხატავდნენ. ხანდახან მარწყვი და ია ერთად ფიგურირებენ, რაც იმის მინიშნებაა, რომ ჭეშმარიტი მორწმუნე მუდამ თავმდაბალი და მშვიდია.
მარჯანი
შუა საუკუნებში ხმალთაშუა ზღვის წითელ მარჯანს რომაელები სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ. გარდა ამისა, მარჯანი გამოიყენებოდა, როგორც გათვალვის საწინააღმდეგო ამულეტი. ალბათ, ამის გამო ჰკიდებდნენ ბავშვებს კისერზე მარჯნის სამკაულს. ასეთი მნიშვნელობით ფიგურირებს მარჯნის თილისმა ნახატებზე, რომლებზეც გამოსახულია მარიამ ღვთისმშობელი და ყრმა იესო. ფერწერულ ტილოებზე ყრმა ქრისტეს გამოსახულებით, მარჯანი ბოროტი ძალებისაგან დაცვის სიმბოლოდ გვევლინება.
მაყვალი
მაყვალი სიმბოლურად ქალწულებრივ სისპეტაკეს გამოხატავს, რომელიც საკუთარ ცეცხლში იდაგება. ძველი აღთქმის გამოსვლის წიგნიდან ცნობილია, რომ მოსე, თავისი სიმამრის საქონლის მწყემსვისას მიადგა ღვთის მთას, ხორებს. აქ მოსეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა შუაგულ მაყვალში და ცეცხლის ალში გახვეული. მოსემ დაინახა, რომ „მაყვალს ცეცხლი უკიდია, მაგრამ მაყვალი არ იწვის“ (გამ 3:2). როგორც ჩანს, სწორედ ამ ისტორიის გავლენით იქცა მაყვალი ქალწულებრივი უმანკოების სიმბოლოდ. მაყვლის ბუჩქი მარიამ ღვთისმშობლის უმანკოების სიმბოლოს წარმოადგენს, რომელმაც ღვთიური სიყვარულის ალი გააჩინა, თავად კი ტრფობის ცეცხლში არ დამწვარა.
COLLANTES, Francisco
ალმოდებული ბუჩქი
დაახ. 1634, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 116x163 სმ.
ლუვრი, პარიზი
მახარებლები
ერთად შეკრებილი ოთხი მახარებლის, წმინდა მათეს, წმინდა მარკოზის, წმინდა ლუკასა და წმინდა იოანეს ხილვა ეკლესიების დეკორში შეიძლება. ვინაიდან ისინი ოთხნი არიან, მათი გამოსახულებები ლუნეტებში ან გუმბათსა და სვეტების დამაკავშირებელ აფრებისმაგვარ სამკუთხა კედლებზე ფიგურირებენ. გუმბათი ზეცას განასახიერებს. ოთხ მახარებელს იმ ოთხ მდინარესაც ადარებენ, რომლებიც სამოთხის ბაღში მიედინებიან. ოთხი სახარებაც ახალი სამოთხისთვის, ეკლესიისთვის, წყალივით მაცოცხლებელია. სახარებაც იმიტომაა ოთხი, რომ ქვეყნიერებას ოთხი მხარე აქვს და ისინი მთელი ქვეყნიერებისთვის არიან განკუთვნილნი.
ადრეული ქრისტიანული ეკლესია, რომელიც ფართოდ იყენებდა სიმბოლურ ხატებას, მახარებლებს ხშირად ოთხი ფრთოსანი არსების სახით წარმოგვიდგენდა. მათეს გამოხატავდნენ ფრთოსანი ადამიანის სახით, მარკოზს - ფრთოსანი ლომის, ლუკას - ფრთოსანი ხარის, ხოლო იოანეს - არწივის სახით. ამგვარი სიმბოლური ხატების პირველწყაროდ ითვლება ციტატა ეზეკიელის წიგნიდან, სადაც წინასწარმეტყველი გვაუწყებს ოთხი ცხოველის უცნაური ხილვის შესახებ: „და მის შიგნიდან გადმოვიდნენ მსგავსი ოთხი ცხოველისა... შესახედაობა მათი სახისა: სახე ადამიანისა და სახე ლომისა ოთხივეს ჰქონდათ მარჯვნივ და სახე ხარისა - ოთხივეს მარცხნივ, და სახე არწივისა ჰქონდა ოთხივეს“ (ეზეკ 1:5-14). გამოცხადების წიგნი (4:6-8) აღწერს ანალოგიურ არსებებს, რომლებიც გარს შემოხვეოდნენ ღმერთის ტახტს. ეს ცხოველები, „აპოკალიფსის ცხოველების“ სახელით არიან ცნობილნი. შუა საუკუნეების კომენტატორებმა მახარებლების ამგვარ ხატებას თვით სახარებებში მოუძებნეს განმარტება: ფრთოსანი ადამიანი მათე მახარებლის სიმბოლოა, ვინაიდან სწორედ მის მიერ დაწერილი სახარება იწყება იესოს გენეალოგიით. წმიდა მარკოზის თხრობა იწყება ხმით „მღაღადებლისა უდაბნოში“ - ალუზია ლომის შესახებ. ფრთოსანი ხარი, სამსხვერპლო ცხოველი, განასახიერებს ლუკა მახარებელს, რომლის სახარებაც ზაქარიას მსხვერპლის შესახებ თხრობით იწყება. არწივი, რომელიც ახლოს დაფრინავს ზეცასთან, წარმოადგენს იოანეს, ვისი გამოცხადებაც ყველაზე უშუალო და სხვებისგან განსხვავებული იყო.
SPINELLO ARETINO
ოთხი მახარებელი
1387, შუა საუკუნეები
ფრესკა
სან მინიანტო ალ მონტეს ეკლესია
ფლორენცია
აპოკალიფსის ცხოველები ხშირად ფიგურირებენ მონუსკრიპტებში, რომანული ეკლესიების ქანდაკებებში და, შედარებით იშვიათად - გოტიკურ ხელოვნებაში.
ეს არსებები აღარ გვხვდებიან აღორძინების ეპოქაში. ამ პერიოდიდან ისინი მხოლოდ ატრიბუტების როლს ასრულებენ და ადამიანის ფიგურის ვინაობას განსაზღვრავენ.
მახარებლების სხვა ატრიბუტებია ეტრატი და წიგნი. შესაძლოა მახარებლები სახარების წერის პროცესში იყვნენ გამოსახული, ხოლო მათ თავზე დაფრინავდეს სულიწმიდის მტრედი.
RAFFAELLO Sanzio
ეზეკიელის ხილვა
1518, აღორძინება
ზეთი მერქანზე, 40x30 სმ.
პალატინას გალერეა, ფლორენცია
წმინდა მათე. მახარებელი და მოციქული, პირველი კანონიკური სახარების ავტორი. ლევი ალფეს ძე, დაიბადა ნაზარეთში, იყო მეზვერე ანუ გადასახადების ამკრეფი გალილეის ზღვასთან. მებაჟეობა ყველაზე საძულველი და დამამცირებელი ხელობა იყო იუდეაში. კლიმენტი ალექსანდრიელის მტკიცებით, ქრისტეს ამაღლების შემდეგ, მათე თხუთმეტი წელი ქადაგებდა იუდეაში, ებრაელთა შორის. შემდეგ დატოვა იუდეა და ქრისტეს მოძღვრებას ავრცელებდა ეთიოპიაში, მაკედონიაში, სპარსეთში, სირიაში, ინდოეთში. მან ქრისტეს მოძღვრება უქადაგა კანიბალებს, მოაქცია და მონათლა ისინი. მრავალი სასწაულის მიუხედავად, წამებით მოკლა ეთიოპიის ქალაქ მარმენის მმართველმა. მათეს მოწამებრივი სიკვდილის თარიღად ზოგი მკვლევარი 63 წელს მიიჩნევს. მათე მახარებლის ხსენების დღეა 16 (29) ნოემბერი.
მათემ თავისი სახარება ებრაულად დაწერა. მათეს სახარება ყველაზე ადრეული უნდა იყოს. ვარაუდობენ, რომ ის ქრისტეს ამაღლებიდან მერვე წელს უნდა დაწერილიყო პალესტინაში. ყოველ შემთხვევაში, იგი იერუსალიმის დანგრევამდეა დაწერილი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მათესვე უნდა შეესრულებინა თავისი სახარების ბერძნული თარგმანი. მათეს სახარებაში იესო ქრისტე წარმოჩენილია, როგორც ღმერთის მიერ ებრაელებისთვის დაპირებული მესია. მოვლენები სახრების ისტორიებში ვითარდება, როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა აღსრულება. ძალზე ხშირად გვხვდება ფრაზა: „რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ“. მათეს სახარება სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: პირველ ნაწილში გადმოცემულია ქრისტეს წარმოშობისა და მისი ქადაგებებისთვის მომზადება (I-IV), მეორეში - ქრისტეს მოღვაწეობა გალილეაში (V-XVIII), მესამეში - მოვაწეობა იუდეაში, მაცხოვრის ვნება და აღდგომა (XIX-XXVIII).
მათეს გამოსახულებებში შესაძლოა ფიგურირებნენ სხვადასხვა საგნები. წიგნი, კალამი და სამელნე მახარებლის ემბლემებია. ფულიანი ქისა ან ტომარა მიგვანიშნებს, რომ სანამ მოციქული გახდებოდა, მათე მებაჟე იყო.
წმინდა მარკოზი. მარკოზი, იგივე იოანე, დაიბადა იერუსალიმში. ის იყო მორწმუნე დედის შვილი, რომლის სახლშიც ხშირად იკრიბებოდნენ პირველი ქრისტიანები საერთო ლოცვისთვის. მათ შორის იყვნენ მოციქულებიც, რომლებთანაც მარკოზი ქრისტეს მოძღვრებასა და ცხოვრების წესს სწავლობდა. მარკოზი ქრისტეს სამოოცდაათ მოციქულთაგანი იყო. პეტრე მას სულიერ შვილს უწოდებს: „მოკითხვას გითვლიან ბაბილონში თანაარჩეული ეკლესია და მარკოზი, ჩემი შვილი“ (1პეტრ 5:13). იგი თან ახლდა საქადაგებლად პეტრეს, პავლეს, მოციქულ ბარნაბას სელევკიაში, ანტიოქიაში, აქვილიაში და ადრიატიკის ზღვის სანაპირო ქალაქებში. მარკოზმა სახარება პეტრე მოციქულის ხელმძღვანელობით დაწერა რომში, თუმცა იოანე ოქროპირის აზრით სახარების დაწერის ადგილია ალექსანდრია, სადაც მარკოზი მოგვიანებით გადასახლდა. ამ ქალაქში დააარსა ეკლესია და შეადგინა ლიტურგიის წესი. იყო ალექსანდრიის პირველი ეპისკოპოსი. აქვე აღესრულა მოწამებრივი სიკვდილით. IV საუკუნის დასაწყისში მისი საფლავის ადგილზე ტაძარი ააგეს, ხოლო IX საუკუნეში მისი ნეშტი ვენეციაში გადაასვენეს, სადაც დღემდე განისვენებს მისივე სახელობის, წმინდა მარკოზის ტაძარში. მარკოზის ხსენების დღეა 28 აპრილი (8 მაისი).
მარკოზის სახარება უპირველეს ყოვლისა ქრისტიანად მონათლული რომაელი წარმართებისთვის იყო განკუთვნილი. სახარებაში არ ფიგურირებს დამოწმებები ძველ აღთქმაზე. მაცხოვრის პიროვნებაში ხაზგასმულია მისი მეუფება ბუნების ძალებსა და ადამიანებზე, მისი განკაცება ყოველი ადამიანისთვის. მარკოზი შენიშნავს, რომ ეკლესია ანუ ქრისტეს სახლი, ყველა ხალხის სამლოცველო სახლად უნდა იწოდებოდეს. მარკოზის სახარების დაწერის თარიღის შესახებ შეიმჩნევა აზრთა სხვადასხვაობა. უმრავლესობას მიაჩნია, რომ სახარება დაწერილია I საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო ევსეუსი ზუსტ თარიღს მიუთითებს, 43 წელი ქრისტეს შობიდან.
RUSCONI, Camillo
წმ. მათე მოციქული
1708-18, ბაროკო
მარმარილო
სან ჯოვანი დი ლატერანო, რომი
ANDREA DEL CASTAGNO
წმ. მარკოზი
1442, ადრეული აღორძინება
ფრესკა, ფიგურის სიმაღლე
176 სმ.
