სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში (ს)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © კენჭოშვილი გიორგი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: შეადგინა გიორგი კენჭოშვილმა, ენციკლოპედია, თბილისი



1

▲back to top


საიდუმლო სერობა

საიდუმლო სერობა მოწაფეებთან ერთად ქრისტეს უკანასკნელი „პასექის ჭამა“ იყო იერუსალიმში. პასექის პურობა წინ უძღოდა მაცხოვრის დაპატიმრებას. „და როცა ჭამდნენ თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს“ (მათ 26:21). ეს თემა ძალზე პოპულარულია ყველა დროის ქრისტიანულ ხელოვნებაში. ქრისტიანებისთვის ქრისტეს სიტყვა, როცა მან აკურთხა პური და ღვინო, ნიშნავდა ეკლესიის მთავარი რიტუალისა და ერთ-ერთი საიდუმლოს, ზიარების დამკვიდრებას. თავის მხრივ, სხვადასხვა პერიოდის ხელოვნებაში დომინირებს საიდუმლო სერობის თემის ორი ასპექტი - იუდას გამცემლობის წინასწარმეტყველება და მოციქულების პირველი ზიარება.

0x01 graphic

ROSSELLI, Cosimo
საიდუმლო სერობა
1481-82, ადრეული აღორძინება
ფრესკა, 349x570 სმ.
სიქსტის კაპელა, ვატიკანი

ადრექრისტიანულ ეკლესიაში საიდუმლო სერობის თემაზე შექმნილმა ხელოვნების ნაწარმოებებმა საბოლოოდ დამუშავებული ვიზუალური ფორმა პირველად VII საუკუნის ბიზანტიურ მოზაიკებში მიიღეს. მოწაფეები D ფორმის მაგიდის რკალისებურ მხარეს არიან განლაგებულნი, ქრისტე კი მაგიდის კიდესთან არის გამოსახული. ისინი არც დგანან და არც სხედან, არამედ თითქოს წამოწოლილ პოზაში ეყრდნობიან მარცხენა იდაყვს, ხოლო მარჯვენა ხელი თავისუფალი აქვთ. ამგვარი იყო იმდროინდელი პასექის წესის დაცვის ებრაული ტრადიცია. აღორძინების პერიოდის ფერწერულ ტილოებზე მოწაფეები ჩვეულებრივ, მართკუთხა მაგიდასთან სხედან, ხოლო ქრისტე მაგიდის შუაში ზიარების რიტუალს ასრულებს. იესოს წინ მაგიდაზე დევს თასი (ფიალა). ქრისტე გამოსახულია პურის კურთხევის ან ერთ-ერთი მოწაფისთვის ნაკურთხი პურის გადაცემის მომენტში.

ამ სიუჟეტთან დაკავშირებით ძველ აღთქმაში გვხვდება თემები, რომლებიც ტრადიციულად საიდუმლო სერობის სიმბოლურ პირველსახედ ითვლებოდნენ. კერძოდ: აბრაამისა და მელქისედეკის შეხვედრა, პასექი, ციური მანანის შეგროვება. საიდუმლო სერობის ამგვარმა საკრამენტულმა ინტერპრეტაციამ XV საუკუნის ბოლოს მეორე პლანზე გადაინაცვლა.

ლეონარდო და ვინჩიმ გადაუხვია დოქტრინის გზიდან. მან გამოხატა ადამიანური დრამა, რომელიც განვითარდა მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა იუდას მიერ მისი გაცემა. ლეონარდოს ქმნილება არ იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც ეფუძნებოდა ამ თემის განსხვავებულ ხედვას. ამგვარი ინტერპრეტაციის ხილვა შეიძლება XIV-XV საუკუნეების ეკლესიებისა და სატრაპეზოების მორთულობაში, რომელიც გაბატონებული იყო კონტრრეფორმაციის ეპოქამდე. ამ პერიოდში ყურადღება იქნა გამახვილებული საიდუმლო სერობის, განსაკუთრებით კი ზიარების თემის მიმართ, რამაც გამოიწვია პირველადი ვერსიისკენ შემობრუნება. გამოიკვეთა ხედვის მეტი თავისუფლება: სიუჟეტში ჩნდებიან ახალი პერსონაჟები - მოფუსფუსე მსახურები, კერძების დამტარებლები, შეკრებილთა თავზე მონავარდე ანგელოზები. ქრისტეს მოწაფეები წარმოგვიდგებიან იმ პერიოდის მდაბიოთა კოლორიტული ტიპაჟების სახით. იატაკზე დაგდებული ტაშტი და პირსახოცი ქრონოლოგიურად წინმდგომი ეპიზოდის, მოწაფეების ფეხის დაბანის მინიშნებაა.

0x01 graphic

JACOMART, Jaume Baco
საიდუმლო სერობა
დაახ. 1450, ადრეული
აღორძინება
პანო
კათედრალური მუზეუმი, სეგორბე

0x01 graphic

BORRBS, Fray Nicols
საიდუმლო სერობა
დაახ. 1570, მანიერიზმი
ზეთი პანოზე, 49x46 სმ.
კერძო კოლექცია

იუდას გამცემლობის წინასწარმეტყველების ამსახველ ნახატებში მთავარ ელემენტებს წარმოადგენენ მოწაფეების რეაქცია ქრისტეს სიტყვებზე და ის როლი, რომელსაც იუდა თამაშობს. „...ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე. გადახედეს მოწაფეებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა, ვისზე თქვაო“ (იოან 18:21-22). ამ სიუჟეტში არ ფიგურირებს თასი (ფიალა). ქრისტე გაწვდილი ხელებით გრძელი მაგიდის შუაში ზის მორჩილების პოზაში. მისგან ორივე მხარეს მოწაფეები სხედან. ისინი ერთმანეთისკენ არიან მიბრუნებულები, ხოლო მათი სახეები და ჟესტები მისტიკურ შიშს, გაოცებას ან უარყოფას გამოხატავენ. იუდას პერსონაჟი სხვა მოწაფეებისგან სხვადასხვაგვარად არის გამოყოფილი. ადრეული აღორძინების ხანის ნიმუშებში იგი მაგიდასთან მოწაფეების მოპირდაპირე მხარეს ზის და შესაძლოა გამოსახული იყოს იმ მომენტში, როდესაც ქრისტესგან ღვინოში დასველებულ პურის ნაჭერს იღებს („უფალო ვინაა იგი? მიუგებს იესო: ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ.“ იოან 13:25-26). ზოგიერთ ნიმუშში იუდას ხელი აქვს ჩაყოფილი ჯამში („ერთი თორმეტთაგანი, ჩემთან ერთად ჯამში ჩამწობი.“ მარკ 14:20). იუდა ჩვეულებრივ გამოსახულია მუქი თმებითა და წვერით, სახეზე შეთქმული ადამიანის გამომეტყველებით. იმ შემთხვევაში, როცა მოწაფეები შემკულნი არიან შარავანდედით, იუდას შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს შარავანდედი ან ნიმბი შავი ფერის იყოს. ხშირად მას ხელში უჭირავს საფულე (ქისა).

0x01 graphic

POURBUS, Pieter
საიდუმლო სერობა
1548, მანიერიზმი
ზეთი მუხის მერქანზე, 46,5x63 სმ.
გრონინგის მუზეუმი, ბრიუგე

