ქრისტიანობის ლექსიკონი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: პეტროზილო პიერო
თემატური კატალოგი ლექსიკონები
წყარო: ISBN 978-9941-0-3408-4
საავტორო უფლებები: © ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამოცემა თბილისი 2011 Piero Petrosillo Il Cristianesimo dalla A alla Z Lessico delle fede cristiana Milano Edizioni San Paolo 1995 იტალიურიდან თარგმნა მარიკა სააკაშვილმა რედაქტორი მერაბ ღაღანიძე ყდაზე: ბერნარდო დადი, „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“ (1340) ყდის დიზაინერი ზაზა ჩუგოშვილი © სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი © ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი



1 ქრისტიანობის ლექსიკონის გამო

▲back to top


ქართულად გამოცემული ენციკლოპედიების, ლექსიკონებისა თუ ცნობარების უკიდურესმა სიმწირემ, - მით უმეტეს, როცა საქმე შეეხება რელიგიურ თემატიკას, - გადაგვაწყვეტინა, მკითხველისათვის მიგვეწოდებინა ქრისტიანობის ლექსიკონი, რომლის წყაროდაც შეირჩა პიერო პეტროზილოს ფართოდ აღიარებული და სანდოდ მიჩნეული ნაშრომი: „ქრისტიანობა ანიდან ჰოემდე: ქრისტიანული სარწმუნოების ლექსიკონი“.

წიგნში ანბანურადაა დალაგებული ცნებები და ცნობები, რომლებიც მოკლედ, - თუმცა საფუძვლიანად და მთლიანობაში, - წარმოაჩენს ქრისტიანულ სამყაროს: საღმრთო წერილსა და საღმრთო გადმოცემას, ეკლესიის მოძღვრებას სარწმუნოებისა და ზნეობის შესახებ, აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის სულიერ და ლიტურგიულ ცხოვრებას, ეკლესიის ისტორიის განმაპირობებელ მოვლენათა განვითარებასა და თანამედროვე მდგომარეობას, კანონიკური სამართლის დებულებებსა და ღმრთისმოსაობის პრაქტიკებს; ცალ-ცალკეა დახასიათებული ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობათა, სწავლებათა, დაჯგუფებათა წარმოშობა და რაობა; ამავე დროს, გულდასმითაა შერჩეული და მოწოდებული უმთავრესი მონაცემები მსოფლიოს ყველა გავრცელებული რელიგიისა თუ რელიგიურ მოძრაობათა შესახებ.

ამდენად, როგორც კი მკითხველს დასჭირდება რომელიმე აუცილებელი ცნების მნიშვნელობის გაგება ან დადგენა წარსული თუ ამჟამინდელი რელიგიური ცხოვრებიდან, იგი ლექსიკონში უმალ იპოვის ამ ცნების - თუნდაც ესკიზურ, მაგრამ სარწმუნო - განმარტებას. წიგნის თანდათანობითი გაცნობისას ცხადი ხდება, რომ მის ფურცლებზე პანორამულადაა გადაშლილი რელიგიური ცხოვრების ის დიდძალი მემკვიდრეობა, რაც ადამიანს სულიერ ძიებათა გზაზე თუ გზებზე დაუგროვებია.

მაგრამ ლექსიკონის დამახასიათებელი თვისებაა მისი მყარად გამოკვეთილი პოზიცია: ის არა მარტო უმთავრეს ყურადღებას მიაპყრობს ქრისტიანობას და განსაკუთრებულ ადგილს უთმობს საყოველთაო ეკლესიას, არამედ მიზნად ისახავს, რომ ქრისტიანული თუ არაქრისტიანული სამყარო დანახული იქნეს ქრისტიანული თვალთახედვით, საყოველთაო ეკლესიის სამზერიდან, ეკლესიის მოძღვრების მტკიცე მიდევნებითა და ერთგულებით. შეიძლება ითქვას, რომ ლექსიკონში გადმოცემულია, რას მეტყველებს ეკლესია შემოქმედის, სამყაროსა და ადამიანის შესახებ.

ამის მიუხედავად, - ან, შესაძლოა, სწორედ ამიტომ, - წიგნი განკუთვნილია როგორც ქრისტიან მორწმუნეთა, ისე სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა თუ ურწმუნოთათვის; როგორც კათოლიკე ეკლესიის, ისე ქრისტიანობის სხვა მიმდინარეობათა წევრთათვის; როგორც ეკლესიურ, ისე ეკლესიიდან სრულიად შორს მდგომ ადამიანთათვის. მიგვაჩნია, რომ ამ უკანასკნელთ — ურწმუნოებთან ერთად - ის გზას გაუკვალავს, თუ არა იმდენად თავად სარწმუნოებისაკენ, ყოველ შემთხვევაში, მისი უკეთ გაგებისა და ცოდნისაკენ (თან, საგულისხმოა, რომ ცოდნის წყარო ამ შემთხვევაში შინაგანი ცოდნის სივრცეში იმყოფება), ხოლო მორწმუნე თუ ეკლესიურ ქრისტიანთ კი ლექსიკონი სურვილს გაუჩენს და საშუალებას მისცემს, უფრო ღრმად და საფუძვლიანად ჩასწვდნენ თავიანთ სარწმუნოებას, შეუდარონ და შეუპირისპირონ ის იმას, რაც სხვას სწამს ან არ სწამს.

ის, რომ წიგნი საქმის პროფესიული ცოდნითაა დაწერილი, ხელს არ უშლის მისი ცალკეული სტატიების მისაწვდომობას. მათი აღქმა არ გაუჭირდება არც იმას, ვინც აქამდე ჩაუხედავი იყო ამგვარ საკითხებში და ამჟამად გადაწყვეტს, იმ თემათა შესახებ პირველადი ცოდნა მოიპოვოს, რომელთა განმარტებასაც ჰპირდება მას წარმოდგენილი ლექსიკონი. რა თქმა უნდა, სალექსიკონო სტატიებს ვერც ექნება და არც მოეთხოვება იმგვარი ამომწურაობა, რაგვარიც საკითხს ძირისძირამდე ჩაჰყვებოდა, მაგრამ ისინი უთუოდ ბიძგსაც და სწორ ორიენტაციასაც მისცემს ყურადღებიან მკითხველს, თუ საით წარმართოს თავისი კითხვები და სად მოიპოვოს შესაბამისი საკითხავი.

ლექსიკონის გამოსაცემად მომზადებისას დიდ დაბრკოლებას ქმნიდა ტერმინოლოგიის ქართულად გადმოტანის პრობლემა, რაც განპირობებულია, ჯერ ერთი, დასავლურქრისტიანული თეოლოგიური ტექსტების ქართულად თითქმის სრული უთარგმნელობით და, შესაბამისად, საჭირო ტერმინოლოგიის უქონლობით; მეორე, - რაც უფრო გადამწყვეტია, - იმ გარემოებით, რომ ქართული საეკლესიო ცხოვრება ბოლო ათასწლეულის განმავლობაში სრულიად განსხვავებულ ინტელექტუალურ კალაპოტში მიედინებოდა, ვიდრე ევროპული თეოლოგიური, ფილოსოფიური, სულიერი თუ კანონიკური მდინარებანი. სხვა თუ არაფერი, ტერმინოლოგიური არადიფერინცირებულობის გამო ქართულად ხშირად ძნელი მოსაპოვებელი ხდება განმასხვავებელი სიტყვები იმ შინაარსობრივ განსხვავებათა გადმოსაცემად, რასაც ევროპულ ენებში რამდენიმე ცნება ემსახურება, ან პირიქით: ის, რაც ევროპულ ენებში (მაგალითად, ლათინურად) ერთი ჩამოყალიბებული ცნებაა, ქართულად მას რამდენიმე სიტყვა შეესაბამება. სამაგალითოდ თუნდაც „სარწმუნოებისა“ და „რწმენის“ გამიჯვნის სირთულეც კმარა...

მკითხველის ყურადღებას იმასაც მივაპყრობთ, რომ ლექსიკონის ქართული ვერსიის მომზადებისას ერთმანეთს ერწყმოდა სურვილი მივიწყებული ლექსიკის გაცოცხლებისა და მცდელობა ახალი ლექსიკის შექმნისა, შემოტანისა, დამკვიდრებისა. ამავე დროს, უპრიანად მივიჩნიეთ, გვესარგებლა ხელსაყრელი საშუალებით ძველ წყაროებში შენახულ სიტყვათა, გამოთქმათა თუ ფორმათა აღსადგენად ან მათთვის სწორი, თავდაპირველი მნიშვნელობის დასაბრუნებლად (მაგალითად, ლექსიკონის სხვადასხვა თავისებურებათა შორის მკითხველი უთუოდ შენიშნავს, რომ ცნება „მონაზონი“ გამოყენებულია როგორც ქალ, ისე მამაკაც მოწესეთა მიმართ, - ძველი ქართული ტრადიციისა და ტერმინის პირველადი ბერძნული წარმოშობის კვალობაზე).

ყოველ ცნებას ლექსიკონში თან მოჰყვება - ფრჩხილებში - იტალიური შესატყვისი ცნება, რომელიც არა მარტო აადვილებს შესაბამისობის გარკვევას წიგნის ორიგინალთან (და თარგმანის ტერმინოლოგიური სისწორის შემოწმებასა თუ დაზუსტებას), არამედ, ამასთანავე, ჩანასახოვანი სახით, საშუალებას იძლევა, ხელთ გვქონდეს ქართულ-იტალიური რელიგიურ ტერმინთა ლექსიკონი. და კიდევ: ცნების შემდეგ კვადრატულ ფრჩხილებში მოცემული ეტიმოლოგიური განმარტება ხშირად სწორედ იტალიური (ან ლათინური) სიტყვის წარმოშობას განმარტავს, თუმცა ამგვარ განმარტებათა დატოვება მაინც ზედმეტად არ მივიჩნიეთ, თუნდაც ამა თუ იმ ცნების ლინგვისტური კონტექსტის გასათვალისწინებლად...

ლექსიკონის ერთი, - შესაძლოა, არცთუ სანაქებო, - თვისება ისიცაა, რომ, თუკი ამა თუ იმ ცნებისათვის ქართულად აქამდე არ მოგვეპოვებოდა საგანგებო ტერმინი, მას არცთუ იშვიათად ვტოვებდით იმგვარად, უთარგმნელად, როგორც ის ევროპულ ენებში (განსაკუთრებულად - ლათინურად) იხმარება. ამჯერად ასეთი გადაწყვეტილება ვამჯობინეთ, რაკი დარწმუნებული ვართ, რომ ქართული შესატყვისის მოძებნას მომავალში დრო, გარემო და თარგმანის მონაწილეთა სიმრავლე გააიოლებს.

ბუნებრივია, რომ ლექსიკონში, რომელსაც საფუძვლად დაედო იტალიური ორიგინალი, სრულიად არაა ასახული ქართული სინამდვილის მონაცემები. მაგრამ ამ გულდასაწყვეტი ვითარების მიუხედავად, შეუძლებლად მივიჩნიეთ ავტორისეულ - მწყობრ და ინტეგრალურ - ტექსტში უნებართვო და უდიერი ჩარევა. ამავე დროს, ნაკლულობის ეს გრძნობა იმედს გვიჩენს, რომ არც ისე შორეულ მომავალში შეიქმნება როგორც ცალკე ქართული ქრისტიანული ტრადიციისა და კულტურის ლექსიკონი, ისე უკვე ქართულად დაწერილი და შედგენილი ქრისტიანული ლექსიკონი, რომელშიც ქართული მასალაც თავის შესაბამის და უეჭველად კუთვნილ ადგილს დაიჭერს. ამ იმედის ერთი საყრდენი თავად ამ წიგნის მშობლიურ ენაზე თარგმნა და გამოქვეყნებაა, და ეს იმიტომაც, რომ ეს წიგნი ნამდვილად გამოადგება და გზის სიძნელეს გაუადვილებს ყველა იმას, ვინც შემდგომში ქართულ ქრისტიანულ ლექსიკოგრაფიაში რამე სიახლის შეტანას გადაწყვეტს.

გაცვეთილი იქნება იმის თქმა, რომ ლექსიკონის შემდგომი გამოცემისათვის მისი გაუმჯობესება, დაზუსტება, შესაძლო შეცდომათა გასწორება ივარაუდება, მაგრამ წიგნის ხელახალი, გადახედული და შეცვლილი გამოცემის აუცილებლობა მაშინ დადგება, როცა ჩვენი სიტყვათხმარება ბევრად უფრო გამდიდრდება ქრისტიანული ცნებებით: ძველიც გაცხოველდება და ახალიც დაიმკვიდრებს თავის ადგილს. ეს კი მაშინ მოხდება, როცა თუნდაც ჩვენი ცოდნა ქრისტიანობის შესახებ, თუნდაც ჩვენი გონებრივი თუ სულიერი განვითარება ქრისტიანობის წიაღში უფრო ცოცხალი, უფრო ზრდადი, უფრო ქმედითი გახდება, რაგვარ საღმრთო საქმესაც თავისი კნინი წვლილი - სულ მცირე ბიძგის სახით - ვინძლო წინამდებარე ლექსიკონმაც შეჰმატოს.

მერაბ ღაღანიძე
2011, იანვრის 28
წმიდა თომა აკვინელის დღე

2

▲back to top


აბაკუმი (Abacuc) ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

აბაკუსი (Abaco) [ბერძ. abax, შემდეგ ლათ. abacus „(საანგარიშო) დაფა“] პრესბიტერიუმში - მღვდლის სამყოფელში - მდგომი პატარა მაგიდა, რომელზეც წირვის აღსრულებისათვის საჭირო წმიდა ჭურჭელი და სხვა ლიტურგიული საგნები ლაგდება. არქიტექტურაში: სვეტის კაპიტელის ზედა ნაწილი, რომელსაც ეყრდნობა არქიტრავი ან თაღი.

აბატი (Abate) [არამ. `abbà „მამა“] მონაზვნობის საწყის პერიოდში, უმთავრესად ეგვიპტესა და სირიაში, ასე უწოდებდნენ სულიერ მოძღვრად არჩეულ მონაზონს. დღეს ეს სიტყვა აღნიშნავს დამოუკიდებელი მონასტრის წინამძღვარს, არჩეულს მონასტრის კაპიტულუმის მიერ საიდუმლო კენჭისყრით, რომელსაც აქვს სრული ძალაუფლება მონასტრის შიდა თუ გარე საქმიანობაში, თანამდებობაზე მისი ყოფნის დრო კი განისაზღვრება ცალკეულ მონასტერთა თუ ორდენთა წესდებითა და კონსტიტუციით. ეს არ გამორიცხავს, რომ აბატი შეიძლება ექვემდებარებოდეს სამონასტრო კონგრეგაციის უპირატესს ან წინამძღვარს.

აბატისა (Badessa) [არამ. `abbà, „მამა“, ლათ. abbatissa] ქალთა მონასტრის წინამძღვარი.

აბდია (Abdia) ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

აბიტინო (Abitino) სიტყვა „სამოსის“ (abito) კნინობითი ფორმა: ქსოვილზე ნაქარგი ან ქსოვილის პატარა პარკში ჩასმული მცირე ზომის წმიდა ხატი, რომელსაც ყელსაბამის მსგავსად, ტანსაცმლის ქვეშ ატარებენ მოწიწების ნიშნად.

აბორტი (Aborto) [ლათ. abortus, წარმოებული ზმნიდან აბორირი (უარყოფითი ნაწილაკი ab + oriri „დაბადება“)] ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ანუ ნაყოფის განადგურება არასიცოცხლისუნარიან ასაკში საშვილოსნოდან მისი განდევნის გზით. აბორტის დაგმობა ეკლესიის მოძღვრების უცვლელი საკითხია, რაც ვატიკანის II კრებამაც განამტკიცა შემდეგი სიტყვებით: “აბორტი, ისევე როგორც ბავშვის მკვლელობა, საშინელი დანაშაულია” (GS, 51). აბორტი განკვეთით ისჯება (CIC, კან. 1398).

აბსოლუტური (Assoluto) [ლათ. absolutus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა აბსოლვერე „განთავისუფლება“] ის, რაც არაა განპირობებული ან დამოკიდებული რამე სხვაზე, „სრულია თავისთავად და თავისით“, არაა დაკავშირებული წარმავალობის ქმნადობასთან და დროისა და სივრცის კატეგორიებთან.

აგაპე ნ. კაცთმოყვარეობა.

აგნოსტიციზმი (Agnosticismo) [ბერძ. ágnostos „უცნობი“] ეს სიტყვა 1869 წელს შექმნა ინგლისელმა ნატურალისტმა თ. ჰაქსლიმ (1825-1895). აგნოსტიციზმი აღნიშნავს იმ ადამიანის პოზიციას, რომელიც თავს იკავებს მეცნიერული თვალსაზრისით გადაუწყვეტელ პრობლემათა შესახებ მოსაზრების გამოხატვისაგან. ფილოსოფიაში აგნოსტიციზმი აღნიშნავს სულიერ დამოკიდებულებას, რომელიც უარს ამბობს, გამოხატოს საკუთარი განსჯა აბსოლუტისა და ღმრთაებრივის არსებობისა და ბუნების შესახებ.

აგრაფა (Agrapha) [ბერძ. á-grapha (lógia) „დაუწერელი (სიტყვები)“] ამ სიტყვით აღინიშნება იესოს კანონიკურ სახარებაში ჩაუწერელი სიტყვები, გადაცემული ტრადიციისა და აპოკრიფების მეშვეობით.

ადვენტი (Avvento) [ლათ. adventus „მოსვლა“] ქრისტიანული სახელდებით, ადვენტი აღნიშნავს მესიის მოსვლას, ვისაც ხანგრძლივად ელოდა ებრაელი ხალხი და რაც ქრისტიანთათვის იესო ქრისტეს განკაცებით აღსრულდა. მაგრამ ქრისტეს მოსვლა ჯერ სრულად არ განხორციელებულა: მსხემი ეკლესია ისევ ელის პარუსიას, დიდებით მის დაბრუნებას. ლიტურგიაში ადვენტი ეწოდება შობის წინა პერიოდს, რომელიც ლიტურგიული წლის დასაწყისს აღნიშნავს. მისი პირველი ნაწილი მორწმუნეებს ქრისტეს დიდებული მოსვლის მოლოდინისათვის განაწყობს, მეორე კი (17-24 დეკემბერი) შობის ზეიმისთვის ამზადებს. რომაულ წესში ადვენტი ოთხ კვირას გრძელდება, ამბროსისეულში კი - ექვს კვირას.

ადვენტისტები (Avventisti) [ლათ. adventus „მოსვლა“] ასე უწოდებენ ცალკეულ ქრისტიანულ სექტათა მიმდევრებს, რომლებიც ახლო მომავალში ელიან იესო ქრისტეს მეორე და საბოლოო „მოსვლას“. ამ მოძრაობის ფუძემდებლად მიჩნეულია უილიამ მილერი (1782-1849), ბაპტისტი ფერმერი მასაჩუსეტსიდან, რომელმაც „ჟამთა დასასრულის“ დადგომა 1843 წლისთვის ივარაუდა. ამჟამად 50-ზე მეტი ადვენტისტური სექტა არსებობს. მათ შორის ყველაზე ცნობილია მეშვიდე დღის ადვენტისტები.

ად ლიმინა ნ. Ad limina; ვიზიტი ad limina.

ადმინისტრატორი (Amministratore) კანონიკური სამართლის კოდექსი ადმინისტრატორის სამ სახეობას აყალიბებს: ა) სამოციქულო ადმინისტრატორი: პირი, რომელსაც აკისრია სამწყსო ხელმძღვანელობა და მართვა უმაღლესი პონტიფექსის სახელით „ღმრთის ხალხის განსაზღვრული ნაწილისა, რომელიც საგანგებო და განსაკუთრებულად ღრმა მიზეზთა გამო არ არის დაარსებული დიოცეზად“ (CIC, კან. 371); მას ეწოდება სამოციქულო სავიკარიუსო ან სამოციქულო პრეფექტურა. ბ) სადიოცეზო ადმინისტრატორი: პირი, რომელსაც ევალება დიოცეზის მართვა იმ პერიოდში, როდესაც ეპისკოპოსის თანამდებობა ვაკანტურია (CIC, კან. 421); გ) სამრევლო ადმინისტრატორი: ეპისკოპოსის მიერ დანიშნული პირი, რომელიც განაგებს საკრებულოს, როდესაც ვაკანტურია წინამძღვრის თანამდებობა, ან წინამძღვარს არ შეუძლია სამწყსო საქმიანობის განხორციელება (CIC, კან 539).

ადმინისტრაცია, სამოციქულო ნ. სამოციქულო ადმინისტრაცია.

ადონაი (Adonài) [ებრ. სიტყვა „უფალო ჩემო“] ღმრთის საზოგადო მიმართვა-მოხმობა (დაბ. 15:2.8; 18:3.27, შმდ.; 19:18) და სახელი (ეს. 6:1). ბაბილონის ტყვეობის შემდეგ მან შეცვალა წმიდა ტექსტებში იაჰვეს (Jhwh) სახელი, რომლის წარმოთქმაც შეუძლებელი იყო. სახელ ჟჰწჰ-ს თანხმოვანთა შორის სიტყვა „ადონაი“-ს ხმოვანთა ჩასმის შედეგად (= JaHo WaH) წარმოიქმნა შუა საუკუნეებში გავრცელებული მცდარი გამოთქმა იეჰოვა. ნ. იეჰოვას მოწმეები; უფალი; კირიოს.

ადოპციონიზმი/ადოპციანიზმი (adozionismo/adozianismo) II საუკუნიდან აღმოცენებული ერესი, რომელიც გავრცელდა ესპანეთში ჯერ IV საუკუნის დასასრულს, ხოლო შემდგომ VIII საუკუნეში და, რომლის თანახმადაც, იესო ნაზარეველი ღმრთის მიერ „აყვანილ“ შვილად მიიჩნეოდა. ამ აღმსარებლობის მიმდევართათვის იესო იყო უბრალო ადამიანი, რომელმაც თავისი სიქველითა და მორჩილებით ღმრთისაგან შვილად აყვანის პატივი დაიმსახურა.

ადრექრისტიანული (Paleocristiano) [paleo (ბერძ. palaiós, „ძველი“) და cristiano „ქრისტიანული“] აღნიშნავს ყოველივეს (ხელოვნებას, ლიტერატურას და სხვა), დაკავშირებულს ქრისტიანობის საწყის ხანასთან, დასაბამიდან დაახლოებით VI საუკუნემდე.

ავგუსტინელი (Agostiniano) უკავშირდება ჰიპონელ წმიდა ავგუსტინეს (354-430) ან ერთ-ერთ იმ რელიგიურ ორდენს, რომლებიც წმიდა ავგუსტინეს წესდებას მისდევს. ავგუსტინელობა შუა საუკუნეებში აღმოცენდა და გავრცელდა, როდესაც ავგუსტინელთა რელიგიური გამოცდილება იურიდიულად ჩამოყალიბდა რეგულარულ კანონიკოსთა, სამონასტრო-სამხედრო ორდენებისა (ნ. მალტის ორდენი; ტევტონთა ორდენი და ა.შ.) და უპოვართა ორდენების სახით. შუა საუკუნეებში, ასევე, დაარსდა ავგუსტინელ ქალთა სხვადასხვა მონასტერი, შემდგომში კი - საეროთა მესამე ორდენი.

ავგუსტინესეული წესდება (Regola agostiniana) ავგუსტინესეული წესდება (მას მისდევდნენ ავგუსტინელნი, დომინიკელნი, პრემონსტრატები, რეგულარული კანონიკოსები), რომელიც განსაკუთრებით შუა საუკუნეებში იყო გავრცელებული, ორი ფსევდოავგუსტინური სამონასტრო წესდების შერწყმის შედეგად შეიქმნა: ერთი მათგანი იყო De ordine monasterii (II წესი), მეორე - Informatio regularis (III წესი). პირადად ავგუსტინეს მიერ დაწერილი წესდების არარსებობა ჯერ კიდევ XI საუკუნემდე დადგინდა. VII სუკუნეში ჰიპონის ქალთა მონასტერში არსებული დაპირისპირების საკითხზე დაწერილი ავგუსტინეს წერილი (ეპ. 211, 1-4) ქალთა სამონასტრო ორდენის წესდების საფუძვლად იქნა აღებული (ეპ. 211, 5-16, ეგრეთ წოდებული Regula ad virgines, I წესი), რის ნიმუშადაც, შესაძლოა, იქცა Informatio regularis.

ავხორცობა (Lussuria) [ლათ. luxuria, სიტყვიდან luxus, „თავშეუკავებლობა“] შვიდ მთავარ მანკიერებათაგან ერთ-ერთი, - ამპარტავნებასთან, სიხარბესთან, მრისხანებასთან, გაუმაძღრობასთან, შურთან, მცონარობასთან ერთად. „ავხორცობა სქესობრივი სიამოვნების მოუწესრიგებელი სურვილი ან ზღვარდაგასული მიღებაა. სექსუალური სიამოვნება ზნეობრივად მოუწესრიგებელია, როდესაც ის თვითმიზნად იქცევა და შთამომავლობის შექმნასა და ორი ადამიანის ურთიერთკავშირს არ უკავშირდება“ (CCC, 2351).

ათეიზმი (Ateismo) [ბერძ. a-theós სიტყვასიტყვით „ღმრთის გარეშე“, „უღმრთო“] აღნიშნავს იმ ადამიანთა იდეოლოგიურ პოზიციას, ვინც უარყოფს ღმრთის არსებობას. ათეიზმი შეიძლება იყოს: თეორიული ანუ განსჯითი, როდესაც ღმრთის არსებობის ფორმალურ უარყოფასთან გვაქვს საქმე; პრაქტიკული, როდესაც ადამიანი ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობდეს; სკეპტიკური, როდესაც ადამიანს გადაულახავად მიაჩნია ეჭვი ღმრთის არსებობის შესახებ; აგნოსტიკური, როდესაც ღმრთის არსებობის დაუმტკიცებლობა „აბსოლუტურად“ მიიჩნევა; თეორიულ-პოზიტიური, როდესაც საქმე გვაქვს ღმრთის არსებობის ნებისმიერი მტკიცებულების უარყოფის მცდელობასთან და იმის მტკიცებასთან, რომ ნამდვილი მტკიცებულება არასოდეს წარმოდგენილა და მისი წარმოდგენა ვერასოდეს გახდება შესაძლებელი.

აიაზმის სასხურებელი ნ. უსუპი.

აიათოლა (Ayatollah) [არაბ. ayat Allah „ღმრთის ნიშანი“] შიიტი მუსლიმები ასე უწოდებენ დიდ თეოლოგებს, მოძღვრებსა და ყურანის განმმარტებლებს, რომლებსაც ხალხზე რელიგიურ-პოლიტიკური გავლენა აქვთ.

აკოლითოსი (Accolito) [ბერძნ. akólythos „თანამგზავრი“, „ის, ვინც მიჰყვება“ და, ფართო მნიშვნელობით, „ის, ვინც ემსახურება“; გვიანლათ. acolùthus] ასე ეწოდება დანიშნულ და არა ხელდასხმულ ღმრთისმსახურს, რომელსაც ევალება წირვის მომსახურება, მღვდლისა და დიაკვნის დახმარება ლიტურგიულ მსახურებაში, განსაკუთრებით, წირვის აღვლენის დროს; მას, საგანგებო მსახურის ხარისხში, შეუძლია ზიარების მიცემა, წმიდა ნაწილების გამოტანა თაყვანისცემისათვის მორწმუნეთა წინაშე და შემდეგ მისი კვლავ შენახვა ტაბერნაკულუმში.

აკრძალულ წიგნთა ნუსხა (Indice dei libri proibiti) [ლათ. index librorum prohibitorum] იმ წიგნთა თუ პუბლიკაციათა ნუსხა, რომლებსაც წმიდა საყდარი გმობდა წმიდა უწყების კონგრეგაციის საშუალებით, როგორც ცრუ, მავნებელ, ან რწმენისა და ზნეობისათვის სახიფათო იდეათა გამავრცელებელს. აკრძალულ წიგნთა პირველი სია 1559 წელს პაპმა პავლე IV-მ გამოაქვეყნა. სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაციის მიერ 1966 წელს გამოცემულ დეკრეტში განმარტებულია, რომ თუმცა აკრძალულ წიგნთა სია კვლავაც ინარჩუნებს მორწმუნეთათვის აღმზრდელობით ზნეობრივ მნიშვნელობას, ის უკვე აღარ წარმოადგენს კანონის ძალას თან დართული აკრძალვით. ეკლესია კვლავაც განაგრძობს წიგნების განსჯას მოძღვრების მართებულობის თვალსაზრისით. უარყოფითი დასკვნის გამოტანის შემთხვევაში წიგნის ავტორს შეცდომის გამოსწორების რჩევა ეძლევა. თუ ავტორი ამაზე უარს იტყვის, წმიდა საყდარი იტოვებს უფლებას, საჯაროდ დაგმოს თხზულება.

ალაჰი (Allah) ღმრთის სახელი ისლამში; შედგება სიტყვისაგან „ღმერთი“, რომელსაც დართული აქვს ნაწევარი. ალაჰის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან დებულებას წარმოადგენს ისლამური სარწმუნოების აღსარების, შაჰადის, პირველი ფრაზა: „არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ღმრთისა“ („ლა ილაჰა ილლალაჰ“). ისლამის თანახმად, ადამიანურ საზომთა მეშვეობით ღმრთის უფრო ზუსტი განსაზღვრების შეუძლებელია, რადგანაც ღმრთის მსგავსი არაფერი არსებობს (ყურანი, 112,4; 42,11). თუმცა, იმავე ყურანში ღმრთის კონცეპტუალური განსაზღვრების მიზნით მოყვანილია ეგრეთ წოდებული „99 კეთილი სახელი“, რომლებიც სხვადასხვაგვარად აღწერს ღმრთის თვისებებს (მაგ. ალაჰი მოწყალეა, ლმობიერია, შემოქმედია, მსაჯულია...).

ალბიგოელები ნ. კათარები.

ალეგორია (Allegoria) [გვიანლათ. allegoria (ბერძ. állos „განსხვავებული“ + წარმოებული ფორმა სიტყვიდან agorénein „ლაპარაკი“)] რიტორიკული სიმბოლო გარკვეული რეალობის გადმოსაცემად, რომლის მეშვეობითაც ადამიანმა მისგან განსხვავებული სხვა რეალობა შეიძლება იგულისხმოს. ცნობილია ბიბლიის ალეგორიული ინტერპრეტაცია. წმიდა ამბროსიმ ამგვარად განსაზღვრა ალეგორია: „Allegoria est, cum aliud geritur et aliud figuratur“ (ალეგორია ისაა, რითაც სხვა გამოიხატება და სხვა ჩამოყალიბდება).

ალელუია (Alleluia) [ებრ. hallelù (ბრძანებითი კილო სიტყვისა hillel) „ადიდეთ“ და jah (შემოკლებული ფორმა სიტყვისა Jhwh) „უფალი“] ლიტურგიული შეძახილი, რომელიც წინ უძღვის ფსალმუნებს 104-106; 111-113; 115-117; 135; 146-150. სააღდგომო პერიოდის ტიპური შეძახილი. ხშირად გალობით შერულებული „ალელუია“ წირვისას წინ უძღვის სახარების წაკითხვას, გარდა დიდი მარხვის პერიოდისა.

ალიანსი (Alleanza) calkeul პროტესტანტულ ორგანიზაციათა სახელწოდება: ა) ევანგელური ალიანსი (Evangelical Alliance) დაარსდა 1846 წელს, ლონდონში, სხვადასხვა სექტისა და სხვადასხვა ერის წარმომადგენელი 800 დელეგატის მიერ. ცხრა პუნქტისგან შემდგარ მის „სამოძღვრო საფუძველში“ ჩამოყალიბებულია საღმრთო წერილის ინტერპრეტაციისას პიროვნული შეფასების უფლება და ვალდებულება, ამასთანავე, ცოდვის მხოლოდ რწმენით გამართლება; ბ) პრესვიტერული ალიანსი ანუ რეფორმირებულ ეკლესიათა ალიანსი, რომლებიც პრესვიტერული სისტემის თანახმად მოქმედებს. ეს გაერთიანება 1875 წელს დაარსდა ცალკეულ პრესვიტერულ ეკლესიათა შორის ურთიერთობათა და მათი მისიონერული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით; გ) მსოფლიო ბაპტისტური ალიანსი (Baptist World Alliance): 1905 წელს დაარსებული ეს ორგანიზაცია დაახლოებით 112 ქვეყნის 137.000 ადგილობრივ ეკლესიას აერთიანებს, მისი მთავარი ცენტრი ვაშინგტონში მდებარეობს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, იყოს „მთელი მსოფლიოს ბაპტისტთა საშუალება სამი მიზნის მისაღწევად. ეს მიზნებია: აა) ბაპტისტურ ეკლესიათა შორის ერთიანობისა და მეგობრობის განმტკიცება და ხელშეწყობა; ბბ) რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფა და დაცვა; გგ) საერთო [ბაპტისტური] რწმენის მთავარი პრინციპების განცხადება“.

ალიანსი, საყოველთაო ბიბლიური ნ. საყოველთაო ბიბლიური ალიანსი.

ალიტურგიული (aliturgici) [უარყოფის გამომხატველი თავსართი ა + ლიტურგიული] ასე ეწოდება დღეებს, როდესაც ევქარისტია არ აღსრულდება: დიდ პარასკევსა და დიდ შაბათს. ამბროსისეულ ლიტურგიაში, ასევე, ალიტურგიულია დიდი მარხვის ყოველი პარასკევი.

ალმუცია (Almuzia) [გვიანლათ. almutia] ბეწვის/ტყავის მოსასხამი კაპიუშონით, რომელსაც ატარებდნენ კანონიკოსები. ეწოდებოდა, აგრეთვე, მოცეტა.

ამარტიოცენტრიზმი (Amartiocentrismo) [ბერძ. amartía „ცოდვა“ + სიტყვა „ცენტრის“ წარმოებული ფორმა] თეოლოგიური კონცეფცია, რომელიც ცოდვას ცენტრალურ ადგილს ანიჭებს ისტორიაში და მას მიიჩნევს უმნიშვნელოვანეს და განმსაზღვრელ ელემენტად.

ამაღლება (Ascensione) [ლათ. ascensio „აღმასვლა, ასვლა“] დღესასწაული, რომელიც აღინიშნება აღდგომიდან ორმოცი დღის შემდეგ მკვდრეთით აღმდგარი იესოს ცად ამაღლების მოსაგონებლად (შდრ. საქ. 1:4-12) და რომელიც ასრულებს იესოს განდიდებას, დაწყებულს მისი აღდგომით.

ამბიონი (Ambone) [ბერძ. anabáinein „ასვლა“] განსხვავებით მქადაგებლის კათედრისაგან, ამბიონი ქვის ან ხის შემაღლებაა, საიდანაც ლიტურგიის დროს ცხადდება ღმრთის სიტყვა, ფსალმუნის რესპონსორიუმი, სააღდგომო სადიდებელი. ამბიონიდან შესაძლება ქადაგებისა და საყოველთაო ლოცვის წარმოთქმა.

ამბროსისეული (Ambrosiano) მილანის (მედიოლანის) ეპისკოპოსის, წმიდა ამბროსის, სახელთან დაკავშირებული. ამბროსისეული წესი ეწოდება ლიტურგიულ წესს, გავრცელებულს მილანის თითქმის მთელ დიოცეზსა და რამდენიმე მიმდებარე ზონაში. ის გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება: ადვენტი გრძელდება ექვს და არა ოთხ კვირას, როგორც ეს რომაულ წესითაა მიღებული; დიდი მარხვა იწყება არა ნაცრის ოთხშაბათს, არამედ მის მომდევნო კვირადღეს; წირვისას შერიგების ხელისჩამორთმევა წინ უსწრებს შეწირულებას; მრწამსი შეწირულებას მოსდევს, პურის გატეხა კი ევქარისტიული ლოცვის დასასრულს, „მამო ჩვენო“-ს ლოცვამდე სრულდება.

ამენ (Amen) [ებრ. fuZidan `aman, „გაძლება“, „მტკიცედ დგომა“] ნიშნავს „ასეა“, „მართალია“, „უეჭველად“, „ნამდვილად“. სეპტუაგინტაში ესაიას სიტყვები „ჭეშმარიტი ღმერთი“ (ეს. 65:16) ითარგმნება როგორც theós amen. იოანეს გამოცხადებაში ქრისტეს ეწოდება „ამენი“ (გამოცხ. 3:14), რადგანაც ის ჭეშმარიტებას ამოწმებს. აქვს, ამასთანავე, ზმნიზედური ფუნქციაც და გამოხატავს მსმენელის თანხმობას („დიახ, უეჭველია“) მოსაუბრის სიტყვების მიმართ, შერწყმულს ნათქვამის ახდენის სურვილთან (შდრ. 3მეფ. 1:36; იერემ. 11:5; 28:6). ამგვარად „ამენი“ რელიგიური შეძახილის მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით - საკულტო მსახურებაში (შდრ. ნეემ. 5:13; 8:6). დამახასიათებელია იესოს მიერ „ამენ“-ის გამოყენება: ესაა დამადასტურებელი ფორმულა: „ამენ გეტყვი თქვენ/შენ“ („Amen dico vobis/tibi“), რომელიც 28-ჯერ გვხვდება მათეს, 14-ჯერ მარკოზის, 7-ჯერ ლუკასა და 26-ჯერ, ორმაგი ფორმით, იოანეს სახარებებში: „ამენ, ამენ გეტყვით თქვენ“ („Amen, amen, dico vobis“) ანუ „ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ“. „ამენ“ სპონტანურად გადმოვიდა ებრაული ლიტურგიიდან ქრისტიანულში, როგორც დამსწრეთა თანხმობის გამომხატველი შეძახილი.

ამერიკანიზმი (Americanismo) ეს ცნება გულისხმობს ეკლესიის მოძღვრებასთან დაპირისპირებულ შეხედულებათა კომპლექსს, რომელიც იზიარებს ამერიკული ლიბერალური აზროვნების ცალკეულ ნიშნებს. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქრისტიანის ბუნებრივ სიქველეებს, ავტორიტეტის პრინციპის შემსუბუქებასა და განსაზღვრულ დოგმათა ახლებური ინტერპრეტაციის აუცილებლობას. ამერიკანიზმს უკავშირდება, ასევე, სწრაფვა სინდისის თავისუფლებისა და კათოლიკეთა ქმედების მეტი თავისუფლებისკენ. ამავე დროს, მისი მომხრეები მხარს უჭერდნენ ეკლესიის მეტ გახსნილობას თანამედროვე კულტურის მოთხოვნილებათა მიმართ (American Way of Life). ამერიკანიზმის გამოჩენილი წარმომადგენელი იყო ყოფილი რედემპტორისტი ისააკ ჰეკერი († 1888). მან 1858 წელს დააფუძნა წმიდა პავლეს სახელობის მისიონერული საზოგადოება, რომლის მიზანი იყო პროტესტანტ მორწმუნეთა კათოლიკე ეკლესიის წიაღში მოქცევა.

ამიქტუსი (Amitto) [ლათ. amictus „ზედა ტანსაცმელი“] თეთრი სელის ქსოვილი, თითქმის ყოველთვის ოთხკუთხა ფორმისა, რომელსაც მღვდელმსახური მხრებსა და კისერზე მოიდებს, როგორც უპირველეს ლიტურგიულ სამოსელს, წირვის აღვლენის ან სხვა ლიტურგიული წესის აღსრულების დროს. ის წელზე ორი ზონრით მაგრდება.

ამოსი (Amos) ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები

ამპარტავნება (Superbia) [ლათ. superbia] შვიდ მთავარ მანკიერებათაგან ერთ-ერთი (შდრ. CCC, 1866). წარმოადგენს უზომო სიამაყეს, საკუთარი თავის გადაჭარბებულ შეფასებას, რასაც ადამიანი მიჰყავს სხვათა უგულებელყოფამდე და ღმერთზე მისი დამოკიდებულების უარყოფამდე.

ამპოლინა (Ampolline) ნ. სურა/ამპოლინა.

ამპულა (Ampolla) ნ. საზეთე/ამპულა.

ამულეტი (Amuleto) [ლათ. amuletum] ნ. თილისმა.

ანაბაპტისტები (Anabattisti) [ბერძნ. anabaptistés, წარმოებული ზმნიდან anabaptízein „ხელახლა მონათვლა“; შემდეგ ლათინურში მიიღო ფორმა anabaptista] ანაბაპტისტები XVI ს.-დან აღნიშნავს, ასევე, კატაბაპტისტებად, ბაპტისტებად ან ხელახლა მნათვლელებად წოდებულ პროტესტანტებს. ამასთანავე, გადატანითი მნივნელობით ანაბაპტისტი აღნიშნავს იმ პროტესტანტებს, რომლებიც უარყოფენ ბავშვების ნათლობას და მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს ნათლავენ, თანაც ნათლობა სრულდება არა როგორც საიდუმლო, არამედ, როგორც „მცნება“. ვიწრო ისტორიული თვალსაზრისით, ანაბაპტისტები, ლუთერის განსაზღვრების თანახმად, ის „ფანატიკოსები“ არიან, რომლებიც „ცვიკაუს წინასწარმეტყველებს“ უწოდებდნენ თავს და რომელთა მეთაურიც 1520 წელს გახდა თომას მიუნცერი ვალდშუდან. იგი, მილენარისტული და სოციალისტური იდეებით შთაგონებული, 1525 წლის „გლეხთა ომში“ ჩაება ეგრეთ წოდებული „თორმეტი მუხლის“ დასაცავად. დამარცხების შემდეგ მიუნცერი დაატყვევეს და თავი მოკვეთეს, თუმცა მეთაურის სიკვდილის შემდეგ სექტას არსებობა არ შეუწყვეტია, — ის უმთავრესად გერმანიაში, შვეიცარიასა და ნიდერლანდებში გავრცელდა.

ანაზღაურება (Riparazione) [გვიანლათ. reparatio, „გადაკეთება“, „ხელახლა გაკეთება“] თავისი მორჩილებით სიკვდილამდე იესომ აღადგინა ადამიანის ცოდვებით შებღალული ღმრთაებრივი სამართალი (შდრ. CCC, 615-626). გარდა ამისა, ზნეობრივი და მატერიალური ანაზღაურება არის ვადებულება, გამომდინარე სამართლიანობისა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ ჩადენილი ყოველი დანაშაულიდან.

ანათემა (Anatema) [ბერძ. anáthema (ზმნიდან anatithénai „ზემოდან დადება“)] ღმრთისადმი მიძღვნილი „აღთქმული შესაწირავი“; შემდეგ, ბიბლიურ ბერძნულ ენაში აღნიშნავდა ღმრთისათვის პატივის მისაგებად განადგურებულ პირს ან საგანს; დასასრულ, ქრისტიანული გაგებით, ამ სიტყვამ „შეჩვენების“ მნიშვნელობა შეიძინა. საეკლესიო ენაში ანათემა ერეტიკული ან არასწორი დებულების დაგმობას ან განკვეთას აღნიშნავს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს გამაჯანსაღებელ დამსჯელ სანქციას ან საეკლესიო სადისციპლინო ზომას, რომლის ძალითაც მორწმუნე გამორიცხულია ეკლესიასთან ერთიანობისაგან და მოკლებულია სულიერ სიკეთეს.

ანამნეზა/გახსენება (Anamnesi) [ბერძ. anámnesis „გახსენება“] ევქარისტიული ლოცვის ნაწილი, რომელიც მოსდევს დაფუძნების თხრობასა და კურთხევას და რომლითაც ეკლესია „იხსენებს“ ქრისტეს ვნებას, სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას, შესაბამისად იესოს ბრძანებისა: „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“ (ლუკ. 22, 19).

ანაფორა (Anafora) [ბერძ. anaphorá, მომდინარე ზმნიდან anaphérein „აღყვანა“] ევქარისტიის ცენტრალური საკულმინაციო მომენტი, პრეფაციოდან ქება-დიდებამდე, ევქარისტიული ლოცვის სინონიმი. თავდაპირველად აღნიშნავდა ევქარისტიული წესის აღსრულებისას შესაწირავ პურს.

ანაქორეტი (Anacoreta) [ბერძ. anachorein „განდგომა“; შემდგომ, საეკლესიო ლათინურში დამკვიდრდა ფორმა anachoreta] განდეგილი, რომელიც უდაბნოში ან სხვა განმარტოებულ ადგილას სახლდება, რათა, ასკეტიზმისა და მჭვრეტელობის მეშვეობით, ღმერთთან სიღრმისეული ერთიანობა მოიპოვოს. III ს.-ში ამგვარი განდეგილობის მიმდევართა სიმრავლის გამო ამ მოვლენამ მნიშვნელოვანწილად სამოწესეო ხასიათი შეიძინა. ანაქორეტთა მიერ არჩეული განმარტოების ყველაზე ცნობილი ადგილი იყო თებაიდის უდაბნო ეგვიპტეში.

ანგელოსი (Angelo) [ბერძ. ánghelos (რაც წარმოადგენს თარგმანს ებრ. სიტყვისა mal'eak) „მაცნე“; შემდგომ ლათინურში დამკვიდრდა ფორმა angelus] ადამიანსა და ღმერთს შორის შუალედური ბუნების მქონე სულიერი ქმნილება, ღმრთის მაცნე. ბიბლიაში ანგელოსის მრავალი მოვლინებაა აღწერილი, უმეტესწილად ადამიანური იერით. ასე გამოეცხადა ანგელოსი აგარს (შდრ. დაბ. 16:7), აბრამს (შდრ. დაბ. 18:1- 2), ლოტს (შდრ. დაბ. 19:1), იაკობს (შდრ. დაბ. 28:12). ძველი აღთქმა გამოკვეთილად არ აღწერს ანგელოსთა შექმნას, თუმცა ეს თავისთავად იგულისხმება იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ერთადერთი ღმერთია ყველა არსების შემოქმედი (შდრ. გამ. 20:11; ფსალმ. 148:1-5). მიწიერ სამოთხეში გველის სახით მაცდურის არსებობა (შდრ. დაბ. 3:1-15) ანგელოსთა დაცემისა და დემონებად მათი გადაქცევის ფაქტზე მიუთითებს. ანგელოსები ზრუნავენ ადამიანებზე: იხსნიან ლოტს (შდრ. დაბ. 19), ტობიასა და სარას (შდრ. ტობ. 12:14-15), სამ ახალგაზრდას ღუმელში (შდრ. დან. 3:49). ზოგჯერ, ღმრთაებრივი ბრძანებით, სჯიან ადამიანებს (შდრ. დაბ. 19:11; 4მეფ. 24:16-17). ძველ აღთქმაში გვხვდება ასევე განსაკუთრებული ანგელოსი — ესაა იაჰვეს ანგელოსი, რომელიც ღმრთაებრივი მაცნის სახით წარმოდგება და ამასთან, საუბრობს და მოქმედებს, როგორც ღმერთი (შდრ. დაბ. 16:10-13; 31:11-13 და სხვ.). ეკლესიის არაერთმა მამამ და მოძღვარმა ეს არსება თეოფანიად (ადამიანთათვის ღმრთის გამოცხადებად) მიიჩნია. ახალ აღთქმაში ანგელოსები წარმოადგენილი არიან იმ უხილავ (შდრ. კოლ. 1:16) სულებად (შდრ. ებრ. 1:14), რომელთაც არა აქვთ ხორციელი ურთიერთობები (შდრ. მათ. 22:30). აქ გარკვევითაა საუბარი მათი დაცემის შესახებ (შდრ. იუდ. 6; 2პეტ. 2:4). იოანეს გამოცხადება განსაკუთრებით მდიდარია ანგელოსთა ხატებით, რაც ამ ნაწარმოების ლიტერატურული ჟანრითაცაა განპირობებული. ფსევდოდიონისე ანგელოსებს ცხრა „დასად“, ანუ კატეგორიად ყოფს, რომლებიც სამი საფეხურის მიხედვითაა დაჯგუფებული: სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი; უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი; მთავრობანი, მთავარანგელოსნი, ანგელოსნი.

ანგელოსი, მფარველი ნ. მფარველი ანგელოსი.

ანგელოსმან (Angelus) [ლათ. Angelus „ანგელოსი“] ტრადიციული ლოცვა წმიდა მარიამისადმი, აგებული ხარებისა და ქრისტეს განკაცების საიდუმლოებაზე. ლოცვის სახელწოდება მისი პირველი სიტყვიდან მომდინარეობს. ლოცვა სამი ანტიფონისაგან შედგება, თითოეულ მათგანს მოსდევს: „გიხაროდენ“. სრულდება ერთი მუხლითა და ლოცვით. სააღდგომო პერიოდში ნაცვლად ლოცვისა „ანგელოსმან“ აღევლინება „დედოფალო ზეცისაო“. XIII საუკუნეში პაპმა გრიგოლ IX-მ დაამკვიდრა ამ ლოცვის - „ანგელოსმან“ - დილით, შუადღესა და საღამოს აღვლენის ტრადიცია.

ანგელუსი ნ. ანგელოსმან.

ანგია (Aggeo) ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

ანგლიკანელობა (Anglicanesimo) ინგლისის ეკლესიის (Church of England) ინსტიტუციათა და მოძღვრებათა ერთობლიობა. ანგლიკანელობა, ასევე, აღნიშნავს დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების „ანგლიკანურ ერთიანობასა“ და კენტერბერის მთავარეპისკოპოსის დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიათა ერთობლიობას. ანგლიკანიზმის ფესვები 1215 წლის დოკუმენტში, „თავისუფლების დიდ ქარტიაში“ (Magna carta libertatum), შეიძლება მოიძებნოს. რომის ეკლესიასთან სქიზმა 1534 წელს მოხდა, როდესაც ინგლისის პარლამენტმა დაამტკიცა „უზენაესობის აქტი“, რომელიც მეფე ჰენრი VIII-ს (და ტახტის მომდევნო მემკვიდრეებს) ინგლისის ეკლესიის ერთადერთ და უზენაეს მეთაურად აღიარებდა (supreme head in earth of England). რომთან განხეთქილება განაახლა დედოფალმა ელისაბედ I-მა (1558-1603) დოკუმენტით „თანაბრობის აქტი“ (1559) და ეგრეთ წოდებული 39 მუხლით (1563). ანგლიკანელობაში სწრაფად გამოიკვეთა განსხვავებული პოზიციები (რაც ეკონომიკურ-სიციალური ვითარებითაც იყო განპირობებული), რომელთა საფუძველზეც ჩამოყალიბდა: ა) მაღალი ეკლესია (High Church), რომელმაც მეტი ერთიანობა შეინარჩუნა კათოლიკე ეკლესიასთან როგორც ლიტურგიული, ისე საეკლესიო ორგანიზაციის თვალსაზრისით; ბ) დაბალი ეკლესია (Low Church), რომელიც ხაზს უსვამს პროტესტანტიზმის ინოვაციურ იდეებს და მხარს უჭერს პრესვიტერულ პროტესტანტიზმთან სოლიდარობას; გ) ფართო ეკლესია (Broad Church), რომელსაც დღეს „ლიბერალურს“ უწოდებენ. ეს უკანასკნელი ღიაა თავისუფალი ინტერპრეტაციის პოზიციათა მიმართ, რომლებიც უპირისპირდება მკაცრ მართლმორწმუნეობას. დღეს ანგლიკანელობა მოიცავს ხალხებს, რომლებიც დედოფალს საკუთარი ეკლესიის მეთაურად აღიარებენ; მას დაახლოებით 65 მილიონი მორწმუნე იზიარებს. საეპისკოპოსოები (საერთო ჯამში 365 დიოცეზი) კენტერბერის მოქმედ მთავარეპისკოპოსს ექვემდებარება. ინგლისის ეკლესიის კანონმდებელი ორგანოა ეპისკოპოსთა, მღვდელთა და საეროთა სამი პალატისგან შემდგარი ეროვნული ასამბლეა. ინგლისის ეკლესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მოითხოვს პარლამენტის დადასტურებასა და მონარქისეულ რატიფიკაციას.

ანთროპომორფიზმი (Antropomorfismo) [ბერძ. ántropos „ადამიანი“ + წარმოებული ფორმა სიტყვისა morphé „ფორმა“] ადამიანის მიდრეკილება, საკუთარი თავი და საკუთარი შინაგანი სამყარო გარემომცველი სამყაროსა და ღმრთაებრიობის აღქმაზე გადაიტანოს.

ანიმიზმი (Animismo) [ლათ. anima „მაცოცხლებელი ქროლა“] ფილოსოფიაში ამ სიტყვით აღინიშნება ყველა ის კონცეფცია, რომელთა თანახმადაც თითოეულ არსებას აქვს სამშვინველი, როგორც აქტივობის შინაგანი საწყისი; ეთნოლოგიაში კი - ზოგიერთი პირველყოფილი ხალხის მისწრაფება, მიაკუთვნონ სამშვინველი არა მხოლოდ ადამიანს, არამედ, ასევე, საგნებსაც. ანიმისტურს უწოდებენ განსაკუთრებით იმ ტომებს, რომლებშიც მიცვალებულთა და სამშვინველთა საგანგებო კულტია გავრცელებული.

ანომოელები (Anomei) [ბერძ. anómoios „განსხვავებული“] ასე ეწოდებოდა არიელი ერეტიკოსის ეციუსის (IV ს.) მიმდევრებს. ეციუსის მტკიცებით, მხოლოდ მამა იყო ღმერთი, როგორც შეუქმნელი, ძე კი მისგან სრულიად განსხვავებული (anómoios) ბუნებისა იყო. ცნობილი არიან ასევე ეციუსელთა სახელითაც.

ანტიკლერიკალიზმი (Anticlericalismo) [ანტი+clerikus-ის წარმოებული ფორმა] იდეათა, დამოკიდებულებათა, ტენდენციათა ერთობლიობა, რომელსაც ახასიათებს მტრული დამოკიდებულება სამღვდელოების ან საერო და პოლიტიკურ სფეროებში საეკლესიო ძალაუფლების პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევის მიმართ. XIX საუკუნის პოლიტიკურ-იდეოლოგიურ დებატებში პოლემიკურად გამოყენებული ეს ცნება აღნიშნავდა სამღვდელოებისა და საეკლესიო იერარქიის არარელიგიურ სფეროებში ჩარევის აღკვეთისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას. ის, ასევე, აღნიშნავდა თანამედროვე სახელმწიფოს მიერ საეკლესიო ძალაუფლების დაქვემდებარების მცდელობებს, ან, დასასრულ, კრიტიკულ დამოკიდებულებას სამღვდელოების, როგორც პრივილეგირებული „კლასის“, ან მის მიერ საკუთარი მისიის შესასრულებლად გამოყენებული მეთოდების მიმართ. ცნების გამოყენება არაზუსტი იქნება, თუკი მას მოვწყვეტთ XVII-XVIII საუკუნეების, უფრო მეტად კი - XIX საუკუნის ისტორიულ გარემოს, რომელშიც ის აღმოცენდა. ვოლტერისეული ხასიათის ინტელექტუალურმა ანტიკლერიკალიზმმა პოლიტიკურ-სოციალური განზომილებას მიაღწია, განსაკუთრებით, საფრანგეთის რევოლუციის დროს: სამღვდელოებასთან, უმთავრესად - მაღალ სამღვდელოებასთან ბრძოლა „ძველ რეჟიმთან“ (Ancien Régime) ბრძოლის არსებით ნაწილად იქცა. ცნების პოლემიკური წარმოშობა განსაკუთრებულად ნათელია იტალიაში, სადაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დამოკიდებულებათა პრობლემა რომის საკითხმა გაართულა. პაპის მითითებათა ერთგულად აღმსრულებელ ყველა კათოლიკის აღსანიშნავად სიტყვა „კლერიკალურს“ იყენებდნენ. ამიტომაც შესაძლებელი იყო ანტიკლერიკალიზმში დადანაშაულება მთელი ლიბერალური პოლიტიკური კლასისა, რომელიც ზომიერ კათოლიკეებსაც მოიცავდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, რადიკალური თუ სოციალისტური მიმართულების პარტიათა და ორგანიზაციათა აღმოცენებასთან ერთად, გამოიკვეთა ანტიკლერიკალიზმის ყველაზე ექსტრემისტული და ანტირელიგიური ასპექტები, რითაც მან გლეხობისა და პროლეტართა დიდი მასები მიიზიდა. XX საუკუნეში მომხდარ სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცვლილებათა შედეგად ანტიკლერიკალიზმი, - ყოველ შემთხვევაში, მეცხრამეტე საუკუნეში დამკვიდრებული მისი ფორმა, - თანდათანობით შესუსტდა.

ანტიკონკორდატისტი/ანტიკონკორდატიზმი (Anticoncordatario) სახელმწიფოსა და წმიდა საყდარს შორის ურთიერთობათა კონკორდატის მეშვეობით წარმართვის წინააღმდეგ განწყობილი პირი ან ამგვარი დამოკიდებულება. ისტორიულად ასე უწოდეს სქიზმატიკოს ფრანგ ეპისკოპოსებს, რომლებმაც 1801 წელს ლონდონს შეაფარეს თავი და უარი თქვეს, გადამდგარიყვნენ, რასაც მათგან პაპი პიუს VII მოითხოვდა ნაპოლეონთან კონკორდატის შედეგად.

ანტიკონფესიური (Anticonfessionale) [ანტი+confessione-ს წარმოებული ფორმა; „აღმსარებლობა“, „აღიარება“, „აღსარება“] ნებისმიერი სახის რელიგიური აღმსარებლობის საწინააღმდეგო.

ანტიპაპი (Antipapa) პირი, რომელიც არაკანონიკური გზით მოიპოვებს პაპობას და ამ თანამდებობის ღირსებისა და ძალაუფლების მატარებლად აცხადებს თავს. მაშასადამე, საუბარია (ზოგჯერ კეთილი ზრახვით მოქმედ) უზურპატორზე, რომელიც მის ხელთ არარსებულ ძალაუფლებას აღასრულებს, რადგანაც არ გააჩნია ლეგიტიმური დანიშნულება, მართოს ეკლესია. ეკლესიის ისტორიაში ანტიპაპთა რიცხვი 25-დან 40-მდე მერყეობს. პირველი ანტიპაპი იყო წმიდა იპოლიტე, რომაელი მღვდელი (217-235), რომელიც კალისთეს წინააღმდეგ იქნა არჩეული სამოძღვრო მიზეზების გამო, შემდგომში პაპ პონტიანეს შეურიგდა და მასთან ერთად მოკვდა მოწამებრივი სიკვდილით. უკანასკნელი ანტიპაპი იყო ფელიქს V (ამადეუს VIII სავოიელი). ის ბაზელის საეკლესიო კრებამ აირჩია ევგენი IV-ის წინააღმდეგ და 1440 წლის 24 ივლისს ეკურთხა პაპად, შემდეგ კი იმავე კრების მიერ იქნა გადაყენებული. იგი დაექვემდებარა პაპ ნიკოლოზ V-ს, რომელმაც მას კარდინალის წოდება უბოძა. მისი გარდაცვალების თარიღია 1451 წელი.

ანტიპენდიუმი (Antependio) [ლათ. ante „წინ“ + pendere „ჩამოშვება, დაკიდება“] საკურთხევლის წინა მხარის დეკორატიული მორთულობა.

ანტისემიტიზმი (Antisemitismo) [ანტი+„სემიტის“ წარმოებული ფორმა] აღნიშნავს ებრაელთა მიმართ მტრულ დამოკიდებულებას. ისტორიულად ეს მტრობა ასურეთში, ბაბილონეთში, შუა და ზემო ეგვიპტეში დასახლებული ებრაული დიასპორის თემთა წინააღმდეგ აღმოცენდა (V ს.-დან ქრისტემდე), ოდენ ებრაელთათვის დამახასიათებელ მონოთეიზმზე რეაქციის სახით (როგორც ათეიზმისა და კაცთა მოდგმის მიმართ უპატივცემლობის ბრალდება). მიუხედავად იმისა, რომ იუდეველობა religio licita-ად (ნებადართულ რელიგიად) იყო აღიარებული, ამ ბრალდებას კვლავ მიუბრუნდნენ რომის იმპერიაში, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ზომების მიღება მოჰყვა: იმპერატორმა კლავდიუსმა ებრაელები რომიდან განდევნა (საქმ. 18:2); მათ წინადაცვეთა და იერუსალემში ჩასვლა, რომაელებს კი იუდაიზმის მიღება აეკრძალათ. ებრაელთა წინააღმდეგ მიმართული ქმედებები შემდეგ ქრისტიანებსაც შეეხო და ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ 140 წლიდან ქრისტიანი აპოლოგეტები თავიანთ ნაწერებში იუდაიზმის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. ასე დაედო საფუძველი ქრისტიანულ ანტისემიტიზმს და ეკლესიის შემდგომი განვითარებიდან იუდეოქრისტიანობის გაქრობას. ქრისტიანმა იმპერატორებმა (კონსტანტინემ 315 წელს; თევდოსი II-მ 417 და 423 წლებში; იუსტინიანემ 534 წელს) ებრაელებს ყოველგვარი უფლება ჩამოართვეს. ებრაელთა შევიწროება და მათზე ძალადობა (პოგრომები) შუა საუკუნეებში ევროპის ყველა კუთხეში გრძელდებოდა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ებრაელები სხვადასხვა კრიზისულ ვითარებაში „განტევების ვაცად“ მიიჩნეოდნენ. მხოლოდ განმანათლებლობამ გაუხსნა გზა ჰუმანისტური არსის მქონე ფილოსემიტიზმს. ამან ხელი შეუწყო ებრაელთა ემანსიპაციას უმთავრესად ეკონომიკურ სფეროში. XIX საუკუნეში სარწმუნოებრივ ანტისემიტიზმს დაერთო რაციონალური ტიპის ანტისემიტიზმი, რომელიც XX საუკუნეში, სხვადასხვა გერმანულ მოძრაობათა ირაციონალურ ფანატიზმთან ერთად, ებრაელთა საწინააღმდეგო განწყობის მასაზრდოებელ წყაროდ იქცა. ამგვარმა განწყობამ შეამზადა ადამიანები ებრაელთა განადგურების (ჰოლოკოსტი) ჰიტლერულ იდეათა მისაღებად. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მიუხედავად ანტისემიტიზმის სხვადასხვა ფორმის არსებობისა, ეს მოვლენა საყოველთაოდ იქნა დაგმობილი. რაც შეეხება რელიგიურ სფეროს, ვატიკანის II საეკლესიო კრებამ დაგმო ანტისემიტიზმი დეკრეტით Nostra aetate, რომელშიც ხაზგასმულია ქრისტიანთა და ებრაელთა საერთო სულიერი მემკვიდრეობა. პაპმა იოანე პავლე II-მ ხელახლა აღნიშნა ეს თავისი ოფიციალური ვიზიტის დროს რომის სინაგოგაში 1986 წლის 13 აპრილს.

ანტიფონი (Antifona) [ბერძ. antiphoné „ხმა ხმის პირისპირ“] IV საუკუნიდან აღნიშნავს საგალობლის შესრულებას ორი გუნდის მიერ იმგვარად, რომ ერთმა მათგანმა მეორეს უპასუხოს. ეს შესრულება განსხვავდება შესრულების უფრო ადრინდელი ხერხის, რესპონსორიუმისაგან, რომლის დროსაც სოლისტს უპასუხებს მთელი ხალხი ფსალმუნის წინ გამოცხადებული ანტიფონით. იოანე ოქროპირი ადასტურებს: „რაკი ხალხმა მთლიანად არ იცის მთელი ფსალმუნნი, მან შესაბამისი ერთი მუხლი უნდა იგალობოს, რომელიც გარკვეულ უმაღლეს ჭეშმარიტებას შეიცავს“. შემდგომში ანტიფონი წირვის შემადგენელი ნაწილი გახდა ცალკეულ წესთათვის (დაწყება, შესაწირავი, ზიარება) შესავლის სახით. ჟამთა ლიტურგიაში ანტიფონს ფსალმუნის ლიტერატურული ჟანრის განსაზღვრის ფუნქცია აკისრია. ის ფსალმუნს პიროვნულ ლოცვად აქცევს, უკეთ გამოკვეთს საყურადღებო ფრაზას; განსაკუთრებულ ჟღერადობას ანიჭებს რომელიმე ფსალმუნს, ვითარებიდან გამომდინარე; ეხმარება ფსალმუნის ტიპოლოგიურ და სადღესასწაულო ინტერპრეტაციას, სასიამოვნოსა და მრავალფეროვანს ხდის ფსალმუნთა შესრულებას.

ანტიფონიუმი (Antifonario) [წარმოებულია სიტყვიდან „ანტიფონი“] ლიტურგიული წიგნი, რომელშიც ჟამნისა და წირვის ანტიფონებია თავმოყრილი.

ანტიქრისტე (Anticristo) [ბერძ. antíchristos „ანტიქრისტე“] სიტყვა ოთხჯერაა ნახსენები ახალ აღთქმაში და აღნიშნავს ქრისტესადმი დაპირისპირებულ ისტორიულ ძალას, რომელიც უმთავრესად ჟამთა აღსასრულს ამოქმედდება და რომელსაც თავად ქრისტე დაამხობს საშინელ სამსჯავროზე (გამოცხ. 11, შმდ.)

აპოკალიპტიკა (Apocalittica) [ბერძ. apokalyptikós (სიტყვიდან apokálypsis „გამოცხადება“)] ქრისტიანობამდელ და ქრისტიანობისშემდგომ იუდაიზმში (II ს. ქრისტემდე - IIს. ქრისტეს შემდეგ) გავრცელებული ლიტერატურული ჟანრი, რომელიც მიზნად ისახავდა, გაეცხადებინა კაცობრიობის აღსასრულის ჟამთან დაკავშირებული მოვლენები. ამ ჟანრის თითქმის ყველა ტექსტი აპოკრიფულია, გარდა იოანეს გამოცხადებისა, თუმცა აპოკალიპტიკური ნიშნები ცალკეულ კანონიკურ წიგნებშიც შეიმჩნევა. აპოკალიპტიკის სახასიათო თვისებებია: ფსევდონიმურობა, ხილვები, სიმბოლიზმი და განმმარტებელი ანგელოსი. ქრისტიანული აპოკალიპტიკა ამტკიცებს მესიის დიდებით დაბრუნებასა და ღმრთის სულიერი და საყოველთაო ხელმწიფების დამკვიდრებას.

აპოკალიფსი/გამოცხადება (Apocalisse) [ბერძ. apokálypsis „გამოცხადება“] არსებითი სახელი აღნიშნავს გამოცხადებას, გამოაშკარავებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, მომავალ დროთა აღსასრულის ხილვასა და მის მომასწავებელ ნიშნებს შეეხება. ამ სახელწოდებას ატარებს წმიდა იოანეს წინასწარმეტყველური წიგნი, რომელიც „აპოკალიპტურ“ ლიტერატურულ ჟანრს განეკუთვნება და ახალ აღთქმას ამთავრებს. პროლოგისა და ეპილოგის გარდა, „გამოცხადება“ ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი მათგანი მოიცავს წერილებს შვიდი ეკლესიისადმი, მეორე კი წინასწარეტყველურ ხილვებს ეთმობა. ნაწარმოების მთავარი იდეაა დაპირისპირება ორ ხელმწიფებას (ეკლესია და მსოფლიო), ქრისტესა და ანტიქრისტეს, რჩეულთა და დაღუპულთა შორის. ეს დაპირისპირება გადაწყდება „სამსჯავროთი“, რომელსაც ღმერთი წარმართავს იესოს — უფლისა და მსაჯულის — მეშვეობით. „გამოცხადება“ ქრისტოლოგიურ-სოტერიოლოგიური ხასიათის პოემაა, რომელსაც აქვს შვიდი ეკლესიით წარმოდგენილი პროკონსულის გამგებლობაში მყოფი აზიის ქრისტიანთა მიმართ წარგზავნილი წერილის ფორმა; ამავე დროს, ის არის ახალი აღთქმის იდეათა და იმედთა სინთეზი და ახალი და უკანასკნელი დროის წინასწარმეტყველება. ტრადიციის თანახმად, „გამოცხადება“ დომიციანეს მეფობის დასასრულს, დაახლოებით 95 წელს შეიქმნა.

აპოკატასტასისი (Apocatástasi) [ბერძ. apokatástasis „ხელახლა დამკვიდრება“] თავდაპირველად წინასოკრატელთა, შემდეგ კი სტოიკოსთა ნააზრევში აღნიშნავს სამყაროს მუდმივად მოძრავი ციკლის დასასრულსა და ახალ დასაწყისს. ქრისტიანულ სამყაროში დამკვიდრდა უპირველესად აღმოსავლელი მამებისა და ორიგენეს მიერ როგორც მთელი შექმნილი სამყაროს მიბრუნება სრული ბედნიერების მდგომარეობისაკენ.

აპოკრისიარიოსი (Apocrisario) [ბერძ. apokrisiários „პასუხის გადამცემი“] სიტყვა ბერძნულ-რომაული სამართლებრივი წრეებიდან იღებს სათავეს. V საუკუნის შუახანებიდან აღნიშნავდა პაპისა და პატრიარქთა მუდმივ წარმომადგენელს კონსტანტინოპოლის იმპერატორის კარზე. VI საუკუნიდან აპოკრისარიოსი საეპისკოპოებსა და მონასტრებშიც გავრცელდა. ეს წოდება და თანამდებობა კაროლინგური კარის მეშვეობით შუა საუკუნეებშიც განაგრძობს არსებობას: როგორც ჩანს, კლუნიელებსა და ცისტერციელებს აპოკრისიარიოსი რომში ჰყოლიათ.

აპოკრიფული წიგნები (Apocrifi, libri) [ბერძ. apókryphos „დამალული“, „შორეული“ (ზმნიდან apokrýptein „დაფარვა“)] ქრისტემდე II საუკუნიდან ქრისტიანული წელთაღრიცხვის IV-VI საუკუნეებამდე შექმნილი ებრაულ-ქრისტიანული რელიგიური ნაწერები, რომლებიც არაა შესული ბიბლიის შემადგენელ წიგნთა ოფიციალურ ნუსხაში. არ არის ზუსტად ცნობილი, სიტყვა წარმართული წარმოშობისაა თუ იუდეური წყაროებიდან მომდინარეობს. წარმართულ სამყაროში აპოკრიფი ეწოდებოდა წიგნს, რომელშიაც გადმოცემული მოძღვრება დაფარული უნდა ყოფილიყო გაუნდობელთათვის (ეზოთერული ნაწერი).ესეველებზე მსჯელობისას იოსებ ფლავიუსიც ახსენებს წიგნებს, რომლებიც საიდუმლოდ ინახებოდა, რადგანაც ეზოთერულ მოძღვრებას შეიცავდა, თუმცა არ არის ცნობილი, რომ ებრაელები ასეთ წიგნებს აპოკრიფებს უწოდებდნენ. არსებითი სახელის შესაბამისი ზედსართავი სახელი კი აღნიშნავდა დაზიანების გამო ლიტურგიისთვის გამოუყენებელ წმიდა გრაგნილებს, რომლებსაც საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებულ ადგილას ინახავდნენ, ანუ „მალავდნენ“ (გენუზიმ). ირენეოსი და ტერტულიანე აპოკრიფულს „ცრუს“ სინონიმად იყენებდნენ, ხოლო ორიგენე, იერონიმე და ავგუსტინე აპოკრიფულს უწოდებდნენ ძველი აღთქმის იმ წიგნებს, რომლებიც ებრაულ კანონში არ შედიოდა და მხოლოდ ქრისტიანული კანონის ნაწილს წარმოადგენდა. აპოკრიფები ეწოდებოდა, ასევე, ნაწერებს, რომლებიც ბიბლიის წიგნთა ნუსხაში არ შედიოდა, მაგრამ სათაურის, თემის ან დასახელებული ავტორის მიხედვით დაიმკვიდრეს კანონიკური წიგნების თანასწორი წმიდა ნაწერების ავტორიტეტი. ძველი აღთქმის აპოკრიფები ისტორიული (იუბილეთა წიგნი, ადამისა და ევას ისტორია, ესაიას ცად ამაღლება, იობის ანდერძი, სოლომონის ანდერძი და ა.შ.); დიდაქტიკური (სოლომონის ფსალმუნები, სოლომონის საგალობლები, მანასეს ლოცვა და სხვა) და აპოკალიპტიკურია (ეთიოპიური ენოქის წიგნი, თარგმნილი ებრაული ან არამეული ორიგინალიდან; სლავური ენოქის წიგნი, თარგმნილი ბერძნული ორიგინალიდან; ებრაული ენოქის წიგნი; აბრამის გამოცხადება; ელიას გამოცხადება და სხვა). კანონიკურ ნაწერთა მსგავსად, ახალი აღთქმის აპოკრიფები იყოფა სახარებებად (ებრაელთა სახარება, პეტრეს სახარება, თორმეტი მოციქულის სახარება, იაკობის პირველსახარება და სხვა); საქმეებად (პეტრეს საქმენი, პეტრეს ქადაგება, პავლეს საქმენი, იოანეს საქმენი, ანდრიას საქმენი და ა.შ.); წერილებად (მოციქულთა წერილი, პავლეს წერილი ლაოდიკიელთა მიმართ, პავლეს წერილი ალექსანდრიელთა მიმართ, პავლეს წერილები სენეკას მიმართ და სენეკას წერილები პავლეს მიმართ და ა.შ.); გამოცხადებებად (პეტრეს გამოცხადება, პავლეს ცად ამაღლება და ა.შ.).

აპოლინარიზმი (Apollinarismo) ქრისტოლოგიური ერესი, რომლის სახელწოდებაც მომდინარეობს ლაოდიკიელი ეპისკოპოსის, აპოლინარიუსის, სახელიდან, რომელიც, ქრისტეს ღმრთაებრიობის უარმყოფელ არიანელობასთან დაპირისპირებლად, ამტკიცებდა, რომ ქრისტეში სიტყვამ (ნ. ლოგოსი) იესოს სამშვინველის სულიერი ნაწილი ჩაანაცვლა. ამგვარად ეჭვქვეშ დგებოდა ქრისტეს ადამიანურობის სისრულე.

აპოლოგეტიკა (Apologetica) [ბერძ. apologhéistai „დაცვა“] თეოლოგიის ის ნაწილი, რომელიც სარწმუნოების დაცვასა და გამართლებას ისახავს მიზნად. ქრისტიანობის პირველი წლებიდანვე მრავალი აპოლოგეტი წერდა წარმართთა და ებრაელთა წინააღმდეგ. პირველ აპოლოგიებს თითქმის ყოველთვის იმპერატორისადმი მიმართვის ან არამორწმუნეთა მიმართ შეგონების ფორმა ჰქონდა. ამ ჟანრის პირველი მწერალი იყო ათენელი კვადრატუსი, რომელმაც დაახლოებით 125 წელს იმპერატორ ადრიანეს ქრისტიანობის აპოლოგია წარუდგინა. II საუკუნეში ყველაზე გამოჩენილი აპოლოგეტი იყო წმიდა იუსტინე (პირველი აპოლოგია, მეორე აპოლოგია, დიალოგი ტრიფონთან). ასევე, აპოლოგეტური ნაშრომია უცნობი ავტორის წერილი დიოგნეტესადმი, რომელშიც ქრისტიანულსა და წარმართულ კულტებს შორის განსხვავება და ქრისტიანული ცხოვრების იდეალია განმარტებული. ლათინურ ენაზე დაწერილი ტერტულიანეს „Apologeticum“ ქრისტიანობის ჩინებული იურიდიული დაცვაა. აპოლოგეტიკის ჟანრში შუა საუკუნეებშიც მოღვაწეობდნენ გამოჩენილი მწერლები: წმიდა ისიდორე სევილიელი, წმიდა პეტრე დამიანი, წმიდა იოანე დამასკელი („აპოლოგია მუსლიმთა წინააღმდეგ“), წმიდა თომა აკვინელი („Summa contra genties“ - „შეჯამება წარმართთა წინააღმდეგ“). უფრო ახლო წარსულში ფართო გამოხმაურება პოვა ბლეზ პასკალის („Pensées sur la religion“ - „აზრები რელიგიის შესახებ“), ალფონსუს დე ლიგუორის, შატობრიანის („Le Génie du Christianisme“ - „ქრისტიანობის გენია“) აპოლოგეტურმა ნაშრომებმა. ამჟამად აპოლოგეტიკა აღარ განიხილება დამოუკიდებელ მეცნიერებად, ის ფუნდამენტური თეოლოგიის შემადგენელი ნაწილია, რომლის ამოცანაა გამოავლინოს და შეიმუშაოს ქრისტიანობის უტყუარობის მოტივები.

აპოლოგია (Apologia) [ბერძ. apologhía „დაცვა“] საუბარი ან ნაწერი, მიმართული ვინმეს ან რომელიმე მოძღვრების დასაცავად. აპოლოგეტები ეწოდა ეკლესიის მამებს, რომლებიც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში (II-III სს.) ქრისტიანობას წარმართთა თავდასხმებისაგან იცავდნენ. ნ. აპოლოგეტიკა.

აპოსტაზია (Apostasia) [ბერძ. apostasía „განდგომა“, წარმოებული ზმნიდან aphístanai, „დაშორება“] მონათლული ადამიანის მიერ რწმენის სრულად უარყოფა. განსხვავდება ერესისაგან, რომელიც სარწმუნოების ერთი ან რამდენიმე ჭეშმარიტების ჯიუტ უარყოფას წარმოადგენს (CIC, კან. 751).

აპოფატური თეოლოგია (Teologia apofatica) [ბერძ. apophatikós „უარყოფითი“ (წარმოებული სიტყვიდან apóphanai „უარყოფა“)] უარყოფითი თეოლოგია, რომელიც განიხილავს ღმრთის ტრანსცენდენტულობას როგორც სრულიად გამოუთქმელს, ისე, რომ არც ერთ სახელს ან განსაზღვრებას არ ძალუძს მისი თუნდაც ანალოგიური აღწერა.

არამეული ნ. ბიბლიის ენა.

არიანელობა (Arianesimo) IV საუკუნის ქრისტოლოგიური და ტრინიტოლოგიური ერესი, რომლის სახელწოდებაც ალექსანდრიელი მღვდლის, არიოსის (†336) სახელიდან მომდინარეობს. არიოსი ამტკიცებდა, რომ სიტყვა არ იყო მამის თანაარსი, ის უარყოფდა ასევე სიტყვის ღმრთაებრივ ბუნებას და წმიდა სამების მეორე პირი დაჰყავდა უბრალო დემიურგამდე (სანახევრო ღმერთამდე), დროთა საწყისამდე შექმნილ სრულყოფილ, მაგრამ არა მარადიულ არსებამდე. საბოლოოდ, არიოსის მოძღვრება სამებისა და განკაცების საიდუმლოებებს ანადგურებდა. ნიკეის მსოფლიო კრებამ (325), იმპერატორ კონსტანტინეს მეურვეობით, უარყო არიოსის იდეები და საზეიმოდ გამოაცხადა, რომ იესო ქრისტე, ღმრთის ძე, არის „თანაარსი მამისა“ (homooúsios tôi patrí). ნიკეის სიმბოლომ, რომელიც საფუძვლად უდევს მრწამსს, აგრეთვე, გამოაცხადა რომ ღმრთის ძე არის „ღმერთი ღმრთისაგან, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი“. მაგრამ არიანელობას გავლენიგავლენიანი მფარველები ჰყავდა და მან ხელახლა მოიკიდა ფეხი იმპერატორ კოსტანციუს II-ისა და ნიკომედიის ეპისკოპოს ევსების დახმარებით. მართლმადიდებელი რწმენის ხელახალი გამარჯვება მხოლოდ ისეთ გამოჩენილ პიროვნებათა მგზნებარე და შთაგონებული საქმიანობის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელთა შორის არიან მრავალჯერ გადასახლებული ათანასე ალექსანდრიელი, ილარიუს პუატიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი და ბასილი დიდი

არკოსოლიუმი (Arcosolio) [ლათ. arcum „თაღი“ + solium „აუზი, სამარხი“] ეწოდება თაღის ქვეშ მოთავსებულ სამარხს, როგორც კედელში ნაშენებს, ისე ტუფში ნაკვეთს (კატაკომბების მსგავსად).

არქიდიოცეზი (Arcidiocesi) საეკლესიო პროვინციის მთავარი კათედრა, - წარმოადგენს დიოცეზს, რომლის ეპისკოპოსს ეწოდება მთავარეპისკოპოსი და სუფრაგანულ დიოცეზთა მიტროპოლიტი. შესაძლოა, ზოგჯერ იყოს მხოლოდ საპატიო ტიტული, განპირობებული ისტორიული მიზეზებით.

არქიმანდრიტი (Archimandrita) [ბერძ. archimandrítes (arché „მეთაური“ და მándra „ფარეხი“) „მონასტრის მეთაური“] IV საუკუნიდან აღმოსავლეთის ეკლესიაში ასე ეწოდება მონასტრის წინამძღვარს. VI საუკუნეში ამ სახელს ატარებს მხოლოდ მონასტერთა გაერთიანების მეთაური. ზოგჯერ, განსაკუთრებულ დამსახურებათათვის, ამ წოდებას, ასევე, ანიჭებენ იმ მონაზონს, რომელიც არაა მონასტრის წინამძღვარი.

ასკეზა (Ascesi) [ბერძ. áskesis „ფიზიკური ვარჯიში“, შემდეგ გვიანლათ. დამკვიდრდა ფორმა ascesis] თავდაპირველად სიტყვა აღნიშნავდა ნებისმიერ ვარჯიშს, - ფიზიკურს, ინტელექტუალურსა თუ ზნეობრივს, — შესრულებულს გარკვეული მეთოდით წინსვლის მისაღწევად. ქრისტიანობაში შეიძინა თითქმის ტექნიკური მნიშვნელობა და აღნიშნავს ძალისხმევათა ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც ადამიანს სურს წინსვლა ზნეობრივსა და რელიგიურ ცხოვრებაში, რათა მიაღწიოს მთის ქადაგებაში (მათ. 5:1, შმდ.) ჩამოყალიბებულ ქრისტიანული სრულყოფილების იდეალს. ქრისტიანული ასკეტიზმი, რომელიც განდგომასა და საკუთარი თავის უარყოფას გულისხმობს, სულიერ ცხოვრებაში ღმრთის ქმედების უზენაესობას ექვემდებარება.

ასკეტიკა (Ascetica) [წარმოებული ფორმა ბერძ. asketés „ის, ვინც ვარჯიშობს“] თეოლოგიური განსჯა ასკეზისა და ყოველივე მასთან დაკავშირებულის შესახებ. ცალკეულმა წმიდანებმა, მაგალითად, ბენედიქტე ნურსიელმა, ბონავენტურამ, ეგნატე ლოიოლამ და სხვ. მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანეს ასკეტიკაში.

ასუნციონისტები (Assunzionisti) [იტალ. Assunzione „აღყვანება“] მოწესე მამაკაცები და ქალები, წევრები ერთ-ერთი იმ რელიგიური კონგრეგაციისა, რომლის სახელწოდებაც მარიამის აღყვანებას უკავშირდება. მამაკაც მოწესეთა კონგრეგაცია (ასუნციონისტები ანუ ავგუსტინელი ასუნციონისტები) 1845 წელს ე. დ'ალცონმა დააარსა, ის დამტკიცებული იქნა 1864 წელს. მოწესე ქალთა კონგრეგაციებია: მარიამის აღყვანების დები ან ქალბატონები (1839), მარიამის აღყვანების მონაზვნები (ობლატები) (1862) და მარიამის აღყვანების მცირე დები (1865). ასუნასუნციონისტთა კონგრეგაცია მიზნად ისახავს ქრისტიანული მოძღვრების დაცვას ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით (La Croix, Documentation catholique...); მის წევრთა მოღვაწეობის სფეროებია, ასევე, სასკოლო სწავლება, მომლოცველობა და მისიონერული საქმიანობა (აღმოსავლეთში).

აუდიტორი (Uditore) [ლათ. auditor, ზმნიდან audire „მოსმენა“] ტრიბუნალის მსაჯულთა შორის ან ეპისკოპოსის მიერ მოწონებულ პირთაგან არჩეული პიროვნება, რომელსაც ევალება სასამართლო საქმის წინასწარი გამოძიება. იგი მოიძიებს მტკიცებულებებს და გადასცემს მათ მოსამართლეს (CIC, კან. 1428). ნუნციატურის აუდიტორი კი წმიდა საყდრის დიპლომატიურ სამსახურში მსახურობს და სადესპანოს თანამშრომელთა და მდივანთაგან შეირჩევა.

აფსიდა (Abside) [ბერძ. apsís, შემდეგ ლათ. დამკვიდრდა ფორმა absis] ნახევარწრიული ან წახნაგოვანი არქიტექტურული ფორმა, ჩვეულებრივ დაგვირგვინებული ნახევარგუმბათით (კონქით). მოთავსებულია ეკლესიის ცენტრალური ნავის ბოლოს და მოიცავს მთავარ საკურთხეველს. შეიძლება მდებარეობდეს, ასევე, საეკლესიო შენობის განივი მკლავების ან ტრანსეპტის ბოლოებზეც.

აქტიური (მორწმუნე) (Praticante) [ბერძ. praktikóს „აქტიური“, (ზმნიდან prássein, „კეთება“), შემდეგ ლათინურში დამკვიდრდა practicus] პირი, რომელიც ერთგულად ასრულებს რელიგიურ წესებს.

აღაპი, საძმო ტრაპეზი (Agape fraterna) [ბერძ. ágape „სიყვარული“] ევქარისტიას დართული ერთობლივი ტრაპეზი, რომელიც ადრეულ ეკლესიაში საიდუმლო სერობის მაგალითითა და მის გასახსენებლად იმართებოდა, როგორც უკიდურესად გაჭირვებულთა მიმართ სიყვარულის, თანაგრძნობისა და მათთან ერთიანობის გამოხატულება. მოკლე ხანში მის საფუძველზე აღმოცენდა ისეთი გადაჭარბებანი, რომლებიც მოციქულმა პავლემ დაგმო წერილში კორინთელთა მიმართ (1 კორ. 11:17-34). II საუკუნიდან განცალკევდა ევქარისტიული ლიტურგიისაგან.

აღდგომა (Risurrezione) [გვიანლათ. resurrectio „გაცოცხლება“] ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოება ქრისტიანობის მთავარი საიდუმლოა (შდრ. CCC, 638) და ახალი აღთქმის გზავნილის საფუძველია: „თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც“ (1კორ. 15:14). ამ საიდუმლოს არსებითი მოვლენა ისტორიულადაა დადასტურებული მოწაფეთა მიერ, რომლებიც სინამდვილეში შეხვდნენ სიცოცხლეში ქრისტეს, და, ამავე დროს, არის საიდუმლოებრივად ტრანსცენდენტური, რადგანაც ესაა ქრისტეს ადამიანურობის შესვლა ღმრთის დიდებაში (შდრ. CCC, 639-647). ქრისტეს, „მკვდართაგან პირმშოს“ (კოლ. 1:18), მკვდრეთით აღდგომა ყოველი ადამიანის მკვდრეთით აღდგომის წინაპირობა და საწინდარია. ის წარმოგვიდგება სიკვდილის შემდეგ სულის მყისიერ გამართლებად და სხეულის მომავალ გაცოცხლებად ღმრთის დიდებაში (ნ. ნეტარი ხილვა). ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის, ანუ აღდგომის საიდუმლოს აღნიშვნა ლიტურგიის ძირითადი ნაწილია. მისი გამოხატულებაა არა მხოლოდ პასექის აღნიშვნა, არამედ აგრეთვე კვირადღის — მკვდრეთით აღმდგარი უფლის დღის — ევქარისტიული მსახურება. ნ. პასექი.

აღვიარებ (Confiteor) [თხრობითი კილოს აწმყო დროის პირველი პირის ფორმა ლათინური ზმნისა confiteri „აღვიარებ“] ცოდვათა აღიარება წირვის დასაწყისში. ტერმინი ამგვარი აღიარებისას გამოყენებული ფორმულის პირველი ლათინური სიტყვიდან წარმოიშვა.

აღზევებულობა (Eminenza) [ლათ. სიტყვიდან eminentia „ამაღლებული ადგილი“, „სიმაღლე“] კარდინალის საპატიო წოდება (1630 წლის ურბან VIII-ის დეკრეტის საფუძველზე). შუა საუკუნეებში წარმოადგენდა აგრეთვე ტიტულს, რომელსაც პაპი მხოლოდ საფრანგეთის მეფეებს უბოძებდა.

აღთქმა (Testamento) [ლათ. testamentum (ზმნიდან testari, „დამოწმება“), რომელიც შეესატყვისება ბერძნულ ცნებას diathéke, ის კი თავის მხრივ ებრაული სიტყვის berit „აღთქმა“, თარგმანია] იურიდიულ ინსტიტუტთან ანალოგიით, ტერმინი ხაზს უსვამს ღმრთის ინიციატივას და ნიჭს, უბოძოს საკუთარი თავი ადამიანს, ამ მიზნით დებს აღთქმას ისრაელთან, ხოლო იესო ქრისტეს მეშვეობით კი ის თითოეულ ადამიანს მიეცემა. ამიტომაც ძველი და ახალი აღთქმის ხსენებისას ძველსა და ახალ შეთანხმებაზეა საუბარი. აღთქმის წიგნები ერთობლივად ბიბლიას შეადგენს.

აღთქმის დადება (Voto) [ლათ. votum (ზმნიდან vovere „კურთხევა“)] ესაა „ღმრთისადმი მტკიცე და თავისუფალი დაპირება შესაძლებელი და საუკეთესო სიკეთისა“ (CIC, კან. 1191). სამოწესეო ცხოვრების შემთხვევაში აღთქმის უმთავრესი არსია სიღატაკის, უბიწოებისა და მორჩილების სამი დაპირება. პიროვნება, რომელიც აღთქმის დადებით უარს აცხადებს სამ დიდ ადამიანურ ღირებულებაზე, ამასსახარებაში მოცემული ქრისტეს მაგალითის მიბაძვის მიზნით აკეთებს (აქედან მომდინარეობს გამოთქმა „სახარებისეული რჩევები“, შდრ. მათ. 19:16-21), რაც მამა ღმრთის სრულყოფილებისაკენ სწრაფვას ისახავს მიზნად (მათ. 5:48). აღთქმა არის: ა) საჯარო, თუ მას ჩაიბარებს კანონიერი წინამძღვარი ეკლესიის სახელით; ამგვარია სამოწესეო ინსტიტუციაში, სამოციქულო ცხოვრების საზოგადოებებში, მორწმუნეთა საჯარო ასოციაციებში და განდეგილთა მიერ დადებული აღთქმები; ბ) კერძო, თუ ის მხოლოდ ღმრთის წინაშე წარმოითქმის, ეკლესიის სახელით რომელიმე წინამძღვრის ჩარევის გარეშე; ასეთია შიდა ფორუმში დადებული აღთქმები, თუნდაც ეს მორწმუნეთა კერძო ასოციაციებში ხდებოდეს (CIC, კან. 1192, ნაწ. 1); გ) საზეიმო, რომელიც ამგვარად არის აღიარებული ეკლესიის მიერ. ინსტიტუციები თავად ადგენენ, უნდა დადონ თუ არა მათმა წევრებმა საზეიმო აღთქმები (და საზღვრავენ ამგვარ აღთქმათა იურიდიულ შედეგებს), თუ საკმარისია მარტივ აღთქმათა დადება (რომელთაც ექნება ან არ ექნება საზეიმო აღთქმათა იგივეობრივი შედეგები) (შდრ. CIC, კან. 668, ნაწ. 4; ნ. 204; 206; 216); დ) მარტივი — ყველა სხვა შემთხვევაში (CIC, კან. 1192, ნაწ. 2); ე) პირადი, როდესაც აღთქმის საგანი რამე ქმედებაა, მაგალითად, ლოცვა, საკვებზე უარის თქმა და ა.შ.; ვ) ნივთიერი, თუ აღთქმის საგანი რამე საგანია: მაგალითად, მოწყალება, ბარძიმის შეწირვა და სხვ.; ზ) შერეული, როდესაც აღთქმის საგანი ქმედება და საგანია: მაგალითად, მომლოცველობა რამე შესაწირავის გაკეთების მიზნით; თ) დროებითი, როცა აღთქმის მოქმედება დათქმული ვადის გასვლის შემდეგ წყდება (CIC, კან. 1194); ი) მუდმივი, ასეთია სამუდამოდ დადებული აღთქმები, მათ შეწყვეტას იწვევს მხოლოდ განთავისუფლება ან ჩანაცვლება (CIC, კან. 1194).

აღთქმის კარავი (Tenda della testimonianza/del convegno) ეწოდება აგრეთვე „სამყოფელი“, „ტაბერნაკულუმი“. მოსეს მიერ დამზადებული კარვის ფორმის მოძრავი სალოცავი (გამ. 25:8; 26; 27; 35:4-29; 36:8-38; 40:1-33), ღმრთის თანასწრების ნიშანი, რომელიც ახლდა თან ისრაელის ხალხს უდაბნოში (გამ. 40:34, შმდ; რიცხ. 1:50.53; 2:1; 10:11). მასში იყო დაცული აღთქმის კიდობანი რჯულის შეცველი დაფებითურთ (გამ. 25:16). ნ. შეკინა.

აღთქმის კიდობანი ნ. კიდობანი

აღთქმული მიწა (Terra promessa) ქანაანის მიწა, ანუ პალესტინა, რომელსაც ასე ეწოდება, რადგანაც (ებრ. 11:9) ის აბრაამსა და მის შთამომავლობას აღეთქვა (დაბ. 12:1; 14:17), ღმერთსა და მის ხალხს შორის აღთქმის კავშირად. მას ეწოდება ქვეყანა, რომელსაც უფალი მიანიჭებს (გამ. 12:5), ქვეყანა, რომლის მიცემაც უფალმა აღუთქვა (რჯლ. 7:13 და კიდევ 17-ჯერ), კეთილი ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება (რიცხ. 14:30; 32:10, შმდ.; რჯლ. 1:34, შმდ.; 2:14; 4:12; ფსალ. 95:11; ეზრ. 20:15; ებრ. 4:7).

აღთქმული წირვა (Votiva, messa) [ლათ. votivus, ნაწარმოებია სიტყვიდან vovere „აღთქმა“, „დაპირება“] წირვა, რომელიც შეიძლება ჩატარდეს დღის ლიტურგიის ნაცვლად, განსაკუთრებული თაყვანისცემის ნიშნად, ქალწული მარიამის, რომელიმე წმიდანის ან უფლის ცალკეულ საიდუმლოებათა სადიდებლად.

აღკვეცა (ტონზურა) (Tonsura) [ლათ. tonsura „შეკრეჭა“] სამღვდელოების წევრად მიღების აღმნიშნავნელი რიტუალი. ეპისკოპოსი თმის რამდენიმე კულულს აკრეჭდა კანდიდატს ამქვეყნიურ საქმეთაგან მისი დაშორების აღსანიშნავად. ამგვარად, აღკვეცილი თმა, „ტონზურა“, ყოველი სასულიერო პირის განმასხვავებელი ნიშანი იყო.

აღმართვა (Elevazione) [ლათ. elevatio] ჟესტი, რომელსაც მწირველი ასრულებს წირვის დროს, კურთხევის შემდეგ, სეფისკვერისა და შემდეგ ბარძიმის აღმართვისას. ევქარისტიულ ნაწილთა აღმართვა კიდევ ერთხელ კანონის დასასრულს სრულდება, როდესაც მწირავი ერთდროულად აღმართავს ნაკურთხ პურსა და ღვინოს. სეფისკვერის აღმართვა დოკუმენტურად დამოწმებულია XII საუკუნიდან, ხოლო ბარძიმისა - XIV საუკუნიდან.

აღმატებულება (Eccellenza) [ლათ. excellentia (მომდინარეობს ზმნიდან excellere „აღმატება“)] საპატიო ტიტული, რომელიც ეპისკოპოსებსა და მთავარეპისკოპოსებს ენიჭება.

აღმდგარი (Risorto) [ნამყოს მიმღეობა ზმნისა risorgere „გაცოცხლება“] როგორც არსებითი სახელი, აღნიშნავს იესო ქრისტეს. ნ. აღდგომა.

აღმთქმელი (Professo) [ლათ. professus (ნამყოს მიმღეობა სიტყვისა profiteri „განცხადება ვინმეს წინაშე“)] აღნიშნავს პიროვნებას, რომელმაც სიღატაკის, უბიწოებისა და მორჩილების აღთქმა დადო.

აღმოსავლური ეკლესიები (Orientali, chiese) აღმოსავლურ ეკლესიათა რიცხვს განეკუთვნება აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის) საზღვრებში ჩამოყალიბებული და ამ საზღვრებს გარეთ მყოფი, მაგრამ მათზე დამოკიდებული ყველა ეკლესია. ტრადიციულად უპირატესობის მქონე ალექსანდრიის, ანტიოქიისა და შემდგომ კონსტანტინოპოლისა და იერუსალემის საპატრიარქოები დროთა განმავლობაში სამიტროპოლიტო ცენტრებიდან განვითარდნენ. ბიზანტიის იმპერიის საზღვრებს გარეთ დამოუკიდებელ ეკლესიებად ჩამოყალიბდა სპარსული და სომხური ეკლესიები. ამ დიდ ეკლესიათაგან თითოეულს საკუთარი წესი აქვს. 451 წლის ქალკედონის კრების შემდეგ გაღვივებული ქრისტოლოგიური დისკუსიის შედეგად სპარსეთის ნესტორიანული ეკლესია პირველი გამოეყო ბიზანტიის ეკლესიას. მის მაგალითს მიბაძეს მარონიტებმა და მონოფიზიტიზმის მიმდევრებმა, რომლებმაც თავი არაქალკედონურ ეკლესიებად გამოაცხადეს; კერძოდ, საუბარია შემდეგ ეკლესიებზე: კოპტური მართლმადიდებელი ეკლესია, ეთიოპიის მონოფიზიტური ეკლესია, სირიულ-მართლმადიდებელი ეკლესია, ინდოეთის მართლმადიდებელი ეკლესია, სომხური ეკლესია. ამ ეკლესიებსაც აღმოსავლური ეწოდება. ბიზანტიის ეკლესია დანარჩენებთან შედარებით უფრო მეტად გავრცელდა და მისი წესი გაბატონებულად იქცა. IX-X საუკუნეებში ის ბულგარეთში, სერბეთსა და რუსეთში გავრცელდა. ამ ქვეყნებში მხოლოდ XIX საუკუნეში აღმოცენდა ეროვნული მართლმადიდებელი ეკლესიები. ბიზანტიური იმპერიული ეკლესიის წიაღიდან წარმოქმნილი აღმოსავლური ეკლესიები, რომლებიც აღმოსავლური სქიზმის შემდეგ კათოლიკე ეკლესიას გამოეყვნენ, აღმოსავლურ მართლმადიდებელ ეკლესიებად იწოდება. ხოლო ეკლესიებს, რომლებმაც რომის ეკლესიასთან კავშირი შეინარჩუნეს, ან გამოყოფის პერიოდის შემდეგ ისევ შეუერთდნენ რომის ეკლესიას, აღმოსავლურ კათოლიკე ეკლესიებს უწოდებენ (მათ უნიატებადაც მოიხსენიებენ). თუმცა ამ სახელწოდებათა გამოყენება ერთმნიშვნელოვნად არ არის განსაზღვრული, რაც ხშირად ხდება გაუგებრობის მიზეზი.

აღმსარებელი (Confessore) [გვიანლათ. სიტყვიდან confessor, ზმნიდან ცონფიტერი „აღიარება“] ა) მღვდელმსახური, რომელიც მონანიების საიდუმლოს აღასრულებს: „ცოდვათა ქმედითი მიტევებისათვის საჭიროა, რომ მღვდელმსახური, გარდა სასულიერო წოდების ავტორიტეტისა, ამასთანავე, ფლობდეს უნარს, რათა შეძლოს მორწმუნეთათვის ცოდვების მიტევება“ (CIC, კან. 966); ბ) სარწმუნოების აღმსარებელი - წოდება, რომელიც ლიტურგიაში ენიჭება ყველა არამოწამე წმიდანს. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ტერმინები აღმსარებელი და მოწამე ერთმანეთისგან არ განირჩეოდა. მათი სხვადასხვა მნიშვნელობით ხმარება IV საუკუნიდან დამკვიდრდა.

აღმსარებელი ეკლესია (Chiesa confessante) [გერმ. Bekennende Kirche] გერმანელ ქრისტიანთა ერთი ჯგუფი, რომელიც, ნაციზმის გავრცელებისა და გერმანულ ეკლესიაზე მისი მზარდი გავლენის საწინააღმდეგოდ, ეკლესიად ჩამოყალიბდა (1933 წლიდან). ჯგუფის მიზანი იყო ქრისტიანული საზოგადოებისთვის საღმრთო წერილის, სახარებისა და რეფორმატორთა მიერ განსაზღვრული მთლიანობის შენარჩუნება. ეკლესიის რწმენის აღსარება 1934 წლის 31 მაისს ბრემენში შედგა და დამტკიცდა.

აღსავლენი (Orazione) [ლათ. oratio, „საუბარი“, ზმნიდან orare „ლაპარაკი“, შემდეგ ქრისტიანულ ლათინურში „ლოცვა“] გადატანითი მნიშვნელობით, აღნიშნავს ღმრთის, ღმრთისშობლისა თუ წმიდანებისადმი აღვლენილ ყოველ ლოცვას. ლიტურგიაში ესაა ლოცვა, რომელსაც მღვდელმსახური წირვისას საკითხავამდე აღავლენს.

აღსარება [ლათ. ზმნიდან confiteri „აღიარება“] ტერმინს განსხვავებული მნიშვნელობები აქვს: ა) ფართო მნიშვნელობით, აღნიშნავს მონანიების საიდუმლოს მთლიანობაში, ანუ მოიცავს მის ყველა ნაწილს: სინდისის ქენჯნას, სინანულს, განზრახვას, ცოდვათა აღიარებას, მონანიებას; ბ) ვიწრო მნიშვნელობით, აღნიშნავს ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთ ნაწილს: მონანიე ადამიანის მიერ აღსარების მიმღები მოძღვრის წინაშე ცოდვათა აღიარების მომენტს; გ) იურიდიული ტერმინოლოგიდან აღებული: რამე ფაქტის ან მოვლენის საჯარო აღიარების მნიშვნელობით, აღნიშნავს საკუთარი რწმენის საჯარო აღსარებას; დ) შეიძლება აღნიშნავდეს ფორმულარს, რომელიც შეიცავს სარწმუნოების მთავარ დოგმატებს, როგორებიცაა, მაგალითად, აუგსბურგის აღსარება (1530) ლუთერელთათვის და ლა როშელის აღსარება (1559-1571) ფრანგი რეფორმატორებისთვის. უძველესი ეკლესიის რწმენის აღსარებებს „სიმბოლოები“ ეწოდება: ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო, მოციქულთა სიმბოლო, ათანასეს სიმბოლო; ისინი ანგლიკანური, ლუთერული და რეფორმირებული ეკლესიების მიერაცაა აღიარებული; ე) ფართო მნიშვნელობით აღნიშნავს აგრეთვე სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიას, ანუ იმ ეკლესიათა ერთობლიობას, რომლებიც რწმენის ერთსა და იმავე აღსარებას იყენებენ. მაგალითად, ლუთერული ან რეფორმირებული ეკლესიის აღსარება (გამოიყენება ასევე გამოთქმა: ლუთერული ან რეფორმირებული ეკლესიის თანაზიარება); ვ) ადგილი, სადაც მოწამემ მოწამეობა მიიღო ან დაიკრძალა (აღსარების საკურთხეველი).

აღყვანება (Assunzione) [ლათ. adsumptio, წარმოებული სიტყვიდან adsumere „მიღება“] აღნიშნავს ზეციურ დიდებაში მარიამის აღყვანებას სამშვინველითა და სხეულით. მარიამის აღყვანება დოგმაა, რომელიც 1950 წლის 1 ნოემბერს საზეიმოდ გამოაცხადა პაპმა პიუს XII-მ სამოციქულო დადგენილებით Munificentissimus Deus. ლიტურგიული წლის განმავლობაში ის ერთ-ერთია მარიამისადმი მიძღვნილი სამი დიდი დღესასწაულიდან და აღინიშნება 15 აგვისტოს. ეს საიდუმლოება საუკუნეთა მანძილზე იყო შემონახული აღმოსავლეთისა და დასავლეთის სხვადასხვა ეკლესიებში. დასავლეთში პაპ სერგი I-ის დროს (VIIს.) აღინიშნებოდა „მიძინების“ დღესასწაული. აღყვანება განიხილება არა იმდენად მარიამის აპოთეოზად, რამდენადაც იესო ქრისტეს მიერ ბოროტებაზე გამარჯვებასთან ქრისტიანის ნამდვილი შეერთების ნიშანად, როგორც დასტური ჩვენი მომავალი მონაწილეობისა მაცხოვრის დიდებაში.

ახალი აღთქმა ნ. ბიბლია; აღთქმა.

ახალი თეოლოგია (Nouvelle théologie) ამ სახელით აღინიშნა უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გავრცელებული ფრანგული თეოლოგიური მოძრაობა. ეს იყო ბიბლიისა და პატრისტიკის შუქზე თეოლოგიის ხელახალი გააზრების მცდელობა, ახალ გაგებათა და ფილოსოფიურ-კულტურული პრობლემატიკის მიერ წამოჭრილ მოთხოვნათა საპასუხოდ. 1950 წლის ენციკლიკაში Humani generis ამ მიმდინარეობის ცალკეული ასპექტებია დაგმობილი.

ახალი ორმოცდაათიანელობა (Neopentecostalismo) [néos „ახალი“+pentecostalismo] თანამედროვე ქრისტიანული მოძრაობა, რომელიც ორმოცდაათიანელობიდან იღებს შთაგონებას, მაგრამ, მისგან განსხვავებით, არა დამოუკიდებელ ეკლესიად, არამედ სულიერების ფორმად წარმოადგენს საკუთარ თავს.

ახალი ღმრთისმოსაობა (Devotio moderna) რელიგიური განახლების მოძრაობა, აღმოცენდა ნიდერლანდებში XIV საუკუნის მეორე ნახევარში, შემდგომში განვითარდა გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაშიც. მოძრაობის იდეები შესანიშნავადაა გადმოცემული წიგნში De imitatione Christi. მოძრაობის დამახასიათებელი ნიშანია საკუთარ სულში ღმრთის ძიება, რაც მიიღწევა სულიერი ჩაღრმავებით, მედიტაციითა და ქრისტიანული ცხოვრების გაღრმავებით ლოცვის, სწავლის, უმთავრესად, ბიბლიის შესწავლისა და შრომის მეშვეობით.

ახალი წარმართობა (ნეოპაგანიზმი) (Neopaganesimo) [ბერძნ. néos „ახალი“ + paganesimo „წარმართობა“] თანამედროვე ადამიანის სწრაფვა - მიატოვოს ღმერთი, ჩამოშორდეს ქრისტიანობის ეთიკურ-რელიგიურ პრინციპებს და მისდიოს მატერიალურ და ამქვეყნიურ ღირებულებებს, რომლებიც ძველი წარმართობის დამახასიათებელ ნიშნებად მიიჩნევა. ეს მიმდინარეობა მეოცე საუკუნის დასაწყისში გავრცელდა, უმთავრესად გერმანიაში, - ბუნებაში ღმრთის იმანენტურობისა და რელიგიური და პოლიტიკური საზოგადოების იდენტურობის იდეის დამკვიდრებასთან ერთად.

3

▲back to top


ბაალი (Baal) [ba'al „უფალი“, „ბატონი“] ღმრთაება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთისა (ქანანური ცივილიზაცია) და აფრიკის თითქმის ყველა ხალხი ეთაყვანებოდა. ნაყოფიერების ეს სული ბუნების, განსაკუთრებით კი - ატმოსფერულ, მოვლენებს მართავდა. მოსეს რჯულის მიერ დაწესებული მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, ამ კულტისადმი გულგრილნი არ იყვნენ ისრაელის მცხოვრებნიც. მეფე აქაბის დროს ისრაელის სამეფოში ბაალის კულტის 450 ღმრთისმსახური ყოფილა. ამის გამო წინასწარმეტყველები ბაალს კერპთაყვანისმცემლობის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ბიბლიაში აღწერილია (შდრ. 3 მეფ. 18:20-40) ელიას გამარჯვება ბაალის ღმრთისმსახურებთან კამათში კარმელის მთაზე. ბაალის კულტი ებრაელთა გადასახლების ხანაში მოისპო.

ბაბიზმი (Babismo) რელიგიური მოძრაობა, რომელიც სპარსეთის შიიტური ისლამიდან იღებს დასაბამს. ბაბიზმის სახელწოდება მისი დამაარსებლის - საიდ ალი მუჰამად შირაზის (1819-1850) სახელიდან მომდინარეობს, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც ჰაზრათ-ი ბაბი: მისი უმაღლესობა ბაბი, ანუ „კარი“, მიმყვანი ღმრთაებრივი ჭეშმარიტების შეცნობისაკენ. თავდაპირველად მოძრაობა წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ მას სულიერი ხელმძღვანელობა დაუპირისპირდა, რის შედეგადაც ბაბიზმი მთლიანად გამოეყო ისლამს და დამოუკიდებელ რელიგიად ჩამოყალიბდა, რომლის მიმდევრებიც დღეს მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფების სახით არიან შემორჩენილნი.

ბაბილონი (Babele) ებრ. სახელი ბაბილონეთისა, რომელიც ბიბლიურ სიმბოლიზმში მუდამ ბოროტ ძალას განასახიერებს, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს მისი გამოყენება თავის გეგმათა განსახორციელებლად შეუძლია. ცნობილი ბაბილონის გოდოლი, რომელიც დაბადებაშია მოხსენიებული (11:1-9), ტერასებად ნაგებ კოშკს (ზიქურათს) წარმოადგენს. ბაბილონის აყვავების ხანაში გავრცელებული ამ ტიპის ნაგებობა სიმბოლოა კერპთაყვანისცემისა და ადამიანური ამპარტავნებისა, რომელსაც ღმერთი სჯის (ენათა აღრევა).

ბაგა (Presepio) [ლათ. praesepe ან praesepium „დახურული ღობე“, „ბაგა“] იესოს შობისა და მოგვთა თაყვანისცემის ამსახველი რელიეფური მინიატურული საშობაო გამოსახულება (ლუკასა და მათეს სახარებათა მიხედვით), რომელიც ბეთლემის ქვაბულის გარშემო თავმოყრილ სხვადასხვა პერსონაჟთა ფიგურებს მოიცავს. პირველი ამგვარი გამოსახულება 1223 წლის შობის დღესასწაულზე, გრეჩოში, წმიდა ფრანცისკე ასიზელმა დაამზადა. ზოგჯერ ამგვარ საშობაო სურათებს ცოცხალი ადამიანებისა და ცხოველების მონაწილეობითაც დგამენ.

ბაზილიკა (Basilica) [ბერძ. (stoá) basiliké „სამეფო (პორტიკი)“] ბაზილიკა სპარსეთის სამეფო სასახლეთაგან მომდინარეობს: ის მეფის (baziléus-ის) სააუდენციო დარბაზს წარმოადგენდა. ბაზილიკა - რამდენიმე ნავისაგან შემდგარი სწორკუთხა დიდი დარბაზი - პრაქტიკულობის გამო გადაიღო რომაულმა სამყარომ, რადგანაც მის ერთ-ერთ ბოლოში მდებარე აფსიდა იდეალურ გარემოს წარმოადგენდა სასამართლო სხდომების ჩასატარებლად. ბაზილიკა, აგრეთვე, შეკრებათა და საქმიან გარიგებათა ცენტრადაც გამოიყენებოდა. ბაზილიკა ბუნებრივად მიესადაგა ქრისტიანულ კულტს, რასაც შენობის გეგმაში მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებების შეტანა მოჰყვა. დღეს ბაზილიკა ეწოდება ტაძარს, რომელსაც ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ნიშან-თვისება ახასიათებს: ა) ტაძარს აქვს სიგრძივი გეგმა და ერთმანეთისაგან კოლონადით გამოყოფილი სულ ცოტა სამი ნავი; ცენტრალური ნავი სხვებზე უფრო მაღალია, - იმდენად, რომ საკუთარი სარკმლები შეუძლია ჰქონდეს; ბ) ეკლესია ძველი ქრისტიანულია: ამ ტიპის ეკლესიებს IV საუკუნიდან უწოდებენ ბაზილიკებს; გ) მინიჭებული აქვს ბაზილიკის საპატიო წოდება, რისი პატივიც გამორჩეულ ტაძრებს ერგება. უძველესი დროიდან უფროს და უმცროს ბაზილიკებს განასხვავებენ. მთავარი ანუ პაპის ბაზილიკები ეწოდება რომის ოთხ მთავარ ტაძარს. ესენია: წმიდა იოანე ლატერანში, წმიდა მარიამი უმთავრესი, წმიდა პეტრე ვატიკანში და წმიდა პავლე გალავანს მიღმა.

ბალდაქინი (Baldacchino) [ბაღდადის ძველი სახელიდან Baldacco, რომელიც გარკვეული სახის ქსოვილის სამშობლო იყო] ოთხ ან მეტ გადასატან ბუნზე დამაგრებული, ფოჩებით მორთული ქსოვილის ოთხკუთხა ნაჭერი, რომლის დანიშნულებაა საზეიმო მსვლელობისას წმიდა ნაწილების დაცვა.

ბალუსტრადა (Balaustra/Balaustrata) რიკულებიანი მოაჯირი, რომელიც გამოიყენება მღვდლის სამყოფლის — პრესბიტერიუმის გამოსაყოფად ეკლესიის ნავებისაგან.

ბაპტისტები (Battisti) ანგლოსაქსურ პროტესტანტიზმში აღმოცენებული ყველაზე დიდი თავისუფალი ევანგელიკური ეკლესიის წევრები. ამ ეკლესიის შემადგენელ სხვადასხვა ჯგუფთა უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანი მოზრდილთა ნათლობაა. XVII საუკუნის დასაწყისში ამსტერდამში ემიგრირებულმა ჯ. სმითმა და თ. ჰელვისმა, დარწმუნებულებმა, რომ ბავშვობაში მიღებული ნათლობა ძალადაკარგული იყო, ხელახლა მიიღეს ნათლობა და 1608 წელს ამსტერდამის პირველი ინგლისური ბაპტისტური ეკლესია დააარსეს. ჰელვისი 1611 წელს რამდენიმე მეგობართან ერთად ინგლისში დაბრუნდა და დააარსა ეგრეთ წოდებული პირველი ბაპტისტური ეკლესია ინგლისის ტერიტორიაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაპტიზმის დაფუძნება მქადაგებელ რ. უილიამსის (†1683) სახელს უკავშირდება. ამჟამად ბაპტისტთა დამოუკიდებელი საკრებულოები 1905 წლიდან გაერთიანებულია „ბაპტისტთა მსოფლიო ალიანსში“ (Baptist World Alliance), რომელიც ოცდაათ მილიონზე მეტ მომხრეს აერთიანებს (ამათგან 27 მილიონი ამერიკის შეერთებული შტატებში ცხოვრობს). ბაპტისტურ კავშირთა უმრავლესობა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიეკუთვნება. სხვადასხვა ჯგუფები შეთანხმებულნი არიან მოძღვრებისა და კანონმდებლობის ძირითად საკითხებზე. ეს საკითხებია: სამოძღვრო თავისუფლება თეოლოგიაში; სავალდებულო მრწამსის არარსებობა; ბიბლია როგორც საყოველთაო ავტორიტეტი; საიდუმლოთა სიმბოლური კონცეფცია; მხოლოდ ზრდასრულთა ნათლობა (წყალში ჩასვლის გზით); ღმრთისმსახურთა ხელდასხმა საკრებულოს წევრების მიერ; ყოველგვარი რელიგიური ტრადიციისა და საეკლესიო ფორმის უარყოფა; ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან გამიჯვნა. ყველასთვის საერთოა აქტიური ქრისტიანობა და მისიონერული საქმიანობა წარმართულ მიწებზე.

ბაპტისტერიუმი (Battistero) [საეკლესიო ლათ. baptisterium (ბერძ. სიტყვიდან baptistérion)] IV საუკუნიდან სიტყვა აღნიშნავს ბაზილიკასთან დაკავშირებულ და ნათლობის აღსრულებისთვის განკუთვნილ საგანგებო შენობას. შენობის ბაზილიკისაგან განცალკავების მიზეზი იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ნეოფიტები (ახალმოქცეულნი) მხოლოდ ნათლობის შემდეგ დაიშვებოდნენ ეკლესიაში. პირველ ბაპტისტერიუმებს ჰქონდა ცენტრალური, ხუთკუთხა, ექვსკუთხა, ბერძნული ჯვრის ფორმის, უფრო ხშირად კი რვაკუთხა ან წრიული გეგმა, კამაროვანი და გუმბათოვანი გადახურვა, თუმცა, ფორმისაგან დამოუკიდებლად, ყოველი მათგანის ცენტრში 70-75 სმ. სიღრმის აუზი იყო მოთავსებული. აუზში ჩასვლა საფეხურების მეშვეობით იყო შესაძლებელი, წყალი კი მას ზემოდან მიეწოდებოდა. ბაპტისტერიუმის ამ ტიპმა მას შემდეგაც განაგრძო არსებობა, რაც XI საუკუნიდან გაუქმდა წყალში ჩაშვების გზით ნათლობა, თუმცა XIII საუკუნიდან მისი გამოყენება უფრო იშვიათი გახდა, რადგანაც ამ დროიდან ნათლობის წესი უკვე ეკლესიაში აღესრულებოდა. ამ მიზნით სანათლავ ემბაზს ეკლესიის შესასვლელის სიახლოვეს, ერთ-ერთ გვერდითა სამლოცველოში ათავსებდნენ.

ბარნაბელები (Barnabiti) მათი ოფიციალური სახელწოდებაა წმიდა პავლეს რეგულარული სამღვდელონი. ბარნაბელები მათ ეწოდათ მილანის წმიდა ბარნაბეს ეკლესიის მიხედვით, რომელიც ამ კონგრეგაციის პირველ ადგილსამყოფელს წარმოადგენდა (1545). კონგრეგაცია 1530 წელს წმიდა ანტონიო მარია ზაქარიამ, ბარტოლომეო ფერარიმ და ანტონიო ჯაკომო მორიჯამ დააარსეს ხალხში სამწყსო მსახურების, სწავლებისა და ევქარისტიული თაყვანისცემის გასავრცელებლად. თავდაპირველად მათ ინკვიზიცია დაუპირისპირდა. 1579 წელს პაპმა გრიგოლ XIII-მ კონგრეგაციის განმსაზღვრელი წესდება ცნო. ამჟამად იტალიაში ბარნაბელები მოღვაწეობენ სასკოლო სფეროსა და სამრევლო სამწყსო საქმიანობაში.

ბარუქის წიგნი (Libro di Baruc) ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნი, რომელსაც იერემიას მდივან ბარუქის სახელს უკავშირებენ. განეკუთვნება გვიანდელ ხანას, შემონახულია მხოლოდ ბერძნულ ენაზე, აგრეთვე, სირიული და ლათინური ვერსიების სახით. წიგნი შეიცავს: შესავალს, ანუ ისტორიულ პროლოგს (1:1-14); მონანიების ლიტურგიას (1:15-3:8); ცოდნის სადიდებელ საგალობელს, რომელშიც ცოდნა მოსეს კანონთანაა გაიგივებული (3:9-4:4); წინასწარმეტყველურ ქადაგებას (4:5-5:9). ვულგატაში მას დაემატა ეგრეთ წოდებული იერემიას წერილი (თ.6).

ბარძიმი (Calice) [ლათ. calix „ფიალა“, „თასი“] წმიდა ჭურჭელი, რომელშიც წირვის დროს ღვინოს ასხმენ და აკურთხებენ.

ბასილიელები (Basiliani) წმიდა ბასილის (†379) სამონაზვნო წესდების მიმდევარი მონაზვნები. შეიძლება მიეკუთვნებოდნენ როგორც ბერძნულ, ასევე ლათინურ წესს, თუმცა, ჩვეულებრივ, მცდარი შეხედულებით, ბასილიელად მიიჩნევა ბერძნული წესის ყველა კათოლიკე მონაზონი. სხვებთან ერთად, კანონიკურად ცნობილია ბასილიელთა შემდეგი ორდენები: ა) იტალიის ბასილიელ მონაზონთა ანუ წმიდა მარია გროტაფერატას მონაზონთა კონგრეგაცია. დაარსდა 1579 წლის სული წმიდის გარდამოსვლის დღეს იტალიის ბერძენ მონაზონთა კაპიტულუმის მიერ კალაბრიაში, სან ფილარეტე დი სემინარაში. იმავე წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნდა პაპ გრიგოლ XIII-ის დამფუძნებელი ბულა Benedictus Dominus; ბ) წმიდა იოსაფატის ბასილიელთა ორდენი. სახელწოდება მომდინარეობს მოწამისა და მონაზვნის იოსაფატ კუნცევიჩის (†1623) სახელიდან. ორდენი გავრცელდა ლიტვაში, გალიციასა და რუთენიაში; გ) უწმიდესი მაცხოვრის მელქიტი ბასილიელები. ორდენი დაარსდა 1684 წელს, მოქმედებს ლიბანში, ცნო პაპმა ბენედიქტე XIV-მ 1743 წელს; დ) მელქიტთა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ბასილიელთა ორდენი (Baladiti Suwajriti). გავრცელდა ლიბანში, ცნო, ასევე, პაპმა ბენედიქტე XIV-მ 1757 წელს; ე) მელქიტთა ალეპოს ბასილიელთა ორდენი. 1824 წელს გამოეყო წინა ორდენს, ცნეს 1832 წელს. ბასილიელ მამაკაც მონაზვნებს შეესაბამება ბასილიელ ქალ მონაზონთა სხვადასხვა კონგრეგაცია.

ბასილისეული წესდება (Regola basiliana) ბერძნული წესის მოწესეთა ნორმა, რომლის სახელწოდება ეპისკოპოს ბასილი დიდის (†379) სახელს უკავშირდება. ეპისკოპოსს ეკუთვნის კითხვებისა და პასუხების სახით ჩამოყალიბებული ამ წესდების ორი ფორმულირება, ხოლო მისი საბოლოო ვარიანტი VI საუკუნეში შეიქმნა. ბასილესეული წესდება საფუძვლად დაედო აღმოსავლურ სამოწესეო ცხოვრებას და, ამასთანავე, გარკვეული გავლენა მოახდინა ბენედიქტესეულ წესდებაზე.

ბაჰაიზმი (Bahaismo) მკაფიო უნივერსალისტური ხასიათის ახალი რელიგია, რომელიც სპარსეთის შიიტური ისლამის ნიადაგზე აღმოცენდა და უშუალოდ ბაბიზმისგან იღებს სათავეს. მისი დამაარსებელია მირზა ჰუსეინ ალი (1817-1892), რომელმაც 1866 წელს ღმრთის ახალი გამოცხადების მატარებლად გამოაცხადა თავი და სახელი Baha'ulla, „ღმრთის ბრწყინვალება“, დაირქვა. ბაჰაიზმის ძირითადი პრინციპებია: კაცთა მოდგმის ერთიანობა (ყველანი ერთი და იმავე ხის ფოთლები ვართ); ღმრთის აბსოლუტური ტრანსცენდენტურობა; ყველა რელიგიის სიღრმისული ერთიანობა; ადამიანთა შორის თანხმობის დამკვიდრება, როგორც რელიგიის არსებითი ამოცანა; რელიგიის შეთანხმება მეცნიერებასა და გონებასთან; სოციალური თანასწორობა (ყველა ადამიანი თანასწორია ღმრთის წინაშე). ბაჰაისტური რწმენის საფუძველს წარმოადგენს ქითაბ-ალ-აყდასი, „უწმიდესი წიგნი“. ბაჰაიზმს მთელ მსოფლიოში 6 000 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. მისი უმაღლესი ორგანოა ცხრა წევრისაგან შემდგარი და ჰაიფაში მდებარე „სამართლის მსოფლიო სახლი“. „სახლი“ მომავალი მსოფლიო მთავრობის საწყის უჯრედადაა მიიჩნეული.

ბეატიფიკაცია ნ. ნეტარად შერაცხვა.

ბეგარები (Begardi) [ძველფრანგ.bégard, წარმოქმნილი სიტყვიდან béguin „ბეგინი“] ასე ეწოდა XIII საუკუნეში ბეგინების გაერთიანებათა წევრებს, ვისი ძირითადი საქმიანობაც უმთავრესად ფიზიკური შრომა და სნეულთა დახმარება იყო. შემდგომში ეს სახელი ეწოდა, ასევე, ზოგიერთ უპოვართა მესამე ორდენის წევრებსაც.

ბეგინი ქალები (Beghine) [ფრანგ. სიტყვიდან béguine, ეტიმოლოგია დაუზუსტებელია] ბეგინები იყვნენ ქვრივი ან გაუთხოვარი ღმრთისმოსავი ქალები, რომლებიც შუა საუკუნეთა მცირე საკრებულოებში ცხოვრობდნენ და ლოცვითა და ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებულნი. ისინი ატარებდნენ ნაცრისფერ სამოსს, თუმცა აღთქმას არ დებდნენ. მოგვიანებით „ბეგინთა სამყოფელმა“ (beghinaggio) უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და აღნიშნავდა მცირე სახლების ერთობლიობას, რომლებშიც ბეგინები ბინადრობდნენ. ბეგინთა იდეალი ქველმოქმედების სულისკვეთებით გამსჭვალულ სახარებისეულ უპოვარებაში ცხოვრება იყო. ბეგინები სიტყვიერად აღიარა პაპმა ჰონორიუს II-მ (1216), თუმცა შემდეგ, საეკლესიო ხელისუფლებასთან უთანხმოებათა გამო, რისი მიზეზი ბეგინთა ერეტიკული პოზიციებიც გახდა, შუა საუკუნეთა მიწურულს მათ არსებობა შეწყვიტეს.

ბემა (Bema) [ბერძ. béma „ნაბიჯი“, მომდინარეობს სიტყვიდან báinein „სიარული“] ქრისტიანულ ბაზილიკაში ასე ეწოდება სკამს, რომელიც ეპისკოპოსის კათედრის გვერდით ორივე მხარეს აბსიდის მრუდის გასწვრივ გრძელდება. აღმოსავლურ ეკლესიებში აღნიშნავს პრესბიტერიუმს - მღვდლის სამყოფელს შესაბამისი აფსიდითურთ.

ბენედიქტელები (Benedettini/e) იმ სამოწესეო საკრებულოთა წევრები, რომელნიც საუკუნეთა განმავლობაში დასავლეთში მონაზვნობის ფუძემდებლის, წმიდა ბენედიქტეს (დაახლ. 480-547) წესდებით (ბენედიქტესეული წესდება) ხელმძღვანელობენ. ბენედიქტელთა გაერთიანება არის არა იმდენად ნამდვილი „ორდენი“, როგორც მმართველობისა და იერარქიის ერთიანი სისტემის მქონე ცენტრალიზებული კორპორაცია, რამდენადაც კონფედერირებული მონასტრების ერთობლიობა, რომელთაც რომში ჰყავთ საერთო წარმომადგენელი - უპირატესის წოდების მქონე აბატი. წმიდა ბენედიქტეს მიერ სუბიაკოსა და მონტეკასინოს მონასტერთა დაარსების შემდეგ ბენედიქტელთა წესდება პაპმა გრიგოლ დიდმა (†604) გაავრცელა: მან დააარსა მონასტრები ჩელიოს ბორცვსა და სიცილიაში და მონაზონი ავგუსტინე, ორმოცი თანამგზავრის თანხლებით, სახარების გასავრცელებლად ინგლისში წარგზავნა. იტალიაში მონაზვნობა ლონგობარდთა მოქცევის შედეგად აყვავდა. ამ პერიოდში დაარსდა სახელგანთქმული მონასტრები ფარფა, სან ვინჩენცო ალ ვოლტურნო, ნონანტოლა და ა.შ. მონაზვნობის განახლებას მძლავრი ბიძგი მისცა 910 წელს დაარსებულმა კლუნის (ბურგუნდია) მონასტერმა, რომელიც ერთი მეთაურის დაქვემდებარებაში მყოფ მონასტერთა კონგრეგაციის დასაბამად იქცა. საეროთა და ეპისკოპოსთაგან დამოუკიდებელი ეს მეთაური - კლუნიელი აბატი მხოლოდ პაპს ექვემდებარებოდა. ამავე დროს, განსაკუთრებით იტალიაში, ბენედიქტელთა სხვა ჯგუფები (ნ. კამალდოლელები, ვალომბროზელები) განდეგილური ცხოვრების გამოცდილებას მიუბრუნდნენ და მიზნად დაისახეს, ზედმიწევნით ზუსტად დაეცვათ წესდება. Kლუნის საპირისპიროდ, რომელიც იმ დროისათვის მიწათმფლობელ და პოლიტიკურ ძალად იქცა, ბერნარდო კიარავალელმა სიტოს მონასტერში ჩაატარა რეფორმა და ის მკაცრი ასკეტიზმის სულით გამსჭვალულ დისციპლინას დაუქვემდებარა (ნ. ცისტერციელნი). ბენედიქტელთა წესდება (და აღმოსავლური განდეგილობის ტრადიციები) მიიღეს, — თუმცა საკუთარი ჩვეულებებს მიდევნებით, - კარტეზიელებმა (1084), სილიბისტროელებმა (1231), ცელესტელებმა (1264), ოლივეტელებმა (1313). მას შემდეგ, რაც ბენედიქტელებმა რეფორმის შედეგად მძიმე დარტყმა განიცადეს ჩრდილოეთ ევროპაში, ტრიდენტის კრებამ ყველა მონასტრისათვის სავალდებულოდ გამოაცხადა „კონგრეგაციად“ გაერთიანების სისტემა, რაც მათთვის დამოუკიდებლობის დაკარგვას არ ნიშნავდა. უფრო ახლო წარსულში (1893) პაპმა ლეონ XIII-მ ყველა კონგრეგაცია ბენედიქტელთა კონფედერაციაში გააერთიანა წმიდა ანსელმის (რომი) უპირატესი აბატის მეთაურობით, თუმცა ამ უკანასკნელს არ გააჩნია უმაღლესი ზემდგომის უფლებები მონასტრებსა და კონგრეგაციებთან მიმართებაში. 1952 წელს პაპმა პიუს XII-მ ცნო ამ კონფედერაციის lex propria. დღეს ეს კონფედერაცია მოიცავს 21 კონგრეგაციას, რომელთა 30 000-ზე მეტი წევრი განთავსებულია მამაკაც მონაზონთა 237 და ქალ მონაზონთა 845 მონასტერში. ბენედიქტელი წინამძღვრები ოთხ წელიწადში ერთხელ იკრიბებიან რომში წინამძღვართა კონგრესზე, რომლის კომპეტენციაში, აგრეთვე, შედის უპირატესი აბატის არჩევაც. საკუთარი დევიზის — ora et labora (ლოცვა და შრომა) - ერთგულნი, ბენედიქტელები გამოირჩევიან სულიერებითა და აქტიური სოციალური მოღვაწეობით (სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო საქმიანობა), მისიონერული სულისკვეთებით, მნიშვნელოვანია მათი წვლილი ანტიკური კულტურის შესანარჩუნებლად (ხელნაწერთა გადაწერა და ბიბლიოთეკათა მოწყობა). ბენედიქტელი მონაზონი ქალები (VII საუკუნიდან) მისდევდენ ქალთათვის შემუშავებულ ბენედიქტელთა წესდებას. დები მარტივ სამუდამო აღთქმას დებენ. ბენედიქტელ მონაზონ ქალთა მონასტრებს კონფედერაცია უწევს კოორდინირებას, თუმცა ეს არ განაპირობებს კონფედერაციაზე მათს უშუალო დამოკიდებულებას.

ბენედიქტესეული წესდება (Regola benedettina) ბენედიქტე ნურსიელმა (დაახლ. 480-547) შექმნა 73 თავისაგან შემდგარი „მონაზონთა წესდება“ (Regula monachorum), რომელიც ერთ საზოგადოებად მცხოვრებ მონაზონთა სულიერი და მატერიალური ცხოვრების ნორმებს განსაზღვრავს (ნ. კენობიტი; მონაზვნობა). ეს წესდება შუა საუკუნეთა სამონასტრო კულტურის საფუძვლად იქცა და დღემდე რჩება ბენედიქტელთა ორდენის magna carta-დ. ბენედიქტეს წყაროები იყო ეგრეთ წოდებული Regula magistri, ახალი აღთქმა და საეკლესიო მწერალთა ნაშრომები (პახომი, ბასილი, ლეონ დიდი, იერონიმე, ავგუსტინე, კასიანე). ბენედიქტელთა წესდებაში საფუძველმდებ მნიშვნელობას იძენს სამი აღთქმა: oboedintia (მორჩილება აბატისადმი, ვინც მონასტერს ქრისტეს სავანედ აქცევს), stabilitas loci (რომელიც მონაზვნებს მონასტერში ცხოვრებას ავალდებულებს) და conversatio morum (ზნე-ჩვევათა სიწმიდე) სამი აღთქმა. აქ ერთმანეთისაგან არ განასხვავებენ მღვდელმსახურ მონაზვნებსა და საერო ძმებს; ქრისტიანული სრულყოფის მიზანი ლოცვისა (საღმრთო მსახურება და გუნდური ლოცვა) და შრომის მეშვეობით მიიღწევა. გარდა ამისა, წესი ზუსტ მითითებებს იძლევა მონაზონთა უფლებების, პასუხისმგებლობისა და მონასტერში შესასრულებელ სხვადასხვა მოვალეობათა შესახებ. ბენედიქტეს მითითების თანახმად, მონასტერში ახალმისულ პირს წესი სამჯერ უნდა წაეკითხოს, ხოლო მონასტრის ყველა წევრი მას მუდმივად უნდა კითხულობდეს.

ბენედიქტუსი ნ. კურთხეული.

ბენეფიციუმი, საეკლესიო (Beneficio ecclesiastico) 1917 წლის კოდექსის თანახმად, განსაზღვრულ დაწესებულებასთან არსებული ქონებრივი ერთეული, რომელსაც ევალებოდა ამ დაწესებულების ხელმძღვანელის უზრუნველყოფა. იტალიაში, საეკლესიო ორგანიზაციათა და ქონების შესახებ ნორმატივთა საფუძველზე (1985, 3 ივნისი, პარ. 21-24; 27-28), ბენეფიციუმები გაუქმდა და მათგან მიღებული ქონება სამღვდელოების შენახვის მიზნით საეპისკოპოსო დაწესებულებებს გადაეცა (CIC, კან. 1274, ნაწ. 1).

ბერეტი (Berretta) სასულიერო პირთათვის განკუთვნილი თავსაბურავი, რომლის წარმოშობაც მსვლელობათა და საგუნდო მსახურების დროს სიცივისაგან თავის დაცვის აუცილებლობამ განაპირობა. გამოიყენება X საუკუნიდან. ამჟამად კვადრატული ფორმისაა, აქვს სამი წვეტი ან ძგიდე. წითელი ფერისაა კარდინალთათვის, მოიისფრო - ეპისკოპოსთათვის და შავი ფერისა - ყველა დანარჩენი ღმრთისმსახურისათვის.

ბერი (სტარეცი) (Starez) [რუსულად „სტარეცი“ - „ბერი“, „უფროსი კაცი“] რუსული სამონასტრო ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ფიგურა. ასე ეწოდება ასაკოვან მონაზონ კაცს, რომელსაც ხანგრძლივი წვრთნისა და თვითაღზრდის შედეგად გამომუშავებული აქვს ასკეტიზმისა და მორჩილების ჩვევები. მას უნარი შესწევს, სულიერად დამოძღვროს სხვა მონაზვნები და საერონი და სულიერი ხელმძღვანელის როლი შეასრულოს. არ აქვს რამე ოფიციალური თანამდებობა, ცხოვრობს განცლკევებულად, როგორც განდეგილი, ან მონასტერში და მისი გავლენა მის პიროვნებაზეა დამოკიდებული. მას ნებაყოფლობით მიმართავენ. მისი მოწაფე უარს ამბობს საკუთარ ნებაზე და უპირობოდ მიჰყვება ბერს, ზოგჯერ მის ცხოვრების წესსაც ბაძავს.

ბეჭედი (Anello) [ლათ. anellus, კნინობითი ფორმა სიტყვისა anus „წრე“] კავშირისა და ერთგულების სიმბოლო, რომელსაც ერთმანეთს უცვლიან მეუღლეები ქორწინების საიდუმლოს აღსრულებისას. როგორც ძალაუფლებისა და ღირსების ნიშანს, ბეჭედს ატარებენ პრელატები. სავარაუდოდ, თავდაპირველად ეპისკოპოსებს ის ოფიციალურ დოკუმენტებზე ბეჭდის დასასმელად ჰქონდათ. შემდგომში ის საეპისკოპოსო რეგალიად იქცა; ეპისკოპოსი მას მარჯვენა ხელის არათითზე ატარებს. ბეჭედი მას ეპისკოპოსად კურთხევის დროს, საეპისკოპოსო კვერთხის გადაცემამდე ეძლევა. ბეჭედს ატარებენ, აგრეთვე, მოწესე ქალები მარცხენა ხელის არათითზე ქრისტესთან მათი კავშირის აღსანიშნავად. მებადურის ბეჭედი ეწოდება ბეჭედს, რომლითაც პაპი დოკუმენტებზე სვამს ბეჭედს. მასზე ამოტვიფრულია პონტიფექსის სახელი და წმიდა პეტრეს გამოსახულება, რომელიც ბადეს ისვრის წყალში. პაპის გარდაცვალების შემდეგ ის ნადგურდება. ამ ბეჭდის შესახებ ცნობები დაახლოებით XIII საუკუნიდან არსებობს.

ბზობის კვირადღე (Palme, domenca delle) აღდგომის წინა კვირადღე. აღნიშნავს ქრისტეს საზეიმო შესვლას იერუსალემში მის ვნებამდე რამდენიმე დღით ადრე (იოან. 12:12-13). დღესასწაული VII საუკუნიდან იღებს დასაბამს. ლიტურგიაში სამი მომენტია გათვალისწინებული: პალმის ან ზეთისხილის რტოთა კურთხევა ეკლესიის გარეთ და მთელი საკრებულოს მონაწილეობა ლიტანიაში; ვნების საკითხავის კითხვა; ევქარისტიული მსახურება. იოანე პავლე II-ის თაოსნობით, ბზობის კვირადღეს დაიწყო ახალგაზრდობის მსოფლიო დღის აღნიშვნა.

ბიბლია (Bibbia) [ბერძ. მრავლობითი ფორმის სახელიდან biblía „წიგნები“, „წიგნთა კრებული“; შემდგომ ლათ. დამკვიდრდა მდედრ. მხოლობითი რიცხვის ფორმით biblia, მოგვიანებით bibbia] სიტყვა ბიბლია არსად გვხვდება წმიდა წიგნებში. პირველად ის ქრისტეს შემდეგ III საუკუნეში გამოიყენეს, კერძოდ, ფსევდოკლემენტემ, კლემენტე ალექსანდრიელმა და ორიგენემ. ბიბლია ეწოდება თეოლოგიურ-ლიტერატურულ მთლიანობას, რომელიც 73 ნაწარმოებისაგან შედგება. ის ორ ძირითად ჯგუფად იყოფა, ესენია: ებრაული წარმოშობის ძველი აღთქმა (46 ტექსტი - „წიგნი“) და ქრისტიანული წარმოშობის ახალი აღთქმა (27 ტექსტი - „წიგნი“) [ტერმინი აღთქმა შეესაბამება ებრ. berît-სა და ბერძ. diathéke-ს და აღნიშნავს „შეთანხმებას“, „კავშირს“]. პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე, ბიბლიის სხვადასხვა წიგნები „თავებად“, ეს უკანასკნელნი კი „მუხლებადაა“ დაყოფილი. ბიბლიის თავებად დაყოფა XII საუკუნეში ინგლისელმა კარდინალმა სტეფანე ლანგტონმა დაამკვიდრა, მუხლებად დაყოფა კი XVI საუკუნეში ფრანგმა მბეჭდავმა, რობერტ ესტიენმა შემოიღო. სარწმუნოება ბიბლიას ერთ მთლიანობად აღიქვამს, თუმცა ლიტერატურული აგებულების, ისტორიული მიმართების, თეოლოგიურ შინაარსთა თვალსაზრისით ის მრავალმხრივად და არაერთგვაროვნად წარმოგვიდგება. მართლაც, ბიბლიის წიგნებმა, განსაკუთრებით - ძველი აღთქმის ტექსტებმა, დღევანდელ საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე ჯერ ზეპირი და შემდეგ წერილობით გადმოცემის ხანგრძლივი პროცესი განვლეს. ამგვარად მივიღეთ წიგნები, რომელთაც ჯერ იუდეველნი, შემდეგ კი ქრისტიანები „წმიდა“ ანუ ნორმატიულ, კანონიკურ წიგნებად აღიარებენ [ტერმინი კანონი (ბერძ. kanón) აღნიშნავს „საზომს“ და, მაშასადამე, „წესს“, „ნორმას“]. კანონიკურია წიგნები, რომელთაც ტრადიცია მუდამ ღმრთისგან „შთაგონებულებად“ მიიჩნევდა. აქედან, ბიბლია „ღმრთის სიტყვად“ აღიქმება. ბიბლია ამკვიდრებს იმ მნიშვნელობას, რომელიც აქვს, ღმრთის თვალსაწიერიდან, ისრაელის ისტორიასა და იესოს ისტორიას, ეკლესიის ისტორიას მისი აღმოცენების ჟამს და, აქედან გამომდინარე, ჩვენს ისტორიას. ბიბლიის ცალკეულ წიგნებთან მიმართებაში ტერმინები პირველკანონიკური და მეორადკანონიკური XVI საუკუნეში მოღვაწე სისტო სიენელმა დაამკვიდრა, ვინც ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნთა შორის განასხვავა წიგნები, რომელთა გამო საზოგადო თანხმობა არსებობდა, იმ წიგნთაგან, რომელთა ღმრთივშთაგონებულ ხასიათთან დაკავშირებით საუკუნეთა მანძილზე ეჭვობდნენ. მეორადკანონიკური წიგნებია: ტობითი, ივდითი, სიბრძნე სოლომონისი, სიბრძნე ზირაქისი, ბარუქ წინასწარმეტყველი, პირველი და მეორე მაკაბელთა, ნაწყვეტები დანიელ წინასწარმეტყველისა (3:24-90; 13; 14) და ესთერის (10:4- 16:24) წიგნებიდან. ებრაელებმა მათ მიერ წმიდად აღიარებულ წიგნთა კანონი იავნეს სინოდზე დაამტკიცეს დაახლოებით ქრისტეს შემდეგ I საუკუნის დასასრულს. მასში არ არის შესული მეორადკანონიკური წიგნები. კათოლიკეთათვის კი ძველი აღთქმის კანონი პრაქტიკულად ამ ებრაულ კანონზე უფრო ადრე განისაზღვრა: მათ მიიღეს უმეტესი ნაწილი წიგნებისა, რომლებიც სეპტუაგინტას ბერძნულ ვერსიაში შედიოდა. ახალი აღთქმის ტექსტთა დადგენა შედარებით უფრო მარტივი იყო და საჭოჭმანო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გახდა. რაც შეეხება ბიბლიის ენას, ძველი აღთქმა თითქმის მთლიანად ებრაულ ენაზე დაიწერა. გამონაკლისს წარმოადგენდა არამეულად ნაწერი შემდეგი მონაკვეთები: იერ. 10:11; დან. 2:4ბ-7:28; გამ. 4:8-6:18; 7:12-26 და ბერძნულად დაწერილი სიბრძნე სოლომონისი და მეორე მაკაბელთა. ახალი აღთქმა მთლიანად ბერძნულ ენაზე დაიწერა, გარდა, როგორც ტრადიცია მოწმობს, მათეს სახარებისა, რომლის არამეულად დაწერილი ტექსტიც მთლიანად დაიკარგა. ახალი აღთქმის ბერძნული ავტოგრაფები დაკარგულია და მათ ჩაენაცვლა აპოგრაფები ანუ გადაწერილი პირები, რომელთა შედარებისა და ძველი თარგმანების სათანადოდ გამოყენების მეშვეობით სწავლულებს ძალუძთ, აღადგინონ ტექსტის თავდაპირველი სახე.

ბიბლიის ენა (Lingua della Bibbia) ბიბლიის ენებია ებრაული, არამეული და ძველი აღთქმის ბერძნული კოინე. ებრაული წმიდა ენად იყო მიჩნეული და მას სინაგოგაში კითხვისას მიმართავდენენ. ებრაულის მონათესავე არამეული ენა ვაჭრობასა და დიპლომატიაში ქრისტემდე VI საუკუნიდან დამკვიდრდა და იესოს დროს უკვე სახალხო ენას წარმოადგენდა. კოინეს ბერძნული ენა ახალი აღთქმის ნაწერებშია გამოყენებული. იესოს ჯვარზე მიკრულ აბრაზე მისი განაჩენი ებრაულ, ბერძნულ და ლათინურ ენებზე ეწერა (იოან. 19:20).

ბიბლიის კომენტარი (Commentario biblico) ბიბლიის ვრცელი და სწავლული კომენტარი. განსხვავდება ბიბლიური კატენებისაგან უფრო ერთგვაროვანი და უკეთ ჩამოყალიბებული გადმოცემით. აღმოსავლეთში ბიბლიის კომენტარები დაწერეს ორიგენემ (III ს.), ეკუმენემ (VII ს.), წმიდა იოანე დამასკელმა (VIII ს.), ფოტიუსმა (IX ს.) და ა.შ. დასავლეთში ცნობილია წმიდა ისიდორე სევილიელისა (VII ს.) და ღირსი წმიდა ბედას (VIII ს.) კომენტარები. თანამედროვე ხანაში ბიბლიური ეგზეგეზის განვითარებასთან ერთად ბიბლიის მაღალხარისხოვანი მრავალი კომენტარი შეიქმნა.

ბიბლიის კონკორდანსი (Concordanze bibliche) [con + concordare „შეთანხმება“, ნაწარმოები ფორმა] ანბანური ჩამონათვალი ბიბლიის სიტყვათა (სიტყვათა საძიებელი) ან საკითხთა (რეალური საძიებელი). ვულგატას ტექსტის პირველი საძიებელი XIII საუკუნისაა. შემდეგ შეიქმნა საძიებლები ბერძნულ, ებრაულ და თანამედროვე ენებზე.

ბიბლიური კატენები (Catena biblica) სხვადასხვა ავტორთა მიერ ბიბლიის კომენტართა კრებული, დაწერილი სირიულ, სომხურ, კოპტურ, ლათინურ, ბერძნულ ენებზე. პირველი ამგვარი კრებული პატრისტიკის ხანაში, VI საუკუნეში, შეიქმნა. მისი ავტორი იყო პროკოპი ღაზელი. ამ ტრადიციამ მაშინვე მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთში, დასავლეთში კი VIII საუკუნის შემდეგ დამკვიდრდა. ამგვარ კრებულთა მეშვეობით ჩვენამდე მოაღწია დაკარგულ პატრისტიკულ ნაშრომთა ფრაგმენტებმა.

ბიბლიური კომისია (Commissione biblica (Commissio Pontificia de Re Biblica)) 1902 წელს პაპმა ლეონ XIII-მ, უმთავრესად პროტესტანტულ ბიბლიურ საზოგადოებათა და ბიბლიურ კვლევათა საპასუხოდ, დააწესა ბიბლიური კომისია, როგორც საეკლესიო ორგანო, რომლის მიზანია ბიბლიის შესწავლის ხელშეწყობა, ბიბლიის ჭეშმარიტებათა დაცვა და მათთან დაკავშირებულ ყველაზე რთულ პრობლემათა გადაწყვეტა. ეს კომისია ხუთი კარდინალისა და სხვადასხვა ქვეყნის ოცდაათამდე ექსპერტისაგან შედგება. წლების მანძილზე მან გამოაქვეყნა მრავალრიცხოვანი დეკრეტები, რომლებიც, პიუს X-ის განმარტების თანახმად, ისეთივე ძალისა და მნიშვნელობის მქონეა, რაც პაპის მიერ დამტკიცებულ კონგრეგაციათა მიერ გამოცემული დოკუმენტები. პიუს XI-ის 1924 წლის motu proprio-ს თანახმად, სემინარიებში საღმრთო წერილის მასწავლებლებმა ბიბლიური კომისიის წინაშე უნდა ჩააბარონ სალიცენზიო გამოცდა. ბოლო ხანებში ეს გამოცდა ბიბლიის ინსტიტუტში ბარდება, რომელიც 1909 წელს პიუს X-მ დააფუძნა. ბიბლიის ინსტიტუტი ანიჭებს, აგრეთვე, აკადემიურ წოდებებსაც. 1928 წელს პაპმა პიუს XI-მ ინსტიტუტი შეუერთა გრიგოლის პაპის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთის ინსტიტუტს, რითაც პაპის უნივერსიტეტი ჩამოაყალიბა.

ბიბლიური საზოგადოებები (Società bibliche) მიზნად ისახავს ბიბლიის გაცნობას და გავრცელებას. თანამედროვე მნიშვნელობით ასეთი საზოგადოებები თავდაპირველად ინგლისში გავრცელდა: ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები, რასაც შემდეგ მრავალი სხვა მოჰყვა, ჯერ კიდევ 1698 წელს გადაიდგა. ამ წელს დაარსდა ქრისტიანული ცოდნის გავრცელების საზოგადოება (Society for the Propagation of Christian knowledge), 1799 წელს კი - რელიგიურ ტრაქტატთა ლონდონის საზოგადოება. ამ ორი ორგანიზაციის შერწყმით 1804 წელს შეიქმნა ბრიტანული და უცხოური ბიბლიური საზოგადოება (British and Foreign Biblic Society). მისი მაგალითით იმავე წელს შეიქმნა ნიურნბერგის ბიბლიური საზოგადოება, შემდეგ კი, 1805 წელს, ბერლინის ბიბლიური საზოგადოება (Berliner Bibelgesellschaft), რომელსაც 1814 წელს პრუსიის ბიბლიური საზოგადოება ეწოდა. 1812 წელს შტუტგარდტში დაარსდა Privilegierte Wurttembergische Bibel- Anstalt, ხოლო 1814 წელს - Sachsische Haupt-Bibelgesellschaft დრეზდენში. სხვადასხვა საზოგადოებათა შორის თანამშრომლობას ხელი შეუწყო ბიბლიურ საზოგადოებათა მსოფლიო ლიგის (1950) შექმნამ, რომლის მმართველი ორგანო ლონდონში მდებარეობს. პროტესტანტური ბიბლიური საზოგადოების, Nurnberger Bibelgesellschaft-ის პარალელურად აღმოცენდა (თავდაპირველად 1805 წელს, რეგენსბურგში) კათოლიკური ბიბლიური საზოგადოება, რომელიც 1817 წელს პიუს VII-მ გააუქმა, იმ საფრთხის გამო, რომ ის მცდარ სწავლებას გაავრცელებდა. ამის მიუხედავად, ბიბლიური საზოგადოებებები კათოლიკე ეკლესიის წიაღშიც დამკვიდრდა. 1902 წელს იტალიაში დაფუძნდა სახარების გამავრცელებელი წმიდა იერონიმეს საზოგადოება (Pia Società di San Girolamo per la diffusione del santo Vangelo), რომლის პორველი პრეზიდენტიც იყო ჯაკომო დელა კიეზა, შემდგომში პაპი ბენედიქტე XV. 1983 წელს კანონიერად დაფუძნდა იტალიის ბიბლიური საზოგადოება (Società Biblica in Italia, SBI), როგორც „დამოუკიდებელი არაკომერციული ქრისტიანული ასოციაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული არც ერთ რელიგიურ კონფესიასთან და მიზნად ისახავს საღმრთო წერილის მაქსიმალურ გავრცელებას ამ საქმისთვის შესაფერისი ხერხებისა და ღონისძიებების მეშვეობით“.

ბიზანტიური (კონსტანტინოპოლის) წესი (Rito bizantino/constantinopolitano) აღმოსავლეთში ხშირად უწოდებენ, აგრეთვე, ბერძნულ წესსაც. ჩამოყალიბდა კონსტანტინოპოლში, უმთავრესად ანტიოქიური წესიდან, თუმცა მასში ალექსანდრიიდან და კაპადოკიიდან მომდინარე ელემენტებიც შევიდა. საუკუნეთა მანძილზე კონსტანტინოპოლური ლიტურგიული ტექსტები ბერძნულიდან იმ ხალხთა ენებზე ითარგმნა, რომლებიც კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის პატრიარქთა იურისდიქციას ექვემდებარებოდნენ და ქალკედონის რწმენას იზიარებდნენ. ბიზანტიურ წესს მიეკუთვნებიან ალბანელი, ბელორუსი, ბულგარელი, ბერძენი, რუმინელი, იტალო-ალბანელი, რუსი, უკრაინელი, სლოვაკი და სხვა ქრისტიანები.

ბიკენტიელნი (Vincenziane) 1617 წელს, თავისი საქველმოქმედო საქმიანობის დასაწყისში, ბიკენტი (ვინჩენცო) დეი პაოლიმ (ლაზარელნი), დააარსა Confrérie des Dames de la Charité - ღატაკ და მარტოხელა სნეულებზე მზრუნავ ქალთა ასოციაცია. 1634 წელს, ბიკენტი დეი პაოლის და ლუის დე მარიაკის ინიციატივით, ასოციაციის საფუძველზე შეიქმნა ქალთა კონგრეგაცია სახელწოდებით „მოწყალების ასულები“, რომლის წევრებიც ღარიბთა მსახურების აღთქმას დებდნენ. 1654 წელს კონგრეგაცია პაპმა ინოკენტი X-მ მოიწონა, 1655 წლიდან ქრისტიანული სიყვარულის ასულები, ან, როგორც მათ ზოგან უწოდებენ, გულმოწყალების დები, ლაზარელთა მთავარ ზემდგომს ექვემდებარებიან. დღეს კონგრეგაციის წევრები უმთავრესად საავადმყოფოებში და მოხუცებულთა თავშესაფრებში მოღვაწეობენ.

ბილოკაცია (Bilocazione) [ლათ. bis+locatio „მოთავსება“] ერთი და იმავე პირის ერთდროულად ორ სხვადასხვა ადგილას ყოფნა. ამ ნიჭით დაჯილდოებული იყო ზოგიერთი წმიდანი.

ბინაცია (Binazione) მღვდელმსახურისათვის ერთსა და იმავე დღეს ევქარისტიის ორჯერ აღსრულების ნებართვის მიცემა. კანონიკური სამართლის კოდექსის თანახმად (კან. 905), სამწყსო აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირადღეს ან სხვა დადგენილ დღესასწაულზე ღმრთისმსახურისთვის ორჯერ ან სამჯერ (ნ. ტრინაცია) წმიდა წირვის აღსრულების ნებართვის მიცემა შეუძლია ადგილობრივ საეკლესიო მმართველს.

ბოგომილები (Bogomili) ქრისტიანული ერეტიკული სექტა, რომელიც X საუკუნეში ბულგარეთში მღვდელმა ბოგომილმა დააარსა. ბოგომილები („ღმრთის მეგობრები“) ფილოსოფიურ და თეოლოგიურ დუალიზმს იცავდნენ, რომლის თანახმად, ღმერთმა მხოლოდ სულიერი არსებანი შექმნა, მატერია კი ეშმაკის შექმნილია. ამ დებულებაზე დაყრდნობით ბოგომილები მისდევდნენ მკაცრ ზნეობრივ წესებსა და ხისტ ასკეტიზმს, რის საფუძველზეც უარყოფდნენ ყოველივე იმას, რაც დაკავშირებული იყო სხეულთან და ზოგადად, მატერიასთან. ბულგარეთიდან განდევნილი ბოგომილები ბოსნიაში დამკვიდრდნენ და ოსმალთა შემოსევამდე გარკვეული წარმატებით სარგებლობდნენ.

ბოლანდისტები (Bollandisti) იეზუიტ მამათა ჯგუფი, რომლებიც XVII საუკუნის შუახნიდან განაგებენ „Acta Sanctorum“-ის, ანუ წმიდანთა ცხოვრებასთან დაკავშირებულ დოკუმენტთა კრიტიკული კრებულის გამოცემას. თავდაპირველი იდეა ჰ. როსვაიდს (1569-1629) ეკუთვნოდა, მისი განხორციელება კი ჟან ბოლანმა (1596- 1665) დაიწყო, ვისი სახელიდანაც მომდინარეობს ამ ჯგუფის სახელწოდება.

ბონზო (Bonzo) [პორტუგ. bonzo, რომელიც მომდინარეობს იაპონ. სიტყვიდან bozu „მონაზონი“] ამ ტერმინით მოიხსენიებენ იმ ბუდისტ მონაზვნებს, რომლებიც ბუდას სწავლების განხორციელებას საკუთარი ცხოვრების ერთადერთ მიზნად აქცევენ.

ბოჰემიელი ძმები (Fratelli boemi) რელიგიური საკრებულო (ეწოდება აგრეთვე Unitas fratrum), რომელიც XV საუკუნეში, ჰუსიტთა ეკლესიისაგან გამოყოფის შედეგად ჩამოყალიბდა. საკრებულოს წევრები ბიბლიურ მცნებათა (განსაკუთრებით, იესოს მთაზე ქადაგების) შესატყვისად ცხოვრებას ესწრაფვიან, უარს აცხადებენ სამხედრო და სახელმწიფო სამსახურსა და ფიცზე. საკრებულოს გამოჩენილი წარმომადგენელი იყო ლუკა პრაჰელი (†1528). ბოჰემიელი ძმები თანაუგრძნობდნენ ლუთერის იდეებს და ურთიერთობა ჰქონდათ ლუთერული რეფორმის წარმომადგენლებთან. ლუკა პრაჰელის გარდაცვალების შემდეგ ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი ევანგელიკური ეკლესია, რომელშიც ლუთერულ და კალვინურ იდეათა გავლენა შეიმჩნევა. ჩეხური ეროვნული კულტურის მატარებელმა ბოჰემიელმა ძმებმა, იმპერატორ ფერდინანდის დროს, 1546 წლის შმალკალდის ომში მონაწილეობაზე უარის თქმის შემდეგ დევნა განიცადეს და პოლონეთს შეაფარეს თავი. 1575 წელს ლუთერელებთან ერთად მათ ხელი მოაწერეს „ბოჰემიურ მრწამსს“, რომელიც დღესაც წარმოადგენს ბოჰემიური ევანგელიკური ეკლესიის საფუძველს. 1781 წლამდე ბოჰემიელ ძმათა საკრებულო ნახევრად იატაკქვეშა მოღვაწეობას ეწეოდა. 1918 წელს, ჩეხოსლოვაკეთის რესპუბლიკის დაარსებასთან ერთად, ბოჰემიელი ძმები (რომელთაც, აგრეთვე, „მორავიელ ძმებსაც“ უწოდებენ) „ბოჰემიელ ძმათა ევანგელიკურ ეკლესიად“ ჩამოყალიბდნენ.

ბრაჰმანიზმი (Brahmanesimo) ინდოეთის რელიგიური და კულტურული ცხოვრების ისტორიაში ჰინდუიზმის ერთ-ერთი ფაზის აღმნიშვნელი ტერმინი. ნ. ჰინდუიზმი; ვედიზმი.

ბრევე (Breve) [ლათ. ბრევე (scriptum) „მოკლედ (ნაწერი)“, „მოკლე მიმოხილვა“] პონტიფექსის დოკუმენტი, რომელიც ბულაზე უფრო ლაკონური და ნაკლებად საზეიმო ხასიათისაა. აღნიშნულია ბეჭდით `sub anulo piscatoris“. ნ. ბეჭედი.

ბუდჰიზმი (Buddhismo) აზიაში ამჟამად ყველაზე გავრცელებული რელიგია, რომლის სახელწოდება მომდინარეობს მისი დამაარსებლის უმაღლესი ტიტულიდან: Bბუდჰა („გაღვიძებული“). სიდჰარტა გაუტამა ბუდჰა ცხოვრობდა ქრისტემდე 560-480 წწ., დაახლოებით ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. რელიგია, რომელსაც მან საფუძველი ჩაუყარა, სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბდა, მათ შორის აღსანიშნავია ძველი ფორმა ანუ ჰინაიანა, და ახალი - მაჰაიანა. მათ ასევე „მცირე ოთხთვალასა“ და „დიდ ოთხთვალასაც“ უწოდებენ, რადგანაც მათ მიმდევრები, დაბადებათა და სიკვდილთა მტანჯველი მონაცვლეობის შემდეგ, სრულყოფილებისა და სრული და საბოლოო ჩაქრობისაკენ (ნირვანა) მიჰყავს. ბუდჰიზმის საფუძველი იმ სიტყვებშია გადმოცემული, რომელიც ბენარესის ქადაგების სახელითაა ცნობილი. ამ ქადაგებაში ბუდჰა აცხადებს „ოთხ კეთილშობილ ჭეშმარიტებას“, რომლებიცაა: ა) ცხოვრება ტანჯვაა; ტანჯვა, ფაქტობრივ, თანსდევს დაბადებას, სიბერეს, ავადმყოფობას, სიკვდილს და ა.შ.; ბ) ტანჯვას წარმოშობს არა მხოლოდ სიცოცხლისა და მისეულ განცხრომათა სიყვარული, არამედ, ასევე, სიკვდილის დაძლევის სურვილიც; გ) ტანჯვის გასანადგურებლად უნდა ჩაიხშოს სიცოცხლის სურვილი; დ) ტანჯვისაგან გათავისუფლების გზა ადამიანმა რვა მართებულობის დაცვით უნდა განვლოს („რვამაგი გზა“), ესენია: მართებული რწმენა; მართებული გადაწყვეტილება; მართებული სიტყვა; მართებული მოქმედება; მართებული ძალისხმევა; მართებული აზროვნება; მართებული კონცენტრაცია. იდეათა მართებულობას უნდა ახლდეს ზუსტი ქცევა, რაც ათი მითითების შესრულებით მიიღწევა. მათგან პირველი ხუთი საერო ბუდჰისტებისთვისაცაა სავალდებულო: 1) არ მოკლა; 2) არ აიღო ის, რაც შენთვის არ უჩუქებიათ; 3) არ იმრუშო; 4) არ მოიტყუო; 5) არ დალიო ალკოჰოლური სასმელი. გასხივოსნებისკენ სვლის კულმინაციაა გონებრივი კონცენტრაცია (სამადჰი), რომელიც მისტიკური ჭვრეტის (დჰიანა) ოთხი საფეხურის მეშვეობით აღწევს აღუწერელი სიმშვიდის მდგომარეობას, რაც ტანჯვისა და სიხარულის გადალახვას წარმოადგენს. დჰიანას პრაქტიკა, მისი სირთულის მიუხედავად, საეროთათვისაცაა მისაწვდომი, თუმცა მხოლოდ მონაზონს ძალუძს მიაღწიოს ნირვანას, როდესაც ცოდვათა გამოსყიდვისა და ვნებათა დალევის შემდეგ, „ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტების“ დახმარებით, ადამიანი აღწევს ნირვანას სიცოცხლეში, ანუ „ხილულს“, რაც სრულყოფილებაა. „ხილული“ ნირვანა წინ უსწრებს და ამზადებს სრულყოფილ ნირვანას ანუ პარინირვანას. მას წმიდანი სიკვდილში, სხეულის დაძლევით აღწევს. ძველი მოძღვრების არსი იყო, რომ ადამიანს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეღწია ინდივიდუალური ხსნისათვის, ანუ სრულყოფილი წმიდანის მდგომარეობისთვის, და სრული და საბოლოო ჩაქრობისთვის სიკვდილის შემდეგ. მაჰაიანად წოდებულ ბუდჰიზმის ფორმაში („დიდი ოთხთვალა“) კი მოწაფე უარს ამბობს საკუთარ ამწუთიერ ხსნაზე და სხვა არსებათა ხსნისათვის ბოდჰისატვას ხანგრძლივსა და რთულ გზას ადგება. ბოდჰისატვა ითარგმნება, როგორც „გასხივოსნებისათვის (განკუთვნილი) არსება“, პოტენციური ბუდჰა, რომელიც, ზებუნებრივი შთაგონების ძალით ან მოყვასის სიყვარულით, სრულყოფილ სათნოებათა (პარამიტა) მიღწევის გადაწყვეტილებას იღებს. ამ გზაზე მდგომი ადამიანის პირველი მტერი ეგოიზმია, ამიტომაც ის მხოლოდ თავის მატერიალურ ქონებას კი არ უყოფს სხვებს, არამედ თავის კეთილ საქმეთა გამო მიღებულ დამსახურებასაც. ქრისტეს შემდეგ II ან III საუკუნიდან ჩამოყალიბდა მაჰაიანას სხვადასხვა სკოლა, რომლებმაც საკუთარ ტრაქტატებს დამოუკიდებელ მოძღვრებათა სახე მისცეს. IV საუკუნეში აღმოცენდა მაჰაიანას შემდგომი ფორმა — ტანტრიზმი, რომელიც მცირე ხანში შივაურ იოგას მაგიურ ხერხებს დაესესხა. ბუდჰიზმის ამ ფორმამ ძირითადად ტიბეტში მოიკიდა ფეხი და უმთავრესად ეზოტერიული თვისებებით გამოირჩეოდა. ქრისტეს შემდეგ I საუკუნიდან ბუდჰიზმმა ჩინეთს მიაღწია, VI საუკუნის შუაწლებისათვის - იაპონიას, სადაც მან სხვადასხვა ფორმები მიიღო. დღეს ბუდჰიზმი გავრცელებულია იაპონიაში, სამხრეთ ვიეტნამში, შრი ლანკაში, ბირმაში, ტაილანდში, კამბოჯასა და ლაოსში.

ბულა (Bolla) [ლათ. bulla „ბეჭედი“] აღნიშნავს ეკლესიის ოფიციალურ ედიქტებზე ან დოკუმენტებზე დასმულ ტყვიის ბეჭედს. ფართო მნიშვნელობით აღნიშნავს თვით ამგვარ დოკუმენტსაც (პონტიფექსის ბულა).

ბულარიუმი (Bollario) ბულათა ანუ პონტიფექსის დადგენილებათა ქრონოლოგიური კრებული. 60 ბულისაგან შემდგარი პირველი კრებული 1550 წელს გამოიცა. არსებობს ბულარიუმის განსაკუთრებული სახეებიც, შემდგარი მხოლოდ ერთი პაპის მიერ გამოცემული ან რომელიმე რელიგიურ ორდენთან დაკავშირებული დოკუმენტებისაგან.

ბუნებრივი კანონი (Legge laturale) ადამიანი, როგორც შემოქმედის სიბრძნისა და სიკეთის თანამონაწილე, განაგებს საკუთარ ქმედებებს და აქვს სიკეთისა და ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვის უნარი. ბუნებრივი კანონი გამოხატავს იმ საწყის ზნეობრივ გრძნობას, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, გონების მეშვეობით ერთმანეთისაგან განასხვავოს კეთილი და ბოროტი, ჭეშმარიტება და სიცრუე. ადამიანის გულში დაწერილი ბუნებრივი კანონი (შდრ. რომ. 2:15) უჩვენებს მას, თუ რომელ გზას უნდა გაჰყვეს, რათა სიკეთე აკეთოს და საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს კანონი განსაზღვრავს იმ პირველად და არსებით ნორმებს, რომლებიც მართავს ზნეობრივ ცხოვრებას. მისი დასაყრდენია ღმრთის - ყოველივე სიკეთის წყაროსა და მსაჯულის - მორჩილება და მისკენ სწრაფვა და სხვა ადამიანის, როგორც თავისი მსგავსის, განცდა. თავისი პირველადი პრინციპებით, ბუნებრივი კანონი ათ მცნებაშია გადმოცემული. ბუნებრივი კანონი საყოველთაო და უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება, შესაძლოა, ძალიან განსხვავებული იყოს, ხოლო მისი მცნებები კი უცებ არ გახდეს ყველასათვის ცხადი და გასაგები (შდრ. CCC, 1954- 1960).

ბუნებრივსმიღმიერი (Preternaturale) [ლათ. praeter + natura „ბუნების მიღმა“] ყოველივე ის, რაც არ განეკუთვნება ადამიანის ბუნებას (ანუ მის მიღმა დგას). ბუნებრივსმიღმიერი ნიჭები ეწოდება ღმრთის მიერ პირველი ადამიანებისთვის პირველქმნილ ცოდვამდე ბოძებულ ნიჭებს (მაგალითად, უკვდავება, ფიზიკური სიჯანსაღე და სხვ.), რომლებიც ადამიანის პირველი შეცოდების შედეგად დაიკარგა.

4

▲back to top


გადმოცემა (Tradicione) [ლათ. traditio (ზმნიდან tradere „გადმოცემა“)] „გადმოცემა“ (მისი სინონიმია ტერმინი „ტრადიცია“) საფუძველმდებ ანთროპოლოგიურ სინამდვილეს აღნიშნავს, - მართლაც, თუკი მთელი ის ცოდნა და უნარები, რასაც ადამიანი არსებობის მანძილზე იძენს, ვეღარ იქნება გამოყენებული ურთიერთობისათვის იმ ჯგუფში, რომელსაც იგი სიცოცხლეში მიეკუთვნებოდა, ყოველ თაობას ხელახლა მოუწევს ყველაფრის თავიდან დაწყება ყველა თვალსაზრისით, რაც შეუძლებელს გახდის ყოველგვარ კულურულ პროგრესს. განვითარებაში ტოტალური უძრაობისა და განვლილ პრობლემათა და ძიებათა უნაყოფო ხელახლა განმეორების ეს საფრთხე შემცირდა იმ ფაქტის წყალობით, რომ შედეგები, რომლებსაც მიაღწია ინდივიდმა ცხოვრებისეული გამოცდილების პროცესში, შემდგომ თაობას გადაეცემა. ცალკეული ადამიანისადმი მისადაგებული ეს დებულება მართებულია ქრისტიანობასთან დაკავშირებითაც. მართლაც, ქრისტიანობა, როგორც ისტორიული გამოცხადებული რელიგია, აუცილებლად ეხება ისტორიულ მოვლენას - იესოს სწავლებას, ქმედებებს, სიცოცხლეს, სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას, რომლებიც უნდა გადაიცეს და გადაიცემა მოციქულთა (ყოველი ქრისტიანული ტრადიციის მარადიული საფუძველი) და ეკლესიის დამოწმების მეშვეობით. ეს ტრადიცია არ არის მხოლოდ სიტყვისა და მოგონების მეშვეობით წარსულის აღნიშვნა. გადმოცემაში თვით მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე და მისი სულია თანმსწრე და ადამიანის თავისუფლების მოსარჩლე ესქატოლოგიური ხსნის შეთავაზების მეშვეობით. ამ თვალსაზრისით, ტრადიცია ცოცხალი რეალობაა, ეკლესიის მიერ თავის დღევანდელობასა და ისტორიულ განგრძობითობაში, ქრისტესთან და მოციქულებთან ერთად განცდილი სარწმუნოების ცოცხალი რეალობა. მაშასადამე, გადმოცემის ცნება ეკლესიის ცნებას უკავშირდება, ეკლესიის იმ ორმაგი ასპექტის გათვალისწინებით, რომელიც კ. რანერის სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს: ეკლესია ერთსა და იმავე დროს არის ხსნის ნაყოფი (მათი ერთობლიობა, ვინც იღებს ღმრთის მიერ საკუთარი თავის გამოვლინებას ქრიტესა და სული წმიდის მეშვეობით) და ხსნის საშუალება (საკრებულო, რომელსაც ევალება აწმყოში გაააქტიუროს და გადასცეს ხსნა ყველა დროის ადამიანებს). ამგვარად, ეკლესიის მხრიდან გამოცხადების გადმოცემა შეესაბამება ტრადიციის ფენომენს მისი ყველაზე ფართო გაგებით. ეს ვატიკანის II კრების დამსახურებაა, რომელმაც განაცხადა, რომ გადმოცემა უმთავრესად არა ზეპირსიტყვიერი ტრადიციაა (დაწერილი სიტყვის საპირისპიროდ), არამედ რეალური და ცოცხალი გადმოცემა, რომელიც ხორციელდება მორწმუნე საკრებულოში და მისი მეშვეობით (DV, 8). ამგვარად, კრებამ კიდევ ერთხელ განამტკიცა კათოლიკობის ფორმალური პრინციპი გამოცხადებასთან დამოკიდებულებაში: ეკლესია არ არის თვით გამოცხადება და არც მისი წყარო, არამედ ისაა მისი კანონიერი გამოხატვისა და ავთენტიკური ინტერპრეტაციის „ნორმა“ და შესატყვისი ადგილი. ამგვარად, „კათოლიკობის ფორმალური პრინციპი“ არაა საღმრთო წერილი, არამედ ცოცხალი, სამოციქულო ეკლესია, რომელიც ახორციელებს გადმოცემას, რომელშიც პოვებს საკუთარ ადგილს საღმრთო წერილი.

გალერუსი (Galero) [ლათ. galerus, რომელიც ენათესავება სიტყვას გალეა „ტყავის მუზარადი“] ტერმინი სასულიერო პირთა სხვადასხვა ტიპის თავსაბურავს აღნიშნავს. ესენია: მეწამული წითელი ფერის პაპის თავსაბურავი ორი აკეცილი, ოქროსფერი ზონარით დამაგრებული ფრთით; წითელი ფერის კარდინალის თავსაბურავი გვერდებზე დაყოლებული ხუთი რიგი წითელი აბრეშუმის ფოჩით; შავი ან მწვანე ფერის (წმიდა მსახურების დროს) ეპისკოპოსის თავსაბურავი, მორთული თორმეტი ფოჩით.

გალიკანობა (Gallicanesimo) [ფრანგ. gallicanisme, რაც ნაწარმოებია ლათინურიდან გალლიცანუს „გალიური“] საფრანგეთის ლათინური სახელწოდება. თეოლოგიური თვალსაზრისით, გალიკანიზმი აღნიშნავს დებულებათა კომპლექსს, რომლებიც ფრანგული ეკლესიის, როგორც კრების მიერ მართული და პაპისაგან მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის მქონე ეროვნული ეკლესიის, თავისუფლებას ამტკიცებს. პოლიტიკური თვალსაზრისით, გალიკანობა აღიშნავს საფრანგეთის სახელმწიფოს პრინციპულ დაპირისპირებას პაპთა კურიალიზმთან და ცენტრალიზმთან. გალიკანობის იდეათა დამკვიდრება XII საუკუნიდან დაიწყო, როდესაც საფრანგეთის ეკლესიამ სულ უფრო მკვეთრად გაუსვა ხაზი საკუთარ ავტონომიას, რაც რომისგან დამოუკიდებლობას გულისხმობდა. მონარქიასა და პაპის ხელისუფლებას შორის კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა ბონიფაციუს VIII-ისა (†1303) და ფილიპე IV-ის დროს. პ. დიუბუასა (დაახლ. †1321) და იოანე პარიზელის (†1306) რანგის იურისტთა მხარდაჭერით, მეფემ შეძლო პაპის მიმართ თავისი პოზიციის გამყარება. გალიკანური თეორიის პირველ კონკრეტულ გამოხატულებად იქცა ბურჟეს „დასტურის ედიქტი“ (1438), რომელსაც სახელმწიფო კანონის ძალა მიენიჭა. გალიკანობას პირველი მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა 1801 წლის კონკორდატმა პიუს VII-სა და ნაპოლეონს შორის, ხოლო, როგორც თეოლოგიური დებულება, ის საბოლოოდ ვატიკანის I კრებამ დაამარცხა პაპის იურისდიქციის პრიმატისა და უცდომლობის მოძღვრების საშუალებით.

გალილეა (Galilea) [ლათ. galilaea „წინა ოთახი, ვესტიბული“] პორტიკი ან გასასვლელი, რომელიც შუა საუკუნეთა მონასტრებში ეკლესიას აკავშირებდა როგორც გარე ატრიუმთან, ისე შიდაეზოსთან (ნ. შიდაეზო) და სასაფლაოსთან. მისი მარტივი ფორმა გვხვდება ფარფასა და სუბიაკოს წმიდა სქოლასტიკას მონასტრებში

გალობით წარმოთქმა (Cantillazione) [ლათ. cantilare „წამღერება“, „ღიღინი“] რეჩიტატიურ-მელოდიური ფორმის კითხვა-დეკლამაცია, სადაც პუნქტუაცია ხმის ტემბრის მარტივ ცვლილებათა მეშვეობითაა მითითებული.

გამართლება (Giustificazione) [ლათ. iustificatio] აქტი, რომლითაც ღმერთი ცოდვილ ადამიანს ანიჭებს თავის სიყვარულსა და მადლს (რომელთა სამყაროში არსებობა და ქმედითობა ქრისტეს ძალამ განაპირობა) და რომლითაც ადამიანი იღებს ამ ნიჭებს ღმრთისადმი სიყვარულით, რაც მას ცოდვილიდან მართლად აქცევს. ეკლესიის არსებობის პირველ საუკუნეებში პელაგიანელობა ფაქტობრივად დაუპირისპირდა გამართლების დოქტრინას, რაკი, პელაგიანელობის თანახმად, ადამიანს მადლი არა კეთილად მოქცევისათვის, არამედ მხოლოდ ქმედებათა გასაადვილებლად ესაჭიროება. ამ თეორიის თანახმად, ყველაფერი თავად კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა გამართლების ყველაზე მკვეთრი კრიტიკით ლუთერი გამოვიდა. რომაელთა მიმართ წმიდა პავლეს წერილის ცოტა ნაძალადევი ინტერპრეტაციის საფუძველზე ლუთერი ამტკიცებდა, რომ ადამიანი მხოლოდ „რწმენის მეშვეობით“ გადარჩება, რადგან თავად გამართლების დამსახურება არ ძალუძს. ტრიდენტის კრებაზე კათოლიკურმა თეოლოგიამ საგანგებოდ აღნიშნა, რომ გამართლება მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობითაა შესაძლებელი და რომ ღმრთის წინაშე ადამიანთა ქმედებებს იესოს დამსახურება ანიჭებს მნიშვნელობას. მართლაც, წმიდა პავლე ამტკიცებს, რომ „ძალა აქვს სიყვარულით მოქმედ რწმენას“ (გალ. 5:6).

გამოკრებილი სახარება (Evangeliario) [ლათ. evangeliarium] ლიტურგიული წიგნი, რომელიც ევქარისტიის წმიდა სიტყვის ლიტურგიის დროს წასაკითხ ან საგალობელ სახარებისეულ საკითხავებს შეიცავს. შესაძლოა იყოს მაღალმხატვრული ხელოვნების ძვირფასი ნიმუში.

გამომავლობა (Spirazione) [ლათ. spiratio „ქარის ქროლვა“] ტრინიტარულ თეოლოგიაში აღნიშნავს მამა ღმრთისა და ძე ღმრთისაგან სული წმიდის გამოვალობას, თვით მამა ღმრთის დაუბადებელი ბუნებისა და მამისაგან შობილი ძის საპირისპიროდ.

გამოსვლა (Esodo) [ბერძ. éxodos „გამოსვლა“] ძველი აღთქმის წიგნი, მეორე ხუთწიგნეულის წიგნთაგან, რომლებიც სწორედ გამოსვლის თემას ეძღვნება, ანუ მოსეს მეთაურობითა და ღმრთის შემწეობით ისრაელი ხალხის ეგვიპტეში ტყვეობიდან დახსნის ამბავს მოგვითხრობს. ამ გამოცდილებამ წარუშლელი კვალი დატოვა ებრაელი ხალხის სარწმუნოებაზე. ეგვიპტიდან თავის დაღწევის ამბის გარდა (1:1-15:21) გამოსვლის წიგნი შეიცავს, აგრეთვე, სინაის აღთქმის თემასაც (19:1- 40:38). გამოსვლა არსებითად არის ამბავი, ერთი მხრივ, ღმრთისა, ვინც ირჩევს „თავის“ ხალხს და, მეორე მხრივ, ისრაელი ხალხისა, რომელიც ერთგულებას ეფიცება „თავის“ ღმერთს და ცოდვის მონობიდან აღწევს თავს. მოთხრობილი ისტორიული მოვლენები, რომელთაც ისრაელი ხალხი სარწმუნოების შუქზე განმარტავს, ქრისტემდე XIII-XII საუკუნეების პერიოდს ემთხვევა.

გამოსყიდვა (Espiazione) [ლათ. სიტყვიდან expiatio] ქმედება, რომლითაც გამოისყიდება შეურაცხყოფა, მიყენებული ღმრთისადმი ცოდვის გზით. გამოსყიდვის ყველაზე სრულყოფილი ფორმა ქრისტეს მიერ ჯვარზე საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვაა. ღმრთის ძემ, შუამდგომლობითა და სიცოცხლის შეწირვით, თავად იტვირთა ადამიანთა ყველა ცოდვა, რითაც კაცობრიობა ბოროტების ტყვეობიდან გამოისყიდა და ადამიანს ღმრთის შვილობის ღირსება დაუბრუნა (შდრ. ებრაელთა მიმართ წერილი); გამოსყიდვის დღესასწაული ეწოდება შემოდგომის ებრაულ დღესასწაულს (ნ. კიპური).

გამოცხადება (Rivelazione) [ლათ. rivelatio (ზმნიდან revelare „საბურველის მოშორება“)] ქრისტიანობაში გამოცხადება აღნიშნავს ღმრთის მიერ ადამიანის წინაშე თავის გამოვლინებას. ღმერთმა სიყვარულით წარმოაჩინა საკუთარი თავი ადამიანის წინაშე და ამგვარად გასცა პასუხი ცხოვრების არსისა და მიზნის თაობაზე მის შეკითხვებს. ადამიანის წინაშე ღმრთის წარმოჩენა თანდათან ხდებოდა, ქმედებათა და სიტყვათა მეშვეობით (შდრ. ებრ. 1:1- 4), ხოლო სრულად ღმერთი თავისი ძის განკაცებაში (შდრ. ებრ. 1:1-4) გამოეცხადა ადამიანებს. ღმრთის ძე მამა ღმრთის გადამწყვეტი სიტყვაა და მის შემდეგ სხვა გამოცხადება აღარ მოხდება (შდრ. CCC, 50-73). იესო ქრისტეს გამოცხადება სამოციქულო ტრადიციისა და საღმრთო წერილის მეშვეობით ეკლესიას მიენდო (DV, 10), რათა ეკლესიამ თავად შეძლოს გამოცხადების სულ უფრო ღრმად წვდომა, სულ უფრო სრულად განცდა და თითოეული ადამიანისათვის მისი გადაცემა, მათ სახსნელად (შდრ. CCC, 74-100).

გამოცხადებანი, პირადი ნ. პირადი გამოცხადებანი.

განბანვა (Abluzione) [ლათ. abluere „დაბანა“] მთელი სხეულის ან მისი ნაწილის განბანვა. ლიტურგიაში მას მონანიების მნიშვნელობა აქვს. წირვის დროს განბანვა ეწოდება ბარძიმის გაწმედას ზიარების შემდეგ ევქარისტიული ნაწილების რამე სახით შებღალვის თავიდან ასაცილებლად.

განგება (Provvidenza) [ლათ. providentia სიტყვასიტყვით „განჭვრეტა“, „წინდახედულობა“] ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ღმრთის კეთილგანწყობილ ქმედებას, რომლითაც იგი ისტორიასა და ბუნებრივ მოვლენებს წარმართავს და ყველა ქმნილებას საკუთარი საბოლოო მიზნისაკენ უძღვება. სახარებაში იესო მოუწოდებს თავის მოწაფეებს, მტკიცედ ირწმუნონ მამა ღმრთის განგება, რომელიც ასაზრდოებს ცის ფრინველებსა და ველის შროშანებს (მათ. 6:25-34; ლუკ. 12:22-31). ცხადია, ღმრთის განგება არ აუქმებს ადამიანის ქმედებას, მეტიც, ადამიანი მოხმობილია ღმრთის ქმედებასთან თავისუფალი თანამშრომლობისაკენ. ამავე დროს, განგება არ სპობს ფიზიკურსა თუ ზნეობრივ ბოროტებას, თუმცა სარწმუნოება ადამიანს აძლევს იმის უეჭველობას, რომ ღმერთი არ დაუშვებდა ბოროტების არსებობას, იმავე ბოროტებიდან სიკეთე რომ არ მომდინარეობდეს, იმ გზებითა და ხერხებით, რომლებიც მხოლოდ მარადიულ სიცოცხლეში გახდება ცნობილი (შდრ. CCC, 302, შმდ.).

განდგომა ნ. აპოსტაზია.

განდეგილი (Eremita) [ბერძნ. eremítes, რომელიც ნაწარმოებია სიტყვიდან éremos „ცარიელი“, „განმარტოებული“] პირი, რომელიც ცხოვრებისეული არჩევანის საფუძველზე სცილდება ამქვეყნიურ ცხოვრებას და, განმარტოებით ქოხში ან გამოქვაბულში დასახლებული, მთლიანად ლოცვას, მედიტაციასა და მონანიებას უძღვნის თავს. ასკეტური და მჭვრეტელობითი ცხოვრების ეს ფორმა ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ეგვიპტესა და პალესტინაში, რაც აგრეთვე განაპირობა წმიდა ანტონის მაგალითმა, რომელიც განდეგილობის ფუძემდებლად ითვლება. ნ. ანაქორეტი.

განთავისუფლება (Dispensa) ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც ეკლესია მათი მეშვეობით, ვინც ამის ძალაუფლებას ფლობს, „განსაკუთრებულ შემთხვევაში წმინდა საეკლესიო კანონის დაცვისაგან“ ათავისუფლებს ადამიანს (CIC, კან. 85). ბუნებრივია, არ შეიძლება არსებობდეს ღმრთაებრივი სამართლის კანონთა დაცვისაგან გათავისუფლება.

განთავისუფლების თეოლოგია (Teologia della liberazione) ცალკეულ თეოლოგიათა შთამაგონებელი პროგრამა ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება მეტისმეტად თვალსაჩინოა (ლათინური ამერიკა). აზროვნების ეს მიმართულება განმტკიცდა აგრეთვე რასიზმის (ამერიკის შეერთებული შტაები, სამხრეთ აფრიკა) და ქალთა მოძრაობების კონტექსტში, რომელთაც მასკილისტური კულტურისაგან გათავისუფლების სწრაფვა ახასიათებს. განთავისუფლების თეოლოგიის ცალკეული გამოხატულებები იერარქიასთან კონფლიქტში აღმოჩნდა. სარწმუნოების კონგრეგაციამ ამასთან დაკავშირებით ორი დოკუმენტი გამოაქვეყნა: დარიგება „განთავისუფლების თეოლოგიის“ ცალკეულ ასპექტებზე (1983 წლის 6 აგვისტო) და დარიგება ქრისტიანულ თავისუფლებასა და განთავისუფლებაზე (1986 წლის 22 მარტი), რომლებიც ავსებს ერთმანეთს. უფრო ზუსტი იქნებოდა მსჯელობა განთავისუფლების თეოლოგიებზე, რადგანაც ეს სახელწოდება აერთიანებს არაერთ მიმდინარეობასა და პოზიციას.

განკაცება ნ. განხორციელება.

განკვეთა (Scomunica) [ლათ. excommunicare „(მორწმუნეთა) გარიცხვა ზიარებიდან“] პირველი და ყველაზე მძიმე გამაჯანსაღებელ სასჯელთაგან, რომლებსაც ეკლესია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის აწესებს (აპოსტაზია, ერესი, სქიზმა, აბორტი...). განკვეთა გულისხმობს მორწმუნის გარიყვას საეკლესიო თანაზიარების სისრულიდან, რითაც ის მოკლებულია სულიერ სიკეთეს და შეზღუდულია უფლებებში. განკვეთილს არ შეუძლია: ა) მონაწილეობა მღვდელმსახურის სტატუსით საჯარო კულტის არც ერთ აქტში; ბ) საიდუმლოთა აღსრულება ან მიღება; გ) საეკლესიო მოვალეობათა, მსახურებათა აღსრულება და მმართველი აქტების გამოცემა, რომლებიც, მის მიერ მათი გამოცემის შემთხვევაში, არაკანონიერად გამოცხადდებოდა (CIC, კან. 1331, ნაწ. 1).

განმწმედელი ეკლესია (Purgante, Chiesa) აღნიშნავს გარდაცვლილთა ერთობლიობას, რომლებიც სალხინებელში განიწმიდებიან (შდრ. CCC, 954).

განრთხმა (Prostrazione) [ლათ. prostratio] იატაკზე ან მიწაზე მთლიანად განრთხმული სხეულის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გამოხატავდეს მორჩილებას, სინანულს, დიდ ტკივილს ან ვედრებას. დაწესებულია დიდ პარასკევს და კურთხევის ცერემონიათა დროს.

განსატევებელი (Esequie) [ლათ. exsequiae, ზმნიდან ეხსექუი „უკან წასვლა“] მიცვალებულთათვის განკუთვნილი ლოცვები და რელიგიური წესები.

განსაცდელი (Tentazione) [ლათ. temptatio (ზმნიდან temptare, „ცდა“, „სინჯვა“)] შეიძლება ნიშნავდეს ვინმეს გამოცდას ან ბოროტებისაკენ ბიძგებას. „ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის ცდის“ (იაკ. 1:13). ამიტომაც ქრისტიანი „მამაო ჩვენოს“ ლოცვით („არ შეგვიყვანო განსაცდელში“) შესთხოვს ღმერთს, არ მისცეს მას ბოროტის, ცოდვისკაენ მიმავალ გზაზე სვლის უფლება (შდრ. CCC, 2846-2849).

განსაწმედელი ნ. სალხინებელი.

განქორწინება (Divorzio) ეკლესიისათვის ქორწინებას, როგორც შემოქმედის მიერ დამტკიცებულ ინსტიტუტს, მთლიანობა და დაურღვევლობა (შდრ. მათ. 19:3-9) ახასიათებს. ეს თავისთავად გულისხმობს განქორწინების ყოველგვარ გამორიცხვას, ანუ წესის თანახმად გაფორმებული და აღსრულებული ქორწინების გაწყვეტის შეუძლებლობას, როდესაც ორივე მეუღლე ცოცხალია.

განღმრთობა (Divinizzazione) [ნაწარმოებია ზმნიდან divinizzare „გაღმერთება“] აღმოსავლურ თეოლოგიაში აღნიშნავს ადამიანის ზებუნებრივ აღზევებას, მაშასადამე, მის მონაწილეობას ღმრთაებრივ ბუნებაში, როგორც განკაცების შედეგს. ეს გამოხატულია ირენეოსის აქსიომაში: „ღმრთის ძე იქცა ადამიანის ძედ, რათა ადამიანი ღმრთის შვილად იქცეს“ (ერესთა წინააღმდეგ, III, 19,1).

გარდაცვლილ მორწმუნეთა გახსენება (Commemorazione dei fedeli defunti) აღინიშნება 2 ნოემბერს ყველა გარდაცვლილის ხსოვნისა და მხარდაჭერის ნიშნად. პაპმა ბენედიქტე XV-მ ყველა მღვდელმსახურს დართო ნება, ამ დღეს სამი წირვა აღავლინოს.

გარჩევა (Discernimento) [ლათ. ზმნიდან discernere „დანახვა“] გარჩევა ეწოდება იმ იმპულსთა და მოტივაციათა ყურადღებით განხილვას, რომლებიც განსაზღვრულ გადაწყვეტილებათა მიღებას განაპირობებს, იმგვარად, რათა შესაძლებელი იქნეს ღმრთის მითითებების (რომლებიც ქრისტესა და ეკლესიაში ცხადდება) ადამიანურ ინსტინქტთაგან ან ღმრთის სულის საწინააღმდეგო ბოროტი ძალების ბიძგთაგან განსხვავება. გარჩევა, როგორც რწმენასა და ღმერთთან და სხვა ადამიანებთან ერთიანობაში წინსვლის შედეგი, აგრეთვე არის განსაკუთრებული ქარიზმა (1 კორ. 12:10), რომელსაც ფლობენ მცირენი ყველას სასარგებლოდ (სულთა გარჩევა).

გასინჯვა (Scrutini) [გვიანლათ. scrutinium, ნაწარმოებია სიტყვიდან scrutari „შესწავლა“, „გამოკვლევა“] ზრდასრულთა ნათლობისთვის მოსამზადებელი კატეხეზის ეტაპები, ანუ გამოცდები. ამასთანავე, განსაზღვრავს ნეოკატეხუმენთა გზას.

გაუდეტე (Gaudete) [ლათ. gaudere-ს („ტკბობა“, „სიხარულის განცდა“) ბრძანებითი კილოს მრავლობითი რიცხვის მეორე პირი] ადვენტის მესამე კვირადღის სახელწოდება. სახელწოდება მომდინარეობს წირვის შესავალი ანტიფონის პირველი სიტყვიდან, რომელიც ფილიპელთა მიმართ წმიდა პავლეს წერილიდანაა აღებული: „მარადის იხარეთ უფალში...“ (4:4).

გაუმაძღრობა (Gola/golosità) [ლათ. სიტყვიდან gula] შვიდ მთავარ მანკიერებათაგან ერთ-ერთი. მდგომარეობს საკვების უზომო და ხარბ მიღებაში (რომელიც, ამგვარად, საშუალებიდან მიზნად გადაიქცევა).

გაუწმიდურება (Sacrilegio) [ლათ. sacrilegium (სიტყვიდან sacer, „წმიდა“ + legium, ზმნიდან legere „დაჭერა“, „წვდომა“)] წმიდა ან რელიგიური წესით წმიდაყოფილი პირის, ადგილის ან საგნის პროფანაცია (შდრ. CCC, 2120).

გაყოლა (Sequela) [გვიანლათ. sequela, ნაწარმოებია სიტყვიდან sequi „გაყოლა“, „მიდევნება“] ბიბლიურ განზომილებაში გამოხატავს მორჩილების დამოკიდებულებას, რომელიც სიმბოლურად ღმრთის გაყოლით გადმოიცემა (დაბ. 5:22.24; 6:9; 17:1). მოციქულები და მოწაფეები პირდაპირი მნიშვნელობით გაჰყვნენ იესოს მისი მოხმობის თანახმად (მათ. 8:19, შმდ; 10:37, შმდ.; 19:16-22; მარკ. 1:17, შმდ.; 2:14; ლუკ. 14:26). ყველა ქრისტიანი მოხმობილია, გაჰყვეს ქრისტეს, მიიღოს მისი სიტყვები (იოან. 8:12; 10:4), მიჰბაძოს მის ქცევას (რომ. 8:29; 1 პეტრ. 2:21) მსხვერპლშეწირვამდე (მათ. 16:24; იოან. 13:36) და მიენდოს მას სრული რწმენით (იოან. 4:42; 6:67, შმდ.; 8:31; 11:44-50).

გაცხადება (Epifania) [ბერძ. epipháneia „გამოცხადება“, „გამოვლინება“] ბერძნულ ცნებას აქვს საყოველთაო აღიარების გარემოში ძლევამოსილი შებიჯების მნიშვნელობა და ის მეფის ან იმპერატორის მოსვლას აღნიშნავდა. ამავე დროს, ტერმინი აღნიშნავდა, აგრეთვე, ღმრთაების გამოცხადებას ან მის სასწაულებრივ ჩარევას. ახალ აღთქმაში გაცხადება აღნიშნავს იესოს გამოცხადებას ადამიანური იერით (იოან. 1:14; 2:1; 2 ტიმ. 1:10...) მოგვთა წინაშე (მათ. 2:1, შმდ.), და, უმთავრესად, პარუსიაში (1 ტიმ. 6:14; 2 ტიმ. 4:18; ტიტ. 2:13). ძველ აღთქმაში ღმრთის გამოვლინებებთან დაკავშირებით ნ. თეოფანია. გაცხადების დღესასწაული, რომელიც 6 იანვარს აღინიშნება, აღმოსავლეთში აღმოცენდა როგორც უფლის შობის, მისი „ხორციელი“ გამოცხადების დღესასწაული. დაახლოებით IV საუკუნეში ის დასავლეთში დამკვიდრდა, უმთავრესად როგორც აღმოსავლეთიდან მოგვთა მოსვლის აღსანიშნავი ზეიმი, რომლებიც განიხილებოდნენ ერთგვარ „ხალხთა პირველ წარმომადგენლებად“, შემდგომში კი მათ მოსვლას მოჰყვა იესოს, როგორც ყველა ხალხის უფლის, სამყაროს ნათლის, გაცხადება.

გახსენება ნ. ანამნეზა/გახსენება.

გეენა (Geenna) [ებრ. ghê Hinnom, შემდეგ არამ. ghê Hinnam, რომელმაც ლათინურში მიიღო ფორმა Gehénna ან Geénna] იერუსალემის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჰინომის ველი. ძველად აქ მდებარეობდა ღმრთაება მოლოხის კულტი, რომელსაც ჩვილებს სწირავდნენ მსხვერპლად. ამ მიზეზით ოსიამ ის შეაბღალინა - მასზე ძვლები მიმოაპნია. შემდეგ ეს ველი იერუსალემის ნაგავსაყრელად იქცა და აქ მუდამ ენთო ცეცხლი, რომელიც ღმრთის სამსჯავროს სიმბოლოდ და ჯოჯოხეთის - ტანჯვის, ცეცხლისა და სიკვდილის ადგილის - განსახიერებად იქცა.

გეთსემანია (Getsemani) [არამ. gat shemaním] სავარგულის ან ბოსტნის სახელი, რომელიც მდებარეობდა ზეთისხილის მთის ძირას, იმ ბორცვის პირდაპირ, სადაც იერუსალემის ტაძარია აღმართული, კედრონის გადაღმა. აქ შეიპყრეს იესო სინედრიონის ჯარისკაცებმა საიდუმლო სერობის შემდეგ პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან ერთად ლოცვის დროს (შდრ. მათ. 26:36 და პარ.).

გელასისეული კონდაკი (Gelasiano, sacramentario) ამგვარად ეწოდება VII საუკუნის ხელნაწერ კოდექსს Reginensis Latinus 316, რომელიც ვატიკანის ბიბლიოთეკაშია დაცული. როგორც ყოველი კონდაკი, ეს წიგნი ევქარისტიისა და სხვა მსახურებათა აღმსრულებლისათვის განკუთვნილ ფორმულებს შეიცავს. კოდექსი სამ წიგნადაა დაყოფილი: ა) საგანგებო დრო (შობიდან) და ცალკეული წესები (სამღვდელმსახურებო და სადიაკვნო ხელდასხმა, კათაკმეველობა, მონანიება, ნათლისღება, ეკლესიის მიძღვნა, მცირე წესები, ქალწულთა კურთხევა); ბ) ლოცვები და ვედრებანი შობის ჟამისათვის; გ) ლოცვები და ვედრებანი კანონებით კვირადღეებისათვის.

გენერალი (Generale) [ლათ. სიტყვიდან generalis] გენერალი ანუ უმთავრესი წინამძღვარი (ეწოდება, აგრეთვე, უმთავრესი წარმმართველი, CIC, კან. 625) სამოწესეო ორდენის ან კონგრეგაციის უმაღლესი ავტორიტეტია, უმთავრესი ეგრეთ წოდებულ მთავარ წინამძღვართაგან. კანონიკური სამართლის მითითებათა თანახმად (CIC, კან. 617-630), იგი უნდა იყოს მინიმუმ ორმოცი წლის და ათი წელი მაინც უნდა ეწეოდეს სამოწესეო საქმიანობას ინსტიტუციაში. მას ირჩევს კაპიტულუმი წინასწარ განსაზღვრული ვადით, გამონაკლისს წარმოადგენს ცალკეულ ინსტიტუციათა დებულებებში არსებული სხვაგვარი მითითებანი. ქალთა სამოწესეო ინსტიტუტთა წინამძღვარს უმაღლესი გენერალი ან დედა გენერალი ეწოდება.

გვარდია, შვეიცარიული ნ. შვეიცარიული გვარდია.

გიხაროდენი (Ave Maria) ეწოდება, აგრეთვე, „ანგელოსის მისალმება“. ყველაზე გავრცელებული იმ ლოცვათა შორის, რომლებიც მარიამს ეძღვნება. შედგება ორი განსხვავებული ნაწილისაგან: პირველი მათგანი შეიცავს სიტყვებს, რომლებიც წარმოთქვეს მთავარანგელოსმა გაბრიელმა („გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა“ (ლუკ. 1:28)) და ელისაბედმა („კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეული არს ნაყოფი მუცლისა შენი“ (ლუკ. 1:42)). ლოცვის მეორე ნაწილი ღმრთის დედისადმი მეოხებისათვის ეკლესიის ვედრებაა. ლოცვის ეს ნაწილი XIV-XV საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. “გიხაროდენის” ამჟამინდელი ფორმა 1568 წელს პაპმა პიუს V-მ დაამტკიცა.

გლახაკთა ორდენები (Ordini mendicanti) რელიგიური ორდენები, დაარსებული უმკაცრესი საზოგადო და პიროვნული სიღატაკის იდეალის განსახორციელებლად. ვიწრო გაგებით გლახაკთა ორდენებია: ფრანცისკელთა, დომინიკელთა, ავგუსტინელ განდეგილთა და კარმელელთა. მათი აღმოცენება სიღატაკის მოძრაობებს უკავშირდება. გლახაკთა ორდენები უარს აცხადებდნენ საზოგადო სიკეთის ფლობაზე, მათი საარსებო წყარო იყო ორდენის წევრთა შრომის ნაყოფი და მიღებული შესაწირავი (ამიტომაც ეწოდებოდათ მათ გლახაკები, მთხოვნელნი). სამონასტრო ორდენთაგან განსხვავებით, ისინი არ იცავდნენ უცვლელი ადგილის წესს.

გნოსისი/გნოსტიციზმი (Gnosi/gnosticismo) [ბერძ. gnostikós, ზედსართავის ფორმა სახელიდან gnósis „შემეცნება“] ფართო მოძრაობა, რომელიც ფილოსოფიურ, თეოსოფიურ, მისტიკურ, რელიგიურ და სხვა ელემენტებს მოიცავს. წარმოშობით ქრისტიანობამდელი ეს მოძრაობა ქრისტიანულ ხანაში ერესად ჩამოყალიბდა, როგორც მცდელობა, იმისა, რომ მკაცრად სუბიექტური ხედვით ხსნა დაყვანილ იქნას ადამიანის - სამყაროში არსებული ღმრთაებრივი ნაპერწკლის - გადარჩენამდე გნოსისის მეშვეობით, რაცაა შემეცნება ადამიანის ნამდვილი ზეციური არსებისა და გადამრჩენელ-გამომცხადებლის მიერ მისთვის დასახული გზისა. 1946 წელს ნაგ ჰამადიში (ეგვიპტე) გნოსტიკური ბიბლიოთეკის აღმოჩენამ ხელი შეუწყო გნოსტიციზმის უფრო ღრმად შესწავლას, რომელიც მანამდე მხოლოდ ცალკეული ქრისტიანი მწერლების (ირენეოსი, იპოლიტე და სხვ.) მოწმობათა საშუალებით იყო ცნობილი.

გოლგოთა (Calvario) [გვიანლათ. calvarium (მომდინარეობს გამოთქმიდან calvariae locus „თავის ქალის ადგილი“), კალკი არამ. სიტყვისა Gulgaltha] ადგილი იერუსალემის გალავანს მიღმა, სადაც ჯვარს აცვეს იესო (შდრ. იოან. 19:17). არამეული სიტყვა Gulgaltha თავის მხრივ ნაწარმოებია ებრაულიდან Gulgoleth, — თავის ქალის ფორმის „გორაკი“. ამ სახელწოდებას ორიგენე იმით ხსნის, რომ „იქ ადამის თავს ქალა იყო დამარხული“ (PG, 13, 1777). ამ მოსაზრებას ასევე იზიარებენ წმიდა ეპიფანე და წმიდა იერონიმე (PG 41, 844; PL 22, 485). იმპერატორმა კონსტანტინემ ამ ადგილას წმიდა საფლავის ტაძარი ააგებინა.

გომარიზმი (Gomarismo) ჰოლანდიური კალვინელობის თეოლოგიური მიმდინარეობა, რომლის სახელწოდებაც პროტესტანტი თეოლოგის, ფრანც გომარის (1565-1641) სახელიდან მომდინარეობს. იაკობ ჰარმინიუსის საპირისპიროდ, გომარი წინასწარგანსაზღვრულობის მკაცრი განმარტების მომხრე იყო. ეს განმარტება გულისხმობდა, რომ თავისი ღმრთაებრივი ყოვლისშემძლეობის განსამტკიცებლად ღმერთმა ჯერ კიდევ ადამის მიერ პირველი ცოდვის ჩადენამდე განსაზღვრა ადამიანთა ბედი. გომარის მომხრეთა მოძრაობა ნამდვილ თეოლოგიურ-პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა, რომელსაც, აგრეთვე, „მოწინააღმდეგეთ“ უწოდებდნენ, რაც მათი მოძღვრების ჰარმინიზმის დებულებებთან დაპირისპირებაზე მიუთითებს. გომარისტებმა მიაღწიეს კიდეც ჰარმინელთა დაგმობას დორდრეხტის ეროვნულ კრებაზე (1618-1619).

გრადუალი (Graduale, libro liturgico) შეიცავს წირვის მონაცვლე საგალობლებს, ანუ ინტროიტს (შესავალი ანტიფონი), გრადუალს, ალელუიას მუხლთან ერთად (დიდმარხვის დროს კი - ნაწყვეტს სახარებიდან), შეწირულობისა და ზიარების შესატყვის საგალობლებს გრიგორიანული მელოდიების თანხლებით. Graduale romanum „შესაბამისად გამოიყენება იმ ეკლესიებში, რომლებსაც აქვთ სათანადო ტექნიკური დონის მგალობელთა სკოლა ყველაზე კაზმულ მელოდიათა შესასრულებლად“ (Graduale romanum, Praenotanda, n.2, ed. typ., altera, Vat., 1975, p. VII). ხოლო Graduale simplex წარმოადგენს კრებულს „უფრო მარტივი საგალობლებისა, რომლებიც განკუთვნილია მცირე ზომის ეკლესიებში შესასრულებლად, სადაც შედარებით რთულია Graduale romanum-ის კაზმულ მელოდიათა შესრულება“ (იქვე, ნ. 2, VIII).

გრიგოლისეული (გრიგორიანული) (Gregoriano) ყოველივე, დაკავშირებული სახელ გრიგოლის მატარებელ პაპთან: ა) გრიგოლის (გრიგორიანული) გალობა; რომაული წესის ლიტურგიული გალობა; მისი სახელწოდება მომდინარეობს წმიდა გრიგოლ დიდის (540-604) სახელიდან, თუმცა სწავლულებს სხვადასხვა ჰიპოთეზა აქვთ ამასთან დაკავშირებით; ბ) გრიგოლის რეფორმა: ეკლესიასა და სამღვდელოებაში გრიგოლ VII-ის (დაახლ. 1020- 1085) მიერ გატარებული რეფორმები, იმპერიულ ძალაუფლებასთან მიმართებაში მაქსიმალური საეკლესიო თავისუფლების (libertas Ecclesiae) მიღწევის მიზნით; გ) გრიგოლის (გრიგორიანული) კალენდარი: პაპ გრიგოლ XIII-ის (1502-1585) დავალებით ლუიჯი ლილიოს მიერ რეფორმირებული იულიუსის კალენდარი, რომელიც 1561 წლიდან შევიდა ძალაში და დღესაც მოქმედებს; დ) გრიგოლის წყალი; ე) გრიგოლის (გრიგორიანული) წირვები; ასე ეწოდება ოცდაათ წირვას, რომელიც თანმიმდევრობით ოცდაათი დღის განმავლობაში სრულდება გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად; მათ დამკვიდრებას დასაბამი მისცა გრიგოლ დიდის მიერ თავის დიალოგებში (IV, 57,13-15) მოთხრობილმა შემდეგმა ფაქტმა: მოწესე იუსტოსი (Giusto), გარდაცვლილი ჩელიოს მონასტერში, სალხინებლის ტანჯვათაგან გათავისუფლდა ოცდაათი წირვის დასრულებისთანავე, რომელნიც მისთვის იმხანად მონასტრის წინამძღვარმა, წმიდა გრიგოლმა აღავლენინა.

გრიგოლისეული რეფორმა (Riforma gregoriana) კათოლიკე ეკლესიის რეფორმის მოძრაობა, რომლის სახელწოდებაც პაპ გრიგოლ VII-ის სახელს (საერო სახელი ჰილდებრანდ სოანელი, 1020-1085) უკავშირდება. 1073 წელს პაპის ტახტზე ასულმა გრიგოლმა პოლიტიკურ-საეკლესიო რეფორმა გაატარა, რომლის მთავარ მიზანსაც შეადგენდა libertas ecclesiae, ანუ ეკლესიის გათავისუფლება ნებისმიერი ჩარევისაგან. ამგვარად, ის შეეწინააღმდეგა მეფეთა, მთავართა და დიდებულთა მხრიდან ეპისკოპოსებისა და აბატების დანიშვნას (საერო ინვესტიტურა) და ამ საეკლესიო წოდებათა მინიჭების ბოროტად გამოყენებას (სიმონია). პაპი, ამავე დროს, შეებრძოლა ნიკოლოზელობას და მტკიცედ იცავდა ეკლესიის სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობას, მეტიც, აცხადებდა, რომ ადამიანში სულის სხეულზე ბატონობის მსგავსად, ეკლესიაც სახელმწიფოზე უნდა ყოფილიყო აღმატებული (პაპის მონარქიის ერთგვარი სახეობა). ეს იდეები პაპის ხელისუფლებასა და იმპერიას შორის მწვავე კონფლიქტის საფუძვლად იქცა, რომელსაც ინვესტიტურათა ბრძოლა“ ეწოდა. მისი გადაწყვეტა მხოლოდ მოგვიანებით, ვორმსის კონკორდატის მეშვეობით (1122) მოხერხდა.

გრიგოლისეული წყალი (Acqua gregoriana) წყლის, ღვინის, მარილისა და ფერფლის ნაერთი, რომელიც საკურთხეველთა და ეკლესიათა კურთხევის წესში გამოიყენება.

გულისხმიერება ნ. ლმობიერება.

გულისხმისყოფა ნ. ლმობიერება.

გულმოწყალების საქმენი (Opere di misericordia) მოყვასის მიმართ გულმოწყალე ქმედებები, რომელთა მეშვეობითაც ქრისტიანი ახორციელებს იესოს სწავლებას: “იყავით გულმოწყალენი, ისევე, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე” (ლუკ. 6:36). გულმოწყალების საქმენი ხორციელ და სულიერ ქმედებებად დაიყოფა. პირველ კატეგორიას განეკუთვნება: ა) მშიერთა დაპურება; ბ) მწყურვალთა წყურვილის მოკვლა; გ) შიშველთა შემოსვა; დ) მგზავრთა დაბინავება; ე) ავადმყოფთა მონახულება; ვ) პატიმართა მონახულება; ზ) გარდაცვლილთა დასაფლავება. სულიერ ქმედებათა რიცხვს კი განეკუთვნება: ა) უცოდინართა სწავლება; ბ) მერყევთათვის რჩევის მიცემა; გ) მწუხარეთა ნუგეშისცემა; დ) ცოდვილთა დარიგება; ე) წყენათა პატიება; ვ) აბეზართა მოთმინებით ატანა; ზ) ცოცხალთა და გარდაცვლილთათვის ლოცვა.

გუმბათი (Cupola) [გვიანლათ. cupula, კნინობითი ფორმა სიტყვისა cupa „თაღი“] არქიტექტურული სტრუქტურა (კამარა), აღმართული შენობის - უმთავრესად ეკლესიის - თავზე მისი გადახურვის მიზნით. აქვს მრუდე ზედაპირი, წრიული, კვადრატული ან მრავალკუთხა გეგმა. გუმბათის არქიტექტონიკული პრობლემის ცენტრალურობას გაესვა ხაზი აღორძინების ხანაში, რაც, აგრეთვე, ახლებურ გადაწყვეტათა შთამაგონებელ ბიძგად იქცა (ბრუნელესკის გუმბათები ფლორენციაში და მიქელანჯელოს მიერ შექმნილი რომის წმიდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათი).

გურუ (Guru) [სანსკ.] ჰინდუიზმში აღნიშნავს სულიერ მასწავლებელს, ხელმძღვანელს. ადამიანი, რომელმაც უკვე მიაღწია შინაგან სიმშვიდესა და სიბრძნეს და მოწაფეებს მის მისაღწევად გასავლელ გზას ასწავლის.

5

▲back to top


და (Suora) [ლათ. soror „და“] ქალთა კონგრეგაციის წევრი მონაზონი. ნ. მოწესე.

დაბადება (Genesi) [ბერძნ. ghénesis „დაბადება“, „დასაბამი“] ასე ეწოდა სეპტუაგინტაში ბიბლიის პირველ წიგნს. ტერმინი ამ წიგნის პირველი სიტყვის - bereshit, „დასაწყისი“ ებრაულიდან თარგმანია. ესაა ბიბლიის, ხუთწიგნეულის ან თორას დასაწყისი, ანუ დასაწყისი ღმრთის დიდი გამოცხადებისა, მოვლენათა და სიტყვათა იმ უწყვეტი ჯაჭვისა, რომელიცაა ხსნის ისტორია; ესაა სამყაროს შექმნაში ყოფნის დასაწყისი, ღმერთსა და ადამიანს შორის დიალოგის დასაწყისი, რომლის საბოლოო გამოხატულებად იქცევა იოანეს სახარების „დასაწყისში იყო სიტყვა“: ყოველივე ეს ბიბლიის პირველი წიგნის მნიშვნელობაზე მეტყველებს. ეს წიგნი არსებითად ერთი დიპტიქის ორი დაფისაგან შედგება. პირველი მათგანი პირველ თერთმეტ თავს მოიცავს და ადამის — ჩვენი პლანეტის ყველა დროისა და რელიგიის მოქმედი გმირის - პირველი ადამიანის ცხოვრებას აღწერს. პირველი დაფა ორ განსხვავებულ ლიტერატურულ ხერხს მოიცავს, ესენია გენეალოგია და თეოლოგიური თხრობა. იაჰვისტურ ტრადიციაში თხრობას ენიჭება უპირატესობა: შექმნა (თთ. 2-3), კაენის დანაშაული და დასჯა (თ. 4), დანაშაული და წარღვნით დასჯა (თთ. 6-8), ნოეს ძეთა დანაშაული და დასჯა (9:20-27), ბაბილონის გოდოლი და ენათა აღრევა (თ. 11). სამღვდელმსახურებო ტრადიციაში კი გენეალოგიები დომინირებს (ზეცისა და მიწის გენეალოგიები (თ. 1), გენეალოგია ადამიდან ნოემდე (თ. 5), მსოფლიო გენეალოგია (თ. 10), გენეალოგია სემიდან აბრაამამდე (11:10-26)). ისინი იდეალური ფუძემდებლისა და წინაპრის წარმოშობაზე დაყრდნობით მოხეტიალე ტომთა მიერ ისტორიის შექმნის სახასიათო საშუალებაა. ბუნებრივია, მთელი კაცობრიობის გენეალოგიის განხილვისას, წინაპარი მხოლოდ ადამი შეიძლება იყოს. ამგვარი თანმიმდევრული ჯაჭვის განსაზღვრა, ამავე დროს, რამე რეალობის დასაბამისა და, მაშასადამე, არსის აღწერისა და განმარტების მცდელობაა: სპეციფიურ ტერმინოლოგიაში ამას ეტიოლოგია ეწოდება. ესაა მიზეზთა ძიება, საგანთა დასაბამთან და მათ სიღრმისეულ, იდუმალ მნიშვნელობასთან მიბრუნება. ბიბლიის პირველი წიგნის მეორე დაფა 12-50 თავებს აერთიანებს და აბრაამისა და მის შთამომავალთა ისტორიის აღწერას ეძღვნება. აქ თხრობის თვალსაწიერი ვიწროვდება და მთელი კაცობრიობიდან ინაცვლებს ისრაელ ხალხსა და სარწმუნოების პირველ საწყისებზე. ესაა მოწოდება და რწმენის ნიჭის ბოძება პატრიარქებისადმი, ანუ სწორედ ის ძირი, საიდანაც განვითარდა ისრაელი.

დაბრკოლება (კანონიკურ სამართალში) (Impedimento (nel diritto canonico)) [ლათ. impedimentum, მომდინარეობს ზმნიდან impedire „სვლაში დაბრკოლების შექმნა“] ფართო მნიშვნელობით აღნიშნავს ნებისმიერ გარემოებას, რომელიც აფერხებს იურიდიული აქტის კანონიერ თუ სწორ აღსრულებას; ვიწრო მნიშვნელობით (ხელისშემშლელი დაბრკოლება) ესაა ნებისმიერი გარემოება, დაკავშირებული პიროვნებასთან (ასაკი, უკვე არსებული საქორწინო ვალდებულება და სხვა), რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის ქორწინებას.

დაბრკოლებული საეპისკოპოსი საყდარი (Sede episcopale impedita) ასე ეწოდება ეპისკოპოსის მმართველობაში მყოფ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომლის ეპისკოპოსიც პატიმრობის, გადასახლების, განდევნის თუ უუნარობის მიზეზით სრულიად მოკლებულია თავისი სამწყსო მსახურების აღსულების შესაძლებლობას და დიოცეზის წევრებთან მიმოწერის საშუალებაც არ გააჩნია (CIC, კან. 412). ასეთ შემთხვევაში, თუ წმიდა საყდარმა შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიიღო, დიოცეზის მართვა ეკისრება კოადიუტორ ეპისკოპოსს, ხოლო თუ ამ უკანასკნელსაც აგრეთვე არ ძალუძს მსახურება — დამხმარე ეპისკოპოსს, გენერალურ ვიკარიუსს, ეპისკოპოსის ვიკარიუსს ან სხვა მღვდელმსახურს, თანახმად თანმიმდევრობისა, რომელსაც ადგენს ეპისკოპოსი დიოცეზის ჩაბარებიდან უმოკლეს დროში.