წმ. ზაქარიას ეკლესია, ვენეცია
ევსეუსი, თავის ნაწარმოებში „ეკლესიის ისტორია“, ახდენს ეკლესიის მამის, პაპიუსის ციტირებას, რომლის მიხედვითაც „მარკოზი პეტრეს თარჯიმანი იყო“. აქედან გაჩნდა აზრი, რომ მარკოზმა სახარება პეტრეს კარნახით დაწერა. ამიტომ, ხელოვნების ნაწარმოებებში ძალზე ხშირად მარკოზი და პეტრე ერთად ფიგურირებენ. პეტრეს უჭირავს წიგნი, ხოლო მარკოზს - კალამი და სამელნე. პეტრე კათედრიდან ქადაგებს, მარკოზი კი ზის და მის სიტყვებს იწერს. გარდა ამ სიუჟეტისა, მხატვრები ხშირად მიმართავდნენ წმინდა მარკოზთან დაკავშირებულ სხვადასხვა სიუჟეტებს.
წმინდა ლუკა. ლუკა ერთადერთი არაებრაელია მახარებელთა შორის. ის დაიბადა სირიაში, ქალაქ ანტიოქიაში. იყო ღრმად განსწავლული და განათლებული ადამიანი, პროფესიით ექიმი. იგი ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი გახდა. მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ლუკას პირველსავე დღეს, ემაუსის გზაზე გამოეცხადა. იგი პავლე მოციქულის მოწაფე იყო, რომელსაც დიდი განსაცდელის დროსაც არ ტოვებდა. პავლეს ხელმძღვანელობით დაწერა ლუკამ სახარება რომში, სავარაუდოდ ქრისტეს შობიდან 62-63 წლებში. ლუკას ეკუთვნის აგრეთვე „მოციქულთა საქმეები“. ლუკა ქადაგებდა და აარსებდა ეკლესიებს იტალიაში, დალმაციაში, გალიაში, მაკედონიაში, ბეოტიაში, აქაიაში, ლიბიაში, ეგვიპტეში. ლუკა მახარებელი 84 წლის ასაკში, მოწამებრივად მოკლეს აქაიაში. მისი წმინდა ნაწილები დაკრძალეს ბეოტიის ქალაქ თებეში. IV საუკუნეში გადაასვენეს კონსტანტინოპოლში. წმინდა ლუკას ხსენების დღეა 18 (31) ოქტომბერი. ლუკას სახარებაში გამოკვეთილია მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლი. ეს სახარება გამიზნულია წარმართებისთვის, განსაკუთრებით ბერძენი წარმართებისთვის. ამიტომ მახარებელს ქრისტეს მიწიერი წინაპრების ხაზი აჰყავს ადამამდე და ღმერთამდე, საიდანაც საწყისს იღებს მთელი კაცობრიობა.
WEYDEN, Rogier van der
წმ. ლუკა ხატავს ღვთისმშობლის
პორტრეტს
რდილოევროპული აღორძინება
ზეთი მუხის პანოზე, 133x107 სმ.
გრონინგის მუზეუმი, ბრიუგე
EYCK, Jan van
წმ. იოანე მახარებელი
1432, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი მერქანზე, 148,7x55,3 სმ.
წმ. ბავოს კათედრალური ტაძარი,
გენტი
გავრცელებული იყო აზრი, რომ ლუკა მხატვარი იყო და მას მიაწერდნენ მარიამ ღვთისმშობლის პირველი ხატის შექმნას. მასვე მიეწერება პეტრესა და პავლე მოციქულების ხატები. ასე გახდა ლუკა მხატვრების მფარველი წმინდანი. გარდა ფრთოსანი ხარისა, ლუკა მახარებლის ატრიბუტად, განსაკუთრებით კონტრრეფორმაციული პერიოდის ფერწერაში, მიჩნეულია ქალწული მარიამის პორტრეტი. ხელოვნებაში წმინდა ლუკა, ისევე, როგორც სხვა მახარებლები, ხშირად სახარების წერის პროცესშია გამოსახული. მასთან ჩვეულებრივ ფიგურირებს ფრთოსანი ხარი. XV-XVI საუკუნეების ჰოლანდიელ მხატვრებში პოპულარული იყო თემა, რომელშიც ლუკა მახარებელი მარიამ ღვთისმშობლის პორტრეტს ხატავს. ხშირად ნახატები ამ თემაზე წმინდა ლუკას სახელობის მხატვართა გილდიისთვის სრულდებოდა. ტილოზე მარიამი შესაძლოა მარტო იყოს გამოსახული, მაგრამ უფრო ხშირად მას ყრმა იესო უჭირავს ხელში. ღვთისმშობელი მხატვრის სტუდიაში ზის, ხოლო მხატვარი კალმით ან ფუნჯით ხატავს, ხელში მას პალიტრა უჭირავს.
წმინდა იოანე. იოანე მიჩნეულია მეოთხე სახარების სავარაუდო ავტორად და აპოკალიფსის ავტორად. იგი ბეთსაიდში დაიბადა. იყო მორწმუნე მშობლების ზებედესა და სალომეს შვილი. თავდაპირველად იოანე ნათლისმცემლის მოწაფე გახდა, ხოლო მოგვიანებით, სრულიად ახალგაზრდა, ქრისტემ აირჩია მოწაფედ. იოანე ქრისტეს საყვარელი მოწაფე იყო. იგი ერთადერთია მოციქულებს შორის, რომელსაც ღვთისმეტყველი ეწოდება. გადმოცემის თანახმად, ღვთისმეტყველის ნიჭი მაცხოვარმა მას მაშინ მიანიჭა, როცა საიდუმლო სერობისას მკერდზე მიეყრდნო მოძღვარს. იოანეს ჯვარცმისას არ მიუტოვებია იესო. მან შეასრულა ქრისტეს დანაბარები და, როგორც საკუთარი დედა, სახლში წაიყვანა ღვთისმშობელი და მიძინებამდე არ განშორებია მას. შემდეგ იგი ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა ეფესოში და მთელ მცირე აზიაში. ქრისტიანთა დევნისას იოანეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ უვნებელი გადარჩა. ვერც საწამლავმა და ვერც ადუღებულ ზეთში ჩაგდებამ მას ვერაფერი დააკლო. იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, სადაც მას ჰქონდა ხილვა, გამოცხადება, რომელიც შემდეგ თავის მოწაფეს პროხორეს ჩააწერინა. გადასახლებიდან იოანე ეფესოში დაბრუნდა. მან ას წელზე მეტხანს იცოცხლა და ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. იოანეს ხსენების დღეა 26 სექტემბერი (9 ოქტომბერი).
BURGKMAIR, Hans
წმ. იოანე მახარებელი პატმოსზე.
1508, ჩრდილოევროპული
აღორძინება
მერქანი, 153x124,7 სმ.
ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი
იოანეს სახარება ქრისტეს ღვთაებრიობაზე ამახვილებს ყურადღებას. ტექსტი იწყება არა ქრისტეს მიწიერი წინაპრების ჩამოთვლით, არამედ მაცხოვრის, ძე ღმერთის მიერ ყოველივეს შექმნით. იოანეს სახარება უფრო ღვთისმეტყველებითი ხასიათისაა და იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება სამი წინამორბედი სახარებისგან. იოანეს სახარება სავარაუდოდ დაწერილი უნდა იყოს ეფესოში ქრისტეს შობიდან 98-102 წლებს შორის.
ხელოვნებაში გარდა განუყრელი ფრთოსანი არწივისა, წმინდა იოანეს ატრიბუტებს წარმოადგენენ წიგნი და გრაგნილი, თასი, რომლიდანაც გველი ამოდის, ქვაბუნა და პალმის რტო. პალმის რტო იოანეს მხოლოდ იმ სცენებში უჭირავს, რომლებიც ღვთისმშობელთანაა დაკავშირებული. მოციქულის სახით გამოსახული იოანე ახალგაზრდაა, ზოგჯერ ქალური და სანდომიანი სახით, გრძელი კულულებით და უწვერულვაშო. სრულიად კონტრასტულია მოხუცი და ჭაღარათმიანი იოანეს გამოსახულება მახარებლის სახით.
მახვილი
მახვილი ძალაუფლებისა და სამართლიანობის სიმბოლოა. პავლე მოციქულის ემბლემის სახით იგი სულიერი მახვილის სიმბოლოს წარმოადგენს: „სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა“ (ეფეს 6:17). ამ სიტყვების შემდეგ მახვილი პავლე მოციქულის უცვლელი ატრიბუტი გახდა. მახვილი პავლე მოციქულის წამების ინსტრუმენტიც იყო. იგი უფლის მრისხანების იარაღია. „არ დაჩაგრო ქვრივი და ობოლი. თუ ჩაგვრით დაჩაგრავ, შემომღაღადებენ ისინი და სმენით მოვისმენ მათ ღაღადისს. და აინთება ჩემი რისხვა, და მოგკლავთ თქვენ მახვილით...“ (გამ 22:22-24). ცეცხლოვანი მახვილი სამართლიანობის, ღვთის სასჯელის, გაბრიელ მთავარანგელოზის ატრიბუტია.
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში (1:16) იესო ქრისტეს „პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი“ როგორც დაუმარცხებელი ზეციური ჭეშმარიტების სიმბოლო, რომელიც მეხივით ვარდება ციდან.
BECCAFUMI, Domenico
წმ. პავლე
დაახ. 1515, აღორძინება
ზეთი მერქანზე, 190x150 სმ.
ხელოვნების მეტროპოლიტენ
მუზეუმი, სიენა
ლუკას სახარებაში სიმონი ეუბნება მარიამ ღვთისმშობელს: „და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა გაცხადდეს მრავალ გულთაგან ზრახვები“ (2:35). ეს სიტყვები მოახლოებული მწუხარების წინასწარმეტყველებას წარმოადგენდა. ბაროკოს იკონოგრაფიაში ზოგჯერ გვხვდება შვიდი მახვილი, რომლებიც „მარიამის შვიდ მწუხარებაზე“ მიუთითებენ. მსხვერპლშეწირვის კოსმიური აზრის გათვალისწინებით, მახვილში შეიძლება დავინახოთ ფიზიკური განადგურებისა და ფიზიკური შეუპოვრობის სიმბოლო, ისევე, როგორც სულიერებისა და უფლის სიტყვის სიმბოლო. უკანასკნელი მათგანი ძალზე გავრცელებული სიმბოლო იყო შუა საუკუნეების პერიოდში. ამასთან დაკავშირებით, ბეილი ყურადღებას ამახვილებს საინტერესო შესაბამისობას სიტყვებს sword („მახვილი“) და word („სიტყვა) შორის. ხელოვნებაში მახვილი იმ წმიდანების ატრიბუტად არის გამოყენებული, რომლებმაც მახვილით მიიღეს მოწამებრივი სიკვდილი.
მდინარე
ქრისტეს შობამდე დაახლოებით 3000 წელს დიდი მდინარეების სანაპიროებზე აღმოცენდნენ ძველი სამყაროს უდიდესი ცივილიზაციები. კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოკვლეული კაცობრიობის ისტორიის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორის ხუანხეს, განგის, ინდის, ტიგროსის, ევფრატის და ნილოსის დანიშნულება. სიმბოლური მნიშვნელობით მდინარე ისეთი წყალია, რომელიც თავისი წყალდიდობების დინამიკით, თავისი დინებით განსაზღვრავს ადამიანის წელიწადის დროებს, რომელთაც ადამიანის კეთილდღეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ. უძველესი ბაბილონური ტრადიციის მიხედვით, სამოთხე ოთხი მდინარით ირწყვებოდა ფიშონით, გიხონით, ტიგროსითა და ევფრატით, რომლებიც სამოთხეს ყოფდნენ აღმოსავლეთ, დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ეს მდინარეები ოთხი სახარების სიმბოლოებს წარმოადგენენ. ადრეულ ქრისტიანულ ხელოვნებაში ხშირად ფიგურირებს მთაზე მდგომი ქრისტეს ან კრავის გამოსახულება, ხოლო მთიდან სათავეს იღებს ოთხი მდინარე. განკითხვის დღის ადრეულ გამოსახულებებში, განსაკუთრებით ბიზანტიურ ხელოვნებაში, ქრისტე-მსაჯულის ფეხებთან სათავეს იღებს ცეცხლოვანი მდინარე, რომელიც ჯოჯოხეთში მიედინება და თან მიაქვს ცოდვილთა სულები.