XII-XIII საუკუნეებში მხატვრები მაინდამაინც არ ზრუნავდნენ ქრისტეს მოწაფეების დიფერენციაციაზე. გამონაკლისს წარმოადგენდა იუდას პერსონაჟი. უფრო გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში, უკვე შესაძლებელი ხდება ზოგიერთი მოწაფის (ზოგჯერ ყველასი) საკმაოდ ზუსტად დადგენა. მიუხედავად იმისა, რომ თორმეტ მოწაფეს ხატავდნენ მათი ინდივიდუალური ატრიბუტების გარეშე, მხატვრები იცავდნენ განსაზღვრულ წესებს მათი გარეგნობისა და დაჯგუფების მიმართ. იოანე, „მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს“, იგი ჩვეულებრივ ქრისტეს გვერდზე ზის, შესაძლოა მას თავი ჰქონდეს დადებული მაცხოვრის მკერდზე („გადაიხარა იგი იესოს მკერდისაკენ და ეუბნება: უფალო, ვინაა იგი?“ იოან 13:25). იგი გამოსახულია ახალგაზრდა, უწვეროდ, გრძელი თმებითა და საკმაოდ ქალური სახის ნაკვთებით. პეტრეს გამორჩევა ძალზე იოლია: მოკლე და დახვეული ჭაღარა თმები, მოკლედ შეკრეჭილი ხუჭუჭა წვერი. სახე, როგორც მეთევზეს შეეფერება, მზისგან აქვს გარუჯული. ჩვეულებრივ მას ოქროსფერ ქიტონზე მოსხმული ცისფერი მოსასხამი აცვია. შესაძლოა პეტრეს ხელში ეჭიროს დანა, იმ ეპიზოდის გათვალისწინებით, როცა იესოს დაპატიმრებისას „პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, ამოიღო და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა...“ (იოან 18:10). პეტრე ზის იესოს გვერდით, ან მისგან მეორეა. ანდრია მოციქულიც მოხუცია, აწეწილი ჭაღარა თმითა და გრძელი ჭაღარა, ზოგჯერ გაბურძგნილი წვერით. იაკობ ალფესი სახის ნაკვთებით, თმისა და წვერის ვარცხნილობის სტილით იესო ქრისტეს ჩამოჰგავს, რადგან ტრადიციულად იგი იმ მოციქულთან არის გაიგივებული, რომელზეც პავლემ თქვა: „უფლისა ძმის, იაკობისა.“ (გალ 1:19). დანარჩენი მოციქულების იდენტიფიკაცია ნაკლებად არის განსაზღვრული. იაკობ ზებედესი, ისევე, როგორც მისი სეხნია, ქრისტეს ნათესავი იყო და მისი გამოსახულება რამდენადმე წააგვს ქრისტეს იერსახეს და მაგიდასთან მის გვერდით ზის. ფილიპე და თომა, იოანეს მსგავსად ახალგაზრდები არიან და წვერსაც არ ატარებენ. ხანდახან ისინი მაგიდის სხვადასხვა მხარეზე სხედან. სიმონი და იუდა (იაკობის ძე), ყველაზე პოპულარული ტრადიციის მიხედვით, ძმები იყვნენ და იმ მწყემსებს შორის იმყოფებოდნენ, რომლებსაც ანგელოზმა ქრისტეს დაბადება აუწყა. ამიტომ, ტრადიციულად მოხუცებად არიან გამოსახული და ერთმანეთის გვერდით სხედან. ბართლომეს ძალიან მუქი, თითქმის შავი თმები აქვს. იგი ჩვეულებრივ ყოველთვის წვერმოშვებულია, რითაც წააგავს მათეს.

0x01 graphic

LEONARDO da Vinci
საიდუმლო სერობა (ასლი)
XVI საუკუნე, ადრეული
აღორძინება
ზეთი ტილოზე, 418x794 სმ.
და ვინჩის მუზეუმი, ტონგერლო

ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობაში“ მოციქულების საყოველთაოდ მიღებული იდენტიფიკაცია ასეთია (მარცხნიდან მარჯვნივ): ბართლომე, იაკობ ალფესი, ანდრია, იუდა ისკარიოტელი, პეტრე (უკან), იოანე, (იესო ქრისტე), თომა (უკან), იაკობ ზებედესი, ფილიპე, მათე, იუდა იაკობის ძე, სიმონი.

საკმეველი

საკმეველი სურნელოვანი ფისია, რომელიც ეკლესიაში იხმარება საცეცხლურით კმევისთვის. საცეცხლური სიმბოლურად ნიშნავს მლოცველს, რომლის ლოცვავედრება საკმეველივით ზეცისკენ მიილტვის, რათა უფალს სასიამოვნო არომატი მიუძღვნას: „წარიმართოს ჩემი ლოცვა შენს წინაშე, ვითარცა საკმეველი“ (ფსალმ 140:2). თავად საკმეველი ამქვეყნიური სიწმინდის, უმანკოებისა და აღვლენილი ლოცვის სიმბოლოა. ზეცისკენ აღმავალი კვამლი სიმბოლურად მლოცველთა მიერ ღვთისადმი აღვლენილ ლოცვას განასახიერებს. სულიერი ლიტერატურა და იკონოგრაფია ბადებს აზრს, რომ თავდაპირველად გუნდრუკი გამოიყენებოდა მსხვერპლისა და მიცვალებულთა დაწვის დროს კოცონებიდან აღძრული არასასიამოვნო სუნის ჩახშობის მიზნით. მოგვიანებით დაიწყეს საკმევლის წმინდა სიმბოლური შესაწირავის სახით გამოყენება. გუნდრუკის კვამლი იყო ემბლემა, ხილული კავშირი ცასა და მიწას შორის. გუნდრუკი და მური, ახალდაბადებილი ქრისტეს თაყვანის საცემად მოსული მოგვების ძღვენი, ძალზე ძვირფას საქონელს წარმოადგენდა იმ დროინდელ ახლო აღმოსავლეთში. ქრისტიანული ეკლესია, თავდაპირველად სიფრთხილით ეკიდებოდა იმ ასოციაციებს, რომლებიც არსებობდა გუნდრუკსა და წარმართული ღმერთების თაყვანისცემას შორის. თუმცა, მალე თავად დაიწყო გუნდრუკის გამოყენება, რაც გახდა საკმევლის კმევის საყოველთაო საეკლესიო ტრადიცია.

0x01 graphic

HOLBEIN, Hans the Elder
ღვთისმშობლის მიძინება
დაახ. 1490, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ტემპერა მუხის პანოზე,
150x228,5 სმ.
ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი

საკურთხეველი

ჩვენს დროში შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი ნივთიერი სიმბოლო. საკურთხეველი (ლათ. alta ara - მაღალი სამსხვერპლო) ესაა საკულტო ნაგებობა, რომელიც ნებისმიერი ტაძრის (ეკლესია, მეჩეთი, წარმართული ბომონი და სხვა) წინა ნაწილშია მოთავსებული. ის ყველა რელიგიაში სამსხვერპლოს სიმბოლოს წარმოადგენს. თავდაპირველად მიწის ან ბელტის საკურთხეველს იყენებდნენ. მოგვიანებით, როდესაც დაიწყეს ტაძრების მშენებლობა, საკურთხეველს ქვისგან ან მეტალისგან ამზადებდნენ. იგი ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში იდგა ღვთაების გამოსახულების პირდაპირ.

სრულიად განსხვავებულია ქრისტიანული ეკლესიის საკურთხეველი. თავდაპირველად საკურთხეველი წარმოადგენდა მაგიდას, რომელზედაც სიყვარულის სერობა იმართებოდა. მეორე საუკუნის ბოლომდე საკურთხეველი რჩებოდა ეკლესიაში დადგმულ მაგიდად, რომელზედაც ნაწილდებოდა ზიარება და სრულდებოდა სხვადასხვა საეკლესიო მსახურებანი. ნაგებობის სახით საკურთხეველი ქრისტიანულ ეკლესიაში კონსტანტინე დიდის მმართველობის პერიოდიდან ჩნდება. დოგმა, რომ საკურთხეველი ყოველთვის აღმოსავლეთისკენ უნდა იყურებოდეს, ჯერ კიდევ რომის პაპის სიქსტინ მეორის დროიდან (გარდაიცვალა 258 წელს) მომდინარეობს. VI საუკუნიდან დამკვიდრდა საკურთხეველზე ჯვრის გამოსახვის ჩვეულება, ხოლო გრიგოლ VI დროიდან რომაულ ეკლესიაში წესად შემოვიდა რამდენიმე საკურთხევლის დადგმა. მთავარი, ყველაზე მაღალი საკურთხეველი ეკლესიის ამაღლებულ ადგილას იყო მოთავსებული. რომანულ ეკლესიაში ხშირად მორთული იყო საჩრდილობელითა და კიბის საფეხურებით. საკურთხეველზე მოთავსებულია: ჯვარი, ყვავილები და სანთლები.

მართლმადიდებლურ ეკლესიაში საკურთხეველი ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს შემაღლებულ ადგილას. იგი წარმოადგენს მაღალ სამსხვერპლოს და ტაძრის ცენტრალური ნაწილისგან გამოყოფილია კედლით, რომელსაც კანკელი ეწოდება. კანკელში მოთავსებულია ხატები. მას სამი კარი აქვს: ორი მცირე (ჩრდილოეთისა და სამხრეთის) და ერთი შუაში, რომელსაც სამეუფო ანუ აღსავლის კარი ეწოდება. აღსავლის კარში ჩამოკიდებულია კრეტსაბმელი, რომლის გახსნა და დახურვა ხდება მხოლოდ მღვდელმსახურის მიერ ღვთისმსახურების დროს და გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

0x01 graphic

DONATELLO
წმ. ანტონის საკურთხეველი
1447-50, ადრეული აღორძინება
ბრინჯაო
სან ანტონიოს ბაზილიკა, პადუა

0x01 graphic

POZZO, Andrea
წმ. იგნაციუს ლაიოლას
საკურთხეველი
1695-99, ბაროკო
მარმარილო, ბრინჯაო
რომი

აღსავლის კარში შესვლის უფლება არავის აქვს, გარდა სამღვდელო პირისა. საკურთხეველში შესვლა ეკრძალებათ მანდილოსნებს, ხოლო მამაკაცებს (ერისკაცებს) შესვლა მხოლოდ მღვდლის კურთხევის შემთხვევაში შეუძლიათ. ქრისტიანულ ეკლესიაში საკურთხეველი წარმოადგენს უფლის საფლავის სახეს, სადაც ქრისტემ თავისი თავი შესწირა თავის მამას. ხე განასახიერებს ჯვარს, ხოლო ქვა - გოლგოთას. საკურთხევლის ამაღლებული ადგილი ქრისტეს ჯვარზე აღსვლისა და მისი წამების სიმბოლოა. საკურთხეველში ამავალი კიბის სამი ან შვიდი საფეხური შესაბამისად განასახიერებს წმიდა სამებას ან სულიწმიდის შვიდ მადლს.