დადგენილი წესები (Precetto) [ლათ. praeceptum (სიტყვიდან praeseptus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა praecipere „დაწესება“)] რელიგიური თვალსაზრისით, დადგენილი წესები, ანუ მცნებები, ეწოდება ეკლესიის მიერ მორწმუნეთათვის დამკვიდრებულ იმ დადებით წესებს, ზნეობრივი ვალდებულების განმტკიცების, ლოცვის სულისკვეთების, ღმრთისა და მოყვასის სიყვარულის ზრდისთვის მათი მინიმალურად აუცილებლით უზრუნველყოფის მიზნით. ამგვარი დადგენილი წესი ხუთია: კვირადღეს და დაწესებულ სადღესასწაულო დღეებში წირვაზე დასწრება; სულ მცირე, წელიწადში ერთხელ აღსარების თქმა; ზიარების მიღება, თუნდაც მხოლოდ სააღდგომოდ; დღესასწაულთა აღნიშვნა; დაწესებულ დღეებში მარხვისა და თავშეკავების დაცვა (CCC, 2041-2043).

დალმატიკა (Dalmatica) [ლათ. dalmatica (vestis) „დალმაციური (ტუნიკა)“] მსახურების დროს დიაკვნის ლიტურგიული სამოსელი. თავდაპირველად იყო საერო სამოსი და დაახლოებით II საუკუნეში ის რომის მთელ იმპერიაში იყო გავრცელებული. ესაა მოკლე, მუხლებამდე სიგრძის ერთგვარი ტუნიკა სახელოებით, მორთული ორი მოწამული ზოლით. V საუკუნიდან იხმარება მხოლოდ როგორც ლიტურგიული სამოსი.

დამსახურება (Merito) [ლათ. meritum, ნაწარმოებია ზმნიდან merere „დამსახურება“] ზოგადად სიტყვა აღნიშნავს ადამიანის მიერ ჩადენილ ქმედებათა ობიექტურ ღირებულებას, რომელსაც საზღაური შეესაბამება. სქოლასტიკურ თეოლოგიაში ღირსეული დამსახურება ეწოდება დამსახურებას იმ ქმედებათათვის, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ საზღაურს, რადგანაც ადამიანის მიერ მადლითაა ჩადენილი როგორც მხსნელი ქმედება. შესაბამისი დამსახურება აღნიშნავს არგამართლებული ადამიანის ზნეობრივი კანონის მოთხოვნილებათა შესატყვის ქმედებას (პატიოსანი საქციელი), რომელიც არ შეესაბამება ზებუნებრივ მიზნებს და ამიტომაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დამსახურებად ვიწრო გაგებით. თუმცა ასეთ ქმედებაში ღმერთი მადლისთვის მომზადების ღირებულებას აღიარებს. წმიდა თომა აკვინელის უკანასკნელ შრომებში და მომდევნო პერიოდის თეოლოგიაში ეს ტერმინი აღნიშნავს ქმედებას, ჩადენილს ქმედითი მადლის დახმარებით და წარმოადგენს გამართლებისათვის მომზადებას.

დამღა (Carattere) [ბერძ. charaktér, შემდგომში ლათ. character „კვალი, წარუშლელი ნიშანი“] საეკლესიო საიდუმლოს აღსრულებისას აღნიშნავს ქრისტეში თანამონაწილეობის წარუშლელ და სულიერ ნიშანს, რომელსაც სამშვინველში ტოვებს ნათლისღება, მირონცხება და მღვდლობა, რის გამოც ამ სამი საიდუმლოს მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

დამხმარე ეპისკოპოსი (Ausiliare) [ლათ. auxiliaris, სიტყვიდან auxilis „დახმარება“] ეპისკოპოსის ხარისხის მატარებელი თანამშრომელი, რომელიც ენიშნება დიოცეზის ეპისკოპოსს, როდესაც იგი, ეპარქიის გაფართოების ან პირად დაბრკოლებათა გამო, სრულად ვერ ახერხებს თავისი დიოცეზის სამწყსო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. კოადიუტორი ეპისკოპოსისაგან განსხვავებით, მას არ გააჩნია მემკვიდრეობის უფლება (CIC, კან. 403).

დანიელი ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

დაო/დაოიზმი (Tao/Taoismo) ჩინურად „დაო“ სიტყვასიტყვით აღნიშნავს „გზას“, „ბილიკს“, თუმცა, ამასთანავე, აქვს მნიშვნელობათა ვრცელი სპექტრი და ამ მიზეზით ჩინური ფილოსოფიის ისტორიაში ის ერთ-ერთ უმდიდრეს და უმნიშვნელოვანეს ტერმინადაა მიჩნეული. ჩინურმა ფილოსოფიამ ჯოუს დინასტიის მმართველობის (დაახლ. ქრისტემდე 1112- 249) მეორე ნახევარში დაიწყო ჩამოყალიბება იმ დროს ქვეყანაში გამეფებული ზნეობრივი და პოლიტიკური ქაოსის საპასუხოდ. ჩინეთის პრობლემათა გადაჭრის გზები სხებთან ერთად კონფუციმაც (კუნ ცი; ქრისტემდე 551-479) დასახა. კონფუცის თანახმად, დაოს დამახასიათებელი ნიშანია „აღმატებული ადამიანის“ (ჩუნ ცუ) იდეალი, რომლის შინაგანი არსი კეთილგანწყობითა და ჰუმანურობით (ჟენ) ხასიათდება, ფენომენური გარეგანი ხატება კი კეთილი ქცევის წესებს (ლი) ემორჩილება. „აღმატებულ ადამიანად“ ქცევა საკუთარი გზის ხორცშესხმას ნიშნავს, თუმცა დაოს სხვადასხვა კონცეფცია არსებობს. მაგალითად, „კანონთმცოდნეთა“ მოსაზრების თანახმად, გზა მჭიდრო კავშირშია მკაცრი კანონის საყოველთაო გავრცელებასთან. კანონთმცოდნენი წარმოადგენდნენ მოაზროვნეთა ჯგუფს, რომლებმაც დაოს მნიშვნელობა გააღრმავეს. მათი მოძღვრება დაოიზმის სახელითაა ცნობილი, თავად მოაზროვნეებს კი დაოისტებად მოიხსენიებენ. ჩინური ტრადიციის თანახმად, დაოიზმის დამაარსებელი იყო ლაო ძი (ქრისტემდე VI ს.). წიგნი „დაო დე ძინი“, რომლის ავტორადაც მას მიიჩნევენ, იუწყება, რომ დაო გამოუთქმელია და მთელი ყოფნის ამოსავალ წყაროს წარმოადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაოიზმში დაო იქცევა მეტაფიზიკურ კატეგორიად, რომელიც აღნიშნავს საწყის შემოქმედებით ელემენტს, საიდანაც იღებს დასაბამს სამყარო. თავისთავად ის სრულიად ტრანსცენდენტულია, თუმცა მისი „ენერგია“ ანუ „ძალა“ (დე) ბუნებაში გამოიხატება. როგორც ტრანსცენდენტური, დაო იმანენტურთანაა დაკავშირებული და ადამიანს აძლევს საშუალებას, მიჰყვეს გზას. სამყაროს შესახებ დაოისტურმა განსჯამ ლაო ძის უსახელო პირველსაწყისი პრინციპის და მსგავს განსჯას თანდართული ვუ ვეის მიდგომის აღმოჩენისაკენ უბიძგა. სიტყვასიტყვით ვუ ვეი უმოქმედობას ნიშნავს, თუმცა არა ქმედების კლების თვალსაზრისით, არამედ თვალთმაქცობის გარეშე მოქმედებას, თვით მოქმედების მონობაში მოქცევის გარეშე მოქმედებას. ცხოვრების წესი ჰარმონიულად უნდა ეწყობოდეს გზას, რომელიც კავშირშია „ძალასთან“ (დე): ამ უკანასკნელის წყალობით კი, საყოველთაო დაო გამოხატულებას პოვებს და კონკრეტულობას იძენს. მოგვიანებით ჯუან ძიმ გაიზიარა ლაო ძისეული დაოს, როგორც სამყაროს საწყისისა და მისი წარმმართველის, ცენტრალური ცნება. ჯუან ძის მთავარი საკითხი შეიძლება განისაზღვროს, როგორც აბსოლუტური ბედნიერების ძიება, ბედნიერებისა, რომლის მისაღწევადაც საჭიროა საკუთარ თავსა და სამყაროს შორის განსხვავების გადალახვა და სრულყოფილი გზით დაოსთან შეერთება. დაოისტური რელიგია, მიუხედავად ლაო ძის (როგორც ადამიანის, ისე მისი ნაშრომის) თაყვანისცემისა, მისი მოძღვრების რადიკალურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, ისევე, როგორც ეს მოხდა ჯუან ძის მოძღვრებასთან დაკავშირებით. დაოისტური რელიგია ხშირად იგივდებოდა უკვდავების, აგრეთვე, ფიზიკური უკვდავების, ძიებასთან, რომლის მისაღწევადაც მაგიურ ნაყენებს და იოგას იშველიებდნენ. აქედან დაედო დასაბამი რელიგიურ სექტებს, რომელთა შორისაც იყო აგრეთვე ეგრეთ წოდებული „ზეცის მოძღვრის სექტა“. ის უმთავრესად სამხრეთ ჩინეთში გავრცელდა და კარგი ორგანიზაციით გამოირჩეოდა: მოძღვრები მემკვიდრეობით იღებდნენ ამ თანამდებობას, მათ ერთგვარი რეგიონული საბჭოები ედგა გვერდში, რომელთა წევრი წარჩინებული (მამაკაცი და ქალი) დაოისტები სხვადასხვა ცერემონიებში მონაწილეობდნენ, ხოლო საერო კეთილისმყოფელნი და „მცირე“ ჯადოქარნი მხარს უჭერდნენ ორგანიზაციას. ფიზიკური უკვდავება ქიმერად შეიძლება წარმოგვიდგეს, იმის გათვალისწინებით, რომ სიკვდილი მაინც ცხოვრებისული ფაქტია. მაგრამ რწმენა ააშკარავებს, რომ განდობილი დაოისტის სიკვდილი მხოლოდ მოჩვენებითია, რომ საფლავში დაკრძალული მისი ცხედარი არა მისი ნამდვილი სხეული, არამედ მხოლოდ მისი მსგავსია.

დაღი (Sphraghís) [ბერძნ. „ბეჭედი“] ნიშანი, რომელსაც დაღად ასვამდა მფლობელი ადამიანებსა და პირუტყვს. ლიტურგიის სფეროში ტერმინი აღიშნავს საგანგებო თვისებას, რომელსაც აღბეჭდავს სულში ნათლისღების, მირონცხებისა და ხელდასხმის საიდუმლონი.

დაცვა (Osservanza) [ლათ. observantia] დაახლოებით XIV საუკუნის დასასრულის სარეფორმო მოძრაობა, რომელიც სამოწესეო ორდენებს შეეხო და წესთა თავდაპირველი სიწმიდის აღდგენას ისახავდა მიზნად. ეს მოძრაობა ფრანცისკულ წრეებში (ფრანცისკელები) აღმოცენდა და ორდენის ორად გაყოფის მიზეზად იქცა: ერთ ჯგუფს ეწოდა კონვენტუალები, მეორეს კი — ობსერვანტები (ამ უკანასკნელთაგან აიღო დასაბამი კაპუცინელთა ორდენმა). ეს სარეფორმო მოძრაობა მოგვიანებით შეეხო, აგრეთვე, დომინიკელთა, კარმელელთა, კარტეზიანელთა ორდენებსაც, თუმცა განახლების მისეული იმპულსი XVI საუკუნის დამდეგისათვის ამოიწურა.

დაწინდვა (Sponsali) [ლათ. sponsalia (მრავლობითი რიცხვის ნეიტრალური ფორმა სიტყვისა sponsalis), რომელიც ნაწარმოებია ზმნიდან spondere „დაპირება“] კანონიკურ სამართალში აღნიშნავს ქორწინების პირობას (შდრ. CIC, კან. 1062), ანუ ნიშნობას.

დედა ეკლესია (Matrice, chiesa) [საეკლესიო ლათ. ecclesia matrix „დედა ეკლესია“] თავდაპირველად ასე ეწოდებოდა ეკლესიას, საიდანაც მიმდებარე ტერიტორიათა გაქრისტიანება იწყებოდა. შემდგომში ამ სახელით მოიხსენიებოდა უფრო მნიშვნელოვანი ეკლესია, რომელიც სხვა ეკლესიებს აძლევდა დასაბამს. საეკლესიო კანონთა ენაზე დედა ეკლესია ეწოდება ეკლესიას, რომელიც სხვებთან მიმართებაში იერარქიულ უპირატესობას ფლობს.

დევნა (Persecuzione) [გვიანლათ. persecutio, ზმნიდან persequi „დევნა“] ჩაგვრის, შევიწროების, ძალადობის აქტთა ერთობლიობა კანონიერი ხელისუფლების მქონე თუ აღმასრულებელ პირთა მხრიდან, მიმართული რელიგიური ან პოლიტიკური მოძრაობის ჩახშობის ან ეთნიკური უმცირესობის ფიზიკურად განადგურებისაკენ (რასობრივი დევნა). ქრისტიანთა დევნა ყველა დროში ჩვეულებრივი მოვლენა იყო ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე, თუმცა ამგვარ მოვლენებს ყოველთვის არ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას. განსაკუთრებით აღინიშნება ქრისტიანობის დევნა ძველად, დაწყებული ნერონის დროიდან, რადგანაც ეს ფაქტები თავიდანვე იქცა ისტორიულ მასალად ლეგენდებისათვის მოწამეთა და წმიდათა შესახებ. ამჟამადაც, ქრისტიანობის მიმართ მტრული მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიის დამარცხების შემდეგაც, დევნის საფრთხე კვლავაც აქტუალურია აფრიკისა და აზიის

დევოციონალები (Devozionali) ყოველივე ის, რაც საჭიროა მედიტაციისა და რელიგიური ღმრთისმოსაობის გასაადვილებლად. როგორც წესი, ასეთებად მიიჩნევა პირადი მოხმარების რელიგიური საგნები: მცირე ზომის საღმრთო გამოსახულებანი, ჯვრები, მედალიონები და სხვა. ამულეტებისაგან (ავგაროზთაგან) განსხვავებით, რომელთაც მაგიური (ჯადოსნური) ძალა მიეწერება, დევოციონალებს თავისთავად არ გააჩნიათ რამე ღირებულება და ქმედითი ძალა.

დეიზმი (Deismo) [ლათ. სიტყვიდან deus „ღმერთი“] დეიზმი აღიარებს ღმრთაების რაციონალური შემეცნების შესაძლებლობას და უარყოფს გამოცხადებული რელიგიის აუცილებლობას, რითიც განსხვავდება თეიზმისაგან. დეიზმს XVII საუკუნეში ჰერბერტ დე ჩერბერიმ ჩაუყარა საფუძველი, მისი პრინციპები ლოკმა გაავრცელა და ინგლისურმა და ფრანგულმა განმანათლებლობამ გაიზიარა.

დეისუსი (Déesis) [ბერძ. „შუამდგომლობა“, „ქომაგობა“] ტიპური ხატი, მოთავსებული კლასიკური კანკელის ცენტრში, რომლის შუაგულშიც გამოსახულია ქრისტე პანტოკრატორი (= ყოვლის მომცველი და მყრობელი), მის მარჯვნივ - მისი დედა მარიამი, მარცხნივ - მავედრებელი იოანე ნათლისმცემელი.

დეკალოგი (Decalogo) [ბერძ. déka lógoi „ათი სიტყვა“, რაც წმიდა ირენეოსმა გადააკეთა dekálogos-ად, შემდეგ ლათინურში დამკვიდრდა ფორმა decalogus] ღმრთის მიერ მოსესთვის სინაის მთაზე მიცემული ათი მცნება, რომლებიც ღმერთსა და მის ხალხს შორის აღთქმის მთავარ ქარტიას წარმოადგენს. ჩვენამდე დეკალოგის ორმა ტექსტმა მოაღწია: გამ. 20:2-17 და რჯლ. 5:6-21.

დეკანოზი (Decano) [გვიანლათ. სიტყვიდან decanus, რომელიც ნაწარმოებია სახელიდან decem „ათი“, (თავდაპირველად აღნიშნავდა „ათკაციანი ჯგუფის მეთაურს“)] პირი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის, მსახურების ხანგრძლივობისა თუ ასაკის გამო კოლეგებს შორის პირველ ადგილს იკავებს. კარდინალთა კოლეგიის დეკანოზს ირჩევენ რომაულ ეკლესიათა წოდებამინიჭებულ კარდინალთა შორის. იგი ამავე კოლეგიას თავმჯდომარეობს და მიიჩნევა primus inter pares. მისი მოვალეობაა არჩეული პაპის ეპისკოპოსად კურთხევა, თუკი ის ამ წოდებას არ ატარებს. საკრა როტას (კათოლიკე ეკლესიის უმაღლესი სასამართლო) დეკანოზია ყველაზე ხანდაზმული პრომოციის აუდიტორი. დეკანოზი (ან ადგილობრივი ვიკარიუსი, ან მთავარხუცესი) ეწოდება აგრეთვე ადგილობრივ ვიკარიატში განწესებულ მღვდელმსახურს (CIC, კან. 553 ნაწ.1), ვინც სადიოცეზო ეპისკოპოსის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელია.

დეკრეტალიები (Decretali) [ლათ. (litterae) decretales „დეკრეტთა შემცველი წერილები“] ასე ეწოდა უმთავრესად პაპის მკაფიოდ გამოხატულ პოზიციას გარკვეული პრაქტიკული პრობლემების გამო წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ცნობილი, თუმცა არ შემონახული პირველი დეკრეტალია პაპის სირიციუსის 385 წლით დათარიღებული დოკუმენტია. დროთა განმავლობაში გაჩნდა ერთი ან მეტი პაპის დეკრეტალიათა შეგროვების აუცილებლობა სტაბილური და მოქმედი ნორმების ჩამოყალიბების მიზნით. მნიშვნელოვანი იყო გრიგოლ IX-ის, ბონიფაციუს VIII-ისა და კლემენტე V-ის დოკუმენტთა ოფიციალური კრებულები, რადგანაც ისინი იქცნენ „კანონიკური სამართლის კოდექსის“ („Corpus iuris canonici“) დასაბამად და დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდნენ კიდეც მას. დეკრეტალისტები ეწოდათ პირებს, რომლებიც შეისწავლიდნენ დეკრეტალიებს და ზოგადად გრაციანეს დეკრეტის შემდგომი პერიოდის კანონიკურ სამართალს. თვით გრაციანეს დეკრეტის შემსწავლელებს და განმმარტებლებს კი დეკრეტისტებად მოიხსენიებდნენ.

დელეგატი, სამოციქულო ნ. რომის პაპის ლეგატი.

დემონი (Demonio) [ბერძნ. daimónion, შემდეგ, ლათინურში დამკვიდრდა ფორმა daemonium] აღნიშნავს ღმრთის წინააღმდეგ ამბოხებისთვის დასჯილ და დაცემულ ანგელოსურ სულს. აბსოლუტური მნიშვნელობით ჩვეულებრივ აღნიშნავს დემონთა მეუფეს, სატანას. ახალ აღთქმაში ხშირია დემონთა ხსენება: იესო ებრძვის მათ, როგორც ცდუნებათა აღმძვრელებს (მათ. 4:5, შმდ.; 6:13; 13:25.39; მარკ. 1:13; ლუკა 4:1, შმდ; 8:12; იოან. 6:70; 8:44; 13:2; 17:15), აკვიატებათა (შდრ. მარკ. 5:1-13; ) და დაავადებათა გამომწვევებს (შდრ. მათ. 4:24; 8:24 და შემდ.; 9:32; 12:22; მარკ. 9:17.25; საქმ. 10:38), ბოროტი ძალის წარმომადგენლებს (შდრ. ლუკ. 11:14, შმდ.; საქმ. 13:10) და ამარცხებს (მათ. 8:16, შმდ.; 25:41; მარკ. 1:32, შმდ.; ლუკა 4:40), რითაც ღმრთის სასუფეველს ამკვიდრებს (მათ. 12:28; მარკ. 3:15.22; ლუკ. 11:15, შმდ.; გამოცხ. 20:2.10). იგივე ძალაუფლება მიენიჭა მოციქულებს (შდრ. მარკ. 6:7.13; ლუკ. 9:1; 10:17).

დემონიზმი (Demonismo) [ბერძ. სიტყვიდან diamónion „დემონი“] პრიმიტიული რელიგიის ფორმა, რომელიც განმარტავს ბუნებრივ ფენომენებს, როგორც ურთიერთდაპირისპირებული კეთილი და ბოროტი სულების გამოვლინებებს.

დენცინგერი (Denzinger) პირველი შემდგენლის, დენცინგერის სახელის (1819-1883) მიხედვით, ასე ეწოდება Enchiridion symbolorum et definitionum-ს (შემოკლებით DS), საეკლესიო მოძღვრების შემცველ დოკუმენტთა არსებით ანთოლოგიას, რომლის სხვადასხვა რედაქციით შესრულებულ გამოცემათა რიცხვმა რამდენიმე ათეულს მიაღწია (Denzinger H. — A. Schonmetzer, Enchiridion symbolorum, definitionum et declarationum de rebus fidei et morum).

დეონელები (Dehoniani) 1878 წელს ჟან-ლეონ დეონის მიერ დაარსებული იესოს წმიდა გულის მღვდელმსახურთა კონგრეგაციის წევრები, რომელიც 1906 წელს იქნა დამტკიცებული. კონგრეგაციის მიზნებია: იესოს წმიდა გულისადმი განსაკუთრებული თაყვანისცემა სიყვარულისა და გამოსყიდვის სულისკვეთებით; ამ გამოსყიდვის სულიერების გავრცელება; მისიონერული და სოციალური მოციქულობა.

დერვიშები (Dervisci) [სპარს. დარწის „გლახაკი“, „მათხოვარი“ (ნაწარმოებია სიტყვიდან dar „კარი“), შეესაბამება არაბულ სიტყვას faqir „ღარიბი“] ისლამურ სამყაროში ტერმინი უმთავრესად აღნიშნავს რელიგიურ საძმოთა წევრებს. სხვადასხვა საძმოებში დერვიშები ცხოვრობენ მონასტრებში ან მოგზაურობენ, როგორც მოწყალების მთხოვნელი მოწესეები. წარმოთქვამენ ფორმულებს და ასრულებენ წესებს, დაკავშირებულს მუჰამადთან ან თვით ღმერთთან. პრეტენდენტი დერვიშის „განდობას“ სარწმუნოების აღსარებისა და აღთქმათა მეშვეობით სულიერი მოძღვარი აღასრულებს. ყველა საძმოსთვის საერთო წესია „დირკი“, რომელიც იწვევს ძლიერ რელიგიურ აღგზნებას, რასაც სხეულის რიტმული მოძრაობა და ცეკვაც უწყობს ხელს. ზოგიერთ ხალხში (თურქეთი, ალბანეთი) დერვიშთა საძმოები დაიშალა. ამის მიზეზი ისიც გახდა, რომ ისინი პროგრესისადმი მტრულად განწყობილ ძალად მიიჩნიეს. დღეს ტერმინი ხშირად დადამცირებელი მნიშვნელობით იხმარება.

დიაკვნობა (Diaconato) [ბერძ. diákonos „მსახური“] აღნიშნავს მღვდლობის საიდუმლოს ერთ-ერთ საფეხურს (დანარჩენი ორია: ხუცესობა და ეპისკოპოსობა). დიაკვნობა დაკავშირებულია იერუსალემის ადრეულ ქრისტიანულ საკრებულოში არსებულ „შვიდის“ არჩევის ტრადიციასთან (შდრ. საქმ. 6:1-6), რომელიც „მსახურების“ ღრმა სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. ჯერ კიდევ ეგნატე ანტიოქიელი საუბრობს დიაკვნობაზე, როგორც ლიტურგიულ მსახურებასა და სამწყსო საქმიანობაში ეპისკოპოსებისა და სამღვდელოებისადმი დაქვემდებარებულ განსაკუთრებულ წესზე. Lumen gentium-ის თანახმად (29), „დიაკვნის მოვალეობაა, საზეიმოდ აღასრულოს ნათლობა, შეინახოს და გასცეს ევქარისტია, ეკლესიის სახელით დაესწროს ქორწინებას და აკურთხოს ის, სიკვდილის წინ აზიაროს მომაკვდავნი, საღმრთო წერილი წაუკითხოს მორწმუნეებს, აღზარდოს და დამოძღვროს ხალხი, უხელმძღვანელოს ღმრთისმსახურებასა და მორწმუნეთა ლოცვას, აღასრულოს საიდუმლონი, წარუძღვეს პანაშვიდისა და დაკრძალვის წესს“. გარდა ამისა, დიაკონს ევალება საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება და ეპისკოპოსის მიერ მისდამი მინდობილი ყველა ამოცანის შესრულება. ვატიკანის II კრებამ აღადგინა დიაკვნობა, აგრეთვე, როგორც მუდმივი წესი (და არა მხოლოდ როგორც ხუცესობისათვის მოსამზადებელი საფეხური) და დაადგინა ამ წოდების მინიჭების შესაძლებლობა დაქორწინებულ მამაკაცთათვის (LG, 29).

დიაკონი (Diacono) [ბერძნ. სიტყვიდან diákonos „მსახური“] პირი, რომელმაც სადიაკვნო ხელდასხმა მიიღო.

დიაკონია (Diaconia) [ბერძნ. diakonéin „მსახურება“] ზოგადად აღნიშნავს მსახურებას. ეკლესიის არსებობის დასაწყისში ამ სახელით მოიხსენიებოდა საქველმოქმედო ინსტიტუციები. აღნიშნავს, აგრეთვე, დიაკვნის მიერ მართულ ეკლესიას.

დიაკონისა (Diaconessa) [ბერძნ. diacónissa „მსახური ქალი“] პირველ ქრისტიანულ საკრებულოებში ასე უწოდებდნენ ხანშიშესულ, უმთავრესად ქვრივ ქალებს, რომელთაც საქველმოქმედო და ლიტურგიული საქმიანობა ჰქონდათ მინდობილი, კერძოდ, ისინი მონაწილეობდნენ ქალთა ნათლობასა და მირონცხებაში. ისინი განსაკუთრებულ კურთხევასა და ხელდასხმას იღებდნენ ეპისკოპოსისაგან. დიაკონისები მას შემდეგ აღარ არსებობენ, რაც უფროსთა ნათლობა გაუქმდა. XIX საუკუნიდან ეს ინსტიტუტი მრავალ პროტესტანტურ ეკლესიაში აღადგინეს.

დიასპორა (Diaspora) [ბერძ. diasporá „გაფანტვა“, „გავრცელება“] აღნიშნავს ერის გავრცელებას საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ნებისმიერი მიზეზით. ამის საუკეთესო მაგალითია ებრაელთა დიასპორა, რომლებიც პალესტინის ფარგლებს გარეთ არიან „გაფანტულნი“.

დიდდღესასწაული (Solennità) [ლათ. solemnitas (სიტყვიდან solemnis „საზეიმო“)] ლიტურგიული დღესასწაულის ყველაზე მაღალი ხარისხი. მაგალითად, დიდი დღესასწაულებია: საპასექო სამდღეური, შობა, ნათლისღება, ამაღლება, სული წმიდის გადმოსვლა და სხვა.

დიდება (Doxa) [ბერძ. სიტყვა, რომელიც მთელი ბრწყინვალებით გამოვლენილ ღმრთის „დიდებას“ აღნიშნავს] დიდება, რომელიც ქრისტეს მიწიერ ისტორიაში იმალება და იკვეთება და მკვდრეთით აღდგომაში ბრწყინდება. განასახიერებს ღმრთის მიერ ადამიანისთვის ბოძებულ უმაღლეს ნიჭს.

„დიდება“ (Gloria) დიდი დოქსოლოგია, რომელსაც წირვის დროს წარმოთქვამს ან გალობს მთელი საკრებულო. იწყება ბეთლემში ანგელოსთა გალობის სიტყვებით: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა...“ (ლუკ. 2:14). ეს ბერძნული წარმოშობის, ძალიან ძველი საგალობელია. ქრისტიანობის პირველ საუკუნეთა აღმოსავლური დოკუმენტებით დასტურდება, რომ ამ დროს „დიდება“ უკვე იყო ჩართული ჟამთა ლიტურგიაში. ლათინურ ეკლესიაში „დიდება“ VI საუკუნიდან გვხვდება საშობაო წირვაში. გარდა ამისა, პაპმა სიმაქემ (†514) „დიდების“ წარმოთქმა დაუწესა ეპისკოპოსებს კვირადღეებსა და მოწამეთა ხსენების დღესასწაულებზე. IX საუკუნემდე მღვდელმსახურებს მხოლოდ ხელდასხმის დღეს და სააღდგომო ცისკრის დროს ჰქონდათ „დიდების“ წარმოთქმის უფლება. XI საუკუნიდან კი მისი გამოყენება საყოველთაო გახდა.

დიდება მამასა (Gloria al Padre) მცირე დოქსოლოგია: წმიდა სამების სადიდებელი მცირე ლოცვა, რომლის სახელწოდებაც მისი პირველი სიტყვებიდან მომდინარეობს: ხშირად წარმოითქმის ლოცვისა და ფსალმუნთა დასასრულს. უცნობია როგორც მისი ავტორის ვინაობა, ისე ლიტურგიასა და პირად ლოცვაში ჩართვის დრო.

დიდებისა (Gloriosi) [ლათ. gloria] ასე ეწოდება წმიდა სავარდის საიდუმლოებებს, რომლებიც იესო ქრისტესა და ქალწულ მარიამის დიდებას უკავშირდება. ესენია: ა) იესოს მკვდრეთით აღდგომა; ბ) იესოს ცად ამაღლება; გ) სული წმიდის გარდამოსვლა; დ) ნეტარი ქალწული მარიამის ცად აღყვანება; ე) მარიამი, ცისა და დედამიწის დედოფალი.

დიდი პარასკევი (Venerdi santo) სააღდგომო სამდღეურის მეორე, იესოს ჯვარზე სიკვდილის მოიხსენიების დღე. ლიტურგიაში დიდი პარასკევი არა გლოვისა და ტირილის, არამედ იესოს მსხვერპლშეწირვის, ხსნის წყაროს, ჭვრეტის დღეა. ეკლესია უფლის გამარჯვებულ სიკვდილს აღნიშნავს. უძველესი ტრადიციის თანახმად, ეკლესია დიდ პარასკევს ევქარისტიულ მსახურებას არ ატარებს. ამ დღის ლიტურგიის უმთავრესი, ძირეული ელემენტია ღმრთის სიტყვის გამოცხადება. მსახურება სამი ნაწილისაგან შედგება: ა) ღმრთის სიტყვის ლიტურგია სამი საკითხავით, რომელთა შორისაა თხრობა იესოს ვნებისა და სიკვდილის შესახებ (იოან. 18-19); ბ) ჯვრის თაყვანისცემა; გ) ზიარება. რაკიღა ამ დღეს ევქარისტიული მსახურება არ ტარდება, საკურთხეველზე სრულიად არაფერი დევს: არც ჯვარი, არც შანდლები და არც გადასაფარებელი. გარდა ამისა, მორწმუნეებმა უნდა დაიცვან მარხვა და უარი თქვან ხორცის მიღებაზე.

დიდი შაბათი (Sabato santo) აღდგომის წინადღე, სააღდგომო სამდღეურის ბოლო დღე. ეკლესია უფლის საფლავთან ჩერდება და მის ვნებასა და სიკვდილს უფიქრდება. მთელი დღის განმავლობაში არც ერთი ლიტურგიული მსახურება არ აღსრულდება. შემდეგ, ღამით, საზეიმო საპასექო ცისკრით მკვდრეთით აღდგომის წესები სრულდება.

დიდმარხვა (Quaresima) [ლათ. quadragesima (dies) „მეორმოცე დღე“] ორმოცდღიანი ლიტურგიული პერიოდი, რომელიც ნაცრის ოთხშაბათს იწყება და აღდგომისათვის ამზადებს მორწმუნეებს. ძველად ამ პერიოდში სრულდებოდა კათაკმეველთა მომზადება, რომლებიც საპასექო ცისკრის დროს ნათლობას იღებდნენ. მოგვიანებით, დაახლოებით IV საუკუნიდან, დიდმარხვა მთელი ეკლესიისათვის მონანიებისა და განახლების პერიოდად ყალიბდება, მკვიდრდება მარხვისა და თავშეკავების წესები. მარხვა დღესაც სავალდებულოა ნაცრის ოთხშაბათს და დიდ პარასკევს, თავშეკავება — დიდმარხვის ყოველ პარასკევს. ლიტურგიაში დიდმარხვის დროს მონანიების განწყობას ხაზს უსვამს სამოსლის იისფერი ფერი და წირვისას „დიდებისა“ და „ალელუიას“ გამოტოვება. ვატიკანის II კრების მიერ გატარებულმა რეფორმამ, დიდმარხვის პერიოდის მონანიე ხასიათის განმტკიცების გარდა, მის სააღდგომო-სანათლობო ხასიათსაც გაუსვა ხაზი და მოუხმო მორწმუნეებს, უხვად ისაზრდოონ ღმრთის სიტყვით და გულმოდგინედ ილოცონ.

დიეს ირე ნ. Dies irae.

დივალი (Divali) ინდური დღესასწაული, რომელიც ნოემბერში, ახალი წლის დადგომის აღსანიშნავად იმართება. სინათლისა და ქალღმერთ ლაქშმის საპატივცემლოდ მომზადებულ ძღვენთა დღესასწაული. ქალღმერთი ლაქშმი ვიშნუს მდედრობითი სქესის შესაბამისობაა, რომელსაც წარმატება მოაქვს. ის ლამპარით განათებულ ყველა ოჯახს სტუმრობს.

დიკასტერიები ნ. რომის კურია.

დიოცეზი (Diocesi) [ბერძნ. dioíkesis, ნაწარმოები ზმნიდან dioíkein „სახლის მართვა“; შემდეგ ლათინურში დამკვიდრდა dioecesis] „ღმრთის ხალხის ერთი ნაწილი, რომელზე სამწყსო ზრუნვაც ეპისკოპოსს ევალება“ (CD, 11; შდრ. CIC, კან. 369) და “შემოიფარგლება განსაზღვრული ტერიტორიით, იმგვარად, რომ მოიცვას ამ ტერიტორიაზე მოსახლე ყველა მორწმუნე” (CIC, კან. 372). ტერმინი საერო საზოგადოებიდან იქნა ნასესხები: ქრისტეს შობამდე დაახლოებით IV საუკუნეში ამ სიტყვით აღინიშნებოდა ფინანსური ადმინისტრაცია, რომელსაც მოსამართლე განაგებდა, ხოლო რომის იმპერიაში, დიოკლეტიანეს დროს დიოცეზი ვიკარიუსისადმი დაქვემდებარებულ პროვინციათა (თავდაპირველად 12, შემდეგ კი - 15 პროვინციის) ერთობლიობას ეწოდებოდა. ქრისტიანობის საწყის პერიოდში დიოცეზს უწოდებდნენ ეკლესიას (ანტიოქიის ეკლესია, ეფესოს ეკლესია და ა.შ.), რაც შეესაბამება დღევანდელ ცალკეულ ეკლესიას, რომელზეც საუბრობს საეკლესიო კრება (ჩD, 11). სადიოცეზო ეპისკოპოსს ეწოდება „რიგითი“ (ordinario) რადგანაც დიოცეზს ჩვეულებრივი ანუ არა სამოციქულო მემკვიდრეობის ძალით სხვათაგან დელეგირებული ძალაუფლებით განაგებს. ვრცელ დიოცეზებში ეპისკოპოსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან ორი დამხმარე ეპისკოპოსი. პაპს აქვს ძალაუფლება დააარსოს და გააუქმოს დიოცეზი ან სახე უცვალოს მას.

დიპტიქი (Dittico) [ბერძ. სიტყვიდან díptychos, „ორად მოკეცილი“] ერთმანეთთან სახსრით ანჯამით დაკავშირებული ორი ხის ან სპილოს ძვლის დაფა, მათზე გამოსახული წმიდა ხატებით, რომლებიც ეკლესიებში იფინებოდა. V საუკუნიდან დიპტიქზე თავსდებოდა, აგრეთვე, ჩამონათვალი ეკლესიის მაღალი წოდების ცოცხალი ან გარდაცვლილი პირებისა, რომლებიც, შესაძლოა, წირვის კანონში მოიხსენიებოდნენ. სანათლობო დიპტიქი მონათვლის კანდიდატთა სიას შეიცავდა.

დირექტორიუმი (Direttorio) [ლათ. სიტყვიდან directorium, რომელიც ნაწარმოებია სიტყვიდან director „დირექტორი“] საეკლესიო კალენდარი, რომელიც შეიცავს მითითებებს წირვის აღსრულებასა და ჟამთა ლიტურგიასთან დაკავშირებით. ასევე ეწოდება, აგრეთვე, ღმრთივშეწირული ცხოვრების ინსტიტუციების წესდებათა დამხმარე და გამოყენებით კოდექსს, რომლის ნორმებიც დროის მოთხოვნათა შესაბამისად შეიძლება იქნეს გადახედული და შესწორებული. ამისათვის საკმარისია მთავარი კაპიტულუმის თანხმობა.

დისციპლინატები (Disciplinati) [ლათ. ზმნიდან discere „სწავლა“] ეტიმოლოგიური თვალსაზრისით, ტერმინი მიემართება ყველა ადამიანს, ვინც მონანიების ან ასკეტური მიზნით დისციპლინას იმტკიცებს. უფრო სპეციფიკური და ვიწრო მნიშვნელობით, ისტორიულად აღნიშნავდა XIII საუკუნეში მონანიების მოძრაობათა მიმდევრებსა და მომხრეებს (მათ, აგრეთვე, ეწოდებოდათ ფლაგელანტები, ბატუტები და კაპუჩატები). ამ შემთხვევაში დისციპლინა აღნიშნავდა როგორც მონანიების ხასიათის განსაკუთრებულ დამსჯელ ზომას, ისე საშუალებას, რომლითაც ის ხორციელდებოდა (დრეკადი წკეპლა, ბაწრის მათრახი და სხვა).

დიურნალი (diurnale) [ლათ. სიტყვიდან diurnus] ჟამთა ლიტურგიის მხოლოდ დღის ჟამთა შემცველი ლიტურგიული წიგნი. პირველი ამგვარი წიგნი XV საუკუნეში გამოიცა.

დოგმა (Dogma) [ბერძნ. სიტყვიდან dogma „გადაწყვეტილება“, „მოსაზრება“] უფრო ვიწრო მნიშვნელობით, აღნიშნავს ეკლესიის მიერ ავტორიტეტულად წარმოთქმულ დებულებას, რომელიც მიღებულ უნდა იქნეს როგორც გამოცხადებული ჭეშმარიტება და რომლის უარყოფაც, შესაბამისად, ერესია. ტერმინმა დღევანდელი მნიშვნელობა XVIII საუკუნიდან შეიძინა, ანუ ამ დროიდან აღნიშნავს დებულებას, რომელიც წარმოადგენს გამოცხადების (საღმრთო წერილი და გადმოცემა) ნაწილს ან რომელიც აუცილებელია მის გადმოსაცემად და შესანახად; დოგმას ავრცელებს ეკლესიის მაგისტერიუმი, როგორც ჩვეულებრივი გზით, ისე საგანგებო გამოქვეყნების საშუალებით მსოფლიო კრებებზე ან პაპის ex cathedra გამოსვლების დროს. ამიტომაც დოგმა მუდამ გამოცხადებასა და მაგისტერიუმს ემყარება.

დოგმატიკა (Dogmatica) ტერმინი მიემართება თეოლოგიას და არის სინონიმი სისტემატური თეოლოგიისა, რომელიც სარწმუნოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის კვლევისა და გაღრმავებისაკენ მიმართული დისციპლინაა.

დოკეტიზმი (Docetismo) [ბერძ. ზმნიდან dokéin „მოჩვენება“] უფრო მეტად ქრისტიანობის პირველი საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ერეტიკული თეოლოგიური ტენდენცია, ვიდრე ნამდვილი მონოფიზიტური ერესი, რომლის თანახმადაც იესო ქრისტეს მხოლოდ მოჩვენებითი სხეული ჰქონდა, რადგანაც იგი ბოლომდე და მთლიანად ღმერთად დარჩა. ეს თეორია აუბრალოებდა ქრისტეს ადამიანურობას, ტანჯვასა და სიკვდილს და ისინიც უბრალო მოჩვენებითობამდე დაჰყავდა. ამ ტენდენციის პირველი ნიშნები უკვე ახალ აღთქმაშია დამოწმებული (შდრ. 1 იოან. 4:2; 2 იოან. 7), მისი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლები იყვნენ: სვიმეონ მოგვი, ბასილიდე, გნოსტიკოსები (ნ. გნოსტიციზმი), განსაკუთრებით — ვალენტინელნი, მანიქეველნი (ნ. მანიქეველობა) და სხვა.

დოლჩინოელნი (Dolciniani) ერეტიკოს ფრა დოლჩინოს (1250-1307) მიმდევრები, რომლებიც „სული წმიდის მეფობის ხანის“ დადგომას ელოდნენ. „მოციქულ ძმებად“ ან უბრალოდ „მოციქულებად“ წოდებული დოლჩინოელნი სასტიკად აკრიტიკებდნენ ეკლესიას.

დომინიკელნი (Domenicani/e) მქადაგებელ მონაზონთა ორდენის წევრები (Ordo Fratrum Praedicatorum), რომელიც წმიდა დომინიკე გუზმანმა (†1221) დააარსა ქადაგების მეშვეობით ქრისტიანი ხალხის სულიერი სიმწირის აღმოფხვრისა და ალბიგოელთა ერესის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. 1216 წელს პაპმა ჰონორიუს III-მ ოფიციალურად აღიარა წმიდა ავგუსტინესეულ წესდებაზე დაფუძნებული დომინიკელთა ორდენი, მომდევნო წელს კი მის წევრებს მათი საგანგებო მოწოდების გამომხატველი „მქადაგებელთა“ წოდება დაუდგინა. ამ მისიისათვის დომინიკელი მოწესენი ღმრთის სიტყვის საფუძვლიანი შესწავლით ემზადებოდნენ, მისიის განხორციელება კი გამოიხატებოდა მათ მიერ ამ სიტყვის დაუღალავი ქადაგებით ყველას და, განსაკუთრებით, უკიდურესად გაჭირვებულთა სამსახურში. დომინიკელთა საფუძვლიანი ცოდნის დასტურია ის ფაქტი, რომ მათ სწრაფად დაიკავეს პარიზის უნივერსიტეტის პრესტიჟული თეოლოგიის კათედრა (სადაც ასწავლიდნენ ალბერტ დიდი და თომა აკვინელი) და ბოლონიის უნივერსიტეტის საეკლესიო სამართლის კათედრა. ამასთან, მათ მიიღეს ინკვიზიციის ტრიბუნალთა მართვის უფლება, სადაც ცალკეულმა დომინიკელებმა არასახარბიელო როლი შეასრულეს, ხოლო XIV საუკუნიდან მოიპოვეს პაპის თეოლოგიური მრჩეველის თანამდებობის დაკავების უფლება (maestro del Sacro Palazzo). დომინიკელთა ორდენმა უეჭველად დიდი წვლილი შეიტანა შუა საუკუნეთა თეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში (ნ. სქოლასტიკა). საკმაოდ ნაყოფიერი იყო, აგრეთვე, მათი მისიონერული საქმიანობა. წმიდა დომინიკემ დააარსა მეორე ორდენი (განდეგილ დომინიკელ მონაზონთა ორდენი). მონაზვნებს ლოცვითა და მონანიებით უნდა შეეწყოთ ხელი დომინიკელთა მისიისათვის. მოგვიანებით დომინიკელთა მესამე ორდენიც აღმოცენდა. ამჟამად დომინიკელთა ორდენი მთელ მსოფლიოში არსებული 42 პროვინციისა და დაახლოებით 7500 წევრისაგან შედგება.

დომუსი (დუომო) (Duomo) [ლათ. სიტყვიდან domus (domini) „(უფლის) სახლი“] ასე ეწოდებოდა ადგილობრივი ეკლესიის დამაარსებლის სამყოფელს. შემდეგ ეს სახელი თავად ტაძარსაც მიენიჭა. როდესაც დუომო საეპისკოპოსო სამყოფელს ემთხვევა, მას საკათედრო ტაძარს უწოდებენ.

დონ (Don) [არქაული სიტყვიდან donno, მომდინარეობს სიტყვიდან domnus, და სინკოპირებული ფორმაა ლათ. სიტყვისა dominus „უფალი“] სახელს წამძღვარებული საპატიო წოდება, რომლითაც მღვდელმსახურებს მიმართავენ. გამოიყენება არამხოლოდ საეკლესიო წრეებში.

დონატიზმი (Donatismo) ჩრდილოეთ აფრიკაში IV საუკუნეში გავრცელებული სქიზმატური მოძრაობა, რომლის სახელწოდებაც კართაგენის ეპისკოპოს დონატოსის სახელიდან მომდინარეობს. დონატოსმა რომის ეკლესიისადმი დაპირისპირებული ქრისტიანული ეკლესიის დაფუძნება სცადა. უთანხმოების საფუძვლად „დაცემულთა“ საკითხი იქცა. საუბარია პირებზე, რომლებმაც ქრისტიანული სარწმუნოების დევნის პერიოდში ზეწოლას ვერ გაუძლეს და რწმენა უარყვეს ან წარმართებს წმიდა წიგნები გადასცეს (ამ პირებს უწოდებდნენ traditores, ზმნიდან tradere „ჩაბარება“. დონატისტები ეწინააღმდეგებოდნენ „დაცემულთა“ (რომელთა შორისაც ეპისკოპოსები და სასულიერო პირებიც იყვნენ) ეკლესიის წიაღში ხელახლა მიღებას, რადგანაც მიიჩნევდნენ, რომ ნათლობისა და წმიდა მღვდლობის ქმედითობა მათ აღმსრულებელ და აღმვლენელ პირთა ღირსებაზეც იყო დამოკიდებული. არლის საეკლესიო კრებისა (314) და იმპერატორ კონსტანტინეს (316) ჩარევის მიუხედავად, დონატიზმმა მისი დამაარსებლის სიკვდილის შემდეგაც (355) განაგრძო არსებობა და გავრცელება, რაც სოციალური და პოლიტიკური მიზეზებითაც იყო განპირობებული. დონატიზმის ერთ-ერთი უსასტიკესი მოწინააღმდეგე იყო წმიდა ავგუსტინე. დონატისტთა მოძრაობამ ვანდალთა მიერ ჩრდილოეთ აფრიკის დაპყრობის (430) შემდეგ შეწყვიტა არსებობა.

დოქსა ნ. დიდება.

დოქსოლოგია (Dossologia) [ბერძ. სიტყვიდან dóxa „დიდება“, + logos „საუბარი“] ლიტურგიაში ტერმინი მამა ღმრთის, ქრისტეს ან წმიდა სამების სადიდებელ ფორმულას აღნიშნავს. მაგალითად, ევქარისტიული ლოცვა დოქსოლოგიით სრულდება: „ქრისტესთვის, ქრისტესთან ერთად, ქრისტეში“. მცირე დოქსოლოგია ეწოდება მამა ღმრთის სადიდებელს, დიდი დოქსოლოგია კი წირვის სადიდებელს.

დრუზები (Drusi) ლიბანში, სირიასა და ისრაელში მცხოვრები, ძირითადად მიწათმოქმედებითა და მეცხოველეობით დაკავებული ხალხი, რომელიც რელიგიურ სექტას წარმოადგენს. მათი სახელწოდება სექტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ალ-დარაზის სახელიდან მომდინარეობს. სპარს ჰამზა იბნ ალისთან ერთად XI საუკუნის დასაწყისში მან საფუძველი ჩაუყარა ეზოტერული ხასიათის სექტას, რომელიც თავდაცვის მიზნით თვითჩაკეტილობას მიმართავს. დრუზებს დღესაც ახასიათებს ფეოდალური ტიპის წყობა, სადაც ძალაუფლება მცირერიცხოვან ძლევამოსილ ოჯახთა ხელშია მოქცეული.

დუომო ნ. დომუსი.

დღეობა (Onomastico) [ბერძ. onomastikós „დასახელებისთვის განსაზღვრული“, სიტყვიდან onomázein „დასახელება“] დღე, როდესაც ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავს იმ წმიდანის ხსენებას, ვის სახელსაც მავანი ატარებს.

დღესასწაული (Festa) [ლათ. festa, საშუალო სქესის მრავლობითი რიცხვის ფორმა, შესატყვისი სიტყვისა festus (dies) „სადღესასწაულო, საზეიმო, წმიდა (დღე)“] ქრისტიანთათვის დღესასწაულის მიზეზი ქრისტეს მოვლენაა, რომლის აღნიშვნიდანაც იღებს დასაბამს ყველა ქრისტიანული დღესასწაული, დაწყებული აღდგომის დღესასწაულიდან, რომელიც ლიტურგიული წლის მთავარი მოვლენაა. აღდგომის საიდუმლოება აღინიშნება ყოველ კვირადღეს, უწინარეს სადღესასწაულო დღეს, რომელიც, სამოციქულო ტრადიციის თანახმად, მთელ ეკლესიაში უნდა იქნეს დაცული. უნდა აღინიშნოს, აგრეთვე, სხვა სადღესასწაულო დღეები, როგორებიცაა: უფლის შობა, ნათლისღება, უფლის ამაღლება, ქრისტეს უწმიდესი სხეულისა და სისხლის დღესასწაული, ღმრთის წმიდა მშობელ მარიამის დღესასწაული, მისი უბიწო ჩასახვისა და აღყვანების დღესასწაული, წმიდა იოსების, წმიდანების პეტრესა და პავლეს, ყველაწმიდას დღესასწაულები (CIC, კან. 1246, ნაწ. 1). ამ დღეებსა და კვირადღეს მორწმუნეები ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ევქარისტიაში, თავი აარიდონ მუშაობასა და სხვა საქმიანობას, რომელიც მათ ღმრთის კულტისაგან ააცდენს, საზეიმო დღის სიხარულს აფერხებს და გონებისა და სხეულისათვის აუცილებელ დასვენებას უშლის ხელს (CIC, კან. 1247).

6

▲back to top


ებიონიტები (Ebioniti) [ებრ. სიტყვიდან ebjônîm „ღარიბები“] იუდეურ-ქრისტიანული ჰეტეროდოქსული მიმდინარეობის წევრები, რომლებიც ღატაკი ცხოვრების წესს მისდევდნენ. გავრცელებულნი იყვნენ 70 წლის შემდეგ, პალესტინაში, სირიასა და ეგვიპტეში. ებიონიტებს არ სწამდათ ქრისტეს ღმრთაებრიობა და არ აღიარებდნენ წმიდა პავლეს წერილებს, ვისაც განდგომილად მიიჩნევდნენ.

ებრაელები (Ebrei) ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ყებერის ხაზით სემისგან იღებს დასაბამს (დაბ. 10). ეგვიპტელთა, ფილისტემელთა და უცხოელთაგან განსასხვავებლად, ბიბლიაში მათ ებრაელები ეწოდათ. სემიტური წარმოშობის ეს ხალხი ქრისტეს შობამდე XVIII საუკუნეში (ნ. პატრიარქთა ხანა) პალესტინაში დამკვიდრდა და ქრისტეს შობამდე XIII საუკუნიდან (ნ. გამოსვლა) ფართოდ გავრცელდა მის ტერიტორიაზე. ებრაელ ხალხს მრავალი განსაცდელი ხვდა წილად, მათ შორის იერუსალემის დანგრევა (ქრისტეს შობიდან 70 წელი). ებრაელი ხალხი არა იმდენად რასობრივი, რამდენადაც კულტურულ-რელიგიური ნიშნებით გამოირჩევა, რადგან ის საკუთარ თავს იაჰვეს, ისრაელის ღმრთის, მიერ რჩეულ ხალხად მიიჩნევს (შდრ. გამ. 3:18; 5:3). ისრაელი კიდევ ერთი დამკვიდრებული სახელია ებრაელებისა, ვისი გენეტიკური კოდიც ძველ აღთქმაშია დამკვიდრებული. იერემიას შემდეგ სახელი ებრაელები არქაულად მიიჩნევა და მას ტერმინი იუდეველნი ცვლის. ბაბილონიდან გაძევებამდე (ქრისტეს შობამდე VI ს.) ებრაელი ხალხის ენა ებრაული იყო. შემდგომში ებრაული სწავლულთა და კულტის მსახურთა ენად დარჩა, ხალხის სასაუბრო ენად კი არამეული დამკვიდრდა. ამ ენაზე საუბრობდა, აგრეთვე, იესო. ისრაელის დღევანდელ სახელმწიფოში გავრცელებულია თანამედროვე ებრაული ენა, რომელსაც ივრიტი ეწოდება.

ებრაელთა მიმართ წერილი (Ebbrei, lettera agli) ნ. პავლეს წერილები.

ებრაული ენა (Ebraico) ნ. ებრაელები; ბიბლიის ენები.

ეგზეგეტიკა (Esegesi) [ბერძ. exégesis (ზმნიდან exegheistai „გაძღოლა“), სიტყვასიტყვით, „განმარტებით დაწყება“, მაშასადამე, „განმარტება“] ტექსტის, განსაკუთრებით — ბიბლიური ან იურიდიული ტექსტის, განმარტება. ბიბლიასთან მიმართებაში აღნიშნავს თეოლოგიურ დისციპლინას, რომელიც განმარტავს წმიდ საღმრთო წერილს ყველა იმ სამეცნიერო მეთოდის გამოყენებით, რომლებიც ტექსტის მართებული განმარტებისთვისაა აუცილებელი. ეგზეგეტიკის, როგორც თეოლოგიური დისციპლინის, დახასიათება მიგვანიშნებს, რომ განმარტებისას ყურადღება ექცევა არა მხოლოდ სამეცნიერო ხასიათის მოთხოვნილებებს, არამედ, აგრეთვე, გამოცხადებულ ჭეშმარიტებასა და მის საკითხებს. იმ წესთა სისტემატური ერთობლიობა, რომელთაც ეგზეგეტიკა უნდა დაექვემდებაროს, ჰერმენევტიკას შეადგენს. ქრისტიანულ ეგზეგეტიკას დიდი ხნის ისტორია აქვს. სამოციქულო მამები (I საუკუნის დასასრული და II საუკუნის დასაწყისი), მიუხედავად იმისა, რომ მათ სრულყოფილი კომენტარები არ დაუწერიათ, ძველი აღთქმის ნაწყვეტების ციტირებისას ხშირად მათ საკუთარ განმარტებებსაც ურთავდნენ. III-IV საუკუნეებში უკვე ნამდვილი ეგზეგეტიკური სკოლები არსებობდა, მაგალითად, ალექსანდრიისა (კლემენტე ალექსანდრიელი, ორიგენე) და ანტიოქიის (იოანე ოქროპირი, თევდორე მოფსუესტა) სკოლები. თანამედროვე სამყაროში ბიბლიის შესწავლას ხელი შეუწყო აგრეთვე ვატიკანის II კრებისა და ეკლესიის ცალკეული მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოქვეყნებამ. კერძოდ, ვატიკანის II კრების დადგენილება Dei Verbum (1965) ეგზეგეტიკური კვლევების წახალისებისა და ხელშეწყობის დიდი მუხტის მატარებელია.

ეგზეგეტიკოსი (Esegeta) [ბერძ. exegetés] პიროვნება, რომელიც ეგზეგეტიკას, ღმრთის სიტყვის შესწავლას უძღვნის თავს.

ედემი (Eden) [ებრ. „სიამეთა ბაღი“] ბიბლიური აღნიშვნა მიწიერი სამოთხისა, სადაც, ბიბლიის თანახმად, ჩვენი შორეული წინაპრები ცხოვრებდნენ (დაბ. 2:8).

ევანგელიზაცია (Evangelizzazione) [ბერძ. ზმნიდან euanghelízein „სახარების ქადაგება“] ფართო მნიშვნელობით, სახარების ქადაგება — რთული და დინამიკური რეალობა (EN, 17) — პავლე VI-ის მიერ Evangelii nuntiandi-ში მოცემული განსაზღვრების თანახმად (EN, 24), არის „კაცობრიობის განახლება, დამოწმება, მკაფიო გამოცხადება, გულით მიმხრობა, საკრებულოში [= ეკლესიაში] შესვლა, ნიშანთა [=საიდუმლოთა] მიღება, მოციქულობის წამოწყებანი“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახარების ქადაგება ქრისტეს საყოველთაო მისიონერული მანდატის განხორციელებაა: „წადით... მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი...“ (მათ. 28:19).

ევანგელიზმი (Evangelismo) ტერმინი აღნიშნავს სხვადასხვა ისტორიულ მიმდინარეობებს, მათ შორის, XVI საუკუნის კათოლიკური რეფორმის მოძრაობას, რომლის ძირეულ ასპექტსაც უსვამს ხაზს: ესაა ქრისტიანული ცხოვრების რეფორმა, განხორციელებული სახარებისეული სულისკვეთებისკენ მიბრუნების მეშვეობით. ქრონოლოგიურად ტრიდენტის კრებამდე ეს კათოლიკური რეფორმის უკანასკნელი მცდელობა იყო, რომელიც რეფორმათა კათოლიკე ეკლესიის წიაღში გატარების ხაზს აგრძელებდა. ევანგელიზმი ახალი ღმრთისმოსაობიდან იღებს სათავეს, მის მიზანს კი ქრისტიანული უწყების შინაგანი გათავისება და რელიგიურობის გარეგნული ნიშნებისაგან (წმიდანთა, რელიკვიათა თაყვანისცემა და სხვ.) გათავისუფლება წარმოადგენდა, რათა ქრისტიანობა მხოლოდ იესო ქრისტეს პიროვნებისა და მისი მსხვერპლშეწირვის მხსნელ მნიშვნელობაზე ყოფილიყო კონცენტრირებული. გარდა ამისა, ევანგელიზმი თეოლოგიისაგან ფილოსოფიურ „გამიჯნულობათა“ გაქრობას მოითხოვდა, მხოლოდ სახარებისეულ გამჭვირვალობაში ჩაძირვის მიზნით.

ევანგელისტები (Evangelici) [ლათ. evangelicus] ლუთერი და XVI საუკუნის სხვა რეფორმატორები ამ ტერმინით ლუთერელობის, კალვინელობისა და ანგლიკანობის მიმდევრებს აღნიშნავდნენ. ამ კონტექსტში ტერმინს საკამათო მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც ის თითქოს ერთგვარად ხაზს უსვამდა ამ მიმდინარეობათა წევრების კათოლიკეებთან შედარებით სახარებისადმი (ევანგელე) უფრო მეტ ერთგულებას.

ევდემონიზმი (Eudemonismo) [ბერძ. eudaimonismós (სიტყვიდან eudáimon „კეთილი გენია“)] ზნეობრივი სწავლება, რომელიც პირადსა თუ საზოგადოებრივ ბედნიერებაში ხედავს ზნეობრიობის (ანუ სიკეთის) მიზანსა და არსს. ტერმინი განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვმარტავთ ბედნიერებას. თუ ბედნიერებას სუფთა ინდივიდუალური სიამოვნების მნიშვნელობით განვიხილავთ, ევდემონიზმი ჰედონიზმის მნიშვნელობას იძენს, ხოლო თუ ბედნიერება საზოგადოებრივი კეთილდღეობის ან კერძო თუ საზოგადო ინტერესის ცნებებთან იგივდება, ევდემონიზმი უტილიტარიზმის სინონიმად გვევლინება.

ევლოგია (Eulogia) [ბერძ. euloghía „კურთხევა“] კურთხევის ლოცვა. I საუკუნეში წარმოადგენდა ევქარისტიის სინონიმს. შემდგომში აღნიშნავდა ევქარისტიული მსხვერპლშეწირვისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირულ პურს. ამ ნაკურთხი პურის გამოუყენებელი ნაწილი ძმური თანაზიარების ნიშნად ურიგდებოდა იმათ, ვინც ზიარება ვერ მიიღო ან კათაკმეველებს (ვისაც ჯერ არ ჰქონდა ზიარების მიღების უფლება). კიდევ უფრო მოგვიანებით ტერმინი აღნიშნავდა ეპისკოპოსის ან მღვდელმსახურის მიერ ნაკურთხ ნებისმიერ საკვებს ან ძღვენს, რომელსაც მღვდელმსახური თავის ეპისკოპოსს მიართმევდა მისი მონახულებისას. დღეს ტერმინს მხოლოდ მართლმადიდებლები ხმარობენ მორწმუნეთათვის დარიგებული ნაკურთხი პურის მნიშვნელობით.

ევნომიელნი (Eunomiani) არიელი ერეტიკოსის ევნომიოსის (IV ს.) მიმდევარნი. ეწოდებოდათ აგრეთვე ანომოელნი, რადგანაც ეწინააღმდეგებოდნენ ნიკეის კრების (325) მიერ მოცემულ სამების განსაზღვრებას და იცავდნენ თეზისს, რომლის თანახმადაც, ძე მამა ღმრთისგან სრულიად „განსხვავებულია“ (ბერძ. anómoios), რადგანაც მამა შემოქმედი იყო, ძე კი - ქმნილება. იმპერატორებმა გრაციანემ და თევდოსიმ ევნომიელებს გაერთიანებად ჩამოყალიბების ნება არ დართეს.

ევტიქიელნი (Eutichiani) ნ. მონოფიზიტები.

ევქარისტია (Eucaristia) [ბერძ. eucharistía (სიტყვიდან eucharistéin „მადლიერების გამოხატვა“, „მადლობის თქმა“), „მადლობის გადახდა“] საიდუმლო, რომელიც იესომ საიდუმლო სერობისას დააწესა, როცა პასექის სერობაზე მოწაფეებს ახალი და მარადიული აღთქმის ნიშნად შესთავაზა პური და ღვინო როგორც თავისი ხორცი და სისხლი. საუკუნეთა მანძილზე ამ საიდუმლოს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ: უფლის სერობა (1კორ. 11:19), პურის გატეხა (ლუკ. 24:35; საქ. 2:42.46...), შეწირულობა, მსხვერპლშეწირვა, მოსახსენიებელი, წირვა და ევქარისტია. ახალ აღთქმაში ევქარისტიის დაფუძნების ოთხი ამბავია მოთხრობილი: მათ. 16:26-28; მარკ. 14:22-24; ლუკ. 22:19- 20; 1 კორ. 11:23-25, რომლებიც ეკლესიის ცხოვრებაში ევქარისტიის მნიშვნელობასა და ცენტრალურობას ამოწმებენ. ეკლესია აღასრულებს ევქარისტიას, როგორც “მადლობისა და ქების მიძღვნას მამა ღმრთისადმი, როგორც ქრისტეს მსხვერპლშეწირვისა და მისი სხეულის სახსოვარს, როგორც ქრისტეს თანასწრებას მისი სიტყვისა და სულის ძლიერების ძალით“ (CCC, 1358). ევქარისტიის არსებითი ნიშნებია პური და ღვინო, რომლებშიც კურთხევის მეშვეობით ხდება ქრისტეს სხეულისა და სისხლის ტრანსსუბსტანციაცია (გარდასახვა). წმიდა ნაწილებში ქრისტე წარმოდგება ჭეშმარიტად, ნამდვილად და არსებითად, ამიტომაც წმიდა ნაწილებს თაყვანისცემის კულტის მეშვეობით უნდა მიეგოს პატივი. ყველა ქრისტიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა საკვირაო ევქარისტიულ მსახურებაში და შეძლებისდაგვარად მიიღოს ზიარება. ევქარისტია შედგება წმიდა სიტყვის ლიტურგიისა და ევქარისტიული ლიტურგიისაგან, დასაწყისში შესავალი, დასასრულს კი - დასკვნითი წესების თანხლებით. ღმრთის სიტყვის ლიტურგია მოიცავს საღმრთო წერილის კითხვას, მღვდელმსახურის ქადაგებას, სარწმუნოების აღსარებასა და მორწმუნეთა ლოცვას. ევქარისტიული ლიტურგია იწყება პურისა და ღვინის შეწირვით, მას მოსდევს ეგრეთ წოდებული ევქარისტიული ლოცვა, რის შემდეგაც აღევლინება „მამაო ჩვენო“ და გაიცემა ზიარება.

ევქარისტიის გამობრძანება (Esposizione del Santissimo Sacramento) [ლათ. expositio, ნაწარმოებია ზმნიდან exponere „წარდგენა“] წესი, რომლის დროსაც ევქარისიტიას სანაწილით ან მონსტრაციით მორწმუნეთა წინაშე გამოაბრძანებენ მისი თაყვანისცემის მიზნით (CIC, კან. 941). სასურველია, ეკლესიებსა და ორატორიუმებში წელიწადში თუნდაც ერთი საზეიმო გამობრძანება ჩატარდეს, მის შემდეგ კი - კურთხევა. ეს წესი XIV საუკუნიდან მომდინარეობს და უკავშირდება უფლის სხეულის დღესასწაულს, რომლის დროსაც წმიდა ნაწილებს მსვლელობით ქალაქის ქუჩებში დაატარებენ (CIC, კან. 944).

ევქარისტიის შებრძანება (Reposizione (del SS.mo)) [ლათ. repositio] ტერმინი აღნიშნავს წესს, რომლის თანხლებითაც საზეიმო გამობრძანების შემდეგ წმიდა ევქარისტია ხელახლა თავსდება ტაბერნაკულუმში. კერძოდ, საუბარია წესზე, რომელიც აღსრულდება დიდ ხუთშაბათს წირვის In coena Domini შემდეგ, როდესაც კაპელაში ათავსებენ ნაკურთხ ჰოსტიას, რომელთა მეშვეობითაც მორწმუნეები ეზიარებიან დიდი პარასკევის ლიტურგიის დროს.

ევქარისტიული კონგრესი (Congresso eucaristico) ეროვნული ან საერთაშორისო დონის სიმპოზიუმი, რომელიც მიზნად ისახავს ევქარისტიის მსახურებისა და კულტის გააქტიურებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემათა კვლევის ხელშეწყობას. კონგრესის იდეა ეკუთვნის ფრანგ ე. ტემიზიეს. პირველი ევქარისტიული კონგრესი 1881 წელს ქალაქ ლილში ჩატარდა.

ევქარისტიული ლოცვა (Preghiera eucaristica) ლოცვა, რომელსაც მღვდელმსახური წირვის ძირითად ნაწილში აღავლენს და რომლის კულმინაციასაც წარმოადგენს პურისა და ღვინის კურთხევა. ის იწყებაN პრეფაციოდან და გრძელდება მამაო ჩვენო-მდე და საიდუმლო სერობისას იესოს მიერ ნათქვამს უკვდავყოფს. ევქარისტიული ლოცვა მიემართება მამა ღმერთს, რომელმაც ქრისტეს სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით ცოდვის ბორკილთაგან იხსნა ადამიანი და თავის ნადიმზე უხმო მას. ლოცვას შემდეგი სტრუქტურული წყობა აქვს: პრეფაქციო, სული წმიდის მოხმობა (ეპიკლეზა), ევქარისტიის დაარსების ამბავი, რომლის თხრობასაც შეკრებილთა შეპასუხება ახლავს თან, ქრისტეს მსხვერპლშეწირვის უკვდავყოფა (ანამნეზა), შუამდგომლობები და დასკვნითი დოქსოლოგია (შდრ. CCC, 1352). ლიტურგიული რეფორმის შედეგად დამკვიდრდა სამი ახალი ევქარისტიული ლოცვა, რომლებიც შეიძლება ჩაენაცვლოს ტრადიციულ „რომაულ“ კანონს. შემდგომი განვითარების პროცესში ცალკეულმა ეკლესიებმა სხვა ევქარისტიული ლოცვებიც ჩამოაყალიბეს: მეხუთე ევქარისტიული ლოცვა და შერიგების ევქარისტიული ლოცვები.

ევქარისტიული სახეობანი (Specie eucaristiche) [ლათ. species „გარეგნული იერი“, „გარეგნული თვისებები“] გამოთქმა აღნიშნავს პურისა და ღვინის თვისებებს (=აქციდენტებს), რომლებიც კურთხევისა და ტრანსსუბსტანციაციის შემდეგაც უცვლელი რჩება, ხოლო მათი სუბსტანცია ქრისტეს სხეულად და სისხლად იქცევა.

ევქოლოგია (Eucologia) [ბერძ. euché „ლოცვა“ + lógos „საუბარი“] მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ლოცვებს და წესებს, რომელთა მიხედვითაც ისინი წარმოითქმება. უფრო განზოგადოებული მნიშვნელობით, ტერმინი ლიტურგიულ წიგნებსა თუ ფორმულარში შესულ ლოცვათა ერთობლიობას აღნიშნავს.

ეზოტერიზმი (Esoterismo) [ნაწარმოებია ზედსართავიდან esoterikós, „შიდა“, აქვს სიტყვა exoterikós, „გარე“-ს, საპირისპირო მნიშვნელობა] საიდუმლო ხასიათის სწავლება ან სწავლებათა ერთობლიობა. საიდუმლოებრივი ხასიათი შეიძლება განპირობებული იყოს იმ ფაქტით, რომ სამყაროს საიდუმლოებანი შეუცნობელია, ან მოსაზრებით, რომ სწავლების შინაარსი და წესები გაუნდობელთათვის არ უნდა გახდეს ცნობილი.

ეზრას წიგნი (Esdra, libro di) ბიბლიის ისტორიული წიგნი, რომელიც ბაბილონიდან განდევნის შემდეგ იუდაური საკრებულოს აღდგენის შესახებ მოგვითხრობს. ებრაულ ბიბლიასა და სეპტუაგინტას თარგმანში ეს წიგნი ნეემიას წიგნთან ერთად ერთიან ლიტერატურულ ერთეულს წარმოადგენდა. მათი დაცალკევება ქრისტიანულ ხანაში მოხდა. წიგნის ავტორობა მიეწერება ებრაელ მემატიანესა და მღვდელმსახურს, ეზრას და ის ქრისტეს შობამდე დაახლოებით 300 წელს დაიწერა. ეზრას წიგნი ორ ნაწილადაა დაყოფილი. პირველი, ეზრ.1- 6, მეფე კიროსის ნებართვის წყალობით ბაბილონიდან პირველი დევნილების დაბრუნების შესახებ მოგვითხობს. იუდაიზმის მოწინააღმდეგეთა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ შექმნილი სირთულეების მიუხედავად, ტაძრის ადგილას მოხერხდა საკურთხევლის დადგმა მსხვერპლშეწირვათა განსახორციელებლად. მეორე ნაწილში ეზრ. 7-10 ეზრას მოღვაწეობაა აღწერილი. ეზრამ სპარსეთის მეფის, ართახშასაგან მიიღო ოფიციალური დავალება, გამგზავრებულიყო იერუსალემს რადიკალური რეფორმის ჩასატარებლად, განსაკუთრებით, ქორწინებათა აღსრულებასთან დაკავშირებით. ზოგჯერ ნეემიას წიგნს ეზრას მეორე წიგნსაც უწოდებენ (იმ მიზეზით, რომ ის მის გაგრძელებას წარმოადგენს). ეზრას მესამე წიგნი აპოკრიფია, ის სხვადასხვა კანონიკურ ნაწერთა ნაწყვეტების კრებულს წარმოადგენს. უფრო ცნობილია ეზრას მეოთხე წიგნი, აგრეთვე აპოკრიფი, იუდაური აპოკალიფსური მწერლობის მარგალიტი.

ეთიკა (Etica) [ბერძ. êthos „ზნე-ჩვევა“] მეცნიერება, რომელიც იკვლევს, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანის პრაქტიკული ქცევა სიკეთისა და ბოროტების ორი ცნების წინაშე. ეთიკის საგანია როგორც თავისთავად ადამიანური აქტივობა, ისე იმ კრიტერიუმთა ძიება, რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს ადამიანის ქცევის შეფასება. წმიდა თომა უბრუნდება „ადამიანის მიზანი“ — ღმრთის არისტოტელესეულ იდეებს და მათზე დაყრდნობით ამ მიზნის მიღწევის პირობად ასახელებს არა მხოლოდ ზნეობრივ და ინტელექტუალურ, არამედ აგრეთვე თეოლოგიურ სათნოებებსაც (ნ. სარწმუნოება; იმედი; სიყვარული).

ეთიოპიის ეკლესია (Etiopica, Chiesa) წარმოადგენს ალექსანდრიული წესის ორ შტოთაგან ერთ-ერთს. დარსებიდან 1949 წლამდე ექვემდებარებოდა ალექსანდრიის ეკლესიას და თანაზიარებაში იყო მასთან. ეთიოპიაში ქრისტიანობა დაახლოებით 320 წელს გავრცელდა ორი სირიელი ერისკაცის - ესედიოსისა და ფრუმენციოსის - წყალობით. ალექსანდრიის პატრიარქის, ათანასეს მიერ კურთხეული ეს უკანასკნელი ეთიოპიის პირველი ეპისკოპოსი (აბუნა) გახდა. როდესაც ეგვიპტის კოპტურმა ეკლესიამ მონოფიზიტობა მიიღო, ეთიოპიის ეკლესიამ მის მაგალითს მიბაძა. ეთიოპიელი ხალხის მოქცევა სირიელმა მონაზვნებმა განახორციელეს (V-VI სს.). მათ მრავალი მონასტერი ააგეს და ახალი აღთქმა თარგმნეს ეთიოპურად. 1950 წლიდან ეთიოპიის ეკლესია ავტოკეფალურია, 1959 წლიდან კი საპატრიარქოს წარმოადგენს და ალექსანდრიის ეკლესიის მხოლოდ საპატიო პრიმატს აღიარებს. ალექსანდრიულ-ეთიოპიური წესის კათოლიკეებს, რომლებსაც ვატიკანში ეთიოპიური კოლეგიუმი აქვთ, 1961 წლიდან მიტროპოლიტი ჰყავთ.

ეკლესია (Chiesa) [ბერძ. ekklesía (ამ სიტყვით ითარგმნა სეპტუაგინტაში ებრ. qahal) „ხალხის შეკრება“, შემდეგ ლათინურში დამკვიდრდა ecclésia] ა) ახალ აღთქმაში ესაა ღმრთის ხალხი, ახალი კავშირის ხალხი, ქრისტიანთა საზოგადოება. წმიდა პავლე განსაზღვრავს ეკლესიას, როგორც „ქრისტეს სხეულს“ (კოლ 1:24; ეფეს. 1:23), ამიტომაც ის ადამიანთა ხსნის უმთავრესი ადგილია. ეკლესიას ოთხი სახასიათო ნიშანი აქვს: ერთიანობა, სიწმიდე, კათოლიკობა და სამოციქულოობა. ისინი საზეიმოდ გამოცხადდა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს მიერ (ნ. მრწამსი). ეკლესია სული წმიდის გარდამოსვლის დღეს აღმოცენდა და მას შემდეგ სული წმიდის წყალობით უცვლელად ინარჩუნებს თავის ბუნებასა და დანიშნულებას. კათოლიკე ეკლესიაზე სასაუბროდ შემდეგი არსებითი ელემენტებია საჭირო: 1) ნათლობა, რომელიც აყალიბებს მორწმუნეებსა და ღმრთის ხალხს; 2) მორწმუნეთა ორგანული დიფერენციაცია სული წმიდის მიერ ბოძებულ სხვადასხვა იერარქიულ და ქარიზმატულ ნიჭთა შესაბამისად; 3) ხილული ეკლესიის მთლიანი მოწყობისა და მასში არსებულ ხსნის ყველა საშუალების მიღება, რომელთაგანაც სახარების კითხვა და ევქარისტიის აღსრულება გამოირჩევა; 4) ქრისტესთან ერთიანობა ხილულ ეკლესიაში რწმენის აღსარების, საიდუმლოთა, საეკლესიო მმართველობისა და თანაზიარების ვალდებულებათა მეშვეობით; 5) უზენაესი პონტიფექსისა და ეპისკოპოსთა მმართველობა. კათოლიკე, ანუ საეკლესიო თანაზიარება სამ დონეზე ხორციელდება: საყოველთაო ეკლესია: ესაა მთელი ღმრთის ხალხი, ანუ ერთიანობა ყველა მონათლული ადამიანისა, რომელნიც „სარწმუნოების აღსარების, საიდუმლოთა და საეკლესიო მმართველობის ვალდებულებათა მეშვეობით“ არიან შეკავშირებულნი სრულ თანაზიარებაში (CIC, კან. 205); ცალკეული ეკლესია: ესაა ღმრთის ხალხის ნაწილი, „რომელშიც ნამდვილადაა წარმოდგენილი და მოქმედი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“ (CIC, კან. 369, შდრ. LG, 26); უპირვველეს ყოვლისა, ესაა დიოცეზი, რომელთანაც გათანაბრებულია „ტერიტორიული პრელატურა და ტერიტორიული სააბატო, სამოციქულო სავიკარიატო და სამოციქულო ადმინისტრაცია, გარდა ამისა, მუდმივმოქმედი სამოციქულო ადმინისტაცია“ (CIC, კან. 368); ადგილობრივი ეკლესია: ესაა ღმრთის ხალხის ის ნაწილი, რომელსაც მღვდელმსახური ხელმძღვანელობს (ადგილობრივი საკრებულო, სამრევლო...). შინაური ეკლესია ეწოდება ოჯახს (LG, 11ბ; Christifideles laici, 62). ბ) ეკლესიაა, აგრეთვე, ის შენობა, სადაც მორწმუნეები სალოცავად იკრიბებიან და სადაც ლიტურგიული მსახურება აღსრულდება.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (Consiglio Ecumenico delle Chiese; World Council of Churches) ეკუმენური მოძრაობის ყველაზე თვალსაჩინო ნაყოფი. 1948 წელს ამსტერდამში ჩამოყალიბებული ეს ასოციაცია არაკათოლიკე ქრისტიანულ ეკლესიათა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას მოიცავს. 1961 წელს ახალ დელიში გამართულ მესამე საერთო ასამბლეაზე ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ განსაზღვრა საკუთარი არსი, როგორც „ერთიანობა ეკლესიებისა, რომელნიც აღიარებენ უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღმერთსა და მაცხოვარს, საღმრთო წერილის თანახმად, და ამიტომ ცდილობენ, ერთად აღასრულონ თავიანთი საერთო მოწოდება ერთადერთი მამის, ძისა და სული წმიდის სადიდებლად“. იოანე XXIII-ის პაპობისა და ვატიკანის II კრების პერიოდიდან კათოლიკე ეკლესიამ გააძლიერა თავისი ურთიერთობები ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან, განსაკუთრებით - ქრისტიანთა ერთიანობის ხელშემწყობი პაპის საბჭოს მეშვეობით. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მთავარი ორგანო ჟენევაშია, ხოლო ორგანიზაცია 200- ზე მეტ ეკლესიას აერთიანებს.

ეკლესია, ლათინური ნ. ლათინური ეკლესია.

ეკლესიასტე ნ. კოჰელეთ.

ეკლესიის ისტორია (Storia della Chiesa) როგორც თეოლოგიური მეცნიერება, ესაა დროსა და სივრცეში ეკლესიის მთელი შიდა და გარე ცხოვრების შემსწავლელი დისციპლინა. დღეს კამათობენ უმთავრესად სპეციფიკურად თეოლოგიურ ასპექტზე, რომლის გათვალისწინებითაც უნდა განიხილოს და გაიგოს ეკლესიის ისტორიკოსმა თვით ეკლესია. ნ. თეოლოგია.

ეკლესიის მამები (Padri della Chiesa) პირველი შვიდი საუკუნის მანძილზე მოღვაწე ქრისტიანი მწერლები, რომელთაც ახასიათებს: მოძღვრების მართლმორწმუნეობა, ცხოვრების სიწმიდე, ეკლესიის მიერ აღიარება და სიძველე, რის გამოც პატრისტიკის პერიოდი დასავლეთში ისიდორე სევილიელის (636), აღმოსავლეთში კი - იოანე დამასკელის (დახლ. 750) სიკვდილის თარიღით განისაზღვრება. ეკლესიის მამათაგან ყველაზე გამორჩეულნი არიან დასავლეთში: ამბროსი, იერონიმე, ავგუსტინე, გრიგოლ დიდი, ხოლო აღმოსავლეთში: ათანასე, ბასილი, გრიგოლ ნაზიანზელი, იოანე ოქროპირი და სხვანი. ეკლესიის მამათა მნიშვნელობა იქიდან გამომდინარეობს, რომ ისინი გადმოცემის უპირატეს მოწმეებად არიან მიჩნეულნი.

ეკლესიის მოძღვარნი (Dorttori della Chiesa) [ლათ. doctor (magister-ის სინონიმი) „მასწავლებელი“] საპატიო ტიტული, ენიჭება პირებს, რომლებიც ეკლესიის მამათა მემკვიდრე თეოლოგიურ ავტორიტეტს წარმოადგენენ. საუბარია გამოჩენილ და განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულ პიროვნებებზე. მათ ახასიათებს: ცხოვრების სიწმიდე, მართლმორწმუნეობა და, უმთავრესად, საკრალურ საკითხთა განსაკუთრებული ცოდნა. ზოგიერთი მათგანი, ვინც ეკლესიის აღმოცენების პირველ საუკუნეებში იცხოვრა, როგორც „ეკლესიის მამის“, ისე „ეკლესიის მასწავლებლის“ სახელით მოიხსენიება. მათ შორის უმთავრესნი არიან: ამბროსი, ავგუსტინე, იერონიმე და გრიგოლ დიდი ლათინურ ეკლესიაში, ათანასე, ბასილი, გრიგოლ ნაზიანზელი და იოანე ოქროპირი აღმოსავლეთის ეკლესიაში. ეკლესიის სხვა მასწავლებლები არიან: ისიდორე, ბერნარდი, ანტონი პადუელი, ალბერტუს დიდი, თომა აკვინელი, ბონავენტურა, ეკატერინე სიენელი, ტერეზა ავილელი, ფრანცისკე სალელი, ალფონსუს ლიგუორი და სხვანი.

ეკლესიის მოძღვრება (Magistero della Chiesa) [ლათ. magisterium (სიტყვიდან magister „მასწავლებელი“, „მოძღვარი“)] ტერმინი აღნიშნავს ეკლესიისათვის იესო ქრისტეს მიერ მინდობილ ამოცანას, ავთენტიკურად გამოაცხადოს და განმარტოს ღმრთის სიტყვა. ეკლესიის მოძღვრების შინაარსი მიემართება საღმრთო გადმოცემას, საღმრთო წერილს (DV, 10), ზნეობრივ პრინციპებსა და ადამიანური სინამდვილის სხვადასხვა ასპექტს, რამდენადაც ეს საჭიროა სულთა ხსნისათვის. ეკლესიის მოძღვრების ძალაუფლებას განსაკუთრებით აღასრულებენ რომის პაპი და მასთან თანაზიარებაში მყოფი ეპისკოპები. მოძღვრება შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან საგანგებო. საგანგებო მოძღვრება მოიცავს როგორც მსოფლიო კრებათა, ისე პაპის განსაზღვრებებს ex cathedra (შდრ. CCC, 85, შმდ.; CIC, კან. 747-754).

ეკლესიის სოციალური მოძღვრება (Dottrina sociale della Chiesa) მიუთითებს ეკლესიის ნააზრევსა და პოზიციაზე ეკონომიკურსა და პოლიტიკურ-სოციალურ სფეროებში. XIX საუკუნის მეორე ნახევრის ინდუსტრიული რევოლუციის მიერ საზოგადოებაში გამოწვეულმა რადიკალურმა ცვლილებებმა ახალი საკითხები წამოჭრა ქრისტიანთა ცნობიერებისა და ეკლესიის მაგისტერიუმის წინაშე. ეკლესიის სოციალური მოძღვრება ამ ახალი შეკითხვებისა და ადამიანთა შეცვლილი მოთხოვნილებების მიმართ სახარების შუქზე გაცემული პასუხია. ეკლესიის სოციალური მოძღვრების საკვანძო პუნქტად მიიჩნევა ლეონ XIII-ის enciklika Rerum novarum (1891). პაპმა გაითავისა მშრომელთა მასების ტკივილი, ვინც სრულიად დაითრგუნა არა მხოლოდ სიღარიბით, არამედ, უმთავრესად, იმ არაადამიანური პირობებით, რომლებშიც უწევდათ არსებობა მუშებს ახალი ინდუსტრიული მოთხოვნილებების წნეხის ქვეშ. პაპ პიუს XI-ის ენციკლიკა Quadragesimo anno (1931) კვლავ აყენებს წინა პლანზე ადამიანის ღირსების საკითხს და ამტკიცებს, რომ საზოგადო სიკეთის საგანგებო მიზანი „სოციალური სამართალია“. ამ ლოგიკურ ჯაჭვს განაგრძობს იოანე XXIII-ის Mater et magistra (1961), და, უმთავრესად, ვატიკანის II კრების დადგენილება Gaudium et spes. პავლე VI-ის Populorum progressio (1967) გაიაზრებს სოციალურ პრობლემათა და მესამე სამყაროს ქვეყნების გარიყულობის უნივერსალურ განზომილებას. იოანე პავლე II-ის Laborem exercens (1981) შრომის მრავალტანჯულ თემას უბრუნდება. დაბოლოს, დოკუმენტებში Solicitudo rei socialis (1987) და Centesimus annus (1991) განიხილება ხალხთა განვითარების თანამედროვე პრობლემები და განმტკიცდება ადამიანის - ამქვეყნიურ სიკეთეთა მიმღებისა და გარანტის - ცენტრალური როლი.

ეკლესიის უმანკოობა (Indifettibilità della Chiesa) [indefettibile „უნაკლო“, „უმანკო“, „წუნდაუდებელი“] ტერმინი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ეკლესიის წიაღში თუ გარედან მასზე ბოროტების ძალთა თავდასხმებისა, ეკლესია არასოდეს შეიქმნება ამ ძალთა მსხვერპლი, ქრისტეს სიტყვის ძალით: „მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი“ (მათ. 16:18 და პარ.). ეს გულისხმობს ქრისტეს გზავნილის დროით განგრძობითობას და ამ გზავნილისადმი ერთგულებას: „აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე“ (მათ. 28:20).

ეკლესიოლოგია (Ecclesiologia) [ბერძნ. ekklesía+logía „(თეოლოგიური) მეცნიერება, რომელიც ეკლესიას შეისწავლის“] ცალკეულ მოსაზრებათა თანახმად, ნამდვილ ეკლესიოლოგიაზე საუბარი მხოლოდ XVI საუკუნიდანაა შესაძლებელი, როდესაც ავგუსტინელმა იაკობ ვიტერბოელმა დაწერა De Regimine Christiano (1301- 1302). თავისი განვითარების მწვერვალს ეკლესიოლოგიამ XX საუკუნეში მიაღწია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ვატიკანის II კრებას, რომელმაც წარმოადგინა დიდი საეკლესიოლოგიო სინთეზი, გამოკვეთილი სამი ძირითადი აქცენტით. ესენია: koinonía (თანაზიარება), diakonía (მსახურება), martýria (დამოწმება).

ეკლის გვირგვინის დადგმა (Incoronazione di spine) ქრისტეს ვნების ეპიზოდი, რომელიც მოთხრობილია სახარებაში (მათ. 27:29; მარკ. 15:17; იოან. 19:2). იესოს გაშოლტვის შემდეგ, პილატეს წინაშე გამოცხადებული მისი „მეფობის“ დაცინვის მიზნით, ჯარისკაცებმა იესოს თავზე ეკლების გვირგინი დაადგეს, სხეულზე მეწამული მანტია მოასხეს, სახეში ურტყავდნენ და დასცინოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“

ეკონომიკურ საქმეთა საბჭო (Consiglio per gli affari economici) სადიოცეზო ეკონომიკურ საბჭოს ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი და მასში შედის სამი საერო პირი, ეკონომიკურ საქმეთა ექსპერტი. მათი ამოცანაა ყოველწლურად წარადგინონ მომდევნო წლის შესაწირავთა და გასაცემ თანხათა წინასწარი ბალანსი და წლის ბოლოს დაამტკიცონ შემოსავლისა და გასავლის ბალანსი. საბჭოს წევრები ხუთწლიანი ვადით ინიშნებიან, მათ არ უნდა ჰქონდეთ ნათესაური კავშირი ეპისკოპოსთან (CIC, კან. 492-493). სამრევლო ეკონომიკური საბჭო კი სამრევლოს ქონების მართვაში ეხმარება წინამძღვარს.

ეკონომოსი ნ. მნე

ეკუმენიზმი (Ecumenismo) [ბერძნ. oikouméne(ghe) „დასახლებული (მიწა)“] მოძრაობა, რომელიც ხელს უწყობს ყველა კონფესიის ქრისტიანთა ერთიანობას, თანახმად იესოს ლოცვისა: „რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ - ჩემში, მამაო, მე კი - შენში“ (იოან. 17:21). თანამედროვე ეკუმენიზმი 1910 წელს, ედინბურგის პროტესტანტულ წრეებში აღმოცენდა. კათოლიკე ეკლესიის მხრიდან ეკუმენური მოძრაობის მიღება ფრთხილი მიდგომით გამორჩეული ხანგრძლივი პროცესი იყო. ვატიკანის II კრების შემდეგ, რომელმაც დაამტკიცა ეკუმენიზმის შესახებ დეკრეტი Unitatis redintegratio, თავშეკავებული დამოკიდებულება წარსულს ჩაბარდა და ეკუმენური მოძრაობა უფრო განმტკიცდა, რასაც 1960 წელს დაარსებული ქრისტიანთა ერთიანობის სამდივნოს საქმიანობამაც შეუწყო ხელი. სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიათა შორის დიალოგისა და შეხვედრების ხელშეწყობის გარდა, ეკუმენური მოძრაობა ერთიანობისთვისაც ლოცულობს. ამ მიზნით ყოველწლიურად, 18-25 იანვარს ქრისტიანული ერთიანობისთვის ლოცვის კვირეული იმართება.

ეკუმენური (Ecumenico) [ბერძ. სიტყვიდან oikoumenikós, სიტყვიდან oikouméne(ghe), სიტყვასიტყვით „დასახლებული (მიწა)“] ეკუმენური ნიშნავს „უნივერსალურს“, „მსოფლიოს“ და, როგორც ზედსართავი, განსაზღვრავს სხვადასხვა ტერმინებს. მიემართება, აგრეთვე, ეკუმენიზმთან დაკავშირებულ ცნებებს.

ელოჰიმ (Elohim) [მრავლობითი რიცხვი სახელისა El ანუ elohah „ღმერთი“] ძველ აღთქმაში აღნიშნავს განუსაზღვრელ ღმრთაებებსა და ისრაელის ღმერთს. სამყაროს შექმნის შესახებ ტექსტებში ელოჰიმისა და იაჰვეს ერთად ხსენება საშუალებას იძლევა ვიცნოთ ეგრეთ წოდებული ელოჰისტური წყარო, რომელიც ერთ-ერთია ხუთწიგნეულის ოთხი თავდაპირველი ტრადიციიდან.

ემანატიზმი (Emanatismo) [ლათ. სიტყვიდან emanatio „გამოცემა“, „გამოსხივება“] ნეოპლატონური ფილოსოფიური კონცეფცია, რომლის თანახმადაც, ყველა ცოცხალი არსება ღმრთისგან მომდინარეობს ემანაციის და არა შექმნის გზით. ღმრთის ძლიერება განუწყვეტლივ გამოსხივდება და აღმოაცენებს არსებებს, ისე, რომ თავად კვლავაც ერთიანი და უცვლელი რჩება. არსებები იერარქიულ სტრუქტურას ექვემდებარებიან და ღმრთისგან დაცილებასთან ერთად თანდათანობით კარგავენ ძალას. ემანაციის საწყისია ლოგოსი (პირველი გამოსხივებული გონი), ხოლო დასასრული - მატერია, ანუ არყოფნა, ანუ ბოროტება.

ემანუელი (Emmanuele) ებრაული თეოფორული სახელი, რომელიც ნიშნავს „ღმერთი ჩვენთანაა“; სიმბოლური სახელი მეფე ახაზის მემკვიდრისა, რომელიც წინასწარმეტყველებმა მაცხოვრად გამოაცხადეს (ეს. 7:1-14). ეს სახელი მესიის სახელად იყო მიჩნეული და ამიტომაც მას ქრისტეს უწოდებდნენ (მათ. 1:22, შმდ.)

ემბოლიზმი (Embolismo) [გვიანლათ. ემბოლისმუს, რომელიც ნაწარმოებია ბერძ. ზმნიდან embállein „ჩასმა“, „მოთავსება“, „ჩარევა“] ლოცვა, რომელიც აგრძელებს და განავრცობს წინა ლოცვას. ემბოლიზმია, მაგალითად, „გვიხსენ, უფალო“, რომელიც ევქარისტიაში უშუალოდ მოსდევს „მამაო ჩვენოს“ და განავრცობს მის ბოლო ვედრებას („...არამედ გვიხსენ ბოროტისაგან“).

ემერიტუსი (Emerito) [ლათ. emeritus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა emereri (e(x)+mereri) „დამსახურება“), სიტყვასიტყვით ნიშნავს „ის, ვინც საბოლოოდ დაიმსახურა“] ეს ტიტული ენიჭება პირს, რომელიც ასაკობრივი ზღვრის მიღწევის მიზეზით ან დაკმაყოფილებული უარის საფუძველზე თავს ანებებს საეკლესიო სამსახურს (CIC, კან. 185). მაგალითად, ეპისკოპოსი, რომელიც უარს ამბობს საკუთარ თანამდებობაზე, თავისი დიოცეზის ემერიტუსი ეპისკოპოსის წოდებას ინარჩუნებს (CIC, კან. 402).

ენკრატიტები (Encratiti) [ბერძ. სიტყვიდან encratîtai „თავშეკავებულნი“, „ზომიერნი“] ეს სახელი უწოდეს სქიზმატიკოსი ტაციანეს (II-III სს.) მოწაფეებს, ვინც ბოროტების სათავედ მატერიასა და ხორცს მიიჩნევდნენ და მკაცრი თავშეკავების პრინციპს მისდევდნენ. მათი ასკეტური სიმკაცრე იმ ზომამდე მივიდა, რომ, საბოლოოდ, ყველა ქრისტიანისგან მოითხოვდნენ არა მხოლოდ ხორციელ სიამოვნებათაგან სრულ თავშეკავებას, არამედ ქორწინებაზე უარის თქმასაც. მათი თეორია, როგორც ერეტიკული, უარყოფილ იქნა ეპისკოპოს ეპიფანე სალამინელის მიერ (IV ს.).

ენქირიდიონი (Enchiridion) [გვიანლათ. enchiridion, რომელიც ნაწარმოებია ბერძნულიდან egcheirídion, „ხელში დასაჭერი“] მცირე ზომის სახელმძღვანელო, რომელიც განსაზღვრული საგნის სრულ მიმოხილვას შეიცავს. საგანი ხშირად ნაშრომის სათაურშივეა მითითებული (ცნობილია: Enchiridion indulgentiarum; Enchiridion symbolorum, definitionum et declarationum de rebus fidei et morum; Enchiridion patristicum: loci SS. Patrum, Enchiridion Vaticanum; Enchiridion Cei და სხვ.).

ენციკლიკა (Enciclica) [ლათ. (epistula) encýclica „ცირკულარული (წერილი)“, თავის მხრივ, მომდინარეობს ბერძნულიდან enkýklios „ცირკულარი“] საჯარო წერილი, რომლითაც პაპი მთელ ეკლესიას (ან მის რომელიმე ნაწილს) მიმართავს სამოძღვრო, ზნეობრივ ან სოციალურ საკითხთა თაობაზე. ენციკლიკის სახელწოდება იმეორებს მისი ტექსტის პირველ რამდენიმე სიტყვას, რომლებიც, როგორც წესი, წერილის შინაარსის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს (მაგ. Pacem in terris, Populorum progressio, Evangelii nuntiandi, Redemptor hominis, Laborem exercens, Veritatis splendor და სხვა). როგორც პაპის მაგისტერიუმის ამსახველი დოკუმენტები, ენციკლიკები განსაკუთრებული ავტორიტეტის მატარებელია, მიუხედავად იმისა, რომ მათი შინაარსი პაპის უცდომლობის ნიშნით არაა აღბეჭდილი.

ეონი (Eóne) აღნიშნავს დროის პერიოდს, სამყაროს ან ისტორიის ხანას. ამგვარად, სამყაროს ისტორიაში სხვადასხვა ეონი შეიძლება განვასხვავოთ, ხსნის ისტორიის თვალსაზრისით მათი მნიშვნელობის შესაბამისად. ზოგჯერ საუბარია ძველსა და ახალ, ბოროტსა და კეთილ ეონზე. იმ ეონის გადამწყვეტი ხასიათი, რომელშიც ხსნა განხორციელდება, მარადიულობის ცნებასთან აახლოვებს მას.

ეპიკეია (Epicheia an epikeia) [ბერძ. epieíkeia „მომცველი კეთილგანწყობა“] ეთიკურ-იურიდიული ტიპის პრინციპი, რომელსაც მიმართავენ იმ დროს, როცა ზნეობრივი თვალსაზრისი არსებულ იურიდიულ ხედვასთან წინააღმდეგობაში მოდის. როდესაც ზნეობრივად უეჭველია, რომ კანონმდებელი თუნდაც ერთ ცალკეულ შემთხვევას რომ იცნობდეს, როცა ვითარება კანონის ამოქმედებას აფერხებს, ის ამ კანონის შესრულების ვალდებულებისაგან გაათავისუფლებდა, და, ამავე დროს, გათავისუფლების (dispensa) მოთხოვნა შეუძლებელია, ასეთ დროს ამოქმედდება ეპიკეიას პრინციპი.

ეპიკლეზა (Epiclesi) [ბერძ. epíklesis (ნაწარმოებია სიტყვებიდან epí+kalein) „ვედრება“, „ლოცვა“] ევქარისტიული ლოცვის ის ნაწილი, რომლითაც სული წმიდას სამსხვერპლო შესაწირავზე მოუხმობენ, რათა ის ქრისტეს სხეულად და სისხლად იქცეს, ევქარისტიული ნადიმის ყველა მონაწილის სასარგებლოდ. ეპიკლეზა როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ ანაფორათა შემადგენელი ნაწილია.

ეპისკოპალიზმი (Episcopalismo) [ბერძ. სიტყვიდან episcopos „ხელმძღვანელი“, „ეპისკოპოსი“] აღნიშნავს ეკლესიის სტრუქტურაში ეპისკოპოსობისათვის უმთავრესი მნიშვნელობის მინიჭებისა და, შესაბამისად, პაპის როლის შემცირების ტენდენციას, რომელიც ცალკეულ რელიგიურ მოძრაობებში, განსაკუთრებით - პროტესტანტობაშია გავრცელებული. პაპის პრიმატთან და ეპისკოპოსთა ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემატიკა საუკუნეთა განმავლობაში აქტიური განხილვის საგანი იყო, აგრეთვე, კათოლიკე ეკლესიაშიც. ეს პრობლემა განსაკუთრებით გამოიკვეთა გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც პაპის ინსტიტუციას რთული ხანა დაუდგა (ავინიონის კარის ჭირ-ვარამი, ანტიპაპთა არჩევა, კონცილიარიზმი და სხვა). საკითხი კვლავ აქტუალური გახდა გალიკანელობის, ფებრონიანელობის, იოსებელობის გავრცელების ხანებში. პაპის უცდომლობის დოგმის მიღებასთან ერთად (ვატიკანის I კრება, 1870) ეს პრობლემატიკა ცოტა შესუსტდა, თუმცა კვლავ გამოვიდა წინა პლანზე ვატიკანის II კრების დროს, რომელმაც, ეპისკოპოსთა შესახებ დეკრეტით Christus Dominus ეპისკოპოსთა სამწყსო საქმიანობისა და პაპთან მათი ურთიერთობის თემა გააღრმავა.

ეპისკოპალური ეკლესია (Episcopale, Chiesa) ტერმინი აღნიშნავს ყოველ ეკლესიას, რომელშიც მიღებულია საეპისკოპოსო (ნ. ეპისკოპალიზმი) სტრუქტურა და, განსაკუთრებულად, ანგლიკანურ ეკლესიებს შოტლანდიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაში. ნ. ანგლიკანიზმი.

ეპისკოპოსთა კონფერენცია (Conferenza episcopale) მუდმივი ორგანო, კრება ეპისკოპოსებისა, რომლებიც წარმოადგენენ ერთ ერს ან რამე განსაზღვრულ ტერიტორიას, სადაც ერთად ახორციელებენ სამწყსო საქმიანობას, რისი მიზანიც იმ უდიდესი სიკეთის ხელშეწყობაა, რომელსაც ეკლესია სთავაზობს ადამიანებს. ეს უმთავრესად ადგილისა და დროის გარემოებათა შესაბამისად განხორციელებული მოციქულობის ფორმათა და საშუალებათა მეშვეობით ხდება (CIC, კან. 447-459). ეპისკოპოსთა შეკრებების გამომწვევი მიზეზი გახდა როგორც წმიდა საყდრის, ისე ადგილობრივი სამოქალაქო ხელისუფლების მიერ ცალკეულ კრებათა მოწვევაზე დაწესებული შეზღუდვები. საფრანგეთში ეპისკოპოსთა რეგულარული შეკრებები იმართებოდა 1561 წლიდან 1788 წლამდე, ხოლო ევროპასა (ბელგია, გერმანია, ავსტრია, იტალია) და ამერიკის შეერთებულ შტატებში ამგვარი ტრადიცია XIX საუკუნიდან დამკვიდრდა. რომის პონტიფექსებმა ძალისხმევა არ დაიშურეს რელიგიური ნაციონალიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად (რისი მიზეზიც გერმანიასა და ავსტრიაში სამოქალაქო ხელისუფლების ჩარევა გახდა), აგრეთვე იმისათვის, რომ ეპისკოპოსთა კონფერენციების საქმიანობა წინააღმდეგობაში არ მოსულიყო წმიდა საყდრის ავტორიტეტთან, ან მეტისმეტად არ შეეზღუდა სადიოცეზო ეპისკოპოსთა უფლებები და ამ უკანასკნელთა მოქმედების მხარდაჭერის მიზნით (იტალიაში). ვატიკანის II კრებამ ხელი შეუწყო საეპისკოპოსო კონფერენციათა შექმნას მთელ ეკლესიაში, აგრეთვე, საეპისკოპოსო კოლეგიალურობის ამოქმედების ფორმის სახით (CD, 37-38).

ეპისკოპოსთა კონფერენცია იტალიისა ნ. იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენცია.

ეპისკოპოსი (Vescovo) [ბერძ. epíscopos (ზმნიდან epi-scopein „ზემოდან ცქერა“, „მეთვალყურეობა“)] მოციქულთა მემკვიდრე, რომელსაც მიენიჭა ხელდასხმის საიდუმლოს სისრულე. საეპისკოპოსო ხელდასხმის ძალით ეპისკოპოსი იღებს წმიდაყოფის, სწავლებისა და ღმრთის ხალხის (დიოცეზი) გაძღოლის მისიას. ამჟამად ეპისკოპოსთა დანიშვნის სამი გზა არსებობს: ა) არჩევა, დანიშვნა, წარდგენა საერო ხელისუფალთა მიერ: არსებული უფლებები და პრივილეგიები ძალაში რჩება თანამდებდებაზე უარის თქმამდე და მომავალში აღარ მიენიჭება (CIC, კან. 377, ნაწ. 5; CD 20ბ); ბ) ლეგიტიმური, - ანუ უნივერსალური სამართლისა და საარჩევნო კოლეგიის წესდებათა შესატყვისი, - არჩევა. ის უნდა დაადასტუროს რომის პაპმა, ვინც ანიჭებს კანონიკურ მისიას (CIC, 377, ნაწ. 1; 119, ნაწ. 1; 164-179; 164-147). ლათინურ ეკლესიაში ერთადერთი საეპისკოპოსო საარჩევნო კოლეგია საკათედრო კაპიტულუმია; არსებობს გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში; გ) თავისუფალი დანიშვნა რომის პაპის მიერ (CIC, კან. 377, ნაწ. 1): ესაა ლათინურ ეკლესიაში ეპისკოპოსთა დანიშვნის ძირითადი წესი. ამ შემთხვევაში ცალკეული ეკლესიები სხვადასხვაგვარად მონაწილეობენ ეპისკოპოსთა დანიშვნაში (მაგალითად, სავარაუდო კანდიდატებს ასახელებენ). ეპისკოპოსობის კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს სარწმუნოებით, კეთილი ზნეობით, გულმოწყალებით, მონდომებით, სიბრძნით, წინდახედულობით, ადამიანური სათნოებით და სხვა თვისებებით, რომლებიც მას თანამდებობის ღირსად აქცევენ. კანდიდატს უნდა ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, იყოს სულ ცოტა ოცდათხუთმეტი წლისა და მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში უნდა ეწეოდეს მღვდლობას (CIC, კან. 378). ეპისკოპოსები დაიყოფიან: ა) სადიოცეზო ეპისკოპოსებად, რომელთაც მინდობილი აქვს დიოცეზზე სამწყსო მზრუნველობა (CIC, კან. 376); თავის მხრივ, სადიოცეზო ეპისკოპოსთა შორის განასხვავებენ სუფრაგანს (თუ ისინი მიტროპოლიტს ექვემდებარებიან და საეკლესიო პროვინციის შემადგენლობაში შედიან) და თავისუფალს (თუ არ მიეკუთვნებიან საეკლესიო პროვინციას და უშუალოდ წმიდა საყდარს ექვემდებარებიან) (CIC, კან. 431, ნაწ. 2); ბ) ტიტულარულ ეპისკოპოსებად (CIC, კან. 376), რომლებიც შეიძლება იყვნენ: კოადიუტორი (ეხმარებიან სადიოცეზო ეპისკოპოსს და სარგებლობენ მემკვიდრეობის უფლებით) და დამხმარე (ეხმარებიან სადიოცეზო ეპისკოპოსს და შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ განსაკუთრებული უფლებამოსილებანი) (CIC, კან. 402-411); გ) ემერიტუს ეპისკოპოსებად, რომლებიც აღარ ასრულებენ მოვალეობებს ასაკობრივი ზღვრის მიღწევის ან საკუთარი სურვილის გამო და ეს სურვილი დაკმაყოფილდა შესაბამისი საეკლესიო ავტორიტეტის მიერ (CIC, კან. 185).

ეპისკოპოსი, დამხმარე ნ. დამხმარე ეპისკოპოსი.

ეპისკოპოსობა (Episcopato) [ლათ. სიტყვიდან episcopatus, ნაწარმოებია ბერძნულიდან epíscopos, „ხელმძღვანელი“, „ეპისკოპოსი“] აღნიშნავს ეპისკოპოსის ღირსებას, საქმიანობასა და მსახურებას, აგრეთვე ერთი კონტინენტის (მაგ., აფრიკის), ერთი ერის (მაგ., იტალიის) ან ერთი რეგიონის (მაგ. პულიის) ეპისკოპოსთა ერთობლიობას.

ეპისტოლარიუმი (Epistolario) [ლათ. epistularium (epistula „წერილი“)] ლიტურგიული წიგნი, რომელიც შეიცავდა წირვის დროს წასაკითხ სამოციქულო ეპისტოლეთა ტექსტებს.

ეპისტოლე (Epistola) [ლათ. epistula, ნაწარმოებია ბერძნულიდან epistolé, „გაგზავნილი რამ“] ძველად ეწოდებოდა სხვადასხვა შინაარსის წერილს, რომელიც გამოსაქვეყნებლად იყო განკუთვნილი და ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღებით ამზადებდნენ. ამ მიზეზით ეპისტოლეები ეწოდა ახალ აღთქმაში შემავალ კათოლიკე და პავლეს წერილებს. ვატიკანის II კრებამდელ წირვაში ეპისტოლედ იწოდებოდა სახარების წინ შესრულებული საკითხავი, რადგანაც ამ დროს ხშირად ახალი აღთქმის ეპისტოლეთა ნაწყვეტებს კითხულობდნენ.

ერესი (Eresia) [ბერძ. háiresis „არჩევანი“, „მიდრეკილება“] რწმენის ერთ ან რამდენიმე ჭეშმარიტებაზე უარის თქმა ან მათში ჯიუტად დაეჭვება (CIC, კან. 751). დოგმატური თეოლოგია ერესს ეკლესიის ავტორიტეტის მიერ დამკვიდრებული გამოცხადებული ჭეშმარიტებისადმი დაპირისპირებად მიიჩნევს. თავდაპირველად ტერმინი აღნიშნავდა უპირატესობას („არჩევანი“), რომელიც ამა თუ იმ რელიგიურ თუ პოლიტიკურ დოქტრინას ენიჭებოდა. ახალ აღთქმაში სიტყვა ცხრაჯერ გვხვდება, გასაკიცხი სექტის ან მოძღვრების მნიშვნელობით. სამოციქულო მამებმა, აპოლოგეტებმა და, უმთავრესად, ტერტულიანემ უფრო დააზუსტეს ტერმინის მნიშვნელობა და განმარტეს ერესი როგორც რწმენის ჭეშმარიტებებთან დაკავშირებით საკუთარი, - ეკლესიის სწავლებასთან დაპირისპირებული, - ინტერპრეტაციის დამკვიდრება. წმიდა იერონიმემ ერესსა და სქიზმას შორის განსხვავება განმარტა: ერესი ნამდვილ სამოძღვრო უთანხმოებად განისაზღვრა, სქიზმა კი - იერარქიისადმი დაუმორჩილებლობის მიზეზით გამოყოფად და ერთიანობის რღვევად.

ერესიარქი (Eresiarca) [ბერძ. hairesiárches, სიტყვიდან árchein, „ბრძანება, ხელმძღვანელობა“, + háiresis-ის „(ერეტიკული) არჩევანი“ ნაწარმოები ფორმა] ერეტიკული მოძრაობის ფუძემდებელი ან ხელმძღვანელი.

ერეტიკოსი (Eretico) [ბერძ. haireticós, შემდეგ ლათინურში დამკვიდრდა ფორმა haereticus] მონათლული ადამიანი, რომელიც, მიუხედავად ქრისტიანის სახელის შენარჩუნებისა, უარყოფს ან ჯიუტად ეჭვქვეშ აყენებს ღმრთაებრივი და კათოლიკური სარწმუნოების რომელიმე ჭეშმარიტებას.

ერთიანობა (Unità) ეკლესიის ოთხ თვისებათაგან ერთ-ერთი: „მწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“ (მრწამსი). ეკლესია ერთია (ერთიანია), რადგანაც ჰყავს მხოლოდ ერთი უფალი, აღიარებს ერთადერთ რწმენას, იშვა ერთი ნათლისღებიდან, ქმნის ერთ სხეულს, ცხოველყოფილს ერთი სულის მიერ ერთადერთი იმედით, რომლის მიღწევის შემდეგაც ყველა დაყოფა გადაილახება. ეკლესიის ერთიანობა, რომელიც განსხვავებულობას არ გამორიცხავს, ყველაზე ღრმად გულმოწყალებაშია ფესვგადგმული და უზრუნველყოფილია თანაზიარების ხილული კავშირებითაც, როგორებიცაა: მოციქულთაგან მიღებული ერთადერთი სარწმუნოების აღსარება, საღმრთო კულტის ერთობლივი აღსრულება, ხელდასხმის საიდუმლოს მეშვეობით განხორციელებული სამოციქულო მემკვიდრეობითობა. ერთიანობა, რომელიც ქრისტემ თავის ეკლესიას უბოძა, ისტორიის მანძილზე მრავალი უთანხმოებისა და განხეთქილების გამო დაირღვა, ამიტომაც ეკლესია მოხმობილია, იღვაწოს იმ ერთიანობის ხელახლა მოპოვებისა და სრულყოფისათვის, რომელიც ქრისტეს სურს მისთვის (შდრ. CCC, 813-822). ნ. ეკუმენიზმი.

ერთობლივი ცხოვრების დები (Sorelle della vita comune) ნ. ერთობლივი ცხოვრების ძმები.

ერთობლივი ცხოვრების ძმები (Fratelli della vita comune) ასე ეწოდება ძმობის წევრებს (ლათ. Fratres vitae communis), რომელიც XIV-XV საუკუნეებში ჰოლანდიაში დევენტერელმა გეერტ გროოტმა (†1384) ჩამოაყალიბა და რომელიც ეგრეთ წოდებულ ახალ ღმრთისმოსაობას უკავშირდება. დევენტერი ძმობის წევრ საერო პირთა სულიერ ცენტრად იქცა, აქ შეესხა ხორცი extra religionem ცხოვრების წესის გეერტ გროოტისეულ ხედვას. საუბარია ერთობლივი ცხოვრების წესზე ცალ-ცალკე „ძმათა“ და „დათა“ სახლებში, რომელიც არ ითვალისწინებს განდეგილობას (ნ. კლაუზურა). ასეთი სახლები აღმოცენდა ჰოლანდიის უდიდეს ქალაქებში და გერმანიის მრავალ ქალაქში, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა სასკოლო სისტემის განვითარებასა და ქრისტიანული ჰუმანიტარული სკოლის შექმნაში. საეროებთან ერთად იქ საქმიანობდნენ სასულიერო პირებიც, რომლებიც ავგუსტინელ კანონიკოსთა წესდების ფარგლებში რეფორმირებული კონგრეგაციის სახით ჩამოყალიბდნენ. როგორც საერო, ისე სასულიერო ძმებს მისტიკური ღმრთისმოსაობა ახასიათებდათ.

ესაია ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

ესეველნი (Esseni) [ეტიმოლოგია უცნობია; შესაძლოა, მომდინარეობს არამეული სიტყვიდან hasajja, „ღმრთისმოსავნი“ ან „მდუმარენი“, საიდანაც წარმოიქმნა ორი ბერძნული ფორმა essenói და essâioi] იუდაური სექტა, რომელიც, შესაძლოა, მაკაბელთა დროს ასიდეველთა განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა. ცნობილია არაბიბლიური წყაროების მეშვეობით (პლინიუს უფროსი, ფილონი და იოსებ ფლავიუსი). ესეველნი იყვნენ თორას მკაცრი მიმდევრები, - უმთავრესად დაუქორწინებლად ცხოვრობდნენ ჩაკეტილ საკრებულოებში, ეწეოდნენ ცხოვრების ღატაკ წესს. დაქორწინებულნი ამ საკრებულოთა მიღმა სახლობდნენ, თუმცა საზოგადოებასთან შეთანხმება აკავშირებდათ. შესაძლოა, ესეველნი იერუსალემის კულტის გაუბრალოების წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობას წარმოადგენდნენ და ეზეკიელის მიერ დასახულ რეფორმათა (40-48) მომხრენი იყვნენ. ამ მიზეზით ისინი იუდეის უდაბნო ყუმრანში გაიხიზნენ. შესაძლოა, მათთან ურთიერთობა ჰქონდა იოანე ნათლისმცემელს (შდრ. ლუკ. 1:80).

ესთერის წიგნი (Esther, libro di) დაახლოებით ქრისტემდე 150 წელს დაიწერა, შედის ძველი აღთქმის ისტორიულ წიგნთა შორის. მასში მოთხრობილია გმირი ქალის ესთერის ცხოვრების თავგადასავალი, რომელიც მეფე ახაშვეროშის მეუღლე გახდა და ტახტზე ასვლის შემდეგ საკუთარი თავი და თავისი ხალხი იხსნა შეთქმულებისგან, რომელიც კარის უხუცესმა და ესთერის გამზრდელის, მორდექაის მტერმა, ჰამანმა ჩაიფიქრა. დასასრულ, წიგნში პურიმის დღესასწაულის დაარსების ამბავია მოთხრობილი. წიგნი მიზნად ისახავს, საგანგებოდ აღნიშნოს ძლევამოსილ მტერზე ებრაული საზოგადოების გამარჯვება და გადარჩენა, რისი მიღწევაც ისრაელმა ხალხმა მარხვის, ლოცვისა და, ამავე დროს, ღმრთის მიერ შთაგონებულ ადამიანთა გამჭრიახობისა და მოხერხებულობის წყალობით შეძლო.

ესქატოლოგია (Escatologia) [ბერძ. éschaton „უკანასკნელი“ + logos „მეცნიერება“] უკანასკნელი (Éschaton) არის საბოლოო რეალობა, რაც უახლესია (ნოვისსიმუს) ადამიანისა და სამყაროს ცხოვრებაში. ესაა თეოლოგიური მოძღვრება, რომელიც შეისწავლის „საბოლოო საკითხებს“ (ანუ, ადამიანისა და სამყაროს საბოლოო ბედის საკითხებს) არა ქრონოლოგიური თანმიმდევრობის თვალსაზრისით, არამედ როგორც ქრისტეს მოვლენის მიერ განპირობებულებს, რა მიზეზითაც ისინი ხსნის ისტორიის პერსპექტივაში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ადამიანთა ისტორიას ბიბლია წარმოადგენს, როგორც ხსნის ისტორიას, ანუ, როგორც ღმერთსა და ადამიანებს შორის დადებული კავშირის, შეთანხმების შესრულებას. ეს ისტორია აკავშირებს სამყაროს დასაბამს (ალფა), ანუ შესაქმეს, საგანთა დასასრულთან (ომეგა). ქრისტე ისტორიის გადამწყვეტი მოვლენაა. მისი მკვდრეთით აღდგომა უმაღლესი ესქატოლოგიური მოვლენაა, რადგანაც მან შესაძლებელი გახადა ყოველივეს აღსრულება და დასაბამი მისცა ყოველივე ამას. ჟამთა აღსასრულს ქრისტე დიდებით დაბრუნდება (გამოცხ. 21:23), სატანასა და ყოველივე ბოროტზე საბოლოოდ გამარჯვებული.

ესქატოლოგიზმი (Escatologismo) მომდინარეობს ესქატოლოგიიდან. აღნიშნავს თეოლოგიურ ტენდენციას, რომლის თანახმადაც ისტორიულ-სოციალური პროცესი უმნიშვნელოდაა მიჩნეული ქრისტეს სასუფევლის დადგომასთან შეფარდებით. ახლანდელსა და მომავალ სამყაროებს შორის განგრძობითობის არავითარი კავშირი არ არსებობს (უკიდურესი ესქატოლოგიზმი). ინკარნაციონიზმის საპირისპირო მოძღვრება.

ეტემასია (Etimasia) [ბერძ. etoimasía (tou thrónou) „(ტახტის) მომზადება“] აღმოსავლური წარმოშობის იკონოგრაფიული გამოსახულება ტახტისა მის თავზე მოთავსებული ჯვრით ან ქრისტეს მონოგრამით. აღნიშნავს ღმრთის უხილავ თანასწრებას და საშინელი სამსჯავროს ტახტზე მიანიშნებს. მაგალითად, ამგვარი გამოსახულება მოთავსებულია წმიდა მარიამის უდიდესი ბაზილიკის (სანტა მარია მაჯორე) ტრიუმფულ თაღში. დასავლურ იკონოგრაფიაში ეს მოტივი მხოლოდ მცირე ხნით დამკვიდრდა, აღმოსავლეთში კი ფართოდ გავრცელდა.

ეუდისტები (Eudisti) წევრები იესოსა და მარიამის კონგრეგაციისა, რომელიც ჟან ეუდესმა (†1680) დააარსა. მათი მთავარი საქმიანობა სემინარიელთა და ახალგაზრდათა სულიერ და კულტურულ განათლებაზე ზრუნვაა. აღსანიშნავია, აგრეთვე, მათი მისიონერული საქმიანობაც.

ეფათა (Effata') [არამ. „გაიხსენ“] ყურთა გახსნის (aperitio aurium) უძველესი რიტუალი, აღებული მარკოზის სახარებიდან (7:34). სრულდებოდა ადამიანის ნათლობისას იმის აღსანიშნავად, რომ ამიერიდან მონათლულს ჰქონდა ღმრთის სიტყვის მოსმენისა და საკუთარი სარწმუნოების აღსარების უნარი.

ეფაპახი (Ephápax) [ბერძ. „მხოლოდ ერთხელ“, „ერთხელ და სამუდამოდ“] ბიბლიურ მეცნიერებებში აღნიშნავს ტერმინს, რომელიც მხოლოდ ერთხელაა ნახსენები საღმრთო წერილში. თეოლოგიაში ამ სიტყვით აღინიშნება ქრისტეს რეალობისა და მასთან დაკავშირებულ მოვლენათა განუმეორებელი და ერთადერთი ხასიათი, ხსნის ჩანაფიქრთან მიმართებაში.

ექსარქოსი (Esarca) [ბერძ. éxarchos „მეთაური“] თავდაპირველად ტერმინი სამხედრო ექსპედიციის მეთაურს აღნიშნავდა, მოგვიანებით ასე ეწოდებოდა ბიზანტიის იმპერიის მეფის ნაცვალს. საეკლესიო წრეებში ექსარქოსები ეწოდებოდათ სამიტროპოლიტო საყდართა ხელმძღვანელებსა და ხუთი დიდი საეკლესიო ოლქის მეთაურებს, რომლებადაც იყო დაყოფილი აღმოსავლეთის ეკლესია. შუა საუკუნეებში ეგზარხოსი მხოლოდ საპატიო ტიტულის მნიშვნელობით იხმარებოდა, პატრიარქები ამ წოდებას ზოგიერთი სამიტროპოლიტოს ხელმძღვანელებს ანიჭებდნენ. დღეს სიტყვა აღმოსავლური ეკლესიის პატრიარქის ან ეპისკოპოსის დელეგატის მნიშვნელობით იხმარება.

ექსეკვატური (Exsequatur) [ლათ. ზმნის exsequi-ს აწმყო დროის კავშირებითი კილოს მესამე პირის მხოლობითი რიცხვი. სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „აღსრულდეს“, „შესრულდეს“] იურიდიული ტერმინი, რომელიც სახელმწიფოს მიერ პონტიფექსის აქტებისადმი მინიჭებულ აღმასრულებელ ხასიათს აღნიშნავდა. ის XV საუკუნეში შემოიღეს უმთავრესად ბენეფიციუმთა და განკვეთის აქტთა საერო ხელისუფალთა თანხმობისათვის დაქვემდებარების მიზნით. იტალიაში 1929 წლის კონკორდატით ეგზეკვატური გაუქმდა, ისევე, როგორც ანალოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი სხვა ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან.

ექსემფცია (Esenzione) [ლათ. სიტყვიდან exemptio (ex+emere) „მოცილება“, „გათავისუფლება რამესაგან“] კანონიკური ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც „უმაღლეს პონტიფექსს, ინსტიტუტებისა და სამოციქულო მსახურების სასიკეთოდ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, მსოფლიო ეკლესიაში თავისი პრიმატის პოზიციიდან შეუძლია გაათავისუფლოს ღმრთივშეწირული ცხოვრების ისტიტუტი ადგილობრივ ეპისკოპოსთა ხელმძღვანელობისაგან და დაუქვემდებაროს ისინი უშუალოდ მხოლოდ საკუთარ ავტორიტეტს, ან რამე სხვა საეკლესიო ავტორიტეტს, საზოგადო სარგებლის მიღწევის მიზნით“ (CIC, კან. 591).

ექს კათედრა ნ. Ex cathedra.

ექსკარდინაცია (Escardinazione) [ლათ. ex+cardinatio „კარდოს გარეთ“] აღნიშნავს სასულიერო პირის ცალკეული ეკლესიისადმი ან ღმრთივშეწირული ცხოვრების ინსტიტუციისადმი კუთვნილების შეწყვეტას მისი სხვა ცალკეულ ეკლესიასა თუ ღმრთივშეწირული ცხოვრების სხვა ინსტიტუციაში ინკარდინაციის მიზნით (CIC, კან. 267). ნ. ინკარდინაცია.

ექსკლაუსტრაცია (Esclaustrazione) [ლათ. exclaustratio სიტყვასიტყვით „შიდა ეზოს გარეთ“ (ex claustrum)] კანონიკური აქტი (ექსკლაუსტრაციის პრივილეგია), რომლითაც აღთქმადადებულ პირს, სერიოზულ მიზეზთა შემთხვევაში, საკრებულოს გარეთ ცხოვრების ნება ეძლევა, არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში. ექსკლაუსტრაცია შეიძლება მოითხოვოს თავად მოწესემ ან დაწესდეს ზემდგომთა მიერ (CIC, კან. 686).

ექსორციზმი (Esorcismo) [ბერძ. exorkismós (ზმნიდან exorkízein) „თავიდან აცილება“, „გამოლოცვა“] წესი, რომლითაც ღმრთის სახელს მოუხმობენ ადამიანის, ცხოველის ან რამე ადგილის დემონისაგან დასაცავად. იესომ შეასრულა ექსორციზმის წესი (8:39, შმდ.; 12:22; 17:18) და იგივე დავალება მისცა თავის მოციქულებს (მარკ. 16:7). საკითხის დელიკატური ხასიათისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობის საფრთხის გამო, ნათლისღების წესის ექსორციზმის გარდა, არავის აქვს უფლება კანონიერად აღასრულოს ექსორციზმი აკვიატებით შეპყრობილთან მიმართებაში ეპისკოპოსის ცხადი ნებართვის გარეშე. ასეთ ნებართვას ეპისკოპოსი აძლევს მხოლოდ „ლმობიერებით, ცოდნითა და კეთილგონიერებით შემკულ მღვდელმსახურს, ვინც უმწიკვლო ცხოვრებისეული გამოცდილებით ხასიათდება“ (CIC, კან. 1172).

ექსორცისტი (Esorcista) [ბერძ. exorkistés „ვინც გამოლოცვას ასრულებს“] მღვდელმსახური, რომელსაც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ექსორციზმის შესრულების ნება დართო (CIC, კან. 1172, ნაწ. 2).

ექსტაზი (Estasi) [ბერძ. ékstasis (ნაწარმოებია ზმნიდან existánai „საკუთარი თავიდან გასვლა“)] ქრისტიანულ სულიერებაში აღნიშნავს ფსიქიკურ მდგომარეობას, რომელშიც მორწმუნე ისეთი მგზნებარებითა და გახელებით მიისწრაფვის ღმრთისაკენ, რომ წამიერად კარგავს გონებას, ზოგჯერ კი გარე სამყაროს და საკუთარი თავის აღქმის ყოველგვარ უნარს. „მისტიკური“ ექსტაზი ახასიათებს ადამიანსა და ღმერთს შორის ძალიან ინტენსიურ ურთიერთობას: „მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში“ (გალ. 2:20).

ეშმაკი (Diavolo) [ბერძ. diábolos „ვინც მზაკვრულად აფერხებს“, თარგმანია ებრაული სახელისა satan „მოწინააღმდეგე“, „სატანა“] ეშმაკი არის უხილავი პიროვნული ძალა, რომელიც ღმრთის ჩანაფიქრის საწინააღმდეგოდ და ადამიანის საზიანოდ მართავს ბოროტების ძალებს. ახალ აღთქმაში ეს ტერმინი 39-ჯერაა ნახსენები, ყველგან აღნიშნავს დაცემულ ანგელოსთა მეთაურს, რომელიც ბოროტებას ჩადის. ეკლესიის მამებიც ამგვარად განმარტავენ ეშმაკის რაობას. ლატერანის IV კრებამ (1215) საზეიმოდ გამოაცხადა, რომ „ეშმაკი და სხვა დემონები ღმერთმა ბუნებით კეთილებად შექმნა, ბოროტებად კი ისინი თავად იქცნენ“. ეკლესიის ბოლოდროინდელი სწავლება (პავლე VI და იოანე პავლე II) გარკვევით და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არსებობს ეშმაკი, რომელიც, კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს თანახმად (2851), არის „პირი, რომელსაც სურს დააბრკოლოს“ ღმრთის ჩანაფიქრი და ქრისტეში განხორციელებული მისი „მხსნელი ქმედება“.

ეშმაკით შეპყრობილი (Indemoniato) [in+demonio დემონი] ცნება უმთავრესად გვხვდება ახალ აღთქმაში, რომლის თანახმადაც სატანას ქმედება კარგადაა გათვლილი და მიზნად ისახავს ქრისტეს მხსნელი ქმედებისთვის ხელის შეშლას. იესო კი სწორედ დემონთან დაპირისპირების მიზნით მოვიდა ქვეყნად (1 იოან. 3:8) და მოციქულებს მისი განდევნის ძალა მიანიჭა (ლუკ. 10:17-19). სახარებაში ეშმაკით შეპყრობილთა მრავალი მაგალითია აღწერილი, განსაკუთრებით მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში; ეშმაკით შეპყრობილნი ერთ ან რამდენიმე “ბოროტ სულს” ჰყავს დაქვემდებარებული (მათ. 12:45), რომლებიც ტანჯავენ მათ (მარკ. 5:2-6) და მათი პირით მეტყველებენ (მარკ. 1:34). იესომ არაერთხელ განკურნა ადამიანები ამ სენისგან: კაპერნაუმის სინაგოგაში (მარკ. 1:23-38), გერასენელთა მხარეში (მარკ. 5:1-20), განკურნა ბნედიანი (მარკ. 9:18-29), ქანაანელი ქალის ქალიშვილი (მათ. 15:21-28).

ეშმაკის ადვოკატი ნ. სარწმუნოების ხელშემწყობი.

ეშმაკისეული შეპყრობილობა (Possessione diabolica) [ლათ. possessio, ნაწარმოებია სიტყვიდან possidere, „ფლობა“] აღნიშნავს ეშმაკისეული შეპყრობილობის ფენომენებს, რომლებიც თითქოს ანადგურებს სუბიექტის დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას, თუმცა ეშმაკისეული შეპყრობილობის შემთხვევაში ეს უნარები უბრალოდ დაქვეითებულია. ქრისტეს მაგალითის კვალობაზე, ეშმაკისეული შეპყრობილობის წინააღმდეგ ეკლესია ეგზორციზმს მიმართავს (CIC, კან. 1172, შდრ. CCC, 1673).

7

▲back to top


ვალდებულების დამცველი (Difensore del vincolo) თანამდებობა, რომელსაც ხელდასხმის ბათილობის, ქორწინების ბათილობის ან განქორწინების შემთხვევებში ითვალისწინებს კანონიკური სამართლის კოდექსი. ვალდებულების დამცველის მოვალეობაა „გამოთქვას ყველა მოსაზრება, რომელიც გონივრულად შეიძლება იქნას მოყვანილი ბათილობის ან განქორწინების წინააღმდეგ“ (CIC, კან. 1432). ვალდებულების დამცველს ირჩევს ეპისკოპოსი, იგი შეიძლება იყოს სასულიერო ან საერო პირი. მთავარია, მას ჰქონდეს სანდო ადამიანის რეპუტაცია, იყოს კანონიკური სამართლის დიპლომირებული სპეციალისტი, ფლობდეს სარწმუნო კეთილგონიერებასა და მას არ ღალატობდეს სამართლიანობის გრძნობა.

ვალდელნი (Valdesi) XII-XIII საუკუნეებში, ლიონელ ვაჭარ პიეტრო ვალდოს (†დაახლ. 1205/6) ინიციატივით აღმოცენებული რელიგიური განახლების მოძრაობის მიმდევრები. ვალდო მთაზე წარმოთქმული ქადაგების (მათ. 5-7) სახარებისეულ რჩევათა მეშვეობით მოექცა, თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა და რამდენიმე მეგობართან ერთად მოხეტიალე მქადაგებლად იქცა: ხალხურ ენაზე სამოციქულო ქადაგებას (მათ. 10) ეწეოდა. ლიონელ ღატაკებად წოდებულმა ვალდოსპირველმა მიმდევრებმა, ვინც პაპმა 1179 წელს სცნო, შემდგომში დაარღვიეს საეკლესიო ხელისუფალთა ნებართვის გარეშე საეროთათვის დაწესებული ქადაგების აკრძალვა. შედეგად, 1184 წლის პავიის კრებაზე ლუციუს III-მ ისინი კათარებთან ერთად დაგმო როგორც ერეტიკოსები. ამ დაგმობის მიუხედავად, ცალკეულმა ვალდელებმა, როგორც, მაგალითად, დურანდომ ოსკადან (†1210 წლის შემდეგ) საკუთარი მართლმორწმუნეობის დაცვა სცადეს (Liber antihaeresis). ეს ჯგუფი შემდგომში ეკლესიას დაემორჩილა (1208) და ღატაკი კათოლიკეების სახელი მიიღო, მოძრაობის დანარჩენმა ნაწილმა კი ვალდოს გარდაცვალების შემდეგ გაამკვეთრა ეკლესიის კრიტიკა (ფიცის დადებასა და სამხედრო სამსახურზე უარის თქმა) და ნამდვილი საეროთა ეკლესიის თვისებები შეიძინა, საკუთარი კულტით, საიდუმლოებითა და მქადაგებლებით, რომელთა შორის ქალებიც იყვნენ. ინოკენტი III-ის მიერ მათი დაგმობა (1215 წლის ლატერანის IV კრება) და ერესის შესახებ კანონმდებლობის მათ წინააღმდეგ ამოქმედება ვალდელთა იატაკქვეშეთში გადასვლის მიზეზი გახდა, თუმცა ამავე ფაქტორებმა ხელი შეუწყო მოძრაობის გავრცელებას სამხრეთ საფანგეთისა და ჩრდილოეთ იტალიის საზღვრებს გარეთაც. ალპების გასწვრივ ვალდელთა გავლენა თანამედროვე ეპოქაში სავოიასა და პიემონტშიც შეიმჩნეოდა, თუმცა მათი სამოქალაქო უფლებების თანასწორობა მხოლოდ 1848 წელს, მეფე კარლო ალბერტოს მიერ იქნა აღიარებული. ამით მეფემ ბოლო მოუღო პიემონტელ ვალდელთა უკანონო მდგომარეობას, რომელსაც მათ ნაწილობრივ დააღწიეს თავი გერმანიასა და ამერიკაში გამგზავრებით. 1857 წელს გააქტიურდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში ემიგრაციის პროცესი, რასაც ეკონომიკური მიზეზებიც ჰქონდა. ამჟამად ვალდელთა ეკლესია რიო დე ლა პლატაშიც არსებობს. რეფორმირებულ-პრესბიტერული წყობის მქონე ვალდელებს იტალიის მრავალ რეგიონში აქვთ საკუთარი ცენტრები. ისინი უძღვებიან არაერთ სოციალურ პროექტსა და კულტურულ ცენტრს, ასევე, თეოლოგიის ფაკულტეტსაც. ვალდელთა აღმასრულებელმა კომიტეტმა, სახელწოდებით ვალდელთა მაგიდა, იტალიის სახელმწიფოსთან 1984 წლის 25 თებერვალს შეთანხმება გააფორმა.

ვალენტინელნი (Valentiniani) ერეტიკოსი მღვდლის, ვალენტინის (†160 წლის შემდეგ), გნოსტიკური მოძღვრების მიმდევარნი. ვალენტინი პაპების ჰიგინიუსის, პიუსისა და ანიკეტუსის დროს მოღვაწეობდა რომში. სავარაუდოდ, მას უნდა ეკუთვნოდეს 1945 წელს, ხენობოსკიონში (ნაგ ჰამადი; შუა ეგვიპტე) ნაპოვნი „ჭეშმარიტების სახარება“. დასავლეთში ვალენტინის გავლენა მისმა მოწაფეებმა გაავრცელეს - პტოლემემ (დაახლ. 180, რომლის „წერილი ფლორასადმი“ გნოსტიკური ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია) და ჰერაკლიონმა (იოანეს სახარების პირველი კომენტარის ავტორი; ამ ნაწერის ნაწილობრივი აღდგენა შესაძლებელია ორიგენესეული მისი უარყოფის მიხედვით). II საუკუნის განათლებულ ქრისტიანებზე ვალენტინის ნააზრევის დიდმა გავლენამ აიძულა კათოლიკეები, მრავალგზის უარეყოთ ის. ამგვარ ნაწერთაგან არანაკლებ ხუთია შემორჩენილი. ვალენტინის სისტემა მათში სხვადასხვა თვალსაზრისითაა განხილული, რაც რთულს ხდის მოძღვრების თავდაპირველი ფორმის აღდგენას.

ვალომბროზელნი (Vallombrosani/e) საკუთარი წესდების მქონე ბენედიქტელთა კონგრეგაცია, რომელიც დაახლოებით 1039 წელს ფლორენციელმა მოწესემ, იოანე გვალბერტომ (†1073, კანონიზებულია 1193) ფლორენციის მახლობლად, ვალომბროზაში დააარსა. სიმონიისა და მღვდელმსახურთა ქორწინების წინააღმდეგ გაშლილი კამპანიის ატმოსფეროში აღმოცენებული ამ კონგრეგაციის წევრები ერთობლივ ცხოვრებას ეწეოდნენ და მთელ დროს მჭვრეტელობას უთმობდნენ, ხოლო საერო ძმები ფიზიკურ შრომას მისდევდნენ და გარე სამყაროსთან კავშირს უზრუნველყოფდნენ. კონგრეგაციის ქალთა შტო 1150 წელს მონაზონმა ბერტამ (ბარდი) დააარსა. აბატისა ჰუმილიტასის (†1310) ხანაში ის მნიშვნელოვნად განვითარდა, რისი უმთავრესი მაგალითია ფაენცას მახლობლად არსებული წმიდა მარიამის მონასტერი.

ვარდფანჯარა (Rosone) [ლათ. rosa „ვარდი“] აჟურული დეკორით მორთული დიდი მრგვალი ფანჯარა რომანული და გოთური სტილის ეკლესიათა ფასადის ცენტრალურ ნაწილში.

ვატიკანი (Vaticano, Città del) ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო მოიცავს 0,44 კვ.კმ ტერიტორიას და რომის დასავლეთ ნაწილშია განლაგებული. ის სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა 1929 წლის ლატერანის ხელშეკრულებებით, ექვემდებარება რომის პაპს. წმიდა პეტრეს ბაზილიკის გარშემო მდებარე სასახლეთა და ბაღების კომპლექსი მოქცეულია ლეონურ გალავანში (პაპ ლეონ IV-ს, 847-855, სახელის მიხედვით). ექსტრატერიტორიულობის უფლება ვრცელდება სხვა ნაგებობებზეც: ლატერანის სასახლესა და ბაზილიკაზე, წმიდა მარიამ უდიდესისა და წმიდა პავლეს გალავანს მიღმა ბაზილიკებზე, სასახლეებზე, სადაც განთავსებულია სარწმუნოების გავრცელებისა და სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაციები, სამოციქულო დათარიღების დაწესებულება, კანცელარია, სავიკარიუსო, გაბრიელის ვილა ჯიანიკოლოზე, კასტელ განდოლფოს სასახლე მიმდებარე ჩიბოს სასახლითა და ბარბერინის ვილის ჩათვლით. ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მმართველი განაგებს. სახელმწიფო გერბზე წითელი ფერის ფარზე პაპის სიმბოლოებია (მიტრა და კლიტენი) გამოსახული. ვატიკანის დროშა ყვითელი და თეთრი ფერისაა, თეთრ ფონზე მოთავსებული პაპის სიმბოლოთი. ვატიკანის სახელმწიფოში მიმოქცევაში ევრო. პოლიციის ფუნქციებს შვეიცარიული გვარდია ასრულებს. ვატიკანი ფლობს საფოსტო სამსახურს, აქ იბეჭდება საფოსტო მარკები, მოქმედებს სტამბა, რადიოსადგური და ასტრონომიული ობსერვატორია. დამთვალიერებელთათვის ღიაა ვატიკანის მუზეუმები, ბიბლიოთეკა და საიდუმლო არქივი. წმიდა საყდარს - ვატიკანის ტერიტორიისაგან დამოუკიდებელ საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, მრავალ ქვეყანაში ჰყავს მივლინებული ლეგატები და დესპანები, ხოლო ვატიკანში აკრედიტებული დაახლოებით ასზე მეტი ქვეყნის დიპლომატია.

ვატიკანის კრებები (Vaticani, concili) ასე ეწოდება კათოლიკე ეკლესიის უკანასკნელ ორ მსოფლიო კრებას, რომლებიც ვატიკანში, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, გაიმართა.

ვატიკანის I კრება, მეოცე მსოფლიო კრება (1869-1870), მოიწვია პიუს IX-მ იმდროინდელი „განსაკუთრებული საეკლესიო მღელვარების“ აღსაკვეთად. კრების მოწვევის შესახებ განცხადება 1867 წელს გაკეთდა, მის გამართვას ორწლიანი მოსამზადებელი სამუშაო დასჭირდა. კრება, რომელშიც 774 ეპისკოპოსმა მიიღო მონაწილეობა, 1869 წლის 8 დეკემბერს გაიხსნა. III სესიაზე (1870 წლის 24 აპრილი) მოწონებულ იქნა დადგენილება Dei Filius - კათოლიკური სარწმუნოების შესახებ, რომელიც მიმართული რაციონალიზმის წინააღმდეგ. ოთხი თავისაგან შემდგარ დადგენილებაში საუბარია ღმრთის გონებით შეცნობის შესაძლებლობაზე, ღმრთაებრივი გამოცხადების აუცილებლობაზე, რწმენის არსსა და რწმენასა და გონებას შორის დამოკიდებულებაზე. თუმცა კრების ყურადღება თავიდანვე მიექცა პაპის უმცდომლობის საკითხს, რომლის განსაზღვრასაც ცალკეული წევრები მოითხოვდნენ, სხვები კი ფრთხილობდნენ. დასკვნით დეკლარაციაში, რომელსაც 1870 წლის 18 ივლისს ეყარა კენჭი, ნათქვამია, რომ „როცა პაპი, როგორც რომის პირველმოძღვარი, თავისი კათედრიდან მეტყველებს, - ესე იგი, როცა ყველა ქრისტიანის მწყემსისა და მოძღვრის მსახურების აღსრულებისას, თავისი უმაღლესი მოციქულებრივი ძალაუფლების ღირსებით, მთელი ეკლესიისათვის განსაზღვრავს მოძღვრებას სარწმუნოების ან ზნეობის შესახებ, - რომის პირველმოძღვრის ამგვარი განსაზღვრებანი უცდომელია. ამ შეუმცდარობას იგი ფლობს მისთვის ნეტარ პეტრეში აღთქმული ღმრთაებრივი შეწევნის ძალმოსილებით, რომლის ბოძებაც ღმრთაებრივმა მაცხოვარმა ისურვა მთელი თავისი ეკლესიისათვის. ამგვარად, ეს გადაწყვეტილებები სარწმუნოებისა და ზნეობის შესახებ შეუცვლელია თავისი ბუნებით, და არა ეკლესიის თანხმობის მიზეზით (ex sese, non autem ex consensu ecclesiae)“. იმავე სხდომაზე გადაწყდა კრების განახლება დღის განსაზღვრის გარეშე (sine die). მეორე დღეს ხაფრანგეთ-გერმანიის ომი დაიწყო, ორი თვის შემდეგ კი პიემონტის ჯარმა რომი ოკუპაცია მოახდინა. ამ მიზეზთა გამო კრება აღარ განახლებულა და არც ოფიციალურად დახურულა.

ვატიკანის II კრება, ოცდამეერთე მსოფლიო კრება (1962-1965) პაპმა იოანე XXIII-მ გამოაცხადა მოულოდნელად, 1959 წლის 25 იანვარს წმიდა პავლეს გალავანს მიღმა ბაზილიკაში. კრება რომში 1961 წლის 25 დეკემბერს იქნა მოწვეული, ხოლო 1962 წლის 11 ოქტომბერს ის პაპისა და 2540 კრების მამათა (მონაწილეობის უფლების მქონე 2908 წევრიდან) მონაწილეობით გაიხსნა. ხელმძღვანელ საბჭოს შეადგენდა ათი კარდინალი, პლენარულ სხდომათა ჩატარება, რომელთაც გენერალური კონგრეგაციები ეწოდა, პაპმა ხუთ მოდერატორ კარდინალს დაავალა. ათი მოსამზადებელი კომისიის მიერ შემუშავებული სამოცდაცამეტი პროექტიდან განსახილველად მხოლოდ ჩვიდმეტი იქნა წარდგენილი. კრება სარგებლობდა ორასზე მეტი თეოლოგის (ექსპერტის) კონსულტაციით. არაკათოლიკე ეკლესიათა თუ საკრებულოთა დამკვირვებლების რიცხვი თავდაპირველად 35 იყო, კრების დასასრულს კი - 93. კრების გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში იოანე XXIII-მ საეკლესიო კრების ძირითადი მიზანი განსაზღვრა: ეკლესიის დროული და მთლიანი განახლება როგორც მოძღვრების, ისე მისი ცხოვრების თვალსაზრისით, დაგმობაზე უარისთქმა. კრება ოთხ მონაკვეთად ჩატარდა: I პერიოდი (1962 წლის 11 ოქტომბერი - 8 დეკემბერი; გენერალური კონგრეგაციები 1-36); პაპ იოანე XXIII-ის გარდაცვალების შემდეგ (1963 წლის 3 ივნისი) მისმა მემკვიდრემ, პავლე VI-მ, კრების მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო; II პერიოდი 1963 წლის 29 სექტემბრიდან 4 დეკემბრამდე გაგრძელდა (გენერალური კონგრეგაციები 37-79). კრების განახლებისას პავლე VI-მ ხაზი გაუსვა კრების სამწყსო ხასიათს და ეკლესიის არსის (და, კერძოდ, ეპისკოპოსთა მსახურების) საკითხზე მსჯელობის მნიშვნელობას. ხელმძღვანელი საბჭოს შემადგენლობა 12 კარდინალამდე გაიზარდა. 4 მათგანი (აღაჯანიანი, დეპფნერი, ლერკარო და სუენენსი) მოდერატორის ფუნქციით უძღვებოდნენ გენერალურ კონგრეგაციებს. პირველად მოხდა 11 საერო პირის დაშვება აუდიტორად, მოგვიანებით მათ რამდენიმე მოძღვარი და ქალი დაემატა. კიდევ ერთი სიახლე იყო კრების პრესცენტრის დაფუძნება; III პერიოდის განმავლობაში (1964 წლის 14 სექტემბერი - 21 ნოემბერი; გენერალური კონგრეგაციები 80-127) ფართო დისკუსია გამოიწვია დანართმა Nota explicativa praevita, რომელიც პაპის სურვილით დაემატა დოგმატურ კონსტიტუციას ეკლესიის შესახებ Lumen gentium; დანართით დადასტურდა და განმტკიცდა პაპის უპირატესი მდგომარეობა ეპისკოპოსთა კოლეგიაში. წინააღმდეგობრივი მოსაზრებები გამოითქვა ისეთ თემებზე, როგორებიცაა რელიგიური თავისუფლება და დამოკიდებულება ეკლესიასა და იუდაიზმს შორის; IV პერიოდი 1965 წლის 14 სექტემბერს დაიწყო და 8 დეკემბერს დასრულდა (გენერალური კონგრეგაციები 128-168). პავლე VI-მ ეპისკოპოსთა სინოდის დაარსების შესახებ გააკეთა განცხადება. 1965 წლის 8 დეკემბერს პავლე VI-მ დახურა კრება. ვატიკანის II კრებამ სხდომათა მსვლელობისას შემდეგი დოკუმენტები შეიმუშავა და დაამტკიცა: 1963 წლის 4 დეკემბერი: კონსტიტუცია წმიდა ლიტურგიის შესახებ - Sacrosanctum concilium; დეკრეტი საზოგადოებრივი კომუნიკაციის საშუალებათა შესახებ - Inter mirifica; 1964 წლის 21 ნოემბერი: დოგმატური კონსტიტუცია ეკლესიის შესახებ - Lumen gentium; დეკრეტი აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიათა შესახებ - Orientalium Ecclesiarum; დეკრეტი ეკუმენიზმის შესახებ - Unitatis redintegratio; 1965 წლის 28 ოქტომბერი: დეკრეტი ეკლესიაში ეპისკოპოსთა სამოძღვრო მოვალეობათა შესახებ - Cristus Dominus; დეკრეტი სამოწესეო ცხოვრების განახლების შესახებ - Perfectae caritatis; დეკრეტი მღვდელთა აღზრდის შესახებ — Optatam totius; დეკლარაცია ქრისტიანული აღზრდის შესახებ - Gravissimum educationis; დეკლარაცია ეკლესიის დამოკიდებულების შესახებ არაქრისტიანულ რელიგიათა მიმართ - Nostra aetate; 1965 წლის 18 ნოემბერი: დოგმატური კონსტიტუცია საღმრთო გამოცხადების შესახებ - Dei Verbum; დეკრეტი საეროთა მოციქულობის შესახებ - Apostolicam actuositatem; 1965 წლის 7 დეკემბერი: დეკლარაცია რელიგიური თავისუფლების შესახებ - Dignitatis humanae; დეკრეტი ეკლესიის სამისიონერო მოღვაწეობის შეხებ - Ad gentes; დეკრეტი მღვდელთა მსახურებისა და ცხოვრების შესახებ - Presbyterorum ordinis; სამოძღვრო კონსტიტუცია თანამედროვე სამყაროში ეკლესიის შესახებ - Gaudium et spes. საეკლესიო კრების, - უდავოდ, მეოცე საუკუნის ისტორიაში ეკლესიისათვის ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენის, - ეს დოკუმენტები მთელი ეკლესიისა და ყოველი მისი გამოხატულების განახლების საფუძველმდებ საშუალებებად იქცა.

ვატიკანისტი (Vaticanista) ჟურნალისტი, სწავლული, ვატიკანის პრობლემათა ექსპერტი რელიგიური, ისტორიული თუ პოლიტიკური განზომილებით.

ვაჰაბიტები (Wahhabiti) მიმდევრები ისლამური რეფორმატორული მოძრაობისა, რომლის სახელწოდებაც ფუძემდებლის, მუჰამედ იბნ 'აბდ ალ-ვაჰაბის (1703-1792) სახელს უკავშირდება. საუდის დინასტიის მმართველობის პერიოდში ვაჰაბიტებმა თანდათან დაიკავეს არაბეთის ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი და დასაბამი დაუდეს დღევანდელ საუდის არაბეთის სამეფოს. რეფორმატორი იბნ აბდ ალ-ვაჰაბი ისლამის წყაროებთან დაბრუნებას და ყურანისა და ტრადიციის ზედმიწევნით დაცვას ქადაგებდა. მან მკაცრად დაგმო სიახლეები, ერეტიკული ტენდენციები და გადახრები, როგორიც იყო, მაგალითად, ახლად შემოღებული წმიდანთა კულტი. ალ-ვაჰაბი ემხრობოდა ისლამური იურიდიული წყობილების (შარიათი) ზედმიწევნით დაცვას, ჰანბალის სკოლის შესაბამისად. სწორედ ეს სკოლაა დღეს წამყვანი საუდის არაბეთში. მისი წესების თანახმად, იკრძალება ღვინის, ყავის, თამბაქოს მოხმარება და ხაზგასმულია „წმიდა ომის“ წარმართვის ვალდებულება. ნავთობის მოპოვებით მოხვეჭილი სიმდიდრის წყალობით, საუდის არაბეთი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. სხვადასხვა ფონდების მეშვეობით (ესაა ბანკები, ისლამური სოლიდარობის ხელშეწყობისა და ისლამური ეკონომიკური მოწყობის მხარდამჭერი ფონდები, მუსლიმური სამყაროს ლიგა, რომელიც ისლამურ უმცირესობათა მხადაჭრასა და სამყაროში ისლამის გავრცელებას ემსახურება), საუდის არაბეთის გავლენა სულ უფრო ზრდება, რასაც წმიდა ადგილების მცველთა მათი როლიც უწყობს ხელს, თუმცა, მეორე მხრივ, მათ ჰეგემონიას ყურადსაღები მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.

ვედა/ვედიზმი/ვედური რელიგია (Veda/ Vedismo/Religione vedica) ინდოეთის ლიტერატურულად დოკუმენტირებულ რელიგიათა შორის უძველესი. მას მისდევდნენ ნახევრად მომთაბარე ხალხები, რომლებიც თავს „არია“-ს (არიელებს) უწოდებდნენ. ქრისტემდე 1700-1200 წლებში ისინი რამდენიმე ტალღად გადაბარგდნენ ინდოეთში დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან. მათი რელიგია პოლითეისტური იყო, კულტის ცენტრალური ადგილი ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვას ეთმობოდა. ოთხი ვედა (სანსკრიტზე ვედა „ცოდნას“ აღნიშნავს), საიდანაც რელიგიის სახელწოდება მომდინარეობს, წამოადგენს ჩვენამდე მოღწეულ რელიგიურ ნაწერთა უძველეს კორპუსს და, ამავე დროს, ინდოევროპულ ენათა ოჯახის უდიდეს პოეტურ ქმნილებას (ნაწერები სანსკრიტზე, ქრისტემდე 1500-800 წწ.). თანმხლებ რიტუალურ-ეგზეგეტიკურ ლიტერატურასთან (ბრაჰმანა), „ტყის“ „მჭვრეტელობით“ წიგნებთან (არანიაკა) და „საიდუმლო მოძღვრებასთან“ (უპანიშადა) ერთად, ვედა გამოცხადებისმიერ ნაწერებად მიიჩნევა. ვედური რელიგიის განვითარებამ რიტუალური სიწმიდის გამოკვეთის მიმართულებით, რომელიც ღმერთებთან კავშირის დასამყარებლად იყო აუცილებელი, ქრისტემდე პირველი ათასწლეულის პირველ ნახევარში განაპირობა ბრაჰმანთა სამღვდელო სპეციალიზაცია და უდაბლესი კლასის - შუდრას წარმომადგენელთათვის მსხვერპლშეწირვის რიტუალებში მონაწილეობისა და ვედების შესწავლის აკრძალვა. მსხვერპლშეწირვის ცოდნა ბრაჰმანთა ხელში მსხვერპლშეწირვის ქმედებისას მოქმედი კოსმოსის ძალთა და კანონთა მეცნიერებად გარდაიქმნა. რელიგიის განვითარების ბოლო ფაზა, რომელსაც ამგვარად დაედო საფუძველი, ზოგჯერ „ბრაჰმანიზმადაც“ მოიხსენიება. მასში განვითარდა მოძღვრება ხელახლა შობის (რეინკარნაციის) შესახებ და კარმის კანონი, რომლის თანახმადაც, ამქვეყნიური კეთილი და უკეთური ქმედებები მომდევნო ცხოვრებაზე აისახება. ამიტომაც ადამიანის გათავისუფლება არა იმდენად ღმერთებისათვის მსხვერპლშეწირვით, რამდენადაც შემეცნების მეშვეობით იყო შესაძლებელი, ამ შემეცნების მიზანი კი ერთადერთი უკვდავი სინამდვილეა, რომელიც ყოველივეს საფუძველს წარმოადგენს: ბრაჰმანი, რომელიც გაიგივებულია ატმანთან (ინდივიდუალური „თვით“). საუკუნეთა მანძილზე ბრაჰმანთა, როგორც რელიგიის ოსტატთა, მონოპოლიისა და ზოგადად კასტების სისტემის საწინააღმდეგო არაერთი მოძრაობა აღმოცენდა.

ვედრება (Supplica) [ლათ. supplex „(ლოცვისას) მუხლის მომყრელი“] აღნიშნავს თხოვნის ლოცვას, რომლის მეშვეობთაც გამოიხატება ღმერთთან ურთიერთობის ცნობიერება და მასზე ჩვენი დამოკიდებულება (შდრ. CCC, 2629-2633). შეიძლება, ამასთანავე, აღნიშნავდეს მჭმუნვარე და მორჩილ ლოცვას ღმრთის, მარიამის ან წმიდათა მიმართ. ამ თვალსაზრისით, საკმაოდ ცნობილია პომპეის მარიამისადმი ვედრება, რომელიც 8 მაისს და ოქტომბრის პირველ კვირადღეს წარმოითქმის.

ვერბიტები (Verbiti) საღმრთო სიტყვის საზოგადოების (Società del Divin Verbo) სამოწესეო სამღვდელო კონგრეგაციის წევრები, რომელიც 1875 წლის 8 სექტემბერს ჰოლანდიის ქალაქ სტეილში დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანი სახარების გავრცელებაა.

ვერონის საიდუმლოთა წიგნი (Veronese, sacramentario) ეს არა იმდენად საიდუმლოთა წესების წიგნია, რამდენადაც წირვათა ფორმულარების საკმაოდ უწესრიგო ნაკრები, რომლებიც უდავოდ რომიდან და, შესაძლოა, იმავე ლატერანის არქივებიდან მომდინარეობს. ბიანკინიმ, რომელმაც პირველმა გამოსცა 1735 წელს ეს ნაკრები, მას ლეონის საიდუმლოთა წიგნი (Sacramentario Leoniano) უწოდა, თუმცა პაპ ლეონს მხოლოდ რამდენიმე ფორმულარს მიაკუთვნებენ. კრებული შეიცავს პაპების გელასიუსისა და ვერგილიუსის რამდენიმე ტექსტსაც, სხვა ცალკეული ტექსტების ავტორთა ვინაობა კი ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი. VI-VII საუკუნეებით დათარიღებული ეს კრებული ლათინური ევქოლოგიის პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. წირვათა ფორულარები სამოქალაქო წელიწადის თვეების მიხედვითაა განაწილებული და არა „წელიწადის წრის“ თანახმად (როგორც ეს გელასისეულ კონდაკშია), ანუ ლიტურგიული დროების, თანახმად. სამწუხაროდ, კრებული არასრულია, - ის აპრილის თვიდან იწყება.

ვიატიკუმი/საგზალი (Viatico) [ლათ. viaticum „მგზავრობასთან დაკავშირებული“, „საგზალი“] ამ სახელით აღინიშნება ევქარისტიის საიდუმლო, რომელიც მიეცემა მომაკვდავ ადამიანს, როგორც შეწევნა მარადიული სიცოცხლისაკენ გზაზე (იოან. 6:54).

ვიგილია (Vigilia) [ლათ. „ღამის გათენება“ (სიტყვიდან vigil „ფხიზელი“)] დიდი რელიგიური დღესასწაულის (შობის, აღდგომის, სული წმიდის გარდამოსვლის და ა.შ.) წინა დღე. მისი დამახასიათებელი ნიშნები შეიძლება იყოს მარხვა და ხორცისგან თავის შეკავება. ნ. ღამისთევა.

ვიზიტაციონელები (Visitandine) ოფიციალური სახელწოდებაა: მარიამის მონახულების ორდენი (Ordo de Visitatione Beatae Mariae Virginis), ის 1610 წელს ანესიში წმიდა ფრანცისკე სალელმა და იოანა ფრანჩესკა ფრემიო დი შანტალმა (1572-1641) დააარსეს ღარიბთა დახმარებისა და მჭვრეტელობითი ცხოვრების მიზნით. 1618 წელს პალე V-მ მოიწონა ის, როგორც ავგუსტინესეული წესდების მეორე ორდენი. ორდენის მონასტერთა უმეტესი ნაწილი საფრანგეთში დაარსდა, რამდენიმე მათგანი - აზიასა და შეერთებულ შტატებში. მონასტერთაგან ყველაზე ცნობილი იყო პერეი-ლე-მონიალის მონასტერი, სადაც აღმოცენდა იესოს წმიდა გულის თაყვანისცემის ტრადიცია, რომელსაც განსაკუთრებით იცავდა მარგარიტა მარია ალაკოკი (1647-1690, კანონიზებულია 1920). 1950 წელს ორდენის მანამდე დამოუკიდებელი მონასტრები გაერთიანდნენ კონფედერაციაში მთავარი წინამძღოლის ხელმძღვანელობით.

ვიზიტი ad limina ყოველი სადიოცეზო ეპისკოპოსისათვის აუცილებელი ვიზიტი პაპთან, რომელიც მოიცავს აგრეთვე პეტრე და პავლე მოციქულების საფლავების მონახულებას [ლათ. ad limina „(მოციქულთა) საფლავებზე“] ეს ვიზიტი ემსახურება იერარქიული თანაზიარების წარმოჩენასა და გაღრმავებას, ერთი მხრივ, ეპისკოპოსებსა და, მეორე მხრივ, საეპისკოპოსო კოლეგიის მეთაურს, პეტრეს მემკვიდრეს, რომის პაპს, შორის. კანონიკური სამართლის კოდექსისა (კან. 400) და Pastor bonus-ის თანახმად, ვიზიტი სამ მთავარ მომენტს მოიცავს: ა) მომლოცველობას პირველ მოციქულთა საფლავებზე, რომელსაც საღმრთო მნიშვნელობა აქვს, რაც ლიტურგიულ მსახურებაში ხორციელდება. ეს მსახურება წმიდა პეტრესა და პავლეს ბაზილიკებში ტარდება, ეპისკოპოსთა სურვილის შემთხვევაში კი - წმიდა მარიამის უდიდესსა და ლატერანის წმიდა იოვანეს ბაზილიკებშიც; ბ) ეპისკოპოსის შეხვედრას რომის პაპთან, რაც ძირითადად, პირად საუბარს გულისხმობს; გ) ეპისკოპოსთა ურთიერთობას (ცალ-ცალკე, ჯგუფებად, თუ კომისიების ფარგლებში) რომის კურიის უწყებებთან - პეტრეს მსახურების თანამდებობრივ საშუალებებთან შეკითხვათა დასმის, პრობლემათა წამოჭრის, ინფორმაციის მოთხოვნის, განმარტებათა მიცემის, შესაძლო თხოვნებზე პასუხის გაცემის მიზნით.

ვიკარიატი (Vicariato) [ლათ. vicariatus] აღნიშნავს ვიკარიუსის თანამდებობას, მოვალეობებსა და ღირსებას. კანონიკური სამართლის კოდექსში საუბარია სამოციქულო (CIC, კან. 371) და ადგილობრივ ვიკარიატზე (CIC, კან. 374; 553). ტერმინი შეიძლება მიემართოს, აგრეთვე, ვიკარიუსის სამყოფელსა და შესაბამის სამსახურებს.

ვიკარიუსი (Vicario) [ლათ. vicarius (სიტყვიდან vicis „მოვალეობანი, ფუნქციები“)] პირი, რომელიც ასრულებს მოვალეობებს უფრო მაღალი თანამდებობის შემცვლელის ან წარმომადგენლის სტატუსით. კანონიკური სამართლის კოდექსი ვიკარიუსთა სხვადასხვა ტიპებს განასხვავებს: ა) სამოციქულო ვიკარიუსი: პაპის სახელით მართავს ღმრთის ხალხის განსაზღვრულ ნაწილს, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული დიოცეზად (CIC, კან. 371); ბ) გენერალური ვიკარიუსი: ეპისკოპოსის მიერ დანიშნული პირი, რომელიც ეხმარება მას დიოცეზის მართვაში (CIC, კან. 475). გენერალური ვიკარიუსის განსაკუთრებული ტიპია პაპის მიერ დანიშნული კარდინალი ვიკარიუსი, რომელიც მისი სახელით მართავს რომის დიოცეზს; თავის მხრივ, კარდინალ ვიკარიუსს ეხმარებიან (პაპის მიერ დანიშნული და მთავარეპისკოპოსის წოდების მქონე) ვიცეგერენტი და დამხმარე ეპისკოპოსები, რომლებიც მასთან ერთად ქმნიან დიოცეზის საეპისკოპოსო საბჭოს; გ) საეპისკოპოსო ვიკარიუსი: ინიშნება ეპისკოპოსის მიერ და მას ეხმარება დიოცეზის განსაზღვრული ნაწილის ან განსაზღვრული ტიპის საქმეთა მართვაში (CIC, კან. 476); დ) სასამართლო ვიკარიუსი: ინიშნება ეპისკოპოსის მიერ თანამდებობრივად ძალაუფლების მქონე განმსჯელად (CIC, კან 1420); ე) ადგილობრივი ვიკარიუსი: ეწოდება, აგრეთვე, დეკანოზს ან მთავარხუცესს, რომელიც ინიშნება ეპისკოპოსის მიერ და ადგილობრივ ვიკარიატს უძღვება (CIC, კან. 553; ვ) საკრებულოს ვიკარიუსი: საკრებულოს წინამძღვრის თანაშემწე (CIC, კან. 545).

ვიკარიუსი, ქრისტესი ნ. ქრისტეს ვიკარიუსი.

ვიშნუიზმი (Visnuismo) შივაიზმთან ერთად, ჰინდუიზმის ერთ-ერთი უმთავრესი კულტი. ვიშნუ, „ყველგანშემღწევი“ ნახსენებია ვედის უძველეს ტექსტებში, თუმცა იქ მას მთავარი როლი არ ენიჭება, როგორც ეს ხდება გვიანდელ ჰინდუიზმში, განსაკუთრებით - ქრისტეს შემდეგ პირველ საუკუნეებში. იკონოგრაფიულად ვიშნუს გამოსახავენ ოთხი ხელითა და სახის მეგობრული გამომეტყველებით, რომელიც ღრმა სულიერ სიმშვიდეს ასხივებს.

ვიცეგერენტი (Vicegerente) [იტალ. vice+gerente „მმართველი“, „ადმინისტრატორი“] რომის პაპის მიერ დანიშნული და მთავარეპისკოპოსის ტიტულის მატარებელი პირი, აღასრულებს რომის დიოცეზში ვიკარიუსის თანამდებობრივ ძალაუფლებას დადგენილ ფარგლებში და ვიკარიუს კარდინალთან მჭიდრო თანამშრომლობით და თანაზიარებით. ამ უკანასკნელთან და დამხმარე ეპისკოპოსებთან ერთად ვიცეგერენტი დიოცეზის საეპისკოპოსო საბჭოს ქმნის.

ვნება (Passio) [ლათ. passio „ვნება“] სახარებაში ქრისტეს ტანჯვისა და სიკვდილის ამსახველი მონათხრობი. ამგვარი მონათხრობი სახარებათა თავდაპირველ, საწყის ბირთვს წარმოადგენს: მათ შორის ყველაზე ძველია ის, რომელიც მარკოზის სახარებაშია გადმოცემული და ის უმთავრესად ქრისტეს ვნების ისტორიულობას უსვამს ხაზს; მათე საღმრთო წერილის ასრულებაზე აკეთებს აქცენტს (შდრ. მათ. 26:24.54); ლუკა წარმოადგენს იესოს, როგორც მოთმინებით აღსავსე საყოველთაო მხსნელს (შდრ. ლუკ. 23:27, შმდ.); იოანეს სახარებაში კი იესო წარმოდგენილია როგორც მეუფე, რომელიც ნებაყოფლობით ირჩევს ვნების გზას (შდრ. იოან. 18:33-19:15). ვნების ამსახველი მოთხრობები („ვნებანი“) იკითხება წმიდა კვირეულის ლიტურგიულ მსახურებათა დროს (ბზობის კვირადღეს და დიდ პარასკევს).

ვნებანი (Passione) [ლათ. passio (სიტყვიდან passus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა pati „ტანჯვა“)] ა) ტერმინი აღნიშნავს ქრისტეს ტანჯვას მთლიანობაში, უკანასკნელი სერობიდან სიკვდილამდე, რაც დაწვრილებითაა აღწერილი სახარებებში (ნ. ვნება); ბ) შუა საუკუნეებში ვნებათა თემა ხელოვნების მრავალ დარგში იქცა შემოქმედთა შთაგონების წყაროდ, განსაკუთრებით, თეატრსა (ნ. საღმრთო წარმოდგენები) და მუსიკაში (ვნებათა თემა, ორატორიის სქემის მიხედვით, ბახის, ჰენდელის, პეროზის და სხვათა შემოქმედებაში).

ვნებები (Passioni) [გვიანლათ. passio, სიტყვიდან passus, ნამყოს მიმღეობა სიტყვისა pati „ტანჯვა“] აღნიშნავს განცდებს ან გრძნობებს. ემოციების, გრძნობების მეშვეობით ადამიანი სიკეთის წინათგრძნობისა და ბოროტის ვარაუდით ცნობის უნარს ფლობს. უმთავრესი ვნებებია სიყვარული და სიძულვილი, სურვილი და შიში, სიხარული, სევდა და გულისწყრომა. ვნებები, როგორც მგრძნობიარობის გამოვლინებანი, თავისთავად არ შეიცავს ზნეობრივ სიკეთესა თუ ბოროტებას. მაგრამ, გონებასა და ნებაზე ვნებათა დამოკიდებულების მიხედვით, მათში ზნეობრივი სიკეთის თუ ბოროტების არსებობაზე ვსაუბრობთ. შემთხვევითი არაა, რომ საღმრთო წერილი ზოგჯერ ვნებებს განიხილავს ადამიანის გულის მისწრაფებებად, რომლებიც ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგებენ მას (შდრ. დან. 13:8.11.14.20.56). მაშასადამე, ემოციები და გრძნობები შეიძლება იქცეს სათნოებად ან გადაგვარდეს მანკიერებად (შდრ. CCC, 1762-1775).

ვნების კვირა/წმიდა კვირა (Settimana santa) პასექის წინა კვირა, ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული სადღესასწაულო პერიოდი. ეწოდება აგრეთვე „დიდი კვირა“, იწყება ბზობის კვირადღეს და სრულდება სააღდგომო სამდღეურით.

ვუდუ (Vudu) [აფრიკული სიტყვიდან, რომელიც „სულს“ აღნიშნავს] კუნძულ ჰაიტის ხალხური რელიგია, რომელიც ამ კუნძულზე დეპორტირებული აფრიკელი მონების რელიგიის ელემენტებისა და ქრისტიანობის ელემენტების ნაზავს წარმოადგენს.

ვულგატა (Vulgata) [ლათ. vulgata „გავრცელებული“, „ხალხური“] ბიბლიის ლათინური თარგმანი, რომელიც 383-406 წლებში, პაპ დამასუს I-ის დავალებით, წმიდა იერონიმემ შეასრულა. მრავალი საუკუნის მანძილზე, - ვატიკანის II კრების მიერ გატარებულ ლიტურგიულ რეფორმამამდე, ვულგატა ლათინური ეკლესიის ოფიციალური ტექსტი იყო, შემდეგ ტექსტი გადაიხედა და ნეოვულგატის სახელით გამოიცა.

8

▲back to top


ზაიდელნი (Zaiditi) შიიტიზმის (ნ. შიიტები) წარმომადგენელი ზაიდელები მხოლოდ ალის უშუალო შთამომავალ ხუთ კანონიერ იმამს აღიარებენ. მათი სახელწოდება მეხუთე იმამის — ზაიდის (გარდაიცავალა 739 წელს) სახელიდან მომდინარეობს. იმამის თანამდებობას ზაიდელნი არჩევითად მიიჩნევენ და სწამთ, რომ ალის შთამომავალთა შორის არჩეული იმამი შემდეგ ღმრთის შეწევნასა და ნათელხილვას მიიღებს. ზაიდელნი არსებობენ იემენში, სადაც 1970 წლამდე, რესპუბლიკის დაარსებამდე, ზაიდელთა დინასტია მმართველობდა. მათი რწმენის მოძღვრება და იურიდიული სისტემის პრინციპები ძალზე ახლოსაა სუნიტურთან (ნ. სუნა).

ზანზალაკი (Campanello) ზარის ფორმის მცირე ხმოვანი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება წირვის დროს, - კურთხევისას, - მორწმუნეთა ყურადღების მისაპყრობად. მისი გამოყენება XII საუკუნიდან დაიწყო.

ზარი (Campana) [ლათ. campana (vasa) „კამპანიის (ბრინჯაოს ჭურჭელი)“] ლითონის, მეტწილად ბრინჯაოს ხმოვანი ინსტრუმენტი, რომელიც მოთავსებულია სამრეკლოს თავზე და უმთავრესად გამოიყენება მორწმუნეთა სალოცავად მოსახმობად ან ცალკეულ წმიდა მოვლენათა აღსანიშნავად. ეკლესიებში ზარი VI საუკუნიდან გამოიყენება. სამრეკლოზე აღმართვამდე ზარს აკურთხებენ.

ზაქარია (Zaccaria) ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

ზაქათი (Zakat) [არაბ.] ეტიმოლოგიურად განწმედის ცნებასთან დაკავშირებული ეს სიტყვა აღნიშნავს „კანონიერ მოწყალებას“ და ისლამის ერთ-ერთ უმთავრეს მცნებას წარმოადგენს; ის შეიძლება შეუდარდეს ებრაელობასა და ქრისტიანობაში არსებული მეათედების აკრეფის პრაქტიკას. მისი მეშვეობით მცირდება განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ამჟამად ისლამურ სახელმწიფოებში ის სახელმწიფო გადასახადით შეიცვალა.

ზებუნებრივი (Soprannaturale) აღნიშნავს ყოველივე აღმატებულს ყოველ შექმნილ ან შექმნად არსებაზე. ქრისტიანული სარწმუნოების სივრცეში მიემართება ყოველივე იმას, რაც არის ღმერთი და რაც დამოკიდებულია ღმრთის უანგარო ინიციატივაზე და სცდება ადამიანის ნების ძალას და მის ინტელექტუალურ უნარს. მაგალითად, ზებუნებრივი რეალობაა: გამოცხადება, მადლი, თეოლოგიური სათნოებანი და სხვ.

ზეთის ცხება (Unzione) [ლათ. unctio] ძველად სურნელოვან ნივთიერებებში შერეული ზეთით ცხება საერო ცხოვრებასა და კულტში გამოიყენებოდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ცხების მეშვეობით ღმრთის სიწმიდესთან ზიარება ხდებოდა. ძველ აღთქმაში მოყვანილია საკურთხეველთა, ტაბერნაკულუმთა, თუმცა უმთავრესად მეფეთა (1 მეფ. 9:16), უმაღლეს მღვდელმსახურთა (გამ. 29:7) და წინასწარმეტყველთა ცხების მაგალითები მათი კურთხევის მიზნით. ცხების მეშვეობით კურთხეულის უმაღლესი მაგალითია ნანატრი ხსნის მომტანი მესია, რაც სწირედ „ცხებულს“ ნიშნავს. იესოს დროს, ვინც ბეთანიაში ლაზარეს დის, მარიამის სიკვდილზე ცოტახნით ადრე იქნა ცხებული (იოან. 12:1-11), ცხება სნეულებათა განსაკურნებლად გამოიყენებოდა (ლუკ. 10:34). ასეთად მიიჩნევა სნეულთა ზეთის ცხების საიდუმლო, თუმცა ცხება, როგორც კურთხევის ნიშანი ნათლისღების, მირონცხების და ხელდასხმის საიდუმლოებსა და საკრამენტალიებშიც გვხვდება.

ზეთისხილის ბაღი (Orto degli ulivi) ნ. გეთსემანია.

ზეკაცი ნ. Urmensch.

ზელოტები (მოშურნენი) (Zeloti) [ბერძნ. zelotés „მონდომებული“, „მოშურნე“, „ფანატიკური“, სიტყვიდან zeloun „რამე მიზნისაკენ მგზნებარედ სწრაფვა“] პალესტინის ნაციონალისტური პარტიის წევრები (ქრისტემდე I საუკუნე — ქრისტეს შემდეგ I საუკუნე), რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებულნი იყვნენ იუდა გალილეველთან. ღმრთისა და რჯულის მგზნებარე მიმდევრები, ისინი თავიანთ რჯულს ტერორისტული საქმიანობითაც იცავდნენ, რომელიც ძირითადად რომაელ „დამპყრობთა“ წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს უკანასკნელნი პალესტინელ ნაციონალისტებს „სიკარებს“ უწოდებდნენ, რადგანაც ისინი ტანსაცმელში დამალულ ხანჯალს - „სიკა“-ს, ატარებდნენ. მათი მხრიდან რომის ბატონობის სასტიკმა მიუღებლობამ იუდეველთა ომს დაუდო დასაბამი (66-74 წწ.), რასაც შედეგად მოჰყვა იერუსალემის ტაძრის დანგრევა და თვით პარტიის განადგურება: მისმა წევრებმა ალყაშემორტყმული მასადას (73 წ.) თავგანწირული დაცვის შემდეგ რომაელთა ხელში ჩაცვენას მასობრივი თვითმკვლელობა არჩიეს. ამ მოძრაობის მიმდევარი იყო, აგრეთვე, იესოს მოციქული სიმონი, მოშურნედ წოდებული (ლუკ. 6:15; საქმ.1:13).

ზეცად აღყვანება ნ. აღყვანება

ზიარება (Comunione) [ლათ. communio „საერთო კავშირი“, „თანაბარი მონაწილეობა“] ტერმინი აღნიშნავს მორწმუნეთა მონაწილეობას ევქარისტიაში წმიდა ნაწილების მიღების მეშვეობით. აგრეთვე, აღნიშნავს თანაზიარებას ეკლესიაში, ქრისტეს მისტიკურ სხეულში, რაც ევქარისტიულ საიდუმლოში მონაწილეობის შედეგია.

ზიარების შემდგომი ლოცვა (Postcommunio) [ლათ. postcommunio „ზიარების შემდეგ“] წირვის ბოლო ლოცვა, რომელსაც მღვდელმსახური ზიარების შემდეგ და საბოლოო კურთხევამდე აღავლენს.

ზირაქის წიგნი (Siracide, libro del) ამ სახელწოდებით მოიხსენიება დღეს ეკლესიასტეს სიბრძნის წიგნი, რადგანაც ძირითად ბერძნულ წყაროებში ის დასათაურებულია, როგორც „სიბრძნე იესოსი, ზირაქის ძისა“. სახელწოდება ეკლესიასტე კი ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში დამკვიდრდა იმ ფაქტის ხაზგასასმელად, რომ ეს იყო „ეკლესიის მიერ დაწერელი წიგნი“ (ecclesiasticus liber). პროლოგში ავტორის შვილიშვილი განმარტავს, რომ წიგნი ბერძნულად თარგმნა ქრისტემდე 132 წელს, ეგვიპტეში ყოფნის დროს, ხოლო მისმა ბაბუამ, ბენ სირამ, ის დაახლოებით 190-180 წლებში ებრაულ ენაზე დაწერა. ამ მეორადკანონიკური წიგნი არ გამოირჩევა სტრუქტურული წყობით, გამონაკლისია მხოლოდ დაყოფა სიბრძნის შემცველ (თავ. 1, 1-42, 14) და დანარჩენ ნაწილებად, რომლებიც ეთმობა ღმრთის სიბრძნის გამოვლინების დიდებას ბუნებასა (თავ. 42, 15-43, 33) და ხსნის ისტორიის გამოჩენილ პიროვნებათა ცხოვრებაში (თავ. 44-50). ავტორი ცდილობს, სიბრძნე კანონთან გააიგივოს, ხაზს უსვამს ისრაელის სიბრძნის სპეციფიკურობას და იმ ნიმუშებს, რომელთაგანაც უნდა აიღოს მან შთაგონება.

ზონარი (Cingolo) [ლათ. სიტყვიდან cingulum, რომელიც ნაწარმოებია ზმნა cingere-დან] ქამარი ან თოკი, რომელიც სტიქარის ტანზე მოსარგებადაა საჭირო. ასევე, ეწოდება თოკის სარტყელს, რომელსაც სუტანის, ანაფორის ან მონაზვნის სამოსის ზემოდან ატარებენ.

ზოროასტრიზმი (Zoroastrismo) წინარეისლამური რელიგია, რომელიც, ტრადიციის თანახმად, მიეწერება ზოროასტრს, ანუ ზარათუშტრას. იგი, გადმოცემის მიხედვით, დაახლოებით 630 წელს, აღმოსავლეთ ირანში მოღვაწეობდა. დღეს პარსიზმად იწოდება (ნ. პარსები).

9

▲back to top


თაბორელნი (Taboriti) ჰუსიტთა უფრო რადიკალური ფრთის წევრები, რომლებიც 1420 წელს სამხრეთ ბოჰემიაში (ჩეხეთში) დამკვიდრდნენ, - მთაზე, რომელსაც თაბორი უწოდეს (შდრ. მსაჯ. 4:6). ჟამთა აღსასრულის აპოკალიფსურ მოლოდინში მცხოვრები თაბორელნი მიზნად ისახავდნენ აბსოლუტურად ქრისტიანული სოციალური წყობის დამკვიდრებას, სადაც ღმრთაებრივი კანონი (როგორც აბსოლუტური ბუნებრივი კანონი) და ქრისტეს რადიკალური კანონი მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უნდა გავრცელებულიყო და ძალით უნდა ყოფილიყო მოხვეული თავს საზოგადოებისათვის ღმრთის სახელით მებრძოლ ქრისტიანთა საკრებულოს მეშვეობით. თაბორელნი წინასწარმეტყველებდნენ „წმიდა ომს“ უფრო მეტად რევოლუციური, ვიდრე ძველაღთქმისეული გაგებით, სახელმწიფოს მათეული მოდელი კი მსაჯულთა ეპოქის თეოკრატიულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. 1434 წელს ლიპანისთან კათოლიკეთა და ულტრაკისტ ჰუსიტთა მიერ დამარცხებული თაბორელნი თავდაპირველად მრავალ მცირე სექტად დაიყვნენ, შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტეს არსებობა.

თავისუფალი განსჯა (Libero esame) თეოლოგიაში გამოთქმა აღნიშნავს საღმრთო წერილის საეკლესიო ავტორიტეტისაგან დამოუკიდებელი პიროვნული განმარტების კრიტერიუმს. ამ მოძღვრების მიმდევრები იყვნენ რეფორმატორები, ვისი აზრითაც თავისუფალი განსჯა შესაძლებელი იყო სული წმიდის პიროვნული დახმარების მეშვეობით, რაც წმიდა ნაწერთა სწორი განმარტების გარანტიას იძლეოდა. თუმცა ამგვარად, შესაძლებელი ხდებოდა ბიბლიის განმარტების უამრავი ვერსიის დამკვიდრება და, ამიტომ, რეფორმატორული (ნ. რეფორმა) ეკლესიები სარწმუნოების აღსარების მეშვეობით არაპირდაპირი გზით ამტკიცებდნენ ოფიციალურ საეკლესიო ინტერპრეტაციას. თავისუფალი განსჯა მხოლოდ პროტესტანტული მოძრაობის ყველაზე რადიკალურმა ჯგუფებმა შეინარჩუნეს, როგორებიცაა, მაგალითად, სოცინელები და ანაბაპტისტები

თავისუფალი ნება, თავისუფლება (Libero arbitrio - Libertà) თეოლოგიასა და ფილოსოფიაში დამკვიდრებული გამოთქმა. თავისუფალი ნება მჭიდროდაა დაკავშირებული თავისუფლების ცნებასთან (რაც გონებასა და ნებაში ფესვგადგმული მოქმედების ან უმოქმედობის შესაძლებლობაა) და, აქედან გამომდინარე, საკუთარი თავის მართვის, განსხვავებულ ქმედებათა შორის არჩევანის გაკეთების უნარია (CCC, 1731-1738). ქრისტიანობაში ყოველთვის ძალიან ფაქიზი და რთული საკითხი იყო თავისუფლებისა და ადამიანის თავისუფალი ნების შეთავსება ღმრთის ყოვლისშემძლეობის, წინასწარგანზრახულობისა და მადლის თემებთან.

თავისუფალი სული (Libero spirito) ევროპის ცალკეულ ქვეყნებში XIII-XV საუკუნეებში გავრცელებული ერეტიკული რელიგიური ჯგუფები. მათი წევრები არაკრიტიკულად განმარტავდნენ წმიდა პავლეს ფრაზას: „სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა“, რის საფუძველზეც შესაძლებლად მიაჩნდათ ისეთი სრულყოფილების მიღწევა, რომ შეუბილწავნი გამხდარიყვნენ და ამ მიზეზით თავისუფალ და თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდნენ.

თავისუფლება ნ. თავისუფალი ნება.

თავმატურგი (Taumaturgo) [ბერძ. thaumatourgós (სიტყვიდან tháuma „სასწაული“+ნაწარმოები ფორმა სიტყვისა érgon „ქმნილება“, „ნაშრომი“)] ვინც სასწაულებს ახდენს, სასწაულთმოქმედი.

თავმდაბლობა (Umiltà) [ლათ. humilitas] საკუთარი საზღვრების გამაცნობიერებელი ადამიანის საქციელი. ამის მაგალითია იესო (მათ. 20:28; 26:39; იოან. 10:17; 13:12, შმდ.; 2კორ. 8:9; გალ. 4:4, შმდ.; ებრ. 2:17; 5:8; 12:2). იგი თავმდაბლობისკენ მოუწოდებს მისი მოწაფეობის ყველა მსურველს (მათ. 11:29; იოან. 13:15; ეფეს. 4:1, შმდ.; კოლ. 3:12; 1პეტ. 2:21, შმდ.). თავმდაბლობის გრძნობა ადამიანს აცნობიერებინებს, რომ ცოდვილია (ლუკ. 5:8), უბრალო მონაა (ლუკ. 17:10), სხვებზე დაბლა დგას (მათ. 18:1, შმდ.; 20:25, შმდ.; ლუკ. 14:7, შმდ.), იესო ესაჭიროება (იოან. 6:57; 15:4, შმდ., 16). სწორედ ამის გამო თავმდაბლობა ლოცვის საფუძველია (შდრ. CCC, 2559).

თავმჯდომარე (Presidente) [ლათ. praesidens, აწმყოს მიმღეობა ზმნისა პრაესიდერე „თავმჯდომარეობა“] ლიტურგიული თვალსაზრისით, ასე მოიხსენიება შეკრებილთა თავმჯდომარე.

თავშეკავება (Temperanza) [ლათ. temperantia] ოთხ მთავარ სათნოებათაგან ერთ-ერთი. ისაა „ზნეობრივი სათნოება, რომელიც ანელებს სიამოვნებათა მიმზიდველობას და ანიჭებს ადამიანს ზომიერების უნარს შექმნილ სიკეთეთა მოხმარებისას. ის უზრუნველყოფს ნების ბატონობას ინსტინქტებზე და პატიოსნების ჩარჩოებში აკავებს სურვილებს. თავშეკავებული ადამიანი სიკეთისაკენ მიმართავს თავის გრძნობად მხარეებს, ინარჩუნებს ჯანსაღ მორიდებულობას, არ მისდევს საკუთარ „ინსტინქტსა“ და საკუთარი „გულის“ „სურვილთა დამაკმაყოფილებელ ძალას“ (ზირ. 5:2). ძველ აღთქმაში თავშეკავება ხშირად იმსახურებს შექებას: „ნუ სდევ გულისთქმას და დაიოკე სურვილი“ (ზირ. 18:30). ახალ აღთქმაში ის „თავშეკავებად“ ან „თავდაჭერილობად“ არის მოხსენიებული: უნდა ვიცხოვროთ „აზრიანად, სიმართლითა და ღმრთისმოსაობით“ (ტიტ. 2:12)” (CCC, 1809).

თალმუდი (Talmud) [ებრ. „სწავლება“, „მოძღვრება“] II საუკუნეში რაბი იეჰუდას მიერ შესრულებული მიშნას წერილობითი განმარტება (რომელიც შეიცავდა ბიბლიის კომენტირების რაბინული ტრადიციის სწავლებას). თვით მიშნას კომენტირებისა და გავრცობის შემდგომი ტრადიცია ჩამოყალიბდა — ამორეებად წოდებული მწიგნობრების გემარა. ეს ტრადიცია უმთავრესად პალესტინასა და ბაბილონში გავრცელდა. მიშნას გემარასთან შეერთებით შეიქმნა პალესტინური და ბაბილონური თალმუდი, რომელიც ამ ორი ტრადიციის განვითარებას წარმოადგენს.

თანაარარსი (Consustanziale) [ლათ. სიტყვიდან consubstantialis, რაც თარგმანია ბერძნული სიტყვისა homoúsios „იმავე არსის მქონე“] ტერმინი შეიქმნა ნიკეის კრებაზე (325) და ნიკეის სიმბოლოს შემადგენელ ნაწილად იქცა (ნ. სარწმუნოების სიმბოლო) ერესთან საბრძოლველად და იმის დასამტკიცებლად, რომ იესოს იგივე არსი გააჩნია, რაც მამა ღმერთს და ღმრთაებრიობის იმავე საფეხურზე იმყოფება. ერთარსობრიობის იგივე მტკიცებულება მართებულად მიიჩნევა მთელი სამებისათვის (კონსტანტინოპოლის კრება).

თანაზიარება (Intercomunione) [შედგება სიტყვებისგან inter + comunione] საკმაოდ ბუნდოვანი ტერმინი, რომელიც ეკუმენურ გარემოში გამოიყენება (ნ. ეკუმენიზმი). აღნიშნავს საეკლესიო თანაზიარების სხვადასხვა დონეებს. შეიძლება აღნიშნავდეს: ა) სრულ საეკლესიო თანაზიარებას (უფლის სერობაში თანაზიარება, ყოველგვარი განსხვავების გარეშე); ბ) თანაწირვას (სხვაგვარი ზიარების მსახურთა ორმხრივი დაშვება ევქარისტიული მსახურების წარსამართავად); გ) თანააღვლენას (სხვადასხვა კონფესიათა მსახურების მიერ მსახურების ერთად აღვლენა); დ) პირობით დაშვებას (გარკვეული პირობებით სხვა კონფესიათა მორწმუნეები დაიშვებიან ევქარისტიის მისაღებად; საკუთარ მორწმუნეებსაც, აგრეთვე, ეძლევათ ნება, მიიღონ მონაწილეობა სხვა კონფესიების მიერ აღსრულებულ ევქარისტიულ მსახურებაში); ე) ურთიერთდაშვებას (შეთანხმება ორ ეკლესიას შორის, რომლის საფუძველზეც ერთი მათგანის წევრებს ევქარისტიის მიღება მეორეშიც შეუძლიათ და პირიქით). მოქმედ დებულებათა თანახმად, კათოლიკე ეკლესია სხვა ეკლესიებთან ერთად თანააღვლენას მხოლოდ ღმრთის სიტყვის ლიტურგიის დროს აღასრულებს. კათოლიკე ეკლესია გარკვეული პირობებით უშვებს არაკათოლიკეთა მიერ თავის ეკლესიებში ევქარისტიის მიღებას და უფლებას აძლევს საკუთარ მორწმუნეებს, მიიღონ ის სხვა ეკლესიებში, თუმცა მხოლოდ იქ, სადაც ევქარისტიული მსახურება სრულყოფილად აღევლინება, როგორც წესი, აღმოსავლეთის ეკლესიებში. ამჟამად კათოლიკე ეკლესია თავის მორწმუნეებს პროტესტანტული ევქარისტიის მიღების ნებას არ რთავს. ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერჯერობით არ აქვს დამყარებული ურთიერთდაშვების ურთიერთობა კათოლიკე ეკლესიასთან.

თანაზიარება და გათავისუფლება (Comunione e Liberazione) საეკლესიო მოძრაობა, რომლის შთამაგონებელია დონ ლუიჯი ჯუსანი, 1954-1965 წლებში რელიგიის პედაგოგი მილანის ბერშეს ლიცეუმში. მოძრაობის პირველ უჯრედს „სტუდენტური ახალგაზრდობა“ (GS) ეწოდა და ის სწრაფად გავრცელდა იტალიის მრავალი ქალაქის სტუდენტებს შორის. 1969-70 აკადემიურ წელს უნივერსიტეტებში დამკვიდრება დაიწყო ფორმულამ „თანაზიარება და გათავისუფლება“ (CL), რაც მცირე ხანში მოძრაობის ოფიციალურ სახელწოდებად იქცა. მოძრაობა ხაზს უსვამს, რომ ქრისტიანობა არა ფილოსოფია ან ცხოვრების გეგმაა, არამედ არსებითად მოვლენაა, ღმრთის მოვლენა, ვინც შემოდის ისტორიაში, იესო ქრისტეს პიროვნებაში, რათა გადაარჩინოს ადამიანი. მაშასადამე, ქრისტე ისტორიის ნამდვილი „სიახლე“ და გათავისუფლების ერთადერთი საშუალებაა ადამიანისათვის. თავისი რწმენით, ადამიანი ნდობას უცხადებს ამ მოვლენას და თავისი განახლების საშუალებას აძლევს ღმერთს. გარემო, რომელშიც, ღმრთის ნებით, ისტორიულად ხორციელდება ადამიანის ხსნა და გათავისუფლება, ეკლესიაა. ქრისტესა და თანამოძმეებთან თანაზიარებიდან წარმოიშვება მისია, როგორც სხვათა მიმართ სიყვარულის ნიჭი. მოძრაობას „თანაზიარება და გათავისუფლება“ მართავს ეროვნული საბჭო, რომელსაც სხვადასხვა რეგიონთა წარმომადგენლები, მისიონერულ ჯგუფთა პასუხისმგებელი პირები და სტუდენტთა, საუნივერსიტეტო მუშაკთა და თანამშრომელთა სამი დანაყოფის პასუხისმგებელი პირები შეადგენენ. აღსანიშნავია „საკრებულო სკოლა“, სადაც მნიშვნელოვანი თემების პიროვნული და ერთობლივი განხილვა მიმდინარეობს. მოძრაობა დიდი ხანია დაკავებულია კოოპერატივების (კულტურული, საკვები პროდუქტების, სასოფლო-სამეურნეო და სხვა), საცხოვრებლების, სასადილოების (არაადგილობრივი სტუდენტებისთვის), სამედიცინო და იურიდიული კონსულტაციის კაბინეტთა მოწყობით, რაც იმას ადასტურებს, რომ ქრისტეს „სიახლის“ მატარებელ ქრისტიანულ საკრებულოს სოციალურ სტრუქტურათა განახლების ძალა შესწევს. დასასრულ, ღმრთის ნამდვილი სიყვარულის ნიშნად მიიჩნევა მოძრაობის ფარგლებში მღვდელმსახურებისა და მონაზვნობის მოწოდებათა აღმოცენება და „მოზრდილთა ჯგუფების“ ჩამოყალიბება. ეს უკანასკნელნი შედგება მოზრდილ ადამიანთაგან, რომლებიც საერო საქმიანობას და სამყაროსთან ურთიერთობას განაგრძობენ, თუმცა ამავე დროს მათი ცხოვრება განსაზღვრული წესის თანახმად წარიმართება.

თანალმობა ნ. ლმობიერება.

თანამაკურთხებელი (Conconsacrante) [con+consacrante „ის, ვინც აკურთხებს“] ეპისკოპოსად კურთხევაში მონაწილე ეპისკოპოსი. კანონიკური სამართლის კოდექსის თანახმად, ასეთი ეპისკოპოსი სამი მაინც უნდა იყოს (ერთი მთავარი და ორი დამხმარე), „თუმცა სასარგებლო იქნებოდა, მათთან ერთად ეპისკოპოსად არჩეულის კურთხევაში ყველა დამსწრე ეპისკოპოსმა მიიღოს მონაწილეობა“ (CIC, კან. 1014).

თანამხსნელი (Corredentrice) [con+redentrice] ხსნის ცნება გამორჩეულად ქრისტოლოგიური ცნებაა, რომელსაც თეოლოგები თანაფარდობითად უსადაგებენ აგრეთვე მარიამსაც, რითაც ადამიანთა ხსნაში ღმრთისმშობლის თანამონაწილეობის აღნიშვნა სურთ. ვატიკანის II კრებამ (LG, თავ. VIII), თანახსნის ნაცვლად, „ხსნაში თანამშრომლობის“ ცნებას მიანიჭა უპირატესობა.

თანამწირველობა (Concelebrazione) [ლათ. ზმნიდან cum-celebrare „ერთად აღვლენა“] ასე ეწოდება წირვის აღვლენას რამდენიმე ღმრთისმსახურის მიერ, რომლებიც თანამწირველებად იწოდებიან. ამგვარ წესს მუდამ მისდევდნენ აღმოსავლეთის ეკლესიაში, დასავლეთში კი ის დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ საღმრთისმსახურებო და საეპისკოპოსო ხელდასხმათა შემთხვევებში იყო გათვალისწინებული. ვატიკანის II კრებამ ლიტურგიული განახლების ფარგლებში წაახალისა თანამწირველობის ფორმის დამკვიდრება, აგრეთვე, სხვა შემთხვევებშიც, რაც მღვდელმსახურთა ურთიერთზიარების, ქრისტიან ხალხთან მათი თანაზიარებისა და იესო ქრისტეს ერთადერთ მღვდელმსახურებაში მათი მონაწილეობის ხაზგასმას ემსახურება.

თანხმობა (საქორწინო) (Consenso (matrimoniale)) [ლათ. სიტყვიდან consensus, მომდინარეობს ზმნიდან ცონსენტირე „თანხმობის მიცემა“] აღნიშნავს მამაკაცისა და ქალის ურთიერთზიარ ნებას, დაქორწინდნენ. ლეგიტიმურად გამოხატული თანხმობა ქორწინების შემადგენელი აქტია (შდრ. CIC, კან. 1057).

თარგუმი (Targum) [ებრ. „თარგმანი“ (მრავლობითი რიცხვის ფორმა — targumim)] ამ ტერმინით აღინიშნება ბიბლიური ტექსტის ძველი არამეული თარგმანები, აღმოცენებული სინაგოგური ლიტურგიის კონტექსტში, როდესაც მორწმუნეთა უმრავლესობა აღარ ფლობდა ებრაულ ენას. თავდაპირველად თარგუმი შაბათს და დღესასწაულებზე თორას და წინასწარმეტყველთა ნაწერების კითხვას ახლდა თან და აუცილებლად ზეპირად სრულდებოდა. მთარგმნელი (მეთურგემანი) თარგუმს წარმოთქვამდა თორას ყოველი მუხლისა და წინასწარმეტყველთა ტექსტის ყოველი სამი მუხლის შემდეგ. თაგმანი ხშირად პარაფრაზს ან სულიერი ხასიათის განმარტებას წარმოადგენდა. ამიტომაც თარგუმი კარგად წარმოაჩენს ბიბლიის იმდროინდელი (ქრისტემდე ბოლო და ქრისტეს შემდეგ პირველი საუკუნეები) განმარტების მრავალ სახასიათო ასპექტს. თარგუმის წარმოთქმის ტრადიცია პალესტინაში II საუკუნეში შეწყდა. მისი ძირითადი წერილობითი ნიმუშები I-III საუკუნეებით თარიღდება და მოიცავს მთლიანად ხუთწიგნეულს, წინასწარმეტყველებს და, სხვადასხვა ეპოქაში, ჰაგიოგრაფებს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: III საუკუნეში ბაბილონში გამოცემული თარგუმი სახელწოდებით „ონქუელოსი“. ხუთწიგნეულის ეს თარგმანი თითქმის კანონიკურად იქცა, მას საკუთარი მასორაც (ნ. მასორელნი) კი ჰქონდა და ხუთწიგნეულის რაბინულ გამოცემებში ახლდა თან ებრაულ ტექსტს; აგრეთვე, ბაბილონური წინასწარმეტყველთა ტექსტის თარგუმი იონათანი, VII საუკუნის საბოლოო რედაქციით და, შესაძლოა, წინაქრისტიანული ხანის პალესტინური ხუთწიგნეულის თარგუმი ნეოფიტთათვის.

თაყვანისცემა (Adorazione) ეტიმოლოგიურად [ლათ. ad os] აღნიშნავს ღმრთისმოსაობისა და პატივისცემის ნიშნად ხელების ტუჩებთან მიტანისა და შემდეგ ხატის ან რამე წმიდა საგნის მიმართ მათი მიპყრობის ჟესტს. სხვადასხვა რელიგიურ გამოხატულებათა შორის თაყვანისცემა ყველაზე მკაფიოდ ასახავს ადამიანის სრულ დამოკიდებულებას ღმერთზე, ვის აბსოლუტურ უზენაესობასაც იგი აღიარებს და ამტკიცებს (მორჩილების თაყვანისცემა). თაყვანისცემის საგნად შეიძლება იქცეს ქმნილებებიც, თუმცა მხოლოდ ღმერთთან მათი დამოკიდებულების თვალსაზრისით (მოწიწების თაყვანისცემა). ევქარისტიული თაყვანისცემა ინდივიდუალური თუ საჯარო მჭვრეტელობითი ლოცვის ფორმაა (ნ. ორმოცსაათიანი), რომელიც წმიდა ნაწილების გამობრძანებისას იმართება.

თეანდრული/თეანდრიზმი (Teandrico/ Teandrismo) [ბერძ. theós „ღმერთი“+anér „ადამიანი“] ამგვარად აღინიშნება ქრისტეს ერთადერთ პიროვნებაში ღმრთაებრივი ბუნების ადამიანურთან კავშირი. ზედსართავი სახელი გამოხატავს ამგვარი კავშირისა და მისგან გამომდინარე შედეგის ხასიათს. მაგალითად, ლიტურგია უმაღლესი თეანდრული რეალობაა, რამდენადაც მასში ეკლესიის (სხეულის) მიერ აღსრულებულ საიდუმლოებათა ცენტრში მუდამ ქრისტეა (თავი) მოქცეული.

თეატელნი (Teatini/e) საეკლესიოთა ორდენი, რომელიც ავგუსტინესეული წესდებას ეფუძნება და რომელიც დაარსებული 1524 წელს რომში, გაეტანო ტიენელის (†1547, კანონიზებულია 1671 წელს) და ჯამპიერო კარაფას, იმჟამად კიეტის (ლათ. Theate, საიდანაც მომდინარეობს ორდენის სახელწოდება) ეპისკოპოსის, მიერ. იმავე წელს ორდენი კლემენტე VII-მ მოიწონა. ორდენის დამაარსებლები დაახლოებით 1515 წელს აღმოცენებული რომის საძმოს, „საღმრთო სიყვარულის ორატორიუმის“, წევრები იყვნენ, რომელიც ღმრთისმოსავი ცხოვრების გარდა, სნეულთა დახმარებასაც ეწეოდა. თეატელთა ორდენის წევრები სამაგალითო სამღვდელმსახურებო ცხოვრებას ეწეოდნენ, დაკავებულნი იყვნენ, ამავე დროს, სამეცნიერო საქმიანობით და, გარდა ამისა, ღირსეულ მღვდელმსახურებს ზრდიდნენ. ორდენიდან მრავალი ეპისკოპოსი გამოვიდა, რომელთაც წვლილი შეიტანეს ტრიდენტის კრების მიერ დასახული საეკლესიო რეფორმის გატარებაში, განსაკუთრებით, სასულიერო პირებთან დაკავშირებით. დიდი ხნის განმავლობაში ორდენი მხოლოდ იტალიაში მოქმედებდა, კერძოდ, ნეაპოლსა და ვენეციაში, მოგვიანებით მისი საქმიანობა ევროპასა და ამერიკაშიც გავრცელდა. დღეს ორდენის წევრები აფრიკის კონტინენტზეც ეწევიან მისიონერულ საქმიანობას. ურსულა ბენინკაზას (†1618) მიერ ნეაპოლში 1583 წელს დაარსებული ორდენის ქალთა შტო (Congregazione delle oblate della Vergine Immacolata Maria) და 1617 წელს დაარსებული განდეგილთა ორდენი (Congregazione delle eremite) 1623 წელს პაპმა გრიგოლ XV-მ მოიწონა, 1633 წელს ისინი თეატელთა ორდენს შეუერთდა.

თებაიდა (Tebaide) [ლათ. Thebais „თებეს მახლობლად მდებარე მხარე“ (ზემო ეგვიპტეში)] ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში (III-IV სს.) აქ მრავალმა განდეგილმა დაიდო ბინა. გადატანითი მნიშვნელობით ტერმინი აღნიშნავს უდაბნო, არამყუდრო ან ჩუმსა და უკაცრიელ ადგილს.

თეთრი მამები (Padri bianchi) აფრიკის მისიონერთა საზოგადოების წევრები (SMA). ასე იწოდებიან მათი სამოსელის თეთრი ფერის გამო. ორგანიზაცია 1868 წელს კარდინალმა ლავიჟერიმ დააარსა აფრიკის გაქრისტიანების მიზნით. თეთრ მამებთან თანამშრომლობენ აფრიკის წმიდა მარიამის მისიონერი დები.

თეიზმი (Teismo) [ბერძ. theós „ღმერთი“] მეთვრამეტე საუკუნიდან (პირველად მან 1678 წელს, რ. კადვორთის შრომებში გამოცხადდა) ევროპის სულიერ ისტორიაში დამკვიდრდა თეიზმის ცნება, შექმნილი და შემდგომში განვითარებული ქრისტიანულ რელიგიასა და თანამედროვე ათეიზმთან, დეიზმთან, პანთეიზმთან მიმართებაში. თეიზმი აღნიშნავს ნააზრევს, დაფუძნებულს ღმრთის არსებობის მტკიცე დაჯერებულობაზე (ათეიზმის საპირისპიროდ). ეს ღმერთი აღიქმება აბსოლუტურ და ტრანსცენდენტულ არსებად (პანთეიზმის საწინააღმდეგოდ), პიროვნული და ცოცხალია და სამყაროს შექმნის (რომელიც განიმარტება, როგორც შექმნა არაფრისაგან - creatio ex nihilo) შემდეგაც განაგრძობს მოქმედებას სამყაროში (ნ. განგება) და მის არსებობას უზრუნველყოფს (დეიზმის საწინააღმდეგოდ). არსებობა ღმრთისა, რომელიც მოიაზრება თავისუფალ, თვითაქტიურ, ყოვლისშემძლე, ყველგანმყოფ, ყოველისმცოდნე, კეთილად და მარადიულად, ან, როგორც ზნეობრივ ვალდებულებათა საფუძვლად, სულად და ა.შ., თეიზმში შეცნობილი ან დამტკიცებული უნდა იქნეს გონების დახმარებით (ღმრთის არსებობის დამადასტურებელი საბუთები), ისე, რომ შესაძლებელი იყოს ხსნის ისტორიაში ღმრთის გამოცხადებისათვის თავის არიდება მისი უარყოფის გარეშე.

თეკა (Teca) [ლათ. théca, მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან théke „საცავი“, „კოლოფი“] დიდი ნაკურთხი ჰოსტიის მოსათავსებელი პატარა მრგვალი ფორმის ჭურჭელი. გამოიყენება ჰოსტიის მონსტრანციაში გამოფენის ან სნეულთა საზიარებლად წაღების მიზნით.

თეოგონია (Teogonia) [ბერძ. theós „ღმერთი“ და goneía „დაბადება“] ტერმინი აღნიშნავს ღმერთთა დაბადებას და მომდინარეობს ბერძენი ავტორის, ჰესიოდეს (ქრისტემდე დაახლ. 700 წ.) ამავე სახელწოდების ნაწარმოებიდან. ჰესიოდე ღმერთების დაბადებას 1000-ზე მეტ სტროფს უძღვნის და თავის თხზულებაში უფრო ადრინდელ მითოლოგიურ მასალასაც ეყრდნობა. ჩვეულებრივ, გენეალოგიური ხის ფუძემდებელია არაშექმნილი არსება, რომლისგანაც მომდინარეობენ ხშირად ერთმანეთთან და საკუთარ შემოქმედთან კონფლიქტში მყოფი ღმრთაებრივი ან ნახევრად ღმრთაებრივი არსებანი. თეოგონიასთან მჭიდრო კავშირშია კოსმოგონია (სამყაროს შექმნის ამბავი).

თეოდიცეა (Teodicea) [ბერძ. theós „ღმერთი“ + díke „სამართალი“] გ. ვ. ლაიბნიცის მიერ ჩამოაყალიბებული თეოდიცეის ცნება აღნიშნავს სიკეთითა და ყოვლისშემძლეობით აღჭურვილი ღმრთის გამართლებას ტანჯვისა და ბოროტების ადამიანური გამოცდილების წინაშე. ბუნებასა და საზოგადოებაში არსებული ტანჯვისა და უბედურების გამოცდილებასთან ღმრთის სიკეთისა და ყოვლისშემძლეობის მისადაგების საკითხი უკავშირდება ტანჯვის განსაკუთრებულ ინტერპრეტაციას ისტორიულ პირობათა გათვალისწინებით, რის გამოც ტანჯვის გამოცდილება ასპარეზს უთმობს თეოლოგიურ პრობლემას.

თეოკრატია (Teocrazia) [ბერძ. theós „ღმერთი' + kratía „ძალაუფლება“] იოსებ ფლავიოსის მიერ შექმნილი ტერმინი „თეოკრატია“, ანუ „ღმრთის მმართველობა“, აღნიშნავს სახელმწიფოს ისეთ ფორმას, რომელშიც საერო და რელიგიური ატრიბუტიკა ძალიან მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული. მართვის ძალაუფლება უშუალოდ ღმრთისგან მომდინარეობს და მის მიერ არჩეული წარმომადგენლის (მღვდელმსახურის) მიერ აღსრულდება. თეოკრატიის დამახასიათებელი ელემენტია მმართველის სამღვდელმსახურებო კავშირი ღმრთაებრიობასთან. ამგვარი მმართველის პროტოტიპად მოსე მიიჩნევა. შუა საუკუნეებში ცალკეულმა პაპებმა (გრიგოლ VII, ინოკენტი III, ბონიფაციუს VIII) ღმრთის ქალაქის ავგუსტინესეული იდეის საფუძველზე სცადეს თეოკრატიული იდეალის განხორციელება, თუმცა იმპერიის წინაღმდეგობის გამო მათი მცდელობანი ფუჭი აღმოჩნდა.

თეოლოგი (Teologo) [ლათ. theologus, მომდინარეობს ბერძნულიდან theológos] თეოლოგიის სწავლული. ეწოდება, ასევე, თეოლოგიის კურსის შემსწავლელ სემინარიელს.

თეოლოგია (Teologia) [ბერძ. theós „ღმერთი“+lógos „საუბარი“] თეოლოგიის („ღმრთის შესახებ მსჯელობის“) ცნება და მისი ფუძიდან მომდინარე სიტყვები არ გვხვდება არც ახალ აღთქმაში და არც შემდგომ - სამოციქულო მამათა ნაწერებში, არამედ ბიბლიამდელ და ბიბლიისმიღმა სამყაროში, ძველი ბერძნული აზროვნების სივრცეში, სადაც მას პირველად პლატონი იყენებს (პოლიტიკა, II, 379ა). თეოლოგიის ცნების წმიდა ქრისტიანულ გამოყენებას ორიგენემ, ევსებიმ, ათანასემ და ბასილმა დაუდეს დასაბამი. როგორც ქრისტიანული სარწმუნოების მეცნიერება, თეოლოგია არსებითად სამეცნიერო-მეთოდული განსჯაა ღმრთის ქრისტიანული რწმენის შესახებ, ვინც ნაზარეველი იესოს სახით მოევლინა დედამიწას. ქრისტიანული თეოლოგია სამი თვალსაზრისით განიხილება, როგორც: ა) ორიენტირებული საეკლესიო განცდით; ბ) დანახული ქრისტიანული სარწმუნოებიდან; გ) სამეცნიერო ხასიათის მქონე. მის მიერ განხილულ საკითხთა სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, თეოლოგია სხვადასხვა დისციპლინებად იყოფა. ქრისტიანობაში საღმრთო წერილის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საღმრთო წერილსა და მის დამხმარე მეცნიერებებს ბიბლიური თეოლოგია შეისწავლის. ისტორიული თეოლოგია შეისწავლის ქრისტიანობის ისტორიის განვითარებას სხვადასხვა ეპოქაში: თავდაპირველი ეკლესიის აღმოცენებიდან პატრისტიკის ხანის ჩათვლით; დასავლურ შუა საუკუნეებში; რეფორმამდე და კონტრრეფორმამდე; თანამედროვე ქრისტიანობას. ამასთან, ისტორიული თეოლოგია თეოლოგიისა და დოგმის ისტორიას (კერიგმა; დოგმა), რწმენის გავრცელებას (მისია), ეკლესიისა და სამყაროს ურთიერთობას იკვლევს. ის, რაც ისტორიულ სიბრტყეში გადმოიცემა მოძღვრებაში, ეკლესიის ცხოვრებასა და კულტში, სისტემურ თეოლოგიაში წარმოდგენილია „სარწმუნოების იერარქიის“ სახით (დოგმატიკა), განსჯის საგანია და დაფუძნებულია გადმოცემაში (ფუნდამენტური თეოლოგია), დაბოლოს, განმარტებულია თეორია-პრაქტიკის დამოკიდებულების სახით ახალი პრაქტიკისა (ზნეობრივი თეოლოგია) და მისი საზოგადოებრივი ეფექტურობის თვალსაზრისით (ქრისტიანული სოციალური მოძღვრება). ამგვარად, სისტემური თეოლოგია აუცილებელ გავლენას ახდენს პრაქტიკულ, ანუ სამწყსო თეოლოგიაზე, სადაც თემატიზებულია ქრისტესაგან მომდინარე როგორც ვერბალური საკომუნიკაციო პროცესი, ისე ხსნის გზავნილის პრაქტიკული მოქმედება (ლიტურგია, ქადაგება, რელიგიური აღზრდა და განათლება, დიაკონიური მსახურება, ქრისტიანული ცხოვრების პრაქტიკა სხვადასხვა ვითარებაში).

თეოლოგია, განთავისუფლების ნ. განთავისუფლების თეოლოგია.

თეოლოგია, კონტექსტური ნ. კონტექსტური თეოლოგია.

თეოლოგია, ლიბერალური ნ. ლიბერალური თეოლოგია.

თეოლოგია, უარყოფითი ნ. უარყოფითი თეოლოგია.

თეოლოგიის შეჯამება (Summa theologica) [ლათ. summa „(მოძღვრების) ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი“, „მოკლე გადმოცემა“, „შეჯამება“] თეოლოგიური მოძღვრების მთლიანი, ყოვლისმომცველი გადმოცემის ლიტერატურული ფორმა, რომელიც შუა საუკუნეებში მოპოვებული ცოდნის სისტემატიზაციის ორიგინალურ საშუალებად იქცა. მისთვის დამახასიათებელია მკაცრად დაყოფა (ნაწილები, კითხვები, პარაგრაფები), რომლებიც, თავის მხრივ, ტიპურ ფორმებადაა სტრუქტურირებული. საუკეთესო მაგალითია წმიდა თომა აკვინელის „თეოლოგიის შეჯამება“ (Summa theologiae).

თეოლოგიური კომისია, საერთაშორისო ნ. საერთაშორისო თეოლოგიური კომისია.

თეოლოგუმენა (Teologumenon) [ბერძ.] აღნიშნავს თეოლოგიურ შეხედულებას, რომელიც არ არის გამყარებული მოძღვრების ძალით და, მაშასადამე, არ არის ნორმატიული. ამავე დროს, ის არ არის მოცემული ისტორიული მტკიცებულების სახით, არამედ ისტორიული ფაქტის თეოლოგიურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

თეომანია (თეომანია) [ბერძ. theós „ღმერთი“ + manía „სიგიჟე“] აღნიშნავს რელიგიური მანიის ნებისმიერ ფორმას, რომლის გავლენითაც ადამიანი ამტკიცებს, რომ ხილვები ან ღმრთაებრივი გამოცხადებები აქვს და ღმრთის რჩეულად გრძნობს თავს.

თეოპნევსტია (Teopneustia) [ბერძ.] აღებულია ახალი აღთქმიდან (2 ტიმ. 3:16) და აღნიშნავს საღმრთო წერილის შთაგონებულ ხასიათს, ანუ ღმრთის იმ ქარიზმულ გავლენას წმიდა მწერლებზე, რომლის ძალითაც შეიძლება ვამტკიცოთ, რომ საღმრთო წერილის ავტორი თავად ღმერთია. ნ. შთაგონება.

თეოსოფია (Teosofia) [ბერძ. theós „ღმერთი“+sophía „სიბრძნე“] ტერმინი თეოსოფია (ღმრთის შეცნობა, ცნობა) ამჟამად მოიცავს როგორც ქრისტიანულ, ისე არაქრისტიანულ იდეოლოგიებს, რომლებიც ძნელად ეხამება ერთმანეთს. თავისი მისტიკური თუ ფილოსოფიურ-ბუნებრივი ფორმით თეოსოფია ხშირად ალქიმიას, ასტროლოგიას და ოკულტიზმს უახლოვდება. თეოსოფიის მიზანია, საიდუმლოებრივ კავშირთა ეზოტერიული (ნ. ეზოტერიზმი) ცოდნის მეშვეობით სარწმუნოების მიერ შემოთავაზებულ ჭეშმარიტებაზე აღმატებული ჭეშმარიტების ფორმის პოვნა. ღმრთაებრივი სამყაროს შესახებ ჭეშმარიტება იმ ცოდნის მეშვეობით მიიღწევა, რომელსაც ფლობენ განდობილი ადამიანები სხვადასხვა რელიგიებში. ამ ცოდნის გადაცემა მხოლოდ საკუთარი სკოლის ფარგლებში შეიძლება. ქრისტიანული თეოსოფია, რომელისათვისაც ქრისტე ცოდნის წყაროა (კოლ. 2:3), გნოსისისა და ნეოპლატონიზმის ელემენტებს შეიცავს.

თეოფანია (Teofania) [ბერძ. theós „ღმერთი“+pháinein „გამოჩენა“] ტერმინი აღნიშნავს ღმრთის გამოვლინებას, რაც გრძნობების მეშვეობით აღიქმება. თეოფანიის შესახებ საუბარია თითქმის ყველა რელიგიურ გამოცდილებაში. ბიბლიაში ტიპური თეოფანიაა უფლის გამოცხადება სინაის მთაზე (გამ. 19:16, შმდ.; შდრ. ფსალ. 18:8-14), - ყველა სხვა თეოფანიის ლიტერატურული ნიმუში.

თეოცენტრიზმი (Teocentrismo) [ბერძ. theós „ღმერთი“+centrizmi] ეთიკურ-რელიგიური კონცეფცია, რომელიც ღმერთს მიიჩნევს რეალობის საწყისად და დამოკიდებულებათა უმთავრეს წყაროდ ნებისმიერი ადამიანური გამოვლინებისათვის.

თვითმგვემნი (Flagellanti) შუა საუკუნეების მოძრაობათა და ძმობათა წევრები, რომლებიც მონანიების მიზნით საჯარო გაშოლტვას მისდევდნენ. ეს ფენომენი განსაკუთრებით XIII საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა, როცა ადამიანთა ჯგუფები ქალაქებსა და სოფლებში დადიოდნენ, საჯაროდ იშოლტავდნენ საკუთარ თავს ან ერთმანეთს შოლტავდნენ და ლოცულობდნენ. გაშოლტვა ასკეტური წესი იყო, რომელიც ჯერ კიდევ XI საუკუნეში იყო გავრცელებული განდეგილთა შორის. 1260 წელს პერუჯაში განდეგილმა რანიერი ფაზანიმ დაამკვიდრა ეს წესი, აგრეთვე, საეროთა შორისაც და ამგვარად დააარსა ქრისტეს თვითმგვემთა საზოგადოება (Compagnia dei Disciplinati di Cristo, ლათ. დისციპლინა „წვრილი დრეკადი წკეპლა“).

თვითმკვლელობა (Suicidio) ნიშნავს საკუთარი თავის მოკვლას, ანუ საკუთარი ნებით, გაცნობიერებულად სიკვდილის არჩევას. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ჩასახვის მომენტიდან სიკვდილამდე წმიდაა, რადგანაც ადამიანი წმიდა და ცოცხალი ღმრთის ხატებად და მსგავსებად იქნა ჩაფიქრებული. ამიტომაც თვითმკვლელობა ღმრთის წინაშე ჩადენილი მძიმე ცოდვაა. ამასთან, თვითმკვლელობა ეწინააღმდეგება საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებისა და განგრძობის ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებას და, ამავე დროს, მოყვასისადმი სიყვარულის შეურაცხყოფაა, რადგან უსამართლოდ წყვეტს ნათესავთა, თანამემამულეთა, ადამიანთა საზოგადოებასთან არსებულ კავშირებს (შდრ. CCC, 2280-2283).