ქრისტიანულ ნათლობის ემბაზს ხშირად სამოთხის მდინერეთა გამოსახულებებით ამკობდნენ, ხოლო ნათლისღების წყალი სიმბოლურად მდინარე იორდანეს წმინდა წყალს გამოხატავს, რომელშიც იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მონათლა.
BACKER, Jacob de
ედემის ბაღი
მანიერიზმი
ზეთი მუხის პანოზე,
77,5x107,5 სმ.
გრონინგის მუზეუმი, ბრიუგე
მელა
მელას ტრადიციულად მიეწერებოდა ეშმაკობა და მზაკვრობა, რამაც ეს ცხოველი ეშმაკის სიმბოლოდ აქცია. მისი გამოსახულება ხშირად გვხვდება შუა საუკუნეების სკულპტურაში, ხოლო აღორძინების პერიოდში იგი წიგნების ილუსტრაციების მთავარ პერსონაჟად გვევლინება.
ხალხურ ტრადიციებში მელა, ბოროტი ეშმაკობისა და მზაკვრობის სიმბოლოს წარმოადგენს. მისი ბეწვის წითური შეფერილობა ცეცხლს ჩამოჰგავს, რაც სიმბოლიკაში ამ ცხოველს ეშმაკის ამალის წევრად აქცევს. გერმანულ ენაში სიტყვა fuchsteufelswild ანუ „ცოფიანი“, სამი ფუძისგან შედგება: Fuchs (მელა), Teufel (ეშმაკი) და wild (ველური). ალბრეხტ დიურერის ნახატზე „მარიამ ღვთისმშობელი ცხოველების გარემოცვაში“, მოჩანს დაბმული მელა, რომელსაც აშკარად ემჩნევა სატანური „მიდრეკილებები“.
DCRER, Albrecht
ღვთისმშობელი ცხოველებს
შორის
1503, ჩრდილოევროპული
აღორძინება
კალმისტარი და მელანი და
აკვარელი ქაღალდზე, 321x243 სმ.
ალბერტინის გრაფიკული
კოლექცია, ვენა
JULIEN, Pierre
შადრევანი
1783, როკოკო
მარმარილო
ლუვრი, პარიზი
მერცხალი
აღორძინების ეპოქის ხელოვნებაში მერცხალი ქრისტეს ხორცშესხმის სიმბოლოს წარმოადგენდა. ხარებისა და იესო ქრისტეს შობის ამსახველ სცენებში ფიგურირებს მერცხლის გამოსახულება, რომელიც ბუდეს იკეთებს სახლის ლავგარდანის ქვეშ. იმ პერიოდში მიაჩნდათ, რომ მერცხლები თიხის სოროებში ატარებდნენ ზამთარს. ამიტომ, მერცხალი მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოდაც იქცა.
შუა საუკუნეებში მერცხალი აღდგომისა და გაზაფხულის სიმბოლოდ მიაჩდათ, რადგან ყოველ გაზაფხულზე ეს ფრინველი მშობლიურ მხარეს უბრუნდებოდა. ამ პერიოდის ლიტერატურაში მრავალი დადებითი შეფასებაა შემონახული მერცხლის შესახებ. ეს ჩიტი გაიგივებული იყო უწყინარ სულებთან, რომლებიც მზად იყვნენ ცოდვების მონანიებისთვის.
მთავარანგელოზი
ბიზანტიელი ღვთისმეტყველის ფსევდო-დიონისე არეოპაგელის (V-VI საუკუნეები) მიერ შემუშავებულ ანგელოზთა იერარქიაში, მთავარანგელოზებს ბოლოს წინა საფეხურზე აქვთ მიჩენილი ადგილი. ტერმინი პირველად გვხვდება ქრისტიანობამდელი პერიოდის იუდეველთა ბერძნულენოვან ლიტერატურაში, კერძოდ, ძველი აღთქმის ტექსტების დამატებებში. იგი გამოყებნებულია sar haggadol („დიდი თავადი“) კონტექსტში მიქაელის მიმართ. მოგვიანებით ეს ტერმინი გადაიღეს ახალი აღთქმისა და უფრო გვიანდელი პერიოდის ქრისტიანული ლიტერატურის ავტორებმა. ძველი აღთქმის ტრადიციებით გაჯერებულ ძველ თქმულებაში საუბარია შვიდ მთავარანგელოზზე. საყოველთაო ორთოდოქსალური ტრადიცია სახელით მხოლოდ სამ მთავარანგელოზს მოიხსენიებს.
მიქაელ მთავარანგელოზი ებრაელი ერის მფარველ ანგელოზად (დან 10:13,21) ითვლება. ქრისტიანობაში მიღებულია, როგორც მებრძოლი ეკლესიის წმიდა წინამძღოლი. „შეიქმნა ცაში ომი: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს... გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი...“ (გამოცხ 12:7-9). ამ ციტატას ეკლესია უკავშირებს ქრისტიანულ კონფლიქტს, ქრისტე ანტიქრისტეს წინააღმდეგ, სადაც იმარჯვებს მიქაელ მთავარანგელოზი. ხელოვნების ნაწარმოებებში მიქაელი ფრთებით არის გამოსახული, ხელში სასწორი უჭირავს, რომლის პინებზეც გაშიშვლებული ფიგურების სახით ადამიანთა სულებია მოთავსებული. როგორც წესი, ჭეშმარიტი მორწმუნე ადამიანის სული ცოდვილის სულზე უფრო მძიმეა. ზოგიერთ პოპულარულ მოტივში გამოსახულია სატანა, რომელიც სასწორის ერთ-ერთი თეფშის გადაწონას ცდილობს. მიქაელმთავარანგელოზს აცვია ჯავშანი და შეიარაღებულია ფარით და მახვილით ან შუბით. მის ფიგურას ცენტრალური ადგილი უკავია განკითხვის დღის სცენებში, როგორც სულების მომავლის განმსაზღვრელს. მიქაელ მთავარანგელოზის სახე ფართოდ არის გავრცელებული რელიგიურ ხელოვნებაში, განსაკუთრებით წმიდა მიქაელის სახელობის ეკლესიების ფრესკებში.
GOZZOLI, Benozzo
რაფაელი და ტობიასი
1464-65, ადრეული აღორძინება
ფრესკა
აპსიდალური კაპელა, სან
აგოსტინოს ეკლესია, სან
გიმინიანო
WEYDEN, Rogier van der
განკითხვის დღე (დეტალი)
ჩრდილოევროპული აღორძინება
ზეთი მერქანზე
მადლიერების მუზეუმი, ბონი,
ბურგუნდია
RAFFAELLO Sanzio
წმ. მიქაელი და დრაკონი
დაახ. 1505, აღორძინება
ზეთი მერქანზე, 31x27 სმ.
ლუვრი, პარიზი
ANDREA DEL SARTO
ხარება
1512-13, აღორძინება
ზეთი მერქანზე, 183x84 სმ.
გალერეა პალატინა, ფლორენცია
გაბრიელ მთავარანგელოზი. ღვთისგან წარმოგზავნილი მთავარანგელოზი, რომელმაც ახარა მარიამ ღვთისმშობელს სულიწმიდისგან მუცლადღება. მას თაყვანს სცემენ არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ ებრაელებიც და მაჰმადიანებიც. იგი ფიგურირებს როგორც ძველ აღთმაში, ასევე ყურანშიც. გაბრიელმა იწინასწარმეტყველა იოანე ნათლისმცემლისა და ქალწული მარიამის შობა. ანგელოზი, რომელმაც გამოაცხადა იესო ქრისტეს აღდგომა, გაიგივებულია გაბრიელ მთავარანგელოზთან. გაბრიელ მთავარანგელოზის ძირითადი როლი ქრისტიანულ ხელოვნებაში, ხარების ანგელოზის სახეა. მისი ატრიბუტია შროშანი, რომელიც მას ხელში უჭირავს ან, ადრეული აღორძინების ეპოქის ხელოვნებაში, შროშანით შემკობილი კვერთხი. შესაძლოა კვერთხზე შემოხვეული იყოს ლენტი, რომელზეც იკითხება: „Ave Maria“ (ლათ. „გამარჯვება, მარიამ“) ან „Ave gratia plena Dominus tecum“ (ლათ. „გიხაროდეს მომადლებულო! შენთან არის ღმერთი“).
ANDREA DEL SARTO
ხარება
1528, აღორძინება
ზეთი მერქანზე, 96x189 სმ.
გალერეა პალატინა, ფლორენცია
რაფაელ მთავარანგელოზი. ანგელოზის, როგორც მფარველი სულის იდეალი, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მომლოცველების და სხვა ყარიბების დამცველი. ხელოვნებაში რაფაელ მთავარანგელოზის გამოსახულება თობიას თანამგზავრის სახით გვხვდება (თობია აპოკრიფული ძველი აღთქმის თობიტის წიგნის პერსონაჟია. თობიასა და მისი თანამგზავრისა და მფარველი ანგელოზის, რაფაელ მთავარანგელოზის თავგადასავალი ნინევიაში იწყება ებრაელების ასირიაში განდევნის დროს, ქრისტეს შობამდე VIII საუკუნეში). აღორძინების პერიოდის იტალიაში არსებული ტრადიციის მიხედვით, ოჯახი, ვაჟის შორეულ ქალაქში ან ქვეყანაში გამგზავრების წინ, უკვეთავდნენ სურათს თობიასა და ანგელოზის გამოსახულებით. ამავე დროს, მნიშვნელოვანი იყო თობიას გამოსახულებასა და მოგზაურ ვაჟიშვილს შორის მსგავსება. სხვა ანგელოზების მსგავსად, რაფაელიც ფრთებით არის გამოსახული. იგი მგზავრის ყაიდაზეა ჩაცმული და ხელში არგანი უჭირავს.
მთვარე
ახალი მთვარე დაფარულია, მაგრამ არ არის დაკარგული სამყაროსთვის. მცოდნე ადამიანები ძველთაგანვე იესო ქრისტეს მზეს ადარებდნენ, ხოლო ეკლესიას - მთვარეს, რადგან სწორედ ეკლესია იღებს თავის თავზე ქრისტეს მთელ ბრწყინვალებასა და მშვენიერებას. ორიგენი (185-254) მზის სხივებით განათებულ მთვარეს ეკლესიას ადარებს, რომელიც ქრისტესგან მიღებულ სიწმინდეს ყველა მორწმუნეს გადასცემს. მთვარის მუდმივმა ცვალებადობამ და „აღორძინებამ“ (მთვარის ციკლები ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე) იგი მარადიულობისა და აღდგომის სიმბოლოდ აქცია.
MURILLO, Bartolome
Esteban
წმინდა ჩასახვა
დაახ. 1678, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 274x190 სმ.
პრადო, მადრიდი
ხელოვნებაში ხშირად გვხვდება ნახევარმთვარეზე მდგარი ან მთვარის ნამგალზე ჩამომჯდარი მარიამ ღვთისმშობელი. ცენტრალური ევროპის ზოგ რეგიონში ამ სიუჟეტს თურქებზე გამარჯვებას მიაწერენ (თურქების საბრძოლო დროშაზე ნახევარმთვარე იყო გამოსახული), მაგრამ, საფიქრებელია, რომ სიუჟეტს საფუძლად უდევს იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება: „გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი - დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე. მის ფერხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი თორმეტი ვარსკვლავით“ (12:1).
მინა
ხალასი და გამჭვირვალე მინა სისპეტაკის სიმბოლოს წარმოადგენს. სწორედ ამ მნიშვნელობით ფიგურირებს იგი მარიამ ღვთისმშობლის ხარების სცენებში გამჭვირვალე მინის ლარნაკის სახით, რომელშიც შროშანია ჩადებული. გარდა ამისა, მინა უბიწოდ მუცლადღების სიმბოლოსაც წარმოადგენს. ზოგჯერ ქვეყნიერების შექმნის ამსახველ სცენებში ღმერთს ხელში შუშის სფერო უჭირავს, რომელიც სამყაროს შექმნამდე არსებული სინათლის ღვთიური სამყაროს სიმბოლოს წარმოადგენს.