სალამანდრა

ადრეული ქრისტიანული ტექსტი „ფიზიოლოგუსი“ სალამანდრას უწოდებს „ხვლიკს“, რომელიც, ცეცხლში კი არ ცხოვრობს, არამედ თავისი ბუნებრივი თვისებებით ცეცხლის ჩაქრობა შეუძლია. „ფიზიოლოგუსში“ მოთხრობილია კურიოზული გადმოცემა სალამანდრას შესახებ. ამ გადმოცემის თანახმადა სალამანდრა ცივი ფრინველია („ყველა სხვა ფრინველზე უფრო ცივი“), რომელიც ვულკან ეტნაში ცხოვრობს და არ იწვის.

XII საუკუნეში ევროპის ქვეყნებში გავრცელდა ვითომდა იოანე პროტოპრესვიტერის ყალბი ეპისტოლე ბიზანტიის იმპერატორის მიმართ. ეს წერილი სასწაულების ჩამონათვალს შეიცავს და მოგვითხრობს სასწაულმოქმედ ჭიანჭველების შესახებ, რომლებიც მიწიდან ოქროს მოიპოვებენ; რომელიღაც ქვების მდინარის და თევზებით სავსე ქვიშის ზღვის შესახებ; გიგანტური სარკის შესახებ, რომელიც ყველაფერს აჩვენებს, რაც სამეფოში ხდება; მონოლითური ზურმუხტიდან გამოკვეთილი კვერთხის შესახებ და სხვა. ერთ-ერთ აბზაცში ვკითხულობთ: „ჩვენს მხარეში ცხოვრობს მუხლუხი, რომელსაც „სალამანდრა“ ჰქვია. სალამანდრები ცეცხლში ცხოვრობენ და აკეთებენ პარკებს, რომელთა ძაფიდან მეფის კარის ქალბატონები ქსოვილს ამზადებენ და ტანისამოსს კერავენ. ამ ქსოვილს გასაწმენდად ცეცხლში აგდებენ“. ქსოვილს, რომელიც ცეცხლში არ იწვის, ახსენებს მარკო პოლოც. იგი განმარტავს: „სალამანდრა ცხოველი არ არის, ის სუბსტანციაა“. თუმცა, მას არავინ უჯერებდა. აზბესტისგან დამზადებულ ქსოვილს სალამანდრას ტყავად ასაღებდნენ, რაც სალამანდრას არსებობის უტყუარ საბუთს წარმოადგენდა.

ქრისტიანები ამ მითიური ცხოველის სიმბოლოს იყენებდნენ, რათა დაემტკიცებინათ ძველი აღთქმის დანიელის წიგნში (3:19-25) მოთხრობილი სამი ყმაწვილის გავარვარებულ ღუმელში ყოფნის ისტორიის ჭეშმარიტება, ვინაიდან, „...როდესაც ცეცხლში გაივლით, არ დაიწვებით და ალი არ დაგწვავთ“ (ეს 43:2). შესაბამისად, ღმერთის მფარველობას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ცხოველის ბუნებრივ თვისებას.

გარდა ამისა, სალამანდრა სიმბოლურად განასახიერებდა ჭეშმარიტ მორწმუნესაც, რომელიც ეწინააღმდეგება ცდუნების ცეცხლს.

სამება

ღმერთის სამსახოვნება, სიმბოლიკის თვალსაზრისით თეოლოგიურად მნიშვნელოვანი ცნება. ქრისტიანული დოგმატი, რომლის მიხედვითაც ღმერთი ერთია თავისი არსებით, თუმცა, ღმერთი სამსახოვანია (სამპიროვანი) - მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა. სამების დოგმატის ფორმულირება მოხდა არიანელობის მიმდევრებთან კამათის პერიოდში ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე 325 წელს. ერთიანი ღმერთის სამპიროვნების თეორია დაასაბუთა ავგუსტინემ თავის ტრაქტატში „De Trinitate“ (ლათ. - „სამების შესახებ“).

0x01 graphic

BALEN, Hendrick van
წმიდა სამება
დაახ. 1620, ბაროკო
ზეთი პანოზე
წმ. იაკობის ეკლესია, ანტვერპენი

0x01 graphic

GREBBER, Pieter de
ღმერთი იწვწვს ქრისტეს დაჯდეს
ტახტზე მის ხელმარჯვნივ
1645, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 115x133 სმ.
წმ. ეკატერინეს მონასტრის
მუზეუმი, უტრეხტი

სამების თემა საერთოდ არ ფიგურირებს ძველ ქრისტიანულ და ადრეული შუა საუკუნეების რელიგიურ ხელოვნებაში, რაც იმით აიხსნება, რომ არავის ჰქონდა სურვილი ბუნებრივად გამოესახა სამების პირველი პირი, რომელიც იყო უჩინარი და, შესაბამისად შეუცნობელი. იმ პერიოდში სამებას გამოსახავდნენ იდეოგრამის საშუალებით - მაგალითად, სამი შეერთებული წრე.

თავდაპირველად მამა ღმერთს გამოსახავდნენ სიმბოლური თვალის ან ღრუბლიდან გამოშვერილი ხელის სახით. XI საუკუნეში აიკრძალა სულიწმიდის ადამიანის სახით გამოსახვა და იგი მტრედის ფიგურამ შეცვალა.

0x01 graphic

COECKE VAN AELST, Pieter
წმიდა სამება
რდილოევროპული აღორძინება
ზეთი ტილოზე, 98x84 სმ.
პრადო, მადრიდი

0x01 graphic

RUBLYOV, Andrey
სამება
დაახ. 1411, შუა საუკუნეები
ტემპერა პანოზე
ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი

სამების გამოსახვის სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. როცა ხაზგასმულია ღმერთის ერთიანობის იდეა, მაშინ ნაწარმოებში გამოსახული უნდა იყოს ან ერთი ფიგურა, ან სამი ერთნაირი ფიგურა. სხვა შემთხვევებში სამი იპოსტასი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ინდივიდუალური ატრიბუტებით. კლასიკური სამება პირველად აისახა XII საუკუნის ფრანგი და ჩრდილოეთ იტალიელი მხატვრების ნაწარმოებებში. მამა ღმერთი გამოსახულია მოხუცის სახით, შესაძლოა, გრძელი წვერითა და პატრიარქალური იერით, ზოგჯერ სამკუთხა შარავანდედით. კომპოზიციურად იგი ჯვარზე გაკრული ქრისტეს უკან და ოდნავ ზევით არის გამოსახული. მამა ღმერთს შეიძლება ხელში ეჭიროს წიგნი რომელზეც დაწერილია ბერძნული ასოები ალფა და ომეგა. ზოგჯერ იგი ფეხებით ეყრდნობა ცის გლობუსს. ქრისტეს თავზე ჰაერში ლივლივებს მტრედი.

0x01 graphic

PEREDA, Antonio de
წმიდა სამება
ბაროკო
ზეთი ტილოზე, 143x230,5 სმ.
ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი

მეორე, ნაკლებად გავრცელებულ ვარიანტში, სამება გამოხატულია სამი ადამიანის ფიგურის სახით. სამების კიდევ ერთი გამოსახულება დაფუძნებულია სარწმუნოების სიმბოლოს დოგმატებზე, რომელთა მიხევით იესო ქრისტე მამა ღმერთის მარჯვნივ ზის. სამების პირველ და მეორე პირებს აცვიათ სამეფო სამოსელი და გვერდიგვერ სხედან. მამა ღმერთს ხელში უჭირავს სკიპტრა და შესაძლოა ფეხებით სფეროს ეყრდნობოდეს. მათ შორის ჰაერში ლივლივებს მტრედი. სამების კიდევ ერთი, ნაკლებად გავრცელებული ვარიანტი გვხვდება XV საუკუნის ჰოლანდიურ ფერწერაში. მამა ღმერთი ზის ტახტზე და ხელით უჭირავს ქრისტეს უსულო სხეული.

სამების წევრების სიმბოლოებია ხელი (მამა ღმერთი), კრავი (ძე ღმერთი) და მტრედი (სულიწმიდა). ფერთა სიმბოლიკაში მათ შეესაბამებათ ყვითელი, წითელი და მწვანე, ხოლო თვისებებში - სიყვარული, რწმენა და სასოება.