თვითშეზღუდვა (Astinenza) [ლათ. abstenere „შორს დაჭერა“, საიდანაც მომდინარეობს abstinentia „თავშეკავება“, „უარის თქმა“, „თავის შეზღუდვა რამისაგან“] ზოგიერთი სიკეთით სარგებლობისაგან დროებით ან მთლიანად თავის შეკავება უფრო დიდი სიკეთისაკენ სწრაფვის გამო. ეს სიტყვა განსაკუთრებით იხმარება საკვების ზოგიერთი სახეობის მიღებისაგან ან სქესობრივი ურთიერთობისაგან თავშეკავების აღსანიშნავად. ქრისტიანულ რელიგიაში თვითშეზღუდვა მოქცეულია მონანიების (ლოცვა, გულმოწყალე და ქველმოქმედი საქმიანობა, მარხვა და თავშეკავება) უფრო ზოგად ჩარჩოში, როგორც ქრისტეს მსხვერპლშეწირვაში თანამონაწილეობა და ეგოისტურ და გრძნობად მიდრეკილებათა წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი ხერხი. კანონიკური სამართლის წესით (CIC, კან. 1251-1253), თვითშეზღუდვა ეპისკოპოსთა კონფერენციების მიერ განისაზღვრება და წესდება ყველა ადამიანისათვის 14 წლის ასაკიდან. იტალიაში ხორცისაგან თავშეკავება დაწესებულია დიდი მარხვის პარასკევ დღეებში და, მარხვასთან ერთად, ნაცრის ოთხშაბათსა და დიდ პარასკევს.

თილისმა (Talismano) ეტიმოლოგია უცნობია. სხვადასხვა ფორმისა და მასალის საგანი, რომელსაც ხალხური რწმენა მაგიურ და მფარველ უნარებს მიაწერს.

თომიზმი (Tomismo) უპირველეს ყოვლისა, ასე ეწოდება წმიდა თომა აკვინელის (1225-1274) მიერ ჩამოყალიბებულ მოძღვრებას. გარდა ამისა, ტერმინი აღნიშნავს ამ მოძღვრების განმარტებასა და განგრძობას სკოლებში, რომლებიც წმიდა თომას ნაშრომებს ეყრდნობიან. XV-XVI საუკუნეებში და შემდგომ, დიდი აღზევებისა და გავრცელების პერიოდს თომიზმის დავიწყება მოჰყვა. მოძღვრება კვლავ გახდა აქტუალური XIX საუკუნეში და დასაბამი მისცა ნეოთომიზმს.

თორა (Torah) [ებრ. „კანონი“ („მნიშვნელოვანი მითითება“)] თავდაპირველად აღნიშნავდა არა იმდენად მკაცრად განსაზღვრულ კანონს, რამდენადაც კონკრეტული საარსებო მდგომარეობის შესატყვის დარიგებას. ყველა შემთხვევაში, ძველ აღთქმაში თორა ღმრთის კანონმდებელ სიტყვას აღნიშნავდა და ამ ნიშნით იქცა ის ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის სახელდებად (დაბადება, გამოსვლა, ლევიანელთა, რიცხვნი, მეორე რჯული), რომლებიც ერთობლივად ხუთწიგნეულად მოიხსენიება (ბერძნულად „პენტატევქი“).

10

▲back to top


იაკობელნი (Giacobiti) ასე უწოდებენ იაკობ ბარადეოსის (†578) მიმდევარ მონოფიზიტ სირიელ ქრისტიანებს. ედესის ეპისკოპოსად კურთხეულმა და შემდეგ გაძევებულმა იაკობმა შექმნა მართლმორწმუნე იერარქიასთან დაპირისპირებული მონოფიზიტური იერარქია, აკურთხებდა ეპისკოპოსებს, ჩამოაყალიბა სირიული ეროვნული ეკლესია. „მართლმორწმუნე სირიელებმა“, ანუ „ძველმა სირიელებმა“, როგორც უწოდებდნენ საკუთარ თავს იაკობის მიმდევარნი, მრავალი დევნა განიცადეს ბიზანტიელ იმპერატორთა, არაბთა, მონგოლთა, თურქთა და სხვათა მხრიდან. გავრცელდნენ სპარსეთსა და სომხეთში, ინდოეთში. უარყვეს ქალკედონისა და მომდევნო კრებები. მიუხედავად იმისა, რომ იაკობელნი აღიარებენ იესოს, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთსა და ჭეშმარიტ ადამიანს, მასში მხოლოდ ერთ ბუნებას ცნობენ. 1930 წელს, დაახლოების ხანგრძლივ მცდელობათა შემდეგ, სამხრეთ ინდოეთის (კერალა) იაკობელთა ერთი ჯგუფი რომის ეკლესიას შეუერთდა („მალანკარელი სირიელნი“).

იანსენიზმი (Giansenismo) ტერმინი მომდინარეობს კორნელიუს იანსენის (აკტოი, ჰოლანდია, 1585 - იპრი, 1638, ავტორი წიგნისა „ავგუსტინე“, 1640) სახელიდან. ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებული მისი წიგნი იანსენისტური მოძრაობის დასაბამად იქცა. იანსენიზმი XVII-VXIII საუკუნეების ევროპაში გავრცელებული დოქტრინალური, პოლიტიკური და საეკლესიო მოძრაობაა. მის ამოსავალ წერტილად იქცა მოძღვრება მადლის შესახებ, კერძოდ, წინასწარგანსაზღვრულობის კალვინური ხედვა. მადლის შესახებ დაუსრულებელ დაპირისპირებებში საიმედო ორიენტირად და წყაროდ მუდამ წმიდა ავგუსტინე რჩებოდა. ავგუსტინეს მიმართავს თავისი ელიტარული და რიგორისტული ზნეობის წარმოდგენისას იანსენიც, ბაიოს მოწაფე, 1618 წლიდან ლუვენის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი და 1636 წლიდან იპრის ეპისკოპოსი. ნაშრომში „ავგუსტინე“ იანსენი ღმრთაებრივი მადლის დაუძლევლობისა და პირველი ცოდვით განპიროებებულ ადამიანის სისუსტეზე საუბრობს და ცალკეულ საკითხებში ძალიან ახლოსაა ერესთან. 1641 წლის 1 აგვისტოს იანსენის შრომა აკრძალულ წიგნთა ნუსხაში (ინდექსი) მოხვდა, 1705 წელს კი იანსენიზმის წარმომადგენლებს მოსთხოვეს არა მხოლოდ silentium obsequirum (მორჩილების ნიშნად დუმილი), არამედ ერეტიკულ თეზისთა ნათლად უარყოფა. იანსენიზმის სულიერ ცენტრს წარმოადგენდა ვერსალის მახლობლად მდებარე პორ-როიალის მონასტერი, რომელსაც პატივს სცემდა ბლეზ პასკალიც, ვინც იანსენისტური სულისკვეთებით ებრძოდა იმდროინდელ იეზუიტთა კაზუისტურ და შემრიგებლურ ზნეობას.

იაჰვე (Jhwh) ღმრთის ებრაული სახელი, რომელიც აღნიშნავს „მე ვარ, მე ვიქნები შენთან“ (გამ. 3:14). წმიდა ტეტრაგრამა, ანუ ღმრთის სახელის ოთხი თანხმოვანი, ებრაულ ბიბლიაში 6823-ჯერ გვხვდება. ის პირველ ბიბლიურ ტექსტებშია ნახსენები (დაბ. 2-3), თუმცა მისი აღმოცენება მოსესათვის ღმრთის გამოცხადების ხანას უკავშირდება (შდრ. გამ. 3:13, შმდ.). წმიდა ტეტრაგრამა დღემდე ხმოვანთა გარეშე იწერება: მართლაც, Jhwh გამოუთქმელია, ანუ მას პატივისცემის ნიშნად არასოდეს წარმოთქვამენ. მის ნაცვლად წარმოითქმის სიტყვა ადონაი (= უფალო ჩემო). ღმრთის სახელს მხოლოდ უმაღლესი მღვდელმსახური წარმოთქვამდა წელიწადში ერთხელ, კიპურის დღესასწაულზე. მისი მნიშვნელობა სცილდება ყოფნის იდეას, ფილოსოფიური გაგებით, და მოიცავს ღმრთის მონაწილეობას ისრაელის ისტორიაში, განსაკუთრებით - გამოსვლაში (= მე ვარ ის, ვინც ათავისუფლებს). იაჰვეს სახელიდან მომდინარეობს იაჰვისტური ტრადიცია, ხუთწიგნეულის ოთხ წყაროთაგან ერთ-ერთი. იესო თავის თავს უწოდებს სახელს „მე ვარ“, რის გამოც მას მკრეხელობაში ადანაშაულებენ (იოან. 8:24.28.58; 13:19; 18:5.8; გამოცხ. 1:8).

იაჰვეს მსახური (Servo di Jhwh) ზოგადი ტერმინი, აღნიშნავს ყველა ღმრთისმოსავ ებრაელს. ტერმინი განსაკუთრებით მიემართება მეორეესაიას საგალობლებში (ეს. 40-55) აღწერილ პიროვნებას: წინასწარმეტყველებას მართალი ადამიანსა, რომელიც არა მხოლოდ იტანჯება და კვდება სიმართლის მიზეზით, არამედ თავისი ტანჯვით მრავალ ადამიანს იხსნის. ახალი აღთქმა იაჰვეს მსახურს მესიასთან და სხვა წინასწარმეტყველურ ფიგურებთან აიგივებს და მასში ცნობს ტანჯულ იესოს და მის მხსნელ და გამომსყიდველ სიკვდილს.

იგავი (Parabola) [ბერძნ. parabolé „შედარება“, „მსგავსება“ (ზმნიდან parabállein „შედარება“)] რეალურ თუ გამოგონილ ფაქტებზე აგებული მოთხრობა, რომლის მეშვეობითაც გადმოიცემა რელიგიური, ზნეობრივი ან საერო ხასიათის სხვადასხვა უწყება. იგავთა მეშვეობით იესო ღმრთის სასუფეველს აცხადებს (მათ. 13:34, შმდ.; მარკ. 4:33, შმდ.). ამგვარი იგავებია: კლდეზე აშენებულ სახლზე (მათ. 7:24, შმდ.; ლუკ. 6:47, შმდ.), მთესველზე (მათ. 13:3-23; მარკ. 4:3-25; ლუკ. 8:5-18), თესლის ზრდაზე (მარკ. 4:26, შმდ.), ხორბალსა და ღვარძლზე (მათ. 13:24-30:36-43), მდოგვის მარცვალზე (მათ. 13:31, შმდ., მარკ. 4:30, შმდ.), მარგალიტზე (მათ. 13:45), ზღვაში გადაგდებულ ბადეზე (მათ. 13:47-51), სახლის პატრონზე (მათ. 13:52), ორ მოვალეზე (ლუკ. 7:41-43), გულმოწყალე სამარიელზე (ლუკ. 10:25-37), შუაღამეს მოსულ მეგობარზე (ლუკ. 11:5, შმდ.), ლეღვის ხეზე (ლუკ. 13:6, შმდ.), კოშკის აშენებაზე (ლუკ. 14:28, შმდ.), უმადურ მონაზე (მათ. 18:23- 35), გზააბნეულ ცხვარზე (მათ. 18:12; ლუკ. 15:4), დაკარგულ დრაქმაზე (ლუკ. 15:8), შეცდომილ ძეზე (ლუკ. 15:11-32), ორგულ მნეზე (ლუკ. 16:1-13), მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკ. 16:19-31), შეუპოვარ ქვრივზე (ლუკ. 18:1-8), ფარისეველსა და მებაჟეზე (ლუკ. 18:9-14), ვენახის მუშებზე (მათ. 20:1-16), ორ ძეზე (მათ. 21:28-31), ბოროტ მიწისმუშაკებზე (მათ. 21:33-41; მარკ. 12:1-12; ლუკ. 20:9-19), საქორწილო ნადიმზე (მათ. 22:1-14; ლუკ. 14:16-24), ერთგულ მონაზე (მათ. 24:45-51; ლუკ. 12:42 შმდ.), ათ ქალწულზე (მათ. 25:1-13), ტალანტებზე (მათ. 25:14-30; ლუკ. 19:12-27).

იგავნი (Proverbi, libro di) ძველი აღთქმის წიგნი. ყველაზე ვრცლად წარმოადგენს ისრაელის სიბრძნეს და დაახლოებით ხუთი საუკუნის ამსახველ მასალას მოიცავს (ქრისტემდე X-V საუკუნეები). წიგნი სხვადასხვა ავტორისა და ეპოქის იგავთა ცხრა წყებისაგან შედგება. მიუხედავად სათაურისა - „სოლომონის იგავები“ (იგავ. 1:1), ისრაელის ბრძენ მეფეს უმთავრესად იგავთა ორ ძირითად წყებას - II-სა და IV-ს მიაწერენ, რომელთა ირგვლივაცაა დაჯგუფებული უფრო მცირე წყებანი. წიგნში თავმოყრილი გამონათქვამების უდიდესი ნაწილი მართლაც იგავურ-ანდაზურ თქმებს წარმოადგენს: ესაა მოკლე მაქსიმები, შედგენილი გარითმული ორი მუხლისაგან (ორტაეპედი), რომელთაც რამე ხატი ან შედარება უდევს საფუძვლად. იგავ-ანდაზა ასახავს ადამიანის გამოცდილებას, ცხოვრებისეულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ ებრაული სიტყვა „მაშალ“, გადმოთარგმნილი როგორც „იგავი“, შინაარსობრივად უფრო ვცელია და აღნიშნავს იგავს, ალეგორიას, სატირას და ზნე-ჩვეულებათა სურათს. წიგნის მთავარი განწყობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც მშვიდი ოპტიმიზმი, იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანი მასში ასახულია ისეთ ვითარებაში, სადაც მას შესაძლებლობა ეძლევა, ცხოვრებისეული წარმატების მისაღწევად საჭირო არჩევანი გააკეთოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ადამიანი თავადაა საკუთარ თავზე პასუხისმგებელი. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პირველი ნაწილი (თთ. 1-9), რომელიც წიგნის ერთგვარ ვრცელ შესავლად შეიძლება მივიჩნიოთ. ამ ნაწილში ავტორი გვთავაზობს სიბრძნის სიმბოლურ განსახიერებას, რომელიც მკითხველს თავის სასწავლებელში იწვევს და თავს აცნობს სამყაროსა და ადამიანის სიცოცხლის გასაღებთა მპყრობლად, რადგან ღმრთისგანაა და შექმნის ჟამს შუამავლისა და გამგებლის როლს ასრულებდა. ამ სიბრძნის ერთადერთი სურვილია, რომ ადამიანმა მიიღოს ის, თუმცა მისთვის სამეცნიერო ხასიათის მითითებათა მიცემა კი არ სურს, არამედ მისი მიმართვა იმ რეალობის შესაცნობად და გასააზრებლად, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, ისე, რომ მან ამ რეალობაში ღმერთთან შეხვედრა შეძლოს: „რადგან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და წყალობა მიიღო უფლისგან“. (იგავ. 8:35).

იეზეკიელი (ეზეკიელი) ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

იეზუიტები (Gesuiti) ესპანელ ინიგო (ეგნატე) დი ლოიოლას მიერ დააარსებული იესოს საზოგადოების წევრები, რომელიც 1540 წელს პავლე III-მ დაამტკიცა (Compagñía de Jesús; დღეს ოფიციალურად ეწოდება Societas Jesu, SJ). ინიგო (ეგნატე) ლოპეს დე ლოიოლამ (1491-1556) მანრეზაში (1522-1523) დაჭრისა და მოქცევის შემდეგ საერო ცხოვრების მიტოვება და ეკლესიისა და სახარების სამსახურში ჩადგომა გადაწყვიტა. პარიზში, სადაც იგი ფილოსოფიასა და თეოლოგიას ეუფლებოდა (1528-1535), ექვსი მეგობარი შემოიკრიბა (რომელთა შორისაც იყვნენ ფრანცისკე სავერიო, პიეტრო ფაბერი და დიეგო ლაინესი) და მათთან ერთად დადო სიღატაკის, უბიწოების, წმიდა მიწაზე მისიონერული საქმიანობისა და პაპისადმი განსაკუთრებული მორჩილების აღთქმა. ამგვარად შეიქმნა მომავალი იესოს საზოგადოების საწყისი უჯრედი. 1539 წლის დოკუმენტში Prima formula instituti მოციქულობის კონკრეტულ მიზნებად დასახელებულია: ქადაგება, სულიერი წვრთნანი, გულმოწყალე საქმიანობა, სწავლება და სულებზე ზრუნვა, კერძოდ, აღმსარებელთა როლში. როგორც სწავლების გამავრცელებლები, იეზუიტები სწრაფად იქცნენ კათოლიკური სარწმუნოების ყველაზე გავლენიან დამცველებად პროტესტანტული რეფორმისა და კონტრრეფორმის ხანაში. ქრისტიანული განათლების მიმართულებით ამ ძირითადი მოღვაწეობის გარდა (რომელიც უმთავრესად უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში - მეტწილად, ორდენის კოლეგიუმებში - მიმდინარეობდა), ორდენის არსებობის ისტორიაში იეზუიტებმა მრავალ სხვა სფეროშიც ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი. ისინი იყვნენ, მაგალითად, სულიერი ხელმძღვანელები, დიდგვაროვანთა აღმსარებელნი, მისიონერები წარმართთა შორის და სწავლულები. საუკუნეთა მანძილზე არაერთი ბრალდება წაუყენეს ცალკეულ იეზუიტებსა და მთლიანად ორდენს, რომელიც კლემენტე XIV-მ, ფრანგული მონარქიის ზეწოლის შედეგად, 1773 წელს გააუქმა. 1814 წელს პიუს VII-მ ორდენი ხელახლა აღადგინა. საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებათა მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ორდენის წევრები დღეს ახალ საეკლესიო მიმართულებათა განსაზღვრის, არაკათოლიკე სამყაროსა და ათეიზმთან დიალოგისა და პოლიტიკურ-სოციალურ ვალდებულებათა მიმართულებებით მოღვაწეობენ.

იერარქია (Gerarchia) [ბერძ. hierá „წმიდა“ + arché „ძალაუფლება“] მიღებული ხელდასხმის საიდუმლოს ძალით საღმრთო ძალაუფლების მატარებელ პიროვნებათა ერთობლიობა. ეს ძალაუფლება ხორციელდება მსახურების სხვადასხვა სახეთა მეშვეობით, როგორც მთელი ეკლესიის სასარგებლოდ მიმართული მოღვაწეობა.

იერატიკა (Ieratico) [ბერძ. hieratikós, ნაწარმოებია სიტყვიდან hierásthai „კულტისადმი მიძღვნილი“, შემდეგ ლათ. ჰიერატიცუს „სამღვდელმსახურებო“, „წმიდა“] ტერმინი აღნიშნავს ყოველივე საზეიმოსა და ზეშთაგონებული ხასიათისას (ფიგურა, დამოკიდებულება და სხვ.). ასევე ეწოდება ეგვიპტური იეროგლიფების გამარტივებულ დამწერლობას, რომელიც ჩვეულებრივად გამოიყენებოდა ქრისტეს შობამდე VII საუკუნემდე, დემოტიკური დამწერლობის შემოღების შემდეგ კი მას მხოლოდ პაპირუსზე რელიგიურ ტექსტთა შესასრულებლად მიმართავდნენ.

იერემია ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

იერემიას გოდება ნ. გოდება.

იეროკრატია (Ierocrazia) [ბერძ. hierós „წმიდა“+kratía, სიტყვიდან krátos „ძალაუფლება“, „მბრძანებლობა“] პოლიტიკური წყობილება, რომელშიც პოლიტიკურ ძალაუფლებას მღვდელმსახურთა ფენა ფლობს.

იერონიმელნი (Gerolamiti/Geronimiti) რელიგიური კონგრეგაციის წევრები, რომლის სახელწოდება წმიდა იერონიმეს სახელიდან მომდინარეობს. მისდევენ ავგუსტინესეულ წესდებას, რომელიც მათი გაერთიანების დამაარსებლის, წმიდა იერონიმეს ნაწერებიდან აღებული დანართებითაა შევსებული. მათი მთავარი საქმიანობა სულებზე ზრუნვა და სამეცნიერო კვლევა იყო. თავდაპირველად იერონიმელთა ოთხი კონგრეგაცია არსებობდა. საწყის ბირთვს სახელწოდებით „წმიდა იერონიმეს ესპანელი განდეგილები“ შეადგენდნენ ფრანცისკელთა მესამე ორდენის იტალიელი განდეგილები, რომლებიც ტოლედოს მახლობლად, ლუპიანას მონასტერში ცხოვრობდნენ. ეს გაერთიანება პიეტრო ფერნანდეს პეკამ ჩამოაყალიბა, 1373 წელს ის პაპმა გრიგოლ XI-მ სცნო ორდენად. 1375 წელს, მარია გარსიას თაოსნობით, აღმოცენდა იერონიმელთა ორდენის მონაზონ ქალთა შტოც, რომელიც ძირითადად ესპანეთში გავრცელდა.

იეროფანტი (Ierofante) [ბერძ. hierós „წმიდა“+phántes (ზმნიდან phainein) „ჩვენება“: „ის, ვინც წმიდა საგნებს აჩვენებს“] ანტიკურ საბერძნეთში უმაღლესი მღვდელმსახური, რომელიც ელევსინის მისტერიებს წარმართავდა. შემდგომში სახელი გავრცელდა ნებისმიერი რელიგიური სექტის მთავარ მღვდელმსახურსა თუ მსახურზე.

იერუსალემის ტაძარი (Tempio di Gerusalemme) ებრაული რელიგიის ცენტრი, ჩაფიქრებული დავითის (2მეფ. 7:1, შმდ.; 3 მეფ. 5:27, შმდ.) და აგებული სოლომონის მიერ (3 მეფ. 6; 2ნეშტ. 3) იმ ადგილას, სადაც დღეს ომარისა და ალ-აქსას მეჩეთები მდებარეობს. 586 წელს ტაძარი ნაბუქოდონოსორმა დაანგრია (2 ნეშტ. 36:19), განდევნის შემდეგ კი ზორობაბელმა (520-515) აღადგინა, - უფრო მცირე ზომისა (გამ. 3:7-4:4; 5:1, შმდ.; ანგ. 2:2-9). შემდეგ ტაძარს იუდა მაკაბელმა ჩაუტარა სარესტავრაციო სამუშაოები და აკურთხებინა (1 მაკ. 4:49). ქრისტემდე 20 წელს ჰეროდე დიდმა ტაძარს დიდებული რეკონსტრუქცია ჩაუტარა (იოან. 2:20), ხოლო ქრისტეს შობიდან 70 წელს კი ტაძარი საბოლოოდ დაანგრიეს რომაელებმა (შდრ. მათ. 24:1, შმდ.; მარკ. 13:1, შმდ.; ლუკ. 19:44; 21:5, შმდ.; იოან. 2:19, შმდ.; 11:48). ტაძრისაგან დღეისათვის მხოლოდ დასავლეთის, გოდების კედლის სახელით ცნობილი ნაშთიღა დარჩა. იერუსალემის ტაძარი მოიცავდა ატრიუმს და სამ ეზოს, საკურთხეველს (ნელსაცხებელთა საკურთხევლით, არსობის პურთა მაგიდითა და შანდლებით) და წმიდათა წმიდას (სადაც მოთავსებული იყო აღთქმის კიდობანი). ტაძარი მიჩნეული იყო ღმრთის სახლად (3 მეფ. 5:19; 8:20; 2 ეზრ.6:1, შმდ.; იოან. 2:16; 1ტიმ. 3:15), სალოცავ ადგილად (3 მეფ. 8:29; 9:3; ეს. 56:7; მათ. 21:13; მარკ. 11:17; ლუკ. 19:46). ტაძრად იქნა მიყვანილი იესო (ლუკ. 2:22, შმდ.); იქ იპოვეს იგი შემდეგ მშობლებმა (ლუკ. 2:46); იგი აქ ასწავლიდა (ლუკ. 19:47; 21:37; 22:53; იოან. 8:2; 18:20); ამ ტაძრიდან განდევნა მან მოვაჭრენი (შდრ. მალ. 3:1, შმდ.; მათ. 21:12, შმდ; იოან. 2:14, შმდ.); მან იწინასწარმეტყველა მისი დანგრევა, ხოლო ახალ ტაძრად კი საკუთარი სხეული დაასახელა (იოან. 2:19, შმდ.).

იესო ნავეს ძის წიგნი (Giosue, libro di) წიგნის სახელწოდება მომდინარეობს მისი მთავარი გმირის, იესო ნავეს ძის სახელიდან, რომელიც ნიშნავს „იაჰვე იხსნის“. იგი მოსეს მემკვიდრეა, ვინც ისრაელი ხალხი აღთქმულ მიწაზე მიიყვანა. ქრისტიანულ კანონში იესო ნავეს ძის წიგნი მიჩნეულია პირველ ისტორიულ წიგნად, ებრაულ კანონში კი ძველ წინასწარმეტყველთა პირველ წიგნად. ნაწარმოები სამ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი (იესო 1-12) ისრაელთა ქანაანში შესვლისა და მათ პირველ დაპყრობათა შესახებ მოგვითხრობს, მეორე ნაწილი (13-21) აღწერს ქანაანის ტერიტორიულ დაყოფას ისრაელის 12 ტომს შორის, მესამე ნაწილი (22-24) კი ეპილოგის ფუნქციას ასრულებს. მასში აღწერილია იესო ნავეს ძის დასკვნითი სიტყვა და შექემის დიდი თავყრილობა, რომლის დროსაც ტომებმა ერთმანეთთან რელიგიური შეთანხმება დადეს. დღევანდელი სახის მიღებამდე წიგნმა ჩამოყალიბების ხანგრძლივი და რთული პროცესი გაიარა, საბოლოო ფორმა მან ქრისტიანული ხანის დადგომამდე მცირე ხნით ადრე მიიღო.

იესოს პატარა დები ნ. იესოს პატარა ძმები.

იესოს პატარა ძმები (Piccoli fratelli di Gesù) 1933 წელს ფრანგი მღვდელმსახურის, რენე ვუალომის მიერ ელ აბიოდ-სიდი-შეიხში (საჰარა) დაარსებული საზოგადოება, რომელიც თავის დამფუძნებლად შარლ ფუკოს (†1916) მიიჩნევს. 1968 წელს საზოგადოება პავლე VI-მ დაამტკიცა, როგორც საერო ინსტიტუტი. მისი წევრები ცხოვრობენ პატარ-პატარა ჯგუფებად (3-5 ძმა), გარე სამყაროსაგან იზოლაციის გარეშე, განსაკუთრებით „გასაეროებულ“ გარემოში და მათ საერო პროფესიები აქვთ. ისინი აქტიურ ცხოვრებასა და მჭვრეტელობას უთავსებენ ერთმანეთს და სახარების ქადაგებას ისახავენ მიზნად, უმთავრესად, ძირეულად ქრისტიანული ცხოვრების მაგალითის მეშვეობით (ძმობა, სიღატაკე). დღეს იესოს პატარა ძმათა ორგანიზაცია 200-ზე მეტ წევრს აერთიანებს. 1939 წელს ტუგურტში (საჰარა) აღმოცენებული იესოს პატარა დათა საზოგადოება 1947 წელს იქცა კონგრეგაციად ეპისკოპოსის მმართველობაში, 1964 წელს კი პაპის მიერ იქნა დამტკიცებული. დღეისათვის კონგრეგაციის წევრი დაახლოებით 1000 ქალი მრავალი ქვეყნის 200-ზე მეტ საზოგადოებაში მოღვაწეობს.

იესოს საზოგადოება ნ. იეზუიტები.

იესო ქრისტე (Gesù Cristo) [ბერძნ. Jesús, მომდინარეობს ებრაულიდან Jesûa, რაც შემოკლებული ფორმაა სახელისა Jehosua: „იაჰვე ხსნაა“; ქალწულ მარიამის მიერ შობილ ჩვილს იესო ეწოდა, „ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“ (მათ. 1:21), ხოლო სახელი „ქრისტე“ მომდინარეობს ბერძნულიდან christós, რაც არის თარგმანი ებრაული სიტყვისა mashiah (მესია) „ცხებული“, „კურთხეული“] სახელი იესო ქრისტე სარწმუნოების ყველაზე მოკლე და ღრმა ფორმულაა, რადგანაც აღნიშნავს ერთსა და იმავე დროს, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანია. მამა ღმრთის მხოლოდშობილი ძე, სამების მეორე პიროვნება, ღმრთის მიერ დადგენილ დროს განკაცდა, რათა მთელი კაცობრიობა ეხსნა. იესო იუდეაში, ბეთლემში დაიბადა ქრისტიანულ წელთაღრიცხვამდე 6 წელს (მონაზონმა დიონისე მცირემ იესოს დაბადების თარიღის გამოთვლისას შეცდომა დაუშვა და ექვსწლიანი ცდომილება მიიღო: დიონისემ იესოს დაბადების წელად რომის დაარსებიდან 754 წელი მიიჩნია, ნაცვლად 748 წლისა, რაც სინამდვილეს შეესაბამება). დაახლოებით 30 წელი იესომ გალილეის ქალაქ ნაზარეთში იცხოვრა (დაფარული ცხოვრება), სიცოცხლის უკანასკნელი სამი წელი კი ისრაელი ხალხისთვის სასიხარულო ცნობის გამოცხადებას მიუძღვნა. იესო ქრისტეს ცხოვრების ამ პერიოდის, მისი უწყებისა და მის ქმედებათა შესახებ მოგვითხრობს მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები. თავისი ქადაგება იესომ დაიწყო უწყებით: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება“ (მარკ. 1:15). პალესტინის მიწაზე გამოთქმული იესოს ეს უწყება სინამდვილეში დედამიწის ყველა დროში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს მიმართავს, უწინარესად - გაჭირვებულთ, ტანჯულთ, გარიყულთ (შდრ. ნეტარებანი, მათ. 5:1-11). იესო სინაის მთის ძველი კანონის გაუქმებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მის აღსრულებას იმგვარი სრულყოფილებით, რომ ამ კანონის ძირეული არსი წარმოჩნდეს და ცდომილებანი გამოსწორდეს (შდრ. CCC, 592), რაც შესაძლებელს გახდის ღმრთისა და მოყვასისადმი სიყვარულის მცნების განცდას. თანამედროვეებმა ვერ გაუგეს იესოს, მას თავისივე ხალხის სულიერი მოძღვრები დაუპირისპირდნენ. თორმეტი მოციქულიდან ერთი-ერთის, იუდას, მიერ გაცემულ იესოს ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯეს. სწორედ მამა ღმრთისადმი „ჯვარცმით სიკვდილამდე“ (ფილ. 2:8) სიყვარულის მორჩილების მეშვეობით ასრულებს იესო ქრისტე თავის მხსნელ მისიას მთელი კაცობრიობის სასარგებლოდ. ღმრთის ძლევამოსილების მეშვეობით იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგება (რასაც მისი მოწაფეები ადასტურებენ) და თავს აღწევს სიკვდილს. ამავე დროს, იგი საბოლოოდ ახორციელებს ხსნის ქმედებას და იქცევა მკვდრეთით აღდგომის საწყისად ყოველი ადამიანისთვის, ვისაც მისი სწამს. იესო ქრისტეს მისიას აგრძელებს მისი სიტყვებითა და ქმედებებით დაარსებული და სული წმიდის გარდამოსვლით ხსნის საიდუმლოდ მოვლენილი ეკლესია, რომელიც სახარებას უქადაგებს ყველა ადამიანს და ღმრთისა და ადამიანთა თანაზიარების ნიშნად და საშუალებად წარმოგვიდგება (შდრ. CCC, 778-780).

იესო ქრისტეს ცდუნებანი (Tentazioni di Gesù Cristo) სახარებებში აღწერილია ქრისტეს მიერ უდაბნოში გატარებული მარტოობის პერიოდი, რომლის შემდეგაც სატანამ სამჯერ სცადა მისი ცდუნება და ღმრთისადმი მისი შვილობრივი გრძნობის გამოცდა (მათ. 4:1-11; მარკ. 1:12-13; ლუკ. 4:1-13). იესო უკუაგდებს ცდუნებებს და წარმოგვიდგება, როგორც ახალი ადამი, ღმრთის მსახური, ყოველივეში მამა ღმრთის მორჩილი და ეშმაკისა და ბოროტების დამმარცხებელი (შდრ. CCC, 538-540).

იეჰოვას მოწმეები (Testimoni di Geova) სექტა XIX საუკუნეში, ადვენტისტთა დაქსაქსვის შედეგად აღმოცენდა, რომლებიც 1844 წლისათვის ელოდნენ ქრისტეს მეორედ მოსვლას. მრავალი მოლოდინისა და იმედგაცრუების შემდეგ ამერიკელმა კ.ტ. რასელმა (1852-1916) თავად იკისრა ჯგუფის ხელმძღვანელობა და ის „ბიბლიის შემსწავლელთა“ ჯგუფად აქცია. მისი მემკვიდრე გახდა ფრანკლინ რატერფორდი, რომელმაც პირველი ეროვნული ყრილობა მოიწვია და სამყაროს აღსასრულის ახალი თარიღი დაასახელა: განაცხადა, რომ დიდი დასკვნითი ბრძოლა - არმაგედონი - 1925 წელს გაიმართებოდა და ეს გამოცხადების 16:16 მუხლის თანახმად სამყაროს აღსასრული იქნებოდა. სინამდვილეში მსგავსი არაფერი მომხდარა. რატერფოდის სიკვდილის შემდეგ 1942 წელს მის მემკვიდრედ აირჩიეს ნათან ნორი (†1977), რომელმაც ახალი ბიძგი მისცა მოძრაობას, უმთავრესად წიგნებისა და ჟურნალების ფართო გავრცელების მეშვეობით. ჟურნალებიდან აღსანიშნავია „გაიღვიძეთ!“ და „საგუშაგო კოშკი“. დღეს მოძრაობას აქვს 35 სტამბა, რომელთაგან უდიდესი ბრუკლინში მდებარეობს და მსოფლიოს 80 სხვადასხვა ენაზე ბეჭდავს ტექსტებს. გამოდის ორი ყოველკვირეული ჟურნალი, რომელთა ტირაჟი 500 მილიონს სცილდება. ნორის ხელმძღვანელობით ითარგმნა ბიბლია და ეს თარგმანი, სახელწოდებით „საღმრთო წერილის ახალი სამყაროს თარგმანი“ მიმდევართა შორის საღმრთო წერილის ერთადერთ კანონიერ ვერსიად მიიჩნევა. 1985 წელს მსოფლიოს 205 ქვეყანაში დაახლოებით სამი მილიონი იეჰოვას მოწმე არსებობდა. მათი რაოდენობის მიხედვით, ევროპაში პირველობა იტალიას ეკუთვნის, სადაც 1985 წელს სექტის 123.500 მიმდევარი ცხოვრობდა, 1990 წელს კი - 250.000. დასავლეთის ქვეყნებში სექტის მიმდევართა ცხოვრება არ არის მარტივი. ამის მიზეზია როგორც მათი გადაჭარბებული, ფანატიკური მონდომება პროზელიტთა მოძიებისას, ისე სამხედრო სამსახურსა და სისხლის გადასხმაზე უარის თქმა, რაც ხშირად მათ პრობლემებს უქმნის მართლმსაჯულებასთან. მოძღვრება, რომელსაც იეჰოვას მოწმეები მისდევენ, გამორიცხავს კამათს და, მათი კონცეპციის თანახმად, პირდაპირ ბიბლიიდან არის აღებული. სექტაში უმთავრესად სამებას უარყოფენ, რადგანაც, მათი აზრით, ის ბიბლიიდან არ მომდინარეობს: სული წმიდა არა პიროვნება, არამედ მხოლოდ ძალაა, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა (ადონაი) მოქმედებს. ღმერთი ერთადერთია, იესო ყველაზე სრულყოფილი ფიგურაა, თუმცა - არა ღმერთი. სექტის მიმდევარნი სასტიკად უპირისპირდებიან, ზოგადად, ყველა ეკლესიას, განსაკუთრებით კი - კათოლიკე ეკლესიას. როცა დადგება „ჟამთა აღსასრული“, რომელიც მუდამ გარდაუვალად განიხილება, მაშინ იე|ჰოვა არაფრიდან ხელახლა შექმნის წმიდა კაცობრიობას და რჩეულნი, - ის 144.000, რომელთა შესახებაც გამოცხადებაშია საუბარი, - ბედნიერ ცხოვრებას იხილავენ. გარდა ამისა, იქნება უამრავი ხსნილი, ვინც 1000 წელს იცოცხლებს მშვიდობით. სხვები კი, ბოროტნი, სიკვდილის შემდეგ განადგურდებიან და აღარ აღდგებიან. სექტისათვის დამახასიათებელია ძალიან სუსტი კულტი, კარგად ჩამოყალიბებული სტრუქტურა და მკაცრი ზნეობა: იეჰოვას მიმდევარი ვალდებულია, გაავრცელოს მოძღვრება სიტყვითა და ნაბეჭდი პროდუქციის გავრცელებით, რაც კარდაკარ სიარულისა და „დოქტრინიზაციის“ სახეს ატარებს. ეს მეთოდური პროცესი ზედმიწევნითაა მომზადებული და უშრეტი მონდომებით ხორციელდება. იეჰოვას მოწმეებს მრავალი აკრძალვა აქვთ: ისინი არ მისდევენ სპორტს, არ ნადირობენ და არ თევზაობენ, ერიდებიან საერო მუსიკასა და გართობას, არ ეწევიან თამბაქოს. მათი თავისუფალი დრო მთლიანად უნდა მოხმარდეს შესაბამისი სახელმძღვანელოებისა და ბიბლიის კითხვას.

ივდითის წიგნი (Giuditta, libro di) ძველი აღთქმის მეორადკანონიკური წიგნი, რომლის სახელწოდებაც მთავარი მოქმედი გმირი ქალის - ივდითის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც გასაოცარი ხერხით შეძლო იუდეისა და წმიდა ქალაქის გათავისუფლება ღმრთის მოქიშპე მზაკვარი მტრისგან. წიგნი სამ ნაწილადაა დაყოფილი. პირველ ნაწილში (ივდ. 1-3) ვეცნობით საფრთხეს, რომელიც მტრულად განწყობილი მეფე ნაბუქოდონოსორის სამსახურში მყოფი ასირიული ჯარისგან ემუქრება იუდეის ხალხს. წიგნის მეორე ნაწილი (4-8) აღწერს იუდეველთა ჩაგვრას, რომელნიც, საბოლოოდ ძალაგამოცლილნი, ქალაქის ჩაბარებას ითხოვენ. მაგრამ ივდითი წინააღმდეგობის გაგრძელებისაკენ მოუწოდებს მათ. მესამე ნაწილში (9-16) ივდითის გაბედული საქციელის შედეგად მიღწეული გამარჯვებაა აღწერილი: ის მოტყუებით ახერხებს თავი მოჰკვეთოს მტრის ლაშქრის მეთაურს, ოლოფერნს. მონათხრობი ცხადად გვიჩვენებს, თუ როგორ ეხმარება ღმერთი მორჩილებსა და უპოვართ. ღმერთი მათ არგუნებს გამარჯვებას, ვისაც ყოველგვარი იმედი ჰქონდა გადაწურული. ეს შესანიშნავი ნაწარმოები მაკაბელთა პერიოდში დაიწერა, დაახლოებით ქრისტეს შობამდე II საუკუნის შუაწლებში.

ილემორფიზმი/ილემორფული (Ilemorfismo/Illemorfico) [ბერძ. hylé „მატერია“ და morphé „ფორმა“] სქოლასტიკაში განვითარებული არისტოტელური წარმოშობის სწავლება, რომლის თანახმადაც, სასრული კონკრეტული საგნები, განსაკუთრებით კი - სხეულებრივი საგნები, ორი საწყისის - მატერიისა და ფორმისგან - შედგენილად აღიქმება.

ილუმინატები (Illuminati) ქრისტიანობის საწყის პერიოდში ტერმინით „ნათელმოსილნი“, „მონათლულნი“, „ნათელღებულნი“ აღნიშნავდნენ ახალმონათლულებს, რადგანაც ისინი ქრისტეს ნათელს იღებდნენ ნათლობით (ბერძ. photisménoi). შემდგომში ასე ეწოდებოდათ ეზოტერიკულ გაერთიანებებს პირებისა, რომლებიც ღმერთთან მათი მისტიკური კავშირიდან გამომდინარე გასხივოსნებით მოცულებად მიიჩნევდნენ თავს. ასეთები იყვნენ თავისუფალი სულის დები და ძმები პროტესტანტებთან და ესპანელი „alumbrados“ კათოლიკეთა შორის. ინკვიზიცია დევნიდა როგორც ამ უკანასკნელთ, ისე იტალიელ კვიეტისტებს (ნ. კვიეტიზმი), რადგანაც ისინი საკუთარი შეუცდომლობის აღიარების პრეტენზიას აცხადებდნენ და განმარტავდნენ, რომ მათი ზნეობრივად უმართებულო საქციელი ღმრთის მიერ იყო ნებადართული, როგორც ეშმაკის არსებობის დამადასტურებელი საბუთი. 1776 წელს ვაისჰაუპტის მიერ (1748-1830) ინგოლშტადტში დაარსებული ბავარიელი ილუმინატები კი რელიგიის ბუნებრივ კონცეფციას ეყრდნობოდნენ და პოლიტიკურ მისწრაფებათა მქონე მასონური ტიპის (ნ. მასონობა) საიდუმლო ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ვაისჰაუპტის მიზანი იყო, რომ „პრინციპები და ერები მშვიდობიანად გამქრალიყვნენ დედამიწის ზურგიდან და კაცთა მოდგმა ერთ დღეს ერთ ოჯახად, ხოლო სამყარო — რაციონალურ ადამიანთა სამყოფელად ქცეულიყო“. ამ სექტის წევრი იყო მრავალი გამოჩენილი პიროვნება, მაგალითად, გოეთე, მოცარტი, ჰერდერი.

იმამელნი (imamiti) შიიტთა შტო, ეწოდებათ, აგრეთვე, „შიიტები თორმეტთაგანი“. ისინი არ ეთანხმებიან იმამის არჩევითობას და კანონიერ იმამებად მიიჩნევენ მხოლოდ ალისა და ფატიმას მამრობითი სქესის მემკვიდრეებს, — ვინც, მათი აზრით, თორმეტნი არიან. მეთორმეტე იმამის (XI საუკუნის ბოლო) გაუჩინარების შემდეგ სამყარო უწესრიგობაში ჩაეფლო, რომლისგან თავის დაღწევასაც მხოლოდ მეთორმეტე იმამის დაბრუნების შემდეგ მოახერხებს, რაც სამყაროს დასასრულამდე მოხდება. XVI საუკუნიდან იმამიზმი ირანის სახელმწიფო რელიგიაა და უპირატესობით სარგებლობს ყველა სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით.

იმამი (Imam) [არაბ. ფუძე `mm „რაიმე ადგილისკენ წასვლა“, ნიშნავს „წინამძღოლს“, „გზამკვლევს“] ისლამში აღნიშნავს: ა) პირს, რომელიც მორწმუნეებს ლოცვაში უძღვება და კარნახობს მოქმედებებს; ბ) საკრებულოს მეთაურს. სუნიტებისთვის ამგვარი მეთაურია ხალიფა, ხოლო შიიტთა მეთაური მუჰამადის ოჯახს უნდა ეკუთვნოდეს. იმამი შეიძლება ეწოდოს, აგრეთვე, ისლამური იურიდიული და პოლიტიკური სკოლის ხელმძღვანელს ან გამოჩენილ მოღვაწეს მეცნიერების ან ლიტერატურის დარგში. გამორჩეულად აღნიშნავს ისლამის ოთხი მართლმორწმუნე იურიდიული წესის დამფუძნებლებს.

იმედი (Speranza) [გვიანლათ. sperantia (ზმნიდან sperare „იმედის ქონა“)] თეოლოგიური სათნოება, რომლის ძალითაც ცათა სასუფეველი და მარადიული სიცოცხლე ბედნიერებად მიიჩნევა (და სწრაფვის საგანია) მორწმუნისათვის, ვინც თავის სარწმუნოებას ქრისტეს დანაპირებს მიანდობს, და იგი არა საკუთარ ძალებს, არამედ სული წმიდის შეწევნასა და მადლს ეყრდნობა. იმედის სათნოება ყოველი ადამიანის გულში არსებულ ბედნიერებისაკენ სწრაფვას შეესაბამება. ის წარმართავს და განწმედს ადამიანის ქმედებათა შთამაგონებელ მოლოდინებს, იცავს ადამიანს სასოწარკვეთისა და ეგოიზმისაგან. ქრისტეს ნეტარებათა შორის გამოცხადებული იმედი (მათ. 5-7) არის „ადამიანის ცხოვრების ღუზა, სანდო და მტკიცე“, რომელიც აღწევს იქ, „სადაც წინამორბედად შევიდა იესო“ (ებრ. 6:19-20; შდრ. CCC, 1817-1821).

ინკარდინაცია (Incardinazione) [გვიანლათ. incardinare „ანჯამებზე დამაგრება“] ტერმინი აღნიშნავს სასულიერო პირის მიკუთვნებას ან ცალკეული ეკლესიის (ნ. დიოცეზი), ან პირადი პრელატურის, ან ღმრთივშეწირული ცხოვრების ისტიტუციის, ან საზოგადოებისადმი, რომელსაც ინკარდინაციის განხორციელება შეუძლია (CIC, კან. 265). დაუშვებელია სასულიერო პირი ინკარდინაციის გარეშე იყოს.

ინდულგენცია (Indulgenze) [ლათ. indulgentia] „ცოდვათა გამო ღმრთის წინაშე ამქვეყნიური სასჯელის შენდობა დანაშაულის შესატყვისად. სათანადოდ განწყობილი მორწმუნე, შესაბამისი პირობებით, შენდობას იღებს ეკლესიის ჩარევის მეშვეობით, რომელიც, როგორც გამოსყიდვის აღმსრულებელი, ავტორიტეტულად განაგებს და იყენებს ქრისტესეული და წმიდანების გამოსყიდვის საგანძურს“ (CIC, კან. 992). ინდულგენცია ეკლესიის მხრიდან წმიდადყოფის მოვალეობის გამოხატულებაა. ის შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი, იმის მიხედვით, მთლიანად თუ ნაწილობრივ ამართლებს იმ ამქვეყნიური სასჯელისაგან, რაც ჩადენილი ცოდვის გამო ეკისრება ადამიანს (CIC, კან. 993). თითოეულ მორწმუნეს შეუძლია, მიიღოს თავისთვის ან მოიპოვოს გარდაცვლილთათვის, ვედრების მეშვეობით, სრული ან ნაწილობრივი ინდულგენცია (CIC, 994). ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მძიმე ცოდვებისთვის, როგორებიცაა მკვლელობა, ცოლქმრული ღალატი და განდგომა, ეკლესია მკაცრ საჯარო მონანიებას აწესებდა. დროთა განმავლობაში შესაძლებელი გახდა ამგვარ მონანიებათა შეცვლა კეთილი საქმეებით. შემდგომში მონანიების ვალდებულებისგან გასათავისუფლებლად. ინდულგენციები საზოგადო სასარგებლო შრომას მოიცავდა, მაგალითად, ეკლესიათა მშენებლობასა და ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობას. XIV და XV საუკუნეებში ინდულგენციათა კომერციალიზაციამ (მათი გაყიდვა შეწირულობის სანაცლოდ და შესატყვისი „ქვითრის“ გაცემა) ლუთერის სასტიკი პროტესტი გამოიწვია. საკითხის მოწესრიგების მიზნით პაპმა ლეონ X-მ (Cum postquam, 1518) და ტრიდენტის კრებამ (Decretum de indulgentiis, 1563) სათანადო ზომები მიიღეს.

ინდულტუმი (indulto) [გვიანლათ. indultum, ნაწარმოებია ზმნიდან indulgere „ლმობიერად მოპყრობა“] დროებითი ან მუდმივი განთავისუფლება კანონიკური ნორმის შესრულებისაგან კომპეტენტური საეკლესიო ხელისუფლის მიერ.

ინვესტიტურა (Investiture, lotta delle) ასე ეწოდება პოლიტიკურ და რელიგიურ დაპირისპირებას, რომელიც არსებობდა XI-XIII საუკუნეებში პაპის ინსტიტუციასა და იმპერიას შორის საეკლესიო თანამდებობებთან დაკავშირებით. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ეპისკოპოსებს სასულიერო პირები ირჩევდნენ, მორწმუნეთა საკრებულოსთან ერთად. ბარბაროსთა შემოსევების პერიოდში სამეფო ხელისუფლებამ აქტიური ჩარევა დაიწყო ეპისკოპოსთა არჩევის პროცესში. ვითარება გართულდა ოტონ I-ის დროს, რომელმაც ფეოდალური საზოგადოების დაქუცმაცების თავიდან ასაცილებლად ეპისკოპოს-მთავრის ფიგურა დაამკვიდრა. ეპისკოპოსობის მინიჭება ინვესტიტურის ცერემონიის მეშვეობით ხდებოდა. მეფე წარმოთქვამდა ფრაზას: „Accipe Ecclesiam“ („აიღე ეკლესია“), რჩეულს გადასცემდა კვერთხს და, XI საუკუნიდან, აგრეთვე, ბეჭედსაც. საეკლესიო საქმეებში საერო ხელისუფლების ჩარევა ერთგვარად გამართლებული იყო იმპერატორთა ინტერესით, პაპის ინსტიტუცია ძლევამოსილ არისტოკრატიულ ოჯახთა გავლენისგან გაეთავისუფლებინათ. 962 წლიდან ოტონ I (Privilegium Othonis) პაპის არჩევნებშიც ეროდა: მან გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ახლად არჩეულ პაპს იმპერატორის დასტური უნდა მიეღო და მისი ერთგულების ფიცი უნდა დაედო. სუტრის კრებაზე (1046) კი ჰაინრიხ III-მ იმპერატორს პაპის პირდაპირ არჩევის უფლება დაუმტკიცა. შედეგად პაპის ინსტიტუტი დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში იმპერატორთა უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. 1059 წლის კრებამ, რეფორმატორთა ერთი ჯგუფის (მათ შორის იყო ჰილდებრანდ სოვანელი, მომავალი პაპი გრიგოლ VII) მოთხოვნათა გათვალისწინებით, პაპის არჩევის უფლება მხოლოდ კარდინალებს მიანიჭა და რომელიმე საერო ხელისუფლისაგან ნებისმიერი საეკლესიო ღირსების ინვესტიტურის მიღება აკრძალა. ამგვარად, ეკლესიას კვლავ დაუბრუნდა თავისუფლება. გრიგოლ VII-მ არჩევისთანავე, 1075 წელს რომის კრებას უკანონოდ გამოაცხადებინა საერო ხელისუფლების მიერ გაცემული ინვესტიტურები. ოცდაექვსმა ეპისკოპოსმა უარი თქვა პოლიტიკური ძალაუფლების დათმობაზე და 1076 წელს ვორმსში პაპი გრიგოლ VII გადაყენებულად გამოაცხადა. პაპის პასუხი ქმედითი და დროული იყო: მან განკვეთა იმპერატორი ჰაინრიხ IV, ტახტი წაართვა მას და ქვეშევრდომნი იმპერატორისადმი ერთგულების ფიცისაგან გაათავისუფლა. 1077 წელს კანოსაში პაპსა და იმპერატორს შორის გამართულმა შეხვედრამ ბოლო ვერ მოუღო დაპირისპირებებს. შეთანხმების მიღწევა 1122 წელს მოხერხდა, პაპ კალისთე II-სა და იმპერატორ ჰაინრიხ V-ს შორის. მათი შეთანხმება ვორმსის კონკორდატის სახელითაა ცნობილი და მასში განსხვავებულია ერთმანეთისგან ეპისკოპოსთა არჩევა (რაც სასულიერო პირთა და დიოცეზის საკრებულოს პრეროგატივა იყო) და ინვესტიტურა, რომელიც, თავის მხრივ, იყოფოდა საეკლესიოდ - სულიერი ძალაუფლებისათვის, და საეროდ - დროებითი მმართველობისა და ქონების მართვის მიზნით (regalia ან temporalia). პაპი მხოლოდ გერმანიის შემთხვევაში აღიარებდა იმპერატორის უფლებას, მიეღო მონაწილეობა ეპისკოპოსთა არჩევნებში და მოეგვარებინა სავარაუდო უთანხმოებანი. ინვესტიტურის ცერემონიაზე იმპერატორი ეპისკოპოსს კვერთხსა და ბეჭედს (სულიერი ძალაუფლების სიმბოლო) კი აღარ გადასცემდა, არამედ სკოპტრას (საერო ძალაუფლების სიმბოლოს). გერმანიაში ინვესტიტურა არჩევნების შემდეგ და კურთხევამდე ტარდებოდა, იტალიასა და სხვა ქვეყნებში კი კურთხევის შემდეგ. დროებითი ქონების მართვის ინვესტიტურის მიღების შემდეგ ეპისკოპოსებს უფლება ჰქონდათ, იმპერატორისთვის ერთგულების ფიცი დაედოთ. ვორმსის კონკორდატი შემდეგ ლატერანის I მსოფლიო კრების მიერ (1123) იქნა რატიფიცირებული.

ინი/იანი (Yin/Yang) [ჩინური სიტყვები] ინი და იანი მთელი ჩინური აზროვნების განმსაზღვრელი ცნებებია. ისინი განიხილება საპირისპირო მნიშვნელობის პირველსაწყის სუბსტანციებად, საიდანაც დაედო დასაბამი სამყაროს. პირველად ეს ცნებები ცო ჯუანში (დაახლოებით ქრისტემდე 643 წ.) გვხვდება, როგორც სამყაროს საპირისპირო პოლუსთა წყვილი. თავდაპირველად ცნებები მთის ჩრდილიან (ინი) და მზიან (იანი) კალთებს აღნიშნავდა. ინი/ იანის კონცეფცია მოაზროვნეთა ჯგუფმა (ინისა და იანის მიმდევრები) ჩამოაყალიბა, რომლის მთავარი წარმომადგენელი იყო ძონ იენი (ქრისტემდე 350-270 წწ.). ამ მოაზროვნეებმა სრულყვეს ორი ძალის (ინი და იანი), ხუთი ელემენტისა (წყალი, ცეცხლი, ხე, ლითონი, მიწა) და სიმბოლურ შესაბამისობათა სისტემის შესახებ უკვე არსებული თეორია. ამ თეორიის თანახმად, ყველაფერი, რაც მიწასთან მჭიდრო კავშირშია, ინის ნაწილს წარმოადგენს და მდედრობითია. ზეცასთან დაკავშირებული ყოველივე იანის ნაწილია და მამრობითია, რადგანაც დედამიწა (ინი), ზეცა (იანი), მთვარე (ინი) და მზე (იანი) ორი საწყისიდან - ინიდან და იანიდან, წარმოიშვა. იანი წამომწყები, დინამიკური, განფენადი, მძვინვარეა, ის მრგვალია, მოძრავი, მამრობითი და მანაყოფიერებელი. თავის მხრივ, ინის დამახასიათებელი თვისებებია: სრულმქმნელი, უძრავი, შემნარჩუნებელი, ოთხკუთხა, მშვიდი, მდედრობითი და მშობი.

ინიციაცია (Iniziazione) [გვიანლათ. სიტყვიდან initiatio] რიტუალთა და წესთა ერთობლიობა, რომლებიც თან ახლავს ინდივიდის ან პირთა ჯგუფის ერთი ცხოვრებისეული მდგომარეობიდან სხვა მდგომარეობაში გადასვლას. პრიმიტიულ ხალხებში აღნიშნავს მომწიფების ასაკიდან ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაზე გადასვლას, ეზოტერიკულ რელიგიებში - საერო სამყაროდან საღმრთო ცხოვრების წესზე გადასვლას. როგორც წესი, ინიციაცია სამ ეტაპს მოიცავს: კანდიდატის მისთვის ჩვეული სამყაროდან განცალკევებას; გამოცდას, რომლის დროსაც კანდიდატმა წინააღმდეგობის გაწევის უნარი უნდა გამოავლინოს; მიღების, ანუ თვით დადგინების წესს.

ინკვიზიცია (Inquisizione) [ლათ. inquisitio (მომდინარეობს ზმნიდან ინქუირერე „გამოძიება“, „დაკითხვა“)] შუა საუკუნეებში ასე ეწოდებოდა საგანგებო საეკლესიო სასამართლოს, გამიზნულს ერესთან საბრძოლველად და მის დასამარცხებლად. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (381 წლის თევდოსის ედიქტი), წამოიჭრა იმპერიის მთლიანობის დაცვის პრობლემა რელიგიის ერთიანობის გზითაც. ეკლესიის ზოგიერთმა მამამ, მათ შორის წმიდა ავგუსტინემაც, გაამართლეს არამართლმორწმუნე თუ ერეტიკულ სწავლებებთან ბრძოლის მიზნით იძულების გამოყენება. IV-V საუკუნეებიდან სახელმწიფო ერეტიკოსებს სჯიდა გადასახლებით, ქონების კონფისკაციითა და დაპატიმრებითაც კი. თვით ინკვიზიცია კი მოგვიანებით დამკვიდრდა. 1184 წელს ლუციუს III-მ დაამკვიდრა საჯარო ბრალდებასთან შედარებით უფრო სწრაფი პროცედურა და დაავალდებულა ეპისკოპოსები, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ პირადად ან რწმუნებულთა მეშვეობით მოენახულებინათ ერესით შებღალული საკრებულოები და ფიცის ქვეშ მოესმინათ სანდო პირთა ჩვენებანი. თავდაპირველად უშუალოდ ეპისკოპოსის მოვალეობას წარმოადგენდა ბრალდებულთა მოძიება (inquisitio), მათი ეკლესიასთან შემორიგება ან, თუკი ერეტიკულ იდეებზე უარს არ იტყოდნენ, დასჯა. ალბიგოელთა წინააღმდეგ მოწყობილი კამპანიის შემდეგ ტულუზის გრაფმა რაიმუნდ VII-მ, მეფე ლუი I-მა და პაპის ლეგატმა ხელი მოაწერეს პარიზის ტრაქტატს (1229), რომელიც ინკვიზიციათან დაკავშირებით სახელმწიფოს დახმარებას აღუთქვამდა ეკლესიას. იგივე პოზიციას იზიარებდა აგრეთვე ფრიდრიხ II. ამგვარად მოხდა, რომ 1231 წლის შემდეგ გრიგოლ IX-მ ევროპაში ჩამოაყალიბა ინკვიზიციის სასამართლოთა ქსელი, რომელთაც მუდმივი ინკვიზიტორები ხელმძღვანელობდნენ, უმთავრესად ეს იყვნენ ერესის ნებისმიერ დანაშაულებასთან დაკავშირებით სრული იურისდიქციის მქონე ფრანცისკელი და დომინიკელი მოწესეები. ინკვიზიციის დროს გამოყენებული პროცედურები ნიკოლა ეიმერიკისა და ბერნარდო გის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოთა მეშვეობით გახდა ჩვენთვის ცნობილი. ინკვიზიციის სასამართლოს წინაშე ადამიანის გამოსაძახებლად ან დასაპატიმრებლად საკმარისი იყო საჩივარი, ეჭვი ან უბრალოდ „საზოგადო ხმა“. დაკითხვა მიმდინარეობდა ორი მოწმისა და ნოტარიუსის თანდასწრებით, რომელიც ჩვენების ოქმს ადგენდა. ყოველგვარი იურისდიქციისაგან თავისუფალი ინკვიზიტორი ფლობდა ფართო დისკრეტულ ძალაუფლობას შესასრულებელ პროცედურასთან დაკავშირებით, თუმცა ხშირად შემოკლებულ პროცედურას მიმართავდა. ბრალეულობა განისაზღვრებოდა როგორც საქმეში მონაწილე პირთა აღსარების, ისევე მოწმეთა მტკიცებულებების საფუძველზე. ბრალდებულისაგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად სხვადასხვა საშუალებებს მიმართავდნენ: შიმშილს, ჯაჭვით დაბმასა და წამებას. ბრალდებულის დანაშაულის დამტკიცებისა და განაჩენის გამოტანის შემდეგ სასჯელმისჯილს საერო ხელისუფლებას გადასცემდნენ, რომელსაც განაჩენის აღსრულება ევალებოდა. ინკვიზიტორთა შორის განსაკუთრებით დომინიკელებმა გამოიჩინეს თავი, რომელთაც დაკითხვათა დახვეწილი სისატიკის გამო „ღმრთის ძაღლთა“ (Domini canes) ორაზროვანი მეტსახელი დაიმსახურეს. საბედნიეროდ, ცალკეულ ხალხებში ინკვიზიციამ მცირე ხანს იარსება. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ XIV-XV საუკუნეებში გერმანიასა და საფრანგეთში სამოძღვრო საკითხთა მიმართ ყურადღება მნიშვნელოვნად შესუსტდა კუდიანებზე ნადირობის გააქტიურების გამო. ინკვიზიციამ საეჭვო სახელი მოიხვეჭა ესპანეთში, სადაც ეჭვმიტანილთა შორის ძირითადად ებრაელები და ქრისტიანობაზე მოქცეული არაბები აღმოჩნდნენ (სავალდებულო მოქცევები 1391 წლიდან). კასტილიაში მოღვაწე (1481) პირველი ესპანელი „დიდი ინკვიზიტორის“ - დომინიკელი თომა დი ტორკვემადას (1420-1498) დროიდან მოყოლებული ინკვიზიციამ მოაწყო 9.000 აუტოდაფე (ლათ. actus fidei, ინკვიზიციის სასამართლოს რწმენის ოფიციალური აღსარება და განაჩენის გამოცხადება, რომელსაც მოჰყვებოდა მისი აღსრულება), თუმცა განაჩენთა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით კოცონზე დაწვის განაჩენთა პროცენტული მაჩვენებელი უმნიშვნელოა.

ინტეგრალიზმი (Integralismo) [ლათ. intgralis (ნაწარმოებია სიტყვიდან ინტეგერ „მთლიანი“, „ინტეგრალური“)] იმგვარი დოქტრინული და ფსიქოლოგიური მიდგომა, რომელსაც ახასიათებს სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური სწავლებისა თუ იდეოლოგიის მკაცრად და სწორხაზოვნად გატარება. ტერმინი უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელია და დოგმატიზმის, ექსკლუზივიზმის, არატოლერანტობის, ძალაუფლების მონოპოლიზაციისა და აღმსარებლობითი სტრუქტურების დამკვიდრების იდეას ატარებს.

ინტეგრიზმი ნ. ინტეგრალიზმი.

ინტელექტი (Intelletto) [ლათ. intellectus, ნაწარმოებია ზმნიდან intelligere „გაგება“] დაკავშირებულია გონიერებასთან, ანუ ჭეშმარიტების წვდომის უნართან და მას ეფუძნება სული წმიდის შვიდ ნიჭთაგან ერთ-ერთი: გონიერება.

ინტერდიქტი (Interdetto) [ლათ. interdictum „აკრძალული“] ეს საკმაოდ მკაცრი სასჯელი უფრო მსუბუქია განკვეთაზე, რადგან საეკლესიო ზიარების აკრძალვას არ შეიცავს. ინტერდიქტი გარკვეული პირებისთვის (პიროვნული აკრძალვა) ან გარკვეულ ადგილას (ადგილობრივი აკრძალვა) მღვდელმსახურების აღსრულების ან წმიდა წესებში მონაწილეობის აკრძალვაში მდგომარეობს. კანონიკური სამართლის კოდექსი ინტერდიქტის დაწესების სხვადასხვა შემთხვევებს განიხილავს: მაგალითად, ის შეიძლება დაუწესდეს პირს, „რომელიც საჯაროდ აღძრავს მტრობასა და სიძულვილს ქვეშევრდომთა მხრიდან წმიდა საყდრის ან ეპისკოპოსის წინააღმდეგ ძალაუფლებისა თუ საეკლესიო მსახურების აქტის მიზეზით ან მოუწოდებს ქვეშევრდომებს დაუმორჩილებლობისკენ“ (CIC, კან. 1373); პირს, რომელიც „ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულების მომწყობ საზოგადოებას აყალიბებს“ (CIC, კან. 1374); პირს, რომელიც „სიმონიის გამო აღასრულებს ან იღებს საიდუმლოს“ (CIC, კან. 1380). ამგვარსავე სასჯელს იმსახურებს აგრეთვე იპსო იურე, „რომელიც ფიზიკურ ძალადობას მიმართავს პაპის“ ან „ეპისკოპოსის წინააღმდეგ“ (CIC, კან. 1370).

ინტერკონფესიონალიზმი (interconfessionalismo) [inter+confessionalismo] აღნიშნავს ურთიერთობებსა და შეთანხმებებს სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებს შორის, მიმართულს ყველა ქრისტიანის ერთიანობის მიღწევისაკენ. ნ. ეკუმენიზმი.

ინტესა (Intesa) ტერმინი აღნიშნავს შეთანხმებას იტალიის სახელმწიფოსა და არაკათოლიკურ რელიგიურ კონფესიათა შორის; აღნიშნავს, აგრეთვე, შეთანხმებას იტალიის სასკოლო ხელისუფლებასა (განათლების სამინისტრო) და იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციას შორის, დადებულს 1985 წლის 14 დეკემბერს რომში და დაკავშირებულს წმიდა საყდარსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დადებული კონკორდატის მე-9, 2 პარაგრაფის საკითხისა და დამატებითი ოქმის (5, ბ.) განხორციელებასთან. შეთანხმების საგანს წარმოადგენს: ა) კათოლიკური რელიგიის სწავლების პროგრამები საჯარო სკოლების სხვადასხვა დონეებსა და საფეხურებზე; ბ) ამ სწავლების პირობები, მათ შორის პროგრამების გაკვეთილების ცხრილთან შესაბამისობაში მოყვანა; გ) სასწავლო წიგნების შერჩევის კრიტერიუმები; დ) მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის საკითხები.

ინტროიტი (Introito) [ლათ. introitus (ნაწარმოებია ზმნიდან introire „შესვლა“)] გალობა, რომელიც ახლავს თან ევქარისტიული მსახურების დასაწყისში მღვდელმსახურისა და სხვა თანამსახურთა შესვლას. მას მსახურების დაწყების, მორწმუნეთა ერთიანობის ხელშეწყობის, ლიტურგიული დროის საიდუმლოებაში მათი შეყვანის ფუნქცია აკისრია. თუ გალობა არ სრულდება, ანტიფონის წარმოთქმა ყველას შეუძლია. წირვაში ინტროიტის ჩართვა პაპ გელასი I-ის (492-496) სახელს უკავშირდება. თავდაპირველად ინტორიტი მგალობელთა სკოლის გალობა იყო და არა როგორც ერთობლივად შესასრულებელი საგალობელი. ამით აიხსნება ძველად გავრცელებულ ინტროიტთა მელოდიური მრავალფეროვნება, რაც დიდად განსხვავდებოდა მორწმუნეთათვის განკუთვნილ საგალობელთა რეჩიტატივისაგან. ძველ ინტროიტთა უმთავრესი წყარო ფსალმუნებია.

ინფულა (Infula) [ლათ. infula „სახვევი“] ძველად ასე ეწოდებოდა თეთრი ან წითელი შალის სახვევს, რომელსაც თავზე იკრავდნენ დიადემის მსგავსად, მისი ბოლოები კი ორივე მხარეს იყო ჩამოკიდული. წარმოადგენდა დაურღვევლობის სიმბოლოს, უმთავრესად კი სამღვდელმსახურებო ღირსებას აღნიშნავდა. ამიტომაც მღვდელმსახურები და ქურუმი ქალები მას საზეიმო ცერემონიების დროს ატარებდნენ. დღეს ასე ეწოდება თითოეულს ორი ზოლიდან, რომლებიც ეპისკოპოსის მიტრას უკანა მხარეს აქვს ჩამოკიდებული.

იოაკიმიზმი (Gioachimismo) მილენარისტული სარჩულის მოძღვრება, რომელიც, ცალკეულ მოსაზრებათა თანახმად, იოაკიმე ფიორელის ნაწერებითა და იდეებითაა შთაგონებული და, უმთავრესად, ფრანცისკელთა ორდენის გარკვეულ წრეებში იყო პოპულარული. თავის შრომაში „მარადიული სახარების შესავალი“ (Introductorius in Evangelium Aeternum) გერარდო ბორგო სან დონინოდან იოაკიმელთა იდეებს აჯამებს და „მარადიულ სახარებასა“ და სული წმიდაზე საუბრობს. იმის გამო, რომ „მარადიული სახარება“ ერთგვარად ჩრდილავდა ქრისტეს ხანას და ანტიპაპური განწყობით იყო გამსჭვალული, 1255 წელს ანანიში შეკრებილმა პაპის კომისიამ დაგმო გერარდოს წიგნი და ავტორსა და მინორიტთა მთავარ ხელმძღვანელს, იოანე პარმელს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ერთ-ერთ სავანეში.

იობის წიგნი (Giobbe, libro di) ისრაელის სიბრძნის ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუში და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი, რაც განპირობებულია არა მხოლოდ წიგნში წამოჭრილი მარადიული პრობლემით, - ესაა უდანაშაულო ადამიანის ტანჯვის თემა, - არამედ იმ ლიტერატურული ფორმითაც, რომელიც მისცა ნაშრომს V საუკუნის ანონიმმა ებრაელმა ავტორმა. წიგნი დაწერილია პოეტური დიალოგის სახით, რომელსაც წინ უძღვის პროლოგი (1-2) და ასრულებს პროზაული ფორმის ეპილოგი (42:7-17). ბიბლიური ავტორის ნაშრომს ტანჯვით შეპყრობილი მართალი კაცის ძველი ამბავი უდევს საფუძვლად. მასზე დაყრდნობითაა შეთხზული პოეტური დიალოგი იობსა და მის სამ მეგობარს შორის, რომელთაც იობის გასაჭირის შესახებ შეიტყვეს და მის მოსანახულებლად მივიდნენ. თავდაპირველად იობი თავისი ბედუკუღმართობის გამო გამოხატავს წუხილს, შემდეგ თითოეული მეგობარი სათითაოდ სამჯერ გამოთქვამს თავის აზრს და იობი ყოველ ჯერზე გასცემს პასუხს თითოეულ მათგანს. ამგვარად იქმნება საუბართა სამი ციკლი (3-27), რომლებშიც ოფიციალური სიბრძნის წარმომადგენლები იცავენ თეზისს ღმრთის სამართლიანი საზღაურის შესახებ, ვინც დამსახურებისა და დანაშაულის შესაბამისად აჯილდოვებს ან სჯის ადამიანებს. თავის პასუხებში იობი ეკამათება ამ სიბრძნეს საკუთარ ამბავსა და სხვა მსგავს შემთხვევებზე დაყრდნობით, რომელთა შესახებაც სმენია. 29-31 თავებში გადმოცემულ უკანასკნელ გრძელ მონოლოგში იობი ამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას და ღმერთს მოუწოდებს, ჩაერთოს კამათში, თუმცა ღმრთის ჩარევას წინ უძღვის უფრო გვიანდელი ხანის ელიჰეს (32-37) სიტყვა. ღმერთი ერთვება საუბარში (38-41), სამყაროს საიდუმლოებათა შესახებ ესაუბრება იობს და ახვედრებს მას, რომ ის საიდუმლოების მჭიდრო ქსელში ჩაფლული ქმნილებაა, რომელიც შემოქმედი ღმრთის სიბრძნესა და ყოვლისშემძლეობას ექვემდებარება. იობი ხედავს, რომ ღმერთი არ გმობს მას, როგორც ცოდვილს (როგორადაც მას მეგობრები მიიჩნევდნენ), თუმცა არც მის მიერ გამართულ სამსჯავროზე წარდგება ბრალდებულის სახით (თავად როგორც სურდა იობს), აცნობიერებს საკუთარ ამპარტავნებას, უარს ამბობს მანამდე გამოთქმულ პრეტენზიებზე, აღარ სთხოვს ღმერთს რამე პასუხს და არც სასჯელისაგან თავის გათავისუფლებას (42:1-6). იობისთვის უმნიშვნელოვანესია შეხვედრა ღმერთთან, რომელმაც იგი არ დაგმო: იობმა ხელახლა პოვა საკუთარი ღმერთი და ახლა სხვა აღარაფერი ესაჭიროება.

იოგა (Yoga) [ეტიმოლოგიურად ტერმინი ნაწარმოებია ფესვიდან yuj „დაქვემდებარება“, „ერთად შეკავშირება“, „მომზადება“, „გონების ან ნააზრევის კონცენტრაცია“] იოგა კონცენტრაციას, მომზადებას, დაკავშირებას აღნიშნავს. იოგას სისტემებში ტერმინი აღნიშნავს ფიზიკურ და სულიერ დისციპლინას, რომელიც ადამიანის ფიზიკურსა და სულიერ ენერგიას აკონტროლებს და წარმართავს, რის შედეგადაც ადამიანს სულიერი სრულყოფისაკენ სწრაფვა ძალუძს. ფიზიკურ ვარჯიშს ჰათაიოგა ეწოდება, სულიერს კი - რაჯაიოგა. იოგა, როგორც ფილოსოფიური სისტემა, პატანჯალიმ დააფუძნა (ქრონოლოგია დაუზუსტებელია: ქრისტემდე III-II საუკუნეები ან, შესაძლოა, ქრისტეს შემდეგ V საუკუნე). პატანჯალის თანახმად, იოგას რვა საფეხური აქვს, თვითკონტროლიდან სულიერ ჩაღრმავებამდე, ანუ ტრანსამდე. იოგას ტექნიკა, გარდა ჰინდუიზმისა, ცნობილია, აგრეთვე, ჯაინიზმსა და ბუდჰიზმში.

იოელი ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

იონა ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

იოსებელობა (Giuseppinizmo) ტერმინი აღნიშნავს იურისდიქციონალისტურ პოლიტიკას (ნ. იურისდიქციონალიზმი), რომელსაც იმპერატორი იოსებ II ავსტრიელი (1741-1790) ატარებდა. განმანათლებლობის ტენდენციათა მიმდევარი ეს იმპერატორი ეკლესიას განიხილავდა, როგორც „მხოლოდ ადამიანურ ინსტიტუტს“, რომლის ამოცანებიც აღმზრდელობითი და ზნეობრივი სფეროებით შემოიფარგლებოდა. ამიტომაც იმპერატორი თავის კანონიერ უფლებად მიიჩნევდა საკანონმდებლო საქმიანობის წარმართვას, აგრეთვე, საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებითაც. მან აკრძალა ყველა რელიგიური ორდენი, რომელიც სნეულთა დახმარებითა და აღმზრდელობითი საქმიანობით არ იყო დაკავებული, გააუქმა საეკლესიო ფორუმი, ჩამოაყალიბა საერთო სახელმწიფო სემინარიები, გამოსცა განკარგულებები მომლოცველობის შესახებ და ლიტურგიის დროს დასანთები სანთლების რაოდენობაც კი თავად განსაზღვრა. იოსებელობა სახელმწიფოებრივი ეკლესიის სისტემის კულმინაციურ მომენტად იქცა.

ირენიზმი (Irenismo) [ბერძ. eiréne „მშვიდობა“] ქრისტიანულ კონფესიათა მიდრეკილება, ერთიანობისა და მთლიანობის მისაღწევად უმთავრესად სხვადასხვა სწავლებათა საერთო საკითხებს გაუსვან ხაზი, ნაცვლად განსხვავებულ საკითხთა აქცენტირებისა.

ისიხაზმი (Esicasmo) [ბერძნ. სიტყვიდან hesychía „გონებისა და სხეულის სიმშვიდე“] ბიზანტიური თეოლოგიური ტერმინი, რომლითაც აღინიშნება ვნებათაგან გათავისუფლების, შინაგანი სიმშვიდის მიღწევისა და „თაბორის შუქის“ ჭვრეტისაკენ მიმართული მჭვრეტელობითი ლოცვის განსაკუთრებული ფორმა. ისიხაზმი XIII საუკუნეში ათონის მთის მონასტრის მკვიდრთა შორის განვითარდა. მისი მეთოდები XIV საუკუნეში გააღრმავა გრიგოლმა სინელმა, საგანგებო მოძღვრება კი გრიგოლ პალამამ გაავრცელა, საიდანაც მომდინარეობს სახელი „პალამელნი“, რომლითაც ისიხასტებს მოიხსენიებენ. ისიხაზმი უმთავრესად სხვადასხვა ფიზიკურ (როგორიცაა, მაგალითად, სუნთქვის მეთოდი) და სულიერ ტექნიკას ეფუძნება. სულიერ ტექნიკაში მნიშვნელოვანი როლი ეთმობა ლოცვის ამგვარი ფორმულის განმეორებას: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“.

ისლამი (Islam) ტერმინი მომდინარეობს არაბული ზმნიდან aslama „(ღმრთისადმი) დაქვემდებარება“. აღნიშნავს მუჰამადის მიერ ქრისტეს შემდეგ VII საუკუნეში, უფრო ზუსტად, დაახლოებით 622 წლიდან, მუჰამადის (570-632) მექადან მედინაში „გაქცევის“ (ნ. ჰიჯრა) შემდეგ, დაფუძნებულ რელიგიას. ისლამის დამახასიათებელი ნიშნებია მონოთეიზმი და ღმრთაებრივი კანონი. ისლამური კანონის წყაროებია: ა) ყურანი, ალაჰის ნების გამოხატულება, რომლის გამოცხადებაც ადამიანებმა მუჰამადის მეშვეობით მიიღეს 610-632 წლებში; შედგება 114 თავისგან (სურები), რომლებიც დაახლოებით 6000 მუხლს შეიცავს); ბ) სუნა, გამოცხადების შემავსებელი წინასწარმეტყველის ქმედებათა, გამონათქვამთა და შეფასებათა კრებული; გ) საკრებულოების წარმომადგენელ თეოლოგთა თანხმობა (ნ. იჯმა); დ) ანალოგიური მსჯელობა (ნ. ყიასი), რომელიც გამოიყენება არსებულ წყაროებში მკაფიოდ გაუთვალისწინებელ შემთხვევათა გადასაწყვეტად. ყოველ მუსლიმს კულტის ხუთი ძირეული ნორმის დაცვა ევალება. ესენია: ა) სარწმუნოების აღსარება, რომელიც შემდეგი ფორმულით გამოიხატება: „არ არსებობს სხვა ღმერთი ალაჰის გარდა და მუჰამადი მისი წინასწარმეტყველია“; ბ) დღეში ხუთჯერ მექის მიმართულებით ლოცვის წარმოთქმა, რასაც წინ განწმედა უძღვის; ამ ლოცვის დაწყების დროს მორწმუნეებს მინარეთებიდან (მეჩეთის კოშკის სახელწოდება) მუეძინი ამცნობს; გ) რამადანის თვის მარხვა: ამ დროს მორწმუნეები ყოველდღიურად განთიადიდან მზის ჩასვლამდე იცავენ მარხვას; დ) კანონიერი შესაწირავი (ნ. ზაქათი) გაჭირვებულთა და ღარიბთა სასარგებლოდ; ე) მომლოცველობა მექაში, რომელიც ყოველმა მორწმუნემ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს. ჩამოთვლილ ხუთ ნორმას ხშირად კიდევ ერთი, წმიდა ომი (ჯიჰადი) ემატება. ისლამის სხვა ძირეულ პრინციპებს შორისაა სამოთხისა და ჯოჯოხეთის, ანგელოსთა და დემონთა რწმენა, აგრეთვე, სულის უკვდავების, საბოლოო სამსჯავროს, მკვდრეთით აღდგომისა და წინასწარმეტყველთა (ადამიდან მუჰამადამდე, რომელიც უდიდეს წინასწარმეტყველადაა მიჩნეული) რწმენა. ისლამი, რომელიც თავისი საწყისით უკავშირდება როგორც იუდაიზმს, ისე ქრისტიანობას, ისმაელის და, მაშასადამე, აბრაამის (შდრ. დაბ. 16; 21) სულიერ მემკვიდრედ და შთამომავლად მიიჩნევს თავს. მუსლიმთათვის სადღესასწაულო დღეა პარასკევი, როდესაც მორწმუნეები მეჩეთში მიდიან ქადაგების მოსასმენად და სალოცავად. ამჟამად ისლამურ რელიგიას წარმოადგენენ სუნიტები (90 პროცენტი), შიიტები (დაახლ. 9 პროცენტი) და სხვა მცირე სექტები (მათ შორის დრუზები დაახლოებით ერთ პროცენტს წარმოადგენენ). მთელ მსოფლიოში ისლამის მიმდევართა რიცხვი დაახლოებით შვიდას მილიონს აღწევს. მუსლიმთა ყველაზე მეტი რაოდენობა - დაახლოებით 113 000 000 მუსლიმი - ინდონეზიაში ცხოვრობს.

ისმაილელნი (Ismailiti) ცალკეულ შიიტურ ექსტრემისტულ სექტათა ზოგადი სახელი. შემდგომი დაყოფის გზით ეს ჯგუფები შეიქმნა იმ ძირითადი ბირთვიდან, რომლის შემადგენლობაში შემავალი მორწმუნეებიც იმამად აღიარებდნენ ჯაფარის ძეს, ისმაილს. ისმაილელთა ამჟამინდელი რელიგიური მეთაური აღა ხანის წოდებას ატარებს. ისმაილელთა სექტების რელიგიური სწავლება რელიგიის ორ ფორმას მოიცავს: ეგზოტერიკულსა („ზაჰირ“, ცხადი, ხილული) და ეზოტერიკულს („ბატინ“, დაფარული; ამ სიტყვიდან მომდინარეობს მის მიმდევართა სახელწოდება „ბატინელნი“). „ცხადი“ დოქტრინა კანონის მკაცრად დაცვაში მდგომარეობს; „დაფარული“ კი ალეგორიულ განმარტებას აძლევს ყურანს, ტრადიციას, კანონის ნორმებს. მას განდობილი მასწავლებლები გადასცემენ და ის მხოლოდ განდობის სხვადასხვა საფეხურის გავლის შემდეგ გაეცხადება მორწმუნეს.

ისრაელი (Israele) [ებრ. Jisra'El „იბრძვის ღმერთთან“] დაბადებაში გადმოცემული ამბის თანახმად (დაბ. 32:28-29), ეს სახელი უწოდა ღმერთმა იაკობს მასთან ბრძოლის შემდეგ. შემდგომში სახელი მთელ ებრაელ ხალხზე გავრცელდა. სოლომონის სიკვდილის შემდეგ სახელი „ისრაელი“ სამხრეთით მდებარე იუდას სამეფოსაგან განცალკევებულ ჩრდილოეთის სამეფოს აღნიშნავს. ძველ აღთქმაში აღწერილი ისრაელის ხალხის ძველი ისტორია იწყება აბრაამით (დაახლ. 1850 წ. ქრისტემდე) და სრულდება რომაელთა მიერ ქრისტეს შემდეგ 70 წელს იერუსალემის ტაძრის დანგრევით, რასაც შემდეგ დიასპორა მოჰყვა. ისრაელის სახელმწიფოს თანამედროვე ისტორია ოფიციალურად 1948 წლის 14 მაისიდან განახლდა. ისრაელის სახელმწიფო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მასში აღმასრულებელ ძალაუფლებას წარმოადგენს მთავრობა პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც ანგარიშვალდებულია ერთპალატიანი პარლამენტის (კნესეტი) წინაშე. პარლამენტი აირჩევა პირდაპირი საყოველთაო არჩევნების გზით ოთხი წლის ვადით, აქვს საკანონმდებლო ძალაუფლება და ირჩევს რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელიც ხუთი წლის მანძილზე რჩება თანამდებობაზე. ნ. სიონიზმი.

ისრაელის ნაშთი (Resto d'Israele) ამ გამოთქმას მიმართავენ წინასწარმეტყველნი, რომლებიც ურწმუნო ხალხის განადგურებას აცხადებენ და ამტკიცებენ, რომ გადარჩება და გაძლიერდება მორწმუნე უმცირესობა, რომელიც უარს აცხადებს კერპთა თაყვანისცემაზე და მესიანურ ხსნას ელის (ეს. 4:3; 6:13; 10:20; ამოს. 5:15; მიქ. 4:6, შმდ.; სოფ. 3:11, შმდ.).

იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენცია (Conferenza Episcopale Italiana, CEI) 1870 წელს ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებამდე იტალიაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, XVIII საუკუნიდან ჩამოყალიბება დაიწყო ეპისკოპოსთა რეგიონალურმა შეკრებებმა. ამგვარმა შეკრებებმა XIX საუკუნეში უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო, 1889 წელს კი პაპმა ლეონ XIII-მ ოფიციალურად მოახდინა მათი რეგლამენტირება როგორც ეპისკოპოსთა რეგიონული კონფერენციებისა. მხოლოდ 1964 წელს დაარსდა იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენცია, როგორც რეგიონალურ კონფერენციათა თავმჯდომარეების შეკრება. 1965 წლიდან კი ის მთელი იტალიის ეპისკოპოსთა შეკრებად იქცა. ამჟამად მისი საქმიანობა განისაზღვრება წმიდა საყდრის მიერ 1985 წლის 25 მარტს დამტკიცებული წესდებითა და 1985 წლის 28 მარტის დებულებით. ხოლო რეგიონალური კონფერენციები, რომლებიც კვლავ განაგრძობენ არსებობას და საქმიანობას, ხელმძღვანელობენ იმჟამინდელ საკონსისტორიო კონგრეგაციასთან შეთანხმებით, 1967 წლის 20-22 ივნისს დამტკიცებული საერთო დებულებითა და საკუთარი დებულებებით. იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ორგანოებია: საერთო შეკრება (მას წელიწადში ერთხელ მაინც იწვევენ), რომელშიც მონაწილეობს ყველა ადგილობრივი ან დამხმარე ეპისკოპოსი და სამოციქულო დესპანი; მუდმივი საეპისკოპოსო საბჭო, შემდგარი რეგიონალურ კონფერენციათა და საეპისკოპოსო კომისიათა თავმჯდომარეებისაგან; საეპისკოპოსო კომისიები, რომელთაც ერთვის კათოლიკური უნივერსიტეტის კომიტეტი. კონფერენციას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი, რომელთაც ასახელებს პაპი, როგორც იტალიის პრიმასი. ცალკეულ აუცილებლობათა და პრობლემათა შესაბამისად შეიძლება შეიქმნას სხვა კომიტეტებიც. ნ. ეპისკოპოსთა კონფერენცია.

იტალიის საუნივერსიტეტო კათოლიკური ფედერაცია (Federazione Universitaria Cattolica Italiana/ FUCI) შეიქმნა 1896 წელს ფიეზოლეში, იტალიელ კათოლიკეთა XIV კონგრესის მსვლელობისას, იტალიის სხვადასხვა ქალაქში არსებული მრავალი საუნივერსიტეტო კათოლიკური წრის გაერთიანების შედეგად. ორგანიზაციას დასაბამიდანვე ახასიათებდა კათოლიკური მოძრაობის ფარგლებში საკუთარი ავტონომიისაკენ სწრაფვა, თანამედროვე კულტურასთან პირისპირ შეხვედრა და პოლიტიკურ-სოციალურ ვალდებულებათა ტვირთვა. ფაშისტური რეჟიმის მმართველობის წლებში ფედერაცია შევიწროებას განიცდიდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი მასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ისეთმა მოღვაწეებმა, როგორებიც იყვნენ ლა პირა, დოსეტი, ლაცატი. ვატიკანის II კრებისა და 1968 წლის საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებული მოვლენების ზეგავლენით, ამავე დროს, საუნივერსიტეტო სამყაროში სხვა ორგანიზაციათა ჩამოყალიბების გამო, ფედერაციის სამოქმედო პროგრამაში წამყვანი ყურადღება დაეთმო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებისა და რელიგიური გამოცდილების თემებს.

იუბილე (Giubileo) [ებრ. jobhel „ცხვრის რქა“, შემდეგ ბერძნულში მიიღო ფორმა იობელáიოს] ძველ აღთქმაში ასე ეწოდებოდა წმიდა წელს, რომელიც ყოველ ორმოცდამეათე წელს აღინიშნებოდა. ამ წელიწადს, რომლის დადგომაც ქვეყანას ცხვრის რქის საყვირით ეცნობებოდა, არ ამუშავებდნენ მიწას, ქონება ძველ პატრონებს უბრუნდებოდა, ხოლო მევალეებს ვალები ეპატიებოდათ. „გადაითვალე შვიდი შაბათობის წელი, შვიდჯერ შვიდი წელი და იყოს შენთვის დრო ამ შვიდი შაბათობის წლებისა ორმოცდაცხრა წელი. და აუწყე საყვირით მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს. შენდობის დღეს აუწყეთ საყვირით მთელ თქვენს ქვეყანაში.... და გამოაცხადეთ თავისუფლება ქვეყანაში მისი ყოველი მცხოვრებისათვის... და დაუბრუნდით თავის სამფლობელოს და თითოეული თავის საგვარეულოს დაუბრუნდით. არ თესოთ და არც მომკათ ნაგერალები...“ (ლევ. 25:8-12). 1300 წლიდან კათოლიკე ეკლესიაში წმიდა წლის, ანუ იუბილეს აღნიშვნის ტრადიცია დამკვიდრდა: ყოველ ოცდახუთ წელიწადში ერთხელ პაპი რომში ჩასულ ყველა მომლოცველს ანიჭებს ცოდვათა სრულ საზეიმო მიტევებას, - ყველა იმას, ვინც აღსარების თქმისა და ზიარების მიღების შემდეგ, პაპის განზრახვის თანახმად, ქალაქის ოთხ მთავარ ბაზილიკაში ილოცებს. იუბილე პაპის მიერ ვატიკანის ბაზილიკის ეგრეთ წოდებული წმიდა კარის გაღებით იწყება. ამავე დროს, სამი კარდინალი ერთდროულად აღებს დანარჩენი სამი ბაზილიკის წმიდა კარს. მათ, ვინც წმიდა წელს რომში ჩასვლას ვერ შეძლებს, ცოდვათა სრული მიტევების მიღება საკუთარ დიოცეზშიც შეუძლიათ, იმავე პირობათა დაცვით. დღემდე 29 წმიდა წელი აღინიშნა. პირველი მათგანი 1300 წელს ბონიფაციუს VIII-მ გამოაცხადა, ამ დროისთვის ბოლო კი იოანე პავლე II-მ - 2000 წელს (მანამდე საგანგებო წმიდა წელი იყო 1983 წელი, რადგანაც ამ წელს ქრისტეს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის 1950 წლისთავი აღინიშნა).

იუდა (iudea) (Giuda/Giudea) იაკობისა და ლიას ძე იუდა (დაბ. 29:35) ისრაელის ყველაზე სახელგანთქმული ტომის პატრიარქი იყო. შემდეგ მისი სახელი დაერქვა პალესტინის სამხრეთ ნაწილს, რომელიც სოლომონის გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთის სამეფოს, ანუ ისრაელისგან განცალკევებით ჩამოყალიბდა, როგორც იუდას სამეფო. ბაბილონიდან განდევნის შემდეგ ამ ტერიტორიას იუდეა დაერქვა. აქედან მომდინარეობს ტერმინები იუდაიზმი და იუდეველნი, ეკვივალენტური ტერმინებისა ებრაიზმი და ებრაელნი. იუდეოქრისტიანები (იუდეოქრისტიანობა) ებრაელობიდან პირველ მოქცეულთ ეწოდებოდათ.

იუდაიზმი (iudeveloba) (Giudaismo) [საეკლესიო ლათ. judaismus (ნაწარმოებია ბერძნულიდან iudaismós)] ტერმინი აღნიშნავს ბაბილონიდან განდევნის მომდევნო პერიოდს, წინა პერიოდისაგან განსხვავებული დამახასიათებელი ისტორიული, კულტურული და რელიგიური ნიშნებით, როდესაც ისრაელის ტომთაგან მხოლოდ იუდას ტომიღა არსებობდა. იუდაიზმის ტიპური გამოხატულებაა სინაგოგა, როგორც ლოცვისა და ბიბლიის შესწავლის მთავარი ცენტრი. იუდაიზმის შესახებ ცნობები მოიპოვება ფილონისა და იოსებ ფლავიუსის ნაწარმოებებსა და რაბინთა სხვადასხვა წიგნებში (ნ. თარგუმი, თალმუდი და სხვ.).

იუდეოქრისტიანობა (Giudeocristianesimo) ტერმინი აღნიშნავს სხვადასხვა ქრისტიანულ მოძრაობებსა თუ ტენდენციებს, რომელთაც იუდაიზმთან მტკიცე კავშირი და მისი ტრადიციისადმი ერთგულება ახასიათებს. იუდეოქრისტიანობა დასაბამიდანვე სდევს თან ქრისტიანობას, რადგანაც ქრისტიანობას ქრისტეს მორწმუნე ებრაელებმა მისცეს დასაბამი: იერუსალემის პირველი საკრებულო იუდეოქრისტიანული იყო და ტაძრის კულტში მონაწილეობდა ტაძრის დანგრევამდე (ქრისტეს შემდეგ 70 წელი). წარმართულ გარემოში ეკლესიის განვრცობა-განვითარებამ შეამცირა იუდეოქრისტიანობის მნიშვნელობა, თუმცა ცალკეული იუდეოქრისტიანული საკრებულოები კვლავაც განაგრძობდა არსებობას აღმოსავლეთ სირიასა და მესოპოტამიაში; ხშირად მათი მოღვაწეობა ერეტიკული ხასიათისა იყო. უკანასკნელ ხანს აღინიშნა ინტერესის ხელახალი ზრდა იუდეოქრისტიანობისა და ცალკეულ ეკლესიათა შემადგენლობაში შემავალ იუდეური წარმოშობის ქრისტიანთა მიმართ.

იურისდიქცია (Giurisdizione) [ლათ. iurisdictio (iuris dictio „სამართლის გამოვლინება“)] საეკლესიო გარემოში ესაა მღვდლობის საიდუმლოთი მინიჭებული მართვის ძალაუფლება, რომელიც მორწმუნეთა ხსნისაკენ მიმართული სასულიერო მიზნებით ხორციელდება (CIC, კან. 129). იურისდიქციის განხორციელების საშუალებაა გარე ფორუმი, თუმცა ხანდახან ის შიდა ფორუმშიც (სინდისი) შეიძლება განხორციელდეს (CIC, კან. 130). იურისდიქცია შეიძლება იყოს: ჩვეულებრივი (ანუ, მსახურებასთან დაკავშირებული) ან უფლებამოსილებითი, ანუ უშუალოდ პიროვნებისათვის, - არა მსახურებისა მეშვეობით, - მინიჭებული. იურისდიქციული ძალაუფლება საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელ უფლებამოსილებას მოიცავს.

იურისდიქციონალიზმი (Giurisdizionalismo) სიტყვიდან იურისდიქციული. თეორია, რომელიც ემყარება სულიერ წესრიგსა და მიწიერ წესრიგს შორის განცალკევების მტკიცებას და, შედეგად, ეკლესიისა და სახელმწიფოს შესაბამის ძალაუფლებათა ერთმანეთისგან დაცალკევებას გულისხმობს. თუმცა რამე დაბრკოლების შემთხვევაში, იურისდიქციონალიზმის თანახმად, მსაჯულის ფუნქცია სახელმწიფომ უნდა იტვირთოს და მანვე უნდა განსაზღვროს სასულიერო და საეკლესიო სფეროსთან დაკავშირებული საკითხებიც. ისტორიულად ცნობილია აღმსარებლობითი (საფრანგეთის რევოლუციამდე) და აგნოსტიკური (XX საუკუნის დასაწყისამდე) ტიპის იურისდიქციონალიზმი. პირველ შემთხვევაში სახელმწიფო სარწმუნოების დამცველად აცხადებდა თავს და ერეოდა საეკლესიო საკითხებში, გამოთქვამდა ეკლესიის ერთიანობისა და ორგანულობის დაცვის, ეპისკოპოსთა დანიშვნის, საეკლესიო საქმეთა მართვაში ჩარევის პრეტენზიას ან ძალიან მაღალ გადასახადებს აწესებდა საეკლესიო ქონებაზე. აგნოსტიკური იურისდიქციონალიზმის დროს კი სახელმწიფო გულგრილობას, ანუ აგნოსტიკურ დამოკიდებულებას იჩენდა რელიგიური საკითხებისადმი და, ყველა მოქალაქისთვის რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, უარყოფდა ეკლესიის რამე მიწიერ ძალუფლებას და, ამავე დროს, სულიერ სფეროზე სახელმწიფოს რამე გავლენას.

იღუმენი (Egumeno) [ბერძ. hegúmenos, აწმყოს მიმღეობა ზმნისა hegeisthai „ხელმძღვანელობა“, „გაძღოლა“] მართლმადიდებელ ეკლესიაში ასე ეწოდება მონასტრის ზემდგომს.

იხაროს (Exsultet) [ლათ. Exsultet „იხაროს“] ასე ეწოდება, საწყისი სიტყვის მიხედვით, სააღდგომო სადიდებელს, რომელსაც დიაკონი საპასექო ცისკრის ლიტურგიისას გალობს.

იჯმა (Igma) [არაბ. „თანხმობა“] ისლამური კანონის ერთ-ერთი წყარო ყურანთან, სუნასთან და კიასთან ერთად; შეესაბამება სწავლულთა თანხმობას. თავდაპირველად მორწმუნეთა მთელი საკრებულოს, შემდეგ კი მხოლოდ სწავლულთა წრის თანხმობა იგულისხმებოდა. თანხმობა შეიძლება იყოს სიტყვიერი, ქმედებით გამოხატული ან გამოუთქმელი.

11

▲back to top


კაბალა (Qabbalah) ებრაული სიტყვა კაბალა („ტრადიცია“) აღნიშნავს XIII საუკუნის დასასრულს აღმოცენებულ მჭვრეტელობით მიმდინარეობას, რომელმაც სამხრეთ საფრანგეთისა და ჩრდილოეთ ესპანეთის განათლებული ებრაელები გააერთიანა. მიმდინარეობა სამყაროს ნეოპლატონისტურ კონცეფციას დაეყრდნო და, უმთავრესად, ტრადიციის წყაროთა მეშვეობით (ბიბლია, თალმუდი, მიდრაში) შეეცადა განესაზღვრა დამოკიდებულება აბსოლუტურად ტრანსდენდენტურ ღმრთაებასა (ენ სოფ) და შესაქმეს შორის. ყოფნის ცნობილ საფეხურებს, რომლებიც არისტოტელესეულ და ნეოპლატონისტურ ტრადიციაში ღმრთაებასა და (მატერიალურ) სამყაროს შორის შუამავლობს, კაბალისტებმა ღმრთაებიდან მომდინარე ათი აქტიური ღმრთაებრივი ძალა (სეფიროთ) დაუმატეს. ამ ძალათა სახელწოდებები და აღწერილობა ბიბლიურ და რაბინულ თეზისთა ალეგორიულ-სიმბოლურ ხედვას ეფუძნება. ებრაული ბიბლია მთლიანად განიხილება სეფიროთების პროცესთა დაშიფრულ აღწერილობად, რომლის სწორად გაგება კაბალის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. პირველი სეფირა (კეტერ/გვირგვინი) ტრანსცენდენტური ღმრთაებიდან გამოსვლას წარმოადგენს (ზოგჯერ მას უტოლდება) ღმრთის „ნების“ ან „ნააზრევის“ სახით. მეორე სეფირა არის ღმრთაებრივი სიბრძნე, (ჯერაც განუსაზღვრელი) თორას იდეა, რომელიც მესამე სეფირაში (გონიერება) ნელ-ნელა ყალიბდება ებრაულ ნაწერთა იდეებში, ებრაული ენის მკაფიო ლინგვისტიკური სიმბოლიზმის მეშვეობით. უმაღლესი სეფიროთების ტრიადა თავისთავად ერთეულს წარმოადგენს. შვიდი „დაბალი“ სეფიროთიდან მეოთხე („აბრამი“) აბსოლუტურ გულმოწყალებას განასახიერებს, მეხუთე („ისააკი“) აბსოლუტურ სამართლიანობას: მათი შედეგები უნდა გაწონასწორდეს მეექვსე სეფირაში („იაკობი“, „დაწერილი თორა“). მეშვიდე და მერვე სეფიროთებს უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვთ, მეცხრე არის „მართალი“, „(სამყაროს) ბურჯი“, მამაკაცური საწყისი; მეათე (მალკუთ, სამეფო) „ისრაელის საკრებულო“, „ზეპირი თორა“, ქალური საწყისია. ემანაციის პროცესი პირველ სეფირაში არსებული მთლიანობიდან მრავლობითისაკენ მიმდინარეობს. კაბალისტური მედიტაციისა და წესების არსი და მიზანი მდგომარეობს მრავლობითობასთან მიმართებაში ერთიანობის (იიხუდ) აღიარებაში, დამკვიდრებასა და აღდგენაში ემანაციის საფეხურებისა და სეფიროთთა გამოვლინებების მეშვეობით. თორასადმი სრული მორჩილება როგორც სეფიროთებში საწყისი ჰარმონიის, ისე ერთიანობის აღდგენას ისახავს მიზნად. იუდაურმა „მისტიკამ“ ღრმა კვალი დააჩნია ოფიციალურ რელიგიას. გვიანი შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ხანის კაბალისტიკაში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება მესიანური მოლოდინი, ისტორიის დასასრულის მოახლოებაში წვლილის შეტანის თანმხლები იმედით. ამას შედეგად კაბალისტიკის გაუბრალოება მოჰყვა, იდუმალი სწავლება ერთგვარ საერთო ებრაულ თეოლოგიამდე დაქვეითდა, რამაც ხშირად ცრურწმენებისა და მაგიის სახეც კი მიიღო (ე.წ. პრაქტიკული კაბალა).

კაზუისტიკა (casistica/causistica) [სიტყვიდან caso „საქმე“, „შემთხვევა“] ზნეობრივი თეოლოგიის ნაწილი, რომელიც კონკრეტულ და სავარაუდო შემთხვევათა შეძლებისდაგვარად დიდ ნაწილს ზოგად პრინციპებს უსადაგებს, მათ შესახებ რაც შეიძლება უტყუარი ზნეობრივი განსჯის ჩამოსაყალიბებლად.

კათარები (Catari) [ბერძ. katharoí „სპეტაკნი“] ერეტიკული სექტები, რომლებიც „წმიდათა“, „სპეტაკთა“ და „სრულყოფილთა“ ეკლესიაზე ოცნებობდნენ და მიიჩნევდნენ, რომ მისგან ყველა სუსტი და ცოდვილი უნდა განედევნილიყო. ამ მოძრაობის წინამორბედი იყო ნოვაციანე, რომელიც დაჟინებით ამბობდა უარს იმათ მიტევებაზე, ვინც დევნის დროს განუდგა სარწმუნოებას. 251 წელს რომის კრებამ იგი საეკლესიო საკრებულოდან გარიცხა. XII საუკუნის მეორე ნახევარში კათარები ეწოდათ ერეტიკულ ჯგუფებსა და სექტებს, რომლებიც უმთავრესად შამპანში, სამხრეთ საფრანგეთსა (ალბი) და ლომბარდიაში გავრცელდნენ. კათართა დოქტრინა ორი პირველდაწყებითი ნების - კეთილი ნებისა და ბოროტი ნების - არსებობის რწმენას ეყრდნობოდა. ბოროტი ნება იყო დასაბამი განადგურებადი და ბოროტი მატერიისა. სხეულში სული დატუსაღებულად გრძნობდა თავს და განწმენდის მიზნით მას დანაშაული უნდა გამოესყიდა. კათარები მკაფიოდ განასხვავებდნენ „მორწმუნეებსა“ და „სრულყოფილთ“. ეს უკანასკნელნი სამონაზვნო ტიპის ცხოვრებას ეწეოდნენ. კათართა იდეალი, როგორც ამქვეყნიური ბოროტი ადამიანური ცხოვრებისგან გაქცევის სურვილი, შიმშილით ან რამე სხვა ძალადობრივი გზით თავის მოკვლის უკიდურეს ფორმებსაც კი მოიცავდა. კათართა მოძრაობა საკმაოდ გავრცელებული იყო, თუმცა ეკლესიის მხრიდან მკაცრი ზომების გატარების შედეგად, ალბიგოელთა დევნით დაასრულა არსებობა (1209-1229).

კათარზისი (Catarsi) [ბერძნ. kátharsis „განწმენდა“] თავდაპირველად ტიპური რელიგიური ტერმინი შემდგომში გამოიყენეს პითაგორელებმა, პლატონმა და არისტოტელემ. აღნიშნავს ვნებათა გადალახვას ხელოვნების მეშვეობით, მათი გამოხატვის შედეგად. ამჟამად კათარზისზე საუბრობენ არა მხოლოდ ხელოვნებასთან, არამედ ასევე ესთეტიკასა და ფსიქოანალიზთან დაკავშირებითაც.

კათედრა (cattedra) [ბერძ. kathédra „სკამი“] ლიტურგიული მსახურების დროს პაპის ან ეპისკოპოსისთვის განკუთვნილი, ხშირად ბალდაქინიანი სავარძელი. ამიტომაც ტერმინი საეპისკოპოსო ღირსებასა და ავტორიტეტს აღნიშნავს.

კათედრალი ნ. საკათედრო ტაძარი.

კათოლიკეობა (Cattolicesimo) [ბერძ. katholikós „უნივერსალური“] აღნიშნავს ქრისტიანთა ერთობას, რომელიც რომის ეპისკოპოსს პეტრეს მემკვიდრედ, საყოველთაო ეკლესიის მეთაურად და სწავლების, წესრიგისა და სამართლის საკითხებში უმაღლეს ავტორიტეტად მიიჩნევს, რაც აღიარებულია ადგილობრივ ეკლესიათა ეპისკოპოსთა მიერ.

კათოლიკე წერილები (Lettere cattoliche) ასე ეწოდება ახალი აღთქმის წერილებს, რომელთა ავტორია არა წმიდა პავლე, არამედ მოციქულები იაკობი (იაკ.), პეტრე (1 და 2 პეტრ.), იუდა (იუდ.), იოანე (1, 2 და 3 იოან.). სახელწოდება „კათოლიკე (საყოველთაო)“ იქიდან მომდინარეობს, რომ წერილები არა რომელიმე ცალკეული საკრებულოს, არამედ ყველა ქრისტიანს მიმართავს. ამ მოკლე და თეორიულ-პრაქტიკული ხასიათით გამორჩეულ ნაწერებში გადმოცემულია მოციქულთა, როგორც მოძღვართა, ზრუნვა ადამიანთა ხსნასა და ცხოვრებაში ღმრთაებრივი უწყების დანერგვაზე, რომლის მატარებლებად და რომელზე პასუხისმგებლებადაც გრძნობენ ისინი თავს.

კათოლიკობა (Cattolicità) [ბერძ. katholikós „უნივერსალური“] ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს თანახმად, ეკლესიის მესამე სახასიათო ნიშანი: “მრწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია” (შდრ. CCC, 830, შმდ.). დასაბამიდანვე სიტყვამ უნივერსალურის, საყოველთაოს მნიშვნელობა შეიძინა, იმ თვალსაზრისით, რომ ეკლესიის გზავნილი მიემართება ყველა დროისა და ხალხის ყველა ადამიანს, თანახმად ფორმულისა „ის, რაც მუდამ, ყველასათვის და ყველგანაა“ აღსარების საგანი. კათოლიკობა, როგორც ეკლესიის არსებითი თვისება, მკაფიოდაა გამოკვეთილი ბიბლიაში. ძველ აღთქმაში საყოველთაობა მესიანიზმს უკავშირდება, - აღთქმული მესიის სასუფეველი აღწერილია, როგორც საყოველთაო სასუფეველი, რომელმაც დედამიწის ყველა ხალხი უნდა გააერთიანოს. ახალ აღთქმაში იესო აცხადებს: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი...“ (მათ. 28:19) და „თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სული წმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალემში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქ. 1:8). ახალ აღთქმაში შემავალი კათოლიკე წერილების სახელწოდება სწორედ მათი საყოველთაო დანიშნულებიდან მომდინარეობს. ტერმინი პირველად წმიდა ეგნატე ანტიოქიელმა (†107) გამოიყენა თავის წერილში ზმირნელთა მიმართ, ქრისტეს მიერ გამოცხადებული და მოციქულთა მეშვეობით გავრცელებული ერთიანი მოძღვრებისადმი ქრისტიანული საკრებულოს ერთგულების აღსანიშნავად. შუა საუკუნეებში დასავლეთის ეკლესიამ ხაზი გაუსვა თავის „კათოლიკურ“ თვისებებს და 1564 წელს გამოქვეყნებული ტრიდენტისეული Professio fidei - კათოლიკური იდენტურობის საფუძველი - კათოლიკე ეკლესიისა და რომის ეკლესიის იგივეობას ამტკიცებს. სხვა ქრისტიანულ კონფესიათა მიერ ამ სიტყვის გამოყენებისა და განმარტების საპირისპიროდ, როგორც ვატიკანის I კრება, ისე პიუს XII-ის ენციკლიკა Mystici Corporis ამტკიცებდა, რომ მხოლოდ რომის ეკლესია წარმოადგენს ერთადერთ ავთენტიკურ კათოლიკე ეკლესიას. ეკუმენური მოძრაობის (ნ. ეკუმენიზმი) განვითარების შედეგად კათოლიკობა აღნიშნავს ქრისტეს მიერ დაარსებულ ერთადერთ ეკლესიას, რომელიც დროსა და სივრცეში ყველა იმ ეკლესიაში ხორციელდება, სადაც, თუნდაც არასრულყოფილი გზით, ქრისტიანული სარწმუნოების აღსარება ხდება. ეკუმენური რეალობის გათვალისწინებით, ეკლესიის შესახებ ვატიკანის II კრების დადგენილება ადრინდელ კატეგორიულობას უარყოფს და უფრო მკრთალად აცხადებს, რომ „ქრისტეს ეკლესია კათოლიკე ეკლესიაში მყოფობს“ (LG, 8).

კათოლიკური რელიგიის სწავლება სკოლაში (Insegnamento della religione cattolica nella scuola (IRS)) სკოლებში კათოლიკური რელიგიის სწავლება გათვალისწინებული იყო კარლო ფელიჩეს მიერ 1822 წლის 23 ივლისს გამოცემულ დადგენილებაში სკოლების შესახებ. 1878 წლის 1 იანვრიდან ეს დადგენილება გაუქმდა 1877 წლის 23 ივნისს მიღებული 3198-ე კანონის თანახმად. შემდგომში ჯენტილეს რეფორმამ, რომელიც 1923 წლის 1 ოქტომბრის 2185-ე სამეფო დეკრეტის თანახმად განხორციელდა, კვლავ დაამკვიდრა სკოლებში კათოლიკური რელიგიის სწავლება, რომელიც განსაზღვრულია, როგორც „საფუძველი და დაგვირგვინება საწყისი განათლებისა მის თითოეულ საფეხურსა და დონეზე“ (3). 1929 წლის 11 თებერვალს წმიდა საყდარსა და იტალიის სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატის მიხედვით, კათოლიკური რელიგიის სწავლება საშუალო სკოლაზეც გავრცელდა. კონკორდატის 36-ე პუნქტში ნათქვამია: „იტალია მიიჩნევს საჯარო განათლების საფუძვლად და დაგვირგვინებად ქრისტიანული მოძღვრების სწავლებას კათოლიკური ტრადიციით მიღებული ფორმის შესაბამისად. ამიტომაც ეთანხმება იმას, რომ ამჟამად საჯარო დაწყებით სკოლაში დამკვიდრებული რელიგიური სწავლება, აგრეთვე, საშუალო სკოლაშიც გაგრძელდეს...“. 1984 წლის 18 თებერვალს გაფორმებული ახალი კონკორდატის 9, 2-ე პარაგრაფი ამგვარად განსაზღვრავს კათოლიკური რელიგიის სწავლებას სკოლაში: „იტალიის რესპუბლიკა აღიარებს რელიგიური კულტურის ღირებულებას, ითვალისწინებს იმას, რომ კათოლიკეობის პრინციპები იტალიელი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილია, კვლავაც უზრუნველყოფს სკოლის ამოცანათა ფარგლებში კათოლიკური რელიგიის სწავლებას ყველა დონისა და საფეხურის საჯარო არასაუნივერსიტეტო სკოლებში. სინდისის თავსუფლებისა და მშობლების აღმზრდელობითი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, თითოეულ ადამიანს ეძლევა უფლება აირჩიოს, ისარგებლოს თუ არა ამ სწავლებით“.

კათოლიკური რეფორმა (Riforma cattolica) თანახმად დევიზისა „ეკლესია მუდამ განახლებადია“ (Ecclesia semper reformanda), ეკლესიის რეფორმირების მცდელობები ინდივიდთა თუ ჯგუფთა მხრიდან (პოპერისტული მოძრაობები; ერეტიკოსთა დევნა; კანონები ერესის შესახებ) ყოველ ეპოქაში აღინიშნებოდა. თუმცა გვიან შუა საუკუნეებში ეკლესიის წიაღში ფართო მასშტაბით იქნა გაცნობიერებული მთელი ეკლესიის — საეროთა და სასულიეროთა — თვითგანახლების გადაუდებელი აუცილებლობა. რეფორმის მრავალრიცხოვანი პროგრამების არსებობის მიუხედავად (კონსტანცის, ბაზელის, ლატერანის V კრებების, 1536 წლის პაპის რეფორმის კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამა, XV-XVI საუკუნეებში უმთავრესად ესპანეთსა და იტალიაში გავრცელებული განახლების მოძრაობა), საგრძნობი შედეგი ვერ იქნა მიღწეული. მხოლოდ პროტესტანტური რეფორმის სახით „პაპის ეკლესიისადმი“ გაცხადებულმა გამოწვევამ უბიძგა ეკლესიის მამებს, პაპსა და რომის კურიას, ნელ-ნელა ხელი აეღოთ გაამსოფლიურების სულ უფრო გამოკვეთილი სულისკვეთების დამკვიდრებაზე სახარებაზე დაფუძნებული ქრისტიანიზაციის სასარგებლოდ. 1536 წელს პავლე III-მ დააარსა ეპისკოპოსთა და კარდინალთაგან შემდგარი რეფორმის კომისია, კარდინალებად მხოლოდ ღირსეული პირები დაასახელა და, თუნდაც ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, თავისი ტახტზე ყოფნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა — ტრიდენტის კრება მოიწვია. სამ ეტაპად, საერთო ჯამში, 25 სესიის შედეგად (1545-1563), კრებამ მოიწონა რეფორმის პროგრამა, რომლის განსახორციელებლადაც ენერგიულად და ზოგჯერ მკაცრი ზომების გატარებით იღწვოდნენ რეფორმატორი პაპები: პიუს V (1566-1572), გრიგოლ XIII (1572-1585) და სიქსტე V (1585-1590). მღვდლებთან და ეპისკოპოსებთან ერთად, რომლებიც უმთავრესად სამწყსო საქმიანობას მისდევდნენ (სავონაროლა, კონტარინი, ჩერვინი, სერიპანდო, ბორომეო, ნერი, კანიზიო და სხვები), სახარების ქადაგებას და პიროვნულ, საეკლესიო და საზოგადო ცხოვრებაში მის განხორციელებას ემსახურებოდნენ, ამასთანავე, მრავალრიცხოვანი კონგრეგაციები და ახლად დაარსებული სამოწესეო ინსტიტუტები (ორატორიელნი, ბარნაბელნი, იეზუიტები, კაპუცინები და სხვანი). კათოლიკური რეფორმის მიზეზი უმთავრესად იყო ეკლესიის შინაგანი მოთხოვნილება, კონტრრეფორმის ზომები კი უმთავრესად პროტესტანტურ რეფორმასთან დაპირისპირების სურვილითა და აუცილებლობით იყო განპირობებული. XVII საუკუნეში კათოლიკური რეფორმის ენერგიამ თანმიმდევრულად კლება დაიწყო, თუმცა მთლიანად არ გამქრალა. XIX საუკუნის დასასრულისისკენ განვითარდა რეფორმის მოძრაობა, რომელსაც ძირითადად თეოლოგები და ეპისკოპოსები წარმოადგენდნენ და რომელიც XVI-XVII საუკუნეების კათოლიკური რეფორმის მიზანთა განსხვავებული ასპექტით განხორციელებას ისახავდა მიზნად.

კათოლიკური ქმედება (Azione Cattolica) საერო ორგანიზაცია, რომელსაც XVIII და XIX საუკუნეების კათოლიკური მოძრაობა დაედო საფუძვლად. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა დაეცვა ქრისტიანული სარწმუნოება რაციონალისტური განმანათლებლობისაგან, ხოლო ეკლესიის თავისუფლება - აბსოლუტისტური სახელმწიფოებრიობისაგან. მაგრამ მისი უმთავრესი მიზანი იყო საქმიანობა ქრისტეს სამეფოს გასავრცელებლად და გასაახლებლად დედამიწაზე. იტალიაში ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბების ზუსტი თარიღი არ არსებობს, მისი შექმნა უკავშირდება XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენებულ კათოლიკეთა ინიციატივებს, რომელთა მიზანი იყო აქტიური მონაწილეობა ეროვნული ცხოვრების ყველა დონეზე (ამგვარ ინიციატივათა შორის აღსანიშნავია იტალიის კათოლიკე ახალგაზრდობის საზოგადოება, ნ. კონგრესთა საქმე). ეს „საეროთა მოციქულობა“, რომელსაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ფაშიზმი, დაამტკიცა ვატიკანის II კრებამ, რომლის აქტებში ნათქვამია: „საერონი ახორციელებენ თავიანთ სამოციქულო მისიას ეკლესიასა და სამყაროში, სულიერ და წარმავალ წესშიც“ (AA, 5). თავდაპირველად კათოლიკური ქმედების მთავარი მიზანი იყო პიროვნული სიწმიდისაკენ სწრაფვა, თუმცა დროთა განმავლობაში ორგანიზაციის მიზნები გაფართოვდა და ქვეყნიერების ყველა სფეროს გაქრისტიანებას მოიცავს (ქრისტიანული ცხოვრება, ქრისტიანული პოლიტიკა, ქრისტიანული კულტურა...).

კაიროსი (Kairós) [ბერძ. kairós „მიზანშეწონილი“, „ხელსაყრელი“] აღნიშნავს ღმრთის „დროის“ „შეჭრას“ ადამიანთა ისტორიაში ქრისტეს მეშვეობით.

კალენდარი (Calendario) [ლათ. kalendae-თვის პირველი დღე] წარმოადგენს თვეთა, კვირათა და დღეთა ცხრილს, რომლებიც ერთობლიობაში წელიწადს შეადგენს. ქრისტიანთათვის შეიცავს დღესასწაულთა მითითებებს: ხსნის საიდუმლოებებსა და წამებულთა და წმიდანთა ხსენების დღეებს. ყველაზე ძველი ქრისტიანული კალენდარი შეადგინა პაპმა მილტიადემ (†314), თუმცა ის დაიკარგა და მხოლოდ ნაწილობრივადაა შემონახული ფილოკალიანეს ქრონოგრაფში. პაპმა გრიგოლ XIII-მ 1582 წელს კალენდრის დიდი რეფორმა ჩაატარა: იულიუსის კალენდარს (ანუ, იულიუს კეისრის მიერ დამკვიდრებულ კალენდარს, რომელიც ქრისტემდე 45 წლიდან გამოიყენებოდა) დაუმატა დაგროვილი ათი დღე და თარიღი 4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბერზე გადასწია. ნ. დირექტორიუმი.

კალვინელობა (Calvinismo) რელიგიური მოძრაობა, რომელსაც ჟან კალვინის (ნუაიონი 1509 - ჟენევა 1564) ნააზრევი და ნაწერები დაედო საფუძვლად. კალვინელობის დამხასიათებელია ნიშანია ორმაგი განგების რწმენა (ანუ რწმენა იმისა, რომ ღმერთმა წინასწარ განუსაზღვრა ადამიანთა ერთ ნაწილს ხსნა, დანარჩენებს კი - საუკუნო დაღუპვა), ზნეობრივი და სოციალური ცხოვრების განსაკუთრებული კონცეფცია, ამავე დროს, ეკლესიის, კულტისა და პოლიტიკური სისტემის გამორჩეული ფორმა. ქრონოლოგიურად კალვინელობა ლუთერელობისა და ცვინგლელობის შემდეგ აღმოცენდა და დიალექტიკურად მათ გადალახვას ესწრაფვის. სამივე ეს სისტემა ამტკიცებს ბიბლიის, როგორც რწმენის ნორმის, ერთადერთობას. თუმცა, თუკი ლუთერელობა და ცვინგლელობა მხარს უჭერს ბიბლიის პიროვნულ ინტერპრეტაციას სული წმიდის გავლენით, კალვინელობა უფრო მკაცრია და თავისუფალ შეფასებას არ იღებს. რაკი ღმერთი ბიბლიის უშუალო შთამაგონებელია, ჭეშმარიტება იმთავითვე მასშია მოცემული, აცხადებს კალვინი ნაშრომში Institutio christianae religionis; მაშასადამე, მხოლოდ სიტყვათა მიღმა მისი აღმოჩენაა საჭირო. ჭეშმარიტების სიღრმისეული არსის წვდომას მხოლოდ რჩეულნი ახერხებენ, რაკი მათ მას ცნობიერება კარნახობს სული წმიდის მეშვეობით. კალვინელობა ეთანხმება ლუთერელობასა და ცვინგლელობას ეკლესიის მოძღვრების, პაპის უზენაესობის, ტრადიციის ღირებულების უარყოფაში, აგრეთვე, მათთან ერთად უარყოფს კათოლიკე ეკლესიის უფლებას, განმარტოს საღმრთო წერილი. კალვინელობის ძირეული პრინციპებია, ერთი მხრივ, აბსოლუტური და უზენაესი ღმრთის იდეა და, მეორე მხრივ, ადამიანის ბუნების უზომო წახდენა, რადგან ადამიანს არ ძალუძს რამე სასიკეთო ქმედების ჩადენა, თუკი ღმერთი მას თავის მადლს არ მიაშველებს. ხსნა მხოლოდ ღმრთის მიერ ხორციელდება, მთლიანად და ყოველმხრივ. ეკლესია „რჩეულთა“ საზოგადოებაა, და ეს „რჩეულნი“, ღმრთაებრივი არჩევის ძალით, სიკეთის კეთებისათვის მოხმობილებად გრძნობენ თავს. „რჩეული“, წმიდა ეკლესიის წევრი, მხოლოდ ღმერთსა და მის კანონს ექვემდებარება და არ ემორჩილება რამე გარე ძალაუფლებას. კალვინელობის თანახმად, სახელმწიფო აუცილებელია და ღმრთაებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს. ის უნდა იღწვოდეს მოქალაქეთა ამქვეყნიური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, - მათი სულიერი სიკეთის შესაბამისად. კალვინური სახელმწიფო რეფორმირებული ეკლესიის საერო შტოს წარმოადგენს. ასეთმა კონცეფციამ ხელი შეუწყო ეროვნულ ეკლესიათა, ანუ სახელმწიფო-ეკლესიათა აღმოცენებას, - კათოლიკეობისათვის დამახასიათებელი ზეეროვნულობის საპირისპიროდ. ჟენევიდან კალვინელობა უმთავრესად შვეიცარიაში, შოტლანდიაში, აშშ-სა და საფრანგეთში გავრცელდა, სადაც საფუძველი დაუდო ჰუგენოტების აღმოცენებას.

კალმასობა (Questua) [ლათ. quaerere „საძებნელად წასვლა“, ანუ „ძიება“] ფულადი თუ მატერიალური შესაწირავის მოთხოვნა და შეგროვება, კერძოდ, გლახაკთა ორდენების წევრთა მიერ, საკუთარი და ღარიბთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

კამალდოლელნი (Camaldolesi) განდეგილი მონაზვნები, რომლებიც ბენედიქტელთა ორდენიდან იღებენ დასაბამს. მათი სახელი პირველი მონასტრის ადგილსამყოფელის -კამალდოლის (არეცო) - სახელწოდებიდან მომდინარეობს. ეს მონასტერი 1023-1026 წლებში წმიდა რომუალდომ დააარსა. კამალდოლელნი განდეგილური და სამონაზვნო ცხოვრების შერწყმას ესწრაფვოდნენ. ამ მიზნით ეკლესიის გარშემო, სენაკთა გარდა, აგებული იყო მონასტერიც, რომლის უმთავრესი დანიშნულება ამქვეყნიური ფუსფუსისაგან სავანის მოშორება იყო. მონასტერი ასკეზისა და განდეგილობისთვის მომზადებას ემსახურებოდა. ეს იყო ადგილი, სადაც განდეგილებს შეეძლოთ, მდუმარედ და სინანულით, მჭვრეტელობითად ეცხოვრათ და მხოლოდ ქოროსა და კაპიტულუმზე შეკრებილიყვნენ ერთად. იურიდიულად ორდენი თავდაპირველად ორი ბირთვის - კამალდოლისა და ფონტე აველანას გარშემო ჩამოყალიბდა. შემდგომში ცალკეულმა მონასტრებმა და სავანეებმა (მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც წმიდა რომუალდოს არ დაუარსებია და თავისით აღმოცენდნენ ან პონტიფექსთა თუ ეპისკოპოსთა მიერ იყო დაარსებული) მიიღეს კამალდოლის მეოთხე წინამძღვრის, რუდოლფოს (†1089)Eდროს შემუშავებული წესი Eremiticae Regulae. განვითარებისა და სიწმიდის პერიოდს (XII-XIII სს.) დაცემისა და განხეთქილებათა ხანა მოჰყვა. ამჟამად კამალდოლისა და მონტეკორონას კონგრეგაციები ასობით წევრს მოითვლის. კამალდოლელნი მუდამ ეხმარებოდნენ ღარიბებს და მასპინძლობდნენ მომლოცველთ. ამ უკანასკნელთათვის თითოეულ მონასტერთან აშენდა სასტუმროები, რაც ტყის დაცვასა და დიდი არქივებისა და ბიბლიოთეკების შექმნასა და შენახვას ემსახურება.

კამაურუმი (Camauro) [ლათ. camaurum] წითელი ფერის ფართო თავსაბურავი, რომელიც მთლიანად ფარავდა თავსა და ყურებს. XIX საუკუნემდე მას პაპი ატარებდა.

კამერლინგი (Camerlengo) [შუასაუკ. ლათ. camarlingus, რომელიც ნაწარმოებია ფრანკული წარმოშობის სიტყვიდან kamerling - ხელმწიფის სამყოფელზე პასუხისმგებელი] XII საუკუნეში დამკვიდრებულ ამ თანამდებობის პირს (camerarius) ეკისრებოდა პასუხისმგებლობა კურიისა და წმიდა საყდრის მიწიერი ქონების ფინანსურ მართვაზე (camera thesauraria). კამერლინგი - უმეტესწილად, მაღალი რანგის პრელატი - XV საუკუნიდან ყოველთვის კარდინალი იყო. ამჟამად რომის ეკლესიის კამერლინგია კარდინალი, რომელიც მეთაურობს ეგრეთ წოდებულ სამოციქულო პალატას. მისი მოვალეობაა წმიდა საყდრის მიწიერი ქონებისა და უფლებათა მართვა და დაცვა, მათ შორის, მაშინაც, როცა პაპის ტახტი თავისუფალია.

კამილიელნი (Camiliani) მოწესეთა რელიგიური ორდენი, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა სნეულთა მსახურნი. ორდენი 1584 წელს, რომში წმიდა კამილო დე ლელისმა (ბუკიანიკო დი კიეტი 1550 - რომი 1614) დააარსა. 1591 წელს ის პაპმა გრიგოლ XIV-მ სცნო. კამილიელთა მსახურების დამახასიათებელი ნიშანი ავადმყოფთა სულიერი და მატერიალური დახმარებაა. კამილიელები დღესაც მოღვაწეობენ მრავალ საავადმყოფოში, სადაც ტანჯულთა და შეჭირვებულთადმი მიმართულ სახარებისეულ გზავნილს ადასტურებენ. კამილიელი დების საერთო სახელით მოიხსენიებენ ქალთა სხვადასხვა საკრებულოთა წევრებს, რომელნიც, კამილიელთა ორდენისაგან დამოუკიდებლად, წმიდა კამილოს სულისკვეთების თანახმად მოქმედებენ ევროპის მრავალ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კერძოდ, კამილიელ დებად იწოდებიან: სნეულთა მსახური დები, 1829 წლიდან; წმიდა კამილოს ასულები, 1892 წლიდან; სნეულთა მისიონერი მსახური დები, 1936 წლიდან.

კანდელორა (Candelora) [ლათ. შერწყმის შედეგი სიტყვებისა: (festa) candelarum - კანდელების დღესასწაული და (festa) cereorum - ცვილის სანთლების დღესასწაული] ხალხური სახელწოდება იესოს ტაძარში შეყვანის დღესასწაულისა, - მირქმისა, - რომელიც 2 თებერვალს აღინიშნება. სახელწოდება იქიდან მომდინარეობს, რომ ამ დღეს იმართება მსვლელობა სანთლებით, რაც რომში სირიელმა პაპმა სერგი I-მა (687-701) დაამკვიდრა. ეს დღესასწაული იმართება იმ დღის მოსახსენიებლად, როცა სიმონ მოხუცებულმა და ანა წინასწარმეტყველმა „იცნეს“ იესო (შდრ. ლუკ. 2:22-38). ვატიკანის II კრების შემდგომმა ლიტურგიულმა რეფორმამ აღადგინა კანდელორას ქრისტოლოგიური ხასიათი, რომელიც წარსულში გამოკვეთილად მარიამისეული მიმართულების ანაბეჭდს ატარებდა, რადგანაც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის განწმედას ეძღვნებოდა.

კანკელი (Iconóstasi) [ბერძ. eikón „ხატება“ + stásis „განთავსება“, „აღმართვა“] ხატებით დამშვენებული არქიტექტურული სტრუქტურა, რომელიც, განსაკუთრებით, ბიზანტიურ ტაძრებში, ერთმანეთისაგან ჰყოფს, ერთი მხრივ, მღვდლის სამყოფელს (პრესბიტერიუმს) და, მეორე მხრივ, მორწმუნეთათვის განკუთვნილ სივრცეს. კანკელს სამი კარი აქვს: მთავარი მათგანი ცენტრშია განთავსებული და წირვის აღმსრულებელთათვისაა განკუთვნილი, ორი დანარჩენი, უფრო მცირე ზომის კარი კი - საკურთხევლის მსახურთათვის.

კანონი (Canone) [ბერძ. kanôn (ვიწრო მნიშვნელობით) კეტი, საზომი ჯოხი; (გადატანითი მნიშვნელობით) წესი, ნორმა] რელიგიური თვალსაზრისით, სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებს: ა) ბიბლიის შემადგენლობაში შემავალ წიგნთა ოფიციალური ნუსხა, დადგენილი 1546 წელს ტრიდენტის კრების მიერ; კრებამ განსაზღვრა როგორც პირველკანონიკური, ისე მეორადკანონიკური წიგნები; საკუთარი კანონი ებრაელებმაც ჩამოაყალიბეს ქრისტეს შემდეგ I საუკუნეში იავნეს რაბინთა სინოდზე (ნ. ბიბლია); ბ) ლიტურგიაში აღნიშნავს ევქარისტიულ ლოცვას; გ) ეკლესიის მიერ დაშვებული საყოველთაო იურიდიული ნორმა; კანონთა ერთობლიობა შეადგენს კანონიკური სამართლის კოდექსს; დ) წმიდანთა ოფიციალური სია; ე) ძველად, რომელიმე ეკლესიის მღვდელმსახურების აღმსარულებელ სასულიერო პირთა სია.

კანონიზაცია ნ. წმიდანად შერაცხვა.

კანონიკა (Canonica) [არქაულიდან calònaca ან calònica] წინამძღვრის საცხოვრებელი, მიერთებული საკრებულო სახლთან. ზოგჯერ, აგრეთვე, აღნიშნავს კანონიკოსთა საცხოვრებელს საეპისკოპოსოს სიახლოვეს.

კანონიკოსი (Canonico) [ბერძ. kanonikós „წესთა შესატყვისი“] სასულიერო პირი, რომელიც საკათედრო ტაძრის ან კოლეგიის კაპიტულუმის წევრია. IV-დან VIII საუკუნემდე ქალაქში მცხოვრები სამღვდელოება საკრებულო ანუ კანონიკურ ცხოვრებას ეწეოდა საკათედრო სახლში და იმგვარი წესის მსგავს წესს მისდევდა, როგორიც მონაზონთათვის იყო დადგენილი (წმიდა ევსები ვერჩელიელი, წმიდა ავგუსტინე; კროდეგანგო მაგონცელი). ეს იქცა საკათედრო კაპიტულუმთა დასაბამად. IX საუკუნეში კარლოს დიდმა სამღვდელოების ყველა წარმომადგენელს საკრებულო ცხოვრება დაუწესა, ლუდოვიკო ღმრთისმოსავმა კი ყველა ეკლესიისთვის სავალდებულო გახადა ალმარიო მაგონცელის წესი. აქედან წარმოიშვა საეკლესიო კაპიტულუმები. თუმცა საკრებულო ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდა, რადგანაც ჯერ ეპისკოპოსებმა, შემდეგ კი სამღვდელო პირებმა საერთო ქონებიდან გამოყვეს საკუთარი წილი, ან, ყოველ შემთხვევაში, მისგან მომდინარე შემოსავალი და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყეს. აქედან მომდინარეობს დაყოფა რეგულარულ და სეკულარულ კანონიკოსებად: პირველთა საერთო ცხოვრება აღთქმითაა განსაზღვრული, მეორენი კი აღთქმას არ დებენ.

კანონიკური (Canonico) [ბერძ. kanonikós „წესთა შესატყვისი“] ის, რაც მიემართება კანონს ან შეეხება კანონებს.

კანონიკური სამართალი (Diritto canonico) [ცნებები მომდინარეობს: ა) ლათ. directus, რაც ზმნა dirigere-ს („მითითების მიცემა“, „სწორი მიმართულების მიცემა“) ნამყოს მიმღეობაა; ბ) ბერძ. kanonikós „წესთა შესატყვისი“] ისტორიულად, მორწმუნეთა პიროვნებათაშორის დამოკიდებულებათა მარეგულირებელ პოზიტიურ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც მომდინარეობს როგორც ბუნებრივი ღმრთაებრივი სამართლიდან, ისე გამოცხადებული ღმრთაებრივი სამართლიდან. პირველ საუკუნეებში ქრისტიანულ საკრებულოთა ცხოვრების ნორმებს სხვადასხვა საეკლესიო კრებები განსაზღვრავდა. კანონიკური სამართალი, როგორც ასეთი, ჩამოყალიბდა XII-XIV საუკუნეებში, როგორც ეკლესიის კანონთა მეცნიერული კვლევა. 1140 წელს გამოქვეყნებულმა გრაციანეს დოკუმენტმა Decretum Gratiani საფუძველი ჩაუყარა კანონიკური სამართლის სისტემატიზაციას და საეროსთან ფარდი ორგანული იურისპრუდენციური სისტემის ჩამოყალიბებას. გრაციანემ შეადგინა პატრისტიკული, საეკლესიო კრებათა და პაპთა სწავლების მოკლე შინაარსი ეკლესიის სოციალური სტრუქტურის, საიდუმლოთა, ლიტურგიისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამავე პერიოდში შეიქმნა საყოველთაო ღირებულების მქონე პირველი ოფიციალური კრებულები, რომლებმაც, Decretum Gratiani-სთან ერთად, შეადგინეს Corpus iuris canonici. ტრიდენტის კრებამ თავისი დეკრეტებით განაახლა კანონიკურ ნორმათა შინაარსი, რითაც დადგინდა საეკლესიო პირთა ვალდებულებები, ბენეფიციუმები, რელიგიურ ორდენთა მართვის, საიდუმლოთა აღვლენის წესები და სხვა. XX საუკუნემდე ეს დოკუმენტი კანონიკური სამართლის უმაღლეს წყაროს წარმოადგენდა. 1917 წელს ბენედიქტე XV-მ კანონიკურ წესთა სიმრავლის გამო მათი მოძიებისა და გამოყენების სირთულის დაძლევის მიზნით ცამეტწლიანი შრომის შედეგად გამოსცა 2414 კანონისგან შემდგარი Codex iuris canonici (CIC) და გააუქმა კანონთა ყველა ძველი კრებული. ვატიკანის II კრების შემდეგ იოანე პავლე II-მ სამოციქულო დადგენილებით Sacrae disciplinae leges (1983 წლის 15 იანვარი) დაამტკიცა ახალი კანონიკური სამართლის კოდექსი, რომელიც 7 წიგნად დაყოფილ 1752 კანონს აერთიანებს (ნ. კანონიკური სამართლის კოდექსი).

კანონიკური სამართლის კოდექსი (Codice di Diritto Canonico) სრული სახელწოდებაა Codex iuris canonici, მისი შემოკლებული ფორმა - CIC. ლათინური კათოლიკე ეკლესიის ერთადერთი, ავთენტიკური და საყოველთაო კანონი. დაწერილია ლათინურ ენაზე და შედგება შვიდ წიგნად დაყოფილი 1752 კანონისგან. ახალი კოდექსი იოანე პავლე II-მ 1983 წლის 25 იანვარს დაამტკიცა სამოციქულო დადგენილებით Sacrae disciplinae legis. კანონიკური სამართლის კოდექსი „წარმოადგენს ეკლესიის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტს“ და „არის აუცილებელი საშუალება იმისა, რომ უზრუნველყოს სათანადო წესრიგი როგორც პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისე თვით ეკლესიის საქმიანობაში“ (Sacrae disciplinae legis). ნ. კანონიკური სამართალი.

კანონიკური უზრუნველყოფა (Provvisione canonica) [ლათ. provisio „წინასწარ განჭვრეტა“, შემდეგ „მომარაგება“, „უზრუნველყოფა“] აქტი, რომლითაც კომპეტენტური საეკლესიო ხელისუფალი საეკლესიო სამსახურს აარსებს (შდრ. CIC, კან. 146, შმდ.).

კანონიკური ფორმა (Forma canonica) იურიდიული აქტის ქმედითობის უზრუნველსაყოფად კანონით ან მხარეთა მიერ მოთხოვნილი პროცედურები.

კანონისტი (Canonista) [კანონიდან ნაწარმოები სიტყვა] კანონიკური სამართლის შემსწავლელი და, ზოგადად, მცოდნე.

კანოსელი დები (Canossiane) ეწოდებათ, აგრეთვე, მოწყალების ასულები. 1808 წელს მაგდალენა კანოსელის მიერ დაარსებული რელიგიური კონგრეგაცია, რომლის მიზანიც გოგონათა აღზრდა-განთლება და საქველმოქმედო საქმიანობის წარმართვა იყო. პაპმა ლეონ XII-მ მისი წესდება 1828 წლის 23 დეკემბერს დაამტკიცა.

კანცლერი (Cancelliere) [გვიანლათ. სიტყვიდან cancellarius (თავდაპირველად) „სასამართლოს კარიბჭის მცველი“] ამჟამად მისი მოვალეობაა „უზრუნველყოფა იმისა, რომ კურიის აქტები სათანადოდ იქნას რედაქტირებული და დაცული მისსავე არქივში“ (CIC, კან. 482). იმავე მოვალეობას ასრულებს საეკლესიო სასამართლოს კანცლერიც (CIC, კან. 1475, ნაწ. 2).

კაპადოკიელები (Cappadoci) IV საუკუნეში მოღვაწე გამოჩენილი თეოლოგები და ეკლესიის მამები, წარმოშობით კაპადოკიიდან, საიდანაც მომდინარეობს მათი ზედწოდება. ისინია: წმიდა ბასილი დიდი, მისი ძმა წმიდა გრიგოლ ნოსელი და წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი, რომელიც წმიდა ბასილის ახლო მეგობარი იყო. ისინი იხილავდნენ ტრინიტოლოგიურ და ქრისტოლოგიურ საკითხებს. სახელი გაითქვეს ქრისტიანული მართლმორწმუნეობის დაცვით არიანელთა თავდასხმებისაგან და იმით, რომ მძლავრი ბიძგი მისცეს მონაზვნობას.

კაპამანია (Cappamagna) [გვიანლათ. სიტყვებიდან cappa „მოსასხამი“ და magna „საზეიმო“] პრელატის მოსასხამის მსგავსი, ფართო სამოსელი, გრძელი შლეიფითა და კაპიუშონით. ამჟამად აღარ გამოიყენება.

კაპელა (ჩაპპელლა) [შუასაუკუნ. ლათ. cappella, რაც cappa-ს კნინობითი ფორმაა] ა) საკულტო დანიშნულების მცირე ზომის საკრალური ნაგებობა, ცალკე მდგომი ან არქიტექტურული კომპლექსის (სასახლე, ეკლესია, ციხე-სიმაგრე, კოშკი...) შემადგენელი ნაწილი. ტერმინის სახელწოდება მომდინარეობს ქალაქ ტურის პატარა ეკლესიიდან, რომელშიც ინახავდნენ და თაყვანს სცემდნენ წმიდა მარტინეს მოსასხამს, ანუ cappa-ს. ამ ტიპის ნაგებობები აღმოსავლეთშიც არსებობდა და მათ სამარტვილენი ეწოდებოდა. სამლოცველოს (ეკვდერის) ფორმის ამ ნაგებობებში მოწამეთა ნაწილები ინახებოდა. ბ) კაპელა ეწოდება აგრეთვე საგუნდო და ზოგჯერ ინსტრუმენტულ ჯგუფს, რომელიც პაპთან (სიქსტეს კაპელა), საკათედრო ტაძარში, სამეფო კარზე და ა.შ. ლიტურგიულ მსახურებაში მონაწილეობს.

კაპელანი (Cappellano) [ნაწარმ. ფორმა სიტყვიდან cappella] მღვდელმსახური, რომელსაც მყარად აქვს მინდობილი სამწყსო მზრუნველობა, ან თუნდაც ნაწილობრივ მაინც, მორწმუნეთა ცალკეულ ჯგუფსა თუ საკრებულოზე (საერო მოწესეთა საკრებულოები, მორწმუნეთა ასოციაციები, საავადმყოფოები, ობოლთა და მოხუცებულთა თავშესაფრები, სატუსაღოები, ემიგრანტები, დევნილები, სამხედროები, მეზღვაურები და ა.შ.). ამ საქმიანობას კაპელანი საერთო და ადგილობრივი სამართლის ნორმებიდან გამომდინარე აღასრულებს (CIC, კან. 564), წინამძღვართან შესაბამისი ურთიერთობის ფარგლებში (CIC, კან. 571). გარდა ჩვეულებრივი სამწყსო მზუნველობისათვის საჭირო შესაძლებლობებისა და უფლებებისა, რომლებიც მას ადგილობრივი სამართლის წესებებიდან გამომდინარე ან განსაკუთრებული უფლებამოსილების ძალით ენიჭება, მისივე მსახურებიდან გამომდინარე, კაპელანს შეუძლია მისადმი მინდობილ მორწმუნეთა აღსარებების მიღება, ქადაგება, სიკვდილისწინა ზიარების მიცემა, სნეულთა მირონცხება, სიკვდილის საფრთხის წინაშე მდგომთა ზეთის კურთხევა (CIC, კან. 566, ნაწ. 1). საავადმყოფოებში, სატუსაღოებსა და ზღვით მგზავრობისას მას აქვს, აგრეთვე, უფლება, გაათავისუფლოს მორწმუნე როგორც დაფარული, ისე განუცხადებელი გამოთქმული სასჯელის დისციპლინარულ სანქციათაგან (რასაც 976-ე კანონის 2 ნაწილი ითვალისწინებს).

კაპიტულუმი (Capitolo) [ლათ. სიტყვიდან capitulum (კნინობითი ფორმა სიტყვისა „caput“) „თავი“] აღნიშნავს: ა) მღვდელმსახურთა კოლეგიას, დაარსებულს საკათედრო ტაძარში (საკათედრო კაპიტულუმი) ან სხვა ეკლესიაში (საკოლეგიო კაპიტულუმი) ღმრთისმსახურებისათვის განსაკუთრებულად საზეიმო ხასიათის მისანიჭებლად. მომდინარეობს ანტიკური პრესბიტერიუმიდან, ანუ ადგილობრივი სამღვდელოების ერთობლიობიდან, რომელიც ეკლესიის არსებობის პირველივე საუკუნეებიდან ეპისკოპოსის საბჭოს წარმოადგენდა. IV საუკუნიდან, წმიდა ავგუსტინეს მაგალითით, პრესბიტერიუმმა მრავალ რეგიონში ეპისკოპოსის სახლში ცალკეულ ნორმათა (canones) დაცვით მღვდელმსახურთა ერთობლივად ცხოვრების წესი დაამკვიდრა. ამ მღვდლებს კანონიკოსები ეწოდათ, მათ ყოველდღიურ შეკრებას კი, რომლის მიზანიც საკუთარი წესის მცირე ნაკვეთის, capitulum-ის, სავალდებულო წაკითვა წარმოადგენდა - კაპიტულუმი. მცირე ხანში კაპიტულუმად იწოდებოდა კოლეგიის ნებისმიერი შეკრება, საბოლოოდ კი სიტყვა თვით კოლეგიის აღმნიშვნელ ტერმინად დამკვიდრდა; ბ) ორდენის (ნ. რელიგიური ორდენები) ან რელიგიური კონგრეგაციის (რელიგიური კაპიტულუმი) საკოლეგიო მართვის ორგანო. იკრიბება პერიოდულად უმაღლეს წინამძღოლთა ასარჩევად ან ინსტიტუციის ცხოვრებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მისაღებად. კაპიტულუმი შეიძლება იყოს საერთო, პროვინციული ან ადგილობრივი, იმისდა მიხედვით, მთლიანად რელიგიურ საძმოს შეკრებს თუ მხოლოდ მის ერთ ნაწილს; გ) მოწესეთა თავშეყრისთვის განკუთვნილი ადგილი, სადაც საკრებულოს ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან საკითხთა განსჯა მიმდინარეობს; აგრეთვე საკათედრო ტაძრებში კანონიკოსთა შეხვედრის ადგილი; დ) ლიტურგიაში - ბიბლიური საკითხავი, რომელიც ფსალმუნის ლოცვას მოსდევს. ჟამთა ლიტურგიაში მას ეწოდება მოკლე საკითხავი.

კაპუცინები ნ. ფრანცისკელები.

კარდინალი (Cardinale) ტერმინი აღნიშნავს: ა) ყველაზე მაღალი წოდების მქონე, პაპის თანამშრომლებსა და მრჩევლებს ეკლესიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში. არაუგვიანეს VI საუკუნიდან კარდინალი ეწოდებოდა მღვდელს ან დიაკონს, თავის უნართა გამო გადაყვანილს ეკლესიიდან, რომლის მსახურებისთვისაც მიიღო ხელდასხმა და რომლის სახელსაც ატარებდა, სხვა ეკლესიაში, რომელზეც იგი დამოკიდებული იყო (სავარაუდოდ, ამან განაპირობა ტერმინ „კარდინალის“ წარმოქმნა ლათინური სიტყვიდან cardo). VIII საუკუნიდან კარდინალის წოდება ენიჭებოდა მხოლოდ საკათედრო ტაძრის დიოცეზურ სამღვდელო პირთ, რომლებიც ეპისკოპოსის საბჭოს ანუ სენატს შეადგენდნენ. რომში კარდინალთა სამი კატეგორია არსებობდა: ა) დიაკონი კარდინალები, რომლებიც ლატერანის სასახლესა და რომის შვიდ ოლქს მართავდნენ და იქ მცხოვრებ ღარიბებზე ზრუნავდნენ; ბ) მღვდელი კარდინალები, რომლებიც მყარად იყვნენ განაწილებულნი რომის ხუთ მთავარ ეკლესიაში (წმიდა პეტრეს ტაძარი, წმიდა პავლეს ტაძარი, წმიდა ლავრენტი გალავანს მიღმა, წმიდა მარია უმთავრესი, წმიდა იოანე ლატერანში), სადაც ლიტურგიულ მსახურებას აღასრულებდნენ; გ) ეპისკოპოსი კარდინალები, რომლებიც განაგებდნენ რომის სიახლოვის შვიდ დიოცეზს და ეხმარებოდნენ პაპს ლიტურგიული მსახურების აღვლენაში ლატერანის ბაზილიკაში. სამივე კატეგორიის კარდინალები შეადგენდნენ რომის პონტიფექსის საბჭოს, ანუ სენატს და, როგორც ლეგატები, წარმოადგენდნენ მას, - მათ შორის, მსოფლიო კრებებზე. არა მხოლოდ რომის დიოცეზის, არამედ საყოველთაო ეკლესიის მართვაში პაპის თანაშემწეებად XI საუკუნიდან კარდინალები უკვე მსოფლიოს სხვადასხვა მხარეთაგან არიან მოწვეულნი და ქმნიან კოლეგიას. კარდინალებს პაპი კონსისტორიუმზე ასახელებს. კარდინალთა კოლეგიას დეკანოზი კარდინალი უძღვება. მის პრეროგატივათა რიცხვს განეკუთვნება, ჰკითხოს კონკლავზე პაპად არჩეულს, იღებს თუ უარყოფს იგი ამ წოდებას, და ეპისკოპოსად აკურთხოს ახალარჩეული რომის პონტიფექსი, თუკი ის ეპისკოპოსის ღირსებას არ ატარებს (CIC, კან. 355). ვიკარუსი კარდინალი ეწოდება პაპის წარმომადგენელსა და მოადგილეს რომის დიოცეზის მართვაში. 1958 წელს იოანე XXIII-მ გადააჭარბა კარდინალთა დადგენილ რაოდენობას — სამოცდაათს და, ამასთანავე, დაადგინა, რომ სამივე კატეგორიის კარდინალებს ეპისკოპოსის წოდება უნდა ჰქონოდათ. 1970 წელს პაპმა პავლე VI-მ ოთხმოც წელს გადაცილებულ კარდინალთა კონკლავიდან დათხოვნა გადაწყვიტა. კანონიკური სამართლის კოდექსის თანახმად (კან. 349), კარდინალთა კოლეგიას სამი ფუნქციის შესრულება ეკისრება: საკოლეგიო წესით რომის პონტიფექსის არჩევა; რომის პონტიფექსისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით კონსისტორიუმზე რჩევათა მიცემა; თითოეული მათგანის - როგორც ცალკეული კარდინალის - მხრიდან, რომის პონტიფექსის დახმარება საყოველთაო ეკლესიაზე ზრუნვაში. ამ უკანასკნელი ამოცანის შესასულებლად კარდინალები რომის კურიის შემდეგ თანამდებობებს იკავებენ: სახელმწიფო სამდივნოს თავმჯდომარე, რომის კონგრეგაციათა და სამოციქულო საბეჭდავის წევრები და პრეფექტები, ეკონომიკურ საქმეთა საბჭოებისა და პრეფექტურის წევრები და თავმჯდომარე, სამოციქულო სასამართლოს თავმჯდომარე, სამოციქულო პალატისა და წმიდა საყდრის ქონების ადმინისტრაციის თავმჯდომარეები, ლეგატები a latere (CIC, კან. 358; 360). კარდინალთა, როგორც პაპის მრჩეველთა, საკოლეგიო საქმიანობა უმთავრესად მიმდინარეობს კონსისტორიუმზე, რომელსაც პაპი იწვევს და თავმჯდომარეობს. პაპს შეუძლია კარდინალთა პლენარული სხდომის მოწვევა ისე, რომ მას კონსისტორიუმის ფორმა არ მიეცეს (CIC, კან. 353, ნაწ 1). ბ) კარდინალური ეწოდება ერთ-ერთს ან მეტს კათოლიკური რელიგიის ოთხ სათნოებათაგან: კეთილგონიერება, სამართლიანობა, სიმტკიცე, თავშეკავება.

კარდინალი, მფარველი ნ. მფარველი კარდინალი.

კარდინალის თავსაბურავი ნ. თავსაბურავი.

კარვობა (Capanne, festa delle) ეწოდება, აგრეთვე, ტაბერნაკულუმთა დღესასწაული ანუ Sukkòth. ებრაული დღესასწაული, რომელსაც დიდი სახალხო მხიარულება ახასიათებს და მოსავლის აღების შემდეგ იმართება, უფლისადმი მადლიერების ნიშნად. დღესასწაული იწყება 15 ტიშრისს (სექტემბერ-ოქტომბერი) და გრძელდება შვიდ დღეს, რომელთა განმავლობაშიც ადამიანები უღრმავდებიან თორას. მიღებულია ქვეყნის ოთხივე მხარის მიმართულებით კედრის ნაყოფისა და, აგრეთვე, პალმის, ტირიფისა და მურტის ტოტთა დარხევა და ფსალმუნთა წარმოთქმა. ტოტები შემდგომ მსვლელობით სინაგოგისაკენ მიაქვთ. იუდეველთა ტრადიციის თანახმად, ტოტები ურთიერთთანამშრომლობაში მყოფ ყველა რასის ადამიანებს განასახიერებს. დღესასწაულის სამიწათმოქმედო მნიშვნელობა ისტორიულ გადაძახილს ერწყმის: ხის ტოტებით ან თივით გადახურული ქოხები, რომლებშიც დღესასწაულის დროს მოზეიმენი კერძებს მიირთმევენ, გახსენებაა ისრაელის ხალხის უდაბნოში მოგზაურობისა, რომლის დროსაც მათ კარვებში უწევდათ ცხოვრება.

კარიტასი (Caritas) ლათინური სიტყვაა, რომელიც სიყვარულს ნიშნავს და ქრისტიანული სულისკვეთების ყველა სახის საქველმოქმედო საქმიანობის აღსანიშნავად გამოიყენება. როგორც ორგანიზებული ინსტიტუტი, ეკლესიის სამწყსო საქმიანობის საშუალებას წარმოადგენს და სხვადასხვა საფეხურებზე მოქმედებს: ა) საერთაშორისო კარიტასი (Caritas Internationalis) (1954): კარიტასის ეროვნულ ორგანიზაციათა ფედერაცია, რომლის სათაო განყოფილება რომში მდებარეობს და რომლის მიზანიც საერთაშორისო საქველმოქმედო და თანადგომის მოძრაობათა კოორდინირება და მათ შორის თანამშრომლობის განვითარებაა; ბ) იტალიის კარიტასი „წარმოადგენს იტალიის ეპისკოპოსობის განკარგულებაში მყოფ ოფიციალურად აღიარებულ საშუალებას იტალიის საეკლესიო საზოგადოებაში საქველმოქმედო საქმიანობის მხარდაჭერის, კოორდინირებისა და გაძლიერების მიზნით“ (პავლე VI). დაარსდა იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის (CEI) მიერ 1971 წლის 2 ივლისს და საერთაშორისო კარიტასის შემადგენელი ნაწილია; შედგება ეროვნული საბჭოს, პრეზიდენტის, ორი ვიცეპრეზიდენტის, ადმინისტრატორისა და სამი ბუღალტრისგან; გ) სადიოცეზო კარიტასი ხელს უწყობს და ერთმანეთთან ათანხმებს ადგილობრივ ეკლესიათა საქველმოქმედო საქმიანობას. სადიოცეზო კარიტასის წესდების მოდელი ითვალისწინებს სადიოცეზო საბჭოსა და პრეზიდენტის არსებობას, რომელთაც ეპისკოპოსი ასახელებს; სადიოცეზო კარიტასი ავტონომიურია და ეპისკოპოსზეა დამოკიდებული; დ) სამრევლო კარიტასი შედგება საქველმოქმედო საქმიანობის მარეგულირებელი კომისიისაგან, რომელსაც სამრევლო სამწყსო საბჭო ასახელებს. ესაა სამწყსო ორგანო სამრევლო საკრებულოში სადიოცეზო კარიტასის მიზანთა განსახორციელებლად.

კარმელელნი (Carmelitani) სამოწესეო ორდენის წევრები, რომლის სახელწოდებაც კარმელის მთის სახელიდან მომდინარეობს (კარმელის მთის ნეტარი ქალწულის მონაზვნები, პალესტინა). იერუსალემის ლათინმა პატრიარქმა, წმიდა ალბერტო ვერჩელელმა 1209 წელს მკაცრი წესი დაუმტკიცა იმ ადგილას უკვე მცხოვრებ მონაზონთა ჯგუფებს. 1226 წელს წესი პაპმა ჰონორიუს III-მ დაამტკიცა, შემდგომში ინოკენტი IV-მ ის შეამსუბუქა და კარმელელნი გლახაკთა ორდენების რიცხვს მიაკუთვნა. ძველი ტრადიციის თანახმად, ორდენი თვით წინასწარმეტყველ ელიასაგან იღებს სათავეს, რომელიც სწორედ კარმელის მთაზე ცხოვრობდა. ქრისტიანთა და მუსლიმთა შორის მრავალრიცხოვან კონფლიქტთა გამო კარმელელებმა მალე მიატოვეს პალესტინა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრდნენ. ისინი იყვნენ წარმოდგენილნი წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის კემბრიჯში, ოქსფორდში, ბოლონიისა და პარიზის უნივერსიტეტებში. თავდაპირველი ასკეტური სულისკვეთების შერბილებამ ორდენის რეფორმირების მცდელობები გამოიწვია. ამგვარად აღმოცენდა სხვადასხვა „რეფორმირებული“ კონგრეგაცია მანტუაში (XV), ტურსაში (XVII) და სხვა ქალაქებში. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა XVI საუკუნეში გატარდა წმიდა ტერეზა ავილელისა და წმიდა იოანე ჯვრისას მეოხებით, რის შედეგადაც ორდენი ორ შტოდ დაიყო. 1593 წელს კლემენტე VIII-მ „უხამურ კარმელელთა“ ორდენი დამოუკიდებელ ორდენად აღიარა, მეორე შტო კი „ხამლიან კარმელელთა“ სახელით დამკვიდრდა. კარმელელი დედა მონაზვნები XV საუკუნიდან არსებობენ, აქვთ ორივე წესის შესრულების შესაძლებლობა. მამაკაც მონაზონთა ორდენის მსგავსად, კარმელელ მონაზონთა ორდენიც ორ შტოდ იყოფა. „ხამლიან კარმელელ დათა“ ორდენი დღეისათვის 13.000 მონაზონს აერთიანებს, ეს მონაზონთა ყველაზე მრავალრიცხოვანი მჭვრეტელობითი ორდენია ეკლესიაში. ასევე, კარმელელებს აქვთ მესამე ორდენი და სხვადასხვა კონგრეგაციები.

კარტაგლორია (Cartegloria) [სიტყვებიდან carta+gloria] საკურთხეველზე დამაგრებული სამი პატარა დაფა, რომელთა ფუნქცია მღვდელმსახურისთვის წირვის ცალკეულ უცვლელ ნაწილთა შეხსენება იყო. მათი გამოყენება უკანასკნელი ლიტურგიული რეფორმის შედეგად გაუქმდა.

კარტუზიელები (Certosini/e) Ordo cartusiensis, სამონაზვნო ორდენი, რომელიც 1084 წელს, გრენობლის სიახლოვეს მდებარე დასახლება შარტრში წმიდა ბრუნომ დააარსა. სახელის იტალიზებული ვერსია „ჩერტოზა“ როგორც მონასტრის, ისე ამ ორდენის წევრ მონაზონთა აღსანიშნავად გამოიყენება. ბრუნო და მისი ექვსი თანამოაზრე განმარტოებულ მკაცრ ცხოვრებას ეწეოდნენ, თავს ცხვრის ფარის მწყემსვით ირჩენდნენ. 1090 წელს ურბან II-მ ბრუნო თავის მრჩევლად რომში მიიწვია, 1091 წელს კი მას კალაბრიაში, ლა ტორეში (დღევანდელი სერა სან ბრუნო) ახალი მონასტრის დაარსების ნება დართო. კარტუზიელები წმიდა ბენედიქტესეულ წესდებას მისდევენ და ძალიან მკაცრ განდეგილ ცხოვრებას ეწევიან, იცავენ მდუმარებასა და მარხვას. მონაზვნები განცალკევებით ცხოვრობენ სენაკებში და ერთად მხოლოდ ლიტურგიული ლოცვისას, კვირადღისა და საზეიმო დღეთა ტრაპეზზე იკრიბებიან. 1127 წელს შარტრის მეხუთე წინამძღვარმა, პიეტრო გუიგო დე შასტელმა, თავი მოუყარა კარტუზიანული ცხოვრების სახასიათო წეს-ჩვევებს, რომლებიც 1133 წელს პაპმა ინოკენტი II-მ დაამტკიცა. კარტუზიანელ ქალთა ორდენი 1145 წლიდან არსებობს, როდესაც წმიდა ანდრე დე რამიერესის ორდენის წევრმა ჟერმელიმ, რომელიც წმიდა ცეზარის წესს მისდევდა, სხვა მონაზვნებთან ერთად კარტუზიული სამონასტრო ცხოვრების წეს-ჩვევები მიიღო.

კატაბასისი (Katábasis) [ბერძ. „დაღმართი“ (ნაწარმოებია ზმნიდან კატაბაíნეინ „ჩასვლა“, „თავქვე დაშვება“)] თეოლოგიაში გამოიყენება ხორცშესხმისას სიტყვის დაღმასვლის აღსანიშნავად.

კატაკომბა (Catacomba) [ლათ. catacumbae (შედგენილია ბერძ. სიტყვებით katá „ქვეშ“ და cumba „ღრმული“)] თავდაპირველად (IV საუკუნიდან) ტოპონიმი გამოიყენებოდა ვია აპიას მეორე და მესამე მილს შორის - კერძოდ, წმიდა სებასტიანესა და სესილია მეტელას საფლავს შორის - არსებული „ღრმულის“ აღსანიშნავად. ამჟამად კატაკომბა ძველ ქრისტიანულ და ებრაულ მიწისქვეშა სასაფლაოებს ნიშნავს. ძნელია იმის ზუსტად დადგენა, თუ როდიდან დამკვიდრდა ქრისტიანულ სასაფლაოთა წარმართულთაგან განცალკევების ტრადიცია. მაგალითად, მოციქულთა პეტრესა და პავლეს საფლავები ვატიკანისა და ოსტიის წარმართულ სასაფლაოთა ტერიტორიაზე განთავსდა. ტერტულიანეს დროს, II საუკუნის დასასრულს, უკვე ცხადადაა საუბარი „areae sepulturarum nostrarum“-ის შესახებ (Ad Scapulam, 3; PL 1,701). კატაკომბათა სახასიათო ნიშანია სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა დონეებზე განლაგებულ გალერეათა ქსელი. სამარხები ნაკვეთი იყო როგორც გალერეათა კედლებში, ასევე კუბიკულუმებში, ვერტიკალურ რიგებად, ოთხ-ოთხი ან ხუთ-ხუთი. სამარხის შესასვლელი მარმარილოს ფილებით ან დაცემენტებული აგურებით იკეტებოდა. მოსაზრება, რომ ეკლესია თავისი არასებობის პირველ სამ საუკუნეს მიწისქვეშა სასაფლაოებს აფარებდა თავს, ლეგენდაა. კატაკომბებს ყოველთვის სასაფლაოს დანიშნულება ჰქონდა, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ იქ მოწამეთა საფლავები იმყოფებოდა, III საუკუნიდან კატაკომბათა, აგრეთვე, საკულტო ადგილად გადაქცევა განაპირობა. გუთების მიერ გაძარცვისა (VI საუკუნე) და მოწამეთა ნეშტების გადასვენების შემდეგ კატაკომბები მიივიწყეს. ეს მდგომარეობა მეცხრამეტე საუკუნიდან თანდათან შეიცვალა. კატაკომბათა შორის ყველაზე ცნობილია კალისთეს, დომიცილასა და პრისცილას კატაკომბები.

კატაფალკი (Catafalco) [ეტიმოლოგია უცნობია; შესაძლოა, მომდინარეობს ბერძნულიდან katá „ქვემოთ“ და ლათინურიდან fala „ხის კოშკი“] შავი ან მოიისფრო ქსოვილით მორთული ფიცარნაგი, რომელზეც ასვენებენ კუბოს ეკლესიაში სამგლოვიარო მსახურების დროს.

კატაფატური, თეოლოგია (Catafatica, teologia) [ბერძ. kataphatikós „მტკიცებითი“] თეოლოგია, რომელიც ღმრთის შესახებ საუბარს მისთვის აღმატებულ ხარისხში აყვანილი ყველა ღისების მიკუთვნებით ასაბუთებს. მისდევს ღმრთის გამოცხადების დაღმავალ გზას. უპირისპირდება აპოფატურ თეოლოგიას.

კატენები ნ. ბიბლიური კატენები.

კატეხეტიკა (Catechetica) [ბერძ. katechetikós] თეოლოგიურ-სამწყსო მეცნიერება, რომელიც კატეხეზთან დაკავშირებულ ყველა საკითხს შეისწავლის. ამრიგად, ეს რწმენის ჭეშმარიტებათა პედაგოგიურ-დიდაქტიკური მეთოდების მეშვეობით სწავლების ხელოვნებაა.

კატეხიზაცია, კატეხიზმოს სწავლება (Catechesi) [ბერძ. katéchesis „ზეპირი სწავლება“, სიტყვასიტყვით „ცოცხლად, ხმით სწავლება“] აღნიშნავს სწავლებას, რომლის მიზანიც ქრისტიანული სარწმუნოების გადაცემაა. წმიდა ლუკამ და წმიდა პავლემ ტერმინი სახარებისეულ უწყებაზე დაფუძნებული სწავლების აღსანიშნავად გამოიყენეს. ქრისტიანული კატეხუმენობის დამკვიდრებასთან ერთად (ნ. კატეხუმენი) სიტყვამ ნათლისღებისათვის მოსამზადებელი სწავლების მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენამდე მოციქულთა მოღვაწეობის ხანის ვერც ერთმა კატეხისტურმა ტექსტმა ვერ მოაღწია, თუმცა მოციქულთა საქმეები საშუალებას გვაძლევს, ამ ტექსტთა მთავარი სახასიათო ნიშნები აღვადგინოთ (პეტრეს სიტყვები: საქ. 2:14-40; 3:12-26; 5:29-32; პავლეს სიტყვები: საქმ. 13:16-41; 17:22-31). კატეხიზაციის მნიშვნელოვანი ნაშრომები - „დიდაქე“, „ჰერმას მწყემსი“, „წერილი დიოგნეტეს მიმართ“ - მოციქულთა შემდგომ პერიოდს განეკუთვნება. შემდეგ, IV საუკუნეში შეიქმნა კირილეს „კატეხეზა“, ამბროსის „საიდუმლოთა გამო“, იოანე ოქროპირის „სანათლისღებო კატეხეზა“ და სხვა. კატეხეზა, რომლის საგანსაც ქრისტეს მსხნელი მოვლენა წარმოადგენს (საღმრთო წერილი, გადმოცემა და მოძღვრება), ადამიანის ისტორიულ მოთხოვნილებათა შესაბამისად, გამოცხადების გათანამედროვებას ცდილობს. ვატიკანის II კრებამ ახალი ბიძგი მისცა კატეხიზაციას და მის განახლებასა და გათანამედროვებას შეუწყო ხელი.

კატეხიზმო (Catechismo) [ბერძ. katechismós, შემდეგ საეკლესიო ლათინ. catechismus] „სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობით კატეხიზმო აღნიშნავს ქრისტიანული რელიგიის არსებით ჭეშმარიტებათა ზეპირ და მარტივ, ძალდაუტანებელ სწავლებას ბავშვებისა და განათლების არმქონე ზრდასრულთათვის, რაც ნათლისღების შემდეგ ხდება. თუმცა შემდგომში სახელწოდება სწავლების ხერხიდან გავრცელდა იმ წიგნზე, რომელიც ქრისტიანობის ძირეულ ჭეშმარიტებათა ელემენტარულ გადმოცემას შეიცავს. ამ თვალსაზრისით კატეხიზმო არის პოპულარული სახელმძღვანელო, ქრისტიანული მოძღვრების ზუსტი და უტყუარი მოკლე გადმოცემა“ (ე. მანჟენო). კატეხიზმოს პირველ ტექსტთაგან აღსანიშნავია ალკუინის დროინდელი Disputatio puerorum per interrogationes et responsiones (ქრისტიანული დოქტრინის კომპენდიუმი ათ თავად, PL 101, 1097-1144). XIII საუკუნეში აღმოცენდა სახასიათო საგანმანათლებლო ტექსტები, როგორიც იყო, მაგალითად, ჰონორიუს აუტუნელის Elucidarium, sive dialogus de summa totius christianae theologiae (შეკითხვები და პასუხები მრწამსის, ბოროტებისა და საბოლოო საგანთა შესახებ, PL 172, 1109-1176). ლუთერმა და კალვინმაც დაწერეს კატეხიზმოები, შესაბამისად 1529 (დიდი და მცირე კატეხიზმო), 1537 და 1542 წლებში. კათოლიკურ სამყაროში დიდად გაითქვა სახელი პეტრე კანიზელის მცირე კატეხიზმომ (1556) და რობერტო ბელარმინოს ქრისტიანული დოქტრინის მოკლე გადმოცემამ (1597). ტრიდენტის კრების შემდეგ პაპმა პიუს V-მ გამოაქვეყნა „რომაული კატეხიზმო“ წინამძღვართათვის, ხოლო ვატიკანის I კრების შემდეგ პიუს X-მ შეიმუშავა კატეხიზმო, განკუთვნილი რომის დიოცეზისთვის, რომელიც შემდგომში მთელ იტალიაში გავრცელდა. ვატიკანის II კრებამ ბიძგი მისცა კატეხიზმოს სწავლების განახლებას, რათა კითხვა-პასუხის ძველი ფორმის ნაცვლად დამკვიდრებულიყო ახალი მეთოდი, რომელიც მეტად გაუსვამდა ხაზს თანამედროვე ანთროპოლოგიურ კონტექსტს. ამ განახლების შედეგია 1992 წლის 11 ოქტომბერს „კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს“ გამოქვეყნება.

კატეხისტი, კატეხიზმოს მასწავლებელი (Catechista) [ბერძ. katechistés] ქრისტეს სწავლების ერთგული მიმდევარი, - პიროვნება, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების ცოდნისა და გამოცდილების საეკლესიო მემკვიდრეობას გადასცემს ადამიანებს.

კატეხუმენი (Catecumeno) [ბერძ. katechoúmenos (ზმნა katechein-ის საშუალო-ვნებითი მიმღეობა) „ის, ვისაც ასწავლიან“] პიროვნება, რომელიც ნათისღებისათვის და საეკლესიო საკრებულოში შესასვლელად ემზადება. ადრინდელ ეკლესიაში კატეხუმენი მთელი საკრებულოს სულიერი მხარდაჭერის თანხლებით ეტაპობრივ მზადებას გადიოდა. კატეხუმენად მიღება მღვდელმსახურის მიერ ხელდასხმის მეშვეობით ხდებოდა, რის შემდეგაც ადამიანის სახელი მოსანათლავ პირთა სიაში თავსდებოდა. ამ მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ იწყებოდა უშუალოდ კატეხუმენატი, რომელიც შედგებოდა კატეხიზმოს შესწავლისა, ავ სულთა განდევნისა და შემოწმებათაგან (კანდიდატის მზადყოფნის გამოცდები). შემდეგ ეტაპს წარმოადგენდა მრწამსის ტექსტის ახსნა და შემდგომი საბოლოო საზეიმო სულთა განდევნა (ეფფათა, რაც არამეულად ნიშნავს „გაიხსენ“). დასასრულ, სრულდებოდა ნათლისღების წესი, მირონცხებისა და ევქარისტიული მსახურების თანხლებით. კატეხუმენატის პერიოდში მოსანათლ პირს მხოლოდ წირვის პირველ ნაწილზე დასწრების უფლება ჰქონდა (სიტყვის ლიტურგია). ვატიკანის II კრების შემდგომი ლიტურგიული რეფორმის შედეგად დამკვიდრდა ზრდასრულთა ქრისტიანული მიღების ახალი წესი, რომელიც გათვალისწინებულია არა მხოლოდ ნათლისღების მსურველ, არამედ უკვე მონათლულ იმ ადამიანთათვისაც, რომლებსაც კატეხეზური და საიდუმლოებთან დაკავშირებული ცოდნა არ მიუღიათ.

კაცის ძე ნ. ძე კაცისა.

კეთილგონიერება (Prudenza) [ლათ. prudentia (სიტყვიდან prudens „კეთილგონიერი“, „წინდახედული“)] ერთ-ერთი ოთხ ძირითად სათნოებათაგან, რომელიც პრაქტიკულ გონებას ყოველგვარ ვითარებაში ჭეშმარიტი სიკეთის ამოცნობისა და მის შესასრულებლად სათანადო საშუალებათა ამორჩევისათვის განაწყობს. წმიდა თომა აკვინელი განმარტავს, რომ კეთილგონიერება არის „ქმედების მართებული ფორმა“ (შდრ. CCC, 1806).

კენობიტი (Cenobita) [ბერძ. koinós „საერთო“ და bíos „ცხოვრება“] მონაზონი, რომელიც ღმერთთან თავის კავშირს „საერთო ცხოვრების ადგილას“ განიცდის (ნ. მონასტერი), განსხვავებით ანაქორეტისაგან. მონაზვნობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის დაახლოებით 320 წელს, ეგვიპტეში წმიდა პახომმა დაამკვიდრა. საერთო ცხოვრების გარდა, კენობიტობის სახასიათო ნიშანია წინამძღვრის, როგორც სასულიერო წინამძღოლის, და, აგრეთვე, წესდების არსებობა. კენობიტობის ყველაზე ცნობილი ფორმები დასავლეთში წმიდა ბენედიქტეს, აღმოსავლეთში კი წმიდა ბასილის წესდების გავრცელების შედეგად დამკვიდრდა.

კენოზისი (Kénosi/kenotico) [ბერძ. kénosis (ნაწარმოებია სიტყვიდან kenoûn „დაცლა“) „დაცარიელება“] ბიბლიურ-თეოლოგიურ ტერმინოლოგიაში აღნიშნავს განკაცებით ქრისტეს მიერ ღმერთთან თავის თანასწორობაზე უარის თქმას მამისადმი მორჩილების ნიშნად, რათა მსახურის, ადამიანის სახით წარმდგარიყო ადამიანთა წინაშე, თვით სიკვდილის მიღებამდე (ფილ. 2:6). კენოზისი სიყვარულის ღმრთაებრივ სახეს წარმოადგენს.

კერიგმა (Kerygma) [ბერძ. სიტყვასიტყვით „გამოცხადება“, „დამოწმება“] სახარებისეული უწყების საფუძველმდები არსის გავრცელება („იესო ქრისტე მოკვდა და მკვდრეთით აღდგა“), რომელსაც ეკლესია ღმრთაებრივი მისიის ძალით აცხადებს და რომელიც რწმენისადმი მოწოდებად და მოხმობად ისახება.

კერპთაყვანისცემლობა (Idolatria) [ბერძ. éidolon „კერპი“+latría (ზმნიდან latreúein „მსახურება“) სიტყვასიტყვით: საკულტო მსახურება და, მაშასადამე, გამოსახულებათა თაყვანისცემა] ამ ტერმინით აღინიშნება ნებისმიერი კულტი, რომელიც შემოქმედის ნაცვლად ეთაყვანება ქმნილებას (საგნები, გამოსახულებანი, ხატებანი), რომელსაც ღმრთაებრივი თვისებები და ძალა მიეწერება. კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ისრაელმა ხალხმაც კი ვერ აიცილა თავიდან (ოქროს ხბო, გამ. 32) დაგმობილია როგორც ძველ (რჯლ. 13:2 და შემდ.), ისე ახალ აღთქმაში (კორ. 5:11).

კერპი (Idolo) [ბერძ. éidolon „გამოსახულება“, შემდეგ ლათ. იდოლუმ] საგანი, გამოსახულება თუ ხატება, რომელსაც ღმრთაებრივ თვისებებსა და უნარებს მიაწერენ და ეთაყვანებიან.

კვაკერები (Quaccheri) [ინგლ. quake „კანკალი“] XVII საუკუნის შუა წლებში აღმოცენებული მისტიკურ-ენთუზიასტური მიმართულების პროტესტანტური სექტა. მისი დამაარსებელი, მოუსვენარი ბუნების მქონე მეწაღე, რელიგიური ნათელმხილველი ჯორჯ ფოქსი (1624- 1691), 1647 წელს მივიდა დასკვნამდე, რომ თითოეულ ადამიანს ჭეშმარიტებისა და მარადიული ხსნისაკენ ღმრთის ხმის „შინაგანი ნათელი“ (იოან. 1:9) წარუძღვება. იმის გამო, რომ ღმრთის სიტყვის მოსმენისას ფოქსს კანკალი იპყრობდა, მისი მიმდევრებს კვაკერები, „მოკანკალენი“ შეარქვეს. ფოქსის მიმდევრები თავდაპირველად თავს ნათლის შვილებს (Children of the Light), ან ჭეშმარიტების მეგობრებს (Friends of the Truth) უწოდებდნენ, 1670 წლის შემდეგ კი - მეგობართა საზოგადოებას (Society of Friends) (იოან. 15:15). ინგლისში შევიწროებულმა და დევნილმა კვაკერებმა თავი ჩრდილოეთ ამერიკას შეაფარეს, მას შემდეგ, რაც 1667 წლიდან კვაკერული მოძრაობაში ჩართულმა უილიამ პენმა (1644-1718) იქ თავის რეპრესირებულ თანამოაზრეთა და სხვა ქრისტიანული ჯგუფების წევრი კოლონისტებისთვის თავისუფალი სახელმწიფო დააარსა (პენსილვანია). პენის მიერ შედგენილი წესდება მორწმუნეებს აძლევდა სრულ რელიგიურ თავისუფლებას (1689 წლის შემწყნარებლობის აქტი), უარყოფდა ომს, სამხედრო სამსახურს, ფიცის დადებას და საეკლესიო წესით ქორწინებას. გარდა ამისა, მასში მოცემული იყო ზანგების მონობის შემსუბუქების ტენდენცია. კვაკერები „დოგმების გარეშე“ რელიგიას მისდევენ, სწამთ, რომ გარდა ბიბლიისა, ღმრთის სული უშუალოდ „შინაგანი ნათლის“ მეშვეობით მეტყველებს, რომელიც თითოეულ ადამიანში არსებობს. დოგმებს, საიდუმლოებს, მღვდელმსახურებსა და ეკლესიას კვაკერები უარყოფენ როგორც ზედმეტს. კვაკერთა თავყრილობებზე ძირითადად მდუმარება სუფევს. მათი რელიგიური დებულება ომზე, სიკვდილით დასჯაზე, მონობაზე, ყოველგვარ დისკრიმინაციაზე, აზარტულ თამაშებსა და ალკოჰოლზე უარის თქმას მოითხოვს. გარდა ამისა, წახალისდება კულტურულ ურთიერთობათა დამყარება-განვითარება, მართებული ეკონომიკურ-სოციალური მიმართულება, ქალთა იურიდიული თანასწორობა, ფსიქიკურად დაავადებულთა მიმართ ადამიანური მოპყრობა. კვაკერთა საკრებულოები დემოკრატიულადაა მოწყობილი. ისინი ზედამხედველების ანუ უხუცესების მიერ იმართება. ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან განცალკევების მიზეზით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ითვალისწინებს, რელიგიურ საკრებულოთა ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში დაახლოებით 200.000 კვაკერია, დანარჩენ მსოფლიოში კი - დაახლოებით 185.000.

კვატროდეციმანები (Quartodecimani) [გვიანლათ. quartodecimani, ნაწარმოებია სიტყვიდან quartodecimus „მეთოთხმეტე“] ასე ეწოდათ მცირე აზიის იმ ქრისტიანებს, რომლებიც, ებრაული კალენდრის თანახმად, აღდგომას ნისანის თვის (მარტი) მე-14 დღეს აღნიშნავდნენ, განსხვავებით სხვა ქრისტიანთაგან, რომელთათვისაც აღდგომის დღესასწაული გაზაფხულის პირველი მთვარის მოვანების შემდგომ კვირადღეს დგებოდა. ამ განსხვავებამ დაუდო დასაბამი დისკუსიას აღდგომის თარიღთან დაკავშირებით, რომელმაც მწვავე სახე მიიღო პაპ ვიქტორ I-ის (189-199) დროს. განხეთქილების თავიდან აცილება ირენეოს ლიონელის (†202) ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი. ამ კონტექსტში განიხილება „სააღდგომო ქადაგება“, რომლის ავტორიც არის ეგრეთ წოდებული ანონიმი „კვატროდეციმანი“.

კვიეტიზმი (Quietismo) [ლათ. quietus, სიტყვიდან quies „სიმშვიდე“] მისტიკურ-რელიგიური კონცეპცია, რომელიც ღმერთთან ერთიანობის მიღწევას ესწრაფვის სრული პასიურობისა და მჭვრეტელობის გზით, რასაც ადამიანის ნებისა და სურვილის სრული დათრგუნვა მოჰყვება. ამ მიმართულების მოძრაობები არსებობდა V საუკუნეში, ევტიქიანელთა შორის, XIV საუკუნეში ათონელ მონაზვნებსა და გვიანი შუა საუკუნეების მისტიკოსებს შორის. მოძრაობის მთავარი წარმომადგენელია ესპანელი მღვდელმსახური მიგელ დე მოლინოსი (1628-1696), ავტორი წიგნისა Guia espiritual, რომელიც 1675 წელს საეკლესიო ხელისუფალთა ნებართვით გამოიცა. მის მიმართ სხვადასხვა მხრიდან გამოთქმული მრავალრიცხოვანი ბრალდებების შედეგად, 1685 წელს მოლინოსი დააპატიმრეს. ინკვიზიციის წინაშე მისი სასამართლო პროცესი 1687 წელს მისი ნაწერიდან აღებული 68 დებულების დაგმობით დასრულდა. მოლინოსმა უარყო თავისი დებულებები, თუმცა, ამის მიუხედავად, სიცოცხლის ბოლომდე საპყრობილეში დარჩა. მისი გავლენა განსაკუთრებით განიცადეს ჟან-მარი დე ლა მოტ გუაიონმა (1648-1717), ეპისკოპოსმა ფ. ფენელონმა (1651-1715) და იტალიაში, გერმანიასა და ინგლისში გავრცელებული პიეტიზმის მიმდევრებმა. მოძრაობის აქტიური მოწინააღმდეგე იყო ეპისკოპოსი ჯ. ბ. ბოსუე (1627-1704), რომელმაც, ლუდოვიკო XIV-ის მხარდაჭერით, მიაღწია ინოკენტი XII-ის მიერ ფენელონის 23 დებულების დაგმობას ნაშრომიდან Explication des Maximes des Saints sur la vie intérieure (epistole Cum Alias, 1699).

კვირადღე (Domenica) [ლათ. დომინიცა (დიეს), რაც წარმოადგენს თარგმანს ბერძნული ფრაზისა კყრიაკé ჰემéრა „უფლის დღე“] უფლის მკვდრეთით აღდგომის დღე, რის გამოც ის პირველსაწყის დღესასწაულად და ლიტურგიული წლის დასაბამად იქცა. ქრისტიანებმა დასაბამიდანვე საჯაროდ გამოაცხადეს კვირადღის უქმობა (1 კორ. 16:2; შდრ. საქ. 2:7). თავდაპირველად ეს დღე იუდეველთა შაბათთან ერთად აღინიშნებოდა, შემდეგ კი ჩაენაცვლა მას. აპოლოგეტებისა და ეკლესიის მამათა მოღვაწეობის პერიოდში საკვირაო მსახურება უეჭველად დამკვიდრებულ ტრადიციას წარმოადგენდა. კვირადღე საერო უქმე დღედ იქცა იმპერატორ კონსტანტინეს მმართველობისას, რომელმაც 321 წელს ამ დღეს ფიზიკური შრომის აკრძალვა დააწესა. VI საუკუნიდან ეკლესიამ სავალდებულოდ გამოაცხადა საკვირაო ევქარისტიულ ლიტურგიაში მორწმუნეთა მონაწილეობა. კვირადღე, მკვდრეთით აღდგომის აღსანიშნავი ყოველკვირეული დღესასწაული, რომელიც ლიტურგიაში ღმრთის თაყვანისცემითა და შრომისაგან დასვენებით ადამიანის თავისუფალ და სრულ თვითგამოხატვას უწყობს ხელს, მარადიული სიცოცხლის ერთგვარი წინსწრებაა.

კვირადღე თეთრებში ნ. Domenica in albis.

კიასი (Qiyas) [არაბ. „ანალოგია“] ერთ-ერთი ისლამური კანონის ოთხ წყაროთაგან (ყურანთან, სუნასთან და იჯმასთან ერთად). საფუძვლად უდევს ყურანსა და სუნაში გადმოცემულ მონაცემთა შესახებ ანალოგიის მეთოდით მსჯელობის ხერხი.

კიდობანი (arca) [ებრ. `aron „ყუთი“] ცნობილია: ა) აღთქმის კიდობანი: აკაციის ხისაგან გამოთლილი და ოქროთი მოვარაყებული მართკუთხა სკივრი. სავარაუდოდ, მისი სიგრძე იყო დაახლ. 112 სმ, სიგანე და სიმაღლე კი - 66 სმ (გამ. 25:10). მასში ინახებოდა ღმრთის მიერ მოსესთვის სინაის მთაზე მიცემული ორი დაფა მათზე ამოტვიფრული ათი მცნებით, რომელიც წარმოადგენდა თავის ხალხს შორის ღმრთის ყოფნის ხელშესახებ ნიშანს; ბ) ნოეს კიდობანი: დიდი მცურავი სკივრი, რომელიც ნოემ ააგო ღმრთის ბრძანებით (შდრ. დაბ. 6:13-22) მსოფლიო წარღვნის დადგომამდე თავისი ოჯახისა და ცხოველთა ყველა სახეობის გადარჩენის მიზნით. კიდობანს უზარმაზარი ყუთის ფორმა ჰქონდა (დაახლ. 135მX22,5მX13,5მ), დაყოფილი იყო სამ სართულად, თითოეული მათგანი დაახლ. 5 მეტრის სიმაღლეს აღწევდა. მას ჰქონდა ნავისთვის უჩვეულო ელემენტები: კარები გვერდითა მხარეს, სახურავი წყლისგან დასაცავად (შდრ. დაბ. 6,16) და გვერდითა კედლების ზედა ნაწილში დატოვებული ღიობი, საიდანაც კიდობანში ჰაერი და სინათლე შედიოდა.

კიპური (Kippùr) [ებრ. აღნიშნავს „გამოსყიდვას“] შემოდგომის დღესასწაული, რომელსაც ტისრის თვეში (სექტემბერ-ოქტომბერი) აღნიშნავდნენ ბრალთაგან განსაწმედად: უმაღლესი მღვდელმსახური შედიოდა წმიდათა წმიდაში და ორმაგ მსხვერპლს სწირავდა: საკუთარ, მღვდელმსახურთა და ხალხის ბრალეულობათა გამოსასყიდად. შემდეგ ბრალეულობით სიმბოლურად დატვირთულ განტევების ვაცს გარეთ აგდებდნენ და უდაბნოში ტოვებდნენ, რათა იქ მომკვდარიყო (ლევ. 16:1-29; 23:26, შმდ.) ამ დღეს აკრძალული იყო რამე სახის სამუშაოს შესრულება და სასურველი იყო ხორცის მოკვდინება (ლევ. 23:36, შმდ.).

კირიალი (Kyriale) [ბერძ. Kyrios „უფალი“] წიგნი, რომელიც შეიცავს წირვის უცვლელ საგალობლებს. ესენია: „უფალო, შეგვიწყალენ“ (Kyrie), „დიდება მაღალთა შინა“ (Gloria), „მრწამს ერთი ღმერთი“ (Credo), „წმიდა არს“ (Sanctus), „კრავო ღმრთისაო“ (Agnus Dei).

კირიე ელეისონ ნ. უფალო, შეგვიწყალენ.

კირიოს (Kyrios) [ბერძ. „უფალი“, „ბატონი“] ძველ აღთქმაში გამოიყენებოდა იაჰვეს წარმოუთქმელი სახელის შესაცვლელად, ახალ აღთქმაში კი იქცა ტერმინად, რომლის მეშვეობითაც ქრისტიანული საკრებულო გამოხატავს თავის რწმენას იესოს, როგორც მკვდრეთით აღდგომით გაბრწყინვებული ქრისტესადმი, რომელიც თანამსწრეა აღდგომაში - სული წმიდის გამცემი და ხსნის წყარო. ნ. ადონაი; უფალი.

კიურე (Curato) [ლათ. curatus] მღვდელმსახური, რომელსაც სულებზე ზრუნვა აქვს მინდობილი. ტერმინი შუა საუკუნეებში წარმოიშვა, გაცილებით ადრე, ვიდრე „პაროკოსი“ (მოძღვარი). ნ. წინამძღვარი.

კლარელნი (Clarisse) [ნაწარმოები ფორმა სახელიდან - კლარა] წმიდა კლარასა და წმიდა ფრანცისკე ასიზელის მიერ 1212-1214 წლებში დაარსებული ფრანცისკული „მეორე ორდენის“ ანუ ქალთა რელიგიური ორდენის მოწესე ქალები. ორდენის წესდება 1253 წელს პაპმა ინოკენტი IV-მ დაამტკიცა, ხოლო 1263 წელს ურბან IV-მ მასში შესწორებები შეიტანა. მოწესენი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ ლოცვასა და მჭვრეტელობას.

კლარეტელნი (Claretiani) რელიგიური კონგრეგაცია, დაარსებული მისიონერის, შემდგომში სანტიაგო დი კუბას მთავარეპისკოპოსის, ანტონიო მარია კლარეტ ი კლარას მიერ (1807-1870, კანონიზაცია მოხდა 1950 წელს). 1849 წელს ვიჩში (ესპანეთი) დაარსებული კონგრეგაცია 1870 წელს პაპმა პიუს IX-მ სცნო. საზოგადოება სახელწოდებით „მარიამის უბიწო გულის მისიონერი შვილები“ (Cordis Mariae Filii) სხვადასხვა ხალხებსა და წარმართებს შორის მისიონერულ საქმიანობას ეწევა. დღეს ამ საზოგადოების წევრები მსოფლიოს ყველა კუთხეში მოღვაწეობენ, უმთავრესად ახალგაზრდათა აღზრდითა და სამწყსო საქმიანობით არიან დაკავებულნი. კლარეტ ი კლარამ დააარსა აგრეთვე ქალთა კონგრეგაციაც (მისი ოფიციალური სახელწოდებაა „უბიწო მარიამის სახელობის მასწავლებელთა სამოციქულო ინსტიტუტი“), რომლის მთავარი ამოცანა ახალგაზრდა გოგონების აღზრდა და განთლებაა.

კლაუზურა (Clausura) [ლათ. ზმნიდან claudere „დახურვა“, „ჩაკეტვა“] აღნიშნავს როგორც კანონიკურ ნორმას, რომელიც განსაზღვრავს სამოწესეო დაწესებულებებში უცხო პირთა შესვლისა და იქ მცხოვრებთა გარეთ გამოსვლის წესს, ასევე, ამავე დაწესებულებებში ამ წესისადმი დაქვემდებარებულ ადგილებს. კლაუზურას ეწოდება პაპისეული, როდესაც ის წმიდა საყდრის მიერ განსაზღვრულ განსაკუთრებულ ნორმებს შეესაბამება, საეპისკოპოსო - თუკი მას ადგილობრივი ეპისკოპოსი აწესებს, კონსტიტუციური - როდესაც განისაზღვრება სამოწესეო ინსტიტუციის საკუთარი სამართლით (CIC, კან. 667), ამ ინსტიტუტის დანიშნულებისა და მისიის შესაბამისად. კლაუზურის ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობს და საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვაგვარად წესდებოდა, სანამ XVI საუკუნეში (ტრიდენტის კრება) საერთო კანონს არ დაექვემდებარა. ვატიკანის II კრების დეკრეტში Perfectae caritatis გამოხატულია პაპისეული კლაუზურის განახლების სურვილი „იმ წეს-ჩვევათა გაუქმებით, რომელთა არსებობა უკვე გაუმართლებელია“ (PC, 16).

კლერიკალიზმი (Clericalismo) [ნაწარმოებია სიტყვიდან clericalis „სასულიერო, საეკლესიო“] თავდაპირველად ტერმინს პოლემიკური მნიშვნელობა ჰქონდა და გმობდა სასულიერო პირთა იმ ინიციატივებს, რომლებიც უშუალოდ საეკლესიო სფეროს სცილდებოდა, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში ქრისტიანთა საეკლესიო იერარქიისადმი დაქვემდებარების მიდრეკილებას და სასულიერო პირთა თითქოსდა შეფარული აღმატებულობის ფსიქოლოგიას. გამოიყენება, აგრეთვე, სამღვდელოებასთან შედარებით საეროთა არასათანადოდ შეფასების აღსანიშნავადაც.

კლერჯიმენი (Clergyman) [ინგლ. სიტყვასიტყვით „სამღვდელოების წარმომადგენელი“] შავი ან რუხი ფერის სამოსი, რომელსაც სხვადასხვა რელიგიური კონფესიის კულტის მსახური ატარებს. შედგება ქურთუკისა და შარვლისგან, აქვს თეთრი საყელო და შავი ფერის ჩადგმული მკერდზე.

კლიტეთა ძალაუფლება (Potere delle chiavi) გასაღების, კლიტეთა გამოსახულება ქრისტიანულ ხელოვნებაში განასახიერებს ქრისტეს მიერ პირველი მოციქულის, პეტრესთვის მინიჭებულ ძალაუფლებას შეკვრისა და გახსნისა, ანუ საყოველთაო ეკლესიის მოძღვრის ძალაუფლებას. როგორც პეტრეს მემკვიდრეს, პაპს, რომის ეკლესიის ეპისკოპოსს, თავისი თანამდებობის ძალით აქვს მართვის უმაღლესი, სრული, უშუალო და საყოველთაო ძალაუფლება ეკლესიაზე და მას შეუძლია ამ ძალაუფლების თავისუფლად აღსრულება (CIC, კან. 331).

კოადიუტორი (Coadiutore) [გვიანლათ. coadiutor (ზმნიდან coadiuvare) „ერთად დახმარება“] ასე ეწოდება ეპისკოპოსის ღირსების მატარებელ თანამშრომელს, რომელიც სადიოცეზო ეპისკოპოსს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში ეხმარება. ეპისკოპოსის კოადიუტორს ნიშნავს წმიდა საყდარი ძირითადი სადიოცეზო ეპისკოპოსის ცალკეულ სამწყსო საქმიანობათა ხელშეწყობის მიზნით. კოადიუტორი ეხმარება სადიოცეზო ეპისკოპოსს მთლიანად დიოცეზის მართვაში და ენაცვლება მას ამ უკანასკნელის არყოფნის ან რამე დაბრკოლების შემთხვევაში (CIC, კან. 405). დამხმარე ეპისკოპოსისგან განსხვავებით, კოადიუტორი მემკვიდრეობის უფლებით სარგებლობს (CIC, კან. 409).

კოინე (Koiné) [ბერძ. მომდინარეობს ზედსართავიდან koinós „საერთო“, „ჩვეული“] როგორც არსებითი სახელი, აღნიშნავს მთელი ხმელთაშუა ზღვის სამყაროსთვის საერთო სალაპარაკო ბერძნულ ენას, ელინიზმის ხანიდან დაახლოებით ქრისტეს შემდეგ 400 წლამდე. ეს ენა ალექსანდრე მაკედონელის დროს დამკვიდრდა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქრისტიანობის გავრცელებას. ახალი აღთქმა კოინეზე დაიწერა, თუმცა სემიტიზმებითაა გაჯერებული. ნ. ბიბლიის ენები.

კოინონია (Koinonía) [ბერძ. აღნიშნავს „ზიარებას“, „თანაზიარებას“] ახალ აღთქმაში აღნიშნავს იმ დამოკიდებულებათა წესრიგს, რომლებიც მთლიანობად აქცევს ქრისტიანულ საკრებულოს რწმენით, ქადაგებით, საიდუმლოთი, უმთავრესად, ევქარისტიული მსახურებით და მრავალი სხვა ფორმით, რომელთა შორისაა ქონების, ყოველდღიური ცხოვრების გაზიარება, როგორც ქრისტიანული სიყვარულის გამოხატულება.

კოკოლა (Cocolla) [გვიანლათ. cuculla „კაპიუშონი“] ფართო, ნაკეცებიანი საგუნდო სამოსი გრძელი ფართო სახელოებითა და კაპიუშონით, რომელიც ზოგიერთ სამონაზვნო ორდენში საგუნდო გალობისას გამოიყენება.

კოლეგია, კარდინალთა ნ. კარდინალი.

კოლეგია, მრჩეველთა ნ. მრჩეველთა კოლეგია.

კოლეგიური ტაძარი (Collegiata) [ნაწარმოებია სიტყვიდან collegium „კოლეგია“] ტაძარი, რომელსაც აქვს კანონიკოსთა კაპიტულუმი (კოლეგია), თუმცა არ წარმოადგენს ეპისკოპოსის სამყოფელს.

კოლეგიურობა (Collegialità) [ლათ. collegium „კოლეგია“, ერთობლიობა პირთა, რომლებიც ჩვეულებრივ რამე საერთო მიზნით ერთიანდებიან] აღნიშნავს ეკლესიის სტრუქტურის ძირეულ ასპექტს და მიემართება ეპისკოპოსობას, რომელიც თავისი ბუნებით კოლეგიურია. „პირი საეპისკოპოსო ორგანოს ნაწილად იქცევა საიდუმლოებრივი კურთხევის ძალით და კოლეგიის მეთაურთან (პაპი) და მის წევრებთან იერარქიული თანაზიარების მეშვეობით“ (LG, 22). საეპისკოპოსო კოლეგიურობა - გამოხატულება თანაზიარებისა, რომელიც აკავშირებს ყველა კათოლიკე ეპისკოპოსსა და პაპს - საზეიმოდ ხორციელდება მსოფლიო კრებაზე ან „მსოფლიოში გაფანტულ ეპისკოპოსთა ერთობლივი მოქმედებით, თუკი ის გამოცხადდა ან ნებადართულ იქნა რომის პონტიფექსის მიერ, იმგვარად, რომ განხორციელდეს ჭეშმარიტი კოლეგიალური ქმედება“ (CIC, კან. 337).

კოლერიდიელები (Colliridiani) ეს სახელი უწოდა წმიდა ეპიფანემ ერეტიკოსთა ჯუფს (უმთავრესად ქალებს), რომელმაც მარიამის საპატივცემულოდ თრაკიიდან შემოიღო განსაკუთრებული რიტუალები, დაფუძნებული პურის შეწირვაზე, რომელიც მონაწილეთა შორის ნაწილდებოდა.

კოლექტა (Colletta) [ლათ. collecta „შეგროვება“] ტერმინს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს: ა) ძველად აღნიშნავდა შეკრების ადგილს, საიდანაც მორწმუნეები მსვლელობით მიემართებოდნენ ეკლესიისაკენ, რომელშიც საზეიმო მსახურება იმართებოდა; ბ) ლიტურგიაში კოლექტა ეწოდება ლოცვას, რომელსაც მღვდელმსახური წირვის დროს ღმრთის სიტყვის ლიტურგიამდე აღავლენს; გ) კოლექტა ეწოდება გაჭირვებულთა დახმარების მიზნით მატერიალური ქონების შეგროვებას, როგორც ეს წმიდა პავლემ გააკეთა იერუსალემის პირველი ქრისტიანული საზოგადოებისთვის (1 კორ. 16:1-2). ამ თვალსაზრისით აღნიშნავს აგრეთვე მოწყალების შეგროვებასაც, რომელიც ეკლესიაში შეწირულებისას ხდება.

კომბონელნი (Comboniani) იესოს გულის კომბონელ მისიონერთა (Fili Sacri Cordis Jesu an Verona Fathers) სამოწესეო კონგრეგაციის წევრები. დაარსდა 1867 წელს ეპისკოპოს დანიელე კომბონის მიერ, დამტკიცდა 1910 წელს. ორგანიზაციის მთავარი სამყოფელი ვერონაშია. მის წევრთა ძირითადი საქმიანობაა ხალხთა მოქცევა, უმთავრესად, აფრიკაში („ნიგრიცია“).

კომენტატორი (Commentatore) [ლათ. commentator „კომენტარის შემსრულებელი“] პირი, რომელიც ლიტურგიული მსახურების დროს განმარტებებითა და შეგონებებით მიმართავს მორწმუნეებს, რათა ისინი ღმრთისმსახურების აღსრულების პროცესში ჩართოს და უკეთ განაწყოს მის გასაგებად და განსაცდელად. მისი მიმართვები უნდა იყოს ცხადი, ლაკონური და კარგად მოფიქრებული. სათანადო მომზადების შემთხვევაში კომენტატორის ფუნქციის შესრულება ყველა საეროს შეუძლია (CIC, კან. 230).

კონგრეგაციები (Congregazioni) [ლათ. congregatio „თავშეყრა“, „ერთობლიობა ერთად შეკრებილი მრავალი ადამიანისა“] ტერმინს მრავალი მნიშვნელობა აქვს: ა) რელიგიური კონგრეგაციები: რელიგიური ინსტიტუციები, რომელთა წევრებიც დებენ როგორც მუდმივ, ისე დროებით მარტივ აღთქმებს (სამოწესეო ორდენებს კი საზეიმო აღთქმები ახასიათებს); ბ) სამონასტრო კონგრეგაციები: რამდენიმე დამოუკიდებელი მონასტერი, გაერთიანებული უფრო დიდ ასოციაციაში, როგორიცაა, მაგალითად, ბოირონის ბენედიქტელთა კონგრეგაცია; გ) საქმელმოქვედო კონგრეგაციები: რელიგიური ასოციაციები, რომლებიც მიზნად ისახავენ ღმრთისმოსაობის ცალკეულ გამოხატულებათა გავრცელებას ან სამყაროში სახარებისეულ რჩევათა შესრულებას, თუმცა მათი წევრები არ მისდევენ ერთად ცხოვრების წესს და არ ატარებენ რამე განსაკუთრებულ გამორჩეულ სამოსს: დ) რომაული, ანუ საკარდინალო კონგრეგაციები: რომის კურიის ორგანოები, რომელთაც კარდინალი ხელმძღვანელობს. ეს უწყებები ეკლესიის ძირითად საქმიანობას წარმართავენ. ესენია: სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაცია, აღმოსავლეთის ეკლესიათა კონგრეგაცია, საღმრთო კულტისა და საიდუმლოთა სწავლების კონგრეგაცია, წმიდათა საქმეების კონგრეგაცია, ეპისკოპოსთა კონგრეგაცია, ხალხთა მოქცევის კონგრეგაცია, სასულიერო პირთა კონგრეგაცია, ღმრთივშეწირული ცხოვრების ინსტიტუციათა და სამოციქულო ცხოვრების საზოგადოებათA კონგრეგაცია, სემინარიების, სასწავლებლებისა და უნივერსიტეტების კონგრეგაცია.

კონგრეგაციონალიზმი (Concregazionalismo) [ინგლ. სიტყვიდან congregationalism] უმთავრესად ანგლოსაქსურ ქვეყნებში გავრცელებული რეფორმისტული ქრისტიანული მოძრაობა, რომელიც ამკვიდრებს მორწმუნეთა თითოეული საკრებულოს (კონგრეგაციის) აბსოლუტურ დამოუკიდებლობას რწმენისა და საეკლესიო მოძღვრების საკითხებში. კონგრეგაციონალიზმი ინგლისის ეკლესიის საწინააღმდეგოდ აღმოცენდა, მისი მთავარი წარმომადგენლები არიან რობერტ ბრაუნი და ჯონ რობინსონი. ამ მოძრაობის ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირებულმა რამდენიმე წევრმა დასაბამი მისცა ამერიკულ კონგრეგაციონალიზმს, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობს.

კონგრესთა საქმე (Opera dei Congressi) 1874 წელს იტალიელი კათოლიკე ახალგაზრდობის საზოგადოების ინიციატივით იტალიაში დაარსებული „კონგრესთა და კათოლიკურ კომიტეტთა საქმე“ აქტიურ იტალიელ კათოლიკეთა პირველი დიდი ორგანიზაცია იყო. ის იქცა რელიგიური საქმიანობით დაკავებული მრავალრიცხოვანი სამრევლო და სადიოცეზო კომიტეტის დამაკავშირებელ ორგანოდ. ამგვარ კომიტეტებში საქმიანობისაკენ მოხმობა კათოლიკეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ეკლესიის საწინააღმდეგო კანონმდებლობამ ქრისტიანული სულისკვეთების საქველმოქმედო ინსტიტუტები გააუქმა. პაპ ლეონ XIII-ის დროს კონგრესთა საქმე სწრაფად განვითარდა, განსაკუთრებით, ვენეტოსა და ლომბარდიაში და მთელი იტალიური კათოლიკური მოძრაობის მამოძრავებელ ძალად იქცა. მანვე მისცა ბიძგი ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურათა ქსელის შექმნას. 1896 წლის შემდეგ უკომპრომისო პოზიციის მქონე მმართველი კადრების პარალელურად განვითარდა, აგრეთვე, ახალი დემოკრატიულ-ქრისტიანული მიმართულების ნაკადი რომოლო მურის თაოსნობით, რომელიც სოციალურ და პოლიტიკურ სფეროში მეტი გახსნილობისაკენ იხრებოდა. ორ მიმდინარეობას შორის არსებულმა დაპირისპირებამ და კამათმა, კათოლიკური სამყაროს ლიბერალიზმთან რთული დამოკიდებულების განვითარების თანმდევ ფონზე, ინსტიტუტის კრიზისი გამოიწვია და 1904 წელს ის წმიდა საყდარმა გააუქმა.

კონდაკი ნ. მესალი.

კონვენტუალები ნ. ფრანცისკელები.

კონკლავი (Conclave) [ლათ. სიტყვიდან conclave „გასაღებით დაკეტილი ოთახი“] ტერმინი აღნიშნავს როგორც ადგილს, სადაც იკრიბებიან კარდინალები პაპის ასარჩევად და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე რჩებიან დღისით და ღამით, ასევე, კარდინალთა შეკრებას ამავე მიზნით. ძველად პაპს რომის მღვდელმსახურები და მორწმუნეები ირჩევდნენ. 1059 წელს ნიკოლოზ II-მ ბულით In nomine Domini დაადგინა, რომ პაპის არჩევნებში მხოლოდ კარდინალებსა და ეპისკოპოსებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. 1179 წელს კი ალექსანდრე III-მ დადგენილებით Licet de vitanda პაპის არჩევის პატივი მხოლოდ კარდინალთა კოლეგიას მიაკუთვნა და არჩევისთვის აუცილებელი კვორუმი - მონაწილეთა ორი მესამედი - დააწესა. პაპის კონკლავზე (ანუ, დახურულ ადგილას, ნორმირებული კვების პირობებში, რაც წმიდა საყდრის ვაკანტურობის ზედმეტად გახანგრძლივების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად) არჩევის აუცილებლობა 1274 წელს ლიონის კრებაზე გრიგოლ X-მ დაამტკიცა. კონკლავის ყოველი დეტალი გასაიდუმლოებულია, რამის გამჟღავნება კი განკვეთით ისჯება. პაპის ასარჩევად კენჭისყრა დღეში ოთხჯერ იმართება სიქსტეს კაპელაში: თუ პაპი არ იქნა არჩეული, კენჭისყრის ბარათებს ნოტიო ქაღალდის ფურცლებთან და ბურბუშელასთან ერთად წვავენ, შავი ფერის კვამლის მისაღებად. თეთრი კვამლი კი იმის მიმანიშნებელია, რომ პაპი აირჩიეს.

კონკორდატი (Concordato) [ლათ. სიტყვიდან concordatum, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სიტყვებს pactum და conventio „პაქტი“, „შეთანხმება“] ხელშეკრულება წმიდა საყდარსა და სახელმწიფოს შორის, რომლის მიზანია საერთო ინტერესების განსაზღვრა პიროვნებებთან, ინსტიტუციებთან და საეკლესიო ქონებასთან დაკავშირებით. როგორც წესი, კონკორდატი შეეხება „შერეულ საკითხს“, ანუ საკითხს, რომელიც ერთდროულად როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის ინტერესთა სფეროს განეკუთვნება. ამგვარი შეთანხმებები უმთავრესად XV საუკუნიდან გახშირდა. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1516 წლის კონკორდატი ლეონ X-სა და საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ს შორის და 1801 წლის შეთანხმება ნაპოლეონსა და პიუს VII-ს შორის. ამ უკანასკნელის მეშვეობით საფრანგეთის სახელმწიფომ ეპისკოპოსთა არჩევის პროცესში ჩარევისა და ეკლესიის ქონების ნაციონალიზაციის უფლება მიიღო. იტალიაში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ლატერანის კონკორდატს, რომელსაც 1929 წლის 11 თებერვალს ხელი მოაწერეს იტალიის მხრიდან ბენიტო მუსოლინიმ და წმიდა საყდრის მხრიდან - კარდინალმა გასპარიმ. კერძოდ, კონკორდატში ნათქვამია, რომ კათოლიკეობა იტალიის სახელმწიფოს ოფიციალური რელიგიაა და აღნიშნულია, რომ კათოლიკური რელიგიის სწავლება საშუალო განათლების სასწავლებლებსაც მოიცავს. წმიდა საყდარსა და იტალიას შორის ახალი კონკორდატი 1984 წლის 18 თებერვალს დაიდო, მას ბეტინო კრაქსიმ და კარდინალმა კაზაროლიმ მოაწერეს ხელი. ეს დოკუმენტი მრავალ სიახლეს შეიცავს, მათ შორის აღინიშნება, რომ კათოლიკობა აღარ წარმოადგენს იტალიის სახელმწიფოს ოფიციალურ რელიგიას.

კონსიგნატორიუმი (Consignatorium) [ლათ.] ბაპტისტერიუმთან შერწყმული კაპელა, სადაც ერთ დროს მირონცხების საიდუმლოს აღასრულებდნენ. წყაროებში IX საუკუნიდან მოიხსენიება.

კონსისტორიუმი (Concistoro) [ლათ. სიტყვიდან consistorium „საბჭო“, რომელიც ეხმარებოდა იმპერატორს (სიტყვიდან consistere „ფეხზე დგომა“, „დასწრება“)] პაპისა და კარდინალების შეკრება. კონსისტორიუმი შეიძლება იყოს ორი სახისა: - რიგითი საიდუმლო: ყველა ან რომში მყოფი ყველა კარდინალის შეკრება სერიოზულ საკითხებზე კონსულტაციის ან უაღრესად საზეიმო აქტების ჩატერების მიზნით (CIC, კან. 353, ნაწ. 2). ასეთი აქტებია, მაგალითად, ახალ კარდინალთა დასახელება, დიოცეზთა დაარსება და სხვა; - რიგითი საჯარო: იკრიბება განსაკუთრებულ დღესასწაულთა აღსანიშნავად, მას ესწრებიან აგრეთვე სხვა პრელატები, სახელმწიფოთა დიპლომატიური წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები (CIC, კან. 353, ნაწ. 4); - საგანგებო: ყველა კარდინალის შეკრება იმ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებულად სერიოზულ საკითხთა განხილვაა საჭირო (CIC, კან. 353, ნაწ. 3).

კონსუბსტანციაცია (Consustanziazione) [ლათ. სიტყვიდან consubstantiatio] ლუთერული თეოლოგიის ტერმინი, რომლის თანახმადაც, ევქარისტიაში იესო ქრისტეს სხეულის ღმრთაებრივ სუბსტანციასთან ერთად აგრეთვე პურის სუბსტანციაც თანაარსებობს. კათოლიკეებს კი სწამთ ტრანსუბსტანციაცია, ანუ პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად გადაქცევა.

კონტექსტური თეოლოგია (Teologia contestuale) ტერმინი აღნიშნავს აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში აღმოცენებულ თეოლოგიებს, რომლებსაც რელიგიური, სოციალურ-პოლიტიკური და ჰუმანური კონტექსტი შემოაქვთ თეოლოგიურ განსჯაში მისი არსებითი კომპონენტის სახით. ეს მცდელობანი ექცევა დეკოლონიზაციის შედეგად დაწყებული იდენტობის ძიების ზოგად ჩარჩოში და დასავლურ ქრისტიანობაზე რეაქციას წარმოადგენს. ამასთან, ყოველი თეოლოგია კონტექსტურია, რამდენადაც მუდამ განსაკუთრებულ ისტორიულ ვათარებაშია მოქცეული და მის გავლენას განიცდის. ნ. თეოლოგია; განთავისუფლების თეოლოგია.

კონტრრეფორმაცია (Controriforma) [სიტყვასიტყვით თარგმანი გერმანული სიტყვისა Gegenreformation „რეფორმისადმი დაპირისპირება“] აღნიშნავს ტრიდენტის კრების შემდეგ პროტესტანტული რეფორმისადმი დაპირისპირების მიზნით კათოლიკე ეკლესიის მიერ გატარებულ ინიციატივათა ერთობლიობას. კონტრრეფორმაცია კათოლიკობის სიღრმისეული განახლებისა და სახარებისეული გზავნილის სიწმიდისადმი განსაკუთრებული ყურადღების განსახიერებად იქცა. ნ. კათოლიკური რეფორმა.

კონფირმაცია ნ. მირონცხება.

კონფუციანელობა/კონფუცი (Confucianesimo/Confucio) რელიგიურ, ეთიკურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა ერთობლიობა, რომელთა ავტორია კონფუცი (კუნ ფუძი, ქრისტეს შობამდე 551-479), ხოლო გადამუშავებული და სისტემური სახე მათ მენ ძიმ (ქრისტეს შობამდე IV ს.) მიანიჭა. კონფუცი აღმოსავლეთ აზიის დიდი ზნეობრივი მოძღვრის სახელით შევიდა ისტორიაში. მას ცხადად ჰქონდა წარმოდგენილი საკუთარი ამოცანა: თავს მიიჩნევდა გადმომცემად წინაპართა ცოდნისა (დიალოგები, VII), რომელიც ახალი მნიშვნელობით გაამდიდრა. მისი მთავარი მოძღვრება „იანის“ სათნოებას შეეხება. ამ ტერმინს მრავალგვარად თარგმნიან: როგორც სიკეთეს, ჯანმრთელობას, ჰუმანურობას და ფილანტროპიას. თავად კონფუცი მას განსაზღვრავს, როგორც მოყვასის სიყვარულს, პიროვნულ მთლიანობასა და ალტრუიზმს. მის სწავლებაში მთავარი აქცენტი ადამიანურ ურთიერთობათა ეთიკურ ღირებულებაზე კეთდება. ავტორის აზრით, ზნეობა ადამიანის ბუნებასა და ღმრთაებრივისადმი მის გახსნილობაშია ფესვგადგმული. მიუხედავად იმისა, რომ იგი ღმრთისა და მომავალი ცხოვრების შესახებ არ საუბრობს, ეს დუმილი რწმენის ნაკლებობად არ უნდა მივიჩნიოთ (დიალოგები, XX, 2). კონფუცის ფილოსოფია მკაფიოდ ეფუძნება რელიგიას, უფრო ზუსტად კი „სიმაღლის უფლის“, ანუ „ზეცის“ - უზენაესი პიროვნული ღმრთაების - ტრადიციულ რელიგიას. კონფუცი ასწავლიდა, რომ მას ზეცა იცავდა და წარგზავნიდა. მას არასოდეს გამოუცხადებია თავი რელიგიის ფუძემდებლად და, მით უმეტეს, - ღმერთად. ამის მიუხედავად, ჩინელებმა კონფუციუსი საკუთარი ქვეყნის პირველ „წმიდანად“ შერაცხეს და, შესაბამისად, ეთაყვანებოდნენ მას ორი ათასწლეულის განმავლობაში. ჩინეთში მარქსისტული რესპუბლიკის ჩამოყალიბებამ ბოლო მოუღო კონფუცის ოფიციალურ კულტს.

კონცილიარიზმი (Conciliarismo) [ნაწარმოებია სიტყვიდან conciliare „შეკრება“] მცდარი მოძღვრება, რომლის თანახმადაც მსოფლიო კრებას პაპის ავტორიტეტზე აღმატებული ძალა აქვს. ამგვარი შეხედულების ჩამოყალიბებაზე ფილიპე ლამაზსა და პაპ ბონიფაციუს VIII-ს, ლუდვიგ ბავარიელისა და იოანე XXII-ს შორის დაპირისპირებათა შედეგად გამოთქმულმა მარსილიო პადუელისა (†1343) და უილიამ ოკამის (†1347) იდეებმაც იქონია გავლენა. პაპისა და საეკლესიო კრების ინსტიტუტებს შორის კონფლიქტი კოსტანცისა (1414-1419) და, უმთავრესად, ბაზელის (1431-1445) კრებების დროს გამწვავდა. ეს უკანასკნელი ევგენი IV-მ ჯერ ფერარაში (1437) და შემდეგ ფლორენციაში (1439) გადაიტანა. კრიზისი პაპის პრეროგატივათა ხელახლა განმტკიცებით დასრულდა.

კოპტები (Copti) [არაბ. Qibt, რომელიც, თავის მხრივ, ნაწარმოებია ბერძნულიდან (Ai)gypt(ioi) „ეგვიპტელები“] ცნება აღნიშნავს ეგვიპტელებს, რომლებმაც ქრისტიანობა შეინარჩუნეს არაბთა მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ (VII). კოპტურ ეკლესიაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ქალკედონის კრების შემდგომი პერიოდიდან (451), რომელმაც მონოფიზიტურ იდეათა გამო დაგმო და გადააყენა ალექსანდრიის პატრიარქი დიოსკურე. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლიდან ალექსანდრიაში მრავალი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იგზავნებოდა, ეგვიპტელი ხალხის დიდი უმრავლესობა კვლავაც მონოფიზიტი დარჩა, რისი მიზეზიც იყო როგორც რელიგიური მრწამსი, ისე უცხოელთა ძალაუფლებასთან დაპირისპირება. ამგვარად აღმოცენდა მსოფლიო ეკლესიისგან განცალკევებული კოპტური ეკლესია - ეგვიპტელთა ეროვნული ეკლესია. კოპტური ეკლესიის საორგანიზაციო სტრუქტურა მონარქიული ტიპისაა: მას მეთაურობს პატრიარქი, რომელსაც მის მიერ შერჩეულ ეპისკოპოსთა საბჭო ეხმარება.