GREBBER, Pieter de
ღმერთი უჩენს ადგილს ქრისტეს
მის ხელმარჯვნივ
1645, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 115x133 სმ.
ცენტრალური მუზეუმი, უტრეხტი
მირონცხება
ქრისტიანული სარწმუნოების შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთი საიდუმლო, რომელიც ნათლობის შემდეგ სრულდება. მირონის ცხებისას ადამიანზე გადმოდის სულიწმიდა და ხდება მისი გაეკლესიურება, ადამიანი ეკლესიის წიაღში შემოდის. მირონცხების დროს მღვდელი მირონს ცხებს ნათელღებულს შუბლზე - აზრისა და გონების განსაწმენდად, თვალებსა და ყურებზე - გრძნობების განსაწმენდად, ხელებზე და ფეხებზე - საქმისა და მოქმედების განსაწმენდად.
თვით მირონი მცენარეული სურნელოვანი ზეთია, რომელიც გარდა ნათლობის რიტუალებისა ქრისტიანულ ეკლესიაში იხმარება ტაძრისა და ტრაპეზის კურთხევისას, აგრეთვე მეფედ კურთხევისას. გადმოცემის თანახმად, საქართველოში წმინდა მირონი გადმოდიოდა მცხეთაში იმ ხიდან, რომელიც იესო ქრისტეს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული. შემდგომში ამ ადგილზე სვეტიცხოვლის ტაძარი აიგო. ამჟამად მირონს ოცდაათზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისგან ამზადებენ (ზეითუნის ზეთი, თეთრი ღვინო, საკმეველი, ყვავილები, ვარდის ზეთი და სხვა). მირონი ყველა დამოუკიდებელ ეკლესიაში მზადდება. ეს არის ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი ნიშანი. მირონის ხარშვა იწყება აღდგომის წინ, დიდ ორშაბათს და სამ დღეს გრძელდება. მირონს პატრიარქი აკურთხებს საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვის დროს.
BOTTICELLI, Sandro
წმ. ზენობიას ნათლობა და მისი
დანიშვნა ეპისკოპოსად
1500-05, ადრეული აღორძინება
ტემპერა პანოზე, 66,5x149,5 სმ.
ნაციონალური გალერეა,
ლონდონი
მირქმა
ამ დღესასწაულს დასავლეთის ეკლესიაში მაცხოვრის ტაძრად მიყვანებას უწოდებენ, ხოლო აღმოსავლეთის ეკლესიაში მირქმა-მიგებებას. დაბადებიდან ორმოცი დღის შესრულების შემდეგ, ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ქრისტე იერუსალიმის ტაძარში წაიყვანეს უფლის წინაშე წარსადგენად. მოსეს რჯულის მოთხოვნის შესაბამისად, მშობლებს პირველი ვაჟი ღმერთისთვის უნდა მიეძღვნათ და ტაძრისთვის შესაწირავი შეეწირათ. წეს-ჩვეულება ძველმა ეკლესიამ ქრისტიანული დღესასწაულის სახით მიიღო. უძველესი დროიდან მირქმის დღესასწაული მოიცავდა სანთლებით მსვლელობას და ამის გამო, „სანთლების მესის“ სახელით არის ცნობილი. ტაძარში მიყვანილ იესოს შეეგება ღრმად მოხუცებული სიმონი, რომელსაც „სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილავდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე“ (ლუკ 2:26). მოხუცმა ხელში აიყვანა (მიირქვა) ყრმა იესო და თქვა: „ახლა კი გამიშვი, ბატონო, შენი მონა მშვიდობით, როგორც ნათქვამი გაქვს“ (ლუკ 2:2). სიმონმა უწინასწარმეტყველა მარიამ ღვთისმშობელს, რომ მის „სულშიც გაივლის მახვილი, რათა გაცხადდეს მრავალ გულთაგან ზრახვები“ (ლუკ 2:35). XIV საუკუნის ხელოვნებაში წმინდა სიმონი გაიგივებულია იერუსალიმის ტაძრის მღვდელმთავართან და მღვდლის სამოსი აცვია (აპოკრიფული იაკობის სახარების, პროტოევანგელეს მიხედვით, სიმონმა მღვდელმთავრობა ზაქარიას, იოანე ნათლისმცემლის მამის, გარდაცვალების შემდეგ მიიღო), ზოგჯერ იგი ნიმბითაა გამოსახული. მირქმის სიუჟეტში ღვთისმშობელი და სიმონი ცენტრალურ ფიგურებს წარმოადგენენ. მარიამი ყრმას აწვდის მღვდელმთავარს ან სიმონი გამოსახულია იმ მომენტში, როდესაც მარიამს უბრუნებს იესოს. ადრეული აღორძინების პერიოდის ფერწერაში იოსებს ან მხევალს ან თვითონ ღვთისმშობელს, განწმენდის ნიშნად, ხელში ორი მტრედი უჭირავს. ლუკა მახარებლის თანახმად ყრმის მირქმას ესწრებოდა ანა წინასწარმეტყველი. იტალიურ ფერწერაში იგი გამოსახულია წინასწარმეტყველებისთვის დამახასიათებელი ჟესტით, ზემოთ აწეული ხელით და გაშლილი საჩვენებელი თითით.
WEYDEN, Rogier van der
წმ. კოლუმბის საკურთხევლის
სამკარედი
დაახ. 1455, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი მუხის მერქანზე,
138x153 სმ. (ცენტრ. ნაწილი)
138x70 სმ. (თითოეული კარედი)
ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი
აღმოსავლურ იკონოგრაფიაში მირქმის ხატზე ჩვილი იესოს თავზე ჩარდახივით, სვეტებზე დაყრდნობილი გუმბათია გამოსახული. მას სალხინებელს, ბალდახინს უწოდებდნენ. ასეთი სალხინებლის ქვეშ უწინ მეფეები და იმპერატორები ეცხადებოდნენ თავიანთ ხალხს. გუმბათი ზეცის სიმბოლოა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქრისტე ზეციური მეუფეა. ზეცის კარი ძველი აღთქმის დროს დახშული, დაკეტილი იყო. და აი, მოდის ზეცათა მეუფე, იესო ქრისტე, რომელსაც ზეცა მიწაზე ჩამოჰყავს. სალხინებელი ტაძრის სიმბოლოდაც შეიძლება მივიჩნიოთ.
მირქმა
ორმხრივი ხატი
XV საუკუნის ბოლო
ტილო, ტემპერა, 24x13,5 სმ.
ნოვგოროდის მუზეუმი,
ნოვგოროდი
მირქმა
XIX საუკუნის დასაწყისი
პალეხისეული ხატწერა
მერქანი, კვერცხის ტემპერა,
ოქრო, 51,5x63 სმ.
პალეხის ხელოვნების სახელმწიფო
მუზეუმი
მოგვები
მოგვებმა აღმოსავლეთში იხილეს იესო ქრისტეს შობის ვარსკვლავი და თაყვანის საცემად მოვიდნენ. ჰეროდემ ისინი ბეთლემში გაგზავნა. მან მოგვებს უბრძანა მისთვისაც ემცნოთ ახალშობილი იესოს ადგილსამყოფელი, ვინაიდან ახალშობილი ქრისტეს მოკვლა სურდა. მოგვები აღარ დაბრუნდნენ ჰეროდესთან და სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. წარმართულ სამყაროში მოგვები საიდუმლო ცოდნის მფლობელი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ამ ცოდნის საფუძველზე დახასიათებას აძლევდნენ მიმდინარე მოვლენებსა და მომავალ ამბებს. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ვარსკვლავთმრიცხველები, მიტრას კულტის მსახურები, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ადრეული ქრისტიანული ეპოქის რომის იმპერიაში. რომის კატაკომბების კედლის ფერწერაში და ზოგიერთ ბიზანტიურ მოზაიკაში, მოგვები ატარებენ მიტრას კულტისთვის დამახასიათებელ სამოსს და ეგრეთ წოდებულ „ფრიგიულ ჩაჩს“, თავისებურ ქუდს წინ გადმოგდებული პომპონით. პირველი, ვინც მოგვებს მეფეები უწოდა ქრისტიანი მწერალი ტერტულიანე (დაახლოებით 160-230) იყო.
BALDUNG GRIEN, Hans
მოგვების თაყვანისცემა
1507, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი მერქანზე
სახელმწიფო მუზეუმი, ბერლინი
ადრეული აღორძინების ეპოქის ფერწერაში მოგვებს იმ დროისათვის დამახასიათებელი სამეფო კარის მოდური ტანსაცმელი აცვიათ. ისინი ზოგჯერ გზაში ხვდებიან ერთმანეთს ან ერთად მიდიან, თითოეული თავისი ამალით, ხოლო გზას ვერსკვლავის საშუალებით იკვლევენ. თვით თაყვანისცემის სცენაში წინა პლანზე გამოსახულია კასპარი, უხუცესი მოგვი. იგი მუხლმოდრეკილი დგას ქრისტეს წინაშე, რომელიც ღვთისმშობელს უზის მუხლებზე. კასპარი საჩუქრებს უძღვნის მაცხოვარს. მის უკან ბალთაზარი (ზანგი) და მელქიორი (ყველაზე უმცროსი) დგანან. ხშირად მოგვების ამალა დემონსტრირებას უკეთებს მათი აღმოსავლური წარმოშობის თვალსაჩინო ნიშნებს: ჩალმა ქუდებს, აქლემებს, ლეოპარდებს. ჩვეულებრივ, ამ სცენაში ფიგურირებს იოსები. უკანა პლანზე შეიძლება გამოსახული იყოს მწყემსების ხარება. შედარებით გვიანდელი პერიოდის, განსაკუთრებით XVII საუკუნის, ნახატებზე მარიამ ღვთისმშობელი ფეხზე დგას. მათეს სახარებაში არაფერია ნათქვამი მოგვების რაოდენობის შესახებ, თუმცა შესაძლოა რიცხვი „სამი“, ძღვენის რაოდენობიდან გამომდინარეობდეს. მოგვების მიერ მირთმეული ძღვენის სიმბოლიკა ასეთია: ოქრო - ქრისტეს მეუფების პატივისცემა, გუნდრუკი - ქრისტეს ღვთაებრიობის აღიარება, მური - ქრისტეს სიკვდილის წინასწარმეტყველება. შუა საუკუნეების პერიოდის ადამიანების წარმოდგენაში ქრისტესთვის თაყვანის საცემად მოგვები მოვიდნენ, რათა მოეხდინათ იმ დროისათვის ცნობილი სამი კონტინენტის, ევროპის, აფრიკისა და აზიის, პერსონიფიცირება. აქედან გამომდინარეობს ბალთაზარის (აფრიკა) ზანგის სახით გამოსახვის ტრადიცია.
მონეტა
ოცდაათი მონეტა მაცხოვრის ვნებების ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. ამ ფასად გაყიდა იუდა ისკარიოტელმა იესო ქრისტე. „მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან და უთხრა: რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი? და მიუწონეს მას ოცდაათი ვერცხლი“ (მათ 26:14-15). მათე მახარებელს ხშირად მონეტებთან ერთად გამოსახავენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სანამ ქრისტეს მოწაფე გახდებოდა, იგი გადასახადების ამკრები იყო.
ზოგჯერ წმინდა ლავრენტი გამოსახულია ლანგრით, რომელზეც ოქროს და ვერცხლის მონეტები ალაგია. მან რომის პაპის, სიქსტინ II ბრძანებით ეკლესიის ქონება ღარიბებს დაურიგა.
MASACCIO
შეპირებული ფული
1426-27, ადრეული აღორძინება
ფრესკა, 255x598 სმ.
სანტა მარია დელ კარმინე,
ფლორენცია
მონოგრამა
მონოგრამა ორი ან მეტი რაოდენობის ასოსგან შედგენილი სიმბოლოა. ასოების ამგვარი კომპოზიციები ლამაზ სიმბოლურ ნახატებს ქმნიან. ხშირად ასოები ერთმანეთშია გადახლართული ან სხვა სიმბოლოებთანაა შერწყმული, რომლებიც ქრისტეს ან წმიდა სამებას გამოხატავენ. ყველაზე გავრცელებული მონოგრამები ქრისტეს სახელის გამომხატველი სიმბოლოებია.