სამეფო ტახტი

ბიზანტიურ ხელოვნებაში ცარიელი სამეფო ტახტი ღმერთის სიმბოლოს წარმოადგენს. ზოგჯერ იგი მეორედ მოსვლას განასახიერებს, ხოლო მტრედთან და ჯვარცმასთან ერთად გამოსახული ტახტი სამების სიმბოლოა.

0x01 graphic

POUSSIN, Nicolas
სოლომონის სიბრძნე
1649, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 101x150 სმ.
ლუვრი, პარიზი

ბიბლიაში მრავალჯერ არის ნახსენები ღვთის ტახტი. მეფე სოლომონმა, როგორც ღმერთის მიწიერმა წარმომადგენელმა, „გააკეთა... სპილოს ძვლისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი მოჭედა“ (3მეფ 10:18). იესო ჰპირდება მოციქულებს, რომ ისინი დასხდებიან თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსასჯელად, „...როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება...“ (მათ 19:28). იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ნათქვამია: „ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა...“ (გამოცხ 20:11). შუა საუკუნეებში სოლომონის ტახტი მიჩნეული იყო მარიამ ღვთისმშობლის სიმბოლოდ (სპილოს ძვალი - სიწმინდე, ოქრო - ღვთაებრიობა, ტახტისკენ მიმავალი საფეხურები - სათნოებანი). პეტრე მოციქულის ტახტი პაპიზმის სიმბოლოა. მართლმადიდებელ სამყაროში ძალზე პოპულარულია იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის ტახტის მომზადების მოტივი.

სამკუთხედი

იუდაიზმსა და ქრიასტიანობაში სამკუთხედი ღმერთის ნიშანია. სამების ადრეული ქრისტიანული სიმბოლური გამოსახულება იშვიათობაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტოლგვერდა სამკუთხედი წმიდა სამების პირველი სიმბოლოა. წმიდა სამების სხვა ნიშნების მსგავსად, სამკუთხედიც სამსახოვან ღმერთს, - მამა ღმერთს, ძე ღმერთსა და სულიწმიდას გამოხატავს. სამების დოქტრინის პირველწყარო იესო ქრისტეს ნათლისღების ისტორიაა, სადაც მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა ერთსახოვნადაა წარმოდგენილი. „როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკ 3:21-22). ქრისტიანული სამსახოვანი ღმერთი ზოგჯერ გამოხატულია სამკუთხედში ჩახატული თვალის (ყველაფრის მხედველი თვალი) ან სამკუთხა შარავანდედის სახით. ამ უკანასკნელით შეიძლება შემკობილი იყოს მხოლოდ მამა ღმერთი ან სულიწმიდა.

0x01 graphic

CAVAROZZI, Bartolomeo
წმ. ურსულა და მისი
თანამგზავრები პაპთან
კირიაკუსთან და წმ. ეკატერინე
ალექსანდრიელთან ერთად
1608, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 280x220 სმ.
სან მარკოს ბაზილიკა, რომი

0x01 graphic

PONTORMO, Jacopo
ვახშამი ემაუსში
1525, მანიერიზმი
ზეთი ტილოზე, 230x173 სმ.
დელი უფიცის გალერეა,
ფლორენცია

სამოთხე

სამოთხე დასაბამითი სრულყოფილებისა და ოქროს ხანის სიმბოლოა. იგი განასახიერებს კოსმოსურ ცენტრს, პირველყოფილ უბიწოებას, ნეტარებას, სრულყოფილ ჰარმონიას ღმერთსა და ადამიანს შორის, ადამიანსა და ყველა ცოცხალ არსებას შორის. სამოთხე სულის ის სიღრმეებია, სადაც თავს აფარებს უკვდავება. ის ადგილია, სადაც დრო არ იძვრის. სამოთხეს ყოველთვის ზღვა აკრავს ირგვლივ და მხოლოდ ზეცისთვისაა გახსნილი. სამოთხეში ღმერთსა და ადამიანს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ, ამიტომ ადამიანი და ცხოველები ერთ ენაზე ლაპარაკობენ. სამოთხის ბაღის ცენტრში ორი ხე დგას, სიცოცხლის ხე და კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე, ხე უკვდავებისა და ხე სიკვდილისა. სიცოცხლის ხის ფესვებიდან სათავეს იღებს სამოთხის მდინარე ბაღის მოსარწყავად. იგი იყოფა სამოთხის ოთხ მდინარედ (ფიშონი, გიხონი, ტიგროსი, ევფრატი), რომლებიც მიედინებიან ქვეყნიერების ოთხივე მხარისკენ და, რომლებიც წარმოქმნიან ჯვრის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებს. დაკარგული სამოთხე ანუ პირველი ადამიანების ცოდვის შედეგად დაცემა, სიმბოლურად განასახიერებს ერთიანობიდან სამყაროს გაორებისკენ და მრავალგვარობისკენ დაცემას, სრულყოფილების ცენტრიდან დაშორებას, გაფანტვას და დეზინტეგრაციას მრავალგვარობის სამყაროში. კვლავ მოპოვებული სამოთხე ნიშნავს დაბრუნებას ერთობისკენ, სულიერი ცენტრისკენ, ადამიანის თავის თავზე გამარჯვებას, თავდაპირველი უბიწოების აღდგენას. სამოთხის დაკარგვა ადამიანს სიბნელეში და დროში აბრუნებს, ხოლო მოპოვებული სამოთხე აღადგენს ერთიანობას და აჩერებს დროის მსვლელობას. სამოთხის სიმბოლოა მისი ცენტრი, შემოზღუდული და საიდუმლო თვალწარმტაცი ბაღი, რომელშიც გალობენ ჩიტები და ყვავიან სურნელოვანი ყვავილები. დაკარგულ სამოთხეს დარაჯობენ ანგელოზები ცეცხლოვანი მახვილებით. დაკარგული სამოთხის მოპოვება უამრავ სიძნელესთან, გამოცდასთან და ხიფათთან არის დაკავშირებული, რომლებიც განასახიერებენ რთულ სულიერ გზას უკან, ცენტრისკენ მოგზაურობის დროს. ღვთისმოსავი და ღვთისმოშიში ადამიანებისთვის მთავარი მიზანი დაკარგული სამოთხის დაბრუნებაა.

0x01 graphic

CRANACH, Lucas the Elder
სამოთხე
1530, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ცაცხვის მერქანი, 81x114 სმ.
ხელოვნების ისტორიის მუზეუმი,
ვენა

შუა საუკუნეებში გამეფებული წარმოდგენის მიხედვით მიწიერი სამოთხე სამყაროს ცენტრის, იერუსალიმის მახლობლად მდებარეობდა. ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელ ამ ბედნიერების კუნძულს ცეცხლოვანი მახვილებით იცავენ ანგელოზები და მხოლოდ ბუნდოვნად თუ შეესაბამება მიწიერ ადგილს. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში აღწერილი „ახალი იერუსალიმიც“, ასეთივე დასახელების მიწიერ ქალაქს შეესაბამება, როგორც ხელშესახები არქეტიპი. გოტიკური დიდებული ტაძრებიც აღიქმებოდნენ, როგორც სამოთხის გამოხატულება. ამ მიზეზით მთავარი პორტალი მორთული იყო განკითხვის დღის რელიეფური გამოსახულებებით.

სამყაროს შექმნა

ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის სხვადასხვა სტადიებიდან ხელოვნებაში ყველაზე ხშირად ადამიანის შექმნის სიუჟეტები გვხვდება. ამ თემაზე შექმნილი სცენების ციკლი გვხვდება დაბადების წიგნის ილუმინირებულ კოდექსებში და XII საუკუნის მონუმენტალურ ხელოვნებაში. სამყაროს შექმნის თემა ძალზე ფართოდ არის წარმოდგენილი გოტიკური ტაძრების სკულპტურულ პორტალებზე და ვიტრაჟებზე. შუა საუკუნეების ეკლესიების მორთულობა მიზნად ისახავდა ვიზუალურად წარმოედგინა ქრისტიანული მიწიერი სამყაროს, ქრისტიანობის მიკროკოსმოსის განსახიერება, რომელშიც შესაბამისი ადგილები ეჭირა სამყაროს შექმნის ეტაპებს. დაბადების პირველი ორი თავი შეიცავს ორ მოთხრობას, რომლებიც ერმანეთისგან განსხვავდებიან მოვლენების განვითარების რიგითობის გადმოცემის თვალსაზრისით. პირველ თავში მოთხრობილია თუ რა ხდებოდა ექვსი დღის განმავლობაში, კერძოდ, პირველ დღეს ერთმანეთს გამოეყო დღე და ღამე, მეორე დღეს „შექმნა ღმერთმა მყარი, და გაყო ღმერთმა მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისაგან“, მესამე დღეს შექმნა მიწა და მცენარეები, მეოთხე დღეს გააჩინა მზე, მთვარე და ვარსკვლავები (ზოგჯერ ნახატებზე ღმერთს ვარსკვლავების ცაზე განლაგებაში ანგელოზები ეხმარებიან), მეხუთე დღეს შექმნა ფრინველები და თევზები, მეექვსე დღეს შექმნა ცხოველები და ადამი და ევა. მთელი ციკლის განმავლობაში შექმნის ყოველი აქტი დასრულებულად წარმოდგენილია სამების პირველი ან მეორე პირის მიერ. კომპოზიციის ციკლი შეიძლება ცვლილებებსაც განიცდიდეს. სიქსტის კაპელაში მიქელანჯელომ სამყაროს შექმნის ციკლი შეცვლილი სახით წარმოადგინა, მან სამყაროს შექმნის ციკლს დაუმატა ადამისა და ევას დაცემისა და კაცობრიობის წარღვნით დასჯის სცენები. ზოგჯერ ღმერთის გამოსახულება ფარგლით ზომავს დედამიწის სფეროს.