კოტა (Cotta) [ფრანგ. სიტყვიდან Cotte] მუხლამდე გრძელი თეთრი ტუნიკა ფართო სახელოებით, ხშირად დაბოლოებული მაქმანით, რომელსაც იცმევენ სასულიერო პირები ლიტურგიული მსახურების დროს. თავდაპირველი მისი ფორმა დღევანდელი სტიქარის მსგავსი იყო. მისი ხმარება დაიწყო XI საუკუნეში ინგლისში, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილსა და ესპანეთში. ეწოდა „სუპერპელიცეუმი“ („ტყავზე ზემოდან ჩასაცმელი“), რადგანაც მას ჩრდილოეთის ქვეყნების ცივი კლიმატის გამო სითბოსთვის აუცილებელ ცხოველთა ტყავისგან დამზადებულ სხვა ტანსაცმელზე ზემოდან იცმევდნენ.

კოჰელეთ (Qohelet) [ებრ. „კოჰელეთ“ არ არის საკუთარი სახელი; აღნიშნავს ოფიციალურ ფუნქციას, რომელიც განისაზღვრება qhl ფუძიდან გამომდინარე, რაც ებრაულ ენაში თავყრილობას აღნიშნავს. ამგვარად, ტერმინი შეიძლება ნიშნავდეს „პირს, რომელიც თავყრილობაზე (qahal) სიტყვას წარმოთქვამს“ (თავყრილობა აქ ლათინურ ecclesia-ს შეესატყვისება)] კოჰელეთ ძველი აღთქმის სიბრძნის წიგნია და ცნობილია ეკლესიასტეს სახელით. ამ წიგნის ავტორი უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თავს სოლომონად, სრულყოფილ ბრძენად, წარმოაჩენს (ეკ. 1:1). წიგნის თემა მის შესავალშია წარმოდგენილი (1:3): „რა უპირატესობა აქვს ადამიანს მთელი თავისი შრომისაგან, მზის ქვეშ რომ შრომობს?“; ეკლესიასტეს წიგნში ცხოვრების ამაოების, უსამართლობისა და, უმთავრესად, იმედგაცრუებათა თემებია განხილული, მის 12 თავს დამაფიქრებელი, ანტიკომფორმისტული თეზისი აერთიანებს: „ყოველივე არის ამაოება, ყოველივე აირს hebel (ქროლვა)“. ქრისტემდე დაახლოებით 250-200 წლებში შექმნილი ეს ნაწარმოები უეჭველად გამომწვევი ხასიათისაა და აუცილებელია მისი განმარტება ღმრთის სიტყვის განკაცების შუქზე, რომელიც ადამიანის მწუხარებას, ეჭვებს, შეკითხვებს საკუთარ თავზე იღებს.

კრეაციონიზმი (Creazionismo) [ლათ. სიტყვიდან creatio] ა) აღნიშნავს აზროვნების სისტემას, რომელიც ამტკიცებს სამყაროს შექმნას ღმრთის მიერ თავისუფალი შესაქმის აქტით, ემანაციური თეორიის საპირისპიროდ; ბ) ადამიანის სულის წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს მოძღვრებას, რომელიც ცალკეულ სულთა ღმრთის მიერ შექმნას ამტკიცებს.

კრება (Concilio) [ლათ. სიტყვიდან concilium, „თავშეყრა“, „შეკრება“] ეპისკოპოსთა თავყრილობა, რომლებიც ეკლესიის ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხთა განსახილველად შეიკრიბნენ და იღებენ გადაწყვეტილებებს სამოძღვრო, წესებისა და სამწყსო საკითხებზე. კრება მსოფლიოა, როდესაც კანონიერად თავს უყრის საყოველთაო ეკლესიის წარმომადგენელ ყველა ეპისკოპოსსა და სხვა მღვდელმსახურთ და მოწვეულია რომის პონტიფექსის მიერ. მას აქვს უფლება, უთავმჯდომარეოს კრებას პირადად ან შემცვლელ პირთა მეშვეობით, გადაიტანოს, დაშალოს კრება და დაამტკიცოს მისი დეკრეტები (CIC, კან. 338). სულ გაიმართა 21 მსოფლიო კრება: 1) ნიკეის (325), 2) კონსტანტინოპოლის I (381), 3) ეფესოს (431), 4) ქალკედონის (451), 5) კონსტანტინოპოლის II (553), 6) კონსტანტინოპოლის III (680- 681), 7) ნიკეის II (787), 8) კონსტანტინოპოლის IV (869-870), 9) ლატერანის I (1123), 10) ლატერანის II (1139), 11) ლატერანის III (1179), 12) ლატერანის IV (1215), 13) ლიონის I (1245), 14) ლიონის II (1274), 15) ვენის (1311-1312), 16) კოსტანცის (1414-1418), 17) ბაზელ-ფერარა-ფლორენციის (1431-1437), 18) ლატერანის V (1512-1517), 19) ტრიდენტის (1545-1563), 20) ვატიკანის I (1869-1870), 21) ვატიკანის II (1962-1965). პლენარული ეწოდება კრებას, რომელიც ეპისკოპოსთა ერთი და იმავე კონფერენციის ყველა ეკლესიისთვის და მათი მონაწილეობით ტარდება (CIC, კან. 439), პროვინციული კრება კი ერთი და იმავე საეკლესიო პროვინციის ეპისკოპოსთა კრებას ეწოდება (CIC, კან. 440).

კრების მამები (Padri del concilio) ასე ეწოდებათ ეპისკოპოსებს, რომლებიც კრებაში მონაწილეობენ.

კრემაცია (Cremazione) ცხედრის ფერფლად ქცევა. ეკლესია ადამიანთა ცხედრების დაკრძალვის მომხრეა, თუმცა აღარ კრძალავს კრემაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის ქრისტიანული მოძღვრების საწინააღმდეგო მოტივებით იქნა არჩეული (CIC, კან. 1176, ნაწ. 3).

კრეტსაბმელი (Conopeo) [ბერძ. სიტყვიდან chonopeîon, შემდეგ ლათ. conopeum „კოღოებისგან დამცავი ფარდა“] წმიდა ნაწილების საცავის, ტაბერნაკულუმის წინ მოთავსებული ქსოვილი; აგრეთვე, სანაწილეზე გადასაფარებელი.

კროჩა (Croccia) [ლათ. სიტყვიდან crocea, ნაწარმოებია crocus-იდან, რაც „ზაფრანას“ ნიშნავს] კარდინალთა მეწამული ფერის სამოსი, კაცთმოყვარეობისა და სარწმუნოებისათვის დაღვრილი სისხლის სიმბოლო.

კულტი (Culto) [ლათ. cultus (ნაწარმოებია ზმნიდან colere „თაყვანისცემა“)] უმთავრესად, კოლექტიურ წესთა და ჩვევათა ერთობლიობა, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი ურთიერთობს ღმრთაებასთან, მისი თაყვანისცემით. კათოლიკობაში ესაა „ევქარისტიული მსხვერპლშეწირვა, მოსაგონარი უფლის სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომისა, რომელშიც საუკუნეთა მანძილზე ხდება უკვდავყოფა ჯვრის მსხვერპლშეწირვისა; ესაა მწვერვალი და წყარო მთელი კულტისა და ქრისტიანული ცხოვრებისა“ (CIC, კან. 897).

კურთხევა (Benedizione) [გვიანლათ. სიტყვიდან benedictio] ღმრთისადმი პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიმართული თხოვნა, რათა მან განსაკუთრებულად მოავლინოს თავისი მადლი პიროვნებებზე (პიროვნებათა კურთხევა) და აკურთხოს საგნები. ვიწრო გაგებით, კურთხევა განსხვავდება მეოხების ლოცვისაგან, რადგანაც მას განსაკუთრებული ავტორიტეტის მქონე პირი - მღვდელმსახური - წარმოთქვამს. კურთხევა შეიძლება იყოს მოხმობითი ან მიძღვნითი. კურთხევა იმ შემთხვევაშია მიძღვნითი, როდესაც პიროვნებას ან კულტის საგანს მიემართება, ანდა ახლავს ღმრთისმსახურებისადმი მიძღვნის წესს. კურთხევის მიცემა შეიძლება ჯვრის გამოსახვით ან ხელდასხმით, ნაკურთხი წყლის შეპკურებით ან წმიდა ზეთის ცხებით. განსაკუთრებით საზეიმოა კურთხევა urbi et orbi, რომელსაც პაპი „ქალაქ რომსა და მთელ სამყაროს“ აძლევს განსაზღვრულ ვითარებაში და რომელსაც ცოდვათა სრული მიტევება ერთვის. კურთხევის თეოლოგიური საფუძველი ქრისტესმიერი მადლის შუამავლობაა. მართლაც, იესოში ხორციელდება ღმრთის უმაღლესი კეთილმოსურნეობა ანუ მისი კურთხევის სისრულე. ნ. საკრამენტალიები.

კურთხევანი (Benedizionale) [წარმოებული სიტყვიდან benedictio „კურთხევა“] ლიტურგიული წიგნი, რომელიც შეიცავს ეკლესიაში მიღებულ კურთხევათა ყველა ფორმულას.

კურთხევის მოხსნა (Sconsacrazione) [sconsacrare, უარყოფითი ნაწილაკი s+ზმნა consacrare „კურთხევა“] აქტი, რომლითაც საერო სტატუსამდე ქვეითდება რამე წმიდა ადგილი ან საგანი.

კურთხეული (Benedictus) [ლათ. Benedictus „კურთხეული“] შესავალი ღმრთის სადიდებელი გალობისა, რომელსაც ზაქარია თავისი ძის, იოანე ნათლისმცემლის, დაბადებისას აღავლენს (ლუკ. 1:68-79). სრულდება ცისკრის ქებანის ჟამს.

კურია (Curia) [ლათ. curia, ეტიმოლოგია უცნობია] თავდაპირველად ტერმინი აღნიშნავდა რომაელი ხალხის უძველეს დაყოფას, შემდეგ - რომის სენატის სხდომათა ადგილს, მოგვიანებით კი სხვა რომაულ დაწესებულებათა შენობებს. შუა საუკუნეებში ჰქონდა სხვადასხვა მნიშვნელობები, თუმცა მალე დამკვიდრდა როგორც სასამართლოს ან მართლმსაჯულების აღსრულებისათვის განკუთვნილ შენობათა კომპლექსის აღმნიშვნელი სახელი. კანონიკურ სამართალში ტერმინი აღნიშნავს: ა) რომის კურიას: უწყებათა და ორგანოთა ერთობლიობას, რომლებიც ეხმარება პონტიფექსს მისი უმაღლესი სამწყსო საქმიანობის აღსრულებაში საყოველთაო ეკლესიისა და ცალკეულ ეკლესიათა სასიკეთოდ და მათ სამსახურში. პაპისადმი დაქვემდებარებული რომის კურიის შემადგენელი ნაწილებია: სახელმწიფო სამდივნო, ეკლესიის საჯარო საქმეთა საბჭო, კონგრეგაციები, ტრიბუნალები, სამდივნოები, საბჭოები, პაპის კომისიები, კომიტეტები და სხვა უწყებები (CIC, კან. 360). რომის კურიის პირველი ორგანული სტრუქტურა პაპმა სიქსტუს V-მ (1587) ჩამოაყალიბა. მას შემდეგ კურიამ მრავალრიცხოვანი გარდაქმნები განიცადა, 1988 წელს კი პაპმა იოანე პავლე II-მ სამოციქულო დადაგენილებით Pastor bonus მისი რეფორმა განახორციელა; ბ) სადიოცეზო კურიას: ის „შედგება ორგანოთა და პირთაგან, რომლებიც ეხმარებიან ეპისკოპოსს მთელი დიოცეზის მართვასა და სასამართლო საქმიანობის აღსრულებაში“ (CIC, კან. 469).

კურიის წარმმართველი (Moderatore di curia) ეპისკოპოსის მიერ დანიშნული მღვდელმსახური, რომლის მოვალეობაა კურიის ადმინისტრაციული საქმიანობის კოორდინირება და კურიის თანამშრომელთა მიერ მათი მოვალეობის პირნათლად შესრულების მეთვალყურეობა (CIC, კან. 473).

12

▲back to top


ლავაბო ნ. Lavabo.

ლაზარელნი (Lazzaristi) წმიდა ვინჩენცო დეი პაოლის მიერ 1625 წელს დაარსებული და 1632 წელს დამტკიცებული მისიის კონგრეგაციის (Congregatio missionis) წევრები. კონგრეგაციის პირველი მიმდევრები პარიზის წმიდა ლაზარეს საავადმყოფოში მოღვაწეობდნენ, საიდანაც მომდინარეობს მათი სახელწოდება. ლაზარელნი ეწევიან სხვადასხვა ხალხთა და წარმართთა შორის მისიონერობას, ასწავლიან სემინარიებში და მართავენ მათ, წარმართავენ გულმოწყალების ასულთა და ქალბატონთა საქმიანობას, აწყობენ სასულიერო სამყოფელებს სამღვდელოებისა და საერო პირთათვის. გერმანიასა და ანგლოსაქსურ ქვეყნებში ცნობილი არიან, აგრეთვე, სახელით ბიკენტიელნი.

ლათინური ეკლესია (Chiesa latina) [ლათ. Ecclesia latina] ცალკეულ ეკლესიათა ერთობლიობა, რომლის ოფიციალური ენაც, უძველესი ტრადიციის თანახმად, ლათინურია და რომელთაც წესის, მმართველობისა და სწავლების ძირეული ერთიანობა ახასიათებს. . ლათინური ენა; ლათინური წესი.

ლათინური ენა (Latina, lingua) თავდაპირველად არამეული ენის გამოყენების შემდეგ (შდრ. Marana-tha ადრეული ქრისტიანობის ევქარისტიული წესის აღსრულებაში, დიდაქე 10:6; 1 კორ. 16:22), ეკლესიისა და ლიტურგიის ენად ბერძნული, შემდეგ კი ლათინური იქცა. ლათინური ენის დამკვიდრება, შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკიდან დაიწყო, სადაც ყველაზე ძველი ლათინური ქრისტიანული დოკუმენტებია შემონახული (III საუკუნის პირველი ნახევარი). თუმცა ბერძნული ენა საკმაოდ დიდხანს შენარჩუნდა ლიტურგიის უმთავრეს ნაწილში, წირვის წესში. რომში კანონის ლათინიზაცია სავარაუდოდ მხოლოდ დამასკოს I-ის დროს (366-384) მოხდა, იერონიმესეული ვულგატის ლათინურ თარგმანთან თანადროულად. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ძველი მოწმობა წმიდა ამბროსის ნაწერებში მოიპოვება (De sacramentis 4:21-37), მაინც სავარაუდოა, რომ კულტურულ ურთიერთობათა ენად ლათინურის დამკვიდრება რომში მოხდა. IV საუკუნის დასასრულიდან, პაპ სირიციუსის დროიდან, ლათინური იქცა პაპის კანცელარიის ენადაც და ეს ტრადიცია დღემდეა ძალაში (ნ. Acta Apostolicae Sedis). წმიდა ლიტურგიაში ლათინური ენის საყოველთაო გაბატონებას ხელი შეუწყო აგრეთვე ტრიდენტის კრებამ (IV სესია: ვულგატას კანონიზაცია; XXII სესია, თავი 8: სახალხო ენის (vulgaris lingua) საწინააღმდეგოდ, ლათინურის შენარჩუნება წირვის აღსრულებისას). გარდა ამისა, მსოფლიო კათოლიკობის განვითარებაში ლათინური ენა სხვადასხვა ხალხებისა და ენების მნიშვნელოვან მაკავშირებელ ელემენტად იქცა. ტრადიციისადმი ერთგულებას გამოხატავს იოანე XXIII-ის დადგენილება Veterum sapietia (1962). ვატიკანის II კრებამ (დადგენილება Sacrosanctum concilium ლიტურგიის შესახებ, 1963 წ. 4 დეკემბერი) ნებადართულად მიიჩნია ეროვნულ ენათა გამოყენება ლიტურგიაში, ტრადიციული „კანონის“ ჩათვლით. ლიტურგიაში ხალხური ენების გამოყენებამ ცალკეულ კონსერვატიული წრეების უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია (მთავარეპისკოპოსი ლეფევრი, †1991, . ტრადიციონალიზმი).

ლათინური წესი (Latino, rito) დასავლეთის კათოლიკე ეკლესიის წესი. შეიცავს რომაულ, ამბროსისეულსა და მოზარაბიკულ წესებს.

ლაიციზაცია (Laicizzazione) [ნაწარმოებია სიტყვიდან laico „ერისკაცი“, „საერო პირი“] ზოგადი მნიშვნელობით აღნიშნავს სახელმწიფოსა და სამოქალაქო ინსტიტუტთა საეროობის პრინციპით გარდაქმნის პოლიტიკურ-კულტურულ პროცესს (შდრ. სეკულარიზაცია). კანონიკური სამართლის თვალსაზრისით, ტერმინი აღნიშნავს სასულიერო პირის მიერ სამღვდელო სტატუსის დაკარგვას (ან მის საერო სტატუსამდე დაქვეითებას) რელიგიურ ხელისუფალთა გადაწყვეტილების ან სასამართლო განაჩენის საფუძველზე კანონიკური კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან თვით სასულიერო პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე (CIC, კან. 290, შმდ.).

ლაიციზმი (Laicismo) [სიტყვიდან laico „ერისკაცი“, „საერო პირი“] დამოკიდებულებათა და კონცეფციათა ერთობლიობა, რომელთაც ახასიათებს თვისებრივი ხაზგასმა ღირსებისა და მიწიერ და საერო ღირებულებათა სრული დამოუკიდებლობისა რელიგიურ ღირებულებებთან მიმართებაში (განსაკუთრებით, პოზიტიურ რელიგიათა მიერ შემოთავაზებულ ღირებულებებთან მიმართებაში). ფილოსოფიურ-კულტურული თვალსაზრისით ლაიციზმს ახასიათებს გამოცხადებულ ღმრთაებრივ ჭეშმარიტებათა უარყოფა (ან მათ მიმართ ინტერესის არქონა); იმ ინსტიტუტთა უარყოფა, რომლებიც ამ ჭეშმარიტებათა შემოთავაზების, განმარტებისა და დამკვიდრების ავტორიტეტულ კომპეტენციას ფლობენ; გონებისა და მისი თავისუფალი კრიტიკული განსჯის (ან ადამიანის ბუნებრივ უნართა) დამკვიდრება ერთადერთ წყაროდ (ან, თუნდაც უპირატეს და აღმატებულ საშუალებად); პოლიტიკურ-იდეოლოგიური თვალსაზრისით, ლაიციზმისთვის დამახასიათებელია უარყოფა სამოქალაქო აღმსარებლობითი საზოგადოების შუა საუკუნეების მოდელისა და, ზოგადად, უარის თქმა რელიგიისა და მის ინსტიტუტთა (კერძოდ, კათოლიკე ეკლესიის) მხრიდან ნებისმიერ ჩარევაზე პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში; სახელმწიფოს წარმოდგენა საკუთარი დამოუკიდებელი და იმანენტური მიზნებისკენ მისწრაფებულ საზოგადოებად, რომელსაც აქვს აკონფესიური მოწყობა, საეკლესიო ინსტიტუტთაგან განცალკევებული საკუთარი ინსტიტუტები და ეკლესიისგან სრულიად დამოუკიდებელი და აღმატებული პოლიტიკური ძალაუფლება. ტერმინი „ლაიციზმი“ აგრეთვე აღნიშნავს ამგვარ დამოკიდებულებებსა და კონცეფციებზე დაყრდნობით მოქმედ და მათი გავრცელების ხელშემწყობ პოლიტიკურ-სოციალურ, იდეოლოგიურ და კულტურულ მოძრაობებს. ასეთი მოძრაობები იყო, უპირველეს ყოვლისა, XVIII საუკუნის განმანათლებლობა, XIX საუკუნის პოლიტიკური ლიბერალიზმი და მეცნიერული პოზიტივიზმი. ლაიციზმის არსი ხშირად გამოხატიულა საკამათო ფორმით, განსაკუთრებით, კათოლიკობასთან მიმართებაში.

ლამა (Lama) [ტიბეტურიდან (b)làma (წარმოითქმის: ლამა) „პატივცემული მასწავლებელი“] იმ ტიბეტელ ბუდჰისტ სასულიერო მოძღვართა წოდება, რომლებმაც მასწავლებლის ხარისხს მიაღწიეს.

ლამაიზმი (Lamaismo) [ტიბეტურიდან (b)làma (წარმოითქმის: ლამა) „პატივცემული მასწავლებელი“] ტიბეტში გავრცელებული ბუდჰიზმის ფორმა, რომელიც მიეკუთვნება „დიდ ოთხთვალას“ (მაჰაიანა). ესაა საკმაოდ რთული რელიგიური ფორმა, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიტაციას. ტიბეტში ლამაიზმი VI საუკუნეში გავრცელდა და ოფიციალურ რელიგიად იქცა. ბუდჰისტურ მონასტრებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნისათვის, რადგანაც ბუდჰისტი სასულიერო მოძღვრები (ლამა) არა მხოლოდ ასრულებენ რელიგიურ რიტუალებს, არამედ ესწრებიან დაბადებას, გარდაცვალებას, ადგენენ ჰოროსკოპებს და ასრულებენ შელოცვებს. ჩინეთის მიერ ტიბეტის დაპყრობის შემდეგ (1950), რისი მიზეზითაც დალაი ლამა (უმაღლესი ხელისუფალი) იძულებული იყო, ქვეყნიდან გაქცეულიყო, ლამაიზმმა დევნა და შევიწროვება განიცადა, თუმცა, ამავე დროს დამპყრობთა წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის მოძრაობის ცენტრად იქცა.

ლამპარი (Lampada (del SS.mo)) შეძლებისდაგვარად, ზეთისხილის ზეთით ან ფუტკრის ცვილით ავსებული ლამპარი, რომელიც მუდმივად ანთია უწმიდესი ევქარისტიის წინ. ლამპარი XIII საუკუნიდან დამკვიდრდა, იმ დროიდან, რაც ევქარისტიას საჯარო ადგილას ინახავდნენ, XVI საუკუნიდან კი მისი გამოყენება სავალდებულო გახდა.

ლატერანის კრებები (Lateranensi, concili) ტერმინი მომდინარეობს რომის ეპისკოპოსის საკათედრო ტაძრის - ლატერანის წმიდა იოანეს - სახელწოდებიდან, სადაც ხუთი მსოფლიო კრება გაიმართა. კალისთე II-ის მიერ მოწვეული ლატერანის I კრება (IX მსოფლიო კრება) 1123 წლის 18-28 მარტს გაიმართა და ინვესტიტურათა ბრძოლის საკითხს მიეძღვნა. ინოკენტი II-ის მიერ მოწვეული ლატერანის II კრება (X მსოფლიო კრება) 1139 წლის აპრილში გაიმართა. ლატერანის III კრება (XI მსოფლიო კრება) ალექსანდრე III-მ 1179 წლის 5-19 მარტს გამართა და ძირითადად მიეძღვნა კანონიკურ ნორმათა განსაზღვრას, რომელთა მიხედვითაც უნდა ხდებოდეს პაპის არჩევა და ვითარების მოწესრიგებას მას შემდეგ, რაც ფრიდრიხ ბარბაროსამ სამ ანტიპაპს დაუჭირა მხარი. ინოკენტი III-ის მიერ მოწვეული ლატერანის IV კრება (XII მსოფლიო კრება) 1215 წლის ნოემბერში გაიმართა და ლატერანის კრებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: მან განსაზღვრა ტრანსუბსტანციაციის დოგმა და მიიღო ზომები ერეტიკოსთა წინააღმდეგ. ლატერანის V კრება (XVIII მსოფლიო კრება) 1512 წლის 10 მაისს იულიუს II-მ გახსნა. ის ძირითადად 1511 წელს, რამდენიმე სქიზმატიკოსი კარდინალის მხარდაჭერით მეფე ლუი XII-ის მიერ პიზაში მოწყობილ კრებას დაუპირისპირდა. ლეონ X-ის მიერ გაგრძელებული ეს კრება 1517 წელს, ლუი XII-სთან შერიგებითა და კონცილიარიზმის დაგმობით დასრულდა.

ლატერანის ხელშეკრულებანი (Patti Lateranensi) წმიდა საყდარსა და იტალიის სახელმწიფოს შორის 1929 წლის 11 თებერვალს ლატერანის სასახლეში დადებული ხელშეკრულება, ხელმოწერილი, შესაბამისად, კარდინალ პიეტრო გასპარისა და ბენიტო მუსოლინის მიერ. ლატერანის პაქტი შეიცავდა პოლიტიკურ „ტრაქტატს“ (ოთხი დანართით, რომელთაგანაც ერთი ფინანსური კონვენცია იყო), რომლითაც დაიხურა 1870 წელს წამოჭრილი რომის საკითხი, და, აგრეთვე, კონკორდატს იტალიაში რელიგიისა და კათოლიკე ეკლესიის მდგომარეობის თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, პაპი სრულუფლებიან უზენაეს მმართველად იქნა აღიარებული, დაარსდა ვატიკანის სახელმწიფო, კათოლიკეობა გამოცხადდა ერთადერთ სახელმწიფო რელიგიად, კათოლიკური რელიგიის სწავლება შემოღებულ იქნა საშუალო სკოლებში, სასულიერო პირები გათავისუფლდნენ სამხედრო სამსახურისაგან, საეკლესიო ქორწინებას იურიდიული ძალა მიენიჭა და ა.შ. 1984 წლის 18 თებერვალს, მრავალრიცხოვანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, ლატერანის კონკორდატის შესწორებულ ვერსიას მოეწერა ხელი. წმიდა საყდრის მხრიდან ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა კარდინალმა აგოსტინო კაზაროლიმ, ხოლო იტალიის სახელმწიფოს მხრიდან - ბეტინო კრაქსიმ. ამ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, აღიარებულია ყველა რელიგიური კონფესიის თანასწორუფლებიანობა და თავისუფლება, ამასთან, სახელმწიფო „აღიარებს რელიგიური კულტურის ღირებულებას და ითვალისწინებს, რომ კათოლიკეობის პრინციპები იტალიელი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილია“ (პარ. 9, თავ. 2). სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს კათოლიკური რელიგიის სწავლება არასაუნივერსიტეტო საჯარო სკოლებში და უზრუნველყოს თითოეულისათვის ამ სწავლებით სარგებლობისა თუ მასზე უარისთქმის არჩევანის უფლება. სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები შეეხება საჯარო პირთა მორალური მდგომარეობის იურიდიულ სტატუსს, სამღვდელოების რჩენისა და ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ნ. კონკორდატი.

ლაუდა (Lauda) [ლათ. laus, „ქება“] შუა საუკუნეთა რელიგიური შინაარსის პოეტური კომპოზიცია ხალხურ ენაზე, ხშირად სრულდებოდა საერო მელოდიაზე. ლაუდა აღმოცენდა XIII საუკუნეში ტოსკანასა და უმბრიაში და სხვადასხვა მონანიეთა ძმობების მეშვეობით სწრაფად გავრცელდა იტალიასა და ევროპაში. ფრიად ცნობილია წმიდა ფრანცისკე ასიზელის მიერ შეთხზული ლაუდა „ქმნილებათა ქება“. ამგვარ კომპოზიციათა მნიშვნელოვანი კრებულებია: კორტონას ლაუდარიუმი, პიზას ლაუდარიუმი და ა.შ. ლაუდა შეიძლებოდა ყოფილიყო ლირიკული ან დიალოგთა შემცველი (ჯაკოპონე და ტოდის „ღმრთისმშობლის ტირილი“); დიალოგთა შემცველმა ლაუდამ განაპირობა საღმრთო, საკრალური წარმოდგენის გავრცელება. შუა საუკუნეთა რელიგიურობის ტიპური გამოხატულება - ლაუდა XVII საუკუნეში ჩამოყალიბებულ მუსიკალურ ორატორიას დაედო საფუძვლად.

ლაფსნი (Lapsi) [ლათ. „დაცემულნი“] ასე უწოდებდნენ ქრისტიანებს, რომლებმაც დევნის, განსაკუთრებით, დეციუსის მიერ განხორციელებული დევნის (249- 251), პერიოდში სარწმუნოება უარყვეს. ლაფსთა სხვადასხვა სახეობანი არსებობდა: ისინი, რომლებიც წარმართთა კერპებისათვის საკმევლის მკმეველნი იყვნენ; ისინი, რომლებიც ღმრთაებათათვის მსხვერპლის შემწირავნი იყვნენ; ისინი, ვინც მოტყუებით ან მოსყიდვით მოიპოვა იმპერატორის ედიქტის მორჩილების დამადასტურებელი მოწმობა, თუმცა ფიზიკურად მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობა არ მიუღია. ლაფსთა პრობლემა ეკლესიაში მას შემდეგ დადგა, რაც მრავალმა მათგანმა ეკლესიის წიაღში ხელახლა დაშვების ნებართვა ითხოვა. დამყოლი ხასიათის პაპ კორნელის, რომელიც ლაფსთა თხოვნის დაკმაყოფილებისაკენ იხრებოდა, ხისტი ნოვიციანე დაუპირისპირდა და ღიად დაადანაშაულა ეკლესია შემრიგებლობაში. ნოვიციანეს მიმდევრებს „სპეტაკნი“ (ბერძ. catari - ნ. კათარები) უწოდეს, 251 წელს ისინი კრებამ საეკლესიო საკრებულოდან განკვეთა. დიოკლეტიანეს დროს ლაფსთა შორის კიდევ ერთი ნაირსახეობა გაჩნდა: ტრადიტორები (ლათ. tradere „ჩაბარება“). ის აღნიშნავდა პირებს, რომლებმაც კერპთაყვანისმცემელ ხელისუფალთ წმიდა წიგნები ან მორწმუნე თანამოძმეთა სიები ჩააბარეს.

ლაქსიზმი (Lassismo) [ლათინურიდან laxus „ფართო“] ზნეობრივ თეოლოგიაში დამკვიდრებული ტენდენცია XVII საუკუნის ცალკეულ კათოლიკე ავტორთა შორის, რომლის თანახმადაც, საეჭვო ან საკამათო ვითარებაში დასაშვები იყო ნებისმიერი მოსაზრების გაზიარება, თუკი მისი ჭეშმარიტების უმცირესი ვარაუდი მაინც არსებობდა. ლაქსიზმი არ შეიძლება მივიჩნიოთ ნამდვილ ზნეობრივ სისტემად, - ალექსანდრე VII-ის განსაზღვრების თანახმად, ესაა laxus opinandi modus („შემრიგებლურად აზროვნება“), რომელიც საბოლოოდ ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების წესთა „მოდუნებას“ იწვევდა. ლაქსიზმი მრავალჯერ იქნა დაგმობილი იანსენიტებისა (ნ. იანსენიზმი) და ბლეზ პასკალის მიერ („Les provinciales“). ეს უკანასკნელი განსაკუთრებით იეზუიტებს უპირისპირდებოდა, რომელთაც ლაქსიზმის დიდოსტატებად მიიჩნევდა.

ლეგალიზმი (Legalismo) აღნიშნავს სარწმუნოების ფორმალური და არასიღრმისეული განცდისა და წარმოდგენის ტენდენციას, განსაკუთრებულ ვალდებულებათა და მოვალეობათა ერთგვარი ამძრავი ღვედის მსგავსად. ამგვარად, არასათანადოდ ფასდება როგორც ღმრთაებრივი მადლი, ისე კაცთმოყვარეობა და რელიგია სულ უფრო ხშირად დაიყვანება გარეგნულ ქცევასთან დაკავშირებულ განსაზღვრულ მითითებებად, რომლებიც ადვილად გარდაიქმნება კანონის დაცვამდე. სახარებებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იესოს გალაშქრებას ფარისეველთა ლეგალიზმის წინააღმდეგ (მათ. 23:1, შმდ., 13:36 და პარ.).

ლევიათანი (Leviatan) [ებრ. liwjathan] ბიბლიაში აღწერილი (ის. 27:1; იობ. 40:25- 32) ლეგენდური ზღვის ურჩხული ან გველეშაპი, რომელიც ღმრთის მიერ დამარცხებულ ბოროტებას განასახიერებს.

ლევიანები (Levitico) ხუთწიგნეულისა და ბიბლიის მესამე წიგნი. ტერმინი მომდინარეობს სეპტუაგინტის ბერძნული თარგმანიდან (Levitikón) და მის შინაარსზე მოუთითებს: წიგნში კულტთან და საკულტო მსახურებით დაკავებულ ადამიანებთან, ანუ ლევიელებთან დაკავშირებული ნორმებია აღწერილი. 27-ე თავის მცირე დასკვნ ითი ნაწილის გამოკლებით წიგნი ოთხ დიდ კანონად იყოფა: ა) მსხვერპლშეწირვათა კანონი (1-7) ამ წესთან დაკავშირებულ ნორმათა მრავალფეროვნებასა და მღვდელმსახურის არსებით ფუნქციებს აღწერს; ბ) მღვდელმსახურთა კანონი (8-10): მღვდელმსახურის კურთხევა და დადგინება ლიტურგიის აღსრულებაში მის სამსხვერპლო ქმედებას ამზადებს; გ) უმწიკვლობის კანონი (11-16): უმწიკვლობის გრანდიოზული სურათი ისრაელის წმიდა საკრებულოში მცხოვრებთა საყურადღებოდ; დ) სიწმიდის კანონი (17-26): სიწმიდე ღმრთის უმთავრესი თვისებაა, თუმცა ეს თვისება მისმა რჩეულმა ხალხმაც უნდა შეიძინოს და განიცადოს და ამგვარად უნდა დასცილდეს უწმიდურსა და წარმართულს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიწმიდის სამ ტიპს: საზოგადოებრივ (18-20), საკულტო (21-22), საერო (23-25) სიწმიდეს. ლენიანთა წიგნში საკრებულოსა და მღვდელმსახურთათვის მოცემულ წესთა ზედმიწევნით დაცვა ისრაელი ხალხის უბიწო, წმიდა და მომთხოვნ ღმერთთან ახლო ურთიერთობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად: „იყავით წმიდანი, რაკი მე, უფალი, ვარ წმიდა“.

ლევიელები (Leviti) [ებრ. Lewi] იაკობის მესამე ძის, ლევის ტომის წარმომადგენლები და ღმრთის კულტის მსახურნი. ეს სამსახური 25 წლის ასაკში იწყებოდა, თუმცა მძიმე სამუშაოების შესრულება, როგორიც იყო, მაგალითად, კიდობანის გადატანა (რიცხ. 4:3), ლევიელებს 30 წლის ასაკიდან ევალებოდათ. ლევიელები 50 წლამდე მსახურობდნენ, არ მიეკუთვნებოდნენ მეომართა რიცხვს (რიცხ. 2:33). აღთქმული მიწის დანაწილებისას მათ მიწის ნაკვეთების ნაცვლად ცალკეული ქალაქები ერგოთ, რომელთაც ლევიელთა ქალაქები ეწოდებოდა. ლევიელებს საარსებო სახსრებით მთელი ხალხი უზრუნველყოფდა ომში მოპოვებული ნადავლის წილისა (რიცხ. 31:30) და მეათედთა (რიცხ. 18:21-24; ლევ. 27:30) მეშვეობით.

ლევირატი (Levirato) [ლათ. levir „მაზლი“, „ქმრის ძმა“] წესი, რომელიც უშვილოდ გარდაცვლილი ძმის ქვრივის ცოლად მოყვანას ადგენდა, მისთვის შთამომავლობის უზრუნველყოფის მიზნით. მრავალ პირველყოფილ ხალხში ცნობილი ეს ინსტიტუტი ებრაელთა შორისაც იყო გავრცელებული (დაბ. 38:8; რუთ. 4:3, შმდ.; რჯლ. 25:5-10; მათ. 22:23-27; მარკ. 12:18-23; ლუკ. 20:27-32).

ლეფევრიანელნი (Lefebvriani) მიმდევრები სქიზმატიკოსი მთავარეპისკოპოსის, მარსელ ლეფევრისა (1906-1991), რომელმაც ხელი მოაწერა ვატიკანის II კრების მნიშვნელოვან დოკუმენტებს, თუმცა შემდეგ რამდენიმე მათგანის მიღებაზე უარი განაცხადა, მათი სულისკვეთების მიუღებლობის საბაბით. 1976 წელს პავლე VI-ის მიერ მისთვის უფლებამოსილების a divinis შეჩერების მიუხედავად, ლეფევრი კვლავაც განგრძობდა მღვდელმსახურთა და ეპისკოპოსთა ხელდასხმას. დასასრულ, 1988 წელს იგი იოანე პავლე II-მ განკვეთა. ლეფევრიანელთა დამახასიათებელი თვისებაა ტრადიციონალიზმი.

ლექტორი (Lettore) [ლათ. lector „ლექტორი“] დანიშნული (და არა ხელდასხმითი) მსახური, რომელსაც ევალება ლიტურგიული თავყრილობის დროს საღმრთო სიტყვის კითხვა (სახარების გამოკლებით), ლიტურგიისათვის შემზადება, მორწმუნეთა მომზადება საიდუმლოთათვის, ანუ კატეხეზის წარმართვა (Ministeria quaedam, 1972, V). ლექტორის სხვა მოვალეობები ცალკეულმა საეპისკოპოსო კონფერენციებმა შეიძლება განსაზღვროს (CIC, კან. 230).

ლექტორიუმი (Lectorium) გამყოფი კედელი ქოროსა და ნავს შორის, რომელსაც XII საუკუნიდან აშენებდნენ საგუნდო მსახურების მქონე ეკლესიებში (საკათედრო, სააბატო, კოლეგიუმის ეკლესიები). მას ხშირად ეფუძნებოდა წმიდა ჯვრისადმი მიძღვნილი საკურთხეველი. ტრიდენტის კრების შემდეგ მრავალი ლექტორიუმი დაანგრიეს და ცხაურებით შეცვალეს. ეს უკანასკნელნი კვლავაც გამოყოფდა სამღვდელოებისთვის განკუთვნილ პრესბიტერიუმს საეროთათვის განსაზღვრული სივრცისაგან, თუმცა საშუალებას აძლევდა მორწმუნეებს, უკეთ ედევნებინათ თვალი ლიტურგიული მსახურებისთვის.

ლექციონარი (Lezionario) [ლათი. lectionarium (სიტყვიდან lectio „კითხვა“)] წიგნი, რომელიც ლიტურგიისათვის განკუთვნილ საღმრთო წერილის მონაკვეთებს შეიცავს. დღესასწაულთა თანმიმდევრობის მიხედვით დალაგებულ საკითხავთა მთლიანი კრებული XI საუკუნიდან არსებობს. წიგნი შეიძლება ორ ტომადაც დაიყოს: წერილთა კრებულად (ეპისტოლარიუმი) და სახარების ნაწილად (ევანგელიარიუმი).

ლიბელუმი (Libelli/libello) [ლათ. libellum „პატარა წიგნი“] ლიტურგიაში აღნიშნავს განსაზღვრული ეკლესიისათვის განკუთვნილ მცირე კრებულს, რომელიც ერთ ან რამდენიმე წირვას შეიცავს. ასეთი კრებულები ლიტურგიული ქმედების ლათინურ ენაზე წარმართვის საწყის პერიოდში აღმოცენდა. საუკეთესო ევქოლოგიური კომპოზიციები შემდეგ შეიკრიბა და მათ საფუძველზე საკრამენტარიუმები შეიქმნა. ამგვარი კრებულის თვალსაჩინო მაგალითია ვერონული ლიბელუმი. სამართალში ასე ეწოდება მცირე ზომის ნაწერს, წარდგენილს კომპეტენტური მოსამართლისადმი, რომელშიც წარმოდგენილია დავის საგანი და თხოვნა მოსამართლის მიმართ, ჩაერიოს საკითხში უფლებათა დასაცავად.

ლიბერალური თეოლოგია (Teologia liberale) XIX საუკუნის პროტესტანტული მიმდინარეობა, რომელიც განმანათლებლობის ხანიდან იღებს დასაბამს. ლიბერალური თეოლოგია ქრისტიანული რწმენისა და გონების შესახებ თანამედროვე დებულებათა ერთმანეთთან შეთანხმებას ესწრაფვის. პრიორიტეტი აქ რწმენას კი აღარ ენიჭება (როგორც ეს, მაგალითად, ანსელმუს კენტერბერიელთან გვაქვს), არამედ - ადამიანის ბუნებას, მის გონებას, გრძნობებს ან მის სიბრძნე-განსწავლულობას. ლიბერალური თეოლოგიის მიმდევრები არ მიიჩნევენ აუცილებლად, უარყონ ზებუნებრივი გამოცხადება (ღმრთის ჩარევა ბუნებრივ კანონთა მიღმა), და, ამასთან, ამტკიცებენ გამოცხადებას ბუნებაში, ისტორიასა და თვითცნობიერებაში. ლიბერალიზმის კათოლიკური ვარიაცია მოდერნიზმში პოვებს გამოხატულებას.

ლიმბუსი (Limbo) [ლათ. limbus „ნაპირი“, „კიდე“] ღმრთის გულწრფელი და საყოველთაო მხსნელი ნებისა და ნათლობის აბსოლუტური აუცილებლობის თეზისებმა განაპირობეს XIII საუკუნეში აღმოცენება მოძღვრებისა ლიმბუსის შესახებ. ის წარმოდგენილია გარდამავალ ადგილად და სტადიად, სადაც რჩებიან სამუდამოდ ისინი, ვინც ვერ მიიღო მხსნელი მადლი და, ამავე დროს, თავად არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია (მაგ. მოუნათლავად გარდაცვლილი ბავშვები). ლიმბუსის თეზისი, რომლის შესახებაც ეკლესიას არასოდეს გამოუთქვამს მოსაზრება, საკმაოდ არამყარია, რადგანაც არავითარი ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია და, ამასთან, ღიად ტოვებს ცალკეულ საკითხებს.

ლიტანია (Litania) [ბერძ. litanéia „ვედრება“] დიალოგის ფორმის ცნობილი ლოცვა, შედგება მღვდელმსახურის მოწოდებებისა და მორწმუნეთა პასუხებისაგან. ცნობილია სხვა რელიგიებშიც. ქრისტიანობაში IV საუკუნიდან დამკვიდრდა. წირვაში ლიტანიაა „კირიე ელეისონ“ („უფალო, შეგვიწყალე“). მნიშვნელობებით მდიდარი და შთამაგონებელია წმიდათა ლიტანიები, რომლებსაც წარმოთქვამენ ან გალობენ ეკლესიათა კურთხევის, სააღდგომო ცისკრისა და სხვა დღესასწაულთა დროს. აგრეთვე, ფრიად ცნობილია ლორეტას ლიტანიები წმიდა მარიამის საპატივცემლოდ, რომლებიც სავარდის დასასრულს წარმოითქმის. მთავარი ლიტანია ეწოდებოდა მსვლელობას, რომელიც იმართებოდა რომში 25 აპრილს, ლუჩინას წმიდა ლავრენტის ბაზილიკიდან წმიდა პეტრეს ბაზილიკამდე, ღმრთისთვის უხვი მოსავლის სათხოვნელად. ამ მსვლელობაში პაპიც იღებდა მონაწილეობას.

ლიტურგია (Liturgia) [ბერძ. léiton érgon „საზოგადო საქმე“] კლასიკურ ბერძნულ საზოგადოებაში ლიტურგია ეწოდებოდა სახელმწიფოს ან ღმრთაებისათვის („რელიგიური მსახურება“) შესრულებულ მეტ-ნაკლებად სავალდებულო ნებისმიერ „მსახურებას“. სეპტუაგინტაში ეს ტერმინი მღვდელმსახურთა მიერ ტაძარში წმიდა წესის აღსრულებას, ახალ აღთქმაში კი ქრისტეს, მარადიული მღვდელმსახურის მსახურებას აღნიშნავს. IV საუკუნიდან ლიტურგია უმაღლეს საკულტო მსახურებას, წირვას ეწოდება. შუა საუკუნეებში ლიტურგიის ცალკეულ სინონიმებს ენიჭებოდა უპირატესობა, როგორებიცაა, მაგალითად, „ოფიციუმი“, „კულტი“, „ფუნქცია“, „რიტუალი“ და სხვ. ლიტურგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი პერიოდი იყო IV-V საუკუნეები, ამ დროს დაიწყო ჩამოყალიბება როგორც საიდუმლოთა ლიტურგიამ, ისე ჟამთა კანონიზაციამ (წელიწადი და დღის საათები), საჯარო ლოცვის მეშვეობით. ამავე დროს, ჩამოყალიბდა სხვადასხვა წესიც: აღმოსავლეთში - კოპტური, ეთიოპიური, სომხური, ხოლო დასავლეთში - აბროსისეული, მოზარაბიკული, გალიური წესები. ლიტურგიულ მსახურებას ფორმულართა მეშვეობით ასრულებდნენ (ლეონისეული, გელასესეული, გრიგოლისეული...). ტრიდენტის კრების შემდეგ გამოქვეყნებული ლოცვანი, კონდაკი, სამღვდელმთავრო კონდაკი და რომის საწესო დაედო საფუძვლად რომაულ ცერემონიალს. ვატიკანის II კრებამ ლიტურგიასა და მის რეფორმას მიუძღვნა დადგენილება Sacrosanctum concilium (1963) და განსაზღვრა ლიტურგია, როგორც წმიდა ქმედება, რომლის მეშვეობითაც წესის აღსრულებით ეკლესიაში და ეკლესიის მეოხებით აღსრულდება და გრძელდება ქრისტეს მღვდელმსახურება, ანუ ადამიანთა განწმედა და ღმრთის განდიდება. კრების მომდევნო წლებში ამ დადგენილებამ ახალი ლიტურგიული წიგნების გამოქვეყნება განაპირობა. მათ შორისაა მესის წესი: ზოგადი დადგენილება რომის წესისათვის (1969), სამღვდელმსახურებო ხელდასხმის წესი (1968), ბავშვთა მონათვლის წესი (1969), მირონცხების წესი (1971), სნეულთა ცხების წესი (1972), მონანიების წესი (1974)...

ლიტურგიული მსვლელობა (Statio, liturgia della) [ლათ. statio „შეჩერების ადგილი“] აღნიშნავს რომისათვის დამახასიათებელ ძველ ლიტურგიულ ქმედებას: მსვლელობას ერთი ეკლესიიდან (შესაკრებელი ეკლესიიდან) სხვა ეკლესიამდე (შესაყოვნებელ ეკლესიამდე), სადაც ევქარისტიის აღსასრულებლად შეიძლება შეჩერება. იქცა, აგრეთვე, ლიტურგიული შეკრების სინონიმად.

ლიტურგიული ფერები (Colori liturgici) საღმრთო სამოსლის განსხვავებული ფერები ლიტურგიული წლის განმავლობაში (აგრეთვე, გარეგან ნიშანთა მეშვეობით) რწმენის საიდუმლოებათა განსაკუთრებული ნიშან-თვისებებისა და ქრისტიანული ცხოვრების არსის გამოხატვას ემსახურება. ლიტურგიული ფერებია: თეთრი, წითელი, მწვანე, იისფერი ან შავი, ვარდისფერი.

ლიტურგიული წელი (Anno liturgico) ეწოდება მზის წლის ხანგრძლივობის დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც ეკლესია დადგენილ დღეებში ქრისტეს მხსნელ ქმედებას განადიდებს (შდრ. SC, 102), წმიდა ხსოვნის აღსანიშნავი დღესასწაულების მეშვეობით. ლიტურგიული წელი რამდენიმე ძირითად ელემენტს მოიცავს. ესენია: - კვირადღე (dies dominica „უფლის დღე“), იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღე: ევქარისტიული შეკრების, სიხარულისა და სამუშაოსაგან დასვენების დღე; - საგანგებო დრო ანუ არსებითი სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ქრისტეს ყველა საიდუმლოების აღნიშვნას აღდგომისა და შობის ორ ციკლში; გრძელდება ჩვეულებრივი დროით „წლის განმავლობაში“; - წმინდათა გამორჩეულობა ანუ კანონიზირებულ ქრისტიანთა მოხსენიება: უფრო მნიშვნელოვან პირთა საყოველთაო კალენდრის, ხოლო ადგილობრივი წმინდანებისთვის კი - ადგილობრივ ეკლესიათა და სამოწესეო საკრებულოთა ცალკეული კალენდრების მიხედვით. ლიტურგიული წელი იწყება ადვენტის პირველი კვირადღის მწუხრით და შემდეგნაირად იყოფა: ადვენტი; შობის დრო (მთავრდება ნათლისღების შემდეგ კვირადღეს); ჩვეულებრივი დრო „წლის განმავლობაში“ (ორშაბათიდან, რომელიც მოსდევს კვირადღეს 6 იანვრის შემდეგ, დიდი მარხვის წინა სამშაბათამდე); დიდი მარხვა (ნაცრის ოთხშაბათიდან უფლის სერობის წირვამდე, მისი გამოკლებით); უფლის ვნებისა და მკვდრეთით აღდგომის სააღდგომო სამდღეური; აღდგომის დრო (აღდგომის კვირადღიდან სული წმიდის გარდამოსვლის კვირადღემდე); ჩვეულებრივი დრო „წლის განმავლობაში“ (სული წმიდის გარდამოსვლის მომდევნო ორშაბათიდან ადვენტის პირველი კვირადღის მწუხრამდე).

ლმობიერება (Pietà) [ლათ. pietas] ლათინურ ცნება - „pietas“ - რამდენიმე მნიშვნელობას ატარებს: ა) გულისხმისყოფა, გულისხმიერება - აღნიშნავს ერთ-ერთს სული წმიდის შვიდ ნიჭთაგან; ბ) თანალმობა - ზნეობრივი სათნოება, რომელიც ადამიანს ღმრთისა და მოყვასის წინაშე მის მოვალეობათა აღსრულებისკენ უძღვება და პატივისცემის, გულმოწყალებისა და თანაგანცდის გრძნობებით საზრდოობს; გ) ღმრთისმოსაობა - აღნიშნავს ყველა იმ ფორმასა და აქტივობას, რომლებიც ეკლესიის ლიტურგიული ცხოვრების გაგრძელებას წარმოადგენს. ასეთებია, მაგალითად: ინდივიდუალური ლოცვა, სავარდე, მომლოცველობა, ჯვრის გზა, რელიკვიათა თაყვანისცემა, რელიგიური ცეკვები, რომლებიც ხალხური ღმრთისმოსაობის გამოხატულებად მიიჩნევა (შდრ. CCC, 1674-1676); დ) „პიეტა“ - ფიგურულ ხელოვნებაში ტერმინი აღნიშნავს ნებისმიერ ნაწარმოებს, რომელიც გამოსახავს მარიამის კალთაზე დასვენებულ მკვდარ ქრისტეს (მათ შორის ყველაზე ცნობილია მიქელანჯელოს „პიეტა“).

ლოგოსი (Logos) [ბერძნ. logos „სიტყვა“] თეოლოგიაში აღნიშნავს უმთავრესად იესო ქრისტეს, როგორც მამა ღმერთთან არსებულს, მისივე ღმრთაებრივი ბუნების თანამოზიარეს, შექმნისა და გამოცხადების დასაბამსა და დასასრულს. როგორც ფილოსოფიური ტერმინი, ლოგოსი აღნიშნავს ადამიანის ინტელექტუალურ და რაციონალურ საწყისს, ან, ადრინდელი განმარტების თანახმად, გონებას, როგორც კოსმოსის არსებით პრინციპს.

ლოლარდები (Lollardi) ინგლისელი ერეტიკოსები. სახელის ჰოლანდიური წარმოშობა (lollen „დარწევა“), დაკავშირებული ბეგინ ქალთა და ბეგარდთა მიერ ავადმყოფთათვის გაწეულ სამსახურთან და XIV საუკუნის დასაწყისში ანვერსში ჭირის ეპიდემიის დროს დაკრძალვებთან, შემდეგ დავიწყებას მიეცა და შეიცვალა ლათინური სახელით lollium („ღვარძლი“), რაც მიუთითებს მათეს იგავზე (13:24, შმდ.) ხორბლისა და ღვარძლის შესახებ. ამ სახელით მოიხსენიებენ იმ „ღატაკ მღვდლებს“, რომლებიც, ოქსფორდელი თეოლოგის ჯონ ვიკლიფის (ჰუსიტები) სულიერების შესაბამისად, სოფლებში დაიარებოდნენ, როგორც მქადაგებელნი და, ეგრეთ წოდებული ლოლარდთა ბიბლიის (ვულგატის თარგმანი ადგილობრივ ენაზე) თანახმად, „ღმრთის კანონს“ სახელმწიფოსა და ეკლესიისათვის ერთადერთ ნორმად აცხადებდნენ. ლოლარდებმა ქადაგება ვიკლიფის სიკვდილის (1384) შემდეგაც გააგრძელეს; მოუწოდებდნენ პარლამენტს, გაეტარებინა საეკლესიო და სოციალური რეფორმა (1395). მათი, როგორც ერეტიკოსთა, დევნა დაიწყო 1401 წლის დეკრეტის საფუძველზე (De haeretico comburendo), განსაკუთრებით, ჯონ ოლდკასტლისა და 37 ლოლარდი მეთაურის გასამართლებისა და სიკვდილით დასჯის შემდეგ (1417). ამის მიუხედავად, ლოლარდებმა XVI საუკუნემდე იარსებეს.

ლოცვა (Preghiera) [პროვანს. pregueira (ნაწარმოებია ლათინურიდან precarius „ლოცვებით მოხვეჭილი“)] „ლოცვა არის სულის ამაღლება ღმერთთან ან საჭირო სიკეთეთა ღმრთისათვის თხოვნა“ (იოანე დამასკელი). ღმერთი დაუღლელად უხმობს თითოეულ ადამიანს მასთან იდუმალ შეხვედრაზე. ლოცვა თანსდევს ხსნის მთელ ისტორიას, ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთმოხმობის სახით. ძველ აღთქმაში ღმრთის ხალხის ლოცვა აღთქმის კიდობნისა და ტაძრის ჩრდილში ვითარდება, მოძღვართა და წინასწარმეტყველთა ხელმძღვანელობით; მისი უმაღლესი ნიმუშია ფსალმუნები. ახალ აღთქმაში ლოცვის სრულყოფილი ნიმუშია იესოს ლოცვა მამა ღმრთისადმი. ხშირად მარტოობაში, სიჩუმეში აღვლენილი იესოს ლოცვა გამსჭვალულია სიყვარულით აღსავსე მინდობით მამა ღმრთის ნებისადმი თვით ჯვარცმამდე და სრული რწმენით იმისა, რომ ეს ლოცვა შესმენილ იქნება. თავის სწავლებაში იესო მოუწოდებს მოწაფეებს, ილოცონ გაწმედილი გულით, ცხოველი და მტკიცე რწმენითა და შვილობრივი სითამამით (ნ. მამაო ჩვენო). იესო მოუხმობს მოწაფეებს, იფხიზლონ და მისი სახელით მიმართონ თავიანთი ლოცვები ღმრთისადმი. იესო ქრისტე თავად შეისმენს მისადმი მიმართულ ლოცვებს. ქრისტიანულ ლოცვას მრავალი გამოხატულება აქვს: თხოვნის ლოცვის საგანია პატიება, ღმრთის სასუფევლის ძიება, ყოველი ნამდვილი საჭიროება; მფარველობის ლოცვა სხვისთვის აღვლენილი თხოვნაა; ის არ ცნობს საზაღვრებს და მტრებზეც კი ვრცელდება; სადიდებელი ლოცვა მოკლებულია ყოველგვარ პიროვნულ ინტერესს და მთლიანად ღმერთზეა კონცენტრირებული. ამ ლოცვით ადიდებენ ღმერთს, მხოლოდ იმისათვის, რომ იგი არსებობს, დამოუკიდებლად ყოველივე იმისაგან, რასაც ღმერთი აკეთებს. სრულყოფილი ლოცვა ლიტურგიული ლოცვაა, როგორც მთელი ეკლესიის - იესო ქრისტეს მისტიკური სხეულის - ლოცვა („სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის“, მათ. 18:20) (შდრ. CCC, 2559, შმდ.). ნ. მორწმუნეთა ლოცვა; ევქარისტიული ლოცვა.

ლოცვანი (Breviario) [ლათ. breviarium „კომპენდიუმი“, „მოკლე შინაარსი“] ლიტურგიული წიგნი, რომელიც შეიცავს ჟამნის - ეკლესიის საჯარო ლოცვისთვის ყველა აუცილებელი შემადგენელი ნაწილის სრულ ტექსტს. ლოცვანი საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბდა. თავდაპირველად არსებობდა ცალკეული წიგნები, რომელთა ლათინური სახელწოდებანია: Salterio (ფსალმუნნი), Omilario, Innario, Antifonale, Orazionale. მას შემდეგ, რაც ჟამნი მხოლოდ ეკლესიის ქოროზე კი აღარ სრულდებოდა, არამედ კერძოდაც, საჭირო შეიქნა ამ წიგნთა გაერთიანება. ეს მოხდა X საუკუნის შემდეგ. ისტორიის განმავლობაში ლოცვანმა მნიშვნელოვანი სახეცვლილებანი განიცადა, მისი რადიკალური შეცვლა კი განაპირობა ვატიკანის II კრების ლიტურგიულმა კონსტიტუციამ Sacrosanctum concilium (SC, 89). 1970 წელს გამოქვეყნებული სამოციქულო დადგენილების Laudis canticum-ის კვალობაზე 1971 წელს გამოიცა ედიტიო ტყპიცა ოთხ წიგნად, რომელსაც, ნაცვლად სახელწოდებისა „რომაული ლოცვანი“, ეწოდა ჟამთა ლიტურგია. ლოცვანის სახეცვლილი ვარიანტი, რომელშიც მთელი „დავითნი“ (150 ფსალმუნი) ოთხ კვირადაა დაყოფილი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჟამთა ლიტურგია ყველა ქრისტიანის ლოცვაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყოველდღიური კითხვა მხოლოდ ღმრთისმსახურებსა და სხვადასხვა სამოწესეო საკრებულოებს ევალება. ჟამთა ლიტურგია შემდეგი ნაწილებისაგან შედგება: ორი მთავარი ჟამნი - ქებანი და მწუხრი (რაც შეესაბამება დილისა და საღამოს ლოცვებს); შუალედური ჟამნი, რომელიც იყოფა მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამნად და სერობა, ანუ მოსვენების წინ წასაკითხი ლოცვა; დასასრულ, საკითხავთა წესი, რომელიც დღის ან ღამის ყველაზე შესაფერ დროს უნდა შესრულდეს.

ლოცვისკენ მოხმობა (Monizione) [ლათ. monitio „გაფრთხილება“, „მოწოდება“, „მოხმობა“] ასეთებია: „ვილოცოთ“, „ილოცეთ, ძმანო“, „მაღლა გულნი“ და სხვ. გარდა ჩამოთვლილისა, გათვალისწინებულია, აგრეთვე, სხვა მომენტებიც, როდესაც მღვდელმსახურმა ან განმმარტებელმა „შეიძლება მიმართოს მორწმუნეებს განმარტებით ან მოწოდებით, რათა მეტად ჩართოს ისინი მსახურებაში და უკეთ განაწყოს მის გასაგებად“. ამგვარი მიმართვები უნდა იყოს მკაფიო, მოკლე და კარგად მომზადებული.

ლუთერელობა (Luteranesimo) ამ ტერმინით აღინიშნება როგორც ლუთერის (1483-1546) თეოლოგიური ნააზრევის საფუძველზე აღმოცენებული რელიგიური მოძრაობა, ისე ამ მოძრაობის სახასიათო დოქტრინალური მემკვიდრეობა. ის გადმოცემულია ლუთერის მიერ დაწერილ დიდსა და მცირე კატეხიზმოში (1529), ფ. მელანხთონის აუგსბურგის აღსარებასა (1530) და აპოლოგიაში (1531), სმალკალდას (1537) სტატიებსა და ნაშრომში „თანხმობის წესდება“ (1577). ლუთერელობის ლიტურგიულ და საეკლესიო ასპექტებს განსაზღვრავს ლუთერის გერმანული წირვა (1525) და მელანხთონის ინსტრუქციები დამსწრეთათვის (1528). ლუთერის თეოლოგიის მთავარი დებულების თანახმად, ქრისტეში „მკრეხელი“, ანუ ღმრთის წინაშე მუდამ ცოდვილი ადამიანის „გამართლება შესაძლებელია მხოლოდ რწმენის მეშვეობით“ („sola fide“). მართალი - და იმავდროულად ცოდვილი — ქრისტიანი ცხოვრობს საკუთარი ხსნის შესახებ მარგებელ გაურკვევლობასა და დაპირების „სიტყვისადმი“ მუდმივ მინდობაში, კანონსა და სახარებას შორის კონფლიქტური ვითარების მუდმივი წნეხის ქვეშ. აქედან იღებს დასაბამს ლუთერის შემდგომი ნააზრევი „სიტყვისა და საიდუმლოს“ შესახებ, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, გარდა სერობისა, აგრეთვე, ნათლობას და ეგრეთ წოდებულ ორი სასუფევლის დოქტრინას, რომლის საერო ხასიათის დირექტივებმა განაპირობა და გაააქტიურა ლუთერული სამყაროს „ამქვეყნიური საქმიანობა“. ლუთერელობას ახასიათებს, აგრეთვე, რწმენა, რომ ღმრთის სიტყვაა მთელი ქრისტიანობის დასაბამი და საფუძველი, თუმცა ღმრთის სიტყვა ლუთერმა ეკლესიისაგან განცალკევებულ და გადმოცემისაგან დაშორებულ მხოლოდ საღმრთო წერილამდე დაიყვანა („sola scriptura`), აქედან გამომდინარე, ყოველ ადამიანს თავისუფლად შეუძლია განმარტოს („თავისუფალი განსჯა“) საღმრთო წერილი, რაკი მას უშუალოდ სული წმიდა ეხმარება. ლუთერელობა უმთავრესად გერმანიასა და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელდა, მოგვიანებით, აგრეთვე, ჩრდილოეთ ამერიკაშიც. ამჟამად შინაგანად ფრიად დაქსაქსული ლუთერელობის წიაღში აღმოცენდა გაერთიანების მოძრაობები. ასეთებია, მაგალითად, Lutherischer Weltbund, ანუ მსოფლიო ლუთერული ლიგა (ლუნდი, 1947). ლუთერელობა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში შედის (ნ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო).

ლუმინარი (Luminare) [ლათინურიდან luminare, ნაწარმოებია სიტყვიდან lumen „შუქი“] ვერტიკალური ან დახრილი ღიობი, გაკეთებული კატაკომბებში, კუბიკულუმთა ან დერეფანთა სინათლითა და ჰაერით უზრუნველყოფის მიზნით.

ლუციფერი (Lucifero) [ლათ. lucifer (lux+fero) „მომაქვს სინათლე“] აღნიშნავდა ცისკრის ვარსკვლავს, რომლის ჩამოვარდნაც პირველი დემონის დაცემის განსახიერებად მიიჩნეოდა (შდრ. ეზეკ., 28:12, შმდ., ლუკ. 10:18; იოან. 12:31; გამოცხ. 12:9).

13

▲back to top


მაგნიფიკატი („ადიდებს სული ჩემი“) (Magnificat) ქალწულ მარიამის მიერ თავის ნათესავ ელისაბედთან სტუმრობისას აღვლენილი ღმრთის სადიდებელი (ლუკ. 1:46-55). სახელწოდება მომდინარეობს ლოცვის პირველი სიტყვიდან (ლათინურად), რომელიც ნიშნავს „ადიდებს“. ეს სადიდებელი, რომელიც ძველი აღთქმის სხვა ნაწყვეტებს ასახავს (შდრ. 1 სამ. 2:1-10), წარმოითქმის მწუხრის დასასრულს, შუამდგომლობის ლოცვამდე.

მადლი (Grazia) [ლათ. gratia, რაც წარმოადგენს თარგმანს ბერძნული სიტყვისა cháris „კეთილგანწყობა“, „მოწყალება“] ძველ აღთქმაში ტერმინი აღნიშნავს აღთქმაზე დამყარებულ ღმრთის სიყვარულს ისრაელი ხალხის მიმართ. ახალ აღთქმაში და, განსაკუთრებით, წმიდა პავლესთან, მადლი აღნიშნავს ღმრთის მიერ ადამიანთათვის საკუთარი სიცოცხლის უანგარო მიძღვნას ქრისტეს მსხვერპლშეწირვით, რის შედეგადაც ქრისტიანები ნათლისღებისა და სული წმიდის ნიჭის მეშვეობით „ღმრთის შვილებად“ იქცევიან (რომ. 6:3, შმდ.; 8:14, შმდ.). სხვაგვარად რომ ვთქვათ, „მადლი არის სამსახური, უანგარო დახმარება, რომელსაც ღმერთი გვიწევს, რათა მის მოხმობას ვუპასუხოთ: ვიქცეთ ღმრთის შვილებად, აყვანილ შვილებად, გავხდეთ ღმრთაებრივი ბუნების, მარადიული ბუნების თანამონაწილენი“ (CCC, 1996). მადლი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი (მუდმივი და ზებუნებრივი განწყობა, რომელიც სრულყოფს სამშვინველს, რათა მას ღმერთთან თანაარსებობის უნარი მიანიჭოს) და აქტუალური (ღმრთაებრივი ჩარევა მოქცევის დასაწყისსა და წმიდადყოფის პროცესში) (შდრ. CCC, 2000). მადლის თემა ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან იქცა თეოლოგთა განსჯის საგნად. წმიდა ავგუსტინე, პელაგიანელობის საპირისპიროდ, ამტკიცებს მადლის აბსოლუტურ აუცილებლობას და განასხვავებს წარმომავალსა (მოქცევასთან დაკავშირებულ) და მომდევნო მადლს. კათოლიკური თეოლოგია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა ქრისტეს მსხვერპლშეწირვას, მადლის უანგარობასა და მის საყოველთაობას შორის ურღვევ კავშირს. ქრისტეს წყალობით თითოეული ადამიანი იღებს მადლს, რათა, თავისი ისტორიული ვითარებისგან დამოუკიდებლად, თავისი მიზნის - ღმერთში ცხოვრების - მიღწევა შეძლოს. მაგრამ თითოეულმა ადამიანმა, საკუთარ შესაძლებლობათა შესაბამისად, მადლის ქმედებასთან უნდა ითანამშრომლოს. აღმოსავლური თეოლოგია უფრო მეტ ყურადღებას მიაპყრობს მადლისეული განღმრთობის ასპექტს (მადლის მეშვეობით ადამიანი თვით ღმრთაებრივი ბუნების თანამონაწილე ხდება), ვიდრე მადლისეული ხსნის ასპექტს.

მადლის მდგომარეობა (Stato di grazia) აღნიშნავს სულის ღმერთთან მეგობრობის დამოკიდებულებას, ანუ მომაკვდინებელი ცოდვისაგან თავისუფალი სულის მდგომარეობას. ეს მდგომარეობა მიიღწევა ნათლობით და მისი აღდგენა შესაძლებელია მონანიების საიდუმლოს ან სრული სინანულის მეშვეობით.

მადონა (Madonna) [ლათ. mea domina „ჩემი ქალბატონი“] რელიგიურ წრეებში ესაა საპატიო მიმართვა ქალწულ მარიამისადმი, გამოიყენება, აგრეთვე, იკონოგრაფიაშიც.

მავედრებლობა (მოსარჩლეობა) (Intercessione) [ლათ. intercessio (ზმნიდან inter+cedere „ვალდებულების აღება ვინმეს სასარგებლოდ“)] ვედრების ლოცვა, რომელიც მონაწილეა ქრისტეს შუამდგომლობისა, ვინცაა ერთადერთი შუამდგომელი მამა ღმრთის წინაშე ყველა ადამიანის სასარგებლოდ. ამ ლოცვაში მავედრებელი, რომელიც ქრისტეს, მარიამს ან წმიდანებს მიმართავს, არა მხოლოდ „საკუთარი სარგებლისათვის მოქმედებს, არამედ სხვებზეც ზრუნავს“ (ფილ. 2:4) და მისთვის ავის მქმნელთათვისაც კი ლოცულობს (შდრ. CCC, 2634-2636).

მავრინელნი (Maurini) წმიდა მავრის ბენედიქტელთა კონგრეგაციის წევრები, რომელიც საფრანგეთში კლუნელმა მოწესემ ლორენ ბენარმა (1573-1620) დააარსა. 1621 წელს კონგრეგაცია გრიგოლ XV-მ დაამტკიცა. მის წევრთა მთავარი მიზანი ბენედიქტესეული წესდების ზედმიწევნით დაცვასთან მიბრუნება იყო, რასაც მკაცრი სამონასტრო რეჟიმის მეშვეობით ახორციელებდნენ. მავრინელებმა წვლილი შეიტანეს, აგრეთვე, ისტორიული და ლიტერატურული კვლევების განვითარებაშიც.

მაზდეანობა (Mazdeismo) სპარსეთში, ზოროასტრიზმამდე გავრცელებული რელიგია. მაზდეანობის თანახმად, ქვეყნად არსებული ბოროტება არ შეიძლებოდა ყოფილიყო შექმნილი მაზდას („ბრძენი უფალი“) მიერ. ამიტომაც ბოროტებას ავი ღმერთი - ანგრა მაინიუ - ქმნის, რომელიც სამყაროს დასასრულს ყოველგვარ ძალაუფლებას მთლიანად დაკარგავს. სავარაუდოდ მაზდეანობამ - საკმაოდ რთულმა რელიგიამ - განვითარების მრავალი სტადია განვლო: წინაზოროასტრიულ ფაზას მოყვა ზოროასტრიული, ისლამის გავრცელების შემდეგ კი მაზდეანობის მიმდევრები ინდოეთში გამოჩნდნენ, სადაც ეს რელიგია უფრო მონოთეისტური განხრით განვითარდა.

მაიას ტომის რელიგია (Maya, religione dei) ხალხი, რომელიც სახლობდა მექსიკაში, გვატემალაში, ჰორდურასსა და სალვადორში ესპანელთა მიერ ამერიკის დაპყრობის ხანაში. მაიას რელიგიურ წარმოდგენათა თანახმად, პანთეონის სათავეში იყო შემოქმედი ღმერთი ჰუნაბი, „ერთადერთი“, წარმოსახვითი უსხეულო არსება, რომელსაც არ გამოსახავდნენ და კულტის მეშვეობით არ ეთაყვანებოდნენ. ის ბინადრობდა ზეციურ ფენათაგან უმაღლეს - მეცხრე (ან მეცამეტე) ფენაში. შესაბამისი ცხრა ქვედა ფენის საპირისპირო ამ ზეციურ ფენებში სათითაოდ თითო ღმერთი სახლობდა. ჰუნაბის შვილი იტცამა იყო მაიას მთელი კულტურის შემოქმედი, დამწერლობის გამომგონებელი და კალენდრის შემდგენელი. მას თაყვანს სცემდნენ, როგორც ზეციურ ღმერთს და ხშირად გამოსახავდნენ. მზის ღმერთი კინიჩ აბაუ, პარალელური ფიგურა, იტცამას ბუნების ერთ ნაწილს განასახიერებდა. მაიას ღმერთებს ორმაგი ბუნება ახასიათებდათ, ანუ ადამიანთან მიმართებაში ჰქონდათ ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი მხარე. პანთეონის მსგავსად, მკაცრი სტრუქტურის თანახმად აგებულ მაიას საზოგადოებას (ყოველ შემთხვევაში, კლასიკური პერიოდის პირველ წლებში მაინც) დიდგვაროვანთა კლასის წარმომადგენელი მემკვიდრეობითი მთავრები - მღვდელმსახურები ხელმძღვანელობდნენ. უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ ის მღვდელმსახურები, რომელთაც, დამწერლობისა და კალენდრის ცოდნის წყალობით, ბედზე გავლენის მოხდენა ძალუძდათ. მაიას დამწერლობა ერთადერთია ინდიელ ტომთა დამწერლობათა შორის, რომლის გაშიფრვაც მოხერხდა: მათი დამწერლობის იდიოგრაფიულ-აბსტრაქტულ გრიფთა მესამედი წაკითხვადია. მაიას კალენდარი გრიგოლის კალენდარზე უფრო ზუსტი იყო. ნაკლები წონა და გავლენა ჰქონდათ მღვდელმსახურებს, რომლებიც ადამიანთა მსხვერპლშეწირვებს ახორციელებდნენ, რადგანაც ამ წესმა, მიუხედავად უკვე კლასიკურ ხანაში მისი არსებობისა, საყოველთაო გავრცელება მხოლოდ მოგვიანებით მოიპოვა.

მაკაბელთა წიგნი (Maccabei, libri dei) [ებრ. maqqabhah (მნიშვნელობა დაუზუსტებელია) „ჩაქუჩი“ ან „იაჰვეს მიერ განსაზღვრული“] ანტიოქე IV ეპიფანიელთან ბრძოლაში ებრაელთა წინააღმდეგობის გმირის, იუდას მეტსახელი, რომელიც შემდეგ ოჯახის ყველა წევრის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ესაა ძველი აღთქმის სხვადასხვა ავტორის ორი არაკანონიკური წიგნი, სრულიად განსხვავებული ერთმანეთისაგან მიზნისა და გამოსახვის საშუალებათა მიხედვით. პირველ წიგნში (1 მაკ.) მოთხრობილია იუდეველთა წინააღმდეგობა ძალდატანებითი ელინიზაციის პროცესისადმი, რომელიც ორმოცი წლის მანძილზე გაგრძელდა, ქრისტემდე 175 წლიდან (ანტიოქე ეპიფანიელის ტახტზე ასვლის წელი) ქრისტემდე 135 წლამდე (ამ წელს გარდაიცვალა სიმონი, იუდა მაკაბელის უკანასკნელი ძმა). პირველ წიგნზე ადრე ბერძნულ ენაზე დაწერილი მაკაბელთა მეორე წიგნი (2 მაკ.) იუდეაში ქრისტემდე 175 წლიდან 160 წლამდე მომხდარ ფაქტებს მოიცავს. ამგვარად ეს წიგნი არა მაკაბელთა პირველი წიგნის გაგრძელება, არამედ პირველ წიგნში ნახსენები ფაქტების ერთგვარი საგანგებო წარმოდგენაა. თხრობა უფრო ქადაგების და არა ისტორიული აღწერილობის ხასიათს ატარებს და შეიცავს მდიდარ სამოძღვრო სწავლებას, რაც ძველი აღთქმისეული გამოცხადების გავრცობა-განმარტებას უწყობს ხელს (მაგალითად, ტექსტში გავრცობილია სამყაროსა და ადამიანთა შემოქმედი ღმრთის ცნება).

მაკედონიელნი (Macedoniani) სანახევროდ არიანელი ერეტიკოსები, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, მაკედონიუსის (IV საუკუნე) მიმდევრები. ეწოდებოდათ აგრეთვე „პნევმატომახები“ („სული წმიდის მოწინააღმდეგენი“), რაკი უარყოფდნენ სული წმიდის ღმრთაებრიობას.

მალაბარელნი (Malabaresi) ინდოეთის რეგიონ მალაბარში მცხოვრები სირიულ-აღმოსავლური (ან ქალდეური) წესის კათოლიკეები. უძველესი ტრადიციის თანახმად, ეს საკრებულო მოციქულმა თომამ დააარსა, შესაძლოა, იმ დამოკიდებულების გასამართლებლად, რომელიც ედესის საკრებულოსთან ჰქონდა II საუკუნიდან მოყოლებული. მალაბარელთა შესახებ ზუსტი ცნობები XV საუკუნის დასასრულიდან, ანუ ინდოეთში პორტუგალიელ მისიონერთა ჩასვლის დროიდან არსებობს. 1923 წელს პიუს XI-მ დააარსა სირიულ-მალაბარიული პროვინცია, 1956 წელს კი მეორე ასეთი პროვინცია დაარსდა.

მალანკარელნი (Malankaresi) ინდოეთის რეგიონ მალაბარში მცხოვრები ანტიოქიური წესის კათოლიკეები. საკუთარ თავს მოციქულ თომას ქადაგებასთან აკავშირებენ. ლიტურგიას აღავლენენ თავიანთი რეგიონის ენზე, რომელსაც მალაიამი ეწოდება.

მალაქია ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

მალტის რაინდები ნ. რაინდთა ორდენები.

მამა (მამაო) (Padre) [ლათ. pater] პატივისცემის ნიშნად ასე მიმართავენ სამოწესეო ორდენის წევრ მღვდელმსახურებს. ჩვეულებრივ, ეს წოდება წინ უძღვის ნათლობისას დარქმეულ ან სასულიერო ცხოვრებაში მიღებულ სახელს (მამა ევგენი) ან მღვდელმსახურის თანამდებობის აღმნიშვნელ სიტყვას (მამა პროვინციალო, მამა მცველო და სხვ.).

მამაო ჩვენო (Padre nostro) სახარების არსის გამომხატველი უმთავრესი ქრისტიანული ლოცვა, რომელსაც იესო აძლევს მოწაფეებს პასუხად თხოვნაზე: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“ (ლუკ. 11:1). მას, აგრეთვე, ეწოდება უფლის ლოცვა, რადგანაც პირდაპირ ქრისტესაგან მომდინარეობს. „მამაო ჩვენო“ ეკლესიის უმთავრესი ლოცვაა. „მამაო ჩვენო“ ღმრთისმსახურებათა და ქრისტიანული ინიციაციის საიდუმლოთა - ნათლობის, ზიარებისა და ევქარისტიის - შემადგენელი ნაწილია. ევქარისტიაში ჩართული „მამაო ჩვენო“ ამჟღავნებს პირად თხოვნათა „ესქატოლოგიურ“ ხასიათს, უფლის იმედით, „ვიდრე მოვიდოდეს“ (1 კორ. 11,26). სახარებებში ორი ფორმულირებითაა გადმოცემული (მათ. 6:9-13; ლუკ. 11:2-4). „მამაო ჩვენო“ შეიცავს ერთ მოხმობას, შვიდ თხოვნასა და დასკვნით ამენს. პირველი სამი თხოვნის საგანი მამა ღმრთის დიდებაა: უფლის სახელის წმიდაყოფა, უფლის სუფევის დადგომა და ღმრთის ნების აღსრულება. დანარჩენი ოთხი თხოვნა ღმერთს ადამიანის საჭიროებებსა და სურვილებს წარუდგენს. ეს თხოვნები ეხება ადამიანის საზრდოთი უზრუნველყოფას, ცოდვისაგან მის დაცვას და უკავშირდება ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისთვის ბრძოლას (შდრ. CCC, 2759, შმდ.).

მამა პროვინციალი (Provincaile, padre) [ლათ. provincialis „პროვინციისა“] ვინც კანონისა და დადგენილებათა საფუძველზე თავმჯდომარეობს ინსტიტუციის მონასტრებსა თუ საკრებულოებს, რომლებიც ერთსა და იმავე რელიგიურ პროვინციაშია განლაგებული (შდრ. CIC, კან. 621).

მამა, სულიერი ნ. სულიერი მამა.

მამა ღმერთი ნ. ღმერთი; სამება.

მამები, სამოციქულო ნ. სამოციქულო მამები.

მამონა (Mammona) [არამ. mammona „მოგება“, „სარგებელი“] სიტყვა ორჯერ გვხვდება ახალ აღთქმაში (მათ. 6:24; ლუკ. 16:13), არის სიმდიდრისა და ძალაუფლებისაკენ ლტოლვის სიმბოლო.

მანა (Mana) პოლინეზიური ტერმინი, აღნიშნავს ზებუნებრივ, უპიროვნო ძალას, რომელსაც სიკეთისა და ბოროტების მოტანა ძალუძს; გავლენას ახდენს ადამიანის ნებისმიერ საქმიანობაზე, იქნება ეს ნადირობა, თევზაობა, საომარი მოქმედებები თუ სხვა.

მანანი (Manna) [ებრ. man hu? „რა არის ეს?“] საკვები, რომლითაც, ბიბლიის თანახმად, ებრაელი ხალხი იკვებებოდა უდაბნოში ხეტიალისას (გამ. 16:14.21; რიცხვ. 11:7, შმდ.; იესო. 5:12). სინაის ნახევარკუნძულზე ხარობს 6-7 მეტრი სიმაღლის ხე tamarix mannifera. მაისიდან აგვისტომდე მისი ნორჩი ტოტები გამოყოფენ ტკბილ ნივთიერებას, რომელიც ღამის გრილ ჰაერთან შეხებისას მკვრივდება და პატარა მარცვლების ფორმას იღებს. ამ მანანს არაბები დღესაც აგროვებენ, დილით ან საღამოს, რადგანაც დღისით, მზის სხივთა მხურვალება მარცვლებას ადნობს. ნივთიერება ბაცი ფერისაა, თაფლის მსგავსი გემო და მაღალი საკვები ღირებულება აქვს. მას მიირთმევენ როგორც ბუნებრივი სახით, ისე ფქვილთან ერთად გამომცხვარს. სასარგებლო თვისებათა გამო ისრაელი ხალხი მანანს ღმრთის განსაკუთრებულ ძღვნად მიიჩნევდა (გამ. 16:17). ახალ აღთქმაში მანანი ევქარისტიის სიმბოლოა, სიცოცხლეს მომნიჭებელი ნამდვილი ზეციური პური (იოან. 6:31, შმდ.).

მანდეველნი (Mandei) [არამ. manda „ხილვა“, „გაცნობა“] გნოსტიკური სექტის წარმოშობით პალესტინელი მიმდევრები (მათ უწოდებენ აგრეთვე „წმიდა იოანე (ნათლისმცემლის) მოწაფეებს“), რომლებიც სამხრეთ ერაყსა და ირანში ცხოვრობენ. სექტაში იოანე ნათლისმცემელს ხსნის საგანგებო შუამავლად მიიჩნევენ და განსაკუთრებულ როლს ანიჭებენ ნათლობასა და განბანის წესებს. სექტის წარმოშობის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს. მანდეველებს სწამთ სინათლის დიდ მეუფედ წოდებული, ანგელოსებით გარშემორტყმული აბსოლუტური ღმერთი, რომელსაც უპირისპირდება ბოროტი სულისა და მის მიერ შექმნილი შვიდი პლანეტის სამყარო.

მანიპულუსი (Manipolo) [ლათ. manipulus, სიტყვიდან manus და ზმნა plere-ს „გავსება“ ფუძიდან, სიტყვასიტყვით „ერთი მუჭა“] ზოლის ფორმის ლიტურგიული სამოსელი, - იმავე ფერისა და ქსოვილისაგან დამზადებული, როგორითაც შესამოსელი, - რომელსაც ერთ დროს წირვის აღსრულებისას მღვდელმსახური მარცხენა წინამხარზე ატარებდა. რომაული წარმოშობისაა და მომდინარეობს ხილაბანდიდან (მას „mappa“ ან „mappula“ ეწოდებოდა), რომელსაც რომაელი დიდგვაროვნები სამოსის დასამშვენებლად ხელში იჭერდნენ, ხელსახოცად და ნიშნის მისაცემად იყენებდნენ. ამჟამად აღარ გამოიყენება.

მანიქეველობა (Manicheismo) [სპარს. Mani haja „მანი ცოცხალი“] სპარსი მთავრის, მანის (216-277 წწ. ქრისტეს შემდეგ) მიერ დაარსებული რელიგია. მანიქეველობის თანახმად, სინამდვილეში არსებობს ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული საწყისი: კეთილი და ბოროტი, ნათელი და ბნელი. თავდაპირველად ისინი ცალ-ცალკე არსებობდნენ; შემდგომში ბნელმა ნათელი დათრგუნა, თუმცა დასასრულს სინათლე საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებს. მატერიალური სამყარო ბნელის ნაყოფია, ამიტომაც თითოეულმა ადამიანმა ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს იმისათვის, რათა თავის ცხოვრებაში სინათლის მიერ შექმნილი სამშვინველი სხეულისაგან, ანუ სიბნელის ბატონობისგან, გაათავისუფლოს. მანიქეველთა მთელი ზნეობრივი სწავლება ამ ცენტრალური მითოსის გარშემო ვითარდება და მნიშვნელოვანი მსხვერპლის გაღებას მოითხოვს (მარხვა, სქესობრივი თავშეკავება და ა.შ.). იგი, ვინც ამ გზას წარმატებით გაივლის (მათი რიცხვი სინამდვილეში არც ისე დიდია) უმალ სინათლის სამოთხეში აღმოჩნდება. დანარჩენები კვლავ ბნელის მიერ შექმნილ სხეულებში დაიბადებიან, თუკი მათი ცოდვები იმდენად მძიმე არაა, რომ პირდაპირ სამუდამო წარწყმედის უფსკრულში გადაჩეხოს ისინი. მანიქეველთა დოქტრინები ზოგჯერ ქრისტიანული თვალსაზრისით გადამუშავდებოდა ხოლმე, რათა მას უფრო მარტივად შესძლებოდა გავრცელება ეგვიპტის, ჩრდილოეთ აფრიკის, გალიის, დალმაციისა და სხვა რეგიონების ქრისტიანულ წრეებში. გარკვეული პერიოდი მანიქეველთა სექტის მიმდევარი იყო წმიდა ავგუსტინეც. აღმოსავლეთში მანიქეველობამ XII საუკუნემდე იარსება, დასავლეთში კი ალბიგოელთა და ბოგომილთა ერესზე მოახდინა გავლენა.

მანტელეტა (Mantelletta) [კნინობითი ფორმა სიტყვისა mantella „მოსასხამი“] ზემოდან ჩასაცმელი პრელატის მოკლე მოსასხამი, მუხლებამდე სიგრძის და უსახელო, მკლავებისთვის დატოვებული ორი გახსნილი ნაწილით გვერდებზე. მოსასხამის ფერი მფლობელის წოდებაზეა დამოკიდებული: ის წითელი ფერისაა კარდინალთათვის, მოიისფრო ეპისკოპოსთათვის და ა.შ.

მანტია (Ferraiolo) [არაბ. feryul „შალის ბლუზა“] თხელი ქსოვილის მოსასხამი, რომლისგანაც მიიღება მხრებზე მოსახვევი ნაკეცებიანი განიერი ზოლი. მას სასულიერო პირები ატარებენ. ტუნიკის სიგრძის მანტიას ატარებდნენ ყელზე შეკრულს, ამჟამად აღარ იხმარება.

მანუ (Manu) [სანსკ. manu „კაცი“ ან „ბრძენი“] ჰინდუიზმში აღნიშნავს კაცთა მოდგმის მითოსურ წინაპარს, რომელიც ზოგჯერ შემოქმედ ღმერთ პრაჯაპატისთან იგივდება. გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნავს ადამიანს ამ სიტყვის სრულყოფილი გაგებით.

მანუალისტიკა (Manualistica) სწავლება, რომელიც გავრცელებული იყო მეცხრამეტე საუკუნიდან ვატიკანის II კრებამდე და რომლის მიზანი იყო სახელმძღვანელოებში, ანუ ტექსტების სახით, თეოლოგიის საგნის არსებითი ელემენტების ორგანული გადმოცემა. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზოგადი თეოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბებაში, რის გამოხატულებასაც წარმოადგენს. მანუალისტიკის სუსტი მხარეა ზოგჯერ არადამაჯერებელი, სიღრმეს მოკლებული გადმოცემა, რასაც ბანალურ მოსაზრებათა არაკრიტიკული მოწოდება ამძიმებს.

მარადიული სიცოცხლე (Vita eterna) სიკვდილის შემდეგ ღმერთთან მარადიული სიცოცხლე, რომელსაც ქრისტე მის მორწმუნე ადამიანებს უბოძებს (რომ. 5:21; 6:23; 1კორ. 15:45). მართლები იმეფებენ ქრისტესთან ერთად სამარადჟამოდ დიდებაში სულითა და სხეულით, და ღმერთი იქნება „ყველაფერი ყველაფერში“ (1 კორ. 15:28).

მარადიულობა (Eternità) [ლათ. სიტყვიდან aeternitas] დასაბამისა და დასასრულის არმქონე ხანგრძლივობა. ღმრთის განსაკუთრებული თვისება, რადგან იგი, უწმინდესი სული, დროსა და სივრცეს არ ექვემდებარება. წმიდა თომა აკვინელის აზრით, მარადიულობა ააშკარავებს აბსოლუტურის საკუთარ თავთან სრულ იდენტურობას, ყოველგვარი შესაძლო ქმნადობის მიღმა.

მარანა-ტა, მარან-ათა (Maràna-tà/ Maràn-athà) [არამ. „უფალო ჩვენო, მოდი“, „ჩვენი უფალი მოდის“] პალესტინურ საკრებულოთა ლიტურგიული შეძახილი. წმიდა პავლემ ის კორინთელთა მიმართ პირველი წერილის დასასრულს გამოიყენა. გვხვდება, აგრეთვე, იოანეს გამოცხადებაში, დასკვნითი მოხმობის სახით: „მოდი, უფალო იესო“ (გამოცხ. 22:20).

მართლმადიდებელი (Ortodosso) ისტორიული თვალსაზრისით, აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეს; აგრეთვე, აღნიშნავს პირს (ორთოდოქსი), რომელიც მთლიანად იზიარებს არა აუცილებლად რელიგიურ, მაგრამ დოგმატური ხასიათის განსაზღვრულ სწავლებას.

მართლმადიდებელი ეკლესიები (Ortodosse, Chiese) აღმოსავლური ეკლესიები თავს მართლმადიდებელ ეკლესიებს უწოდებენ და ეს სახელწოდება ძველი ეკლესიის სამოძღვრო დებულებებისადმი მათს ერთგულებას უსვამს ხაზს. კონსტანტინოპოლთან დაკავშირებული აღმოსავლური ეკლესიების მითითება მართლმადიდებლობაზე V საუკუნის შემდეგ დამკვიდრდა, ერეტიკულ ეკლესიათაგან (ნესტორიანული და მონოფიზიტური ეკლესიები) გამიჯვნისა და, აღმოსავლეთის სქიზმის (1054) შემდეგ, კათოლიკე ეკლესიასთან პოლემიკური დაპირისპირების მიზნით. ვატიკანის II კრებამ მძლავრი ბიძგი მისცა ეკუმენურ ურთიერთობებს მართლმადიდებელ ეკლესიებსა და ლათინურ ეკლესიას შორის და ხელი შეუწყო პაპ პავლე VI-ისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათენაგორას ისტორიულ შეხვედრას (1964), რასაც 1054 წლის განკვეთის ურთიერთგაუქმება და ურთიერთშენდობა მოჰყვა შედეგად (1965). მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა შორის სამოძღვრო სხვაობანი მრავალრიცხოვანი არაა და უმთავრესად პაპის პრიმატისა და ფილიოკვეს თეოლოგიურ საკითხებს შეეხება. ორი ეკლესია თანხმდება საიდუმლოთა, ხსნის განზრახულობაში მარიამის როლის, ბიბლიური ეგზეგეზის, ეპისკოპოსთა სამოციქულო მემკვიდრეობითობისა და სხვა საკითხებზე.

მართლმადიდებლობა, მართლმორწმუნეობა (Ortodossia) [ბერძ. orthós „მართებული“, „ჭეშმარიტი“ და dóxa „მოსაზრება“] ტერმინი აღნიშნავს ქრისტიანულ მოძღვრებას, როგორც ჭეშმარიტს, როგორადაც ასწავლის და განსაზღვრავს მას ეკლესია, ერეტიკული და მცდარი შეხედულებების საპირისპიროდ.

მართლქმედება (Ortoprassi) [ბერძ. orthós „მართებული“, „სწორი“+práxis „ქცევა“] აღსარებული რელიგიის სწავლების შესატყვისი საქციელი. ზოგჯერ მართლქმედებას (ორთოპრაქსიას) უპირისპირებენ ორთოდოქსიას (მართლმორწმუნეობას), როდესაც ეს უკანასკნელი ეკლესიისადმი კუთვნილების ერთადერთ აღმნიშვნელად იხმარება.

მარიამი (Maria) ქრისტიანულ სარწმუნოებაში ქალწული მარიამი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც „ქრისტეს დედა და ეკლესიის დედა“ (პავლე VI). როგორც ქრისტეს დედა, მარიამი სული წმიდამ შეამზადა: მართლაც „მადლით აღვსილი“ უნდა ყოფილიყო იმისი მშობელი, რომლის არსებაშიც „დამკვიდრებულია ხორციელად ღმრთაების მთელი სისავსე“ (კოლ. 2:9). მაშასადამე, მადლის წყალობით, მარიამი უცოდველად იშვა ყველაზე თავმდაბალ ქმნილებად, რომელსაც ყველაზე მეტად ძალუძდა ყოვლისშემძლე ღმრთის გამოუთქმელი ნიჭის მიღება (ნ. უბიწო ჩასახვა). თუმცა მარიამმა არა მხოლოდ შობა იესო, არამედ მისი ერთ-ერთი უერთგულესი მოწაფეც იყო, რასაც ადასტურებს გოლგოთაზე მარიამის ყოფნა ქრისტეს ვნების ჟამს და მოწაფეებთან ერთად მისი ლოცვა სერობისას, სულის წმიდის გადმოსვლის მოლოდინში. მამა ღმრთის ნების, თავისი ძის მხსნელი ქმედებისა და სული წმიდის ყოველი ქროლვისადმი მთლიანად მინდობის გამო, ქალწული მარიამი ეკლესიისთვის რწმენისა და კაცთმოყვარების სიმბოლოა. „ამიტომაც ის აღიარებულია ეკლესიის უაღრესად ამაღლებულ და სრულიად გამორჩეულ წევრად“ (LG, 53) „და ეკლესიის სიმბოლოდ („typus“)“ (LG, 63). თუმცა ეკლესიასა და მთელ კაცობრიობასთან მიმართებაში მარიამის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: „იგი სრულიად განსაკუთრებულად შეეწია მაცხოვრის საქმიანობას - მორჩილებით, რწმენით, იმედითა და მგზნებარე კაცთმოყვარებით - სულთა ზებუნებრივი ცხოვრების აღსადგენად. ამიტომაცაა მარიამი ჩვენთვის დედა მადლის წიაღში“ (LG, 61). ცად აღყვანებული მარიამი (ნ. ცად აღყვანება) კვლავაც ასხივებს დედობრივ ზრუნვას ქრისტეს სხეულის წევრებზე, რომელნიც თაყვანს სცემენ მას განსაკუთრებული კულტის მეშვეობით. ეს კულტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქრისტესადმი მიძღვნილი კულტისაგან (შდრ. LG, 66; აგრეთვე CCC, 721-726; 963-975). მარიამის თაყვანისცემა, რომელიც უმთავრესად სავარდის ლოცვითა და მარიამის სამლოცველოთა მომლოცველობით გამოიხატება, მეტად გავრცელებულია ქრისტიანთა შორის.

მარიამის გვირგვინით შემკობა (Incoronazione di Maria) იკონოგრაფიული გამოსახულება, რომელიც წარმოადგენს ქალწულ მარიამის გვირგვინით შემკობას (ქრისტეს ან ყოვლადწმიდა სამების მიერ). ხაზს უსვამს მარიამის სადედოფლო ღირსებას (რომლის ლიტურგიული მოხსენიების დღეა 22 აგვისტო) და მის დიდებით შესვლას ნეტართა საუფლოში. ეს გამოსახულება XIII საუკუნიდან გავრცელდა. მარიამის გვირგვინით შემკობა, აგრეთვე, სავარდის მეხუთე - დიდების საიდუმლოებაცაა. მარიამის გამოსახულებათა თუ ქანდაკებათა ძვირფასი გვირგვინით შემკობა 1600 წლიდან გავრცელდა ქალწულ მარიამის მიმართ თაყვანისცემის ნიშნად.

მარიამისეული მონახულება (Visitazione di Maria) ლიტურგიული დღესასწაული, რომლის შინაარსიც უკავშირდება განკაცების ხარების შემდეგ ქალწულ მარიამის მიერ ელისაბედის მონახულებას (ლუკ. 1:39-56). XIII საუკუნეში ფრანცისკელთა მიერ დაწესებული ეს დღესასწაული 31 მაისს აღინიშნება.

მარიამის ლეგიონი (Legio Mariae) 1921 წელს დუბლინში ფრანკ დუფის მიერ (†1980) დაარსებული საეროთა ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ადამიანის პიროვნული განწმედა და მოციქულობაა. დღეს ორგანიზაცია მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. პიუს XI-მ, პიუს XII-მ და იოანე XXIII-მ მნიშვნელოვანი შეფასება მისცეს მის საქმიანობას. ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა ლეგიონის საბჭო (Concilium Legionis), რომელსაც ექვემდებარება სენატი, კომიტეტები, კურიები და დირექტორები. ცალკეულ ჯგუფთა ყოველკვირეული შეკრებები ლოცვასა და სასულიერო საკითხავს ეყრდნობა.

მარიამის შობა (Natività di Maria) დღესასწაული, რომელიც აღინიშნება 8 სექტემბერს და VI საუკუნის შუაწლებიდან მომდინარებს. მარიამის შობის დღესასწაულით ეკლესია საგანგებოდ აღნიშნავს, რომ სამყაროში ამ არსების შემოსვლას ზეპიროვნული, საყოველთაო და ისტორიულ-მხსნელი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მარიამს უკავშირდება ხსნის ახალი წესრიგის დადგომა, რომელსაც სამყაროში საბოლოოდ ქრისტე ახორციელებს.

მარიამის წელი (Anno mariano) მარიამისადმი მიძღვნილი წელი. ის გამოაცხადა 1954 წელს პაპმა პიუს XII-მ, ქრისტეს დედის განსაკუთრებული სიწმიდის ხაზგასასმელად, რომელიც მისი უბიწოდ ჩასახვისა (რაც ზუსტად ერთი საუკუნით ადრე იქნა განსაზღვრული) და ზეცად აღყვანების საიდუმლოებებით გამოიხატება. იოანე პავლე II-მ ენციკლიკით „Redemptoris Mater“ დაამტკიცა მარიამის ახალი წელი, 1987 წლის 7 ივნისის სული წმიდის გარდამოსვლის დღესასწაულიდან 1988 წლის 15 აგვისტომდე, ქრისტეს მხსნელ ქმედებაში მარიამის დედობრივი თანამონაწილეობის მნიშვნელობის მიმართ ყურადღების მისაპყრობად.

მარიამისტები (Maristi) 1824 წელს ჟ.-კ.-მ. კოლინის (1790-1875) მიერ ბელიში დაარსებული და 1836 წელს დამტკიცებული მარიამის საზოგადოების (Societas Mariae) წევრები. ძირითადად ახალგაზრდების აღზრდითა და აქტიური მისიონერული და სამწყსო საქმიანობით არიან დაკავებულნი. კოლინმა დააარსა, აგრეთვე, მარიამისტ დათა საზოგადოება (1817 წ. ცერდონი), რომელიც 1884 წელს ლეონ XIII-მ დაამტკიცა. მისი წევრები გოგონათა აღრდაზე ზრუნავენ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევიან.

მარიამოლოგია (Mariologia) [Maria+logía (ბერძ. lógos „მსჯელობა“)] კათოლიკური თეოლოგიის ნაწილი, რომლის შესწავლის საგანია მარიამი. კონსტიტუცია Lumen gentium მარიამს „ქრისტესა და ეკლესიის საიდუმლოებაში“ ათავსებს (LG, 54).

მარიელნი (Marinisti, detti anche Fratelli di Maria (Frères de la société de Marie)) 1817 წელს ბორდოში გიომ ჟოზეფ შამინადის (†1850) მიერ დაარსებული მღვდელმსახურთა და საეროთა კონგრეგაცია. 1865 წელს კონგრეგაცია პიუს IX-მ დაამტკიცა. კონგრეგაციის წევრთა საქმიანობა მოიცავს ახალგაზრდების აღზრდას, სკოლებში სწავლებასა და მისიონერობას. კონგრეგაციას მართავს მთავარი წინამძღვარი, რომელსაც ადგილობრივი პროვინციალები უწევენ თანაშემწეობას. მარიელთა კონგრეგაცია დღეისათვის 3000 ადამიანს აერთიანებს, მათი უმრავლესობა მღვდელმსახურია. მარიელნი ათ პროვინციად არიან დაყოფილნი, აქედან 3 პროვინცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. მათი მისიონერული საქმიანობა უმთავრესად ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და იაპონიაში ხორციელდება.

მარონიტები (Maroniti) ასე უწოდებენ IV-V საუკუნეთა მიჯნაზე სირიაში მოღვაწე მღვდელმსახურის, წმიდა მარონეს, მიმდევრებს - სირიულ-ანტიოქიური წესის აღმოსავლელ კათოლიკეებს. წმიდა მწირის გარდაცვალების ადგილას აშენდა მონასტერი, სადაც პირველმა მარონიტმა საკრებულომ დაიდო ბინა. VII საუკუნის მეორე ნახევარში არაბთა შემოსევის საფრთხემ მარონიტები აიძულა, ლიბანში გადასახლებულიყვნენ. VIII საუკუნის დასაწყისში მარონიტი მოწესე ანტიოქიის პატრიარქად იქნა არჩეული. ამგვარად ჩაეყარა საფუძველი ანტიოქიის საპატრიარქოს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა მარონიტ ქრისტიანთა ცხოვრებაში როგორც რელიგიური, ისე საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ამჟამად პატრიარქის სამყოფელია ბეირუთის მახლობლად მდებარე ბკერკე, ხოლო მარონიტთა საკრებულოები, ლიბანის გარდა, არსებობს აგრეთვე კვიპროსზე, სირიაში, ეგვიპტეში, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მარტვილთა წამება (Passione dei martiri) პირველ საუკუნეებში რწმენის გამო სიკვდილით დასჯილ ქრისტიანთა მიერ განვლილი ცხოვრების, განცდილი მოწამეობისა და ჩადენილი სასაწაულების აღწერა. იკითხებოდა საჯაროდ მორწმუნეთა დარიგების მიზნით. ნ. საქმეები.

მარტიროლოგი (Martirologio) [ბერძ. màrtyros (ნათესაობითი ბრუნვა სიტყვისა martýs)+lógos] წიგნი, რომელშიც შეტანილია სია (და ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამბები) მოწამეთა და წმიდათა, ვისაც ეკლესია ყოველდღიურად მიაგებს პატივს. ოფიციალურად, ლიტურგიული წიგნის სახით ის ტრიდენტის კრების შემდეგ დამკვიდრდა (Martyrologium romanum, 1584), თუმცა მისი წინამორბედი იყო კალენდარი, ანუ წმიდათა და დღესასწაულთა ჩამონათვალი, შედგენილი სხვადასხვა ადგილას მათი მოხსენიების თარიღის მიხედვით. უძველესი რომაული ლიტურგიული კალენდარია Deposito martyrum, რომელიც 354 წლიდან „ქრონოგრაფის“ შემადგენლობაში შედის. თავდაპირველად მარტიროლოგი მხოლოდ მოწამეთა სახელებს შეიცავდა, შემდგომ სიას დაემატა ეპისკოპოსები, მოძღვრები, აღმსარებლები, ეკლესიათა მიძღვნის დღეები და სხვ.

მარხვა (Digiuno) [ლათ. ieiunium] ნაწილობრივი ან მთლიანი თავშეკავება საკვებისაგან მონანიების ან სასჯელის მიზნით. მიღებულია მრავალ რელიგიაში. ბიბლიაში ხშირად გვხვდება მარხვის დაცვის რჩევა. საჯარო ცხოვრების დაწყებამდე თვით იესომაც იმარხულა უდაბნოში (მათ. 4:2). დღეს კათოლიკე ეკლესია მარხვის მხოლოდ ორ დღეს აწესებს, ესენია: ნაცრის ოთხშაბათი და დიდი პარასკევი. მათი დაცვა სავალდებულოა ყველა სრულწლოვანისათვის 60 წლის ასაკამდე. ამ დღეებში მარხვის დაცვა დღის განმავლობაში ორიდან ერთ-ერთ ძირითად კვებაზე უარის თქმას გულისხმობს. ხსენებულ ორ დღეს, მარხვის გარდა, დაწესებულია, აგრეთვე, ხორცზე უარის თქმაც. ევქარისტიული მარხვა ნიშნავს წმიდა ზიარებამდე სულ ცოტა ერთი საათით ადრე ნებისმიერი სახის საკვებსა და სასმელზე უარის თქმას, გამონაკლისია წყალი და წამლები (შდრ. CIC, კან. 919).

მასონობა (Massoneria) [ინგლ. free masson „თავისუფალი კალატოზი“]. „თავისუფალმა კალატოზებმა“ შუა საუკუნეებში შექმნეს ეკლესიათა მშენებლობით დაკავებულ კალატოზთა (ან ხელოსანთა და მხატვართა) საეკლესიო საძმოები. თანამედროვე ხანის დასაწყისში ამ საძმოებმა არსებობა შეწყვიტეს ან გადაიქცნენ საზოგადოებრივ ჯგუფებად, რომლებში გაწევრიანება სხვა პროფესიათა ადამიანებსაც (დიდებულებს, ექიმებს, ოფიცრებს, მწერლებს...) შეეძლოთ. ამგვარი ჯგუფები კაცობრიობისათვის უნივერსალური რელიგიის მიწოდებას ისახავდა მიზნად. განმანათლებლობის ხანაში მასონთა ლოჟებში რაციონალიზმისა და დეიზმის იდეებმა შეაღწია, შემდგომში კი ეზოტერიკული წრეებიც შეიქმნა ალქიმიკოსთა, როზენკროიცერელთა, ქრისტიან მისტიკოსთა მონაწილეობით, რომელთა დამსახურებითაც მასონთა საქმიანობამ მისთვის დამახასიათებელი, დღემდე შემორჩენილი სახე მიიღო. მასონთა მრწამსის თანახმად, ღმერთი სამყაროს აღმშენებელი დიდოსტატია. ადამიანის უფლებები (მათ შორის რწმენის, სინდისისა და აზროვნების თავისუფლება), შემწყნარებლობა და შერიგებლური სულისკვეთება ის უმაღლესი პრინციპებია, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა აიგოს „ჰუმანურობის ტაძარი“. შოტლანდიელმა პრესვიტერანელმა მქადაგებელმა ჯ. ანდერსონმა შეადგინა „დადგენილების წიგნი“ (Book of Constitution, ლონდონი, 1723), რომელიც დღეს მასონთა ძირეულ სასულიერო დოკუმენტს წარმოადგენს. ანგლიკანურ სახელმწიფო ეკლესიასთან (ნ. ანგლიკანობა) და სამეფო ოჯახთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ანგლოსაქსმა მასონებმა ქრისტიანული რწმენა შეინარჩუნეს, ხოლო ფრანგ, იტალიელ და ლათინურამერიკელ მასონთა შორის დამკვიდრდა სულ უფრო მძაფრი ანტიქრისტიანული განწყობა. 1717 წელს ლონდონის ოთხმა ლოჟამ პირველი დიდი (იდეოლოგიურად ნეიტრალური) ლოჟა შექმნა დიდი მაგისტრის ხელმძღვანელობით, კონტინენტზე კი პირველი ლოჟა 1721 წელს, მონსში შეიქმნა. იტალიაში მასონთა მოძრაობა 1730 წლის შემდეგ გავრცელდა რომში, ფლორენციაში, მილანსა და ვენეციაში. კათოლიკე ეკლესია ხანგრძლივი დროის მანძილზე ებრძოდა მასონობას და ეს ბრძოლა ჯერაც არ დასრულებულა. რამდენიმე სახელმწიფოში მასონთა მოღვაწეობაზე დაწესებული აკრძალვის შემდეგ (ნიდერლანდები, საფრანგეთი, ვენეცია) პაპმა კლემენტე XII-მ თავისი ბულით In eminenti (1738) ყველა მასონი განკვეთა იმ ფიცის გამო, რომელიც მასონებს საკუთარი საქმიანობის საიდუმლოს გამჟღავნებას უკრძალავს. ამჟამად, სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაციის მიერ 1974 წელს გამოცემული დეკრეტის თანახმად, კათოლიკე მორწმუნეს ეკლესიიდან განკვეთა ემუქრება, თუკი ლოჟა, რომლის წევრიც ის არის, ეკლესიის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევა. მასონური სიმბოლიკა ინგლისის დიდი ლოჟიდან მომდინარეობს და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მასში შედის: ჩაქუჩი, ქაფჩა, ფარგალი, წინსაფარი - სამყაროს დიდი ხუროთმოძღვრის ნების შესატყვისად, დიდი ტაძრის ასაგებად ლოჟაში გაერთიანებულ კალატოზ ძმათათვის. მასონებს მრავალი წესი აქვთ, მათგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია „ძველი და მიღებული შოტლანდიური წესი“.

მასორელნი (Masoreti) [ებრ. massorah „ტრადიცია“, მაშასადამე, „ტრადიციის ქომაგნი“] ასე ეწოდება ბიბლიის იმ სწავლულებს, ვინც 500-900 წლებში ჩაიწერა ბიბლიურ ტექსტებთან დაკავშირებული ყველა ზეპირი „ტრადიცია“, კერძოდ, ყოველივე ის, რაც ტექსტის ზუსტ წაკითხვასთან იყო დაკავშირებული. ამ ადამიანებმა გადაწერეს ბიბლიის ებრაული ტექსტი და 22 თანხმოვნისგან შემდგარ უძველეს დამწერლობას ხმოვნები და მახვილები დაურთეს. მათვე დაყვეს წიგნები თავებად და მუხლებად. მასორელთა სკოლა არსებობდა ტიბერიადაში (დასავლეთის მასორა) და ბაბილონში (აღმოსავლეთის მასორა).

მატრონეუმი (Matroneo) [გვიანლათ. matroneum, ნაწარმოებია სიტყვიდან matrona „მატრონა“] მრავალ ბაზილიკაში არსებული შიდა გალერეა, რომელიც ცენტრალური ნავის გასწვრივ, გვერდით ნავებზე მაღლა მდებარეობს. ეკლესიის არქიტექტურული გეგმიდან გამომდინარე, შეიძლება ჰქონდეს გრძივი ან წრიული ფორმა. ტერმინი უკავშირდება ტრადიციას, რომლის თანახმადაც ეკლესიის ეს ნაწილი ჩვეულებრივ ქალებს ეთმობოდა.

მაცხოვარი (Redentore) [ლათ. redemptor „მხსნელი“, „მშველელი“] იესო ქრისტე უმაღლესი მხსნელია, სამყაროს დანაშაული მან ჯვარზე თავისი სიკვდილით გამოისყიდა (შდრ. CCC, 601). ნ. გამოსყიდვა.

მახარებელი (Evangelista) [ბერძ. euvanghelistés] პირველ ქრისტიან მქადაგებელთა წოდება (საქმ. 21:8; ეფეს. 4:11; 2 ტიმ. 4:5). შემდგომში ასე მხოლოდ სახარების ოთხი ავტორი იწოდებოდა: მათე (მათ.), მარკოზი (მარკ.), ლუკა (ლუკ.) და იოანე (იოან.). მათგან მათე და იოანე მოციქულები იყვნენ, მარკოზი - პეტრეს მოწაფე იყო, ხოლო ლუკა - პავლეს მოწაფე.

მაჰდი (Mahdi) [არაბ. „(ღმრთის მიერ) გაძღოლილი“] მუსლიმთათვის მესიანური ფიგურა, რომელიც ჟამთა აღსასრულს ამოძირკავს ბოროტებას, დაამკვიდრებს სიკეთის ბატონობას და ამგვარად აღადგენს ისლამს თავისი პირველქმნილი სრულყოფილებით. შიიტთათვის მაჰდი იგივდება მეთორმეტე იმამთან (გარდაიცვალა 878 წ.), რომელიც დაუდგენელ მომავალში დაბრუნდება. თუმცა ისტორიის მანძილზე იმამის ტიტული ისლამის არაერთმა მოძღვარმა დაირქვა. მათ შორის იყო, მაგალითად, უბაიდ ალაჰი, ფატიმიდთა დინასტიის დამაარსებელი (†934), მუჰამად აჰმად იბნ აბდ ალაჰი (1843-1885), სუდანელი მაჰდი და სხვ.

მაჰმადიანი (Maomettano) მუჰამადისა და მის მიერ დაფუძნებული რელიგიის მიმდევარი. ნ. ისლამი; მუსლიმი.

მგალობელი (Cantore) [ლათ. cantor, ნაწარმოები სიტყვიდან canere, „მღერა“] გუნდში ან სოლო პარტიის მგალობელი. ძველად გუნდის სოლისტობა დიაკონს უწევდა. ამჟამად საერო პირებსაც შეუძლიათ „შეასრულონ მგალობელის ფუნქცია“ (CIC, კან. 230).

მგალობელთა სკოლა (Schola cantorum) [ლათ. „მგალობელთა სკოლა“] ძველად ტერმინი აღნიშნავდა პრესბიტერიუმის მახლობლად მდებარე, მთავარი ნავის რამდენიმე საფეხურით შემაღლებულ ნაწილს, სადაც იყვნენ განთავსებულნი მგალობელნი. დღეს ასე ეწოდება მგალობელთა ჯგუფს, რომელიც ლიტურგიის დროს გუნდად ან დამსწრე საზოგადოებასთან მონაცვლეობით გალობს გუნდისთვის განკუთვნილ მონაკვეთებს.

მეათედები (Decime) [ლათ. decima (pars) „მეათე (ნაწილი)“] ღმრთისადმი მიძღვნილი მიწათმოქმედების ნაყოფისა და საქონლის ათი პროცენტის ტოლი შესაწირავი, რომელსაც სწირავდა ისრაელი ხალხი კულტის საჭიროებისა და მღვდელმსახურთა შენახვის მიზნით. მეათედის შეწირვის წესი კათოლიკე ეკლესიაშიც არსებობდა, თუმცა XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე მეათედის ყველა ფორმა გაუქმდა. დღეს კათოლიკური სამართლის კოდექსი იუწყება: „მორწმუნეებს ევალებათ, გაითვალისწინონ ეკლესიის საჭიროებანი, რათა მას შეეძლოს ფლობა ყოველივე აუცილებლისა საღმრთო კულტის, სამოციქულო და საქველმოქმედო საქმიანობისა და მღვდელმსახურთა რიგიანად უზრუნველსაყოფად“ (CIC, კან. 222).

მებაჟე (Pubblicano) [ლათ. publicanus, ნაწარმოებია სიტყვიდან publicum „საჯარო განძი“] ძველ რომში ასე იწოდებოდნენ პირები, რომლებიც საჯარო ვაჭრობის გზით იძენდნენ გადასახადის აკრეფის უფლებას. იესოს დროს პალესტინაში მებაჟეები, როგორც რომის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ბაჟის ამკრეფნი, ხალხს სძულდა და უპატიოსნო, მაშასადამე, ცოდვილ და უწმიდურ პირებად მიაჩნდა (მათ. 9:11). მებაჟე იყო მათე, შემდგომში იესო ქრისტეს მოციქული (მათ. 9:9-13; 10:3).

მებრძოლი ეკლესია (Militante, Chiesa) დედამიწაზე მცხოვრებ ყველა მონათლულ მორწმუნეთა ერთობლიობა. განსხვავდება განმწმედელი ეკლესიისა (სულები სალხინებელში) და მოზეიმე ეკლესიისაგან (ნეტარნი). კონსტიტუციაში Lumen gentium ნათქვამია: „ქრისტეს მოწაფეთაგან ზოგი ამქვეყნად მომლოცველია, სხვანი, გარდაცვლილნი, სალხინებელში იწმიდებიან და სხვანი კიდევ დიდებაში არიან და ხედავენ ცხადად ღმერთს, ერთსა და სამერთიანს, როგორიც იგი არის“ (LG, 49).

მედიტაცია (Meditazione) [ლათ. meditatio „ვარჯიში“, უფრო ზუსტად, „სულიერი სავარჯიშო“] საუბარია ყურით მოსმენილისა და გონებით გააზრებულის ათვისებისათვის საჭირო სამუშაოზე. ესაა იდეათა გადამუშავება, ათვისება, მათით სრულიად გამსჭვალვის მიზნით. ამგვარი მედიტაციური ქმედება ახლავს ასკეტიზმს, რომლის შემადგენელ ნაწილსაც ის წარმოადგენს. როდესაც ეს გათავისების სამუშაო ქრისტიანული რწმენის შინაარსს მიემართება, ქრისტიანულ მედიტაციაზე ვსაუბრობთ. ამ თვალსაზრისით, მედიტაცია მჭვრეტელობითი ლოცვის ერთ-ერთი ფორმაა.

მედიუმი (Medium) [ლათინური ზედსართავის, medius-ის საშუალო სქესის ფორმიდან, „შუაში მდგომი“, „საშუამავლო“] პიროვნება, რომელსაც პარაფსიქოლოგიისათვის ცნობილი გარკვეული ფენომენების გამოწვევის უნარი აქვს. სპირიტიზმის სამყაროში მედიუმს ძალუძს სულებთან (უმთავრესად, გარდაცვლილთა სულებთან) ცოცხალ ადამიანთა დაკავშირება და მიღმისეულის საზღვრის გადალახვა. ნ. სპირიტიზმი.

მეთაური (Preposto (o Preposito)) [ლათ. praepositus (ზმნიდან praeponere) „უპირატესობის მინიჭება“, „წინ დაყენება“] ცალკეულ სამონაზვნო კონგრეგაციათა მთავარი ზემდგომი. ძველად ტერმინი აღნიშნავდა სასაფლაოებზე განლაგებულ წმიდა პეტრეს, წმიდა პავლეს, წმიდა ლავრენტისა და წმიდა პანკრატეს ბაზილიკათა მმართველ ხელმძღვანელებს. ისინი სამღვდელოებას მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ ტიტულოვან ხუცესებთან შედარებით უფრო დაბალ წოდებას ატარებდნენ.

მეთოდისტები (Metodisti) მეთოდისტებს ან აგრეთვე Holy club-ს ოქსფორდში დაცინვით უწოდებდნენ სტუდენტებისა და მორწმუნე საეროების ბიბლიურ წრეს, რომელიც ძმებ ჩარლზ (†1788) და ჯონ უესლების (†1791) თაოსნობით ჩამოყალიბდა და განსაკუთრებული „მეთოდების“ მეშვეობით (სარწმუნოებაზე მოქცევა, როგორც ქრისტესთან შეგნებული მიბრუნება, წმიდაყოფის გაცნობიერებული და თვითკონტროლირებული ძალისხმევა) საკუთარი და სხვათა სულების ხსნას ისახავდა მიზნად. თავისდა უნებურად, ისინი „ქრისტიანობის ისტორიაში ეკლესიის უკანასკნელი დიდი დაარსების მამამთავრებად“ იქცნენ (მ. შმიდტი). 1746 წელს მეთოდისტთა საკრებულოები კლასებად (ადგილობრივი ჯგუფები) და წრეებად (ადგილობრივ საკრებულოებში არსებული პატარა ჯგუფები) დაიყო. ჩამოყალიბდა საერო მქადაგებელთა ისნტიტუტი, რომლის წევრებიც საცდელ ქადაგებებს ატარებდნენ. მხოლოდ ძმებ უესლების გარდაცვალების შემდეგ დაარსდა ინგლისში თავისუფალი მეთოდისტური ეკლესია. მეთოდისტურმა ეკლესიამ სხვაგვარი გზა განვლო ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მას ძმებ უესლების თანამოაზრე ჯორჯ უაიტფილდი (†1770) ხელმძღვანელობდა. უაიტფილდი ღია ცის ქვეშ მოწყობილი საკულტო შეკრებებისა (camp meeting) და „მისიონერული კარვის“ (ლონდონი, 1741) ინიციატორია. წინასწარგანზრახულობის თავგამოდებული ქომაგობის მიზეზით, უაიტფილდი „უნივერსალისტ“ ჯონ უესლის დასცილდა. ამერიკაში დამოუკიდებლობისთვის ომის (1775-1783) შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკის საეპისკოპოსო მეთოდისტურმა ეკლესიამ სწრაფად გაუსწრო ინგლისელ მეთოდისტებს. მისი წამყვანი როლი კიდევ ერთხელ გამოვლინდა 1968 წელს, გაერთიანებულ მოძმე ევანგელისტურ ეკლესიებთან გაერთიანების დროს, რის შედეგადაც გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიები ჩამოყალიბდა. გენერალური კონფერენცია — მეთოდისტური ეკლესიის მთელ მსოფლიოში გაფანტული 19 მილიონი წევრის უმთავრესი ორგანო - 4 წელიწადში ერთხელ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება.

მელქიტები (Melchiti) [სირიულიდან malka „მეფე“] ბიზანტიური წესის ქრისტიანები, რომლებიც მიეკუთვნებიან ანტიოქიის, იერუსალემისა და ალექსანდრიის საპატრიაქროებს და რომლებმაც ქალკედონის კრების (451) შემდეგ მონოფიზიტებთან დაპირისპირებით, ქრისტეს ერთადერთი პიროვნების ორი ბუნების შესახებ თეზისი გაიზიარეს. ამ თეზისს იცავდა იმპერატორი, საიდანაც მომდინარეობს მელქიტთა, ანუ „მეფის ერთგულთა“ სახელწოდება. კონსტანტინოპოლთან კავშირი მელქიტებმა აღმოსავლეთის სქიზმის შემდეგაც შეინარჩუნეს. XVII საუკუნეში მელქიტთა ერთი ნაწილი რომში შეიკრიბა და 1724 წლიდან დაარსდა მელქიტთა კათოლიკური საპატრიარქო, რომლის ცენტრიც დამასკოშია. როგორც კათოლიკე, ისე მართლმადიდებელ მელქიტთა წესის ლიტურგიული ენა არაბულია.

მემენტო (Memento) [ლათ. Memento „გახსოვდეს“] ასე ეწოდება ორ ლოცვას, რომლებსაც წირვისას მღვდელმსახური აღავლენს როგორც ცოცხალთათვის, ისე გარდაცვლილთათვის.

მენოელნი (მენონიტები) (Mennoniti) ანაბაპტისტური სექტა, დაარსებული ჰოლანდიელი მღვდელმსახურის, მენო სიმონსის (1496-1561) მიერ, რომელმაც 1531 წელს ხელახლა მოინათლა. ჰოლანდიაში მენოელებს სასტიკად დევნიდნენ. გერმანიაში მათ წვლილი შეიტანეს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. XVII საუკუნეში ბევრი მათგანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ემიგრაციაში. მენოელთა ცალკეული საკრებულოები დამოუკიდებელნი არიან; აღიარებენ სამ მსახურებას (ხუცესთა, მქადაგებელთა და დიაკონთა), მათი სწავლება მეტად ახლოსაა კალვინელობასთან. მანოელებს არ აქვთ სავალდებულო სარწმუნოების აღსარება, ნათლობას კი მხოლოდ თოთხმეტი წლის ასაკიდან აღასრულებენ. ეწევიან მკაცრ ზნეობრივ და ასკეტურ ცხოვრებას, უარს ამბობენ იარაღის გამოყენებაზე, სამხედრო სამსახურსა და ფიცის დადებაზე. მათ პრინციპთა შორისაა, აგრეთვე, ეკლესიისა და სახელმწიფოს მკაფიო გამიჯვნა.

მენორა (Menorah) შვიდრტოიანი შანდალი. დავითის ექვსქიმიან ვარსკვლავთან ერთად ებრაული რელიგიის ერთ-ერთი სიმბოლოა.

მეორადკანონიკური წიგნები (Deuterocanonici, libri) [ბერძ. déuteros „მეორე“+kanón „კანონი“] ძველი აღთქმის ზოგიერთი ნაწერი, რომელთა ზეშთაგონებული ბუნების თაობაზე სხვადასხვა დროს ცალკეულ ქრისტიანულ საკრებულოებში ეჭვი არსებობდა. ამდენად, საუბარია წიგნებზე, რომლებიც მუდამ და ყველგან არ იყო შეტანილი კანონში. ასეთი წიგნი სულ შვიდია: 4 ისტორიული (ტობია, ივდითი, 1 და 2 მაკაბელთა), 1 წინასწარმეტყველური (ბარუქის წიგნი, იერემიას ეპისტოლეთურთ), 2 სიბრძნის წიგნი (ისო ზირაქის სიბრძნის წიგნი და სოლომონის სიბრძნის წიგნი). ნ. ბიბლია; კანონი.

მეორე რჯული (Deuteronomio) [ბერძ. déuteros+nómos „მეორე კანონი“] ხუთწიგნეულის შემადგენელი მეხუთე წიგნი. შედგება ხალხისადმი მიმართული მოსეს სამი დიდი საუბარი-ქადაგებისაგან, რომელთა მიზანია მათთვის წარსულის მოვლენების შეხსენება და, უმთავრესად, მოწოდება, მუდამ უერთგულონ თავიანთ ღმერთთან დადებულ აღთქმას. რჯულის წიგნის დასასრულს მოყვანილია დანართი, რომელშიც მოსეს უკანასკნელი საქმეებია მოთხრობილი. მეორე რჯული სამარიის სეპარატისტული სამეფოს დაცემის შემდეგ (ქრისტეს შობამდე 722 წ.) იერუსალემში დამკვიდრებული ლევიტელთა თეოლოგიური სკოლის ნაშრომია. ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ ინსტიტუციათა რეფორმას, რომელთა იდეურ ცენტრსაც წარმოადგენს იერუსალემის ტაძარი, არამედ უმთავრესად შინაგან მოქცევას (რჯლ. 10:16).

მერცედარები (Mercedari/ie) (Ordo B. Mariae de Mercede redemptionis captivorum) საეროთა ასოციაცია, რომელიც მუსლიმთა ხელთ მყოფი ქრისტიანი ტყვეების გამოსყიდვით ან გაცვლის გზით მათი გამოხსნით იყო დაკავებული. ის 1218 წელს პიეტრო ნოლასკომ (რის გამოც მის წევრებს ნოლასკელებსაც უწოდებდნენ) და დომინიკელთა ორდენის გენერალმა რაიმონდო და პენაფორტმა დააარსეს ბარსელონაში. ესაა გლახაკთა სამოწესეო ორდენი; ავგუსტინესეულ წესდებაზე დამყარებული მისი წესდება ჩვეულებრივ სამ აღთქმასთან ერთად დატყვევებულთა გათავისუფლების აღთქმასაც მოიცავს. თუმცა ტყვეთა გათავისუფლების გარდა, ორდენის წევრები, აგრეთვე, სამწყსო საქმიანობითა და მისიონერობითაც არიან დაკავებულნი, განსაკუთრებით - აფრიკასა და ამერიკაში. 1265 წელს მარია დი ჩერველოს მიერ დაარსებული ორდენის ქალთა შტო დღეს მრავალ კონგრეგაციადაა დაყოფილი და მისი წევრები სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ. ისინი ასწავლიან, ეხმარებიან სნეულებს და ეწევიან მისიონერულ საქმიანობას.

მესა (წირვა) (Messa) [ლათ. missa სინონიმი სიტყვისა missio-dimissio „დამშვიდობება“] ნაწარმოებია ევქარისტიული მსახურების დასკვნითი ფორმულიდანა: „Ite, missa est“ („წარვედით, წირვა აღსრულდა“). ნ. ევქარისტია.

მესალელნი (Messaliani) სირიაში, IV-V საუკუნეებში აღმოცენებული ერეტიკული მიმართულების სამონასტრო სექტა. მისი მოძღვრების თანახმად, ადამიანის გულიდან სატანას ვერც ნათლობა განდევნის და ვერც ასკეტიზმი, არამედ მხოლოდ უწყვეტი ლოცვა.

მესალი (წირვის წიგნი, კონდაკი) (Messale) [ლათ. (liber) missalis „წირვის წიგნი“] ლიტურგიული წიგნი, რომელიც შეიცავს ლოცვებსა (ევქოლოგიური ტექსტები) და ლიტურგიულ მითითებებს ევქარისტიის მსახურებისათვის. ლიტურგიული რეფორმის გატარებამდე ის „პლენარიუმად“ იწოდებოდა, რადგანაც საკითხავსაც შეიცავდა.

მესამე ორდენი (Terziari/ Terzo Ordine) ტერმინი აღნიშნავს სამოწესეო „მესამე ორდენის“ წევრებს, რომელიც, - „პირველი“ (მამაკაცთა) და „მეორე” (ქალთა) ორდენებისაგან განსხვავებით, - აერთიანებს მამაკაცებსაც და ქალებსაც. მესამე ორდენის წევრები საერო და რეგულარულ წევრებად იყოფიან. ფრანცისკელთა და დომინიკელთა ორდენებმა პირველებმა გააერთიანეს (შემდგომში მათ აგრეთვე კარმელელთა, სერვიტთა და პრემონსტრატების ორდენებმაც მიბაძეს) თავის გარშემო მამაკაცები და ქალები, რომლებიც ქრისტიანულ სრულყოფას ესწრაფვოდნენ და განსაკუთრებულ ვალდებულებებს იღებდნენ (წარმოთქვამდნენ ლოცვებს ან ჟამნს, მარხულობდნენ და ა.შ.), მონასტერში არ ცხოვრობდნენ, თუმცა ხშირად გამოირჩეოდნენ თავიანთი საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობით. მესამე ორდენის რეგულარული წევრები (მამაკაცები და ქალები, რომლებიც საკრებულოში ცხოვრობდნენ და გარკვეულ წესს ემორჩილებოდნენ) XIV საუკუნეში უფრო ვრცელ საზოგადოებებში, XV საუკუნეში კი - კონგრეგაციებში გაერთიანდნენ. ვატიკანის II კრების შემდეგ წმიდა საყდარმა ახალი წესები დაადგინა ყველა სამოწესეო ორგანიზაციის „მესამე ორდენთათვის“ (პავლე VI-ის 1978 წლის სამოციქულო წერილი Seraphicus patriarca). ეს წესები გამომდინარეობს კანონიკური სამართლის კოდექსიდან, რომლის თანახმადაც, მესამე ორდენი ეწოდება მორწმუნეთა გაერთიანებებს, „რომელთა წევრებიც სამოციქულო ცხოვრებას ეწევიან და ამქვეყნად ქრისტიანულ სრულყოფას ესწრაფვიან სამოწესეო ინსტიტუტის ქარიზმაში მონაწილეობით“ (CIC, კან. 303. შდრ. კან. 677, ნაწ. 2)

მესვეტენი (Stiliti) [ბერძ. stylítes (სიტყვიდან stýlos „სვეტი“)] აღმოსავლური ასკეტიზმისა და მონაზვნობის ძიების ფორმათა შორისაა მესვეტეობა, რომლის ყველაზე ცნობილი მაგალითია სირიელი მონაზონი სვიმეონ მესვეტე (†459), რომელმაც მიწიდან დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლეზე, სვეტზე გაატარა ორმოცამდე წელი, ლოცულობდა და თავისი სიწმიდითა და სახელით მოზიდული მრავალი ადამიანის წინაშე ქადაგებდა. სვიმეონს მიმდევრები გამოუჩნდნენ, უმთავრესად სირიასა და პალესტინაში.

მესია (Messia) [ებრ. mashîah „ცხებული“, რაც ბერძნულად ითარგმნება, როგორც christós] ძველ აღთქმაში ტერმინი აღნიშნავს პირებს, რომლებმაც ცხება მიიღეს: მეფეებს, მღვდელმსახურებს, წინასწარმეტყველებს. შემდგომში ამ სიტყვით გამორჩეულად მოიხსენიება დავითის შთამომავალი, რომელმაც ისრაელის სამეფო უნდა აღადგინოს. გამონაკლისის სახით მესიას უწოდებენ, აგრეთვე, სპარსეთის მეფე კიროსს, რადგანაც ის იაჰვეს ხელში ებრაელი ხალხის გათავისუფლების საშუალებად იქცა (ეს. 45:1). ახალ აღთქმაში მესია ეწოდება იესოს, ვინც სწორედ ქრისტეს სახელითაა ცნობილი.

მესიანიზმი (Messianismo) მოლოდინთა და იმედთა ერთობლიობა, დაკავშირებული ღმრთაებრივ პრეროგატივათა მქონე იდეალურ პერსონაჟთან (ნ. მესია). რომელსაც გადამწყვეტი და დადებითი გარდაქმნის მოხდენა ძალუძს ისტორიასა და სამყაროში. ისრაელის ხალხში მუდამ ცოცხლობდა მესიანური მოლოდინი წინასწარმეტყველთა მეოხებით, რომლებიც, ერთი მხრივ, მეფესა და ხალხს მათი მამებისათვის მიცემულ დაპირებათა მიმართ ღმრთის ერთგულებას ახსენებდნენ, მეორე მხრივ კი, ხალხს იაჰვესადმი ერთგულებისა და მესიის - საბოლოო მხსნელის - მოლოდინისაკენ მოუწოდებდნენ. მესიანიზმი არსებობს ისლამშიც და მაჰდის მოლოდინით გამოიხატება. მაჰდი ჟამთა აღსასრულის მესიაა, რომელმაც ხელახლა, პირველქმნილი სრულყოფილებით უნდა დაამკვიდროს კანონი და საკრებულო და დაამყაროს ისლამის ოქროს ხანა. ბუდჰიზმის მესიანიზმისათვის დამახასიათებელია მაიტრეიას ან მეტეიას („მეგობრული“, ბუდას ტიპური განსახიერება) დაბრუნების მოლოდინი.

მეტანოია (Metanoia) [ბერძ. metá „ცვლილება“ + noein „აზროვნება, ფიქრი“, ამგვარად, „აზროვნების შეცვლა“] ბიბლიური ტერმინი, რომელიც ღმერთთან მიბრუნებას, მოქცევას აღნიშნავს. გულისხმობს აზროვნების, მსჯელობის, არჩევანთა რადიკალურ ცვლილებას და ამის გამოხატულებას მონანიების გამოხატულების მეშვეობით. აღმოსავლურ წესებში მეტანოია ეწოდება მუხლის მოყრას ან გართხმას მორჩილებისა და თაყვანისცემის ნიშნად.

მეტემფსიქოზი (Metempsicosi) [ბერძ. metempsýchosis (ნაწარმოებია ზმნიდან metempsýchousthai) „ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლა“] მეტემფსიქოზის იდეა ძველ საბერძნეთში ჩამოაყალიბეს, უმთავრესად, პითაგორამ და პლატონმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ სამშვინველმა გარდასხეულება (რეინკარნაცია) უნდა გაიაროს, რათა განიწმიდოს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, იდეათა სამყაროს ნეტარ მდგომარეობაში დაუბრუნდეს. რელიგიათა შორის მეტემფსიქოზი გვხვდება ჰინდუიზმსა და ბუდჰიზმში და სამსარას ცნებას უკავშირდება. ბუდჰიზმის თანახმად, სხვა არსებობაში ხელახლა დაბადებას სიცოცხლის დაუშრეტელი წყურვილი განაპირობებს. ხსნა მიიღწევა, როდესაც ადამიანი ამ წყურვილის დაოკებით სამსარასაგან თავისუფლდება. ჰინდუისტური სწავლება კი აცხადებს, რომ სამსარას „ბორბლის“ ტრიალის შეწყვეტა და ადამიანის სულის გათავისუფლება ზნეობრივი კანონის დაცვითაა შესაძლებელი. ქრისტიანობა არ უშვებს მეტემფსიქოზს ანუ რეინკარნაციას, რის შესახებაც არც ძველ და არც ახალ აღთქმაში არაა საუბარი.

მეფეთა წიგნები (Re, libri di) ასე ეწოდება ძველი აღთქმის ორ წიგნს (ლათინურ ტრადიციაში), რომლებიც მოგვითხრობს იუდას და ისრაელის ხელმწიფეთა ისტორიას დავითის სიკვდილიდან ბაბილონეთში განდევნამდე, დაახლოებით ოთხი საუკუნის განმავლობაში. თხრობა სამ ნაწილად დაიყოფა. პირველ მათგანში (3 მეფ. 1-11) დავითის მეფობის დასასრული და სოლომონის სამეფოს ბრწყინვალებაა აღწერილი. მეორე ნაწილი (3 მეფ. 12-4 მეფ. 17) ტომთა შორის განხეთქილების, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაცალკევებული სამეფოების შექმნის, მათი პოლიტიკური პაექრობისა და წინასწარმეტყვლთა ელიასა და ელისეს ჩარევის შესახებ მოგვითხრობს. მესამე ნაწილი (4 მეფ. 18-25) მოიცავს იუდას სამეფოს ისტორიას ისრაელის სამეფოს დასასრულიდან ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალემის დამხობამდე. მთლიანობაში ეს ორი წიგნი მეფეთა ბიოგრაფიების ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას წარმოადგენს. ბიოგრაფიათა უმრავლესობა მოკლეა და ერთი ძირითადი სქემის მიხედვითაა აგებული: ა) მეფის წარდგენა, მისი წარმოშობის მითითება და მეორე სახელმწიფოში მისი თანამედროვე მონარქის ხსენება, ტახტზე ასვლის თარიღი და ხშირად დედის სახელი; ბ) მეფის დადებითი თუ უარყოფითი დახასიათება, რაც უმთავრესად ემყარება მის რელიგიურ შეხედულებებს, ძირითადად ტაძრის მთლიანობის საკითხთან მიმართებაში; გ) წყაროების მითითება, მეფის გარდაცვალება, დაკრძალვა, მემკვიდრის შესახებ ცნობა. მეფეთა წიგნები წარმოადგენს რელიგიური სახის განსჯას მონარქიის ისტორიაზე. კრიტიკული განსჯის კრიტერიუმი აღთქმის თეოლოგიაა. ხალხი ღმრთის წყალობას დავითის დინასტიის მეშვეობით იღებს, თუკი უარყოფს კერპებსა და მათ სალოცავებს და წინასწარმეტყველთა სიტყვებისა და იერუსალემის ტაძრის კულტის ერთგულებას ინარჩუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეფეებსა და ხალხს მრავალი სახის ბუნებრივი უბედურება და სამხედრო წარუმატებლობა ატყდება თავს. მეფეთა წიგნები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იწერებოდა და მათმა ავტორებმა და შემდგენლებმა მუშაობის პროცესში სხვადასხვა წყაროებს მიჰმართეს.

მეფსალმუნე (Salmista) [ქრისტიანული ლათ. psalmista, ნაწარმოებია ბერძნულიდან psalmistés (სიტყვიდან psalmós „ფსალმუნი“)] ფსალმუნის შემქმნელი ან მგალობელი. მეფსალმუნის საუკეთესო მაგალითია მეფე დავითი, რომელსაც 73 ფსალმუნის ავტორად მიიჩნევენ. ამასთანავე, ამ ტერმინით აღინიშნება პირი, რომელიც გალობს ან წარმოთქვამს რესპონსორიუმის ფსალმუნს ან საკითხავთაშორის საგალობელს ჟამთა ლიტურგიის აღსრულებისას.

მეჩეთი (Moschea) [არაბ. masdshid „თაყვანისცემის ადგილი“] მუსლიმთა საკულტო ნაგებობა. ყველაზე ძველი მეჩეთი იყო მუჰამადის სახლი მედინაში, რომელიც XIII საუკუნეში აღადგინეს. თავდაპირველად მეჩეთი წარმოადგენდა მართკუთხა ეზოს (სანი) მის შუაგულში მოთავსებული, ღია პორტიკებით გარშემორტყმული შადრევნით რიტუალური განბანვისათვის. პორტიკის შიდა ნაწილში მდებარეობდა სალოცავი დარბაზი საგანგებო ნიშით (მიჰრაბი), რომელიც მექის მიმართულებას მიუთითებდა. ამ თავდაპირველმა სტრუქტურამ ნაწილობრივი ცვლილებები განიცადა, რადგანაც ფართოდ გავრცელების პროცესში ისლამმა საკულტო მიზნებით გამოიყენა უკვე არსებული შენობები, მაგალითად, ცალკეული ქრისტიანული ბაზილიკები. ამჟამად ყოველ მეჩეთში არის ქადაგებისთვის განკუთვნილი კათედრა (მინბარი), შემაღლება ყურანის საკითხავად (დიკარი) და სადგარი თვით ყურანისათვის. მეჩეთის დამახასიათებელი ელემენტია მინარეთი - კოშკი, საიდანაც მუეძინი მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუხმობს.

მეცეცხლური (Turiferario) [ლათ. thuriferarius (სიტყვიდან thus „გუნდრუკი“+fero „ვატარებ“)] მინისტრანტი, რომელსაც ლიტურგიული მსახურების დროს საცეცხლური მიაქვს.

მეწამული (Porpora) [ბერძ. porphýra, შემდეგ ლათ. purpura] კარდინალის ღირსების აღმნიშვნელი ფერი.

მთავარანგელოსი (Arcangelo) [ბერძ. archángelos „ანგელოსთა უმაღლესი მეთაური“] არსება, რომელიც ანგელოსთა ერთ-ერთ დასს, კერძოდ კი - მთავარანგელოსთა დასს მიეკუთვნება. იუდას წერილი (9) ამ სახელით მოიხსენიებს მიქაელს. შემდეგ საეკლესიო ტრადიციამ ის, ასევე, გაბრიელისა და რაფაელის მიმართაც განავრცო. ეს სამი მთავარანგელოსი მოიხსენიება მიღებულია კათოლიკე ეკლესიის ლიტურგიასა (29 სექტემბერს) და აღმოსავლეთის ეკლესიათა ლიტურგიებში.

მთავარდიაკონი (Arcidiacono) [გვიანლათ. archidiaconus (წარმოებულია ბერძ. archidiákonos)] ძველად აღნიშნავდა ეკლესიის დიაკონთა მეთაურს, რომელსაც ადმინისტრაციული ფუნქცია ეკისრებოდა. მოგვიანებით მთავარდიაკონი ეპისკოპოსის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან პირად იქცა საკათედრო ტაძრის მართვის საქმეში. ეს თანამდებობა გაუქმდა გენერალური ვიკარიუსის თანამდებობის შემოღების შემდეგ. ამჟამად მთავარდიაკონი საკათედრო კაპიტულუმის პირველი თანამდებობის პირია.

მთავარეპისკოპოსი (Arcivescovo) [გვიანლათ. archiepiscopus (ბერძ. archiepískopos)] წოდებითა და მოვალეობებით ეპისკოპოსის თანასწორი; როგორც წესი, მთავარეპისკოპოსი სამიტროპოლიო დიოცეზის მეთაურია; მისი, როგორც საეკლესიო პროვინციის მეთაურის, მოვალეობებსა და იურისდიქციას განსაზღვრავს კანონიკური სამართალი (CIC, კან. 435, შმდ.). ზოგჯერ ეს საპატიო წოდებაა, რომელიც პიროვნულად (ad personam), აგრეთვე, შეიძლება მიენიჭოს რეზიდენციის არმქონე ეპისკოპოსებსაც (მაგალითად, რომის კურიის ეპისკოპოსებს).

მთავარი მანკიერებანი (Vizi capitali) [ლათ. vitium] მანკიერება „ცოდვის ჩადენის ჩვევა ან მიდრეკილებაა“. იქმნება ცოდვის განმეორებით, რაც წარმოშობს გაუკუღმართებულ მიდრეკილებებს, რომლებიც ჩრდილავს სინდისს და ამახინჯებენ კეთილისა და ბოროტის შეფასებას. ზოგიერთ მანკიერებებს მთავარი მანკიერებანი ეწოდება, რადგანაც ისინი სხვა ცოდვათა და მანკიერებათა მიზეზს წარმოადგენენ. ესენია: ამპარტავნება, სიხარბე, მრისხანება, ავხორცობა, შური, გაუმაძღრობა, მცონარობა (შდრ. CCC, 1865-1866).

მთავარხუცესი (Arciprete) [გვიანლათ. archipresbyter (ბერძ. archipresbýteros)] ეს წოდება ცალკეულ ეკლესიათა ხუცესებს ანიჭებს საპატიო უპირატესობას სხვა ხუცესებთან შედარებით. ზოგ დიოცეზში ეს წოდება შეესაბამება ადგილობრივი ვიკარიუსის ან დეკანოზის წოდებას.

მთავრობანი (Principati) ნ. ანგელოსი.

მიდრაში (Midrash) [ებრ. darash „ახსნა“, „განმარტება“] საღმრთო წერილის ერთგვარი დამრიგებლური ხასიათის ეგზეგეზა, გამოიყენებოდა უმთავრესად გვიანდელ იუდაიზმში. ესაა რაბინთა ქადაგების წერილობითი რედაქცია, რომელშიც საღმრთო წერილის მუხლობრივი კომენტარების მეშვეობით ყოველდღიურ პრობლემათა გადაწყვეტის ხერხებს აყალიბებდნენ. ამგვარად ჩამოყალიბებული საღმრთო წერილის კომენტირების ფაქტიურად ცალკე ლიტერატურული ჟანრი ახლოსაა იმ ლიტერატურულ მიმდინარეობასთან, რომელსაც განეკუთვნება ახალი აღთქმის ცალკეული მონაკვეთები (მაგ., მათ. 1-22). მიდრაშს შეიძლება ჰქონოდა ზნეობრივი (ჰალაკა = სვლა, კარგად მოქცევა) ან თხრობით-გადმოცემითი (ჰადაგა=მოთხრობა) მიზნები.

მითრაიზმი (Mitraismo) ირანულ-ბაბილონური სინათლის ღმრთაების, ღმერთ მითრას მისტერიული კულტი, რომელიც ელინურ-რომაულ სამყაროში ქრისტეს შემდეგ I საუკუნეში გავრცელდა.

მილენარიზმი (Millenarismo) ნ. ხილიაზმი.

მიმართვა (Allocuzione) [ლათ. allocutio, რომელიც წარმოებულია სიტყვიდან alloqui, „მიმართვა ვისმე მიმართ“] ანტიკურ სამყაროში ასე ეწოდებოდა რომის იმპერატორის მიმართვას სიტყვით ჯარის მიმართ. დღეს ამ სიტყვით აღინიშნება მეტ-ნაკლებად საზეიმო სიტყვა, რომელსაც პაპი წარმოთქვამს წმიდა კოლეგიის ან სხვა დიდი საეკლესიო თავყრილობის წინაშე.

მინარეთი (Minareto) [არაბ. manara „შუქურა“, შემდეგ თურქ. minare, ფრანგ. minaret] მეჩეთან მყოფი კოშკი, საიდანაც მუეძინი მორწმუნეებს სალოცავად მოუხმობს. ძველად ჰქონდა ოთხკუთხა გეგმა, შემდეგ მინარეთის ცილინდრული ფორმა დამკვიდრდა.

მინიმები (Minimi) გლახაკთა რელიგიური ორდენის წევრები, რომელიც 1435 წელს წმიდა ფრანცისკე დი პაოლამ დააარსა სახელწოდებით „წმიდა ფრანცისკე ასიზელის განდეგილები“ (Ordo minimorum sancti Francisci de Paula). „მინიმები“ მათ 1492 წელს ალექსანდრე VI-მ უწოდა. ორდენი თავდაპირველად, 1474 წელს სიქსტე IV-მ დაამტკიცა, შემდეგ, 1492 წლის 24 თებერვალს - ალექსანდრე VI-მ, საბოლოოდ კი, 1506 წლის 28 ივლისს - იულიუს II-მ. ორდენის წევრები ფრანცისკული ორდენის ზედმიწევნით მკაცრი წესის შესრულებისაკენ ისწრაფვიან და, ტრადიციული სამი აღთქმის გარდა, დებენ, აგრეთვე, მეოთხე აღთქმას. ესაა „მუდმივი დიდმარხვა, რისთვისაც საზეიმოდ იღებენ ვალდებულებას, წელიწადის განმავლობაში ყოველდღიურად დაიცვან დიდმარხვისთვის განსაზღვრული ნორმები“.

მინისტრანტი (Ministrante) [ლათ. ministrare „მსახურება“] ლიტურგიული მსახურებისას დამხმარე პიროვნება, თუნდაც თავად ხელდასხმის არმქონე ან არა დანიშნული მღვდელმსახური.

მინორიტები (Minori) ნ. ფრანცისკელები.

მირთმევა (Oblazione) [ლათ. oblatio, ნაწარმოებია სიტყვიდან oblatus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა offerre „შეთავაზება“] პურისა და ღვინის და ყოველი სხვა შესაწირავის მირთმევა წირვის დროს.

მირონი (Crisma) [chrismón „საცხი“] ზეთისხილის ზეთი მასში შერეული სურნელოვანი ნივთიერებებით, რომელსაც ეპისკოპოსი აკურთხებს წმიდა ხუთშაბათს მირონცხების წირვის დროს. შემდეგ ის გამოიყენება ნათლობისა და მირონცხების, სამღვდელმსახურებო ხელდასხმისა და საეპისკოპოსო კურთხევის აღსასრულებლად, ეკლესიათა, საკურთხეველთა, ბარძიმთა და ზარების კურთხევისათვის.

მირონცხება (Cresima) [ბერძ. chrísma „საცხი“, ფართო მნიშვნელობით, „ცხება“] ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოთაგან, ეწოდება, აგრეთვე, კონფირმაციაც, რადგანაც მონათლული ამ დროს სული წმიდის სისრულის მიღებით რწმენაში განმტკიცდება [სიტყვიდან confermare, „დადასტურება“]. მირონცხების საიდუმლოს ბიბლიური საფუძველი მოცემულია მოციქულთა საქმეების ორ ტექსტში, სადაც სული წმიდის ნიჭი ცხადად უკავშირდება მოციქულთა მიერ ხელის დასხმას, რაც ნათლობის შემდეგ ხდება (საქმ. 8:5-25 და 19:1-6). მირონცხება სული წმიდის ნიჭის საიდუმლოა და ქრისტიანული ინიციაციის საბოლოო ნიშანს წარმოადგენს. ამიტომაც ის მიჩნეულია ქრისტიანის სიმწიფის საიდუმლოდ, ვისაც ამგვარად ეკლესია ანიჭებს უნარს, საჯაროდ იღვაწოს სამყაროში თავისი სარწმუნოებისათვის. კათოლიკე ეკლესიაში მირონცხების აღმსრულებელი მღვდელმსახურია ეპისკოპოსი, თუმცა მისი აღსრულება ამგვარი უფლების მქონე სხვა სამღვდელო პირსაც შეუძლია. მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ ფუნქციას ასრულებს მღვდელმსახური, რომელიც მირონცხებას ნათლობასთან ერთად აღასრულებს. საიდუმლო აღსრულდება შუბლზე მირონის (წმიდა ზეთი და ბალზამი) ცხებით და ეპისკოპოსის მიერ ხელთა დასხმით, შემდეგი ფორმულის თანხლებით: „მიიღე ბეჭედი სული წმიდისა, რომელიც მოგენიჭა შენ“; ნათლია მარჯვენა ხელს ადებს მხარზე მირონის მიმღებს და იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს და წარუძღვეს მას ქრისტიანულ ცხოვრებაში.

მირქმა (Presentazione di Gesù al tempio) დღესასწაული აღინიშნება 2 თებერვალს, ცნობილია, აგრეთვე, სინათლის დღესასწაულის სახელით.

მისია (Missione) [ლათ. missio, ნაწარმოებია სიტყვიდან missus (ნამყოს მიმღეობა ზმნისა mittere „გაგზავნა“)] მისია აღნიშნავს ნათლისღების ძალით მთლიანად ეკლესიისა და ყოველი ცალკეული მორწმუნისათვის დაკისრებულ ამოცანას, დაამოწმონ და ყველა ადამიანს გამოუცხადონ ხსნის უწყება, უმთავრესად იმ გეოგრაფიულ რეგიონებსა და კულტურულ წრეებში, რომლებიც სახარებისეული გავლენის მიღმა აღმოჩნდა მოქცეული (RM, 40). ეკლესიის მისიონერული საქმიანობა, რომელიც მამა ღმრთის ჩანაფიქრის თანახმად, ძისა და სული წმიდის მისიიდან იღებს სათავეს, დაიწყო სული წმიდის გარდამოსვლის დღეს სამოციქულო ქადაგებით და მუდმივად გრძელდება ყველა იმ ფორმით, რომელიც შესაძლებელს ხდის სახარებისეულ ღირებულებათა გაცნობასა და მიღებას ადამიანთა სულ უფრო ფართო წრეებისთვის.

მისიოლოგია (Missiologia) [სიტყვებიდან missio+loghia] დისციპლინა, რომელიც ეკლესიის მისიასა და მისიებთან დაკავშირებულ თეოლოგიურ, სოციოლოგიურ, ისტორიულ პრობლემათა ერთობლიობას შეისწავლის.

მისიონერი (Missionario) [სიტყვიდან missione „მისია“] იოანე პავლე II-ს Redemptoris missio-ს (1990) თანახმად, მისიონერები არიან ადამიანები და ინსტიტუციები, „წარგზავნილნი ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ, რომლებიც სარწმუნოებისა და მორჩილების სულისკვეთებით არიან განწყობილნი ქრისტესაგან შორს მყოფთა მიმართ“ (AG, 23) და განსაკუთრებულ ვალდებულებად მიიჩნევენ სახარების ქადაგების ამოცანას (RM, 65).

მისიონერული საქმენი (Opere missionarie) მორწმუნეთა საქველმოქმედო ასოციაციები, რომელთა მიზანიც მისიათა დახმარებაა ლოცვითა და შესაწირავით. მათი უმეტესი ნაწილი XIX საუკუნეში აღმოცენდა, სხვადასხვა ქვეყანასა თუ კონტინეტზე მისიონერული საქმიანობის განვითარებასთან ერთად. მათ შორის აღსანიშნავია უმთავრესად პაპის მისიონერული ინსტიტუტები (ცალკეულ ინიციატივათა კოორდინატორია 1622 წელს დაარსებული სარწმუნოების გავრცელების კონგრეგაცია - Congregatio de Propaganda Fide): სარწმუნოების გავრცელების საქმე, დაარსებული 1822 წელს ლიონში მარი-პოლინ ჟარიკოს (1799-1862) მიერ; ორგანიზაციამ 1922 წლს პიუს XI-ისაგან ახალი წესდება მიიღო და სარწმუნოების გავრცელების კონგრეგაციის შემადგენელ ნაწილად იქცა (ამავე დროს გადავიდა ასოციაციის ხელმძღვანელობა ლიონიდან რომში); წმიდა ბავშვობის მისიონერული საქმე (ამჟამად „პაპის წმიდა ბავშვობის საქმე“), რომელიც 1843 წელს ნანსის ეპისკოპოსმა კ. დე ფორბინ-იანსონმა დააარსა ჟარიკოსთან ერთად ჩინელ ბავშვთა დასაცავად, შემდეგ ორგანიზაცია მონობაში მყოფ აფრიკელ ბავშვთა გამოსყიდვით იყო დაკავებული, 1855 წლიდან კი მის მიზანი მისიათა მეშვეობით ყველა ბავშვის დახმარებაა; პაპის ინსტიტუტია 1922 წლიდან, მისი მმართველი ორგანო პარიზში მდებარეობს; წმიდა მოციქულ პეტრეს საქმე გაჭირვებულ სამღვდელოთათვის (Opus a sancto Petro apostolo pro clero indigeno), დაარსდა 1888 წელს სენში (მმართველი ორგანო რომში მდებარეობს), პაპის ინსტიტუტთა რიცხვს განეკუთვნება 1922 წლიდან; სამღვდელოების მისიონერული კავშირი (Unio cleri pro missionibus), შემდგომში „მღვდელმსახურთა და მოწესეთა პაპის კავშირი“, დაარსდა 1916 წელს, 1919 წელს შეერწყა სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაციას, 1956 წლიდან პაპის ინსტიტუტია. ცალკეულ ქვეყნებში აღმოცენებულ მრავალრიცხოვან მისიონერულ ინსტიტუტთაგან პირველთა შორის იყო გერმანელ კათოლიკეთა ასოციაცია აფრიკის დასახმარებლად, რომელიც დაარსდა 1888 წელს (1920 წელს გაუქმდა) და, მისიის ხელშეწყობის გარდა, ზოგადად, მონობასთან ბრძოლას ისახავდა მთავარ მიზნად. აღსანიშნავია, აგრეთვე პიეტრო კლავერის გაერთიანება, რომელიც 1894 წელს თავადის ქალმა მარია ტერეზა ლედოხოვსკამ დააარსა აფრიკის დახმარების მიზნით და 1925 წელს ა. შულტეს მიერ დაარსებული MIVA (Missions-werkehrs-Arbeitgemeinshaft). „მსოფლიო სამისიონერო დღე“, რომელიც ძირითადად ოქტომბრის მესამე კვირადღეს იმართება, 1926 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს პაპის მისიონერული ინსტიტუტები 97 ქვეყანაში აგროვებენ შეწირულობებს ეგრეთ წოდებული „ახალგაზრდა ეკლესიების“ დასაფინანსებლად.

მისტაგოგია (Mistagogia/Mistagogico) [ბერძ. mystagoghía, ნაწარმოებია სიტყვიდან mystagogós „მისტაგოგი“] რელიგიათა ისტორიაში აღნიშნავს ყოველივეს, რაც უკავშირდება საიდუმლოებასთან ზიარებას. ქრისტიანულ ტერმინოლოგიაში ესაა ის, რაც უზრუნველყოფს მორწმუნის სათანადო დამოკიდებულებას, რომელიც საშუალებას აძლევს მას, მართებულად მიიღოს მონაწილეობა ქრისტიანულ საიდუმლოებში (საიდუმლო). კერძოდ, ლიტურგიაში აღნიშნავს ქრისტიანული ინიციაციის უკანასკნელ პერიოდს და მოსდევს მორწმუნის მიერ ნათლისღების, მირონცხებისა და ევქარისტიის მიღებას. მისი მეშვეობით ხდება აღდგომის საიდუმლოს გაღრმავება სახარებაზე მედიტაციით, ევქარისტიაში მონაწილეობითა და გულმოწყალების გამოვლინებით. მისტაგოგიური თეოლოგია კი გარკვეულ პერიოდში - პატრისტიკის ხანიდან შუა საუკუნეებამდე - განვითარებული თეოლოგიური ტენდენციაა, რომელიც ნეოპლატონიზმს მისტიკურ, დიალექტიკურ და აპოფატურ ხასიათს დაესესხა.

მისტიკა (Mistica) [ბერძ. mystikós, ნაწარმოებია სიტყვიდან mystés „განდობილი“] ჩვეულებრივ აღნიშნავს ღმერთთან პირდაპირი კავშირის ჭეშმარიტ თუ ამგვარად წარმოდგენილ ნებისმიერ გამოცდილებას, რომელსაც ახასიათებს შინაგანი სიღრმე, უშუალოობა და გამოუთქმელობა. მას შეიძლება ახლდეს მეტ-ნაკლებად შთამბეჭდავი მოვლენები (რომელთაც ხანდახან „პარამისტიკულს“ უწოდებენ). ესენია ექსტაზი, ხილვები, ლევიტაცია, სტიგმატები... ასკეტიზმი არის „წვრთნა“, ვნებათაგან განწმედის შინაგანი სამუშაო, ხოლო მისტიკა კი ჭვრეტითი სწრაფვაა, რომელიც ღმრთაებრივი ნათლის ხილვამდე ამაღლდება (ევაგრე პონტოელი).

მისტიკური კავშირი (Unione mistica) მისტიკურ კავშირში ქრისტიანული გადმოცემა გულისხმობს ქრისტეს გზით ღმერთთან კავშირის გამოცდილებას: „მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში“ (გალ. 2:20), ან „მე და მამა ერთი ვართ“ (იოან. 10:30). ეს გამოცდილება რწმენაში შეიგრძნობა, როგორც მთელი ყოფნის მომცველი სინამდვილე. ამას ადასტურებს ედით შტაინის მიმართვა ღმრთის მიმართ: „შენ უფრო ახლოს ხარ ჩემთან, ვიდრე მე თავად; ჩემს შინაგან სამყაროზე უფრო ახლობელი ხარ ჩემთვის და მაინც მიუწვდომელი და გაუგებარი ხარ“. ნ. მისტიკა.

მისტიციზმი (Misticismo) ფილოსოფიური ან რელიგიური მოძღვრება, რომელიც ღმრთის ან აბსოლუტურის სრულ შემეცნებას უკავშირებს მედიტაციისა და ასკეტიზმის მეშვეობით მიღწეულ შინაგან გასხივოსნებას და არა რაციონალურ ძიებას.

მიტევება (Assoluzione) [ლათ. აბსოლვერე „განთავისუფლება“, „დახსნა“] აქტი, რომლითაც აღსარების მიმღები სინანულის ანუ შერიგების საიდუმლოში იესო ქრისტესა და ეკლესიის სახელით მონანიეს ჩადენილ ცოდვათაგან მიტევებულად ადგენს და აცხადებს. აღსარების წესის აღსრულება მხოლოდ ღმრთისმსახურს შეუძლია (CIC, კან. 965).

მიტევება, საზოგადო ნ. საზოგადო მიტევება.

მიტრა (Mitra) [ბერძ. mítra] ლიტურგიული თავსაბურავი, რომელსაც ეპისკოპოსის წოდების მქონე პირები ატარებენ. ხანდახან, პრივილეგიის სახით მისი ტარების უფლება ეძლევათ აგრეთვე აბატებს, პრელატებსა და კანონიკოსებს. შედგება ორი - წინა და უკანა - ნაწილისგან, ორივე მათგანი წაწვეტებული ფორმისაა. მისი გვერდები იმგვარადაა შეერთებული, რომ მიტრის ქვედა ნაპირი გაიხსნას და მისი თავზე დახურვა გახდეს შესაძლებელი. თავსაბურავის უკანა მხარეს უერთდება ორი განიერი, კეფასა და მხრებზე დაშვებული ლენტი (ნ. ინფულა). მიტრის არსებობის პირველი უტყუარი ცნობა XI საუკუნით თარიღდება: ლეონ IX-მ (1049-1054) მიტრა უბოძა ტრევირის მთავარეპისკოპოს ევერარდოს, რომელიც რომში გაჰყვა მას. XII საუკუნის II ნახევარში მიტრას უკვე, ჩვეულებრივ, ყველა ეპისკოპოსი ატარებდა.

მიტროპოლიტი (Metropolita) [ბერძ. metropolítes (სიტყვიდან metrópolis „მთავარი ქალაქი“)] საეკლესიო პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში მყოფი მთავარეპისკოპოსი. მიტროპოლიტის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში იმყოფება იმავე საეკლესიო პროვინციის შემადგენლობაში შემავალი დიოცეზები, რომელთა ეპისკოპოსებსაც პროვინციის კრებაზე ხმის უფლება აქვთ. მიტროპოლიტს შეუძლია და ვალდებულია: ა) თვალყური ადევნოს, რომ სარწმუნოება და საეკლესიო დისციპლინა ზედმიწევნით იყოს დაცული, და რომის პაპს მოახსენოს სავარაუდო დარღვევათა შესახებ; ბ) განახორციელოს კანონიკური ვიზიტი, იმ შემთხვევაში თუ ხმის უფლების მქონე ეპისკოპოსმა ეს არ გააკეთა; 3) დანიშნოს დიოცეზის ადმინისტრატორი (CIC, კან. 435-438); დ) მოიწვიოს პროვინციის კრება.

მიქა (Michea) ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

მიშნა (Mishnah) [ებრ. sanah „გამეორება“, „სწავლება“, ნიშნავს „სწავლებას“, „გამეორებას“] რაბი იეჰუდას მიერ (დაახლ. 200 წ. ქრისტეს შემდეგ) კოდიფიცირებული საღმრთო წერილის ზეპირი კომენტარი. მომდევნო საუკუნეებში გაკეთებული კომენტარებითურთ (გემარა) შეადგენს თალმუდს (პალესტინური - დაახლ. 400 წ. ქრისტეს შემდეგ; ბაბილონური - დაახლ. 500 წელი ქრისტეს შემდეგ). დღემდე რჩება ნორმატივად. მიშნის სქემა გამეორებაზეა აგებული („რაბი ამა და ამან თქვა“, „რაბი ამა და ამათ თქვეს“). მრავალი მოსაზრების ჩამონათვალი იწვევს იმას, რომ მიშნა ხშირად იმავე ბიბლიურ ნორმებს სცილდება (შდრ. მათ. 15:5, შმდ).

მიძღვნა (Dedicazione) კურთხევა ეკლესიის ან საკურთხევლისა, რომლის ძალითაც ისინი მუდმივად საღმრთო კულტისათვის განკუთვნებას იღებენ. პირველი ქრისტიანები ევქარისტიას საკუთარ სახლებში აღავლენდნენ, მილანის ედიქტის (313) შემდეგ კი დაიწყეს ეკლესიათა აგება მოწამეთა საფლავების თავზე. IV საუკუნის შუაწლებიდან მოწამეთა სახელზე ეკლესიებს უკვე იქაც აგებდნენ, სადაც თვით მოწამეთა საფლავები არ იყო. ამ ეკლესიებში მოწამეთა რელიკვიებს ათავსებდნენ საკურთხეველზე, რომელიც მათ საფლავად განიხილებოდა. შემდგომში დამკვიდრდა ეკლესიის ნებისმიერი წმიდანის, მათ შორის არამოწამისადმი მიძღვნის ტრადიცია (ნ. კურთხევა). ტაძრის მიძღვნა: იუდეველთა დღესასწაული, რომელიც აღინიშნებოდა 25 კისლეუს (დეკემბერი), ქრისტეს შობამდე 165 წელს, იერუსალემის გათავისუფლების შემდეგ იუდა მაკაბელის მიერ ტაძრის განწმედის მოსაგონებლად.

მიწიერი სამოთხე (Paradiso terrestre) [ეტიმოლოგიისათვის ნ. სამოთხე] სეპტუაგინტაში ებრ. gan, „ბაღი“ ნათარგმნია სიტყვით parádeisos. აღნიშნავს სიამოვნებათა ბაღს, რომელშიც, დაბადების თანახმად (2-3), იმყოფებოდნენ ადამი და ევა. ეკლესია ავთენტიკურად განმარტავს ბიბლიური ენის სიმბოლიზმს ახალი აღთქმისა და გადმოცემის შუქზე და ასწავლის, რომ ჩვენი წინაპრები ადამი და ევა პირველქმნილი სიწმიდისა და სამართლიანობის მდგომარეობაში არსებობდნენ. მიწიერ სამოთხეში ადამიანი იყო მთლიანი, მთელი არსებით ერთიანი, რადგან იგი თავისუფალი იყო სამმაგი გულისთქმისაგან, რომელიც გრძნობად სიამოვნებათა, მიწიერ სიკეთეთა მიმართ სიხარბისა და გონების წინააღმდეგ საკუთარი „მე“-ს განმტკიცების სურვილის მონად აქცევს მას. სწორედ ღმერთთან ადამიანის სიახლოვის ნიშანია, რომ ღმერთმა ის მოათავსა ბაღში (დაბ. 2:8), სადაც ადამიანი ცხოვრობდა, „რათა დაემუშავებინა და დაეცვა ის“ (დაბ. 2:15). ამ სიახლოვეს ადამისა და ევას ცოდვის შედეგად მოეღო ბოლო (დაბ. 3; შდრ. CCC, 374-379).

მიწყალე (Miserere) [ლათ. (მხ. რიცხვის მეორე პირი ბრძანებითი კილოსი ზმნისა misereri „შემიწყალე“)] მეფე დავითის ავტორობით ცნობილი ბიბლიის 51-ე ფსალმუნის (ვულგატაში 50-ე) დასაწყისი და სათაური. ყველაზე ცნობილი მონანიების ფსალმუნთაგან. ხშირად სრულდება მონანიების წესებში და დაკრძალვისას.

მკრეხელობა (Empietà) [ლათ. empietas (in+pietas), სიტყვასიტყვით „უმოწყალოდ“] უგულებელყოფა და უპატივმცემლობა ღმრთისა და, აგრეთვე, ადამიანთა მიმართ. ჩვეულებრივ, ტერმინი აღნიშნავს ყოველივე წმიდას ან ზნეობის საწინააღმდეგო ქცევას, რომელიც ადამიანებში შეძრწუნებასა და აღშფოთების გრძნობას იწვევს.

მნათე (Chierichetto) [ნაწარმოები ფორმა სიტყვიდან chierico] ბიჭი, რომელიც მღვდელმსახურს ეხმარება წირვის აღსრულების ან რელიგიური მსახურების დროს.

მნე (ეკონომოსი) (Economo) [ბერძ. oikonómos „მმართველი“] პირი, რომელიც დიოცეზში ან რელიგიურ საკრებულოში ფინანსურ და ეკონომიკურ მართვასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს განაგებს. დიოცეზში, სადაც ახალი დამკვიდრებული ფიგურაა, მნეს ეპისკოპოსი ნიშნავს (CIC, კან. 494); იგი შეიძლება იყოს საერო პირი, მამაკაცი ან ქალი, მთავარია, მას ჰქონდეს ეკონომიკურ საქმეთა წარმართვის გამოცდილება და ახასიათებდეს პატიოსნება.

მოგვები (Magi) [„მაგის“ ეტიმოლოგია დაუზუსტებელია (შესაძლოა, მომდინარეობდეს სანსკრიტიდან mahhet „დიდი“, ან ფალაურიდან mog „მღვდელმსახური“) აღნიშნავს მღვდელმსახურთა კასტას მიდიელთა სამეფოში, - იმათ, ვინც სპარსთაგან დაპყრობის დროს ზარათუშტრას მოძღვრება გაიზიარა. მათეს სახარება (2:1-12) მოგვითხრობს რამდენიმე მოგვის შესახებ, რომლებიც ვარსკვლავს გაჰყვნენ და აღმოსავლეთიდან იერუსალემში ჩავიდნენ იუდეველთა მეუფისათვის თაყვანის საცემად. მოგვებმა - აღმოსავლელმა ასტროლოგებმა და ბრძენკაცებმა - იესოს ძღვნად მიართვეს ოქრო, საკმეველი და მური, შესაბამისად მეფურობის, ღმრთაებრიობისა და ადამიანურობის სიმბოლოები. VI საუკუნიდან ტრადიცია მიიჩნევს, რომ მოგვები სამნი იყვნენ და სახელად ერქვათ გასპარი, მელქიორი და ბალთაზარი. წმიდა კესარიოს არლელმა (VI ს.) მათ მეფეთა წოდება მიაკუთვნა.

მოდალიზმი (Modalismo) დაახლოებით II საუკუნის დასასრულს აღმოცენებული ერესი, რომელიც უკავშირდებოდა სამების საკითხს და გავრცელდა სმირნელი მქადაგებლის, ნოეტუსის მიერ. მის თანახმად, წმიდა სამებაში მამა, ძე და სული წმიდა არა სამი თანასწორი და განსაზღვრული პირია, არამედ ერთი პირის გარეგნულად გამოვლინებისა და მოქმედების სამი საშუალებაა (საიდანაც მომდინარეობს ტერმინი მოდალიზმი: modo ხერხს, საშუალებას აღნიშნავს). მოდალიზმი რომშიც გავრცელდა, უმთავრესად, საბელიუსის მეოხებით (რის გამოც მას საბელიანობა ეწოდებოდა), რომელიც პაპმა კალისთემ 217 წელს განკვეთა. აღმოსავლეთში მიღწეული ხანმოკლე წარმატების შემდეგ III საუკუნეში მოდალიზმმა არსებობა შეწყვიტა.

მოდერნიზმი (Modernismo) XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის რელიგიური და კულტურული მოძრაობა ევროპულ კათოლიკობაში, რომელიც ქრისტიანული მოძღვრებისა და თანამედროვე მეცნიერებათა, განსაკუთრებით - ისტორიულ-კრიტიკული მეთოდის - ურთიერთშეთანხმებას ესწრაფვოდა. ამავე დროს მისი მიზანი იყო საეკლესიო დისციპლინის განხრით რეფორმათა განხორციელება, რაც ეკლესიას საზოგადოების შეცვლილ მოთხოვნილებებსა და თანამედროვე კულტურის მიერ წამოჭრილ საკითხებზე პასუხის გაცემის საშუალებას მისცემდა. მოდერნიზმის წიაღში გამოკვეთილმა ა. ლუაზისა (†1940) და გ. ტირელის (1861-1909) ექსტრემისტულმა პოზიციებმა განაპირობა მოდერნისტული მიმდინარეობის ერთიანად დაგმობა 1907 წლის ივლისში დეკრეტით Lamentabili. დაგმობა განამტკიცა პიუს X-ის 1907 წლის 8 სექტემბრის ენციკლიკამ Pascendi. ეკლესიის ეს ნაბიჯი თანამედროვე მოძრაობათა მიმართ მიკერძოებული მტრული დამოკიდებულების შენარჩუნებად იქნა შეფასებული. „მოდერნისტები“ უწოდეს, აგრეთვე, კათოლიკეებსაც, რომელთა მოდერნისტული განწყობის თაობაზე მხოლოდ ეჭვი არსებობდა და, ამგვარად, ლიბერალების ან ეკლესიის მოწინააღმდეგეთა იდეოლოგიური დაღი დაასვეს მათ. დღეს იგივე მნიშვნელობით „ნეომოდერნიზმი“ მოიხსენიება.

მოდრეკა (Inchino) [ნაწარმოებია ზმნიდან inchinare „დახრა“, „მოხრა“] თაყვანისცემისა და მოწიწების ლიტურგიული ჟესტი, რომელიც თავის ან ტანის მოხრაში გამოიხატება. სრულდება საკურთხევლის ჯვრისა და მსახურების აღმვლენელის წინაშე გავლისას. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ასეთ ჟესტს ასრულებს ევქარისტიული მსახურებისას იესოს სახელისა და მონანიების ლოცვათა წარმოთქმისას.

მოზარაბული წესი (Mozarabi/Mozarabico, rito) [ესპ. mozárabi (არაბ. mosta'rabi „არაბიზირებულნი“)] „არაბიზებული“ ესპანელი ქრისტიანები, რომლებიც არაბთა მიერ იბერიის ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ (711 წ.) არაბთა შემწყნარებლური რელიგიური პოლიტიკის პირობებში ცხოვრობდნენ, თუმცა ქრისტიანული სარწმუნოების მიღება სიკვდილის მუქარით იკრძალებოდა. მიუხედავად სოციალურ-კულტურული იზოლაციისა, მოზარაბული საკრებულო არ იდევნებოდა და შეძლო ანტიკური ესპანური ლიტურგიის შენარჩუნება. ეს ლიტურგია დასაბამიდანვე ძალიან განსხვავდებოდა რომაულისაგან და ვესტგუთების ბატონობის დროს განიცადა აღმოსავლური გავლენა. ასტურიაში, - რეგიონში, საიდანაც დაიწყო ომაიადთა წინააღმდეგ აჯანყება, - მოზარაბული ლიტურგია ეროვნულ წესად გამოცხადდა; ის კიდევ უფრო გააძლიერა რეკონკისტამ (1031-1260). თუმცა XI საუკუნის დასასრულს გრიგოლ VII-მ ის მაინც შეცვალა რომაული ლიტურგიით. მოზარაბული ლიტურგიის შემორჩენილი ფრაგმენტები შეაგროვა და დააბეჭდინა კასტილიის მთავარმა ინკვიზიტორმა ესპანელმა კარდინალმა ფრანცისკე ხიმენეს დე სისნეროსმა (†1517). მოზარაბული ლიტურგია შეიცავს მნიშვნელოვან მონაცემებს, რაც იმავე პერიოდში გამქრალი გალიკანური ლიტურგიის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა.

მოზეიმე ეკლესია (Trionfante, Chiesa) აღნიშნავს წმიდათა თანაზიარებას, რომლებიც უკვე ღმრთის დიდებაში იმყოფებიან და შუამდგომლობენ მსხემი ეკლესიისათვის, რომლისთვისაც მაგალითს წარმოადგენენ (შდრ. CCC, 954-959).

მოთმინება (Pazienza) [ლათ. patientia (სიტყვიდან pati „ატანა“)] სევდისა და, შესაბამისად, გულგატეხილობის გამომწვევ წინააღმდეგობათა და იმედგაცრუებათა „ატანის“ სათნოება, დაკავშირებული სიმტკიცის სათნოებასთან.

მოირა (Moira) [ბერძ.] ინდივიდუალური ბედისწერა კოსმოსის საერთო სივრცის ფარგლებში, რომელსაც ღმრთაებრივი განგების (prónoia) გამომხატველი კანონები (eimarméne) მართავს. ეს ტერმინები უმთავრესად ისტორიულად ჩამოყალიბდა სამყაროს განმარტების მიზნით, შემდეგ კი გნოსისში იქნა გამოყენებული ხსნის განმარტებისათვის.

მოიუდეველონი (Giudaizzanti) ახალ აღთქმაში აღნიშნავს მოსეს კანონის ერთგულ ქრისტიანებს, რომლებსაც სურთ, ეს კანონი და წინადაცვეთა დაუწესონ წარმართობიდან მოქცეულთ. მიუხედავად იერუსალემის კრების მიერ (საქმ. 15) მათი დაგმობისა, მოიუდეველონი კვლავაც განაგრძობდნენ მოღვაწეობას და სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ წმიდა პავლეს მიერ დაარსებულ (გალ.1-2) ქრისტიანულ საკრებულოებს. ტერმინი აღნიშნავს აგრეთვე სამების მოწინააღმდეგე იმ ერესის მიმდევრებსაც, რომელიც XV საუკუნეში, რუსეთში, უმთავრესად მოსკოვის დიდი მთავრის, ივანე II-ის კარზე გავრცელდა. ეს სახელწოდება მიანიშნებს, რომ ერეტიკოსებმა იუდაური აზროვნების გავლენა განიცადეს.

მოკალმასე (Questuante) შესაწირავის შემგროვებელი. ნ. კალმასობა.

მოკვდინება (Mortificazione) [საეკლესიო ლათ. mortificatio, მომდინარეობს ზმნიდან mortificare „მოკვდინება“] ასკეტური ტერმინი, აღნიშნავს საკუთარი თავისათვის დაწესებულ შეზღუდვებს ავხორცობის დაძლევისა და ცოდვის დამარცხების მიზნით ზნეობრივი და სულიერი სრულყოფისაკენ სწრაფვაში. წმიდა პავლე მას დაბეჯითებით ურჩევს მორწმუნეთ (რომ. 8:13; კოლ.3:5); საჭიროა სულიერი ზრდისა და განვითარებისთვის (შდრ. CCC, 2015).

მოკლე ლოცვა (Giaculatroia) [გვიანლათ. iaculatoria (prex) „ცისკენ აღვლენილი ლოცვა“] უმთავრესად, გულში, დღის განმავლობაში, ჩვეულებრივი საქმიანობის დროს ნათქვამი მოკლე ლოცვა, რომელიც აღევლინება ღმრთისადმი, მასთან კავშირის დასამყარებლად.

მოლინიზმი (Molinismo) თეოლოგიური მიმდინარეობა. ასე იწოდება ესპანელი იეზუიტის, ლუის დე მოლინას (1535-1600) სახელის მიხედვით. მოძღვრება ღმრთის ყოვლისშემძლეობისა და ადამიანის თავისუფალი ნების ერთმანეთთან შეთანხმების მცდელობაა ღმრთის ყოვლისმცოდნეობის მეშვეობით. თომისტურ მეტაფიზიკასა და მადლის შესახებ ავგუსტინესეულ მოძღვრებასთან არაერთ საკითხში დაპირისპირებული ეს მოძღვრება მრავალი კამათის მიზეზი გახდა. მის თეზისთა ერთი ნაწილი დაგმობილ იქნა.

მომაკვდავთა შევედრება (Raccomandazioni dei moribondi) ლოცვათა ერთობლიობა, აღვლენილი მღვდელმსახურის ან დამსწრეთა მიერ მომაკვდავთათვის და მათთან ერთად, რათა გაუადვილონ სიკვდილთან დაკავშირებული ბუნებრივი მღელვარების მიღება მკვდრეთით აღდგომის იმედით, ჯვარზე მომაკვდავი ქრისტეს მაგალითით.

მომლოცველი (Pellegrino) [ლათ. peregrinus] მომლოცველობის მონაწილე პირი.

მომლოცველი მამები (Padri pellegrini) ინგლისის ეკლესიაში არსებული სეპარატისტული ჯგუფი, რომლის წევრებიც 1620 წელს ამერიკაში გაემგზავრნენ და მასაჩუსეტსში კოლონია დააარსეს იმ იმედით, რომ ამერიკაში ცხოვრების უკეთეს პირობებსა და მეტ რელიგიურ თავისუფლებას მიიღებდნენ.

მომლოცველობა (Pellegrinaggio) [ლათ. peregrinatio „უცხო ქვეყანაში მოგზაურობა“] რელიგიური ხასიათის ქმედება: წმიდა ადგილებში (ხშირად იგულისხმება სამლოცველოები) ინდივიდუალური თუ კოლექტიური მოგზაურობა თაყვანისცემის ან მონანიებისა და დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით. ცნობილია თითქმის ყველა რელიგიაში. ამჟამად ქრისტიანთა მომლოცველობის უმთავრესი ადგილებია, გარდა წმიდა მიწისა, რომში მოციქულთა პეტრესა და პავლეს საფლავები, და, უმთავრესად, მარიამის სახელთან დაკავშირებული წმიდა ადგილები: ლურდი, ფატიმა, ლორეტო, პომპეი, ჩესტოხოვა, ალტეტინგი და სხვ.

მონაზვნობა (Monachesimo) [ბერძ. monachós (ზმნიდან monázein „მარტო ცხოვრება“)] რელიგიური ცხოვრების ფორმა, რომელიც გულისხმობს სამყაროსაგან განცალკევებას ღმერთთან ერთიანობაში ყოფნის მიზნით, ლოცვითა და მჭვრეტელობით ცხოვრებას; ახლავს ასკეტიზმი. ქრისტიანობის დასაბამიდანვე ცალკეული ადამიანები ესწრაფვოდნენ ქრისტიანულ სრულყოფას სახარებისეულ დარიგებათა ცხოვრებაში რადიკალური განხორციელების გზით. უმთავრესად ყურადღება უბიწოების დაცვას ექცეოდა (მამაკაცებს ეწოდებოდათ continentes, ქალებს - ვირგინეს). დაახლოებით 300 წელს, წმიდა ანტონის თაოსნობით ჩამოყალიბდა მონაზვნობის პირველი ფორმა, ანაქორეტობა. მონაზვნობის კიდევ ერთი ფორმა იყო განდეგილობა, როგორც ზომიერი, ისე უკიდურესი გამოხატულებით. წმიდა პახომმა დაუდო საფუძველი კენობიტურ სამონასტრო ცხოვრებას. ნილოსზე, თებაიდაში, მან ერთი წინამძღვარისადმი დაქვემდებარებული სხვადასხვა მონასტერი დააარსა. წინამძღვარს მონაზონთა პერიოდულად მონახულება ევალებოდა. სამონასტრო ცხოვრების წესი ასევე ვრცელდებოდა ქალთა მონასტრებზეც. მონაზვნობა სწრაფად გავრცელდა პალესტინაში, შემდეგ კი, წმიდა ათანასეს მეოხებითა და წმიდა იერონიმეს მიერ ნათარგმნი სამონასტრო წესების მეშვეობით, მან დასავლეთშიც მოიკიდა ფეხი. დასავლური მონაზვნობის მამად მიიჩნევა წმიდა ბენედიქტე (480-547), რომელმაც სუბიაკოში დააარსა მონასტერი. მისი წესი შემდგომში იმპერიის ყველა მონასტრისათვის იქცა სავალდებულოდ (ნ. ბენედიქტელები). საუკუნეთა განმავლობაში მონაზვნობის სხვადასხვა რეფორმა გატარდა მის იდეალთა სისპეტაკის ხელახლა დამკვიდრების მიზნით. რეფორმისტულ მოძრაობათა შორის უმნიშვნელოვანესი იყო კლუნის (კლუნის სააბატო, 909წ.) და ცისტერციელთა რეფორმა (სიტო, 1098 წ.). XIII საუკუნეში გლახაკთა ორდენების აღმოცენებამ მოსპო მონაზვნობის ჰეგემონია როგორც საეკლესიო, ისე კულტურულ სივრცეში, თუმცა მონაზვნობა კვლავაც ასრულებს ფუნდამენტურ ფუნქციას ეკლესიის ცხოვრებაში. თავისი დამახასიათებელი ნიშნებით მონაზვნობა აღმოსავლეთის ეკლესიაშიც არსებობს, სადაც სამონაზვნო ცხოვრების ტრადიციულ ფორმებთან ერთად არსებობს, აგრეთვე, უსამშობლო „მოხეტიალე მონაზვნის“ ფორმაც. როგორც სრულყოფილების ძიების რელიგიური გამოცდილება, მონაზვნობა ბუდჰიზმსა და ლამაიზმშიცაა გავრცელებული.

მონაზონი (Monaco) [ბერძ. mónachos (სიტყვიდან mónos „მარტო“)] მამაკაცი თუ ქალი, რომელიც მონაზვნული (ნ. მონაზვნობა) ცხოვრებით ცხოვრობს. კათოლიკეობაში ასე ეწოდება სამონაზვნო ორდენის წევრს.

მონაკვეთი (Pericope) [ბერძ. perikopé „მოკვეთა“ (სიტყვიდან perí „გარშემო“+ნაწარმოები ფორმა ზმნისა kóptein „მოჭრა“, „მოკვეთა“)] საღმრთო წერილიდან ამოღებული ნაწყვეტი.

მონანიე (Penitente) [ლათ. პაენიტენს (აწმყოს მიმღეობა ზმნისა paenitere „მონანიება“) პირი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ცოდვებს და ამბობს აღსარებას („სიმწიფის ასაკის მიღწევის შემდეგ ყოველი მორწმუნე ვალდებულია, პირნათლად თქვას საკუთარ მძიმე ცოდვათა აღსარება, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ“ — CIC, კან. 989). ასე ეწოდება, აგრეთვე, ადამიანს, რომელიც მთელ ცხოვრებას ღმერთთან მიმართებაში მიაქცევს, მწუხარებითა და სინანულით ზრუნავს ჩადენილ ცოდვათა გამოსასყიდად.

მონანიება (Penitenza) [ლათ. paenitentia (paenitere „მონანიება“)] აღსარების, ანუ ცოდვათა მიტევებისა და ღმერთთან და ეკლესიასთან ცოდვის ჩამდენის შერიგების საიდუმლო. ის შესაძლებელი გახდა ქრისტეს მხსნელი ნების წყალობით, ვინც თავის მოციქულებს ცოდვათა მიტევების ძალაუფლება მიანიჭა: „მიიღეთ სული წმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ“ (იოან. 20:22-23). მონანიების საიდუმლო მონანიე პირის მიერ შესრულებული სამი ქმედებისა და მღვდელმსახურის მიერ მისი ცოდვებისგან გათავისუფლების ერთობლიობაა. მონანიე პირის ქმედებებია: სინანული, მღვდელმსახურისათვის აღსარების თქმა და განზრახვა, აღასრულოს მის მიერ გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისა თუ გამოსწორებისათვის საჭირო ქმედებები. მონანიების (რომელსაც, აგრეთვე, სინანული ეწოდება) სურვილი სარწმუნოებით ნაკარნახევი მიზეზებით უნდა იყოს გამოწვეული. თუ მონანიებას ღმრთის მიმართ გულმოწყალე სიყვარული იწვევს, მას „სრულყოფილი“ ეწოდება, თუ ის სხვა მიზეზებით არის გამოწვეული - „არასრულყოფილი“. ღმერთთან და ეკლესიასთან შერიგების მსურველმა მღვდელმსახურს უნდა ჩააბაროს მანამდე მოუნანიებელი ყველა იმ მძიმე ცოდვის აღსარება, რომლებიც ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად აუცილებელი არ არის, ეკლესია მაინც დაბეჯითებით ურჩევს მორწმუნეებს მცირე ცოდვათა აღსარებას. აღმსარებელი მონანიეს სთავაზობს გარკვეულ ქმედებათა შესრულებას მონანიების, გამოწვეული ზიანის გამოსწორებისა და ქრისტეს მოწაფისათვის შესაფერი ქცევა-დამოკიდებულების აღდგენის მიზნით. ქრისტეს სახელით ცოდვათა მიტევების უფლება აქვთ მხოლოდ მღდელმსახურებს, რომელთაც ეკლესიამ ცოდვათაგან გათავისუფლების უფლება მიანიჭა. მონანიების საიდუმლოს სულიერი შედეგებია: ღმერთთან შერიგება, რის შედეგადაც მონანიე კვლავ იბრუნებს მადლს; ეკლესიასთან შერიგება; მომაკვდინებელ ცოდვათა მიზეზით დამსახურებულ მარადიულ სასჯელთაგან გათავისუფლება; ცოდვის შედეგად მიღებული მიწიერი სასჯელისაგან ნაწილობრივ მაინც გათავისუფლება; სიმშვიდე, სუფთა სინდისი და სულიერი ნუგეში; სულიერ ძალთა განმტკიცება ქრისტიანული ბრძოლისათვის. მძიმე ცოდვათა ინდივიდუალური და სრული აღსარება, ცოდვათა შემდგომი მიტევებით ღმერთთან და ეკლესიასთან შერიგების ერთადერთი ჩვეულებრივი საშუალებაა (CCC, 1422-1498).

მონანიების წიგნები (Penitenziali, libri) VII-VIII საუკუნეებიდან ასე ეწოდებოდა აღმსარებელთათვის განკუთვნილ წიგნებს, რომელიბიც ცოდვათა ჩამონათვალსა და შესატყვის სანქციებს (ნ. მონანიება) შეიცავდა. ეს წიგნები მნიშვნელოვანია მონანიების საიდუმლოსა და კანონიკური სამართლის ისტორიის შესასწავლად.

მონანულობა (Pentimento) [ლათ. paenitere „მონანიება“] ჩადენილ ცოდვათა გამო ადამიანის მწუხარებისა და ტანჯვის გრძნობა, დართული გადაწყვეტილებას, აღარ შესცდოს. ის აუცილებელია მონანიების საიდუმლოს მისაღებად და უპირისპირდება უბრალო სინდისის ქეჯნას, რაც მხოლოდ ცოდვის შედეგთა შიშის გამოვლინებას წარმოადგენს.

მონარქიანელობა (Monarchianesimo) [ბერძ. monarchía „თვითმპყრობელობა“] მოძღვრება, რომელიც უარყოფდა სამებას და აცხადებდა ღმრთის აბსოლუტურ ერთადერთობას. ამ თეორიის თანახმად, ქრისტე ღმრთის აყვანილი შვილია, ან მასზე საუბრისას მოდალიზმს იშველიებენ (ცერინტუსი, პავლე სამოსატელი, ებიონიტები).

მონასტერი (Monastero) [ბერძ. monastérion, თავდაპირველად „განდეგილის სენაკი“ (სიტყვიდან monastés „განდეგილი“)] ადგილი, სადაც ცხოვრობს მამაკაც ან ქალ მონაზონთა საკრებულო. პირველი მონასტერი 320 წელს წმიდა პახომმა დააარსა, თუმცა საბოლოოდ მონასტერი აღმოსავლეთში V საუკუნეში, ხოლო დასავლეთში - VI საუკუნეში, წმიდა ბენედიქტეს (ბენედიქტელნი) მეოხებით ჩამოყალიბდა. ბენედიქტესეული წესდების თანახმად, ყოველი მონასტერი დამოუკიდებელ ერთეულს წარმოადგენდა და უზრუნველყოფილი იყო ყოველივე აუცილებლით: ჰქონდა წყალი, წისქვილი, სახელოსნოები, ბოსტანი, სკოლა, ბიბლიოთეკა, ეკლესია და ა.შ. ამგვარად მონასტერმა, - ნამდვილმა სოციალურმა მიკროორგანიზმმა, შეძლო ბარბაროსთა შემოტევების გადატანა და ცივილიზაციისა და კულტურის ფასდაუდებელი საგანძურის შენარჩუნება.

მონოთეიზმი (Monoteismo) [ბერძ. mónos „მხოლოდ ერთი“ +theós „ღმერთი“] მოძღვრება, რომელიც მხოლოდ ერთი ღმრთის არსებობას აღიარებს. უპირისპირდება პოლითეიზმს (მრავალი ღმრთის არსებობის დაშვებას) და განსხვავდება ჰენოთეიზმისაგან (მხოლოდ ერთი ღმრთის მიღება, თუმცა, ამავე დროს, სხვა ღმრთაებათა არსებობა არ გამოირიცხება). მონოთეიზმს ორი არსებითი ელემენტი ახასიათებს: ღმერთი ერთადერთია და ყოველივეს შემოქმედი. დიდი მონოთეისტური რელიგიებია: ებრაელობა, ქრისტიანობა, ისლამი.

მონოთელიტიზმი (Monotelismo) [ბერძ. mónos „მხოლოდ ერთი“+thélesis „ნება“] VII საუკუნის ქრისტოლოგიური ერესი, რომლის თანახმადაც, იესო ქრისტეში მხოლოდ ერთი - ღმრთაებრივი ნება მოქმედებდა. კონსტანტინოპოლის მესამე კრებამ (680-681) დაგმო მონოთელიტიზმი და გამოაცხადა ქრისტეში ორი განცალკევებული ნების (ღმრთაებრივისა და ადამიანურის) არსებობა და ადამიანური ნების ღმრთაებრივისადმი თავისუფალი მიმხრობა.

მონოფიზიტობა (Monofisismo) [ბერძ. mónos „მხოლოდ ერთი“+phýsis „ბუნება“] ევტიქის ერეტიკული მოძღვრება, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ, ღმრთაებრივ ბუნებას აღიარებს და ადამიანურს უარყოფს. ეს მოძღვრება V საუკუნეში გავრცელდა და ქალკედონის კრების მიერ იქნა დაგმობილი (451).

მონსინიორი (Monsignore) [ფრანგ. mon „ჩემი“+seigneur „ბატონი“] საპატიო წოდება, რომელიც ენიჭება ეპისკოპოსებს და განსაკუთრებული ღირსების მატარებელ ცალკეულ საეკლესიო პირებს (პაპის კარის პრელატებს, კანონიკოსებს და სხვ.). ერთ დროს ასე მიმართავდნენ, აგრეთვე, პაპებს, მონარქებსა და კარდინალებს.

მონტანიზმი (Montanismo) დაახლოებით 170 წელს ფრიგიაში (მცირე აზია) მღვდელ მონტანის მიერ გავრცელებული ერესი. მილენარისტული განწყობის ეს მიმდინარეობა ქადაგებდა მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ქრისტეს პარუსიის მოლოდინში, რასაც შემდეგ ფრიგიის დაბლობზე ზეციური იერუსალემის დაშვება უნდა მოჰყოლოდა. მონტანისტები თავს უშუალოდ ღმრთისგან შთაგონებულებად მიიჩნევდნენ და „წინასწარმეტყველებათა“ დროს შმაგ ექსტაზში ვარდებოდნენ. აცხადებდნენ, რომ ეკლესიის ავტორიტეტს არა ეპისკოპოსები, არამედ ახალი წინასწარმეტყველები წარმოადგენდნენ. სექტის პირველ მიმდევართა შორის იყვნენ ქალებიც (წინასწარმეტყველები პრისცილა და მაქსიმილა) და ტერტულიანე. მკაცრად ორგანიზებულმა მონტანისტურმა საკრებულოებმა, რომლებიც ფრიგიაში მდებარე პეპუცას ექვემდებარებოდა, მცირე აზიაში V საუკუნემდე იარსება.

მონფორელნი (Monfortani/e) წევრები მარიამის საზოგადოების სასულიერო კონგრეგაციისა, რომელიც დაახლოებით 1705 წელს პუატიეში (საფრანგეთი) წმიდა ლუი მარი გრინიონ დე მონფორმა (1673-1716) დააარსა. ორგანიზაციის მიზანი იყო გლეხთა და მოქალაქეთა შორის სახარების გავრცელება ქადაგებისა და ხალხის მსახურების მეშვეობით. შემდგომში მონფორელებმა, ფუძემდებლის წადილის გათვალისწინებით, სახარების ქადაგების არეალი გააფართოვეს და წარმართი ხალხებიც მოიცვეს (ად გენტეს). ლუი მარი გრინიონ დე მონფორმა ნეტარ მარია ლუიზა ტრიკესთან (1684- 1759) ერთად დააარსა ორგანიზაცია ცოდნის ასულები, რომლის მიზანიც ახალგაზრდათა ქრისტიანული აღზრდა და საავადმყოფოებში დახმარების გაწევა იყო. მონფორის მიერ დაარსებული კიდევ ერთი ინსტიტუცია, - წმიდა გაბრიელის ქრისტიანული განათლების ძმები, - აგრეთვე, ახალგაზრდობის აღზრდას ემსახურება.

მორალური (ზნეობრივი) თეოლოგია (Morale, teologia) [ლათ. moralis, ნაწარმოებია სიტყვიდან mos „ჩვევა“] თეოლოგიის ის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ქმედებას ქრისტიანული მოწოდების - როგორც გულმოწყალებით სიწმიდის მოწოდების და აქედან გამომდინარე ვალდებულებათა - თვალსაზრისით. მორალური თეოლოგიის, ისევე, როგორც მთელი თეოლოგიის, მთავარი წყარო გამოცხადებაა.

მორმონები (Mormoni) წევრები XIX საუკუნეში აღმოცენებული ადვენტისტური პროტესტანტური სექტისა, რომელიც „უკანასკნელი დღეების წმიდათა იესო ქრისტეს ეკლესიას“ უწოდებს თავს. ჯოზეფ სმიტის (1805-1844) მიერ დაარსებული ამ სექტის წევრები იზიარებენ სმიტის მიერ მორმონის წიგნში (Book of Mormon, 1830) ჩამოყალიბებულ, ბიბლიიდან და პირადად სმიტის შთაგონებებიდან მომდინარე სარწმუნოებრივ საკითხებს. 1843 წელს სმიტმა პოლიგამია დაამკვიდრა. მისმა მემკვიდრემ ბრაიემ იუნგმა (1801-1877) მორმონთა საკრებულო 1847 წელს კლდოვან მთებში წაიყვანა, სადაც ქალაქი სოლტ ლეიკ სიტი და იუტას მორმონთა სახელმწიფო (1896 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური შტატი) დააარსა. მორმონები ჟამთა აღსასრულს ქრისტეს მოსვლას ელიან, როცა ის მათთან ერთად ათასწლოვან სასუფეველს შექმნის. იერარქიული წყობის მქონე მორმონთა ორგანიზაციას ამჟამად 4 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს. ახასიათებთ ასკეტური ცხოვრების წესი და მოყვასისადმი სიყვარული.

მორჩილება (Obbedienza) [ლათ. oboedientia (სიტყვიდან ob-audire „ზედმიწევვნით მოსმენა“)] ზოგადი მნიშვნელობით, წმიდა თომა აკვინელის განმარტების თანახმად, მორჩილება არის სამართლიანობასთან დაკავშირებული „ზნეობრივი სათნოება, რომელიც განსაზღვრავს ქვეშევრდომთა დამოკიდებულებას ხელმძღვანელობასთან და განაწყობს ადამიანის ნებას ზემდგომის განკარგულების შესასრულებლად“. ბიბლიაში მორჩილება ღმრთის სიტყვისა და ნების მიღებას აღნიშნავს. იესო ამგვარი მორჩილების უბადლო ნიმუშია (ლუკ. 2:48; რომ.5:19), რადგან იგი მამის მორჩილი იყო სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე (ფილ. 2:8). ამ მიზეზითაა მორჩილება ერთ-ერთი სამ სახარებისეულ რჩევათაგან და სამოწესეო ცხოვრების საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც მოწესეები და მონაზვნები ვალდებულებას იღებენ, საკუთარი ნება დაუქვემდებარონ კანონიერ ზემდგომებს, წინამძღვრებს, რომლებიც ცალკეული ინსტიტუტების წესდებათა შესაბამისად განკარგულებათა გაცემისას ღმრთის წარმომადგენლები არიან (LG, 42; PC, 41; CIC, კან. 601). სადიოცეზო მღვდელმსახურები არ დებენ მორჩილების აღთქმას, თუმცა მღვდლად ხელდასხმის დღეს ეპისკოპოსის მიმართ „მორჩილების პირობას“ დებენ.

მორწმუნეები (Fedeli) [ლათ. fideles (სიტყვიდან fides „რწმენა“)] მორწმუნეებად („christifideles“) მიიჩნევენ ადამიანებს, რომელთაც მიიღეს ნათლისღების საიდუმლო, რომლის ძალითაც შეიძინეს წარუშლელი ურთიერთობა ქრისტესთან და იქცნენ ეკლესიის შემადგენელ ნაწილად. რწმენის კატეგორია ძირეული კატეგორიაა, რადგან ნათლობის კურთხევით განურჩევლად ყველა მორწმუნე ღმრთის ხალხს შეადგენს და თვით ქრისტეს სამეფო წინასწარმეტყველურსა და სამღვდელმსახურებო მისიაში მონაწილეობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკლესიაში ყველა მორწმუნე ერთნაირი ღირსების მატარებელია და „მოწოდებულია, თითოეულმა საკუთარ შესაძლებლობათა შესაბამისად განახორციელოს მისია, რომელიც ღმერთმა ეკლესიას მიანდო სამყაროში შესასრულებლად“ (CIC, კან. 204).

მორწმუნეთა ასოციაციები (საჯარო და კერძო) (Associazioni di fedeli (pubbliche e private)) ასოციაციები, რომლებშიც „მორწმუნენი, საერონი თუ სასულიერო პირები, ცალ-ცალკე თუ ერთად ერთობლივი მოქმედებით ესწრაფვიან უფრო სრულყოფილ ცხოვრებას, ან საჯარო კულტისა თუ ქრისტიანული მოძღვრების ხელშეწყობას, ან სხვა სამოციქულო საქმიანობას, როგორებიცაა სახარების გავრცელებისკენ მიმართული ინიციატივები, საქველმოქმედო საქმიანობა თუ გულმოწყალების სამსახური, ქრისტიანული სულით წარმავალი წესის განმსჭვალვა“ (CIC, კან. 298). ასეთი ასოციაციები შეიძლება იყოს: საჯარო, როდესაც ისინი უფლებამოსილი საეკლესიო ხელისუფლის მიერაა დაარსებული ან კერძო, თუკი მორწმუნეთა შორის (პირადი) შეთანხმების საფუძველზე არსდება.

მორწმუნეთა ლოცვა (Preghiera dei fedeli) საერთო ლოცვა, რომლითაც სრულდება ღმრთის სიტყვის ლიტურგია ევქარისტიაში. მოკლე შესავლის შემდეგ, რომელშიც მღვდელმსახური მორწმუნეებს ლოცვისაკენ მოუხმობს, ლექტორი დამსწრეთ წარმოუდგენს ვედრებებს, რაზეც ისინი მოხმობით უპასუხებენ. ვედრებათა თანმიმდევრობა შემდეგია: თავდაპირველად ლოცულობენ ეკლესიის, მმართველების საჭიროებათა, მთელი სამყაროს ხსნისათვის, ცალკეული გასაჭირის მქონე პირებისათვის, ერთად შეკრებილი ადგილობრივი საკრებულოს და, დასასრულ, მიცვალებულთათვის. მცირე დუმილის შემდეგ მღვდელმსახური უფალს ავედრებს ყველა, მათ შორის, საჯაროდ გამოუთქმელ ვედრებას.

მოსახსენებელი (Memoria) [ლათ. memoria, ნაწარმოებია სიტყვიდან memor „ის, ვისაც ახსოვს“] ძველად, შესაძლოა, აღნიშნავდა „საფლავის ძეგლს“ ან „სასაფლაოს სალოცავს“, აღმართულს მოწამის საფლავზე. დღეს აღნიშნავს წმიდანის მოსახსენიებელ (სავალდებულო ან არასავალდებულო) მსახურებას.

მოტეტი (Mottetto) [კნინობითი ფორმა სიტყვისა motto (შდრ. შუასაუკუნ. ლათ. motetus, ფრანგ. motet, კნინობითი ფორმა სიტყვისა mot „სიტყვა“, „სტროფი“)] ვოკალური ან ვოკალურ-ინსტრუმენტული პოლიფონიური ფორმა, გავრცელებული XIII საუკუნიდან. პიერლუიჯი პალესტრინას დამსახურებით XVI საუკუნეში მიაღწია განვითარების მწვერვალს; განსაკუთრებით განვითარდა კაპელად წოდებული სტილი (ოთხი ან რვა ხმისათვის).

მოტუ პროპრიო ნ. Motu proprio.

მოქცევა (Conversione) [ლათ. conversio (მომდინარეობს სიტყვიდან convertere) „მიმართვა“, „მიბრუნება“] ტერმინი აღნიშნავს როგორც გადასვლას ერთი რელიგიიდან მეორეზე, ისევე ცოდვილის ღმერთთან მიბრუნებას მისგან დაშორების შემდეგ. ტრიდენტის კრებამ ხაზი გაუსვა მოქცევის ზებუნებრივ ხასიათსა და ღმრთის ჩარევის აუცილებლობას.

მოქცეული, კონვერსუსი (Converso) [ლათ. სიტყვიდან conversus „მოქცეული“] ძველად აღნიშნავდა პირს, რომელიც ასაკოვანი შეუდგა სამონაზვნო ცხოვრებას. შემდეგ (X-XIსს.) - მოწესეს, რომელსაც არ მიუღია სამღვდელმსახურებო ხელდასხმა და რომელიც ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდა.

მოყვასი (Prossimo) [ლათ. proximus, აღმატებითი ხარისხის ფორმა სიტყვისა prope „ახლობელი“] ისრაელში ასეთად მიიჩნეოდა ადამიანი, რომელიც არ განეკუთვნებოდა გვარს, მაგრამ გვარის ახლობელი იყო, როგორც თანამემამულე და ღმრთის ხალხის წარმომადგენელი (ეს. 20:16; ლევ. 19:13.16.18; რჯლ. 5:1; 24:14, შმდ.; იერ. 22:13; მალ. 3:5), აგრეთვე ქვეყანაში მცხოვრები უცხოელი (ეს. 22:20; ლევ. 19:34; რჯლ. 10:18; 24:17; 27:19; ფსალმ. 146:9), ზოგჯერ მტერიც (ეს. 23:4, შმდ.; პროკლ. 25:21; იერ. 15:11). იესო ამ ცნებას ყველა ადამიანზე ავრცელებს (მათ. 5:44, შმდ.; ლუკ. 10:25-37; იოან. 13:34, შმდ.; რომ. 13:8, შმდ.; გალ. 6:2.10) და აცხადებს, რომ ყოველი ადამიანი ისევე უნდა გვიყვარდეს, როგორც უნდა გვიყვარდეს ღმერთი (მათ. 22:36-40; მარკ. 12:28, შმდ; ლუკ. 10:25, შმდ,; 1იოან. 4:20). კეთილი სამარიტელის იგავში აღნიშნულია, რომ მოყვასი ის კი არ არის, რომელიც ჩვენ გვიკეთებს სიკეთეს, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რომლსაც შეიძლება სიკეთე გავუკეთოთ (ლუკ. 10:25-37). ნ. გულმოწყალება.

მოშურნე (Zelatore) [გვიანლათ. zelator] მორწმუნე, რომელიც გულმოდგინებით ემსახურება საკულტო თაყვანისცემის რამე კონკრეტული ფორმის გავრცელებას (მაგალითად, წმიდა გულის, ქალწული მარიამის თაყვანისცემა და ა.შ.) ან ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. როგორც წესი, ასეთი მორწმუნე მოწესეთა კრებულის ან ორგანიზებული ჯგუფის წევრია.

მოშურნენი ნ. ზელოტები.

მოცეტა (Mozzetta) [ლათ. mutius (სიტყვიდან mutilus „დასახიჩრებული“) „მოკლე“, „შემოკლებული სამოსი“] გულზე ღილებით შეკრული სხვადასხვა ფერის მოკლე მოსასხამი პატარა კაპიუშონით. არაა განკუთვნილი ლიტურგიული მსახურებისთვის. იცვამენ როკეტოს ზემოდან. წითელი ფერისაა პაპისა და კარდინალთათვის, იისფერი - ეპისკოპოსთა და ცალკეულ პრელატთათვის (აბატები, კანონიკოსები და ა.შ.).

მოციქულთა საქმეები ნ. საქმეები.

მოციქულთმსგავსნი (Apostolici) ასე ეწოდა ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში აღმოცენებულ მრავალრიცხოვან ერეტიკულ სექტათა მიმდევრებს. ისინი მოციქულთა მაგალითით (რამაც განაპირობა მათი სახელწოდება) ცხოვრობდნენ სახარებისეულ სიღარიბეში, ჰქონდათ საერთო ქონება და მისდევდნენ ასკეტური ცხოვრების წესს. ისინი არ ცნობდნენ საეკლესიო იერარქიას, რადგანაც მას გადაგვარებულად მიიჩნევდნენ.

მოციქული (Apostolo) [ბერძ. ზმნიდან apostéllein „წარგზავნა, მივლინება“; წარმოიქმნა არსებითი სახელი apóstolos, საიდანაც მოდის ლათ. apostolus] ასე ეწოდება იესოს თორმეტ თანამშრომელს, რომლებიც თავად შეარჩია (მათ. 10:1-4) და თავისი სახარების გასავრცელებლად (მათ. 28:18-20) წარგზავნა. მოციქულებია: პეტრე, ანდრია, იაკობი, იოანე, ფილიპე, ბართლომე, მათე, თომა, იაკობ ალფეს ძე, იუდა თადეოზი, სიმეონ ზელოტი და იუდა ისკარიოტელი, რომლის ნაცვლადაც მათია იქნა არჩეული. მაშასადამე, მოციქულები არიან „მოწმენი“ იმისა, რაც იხილეს და ისმინეს, განსაკუთრებით კი — იესოს მკვდრეთით აღდგომის მოწმენი. გადატანითი მნიშვნელობით, მოციქული ეწოდება ადამიანს, რომელიც მთლიანად სახარებისეულ მისიასა და ქრისტიანული სარწმუნოების მსახურებას უძღვნის საკუთარ თავს.

მოციქულობა (Apostolato) [მომდინარეობს ბერძ. apostéllein „წარგზავნა, მივლინება“] მოციქულის მისია და საქმიანობა, რომლის მიზანია იესო ქრისტეს დავალების განხორციელება; გამოიხატება ქადაგებაში, ანუ სარწმუნოების გავრცელებაში. ამ სიტყვას შეიძლება ჰქონდეს, ასევე, ზნეობრივ, სამოქალაქო და საზოგადოებრივ იდეალთა დამოწმების ან პროპაგანდის მნიშვნელობა.

მოძრაობა ოაზისი („Oasi“, movimento) მამა ვირჯინიო როტონდის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსებული მოძრაობა, რომელიც ახალგაზრდებს სახარების თანახმად წარმართული სულიერი ცხოვრების პროგრამას სთავაზობს. მოძრაობას სამმაგი სტრუქტურა აქვს: მსახურების ჯგუფები, წარმმართველები და საერო ინსტიტუტი Ancilla Domini.

მოწამე (Martire) [ბერძ. martýs „მოწმე“] პიროვნება, რომელიც საკუთარი სარწმუნოებისათვის განიცდის დევნას, ტანჯვას და იღებს სიკვდილს. ეკლესია დასაბამიდანვე მიაგებდა პატივს მათ, ვინც რწმენას საკუთარი სისხლით ამოწმებდა. მოწამეობის ადგილას ყოველწლიურად იმართებოდა შეკრებები, შემდეგ იქ საღმრთო ნაგებობები იგებოდა.

მოწამეთა საქმეები ნ. საქმეები.

მოწამეობა (Martirio) [ბერძ. martýrion „დამოწმება“] აღნიშნავს სიკვდილს ან ტანჯვას, რომელსაც იღებს მორწმუნე საკუთარი სარწმუნოების დასამოწმებლად.

მოწაფეები (Discepoli) [ლათ. discipulus, რომელიც ნაწარმოებია ზმნიდან discere „სწავლა“] ძველ აღთქმაში ასე ეწოდება მოძღვრის სწავლების მიმდევარს (იგავ. 5:13; 10:17; 23:12.26). ახალ აღთქმაში იესოს მოწაფეები ეწოდებათ თორმეტ მოციქულს (მათ. 10:1), სამოცდათორმეტსა (ლუკ. 10:1) და იესოს ყველა მიმდევარს (მათ. 4:19, შმდ., 8:21, შმდ., მარკ. 2:14; საქმ. 6:1; 9:1.25; 11:26; 21:16), ვინც სახარებისეულ რადიკალურ მოწოდებას იღებს. იესოს მოწაფეთა შორის იყვნენ: იოსებ არიმათიელი (მათ. 27:57), მარიამ მაგდალელი (ლუკ. 8:2), იოსები, ბარშაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეარქვეს, და მათია (საქმ. 1:23). ეს უკანასკნელი შემდეგ იუდას ნაცვლად აირჩიეს მოციქულად.

მოწესე (Religioso) [ლათ. religiosus „რელიგიური“] აღნიშნავს პირს, რომელმაც სიღატაკის, უბიწოებისა და მორჩილების საჯარო აღთქმათა მეშვეობით ღმერთს მიუძღვნა თავისი ცხოვრება.

მოწესეთა ინსტიტუტები (ინსტიტუციები) (Istituti religiosi) ნ. მოწესეთა ორდენები; მოწესეთა კონგრეგაციები.

მოწესეთა ორდენები (Ordini religiosi) იმ პიროვნებათა საზოგადოებები, რომლებიც ირჩევენ „ცხოვრების უზენაეს წესად სახარების მიერ შემოთავაზებულ და საკუთარი ინსტიტუციის წესდებაში გამოხატულ ქრისტეს გაყოლას“ (CIC, კან. 662). ეს პირები იღებენ ვალდებულებას, სიღატაკის, უბიწობისა და მორჩილების საზეიმო აღთქმათა მეშვეობით განახორციელონ სახარებისეული რჩევები. არსებობს შემდეგი ტიპის მოწესეთა ორდენები: სამონასტრო ორდენები, მოწესე კანონიკოსები, გლახაკთა ორდენები, მოწესე სამღვდელონი და რაინდთა ორდენები. მოციქულობის ტიპის მიხედვით, ეს ორდენები მჭვრეტელობით, აქტიურ და მჭვრეტელობით-აქტიურ ორდენებად დაიყოფა. მოწესეთა საზოგადოებებს, რომელთა წევრებიც მარტივ აღთქმას დებენ, კონგრეგაციები ეწოდება. ამჟამად მიღებული ტერმინოლოგიის თანახმად, სამონაზვნო ორდენები და სამონაზვნო ცხოვრების ყველა ფორმა სრულყოფის ინსტიტუციათა ზოგად კონტექსტში ერთიანდება.

მოწესე სამღვდელონი (Chierici regolari) ფართო მნიშვნელობით აღნიშნავს ყველა მოწესე სამღვდელოს, - რელიგიური ორდენისა თუ კონგრეგაციის წევრს, ხოლო ვიწრო მნიშვნელობით - XVI საუკუნიდან აღმოცენებულ საზოგადოებათა და ორდენთა წევრებს, რომელნიც დებდნენ აღთქმას და მოციქულობის სხვადასხვა სახეობას მისდევდნენ (ქადაგება, სწავლება, ავადმყოფებზე ზრუნვა). იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მოწესეთა რომელიმე საკრებულოს განეკუთვნებიან, განირჩევიან საერო სამღვდელოთაგან ანუ სადიოცეზო სამღდველოთაგან. სამონაზვნო და გლახაკთა რელიგიური ორდენების წევრთაგან განსხვავებით, ჟამნს გუნდურად არ ასრულებენ (რაც სამოციქულო სამსახურისათვის მეტი მზადყოფნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად). მოწესე სამღვდელოთა რიცხვს განეკუთვნებიან: იეზუიტები; პასიონისტები; სკოლოპები და სხვ.

მოწოდება (Vocazione) [ლათ. vocatio „მოხმობა“] ფართო მნიშვნელობით, ღმრთის მიერ თითოეული ადამიანის მოწოდება ხსნისაკენ (მათ. 16:24; საქმ. 2:40; 1 კორ. 1:26). ვიწრო გაგებით, ცნება აღნიშნავს ღმრთის მოწოდებას მღვდლობისა და სამოწესეო ცხოვრებისაკენ. ამას უკავშირდება ქრისტეს მოხმობა ლოცვისაკენ: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი - ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (მათ. 9:37, შმდ.)

მოწყალება (Elemosina) [ბერძ. eleemosýne „თანაგრძნობა“, „თანალმობა“] გვიანიუდეურ ხანაში აღნიშნავდა გულმოწყალების გამოვლინებას თანამოძმეთა მიმართ. იესოს დროს ლოცვასა და მარხვასთან ერთად (მათ. 6:1-4; ლუკ. 11:41; 12:33) ასე ეწოდებოდა ყოველი ღმრთისმოსავი ადამიანის ქმედებას, რაც ღარიბთა სასარგებლოდ ფულის შეწირვაში გამოიხატებოდა. ღმრთის სიყვარულით გაჭირვებული ადმიანისათვის უანგაროდ გაწეული ნებისმიერი ნივთიერი დახმარების მნიშვნელობით, მოწყალება დღესაც რჩება მოყვასის მიმართ გულმოწყალების ქმედით გამოხატულებად.

მოწყალების მისიონერები (Missionarie della Carità) უფრო ცნობილნი არიან, როგორც კალკუტელი დედა ტერეზას მონაზვნები. ორდენი 1950 წლის 7 ოქტომბერს დაარსდა. ნეტარი დედა ტერეზა, საერო სახელი აგნეს გონჯა ბოიაჯიუ, დაიბადა 1910 წლის 27 აგვისტოს სკოპიეში (ალბანეთი), მონაზვნად აღიკვეცა ლორეტოს წმიდა მარიამის დათა კონგრეგაციაში. ინდოეთის ქალაქ კალკუტაში მასწავლებლად მუშაობისას (1946) გააცნობიერა ადგილობრივი ხალხის მატერიალური და სულიერი სიღატაკის სიღრმე და გადაწყვიტა, „ღარიბთა შორის უღარიბესთა“ მსახურებისათვის მიეძღვნა თავი. იგი ფაქტობრივად არაფრისაგან ქმნიდა თავშესაფრებს მცირეწლოვანთა, მიუსაფართა, უდედმამოთა, შიდსით დაავადებულთათვის. დედა ტერეზას მონაზონთა რიცხვი 1990 წელს უკვე 3500-ს აჭარბებდა. ისინი იტალიის სხვადასხვა ქალაქებშიც მოღვაწეობენ. სამონაზვნო ცხოვრებისთვის ჩვეული სამი ძირითადი აღთქმის (უბიწოება, სიღატაკე, მორჩილება) გარდა, ისინი აგრეთვე „მთელი გულით, ნებაყოფლობით და უანგაროდ ღარიბთა შორის უღარიბესთა მსახურების“ აღთქმას დებენ.