CHI RHO იესო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი „საიდუმლო“ მონოგრამაა. შეიქმნა ადრეული ხანის ქრისტიანების მიერ რწმენის ნიშნად. მონოგრამა ბერძნული სიტყვა ΧΡΙΣΤΟΣ (ქრისტე) პირველი ორი ასოსგან არის შედგენილი. Chi Rho სხვადასხვა ფორმისაა. ერთგან პირველი ასო კვეთს მეორეს და წარმოქმნის ჯვარს, სხვაგან - ასო P მწყემსის არგანს ჩამოჰგავს, რადგან იესო ამბობს: „მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის“ (იოან 10:11).
სარკოფაგი Chi-Rho
მონოგრამისა და უფლის
ვნებების გამოსახულებებით
დაახ. 340
მარმარილო
ვატიკანის მუზეუმები, რომი
IHC მონოგრამა ბერძნული სიტყვა ΙΗΣΟΨΣ (იესო) პირველი სამი ასოსგან არის ფორმირებული. h ასოს კვეთს ჰორიზონტალური ხაზი და მონოგრამას ჯვრის ფორმას აძლევს. იგი შემოკლების ნიშანია.
IHCOYC მონოგრამა იესოს ბერძნული სახელს აღნიშნავს. შეიძლება გამოსახული იყოს როგორც ლათინური, ასევე ბერძნული ანბანით ΙΗΣΟΨΣ (იესო).
IHS საიდუმლო მონოგრამაა, რომელიც IHC მონოგრამის სახეცვლილებას წარმოადგენს.
INRI „Iesus Nazarenus Rex Iudaeorum“ (ლათ. „იესო ქრისტე იუდეველთა მეფე“). ამ ფრაზის შემადგენელი სიტყვების პირველი ასოები პილატე პონტოელმა იესო ქრისტეს ჯვარცმის წინ ხის დაფაზე დააწერინა და ჯვარზე დააკვრევინა თავის ხელქვეითებს. „პილატემ წარწერაც გააკეთებინა ფიცარზე და ჯვარს მიამაგრა. ეწერა: იესო ნაზარეველი იუდეველთა მეფე. ბევრი იუდეველი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად“ (იოან 19:19-20).
IX უძველესი მონოგრამაა. ფორმირებულია ბერძნული სიტყვების ΙΗΣΟΨΣ (იესო) და ΧΡΙΣΤΟΣ (ქრისტე) პირველი ასოებით.
PAX ლათინურად მშვიდობას ნიშნავს. ეს მონოგრამა ასოცირდება იესო ქრისტეს შობასთან. „და უეცრად გაჩნდა ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება“ (ლუკ 2:13-14).
მორიელი
მორიელი ბოროტების ერთ-ერთი სიმბოლოა. შუა საუკუნეების ხელოვნებაში იგი მიჩნეულია სასიკვდილო ღალატის, ხოლო ზოგჯერ შურისა და ღვარძლის მინიშნებად. ბიბლიაში მორიელი, გველის მსგავსად, დემონური ძალების სიმბოლოს წარმოადგენს და იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში იმ ცხოველების გვერდით არის დასახელაბული, რომლებიც უფსკრულის ჯურღმულში ბინადრობენ „...და ჰგავს მათი წამება წამებას მორიელისაგან, როდესაც უკბენს ადამიანს“ (გამოცხ 9:5).
მორიელს ახასიათებს მსხვერპლის მიპარვით, მოღალატურად დაგესვლა. ამ თვისების გამო ეს შხამიანი არსება იუდა ისკარიოტელის, ქრისტეს ოცდაათ ვერცხლად გამყიდველის სიმბოლო გახდა. მორიელს, როგორც ღალატის სიმბოლოს, გამოსახავდნენ იმ ჯარისკაცების დროშებზე და ფარებზე, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმაში იღებდნენ მონაწილეობას.
MICHELE DA VERONA
ჯვარცმა
დაახ. 1500, აღორძინება
ზეთი, ტილო, 335x720სმ,
დი ბრერას პინაკოთეკა, მილანი
მოციქულები
ანდრია მოციქული. გალილეველი მეთევზე და ქრისტეს ერთ-ერთი პირველი მოწაფე. სწორედ მან მიიყვანა ქრისტესთან თავისი ძმა პეტრე მოციქული. იოანე ნათლისმცემელმა თავისი ორი მოწაფე, შემდგომში მოციქულები, ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი გაგზავნა იესო ქრისტესთან, რათა ეცნობებინა, რომ სწორედ ის არის ღვთის კრავი. „ერთი ამ ორთაგანი, რომელთაც იოანესგან მოისმინეს და გაჰყვნენ იესოს, იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი“ (იოან 1:40). ტრადიციის თანახმად, როდესაც თითოეულ მოციქულს წილად ერგო დედამიწის გარკვეული ნაწილი ქრისტიანობის ქადაგებისთვის, ანდრიას ჩრდილოეთის ქვეყნებში მოუწია გამგზავრება. იგი ქადაგებდა საბერძნეთში, მცირე აზიაში, საქართველოში, რუსეთში. IX საუკუნემდე სინოპში არსებობდა მისი კათედრა. სიკვდილით დასაჯეს საბერძნეთში. პროკონსულ მაქსიმილიანეს ბრძანებით X ფორმის ჯვარზე გააკრეს თოკებით. წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა 30 ნოემბერი.
ანდრია მოციქულის მთავარი სიმბოლოა X ფორმის ჯვარი, თუმცა ადრეული აღორძინების პერიოდის ხელოვნებაში ჩვეულებრივი ლათინური ჯვრითაც გამოსახავდნენ. შესაძლოა ხელში ბადე ან გრძელი თოკი ეჭიროს. ჯვრის თაყვანისცემის სიუჟეტში ანდრია მოციქული მუხლებზე ეშვება ჯვრის წინ, შესაძლოა ღრუბლებში მარიამ ღვთისმშობლის ჩვენება იყოს გამოსახული. ჯალათებს თოკები აქვთ მომზადებული ან უკვე თოკებით აკრავენ ჯვარზე მოციქულს. ეს სიუჟეტი ყველაზე ხშირად კონტრრეფორმაციის პერიოდის ფერწერაში გვხვდება.
ბართლომე მოციქული. სახარებებში მხოლოდ ბართლომე (ნათანიელი) მოციქულის სახელია ნახსენები და არაფერია ნათქვამი მისი საქმეების შესახებ. ქრისტე ბართლომეს ნამდვილ ისრაელიანს უწოდებს, „რომელშიც არ არის მზაკვრობა“ (იოან 1:47). გვიანდელ აგიოგრაფიულ გადმოცემებში მოთხრობილია მისი და ფილიპე მოციქულის სირიაში და მცირე აზიაში ერთობლივი ქადაგებების, ჯვარცმისა და მისი ჯვარცმიდან ცოცხლად ჩამოხსნის შესახებ. მან დაკრძალა ფილიპე მოციქული და გააგრძელა ქადაგება ინდოეთსა და სომხეთში. მოციქული მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა დიდი სომხეთის ქალაქ ალბანოპოლისში (ამჟამინდელი ბაქო), სადაც მას ცოცხლად გააძვრეს ტყავი.
RUSCONI, Camillo
წმ. ანდრია მოციქული
1708-09, ბაროკო
მარმარილო, სიმაღლე 425 სმ.
სან ჯოვანი დი ლატერანო, რომი
MATTEO di Giovanni
წმ. ბართლომე მოციქული
დაახ. 1480, ადრეული
აღორძინება
ტემპერა მერქანზე, 80,5x48 სმ.
ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი
MAES, Nicolaes
თომა მოციქული
1656, ბაროკო
ზეთი ტილოზე
სახელმწიფო მუზეუმი, კასელი
თომა მოციქული. მოციქული, რომელსაც უწოდებდნენ „დიდიმოსს“ ანუ „ტყუპის ცალს“. თომა მოციქული დაეჭვდა იესო ქრისტეს აღდგომაში და ღვთისმშობლის ზეცად ამაღლებაში. თომასთვის ეჭვების გასაქარწყლებლად ქრისტემ შესთავაზა ხელით შეხებოდა მის ჭრილობებს, ხოლო მარიამ ღთისმშობელმა ზეციდან თავისი ქამარი გადმოუგდო ურწმუნო მოციქულს. თომას ეჭვები შიშით არ იყო გამოწვეული: როდესაც ქრისტემ, მიუხედავად ებრაელთა მუქარისა მოეკლათ იგი, გადაწყვიტა იუდეაში დაბრუნება, თომამ შესთავაზა მოწაფეებს გაჰყოლოდნენ მოძღვარს და მასთან ერთად მომკვდარიყვნენ. თომა მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა აღმოსავლეთის ქვეყნებში. დააარსა ქრისტიანული ეკლესიები პალესტინაში, მესოპოტამიაში, პართიაში, ეთიოპიასა და ინდოეთში. თომა აღესრულა მოწამებრივი სიკვდილით, ერთი ინდოელი ქურუმის ბრძანებით, იგი შუბებით მოკლა ოთხმა მეომარმა. თომა მოციქულის თავის ქალა თბილისში, სიონის ტაძარშია დასვენებული. მისი ხსენების დღეა 6 ოქტომბერი. წმინდა თომას ატრიბუტებია სამშენებლო კუთხოვანა ან სახაზავი, ქამარი და შუბი ან ხანჯალი, მისი წამების იარაღები. XIII საუკუნიდან მოყოლებული ხელოვნებაში ძალზე პოპულარული იყო ურწმუნო თომას თემა. ამ სიუჟეტში თომა და კიდევ ერთი ან ორი მოწაფე გაოცებულები უყურებენ ქრისტეს, ხოლო თომას ხელი აქვს გაწვდილი მაცხოვრისკენ ან ხელით ეხება მის ჭრილობებს. ღვთისმშობლის მიძინებისა და მისი დაკრძალვის დროს, როდესაც მარიამის სხეული ზეცაში ავიდა, თომა ამ ფაქტს არ ესწრებოდა. მან მოუწოდა ღვთისმშობელს მიეცა ზეცად ამაღლების დამადასტურებელი საბუთი, რის პასუხადაც მარიამმა ზეციდან თავისი ქამარი გადმოუგდო. ზოგჯერ ეს ეპიზოდი შეადგენს ღვთისმშობლის მიძინების ან გვირგვინით შემკობის ნახატების სიუჟეტის ნაწილს. მუხლმოყრილ თომას ხელი აქვს გაწვდილი ქამრისკენ, რომელსაც ქალწული მარიამი ზეციდან აგდებს. შესაძლოა სცენაში ფიგურირებდნენ სხვა მოციქულები ან მიქაელ მთავარანგელოზი. ღვთისმშობლის სამარხი გახსნილი და ცარიელია. სიუჟეტი პოპულარულია ფლორენციელ მხატვრებში. თომა მოციქულის ინდოეთში მისიონერული მოგზაურობის დროს, წარმართების მეფემ, გუნდაფორმა უბრძანა მას სასახლე აეგო და ამ მისიის შესასრულებლად დიდძალი თანხა მისცა. მეფის არყოფნის დროს თომამ მისი მრავალი ქვეშევრდომი ქრისტიანულ სარწმუნოებას აზიარა, ხოლო მთელი ფული ღარიბებს დაურიგა. დაბრუნებულ მეფეს მოახსენეს, რომ ვერ იხილავდა სასახლეს, სანამ არ მოკვდებოდა, ვინაიდან სასახლე სამოთხეში იყო აგებული. მეფე ძალზე განრისხდა და დააპატიმრა თომა. ამ დროს მოულოდნელად გაცოცხლდა მეფის გარდაცვლილი ძმა, რომელმაც დაადასტურა სასახლის სამოთხეში არსებობა. გუნდაფორმა ქრისტიანული სარწმუნოება მიიღო. ზუსტად იმ დროს გარდაიცვალა თომას ძმა. როცა იგი ზეცაში წარსდგა, ანგელოზები შეეკითხნენ სად ისურვებდა ცხოვრებას. თომას ძმამ მშვენიერ სასახლეზე მიუთითა, მაგრამ ამგელოზებმა უთხრეს, რომ მას არ შეეძლო იქ ცხოვრება, ვინაიდან სასახლე ზეცაში ქრისტიანმა ააგო თავისი ძმის გენდოფორისთვის. როდესაც თომას ძმა ძილში გამოეცხადა მეფეს და აუწყა სასახლის შესახებ, მეფემ გაათავისუფლა წმინდა თომა, რომელმაც აუხსნა მეფეს, რომ რწმენითა და გულმოწყალებით დიდძალი სიმდიდრის დაგროვება შეიძლება ზეცაში. ამ ლეგენდის გავლენით გახდა სამშენებლო სახაზავი და კუთხოვანა თომას ატრიბუტები. სიუჟეტის ხილვა შესაძლებელია გოტიკურ ტაძრებში, თუმცა მოგვიანებით იგი იშვიათად გვხვდება. 1945 წელს ეგვიპტეში, ნაგ ჰამადში, აღმოაჩინეს ხელნაწერთა მთელი ბიბლიოთეკა, რომელთა შორის იყო კოპტურ ენაზე დაწერილი „თომას სახარება“. მას ხშირად მეხუთე სახარებას უწოდებენ.