0x01 graphic

MICHELANGELO, Buonarotti
მზის, მთვარისა და მცენარეების
შექმნა
1511, აღორძინება
ფრესკა, 280x570 სმ.
სიქსტის კაპელა, ვატიკანი

სამყურა

ერთიანობისა და ჰარმონიის ერთ-ერთი უძველესი სიმბოლო (ბერძ. Trifullos - სამყურა). გამოხატავს წმიდა სამებას. წმინდა პატრიკის ემბლემა. ლეგენდის მიხედვით, როდესაც წმინდა პატრიკი ირლანდიაში ქადაგებდა ქრისტიანულ მოძღვრებას, სამყურას სამების სიმბოლოდ იყენებდა. იგი ირლანდიელებს ამ მცენარის საშუალებით უხსნიდა ერთი ღმერთის სამსახოვნების პრინციპს. პატრიკს ხელში სამყურა ეჭირა და ხალხს ეკითხებოდა: „ეს ერთი სიცოცხლეა თუ სამი?“ ისინი პასუხობდნენ: „ორივე, ერთი სიცოცხლეც და სამიც“. „ასეა ღმერთიც“, უხსნიდა ხალხს წმინდა პატრიკი. ეს პაწაწინა მცენარე დღემდე ჩრდილოეთ ირლანდიის უძველესი ეროვნული ემბლემაა. სამყურას ფოთოლი ირლანდიურ-კელტური ეროვნული ცნობიერების სიმბოლოა, რომელსაც ქრისტეს დაბადებამდე დრუიდები სცემდნენ თაყვანს, როგორც წმინდა სიმბოლურ მცენარეს და, რომელიც მოგვიანებით სამების სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. სამყურას ფოთოლი წმინდა პატრიკის ატრიბუტი გახდა. ამ წმინდანმა გველი მოკლა კომბლით, რომელიც სამყურას ფოთლის ფორმის ჯვრით ბოლოვდებოდა. სიმბოლიკის პირველად მნიშვნელობას, როგორც ჩანს, მცენარის დიდ საარსებო ძალასთან მივყავართ, რომელმაც სამყურა სიცოცხლის მძლავრი ენერგიის განსახიერებად აქცია.

0x01 graphic

ARNOLFO DI CAMBIO
სამლოცველო
1283, შუა საუკუნეები
მარმარილო
წმ. სესილიას ეკლესია
ტრასტევერეში, რომი

0x01 graphic

ფანჯრის ვიტრაჟი წმ. პატრიკის
კათედრალური ტაძრის მთავარი
შესასვლელის თავზე, ნიუ-იორკი,
მანჰეტენი

შუა საუკუნეების ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (გოტიკური სამმაგი თაღი), მათ შორის საქართველოში, სამყურას ფოთოლი ხშირად გამოიყენებოდა, როგორც ორნამენტის ელემენტი („სამყურასებრი ორნამენტი“). მაგალითად, მარტვილის ეკლესიის კედელზე გამოკვეთილ ვაზის ორნამენტს სამყურასებრი ფოთლები აქვს.

სანთელი

როგორც უმეცრების წყვდიადში გამონათებული სულიერი სინათლის განსახიერება, სანთელი ქრისტიანული ტრადიციების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა: „მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოან 1:4-5). სანთელი ქრისტეს, ეკლესიის, მადლისა და რწმენის ემბლემას წარმოადგენს. იგი განსაკუთრებულ როლს ასრულებს რელიგიურ რიტუალებში. კათოლიკურ ეკლესიაში სადღესასწაულო მესა - მარიამ ღვთისმშობლის განწმენდა - შეიცავს პროცესიას სანთლების თანხლებით (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება). საკურთხეველზე აღმართული ჯვრის მარჯვნივ და მარცხნივ გამოსახული სანთლები იესო ქრისტეს ორი ბუნების, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების გამოხატულებაა. მართლმადიდებელ ეკლესიაში სამი შეერთებული სანთელი წმიდა სამებას განასახიერებს.

მარიამ ღვთისმშობელი სასიკვდილო სარეცელზე ზოგჯერ შეიძლება სანთლით ხელში იყოს გამოსახული (ღვთისმშობლის მიძინება). შვიდი ლამპარი მცირე აზიის შვიდ ეკლესიას განასახიერებს და ხანდახან საკურთხევლის სანთლების სახითაა გამოსახული. იუდეველთა შვიდსანთლიანი შანდალი სოლომონის ტაძრის სიმბოლოა: „და გააკეთა მისი შვიდი კანდელი თავისი მაშებითა და თავისი აქანდაზებით წმიდა ოქროსაგან“ (გამ 37:23). ამ სიმბოლოს ხილვა შეიძლება „ტაძრად მიყვანების“ სიუჟეტზე შექმნილ ფერწერულ ტილოებზე.

0x01 graphic

CLEVE, Joos van
ღვთისმშობლის მიძინება
ჩრდილოევროპული აღორძინება
მუხის მერქანი, 63x123,5 სმ.
უოლრაფ-რიხარტცის მუზეუმი,
კიოლნი

გარდაცვლილი ადამიანის ცხედართან დანთებული სანთლები, რომლებიც ანათებენ სიკვდილის წყვდიადს, განასახიერებენ მომავალი სამყოფელის სინათლეს და დაკრძალვის რიტუალის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.

სასწორი

სამართლიანობის ემბლემა. იხმარება, როგორც კანონის, მართლმსაჯულებისა და იუსტიციის ატრიბუტი. ქრისტიანულ სიმბოლიკაში სასწორი გამოხატავს ღვთის რისხვას, რომელიც კაცობრიობას დაატყდება თავს განკითხვის დღეს. გარდა ამისა, ეს სიმბოლო ასოცირდება მიქაელ მთავარანგელოზთანაც, რომელსაც გარდაცვლილთა სულებზე პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული. განკითხვის დღის ამსახველ ფერწერულ ტილოებზე მიქაელ მთავარანგელოზი ფრთებითაა გამოსახული, ხელში სასწორი უჭირავს, რომლის პინებზეც გაშიშვლებული ფიგურების სახით ადამიანთა სულებია მოთავსებული. როგორც წესი, ჭეშმარიტი მორწმუნე ადამიანის სული ცოდვილის სულზე უფრო მძიმეა. ზოგიერთ პოპულარულ მოტივში გამოსახულია სატანა, რომელიც სასწორის ერთ-ერთი თეფშის გადაწონას ცდილობს. მიქაელ მთავარანგელოზს აცვია ჯავშანი და შეიარაღებულია ფარითა და მახვილით ან შუბით. სულების მომავლის განმსაზღვრელსი სახით, მის ფიგურას ცენტრალური ადგილი უკავია განკითხვის დღის სცენებში. მიქაელ მთავარანგელოზის სახე ფართოდ არის გავრცელებული რელიგიურ ხელოვნებაში, განსაკუთრებით წმინდა მიქაელის სახელობის ეკლესიების ფრესკებში.

0x01 graphic

MEMLING, Hans
განკითხვის დღე, ტრიპტიქი (ღია)
1467-71, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი მერქანზე,
221x161 სმ (ცენტრ),
223,5x72,5 სმ (თით. კარედი)
სახალხო მუზეუმი, გდანსკი

0x01 graphic

JACOBELLO DEL FIORE
მართლმსაჯულება მიქაელ და
გაბრიელ მთავარანგელოზებს
შორის
1421, ადრეული აღორძინება
ტემპერა პანოზე, 208x490 სმ.
აკადემიის გალერეა, ვენეცია

სატანა

ქრისტიანებისთვის სატანა ბოროტი ანგელოზია, რომელიც თავის ეშმაკეულ გუნდთან ერთად ღვთის საწინააღმდეგო გზას დაადგა და ბოროტების წყარო გახდა. თავდაპირველად ეკლესიას მიაჩნდა, რომ სატანის დაცემა ადამიანის შექმნაზე ადრე მოხდა და ამ ფაქტის ალუზიად ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს თვლიდა: „როგორ ჩამოვარდი ციდან, მთიებო, განთიადის ძევ (ლუციფერი)...“ (14:12).