მოწყალების სამოციქულო სამსახური (Elemosineria Apostolica) ღარიბთა (საერო თუ სასულიერო პირთა) საჭიროების მიხედვით რიგითი თუ საგანგებო მოწყალების გაცემის ჩვეულება ქრისტიანული ხანის საწყისი პერიოდიდან მომდინარეობს და პაპები მუდამ მისდევდნენ მას. პაპმა გრიგოლ X-მ (1271-1276) პირველმა ჩამოაყალიბა მოწყალების სამოციქულო სამსახური და დაადგინა მოწყალების გამცემის უფლებამოსილებანი. 1409 წელს გამოქვეყნებული ბულით ალექსანდრე V-მ სამსახურის მიზნები და ნორმები მოაწესრიგა. რომის პონტიფექსთა ძალისხმევის შედეგად, ეს სამსახური XV და მომდევნო საუკუნეებშიც განაგრძობდა განვითარებას. პავლე VI-ის 1968 წლის 9 მაისის განკარგულების შემდეგ, სამსახურმა სახელწოდება შეიცვალა, მას წმიდა მამის საქველმოქმედო სამსახური ეწოდა, უწყების ხელმძღვანელი კი კვლავაც მისი უწმიდესობის მოწყალების გამცემად იწოდებოდა. 1988 წლის 28 ივნისის სამოციქულო დადგენილებით Pასტორ ბონუს კვლავ დამკვიდრდა ძველი სახელწოდება - „მოწყალების სამოციქულო სამსახური“. მისი უწმიდესობის მოწყალების გამცემი ეპისკოპოსის ღირსებას ატარებს, პაპის სახლის წევრია და მონაწილეობას იღებს პაპის ოფიციალურ აუდიენციებსა და მსახურებებში. მოწყალები გამცემის ამოცანაა თანხების გაცემის მეშვეობით პაპის სახელით ღარიბთა მიმართ გულმოწყალების გამოვლენა. მისი უწმიდესობის მოწყალების გამცემი პაპის რწმუნების საფუძველზე გასცემს სამოციქულო კურთხევას, რაც პერგამენტზე შესრულებული დიპლომების მეშვეობით დამოწმდება.

მრჩეველთა კოლეგია (Collegio dei consultori) სამღვდელო საბჭოს წევრ მღვდელმსახურთა ჯგუფი (6-12 ადამიანი), რომელთაც ეპისკოპოსი ხუთი წლის ვადით ირჩევს (CIC, კან. 502). მრჩეველთა კოლეგია იღებს სამოციქულო წერილებს კოადიუტორი ან დამხმარე ეპისკოპოსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. გარდა ამისა, თუ საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს ეპისკოპოსი, აგრეთვე კოადიუტორი ან დამხმარე ეპისკოპოსი, ან ეპისკოპოსის ვიკარიუსი, ან გენერალური ვიკარიუსი, მრჩეველთა კოლეგიას ევალება იმ მღვდელმსახურის არჩევა, რომელმაც დიოცეზი უნდა მართოს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეპისკოპოსის თანამდებობა ვაკანტურია და არ არის არც დამხმარე ეპისკოპოსი, დიოცეზის მართვა ეკისრება მრჩეველთა საბჭოს, თუმცა ეპისკოპოსის თანამდებობის ვაკანტურად გამოცხადებიდან რვა დღის ვადაში მრჩეველთა საბჭომ დიოცეზის ადმინისტრატორი უნდა აირჩიოს. გარდა ამისა, საბჭო აწვდის წმიდა საყდარს ცნობას ეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ დამხმარე ეპისკოპოსის არყოფნის შემთხვევაში.

მრწამსი (Credo) [ლათ. სიტყვიდან credo „მე მწამს“] პირველი სიტყვა და სახელწოდება სარწმენოების აღსარებისა, რომელიც შეჯამებული სახით შეიცავს ქრისტიანული რწმენის ძირეულ საკითხებს. წარმოითქმის წირვის დროს ღმრთის სიტყვის ლიტურგიის დასასრულს. სხვადასხვა ფორმით არსებობდა ჯერ კიდევ ეკლესიის აღმოცენების პერიოდში, უმთავრესად სანათლისღებო კატეხეზში. ნიკეისა (325) და კონსტანტინოპოლის (381) კრებებზე მრწამსის ადრეული ვარიანტი გადამუშავდა, რის გამოც მას აგრეთვე ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოც ეწოდება. ნ. სარწმუნოების სიმბოლო.

მრწამსის მიღება (Redditio symboli) [ლათ. „სიმბოლოს ჩაბარება“] მსგავსად traditio symboli-ს, ანუ სარწმუნოების სიმბოლოს - მრწამსის გადაცემის ტრადიციისა, რაც კათაკმეველთათვის რწმენის დებულებათა სწავლებას გულისხმობს (ეს რიტუალი დიდმარხვის მესამე, შემდგომში კი მეოთხე კვირადღეს სრულდებოდა), არსებობდა, აგრეთვე, დიდი შაბათის დილით სარწმუნოების საზეიმო აღსარების წესი. ამ დროს ნათლობის მიღების კანდიდატები საჯაროდ წარმოთქვამდნენ მრწამსს, რითაც მის მიღებასა და გათავისებას ადასტურებდნენ.

მრისხანება (Ira) შვიდ მთავარ მანკიერებათაგან ერთ-ერთი. მდგომარეობს მძაფრ რეაქციაში ფიზიკურ ან ზნეობრივ დაბრკოლებაზე, რომელიც იწვევს სამაგიეროს გადახდისა და ამ განცდათა აღმძვრელი პირის დასჯის სურვილს. თუ მრისხანება მოყვასის მოკვლის ან მისი მძიმედ დაჭრის განზრახვამდე მიდის, ის საფუძველშივე უპირისპირდება კაცთმოყვარეობას: „ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება“ (მათ., 5:22; შდრ. CCC, 2302)

მსახურება (Ministero) [ლათ. ministerium] აღნიშნავს რამე ფუნქციის შესრულებას ან ძალაუფლების ქონას. ეკლესიაში თითოეულ მორწმუნეს მთელი საეკლესიო სხეულის ზრდასთან დაკავშირებული საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა აკისრია (შდრ. ეფეს. 4:16). ეს როლი, ანუ მისია, რაც ქრისტეს მაგალითით მსახურებაში გამოიხატება, მჭიდრო კავშირშია ქარიზმებთან, ანუ თითოეული ადამიანისთვის სული წმიდის მიერ ბოძებულ ნიჭებთან (შდრ. რომ. 12:6-8). ეკლესიის სტრუქტურისა და მისი მისიის სირთულე განაპირობებს სწორედ მისიათა მრავალრიცხოვნებას (AA, 2), მღვდლობის საიდუმლოდან გამომდინარე ვალდებულებებით დაწყებული და დანიშნულ მსახურთა (ლექტორისა და აკოლითოსის მსახურება) ვალდებულებებით დამთავრებული. გარდა ამისა, ამგვარი მსახურება მჟღავნდება, აგრეთვე, სხვადასხვა სამოციქულო ინიციატივებშიც.

მსაჯულთა წიგნი (Giudici, libro dei) ძველი აღთქმის მეორე ისტორიული წიგნი. მისი სახელწოდება მთავარ მოქმედ გმირთაგან მომდინარეობს, რომელთაც „მსაჯულები“ ეწოდებათ და რომელთა ამბებიცაა მოთხრობილი იესო ნავეს ძის წიგნში სიკვდილიდან მეფობის დამყარებამდე, ანუ დაახლოებით ორი საუკუნის მანძილზე. მსაჯულები არიან სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელები, რომელთაც ღმერთი გარკვეულ ვითარებაში მოავლინებს მეზობელ ხალხთა ჩაგვრისაგან ისრაელის ერთი ან რამდენიმე ტომის დახსნის მიზნით. ზოგჯერ მსაჯულებს „მხსნელებადაც“ მოიხსენიებენ. მსაჯულთა წიგნი სამ ნაწილადაა დაყოფილი: პირველი მათგანი ისტორიული შესავალია (მსჯ. 1:1-2:5) და აღთქმულ მიწაზე სხვადასხვა ტომთა დასახლების ნელ, მოუწესრიგებელ და რთულ პროცესს აღწერს. ეს სირთულეები თავისი ღმრთისადმი ისრაელის არაერთგული დამოკიდებულებით აიხსნება (მსჯ. 2:6-3:6). წიგნის მეორე ნაწილი ცალკეულ მსაჯულებთან დაკავშირებული ეპიზოდებისაგან შედგება (მსჯ. 3:7-16:31). ეს მსაჯულებია: ეჰუდი, დებორა, ბარაკი, გედეონი, იეფთაე, სამსონი. წიგნის მესამე ნაწილი (მსჯ. 17-21) ორ დამატებას მოიცავს. პირველი მათგანი დანის საკრებულო ტაძრის აგების შესახებ მოგვითხრობს (17-18), ხოლო მეორე (19- 21) გიბყაში მომხდარ ბენიამინის საძრახის საქციელს გვაცნობს. მსაჯულთა წიგნი შემდეგ მორალს შეიცავს: იაჰვე სჯის ისრაელ ხალს და მტრის მონობაში აგდებს მას ყოველთვის, როდესაც ხალხი მას ღალატობს. თუმცა იაჰვე ისრაელისთვის მხსნელ მსაჯულთა მივლინებით ავლენს თავის გულმოწყალებას.

მსვლელობა (Processione) [ლათ. processio (ზმნიდან procedere „სვლა“)] რელიგიური მსვლელობა, რომელიც ქალაქის ქუჩებში ან ეკლესიაში იმართება წმიდა ევქარისტიის, წმიდა მარიამის ან წმიდანის ქანდაკების (ზოგჯერ ხატის) თანხლებით. მას შეიძლება ჰქონდეს ან მონანიების (ჯვრის გზა), ან სადიდებელი და მადლიერების გამოხატვის (უფლის სხეულის მსვლელობა) ხასიათი; შესაძლოა, ასევე, იყოს ვედრების გამომხატველი.

მსოფლიო წარღვნა (Diluvio universale) [ლათ. diluvium (ნაწარმოებია ზმნიდან diluere „წყალში გახსნა, გაზავება“)] კატაკლიზმი, რომელიც, ბიბლიის თანახმად, დაატყდა დედამიწას ნოეს დროს. ბიბლიური მონათხრობის თანახმად (დაბ. 6-8) წარღვნა მოხდა ღმრთის ნებით, რომელმაც კაცთა ბოროტების დასჯა განიზრახა. წარღვნას გადაურჩა მხოლოდ ნოე თავისი ოჯახით, რომელიც ღმრთის ბრძანებას დაემორჩილა, კიდობანს შეაფარა თავი და ყოველი სახეობის ცხოველის თითო წყვილი წაიყვანა თან. წარღვნის დასასრულს ღმერთმა ადამიანისადმი ნდობის ხელახალი მოპოვება განამტკიცა აღთქმით, რომლის ნიშნადაც ცისარტყელა იქცა. მსოფლიო წარღვნის თემა მრავალ რელიგიასა და კულტურაში გვხვდება, მათ შორის ბერძნულ, ბაბილონურ (რომელიც ძველი შუმერული მითოსიდან იღებს სათავეს), ჩინურ, ინდურ, მაიას, აცტეკთა და სხვა კულტურებში.

მსხვერპლშემწირველნი (Sacrificati) ასე უწოდებდნენ ქრისტიანებს, რომლებმაც უარყვეს რწმენა და ღმერთთა ქანდაკებს მსხვერპლი შესწირეს იმპერატორ დეციუსის (249-251) მიერ წამოწყებული დევნისას. ნ. ლაფსნი.

მსხვერპლშეწირვა (Sacrificio) [ლათ. sacrificium (სიტყვიდან sacer „წმიდა“+ზმნა facere-ს „კეთება“ ნაწარმოები ფორმა)] რელიგიათა ისტორიაში მსხვერპლშეწირვა რიტუალური ქმედებაა, რომლითაც ზეადამიანურ არსებებს ძღვენს სთავაზობენ. მსხვერპლშეწირვით ადამიანი ცდილობს, ზეადამიანურ ძალებთან და არსებებთან ურთიერთობის დამყარებას იმ მიზნით, რომ ან ამ არსებათა მხრიდან ადამიანის სამოღვაწეო სფეროში განხორციელებულ ჩარევაზე რეაგირება მოახდინოს, ან ამგვარი ჩარევა გამოიწვიოს. მსხვერპლშეწირვა შეიძლებოდა ყოფილიყო სისხლიანი (როდესაც მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველს ან ადამიანს), ან უსისხლო (ბუნებრივ პროდუქტთა შეწირვა). ებრაელობაში მსხვერპლშეწირვა იმდენად თავისთავად ცხადი მოვლენაა, რომ არც კია განმარტებული ან დაკანონებული თეოლოგიურად. თუმცა მასზე არსებითი გავლენა იქონია წინასწარმეტყველთა მიერ მონოთეიზმისა და კულტის კრიტიკამ; ის სამღვდელმსახურებო კანონმდებლობის მიერ იმართება (ლევიელები). ქრისტიანულ რელიგიაში ქრისტეს მიერ კაცობრიობის ხსნისათვის ჯვარზე სიკვდილით სიცოცხლის შეწირვა უმალ საკულტო მსხვერპლშეწირვის კატეგორიებში გამოიხატა: ესაა ჭეშმარიტი სააღდგომო მსხვერპლშეწირვა, რომელიც ადამიანთა საბოლოო გამოსყიდვას ახორციელებს, - ყველა მსხვერპლშეწირვაზე აღმატებული ახალი აღთქმის მსხვერპლშეწირვა (შდრ. ებრ. 10:10). ამ მიზეზით, ყველა დროის ეკლესიაში ევქარისტია აღიქმება და აღსრულდება როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვა სული წმიდაში, რომელსაც ქრისტე უძღვნის მამა ღმერთს ეკლესიასთან ერთად, - მსხვერპლშეწირვა, რომელიც წარმოაჩენს ქრისტეს მიერ ერთხელ და სამარადისოდ მამა ღმრთისათვის გაღებული სისხლიანი მსხვერპლშეწირვის ღირებულებასა და ნამდვილობას ყველა დროისათვის.

მსჯავრმდებელი (Penitenziere) [penitenza „მონანიება“] როგორც საკათედრო, ისე კოლეგიური ეკლესიის მღვდელმსახური (მსჯავრმდებელი კანონიკოსი), რომელსაც აქვს თანამდებობრივი უფლებამოსილება, საღმრთო ფორუმისას გაათავისუფლოს პიროვნება სასჯელისაგან, რომელიც არ იყო არც გამოცხადებული და არც ნებადართული წმიდა საყდრის მიერ (CIC, კან. 508).

მუეძინი (Muezzin) [თურქ. muezzin, არაბ. mu'adhdhin „ადჰან-ის წარმომთქმელი“] პირი, რომელიც მინარეთიდან დღეში ხუთჯერ მოუხმობს ლოცვისაკენ ისლამის აღმსარებელ მორწმუნეებს.

მური (Mirra) [ებრ. mor, შემდეგ ლათინურში დამკვიდრდა ფორმა myrra] მოვარდისფრო ფერის არომატული ფისი, რომელსაც არაბეთსა და აფრიკაში გავრცელებული ცალკეული ჯიშის ხეებიდან იღებენ. ბიბლიურ სამყაროში მას სხვადასხვაგვარად მოიხმარდნენ, თუმცა უმთავრესად ცხებისათვის და ნელსაცხებლის სახით. მოგვებმა ის იესოს მიართვეს ძღვნად (მათ. 2:11). ღვინოში შერეული მური ჯვარცმამდე იესოს დაალევინეს, როგორც გამაბრუებელი საშუალება (მათ. 15:23). მური გამოიყენეს, აგრეთვე, იესოს სხეულის საცხებად დაკრძალვის წინ (იოან. 19:39).

მუსლიმი (Musulmano) [სპარს. muslim, „ღმრთისადმი დამორჩილებული“; მრავლობითი ფორმა: musliman] აღნიშნავს ისლამის ყოველ მიმდევარს; მუსლიმური კი აღნიშნავს ამ რელიგიასთან დაკავშირებულ ცნებებსა თუ მოვლენებს.

მუსლიმი ძმები (Fratelli musulmani) 1929 წელს ეგვიპტელ ჰასან ალ-ბანას მიერ დაარსებული ისლამური ინტეგრალისტური სექტა. ორგანიზაციამ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდგომ - ეგვიპტეში ანტიკოლონიურ ბრძოლაში მონაწილეობით. მისი წევრები იყვნენ როგორც ტრადიციონალისტური წრეების, ისე წვრილი ბურჟუაზიისა და ყველაზე ღარიბი ფენების წარმომადგენლები. უკიდურესი კონსერვატიული მიმართულების გამო სექტა აკრძალული იყო ნასერის მთელი მართველობის განმავლობაში და დღემდე აკრძალულად რჩება.

მუშა მღვდლები (Preti operai) ტერმინი აღნიშნავს საფრანგეთში ჩამოყალიბებულ მოძრაობას, რომელიც XX საუკუნის 30-იანი წლების მუშათა ახალგაზრდული ასოციაციებიდან იღებს დასაბამს. ასეთ ასოციაციებში საფრანგეთში გაწევრიანებულია მრავალი სასულიერო პირიც, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაეცნონ შრომის სამყაროს და, უმთავრესად, გააცნობიერონ შრომის სამყაროსა და ეკლესიას შორის გამყოფი ბარიერის არსებობა. სწორედ ეს უბიძგებს სასულიერო პირებს, პირადად ჩაებან შრომით საქმიანობაში და იმუშაონ ფაბრიკებში. თანდათან მუშა მღვდელთა არსებობამ (მოძრაობის განვითარების ყველაზე ინტენსიურ პერიოდში ასეთ მღვდელმსახურთა რიცხვი 100-ს არ აღემატებოდა) განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საფრანგეთის მთელი ეკლესიისათვის, როგორც მის მიერ წარმოჩენილ პრობლემათა, ისე თეოლოგიური თვალსაზრისით და იმ მოტივაციის გათვალისწინებით, რომელიც უბიძგებდა მღვდელმსახურებს ასეთი არჩევანის გაკეთებისაკენ. 50-იან წლებში მომხდარი წყვეტის შემდეგ მუშა მღვდლები კვლავ გამოჩნდნენ როგორც საფრანგეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში. ისინი აქ საკმაოდ იყვნენ გავრცელებულნი 60-ანი წლების დასასრულსა და 70-იან წლებში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეკლესიის ცხოვრებაში მათი რაოდენობა და საქმიანობა მაინც მეორეხარისხოვანი დარჩა და მას აღარ ახასიათებს ის შთამბეჭდავი ეფექტი, რომლითაც გამოირჩეოდა II მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მოძრაობა.

მუხლმოყრა (Genuflessione) [ლათ. genuflexio (ზმნიდან genuflectere)] თაყვანისცემის, პატივისცემისა და მორჩილების ჟესტი, რომელსაც მღვდელმსახური და მორწმუნენი ასრულებენ ევქარისტიული მსახურების დროს ან ტაბერნაკულუმისა და ჯვრის წინაშე. მდგომარეობს მარჯვენა მუხლის მოხრაში მანამ, სანამ ის იატაკს არ შეეხება (მარტივი მუხლმოყრა). საზეიმო ევქარისტიის დროს კი მლოცველნი ორივე მუხლით იჩოქებენ იატაკზე (ორმაგი მუხლმოყრა). ლათინურ ეკლესიაში მუხლის მოყრა დამკვიდრდა, აღმოსავლურ ეკლესიაში კი მის ნაცვლად დამკვიდრებულია მეტანოია, თავის დახრა, რასაც ერთად შეკრული თითების კოცნა და პირჯვრის გადაწერა მოსდევს.

მუხლსაყრელი (Inginocchiatoio) ავეჯის ნაირსახეობა, შედგება მუხლის მოსაყრელად განკუთვნილი საფეხურისა და ლოცვათა წიგნის დასადები სადგამისაგან. მუხლის მოდრეკა ღმრთის წინაშე ადამიანის არარაობას და მისადმი თაყვანისცემას გამოხატავს.

მფარველი (Patrono) [ლათ. patronus, (ნაწარმოებია სიტყვიდან pater „მამა“), „დამცველი“] წმიდანი ან ანგელოსი, რომლის მფარველობის ქვეშ იმყოფება განსაზღვრული ეკლესია, პიროვნება (ნ. დღეობა), მისი რამე მდგომარეობა, პროფესია, ქალაქი, ქვეყანა, დიოცეზი, ან ცალკეული განზრახვანი. რომაული კატეხიზმო (1566) მოუწოდებდა მორწმუნეებს, ნათლისღების დროს პიროვნებისათვის შეერჩიათ წმიდანთა სახელები, რათა ისინი მისთვის მაგალითად და მფარველებად ქცეულიყვნენ. წმიდა ამბროსიმ თავისი ეკლესია წმიდანების გერვასისა და პროტასეს მფარველობას მიანდო, VI საუკუნის მიწურულისთვის კი წმიდანის მფარველად არჩევა უკვე ჩვეულებად იქცა.

მფარველი ანგელოსი (Angelo custode) თანამგზავრი და მფარველი, რომელსაც ღმერთი დაბადებისთანავე უწესებს თითოეულ ადამიანს.

მფარველი კარდინალი (Cardinale protettore) კარდინალი, რომელსაც რომელიმე ორდენის ან სამოწესეო კონგრეგაციის (ნ. კონგრეგაცია), — განსაკუთრებით, ქალთა ორდენის ან გაერთიანების, — „მფარველობა“ ეკისრებოდა.

მქადაგებელთა ორდენი (Predicatori, ordine dei) 1215 წელს, წმიდა დომინიკე გუზმანის მიერ დაარსებული ორდენი, დომინიკელნი.

მღვდელი (Sacerdote) [ლათ. sacerdos (sacer „წმიდა“+ინდოევროპული ფესვი dhe, რომელსაც მიეკუთვნება ფაცერე „კეთება“)] სხვადასხვა რელიგიაში აღნიშნავს პიროვნებას, რომლის მოვალეობაა საკულტო და რიტუალური აქტების აღსრულება რელიგიური საკრებულოს რწმუნებულისა და წარმომადგენლის სახით და, ამგვარად, ღმრთაებასა და ადამიანს შორის შუამავლის როლის შესრულება. კათოლიკეები და მართლმადიდებლები ასე უწოდებენ პიროვნებას, რომელმაც მიიღო ხელდასხმის საიდუმლო და აქვს საიდუმლოთა აღსრულებისა და საკულტო მსახურების უფლებამოსილება. სამოწესეო ორდენის წევრ მღვდელმსახურებს რეგულარულნი ეწოდებათ, ხოლო თუკი დიოცეზში არიან გამწესებულნი და ეპისკოპოსის იურისდიქციას ექვემდებარებიან, მაშინ - საერონი (დიოცეზისანი). ნ. ხუცესი; მღვდლობა; მღვდელმსახურება.

მღვდელმსახურება (Sacerdozio) [ლათ. sacerdotium] აღნიშნავს მღვდელმსახურის ღირსებასა და მოვალეობებს. რელიგიათა ისტორიაში მღვდელმსახური ადამიანსა და ღმრთაებას შორის შუამავლის როლს ასრულებს. პრიმიტიულ რელიგიებში მღვდელმსახურება ჯგუფის უფროსის (თითქმის ყოველთვის - მეფის) პრეროგატივა იყო. მოგვიანებით ხელმწიფისა და მღვდელმსახურის ფუნქციები თანდათან გაიყო და, ბუნებრივ რელიგიებში, მღვდელმსახურებამ სამი ფუნქცია შეიძინა: წმიდა მსახურება, ეშმაკის განდევნა და მომავლის წინასწარმეტყველება. მღვდელმსახურება ხშირად მემკვიდრეობითი იყო ან გადაეცემოდა ინვესტიტურის მსგავსი ფორმით, როგორებიცაა, მაგალითად, ცხება, ხელდასხმა და სხვ. ძველ აღთქმაში მღვდელმსახურება, რომელსაც ლევიელთა თემის წარმომადგენლები, კერძოდ კი - აარონის შთამომავლები აღასრულებდნენ, მიზნად ისახავდა ღმრთის სიტყვის გამოცხადებასა და ღმერთთან ერთიანობის აღდგენას მსხვერპლშეწირვისა და ლოცვის მეშვეობით. თუმცა ამგვარი მღვდელმსახურება უძლური იყო, აღესრულებინა საბოლოო ხსნა, რისი განხორციელებაც მხოლოდ ქრისტეს ძალუძდა. მართლაც, ებრაელთა მიმართ წერილის თანახმად, სწორედ საკუთარი თავის შემწირავი ქრისტე (იოან. 17:19; ებრ. 7:25; 8:1, შმდ., 9:11.15) წარმოგვიდგება ახალ და უმაღლეს მღვდელმსახურად, მსგავსად მელქისედეკისა, ანუ მას უშუალოდ ღმრთისგან აქვს მიღებული ინვესტიტურა (შდრ. ებრ. 5:5). ნათლობის წყალობით, ქრისტეს მღვდელმსახურებას ყველა მორწმუნე ეზიარება (ეკლესია, როგორც მღვდელმსახური ხალხი). ამ მსახურების საფუძველზე და მის სამსახურში არსებობს სხვა მღვდელმსახურება, რომლის ფუნქციაა ქრისტეს სახელით და მის ნაცვლად მსახურება მორწმუნეთა საკრებულოში. ის მიენიჭება ხელდასხმის საიდუმლოს საშუალებით, რომელიც ანიჭებს სწავლების (munus docendi), საღმრთო საკულტო მსახურების აღსრულების (munus liturgicum) და სამწყსო ხელმძღვანებლობის (munus regendi) ძალაუფლებას (შდრ. CCC, 1533-1600).

მღვდლის ხელდასხმა (Ordinazione) [ლათ. ordinatio (ზმნიდან ordinare, ნაწარმოებია სიტყვიდან ordo „საფეხური“, „ხარისხი“)] მღვდლობის საიდუმლოს მინიჭების რიტუალი. ხელდასხმის აღმსრულებელი არის ეპისკოპოსი, რომელიც, როგორც მოციქულთა მემკვიდრე, ფლობს მღვდლობის საიდუმლოს სისრულეს.

მღვდლობა (Ordine) [ლათ. ordo, „საფეხური“, „ხარისხი“] ერთ-ერთი იესოს მიერ დამკვიდრებულ შვიდ საიდუმლოთაგან. მისი შემწეობით გრძელდება ეკლესიაში იესოს მიერ მოციქულთათვის მინდობილი მისიის განხორციელება: საუბარია სამოციქულო მსახურების საიდუმლოზე, რომლის ფუნქციაც ქრისტეს სახელითა და პიროვნების მეშვეობით საკრებულოში მსახურებაა. ხელდასხმული მსახურები ღმრთის ხალხში მსახურებას ახორციელებენ სწავლების (munus docendi), საღმრთო კულტის (munus liturgicum) და სამწყსო ხელმძღვანებლობის (munus regendi) მეშვეობით. მღვდლობის საიდუმლო დასაბამიდანვე ენიჭება და აღსრულდება ეპისკოპოსთა, ხუცესთა და დიაკონთა სამი ხარისხის მეშვეობით. ხელდასხმით მინიჭებული მსახურება შეუცვლელია ეკლესიის ორგანული სტრუქტურიდან გამომდინარე: ეპისკოპოსის, ხუცესისა და დიაკვნის გარეშე შეუძლებელია ეკლესიაზე საუბარი. მღვდლობის საიდუმლოს ანიჭებს ეპისკოპოსი ხელთა დასხმის მეშვეობით, რასაც მოსდევს კურთხევის საზეიმო ლოცვა, ღმრთისთვის ხელდასხმულის მსახურებისათვის აუცილებელი სული წმიდის ნიჭის სათხოვნელად (CIC, კან. 1009, პარ. 2). ხელდასხმა წარუშლელ საიდუმლოებრივ კვალს აღბეჭდავს. ეკლესია მღვდლობის საიდუმლოს ანიჭებს მხოლოდ მონათლულ მამაკაცებს (ვირის), რომელთა მიდრეკილებაც მსახურებისკენ სათანადოდ იქნა წარმოჩენილი. მღვდლობის საიდუმლოს მიღებისაკენ მოხმობა ეკლესიის პასუხისმგებლობა და უფლებაა (CIC, კან. 1024-1025). ლათინურ ეკლესიაში მღვდლობის საიდუმლო ჩვეულებრივ ენიჭება მხოლოდ კანდიდატებს, რომლებიც თავისუფლად ირჩევენ ცელიბატს და საჯაროდ აცხადებენ საკუთარ ნებას, დაიცვან ის ღმრთის სასუფევლის სიყვარულით და ადამიანთა მსახურების მიზნით (შდრ. CCC, 1536-1600).

მღვიმე (Cripta) [ლათ. სიტყვიდან crypta, რომელიც მომდინარეობს ბერძნულიდან krypté (ზმნიდან krýptein „დამალვა“), „მღვიმე“] ასე ეწოდება გამოქვაბულს ეკლესიის პრესბიტერიუმის ქვეშ, რომელიც ძველად მთავარი საკურთხევლის ქვეშ მოთავსებული მოწამის სამარხთან მიახლოების საშუალებას იძლეოდა. თანამედროვე ეკლესიებს ზოგჯერ აქვთ მომცრო ზომის მიწისქვეშა ეკლესია, ანუ მღვიმე (კრიპტა), რომელიც მცირერიცხოვან ჯგუფებში მსახურების აღსავლენად გამოიყენება.

მშვიდობა (Pace) [ლათ. pax (ებრ. shalòm Salom)] ბიბლიის თანახმად, მშვიდობა აღნიშნავს არა მხოლოდ ომის გარეშე ცხოვრებას, არამედ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, სიცოცხლის სისრულეს, სიმშვიდეს, რაც მესიანურ ხანაში პოვებს სრულ განხორციელებას (დაბ. 15:15; 25:8; 43:27; იეს. 21:44; 23:1; 2 სამ. 7:1; 18:28; 1 ნეშტ. 22:9; ზირ. 47:13). ახალ აღთქმაში ადამიანთათვის მშვიდობა იესოა (ლუკ. 2:14), იგია მესიანური „მშვიდობის მთავარი“ (ეს. 9:6). ჯვარზე მსხვერპლშეწირვის სისხლით იესომ „მოაკვდინა თავის თავში მტრობა“ (ეფეს. 2:16), შეარიგა ადამიანები ღმერთთან და თავისი ეკლესია კაცთა მოდგმის ერთიანობისა და ღმერთთან მისი კავშირის საიდუმლოდ აქცია. „ის არის ჩვენი მშვიდობა“ (ეფეს. 2:14). „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი“, აცხადებს იესო (მათ. 5:9). მშვიდობა, რომელიც, როგორც შინაგანი ძალა, დასაბამს აძლევს დიალოგის, გაგებისა და თანაგრძნობის დადებით ურთიერთობათა დამყარებისაკენ მიმართულ აზრებსა და ქმედებებს, ადამიანის ცხოვრების პატივისცემისა და განვითარების შესაძლებლობას იძლევა. შეუძლებელია დედამიწაზე მშვიდობის მიღწევა ადამიანთა საკუთრების დაცვის, ადამიანთა შორის თავისუფალი ურთიერთობის, ადამიანთა და ხალხთა ღირსების პატივისცემის, ძმობის შეუპოვრად დამკვიდრების გარეშე. მშვიდობა სამართლიანობის ნაყოფი და გულმოწყალების შედეგია (შდრ. CCC, 2302, შმდ.).

მშვიდობის იარაღი [ლათ. Instrumentum pacis „საშუალება მშვიდობისათვის“] ძვირფასი ლითონის ან სპილოს ძვლის მართკუთხა ფორმის ფირფიტა, მასზე გამოსახული დატირებით ან ჯვარცმით, რომელსაც XIII საუკუნიდან ეამბორებოდნენ მშვიდობის ნიშნად.

მშვიდობის ნიშანი (Segno di pace) წირვის დროს, ზიარების წესთა შორის მორწმუნეები მშვიდობის ნიშნის მეშვეობით ეკლესიისა და მთელი კაცობრიობის ერთიანობასა და მშვიდობას ევედრებიან ღმერთს და ერთადერთი პურით ზიარებამდე ერთმანეთისადმი ურთიერთსიყვარულს გამოხატავენ.

მშრალი წირვა (Messa secca) [ლათ. missa sicca] შუა საუკუნეებში გავრცელებული არასწორი ფორმა: იმ შემთხვევებში, როდესაც ერთი მღვდელმსახურის მიერ ერთ დღეს ორი წირვის ჩატარება არ იყო შესაძლებელი, ევქარისტია კურთხევის გარეშე აღესრულებოდა.

მცველი (Guardiano) [მომდინარეობს სიტყვიდან guardia] ტერმინი თავის წესში წმიდა ფრანცისკემ დაამკვიდრა და ის ფრანცისკული მონასტრის წინამძღოლს აღნიშნავს.

მცირე ქადაგება (Fervorino) [სიტყვა fervore-ს („გზნება“, „ძლიერი გრძნობა“) კნინობითი ფორმა] მოკლე სიტყვა, რომლითაც მიმართავს მღვდელმსახური მორწმუნეებს მათი დამოძღვრის ან გაფრთხილების მიზნით.

მცირე ხელდასხმანი (Ordini minori) ვატიკანის II კრებამდე ასე იწოდებოდა ოსტიარიატი, ლექტორიატი, ექსორცისტატი და აკოლითატი, - დიაკვნობისა და მღვდლობის წინა საფეხურები. დღეს მათ ნაცვლად არსებობს შემდეგი მსახურებანი: ლექტორიატი (ლექტორი) და აკოლითატი (აკოლითოსი).

მცნებები (Comandamenti) [ნაწარმოებია ლათ. სიტყვიდან commandare „მინდობა“, „დაკისრება“] ტერმინი აღნიშნავს ათ მცნებას (ნ. დეკალოგი ანუ ათი სიტყვა), რომლებიც, ბიბლიური ტრადიციის თანახმად, ღმერთმა მისცა მოსეს სინაის მთაზე ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ (გამ. 20:1-17) და რომელთა დაცვაც ევალებათ ებრაელებსა და ქრისტიანებს. მათგან პირველი სამი ადამიანის ღმერთთან ურთიერთობას შეეხება, დანარჩენი შვიდი კი ადამიანთა შორის ურთიერთობას: მე ვარ უფალი, შენი ღმერთი: 1) არ იყოლიო სხვა ღმერთი ჩემს გარდა; 2) არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმრთის, სახელი ამაოდ; 3) დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდაყო იგი; 4) პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს; 5) არა კლა; 6) არ იმრუშო; 7) არ იქურდო; 8) არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ; 9) არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი; 10) არ ისურვო არაფერი, რაც შენი მოყვასისაა. (შდრ. CCC, 2052, შმდ.).

მცონარობა (Accidia) [ბერძ. akedía „მონდომების გარეშე“] შვიდ მთავარ მანკიერებათაგან ერთ-ერთი. მდგომარეობს სიკეთის კეთების მიმართ დაუდევარ ან უსულგულო დამოკიდებულებაში. ხანდახან იხმარება, ასევე, გადატანითი მნიშვნელობითაც და აღნიშნავს სურვილის არქონას, რომელიც მოქმედებაში უგულობასა და აპათიას განაპირობებს.

მწიგნობარი (Scribi) [ლათ. scriba (ზმნიდან scribere „წერა“)] მესოპოტამიასა და ეგვიპტეში ასე ეწოდებოდა კარის მოხელეებს, რომლებიც ადგენდნენ ოფიციალურ აქტებს, უძღვებოდნენ წელიწდეულს და სხვა. პალესტინაში, ბაბილონის განდევნის შემდეგ, მწიგნობრები იყვნენ რჯულის მასწავლებლები და ატარებდნენ საპატიო წოდებას რაბი. იესოს დროს მწიგნობარნი, რომლებიც თეოლოგები და იურისტები იყვნენ, აგრეთვე „კანონის მცოდნეებად“ იწოდებოდნენ, მეტად გავლენიან ფენას წარმოადგენდნენ და სხვადასხვა პარტიას ემხრობოდნენ (მაგალითად, ფარისევლებს, სადუკევლებს). იერუსალემის განადგურების შემდეგ (I საუკუნის 70 წ.) მათი გავლენა და ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა და განივრცო.

მწირველი (Celebrante) [აწმყოს მიმღეობა იტალ. ზმნისა celebrare, რომელიც სწავლული ლათინურიდან, სიტყვა ცელებრარე-დან მომდინარეობს, რაც ნიშნავს „დასწრებას“, აქედან „საზეიმოდ აღნიშვნას“] ტერმინი გამოიყენება ლიტურგიასთან მიმართებაში, რომელიცაა ქრისტეს „ქმედება“, და, მაშასადამე, ქრისტეა ჭეშმარიტი და ერთადერთი მწირველი. თუმცა ლიტურგიულ მსახურებაში მწირველია მთელი დამსწრე საკრებულო, რომლის თითოეულ წევრსაც საკუთარი დანიშნულება აქვს. განსაკუთრებული მწირველია სამღვდელო პირი, რომელიც ხელდასხმის საიდუმლოს მეშვეობით წარმოადგენს ქრისტეს, როგორც საეკლესიო სხეულის წინამძღოლს (შდრ. CCC, 1136-1144; 1187-1188).

მწუხარე (Addolorata) ასე მოიხსენიებენ ქალწულ მარიამს იმ ტანჯვის გამო, რომელიც მან განიცადა როგორც ქრისტეს დედამ და მისი ვნების თანამონაწილემ. მწუხარე მარიამის თაყვანისცემა XI საუკუნიდან დამკვიდრდა. ლიტურგიულად ეს საიდუმლოება 15 სექტემბერს აღინიშნება.

მწუხარებისა (Dolorosi) ასე ეწოდება სავარდის საიდუმლოებებს, რომლებიც ქრისტეს ვნებასა და სიკვდილს უკავშირდება. ესენია: ა) იესოს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში; ბ) იესოს გაშოლტვა; გ) ეკლის გვირგვინით მისი შემკობა; დ) გოლგოთაზე ასვლა; ე) იესოს სიკვდილი ჯვარზე.

მწუხრი (Vespro) [ლათ. vesper „საღამოსი“] ეკლესიის ლიტურგიული ლოცვა, რომელსაც საღამოს წარმოთქვამენ ან გალობენ (ჟამთა ლიტურგია). მისი სახელი მწუხრის ვარსკვლავს (Vesper) უკავშირდება. მწუხრისას აღევლინება მადლობა დღის განმავლობაში ბოძებულ სიკეთეთათვის ან მართებულად შესრულებულ ამოცანათათვის. ისევე, როგორც ქებანი, მწუხრიც მთავარ ჟამთა რიცხვს მიეკუთვნება.

მწყემსი (Pastore) [ლათ. pastor, ზმნიდან pascere „მწყემსვა“] საღმრთო წერილში ამ მეტაფორით მოიხსენიებიან მეფეები და მეთაურები (იერ. 23:1, შმდ.; ეზეკ. 34:1, შმდ.); უმაღლესი მწყემსი არის ღმერთი (დაბ. 49:24; ფსალ. 23), იესო - კეთილი მწყემსია, რომელიც სიცოცხლეს სწირავს თავისი სამწყსოსათვის (ლუკ. 15:3, შმდ.; იოან. 10:11, შმდ.). შემდგომში მწყემსნი ეწოდათ, აგრეთვე, ეპისკოპოსებსაც, როგორც ქრისტიანულ საკრებულოთა სულიერ ხელმძღვანელებს. პროტესტანტულ ეკლესიებში, ჩვეულებრივ, ტერმინი „პასტორი“ (მწყემსი) კულტის მსახურს აღნიშნავს.

მხითარელნი (Mechitharisti) სომეხი კათოლიკე მოწესეები, რომელთა ორდენის დამაარსებელია პეტრე მანუქი სებასტიიდან (†1749), წოდებული მანუგეშებლად (მხითარი). ორდენი 1701 წელს კონსტანტინოპოლში დაარსდა სახელწოდებით წმიდა ანტონის სომეხი მოწესეები. 1703 წელს მან მორეაში გადაინაცვლა, 1715 წელს კი, თურქთა შემოსევის შემდეგ, ვენეციას შეაფარა თავი, სადაც წმიდა ლაზარეს მცირე კუნძულზე დამკვიდრდა. ამ კუნძულზე დღემდე მდებარეობს მონასტერი, სომხური ლიტერატურის დაცვის ცენტრი. 1773 წელს მხითარელნი ორ კონგრეგაციად დაიყვნენ: ერთი მათგანი ვენეციაში დარჩა, მეორე კი, მცირე ხანს ტრიესტეში ყოფნის შემდეგ, ვენაში დამკვიდრდა.

მხოლოდშობილი (Unigenito) [გვიანლათ. უნიგენიტუს „მხოლოდშობილი“] ქრისტიანულ მოძღვრებაში ტერმინი ოდენ იესო ქრისტეს მიემართება. იოანეს სახარებაში ქრისტე წარმოგვიდგენს კიდეც თავს, როგორც „ღმრთის მხოლოდშობილ ძეს“ (იოან. 3:16), რითაც ამტკიცებს თავის მარადიულ წინარემყოფობას და განსხვავებას საკუთარ ღმრთისშვილობასა და თავის მოწაფეთა ღმრთისშვილობას შორის: „ჩემი მამა და თქვენი მამა“ (იოან. 20:17; შდრ. CCC, 441-445).

მხსნელი/ხსნა (Salvatore/salvezza) [ლათ. salvator, ნაწარმოებია ზმნიდან salvare „ხსნა“] მხსნელის უმაღლესი მაგალითია იესო ქრისტე. ებრაულად იესო ითარგმნება სწორედ როგორც „ღმერთი, რომელიც იხსნის“: იგია ის, რომელიც „იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“ (მათ., 1:21; შდრ. CCC, 452); იგია კაცობრიობის ცოდვისაგან სახსნელად და ღმერთთან მის შესარიგებლად განკაცებული ღმერთი: „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა“ (საქმ. 4:12).

14

▲back to top


ნავი (Navata) [ლათ. navis, „ნავი“, (ფორმის მიხედვით)] მორწმუნეთათვის განკუთვნილი ეკლესიის გრძივ დანაყოფთაგან თითოეული მათგანი, რომელიც სხვებისაგან სვეტების ან პილასტრების მეშვეობით გამოიყოფა.

ნაზარეველი (Nazareno) [ლათ. nazarenus „ნაზარეთიდან“] პალესტინის ქალაქის მიხედვით, სადაც იცხოვრა იესომ, რომელსაც ხშირად სწორედ ნაზარეველის სახელით მოიხსენიებენ (მათ. 2:23; 26:71...). ამ სახელს იესოს მოწაფეებსაც უწოდებდნენ.

ნაზორეველნი (Nazireato) [ებრ. nazir „ვინც თავს იკავებს“, მაშასადამე, „განცალკევებული“, „კურთხეული“] მოკლევადიანი ან მუდმივი რელიგიური აღთქმის ძველი ებრაული ფორმა. მოითხოვდა მათრობელ სასმელთა მიღებისაგან თავის შეკავებას, გრძელი თმის ტარებას, სიწმიდის მკაცრ დაცვას (შდრ. ლევ. 10:8, შმდ.; 21:5. 11, შმდ.; რიცხვნ. 6:1-21). ნაზორეველნი იყვნენ სამსონი (მსაჯ. 13-16), სამუელი (1 სამ. 1:11, შმდ.), რეხაბის ძენი (იერემ. 35:6), შესაძლებელია, იოანე ნათლისმცემელი (ლუკ. 1:15) და წმიდა პავლე (საქმ. 18:18; 21:23, შმდ.)

ნათელთა (Lucernario) [გვიანლათ. lucernarium, ნაწარმოებია სიტყვიდან lucerna „ლამპა“] პირველ ქრისტიანთათვის ეს იყო წესი, რომლითაც სრულდებოდა საღამოს ლოცვა მზის ნათელთან გამომშვიდობებისა და ლამპრის შუქთან შეგებების ნიშნად (ორივე მათგანი ქრისტეს - მარადიული და შეუბღალავი სინათლის - სიმბოლოა). IV საუკუნიდან შეწყვიტა არსებობა, laus cerei-ს გამონაკლისით (ნ. საპასექო ცისკარი), რომელიც ამბროსისეულ ლიტურგიაშია შემონახული.

ნათელი (Luce) ლიტურგიაში ნათელი ქრისტეს სიმბოლოა: გავიხსენოთ თუნდაც სააღდგომო ცისკრის ნათლის ლიტურგია; ასეთივე მაგალითებია ჟამთა ლიტურგიის საგალობლები, რომელთა შორისაც გამოირჩევა ნათლის სადიდებელი „phôs hilarón“: „სასიხარულო ნათელო ზეციური, წმიდა, ნეტარი, მარადიული მამის წმიდა დიდებისა, იესო ქრისტევ, მზის ჩასვლის ჟამს, მწუხრის სინათლის ხილვისას ვუგალობებთ მამას, ძესა და სული წმიდას, ღმერთს. ყველა დროს მართებულია შენთვის ხოტბის შესხმა ბედნიერი ხმით, ღმრთის ძევ, სიცოცხლის მომნიჭებელო, ამისთვის გამკობს დიდებით სამყარო“.

ნათლია (Padrino) [გვიანლათ. patrinus, ნაწარმოებია სიტყვიდან pater „მამა“] ასე ეწოდებათ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის ნათლობის ან მირონცხების საიდუმლოთა აღსრულებაში და იღწვიან იმისათვის, რომ „მონათლულმა ადამიანმა იცხოვროს ნათლობის შესატყვისი ქრისტიანული ცხოვრებით და ერთგულად შეასრულოს მასთან დაკავშირებული ვალდებულებანი“ (CIC, კან. 872) ან ზრუნავენ, რომ „მირონცხების მიღების შემდეგ ადამიანი მოიქცეს ქრისტეს ჭეშმარიტი მოწმის შესაფერისად და ერთგულად შეასრულოს ამ საიდუმლოსთან დაკავშირებული ვალდებულებანი“ (CIC, კან. 892). ნათლიები ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან მონაწილეობენ ხსენებულ წესებში (ტერტულიანე, „ნათლობის შესახებ“, თ. 18). ნათლია (მამაკაცი ან ქალი) უნდა იყოს 16 წლისა, კათოლიკე და მიღებული უნდა ჰქონდეს ევქარისტიისა და მირონცხების საიდუმლონი (CIC, კან. 874).

ნათლობა (Battesimo) [ბერძ. báptein, baptízein „ჩაშვება“] პირველი საიდუმლოთაგანი: ნათლობის შედეგად მორწმუნე ღმრთის შვილად იქცევა, საეკლესიო საკრებულოს წევრი ხდება და მას პირველქმნილი და პიროვნული ცოდვები მიეტევება. სახარება მოგვითხრობს მონანიების შინაარსის მქონე იოანე ნათლისმცემლის ნათლობაზე (მათ. 3:11 და შესაბ.), რომელიც იესომაც მიიღო (მათ. 3:13-17 და შესაბ.). იოანეს ნათლისღება იესოს ახალი ნათლობის შესახებ აუწყებს ხალხს: „მე თქვენ წყლით გნათლავთ... ის მოგნათლავთ თქვენ სული წმიდით და ცეცხლით“. ნათლობის შესახებ სახარების სხვა თავებშიცაა საუბარი: „ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში“ (იოან, 3:5); „ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სული წმიდის სახელით“ (მათ. 28:19); „ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება“ (მარკ. 16:16). მაშასადამე, შეგვიძლია, ტრიდენტის კრების თანახმად, ვთქვათ, რომ ნათლობა იესო ქრისტემ დაამკვიდრა. მეორე მხრივ, მოციქულთა საქმეებში საუბარია ნათლობის წესზე, რომელიც პირველ ქრისტიანთა შორის იყო გავრცელებული; წმიდა პავლე მის თეოლოგიურ მნიშვნელობას განადიდებს და ამტკიცებს, რომ ნათლობა იესო ქრისტეს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომასთან გვაახლოვებს (შდრ. რომ. 6:3-11). წმიდა ავგუსტინე ნათლობის წარუშლელ ხასიათს გამოკვეთს და „სისხლითა“ (მოწამეობა) და „სურვილით“ (ნათლობისაკენ თუნდაც სწრაფვა) ნათლობის შესაძლებლობას აზუსტებს. ნათლობას მღვდელი ან დიაკონი აღასრულებს, თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში, ეს როლი ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება შეასრულოს, მათ შორის მოუნათლავმაც. ნათლობა აღსრულდება ჩაშვების - მოსანათლავი ადამიანის წყალში დასველების ან წყლის პკურების - მეშვეობით. ამჟამინდელი ნათლობის წესი ითვალისწინებს ნათლობამდელ ცხებას, შემდეგ წყლის კურთხევას, სატანისაგან განშორებას, სარწმუნოების აღსარებას, უშუალოდ ნათლობის წესს, წმიდა მირონის ცხებას, თეთრი პერანგისა და ანთებული კელაპტრის - ქრისტეს სიმბოლოს, - გადაცემას, ეფათას (ნ. ეფათა) წესის აღსრულებას.

ნაკერპავი (Idolotìti) [ბერძ. éidolon „კერპი“, „გამოსახულება“ და ზმნა thuein-ის („შეწირვა“) ფუძიდან: „კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა“] გასაყიდად გამოტანილი კერპთათვის შეწირულ ცხოველთა ხორცი, რომელსაც ქრისტიანები უნდა მორიდებოდნენ, წაბილწვისა (საქმ. 15:20.29; 21:25) და გულმოწყალების (1 კორ.8:1, შმდ.; 10:19.28; შდრ. გამ. 2:20) მიზეზით.

ნაკურთხი წყალი (Acqua benedetta/ lustrale) [ლათ. aqua benedicta, aqua lustralis] ჩვეულებრივ, ასე უწოდებენ რიტუალში, მოცემული წესის თანახმად, საგანგებოდ ნაკურთხ წყალს. მისი უმთავრესი მნიშვნელობაა ნათლობის გახსენება. ის გაწმედისა და კურთხევის ყველა წესში გამოიყენება.

ნაოსი (Naos) [ბერძ. naós, ნაწარმოებია ზმნიდან ნáიეინ „ცხოვრება“] ძველად, ტაძრის შიდა ნაწილი, სადაც ღმრთაების ძეგლი იყო მოთავსებული. დღეს აღნიშნავს ეკლესიის ცენტრალურ ნაწილს, ნავს.

ნართექსი (Nartece) [ბერძ. nárthex] კათაკმეველთა და მონანიეთათვის განკუთვნილი ძველი ქრისტიანული ეკლესიის შესასვლელი. თითქმის ყოველთვის მდებარეობდა ფასადის გარეთ, იშვიათად - მის შიგნით. რომში ის შემონახულია წმიდა საბინას, წმიდა ლავრენტის, წმიდა აგნესას და სხვა ეკლესიებში.

ნაუმი ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

ნაცვალგების კანონი (Taglione, legge del) [დაუდგენელი ეტიმოლოგიის ლათ. სიტყვა talio] გამოთქმა აღნიშნავს ძველ აღთქმაში ჩამოყალიბებულ სისხლის სამართლის კანონს (გამ. 21:23-25; ლევ. 24:19-20; რჯლ. 19:21), რომლის თანახმადაც, სასჯელი არ უნდა ყოფილიყო დანაშაულზე აღმატებული, ამიტომაც ზარალს შესატყვისი ზარალი უნდა მოჰყოლოდა და არ უნდა ყოფილიყო მასზე აღმატებული. ზემოხსენებული კანონი ბრმა შურისძიების აღკვეთას და შესაბამისობის ზომის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად. სახარებაში იესო ქრისტე მის რადიკალურ გადალახვას გვთავაზობს (მათ. 5:38, შმდ.).

ნაცრის ოთხშაბათი (Ceneri, giorno delle) კათოლიკე ეკლესიის ლიტურგიულ კალენდარში დიდმარხვის პირველი კვირადღის წინა ოთხშაბათი, აღნიშნავს დიდმარხვის დასაწყისს. ამ დღეს მღვდელი, მონანიებისა და მოქცევის ნიშნად, მორწმუნეებს თავზე მცირეოდენ ნაცარს აყრის და ამბობს: „გახსოვდეს, რომ მტვერი ხარ და მტვრად იქცევი“ (შდრ. დაბ. 3:19). არსებობს, აგრეთვე, ბოლო დროს დამკვიდრებული ფორმულა: „მოინანიეთ და იწამეთ სახარება“ (მარკ. 1:15). ერთ დროს მხოლოდ საზოგადო მონანიეთათვის განკუთვნილი ეს წესი პაპმა ურბანუს II-მ (XI ს.) ყველა მორწმუნეზე გაავრცელა. ნაცარი - სიკვდილისა და ადამიანის არარაობის გაცნობიერების სიმბოლო - წინა წლის ნაკურთხი ზეთისხილის ან ბზის ტოტების დაწვის შედეგად მიიღება. ნაცრის ოთხშაბათს ეკლესია სამარხვო და ხორცისაგან თავშეკავების დღედ აცხადებს.

ნაწილი (Particola) [ლათ. particula, კნინობითი ფორმა სიტყვისა pars(-tis) „ნაწილი“] თითოეული იმ ნაწილთაგან, რომლებადაც დაყოფს მღვდელმსახური ნაკურთხ ჰოსტიას. ასევე ეწოდება მორწმუნეთათვის ზიარებისათვის დარიგებულ ჰოსტიას. სახელწოდება იქიდან მომდინარეობს, რომ თავდაპირველად ეს ჰოსტია დიდი ზომის ევქარისტიული პურის ნატეხებს წარმოადგენდა.

ნებართვის წერილი (Lettere dimissorie) [ლათ. litterae dimissoriae (ზმნიდან dimittere „ნებართვის მიცემა“)] დოკუმენტი, რომელიც უნდა მიიღოს ხელდასხმის მისაღებად თავისი ეპისკოპოსის ან წინამძღვრისაგან ღმრთისმსახურობის მსურველმა (CIC, კან. 1018-1023).

ნეემიას წიგნი (Neemia, libro di) [ნეემია ნიშნავს „იაჰვე ანუგეშებს“] ბაბილონის გადასახლების მძიმე გამოცდის შემდეგ იუდაური საკრებულოს აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ეზრასთან ერთად. ნეემიას საქმიანობა აღწერილია ძველი აღთქმის ისტორიულ წიგნში, რომელიც თვით ნეემიას სახელს ატარებს (წიგნის 13 თავი სამ ნაწილადაა დაყოფილი) და თავდაპირველად ეზრას წიგნთან ერთად ერთ ლიტერატურულ მთლიანობას შეადგენდა. დაახლოებით 445 წელს იერუსალემში დაბრუნებულმა და მმართველად დანიშნულმა ნეემიამ (ნეემ. 5:1) იერუსალემის გალავანი აღდგინა (ნეემ. 2:11-4:17) და ქალაქის დაცვასა და მასში მოსახლეობის დაბრუნებას უხელმძღვანელა (ნეემ. 7:1-72). თავი გამოიჩინა როგორც ენერგიულმა, უანგარო, ლოცვისაკენ მიდრეკილმა პიროვნებამ.

ნეოთომიზმი (Neotomismo) [ბერძ. néos „ახალი“+tomismo „თომიზმი“] ნეოსქოლასტიკაში აღნიშნავს მიბრუნებას წმიდა თომა აკვინელის მოძღვრებასთან (თომიზმი). ამგვარი მოთხოვნა გაჩნდა 1879 წელს პაპ ლეონ XIII-ის ენციკლიკაში Aeterni Patris. ნეოთომიზმის უდიდეს წარმომადგენლებად მიჩნეული არიან დ. მერსიე და ჟ. მარიტენი.

ნეოკატეხუმენური გზა (Cammino neocatecumenale) რწმენისა და მოქცევის გზა, რომელიც მიზნად ისახავს ქრისტიანული აღზრდის პროცესში ძველი კატეხუმენურობისათვის (ნ. კატეხუმენი) დამახასიათებელი კერიგმის, ცხოვრების შეცვლისა და ლიტურგიის სინთეზის ხელახლა განცდას. ტერმინი „ნეოკატეხუმენური“ მიანიშნებს, რომ საუბარია გზაზე, რომლის გავლასაც სთავაზობენ უკვე მონათლულ ადამიანებს, რომელთაც საკმარისი ქრისტიანული მომზადება არ გააჩნიათ. ნეოკატეხუმენური გზა 1964 წელს აღმოცენდა მადრიდის ღარიბულ რაიონში, რომელსაც პალომერას ალტასი ეწოდება, კიკო არგუელოსა და კარმენ ჰერნანდესის ინიციატივისა და ძალისხმევის შედეგად. მადრიდის მთავარეპისკოპოსის, მონსინიორ კაზიმირო მორსილოს მხარდაჭერით, ეს ინიციატივა მთელ მსოფლიოში გავრცელდა. დღეისთვის ამგვარი საეკლესიო გამოცდილება დაახლოებით 10 000 საკრებულოს აქვს განვლილი. 1990 წლის 30 აგვისტოს ის იოანე პავლე II-მ დაამტკიცა. ნეოკატეხუმენური გზა ექვს ეტაპად ნაწილდება: ა) კერიგმის გამოცხადება: კატეხიზაციის ორთვიანი კურსი, რომელსაც უძღვება კატეხისტების ჯგუფი და რომელიც კონცენტრირებულია მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესმიერი ხსნის გამოცხადებაზე; ამ პერიოდს ამთავრებს სამი დღის განმავლობაში ერთად ყოფნა და ერთობლივი ევქარისტია, რომელიც წარმოშობს ახალ საკრებულოს; ბ) კატეხუმენურობის წინარე საფეხური: ორი წლის განმავლობაში საკრებულო ადასტურებს საკუთარ რწმენას და განაგრძობს განვითარებას ღმრთის სიტყვის მოსმენით, ევქარისტიის აღვლენით, პირადი ლოცვით. ამ პერიოდის დასასრულს, სამდღიანი განმარტოვების შემდეგ, ხდება პირველი შეფასება, რასაც მოჰყვება საკრებულოს გადასვლა კატეხუმენურობის საფეხურზე; გ) ნათლობისშემდგომი კატეხუმენურობა, პირველი ფაზა: ორი წლის განმავლობაში საკრებულო აღრმავებს ღმრთის სიტყვის, ლიტურგიისა და ძმური თანაზიარების სამ სინამდვილეს. დასასრულ, ტარდება მეორე შეფასება; დ) ნათლობისშემდგომი კატეხუმენურობა, მეორე ფაზა: სამწლიანი პერიოდის მანძილზე ღრმავდება ფსალმუნით ლოცვა, „მრწამსის“ სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებისა და „მამაო ჩვენოს“ გააზრება; ე) არჩევა: ორწლიანი პერიოდი ეთმობა განდიდებისა და მადლიერების სულიერებაში ზრდას; ვ) ნათლობის დაპირებათა განახლება: ამ უკანასკნელ ეტაპზე კატეხუმენები არიან მორწმუნენი, რომელთათვისაც მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ცხოვრების ცენტრია.

ნეოსქოლასტიკა (Neoscolastica) [სიტყვებიდან néos „ახალი“+სქოლასტიკა] XIX საუკუნის კათოლიკეობაში აღმოცენებული ფილოსოფიური მოძრაობა. მიზნად ისახავდა თანამედროვე პრობლემატიკის ჩარჩოებში შუა საუკუნეთა თეოლოგიური და ფილოსოფიური აზროვნების ტრადიციის განახლება-აღდგენას, რომელთან კავშირიც წინა საუკუნეებში შესუსტდა. ნეოსქოლასტიკის მნიშვნელოვანი მოღვაწეები იყვნენ კლოიტგენი, შეებენი.

ნეოფიტი (Neofita) [ბერძ. neóphytos „ახლად ამოყრილი (კვირტი)“, „ახალდაბადებული“] ასე უწოდებდნენ ახალმონათლულებს, როგორც რწმენის ახალი სიცოცხლისათვის ხელახლა შობილთ. ტერმინი გვხვდება წმიდა პავლესთან (1 ტიმ. 3:6).

ნესტორიანელობა (Nestorianesimo) V საუკუნის ქრისტოლოგიური ერესი, რომელიც ნესტორის სახელიდან (მარაში, თურქეთი, 381 - პანოპოლისი, ეგვიპტე, 451) იღებს სახელწოდებას. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნესტორი ანტიოქიური თეოლოგიური სკოლის მიმდევარი იყო, რომელიც ქრისტეში უფრო მის ადამიანურობას უსვამს ხაზს (განსხვავებით ალექსანდრიული სკოლისაგან, რომელიც ქრისტეში უმთავრესად ღმრთაებრიობას გამოკვეთდა). დაპირისპირებათა ამოსავალ წერტილად იქცა წოდება „ღმრთისმშობელი“ (theotókos - „ღმრთის დედა“), რომლითაც მარიამს მოიხსენიებდნენ. ნესტორი უპირატესობას ანიჭებდა ტერმინებს „ღმრთისმიმღები“ (theodóchos - „ქალი, რომელმაც ღმერთი მიიღო“) ან „ქრისტესმშობელი“ (Christotókos - „ქრისტეს დედა“), რითაც გულისხმობდა, რომ მარიამი მხოლოდ ქრისტეს ადამიანურობის მშობელი იყო და ამგვარად უარყოფდა ჰიპოსტატურ კავშირს. აქედან გამომდინარე, ქრისტეში პიროვნებათა ორგვარობასთან გვაქვს საქმე. ნესტორიანელობა 431 წელს დაგმო ეფესოს კრებამ, რომელმაც მარიამი „ღმრთისმშობლად“ (theotókos) გამოაცხადა.

ნესტორიანული ეკლესია (Nestoriana, Chiesa) ეფესოს კრების (431) მიერ დაგმობისა და ქალკედონის კრების (451) მიერ გამოტანილი დადგენილების შემდეგ ნესტორის მიმდევრებმა თავი სპარსეთს შეაფარეს, სადაც ნესტორიანული ეკლესია დააარსეს. ამ ეკლესიის მისიონერებმა მალაბარამდე, ინდოეთამდე და ჩინეთამდე მიაღწიეს. XIV საუკუნეში ნესტორიანული ეკლესია 30 სამიტროპოლიტო კათედრასა და 250-მდე დიოცეზს მოიცავდა, თუმცა იმავე საუკუნეში დაიწყო მისი დაკნინებაც, დევნის, თურქთა ისლამიზაციისა და ნესტორიანელთა ჯგუფების (ქალდეველნი და მალაბარელი ქრისტიანები) კათოლიკე ეკლესიის წიაღში დაბრუნების (XVI საუკუნე) გამო. დღეს ნესტორიანული ეკლესია მოქმედებს ირანში, ერაყში, ინდოეთში, თურქეთში, სირიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც, ქალაქ სან ფრანცისკოში, პატრიარქის რეზიდენცია მდებარეობს.

ნეტარად შერაცხვა, ბეატიფიკაცია (Beatificazione) [გვიანლათ. beatificatio] აქტი, რომლითაც პაპი ნებას რთავს, რომ „ღმრთის მსახური“ საჯაროდ იქნეს პატივდებული ნეტარის წოდებით. ნეტარად შერაცხვა ოფიციალურად სრულდება კანონიკური პროცესის შემდეგ, რომელიც პიროვნების სათნოებათა გმირულობასა და მის მიერ მოხდენილ სასწაულთა უტყუარობას ადასტურებს. ყველა შემთხვევაში, საუბარია კულტზე, რომელიც შემოფარგლულია განსაზღვრული ტერიტორიით ან სამოწესეო საკრებულოთი.

ნეტარება (Beatitudine) [ლათ. beatitudo, სიტყვიდან beatus „ნეტარი“] სრული და სრულყოფილი ბედნიერების მდგომარეობა, რომელსაც განიცდის გონიერებითა და ნებით დაჯილდოებული არსება უმაღლესი სიკეთის მიღწევისას.

ნეტარებანი (Beatitudini) რვა განცხადება (მათგან უკანასკნელი მეორდება და განივრცობა), რომლითაც იწყება მოწაფეთა და ხალხისადმი მიმართული იესოს ქადაგება მთაზე (მათ. 5:1-12; შდრ. ლუკ. 6:20-26). ეს განცხადებები ქრისტიანობის დიადი წესდებაა. თითოეული ნეტარება ორი ნაწილისაგან შედგება. ესენია: ა) საკუთრივ ნეტარება, ანუ „მაკარიზმი“ [ბერძნ. makários „ნეტარი“], რომელსაც მოსდევს კატეგორიის მითითება („ღარიბნი“, „მგლოვიარენი“ და ა.შ.); ბ) „მოტივაცია“, ანუ გამართლება (წამძღვარებული კავშირით „ვინაიდან“), რომელიც განკუთვნილ ჯილდოზე მიუთითებს. ლუკას სახარებაში მხოლოდ ოთხი ნეტარებაა ჩამოთვლილი, რომელთაც მოსდევს ოთხი „ვაი მას“. ამ უპირატეს ნეტარებათა გარდა, ძველსა და ახალ აღთქმაში არაერთი სხვა ნეტარებაა დასახელებული.

ნეტარი ნ. ნეტარად შერაცხვა.

ნეტარი ქალწული მარიამის განწმედა (Purificazione della Beata Vergine Maria) ნ. მირქმა.

ნეტარი ხილვა (Visione beatifica) ღმრთის დიდების ხილვა ქრისტეში, რომელიც მართალთა ხვედრია (იოან. 17:24) და დაკავშირებულია ყოველივეს საბოლოო აღსასრულთან. ეს იქნება ადამიანის ჭეშმარიტი და საბოლოო ბედნიერება.

ნეშტთა წიგნი (Cronache, libri delle) ძველი აღთქმის ორი ისტორიული წიგნის ებრაული სახელწოდება. სეპტუაგინტის ბერძნული ბიბლია და ვულგატა მათ მოიხსენიებენ სახელით Paralipomeni, „გადმოცემანი“. შესაძლოა ამის მიზეზია მცდარი დაჯერებულობა, რომ ნეშტთა ორი წიგნი მეფეთა წიგნების გაგრძელებას წარმოადგენს. ნეშტთა წიგნების ავტორი (IV ს. ქრისტეს შობამდე) არა იმდენად ისტორიულ, რამდენადაც რელიგიურ-თეოლოგიურ ამოცანას ისახავს: იგი ხოტბას ასხამს იუდეურ თეოკრატიას, რომლის მთავარი არსი იერუსალემის ტაძრის, როგორც ისრაელის ისტორიის კულმინაციის, რელიგიურ-კულტურული ორგანიზაციაა. თხზულებაში მოცემულია მრავალრიცხოვანი ინფორმაცია ადამის დროიდან დაწყებული კიროსის ედიქტამდე (538 ქრისტეს შობამდე). ნეშტთა ორი წიგნი ოთხ განყოფილებად შეიძლება დაიყოს: წინასიტყვაობა (1 ნეშტ. 1-9); დავითის ისტორია (1 ნეშტ. 10-29); სოლომონის ისტორია (2 ნეშტ. 1-9); იუდეის ტახტზე სოლომონის მემკვიდრეთა ისტორია (2 ნეშტ. 10-36).

ნიკოლოზელნი (Nicolaiti) მიმდევრები ადრეული ქრისტიანული თავისუფალ-გნოსტიკური ხასიათის სექტისა, რომელიც ეფესოსა და პერგამოში გავრცელდა და გამოცხადებაშია მოხსენიებული (გამ. 2:6; 2:16). სექტის წევრები ნიკოლოზის - პირველი შვიდი დიაკვნიდან (გამ. 6:5) ერთ-ერთის - მოწაფეებად იყვნენ მიჩნეულნი და წინასწარმეტყველური ქარიზმის ფლობას იჩემებდნენ. მათ აზიის ცალკეული ქრისტიანული საკრებულოების ზნეობრივი დაცემა ბრალდებოდათ.

ნირვანა (Nirvana) [სანსკ. nirvana „ჩაქრობა“] ბუდჰიზმში ნირვანა აღნიშნავს მძაფრი სურვილისა და ყველა ვნების სრულ გაქრობას, ანუ სულის სრულყოფილი სიმშვიდის, უმაღლესი ნეტარების მიღწევას. ამიტომაც ნირვანა ადამიანისათვის უმაღლესი სიკეთეა, ბუდჰას მიერ მითითებული ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტების სამყოფელი. ნაკლებად სისტემური სახით ნირვანის ცნება ჰინდუიზმშიც არსებობს.

ნიშა (Nicchia) [ნაწარმოებია ზმნიდან nicchiare, ხალხური ლათინურიდან nidiculare „ბუდეში ჯდომა“] ძირითადად ნახევრად ცილინდრული ვერტიკალური ფორმის ღრმული, გამოკვეთილი კედელში ქანდაკების ან რამე სხვა დეკორატიული ელემენტის მოსათავსებლად.

ნიში (Edicola) [ლათ. სიტყვიდან aedicula, კნინობითი ფორმა სიტყვისა aedes (tempio) „მომცრო ტაძარი“, „პატარა კაპელა“] ნიშის ფორმის არქიტექტურული სტრუქტურა, რომელშიც საკრალური გამოსახულება ან ქანდაკებაა მოთავსებული. უმთავრესად განთავსებულია ეკლესიათა, სახლების კედლებზე ან ქუჩათა კუთხეებში.

ნოვაციელნი (Novaziani) სქიზმატიკოსი მღვდელმსახურის, ნოვაციუსის (†257/258წწ.) მიმდევრები. შემწყნარებლობის თავდაპირველი სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, ნოვაციუსი შემდეგ შეუძლებლად მიიჩნევდა ეკლესიის მიერ საკრებულოებში ლაფსთა კვლავ დაბრუნებას და მათ განკვეთას მოითხოვდა. ეს მკაცრი მიდგომა შემდგომში კიდევ უფრო გამოიკვეთა ხისტ პოზიციაში, რომლის თანახმადაც შერიგებაზე უარი უნდა მიეღო მძიმე ცოდვის ჩამდენ ნებისმიერ პიროვნებას. „წმიდათა ეკლესიის“ ამაღლებული იდეალის მომხრე ნოვაციუსი ჯიუტად დაუპირისპირდა პაპ კორნელიუსს, რის შედეგადაც ქვეყნიდან იქნა განდევნილი. მისი სახელობის სექტამ აღმოსავლეთში VI საუკუნემდე იარსება.

ნოვენა (Novena) [ლათ. noveni (რიცხვითი სახელი) „ცხრა-ცხრა“] ლიტურგიული ან პარალიტურგიული მსახურება, რომელიც ზედიზედ ცხრა დღის განმავლობაში მეორდება და მიზნად ისახავს მორწმუნეთა მომზადებას მნიშვნელოვანი დღესასწაულისათვის (საშობაო, უბიწო ჩასახვის ნოვენა და ა.შ.). პიროვნული თვალსაზრისით, აღნიშნავს მადლის მიღების მიზნით თაყვანისცემის სახეობას და მდგომარეობს ზედიზედ ცხრა დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ლოცვათა წარმოთქმასა და მედიტაციაში.

ნოვიციატი (Noviziato) ასე ეწოდება მომზადების პერიოდს - მორჩილად ყოფნას, რომლითაც იწყება ცხოვრება სამოწესეო ინსტიტუციაში. ამგვარი მომზადების მიზანია, მორჩილებმა უკეთ გაიცნობიერონ ინსტიტუციისადმი თავიანთი კუთვნილების მოწოდება, გაეცნონ მასში არსებულ ცხოვრების წესს, გულითა და გონებით გაიზიარონ მისი სულისკვეთება და ამგვარად გამოსცადონ საკუთარი განზრახვა და ინსტიტუციის ცხოვრებასთან შესაბამისობა (CIC, კან. 646). ნოვიციუსთა აღზრდა ინსტიტუციისათვის დამახასიათებელი სრულყოფის ცხოვრებისთვის მათ თანდათანობით მომზადებას გულისხმობს (CIC, კან. 652, ნაწ. 1). საგანგებო კანონი განსაზღვრავს ნოვიციუსის აღზრდის რეგლამენტს (CIC, კან. 650, ნაწ. 1), რომლის ძირეული პუნქტებია: ა) მორჩილებს სჭირდებათ დახმარება ადამიანურ და ქრისტიანულ სათნოებათა განვითარებაში; ბ) სრულყოფის საპასუხისმგებლო გზისთვის ისინი ლოცვისა და საკუთარ თავზე უარის თქმის მეშვეობით უნდა მოემზადონ; გ) საჭიროა მათი ხელმძღვანელობა ხსნის საიდუმლოებისა და საღმრთო წერილის კითხვისა და მასზე განსჯისას; დ) მათ უნდა გაიარონ აუცილებელი მომზადება ლიტურგიაში ღმრთის მსახურებისათვის; ე) ღმრთისა და ქრისტეში ადამიანებისადმი მიძღვნილი ცხოვრების მოთხოვნილებებისათვის ნოვიციუსები სახარებისეულ რჩევათა მეშვეობით უნდა მოემზადონ; ვ) უნდა მიიღონ ინფორმაცია ინსტიტუციის ისტორიის, ცხოვრების, ხასიათისა და სულისკვეთების, მიზნებისა და დისციპლინის შესახებ; ზ) უნდა აღიზარდონ ეკლესიისა და მისი წმიდა მოძღვრებისადმი სიყვარულით (CIC, კან. 652, ნ. 2). ნოვიციატი, რომელიც, როგორც წესი, ერთ ან ორ წელიწადს გრძელდება, მოწესეობის დაფუძნების პირველი წლებიდანვე იღებს დასაბამს. მის შესახებ შესაბამის წესებში საუბრობენ წმიდა პახომი (292-346) და წმიდა ბენედიქტე. პაპმა გრიგოლ დიდმა 595 წელს, ფაქტობრივად, ნოვიციატი სავალდებულოდ გამოაცხადა ყველა მოწესისათვის.

ნოვიციუსი (Novizio) [ლათ. ნოვიციუს, ნაწარმოებია სიტყვიდან novus „ახალი“, „ახალმოსული“] მორჩილი, რელიგიური ინსტიტუციის ნოვიციატში მიღებული პირი.

ნუგეშისმცემელი (Paraclito) [ბერძ. parákletos „დასახმარებლად მოხმობილი“, „მოხმობილი“, შემდეგ ლათ. paráclitus] ტრადიციულად განიმარტება, როგორც ქომაგი, დამცველი, დამამშვიდებელი (შდრ. იობ. 33:23; ეს. 51:12), ასე მოიხსენიება სული წმიდა (იოან. 14:16.26; 15:26; 16:7) და იესო (1 იოან. 2:1).

ნუნციატურა ნ. სადესპანო.

ნუნციუსი ნ. სამოციქულო სადესპანო.

ნუსი (Nous/nous theoretikós) [ბერძ.] ფილოსოფიური ცნება, რომელიც უმთავრესად, ზოგადად, აზროვნების უნარს აღნიშნავს. უფრო კონკრეტულად შეიძლება აღნიშნავდეს ინტელექტს, როგორც თეორიულ ინტუიციურ უნარს. ყველაზე ხშირად სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენებოდა აღნიშნული ტერმინი ანტიკურ სამყაროსა და შუა საუკუნეებში, თუმცა, ამავე დროს, ამ მნიშვნელობის მრავალი სახესხვაობა არსებობდა. ტერმინი შეიძლება აღიშნავდეს, აგრეთვე, ქმედით უნარს, homo faber, ანუ ტექნიკოსს, რომლის შესახებ სწავლებაც ჩამოაყალიბა ბერგსონმა.

15

▲back to top


ანტიფონები (O, antifone) ასე ეწოდება Magnificat-ის ანტიფონებს, რომლებიც იწყება მიმართვით „ჰოი“ („ო“). ამ ანტიფონებს ასრულებენ 17-დან 23 დეკემბრამდე შობისთვის მოსამზადებელ პერიოდში.

ოაზისი“, მოძრაობა ნ. მოძრაობაოაზისი“.

ობლატები (მიძღვნილნი) (Oblati/e) [ლათ. oblatus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა offerre „შეთავაზებული“] აღნიშნავს იმათ, „ვინც ღმერთს მიეძღვნა“. ძველად (IV ს.) ასე უწოდებდნენ ღმრთის სამსახურში ჩაყენების მიზნით მშობლების მიერ მონასტერში მიყვანილ ბავშვებს. მოგვიანებით ამ სახელით მოიხსენიებდნენ, აგრეთვე, ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც მონასტერში მიდიოდნენ (სამონასტრო ობლატები) ან იზიარებდნენ სამონასტრო სულიერებას, თუმცა თავად მონასტერში არ ცხოვრობდნენ (საერო ობლატები). ეს უკანასკნელნი ამგვარად მესამე ორდენის წევრებს შეიძლება შევადაროთ. რელიგიური კონგრეგაციები: წმიდა ამბროსის ობლატები, 1578 წელს მილანში, კარლო ბორომეოს მიერ დაარსებული საერო მღვდელთა კონგრეგაცია. მისი წევრები ეპისკოპოსის განკარგულებაში იყვნენ სამწყსო დავალებათა შესასრულებლად; უბიწო ქალწულ მარიამის ობლატი მისიონერები (Congregatio Missionariorum Oblatorum B.M.V. Immaculatae), დაარსდა 1816 წელს ე. დე მაზნოს (1782-1861, 1837 წლიდან მარსელის ეპისკოპოსი) მიერ. თავდაპირველად კონგრეგაციას ეწოდებოდა Missionnaires de Provence, ახალი სახელით კი ისინი 1826 წელს ლეონ XII-მ აღიარა. გარდა სახალხო მოსიონერობისა, მოღვაწეობდნენ სკოლებში, კოლეგიუმებსა და სემინარიებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი კვლევები მისიოლოგიის დარგში; ქალწულ მარიამის ობლატები, 1826 წელს პიუს ბრუნო ლანტერის მიერ სახალხო მოციქულობისა და შორეულ ქვეყნებში მისიონერობის მიზნით დაარსებული კონგრეგაცია; წმიდა ფრანცისკე სალელის ობლატები (Istitutum Oblatorum sancti Francisci Salesii) დაარსდა 1875 წელს და დამტკიცებულ იქნა ლეონ XIII-ის მიერ 1897 წელს. მისი წევრები მისდევენ წმიდა ფრანცისკე სალელის სულიერებას, ეწევიან სამწყსო, საგანმანათლებლო და მისიონერულ საქმიანობას; წმიდა იოსების ობლატები (იოსებელნი ასტიდან), დაარსდა 1878 წელს ახალგაზრდათა აღზრდის, მათ შორის სამწყსო საქმიანობის წარმართვისა და მისიონერული საქმიანობის მიზნით. ობლატთა - როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა - შტოები დაიყოფა სამონასტრო ობლატებად (რომლებიც მარტივ აღთქმებს დებენ) და საერო ობლატებად (რომლებიც მხოლოდ დაკავშირებულია ცალკეულ მონასტერთან); ობლატები სარკეთა კოშკიდან, ეწოდებათ, აგრეთვე, ოლიველთა ქალთა ორდენის წევრებსაც. ეს ორდენი 1433 წელს რომში ფრანჩესკა რომანამ დააარსა ღარიბთა და სნეულთა დახმარების მიზნით.

ოთხი ჟამი (Quattro tempora) [ლათ. tempora (მრავლობითი რიცხვის ფორმა ზმნისა tempus „დრო“, „სეზონი“)] ასე ეწოდებოდა სეზონის დასაწყისში მონანიებისა და ლოცვისათვის განკუთვნილ დღეებს. ამგვარი დღეები რომში III-IV საუკუნეების მიჯნაზე დამკვიდრდა და მათი მნიშვნელობა პაპ გელასი I-ის (†496) დროს გაიზარდა, რომლის განკარგულებითაც ამ პერიოდში, შაბათ დღეს, ხელდასხმის წესი აღესრულებოდა.

ოკამიზმი (Occamismo) XIV-XVII საუკუნეებში გავრცელებული ფილოსოფიური, თეოლოგიური და პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც ეყრდნობა ინგლისელი ფრანცისკელი ფილოსოფოსის, უილიამ ოკამის (†1349-1350) ნააზრევს. უნივერსალიათა და ცნებათა (ტერმინების) ონტოლოგიური რეალობის უარყოფით, - ეგრეთ წოდებული კონცეპტუალიზმის სასარგებლოდ, - რომლის თანახმადაც, ცნებები ენაცვლება საგნებს, როგორც „ნიშნები“ (ჩანაცვლების თეორია), საბოლოო ჯამში ფილოსოფია განცალკევდა თეოლოგიისგან, საერო სამყარო კი - რელიგიურისგან.

ოკულტიზმი (Occultismo) [ლათ. occultus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა occulere „დამალვა“] მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან საზოგადოდ დამკვიდრებული ტერმინი „ოკულტიზმი“ აღნიშნავს ცოდნისა და საქმიანობათა ერთობლიობას, რომელთა საგანიც მეცნიერულად შეუცნობადი და აუხსნადი ენერგია და რაობაა, რისი მართვაც შეუძლიათ ჩვეულებრივს აღმატებული უნარების მქონე პიროვნებებს განსაკუთრებულ ტექნიკათა დახმარებით. ოკულტიზმი - მაგიურ-მისტიკური მოძრაობა, ხშირად ურწყამდა ერთმანეთს რელიგიურ ჟანრებსა და კონცეფციებს სავარაუდოდ არსებული საერთო საიდუმლო ტრადიციის ძიებაში. ყველა მეორეხარისხოვანი ფენომენისათვის (გაღმერთებით დაწყებული და მოძრავი მაგიდებითა და გარდაცვლილთა სულების გამოძახებით დამთავრებული) „ნეოსპირიტუალისტური“ განმარტების პოვნის მისეული მცდელობა კი ხშირად გამხდარა გაუგებარი და ბანალური დასკვნის მიზეზი.

ოლივეტოელნი (Olivetani) 1313 წელს სიენის მახლობლად მდებარე მთა ოლივეტოზე ნეტარ ბერნარდო ტოლომეის მიერ დაარსებული ბენედიქტელთა კონგრეგაციის წევრები (Ordo sancti Benedicti Montis Oliveti). კონგრეგაცია 1344 წელს კლემენტე VI-მ და დაამტკიცა. ამჟამად მის წევრთა რიცხვი 200-ს არ აღემატება.

ონტოლოგია (Ontologia) [ბერძ. óntos, აწმყოს მიმღეობა ზმნისა einai „ყოფნა“+loghía, ფუძიდან სიტყვისა lógos „სიტყვა“] მეტაფიზიკად ან ზოგად ფილოსოფიად წოდებული ფილოსოფიის ის ნაწილი, რომელიც ყოფნას შეისწავლის.

ონტოლოგიზმი (Ontologismo) [მომდინარეობს სიტყვიდან ონტოლოგია (ყოფნის შესწავლა)] შეისწავლის იმ ფილოსოფიურ მიმდინარეობებს, რომლებიც ღმრთის უშუალო, ინტუიციურ შეცნობას არსებათა ნებისმიერი შეცნობის საფუძვლად აცხადებს, გამომდინარე მოსაზრებიდან, რომ ყოველი არსება ღმრთაებრივ ყოფნაში თანამონაწილეობაა.

ოპუს დეი (Opus Dei) [ლათ. „ღმრთის საქმე“] წმიდე ბენედიქტესეული წესდების თანახმად (თ. 43), ლიტურგიული ლოცვა, რადგანაც ის ღმრთის მსახურებად (dominicum servitum) მიიჩნევა. გამონათქვამის ეს შემოკლებული ვარიანტი ჩვეულებრივ აღნიშნავს 1928 წელს მადრიდში არაგონელი მღვდლის, ხოსე მარია ესკრივა დე ბალაგერ ი ალბას (1902-1975) მიერ დაარსებულ მამაკაცთა საზოგადოებას (Societas sacerdotalis sanctae Crucis et Opus Dei), რომელსაც 1930 წელს ქალთა შტოც დაერთო. 1943 წელს აღმოცენდა წმიდა ჯვრის სამღვდელმსახურებო საზოგადოება, დამტკიცებული პიუს XII-ის მიერ 1950 წელს სახელწოდებით წმიდა ჯვრის სამღვდელმსახურებო ინსტიტუტი. 1982 წელს იოანე პავლე II-მ ოპუს დეის პერსონალური პრელატურის სტატუსი მიანიჭა. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერო ინსტიტუტის - ოპუს დეის მმართველი ორგანო 1946 წლიდან რომში მდებარეობს. დაახლოებით 72 000 მისი (საერო და სასულიერო პირები) წევრი, ვისი სახელებიც გასაიდუმლოებულია, ყველა კონტინენტის 80-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობენ, თუმცა განსაკუთრებით ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში არიან წარმოდგენილნი. ოპუს დეის სულიერება მისმა დამაარსებელმა წარმოადგინა 1939 წელს გამოცემულ წიგნში „გზა“. რელიგიური თვალსაზრისით ტრადიციონალისტური ტენდენციის მატარებელი ოპუს დეი მიზნად ისახავს ყოველდღიური ცხოვრების წმიდაყოფას დამოწმებისა და შრომის მეშვეობით, ლოცვისა და სულიერების კონტექსტში.

ორატორია (Oratorio) [გვიანლათ. oratorium (სიტყვიდან orare „ლოცვა“)] რელიგიური შინაარსის პოეტური მუსიკალური თხზულება სოლისტების, გუნდისა და ორკესტრის შესრულებით სასცენო წარმოდგენის გარეშე.

ორატორიელნი (Oratoriani) [ნაწარმოებია სიტყვიდან oratorio „სამლოცველო“] 1552 წელს წმიდა ფილიპე ნერის მიერ დაარსებული საერო მღვდელმსახურთა კონგრეგაციის წევრები. 1575 წელს კონგრეგაცია გრიგოლ XIII-მ დაამტკიცა (Institutum Oratorii sancti Philippi Neri). სახელწოდება მომდინარეობს „სამლოცველოდან“, სადაც იკრიბებოდნენ სალოცავად ფილიპე და მისი მეგობრები. ნერიმ უარი თქვა თავის საზოგადოებაში რამე წესისა თუ აღთქმის დამკვიდრებაზე და მას უბრალოდ „ქრისტიანული სიხარულის სასტუმრო“ უწოდა. ნერი ახალი სამწყსო მეთოდების მეშვეობით (მაგალითად, ქადაგება ბავშვებისათვის, მომლოცველობა, რელიგიური გალობა ხალხურ ენაზე, სულიერი წვრთნანი) ქალაქ რომის განახლებას ისახავდა მთავარ მიზნად. ანალოგიური კონგრეგაცია 1611 წელს, პარიზში კარდინალმა პიერ დე ბერულმა დააარსა (Congregatio Oratorii Jesu et Mariae Immaculatae).

ორატორიუმი (Oratorio) [გვიანლათ. oratorium (სიტყვიდან orare „ლოცვა“)] ტერმინს სხვადასხვა მნიშვნელობები აქვს: ა) „...ადგილი, განკუთვნილი ...საღმრთო კულტისათვის, რომელიც დათმობილი აქვს საკრებულოს ან მორწმუნეთა ჯგუფს; ამ ადგილას შეუძლიათ თავმოყრა, აგრეთვე, სხვა მორწმუნეებსაც, შესაბამისი წინამძღვრის თანხმობით“ (CIC, კან. 1223). ბ) უმთავრესად სამრევლო ეკლესიის მომიჯნავე სივრცე, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები კულტურული, სულიერი, თავშესაქცევი საქმიანობით არიან დაკავებულნი.

ორაციონალი (Orazionale) [ლათ. oratio „ლოცვა“] წიგნი, რომელიც შეიცავდა ლოცვებს ჟამთა ლიტურგიისათვის. მისი ელემენტები გაბნეულია პირველ საიდუმლოთა წიგნებში (მაგალითად, ვერონულსა და გელასისეულში).

ორდალია (Ordalia) [ინგლ. ორდეალ „სამსჯავრო“] ნ. ღმრთის სამსჯავრო.

ორიგენიზმი (ორიგენელობა) (Origenismo/Origenista) ძველი ქრისტიანული, უმთავრესად სამონასტრო თეოლოგიის მიმართულება, დაფუძნებული ორიგენეს (†254) მოძღვრების ცალკეულ მოტივებზე. განიცდიდა ნეოპლატონისტური და გნოსტიკური მიმართულებების გავლენას, ამტკიცებდა კოსმოსისა და სამშვინველთა მარადიულობას (წინარეარსებობას), მატერიის უარყოფით ხასიათსა (ცოდვის შედეგი) და აპოკატასტაზისს.

ორმოცდაათიანელები (Pentecostali) XIX საუკუნის დასასრულს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოცენებულ ცალკეულ პროტესტანტულ საზოგადოებათა წევრები. ეს საზოგადოებები სული წმიდის გარდამოსვლის (საქმ. 2:1-11) გამოცდილებას უბრუნდებიან და ეკლესიის რელიგიურ გამოღვიძებას ესწრაფვიან. აღასრულებენ „სულის ნათლობას“ და ავითარებენ თავიანთ ქარიზმებს: გლოსოლალიას (უცნობ ენებზე საუბარს), სნეულთა განკურნების უნარს, ექსტაზურ ლოცვას, წინასწარმეტყველებას და ა.შ. უმთავრესად ცნობილია ამ მოძრაობის შემდეგი ჯგუფები: საღმრთო ასამბლეები (მმართველი ორგანო მდებარეობს მისურის შტატის ქალაქ სპრინგფილდში) და ღმრთის ეკლესია ქრისტეში (მემფისი). ვატიკანის II კრების შემდეგ კათოლიკობაშიც ჩამოყალიბდა „ქარიზმატული“ ანუ ახალი ორმოცდაათიანული ჯგუფები (ნ. ახალი ორმოცდაათიანელობა), რომლებიც სული წმიდაში საეკლესიო განახლებას ესწრაფვიან. არსებითად, ესაა ლოცვისა და ბიბლიური კითხვის ჯგუფები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მძლავრი რელიგიური და სოციალური ერთიანობის შეგრძნება და ძალისხმევა. ჯგუფები ხელმძღვანელობენ საღმრთო წერილში (საქმ. 2:42-47; 1კორ. 12:12-27) აღწერილი ცხოვრების წესის ნიმუშით და ესწრაფვიან, იქცნენ სული წმიდაში საეკლესიო განახლების გამოხატულებად.

ორმოცსაათიანი (Quarantore) ღმრთისმოსაობის გამოხატულება, მდგომარეობს წმიდა ევქარისტიის თაყვანისცემაში ორმოცი საათის განმავლობაში, თუნდაც არა შეუწყვეტლივ. ეს წესი XIII საუკუნეში, ცარაში გავრცელდა, სადაც ერთ-ერთი საძმო თაყვანს სცემდა უწმიდეს ევქარისტიას 40 საათის განმავლობაში დიდი პარასკევიდან აღდგომის დილამდე. ევქარისტიული თაყვანისცემის ეს ფორმა ფართოდ გავრცელდა, განსაკუთრებით იტალიაში, XVI საუკუნის დასაწყისში. ამ წესმა დაუდო შედეგ სათავე ევქარისტიის ეგრეთ წოდებულ „მუდმივ თაყვანისცემას“.

ორმუხლედი (Versetto) [ლათ. versicula „მოკლე ტექსტი“] ფსალმუნის (ან, ზოგადად, პოეტური ბიბლიური ნაწარმოების) ნაწილი, შედგენილი ერთი ფრაზისგან, რომელიც თავისთავად დასრულებულია და ორ, დაახლოებით თანაბარ და სიმეტრიულ წევრადაა განაწილებული. ლიტურგიაში ორმუხლედი ეწოდება ლოცვის ტექსტს, რომლის პირველ ნაწილს მხოლოდ ერთი მგალობელი წარმოთქვამს, მორწმუნეები კი ერთხმად უპასუხებენ მეორე ნაწილით.

ორფიზმი (Orfismo) მისტიკური ხასიათის ყველაზე დიდი რელიგიური ფენომენი ძველ საბერძნეთში. შესაძლოა, მისი შთამაგონებელი ყოფილიყო თრაკიელი პოეტი ორფევსი (VI საუკუნე ქრისტემდე). ეს იყო ეზოტერიკული და სახალხო რელიგია, რომელიც რიტუალურ და ასკეტურ წესთა მეშვეობით ესწრაფვოდა სულის განწმედას, რისი საბოლოო მიზანიც ღმრთაებრივი სიწმიდის მიღწევა იყო. თუკი მიზანი არ მიიღწეოდა, სამშვინველი იძულებული იყო, რეინკარნაცია გაევლო სხვა სხეულში. ორფეული თეოგონია ემყარებოდა პირველსაწყისი პრინციპის - ქრონოსის (დროის) აღიარებას, რომელიც დიონისემდე ყველა ღმრთაებრივი არსების მშობლად იყო მიჩნეული. იგი ტიტანებმა დაგლიჯეს და შეჭამეს; ამ უმოწყალო საქციელის გამო ზევსმა ისინი ფერფლად აქცია. ტიტანთა ფერფლიდან აღმოცენდა კაცთა მოდგმა, რომელიც ორ საწყისს მოიცავს: სამშვინველს - ზეციურ, დიონისურ ელემენტს, რომელიც ღმრთაებრიობასთანაა კავშირში, და სხეულს - ბნელ, ტიტანურსა და მატერიალურ ელემენტს. ორფიზმის მთავარი მნიშვნელობა ისაა, რომ მან ასკეტური ძალისხმევა დაუკავშირა ღმრთაებრივის წინაშე ადამიანის პასუხისმგებლობას და დაამკვიდრა სიკვდილის შემდეგ გასამრჯელოს არსებობის იდეა. ორფიზმიდან მომდინარე ეთიკური მუხტი ბერძნულმა ფილოსოფიამ გაითავისა, ხოლო მოხეტიალე ორფისტთა კულტის ორგიული ელემენტები და მაგიური რიტუალები უარყოფილ იქნა.

ოსანა ნ. ჰოსანა.

ოსერვატორე რომანო (L'Osservatore Romano) ვატიკანის სახელმწიფოს ყოველდღიური გაზეთი. იტალიის სახელმწიფო არქივში 1870 წლის შემდეგ მოთავსებული საქმე „162/1110 L'Osservatore Romano“ პაპ პიუს IX-ის ნებით გაზეთის დაარსების დოკუმენტური საბუთია. ახალი გაზეთი 1861 წლის ივნისში იტალიის მინისტრთა საბჭომ და პაპ პიუს IX-მ დაამტკიცეს. გაზეთის პირველი ნომერი იმავე წლის 1 ივლისს დაიბეჭდა. „ოსერვატორე რომანო“ პირველივე დღიდან პაპის ნააზრევის გავრცელებას ემსახურება და მჭიდროდ თანამშრომლობს რომის კურიის უწყებებთან. გაზეთის ყოველდღიური გამოცემა იტალიურ ენაზე იბეჭდება. გარდა ამისა, არსებობს მისი ვერსიები ფრანგულ (1949), ინგლისურ (1968), ესპანურ (1969), პორტუგალიურსა (1970) და გერმანულ ენებზე (1971). 1980 წლიდან იბეჭდება „ოსერვატორე რომანოს“ გამოცემა პოლონურ ენაზე.

ოსია ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

ოსტენსორიუმი (Ostensorio) [ლათ. ostensorium (სიტყვიდან ostensus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა ostendere „ჩვენება“)] საეკლესიო ნივთი, რომელიც გამოიყენება ნაკურთხი ჰოსტიის მორწმუნეთათვის სათაყვანებლად გამოსატანად და ევქარისტიული კურთხევის გასაცემად. ესაა შუშით დაცული ლუსკუმი, საიდანაც ჰოსტია მოჩანს. მისი ხმარება XIV საუკუნის შემდეგ დამკვიდრდა.

ოსტიარი (Ostiario) [ლათ. ostiarius, ნაწარმოებია სიტყვიდან ostium „კარები“] სასულიერო პირი, რომელმაც ოსტიარიატის მცირე ხელდასხმა მიიღო.

ოსტიარიატი (Ostiariato) [ლათ. ostiarius (სიტყვიდან ostium „კარები“)] პირველი ოთხი მცირე ხელდასხმიდან, რომელსაც სასულიერო პირი მღვდლად კურთხევამდე იღებდა და რომელიც დღეს უკვე გაუქმებულია. ოსტიარის მოვალეობებში შედიოდა ეკლესიის გაღება და დახურვა, მისი დარაჯობა, მორწმუნეთა მიღება, უღირსთათვის ეკლესიაში შესვლის აკრძალვა და ზარების დარეკვა.

ოქროს წესი (Regola aurea) ასე ეწოდება იესოს საფუძველმდებ წესს: „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი“ (მათ. 7:12, შდრ. ლუკ. 6:31). ეს მაქსიმა კარგად იყო ცნობილი ძველად, განსაკუთრებით - იუდაიზმში. ქრისტიანთათვის ის სიყვარულის - კაცთმოყვარების კონტექსტში უნდა იქნას აღთქმული და გააზრებული.

ოქტავა (Ottava) [ლათ. octava (dies) „მერვე (დღე)“] რვა დღისაგან შემდგარი ლიტურგიული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გრძელდება რელიგიური დღესასწაული. დღეს შემორჩენილია მხოლოდ საშობაო და სააღდგომო ოქტავები.

ოქტავიარიუმი (Ottavario) [ლათ. octavarium, ნაწარმოებია სიტყვიდან octava] ლოცვისა და მედიტაციისათვის განკუთვნილი რვადღიანი პერიოდი, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიური დღესასწაულისთვის მომზადებას ან რამე მნიშვნელოვანი მოვლენისათვის ქრისტიანთა განწყობას (ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, ქრისტიანთა ერთობა; ნ. ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის კვირეული).

ოცდამეათე დღე ნ. Trigesima (dies).

16

▲back to top


პავლელნი (Paolini/e) ამ სახელით არიან ცნობილნი: ა) პოლონეთის პირველი განდეგილის, წმიდა პავლეს მონაზვნები (Ordo Fratrum sancti Pauli primi Eremitae), XIII საუკუნის შუა წლებში უნგრეთში დაარსებული მათი სამონასტრო კონგრეგაცია სწრაფად გავრცელდა პოლონეთში, ავსტრიაში, იტალიასა და გერმანიაში; ბ) წმიდა პავლეს საზოგადოების წევრები, რომელიც 1904 წელს ალბაში (კუნეო) ჯაკომო ალბერიონემ (1884-1971) დააარსა, 1949 წელს კი პაპმა პიუს XII-მ დაამტკიცა. წმიდა პავლეს სამოწესეო ორგანიზაციათა წევრები საზოგადოებრივი კომუნიკაციის ყველა საშუალების გამოყენებით მისდევენ სამოციქულო საქმიანობას, რაც ნამდვილ ქადაგებად მიიჩნევა და სიტყვით ქადაგებას უტოლდება. მათი სამოციქულო საქმიანობა, რომელსაც იტალიაში წმიდა პავლეს საგამომცემლო ჯგუფი უწევს კოორდინირებას, სხვადასხვა სექტორებად იყოფა და მოიცავს არა მხოლოდ საგამომცემლო საქმიანობას (მაგალითად, წმიდა პავლეს გამომცემლობის მიერ დასტამბული ცალკეული შრომები და პერიოდული გამოცემები, რომელთა შორის უმთავრესია „ფამილია კრისტიანა“ და „ჯეზუ“), არამედ კომუნიკაციის სხვა საშუალებებსაც (მაგალითად, წმიდა პავლეს აუდიო-ვიზუალური გამოცემები). წმიდა პავლეს საზოგადოების გარდა, დონ ალბერიონემ დააარსა აგრეთვე ქალთა ოთხი სამოწესეო კონგრეგაცია (წმიდა პავლეს ასულები, ღმრთაებრივი მასწავლებლის სათნო მოწაფენი, იესო — კეთილი მწყემსის მონაზვნები, მოციქულთა დედოფალ მარიამის მონაზვნები), ოთხი საერო ინსტიტუტი და თანამშრომელთა ასოციაციები და ამგვარად მისცა დასაბამი „წმიდა პავლეს ოჯახს“. გ) აგრეთვე, პავლელნი ეწოდებათ, 1920 წელს მილანში დააარსებული და 1950 წელს დამტკიცებული წმიდა პავლეს საზოგადოების საერო ინსტიტუტის წევრებს (ნ. საერო ინსტიტუციები).

პავლეს პრივილეგია (Privilegio paolino) აღნიშნავს ორი არაქრისტიანი მეუღლის ქორწინების გაუქმების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ქრისტიანობას იღებს, მეორე კი უარს აცხადებს ამ ახალ ვითარებაში მშვიდობიან თანაცხოვრებაზე (შდრ. 1კორ. 7:12-16; CIC, კან. 1143). ნ. პეტრეს პრივილეგია.

პავლეს წერილები (Lettere di San Paolo) წმიდა პავლეს წერილთა კრებული 14 წერილს შეიცავს, ანუ, უფრო სწორად, მისი სახელით 14 წერილია მოღწეული. მათ შორისაა ებრაელთა მიმართ წერილიც, რომელიც წმიდა პავლეს ნააზრევს ასახავს, თუმცა, მეცნიერთა ერთსულოვანი დასკვნით, უშუალოდ მისი დაწერილი არ უნდა იყოს. საუბარია სხვადასხვა ვითარებაში დაწერილ განსხვავებული მოცულობისა და ხასიათის წერილებზე, რომელთა მიზანიც იყო გაუგებრობის გაქარწყლება, სწავლების დამატებისა და დაზუსტების მიწოდება, დაპირისპირების აღმოფხვრა, სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვა. ქრისტეს შემდეგ 51-67 წლებში დაწერილი ეს წერილები ქრისტიანობის უძველეს ტექსტებს განეკუთვნება და ასახავს პირველ ქრისტიანთა ცხოვრებას, სწავლებასა და ლიტურგიას. მათში ერთმანეთს ენაცვლება დაყვავება და მკაცრი ტონი, უმარტივესი მითითებები და უმაღლეს ჭეშმარიტებათა შესახებ განსჯა. წერილები მალევე შეიკრიბა კრებულად სახელწოდებით „corpus paulinum“, რომლის არსებობას წყაროები მოციქულთა მოღვაწეობის ხანაშივე ადასტურებენ და მას ახალი აღთქმის სხვა ნაწერთა თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებენ (შდრ. პეტრ. 3:16; წმიდა ეგნატე, ეფესელთა მიმართ, 12:2). II საუკუნის ბოლოს, „აღმშენებელთა კანონის“ ჩამონათვალში შევიდა ყველა ხსენებული წერილი, ებრაელთა მიმართ წერილის გარდა. ყველაზე მკაცრი თანამედროვე კრიტიკოსებიც კი აღიარებენ ამ წერილთა უმრავლესობის ავთენტიკურობას, თუმცა არსებობს ეჭვი სამწყსო წერილთა (1 და 2 ტიმ.) და ეფესელთა და კოლოსელთა მიმართ წერილების ავთენტიკურობის თაობაზე. საკამათოა არა იმდენად წერილთა წარმოშობა, რამდენადაც უფრო სტილი და მეორეხარისხოვანი დეტალები, რომლებიც ადვილად შეიძლება მიეწეროს პავლეს მოწაფეებსა და თანაშემწეებს. ქვემოთ მოცემულია წერილთა ნუსხა, რომელიც დაყოფილია სამ ჯგუფად ყველაზე გავრცელებული ქრონოლოგიური თანმიმდევრობის შესაბამისად: პირველი დიდი წერილები: 1) 1 თეს.: თესალონიკელთასაკრებულოსადმი (მაკედონია, საბერძნეთი) მიწერილი პირველი წერილი; 2) 2 თეს.: თესალონიკელთა მიმართ მიწერილი მეორე წერილი; 3) 1 კორ.: კორინთოს საკრებულოსადმი მიწერილი პირველი წერილი; 4) 2 კორ.: კორინთოს საკრებულოსადმი მიწერილი მეორე წერილი; 5) გალ.: გალატიის (თურქეთი) საკრებულოსადმი მიწერილი წერილი; 6) რომ.: რომის საკრებულოსადმი მიწერილი წერილი. საპყრობილეში დაწერილი წერილები: 7) ფილ.: ფილიპელთა (მაკედონია, საბერძნეთი) საკრებულოსადმი მიწერილი წერილი; 8) ფილ.: წერილი ფილიმონისადმი (კოლოსი, მცირე აზია, თურქეთი); 9) კოლ.: კოლოსის (მცირე აზია, თურქეთი) საკრებულოსადმი მიწერილი წერილი. 10) ეფეს.: ეფესოს (მცირე აზია, თურქეთი) საკრებულოსადმი მიწერილი წერილი. სამწყსო წერილები: 11) 1 ტიმ.: პირველი წერილი ტიმოთესადმი (ეფესო, თურქეთი); 12) ტიტ.: წერილი ტიტესადმი (კრეტა); 13) 2 ტიმ.: მეორე წერილი ტიმოთესადმი (ეფესო, თურქეთი).

პავლიკიანელნი (Pauliciani) VII-XII საუკუნეებში ბიზანტიის იმპერიაში გავრცელებული გნოსტიკურ-დუალისტური სექტა. სავარაუდოდ, დაუზუსტებელი წარმოშობისა და სახელწოდების პირველი საზოგადოება სომხეთში, კობოსაში აღმოცენდა. სექტის მიმდევრები საღმრთო წერილიდან მხოლოდ ახალი აღთქმის ერთ ნაწილს იღებდნენ და უარყოფდნენ ძველ აღთქმას; უარყოფდნენ იესო ქრისტეს განკაცებას, რადგანაც, მათი აზრით, ქრისტე არა ღმრთის შვილი, არამედ მხოლოდ დედამიწაზე მოვლენილი ანგელოსი იყო; არ აღიარებდნენ საეკლესიო იერარქიას და მონაზვნობას, წმიდა ხატებსა და საიდუმლოთ.

პალა (Pala) [ლათ. pala] საკურთხეველში, ჩარჩოში მოთავსებული დიდი სურათი (ცნობილია, მაგ. ვენეციაში, წმიდა მარკოზის ბაზილიკის საკურთხევლის პალა); ასევე, პალა (Palla) [ლონგობარდულიდან palla] ეწოდება ბარძიმზე გადასაფარებლად განკუთვნილ გახამებული ქსოვილის კვადრატულ ნაჭერს.

პალატინუმის სალოცავები (Palatine, chiese/cappelle) [ლათ. Palatinus (ბორცვი, რომელზეც იმპერატორის რეზიდენცია მდებარეობდა)] ასე ეწოდება სახელმწიფოს მეთაურისა და მისი ოჯახის რელიგიურ საჭიროებათათვის განკუთვნილ ეკლესიებსა ან კაპელებს. ასეთი ეკლესიები იმისათვის აღმოცენდა, რათა სახელმწიფოს მეთაურს მისცემოდა შესაძლებლობა, ეპისკოპოსთა მხრიდან აკრძალვის საფრთხის მიუხედავად, მოეხადა თავისი რელიგიური ვალი. აქედან გამომდინარე, ამ ტიპის ეკლესიები არ ექვემდებარებოდა ეპისკოპოსთა იურისდიქციას, ხელისუფალს ჰქონდა საეკლესიო ხელმძღვანელთა დასახელებისა და პალატინუმის სალოცავებზე საკუთრების უფლება.

პალესტინა (Palestina) (=Filistea, ფილისტიმელთა მიწა) ამ სახელით მოიხსენიებდნენ ბერძნები და რომაელები ისრაელის მიწას, ხმელთაშუა ზღვიდან სირია-არაბეთის უდაბნომდე და ლიბანიდან მკვდარ ზღვამდე. სახელწოდება მომდინარეობს ფილისტიმელთა ტომის სახელიდან, რომელიც ქრისტემდე XIII-XII საუკუნეებში სახლობდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე (შდრ. მსაჯ. 13-16 და 1 მეფ.) ბიბლიის ტექსტში ეს სახელი სამჯერ გვხვდება (ფსალმ. 83:8; 87:4; დან. 8:9).

პალინგენეზი (Palingenesi) [ბერძ. pálin „ხელახლა“+ghénesis „შექმნა“, „დაბადება“] ტერმინი შეიძლება აღნიშნავდეს როგორც ადამიანის ხელახალ დაბადებას სიკვდილის შემდეგ (ინდივიდუალური პალინგენეზი), ისე სამყაროს ხელახალ აღორძინებას მისი განადგურების შემდეგ (კოსმოსური პალინგენეზი). ამ უკანასკნელი მნიშვნელობით საუბრობდნენ პალინგენეზზე სტოიკოსები. ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველთა მიერ გამოცხადებული პალინგენეზი გულისხმობს როგორც ებრაელთა დაბრუნებას დევნილობიდან და მიწიერი იერუსალემის აღდგენას, ისე ზეციური იერუსალემის დაბადებას, რომელიც ყველა ხალხებს მოიცავს. ახალ აღთქმაში პალინგენეზი უკავშირდება ნათლისღებისას სული წმიდის განახლებას (ტიტ. 3:5) და მიემართება ქრისტეს დაბოლოო დაბრუნებას, ანუ მის მეორედ მოსვლას.

პალიოტი (Paliotto) [ნაწარმოებია სიტყვიდან palio „ალამი“, „დროშა“] XV საუკუნიდან ტერმინი აღნიშნავდა საკურთხევლის წინა ნაწილის პირნაკეთობას, შესრულებულს ამა თუ იმ დღის ლიტურგიული ფერის ქსოვილით. შემდგომში სიტყვამ მნიშვნელობა შეიცვალა და აღნიშნავს თვით საკურთხევლის წინა მხარეს, რომელიც სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს მოპირკეთებული (მაგ., ოქროთი და ვერცხლით მოპირკეთებული მილანის წმიდა ამბროსის ბაზილიკის პალიოტი).

პალიუმი (Pallio) [ლათ. pallium „მოსასხამი“] შავი ფერის ჯვრებით მოქარგული თეთრი შალის ქსოვილის ზოლი, რომელიც რკალისებრადაა შემოხვეული მხრებზე, ისე, რომ მისი ბოლოები მცირედით გადმოკიდულია მკერდსა და ზურგზე. ქსოვილი მზადდება ორი თეთრი კრავის მატყლისგან, რომლებსაც ყოველწლიურად უძღვნიან პაპს წმიდა აგნესის დღესასწაულზე. მისი ტარების უფლება მხოლოდ პაპსა და მიტროპოლიტებს აქვთ: „მიტროპოლიტი ვალდებულია, ეპისკოპოსად კურთხევიდან სამი თვის განმავლობაში პირადად ან რწმუნებულის მეშვეობით სთხოვოს რომის პონტიფექსს პალიუმი, გამომხატველი ძალაუფლებისა, რომელსაც რომის ეკლესიასთან თანაზიარებაში კანონიერად იძენს მიტროპოლიტი საკუთარ პროვინციაში“ (CIC, კან. 437).

პალმა (Palma) ბიბლიაში წარმატების (ფსალ. 92:13), სიბრძნის (ზირ. 24:14), სილამაზის (ქებ. 7:8) სიმბოლოა. მის რტოებს გამარჯვების ნიშნად ატარებდნენ. ქრისტიანულ ხელოვნებაში პალმა მოწამეობის ნიშანია და რწმენისათვის მოწამეთა გამარჯვებას აღნიშნავს.

პალოტიელნი (Pallottini) ასე იწოდებიან კათოლიკური სამოციქულო მისიონერული საზოგადოების (Societas Apostolatus Catholici, თავდაპირველად ეწოდებოდათ, აგრეთვე, Pia Societas Missionum) წევრები, რომლებიც არა აღთქმებს, არამედ მხოლოდ პირობებს დებენ (სიღატაკის, უბიწობის, მორჩილების, ერთობლივი ცხოვრების, საეკლესიო წოდებებზე უარის თქმის პირობებს). საზოგადოება 1835 წელს ვინჩენცო პალოტიმ (1795-1850, კანონიზებულია 1963) დააარსა, თუმცა საბოლოოდ ის მხოლოდ 1904 წელს იქნა დამტკიცებული პაპ პიუს X-ის მიერ. დღეს ორგანიზაციის წევრები ეწევიან სამწყსო საქმიანობას სამრევლოებსა და მათ გარეთ, ჯგუფებსა და ასოციაციებში, მუშაობენ ზრდასრულთა მომზადებასა და ახალგაზრდათა აღზრდაზე, უსინათლოთა სახლებსა და ციხეებში. გარდა ამისა, ეხმარებიან სანახაობებზე, გამოფენებსა და სასტუმროებში მომუშავე კათოლიკეებს. მათ დამახასიათებელ ამოცანათა რიცხვს განეკუთვნება ემიგრანთა შორის სამწყსო საქმიანობა და მისიონერობა. მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი პუბლიცისტურ საქმიანობაში. პალოტიელთა საზოგადოება 2000-ზე მეტ წევრს აერთიანებს და მსოფლიოს ყველა კუთხეში საქმიანობს. მისი მმართველი ორგანო რომში მდებარეობს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ორგანიზაციაში სამოციქულო და მარიამისეული სულისკვეთების განახლების მოძრაობის შედეგად ჩამოყალიბდა შონსტატის სამოციქულო მოძრაობა (ცნობილი სახელწოდებით „შონსტატის ინსტიტუტი“), რომელიც 1964 წელს პავლე VI-მ პალოტინელთა ორგანიზაციისაგან განაცალკევა. პალოტინელ ქალთა შტო (Congregatio Sororum Apostolatus Catholici), საქველმოქმედო საქმიანობის გარდა, ძირითადად, მოზარდ გოგონათა აღზრდითაა დაკავებული.

პანაღია (Panaghia) [ბერძ. pan „ყველაფერი“ + ághios-ის „უწმიდესი“ მდედრობითის ფორმა] ბიზანტიურ ლიტურგიაში წმიდა ქალწულ მარიამის წოდება; ტერმინი აღნიშნავს, აგრეთვე, მის პატივსაცემად ნაკურთხ პურს; მღვდელმთავრის მკერდზე სატარებელი მცირე ზომის ხატი.

პანეგირიკი (Panegirico) [ბერძ. paneghyrikós (lógos) „სიტყვა თავშეყრილი საზოგადოების წინაშე“] ძველად ასე ეწოდებოდა ბერძენი ხალხის საზეიმო თავყრილობაზე წარმოთქმულ სახოტბო სიტყვას, შემდეგ - გამოჩენილი პიროვნების, როგორც წესი, წმიდანის, საქებარ სიტყვას, წარმოთქმულს მისი ხსენების დღესასწაულზე.

პანთეიზმი (Panteismo) [ბერძ.pan „ყოველივე“+theós „ღმერთი“] პირველად XVIII საუკუნის დასაწყისში გამოყენებული ეს ტერმინი აღნიშნავს ყველა იმ სწავლებას, რომელთა თანახმადაც, ღმერთი ყოველივეში ცოცხლობს როგორც ერთადერთი, აბსოლუტური, მარადიული, უსასრულო და უპირო სუბსტანცია, ისე რომ ღმერთში ერთმანეთს ემთხვევა აბსოლუტური ყოფნა და ცოცხალი და შემოქმედი ბუნება. პანთეიზმის ელემენტები, რომელსაც საუკუნეთა მანძილზე განსხვავებულად განმარტავდნენ, გხვდება ცალკეულ აღმოსავლურ რელიგიებში, სოკრატემდელი ბერძენი ფილოსოფოსების მონიზმსა და, მოგვიანებით, მატერიალისტურ სტოიციზმში. პანთეიზმის მიმდევრები იყვნენ, ასევე, აღორძინების ხანის ნატურალისტი ფილოსოფოსები (ჯ. ბრუნო, ბ. ტელეზიო და სხვ.). განვითარების მწვერვალს პანთეიზმი სპინოზას ფილოსოფიაში აღწევს. სპინოზას თანახმად, ცალკეული საგნები და არსებები სუფთა დროებითი „საშუალებებია“, სამყარო კი ღმრთაებრივ სუბსტანციასთან იგივდება. გერმანელმა იდეალისტებმა მიიღეს ღმრთის ბუნებასთან სპინოზასეული გაიგივება (Deus sive natura), თუმცა განიხილავდნენ მთლიანობას, როგორც დაქვემდებარებულს განგრძობითი ქმნადობისადმი, რომელშიც აბსოლუტური თავის ღმრთაებრიობას განმარტავს.

პანთეონი (Pantheon) [ბერძ. pantheon (hierón) „ყველა ღმრთისა (ტაძარი)]“ ღმრთაებათა ერთობლიობა პოლითეისტურ რელიგიურ სისტემაში. ძველად ტერმინი აღნიშნავდა, აგრეთვე, ღმრთაებათა ერთობლიობისადმი მიძღვნილ ტაძარს. პანთეონის კონცეფციის მიხედვით, ღმრთაებრივი სამყარო იერარქიულადაა მოწყობილი და ყოველ ღმრთაებას აქვს საკუთარი პიროვნება, ხასიათი და ფუნქცია, რომლებიც მათ სათანადო იდენტურობას ანიჭებს.

პანტოკრატორი (Pantocratore) [ბერძ.pan „ყველაფერი“+ნაწარმოები ფორმა სიტყვისა krátos „ძალაუფლება“; აღნიშნავს „ყოვლისშემძლეს“] ქრისტეს, „სამყაროს უფლის“, ერთ-ერთი განსაზღვრება; აღმოსავლეთში ყველაზე გავრცელებული სწორედ ქრისტე პანტოკრატორის გამოსახულებაა. ქრისტე შეიძლება იყოს გამოსახული მთლიანად, როგორც ეს მრავალ აფსიდაში გვხვდება: ტახტზე მჯდომი მაცხოვარი აკურთხებს მაყურებელს, მისი ფიგურა მთელ ნავზე დომინირებს. უფრო ხშირია ქრისტე პანტოკრატორის მკერდამდე გამოსახულებანი, სადაც მარცხენა ხელში მას სახარება უპყრია, მარჯვენათი კი კურთხევას იძლევა.

პანფსიქიზმი (Panpsichismo) [ბერძ.pan „ყველაფერი“ + psyché „სამშვინველი“] კონცეფცია, რომლის თანახმადაც ყველაფერს ბუნებაში ადამიანის მსგავსი ფსიქიკური აქტივობა, ანუ სამშვინველი აქვს. ამ ფილოსოფიურ კონცეფციას იზიარებდნენ ემპედოკლე, ჰერაკლიტე და, უმთავრესად, აღორძინების ხანის ნატურალისტი ფილოსოფოსები: ბ. ტელეზიო, ჯ. ბრუნო, ტ. კამპანელა და სხვანი. ჯ. ბრუნო გვთავაზობს ცნებას anima mundi, რომელშიც სხვადასხვა საგანთა თუ არსებათა ცალკეული სამშვინველები გამოიყოფა.

პაოლელები (Paolotti) 1435 წელს ფრანჩესკო დი პაოლას მიერ დაარსებული მცირეთა ორდენის წევრები. ასევე იწოდებიან წმიდა ბიკენტიუს დეი პაოლის კონგრეგაციის წევრები (ნ. ლაზარელნი) და 1833 წელს ა. ფ. ოზანამის მიერ დაარსებული წმიდა ბიკენტი დეი პაოლის კონფერენციათა წევრები.

პაპი (Papa) [ბერძ. páppas, შემდგომში pápas; ლათ. papa; წარმოადგენს კნინობით ფორმას სიტყვისა padre „მამა“] ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში პაპად იწოდებოდა ყველა მღვდელმსახური და ეპისკოპოსი. რომის ეპისკოპოსის პაპად ხსენების პირველი დოკუმენტია წმიდა კალისთეს ეკლესიაში აღმოჩენილი დიაკონ სევერუსის (296-304) წარწერა. IV საუკუნის დასასრულს პაპი რომის ეპისკოპოსის სპეციფიკურ წოდებად, VIII საუკუნიდან კი — მის გამორჩეულ ტიტულად იქცა. ამავე დროს, იწყებს დამკვიდრებას გამოთქმა Summus Pontifex (უმაღლესი პონტიფექსი), რომელიც მანამდე მხოლოდ ქრისტესთან მიმართებაში გამოიყენებოდა. ქრისტეს ვიკარიუსის ცნება კი XIII საუკუნიდან დამკვიდრდა. პაპი, რომის ეპისკოპოსი და წმიდა პეტრეს მემკვიდრე, რომელიც იესომ მთელი თავისი სამწყსოს მწყემსად დაადგინა (იოან. 21:15-17) და რომელსაც თავისი ეკლესიის გასაღები მიანდო (მათ. 16:18-19) „არის სამარადისო და ხილული საწყისი და საფუძველი როგორც ეპისკოპოსთა, ისე მორწმუნეთა ერთიანობისა“ (LG, 23). „მართლაც, რომის პონტიფექსს, როგორც ქრისტეს ვიკარიუსსა და მთელი ეკლესიის მწყემსს, ეკლესიაზე აქვს სრული, უზენაესი და უნივერსალური ძალაუფლება, რომლის აღსრულებაც მუდამ თავისუფლად შეუძლია“ (LG. 22; შდრ. CCC, 881-882).

ქვემორე მოყვანილია პაპთა ოფიციალური ნუსხა, „პაპის წელიწდეულის“ თანახმად:

წმ. პეტრე (გარდ. 64 ან 67), წმ. ლინუსი (67-76), წმ. ანაკლეტე (ან კლეტე, 76-88), წმ. კლემენტე I (88-97), წმ. ევარისტე (97-105), წმ. ალექსანდრე I (105-115), წმ. სიქსტუს I (115-125), წმ. ტელესფორე (125- 136), წმ. ჰიგინიუსი (136-140), წმ. პიუს I (140-155), წმ. ანიკეტუსი (155-166), წმ. სოტერუსი (166-175), წმ. ელეფთერიუსი (175-189), წმ. ვიქტორ I (189-199), წმ. ზეფირინუსი (199-217), წმ. კალისთე I (217-222), წმ. ურბანუს I (222-230), წმ. პონტიანე (230-235), წმ. ანთეროსი (235-236), წმ. ფაბიანე (236-250), წმ. კორნელიუსი (251-253), წმ. ლუციუს I (253-254), წმ. სტეფანე I (254-257), წმ. სიქსტუს II (257- 258), წმ. დიონისიუსი (259-268), წმ. ფელიქს I (269-274), წმ. ევტიქი (275-283), წმ. გაიოზი (283-296), წმ. მარცელინუსი (296-304), წმ. მარცელიუს I (308-309), წმ. ევსები (309 ან 310), წმ. მილტიადე ან მელქიადე (311-314), წმ. სილიბისტრო I (314-335), წმ. მარკოზი (336), წმ. იულიუს I (337-352), ლიბერიუსი (352-366), წმ. დამასუს I (366-384), წმ. სირიციუსი (384-399), წმ. ანასტასი I (399-401), წმ. ინოკენტი I (401-417), წმ. ზოსიმე (417-418), წმ. ბონიფაციუს I (418-422), წმ. ცელესტინე I (422-432), წმ. სიქსტუს III (432-440), წმ. ლეონ I დიდი (440-461), წმ. ჰილარიუსი (461-468), წმ. სიმპლიციუსი (468-483), წმ. ფელიქს III (II) (483-492), წმ. გელასი I (492-496), ანასტასი II (496-498), წმ. სიმაქუსი (498-514), წმ. ჰორმიზდასი (514-523), წმ. იოანე I (523-526), წმ. ფელიქს IV (III) (526-530), ბონიფაციუს II (530-532), იოანე II (533-535), წმ. აგაპიტე I (535-536), წმ. სილბერიუსი (536-537), ვირგილიუსი (537-555), პელაგიუს I (556-561), იოანე III (561-574), ბენედიქტე I (575- 579), პელაგიუს II (579-590), წმ. გრიგოლ I დიდი (590-604), საბინიანე (604-606), ბონიფაციუს III (607), წმ. ბონიფაციუს IV (608-615), წმ. ადეოდატუს I ან დეუსდედიტი (615-618), ბონიფაციუს V (619-625), ჰონორიუს I (625-638), სევერინუსი (640), იოანე IV (640-642), თევდორე I (642-649), წმ. მარტინე I (649-655), წმ. ევგენი I (654-657), წმ. ვიტალიანე (657-672), ადეოდატუს II (672-676), დონუსი (676-678), წმ. აგათონი (678-681), წმ. ლეონ II (682- 683), წმ. ბენედიქტე II (684-685), იოანე V (685-686), კონონი (686-687), წმ. სერგი I (687-701), იოანე VI (701-705), იოანე VII (705-707), სიზინუსი (708), კონსტანტინე (708-715), წმ. გრიგოლ II (715-731), წმ. გრიგოლ III (731-741), წმ. ზაქარია (741-752), სტეფანე II (III) (752-757), წმ. პავლე I (757-767), სტეფანე III (IV) (768- 772), ადრიანე I (772-795), წმ. ლეონ III (795-816), სტეფანე IV (V) 816-817, წმ. პასქალის I (817-824), ევგენი II (824-827), ვალენტინუსი (827), გრიგოლ IV (827- 844), სერგი II (844-847), წმ. ლეონ IV (847-855), ბენედიქტე III (855-858), წმ. ნიკოლოზ I (858-867), ადრიანე II (867-872), იოანე VIII (872-882), მარინუს I (882-884), წმ. ადრიანე III (884-885), სტეფანე V (VI) (885-891), ფორმოზუსი (891-896), ბონიფაციუს VI (896), სტეფანე VI (VII) (896-897), რომანოზი (897), თევდორე II (897), იოანე IX (898- 900), ბენედიქტე IV (900-903), ლეონ V (903), სერგი III (904-911), ანასტასე III (911- 913), ლანდო (913-914), იოანე X (914-928), ლეონ VI (928), სტეფანე VII (VIII) (928-931), იოანე XI (931-935), ლეონ VII (936-939), სტეფანე VIII (IX) (939-942), მარინუს II (942-946), აგაპიტე II (946-955), იოანე XII (955-964), ლეონ VIII (963-965), ბენედიქტე V (964-966), იოანე XIII (965-972), ბენედიქტე VI (973-974), ბენედიქტე VII (974-983), იოანე XIV (983-984), იოანე XV (985-996), გრიგოლ V (996-999), სილიბისტრო II (999-1003), იოანე XVII (1003), იოანე XVIII (1004-1009), სერგი IV (1009-1012), ბენედიქტე VIII (1012-1024), იოანე XIX (1024-1032), ბენედიქტე IX (პირველად) (1032-1044), სილიბისტრო III (1045), ბენედიქტე IX (მეორედ) (1045), გრიგოლ VI (1045-1046), კლემენტე II (1046-1047), ბენედიქტე IX (მესამედ) (1047-1048), დამასუს II (1048), წმ. ლეონ IX (1049-1054), ვიქტორ II (1055-1057), სტეფანე IX (X) (1057-1058), ნიკოლოზ II (1059-1061), ალექსანდრე II (1061-1073), წმ. გრიგოლ VII (1073-1085), ნეტარი ვიქტორ III (1086-1087), ნეტარი ურბანუს II (1088-1099), პასქალის II (1099-1118), გელასი II (1118-1119), კალისთე II (1119-1124), ჰონორიუს II (1124-1130), ინოკენტი II (1130-1143), ცელესტინე II (1143- 1144), ლუციუს II (1144-1145), ნეტარი ევგენი III (1145-1153), ანასტასი IV (1153-1154), ადრიანე IV (1154-1159), ალექსანდრე III (1159-1181), ლუციუს III (1181-1185), ურბანუს III (1185-1187), გრიგოლ VIII (1187), კლემენტე III (1187-1191), ცელესტინე III (1991-1998), ინოკენტი III (1198-1216), ჰონორიუს III (1216-1227), გრიგოლ IX (1227- 1241), ცელესტინე IV (1241), ინოკენტი IV (1243-1254), ალექსანდრე IV (1254-1261), ურბანუს IV (1261-1264), კლემენტე IV (1265-1268), ნეტარი გრიგოლ X (1271- 1276), ნეტარი ინოკენტი V (1276), ადრიანე V (1276), იოანე XXI (1276-1277), ნიკოლოზ III (1277-1280), მარტინე IV (1281-1285), ჰონორიუს IV (1285-1287), ნიკოლოზ IV (1288-1292), წმ. ცელესტინე V (1294), ბონიფაციუს VIII (1294- 1303), ნეტარი ბენედიქტე XI (1303-1304), კლემენტე V (1305-1314), იოანე XXII (1316- 1334), ბენედიქტე XII (1334-1342), კლემენტე VI (1342-1352), ინოკენტი VI (1352- 1362), ნეტარი ურბანუს V (1362-1370), გრიგოლ XI (1370-1378), ურბან VI (1378-1389), ბონიფაციუს IX (1389-1404), ინოკენტი VII (1404-1406), გრიგოლ XII (1406- 1415), მარტინე V (1417-1431), ევგენი IV (1431-1447), ნიკოლოზ V (1447-1455), კალისთე III (1455-1458), პიუს II (1458- 1464), პავლე II (1464-1471), სიქსტუს IV (1471-1484), ინოკენტი VIII (1484-1492), ალექსანდრე VI (1492-1503), პიუს III (1503), იულიუს II (1503-1513), ლეონ X (1513-1521), ადრიანე VI (1522-1523), კლემენტე VII (1523-1534), პავლე III (1534-1549), იულიუს III (1550-1555), მარცელიუს II (1555), პავლე IV (1555-1559), პიუს IV (1559-1565), წმ. პიუს V (1566-1572), გრიგოლ XIII (1572-1585), სიქსტუს V (1585-1590), ურბანუს VII (1590), გრიგოლ XIV (1590-1591), ინოკენტი IX (1591), კლემენტე VIII (1592-1605), ლეონ XI (1605), პავლე V (1605-1621), გრიგოლ XV (1621-1623), ურბან VIII (1623-1644), ინოკენტი X (1644-1655), ალექსანდრე VII (1655-1667), კლემენტე IX (1667-1669), კლემენტე X (1670-1676), ნეტარი ინოკენტი XI (1676-1689), ალექსანდრე VIII (1689-1691), ინოკენტი XII (1691-1700), კლემენტე XI (1700-1721), ინოკენტი XIII (1721-1724), ბენედიქტე XIII (1724-1730), კლემენტე XII (1730-1740), ბენედიქტე XIV (1740-1758), კლემენტე XIII (1758-1769), კლემენტე XIV (1769-1774), პიუს VI (1775-1799), პიუს VII (1800-1823), ლეონ XII (1823-1829), პიუს VIII (1829-1830), გრიგოლ XVI (1831-1846), ნეტარი პიუს IX (1846-1878), ლეონ XIII (1878-1903), წმ. პიუს X (1903-1914), ბენედიქტე XV (1914-1922), პიუს XI (1922- 1939), პიუს XII (1939-1958), ნეტარი იოანე XXIII (1958-1963), პავლე VI (1963- 1978), იოანე პავლე I (1978), ნეტარი იოანე პავლე II (1978-2005), ბენედიქტე XVI (2005-).

პაპიზმი (Papismo) [ფრანგ. papisme (სიტყვიდან pape „პაპი“)] ამგვარად მოიხსენიებდნენ პროტესტანტები კათოლიკე ეკლესიას მის მიმართ არაკეთილგანწყობის გამოსახატავად.

პაპის კარი (Famiglia pontificia) საეკლესიო და საერო პირთაგან შემდგარი პაპის კარი, რომელიც პონტიფექსის პირად და სამეურნეო საქმიანობას წარმართავს. ერთ დროს ის ძალზე მრავალრიცხოვანი იყო, რაც წარმომადგენლობითი ხასიათის მიზეზებითაც იყო განპირობებული, ამჟამად კი, უკანასკნელ პონტიფექსთა სურვილით, მხოლოდ უაღრესად აუცილებელ პერსონალს მოიცავს.

პაპის კომისიები და კომიტეტები (Pontificie Commissioni e Comitati) რომის კურიის სტრუქტურები, რომლებიც ეკლესიის სხვადასხვა საჭიროებებს ემსახურება. ესენია: პაპის ბიბლიური კომისია; საერთაშორისო თეოლოგიური კომისია; ვულგატას რედაქტირებისა და შესწორების პაპის კომისია; საღმრთო არქეოლოგიის პაპის კომისია; პაპის კომისია „Ecclesia Dei“; პომპეის, ლორეტოსა და ბარის პაპის სალოცავთა საკარდინალო კომისია; რომის კურიის სადისციპლინო კომისია; წმიდა საყდრის პრესცენტრი; ეკლესიის მთავარი სტატისტიკური უწყება; საერთაშორისო ევქარისტიულ კონგრესთა პაპის კომიტეტი; ისტორიულ მეცნიერებათა პაპის კომიტეტი; ვატიკანის II კრების არქივი; შვეიცარიული გვარდიის კორპუსი.

პაპის კურსორი (Cursore pontificio) [ლათ. cursor „კურიერი“] რომის კურიის თანამდებობის პირი, რომელიც აცხადებდა კარდინალებისა და ელჩების დანიშვნის ან შეკრების ცნობებს.

პაპის საბჭოები (Pontifici Consigli) რომის კურიის უწყებები, რომლებიც რომის პაპს ეხმარებიან მისი უმაღლესი სამწყსო მსახურების შესრულებაში საყოველთაო ეკლესიისა და ცალკეულ ეკლესიათა საკეთილდღეოდ (Pastor bonus, პარ. 1). ამჟამად მოქმედებს შემდეგი საბჭოები: საეროთა; ქრისტიანთა ერთიანობის ხელისშემწყობი; ოჯახის; სამართლიანობისა და მშვიდობის; „Cor unum`; მიგრანტთა და ადგილმონაცვლეთა შორის სამწყსო საქმიანობის; სამედიცინო მუშაკთა შორის სამწყსო საქმიანობის; საკანონმდებლო ტექსტთა განმარტების; რელიგიათაშორისი დიალოგის; არამორწმუნეებთან დიალოგის; კულტურის; სოციალურ კომუნიკაციათა.

პაპის სახელმწიფო/საეკლესიო სახელმწიფო (Stato pontificio/ Stato della Chiesa) პაპის სახელმწიფოს ტერიტორია დიდებულთა და იმპერატორთა მიერ პაპისათვის შეწირული და ნაანდერძევი ქონების საფუძველზე ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც უკვე VI საუკუნეში პაპი იმჟამინდელი იტალიის უმდიდრესი მიწათმფლობელი გახდა. ამ პროცესში გადამწყვეტი გარდატეხა VIII საუკუნეში მოხდა ფრანკ ხელმწიფეთა წყალობით: სტეფანე II-სა და მეფე პიპინს შორის გაფორმებული კერზის შეთანხმების საფუძველზე (754), ლონგობარდთა სამეფოს განადგურების შემთხვევაში პაპს გარენტირებული ჰქონდა რომის, რავენის, ვენეციისა და ისტრიის, აგრეთვე, სპოლეტოსა და ბენევენტოს ტერიტორიათა ფლობა. პაპის სახელმწიფო ფორმალურად აღიარა იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ ეგერის ოქროს ბულით (1213), მაქსიმალურ სიდიდეს კი მან იულიუს II-ის (1503-1513) დროს მიაღწია. 1870 წელს იტალიის ახალჩამოყალიბებულისახელმწიფოს მიერ რომის ოკუპაციის შედეგად პაპის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. იმჟამინდელმა პაპმა, პიუს IX-მ (1846-1878) თავი „ვატიკანის ტყვედ“ გამოაცხადა და უარი თქვა იტალიის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ცალმხრივ გარანტიათა კანონზე (1871 წლის 13 მაისი). ამგვარად დაედო დასაბამი რომის საკითხს, რომელიც სამოცი წლის შემდეგ, ლატერანის ხელშეკრულებათა გაფორმებით (1929) გადაიჭრა.

პაპის საყდარი (Soglio pontificio) [ლათ. solium, სიტყვიდან solum „ნიადაგი“] პაპის ტახტი და, ფართო მნიშვნელობით, პაპის ძალაუფლება და ღირსება.

პაპის ტახტი (Sedia gestatoria) ტახტი, რომლითაც მიჰყავდათ პაპი პონტიფექსის ტახტისმტვირთველებს წმიდა პეტრეს ბაზილიკაში საზეიმო ცერემონიების დროს. დღეს აღარ გამოიყენება.

პაპის უპირატესობა (Primato del papa) პაპის უპირატესობა მოციქულ პეტრეს მემკვიდრეს დედამიწაზე იესო ქრისტეს ერთადერთ ვიკარიუსად აღიარებს. რომის ეპისკოპოსთა პირველი მცდელობები, მთელ ეკლესიაზე განევრცოთ საკუთარი ძალაუფლება, II-III საუკუნეებით თარიღდება. IV საუკუნის დასასრულიდან, განსაკუთრებით, ლეონ I-სა და გელასი I-ს პერიოდში, რომის ეპისკოპოსის (ნ. პაპი) უპირატესობა (პრიმატი) სულ უფრო მტკიცედ დამკვიდრდა დასავლეთში, უმთავრესად - ადმინისტრაციული სამართლის თვალსაზრისით, პეტრეს, როგორც მოციქულთა თავის, უფლებამოსილებაზე დაყრდნობით (მათ. 16:18). ამან გამოიწვია მზარდი კონფლიქტები აღმოსავლელ პატრიარქებთან. რომის პაპებმა შეძლეს განთავისუფლება აღმოსავლეთის იმპერიისათვის ტიპური ცეზაროპაპიზმისაგან და ცენტრალურ იტალიაში ჩაუყარეს საფუძველი საკუთარ მმართველობას. ამგვარად, დროთა განმავლობაში, რომის ეპისკოპოსი სულთა მწყემსიდან თანდათანობით ტერიტორიების მფლობელ ხელისუფლად იქცა და, განსაკუთრებით, ინოკენტი III-ისა (1198-1216) და ბონიფაციუს VIII-ის (1294-1303) დროს ეკლესიასა და მსოფლიოში ერთადერთ მბრძანებლად დამკვიდრების მოთხოვნა წამოაყენა, რითაც უარყოფილი იქნა პირველი ათასწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკლესიის საეპისკოპოსო, კოლეგიალური და სინოდური (ან კრების) ტრადიცია. ამგვარ ვითარებასთან დაპირისპირება სცადა შუა საუკუნეთა მიწურულისათვის კონცილიარიზმმა, ხოლო თანამედროვე ხანაში ეპისკოპალიზმისა და გალიკანობის მოძრაობებმა. ტრიდენტის კრების შემდეგ პაპის უპირატესობა და კურიის ცენტრალური როლი ანტიპროტესტანტული ბრძოლის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ვატიკანის I კრებამ კიდევ უფრო განამტკიცა პაპის როლის ცენტრალურობა და, იურისდიქციულ უპირატესობთან ერთად, გამოაცხადა დოგმა პაპის უპირატესობისა და პაპის უმცდომლობის შესახებ. მათი შემდგომი დაზუსტება და შევსება მოხდა ვატიკანის II კრების მიერ მიღებული კოლეგიურობის სწავლების საშუალებით. ეპისკოპოსთა კონფერენციები (რომელთა როლიც ახლო წარსულში ხელახლა იქნა აღიარებული) და ახალი საეპისკოპოსო სინოდები ხელს უწყობს, განვლილ საუკუნეებთან შედარებით, პაპის უპირატესობის განსხვავებული ფორმით ჩამოყალიბებას.

პაპობა (Papato) [ლათ. papatus] ტერმინი აღნიშნავს როგორც პაპის ღირსებას, რომელი პერიოდის განმავლობაშიც პაპი აღასრულებს თავის ძალუფლებას, ასევე პაპობის წმინდა ისტორიულ ინსტიტუტს.

პარადოსისი (Parádosis) [ბერძ.] კათოლიკურ თეოლოგიაში აღნიშნავს გამოცხადებული ჭეშმარიტების გადაცემის პროცესსა და გადაცემულ შინაარსს, როგორც სული წმიდის მიერ მართული ეკლესიის ცხოვრების მომენტს. რთულია მისი დამოკიდებულება საღმრთო წერილთან, რომელიც თვით გადმოცემის მკაფიო ჩამოყალიბების მომენტს წარმოადგენს.

პარალიტურგია (Paraliturgia) [სიტყვებიდან para + ლიტურგია] მსახურების ის სახეები, რომლებიც ვერ ჩაითვლება სრულ ლიტურგიად, თუმცა შეიცავს ლიტურგიულ ელემენტებს. ასეთია ღმრთის სიტყვის მსახურება. ის უნდა წახალისდეს მღვდელმსახურთა ნაკლებობის ადგილებში, განსაკუთრებით, დიდ დღესასწაულთა მომზადებისას.

პარამენტუმი (Paramenti) [გვიანლათ. paramentum, ზმნიდან parare „მომზადება“] ლიტურგიული საღმრთო სამოსი და საეკლესიო რეგალიები.

პარასკევი (Parasceve) [ბერძ. paraskeué „მომზადება“] აღნიშნავდა შაბათის ან დღესასწაულის წინა დღეს (მათ. 27:62; მარკ. 15:42; ლუკ. 23:54; იოან. 19:31). ესაა დღესასწაულის ან შაბათის - მთლიანად დასვენებისათვის მიძღვნილი დღისათვის, საკვების მომზადებისა თუ სხვა საჭირო სამზადისისათვის განკუთვნილი დღე.

პარენეზისი (Parenési/parenetico) [ბერძ. paraínesis, ზმნიდან parainein „შეგონება“] ქრისტიანული ქადაგება, რომელსაც შეგონებისა და გაფრთხილების ხასიათი აქვს. როგორც ეგზეგეტიკური ცნება, აღნიშნავს ბიბლიურ ლიტერატურულ ჟანრს, რომელიც შეიცავს შეგონებას, წაქეზებას, დამოძღვრას; ის ხშირად რწმენის პრაქტიკულ-ზნეობრივი ხასიათის მოთხოვნილებებს ეთიკის ფორმით წარმოადგენს, იმ წარმართული გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც ბიბლია ვითარდება.

პარსები (Parsi) [სიტყვიდან parsi „სპარსელი“] იმ ადამიანთა შთამომავლები, რომლებიც ზარათუშტრას რელიგიას მისდევდნენ და არაბთა მიერ სპარსეთის დაპყრობის შემდეგ (650) საკუთარი რელიგიის შენარჩუნების მიზნით ინდოეთს შეაფარეს თავი. პარსიზმში ზარათუშტრას თავდაპირველი აშკარა დუალიზმი მონოთეისტურ მიმდინარეობათა გავლენით შერბილდა; მისი მიმდევრები აღიარებენ ბრძენი უფლის (აჰურა მაზდას) უპირატესობას ბოროტ სულზე (აჰრიმანზე). რელიგიური საფუძვლის მქონე ეთიკის ცენტრალური საგანია სწორი გადაწყვეტილება და არჩევანი ადამიანისა, რომელმაც თავისი აზრით, სიტყვითა და ქმედებით სიკეთისათვის უნდა იღვაწოს და ბოროტებას უნდა ებრძოლოს. სამყაროსა და ადამიანის ხატებას სიკეთისა და ბოროტების სამეფოებად მკაფიო დაყოფა ახასიათებს. ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ მათგანს სურს მიეკუთვნებოდეს და რომლისათვის სურს ბრძოლა. რაც შეეხება რიტუალებს, უმთავრესად მიჩნეულია წმიდა ცეცხლთან და ცეცხლის ტაძარში მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებული წესები. ცეცხლი (ატარი) გაღმერთებული არაა, თუმცა მიღებულია განწმედისა და სიწმიდის საშუალებად და აჰურა მაზდას სიმბოლოდ.

პარუსია (Parusia) [ბერძ. parousía „დასწრება“] თეოლოგიაში აღნიშნავს ქრისტეს მხსნელ თანასწრებას, უმთავრესად განხორციელებულს ხსნის ისტორიის დასკვნით ფაზაში, მის სრულად გამოაშკარავებისას. ჩვეულებრივ, მას აიგივებენ ქრისტეს მეორედ მოსვლასთან ჟამთა აღსასრულს (შდრ. 1 თეს. 2:19; 3:13; 5:23).

პასექი (Pasqua) [ბერძ. (septuagintidan) páscha, რაც თარგმანია ებრაული სიტყვისა pésah „გადასვლა“] ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული როგორც ებრაელთა, ისე ქრისტიანთათვის, რომელთათვისაც ის ლიტურგიული წლის ნამდვილ კულმინაციას წარმოადგენს. თავდაპირველად ეს იყო პირველი მოსავლის დღესასწაული როგორც მიწათმოქმედთათვის (შდრ. გამ. 12:14, შმდ.; 34:25), ისე მწყემსთათვის (გაზაფხულის მთვარის მოვანებისას მსხვერპლად იწირებოდა ფარის პირველი ნამატი), შემდეგ ეგვიპტიდან თავის დაღწევის აღსანიშნავ ზეიმად იქცა და მას ნისანის თვის 14 რიცხვში ზეიმობდნენ. ებრაელთათვის ეს დღესასწაული ეგვიპტეში დაბადებულ პირველშობილთა სიკვდილის გახსენებასა და გამოსვლის დასაწყისს უკავშირდება (გამ. 12; ლევ. 23:5; რიცხვ. 28:16; რჯლ. 16:1; იეს. 5:10, შმდ.; ეს. 30:29; მარკ. 14:1, შმდ.). ქრისტიანთათვის კი პასექი ნიშნავს აღდგომას და აღნიშნავს იესოს, ახალი კრავის, მისვლას მამასთან (იოან. 13:1; 1 კორ. 5:7), სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის (რის სინონიმადაც იქცა „პასექი“) გზით. პასექის სერობის დროს იესომ ევქარისტია დაამკვიდრა (მათ. 26:26, შმდ., 27:1, შმდ.; მარკ. 14:12.22; 15:6; ლუკ. 22:1-20; შდრ. იოან. 2:13.23; 6:4; 11:55; 12:1; 13:1; 19:14; საქმ. 12:4; 1 კორ. 11:23, შმდ.; ებრ. 11:28). საპასექო მსახურებას წინ უძღვის სამდღიური (ნ. დიდი ხუთშაბათი; დიდი პარასკევი; დიდი შაბათი) და იწყება საზეიმო საპასექო ცისკარი, რომელიც მოიცავს ცეცხლისა და საპასექო სანთლის კურთხევას (რაც ქრისტეს, „სამყაროს სინათლის“, სიმბოლოა), სააღდგომო გალობას, ღმრთის სიტყვის მოსმენას, წყლის კურთხევას, ნათლობის აღთქმათა განახლებასა და ევქარისტიულ ლიტურგიას.

პასიონისტები (Passionisti/e) წმიდა პავლე ჯვრისას (პაოლო დელა კროჩე; პაოლო დანეი, 1694-1775) მიერ XVIII საუკუნის დასაწყისში დაარსებული კონგრეგაცია სახელწოდებით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ვნებისა და წმიდა ჯვრის ფეხშიშველი სამღვდელონი (ლათ. passio „ვნება“). კონგრეგაციის პირველი მონასტერი 1737 წელს, არჯენტარიოს მთაზე აიგო, დასახლებულ ადგილთაგან მოშორებით, რაც შემდეგ ჩვეულებად იქცა. გარდა სამი ტრადიციული აღთქმისა, კონგრეგაციის წევრები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ მორწმუნეთა შორის ქრისტეს ვნებისადმი თაყვანისცემის გავრცელებას და საკუთარი ასკეტიზმის ნიმუშად ტანჯული ქრისტე დაისახონ. უმთავრესად ეწევიან სახალხო მისიონერობას და სულიერ წვრთნათა ქადაგებას. მნიშვნელოვანია მათი მისიონერული სულისკვეთება. არსებობს კონგრეგაციის ქალთა შტოც, რომლის წევრებიც ძირითადად მჭვრეტელობით ცხოვრებას მისდევენ.

პატენა (Patena) [ბერძ. patáne „თეფში“, შემდეგ ლათ. patena] როგორც წესი, მოოქროვილი ან მოვერცხლილი პატარა თეფში, რომელზეც მღვდელმსახური დებს ჰოსტიას ევქარისტიული მსახურების დროს.

პატიება (Remissione) [ლათ. remissio (ზმნის remittere ნამყოს მიმღეობის ფორმიდან remissus)] ცოდვათა მიტევება, განხილული, როგორც ვალის პატიება. კანონიკურ სამართალში ასე ეწოდება სასჯელის გაუქმებას.

პატივის მიგება (Iperdulia) [iper+dulia] ქალწულ მარიამის განსაკუთრებული კულტი, განკუთვნილი მისი სიწმიდისა და ღმრთაებრივი დედობის სადიდებლად. განსხვავდება მოწიწებისა (წმიდათათვის განკუთვნილი კულტი) და თაყვანისცემისაგან (ღმრთის კულტი). ნ. თაყვანისცემა.

პატრიარქი/საპატრიარქო (Patriarca, Patriarcato) [ბერძ. პატრიáრცჰეს (სიტყვიდან patriá „წარმომავლობა“+archés „მეთაური“), შემდეგ ლათ. patriarca] სიტყვა აღნიშნავს როგორც ებრაელი ხალხის წინაპრებს, ისე კათოლიკე ეკლესიის ცალკეული მნიშვნელოვანი ცენტრებისა და აღმოსავლურ ეკლესიათა ეპისკოპოსებს: ა) პირველი მნიშვნელობით სიტყვა, ვიწრო გაგებით, ისრაელის ტომის ფუძემდებლებს აღნიშნავს: აბრამს, ისააკსა და იაკობს; გადატანითი მნიშვნელობით კი, აგრეთვე, ადამიდან აბრამამდე ტომის მამამთავრებს (ენუქი, მათუსალა, ნოე და სხვანი, შდრ. დაბ. 5:3-32); ბ) რაც შეეხება ტერმინის მეორე მნიშვნელობას, ჯერ კიდევ ნიკეის კრებამ (325) აღიარა რომის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის საეპისკოპოსო რეზიდენციათა განსაკუთრებული მნიშვნელობა; შემდეგ კონსტანტინოპოლის კრებამ (381) მათ რიცხვს კონსტანტინოპოლის, როგორც „ახალი რომის“ კათედრაც მიაკუთვნა, ქალკედონის კრებამ კი (451) მათ იერუსალემის საეპისკოპოსო კათედრის ღირსება გაუთანაბრა და აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლის კათედრა უმნიშვნელოვანესი იყო აღმოსავლეთში და უშუალოდ მოსდევდა რომისას. დროთა განმავლობაში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ „მსოფლიო საპატრიარქოს“ წოდება მიიკუთვნა და მან აღმოსავლეთის სხვა საპატრიარქოთა საქმეებში ჩარევის შემდგომში ტრადიციული უფლება მოიპოვა. დასავლეთში კი, 1451 წელს დაარსდა ვენეციის საპატრიარქო (როგორც VI საუკუნეში დაარსებული აკვილეის ძველი საპატრიარქოს მოსაყდრე). ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ დაარსდა დასავლეთ ინდოეთის საპატრიარქო, რომლის მმართველი უწყება მადრიდში მდებარეობდა. 1716 წელს კლემენტე XI-მ ლისაბონის მთავარეპისკოპოსს პატრიარქის ტიტული უბოძა, ლეონ XIII-მ კი გოას (ინდოეთი) მთავარეპისკოპოსს აღმოსავლეთ ინდოეთის პატრიარქის წოდება მიანიჭა. აღმოსავლეთის ცალკეულ ეკლესიათა რომთან შეერთების შემდეგ ყოველი წესისათვის ცალკე პატრიარქი დაინიშნა (მარონიტთა, მელქიტთა, სომეხთა, კოპტთა და სხვა წესთა პატრიარქები). ლათინურ ეკლესიაში პატრიარქები მხოლოდ საპატიო წოდებას ატარებენ და მათ მართვის რამე ძალაუფლება არ გააჩნიათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი ძალაუფლება ზოგიერთ მათგანს სამოციქულო უპირატესობის ან დამკვიდრებული ტრადიციის ძალით ენიჭება (CIC, კან. 438).

პატრიპასიანიზმი (Patripassianismo) [ლათ. pater „მამა“+passio „ვნება“] II-III საუკუნეთა მიჯნაზე აღმოცენებული სამებასთან დაკავშირებული ერესი. მის თანახმად, წმიდა სამების სამი პიროვნება სინამდვილეში მხოლოდ ერთადერთი პიროვნების გამოვლინების საშუალებას წარმოადგენს (ნ. მოდალიზმი). ამის საფუძველზე ეს ერესი ამტკიცებდა, რომ მამა ღმერთი უშუალოდ იყო ქრისტეს ვნების მონაწილე. ერეტიკულ სწავლებას სახელი ტერტულიანემ დაარქვა.

პატრისტიკა (Patristica) [ლათ. pater (ნათესაობითი ბრუნვის ფორმა patris), „(ეკლესიის) მამა“] პატრისტიკული თეოლოგია წარმოადგენს ყველაზე ადრინდელ ქრისტიანულ თეოლოგიურ განსჯას, ხოლო უფრო ზოგადად - ეკლესიის მამათა ქრისტიანულ ლიტერატურას. პატრისტიკის ხანა დასავლეთში ისიდორე სევილიელის (636), აღმოსავლეთში კი - იოანე დამასკელის (დაახლ. 750) მოღვაწეობით დასრულდა.

პატროლოგია (Patrologia) [ბერძ. patér (ნათესაობითი ბრუნვის ფორმა patrós) „(ეკლესიის) მამა“+lógos „სწავლა“] პატროლოგიის საგანგებო ამოცანაა ეკლესიის მამათა ცხოვრების, ნაშრომთა და მოძღვრების შესწავლა და გადმოცემა, რაკი ეკლესიის მამათა ერთიანობა ეკლესიაში სარწმუნოების მოძღვრების უცდომელ ნორმადაა მიჩნეული.

პაციენცია (Pazienza) [ლათ. patientia (სიტყვიდან pati „ატანა“)] ა) ცალკეულ რელიგიურ ორდენთა (მაგალითად, კარმელელთა) სამოსის ნაწილი: გვერდებზე გახსნილი კოჭებამდე სიგრძის უსახელო ტუნიკის ნაირსახეობა; ბ) მართკუთხა ფორმის, შავი ფერის ქსოვილის ნაწილი, მიკერებული საერო მღდველმსახურთა თეთრ საყელოზე; გ) თოკი, რომელსაც მონაზვნები სარტყლად იკრავენ სამოსელზე; დ) ყელზე სატარებელი წმიდა მარიამის გამოსახულება.

პელაგიელობა (Pelagianesimo) V საუკუნეში წარმომავლობით ინგლისელი (ან ირლანდიელი) მოწესის მიერ დამკვიდრებული ერესი, რომელიც მადლის თემას შეეხებოდა. უარყოფს პირველქმნილი ცოდვისა და მის შედეგთა სიმძიმეს. განიხილავს ადამიანის თავისუფლებას, როგორც დამოუკიდებელსა და საკმარისს ხსნის მოსაპოვებლად, ხოლო ქრისტეს მიიჩნევს მნიშვნელოვნად, უმთავრესად, მისი, როგორც ნიმუშის, თვალსაზრისით. პელაგიელობის ყველაზე მტკიცე მოწინააღმდეგე იყო წმიდა ავგუსტინე, რომელიც ხაზს უსვამდა მადლის, როგორც ღმრთის მიერ ადამიანისთვის გაწეული უანგარო დახმარების მნიშვნელობას. ეფესოს კრებამ (431) დაგმო პელაგიელობის იდეები. მოგვიანებით სანახევროდ პელაგიურმა მოძრაობამ წამოაყენა მოძღვრება როგორც ღმრთის მადლის, ისე ადამიანი ნების აუცილებლობის შესახებ, თუმცა, მის თანახმად, ადამიანს რწმენისკენ მადლი უბიძგებდა. ეს მოძღვრება დაგმო ორანჟის კრებამ (529).

პერანგი (Camice) [ბიზანტიური ბერძ. სიტყვიდან kámasos „ტუნიკა“] კოჭებამდე გრძელი, გვერდებზე ზონარით შემოჭერილი სელის თეთრი სამოსი (რის გამოც მას ასევე alba ეწოდება), რომელსაც მღვდელმსახურები ლიტურგიული მსახურების აღვლენისას იცმევენ. მომდინარეობს ტუნიკიდან, რომელსაც ძველი ბერძნები და რომაელები დამოუკიდებლად ან სხვა სამოსის ქვეშ ატარებდნენ. 830 წელს ლეონ IV-მ დააწესა წმიდა მსახურების დროს ჩვეულებრივისგან განსხვავებული პერანგის ტარება. ამგვარად, როდესაც საეროთა შორის ტუნიკის, როგორც სამოსის, ტარების ჩვევა დავიწყებას მიეცა, პერანგი შენარჩუნდა ლიტურგიაში და წმიდა სამოსად იქცა.

პერპეტუა (Perpetua) სიტყვა ნაწარმოებია მანცონის რომანის „დანიშნულების“ ერთ-ერთი პერსონაჟის სახელიდან და აღნიშნავს მღვდელმსახურის შინამოსამსახურეს.

პესახი (Pesah) ებრ. „გადასვლა“. ნ. პასექი.

პეტრეს გროში ნ. წმიდა პეტრეს გროში.

პეტრეს პრივილეგია (Privilegio petrino) კანონიკური სამართლის პრინციპი, რომლის თანახმადაც, „მოუნათლავ მამაკაცს, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე მოუნათლავი ცოლი ჰყავს, კათოლიკე ეკლესიაში ნათლობის მიღების შემდეგ, თუკი პირველ ცოლთან თანაცხოვრება უჭირს, ნებისმიერი მათგანის დატოვება შეუძლია, ხოლო სხვები უნდა გაუშვას. იგივე წესი მოქმედებს რამდენიმე მოუნათლავი ქმრის მქონე მოუნათლავი ცოლისთვისაც“ (CIC, კან. 1148). გარდა ამისა, „მოუნათლავ პირს, რომელსაც კათოლიკე ეკლესიაში ნათლობის მიღების შემდეგ შესაძლებლობა არა აქვს, განაახლოს თანაცხოვრება მოუნათლავ მეუღლესთან პატიმრობის ან დევნის მიზეზით, ხელმეორედ სხვაზე ქორწინების უფლება აქვს, მაშინაც, თუკი მისმა მეორე ნახევარმა ამ დროს ნათლობა მიიღო“ (CIC, კან. 1149). ნ. პავლეს პრივილეგია.

პეშიტა (Peshitta) ბიბლიის სირიული ვერსია, რომელიც ოფიციალურ ტექსტად იქცა სირიულ ენაზე მოქმედი ეკლესიებისათვის. სიტყვა ნიშნავს „მარტივს“.

პიანეტა (Pianeta) [გვიანლათ. planeta, „სამოგზაურო ან საწვიმარი მოსასხამი“, რომელსაც მომლოცველები ატარებდნენ, სიტყვიდან planétes „მოხეტიალე“] მუხლებამდე სიგრძის, გულსა და გვერდებზე გახსნილი ლიტურგიული სამოსელი, რომელსაც მღვდელმსახური წირვის აღსრულებისას სტიქარისა და სტოლას ზემოდან იცმევს. მისი ფერი ლიტურგიულ დღეზეა დამოკიდებული. ვატიკანის II კრების შემდეგ გატარებული ლიტურგიული რეფორმის შედეგად მის ნაცვლად უფრო ძველი და წარმოსაჩენი კაზულა იმკვიდრებს ადგილს.

პიევანო (Pievano) [ნაწარმოებია სიტყვიდან pieve „სოფლის სამრევლო ეკლესია“] ასე ეწოდება იტალიაში სოფლის საკრებულო ეკლესიის წინამძღვარს.

პიევე (Pieve) [ლათ. plebs „ხალხი“] იტალიის ჩრდილოეთი და ცენტრალური რაიონების სასოფლო საეკლესიო ოლქი. მოიცავდა ტერიტორიას მთავარი ეკლესიით (თავისი ბაპტისტერიუმითურთ) მასთან მიერთებული კაპელებით. ამჟამად ტერმინი აღარ გამოიყენება.

პიეტა ნ. ლმობიერება.

პიეტიზმი (Pietismo) [გერმ. Pietismus] XVII საუკუნეში პროტესტანტიზმის წიაღში ჩამოყალიბებული რელიგიური მოძრაობა, რომლის მიზანიც იყო, მეტისმეტად ცივი და მშრალი თეოლოგიისათვის განცდა და ემოცია შთაებერა. გერმანიაში მოძრაობას საფუძველი ჩაუყარა ფ.ჯ. შპენერმა (1635-1705), რომელმაც 1670 წელს Collegia pietatis ჩამოაყალიბა: ეს იყო საეროთა ჯგუფები, რომლებიც ახალი აღთქმის შესწავლისა და ურთიერთგანვითარების მიზნით იკრიბებოდნენ. შპენერის იდეალი იყო აქტიური, ბეჯითი (pietas), მკაცრ ზნეობაზე დამყარებული ქრისტიანობა. 1675 წელს გამოქვეყნდა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თხზულება „Pia desideria, ანუ ჭეშმარიტი სახარებისეული ეკლესიის ცხოველი სწრაფვა ღმრთისათვის სასურველი გაუმჯობესებისაკენ“. ნაწარმოებში შპენერი ამხელდა ლუთერული ეკლესიის ნაკლოვანებებს (მოჭარბებული ბიუროკრატია, უთანხმოებანი, სიმდიდრის უსამართლო განაწილება და სხვ.) და მათი გამოსწორების შესაძლო გზებს (პიი დესიდერი „კეთილი სურვილები“) მიუთითებდა: ბიბლიის მეტად ფართოდ გავრცელება, საყოველთაო მღვდელმსახურების აღდგენა (საეროთა თანამშრომლობა მოძღვრებთან), მწვავე პოლემიკაზე უარის თქმა, ქრისტიანულ სათნოებათა დამკვიდრება, მოძღვრების შესწავლა და სხვა. პიეტიზმს, როგორც „განახლების“ მოძრაობას, განცალკევებული ეკლესიები არ შეუქმნია, ეს იყო მრავალი დინებისა და მიმართულების მომცველი მოძრაობა, რომელმაც კვალი დაამჩნია ანგლიკანიზმს, პურიტანიზმსა და მეთოდიზმს (ნ. მეთოდისტები).

პილეოლუსი ნ. ცუკეტო.

პირადი გამოცხადებანი (Rivelazioni private) ესაა შეტყობინებანი, რომელთაც ღმერთი ცალკეულ, მის მიერ გამორჩეულ ადამიანებს გაანდობს. ეკლესია აღიარებს ამგვარ კერძო გამოცხადებათა არსებობას, თუმცა მიიჩნევს, რომ ისინი არსებითს არაფერს ჰმატებს ღმრთის გამოცხადებას, განხორციელებულს მისი ძის მეშვეობით, რაც სრული და საბოლოო გამოცხადებაა.

პირველი ზიარება (Prima comunione) გამოთქმა აღნიშნავს ევქარისტიის საიდუმლოს პირველად მიღების ადგილსა და დროს.

პირველი წირვა (Prima messa) მღვდელმსახურის მიერ ხელდასხმის შემდეგ პირველად აღსრულებული ევქარისტია. გამოირჩევა განსაკუთრებული საზეიმო ხასიათით.

პირველკანონიკური წიგნები (Protocanonici, libri) [ბერძ. prótos „პირველი“ + სიტყვის canone „კანონი“ ნაწარმოები ფორმა] საღმრთო წიგნები, რომლებიც ყველა ქრისტიანულ საკრებულოში ყოველთვის მიიჩნეოდა ღმრთივშთაგონებულად და შედიოდა კანონის შემადგენლობაში. ნ. ბიბლია.

პირველმოწამე (Portomartire) [ბერძ. prótos, „პირველი“ + mártyr „მოწამე“, „მოწმე“] ასე მოიხსენიებენ წმიდა სტეფანეს, რომელმაც პირველმა დაამოწმა საკუთარი სიცოცხლით იესო ქრისტეს რწმენა.

პირველობა (Primazia) პრიმასი ეპისკოპოსის ღირსება.

პირველსახარება (Protovangelo) [ბერძ. prótos „პირველი“ + euánghelos „გამოცხადება“, „სასიხარულო ცნობა“] ასე ეწოდება პირველ დაპირებას მაცხოვრის გამო, გადმოცემულს დაბადებაში (დაბ. 3:15) მესიანური ინტერპრეტაციით: „და ჩამოვადგებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ“.

პირველქმნილი ცოდვა (Peccato originale) მოძღვრება პირველქმნილი ცოდვის შესახებ, რომელიც უკავშირდება ადამისა და ევას დაცემის შესახებ ბიბლიურ მოთხრობას (დაბ. 3), გამოხატავს სარწმუნოების უეჭველობას, რომ კაცობრიობის მთელი ისტორია ადამიანის მიერ თავისი ნებით ჩადენილი პირველი დანაშაულის დაღს ატარებს, ანუ ეშმაკის მიერ ცდუნებულმა ადამიანმა ნება დართო საკუთარ თავს, რომ, თავის გულში შემოქმედისადმი ნდობის განელებითა და საკუთარი თავისუფლების ბოროტად გამოყენებით, არ დამორჩილებოდა ღმრთის მცნებას, რითაც კარი გუღო ბოროტებას, უმთავრესად ზნეობრივ ბოროტებას. საღმრთო წერილის თანახმად, ადამის ცოდვაში ყოველი ადამიანი თანამონაწილეობს. მართლაც, წმიდა პავლე ამტკიცებს: „ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში“ (1 კორ. 15:22); აგრეთვე: „ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე, სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომ. 5:12). მოძღვრებას პირველქმნილი ცოდვის შესახებ IV-V საუკუნეებში შეეწინააღმდეგა პელაგიელობა, რომლის თანახმადაც, ადამის ცოდვა, და, უმთავრესად, მისი შედეგები არ გავრცელებულა მთელ კაცობრიობაზე. პელაგიელობის ერეტიკულ თეორიას მტკიცედ დაუპირისპირდა წმიდა ავგუსტინე, რომელმაც პირველად გამოიყენა გამოთქმა peccatum originale. წმიდა ავგუსტინე მიიჩნევდა, რომ ადამიანი დაეცა და ხსნისთვის მადლი ესაჭიროებოდა. ტრიდენტის კრებამ განამტკიცა მოძღვრება პირველქმნილი ცოდვის შესახებ და განაცხადა, რომ ის ყოველ ადამიანზე ვრცელდება, მისგან გათავისუფლება მხოლოდ ნათლობის მეშვეობით ქრისტეში ხელახლა შობითაა შესაძლებელი; რომ ნათლისღება აუქმებს პირველქმნილ ცოდვას დანაშაულისა და მის გამო სასჯელის ჩათვლით, თუმცა არ სპობს გულისთქმას, ჟინს (შდრ. CCC, 385-421).

პირველწოდებული (Protoclito) [ბერძ. prótos „პირველი“+kalein „მოხმობა“] ქრისტეს მიერ პირველად მოხმობილი წმიდა ანდრია (იოან. 1:40).

პირჯვარი (Segno di croce) ქრისტიანის განმასხვავებელი, მუდმივად მისი თანამდევი ნიშანი: „ქრისტიანის ყოველი დღე, ლოცვა, ქმედება პირჯვრის გადაწერით იწყება, „მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით, ამენ“ (CCC, 2157). ჯვრის ნიშნის გამოსახვით იწყება, აგრეთვე, ყოველი ლიტურგიული მსახურება, რაც იმის მანიშნებელია, რომ მსახურება სამების სახელით აღსრულდება. ნ. სამება; ჯვარი.

პიქსისი (Pisside) [ბერძ. pýxis „ყუთი“, „ზარდახშა“] ძვირფასი მეტალის (მთლიანად მოოქროვილი) ჭურჭელი, რომელშიც ნაკურთხი ჰოსტია ინახება.

პლერომა (Pleroma) [ბერძ. pléroma „სისრულე“, „სისავსე“ (სიტყვიდან plerun „გავსება“)] რთულად განსამარტავი ტერმინი, ახალ აღთქმაში მისი მეშვეობით გამოიხატება, რომ ქრისტეში წარმოდგება სამყაროში ღმრთაებრიობის სისრულე, ანუ სისავსე, ხსნის მომტანი მასში მიღებული ადამიანებისათვის, და ამგვარად ღმერთი ყველაში ყოველივეს სახით ხორციელდება (შდრ. 1 კორ. 15:28).

პლუვიალე (Piviale) [ლათ. pluviale (საშუალო სქესის გაარსებითებული ფორმა სიტყვისა pluvialis „საწვიმარი ლაბადა“)] ლიტურგიული სამოსელი, წარმოადგენს კოჭებამდე სიგრძის ნახევრად მრგვალი ფორმის მოსასხამს, რომელიც წინ გახსნილია და მკერდზე შესაკრავით იკვრება. XI საუკუნიდან ეპისკოპოსები ან მღვდელმსახურები მას იცმევენ ევქარისტიული კურთხევის, ევქარისტიული მსვლელობების, წირვის გარეშე ქორწინების წესის აღსრულების, ჟამთა ლიტურგიის დროს.

პნევმა/პნევმატოლოგიური/პნევმატური (Pnéuma/Pneumatologico/Pneumatico) ბერძნული სიტყვები. თეოლოგიური თვალსაზრისით, pnevma (= სული) უმთავრესად აღნიშნავს ღმრთის სასიცოცხლო ენერგიას, სამყაროში მისი ქმედების საწყისს, მის თანასწრებას დიად უფალში, მის წმიდამყოფელ ძალას, რომელიც ადამიანს ებოძა, როგორც ეკლესიისა და ცალკეული მორწმუნის ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრების საწყისი. აქედან გამომდინარე, სული წმიდას ვსახავთ ღმრთაებრივ პიროვნებად, სამებაში მამისა და ძისაგან მომდინარე სიყვარულად. ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, ბიბლიაში ტერმინი აღნიშნავს ადამიანის თვისობრივ სიცოცხლისუნარიანობას, მისთვის ღმრთის მიერ ბოძებულსა და მუდამ მის ნებაზე დამოკიდებულს.

პნევმატომაქოსნი (Pneumatomachi) [ბერძ. pnéuma „სული“ + ნაწარმოები ფორმა სიტყვისა máchesthai „ბრძოლა“] IV-V საუკუნეების ერეტიკოსები, რომლებიც უარყოფდნენ სული წმიდის სრულ ღმრთაებრიობას, მას მამასა და ძეზე უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ღმრთის სამსახურში მყოფ ერთგვარ „ანგელოსად“ მიიჩნევდნენ. მათ წინააღმდეგ გამოვიდნენ კაპადოკიელი მამები და კონსტანტინოპოლის კრება (381).

პოლიგენიზმი (Poligenismo) [ბერძ. póly „ბევრი“+ghénesis „დასაბამი“] ბიოლოგიური თეორია, რომლის მიხედვითაც კაცთა მოდგმა, შესაძლოა, დასაბამს იღებდეს სახეობის ევოლუციისას სხვადასხვა ადგილებში აღმოცენებული ადამიანთა მრავალი წყვილისაგან. უპირისპირდება მონოგენიზმს.

პოლითეიზმი (Politeismo) [ბერძ. polythéos (poly „ბევრი“+theós „ღმერთი“)] აღნიშნავს ერთდროულად რამდენიმე ღმრთაების აღიარებას და თაყვანისცემას. უპირისპირდება მონოთეიზმს.

პონტიფექსი (Pontefice) [ლათ. pontifex (pons „ხიდი“+facere „კეთება“)] დღეს პაპის აღსანიშნავად დამკვიდრებული ტიტული Summus Pontifex XI საუკუნემდე ყველა ეპისკოპოსს აღნიშნავდა. წარმართული ტიტული Pონტიფეხ Mახიმუს პაპებს XIV-XV საუკუნეებში მიენიჭა, თუმცა მათი მხრიდან საწინააღმდეგო არასოდეს გამოთქმულა. პაპის იერარქიულ და პოლიტიკურ სტატუსს გამოხატავს ტიტული, რომელიც დღეს ოფიციალურადაა მიჩნეული: რომის ეპისკოპოსი, იესო ქრისტეს ვიკარიუსი, მოციქულთა წინამძღვრის მემკვიდრე, მსოფლიო ეკლესიის უმაღლესი პონტიფექსი, იტალიის პრიმასი, რომის პროვინციის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, ღმრთის მსახურთა მსახური.

პონტიფექსური (Pontificale) [ლათ. pontificalis] ის, რაც პაპთან და ეპისკოპოსებთანაა დაკავშირებული. პონტიფექსური წირვა ეწოდება საზეიმო ევქარისტიას, რომელსაც ეპისკოპოსი აღავლენს. პონტიფექსური ნიშნები ეპისკოპოსის ღირსების ატრიბუტებია: ბეჭედი, მიტრა, კვერთხი და სამკერდე ჯვარი.

პონტიფიკატი (Pontificato) [ლათ. pontificatus] ტერმინი აღნიშნავს როგორც უმაღლესი პონტიფექსის ღირსებას, ისე დროის ხანგრძლივობას და ისტორიულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც პაპი თავის ძალაუფლებას ახორციელებს.

პოპი (Pope) რუსულიდან „pop“, სიტყვა ნაწარმოებია ლათინურიდან páppas („მამა“). ასე ეწოდება მღვდელს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში.

პორციუნკოლა (Porziuncola) [ლათ. portiuncola, კნინობითი ფორმა სიტყვისა პორტიო „პორცია“, „ნაწილი“] პატარა კაპელა ასიზის სიახლოვეს ანგელოსთა წმიდა მარიამის სახელობაზე (მოიხსენიება როგორც სანტა მარია დელა პორციუნკოლა, შემოკლებით — პორციუნკოლა). სწორედ იქ დააარსა წმიდა ფრანცისკემ თავისი ორდენი და სიკვდილის წინ იქ ითხოვა თავისი გადაყვანა. ამჟამად კაპელა ტაძრის ანგელოსთა წმიდა მარიამის ბაზილიკის ნაწილს წარმოადგენს. ჰონორიუს III-მ მას მიანიჭა იმავე სახელობის სრული ინდულგენცია (2 აგვისტო), რომელიც შემდეგ ფრანცისკულ ეკლესიებსა და ყველა სამრევლოზე გავრცელდა.

პოსტულანტი (Postulante) [ლათ. postulans (სიტყვიდან postulare „თხოვნა“)] პირი, რომელმაც სამონაზვნო ორდენში მიღება ითხოვა და ჯერ არ არის ნოვიციუსი.

პოსტულატი (Postulato) [ლათ. postulare „თხოვნა“] გამოსაცდელი პერიოდი პირისათვის, რომელმაც სამოწესეო ორდენში მიღება ითხოვა. ეს პერიოდი მას ენიშნება ნოვიციუსად მის მიღებამდე.

პოსტულატორი (Postulatore) [ლათ. postulare „თხოვნა“] სასულიერო პირი, რომელიც შესაბამის სამსჯავროში ბეატიფიკაციის ან კანონიზაციის საქმეს წარადგენს და რომელსაც ევალება პროცესის მომზადება, მსაჯულთათვის მიმართვა და სამსჯავროს ხარჯების გაღება.

პრედესტინაციონიზმი (Predestinazionismo) [ლათ. praedestinatio] ერეტიკული დოქტრინა, რომლის თანახმადაც ადამიანის მარადიული ხსნა თუ მისი წარწყმედა დამოკიდებულია მხოლოდ ღმრთის ნებაზე, საკუთარი ხსნის საქმეში ადამიანის თანამშრომლობის მიუხედავად.

პრევოსტი (Prevosto) ჩრდილოეთ იტალიის ცალკეულ ზონებში ტერმინი აღნიშნავს მოძღვარს, რომელიც მოსაზღვრე სამრევლოებზე გარკვეულ იურისდიქციას ფლობს. ამასთანავე, ასევე ეწოდება ცალკეული საკათედრო და საკოლეგო კაპიტულის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირსაც.

პრეკონიცაცია (Preconizzazione) [შუა საუკუნეთა ლათ. praeconizatio „საზეიმო გამოცხადება“] აქტი, რომლითაც პაპი აცხადებს ეპისკოპოსის ან კარდინალის არჩევას.

პრელატი (Prelato) [შუა საუკუნეთა ლათ. praelatum (ნამყოს მიმღეობა ზმნისა praeferre „(სხვების) წინ დასმული“)]. ნ. პრელატურა.

პრელატურა (Prelatura) [შუასაუკუნეობრივი ლათ. praelatura] შეიძლება იყოს პიროვნული ან ტერიტორიული. ა) პიროვნული პრელატურა პიროვნული ხასიათის საერო იურისდიქციული სტრუქტურაა, ანუ არ ხასიათდება ტერიტორიული ნიშნით და დაწესებულია განსაკუთრებული სამწყსო მიზნებისთვის. შედგება საერო სამღვდელოთაგან - მღვდელმსახურთა და დიაკონთაგან (CIC, კან. 294); „ის იმართება სამოციქულო ადმინისტრაციის წესდებებით და მას დაწესებული ჰყავს საკუთარი განმგებლის სახით პრელატი, რომელსაც აქვს უფლება, დააფუძნოს ეროვნული თუ საერთაშორისო სემინარია, განაწესოს მოწაფეები დიოცეზებში და ხელდასხმაზე წარადგინოს ისინი პრელატურის სამსახურში“ (CIC, კან. 295); ბ) ტერიტორიული პრელატურე არის „ტერიტორიულად შემოსაზღვრული ღმრთის ხალხის განსაზღვრული ნაწილი, რომელზე ზრუნვაც, განსაკუთრებულ მიზეზთა გამო, მიენდობა პრელატს..., რომელიც განაგებს მას, როგორც დიოცეზის ეპისკოპოსი, როგორც მისი საკუთარი მოძღვარი“ (CIC, კან. 370).

პრემონსტრატები (Premonstratensi) რეგულარული კანონიკოსები, რომლებიც მიეკუთვნებიან წმიდა ნორბერტ ქსანტენის (დაახლ. 1082-1134) მიერ 1120 წელს პრემონტრში დაარსებულ სამონასტრო ორდენს. ოფიციალურად ისინი 1126 წელს პაპმა ჰონორიუს II-მ დაამტკიცა. ორდენი აღმოცენდა, როგორც მომნანიე, ცისტერციელთა ორდენის მსგავსი ცენტრალიზებული სტრუქტურით. ორდენი სწრაფად გავრცელდა, თუმცა მაინც ყველაზე მცირე იყო „პრელატურის“ ოთხ დიდ ორდენთაგან (ბენედიქტელნი, ცისტერციელნი, ავგუსტინელი კანონიკოსები), მის სააბატოთა მაქსიმალური რიცხვი 630 იყო. ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელებული მეთაურის (პრეპოსტო) წოდება შემდგომში აბატის წოდებით შეიცვალა. XII საუკუნეში წმიდა დომინიკე ორდენს თეთრი ფერის სამოსელს დაესესხა (აქედან მომდინარეობს წმიდა ნორბერტის მიმდევართა მეტსახელი „თეთრი კანონიკოსები“), გადაიღო მათი წესი (რომაულ-გალური ლიტურგია, რომელიც Liber ordinarius-შია გადმოცემული) და წესდებათა დიდი ნაწილი. გრიგოლისეულ რეფორმასთან დაახლოებული ეპისკოპოსებისა და ფეოდალების მხარდაჭერით, ორდენმა წარმატებით განახორციელა გერმანიის ცენტრალური, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილების კოლონიზაცია და გაქრისტიანება. მჭვრეტელობითი ტენდენციის უპირატესობით გამორჩეული საწყისი პერიოდის შემდეგ (პრემონტრე), განმტკიცდა აქტიური ცხოვრებისაკენ მიდრეკილება (მაგდებურგი). 1188 წელს კლემენტე III-მ ორდენს სამრევლო ვალდებულებათა აღსრულების ნებართვა მისცა. აქტიური სამწყსო საქმიანობა დღემდე რჩება ორდენის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰოლანდიელმა მღვდელმა ვერენფრიდ ვან სტრაატენმა დააარსა „შემწეობა აღმოსავლელ მღვდელთათვის“ (დღეს მისი სახელწოდებაა „გაჭირვებაში მყოფი ეკლესიის მხარდაჭერა - დახმარება აღმოსავლელ მღვდლებს“) და „აღმშენებელთა ორდენი“. გერმანიაში, ფრიზონიასა და პოლონეთში დაარსდა ორდენის ქალთა შტოს მრავალი მონასტერი, სადაც დები მჭვრეტელობითი ცხოვრებით იყვნენ დაკავებულნი.

პრესბიტერიანელობა (Presbiterianesimo/Presbiteriani) [ინგლ. პრესბყტერიან, ნაწარმოებია ლათინურიდან პრესბყტერ)] ტერმინი აღნიშნავს კალვინური სულისკვეთების ცალკეული პროტესტანტური ეკლესიების სტრუქტურასა და მოძღვრებას. ამ ეკლესიათა სტრუქტურა „პრესბიტერებს“, ანუ მსახურებსა და საერო „ხუცესებს“ ეყრდნობა. ის განსხვავდება როგორც ეპისკოპალიზმის, ისე რადიკალური კონგრეგაციონალიზმისაგან. პრესბიტერიანელობა შოტლანდიაში ჩამოყალიბდა კალვინის მოწაფის, ჯონ ნოქსის (†1572) მიერ. ნოქსმა შოტლანდიის ეკლესია პრესბიტერიანულ ეკლესიად გადააქცია (1560: First Book of Discipline; 1592: Second Book of Discipline). ინგლისში კალვინისტმა ტომას კარტრაიტმა (†1603) 1569 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა პრესბიტერიანული კონსტიტუციის შემოსაღებად და ელისაბედ I-ის (1558-1603) მიერ იქნა განდევნილი. ანგლოსაქსური კოლონიალური ექსპანსიის შედეგად პრესბიტერიანელობა გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაში ემიგრირებულთა ეკლესიებში (XVII ს.), მოგვიანებით კი - კანადაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში. ვესტმინსტერის კალვინისტური აღსარება (1647) ერთიანობის მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. ამჟამად პრესბიტერიანული კონფესიები ერთმანეთთან მსოფლიო ლიგის მეშვეობითაა დაკავშირებული. პრესბიტერიანელობაში ყოველი ადგილობრივი საკრებულო იმართება კონსისტორიუმის მიერ, რომელიც მოძღვრისა და ხუცესთაგან შედგება. „პრესბიტერიუმი“ ეწოდება საბჭოს, რომლის შემაგენლობაშიც არიან მოძღვრები, ხუცესები და სხვადასხვა კონსისტორიუმთა წევრები. მისი მოვალეობა ახალ მოძღვართა ხელდასხმაა. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა პრესბიტერიუმთა დელეგატებისაგან შემდგარი სინოდი, რომელსაც დისციპლინასა და მოძღვრებაზე ზედამხედველობის ამოცანები ეკისრება. უმაღლესი ორგანოა მთავარი ასამბლეა, რომელიც პრესბიტერიუმთა მიერ არჩეულ ხუცესთაგან შედგება.

პრესბიტერიუმი (Presbiterio) [ბერძ. presvytérion, შემდეგ ლათ. presbyterium „(უ)ხუცესთა საბჭო“] ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში მყოფი დიოცეზის მღვდელმსახურთა ერთობლიობა.

პრესული (Presule) [ლათ. praesul (სიტყვიდან prae „წინ“+ზმნა salire-ს „გადახტომა“ ფუძე) პირი, რომელიც საღმრთო როკვას წარუძღვება] ასე ეწოდება ეპისკოპოსს.

პრეტე (Prete) [ბერძ. presbýteros (შედარებითი ხარისხი სიტყვისა présbys „მხცოვანი“, „(უ)ხუცესი“, შემდეგ ლათ. presbyter] იტალიურად აღნიშნავს პირს, რომელმაც მღვდლობის საიდუმლოს მეორე ხარისხი მიიღო, ანუ მღვდელმსახურად ეკურთხა. ნ. მღვდელი; სამღვდელოება.

პრეფაციო (Prefazio) [ლათ. praefatio „შესავალი“] ევქარისტიული ლოცვის პირველი ელემენტი, რომელიც ამ ლოცვის ძირეულ თემას, ყოვლისშემძლე ღმრთის წინაშე აღსარებას გამოხატავს. სტრუქტურული თვალსაზრისით, მის შემადგენლობაშია საწყისი დიალოგი, შესავალი ნაწილი, მთავარი ლოცვა და დასკვნითი ნაწილი. აგვირგვინებს ღმრთისადმი მიმართული სამმაგი მოხმობა „წმიდა არს“.

პრეფექტი (Prefetto) [ლათ. praefectus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა praeficere (სიტყვიდან prae „წინ“+facere „კეთება“), „სათავეში მოქცეული“] ტერმინი აღნიშნავს სხვადასხვა პიროვნებებს: ა) კარდინალი-პრეფექტი ეწოდება რომის კურიის კონგრეგაციაზე, ეკლესიის საჯარო საქმიანობათა და სამოციქულო ბეჭედზე პასუხისმგებელ კარდინალს; ბ) ესაა პაპის სახლის პრეფექტურის ხელმძღვანელი პრელატი; გ) სამოციქულო პრეფექტი: ნ. სამოციქულო პერფექტურა; დ) სასწავლო დარგის პრეფექტი ეწოდება პირს, რომელსაც სემინარიაში სასწავლო გეგმის წარმართვა ევალება; ე) სემინარიაში ერთობლივი ცხოვრების პრეფექტი ეწოდება პიროვნებას, რომელიც, რექტორთან შეთანხმების საფუძველზე, თვალყურს ადევნებს სემინარიაში დისციპლინის დაცვას.

პრიმასი (Primate) [ლათ. primas „გამორჩეული“ (სიტყვიდან primus „პირველი“)]: ა) ეპისკოპოსი, რომელიც კათედრის გათვალისწინებით ფლობს საპატიო პრივილეგიებს თავისი რეგიონის სხვა ეპისკოპოსებთან შედარებით; ამ ტიტულს არ ახლავს რამე საგანგებო იურისდიქციული უფლება, თუკი ასეთი მას დამატებით არ ენიჭება განსაკუთრებული მოსაზრებებით; ბ) პრიმასი აბატი ეწოდება სამონასტრო კონფედერაციის წინამძღვარს.

პრიმატი პაპისა ნ. პაპის უპირატესობა.

პრიორატი (Priorato) [გვიანლათ. prioratus] რაინდთა ორდენებში ასე ეწოდება როგორც პრიორის სამყოფელს, ისე მისი ძალაუფლებისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიას.

პრიორი (Priore) [ლათ. prior „წინმძღოლი“, „წინამძღვარი“] ასე ეწოდება სამოწესეო საკრებულოს წინამძღვარს; ცალკეულ რაინდთა ორდენებში განსაზღვრული იურისდიქციის ფარგლებში ადმინისტრაციული უფლებამოსილების მქონე პირის ტიტული.

პრიორობა (Priorato) [გვიანლათ. prioratus] აღნიშნავს პრიორის ღირსებასა და მისი მსახურების ვადას.

პრობაბილიზმი (Probabilismo) [ლათ. probabilis „სავარაუდო“] მორალურ თეოლოგიაში აღნიშნავს მოძღვრებას, რომელიც საორჭოფო ვითარებაში გარკვეული ქმედების ან ქცევის კანონიერებას ემხრობა იმ შემთხვევაში, როდესაც მათ სასარგებლოდ მეტყველებს მყარად სავარაუდო აზრი თავისუფლების სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ მასზე უფრო სავარაუდოდ გამოიყურება საპირისპირო აზრი კანონიერი აკრძალვის სასარგებლოდ. ეს მოძღვრება სრულად 1577 წელს ბართლომე მედინელმა გამოხატა.

პრობონდატი (Probandato) [ნაწარმოებია ლათინური გერუნდივის ფორმიდან probandus „დასამტკიცებელი“] დროის პერიოდი, რომელიც ნოვიციატს ან პოსტულატს უძღვის წინ და რომლის დროსაც ფასდება სამონაზვნო ცხოვრების მსურველის მონაცემები და მდგომარეობა.

პროვინციალი ნ. მამა პროვინციალი.

პროვინციალობა (Provincialato) [ლათ. provincia] აღნიშნავს მამა პროვინციალის ღირსებასა და მოვალეობებს, ისევე როგორც დროის იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მოწესე პროვინციალის მოვალეობებს ასრულებს.

პროზელიტი (Proselito) [ლათ. proselytus (ნაწარმოებია ბერძნული სიტყვიდან prosélythos) „ახალმოსული“] ებრაელები ასე უწოდებდნენ მოქცეულ წარმართს. ფართო მნიშვნელობით, ტერმინი აღნიშნავს რომელიმე რელიგიის, ახალი პარტიის, მოძღვრების და ა.შ. ახალ მიმდევარსა თუ წევრს.

პროზოპონი (Prósopon) [ბერძ.] პიროვნება, თეოლოგიური თვალსაზრისით. ნ. ჰიპოსტასი.

პრონავი (Pronao) [ბერძ. prónaos (pro „წინ“ + naós „ტაძარი“) შემდეგ ლათ. pronaus] საღმრთო ნაგებობის წინ მდებარე პორტიკი, გამოყოფილი კოლონებითა და პილასტრებით.

პრონუნციუსი (Pro-nunzio) [თავსართი pro და სიტყვა nuntius] წმიდა საყდრის დესპანი რომელიმე სახელმწიფოში. ნუნციუსისაგან განსხვავებით, არ არის დიპლომატიური კორპუსის დუაიენი. . რომის პონტიფექსის ლეგატი.

პროტესტანტი/პროტესტანტობა (Protestante/Protestantesimo) ტერმინი მომდინარეობს სიტყვიდან protesta (protestatio), „პროტესტი“: 1529 წლის 19 აპრილს გერმანიის მთავრებმა და ლუთერულმა ქალაქებმა შპაიერის II კრებას წარუდგინეს პროტესტი კარლოს V-ისა და „სახელმწიფოთა“ უმრავლესობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, განეხორციელებინათ 1521 წლის 8 მაისის ვორმსის ედიქტი. ეს ედიქტი ლუთერისა და მის მიმდევართა იმპერიიდან განდევნას, ხოლო სავალდებულო სახელმწიფო რელიგიად რომის კათოლიკური სარწმუნოების გამოცხადებას გულისხმობდა. დროთა განმავლობაში ტერმინი „პროტესტანტული“ ლუთერის რეფორმის შედეგად კათოლიკე ეკლესიის გარეთ შექმნილ ყველა ეკლესიაზე გავრცელდა. ესენია: ლუთერული, კალვინური, ცვინგლიელთა და ანაბაპტისტური ეკლესიები. ამჟამად ეს ტერმინი რეფორმისტული მოძრაობის შედეგად წარმოშობილ მოძღვრებათა და ინსტიტუციათა მემკვიდრეობის ერთობლიობას აღნიშნავს. ამასთან, საკმაოდ რთულია პროტესტანტობის არსის ერთი უკამათო ფორმულით გადმოცემა, რადგანაც ეს დანაწევრებული და მრავალფეროვანი რეალობაა. ამ დანაწევრებას და მრავალფეროვებას ადასტურებს, სწორედ პროტესტანტობის წიაღში ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფების გარდა, პრესბიტერიანელთა, მეთოდისტთა, ბაპტისტთა, კვაკერთა, ორმოცდაათიანელთა, ადვენტისტთა და სხვა ჯგუფების არსებობა. ლუთერის მოწაფის, მელანხტონის აზრით, თეოლოგიური თვალსაზრისით, პროტესტანტულ რეფორმას ორი პრინციპი უდევს საფუძვლად: საღმრთო წერილის უმაღლესი ავტორიტეტის ფორმალური პრინციპი და რწმენის მეშვეობით გამართლების მხოლოდ ღმრთის მადლით მიღების მატერიალური პრინციპი. მათი ცალმხრივი გაგება კათოლიკობასთან მკვეთრი დაპირისპირებისა და გამიჯვნის მიზეზად იქცა.

პროტესტანტული რეფორმა (Riforma protestante) XVI საუკუნის რელიგიური მოძრაობა, რომელიც ეკლესიის „რეფორმირებას“ ისახავდა მიზნად (ნ. პროტესტანტი). მის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ 1517 წლის 31 ოქტომბერი, როდესაც გამოქვეყნდა მარტინ ლუთერის 95 თეზისი ინდულგენციათა შესახებ, რასაც ჰაიდელბერგისა (1518) და ლაიფციგის (1519) დისპუტები მოჰყვა შედეგად. ასე დაედო საფუძველი ფართო მოძრაობას, რომელშიც რომის პაპისეულ ეკლესიასთან დაპირისპირებამ ძალიან განსხვავებული ჯგუფები (მთავრები, დიდებულები, ქალაქების მცხოვრებლები, რაინდები, გლეხები) და მრავალფეროვანი მიმდინარეობები (ჰუმანიზმი, გერმანული ნაციონალიზმი, იმპერიულ სახელმწიფოთა ავტონომისტური მისწრაფებები) გააერთიანა. საწყის ეტაპზე (1517-1525) რეფორმა მარტინ ლუთერის ძლიერი პიროვნებისა და ავგუსტელი მოწესის მიერ ბიბლიის შესწავლისას მიღებული რელიგიური გამოცდილების (სოლა სცრიპტურა) ზეგავლენით წარიმართა. რომაელთა მიმართ წმიდა პავლეს წერილზე მედიტაციამ დაარწმუნა ლუთერი, რომ ღმერთი უანგაროდ აძლევს ხსნას ადამიანს იესო ქრისტეს მსხვერპლშეწირვის წყალობით და ადამიანის მოქმედებებისაგან დამოუკიდებლად. ამის საფუძველზე ჩამოაყალიბა მან თეორია ოდენ რწმენით გამართლების შესახებ. ლუთერი არსებითად დაუპირისპირდა, აგრეთვე, კათოლიკე ეკლესიის საიდუმლოთა მოძღვრებას (იგი აკრიტიკებდა მოძღვრებას ტრანსუბსტანციაციის შესახებ, საეროთათვის ბარძიმზე უარის თქმას, წირვის საღმრთო ხასიათს, საიდუმლოთა რაოდენობას). გარდა ამისა, ლუთერი ზნეობრივ დაცემაში ადანაშაულებდა ეკლესიას და ეჭქვეშ აყენებდა პაპის პრიმატს. ლეონ X-ის პასუხი, რომელიც უშუალოდ გახდა თავდასხმის ობიექტი ინდულგენციებთან დაკავშირებთ, იყო განკვეთის ბულა Exsurge, Domine (1520 წლის ივლისი), რომელშიც ლუთერის თეზისები ერეტიკულად გამოცხადდა. პროტესტანტული რეფორმის მეორე ფაზა (1525-1550) შინაგანი გაძლიერებისა და გარე სამყაროს მიმართულებით კონფესიური კონსოლიდაციის ნიშნით წარიმართა. რეფორმირებული თეოლოგიის დასრულებული ნიმუში აუგსბურგის სეიმზე (1530) იქნა წარმოდგენილი მელანხტონის მიერ რედაქტირებული „აუგსბურგის აღსარების“ სახით. კარლოს V-სა და პროტესტანტთა შორის (აუგსბურგი, 1555) დადებული რელიგიური ზავის ტრაქტატით დამკვიდრდა ლუთერული კონფესია და დადგინდა გერმანიის დაყოფა რელიგიური ნიშნით. მომდევნო წლებში პროტესტანტული რეფორმა ევროპის მთელ ჩრდილოეთში გავრცელდა.

პროტოლოგია (Protologia) [ბერძ. prótos „პირველი“,+loghía „გადმოცემა“] ფილოსოფიაში ტერმინი ჯობერტიმ გამოიყენა წმინდა ინტელიგიბელური არსების შემეცნების აღსანიშნავად; თეოლოგიაში ტერმინი პირველად რეალობათა შესწავლას მიემართება, როგორებიცაა, მაგალითად, სამყაროს დასაბამი, ადამიანის შექმნა, პირველქმნილი ცოდვა და სხვ.

პროფანი (Profano) [ლათ. profanus (pro „წინ“+fanum „ტაძარი“) „ის, რაც წინ“, ანუ ტაძრის გარეთაა] აღნიშნავს პირს, რომელიც არ არის ნაზიარები რელიგიურ იდუმალებებს; პროფანული რამე გარეგანი ან უცხო წმიდასათვის.

პროცესია ნ. მსვლელობა.

პულპიტუმი (Pulpito) [ლათ. pulpitum] ხის ან ქვის მასალაში შესრულებული არქიტექტურული ელემენტი, რომელიც მრავალ ეკლესიაში გვხვდება. ესაა მცირე ზომის განცალკევებული და ამაღლებული, ან ბოძზე თუ პილასტრზე დამაგრებული მცირე ზომის ტრიბუნა, რომელზეც კიბის მეშვეობით შეიძლება ასვლა. საღმრთო ორატორიისათვის განკუთვნილი ეს ელემენტი უმთავრესად XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან განვითარდა, რაზეც დომინიკელთა და ფრანცისკელთა ორდენების გავრცელებამ იქონია გავლენა. დღეს ის თითქმის მთლიანად შეცვალა ამბიონმა.

პურიმი (Purim, festa del) [ებრ. pur „ბედი“] ებრაული დღესასწაული, რომელიც ეძღვნება სპარსეთში მცხოვრები ებრაელების ხსნას ამანის მიერ დაგეგმილი სიკვდილისაგან (ესთ. 3:7; 9:15-32), მორდექაისა და ესთერის დამსახურებით. დღესასწაული აღინიშნება 14-15 მარტს (ადარ), ამ დროს კითხულობენ ესთერის წიგნს, შლიან უხვ სუფრას, ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან.

პურის გატეხვა (Frazione del pane) [ლათ. fractio panis] იესოს მიერ უკანასკნელი სერობისას (შდრ. 1 კოლ. 11:24; ლუკ. 22:19; მარკ. 14:22; მათ. 26:26) პურის გატეხვა, რომელმაც თავდაპირველად მთელ ევქარისტიულ მსახურებას მისცა სახელწოდება (შდრ. საქ. 2:42.46; 20:7). ამჟამად პურის გატეხვა ხდება მშვიდობის ნიშნის შემდეგ და აღნიშნავს შემდეგს: „ჩვენ კი მრავალნი, ვართ ერთი სხეული, რადგან ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით“ (1 კორ. 10:17).

პურიტანელობა (Puritanesimo) [ინგლ. puritan (სიტყვიდან purity „სიწმიდე“, ლათინურიდან puritas)] ანგლიკანობის წიაღში აღმოცენებული და ინგლისურ კალვინიზმთან მჭიდროდ დაკავშირებული რელიგიური მოძრაობა. ეს სახელი მას მოწინააღმდეგეებმა შეარქვეს. ისინი ამგვარად უტევდნენ „რელიგიური განწმედის შესწავლას“ (Studium purioris religionis), რომლითაც, უმთავრესად 1580 წლის შემდეგ, ტ. კარტრაიტმა (†1603) დაასაბუთა თავისი კრიტიკა ინგლისის ეკლესიის მოწყობის, ლიტურგიისა და მოძღვრების მიმართ, - მათ იგი „ანტიბიბლიურად“ მიიჩნევდა. პურიტანები ითხოვდნენ ინგლისის ეკლესიაში ყველა შემორჩენილი „პაპისტური“ ელემენტის გაუქმებას, დაწყებული ლიტურგიიდან (ლიტურგიული სამოსი და მორთულობანი, გალობა, ორღანის ჟღერადობა, ჯვარი და ა.შ.), მხოლოდ საღმრთო წერილზე - ერთადერთ და აბსოლუტურ ნორმაზე - დაყრდნობის მიზნით. დედოფალ ელისაბედ I-ის (1558-1603) ეპოქასთან დასაპირისპირებლად, რომელსაც თავაშვებულად და დაცემულად მიიჩნევდნენ, პურიტანები საგანგებო ყურადღებას უთმობდნენ კვირადღის წმიდაყოფას, უარს აცხადებდნენ თეატრზე, ცეკვაზე, კულტურაზე და ეტიკეტზე. ეს მოძრაობა პოლიტიკის სფეროსაც შეეხო, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1640 წლის ინგლისის რევოლუციაში, ჩართული იყო ეპისკოპალიზმთან და თვით მონარქიასთან ბროლაში. პურიტანიზმი დაედო საფუძვლად ოლივერ კრომველის (†1658) რესპუბლიკას. მის შემდგომ რესტავრაციას, კათოლიკე სტიუარტების მეთაურობით (1660-1687), პურიტანებმა „დიდი დევნის ხანა“ უწოდეს, თუმცა სწორედ ამ დროს შეიქმნა პურიტანული საგანმანათლებლო ლიტერატურის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშები, როგორებიცაა, ჯონ მილტონის (†1674) „დაკარგული სამოთხე“ (1667) თუ ბაპტისტ ჯონ ბუნიანის „მომლოცველის მოგზაურობა“ (1678). პურიტანული მემკვიდრეობა ინგლისელთა ეროვნული ცნობიერების ნაწილად იქცა და დღესაც განსაზღვრავს გარკვეულწილად ამ ხალხის ქცევას.

პურიტანი (Puritano) [ინგლ. puritan, (ლათ. purus „წმინდა“)] პურიტანელობის მიმდევარი. აღნიშნავს აგრეთვე შეუვალ მორალისტს.

პურპურატუსი (Porporato) [ლათ. purpuratus (სიტყვიდან purpura „მეწამული“)] პირი, რომელსაც მეწამული ფერის სამოსის ტარების უფლება აქვს, ანუ კარდინალის ღირსების მატარებელი პირი. ნ. მეწამული.

17

▲back to top


ჟამთა ლიტურგია (Liturgia delle ore anu ufficio divino) „ეკლესიის საჯარო ლოცვა“ (SC, 98), რომლითაც მორწმუნეები (სამღვდელონი, მოწესენი და საერონი) ნათლისღებულთა სამეუფო მღვდელმსახურებას აღასრულებენ. ის „იმგვარადაა აგებული, რომ წმიდაყოფს მთელ დღესა და ღამეს ღმრთისადმი ქების აღვლენით“ (SC, 84). მართლაც, ჟამთა ლიტურგია მოიცავს ორ მთავარ ჟამს (ქებანი და მწუხრი), რომლებიც შესაბამისად დილას და შუადღის შემდეგ სრულდება; საკითხავის ჟამს (დილით ან ღამით) და ორ „მცირე ჟამს“ („საშუალო ჟამი“ შერჩევით მესამე, მეექვსე ან მეცხრე ჟამს წარმოითქმის, ხოლო სერობა ღამის მოსვენების წინ). ჟამთა ლიტურგია შედგება ფსალმუნთაგან (სახელდებით, ანტიფონებით, ფსალმუნური ლოცვებით), ბიბლიურ საგალობელთაგან, ბიბლიურ საკითხავთაგან, პატრისტიკულ მონაკვეთთა, სხვა საეკლესიო ავტორთა (განმარტებებითურთ) საკითხავთა, რესპონსორიუმთა, საგალობელთა, მფარველობის ლოცვათაგან. ლიტურგიაში გათვალისწინებულია აგრეთვე დუმილის მონაკვეთები - მჭვრეტელობისათვის (შდრ. CCC, 1174-1178; CIC, კან. 1173-1175).

ჟინი (Concupiscenza) [ლათ. სიტყვიდან concupiscentia, ნაწარმოებია ზმნიდან concupiscere „მხურვალედ სურვილი, ჟინი“] აღნიშნავს ადამიანის მიდრეკილებასა და ძლიერ სურვილს, რომელიც ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართავს ადამიანის თავისუფლებას არასრულ სიკეთეთა მიმართ, რომლებიც, შეგნებული სურვილის შემთხვევაში, ცოდვის საგნადაც შეიძლება იქცეს. თანამედროვე თეოლოგიამ უფრო გააღრმავა ჟინის ცნება: ის აღნიშნავს ადამიანის ბუნებრივ ინსტინქტთა ერთობლიობას, რომლებიც არაა ბოროტი, მაგრამ დაპირისპირებულია ადამიანის ზებუნებრივ მდგომარეობასთან, რამდენადაც არ ექვემდებარება პიროვნულ გადაწყვეტილებას.

18

▲back to top


რაბი (Rabbi) [ებრ. „ჩემო მოძღვარო“] ასე უწოდებენ ებრაელები მოსეს რჯულის სწავლულებს. ამავე სახელით მიმართავდნენ იესოსაც (მათ. 23:7, შმდ.; 26:25.49; მარკ. 9:5; 11:21; 14:45; იოან. 1:38.49; 3:2.26; 4:31; 6:25; 9:2; 11:8;). ზოგჯერ გვხვდება მიმართვის უფრო შინაურული არამეული ვარიანტი: „რაბუნი“ (იოან. 20:16).

რაბინი (Rabbino) [ებრ. rabbenu „ჩვენი მოძღვარი“] ებრაული კანონის სწავლული, უფრო განზოგადებულად - ებრაული საკრებულოს სულიერი მეთაური.

რაბინიზმი (Rabbinismo) რაბინული იუდაიზმის სახელწოდება, რომელიც ყოველი ებრაელისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს როგორც თორას დაწერილ კანონს, ისე ზეპირ გადმოცემას. ამის გამო რაბინიზმი თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს მიშნასა და თალმუდში მოცემულ რელიგიურ და სამართლებრივ წესთა მთლიანობასა და მომდევნო ეგზეგეზიდან მომდინარე ნორმებს. მიშნისა და თალმუდისეული ინტერპრეტაციის მიუხედავად, რაბინიზმი ზოგადად ბიბლიის თავდაპირველ უწყებასთან კავშირის შენარჩუნებას ესწრაფვის, ხშირად წარმატებით ახერხებს მრავალი სახის კულტურულ გავლენათაგან მომდინარე საფრთხეების აცილებას და დიასპორის სხვადასხვა საკრებულოთა მძლავრ შემაკავშირებელ საშუალებად რჩება.

რაინდთა ორდენები (Ordini cavallereschi) შუა საუკუნეთა რელიგიურმა გარემომ, ჯვაროსნულ მოძრაობასთან ერთად (ნ. ჯვაროსნული ლაშქრობები) დასაბამი მისცა ამ ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ ფენომენს: მონაზონ-რაინდს, ანუ მონაზვნობისა და რაინდობის შერწყმის სიმბოლოს. გარდა სამი ჩვეულებრივი სამონაზვნო აღთქმისა (უბიწობა, სიღატაკე და მორჩილება), რაინდები მომლოცველთა მსახურებისა და დახმარების და ურწმუნოთაგან წმიდა ადგილების დაცვის ვალდებულებას იღებდნენ. რაინდთა მრავალი ორდენი არსებობდა, მათ შორის ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ორდენებია: ა) მალტის ორდენი, დაარსდა 1099 წელს, როგორც საძმო, იერუსალემის წმიდა იოანეს საავადმყოფოში (ამიტომაც მას იოანელთა ორდენს უწოდებდნენ). 1121 წელს, „რაინდთა“ კლასის ჩამოყალიბების შემდეგ, ის ნამდვილ რაინდთა ორდენად იქცა სახელწოდებით Sovrano Militare Ordine Gerosolimitano. 1529 წელს ორდენი მალტის კუნძულზე დამკვიდრდა (საიდანაც მომდინარეობს მისი ამჟამინდელი სახელწოდება), მისი სიმბოლოა შავი მოსასხამი მასზე გამოსახული თეთრი ჯვრით. ამჟამად მალტის ორდენის ძირითადი საქმიანობა სნეულთა და უძლურთა დახმარებაა; ბ) ტაძრის რაინდთა (ტამპლიერთა) ორდენი, დაარსდა 1119 წელს იერუსალემში, წმიდა სამარხისა და მის მოსალოცად მისულ მორწმუნეთა დაცვის მიზნით. ორდენი სწრაფად გავრცელდა ევროპაშიც და ძლიერ ფინანსურ ძალად ჩამოყალიბდა, რაც მის წევრთა მიმართ მტრული დამოკიდებულების მიზეზად იქცა. 1312 წელს, კლემენტე V-მ ბულით Vox in excelsis გააუქმა ორდენი და მისი ქონება საავადმყოფოთა ორდენებს გადაუნაწილა; გ) ტევტონთა ორდენი, რომელიც 1189-90 წლებში ბრემენისა და ლიუბეკის რამდენიმე მოქალაქემ დააარსა, როგორც წმიდა იოანე აკრელთან არსებული საავადმყოფოს საძმო. 1198 წელს გარდაიქმნა ორდენად, რომელსაც დიდი მაგისტრი ჰერმან ზალცელი ხელმძღვანელობდა. 1309 წელს ორდენის მმართველი ორგანო პრუსიაში განლაგდა, მისი საქმიანობა ძირითადად ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში ხორციელდებოდა და წარმართთა საწინააღდეგოდ იყო მიმართული. 1805 წელს ტევტონთა ორდენი ნაპოლეონმა გააუქმა, 1834 წელს იმპერატორმა ფრანცისკე I-მა ის ხელახლა დააარსა ავსტრიაში, სადაც ორდენმა XX საუკუნემდე იარსება. დღეს ტევტონთა ორდენის მცირერიცხოვანი წევრები მღვდელმსახურნი არიან და გლახაკთა ორდენის წესს მისდევენ; არსებობს ტევტონ ქალ მონაზონთა შტოც. ორდენის სიმბოლოა შავი ფერის ჯვარი თეთრ მოსასხამზე.

რამადანი (Ramadan) [არაბ., ისლამური კალენდრის მიხედვით წელიწადის მეცხრე თვის სახელწოდება, რომელიც ერთადერთია ყურანში სახელით მოხსენიებული (ყურ. 2:185)] თავისი შინაარსითა და ფორმით მარხვის თვე (მარხვა ყოველდღიურად განთიადიდან მზის ჩასვლამდე გრძელდება) მუსლიმთათვის ზეიმის თვეა. სწორედ რამადანის დროს აღინიშნება წელიწადის ორი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული: ა) „ბედისწერის ღამე“ (ლაილათ ალყადრ), რომლის დროსაც მუსლიმები კაცობრიობისათვის ყურანის გამოცხადებას ზეიმობენ (ყურ. 2:185; 97) და ბ) მარხვის შეწყვეტის დღესასწაული (იდ ალ-ფიტრ), რამადანის დასასრულს.

რასიზმი (Razzismo) [razza, ძველი ფრანგ. haraz „ფაშატთა ჯოგი“, „ცხენთსაშენი“] განსჯით და პრაქტიკულ მიმართულებათა თუ ხედვათა ერთობლიობა, რომლებიც რასებს უმაღლესთა და უმდაბლესთა კატეგორიებად დაყოფს და ქადაგებს ან ემხრობა დისკრიმინაციას სოციალურ, იურიდიულ და ინსტიტუციურ სფეროებში, რამაც დევნისა და მასობრივი განადგურების სახეც კი შეიძლება მიიღოს. თეორიულად რასიზმი უმთავრესად XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა, ხოლო პოლიტიკური თუ, ზოგადად, პრაქტიკული გამოყენება XX საუკუნის დასაწყისში ჰპოვა (ნაციზმი, ფაშიზმი, ზანგთა რასობრივი ჩაგვრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აპარტეიდი სამხრეთ აფრიკაში). ქრისტიანული თვალსაზრისით, ყველა ადამიანი თანაბარი ღირსების მატარებელია, რადგან ერთადერთი ღმრთის ხატებადაა შექმნილი და ერთსა და იმავე რაციონალურ სულს ფლობს. აქედან გამომდინარე, „ყოველგვარი დისკრიმინაცია... სექსუალური, რასობრივი, კანის ფერის, სოციალური, ენობრივი თუ რელიგიური ნიშნით უნდა იქნას დაძლეული და აღმოფხვრილი, როგორც ღმრთის ჩანაფიქრის საწინააღმდეგო“ (GS, 29; შდრ. CCC, 1934-1938).

რაციონალიზმი (Razionalismo) [ნაწარმოებია სიტყვიდან razionale „რაციონალური“] ზოგადად, აღნიშნავს ნებისმიერ მოძღვრებას, რომელიც გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის გონებრივ უნარს, ან ესწრაფვის, გამორიცხოს ღმრთაებრივი გამოცხადება, ანდა მისი მნიშვნელობა მინიმუმამდე დაყვანას. თეოლოგიის ისტორიაში ტერმინი აღნიშნავს მიმდინარეობას, რომლის თანახმადაც, ღირებულება მხოლოდ რწმენის იმ ჭეშმარიტებებს აქვს, რომელთა წვდომა გონებითაა შესაძლებელი. ამგვარად თეოლოგია ფილოსოფიად იქცევა. პიუს IX-მ დაგმო ანტიდოგმატური რაციონალიზმი ენციკლიკებით Qui pluribus (1846) და Syllabus errorum (1864). დაგმობას მხარი დაუჭირა ვატიკანის I კრებამ დადგენილებაში Dei Filius (1870).

რეგალია (Insegne) [ლათ. insignia, მრავლობითი რიცხვი საშუალო სქესის არსებითი სახელისა insigne „რეგალია“] გარკვეული ღირსების დამახასიათებელ თვისებათა ამსახველი საგნები; საეპისკოპო რეგალიებია: კვერთხი, მიტრა, სამკერდე ჯვარი და სხვა.

რეგულარულნი (Regolari) [ლათ. regularis, ნაწარმოებია სიტყვიდან რეგულა „წესი“] აღნიშნავს სამონაზვნო ინსტიტუტებისა და სამოციქულო ცხოვრების ინსტიტუტთა წევრებს, რომლებიც ემორჩილებიან წესს და საჯაროდ აცხადებენ უბიწოების, სიღატაკისა და მორჩილების სახარებისეულ რჩევათა აღსარებას.

რედაქციის ისტორია ნ. Redaktiongeschichte.

რედემპტორისტები (Redentoristi/e) 1732 წელს წმიდა ალფონსუს მარია დეი ლიგუორის მიერ ყველაზე დაჩაგრული სოციალური ფენების მორალური მხარდაჭერისა და სულიერი ხელმძღვანელობის მიზნით დაარსებული უწმიდესი მაცხოვრის კონგრეგაციის წევრები. მთელ მსოფლიოში გავრცელებული ამ საზოგადოების წევრებმა XX საუკუნეში მოციქულობის ახალი ფორმები ჩამოაყალიბეს: გარდა სახალხო მისიონერობისა, რომელსაც კვლავაც წამყვანი როლი უჭირავს მათ საქმიანობაში, მისდევენ, აგრეთვე, განსაკუთრებულ სამწყსო საქმიანობას (მსახურობენ საავადმყოფოებში, ეხმარებიან ნარკომანებს, მონაწილეობენ ქარიზმატიკოსთა მოძრაობებში, ქრისტიანული ქადაგების კურსებში). თეოლოგიაში მნიშვნელოვანია მათი პოზიციები ზნეობრივ და სამწყსო თეოლოგიაში (მაგალითად, ბ. ჰერინგი, ვ. შური). ზნეობრივი და სამწყსო თეოლოგიის შემსწავლელ ცენტრად ცნობილი ალფონსუსის აკადემია (ალფონსიანა) იოანე XXIII-მ ლატერანის უნივერსიტეტს შეუერთა. კონგრეგაციის წესდება, რომელიც მარტივ და სამუდამო აღთქმებს შეიცავს, ბენედიქტე XIV-მ 1749 წელს დაამტკიცა. კონგრეგაცია დღეს დაახლოებით 6 700 წევრს აერთიანებს და სიდიდით მეშვიდეა ხელდასხმულ სამღვდელოთა ორგანიზაციებს შორის. კონგრეგაციის ქალთა შტოც ალფონსუს მარია დეი ლიგუორიმ დააარსა, ეპისკოპოს ფალკოიასთან ერთად, მისი წესდება კი ბენედიქტე XIV-მ 1750 წელს დაამტკიცა. ესაა დიოცეზის მოქმედი ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში მყოფი მჭვრეტელობითი მიმართულების ორდენი საზეიმო აღთქმებითა და მკაცრი კლაუზურის წესით.

რედუქციები (Riduzioni) [ესპან. reducciones] ლათინურ ამერიკაში იეზუიტი მისიონერების მიერ ჩამოყალიბებული რედუქციები წარმოადგენდა განცალკევებულ სასოფლო-სამეურნეო კოლონიებს მონათლულ ინდიელთათვის, რომლებიც ეკლესიასა და სამოქალაქო ცხოვრებას აზიარეს (პირდაპირ თარგმანში, „მიიყვანეს“ - reducti, საიდანაც მომდინარეობს ტერმინი) და ასობით და ათასობით ადამიანი დაასახლეს ერთად მათი საბოლოო გაქრისტიანების მიზნით. ამ კოლონიათაგან ყველაზე ცნობილი იყო პარაგვაის ეგრეთ წოდებულ „იეზუიტთა სახელმწიფოში“ შემავალი კოლონიები. 1750 წლის მადრიდის ტრაქტატის შემდეგ, რომლის საფუძველზეც ცენტრალური პარანას და პარაგვაის ტერიტორიაზე არსებული შვიდი კოლონია პორტუგალიას გადაეცა და დაახლოებით 30 000 უპოვარი იძულებული შეიქნა, ესპანურ ტერიტორიებზე გადასახლებულიყო, იეზუიტთა წინააღმდეგ სერიოზული ცილისწამება წამოაყენეს (განსაკუთრებით მინისტრმა პომბალმა გამოიჩინა თავი), რასაც 1767 წელს ესპანური ამერიკიდან მათი გაძევება მოჰყვა შედეგად. ესპანურ ამერიკაში „იეზუიტთა სახელმწიფოს“ ეკუთვნოდა 30 კოლონია (მათგან 8 დღევანდელი პარაგვაის ტერიტორიაზე), სადაც დაახლოებით 100 000 გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა „პარაგვაის იეზუიტურ სახელმწიფოს“, როგორც ასეთს, არასოდეს უარსებია, რადგან ცალკეული რედუქციები ესპანური კოლონიური იმპერიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. იეზუიტთა განდევნის შემდეგ რედუქციებში ინდიელთა რიცხვი სწრაფად შემცირდა. 1848 წელს სახელმწიფომ გააუქმა რედუქციები, იქ მცხოვრებნი კი საერთო კანონმდებლობას დაუქვემდებარა.

რეინკარნაცია (Reincarnazione) [ლათ. reincarnatio „ხელახალი ხორცშესხმა“] აღნიშნავს სიკვდილის შემდეგ სხვა სხეულებრივ ცხოვრებას. რეინკარნაციის ცნება მრავალ კულტურაშია ცნობილი (აღორძინება, სულთა გადასახლება, პალინგენეზი, მეტემფსიქოზი), უკავშირდება ანიმისტურ თუ ტოტემისტურ შეხედულებებს და თეორიული განსჯის სხვადასხვა საფეხურზე აღმოცენდა. მისი სისტემური დამუშავებით უმთავრესად ჰინდუიზმი, ბუდჰიზმი და საბერძნეთია ცნობილი. რაც შეეხება ქრისტიანობას, რეინკარნაციაზე არც ძველი და არც ახალი აღთქმა არ მსჯელობს. ირენეოსის მტკიცებით, ქრისტიანული მოძღვრება ადამიანის პიროვნული მთლიანობის შესახებ გამორიცხავს მას, ისევე, როგორც მოძღვრება სხეულთა მკვდრეთით აღდგომის შესახებ (ტერტულიანე).

რეკვიემი (Requiem) ქრისტიანული ლოცვა მიცვალებულთათვის, რომელიც იწყება სიტყვებით Requiem aeternam... „მარადიული განსვენება...“.

რეკლუსები (Reclusi) ასე ეწოდებოდათ (ან „კლაუსტრალები“, ლათინური სიტყვიდან clausura) ადრეულ შუა საუკუნეებში პირებს, რომლებიც მომლოცველთათვის მნიშვნელოვან მონასტერში ან ეკლესიაში „იკეტებოდნენ“ და მას შემდეგ სენაკიდან არ გამოდიოდნენ. მათ უზრუნველყოფაზე მორწმუნეები ზრუნავდნენ. ამგვარ „ჩაკეტილობას“ არაფერი აქვს საერთო მოწესეობაში მიღებულ კლაუზურის წესთან. ისტორიული მნიშვნელობა მან XII-XIII საუკუნეებში შეიძინა. ამ პერიოდში სენაკებში მარტოსულ ცხოვრებას ძირითადად ქალწული და ქვრივი ქალები მისდევდნენ.

რეკოლექცია ნ. სულიერი რეკოლექცია.

რეკონკისტა (Reconquista) ასე ეწოდება არაბთა (მავრთა) მიერ დაპყრობილი ესპანური ტერიტორიების დაბრუნების მოძრაობას. მოძრაობას დასაბამი დაედო ასტურიათა სამეფოში ალფონს II-ის (791-842) მეფობის დროს, რომელმაც ვესტგოთების კათოლიკური სამეფო დაიბრუნა. პირველ ეტაპზე (დაახლოებით 1000 წლამდე) ქრისტიანებმა დუერამდე (დღევანდელი პორტუგალიის ჩრდილოეთი ნაწილი) მიაღწიეს, ხოლო სამეფოს დედაქალაქმა ოვიედოდან ლეონში გადაინაცვლა. არაბთა უკანასკნელი წინააღმდეგობით გამოწვეული შეფერხების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე (XI-XII საუკუნეები) რეკონკისტას მოძრაობა იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთ პროვინციებსა და მოგვიანებით - ცენტრალური ნაწილის დაბრუნებით გაგრძელდა. XIII საუკუნეში არაბთაგან გათავისუფლდა ესპანეთის სამხრეთი (ბალეარის კუნძულები, ვალენსია, კორდობა და სევილია). 1492 წელს გრანადის აღება რეკონკისტას ტრიმფალურ დასასრულად იქცა.

რელიგია (Religione) [ლათ. religio, რაც, ქრისტიანი მწერლის, ლაქტანციუსის (III-IV ს.) თანახმად, მომდინარეობს ზმნიდან რელიგარე „მიბმა“, „დაკავშირება“] აღნიშნავს ადამიანის დამოკიდებულებას ღმრთისადმი, რომელიც ისტორიულად რწმენათა და საკულტო და რიტუალურ აქტთა კომპლექსის სახით ყალიბდება. ამის გამო არ არსებობს, ზოგადად, რელიგია, არამედ არსებობს რელიგიები. რელიგიათა სხვადასხვა ტიპოლოგიას განასხვავებენ: ბუნებრივი რელიგიები, რომელთა დასაბამად ადამიანური ძიებანი იქცა; გამოცხადების რელიგიები, რომლებსაც საფუძვლად დაედო ღმრთის გამოცხადება, მისი პიროვნების გამოვლინება (ებრაელობა, ქრისტიანობა), ან ღმრთის განსაკუთრებული სახით გამოვლინების რწმენა (ისლამიზმი); ეთნიკური რელიგიები ხალხთა ჯგუფების ან გარკვეული ერების წიაღში ვითარდება; უნივერსალურია რელიგიები, რომლებიც ადგილობრივ ეროვნულ სივრცეს სცილდება და უფრო ფართოდ ვრცელდება; მონოთეისტური რელიგიები ერთ ღმერთს აღიარებენ, პოლითეისტურები - მრავალ ღმრთაებას. ბოლოს, წიგნის რელიგიებს უწოდებენ ებრაელობასა და ქრისტიანობას, რომლებიც ბიბლიას ემყარება, და ისალმს, რომელიც დაფუძნებულია ყურანზე.

რელიგიური (Religioso) [ლათ. religiosus „რელიგიური“] აღნიშნავს ყოველივეს, დაკავშირებულს რელიგიასთან ან მის შესატყვისს; აგრეთვე მიემართება მორწმუნე ან ღმრთის მოშიშ ადამიანს.

რელიგიური სამოსი (Abito religioso) [ლათ. habitus] სამოსი, რომელსაც ატარებს სამღვდელოება და მოწესეები „ნიშნად ღმრთისადმი საკუთარი თავის მიძღვნისა და სიღარიბის დამოწმებისა“ (CIC, კან. 669). საეკლესიო პირთათვის გრძელი სამოსის ტარებას მხარი დაუჭირა ლატერანის IV კრებამ, რადგანაც იმხანად გავრცელებული მოკლე საერო ტანსაცმელი მათთვის შეუფერებლად გამოიყურებოდა. სამღვდელო პირთათვის სამოსლის შავი ფერი სავალდებულოდ იქცა ტრიდენტის კრების შემდეგ.

რელიგიურობა (Religiosità) [ლათ. religiositas (სიტყვიდან religiosus „რელიგიური“)] ადამიანის სულის განწყობა და მიდრეკილება, აღიქვას ხილულ საგნებში აღმატებული, აბსოლუტური და ტოტალური მნიშვნელობა. ის არა მხოლოდ სხვადასხვა რელიგიათა ფორმებში, არამედ, ამასთანავე, ბუნების დაკვირვებაშიც გამოიხატება.

რელიგიურ საქმეთა ინსტიტუტი (IOR/ Istituto per le opere di religione) 1942 წლის 27 ივნისს ვატიკანში, პიუს XII-ის ქიროგრაფით დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსით დაარსებულ ამ ინსტიტუტს დაევალა „რელიგიურ საქმეთა ადმინისტრირება“, რისი განკარგულებაც ლეონ XIII-მ 1887 წლის 11 თებერვალს გასცა. 1990 წლის 1 მარტის ქიროგრაფითა და შესაბამისი წესდებით იოანე პავლე II-მ (შდრ. AAS, 1990, ტომ. LXXXII, პარ. 1619, შმდ.) განაახლა ინსტიტუტის სტრუქტურა მისი საქმიანობისა და ფუნქციათა დროის მოთხოვნებთან უკეთ მისასადაგებლად. კერძოდ, პაპმა საგანგებო ყურადღება მიაპყრო კომპეტენტურ საერო კათოლიკეთა თანამონაწილეობისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. ინსტიტუტის მიზანია, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა მიერ მისადმი მინდობილი ან გადაცემული და რელიგიური ან საქველმოქმედო მიზნებისათვის განკუთვნილი უძრავი და მოძრავი ქონების მართვისა და დაცვის უზრუნველყოფა (წესდება, 2). ინსტიტუტის საქმიანობის მის წესდებასთან შესაბამისობას აკონტროლებს კარდინალთა კომისია, რომელიც ხუთი წლის ვადით დანიშნული ხუთი კარდინალისგან შედგება.

რელიკვიები (Reliquie) [ლათ. reliquiae, სიტყვიდან reliquus „ნაშთი“, „ნეშტი“] წმიდანის ან ნეტარის სხეულის ნაწილები (ან სხეულთან მჭიდრო კონტაქტში ნამყოფი ნივთები), ვისი კულტიც საჯაროდ არის დაშვებული ეკლესიის მიერ. ნიკეის კრებამ (787) დაადგინა რელიკვიათა კულტის კანონიერება და აკრძალა რელიკვიებით ვაჭრობა. რელიკვიათა თაყვანისცემის ერთადერთი გამართლება და მიზანია ქრისტეს მიერ მის მსახურთა მეშვეობით მოხდენილ სასწაულთა გამოცხადება და მოწმუნეთათვის მისაბაძი მაგალითის დასახვა (შდრ. SC, 111). ესაა, აგრეთვე, მოწიწების გამოხატულება სხეულისადმი, რომელიც მოხმობილია ღმერთთან თანაზიარებაში შესასვლელად მკვდრეთით აღდგომის ჟამს. პირველი ქრისტიანები საკურთხევლებსა და სალოცავებს მოწამეთა საფლავებზე აგებდნენ. აქედან მომდინარეობს სწორედ ყოველ საკურთხეველში მოწამის ან წმიდანის რელიკვიის ჩატანების ტრადიცია.

რემონსტრანტები (Rimostranti) [ჰოლან. remostraten] ნ. ჰარმინიზმი.

რესკრიპტი (Rescritto) [ლათ. rescriptus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა rescribere „პასუხად მიწერა“] კანონიკურ სამართალში ესაა „წერილობითი ადმინისტრაციული აქტი, გაცემული შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლის მიერ, რომლის მეშვებითაც, ვინმეს მოთხოვნის საფუძველზე, ხდება პრივილეგიის, ნებართვის მინიჭება ან სხვა სახის წყალობის გაცემა“ (CIC, კან. 59). ხსენებული იურიდიული ინსტიტუტი რომაული სამართლიდან მომდინარეობს: ეს იყო „წერილობითი პასუხი“, რომელსაც რომის იმპეტრატორები გასცემდნენ მოსამართლეთა შეკითხვებს.

რესპონსორიუმი (Responsorio) [გვიანლათ. responsorium (ზმნიდან respondere „პასუხი“)] გალობა სოლისტისა (სცჰოლა) და ხალხის მონაწილეობით, რომელიც მისამღერით უპასუხებს მას. ლიტურგიული გალობის უძველესი ფორმა, რომელიც ევქარისტიულ ლიტურგიაში ფსამუნთა შეპასუხების სახით დამკვიდრდა.

რესპონსორიუმის ფსალმუნი (Salmo responsoriale) ფსალმუნი, რომელიც წარმოითქმის ან გალობით სრულდება წირვის დროს, პირველი საკითხავის შემდეგ, მონაცვლეობით სოლისტისა და მონაწილეთა მიერ, რომლებიც მისამღერით უპასუხებენ სოლისტს.

რეფორმა, გრიგოლისეული ნ. გრიგოლისეული რეფორმა.

რეფორმა, კათოლიკური ნ. კათოლიკური რეფორმა.

რეფორმა, პროტესტანტული ნ. პროტესტანტული რეფორმა.

რექტორი (Rettore) [ლათ. rector (ზმნიდან regere „მართვა“)] მღვდელმსახური, რომელსაც მინდობილი აქვს ზრუნვა იმ ეკლესიაზე, რომელიც არ არის არც საკრებულო, არც კაპიტულისა, არ ეკუთვნის რომელიმე სამოწესეო საკრებულოს ან სამოციქული ცხოვრების საზოგადოების სახლს (CIC, კან. 556). რექტორი ეწოდება, აგრეთვე, სემინარიის ხელმძღვანელს, ან საეკლესიო თუ კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორთა მეთაურს, აგრეთვე, საერო პირს, რომელიც საძმოს უდგას სათავეში.

რექტორობა/სარექტორო (Rettoria) რექტორის მსახურება და ღირსება, ან მისდამი დაქვემდებარებული ეკლესია.

რიგორიზმი (Rigorismo) [ლათ. rigor, „სიმკაცრე“, შემდეგ ფრანგ. rigorisme] ფილოსოფიაში აღნიშნავს სისტემას, რომლის თანახმადაც ზნეობის საფუძველს კანონისადმი უსიტყვო მორჩილებას წარმოადგენს, რაც კომპრომისის ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს. ზნეობრივ თეოლოგიაში აღნიშნავს XVII საუკუნის II ნახევრის მიმდინარეობას, რომელიც ზნეობის სფეროში იმდროინდელ ლაქსისტურ (ნ. ლაქსიზმი) და პრობაბილისტურ (ნ. პრობაბილიზმი) ტენდენციებს დაუპირისპირდა.

რიცხვნი (Numeri, libro dei) ხუთწიგნეულის მეოთხე წიგნი. სახელწოდება წარმოადგენს თარგმანს სეპტუაგინტის ბერძნული სათაურისა (àrithmoi), რომელიც სინაის მთის ძირას დაბანაკებული ისრაელი ტომების აღწერიდან (1-4) მომდინარეობს, წიგნის ებრაულ თარგმანში კი მისი სათაურია „უდაბნოში“ (bemidbar). სინაის ძირას დასახლება და შემდეგ აღთქმულ მიწამდე უდაბნოში მოგზაურობა ის ორი ძირითადი ამბავია, რომელთა ირგვლივაც ვითარდება თხრობა. წიგნის საბოლოო რედაქტირებისას გამოყენებულია განსხვავებულ ტრადიციათა (იაჰვისტური, ელოჰისტური, საღმრთისმსახურებო) სხვადასხვა დოკუმენტი. თავისი ისტორიული და რელიგიური სულისკვეთებით რიცხვთა წიგნი ირიბად უკავშირდება გამოსვლას, ხოლო კანონთა მიხედვით - ლევიანთა წიგნს და გამოსვლის ხანის სამი დიდი მოქმედი პირის სადიდებელს წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, ესაა უფალი, რომელიც უდაბნოში მოგზაურობის ჭეშმარიტი მთავარი გმირია, რადგანაც ისრაელი არასოდეს რჩება მარტო და მიტოვებული. ღმრთის თანასწრების მიზეზით ამ წმიდა ისტორიაში უფალთან ერთად მონაწილეობს კიდევ ერთი არსებითად მნიშვნელოვანი პერსონაჟი, იაჰვეს მსახური მოსე (რიცხვ. 12:8), ანუ ღმერთსა და ხალხს შორის შუამავალი, რომელსაც მგზნებარედ უყვარს ღმერთი, თუმცა, ამავე დროს, მყარი კავშირი აქვს თავის ხალხთან. წიგნის მესამე მოქმედი პირი კი ხალხია. რთული ხასიათის, მეამბოხე, შეუპოვარი ხალხი დაწვრილებითაა აღწერილი; ისაა, საბოლოოდ, ღმრთის მზრუნველობისა და სიყვარულის უმთავრესი საგანი. ამ მიზეზით ისრაელის შემდგომ თაობებს მტკიცედ სწამდათ, რომ სწორედ იმ ხალხიდან იღებს დასაბამს მათი ფესვები და იდენტურობა. ამგვარად, უდაბნო ისრაელის მთელი ისტორიული და რელიგიური თავგადასავლის ნიმუშად იქცევა.

როგაციოები (Rogazioni) [ლათ. rogatio „ლოცვა“] საჯარო ვედრების მსვლელობები, რასაც თან ახლდა წმიდანთა ლიტანიების კითხვა, აღვლენილი მოსავლის ბარაქიანობის შესავედრებლად.

როზმინელნი (გულმოწყალების ინსტიტუტი) (Rosminiani (Institutum charitatis)) მღვდელმსახურთა, სასულიერო პირთა და საერო ძმათა კონგრეგაცია, დაარსებული 1828 წელს ანტონიო როზმინი-სერბატის მიერ დომოდოსოლას მახლობლად, მონტე კალვარიოზე. 1839 წელს ის პაპმა გრიგოლ XVI-მ დაამტკიცა. როზმინელნი ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით მოღვაწეობენ სკოლებში, ეწევიან სამრევლო სამწყსო საქმიანობას, სახალხო მისიონერობას და მისიონერობას წარმართთა შორის, განსაკუთრებით, აფრიკაში. ანტონიო როზმინი (1797-1855), რომელიც 1821 წელს ეკურთხა მღვდლად, ცნობილია, აგრეთვე, როგორც ფილოსოფოსი და თეოლოგი. თავის წიგნში „წმიდა ეკლესიის ხუთი იარის შესახებ“ (ის დაიწერა 1832-1833 წლებში, თუმცა ანონიმურად მხოლოდ 1848 წელს გამოქვეყნდა) როზმინი აანალიზებს იტალიურ და ავსტრიულ კათოლიკობას და მასში „ხუთი იარის“ არსებობას ასაბუთებს, ესენია: ლიტურგიაში საეროთა და სასულიეროთა განცალკევება; სასულიერო პირთა არასაკმარისი მომზადება; ეპისკოპოსთა შორის თანამშრომლობის არარსებობა (ეპისკოპოსთა უზომო დამოკიდებულება მთავრებზე); ეპისკოპოსთა არჩევა საერო ხელისუფალთა მიერ; საეკლესიო ქონების დამონება. იმ დროს, როდესაც როზმინის პოლიტიკური ნაწერები 1849 წელს ინდექსში მოხვდა, 1854 წელს, მკაცრი წინააღმდეგობის მიუხედავად, პიუს IX-მ მისი ფილოსოფიური შრომები მართლმორწმუნედ გამოაცხადა. მხოლოდ მოაზროვნის სიკვდილიდან საკმაო დროის გასვლის შემდეგ, 1887 წელს, დეკრეტით Post obitum, ლეონ XIII-მ ერეტიკულად გამოაცხადა როზმინის 40 დებულება, უსისტემოდ ამოღებული მისი ნაწერებიდან, მაგალითად, ღმრთის ხედვისა და შემეცნების შესახებ. დღეს როზმინის სახელი რეაბილიტირებულია და იგი ნეტარად არის შერაცხილი.

როკეტუმი (Rocchetto) [შუა საუკუნეთა ლათ. rocchettum (კნინობითი ფორმა სიტყვისა roccus „სამოსი“), დასაბამს იღებს ფრანკულიდან hrok] მაქმანიანი თეთრი სელის სამოსი, კოტას სიგრძის, მაგრამ ვიწრო და გრძელი სახელოებით. მას ატარებენ პაპი, კარდინალები, ეპისკოპოსები და პრელატები (ზოგ შემთხვევაში აგრეთვე კანონიკოსები და წინამძღვრები). ის სამოსის შემოკლებული ვარიანტია: სახელოების მაქმანი ზემოდან ეკერება თეთრ, ვარდისფერ ან იისფერ აბრეშუმს, იმის მიხედვით, თუ რა ღირსების მქონე პირი ატარებს მას.

რომაული პონტიფიკალი (Pontificale romano) ლიტურგიული წიგნი, სადაც თავმოყრილია ეპისკოპოსისათვის განკუთვნილი საღმრთისმსახურებო ტექსტები და ნორმები. ამ ტიპის პირველი წიგნი იყო რომაულ-გერმანული კრებული, რომელიც დაახლოებით 950 წელს მაგონცაში შეადგინეს.

რომაული წესი (Romano, rito) გამოთქმა აღნიშნავს რომის ეკლესიის ჩვეულებრივ ლიტურგიულ წესს, რომელიც შემდეგ, ამბროსისეული წესისა (მილანის დიოცეზში) და მოზარაბიკული წესის (ტოლედოს საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ კაპელაში) გამონაკლისით, მთელს ლათინურ კათოლიკე ეკლესიაში გავრცელდა. ეს წესი IV-VII საუკუნეებში ჩამოყალიბდა, უმთავრესად გრიგოლ დიდის მიერ წირვის კანონის განსაზღვრისა და საიდუმლოთა დიდ წიგნთა (წირვისათვის განკუთვნილ ლოცვათა კრებულები) შედგენის შედეგად. კაროლინგურ ხანაში რომაული წესი საფრანგეთში, შემდეგ კი - დასავლეთის დანარჩენ ქვეყნებში გავრცელდა.

რომის პონტიფექსის ლეგატი (Legato del romano pontefice) [ლათ. legatus „რწმუნებული“] პაპის წარმომადგენელი. რომის პონტიფექსს აქვს თავისთავადი და დამოუკიდებელი უფლება (CIC, კან. 362), დანიშნოს და წარგზავნოს თავისი წარმომადგენლები, აგრეთვე, გადაანაცვლოს და გამოიხმოს ისინი საერთაშორისო ნორმათა დაცვით, ეპისკოპოსთა თუ საერო ხელისუფალთა მხრიდან მოწონების გარეშე. ლეგატები შეიძლება იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. რომის პონტიფექსი ანდობს მათ მისი მუდმივად წარმოდგენის მისიას ცალკეულ ეკლესიებსა თუ სახელმწიფოებში, საჯარო ხელისუფალთა წინაშე თუ სხვა ორგანიზაციებში (CIC, კან. 363, ნაწ 1). 1969 წლის 24 ივნისის დეკრეტის Sollicitudo omnium Ecclesiarum (=SOE) თანახმად, არსებობს ლეგატთა სხვადასხვა ტიპები: ა) სამოციქულო რწმუნებულები, რომლებიც ხანგრძლივად ინიშნებიან მხოლოდ ცალკეულ ეკლესიებში, განსაზღვრულ საეკლესიო რეგიონში; ბ) რწმუნებულები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე წარმოადგენენ პონტიფექსს არა მხოლოდ ცალკეულ ეკლესიებში, არამედ სახელმწიფოებში და საერო ხელისუფლების წინაშე და შემდეგ კატეგორიებად იყოფიან: დესპანები (ნუნციუსები), რომლებიც ფლობენ ელჩის ხარისხს და ipso iure დიპლომატიური კორპუსის დუაიენები არიან; ვიცე-დესპანები (პრონუნციუსები), რომლებიც ამ უფლებით არ სარგებლობენ; წარგზავნილნი (ინტერნუნციუსები) ანუ საგანგებო რწმუნებულები ან სრულუფლებიანი წარმომადგენლები, მივლენილი იმ შემთხვევაში, როდესაც წმიდა საყდარსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა სრულყოფილი დიპლომატიური წარმომადგენლობის წარგზავნის საშუალებას არ იძლევა (SOE, 1:2). გარდა ამისა, არსებობენ: წმიდა საყდრის სამოციქულო რწმუნებულები და წარგზავნილები, რომლებიც განსაკუთრებულ შემთხვევებში წარიგზავნებიან სახელმწიფოებში; საქმეთა რწმუნებულნი წერილობით, რომლებიც ხანგრძლივად წარმოადგენენ პონტიფექსს, თუმცა მათ მისიას დამატებითი ხასიათი აქვს (SOE, 1:3); საქმეთა დროებითი რწმუნებულნი, რომელნიც ცვლიან მისიის ხელმძღვანელს მისი არყოფნის დროს (SOE, II, 2). გ) საერთაშორისო საბჭოებში ან კონფერენციებსა და კონგრესებზე პონტიფექსის წარმომადგენლები დაიყოფიან: ხმის უფლების მქონე რწმუნებულებად; დამკვირვებლებად, ამგვარი უფლების გარეშე (CIC, კან. 363, ნაწ. 2; SOE II,1); დ) დელეგატი კარდინალები, რომლებიც რომის პონტიფექსის მისიის შესრულებისას მის ალტერ ეგო-ს წარმოადგენენ, მიევლინებიან ხანმოკლე დროით რამე განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად (CIC, კან. 358).

რომის საკითხი (Questione romana) პოლიტიკურ-რელიგიური უთანხმოება, რომელიც იტალიის სახელმწიფოსა და წმიდა საყდარს შორის აღმოცენდა იტალიის მთლიანობის გამოცხადებისა (1861) და რომის შეიარაღებული ოკუპაციის (1870) შემდეგ. იტალიის სახელმწიფოებრივ მთლიანობას ემსხვერპლა ეკლესიის სახელმწიფო, რომელმაც 1870 წლის სექტემბერში საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა, რის შედეგადაც პაპმა პიუს IX-მ თავი „ვატიკანის ტყვედ“ გამოაცხადა და უარყო შეთანხმების მისაღწევად მისთვის შეთავაზებული ყველა სახის კომპრომისი. 1871 წლის 13 მაისის ეგრეთ წოდებული „უზრუნველყოფის კანონებით“ (Legge delle Guarentigie) იტალიის მთავრობამ პაპს აღუთქვა სრული თავისუფლება და ხელშეუხებლობა ეკლესიის მართვის საქმეში, სუვერენი მმართველის პრივილეგიები და პატივი, ამავე დროს, ვატიკანის სასახლეებითა და ბაღებით, აგრეთვე, სხვა შენობებით სარგებლობის შესაძლებლობა ფლობის უფლების გარეშე და კიდევ - შესატყვისი ზარალის ანაზღაურება. პასუხად, 1871 წლის 15 მაისს პაპმა გამოსცა ენციკლიკა Ubi nos, რომელშიც გააპროტესტა ზემოხსენებული შეთავაზებები და „უზურპატორები“ ეკლესიიდან განკვეთა. ამას დაერთო 1874 წლის non expedit, რომლითაც პაპმა კათოლიკე იტალიელებს პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. ეს აკრძალვა კიდევ უფრო დამძიმდა 1886 წელს და მხოლოდ 1905 წელს პიუს X-ის მიერ იქნა გაუქმებული. რომის საკითხი საბოლოოდ გადაწყდა იტალიის სახელმწიფოსა და წმიდა საყდარს შორის ლატერანის ხელშეკრულებათა ხელმოწერით (1929 წლის 11 თებერვალი).

რუბრიკები (Rubriche) [ლათ. rubrica სიტყვიდან ruber „წითელი“] ლიტურგიულ ენაზე აღნიშნავს ლიტურგიულ ქმედებათა სათანადოდ ჩასატარებლად აუცილებელ რიტუალურ დირექტივებს. ეს დირექტივები ლიტურგიულ წიგნებში წითელი ფერითაა აღნიშნული. ბოლოდროინდელმა ლიტურგიულმა რეფორმამ მნიშვნელოვნად შეამცირა რუბრიკათა რაოდენობა, თუმცა მისი შინაარსი გაამდიდრა.

რუთის წიგნი (Rut, libro di) უცნობი ავტორის მიერ დაწერილი ძველი აღთქმის წიგნი. სეპტუაგინტასა და ვულგატაში მოთავსებულია მსაჯულთა წიგნის შემდეგ. სათაურად აღებულია მოაბი ქალის, წიგნის მთავარი გმირის, სახელი. მოაბის ქვეყანაში საცხოვრებლად წასული ბეთლემელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დედამთილ ნაყომთან ერთად რუთი იუდას ქვეყანაში დაბრუნდა და ცოლად გაჰყვა ქმრის ნათესავ ბოყაზს. ქორწინებიდან იშვა ვაჟი ყობედი, დავითის წინაპარი. წიგნი მნიშვნელოვან და ღირებულ დარიგებებს შეიცავს. მასში ხაზგასმულია ისრაელელი ოჯახის ყველაზე თვალსაჩინო ღირსებანი: მშობლების მიმართ თაყვანისცემა, ნათესავთა მიმართ გულმოწყალება, სიყვარული და გულთბილი დამოკიდებულებანი ოჯახურ ურთიერთობებში. ღმრთაებრივი განგება ცხოვრებისეულ მტკივნეულ მოვლენებს ადამიანთა სასარგებლოდ ამოქმედებს: უცხოტომელი რუთი დავითისა და თვით მესიის წინაპარი ხდება. ისრაელის ღმერთი იღებს უცხოელთა ძღვენს. ისრაელთა და უცხოელთა შორის ქორწინებები კანონიერია და ღმრთის მიერ არის კურთხეული. წარმართებს, რომლებიც სამაგალითო ცხოვრებას ეწევიან, ჭეშმარიტ ღმერთთან ზიარების მადლი ეძლევათ.

რუსინთა ეკლესია (Rutena, Chiesa) [შუასაუკუნეობრივი ლათ. Rutheni, ნაწარმოებია სიტყვიდან Ruthenia (უკრაინა)] კონსტანტინოპოლის, ანუ ბიზანტიური წესის კათოლიკე ეკლესია. მართლმადიდებლები მას უნიატურს უწოდებენ, რადგანაც რომის ეკლესიათან თავისი კავშირი გამოაცხადა ბრესტ-ლიტოვსკის კრებაზე (1596 წელს). მისი მიტროპოლიტის რეზიდენცია კიევშია.

რჩევა (Consiglio) [ლათ. სიტყვიდან consilium, მომდინარე ზმნიდან consulere „რჩევის მიცემა“] სული წმიდის შვიდ ნიჭთაგან ერთ-ერთი. სრულყოფს კეთილგონიერების სათნოებას და ერთგვარი ზებუნებრივი ინტუიციის მეშვეობით იმის განსჯაში ეხმარება ადამიანს, თუ როგორაა საჭირო მოქცევა, განსაკუთრებით - რთულ მომენტებში.

რჩეული (Eletto) [ლათ. electus (ნამყოს მიმღეობა ზმნისა eligere „არჩევა“)] აღნიშნავს ადამიანს ან ხალხს, არჩეულს ღმრთის მიერ მისი ზებუნებრივი ნიჭის მისაღებად. ძველ აღთქმაში რჩეულები ეწოდებათ ებრაელებს, ახალ აღთქმაში კი ქრისტიანული საკრებულოს წევრებს. თეოლოგიაში ტერმინი აღნიშნავს ხსნისადმი წინასწარ განსაზღვრულობას (ნ. მაცხოვარი; ხსნა). ამჟამინდელი მნიშვნელობით რჩეული აღნიშნავს ადამიანს, რომელმაც ღმერთს მიუძღვნა თავი. დაბოლოს, ზრდასრულთა ნათლობაში რჩეული ეწოდება მონათვლის მსურველს, რომელსაც კათაკმეველობის პერიოდი აქვს გავლილი.

რწმენა (Credere) [ლათ. სიტყვიდან credere, ებრ. aman (საიდანაც მომდინარეობს სიტყვა ამენ) „მტკიცედ დგომა,“ „დაცვა“, „მინდობა ვინმესადმი“] აღნიშნავს ქრისტიანის რწმენით დამოკიდებულებას ღმრთის, მისი ძის, იესო ქრისტესა, და, აგრეთვე, მის მიერ გამოცხადებული ყველა ჭეშმარიტების მიმართ.

რწმენის განცდა (Sensus fidei (o fidelium)) [ლათ. შენსუს ფიდეი „რწმენის არსი“] აღნიშნავს ინტიუციის ერთგვარ სახეს, რომელიც არ არის დაკავშირებული თეორიულ-რაციონალურ მსჯელობასთან და უფრო ინსტინქტურია (თუმცა არ არის მოკლებული რაციონალურობას), რომლის მეშვეობითაც სული წმიდის თანასწრება ამდიდრებს ეკლესიას და ცალკეულ მორწმუნეებს სარწმუნოების ჭეშმარიტებათა შეცნობის გზაზე. მას ავთენტიკურად განმარტავს ეკლესიის მოძღვრება, რომელიც, ამავე დროს, ერთგვარად თავად ეყრდნობა მას. მისი გამოხატვის ფორმები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის დოკუმენტი (ნაწერები, ლიტურგია და სხვ.), რომლებიც იძენენ locus theologicus-ის ღირებულებას.

რწმენის თავისუფლება (Libertà religiosa) რწმენის თავისუფლების უფლება თვით ადამიანის ბუნებას ეფუძნება, ვისი პიროვნული ღირსებაც თავისუფლად მიმართავს ადამიანს იმისაკენ, რომ იგი ამქვეყნიურ წესრიგს აღმატებულ ღმრთაებრივ ჭეშმარიტებას მიემხროს. რწმენის თავისუფლების უფლება მკაფიოდაა გამოხატული და ჩამოყალიბებული ვატიკანის II კრების მიერ დეკლარაციაში Dignitatis humanae (1965), სადაც ნათქვამია: „რელიგიასთან მიმართებით არავინ უნდა იყოს იძულებული, იმოქმედოს სინდისის წინააღმდეგ და არავის უნდა შეექმნას დაბრკოლება, სათანადო საზღვრებში, იმისათვის, რომ იმოქმედოს თავისი სინდისის შესაბამისად კერძოდ თუ საჯაროდ, პიროვნულად თუ გაერთიანების ფარგლებში“ (DH, 2; შდრ. CCC, 2104-2109). ეკლესიის ისტორიაში რწმენის თავისუფლების პრინციპი ნელა მკვიდრდებოდა, რამდენადაც ეკლესია ხისტად მიიჩნევდა თავის ვალდებულებად ყველა ადამიანის ჭეშმარიტ რწმენასთან მიყვანას. რელიგიური თავისუფლების საკითხს განეკუთვნება ერთგვარად სახელმწიფოს მოვალეობა, არ შეუქმნას დაბრკოლება საეკლესიო ხელისუფალთ რელიგიის გავრცელებაში.

რწმენის საიდუმლოება (Mistero della fede) [ლათ. misterium fidei. ნ. საიდუმლოება] ევქარისტიაში რწმენის საიდუმლოებაა მღვდელმსახურის შეპასუხება კურთხევის შემდეგ, რასაც მორწმუნეები ერთხმად უპასუხებენ.

19

▲back to top


სააბატო (Abbazia) [გვიანლათ. abbatìa (არამ. `abbà)] მოწესეთა საკრებულო, რომელსაც წარმართავს აბატი ან აბატისა და დამოუკიდებელია ეპისკოპოსის იურისდიქციისაგან. ამავე სახელწოდებას ატარებს სააბატო საკრებულოს კუთვნილ შენობათა კომპლექსი. თავდაპირველად სააბატოები სრულიად დამოუკიდებელი იყო ერთმანეთისაგან, მათი ცენტრალიზების პროცესი დაიწყო X საუკუნეში, კლუნის სააბატოს დაარსების შემდეგ. სააბატოს მართვაში აბატს ეხმარება მონასტრის კაპიტულუმი და უხუცესთა საბჭო. შუა საუკუნეებში, როდესაც სააბატო ფეოდად მიიჩნეოდა, ხშირად სააბატოს დაარსების ნებართვას გასცემდა ხელმწიფე - ინვესტიტურის მეშვეობით. ამჟამად ასეთი ნებართვის გაცემა მხოლოდ პაპს შეუძლია.

სააბატო არადიოცეზური (Abbazia nullius dioecesis ან, უბრალოდ, nullius) პაპის მიერ დიოცეზის სახით დაარსებული, აბატის იურისდიქციის მმართველობაში მყოფი საეკლესიო ტერიტორია. კანონიკური სამართლის ახალ კოდექსში საუბარია ტერიტორიულ საბატოზე, რომელიც წარმოადგენს „ღმრთის ხალხის ტერიტორიულად გამოყოფილ განსაზღვრულ ნაწილს, რომელზე ზრუნვაც, განსაკუთრებული პირობებიდან გამომდინარე, ეკისრება აბატს, რომელიც განაგებს მას სადიოცეზო ეპისკოპოსის მსგავსად, როგორც მისი შესაბამისი მოძღვარი“ (CIC, კან. 370).

საავადმყოფოთა ორდენები (Ordini ospedalieri) რელიგიური ორდენები, რომლებიც ჯვაროსნული ლაშქრობების დროიდან არსებობს. ამ ორდენთა წევრები, თანახმად მათ მიერ დადებული მეოთხე აღთქმისა, უმთავრესად მომლოცველებსა და ავადმყოფებს ემსახურებოდნენ. ტერმინი ospedaliero (თარგმანში „საავადმყოფოსი“ - ლათ. hospitalarius) თავდაპირველად აღნიშნავდა სწორედ მოწესეს, რომელიც მონასტერსა თუ თავშესაფარში ღარიბთა დაბინავებაზე იყო პასუხისმგებელი. საავადმყოფოს ორდენთაგან ყველაზე ცნობილია: წმიდა იოანე ღმრთისას ორდენი (ნ. ფატებენეფრატელები) და კამილელთა ორდენი. საავადმყოფოს დათა სახელით მოიხსენიებენ ავადმყოფთა ან ღარიბთა დახმარებით დაკავებულ ყველა მონაზონს (მაგალითად, ელისაბედის ორდენის დები, ფრანცისკელი მონაზონი დები, ნაცრისფერი დები, ფატებენესორელები) და ტევტონთა ორდენის, იოანელთა, სული წმიდის ორდენისა და სხვა ორდენთა ქალთა შტოების წარმომადგენლებს.

სააღდგომო სადიდებელი (Preconio pasquale) [ლათ. praeconium „საჯარო გამოცხადება“ (სიტყვიდან praeco, praeconis „მაუწყებელი“, „გამომცხადებელი“)] საგალობელი, რომელიც სრულდება საპასექო ცისკრის დროს, სააღდგომო სანთლის კურთხევის შემდეგ.

სააღდგომო სანთელი (Cero pasquale) კელაპტარი, რომელსაც ღმრთისმსახური საპასექო ცისკრის დროს ცეცხლის კურთხევის შემდეგ ანთებს. დედამიწის გამასხივოსნებელი, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს (lumen Christi) ნათლის ნიშანი. მის სიმბოლოს წარმოადგენდა ცეცხლის სვეტი (გამ. 13:21-22). პასექის გარდა, ეს კელაპტარი გამოიყენება ნათლობისა და დაკრძალვის წესებში.

სააღსარებო (Confessionale) [სიტყვიდან confessione „აღსარება“] ადგილი, სადაც ხდება მონანიების საიდუმლო. ამჟამინდელი სახით სააღსარებო პირველად XVI საუკუნეში დამკვიდრდა. მანამდე აღსარების მიმღებს ჰქონდა ჩვეულებრივი სკამი, რომლისთვისაც ეკლესიაში განსაზღვრული ადგილი არ იყო გამოყოფილი. დღეს სააღსარებო შედგება სკამისა (აღმსარების მიმღებთათვის) და ორი სამუხლისაგან (მონანიეთათვის). ეს უკანასკნელნი სკამისგან გამოიყოფა კედლით, მასში დატანებული გისოსიანი ფანჯრით, რომლის მიღმიდანაც ესაუბრება მონანიე მღვდელმსახურს და უსმენს მას.

საბაოთ (Sabaoth) [„ლაშქართა“, „რიგთა“] უცნობი ეტიმოლოგიის ებრაული სიტყვა, რომელიც ქერუბიმებზე მჯდარ (1 მეფ. 4:4) უფალს მიემართება (1 მეფ. 1:3) და აღთქმის რიტუალს (2 მეფ. 6:2.18; 7:8.27) მიეკუთვნება. შემდეგ წინასწარმეტყველებმა ის ხელახლა დაამკვიდრეს, განსაკუთრებით, ზაქარიამ. „ლაშქართა უფალი“ აღნიშნავს ან ისრაელის ლაშქალაშქარს, ან - ზეციურს (ანგელოსებსა და ვარსკვლავებს), ან მიწიერ და ზეციურ კოსმიურ ძალთა ერთობლიობას.

საბელიანიზმი (Sabellianesimo) სამებასთან დაკავშირებული ერესი, რომელსაც ამგვარად III საუკუენეში მოღვაწე თეოლოგის, საბელიუსის სახელის მიხედვით მოიხსენიებენ. საბელიუსი ამტკიცებდა, რომ ერთადერთმა მამა ღმერთმა გამოავლინა თავისი თავი, როგორც „მამამ ძეში“ ნაზარეველი იესოს „ნიღბით“. ანუ, მისი მტკიცებით, ჯვარზე ტანჯვა და სიკვდილი თავად ღმერთმა მიიღო (ეგრეთ წოდებული პატრიპასიანიზმი), ხოლო ზეცად ამაღლების შემდეგ სული წმიდის სახით გამოვლინდა. საბელიუსი პაპმა კალისთე I-მა განკვეთა. ყველა შემთხვევაში, მისი დოქტრინა სამი „ფორმის“ (ან ხერხის, რაც იტალიურად modo-დ ითარგმნება, საიდანაც მომდინარეობს სახელწოდება მოდალიზმი) შესახებ, რომლებიც ღმრთის ერთადერთმა ბუნებამ მიიღო, III საუკუნის შუაწლებში პენტაპოლისის მრავალმა ეპისკოპოსმა გაიზიარა. საბელიანიზმს დაუპირისპირდა დიონისე დიდი, ალექსანდრიის ეპისკოპოსი.

საბოლოონი (Novissimi) [ლათ. novissimus (აღმატებითი ხარისხი სიტყვისა ნოვუს) „უკანასკნელი“, „ბოლო“] კათოლიკურ თეოლოგიაში აღნიშნავს უკანასკნელ რეალობას, რომლის წინაშეც დგება ყოველი ადამიანი თავისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს. იგულისხმება: სიკვდილი, სამსჯავრო, ჯოჯოხეთი ან სამოთხე. ამ ჭეშმარიტებებს ესქატოლოგია შეისწავლის.

საგალობელი (Cantico) [ლათ. canticum] ბიბლიური პოეტური კომპოზიცია, რომელიც ფსალმუნებს ჰგავს, მაგრამ არ შედის ფსალმუნთა კრებულში. გვხვდება როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში. გამოიყენება ჟამთა ლიტურგიაში.

საგანდეგილო (Eremo) [ბერძ. éremos „განმარტოებული“] განმარტოებული და განცალკევებული ადგილი (ქვაბული ან სენაკი), სადაც განდეგილი იხიზნება.

საგზალი ნ. ვიატიკუმი.

საგრილებელი (Flabello) [ლათ. flabellum, სიტყვიდან flare „შებერვა“] სირაქლემისა და ფარშევანგის ბუმბულებისგან დამზადებული ფართო „მარაო“, მოთავსებული წითელი ხავერდის ტარზე. ახლდა პაპს ტახტრევანში (sedia gestatoria) ან ევქარისტიულ მსვლელობებში მისი გადაადგილებისას. ცნობილია ეგვიპტელთა, ბაბილონელთა და ძველ ბერძენთა დროიდან, ლიტურგიულ წესებში ის პაპმა აგაპიტემ (VI საუკუნე) დაამკვიდრა. დღეს აღარ გამოიყენება.

სადაგი დღე (Feria) [ლათ. feria, თავდაპირველად, „საზეიმო დღე“ (ანუ, „დღესასწაული“ წმიდანისა, კვირადღის, „უფლის დღის“ საპირისპიროდ), შემდეგ შეიძინა „სამუშაო დღის“ მნიშვნელობა] ლიტურგიაში აღნიშნავს კვირის ყოველ დღეს, შაბათისა და კვირადღის გარდა, რომელთან თითოეული შესაბამის სახელს ატარებს (ორშაბათი, სამშაბათი და ა.შ.).

სადესპანო (ნუნციატურა) (Nunziatura) აღნიშნავს სამოციქულო დესპანის ღირსებას, მისი მისიის მოქმედებასა და მის საცხოვრებელ ადგილს. ლეონ დიდის ხანიდან პონტიფექსებს კონსტანტინოპოლის საიმპერატორო კარსა და ფრანკთა კარზე საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდათ. თუმცა მუდმივმოქმედი სადესპანოების აღმოცენება უფრო სავარაუდოდ nuncius collector et commissarius decimarum-ის თანამდებობას უკავშირდება. XIII საუკუნიდან რომის კურია სხვადასხვა ქვეყნებში მეათედებს საგანგებო მოხელეთა მეშვეობით კრეფდა. თავდაპირველად ამ მოვალეობას თავად კურიის თანამშრომლები ასრულებდნენ, ხოლო მოგვიანებით, როცა ამ საქმიანობის მნიშვნელობა გაიზარდა, მეათედის აკრეფა მაღალი წოდების პრელატებსაც დაევალათ. ცალკეულ ქვეყნებში „შემგროვებლები“ (მეათედის ამკრეფნი) თავიანთ მოვალეობას სახელმწიფოს ტერიტორიის შესაბამის ფარგლებში ასრულებდნენ. მოგვიანებით მათ დიპლომატიური ფუნქციები დაეკისრათ, ისინი ხელმწიფის კარზე სახლობდნენ და შუამავლის როლს ასრულებდნენ წმიდა საყდარსა და მეფეებს შორის. თანდათან ეს მოხელეები ცალკეულ სახელმწიფოებში წმიდა საყდრის ნამდვილ ელჩებად იქცნენ. ამავე დროს და უმთავრესად დესპანები ცალკეულ ეკლესიებსა და წმიდა საყდარს შორის ურთიერთობებზე ზრუნავენ (ეკლესიათაშორისი ფუნქცია).

სადიდმარხვო ქადაგებანი (Quaresimale) ქადაგებათა წყება, რომლებიც დიდმარხვის დროს წარმოითქმის, ამ პერიოდისათვის განკუთვნილ ქადაგებათა კრებული. მათი ძირითადი საგანი, უმთავრესად, მონანიება და სულიერი განახლებაა.

სადუკეველნი (Sedducei) ცადოკის შთამომავალნი, წარმოადგენდნენ კონსერვატიულ სექტას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მღვდელმსახურები და მაღალი წარმოშობის ოჯახები (მათ. 3:7; საქმ. 5:17; 23:6). მათ სწამდათ მხოლოდ თორა, უარყოფდნენ მკვდრეთით აღდგომას და ანგელოსთა არსებობას (მათ. 22:23, შმდ.; მარკ. 12:18, შმდ.; საქმ. 23:8). სადუკეველნი მტრულად იყვნენ განწყობილი იესოსადმი და ფარისევლებთან ერთად შეთქმულნი იყვნენ მის წინააღმდეგ… (მათ.21:23, შმდ.; 26:14, შმდ.; მარკ. 11:15, შმდ.; იოან. 11:47). სადუკეველნი იერუსალემის დანგრევის (70 წ.) შემდეგ გაქრნენ.

საეკლესიო ასისტენტი (Assistente ecclesiastico) საეკლესიო ხელისუფლების მიერ დანიშნული ღმრთისმსახური, რომლის მოვალეობაა ამ ხელისუფლების წარმომადგენლობა კათოლიკურ ასოციაციებში (მაგ. კათოლიკური ქმედება) და მათს წევრთა რელიგიური და სულიერი აღზრდის ხელშეწყობა და ჩამოყალიბება.

საეკლესიო კალენდარი ნ. დირექტორიუმი.

საეკლესიო პროვინცია (Provincia ecclessiastica) [ლათ. provincia] რამდენიმე ახლომდებარე დიოცეზის ერთობლიობა, რომლებიც საერთო სამწყსო ქმედების ხელშეწყობის მიზნით გაერთიანდა. მათ ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანი დიოცეზის ეპისკოპოსია. საეკლესიო პროვინციაში მმართველი ფუნქცია აქვს პროვინციის საბჭოსაც (შდრ. CIC, კან. 431-434).

საეკლესიო რეგიონი (Regione ecclesiastica) ეკლესიის ნაწილი, რომელიც რამდენიმე საეკლესიო პროვინციას მოიცავს. ყალიბდება წმიდა საყრდის მიერ საეპისკოპოსო კონფერენციის წინადადების საფუძველზე. შეიძლება ჰქონდეს იურიდიული პირის სტატუსი (შდრ. CIC, კან. 433). იტალიაში 16 საეკლესიო რეგიონია.

საეკლესიო სამართალი (Diritto ecclesiastico) [ბერძ. ekklesiastikós „ეკლესიასთან დაკავშირებული“, შემდეგ ლათ. ecclesiasticus] სახელმწიფოს იურიდიული მოწყობის ნორმათა ერთობლიობა, რომელიც რელიგიურ საკითხებს წარმართავს. თავდაპირველად ტერმინი გამოიყენებოდა კანონიკური სამართლის სინონიმად და მხოლოდ აუგსბურგის სამშვიდობო ზავის შემდეგ (1555) პრინციპით „ვინც მართავს, მისია რელიგია“ (cuius regio eius et religio) გამოთქმამ „რელიგიური სამართალი“ განსხვავებული შინაარსი შეიძინა და საბოლოოდ, დღეს მიღებული მნიშვნელობით დამკვიდრდა.

საეკლესიო სამსახური (Ufficio ecclesiastico) [ლათ. officium „ვალდებულება“, „სამუშაო“] როგორც საღმრთო, ისე საეკლესიო განწესებით დადგენილი ნებისმიერი მუდმივი თანამდებობა („munus“), რომელიც სასულიერო მიზნებს ემსახურება (CIC, კან. 145, ნაწ. 1). ზოგადად, ესაა მსახურება, რომელიც თანამდებობრივი ფუნქციების ფარგლებში საკრებულოს სასარგებლოდ სრულდება. ის ეფუძნება მანდატს, ანუ ჩარევას ძალაუფლებისა, რომელიც ღმრთაებრივია, როგორც პაპისა და ეპისკოპოსთა მსახურების შემთხვევაში ან საეკლესიო - სადიოცეზო მსაჯულის ან სასამართლო ვიკარიუსის შემთხვევაში. მუდმივობის დამახასიათებელი თვისება, რომლის გამოც ცხადია, რომ თანამდებობა მის მიმღებამდე არსებობდა და მის მიერ დაკარგვის შემდეგაც განაგრძობს არსებობას, გამორიცხავს, ოდენ დროებითი დავალების საეკლესიო მსახურებად მიჩნევას. საეკლესიო სამსახური ორი თვალსაზრისით შეიძლება იქნას განხილული: ობიექტური თვალსაზრისით, როგორც მის შემადგენელ ფუნქციათა ერთობლიობა, ანუ მისთვის დამახასიათებელ უფლებათა და მოვალეობათა ერთობლიობა, მაგალითად, მსაჯულის საეკლესიო სამსახური მოიცავს ფაქტების კომპეტენტურ ცოდნას, აუცილებელს ზნეობრივი უეჭველობის შესაძენად ამავე ფაქტებთან დამოკიდებულებაში და გადაწყვეტილების მიღების უფლებას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მიესადაგოს კანონი ამ მოცემულ შემთხვევას; სუბიექტური თვალსაზრისით, როდესაც საქმე ეხება მოვალეობათა განხორციელებას თვით თანამდებობის პირის მიერ, - იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი.

საეკლესიო ტრიბუნალები (Tribunali ecclesiastici) ორგანოები, რომელთა მეშვეობითაც საეპისკოპოსო კოლეგია, ყოველთვის მხოლოდ რომის პაპთან ერთად, აღასრულებს ეკლესიაში სასამართლო ძალაუფლებას ინდივიდუალურ თუ საზოგადო უფლებათა დაცვის საკითხთან დაკავშირებით. ეკლესიის სასამართლო ძალაუფლება შეეხება: ა) სასულიერო (სარწმუნოება, ზნეობა, საიდუმლონი, აღთქმები) ან მათთან დაკავშირებულ (საეკლესიო ქონება) საკითხებზე წარმოქმნილ დავას; ბ) საეკლესიო კანონების დარღვევასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს; გ) ადმინისტრაციული ძალაუფლების აქტებიდან გამომდინარე დავებს (CIC, კან. 1400-1401). კომპეტენციის თვალსაზრისით, საეკლესიო ტრიბუნალები დაიყოფა: პირველი ინსტანციის (სადიოცეზო ტრიბუნალი, ეპისკოპოსის მიერ დანიშნული სასამართლოს ვიკარიუსის ხელმძღვანელობით), მეორე ინსტანციის (სადაც პირველი ინსტანციის ტრიბუნალთა მიერ გამოტანილი განაჩენები გასაჩივრდება; ასეთი ტრიბუნალი შეიძლება იყოს, მაგალითად, სამიტროპოლიტო), მესამე ინსტანციის ტრიბუნალებად (ნ. საღმრთო ტრიბუნალი; სამოციქულო სიგნატურა).

საეპისკოპოსო (Vescovado) ეპისკოპოსის ადგილსამყოფელი შენობა, სადაც, ჩვეულებრივ, განლაგებულია საეპისკოპოსო კურიის დაწესებულებები.

საეპისკოპოსო საბჭო (Consiglio episcopale) ეპისკოპოსის, მთავარი და საეპისკოპოსო ვიკარიუსებისაგან შემდგარი საბჭო, რომელიც სამწყსო საქმიანობის ხელშეწყობას ემსახურება (CIC, კან. 473, ნაწ. 4).

საეპისკოპოსო სახლი (Episcopio) [ლათ. episcopium „საეპისკოპოსო ღირსება“, მომდინარეობს ბერძნულიდან episkopéion] ეპისკოპოსის საცხოვრებელი, საეპისკოპოსო, ეპისკოპოსის სასახლე.

საეპისკოპოსო ხელთათმანი (Guanti episcopali) ეპისკოპოსთა ლიტურგიული სამოსის დეტალი, რომელსაც X საუკუნიდან იყენებდნენ საზეიმო წირვისას. თავდაპირველად ისინი თეთრი ფერისა იყო და უმთავრესად აბრეშუმისაგან მზადდებოდა, XIII საუკუნიდან კი სხვა ლიტურგიული ფერების ხელთათმანებსაც ამზადებდნენ.

საერთაშორისო თეოლოგიური კომისია (Commissione Teologica Internazionale) კომისია 1969 წელს პავლე VI-მ დააარსა სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაციასთან, იმ მიზნით, რათა მან წმიდა საყდარს და, უმთავრესად, ხსენებულ კონგრეგაციას უმნიშვნელოვანესი სამოძღვრო საკითხების განხილვაში გაუწიოს დახმარება. კომისიაში შედის არაუმეტეს 30 წევრისა, მას ხსენებული კონგრეგაციის პრეფექტი კარდინალი თავმჯდომარეობს. კომისიის წევრები არიან „სხვადასხვა სკოლათა და ხალხთა წარმომადგენელი თეოლოგები, რომლებიც განსწავლულობითა და ეკლესიის სწავლებისადმი ერთგულებით გამოირჩევიან“ (Annuario pontificio 1994). პრეფექტი კარდინალის შეთავაზების საფუძველზე და საეპისკოპოსო კომისიებთან კონსულტაციის შემდეგ კომისიის წევრებს პაპი ასახელებს. საერთაშორისო თეოლოგიური კომისია წელიწადში ერთხელ მაინც იკრიბება პლენარულ სხდომაზე; თავის საქმიანობას ახორციელებს, აგრეთვე, ქვეკომისიებში.

საერთო ცხოვრების ძმები (Fratelli della vita comune) ნ. ერთობლივი ცხოვრების ძმები.

საერო ინსტიტუტები (Secolari, istituti) XVIII საუკუნიდან აღმოცენებული საკრებულოები (პროცესი უფრო ინტენსიური XX საუკუნეში გახდა), რომელთა წევრები - საერო და სასულიერო პირები - უთავსებენ ერთმანეთს საერო პროფესიულ საქმიანობასა და სახარებისეულ დარიგებათა თანახმად ცხოვრებას, ამავე დროს, არ ატარებენ საგანგებო სამოსს და არ მისდევენ კლაუზურის წესს ან რამე სხვა დადგენილ ნორმას. საერო ინსტიტუტთა იურიდიული სტატუსი გაურკვეველი იყო მანამ, სანამ პიუს XII-მ არ აღიარა ისინი დადგენილებით Provida Mater Ecclesia (1947) და დეკრეტით Pრიმო ფელიციტერ ანნო (1948). ამგვარად, კანონიკური თვალსაზრისით, საერო ინსტიტუტები განსხვავდება როგორც რელიგიურ საკრებულოთაგან (ორდენები და საძმოები), ისე აღთქმათა არმქონე საერთო ცხოვრების საზოგადოებათაგან. საერო ინსტიტუტთაგან ყველაზე ცნობილია: ოპუს დეი (Opus Dei), კარდინალ ფერარის წმიდა პავლეს ძმობა, მამა ა. ჯემელის ღმრთის სასუფევლის მისიონერები (Missionari del regno di Dio di padre A. Gemelli).

საერონი (Secolare) [ლათ. saecularis (სიტყვიდან saeculum „საერო სამყარო“)] საერო სამღვდელოება: სამღვდელო პირები, რომლებიც ამქვეყნიურ გარემოში მოღვაწეობენ და არ განეკუთვნებიან ღმრთივშეწირული ცხოვრების ინსტიტუტს; საერო პირებთან მიმართებაში ტერმინი აღნიშნავს საეროთა მისიას, შეასრულონ საერო მსახურებანი და, ამგვარად, სახარებისეული სულისკვეთებით განმსჭვალონ ამქვეყნიური რეალობანი.

საერო პირი (laico) [ბერძ. laicós „ხალხი“, „მდაბიო“, ნაწარმოებია სიტყვიდან ლაóს „ხალხი“] ეკლესიაში საერო პირია მორწმუნე, რომელსაც მიღებული აქვს საერთო ნათლისღებისმიერი კურთხევა და აშენებს ღმრთის სასუფეველს ეკლესიასა და სამყაროში რწმენის დამოწმებით საკუთარი ქარიზმის - საეროობის ქარიზმის - შესაბამისად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საეროა ყოველი მორწმუნე, რომელიც არაა სამღვდელოების წევრი (CIC, კან. 204-207). ტერმინი „საერო“ აღნიშნავს, აგრეთვე, სამონაზვნო ან სამოწესეო საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიუღია სამღვდელო ხელდასხმა (საერო ძმა). უფრო ფართო მნიშვნელობით, სარწმუნოებრივის საპირისპიროდ, საერო აღნიშნავს ეკლესიის გარეთ ყოფნას (მაგ., საერო დახმარება) ან რელიგიური აღმსარებლობის საწინააღმდეგო ან მისგან დაცილებულ იდეებსა და იდეოლოგიებზე დაყრდნობას (მაგ. საერო პარტია).

საერო სამღვდელონი (Chierici secolari) მოწესე სამღვდელოთაგან განსასხვავებლად ასე ეწოდებათ სადიოცეზო მღვდლებს, რადგანაც ისინი არ დებენ სამოწესეო აღთქმას.

სავანე (Convento) [ლათ. სიტყვიდან conventus „შეკრება“] აღნიშნავს წესდებისეული ორდენის, ანუ საზეიმო აღთქმათა მქონე არასამონაზვნო რელიგიური საზოგადოების სახლს ან რელიგიურ საკრებულოს. უმთავრესად, ტერმინი აღნიშნავს გლახაკთა ორდენების (ნ. ფრანცისკელები და ა.შ.) სახლებს ან საკრებულოებს.

სავარდე (Rosario) [ლათ. rosarium „სავარდე“] მარიამისადმი მიძღვნილი ლოცვა, ჩამოყალიბებული 1400 წლის ახლოს. შედგება ათეულებად დაყოფილი 150 გიხაროდენისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოიყოფა მამაო ჩვენოს და დიდების ლოცვებით (შესაბამისად, ყოველი ათეულის დასაწყისსა და ბოლოში) და „საიდუმლოდ“ წოდებული ქრისტეს ცხოვრების რომელიმე ფაქტის ხსენებით, რომლის შესახებაც გრძელდება მედიტაცია ათეულის წარმოთქმისას. სავარდე სრულდება Salve Regina-ს და ლორეტას ლიტანიათა წარმოთქმით. სავარდის კლასიკური ფორმებია: „სიხარულის საიდუმლოებანი“ (იესოს შობის აღმნიშვნელი), „მწუხარებისა“ (იესოს ვნებათა ამსახველი), „დიდებისა“ (მკვდრეთით აღდგომის, სული წმიდის მოვლინების და ა. შ. ამსახველი), სადაც თითოეული ჯგუფი 5 საიდუმლოს შეიცავს. სავარდე მომლოცველობის, მსახურებისა და პირადი ლოცვის დროს წარმოსათქმელ ყველაზე გავრცელებულ სახალხო ლოცვად იქცა (სავარდის დღესასწაულს 1571 წლიდან აღნიშნავენ).

საზეთე/ამპულა (Ampolla) [ლათ. ampulla, amp(h)ora-ს („ამფორა“) კნინობითი ფორმაა] ვერცხლის ან თუნუქის ჭურჭელი, რომელშიც წმიდა ზეთი ინახება.

საზოგადო მიტევება (Assoluzione generale) ცოდვათაგან საერთო გათავისუფლება, რომელიც „მიეცემა ერთდროულად არაერთ მონანიეს წინასწარი პირადი აღსარების გარეშე“ (CIC, კან. 961). ის შესაძლებელია მხოლოდ სიკვდილის გარდაუვალი საფრთხის ან უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. გადაწყვეტილებას ამგვარი ვითარების არსებობის შესახებ დიოცეზის ეპისკოპოსი იღებს.

სათნოება (Virtù) [ლათ. virtus „ღირსება“; სიტყვა, ამავე დროს, სიმწიფესა და ძალასაც მიემართება: vir „მამაკაცი“ და vis „ძალა“. ტერმინის ბერძნული შესატყვისია areté, რომელიც მართებულად აღზრდილ ადამიანს აღნიშნავს] სათნოება სიკეთის კეთების ჩვეული და მტკიცე მზადყოფნაა. ის ადამიანს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ კეთილი საქმეები ჩაიდინოს, არამედ თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. სათნოება გონებისა და ნების მყარი მზადყოფნაა, რომელიც განაგებს ადამიანის ქმედებებს, აწესრიგებს მის ვნებებს და წარმართავს მის საქციელს რწმენისა და გონების შესატყვისად. შესაძლებელია სათნოებათა დაჯგუფება ოთხი ძირითადი სათნოების გარშემო: კეთილგონიერება, სამართლიანობა, სიმტკიცე, თავშეკავება. ეს ადამიანის მიერ შეძენილი სათნოებანია. ისინი ზნეობრივად კეთილ ქმედებათა ნაყოფია და ადამიანის მთელ შესაძლებლობას განაწყობს ღმრთაებრივ სიყვარულთან თანაზიარებისაკენ. ადამიანური სათნოებანი ფესვგადგმულია საღმრთისმეტყველო სათნოებებში, რომლებიც ადამიანურ უნარებს ღმრთაებრივ სიყვარულთან ზიარებაში შესვლისაკენ განაწყობს. საღმრთისმეტყველო სათნოებანი ღმერთს მიემართება და ქრისტიანებს უწმიდეს სამებასთან კავშირში ცხოვრებისათვის განამზადებს. ასეთი სათნოება სამია: სარწმუნოება, იმედი და სიყვარული, ხოლო მათი დასაბამი, მიზეზი და საგანია ღმერთი; ისინი აფუძნებს, აცოცხლებს და განაპირობებს ქრისტიანის მთელ ზნეობრივ ქმედებას (შდრ. CCC, 1803-1845).

საიდუმლოება (Mistero) [ბერძნ. mystérion (ზმნიდან mýein „პირის დახურვა“, „დადუმება“), შემდეგ ლათ. mysterium] ელინურ ბერძნულში სიტყვას ჰქონდა ორმაგი მნიშვნელობა, საერო და რელიგიური. პირველ შემთხვევაში აღნიშნავდა საიდუმლოებას, ანუ დაფარულ სიმართლეს ან რამე სინამდვილეს; მეორე მნიშვნელობით, მრავლობით რიცხვში (საიდუმლოებანი), აღნიშნავდა რელიგიური ინიციაციის (განდობის) წესებს, რომლებიც განდობილებს სრულიად საიდუმლოდ უნდა შეენახათ. ახალ აღთქმასა და წინარეთანამედროვე თეოლოგიაში სიტყვა აღნიშნავს ქრისტეს ხსნის მარადიული ჩანაფიქრის გამოცხადებას; ქრისტეს ცხოვრების მოვლენებს როგორც ამ ჩანაფიქრის განხორციელებასა და გამოცხადებას. თანამედროვე თეოლოგიაში საიდუმლოება აღნიშნავს სარწმუნოების ჭეშმარიტებებს, რამდენადაც ისინი სცილდება ჩანაფიქრისა და გაგების ადამიანის ინტელექტუალურ უნარებს; ან იმ შეცნობას, რომლისკენაცაა მიმართული ადამიანი თავისი სულის არსებითი ტრასცენდენტობის წყალობით, რომელიც ხსნის მას გონებითა და სიყვარულით, უსასრულობის მიმართ.

საიდუმლოებანი (Misteri (del Rosario)) ნ. სავარდე.

საიდუმლოთა თეოლოგია (Sacramentaria, teologia) თეოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის საიდუმლოებთან დაკავშირებულ საკითხებს (მათი ბუნება, ქმედითობა, მონაცემები და სხვ).

საიდუმლოთა წიგნი (Sacramentario) [საეკლესიო ლათ. sacramentarium] საუბარია ამჟამინდელი წირვის წიგნის წინამორბედზე. ის შეიცავდა ევქარისტიის, საიდუმლოთა და საკრამენტალიათა აღსრულებისათვის საჭირო ლიტურგიულ ფორმულებს. მათ შორის უმთავრესია კრებულები ვერონისა, გელასისეული, ბერგამოსი.

საიდუმლონი (Sacramenti) [ლათ. sacramentum (სიტყვიდან sacrare „კურთხევა“)] საიდუმლონი მადლის ქმედითი ნიშნებია. ისინი იესო ქრისტემ დაამკვიდრა და მიანდო ეკლესიას ადამიანთა წმიდაყოფისათვის. საიდუმლონი შვიდია: ნათლობა, კონფირმაცია, ანუ მირონცხება, ევქარისტია, მონანიება (აღსარება), სნეულთა ცხება, ხელდასხმა და ქორწინება. სათანადოდ აღსრულებული საიდუმლონი იმ მადლს ანიჭებენ, რომელსაც აღნიშნავენ. მათს ქმედითობას მათში თვით ქრისტეს ქმედება განაპირობებს. ამგვარად, საიდუმლონი მოქმედებენ ex opere operato (სიტყვასიტყვით: „თვით ქმედების შესრულების ფაქტის ძალით“), ერთხელ და სამუდამოდ აღსრულებული ქრისტეს მხსნელი ქმედების ძალით და არ არის დამოკიდებული მღვდელმსახურის პიროვნულ სიწმიდეზე (შდრ. CCC, 1113-1134).

საიდუმლოს ანაბეჭდი (Sigillo sacramentale) [ლათ. sigillum, კნინობითი ფორმა სიტყვისა signum „ანაბეჭდი“ და sacramentale „საიდუმლო“] პირობა, რომელიც უნდა დაიცვას აღმსარებელმა და აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, მთარგმნელმა, არ გაამხილოს მონანიე მორწმუნის აღსარების შინაარსი (შდრ. CIC, კანნ. 983- 984). ამ წესის დამრღვევისთვის არსებული სასჯელის საკითხზე იხილეთ კანონიკური სამართლის კოდექსი (კან. 1388).

საიდუმლო სერობა (Ultima cena) საპასექო სერობა, რომელიც იესომ მოციქულებთან ერთად გამართა დატუსაღებასა და ჯვარცმამდე (მათ. 26:26, შმდ.; მარკ. 14:22, შმდ.; ლუკ. 22:19, შმდ.; 1 კორ. 11:23, შმდ.) და რომლის დროსაც დააარსა ევქარისტია.

საიდუმლოს საიდუმლოება (Segreto sacramentale) ნ. საიდუმლოს ანაბეჭდი.

საიდუმლო სწავლება (Arcano, disciplina dell') ეს გამოთქმა XVII საუკუნეში პროტესტანტმა დუალემ დაამკვიდრა ქრისტიანთა თავშეკავებული დუმილის აღსანიშნავად, რათა მათ არ გაეცნოთ არაქრისტიანთათვის ქრისტიანულ რიტუალთა გარკვეული მონაკვეთები, რომლებშიც მხოლოდ მონათლული ქრისტიანები მონაწილეობდნენ.

საიენტისტები ნ. ქრისტიანული მეცნიერება.

საიენტოლოგიის ეკლესია (Scientology, chiesa di/Dianetics) 1954 წელს, კალიფორნიაში ლაფაიეტ რონალდ (რონ) ჰაბარდის (1911-1986) მიერ დაარსებული ფსევდორელიგიური მოძრაობა. 1950 წელს გამოქვეყნებული ჰაბარდის წიგნი „დიანეტიკა: გონებრივი სიჯანსაღის თანამედროვე მეცნიერება“ ბესტსელერად იქცა. მოძრაობის საკვანძო ცნებაა „დიანეტიკა“ (ბერძ. diá „მიღმა“, „მეშვეობით“+noûs „გონება“, „გონიერება“), რომელიც განმარტება როგორც „სულიერი სიჯანსაღის მეცნიერება“, რაც გონების გაძლიერებასა და აზროვნების თავისუფლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ მიზნებს სწავლების მიმდევარი მიაღწევს შვიდი, ერთი მეორეზე უფრო ძვირადღირებული კურსის გავლით. ამჟამად საიენტოლოგიის ეკლესია, რომელიც თავს მსოფლიო სიბრძნის საუკეთესო სკოლათა კონცენტრატს უწოდებს, დაახლოებით ოცდაათამდე ქვეყანაშია გავრცელებული და 400 000-მდე მიმდევარს ითვლის. ამ უეჭველად ფსევდორელიგიური ჯგუფის - საიენტოლოგიის ეკლესიის - ყოვლისმომცველი პროზელიტური საქმიანობა, რომელმაც მრავალი საზრუნავი გაუჩინა სასამართლოებსა და პოლიციას მთელ მსოფლიოში, ახალგაზრდა მოხალისეთა აქტიურობას ეფუძნება: სექტაში ახალი მიმდევრების მიზიდვა მოხალისეებს საშუალებას აძლევს, გადაიხადონ ეგრეთ წოდებული სულიერი გათავისუფლების კურსების საფასური.

საკათედრო ტაძარი (Cattedrale) [ბერძ. kathédra, შემდეგ ლათ. cathedra „სკამი“, „სავარძელი“] დიოცეზის მთავარი ტაძარი, ეპისკოპოსის ადგილ-სამყოფელი. ეწოდება აგრეთვე „დუომო“ - duomo [ლათ. domus „სახლი“], ღმრთის სახლი. თუ ეპისკოპოსი რამე განსაკუთრებული ღირსების ან უფლებამოსილების მატარებელია, ტაძარიც ანალოგიურ წოდებას იღებს: საწინამძღვრო, სამთავარეპისკოპოსო, სამიტროპოლიტო ან საპატრიარქო ტაძრად იწოდება. ეპისკოპოსის კათედრა მდებარეობს ტაძრის აბსიდაში, საკურთხევლის უკან, ან მის გვერდით.

საკელუმი (Sacello) [ლათ. sacellum (კნინობითი ფორმა სიტყვისა sacrum) „წმიდა გალავანი“] მრგვალი ან კვადრატული ფორმის მცირე ზღუდე საკურთხევლით, რომელიც ძველ რომში მფარველ ღმრთაებას ეძღვნებოდა; ფართო მნიშვნელობით ასე ეწოდება ნებისმიერ განცალკევებულ თუ მშვიდ საკულტო ადგილს. ქრისტიანულ არქიტექტურაში აღნიშნავს თაყვანისცემის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშნებით გამორჩეულ კაპელას. მიცვალებულთა საკელუმი ეწოდება სასაფლაოს შესასვლელთან განლაგებულ კაპელას, სადაც მიცვალებულებს ათავსებენ დაკრძალვამდე.

საკმარისობა (Soddisfazione) [ლათ. satisfactio „საკმარისის გაკეთება“] საიდუმლოსმიერი საკმარისობა ეწოდება მონანიებას (ლოცვები ან გულმოწყალე საქმეები), რომელსაც აღმსარებელი უწესებს მონანიეს აღსარებისას მისი პირადი მდგომარეობის გათვალისწინებით და მისი სულიერი სიკეთის მიღწევის მიზნით. საკმარისობის აუცილებლობა იქიდან მომდინარეობს, რომ საიდუმლოსმიერი მიტევება აბათილებს ცოდვას, მაგრამ ვერ ანაზღაურებს ცოდვის მიერ მიყენებულ ყველა ზიანს. ამიტომაც მონანიემ რამე უნდა გააკეთოს საკუთარი დანაშაულის გამოსასყიდად, უნდა „დააკმაყოფილოს“, ანუ შესატყვისად უნდა აანაზღაუროს თავისი ბრალეულობის შედეგები (შდრ. CCC, 1459-1460).

საკმეველი, გუნდრუკი (Incenso) [ლათ. incensum „ანთებული რამ“] ზოგიერთი მცენარიდან მიღებული გუმფისით დამზადებული სურნელოვანი ნაერთი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ანტიკურ სამყაროში, განსაკუთრებით აღმოსავლეთში (შდრ. გამ. 30:34; ლევ. 2:1). ის სიმბოლოა ლოცვისა („წარიმართოს ჩემი ლოცვა შენს წინაშე, ვითარცა საკმეველი“ - ფსალ. 140,2), თაყვანისცემისა და პატივისგებისა (წმიდა ევქარისტიის საკმეველით კმევა). ლიტურგიაში საკმეველი უმთავრესად გამოიყენება ევქარისტიული მსახურებისას (საკურთხევლის, ჯვრის, სახარების, შეწირულობათა კმევა) და მიცვალებულთა მოსახსენიებელ მსახურებაში.

საკრამენტალიები (Sacramenatali) [გვიანლათ. sacramentalis] ეკლესიის მიერ დაწესებული წმიდა ნიშნები, რომელთა მეშვეობითაც, საიდუმლოთა ანალოგიით, - უმთავრესად ეკლესიის ვედრებით, - სულიერი შედეგები მიიღწევა (CIC, კან. 1166). მათი მეშვეობით მორწმუნეები განეწყობიან საიდუმლოთა უმთავრესი შედეგის მისაღებად, წმიდაიყოფა მათი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, იმგვარად, რომ მატერიალურ სიკეთეთა მართებული მოხმარების თითქმის ყოველი შემთხვევა შეიძლება ემსახუროს ადამიანის წმიდაყოფას და ღმრთის დიდებას (SC, 60-61). საკრამენტალიათა აღმსრულებელი უმთავრესად შესატყვისი ძალაუფლების მქონე სასულიერო პირია. საკრამენტალიებია: საგანთა თუ პირთა კურთხევა, ეკლესიის მიძღვნა, ექსორციზმი და დამფუძნებელი და მავედრებელი კურთხევა. დამფუძნებელი კურთხევის დროს რამე საგანი ნაკურთხი ზეთების გამოყენებით (ეკლესია, საკურთხეველი) ან მათ გარეშე (ორატორიუმი, კაპელა, სასაფლაო და სხვა.) საღმრთო კულტისადმი კუთვნილებას იძენს. მავედრებელი კურთხევის შემთხვევაში კი ღმრთის სიკეთე და მფარველობა მოიხმობა ადამიანებზე, ადგილებზე, საგნებზე, ცხოველებზე და სხვ., თუმცა, ამავე დროს, მათ საღმრთო სტატუსი არ ენიჭება.

საკრარიუმი (Sacrario) [ლათ. sacrarium] მცირე ჩასადენი, განკუთვნილი განმწმედი წყლისა და დაზიანებული ან ფერფლად ქცეული წმიდა ნაწილებისათვის.

საკრატუმი (Sagrato) [ლათ. sacratum (ნაწარმოებია ზმნიდან sacrare „კურთხევა“) „ნაკურთხი მიწა“] ეკლესიის შესასვლელის წინ მდებარე, ჩვეულებრივ, ქუჩის დონიდან რამდენიმე საფეხურით ამაღლებული, სივრცე. ძველად ტერმინი, აგრეთვე, აღნიშნავდა მორწმუნეთა დასაკრძალავად განკუთვნილ, ხშირად ეკლესიის მახლობლად მდებარე ნაკურთხი მიწის ნაკვეთს.

საკრებულო (სამრევლო) (Parrocchia) [ბერძნ. paroikía „საახლობლო“, „სამეზობლო“ (ზმნიდან paroikéin „ახლოს ცხოვრება“), შემდეგ ლათ. paroecea] „ცალკეული ეკლესიის მუდმივად არსებული, მორწმუნეთა განსაზღვრული საკრებულო, რომელზეც სამწყსო ზრუნველობა მინდობილი აქვს დიოცეზის ეპისკოპოსის ავტორიტეტს დაქვემდებარებულ წინამძღვარს როგორც სამრევლოს პირად ხელმძღვანელს“ (CIC, კან. 515). იმ ეკლესიას, სადაც საკრებულოა, საკრებულო (სამრევლო) ეკლესია ეწოდება.

საკრებულოს წინამძღვარი (Parroco) [ბერძნ. párochos „მიმწოდებელი“, ზმნიდან paréchein „მომარაგება“, „მიწოდება“, შემდეგ ლათ. paróchus] ასე ეწოდება საკრებულოს საკუთარ მოძღვარს, რომელიც ქრისტეს მსახურებაში მონაწილეობს და საკრებულოს სამსახურში ასრულებს სწავლების, განწმედისა და მართვის ფუნქციებს, სხვა მღვდლებთან თუ დიაკვნებთან თანამშრომლობითა და საეროებთან ურთიერთობით (CIC, კან. 519; CD, 30). საკრებულოს წინამძღვარი უნდა იყოს მღვდელი (CIC, კან. 521, ნაწ. 1), რამდენადაც მისი მოვალეობები მთლიანად მოიცავს სულებზე ზრუნვას და საჭიროებს სამღვდელო ხელდასხმას.

საკრებულოს წინამძღვრის მოადგილე (Viceparroco) ეპისკოპოსის მიერ დანიშნული მღვდელი, რომელიც წინამძღვარს სამწყსო საქმიანობაში ეხმარება.

საკრისტანუსი (Sagrestano) [შუასაუკუნ. ლათ. sacristanus (სიტყვიდან sacrista, ნაწარმოებია სიტყვიდან sacer „წმიდა“)] საერო პირი, რომლის მოვალეობაა ეკლესიის მოვლა-დასუფთავება და კულტთან დაკავშირებული წვრილმანი ამოცანების შესრულება. აწესრიგებს საეკლესიო ნივთებს და უვლის საკრისტიას.

საკრისტია (Sagrestia) [შუასაუკუნ. ლათ. sacristia, სიტყვიდან sacer „წმიდა“] ეკლესიის შენობის (როგორც წესი, მღვდლის სამყოფის - პრესბიტერიუმის მომიჯნავე) სათავსო, სადაც მღვდელი იცვამს ლიტურგიულ სამოსს საღმრთო მსახურებისათვის და სადაც ინახება საეკლესიო ნივთები (ჭურჭელი, წიგნები, სამოსელი).

საკურთხეველი (Altare) [გვიანლათ. altare (კლასიკურ ლათ. altaria) „მსხვერპლშეწირვისთვის განკუთვნილი ტრაპეზი“] საკურთხევლის გამოყენება ქრისტიანობაში იუდეველობიდან დამკვიდრდა. ებრაული საკურთხევლის განსაკუთრებული ნიშანი იყო „რქები“, ზედა ოთხ კუთხეში მდებარე გამოწეული ნაწილები, რომლებსაც მსხვერპლის სისხლს უსვამდნენ. ქრისტიანთათვის საკურთხეველი ის სუფრაა, რომელზეც ევქარისტია აღესრულება. თავდაპირველად ამ მიზნით მორწმუნეთა სახლებში ჩვეულებრივ მაგიდებს იყენებდნენ, შემდგომში კი, პირვანდელ ეკლესიებში, - მხოლოდ საკულტო მსახურებისთვის განკუთვნილ მაგიდებს. საკურთხევლის სიმბოლური მნიშვნელობა უკავშირდება „ნაკურთხ ქვას“, რომელიც, საკურთხევლის ცენტრში, სამარის მსგავსად, მოწამეთა ნაწილებს იტევს: ესაა ქრისტე-ქვაკუთხედი, ჭეშმარიტი მოწმე (შდრ. 1 კორ. 10:4; ებ. 13:10), ნაწინასწარმეტყველები ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვებით. საუკუნეთა მანძილზე საკურთხეველმა სხვადასხვა ფორმა მიიღო (მაგიდის, სკივრის, ლოდის, სარკოფაგის) და კიდევ მეტი მნიშვნელობა შეიძინა. პრივილეგირებული ეწოდებოდა საკურთხეველს, რომელსაც გარკვეული პრივილეგიები ენიჭებოდა. ვატიკანის II კრების შემდეგ დამკვიდრდა საკურთხევლის ფორმათა არსებითობა და მისი მობრუნება მორწმუნეთა მიმართ. ის შეიძლება იყოს ფიქსირებული ან გადასატანი. პრესბიტერიუმში - მღვდლის სამყოფელში მდგარ საკურთხეველს მთავარი საკურთხეველი ეწოდება.

სალეზელნი (Salesiani) აღნიშნავს: ა) წმიდა ფრანცისკე სალელის მისიონერებს ანესიდან. კონგრეგაცია 1838 წელს დააარსეს ეპისკოპოსმა ჯ. რეიმ და პ. მერმიემ, 1843 წელს ის გრიგოლ XVI-მ დაამტკიცა; ეხმარება ღარიბებს, მოზარდებსა და არაკათოლიკეებს; ბ) წმიდა ფრანცისკე სალელის საზოგადოებას (Societas sancti Francisci Salesii, 1946 წლიდან ეწოდება „დონ ბოსკოს სალეზელნი“). 1859 წელს ტურინში წმიდა იოანე ბოსკოს მიერ დააარსებული და 1874 წელს პაპ პიუს IX-ს მიერ დამტკიცებული მღვდელთა და საერო ძმათა ეს კონგრეგაცია დაკავებულია მოზარდთა აღზრდითა და განათლებით, განსაკუთრებულ ყურადღებას კი აქცევს რისკის ჯგუფში მყოფ ახალგაზრდებს; თავის მფარველად წმიდა ფრანცისკე სალელს მიიჩნევს. იოანე ბოსკო (1815-1888, კანონიზებულია 1934) 1841 წლიდან მუშაობდა, როგორც მღვდელი, ტურინელ ახალგაზრდებთან, რომელთათვისაც დააარსა ორატორიუმები, სადაც მათ დღის განმავლობაში შეეძლოთ ყოფნა, და საგანგებო სკოლები. იგი მნიშვნელოვან სამოციქულო საქმიანობას ეწეოდა ბეჭდვითი საშუალებებით. დონ ბოსკოს სალეზელნი მარტივ აღთქმებს დებენ; გარდა სამრევლო სამწყსო საქმიანობისა, საგანგებო სამწყსო ამოცანებსაც ასრულებენ (ახალგაზრდებთან მუშაობა, სულიერი წვრთნები, პუბლიცისტიკა, სახალხო და წარმართთა შორის - ad gentes - მისიონერობა). 1964 წლიდან აქვთ თავიანთი საკუთარი, პაპის უნივერსიტეტი რომში (მანამდე - ტურინში). იტალიიდან სალეზელნი სწრაფად გავრცელდნენ ჯერ საფრანგეთსა და ესპანეთში, შემდეგ - მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში; გ) წმიდა ფრანცისკე სალელის მოწესეთა კონგრეგაციას (Oblati di San. Francesco di Sales), რომელიც 1873 წელს ტრუაიეში ა. ბრისონმა დააარსა. ორგანიზაცია 1887 წელს ლეონ XIII-მ დაამტკიცა. მისი წევრები ახალგაზრდებთან მუშაობენ და მისიონერობას ეწევიან; დ) დონ ბოსკოს დათა ორგანიზაციას, რომელიც 1872 წელს დონ ბოსკომ და მარია მაცარელომ დააარსეს სახელწოდებით „მარიამ შემწის ქალიშვილები“. მისი წევრები გოგონებთან მუშაობენ და მისიონერულ საქმიანობას ეწევიან; ე) სალეზელ თანამშრომელთა ღმრთისმოსავ გაერთიანებას (Pia associazione dei cooperatori salesiani), რომელიც 1850 წელს დონ ბოსკომ დააარსა და 1876 წელს პიუს IX-ს მიერ იქნა დამტკიცებული. ის მესამე ორდენს შეესაბამება და მისი წევრები კათოლიკური ქმედების სულისკეთებით საქმიანობენ.

სალვატორელნი (Salvatoriani/e) წევრები რელიგიური კოგრეგაციისა ღმრთაებრივი მაცხოვრის საზოგადოება (Società del Divin Salvatore), რომელიც 1889 წელს, რომში გერმანელმა მღვდელმა ი. ბ. იორდანმა დააარსა. სალვატორელნი მიზნად ისახავენ იესოს, როგორც სამყაროს ჭეშმარიტი და ერთადერთი მხსნელის, გაცნობას სწავლებისა და წარმართთა შორის (აფრიკაში) სახალხო მისიონერობის მეშვეობით. კონგრეგაციის ქალთა შტო (Le salvatoriane an Suore del Divin Salvatore) 1888 წელს ტივოლიში დაარსდა და განსაკუთრებით სნეულთა დახმარებასა და სოციალურ და მისიონერულ მსახურებას ეწევა.

სალიათი (Salat) ისლამში ასე ეწოდება რიტუალურ სავალდებულო ლოცვას, რომელიც შედგება რელიგიური ფორმულებისა და რიტუალური ჟესტებისაგან. მათ მორწმუნე მუსლიმები დღეში ხუთჯერ იმეორებენ მექის მიმართულებით.

სალხინებელი (განსაწმედელი) (Purgatorio) [ლათ. purgatorium (ზმნიდან purgare „განწმედა“)] ეკლესია სალხინებელს უწოდებს რჩეულთა საბოლოო განწმედას, ანუ იმათ განწმედას, ვინც ღმრთის მადლში კვდება, მაგრამ ჯერ არ მიუღია ზეციურ სასუფეველში შესაბიჯებლად აუცილებელი სიწმიდე. სალხინებელთან დაკავშირებული სარწმუნოებრივი მოძღვრება ეკლესიამ უმთავრესად ფლორენციის (1439) და ტრიდენტის (1563) კრებებზე ჩამოაყალიბა და გაითვალისწინა მიცვალებულთათვის ლოცვის პრაქტიკაც, რომელზეც საღმრთო წერილშია საუბარი (2 მაკ. 12:46, შდრ. CCC, 1030-1032).

სამართლიანობა (Giustizia) [ლათ. iustitia (სიტყვიდან iustus)] ერთ-ერთი ოთხ კარდინალურ სათნოებათაგან (აგრეთვე ნ. კეთილგონიერება; სიმტკიცე; თავშეკავება), რომელიც მდგომარეობს „მუდმივსა და მყარ ნებაში, მიაგო კუთვნილი ღმერთსა და მოყვასს“ (CCC, 1807). ბიბლიაში ხშირადაა საუბარი სამართლიანობაზე: ფსალმუნებში (71:2; 97:9) ღმერთი წარმოდგენილია, როგორც სამართლიანად განმსჯელი, რადგან იგი ყველას თავის კუთვნილს მიაგებს; ლევიანთა წიგნში (19:15) ნათქვამია: „არა ქმნა უსამართლობა სასამართლოში, არ იყო პირმოთნე გლახაკის მიმართ და არ მიეპირფერო ძლიერს: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი“. ბიბლია ბატონებს მიმართავს: „მიაგეთ მონებს, რაც სწორი და სამართლიანია“ (კოლ. 4:1) და საშინელ რისხვას აღუთქვამს მათ, ვინც მუშაკს საზღაურს დაუკავებს (იაკ. 5:4).

სამართლიანობის ხელშემწყობი (Promotore di giustizia) საეკლესიო ტრიბუნალებში ესაა ერთ-ერთი საჯარო მსახურების აღმსრულებელი ორი უწყებიდან. მას ევალება საზოგადოებრივ სიკეთეზე ზრუნვა როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო საქმეთა გარჩევისას. საეკლესიო თუ საერო პირი ამ თანამდებობაზე ეპისკოპოსის მიერ ინიშნება. მას უნდა ჰქონდეს პატიოსანი სახელი, უნდა იყოს კანონიკური სამართლის მცოდნე ან ხარისხის მქონე ამ დარგში, სამართლიანი და წინდახედული ადამიანი (CIC, კან. 1430-1435).

სამარიელნი (Samaritani) სახელი სამარიელნი (2 მეფ. 17:29; სეპტუაგინტა: სამარíტაი) აღნიშნავს მთიანი რეგიონის, სამარიის, მაცხოვრებლებს, წარმართი და ებრაელი ხალხების ნაზავს, წარმოქმნილს ასურელთა დეპორტაციის შემდეგ, რომლებმაც ჩრდილოეთის სამეფოს დანგრევის შემდეგ, ქრისტემდე 722 წელს აქ უცხო ტომთა ჯგუფები დაამკვიდრეს. რელიგიურ შეხედულებათა აღრევის შედეგად აქ ჩამოყალიბდა იაჰვეს სინკრეტისტული კულტი, რომელმაც გამოიწვია იერუსალემის მართლმორწმუნეობასთან მზარდი დაპირისპირება და გააღრმავა ჯერ კიდევ 926 წელს, ისრაელის დიდი სამეფოს ჩრდილოეთისა და სამხრეთის სამეფოებად დაშლის დროიდან არსებული ბზარი. სამხრეთის სამეფოს მოსახლეობის განდევნის პერიოდში (ქრისტემდე 587-538) სამარიელნი ერთადერთი ჭეშმარიტი რწმენის „მცველებად“ (ებრ. „შომრონიმ“) მიიჩნევდნენ თავს, თუმცა ნეემიამ ისინი ტაძრის აღდგენის პროცესიდან გარიყა. იერუსალემის სამღვდელო კოლეგიის შიგნით არსებულმა დაპირისპირებამ და ეზრას რეფორმაზე უარის თქმამ გამოიწვია კულტურული დაშორიშორება და გარიციმის მთაზე (შიხემ-ნაბლუსის მახლობლად) საკრებულოს დაარსება. იესოს დროს საკმაოდ მწვავე იყო სამარიელთა დაპირისპირება იუდეველებთან (მათ. 10:5; ლუკ. 9:52, შმდ.; იოან. 4:4, შმდ.). იესომ დაიახლოვა სამარიელნი და მაგალითად დასახა ზოგიერთი მათგანის ქცევა (ლუკ. 10:30-37, იგავი კეთილი სამარიელის შესახებ). ისტორიის მანძილზე სამარიელებმა არაერთგზის განიცადეს დევნა. დღეს ისინი მხოლოდ რამდენიმე ასეულს მოითვლიან და ცხოვრობენ ნაბლუსსა და ხოლონში, თავს უძველესი ებრაული კულტის მიმდევრებად მიიჩნევენ და საღმრთო წერილად მხოლოდ ხუთწიგნეულს აღიარებენ.

სამდღეური (Triduo) [ლათ. tres + ფუძე სიტყვისა dies „სამი დღე“] საგანგებო ლოცვებისა და მსახურებისათვის განკუთვნილი სამი დღე. ლიტურგიაში ყველაზე მნიშვნელოვანია სააღდგომო სამდღეური (დიდი ხუთშაბათი, დიდი პარასკევი და დიდი შაბათი).

სამება (Trinità) [გვიანლათ. trinitas] სამების ცნება გამოხატავს ერთი ღმრთის საიდუმლოებას (რჯლ. 6:4; ეს. 45:5), რომელიც სამ პიროვნებადაა - მამა, ძე და სული წმიდა - გამოცხადებული. ძველ აღთქმაში იგი მხოლოდ სიმბოლურადაა წარმოჩენილი, მკაფიოდ კი ახალ აღთქმაშია გამოცხადებული (მათ. 3:16, შმდ.; 28:19; მარკ. 1:10, შმდ.; ლუკ. 1:35; 3:22; საქმ. 2:33; 20:27), სადაც პავლე და იოანე სამერთიანი ლოცვისა და სარწმუნოების ფორმულებით გამოხატავენ მას (შდრ. 1 კორ. 12:4-6; 2 კორ. 13:13; იოან. 14:17.21.23.26; 15:26; 16:7.13.17). ქრისტიანულმა ტრადიციამ რწმენის ეს ჭეშმარიტება პირველივე ხანებიდან მიიღო. „დიდაქე“ (I საუკუნის მეორე ნახევარი) გვირჩევს, რომ ნათლისღება უნდა აღსრულდეს „მამის, ძისა და სული წმიდის სახელით“; მსგავსი ხასიათისაა იუსტინეს, ირენეოსისა და ტერტულიანეს განცხადებები (II საუკუნე), რაკი „კათოლიკური სარწმუნოება მდგომარეობს ერთადერთი ღმრთის მხოლოდ სამებაში თაყვანისცემაში, სამება კი - ერთობაშია, პიროვნებათა აღრევისა და მათი არსის დაცალკევების გარეშე: სხვაა მამა ღმრთის პიროვნება, სხვა - ძისა და სხვა - სული წმიდისა, მაგრამ ერთადერთია ღმრთაებრიობა მამის, ძისა და სული წმიდისა, თანაბარი დიდება, მარადიული - სიდიადე“ (სიმბოლო Quicumque, DS, 75). მაშასადამე, წმიდა სამების საიდუმლოება ქრისტიანული სარწმუნოებისა და ცხოვრების მთავარი საიდუმლოებაა, რომელშიც თანაზიარებისაკენ არიან მოხმობილნი, ნათლობის მადლით, მორწმუნენი რწმენის ბურუსსა და, სიკვდილის შემდეგ, მარადიულ ნათელში (შდრ. CCC, 232-267).

სამკერდე (Encolpio) [ბერძ. enkólpion, „მკერდში მოთავსებული“] მომცრო ბუდე, მასში მოთავსებული წმიდანის რელიკვიით, რომელსაც ქრისტიანობის პირველ ხანებში მორწმუნეები ყელზე ატარებდნენ. ჰქონდა სხვადასხვა ფორმა: სანაწილის ან ჯვრის, ზოგჯერ მასზე ამოტვიფრული იყო გამოთქმა, ლოცვა, ბიბლიის მუხლი ან სარწმუნოების რომელიმე საიდუმლოების ამსახველი გამოსახულება. აღმოსავლეთის ეკლესიებში ასე ეწოდება გულსაკიდს, ეპისკოპოსის რეგალიას. ნ. პანაღია.

სამლოცველო (Santuario) [ლათ. sanctuarium (სიტყვიდან sanctus „წმიდა“)] ეკლესია, სადაც დაცულია წმიდა ხატები ან სასწაულმოქმედი რელიკვიები, ან თაყვანისცემის ღირს ადგილას (სადაც მოხდა რამე სასწაული, გამოცხადება ან დაიბადა წმიდანი) აგებული ეკლესია. ტერმინი აღნიშნავს აგრეთვე ეკლესიის ნაწილს საკურთხევლის გარშემო, სადაც საღმრთო მსახურებები ტარდება. ამ შემთხვევაში ის პრესბტერიუმის სინონიმია. ბოლოდროინდელ ლიტურგიულ რეფორმამდე ის გამოყოფილი იყო ნავისაგან მოაჯირით ან გისოსიანი ზღუდით, რომელიც დღეს გაუქმებულია.

სამმაგი (Trinazione) [ლათ. trinatio (სიტყვიდან trinus „სამმაგი“)] მღვდელმსახურის მიერ სამი წირვის აღსრულება კვირადღეს ან დღესასწაულებზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ სამწყსო აუცილებლობიდან გამომდინარე, ეპისკოპოსის ნებართვით (CIC, კან. 905).

სამმართველო (Fabbriceria) ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც განაგებს საეკლესიო შენობებსა და ფაბრიკებს და მართავს ტაძართა თუ სამლოცველოთა ქონებას.

სამოთხე (Paradiso) [სპარს. pairi daeza „მესერი“, „გალავანი“, შესაბამისად, „შემოღობილი ადგილი“, აღნიშნავს დიდებულ ბაღებს, სიამოვნებისა და ტკბობის ადგილს; განდევნის შემდგომი პერიოდში ებრაულ ენაში დამკვიდრდა ფორმა pardes, შემდეგ ბერძ. parádeisos, „ბაღი“, ლათ. paradisus] ერთ-ერთი საკითხი საბოლოოთაგან. აღნიშნავს რჩეულთა ნეტარების მდგომარეობას: ესაა იესოს მიერ დაპირებული ცათა სასუფეველი („დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ - ლუკ. 23:43), მდგომარეობს სრულყოფილ ცხოვრებაში, ცხოვრებისა და სიყვარულის თანაზიარებაში უწმიდეს სამებასთან, ქალწულ მარიამთან, ანგელოსებთან და ყველა წმიდანთან. ესაა ადამიანის საბოლოო მიზანი და მის ყველაზე სიღრმისეულ მისწრაფებათა განხორციელება, უზენაესი და საბოლოო ბედნიერების მდგომარეობა. საღმრთო წერილში სამოთხე სხვადასხვა ხატებითაა წარმოდგენილი: სიცოცხლის, სინათლის, მშვიდობის, საქორწილო ნადიმის, ღვინის, მამის სახლის, ზეციური იერუსალემის, ზეცისა და კიდევ სხვა ხატთა მეშვეობით (შდრ. CCC, 1023-1029).

სამოთხე, მიწიერი ნ. მიწიერი სამოთხე.

სამოციქულო ადმინისტრაცია (Amministrazione apostolica) ეწოდება „ღმრთის ხალხის განსაზღვრულ ნაწილს, რომელიც საგანგებო და განსაკუთრებულად ღრმა მიზეზთა გამო არ არის დაარსებული დიოცეზად უმაღლესი პონტიფექსის მიერ“ (CIC, კან. 371). მასზე სამწყსო ზრუნვა სამოციქულო ადამინისტრატორს ეკისრება.

სამოციქულო დათარიღების დაწესებულება (Dataria Apostolica) რომის კურიის უწყება, რომლის მოვალეობაც პონტიფექსის დოკუმენტებზე თარიღის მითითება იყო (datum apud S. Petrum). XIII საუკუნიდან კანცელარიის თანამშრომელი შეწყალების სიგელებსა და პონტიფექსის დოკუმენტებს ათარიღებდა. XIV საუკუნიდან ამ ფუნქციას ასრულებდა პრელატი, რომელიც იხილავდა, აგრეთვე, პაპისადმი მიმართულ თხოვნებს, თავად იძლეოდა მათზე დადებით პასუხს და ათარიღებდა შეწყალების სიგელებს. ამ უწყებამ უდიდეს აღზევებას სიქსტუს V-ის მმართველობისას მიაღწია, რომელმაც თავის ბრევეში Decret Romanum Pontificem (1588) ამ უწყების მრავალრიცხოვანი ფუნქციები განსაზღვრა. შემდგომში უწყებამ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა.

სამოციქულო დესპანი (ნუნციუსი) (Nunzio apostolico) [ლათ. nuntius, ნაწარმოებია სიტყვიდან nountius, შემოკლებული ფორმა სიტყვისა noventius „ამბების მომტანი“ (novus „ახალი“, საიდანაც იწარმოება novere და შემდეგ noventius)] რომის პონტიფექსის ლეგატი, რომელსაც ეკისრება პონტიფექსის პირადად წარმოდგენის ხანგრძლივი მისია ეკლესიებში, სახელმწიფოებსა და სამოქალაქო მთავრობათა წინაშე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (შდრ. Sollisitudo omnium Ecclesiarum, 24 ივნისი, 1969 წელი; CIC, კან. 363). სამოციქულო დესპანს ევალება „წმიდა საყდარსა და სახელმწიფოს ხელისუფალთ შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და განვითარება; ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა საკითხების მოგვარება; განსაკუთრებულად ზრუნვა კონკორდატებისა და მსგავსი შეთანხმებების დადებასა და მოქმედებაზე“ (CIC, კან. 365).

სამოციქულო კანცელარია (Cancelleria Apostolica) [შუა საუკუნეთა ლათ. cancellaria და apostolica] რომის კურიის სამსახური, გაუქმებული 1973 წელს, რომელსაც პონტიფექსის ბულათა რედაქტირება და გავრცელება ევალებოდა.

სამოციქულო მამები (Padri apostolici) გამოთქმა, პირველად გამოყენებული ჯ. ბ. კოტელიეს მიერ (Patres aevi apostolici) XVII საუკუნეში. ტერმინი აღნიშნავს მოციქულთა და ეკლესიის მამათა ხანებს შორის მოღვაწე ბერძნულენოვან ქრისტიან მწერალთა ჯგუფს. თავდაპირველად ასე უწოდეს მხოლოდ ფსევდო-ბარნაბას, კლემენტე რომაელს, ეგნატე ანტიოქიელს, პოლიკარპე სმირნელსა და ერმას. მოგვიანებით მათ რიცხვს მიემატა პაპია ჰერაპოლისიდან, დიოგნეტესადმი წერილის უცნობი ავტორი და, ასევე, „დიდაქეს“ ავტორი. ამ ავტორთა ნაშრომებში პირველ ქრისტიანულ საკრებულოთა ცხოვრებაა ასახული.

სამოციქულო მემკვიდრეობითობა (Successione apostolica) მოციქულთა ძალაუფლება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ისინი იესოს მოწაფეები და მისი მკვდრეთით აღდგომის უშუალო მოწმეები არიან (საქმ. 1:2, შმდ.), ამავე დროს, მათ მიმართ, როგორც საშინელ სამსჯავროზე თორმეტი თანამშრომლისადმი, მინდობილ ესქატოლოგიურ მისიას (მათ. 19:28). ყოველივე ზემოთქმულის ძალით, მოციქულები უზრუნველყოფენ, აგრეთვე, გადმოცემასაც (1 კორ. 15:3, შმდ.). თავდაპირველად სამოციქულო ტრადიცია მოციქულთა მიერ უფლისაგან მოსმენილის საფუძველზე გადაცემულ სწავლებასა და მოძღვრებას აღნიშნავდა. განგრძობითობის დამატებით უზრუნველყოფად იქნა მიჩნეული ეპისკოპოსთა და ხუცესთა ხელდასხმა მოციქულთა მიერ სული წმიდის ძალით (საქმ. 20:17, შმდ.) და ეპისკოპოსთა უწყვეტი თანამიმდევრობა (შდრ. CCC, 77).

სამოციქულოობა (Apostolicità) [წარმოებული ბერძ. apostéllein „წარგზავნა, მივლინება“] ეკლესიის ოთხ არსებით მახასიათებელთაგანი ერთ-ერთი - ერთიანობასთან, სიწმიდესთან, კათოლიკეობასთან ერთად, რომლებიც ნიკეა-კოსტანტინოპოლის სიმბოლომ გამოაცხადა (381); ეკლესიის სამოციქულო ხასიათი ნიშნავს, რომ ეკლესია თავისი არსებით მჭიდროდაა დაკავშირებული ქრისტეს ცხოვრების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მაცოცხლებელ მოვლენასთან, რომელიც აუცილებლად მოციქულთა დამოწმების შუამავლობით გადმოიცემა (შდრ. CCC, კან. 857-865).

სამოციქულო პრეფექტურა (Prefettura apostolica) [ლათ. praefectura (სიტყვიდან praefectus „პრეფექტი“)] „ღმრთის ხალხის განსაზღვრული ნაწილი, რომელიც, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული დიოცეზად და მასზე სამწყსო ზრუნვა მინდობილი აქვს სამოციქულო ვიკარიუსს ან სამოციქულო პრეფექტს, რომელიც უმაღლესი პონტიფექსის სახელით განაგებს მას“ (CIC, კან. 371).

სამოციქულო პროტონოტარიუსი (Protonotario apostolico) [ბიზანტიური ბერძ. protonotarios (ბერძ. prótos „პირველი“, და ლათ. notarius „ნოტარიუსი“)] ამ ტიტულს ატარებს სამოციქულო კურიის შვიდი პირველი ნოტარიუსი, რომლებიც კურიის მიერ გამოცემულ ყველა საბუთს ამოწმებენ. ეს ნოტარიუსები პრელატები არიან და განეკუთვნებიან კოლეგიას, რომელსაც დეკანოზი თავმჯდომარეობს. ამ ნოტარიუსთა მოვალეობაა პაპის ტახტზე ასვლასა და მის სიკვდილთან და წმიდათა კანონიზაციასთან დაკავშირებული ოქმების შედგენა; გარდა ამისა, ისინი ესწრებიან კონკლავის გახსნასა და დახურვას, კონგრეგაციათა და კრებათა სესიების გახსნასა და დახურვას.

სამოციქულო სამჯავრო (Penitenziera apostolica) საეკლესიო სამსჯავრო, რომლის კომპეტენციაც მხოლოდ შიდა ფორუმზე ვრცელდება, ოღონდ არა საიდუმლოთა საკითხებში. ამიტომაც მას ადმინისტრაციული, ანუ აღმასრულებითი ძალაუფლება აქვს და არა სასამართლო. ის გასცემს შეწყალებას, გათავისუფლების ნებართვას, შემსუბუქების განკარგულებას, გამონაკლისის უფლებასა და შენდობას. მისი კომპეტენცია ვრცელდება აგრეთვე ინდულგენციათა გაცემისა და გამოყენების საკითხზე. სამოციქულო სამსჯავროს ხელმძღვანელობს კარდინალი (მთავარი მსჯავრმდებელი), რომელსაც ეხმარებიან მმართველი და ხუთი მრჩეველი.

სამოციქულო სიგნატურა (Segnatura apostolica) წმიდა საყდრის უმაღლესი ტრიბუნალი, რომელიც ეკლესიაში მართებულ სამართალწარმოებას უზრუნველყოფს (CIC, კან. 1445, ნაწ. 3, 10). შედგება პაპის მიერ დასახელებული რამდენიმე კარდინალისაგან და იყოფა ორ სექციად: ა) სასამართლო სექცია, რომელიც რიგითი ძალაუფლებით სარგებლობს და განსჯის: - განაჩენის ბათილობის საჩივრებს, restitutio in integrum-ის მოთხოვნის შემთხვევებს, საღმრთო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი განაჩენთა წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს; - სარჩელებს პირად სტატუსზე აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა ხელახალ განხილვაზე საღმრთო ტრიბუნალმა უარი განაცხადა; - საღმრთო ტრიბუნალის მსმენელებთან მიმართებაში საეჭვო გამონაკლისების და სხვა საქმეებთან დაკავშირებით მათ მიერ მოვალეობის შესრულების დროს შედგენილი აქტების გამო; - ტრიბუნალთაშორის კომპეტენციის საკითხებს, რომლებიც არ არის დამოკიდებული იმავე სააპელაციო ინსტანციაზე (CIC, კან. 1445, ნაწ. 1); ბ) ადმინისტრაციული სექციის კომპეტენციაში შედის: დადგენილ ოცდაათდღიან ვადაში წარდგენილი სარჩელები, როგორც უშუალოდ რომის კურიის ორგანოთა, ისე მათ მიერ მოწონებული სხვა საეკლესიო ორგანოთა მიერ გაცემულ აქტთა წინააღმდეგ, თუ მათ დაარღვიეს რამე კანონი განჩინების ან პროცედურულ ნაწილში; ლეგიტიმურობის დადგენის გარდა, მოსარჩლის მოთხოვნის შემთხვევაში, ტრიბუნალი უფლებამოსილია იმსჯელოს, ამასთანავე, არალეგიტიმური აქტით მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხზეც; - ადმინისტრაციული დავები, გადაცემული მისთვის რომის პაპის ან რომის კურიის ორგანოთა მიერ; - კონფლიქტები უწყებათაშორისი კომპეტენციის საკითხებზე (CIC, კან. 1445, ნაწ. 2). სხვა კომპეტენციებს ადგენს კანონიკური სამართლის კოდექსი (CIC, კან. 1445, ნაწ. 3,20-30).

სამოციქულო ცხოვრების საზოგადოებანი (Società di vita apostolica) კანონიკური სამართლის კოდექსის თანახმად, ამგვარი ორგანიზაციები ასიმილირებულია სამოწესეო ცხოვრების ინსტიტუციებთან (CIC, კან. 731, ნაწ. 1), რადგანაც მათი წევრები, მიუხედავად იმისა, რომ არ დებენ სამოწესეო აღთქმებს, ესწრაფვიან ამ ინსტიტუციათათვის დამახასიათებელ სამოციქულო მიზნების განხორციელებას და ძმური და ერთობლივი ცხოვრებით ცდილობენ გულმოწყალების სრულყოფას წესდებათა დაცვის მეშვეობით (CIC, კან. 731, ნაწ. 1). ზოგიერთ მათგანში სახარებისეული რჩევები წესდებით განსაზღვრულ რამე პირობასთან ერთად არის მიღებული და ამ მიზეზით საზოგადოებები თავს ნამდვილ სამოწესეო ინსტიტუციებად მიიჩნევენ.

სამოციქულო წერილი (Lettera apostolica) ტექნიკური განსაზღვრება, გამოყენებული სამოციქულო დადაგენილებაში Sapienti consilio (1908 წლის 29 ივნისი). აღნიშნავს ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებულ რომის პონტიფექსის აქტს. სამოციქულო წერილი motu proprio წარმოადგენს კანონს სადისციპლინო საკითხებთან დაკავშირებით.

სამოწესეო აღთქმანი (Prefessione religiosa) საჯარო აღთქმათა მეშვეობით სიღატაკის, უბიწოებისა და მორჩილების სახარებისეულ რჩევათა მიღება. ის იწვევს სტატუსის შეცვლას, ანუ ეკლესიაში იურიდიული მდგომარეობის შეცვლას, რამდენადაც ადამიანი უკვე სამონაზვნო წოდებას იღებს, ეკლესიის მსახურების მეშვეობით ღმერთს უძღვნის თავს და ეკლესიის კანონით (შდრ. CIC, კან. 654) განსაზღვრული ვალდებულებისა და უფლებების შესაბამისად სამონაზვნო ინსტიტუციის წევრი ხდება. დროებითი სამოწესეო აღთქმანი დაწესებულია არანაკლებ სამი და არაუმეტეს ცხრა წლის ვადისა, მას მოსდევს სამუდამო სამოწესეო აღთქმანი როგორც ღმრთისადმი თავის შეწირვა და სამონაზვნო ინსტიტუციაში სამუდამოდ გაწევრიანება.

სამოწესეო დადგენილებანი (Costituzioni religiose) [ლათ. სიტყვიდან constitutio, რომელიც მომდინარეობს ზმნიდან constituere „შექმნა“, „დაარსება“] ძირეული კოდექსები, რომლებიც ცალკეულ სამოწესეო ინსტიტუციათა ცხოვრებას წარმართავს. შეიცავს „ინსტიტუციის მართვასა და მის წევრთა დისციპლინასთან, მათი მიღებისა და მომზადების წესებთან, აგრეთვე, თვით წმიდა ვალდებულებათა საგანთან დაკავშირებულ ძირეულ ნორმებს“ (CIC, კან, 587). გარდა ამისა, წარმოაჩენს ინსტიტუტის ქარიზმას, სულიერებასა და მიზანს, ბუნებასა და ხასიათს, მის დამაარსებელთა ჩანაფიქრის შესაბამისად, და თვით ინსტიტუციის ჯანსაღ ტრადიციებს.

სამოწესეო ცხოვრება (Vita religiosa) მისი დამახასიათებელი ნიშანია პიროვნების მთლიანი მიძღვნა ღმრთისადმი, საკუთარი თავის მისთვის შეწირვის მიზნით, რათა მთელი ამქვეყნიური არსებობა ღმრთისადმი სიყვარულით უწყვეტ თაყვანისცემად (ნ. კულტი) იქცეს (CIC, კან. 607). სამოწესეო ცხოვრებით ღმრთისადმი თავის მიძღვნა სამუდამოდ ან დროებით საჯარო აღთქმათა დადების გზით ხდება და საკრებულოში ძმური თანაცხოვრების მეშვეობით ხორციელდება, ეკლესიისა და ქრისტეს საჯარო დამოწმების სურვილით, რაც სამყაროსაგან განცალკევებაში მდგომარეობს, თითოეული სამოწესეო ინსტიტუციის წესდებისა და განზრახვათა შესაბამისად.

სამრეკლო (Campanile) დამოუკიდებლად მდგომი ან ეკლესიასთან გაერთიანებული კოშკის ფორმის ნაგებობა, რომელზეც მოთავსებულია ზარები და საიდანაც ისმის რეკვა (აქედან მომდინარეობს მისი სახელი). სამრეკლოს სიმაღლე ჟღერადობის უკეთ გავრცელებას უწყობს ხელს. სამრეკლო VIII-IX საუკუნეებში დამკვიდრდა, ზარების საზოგადო ხმარებასთან ერთად. იტალიაში ერთ-ერთი უძველესი სამრეკლოა მილანის წმიდა სატირის ეკლესიის სამრეკლო (IXს.), ყველაზე დამახასიათებელი - ცილინდრული ფორმის სამრეკლოები რავენასა (კლასეს წმიდა აპოლინარიუსისა და ახალი წმიდა აპოლინარიუსის ტაძრები) და პიზაში (წრიული გეგმის მქონე გადახრილი სამრეკლო სართულებად განლაგებული ლოჯიებით), აგრეთვე, ტაძრის შენობისგან გამოყოფილი წმიდა მარკოზის ტაძრის სამრეკლო ვენეციაში.

სამუელის წიგნები (Samuele, libri di) ძველი აღთქმის ორი ისტორიული წიგნი (აღმოსავლურ ტრადიციაში მათ მეფეთა 1-2 ეწოდება). თხზულება ორ ნაწილად მოგვიანებით იქნა დაყოფილი, თავდაპირველად ის ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. ლათინური ვერსიის სათაური სავარაუდოდ მომდინარეობს ძველი იუდაური ტრადიციიდან, რომლის თანახმადაც სამუელი იყო ავტორი ოთხ ნაწილად დაყოფილი ორი წიგნისა, რომლის თითოეული ნაწილი გამოჩენილ პიროვნებათა შესახებ მოგვითხრობს. პირველ ნაწილში (1 მეფ. 1-7) ელის სამღვდელო საქმიანობის კონტექსტში აღწერილია სამუელის წინსვლა დაბადებიდან წინასწარმეტყველურ მოწოდებამდე და ისრაელის მხსნელად მის გადაქცევამდე. მეორე ნაწილი (1 მეფ. 8-15) მოგვითხრობს მონარქიის დამყარებისა და საულის მეფობის დასაწყისის შესახებ, რომელსაც ხიფათი ელის. მესამე ნაწილში (1 მეფ. 16 - 2 მეფ. 4) აღწერილია დავითის წინსვლა, მისი არჩევიდან და საულის კარზე მოხვედრიდან მთელი ისრაელის მეფედ გამოცხადებამდე. მეოთხე ნაწილი კი (2 მეფ. 5-20) გვაცნობს დავითის პოლიტიკურ, სამხედრო და რელიგიურ საქმიანობას, წინასწარმეტყველ ნათანის მიერ მისთვის მიცემული პირობას, სამეფო კარის ინტრიგებს, რომლებშიც საულის შვილები მერიბ-ბაალი, სოლომონი და ასალონიც აღმოჩნდნენ ჩართული. დანართი (2 მეფ. 21-24) ეთმობა ორ ლირიკულ კომპოზიციას და სტიქიური უბედურების ორ აღწერილობას. ნაწარმოების ლიტერატურული ანალიზი ცხადყოფს, რომ სამუელის წიგნები რთული ხასიათის თხზულებაა. მიუხედავად გამოყენებული მასალების მრავალფეროვნებისა და წიგნის შექმნის ხანგრძლივი პროცესისა, სამუელის პირველი და მეორე წიგნები ორგანული სტრუქტურითა და ერთიანი ჩანაფიქრით ხასიათდება. ნაშრომში წარმოდგენილია ძირეული და დამახასიათებელი ასპექტებით გამორჩეული მონარქიის ისტიტუტის მიზანშეწონილობა. ნაწარმოების სამი მთავარი გმირის - სამუელის, საულისა და დავითის აღწერილობაში უპირატესობა ენიჭება მათი ცხოვრების წარმმართველი მოვლენის ხაზგასმას, დანარჩენი საქმიანობა კი ლაკონურად არის შეჯამებული.

სამღვდელოება (Clero) [ბერძ. kléros „ბედი“ და, ფართო მნიშვნელობით, „წილად რგებული ხვედრი“, შემდეგ ლათ. clerus] ქრისტიანობის ადრეულ ხანაში ამ ტერმინით - „კლეროს“ - მოიხსენიებდნენ მთელ ქრისტიან ხალხს, როგორც რჩეულ ერს, თუმცა უკვე III საუკუნიდან ამ სახელს კულტის მსახურებს უწოდებენ. წმიდა იერონიმეს განმარტებით, სამღვდელოთ ეს სახელი იმიტომ ეწოდება, რომ ისინი უფლის ნაწილია. წმიდა ავგუსტინე კი ტერმინის გამოყენებას იმ ფაქტით ასაბუთებს, რომ მოციქული მათია წილისყრით იქნა არჩეული. სამღვდელოება საეკლესიო საზოგადოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მის მეორე ნაწილს „საერონი“ წარმოადგენენ (შდრ. CIC, კან. 207, 1-2). კანონიკური სამართლის კოდექსის 266-ე კანონი იუწყება: „ადამიანი სამღვდელოების წევრად იქცევა სადიაკვნო ხელდასხმის შედეგად და განწესდება ცალკეულ ეკლესიაში ან პერსონალურ პრელატურაში, რომლის მსახურებისთვისაც არის დაშვებული“. ამიტომაც, სამღვდელოებას მიეკუთვნება სამღვდელო სტატუსის მატარებელი ყველა პირი. მხოლოდ ამ პირთა კომპეტენციაა საეკლესიო მმართველობისა და ხელდასხმის განხორციელება-აღსრულება. სამღვდელოთ უმაღლესი პონტიფექსისა და საკუთარი ზემდგომისადმი განსაკუთრებული პატივისცემისა და მორჩილების გამოხატვა ევალებათ; ვალდებულნი არიან, ყოველდღიურად აღავლინონ ჟამთა ლიტურგია, ხოლო ლათინურ ეკლესიაში დაიცვან ცელიბატი (ეს არ ეხება მხოლოდ დაქორწინებულ დიაკვნებს), „რომელიც წარმოადგენს ღმრთის განსაკუთრებულ ნიჭს, რისი მეშვეობითაც მღვდელმსახურებს უფრო ადვილად შეუძლიათ ეზიარონ ქრისტეს განუყოფელი გულით და იძენენ უნარს, უფრო თავისუფლად მიუძღვნან საკუთარი თავი ღმრთისა და ადამიანთა მსახურებას“ (CIC, კან. 277). სამღვდელოების წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის გავლა, მათ აქვთ უფლება, „თავიანთი მსახურების მიზეზებით“, არ გამოვიდნენ იმ ფაქტებისა და მოვლენების მოწმეებად, რომელთა შესახებაც ცნობები აქვთ, გარდა ამისა, არ შეუძლიათ გარკვეულ თანამდებობათა დაკავება ან გარკვეული საქმიანობის წარმართვა (მაგ. არ აქვთ უფლება, იყვნენ ადვოკატები, ნოტარიუსები, მერები).

სამღვდელონი, მოწესე ნ. მოწესე სამღვდელონი.

სამღვდელონი, საერო ნ. საერო სამღვდელონი.

სამღვდელო პირი (Chierico) [გვიანლათ. clericus, რომელიც მომდინარეობს სიტყვიდან clerus] პირი, რომელმაც მიიღო მღვდლობის საიდუმლო - ერთ-ერთი სამი ხარისხიდან, გახდა მღვდელმსახური და ცალკეულ ეკლესიაში, პირად პრელატურაში, სამოწესეო საძმოში ან სამოციქულო ცხოვრების სასულიერო საზოგადოებაში განწესდა (CIC, კან. 266). ნ. სამღვდელოება.

სამღვდელო საბჭო (Consiglio presbiterale) მღვდელმსახურთა ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს სამღვდელოებას და ეხმარება ეპისკოპოსს დიოცეზის მართვაში. წევრთა დაახლოებით ნახევარს თავად მღვდელმსახურები ირჩევენ, ზოგი წევრი, მათდამი მინდობილი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სარგებლობს საბჭოს წევრობის უფლებით, დანარჩენები კი შეიძლება ეპისკოპოსმა დაასახელოს. მღვდელმსახურთა საბჭოს ეპისკოპოსი იწვევს და თავმჯდომარეობს, მას მხოლოდ სათათბირო ხმა აქვს, ხოლო საქმიანობას წყვეტს ეპისკოპოსის ადგილის ვაკანტურად გამოცხადებასთან ერთად (CIC, კან. 495-502).

სამშვინველი (Anima) სამშვინველის ცნება [psyché, thymós, pneûma, anima, spiritus] ადამიანური აზროვნების ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე განუსაზღვრელი ცნებაა. ეს იმითაა განპირობებული, რომ სამშვინველის ცნებაში ადამიანის სრულიად განსხვავებული თვისებებია მოქცეული: გრძნობადი სურვილი, აღქმა, მგრძნობელობა, აზროვნება, შემეცნება. ამ მიზეზით სამშვინველის ცალკე მდგომ ერთეულად წარმოდგენის ყოველი მცდელობა წარუმატებელია. პირვანდელი მნიშვნელობით, სამშვინველი აღნიშნავს მაცოცხლებელ ნიავს, ქროლას, სხეულის ნაწილთა განმსჭვალავ სასიცოცხლო ენერგიას, სიცოცხლის, შეგრძნებისა და აზროვნების საწყისს. სულის ქროლვის მსგავსად მოქმედი ეს საწყისი შინაგანი და გარე სამყაროს მიმართულებით მოქმედებს როგორც შემოქმედებითი ძალა და სასიცოცხლო გზნება, რომელიც სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც. ამ მიზეზით სამშვინველის ცნება მჭიდროდაა დაკავშირებული უკვდავებასთან. ძველ აღთქმაში მოყვანილი სიტყვებით ruach, nefesh, pneûma, cardia, noûs სამშვინველის სხვადასხვა ასპექტი აღინიშნება. მაგალითად, nefesh აღნიშნავს სასიცოცხლო საწყისს, რომელსაც სისხლი შეიცავს (რიცხვ. 6:6) და სეპტუაგინტაში ითარგმნება როგორც psyché, ხოლო სიტყვა ruach (რომლის თარგმანიცაა pneûma) აღნიშნავს სულს, როგორც ღმრთის ნიჭს (რჯულ. 34:9; ფსალმ. 50:13). სამშვინველის ასეთი ორმაგი მნიშვნელობა გვხვდება ახალ აღთქმაშიც: როგორც „ფსიქე“, ის სიცოცხლის სამყოფელი ან თავად სიცოცხლეა, თუმცა შეიძლება, აგრეთვე, ადამიანის, როგორც პიროვნების (მეობის) შინაგან ცხოვრებასაც აღნიშნავდეს, სამშვინველის სხვადასხვა ძალებით (2 კორ. 3:3). როგორც სული (pneûma), სამშვინველი სულიერის საწყისი, ანუ ღმრთის სულით აღვსილი აქტიურობაა. პატრისტიკისა და შუა საუკუნეთა მოაზროვნეებმა ჭვრეტითად განიხილეს სამშვინველის პლატონისეულ (პატრისტიკა) და არისტოტელესეულ (სქოლასტიკა) კონცეფციებთან დაკავშირებული თეოლოგიური პრობლემები, თუმცა სამყაროს შექმნის შესახებ მოძღვრების ჩარჩოში მოაქციეს ისინი და, ამასთან, შეუქმნელ სულსა (ღმერთი) და შექმნილ სულს შორის განსხვავება დაურთეს. ფილოსოფიური აზროვნებისა და მეცნიერებათა განვითარებასთან ერთად, სამშვინველის ცნებამ ძირეული ცვლილებები განიცადა. ცნების ეს განვითარება თეოლოგიაშიც აისახა და, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება უკვდავების განსხვავებულ კონცეფციაში, რომელსაც ანტიპლატონიზმის ერთგვარი სახეობა შეიძლება ეწოდოს, რადგანაც ის ხაზს უსვამს ადამიანის მთლიანობას და უარყოფს სხეულისა და სამშვინველის დუალიზმს. ბიბლიის, უმთავრესად - ძველი აღთქმის სახელით, სხეულისა და სამშვინველის დაყოფა უარყოფილია როგორც პლატონისტური დუალიზმი, თუმცა ეკლესია არსებითად მიიჩნევს კვლავაც საგანგებო ყურადღება მიაპყროს სიკვდილის შემდეგ ცნობიერებისა და ნების მქონე ელემენტის არსებობასა და ყოფნას, - ასე რომ, „ადამიანის მეობა“ კვლავაც განაგრძობს არსებობას. ამ ელემენტის აღსაწერად ეკლესია სწორედ სიტყვა „სამშვინველს“ მიმართავს (შდრ. სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაცია, ესქატოლოგიის რამდენიმე საკითხი, 17 მაისი, 1979).

სამშვინველის განტევება (Raccomandazione dell'anima) ეკლესიის მიერ უფლისადმი უკანასკნელი წარდგინება, თხოვნა გარდაცვლილის სამშვინველის სასარგებლოდ და მასთან დამშვიდობება.

სამშრალებელი (Manutergio) [ლათ. manus „ხელი“ + tergere „გაშრობა“] მცირე ზომის ქსოვილი, რომლითაც მღვდელმსახური ხელს იმშრალებს წირვის დროს, შეწირვისას.

სამწმიდაობა (Trisaghion) [ბერძ. Trisaghion „სამგზის წმიდა“] სამმაგი შეპასუხება: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალე ჩვენ“, რომელიც აღმოსავლურ ევქარისტიულ ლიტურგიაში ჩვეულებრივ ღმრთის სიტყვის ლიტურგიის დასაწყისში წარმოითქმის. ესაიას წიგნიდან (6:3) აღებული ეს შეპასუხება დასაბამიდავე ქრისტოლოგიურია და ამიტომაცაა მოცემული ქალკედონის კრების აქტებში (451). შემდგომში ის განივრცო და სამებისეული თვალსაზრისით განიმარტა. მისი კვალი შეიმჩნევა დიდი ხუთშაბათის სადიდებელთა შორის.

სამწყსო (Pastorale) [ლათ. pastoralis (სიტყვიდან pastor „მწყემსი“)] ტერმინს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, როგორც არსებითი, ისე ზედსართავი სახელის ფუნქციით და აღნიშნავს: ა) ხელჯოხს (კვერთხს) მოღუნული ზედა ნაწილით, რომელიც საეპისკოპოსო იურისდიქციას განასახიერებს და რომელიც ეპისკოპოსს ლიტურგიული მსახურების დროს უპყრია (ნ. რეგალია); ბ) თეოლოგიურ დისციპლინას, რომელიც სხვადასხვა ვითარებაში (ახალგაზრათათვის სამწყსო საქმიანობა; სნეულთათვის სამწყსო საქმიანობა და სხვ.), ქრისტეს უწყების ქმედითობის გაზრდისაკენ მიმართულ ეკლესიის საქმიანობას შეისწავლის; ეწოდება აგრეთვე „პრაქტიკული თეოლოგია“; გ) ეპისკოპოსთა და მღვდელმსახურთა საქმიანობათა ერთობლიობას სულებზე ზრუნვის თვალსაზრისით; დ) სამღვდელოთა და მორწმუნეთა მიმართ დიოცეზის ეპისკოპოსის წერილს რელიგიურ, ეთიკურ თუ სოციალურ საკითხებზე ეწოდება სამწყსო წერილი, ე) განსაზღვრულ დროს ეპისკოპოსის მიერ თითოეული მისი სამრევლოს სავალდებულო მონახულებას ეწოდება სამწყსო ვიზიტი (CIC, კან. 396).

სამწყსო გეგმა (Piano pastorale) ეპისკოპოსისა და სადიოცეზო სამწყსო საბჭოს მიერ შემუშავებული ყოველწლიური ან მრავალწლიანი გეგმა (CIC, კან. 511), რომელიც შეიცავს სარწმუნოების გზაზე ადგილობრივი ეკლესიისათვის აუცილებელ სამწყსო მითითებებს. ასეთი გეგმა აუცილებელია, რადგანაც ეკლესიის ხსნის მისია კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში უნდა წარიმართოს. სამრევლო სამწყსო საქმიანობა სადიოცეზო სამწყსო გეგმის მიხედვით ხორციელდება.

სამწყსო მონახულებანი (Visite pastorali) ეპისკოპოსთა ან მათ წარმომადგენელთა მიერ ცალკეულ საკრებულოთა მონახულება. წესი არსებობს IV საუკუნიდან აღმოსავლურ ეკლესიებში და VI საუკუნიდან - რომის კათოლიკე ეკლესიაში. ამგვარი ვიზიტების მიზანს წარმოადგენდა სამწყსო საქმიანობისა და საეკლესიო ქონების კონტროლი და, უმთავრესად, შესაძლო დარღვევათა აღმოფხვრა. ტრიდენტის კრებამ დაავალდებულა ყველა ეპისკოპოსი, მოენახულებინათ საკრებულოები - სულ მცირე - ორ წელიწადში ერთხელ, მოძღვრების მართლმორწმუნეობისა და ზნეობრივი მდგომარეობის შესამოწმებლად. ამგვარად, ტრიდენტის კრების შემდგომი სამწყსო მონახულებანი საეკლესიო ცხოვრების რეფორმირების მნიშვნელოვან საშუალებად იქცა. ამჟამად ეპისკოპოსი ვალდებულია, ყოველწლიურად მოინახულოს დიოცეზი, ისე, რომ მისი მთლიანი მონახულება - სულ ცოტა - ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც შეძლოს (CIC, კან. 396-398).

სამწყსო საბჭო (Consiglio pastorale) ა) სადიოცეზო სამწყსო საბჭო შედგება მორწმუნეთაგან (სამღვდელონი, სამონაზვნო ინსტიტუციათა წევრები და საერონი), რომლებიც „გამოირჩევიან უეჭველი რწმენით, კეთილი ზნე-ჩვევებითა და კეთილგონიერებით“ (CIC, კან. 512, ნაწ. 3). მისი მიზანია დიოცეზის სამწყსო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამოქმედო დასკვნათა შესწავლა, შეფასება და შეთავაზება. საბჭოს აქვს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება, მას თავმჯდომარეობს და იწვევს, წელიწადში ერთხელ მაინც, ეპისკოპოსი; ბ) სამრევლო სამწყსო საბჭო; მას ხელმძღვანელობს წინამძღვარი, შედგება მორწმუნეთა და სამწყსო საქმიანობაზე მზრუნველ პირთაგან, მიზნად ისახავს სამწყსო საქმიანობის ხელშეწყობას. აქვს მხოლოდ სათათბირო ხმა (CIC, კან. 536).

სამწყსო წერილები ნ. პავლეს წერილები.

სამხედრო-სასულიერო საგანმგებლო (Ordinariato militare) ადრე ეწოდებოდა საველე-სასულიერო სავიკარიუსო. იურიდიულად დიოცეზთან გათანაბრებული მცირე საეკლესიო ოლქი, დაარსებული სამხედრო სამსახურში მყოფ ან შეიარაღებულ ძალებთან უშუალოდ დაკავშირებულ სამსახურში მყოფ მორწმუნეთა სასულიერო შეწევნის მიზნით. ამ ოლქს მართავს სამხედრო-სასულიერო განმგებელი, რომელიც ჩვეულებრივ, ამავე დროს, ეპისკოპოსიცაა, მას ეხმარებიან კურიის მოხელეები და საერო და სასულიერო სამღვდელოებას შორის არჩეული სათანადო რაოდენობის სამხედრო კაპელანები. სამხედრო-სასულიერო განმგებელს აქვს ჩვეულებრივი, საკუთარი, თუმცა სადიოცეზო და პიროვნულ განმგებლობასთან მიმსგავსებული იურისდიქცია.

სამხრე (Omerale, velo) [გვიანლათ. უმერალე (სიტყვიდან umerus „მხარი“)] ვრცელი მართკუთხა ქსოვილი, რომელსაც ახვევენ მხრებზე მღვდელმსახურს ევქარისტიული კურთხევის წარმოთქმის ან წმიდა ევქარისტიის გადატანის დროს.

სანათლავი ემბაზი (Fonte battesimale) [ლათ. fons baptismalis] ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როდესაც ნათლობას ჩაშვების - მოსანათლი ადამიანის წყალში დასველების - გზით აღასრულებდნენ, ემბაზი ბაპტისტერიუმის ცენტრში მოწყობილ სხვადასხვა ფორმის ავზს წარმოადგენდა. მარმარილოთი მოპირკეთებულ ამგვარ ავზში ორი-სამი საფეხურის მეშვეობით შეიძლებოდა ჩასვლა. XI საუკუნიდან გავრცელდა ნათლობა წყლის გადასხმის მეშვეობით და სანათლავი ემბაზი მრგვალი ან მრავალკუთხა ფორმის ქანდაკების ნიმუშად იქცა. XIV საუკუნიდან ბაპტისტერიუმი აღარ წარმოადგენს ცალკე მდგომ შენობას; ამ დროიდან უკვე მომცრო ზომის სანათლავი ემბაზს ათავსებენ ამ მიზნისათვის განკუთვნილ კაპელაში, როგორც წესი, ეკლესიაში შესასვლელის სიახლოვეს.

სანაწილე (Reliquiario) [ლათ. reliquiarium] სხვადასხვა ფორმისა და ზომის, ხშირად ძვირფასი მორთულობით შემკული ბუდე, რომელშიც მოწამის ან წმიდანის რელიკვიებია დაცული.

სანახევროდ არიანელობა (Semiarianesimo) [semi „ნახევრად“ + arianesimo „არიანელობა“] არიანელობის ზომიერი ფორმა, რომელიც უწმიდესი სამების პიროვნებებს შორის ურთიერთობათა გასასაზღვრად მიმართავდა ტერმინს homoiúsios („არსით მსგავსნი“), ნაცვლად ნიკეის კრების მიერ აღიარებული ტერმინისა homoúsios.

სანახევროდ პელაგიელობა (Semipelagianesimo) [სიტყვებიდან semi + pelagianesimo] თანხმობის ფორმულიდან (1577) აღებული გვიანი ცნება, რომელიც აღნიშნავს არა იმდენად V საუკუნეში წამოჭრილ პელაგიელობის საკითხს, რამდენადაც ავგუსტინესეული მადლისა და წინასწარგანზრახულობის შესახებ მოძღვრებასთან დაკავშირებულ დავას, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბიკენტი ლერინსელი (†დაახლ. 430) და პროსპერუს აკვიტანიელი (†დაახლ. 455).

სანტინო (Santino) [კნინობითი ფორმა სიტყვისა santo „წმიდა“] მცირე ზომის ხატი რომელიმე წმიდანის, წმიდა მარიამის, იესოს ან სხვა წმიდა გამოსახულებით, რომელსაც, როგორც წესი, ახლავს შუამდგომლობის ან მოკლე ლოცვა. ამგვარი ხატები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი რელიგიური მოვლენის (მაგ., პირველი ზიარება, მირონცხება, მღვდლად კურთხევა და სხვა) ან ძვირფასი გარდაცვლილი ადამიანის სახსოვარი.

საპასექო ცისკარი (Veglia pasquale) დიდი შაბათის ღამიდან პასექის კვირადღემდე მიმდინარე მსახურება, ქრისტეს აღდგომისა და, ამგვარად, ხსნის აღსრულების, აღსანიშნავად. ეს ლიტურგიული წლის კულმინაციური მომენტია.

საპატრიარქო ნ. პატრიარქი/საპატრიარქო.

საპკურებელი ნ. უსუპი.

სარტყელი (Fascia) [ლათ. fascia] ქსოვილის ზოლი, რომელსაც შემოირტყამენ სუტანაზე. ის შემოხვეულია გვერდებზე, მარცხენა მხარეს კი დაშვებული აქვს ორი ბოლო. პაპის სარტყელი თეთრი ფერისაა, კარდინალთა - მეწამული, ეპისკოპოსთა - მოიისფრო, ხოლო სხვა სასულიერო პირთა კი - შავი ფერისა.

სარწმუნოება (Fede) [ლათ. fides] ადამიანის მთლიანი პიროვნული მიმხრობა გაცხადებული ღმრთისადმი. გულისხმობს გონითა და ნებით მინდობას ღმრთის გამოცხადებისადმი, რაც მის საქმეთა და სიტყვათა მეშვეობით გამოვლინდა (CCC, 176). რწმენა ღმრთის ზებუნებრივი ნიჭია, პირველი სამ თეოლოგიურ სათნოებათაგანი (დანარჩენი ორია იმედი და სიყვარული). ის აყალიბებს ჰაბიტუსს, ანუ გააჩნია უნარი, მთლიანად გარდაქმნას ადამიანი. ძველ აღთქმაში რწმუნა წარმოდგენილია, როგორც ღმრთის სიტყვისადმი მინდობა (ნოე, აბრაამი, მოსე და ა.შ.), ანუ იმედით გამსჭვალული მიმხრობა წინასწარმეტყველთა ქადაგებისადმი. ახალი აღთქმის მიხედვით კი რწმენა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ იესო ქრისტე არის ღმრთის ძე, ვინც ყველა ადამიანის სახსნელად სიკვდილი მიიღო და მკვდრეთით აღდგა. პროტესტანტული რეფორმა გადაჭარბებით უსვამს ხაზს რწმენის მხსნელ ძალას. ამის საპირისპიროდ, ტრიდენტის კრებამ ცხადად აღნიშნა, რომ გამართლებას საქმეთა მეშვეობით ცხოველქმნილი რწმენა იძლევა: „რწმენა მკვდარია საქმეთა გარეშე“ (იაკ. 2:26). მორწმუნე მხოლოდ სარწმუნოების შენარჩუნებაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ მის აღსარებასა და გავრცელებაზეც.

სარწმუნოება და წესრიგი (Faith and Order) XIX საუკუნეში აღმოცენებული ეკუმენური მოძრაობა (ნ. ეკუმენიზმი), რომლის პირველი მსოფლიო კონფერენცია 1927 წელს ლოზანაში გაიმართა 108 ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. მოძრაობის სამოქმედო ამოცანად დასახულ იქნა განსხვავებულ ქრისტიანულ საკრებულოთა გაერთიანება საერთო სამოძღვრო და იურიდიულ საფუძველზე. „სიცოცხლისა და საქმიანობის“ (Life and Work) მსოფლიო ქრისტიანული მოძრაობის საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგად აღმოცენდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (World Counsil of Churches). ამჟამად „სარწმუნოება და წესრიგი“ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სამუშაო კომისიათა შორის ერთ-ერთი დამოუკიდებელი კომისიაა და დღესაც აწყობს საკუთარ მსოფლიო კონფერენციებს.

სარწმუნოების აღსარება (Professione di fede) [ლათ. professio (სიტყვიდან profiteri „გამოცხადება“)] სარწმუნოების აღსარება, რომელსაც, აგრეთვე, მრწამსი ან სარწმუნოების სიმბოლო ეწოდება, ქრისტიანული სარწმუნოების მოკლე შეჯამებაა. სარწმუნოების პირველი აღსარება ნათლობის დროს წარმოითქმის, რომელიც „მამის, ძისა და სული წმიდის სახელით“ აღსრულდება. ეკლესიის ცხოვრებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვან სარწმუნოების აღსარებათა შორისაა მოციქულთა სიმბოლო და ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო (შდრ. CCC, 185-197).

სარწმუნოების გავრცელების კონგრეგაცია (Propaganda Fide) სარწმუნოების გავრცელების კონგრეგაცია (Congregatio De Propaganda Fide) პაპმა კლემენტე VIII-მ 1599 წელს დააარსა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მან არსებობა შეწყვიტა. გრიგოლ XV-მ კონგრეგაცია აღადგინა და მას შემდეგ ის არსებობას განაგრძობს. კონგრეგაციის მიზანს წარმოადგენდა სარწმუნოების პროპაგანდა მთელ სამყაროში. დღესდღეობით კონგრეგაციის დაქვემდებარებაშია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ამერიკის ორივე კონტინენტის ცალკეული რეგიონები, თითქმის მთელი აფრიკა, შორეული აღმოსავლეთი, ახალი ზელანდია და ოკეანია ავსტრალიის გამოკლებით და ფილიპინების თითქმის ყველა კუნძული. კონგრეგაციის კომპეტენცია მოიცავს მისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მისიონერული ოლქების დაარსებას და მათ დაყოფას, მისიათა მართვის ხელმძღვანელობას, ამავე დროს, მეთვალყურეობას მორწმუნეთა ქრისტიანულ ცხოვრებაზე, სასულიერო პირთა საქციელზე, კათოლიკური ქმედების საქმიანობაზე, ზედამხედველობას კათოლიკურ სკოლებსა და სემინარიებზე. მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამახალისებელი საქმიანობისა და მისიონერული თანამშრომლობის წარმართვის მიზნით კონგრეგაცია საგანგებოდ თანამშრომლობს პაპის მისიონერულ ინსტიტუტებთან. 1967 წლის 15 აგვისტოს დადგენილებით Regimini Ecclesiae universae კონგრეგაციას ხალხთა გაქრისტიანებისა და სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაციის სახელი მიენიჭა, 1988 წლის 28 ივნისის დადგენილებაში Pastor bonus ის, უბრალოდ, ხალხთა გაქრისტიანების კონგრეგაციად მოიხსენიება.

სარწმუნოების განსაზღვრება ანუ დოგმატიკური განსაზღვრება (Definizione di fede o dogmatica) ეკლესიის საზეიმო და მკაფიო განცხადება, რომელიც წარმოადგენს რამე ჭეშმარიტებას, როგორც ღმრთაებრივი გამოცხადების შემადგენელ ნაწილს, საიდანაც გამომდინარეობს ვალდებულება მორწმუნეთათვის, მიიღონ ეს ჭეშმარიტება რწმენის თაყვანისცემით. ამგვარი განცხადების გაკეთება შეუძლია მსოფლიო კრებას ან პაპს, სარწმუნოების ან ზნეობის საკითხებზე ex cathedra გამოსვლის დროს.

სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაცია (Congregazione per la Dottrina della Fede) რომის კურიის ორგანო, ცნობილი როგორც ყოფილი წმიდა დაწესებულება (Sant'Uffizio). აქვს არსებობის ხანგრძლივი ისტორია. ის 1542 წლის 12 ივლისის დადგენილებით Licet ab initio პავლე III-მ დააფუძნა სახელწოდებით „საყოველთაო ინკვიზიციის წმიდა კონგრეგაცია“, ეკლესიის ერესისაგან დაცვის მიზნით. პაპმა სიქსტე V-მ დადგენილებით Immensa aeterni Dei (1588 წლის 22 იანვარი) მთლიანად უცვალა სახე რომის კურიას და კონგრეგაციის სტრუქტურა და ფუნქციები განსაზღვრა. წმიდა პიუს X-ის მიერ დადგენილებით Sapienti consilio (1908 წლის 29 ივნისი) ჩატარებული რეორგანიზაციის შემდეგ შეიცვალა კონგრეგაციის სახელი და მას წმიდა დაწესებულების წმიდა კონგრეგაცია ეწოდა (სახელწოდება „წმიდა დაწესებულება“ გასულ საუკუნეებშიც გამოიყენებოდა). დასასრულ, პავლე VI-მ, დეკრეტით Integrae servandae (1965 წლის 7 დეკემბერი) დაამკვიდრა კონგრეგაციის ამჟამინდელი სახელწოდება და განაახლა მისი სამოქმედო მეთოდები, როგორც ეს თვით დეკრეტშია ნათქვამი: „რწმენის დაცვა ახლა უკეთ შეიძლება მოძღვრების პროპაგანდის მეშვეობით“. ხსენებული დეკრეტის 3-8 პუნქტებში განსაზღვრულია კონგრეგაციის კომპეტენცია: რწმენისა და ზნეობის მოძღვრებასთან ან რწმენასთან დაკავშირებული ყველა საკითხი; ახალ მოძღვრებათა განხილვა და მათთან დაკავშირებულ კვლევათა და კონგრესთა მხარდაჭერა; იმ მოძღვრებათა დაგმობა, რომლებიც რწმენის პრინციპებს ეწინააღმდეგება; წიგნების შესწავლა და შესაძლო დაგმობა; Privilegium fidei; რწმენის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა განსჯა. საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხებში კონგრეგაცია ტრიბუნალის როლსაც ასრულებს (პუნქტი 11). სამუშაოებსა და კვლევებში კონგრეგაციას ეხმარება მრჩეველთა ჯგუფი, რომლის წევრებიც მთელი კათოლიკური სამყაროს წარმომადგენელთა შორის ირჩევა. მრჩეველთა შეკრებები რეგულარულად, კვირაში ერთხელ იმართება (ჩვეულებრივ, ორშაბათ დღეს). მათ წინაშე წარდგენილი დოკუმენტებისა და კვლევების შესწავლის შემდეგ მრჩევლები საკუთარ შეფასებას გამოხატავენ, რომელსაც მხოლოდ სათათბირო ხმის მნიშვნელობა აქვს. მომზადებული საკითხები თან დართული ჩატარებული კვლევების შედეგებისა და მრჩეველთა შეფასების თანხლებით შემდეგ კარდინალთა რიგით კონგრეგაციაზე განიხილება, რომლის სხდომებიც ყოველკვირეულად, ჩვეულებისამებრ, ოთხშაბათობით იმართება. კარდინალები გადამწყვეტ დადგენილებას იღებენ. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უმაღლესმა პონტიფექსმა უნდა დაამტკიცოს.

სარწმუნოების საუნჯე (Deposito della fede) [ლათ. depositum, ბერძ. parathéke „ის, რაც გადმოიცა“] გამოთქმა აღნიშნავს ქრისტიანული სარწმუნოების მთლიან შინაარსს, რომელიც მოცემულია საღმრთო წერილში და რომელიც ქრისტემ მოციქულებს მინდო (ნ. გადმოცემა), მათი მეშვეობით კი ის მიიღო ეკლესიამ შესანახად და გადასაცემად. გამოთქმა უმთავრესად გვხვდება წმიდა პავლესთან (1 ტიმ. 6:20; 2 ტიმ. 1:12-14) და ტერტულიანესთან.

სარწმუნოების სიმბოლო (Simbolo di fede) სარწმუნოების ძირითად ჭეშმარიტებათა ნაკრები, რომელიც, ამგვარად, კატეხიზმოს პირველი და საფუძველმდები წყაროა. სამოციქულო ეკლესიამ დასაბამიდანვე გამოხატა და გაავრცელა თავისი სარწმუნოება მოკლე ფორმულებისა და ყველასათვის საყურადღებო ნორმების მეშვეობით, გააერთიანა თავისი სარწმუნოების არსებითი ნაწილი ორგანული, მწყობრად ნაგები კომპენდიუმების სახით. ამგვარ სინთეზებს ეწოდება სარწმუნოების აღსარება (რადგან ქრისტიანთა მიერ აღსარებულ სარწმუნოებას გადმოგვცემენ), მრწამსი და „სარწმუნოების სიმბოლო“, რამდენადაც ისინი მორწმუნეთა შორის ერთიანობისა და ურთიერთკავშირის ნიშანს წარმოადგენს. სარწმუნოების სიმბოლოთა შორის აღსანიშნავია მოციქულთა სიმბოლო და ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო. მოციქულთა სიმბოლოს სახელწოდება იქიდან მომდინარეობს, რომ ის მოციქულთა სარწმუნოების ზედმიწევნით ზუსტ გადმოცემად არის მიჩნეული. რომის ეკლესიაში გამოიყენებოდა მოსანათლავ პირთა კატეხიზაციის დროს და ნათლობის ლიტურგიაში. ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო კი პირველი ორი მსოფლიო კრების (325 და 381) ნაყოფია. ის დღემდე მოქმედებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა დიდ ეკლესიაში (შდრ. CCC, 185-197).

სარწმუნოების ხელშემწყობი (Promotore della fede) [ლათ. promotus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა promovere, „ხელის შეწყობა“] საზოგადოდ, „ეშმაკის ადვოკატის“ სახელით ცნობილი, რწმენის ხელშემწყობი წმიდათა საქმეების კონგრეგაციის კონსულტანტია, რომელიც ბეატიფიკაციისა და კანონიზაციის საკითხებზე გამართული პროცესების დროს ამოწმებს განსახილველი პიროვნების საგმირო სათნოებათა უტყუარობას და მის მიერ მოხდენილ სასწაულთა ნამდვილობას.

სასაკმევლე (Navicella) [Navicella - კნინობითი ფორმა სიტყვისა nave] პატარა ნავის ფორმის ჭურჭელი, რომელშიც ლიტურგიული მსახურების დროს დასაწვავი საკმეველია მოთავსებული. გამოიყენება საცეცხლურთან ერთად.

სასაფლაო (Cimitero) [ბერძ. koimetérion „საძინებელი“, მომდინარეობს სიტყვიდან koiman „დაწვენა“, შემდეგ ლათინურში დამკვიდრდა ფორმა coemeterium] ადგილი, სადაც კრძალავენ გარდაცვლილებს, რომლებსაც, ქრისტიანული სარწმუნეობის თანახმად, მკვდრეთით აღდგომის მოლოდინით „სძინავთ“.

სასულიერო განმგებელი (Ordinario) [ლათ. ordinarius] აღნიშნავს ხელმძღვანელს უწყებისა, რომელიც გულისხმობს სადიოცეზო ეპისკოპოსის ძალაუფლებასთან ერთგვარად თანასწორ ძალაუფლებას. ისინი (CIC, კან. 134, ნაწ. 1 და 2) შემდეგ კატეგორიებად იყოფა: ა) ადგილობრივი განმგებელი - თუკი მათი იურისდიქცია ტერიტორიულია, ანუ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოსახლე მორწმუნეებთან დამოკიდებულებაში ხორციელდება; ესენია: რომის პონტიფექსი, სადიოცეზო ეპისკოპოსები, მათთან უფლებებით გათანაბრებული პირები (CIC, კან. 381, პარ. 2) და ის პირები, რომლებიც, აგრეთვე, დროებით მართავენ ცალკეულ ეკლესიას (CIC, კან. 413 და ა.შ.); გენერალური და საეპისკოპოსო ვიკარიუსები (CIC, კან. 476); ბ) უბრალოდ განმგებელნი, თუ მათი იურისდიქცია არის პიროვნული, ანუ ხორციელდება ქვეშევრდომებთან დამოკიდებულებაში მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად; ამ კატეგორიას განეკუთვნებიან სასულიერო რელიგიური ინსტიტუციების მთავარი წინამძღვარნი, რომელთაც ეს განმგებლობა პაპის უფლებამოსილებით აქვთ მინიჭებული (შდრ. CIC, კან. 596, ნაწ. 1) და საეკლესიო, სამოციქულო ცხოვრების საზოგადოებათა მთავარი წინამძღოლნი, რომელთაც ეს განმგებლობა პაპის უფლებამოსილებით აქვთ მინიჭებული (შდრ. CIC, კან. 732), პიროვნული პრელატურის პრელატები (შდრ. CIC, კან. 295, ნაწ. 1) და სამხედრო-სასულიერო, ანუ საველე-სასულიერო განმგებელნი.

სასულიერო წოდებიდან განყენება ნ. ლაიციზაცია.

სასწაული (Miracolo) [ლათ. miraculum „გასაოცარი საგანი“, მომდინარეობს ზმნიდან mirari „გაოცება“, „განცვიფრებით ცქერა“] მოვლენა ან გრძნობადი ფაქტი, რომლითაც მჟღავნდება ღმრთის ძალაუფლება და რომელიც როგორც ადამიანური გამოცდილების, ისე ბუნების კანონთა მიღმურია. ძველ აღთქმაში იაჰვესა და მისი ხალხის აღთქმას ღმრთის განმათავისუფლებელი ძლევამოსილების დამადასტურებელი მრავალი სასწაული ახლავს თან. ახალ აღთქმაში სასწაული ის ნიშანია, რომელიც მორწმუნეს იესოს სიღრმისეულ წვდომაში ეხმარება: „წადით მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან...“ (მათ. 11:5).

სასჯელი (Pena) [ლათ. poena] ლეგიტიმური ხელისუფლის მიერ სულიერი თუ მიწიერი სიკეთის მიღების აღკვეთა დამნაშავის გამოსწორებისა და ჩადენილი დანაშაულის გამო დასჯის მიზნით. გამაჯანსაღებელი სასჯელი (ცენზურა - CIC, კანნ. 1331-1335), უმთავრესად, მიმართულია დამნაშავის გამოსწორებისაკენ (ნ. განკვეთა, ნ. ინტერდიქტი და ნ. შეწყვეტა); გამოსასყიდი სასჯელი (CIC, კან. 1336- 1338) უმთავრესად დანაშაულის დასჯას ისახავს მიზნად (კანონით განსაზღვრული დროებითი თუ სამარადისო სხვა აღკვეთა).

სატანა (Satana) [ებრ. satan, შემდეგ ბერძ. satán და ლათ. satan „მტერი“, „ბრალმდებელი“] მაცდუნებელი, გაიგივებულია ოდითგანვე ადამიანის მტერ ეშმაკთან (დაბ. 3:1-6; სიბრძნ. 2:24), ეწოდება, აგრეთვე, ბოროტი (შდრ. მათ. 5:37), მტერი (მათ. 13:39), ცრუ (იოან. 8:44), მაცდუნებელი (გამოცხ. 12:9), მუდამ მებრძოლი ქრისტესთან (ლუკ. 10:18; იოან. 12:31) და ქრისტეს მორწმუნეებთან (2 კორ. 11:14, შმდ.; გალ. 4:7; 1 პეტრ. 5:8, შმდ.; გამოცხ. 12:17; შდრ. CCC, 2851).

სატანიზმი (Satanismo) [სიტყვიდან „სატანა“] სატანის ან სხვა, რელიგიის მოძულე ეშმაკეისულ ძალთა კულტი. ხშირად პოვებს გამოხატულებას ეგრეთ წოდებული „შავი წირვის“ ან სხვა ღმრთისმგმობი რიტუალების მეშვეობით. სატანიზმი, ამასთანავე, იყო რომანტიზმისა და დეკადენტურ მიმდინარეობათა ცალკეულ წარმომადგენელთა მხატვრული ხერხი, დაფუძნებული ამბოხზე ზნეობისა და რელიგიის წინააღმდეგ, რომლებსაც შემოქმედებითი ძალისა და ბოროტების მაცდური ხიბლის გამოვლინების „მუხრუჭად“ მიიჩნევდნენ.

სატრაპეზო (Cenacolo) [ლათ. cenaculum „სასადილო ოთახი“] ადგილი, სადაც იესომ მოციქულებთან ერთად აღნიშნა პასექი (ნ. საიდუმლო სერობა) და სადაც დაამკვიდრა ევქარისტია. აქვე სული წმიდის გარდამოსვლის დღეს მარიამსა და მოციქულებზე სული წმიდა გადმოვიდა. ტრადიციის თანახმად, ეს ადგილი იერუსალემში, სიონის მთაზე მდებარეობს. კონსტანტინეს დროს ამ ადგილას აიგო იერუსალემის პირველი ეკლესია, რომელიც V საუკუნეში ბაზილიკად გადაკეთდა, შემდეგ კი განადგურდა. დღეს სატრაპეზო შედის გუთური სტილის რეკონსტრუირებულ ნაგებობაში, რომელიც 1335 წელს რობერტ ანჟუელმა ააგო და რომელსაც 1552 წლამდე ფრანცისკელები განაგებდნენ. 1552 წელს ის დაიკავეს მუსლიმებმა, რომელთაც მცდარად მიაჩნდათ, რომ ქვემოთ მდებარე ოთახში დავითის საფლავს მიაკვლიეს. მუსლიმთა მიერ აგებული მეჩეთი 1967 წელს ებრაული სინაგოგით შეიცვალა.

საფეხურებრივი (Graduale) [ლათ. gradus „საფეხური“] ასე ეწოდებოდა წირვის დროს პირველი კითხვის შემდეგ შესასრულებელ რესპონსორიუმის ფსალმუნს, რომელსაც მგალობელი ამბიონის საფეხურებიდან წარმოთქვამდა.

საფსალმუნე (Salterio) [ქრისტიანული ლათ. psalterium, ნაწარმოებია ბერძნულიდან psalterion] აღნიშნავს ფსალმუნთა ბიბლიურ წიგნს; აგრეთვე, კრებითი სახელია გარკვეული ტიპის სიმებიანი ინსტრუმენტებისა, რომელთაც ებრაელები ფსალმუნთა გალობისას იყენებდნენ აკომპანიმენტის შესასრულებლად.

საფუძველმდები არჩევანი (Opzione fondamentale) [ლათ. optio „არჩევანი“ და fundamentalis „არსებითი“] ზნეობრივი ქმედების ანალიზისა და გაგებისათვის უკვე კლასიკურად ქცეული ეს ცნება აღნიშნავს ცნობიერებაში გაკეთებულ პიროვნების ფუნდამენტურ, საფუძველმდებ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელ მის ცხოვრებას წარმართავს (სიკეთისა თუ ბოროტებისაკენ).

საფუძვლის საკრებულო (Comunità di base) ტერმინი აღნიშნავს რთულსა და ფართო ფენომენს, რომელიც ხშირად ერთმანეთისაგან განსხვავებულ ქრისტიანულ რეალობებს მოიცავს. ასეთი საკრებულოები აღმოცენდა ლათინურ ამერიკაში, სადაც მრავალი ადამიანი გაერთიანდა ბიბლიის ერთობლივად საკითხავად, მედიტაციისა და ღმრთის სიტყვის შუქზე საკუთარი ცხოვრების უკეთ წარმართვის მიზნით. ასეთი საკრებულოები სხვადასხვა მოტივაციით შემდეგ ევროპაშიც გავრცელდა. საფუძვლის საკრებულოთა თავდაპირველი განზრახვა იყო სახარების განუყოფელი სიწმიდისადმი ერთგულება, ზოგჯერ ქრისტიანული ცხოვრების სხვა ინსტიტუციურ ფორმებთან, - მაგალითად, სამრევლოებთან, - დაპირისპირებითა და თითქმის პაექრობით სახარების ჭეშმარიტ ღირებულებათა აღდგენისკენ სწრაფვაში. შემდგომში, შეწინააღმდეგებისაკენ მიდრეკილების მეტისმეტად განვითარების მიზეზით საფუძვლის საკრებულოები დამოუკიდებლებად გადაიქცნენ და ზოგ შემთხვევაში დაკარგეს თავიანთი მოწოდებისა და ეკლესიაში თანაყოფნის საწყისი არსი. საფუძვლის საკრებულოებს ახასიათებს თითქმის კულტად ქცეული სიყვარული ღმრთის სიტყვისადმი, რომელსაც ითვისებენ, რომლის მეშვეობითაც ამოწმებენ საკუთარ ცხოვრებას, პიროვნულსა თუ საზოგადო ქცევას, რომლის მეშვეობითაც აცოცხლებენ თავიანთი რწმენის მასაზრდოებელ საიდუმლოთ. საკრებულოთა ერთობლივი ცხოვრების სულისკვეთება, ზოგადად და ყველაზე ხშირად ნიმუშის საფუძველზე, გამოიხატება ერთობლივად მიღებულ გადაწყვეტილებებში, ერთობლივ საიდუმლოებრივ აქტებსა და კატეხიზმოში, ძალიან წრფელ თანამონაწილეობის განცდაში. საკრებულოს წევრთა მოწოდებაა, ქრისტიანული ავთენტიკურობის მიყოლა, რასაც ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე იზიარებს. როგორც წესი, საფუძვლის საკრებულოებს ხელმძღვანელობს „ქარიზმატიკოსი“, ანუ პიროვნული თვისებებისა და სულიერი განწყობის საფუძველზე სანდო და საიმედო პირად მიჩნეული ადამიანი. საკრებულოები მრავალფეროვან საქმიანობას ეწევიან, არ მისდევენ რამე საერთო მოდელს. ადგილობრივად მათი აღმოცენების მიზნიდან და ხელმძღვანელთა სულისკვეთებიდან გამომდინარე, საკრებულოები სუფთა „საეკლესიო“ მიზნებს ისახავს და ახორციელებს: ესაა ეკლესიად ჩამოყალიბება, ეკლესიად ყოფნა, ამ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობით. ცხადია, ქრისტეს პიროვნება, საქმიანობა და გზავნილი უმთავრეს ადგილს იჭერს მათ სამოქმედო გეგმაში. დიდი მნიშვნელობა ენიჭება, აგრეთვე, სახარების გააზრებით, განმარტებით კითხვას.

საქველმოქმედო ფონდი (Fondazione pia) ქონება, რომელიც კანონით განკუთვნილია „სამადლო“ მიზნებისთვის, ანუ „საქველმოქმედო, სამოციქულო და, როგორც სულიერი, ისე საერო გულმოწყალების საქმეთათვის“ (CIC, კან. 114). ამგვარი ქონების დადგენილებით აქტს წარმოადგენს მისი დამაარსებლის სურვილი, რომლის შესრულება და დაცვაც აუცილებელია.

საქმეები (Atti) ცნობილია: ) მოციქულთა საქმეები: ბერძნულ ენაზე დაწერილი ახალი აღთქმის წიგნი; შედგება 28 თავისაგან; მასში გადმოცემულია პირველქრისტიანობის ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენები ერთდროულად ისტორიულსა და თეოლოგიურ ჭრილში. ამგვარად, ხაზგასმულია წარმართთათვის სახარებისეული უწყების გაცნობის დასაწყისი, რაც, ამავე დროს, უკავშირდება ისრაელი ხალხის მიერ უკვე განცდილ ხსნის ისტორიას. ამ წიგნის ავტორი, სავარაუდოდ, ლუკაა, რადგანაც საქმეები მის სახარებასთან აშკარა ერთიანობას ინარჩუნებს. წიგნის პირველ ნაწილში მოთხრობილია იესოს ცად ამაღლება, იერუსალემის ქრისტიანული საკრებულოს ცხოვრება, სული წმიდის გარდამოსვლა, პეტრეს ქადაგება, სტეფანესა და ფილიპეს ამბები, სავლეს მოქცევა, რომაელი ცენტურიონის კორნელიუსის მოქცევა და ქრისტიანობის დამკვიდრება ანტიოქიაში, სადაც იესოს მიმდევართ პირველად ეწოდათ „ქრისტიანები“. წიგნის მეორე ნაწილი ეთმობა პავლეს სამ სამოციქულო მოგზაურობას, იერუსალემის კრების, პავლეს დაპატიმრების, კესარიაში მისი ტყვეობისა და, დასასრულ, რომში მისი ჩასვლის ამბებს. ბ) მოწამეთა საქმეები: ეს ნაწერები ეძღვნება ერთი ან რამდენიმე ქრისტიანის მოწამეობის აღწერას მათი დევნის პერიოდში. ამგვარ თხზულებათაგან უძველესნი II საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება და საქმეებად და წამებებად იყოფა. საქმეები წარმართთა სასამართლოს მიერ განსასჯელი ქრისტიანის დაკითხვათა აღწერაა თან დართული მცირე ცნობით მისი სიკვდილის შესახებ (იუსტინეს საქმეები, კვიპრიანეს საქმეები და სხვა). წამებები მოწამეთა ტანჯვისა და მათი სიცოცხლის უკანასკნელი მოვლენების აღწერილობაა (პოლიკარპეს წამება და სხვა). მოწამეთა საქმეების პირველი შემკრები, რომლებიც შემდგომში დაიკარგა, იყო ევსები კესარიელი.

საღმრთო (Sacro) [ლათ. sacer] აღნიშნავს საერო გამოყენებას ჩამოშორებულ და ღმრთაებრიობასთან დაკავშირებულ ყოველ რეალობას (პიროვნებები, საგნები, ადგილები და სხვ.).

საღმრთო კონგრეგაციები (Sacre Congregazioni) ნ. კონგრეგაციები; რომის კურია.

საღმრთო მეცნიერებანი (Scienze sacre) მეცნიერებანი, რომელთა საგანია ღმერთი და ყოველივე, დაკავშირებული ადამიანის ღმერთთან ურთიერთობასთან. ამგვარი მეცნიერებანია: ბიბლიის ეგზეგეტიკა, ფუნდამენტური თეოლოგია, დოგმატიკა, კანონიკური სამართალი, მორალური (ზნეობრივი) თეოლოგია და სხვ.

საღმრთო მუსიკა (Musica sacra) გალობასთან ერთად, ლიტურგიის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში სამუსიკო ინსტრუმენტების თანხლებით შესრულებული ფსალმუნები მჭიდროდაა დაკავშირებული ლიტურგიულ მსახურებასთან. საუკუნეთა მანძილზე საღმრთო მუსიკა სხვადასხვა ფორმით განვითარდა: არსებობს გრიგორიანული გალობა, პოლიფონიური გალობა, თანამედროვე საღმრთო მუსიკა, ხალხური რელიგიური საგალობელი. საღმრთო მუსიკა სხვადასხვა საკრავთა თანხლებით სრულდება, მათ შორის წამყვანი როლი ორგანს ენიჭება. ლიტურგიულ მსახურებაში საღმრთო მუსიკამ ხელი უნდა შეუწყოს ლოცვის გამომსახველობით მშვენიერებას, შეკრებილთა ერთსულოვან მონაწილეობას და უნდა გამოკვეთოს მსახურების საზეიმო ხასიათი (შდრ. CCC, 1156-1158).

საღმრთო მყუდროება (Tregua di Dio) იურიდიულ-რელიგიური ინსტიტუცია, რომელიც უდევს საფუძვლად ევროპულ სამშვიდობო მოძრაობას. სამხრეთ საფრანგეთსა და ბურგუნდიაში დიდებულთა მხრიდან ეკლესიასა და გლეხებზე ბატონობის გამანადგურებელი შედეგების აღმოსაფხვრელად, რასაც საერო ხელისუფლება შესატყვისი ზომებით ვერ უპასუხებდა, X-XI საუკუნეთა მანძილზე გამართულ რამდენიმე კრებაზე დადგინდა იარაღის ხმარების აკრძალვა კვირის განსაზღვრულ დღეებსა (აკრძალვა მოქმედებდა ხუთშაბათიდან კვირამდე, უფლის ვნებისა და მკვდრეთით აღდგომის დღეებში) და წელიწადის გარკვეულ პერიოდებში (ადვენტი, დიდმარხვა, აღდგომა, სული წმიდის გარდამოსვლა). წესის დამრღვევს განკვეთა ემუქრებოდა. თუ საღმრთო მშვიდობა გარკვეული კატეგორიების ადამიანთა წინააღმდეგ ძალადობის გამოუყენებლობის ვალდებულება იყო, საღმრთო მყუდროება (treuga - კელტურიდან treue „ერთგულება“) ემყარებოდა ნებაყოფლობით დადებულ ფიცს ხმლის მატარებელთა მხრიდან. ეს წესი ბურგუნდიასა და აკვიტანიაში დამკვიდრდა.

საღმრთო ოჯახი ნ. წმიდა ოჯახი.

საღმრთო ტრიბუნალი (Sacra Rota) რომის კურიის ტრიბუნალი, რომელსაც თავდაპირველად ეწოდებოდა Audentia sacri palatii (XII საუკ.). სახელწოდება ღოტა, რომელიც პირველად 1337 წელს დაფიქსირდა, ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, იმ ფაქტს უკავშირდება, რომ განსახილველ საქმეთა გრაგნილები მბრუნავ საყრდენზე თავსდებოდა. სხვათა აზრით, შესაძლებელია, ამას ის განაპირობებდა, რომ მსმენელები წრედ იყვნენ განლაგებულნი. არსებობს მოსაზრებაც, რომ მიზეზი საქმეთა რიგ-რიგობით განხილვა გახდა. დღეს საღმრთო ტრიბუნალი - Sacra Rota კოლეგიალური ტრიბუნალია, რომელიც სამ-სამი მსმენელის, ანუ videntibus omnibus-ის მორიგეობით განსჯის. მსმენელთაგან უხუცესი თავმჯდომარე და, სავარაუდოდ, საქმის ინსტრუქტორიცაა. ჩვეულებრივ, ესაა სააპელაციო სასამართლო და განიხილავს მეორე ინსტანციით რიგითი სასამართლოების მიერ განსაზღვრულ და წმიდა საყდრისადმი აპელაციისათვის გადაცემულ საქმეებს; ის მესამე ინსტანციით განიხილავს თავის მიერ, სხვა საეკლესიო სასამართლოს და ვატიკანის საეკლესიო სასამართლოს მიერ განხილულ სააპელაციო საქმეებს. თუმცა, კანონიკური სამართლის კოდექსის თანახმად (კან. 1405, ნაწ. 3), საღმრთო ტრიბუნალი პირველ ინსტანციაშიც ასამართლებს ეპისკოპოსებს (გარდა 1419-ე კანონის 2-ე ნაწილში მითითებული შემთხვევებისა), აბატებსა და პაპისეული კანონით სამოწესეო ინსტიტუტების წინამძღვრებს. ამას გარდა, ის პირველ ინსტანციაში განიხილავს რომის პონტიფექსის მიერ გამოთხოვილ და შემდეგ მისადმი მინდობილ საქმეებს (CIC, კან. 1444, პარ. 2).

საღმრთო ძალაუფლება (Potestà sacra) ეკლესიაში, თავის წყაროსთან მიმართებაში, ეს ძალაუფლება ერთია, რადგანაც ესაა ეკლესიაში მინიჭებული ქრისტეს ძალაუფლება, თუმცა ეს ძალაუფლება განსხვავდება მიზნებთან მიმართებაში და გადაიცემა სხვადასხვა გზებით რომის პონტიფექსისა და ეპისკოპოსთა მეშვეობით. ის შეიძლება იყოს, აგრეთვე, მათ მიერ მინიჭებული სხვათათვის სხვადასხვა სულიერ მიზანთა მისაღწევად საიდუმლოებრივი თუ არასაიდუმლოებრივი მსახურების აღსრულების მეშვეობით. იმ მსახურებათათვის, რომელთა აღსასრულებლადაც ხელდასხმაა აუცილებელი, როგორც ცალკეულ საიდუმლოთათვის (მირონცხება, ევქარისტია, მონანიება, ზეთის ცხება, ხელდასხმა: წესის საღმრთო ძალაუფლება), ისე ცალკეულ საკრამენტალიათათვის (წესის არასაღმრთო ძალაუფლება) წმიდაყოფის, სწავლებისა და მართვის ძალაუფლება მხოლოდ იმ პირებს გადაეცემათ, რომელთაც სხვადასხვა სახის ხელდასხმა აქვთ მიღებული. ხოლო წმიდაყოფის და მართვის ძალაუფლება, დაკავშირებული მსახურებასთან, რომლის აღსასრულებლადაც ხელდასხმა არ არის აუცილებელი, სხვადასხვა სახით გადაეცემა ან ენიჭება იმ პირებსაც, რომელთაც ხელდასხმა არ აქვთ მიღებული. ამგვარად, განმტკიცდება ეკლესიაში საღმრთო ძალაუფლების ერთიანობა და, ამავე დროს, მისი ორგანული განაწილება.

საღმრთო წარმოდგენა (Rappresentazione sacra) [ლათ. repraesentatio, ნაწარმოებია ზმნიდან repraesentatio „წარმოდგენა“] XII საუკუნიდან გავრცელებული რელიგიურ თემაზე აგებული დრამატული დადგმა, ხშირად სრულდებოდა მუსიკალური თანხლებით.

საღმრთო წერილი (Sacra Scrittura/ Sacre Scritture) რელიგიათა ისტორიაში საღმრთო წერილი ეწოდება სხვადასხვა ზომის ტექსტებს, რომლებიც არცთუ იშვიათად იმჟამიერ საჭიროებათა დასაკმაყოფილებად შეიქმნა, ემყარება გამოცხადებას და რელიგიურ საკრებულოებს, რომლებიც გადასცემენ მათ მომდევნო თაობებს, აწვდიან საკრებულოთა მიერ თვითშეცნობის, თვითმოწყობისა და მათ წევრთა მართებული ქცევისათვის საჭირო წესთა ერთობლიობას. შინაარსის თვალსაზრისით, საღმრთო წერილის მრავალი ნაირსახეობა არსებობს. ქრისტიანობის საღმრთო წერილი (ბიბლია) მოიცავს ძველი და ახალი აღთქმის კანონს, რომელშიც გამოცხადებისა და სარწმუნოების ისტორია გადმოცემულია ისრაელისა და ადრექრისტიანული ლიტერატურის ნაწერებში. ეს ნაწერები საეკლესიო გადაწყვეტილებით, აღიარებულ იქნა ღმრთივშთაგონებულად (ნ. შთაგონება) და სარწმუნოების კანონიერ წყაროდ.

საღმრთო წერილის მნიშვნელობანი (Sensi della Scrittura) საღმრთო წერილის არსი ერთადერთია, მაგრამ სხვადასხვა დამატებით ასპექტს მოიცავს. ამ თვალსაზრისით, შეიძლება განვასხვავოთ პირდაპირი და სულიერი მნიშვნელობანი, რომელთაგან უკანასკნელი, თავის მხრივ, დაიყოფა ალეგორიულ, ზნეობრივ და ანაგოგიურ კომპონენტებად. ოთხი კომპონენტის სრული თანხვედრა უზრუნველყოფს ეკლესიაში საღმრთო წერილის წაკითხვის სიმდიდრეს. პირდაპირი მნიშვნელობა: მნიშვნელობა, გამოხატული საღმრთო წერილის სიტყვებით და მიკვლეული ეგზეგეზის მეშვეობით, რომელიც მართებული ინტერპრეტაციის წესებს მისდევს. საღმრთო წერილის ყველა დანარჩენი მნიშვნელობა პირდაპირზეა დაფუძნებული. სულიერი მნიშვნელობა: ღმრთის ჩანაფიქრის მთლიანობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ საღმრთო წერილის ტექსტი, არამედ აგრეთვე მასში აღწერილი მოვლენები შეიძლება იყოს ნიშნები: ა) ალეგორიული მნიშვნელობა: მოვლენათა უფრო სიღრმისეული არსის წვდომა შესაძლებელია ქრისტეში მათი მნიშვნელობის შეცნობით; მაგალითად, წითელი ზღვის გადალახვა ქრისტეს გამარჯვების, და, მაშასადამე, ნათლობის ნიშანია; ბ) ზნეობრივი მნიშვნელობა: საღმრთო წერილში მოთხრობილ მოვლენებს ძალუძს ჩვენთვის მართებული საქციელის მითითება, ისინი „აღწერილია ჩვენს დასარიგებლად“ (1 კორ. 10:11); გ) მისტიკური მნიშვნელობა: ცალკეული რეალობები და მოვლენები შეიძლება მათი მარადიული მნიშვნელობით იქნას დანახული, რომელიც მიგვიძღვის (ბერძ. anagoge) ზეციური სამშობლოსაკენ. ამგვარად, ეკლესია დედამიწაზე ზეციური იერუსალემის ნიშანია. განმარტების ამ ოთხი კომპონენტის არსს კარგად გადმოგვცემს შუა საუკუნეების ორტაეპედი: Littera gesta docet, quid credas allegoria, moralis quid agas, quo tendas anagogia („სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა ფაქტებს გვასწავლის, ალეგორია - იმას, რაც უნდა ვიწამოთ, ზნეობრივი მნიშვნელობა - თუ რა უნდა ვაკეთოთ, მისტიკური მნიშვნელობა კი - თუ რას უნდა ვესწრაფოთ“) (შდრ. CCC, 115-118).

საღმრთო ხელოვნება (Arte sacra) [ლათ. ars sacra] ნებისმიერი მხატვრული ნამუშევარი, რომლის დანიშნულებაა წმიდა შენობათა თუ საგანთა შექმნა ან გამშვენიერება და რომლის მიზანია მათი შემოსვა ღმრთის მიმართ მსახურების შესაფერი ბრწყინვალებით. „ეკლესიათა აგებისას და აღგენისას... დაცული უნდა იქნეს ლიტურგიისა და საღმრთო ხელოვნების პრინციპები და ნორმები“ (CIC, კან. 1216).

საყდარი (Sede (ambito liturgico)) [ლათ. sedes „სავარძელი“, „ადგილი“] აღნიშნავს ადგილს, განკუთვნილს წირვის აღმსრულებელი ღმრთისმსახურისა და სხვა სასულიერო პირთათვის ღმრთისმსახურების დროს.

საყდარნი (Troni) ნ. ანგელოსი.

საყვედური (Improperi) [ლათ. improperium „საყვედური“] წმიდა პარასკევს, ჯვარცმის თაყვანისცემის დროს წარმოთქმული თუ ნამღერი სტროფები, რომლებიც გამოხატავს ჯვარცმულის საყვედურს თავისი ხალხის მიმართ ორგულობისა და უმადურობის გამო.

საყოველთაო/საყოველთაოობა (Universale/ Universalismo) ნ. კათოლიკობა.

საყოველთაო ბიბლიური ალიანსი (Alleanza Biblica Universale/ABU) 1946 წელს დაარსებული ეს ორგანიზაცია დაახლოებით 100 ეროვნულ ბიბლიურ საზოგადოებას აერთიანებს, რომელთაგან ზოგიერთი XIX საუკუნიდან საქმიანობს. ამ ორგანიზაციის მიზანია ბიბლიის მთელ მსოფლიოში გავრცელება. ევანგელურ გარემოში აღმოცენებული ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებთან თანამშრობლობს ბიბლიის გავრცელების საერთო მისიის აღსასრულებლად. აღსანიშნავია: შეთანხმება ალიანსსა და ქრისტიანთა ერთიანობის სამდივნოს შორის „ბიბლიის ინტერკონფესიური წაკითხვის წარმმართველი პრინციპების“ თაობაზე, დადებული 1968 წელს და გადახედული 1987 წელს; ალიანსსა და კათოლიკურ ბიბლიურ ფედერაციას შორის მსოფლიო დონეზე სამოქმედოდ 1991 წელს ხელმოწერილი თანამშრომლობის ხელშეკრულება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიბლიის გავრცელების შესახებ; ალიანსსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 1991 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი თანამშრომლობის ხელშეკრულება ბიბლიური საქმიანობის შესახებ. ალიანსის წევრია იტალიის ბიბლიური საზოგადოებაც (SBI).

საშინელი სამსჯავრო ნ. ღმრთის სამსჯავრო.

საშუალო საათი (Ora media) ჟამთა ლიტურგიაში პირად ლოცვაში ცვლის ტრადიციულ მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამნს.

საცეცხლური (Turibolo) [ლათ. thuribulus (სიტყვიდან thus, thuris „გუნდრუკი“)] გადასატანი, ჯაჭვებზე ჩამობმული მცირე ზომის ღუმელი, რომელშიც ათავსებენ დანთებულ გუნდრუკს ლიტურგიული მსახურებისას.

საძმოები (Confraternite) [ლათ. სიტყვიდან confraternitas (cum+fraternitas) „თანა+ძმობა“] საეკლესიო ასოციაციები, რომელთა მიზანიც ლოცვა და დახმარების გაწევაა. პირველი საძმოები VI-VII საუკუნეებში, ანგლოსაქსურ მონაზვნობაში აღმოცენდა. საძმოებს, მათი მნიშვნელობის შესაბამისად, ჰქონდათ საკუთარი საკურთხეველი, კაპელა ან ეკლესია რელიგიურ წესთა აღასრულებლად და სულიერი მამის ხელმძღვანელობით თავშეყრისთვის განკუთვნილი ადგილი. რელიგიურ წესთა აღსრულებისა და ქრისტიანულ სათნოებათა განმტკიცების გარდა, საძმოები თავდაპირველად მიზნად ისახავდნენ სარწმუნოების დაცვასა და საქველმოქმედო საქმიანობას. ეს იყო, მაგალითად, სნეულ თანამოძმეთა დახმარება, გარდაცვლილთა დაკრძალვა, ღარიბთა და გაჭირვებულთა, მათ შორის უცხოელთა, დახმარება და გასათხოვარ ქალიშვილთა მზითვით უზრუნველყოფა. საძმოები ხშირად აგროვებდნენ შეწირულობას რამე განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, ტუსაღთა სასარგებლოდ ან სიკვდილმისჯილთა დასახმარებლად. შუა საუკუნეებში საძმოებს ხშირად პროფესიული გაერთიანების ფორმა ჰქონდა. დროთა განმავლობაში საძმოთა რიცხვი მეტად გაიზარდა, ხოლო მიზანთა და მიმართულებათა არეალი კი გაფართოვდა. ისინი განსხვავდება საერო მესამე ორდენთაგან, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული იმ რელიგიურ ორდენთან, რომლის სახელსაც ატარებს. გარდა ქრისტიანობისა, საძმოები არსებობს სხვა რელიგიებშიც.

საძმო ტრაპეზი ნ. აღაპი.

სახარება (Vangelo) [ბერძ. euvanghélion „კეთილი ამბავი“, „სასიხარულო უწყება“] ძველი აღთქმის ბიბლიურ ენაზე სახარება უმთავრესად ნიშნავს გამარჯვების ცნობას და წინასწარმეტყველნი მას მესიანურ დაპრებებათა აღსრულების აღსანიშნავად იყენებენ. იესო ამ ტერმინს საკუთარ თავში ღმრთის სასუფევლის (მარკ. 1:14-15) წინასწარმეტყველებათა ახდენის აღსანიშნავდ მიმართავს. მოგვიანებით სახარება „ტექნიკურ ტერმინად“ იქცა მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს ნაწერთა აღსანიშნავად, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად გადმოგვცემენ იესოს ცხოვრებასა და სწავლებას. ოთხი ავტორის (ნ. მახარებელი) ნაწერები I საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა. მათ „შეარჩიეს ცალკეული ამბები ზეპირად თუ წერილობით გადმოცემული მრავალი ამბიდან, დანარჩენების შესახებ ცნობები მოკლედ მოგვაწოდეს ან განმარტეს ეკლესიებთან დაკავშირებულ ვითარებასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში იმგვარად შეინარჩუნეს ქადაგების ხასიათი, რომ იესოს შესახებ მუდამ ჭეშმარიტ და გულწრფელ ამბებს გვამცნობენ“ (DV, 19). ეს ოთხი სახარება - საღმრთო წერილის კანონიკურ წიგნთა შორის ჩართული ეს ოთხი შთაგონებული ნაწერი, - ბიბლიის გულია და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ეკლესიაში. ამის დასტურია თაყვანისცემა, რომლითაც ამკობს მათ ლიტურგია და ის მიმზიდველობა, რომელიც აქვს ამ ნაწერებს ყოველთვის თავიანთი სიწმიდის გამო (შდრ. CCC, 124-127). ნ. აპოკრიფები; ბიბლია; სინოპტიკური სახარებანი.

სახარებისეული რჩევები ნ. აღთქმა.

სახელდებული მამა (Putativo, padre) [ლათ. putativus „მიჩნეული“, ზმნიდან putare „რწმენა“] ტრადიციულად ასე მოიხსენიებენ წმიდა იოსებს, რომელიც იესოს სახელდებულ მამადაა ცნობილი.

სახელმწიფო სამდივნო (Segreteria di Stato) რომის კურიის განყოფილება (სამოციქულო დადგენილება Pastor bonus 1988 წლის 28 ივნისი, პარ. 39-47), რომელიც უშუალოდ ეხმარება რომის პაპს მისი უმაღლესი მისიის განხორციელებაში. სამდივნოს ხელმძღვანელობს კარდინალი - სახელმწიფო მდივანი. სახელმწიფო სამდივნო დასაბამს იღებს მარტინ V-ის დროინდელი საიდუმლო პალატიდან და ინოკენტი VIII-ის (1487) დროინდელი სამოციქულო სამდივნოდან, რომელიც ლათინურ ენაზე ოფიციალურ კორესპონდენციას განაგებდა. სახელმწიფო სამდივნო ორი სექციისაგან შედგება: პირველი საზოგადო საქმეთა სექციაა და უშუალოდ მოადგილეს ექვემდებარება, ვისაც ასესორი უწევს ასისტენტობას, მეორე კი - სახელმწიფოებთან ურთიერთობის სექცია, სახელმწიფო მდივანი - კარდინალის მეთაურობით, ვისაც მოადგილე მდივანი ეხმარება. პირველი სექცია რომის პაპის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებით არის დაკავებული; განიხილავს საქმეებს, რომლებიც უწყებების (დიკასტერიათა) და რომის კურიის სხვა ორგანოების რიგითი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება; წარმართავს ურთიერთობას ზემოხსენებულ უწყებებთან და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას; არეგულირებს რომის პაპის წარმომადგენლობათა ფუნქციებს და მათ საქმიანობას, განსაკუთრებით, ცალკეულ ეკლესიებთან დაკავშირებით; მოიცავს ყველა საკითხს წმიდა საყდართან აკრედიტებულ სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან დაკავშირებით; კომპეტენტურ უწყებებთან შეთანხმებით აწესრიგებს წმიდა საყდრის წარმომადგენლობისა და საქმიანობის საკითხებს როგორც კათოლიკურ, ისე არაკათოლიკურ საერთაშორისო ორგანიზაციებში; გამოსცემს და ავრცელებს სამოციქულო დადგენილებებს, დეკრეტებს, სამოციქულო წერილებს, ეპისტოლეებს და პაპის მიერ მისთვის მინდობილ სხვა დოკუმენტებს; სისრულეში მოჰყავს რომის კურიასა და წმიდა საყდარს დაქვემდებარებულ სხვა დაწესებულებებში დანიშვნებთან დაკავშირებული აქტები, რომლებიც რომის პაპის მიერ უნდა იყოს შედგენილი ან მოწონებული. ამ სექციაშია დაცული ტყვიის ბეჭედი და „მებადურის ბეჭედი“ (ნ. ბეჭედი), მზადდება გამოსაცემად Acta Apostolicae შედის, ის ავრცელებს, ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით, პაპის აქტებს და ეკლესიის საქმიანობის შესახებ ცნობებს. მეორე სექციასთან შეთანხმებით ის ახორციელებს მევალყურეობას ოსერვატორე რომანოზე, ვატიკანის რადიოსა და ვატიკანის სატელევიზიო ცენტრზე. სტატისტიკის უწყების მეშვეობით აგროვებს და აქვეყნებს მონაცემებს საყოველთაო ეკლესიის ცხოვრების შესახებ, ზრუნავს „პაპის წელიწდეულის“ გამოცემაზე. სამდივნოს მეორე სექციის ამოცანაა საერო ხელისუფლებებთან ურთიერთობა. ამ სექციის კომპეტენციაში შედის: ა) სახელმწიფოებთან და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტებთან დიპლომატიური ურთიერთობების ხელშეწყობა, ერთობლივ ღონისძიებათა წარმართვა ეკლესიისა და საერო საზოგადოების სასიკეთოდ, მათ შორის კონკორდატებისა და სხვა კონვენციათა მეშვეობით, დაინტერესებულ საეპისკოპოსო დაწესებულებათა თვალსაზრისის გათვალისწინებით; ბ) წმიდა საყდრის წარდგენა საერთაშორისო ორგანიზაციებში და საზოგადოებრივი ხასიათის საკითხებისადმი მიძღვნილ კონგრესებზე, რომის კურიის კომპეტენტურ უწყებებთან კონსულტაციის შემდეგ; გ) თავის საქმიანობის ფარგლებში პაპის წარმომადგენლებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

სახსოვარი (Memoriale) [ლათ. memorialis „სახსოვარი“] ბერძნულ-ლათინურ კულტურაში სახსოვარი (მემორიალი) გარდაცვლილის გახსენებას აღნიშნავს, ხოლო იუდეურ-ქრისტიანულ კულტურაში სახსოვარი ამბავი ღმრთის მხსნელი მოვლენაა, რომელიც ისტორიაში განახლდება და კვლავ იძენს აქტუალურობას. ამ თვალსაზრისით ევქარისტია არაა მხოლოდ მოგონება, ესაა ქრისტეს მსხვერპლშეწირვის ეკლესიის დღევანდელობაში განხორციელება და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დიდებული სინამდვილისაკენ სწრაფვა.

სახუცესო ადგილი (Presbiterio) [ბერძ. presvytérion, შემდეგ ლათ. presbyterium „(უ)ხუცესთა საბჭო“] ასე ეწოდება ეპისკოპოსისა და სამღვდელოთათვის განკუთვნილ სივრცეს საკურთხევლის ირგვლივ. ჩვეულებრივ, ის ერთი-ორი საფეხურითაა ამაღლებული და ეკლესიის დანარჩენი სივრცისაგან მოაჯირითია გამოყოფილი.

სეკვენცია (Sequenza) [ლათ. sequentia „ერთმანეთს მიყოლა“, „თანმიმდევრობა“] გალობა ლექსად ან გარითმული პროზის სახით, რომელიც ცალკეულ საზეიმო შემთხვევებში წინ უძღვის სახარების კითხვას. სახელწოდება მომდინარეობს ნევმათა ერთობლიობიდან, როცა ალელუიას ვოკალიზით შესრულებისას განსაკუთრებით წელავდნენ უკანასკნელ ხმოვანს. ამ ვოკალიზის გასამარტივებლად სიტყვები შეადგინეს, რომლებიც დამოუკიდებელ კომპოზიციად იქცა და სეკვენციად იწოდება. აღსანიშნავია: სააღდგომო სეკვენცია - Victimae paschali laudes, სულთმოფენობის დღისათვის - Veni, sancte Spiritus და საყოველთაოდ ცნობილი - Stabat mater.

სეკულარიზაცია (Secolarizzazione) [ლათ. saeculum „საერო სამყარო“] ტერმინს აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა: ა) როგორც ისტორიული, პოლიტიკური და იურიდიული ცნება (პირველად გაცხადდა 1646 წელს ვესტფალიის ზავის მოსამზადებელი მოლაპარაკებების დროს), აღნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისათვის სუვერენიტეტის, ფლობისა და გამოყენების უფლებათა ჩამორთმევას, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშეც; ბ) კანონიკური სამართლის კოდექსში სეკულარიზაციად იწოდება მოწესის თავისი ინსტიტუტიდან წასვლა ან საერო სამღვდელოებაში მისი გადასვლა (CIC, კან. 693); გ) XX საუკუნეში ტერმინი აღნიშნავს აზროვნების ტენდენციას და თეოლოგიურ მიმდინარეობას (მისი ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელია დ. ბონჰეფერი), რომელიც ხაზს უსვამს ადამიანური რეალობის ავტონომიას რელიგიურ და საღმრთო რეალობებებთან მიმართებაში.

სეკულარიზმი (Secolarismo) [ლათ. secularis (სიტყვიდან saeculum „საერო სამყარო“)] სამყაროს იმანენტისტური ხედვა, რომელიც ვარაუდობს რელიგიის გაქრობას და გამორიცხავს ღმრთისა და ტრანსცენდენტულისადმი მიმართების ნებისმიერ ფორმას; რეალურად მიიჩნევს მხოლოდ ხილულ სამყაროს, შესაბამისად, სეკულარისტული მსოფლმხედველობისათვის სრულიად უცხოა ღმრთისა და სულის განზომილება.

სემიარიანელობა ნ. სანახევროდ არიანელობა.

სემინარია (Seminario) [ლათ. seminarium „სანერგე“ (სიტყვიდან semen „თესლი“)] მღვდელმსახურებისათვის სულიერი და კულტურული მომზადების ადგილი. სემინარიები დაამკვიდრა ტრიდენტის კრებამ სასულიერო რეფორმის ხელშეწყობისა და საღმრთო ორდენებში უვიცი და მანკიერი პირების მოხვედრის აღკვეთის მიზნით. სემინარიებს მართავს სემინარიათა და ინსტიტუტთა კონგრეგაცია, რომელსაც ამჟამად კათოლიკური აღზრდის კონგრეგაცია ეწოდება. ის აგრეთვე აფუძნებს დიოცეზთაშორის სემინარიებს და იწონებს მათ წესდებებს. მცირე სემინარიათა უპირველესი მიზანია იმ მოზარდთა დახმარებაა, რომლებიც მოწოდების ნიშნებს ამჟღავნებენ, მისი უკეთ შეცნობისა და მის შესატყვისად ცხოვრების თვალსაზრისით, საგანგებო რელიგიური აღზრდის მეშვეობით, რასაც თან ერთვის შესაბამისი ადამიანური და სამეცნიერო მომზადება (საშუალო სკოლები). სადიოცეზო, დიოცეზთაშორის თუ ეროვნულ დიდ სემინარიებში კი სწავლების მიზანია მღვდელმსახურთა მომზადება, რომლებიც სახარებისეული სულისკვეთებით იცხოვრებენ (CIC, კან. 244), ექნებათ მისი გამოცხადების, ღმრთის ხალხის წმიდაყოფისა და გაძღოლის უნარი. ამ მიზნით სემინარიის მოწაფეები სულიერ, ლიტურგიულ განათლებას იღებენ, ძმურ და სახარებისეულ სათნოებებზე დამკვიდრებულ, მისიონერული, მოძღვრებისეული (ფილოსოფია და თეოლოგია), სამწყსო ღირებულებებით განმტკიცებულ ცხოვრების წესს ეჩვევიან (CIC, კან. 232-264).

სემინარიელი (Seminarista) [ლათ. seminarium „სანერგე“ (სიტყვიდან semen „თესლი“)] სემინარიის მოწაფე და, ფართო მნიშვნელობით, ნებისმიერი პირი, რომელიც ღმრთისმსახურის წოდების მისაღებად ემზადება.

სემიპელაგიელი ნ. სანახევროდ პელაგიელობა.

სენაკი (Cella) [ლათ. cella „მცირე ოთახი“] მრავალმხრივი გამოყენების მქონე ტერმინი. თავდაპირველად იყო საფლავის ძეგლის სინონიმი. მონასტრისა და სავანისათვის ტიპური მცირე და სადა ოთახი. ძველად სენაკად იწოდებოდა, აგრეთვე, სოფლის ან მინდვრის მცირე ეკლესია, რომელშიც მღვდელმსახურებას მღვდელ-მონაზონი აღასრულებდა.

სეპტუაგინტა (LXX) [ლათ. Septuaginta] ძველი აღთქმის უძველესი ბერძნული თარგმანი, დაწყებული პტოლემე II-ის მიერ დაახლოებით ქრისტემდე 250 წელს ეგვიპტის ალექსანდრიაში (რის გამოც მას, აგრეთვე, ალექსანდრიულ ვერსიასაც უწოდებენ) და დასრულებული, სავარაუდოდ, ქრისტემდე 150 წელს. მისი სახელწოდება უკავშირდება ლეგენდას, რომლის თანახმადაც თარგმანი 72 იუდეველმა 72 დღეში შეასრულა. სეპტუაგინტამ მცირე ხანში მოიპოვა ავტორიტეტი. ძველი აღთქმის ციტირებისას ახალი აღთქმის ავტორები სწორედ სეპტუაგინტის ტექსტს ანიჭებენ უპირატესობას.

სერაბიმები (Serafini) [ებრ. serafim „მგზნებარე“ (ფუძიდან saraph „დაწვა“)] ზეციური დასისადმი კუთვნილი სულები (ეს. 6:2, შმდ.). შეადგენენ ერთ-ერთს ანგელოსთა ცხრა დასიდან. ნ. ანგელოსი.

სერაბიმული (Serafico) [ლათ. seraphicus (ებრ. seraphim „სერაფიმი“)] ასე უწოდებენ წმიდა ფრანცისკე ასიზელს მისთვის დამახასიათებელი სიყვარულის ამაღლებული ძალმოსილების გამო. ტერმინი მიემართება აგრეთვე ფრანცისკელებსაც, ხოლო ბონავენტურა (1221-1274) კი სერაბიმული დოქტორის სახელით არის ცნობილი.

სერვიტები (Serviti/e) მარიამის მსახურთა ორდენის წევრები (Ordine dei Servi di Maria). ორდენი 1233 წელს შვიდმა ფლორენციელმა ვაჭარმა დააარსა, რომლებმაც ფლორენციის მახლობლად ასკეტურ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი. ისინი ავგუსტინესეულ წესდებას მისდევდნენ და მარიამისადმი განსაკუთრებული თაყვანისცემით გამოირჩეოდნენ. 1304 წლის 11 თებერვალს ორდენი საბოლოოდ მოიწონა ბენედიქტე XI-მ. დღეს ორდენის წევრები მოღვაწეობენ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ამერიკაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში (1984 წლის მონაცემებით, ორდენს ჰქონდა 822 სახლი და ითვლიდა 6552 წევრს). ორდენის წევრებს თეოლოგიის განვითარებაშიც აქვთ შეტანილი წვლილი, რომში უძღვებიან „მარიანუმის“ (Marianum) თეოლოგიის ფაკულტეტს. XIII საუკუნეში დაარსებული ორდენის ქალთა შტო (როგორც მეორე ორდენი) — მარიამის მსახური ქალები (Serve di Maria) - აგრეთვე მისდევს ავგუსტინესეულ წესდებას და მჭვრეტელობას ანიჭებს უპირატესობას. ცალკეულ მონასტრებში მისი წევრები გოგონების აღზრდას ეწევიან. ჯულიანა ფალკონეტის მიერ (1341) დაარსებული მსახურ დათა მესამე ორდენი (მის წევრებს აგრეთვე mantellate, ანუ „მოსასხამიანები“ ეწოდება), უმთავრესად სნეულთა დახმარებას ეწევა.

სერობა (Compietà) [ლათ. სიტყვიდან completa (hora) „შესრულებული (ჟამი)“] უკანასკნელი ჟამი ჟამთა ლიტურგიაში. აღევლინება ღამის მოსვენების წინ. ნ. ჟამთა ლიტურგია.

სექტა (Setta) [ლათ. sectus „ვისაც მიჰყვებიან“, არქაული ნამყოს მიმღეობა ზმნისა sequi „გაყოლა“] ჯგუფი, რომელიც მისდევს საკუთარ მოძღვრებას ან ცხოვრების წესს და განცალკევებულია უფრო მრავალრიცხოვანი საზოგადოებისაგან. ჩვეულებრივ, განცალკევება ხდება დანარჩენთა საწინააღმდეგოდ მოძღვრების რომელიმე ელემენტის ხაზგასასმელად ან ოფიციალურ ეკლესიასთან დაპირისპირების შედეგად. სექტის ცნება ასახავს ეკლესიათა და რელიგიათა დაპირიპირებას განსხვავებული აზრის მქონე უმცირესობებთან, რომლებიც ერეტიკულად (ერესი) და უკანონოდ მიიჩნევა და რომლებიც, თავის მხრივ, ხშირად არ აღიარებენ მთავარი ორგანიზაციის ლეგიტიმურობას. XIX და XX საუკუნეებში სექტების ჩამოყალიბება გამოიწვია უთანხმოებამ მნიშვნელოვან თეოლოგიურ საკითხებზე, როგორებიცაა: ა) პარუსიისა და მილენიუმის პრობლემა, ხშირად დაკავშირებული ბ) ეკლესიის ჭეშმარიტი გაგების ძიებასთან, კერძოდ კი, დროთა აღსასრულის საკრებულოებთან (ადვენტისტები, იეჰოვას მოწმეები), ან გ) საეკლესიო მსახურების პრობლემასთან (პალეოაპოსტოლური და ნეოაპოსტოლური მოძრაობანი, მორმონები); დ) სული წმიდის ქმედითობის საკითხი, განსაკუთრებით პიროვნულ წმიდაყოფასა და ხსნასთან დაკავშირებით (ორმოცდაათიანელობა) და ე) ქრისტეს ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური თვითგამოცხადების საკითხი (სპირიტისტული და ახალ გამოცხადებათა ჯგუფები). ამგვარად, ეკლესიათა მიერ უყურადღებოდ დატოვებული ცალკეული ნაწილობრივი ჭეშმარიტებანი ხშირად ცალმხრივად ან სხვა უცხო ელემენტებთან შერწყმული აქცენტირდება სხვადასხვა ჯგუფების მიერ. რელიგიური თავისუფლების გავრცელების თანამდევი სექტათა თავისუფალი განვითარება ეკლესიისაგან მოითხოვს მკაფიო უარის თქმას ერეტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლის ადრე გავრცელებულ მეთოდებზე და სამწყსო სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც რელიგიურ გეგმებთან ერთად სექტათა წარმოშობის კულტურულ და სოციალურ მიზეზებსაც გაითვალისწინებს.

სვლა (Processione) [ლათ. processio (ზმნიდან procedere „სვლა“)] თეოლოგიაში ტერმინი აღნიშნავს სამების პიროვნებათა ურთიერთობებს და აღნიშნავს ძის შობას მამა ღმრთისაგან და სული წმიდის გამომავლობას მამისაგან ძის მიერ. ნ. სამება.

სიბრძნის ლიტერატურა/სიბრძნის წიგნები (Sapienzale, letteratura/Sapienzali, libri) ძველად მთელ აღმოსავლეთში გავრცელებული ლიტერატურული ჟანრი. მისი უმთავრესი საგანია ყოველდღიური ცხოვრება და საქციელი, რომელსაც ღმერთი მოითხოვს ცალკეული პიროვნებისაგან დიდი თუ მცირე ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე. ბიბლიაში ამგვარი წიგნებია (აგრეთვე, დიდაქტიკურ ლიტერატურად წოდებული) იგავები, იობის წიგნი, ეკლესიასტე, ქებათა ქება, სიბრძნის წიგნი, ზირაქის სიბრძნე. საღმრთო წერილის ისტორიულ და წინასწარმეტყველურ წიგნთა შორის მოქცეულ ამ ჯგუფში შედის, ამასთანავე, ფსალმუნები, მიუხედავად მათი სრულიად განსაკუთრებული ხასიათისა.

სიბრძნის წიგნი (Sapienza, libro della) ძველი აღთქმის ბოლო წიგნი, დაწერილი დაახლოებით ქრისტემდე პირველი საუკუნის შუაწლებში. ბერძნულ ტექსტში მოხსენიებულია, როგორც „სოლომონის სიბრძნე“, თუმცა ამგვარი განსაზღვრება აშკარად არასწორია. წარმოშობით ებრაელი ავტორი, რომელმაც წიგნი ბერძნულ ენაზე დაწერა, ეგვიპტის იუდეველთა დიასპორის წევრი იყო. წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება: ა) ადამიანის ცხოვრებაში სიბრძნე მის მიმდევართათვის უკვდავებისაკენ გზამკვლევია, ხოლო მის უარმყოფელთათვის - დანაშაულთა მოწმე (სიბრძნ. 1:1-6:21); ბ) მეორე ნაწილი ღმრთის სიბრძნის ქება-დიდებაა სოლომონის პირით, რასაც მოსდევს ამგვარი სიბრძნის ბოძების ლოცვა (სიბრძნ. 6:22-9:18); გ) წიგნის მესამე ნაწილში ნაჩვენებია სიბრძნის ქმედება ხსნის ისტორიის ცალკეულ მომენტებში, განსაკუთრებით - განდევნის პერიოდში (სიბრძნ. 10-19). სიბრძნე კაცთმოყვარე სულია (სიბრძნ. 1:6) და ესწრაფვის ადამიანის ცხოვრებაში ჩართვას, რათა მას საბოლოო მიზნისკენ - ღმრთის სიახლოვეს ბედნიერი უკვდავებისაკენ წარუძღვეს. მაგრამ სიბრძნე თავის ამ მისიას ვერ ასრულებს, თუ ადამიანი თავად არ ეძიებს, ლოცვით არ მოუხმობს მას და არ უყვარს ის: სიბრძნე ღმრთის ნიჭია და მხოლოდ ღმერთს ძალუძს მისი ბოძება, თუმცა მისი მიღება ყველასათვის შესაძლებელია. წიგნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მისი უნივერსალისტური სულისკვეთებაა: ღმრთის სიბრძნე მხოლოდ ისრაელისათვის არაა განკუთვნილი, - ყველა ხალხია მოწოდებული, ეძიოს და გაითავისოს ის. აქ ავტორი ისტორიაში ღმრთის ხალხის დანიშნულებას წარმოგვიდგენს: ღმრთის ხალხი არის განგების საშუალება სამყაროში მისთვის ბოძებული სწავლებისა და ცხოვრებისეული ნორმის მნიშვნელობის მქონე განსაკუთრებული სიბრძნის გასავრცელებლად, რომელსაც რჯული ეწოდება (სიბრძნ. 18:4), რომელიც ადამიანებს ღმრთის მეგობრებად აქცევს და პატიოსანი ცხოვრების გზაზე მიუძღვის მათ.

სიმბოლო (Simbolo) [ბერძ. sýmbolon „ნიშანი“ (ზმნიდან symbállein „ერთად მოთავსება“, „შეფარდება“), შემდეგ ლათ. symbolus] ანტიკურ საბერძნეთში ეს იყო ამოსაცნობი ან განმასხვავებელი ნიშანი, წარმოადგენდა „სამასპინძლო წიგნაკს“, რომელიც ორად იყოფოდა და მისი ერთი ნაწილი გადაეცემოდა სტუმარს ან საქმეში მონაწილე პარტნიორს შემდგომი შეხვედრისას მხარეებისთვის ერთმანეთის ცნობის გასაადვილებლად. თავისი ფორმიდან გამომდინარე, სიმბოლო ნიშანთა ზოგად კატეგორიას მიეკუთვნება. მართლაც, რადგანაც ის რაღაცას აღნიშნავს, მხოლოდ თავისთავად კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ თავისი მეშვეობით სხვა რამეზე მიანიშნებს. მინიშნებისა და მითითების ეს დამახასიათებელი თვისება ერთმანეთთან აკავშირებს გრძნობადი წარმოდგენისა და სულიერი მნიშვნელობის განზომილებებს. რელიგიური სიმბოლო, რომელიც იმყოფება იდუმალ რეალობაში, გრძნობად ფორმასა და ადამიანს შორის სივრცეში მდებარეობს. სიმბოლოსა და ტრანსცენდენტულს შორის დამოკიდებულება სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნას გააზრებული.

სიმბოლოს გადაცემა (Traditio symboli) [ლათ. Traditio symboli „სიმბოლოს გადაცემა“] ძველ კატეხუმენურ დისციპლინაში ასე ეწოდებოდა სამოციქულო სიმბოლოს (ნ. მრწამსი) რწმენის საკითხთა სწავლებას, რომელიც ზეპირად გადაეცემოდა სათანადო მსმენელს დიდმარხვის მესამე ან მეოთხე კვირადღეს. სიმბოლოს გადაცემა შეესაბამებოდა მრწამსის მიღებას.

სიმონია (Simonia) [ლათ. simonia] ცოდვა, რომელსაც ჩადის ის, ვინც ვაჭრობს სულიერი სიკეთეებით (მაგ., საიდუმლოებით - CIC, კან. 1380, ან ინდულგენციებით), ან მათთან დაკავშირებული მიწიერი სიკეთეებით. ტერმინი მომდინარეობს სიმონ მოგვის სახელიდან, რომელიც ეცადა, პეტრე და იოანე მოციქულებისაგან განკურნების ნიჭი ეყიდა (საქმ. 8:9-24).

სიმტკიცე (Fortezza) ერთ-ერთი ოთხ კარდინალურ სათნოებათაგანი (დანარჩენი სამია: კეთილგონიერება, სამართლიანობა, თავშეკავება). სიმტკიცე გულისხმობს სულიერ შეუპოვრობას საკუთარი ვალდებულების შესრულებისას. თავის „თეოლოგიის შეჯამებაში“ (Summa theologiae) წმიდა თომა აკვინელი განსაზღვრავს სიმტკიცეს, როგორც „სათნოებას, რომელიც უკუაგდებს დაბრკოლებებსა და სირთულეებს, რომლებიც ხელს უშლის ნებას, შეასრულოს მართებული ქმედება“ და ამტკიცებს, რომ ისაა „ნებისმიერი სათნოების პირობა, რადგან აბსოლუტურად მოითხოვს ნებისყოფის მტკიცე მიზანმიმართულებას“. სიმტკიცეა, აგრეთვე, ერთ-ერთი სული წმიდის შვიდ ნიჭთაგან. ამ შემთხვევაში ის განსხვავდება სათნოებისაგან, რადგან ჩვენი ძალისხმევიდან კი არ მომდინარეობს, - თუნდაც არ გვაკლდეს ღმრთის მადლი, - არამედ სული წმიდის ქმედებიდან მომდინარე ნიჭია.

სინაგოგა (Sinagoga) [ბერძ. synagoghé „შეკრება“] აღნიშნავს ებრაული კულტისა და თავშეყრის ადგილს განდევნის შემდგომ პალესტინასა და დიასპორაში. შესატყვისი ებრაული ტერმინია „ბეთ ჰაკენესეთ“ („თავშეყრის სახლი“), ევროპაში კი მას ხშირად უწოდებენ „შულს“, რაც იდიშზე სკოლას ნიშნავს. სინაგოგა შედგება სვეტებით ნავებად დაყოფილი (ბერძნულ-რომაული ეპოქის სინაგოგები ან ზოგიერთი ახლანდელი) ან მთლიანი დარბაზისაგან, რომელიც იერუსალემისაკენ არის მიმართული და ორ ძირეულ ელემენტს შეიცავს: მდიდრულად მორთულ კარადას, მასში დაცული თორას გრაგნილებით და კათედრას ან ამაღლებას საღმრთო წერილის საკითხავად და ლოცვათა წარმოსათქმელად (ან თევაჰი, ან ბიმაჰი, ან დუხანი, ან ალმემორი). ქალებისათვის განკუთვნილია ცხაურით გამოყოფილი სივრცე, რეფორმის შემდგომ სინაგოგებში კი ქალები და მამაკაცები ერთად სხედან. სინაგოგის კულტი განსხვავდება იერუსალემის ტაძრის კულტისაგან (რომლის დროს არსებობდა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში), რადგანაც ის არა მსხვერპლშეწირვის, არამედ საკითხავი, სალოცავი და ქადაგებისათვის განკუთვნილი ადგილია. მასში მსახურებას აღასრულებს არა მღვდელმსახური, არამედ „შეკრებილთა წარმომადგენელი რწმუნებული“, არა აუცილებლად რაბინი (დიდ საკრებულოებში დღეს ეს მისია პროფესიონალს - ჩაზანს, ანუ მგალობელს, აკისრია). საჯარო საკულტო მსახურება, რომელიც სულ ცოტა, 10 ზრდასრული მამაკაცის თანდასწრებას მოითხოვს, დღეში სამჯერ (დილით, შუადღეს, საღამოს) სრულდება, დღესასწაულებზე - ოთხჯერ, ხოლო კიპურის დროს - ხუთჯერ. მისი ძირითადი ნაწილია თვრამეტი კურთხევის წარმოთქმა (შემონენ-ესრეჰი), გარდა ამისა, წარმოითქმის მრავალი ფსალმუნი, პოეტური ნაწარმოები, საქებარი, შუამდგომლობისა და ვედრების ლოცვა. შაბათს და დღესასწაულებზე საზეიმოდ კითხულობენ ნაწყვეტებს თორადან და წინასწარმეტყველთა წიგნებიდან. სხვადასხვა დროს და მრავალ ადგილას (ნაკლებად - დღევანდელ დასავლეთ ევროპაში) სინაგოგა, ამასათანავე, სასწავლო დაწესებულებაცაა.

სინანული (Contrizione) [ლათ. სიტყვიდან contritio, რომელიც მომდინარეობს ზმნიდან contérere „დამსხვრევა, მოსპობა“] სინდისის ქენჯნისა და სინანულის შინაგანი გრძნობა, რომლითაც ღმრთისადმი სიყვარულით ამოძრავებული ცოდვილი ღმრთისთვის ცოდვათა პატიების სათხოვნელად ემზადება. ესაა სრულყოფილი სინანული, უპირისპირდება შენანებას - არასრულყოფილ სინანულს, რადგანაც ეს უკანასკნელი სასჯელის შიშზეა დაფუძნებული. ტრიდენტის კრებამ დააზუსტა სინანულის შემადგენელი სამი ელემენტი: სულის ტკივილი, ჩადენილი ცოდვის სიძულვილი და განზრახვა, აღარ შესცოდოს.

სინანულის ფსალმუნები (Penitenziali, salmi) შვიდი ფსალმუნი (6; 31; 37; 50; 101; 129; 142), რომლებშიც საგანგებო ყურადღებაა გამახვილებული ცოდვილთა მიმართ ღმრთის ლმობიერებაზე და რომლებიც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ლიტურგიულ კრებულს შეადგენდა. ეს ფსალმუნები წარმოითქმოდა დიდმარხვისას, ეკლესიისა და სასაფლაოს კურთხევის დროს.

სინაქსისი (Sinassi) [ბერძ. synáxis „შეკრება“, „თავყრილობა“ (ზმნიდან synághein „გაერთიანება“)] პირველ ქრისტიანულ საკრებულოებში ასე ეწოდებოდა მორწმუნეთა შეკრებებს, თავყრილობებს, სადაც ღმრთის სიტყვა იკითხებდა ან ევქარისტიული მსახურება ტარდებოდა.

სინდისის გამოცდა (Esame di coscienza) [ლათ. examen „სასწორის ისარი“, მომდინარეობს ზმნიდან exigere „აწონა“] ასკეტური წვრთნა, რომელიც მდგომარეობს საკუთარი ცხოვრების გადახედვა-შემოწმებაში, მისი სრულყოფის მიზნით. მსგავს ვარჯიშებს ურჩევდნენ თავიანთ მიმდევრებს სტოიკოსი ფილოსოფოსები (სენეკა, პლუტარქე). წვრთნა ფართოდ იყო გავრცელებული საუკუნეთა მანძილზე სულიერი ცხოვრებით დაინტერესებულთა შორის, განსაკუთრებით, სამონასტრო ცხოვრებაში. შუა საუკუნეებში მისი დიდი მომხრე იყო წმიდა ბერნარდი, კლასიკური ფორმით კი ის წმიდა ეგნატე ლოიოლას სულიერ წვრთნებში ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქრისტიანები მას უფრო იშვიათად მიმართავენ, ეს წვრთნანი კვლავაც მთლიანად ინარჩუნებს თავიანთ მნიშვნელობასა და უკავშირდება ცხოვრების გზის გადახედვას.

სინდისის თავისუფლება (Libertà di coscienza) სინდისის თავისუფლება ადამიანის ძირეული უფლებაა. ამგვარად განიხილავს მას ახალი აღთქმა და იგივე იყო ასახული ეკლესიის პრაქტიკულ საქმიანობაში მისი არსებობის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში. თუმცა ეს მიდგომა მას შემდეგ შეიცვალა, რაც IV საუკუნის ბოლოს, იმპერატორ თევდოსის (379-395) დროს, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. შუა საუკუნეთა ეკლესიაში ჭეშმარიტების ხისტი განმარტება და იდეალური ერთიანობის სასარგებლოდ ინდივიდუალური ღირსების უგულებელყოფა, სახარების საწინააღმდეგო შეუმწყნარებლობისა და სხვა სარწმუნოებათა მიმდევრების დევნის მიზეზად იქცა. ვითარება თანდათანობით გამოსწორდა ჰუმანიზმის ხანაში. ის გაძლიერდა პროტესტანტული რეფორმის გამოცდილების გათვალისწინებითა (სინდისის თავისუფლების ცნება პირველად ჩნდება 1648 წლის ვესტფალიის სამშვიდობო ხელშეკრულებაში) და, უმთავრესად, განმანათლებლობის ლიბერალური განწყობის წყალობით. ამის მიუხედავად, როგორც გრიგოლ XVI-მ ენციკლიკით Mirari vos (1831), ისე პიუს IX-მ დოკუმენტით Quanta cura (1864) მკაცრად დაგმეს სინდისის თავისუფლება. ეს იყო ერთგვარი რეაქცია თანამედროვე სამყაროსთან ადამიანის აზროვნების სულ უფრო მეტად მორგებასა და ქრისტიანთა შორის გავრცელებულ გულგრილობაზე რელიგიური საკითხებისადმი. ამ ტენდენციის შეცვლას საფუძველი დაუდო ლეონ XIII-ის ენციკლიკამ Immortale Dei (1885), თუმცა, ეკლესიის მოძღვრება მაინც გადამწყვეტ როლს ინარჩუნებდა ინდივიდუალური სინდისის განსჯის საკითხში. სინდისის თავისუფლების სრული პატივისცემა საბოლოოდ განამტკიცა ვატიკანის II კრებამ დეკლარაციით Dignitatis humanae.

სინედრიონი (Sinedrio) [ბერძ. synédeion „თავყრილობა“] ქრისტემდე II საუკუნიდან მოქმედი უმაღლესი სასამართლო და იურიდიული ორგანო (1 მაკ. 11:23; 14:28). სინედრიონს თავმჯდომარეობდა უმაღლესი მღვდელმსახური, შედგებოდა 71 წევრისაგან: ყველაზე გავლენიანი ოჯახების წარმომადგენელთა, მწიგნობართა და მღვდელმსახურთაგან. სინედრიონმა სიკვდილი მიუსაჯა იესოს (მათ. 26:57-68; მარკ. 14:53-65; 15:1.43; ლუკ. 22:54-71), პირველ ქრისტიანებს (საქმ. 4:15; 5:21.34), სტეფანეს (საქმ. 6:12) და პავლეს (22:30).

სინერგია (Sinergia) [ბერძ. syn „თან“ + érgon „ქმნილება“: „თანამოქმედება“] საერთო ძალისხმევის შედეგად წარმოქმნილი თანამშრომლობა. წმიდა მამათა ნაწერებში ეს ტერმინი ხაზს უსვამს იესო ქრისტეში სული წმიდის მეშვეობით დამყარებული ადამიანისა და ღმრთის კავშირის სიახლეს. სული წმიდისა და ეკლესიის სინერგია საკვანძო ცნებაა ლიტურგიის საიდუმლოს საწვდომად (კორბონი).

სინერგიზმი (Sinergismo) [ბერძ. synérghein „თანამშრომლობა“] აღნიშნავს ღმრთაებრივი მადლისა და ადამიანური ნების საერთო ძალისხმევას, მიმართულს ქრისტიანთა ხსნისაკენ. მოციქულ პავლეს წერილების შემდეგ (რომაელთა, გალატელთა მიმართ) ეს ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი საფუძველმდები პრობლემაა და საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენს კამათისა და ბჭობის საგანს.

სინკრეტიზმი (Sincretismo) [ბერძ. synkretismós] პლუტარქე ამ სიტყვით (Moralia, 490ბ) აღნიშნავს კრეტელთა მანამდე დაქსაქსული ცალკეული ჯგუფების გაერთიანებას საერთო გარე მტრისგან თავის დაცვის მიზნით. „აღრევის“, „ნარევის“ მნიშვნელობის გადმოსაცემად სიტყვიდან synkeránnymi ნაწარმოები ტერმინი ჰუმანიზმის ხანიდან დამკვიდრდა და დასავლურ ენებში აღნიშნავდა უმთარესად რელიგიასთან და სამყაროს ხედვასთან დაკავშირებულ, ერთმანეთთან შეუთავსებელ მოძღვრებათა და აზროვნების სისტემათა შერწყმას. ამის შედეგად, ქრისტიანულ თეოლოგიებში დამკვიდრდა საკამათო მნიშვნელობის ცნება, იდეის საპირისპირო, რომ რელიგიები არსით ერთი და იდენტური რელიგიაა და ამიტომაც შესაძლებელია მათი სურვილისამებრ ურთიერთშეცვლა. საპირისპიროდ, შეფასებითი ელფერისაგან, დიდი ხნის წინათ გათავისუფლებულ და ნეიტრალურად ქცეულ ამ ცნებას რელიგიათმცოდნეობა ღმრთაებათა და განსხვავებულ რელიგიულ სისტემათა შედარებისა და აღრევის აღსანიშნავად იყენებს.

სინოდი (Sinodo) [ბერძ. sýnodos (syn „ერთად“+hodós „გზა“), შემდეგ ლათ. synodus „თავყრილობა“] სინოდი შეიძლება იყოს: ა) საეპისკოპოსო: მსოფლიოს სხვადასხვა მხარის წარმომადგენელ ეპისკოპოსთა თავყრილობა, რომელიც გარკვეულ დროის პერიოდში ტარდება რომის პაპსა და ეპისკოპოსებს შორის მჭიდრო კავშირის ხელშეწყობისა და პაპისათვის რჩევების სახით დახმარების გაწევის მიზნით (CIC, კან. 342). ამგვარად, საეპისკოპოსო სინოდი უნდა განვიხილოთ, როგორც: - საკონსულტაციო ხასიათის ცენტრალური საეკლესიო ინსტიტუტი, რომელიც დაკავშირებულია ეკლესიის უნივერსალურ მართვასთან, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში გამოხატავს საყოველთაო ეკლესიის ყურადღებას ერთი ან რამდენიმე ცალკეული ეკლესიის მიმართ; - ეპისკოპოსთა წარმომადგენლობითი ორგანო, რამდენადაც ის კოლეგიური ზრუნვის გამოხატულება და საშუალებაა; - თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მუდმივი ორგანო, რადგანაც ის სტაბილურად და უწყვეტად არსებობს ეკლესიაში, თუმცა კი დროითი განზომილების თვალსაზრისით შეზღუდულია თავისი საქმიანობის აღსრულებაში. 342-ე კანონში განსაზღვრულია სინოდის არსებობისა და ქმედების და ორი ძირითადი მიზანი: 1) უპირველეს ყოვლისა, ხელი შეუწყოს (როგორც კოლეგიური ზრუნვის გამოხატულებას და, მაშასადამე, ყველა ეპისკოპოსის ზრუნვას ეკლესიის კეთილდღეობაზე), მჭიდრო კავშირს რომის პაპსა და ყველა ეპისკოპოსს შორის, სარწმუნოებით, გულმოწყალებითა და სამწყსო რუდუნებით; ამგვარი კავშირი ფართოვდება და მოიცავს, აგრეთვე, რელიგიურ ოჯახსაც; 2) დაეხმაროს რჩევით რომის პაპს მისი სამოციქულო მსახურების აღსრულებაში (CIC, კან. 334), სარწმუნოებისა და ზნეობის დაცვისა და განმტკიცების, საეკლესიო საქმიანობასთან დაკავშირებული დისციპლინის დაცვისა და კონსოლიდაციის, მაშასადამე, მსოფლიოში ეკლესიის საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლის მიზნით; ბ) სადიოცეზო: განსაზღვრული დიოცეზის მღვდელმსახურთა და მორწმუნეთა თავყრილობა, რომლის მიზანია ეპისკოპოსისათვის დახმარების გაწევა კონკრეტული, ცალკეული ეკლესიის საკეთილდღეოდ (CIC, კან. 460). სადიოცეზო სინოდი მაშინ ტარდება, როდესაც ეპისკოპოსის მოსაზრების თანახმად და სამღვდელო საბჭოს რჩევით, მიზანშეწონილია მისი მოწვევა.

სინოპტიკური სახარებანი (Sinossi/Sinottici (vangeli)) [ბერძ. synópsis (syn „ერთად“+ópsis „ხედვა“), შემდეგ ლათ. სყნოპსის] ასე ეწოდება მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებს, რადგანაც შესაძლებელია მათი გვერდიგვერდ სვეტებად მოთავსება და ამგვარად, ერთი შეხედვით აღქმა (syn-ópsis). გამომდინარე ამ პარალელიზმიდან, მათი წარმოშობის, ურთიერთგავლენის, ურთიერთდამოკიდებულების და ა.შ., პრობლემა წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ სინოპტიკურ საკითხს.

სიონიზმი (Sionismo) [იერუსალემის აღმოსავლეთით მდებარე გორაკის სახელიდან - sion] ტერმინი აღნიშნავს პალესტინაში ებრაელთა დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით XIX საუკუნის დასასრულს აღმოცენებულ ებრაული პოლიტიკური აღორძინების მოძრაობას. მოძრაობა ბაზელში ჩატარებული (1897) პირველი სიონისტური კონგრესის შემდეგ ამოქმედდა, სადაც გამოცხადდა ებრაელი ჟურნალისტის, თ. ჰერცლის (1860-1904) იდეები. იგი ავტორია საპროგრამო წიგნისა „ებრაული სახელმწიფო. ძველი პრობლემის ახალი გადაწყვეტა“ (1896). პირველი ოფიციალური აღიარება სიონიზმმა 1917 წელს, „ბელფურის დეკლარაციით“ მოიპოვა. ამ დეკლარაციაში აღიარებულია ებრაელთა უფლება, „შექმნან ეროვნული კერა“ პალესტინაში, ერთა საბჭოს მანდატით. შემდგომ წლებში ებრაელებმა პალესტინაში დასახლებათა სულ უფრო მზარდი რაოდენობა შექმნეს, რომელთაც ერთი ცენტალური ორგანიზაციის (ებრაული სააგენტო - Jewish Agency) ეგიდით მოქმედი სხვადასხვა კომიტეტი ხელმძღვანელობდა. ის გამოუყოფდა მიწას მოსახლეთა კოლონიებს და აერთიანებდა მათ კოოპერატივებად (კიბუცი). ნაციონალ-სოციალისტთა მიერ ებრაელთა დევნის შედეგად (ჰოლოკოსტი) სიონისტურმა მოძრაობამ მთელ მსოფლიოში მოიპოვა მხარდაჭერა, რამაც შედეგადაც მოიტანა ისრაელის სახელმწიფოს დაარსება (1948). თუმცა იმავე პროცესმა გამოიწვია არაბული ნაციონალიზმის წინააღმდეგობა და სათავე დაუდო ებრაულ და არაბულ თემთა კონფლიქტს, რომელიც დღემდე გრძელდება.

სიტყვით გამოსვლა (Sermone) [ლათ. sermo „სიტყვა“] ქადაგება ლიტურგიული მსახურების დროს, ან, ზოგადად, რელიგიური შინაარსის გამოსვლა. მაგალითია მთაზე იესოს მიერ წარმოთქმული სიტყვა (მათ. 5-7).

სიქჰიზმი (Sikhismo) [სანსკ. sisya „მოწაფე“] დაახლოებით XVI საუკუნის დასაწყისში, გურუ ნანაკის (1469-1539) ქადაგებათა საფუძველზე აღმოცენებული რელიგიური მოძრაობა, რომელიც ინდოეთის პანჯაბის რეგიონშია გავრცელებული. სინქჰიზმის ძირითადი დებულებებია: ერთადერთი ღმრთის რწმენა (ის უფორმოა, და ერთდროულად ტრანსცენდენტურიც და ყოველივეს იმანენტურიც), კასტათა გაუქმება და რელიგიური ერთიანობისაკენ სწრაფვა. 1899 წელს, მეათე გურუს, გოვინდ სიქჰის (1675-1708) მმართველობის პერიოდში მუსლიმთა მხრიდან მომავალი საფრთხის წინაშე, სიქჰები გაერთიანდნენ თანაძმობაში („ხალსა“, წმიდათა საკრებულო), რომელმაც ხელი შეუწყო მოძრაობის დამახასიათებელ ნიშანთა განმტკიცებას და დაეხმარა მათ, უკეთ დაეცვათ თავი. ტრადიციის თანახმად, მაშინ იქნა დამკვიდრებული „ხუთი კ“ (ფანჯ კაკე), რაც წარმოადგენს როგორც ქალების, ისე მამაკაცთა მოძრაობისადმი კუთვნილების ნიშნებს: კეს (გრძელი, შეუკრეჭავი თმა), კამღა (სავარცხელი), კირპან (ხანჯალი), კარა (ფოლადის სამკლავური), კაკხ (მუხლამდე სიგრძის შარვალი). ეს და სხვა წესები, მაგალითად, სახელებისათვის ნაწილაკის „სიქჰ“ („ლომი“) და „კაურ“ („დედოფალი“) დამატების წესი, სავარაუდოდ, იმ პერიოდში დამკვიდრდა. ყველაზე მაღალი ავტორიტეტი სიქჰების საღმრთო წიგნია „გურუ გრანათ საჰიბი“ ანუ „ადი გრანათჰი“, რომელიც მეხუთე გურუმ, არჯან სიქჰმა (1581-1606) შეადგინა, გოვინდ სიქჰმა კი „გურუ - წმიდა წერილად“ გამოაცხადა. ის შეიცავს სოტერიოლოგიურ მოძღვრებას და გურუთა ლოცვებს. სიქჰთა სასულიერო ცენტრია ამრიტსარი, სადაც ინახება წმიდა წიგნი, მოთავსებული ჰარიმანდირში, რომელიც დღეს „ოქროს ტაძრის“ სახელით არის ცნობილი. ამჟამად სიქჰები უმეტესად ცხოვრობენ ინდოეთში (პანჯაბი), სადაც მოსახლეობის 2 პროცენტს შეადგენენ (დაახლოებით 17 მილიონ ადამიანს). ინდოეთის ფარგლებს გარეთ არსებული სიქჰთა ყველაზე დიდი საკრებულო ინგლისშია და 250 000-მდე წევრს ითვლის.

სიღატაკე (Povertà) [ლათ. paupertas (სიტყვიდან pauper „ღარიბი“)] სიღატაკე, როგორც სახარებისეული რჩევა (მათ. 19:21), ყოველი ქრისტიანისათვისაა ყურადსაღები. მისი არსია ამქვეყნიურ სიკეთეთა სწორი მოხმარება და სიმდიდრეზე უარის თქმა, რაც სავალდებულო პირობაა ცათა სასუფეველში მოსახვედრად (შდრ. LG, 42, CCC, 2544, შმდ.). „ნეტარ არიან სულით ღატაკნი“ (მათ. 5:3), აცხადებს ქრისტესეული ნეტარება, რომელიც, ამავე დროს, უპოვართათვის მატერიალურ სიკეთეთა გაზიარებისაკენ მოხმობაა (შდრ. CCC, 2833). სიღატაკის, უპოვარების აღთქმა (მორჩილებისა და უბიწოების აღთქმებთან ერთად) განსაზღვრავს იმ ადამიანთა ცხოვრებას, რომლებიც განსაკუთრებულად უძღვნიან თავს ღმერთს (მოწესენი). ამ შემთხვევაში სიღატაკის აღთქმას თითოეულ ინსტიტუტში საკუთარი წესდების შესაბამისად აღასრულებენ (შდრ. CIC, კან. 573). წმიდა ფრანცისკე ასიზელი გასაოცარი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება გარდაიქმნას სიღატაკე სხვათათვის გასაცემ შინაგან სიმდიდრედ.

სიყვარული (Carità) [ლათ. caritas „პატივისცემიდან მომდინარე სიყვარული“, გადმოსცემს ბერძნულ ცნებას agápe, „სიყვარული“] ერთ-ერთი სამ საღმრთისმეტყველო სათნოებათაგან, შთაგონებული წმიდამყოფი მადლით, რომელიც ადამიანებს ღმრთის აყვანილ შვილებად აქცევს. წმიდა პავლე ამტკიცებს: „ღმრთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სული წმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ“ (რომ. 5:5); და, ასევე: „თუ მე ადამიანთა და ანგელოსთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ...“ (1 კორ. 13:1). ახალ აღთქმაში ტერმინი აღნიშნავს როგორც ღმრთის სიყვარულს ადამიანთა მიმართ, ასევე, ადამიანის სიყვარულს ღმრთისა და მოყვასისადმი, რაც აგრეთვე მტერთა სიყვარულსაც გულისხმობს (შდრ. მათ. 5:43). იესომ კაცთმოყვარეობა კანონის უმთავრეს ძირად, ახალ და ყველაზე დიდ მცნებად დაადგინა (ლუკ. 10:25-37 და პარ.), რომლის მიხედვითაც განვისჯებით (შდრ. მათ. 25:35-46), ადამიანთა შორის სიყვარული კი ღმრთის მიმართ სიყვარულის დამამტკიცებელ საბუთად წარმოადგინა (შდრ. CCC, 1822-1829).

სიყმაწვილის სახარება (Vangeli dell'infanzia) ასე ეწოდება მათესა და ლუკას სახარების საწყის თავებს (მათ. 1-2; ლუკ. 1-2), რომლებშიც იესოს დაბადება და პირადი ცხოვრებაა აღწერილი. მათე ძველი აღთქმიდან იღებს შთაგონებას იმის დასამტკიცებლად, რომ ის იესოში პოვებს თავის აღსრულებას. ლუკა კი ძველ აღთქმაში საზოგადო მსახურების წინმსწრებ ნიშნებს ხედავს. მათე იოსებს აძლევს უპირატესობას, ლუკა კი - მარიამს. ესაა არა იმდენად ბიოგრაფიული თხრობა, რამდენადაც თეოლოგიური და ქრისტოლოგიური განსჯა. ნ. სახარება.

სიწმიდე (Santità) [ლათ. sanctitas] ღმრთის ატრიბუტი, რომელიც აღნიშნავს მის ტრანსცენდენტულობას ყოველივე შექმნილისაგან და, მით უმეტეს, მის განცალკევებას ბოროტებისა და ცოდვისაგან. ბოროტების უარყოფისა და ღმრთის ბუნებაში თანამონაწილეობის სახით, მოეთხოვება ნებისმიერი სტატუსისა და წოდების მორწმუნეს, როგორც ქრისტიანული ცხოვრების სისრულე და გულმოწყალების სრულყოფა (შდრ. LG, 40): „იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათ. 5:48; შდრ. CCC, 2012). სიწმიდე არის აგრეთვე ეკლესიის დამახასიათებელი თვისება, რადგანაც ქრისტემ, ერთადერთმა წმიდამ, ის თავის სხეულად აქცია (LG, 39; შდრ. CCC, 823-829), თუმცა ეს არ ათავისუფლებს ეკლესიას მისდამი მინდობილთა ცოდვებისაგან.

სიწმიდეობა (Purità) [გვიანლათ. puritas, სიტყვიდან purus „სუფთა“] სიწმიდეობა და მისი საპირისპირო ცნება — უწმიდურობა თითქმის ყველა რელიგიაშია ცნობილი. ბიბლია წმიდად მიიჩნევს ყოველივეს, რაც ღმერთთან აახლოვებს და ხელს უწყობს ღმრთისმსახურებას, უწმიდურად კი - ყოველივე იმას, რაც ღმრთისაგან აშორებს და მის კულტს ავნებს. ძველ აღთქმაში უწმიდურებად მიჩნეულია ცალკეული ცხოველები (ლევ. 11:1, შმდ.), გვამები, ყოველივე, რაც დაკავშირებულია კერპთაყვანისმცემლურ კულტებთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, კეთრი, წარმართებთან ურთიერთობა. კანონიერი სიწმიდეობის აღსადგენად, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა ღმერთთან ურთიერთობისათვის აუცილებელ ზნეობრივ სიწმიდეობას, განწმედის წესები არსებობდა. ახალ აღთქმაში სიწმიდეობა გულისხმობს ახალ გულს (მათ. 5:8; 7:18, შმდ.), რომელიც შეიძლება მოიპოვო არა იმდენად განწმედის გარეგნული რიტუალების მეშვეობით, რამდენადაც ჭეშმარიტების მიმართ მორჩილებისა და გულმოწყალების გზით (1 პეტრ. 1:22).

სიხარბე (Avarizia) [ლათ. avaritia] უზომო მიჯაჭვულობა სიმდიდრისა და ნებისმიერი საგნის ფლობის მიმართ. შედის შვიდ მთავარ მანკიერებათა რიცხვში ამპარტავნებასთან, შურთან, მცონარობასთან, მრისხანებასთან, ავხორცობასა და გაუმაძღრობასთან ერთად (შდრ. CCC, 1866).

სიხარულისა (Gaudiosi) [ლათ. gaudium „სიხარული“] სავარდის საიდუმლოებანი, რომლებიც მარიამის ცხოვრების „სიხარულთ“ ეძღვნება. ესენია: ა) ხარება; ბ) მარიამის სტუმრობა წმიდა ელისაბედთან; გ) იესოს დაბადება ბეთლემში; დ) მარიამის განწმედა და იესოს წარდგინება ტაძარში; ე) ტაძარში იესოს დაკარგვა და პოვნა.

სიხარულის კვირადღე (Laetare, domenica) [ბრძანებითი ფორმა ლათინური ზმნისა laetare „გამხიარულება, გახარება“] ასე ეწოდება დიდმარხვის მეოთხე კვირადღეს, სახელწოდება მომდინარეობს წირვის ინტროიტის პირველი სიტყვიდან: „Laetare, Jerusalem...“. მოახლოებული აღდგომის გამო სასიხარულო განწყობის ხაზგასასმელად მღვდელმსახურს ვარდისფერი სამოსი შეიძლება ემოსოს.

სკაპულარი (Scapolare) [გვიანლათ. scapulare (სიტყვიდან scapula „ბეჭი“)] სამოწესეო ორდენთა წევრების სამოსლის ნაწილი: მხრებსა და მკერდზე გადმოფენილი ქსოვილის ფართო ზოლი. თავდაპირველად იყო ბენედიქტელ მონაზონთა სამუშაო ზედა სამოსი. მესამე ორდენისა და თანაძმობათა წევრი საერო პირები, აგრეთვე, ატარებენ სკაპულარს, რომელიც ერთმანეთთან ორი ზონარით დაკავშირებულ ორ მართკუთხა ქსოვილის ნაჭერს წარმოადგენს: მხრებსა და გულზე დაფენილი ეს ელემენტი ტანსაცმლის ქვეშ არის მოქცეული და უშუალოდ კანს ეხება. პაპმა პიუს X-მ ნება დართო საძმოთა წევრებს, სკაპულარის ნაცვლად, ეტარებინათ მედალიონი საღმრთო გამოსახულებით.

სკაუტიზმი (Scoutismo) [ინგლ. scout „მაძიებელი“, „მზვერავი“] საერთაშორისო ახალგაზრდული მოძრაობა, დაფუძნებული 1908 წელს ინგლისელი ოფიცრის, რობერტ ბადენ-პაუელის, მიერ. მოძრაობის ძირეული არსია გაერთიანებისა და თავგადასავლების ძიებისაკენ ყმაწვილთა ბუნებრივი მიდრეკილების აღმზრდელობითი მიზნებისთვის გამოყენება, „აქტიური, ლაღი და სასარგებლო მოქალაქეთა ჩამოყალიბების მიზნით“. ახალგაზრდათა სპონტანური გაერთიანების, თვითმმართველობის გამოცდილების, ბუნებასთან უშუალო კონტაქტისა და აქტიური ცხოვრების სტილის მეშვეობით ხდება ხასიათის ჩამოყალიბება, ფიზიკურ-ჰიგიენური აღზრდა, ფიზიკური შრომისა და მოყვასის დახმარების ჩვევათა გამომუშავება. სკაუტები ასაკის მიხედვით ჯგუფდებიან: „მგლის ბოკვრები“ (8-11), „მაძიებლები“ (12-17), „მოხეტიალენი“ (18-25). იტალიაში სკაუტიზმის ორი ფორმაა გავრცელებული: კარლო კოლომბოს მიერ 1912 წელს დაარსებული აკონფესიური ასოციაცია „ახალგაზრდა იტალიელ მაძიებელთა ეროვნული კორპუსი“ (CNGEI) და 1916 წელს დაარსებული კათოლიკური „იტალიის სკაუტისტთა კათოლიკური ასოციაცია“ (ASCI). ეს უკანასკნელი 1975 წლიდან იწოდება „იტალიელ კათოლიკე მეგზურთა და სკაუტთა ასოციაციად“ (AGESCI), აქვს იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის (CEI) მიერ მოწონებული წესდება, რომელიც სკაუტიზმის ყველა არსებით ღირებულებას მოიცავს. კათოლიკური სკაუტიზმი აყალიბებს „ადამიანის ტიპს“, რომელსაც, როგორც ღმრთის ნიჭი, თავის თავში აქვს განვითარების შესაძლებლობა, შექმნისა და შენების უნარი; ის გახსნილია სხვა ადამიანის, სამყაროს, ტრანსცედენტულის მიმართ, თავისუფალია თავის განვითარებაში, რომელიც ერთგვარი „თამაშის“ სახით ვითარდება ბუნებასთან, სხვა ადამიანებთან და ღმერთთან მუდმივ შეხვედრებში, და პასუხისმგებელია მასზე.

სკეპსისი (Scepsi) [ბერძ. sképsis „კრიტიკული შეფასება“] მდგომარეობა, როცა ძიებისას შეუძლებელია რომელიმე დებულების სინამდვილის თუ სიმცდარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, ტერმინიდან მომდინარეობს მოძღვრების სახელწოდება: სკეპტიციზმი.

სკოლათა მარისტი ძმები (Fratelli maristi delle scuole) საერო პირთა კონგრეგაცია, რომელიც 1817 წელს სენ შამონში (ლიონის მახლობლად) მარსელინ ჟოზეფ ბენედიქტ შამპანიამ (1789-1840) დააარსა. კონგრეგაციის წევრები უმთავრესად მოზარდთა აღრდითა და განათლებით არიან დაკავებული.

სკოლოპები (Scolopi) ღმრთისმოსავი სკოლების ღმრთის დედის რეგულარულ ღატაკ სამღვდელოთა ორდენის (Chierici regolari poveri della Madre di Dio delle Scuole Pie) წევრები. 1617 წელს პაპმა პავლე V-მ ორდენს მარტივ აღთქმათა მქონე კონგრეგაციის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 1621 წელს პაპმა გრიგოლ XV-მ - საზეიმო აღთქმათა მქონე სამოწესეო ორდენის სტატუსი. ორდენის წევრები, სამი ჩვეულებრივი აღთქმის გარდა, მეოთხე - ახალგაზრდათა აღზრდის - აღთქმასაც დებენ. მის დამფუძნებლად მიიჩნევა ესპანელი მღვდელი ჯუზეპე დი კალასანსა (1556- 1648, კანონიზებულია 1767), რომელმაც რომის ერთ-ერთ სამრევლოში ევროპაში პირველი უფასო დაწყებითი სასწავლებელი დააარსა. ორდენი სწრაფად გავრცელდა ევროპის მრავალ ქვეყანაში, თუმცა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მან თითქმის მთლიანად შეწყვიტა არსებობა. აღმზრდელობითი საქმიანობის განახლება ორდენმა მხოლოდ XX საუკუნეში შეძლო. დღეს ის დაახლოებით 2 000 წევრს ითვლის, რომლებიც, ძირითადად, დაწყებით სკოლებში მოღვაწეობენ ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს (მაგალითად, ყრუ-მუნჯებს) უწევენ შემწეობას.

სკოტიზმი (Scotismo) ფილოსოფიური დოქტრინა, როელიც ფრანცისკელი იოანე დუნს სკოტის (†1308, კიოლნი) ნააზრევიდან იღებს დასაბამს. სქოლასტიკის ხანის ყველაზე თვალსაჩინო მოაზროვნე (ისტორიაში ის doctor subtilis-ის სახელითაა ცნობილი), სკოტი პარიზისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში ასწავლიდა. დომინიკელი თომა აკვინელისა (†1274) და ყოფნის არისტოტელესეული მეტაფიზიკის (ღმერთი = უზენაესი ყოფნა = უზენაესი სიკეთე) საწინააღმდეგოდ, სკოტმა ხაზი გაუსვა ღმრთის განსაზღვრების შეუძლებლობას (ღმერთი = უზენაესი ნება), რომელიც უფრო სიყვარულის მეშვეობით შეიცნობა. სკოტი, აგრეთვე, ამტკიცებს ნების დამოუკიდებლობას გონების მითითებებთან მიმართებაში; არსების ცნების ერთმნიშვნელოვანებას; ინდივიდუაციის პრინციპის არსებობას ფორმაში და არა მატერიაში.

სნეულთა ზეთის ცხება (Unzione degli infermi) შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთი. მოციქული იაკობი აცხადებს: „არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამე ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება“ (იაკ. 5:14-15). სნეულთა ზეთის ცხების საიდუმლო მიზნად ისახავს განსაკუთრებული მადლის მინიჭებას ქრისტიანისათვის, რომელიც მძიმე დაავადებასთან ან სიბერესთან დაკავშირებულ სირთულეებს განიცდის. ზეთის ცხების მიღების შესაფერისი დრო მაშინ დგება, როცა სნეულების თუ ხანდაზმულობის გამო მორწმუნე სიკვდილის მოახლოების საფრთხის წინაშე დგას. ქრისტიანს მძიმედ დასნეულების ყოველ ჯერზე შეუძლია ამ საიდუმლოს მიღება. ეს მაშინაცაა დასაშვები, თუ ზეთის ცხების მიღების შემდეგ მორწმუნის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. სნეულთა ცხების საიდუმლოს აღსრულება მხოლოდ სამღვდელო პირებს (მღვდლებსა და ეპისკოპოსებს) შეუძლიათ. საიდუმლოს აღსრულებისას ეპისკოპოსის ან თვით საიდუმლოს აღმსრულებლის მიერ ნაკურთხი ზეთი გამოიყენება. ამ საიდუმლოს აღსრულების მთავარი ნიშანია სნეულის შუბლისა და ხელის მტევნების (რომაულ წესში), ან სხეულის სხვა ნაწილების (აღმოსავლეთში) ცხება, მღვდლის ლოცვის თანხლებით. ამ საიდუმლოს განსაკუთრებული მადლის შედეგებია: სნეულის დაკავშირება ქრისტეს ვნებასთან მისი და მთელი ეკლესიის სასიკეთოდ; ნუგეში, სიმშვიდე და სიმხნევე სნეულების ან ხანდაზმულობის ტანჯვათა ქრისტიანულად გადასატანად; ცოდვათა მიტევება, თუ სნეულმა ვერ შეძლო მისი მიღება მონანიების საიდუმლოს მეშვეობით; ჯანმრთელობის აღდგენა, თუ ეს სულიერ ხსნას უწყობს ხელს; მარადიულ სიცოცხლეში შესვლისათვის მომზადება.

სომასკელნი (Somaschi/e) L'Ordo Clericorum Regularium a Somasca, ანუ Compagnia dei servi dei poveri. 1528 წელს, ვენეციელი საერო პირის, იერონიმე მიანის (Hieronymus Aemiliani, †1537, კანონიზებულია 1767) მიერ დაარსებული კონგრეგაცია, რომელმაც მოგვიანებით სახელწოდება წარმოშობის ადგილის სახელის მიხედვით (ბერგამოს მახლობლად მდებარე პატარა ქალაქი სომასკა) მიიღო. 1540 წელს პავლე III-მ კონგრეგაცია რეგულარულ სამღვდელოთა საკრებულოს სახით მოიწონა, 1568 წელს კი, პიუს V-მ ავგუსტინესეული წესდების მქონე მეორე ორდენად დააწინაურა. თავიანთი დამფუძნებლის მსგავსად, ორდენის წევრები ობოლთა და ღარიბთა აღზრდასა და განათლებას უწყობენ ხელს, ამავე დროს, ეხმარებიან სნეულებს და მონაწილეობენ სამრევლო სამწყსო საქმიანობაში. კონგრეგაციას, რომლის წევრობა საერო პირთათვისაც არის შესაძლებელი, XIX საუკუნეში ჰქონდა აღმავლობის პერიოდი, როდესაც მათი განყოფილებები ცენტრალურ ამერიკასა და შეერთებულ შტატებშიც გაიხსნა. ორდენის ქალთა შტო 1680 წელს გენუაში დაარსდა, მისი წევრები მოზარდთა, განსაკუთრებით კი, — ღარიბთა და ობოლთა, აღზრდით არიან დაკავებულნი.

სომხური ეკლესია (Chiesa Armena) ქრისტიანული ეკლესია, დაარსებული სომხეთში III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წმიდა გრიგოლ განმანათლებლის მიერ (რის გამოც ამ ეკლესიას, აგრეთვე, „გრიგორიანულიც“ ეწოდება). მალე ის იქცა სომეხი ხალხისა და სომხური სახელმწიფოს ეკლესიად. კათოლიკოსად წოდებული სომხური ეკლესიის მეთაური თავდაპირველად კესარიის მეტროპოლიტის მიერ იკურთხებოდა. 387 წელს რომის იმპერიისა და სპარსეთის მიერ განაწილებული სომხეთი კონსტანტინოპოლის გავლენის ქვეშ მოექცა. კათოლიკოს აბრამ I-ის მმართველობისას სომხურმა ეკლესიამ მონოფიზიტობა გაიზიარა და გაწყვიტა ურთიერთობა ქალკედონურ ეკლესიებთან. ფლორენციის კრების შემდეგ (1439) კვალავ აღდგა ერთობა კათოლიკე ეკლესიასთან, თუმცა ეს ერთობა არ მიიღო ყველამ. ყოველ შემთხვევაში, სომხური საკრებულო საკუთარი სარწმუნოების ერთგული დარჩა და შეეწინააღმდეგა ჯერ თურქულ ზეწოლას, შემდეგ კი - კომუნისტური რეჟიმის მიერ დევნას.

სოტერია (Sotería/Soterico) [ბერძ. „ხსნა“] სახარებისეული უწყების თვისებრივი შინაარსი, როგორც ადამიანისადმი ღმრთის ნიჭი და ქმედება, როგორც ღმრთის ამ ქმედების გავლენით ადამიანური არსებობის რეალობა და საბოლოო არსი, როგორც ღმრთის მადლის მიერ გაძღოლილი ადამიანის აქტივობის/ ქმედების ღირებულება. ნ. მხსნელი/ხსნა.

სოტერიოლოგია (Soteriologia) [ბერძ. sotería „ხსნა“+loghía] თეოლოგიური მოძღვრება, რომელიც შეეხება ყოველივეს, დაკავშირებულს სოტერიასთან, ანუ ადამიანის ხსნასა და გამოსყიდვასთან.

სოფია (Sophia) [ბერძ. „სიბრძნე“] აღმოსავლურ თეოლოგიაში ფართოდ გავრცელებული ტერმინი. შეიძლება აღნიშნავდეს ღმრთის დამახასიათებელ თვისებას, რომელიც ძველ აღთქმაში გაპიროვნების ფორმას აღწევს (ნ. ჰიპოსტასი). ახალ აღთქმასა და ქრისტიანულ თეოლოგიაში ტერმინი გაიგივდა სიტყვასთან (ნ. ლოგოსი). როგორც გაპიროვნებული ძალა, გნოსისში წარმოგვიდგება. თეოლოგიურ ანთროპოლოგიაში აღნიშნავს ადამიანის მიდრეკილებასა და სწრაფვას რეალობისა და ღმრთაებრივ ღირებულებათა ზეინტელექტუალური და სასიცოცხლო აღქმისაკენ, რაც მადლისა და სული წმიდის ქმედების ნაყოფია.

სოფიიზმი (Sofianismo) [ბერძ. sophía „სიბრძნე“] მისტიკური თეოლოგიური მიმდინარეობა, რომელსაც წარმოადგენდნენ ზოგიერთი რუსი მოაზროვნეები: ვ. სოლოვიოვი, პ. ფლორენსკი და სხვანი. მიმდინარეობა სოფიოლოგიის სახელითაც არის ცნობილი, მისი ამოსავალი წერტილია „სოფია“, განმარტებული და განხილული, როგორც ღმრთის „სიბრძნე“, მისგან განცალკევებული და ერთსა და მრავლობითს შორის შუამავალი. სოფიოლოგია გამოხატავს ღმრთაებრივში ქალური ელემენტის ჩართვის ან მოძიების სწრაფვას ქრისტიანული თეოლოგიური განსჯის მეშვეობით და მის ფარგლებში.

სოფიოლოგია ნ. სოფიიზმი.

სოფონია ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები.

სოცინელობა (Socinianesimo) XVI საუკუნის პროტესტანტული თეოლოგიური მიმდინარეობა, რომლის სახელწოდებაც უკავშირდება ჰუმანისტ ლელიუს სოცინისა (სოცინუსი, †1562 წელს ციურიხში) და მისი ნათესავის - სიენელი ფაუსტო სოცინის (†1605 პოლონეთში) სახელებს. სოცინელობა სამების მოწინააღმდეგე მოძრაობათა რიცხვს მიეკუთვნება; ღმრთის ერთიანობის იდეის მტკიცე მხარდაჭერის თვალსაზრისით ის შეიძლება დავუკავშიროთ უნიტარელთა (პოლონელ ძმათა) მოძრაობას. ამ მიზეზით მათ არიანელობის ბრალდება წაუყენეს, რის შედეგადაც, Codex Theodosianus-ის, ანუ 380 წლის იმპერატორის ედიქტის, თანახმად, სოცინელნი საიმპერატორო კანონმდებლობის მხრიდანაც (1658 წლის ვარშავის დეკრეტი) იდევნებოდნენ. დევნისაგან თავის დასაღწევად მათ ბალტიის ქვეყნებს და, უმთავრესად, ნიდერლანდებსა და ინგლისს მიაშურეს, საიდანაც ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდნენ. მათი სარწმუნოების აღსარება გადმოცემულია რაკოვის კატეხიზმოში (1605-1609).

სპირიტიზმი (Spiritismo) [სიტყვიდან spirito + ბოლოსართი ისმო] სპირიტიზმი აერთიანებს საკმაოდ განსხვავებულ თეორიებსა და პრაქტიკულ მეთოდებს, დაფუძნებულთ საერთო რწმენაზე, რომ ადამიანის განსაზღვრული ასპექტი (სამშვინველი, ან სული) ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას არაამქვეყნიურ სამყაროში, ხოლო ცოცხლებს გარდაცვლილებთან კონტაქტში შესვლა შეუძლიათ (ან პირიქით). ყველაზე გავრცელებული სპირიტისტული პრაქტიკაა სპირიტუალური სეანსი. (მრგვალი) მაგიდის გარშემო მსხდომი სეანსის მონაწილეები გაშლილი ხელის თითებისა და გადაჯვარედინებული ფეხების მეშვეობით „ჯაჭვს“ ქმნიან. ამგვარ სეანსებში მონაწილეობის სავარაუდო მიზანია მძიმე მდგომარეობაში (გლოვა) ნუგეშის ძიება; სხეულისა და სულის განკურნების სურვილი, იმქვეყნიური სამყაროს მიმართ ცნობისმოყვარეობა; მედიუმის დახმარებით ცხოვრებასა და რწმენაში შეხიდების ძიება. მიუხედავად იმისა, რომ სპირიტიზმის თემაზე მრავალფეროვანი ლიტერატურა არსებობს, ცოცხლებსა და გარდაცვლილებს შორის კონტაქტის არსებობის დამადასტურებელი დამაჯერებელი საბუთები არ მოიპოვება. ამიტომაც ქრისტიანული თვალსაზრისით, სპირიტისტული პრაქტიკა დასაგმობია. გაუგებარი წარმოშობის „მეცნიერებას“ დაწაფებული სპირიტიზმი სარწმუნოების ბიბლიურ საფუძვლებს აყენებს ზიანს, განსაკუთრებით, მკვდრეთით აღდგომის იმედის საკითხთან დამოკიდებულებაში. დაბოლოს, ამგვარი პრაქტიკა უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის სულსა და გონებაზე: ამ დასკვნას სპირიტიზმის მრავალი მიმდევრის დაკვირვება ადასტურებს, რის გამოც ამ პრაქტიკას თავი უნდა ავარიდოთ.

სპირიტუალები (Spirituali) [ლათ. სპირიტუალის (სიტყვიდან სპირიტუს)] სპირიტუალებს - „სულიერ ადამიანებს“ (შდრ. 1 კორ. 2:12, შმდ.) XIII საუკუნეში ფრანცისკელებს უწოდებდნენ, რომლებიც სიღატაკის საკითხზე დავის პროცესში სიღატაკის იდეალის ნებისმიერი შემსუბუქების წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ორდენის მიერ საკუთრების ფლობას. ფრანცისკელები თავს მიიჩნევდნენ უკანასკნელი ჟამის მონაზონთა ეკლესიის წინამორბედებად, რომელსაც, იოაკიმე ფიორელის ესქატოლოგიის თანახმად, მხოლოდ სული წმიდა განაგებდა. მათმა წარმომადგენელმა, გერარდო ბორგომ სან დონინოდან (პარიზი), 1254 წელს დაწერილ წიგნში Liber Introductoriu in Evangelium aeternum (შდრ. გამოცხ. 14:6) ცისტერციელი აბატის, იოაკიმე ფიორელის (†1201/1202) ნაწერები გაათანამედროვა და „სულის ჟამის“ წინასწარმეტყველების განხორციელება 1260 წლისათვის გამოაცხადა. მისი ვარაუდით, ამავე წელს უნდა მოღებოდა ბოლო პაპის ეკლესიას (როგორც „ძის მეფობას“ და მღვდელმსახურთა ბატონობას, რომელიც მოსდევდა მანამდე არსებულ „მამის მეფობას“, ანუ მეფეთა და საეროთა ბატონობას). მიუხედავად იმისა, რომ 1255 წელს ჯერარდო გაასამართლეს და ერთ-ერთ მონასტერში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, იოაკიმელთა მოძრაობამ მაინც გააგრძელა განვითარება. თუმცა ტერმინი „სპირიტუალები“ მათი მოწინააღმდეგეების წყალობით დამკვიდრდა, რომლებიც ამ დამამცირებელი საერთო სახელით მოიხსენიებდნენ ყველა ფრანცისკელს, მათი სხვადასხვა ჯგუფის ერთმანეთისაგან განურჩევლად.

სპირიჩუელი (Spiritual) [ინგლ. spiritual (song) „სასულიერო (სიმღერა)“] აფროამერიკული რელიგიური გალობა, აფრიკიდან წამოყვანილი მონების ქრისტიანობასთან შეხვედრის ნაყოფი (XVIIIს.). ბიბლიით შთაგონებული ტექსტები გამოხატავენ ჩაგრული ხალხის ტანჯვასა და მწუხარებას, რასაც ერთვის განთავისუფლებისა და მონობისაგან თავის დახსნის იმედი.

სტავროფორი (Stauroforo) [ბერძ. stáuros „ჯვარი“ და férein „ტარება“] ჯვრისმტვირთველი მსვლელობისას. ნ. ჯვრისმტვირთველი.

სტალები (Stalli) [გერმ. Stall] ქორედის სკამები, განკუთვნილი სასულიერო პირთა და მღვდელმსახურთათვის.

სტაროვერები (Vecchi credenti) (რუსულად „სტაროვერი“ („ძველი სარწმუნოების მიმდევარი“) ან „სტაროობრიადცი“ („ძველი წესის მიმდევარი“) რუსი საეკლესიო და საერო პირები, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს 1653 წელს პატრიარქ ნიკონის მიერ შემოღებულ, ბერძნულ მართლმადიდებლურ ლიტურგიაზე დაფუძნებულ რეფორმებს. ამ წინააღმდეგობის შედეგი იყო დიდი სქიზმა („რასკოლ“) და შუა საუკუნეთა მრავალი ტრადიციის დაკარგვა რუსულ ეკლესიაში. რუსული ეკლესიის მიერ გაჩაღებულმა დევნამ გააღვივა სახელმწიფოს მიმართ მტრული განწყობა და ხელი შეუწყო სამყაროს აპოკალიფსური ხედვების გავრცელებას, რომელთა არსიც სახელმწიფოსა და ეკლესიის უარყოფა იყო. თვით პატრიარქი ნიკონი ანტიქრისტეს მეფობის ინიციატორად იქნა წარმოჩენილი. მოგვიანებით სტაროვერები ფრაქციებად დაიყვნენ და მხოლოდ 1952 წელს შედგა მორიგების კრება, რომელმაც სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთთან დააზავა. 1960 წელს მოსკოვში მყოფ მთავარეპისკოპოსს ექვემდებარებოდა ძველი წესების მიმდევარი 300 საკრებულო, სადაც 200 მღვდელი მსახურობდა.

სტატუტები (Statuti) [გვიანლათ. statutum, სიტყვიდან statuere „დადგენა“, „დაწესება“] საზოგადო სამართლის შესატყვისი ნორმატივები, რომლებიც განსაზღვრავს ნებისმიერი იურიდიული პირის მიზანს, სტრუქტურას, მმართველობას და მოქმედების საშუალებებს (შდრ. CIC, კან. 94).

სტიგმები (Stigmate) [ბერძ. stígma „ნიშანი“, „ნაიარევი“, „იარა“] ძველად ბერძნები და რომაელები ასე უწოდებდნენ მფლობელის ან უფროსის მითითების მიზნით მონების, საქონლისა და ზოგჯერ ჯარისკაცთა სხეულზე ცხელი მეტალით ამოშანთულ ნიშნებს. ახალ აღთქმაში პავლემ პირველმა გამოიყენა ეს ცნება (გალ. 6:17) იესოს სახელით გადატანილი ტანჯვის აღსანიშნავად. ხელის მტევნებზე, ფეხებსა და ტანზე სტიგმათა გამოსახვის ფენომენი გვიანდელი წარმოშობისაა და ქრისტეს ვნებისადმი თაყვანისცემის გავრცელებას უკავშირდება. სტიგმატიზაციის პირველი და ყველაზე ცნობილი შემთხვევაა ლა ვერნას მთაზე ფრანცისკე ასიზელის სხეულზე 1224 წელს, სიკვდილამდე ორი წლით ადრე გამოსახული სტიგმები. არცთუ შორეული წარსულიდან აღსანიშნავია პიეტრელჩინელი წმიდა პიუსის (მამა პიო; †1968) სხეულზე გამოსახული სტიგმები.

სტოლა (Stola) [ლათ. stola, ნაწარმოებია ბერძნული სიტყვიდან stolé „სამოსი“] საღმრთო კურთხევის ნიშანი, ეპისკოპოსთა, მღვდელმსახურთა და დიაკვანთა სამოსელი ლიტურგიული მსახურების დროს. ლიტურგიული სამოსის შესაბამისი ფერის ქსოვილის ზოლი, რომელსაც დიაკვნები მარცხენა მხარზე გადაკიდებულს და მარჯვენა მკლავის ქვეშ დამაგრებულს ატარებენ, მღვდელმსახურები კი - კისერზე ჩამოკიდებულს.

სუბორდინაციონიზმი (Subordinazionismo) თეოლოგიური მოძღვრება, რომლის თანახმადაც, სიტყვა (ნ. ლოგოსი) და სული წმიდა დასაბამს იღებენ მამა ღმრთისაგან და ერთგვარად დაქვემდებარებული არიან მისდამი, იმ თვალსაზრისით, რომ მამა ღმრთის ღმრთაებრივ ბუნებაში მათი თანაზიარება არასრულყოფილი და არასრულია. II და III საუკუნეებში სუბორდინაციონიზმი ხშირად წარმოდგებოდა კონცეპტუალურ ჭრილში სამების ჯერ კიდევ არასაკმარისი და არასრულყოფილი განმარტების ფორმად.

სუბურბიკარიული დიოცეზი (Suburbicarie, diocesi) [ლათ. suburbicarius შედგენილია სიტყვებისგან sub „ქვეშ“+urbs „ქალაქი“, აბსოლუტური მნიშვნელობით - რომი] ასე ეწოდება რომის სიახლოვეს მდებარე დიოცეზებსა და საეპისკოპოსო კათედრებს, რომლებიც საეპისკოპოსო წესის კარდინალის იურისდიქციას ექვემდებარება. ესენია: ოსტია, ალბანო, ფრასკატი, პალესტრინა, პორტო-სანტა რუფინა, საბინა-პოჯო მირტეტო, ველეტრი-სენი.

სუდარა (Sindone) [ბერძ. sindón „სელის ქსოვილი“] აღნიშნავს დაკრძალვისათვის განკუთვნილ „ზეწარს“, რომელშიც, როგორც ქრისტიანული ტრადიცია მიიჩნევს, შეხვეული იყო იესო ქრისტე ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ (შდრ. მარკ. 15:46). ევროპაში აღმოსავლეთიდან, შესაძლოა, ტამპლიერთა მიერ, ჩატანილი სუდარა 1353-1356 წლებში საფრანგეთში, ქალაქ ლირეიში ინახებოდა. ამ თარიღიდან იწყება სუდარის ზუსტი და დასაბუთებული ისტორია. შემდეგ ის ჩემბერიში ჩაიტანეს, 1578 წელს კი - ტურინში, სადაც დღემდე ინახება სააკათედრო ტაძარში და პერიოდულად იფინება სათაყვანებლად. სუდარის მიმართ ამჟამინდელი დიდი მოწიწება და თაყვანისცემა XIX საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა. სუდარა პირველად 1898 წელს გადაიღეს ფოტოფირზე, რომლის ანალიზმა აჩვენა, რომ ქსოვილი ერთგვარ ფოტოგრაფიულ ნეგატივს წარმოადგენდა, რომელზეც მკაფიოდ აისახა ნაცემი და ჯვარცმული მამაკაცის სხეულის მოყვანილობა. 1982 წელს სავოის ყოფილმა მეფემ, უმბერტო II-მ სუდარა პაპ იოანე პავლე II-ს უანდერძა. ტურინის მთავარეპისკოპოსის, კარდინალ ბალესტრეროს ინიციატივით ბოლოხანს ჩატარებული კვლევის შედეგად არ დადასტურდა სუდარის ავთენტიკურობა, თუმცა კვლევის მეთოდებმა და მისმა შედეგებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

სუკოთი (Sukkòth) ებრ. აღნიშნავს კარვობის, ანუ ტაბერნაკულუმთა დღესასწაულს.

სულთანი (Sultan) [არაბ. sultan „ძალაუფლება“, „ბატონობა“] ოსმალთა იმპერიის ხელისუფალთა ტიტული XV საუკუნიდან. დღემდე გამოიყენება ცალკეულ ისლამურ მონარქიულ სახელმწიფოებში.

სული/სული წმიდა (Spirito/Spirito Santo) [spiritus (ლათ.), pneûma (ბერძ.), rûah (ებრ.)] უპირველეს ყოვლისა, განიმარტება, როგორც „ქარი“, „სუნთქვა“, „ქარიშხალი“, „ქროლვა“. ჩვეულებრივ სული აღნიშნავს არამატერიალურ რეალობას, ტრანსცენდენტულს დროისა და სივრცის მიმართ, რომელიც ინტელექტუალურ უნართა ან გონიერებისა და ზნეობის მატარებელია, აქვს შემოქმედებითი და შეგრძნებითი აღქმა და ძალუძს როგორც ადამიანის, ისე ღმრთაებრივის არსებითი თვისების აღნიშვნა. ძველ აღთქმასა და ებრაულ თეოლოგიაში ღმრთის სული თვით ღმრთის ისტორიაში მისი მოქმედების გამოვლინების საშუალებაა. ღმრთის სული აღნიშნავს მარადიული ღმრთის მოქმედებას დროით საზღვრებში, რჩეულ ხალხში, ვისი მომავალიც თვით ღმერთშია. ახალ აღთქმაში მას ცენტრალური ადგილი უჭირავს, რადგან სული წმიდა განასახიერებს ესქატოლოგიურ ნიჭს (ნ. სული წმიდის გარდამოსვლა), ბოძებულს ღმრთის მიერ თავისი ხალხისადმი აღთქმული მესიის, იესო ქრისტეს, მეშვეობით, რათა უფლის რწმენით ხალხი გათავისუფლდეს ცოდვის, დანაშაულისა და სიკვდილის მონობიდან (პავლე) და გადარჩეს. სული წმიდის ქმედებაზე ყოველი განსჯა მისი თანსწრების გამოცდილებას უკავშირდება და გასაგებია მხოლოდ პნევმატოლოგიის ქრისტოლოგიასთან ურღვევი კავშირის გათვალისწინებით. მართლაც, სულიწმიდის მეშვეობით ჩასახული (ლუკ. 1:35) და სული წმიდით მონათლული (მარკ. 1:10) უფალი, მკვდრეთით აღდგომისა და ცად ამაღლების შემდეგ, მამა ღმერთთან ბრუნდება (საქ. 2:4) და სული წმიდას აგზავნის. ამგვარად, ღმრთის სული მხოლოდ მის ძეში კი აღარ მოქმედებს, არამედ ყველა მორწმუნეში, რადგანაც ის მთელს ღმრთის ხალხს გადაეცა. სული წმიდა მამა ღმერთთან და ძესთან ნამდვილ თანაზიარებას ანიჭებს ადამიანებს, რომლის გარეშეც ღმრთის ნებისმიერი სხვა ცნობა და განცდა ცარიელი და არასრულია, ადამიანი კი ვერ ახორციელებს თავის ადამიანურობას. პარუსიას დრომდე სული წმიდა იესო ქრისტეს ეკლესიაში თანამსწრედ რჩება, ერთიანობას ანიჭებს მას და შესაძლებელს ხდის მის საყოველთაო მისიას, რომლის მიზანიც ადამიანების ღმერთთან ერთიანობაა. საღმრთო წერილის საფუძველზე წმიდა მამები მალე ჩასწვდნენ, რომ სული წმიდა, მისი თვისებებიდან გამომდინარე, მამა ღმრთისა და ძის დარად მესამე ღმრთაებრივ პირად უნდა ყოფილიყო განხილული (ნ. სამება). ეს იქცა გადამწყვეტ მომენტად სამების შესახებ მოძღვრების ჩამოსაყალიბებლად, რომლის ფორმულირებაც კონსტანტინოპოლის კრებაზე დამტკიცდა (381). ამდენად, სული წმიდა ვერ მიანიჭებდა ადამიანს ხსნას, სრულყოფილებასა და ღმერთთან თანაზიარებას და ვერ შეძლებდა ამგვარად მის გაღმრთაებრივებას, თავადაც რომ არ იყოს ღმერთი. ამგვარად, ღმერთი ერთი და სამერთიანია, ესაა ერთადერთი ღმერთი სამ პიროვნებად (ნ. ღმერთი). სული წმიდის სამებისეული სვლის წარმოსაჩენად მიმართავენ სიტყვა „სულის“ (პნეუმა; სპირიტუს) პირდაპირ მნიშვნელობას (ნ. გამომავლობა) და განმარტავენ მას, როგორც შინაგან მომდინარეობას (შდრ. CCC, 232- 267; 683-747).

სულიერება (Spiritualità) [ლათ. spiritualitas] ტერმინი აღნიშნავს როგორც სულიერ ღირებულებათა მიმართ მგრძნობიარობას, ისე რელიგიის ან ცალკეული რელიგიური ჯგუფისათვის დამახასიათებელ კონცეფციებსა და წესებს (მაგალითად, ბუდჰისტური სულიერება, ფრანცისკული სულიერება). თეოლოგიაში ტერმინი მიემართება მის იმ ნაწილს, რომელიც ღმრთაებრივი გამოცხადების ჭეშმარიტებიდან და ცალკეული ადამიანების რელიგიური გამოცდილებიდან მომდინარეობს, განსაზღვრავს ზებუნებრივი ცხოვრების ბუნებას, აყალიბებს საკუთარი თავის ზრდისა და განვითარებისათვის საჭირო მითითებებს და განმარტავს პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანთა სულები გადიან გზას სულიერი ცხოვრების დასაწყისიდან მის სრულყოფამდე.

სულიერი მოძღვარი (სულიერი ხელმძღვანელი) (Direttore spirituale) მღვდელმსახური, რომელიც სულიერ დახმარებას უწევს ადამიანს (არა მხოლოდ აღსარების საიდუმლოებასთან მიმართებით) და მის სულიერ აღზრდას უწყობს ხელს. ასეთი ხელმძღვანელის არსებობა ყველა სემინარიაშია სავალდებულო (CIC, კან. 239, ნაწ. 2).

სულიერი რეკოლექცია (Ritiro spirituale) სულიერ წვრთნათა მოკლე (ხშირად მხოლოდ ერთდღიანი) კურსი, რომელიც ტარდება რელიგიური პრაქტიკის სახით ცხოვრების ჩვეული კონტექსტისაგან განსხვავებულ ვითარებაში; ახასიათებს სიჩუმე, ლოცვა, მოსმენა და ღმრთის სიტყვის ჩაწვდომა.

სულიერი ცხოვრება (Vita spirituale) ცხოვრება ქრისტეში ღმრთის სულისკვეთებით, მადლით და ცოდვის გარეშე, რომელსაც ესწრაფვის ქრისტიანი. ყოველდღიურ სინამდვილეში მორწმუნე ცდილობს, თანდათანობით გაასულიეროს თავისი არსებობა, სულ უფრო მეტად გაჰყვესს სული წმიდის მითითებებს, იმგვარად, რომ ყოველივე შეიმეცნოს და შეიყვაროს ღმერთში.

სულიერი წვრთნანი (Esercizi spirituali) ზოგადად აღნიშნავს სულიერ სავარჯიშოთა, წვრთნათა ერთობლიობას, რომლებიც პიროვნულ განწმედას ემსახურება. ვიწრო მნიშვნელობით აღნიშნავს რამდენიმე დღით საგანგებო სახლებში ან რელიგიურ ინსტიტუტებში განცალკევებას და საკუთარი ყოველდღიური საქმიანობის მიტოვებას მედიტაციის, ლოცვისა და სულიერ საკითხებში ჩაღრმავების მიზნით. ჯერ კიდევ ძველად, უდაბნოში განმარტოებული ქრისტეს მაგალითით, ქრისტიანთა ჯგუფები დიდმარხვის დროს უკაცრიელ ადგილებში განმარტოვდებოდნენ. წმიდა ექვთიმე (V საუკუნე) ამ წესთა მგზნებარე მომხრე და გამავრცელებელი იყო. შუა საუკუნეებში მრავალ მონასტერში არსებობდა საგანგებოდ გამოყოფილი ოთახები და „სავანეებიც“ კი სულიერ სავარჯიშოთა შესასრულებლად. სამონასტრო ცხოვრების შემდგომი დაცემა უარყოფითად აისახა, აგრეთვე, სულიერი პრაქტიკის ამ განხრაზეც. XVI საუკუნეში წმიდა ეგნატე ლოიოლამ ახალი ბიძგი მისცა სულიერ წვრთნათა პრაქტიკის განახლებას, რაც მის მიერ დაარსებული იეზუიტთა ორდენის საფუძველს წარმოადგენს. თავის წიგნში „სულიერი წვრთნანი“ (Exercitia spiritualia) ლოიოლამ მოახდინა ამ ასკეტური წესის სისტემატიზაცია, მას მეთოდური და ეტაპობრივი ფორმა მისცა და, უმთავრესად, სულიერი ხელმძღვანელის მეთვალყურეობას დაუქვემდებარა. სულიერი წვრთნები შეიძლება გაგრძელდეს სამ დღეს, ერთ კვირას და, შესაძლებელია, მთელ თვესაც. კანონიკური სამართლის კოდექსი ყოველწლიურ სულიერ სავარჯიშოებს ითვალისწინებს სემინარიელთათვის (კან. 264), სამღვდელოთა (კან. 276) და მოწესეთათვის (კან. 663) და სხვ.

სულის განახლების ჯგუფები (Rinnovamento dello Spirito, gruppi del) კათოლიკური ჯგუფები, რომლებიც ეყრდნობიან იერუსალემის სერობაზე (საქმ. 2:1-13) მიღებულ სული წმიდის გადმოსვლის პირველ ქრისტიანულ გამოცდილებას და საგანგებო ყურადღებას მიაპყრობენ მონათლული ადამიანის მზადყოფნას, ღმრთის სასუფევლის შენებაში მიენდოს უფალს, მისი სული წმიდის გავლენით, რომელიც თავის ქარიზმათა მეშვეობით ეკლესიაში განსხვავებული მსახურების აღსრულების უნარს ანიჭებს ადამიანს. ეს ჯგუფები „სული წმიდის გამოსვლაზე“ საუბრობენ, რომელიც არაფერს შეჰმატებს უკვე მიღებულ წყლით ნათლისღებას, მაგრამ ხელს უწყობს მონათლული ადამიანის თანამშრომლობას სული წმიდის ქმედებებთან მისი განმაახლებელი ძალის მაქსიმალურად განვრცობის მიზნით. განახლება „ქარიზმატულად“ მოიხსენიება, რადგანაც ის ქარიზმებთან მკაფიო კავშირშია. „სული წმიდის გამოსვლის“ აღსაქმელ შედეგთა შორისაა უცხო ენებზე საუბრის, წინასწარმეტყველების, განკურნების, სულთა გარჩევის ქარიზმები. ამგვარი ქარიზმატული განახლების შედეგებია ლოცვით (როგორც პიროვნული, ისე ერთობლივი) ნასაზრდოები ცხოვრება, ბიბლიის ყოველდღიური კითხვა, მონანიებისა და ევქარისტიის საიდუმლოთა სათანადო დაფასება, ეკლესიის ერთგულება და ეკუმენური განზომილება. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, თაყვანისცემა ქალწული მარიამის მიმართ, რომელიც ქარიზმატიკოსის უდიდესი მაგალითია, რადგან მთელი მისი ცხოვრება სული წმიდის ძალის გამოვლინება იყო, რომელმაც მასში დიადი საქმენი განახორციელა (ლუკ. 1:49). ნ. ახალი ორმოცდაათიანელობა.

სულის წარწყმედა (Dannazione) [ლათ. damnatio „სასჯელი“] ჯოჯოხეთის მარადიული სასჯელი. კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოში ნათქვამია: „ღმერთი არავის უწესებს წინასწარ ჯოჯოხეთში მოხვედრას. ესაა შედეგი ღმრთისადმი ნებაყოფლობითი დაპირისპირებისა, რომელსაც ადამიანი ბოლომდე მისდევს“ (1037).

სული წმიდის გარდამოსვლა (Pentecoste) [ბერძ. pentekosté (heméra) „ორმოცდამეათე (დღე)“] ძველად ასე ეწოდებოდა მოსავლისათვის ღმრთის მიმართ მადლიერების ნიშნად გამართულ ებრაელთა სამიწათმოქმედო დღესასწაულს. აღინიშნებოდა პასექიდან შვიდი კვირის (ორმოცდაათი დღის) შემდეგ (ლუკ. 23:15-22). შემდგომ ეს დღე მოსესათვის სინაის მთაზე კანონის (ნ. თორა) ბოძების აღმნიშვნელ დღესასწაულად იქცა. ქრისტიანული დღესასწაული კი აღნიშნავს სერობაზე შეკრებილ მოციქულებსა და მარიამზე სული წმიდის გარდამოსვლას (საქმ. 2:1-13). სული წმიდა აკურთხებს ეკლესიას, როგორც ღმრთის ახალ ხალხს და თავის მისიონერული გავრცობის დასაწყისს აუწყებს.

სული წმიდის ნიჭნი (Doni dello Spirito Santo) ამ ნიჭებს მოუხმობს ეპისკოპოსი ყოველ ადამიანზე მისი მირონცხებისას. ასეთი ნიჭი შვიდია, ეს რიცხვი კი სისრულეს აღნიშნავს. ესენია: სიბრძნე, გონიერება, რჩევა, სიმტკიცე, ცოდნა, ლმობიერება და ღმრთის შიში. ისინი შეესაბამება ღმრთის ნიჭებს, რომლებიც ეწინასწარმეტყველა მესიას (ეს. 11:2), ხოლო სეპტუაგინტისა და ვულგატის მეშვეობით მათ ლმობიერების ნიჭი დაემატა. ახალ აღთქმაში სული წმიდის ნიჭთა შესახებ წმიდა პავლე საუბრობს (1 კორ. 13) და დანარჩენ ნიჭთა შორის კაცთმოყვარეობის ნიჭის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

სულპისიელნი (Sulpiziani) საერო მღვდელთა კონგრეგაცია, რომლის წევრებიც არ დებენ აღთქმებს. დაარსდა პარიზის სენ-სულპისის ორატორიელი ჟან-ჟაკ ოლიეს მიერ (1608-1657), ფრანგული სამღვდელოების პიერ ბერულის მიერ წამოწყებული რეფორმის ფარგლებში. კონგრეგაციის წევრები უმთავრესად სემინარიებში სასულიეროთა აღზრდას უთმობენ დროს (პარიზის სენ-სულპისის სემინარია მრავალი სხვა სემინარიისთვის იქცა მაგალითად), განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ ევქარისტიულ თაყვანისცემას და მარიამის კულტს. საფრანგეთის რევოლუციის დროს კონგრეგაცია გაუქმდა, მაგრამ ხელახლა იქნა აღდგენილი 1801 წლიდან და საფრანგეთის საზღვრებს გარეთაც გავრცელდა, განსაკუთრებით - კანადასა (მონრეალი, 1642) და ჩრდილოეთ ამერიკაში, უფრო მოგვიანებით კი - აზიაშიც.

უნა/სუნიტები (Sunna/Sunniti) სუნიტები მუსლიმთა უმრავლესობას (დაახლოებით 90%) შეადგენენ; თავს მიიჩნევენ მართლმორწმუნეებად სარწმუნოების საკითხებში. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სახელმწიფოს პოლიტიკურ სტაბილურობასა და კანონის წინდახედულ გამოყენებას. ყურანთან ერთად, სუნიზმის საფუძველია სუნა - წინასწარმეტყველ მუჰამადის მითითებანი, და საკრებულოს თანმხვედრი აზრი. ამიტომაც სუნიტებს „სუნას და საკრებულოს ადამიანებს“ უწოდებენ. სუნას ავტორიტეტი კავშირშია მუჰამადის, ყურანის განმმარტებლისა და გამომცხადებლის, როლთან. იმ საკითხებში, რომელთა შესახებაც მუჰამადმა თავისი ნება გამოხატა, მორწმუნეებს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება აღარ აქვთ (შდრ. ყურ. 33:36). მორწმუნეთა შორის წინასწარმეტყველის ყოფნა სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და საკრებულოს მიერ განვლილი გზის სისწორის გარანტიაა (შდრ. ყურ. 3:101). მოქმედებს პრინციპი: „თუ ადამიანი მაცნეს ემორჩილება, იგი ღმერთს ემორჩილება“ (4:80). სუნიზმის კიდევ ერთი საფუძველია საკრებულოს თანხმობა, ანუ მუჰამადის სიკვდილის შემდეგ განსაზღვრული პერიოდის ყველა კანონმცოდნის თანხმობა იურიდიული ნორმების გამო.

სურა (Sura) [არაბ. surah, სიტყვასიტყვით, „აგურების მწკრივი“] ტერმინი აღნიშნავს თითოეულს 114 თავიდან, რომლებადაც არის დაყოფილი ყურანი.

სურა/ამპოლინა (Ampolline) [Ampolla-ს კნინობითი ფორმა] მცირე ზომის ჭურჭელი, რომელშიც წირვის აღსრულებისთვის საჭირო წყალი და ღვინო ინახება.

სუფიზმი (Sufismo) [არაბ. suf „შალი“] ისლამური მისტიკური მიმდინარეობა (სახელწოდება მომდინარეობს აქლემის ბეწვის სამოსიდან, რომელსაც პირველი ასკეტები ატარებდნენ). სუფიზმის მთავარი არსია ღმრთის აბსოლუტური ერთადერთობა, რომელიც არა მხოლოდ სამყაროს ერთადერთი შემოქმედი და შემნარჩუნებელია, არამედ არის ერთადერთი არსება, რომელიც რეალურად არებობს და იგი წმიდა სიყვარულით უნდა შევიყვაროთ მხოლოდ იმისათვის, რომ იგი არსებობს. საუკუნეთა განმავლობაში სუფიზმის მიმდევარი იყო მრავალი გამოჩენილი პიროვნება (მათ შორისაა ალ-ღაზალი, 1058-1111), მის გავრცელებას კი ხელს უწყობდნენ აგრეთვე დერვიშთა ორდენების წევრები. მიმდინარეობის წიაღში შეიქმნა მრავალი ლიტერატურული ნაწარმოები აბსოლუტური სიყვარულის თემაზე.

სუფრაგანი (Suffraganeo) [ლათ. suffraganeus (ზმნიდან suffragari „დახმარება“)] ტერმინი აღნიშნავს დიოცეზის ეპისკოპოსს, რომელსაც დიოცეზზე სამწყსო ზრუნვა ევალება. ის ექვემდებარება მიტროპოლიტს და საეკლესიო პროვინციის შემადგენლობაში შედის.

სქიზმა (Scisma) [ბერძ. skhísma (ზმნიდან skhízein „დაყოფა“)] აღნიშნავს კათოლიკური ერთიანობის ნებისმიერ დარღვევას. კანონიკური სამართლის თანახმად, ესაა „უმაღლესი პონტიფექსისადმი დამორჩილებაზე ან მისადმი დაქვემდებარებული ეკლესიის წევრებთან თანაზიარებაზე უარის თქმა“ (CIC, კან. 751). ის განსხვავდება როგორც ერესისაგან (რწმენის რომელიმე ჭეშმარიტების ჯიუტი უარყოფა), ისე აპოსტაზიისაგან (ქრისტიანული რწმენის სრული უარყოფა). ეკლესიის ისტორიაში არაერთი სქიზმაა ცნობილი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა აღმოსავლეთის სქიზმა (1054), რომელმაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის (მართლმადიდებელი, ბიზანტიური) ეკლესია დააშორა ერთმანეთს. ამ სქიზმას დღემდე არ დაუკარგავს ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანის II კრების ინიციატივით დაწყებული ეკუმენური მოძრაობისა და ორივე მხრიდან განკვეთის გაუქმების (1965) წყალობით, ეკლესიათა შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

სქიზმატიკოსი (Scismatico) [გვიანლათ. schismaticus, ნაწარმოებია ბერძნულიდან skhismatikós, სიტყვიდან skhísma „დაცალკევება“] სქიზმის მიმდევარი ან ხელშემწყობი.

სქოლასტიკა (Scolastica) [შუასაუკუნეთა ლათ. scholastica] გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნავს შუა საუკუნეებში, სკოლათა (scholae) აღზევების ჟამს ჩამოყალიბებულ ფილოსოფიურ, თეოლოგიურ და სამეცნიერო (შვიდი თავისუფალი ხელოვნება, მედიცინა, სამართალი და მექანიკის დარგები) მიმდინარეობას, რომელმაც განვითარების სამი ფაზა განვლო (XI-XII სს.: პირველი სქოლასტიკა; XII-XIV სს.: დიდი სქოლასტიკა; XIV-XV სს.: გვიანი სქოლასტიკა) და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახდენდა გავლენას დასავლეთის კულტურულ ცხოვრებაზე. ავტორიტეტსა (გამოცხადება) და რაციონალურობას (განსჯითი ინტერპრეტაცია) შორის დიდაქტიკური ურთიერთობის წყალობით სქოლასტიკამ ხელი შეუწყო კულტურის ჰუმანიტარულ აღქმას და ცოდნის ორგანულ სისტემატიზაციას სამყაროს ქრისტიანული ხედვის ფარგლებში.

სხეულის აღდგომა (Risurrezione della carne) ქრისტიანული რწმენის ამსახველი ნეკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს ფორმულა. მის თანახმად, მკვდრეთით აღმდგარი და მარად ცოცხალი ქრისტეს მსგავსად, განკითხვის ჟამს ჩვენც აღვდგებით მკვდრეთით: სულთან კვლავ შერწყმული ჩვენი სახეცვლილი სხეული ღმრთისაგან უხრწნად სიცოცხლეს მიიღებს (შდრ. CCC, 988-1019).

20

▲back to top


ტაბერნაკულუმთა დღესასწაული (Tabernacoli, festa dei) ნ. კარვობა.

ტაბერნაკულუმი (Tabernacolo) [ლათ. tabernaculum (სიტყვიდან taberna „ხის ფარდული“)] პატარა სამლოცველო ან დახურული კოლოფი, მოთავსებული საკურთხევლის ცენტრში ან ეკლესიის სხვა გამოსაჩენ ადგილას, სადაც ნაკურთხი ჰოსტია ინახება. ებრაელები ამ სიტყვით ანიშნავდნენ კარავს (მოძრავ სალოცავს), სადაც უდაბნოში დაცული იყო კიდობანი, მოგვიანებით კი ტაძრის იმ ნაწილს, სადაც კიდობანმა დაიმკვიდრა ადგილი.

ტალარი (Talare) [ლათ. talaris (სიტყვიდან talus „ქუსლი“)] კოჭებამდე გრძელი, წინ შეკრული სამოსი, რომელსაც საეკლესიო პირები ატარებენ. ის შავი ფერისაა მღვდელთათვის, მოიისფრო - ეპისკოპოსთათვის, წითელი - კარდინალთათვის, და თეთრი ფერისა - პაპისათვის. პრაქტიკულობის თვალსაზრისით, შეიძლება მისი შენაცვლება სხვა სამოსით, რომელსაც კლერჯიმენს უწოდებენ.

ტამპლიერთა ორდენი (Templari, ordine dei) ნ. რაინდთა ორდენები.

ტანტრიზმი (Tantrismo) [სანსკ. tantra „სიუჟეტი“, „ტექსტი“] ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა ინდურ რელიგიათა შორის. დიდი გავლენა იქონია ინდოეთის ყველა ფილოსოფიური სისტემისა და რელიგიური კულტის ჩამოყალიბებაზე. ამკვიდრებს რეალობის „საკრამენტულ“ ხედვას: ყოველი ნივთიერი, მშვინვიერი და სულიერი ფენომენი იქცევა ღმრთაებრივი რეალობის სიმბოლოდ და, მაშასადამე, ხსნის საშუალებად, რომლის წვდომაც რიტუალებისა და იოგას საშუალებითაა შესაძლებელი. ჰინდუიზმში ტანტრიზმი ეყრდნობა ტანტრას წმიდა ტექსტებს და შაქტის, დინამიკური ქალური ენერგეტიკული საწყისის, კულტს. შაქტი მეუღლეა შივასი, რომელიც განასახიერებს მამაკაცურ სულიერ სტატიკურ საწყისს, საიდანაც მომდინარეობს რეალობის, როგორც აბსოლუტური არსებულის, აღქმა. ბუდჰიზმში კი ტანტრიზმი, როგორც აბსოლუტური საწყისი, არსებობის სიცარიელეს სთავაზობს მორწმუნეს და უბიძგებს მას, სიყვარულითა და თავდადებით დაეხმაროს ყველა ცოცხალ არსებას გათავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე.

ტაძარი (Tempio) [ლათ. templum, რაც თავდაპირველად „შეზღუდულ სივრცეს“ აღნიშნავდა (შდრ. ბერძ. témenos)] დროთა განმავლობაში სიტყვამ დაიმკვიდრა ღმერთების სამყოფელად მიჩნეულ წმიდა ადგილას აგებული შენობის მნიშვნელობა, რომელიც შესაბამისად, მათივე კულტისათვის იყო განკუთვნილი.

ტაძრად მიყვანება (Presentazione della Beata Vergine Maria) მარიამის მოსახსენიებელი დღე, აღინიშნება 21 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც, ზოგიერთი აპოკრიფული სახარების თანახმად, მარიამი იერუსალემის ტაძარში წარადგინეს.

ტახტი (Trono) [ლათ. thronus] სკამი, განკუთვნილი ეპისკოპოსისათვის მის საკათედრო ტაძარში. ის რამდენიმე საფეხურით ამაღლებულია იატაკიდან და დაფარულია ბალდაქინით. წარმოადგენს ეპისკოპოსის სამღვდელმსახურებო და იურიდიული ძალაუფლების სიმბოლოს. ნ. კათედრა.

ტახტრევანი (Faldistorio) [შუას. ლათ. faldistorium „დასაკეცი სკამი“] დასაკეცი სკამი სახელურებით, საზურგის გარეშე. ეპისკოპოსი მას ისეთ შემთხვევებში იყენებს, როცა კათედრით სარგებლობა არ შეუძლია.

ტევტონთა ორდენი (Teutonico, ordine) ნ. რაინდთა ორდენები.

ტეზე: ეკუმენური საკრებულო (Taizé: comunità ecumenica) ბურგუნდიაში, კლუნის მახლობლად მდებარე დასახლება ტეზეში არსებობს ევანგელიკური სამონასტრო საკრებულო, ეკუმენურ შეხვედრათა სასულიერო ცენტრი. 1939 წელს როჟე შიუცმა (1915-2005), იმხანად ლოზანის უნივერსიტეტის რეფორმირებული (კალვინური) თეოლოგიის სტუდენტმა, რამდენიმე ევანგელისტი მეგობარი გააერთიანა ერთობლივი შრომისა და ლოცვის მიზნით. 1944 წელს ის ტეზეში დასახლდა. 1949 წლის აღდგომას პირველმა შვიდმა მოწესემ დადო სიღატაკის, უბიწოებისა და მორჩილების აღთქმა, რითაც დასაბამი დაუდო საკრებულოს Communauté de Taizé-lès-Cluny, რომელმაც ეს ოფიციალური სახელი 1952 წლამდე შეინარჩუნა. საკრებულო, რომლის წინამძღვარი იყო ძმა როჟე, ყველა ქრისტიანის ხილული ერთიანობისათვის ლოცულობს და შრომობს. პაპის იოანე XXIII-ის მოწვევით, რ. შიუცმა და მ. თურიანმა დამკვირვებელთა სტატუსით მონაწილეობა მიიღეს ვატიკანის II კრებაში. 1967 წლიდან ტეზეს საკრებულო უშუალოდ თანამშრომლობს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან. ტეზეს საკრებულოს კარგი ურთიერთობა აქვს აღმოსავლურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან, რომლებმაც 1965 წელს ტეზეს შერიგების ეკლესიის მახლობლად გახსნეს საერთო მართლმადიდებლური ცენტრი. ასევე, დადებითი ურთიერთობა ჩამოყალიბდა კათოლიკე ეკლესიასთან. 1969 წელს საკრებულოს წევრი გახდა პირველი კათოლიკე მოწესე, 1973 წლიდან კი საკრებულოს შეუერთდა კათოლიკე მღვდელი ძმა კლაუსი. დიდი მიმზიდველობა ახასიათებს საკრებულოს მიერ მოწყობილ ახალგაზრდულ ეკუმენურ შეხვედრებს (რომელთა წინამორბედი იყო ეგრეთ წოდებული „აღმშენებელთა საკრებულოები“) და „ახალგაზრდულ შეკრებებს“. 1974 წელს ჩატარებულ პირველ ახალგაზრდულ შეხვედრას მრავალი ქვეყნისა და ეკლესიის წარმომადგენელი 40.000 ახალგაზრდა დაესწრო. ტეზეს ეკუმენური საქმიანობა დღემდე გრძელდება. ყოველწლიურად აქ ათასობით ახალგაზრდა იყრის თავს და ლოცულობს.

ტელოსი (Télos) [ბერძ. „მიზანი“] აღნიშნავს მიზანს, რომელსაც ესწრაფვის არსება საკუთარი ბუნების ძალით და რომელშიც პოვებს საკუთარ სრულყოფას და განხორციელებას.

ტეტრაგრამა (Tetragramma) ნ. იაჰვე.

ტიარა (Tiara) [სპარს., შემდეგ ბერძ. tiára, ლათ. tiara] ქსოვილის ან ტყავის თავსაბურავი, რომელსაც აზიის სხვადასხვა ხალხი იყენებს. შემდგომში იქცა პაპთა თავსაბურავად. თავდაპირველად იყო კონუსისებრი ფორმის ერთი გვირგვინით, რომელსაც დროთა განმავლობაში კიდევ ორი დაემატა, საიდანაც მომდინარეობს მისი სახელწოდება „სამმაგი ხელმწიფებისა“. ამჟამად აღარ გამოიყენება.

ტიბურიუმი (Tiburio) [შუა საუკ. ლათ. tiburium, შესაძლოა სიტყვა წარმოიქმნა ტერმინის ciborium, „სანაწილე“, ანალოგიით] მრგვალი ან მრავალკუთხა ფორმის გარეგანი არქიტექტურული სტრუქტურა, რომელიც ეკლესიის გუმბათს აგვირგვინებს.

ტიპოლოგია/ტიპოლოგიური (Tipologia/ Tipologico) [ბერძ. týpos „ნიმუში“+ loghía] დამოკიდებულება, რომელიც მყარდება ძველი აღთქმის (ტიპი) და ახალი აღთქმის (ანტიტიპი) რეალობებს შორის, სადაც პირველი წარმოგვიდგება ისტორიაში ღმრთის ქმედების ყველა დამახასიათებელი და მუდმივი თვისების გამომხატველად (და, მაშასადამე, წინასწარმეტყველური ხასიათისაა), მეორე კი - როგორც პირველის მიერ აღნიშნულის გარდაუვალი განხორციელება. მაგალითად, პავლესათვის ადამი ქრისტეს სახეა (რომ. 5:14), ისევე, როგორც ღმრთის ხალხი ძველ აღთქმაში - ეკლესიის სახე (1 კორ. 10:6).

ტიტულარული ეპისკოპოსი (Vescovo Titolare) ეპისკოპოსი, რომელსაც არა აქვს მინდობილი დიოცეზი (CIC, კან. 376)

ტობითის წიგნი (Libro di Tobia) ძველი აღთქმის მეორადკანონიკური წიგნი. დასათაურებულია ერთ-ერთი მთავარი გმირის, ტობიელის ძის სახელის მიხედვით. ებრაულად ტობითი ნიშნავს „იაჰვე კეთილია“. წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი მათგანი შესავლის ფუნქციას ასრულებს (ტობ. 1-3), მასში აღწერილია ტობიელისა და სარას - დიასპორის წევრი ორი ებრაელის მძიმე ხვედრი: რჯულის დამცველი ეს ცოლ-ქმარი უმიზეზოდ მძიმე განსაცდელში ვარდება. მეორე ნაწილში (ტობ. 4-13) ღმერთი დაჩაგრულებს ეხმარება ანგელოს რაფაელის მეშვეობით, რომელიც სარას ეშმაკეული გავლენისაგან იხსნის და ტობითს რთავს ცოლად. იგი კი, თავის მხრივ, ბრმა მამას უბრუნებს თვალისჩინს. მესამე ნაწილი, ეპილოგი (ტობ. 14) ტობითისა და ტობიასის ცხოვრების უკანასკნელ ბედნიერ წლებზე მოგვითხრობს. თავისი ფორმითა და შინაარსით წიგნი სიბრძნის ლიტერატურას განეკუთვნება. უცნობი ავტორი, რომელმაც წიგნი, სავარაუდოდ, სემიტურ დიასპორაში ქრისტეს შობამდე 200 წელს დაწერა, დრამატული მონათხრობის მეშვეობით თანამედროვეთათვის ზნეობრივი და რელიგიური გაკვეთილის შეთავაზებას ისახავდა მიზნად. ტობითის დრამა ასახავს ტრადიციულ სწავლებას ამქვეყნიური საზღაურის შესახებ. ღმრთაებრივი განგება გამოცდას უწყობს ღმრთისმოსავთ, იცავს მათ განსაცდელში და უბრუნებს ბედნიერებას.

ტონზურა (Chierica) [საეკლესიო ლათ. clerica] თავის შუაგულში მცირე ზომის მრგვალად ამოკრეჭილი თმა, რასაც ერთ დროს სასულიერო პირები ამქვეყნიურ ღირებულებათაგან განდგომის ნიშნად ატარებდნენ. ნ. აღკვეცა.

ტოტემი/ტოტემიზმი (Totem/Totemismo) [ინგლ., მომდინარეობს ალგონკინთა (სამხრეთ კანადის ინდიელთა) ენიდან, totam ან ndodem „კლანის ემბლემა“, „ნათესაობა“, „მფარველი სული“] აღნიშნავს მონათესავე ურთიერთობას პიროვნებებს ან საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ცხოველებსა თუ მცენარეებს შორის, რომლებიც ენერგიის წყაროდ, მფარველებად და დამხმარეებად მიიჩნევა. ტოტემი რელიგიურ ფენომენად გვევლინება, რამდენადაც მასში მოქმედებას იწყებს ტოტემის მიერ განსახიერებული ძალა, რომელთანაც ადამიანს დამოკიდებული ურთიერთობა აქვს.

ტრადიციონალიზმი (Tradizionalismo) [ლათ. traditio „ტრადიცია“] ზოგადად, ტერმინი აღნიშნავს მიდგომას, რომელიც გამორჩეულია ტრადიციის გავლენით, კონკრეტულად კი ასე ეწოდება XIX საუკუნის ფილოსოფიურ და თეოლოგიურ ანტირაციონალისტურ ტენდენციას. ის უმთავრესად საფრანგეთში (საფრანგეთის რევოლუციის დასასრულიდან 1830 წლამდე), ბელგიასა და გერმანიაში გავრცელდა და რწმენასა და მეცნიერებას შორის დამოკიდებულების განსაზღვრისას ერთადერთ დასაყრდენ წყაროდ გამოცხადებას და გადმოცემას მიიჩნევს. ვიწრო გაგებით, ტრადიციონალიზმი (რომელსაც, აგრეთვე, ფიდეიზმი ეწოდება) წარმოადგენს რეაქციას ინდივიდუალისტურ რაციონალიზმზე და განმანათლებლობის ანთროპოცენტრიზმზე. XIX საუკუნის პირველ ნახევარში საფრანგეთში ტრადიციონალიზმის ძირითადი წარმომადგენლები არიან ჟოზე დე მესტრი (1753-1821), ლუი დე ბანალი (1754-1840), ფელისიტე დე ლამენე (1782-1854). თავისი „პრინციპული შეცდომებით“ ტრადიციონალიზმმა ფილოსოფიისა და თეოლოგიის საფუძვლები შეარყია: ფილოსოფიამ დამოუკიდებლობა დაკარგა და სკეპტიციზმამდე მივიდა, თეოლოგიაში კი გაბატონდა გამოცხადება როგორც შემეცნების ერთადერთი და აბსლუტური წყარო. ადამიანის აქტიურობა სრულიად გამოირიცხა ღმრთაებრივი ქმედების ექსკლუზიური ქმედითობის წინაშე. ვატიკანის I კრებამ უარყო ექსტრემისტული ტრადიციონალიზმი და განმარტა, რომ რწმენაში ადამიანის გადაწყვეტილება თავისუფალია და შეიძლება დაეყრდნოს რაციონალურ მტკიცებულებებს. ვატიკანის II კრების შემდეგ აღმოცენდა ტრადიციონალისტური მოძრაობა ფრანგი მთავარეპისკოპოსის, მარსელ ლეფევრის (†1991) ხელმძღვანელობით, რომელსაც პავლე VI-მ 1976 წელს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა, 1988 წელს კი პაპმა იოანე პავლე II-მ იგი განკვეთა. ლეფევრი ცდილობდა, ყოფილიყო კრების მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელი და მას ტრადიციონალისტური ტიპის პოზიცია ეკავა.

ტრადუციანიზმი (Traducianismo) [ლათ. traducere „გადაცემა“ (სიტყვიდან tradux „ხერხი“, „მეოხებით“ )] თეორია, რომლის თანახმადაც, ადამიანის სული (ადამისა და ევას სულის გამოკლებით) ღმრთის მიერ კი არაა შექმნილი, არამედ მშობლები გადასცემენ შვილებს ჩასახვის დროს. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ჩამოყალიბებული ამ თეორიის ყველაზე გავლენიანი მიმდევარი იყო ტერტულიანე. ეკლესია მუდამ ებრძოდა ამ მიმართულებას და ამტკიცებდა სულთა უშუალოდ ღმრთის მიერ შექმნას.

ტრანსეპტი (Transetto) [ლათ. trans „მიღმა“+septum „ზღუდე“] განივი ფრთა, რომელიც კვეთს ეკლესიას ნავისა და პრესბიტერიუმის შერწყმის ადგილას და ამგვარად ჯვრის ფორმას აძლევს მას.

ტრანსსუბსტანციაცია (Transustanziazione) [ლათ. trans „მიღმა“+substantia „სუბსტანცია“] შუა საუკუნეთა ევქარისტიულ თეოლოგიაში შემუშავებული ტერმინი, გაზიარებელი, ამასთანავე, ტრიდენტის კრების მიერ (Dშ, 1652). აღნიშნავს კათოლიკურ მოძღვრებას, რომლის თანახმადაც, წირვის მსხვერპლშეწირვაში ხდება პურისა და ღვინის სუბსტანციის გარდაქმნა ქრისტეს სხეულისა და სისხლის სუბსტანციად და ამგვარად მათი პურისა და ღვინის სახით წარმოდგენა. ნ. ევქარისტიული სახეობანი; კურთხევა.

ტრანსცენდენტურობა (Trascendenza) [ლათ. trascendere „ზემოთ/მაღლა ასვლა“] დამახასიათებელი თვისება ყოველი რეალობისა, რომელიც აღემატება ბუნებრივ სამყაროს, მისგან დამოუკიდებელი და განსხვავებულია. როგორც ღმრთაებრივი თვისება, ამტკიცებს, რომ ღმერთი ყველაზე აღმატებული არსებაა, „სრულიად სხვა“ ყველა სხვა არსებასთან მიმართებაში, თუმცა თანამსწრეა ქმნილებათა არსებაში (შდრ. CCC, 300). ტრანსცენდენტურობა იმანენტურობის შესაბამისი ცნებაა.

ტრაპა (Trappa) [ფრანგ. trappe] „ტრაპელთა მონასტერი“. მომდინარებს გეოგრაფიული სახელწოებიდან სოლინი-ლა-ტრაპ (ნორმანდია).

ტრაპეზი, საძმო ნ. აღაპი.

ტრაპისტები (trappisti) [ფრანგ. trappiste, სიტყვა მომდინარეობს ნორმანდიაში მდებარე რეფორმირებული მონასტრის სოლინი-ლა-ტრაპის სახელწოდებიდან] აღნიშნავს „რეფორმირებულ ცისტერციელთა“ ანუ „მკაცრი წესის“ ორდენის წევრებს. არმან-ჟან ლე ბუტილიე დე რანსე (1626-1700) საერო ცხოვრების შემდეგ მოწესედ აღიკვეცა და 1664 წელს ტრაპეს აბატად იქცა, სადაც მრავალი სირთულის გადალახვის შემდეგ სიტოს სათავეთა სულისკვეთებაზე დამყარებული მკაცრი რეფორმა გაატარა, რომლის ძირეული ელემენტები იყო: ლოცვა, დუმილი, მჭვრეტელობა, ასკეტიზმი, ფიზიკური შრომა. მალე მათ ციტერციელთა ხუთი სხვა მონასტერი შეურთდა. კლემენტე XI-მ 1705 წელს ორდენის წესდება დაამტკიცა. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მონასტრები საფრანგეთის საზღვრებს გარეთაც დაარსდა, - ევროპის ქვეყნებსა და კანადაში. 1834 წელს გრიგოლ XVI-მ ყველა მონასტერი ტრაპეს წმიდა მარიამის ცისტერციელ მოწესეთა კონგრეგაციაში გააერთიანა. დამაარსებლისადმი ერთგულების სურვილმა სეტ-ფონსის მონასტერს ერთიანობა შეანარჩუნებინა, ტრაპეში კი 1847 წელს დაყოფა მოხდა, რამაც სიტოს ჩვეულ ნორმებზე დაფუძნებულ ახალ რეფორმას დაუდო საფუძველი. 1892 წელს სოლინის, სეტ-ფონსისა და ვესტმალეს რეფორმირებული კონგრეგაციებიდან ჩამოყალიბდა ტრაპეს წმიდა მარიამის რეფორმირებულ ცისტერციელთა დამოუკიდებელი ორდენი საკუთარი აბატის მეთაურობით. 1894 წლის წესდება მხოლოდ 1925 წელს იქნა მოწონებული პიუს XI-ის მიერ, ვატიკანის II კრების შემდეგ კი წესდება განახლდა. ცალკეული სააბატოები დამოუკიდებელია. უმაღლესი ორგანოა გენერალური კაპიტულუმი. გენერალურ აბატს, რომელიც, ამავე დროს, სიტოს უმაღლესი აბატიცაა, რომში აქვს სამყოფელი. ტრაპელები მჭვრეტელობით ცხოვრებას და თეოლოგიურ კვლევას ფიზიკურ შრომასთან ათავსებენ (რითაც საკუთარ თავს საარსებო პროდუქტებით უზრუნველყოფენ). ორდენი მრავალ ქვეყანაში არსებობს, ფლობს 85 მამაკაცთა და 50 ქალთა მონასტერს და 3500 მამაკაც მოწესესა და 2000 ქალ მოწესეს აერთიანებს. ქალთა შტო (ტრაპელი ქალები, ანუ მკაცრი წესის ცისტერციელი მონაზვნები) 1689 წელს ბუტიე დე რანსემ დააარსა. მათი დედა მონასტერია სანტ-ვოლონტე-დე-დიე, დაარსებული ორდენის მეორე რეფორმატორის, ა. დე ლესტრანჟის მიერ.

ტრიდენტის კრება (Trento, concilio di) კათოლიკური ნუმერაციის თანახმად, ესაა XIX მსოფლიო კრება, რომელიც 1545-1563 წლებში სამ ეტაპად ჩატარდა. კრების მოწვევის მოთხოვნილების მიუხედავად, მისი ჩატარება დიდხანს ჭიანურდებოდა, რადგანაც პაპ კლემენტე VII-ს ანტირომაული და კონცილიარისტული (ნ. კონცილიარიზმი) შედეგების საფრთხე აფიქრებდა. საბოლოოდ კრება ბულით Laetare Jerusalem (1544) პავლე III-მ მოიწვია 1545 წლის 15 მარტისათვის ტრენტოში (ლათ. - ტრიდენტი) და მისი სამი მთავარი ამოცანა დასახა: კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის რელიგიური უთანხმოების მოგვარება, ეკლესიის ზოგადი რეფორმირება და ურწმუნოთა (ესე იგი, მუსლიმთა) ჩაგვრისაგან ქრისტიანთა განთავისუფლება. თუმცა კრება მხოლოდ 1545 წლის 13 დეკემბერს გაიხსნა მხოლოდ 31 ეპისკოპოსის მონაწილეობით, რომელთა უმრავლესობა იტალიელი იყო. პირველი ეტაპის განმავლობაში (1545 წლის 13 დეკემბერი - 1547 წლის 2 ივნისი), ათი სესიის მსვლელობისას, მოწონებული იქნა მნიშვნელოვანი დებულებები და დეკრეტები, მათ შორის დეკრეტები ბიბლიის, პირველქმნილი ცოდვის, განმართლების, ნათლობისა და მირონცხების შესახებ. 1547 წლის 11 მარტის VIII სესიაზე მონაწილეებმა კრების ბოლონიაში გადატანა გადაწყვიტეს. პავლე III-ის სიკვდილის შემდეგ, სახელით იულიუს III, ტახტზე ავიდა კარდინალი დელ მონტე, იმ დრომდე კრების თამვჯდომარე. მისი პაპობის დროს, ქალაქ ბოლონიაში კრების მეორე ეტაპი (1551 წლის 1 მაისი - 1552 წლის 28 აპრილი) გაიმართა. XI და XVI სესიებზე მოწონებული იქნა დეკრეტები ევქარისტიის, მონანიებისა და უკანასკნელი ცხების შესახებ, ამასთანავე, რეფორმასთან დაკავშირებული სხვა დადგენილებანი. პროტესტანტი გერმანელი დელეგატები მალე დაბრუნდნენ სამშობლოში, ისე, რომ საკუთარ მოთხოვნათა გათვალისწინებას ვერ მიაღწიეს. პოლიტიკურმა გარემოებებმა განაპირობა კრების შეჩერება 1552 წლის 28 აპრილს. 1560 წლის 29 ნოემბერს პიუს IV-მ (1559-1565) კრების მუშაობის გაგრძელების დადგენილება გამოსცა. მისი მსვლელობის მესამე ეტაპზე (ტრენტო, 1562 წლის 18 იანვარი - 1563 წლის 4 დეკემბერი), XVII-XXV სესიებზე მოწონებული იქნა დეკრეტები ეპისკოპოსთა სავალდებულო ადგილსამყოფელის შესახებ, წირვის სამსხვერპლო ხასიათის, სამღვდელმსახურო კურთხევის, ქორწინების, სალხინებლის, წმიდათა და რელიკვიათა თაყვანისცემის, ინდულგენციების, სემინარიების შესახებ. ტრიდენტის კრების მნიშვნელობა უმთავრესად ისაა, რომ მან პასუხი გასცა პროტესტანტულ რეფორმას და რეალურად დაიწყო ეკლესიის შინაგანი განახლების პროცესი (კათოლიკური რეფორმა, კონტრრეფორმა): „კრებამ მკაფიო ნორმები დაუსახა თეოლოგიასა და სარწმუნოების ცხად დეკლარირებას, ჩამოაყალიბა მოძღვრების (მაგისტერიუმის) საკითხი, მაგრამ არ გაუკეთებია დაყოფა იქ, სადაც დაყოფა მანამდე არ იყო“ (იედინი). კრების დავალებით პიუს V-მ გამოაქვეყნა აკრძალულ წიგნთა ნუსხა, ეგრეთ წოდებული ტრიდენტისეული სარწმუნოების აღსარება (Professio fidei tridentina), თანდართული წმიდა საყდრისადმი მორჩილების აღთქმით, რომაული კატეხიზმო, რომაული ლოცვანი (1568) და რომაული კონდაკი (1570). კრების შემდგომი რეფორმა და, შესაბამისად, ეკლესიის ცხოვრების პოსტტრიდენტის ხანა პიუს XII-ს დროს დასრულდა (1938-1958).

ტრიმურტი (Trimurti) [სანსკ. trimurtih „სამმაგი სახე“] ჰინდუიზმში აღნიშნავს აბსოლუტურის სამმაგ განპიროვნებას: ბრაჰმას („შემოქმედი“), ვიშნუს („შემნარჩუნებელი“) და შივას („განმანადგურებელი“).

ტრინიტარები (Trinitari/e) უწმიდესი სამების სამოწესეო ორდენის წევრები (Ordo SS. Trinitatis redemptionis captivorum), რომელიც ფრანგმა ჟან დე მატამ (†1213) დააარსა სარკინოზთა მიერ დატყვევებული და დამონებული ქრისტიანების გამოსასყიდად. ინოკენტი III-მ 1198 წელს მოიწონა პარიზის ეპისკოპოსის, ოდონისა და წმიდა ვიქტორის აბატის, ასალონის მიერ შექმნილი ორდენის წესდება. ორდენის წევრები, ამავე დროს, დახმარებას უწევენ სნეულებს. ორდენი, საფრანგეთის გარდა, გავრცელდა იტალიასა და ესპანეთშიც, მოგვიანებით კი ოკეანეს გაღმაც. დღეს მისი წევრები უმთავრესად მისონერულ საქმიანობას ეწევიან (მადაგასკარი) და პატიმართა სამწყსო მეურვეობაში მონაწილეობენ. ორდენის ქალთა შტო 1236 წელს დაარსდა. მისი წევრები მკაცრი კლაუზურის წესებს იცავენ.

ტრიტეიზმი (Triteismo) [ბერძ. treis „სამი“ + theós „ღმერთი“] თეოლოგიური მოძღვრება, რომელიც სამების საიდუმლოების განმარტებისას ღმერთში აღიარებდა არა მხოლოდ სამი განცალკევებული პიროვნების, არამედ სამი განსხვავებული ბუნების არსებობასაც. ამ თეორიის პირველი მიმდევარი იყო ალექსანდრიელი თეოლოგი იოანე ფილოპონოსი (VI საუკუნე), რომელსაც შემდგომში მიბაძეს რისცელინუსმა (XI) და იოაკიმე ფიორელმა (XII ს.). ტრიტეიზმი საბოლოოდ დაგმო ლატერანის IV საეკლესიო კრებამ (1215).

ტროპოსი (Tropo) [ბერძ. trópos „ჰარმონიული განვითარება“] ასე ეწოდება VIII საუკუნეში ლათინური ლიტურგიის მიერ ცალკეულ ევქოლოგიურ ფორმულებში („კირიე“, „გლორია“, „სანკტუსი“, „იტე მისა“ და ა.შ.) შეტანილ მუსიკალურ განვრცობას.

ტუნიკა (Tonaca) [ლათ. tunica] მოწესეთა ფართო და გრძელი სამოსი თარგის გარეშე. ხშირად მას წელზე თოკით ან ქამრით იმაგრებენ. შესაძლოა ასევე ეწოდოს ტალარსაც.

ტუტიორიზმი (Tuziorismo) [ლათ. tutior „უფრო სარწმუნო“] ზნეობრივი სისტემა, რომელიც სხვადასხვა ალტერნატივათა შორის უფრო სარწმუნო გადაწყვეტის მიმათითებელი გზის არჩევას მოითხოვს. ეს სისტემა გამოიყენება ყველა იმ ვითარებაში, როდესაც უეჭველ უფლებათა დაცვაზეა საუბარი. შეიძლება იყოს აბსოლუტური, როცა მიიჩნევა, რომ კანონის არსებობის მინიმალური ალბათობაც კი საკმარისია იმისათვის, რათა ამ კანონის დაცვა სავალდებულო გახდეს; ან შერბილებული, როცა მიიჩნევა, რომ ცნობიერება მუდამ უნდა მიესადაგოს სავარაუდო მოსაზრებას, რომელიც კანონს გვთავაზობს, თუკი კანონი არ ეწინააღმდეგება უფრო სავარაუდო მოსაზრებას თავისუფლების სასარგებლოდ.

21

▲back to top


უარყოფა (Abiura) საეკლესიო ხელისუფალთა წინაშე საზეიმო უარისთქმა ერესზე, სქიზმასა თუ წარმართულ კულტზე, რომელსაც პიროვნება აღიარებდა კათოლიკური სარწმუნოებისა და ზიარების მიღებამდე ან მასთან ხელახალ მობრუნებამდე. ნათლობის ლიტურგია შეიცავს უარყოფის მოკლე, თუმცა მკაფიო ფორმულას ეკლესიისმიღმა არსებული ნებისმიერი რელიგიური დაჯგუფებიდან წამოსული ყველა ზრდასრული კანდიდატისათვის.

უარყოფითი თეოლოგია (Teologia negativa) ნ. აპოფატური თეოლოგია.

უბიწოება (Castità) [ლათ. სიტყვიდან castitas, რომელიც ნაწარმოებია სიტყვიდან ცასტუს „უბიწო“] გამოხატავს პიროვნებაში სექსუალობის დადებით ინტეგრაციას და ამის შედეგად ადამიანის, როგორც სხეულებრივი და სულიერი არსების, შინაგან მთლიანობას. როგორც მეუღლეთა სახასიათო სათნოება, უბიწოება სექსის მიმართ მოწესრიგებულ დამოკიდებულებაში მდგომარეობს, რაც მეუღლეთა ურთიერთსიყვარულში ზრდას უწყობს ხელს. დაუქორწინებელთა შორის უბიწოება აღნიშნავს ნებაყოფლობით უარის თქმას ნებისმიერ სექსუალურ აქტივობაზე. უბიწოება (სრულყოფილი უბიწოება) ერთ-ერთი სახარებისეული რჩევათაგანია, რომელსაც მისდევენ მოწესენი აღთქმის ან სხვა წმიდა ვალდებულებათა მეშვეობით (CIC, კან. 573), რაც ღმრთისადმი მთლიანად მინდობის, თანამოძმეთათვის თავის მიძღვნის, „მომავალი სიცოცხლის ნიშანსა და განუყოფელ გულში უფრო ღრმა ნაყოფიერების წყაროს“ წარმოადგენს (CIC, კან. 599, შდრ. აგრ. CCC, 2337, შმდ.)

უბიწო ჩასახვა (Immacolata Concezione) უბიწო ჩასახვის დიდი დღესასწაული, რომელიც 8 დეკემბერს იზეიმება, აღნიშნავს სარწმუნოების დოგმას, რომელიც პიუს IX-მ 1854 წლის 8 დეკემბერს გამოაცხადა ენციკლიკაში Ineffabilis Deus. ამ დოგმის თანახმად, „უნეტარესი ქალწული მისი ჩასახვის პირველივე წამს, ყოვლისშემძლე ღმრთის მიერ ბოძებული განსაკუთრებული მადლისა და უპირატესობის ძალით, კაცთა მოდგმის მხსნელი იესო ქრისტეს დამსახურებათა წინასწარი გათვალისწინებით დაცულ იქნა თავდაპირველი ცოდვის ყოველგვარი ლაქისაგან“. ეკლესია მუდამ იცავდა და ამტკიცებდა უბიწო ჩასახვის ჭეშმარიტებას: პირველივე საუკუნეებიდან წმიდა იუსტინე, წმიდა ირენეოსი და ტერტულიანე ამ მოსაზრებას იზიარებდნენ. მათ შეუერთდნენ წმიდა ამბროსი, წმიდა ავგუსტინე და წმიდა სოფრონიუსი, რომელიც VII საუკუნეში მარიამისადმი მიმართვაში აცხადებდა: „შენს გარდა, არავინ განწმედილა წინასწარ“ (Hor. II; PG 87/3; 3248). აღმოსავლეთში უბიწო ჩასახვის დღესასწაული პირველად დაახლოებით VII-VIII საუკუნეთა მიჯნაზე აღინიშნა. დასავლეთში XI საუკუნიდან მან ახალი შინაარსი შეიძინა და საბოლოოდ დამკვიდრდა XIV-XV საუკუნეებიდან, რაშიც დუნს სკოტის თეოლოგიურ მხარდაჭერასაც მიუძღვის წვლილი.

უდაბნოს მამები (Padri del deserto) IV საუკუნის აღმოსავლელი მოწესეები - მონაზვნები, რომლებიც ეგვიპტის, სირიისა და პალესტინის უდაბნოებში ცხოვრობდნენ. ისინი იყვნენ ასკეტიზმისა და სულიერი ცხოვრების ჭეშმარიტი მოძღვრები; მათ ხშირად სახელგანთქმული მომლოცველებიც მიმართავდნენ. უდაბნოს მამათაგან ყველაზე ცნობილნი არიან: ანტონი, პახომი, ილარიონი, მაკარი და ისიდორე.

უკანასკნელი ცხება (Estrema unzione) ტრადიციური და საკამათო ტერმინი, რომელიც სნეულთა ზეთის ცხების საიდუმლოს აღსანიშნავად გამოიყენება.

უკვდავება (Immortalità) [ლათ. immortalitas] ტერმინი აღნიშნავს სიკვდილის შემდეგ არსებობის გაგრძელების რწმენას, რომელიც დასაბამიდანვე რელიგიასთან იყო დაკავშირებული. ქვის ხანის ადამიანებს სიკვდილის შემდეგ პიროვნული არსებობა სწამდათ. ბერძნულ სამყაროში უკვდავებისა და სამშვინველის უკვდავების შესახებ უმთავრესად პლატონი საუბრობდა. ეს ცნება, მკვდრეთით აღდგომის ცნებასთან ერთად, ეკლესიის მოძღვრების ნაწილად იქცა (DS, 902) და უკვდავების ქრისტიანული კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად მისი ამაღლების რწმენაში ქრისტიანთათვის ცხადია, რომ სიკვდილის შემდეგ ახალი სიცოცხლე დედამიწაზე ახალი სხეულის შეძენაში კი არ მდგომარეობს, არამედ სხეულებრივი არსებობის გარდასახვაში მამა ღმერთთან თანაზიარებად. ამასთან დაკავშირებით კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო ამბობს: „ყველანი აღდგებიან იმ სხეულებით, რომელთაც ახლა ფლობენ“ (999), მაგრამ ეს სხეული დიდების სხეულად, „სულიერ სხეულად“ გარდაიქმნება (1 კორ. 15:44).

ულტრამონტანიზმი (Ultramontanismo) [ლათ. ultra montes „მთებს გადაღმა“] ალპებს მიღმა მდებარე ქვეყნებში შექმნილი ეს ტერმინი (მთებს იქით, ანუ, იქ, სადაც რომი მდებარეობს) ზოგადად აღნიშნავს ტრიდენტის კრების შემდგომ ცენტრალიზებისაკენ მიმართულ და ინტეგრალისტური ხასიათის კათოლიკობას. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ეკლესიაში საყოველთაო საეპისკოპოსოსა და პაპის უცდომლობის მომხრეთა აღსანიშნავად გამოყენებული ეს ტერმინი კურიისტის, განმანათლებლობის მოწინააღმდეგის სინონიმად იქცა. XIX საუკუნეში ულტრამონტანიზმის ცნებამ ნაწილობრივი სახეცვლილება განიცადა, რადგანაც უკვე პოლიტიკურ სივრცეში მოღვაწე კათოლიკეთა აღსანიშნავად გამოიყენებოდა, რომელთაც „არანაციონალისტურ“ დამოკიდებულებას უსაყვედურებდნენ. ულტრამონტანიზმის ძირითად საყრდენებად იქცა კონსერვატიზმი (ნორმათა, ტრადიციათა, ინსტიტუციათა ზედმიწევნით დაცვა და შენარჩუნება) და ცენტრალიზმი (საეკლესიო აპარატის სიხისტე, პაპის სასულიერო ძალაუფლების და იურისდიქციის უფლების გავრცობა და რომის კურიის დომინირება), რასაც თან ერთვოდა გამოკვეთილი საეკლესიო და თაყ ვანისცემითი ღმრთისმოსაობა (ზოგჯერ პაპის გადაჭარბებული თაყვანისცემაც) და განსხვავებულად მოაზროვნეთა მიმართ ამგვარივე გამოკვეთილი შეუწყნარებლობა. ულტრამონტანიზმის მოძრაობის განვითარების გამოკვეთილ ეტაპებად იქცა სქოლასტიკური ფილოსოფიისა და მეტაფიზიკისათვის წამყვანი როლის მინიჭება და საყოველთაო საეპისკოპოსოსა და ვატიკანის I კრების მიერ მოწონებული პაპის უცდომლობის მოძღვრება.

უმანკოება (Purezza) [ლათ. puritia, სიტყვიდან purus „სუფთა“] ზოგადი მნიშვნელობით, ტერმინი აღნიშნავს პატიოსნებას, სინდისიერებას, უბოროტობას. „ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მათ. 5:8). უბიწოების ცნებასთან მიმართებაში ტერმინი აღნიშნავს გრძნობით სურვილებზე უარის თქმას ან მათთვის თავის არიდებას და სქესობრივი სიამოვნებისაგან თავის შეკავებას. ამ მიზეზით ადამიანს მოეთხოვება სირცხვილის გრძნობა და უბიწოების შენარჩუნება (შდრ. CCC, 2517-2533).

უმაღლესი მღვდელმსახური (Sommo sacerdote) ისრაელის რელიგიური მოძღვარი, რომლის პროტოტიპიც იყო აარონი (ლევ. 8-9; ზირ. 45:6-22; შდრ. ებრ. 8:3, შმდ.). იგი აღასრულებდა ყოველდღიურ მსხვერპლშეწირვას (გამ. 29:42), კიპურის დროს შედიოდა წმიდათაწმიდაში (ლევ. 16:2). განდევნის შემდეგ მას დაეკისრა, აგრეთვე, სინედრიონის მეთაურის პოლიტიკური ფუნქციაც (შდრ. 1 მაკ. 14:28, შმდ.; მათ. 26:57). თავდაპირველად უმაღლესი მღვდელმსახურის წოდება მემკვიდრეობით გადაეცემოდა და სიცოცხლის ბოლომდე ენიჭებოდა (რიცხ. 20:26, შმდ). ახალ აღთქმაში ქრისტე წარმოდგენილია როგორც ახალი აღთქმის უმაღლესი მღვდელმსახური (ებრ. 4:14; 6:20; 9:11.24; 10:20).

უმაღლესი პონტიფექსი (Sommo Pontefice) ნ. პაპი; პონტიფექსი.

უმაღლესი პონტიფექსის ლიტურგიულ მსახურებათა უწყება (Ufficio delle celebrazioni liturgiche del sommo pontefice) ეს უწყება, სახელწოდებით Magistri Caeremoniarum Apostolicarum ძველთაგანვე არსებობდა. დროთა განმავლობაში ის ჩამოყალიბდა როგორც პაპის ცერემონიათა კოლეგია ან პრეფექტურა, პაპის თორმეტი ცერემონმაისტერის შემადგენლობით (აქედან ოთხი მოქმედია, ოთხი - დამხმარე). ისინი ეხმარებიან პაპს (განსაკუთრებულ შემთხვევებში კი - კარდინალებსაც) საღმრთო მსახურებისას (კონსისტორიუმი, კარდინალის ტიტულის მიღება, წირვა ან სხვა სახის მსახურება განსაკუთრებით საზეიმო დღეებში, პონტიფექსის მისიები). გარდა ამისა, პაპის ცერემონმაისტერების მოვალეობაა ეპისკოპოსთა ხელდასხმის მომზადება და გაძღოლა, პაპის დავალებით რომში მობინადრე აბატების კურთხევა. პაპის საყდრის ვაკანტურობის პერიოდში ცერემონმაისტერები მსახურობენ კარდინალთა კონგრეგაციებში და საკუთარ მოვალეობებს ასრულებენ კონკლავშიც. თვით მსახურების ბუნებიდან გამომდინარე, ისინი ნოტარიუსები არიან, ამიტომაც ადგენენ ყველა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, დაკავშირებულს იმ მსახურებასთან, რომელშიც მონაწილეობენ, - იქნება ეს კონკლავის აქტები თუ თვით რომის პაპის არჩევა. ვატიკანის II კრების მიერ დაწყებული რეფორმის შედეგად პაპის ცერემონიათა სამსახურმა სულ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ლიტურგიულ სამწყსო მსახურებაში. მართლაც, პაპის მიერ აღსრულებული მსახურებანი, რომელთა რაოდენობაც სულ უფრო იზრდება, თუნდაც შეცვლილი სტილისა (მათ შორის, მასმედიის მონაწილეობის გამო), ვატიკანის კრების სულისკვეთებისა და ნორმების თანახმად ლიტურგიული რეფორმის განხორციელების სამაგალითო ნიმუშად იქცა. სამოციქულო დადგენილებით Pastor bonus (1988 წლის 28 ივნისი) უწყებას სახელი ამჟამინდელით შეეცვალა: „უმაღლესი პონტიფექსის ცერემონიათა სამსახურს“ „უმაღლესი პონტიფექსის ლიტურგიულ მსახურებათა სამსახური“ ეწოდება და ის რომის კურიის დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა (პარ. 2, ნაწ. 3). უწყებას ევალება პაპის მიერ ან მისი სახელით აღსასრულებული ლიტურგიულ და სხვა საღმრთო მსახურებათათვის აუცილებელი სამზადისის უზრუნველყოფა და მათი გაძღოლა ლიტურგიულ წესთა შესაბამისად. ლიტურგიულ მსახურებათა უწყების ხელმძღვანელს პაპი ხუთი წლის ვადით ნიშნავს, ხოლო ცერემონმაისტერები, რომლებიც მსახურებისას ასისტენტობას უწევენ მას, დროის ამავე ხანგრძლივობით სახელმწიფო მდივნის მიერ ინიშნებიან. 1991 წლის 14 იანვრის ქიროგრაფის თანახმად, რომლითაც იოანე პავლე II-მ დღევანდელობის მოთხოვნებს მიუსადაგა, ვატიკანის სულიერებაზე მზრუნავი უწყება, მანამდე პაპის სასახლის საკრისტიის კომპეტენციაში შემავალი მოვალეობები პაპის ლიტურგიულ მსახურებათა უწყების ხელმძღვანელს გადაეცა, რომელიც, ამის გამო, პასუხისმგებელია პაპის საკრისტიისა და სამოციქულო სასახლის კაპელებზე.

უნიატები (Uniati) [რუს. „უნიატ“, ნაწარმოებია სიტყვიდან „უნია“ („კავშირი“), რომელიც მომდინარეობს ლათინურიდან unus („ერთი“)] აღმოსავლური ეკლესიები, რომლებმაც სქიზმის შემდეგ შეინარჩუნეს რომის ეკლესიასთან თანაზიარება ან შემდგომში დაუბრუნდნენ მას. ეს საკამათო ტერმინი პირველად გამოიყენეს მართლმადიდებლებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ შეთანხმებას რუსინთა ეკლესიასა და კათოლიკე ეკლესიას შორის (ბრესტ-ლიტოვსკი, 1596).

უნივერსალური/უნივერსალურობა (Universale/ Universalismo) ნ. კათოლიკობა.

უნიტარელები (Unitariani) [ინგლ. unitarians] ტერმინი მიემართება ჯგუფებს ან მიმდინარეობებს, რომლებიც ამტკიცებენ ღმრთის, როგორც პიროვნებისა და არსის, ერთიანობას. სამების მოწინააღმდეგე ეს ჯგუფები უარყოფენ სამი ღმრთაებრივი პიროვნების არსებობას და, მაშასადამე, ზოგადად, იესოს ღმრთაებრიობასაც. ამ მოძღვრების მიმდევრები ქრისტიანობის დასაბამიდან არსებობენ, თუმცა განსაკუთრებით მრავალრიცხოვანნი იყვნენ ჰუმანიზმისა და რეფორმის ხანებში. უნიტარელთაA ცალკეული სექტები უმთავრესად პროტესტანტული აღმსარებლობის წიაღში ჩამოყალიბდა. 1900 წელს დაარსებული „უნიტარელ და სხვა თავისუფალ რელიგიურ მოაზროვნეთა საერთაშორისო კონგრესი“ დღეს „თავისუფალი ქრისტიანობის მსოფლიო ლიგის“ სახელს ატარებს. უნიტარელები ეთიკურ და ჰუმანისტურ ქრისტიანობას ქადაგებენ და ხშირად მიმართავენ ქრისტიანულ გამოხატულებებს (ნათლობა, წმიდა სერობა, ზიარება). სამი ღმრთაებრივი პიროვნების მოძღვრების უარყოფა ბიბლიის გამორჩეულად რაციონალისტურ ინტერპრეტაციას ეფუძნება. რუმინეთის უნიტარული ეკლესია ერთადერთია, რომელსაც ჰყავს ეპისკოპოსი.

უპანიშადები (Upanisad) [სანსკ. „ეზოტერული სწავლება“] აღნიშნავს ჰინდუიზმის სხვადასხვა ანონიმურ ნაწარმოებს. მათ შორის ყველაზე ძველი ნაწერები, რომელთაც ვედანტას სახელითაც მოიხსენიებენ, ქრისტემდე IX-VI საუკუნეებს მიეკუთვნება. მათში საუბარია სამშვინველის უკვდავებასა და მარადიულობაზე, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ რეინკარნაციას განიცდის. თუმცა ადამიანი უნდა ეცადოს, აიცილოს არსებობათა მიმდევრობა (სანსარა) როგორც ვნებათა, ამქვეყნიურ განცდათა და აზრთაგან განთავისუფლების, ისე ინდივიდუალური სულის (ატმანი) უნივერსალურ სულთან (ბრაჰმანი) გაიგივების მეშვეობით.

ურსულას ორდენი ნ. წმიდა ურსულას ორდენი.

ურღვეობა (Indissolubilità) [ნაწარმოებია სიტყვიდან indissolubile „ურღვევი“] ხარისხი ან პირობა იმისა, რაც არ შეიძლება გაუქმდეს. ესაა ქორწინების საიდუმლოს ორიდან ერთ-ერთი არსებითი თვისება (მეორე თვისებაა ერთიანობა), რის გამოც გამოირიცხება განქორწინების ნებისმიერი ფორმა.

ურწმუნო (Miscredente) [ტერმინი Miscredente შედგება უარყოფითი ნაწილაკისგან მის და სიტყვისგან credente „მორწმუნე“] აღნიშნავს არარელიგიურ, ათეისტ ან უღმრთო ადამიანს.

ურწმუნოება (Incredulità) [ლათ. incredulitas] ბიბლიურ გარემოში აღნიშნავს არა მხოლოდ ღმრთის უარყოფას, არამედ მის ნიშანთა და სიტყვის არცნობას, მისდამი არ მიმხრობას (ფსალმ. 41:1; ეს. 5:19; 2 პეტრ. 3:4) და სხვათა მიმართ მინდობას. ურწმუნონი იყვნენ ძველი აღთქმის ებრაელები, რომელთაც ამის გამო ეწოდათ მეამბოხეები (რიცხვ. 20:10; ეზეკ. 2:3, შმდ.), გათქვირებულნი (რჯლ. 32:15), დახშული გულის და ყურთა მქონენი (ეს. 32:9; 33:3; მათ. 13:14). ურწმუნოება გამოიხატება კერპთაყვანისცემლობასა და კერპთა გაღმერთებაში, ცრუ წინასწარმეტყველთა გაყოლასა და ქმნილებებისადმი მინდობაში. ისრაელმა ხალხმა იესოს წინაშეც გამოამჟღავნა ურწმუნობა (მათ. 8:10, შმდ.; 11:20, შმდ.; 23:37, შმდ.; იოან. 6:66...), შესცოდა სული წმიდის წინაშე (მათ. 12:31, შმდ.; მარკ. 3:29; ლუკ. 12:10), ჭეშმარიტების წინაშე (იოან. 7:33, შმდ.; 8:21.24.45; 15:22, შმდ.), რაც შეუძლებელს ხდის (3:36) მარადიული სიცოცხლის მიღებას. იესო ხშირად უსაყვედურებს ურწმუნოების გამო თანამედროვეებსა და მოწაფეებს: მათი ურწმუნოება გამოიხატება იმის არაღიარებაში, რომ იესო ხორცშესხმული სიტყვა (იოან. 1:11; 3:11; 6:36), ქრისტე (1 იოან. 2:22, შმდ.; 4:2, შმდ.; 5:1, შმდ.), მაცხოვარია (იოან. 6:53).

უსასრულო (Infinito) [ლათ. in+finitus (ზმნა finire-ს „დასრულება“, „შეზღუდვა“ ნამყოს მიმღეობა) „უსაზღვრო“, „დაუსრულებელი“] ღმრთის არსებითი თვისება. ღმერთი უსასრულოა, რადგანაც თავისი ბუნებით არ შეიძლება დაექვემდებაროს რამე „საზღვრის“ დროებითობას; ის ყოველ ასეთ საზღვარს „მიღმაა“, რაკი იგი „სხვაა“.

უსია (Ousia) [ბერძ.] კონკრეტული, ინდივიდუალური რეალობა; არსი ან ბუნება. ნ. ჰიპოსტასი.

უსუპი, აიაზმის სასხურებელი (Aspersorio) [საეკლესიო ლათ. aspersorium] ნახვრეტებიანი ბურთულით დაბოლოებული ლითონის პატარა ჯოხი, ზოგჯერ - ჯაგრიანი, რომლითაც აპკურებენ ნაკურთხ წყალს ადამიანებს, საგნებსა და ადგილებს.

უსწორობა (Irregolarità) [ლათ. irregularitas „ქცევაში დისციპლინის დარღვევა“] კანონიკურ სამართალში სამუდამო დაბრკოლება, რომელიც კრძალავს მღვდლად მიღებას ან მღვდლობის აღსრულებას (შდრ. CIC, კან. 1040, შმდ.)

უტრაკვისტები (Utraquisti) ნ. ჰუსიტები.

უფალი (Signore) [ბერძნ. Kýrios; სეპტუაგინტაში გადმოცემულია ტეტრაგრამით Jhwh (ნ. იაჰვე) და, აგრეთვე, ტერმინით ადონაი] „უფალი“ იქცა ისრაელის ღმრთის, მისი უზენაესობის აღსანიშნავ ყველაზე გავრცელებულ ფორმად: იგია უფალთ უფალი (რჯლ. 10:17). ახალ აღთქმაში ტერმინი „უფალი“ გამოიყენება არა მხოლოდ მამა ღმრთის, არამედ, აგრეთვე, იესოს აღსანიშნავადაც: „იესო უფალია“ (რომ. 10:9; 1 კორ. 12:3; კოლ. 2:6), რითაც მისი ღმრთაებრიობაა აღიარებული (შდრ. CCC, 446-451).

უფალო, განახვენ (Invitatorio) [გვიანლათ. ინვიტატორიუს] შედგება მუხლისგან „უფალო, განახვენ ბაგენი ჩემნი...“, რასაც მოსდევს ფსალმუნი 94 (ან ფსალმუნები 99, 66 და 23) რესპონსორიუმის ფორმით, რითიც იწყება ჟამთა ლიტურგია.

უფალო, შეგვიწყალენ (კირიე ელეისონ) (Kyrie eleison) [ლათ. ტრანსკრიფცია ომონიმური ბერძნული გამოთქმისა: Kyrie (ჰოი, უფალო) eléison, შორეული წარსული იმპერატივი ზმნისა, ელეინ „იქონიე მოწყალება“] სამმაგი მოხმობა (მეორე მათგანია „ქრისტე, შეგვიწყალენ!“), რომელსაც წარმოთქვამენ ან გალობენ წირვისას, „დიდება მაღალთას“ წინ. აღმოსავლურ ლიტურგიაში (ანტიოქიასა და იერუსალემში) ის დაახლოებით IV საუკუნის დასასრულიდან დამკვიდრდა, დასავლურში კი - დააახლოებით ერთი საუკუნით უფრო გვიან.

უფლებანი (Dominazioni) ნ. ანგელოსი.

უფლის ლოცვა ნ. Oratio dominica.

უფლის სიტყვები (Parole del Signore) [ბერძ. მრავლობითი რიცხვის ფორმა lóghia, მხოლობითის - lóghion] ასე ეწოდება სახარებებში, განსაკუთრებით - ლუკასა და მათესთან, ხშირად სხვადასხვა კონტექსტში, ერთად თუ დაცალკევებული სახით მოცემულ მოკლე გამონათქვამებს. შესაძლოა, პარალელურ ტექსტებში ლუკა და მათე მიმართავენ ერთსა და იმავე წყარო Q-ს (გერმ. Quelle, „წყარო“). იესოს ეკუთვნის, აგრეთვე, გამონათქვამები (ნ. აგრაფა = „დაუწერელი სიტყვები“), რომლებსაც სახარებათა ტექსტი არ შეიცავს (შდრ. იოან. 20:30; 21:25), მაგრამ გადმოგვცემენ ახალი აღთქმის სხვა ნაწერები (შდრ. საქმ. 20:35), აპოკრიფები ან ძველი საეკლესიო ავტორები.

უფლის სხეული (Corpus Domini) [ლათ. გამოთქმა, აღნიშნავს „უფლის სხეულს“] დღესასწაული, რომელსაც კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს უწმიდესი სამების დღესასწაულის შემდეგ ხუთშაბათს, ევქარისტიისათვის განსაკუთრებული საზეიმო იერის მისაცემად. ვატიკანის II კრების შემდეგ ეწოდა ქრისტეს უწმიდესი სხეულისა და სისხლის დიდი დღესასწაული. ეს დღესასწაული პაპმა ურბან IV-მ 1264 წელს ბოლსენაში მომხდარი სასწაულის შემდეგ დაამკვიდრა, 1314 წელს კი ის კლემენტე V-მ დაამტკიცა. XV საუკუნიდან უფლის სხეულის პროცესიის გამართვის ტრადიცია მთელ ეკლესიაში დამკვიდრდა, რასაც ხელი შეუწყო, აგრეთვე, პაპების მარტინ V-ისა და ევგენი IV-ის მიერ გაცემულმა საგანგებო ინდულგენციებმა. იტალიაში კვირის განმავლობაში დღესასწაულთა გაუქმების შემდეგ ეს ღონისძიება მომდევნო კვირადღეს იმართება.

უცდომლობა (Infallibilita) სარწმუნოების ან ზნეობის საკითხზე აზრის გამოთქმისას ეკლესიის მოძღვრების მიერ შეცდომის დაშვების შეუძლებლობა. კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო შეუცდომლობის შესახებ გვაუწყებს: „მოციქულთა მიერ გადმოცემული რწმენის სიწმიდით ეკლესიის შესანარჩუნებლად ქრისტემ, ვინცაა ჭეშმარიტება, ისურვა, ეკლესია თავისი უცდომლობის თანამონაწილე გაეხადა. „სარწმუნოების ზებუნებრივი არსის“ მეშვეობით ღმრთის ხალხი „შეუმცდარად მიემხრობა სარწმუნოებას“ ეკლესიის მოძღვრების ხელმძღვანელობით. ეკლესიის მოძღვრების მისია ღმრთის მიერ თავის ხალხთან დადებული აღთქმის გადამწყვეტ ხასიათს უკავშირდება. ეს მისია მოიცავს სწორი გზიდან გადახრისა და დაცემისაგან ღმრთის ხალხის დაცვასა და მისთვის ჭეშმარიტი სარწმუნოების უცდომლად აღსარების ობიექტური შესაძლებლობის უზრუნველყოფას. მაშასადამე, ეკლესიის მოძღვრების სამწყსო ამოცანაა, თვალი ადევნოს იმას, რომ ღმრთის ხალხი გამანთავისუფლებელ ჭეშმარიტებაში დარჩეს. ამ მსახურების აღსასრულებლად ქრისტემ სულთა მწყემსებს მიანიჭა სარწმუნოებისა და ზნეობის საკითხში შეუცდომლობის ქარიზმა, რომლის მოქმედებას სხვადასხვა ფორმა და ხასიათი შეიძლება ჰქონდეს. „თავისი მსახურებიდან გამომდინარე, ამ შეუცდომლობით სარგებლობს რომის პონტიფექსი, ეპისკოპოსთა კოლეგიის მეთაური, როდესაც ყველა მორწმუნის უმაღლესი მოძღვრისა და მასწავლებლის ხარისხში, სარწმუნოებასთან ან ზნეობასთან დაკავშირებულ მოძღვრებას აცხადებს საბოლოო აქტით და ამგვარად რწმენაში განამტკიცებს თავის მოძმეთ... ეკლესიისათვის დაპირებული უცდომლობა მოიცავს, აგრეთვე, ეპისკოპოსთა მთლიანობასაც, როდესაც ის აღასრულებს უმაღლეს მოძღვრებას პეტრეს მემკვიდრესთან ერთად“ (LG, 25), უმთავრესად, მსოფლიო კრებაზე. როდესაც ეკლესია თავისი უმაღლესი მოძღვრების მეშვეობით წარმოადგენს რამეს, რაც ღმრთის მიერ გამოცხადებულად, ქრისტესმიერ სწავლებად უნდა ვირწმუნოთ, „ასეთ განსაზღვრებებს რწმენისმიერი მოწიწებით უნდა მივემხროთ“ (LG, 25). ეკლესიის უცდომლობა მოიცავს „ღმრთაებრივ გამოცხადებას“ მთლიანობაში (CCC, 889-891). ნ. ვატიკანის კრებები.

უცხო ენებზე საუბარი (Lingue, parlare in) [ბერძ. glossolalía] ექსტაზური ხასიათის მოვლენა, გავრცელებული პირველ ქრისტიანულ საკრებულოებში (საქმ. 2:3, შმდ., 11; 10:46; 19:6; 1 კორ. 12:10.28.30; 13:1; 14:2, შმდ.) ნ. ქარიზმა.

უწმიდესი (Santissimo) [santissimo - აღმატებითი ხარისხი სიტყვისა santo „წმიდა“] ტრადიციულად მიემართება სამებას და მარიამს, როგორც უმაღლესი თაყვანისცემის ღირსთ. ამავე დროს, აღნიშნავს ქრისტეს ევქარისტიაში.

უხამურნი (Scalzi/e) [ლათ. discalceati „ფეხშიშველნი“, „უხამურნი“] ასე ეწოდება მოწესეებს, რომლებიც სიღატაკისა და მონანიების ნიშნად მხოლოდ სანდლებს ატარებენ (ფრანცისკელნი) ან სრულიად უხამურნი (კარმელელნი) დადიან. ფრანცისკე ასიზელმა იესოს მიბაძვის მიზნით თანამოძმეებს ფეხშიშველა სიარული დაუწესა. ამიტომაც უწოდებდნენ ამ ორდენის წევრებს აგრეთვე უხამურთ, განსაკუთრებით - გერმანულენოვან ქვეყნებში. ცალკეული რეფორმირებული ორდენებისა თუ კონგრეგაციების გარდა, როგორებიც იყვნენ, მაგ., ობსერვანტები და კაპუცინები, ამავე დროს, კარმელელნი, სერვიტები, პასიონისტები და სხვანი თავს მოვალედ მიიჩნევდნენ, მუდამ ფეხშიშველა ყოფილიყვნენ. მოგვიანებით, წესდებათა გადახედვის შედეგად, ხშირად ნებადართული გახდა გამონაკლისები (მაგალითად, წირვის ჩატარებისას ან სიცივის მიზეზით დაშვებული იყო ფეხზე ჩაცმა). უხამურთა კატეგორიას განეკუთვნება ქალთა რამდენიმე ორდენიც, მაგ., კლარისელები, კაპუცინელები, კარმელელნი, ავგუსტინელი მონაზვნები.

22

▲back to top


ფაბრიკა Fabbrica) [ლათ. fabrica, ნაწარმოებია სახელიდან faber „საამქრო“] აღნიშნავს ეკლესიას ან სხვა საკრალურ შენობას, სადაც იწარმოება კულტისათვის საჭირო სხვადასხვა ნივთები (მაგალითად, წმიდა პეტრეს ფაბრიკა).

ფაკირი (Fachiro) [არაბ. faqir, „ღარიბი“] მოწყალების მთხოვნელი ასკეტი ინდუსი, რომელიც რელიგიურ წეს-ჩვეულებათა (სავარჯიშონი, სინანული) მეშვეობით ცდილობს ფიზიკურ უნართა დამორჩილებას, რასაც შედეგად უგრძნობელობა და კატალეფსია (გახევება) მოჰყვება.

ფალახები (Falascià) [ეთიოპიურიდან ge ez falasa „ემიგრანტი“] აღნიშნავს ეთიოპიის ჩრდილოეთით არსებულ მცირერიცხოვან იუდაურ რელიგიურ ჯგუფებს. ისინი მისდევენ არქაულ იუდაიზმს და არ აღიარებენ პოსტბიბლიურ და რაბინულ ცვლილებებს, ეყრდნობიან ბიბლიურ წყაროებს, ინარჩუნებს ენას ge ez-ს და ეთიოპიის ეკლესიის ძველი აღთქმისეულ კანონს. უკანასკნელ ხანს, ეთიოპიაში არსებული რთული სოციალური და პოლიტიკური ვითარების გამო, ეს ჯგუფები საჰაერო გზით ისრაელში გადაიყვანეს.

ფამილისტები (Familisti) ჰოლანდიასა და ინგლისში XVI-XVII საუკუნეებში გავრცელებული პროტესტანტული სექტა. ის დაახლოებით 1540 წელს ჰ. ნიკლაესმა დააარსა. სექტის მიმდევრებს, - რომლებიც იყვნენ წევრები „გულმოწყალების ოჯახისა“ („Familia charitatis“, საიდანაც მომდინარეობს მათი სახელწოდება „ფამილისტები“), - სწამდათ, რომ გულმოწყალება მათ თვით ღმრთაებრიობის თანამონაწილეებად აქცევდა.

ფანონე (Fanone) [შუასაუკ. ლათ. fano „ნაჭერი“] ორმაგი კაპიუშონიანი მოკლე მანტია, ერთი - თეთრი აბრეშუმის, მეორე კი ოქროსფერი ქსოვილისა, რომელსაც პაპი საზეიმო წირვის დროს იცმევდა. მის გარე პირზე ოქროს ჯვარი იყო ამოქარგული. ამავე სახელს ატარებს, აგრეთვე, მიტრის ორი ზოლიც.

ფარისეველნი (Farisei) [შესაძლოა, მომდინარეობდეს ებრაული სიტყვიდან perisajja „დაყოფილნი“, შემდეგ ბერძნულში დამკვიდრდა ფორმა pharisáioi] ძველი ებრაული პოლიტიკური და რელიგიური მოძრაობა, რომელიც მაკაბელთა ხანაში აღმოცენდა (ქრისტეს შობამდე IIს.). თავდაპირველად ყასიდების („ღმრთისმოშიშნი“) მოძრაობასთან იყვნენ დაკავშირებულნი, მკვეთრად დაუპირისპირდნენ როგორც წარმართულ გავლენას (უმთავრესად, ელინისტური სამყაროს გავლენას), ისე საღმრთისმსახურებო არისტოკრატიის მოძრაობას (ნ. სადუკეველნი). იყვნენ თორას (დაწერილი კანონი) და „მამათა ტრადიციის“ (ზეპირი კანონი) თავდადებული დამცველები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევდნენ ებრაელობის ნებისმიერი გადაგვარებისაგან დასაცავად და იუდეველთა ეროვნული სულის მთლიანობის შესანარჩუნებლად. მათი ნორმატიული სიმკაცრე უმთავრესად სამ საკითხში ვლინდებოდა: საკანონმდებლო სიწმინდეს, მეათედების გადახდასა და შაბათის უქმობას (ნ. შაბათი) უკავშირდებოდა. ასკეტურ წეს-ჩვეულებათა მიმდევრობის გამო ფარისეველნი ხალხის სიმპატიითა და, სადუკევლებთან შედარებით, მეტი გავლენით სარგებლობდნენ. ამ უკანასკნელებთან მათ უფრო სამოძღვრო განსხვავებანი ჰქონდათ, ვიდრე ლიტურგიული. მაგალითად, ფარისევლებს სწამდათ მკვდრეთით აღდგომა და მესიის მოსვლა. იესოს დროს ფარისეველნი გავლენიან ჯგუფს წარმოადგენდნენ. იესო ხშირად კამათობდა ფარისევლებთან, რადგანაც ისინი, ადამიანთან შედარებით, კანონის განკარგულებას ანიჭებდნენ უპირატესობას, სულთან შედარებით - წესსა და დაწერილ სიტყვას (მათ. 15:1, შმდ.).

ფატებენეფრატელები (Fatebenfratelli) სახელი, რომელიც ეწოდა წმიდა იოანე ღმრთისას საავადმყოფოს ორდენის წევრებს. წარმოშობით პორტუგალიელმა იოანე ღმრთისამ (1494-1550) სნეულთა დახმარების მიზნით გრანადაში საეროთა საკრებულო დააარსა. შემდეგ, 1572 წელს, გრიგოლ XIII-მ საკრებულო ავგუსტინესეული წესდების ორდენად გამოაცხადა. დღეს ამ ორდენის წევრები უმთავრესად საერო ძმები არიან, და, გარდა ჩვეული სამი აღთქმისა, აგრეთვე, საავადმყოფოებში მსახურების აღთქმასაც დებენ.

ფებრონიანელობა (Febronianesimo) იურისდიქციონალისტური დოქტრინა, რომლის სახელწოდებაც იუსტინუს ფებრონიუსის სახელიდან მომდინარეობს. ეს ტრევირის სუფრაგანი ეპისკოპოსის, იოჰან ნიკოლაუს ფონ ჰონტჰაიმის (†1790) ფსევდონიმია, მისი დაწერილია De statu ecclesiae et legitima potestate Romani Pontificis (1763). ამ ნაშრომში უარყოფილია ეკლესიის წიაღში პაპის იურისდიქციის პრიმატი და გატარებულია ცალკეულ ეროვნულ ეკლესიათა დამოუკიდებლობის იდეაა. პონტიფექსის ავტორიტეტის მონარქიულ სტრუქტურას უნდა ჩანაცვლებოდა მსოფლიო კრება როგორც ეკლესიის უმაღლესი ორგანო, რომლის ავტორიტეტი პაპზეც გავრცელდებოდა. ეპისკოპალიზმის მკაფიო გავლენის მატარებელი ფებრონიანური თეზისები უარყვეს როგორც კლემენტე XIII-მ, ისე გერმანელ ეპისკოპოსთა უმრავლესობამ. საბოლოოდ მათ ვატიკანის I კრების შემდეგ (1870) დაკარგეს ძალა და გავლენა.

ფერისცვალება (Trasfigurazione) [ლათ. trasfiguratio „ტრანსფორმაცია“, „გარდასახვა“] აღნიშნავს იესოს იერის ცვლილებას, როცა იგი თაბორის მთაზე თავის ღმრთაებრიობაში გამოეცხადა პეტრეს, იაკობსა და იოანეს (მათ. 17:1-9; მარკ. 9:1-13; ლუკ. 9:28-36), რითაც წინასწარ ამცნო თავისი აღდგომა და მორწმუნეთა იმედი (რომ. 8:29; 1 კორ. 15:49; 2 კორ. 3:18; ფილ. 3:21). ფერისცვალების ლიტურგიული დღესასწაული 6 აგვისტოს აღინიშნება.

ფესვის განკურნება (Sanazione in radice) [ლათ. sanatio, ნაწარმოებია სიტყვებიდან sanare „განკურნება“ და radix „ფესვი“] კანონიკურ სამართალში ასე ეწოდება ბათილად ცნობილი ქორწინების საგანგებო დამტკიცებას, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ შეფერხებისაგან ან კანონიკური ფორმისაგან განთავისუფლებას, არამედ, აგრეთვე, განათავისუფლებას თანხმობის განახლების ვალდებულებისაგან და კანონიკურ შედეგთა უკუქმედებას, ბოძებულს კომპეტენტური უწყების მიერ (CIC, კან. 1161, ნაწ. 1). ამ პროცედურის სახელწოდება იქიდან მომდინარეობს, რომ კანონის მიერ ძალადაკარგულად ცნობის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება თვით ქორწინების აღსრულების მომენტთან მიბრუნება და მისი გაბათილების მიზეზის აღმოფხვრა.

ფეტიში (Feticcio) [პორტუგ. feitiço „ამულეტი“, რომელიც, თავის მხრივ, ნაწარმოებია ლათინურიდან facticius „დამზადებული“, „ხელნაკეთი“] XV საუკუნეში პორტუგალიელი კოლონიზატორები ფეტიშს უწოდებდნენ საგნებს (ხეები, ქვები, ნიჟარები, ქოთნები და სხვა), რომლებსაც დასავლეთ აფრიკის აბორიგენი ხალხები ეთაყვანებოდნენ. დღეს ასე ეწოდება უსულო საგანს ან არსებას, რომელიც მაგიური, ჯადოსნური ძალის ან საღმრთო უნარის მატარებლად მიიჩნევა.

ფეტიშიზმი (Feticismo) ტერმინი შექმნა შ. დე ბროსემ თავის ნაშრომში Culte des dieux fetiches (პარიზი, 1760). ამ სიტყვით ის ზეადამიანური ძალის მქონე ხელნაკეთ თუ ბუნებრივ საგნებს აღნიშნავდა. შემდეგ ფეტიშიზმი იქცა საზოგადო სახელად, რომელიც ზოგადად აფრიკის პრიმიტიულ ხალხთა რელიგიების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ამჟამად, პრიმიტიულ რელიგიათა მკვლევრები ცდილობენ, არ მიმართონ ხსენებულ ტერმინს, მისი უარყოფითი მნიშვნელობის გამო.

ფეხთბანვა (Lavanda dei piedi) [ლათ. lavanda (მდედრ. ფორმა სიტყვისა ლავანდუს, რაც ზმნის lavare „დაბანა“, გერუნდივია)] წესი, რომელიც სრულდება წირვისას წმიდა პარასკევს საიდუმლო სერობის მოსახსენიებლად. წირვის აღმვლენელი მღვდელმსახური სახარების წაკითხვის შემდეგ იმეორებს იესოს ქმედებას, როდესაც მან მუხლი მოიყარა მოციქულთა წინაშე, ფეხები დაბანა მათ და იმავეს გაკეთებისაკენ მოუწოდა მათ: „მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ“ (იოან. 13:15). ფეხთბანვის ღრმა მნიშვნელობის მქონე სიმბოლური ჟესტი მიღებული იყო მონასტრებში სტუმართა მიმართ კაცთმოყვარებისა და მორჩილების ნიშნად. შემდგომში ის იქცა ლიტურგიულ წესად, რომელსაც ეპისკოპოსი საკათედრო ტაძარში აღასრულებს.

ფიდეიზმი (Fideismo) [ფრანგ. სიტყვიდან fidéisme, რომელიც ნაწარმოებია ლათინურიდან fides „რწმენა“] მცდარი თეოლოგიური და ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ამტკიცებს გონებასთან მიმართებაში რწმენის აღმატებულებას, და თვით ადამიანის გონების უძლურებას, შეიცნოს რწმენის ჭეშმარიტება. რაციონალიზმის გადაჭარბებებზე რეაქციის სახით დამკვიდრებული ფიდეიზმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში. ეკლესიამ დაგმო ფიდეიზმი და ხაზი გაუსვა გონების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, რწმენის საფუძვლებთან დამოკიდებულებაში.

ფილაპტერიონები (Filatteri) [ლათ. phylacterium, ნაწარმოებია ბერძნულიდან phylaptérion (ზმნიდან პჰყლáსსეინ „დაცვა“, „შენახვა“) „შენახვა“] ტყავის მცირე ზომის ბუდეები, რომლებშიც მოთავსებული იყო პერგამენტის 4 მცირე გრაგნილი ბიბლიის ცალკეული ნაწყვეტებით: შუბლსა და მარცხენა მკლავზე დამაგრებული ამგვარი ფილაპტერიონები სარწმუნოებისადმი (ნ. თორა) ერთგულების ნიშანს წარმოადგენდა.

ფილიოკვე (Filioque) [ლათ. გამოთქმა, ითარგმნება როგორც „და ძისაგან“] ტერმინი ლათინურმა ეკლესიამ დაამკვიდრა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოში (ნ. მრწამსი) სული წმიდასთან მიმართებაში. ამ დოგმატური ფორმულის ისტორიული საწყისი საკმაოდ ბუნდოვანია. ცალკეულ მოსაზრებათა თანახმად, ის ტოლედოს III კრებიდან (589) იღებს დასაბამს, ზოგი მას კიდევ უფრო ადრეულ ხანას, კერძოდ, სარაგოსას კრების პერიოდს (380) უკავშირებს. დარწმუნებით იმის თქმა შეიძლება, რომ „ფილიოკვე“ დაახლოებით VI საუკუნეში ესპანურ, მოზარაბიკულ ლიტურგიაში დამკვიდრდა. აქედან მისი გამოყენება გავრცელდა საფრანგეთში, გერმანიასა და შემდეგ - იტალიაში. ეს ტერმინი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა შორის ერთ-ერთი უმწვავესი თეოლოგიური კამათის მიზეზი გახდა. მართლაც, დასავლეთის ეკლესია მიიჩნევს, რომ სული წმიდა „გამოვალს მამისაგან და ძისაგან (filioque)“, ხოლო აღმოსავლეთის ეკლესია კი აცხადებს, რომ სული წმიდა გამოდის „მამა ღმრთისგან ძის მეშვეობით“ (per Filium), რაც სამების საიდუმლოების განსხვავებულ განმარტებათა საფუძველს ქმნის. მოძღვრების თვალსაზრისით, გამოთქმა „ფილიოკვე“ აღმოსავლური სქიზმის (1054) ერთ-ერთ მიზეზად იქცა.

ფიზისი (Physis) [ბერძ. „ბუნება“] ტერმინი აღნიშნავს ან ამქვეყნიურ არსებათა ერთობლიობას, რომლებიც ძველად თვითგენერირებად ერთეულებად აღიქმებოდა, ან ერთი არსების თვისებრივ და პირველსაწყის არსს, განსაკუთრებით მისი სპეციფიკური მოქმედების საწყისის თვალსაზრისით. სამებისა და ქრისტოლოგიურ თეოლოგიაში ტერმინი აღნიშნავს ღმრთის გამაერთიანებელ საწყისს, რომელშიც თანაარსებობს სამი პიროვნება; აგრეთვე, პიროვნების ერთადერთობაში ადამიანურისა და ღმრთაებრივის დუალიზმს, რაც ისევ პრობლემურობითაა გამორჩეული და უპირისპირდება მადლს. ამასთან, მისი თეოლოგიური, ფილოსოფიური და სამეცნიერო მნიშვნელობის მრავალი განმარტება არსებობს.

ფისტულა (Fistola) [ლათ. fistula „ჯოხი“, ეწოდება აგრეთვე calamus, ანუ canna eucharistica] პატარა ვერცხლის ან ოქროს ჯოხი, რომლის მეშვეობითაც ერთ დროს მსახურების აღმვლენელი ბარძიმიდან ნაკურთხ ღვინოს სვამდა.

ფოკოლარეელნი (Focolarini) რელიგიური მოძრაობა, რომლის წევრი ქალები და მამაკაცები მიზნად ისახავენენ სახარების შესატყვისი წესით ცხოვრებას და, უმთავრესად, იესოს სულისკვეთებით სიყვარულისა და ერთიანობის განცდას. მოძრაობა 1943 წელს ტრენტოში, კიარა ლუბიჩის მეოხებით აღმოცენდა, თუმცა ოფიციალურად ის მხოლოდ 1962 წლის 23 მარტს იქნა აღიარებული სახელწოდებით მარიამის საზოგადოება (Opera di Maria). მოძრაობის საბაზისო ერთეულს წარმოადგენს კერა (focolare): ადგილი, სადაც გიზგიზებს ურთიერთზიარი სიყვარულის მიერ დანთებული ალი, იმ ოჯახური სითბოს მაგალითით, რომლითაც იყო გამსჭვალული ნაზარეთის სახლი. ფოკოლარეელთა ორგანიზაცია მოიცავს: ა) საერთო ცხოვრების წესის წევრებს: ესაა მამაკაცთა ან ქალთა მცირე საკრებულოები, რომლებიც იღებენ ვალდებულებას, გულმოწყალებას ემსახურონ საკრებულოში და სამუშაოზე; უბიწოების, სიღატაკისა და მორჩილების აღთქმათა მეშვეობით ღმერთს უძღვნიან თავს; ბ) დაქორწინებული წევრები: დაქორწინებული ადამიანები, რომლებიც მთლიანად ღმერთს უძღვნიან თავს და ასევე დებენ მორჩილების, სიღატაკისა და უბიწოების აღთქმებს, მათი ოჯახური მოვალეობების გათვალისწინებით შესაძლებელ ფარგლებში; გ) მღვდელმსახური წევრები: მღვდელმსახურები, რომლებიც საერთო ცხოვრების ფოკოლარეელთა ვალდებულებებს იზიარებენ, მათ შორის საკრებულოს მსახურებისთვის სრული მზადყოფნის ვლდებულების ჩათვლით, ამავე დროს, ეს მღვდელმსახურნი საკუთარ დიოცეზებში განწესებას ინარჩუნებენ. ორგანიზაციის კოორდინირებას უზრუნველყოფს საერო ხელმძღვანელი, მას ეხმარებიან საეკლესიო წოდების მქონე ასისტენტი და საბჭო, რომლის წევრებსაც ექვს წელიწადში ერთხელ ირჩევენ. გარდა ამისა, ორგანიზაციაში, ამასთანავე, მოქმედებენ მოხალისე საერო პირები, რომლებიც ღმრთის წინაშე იღებენ ვალდებულებას, იღვაწონ საზოგადოების ქრისტიანული განახლებისათვის. მოხალისეები „ადგილობრივ უჯრედებში“ (სკოლები, ფაბრიკები, დაწესებულებები) მოქმედებენ და საკუთარი პროფესიული საქმიანობით ამტკიცებენ, რომ სახარებისეული უწყება ადამიანის ინტეგრალური მოწოდების სრული განხორციელების გარანტიაა. დღეს ეს მოძრაობა ყველა კონტინენტის ასზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს.

ფორმათა ისტორია (Formgeschichte) ასე ეწოდება გერმანულ ენაზე ფორმათა ისტორიის, ანუ ისტორიულ-ფორმალურ მეთოდს. ხსენებული მეთოდი ეყრდნობა ვარაუდს, რომ სახარებები თავდაპირველად დაცალკევებული მცირე ტექსტების ნაკრებებს წარმოადგენდა. მეთოდის მიმდევართა ამოცანაა, ლიტერატურული ფორმისა და შექმნის სავარაუდო კულტურული გარემოს მიხედვით აღადგინონ ამ ფრაგმენტების ისტორია სახარების საბოლოო რედაქციის ეტაპამდე.

ფორმულა (Formula) [ლათ. formula, კნინობითი ფორმა სიტყვისა forma „ფორმა“] ის, რაც რიტაუალური ან კანონიერი ნორმის თანახმად მოითხოვება. საიდუმლო ფორმულა ეწოდება სიტყვიერ ფორმულას, რომელსაც მღვდელმსახური საიდუმლოს აღსრულებისას წარმოთქვამს.

ფორუმი (Foro) [ლათ. forum] თავდაპირველად ასე ეწოდებოდა სახლის გარეთ არსებულ სივრცეს, შემდეგ - ადგილს, სადაც საქმიანი, საზოგადოებრივი და სასამართლო საკითხები წყდებოდა. ამ უკანასკნელი მნიშვნელობის გავრცობის შედეგად ფორუმი ეწოდა ადგილს, სადაც რამე ძალაუფლების ან მოვალეობის აღსრულება ხდება. აქედან, საეკლესიო ფორუმს იმ გარემოს უწოდებენ, რომელშიც ეკლესია საკუთარ იურისდიქციას ასრულებს. გარე ფორუმი საზოგადოებრივ ურთიერთობათა და საზოგადო სიკეთის ის გარემოა, რომელშიც საჯაროდ სრულდება ძალაუფლების ან მოვალეობის განხორციელება. შიდა ფორუმი კი მორწმუნეთა და პიროვნული კეთილდღეობის ის პირადი სივრცეა, რომელშიც მონანიების საიდუმლოს აღსრულების ფარგლებში (საიდუმლოებრივი შიდა ფორუმი) ან მონანიების საიდუმლოს გარეთ (არასაიდუმლოებრივი შიდა ფორუმი), შესაბამისად, აღსარების მიმღები ანდა ზემდგომი ძალაუფლებას ან მოვალეობას ახორციელებენ.

ფრანცისკელები (Francescani) ასე ეწოდებათ ფრანცისკელთა ოჯახის სამი ორდენიდან ერთ-ერთის წევრებს. ეს ორდენებია: ძმათა (Ordo fratrum minorum), კლარისელ დათა და საეროთა ორდენები. იეზუიტთა მსგავსად, ფრანცისკელები კათოლიკე ეკლესიის ძირითად და ყველაზე აქტიურ ორდენს წარმოადგენენ. ორდენი წმიდა ფრანცისკე ასიზელმა (†1226) დააარსა. ფრანცისკე ასიზიში, 1181 წლის დასასრულს ან 1182 წლის დასაწყისში დაიბადა პიეტრო დი ბერნარდონესა და პიკას ოჯახში. ახალგაზრდობა მან საკმაოდ უდარდელად გაატარა, სამხედრო კარიერის წამოწყების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ღმერთს მიუძღვნა თავი, რათა ღარიბთა და გაჭირვებულთა სასარგებლოდ ეღვაწა. მისი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ოჯახთან მან ურთიერთობა გაწყვიტა და ქადაგება და უპოვარი ცხოვრების წესის დამკვიდრება დაიწყო. იგი ცდილობდა, ქცეულიყო „მეორე ქრისტედ“ მისი მიბაძვისა და ხორცის მოკვდინებამდე მიყვანილი მორჩილების მეშვეობით. ფრანცისკეს მალე გაუჩნდა მიმდევრები თანამოძმეთა შორის, რომელთათვისაც მან სამოწესეო ცხოვრების არსებითი ელემენტების შემცველი წესი ჩამოაყალიბა. ინოკენტი III-მ 1210 წელს სიტყვიერად დაადასტურა ფრანცისკელთა წესი. 1212 წელს წმიდა ფრანცისკემ წმიდა კლარასთან ერთად ჩამოაყალიბა მეორე ორდენი (ნ. კლარელნი), 1221 წელს კი - საეროთა მესამე ორდენი. 1223 წლის 29 ნოემბერს ჰონორიუს III-მ საბოლოოდ დაამტკიცა ფრანცისკელთა წესი. 1224 წლის სექტემბერში წმიდა ფრანცისკეს ვერნას მთაზე სხეულზე სტიგმები გამოესახა, 1225 წელს კი მან შეთხზა „ქმნილებათა ქება“, იტალიური ლიტერატურის პირველი დიდი ნაწარმოები. წმიდა ფრანცისკე 1226 წლის 4 ოქტომბრის დამდეგს პორციუნკოლაში, ასიზის მახლობლად გარდაიცვალა. ფრანცისკელები გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ წმიდა ცხოვრების წესით, არამედ, აგრეთვე, მოძღვრების გაღრმავებითაც, რაც ბონავენტურას, როჯერ ბეკონის, დუნს სკოტის, უილიამ ოკამისა და სხვა დიდ პიროვნებათა დამსახურებაა. ამავე დროს, ფრანცისკელთა ისტორია მდიდარია, აგრეთვე, კონფლიქტებითა და რეფორმებით, რაც, უმთავრესად, უპოვარების საკითხს უკავშირდება, რომელიც XIV საუკუნეში ობსერვანტ (osservanti; წესის დამცველები) და კონვენტუალ (conventuali; სამონასტრონი) ფრანცისკელებს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა. ობსერვანტებმა, რომელთაც ქვეყნისაგან განდგომის უძველესი იდეალისადმი ერთგულება შეინარჩუნეს, 1368 წლის შემდეგ უპირატესობა მოიპოვეს უფრო შემრიგებლური მენტალიტეტის მქონე კონვენტუალებთან შედარებით, რომლებიც ქალაქურ მონასტრებში ცხოვრობდნენ. 1517 წელს ობსერვანტების ორდენი პაპმა ლეონ X-მ აღიარა (ბულა Ite et vos in vineam), მოწესეებმა დაიმკვიდრეს სახელი Ordo Fratrum Minorum regularis observantiae (O.F.M. - მინორიტები). კონვენტუალი ფრანცისკელები დამოუკიდებელ შტოდ დარჩნენ (O.F.M.Conv. - კონვენტუალები). კიდევ ერთი რეფორმისტული მოძრაობის მოთავეები გახდნენ კაპუცინები (O.F.M. Cap.). მათ მიერ წამოწყებულმა მოძრაობამ XVI საუკუნეში დაადასტურა ფრანცისკულ იდეალთა სიცოცხლისუნარიანობა, რომლებიც დღემდე ინარჩუნებს თავის ძალას.

ფრატიჩელები (Fraticelli) [კნინობითი ფორმა სიტყვისა frati „ძმები“)] ტერმინი მომდინარეობს სახელიდან, რომლითაც იოანე XXII-მ 1317 წელს მათი დაგმობისას, ფრანცისკელთა ერთი ჯგუფი მოიხსენია. ამ ჯგუფის წევრები, რომლებიც თავიანთ თავს სპირიტუალისტებს უწოდებდნენ, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი სიღატაკის იდეალთან და მკაცრად აკრიტიკებდნენ „ხორციელ“ კლერიკალურ ეკლესიას. იოანე XXII-მ თავდაპირველად დაპირისპირების შერბილება და ფრატიჩელთა შესაბამის ზემდგომთათვის დაქვემდებარება სცადა. ეს მცდელობა უშედეგო გამოდგა, ამიტომაც ფრატიჩელებს, როგორც ერეტიკოსებს, დაუწყეს დევნა. ფრატიჩელები განდეგილებად ცხოვრობდნენ და სიღატაკის ძალზე მკაცრ წესებს მისდევდნენ. გარდა ამისა, ამტკიცებდნენ ორი - სულიერი და ხორციელი - ეკლესიის არსებობას და პაპის კურიასა და საეკლესიო იერარქიას ამ უკანასკნელთან აიგივებდნენ.

ფსალმოდია (Salmodia) [გვიანლათ. psalmodia, ნაწარმოებია ბერძნულიდან psalmodía (psalmós „ფსალმუნი“+oidé „გალობა“)] ფსალმუნთა მოდულირებული შესრულება ან მხოლოდ სოლისტის, ან სოლისტისა და მონაწილეთა (რომლებიც მისამღერს იმეორებენ; რესპონსორიუმის ფსალმუნი) მიერ, ან კიდევ, ანტიფონის სახით (ანტიფონი), ანდა გუნდად, ყველა დამსწრის მიერ.

ფსალმუნები (Salmi) [გვიანლათ. psalmus, რომელიც მომდინარეობს ბერძნულიდან psalmós (ზმნიდან psállein „ციტრის ხმაზე გალობა“)] ძველი აღთქმის ფსალმუნთა წიგნი 150 პოეტური ნაწარმოებისაგან შედგება, რომელთაგან 73-ის ავტორობა მეფე დავითს მიეწერება. ხუთწიგნეულის მაგალითით ის პირობითად ხუთ წიგნად არის დაყოფილი: 1-41; 42-72; 73-89; 90-106; 107-150. არაერთ ფსალმუნს დასაწყისში მოცემული აქვს სათაური, რომელიც მიუთითებს: ა) ნაწარმოების ჟანრს; ბ) მუსიკალურ ტონალობას ან ინსტრუმენტს, რომელზეც უნდა შესრულდეს აკომპანიმენტი; გ) ნაწარმოების ლიტურგიულ დანიშნულებას; დ) ავტორს; დ) ნაწარმოების შექმნის ისტორიულ გარემოებებს. ფსალმუნები, რომელთა უდიდესი ნაწილი ქრისტემდე X-III საუკუნეებში შეიქმნა, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება: ისრაელის ისტორიასა თუ ბუნებაში გამომჟღავნებული ღმრთის სიდიადის სადიდებელი ფსალმუნები (8; 9; 23; 77; 98; 100; 104; 105; 106); სამადლობელი (მაგ., 66; 116; 136), მონანიებისა და გოდების საგალობლები (მაგ., 6; 7; 13; 22; 31; 38; 51; 63; 86; 130); კრულვის ფსალმუნები (35, 1-8; 58; 60,23-29; 109,6, შმდ). ფსალმუნთა განსაკუთრებულ ჯგუფებს განეკუთვნება ჰალელის (113-118; 136; 146-150), მომლოცველობის (120- 134) და აღსაყდრების თემისადმი (47; 93; 96; 97; 98; 99) მიძღვნილი ფსალმუნები. ახალ აღთქმაში სხვადასხვა ფსალმუნები მესიანურად განიმარტა (მაგ., 2; 22; 69; 72; 110) ან იაჰვეს, როგორც სამყაროს მეუფის ესქატოლოგიური განდიდების კუთხით იქნა განხილული (ასეთებია, მაგალითად, აღსაყდრებისადმი მიძღვნილი ფსალმუნები). ფსალმუნთა წიგნი რთული ნაწარმოებია. ამასთან, მას ახასიათებს პოეტური სულისკვეთებისა და სტილისტური ერთიანობა, რამაც განაპირობა ის, რომ რელიგიურ საგალობელთა ეს კრებული იერუსალემის მეორე ტაძარში ლიტურგიულ სალოცავ ტექსტად გამოიყენებოდა. ფსალმუნთა წიგნი ისტორიის შვიდი საუკუნის მანძილზე გამოწრთობილი ისრაელის რელიგიური სულის სარკეა. ფსალმუნებში გადმოცემულია ღმრთის, მის ატრიბუტთა, ისრაელის ისტორიისა და სამყაროს წარმმართველი განგების შესახებ ვრცელი მოძღვრება. ყუმრანში ფართოდ გამოყენებული ფსალმუნთა კრებული იესოს და ადრინდელი ეკლესიის ლოცვის წიგნიც იყო. ეკლესია დღესაც მიმართავს მას, უმთავრესად, ჟამთა ლიტურგიაში.

ფუნდამენტალიზმი (Fondamentalismo) [ინგლ. სიტყვიდან fondamentalism] ტერმინის სახელწოდება მომდინარეობს მცირე მოცულობის 12 ნაშრომისაგან შემდგარი სერიიდან „ფუნდამენტური პრინციპები, ჭეშმარიტების დამოწმება“ (ჩიკაგო, 1910-1912), რომელიც ა. კ. დიქსონისა და რ. ა. ტორის რედაქციით გამოიცა და XIX საუკუნის დასასრულს აღმოცენებულ ამერიკულ მოძრაობას ეძღვნება. ეს მოძრაობა, ბიბლიისადმი რადიკალური და აბსოლუტური ერთგულების სახელით, დაუპირისპირდა ბიბლიის მოდერნისტული და თავისუფალი განმარტების ტენდენციებს, რომლებიც დაადანაშაულა ქრისტიანული განმარტების არსებითი მოთხოვნილებების უგულებელყოფაში სამეცნიერო მეთოდთა სასარგებლოდ, რომელთა ეგზეგეტიკაც გადამწყვეტ როლს თამაშობს. ბიბლიის უმცდომლობის თეზისის შემოთავაზებით მოძრაობამ ხელახლა დაამკვიდრა მისი ზეშთაგონებული ხასიათის თეზისი. დღეს ტერმინი ფუნდამენტალიზმი აღნიშნავს, აგრეთვე, ისლამურ მოძრაობებსა და ჯგუფებს, რომლებსაც რელიგიურ თუ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებში განსაკუთრებულებად შეუვალი კონსერვატიზმი ახასიათებს.

ფუნდამენტური თეოლოგია (Fondamentale, teologia) [ლათ. theologia fundamentalis] ეწოდება, აგრეთვე, ზოგადი თეოლოგია, ანუ თეოლოგიის მოსამზადებელი საფეხური. როგორც თეოლოგიის სპეციფიკური დისციპლინა, იკვლევს სარწმუნოების გადაცემის საკითხებს. აქედან გამომდინარე, მისი შესწავლის უმთავრესი საგანია გამოცხადება და ყოველივე, რაც უკავშირდება გამოცხადების წყაროებს (საღმრთო წერილი და გადმოცემა). ნ. აპოლოგეტიკა.

ფხიზლობა (Vigilia) [ლათ. „ღამის გათენება“ (სიტყვიდან vigil „ფხიზელი“)] დიდი რელიგიური დღესასწაულის (შობის, აღდგომის, სული წმიდის გარდამოსვლის და ა.შ.) წინა დღე. მისი დამახასიათებელი ნიშნები შეიძლება იყოს მარხვა და ხორცისაგან თავის შეკავება.

23

▲back to top


ქააბა (Kaaba) [არაბ., ka'ba „კოჭი“, „კამათელი“] აღნიშნავს კუბის ფორმის შენობას, მის ერთ-ერთ კედელში ჩატანებული „შავი ქვით“. ამ ქვას, სავარაუდოდ, მეტეორიტს, არაბები ღმრთის მიერ წარმოგზავნილად მიიჩნევენ და მასთან მომლოცველობას აწყობენ. ქააბა მექის მეჩეთის ეზოში მდებარეობს. ესაა 12 მეტრის სიგრძის, 10 მეტრის სიგანისა და 15 მეტრის სიმაღლის შენობა. მუჰამადი ამტკიცებდა, რომ ქააბა ალაჰის უძველესი სალოცავია და თვით აბრაამის მიერაა აგებული.

ქადაგება (Predicazione) [ლათ. praedicatio] ესაა ღმრთის სიტყვის საჯარო „გამოცხადება“ სახარების გავრცელების, ადამიანთა განათლებისა და დარიგების მიზნით. ქადაგება ეკლესიის ძირეული ფუნქციაა, მას ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ახორციელებენ. ნ. ჰომილია.

ქალდეველნი (Caldei) ქალდეური ან ასირიულ-აღმოსავლური წესის კათოლიკეები. სახელდება მომდინარეობს ძველი ქალდეის (მესოპოტამია) რეგიონის სახელწოდებიდან. ნესტორიანელობიდან კათოლიკურ სარწმუნოებაზე მოქცეული ქალდეველნი რომის ეკლესიას პირველად დაახლოებით XVI საუკუნის შუახანებში შეურთდნენ იოანე სულაყას ძალისხმევის შედეგად, რომელიც 1555 წელს მოწამებრივად მოკვდა სწორედ ამ შეერთების გამო. როგორც შიდა, ისე რომთან მრავალრიცხოვან დაპირისპირებათა და გაუგებრობათა შემდეგ პაპმა ლეონ XIII-მ ქალდეველთა ეკლესიას პატრიარქისა და ეპისკოპოსთა არჩევის უფლება დაუბრუნა.

ქალწულება (Verginità) [ლათ. verginitas] აღნიშნავს არჩევანს ადამიანებისა, რომლებიც უბიწოებას ინარჩუნებენ და უარს აცხადებენ ყოველგვარ სექსუალურ სიამოვნებაზე. ახალ აღთქმაში უბიწოება მოიხსენიება განსაკუთრებულ მადლად, მთლიანად უფლისა და მისი სასუფევლისადმი თავის მიძღვნის ნიშნად (მათ. 19:12; 25:1.6; ლუკ. 20:35). კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს თანახმად, უბიწოება არის „ძლიერი ნიშანი ქრისტესთან კავშირის უპირატესობისა, მისი დაბრუნების მხურვალე მოლოდინისა, ნიშანი, რომელიც გვახსენებს, რომ ქორწინება ამქვეყნიური, წარმავალი სამყაროს რეალობაა“ (CCC, 1619). ნ. უბიწოება.

ქალწულთა ორდენი (Vergini, ordine delle) პირველ ქრისტიანულ საკრებულოებში იყვნენ ქალები, უმთავრესად ქვრივები, რომლებიც ლიტურგიულ და ღმრთისმოსავ საქმიანობას ეწეოდნენ და უბიწო ცხოვრების ვალდებულებას იღებდნენ. ამჟამინდელი კანონიკური სამართლის კოდექსის თანახმად, დღესაც შესაძლებელია, უბიწო პიროვნებებმა პირადად მიუძღვნან თავი ღმერთს, იცხოვრონ ცალკე ან ოჯახში და ემსახურონ ეკლესიას ქრისტესთან თავიანთი მისტიკური ქორწინების მეშვეობით (CIC, კან. 604). ამ უმანკო ადამიანების ერთობლიობა ქმნის სწორედ ქალწულთა ორდენს. მათ შეუძლიათ ერთმანეთთან შეკავშირება საკუთარი განზრახვის დაცვისა და ეკლესიისადმი მსახურების საქმეში ურთიერთდახმარების მიზნით, თუმცა ეს არ შეადგენს მათი სტატუსის აუცილებელ ელემენტს.

ქანაანი (Canaan) ფინიკიის, ანუ პალესტინის ძველი სახელწოდება მდ. იორდანამდე (სოფ. 2:5). მას შემდეგ, რაც იქ აბრაამმა მიაღწია, იქცა ისრაელის ხალხის აღთქმულ მიწად (დაბ. 13:12-17). ამორეველებით, ხეთელებით, ფერიზელებით, ქანაანელებით, ხიველებით, იებუსეველებით, გერგესეველებით დასახლებული ეს მიწა ისრაელის ხალხმა მძიმე ბრძოლების ფასად დაიპყრო (გამ. 23:23-33, იეს. 7:7, შმდ.).

ქარიზმა (Carisma) [ბერძ. chárisma, ნაწარმ. სიტყვიდან cháris „მადლი“] ზებუნებრივი ნიჭი, ბოძებული ღმრთის მიერ მორწმუნისათვის მისიის, მსახურების შესასრულებლად ეკლესიაში და ეკლესიისათვის (შდრ. 1 კორ. 12:7; ეფეს. 4:12). სიტყვა „ქარიზმა“ თექვსმეტჯერაა ნახსენები წმიდა პავლეს ნაწერებში და ერთხელ - წმიდა პეტრესთან (1 პეტრ 4:10). წმიდა პავლემ ოცამდე სხვადასხვა ნიჭის შემცველ ქარიზმათა ოთხი სია ჩამოაყალიბა, რომლებშიც შედის: ენათა ფლობის ნიჭი (გლოსოლალია), სასწაულთა ჩადენის უნარი, წინასწარმეტყველება, სულთა გარჩევა და სხვა. ქარიზმათა ავთენტიკურობის შესახებ განსჯა ეკლესიის პრეროგატივაა (LG, 12).

ქარიზმატიკოსები ნ. ორმოცდაათიანელნი.

ქებათა ქება (Cantico dei cantici) ძველი აღთქმის წიგნი, რომლის ავტორობაც სოლომონს მიეწერება. რვა თავად დაყოფილი ეს წიგნი მამაკაცისა და ქალის ვნებიან და ურთიერთმლტოლველ სიყვარულს აღწერს. ეგზეგეტიკოსები მის საკმაოდ განსხვავებულ ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ: პირდაპირს, ალეგორიულს, ტიპურსა და სხვა. ებრაული ტრადიცია მას განმარტავს, როგორც ისრაელისადმი იაჰვეს სიყვარულის გამოხატულებას, ქრისტიანული ტრადიცია კი მასში ეკლესიის მიმართ ქრისტეს სიყვარულს ხედავს.

ქებანი (Lodi) [ლათ. laudes „ქება“] ეკლესიის დილის ლოცვა. მწუხრთან ერთად ჟამთა ლიტურგიის ერთ-ერთი „მთავარი ჟამია“.

ქერობინები (Cherubini) [ძველი ბაბილონური ფუძიდან karibu „ის, ვინც ლოცულობს, აკურთხებს, ქომაგობს“; შემდეგ ებრაულში დამკვიდრდა ფორმა kerûbhîm] ზებუნებრივი არსებანი, ღმრთის ნების აღმსრულებელნი. პირველად მიწიერი სამოთხის ზღურბლთან ჩნდებიან (დაბ. 3:23-24), რათა ცეცხლოვანი მახვილის მეშვეობით ადამსა და ევას სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა გადაუღობონ. ებრაელთათვის მხოლოდ ქერობინთა გამოსახვა იყო ნებადართული. ღმრთის ბრძანებით, მოსემ ორი ქერობინის ოქროჭედილი გამოსახულება მოსანანიებლის კიდეებზე, სკივრზე, პირით ერთმანეთისკენ მოათავსა, როგორც იაჰვეს უხილავი თანდასწრების სიმბოლო. ქერობინთა გამოსახულებები სოლომონის ტაძარშიც იყო, იქაც სკივრის მცველთა სახით. ამიტომაც ქერობინნი უფრო მცველთა ფუნქციას ასრულებენ, ვიდრე მაცნეთა. ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, ქერობინები არიან ანგელოსები, ანუ სულიერი არსებანი, ღმრთის უხილავი მსახურნი.

ქორეპისკოპოსი (Corepiscopo) [ბერძნ. chora „სოფელი“+epíscopos „ეპისკოპოსი“] სოფლის ეპისკოპოსი, რომელიც ძველად აღმოსავლეთში მართავდა სასოფლო რაიონს ქალაქის ეპისკოპოსის იურისდიქციის ქვეშ და, მაშასადამე, შეზღუდული უფლებები ჰქონდა. დასავლეთში ქორეპისკოპოსის ფიგურა VIII საუკუნეში გავრცელდა, დამხმარე ეპისკოპოსის სახით. აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიებში ქორეპისკოპოსი ეპისკოპოსი არ არის და იგივდება გენერალურ ვიკარიუსთან, ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიებში კი ის დიდ სამრევლოთა რექტორია.

ქორო (Coro) [ტერმინი chorós თავდაპირველად ბერძენთათვის აღნიშნავდა მგალობელთა ერთობლიობას, შემდეგ - სიმღერას, რომლის თანხლებითაც სრულდებოდა ცეკვები, მოგვიანებით კი იმ ადგილსაც, სადაც ცეკვა იმართებოდა. ლათინურ სიტყვას chorus ქრისტიანებმა იგივე მნიშვნელობები მიანიჭეს] ის აღნიშნავდა: მგალობელთა გუნდს, წმიდა გალობას და ადგილს, სადაც მგალობლები გალობდნენ. არქიტექტურული თვალსაზრისით, ქორედი (coro) ეწოდება მღვდლის სამყოფლის (პრესბიტერიუმის) ნაწილს, რომელიც საკურთხევლის გარშემო ან მის უკან მდებარეობს და ხშირად დართული აქვს ნატიფად შესრულებული ხის სკამები (ნ. მერხები), საიდანაც კაპიტოლუმის კანონიკოსები ან სამონასტრო საკრებულოს მონაზვნები („საგუნდოდ“ წოდებულ) ჟამნის კითხვასა და სხვა ლიტურგიული მსახურების აღსრულებაში მონაწილეობენ.

ქორწინება (Matrimonio) [ლათ. matris „დედა“+munus „ვალდებულება“] საქორწინო კავშირი ანუ შეთანხმება, რომლის მეშვეობითაც მამაკაცი და ქალი ქმნიან სიცოცხლისა და სიყვარულის თანაზიარებას. ის შემოქმედმა დაადგინა და მანვე განუსაზღვრა კანონები: „და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად ... და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად“ (დაბ. 1:27); აგრეთვე: „და ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს“ (დაბ. 2:24). თავისი ბუნებით ქორწინება მიმართულია მეუღლეთა სასიკეთოდ და შთამომავლობის შესაქმნელად და აღსაზრდელად. მონათლულთა შორის ქორწინებას უფალმა იესომ საიდუმლოს ღირსება მიანიჭა (GS, 48; CIC, კან. 1055). ქორწინების საიდუმლო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სიმბოლოა. ქორწინება მეუღლეებს ანიჭებს მადლს, უყვარდეთ ერთმანეთი ისეთი სიყვარულით, როგორითაც ქრისტეს უყვარდა თავისი ეკლესია. ამგვარად, საიდუმლოს მადლი სრულყოფს მეუღლეთა ადამიანურ სიყვარულს, აძლიერებს მათ დაუყოფელ ერთიანობას და წმიდაყოფს მეუღლეებს მარადიული სიცოცხლის გზაზე. ქორწინება ეფუძნება ორი მხარის თანხმობას, ანუ ერთმანეთისათვის საკუთარი თავის მიძღვნის ორმხრივ და მკაფიო ნებას, ერთგული და ნაყოფიერი სიყვარულის განცდის მიზნით. ერთიანობა, მთლიანობა და ნაყოფიერებისთვის გახსნილობა ქორწინების არსებითი თვისებებია. პოლიგამია შეუთავსებელია ქორწინების ერთიანობასთან. განქორწინება ღმრთის მიერ შეერთებულს აცალკევებს. ნაყოფიერების უარყოფა მეუღლეთა ცხოვრებას მის „უძვირფასეს ნიჭს“, შვილს ართმევს. განქორწინებულ მეუღლეთა ხელახალი დაქორწინება კანონიერი მეუღლის სიცოცხლეში ეწინააღმდეგება ქრისტეს მიერ ჩვენთვის მოცემულ ღმრთის ჩანაფიქრსა და კანონს. განქორწინებულები ეკლესიისაგან არ ცალკევდებიან, თუმცა ევქარისტიული ზიარების მიღება აღარ შეუძლიათ (შდრ. CCC, 1601-1666). ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ქრისტიანულ ქორწინებას არ ჰქონდა საკუთარი ლიტურგია და ის არაქრისტიანულ ქორწინებათა მსგავსად აღინიშნებოდა. IV საუკუნიდან დამკვიდრდა ბეჭდების კურთხევისა და ევქარისტიის აღსრულების წესი. მეთერთმეტე საუკუნიდან საქორწინო კანონმდებლობა საერო სასამართლოდან საეკლესიოს გადაეცა.

ქორწინების აღსრულება (Consumazione del matrimonio) [ლათ. სიტყვიდან consummatio, ნაწარმოებია ზმნიდან consummare „შესრულება“] ქორწინებას აღსრულებული ეწოდება, როდესაც „მეუღლეებმა ადამიანურად შეასრულეს აქტი, თავისთავად სათანადო შთამომავლობის შესაქმნელად, რისთვისაცაა გამიზნული თავისი ბუნებით ქორწინება და რისთვისაც მეუღლეები ერთ ხორცად იქცევიან“ (CIC, კან. 1061). საქორწინო წესის აღსრულების შემდეგ მეუღლეთა თანაცხოვრების შემთხვევაში ქორწინება თავისთავად ცხადდება აღსრულებულად, თუკი საწინააღმდეგო არ დამტკიცდა. აღსრულებულ ქორწინებას rato ეწოდება. მისი გაუქმება სამართლიანად შეუძლია პაპს (CIC, კან. 1142).

ქორწინების დადასტურება (Convalida del matrimonio) [შუა საუკუნეობრივი ლათ. convalidare] კანონიკური სამართლის კოდექსის თანახმად, ესაა აქტი, რომლითაც კანონიერი ძალა ენიჭება ძალადაკარგულ ქორწინებას. დადასტურება შეიძლება უმთავრესად იყოს ორი ტიპისა: მარტივი ან „ფესვის განკურნების“ სახისა. მარტივ დადასტურებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ქორწინება ბათილია გამაუქმებელი ან ხელისშემშლელი პირობის მიზეზით, თანხმობის მიუღწევლობის ან შეცდომის გამო. პირველ შემთხვევაში საჭიროა, რომ „ხელისშემშლელი მიზეზი აღმოიფხვრას ან მოხდეს მისგან თავის გათავისუფლება და თანხმობის განახლება თუნდაც იმ მხარის მიერ, რომელიც აცნობიერებს ამ შეფერხებას“ (CIC, კან. 1156). მეორე შემთხვევაში დადასტურება გაიცემა, თუ მხარე, რომელსაც არ ჰქონდა მიცემული თანხმობა, აცხადებს თანხმობას. მესამე შემთხვევაში კი ქორწინება ხელახლა უნდა შედგეს კანონიკური ფორმის თანახმად. „ფესვების განკურნება“ შეიძლება გასცეს სამოციქულო საყდარმა ან, ცალკეულ შემთხვევებში, სადიოცეზო ეპისკოპოსმა და ის წარმოადგენს დადასტურებას თანხმობის განახლების გარეშე. „ის იწვევს გათავისუფლებას შეფერხებისაგან, თუკი ასეთი არსებობს, და კანონიკური ფორმისგან, თუ ის არ იქნა დაცული, აგრეთვე, კანონიკურ შედეგთა უკუმოქმედებას წარსულში“ (CIC, კან. 1161).

ქრისტე (Cristo) [ბერძ. christós, თარგმანი ებრაული სიტყვისა mashîah („მესია“), „ცხებული“, „კურთხეული“] ძველ აღთქმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა და აღნიშნავს ჟამთა აღსასრულის იდეალურ მეფე-წინასწარმეტყველ-მღვდელმსახურს, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება საყოველთაო და სულიერი ხასიათის მქონე წინასწარმეტყველებანი. პირველმა ქრისტიანებმა მესია იესო ნაზარეველთან გააიგივეს და ჩამოაყალიბეს გამოთქმა იესო ქრისტე („იესო მესიაა“). ქრისტე ქრისტოლოგიური სახელია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ახალ აღთქმაში (დაახლოებით 535-ჯერ). საბოლოოდ ის იესოს მეორე სახელად იქცა.

ქრისტეს ვიკარიუსი (Vicario di Cristo) [ლათ. vicarius Christi „ქრისტეს ვიკარიუსი“] თავდაპირველად ტერმინი მიემართებოდა ყველა ეპისკოპოსსა და იმპერატორს, XIII საუკუნიდან კი ამ წოდებას მხოლოდ პაპი ატარებს, მისი სულიერი და დროებითი ძალაუფლების ხაზგასმის მიზნით.

ქრისტეს მიბაძვა (Imitazione di Cristo) სათაური შუა საუკუნეთა ასკეტური თხზულებისა De imitatione Christi, რომელიც ოთხ წიგნად, ანუ ტრაქტატადაა დაყოფილი. ლათინურად დაწერილი ეს წიგნი ტიპურ სამონასტრო თხზულებას წარმოადგენს, თუმცა ტექსტის ძირითადი იდეები, დაკავშირებული მოკვდინებასთან, ქრისტიანულ სათნოებათა მიყოლასა და იესო ქრისტესთან მუდმივ კავშირთან, ამ ნაშრომს საყოველთაო ღირებულებას ანიჭებს. წარსულში ის საერო პირთა შორისაც ფართოდ იყო ცნობილი. მისი ავტორის ვინაობა დიდი ხნის მანძილზე საკამათო იყო. მრავალი მკვლევარი იზიარებს მოსაზრებას, რომ ესაა თომა კემპიელი (1378-1471). ნაშრომს ახალი ღმრთისმოსაობის გავლენა ეტყობა. წიგნი, ბიბლიის შემდეგ, ყველაზე მეტ ენაზე თარგმნილი ნაწარმოებია. მისი პირველი გამოცემა 1483 წლით თარიღდება.

ქრისტიანთა ერთიანობისათვის ლოცვის კვირეული (Settimana di preghiera per l'unità dei cristiani) ეს კვირეული 18-25 იანვარს ტარდება და არის ერთობლივი ძიების, იესო ქრისტესადმი მორჩილებისა და ერთიანობის გზაზე არსებული დაბრკოლებების გადალახვის სურვილის გამოხატულება. კვირეულის მოწყობის იდეა ეკუთვნის ანგლიკან მღვდელს, პოლ ჯ. ფრენსის უოტსონს (†1940), რომელმაც 1909 წელს მის მიერ დაარსებულ საკრებულოსთან ერთად კათოლიკეობა მიიღო. ჯერ კიდევ 1908 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ანგლიკანთა და რომაული წესის კათოლიკეთა ცალკეული ჯგუფები ერთობლივი ლოცვის პირველ კვირეულზე შეიკრიბნენ, რომელიც შემდგომ ათწლეულებში მრავალ ქრისტიანულ ეკლესიაში აღინიშნა. ინიციატივას პაპებმა დაუჭირეს მხარი, პირველი მათ შორის იყო პიუს X (1903-1914). 1846 წელს ლოცვის კვირეული (იანვრის პირველ კვირას) ევანგელიკურმა ალიანსმა ჩაატარა. ტერიტორიული ევანგელისტური ეკლესიები და გერმანიის თავისუფალი ეკლესიები ლოცვის კვირეულს სული წმიდის გადმოსვლის კვირას აღნიშნავენ (ნ. ეკუმენიზმი).

ქრისტიანობა (Cristianesimo) [ლათ. სიტყვიდან christianismus (მომდინარეობს ბერძნულიდან christianismós)] ქრისტიანული რელიგიის აღსანიშნავად გამოყენებული ყველაზე გავრცელებული ტერმინი. აღნიშნავს ეკლესიათა, საკრებულოთა, სექტათა, იდეათა და კონცეფციათა ერთობლიობას, რომლებიც იესო ქრისტემ გამოაცხადა ან აღმოაცენა და რომელთა გამაერთიანებელი ნიშანია რწმენა იესო ქრისტესი, როგორც განკაცებული, მოკლული და მკვდრეთით აღმდგარი ღმრთის ძისა. სიტყვა „ქრისტიანები“ პირველად ანტიოქიაში მოიხსენიეს ქრისტეს მოწაფეთა აღსანიშნავად (საქმ. 11:26) და ებრაელთაგან მათ განსასხვავებლად, ხოლო ტერმინი „ქრისტიანობა“ გვხვდება ეგნატე ანტიოქიელთან (†117). ქრისტიანობა რთული, მრავლისმომცველი რეალობაა, რომლის გასაგებადაც მისი წარმოშობისა (იესო ქრისტე და მოციქულთა ხანა) და ორათასწლოვანი ისტორიის, სარწმუნოებისა და აღმსარებლობათა გათვალისწინებაა საჭირო.

ქრისტიანობამდელი (Precristiano) ქრისტიანობის გავრცელებამდე მომხდარი მოვლენა.

ქრისტიანობის კურსები (Cursillos de cristianidad) ქრისტიანული მოძრაობა, რომლის დასახელება მომდინარეობს ქრისტიანული აღზრდის ხანმოკლე კურსების სახელწოდებიდან. ამ კურსების დანიშნულებაა სახარების ქადაგების პირველადობის ხაზგასმა და სარწმუნოების, როგორც მთლიანად პიროვნული ცხოვრების მთავარი ელემენტის, ზრდის ხელშეწყობა. ამგვარი მოძრაობის შექმნის იდეა 1940- იანი წლების დასასრულს ესპანური კათოლიკური ქმედების რიგებში წარმოიქმნა, რწმენის სუფთა სოციოლოგიურ ფაქტამდე დაყვანის ტენდენციის საწინააღმდეგოდ. პირველი კურსი 1949 წლის 7-10 იანვარს მაიორკაზე ჩატარდა. 1963 წელს მოძრაობა პავლე VI-მ დაამტკიცა და ძალიან მალე ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. კურსები სამი ფაზისგან შედგება: precursillo (სახარების ქადაგებისთვის მომზადება), ცურსილლო (უშუალოდ სახარების ქადაგება; გრძელდება სამ დღეზე ცოტა მეტ ხანს), postcursillo (ეკლესიაში ქრისტიანული მომწიფება სამყაროში დამოწმებისათვის მზადყოფნის მიზნით).

ქრისტიანული მეცნიერება (Christian science), საიენტისტები ამერიკული სექტა, რომელიც თავდაპირველი ქრისტიანობისა და მისი აწ მივიწყებული მხსნელი ელემენტების ხელახლა დამკვიდრების მიზნით აღმოცენდა. მისი დამაარსებელი მერი ედი ბეკერი (†1910) თავის სამოძღვრო ტექსტში Science and Health (მეცნიერება და ჯანმრთელობა, 1875), რომელიც, ბიბლიასთან ერთად, სექტის საფუძველს წარმოადგენს, განმარტავს, რომ ღმერთი ყოველი არსების სულიერი საფუძველი და წყაროა, ადამიანი კი ღმრთის ხატებაა. იგი ადამიანისა და ღმრთის ამ მტკიცე დამოკიდებულებას მიიჩნევს, აგრეთვე, სულიერი ხსნის საფუძვლადაც. ლოცვა ღმრთის, როგორც მამის ანუ თავისი არსით ყოველი სულიერი არსების აბსოლუტური წყაროსადმი მიმართვას ნიშნავს. ამიტომაც ადამიანი შეიგრძნობს თავის არამატერიალურ ღმრთაებრივ შვილობას, განიცდის ღმრთაებრივ ხსნას და ამის შედეგად - ადამიანური ცხოვრების სფეროში არეული წესრიგის ხელახლა აღდგენას. სექტა თავს პროტესტანტ საკრებულოდ მიიჩნევს, თუმცა, ამავე დროს, უარყოფს ღმრთის სამერთიანობის, ქრისტე - ღმრთის ძისა და ქრისტეს სიკვდილის მეშვეობით ადამიანთა ხსნის ქრისტიანულ მოძღვრებას, ამასთანავე, საიდუმლოთა ქრისტიანულ კონცეფციას. სექტის ბირთვია დედა ეკლესია The First Church of Christ, რომელიც 1879 წელს ბეკერმა ბოსტონში (მასაჩუსეტსი) დააარსა. „ქრისტეს საიენტისტური ეკლესია“ დღეს მოიცავს 1892 წელს რეორგანიზებულ დედა ეკლესიას, 3000-მდე მის განშტოებას და 500 უმაღლეს სასწავლებელს, რომლებიც ყველა კონტინენტის 50- ზე მეტ ქვეყანაშია განლაგებული.

ქრისტიანულ სკოლათა ძმები (Fratelli delle scuole cristiane) საერო პირთა რელიგიური კონგრეგაციის წევრები, რომლებმაც მათი გაერთიანების დამაარსებლის, წმიდა იოანე ბატისტა დე ლა სალის მაგალითით, ჭაბუკთა აღზრდისა და განათლების უზრუნველყოფას მიუძღვნეს თავი. პირველი სახალხო სკოლები რეიმსში, დაახლოებით 1680 წელს გაიხსნა. მალევე გაიხსნა მორჩილთა დაწესებულება (ნოვიციატი) და სემინარია თავად აღმზრდელთათვის. კონგრეგაციის დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ მისი წევრები საერო პირები არიან. რელიგიური ცხოვრების სამი აღთქმის გარდა, კონგრეგაციის წევრები, აგრეთვე, ღარიბთათვის უანგარო სწავლების აღთქმასაც დებენ. ამჟამად ქრისტიანულ სკოლათა ძმები, რომელთა რიცხვიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში დაახლოებით 10000-ს აღწევს, 1125 დაწყებით თუ სახალხო სკოლაში ასწავლიან.

ქრისტოლოგია (Cristologia) თეოლოგიის ნაწილი, რომელიც სისტემურად განმარტავს იესო ქრიტეს პიროვნების არსს. ფართოდ, ქრისტოლოგია ეწოდება ამ სწავლების ისეთ სახეობას, რომელიც საფუძვლად იღებს არსებული და შემდეგ სამყაროში მოვლენილი ღმრთის ძის თემას, ხოლო, უფრო ვიწროდ, ქრისტოლოგია ეწოდება სწავლებას, რომლის ამოსავალ წერტილსაც იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების შესწავლა წარმოადგენს.

ქრისტოცენტრიზმი (Cristocentrismo) [ქრისტე+ცენტრიზმი] თეოლოგიური ფორმულა, რომელიც იმდენად ქრისტიანობაში ქრისტეს ცენტრალურ ადგილს კი არ აღნიშნავს, არამედ უფრო იმ მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელსაც ეს ფაქტი ქრისტიანულ ცხოვრებაში იძენს.

24

▲back to top


ღამისა (Notturno) [ლათ. nocturna (laus) „ღამით წარმოთქმული (ლოცვა)“] ჟამნის ნაწილი, რომელიც ღამით (რიჟრაჟამდე) წარმოითქმოდა. XII საუკუნიდან მას, აგრეთვე, ცისკრისაც ეწოდებოდა, შედგებოდა ცხრა ფსალმუნისა და სამი საკითხავისგან. სადღესასწაულო დღეებში სრულდებოდა ღამის სამ-სამად დაყოფილი ცხრა საკითხავი.

ღამისთევა (Veglia) [ლათ. vigilia „ღამისთევა“] რამე განსაკუთრებული მოვლენისათვის ან საზეიმო დღისათვის მზადებისას წინა ღამის გათენება ლოცვაში. ასეთ წესთაგან უმთავრესი აღდგომის წინ აღინიშნება და საპასექო ცისკრის სახელით არის ცნობილი. მისი მაგალითით დამკვიდრდა ღამისთევა სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულების წინ, მაგალითად, შობის, სული წმიდის გარდამოსვლის დღესასწაულებზე. ღამისთევა ესქატოლოგიურ მნიშვნელობას იძენს ქალწულთა შესახებ იგავის (მათ. 25:6) და მოციქულებისადმი იესოს მიმართვის (მათ. 13:35-36) შუქზე.

ღირსი (Venerabile) [ლათ. venerabilis „პატივისცემის ღირსი“] ღმრთის მსახურთა წოდება. ამასთანავე, ასევე მოიხსენიებენ წმიდად გარდაცვლილებს, რომელებიც ამის გამო მორწმუნეთა პატივისცემას იმსახურებენ, - ნეტარად შერაცხვის მოლოდინში.

ღირსი მამა (Reverendo) [ლათ. reverendus (ზმნის revereri „პატივისცემა“ გერუნდივის ფორმა), სიტყვასიტყვით, „პატივისცემის ღირსი“] სასულიერო პირთა და სამოწესეო ორდენების წევრთა საპატიო წოდება და მათდამი მიმართვა. აღმატებით ხარისხში („უღირსეულესი“) პრელატისადმი მიმართვის ფორმაა.

ღმერთი (Dio) [ლათ. deus, ცალკეულ მოსაზრებათა თანახმად, მომდინარეობს სინათლის ან ზეცის იდეასთან დაკავშირებული ინდოევროპული ფესვიდან div ან deiv] ტრანსცენდენტული, უსასრულო, მარადიული და აბსოლუტური უმაღლესი არსება. ძველ აღთქმაში ღმერთი ასე განსაზღვრავს საკუთარ თავს: „მე ვარ, რომელიც ვარ“ (გამ. 3:14). ესაა მნიშვნელობა ებრაული ტეტრაგრამისა იაჰვე. ისრაელი ხალხის ღმერთი არაა აბსტრაქტული ღმერთი, არამედ ესაა ღმერთი, რომელმაც წარმოაჩინა საკუთარი თავი ისტორიაში, ეხმარებოდა თავის ხალხს და დადო მასთან და სხვა ადამიანებთან აღთქმა, რითაც განამტკიცა თავისი უზენაესობა და დააწესა აბსოლუტური მონოთეიზმი („არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა“, გამ. 20:3). ახალ აღთქმაში ღმერთი გვევლინება, როგორც სიყვარული (1 იოან. 4:8), როგორც 'abbà, „მამა“, რომელიც წარგზავნის თავის ძეს იესოს, მარადიულ ლოგოსს (ნ. სიტყვა) თავისი სიკვდილით ადამიანთა ცოდვის გამოსასყიდად. იესო ადამიანებს აძლევს სული წმიდას (ღმერთი როგორც სამება). ადამიანი, რომელიც ღმერთმა თავის ხატად (დაბ. 1:27) შექმნა, „ონტოლოგიურად გახსნილია ღმრთის საიდუმლოების მისაღებად“. ვატიკანის I კრება დადგენილებაში Dei Filius ამტკიცებს: „ეკლესია მიიჩნევს, რომ ღმრთის - ყოველივეს საწყისისა და სასრულის - არსებობა დარწმუნებით შეიძლება ვამტკიცოთ შექმნილ საგნებზე დაყრდნობით, ადამიანის გონების ბუნებრივი შუქის მეშვეობით“. ღმრთის არსებობის მტკიცებულებებს თავისთავად არ შეუძლია ადამიანის მიყვანა რწმენასთან ან სარწმუნოებასთან, მაგრამ ისინი საჭიროა ადამიანის იმაში დასარწმუნებლად, რომ რწმენა გონებას არ უპირისპირდება.

ღმრთივშეწირული ცხოვრება (Vita consacrata) ვატიკანის II კრების დოკუმენტებში და კანონიკური სამართლის კოდექსში გამოთქმა აღნიშნავს საკუთარი თავის მიძღვნის სახეს სახარებისეულ რჩევათა აღსრულებისადმი, რომელიც საჯაროდ აღიარებულია და ცხოვრების წესადაა (ნ. სამოწესეო ცხოვრება) დაკანონებული ეკლესიის მიერ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეკლესიაში სახარებისეულ რჩევათა აღსრულების მიზნით სიყვარულის სრულყოფის ძიებაში ღმრთისადმი საკუთარი თავის მიძღვნის სხვა სახეებიც არსებობს, რომლებიც ასევე შეიძლება მიჩნეულ იქნეს ღმრთივშეწირული ცხოვრების სახეობებად.

ღმრთის გმობა, მკრეხელობა (Bestemmia) [ბერძ. blasphemía, შემდგარი ბერძ. ზმნისგან bláptein „ვაზიანებ“ და phéme „ხმა“, პირდაპირი მნიშვნელობით „საზიანო სიტყვა“] ღმრთის, მარიამის, წმიდათა თუ სიწმიდეთა შეურაცხმყოფელი გამოთქმა. ათ მცნებათაგან მეორე („არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმრთის, სახელი ამაოდ“ გამ. 20:7; რჯლ. 5:11) ღმრთის სახელს ცრუ ფიცისა და რამე სხვა ხერხით ბოროტად გამოყენებისაგან იცავს (შდრ. CCC, 2148).

ღმრთისმოსაობა (Devozione) [ლათ. ზმნიდან devovere „თავის მიძღვნა, შეწირვა ვინმესადმი ან რამესადმი“] გამოხატავს სიღრმისეულ განცდას ადამიანისა, რომელიც ღმერთს უკავშირებს საკუთარ თავს. ამ თვალსაზრისით, მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ „ღმრთის ნაწილად“ გადაქცეული მონათლული ადამიანის, საკუთარი თავის ღმრთის მსახურებისთვის მიმძღვნელი მოწესის განცდა. პირადი ანუ განსაკუთრებული ღმრთისმოსაობა ეწოდება ღმრთისმოსაობითს გამოხატულებათა ქმედებებს, რომელთაც საგანგებო საგანი აქვს ან განსაკუთრებულ სიყვარულს ამგვარ გამოვლინებათა მიმართ. ევქარისტიული ღმრთისმოსაობაა სიყვარულის გამოხატულება და ღმრთისმოსაობის გამოვლინება, რომელთა საგანსაც ევქარისტია წარმოადგენს. ნ. ლმობიერება.

ღმრთისმსახურება (Celebrazione) [ლათ. celebratio „მრავალი ადამიანის თავმოყრა“; ტერმინი მომდინარეობს ზმნიდან celebrare, რომლის სახასიათო მნიშვნელობაა „საზეიმოდ აღნიშვნა“, სადაც მრავალი ადამიანის მონაწილეობა იგულისხმება] ქრისტიანულ კონტექსტში ტერმინი თითქმის ყოველთვის მხოლოდ ლიტურგიულ ქმედებას გამოხატავს. ამიტომაც ზეიმის ცნებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ეს სიტყვა აღნიშნავს: ა) ევქარისტიული მსხვერპლშეწირვის რიტუალურ აღსრულებას; ბ) ხსნის ერთ-ერთი საიდუმლოს (ან რომელიმე წმიდანის ან მოწამის dies natalis-ს) საზეიმო აღნიშვნას ევქარისტიის აღსრულების მეშვეობით, რომელიც უდიდესი საზოგადო და გამაერთიანებელი რიტუალური ქმედებაა.

ღმრთის მსახურთა მსახური ნ. Servus servorum Dei.

ღმრთის მსახური (Servo di Dio) [ლათ. servus Dei] სიწმიდის ცნების თანახმად, გარდაცვლილი პირი, რომლის საგმირო სათნოებებსაც იკვლევენ ნეტარად ცნობისა და შემდგომში მისი კანონიზაციისათვის საჭირო პროცედურების წარსამართავად.

ღმრთისმშობელი (Deipara) [ლათ. ტერმინი, შემდგარი სიტყვებისგან deus (ღმერთი)+parere (შობა) „ის, ვინც ღმერთი შვა“; ლათინური თარგმანი ბერძნული სიტყვისა theotókos „ღმრთის დედა“] ქრისტიანები ამგვარად უწოდებენ ქალწულ მარიამს. ეს სახელი ოფიციალურად ეფესოს კრებამ (381) დაადგინა.

ღმრთის სამსჯავრო (Giudizio di Dio) გამოთქმა ორ განსხვავებულ რეალობას გამოხატავს: ა) ღმრთაებრივი სამართლის ზემიწიერ გამოვლინებას; ეს გამოვლინება ორმაგია: კერძო სამსჯავროზე „თითოეული ადამიანი სიკვდილის წუთიდან თავისი უკვდავი სამშვინველით იღებს მარადიულ საზღაურს“ (CCC, 1022); ხოლო მსოფლიო (ან საყოველთაო, ან ესქატოლოგიურ) სამსჯავროზე, რომელიც ყველა ადამიანსა და მთელ კოსმოსს მოიცავს „ქრისტეს წინაშე, ვინცაა ჭეშმარიტება, საბოლოოდ გამოაშკარავდება ჭეშმარიტება ყოველი ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის შესახებ“ (CCC, 1039); ბ) უხსოვარი დროიდან ცნობილ სამსჯავრო გამოცდას (მას აგრეთვე „ორდალია“, „საღმრთო სამსჯავრო“ ეწოდება), რომელიც ბრალდებულის დანაშაულის ან უდანაშაულობის განსაზღვრას ემსახურებოდა და ღმრთაებრივი ნების გამოხატულებად იქნა მიჩნეული. გამოცდა ემყარებოდა დაჯერებულობას, რომ ღმრთაება იცავს უდანაშაულოთ და სჯის დამნაშავეთ და შემდეგში მდგომარეობდა: დანაშაულში ეჭვმიტანილებს უტარებდნენ გამოცდას ან ცეცხლით, ან iudicium feretri-ით (გარდაცვლილის გვამს მკვლელთან კონტაქტზე რეაგირება უნდა მოეხდინა), ან iudicium offae-ით (პურისა და ყველის გარკვეული რაოდენობის შეჭმის შემდეგ დამნაშავე უნდა მომკვდარიყო), ანდა ორთაბრძოლით. ამ გამოცდათაგან ერთ-ერთის უარყოფითი შედეგი ღმრთაების მხრიდან დანაშაულის დადასტურების ნიშნად ცხადდებოდა. შუა საუკუნეებში ღმრთის ამგვარ სამსჯავროებს საეკლესიო პირთა შორისაც ატარებდნენ. შემდეგ ეს პრაქტიკა ლატერანის IV კრებამ (1215) დაგმო.

ღმრთის სასუფეველი ნ. ცათა სასუფეველი.

ღმრთის სიტყვა (Parola di Dio) აღნიშნავს ღმრთის გამოვლინებას ისტორიაში ადამიანისათვის შესაბისი ხერხებით, მისაწვდომობითა და დიალოგის ფორმით, ხსნის ჩანაფიქრის შესაბამისად: თავისი სიტყვით ღმერთმა შექმნა სამყარო და განაგებს მას (დაბ. 1:1-2:4; იობ. 37:5-13; ფსალ. 33:6; 107:20; 148:5, შმდ.; ზირ. 39:16, შმდ.; ეს. 44:7.26.28; 48:12, შმდ.; 55:10, შმდ.; იერ. 1:12), განსჯის (1 ნეშტთ. 16:33; ეს. 66:14; ოს. 6:3; აბდ. 2:3; ზაქ. 14:4; მალ. 3:2), ირჩევს ხალხს და ასწავლის მას (რჯ. 4:36; 6:4; 10:12-25). იესო თვით ღმრთის სიტყვაა (იოან. 1:1-14; ებრ. 1:1, შმდ.), წარმოგზავნილი სამყაროში მამა ღმრთის ნების გამოსაცხადებლად და ადამიანთათვის ღმრთის შვილებად აყვანის საბოძებლად (იოან. 1:12; 3:34; 8:28; 10:35; 12:49, შმდ.; 14:24; 17:8.14). ის განსასჯელად დაბრუნდება (მათ. 16:27; 24:44; მარკ. 13:26; 14:62; ლუკ. 12:35, შმდ.; 17:23, შმდ.; 18:8; 21:27). ღმრთის სიტყვა მოქმედებს გამოცხადების მეშვეობით (რომ. 1:16; 1 კორ. 14:36; კოლ. 1:25; 1 თეს. 2:13; 2 თეს. 2:1; ებრ. 4:12) მათი ხსნისათვის, ვინც იღებს მას რწმენით, მიენდობა და მისდევს მას (ლუკ. 8:21; რომ. 1:16; იაკ. 1:22, შმდ).

ღმრთის შიში (Timor di Dio) [ლათ. timor Dei] სული წმიდის შვიდი ნიჭთაგან ერთ-ერთი. შთაბერავს ადამიანს ღმრთისადმი თაყვანისცემისა და შვილობრივი სიყვარულის გრძნობას (შდრ. CCC, 1299).

ღმრთის ძე ნ. ძე ღმრთისა.

ღმრთის ხალხი (Popolo di Dio) ნ. ეკლესია.

ღმრთის ხელი (Mano di Dio) ხელი აქტივობისა და ძალაუფლების სიმბოლოა: ღმრთის ხელში ყოფნა მისადმი საკუთარი თავის მინდობასა და მისი მფარველობის ქვეშ ყოფნას ნიშნავს. გამოთქმა „ღმრთის ხელი“ ხშირად გვხვდება ბიბლიაში („ძლიერი ხელით“: შდრ. გამ.6:1; 5:6.12...) და აღნიშნავს ღმრთის განმსჯელ ან მხსნელ ჩარევას ადამიანთა ისტორიაში.

25

▲back to top


ყველგანმყოფობა (Ubiquismo) ესაა მოძღვრება ღმრთის „ყველგანმყოფობის“ (ubiquitas) შესახებ (ლეონ I: Deus totus ubique), ამასთანავე, ქრისტოლოგიური მნიშვნელობითაც (ავგუსტინე: Christus totus ubique). შუა საუკუნეების ნომინალისტური მიმდინარეობის წარმომადგენლებმა პირველებმა მიუსადაგეს ეს მოძღვრება ქრისტეს რეალურ თანასწრებას ნაკურთხ ჰოსტიაში. საიდუმლოებრივი ქრისტოლოგიის ეს პრობლემა დააყენა არა მხოლოდ ევქარისტიულ მსახურებათა რაოდენობის ზრდამ, არამედ თანაარსობის (ქრისტეს სხეული და პური ჰოსტიაში ერთმანეთის გვერდით და ერთად თანაარსებობს, ტრანსუბსტანციაციის თომისტური მოძღვრების საპირისპიროდ) ნომინალისტურმა მოძღვრებამაც. წმიდა სერობის შესახებ თავის მოძღვრებაში ლუთერმა (†1546) შეინარჩუნა თანაარსობის იდეა და მაშასადამე, გაიზიარა, ამასთანავე, რეფორმირებულ (კალვინურ) ეკლესიათა მიერ უარყოფილი ყველგანმყოფობის ცნება. ამავე დროს, ზემოგერმანელებიც, - მაგალითად, იოჰანეს ბრენცი (†1570) და „თანხმობის ფორმულის“ შემდგენელი იაკობ ადრეა (†1590), - მიემხრნენ ყველგანმყოფობის მოძღვრებას (1559 წლის ევქარისტიული აღსარება), რის გამოც უბიკვისტთა ირონიული სახელი დაიმსახურეს.

ყველგანსუფევა (Onnipresenza) [ლათ. omnis + praesentia] თვისება, რომელიც წარმოაჩენს ღმრთის მხსნელ თანასწრებას ყოველ ქმნილებაში და ყოველ ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სრულიად „სხვა“ ბუნებისა და აბსოლუტურად ტრანსცენდენტულია. ეს ცნება კარგადაა გადმოცემული ფსალმუნში 139 (138).

ყოველთა წმიდათა (Ognissanti) [ლათ. omnes sancti „ყველა წმიდანი“] ლიტურგიული დიდდღესასწაული, რომელიც აღინიშნება 1 ნოემბერს წმიდანებისა და ღმრთის დიდებაში მყოფთა მოსახსენიებლად. თავდაპირველად დღესასწაული მხოლოდ მოწამეებს ეძღვნებოდა და სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვა დღეს აღინიშნებოდა. პაპმა გრიგოლ IV-მ 835 წელს დღესასწაული მთელი ეკლესიისათვის 1 ნოემბერს დაადგინა.

ყოვლადდასაწველი (ჰოლოკოსტი) (Olocausto) [გვიანლათ. holocaustum; ნაწარმოებია ბერძნული სიტყვიდან holókauston „სრულად დამწვარი რამ“] ანტიკური სამყაროს ცალკეულ რელიგიებში აღნიშნავდა ღმრთაებისადმი სისხლიან მსხვერპლშეწირვას, რომელიც შეწირული მსხვერპლის საკურთხეველზე „მთლიანად დაწვას“ გულისხმობდა. ძველ აღთქმაში ყოვლადდასაწველი დადგენილია ყველა დიდი დღესასწაულის დროს, ღმრთისადმი სრული მიძღვნის ნიშნად შესაწირი მსხვერპლის რაოდენობისა და რაობის სრული აღწერით. ებრაელობიდან ნასასხებ ტერმინს დღეს მიმართავენ ნაცისტური გენოციდის მსხვერპლ ებრაელთა (ნ. ანტისემიტიზმი) და, უფრო ზოგადი მნიშვნელობით, ბირთვული ომის შემთხვევაში კაცობრიობის სავარაუდო ბედის, საჩვენებლად.

ყოვლადძლიერება (Onnipotenza) [ლათ. omnis „მთელი“ და potentia „ძალა“] განსაზღვრება, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებაში ღმრთის შემოქმედი და მხსნელი ძლევამოსილების სრულყოფილებას გამოხატავს. ღმრთის ყოვლადძლიერება უნივერსალურია, რადგან ყოველივეს შემქმნელი ღმერთი ყოველივეს განაგებს და ყველაფერი ძალუძს. ღმრთის ყოვლადძლიერება მოსიყვარულეა, რადგანაც ღმერთი ჩვენი მამაა; იგი იდუმალია, რაკი მხოლოდ რწმენას შეუძლია მისი შეცნობა, ვინაიდან „უძლურებაში ხდება სრულყოფილი“ (2 კორ. 12:9). ღმერთი, ვისთვისაც არაფერია შეუძლებელი (დაბ. 18:14; ლუკ. 1:37; მათ. 19:26) თავის ყოვლადძლიერებას უმთავრესად ადამიანის ცოდვათაგან ხსნის მეშვეობით გამოავლენს (შდრ. CCC, 268-278).

ყოვლისმცოდნეობა (Onniscienza) [ლათ. omnis + scientia] თვისება, რომელიც მიუთითებს, რომ ღმერთს აქვს ყოველივეს სრული და შეუზღუდავი ცოდნა, რადგან მის აბსოლუტურ სრულყოფილებას ეწინააღმდეგება თუნდაც მინიმალური უცოდინარობის შესაძლებლობა.

ყოვლისწვდობა (Prescienza) [გვიანლათ. praescienza, ნაწარმოებია სიტყვიდან praesciens „ყოვლისმცოდნე“, „განმჭვრეტელი“] თეოლოგიური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ღმრთის ცოდნის უნარს, რაც განიხილება შექმნილ საგანთა არსებობასთან მიმართებაში ლოგიკური წინსწრების თვალსაზრისით.

ყრმათა ნათლისღება (Pedobattesimo) [pedo (páis, paidós „ბავშვი“) + battesimo „ნათლობა“: ბავშვთა ნათლობა] აღნიშნავს ბავშვთა ნათლობის უძველეს ჩვეულებას, რომელიც მიღებული იყო ეკლესიაში და რომელსაც ადასტურებს იპოლიტე რომაელის „სამოციქულო ტრადიცია“.

ყუმრანი (Qumran) ჩირბეთ ყუმრანი ეწოდება ადგილს მკვდარ ზღვასთან, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ესეველთა (ანუ ყუმრანელთა) სექტის ცენტრის, საკულტო შენობის ნანგრევები აღმოაჩინეს. ამ სექტის წევრებს განეკუთვნება იმავე პერიოდში იმავე რეგიონის სხვადასხვა ადგილას ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებსაც ყუმრანის, ანუ მკვდარი ზღვის დოკუმენტებად მოიხსენიებდნენ. ეს ხელნაწერები ქრისტეს შობამდე ერთი საუკუნით ადრე და მისი შობიდან შემდგომი ერთი საუკუნის პერიოდს განეკუთვნება და უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ყუმრანელთა სექტის, არამედ, ზოგადად, ქრისტეს ეპოქის იუდაიზმისა და თვით ქრისტიანობის საწყისების შესწავლის თვალსაზრისით.

ყურანი (Corano) [არაბ. qr' „კითხვა“, „ხმამაღლა დეკლამირება“; Qur'an გამოცხადების ფსალმუნისებრად „დეკლამაციას“, „წაკითხვას“ ნიშნავს] მუსლიმთა წმიდა წიგნი. მუსლიმები მიიჩნევენ, რომ ყურანი უშუალოდ ღმრთის ქმნილებაა და არა წინასწარმეტყველ მუჰამადისა, რომელსაც მთავარანგელოსმა გაბრიელმა ყურანისეული გამოცხადება უკარნახა. ყურანი აცხადებს, რომ ზეციური პროტოტიპი არაბულად მუჰამადზე მკაფიოდ განსაზღვრულ დროს გადმოვიდა, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ წინამორბედი გამოცხადებანი (თორა, სახარება) აგრეთვე ზეციური წიგნის ვერსიებს წარმოადგენენ. ისტორიკოსები ყურანის ავტორად მუჰამადს მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ტექსტი წინასწარმეტყველის სიკვდილზე უფრო გვიანდელი ხანისაა. ყურანი შედგება 114 თავის, ანუ „სურისგან“, რომლებსაც მექური ან მედინური ეწოდება, იმისდა მიხედვით, მიეკუთვნება ისინი 622 წელს მედინაში ემიგრაციამდელ თუ მის შემგომ პერიოდს. მექური სურები უფრო რელიგიური და პოეტურია, მედინურები კი უფრო ნორმატიული და სასაუბრო ხასიათისაა.

26

▲back to top


შაბათი (Sabato) [ებრ. shabbath „დასვენება“, შემდეგ - ბერძ. sàbbaton, ლათ. sabbatum] შაბათი შვიდდღიანი ებრაული კვირის უკანასკნელი დღეა და მიჩნეულია შრომისაგან დასვენების, განწმედისა და ღმრთისადმი ადამიანის გახსნის დღედ. შაბათის დაცვის წესი ერთ-ერთია ათი მცნებიდან (გამ. 20:8-11; რჯლ. 5:12-16) და განპირობებულია, ერთი მხრივ, ჰუმანური მიზეზებით, ადამიანისა და ცხოველის მიმართ პატივისცემით, მეორე მხრივ კი - რელიგიური მიზეზებით, ანუ ღმრთის გახსენებით, რომელმაც თავისი შემოქმედების მეშვიდე დღეს დასვენება გადაწყვიტა (დაბ. 1-2:3), თავისი ხალხი ეგვიპტედან გამოიყვანა (რჯლ. 5:5) და მასთან დადო აღთქმა (გამ. 31:12-17). წინადაცვეთასთან ერთად, შაბათის დაცვა სხვა ხალხთა და რელიგიათაგან ებრაელობის განმასხვავებელი ნიშანია. შაბათის დაცვა, რასაც დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ამასთანავე, მოიცავს ამ დღეს ვაჭრობის აკრძალვის (ამ. 8:5) და მხოლოდ ქუჩის განსაზღვრულ მხარეს (გამ. 16:29) სიარულის წესს (შაბათის გზა, საქმ. 1:12). გარდა ამისა, შაბათს ნებადართული არაა ცეცხლის დანთება (გამ. 35:3), ღუმელში საკვების ხარშვა ან შეწვა (გამ. 16:23). საკვები წინა დღით უნდა მომზადდეს, ანუ, სამზადისის დღეს, პარასკევს (მათ. 27:62; იოან. 19:31.42). შაბათის პროფანაციის შიშს ფატალური შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა (1 მაკ. 2:32-41). შაბათი წინა საღამოს იწყება, შაბათის სინათლის დანთებით (ჰადლაკაჰ) კერძო სახლებში, მისი შეგებების რიტუალით სინაგოგაში (კაბალათ შაბათ), სადაც მომდევნო დღეს ლიტურგიული მსახურება აღსრულდება და კიდუშის წესით (ღვინის თასზე წარმოთქმული კურთხევა). შაბათის დასასრულს აღევლინება საღამოს ლოცვა და ჰაბდალაჰის („კვირის დანარჩენ დღეთა და შაბათის ერთმანეთისგან განცალკევება“) კურთხევა. იესოს - შაბათის უფლის (მათ. 12:8) - მხრიდან შაბათის კაზუისტიკის კრიტიკა შემდეგი სიტყვებით გამოიხატება: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის“ (მარკ. 2:27). ებრაელთაგან განსხვავებით, ქრისტიანები კვირის პირველ დღეს (კვირადღე) აღნიშნავენ, როგორც იესოს მკვდრეთით აღდგომის დღეს („უფლის დღე“).

შაბათიანელობა (Sabbatianismo) მესიანური მოძრაობა, რომელმაც საბოლოოდ სექტანტური (ნაწილობრივ ანტინომისტიკური) სახე მიიღო. ის XVII-XVIII საუკუნეებში, იუდაიზმის წიაღში აღმოცენდა და უკავშირდება შაბათაი ცევის (1626-1676) პიროვნებას, რომელიც 1665 წელს პალესტინასა და მცირე აზიაში მესიად ასაღებდა თავს და მთელ დიასპორაში (და თვით ქრისტიანთა შორისაც) ესქატოლოგიური ეიფორია გამოიწვია. მოძრაობის საფუძვლად იქცა მონანიების სახალხო მოძრაობათა მიერ გაუბრალოებული კაბალა და 1648 წლისათვის ნავარაუდევი სამყაროს აღსასრულის გავრცელებული მოლოდინი. ოსმალეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა ფსევდომესია და მანაც, სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ისლამი მიიღო, რამაც საყოველთაო გაწბილება გამოიწვია. თუმცა დარჩა მისი მოძღვრების მიმდევართა გარკვეული რაოდენობა, რასაც, უმთავრესად, ნათან ღაზელის თეოლოგიამ შეუწყო ხელი: მის თანახმად, ფსევდომესიის საქციელი ხსნისთვის აუცილებელ ქმედებად იქნა განმარტებული.

შაბათის წელი (Sabbatico, anno) [ებრ. sabbath „დასვენება“] აღინიშნებოდა შვიდ წელიწადში ერთხელ, როგორც დასვენების წელი. ეს ვრცელდებოდა მიწაზე, რომელიც დაუმუშავებელი რჩებოდა (გამ. 23:10, შმდ.); მონებზე, რომლებიც თავისუფლებას იბრუნებდნენ (გამ. 21:1), გირაოსა და ვალებზე (რჯლ. 15:1, შმდ.), რითაც ღმრთის საყოველთაო მბრძანებლობა გამოვლინდებოდა.

შალომ (Shalom) [ებრ. აღნიშნავს მშვიდობას და დღესაც გამოიყენება, როგორც მისალმება და კეთილი სურვილი] საერო მნიშვნელობით აღნიშნავს სიმშვიდეს, კეთილდღეობას (შდრ. დაბ. 43:23; ეს. 32:7; 39:8), მშვიდობიანობას (მსაჯ. 4:17; 1 მეფ. 7:14). რელიგიურ კონტექსტში აღნიშნავს ღმერთთან სიახლოვეს (ტობ. 12:17; სიბრძ. 3:9; ზირ. 38:8), მესიანურ ნიჭთა სისრულეს (მათ. 10:12, შმდ.; ლუკ. 2:14; 19:38).

შამანი/შამანიზმი (Sciamano/Sciamanismo) აღნიშნავს ექსტაზურ - ინსტიტუციონალურ და ოფიციალურ - კონტაქტს, რომელსაც ცალკეული ადამიანები ამყარებენ ზებუნებრივ არსებებთან, საკუთარი საზოგადოებრივი ჯგუფის სამსახურში. ტერმინი ტუნგუსური წარმომავლობისაა. სამხრეთელი ტუნგუსები სიტყვით „შამან“ (ექსტაზში მყოფი) აღნიშნავენ რელიგიური მსახურების აღმსრულებლებს, რომლებიც მჭიდრო კავშირს ამყარებენ „სულებთან“ და აქვთ ექსტაზში ჩავარდნის, მისი გამოწვევისა და შენარჩუნების უნარი. არაამქვეყნიურთან კონტაქტის დამყარება ის გზაა, რომლის მეშვეობითაც შამანები სულებისაგან იღებენ მითითებებსა და დახმარებას ჯგუფში არსებული კრიტიკული მდგომარეობის გადასალახავად. შამანიზმის ინსტიტუტი ცენტრალური და ჩრდილოეთ აზიის მრავალ რეგიონში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშია განვითარებული. უფრო ვიწრო გაგებით, შამანიზმი ოთხ ძირეულ ელემენტს მოიცავს, ესენია: ექსტაზი, მიღმიერთან კონტაქტი, ოფიციალურობა და ალტრუისტული მიზნები.

შარავანდედი (Nimbo) [ლათ. nimbus „წვიმის ღრუბელი“, შემდეგ „სინათლის ღრუბელი“, „დიდება“, „დიდების შარავანდედი“] ოქროსფერი სხივმფენი მხატვრული ელემენტი, რომელსაც ქრისტემდე IV საუკუნიდან კლასიკურ ხელოვნებაში ღმრთაების ან მეფის გამოსახულებაზე თავის გარშემო ათავსებდნენ. შემდეგ გამოიყენებოდა ქრისტიანულ ხელოვნებაშიც. თავდაპირველად შარავანდედით მხოლოდ ქრისტესა და სამებას გამოსახავდნენ, მოგვიანებით ამგვარი ელემენტით მარიამისა და წმიდანების ფიგურებსაც ამკობდნენ.

შარავანდი (Aureola) [ლათ. (corona) aureola, რომელიც aurea-ს კნინობითი ფორმაა: „ოქროს გვირგვინი“] სხივმფენი რკალი, ზოგჯერ სხივთა მარაოსებრი განლაგებით, რომელიც ტრადიციულ იკონოგრაფიაში გარს აკრავს ქრისტეს, წმიდა ქალწულისა და წმიდათა თავებს. თეოლოგიური თვალსაზრისით, შარავანდი აღნიშნავს წმიდანთა ჯილდოს - სიხარულს მიწიერ ცხოვრებაში მათი ნამოქმედარის, როგორც პიროვნული გამარჯვების, სრულყოფილების გამო (ქალწულთა, მოწამეთა შარავანდედი...).

შარიათი (Shari'ah) [არაბ. აღნიშნავს „გზას“] ისლამური კანონი, დაფუძნებული ორ ძირეულ წყაროზე: ყურანსა და ტრადიციაზე (ნ. სუნა). მისი დებულებები თეორიულად შეიძლება დაეყრდნოს, აგრეთვე, განსაზღვრული პერიოდის ყველა კანონმცოდნის თანხმობას (ნ. იჯმა). შარიათის თანახმად, ადამიანთა ქმედებები შემდეგ კლასიფიკაციას ექვემდებარება: ა) სავალდებულო; ბ) სასურველი; გ) დაშვებული; დ) გაკიცხული ან დაგმობილი; ე) აკრძალული ქმედებები. შარიათის წიგნები შეიცავს ისლამური კანონის დებულებებს შემდგომ საკითხებთან დაკავშირებით: რელიგიური ვალდებულებანი; ოჯახური სამართალი; მემკვიდრეობითი, საკუთრების და გარიგებითი სამართალი; სისხლის სამართლის და საპროცესო სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი; წმიდა ომის (ჯიჰადი) წარმოება. რაც შეეხება შარიათის მისადაგებას პრაქტიკულ ცხოვრებასთან, იურიდიულ ნორმათა შესრულების უზრუნველყოფა ევალება ისლამური საკრებულოს წინამძღვარს, იქნება ეს ხალიფა, იმამი თუ სულთანი, და კიდევ, მოსამართლეს (ყადი). მათთან ერთად არის, აგრეთვე, მრჩევლის სტატუსის მქონე კანონმცოდნე (ეწოდება ფაქიჰ, ალიმ, მრ.რ.: ულამა; თუ ოფიციალური თანამდებობის პირია, ეწოდება მუფტი).

შაქტიზმი (Saktismo) [სანსკ. sakti „ძალა“] სიტყვასიტყვით ტერმინი ნიშნავს ძალას, უნარს და დღევანდელ ჰინდუიზმში უმთავრესად მიემართება შივას მეუღლეს, ქალღმერთ შაქტის. იგი ღმრთის შემოქმედი ძალის განსახიერებაა. შაქტიზმი შესაძლოა დავუკავშიროთ დედა ღმრთაების წინარევედურ კულტს. დღეს შაქტის სხვადასხვაგვარად სცემენ თაყვანს: ა) როგორც დედა ღმრთაებას და მას ეწოდება აგრეთვე იაგანმატა (სამყაროს დედა); ბ) როგორც ნაზ და მოსიყვარულე ქალს - უმა პარავატი - შივას მეუღლე; გ) როგორც შიშისმომგვრელ სასტიკ ქალღმერთს, რომელიც სისასტიკეს მხოლოდ ბოროტთა მიმართ ამჟღავნებს, ერთგულთა მიმართ კი გულმოწყალე და ლმობიერია; ამ სახით მას ეწოდება კალი (შავი), დურგა (მიუდგომელი), და სხვ.

შაჰადა (Shahada) [არაბ. აღნიშნავს „რწმენის აღსარებას“, „დამოწმებას“] რელიგიური თვალსაზრისით, ისლამში ეს არის სარწმუნოების აღსარება - ისლამის ხუთი ცნებიდან ერთ-ერთი. წამოადგენს ფორმულას: „არ არსებობს სხვა ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთის გარდა და მუჰამადი მისი წინასწარმეტყველია“, რომლითაც მუსლიმი მორწმუნე ისლამისადმი თავისი კუთვნილების აღსარებას წარმოთქვამს (ყურ. 4:136). ისლამზე მოქცევა გულისხმობს შაჰადის წარმოთქმას მოწმეთა წინაშე, რომლებიც შესაბამის დოკუმენტს ადგენენ და საკუთარი ბეჭდით ამოწმებენ მას. მხოლოდ ამ იურიდიული აქტის გაფორმების შემდეგ იქცევა მოქცეული მუსლიმად. მუსლიმი, რომელიც სიცოცხლეს სწირავს რწმენისათვის, შაჰიდად, — ანუ მოწმედ, მოწამედ, წამებულად, - იწოდება.

შებღალვა (Profanazione) [გვიანლათ. profanatio (ზმნიდან profanare)] ღრმა უპატივისცემლობა პიროვნების ან წმიდა საგნის მიმართ ან მათი შეურაცხყოფა (შდრ. CIC, კან. 1211; 1376).

შეერთება (Commixtio) [ლათ. სიტყვა, აღნიშნავს „ნარევს“, „კავშირს“] წარმოადგენს ორი წმიდა ნაწილის, ანუ პურისა და ღვინის შეერთებას, რომელთაც მღვდელმსახური წირვის დროს, ზიარებამდე აერთებს ბარძიმში ნაკურთხი სეფისკვერის ნატეხის ჩაშვებით. ეს უძველესი წესი ეპისკოპოსთან სრულ თანაზიარებას გამოხატავს.

შეთანახმება (Alleanza) [ებრ. „ბერით“, რომელიც აღნიშნავს შეთანხმებას წმიდა ხასიათის გაერთიანების გამო] ძველი აღთქმის საფუძველმდები ცნება, რომელიც ერთგულებაზე მიუთითებს. ძველ აღთქმაში აღწერილია ღმრთაებრივი თაოსნობით გამტკიცებული ასეთი შეთანხმების სხვადასხვა სახე. მაგალითად, შეთანხმება, რომელიც დაიდო ნოესა და წარღვნისშემდგომ კაცობრიობასთან (შდრ. დაბ. 9:8-17), აბრაამსა და მის შთამომავლებთან (შდრ. დაბ. 15:18; 17), დასასრულ, ეგვიპტეში ტყვეობის შემდეგ ისრაელის თორმეტ ტომთან სინაის მთაზე (შდრ. გამ. 19-24). ეს შეთანხმება თვით ისრაელი ხალხის, როგორც ღმრთის ერის, არსებობის საფუძველია. ახალ აღთქმაში ლაპარაკია ქრისტეს სისხლით განმტკიცებული ახალი შეთანხმების შესახებ მთელი კაცობრიობისათვის (შდრ. მათ. 28: 28; 2 კორ. 3:6; ებრ. 8-9), რომელიც ჯერ კიდევ წინასწარმეტყველებმა განჭვრიტეს (შდრ. იერემ. 31:31-34).

შეკინა (Shekinà) [ებრ. „ფარდა“, „თანასწრება“) გამოიყენება, რათა აღინიშნოს ღმრთის თანასწრება (ეს. 19:16, შმდ.; 24:15, შმდ.; რჯლ. 4:11, შმდ.; 5:23, შმდ., 9:15), მისი დიდება და დიდებულება (ის. 13:22; 19:16; 24:16; მსაჯ. 5:4, შმდ.; ფსალმ. 29; 68:8, შმდ.). შემდგომში აღნიშნავდა ღმრთის თანსწრებას ღრუბლის სახით საცხოვრებელსა (გამ. 40:34, შმდ.) და ტაძარში (3 მეფ. 8:10). ებრაელთა შორის ცვლის იაჰვეს სახელს.

შეკრება (Assemblea) რელიგიური თვალსაზრისით: ქრისტეს სახელით ერთად შეკრებილ მორწმუნეთა ჯგუფი, რომლის საქმიანობა და ინტერესები პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ქრისტიანული ცხოვრების დინამიკას. ლიტურგიული შეკრება: მორწმუნეთა იერარქიული წყობის საზოგადოება, კანონიერად შეკრებილი დათქმულ ადგილას ლიტურგიული მსახურებისათვის, რომლის სახასიათო ნიშანია ქრისტეს მაცხოვნებელი თანდასწრება (შდრ. SC, 6).

შეკრება ბრალთა გამო (Capitolo delle colpe) აღმოცენდა მონასტრებში, შემდეგ კი სხვა მოწესეთა საძმოებშიც გავრცელდა. შეკრება, რომელზეც მოწესენი წესის აღუსრულებლობაში ადანაშაულებენ საკუთარ თავს.

შემა (Shema'[Israel]) ებრაული გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს: „ისმინე, ისრაელ!“. ტიპური ებრაული ლოცვა, წარმოითქმის დღეში ორჯერ (რჯლ.: 6:4-9; 11; 13-21).

შემონენ-ესრე (Shemonèn-Esrèh) ებრაული გამოთქმა, „18 კურთხევის ლოცვა“. ებრაელთათვის არის უმაღლესი ლოცვა — „თეფილა“ (= ლოცვა). მას აგრეთვე უწოდებენ „ამიდა“ (= ფეხზე დგომით), რამდენადაც მორწმუნენი მას ფეხზე მდგომნი აღავლენენ.

შემოსვა (Vestizione) [ლათ. ზმნა vestire] ასე ეწოდება ცერემონიას, რომლის დროსაც ნოვიციუსი პირველად იცვამს სამოწესეო ინსტიტუტის სამოსელს.

შემწეობა (Suffragio) [ლათ. suffragium (ზმნიდან suffragari „დახმარება“)] ლოცვა ან ნებისმიერი გულმოწყალე ქმედება მიცვალებულთა სულების სახსოვრად. მათ შორის უპირველესია ევქარისტიული მსახურება. სავედრებელი ლოცვები ერთმანეთთან აკავშირებენ მსხემ და მაცხონებელ ეკლესიას (შდრ. LG, 50).

შემწყნარებლობა (ტოლერანტობა) (Tolleranza) [ლათ. tollerantia, ნაწარმოებია ზმნიდან tolerare „ატანა“, „შეწყნარება“] შემწყნარებლობის იდეა არსებითად იდეოლოგიურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და კულტურულ განსხვავებათა გადალახვის ნებიდან მომდინარეობს. ის უნდა დაუპირისპირდეს პოტენციურ კონფლიქტს, სადაც საპირისპირო შეხედულებები ჭეშმარიტების ფლობას იჩემებენ, ბატონობს დისკრიმინაციული ხასიათის ცრურწმენები, პოლიტიკური დაპირისპირებანი, ძალაუფლების არათანაბარი განაწილება (უმცირესობათა პრობლემები) და ა.შ. ყველა ტოტალიტარული ხასიათის „გადაწყვეტისაგან“ განსხვავებით, შემწყნარებლობა თანაარსებობისა და მისადაგების მცდელობაა. ამიტომაც, ის დემოკრატიული თანაარსებობისა და თანამშრომლობის საფუძველმდები პირობაა და სრულიად აუცილებელია საზოგადო სიკეთისათვის. მაშასადამე, შემწყნარებლობა ტოტალიტარულ შეუწყნარებლობას არ იგუებს. რაც შეეხება რელიგიურ შემწყნარებლობას, ვატიკანის II კრება განცხადებაში არაქრისტიანულ რელიგიებთან ეკლესიის ურთიერთობის გამო (Nostra aetate) ხაზს უსვამს თითოეული რელიგიის ღირსებას და რელიგიებს არსებითად განიხილავს როგორც ხსნის გზებს. ის, რომ საუბარია არა წმინდა ფორმალურ, არამედ არსებით და საპასუხისმგებლო შემწყნარებლობაზე, იმით დასტურდება, რომ ტექსტში გამოთქმულია ჭეშმარიტი, ღრმა პატივისცემა არაქრისტიანული რელიგიების მიმართ. ამგვარი შემწყნარებლობა შესაძლებელს ხდის ურთიერთშეხვედრას, გამოცდილებათა გაზარებას და განსხვავებათა დადებით გამოყენებას. რელიგიური თავისუფლების შესახებ განცხადებაში (Dignitatis humanae) აღნიშნულია რელიგიური თვითგამორკვევის უფლება, მომდინარე თითოეული ადამიანის ცნობიერებაში არსებული პიროვნული პასუხისმგებლობიდან. სწორედ იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი ღმრთის მიერ მოხმობილია მისთვის ისტორიულ ვითარებაში დასახული ხსნის გზის გასავლელად, არავინ უნდა იყოს იძულებული, მიიღოს რომელიმე რელიგია საკუთარი მრწამსის საწინააღმდეგოდ. აუცილებელია ადამიანის შეგნებული რელიგიური არჩევანის პატივისცემა.

შენანება (Attrizione) [ლათ. attritio, წარმოებული სიტყვიდან atterere „დამარცხება“, „გაჭყლეტა“] პირველად ეს სიტყვა XI საუკუნეში გამოიყენეს და აღნიშნავდა არასრულყოფილ სინანულს, მონანიების ან სრულყოფილი სინანულის მიღწევის არაშესაბამის მცდელობას. მოგვიანებით შენანება აღნიშნავდა სინანულს, განპირობებულს ზნეობრივი ხასიათის სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ არა სიყვარულით, როგორც ეს მონანიების შემთხვევაში ხდება. შენანების დადებითი მნიშვნელობა აღიარა ტრიდენტის კრებამ, რომელმაც შენანება საკმარისად ცნო სინანულის საიდუმლოსათვის (DS, 1677).

შენდობა (Perdono) ქმედება, რომლითაც დაზარალებული ან განაწყენებული პიროვნება ბრაზსა და წყენას ივიწყებს და დამნაშავეს ათავისუფლებს ყოველგვარი ვალდებულებისაგან მის წინაშე. მთლიანად საღმრთო წერილი და განსაკუთრებით ახალი აღთქმა (მათ. 18:12-35; ლუკ. 15) ადამიანთან დამოკიდებულებაში ღმრთის მიმტევებლობის სიდიადესა და სიღრმეს წარმოაჩენს; ამავე დროს, ადამიანი მოწოდებულია, მიუტევოს თავის მოძმეებს (შდრ. მათ. 6:14-15; CCC, 2838-2845).

შეოლი (Sheòl) [ებრ. აღნიშნავს „ჯოჯოხეთს“] ძველ აღთქმასა და იუდაიზმში ესაა გარდაცვლილთა სამყოფელი, სადაც ისინი მოჩვენებათა სახით არსებობენ (refaim), უსინათლო და უსიხარულო გარემოში. დავიწყების ეს სამყარო მაინც ექვემდებარება ღმრთის ძალაუფლებას. ზოგჯერ, ცხოვრებისეულ შფოთსა და წუხილში, ადამიანს ისიც კი სანატრელად მიაჩნია.

შეპკურება (Aspersione) [ლათ. aspersio] განწმედისა და კურთხევის წესი, რომელიც გამოიხატება უსუპის მეშვეობით ნაკურთხი წყლის ადამიანებზე, საგნებსა თუ ადგილებზე შეპკურებით.

შერეული ქორწინება (Matrimonio misto) ეწოდება ქორწინებას ორ მონათლულ პიროვნებას შორის, რომელთაგანაც ერთი კათოლიკე ეკლესიაშია მონათლული ან მიღებული ნათლობის შემდეგ, მეორე კი კათოლიკე ეკლესიასთან სრულ თანაზიარებაში არმყოფი ეკლესიის ან საეკლესიო საკრებულოს წევრია. შერეული ქორწინება მხოლოდ შესაბამისი ავტორიტეტული ორგანოს ნებართვითაა შესაძლებელი (CIC, კან. 1184). მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ შერეული ქორწინებები არაა დიდი სიკეთის მომტანი მათთან დაკავშირებულ სირთულეთა გამო (ქორწინებაზე, ზნეობაზე, ეკლესიისადმი მორჩილებაზე თვალსაზრისთა სხვადასხვაობა; კათოლიკე მეუღლის მხრიდან რწმენის შენარჩუნება და განვითარება; შთამომავლობის რელიგიური აღზრდა და სხვ.), ეკლესია უშვებს მათ, რადგანაც, ერთი მხრივ, ადამიანის ბუნებრივი უფლებაა, დაქორწინდეს მისთვის სასურველ პიროვნებაზე და იყოლიოს შვილები, და, მეორე მხრივ, მხედველობაში მიიღება არაკათოლიკე მეუღლის მიერ რწმენის მიღების შესაძლებლობა.

შერიგება (Riconciliazione) [ლათ. reconciliatio] თანხმობის აღდგენა ღმერთთან ან ღმრთის წყალობით - თანამოძმეებთან, მონანიებისა ან აღსარების საიდუმლოთა საშუალებით. ამავე სახელს შეიძლება ატარებდეს შებღალული ეკლესიის ან სასაფლაოს ხელახლა კურთხევის წესი.

შესამოსელი (Casula) [გვიანლათ. casula „მოსასხამი კაპიუშონით“] მოსასხამის მსგავსი უსახელო ლიტურგიული სამოსი, ჩამოსაცმელად შუაგულში დატოვებული ჭრილით. მღვდელმსახური მას წირვის დროს იცმევს სტიქარსა და სტოლაზე. ბუნებრივია, სამოსის ფერი ლიტურგიულ პერიოდს შეესაბამება.

შესაქმე (Creazione) [ლათ. creatio] აქტი, რომლითაც ღმერთი არსებობას აძლევს ყოველივეს, რაც მის გარეთ არსებობს. ბიბლია ძველ აღთქმაში ამტკიცებს, რომ ღმერთი არის ყოველივეს შემქმნელი „არაფრიდან“ („ex nihilo“; ეს გამოთქმა პირდაპირ მხოლოდ ერთხელ გვხვდება: 2 მაკ. 7:28), რამე მატერიისა თუ პირველყოფილი ქაოსის მოშველიების გარეშე. ეს ჭეშმარიტება გაიზიარა, აგრეთვე, ქრისტიანული სარწმუნოების სიმბოლომ: „მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა“. ახალი აღთქმა ადასტურებს ამ პრინციპს და ააშკარავებს ქრისტეს როლს შესაქმეში. მოციქულები ამტკიცებენ, რომ სამყარო იესო ქრისტეს მეშვეობით შეიქმნა და მასში აქვს სიცოცხლე (შდრ. იოან. 1:3; კოლ. 1:16 და სხვ.).

შესაწირავი (Offerta) [offerto, ნამყოს წარსული ზმნისა offrire „შეთავაზება“] რელიგიურ ტერმინოლოგიაში გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნავს ღმრთისადმი მიძღვნილ ნებისმიერ საგანსა თუ ქმედებას (ლოცვა, სამუშაო, საქციელი და სხვ.), ვიწრო მნიშვნელობით კი ესაა პური და ღვინო, რომელსაც მღვდელმსახური წირვის დროს შეკრებილთა სახელით სწირავს ღმერთს, ქრისტეს სხეულად და სისხლად მათს გარდასაქმნელად.

შეუმცდარობა (Inerranza) [in + სიტყვა errore-ს „შეცდომა“, ნაწარმოები ფორმა] ამგვარია ბიბლია, რომელიც ღმრთის მიერაა შთაგონებული და მის სიტყვას გადმოსცემს, შეიცავს ხსნისთვის აუცილებელ ჭეშმარიტებებს და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, შეცდომებს შეიცავდეს (ე.ი. შეუმცდარია). ვატიკანის II კრება ამტკიცებს: „რადგანაც ყოველივე ის, რასაც შთაგონებული ავტორები ან ჰაგიოგრაფები ამტკიცებენ, სული წმიდის მტკიცებულებად მიიჩნევა, ასევე უნდა მივიჩნიოთ, რომ საღმრთო წერილის წიგნები უეჭველად, ერთგულად და შეუმცდარად ასწავლიან ჭეშმარიტებას, რომელიც ღმერთმა ისურვა, ჩვენი ხსნისათვის, საღმრთო წერილებში ყოფილიყო გადმოცემული“ (DV, 12). შეუმცდარობა, რომელიც შთაგონების შედეგია, ორმაგია: ფაქტობრივი (ბიბლიურ ნაწერებში მცდარი სწავლების არარსებობა) და კანონიერი (თეორიული შეუძლებლობა იმისა, რომ ბიბლია მცდარ სწავლებას შეიცავდეს). შეუმცდარობა გამორიცხავს როგორც ჭვრეტით (ჭეშმარიტების საპირისპირო), ისე პრაქტიკულ (სიწმიდესთან დაპირისპირებულ) შეცდომას.

შეფასება ნ. თავისუფალი შეფასება.

შეჩერება (Stazione) [ლათ. statio „შეჩერება“] ასე ეწოდება თითოეულს ჯვრის გზის თოთხმეტი ეპიზოდიდან, წარმოდგენილს ხატის ან ბარელიეფის სახით, რომლის წინაშეც საკრებულო სალოცავად „ჩერდება“.

შეძახილი (Acclamazione) [ლათ. acclamatio] დამსწრეთა მიერ მოწონების, მონაწილეობისა და თანხმობის გამოხატულება. ლიტურგიაში შეძახილის უმთავრესი სახეებია: „ამენ“, „ალელუია“, „დიდება“, „ჰოსანა“. არსებობს ასევე: „წმიდა არს“, „უფალო, შეგვიწყალე“, „მადლობა ღმერთსა“, „დიდება შენდა, ქრისტე“, „სიკვდილსა შენსა ვაუწყებთ, უფალო...“, „შენი არს სუფევა...“.

შეწირვა (Immolazione) [ლათ. immolatio „მსხვერპლშეწირვა“] ძველად იყო გამომსყიდველი ცერემონია, რომელიც წარმოადგენდა ცოცხალი არსების (ცხოველი ან ადამიანი) სასტიკ მსხვერპლშეწირვას ღმრთაების საპატივცემლოდ. ქრისტიანულ სამყაროში უმთავრესი შეწირვა ქრისტეს მსხვერპლშეწირვაა, რომელმაც მსხვერპლად მისცა საკუთარი თავი მამა ღმერთს კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდად. ევქარისტიული მსახურება - წირვა - ამ შეწირვას არაძალადობრივი გზით განგვაცდევინებს.

შეწირულება (Offertorio) [ლათ. offertorium, ზმნიდან offerre „შეთავაზება“] ევქარისტიული ლიტურგიის პირველი მომენტი, რომლის დროსაც ქრისტიანული საკრებულო პურსა და ღვინოს წარუდგენს მღვდელმსახურს, ვინც შემდეგ ღმერთს სწირავს მათ. შეიძლება აღსრულდეს გალობის თანხლებით, რომელსაც სწორედ შეწირვის გალობა ეწოდება.

შეწირული (Sacramentato) ზედსართავი მიემართება იესოს, რომელიც ნამდვილადაა თანამსწრე ნაკურთხ ჰოსტიაში.

შეწყვეტა ღმრთაებრივისაგან (Sospensione a divinis) გამაჯანსაღებელი სასჯელი, რომელიც მხოლოდ სასულიერო პირთა მიმართ წესდება. მოიცავს ძალაუფლებისა და მართვის ყველა აქტის ან მათი ნაწილის აკრძალვას (შდრ. CIC, კანნ. 1333-1334).

შვეიცარიული გვარდია (Guardia svizzera) შვეიცარიელ ჯარისკაცთა ნაწილი, რომელიც ვატიკანის სახელმწიფოს ემსახურება და რომელსაც პაპის დაცვა, სამოციქულო სასახლისა და ვატიკანის გარე შესასვლელთა კონტროლი ევალება. XIV საუკუნიდან წმიდა საყდრის სამსახურში მრავალი შვეიცარიელი იყო, მუდმივმოქმედი და ჩამოყალიბებული შენაერთის შექმნის იდეა კი პაპ გვიდო II-ს ეკუთვნის. 1506 წლის 21 იანვარს პაპმა პირველი 150 შვეიცარიელი ჯარისკაცი აკურთხა, რომლებმაც ვატიკანში დაიწყეს სამსახური. 1976 წელს დამტკიცებული რეგლამენტით პავლე VI-მ შენაერთის 90-კაციანი შემადგენლობა დაამკვიდრა: 4 ოფიცერი, 1 კაპელანი, 23 უნტერ-ოფიცერი, 60 შუბნაჯახით შეიარაღებული ჯარისკაცი და 2 მედოლე. 1979 წელს იოანე პავლე II-მ შუბნაჯახის მტვირთავთ რაოდენობა 70-მდე გაზარდა, რის შედეგადაც შვეიცარიული გვარდიის შემადგენლობა 100 კაცს ითვლის. შვეიცარიული გვარდიის ჯარისკაცები დღემდე ატარებენ განსაკუთრებულ სამოსელს, რომლის ავტორადაც მიქელანჯელოა მიჩნეული.

შთაგონება (Ispirazione) [ლათ. inspiratio (ზმნიდან in-spirare „შიგნით შებერვა“)] შთაგონება აღნიშნავს ღმრთაებრივ საწყისს ბიბლიისა, რომელიც მოკვდავ ავტორებს სული წმიდამ შთააგონა, რის გამოც ის ღმრთის ჭეშმარიტ სიტყვადაა აღიარებული. ღმერთი, როგორც საღმრთო წერილის მთავარი „ავტორი“, იშველიებს ადამიანს - მეორეხარისხოვან ავტორს, თუმცა ეს უკანასკნელი ნამდვილად ასრულებს ლიტერატურულ შრომას. ანუ, შთაგონება არ გულისხმობს ღმრთაებრივი ქმედების მიერ ჰაგიოგრაფის ძალისხმევისა და ლიტერატურული შრომის ჩანაცვლებას ან ჩახშობას. ამას ადასტურებს, აგრეთვე, სხვადასხვა შთაგონებულ ავტორთათვის დამახასიათებელი, ერთმანეთისაგან განსხვავებული წერის სტილი და ლიტერატურული თხრობა, რაც ერთი და იმავე მოვლენის აღწერაშიც ცხადად ჩანს. აშკარად ზებუნებრივი ღმრთაებრივი გალენა სამმაგია (ანუ ეხება ჰაგიოგრაფის გონებას, ნებასა და საშემსრულებლო უნარებს) და წარმავალია (ანუ არაჩვეულებრივი: მიმართულია კონკრეტული მიზნის - ნაწერის - შესაქმნელად და ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ქრება).

შიდაეზო (Chiostro) [ლათ. claustrum „ჩაკეტილი ადგილი“] მონასტრის ან სავანის კოლონადით გარშემორტყმული შიდა ეზო. ძველად სიტყვა აღნიშნავდა მონასტრის გალავანს, რომლის გარეთ გასვლაც ზემდგომის ნებართვის გარეშე მონაზვნებს ეკრძალებოდათ. შამონასტრო შენობებში კოლონადიანი შიდა ეზოს მოწყობის იდეა სამონაზვნო ცხოვრების პრაქტიკული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე დაიბადა: კერძოდ, მონაზონთათვის, რომელთაც დღისით და ღამით ხშირად უწევდათ ეკლესიაში თავშეყრა, ის უფრო სწრაფად გადაადგილებისა და უამინდობისაგან დაცვის საშუალებად იქცა.

შიდათანაყოფა (Pericoresi) [ბერძ. perí „შიგნით“+ნაწარმოები ფორმა ზმნისა chórein „წასვლა“, „ერთმანეთში ყოფნა“] თეოლოგიური ტერმინი, რომელსაც კაპადოკიელი მამები იყენებდნენ იმ ტიპური კავშირის ან ურთიერთკავშირის აღსანიშნავად, რომელიც, ღმრთაებრივი არსის ერთიანობის საფუძველზე, განსაზღვრავს სამების სამი ღმრთაებრივი პიროვნების ურთიერთდამოკიდებულებას.

შივაიზმი (Sivaismo) ჰინდუიზმის ორ უმთავრეს კულტთაგან ერთ-ერთი. მისი თაყვანისცემის ობიექტია ღმერთი შივა, ანუ შივა მეუღლე პარვატისთან (ეწოდება, აგრეთვე, დურგა ან კალი) ერთად. ზოგჯერ თაყვანისცემის ობიექტია, ამასთანავე, შვილებთან — კარტიკეასა (ომის ღმრთაება) და განეშასთან (სპილოსთავიანი ღმრთაება) ერთად. კულტი ინდოეთში დაახლოებით IV-V საუკუნეებში დამკვიდრდა.

შიიტები (Sciiti) [არაბ. shi'a „პარტია“] სუნიტების შემდეგ ისლამის მეორე (თუმცა რიცხობრივად უფრო მცირერიცხოვანი) ჯგუფი. შიიტებსა და სუნიტებს შორის დაყოფას რელიგიურ-პოლიტიკური მეზეზები ჰქონდა. როდესაც დამასკოს იმჟამინდელმა მმართველმა, ომაიადმა მუავიამ ხალიფა ალის (656-661) წინააღმდეგ გაილაშქრა, ამ უკანასკნელმა კი გამოწვევა მიიღო (660 წელს სიფინის მახლობლად), სუნიტებმა მუავიას დაუჭირეს მხარი, შიიტები კი ერთადერთ კანონიერ ხალიფად ალის მიიჩნევდნენ. შიიტები ალის მხარეს დადგნენ (შია) და შემდგომშიც მისი, მისი სახლობისა და შთამომავლების ერთგულნი დარჩნენ. შიიტები იცავენ მუჰამადისაგან სისხლით მემკვიდრეობითობის პრინციპს, როგორც ხალიფად აღიარების პირობას და იმამს (საკრებულოს მეთაური), ამასთანავე, რელიგიური წინამძღოლის ფუნქციასაც აკისრებენ. შიიტებისათვის იმამი ალის მემკვიდრეა თავის რელიგიურ და პოლიტიკურ მსახურებაში, რომელიც ღმრთისაგან აქვს მინიჭებული წინასწარმეტყველ მუჰამადის მიერ აღსრულებული მცირე კურთხევისა და განსაკუთრებული ღმრთაებრივი გასხივოსნების წყალობით. ამგვარად, იმამი იქცევა საკრებულოს ერთადერთ კანონიერ ხელმძღვანელად და ფაქტობრივად შეუმცდარ ხელისუფლად. შიიტები, რომლებმაც ისტორიის მანძილზე არაერთხელ განიცადეს დევნა, ცხოვრობენ ირანში (სადაც შიიტობა სახელმწიფო რელიგიაა), ერაყსა და პაკისტანში. დაიყოფებიან: ზაიდელებად, იმამელებად, ისმაილელებად და სხვა უფრო მცირე ჯგუფებად.

შინაცხოვრება (Inabitazione) [გვიანლათ. inhabitatio, მომდინარეობს ზმნიდან inhabitare „ცხოვრება შიგნით“] აღნიშნავს მადლის მდგომარეობაში მყოფ სამშვინველში ღმრთის მუდმივ თანასწრებას. ფორმალურად გამოხატულია იოანესთან (იოან. 14:23): „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს“. ეს ცნება ფართოდაა გავრცობილი პავლესეულ თეოლოგიაში (რომ. 8:11; 2 ტიმ. 1:14; 1 კორ. 3:16).

შინტოიზმი (Shintoismo) [ჩინური წარმოშობის ტერმინი, აღნიშნავს „სულიერ არსებათა“(შენ) „გზას“ (დაო), რომელიც იაპონურად იკითხება „კამინაგარა“] იაპონიის ავტოქტონურ რელიგიურ კონცეპციათა და შესატყვის კულტურულ აქტივობათა ერთობლიობა, რომლებიც გავრცელებული იყო ბუდჰიზმის მიღებამდე და ამ საწყისი ფორმებიდან განვითარდა. პირველად 585 წელს, ნიჰონშოკის საიმპერიო ქრონიკაში იქნა წარმოდგენილი „ბუდჰას კანონს“ დაპირისპირებული ფორმის სახით. ისტორიის მანძილზე აქტიურად დაუპირისპირდა ბუდჰიზმს, დაოიზმს, კონფუციანელობასა და ქრისტიანობას; დიდი გავლენა მოახდინა იაპონიის ისტორიაზე როგორც რეგიონებს შორის მკვეთრად განსხვავებული ხალხური რწმენის ფორმამ, ისე როგორც სექტამ თუ მკაცრად ლეგალისტურმა სახელმწიფო რელიგიამ. არ ჰყავს დამაარსებელი და არ გააჩნია საღმრთო წერილი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). ამ მიზეზით არ შეიცავს დოგმებს და არ არის სარწმუნოების აღსარების მქონე რელიგია. შედეგად, დღეს ძალიან ხშირად აღიქმება, როგორც „სახასიათო იაპონური ცხოვრების წესი“: 1983 წელს მხოლოდ იაპონელთა 3,4 პროცენტმა აღიარა თავი მორწმუნე შინტოისტად. ამავე დროს, აღრიცხვის მონაცემებით, შინტოისტად ქვეყნის 98,6 მილიონი მცხოვრები დასახელდა. მოძღვრების რელიგიურ იდეათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბუნების, წინაპართა და ადგილობრივი მფარველი ღმრთაების კულტი. რელიგიური ცხოვრების საკვანძო ადგილია საკულტო სივრცე, ანუ სალოცავი, ტაძარი (მიია, ჯინჯა), რომელშიც მფარველი ღმრთაება მუდმივად თანამსწრეა ან მოიხმობა ლოცვის/დღესასწაულის დროს სხვა სამყაროდან (მთები, ზეცა, ზღვა). ყოველწლიურ დღესასწაულთა (მაცური) კულმინაციური მომენტებია საგაზაფხულოდ მინდვრების მომზადების (ხშირად მათ წინ უსწრებს ახალი წლის დადგომისას შრომის დაწყების რიტუალური ცერემონია) და შემოდგომით მოსავლისათვის სამადლობელი ცერემონიალები, როდესაც აღსრულდება ლოცვები „ნორიტო“ და მზადდება შესაწირავი საკვები (მარილი, საკე, ბრინჯი, ბოსტნეული, თევზი). შინტოიზმი კამის, „აღმატებულ არსებათა, ღმრთაებათა“ არსებობას აღიარებს. ეს არსებები არ აღიქმება მარად არსებულად, ყოვლისშემძლე და აბსოლურად, არამედ განისაზღვრება როგორც „სულიერი ძალები, რომლებიც მოქმედებენ სამყაროში არსებული ყველა საგნისა და არსების დაბადების პროცესში“. სამყარო კამის ქმნილებაა, ხოლო ეს ქმნილებანი მასში ვლინდება: ყველაფერი წმიდაა, რადგან სულიერია, თვით საგნები თუ მათი მდებარეობის ადგილი. ადამიანიც მხოლოდ საფეხურებრივად განსხვავდება კამისაგან. სიცოცხლე და მის შესანარჩუნებლად მოქმედი ყველა ინსტინქტი დადებითია. მხოლოდ სიკვდილი და ყოველივე, რასაც მისკენ მივყავართ, არის უარყოფითი და ცუდი. ადამიანი არსებითად კეთილია და ზნეობრივი კოდექსის დაუხმარებლად გრძნობს, თუ რა არის სწორი (მაგოკორო). თუმცა ადამიანმა მრავალი გზით შეიძლება დაკარგოს სიწმინდე ბილწ საგნებთან, სიკვდილთან, ავადმყოფობასთან კონტაქტში შესვლით ან საკუთარი ეგოიზმის მიზეზით. რიტუალური განწმედა განბანვისა და გულის განწმედის (ალტრუიზმი) მეშვეობით ღმრთაებრივთან შეხვედრის პირობაა.

შობა (Natale) ლიტურგიული დღესასწაული, რომლითაც ქრისტიანები 25 დეკემბერს აღნიშნავენ სიტყვის ხორცშესხმას, განკაცებას, მის შობას ბეთლემში. დღესასწაული რომაული წარმოშობისაა და IV საუკუნით თარიღდება. ქრისტიანებმა ის დაამკვიდრეს წარმართული მზის ღმრთის დღესასწაულის ნაცვლად, რომელიც ზამთრის ბუნიობის დროს (Natalis solis invincti) აღინიშნებოდა, რითაც სურდათ გამოეხატათ, რომ სწორედ იესოა ადამიანთა და სამყაროს ნამდვილი ნათელი. ნათლისღებასთან ერთად 25 დეკემბერი (რომელიც იესოს დაბადების ისტორიული თარიღი არაა) საშობაო ლიტურგიული ციკლის ყველაზე ამაღლებული მომენტია. მას ადვენტის დრო უძღვის წინ.

შონსტატის საქმე (Schönstatt, opera di) სამოციქულო და მარიამის კულტთან დაკავშირებული განახლების მოძრაობა; ის 1914 წელს მამა იოზეფ კენტენიხმა (1885- 1968) მდინარე რაინზე, ვალენდარის მახლობლად მდებარე „სამგზის გასაოცარი შონსტატის მარიამის“ სამლოცველოში დააარსა. დღეს ის აერთიანებს: შონსტატის საერო მღვდელმსახურთა, მარიამის ძმათა, მარიამის დათა, შონსტატის ქალბატონთა და შონსტატის ოჯახთა ასოციაციებს; სამოციქულო კავშირს, რომელსაც შეადგენენ მღვდელმსახურთა, მამაკაცთა, ქალთა, ოჯახთა დამოუკიდებელი საკრებულოები; სამოციქულო ლიგას, წევრთა და თანამშრომელთა საკრებულოების, სახალხო მოძრაობისა და მომლოცველობის შემადგენლობით. შონსტატის საქმე ხელმძღვანელობს დევიზით: „სამყაროს მარიამისეული ქრისტიანული აღზრდა“ და „ახალი ადამიანი ახალ საზოგადოებაში“ და მიზნად ისახავს თანამშრომლობას ეკლესიაში ქრისტიანული ცხოვრების კომპლექსური განახლებისათვის. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საეროთა მომზადებას კენტენიხის მიერ შემუშავებული ასკეტურ-აღმზრდელობითი მოდელის შესაბამისად. ნ. პალოტიელნი.

შუამავალი (Mediatore) [გვიანლათ. mediator, ნაწარმოებია ზმნიდან mediare „შუაში დგომა“] ქრისტიანულ რელიგიაში, წმიდა პავლეს სიტყვის თანახმად, „ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი - კაცი ქრისტე იესო“ (1 ტიმ. 2:5), ხოლო ყველა დანარჩენის შუამავლობა (ეკლესია, მარიამი...) მხოლოდ ქრისტეს სრულყოფილი და ერთადერთი შუამავლობიდან გამომდინარეობს.

შუამდგომლობანი (Intercessioni) [ლათ. intercessio] წირვასა და ჟამთა ლიტურგიაში დამკვიდრებული საკმაოდ ძველი ვედრების ლოცვები.

შური (Invidia) შვიდ მთავარ მანკიერებათაგან ერთ-ერთი. მდგომარეობს მწუხარებასა და დაღონებაში, რომელსაც ადამიანი იმის შემხედვარე განიცდის, რაც სხვას აქვს და როცა მას გადაჭარბებულად ძლიერად სურს, დაუმსახურებლად დაეუფლოს ამას. ამდენად, ეს გულმოწყალების უარყოფაა (შდრ. CCC, 2538-2540).

27

▲back to top


ჩაქოლვა (Lapidazione) ძველ აღთქმაში გათვალისწინებული (გამ. 19:13; ლევ. 20:2; 24:14, შმდ.; რჯლ. 13:11; იოან. 8:5) სიკვდილით დასჯის წესი: ქალაქის ფარგლებს გარეთ სიკვდილმისჯილს ქვებს უშენდნენ და მთლიანად გადაფარავდნენ მას ქვებით (შდრ. რიცხვ. 15:36; რჯლ. 17:5; 22:21.24). ზოგჯერ ჩაქოლვა თვითნებური გასამართლების ფორმას იღებდა, როგორც ეს იესოს (იოან. 10:31.33; 11:8), სტეფანეს (საქმ. 7:57), პავლეს (საქმ. 14:5; 2კორ. 11:25) და სხვათა შემთხვევებში (ებრ. 11:37) მოხდა.

ჩაწება (Intinzione) [საეკლესიო ლათ. intinctio, რომელიც ნაწარმოებია ზმნიდან intingere „ჩაწება“] წმიდა ღვინით სავსე ბარძიმში ჰოსტიის ჩაწობა, ორმაგი სახით ზიარების მიცემისას.

ჩელინო (Ciellino) ზედწოდება, რომლითაც აღინიშნება 1969 წელს მილანში დაარსებული თანაზიარებისა და გათავისუფლების კათოლიკური მოძრაობისადმი კუთვნილება.

ჩვენებანი (Apparizioni) [ლათ. apparitio, რომელიც ნაწარმოებია სიტყვიდან apparere „გამოჩენა, ჩვენება“] ხილული ჩვენება არსებისა, რომლის ხილვაც იმ ადგილას ან იმ დროს, საგანთა ბუნებრივი წესრიგის თვალსაზრისით, უჩვეულო და აუხსნელია. აღნიშნავს ზებუნებრივის გრძნობად გამოვლინებას. ჩვენებანი ეხება ღმერთს (ძველი აღთქმა საუბრობს ღმრთის მრავალ თეოფანიაზე ანუ გამოცხადებაზე), ანგელოსებს, წმიდანებს და მარიამს. კერძოდ, ცნობილია მარიამის გამოცხადება ლურდში, ფატიმაში და სხვ.

ჩვეულება (Consuetudine) [ლათ. სიტყვიდან consuetudo] აღნიშნავს საკრებულოს უწყვეტი ქმედების ფაქტს. საზოგადო სამართალი მას განსაზღვრავს, როგორც განსაზღვრული ქცევის ზოგად, ერთგვარ და მუდმივ გამეორებას, შესრულებულს დაჯერებულობით, რომ ამგვარად იურიდიული ნორმის დაცვა ხდება. კანონიკური სამართლის კოდექსი არ იძლევა ჩვეულების განსაზღვრებას, მაგრამ გვთავაზობს ნორმებს მისთვის კანონის ძალის მისანიჭებლად, განსაკუთრებით, როდესაც ის ეწინააღმდეგება ან სცილდება კანონიკურ სამართალს (შდრ. CIC, კან. 23-28). ღმრთაებრივი კანონის საწინააღმდეგო არცერთ ჩვეულებას არა აქვს კანონის ძალა.

ჩვეულებრივი (Ordinario) [ლათ. ordinarius] ლიტურგიაში ტერმინი მიემართება წირვის უცვლელ ნაწილთა ერთობლიობას, რომელსაც ერთვის დღის საგანგებო ნაწილები.

ჩირკოჩელიონები (Circoncellioni) [ტერმინის წარმოშობა დაუდგენელია. შესაძლებელია მომდინარეობდეს ლათინური სიტყვებიდან circum cellas] მოხეტიალე ქრისტიანები, რომლებსაც „დასახლებათა გარშემო“ მიჰქონდათ იერიშები. ისინი IV-V საუკუნეებში ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედებდნენ. რელიგიური რადიკალიზმით დასნეულებული ეს ფანატიკოსი დონატისტები წმიდანებად, რწმენისთვის მებრძოლებად, ქრისტეს ჯარისკაცებად აცხადებდნენ თავს. გამუდმებით ანგრევდნენ კათოლიკურ ეკლესიებს, აუგად ეპყრობოდნენ მონაზვნებს და მორწმუნეებს, ჰქონდათ ასევე სოციალურ-ეკონომიური ხასიათის მოთხოვნებიც. დაახლოებით IV საუკუნის შუაწლებში მათი მოძრაობა იმპერატორმა კონსტანტიმ აღკვეთა. ნ. დონატიზმი.

28

▲back to top


ცათა სასუფეველი/ღმრთის სასუფეველი (Regno dei cieli/Regno di Dio) გამოთქმა და ცნება, რომელიც გამოხატავს „ღმრთის სასუფეველს, ღმრთის საუფლოს, ღმრთის მეფურ უზენაესობას“ (ბერძ. basileía thoû theû). ადრეული იუდაიზმის დროინდელი აბსტრაჰირება გამოთქმისა „ღმერთი არის მეფე (იქცევა მეფედ)“ (ებრ. malak Jhwh). რაბინული წარმოშობის გამოთქმა „ცათა სასუფეველი“ (malkût Samajim; შდრ. basileía tôn ouranôn მათესთან) ღმრთის სახელის ხსენების აკრძალვის ტენდენციის ნაყოფია. ეს ორი გამოთქმა აღნიშნავს სამყაროზე, ისტორიასა და ადამიანებზე ღმრთის სრულ და გადამწყვეტ უზენაესობას. მათ ხშირად ვხვდებით სინოპტიკოსებთან, რადგანაც ცათა სასუფევლის თემა უმთავრესია იესოს ქადაგებებში (მათ. 4:23; 9:35; მარკ. 1:15). ცათა სასუფევლის შესახებ მრავალი იგავი მოგვითხრობს (მათ. 13; მარკ. 4), ის წარმოდგენილია, როგორც უკვე თანამსწრები რეალობა (მათ. 12:28; ლუკ. 17:20; 21:32), თავის აღსრულებას კი ის ესქატოლოგიაში პოვებს (მათ. 12:43; 25:31, შმდ.; შდრ. 1 კორ. 15:25, შმდ.).

ცდუნება (Scandalo) [ქრისტიანული ლათ. scandalum, ნაწარმოებია ბერძნულიდან skándalon „ტყუილი“] დამოკიდებულება ან ქცევა, რომელიც სხვებს ბოროტების ჩადენისაკენ უბიძგებს. ეს მძიმე დანაშაულია, თუკი თავისი ქმედებით ან უმოქმედობით მისი გამომწვევი განზრახ წააქეზებს სხვა ადამიანებს სერიოზული შეცდომის ჩადენისაკენ. ეს ქმედება განსაკუთრებულ სიმძიმეს იძენს მისი ჩამდენის ძალმოსილების ან ქმედების მსხვერპლის სისუსტის მიზეზით. ქრისტემ ამასთან დაკავშირებით ამგვარი კრულვა წარმოთქვა: „ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ“ (მათ. 18:6). ცდუნება მძიმეა, თუკი მისი გამომწვევი პირის მოვალეობა აღზრდა და სწავლებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს კანონმა ან ისტიტუციამ, მოდამ ან საზოგადოებრივმა აზრმა (შდრ. CCC, 2284-2287).

ცეზაროპაპიზმი (Cesaropapismo) [cezar(izmi)+პაპიზმი] XVIII საუკუნეში დამკვიდრებული ეს ტერმინი აღნიშნავს ადგილობრივ მმართველსა (მონარქს) და ეკლესიას შორის განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომლის ძალითაც მმართველი თავს უფლებამოსილად მიიჩნევს, ჩაერიოს ეკლესიის შინაგან საქმიანობაში. მილანის ედიქტის (313) შემდეგ კონსტანტინემ პატივად, მეტიც, მოვალეობად ჩათვალა ეკლესიის დახმარება და გარე თუ შიდა მტერთაგან მისი დაცვა. მის და მის მემკვიდრეთა დროს ამგვარი დამოკიდებულების უარყოფით მხარედ იქცა ეკლესიის საქმეებში მრავალრიცხოვანი ჩარევა, მათ შორის, უთანხმოებებში დოგმატურ საკითხებზე. იმპერატორი დოგმატურ უთანხმოებათა მსაჯულად არ აცხადებდა თავს, მაგრამ ზოგჯერ ეპისკოპოსთაგან მისთვის სასურველ გადაწყვეტილებათა მიღებას ითხოვდა. ბიზანტიური ყაიდის ამგვარი პრაქტიკა, რომელიც შემდეგ რუსმა ხელმწიფეებმაც გადაიღეს, მომდინარეობდა ასევე pontifex maximus-ის რომაული ტრადიციიდან. დასავლეთში ცეზაროპაპიზმი ხელახლა დამკვიდრდა წმიდა რომის იმპერიის ხელმწიფეთა დროს.

ცელებრეტი (Celebret) [ლათ. „აღავლინოს!“] საეპისკოპოსო კურიის ან რელიგიური კონგრეგაციის მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ სამღვდელო პირს წირვის აღვლენის უფლება აქვს.

ცელიბატი (Celibato) [ლათ. caelibatus, ნაწარმოები სიტყვიდან caelebs „დაუქორწინებელი“] საღმრთო წერილის მიერ რეკომენდებული (შდრ. მათ. 19:12 უქორწინებლობა „ცათა სასუფევლისთვის“; 1 კორ. 7:7; 7:32-34) უქორწინებლობა თავდაპირველად საღმრთო მსახურთათვის სავალდებულო არ იყო, მიუხედავად იმ მნიშვნელობისა, რომელიც უბიწოებას ენიჭებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი კანონი დაახლოებით 300 წელს იქნა მიღებული, ელვირას (გრანადა) კრების მიერ (კან. 33). კანონმა აბსოლუტური თავშეკავება სავალდებულოდ გამოაცხადა in sacris ხელდასხმულთათვის, სასჯელის სახით კი თანამდებობიდან გათავისუფლება დააწესა. მათ აეკრძალათ არა ქორწინება, არამედ სექსუალური ურთიერთობა. ლატერანის I და II კრებებზე (1123 და 1139) მღვდელთა ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი და დამკვიდრდა ცელიბატის კანონი, რომელიც დღესაც ძალაშია ლათინურ ეკლესიაში. საეკლესიო ცელიბატს ეკლესია განიხილავს, როგორც საღმრთო მსახურებისადმი სრული მიძღვნისა და მზადყოფნის მდგომარეობას და კაცობრიობის სასრული ვითარების წინასწარ განცდას. მართლმადიდებელთა შორის ქორწინების აკრძალვა ეხება მხოლოდ ეპისკოპოსებს, თუმცა ტრულის II კრებამ (691) დაადგინა, რომ მღვდლებსა და დიაკვნებს მხოლოდ ხელდასხმამდე აქვთ დაქორწინების უფლება. ამავე წესს იცავს აღმოსავლური წესის კათოლიკე ეკლესიაც. ნ. სამღვდელოება.

ცენზორი წიგნთათვის (Censore dei libri) [ლათ. სიტყვიდან censor, რომელიც მომდინარეობს ზმნიდან censere „შეფასება“] პიროვნება, რომელსაც ეკლესია (ადგილობრივი ეპისკოპოსი ან ეპისკოპოსთა კონფერენცია) აკისრებს იმ წიგნთა შემოწმებას, რომელთა გამოქვეყნების მიზანშეწონილობის დასადგენად ეკლესიის თანხმობაა საჭირო. პიროვნება უნდა „გამოირჩეოდეს განსწავლულობით, ჭეშმარიტი მოძღვრების მიმდევრობითა და კეთილგონიერებით“ (CIC, კან. 830). ამჟამად ნებართვას საჭიროებს ბიბლიის გამოცემები და თარგმანები, ლიტურგიული წიგნები და მათი თარგმანები, კატეხიზმოები, თეოლოგიისა და რელიგიის სასწავლო სახელმძღვანელოები.

ცენზურა (Censura) [ლათ. censura „ცენზორის კაბინეტი“] ცენზორი იყო რომაელი მოსამართლე, რომელსაც მოქალაქეების ცენზთა (გადასახადთა) კონტროლი, ხოლო მოგვიანებით - მოქალაქეთა საქციელის შესწორება და დასჯა ევალებოდა. თანამედროვე მეტყველებაში ცენზურა ზეპირად, წერილობით თუ რამე სხვა საშუალებით საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აღნიშნავს. კანონიკურ ტერმინოლოგიაში ცენზურა ეკლესიის მიერ მონათლული ადამიანისათვის დაწესებულ გამაჯანსაღებელ (გამოსწორებისკენ მიმართულ) სანქციას (CIC, კან. 1331-1335) ეწოდება. ამგვარი სანქციებია განკვეთა, უფლების ჩამორთმევა და აკრძალვა. ეს უკანასკნელი მხოლოდ სამღვდელოებასთან მიმართებაში გამოიყენება.

ცერემონია (Cerimonia) [ლათ. caerimonialis „წმიდა ქმედება“] ლიტურგიულ ქმედებათა ერთობლიობა, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული ფორმულის ან პროგრამის თანახმად აღსრულდება. ნ. მღვდელმსახურება

ცერემონიათა წიგნი (Cerimoniale) [ლათ. სიტყვიდან caerimonialis] ლიტურგიული წიგნი, რომელიც შეიცავს რელიგიური მსახურებისათვის საჭირო ნორმებს, მითითებებსა და კურთხევის აქტებს, რომელთაც პაპი ან ეპისკოპოსი ასრულებენ. 1600 წელს, პაპ კლემენტე VIII-ის ბულით წიგნმა მიიღო ოფიციალური სტატუსი და სათაური Caerimoniale episcoporum. საუკუნეთა განმავლობაში შეტანილი შესწორებებით წიგნმა ვატიკანის II კრებამდე იარსება. ახალ ლიტურგიულ ფორმათა მოქნილობის გამო ამჟამად აღარ გამოიყენება.

ცერემონმაისტერი (Cerimoniere) [მომდინარეობს სიტყვა cerimonia-დან] პირი, რომელსაც ევალება წესთა ღირსეულად, მოწიწებით აღსრულებისა და მათი აღმსრულებელი მღვდელმსახურების სათანადოდ მომზადების უზრუნველყოფა.

ცეცხლი (Fuoco) პირველსაწყის ბუნებრივ ელემენტთა შორის ცეცხლს, როგორც სინათლისა და სითბოს წყაროს, არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის. სააღდგომო ლიტურგიაში საზეიმო საპასექო ცისკრის დასაწყისში გათვალისწინებულია განსაკუთრებული წესი იმ ცეცხლის კურთხევისა, საიდანაც აინთება საღდგომო კელაპტარი - სიმბოლო მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესი, ვინც „მამა ღმრთის დიდების ცოცხალ ნათელს“ გადასცემს ადამიანს.

ცვინგლიელობა (Zwinglianesimo) ციურიხელი რეფორმატორის, უ. ცვინგლის (1484-1531) მოძღვრება, რომელიც მკაცრ რაციონალისტურ ჰუმანიზმად მიიჩნევა. ცვინგლი უმთავრესად ცნობილია იმით, რომ უარყოფდა ევქარისტიაში ქრისტეს რამე ფორმით თანასწრებას. მარბურგის კრებაზე (1529) ეს საკითხი ლუთერთან მისი შეთანხმების დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა. ცვინგლის ნააზრევი ავტორის სიკვდილის შემდეგაც (მოაზროვნე კაპელის ბრძოლაში მოკლეს) ინარჩუნებს გავლენას. ამის დასტურია გერმანულენოვან რეფორმირებულ (კალვინურ) ეკლესიაში გავითარებული რეფორმირებული კონფესიონალიზმის ფორმა, რომლის პრინციპებიც შორდება როგორც ლუთერელობას, ისე კათოლიკურ რეფორმას. ამ მიმდინარეობას წარმოადგენენ ცვინგლის ციურიხელი თანამშრომელი ლეო იუდი (†1542), ბაზელელი რეფორმატორი და ჰუმანისტი იოჰან ეკოლამპადიო (†1531), მისი მემკვიდრე ოსვალდ მიკონიუსი (†1552) და, უმთავრესად, ცვინგლის ციურიხელი მემკვიდრე ჰაინრიხ ბულინგერი (†1575). მათი ერთობლივი შრომის შედეგია 1536 წლის „პირველი შვეიცარიული აღსარება“ (Confessio Helvetica prior), რომელმაც გერმანული შვეიცარიის სარწმუნოებრივი მიმართულება განსაზღვრა. მომდევნო დოკუმენტი, Confessio Helvetica posterior (1566), წარმოადგენს ბულინგერის მიერ თავდაპირველად ცალკე გაკეთებულ რედაქციას, რომელმაც შემდეგ, 1566 წელს პალატინატში ოფიციალური სახე მიიღო და ამ ფორმით იქცა რეფორმირებულ (კალვინურ) ეკლესიათა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სარწმუნოებრივ დოკუმენტად.

ციბორიუმი (Ciborio) [ლათ. ciborium, ნაწარმოებია ბერძ. სიტყვიდან kibórion „ეგვიპტური ცერცვის ნაყოფი“, საიდანაც მომდინარეობს „ორსახელურიანი თასი ან ჭურჭელი“] ოთხ ბოძზე დაყრდნობილი რკალისებრი გადახურვა, რომელიც საკურთხევლის თავზეა მოთავსებული. ადრექრისტიანული ეკლესიებისათვის დამახასიათებელი ეს არქიტექტურული ელემენტი რომაული სამყაროდანაა ნასესხები, ბაროკოს ეპოქაში მან კვლავ დაიბრუნა პოპულარობა. ცენტრალური ადგილი უკავია პრესბიტერიუმში (მღვდლის სამყოფელში), მუდამ მზადდებოდა ძვირფასი მასალისაგან, გამოჩენილ ოსტატთა მიერ. აღსანიშნავია არნოლფო დი კამბიოს მიერ შექმნილი ციბორიუმები რომში, წმიდა პავლეს ბაზილიკაში გალავანს მიღმა (1285) და ტრასტევერეს უბანში მდებარე წმიდა ცეცილიას ტაძარში (1293). აგრეთვე, სახელგანთქმულია ბერნინის მიერ შექმნილი ციბორიუმი წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, სახასიათო ბალდაქინით (1624-1633).

ცისკრისა (Mattutino) [ლათ. mattutinus] ჟამთა ლიტურგიის რეფორმამდე ასე ეწოდებოდა ღამის ვიგილიას. შემდეგ ის შეცვალა საკითხავთა ჟამმა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ინარჩუნებს ღამის საგუნდო ლოცვის ხასიათს, დღის ნებისმიერ დროს შეიძლება შესრულდეს. შედგება საგალობლის, სამი ფსალმუნის, ორი საკითხავისა (მათგან ერთი ბიბლიდან აღებული ნაწყვეტია, მეორე კი - ეკლესიის მამათა ან სწავლების ტექსტი) და ერთი დასკვნითი ლოცვისაგან.

ცისტერციელნი (Cistercensi) [სიტყვიდან Cistercium - სიტოს ლათინური სახელიდან, სადაც 1098 წელს მოლეზმის წინამძღვარმა წმიდა რობერტმა ცისტერციულად წოდებული სამონასტრო ორდენის პირველი სააბატო დააარსა] ორდენს ახასიათებდა ასკეტური სულისკვეთება, მისი მიზანი კი წმიდა ბენედიქტესეული წესდების მკაცრად შესრულების ხელახლა დამკვიდრება იყო, საპირისპიროდ იმ დაცემისა, რაც კლუნის სააბატომ განიცადა. წმიდა ბერნარდ დე ფონტეინის მეოხებით მთავარ სააბატოს მცირე ხანში ოთხი „შვილობილი“ შეემატა: ლა ფერტეს (1113), პონტინის (1114), კლერვოსა და მორიმონის (1115) მონასტრები. მთავარ სააბატოთა წინამძღვრებმა შემდგომ დაარსებულ ყველა მონასტერზე შეინარჩუნეს ზემდგომობა. ორდენის საბოლოო წესდება ჩამოაყალიბა სიტოს მესამე აბატმა, სტეფან ჰარდინგმა დოკუმენტში Carta caritatis (1119), რომელიც იმავე წელს კალისთე II-მ დაამტკიცა. მასში კვლავ აღინიშნა ფიზიკური და სასოფლო-სამეურნეო შრომის, სიღატაკის რადიკალური მიმდევრობისა და წესის უპირობო აღსრულების მნიშვნელობა. ორდენი ძალიან სწრაფად გაფართოვდა და წმიდა ბერნარდის გარდაცვალების წელს (1153) მთელ იტალიაში უკვე 343 სააბატოს მოიცავდა. 1132 წელს ტარტში, საფრანგეთში, ორდენის პირველი ქალთა სააბატო დაარსდა. XIV საუკუნეში ცისტერციელებმაც განიცადეს გარკვეული დაცემა, XVII საუკუნეში კი ორდენი ორ შტოდ დაიყო: რეფორმირებულ ცისტერციელებად ანუ წესის მტკიცე მიმდევრებად (ნ. ტრაპისტები) და ცისტერციელებად ანუ წესის ჩვეულებრივ მიმდევრებად. მორთულობასა და კაზმულობას მოკლებული ცისტერციულ სააბატოთა და ეკლესიათა სადა და ფუნქციური არქიტექტურა ამ ორდენისათვის დამახასიათებელ სიმარტივესა და სისადავეზე მეტყველებს.

ცოდვა (Peccato) [ლათ. peccatum] ცოდვის რაობა სრულად მხოლოდ ღმრთაებრივი გამოცხადების შუქზეა გასაგები; თუ ადამიანთა მიმართ ღმრთის განზრახვა გვესმის, გასაგები ხდება, რომ ცოდვა არის იმ თავისუფლების ბოროტად გამოყენება, რომელიც ღმერთმა მის მიერ შექმნილ ადამიანებს უბოძა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცოდვა ნებაყოფლობითი შეცდომაა გონების, ჭეშმარიტების, სინდისის წინაშე. ესაა ღმრთისა და მოყვასის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარულის დარღვევა, შედეგად არასწორი მიმხრობისა იმისადმი, რაც სიკეთის სახით წარმოუდგება ადამიანს. ცოდვა ღმრთის წინააღმდეგ ილაშქრებს ქრისტეს მორჩილების საწინააღმდეგო დაუმორჩილებლობის სახით. ადამიანმა შეიძლება შესცოდოს ფიქრით, სიტყვით, საქმით ან დაუდევრობით. თავისი სიმძიმიდან გამომდინარე, ცოდვა შეიძლება იყოს მისატევებელი ან მომაკვდინებელი. მომაკვდინებელი ცოდვა ღმრთის კანონის დარღვევის მიზეზით ადამიანის გულში კაცთმოყვარეობას ანადგურებს; ის აცილებს ადამიანს ღმერთს, რომელიც მისი საბოლოო მიზანი და ნეტარებაა და ღმერთზე ნაკლები სიკეთისადმი უპირატესობის მინიჭებისაკენ უბიძგებს მას. Mმისატევებელი ცოდვა არ ანადგურებს კაცთმოყვარეობას, თუმცა ზიანს აყენებს მას. ცოდვა მომაკვდინებლადაა მიჩნეული, თუ სახეზეა სამი პირობა: „ცოდვის საგანი მძიმეა, ამასთან ცოდვა ჩადენილია სრულიად შეგნებულად და ნებაყოფლობით“ (იოანე პავლე II, Reconciliatio et paenitentia, 17). მისი შედეგია კაცთმოყვარეობისა და წმიდამყოფი მადლის დაკარგვა. თუკი ასეთი ცოდვა არაა გამოსყიდული მონანიებითა და ღმრთის პატიებით აღსარების საიდუმლოს მეშვეობით, მას შედეგად მოჰყვება ქრისტეს სასუფევლიდან განდევნა და ჯოჯოხეთში მარადიული სიკვდილი. მისატევებელი ცოდვა კი კაცთმოყვარეობის მეშვეობით გამოსწორებად ზნეობრივ უწესრიგობას წამოადგენს (CCC, 383-387; 1846-1876).

ცოდვილი ნ. ცოდვა.

ცოდნა (Scienza) [ლათ. scientia, ნაწარმოებია სიტყვიდან sciens, რაც აწმყოს მიმღეობაა ზმნისა scire „ცოდნა“] სულიწმიდის შვიდი ნიჭთაგან ერთ-ერთი. მისი არსია ბუნებრივ მოვლენათა გაგება ღმერთთან მათ მიმართებაში. დანარჩენი ნიჭებია: სიბრძნე, რჩევა, გონიერება, სიმტკიცე, ლმობიერება და ღმრთის შიში.

ცრუმორწმუნეობა (Superstizione) [ლათ. superstitio „ის, რაც ზემოდან დევს“] კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს თანახმად, „ცრუმორწმუნეობა არის რელიგიური გრძნობიდან და მის მიერ ნაკარნახევი პრაქტიკული წესებიდან გადახვევა. შეიძლება წარმოგვიდგეს შენიღბული, თითქოს ჭეშმარიტი ღმრთისადმი თაყვანისცემის სახით, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა ერთგვარი მაგიური მნიშვნელობა ენიჭება თავისთავად კანონიერ ან საჭირო წესებს. ლოცვების თუ საიდუმლოსმიერი ნიშნების ქმედითობის მხოლოდ მათი მატერიალურობით განმარტება, მათთვის საჭირო შინაგანი განწყობის უგულებელყოფით, ცრუმორწმუნეობაა“ (2111).

ცუკეტო (Zucchetto) [კნინობითი ფორმა იტალიური სიტყვისა zucca, რაც გადატანითი მნიშვნელობით „თავს“ აღნიშნავს] ნახევარსფეროს ფორმის მცირე ზომის თავსაბურავი, რომელსაც სამღვდელო პირები ატარებენ. მისი ფერი მფლობელის იერარქიულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული: პაპისა - თეთრია, კარდინალთა - მეწამული ფერისა, ეპისკოპოსთა — იისფერი. აბატები კი თავიანთი ორდენის ფერისას ატარებენ. ეწოდება, აგრეთვე, პილეოლუსი.

ცხაური (Grata) [ლათ. cratis ან crates „წნული ღობე“] მცირე ზომის ხის ან ლითონის ერთმანეთში წვრილად ჩაწნულ ძელაკთა ერთობლიობა, რომელიც სათავსოთა და სივრცეთა ერთმანეთისაგან განსაცალკევებლად გამოიყენება. სააღსარებოს ცხაური, როგორც წესი, ერთი მცირე ზომის დეტალია და აღმსარებელს მონანიესაგან გამოჰყოფს. განდეგილთა კლაუზურის ცხაური კი მონასტერში ან სავანეში სასულიერო პირთათვის განკუთვნილ სათავსოებს მორწმუნეთათვის ღია სივრცეთაგან გამოყოფს, თუმცა მათ შორის ურთიერთობის საშუალებას მაინც იძლევა.

ცხება (Crismazione) ახალმონათლულთა და მირონცხებისათვის მომზადებულთა ზეთით ცხების წესი.

29

▲back to top


ძე კაცისა (Figlio dell'Uomo) გამოთქმა პირველად გვხვდება დანიელთან (დან. 7:13) ხალხთა განკითხვასთან დაკავშირებული ზეციური არსების აღსანიშნავად. ამ ცნებამ ფართო გავრცელება პოვა აპოკალიფსურ იუდაიზმში. ის კვლავ გვხვდება სახარებებში, როგორც იესოს მიერ საკუთარი თავის განსაზღვრება. შემდგომში, შესაძლოა, სემიტური სამყაროს გარეთ ესოდენ პარადოქსული ჟღერადობის სახელის განმარტების სირთულის გამო, ის ფაქტობრივად სრულიად გაქრა პირველ საკრებულოთა ყოფიდან.

ძენი (Zen) [იაპონური წარმოთქმა ჩინური იდეოგრამისა „ჩან“ („მედიტაცია“)] ბუდჰისტური მედიტაციის სკოლა, რომელიც ჩინეთში აღმოცენდა და იაპონიაში გავრცელდა, განსაკუთრებით XII-XIII საუკუნეებში. ძენის მოძღვრების თანახმად, ყოფნის აღმოჩენა და სიბრძნის ფლობა აღემატება კონცეპტუალურ კატეგორიებს და მხოლოდ შინაგანი გასხივოსნებით მიიღწევა. ძენი გასხივოსნების ორ ძირითად მეთოდს გულისხმობს: ა) მდუმარე მედიტაცია, ეგრეთ წოდებულ „ლოტოსის“ პოზაში, რასაც, - შინაგანი წონასწორობის მიღწევის მიზნით, — სუნთქვის რეგულირება ახლავს თან; ბ) კოანის სავარჯიშო, ანუ რაციონალურად ამოუხსნელ ამოცანაზე კონცენტრაცია, ლოგიკური აზროვნებისათვის თავის დაღწევისა და უფრო ღრმა ფსიქიკურ სივრცეებში ჩაფლობის მიზნით.

ძე ღმრთისა (Figlio di Dio) ასე მოიხსენიება ახალ აღთქმაში იესო ქრისტე, რითაც აღინიშნება მამა ღმერთთან, თავის მამასთან, მისი უნიკალური დამოკიდებულება. იესო ნამდვილი ღმრთის ძეა (რომ. 8:32), ერთადერთი (მათ. 3:17; 17:5), მხოლოდშობილი (იოან. 3:16), პირმშო (კოლ. 1:15), ჭეშმარიტი (1იოან. 5:20) და თავად ღმერთი (იოან. 1:1). არიოსთან დაპირისპირებაში, ნიკეის კრებამ (325) ხაზგასმით აღნიშნა: „ძე ღმრთისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი (ომოოúსიოს) მამისა“. ამიტომაც ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს იმის რწმენას, რომ ქრისტე ღმრთის შვილია (CCC, 454).

ძველი აღთქმა (Antico Testamento) ნ. ბიბლია; აღთქმა.

ძველი კათოლიკეები (Vecchi cattolici) გერმანულენოვანი ეკლესიის მიმდევრები, რომლებიც ცალკე ჩამოყალიბდნენ (დაფუძნდა მიუნხენის კონგრესზე, 1871) მას შემდეგ, რაც უარი თქვეს ეღიარებინათ პაპის უმცდომლობისა და მისი იურისდიქციის პრიმატის დოგმა (ვატიკანის I კრება, 1869-1870). ამ ეკლესიის სარწმუნოების აღსარების საფუძველს წარმოადგენს 1889 წლის უტრეხტის დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ ერთგულნი ვართ ძველი ეკლესიის სარწმუნოებისა, რომელიც გამოხატულია პირველი ათასწლეულის განუყოფელი ეკლესიის მსოფლიო კრებათა საყოველთაოდ აღიარებულ სიმბოლოებსა და დოგმატურ გადაწყვეტილებებში“. ძველ კათოლიკეთა საკრებულოები არსებობს გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში, პოლონეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ძმა (Frate) [ლათ. frater „ძმა“] გლახაკთა ერთ-ერთი ორდენის წარმომადგენელი. საერო ან მოქცეული ძმა ეწოდება პირს, რომელსაც არ მიუღია სასულიერო წოდება და მონასტერში მსახურებას ეწევა. მოწესეს, რომელმაც მღვდლობის საიდუმლო მიიღო (და, მაშასადამე, წირვას აღავლენს), მიმართვისას „მამაოს“ უწოდებენ.

ძმური მხილება (Correzione fraterna) [ლათ. სიტყვიდან correctio, რომელიც ნაწარმოებია ზმნიდან corrígere „შესწორება“] ადამიანისადმი მიმართვა, რომელიც მიზნად ისახავს, ცოდვის ჩადენაზე ხელი ააღებინოს მას. ის თვით იესომ ასწავლა ადამიანებს: „თუ შენი ძმა შესცოდავს შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით“ (მათ. 18:15, შმდ.). შეიძლება ჰქონდეს სამი სახე: კერძო; ნახევრად საჯარო, ერთი არ ორი მოწმის თანდასწრებით; საჯარო, ეკლესიის წინაშე. მოუნანიებელთა მიმართ უნდა გატარდეს უფრო მკაცრი სასჯელი: საკრებულოდან გარიცხვა.

30

▲back to top


წარმართები (Gentili) [ლათ. gentilis, კალკი ბერძნული სიტყვისა etnikós, რომელიც ნაწარმოებია სიტყვიდან éthne „ხალხები“; აღნიშნავს „ხალხებისადმი კუთვნილს“, ანუ უცხოელთა კუთვნილს] ახალ აღთქმაში ესაა იმ ხალხთა ზოგადი სახელწოდება, რომლებიც ისრაელის რჩეულ ხალხს არ განეკუთვნებიან და აღნიშნავს მათდამი არაკეთილგანწყობას, რაც გამოწვეულია ამ ხალხთა კერპთაყვანისმცემლობითა და უზნეო ქცევით (მათ. 18:17; გალ. 2:15). მაგრამ იუდეველებთან ერთად ეს ხალხებიც შეადგენენ ღმრთის ერთიან ხალხს ქრისტეში, რადგან ქრისტეს სისხლმა ყოველი დაცალკევება დაამარცხა (ეფეს. 2:14, შმდ.). მოციქული პავლე წარმართთა უმთავრეს მოციქულადაა აღიარებული (საქმ. 9:1, შმდ.; 22:21; გალ. 2:7).

წარმართობა/წარმართი (Paganesimo/Pagano) თეოლოგიური თვალსაზრისით, სიტყვა „წარმართი“ ძველი აღთქმიდან მომდინარეობს. მას პირობითი მნიშვნელობა აქვს და გამოიყენება აღთქმის მქონეთა განსასხვავებლად იმათგან, ვინც ხსნის ხალხს არ განეკუთვნება (გოიმი). ახალი აღთქმის თეოლოგიის თანახმად, წარმართებად ქრისტეს მორწმუნეთა (ხილული) საზოგადოების, ანუ ეკლესიის, გარეთ მყოფნი მიიჩნევიან. ეტიმოლოგიურად „წარმართი“ (pagano) მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან pagani, რომელიც სოფლის, ლათინურად pagus, მცხოვრებლებს აღნიშნავს. სოფლის მაცხოვრებელთა არასათანადო კულტურული განვითარების გამო მათმა აღმნიშვნელმა განსაზღვრებამ კულტურული ჩამორჩენილობისა და ზნეობრივი სიმდაბლის მნიშვნელობა შეიძინა. თანამედროვე ეპოქაში წარმართი „ველურის“ სინონიმად იქცა, რითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ დღეს, ვატიკანის კრების შემდგომ და „ახალგაზრდა ხალხების“ ხანაში, ეს ტერმინი, ფაქტობრივად, გაქრა ლექსიკონიდან.

წარმმართველი (მოდერატორი) (Moderatore) რელიგიური ინსტიტუტის ან ეკლესიაში გარკვეული მახასიათებლის მატარებელ პირთა ჯგუფის მთავარი ხელმძღვანელი. უმაღლესი წარმმართველი (მოდერატორი) ეწოდება სამონაზვნო-სამოწესეო ინსტიტუტის მთავარ წინამძღვარს, რომელსაც ირჩევენ კანონიკური არჩევნებით დებულების შესაბამისად (CIC, კან. 625) და რომელსაც აქვს ძალაუფლება ინსტიტუტის ყველა პროვინციაზე, მის ყველა სახლსა და წევრზე (CIC, კან. 622). გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ინსტიტუტის ერთიანობას წმიდა საყდართან, აწვდის მას ცნობებს თავისი ინსტიტუტის მდგომარეობისა და ცხოვრების შესახებ, ინსტიტუტის წევრებს კი აცნობს მათთან დაკავშირებით გამოცემულ წმიდა საყდრის დოკუმენტებს (CIC, კან. 592).

წელი, ლიტურგიული ნ. ლიტურგიული წელი.

წელი, მარიამისა ნ. მარიამის წელი.

წელი, მეშვიდე ნ. მეშვიდე წელი.

წელი, წმიდა ნ. იუბილე.

წესდება (Regola) [ლათ. regula „რიგი“, „ხის ზოლი“] სამოწესეო ორდენის ცხოვრების განმსაზღვრელ ნორმათა ერთობლიობა. როგორც წესდება, შედგენილია ორდენის დამაარსებლის მიერ. ამასთანავე, ტერმინი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოწესეო ორდენის წევრთა ერთობლიობის აღსანიშნავადაც.

წესთა წიგნი (Rituale) საიდუმლოთა აღსრულებისას მღვდელმსახურისა და შეკრებილთა მიერ დასაცავ წესთა და ფორმულათა შემცველი წიგნი.

წესი (Rito) [ლათ. ritus, ბერძნული ფუძიდან arithmós და სანსკ. rtám „წესის შესატყვისი“] ასე ეწოდება ლიტურგიულ ქმედებათა და მათ განმსაზღვრელ დისციპლინურ ნორმათა ერთობლიობას. ტერმინი მიემართება სხვადასხვა ეკლესიაში მიღებულ საღმრთო ქმედების აღსრულების თავისებურებას (კათოლიკე, მართლმადიდებელი, რომაული, ამბროსისეული და სხვა წესები) ან აღნიშნავს ლიტურგიული მსახურების სტრუქტურულ მთლიანობას (ნათლობის, წირვის და სხვა წესები).

წინადაცვეთა (Circoncisione) [ლათ. circumcisio] ასოს ჩუჩის მთლიანი ან ნაწილობრივი მოკვეთა. გავრცელებულია სხვადასხვა ხალხში, თუმცა არაბები და ებრაელები მას სრულიად განსაკუთრებულ რელიგიურ მნიშვნელობას ანიჭებენ. მისი გავრცელება ძირითადად ისლამური რელიგიის დამსახურებაა, რომლის განმასხვავებელ ნიშანსაც წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ყურანში წინადაცვეთა ნახსენები არაა, ადათის (გადმოცემის) დოკუმენტებში ის ხშირად მოიხსენიება. ებრაელთა შორის წინადაცვეთა წარმოადგენს უფალთან კავშირის რიტუალს, ებრაული ხალხისადმი კუთვნილების ნიშანს. სრულდება დაბადებიდან რვა დღის შემდეგ (შდრ. დაბ. 17:9-13). თავდაპირველად ახალშობილის წინადაცვეთას მისი მამა ან დედა ასრულებდნენ, შემდეგ ეს მოვალეობა „წინადამცვეთს“ (mohel) დაეკისრა, ვინც უანგაროდ ასრულებდა ამ მოვალეობას. წესი სრულდება ორმაგი კურთხევის თანხლებით, რომელთაგან პირველს „მოჰელი“ წარმოთქვამს, მეორეს კი ახალშობილის მამა. ამ რიტუალში მონაწილეობს აგრეთვე „სანდიყოსი“, ერთგვარი ნათლია, რომელსაც მუხლებზე უჭირავს ბავშვი. წინასწარმეტყველნი ხაზგასმით აღნიშნავდნენ იმის მნიშვნელობას, რომ ფიზიკური წინადაცვეთა გულის წინადაცვეთის თანხლებით აღსრულებულიყო, რაც ადამიანის შინაგანად ღმრთისადმი მიძღვნას გულისხმობს. იესოც, როგორც ებრაელი, წინადაცვეთილ იქნა. ქრისტიანთათვის წინადაცვეთის ვალდებულება იესო ქრისტეს რწმენის დამკვიდრებასთან ერთად გაუქმდა. იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის შემდეგ წმიდა პავლემ მრავალჯერ აღნიშნა ამ წესის უსარგებლობა (შდრ. გალ. 5:6; ფილ. 3:3; კოლ. 2:11). იერუსალემის კრებაზე მოციქულებმა გაიზიარეს წმიდა პავლეს პოზიცია იუდეველ ქრისტიანთა საპირისპიროდ, რომელთაც სურდათ, წინადაცვეთა წარმართობიდან მოქცეულთათვის დაეწესებინათ (შდრ. საქმ. 15).

წინამძღვარნი (Superiori) [ლათ. superioir (შედარებითი ხარისხი არსებითი სახელისა superus) „რომელიც ზემოთაა“] აღნიშნავს როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა სამოწესეო საზოგადოების ხელმძღვანელს. „უფროსი წინამძღვარნი ეწოდება მათ, ვინც მართავს მთელ ინსტიტუტს, მის რომელიმე პროვინციას ან პროვინციასთან გათანაბრებულ ინსტიტუტის ნაწილს, ან sui iuris სახლს და მათ შესატყვის ვიკარიუსებს. ამასთანავე, მათ რიცხვს ემატება აბატი პრიმასი და სამონასტრო კონგრეგაციის წინამძღვარი. თუმცა ამ უკანასკნელთ მაინც არა აქვთ სრული ძალაუფლება, რომელსაც საყოველთაო სამართალი უფროს წინამძღვრებს ანიჭებს“ (CIC, კან. 620). მთელი სამოწესეო ორდენის წინამძღვარს გენერალური წინამძღვარი ეწოდება.

წინასწარგანსაზღვრულობა (Predestinazione) [ლათ. praedestinatio] აღნიშნავს ღმრთის მიერ მარადისობიდან განსაზღვრულ გეგმას, მიმართულს თითოეული ადამიანის ხსნისკენ. ახალი აღთქმიდან აღებულ ტერმინს თეოლოგიური ტრადიცია ადასტურებს (ავგუსტინე, თომა აკვინელი); ის ხაზს უსვამს ყველასთვის და არა მხოლოდ რჩეულთათვის, განკუთვნილი ხსნის ცნებას: „ღმერთს ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს“ (1 ტიმ., 2:4). თუმცა, თავისი თავისუფლებიდან გამომდინარე, ადამიანს აქვს შესაძლებლობა, შეეწინააღმდეგოს ღმრთის მიერ ჩაფიქრებულ ხსნის გეგმას: „ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა“ (მათ. 22:14). წინასწარგანსაზღვრულობის თემა, რომელიც მოიცავს, აგრეთვე, ღმრთის მხსნელი ნების, ადამიანის თავისუფლების, სიკეთისა და ბოროტების ჩადენის მისი უნარის საკითხებს, საუკუნეთა მანძილზე არაერთი კამათის საგანი გახდა, რომლებმაც ზოგჯერ მცდარ და ერეტიკულ იდე-ებს მისცეს დასაბამი (მაგ., კალვინელობა). ნ. პრედესტინაციონიზმი.

წინასწარმეტყველთა წიგნები (Profetici, libri) [ლათ. propheticus, ნაწარმოებია ბერძნულიდან prophetikos] ძველი აღთქმა, გარდა ისტორიული და სიბრძნის წიგნებისა, შეიცავს წინასწარმეტყველთა წიგნებსაც, რომლებიც არსებით წყაროს წარმოადგენს ხსნის ისტორიის შესაცნობად. წინასწარმეტყველთა წიგნებს ჩვეულებრივ დიდ და მცირე - ანუ თორმეტ - წინასწარმეტყველთა წიგნებად ყოფენ. დიდი წინასწარმეტყველნი არიან: ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ხოლო მცირე წინასწარმეტყველნი კი: ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქა, ნაუმი, აბაკუმი, სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია. გარდა ამისა, შესაძლებელია წინასწარმეტყველთა წიგნებში გადმოცემული ფაქტების უფრო სარწმუნო ქრონოლოგიური თანმიმდევრობის გაყოლა. ამგვარად, ჩვენი ყურადღების არეალში ქრისტემდე VIII საუკუნიდან V-IV საუკუნემდე დროის პერიოდი ექცევა. ისტორიულად ეს პერიოდი ხასიათდება მოვლენებით, რომლებმაც ღრმა დაღი დაასვეს ცალკეულ წინასწარმეტყველთა პიროვნებასა და მოღვაწეობას. თითეული წინასწარმეტყველის სახასიათო თვისებებს განსაკუთრებით ერთი მოვლენა ააშკარავებს: განდევნა. ამგვარად, წინასწარმეტყველები მნიშვნელოვანი ისტორიულ-ქრონოლოგიური ნიშნით შეიძლება დავყოთ: ერთი მხრივ, განდევნამდელი წინასწარმეტყველები, მეორე მხრივ კი, ისინი, ვინც განდევნა და სამშობლოში დაბრუნება პირადად განიცადა. წინასწარმეტყველთა პირველ ჯგუფს განეკუთვნებიან (VIII საუკუნე - 587 წ. ქრისტემდე): ამოსი, ოსია, ნაუმი, აბაკუმი, პირველი ესაია, მიქა, სოფონია, იერემია. განდევნის ხანის წინასწარმეტყველნი (587 - 538 წწ. ქრისტემდე): ეზეკიელი, მეორე ესაია, დანიელი; განდევნის შემდგომი ხანის წინასწარმეტყველნი (538-450 წწ.): ანგია, ზაქარია, მესამე ესაია, აბდია, მალაქია, იოველი, იონა. ამგვარი დაყოფა გვეხმარება ცალკეულ მოღვაწეთა კულტურულ-ისტორიულ-რელიგიური კონტექსტის გასაგებად და მათი უწყების უმთავრესი თემატიკის ჩასაწვდომად. ნ. წინასწარმეტყველობა/წინასწარმეტყველება.

წინასწარმეტყველი (Profeta) [გვიანლათ. propheta, მომდინარეობს ბერძნულიდან prophétes (სიტყვიდან pro „სახელით“+phemí „საუბარი“) „სხვის ნაცვლად მოსაუბრე“] ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველები ეწოდებათ ქარიზმულ პირებს, რომლებიც, ღმრთის მიერ განსაკუთრებული მოწოდების ძალით, მისი სიტყვის დესპანებად იქცევიან. მათ მომავლის წინასწარმეტყველებაც ძალუძთ, თუმცა უმთავრესად ისტორიაში ღმრთის თანასწრებას განმარტავენ. კერძოდ, მათი განსაკუთრებული ამოცანაა, მოუწოდონ ისრაელ ხალხს ღმერთთან მისი დამაკავშირებელი აღთქმის ერთგულებისაკენ. საკუთარ მისიას წინასწარმეტყველები არა მხოლოდ სიტყვის, არამედ ხილვათა და სიმბოლურ ქმედებათა მეშვეობითაც აღასრულებენ. ნ. წინასწარმეტყველთა წიგნები; წინასწარმეტყველობა/წინასწარმეტყველება.

წინასწარმეტყველობა/წინასწარმეტყველება (Profetismo/Profezia) არ არის მხოლოდ ისრაელისათვის დამახასიათებელი ფენომენი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე თვალსაჩინოდ ის სწორედ ისრაელ ხალხში გამოვლინდა. წინასწარმეტყველება, რომლის ძირითადი არსი რელიგიური ხასიათის შთაგონებაა, ანტიკურ სამყაროშიც იყო ცნობილი. წინასწარმეტყველის ნათქვამი მუდამ ღმრთაებასთან კონტაქტს გულისხმობს, შეიცავს შთაგონების მეშვეობით მიღებულ უწყებას, ხილვას, ან ღმრთის აღქმას საკულტო ადგილას თუ სამლოცველოში. ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, ქანაანსა და, ზოგადად, ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში „წინასწარმეტყველთა ინსტიტუტი“ არსებობდა. იგივე შეიძლება ითქვას ბერძნებსა და რომაელებზე. ცნობილია ამგვარ ინსტიტუტთა სახელები (ბაალის წინასწარმეტყველნი ქანაანში; ბარუ, „ნათელმხილველი“ ბაბილონში; მუჰუ, „გულთმისანი მღვდელმსახური“ და აპილუნი, „მოპასუხენი“ მარიში). ცნობილია წინასწარმეტყველთა წმიდა ადგილებიც (მაგალითად, დოდონა და დელფოსი საბერძნეთში). ღმრთაებასთან მჭიდრო კავშირიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ წინასწარმეტყველება მუდამ უდევს საფუძვლად რამე რელიგიას ან დაკავშირებულია მის რიტუალებთან. თუმცა არაბიბლიური წინასწარმეტყველება უმეტესად ემყარებოდა პიროვნებათა თუ ჯგუფების უნარებს და გაბატონებული რელიგიური და პოლიტიკური იდეოლოგიის მხარდაჭერას. ამიტომაც მისი მთავარი ამოცანა მმართველი ძალისა და კულტის ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა იყო. ეს ვითარება ცხადყოფდა მის თვისობრივ სისუსტეს, დაკავშირებულს ცენტრალური აღმოსავლეთისა და, ზოგადად, ძველი სამყაროს სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელ პოლიტიკურ არასტაბილურობასთან. ისრაელში კი წინასწარმეტყველის მისია განსაკუთრებულ ხასიათს იძენს, ასახავს მთელი ხალხის ისტორიას, რომელსაც წინასწარმეტყველის სიტყვა მიემართება. ისრაელის ნებისმიერი წინასწარმეტყველი „ღმრთის მიერ მართული“ ხალხის ისტორიის ძირეული ელემენტებით საზრდოობს. დაპირება, აღთქმა, არჩევა, გათავისუფლება, მიწის ბოძება, წარმოშობის ბოძება, მესიის მოლოდინი - ისრაელის მიერ განცდილი, დღესაც ცოცხალი რეალობებია, თუმცა მათ, ამავე დროს, განაპირობებს ისტორიული დამოკიდებულება: ერთგულება. როდესაც ხალხი თავის ღმერთთან კავშირს ვეღარ შეიგრძნობს, თვით მის არსებობას ექმნება საფრთხე: ღმერთთან დამოკიდებულების შემადგენელი ყოველი ელემენტი ღმერთთან კომუნიკაციის უქონლობად და იმისაკენ მიმხრობად გარდაიქმნება, რასაც ბიბლიის ენაზე ანტიღმერთი ეწოდება. ასეთ დროს გამოდის ასპარეზზე ბიბლიური წინასწარმეტყველი მოხმობისა და დაგმობის მიზნით. აქ წინასწარმეტყველს არცერთი იდეოლოგია არ უმაგრებს ზურგს, მას არ აქვს მიმდინარეობებთან თუ პიროვნებებთან დამაკავშირებელი რამე უპირატესობა თუ პრივილეგია, მას სრული თავისუფლება ახასიათებს. უპირველეს ყოვლისა, წინასწარმეტყველი აცნობიერებს, რომ მოხმობილია, ისაუბროს ერთადერთი ღმრთის სახელით. ბიბლიური წინასწარმეტყველი უფრო კონკრეტულად ამგვარად შეგვიძლია დავახასიათოთ: ა) წინასწარმეტყველური უნარი და ინიციატივა ღმრთის გამორჩეული ქმედებებია; ბ) ისრაელი თავისი ღმრთის გამოცხადებას სიტყვის მეშვეობით იღებს, რომლის გავრცელებასაც წინასწარმეტყველები უზრუნველყოფენ; გ) გამოცხადება და მისი გადმოცემა მუდამ ისტორიაში ხდება; არც ერთი წინასწარმეტყველი არ განცალკევდება თანამედროვეთა სამყაროსაგან და არ წყვეტს თავის ხალხთან თაობათა მანძილზე დამყარებულ კავშირს; დ) ადამიანს არ შეუძლია უარი თქვას, როცა იგი წინასწარმეტყველადაა მოხმობილი.

წირვა ნ. მესა.

წირვის აღსასრულებელი შესაწირავი (Offerta per la celebrazione della messa) შესაწირავი, რომელსაც მორწმუნეები აძლევენ წირვის აღმსრულებელს, რათა წირვა მათი განზრახვის თანახმად აღსრულდეს, რითაც, აგრეთვე, ხელს უწყობენ ეკლესიის კეთილდღეობასა და, უმთავრესად, მღვდელმსახურის რჩენას (შდრ. CIC, კან. 946). ეს ტრადიციული, ეკლესიის მიერ მოწონებული და რელიგიური ღირებულების მქონე ჩვეულებაა. თუმცა, „წირვის შესაწირავი ყოველმხრივ უნდა იყოს დაშორებული ვაჭრობისა და მოლაპარაკების თუნდაც შორეულ მინიშნებას“ (CIC, კან. 947). წირვის აღმსრულებელი ან თანააღმსრულებელი ყოველი მღვდელმსახურისთვის ნებადართულია, მიიღოს შეთავაზებული შესაწირავი, რათა წირვა განსაზღვრული განზრახვის თანახმად აღასრულოს. ამავე დროს, მღვდელმსახურებმა წირვა უნდა წარმართონ მორწმუნეთა — განსაკუთრებით, ყველაზე ღარიბთა — განზრახვის თანახმად, ყოველგვარი შესაწირავის მიღების გარეშეც (CIC, კან. 945).

წირვის განზრახვა (Intenzione della messa) [ლათ. intentio, ნაწარმოებია სიტყვიდან intendere „სწრაფვა“] ნების შეგნებული აქტი (ინტენცია), რომელიც წირვის აღმსრულებელს მოეთხოვება. არსებობს განზრახვის შემდეგი სახეები: ა) წირვის აღსრულების განზრახვა, განპირობებული პიროვნების, როგორც ქრისტესა და ეკლესიის მსახურის, არსით; ბ) პიროვნების ნების შეგნებული აქტი, აღასრულოს წირვა ვინმეს ცალკეული განზრახვის თანახმად.

წმიდა ადგილები (Luoghi santi) რელიგიურ ტრადიციასთან ან მათი დამაარსებლის ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებთან დაკავშირებული ადგილები ან ძეგლები. ქრისტიანთათვის წმიდად მიიჩნევა ის ადგილები პალესტინაში, სადაც იესოს უცხოვრია და უმოღვაწია. ამჟამად ამ ადგილებზე აგებულია საღმრთო ნაგებობები, როგორებიცაა, მაგალითად, ბეთლემის შობის ბაზილიკა, საიდუმლო სერობის ტაძარი, გეთსემანიის ბაღი, წმიდა საფლავის ბაზილიკა და იერუსალემის გოლგოთას ბაზილიკა, ხარების ბაზილიკა ნაზარეთში და სხვა. ებრაელები წმიდა ადგილებად მიიჩნევდნენ გოდების კედელს, რომელიც ძველი ტაძრის ნანგრევს წარმოადგენს. მუსლიმთა წმიდა ადგილია ქააბა მექაში, ომარის მეჩეთი იერუსალემში და სხვ. ყველაზე მეტი წმიდა ადგილი უეჭველად იერუსალემშია თავმოყრილი, სადაც სამი მონოთეისტური რელიგიის - ებრაელობის, ქრისტიანობისა და ისლამის - ნიშნებია აღბეჭდილი. დროთა განმავლობაში წმიდა ადგილთა ფლობა და დაცვა არაერთხელ იყო კონფლიქტებისა და დაძაბულობის გამომწვევი მიზეზი არა მხოლოდ ებრაელებს, ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, არამედ თვით ქრისტიანთა შორისაც (ლათინური წესის კათოლიკეები, ბერძენი მართლმადიდებლები, სომხები, კოპტები, სირიელები). 1950 წელს გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციამ მოიწონა ყველა წმიდა ადგილის თავისუფლად მონახულებისა და იერუსალემის ინტერნაციონალიზაციის იდეა. წმიდა ადგილთა თავისუფალი მონახულების საკითხზე შეთანხმება ადვილად შედგა, თუმცა იერუსალემის ინტერნაციონალიზაციის წინადადება უარყვეს როგორც არაბებმა, ისე ებრაელებმა.

წმიდა გული (Sacro cuore) კათოლიკური თაყვანისცემის გამოხატულება, რომელიც აღნიშნავს ქრისტეს სიყვარულს ყველა ადამიანის მიმართ. შუა საუკუნეებში აღმოცენებული თაყვანისცემის ეს სახეობა გავრცელდა წმიდა იოანე ეუდესის (1601-1680) და, უმთავრესად, წმიდა მარგარიტა მარია ალაკოკის (1647-1690) დამსახურებით. ამ უკანასკნელმა, რამდენიმე ხილვის შემდეგ, ქრისტიანებს თვის პირველი პარასკევის წესის დაცვა ურჩია (იმქვეყნად კეთილად წასვლის უზრუნველსაყოფად მორწმუნე ცხრა თვის განმავლობაში ყოველი თვის პირველ პარასკევს უნდა ეზიაროს). 1856 წელს პაპმა პიუს IX-მ მთელი ეკლესიიასთვის დაადგინა იესოს წმიდა გულის დღესასწაული, რომელიც სული წმიდის გარდამოსვლის შემდეგ მესამე პარასკევს აღინიშნება.

წმიდა ზეთები (Oli santi) წმიდა ხუთშაბათს ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხი ეს ზეთები ცალკეულ საიდუმლოთა აღსრულებისას გამოიყენება. არსებობს სამი სახის წმიდა ზეთი: ა) კათაკმეველთა ზეთი; ბ) სნეულთა ზეთი; გ) მირონი. მირონს ნელსაცხებელს უმატებენ, სხვა ზეთები მხოლოდ ზეთისხილის ზეთისაგან შედგება.

წმიდათა თანაზიარება (Comunione dei santi) ტერმინს აქვს ორი მნიშვნელობა: წმიდა საგნებთან თანაზიარება და წმიდა პირთა შორის თანაზიარება (შდრ. CCC, 948). საბოლოო ჯამში, წმიდათა თანაზიარება თვით ეკლესიაა, სადაც ღმრთისმოსაობით ჩადენილი ყველაზე მცირე ქმედებაც კი სასიკეთო გამოძახილს იძენს ყველასათვის, სწორედ წმიდათა თანაზიარების სოლიდარობის ძალით და სადაც ყოველი ცოდვა ამ თანაზიარებისთვის ზიანის მომტანია (შდრ. CCC, 953). წმიდათა თანაზიარების კავშირი მოიცავს: მებრძოლ ეკლესიას (დედამიწაზე არსებული ყველა მლოცველი მორწმუნე, აგრეთვე, ცოდვილებიც, თუნდაც სრულად არ მონაწილეობდნენ მასში), განმწმედელ ეკლესიას (გარდაცვლილნი, რომლებიც განიწმიდებიან) და მოზეიმე ეკლესიას (ნეტარნი სამოთხეში).

წმიდათა წმიდა (Sancta Sanctorum) [ებრ. debhir] წმიდათა წმიდა, ანუ უწმიდესი ადგილი. აღნიშნავდა იერუსალემის ტაძრის ყველაზე შიდა და წმიდა ადგილს, სადაც აღთქმის კიდობანი ინახებოდა. უმაღლესი მღვდელმსახური იქ მხოლოდ წელიწადში ერთხელ, კიპურის დღესასწაულის დროს (ლევ. 16:2-9; ებრ. 9:7), შედიოდა.

წმიდა კარი (Porta santa) ჩაგმანული კარი რომის ოთხ მთავარ ბაზილიკაში (წმიდა პეტრე ვატიკანში, წმიდა იოანე ლატერანში, წმიდა პავლე გალავნის მიღმა, წმიდა მარიამი უდიდესი). ამ კარს შობის პირველი მწუხრის წინ გამართული მსახურების დროს აღებენ, რაც წმიდა წლის (ნ. იუბილე) დასაწყისს აღნიშნავს. მსახურების დასრულების შემდეგ კარს კვლავ ჩაგმანავენ. წმიდა პეტრეს ბაზილიკის წმიდა კარს პირადად პაპი აღებს, დანარჩენ ბაზილიკებში კი იმავე მსახურებას ლეგატი კარდინალები უძღვებიან.

წმიდა კვირა ნ. ვნების კვირა.

წმიდა მამა (Santo Padre) პაპის წოდება; აღნიშნავს მის, როგორც დედამიწაზე ქრისტეს წარმომადგენლის, ღირსებას; პონტიფექსი.

წმიდა მიწა (Terra Santa) ასე ეწოდება პალესტინას, რადგანაც იქ არის ადგილები (წმიდა ადგილები), სადაც იესოს მიწიერი ცხოვრების მოვლენები განვითარდა. ეს ადგილები თავიდანვე იყო ქრისტიანთა მომლოცველობის მიზანი. წმიდა მიწა ძვირფასია, ამასთანავე, ორი სხვა მონოთეისტური რელიგიისათვისაც: ებრაელობისა და ისლამისათვის.

წმიდანად შერაცხვა, კანონიზაცია (Canonnizzazione) [ბერძ. სიტყვიდან კანონíზეინ „კანონში ჩართვა“] აქტი, რომლითაც პაპი ადგენს, რომ ნეტარი წმიდათა კანონში უნდა მოექცეს და საყოველთაო ეკლესიის მიერ უნდა იქნეს პატივდებული. ბენედიქტე XIV-ის განსაზღვრების თანახმად, ესაა სიწმიდის უკანასკნელი და საბოლოო დადასტურება. მაშასადამე, კანონიზაცია ნეტარად შერაცხვის მომდევნო ნაბიჯია და, მის მსგავსად, შეიძლება იყოს ფორმალური ან თანაბარმნიშვნელოვანი, იმის მიხედვით, პირდაპირაა გამოცხადებული ეკლესიის მიერ ჩვეული პროცედურის ჩატარების შემდეგ თუ გვაქვს პაპის დეკრეტი, რომელიც სათნოებათა უხსოვარ კულტს ან მოწამეობას ადასტურებს. კანონიზაციის პროცესის დახვეწის მიზნით, 1969 წლის დეკრეტით „შანცტიტას ცლარიორ“ პავლე VI-მ კანონიკური სამართლით გათვალისწინებული ორი პროცედურა გააერთიანა. ამჟამად ეს პროცედურა სრულდება იმ ტერიტორიის ეპისკოპოსის წინაშე, სადაც გარდაიცვალა ხსენებული პიროვნება და საგამოძიებო კვლევის ხასიათს ატარებს: ტარდება წინასწარი გამოკვლევა და გროვდება დამადასტურებელი მასალები ქრისტიანული ცხოვრების სამაგალითო ხასიათის, მართლმორწმუნეობის, „საგმირო ხარისხის“ სათნოებათა თუ სავარაუდო მოწამეობის თაობაზე. მოკვლევის დასრულების შემდეგ შეკრებილი დოკუმენტები და მოწმობები გადაეცემა წმიდანთა საქმეების წმიდა კონგრეგაციას, რომელიც მასალის შესწავლის საფუძველზე ადგენს, საჭიროა თუ არა შემდგომ კვლევათა წარმოება თუ პროცესი დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.

წმიდანები/წმიდანთა კულტი (Santi/culto dei santi) [ლათ. sanctus (ნამყოს მიმღეობა ზმნისა sancire „დამტკიცება“, „წმიდად ყოფა“) „ურღვევი“, „ხელშეუხებელი“] ზოგადი მნიშვნელობით, წმიდანი ეწოდება ყველა იმ პირს, ვინც გულმოწყალებით საზრდოობს და ღმრთის მადლში ცხოვრობს და კვდება. განსაკუთრებულად კი ტერმინი მათ მიემართება, ვინც ეკლესიამ წმიდათა რიცხვს მიაკუთვნა ქრისტიანულ სათნოებათა გმირულად განცდის ან რწმენისათვის სიცოცხლის გაღებისათვის. ლიტურგიული წლის განმავლობაში ეკლესია პატივს მიაგებს მათ, ვინც ქრისტესთან ერთად იმყოფება დიდებაში, რათა მორწმუნეებს მათი მაგალითი დაუსახოს და ღმერთს წყალობა თხოვოს მათ დამსახურებათა გამო (შდრ. CCC, 1173).

წმიდა ოჯახი (Sacra Famiglia) აღნიშნავს ოჯახს ნაზარეთში (იოსები, მარიამი, იესო), სადაც იესომ დაახლოებით 30 წელი იცხოვრა. წმიდა ოჯახი ყოველი ქრისტიანული ოჯახისათვის სიყვარულისა და თანხმობის ნიმუშია. როგორც ლიტურგიული დღესასწაული, აღინიშნება შობის მომდევნო კვირადღეს.

წმიდა პეტრეს გროში (Obolo di san Pietro) [ბერძ. obolós „მცირე მონეტა“] წმიდა პეტრეს გროში (ეწოდებოდა denarius an census sancti Petri) მორწმუნეთა ნებაყოფლობითი შეწევნაა რომის პაპის - წმიდა პეტრეს მემკვიდრისადმი, რათა პაპს კათოლიკე ეკლესიის საჭიროებებზე ზრუნვის საშუალება მიეცეს. შუა საუკუნეებში ის წარმოადგენდა ყოველწლიურ გადასახადს წმიდა საყდრის სასარგებლოდ მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან (მაგ. ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი და სხვ.). დღევანდელი ფორმით წმიდა პეტრეს გროში, რომელიც უმთავრესად 29 ივნისს გროვდება მსოფლიოს ყველა დიოცეზში, 1859 წელს, პარიზში დამკვიდრდა თავად მონტალემბერის ინიციატივით შექმნილი denier de saint Pierre კათოლიკური კომიტეტის მეშვეობით და იქიდან გავრცელდა ჯერ ტურინსა და ვენაში, შემდეგ ევროპისა და ამერიკის ყველა ქვეყანაში და იმ ქვეყნებში, სადაც მისიონერული მოღვაწეობა ხორციელდება.

წმიდა საათი (Ora santa) წმიდა მარგარიტა ალაკოკის მიერ გავრცელებული იესოს წმიდა გულისადმი თაყვანისცემის სახეობა: იესო ქრისტეს ვნებასა და აგონიაზე მედიტაციასა და ლოცვაში გატარებული ერთი საათი.

წმიდა სამარხი (Santo Sepolcro) იოსებ არიმათიელის კუთვნილი ქვაბული, სადაც, ჯვარზე სიკვდილის შემდეგ, ზეწარში გახვეული ქრისტე დაკრძალეს (მათ. 27:59, შმდ.; მარკ. 15:42, შმდ., ლუკა 23:53; იოან. 19:38, შედ.)

წმიდა საფლავის რაინდები ნ. ტამპლიერები.

წმიდა საყდარი (Santa Sede/Sede apostolica) იურიდიული თვალსაზრისით, კათოლიკე ეკლესია ნებისმიერი ამქვეყნიური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი, სუვერენული და ავტონომიური საზოგადოებაა, ამიტომაც მისი უზენაესი ძალაუფლების - სულიერი ძალაუფლების აღსრულება რომის პონტიფექსს ევალება (რომის პრიმატი). გამომდინარე იქიდან, რომ ეს საზოგადოება მრავალმხრივი ხასიათისაა და საყოველთაოდაა გავრცელებული მსოფლიოში, რომის პონტიფექსს აუცილებლად ესაჭიროება დაქვემდებარებულ ორგანოთა ერთობლიობის დახმარება და თანამშრომლობა. სწორედ პაპს დაქვემდებარებულ ორგანოთა ეს მთლიანობა იწოდება წმიდა საყდრად. თუმცა, გამოთქმა „წმიდა საყდარი“ მოძღვრებასა და კანონიკურ სამართალში მოიხსენიება ისე, რომ მჭიდროდაა დაკავშირებული (ზოგჯერ კი ურთიერთშერწყმული, ზოგჯერაც — ერთმანეთთან ჩანაცვლებული) გამოთქმებთან: კათოლიკე ეკლესია, რომის პონტიფიკატი (პაპობა, რომის პრიმატი), ქალაქ ვატიკანის სახელმწიფო (ქალაქი-სახელმწიფო ვატიკანი). მაგრამ, კანონიკური სამართლის კოდექსის თანახმად, წმიდა საყდარი ორ გამოკვეთილ მნიშვნელობას მოიცავს: ერთი, ფართო და ზოგადი მოიცავს არა მხოლოდ რომის პაპს, არამედ, აგრეთვე, სახელმწიფო სამდივნოს და რომის კურიის სხვა უწყებებსაც, თუკი საკითხის ხასიათი ან კონტექსტი სხვაგვარ დასკვნას არ გვკარნახობს; მეორე, ვიწრო და საგანგებო მნიშვნელობა მოიცავს მხოლოდ რომის პაპს (უფრო სწორად, რომის პაპის თანამდებობას) (შდრ. CIC, კან. 361). როგორც ერთი, ისე მეორე მნიშვნელობით წმიდა საყდარი, როგორც უმაღლესი მმართველი ორგანო, განცალკევებულია როგორც ეკლესიისაგან, ისე ქალაქ ვატიკანის სახელმწიფოსაგან, როგორც თავი სხეულისაგან: პირველ შემთხვევაში იგი მისტიკური, მეორე შემთხვევაში კი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მეთაურია. თუმცა, თუკი კანონიკურ მოწყობასთან მიმართებაში ცნება მკაფიოდაა განსაზღვრული, ასე არაა საერთაშორისო მოწყობასთან მიმართებაში. წმიდა საყდარი, ამასთანავე, განცალკევდება რომის კურიისაგან, როგორც მთლიანი თავისი ერთი ნაწილისაგან.

წმიდა საყდრის/ვატიკანის პრესკონფერენციათა დარბაზი (Sala Stampa della Santa Sede/Sala Stampa Vaticana) დაარსდა 1966 წელს, როგორც ვატიკანის II კრების საინფორმაციო საშუალება და დაიწყო ფუნქციონირება პაპის საზოგადოებრივ კომუნიკაციათა კომისიის ზედამხედველობით. იოანე პავლე II-ის მიერ დამტკიცებული და სახელმწიფო სამდივნოს 1986 წლის 28 მაისის წერილში გამოქვეყნებული ახალი დირექტივების თანახმად, „ეს არის წმიდა საყდრის უწყება, რომლის მოვალეობაა უმაღლესი პონტიფექსის აქტებთან და წმიდა საყდრის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება“. ამიტომაც, „მუშაობისას ის, ოსერვატორე რომანოს, ვატიკანის რადიოსა და ვატიკანის ტელევიზიის მსგავსად, სარგებლობს სამოქმედო ავტონომიით“. რომის კურიის შესახებ სამოციქულო დადგენილების Pastor bonus (1988 წლის 28 ივნისი) 43-ე მუხლში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ პრესკონფერენციათა დარბაზი არის სახელმწიფო სამდივნოს პირველ სექციას დაქვემდებარებული „საგანგებო უწყება“, რომელიც აქვეყნებს და ავრცელებს „ოფიციალურ შეტყობინებებს როგორც უმაღლესი პონტიფექსის აქტებთან, ისე წმიდა საყდრის საქმიანობასთან დაკავშირებით“.

წმიდა ტილო (Corporale) გახამებული სელის ქსოვილის კვადრატული ნაჭერი, რომელზეც წირვის დროს ფეშხუმი და ბარძიმი იდგმება. პირველ საუკუნეებში საკურთხეველზე გადასაფარებელს არ აფარებდნენ და მხოლოდ წირვის დროს, შეწირულობის წინ, დიაკვნები აფენდნენ სელის ქსოვილის ნაჭერს მასზე მსხვერპლშეწირვისთვის განკუთვნილი პურისა და ღვინის დასადგმელად, ქსოვილის კიდეს კი ბარძიმს აფარებდნენ. მას შემდეგ, რაც საკურთხევლის გადასაფარებლით შემკობის ჩვევა დამკვიდრდა წმიდა ტილოს ზომა შემცირდა და უკვე შუა საუკუნეებიდან მას დღევანდელი ფორმა აქვს. ბარძიმს იმხანად სხვა მცირე ზომის წმიდა ტილოს აფარებდნენ, რომელსაც „პალა“ ეწოდებოდა.

წმიდა უმანკონი (Innocenti, santi) ორ წლამდე ასაკის ბეთლემელი ყმაწვილები, რომლებიც ჰეროდემ დაახოცვინა იესოს მოსპობის მიზნით (მათ. 2:1, შმდ.). ლიტურგიაში მათი მოხსენიების დღე შობის პერიოდში, 28 დეკემბერს აღინიშნება.

წმიდა ურსულას ორდენი (Orsoline; La Compagnia delle dimesse di sant'Orsola) (Ordo santae Ursulae) ორგანიზაცია 1535 წელს ბრეშაში ანჯელა მერიჩიმ (1474-1540, კანონიზებულია 1807 წელს) დააარსა. თავდაპირველად მასში გაერთიანდნენ მხოლოდ საერო ქალები, რომლებიც, ამავე დროს, განაგრძობდნენ ოჯახებში ცხოვრებას და უმთავრესად გოგონების აღზრდით იყვნენ დაკავებულნი. 1544 წელს პავლე III-მ დაამტკიცა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „წმიდა ურსულას საძმო“. უმთავრესად ჩრდილოეთ იტალიაში, ხოლო მოგვიანებით სხვა ქვეყნებშიც, აღმოცენდა წმიდა ურსულას სახელობის მრავალი საზოგადოება, თითოეული მათგანი - საკუთარი წესით. საფრანგეთში რევოლუციის პერიოდში გაუქმებული წმიდა ურსულას საზოგადოებებები XIX საუკუნეში ხელახლა აღმოცენდა გერმანიაში. 1900 წელს ლეონ XIII-ის დასტურით წმიდა ურსულას ყველა საზოგადოება „რომის კავშირში“ გაერთიანდა.

წმიდა უწყება (Sant'Uffizio) ნ. სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაცია.

წმიდა ქვა (Pietra sacra) საკურთხევლის ცენტრში მოთავსებული კვადრატული ან მართკუთხა ფორმის ქვა. ის ეპისკოპოსის მიერაა ნაკურთხი და მოწამის რელიკვიას შეიცავს.

წმიდაყოფა (Consacrazione) [მომდინარეობს ლათ. სიტყვიდან consecrare (cum+sacer-ის ნაწარმოები ფორმა) „კურთხევა“] აღნიშნავს პიროვნების, საგნის ან რამე ადგილის საეროდან ღმრთაებრივის სფეროში გადასვლას წესის მეშვეობით, რის შედეგადაც ის სამუდამოდ ღმრთის ან კულტის მსახურებას ეძღვნება. კურთხევა იყო და არის წარმოდგენილი, აგრეთვე, მრავალ სხვა რელიგიაშიც. მაგალითად, ებრაულ რელიგიაში მიღებული იყო „ცხებით“ მეფეთა, ტაძრის საკურთხეველთა, და, ბაბილონიდან გაძევების შემდეგ, უმაღლესი მღვდელმსახურისა და ყველა მღვდელმსახურის წმიდაყოფა. კათოლიკე ეკლესიაში მიღებულია ეპისკოპოსთა, ქალწულთა, ეკლესიათა, საკურთხეველთა და ა.შ. კურთხევა. ევქარისტიულ ლიტურგიაში კურთხევა წარმოადგენს ცენტრალურ მოვლენას, როდესაც პური და ღვინო ქრისტეს სხეულად და სისხლად გადაიქცევა.

წმიდა წყლის ჭურჭელი (Acquasantiera) ნაკურთხი წყლისათვის განკუთვნილი ჭურჭელი. მოთავსებულია ეკლესიის შესასვლელთან ახლოს მდგომ სვეტზე ან უშუალოდ კედელზე, ჩვეულებრივ პატარა აბაზანის ან ნიჟარის ფორმისაა. მორწმუნეები მასში ისველებენ ხელს და შემდეგ პირჯვარს იწერენ. წმიდა წყლის გადასატანი ჭურჭელი სახელურითა და უსუპით აღჭურვილი ლითონის პატარა ვედროა.

წმიდა ჭურჭელნი (Vasi sacri) ასე ეწოდება ჭურჭელს, რომელსაც საიდუმლოთა აღნიშვნისა და წმიდა ნაწილების შესანახად იყენებენ. ესენია: ბარძიმი, ფეშხუმი, სანაწილე, მონსტრანცია, ლუნეტა, წმიდა ზეთების სათავსი ჭურჭელი.

წმიდა ხუთშაბათი (Giovedì santo) წმიდა კვირის ხუთშაბათი დღე, მისით იწყება სააღდგომო სამდღეური. ამ დღეს აღსრულდება უფლის სერობის საღამოს წირვა, - მოწაფეებთან ერთად იესოს უკანასკნელი სერობის, ევქარისტიისა და მღვდელმსახურების დაარსებისა და ფეხთბანვით გამოხატული სიყვარულის უწინარესობის დამკვიდრების მოსახსენიებლად. წირვის შედეგ მთავარ საკურთხეველს გადასაფარებელს მოაშორებენ, ვნებისას იესოს მიერ განცდილი მარტოობისა და მიტოვების ნიშნად, ხოლო საკურთხეველზე შუაღამემდე საზეიმოდაა გამოფენილი წმიდა ევქარისტია, მორწმუნეთა სალოცავად და სათაყვანებლად.

წყალი (Acqua) [ლათ. aqua] საწყისი ბუნებრივი ელემენტი დადებითი (დაბადება, განახლება) და უარყოფითი (სიკვდილი, გაწმედა) თვისებებით, რომლებსაც ვხვდებით საღმრთო წერილში, ნათლობის ლიტურგიასა და პკურებისა და გაწმედის სხვადასხვა წესში.

წყალი, ნაკურთხი ნ. ნაკურთხი წყალი.

წყალი, გრიგოლისა ნ. გრიგოლის წყალი.

წყარო Q (Fonte Q) [გერმ. Quelle „წყარო“] შემდგომში დაკარგული კრებული, რომელიც უმთავრესად იესოს სიტყვებსა და საუბრებს შეიცავდა. ამ კრებულით, ისევე, როგორც მარკოზის ნაწერებითა და სხვა სავარაუდო წყაროებით, სარგებლობდნენ მათე და ლუკა თავიანთი სახარებების შედგენის დროს.

წყევლა (Maledizione) [ლათ. maledictio „ცუდის თქმა“] კურთხევის საპირისპირო ცნება. ესაა სხვათათვის ავის, აუგის, ცუდი ბედის ან სამუდამო შეჩვენების სურვილი. წყევლა-კრულვა მუდამ ბოროტებითა და მრისხანებით გამოწვეული დაბრმავების შედეგია. ძველი აღთქმის ბიბლიურ ენაზე ეს ღმრთის რისხვის ამსახველი წყევლის სიტყვებია (დაბ.12:3;): გველის დაწყევლა (დაბ. 3:14), კაენის დაწყევლა (დაბ. 4:11), ქამის დაწყევლა (დაბ. 9:25). ახალ აღთქმაში წყევლა-შეჩვენებას დაძლევს სიყვარულის კანონი, რომელსაც იესო ნეტარებათა ჩამოთვლისას აცხადებს: „აკურთხებდეთ თქვენს მაწყევართ“ (ლუკ. 6:28).

წყლის ჭურჭელი, წმიდა ნ. წმიდა წყლის ჭურჭელი.

31

▲back to top


ჭვრეტა (Contemplazione) [ლათ. სიტყვიდან contemplatio] ეტიმოლოგიურად ნიშნავს „დიდხანს ღრმა აღტაცებითა და დაფიქრებით ცქერას“. ბერძნული აზროვნება ჭვრეტას ადამიანის ყველაზე ამაღლებულ აქტივობას უწოდებდა და, როგორც ინტელექტუალურ შემეცნებას (theoría), მოქმედებას (práxis) უპირისპირებდა. ქრისტიანულ სამყაროში, წმიდა იოანე ჯვრისამ ჭვრეტას უწოდა „სიყვარულის მეცნიერება, ანუ ღმრთის თანდაყოლილი და სიყვარულით აღსავსე შეცნობა, რომელიც ერთსა და იმავე დროს ასხივოსნებს და სიყვარულში აფლობს სულს და საფეხურიდან საფეხურზე გადანაცვლებით ის მის შემოქმედ ღმერთამდე აჰყავს“ (ბნელი ღამე, II, 18). ჭვრეტა, როგორც გონებრივი არასასაუბრო ვედრება, ლოცვის მწვერვალია. ვატიკანის II კრება განმარტავს მას, როგორც „ღმრთისადმი გულითა და გონებით მინდობას“ (PC, 5), მსგავსს „მთელი არსებით ღმერთთან მირქმისა“ (GS).

32

▲back to top


ხალიფა (Califfo) [არაბ. khalifa „მემკვიდრე“] აღნიშნავს მუჰამადის მემკვიდრესა და მოადგილეს. ხალიფას, რომლის როლი შუა საუკუნეთა ქრისტიანულ სამყაროში იმპერატორის როლს შეიძლება შევადაროთ, ჰქონდა აღმასრულებელი და სასამართლო ძალაუფლება, თუმცა არა საკანონმდებლო, რადგან ერთადერთი კანონმდებელი მარტო ალაჰია. როგორც მუჰამადის მემკვიდრეს, ხალიფას მხოლოდ წინასწარმეტყველური მემკვიდრეობის დაცვა ევალებოდა, რადგანაც გამოცხადება მუჰამადის დროს დამთავრდა. პირველი ოთხი ხალიფა საზოგადოების გამოჩენილ პირთა შორის არჩევნების გზით დაასახელეს, შემდეგ კი ხალიფის წოდება მემკვიდრეობით გადაეცემოდა. ხალიფების არსებობა აბასიანთა დინასტიის დროს შეწყდა (1258). ოსმალთა მომდევნო სახალიფოს (1517-1924) მხოლოდ იურიდიული დანიშნულება ჰქონდა.

ხარება (Annunciazione) [ლათინ. adnuntiatio „უწყება, შეტყობინება“] ღმრთის განკაცების საიდუმლოების საზეიმო ხარება ქალწულ მარიამის მიმართ მთავარანგელოს გაბრიელის მიერ ნაზარეთში (ლუკ. 1:26-38). ესაა მარიამისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი პირველი დღესასწაული. „სააღდგომო მატიანე“ (VII ს.-ის პირველი ნახევარი) ახსენიებს ხარებას როგორც საეკლესიო კალენდარში დიდი ხნის წინათ დამკვიდრებულ დღესასწაულს. ეკლესია ხარებას 25 მარტს აღნიშნავს.

ხასიდობა (Chassidismo) [ებრ. chasîd „სათნო“] ტერმინი აღნიშნავს სხვადასხვა ხასიათისა და პერიოდის ცალკეულ მისტიკურ მიმდინარეობებს იუდაიზმში, თუმცა, ჩვეულებრივ, ასე ეწოდება განახლების ებრაულ სახალხო მოძრაობას, რომელიც XVIII საუკუნის შუა წლებში პოლონეთში ისრაელ ბენ ელიეზერმა (†1760) დააფუძნა, მცირე ხანში კი ის გალიციასა და უკრაინაშიც გავრცელდა. ხასიდობის შუაგულია ხასიდი რაბინი (zaddiq „მართალი, წმიდა“), რომელიც მოძღვრავს სათნოთ, ცოდვილნი კი ღმერთთან ერთიანობისკენ მიჰყავს. ხასიდობას ახასიათებს ღმრთისადმი ერთგულება ნებისმიერ, მათ შორის არასასულიერო ქმედებაში. ეს დამოკიდებულება უმთავრესად ლოცვით, სიმღერითა და ექსტაზური ცეკვით გადმოიცემა, რაც ასკეტიზმისა და სამყაროსგან გაქცევისადმი დაპირისპირება და მართებული განზრახვისა და გულითადი სიხარულის გამოხატულებაა. ხასიდობა ცალკეულ საკრებულოებად ჩამოყალიბდა, რომელთა ცენტრსაც ცადიქის სახლი წარმოადგენდა, მთავარ რიტუალურ ღონისძიებას კი - შაბათის „მესამე ტრაპეზი“, რომელიც ხშირად ცეკვისა და სიმღერის თანხლებით იმართებოდა. ამ სიმღერათაგან სახელი გაითქვა ნიგუნმა, უსიტყვო გალობამ, რომელსაც ცადიქი ასრულებდა. XVIII საუკუნის ბოლოსთვის ხასიდობას, რომელმაც განსაკუთრებულ ლიტერატურულ ჟანრს მისცა დასაბამი (ესაა „ამბავი“, ანუ მოკლე მოთხრობა), ებრაული ხელისუფალნი დაუპირისპირდნენ და სამჯერ დაგმეს ის. ამის მიუხედავად, მოძრაობამ შეძლო არსებობის გაგრძელება, თუმცა გადაგვარდა, როდესაც ცადიქის თანამდებობა მემკვიდრეობითი გახდა და ცადიქის კულტი ჩამოყალიბდა. დღეს არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, შვეიცარიასა და ინგლისში. ნეოხასიდობის წარმომადგენლებად მიიჩნევიან მოაზროვნეები მ. ბუბერი და ა. ჯ. ჰეშელი.

ხატი (Icona) [ბერძ. eikón „ხატება“] საღმრთო ჟანრის ფერწერული ნამუშევარი, ხშირად გადასატანი, შესრულებული ხის დაფებზე განსაკუთრებული ტექნიკით, რომელიც აღმოსავლეთში საუკუნეთა მანძილზე გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ხატის თეოლოგია იწყება განკაცების საიდუმლოების ჭვრეტით, რომელიც კოლოსელთა მიმართ წერილშია გამოხატული: „ქრისტე არის უხილავი ღმრთის ხატება“ (1:15) და, საბოლოოდ, ხილულ თეოლოგიად, თეოფანიად ყალიბდება: „იმას, რასაც სახარება სიტყვით გვიცხადებს, ხატი ფერთა მეშვეობით გადმოგვცემს და ჩვენთვის ცხადყოფს“. მაშასადამე, ხატი მიჩნეულია ღმრთაებრივის გამოვლინებად, გამოსახულების მეშვეობით გადმოცემული მადლის თანასწრებად. ეს განაპირობებს ხატთა მიმართ განსაკუთრებულ მოწიწებას ლიტურგიაში, მართლმადიდებელ ტრადიციაში, კერძო სახლებში, სადაც ხატები საპატიო ადგილასაა მოთავსებული. სახელგანთქმულია ათონის მთის მონასტრის ხატები, ძველი და ძვირფასი ხატები ინახება იტალიაშიც, ასეთებია, მაგალითად, წმიდა მარიამის ხატები, დაცული რომის ტაძრებში: ტრასტევერეს წმიდა მარიამის ბაზილიკასა და არაკელის წმიდა მარიამის ბაზილიკაში.

ხატმებრძოლეობა (Iconoclastia) [ბერძ. eikón „ხატება“+klãn „დამტვრევა“: „ხატების განადგურება“] ტერმინი აღნიშნავს მოძრაობას (როგორც რელიგიურს, ისე პოლიტიკურს), რომელიც გმობს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და ხატებით სარგებლობას. მოძრაობა VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიის იმპერიაში ჩამოყალიბდა. 725 წელს ხატების თაყვანისცემის აკრძალვისა და მათი განადგურების ბრძანება გამოსცა იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა. ამის მიზეზი გახდა ქრისტიანთა ერთი ნაწილის მხრიდან ხატების თაყვანისცემის მიმართ გამოვლენილი გადაჭარბებული ფანატიზმი, მანიქეველობის გავლენა იმპერატორზე, რომელიც მისი აღზრდის შედეგი იყო და ებრაელთა და მუსლიმთაგან წამოსული ბრალდებები კერპთაყვანისმცემლობის გამო. ხატმებრძოლეობა, როგორც ერესი, ნიკეის II კრებამ დაგმო (787), თუმცა მრავალი დევნის მიზეზად ქცეული ამ მიმდინარეობის დაძლევა მხოლოდ უფრო გვიან მოხერხდა, რის შემდეგაც წმიდა ხატების თაყვანისცემა ისევ აღდგა.

ხატმოწინააღმდეგე (Iconomaco) [ბერძ. eikón „ხატება“+(ფუძე ზმნისა) mákhomai „ბრძოლა“, „შებრძოლება“] ის, ვინც ხატებთან ბრძოლის პერიოდში იღებდა და იწონებდა ხატების გამოყენებას, მაგრამ ებრძოდა მათთან დაკავშირებულ რელიგიურ თაყვანისცემას. მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი ხატებთან მებრძოლი ხატმოწინააღმდეგეც იყო, თუმცა საპირისპიროს მტკიცება მართებული არაა.

ხატმსახურება (Iconolatria) [ბერძ. eikón „ხატება“+latréuein „მსახურება“, „თაყვანისცემა“] გამოსახულებათა თუ სიმბოლოთა კერპთაყვანისმცემლური თაყვანისცემა.

ხელდასხმა (Imposizione delle mani) [ლათ. impositio manuum] ადამიანებსა თუ საგნებზე ხელთა გაწვდის უძველესი რიტუალური ჟესტი, რომლის მეშვეობითაც მათ მადლი ან ძალაუფლება ენიჭებათ. იესო მიმართავდა მას განკურნებისთვის (მარკ. 6:5) და საკურთხებლად (მარკ. 10:16), მოციქულები - საეკლესიო მსახურების (საქმ. 6:1-6) და სული წმიდის გადასაცემად (საქმ. 8:15). ლიტურგიაში ხელდასხმა არსებითი ელემენტია მღვდლობისა და მირონცხების საიდუმლოთა აღსრულებისას.

ხელთბანვა ნ. Lavabo.

ხელთუქმნელი (Acheropita) [ბერძ. acheiropóietos „ხელთუქმნელი“] ეწოდება წმიდა ხატებს, რომლებიც ადამიანის ხელით არაა შექმნილი. მათ შორის ყველაზე ცნობილია მანდილიონი („ხელსახოცი“) - პირველი საუკუნეებიდან ედესაში დაცული ქრისტეს ხატი. უძველესი სირიული ტრადიციის თანახმად, ქრისტემ თავად გაუგზავნა ეს ტილო - ტეტრადიპლონი (ოთხჯერ ორმაგი) ედესის მეფეს აბგარს (ავგაროზს).

ხელმანდილი (Purificatoio) [შუასაუკუნეობრივი ლათ. purificatorium] ქსოვილის ნაჭერი, რომლითაც ღმრთისმსახური იმშრალებს ტუჩებს, თითებს და ამშრალებს ბარძიმს ზიარების შემდეგ.

ხელმწიფებანი (Potestà) [ლათ. potestas, ნაწარმოებია სიტყვიდან პოტის „შემძლე“, „შეძლების მქონე“] ფსევდოდიონისეს თანახმად, ანგელოსთა იერარქიაში ხელმწიფებანი მეორე იერარქიის მესამე დასს შეადგენენ.

ხილვა (Visione) [ლათ. visio „ხილვა“, „ნახვა“] მკაფიოდ აღბეჭდილ ხატებათა ჩაფიქრებული ან სპონტანური ხილვა; არ გულისხმობს აუცილებლად გარეგანი შეგრძნების აღქმას. აღინიშნება ნათელხილვის, ექსტაზის მდგომარეობაში. ძველსა და ახალ აღთქმაში, წმიდანებისა და მისტიკოსების ცხოვრებათა აღწერებში გამაფრთხილებელი ხილვების მრავალრიცხოვანი მაგალითია მოცემული. ავთენტიკური ხილვები ადამიანს მთლიანად მოიცავს და აღავსებს. ხილვებამდე და მათ შემდეგ ადამიანი აბსოლუტურად ნორმალურია, ხილვის მომენტში კი მისი ცნობიერება სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაშია, რომელიც, ამავე დროს, არაფრით ჰგავს შეშლილობის ან პათოლოგიურ ხილვათა მდგომარეობას, რაც ძირითადად რელიგიურობისა და ეროტიზმის ნაზავსა და ბუნდოვან ხატებებში გამოიხატება. ამიტომაც თითოეულ შემთხვევაში საჭიროა ზედმიწევნით გარკვევა, ავთენტიკურ ხილვაზეა საუბარი, პათოლოგიურზე თუ მოჩვენებითზე.

ხილვა, ნეტარი ნ. ნეტარი ხილვა.

ხილიაზმი (Chiliasmo) [ბერძ. chílioi „ათასი“] ეწოდება, აგრეთვე, მილენარიზმი და აღნიშნავს დედამიწაზე ათასწლოვანი მეფობის მოლოდინს - ნეტარების საუფლოს, რომელიც ზოგჯერ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელ გარდამავალ მდგომარეობად, ხანდახან კი აბსოლუტურ და საბოლოო ნეტარებად მიიჩნევა (შდრ. გამოცხ. 20:1-6).

ხორცშესხმა (განკაცება, გახორციელება) (Incarnazione) [ლათ. incarnatio, თარგმანი ბერძნული სიტყვისა ensárcosis „ხორციელება“] აღნიშნავს, რომ იესო ქრისტემ, წმიდა სამების მეორე პირმა, ხორციელი ბუნება მიიღო, ადამიანის სხეულითა და სამშვინველით. ეს ტერმინი წმიდა იოანეს პროლოგიდან აღებული ფრაზისაგან იღებს დასაბამს: „სიტყვა ხორცი იქმნა“ (იოან. 1:14). ქრისტიანობის ადრეული ხანიდან მოყოლებული, მოძღვრება ხორცშესხმის შესახებ მრავალმა ერეტიკულმა მოძრაობამ დააყენა ეჭვქვეშ (. დოკეტიზმი; არიანელობა; ნესტორიანელობა; მონოფიზიტობა). ეკლესიამ ის ნიკეის (325), ეფესოს (431), ქალკედონის (451) კრებებზე დაიცვა და განაცხადა, რომ იესო არის ღმრთის ძე, ერთი პიროვნება, რომელსაც აქვს ორი ბუნება - ღმრთაებრივი და ადამიანური; იგი მამა ღმრთის ერთარსია ღმრთაებრიობით და ადამიანთა ერთარსია ადამიანურობით. ეს ორი ბუნება არც ერთმანეთშია არეული, არც გაყოფილი, არც განცალკევებული.

ხსნა (Redenzione) [ლათ. redemptio „გამოსყიდვა“] ტერმინი აღნიშნავს კაცობრიობის ხსნას ცოდვის მონობიდან, ქრისტიანული მოძღვრებისა და რწმენის თანახმად, იესო ქრისტეს მიერ, რომელიც განკაცდა და ადამიანის ნაცვლად შეეწირა მამა ღმერთს სამსხვერპლო ზვარაკად. კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს თანახმად, „ქრისტეს მთელი ცხოვრება ხსნის საიდუმლოებაა. ხსნა უმთავრესად, ჯვარზე დაღვრილი სისხლის ნაყოფია“ (CCC, 517; შდრ. ასევე, 601). სული წმიდის შეწევნით ეკლესია განაგრძობს ქრისტეს მხსნელ ქმედებას. უფრო ფართო მნიშვნელობით, ხსნის ცნება იმ კონცეფციებს მიემართება, რომლებიც სხვადასხვა რელიგიებში ბოროტების, სიკვდილის, ბედისწერისაგან ადამიანის გათავისუფლებას უკავშირდება.

ხსნის არმია (Esercito della Salvezza, Salvation Army) სამხედრო ტიპის სტრუქტურის მქონე პროტესტანტული მიმართულების ქრისტიანული ასოციაცია, რომელიც ქრისტიანობის გავრცელებასა და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებას ემსახურება. ის 1878 წელს მეთოდისტმა უ. ბუტმა (†1912) დააარსა; ხსნის არმია ჩაენაცვლა იმავე ბუტის მიერ 1865 წელს ლონდონში დაარსებულ ორგანიზაციას Christian Revival Association. ხსნის არმიის წევრებმა, რომლებიც სახასიათო სამხედრო ფორმას ატარებენ და აწყობენ ღონისძიებებს ღია ცის ქვეშ სიმღერისა და მუსიკალური ორკესტრების მონაწილეობით, დააფუძნეს სოციალური ინსტიტუტები ყველაზე უპოვართათვის, რისი წყალობითაც თანამედროვე დიდ ქალაქთა ღატაკ რაიონებში მათ მიმართ საკმაოდ შემწყნარებლური დამოკიდებულება აღინიშნება. ხსნის არმიის წევრები მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობენ.

ხსნის განგებულება (Economia salvifica) [ბერძნ. oikonomía (oikos „სახლი“ და nómos „წესი“) „მართვა“, „დაგეგმარება“+ნაწარმოები ფორმა სიტყვისა „ხსნა“] აღნიშნავს ღმრთის მიერ დასახულ ხსნის ჩანაფიქრს, განხორციელებულსა და გამოცხადებულს ისტორიის მთლიან მსვლელობაში. ამ ჩანაფიქრის მთავარი ბირთვი და მწვერვალი ქრისტეა (შდრ. ეფეს. 1:3-14). ვატიკანის II კრება აცხადებს: „მოეწონა ღმერთს სიკეთითა და სიბრძნით თავის გამოვლენა და თავისი ნების საიდუმლოების გამჟღავნება (შდრ. ეფეს. 1:9); ამ ნების წყალობით, ადამიანები ქრისტეს - განკაცებული სიტყვის - მეშვეობით, სული წმიდაში იღებენ ღმერთთან მიახლოების საშუალებას და ღმრთაებრივ ბუნებაში მონაწილეობას“ (DV, 2). ნ. მაცხოვარი; ხსნა.

ხსნის ისტორია (Storia della salvezza) ძველსა და ახალ აღთქმაში დადასტურებული ებრაულ-ქრისტიანული აზროვნებისათვის დამახასიათებელია ისტორიის დანახვა ხსნის ადგილად. მართლაც, საღმრთო წერილი, პირველ რიგში, წარმოგვიდგება არა ობიექტურ, დროისგარე ჭეშმარიტებათა და უცვლელ კანონთა გადმოცემად, არამედ კონკრეტული ისტორიული მოვლენების თანმიმდევრობად, რომელთაც უკავშირდება და რომლებშიც ხორციელდება ღმრთის ქმედება. ამ თვალსაზრისით, ძველ აღთქმაში უმთავრესი მნიშვნელობისაა ისრაელის ხალხის ეგვიპტედან წასვლა (გამოსვლა) და აღთქმა სინაის მთაზე, ახალ აღთქმაში კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იესო ქრისტეს პიროვნება: სწორედ მასში პოვებს თავის მწვერვალს ხსნის ისტორია. იესოს სიტყვებით, მისი ქმედებებით, და, უმთავრესად, მისი მკვდრეთით აღდგომით დაედო საფუძველი ღმრთის სასუფეველს, რომელიც ჯერ არ აღსრულებულა. დრო იესოს მკვდრეთით აღდგომიდან ღმრთის სასუფევლის აღსრულებამდე ეკლესიის დროა. ამ თვალსაზრისით, იესო დროის ცენტრშია: იგია ისტორიის შუაგული და ღერძი. ის, რაც მანამდე იყო, მისი მეშვეობით იძენს მნიშვნელობას, ხოლო მისი შემდგომი მოვლენები კი მისი ქმედებისა და მკვდრეთით აღდგომის აღსრულებაა. მიუხედავად იმისა, რომ აღსრულება ჯერ არ დამდგარა, იესოში პრინციპულად უკვე დაედო დასაბამი იმას, რასაც სამყარო ჯერ ისევ მოელის. დასასრულს აღსრულდება ის, რაც ისტორიის ერთ მომენტში - იესოს მკვდრეთით აღდგომაში - იქნა წინასწარ გაცხადებული. ამგვარად, ცხადია, აგრეთვე, ის ფაქტი, რომ ღმერთი მთელი ისტორიის უფალია და რომ საბოლოოდ სამყაროს ხსნა და ისტორია ერთმანეთს ემთხვევა. ნ. მაცხოვარი; ხსნა.

ხუთწიგნეული (Pentateutico) [ბერძ. pentáteukhos (სიტყვიდან penta „ხუთი“+téukhos „წიგნების შესანახი ბუდე“)] ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის სახელწოდება (დაბადება, გამოსვლა, ლევიანელთა, რიცხვნი, მეორე რჯული). ტრადიცია მათ ავტორობას მოსეს მიაწერს, მაგრამ, სწავლულთა აზრით, ამ წიგნების წარმომავლობა იაჰვისტური, ელოჰისტური, სამღვდელმსახურო და მეორე რჯულის ოთხ სხვადასხვა წყაროს უკავშირდება.

ხუცესი (მღვდელი, პრესბიტერი) (Presbitero) [ბერძ. presbýteros (შედარებითი ხარისხი სიტყვისა présbys „მხცოვანი“, „(უ)ხუცესი“, შემდეგ ლათ. presbyter] პირი, რომელმაც ეპისკოპოსისაგან მიიღო ხელდასხმა და თანამშრომლობს მასთან საღმრთო მსახურებასა და მორწმუნეთა ხსნის საქმეში. პირველ ქრისტიანულ საკრებულოებში მღვდელმსახურები ამ საკრებულოთა მართვაზე იყვნენ პასუხისმგებლები. II საუკუნის დასაწყისში მცირე აზიაში მღვდელმსახურები ერთ მთლიანობას წარმოადგენენ (პრესბიტერიუმი), ექვემდებარებიან ეპისკოპოსს, რომელსაც ეხმარებიან და მრჩევლობას უწევენ. ისინი ეპისკოპოსთან ერთად აღასრულებენ ევქარისტიას, მასთან ერთად მონაწილეობენ ხელდასხმის წესში (წმიდა იპოლიტე, Traditio apostolica, 8), ნათლავენ (ტერტულიანე, De Baptismo, 17), ასრულებენ სნეულთა ცხების საიდუმლოს (იაკ. 5:14), დასასრულ, ასრულებენ კატეხეტთა და მოძღვართა ფუნქციას (1 ტიმ. 5:17). ნ. მღვდელი.

ხუცესობა (Presbiterato) [ლათ. presbyteratus (სიტყვიდან presbyter „(უ)ხუცესი“)] მღვდლობის მეორე ხარისხი. ნ. სამღვდელოება.

33

▲back to top


ჯადოქარი (Stregone) [სიტყვიდან strega, ნ. ჯადოქარი ქალი] მრავალ, განსაკუთრებით, პრიმიტიულ, კულტურაში თემის გარეთ მცხოვრებ ცალკეულ მამაკაცებს (რომელთაც ამ სახელით მოიხსენიებენ) ზებუნებრივი უნარების მატარებლებად მიიჩნევენ და სწამთ, რომ მათ ძალუძთ: ბუნების საიდუმლოებათა ცოდნა (ძირითადად დაკავშირებული ზეციურ სხეულთა მოძრაობასთან და სამკურნალო და მაგიური თვისებების მქონე მცენარეებთან), გარდაცვლილთა სულებთან ან დემონებთან კონტაქტის დამყარების უნარი, ოფიციალურ კულტს მიღმა მყოფ განსაკუთრებულ რიტუალთა ცოდნა (მაგალითად, სასიყვარულო შელოცვები). ცრურწმენათა თანახმად, ამ ადამიანებს უნარი შესწევთ, მაგიურ საშუალებათა დახმარებით დადებითად ან უარყოფითად იმოქმედონ თემზე. შდრ. ჯადოქარი ქალი.

ჯადოქარი ქალი (Strega) [ლათ. striga, ნაწარმოებია სიტყვიდან strix „ღამის ფრინველი“, „ბუ“] ქალი, რომელსაც ჯადოქრობის მიმდევრად მიიჩნევენ. ხალხში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მას ურთიერთობა აქვს დემონთან, ვისგანაც იღებს მაგიურ და ბოროტ ძალას. სწორედ ამ მიზეზით ევროპაში გვიან შუა საუკუნეებში (1500-1600) ჯადოქრებზე ნადირობის სახალხო კამპანია გაჩაღდა, რომელსაც ათასობით ქალი ემსხვერპლა.

ჯადოქრობა (Divinazione) [ლათ. სიტყვიდან divinatio, რომელიც ნაწარმოებია სიტყვიდან divinus „შთაგონებული“, „წინასწარმეტყველური“] მომავლის წინასწარ ამოცნობის პრეტენზია იმ ნიშნებზე დაყრდნობით, რომლებიც წარსულში ღმერთთა მიერ წარმოგზავნილად მიიჩნეოდა. შედეგად, ის შეიძლება განვიხილოთ, აგრეთვე, როგორც ღმრთაებრივი ნების წვდომის მცდელობა. ბიბლია გმობს ჯადოქრობას, როგორც ცრუ მოსაზრებებზე დამყარებულს ან წარმართულ, დემონურ ანდა ჯადოსნურ კულტებთან დაკავშირებულს. ამის მაგალითები უკვე რჯულში გვხვდება (რჯლ. 18:10-11).

ჯაინიზმი (Giainismo) ვარდჰამანას ან მაჰავირას, აგრეთვე, ჯინად („გამარჯვებულად“) წოდებული ასკეტის მიმდევართა - ჯაინთა რელიგია. ასკეტი ჯინა ჯაინიზმის - არსებობათა ოკეანის გადასალახავად აუცილებელი მოძღვრების - ფუძემდებლად მიიჩნევა. ვარდჰამანა VI-V საუკუნეთა მიჯნაზე ინდოეთში, ბიჰარში დაიბადა. ოცდაათი წლისამ ოჯახი მიატოვა და მედიტაციისა და კონცენტრირების მეშვეობით შეიმუშავა თავისი მოძღვრება, რომელიც სამშვინველისაგან სხეულის განცალკევების თეორიზებაში მდგომარეობს. ამ სიმბიოზიდან იღებს სწორედ სათავეს არსებობათა ჯაჭვი. ჯაინიზმის ამოსავალი წერტილია მტკიცებულება, რომ ყოველივე არსებული დაიყოფა სულიერ სუბსტანციად (jiva), რომელიც სულთა უსასრულო რიცხვს მოიცავს და უსულო სუბსტანციებად (ajiva), რომლებიც შეიძლება შეერწყან სულს და დაიმონონ ის. სულსა და მატერიას შორის ამ არაბუნებრივი კავშირიდან აღმოცენდება karman, უსასრულო ქმედება. მაშასადამე, საჭიროა სულში მატერიის შესვლის (samvara) შეჩერება და ჯერაც არსებული karman-ის განადგურება, რითაც გათავისუფლება (moksa) მიიღწევა. სულის მატერიისაგან განსაწმენდად საჭიროა მართებული რწმენა, ცნობიერება და ქცევა. ეს უკანასკნელი, ხუთი აღთქმის (არ ავნო, არ მოიტყუო, არ მოიპარო, დაიცავი უბიწობა და უარი თქვი ქონებაზე) მეშვეობით ახორციელებს შეძლებისდაგვარად უმცირეს karman-ს, რომლის მთლიან განადგურებამდე ადამიანი მხოლოდ ხორცის მოკვდინებისა და ასკეტიზმის მეშვეობით მიდის. საბოლოო ჯამში, ჯაინიზმი მხოლოდ ადამიანის ნებას მიაწერს ყოველგვარ ადამიანურ გამოცდილებას აღმატებული მარადიული და უწყვეტი სიმშვიდის მიღწევას.

ჯამაგირი მღვდელმსახურისა (Congrua) [ლათ. გამოთქმიდან ცონგრუა (portio) „შესაბამისი (რაოდენობა)“] აღნიშნავს შემოსავლის რაოდენობას, რომელიც აუცილებლადაა მიჩნეული საეკლესიო ბენეფიციუმის ხელმძღვანელის სათანადო უზრუნველყოფისათვის. ჯერ კიდევ ახლო წარსულამდე იტალიის სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა ამ ჯამაგირის დარჩენილი ნაწილი, თუკი საეკლესიო ბენეფიციუმის შემოსავალი სახელმწიფოს მიერ portio congrua-ს დადგენილ ოდენობაზე მცირე იყო. ამჟამად შემოსავლის ახალ პარამეტრებს ადგენს სასულიერო პირთა უზრუნველყოფის განყოფილება და სწორედ ის ანაწილებს მას ბენეფიციუმით მოსარგებლეებზე.

ჯეზუატები (Gesuati/e) 1360 წელს სიენაში ჯოვანი კოლომბინის მიერ დააარსებული ეს გაერთიანება თავდაპირველად საერო ძმათა საზოგადოებად ჩამოყალიბდა. 1367 წელს ის ურბან V-მ დაამტკიცა. საზოგადოების წევრები მონანიებითა და სნეულთა დახმარებით იყვნენ დაკავებულნი. მათი სახელწოდება იქიდან მომდინარეობს, რომ მონანიების ქადაგებათა დასასრულს ისინი ჩვეულებრივ წარმოთქვამდნენ სიტყვებს: „დიდება იესოს, ქება იესოს!“ [იტალ. Gesù - იესო]. 1606 წელს პავლე V-მ მათ ყოველ სავანეში ერთი ან ორი მღვდელმსახურის ხელდასხმის ნება დართო. 1668 წელს კლემენტე IX-მ ორდენი გააუქმა. 1367 წელს ეკატერინე კოლომბინიმ დააარსა ჯეზუატ მონაზონთა შტო სახელწოდებით მარიამის მონახულების ღატაკი ჯეზუატელი ქალები - ავგუსტინესეული წესდების მიმდევარი მჭვრეტელობითი ორდენი.

ჯვართამაღლება (Esaltazione della Croce) [გვიანლათ. exaltatio] ლიტურგიული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება 14 სექტემბერს ჯვრის პატივისცემის ნიშნად. ეს დღესასწაული შორეულ წარსულში იღებს დასაბამს და უკავშირდება ჯვრის რელიკვიის თაყვანისცემას მისი ხელახლა პოვნის შემდეგ, სავარაუდოდ IV საუკუნეში. იერუსალემიდან ეს დღესასწაული მთელ აღმოსავლეთში გავრცელდა. დასავლეთში მისი დამკვიდრების შესახებ პირველი მოწმობა პაპ სერგი I-ის (VII ს.) ბიოგრაფიაში მოიპოვება.

ჯვარი (Croce) [ლათ. crux] წამების იარაღი, რომელსაც ძველად სხვადასხვა ხალხები იყენებდნენ, უმთავრესად რომაელები. იქცა ქრისტიანობის უმთავრეს სიმბოლოდ, რადგანაც მასზე იესო ქრისტე მოკვდა. პირველმა ქრისტიანებმა იესოს ჯვარზე სიკვდილი უზენაეს მხსნელ მოვლენად აღიქვეს. ჯვართამაღლების დღესასწაული (14 სექტემბერი) უკვდავყოფს იესოს ჯვარზე სიკვდილის მხსნელ ქმედებას, რომელსაც თითოეული ქრისტიანი ეზიარება, ამასთანავე, უბრალოდ პირჯვრის გადაწერის მეშვეობითაც. ქრისტიანობის დასაბამიდანვე ჯვარი თაყვანისცემის საგანი იყო. ის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა, როდესაც კონსტანტინეს შემდეგ ძვირფასი ქვებით მორთული იქნა წარმოდგენილი. ჯვარცმის პირველი გამოსახულებები V საუკუნეს განეკუთვნება, დაახლოებით X საუკუნემდე დასავლეთში მათზე შემოსილ ქრისტეს გამოსახავდნენ. არსებობს საპროცესიო ჯვარი, საკურთხევლის ჯვარი, სამწყსო ჯვარი, რომელსაც პაპი, კარდინალები, ეპისკოპოსები და აბატები იყენებენ. დიდ პარასკევს ეკლესია პატივს მიაგებს საზეიმოდ გამობრძანებულ წმიდა ჯვარს.

ჯვაროსნული ლაშქრობები (Crociate) შუა საუკუნეებში დასავლეთის ქრისტიანი ხალხების მიერ წმიდა სამარხის გათავისუფლებისა და იერუსალემის დაპყრობის მიზნით მოწყობილი სამხედრო ლაშქრობები (თუმცა არცთუ ისე იშვიათად ადგილი ჰქონდა თავდაპირველი განზრახვიდან გადახვევას). 1095 წელს ამ ინიციატივის წამომწყები პაპი ურბან II გახდა. მან მოუწოდა ქრისტიანებს, ერთმანეთთან ომის ნაცვლად, მუსლიმებს შებრძოლებოდნენ. მრავალრიცხოვან ჯვაროსნულ ლაშქრობათაგან თითქმის ყველა წარუმატებელი აღმოჩნდა, პირველის გარდა, რომელიც 1099 წლის 15 ივლისს იერუსალემის აღებით დასრულდა.

ჯვარცმა (Crocifisso) [ლათ. crucifixus (ნამყოს მიმღეობა ზმნისა crucifigere „ჯვარზე გაკვრა“)] იესოს გამოსახულება ჯვარზე.

ჯვრის გზა (Via crucis) [ლათ. „ჯვრის გზა“] გზა, რომელიც გაიარა ქრისტემ ჯვრით მხრებზე, პილატეს პრეტორიიდან გოლგოთამდე. დღეს ტერმინი აღნიშნავს თაყვანისცემის ერთ-ერთ გამოხატულებას: ესაა მედიტაცია ქრისტეს ვნებისა და სიკვდილის ყველაზე მნიშვნელოვან თოთხმეტ ეპიზოდზე, რომელიც სხვადასხვა სახითაა განლაგებული.

ჯვრის მტარებელი (Crocifero) [ლათ. crux „ჯვარი“ და fero „ვატარებ“] პიროვნება, რომელიც ლიტურგიული მსახურების დროს ატარებს ჯვარს და იწყებს პროცესიას.

ჯვრის მტვირთველი (Portacroce) ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ქრისტეს გამოსახულება ჯვრით მხრებზე. ტერმინი აღნიშნავს, აგრეთვე, იმ პირის მოვალეობას, რომელიც მსვლელობისას ჯვარს ატარებს, - ჯვრის მტარებელი.

ჯოჯოხეთად შთახდომა (Discesa agli inferi) მრწამსში შეტანილი სარწმუნოების მტკიცებულება, რომელიც ქრისტეს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას შორის გასული დროის ინტერვალს შეეხება. ეს გამოთქმა აღნიშნავს, რომ იესო ნამდვილად მოკვდა და მიცვალებულთა სამყოფელში ჩავიდა და რომ, ამავე დროს, მანამდე მყოფი ყველა მართლისათვის გახსნა ზეცის კარიბჭე (შდრ. CCC, 632-637).

ჯოჯოხეთი (Inferno) [ლათ. ზედსართავი სახელიდან infernus „ქვემოთ მოთავსებული“, „ქვეშ მოთავსებული“; საშუალო სქესის ფორმა infernum უფრო ხშირად გამოიყენება როგორც არსებითი „ჯოჯოხეთური სამყაროს“ - დემონთა და წარწყმედილ სულთა სამყოფლის - აღსანიშნავად] ადამიანის მიერ ღმრთის საბოლოოდ დაკარგვის მდგომარეობა, როდესაც, თავისი თავისუფლების ბოროტად გამოყენების შედეგად, იგი შეგნებულად უარყოფს ღმერთს და თავად გარიყავს საკუთარ თავს ღმერთთან და ნეტარებთან თანაზიარებიდან. იესო ხშირად ახსენებს „გეენას“ და „უშრეტ ცეცხლს“ (შდრ. მათ. 5:22,.29; 13:42.50; მარკ. 9:43-48) და მკაცრად აცხადებს განაჩენის გამოტანის შესახებ: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში!“ (მათ. 25:41). ეკლესია ამტკიცებს ჯოჯოხეთის არსებობას და მის მარადიულობას, თუმცა, აგრეთვე, ასწავლის, რომ ღმერთი არავის განუსაზღვრავს წინასწარ ჯოჯოხეთში მოხვედრას: ესაა შედეგი ღმერთთან ნებაყოფლობითი მტრული დამოკიდებულებისა (ნ. მომაკვდინებელი ცოდვა), რომელშიც ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე რჩება (შდრ. CCC, 1033-1037).

ჯუან ძი (Chuang-tzu) დიალოგების, აპოლოგიებისა და სახალისო ამბების კრებული, რომელთა ავტორობაც ქრისტეს შობამდე IV-III საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე მოაზროვნეს, ჯუან ძის მიეწერება. შეიძლება ითქვას, რომ ჯუან ძის სწავლების მთავარი არსი აბსოლუტური ბედნიერების ძიებაა. ბედნიერება მიიღწევა საკუთარ „მე“-სა და სამყაროს შორის განსხვავების გადალახვის მეშვეობით, სრულყოფილი გზით დაოსთან შეერთებით.

34

▲back to top


ჰაგადა (Haggadà) [ებრ. „გადმოცემა“] ბიბლიის ასკეტურ-სამქადაგებლო ხასიათის კომენტარი, უმთავრესად თხრობითი ტექსტებისათვის. ნ. მიდრაში.

ჰაგიოგრაფია (Agiografia) [ბერძ. hághios „წმიდა“+graphía „მწერლობა“] ასევე, ჰაგიოლოგიად წოდებული მეცნიერება, რომელიც წმიდანთა ცხოვრებასა და საქმეებს შეისწავლის. ჰაგიოგრაფიის პირველი ნიმუშები ქრისტიანთა დევნის ხანას განეკუთვნება (მოწამეთა საქმენი), შუა საუკუნეებში ის ხშირად წარმოსახვითი ელემენტებით მდიდრდებოდა. ჰაგიოგრაფიაში ისტორიული კრიტიკა და ფილოლოგიური სიზუსტე XVIIს.-ში დაამკვიდრეს ბოლანდისტებმა, Acta sanctorum-ის („წმიდათა საქმენი“) გამოცემის ფუძემდებლებმა. ეს საქმე სამას წელზე მეტ ხანს გრძელდება და დღემდე არაა დასრულებული.

ჰალელი (Hàllel) [ებრ. „სადიდებელი საგალობელი“] იუდეური დასახელება ცალკეული ფსალმუნებისა, რომლებსაც ძირითადი დღესასწაულების დროს გალობდნენ: საპასექო (ფსალმ. 113-118), დიდი (ფსალმ. 120-136, განსაკუთრებით 136); მცირე (ფსალმ. 146-150). სავარაუდოდ 136-ე ფსალმუნი იყო სადიდებელი, რომელიც იესომ იგალობა საპასექო ნადიმის დასასრულს (მარკ. 14:26).

ჰანუკა (Hanukkàh) [ებრ. „მიძღვნა“ „კურთხევა“] ებრაული დღესასწაული, რომელიც იმართებოდა იუდა მაკაბელის მიერ ტაძრის გაწმედის აღსანიშნავად, რაც ანტიოქოს IV ეპიფანეს (1 მაკ. 1:54; 4:36-61; 2 მაკ. 1:18-36; 2:9, შმდ., 10:1, შმდ.) მიერ ტაძრის წარმართული შებღალვის შემდეგ მოხდა. ტაძრის გაწმედაში მონაწილეობდა იესოც (იოან. 10:22, შდრ. 12:22). ამჟამად აღნიშნება რვა დღის განმავლობაში 25 ქისლევიდან 3 თევეთამდე (დეკემბერ-იანვარი). ამ დღესასწაულის დროს ანთებენ კელაპტრებს, ყოველდღიურად ერთით მეტს, საგანგებო რვა შტოიან ლამპარში. ამ მიზეზით ჰანუკას, აგრეთვე, სინათლეთა დღესასწაულიც ეწოდება.

ჰარე კრიშნა (Hare Krishna) [ინდური გამოთქმა, მისალმება კრიშნასადმი] შემოკლებული სახელი რელიგიური სექტისა, რომელიც 1966 წელს სვამი პრაბჰუპადამ დააარსა სახელწოდებით „კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება“. ის უბრუნდება უძველეს ინდურ ხალხურ კულტს, რომელსაც ეწოდება ბჰაქტი (Bhakti „მოწიწება“, „სიყვარული“): ესაა კრიშნას მსახურება, რომელსაც ჭეშმარიტ ბედნიერებამდე მიჰყავს ადამიანი და რომელიც ყველა სხვა ოჯახურ თუ საზოგადო საზრუნავზე მაღლა უნდა იდგეს. სექტის მიმდევრები მკაცრ წესებს ემორჩილებიან: მათ, ვინც განდობისთვის ემზადება, ეკრძალებათ ალკოჰოლი, თამბაქო, ხორცი, თევზი და კვერცხი. „გადასვლის რიტუალი“ მოიცავს სახელის შეცვლას, მინდობას მასწავლებლისადმი, ტაძარში მსახურებას და, უმთავრესად, „japa“-დ წოდებული სავარდის წარმოთქმას, რომელიც 108 მარგალიტისაგან შედგება და დღის განმავლობაში მთლიანად თექვსმეტჯერ უნდა წარმოითქვას. სექტის წევრებს აცვიათ ბაცი ფერის შარვლები (dothi), პერანგი (kurtan), იპარსავენ თმას და იტოვებენ მხოლოდ მცირე კუდს (სიცა) კეფაზე. ისინი დახეტიალობენ და გზადაგზა ცეკვავენ.

ჰარმინიზმი (Arminianesimo/Arminianismo) პროტესტანტური მოძრაობა, რომლის სახელწოდებაც იაკობ ჰარმენშის (უდევატერი, 1560 - ლეიდა, 1609) სახელიდან მომდინარეობს. იგი, „თავისუფალი განსჯის“ პრინციპზე დაყრდნობით, მივიდა დასკვნამდე, რომ წინასწარგანსაზღვრულობის მკაცრი კალვინისტური მოძღვრება მრავალ ადამიანს უკარგავდა ხსნის იმედს, ხოლო იმათ კი, ვინც თავს რჩეულად მიჩნევდა, ყოველგვარ ეთიკურ საფუძველს მოკლებულ ფუჭ უეჭველობას აძლევდა. ამ იდეებს მწვავე რეაქცია მოჰყვა მტკიცე კალვინისტთა მხრიდან ფრანც გომარის (ნ. გომარიზმი) მეთაურობით. ჰარმენშის სიკვდილის შემდეგ მისმა მიმდევრებმა, რომელთა შორის იყო ცნობილი იურისკონსულტი გროციუსი, მოიწადინეს იმხანად ძალაში მყოფი „ბელგიური მრწამსის“ გადახედვა და ამ მიზნით „საჩივრები“ წამოაყენეს (1610), რის გამოც მათ ასევე „მომჩივანებსაც“ უწოდებენ. დორდრეხტის კალვინისტურ კრებაზე (1618-1619) გომარისტებმა მიაღწიეს ჰარმინელთა დაგმობას და დაიწყეს მათი დევნა. 1625 წლიდან ჰარმინელებმა შეძლეს ჰოლანდიაში დაბრუნება და შემდგომში (1630) მათ კულტის თავისუფლებაც მოიპოვეს.

ჰებდომადარიუსი (Ebdomadario) [ლათ. hebdomadarius, რომელიც ნაწარმოებია ბერძნულიდან hebdómada „კვირა“] რელიგიურ საკრებულოებში უმთავრესად აღნიშნავს ერთი კვირის განმავლობაში ან ყოველი კვირის განსაზღვრულ დღეს ლიტურგიულ მსახურებაზე პასუხისმგებელ პირს.

ჰეტეროდოქსია (Eterodossia) [ბერძ. heterodoxía „განსხვავებული მოძღვრება“, „განსხვავებულად აზროვნება“] თეოლოგიაში აღნიშნავს გამოცხადებულ ან ჭეშმარიტად ცნობილ მოძღვრებათაგან განსხვავებული რამე მოძღვრებისა თუ ჭეშმარიტების აღსარებას.

ჰიბრისი (Hybris) [ბერძ.] ბერძენ ტრაგიკოსთაგან მოყოლებული აღნიშნავს ტიტანურ კადნიერებას, რომლითაც ადამიანი ცდილობს, ღმრთაებამდე ამაღლდეს და მასთან პაექრობს დამოუკიდებლობისა და ამბოხების უიმედო მტკიცებით.

ჰიმნარიუმი (Innario) [შუასაუკუნეობრივი ლათ. hymnarium (ნაწარმოებია სიტყვიდან hymnus „საგალობელი“)] ერთი ავტორის მიერ შექმნილ რელიგიურ საგალობელთა ძველი კრებული; ასე ეწოდება, აგრეთვე, წიგნს, რომელიც ჟამთა ლიტურგიისათვის განკუთვნილ საგალობლებს შეიცავს.

ჰიმნი (Inno) [ლათ. სიტყვიდან hymnus] როგორც წესი, ჰეგზამეტრით დაწერილი პოეტური თხზულება, რომელიც ძველ საბერძნეთში გალობისა და ცეკვის თანხლებით ღმრთაებისადმი იყო მიმართული. ქრისტიანობაში ტერმინი აღნიშნავს მეტრული ან რიტმული წყობით შექმნილ კომპოზიციას ღმრთის, მარიამის, წმიდანთა სადიდებლად. კერძოდ, აღნიშნავს ლოცვანის თითოეულ სტროფულ საგალობელს, რითაც ყურადრება მახვილდება იმ დღესასწაულის მნიშვნელობაზე, რომელიც აღინიშნება.

ჰინდუიზმი (Induismo) [სპარს. hindu (მდინარე ინდის სახელი)] აღნიშნავს მსოფლიოში უძველეს, ერთმანეთთან მონათესავე რელიგიათა ჯგუფს (ქრისტემდე II ათასწლეულის შუახანი), რომლებიც უმთავრესად სამხრეთ აზიაში (ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, ნეპალი) იყო გავრცელებული. ჰინდუიზმის ათასწლოვან ისტორიაში სამი ძირითადი ეტაპი აღინიშნება: ვედიზმი, ბრაჰმანიზმი და თვით ჰინდუიზმი (ანუ ხალხური ჰინდუიზმი). ამ უკანასკნელი რელიგიის მიმდევარია ინდოელთა უმრავლესობა. ჰინდუიზმის სახასიათო ნიშანია ტრიმურტის რწმენა: ბრაჰმა (შემოქმედი), ვიშნუ (შემნარჩუნებელი) და შივა (განმანადგურებელი), თითოეული შესატყვისი ქალღმერთის თანხლებით. გარდა ამისა, ჰინდუიზმი მოიცავს ადამიანის სიცოცხლის რეინკარნაციის რწმენას, თუკი ის „გათავისუფლებას“ ვერ მიაღწევს; წმიდა წიგნთა რწმენას (მათ შორისაა ვედა და უპანიშადები, ანუ განდობილთა ტექსტები, რომლებიც მოიცავენ ინდოელ გურუთა სწავლებას) და კასტებად დაყოფის რწმენას. ჰინდუიზმის თანახმად, არსებობს სიცოცხლის ოთხი სტადია: მოწაფეობა (გურუს ხელმძღვანელობით წმიდა ტექსტთა შესწავლა); ოჯახი და პროფესია; მანამდე მიტოვებულ საქმეებთან მიბრუნება; განდეგილობა - ოჯახისა და კასტის მიტოვება; და ოთხი ძირეული ღირებულება: კამა (სურვილი, ვნება), ართა (კეთილდღეობა, წარმატება), დრაჰმა (ვალდებულება), მოქშა (გათავისუფლება, ყოველივე მატერიალურისაგან განრიდება). წმიდა ტექსტები იყოფა გამოცხადებებად (შრუტი) და ტრადიციებად (სმრიტი). პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ვედა (ჰინდუიზმის უწინარესი წმიდა ტექსტები) და ვედას კომენტარის ტექსტები, როგორებიცაა ბრაჰმანები, არანიაკები, უპანიშადები, ანუ ვედანტა. მეორე ჯგუფი შეიცავს აფორიზმებს (სუტრა), ძველ ლეგენდებს (პურანები; მათ შორის სახელგანთქმულია „ბჰაგავატა-პურანა“) და ეპიკურ პოემებს. ჰინდუიზმის მთავარი წესია პუჯა, რომელიც სახლში ან ტაძარში სრულდება და მდგომარეობს წმიდა ხატის თაყვანისცემაში ლოცვითა და შეწირულობათა თანხლებით. არსებობს საგანგებო წესები დაბადების, ქორწინებისა და დაკრძალვის აღსანიშნავად. ფართოდაა გავრცელებული რიტუალური განბანა. დღესასწაულთა შორის მნიშვნელოვანია ჰოლი, დივალი და დაშარა. ყოველი მორწმუნე ჰინდუისტი ცდილობს საკუთარი მეობის გაცნობიერებას ბრაჰმანის მეშვეობით, ქმედებათა და მატერიალურ სიკეთეთა სურვილისაგან განდგომით. გარდა ამისა, მორწმუნე ვალდებულებას იღებს, პატივი სცეს მშობლებსა და უფროსებს, თავი შეიკავოს გრძნობათაგან, მოთმინებითა და გულმოწყალებით მოეპყრას ყველა ადამიანს, ეცადოს, აკეთოს სიკეთე და მშვიდად ელოდოს სიკვდილსა და ჯილდოს ჩადენილი კეთილი ქმედებებისათვის.

ჰიპოსტასი (Ipostasi) [ბერძ. hypóstasis „სუბსტანცია“ („ის, რაც ქვეშაა“)] მნიშვნელოვანი თეოლოგიური ტერმინი, რომლის მნიშვნელობაც თანდათანობით დამკვიდრდა. თავდაპირველად ბერძნულ ენაში აღნიშნავდა კონკრეტულ, ინდივიდუალურ რეალობას და არ განსხვავდებოდა მნიშვნელობით ousía-საგან. სამების შემსწავლელ თეოლოგიაში მხოლოდ 380 წლიდან გამოიკვეთა განსხვავება ერთადერთ ღმრთაებრივ ბუნებასა (ousía) და სამ ჰიპოსტასს, ანუ პიროვნებას შორის (კონსტანტინოპოლის კრება, 381 წელს), ხოლო 451 წელს, ქალკედონის კრებამ ქრისტეში ორი ბუნება და მხოლოდ ერთი ჰიპოსტასი, ანუ პიროვნება აღიარა.

ჰიპოსტასური კავშირი (Unione ipostatica) [ლათ. unio „კავშირი“ და ბერძ. hypostatikós „არსებითი“] თეოლოგიური გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს, რომ იესო ქრისტეში ორი - ადამიანური და ღმრთაებრივი - ბუნება ერთ პიროვნებაშია გაერთიანებული (შდრ. CCC, 464-482). ნ. ჰიპოსტასი.

ჰიჯრა (Egira) [არაბ. higra „ემიგრაცია“] ტერმინი აღნიშნავს მუჰამადისა და მის თანამოაზრეთა ემიგრაციას მექადან მედინაში 622 წლის სექტემბერში. ამის მიზეზი გახდა მტრული ურთიერთობა ქუირაშის ტომის ხალხთან, რომელსაც მუჰამადი თავადაც მიეკუთვნებოდა. მედინაში მუჰამადმა თავი დაიმკვიდრა, როგორც რელიგიურმა და პოლიტიკურმა ლიდერმა. შემდგომში ხალიფმა ომარმა 622 წელი მუსლიმური ხანის დასაწყისად გამოაცხადა. ნ. ისლამი.

ჰოლოკოსტი ნ. ყოვლადდასაწველი.

ჰომილარიუმი (Omiliario) [გვიანლათ. liber homiliarius] ლიტურგიული წიგნი, რომელიც შეიცავს ჟამნის დროს წასაკითხ წმიდა მამათა რამდენიმე ქადაგებას სახარების ტექსტთა განმარტებით. ის დაახლოებით V-VI საუკუნეებში გავრცელდა და ლოცვანის შემოღების შემდეგ თანდათან დაკარგა მნიშვნელობა.

ჰომილეტიკა (Omiletica) [ბერძ. homiletiké (tékhne) „საუბრის ხელოვნება“] წესთა ერთობლიობა, რომლებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული ქადაგების მომზადებისა და წარმოთქმისას.

ჰომილია (Omelia) [ბერძნ. homilía „საუბარი“, სიტყვიდან homiléin „შეკრება“, „საუბარი“, შემდეგ ლათ. homilia] ევქარისტიული მსახურების დროს, ღმრთის სიტყვის ლიტურგიის შემდეგ წარმოთქმული ქადაგება. ჩვეულებრივ ესაა წირვის დროს წაკითხული წმიდა ტექსტების განმარტება და გავრცობა. სავალდებულოა კვირადღეს და საეკლესიო დღესასწაულებზე. მისი დანიშნულებაა, წააქეზოს მორწმუნეთა საკრებულო ევქარისტიაში უფრო აქტიურად მონაწილეობისა და ქრისტიანული ცხოვრების სრულად განცდისაკენ რწმენის საიდუმლოთა და ქრისტიანული ქმედების წესთა გადმოცემის მეშვეობით (CIC, კან. 767). ჰომილიას მღვდელმსახური ან დიაკონი წარმოთქვამს; ის უნდა წარმოადგენდეს განსჯის ნაყოფს, იყოს სათანადოდ მომზადებული და ზომიერად ხანგრძლივი.

ჰოსანა (Osanna) [გამოთქმა მომდინარეობს ებრაულიდან hosha'na „გვიხსენ მადლით“, შემდეგ ბერძ. hosanná, ლათ. hosanna] ლიტურგიული შეძახილი. თავდაპირველად შეესატყვისებოდა დახმარების თხოვნას (ფსალ. 118:25), შემდგომში კი სიხარულის გამომხატველი შეძახილის მნიშვნელობა შეიძინა. ჰოსანას შეძახილებით შეეგება ხალხი იერუსალემში დიდებით შესულ იესოს (მათ. 21:9).

ჰოსტია (Ostia) [ლათ. hostia „მსხვერპლი“] ხორბლის ფქვილისაგან საფუარის გარეშე გამომცხვარი თხელი დისკო, რომელსაც მღვდელმსახური წირვის დროს აკურთხებს.

ჰუგენოტები (Ugonotti) [სავარაუდოდ, სახელი წარმოიშვა ფრანგული სიტყვიდან huguenots (ჰუგ ბეზანსონის - ჟენევის სავოიათა მოწინააღმდეგე პარტიის ხელმძღვანელის - სახელიდან) ან გერმანულიდან Eidgenossen „შეკავშირებულნი“, „შეთქმულნი“] ეს სახელი დაირქვეს კალვინური რეფორმირებული მოძრაობის მიმდევრებმა საფრანგეთში. ფრანგული პროტესტანტიზმი (ნ. კალვინელობა) ძალზე მცირე ხანს იწოდებოდა აღმსარებლობის აღმნიშვნელი სიტყვით „ლუთერული“: ეს ტერმინი უფრო ნეიტრალურით - „ჰუგენოტთა“ მოძრაობა - შეიცვალა. ეს ფაქტიც გვიჩვენებს, რომ მონარქიისადმი მტრულად განწყობილ დიდებულთა მიმხრობამ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად აქცია, რომელიც დაუპირისპირდა კათოლიკურ პარტიას, სადაც გიზის ჰერცოგები იყვნენ გაერთიანებული. პარიზის პირველი ეროვნული რეფორმირებული კრებიდან (1559) სამი წლის შემდეგ ჰუგენოტთა პირველი ომი დაიწყო, რომელსაც 1562-1598 წლებში სხვა ომებიც მოჰყვა. საბრძოლო დაპირისპირებებს დასაბამი მისცა ვასიში გამართულმა ჟლეტამ, რომლითაც უპასუხა ფრანსუა გიზელმა ჰუგენოტებისადმი ბოძებულ სენ-ჟერმენის შემწნარებლობის ედიქტს (1562). შერიგების წამოწყებული პროცესი 1572 წელს ჩაშალა ბართლომეს ღამის სახელით ცნობილმა (მას „სისხლიან ქორწინებასაც“ უწოდებენ) სისხლისმღვრელმა ანგარიშსწორებამ, რომლის დროსაც ჰუგენოტთა მრავალი მეთაური იქნა მოკლული. ჰუგენოტთა ომების შედეგად უამრავი დევნილი გაჩნდა, რომლებმაც უმთავრესად ელზასის ან ქვემო რაინის რეფორმირებულ საკრებულოებს (Eglises des Refugies) მიაშურეს. ისედაც კრიტიკული ვითარება ჰუგენოტთათვის აუტანელი გახდა მას შემდეგ, რაც 1576 წელს გიზები, ესპანეთის მმართველი ოჯახი და რომის კურია „საღმრთო ლიგად“ გაერთიანდნენ რეფორმირებული პროტესტანტობის გასანადგურებლად. ვითარება გაუმჯობესდა საფრანგეთის ტახტზე ანრი IV-ის ასვლის შემდეგ (1589-1610). ნავარის ჰუგენოტი ჰერცოგების წარმომადგენელმა, ანრიმ 1593 წელს კათოლიკობა მიიღო („პარიზი წირვად ღირს“), რამაც შესაძლებელი გახადა გარკვეული შემწყნარებლობა (ნანტის ედიქტი, 1598; ის 1685 წელს ლუი XIV-მ გააუქმა ფონტებლოს ედიქტით). თუმცა, ამის მიუხედავად, ჰუგენოტებსა და კათოლიკე მმართველ ოჯახს შორის ურთიერთობა დაძაბული დარჩა. მით უმეტეს, მრავალრიცხოვან თავდასხმათა შემთხვევაში მონარქიის წინააღმდეგ მებრძოლნი ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ ხომ არ ღირდა, „ხალხის სახელით“, ტირანთა დახოცვა. XVI საუკუნის ამ დებატებმა, რომლებშიც უკვე აღარ თამაშობდა როლს აღმსარებლობის საკითხი და არ მიუღია მონაწილეობა ლუთერელობას, ნიადაგი შეუმზადა წინააღმდეგობის გაწევის უფლების იდეას.

ჰუმილიატები (Umiliati) [ლათ. humile „უბრალო“ და non tinctum „შეუღებავი“, როგორიც იყო მათი შეუღებავი შალის მასალისაგან დამზადებული სამოსელი] ამ სახელით მოიხსენიებენ XII საუკუნეში ლომბარდიაში აღმოცენებულ საძმოთა წევრებს. ამ საძმოთა წევრი ქალები და მამაკაცები ოჯახებში რჩებოდნენ, თუმცა რელიგიურ ცხოვრებას ეწეოდნენ, საკუთარი შრომით ირჩენდნენ თავს, ეკონომიკური მიზნით ერთიანდებოდნენ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ რადიკალურ სიღატაკეს. თავდაპირველად საეკლესიო იერარქიამ აღიარა საძმოები თუმცა, როცა 1179 წელს ალექსანდრე II-ის მიერ დაწესებული აკრძალვის საწინააღმდეგოდ, ქადაგებას მიჰყვეს ხელი, ისინი ლუციუს III-მ განკვეთა (1184). წევრთა ერთი ნაწილი, რომელიც სამღვდელოების, საიდუმლოთა და სიღატაკის შესახებ ერეტიკულ იდეებს იზიარებდა, ეკლესიას ჩამოშორდა, სხვები კი იმავე სახელწოდების ახალ ორდენში გაერთიანდნენ, რომელიც ინოკენტი II-მ (1198-1216) დაამტკიცა და სამ განცალკევებულ ორდენად დაყო: პირველი იყო მოწესეთა, მეორე — საეროთა მეორე (შედგებოდა უმთავრესად ქსოვით დაკავებული ქალებისა და მამაკაცებისაგან, რომლებიც ცალკე საკრებულოებად ცხოვრობდნენ), ხოლო მესამე - ოჯახებში მცხოვრები ქალებისა და მამაკაცებისაგან შედებოდა. ეს უკანასკნელი იქცა პირველ ნამდვილ მესამე ორდენად (istituto dei terziari), რომელმაც მხოლოდ XIV საუკუნემდე იარსება. მისი წევრები საკუთარ სამუშაოს თვითდამდაბლების ერთგვარ ფორმად და ღარიბებთან სოლიდარობის გამოხატვად მიიჩნევდნენ. დანარჩენმა ორმა ორდენმა თანდათან დაკარგა მნიშვნელობა და 1571 წელს პიუს V-ის მიერ იქნა გაუქმებული.

ჰუსიტები (Hussiti) მიმდევრები რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური მოძრაობისა, რომელიც აღმოცენდა იან ჰუსისა და იერონიმე პრაჰელის ქადაგებებიდან (ორივე მათგანი კოსტანცაში კოცონზე დაწვეს, როგორც ერეტიკოსები, შესაბამისად 1414 და 1415 წელს), რომლებიც ჯონ ვიკლიფის (†1384) თეორიებს ეყრდნობოდნენ. „ჩეხურ გარემოში გადმოტანილმა ვიკლიფიზმმა“ წარმოშვა ხალხური მოძრაობა, რომელიც საფუძვლად დაედო ჩეხურ ნაციონალიზმს. ჰუსიტთა იდეები ეგრეთ წოდებულ „პრაჰულ ოთხ მუხლში“ (1420) შეჯამდა: ქადაგების თავისუფლება; ბარძიმი საეროთათვის (აქედან მომდინარეობს სახელწოდება „ბარძიმელნი“, - მოძრაობა საეროთათვის ბარძიმის მისაცემად, ან „უტრაკვისტები“, გამოთქმიდან sub utraque forma - „ორივე სახით“); სამოციქულო სიღატაკე სასულიერო პირთათვის, რაც ეკლესიის მიერ თავის ქონებაზე უარის თქმას გულისხმობდა; მკაცრი დისციპლინა სამღვდელოთათვის. ცოტა ხანში ჰუსიტები ორ ჯგუფად დაიყვნენ: რადიკალებად ანუ თაბორელებად (სახელწოდება მომდინარეობს თაბორზე მდებარე მათი ციხე-კოშკის სახელიდან) და ზომიერებად, ანუ უტრაკვისტებად. 1434 წელს რადიკალებზე გამარჯვების შემდეგ ეს უკანასკნელნი ჩეხეთში წამყვან ძალად გადაიქცნენ, ხოლო მოგვიანებით კათოლიკეებთან კომპრომისის გზას დაადგნენ (კუტნა ჰორას ზავი, 1585). ჰუსიტები რეფორმის ეგრეთ წოდებული მემარცხენე ფრთის წინამორბედებად შეიძლება მივიჩნიოთ.

35 A-Z

▲back to top


Acta apostolicae sedis წმიდა საყდრის ოფიციალური მაცნე, რომელიც შეიცავს პაპის (ენციკლიკები, სამოციქულო წერილები, განცხადებები და სხვ.), წმიდა კონგრეგაციათა (დეკრეტები, თანამდებობაზე დანიშვნები და სხვა) და საეკლესიო ტრიბუნალების მიერ გამოცემულ დოკუმენტებს. პირველი ნაკვეთი გამოვიდა 1909 წელს. გამოდის სახელმწიფო სამდივნოს რედაქციით.

Acta sanctae sedis 1865-1908 წლებში გამომავალი ყოველთვიური გამოცემა. არსებობა შეწყვიტა მაცნის „Acta apostolicae sedis“ დაარსების შემდეგ. მისი მეშვეობით ვრცელდებოდა პაპისა და რომის კურიის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ის არ იყო ოფიციალური ცნობარი, თუმცა 1904 წელს სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაციამ ის „ავთენტიკურად და ოფიციალურად“ გამოაცხადა.

Ad limina [ლათ. „(მოციქულთა) საფლავებზე“] ასე უწოდებენ ცალკეული ეკლესიების წინამძღვართა ვიზიტებს რომში, მოციქულთა პეტრესა და პავლეს მთავარ სახსოვარ ადგილას. ნ. ვიზიტი ad limina.

Agnus Dei [ლათ. „ღმრთის კრავი“] ამ სახელით მოიხსენიებს იოანე ნათლისმცემელი ქრისტეს (შდრ. იოან. 1:29.36; გამოცხ. 5:6; 13:8): იესო ჭეშმარიტი კრავია, რომელიც, გამოსახსნელი მსხვერპლის სახით ჯვარცმული, ყველა ადამიანს იხსნის. ასე ეწოდება სამგზის ვედრებას, რომელიც წირვის დროს სიტყვით ან გალობით წარმოითქმის ზიარების წინ პურის გატეხისას.

Alba ნ. პერანგი.

Angelus ნ. ანგელოსმან.

Annuario cattolico d'Italia („იტალიის კათოლიკური წელიწდეული“) პირველად გამოიცა 1922 წელს და დღემდე ოცდაორ გამოცემას მოიცავს. მიმოხილვა ამომწურავ და მრავალფეროვან ინფორმაციას შეიცავს იტალიაში კათოლიკე ეკლესიის საქმიანობისა და მის სტრუქტურათა, საკრებულოთა, ასოციაციათა, დაწესებულებათა, მოძრაობათა შესახებ.

Annuario pontificio („პაპის წელიწდეული“) ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს მიერ გამოცემული კათოლიკე ეკლესიისა და კათოლიკური იერარქიის ყოველწლიური ოფიციალური ნუსხა. ქვეყნდება 1716 წლიდან. შეიცავს: პაპთა და კათოლიკური იერარქიის სრულ ჩამონათვალს; საეკლესიო ოლქების გეოგრაფიულ დანაწილებას, ეკლესიის წესთა და პიროვნულ პრელატურათა ჩამონათვალს; გარდა ამისა, მასში თავმოყრილია სასარგებლო ინფორმაცია და მონაცემები რომის კურიის, წმიდა საყდართან დაკავშირებული დაწესებულებების, წმიდა საყდართან არსებული დიპლომატიური კორპუსის, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს, რომის სავიკარიუსოს, რელიგიური ინსტიტუტების, უმაღლესი სასწავლებლების, პაპის აკადემიებისა და სხვადასხვა სამსახურების შესახებ, საეკლესიო ოლქებისა და პიროვნებათა სახელების ანბანური ნუსხა.

Ave Maria ნ. გიხაროდენი.

CEI ნ. იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენცია.

Confiteor ნ. აღვიარებ.

Corpus Domini ნ. უფლის სხეული.

Devotio moderna ნ. ახალი ღმრთისმოსაობა.

Dies irae [ლათ. „რისხვის დღე“] სათაური და საწყისი სიტყვები მიცვალებულთა წირვის სეკვენციისა, რომლის ავტორობაც თომას ჩელანელს მიეწერება (XIII ს.), თუმცა, შესაძლოა, უფრო ადრინდელიც იყოს. სამ-სამ ტაეპიანი თვრამეტი და ერთი დასკვნითი ოთხტაეპიანი სტროფი საშინელი სამსჯავროს შემაძრწუნებელ ამბებს მოგვითხრობს და ქრისტეს გულმოწყალებას მოუხმობს. ამჟამინდელი ტექსტი XIV საუკუნისაა. დაკრძალვის წირვაში ის 1570 წელს პიუს V-მ შეიტანა. მას სახარების კითხვამდე წარმოთქვამენ ან გალობენ.

Dies natalis [ლათ. „დაბადების დღე“] ქრისტიანთათვის ესაა მიწიერი სიკვდილის დღე, რადგან სწორედ ეს დღეა დასაბამი ღმერთთან ცხოვრებისათვის ქრისტიანის „დაბადებისა“.

D.O.M. შემოკლებული ფორმა ფრაზისა Deo Optimo Maximo (= უმაღლესი და უზენაესი ღმრთისადმი), რომელიც ეკლესიის ღმრთისადმი მიძღვნას აღნიშნავს.

Domenica in albis [ლათ. „კვირადღე თეთრებში“] აღდგომის მომდევნო კვირადღე. სახელწოდება მომდინარეობს იქიდან, რომ საპასექო ცისკრის დროს მონათლულები, რომლებიც რვა დღის განმავლობაში ატარებდნენ თეთრ პერანგს - მკვდრეთით აღდგომისა და უცოდველობის სიმბოლოს - ამ დღეს იხდიდნენ მას (in albis depositis).

Doxa ნ. დიდება

Ex cathedra [ლათ. „კათედრიდან“] ასე ეწოდება პაპის გადაწყვეტილებებს, როდესაც იგი საზეიმოდ აცხადებს მოძღვრებას სარწმუნოების ან ზნეობის შესახებ, ანდა წმიდანთა კანონიზაციას.

Ex opere operato/Ex opere operantis [ლათ. გამოთქმები] თავდაპირველად ეს განსაზღვრება შემოიღეს იმისათვის, რათა ერთმანეთისაგან გამიჯნულიყო იესოს ჯვარზე გაკვრის კონკრეტულ აქტში მისი მხსნელი ობიექტური მნიშვნელობა ჯალათთა სუბიექტური ქმედებისაგან. საიდუმლოთა თეოლოგიაში გამოთქმამ შემდეგ საიდუმლოს ნამდვილობისა და ქმედითობის მნიშვნელობა შეიძინა. საიდუმლო, როგორც ღმრთაებრივი აქტი, თავისივე ძალით მოქმედებს, როგორც ნიშანი სიყვარულის ღმრთისმიერი (opus operatum) უპირობო ბოძებისა, რომელიც განცალკევებულია ამ საიდუმლოს მიმღების ან აღმსრულებელის სუბიექტური განწყობისაგან. ეს განწყობა განწმიდავების ქმედითი მიზეზი კი არაა, არამედ მხოლოდ მისი პირობა (opus operantis).

Exsultet ნ. იხაროს.

Extra ecclesiam nulla salus [ლათ. „ეკლესიის მიღმა ხსნა არაა“] გამოთქმა, რომელიც III საუკუნეში, კონკრეტულ ვითარებაში კიპრიანემ დაამკვიდრა: საუბარია ეკლესიის მიტოვებაზე ადამიანთა მიერ, რომლებიც, მათი აზრით, ქრისტიანობის უკეთესი ფორმის საძიებლად მიემართებიან. ამგვარად, ფრაზას გაფრთხილების მნიშვნელობა აქვს: საეკლესიო საკრებულოსაგან განცალკევება ხსნისაგან დაშორებასაც ნიშნავს (ნ. მაცხოვარი; ხსნა). ამ ფრაზის ისტორიული კონტექსტიდან ამოგლეჯას შედეგად მოჰყვება მის საფუძველზე თეორიების შექმნა არაკათოლიკეთა და მოუნათლავთა მარადიული ბედის შესახებ, რაც ფრაზის არსის არასწორად გაგებასა და განმარტებას ეფუძნება. თუმცა სიმართლეა, რომ ეკლესია საყოველთაო ხსნას ემსახურება და რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქრისტესთან ურთიერთობის დამყარება, - მაშინაც, თუ მას არ იცნობს (შდრ. Gaudium et spes, 22).

Ex voto [ლათ. „(მიცემული) დაპირების შედეგად“] ჩვეულებრივ, აღნიშნავს ძვირფას ნივთს, მიძღვნილს მორწმუნის მიერ ღმრთის, მარიამის ან წმიდანისადმი მიღებული მადლისთვის მადლიერების ნიშნად ან მიცემული პირობის შესრულების მიზნით. ამგვარად შეწირული სხვადასხვა სახის ნივთები მრავლადაა წმიდა მარიამის სალოცავებში.

Fides qua/Fides quae [ლათ. გამოთქმები] რწმენაში, როგორც გაცნობიერებულ მოძრაობაში სულისა, რომელიც გამოცხადებულ ჭეშმარიტებას მიელტვის, fides qua ეწოდება თვით ამ მოძრაობას, ანუ რწმენის aqts, fides quae კი -ჭეშმარიტებას, რომლისკენაც ის ისწრაფვის.

Gaudete ნ. გაუდეტე.

Habemus papam [ლათ. „გვყავს პაპი“] კონკლავის მსვლელობისას საკვამურიდან თეთრი ფერის კვამლის გამოჩენის შემდეგ დეკანოზი კარდინალი ამ ფრაზით იუწყება წმიდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან პაპის არჩევნების წარმატებით დასრულების შესახებ, ასახელებს არჩეულს და აცხადებს იმ სახელს, რომელსაც არჩეული კანდიდატი პაპობისას დაირქმევს.

I.H.S. ბერძნულ ენაზე არსებულ ღმრთაებრივი სახელების შემოკლებათა შორის ამ უკანასკნელს დიდი წარმატება ხვდა წილად შუა საუკუნეებში (Theós=ΘC; Christós=XPC, Pneûma=ΠNA და Jesoûs=IHC). ლათინურ თარგმანში ის დამკვიდრდა შემდეგი სახით: IHS=Jesus, მაგრამ მცდარმა ტრანკრიფციამ (H=E), გამოიწვია აგრეთვე არასწორი დაწერა სიტყვისა Iჰსუს და არაბუნებრივი განმარტება: I=Iesus, H=hominum (ან Hierosolymae), S=Salvator; (=იესო, ადამიანთა მხსნელი). ის XIV საუკუნიდან იწყებს გავრცელებას, თუმცა ძირითადად XV საუკუნეში, წმიდა ბერნარდინო სიენელისა და მის მოწაფეთა ძალისხმევის შედეგად დამკვიდრდა. წარმოადგენს იეზუიტთა ორდენის გერბს.

Imprimatur [ლათ. „დაიბეჭდოს“] ამ ფორმულით ეპისკოპოსი ან პასუხისმგებელი სამოწესეო წინამძღვარი იმ წიგნების დაბეჭდვის ნებართვას იძლევა, რომლებიც სარწმუნოების ან ზნეობის შესახებ მსჯელობს. ეს ნებართვა თავსდება თხზულების ტიტულის უკანა მხარეს, მასთან ერთად მიეთითება მისი გამცემი პირის ვინაობა და გაცემის თარიღი. ნებართვის დანიშნულებაა, დაუდასტუროს მკითხველს შრომაში გამოთქმულ იდეათა მართლმორწმუნე ხასიათი.

In pectore [ლათ. სიტყვასიტყვით „გულში“, ნიშნავს „საიდუმლოდ შენახულს“] ასე ეწოდება კარდინალის აღყვანას, რომლის სახელსაც პაპი საჯაროდ არ აცხადებს. საიდუმლოდ შენახვის წესით კარდინალები პირველმა პაპმა მარტინე V-მ აღიყვანა.

I.N.R.I. ლათ. წარწერა, რომელიც იესოს ჯვარზე იყო შესრულებული (მათ. 27:37; იოან. 19:19-22). Jesus Nazarenus Rex Judaeorum (იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე). პილატეს ბრძანებით შესრულებული ეს წარწერა ებრაულ და ბერძნულ ენებზეც იყო დაწერილი.

Latae sententiae [სიტყვასიტყვით „გამოცხადებული სასჯელი“] კანონიკური სამართლის ერთ-ერთი გამოთქმა. მიუთითებს სასჯელზე, რომელიც ემუქრება ადამიანს თვით დანაშაულის ჩადენის გამო (იმის გათვალისწინებით, რომ კანონი ზუსტად განსაზღვრავს მას, CIC, კან. 1314). როგორც წესი, გათვალისწინებულია დაფარული ან განზრახ ჩადენილი - და გამოწვეული აჟიოტაჟის გამო - განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისათვის.

Lauda Sion წმიდა თომა აკვინელის მიერ უფლის სხეულის წირვისათვის შეთხზული ცნობილი სეკვენციის დასაწყისი. ნათლად აჯამებს ევქარისტიულ მოძღვრებას.

Lavabo [ლათ. „დავბან“] აღნიშნავს ხელების განბანვას, რომელსაც მღვდელმსახური წირვის დროს, შესაწირავის მომზადების შემდეგ ასრულებს. ლათინური ტერმინი იმ ლოცვის პირველი სიტყვიდან მომდინარეობს, რომელსაც მღვდელმსახური ამ ჟესტის შესრულებისას წარმოთქვამს. ასევე ეწოდება ბაზილიკების ან მონასტრების ატრიუმებში განლაგებულ წყაროს ან საეკლესიო სამოსის საცავში მოთავსებულ ხელთა განბანვისთვის შესაფერ საეკლესიო ჭურჭელს.

Lectio continua [ლათ. გამოთქმა] ლიტურგიაში ბიბლიის „გაგრძელებული კითხვა“, რაც იმაში მდგომარეობს, რომ კითხვა იმ ადგილიდან გრძელდება, სადაც ის წინა მსახურების დროს შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დამკვიდრებულ სისტემას ნახევრად გაგრძელებული კითხვა შეიძლება ეწოდოს, უნდა ვაღიაროთ, რომ განხორციელდა დადგენილება Sacrosantum concilium-ში გამოთქმული სურვილი: „იმ მიზნით, რათა ღმრთის სიტყვის ნადიმი მორწმუნეებს უფრო უხვად მიწოდოს, საჭიროა ბიბლიის საგანძურთა უფრო ფართოდ გახსნა, იმგვარად, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ხალხს საღმრთო წერილის უმნიშვნელოვანესი ნაწილი წაეკითხოს“ (51).

Lectio divina [ლათ. გამოთქმა] აღნიშნავს საღმრთო წერილის კითხვასა და მასზე მედიტაციას, რაც მონასტრებისთვის ტიპური მოვლენაა. მიზნად ისახავს ბიბლიური სულიერების ძირითადი თემების გაღრმავებას ლიტურგიულ ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირში. დღეს ამგვარი პრაქტიკა უკვე სცილდება სამონასტრო გარემოს და ქრისტიანულ საკრებულოებში იმკვიდრებს ადგილს.

Lettera enciclica ნ. ენციკლიკა.

Lex credendi - Lex orandi [ლათ. გამოთქმა] პროსპერიუს აკვიტანიელის (†463) ავტორობით ცნობილი აქსიომის მოკლე ფორმა, რომელიც მთლიანად ასე ჟღერს: „…ut legem credendi statuat lex supplicandi“ (=რათა ლოცვის კანონმა განსაზღვროს რწმენის კანონი). გამოთქმა რწმენასა და ლიტურგიას შორის არსებულ სასიცოცხლო დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. პიუს XII-ის ენციკლიკაში Mediator Dei აღნიშნულია ამ აქსიომის გაღრმავების შესაძლებლობა დამატებითი განვრცობის მეშვეობით: „Lex credendi legem statuat supplicandi“ (შდრ. Mediator Dei, 47).

Liber pontificalis [ლათ. „პონტიფექსთა წიგნი“] პირველ პაპთა ბიოგრაფიების კრებული პიუს II-მდე (1458-1464). წიგნის პირველი სრული რედაქცია VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე მომზადდა, შემდგომში სხვა ბიოგრაფიებით შეივსო და განხლდა. ლიტურგიულ ინოვაციათა შესახებ მრავალი ცნობა სწორედ ამ წიგნიდანაა აღებული.

Liber sacramentorum ნ. საიდუმლოთა წიგნი.

Liber usualis [ლათ. „წიგნი, რომელიც ესაჭიროება ადამიანს“] წიგნი, რომელსაც ერთ დროს მონაზვნები, მოწესეები და სასულიერო პირები იყენებდნენ წირვის ლიტურგიისა და ჟამთა ერთობლივი აღსრულების დროს. წიგნი მოიცავდა წირვის ცვლად (გრადუალი) და უცვლელ (კირიალი) საგალობლებს. გრიგორიანული საგალობლები მასში სოლესმის ბენედიქტელ მონაზონთა რედაქციით იყო შეტანილი.

Locus theologicus [ლათ. გამოთქმა] კათოლიკურ თეოლოგიაში აღნიშნავს თეოლოგიური ცოდნის წყაროს, როგორებიცაა საღმრთო წერილი, გადმოცემა, სწავლება და სხვ. პროტესტანტულ თეოლოგიაში აღნიშნავს სარწმუნოების მნიშვნელოვან დოგმატს.

Lumen Christi [ლათ. „ქრისტეს ნათელი“ ან უმჯობესია: „ნათელი, რომელიც ქრისტეა“] ამ შეპასუხებას გალობს დიაკონი ანთებული სააღდგომო კელაპტრით ხელში და მიუძღვება მსვლელობას, რომელიც სააღდგომო ცისკრის ღამეს ეკლესიაში შედის ცეცხლის კურთხევის შემდეგ, დიდების საგალობლამდე. დიაკონს ხალხი უპასუხებს: „მადლი ღმერთსა“.

Mirabilia Dei ლათ. გამოთქმა, რომლითაც აღინიშნება ხსნის ისტორიის ფუძემდებლური მოვლენები როგორც ისტორიაში ღმრთაებრივი ჩარევის ფაქტები.

Missio canonica [ლათ. გამოთქმა] კომპეტენტური იერარქიული ხელისუფლის იურიდიული აქტი, რომლის მეშვეობითაც ხდება თანამდებობის მინიჭება, ეს თანამდებობა კი წარმოადგენს სულიერი მიზნით აღსასრულებელ ღმრთაებრივი თუ საეკლესიო განკარგულებით დადგენილ მუდმივმოქმედ სამსახურს (CIC, კან. 145). მაშასადამე, Missio canonica იურიდიულად განსაზღვრავს ეკლესიაში მსახურებასა და მართვასთან დაკავშირებულ ქმედებებათა სრულფასოვნად თუ კანონიერად აღსრულებას, რისთვისაც ისაა აუცილებელი.

Motu proprio [ლათ. „საკუთარი ინიციატივით“] აღნიშნავს სამოციქულო წერილს (ჩვეულებრივ, დისციპლინარულ საკითხებთან დაკავშირებით), რომელსაც პონტიფექსი საკუთარი ინიციატივით აქვეყნებს.

Nihil obstat [ლათ. გამოთქმა, შემოკლებული ფორმა ფრაზისა: nihil obstat quominus imprimatur „არაფერი უშლის ხელს დაბეჭდვას“] დასტური, რომელსაც საეკლესიო ხელისუფალი აღბეჭდავს მისი ნებართვით გამოცემული პუბლიკაციის დასაწყისში ან ბოლოს. ნ. Imprimatur.

Non expedit [ლათ. გამოთქმა, „არ არგებს“, „არ შეშვენის“] ფორმულა, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ რომის კონგრეგაციები, როცა მიზანშეწონილობის გამო უარყოფით პასუხს იძლევიან რამე შეკითხვაზე. ფორმულამ სპეციფიკური მნიშვნელობა შეიძინა და ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც იტალიელ კათოლიკეთათვის არჩევნებში მონაწილეობისა და, ზოგადად, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მიზნით იქნა გამოყენებული. ამგვარი განცხადება მოჰყვა შედეგად წმიდა საყდრის მიერ ტერიტორიების დაკარგვას, რამაც პონტიფექსთა პოლიტიკური ძალაუფლების დასასრული გამოიწვია (XIX საუკუნის მეორე ნახევარი). მსგავსი შინაარსის პირველ განცხადებად იქცა საღმრთო პენიტენციარიუმის 1874 წლის 10 სექტემბრის დეკრეტი. მოგვიანებით ლეონ XIII-ის მიერ მოწონებულ წმიდა დაწესებულების დეკრეტში (1888 წლის 30 ივნისი) იგივე პრინციპია გატარებული. ენციკლიკაში Il fermo proposito (1905 წლის 11 ივნისი) პიუს X-მ განსაკუთრებულ ვითარებაში პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ნება დართო კათოლიკეებს, თუმცა არ გაუუქმებია Non expedit. ფორმალურად Non expedit 1919 წელს, პაპმა ბენედიქტე XV-მ გააუქმა, როცა იტალიიის სახალხო პარტიის დაფუძნების ნება დართო.

Nunc dimittis [ლათ.] დასაწყისი სადიდებელი ლოცვისა („აწ კი განმიტევე, უფალო“), რომლითაც სიმონი მიმართავს ღმერთს, როცა ტაძარში მიყვანილ იესოში მესიას ამოიცნობს. მოხუცი მღვდელმსახური, ვისთვისაც ღმერთს აღთქმული ჰქონდა, რომ მესიის ქვეყნად მოვლინების მოწმე გახდებოდა, უფალს ეუბნება, რომ, თავისი იმედის გამართლების მხილველს, ახლა უკვე შეუძლია მოკვდეს. Nunc dimittis მწუხრის ჟამს წარმოითქმის.

Ora et labora [ლათ. გამოთქმა: „ილოცე და იშრომე“] ბენედიქტელ მონაზონთა დევიზი, რომელშიც შესანიშნავად აისახება მათი ცხოვრების იდეალი, დაფუძნებული ლოცვასა (Opus Dei - ღმრთის საქმე) და შრომაზე (Opus manuum - ხელისმიერი საქმე), რომელიც „სამშვინველის მტრის“ დამარცხების საშუალებადაა მიჩნეული.

Oratio dominica [ლათ. გამოთქმა] აღნიშნავს უფლის ლოცვას, ანუ მამო ჩვენოს.

Oratio fidelium ნ. მორწმუნეთა ლოცვა.

Ordines romani [ლათ. „რომაული წესები“] წიგნების კრებული, რომელიც რომში, VIII-XIV საუკუნეებში ლიტურგიული მსახურებისათვის აუცილებელ წესებსა და დებულებებს შეიცავს. ანდრიოს მიერ გადამუშავებული ამგვარ წესთა გამოცემა თემატური პრინციპით ათ სექციად დაყოფილ 50 რიტუალს მოიცავს.

Ordo [ლათ. „წესი“] ლათინური ეკვივალენტი ტერმინისა წესი (წესდება). ამგვარად, ორდო მისსაე იგივეა, რაც „წირვის წესი“, ორდო ბაპტისმი — „ნათლობის წესი“.

Osservatore Romano, L' ნ. ოსერვატორე რომანო.

Pange lingua [ლათ. „ადიდე, ენავ“] საწყისი სიტყვები წმიდა თომა აკვინელის სადიდებელისა, რომელიც ევქარისტიული საიდუმლოს სიდიადეს ეძღვნება. მას წარმოთქვამენ ან გალობენ უფლის სხეულის დღესასწაულის მწუხრისას და ევქარისტიული კურთხევის დროს.

Pater noster ნ. მამაო ჩვენო.

Placet [აწმყო დროის მხოლობითი რიცხვის მესამე პირი ზმნისა placere „სიამოვნება“, „მოწონება“] იურიდიული ფორმულა, რომელიც სახელმწიფოს მიერ საეპისკოპოსო აქტების დამტკიცებას აღნიშნავს. იტალიაში ის ლატერანის ხელშეკრულებით გაუქმდა. ამჟამად ასე ეწოდება ფორმულას, რომელსაც კრების ან სხვა საეკლესიო საკოლეგიო ორგანოს წევრები იყენებენ სრული მოწონებისა და თანხმობის გამოსახატავად; პირობითი მოწონება აღინიშნება ფორმულით placet iuxta modum, უარი კი - ფორმულით non placet.

Prosit [ზმნა prodesse-ს აწმყო კავშირებითის მხ. რიცხვის მესამე პირი: „გაიხარე!“] მილოცვის აღმნიშვნელი ლათინური გამოთქმა. ასე მიმართავენ სამკვეთლოში წირვის აღსრულების შემდეგ, მღვდელმსახურს, რომელიც უპასუხებს: „Tibi quoque“ („შენც აგრეთვე“).

Quaestio [ლათ. „შეკითხვა“] ფილოსოფიასა და სქოლასტიკურ თეოლოგიაში აღნიშნავს პრობლემას ან თემას, განხილულს მონოგრაფიურად (quaestio disputata, quaestio quodlibetalis); ამასთანავე, აღნიშნავს ერთ-ერთს იმ სექციათაგან, რომლებადაც დაიყოფა, თემატური ნიშნით, „თეოლოგიის შეჯამება“, რომელიც, თავის მხრივ, პარაგრაფებად იყოფა.

Redaktiongeschichte [გერმ. „რედაქციის ისტორია“] ასე ეწოდება განსაკუთრებულ მეთოდოლოგიურ მიმართულებას ფორმათა ისტორიის წიაღში. ის უმთავრესად სახარებათა საბოლოო წერილობითი რედაქციების სხვადასხვა ლიტერატურულ მასალებს იკვლევს. მკვლევარები ამ რედაქციათა შედგენის ისტორიისა და შემდგენელთა (მოციქულების) საერთო კონცეფციის აღმოჩენას ცდილობენ. ამასთან, მოციქულები განიხილებიან არა გადმოცემულ მასალათა უბრალო შემდგენლებად, არამედ თვითმყოფადობით გამორჩეულ და შემოქმედებითი მიდგომის მქონე ავტორებად.

Regina Coeli [ლათ. „ცათა დედოფალი“] სააღდგომო პერიოდის მარიამისადმი მიძღვნილი ანტიფონი. მისი ავტორი უცნობია, თუმცა ანტიფონს პაპ გრიგოლ V-ს (Xს.) მიაკუთვნებენ. სააღდგომო პერიოდში ანტიფონი ანგელუსის ნაცვლად სრულდება.

Rerum novarum ლეონ XIII-ის ენციკლიკა, რომელიც გამოქვეყნდა 1891 წლის 15 მაისს და ეძღვნება იმ პერიოდის საზოგადოებრივ პრობლემატიკას. მასში გაკრიტიკებულია როგორც ლიბერალური კაპიტალიზმის გადამეტებანი, ისე იმდროინდელი სოციალიზმის ილუზიები. ენციკლიკა ეკლესიის სოციალური მოძღვრების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

Rota romana ნ. საღმრთო ტრიბუნალი.

Sacra Rota ნ. საღმრთო ტრიბუნალი.

Salve Regina ყველაზე ცნობილი ჟამთა ლიტურგიის დამაგვირგვინებელ, მარიამისადმი მიძღვნილ ანტიფონთაგან. თითქმის დანამდვილებითააა ცნობილი, რომ მისი ავტორია ლე პუის ეპისკოპოსი აიმარუსი (†1098).

Sanctus [ლათ. „წმიდა“] აღებულია ესაიას წიგნში მოცემული (6:3) ქერუბიმთა საგალობლიდან. ეს არის შეპასუხება, - „წმიდა არს“, - რომელსაც პრეფაციოს დასასრულს წარმოთქვამენ ან გალობენ, მღვდელმსახურთან ერთად, ეკლესიაში შეკრებილი მორწმუნეები.

Schola cantorum ნ. მგალობელთა სკოლა.

Sede apostolica ნ. წმიდა საყდარი.

Sede vacante [ლათ. sedes „საყდარი“, „ადგილი“ და vacans (-ntis), აწმყოს მიმღეობა ზმნისა vacare „ცარიელი ყოფნა“] იგულისხმება დროის ის მონაკვეთი, როცა წმიდა საყდარი ვაკანტურია, - პაპის სიკვდილიდან ან ტახტზე უარის თქმიდან ახალი პონტიფექსის არჩევამდე. ეპისკოპოსის ადგილი ვაკანტურია ეპისკოპოსის გარდაცვალების, მის მიერ თანამდებობაზე (პაპის მიერ დაკმაყოფილებული) უარის თქმის, სხვა თანამდებობაზე ეპისკოპოსის გადაყვანის ან მისთვის თანამდებობის ჩამორთმევის შემთხვევაში (CIC, კან. 416).

Sensus fidei ნ. რწმენის განცდა.

Servus servorum Dei [ლათ.] „ღმრთის მსახურთა მსახური“, — გამოთქმა, რომლითაც აწერს ხელს ოფიციალურ დოკუმენტებს რომის პაპი. პირველად ის პაპმა გრიგოლ დიდმა გამოიყენა.

Simul iustus et peccator [ლათ. „ერთდროულად მართალიცა და ცოდვილიც“] პროტესტანტული თეოლოგიის ტიპური ფორმულა, აღნიშნავს მორწმუნის არსებობის პარადოქსულ მდგომარეობას: იგი გამართლებულია, მაგრამ არ არის ხსნილი. კათოლიკობაში ეს ფორმულა უარყოფილ იქნა, რამდენადაც ის აღნიშნავს ადამიანისაგან სრულიად დამოუკიდებელ გამართლებას, რომელიც არ ეხება ადამიანის შინაგან სამყაროს და არ უბიძგებს მას, გადალახოს უტყუარად მაჯანსაღებელი ქმედებების შეუძლებლობა.

Sitz im Leben [გერმ.] ფორმათა ისტორიის (Formgeschichte) სივრცეში ფართოდ გავრცელებული ფორმულა, რომელიც აღნიშნავს კონკრეტულ ნიადაგს, რომელზეც აღმოცენდა სახარებისეული მონაკვეთები (პერიკოპები). ლაპარაკია სასიცოცხლო ვითარებაზე, რომელიც შედგება კატეხეზური, ლიტურგიული, აპოლოგეტური ხასიათის განზრახვათა, პრობლემათა, განცდათა და მოთხოვნილებათაგან, რაც თავდაპირველი ეკლესიისთვის არის დამახასიათებელი. Sitz im Leben უდევს საფუძვლად ამ პერიკოპეთა სპეციფიკურ ლიტერატურულ ფორმებს.

Sola sriptura ფორმულა ლათინურ ენაზე, რომლითაც პროტესტანტულ რელიგიაში აღინიშნება მხოლოდ საღმრთო წერილის საკმარისობა სარწმუნოების საბუთად და მისი თვითკმარობა თვითგანმარტებისათვის. ეწინააღმდეგება გადმოცემის დამოუკიდებელ ღირებულებას და ეკლესიის მოძღვრების აუცილებლობას.

Supplet Ecclesia [ლათ. „ასრულებს ეკლესია“] იმ შემთხვევებში, როდესაც თვალსაჩინოა აღმასრულებელი ხელისუფლების ან უნარის ნაკლებობა იმათში, ვინც უნდა შეასრულოს განსაზღვრული ქმედებები (რა გარემოებაც ზიანს მოუტანდა მორწმუნეებს), კანონიკური დებულება, თავისი მოქნილობით, ადგენს, რომ როგორც გარე, ისე შიდა ფორუმისათვის ეკლესია თავად ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლებას ან უნარებს (CIC, კან. 144). ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ეკლესია ანაზღაურებს სუბიექტის ნაკლოვანებას, აქტები, რომლებიც თავისთავად არაქმედითი იქნებოდა (რაკიღა მათი აღმსრულებელი გარკვეული მიზეზით მოკლებულია მათი შესრულების ძალაუფლებას ან უნარს), ქმედითია დასაბამიდანვე და არ საჭიროებს რამე სახის შემდგომ დადასტურებას.

Tantum ergo წმიდა თომა აკვინელის მიერ უფლის სხეულის დიდდღესასწაულისათვის შეთხზული საგალობლის, Pange lingua-ს ბოლოსწინა სტროფის საწყისი სიტყვები. მას გალობენ წმიდა ევქარისტიის გამობრძანების დროს, ევქარისტიულ კურთხევამდე.

Te Deum საზეიმო ლიტურგიული სადიდებელი და სამადლობელი ჰიმნი, რომელიც შეიცავს სამებასთან დაკავშირებულ მდიდარ დოქსოლოგიას და ღმრთისადმი ამაღლებულ ვედრებას. სახელწოდება ჰიმნის პირველი სიტყვებიდან მომდინარეობს, ცნობილია, აგრეთვე, ამბროსისეული ჰიმნის ან წმიდა სამების ჰიმნის სახელით. მის ავტორობას სხვადასხვა პიროვნებებს მიაწერენ (წმიდა ამბროსის, ავგუსტინეს, ჰილარიუსს...), თუმცა, სავარაუდოდ, ის ნიკიტა რემესიანელის შექმნილი უნდა იყოს (იგი 414 წლის შემდეგ გარდაიცვალა). საგალობელი სრულდება კვირაობით და დღესასწაულებზე ჟამთა ლიტურგიის დროს, აგრეთვე წლის დასასრულს - სამადლობელი ლიტურგიების დროს.

Trigesima (dies) [ლათ.] სიკვდილიდან ოცდამეათე დღე, როდესაც, ჩვეულებრივ, აღსრულდება მიცვალებულისათვის ვედრების (ნ. შემწეობა) წირვა.

Urbi et orbi [ლათ. „ქალაქსა და მსოფლიოს“] პაპის აქტები, რომლებიც ქალაქ რომისა და მთელი ეკლესიისათვის არის განკუთვნილი. ყველაზე ხშირად ფრაზა საზეიმო კურთხევისას წარმოითქმის, რომელსაც სრული ინდულგენცია ერთვის თან.

Urmensch [გერმ. „პირველკაცი“] სხვადასხვა დამახასიათებელი ნიშნებისა და ხშირად აშკარად მითოსური თვისებების მქონე ეს ფიგურა რელიგიათა ისტორიაში ასახავს პირველქმნილ ადამიანს. მისი მითოსი დიდად განვითარებული ჩანს გნოსისში. იუდაიზმში ამ ფიგურას განასახიერებს ადამი.

Veni, Creator Spiritus [ლათ. „მოდი, შემოქმედო სულო“] სული წმიდის გარდამოსვლის მწუხრის საგალობელი. უცნობი ავტორის ეს ნაწარმოები ლიტურგიაში 1049 წელს იქნა ჩართული, როცა ლეონ IX-მ ის პირველად იგალობა რეიმსის კრებაზე. ესაა ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საგალობელი, რომელიც სრულდება ღმრთისმსახურების დასაწყისში, სული წმიდის შეწევნის სათხოვნელად.

Vetus latina [ლათ. „ძველი ლათინური ტრადიცია“] ჩვეულებრივ, ასე აღინიშნება ვულგატის წინამორბედი ბიბლიის ლათინური თარგმანები. მათს შესასწავლად ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროებია ძველ საეკლესიო მწრალთა ციტატები, ლიტურგიული წიგნები და ვულგატაში შესული საკითხავები.

aq modis teqsti

36 შემოკლებანი

▲back to top


ბიბლიური წიგნები
ძველი აღთქმა

დაბადება დაბ.

გამოსვლა გამ.

ლევიანნი ლევ.

რიცხვნი რიცხვ.

მეორე რჯული რჯლ.

იესო ნავეს ძე იესო

მსაჯულნი მსაჯ.

რუთი რუთ.

პირველი მეფეთა 1მეფ.

მეორე მეფეთა 2მეფ.

მესამე მეფეთა 3მეფ.

მეოთხე მეფეთა 4მეფ.

პირველი ნეშტთა 1ნეშტ.

მეორე ნეშტთა 2ნეშტ.

პირველი ეზრა ეზრ.

ნეემია ნეემ.

მეორე ეზრა 2ეზრ.

ტობითი ტობ.

ივდითი ივდ.

ესთერი ესთ.

იობი იობ.

ფსალმუნნი ფსალმ.

იგავნი სოლომონისა იგავ.

ეკლესიასტე ეკლ.

ქებათა ქება სოლომონისა ქებ.

სიბრძნე სოლომონისა სიბრძნ.

სიბრძნე ზირაქისა ზირ.

ესაია წინასწარმეტყველი ეს.

იერემია წინასწარმეტყველი იერ.

გოდება იერემიასი გოდ.

ეპისტოლე იერემიასი იერ.

ბარუქ წინასწარმეტყველი ბარ.

ეზეკიელ წინასწარმეტყველი ეზეკ.

დანიელ წინასწარმეტყველი დან.

ოსია წინასწარმეტყველი ოს.

იოველ წინასწარმეტყველი იოვ.

ამოს წინასწარმეტყველი ამოს.

აბდია წინასწარმეტყველი აბდ.

იონა წინასწარმეტყველი იონ.

მიქა წინასწარმეტყველი მიქ.

ნაუმ წინასწარმეტყველი ნაუმ.

აბაკუმ წინასწარმეტყველი აბაკ.

სოფონია წინასწარმეტყველი სოფ.

ანგია წინასწარმეტყველი ანგ.

ზაქარია წინასწარმეტყველი ზაქ.

მალაქია წინასწარმეტყველი მალ.

პირველი მაკაბელთა 1მაკ.

მეორე მაკაბელთა 2მაკ.

მესამე მაკაბელთა 3მაკ.

მეოთხე მაკაბელთა 4მაკ.

მესამე ეზრა 3ეზრ.

ახალი აღთქმა

მათეს სახარება მათ.

მარკოზის სახარება მარკ.

ლუკას სახარება ლუკ.

იოანეს სახარება იოან.

მოციქულთა საქმეები საქმე

იაკობ მოციქულის წერილი იაკ.

პეტრე მოციქულის პირველი წერილი 1პეტ.

პეტრე მოციქულის მეორე წერილი 2პეტ.

იოანე მოციქულის პირველი წერილი 1იოან.

იოანე მოციქულის მეორე წერილი 2იოან.

იოანე მოციქულის მესამე წერილი 3იოან.

იუდა მოციქულის წერილი იუდ.

პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ რომ.

პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ 1კორ.

პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ 2კორ.

პავლე მოციქულის წერილი გალატელთა მიმართ გალ.

პავლე მოციქულის წერილი ეფესელთა მიმართ ეფეს.

პავლე მოციქულის წერილი ფილიპელთა მიმართ ფილიპ.

პავლე მოციქულის წერილი კოლოსელთა მიმართ კოლ.

პავლე მოციქულის პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ 1თეს.

პავლე მოციქულის მეორე წერილი თესალონიკელთა მიმართ 2თეს.

პავლე მოციქულის პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ 1ტიმ.

პავლე მოციქულის მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ 2ტიმ.

პავლე მოციქულის წერილი ტიტეს მიმართ ტიტ.

პავლე მოციქულის წერილი ფილიმონის მიმართ ფილ.

პავლე მოციქულის წერილი ებრაელთა მიმართ ებრ.

იოანე მოციქულის გამოცხადება გამოცხ.

ეკლესიის მოძღვრებისა და სამართლის დოკუმენტები

CCC Catechismus Catholicae Ecclesiae (კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 1992/1997)

CIC Codex Iuris Canonici (კანონიკური სამართლის კოდექსი, 1983)

ვატიკანის II კრების დოკუმენტები

AA Apostolicam actiositatem - დეკრეტი საეროთა მოციქულობის შესახებ

AG Ad gentes divinitus დეკრეტი ეკლესიის სამისიონერო მოღვაწეობის შესახებ

CD Christus Dominus - დეკრეტი ეკლესიაში ეპისკოპოსთა სამოძღვრო მსახურების შესახებ

DH Dignitatis humanae - დეკლარაცია რელიგიური თავისუფლების შესახებ

DV Dei verbum - დოგმატური კონსტიტუცია საღმრთო გამოცხადების შესახებ

GE Gravissimum educationis დეკლარაცია ქრისტიანული აღზრდის შესახებ

GS Gaudium et spes - სამოძღვრო კონსტიტუცია თანამედროვე სამყაროში ეკლესიის შესახებ

IM Inter mirifica - დეკრეტი საზოგადოებრივი კომინიკაციის საშუალებათა შესახებ

LG Lumen gentium - დოგმატური კონსტიტუცია ეკლესიის შესახებ

NA Nostra aetate - დეკლარაცია ეკლესიის დამოკიდებულების შესახებ არაქრისტიანული რელიგიების მიმართ

OE Orientalium Ecclesiarum - დეკრეტი აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიათა შესახებ

OT Optatam totius - დეკრეტი მღვდელთა აღზრდის შესახებ

PC Perfectae caritatis - დეკრეტი სამოწესეო ცხოვრების განახლების შესახებ

PO Presbytororum ორდინის დეკრეტი მღვდელთა მსახურებისა და ცხოვრების შესახებ

SC Sacrosanctum Concilium - კონსტიტუცია წმიდა ლიტურგიის შესახებ

UR Unitatis redintegratio - დეკრეტი ეკუმენიზმის შესახებ

ეკლესიის დოგმატურ დოკუმენტთა კრებული

DS H. Denzinger, A. Schönmetzer, Enchiridion symbolorum definitionum et declarationum de rebus fidei et morum.

ენები

არაბ. არაბული
არამ. არამეული
ბერძ. ბერძნული
გერმ. გერმანული
ებრ. ებრაული
ესპ. ესპანური
თურქ. თურქული
ინგლ. ინგლისური
იტალ. იტალიური
ლათ. ლათინური
სანსკ. სანსკრიტი
სპარს. სპარსული
ფრანგ. ფრანგული
. ნახე