CARAVAGGIO
წმ. თომას ეჭვები
1601-02, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 107x146 სმ.
სანსუსი, პოტსდამი
იაკობ მოციქული (ალფესი). პავლე მოციქული იაკობს მაცხოვრის ძმას უწოდებს: „სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, გარდა უფლის ძმის იაკობისა“ (გალ 1:19). პავლეს ამ გამონათქვამის ზეგავლენით დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ქრისტესა და წმინდა იაკობის გამოსახულებები ერთმანეთის მსგავსია. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ამ მსგავსებამ უბიძგა იუდას ქრისტესთვის ეკოცნა, რათა მეომრებს სცოდნოდათ ვინ უნდა დაეპატიმრებინათ. იაკობი წმნიდა სახარებას ქადაგებდა იუდეაში, ეფესოში, გაზაში. გახდა იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი. ადრეული ქრისტიანული წყაროები იუწყებიან, რომ იაკობი ტაძრის ფრთიდან გადმოაგდეს და შემდეგ სასიკვდილოდ ჩაქოლეს ქვებით, რითაც აუტანელი ტანჯვა მიაყენეს. „ოქროს ლეგენდის“ მიხედვით „ერთ-რთმა იქ მყოფმა ხელი დასტაცა მაუდის საბერტყ ჯოხს და ისე ჩაარტყა თავში, რომ ტვინი გადმოანთხევინა“. წმინდა იაკობ ალფესის ხსენებისდრეა 9 ოქტომბერი.
TIEPOLO, Giovanni Battista
წმ. იაკობ ზებედესი ამარცხებს
მავრებს
1749-50, როკოკო
ზეთი ტილოზე, 317x163 სმ.
ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი
DCRER, Albrecht
მოციქული იაკობ ალფესი
1516 ჩრდილოევროპული
აღორძინება
ტემპერა ტილოზე, 48x38 სმ.
უფიცის გალერეა, ფლორენცია
ფერწერულ ტილოებზე გამოსახულ იაკობის ფიგურას ხელში უჭირავს გრძელი ან მოკლე სახელურიანი და ბუნიკიანი ღერძი ან მაუდის საბერტყი ჯოხი. მოციქული მექუდეების, აბრეშუმით მოვაჭრეებისა და შუა საუკუნეების სხვა ანალოგიური გილდიების წმინდა მფარველად ითვლებოდა. იერუსალიმის ეპისკოპოსის სახით, იაკობ ალფესი ატარებს საეპისკოპოსო სამოსს, მიტრასა და ეპისკოპოსის კვერთხს.
იაკობ მოციქული (ზებედესი). გალილეველი მეთევზის, ზებედეს შვილი და იოანე მახარებლის ძმა. პეტრე და იოანე მოციქულებთან ერთად ესწრებოდა ქრისტეს ფერისცვალებას და იმყოფებოდა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ქრისტემ „იწყო წუხილი და ურვა“ (მათ 26:37). იაკობი წმინდა სახარებას ქადაგებდა ესპანეთში, რის შემდეგაც დაბრუნდა იერუსალიმში. იგი აშკარად ამხელდა ფარისევლებსა და მწიგნობრებს. იუდეველთა ძალისხმევით ჰეროდე აგრიპამ იაკობი საპყრობილეში ჩააგდო, ხოლო 44 წელს მას თავი მოჰკვეთეს იერუსალიმში. იაკობ მოციქულის ხსენების დღეა 30 აპრილი.
DCRER, Albrecht
ოთხი წმინდანი (იოანე
მახარებელი და პეტრე)
1526, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი პანოზე, 215x76 სმ.
ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი
იაკობის წამების სცენების ციკლი ხშირად გვხვდება შუა საუკუნეების ფრესკებზე და ვიტრაჟებზე. მანტენისა და პადუას ფრესკები მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს განადგურდა. ხელოვნებაში გამოირჩევა იაკობის სამი განსხვავებული ტიპაჟი. მოციქულის სახით იაკობი მოწიფული ასაკისაა, მეჩხერი წვერით და შუაზე გაყოფილი მუქი თმით. იგი ძალზე წააგავს ქრისტეს. ხელში თავისი წამების იარაღი, მახვილი უჭირავს. შედარებით გვიანდელი პერიოდის საეკლესიო ხელოვნებაში მოციქულს ხელში უკავია მწირის არგანი, რომლითაც იგი გამოირჩევა ჯგუფურად გამოსახული სხვა წმინდანებისგან. მომლოცავის სახით (XIII საუკუნიდან მოყოლებული) იაკობი გამოსახულია გრძელი თეთრი წვერით. იგი ატარებს მომლოცავის ქუდს და მოსასხამს. მის არგანზე ან მხარზე გადაკიდებულია ბოხჩა ან წყლით სავსე მათარა. მოციქულის განსაკუთრებული ატრიბუტია ნიჟარა, რომელიც გამოსახულია ქუდზე, მოსასხამზე ან სამგზავრო ბოხჩაზე. ესპანეთის მფარველი წმინდანის სახით იაკობი ცხენზეა ამხედრებული, ხელში დროშა უჭირავს და მახვილით ანადგურებს სარკინოზებს (ბერძ. Sarakenoi - არაბი ბედუინების ტომი). X საუკუნის ლეგენდის მიხედვით იაკობის ნეშტი გადაასვენეს ესპანეთში და ანგელოზების დასტურით, დაკრძალეს პადრონში, გალიციის მთავარ ქალაქში. მისი სავარაუდო სამარხი აღმოაჩინეს IX საუკუნეში და ამ ადგილს სანტიაგო (წმიდა იაკობი) დე კომპოსტელა უწოდეს. XI საუკუნიდან სანტიაგო დე კომპოსტელა ქრისტიანების ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავი ადგილი გახდა იერუსალიმისა და რომის შემდეგ.
იოანე მოციქული. იოანე ღვთისმეტყველი მეოთხე სახარების სავარაუდო ავტორი და გამოცხადების ავტორია. პეტრე და იაკობ მოციქულებთან ერთად ესწრებოდა ქრისტეს ფერისცვალებას. საიდუმლო სერობის ამსახველ ზოგიერთ ნახატზე იოანეს ქრისტეს მკერდზე აქვს თავი მიყრდნობილი. ტრადიციის მიხედვით იგი გაიგივებულია იმ მოწაფესთან, „რომელიც უყვარდა იესოს“. გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს ლოცვის სცენაში იოანეს სძინავს პეტრესთან და იაკობ ზებედესთან ერთად. მაცხოვრის ჯვარცმის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად იოანე და ღვთისმშობელი მარტო დგანან ჯვრის ქვეშ. მოციქული ფიგურირებს მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის, დატირების (Pieta) და კუბოში ჩასვენების სცენებში. იოანე მონაწილეობს მარიამის მიძინებისა და ზეცაში აყვანის სიუჟეტებში, ვინაიდან აპოკრიფული ნაწარმოებები, რომლებშიც ეს მოვლენებია აღწერილი, მიეწერება იოანე მოციქულს. მოციქულობის პერიოდში იოანე ხშირად თან ახლდა პეტრეს. იოანეს ჯვარცმისას არ მიუტოვებია იესო. მან შეასრულა ქრისტეს დანაბარები და, როგორც საკუთარი დედა, სახლში წაიყვანა ღვთისმშობელი და მიძინებამდე არ განშორებია მას. შემდეგ იგი ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა ეფესოში და მთელ მცირე აზიაში. ქრისტიანთა დევნისას იოანეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ უვნებელი გადარჩა. ვერც საწამლავმა და ვერც ადუღებულ ზეთში ჩაგდებამ მას ვერაფერი დააკლო. იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, სადაც მას ჰქონდა ხილვა, გამოცხადება, რომელიც შემდეგ თავის მოწაფეს პროხორეს ჩააწერინა. გადასახლებიდან იოანე ეფესოში დაბრუნდა. მან ას წელზე მეტხანს იცოცხლა და ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. იოანეს ხსენების დღეა 26 სექტემბერი (9 ოქტომბერი).
VALENTIN DE BOULOGNE
საიდუმლო სერობა
1625-26, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 139x230 სმ.
ანტიკური ხელოვნების
ნაციონალური გალერეა, რომი
იოანეს სახარება ქრისტეს ღვთაებრიობაზე ამახვილებს ყურადღებას. ტექსტი იწყება არა ქრისტეს მიწიერი წინაპრების ჩამოთვლით, არამედ მისი, როგორც ძე ღმერთის მიერ ყოველივეს შექმნით. იოანეს სახარება უფრო ღვთისმეტყველებითი ხასიათისაა და მნიშვნელოვნად განსხვავდება სამი წინამორბედი სახარებისგან. იოანეს სახარება სავარაუდოდ დაწერილი უნდა იყოს ეფესოში 98-102 წლებს შორის.
GRECO, El
მოციქული წმ. იოანე მახარებელი
1610-14, მანიერიზმი
ზეთი ტილოზე, 97x77 სმ.
ელ გრეკოს მუზეუმი, ტოლედო
ხელოვნებაში გარდა განუყრელი ფრთოსანი არწივისა, წმინდა იოანეს ატრიბუტებს წარმოადგენენ წიგნი და გრაგნილი, თასი, რომლიდანაც გველი ამოდის, ქვაბუნა და პალმის რტო. პალმის რტო იოანეს მხოლოდ იმ სცენებში უჭირავს, რომლებიც ღვთისმშობელთანაა დაკავშირებული. მოციქულის სახით გამოსახული იოანე ახალგაზრდაა, ზოგჯერ ქალური და სანდომიანი სახით, გრძელი კულულებით და უწვერულვაშო. სრუ-ლიად კონტრასტულია მოხუცი და ჭაღა-რათმიანი იოანეს გამოსახულება მახარებლის სახით.
იუდა (თადეოზი) მოციქული. წმინდა იუდა (თადეოზი) მოციქული და დიდმოწამე დავითისა და სოლომონის შთამომავალი იყო. იგი ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა ჯერ პალესტინის მოსაზღვრე ქვეყნებში, იუდეაში, გალილეაში და სამარიაში, ხოლო მოგვიანებით არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში. ახალი აღთქმის უკანასკნელი წერილის ავტორი. ვარაუდობენ, რომ იუდა მარიამ ღვთისმშობლის ნათესავი იყო. მოწამებრივად აღესრულა სპარსეთში. იუდას სიკვდილის შესახებ შემორჩენილი სხვადასხვა გადმოცემების ზეგავლენით, მოციქულის ატრიბუტებად მიჩნეულია კომბალი, ალებარდი ან შუბი.
მათე მოციქული. მახარებელი და მოციქული, პირველი კანონიკური სახარების ავტორი. ლევი ალფეს ძე, დაიბადა ნაზარეთში, იყო მეზვერე ანუ გადასახადების ამკრეფი გალილეის ზღვასთან. მებაჟეობა ყველაზე საძულველი და დამამცირებელი ხელობა იყო იუდეაში. კლიმენტი ალექსანდრიელის მტკიცებით, ქრისტეს ამაღლების შემდეგ, მათე თხუთმეტი წელი ქადაგებდა იუდეაში, ებრაელთა შორის. შემდეგ დატოვა იუდეა და ქრისტეს მოძღვრებას ავრცელებდა ეთიოპიაში, მაკედონიაში, სპარსეთში, სირიაში, ინდოეთში. მან ქრისტეს მოძღვრება უქადაგა კანიბალებს, მოაქცია და მონათლა ისინი. მრავალი სასწაულის მიუხედავად, წამებით მოკლა ეთიოპიის ქალაქ მარმენის მმართველმა. მათეს მოწამებრივი სიკვდილის თარიღად ზოგი მკვლევარი 63 წელს მიიჩნევს. მათე მახარებლის ხსენების დღეა 16 (29) ნოემბერი.