შუა საუკუნეებისა და ადრეული აღორძინების პერიოდების ხელოვნებაში უფლის წიაღიდან განდევნილ ანგელოზებს ციდან ვარდნის პროცესში გამოსახავენ. ამ დროს მათ ეზრდებათ კუდი, ბრჭყალები და უჩნდებათ სხვა დემონური ნაკვთები. ქვევით წევს ლუციფერი, შესაძლოა, იგი ლევიათანის ხახაში იყოს გამოსახული. ზემოთ, ცაში მოჩანან შუბებიანი ანგელოზები და ტახტზე მჯდომი ღმერთი. XVI საუკუნიდან ხდება ამ თემისა და გამოცხადებაში აღწერილი ზეცაში მიმდინარე ომის, მიქაელ მთავარანგელოზისა და სატანის (გველეშაპი) ბძოლის სიუჟეტის გაერთიანება. ეშმაკის, როგორც ცხოველური ნაკვთების მატარებელი არსების სახე ეგვიპური და ძველი სპარსული რელიგიებიდან იღებს სათავეს. სწორედ აღმოსავლური გავლენის შედეგია გამოცხადების მრავალთავიანი მონსტრები და ბიზანტიურ ხელოვნებაში დამკვიდრებული სატანის სახე.

დროთა განმავლობაში, შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში შეიცვალა ეშმაკის გარეგნობა. მას ძირითადად ადამიანის სახით გამოხატავენ, მაგრამ შერჩა ბევრი ცხოველური ნაკვთები, კერძოდ, ბრჭყალები თითებზე, კუდი, გველებით გარშემორტყმული ორგანოები და ზოგჯერ ფრთებიც, რაც სატანის შთამომავლობაზე მიუთითებს.

0x01 graphic

GIORDANO, Luka
აჯანყებული ანგელოზების
დამარცხება
1666, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 419x283 სმ.
ხელოვნების ისტორიის მუზეუმი,
ვენა

0x01 graphic

MEMLING, Hans
დაცემა
დაახ. 1485, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი ხის მერქანზე, 22x14 სმ.
სან ნიკოლო ალ კარმინე, სიენა

აღორძინების ეპოქამ ეშმაკის სახე რქებიანი და წყვილჩლიქიანი ანტიკური სატირის გამოსახულებებიდან გადმოიღო, რაც ქრისტიანობის მტერს - წარმართობას აღნიშნავდა. შესაძლოა სატანა გარეგნულად ბერის ან მწირის სახით იყოს შენიღბული, მაგრამ თავს ამჟღავნებს ჩლიქით ან ბრჭყალით, რომელიც მოსასხამიდან მოუჩანს.

საფარველი (ღვთისმშობლის)

ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. გადმოცემის თანახმად, 910 წელს ბერძნებსა და არაბებს შორის გამართული ბრძოლის დროს ბერძნებს ძლიერ გაუჭირდათ. დარაჯად მდგარ წმინდა ანდრია სალოსსა და მის მოწაფეს, ეპიფანეს, გამოეცხადათ ღვთისმშობელი, რომელმაც ლოცვა-კურთხევით გადააფარა ქრისტიანებს წმინდა საფარველი, თან ძლევა და მშვიდობა უსურვა. გამხნევებულმა ბერძნებმა მტერი უკუაქციეს. ამ სასწაულით გამოიხატება, რომ მარიამ ღვთისმშობელი ადამიანების მფარველია. საფარველი (ომფორი) წმიდა მარიამის მფარველობის სიმბოლოდ იქცა.

0x01 graphic

CHARONTON, Enguerrand
მფარველი ღვთისმშობლი
(The Virgin of Mercy)
1452, ჩრდილოევროპული
აღორძინება
პანო, 66x187 სმ.
კონდეს მუზეუმი, შანტილი

ადრეული აღორძინების პერიოდის ხელოვნებაში ღვთისმშობლის მფარველობის გამომხატველ ნაწარმოებებში წმინდა მარიამი ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს. მას ფართოდ აქვს გაშლილი მოსასხამი, რომლის ქვეშაც შეყუჟულები არინ ადამიანები (როგორც სასულიერო, ასევე საერო). შესაძლოა ღვთისმშობლისგან მარჯვნივ გამოსახული იყოს მაცხოვარი (წიგნით ხელში, რომელზეც კრავი ზის), ხოლო ხელმარცხნივ იოანე ღვთისმეტყველი გველიანი თასით ხელში.

საშობაო ნაძვის ხე

მარადმწვანე ხე - ზამთრის ბუნიობის, ახალი წლისა და ახალი საწყისის ნიშანი. ნაძვი აღორძინებისა და უკვდავების ხეა, სინათლისა და საჩუქრების სამოთხის ხეა, რომელიც ღამით კაშკაშებს. შობის ხე სიმბოლურად სინათლის აღორძინებას გამოხატავს, ხოლო ამ ხეზე მოციმციმე სანთლები ადამიანთა სულის სიმბოლოა.

საცეცხლური

საცეცხლური საკმევლის კმევისთვის განკუთვნილი ჯაჭვებზე ჩამოკიდებული დახურული თასის ფორმის ჭურჭელია, რომლის ზედა მხარე დახვრეტილია. ძველ აღთქმაში საცეცხლური სიმბოლურად გამოხატავდა მორწმუნის უფლისადმი მიმართვას, რათა ღმერთს მისი თხოვნა შეესმინა: „წარიმართოს ჩემი ლოცვა შენს წინაშე, ვითარცა საკმეველი, ჩემს ხელთა აღპყრობა იყოს საღამოს მსხვერპლად“ (ფსალმ 140:2). ქრისტიანულ რელიგიაში საცეცხლურიდან ამოსული საკმევლის კეთილსურნელოვანი კვამლი სიმბოლურად გამოხატავს მორწმუნის მიერ ღვთისადმი აღვლენილ ლოცვას, რომელიც ზეცისკენ მიემართება. საცეცხლური წმინდანების ლავრენტისა და სტეფანეს ატრიბუტია.

0x01 graphic

MINIATURIST, Franch
ინგებორტის ფსალმუნნი
დაახ. 1195, შუა საუკუნეები
მოხატულობა პერგამენტზე,
304x204 სმ.
კონდეს მუზეუმი, შანტილი

0x01 graphic

WEYDEN, Rogier van der
წმ. ჰუბერტის ექსგუმაცია
1437-40, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი მუხის მერქანზე, 88x81 სმ.
ნაციონალურ

სახარება

ბერძნულად ევანგელე - ხარება, სასიხარულო ამბის უწყება. ღვთის მიერ ბოძებული და წმინდა მოციქულების საშულებით დაწერილი წიგნების კრებული, სადაც ღვთისმიერი გამოცხადება ზუსტად და შეუცვლელად არის შენახული. სახარება შედგება ოთხი წიგნისგან, რომლებიც შეიცავენ ხარების, ქრისტეს შობის, ცხოვრების, ვნებებისა და აღდგომის ამბებს. არსებობს ოთხი კანონიკური სახარება: მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი. ოთხივეს ერთად ოთხთავი ეწოდება.

ქრისტეს მოძღვრების პირველ მქადაგებლებს ნაკლებად აწუხებდათ ჩანაწერების გაკეთების პრობლემა. აღსანიშნავია, რომ თვით მოძღვრება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, I საუკუნეში ჯერ არც კი იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული. მოხეტიალე წინასწარმეტყველები ჰყვებოდნენ იმას, რაც იცოდნენ იუდეაში ჯვარცმული მაცხოვრის შესახებ, რომლის აღდგომაც ჭეშმარიტად სწამდათ. ამავე დროს, ისინი ნიმუშების სახით იყენებდნენ იუდეველთა შორის გავრცელებულ იგავებს ქადაგებებსა და მოთხრობებს რაბინთა ცხოვრების ცალკეული ეპიზოდების შესახებ. ასე ეყრებოდა საფუძველი ქრისტიანული ზეპირსიტყვიერების ტრადიციას.

ეკლესიის მიერ წმინდა წიგნებად აღიარებული ტექსტები თავმოყრილია ახალ აღთქმაში. ყოველი ქრიატიანისთვის სათაყვანებელი ეს კრებული მოიცავს ოცდაშვიდ ნაწარმოებს: მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს ოთხ სახარებას, „მოციქულთა საქმეებს“, მოციქულთა ოცდაერთ ეპისტოლეს და იოანეს გამოცხადებას. ახალი აღთქმის წიგნები კანონიკური წიგნების სახელითაა ცნობილი და ეკლესია მათ უწოდებს ღვთით გაცხადებულ ტექსტებს.

0x01 graphic

MINIATURIST, German
წმ. მათეს სახარება
1235-40, შუა საუკუნეები
მოხატულობა პერგამენტზე,
33,5x25 სმ.
სახელმწიფო კოლექცია, რატუშა,
გოსლარი

0x01 graphic

MINIATURIST, English
სახარება
დაახ. 1175, შუა საუკუნეები
მოხატულობა პერგამენტზე
კერძო კოლექცია

ახალი აღთქმა მოიცავს I-III საუკუნეებში შექმნილი ვრცელი ქრისტიანული ლიტერატურის მხოლოდ უმნიშვნელოდ მცირე ნაწილს. II-IV საუკუნეებში მოღვაწე მწერლები მოიხსენიებენ და ციტირებას უკეთებენ სხვადასხვა სახარებებს. მათ შორის, პეტრეს, ანდრიას, ბართლომეს სახარებებს, თომას ორ სახარებას, შინაარსობრივად სრულიად განსხვავებულ მარიამის სახარებას. ღვთისმეტყველი კლიმენტი ალექსანდრიელი (დაახლოებით 200 წელი ქრისტეს შობიდან) წერს, რომ გავრცელებული იყო მარკოზის სამი სახარება, კერძოდ, კანონიკური, ყალბი და ხელდასხმულთა ვიწრო წრისთვის განკუთვნილი საიდუმლო სახარება. ყველა ეს წიგნი განდევნილია ეკლესიის მიერ და მათ აპოკრიფებს უწოდებენ.

სვეტი

სვეტი, რომელზეც ქრისტე მიაბეს გაშოლტვისას, მაცხოვრის ვნებების ერთ-ერთ სიმბოლოდ იხმარება. „მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა. ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, და ძოწეულის მოახურეს. მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ! და სახეში სცემდნენ“. (იოან 19:1-3).

კოპტური ლეგენდის მიხედვით, ფრთოსანი სულის მიერ სოლომონისთვის ნაბოძებ ერთ-ერთ სვეტზე ამოკვეთილი იყო სამყაროს ყველა სიბრძნე, რომელთა წყალობით სოლომონ მეფემ მოიპოვა სიბრძნე. ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს უდაბნოში „უფალი უძღოდა წინ დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით კი ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად...“ (გამ 13:21). სოლომონის იგავებში ნახსენები სიბრძნის სახლის შვიდი სვეტი, სულიწმინდის შვიდი მადლის გამოხატულებაა.

0x01 graphic

BRAMANTE, Donato
ქრისტე სვეტთან
დაახ. 1490, ადრეული
აღორძინება
ტემპერა დაფაზე, 93x62 სმ.
დი ბრერას პინაკოთეკა, მილანი

0x01 graphic

ANTONELLO da Messina
ქრისტე სვეტთან (დეტალი)
დაახ. 1475-79, ადრეული
აღორძინება
ზეთი ხის მერქანზე, 25,8x21 სმ.
ლუვრი, პარიზი

სისხლი

სისხლი, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, სიცოცხლისა და ადამიანის სულის სიმბოლოა. იესო ქრისტემ დაღვარა თავისი სისხლი ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად. „აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად“ (მათ 26:27-28). წითელი ფერი რწმენისთვის წამებულთა სიმბოლოა, რომლებმაც ქრისტეს უარყოფას, სიკვდილი არჩიეს.

0x01 graphic

SASSETTA
ევქარისტიის სასწაული
1423, ადრეული აღორძინება
პანო, 24x38 სმ.
ბოუეს მუზეუმი, ბერნარდის
სასახლე

ქრისტეს სისხლს ცენტრალური ადგილი უკავია ზიარების საიდუმლოს შესრულების დროს. წყალში გარეული ღვინო სიმბოლურად ეკლესიას აღნიშნავს, რომელიც განუყოფლად უერთდება წყალს ანუ მორწმუნეებს. მრევლი იმსჭვალება მაცხოვრის სისხლის ცხოველმყოფელი ძალით. ჯვარცმის ამსახველ სცენებში ხშირად ანგელოზები ქრისტეს სისხლს თასში აგროვებენ, რომელიც თავის მხრივ გრაალის გამოხატულებაა.

სისხლი ითვლებოდა სიცოცხლის ღვთიურ ელემენტად, რომელიც ადამიანების სხეულში მოქმედებს. ბევრ კულტურაში სისხლი ტაბუდადებულია და მისი დაღვრა მხოლოდ განსაკუთრებული მომზადების შემდეგ იყო ნებადართული, მაგალითად, მსხვერპლად შეწირვის რიტუალისას. ბიბლიაში ნათქვამია: „რადგან ხორციელი სიცოცხლე სისხლშია და მე სამსხვერპლოსათვის მოგეცით, თქვენი სიცოცხლის შენდობისათვის, რადგან სისხლია, სულს რომ განწმენდს. ამიტომ მე ვუთხარი ისრაელის ძეთ: არც ერთი თქვენთაგანი არ უნდა ჭამდეს სისხლს“ (ლევ 17:11-12).

ძალზე საინტერესოა პინედოს ციტატა ეტიმოლოგიური წყაროებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში. ციტატა მოყვანილია ესაიას წიგნის (63:1-2) კომენტარებიდან: „ეს ვინ არის, ედომიდან რომ მოდის, მეწამული სამოსით - ბოცრადან? ...რატომ არის წითელი შენი სამოსელი და შენი ტანსაცმელი საწნახელში მწურავივით?“ პინედო ასე ახასიათებს ამ გამონათქვამს: „ედომი და მისი დედაქალაქი ბოცრა ყველა არაებრაელი წარმართი ხალხების სიმბოლოა. სიტყვა ედომი ნიშნავს „წითელს“, ხოლო ბოცორი - „საწნახელს“. ამით შეიძლება აიხსნას წმინდა მამის სიტყვები: ის, ვინც „წითელი“ გამოდის „საწნახელიდან“, არავინაა, თუ არა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რამეთუ, მოცემული დოკუმენტის თანახმად, სწორედ ეს შეკითხვა დაუსვეს ანგელოზებმა ქრისტეს ტრიუმფალური ამაღლებისას”. სისხლს რიტუალებში უფრო დიდ როლი აქვს მინიჭებული, ვიდრე სიმბოლიკაში, თუმცა რიტუალებშიც არ კარგავს სიცოცხლის განსახიერების მნიშვნელობას.

სკა

სკა შედარებით ახალი სიმბოლოა და განასახიერებს ეკლესიას. ხელოვნებაში იგი სამონასტრო ძმობის სახედ გვევლინება. ისევე, როგორც მონასტერში ბერები, სკაში მომუშავე უამრავი ფუტკარიც, თითოეული თავისი საქმითაა დაკავებული, მაგრამ ყველანი გაერთიანებული არიან ერთი საერთო მიზნით. სკა გამოიყენებოდა მჭერმეტყველების სიმბოლოდ. იგი წარმოადგენს მჭერმეტყველი რელიგიური ლიდერების წმინდა ბერნარდის, წმინდა ამბროსისა და წმინდა იოანე ოქროპირის ატრიბუტს, რადგან ისინი თაფლივით ტკბილად საუბრობდნენ.

სოდომი და გომორა

ძველ აღთქმაში მოხსენიებულია ქანაანელთა ორი ქალაქი, რომლის მცხოვრებლებმაც ცოდვიანი და უკეთური საქციელით ღვთის რისხვა დაიმსახურეს. ღმერთმა დასაჯა ეს ქალაქები და მთლიანად დაანგრია. სოდომი და გომორა მოხსენიებულია სტრაბონისა და ტაციტუცის მიერ, თუმცა მკვდარი ზღვის სანაპიროზე უღმერთო ქალაქების არსებობის არქეოლოგიური მტკიცებულება დღემდე არ აღმოუჩენიათ. დაბადების წიგნში მოთხრობილია სოდომის მცხოვრებთა მორალური გახრწნილების, უცხოელების მიმართ მათი ჰომოსექსუალური ვნებების შესახებ, რის გამოც „აწვიმა უფალმა ციდან გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან, ციდან სოდომსა და გომორას. და დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი და ყოველი მკვიდრი ამ ქალაქისა და ყოველი მცენარე მიწისა“ (დაბ 19:24-25). სოდომი და გომორა უზნეობის ისეთივე სიმბოლო გახდა, როგორც ბაბილონი. ძველი აღთქმის მეორე რჯულის წიგნში მოსე ამბობს: „რადგან ჩვენს კლდეს არ ჰგავს მათი კლდე. და თავად ჩვენი მტრები განსჯიან ამას. რადგან სოდომის ვენახიდანაა მათი ყურძენი და გომორას ველებიდან...“ (რჯლ 32:31-32). ზნეობის დაცემას სოდომის მოსახლეობაში თავისებურ განმარტებას აძლევს შუა საუკუნეების ნოველების კრებული „Hesta Romanorum“ (დაახლოებით 1300 წელი). ამ წიგნში ნათქვამია, რომ ზომაგადასულმა ღორმუცელობამ და თავშეუკავებლობამ „აცდუნეს სოდომიტები ცოდვის ჩასადენად... სოდომიტების უღმერთობა იმის რეზულტატია, რომ მათ ძალზე ბევრი პური ჰქონდათ და მაძღრები იყვნენ. და, ჩვენ ვთხოვთ უფალს, რათა დაგვეხმაროს შევინარჩუნოთ მიწაზე თავშეკავებულობა, რათა მან ზეცაში მიგვიპატიჟოს თავის სუფრაზე“. ებრაული ლეგენდის მიხედვით, როდესაც ლოტის ცოლმა, ღმერთის გაფრთხილების მიუხედავად, უკან მოიხედა და შეხედა სოდომის განადგურებას, ღმერთმა იგი მარილის სვეტად აქცია, რომელიც დღესაც დგას იმ ადგილას.