GRECO, El
წმ. თადეოზ (იუდა) მოციქული
1610-14, მანიერიზმი
ზეთი ტილოზე, 97x77 სმ.
ელ გრეკოს მუზეუმი, ტოლედო
GRECO, El
წმ. მათე მოციქული
1610-14
ზეთი ტილოზე, 97x77 სმ.
ელ გრეკოს მუზეუმი, ტოლედო
მათემ თავისი სახარება ებრაულად დაწერა. მათეს სახარება ყველაზე ადრეული უნდა იყოს. ვარაუდობენ, რომ ის ქრისტეს ამაღლებიდან მერვე წელს უნდა დაწერილიყო პალესტინაში. ყოველ შემთხვევაში, იგი იერუსალიმის დანგრევამდეა დაწერილი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მათესვე უნდა შეესრულებინა თავისი სახარების ბერძნული თარგმანი. მათეს სახარებაში იესო ქრისტე წარმოჩენილია, როგორც ღმერთის მიერ ებრაელებისთვის დაპირებული მესია. მოვლენები სახრების ისტორიებში ვითარდება, როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა აღსრულება. ძალზე ხშირად გვხვდება ფრაზა: „რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ“. მათეს სახარება სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: პირველ ნაწილში გადმოცემულია ქრისტეს წარმოშობისა და მისი ქადაგებებისთვის მომზადება (I-IV), მეორეში - ქრისტეს მოღვაწეობა გალილეაში (V-XVIII), მესამეში - მოღვაწეობა იუდეაში, მაცხოვრის ვნება და აღდგომა (XIX-XXVIII).
მათეს გამოსახულებებში შესაძლოა ფიგურირებნენ სხვადასხვა საგნები. წიგნი, კალამი და სამელნე მახარებლის ემბლემებია. ფულიანი ქისა ან ტომარა მიგვანიშნებს, რომ სანამ მოციქული გახდებოდა, მათე მებაჟე იყო.
პავლე მოციქული. დაიბადა მცირე აზიაში დაახლოებით 10 წელს. მისი სახელი იყო სავლე. აქტიურ მონაწილეობას იღებდა პირველი ქრისტიანების დევნაში. ერთხელ სავლე დამასკოში გააგზავნეს, რათა ქრისტიანების პატარა თემი დაეშალა. დამასკოსკენ მიმავალ გზაზე მას ქრისტე გამოეცხადა. გამოცხადების შემდეგ სავლე ქრისტიანულად მოინათლა, სახელად ეწოდა პავლე და ქრისტეს რწმენის უდიდესი მქადაგებელი გახდა. მან სამჯერ იმოგზაურა მცირე აზიაში და საბერძნეთში. მის განსაკუთრებულ მისიას წარმოადგენდა ქრისტიანობის ქადაგება არაებრაულ სამყაროში და ამის გამო „წარმართთა მოციქულს“ უწოდებდნენ. პალესტინაში პავლე დააპატიმრეს და, როგორც რომის მოქალაქე, იმპერატორ ნერონის ხელისუფლებას გადასცეს. მიჩნეულია, რომ ეპისტოლეების ნაწილი პავლემ რომის ციხეში დაწერა. აღესრულა მოწამებრივი სიკვდილით. მას მახვილით მოკვეთეს თავი. პავლე დაკავშირებულია წმიდა პეტრეს სახესთან და მოღვაწეობასთან: ორივე ქრისტიანული ეკლესიის დამაარსებლად ითვლება და სწორედ ამ სახით არიან წარმოდგენილი რელიგიურ ფერწერაში.
MONNOT, Pierre Etienne
წმ. პავლე
1708-18, ბაროკო
მარმარილო, სიმაღლე 425 სმ.
სან ჯოვანი ინ ლატერანო, რომი
MONNOT, Pierre Etienne
წმ. პეტრე
1708-13
მარმარილო, სიმაღლე 425 სმ.
სან ჯოვანი ინ ლატერანო, რომი
ძველ ქრისტიანულ წყაროებში პავლე დაბალი ტანის, მელოტი და მოუქნელი ადამიანი იყო. ვინაიდან წმინდა პავლეს მოძღვრების მთელი რიგი ასპექტები გაზიარებული იქნა ლუთერანების მიერ, ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც კონტრრეფორმაციამ გაიმარჯვა პავლეს გამოსახულება იშვიათად გვხვდება. მოციქულის ატრიბუტებია მახვილი და წიგნი ან გრაგნილი. ხშირად პავლესა და პეტრეს ერთად გამოსახავდნენ. ამ კონტექსტში ისინი სიმბოლურად გამოხატავენ ებრაელ ხალხსა და წარმართებს. ხელოვნებაში პავლე მოციქულის საქმიანობასთან დაკავშირებულია რამდენიმე მოტივი. დასავლეთის ხელოვნებაში ყველაზე გავრცელებული თემაა წმიდა პავლეს მოქცევა (საქმე 9:1-9). დამასკოს გზაზე პავლეს ნათელი მოეფინა ციდან. იგი მიწაზე დაეცა და მოესმა უფლის ხმა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“ პავლეს შეკითხვაზე ხმამ უპასუხა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი“. „სიამაყე წინ უძღვის დაღუპვას და დაცემას წინ უძღვის ქედმაღლობა“ (იგავ 16:18) ამ ბიბლიური ჭეშმარიტებიდან გამომდინარე ტრადიციის წყალობით, შუა საუკუნეებიდან განხორციელდა, როგორც პავლეს მოქცევის სიუჟეტის, ასევე სიამაყის ალეგორიის მანერების დაახლოება ცხენიდან გადმოვარდნილი მხედრის სახით. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ კარავაჯიოს ნახატი „წმიდა პავლეს ფერისცვალება“ (1600). საკმაოდ ხშირად პავლეს რომაელი მეომრის სამოსით გამოხატავენ.
დამასკოში მცხოვრები ქრისტეს მოწაფე ანანია დაემორჩილა ხილვას და პავლესთან გაეშურა. შევიდა პავლეს სახლში, თავზე დაადო ხელები და თვალები აუხილა პავლეს. ამ სიუჟეტში პავლე მუხლმოდრეკილი დგას ანანიას წინაშე. იქვე მეომრის აღჭურვილობა აწყვია. სულიწმიდის სიმბოლოს, მტრედის გამოსახულება ანანიას მიერ პავლეს ნათლისღების მინიშნებაა.
CORREGGIO
პეტრე და პავლე მოციქულები,
გუმბათის ფრესკის დეტალი
1520-24, აღორძინება
ფრესკა
სან ჯოვანი ევანგელისტას
ეკლესია, პარმა
პეტრე მოციქული. გალილეველი მეთევზე, ანდრია პირველწოდებულის ძმა. მისი ცხოვრება სამ პერიოდად შეიძლება დაიყოს: იგი თან ახლდა ქრისტეს ქადაგებების დროს; მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ წინამძღოლობდა მოციქულებს ქრისტეს მოძღვრების ქადაგებისას. ადრეულ წყაროებზე დაყრდნობით, პეტრე ჩავიდა რომში, სადაც დააარსა პირველი ქრისტიანული თემი და სადაც ნერონის ბრძანებით ჯვარზე გააკრეს 64 წელს. მისივე თხოვნით წმიდა პეტრე თავდაყირა აცვეს ჯვარს, რადგან თავს არ თვლიდა ღირსად მაცხოვრის მსგავსი სიკვდილით დაესაჯათ. პეტრე მოციქულის ხსენების დღეა 30 ივნისი.
ხელოვნებაში პეტრეს გარეგნობა არ იცვლებოდა და მოციქულებში მისი გამოცნობა ყველაზე იოლია. იგი მოხუცი, მაგრამ ძლიერი მამაკაცია მოკლედ შეკრეჭილი ჭაღარა თმითა და მოკლე ხუჭუჭა წვერით. ჩვეულებრივ პეტრეს აცვია ცისფერ ან ზოგჯერ მწვანე ტუნიკაზე მოხვეული ყვითელი (ოქროსფერი) მოსასხამი. მისი განუყრელი ატრიბუტია გასაღები (ან გასაღებები): „მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს...“ (მათ 16:19). ოქროსა და ვერცხლის გასაღებები, შესაბამისად, სამოთხისა და ჯოჯოხეთის კარიბჭეების ან ცოდვების მიტევებისა და ეკლესიიდან განკვეთის ძალაუფლების სიმბოლოებს წარმოადგენენ. პეტრეს სხვა ატრიბუტებია: ამობრუნებული ჯვარი (მისი მოწამებრივი სიკვდილის იარაღი), ჯვარი სამი ჰორიზონტალური ძელით (რომის პაპის ჯვარი), წიგნი (სახარება), მამალი (ქრისტეს სამგზის უარყოფა). ხელოვნებაში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე სიუჟეტი როგორც პეტრეს ცხოვრების ამსახველი, ასევე მისი საეკლესიო მოღვაწეობის თემებიდან.
ZURBARAN, Francisco de
წმ. პეტრეს მიერ წმ. პეტრე
ნოლასკოელის ხილვა
1629, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 179x223 სმ.
პრადო, მადრიდი
პეტრესა და ანდრიას მოწოდება (მარკ 1:16:18). გალილეის ზღვის პირას ქრისტემ დაინახა ორი მებადური, ანდრია და მისი ძმა სიმონი, რომლებიც ბადეს ისროდნენ ზღვაში. „იესომ უთხრა მათ: მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით“. ნავში ორი კაცი ზის, რომლებსაც ბადე ამოაქვთ ზღვიდან ან ერთი მათგანი ქრისტეს წინაშე დგას მუხლმოყრილი. ზოგჯერ ამ სცენაში ფიგურირებს ბრბო, რომელიც მიგვანიშნებს ქრისტეს ტბის ნაპირას ქადაგების ეპიზოდზე.
პეტრესთვის გასაღებების გადაცემა (მათ 16:18-19). „მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას... მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს“. ქრისტეს ეს მეტაფორული სიტყვები მრავალგზის იქნა ტილოზე გადატანილი აღორძინების პერიოდის მხატვრების მიერ. პეტრე მუხლებზე მდგარი იღებს ქრისტესგან გასაღებებს. ირგვლივ სხვა მოწაფეები დგანან. ზოგჯერ გასაღებებს გადასცემს ყრმა ქრისტე, რომელიც მუხლებზე უზის ღვთისმშობელს. სცენაში კრავის ფიგურა მიგვანიშნებს იმ ეპიზოდზე, როდესაც მაცხოვარი პეტრეს ავალებს: „აძოვე ჩემი კრავები“ (იოან 21:15). ეკლესიის ჰერალდიკაში ხშირად გვხვდება გადაჯვარედინებული გასაღებები, ეკლესიის ძალაუფლების სიმბოლო. ისინი რომის პაპისთან და ინგლისის რამდენიმე ეპისკოპოსთან ინახება.
პეტრეს უარყოფა და მონანიება (მარკ 14:66-72). დაპატიმრებულ ქრისტეს პეტრე კაიფას ეზოში უცდიდა, როცა მასთან მივიდა კაიფას ერთი მხევალი და უთხრა: „შენ იესო ნაზარეველთან ერთად იყავი“. პეტრემ უარყო და თქვა, რომ არ იცნობს ქრისტეს. ამ დროს იყივლა მამალმა. პეტრემ სამჯერ უარყო მაცხოვარი და სამივეჯერ იყივლა მამალმა. მაშინ პეტრე მიხვდა, რომ ახდა ქრისტეს წინასწარმეტყველება მისი სამგზის უარყოფის შესახებ და ატირდა. თვით უარყოფის სცენა (მხევალითა და მამალით) შედარებით იშვიათად გვხვდება და უფრო ხშირად ქრისტეს სინედრიონის წინაშე წარდგენის სცენის დამატებით ელემენტს წარმოადგენს. პეტრეს მონანიების ტირილი ხშირად ფიგურირებს კონტრრეფორმაციის პერიოდის ესპანური და იტალიური ხელოვნების საეკლესიო სახეებში.