0x01 graphic

LUCAS van Leyden
ლოტი და მისი ქალიშვილები
დაახ. 1520, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი ხის მერქანზე, 48x34 სმ.
ლუვრი, პარიზი

0x01 graphic

DCRER, Albrecht
ლოტი ქალიშვილებთან ერთად
გარბის სოდომიდან
დაახ. 1498, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი და ტემპერა პანოზე,
52x41 სმ.
ხელოვნების ნაციონალური
გალერეა, ვაშინგტონი

სულთმოფენობა

ქრისტეს ამაღლებიდან ორმოცდათი დღის შემდეგ, ებრაული დღესასწაულის დროს, მოციქულები ერთად იყვნენ ოთახში შეკრებილები. „და იქმნა მოულოდნელად ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ“ (საქმე 2:2-4). ეს თემა, რაც უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, საკმაოდ იშვიათად გვხვდება შუა საუკუნეების შემდგომი პერიოდების ქრისტიანულ ხელოვნებაში, მით უფრო, რომ ეს ეპიზოდი მოასწავებს ქრისტიანული ისტორიის მნიშვნელოვან საკვანძო მომენტს - ეკლესიის დაბადებას.

0x01 graphic

RESTOUT, Jean II
სულთმოფენობა
1732, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 465x778 სმ.
ლუვრი, პარიზი

თავშეყრის ადგილას ფიგურირებს თორმეტი მოციქული (იუდას მაგივრად არჩეული იქნა მათია), მარიამ ღვთისმშობელი, ზოგჯერ კი მარიამ მაგდალელი და სხვა წმინდა დედანი. ახალი აღთქმის მოციქულთა საქმეებში არ არის ნახსენები სულიწმიდის მოფენის დროს მარიამისა და სხვა ქალების ოთახში ყოფნა. თუმცა, საგულისხმოა, რომ, სულთმოფენობის წინამორბედ ეპიზოდში იერუსალიმში დაბრუნებული მოციქულები „ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან, და მის ძმებთან ერთად“ (საქმე 1:14). აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, მარიამ ღვთისმშობლის როლი სიმბოლურია: იგი განასახიერებს თავად ეკლესიას, და შესაძლოა, ასრულებდეს მოციქულების სულიერი დედის როლს. ჩვეულებრივ იგი ნახატის ცენტრშია გამოსახული, ხოლო მოციქულები მის ირგვლივ არიან თავმოყრილნი. ისინი ან სხედან ან გაოცებულები და შეშინებულები დგებიან თავიანთი ადგილებიდან. მოციქულების თავზე გამოსახულია სულიწმიდის მტრედი. თითოეულ მოციქულს ეცემა სინათლის სხივი, ხოლო მათ შუბლზე ანთია ცეცხლოვანი ენები (თითოეული მოციქულის შუბლზე ერთი ცეცხლის ალი). ადრეული აღორძინების ეპოქის ხელოვნებაში გვხვდება ბიზანტიური ხელოვნებიდან ნასესხები მოტივი, სადაც ფიგურირებს მოხუცი, რომელსაც ხელში უჭირავს თორმეტი გრაგნილი (rotuli), თორმეტ ენაზე თარგმნილი სახარება. ზოგჯერ მოციქულების ქვემოთ გამოსახულია სხვადასხვა სამოსით შემოსილი თორმეტი ფიგურა, რომლებიც განასახიერებენ კაცობრიობის თორმეტ ეროვნებას. ისინი ყურადღებით და გაოცებით აკვირდებიან ზემოთ განვითარებულ მოვლენებს: „როცა ეს ხმაური მოხდა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, ვინაიდან თითოეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ მის საკუთარ ენაზე“ (საქმე 2:6).

0x01 graphic

JUAN DE FLANDES
სულთმოფენობა
აღორძინება
პანო, 110x84 სმ.
პრადო მადრიდი

0x01 graphic

TIZIANO, Vecellio
სულიწმიდის მოფენა
დაახ. 1545, აღორძინება
ზეთი ტილოზე, 570x260 სმ.
სანტა მარია დელა სალუტეს
ეკლესია, ვენეცია

აღმოსავლეთის ეკლესიის სულთმოფენობის ხატზე ზოგჯერ მოციქულების შუაში გამოისახება გვირგვინოსანი კაცი. წარწერა გვატყობინებს, რომ ის განასახიერებს კოსმოსს, ანუ ღმერთის მთელ შესაქმეს. ადამიანი თავის თავში მოიცავს მთელ მიწიერ და სულიერ სამყაროს, იგი მცირე კოსმოსია, მაგრამ, ამავე დროს, ღმერთმა ადამიანი მთელი შესაქმის გვირგვინად, სამყაროს მეფედ შექმნა. სულიწმიდის მოსვლით საბოლოოდ განსრულდა ადამიანის გამოხსნა, აღდგა მისი მეფობის პატივი. სულთმოფენობის ხატზე კოსმოსის სამეფო სამოსი და გვირგვინი სწორედ ამ მოტივზე მიუთითებს და ადამიანისა და სამყაროს სულიწმიდით შემკობას გულისხმობს. გვირგვინოსანს ხელში მანდილი უჭირავს, რომელშიც თორმეტი წილის საყარი კენჭია. ეს მოციქულთა წილხვედრ ქვეყნებში სახარების ქადაგებას და ეკლესიის დაფუძნებას აღნიშნავს.

სულიწმიდა

სულიწმიდა ერთარსება სამების (მამა, ძე და სულიწმიდა) მესამე პირია და არის ჭეშმარიტი ღმერთი. ფერწერაში სულიწმიდას, ჩვეულებრივ, თეთრი მტრედის სახით გამოსახავენ. ქრისტეს ნათლისღების შემდეგ, როდესაც ნათელღებული იესო წყლიდან ამოვიდა „გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა“ (მათ., 3:1). როდესაც სიუჟეტის მონაწილე სამების სამივე იპოსტასია, სულიწმიდა შესაძლოა ადამიანის სახით იყოს გამოხატული დანარჩენი ორი წევრის მსგავსად ან შესაძლოა მათზე გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებოდეს.

აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე დაჰპირდა მოციქულებს, რომ მიიღებდნენ ძალას, როცა გადმოვიდოდა სულიწმიდა მათზე და ისინი გახდებოდნენ მაცხოვრის მოწმენი იერუსალიმში და მთელ ქვეყანაზე. აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მოციქულები ერთად შეიკრიბნენ „და იქნა მოულოდნელი ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით...“ (საქმე 2:2-4). სინათლის სხივების ან ცეცხლის ენების სახით.

0x01 graphic

GREBBER, Pieter de
ქრისტეს ნათლისღება
1625, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 235x155 სმ.
წმ. სტეფანეს ეკლესია, ბეკუმი

0x01 graphic

GIAQUINTO, Corrado
სულიწმიდა
დაახ. 1750, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 64x48 სმ.
კერძო კოლექცია

სურო

სურო სიმბოლურად მუდამ უკვდავი სულის არსებობასთან იყო გაიგივებული. ყველა მარადმწვანე მცენარის მსგავსად სურო ერთგულებისა და მარადიული სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენს. იმის გამო, რომ სუროს ყლორტები გარს ეხვევა და ეჭიდება გამხმარ ხეებს, ხოლო აყვავებულ ხეებს აშთობს და კლავს, შუა საუკუნეების ქრისტიანულ სიმბოლიკაში ეს მცენარე სიკვდილის შემდეგ სულის მარადიული სიცოცხლის ალეგორიას გამოხატავდა.