წმიდა პეტრეს საეკლესიო მოღვაწეობის სიუჟეტებში, სხვა მოციქულების თანდასწრებით იგი ქადაგებს და კურნავს დავრდომილებს იერუსალიმში. ზოგჯერ, როცა პეტრე ქადაგებს, მარკოზი იწერს მის სიტყვებს. გავრცელებული ტრადიციის თანახმად, მარკოზის სახარება პეტრეს კარნახით არის ჩაწერილი. სხვებზე ხშირად გვხვდება პეტრეს მოღვაწეობის შემდეგი სიუჟეტები: კოჭლის განკურნება პეტრესა და იოანეს მიერ, ანანიას და საფირას სიკვდილი, ტაბითას გაცოცხლება, პეტრეს ჯვარცმა.
სიმონ მოციქული. წმიდა მოციქული სიმონი, ზელოტად წოდებული, წარმოშობით გალილეის ქალაქ ქანაანიდან იყო. მიჩნეულია, რომ იგი ერთ-ერთი იმ მწყემსთაგანია, რომელთაც ანგელოზმა იესო ქრისტეს შობა ახარა და, რომლებმაც თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს. ქრისტეს პირველი სასწაული კანაში, ექვს ქვის ჭურჭელში წყლის ღვინოდ გადაქცევა, სიმონის სახლში მოხდა. მოციქულებზე სულის მოფენის შემდეგ სიმონი წმინდა სახარებას ქადაგებდა იუდეაში, ლიბიაში, ეგვიპტეში, ბრიტანეთში. მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა საქართველოში. მისი წამებით მოკვლის დეტალები უცნობია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად სიმონი ჯვარს აცვეს, ხოლო სხვა ლეგენდა გვამცნობს, რომ მისი სხეული ხერხით დააქუცმაცეს. XIX საუკუნეში წმინდა სიმონის წამების ადგილას, იბერიის მთის მახლობლად, ააგეს ახალი ათონის მონასტერი. დღემდეა შემორჩენილი ის გამოქვაბული, რომელშიც წმინდა მოციქული მოღვაწეობდა. სიმონის ატრიბუტებია დიდი ხერხი ან ჯვარი. სიმონ მოციქულის ხსენების დღეა 10 მაისი.
ფილიპე მოციქული. წმინდა მოციქული ფილიპე შთამომავლობით გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო. ერთ-ერთი პირველი მოციქული, რომელსაც ქრისტემ მოუწოდა გაჰყოლოდა მას. ხელოვნებაში ძალზე იშვიათად გვხვდება სცენები მისი ცხოვრებიდან. ხშირად მოიხსენიება სახარებების მოთხრობებში, ძირითადად, ხუთი ათასის დაპურებისას (იოან 6:5) და ქრისტეს მოწაფეების იერუსალიმში შეკრებისას (საქმე 1:13). ქრისტეს ამაღლების შემდეგ, წმინდა სახარებას ქადაგებდა გალილეაში, საბერძნეთში (იქ დასახლებული იუდეველებისთვის), სირიაში, ფრიგიაში. იმ დროს ფრიგიის ქალაქ იერაპოლისში მრავალი წარმართული ტაძარი იყო, მათ შორის გველების ტაძარი, სადაც უზარმაზარი იქედნე ცხოვრობდა. ფილიპე მოციქულმა ლოცვების ძალისხმევით მოკლა იქედნე და გველების მიერ დაგესლილი მრავალი ადამიანი განკურნა. ფრიგიის მეფემ ფილიპეს, მისი დისა და ბართლომე მოციქულის შეპყრობა ბრძანა. იქედნეს ტაძრის ქურუმების შთაგონებით მეფემ შეპყრობილების ჯვარცმით დასჯა განიზრახა. ჯვარცმის დროს მოხდა ძლიერი მიწისძვრა და ყველა იქ მყოფი საფრთხეში ჩავარდა. ჯვარზე გაკრული ფილიპე ლოცულობდა და უფალს სთხოვდა, რომ გადაერჩინა მისი ჯალათები მიწისძვრისგან. ამის შემყურე ხალხმა იწამა ქრისტე და მოციქულების გათავისუფლება მოითხოვა. ჯვრიდან ჩამოხსნილი ფილიპეს და და ბართლომე მოციქული ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, ხოლო ფილიპე გარდაიცვალა. მოციქულის ატრიბუტია არგანის თავზე დამაგრებული ლათინური ჯვარი. წმინდა ფილიპე მოციქულის ხსენების დღეა 14 ნოემბერი.
MORATTI, Francesco
წმ. სიმონი
1708-09, ბაროკო
მარმარილო, სიმაღლე 425 სმ.
სან ჯოვანი ინ ლატერანო, რომი
DCRER, Albrecht
წმ. ფილიპე
1526, ჩრდილოევროპული
აღორძინება
გრავიურა, 122x76 სმ.
მეტროპოლიტენ მუზეუმი,
ნიუ იორკი
მრავალძარღვა
უპრეტენზიო პატარა ბალახი, რომელიც გზების გასწვრივ ხარობს. ეს მცენარე ხშირად ფიგურირებს აღორძინების ეპოქის ტილოებზე. მრავალძარღვა „ნავალი გზის“ სიმბოლოდ იქცა, იმ ბილიკისა, რომელიც მორწმუნეებმა გაკვალეს ქრისტესკენ. განასახიერებს ქრისტეს გზას.
მტრედი
ანტიკურ და ქრისტიანულ ხელოვნებაში მტრედი სისპეტაკისა და მშვიდობის სიმბოლოა. ძველ აღთქმაში მტრედი წარღვნასთან და მის დასასრულთან ასოცირდება. ნოეს მიერ კიდობნიდან გაშვებული მტრედი „დაბრუნდა მასთან საღამოს ჟამს და მას ზეთისხილის რტო ეჭირა პირში“ (დაბ 8:11). ამიტომ, მტრედი კეთილი ამბის მომასწავებელია და მშვიდობის საყოველთაო სიმბოლოდ ითვლება. მოსეს რჯულში მტრედი სპეტაკ არსებად არის გამოცხადებული, და მას მსხვერპლად სწირავენ ბავშვის დაბადების შემდგომ განწმენდის დღეებში. ხშირად მაცხოვრის მირქმის ამსახველ სცენებში იოსები გამოსახულია კალათით, რომელშიც ორი მტრედი ზის: „...და შესწირონ მსხვერპლად, როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი, ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა“ (ლუკ 2:22,24). მტრედს, როგორც უმწიკვლოების სიმბოლოს, ხშირად იოსების კვერთხზე მჯდომარეს გამოხატავენ იმის ნიშნად, რომ ღმერთმა მარიამ ღვთისმშობელს ქმრად იოსები აურჩია.
ქრისტიანულ ხელოვნებაში მტრედი ყველაზე ხშირად სულიწმიდის სიმბოლოს წარმოადგენს. იოანე ნათლისმცემელი ამბობს: „მე ვიხილე ციდან მტრედივით გადმომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე“ (იოან 1:32). სულიწმიდის მნიშვნელობით მტრედი ფიგურირებს ხარების, ნათლისღების, სულთმოფენობის, სამების და მრავალ სხვა კომპოზიციაში. სიმბოლოს მნიშვნელობა სათავეს იღებს ქრისტეს ნათლისღების ისტორიიდან. იოანე ნათლისმცემლის მიერ „ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა“ (მათ 3:16).
BELLINI, Giovanni
ნათლისღება
1500-02, ადრეული აღორძინება
ზეთი ტილოზე, 400x263 სმ.
სანტა კორონა, ვიჩენცა
MURILLO, Bartolome
Esteban
ორი სამება
1675-82, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 293x207 სმ.
ნაციონალური გალერეა,
ლონდონი
ქრისტეს ან მარიამ ღვთისმშობლის ირგვლივ გამოსახული შვიდი მტრედი (გოტიკური ტაძრების ვიტრაჟებზე) სულიწმიდის შვიდ მადლს განასახიერებს. „... ნორჩი ნერგი მისი ფესვებიდან ნაყოფს გამოიღებს. და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა“ (ეს 11:1-2). ზოგჯერ შვიდი მტრედი წრის ირგვლივაა გამოსახული, ხოლო წრეწირის შუაში ორი ლათინური SS (Spiritu Sancti - სული წმიდა) ასოა ჩაწერილი. შესაძლოა თითოეულ მტრედს წარწერა ჰქონდეს ლათინურ ენაზე: Sapientia (სიბრძნე), Intellectus (გონიერება), Consilium (რჩევა), Fortitude (ძლიერება), Scientia (ცოდნა), Pietas (ღვთისმსახურება), Timor (შიში ღვთისა). ზოგჯერ შვიდი მტრედი უფლის შვიდი ანგელოზის სიმბოლოდაც იხმარება.
მუხა
ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე, დრუიდები თაყვანს სცემდნენ მუხას. მოგვიანებით მუხის თაყვანისცემა, ისევე, როგორც მრავალი სხვა წარმართული ნიშნები, ქრისტიანულ სიმბოლიზმში შემოიჭრა, როგორც ქრისტესა და მარიამ ღვთისმშობლის თაყვანისცემის სიმბოლოები. ითვლებოდა, რომ მუხა ერთერთი იმ ხეთაგანი იყო, რომელთა მერქანიც ქრისტეს ჯვრის დასამზადებლად იხმარეს (იხ. ბაძგი, ვერხვი). მუხის თვისებების გამო (გამძლეობა, სიმტკიცე), ქრისტიანთა დევნის პერიოდში მორწმუნეები ამ ხეს ძლიერი რწმენისა და სათნოების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.
მწყემსი
ცხვრის ფარის მზრუნველისა და ცხვრებისა და ბატკნების დამცველის სიმბოლური სახე. ცხვრის ფარა გამოხატავს ერთი სულიერი წინამძღვრის მიმდევართა წრეს, რომლის ავტორიტეტსაც ისინი ნებაყოფლობით ემორჩილებიან. ცხოვრების ამგვარი წესი ახასიათებდათ ტომებს, რომლებიც მომთაბარე მეცხოველეობას მისდევდნენ. ყმაწვილკაცობაში დავითი იცავდა თავის ფარას ლომებისა და დათვების თავდასხმისგან. ისრაელის ღმერთი თავისი ხალხის მწყემსის სახით იყო წარმოდგენილი. „ხალხის მწყემსის“ სახელითაა ცნობილი მოსე წინასწარმეტყველი, რომელმაც ებრაელები ეგვიპტის ტყვეობიდან დაიხნა და წინ წარუძღვა „აღთქმული ქვეყნისაკენ“ მიმავალ გზაზე. ქრისტიანულ ხელოვნებაში იესო ქრისტე გვევლინება, როგორც „მწყემსი კეთილი“, ადამიანურობისა და გულკეთილობის სიმბოლო: „მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის“ (იოან 10:11). მწყემსი, რომელსაც მხრებით მოჰყავს მიბარებული ბატკანი, მზრუნველობისა და გზასაცდენილთა მიტევების სიმბოლოა და ქრისტიანულ ხელოვნებაში ფართოდ გავრცელებულ მხატვრულ მოტივს წარმოადგენს: „მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო...“ (იოან 10:16). სახარების მიხედვით მწყემსებს „უფლის დიდება გამოუბრწყინდათ...“ (ლუკ 2:9) და უფლის ანგელოზმა მათ ბეთლემში იესო ქრისტეს შობა ახარა. ფერწერულ ტილოებში მწყემსის ატრიბუტი მოღუნულთავიანი არგანია. მწყემსის სიმბოლო სახვით ხელოვნებაში ძირითადად ადრეული ქრისტიანობის პერიოდით შემოიფარგლება. მისი ხილვა შესაძლებელია რომის კატაკომბების ფერწერაში, III-IV საუკუნეების სარკოფაგებზე და V საუკუნის მოზაიკებში. შუა საუკუნეების ეპოქაში ეს თემა პრაქტიკულად ჩაკვდა და მოგვიანებით იშვიათად გვხვდება ფერწერაში.
MURILLO, Bartolome
Esteban
ქრისტე მწყემსი კეთილი
დაახ. 1660, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 123x161 სმ.
პრადო, მადრიდი
BRONZINO, Angolo
მწყემსების თაყვანისცემა
1535-40, აღორძინება
ზეთი მერქანზე, 65,3x46,7 სმ.
ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი