![]() |
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის სააგენტოს (ISDR) ტერმინოლოგია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ლექსიკონები |
საავტორო უფლებები: © გაერთიანებული ერების ორგანიზაცია |
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
ლექსიკონის აღწერა: კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ. გაერთიანებული ერები გამოქვეყნებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის სააგენტოს (UNISDR) მიერ ჟენევა, შვეიცარია, 2009 წლის მაისი © გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, 2009 © გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის სააგენტო UNISDR 2009 ყველა უფლება დაცულია წინამდებარე პუბლიკაციიდან ციტატების ამოღება და მისი ხელახლა დაბეჭდვა თავისუფლად შეიძლება, მაგრამ წყაროს მითითება აუცილებელია. UNISDR ამ პუბლიკაციის რეპროდუქციას და თარგმნას მიესალმება. დოკუმენტის გამოქვეყნების ან გადათარგმნის შემთხვევაში მისი ერთი ასლი UNISDR-ს აუცილებლად უნდა გადაეგზავნოს. ტერმინოლოგია ინგლისურ ენაზე, ასევე მისი თარგმანები არაბულ, ჩინურ, ფრანგულ, რუსულ და ესპნურ ენებზე ხელმისაწვდომია UNISDR-ს ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე: www.unisdr.org/publicationsPreventionWeb-ზე www.preventionweb.net |
![]() |
1 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის სააგენტოს (ISDR) ტერმინოლოგია კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ |
▲back to top |
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რისკის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის (UNISDR) ტერმინოლოგიის“ მიზანია ერთნაირად იქნას გაგებული და დამკვიდრდეს კატასტროფების რისკის შემცირების ცნებები, ასევე ხელი შეეწყოს მათ ერთგვაროვნად გამოყენებას და მხარი დაეჭიროს კატასტროფის რისკის შემცირების ძალისხმევას უფლებამოსილი პირების, პრაქტიკოსების და საზოგადოების მიერ. წინა ვერსია: „ტერმინოლოგია: ძირითადი ტერმინები კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ“ 2004 წელს გამოქვეყნდა „ცხოვრება რისკით: კატასტროფის რისკის შემცირების ინიციატივების გლობალური მიმოხილვა“. მომდევნო წელს, 2005-2015 წ.წ „ჰიოგოს სამოქმედო ჩარჩო-პროგრამით“ (UNISDR-ის მიმართ გაკეთდა მოთხოვნა: „კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტული ტერმინოლოგიის განახლება და ფართოდ გავრცელება, სულ მცირე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა ოფიციალურ ენაზე, პროგრამული და ინსტიტუციონალური განვითარების, ოპერაციების, კვლევების, სასწავლო გეგმებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის პროგრამებში გამოყენების მიზნით“.
2009 წლის ვერსია UNISDR-ის მხრიდან მიმდინარე განხილვის პროცესის, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებზე, რეგიონულ დისკუსიებსა და ეროვნულ გარემოში მთელ რიგ ექსპერტებსა და პრაქტიკოსებთან გამართული კონსულტაციების შედეგია. ტერმინები უკვე ერთ წინადადებაშია განმარტებული. თითოეულ ტერმინთან ასოცირებული კომენტარების აბზაცი ამ განმარტების ნაწილს არ წარმოადგენს, არამედ მხოლოდ დამატებითი კონტექსტის, კვალიფიკაციის და ახსნაგანმარტების უზრუნველსაყოფად არის მოცემული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტერმინები ურთიერთგამომრიცხავი ნამდვილად არ არის და ზოგ შემთხვევაში მათი მნიშვნელობები შეიძლება ერთმანეთს გადაფარავდეს კიდეც.
ტერმინოლოგია გადაისინჯა, რათა მასში შესულიყო ის სიტყვები, რაც ცენტრალური მნიშვნელობისაა თანამედროვე გაგებისთვის და კატასტროფის რისკის შემცირების განვითარებადი პრაქტიკისთვის, თუმცა, ამოღებულ იქნა სიტყვები, რომელთაც ლექსიკონის თანახმად ერთი და იგივე მნიშვნელობა გააჩნიათ.
ასევე მოცემულია მთელი რიგი ახლად შემოღებული ცნებები, რომლებიც ფართოდ არ გამოიყენება, მაგრამ პროფესიულ გარემოში თანდათან უფრო მკვიდრდება; აღნიშნული ტერმინები ვარსკვლავით(*) არის აღნიშნული და მათი მნიშვნელობა შეიძლება მომავალში უფრო დაიხვეწოს. „ტერმინოლოგიის“ 2009 წლის ინგლისურენოვან ვერსიაში მოცემულია საფუძველი ტერმინოლოგიის სხვა ენებზე მომზადებისათვის. სამომავლო გადასინჯვისთვის მივესალმებით კომენტარებს და შემოთავაზებებს, რომლებიც UNISDR-ს უნდა გადაუგზავნოთ (see www.unisdr.org).
მისაღები რისკი (Acceptable Risk)
პოტენციური დანაკარგის ის დონე, რაც მისაღებია საზოგადოებისთვის ან თემისთვის, არსებული სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, ტექნიკური და ეკოლოგიური პირობების გათვა ლისწინებით. კომენტარი: საინჟინრო გაგებით, მისაღები რისკი ასევე გამოიყენება ისეთი სტრუქტურული და არასტრუქტურული ზომების შეფასების და განსაზღვრისათვის, რაც საჭიროა ადამიანების, შენობების, მომსახურებების და სისტემებისადმი შესაძლო ზიანის შემცირებისათვის არჩეულ და მისაღებ დონემდე, კოდექსების ან „მიღებული პრაქტიკის“ შესაბამისად, რომელიც რისკის ცნობილ ალბათობებს და სხვა ფაქტორებს ეფუძნება
ადაპტაცია (Adaptation)
ბუნებრივი ან ადამიანური სისტემების მორგება ფაქტობრივ ან მოსალოდნელ კლიმატურ სტიმულებზე, ან მათ ეფექტებზე რეაგირებისთვის, რაც ზიანს ამსუბუქებს ან ხელსაყრელ შესაძლებლობებს გამოავლენს. კომენტარი: აღნიშნული განმარტება კლიმატის ცვალებადობის მოსაზრებებს ეხება და მის წყაროს „კლიმატის ცვალებადობაზე გაერთიანებული ერების ჩარჩო კონვენციის სამდივნო“ (UNFCCC) წარმოადგენს. ადაპტაციის უფრო ფართო ცნება ასევე ეხება არაკლიმატურ ფაქტორებს, როგორიცაა ნიადაგის ეროზია ან ზედაპირის დაწევა. ადაპტაცია შეიძლება მოხდეს ავტონომიურად, მაგ. ბაზრის ცვლილებების, ან ადაპტაცი ის დაგეგმილი პოლიტიკების ან გეგმების შედეგად. კატასტროფის რისკის შემცირების ბევრმა ზომამ შეიძლება პირდაპირ შეიტანოს წვლილი უკეთეს ადაპტაციაში.
ბიოლოგიური საფრთხე (Biologocal Hazard)
ორგანული წარმოშობის, ან ბიოლოგიური ვექტორებით განპირობებული პროცესი ან ფენომენი, რაც პათოგენური მიკროორგანიზმების რისკის წინაშე დგომას მოიცავს. ტოქსინები და ბიოაქტიური ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, დაზიანება, დაავადება ან სხვა გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე, გამოიწვიოს შენობების დაზიანება, საარსებო წყაროს და მომსახურებების დაკარგვა, სოციალური და ეკონომიკური მოშლილობა ან ეკოლოგიური ზიანი.
კომენტარი: ბიოლოგიური საფრთხეების მაგალითებში შედის ეპიდემიური დაავადებების აფეთქება, მცენარეების გზით ან ცხოველებიდან გადამდები დაავადებები, მწერების ან სხვა ცხოველებით გამოწვეული შავი ჭირი და ინვაზიები.
სამშენებლო კოდექსი (Building Code)
ბრძანებულებების ან რეგულაციების და ასოცირებული სტანდარტების ერთობლიობა, რომლის მიზანია დიზაინის, მშენებლობის, მასალების, იმ სტრუქტურების დაკავებულობის და ცვლილებების გაკონტროლება,რომლებიც აუცილებელია ადამიანების უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რაც დანგრევისა და ზიანისადმი გამძლეობას მოიცავს.
კომენტარი: სამშენებლო კოდექსები როგორც ტექნიკურ, ასევე ფუნქციურ სტანდარტებსაც შეიძლება მოიცავდეს. ისინი საერთაშორისო გამოცდილებას უნდა იზიარებდეს და ეროვნულ, ასევე ადგილობრივ გარემოებებს მიესადაგებოდეს. შესრულების სისტემატური რეჟიმი კრიტიკული მნიშვნელობის დამატებით მოთხოვნას წარმოადგენს სამშენებლო კოდექსის ეფექტური განხორციელებისთვის.
პოტენციალი (Capacity)
თემში, საზოგადოებასა თუ ორგანიზაციაში არსებული ყველა ძლიერი მხარის, მახასიათებელი თვისების და რესურსის კომბინაცია, რომელთა გამოიყენებაც შეიძლება შეთანხმებული მიზნების მისაღწევად.
კომენტარი: პოტენციალი შეიძლება მოიცავდეს ინფრასტრუქტურას და ფიზიკურ საშუალებებს, ინსტიტუციებს, საზოგადოებაში არსებულ გამკლავების შესაძლებლობებს, ასევე ადამიანთა ცოდნას, უნარებს და კოლექტიურ თვისებებს, როგორიცაა სოციალური ურთიერთობები, ლიდერობა და მენეჯმენტი. პოტენციალი შეიძლება ასევე აღწერილ იქნას როგორც შესაძლებლობა. პოტენციალის შეფასება არის პროცესის აღმნიშვნელი ტერმინი, რომლის მეშვეობითაც ჯგუფის პოტენციალი განიხილება სასურველი მიზნების მიმართდა სადაც პოტენციალთან დაკავშირებული ნაკლოვანებებია გამოვლენილი შემდგომი რეაგირებისათვის.
პოტენციალის განვითარება (Capacity Development)
პროცესი, რომლის მეშვეობით ადამიანები, ორგანიზაციები და საზოგადოება სისტემატურად ახდენს თავისი პოტენციალის სტიმულირებას და განვითარებას დროის განმავლობაში, სოციალური და ეკონომიკური მიზნების მისაღწევად, რაც ცოდნის, უნარების, სისტემების და ინსტიტუციების გაუმჯობესებას მოიცავს.
კომენტარი: პოტენციალის განვითარება შესაძლებლობის განვითარების განმავრცობელი ცნებაა, რათა მან დროთა განმავლობაში პოტენციალის ზრდის დაწყების და შენარჩუნების ყველა ასპექტი მოიცვას. ის სხვადასხვა ტიპის ტრენინგების მეშვეობით სწავლას, მაგრამ ასევე უწყვეტ ძალისხმევას მოიცავს ინსტიტუციების, პოლიტიკური ცნობიერების, ფინანსური რესურსების და ტექნოლოგიის სისტემების განსავითარებლად, ასევე უფრო ფართო სოციალური და კულტურული ძლიერი გარემოს შექმნისათვის.
კლიმატის ცვალებადობა (Climate Change
(ა) მთავრობათაშორისი საბჭო კლიმატის ცვალებადობის საკითხებზე (IPCC) კლიმატის ცვალებადობას შემდეგნაირად განმარტავს: „კლიმატის მდგომარეობის ცვლილება, რომლის იდენტიფიკაციაც შეიძლება (მაგ. სტატისტიკური ტესტების მეშვეობით) საშუალო მაჩვენებლებში მომხდარი ცვლილებების, ან/და მისი თვისებების ცვალებადობით, ასევე რაც ხანგრძლივ პერიოდში მიდინარეობს ტიპობრივად, დეკადების ან უფრო მეტი ხნის მანძილზე. კლიმატისცვალებადობა შიდა ბუნებრივი პროცესების, გარე ძალების მიზეზით, ან ატმოსფეროსა თუ მიწათსარგებლობის კომპოზიციაში მომხდარი განუწყვეტელი ანთროპოგენული ცვლილებების გამო შეიძლება მოხდეს.
(ბ) გაერთიანებული ერების ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვალებადობის შესახებ (UNFCCC) კლიმატის ცვალებადობას შემდეგნაირად განმარტავს: „კლიმატის ცვლილება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გამოწვეულია ადამიანის ქმედებით და რაც გლობალური ატმოსფეროს შემადგენლობას ცვლის, ასევე, რომელიც ემატება ბუნებრივი კლიმატის ცვალებადობას, რაც დროის შედარებად პერიოდებში ხდება“.
კომენტარი: კატასტროფის რისკის შემცირების მიზნებისთვის ორივე ეს განმარტება შეიძლება შესაფერისი იყოს, კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე. UNFCCC-ს განმარტება უფრო შეზღუდულია, რადგან ის ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეულ კლიმატის ცვალებადობას გამორიცხავს. IPCC-ის განმარტება შეიძლება უფრო პოპულარული კომუნიკაციისთვის შემდეგი ფორმულირებით გამოითქვას: „კლიმატის ცვლილება, რომელიც დეკადების ან უფრო დიდი პერიოდის განმავლობაში გრძელდება და რაც ბუნებრივი მიზეზებით, ან ადამიანის ქმედების შედეგად არის გამოწვეული“.
განსაკუთრებული დაგეგმვა (Contingency Planning)
მართვის პროცესი, რომლის მეშვეობითაც კონკრეტული პოტენციური მოვლენები, ან შესაძლო სიტუაციები გაანალიზდება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას ან გარემოს და რომელიც წინასწარ განსაზღვრავს ზომებს ამგვარ მოვლენებსა და სიტუაციებზე დროული, ეფექტური და შესაბამისი რეაგირებისთვის.
კომენტარი: განსაკუთრებული დაგეგმვის შედეგია ორგანიზებული და კოორდინირებული ქმედებები, სადაც ნათლადაა დადგენილი ინსტიტუციური ფუნქციები და რესურსები, ინფორმაციასთან დაკავშირებული პროცესები და საოპერაციო ზომები კონკრეტული აქტი ორებისთვის საჭიროების დროს. კატასტროფული მოვლენების, ან შესაძლო საგანგებო მდგომარეობის სცენარების საფუძველზე, მისი მეშვეობით მთავარ აქტი ორებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, მოელოდონ და გადაჭრან პრობლემები, რაც კრიზისის დროს შეიძლება წარმოიშვას. განსაკუთრებული დაგეგმვა საერთო მზაობის მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებული გეგმები რეგულარულად უნდა განახლდეს და გამოიცადოს.
კატასტროფებთან ბრძოლის პოტენციალი (Coping Capacity)
ადამიანების, ორგანიზაციების და სისტემების შესაძლებლობა, რომ ხელთ არსებული უნარების და რესურსების გამოყენებით წინ აღუდგნენ საზიანო ან საგანგებო მდგომარეობებს თუ კატასტროფებს და მართონ ისინი.
კომენტარი: გამკლავების შესაძლებლობა უწყვეტ ინფორმირებულობას, რესურსებს და კარგ მენეჯმენტს მოითხოვს როგორც ნორმალურ დროს, ასევე კრიზისების ან ზიანისმომტანი მდგომარეობების დადგომისას. გამკლავების შესაძლებლობებს წვლილი შეაქვს კატასტროფების რისკების შემცირებაში.
კატასტროფის რისკის კორექციული მართვა* (Corrective Disaster Risk Reduction)
მენეჯერული საქმიანობა, რომელიც უკვე დამდგარი კატასტროფების რისკებს ეხება და მის კორექციაზე, ან შემცირებაზე ზრუნავს.
კომენტარი: აღნიშნული ცნების მიზანია უკვე დამდგარი რისკები იმ რისკებისგან გამიჯნოს, რომელთაც მართვა და შემცირება ახლა სჭირდებათ, ასევე განსხვავება გაკეთდეს პერსპექტიული რისკებისგან, რომლებიც მომავალში შეიძლება განვითარდეს, თუ რისკის შემცირების პოლიტიკები განხორციელებული არ იქნება. იხილეთ ასევე პერსპექტიული რისკის მართვა.
კრიტიკული მნიშვნელობის შენობები (Critical Facilities)
პირველადი დანიშნულების ფიზიკური შენობები, ტექნიკური ნაგებობები ან სისტემები, რომლებიც სოციალური, ეკონომიკური ან ოპერაციული თვალსაზრისით აუცილებელია საზოგადოების ან თემის ფუნქციობისთვის როგორც რუტინულ ვითარებებში, ასევე საგანგებო მდგომარეობების ექსტრემალურ გარემოში.
კომენტარი: კრიტიკული მნიშვნელობის შენობები ინფრასტრუქტურის ელემენტებია, რომელიც მხარს უჭერს აუცილებელ სამსახურებს საზოგადოებაში. მათში შედის: სატრანსპორტო სისტემები, აეროპორტები და პორტები, ელექტროგაყვანილობა, წყლის და კომუნიკაციის სისტემები, საავადმყოფოები და ჯანდაცვის კლინიკები, ასევე სახანძროები, პოლიცია და სახელმწიფო მართვის სამსახურები.
კატასტროფა (Disaster)
თემის ან საზოგადოების ფუნქციობის სერიოზული მოშლა, რაც ფართომასშტაბიან ადამიანურ, მატერიალურ, ეკონომიკურ ან ეკოლოგიურ ზარალს, ან მათზე ზეგავლენას მოიცავს, რომელიც დაზარალებული თემის ან საზოგადოების შესაძლებლობას აღემატება საკუთარი რესურსებით ამგვარი მდგომარეობის დაძლევისთვის.
კომენტარი: კატასტროფებს ხშირად აღწერენ როგორც შემდეგი ელემენტების კომბინაციის შედეგს: საშიშროების რისკის წინაშე დგომა; მოცემულ დროს არსებული დაუცველობის მდგომარეობა და არასაკმარისი შესაძლებლობა ან ზომები პოტენციური უარყოფითი შედეგების შემცირების ან მათი გამკლავებისთვის. კატასტროფის შედეგი შეიძლება იყოს: სიცოცხლის დაკარგვა, დაზიანება, დაავადება ან სხვა საზიანო შედეგები ადამიანების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე, შენობების დაზიანებასთან, შენობების დანგრევასთან, მომსახურების დაკარგვასთან, სოციალურ და ეკონომიკურ მოშლილობასთან, ასევე გარემოს დეგრადაციასთან ერთად.
კატასტროფის რისკი (Disaster Risk)
კატასტროფით გამოწვეული პოტენციური დანაკარგი, როგორიცაა სიცოცხლეების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროების, შენობების ან მომსახურებების დაკარგვა, რაც შეიძლებოდა რომელიმე თემსა თუ საზოგადოებაში მომხდარიყო მომავლის რომელიმე მოცემულ პერიოდში.
კომენტარი: კატასტროფის რისკის განმარტება კატასტროფების ცნებას ასახავს როგორც რისკის უწყვეტად არსებული პირობების შედეგს. კატასტროფის რისკი პოტენციური დანაკარგების სხვადასხვა ტიპებისგან შედგება, რომელთა რაოდენობრივი სახით წარმოდგენა ხშირად რთულია ხოლმე. მიუხედავად ამისა, მოჭარბებული საფრთხეების შესახებ არსებული ცოდნით, ასევე მოსახლეობის და სოციო-ეკონომიკური განვითარების მახასიათებლებით, კატასტროფების რისკები შეიძლება შეფასდეს და რუკის სახით გამოისახოს, სულ მცირე, ფართო მასშტაბებით.
კატასტროფის რისკის მართვა (Disaster Risk Management)
ადმინისტრაციული დირექტივების, ორგანიზაციების და საოპერაციო უნარების თუ შესაძლებლობების გამოყენების სისტემატური პროცესი სტრატეგიების და პოლიტიკების განსახორციელებლად, ასევე გამკლავების შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის, საფრთხეების უარყოფითი ზეგავლენის და კატასტროფის შესაძლებლობის შემცირების მიზნით.
კომენტარი: აღნიშნული ტერმინი უფრო ზოგადი ტერმინის „რისკის მართვა“ გავრცობას წარმოადგენს კატასტროფების რისკების სპეციფიკური საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებით. კატასტროფის რისკის მართვის მიზანია თავიდან აიცილოს, შეამციროსან გადაიტანოს საფრთხეების უარყოფითი ეფექტები პრევენციის, შემსუბუქების და მზაობის ღონისძიებებით, ასევე მათთან დაკავშირებული ზომების მეშვეობით.
-->
კატასტროფის რისკის შემცირება (Disaster Risk Reduction)
კატასტროფის რისკების შემცირების ცნება და მისი გამოყენება სისტემატური ძალისხმევის მეშვეობით, კატასტროფების გამომწვევი ფაქტორების ანალიზისა და მართვისთვის. ამ საშუალებებში ასევე შედის საფრთხეების რისკის წინაშე დგომის შემცირება, ადამიანების თუ შენობების უფრო ნაკლები დაუცველობა, ასევე მიწის და გარემოს უფრო გონივრული მართვა და საზიანო მოვლენებისადმი მზაობის გაუმჯობესება.
კომენტარი: კატასტროფების რისკების შემცირების მიმართ ერთიანი მიდგომა მოცემულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2005 წელს მიღებულ „ჰიოგოს სამოქმედო ჩარჩო-პროგრამაში“, რომლის მოსალოდნელი შედეგია „კატასტროფების შედეგად მიყენებული ზარალის არსებითი შემცირება, სიცოცხლის, თემების თუ ქვეყნების სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი აქტივების მიმართ“.
კატასტროფის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის სააგენტოს (ISDR) სისტემაში მოცემულია მთავრობებს, ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის მექანიზმი „ჩარჩო-პროგრამის“ განხორციელების მხარდასაჭერად. ყურადღება მიაქციეთ, რომ მაშინ, როცა ზოგჯერ გამოყენებულია ტერმინი „კატასტროფის შემცირება“, ტერმინში „კატასტროფის რისკის შემცირება“ უფრო კარგად არის აღიარებული კატასტროფების რისკების მიმდინარე ბუნება და ასევე მოცემულ დროში არსებული პოტენცი ალი აღნიშნული რისკების შესამცირებლად.
კატასტროფის რისკის შემცირების გეგმა * (Disaster Risk Reduction Plan)
დოკუმენტი, რომელიც უწყების, სექტორის, ორგანიზაციის ან საწარმოს მიერ არის მომზადებული და სადაც მოცემულია მიზნები და სპეციფიკური ამოცანები კატასტროფების რისკების შემცირებისთვის, აღნიშნული მიზნების მიღწევასთან დაკავშირებულ ქმედებებთან ერთად.
კომენტარი: კატასტროფის რისკის შემცირების გეგმები „ჰიოგოს ჩარჩო-პროგრამით“უნდა ხელმძღვანელობდეს. ისინი ასევე გათვალისწინებული და კოორდინირებული უნდა იყოს განვითარების შესაბამის გეგმებში, რესურსების გადანაწილებასა და პროგრამულ ღონისძიებებში.
ეროვნულ დონეზე არსებული გეგმები ადმინისტრაციული ვალდებულების თითოეული დონისთვის სპეციფიკური უნდა იყოს და არსებულ სხვადასხვა სოციალურ თუ გეოგრაფიულ გარემოებებს უნდა მოერგოს. განხორციელების მიმართ არსებული პასუხისმგებლობები და დროითი ფარგლები, ასევე დაფინანსების წყაროები თითოეულ გეგმაში დაკონკრეტებული უნდა იყოს. სადაც შესაძლებელია, კავშირი უნდა დამყარდეს კლიმატის ცვალებადობის ადაპტაციის გეგმებთან.
ადრეული შეტყობინების სისტემა (Early Warning System
შესაძლებლობების ერთობლიობა, რომელიც საჭიროა შეტყობინებასთან დაკავშირებული დროული და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გენერირების და გავრცელებისთვის, რათა საფრთხის წინაშე მდგარმა ინდივიდებმა, თემებმა და ორგანიზაციებმა შესაბამისად მომზადება და მოქმედება შესძლონ, ასევე ჰქონდეთ საკმარისი დრო დაზიანების ან დანაკარგის შესაძლებლობის შემცირების მიზნით.
კომენტარი: აღნიშნული განმარტება მთელ რიგ ფაქტორებს მოიცავს, რაც აუცილებელია შეტყობინებებზე ეფექტური რეაგირებების მიღწევისთვის. ადამიანებზე კონცენტრირებული ადრეული შეტყობინების სისტემა აუცილებლად მოიცავს ოთხ მთავარ ელემენტს: რისკების ცოდნა; საფრთხეების მონიტორინგი, ანალიზი და პროგნოზირება; სიგნალების და შეტყობინებების კომუნიკაცია ან გავრცელება; ადგილობრივი შესაძლებლობები მიღებულ შეტყობინებებზე რეაგირებისთვის. ფრაზის „ერთიდან მეორე ბოლომდე შეტყობინების სისტემა“ გამოყენება ასევე ხაზს უსვამს, რომ შეტყობინების სისტემები საჭიროა ყველა საფეხურს მოიცავდეს საფრთხის აღმოჩენიდან თემის რეაგირების ჩათვლით.
ეკოსისტემის სამსახურები (Ecosystem Services)
სარგებელი, რომელსაც ხალხი და თემები იღებენ ეკოსისტემებისგან.
კომენტარი: აღნიშნული განმარტება „ათასწლეულის ეკოსისტემის შეფასებიდან“ გამომდინარეობს. სარგებელი, რისი უზრუნველყოფაც ეკოსისტემებს შეუძლიათ, მოიცავს „მარეგულირებელ სამსახურებს“, როგორიცაა წყალდიდობის, გვალვის, ნიადაგის დეგრადაციის და დაავადების რეგულაცია. ამაში ასევე შედის ისეთი „სამსახურების უზრუნველყოფა“, რაც წყალდიდობას და წყალს ეხება, „დამხმარე სამსახურები“, რომელიც ნიადაგის ფორმირებას და ნუტრიენტულ ციკლირებას ეხება, ასევე „კულტურული სამსახურები“, როგორიცაა რეკრეაციული, სულიერი, რელიგიური და სხვა არამატერიალური სარგებელი. მიწის, წყლის და საცხოვრებელი რესურსების ინტეგრირებული მართვა, რაც ხელს უწყობს კონსერვაციას და მდგრად გამოყენებას, ეკოსისტემების სამსახურების შენარჩუნების საფუძველს ქმნის, რაც იმ სამსახურებს მოიცავს, რომლებსაც კატასტროფის რისკების შემცირებაში წვლილი შეაქვთ.
ელ ნინიო - სამხრეთ ოსცილაციის ფენომენი (El Nino-Southern Oscillation Phenomenon)
წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილის და გლობალური ატმოსფეროს კომპლექსური ინტერაქცია, რასაც შედეგად მოაქვს ამინდის და ოკეანის ცვალებადობის არარეგულარულად მომხდარი მოვლენები მსოფლიოს ბევრ სხვადასხვა ადგილას, ხშირად კი ისეთი მნიშვნელოვანი ზეგავლენით, რაც მრავალი თვის მანძილზე გრძელდება, როგორიცაა ზღვის ჰაბიტატის ცვლილება, წვიმების ცვალებადობა, წყალდიდობები, გვალვები, ასევე ქარიშხლის ცვალებადობაც.
კომენტარი: ელ ნინიო - სამხრეთ ოსცილაციის ფენომენის (ENSO) „ელ ნინიო“ ნაწილი ოკეანის საშუალოზე საკმაოდ მაღალ ტემპერატურას ეხება, რაც სახეზე არის ხოლმე ეკვადორის, პერუს და ჩრდილოეთ ჩილეს სანაპიროს გასწვრივ, ასევე წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ეკვატორულ ნაწილში, ხოლო „ლა ნინია“ ნაწილი კი საპირისპირო გარემოებებს ეხება, როცა სახეზეა ოკეანის საშუალოზე საკმაოდ დაბალი ტემპერატურა. სამხრეთ ოსცილაცია ეხება თანმხლებ ცვლილებებს გლობალური ჰაერის წნევის მახასიათებლებში, რაც ამინდის ცვალებად მახასიათებლებთან არის ასოცირებული მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში.
საგანგებო მდგომარეობის მართვა (Emergency Management)
რესურსების და ვალდებულებების ორგანიზება და მართვა საგანგებო მდგომარეობების ყველა ასპექტის მოგვარებისთვის, კერძოდ კი მზაობასთან, რეაგირებასა და საწყის ეტაპზე აღდგენასთან დაკავშირებით.
კომენტარი: კრიზისი ან საგანგებო მდგომარეობა საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, რომელიც გადაუდებელ ქმედებას მოითხოვს. საგანგებო მდგომარეობაში ეფექტური ქმედებით მოვლენის კატასტროფად ესკალაცია შეიძლება თავიდან იქნას აცილებული. საგანგებო მდგომარეობის მართვა გეგმებს და ინსტიტუციურ მოწყობას მოიცავს, რათა სამთავრობო, არასამთავრობო, მოხალისეობრივი და კერძო სააგენტოების ძალისხმევა განხორციელდეს და მათთვის მიმართულების ჩვენება მოხდეს ერთიანი და კოორდინირებული გზით, საგანგებო მდგომარეობის საჭიროებების მთელს სპექტრზე რეაგირების უზრუნველსაყოფად. „საგანგებო მდგომარეობის მართვის“ მაგივრად ზოგჯერ გამოთქმა „კატასტროფის მართვა“ გამოიყენება.
საგანგებო მდგომარეობის სამსახურები (Emergency Services)
სპეციალიზებული სააგენტოების ერთობლიობა, რომელთაც კონკრეტული პასუხისმგებლობები ეკისრებათ და საგანგებო მდგომარეობაში ხალხის და შენობების დაცვის მიზანს ემსახურებიან.
კომენტარი: საგანგებო მდგომარეობის სამსახურები ისეთ სააგენტოებს მოიცავს, როგორიცაა სამოქალაქო დაცვის უწყებები, პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პარასამედიცინო და საგანგებო მდგომარეობის სამედიცინო სამსახურები, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებები, ასევე სპეციალიზებული, ელექტროენერგიის, ტრანსპორტირების, კომუნიკაციების და სხვა მსგავსი სამსახურების საგანგებო მდგომარეობის ერთეულები.
გარემოს დეგრადაცია (Environmental Degradation)
გარემოს პოტენციალის შემცირება სოციალური და ეკოლოგიური მიზნების და საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით.
კომენტარი: გარემოს დეგრადაციას შეუძლია ბუნებრივი საფრთხეების სიხშირე და ინტენსიურობა შეცვალოს, ასევე თემების დაუცველობა გაზარდოს. ადამიანების ჩარევის შედეგად გამოწვეული დეგრადაციის ტიპები სხვადასხვაა და მასში შეიძლება შევიდეს მიწის არასათანადოდ გამოყენება, ნიადაგის ეროზია და დაკარგვა, გაუდაბნოება, ხანძრები უდაბურ ტყეში, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, ტყის გაჩეხვა, მანგროს ტყეების გაჩანაგება, მიწის, წყლის და ჰაერის დაბინძურება, კლიმატის ცვალებადობა, ზღვის დონის აწევა და ოზონის დაშლა.
ეკოლოგიური ზეგავლენის შეფასება (Environmental Impact Assessment)
შემოთავაზებული პროექტის ან პროგრამის ეკოლოგიური შედეგების შეფასების პროცესი, რაც დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესის განუყოფელი ნაწილია და რომელიც პროექტის ან პროგრამის საზიანო ზეგავლენის შემცირებას ან შეზღუდვას ითვალისწინებს.
კომენტარი: ეკოლოგიური ზეგავლენის შეფასებაპოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელიც დაწყებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე განხორციელებული ღონისძიებების ეკოლოგიური ზეგავლენის მტკიცებულებას და ანალიზს უზრუნველყოფს. ის ძირითადად ეროვნულ დონეზე პროგრამირების და პროექტისდამტკიცების პროცესების განმავლობაში, ასევე საერთაშორისო განვითარების დახმარების პროექტების განხორციელებისას გამოიყენება.
ეკოლოგიური ზეგავლენის შეფასებები რისკის დეტალურ შეფასებებს უნდა მოიცავდეს და ალტერნატივებს, გამოვლენილი პრობლემის მოსაგვარებლად.
რისკის წინაშე დგომა (Exposure)
საფრთხის ზონებში ადამიანების, შენობების, სისტემების ან სხვა ელემენტების არსებობა, რომლებიც შესაბამისად პოტენციური დანაკარგების საგანს წარმოა დგენენ.
კომენტარი: რისკის წინაშე დგომა შეიძლება მოიცავდეს ადამიანების ან შენობების რაოდენობას მოცემულ ტერიტორიაზე. ამას შეიძლება დაემატოს რისკის წინაშე მდგარი ელემენტების სპეფიციკური დაუცველობა რაიმე კონკრეტული საფრთხის მიმართ, რათა ამ საფრთხესთან ასოცირებული რაოდენობრივი რისკები შეფასდეს ჩვენთვის საინტერესეო ტერიტორიაზე.
მრავალმხრივი რისკი* (Extensive Risk)
ფართომასშტაბიანი რისკი, რაც ასოცირებულია გაფანტული მოსახლეობის განმეორებადი ან მუდმივად არსებული, დაბალი ან საშუალო ინტენსივობის საფრთხის შემცველი პირობების წინაშე დგომასთან, ხშირად მაღალი ლოკალიზებული სახით, რომელსაც შეუძლია შემასუსტებელი კუმულატიური კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.
კომენტარი: მრავალმხრივი რისკი ძირითადად სოფლის ტერიტორიებისა და ქალაქის გარეუბნებისთვის არის დამახასიათებელი, სადაც თემები განმეორებადი ლოკალიზებული წყალდიდობების, მეწყერების, ქარიშხლების ან გვალვის წინაშე დგანან, ან მის მიმართ დაუცველები არიან. მრავალმხრივი რისკი ხშირად ასოცირებულია სიღარიბესთან, ურბანიზაციასა და გარემოს დეგრადაციასთან, იხილეთ ასევე „ინტენსიური რისკი“.
პროგნოზი (Forecast)
რომელიმე კონკრეტულ ტერიტორიაზე მომავალში რაიმე მოსალოდნელი მდგომარეობის ან მოვლენის დადგომის შესახებ გაკეთებული განსაზღვრული განცხადება ან სტატისტიკური შეფასება.
კომენტარი: მეტეოროლოგიაში პროგნოზი ნიშნავს სამომავლო მდგომარეობას, როცა კეთდება გაფრთხილება პოტენციურად საშიში მომავალი მდგომარეობის შესახებ.
გეოლოგიური საფრთხე (Geological Hazard)
გეოლოგიური პროცესი ან ფენომენი, რომელმაც შეიძლება სიცოცხლის დაკარგვა, დაზიანება ან ჯანმრთელობაზე სხვაგვარი ზეგავლენა მოახდინოს, ან შენობების დაზიანება, საარსებო წყაროს და მომსახურებების დაკარგვა, სოციალური ან ეკონომიკური მოშლა თუ ეკოლოგიური ზიანი გამოიწვიოს.
კომენტარი: გეოლოგიური საფრთხეები დედამიწის სიღრმეში მიმდინარე პროცესებს მოიცავს, როგორიცაა მიწისძვრები, ვულკანური აქტიურობა და ამოფრქვევა, ასევე ამასთან დაკავშირებული გეოფიზიკური პროცესები, როგორიცაა მასიური გადაადგილება, მეწყერები, კლდის ჩამოშლა, ზედაპირის დარღვევა, ნაშალი მასალის ან ტალახის ნაკადები. ჰიდრომეტეოროლოგიურ ფაქტორებს ზოგიერთ ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ცუნამების კატეგორიზება ძნელია; მიუხედავად იმისა, რომ მათ ზღვისქვეშა მიწისძვრები და სხვა გეოლოგიური მოვლენები იწვევს, ისინი მნიშვნელოვანი ოკეანური პროცესებია, რაც მანიფესტირებულია როგორც სანაპირო წყლებთან დაკავშირებული საფრთხე.
სათბურის აირები (Greenhouse Gases)
ატმოსფეროში არსებული აირების შემცველი შემადგენლობა, როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენული, რომლებიც დედამიწის ზედაპირის, თვით ატმოსფეროს და ღრუბლების მიერ გამოყოფილ სითბურ ინფრაწითელ რადიაციას შთანთქავს და გამოჰყოფს.
კომენტარი: ეს არის „კლიმატის ცვალებადობის მთავრობათაშორისი საბჭოს“ (IPCC) განმარტება. ძირითადი სათბურის აირებია (GHG) წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი, აზოტოვანი მჟავა, მეთანი და ოზონი.
საფრთხე (Hazard)
საშიში ფენომენი, ნივთიერება, ადამიანის ქმედება ან მდგომარეობა, რომელმაც სიცოცხლის დაკარვა, დაზი ანება ან ჯანმრთელობაზე სხვაგვარი ზეგავლენა, ან შენობების დაზიანება, საარსებო წყაროების და მომსახურებების დაკარგვა, სოციალური და ეკონომიკური მოშლა ან ეკოლოგიური ზარალი შეიძლება გამოიწვიოს,
კომენტარი: კატასტროფის რისკის შემცირების თვალსაზრისით, საფრთხეები, როგორც „ჰიოგოს ჩარჩოპროგრამის“ მესამე სქოლიოშია გაცხადებული, არის:
„...ბუნებრივი წარმოშობის საფრთხეები, ან მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური თუ ტექნოლოგიური საფრთხეები ან რისკები”. ამგვარი საფრთხეები სხვადასხვა გეოლოგიური, მეტეოროლოგიური, ჰიდრო ლოგიური, ოკეანური, ბიოლოგიური და ტექნოლოგიური წყაროებიდან წარმოიშობა, რომლებიც ზოგჯერ ერთობლივად მოქმედებს ხოლმე. ტექნიკურ გარემოში საფრთხეები აღწერილია რაოდენობრივად, სხვადასხვა ტერიტორიებზე სხვადასხვა ინტენსივობით დადგომის სიხშირის ალბათობით, როგორც ეს ისტორიული მონაცემების ან მეცნიერული ანალიზის საფუძველზეა განსაზღვრული. იხილეთ საფრთხესთან დაკავშირებული სხვა ტერმინები „ტერმინოლოგიაში“.
ბიოლოგიური საფრთხე; გეოლოგიური საფრთხე; ჰიდრო-მეტეოროლოგიური საფრთხე; ბუნებრივი საფრთხე; სოციობუნებრვი საფრთხე; ტექნოლოგიური საფრთხე.
ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხე (Hydrometeorological Hazard)
ატმოსფერული, ჰიდროლოგიური ან ოკეანოგრაფიული ხასიათის პროცესი ან ფენომენი, რომელსაც შეუძლია სიცოცხლის დაკარგვა, დაზიანება ან ჯანმრთელობაზე სხვაგვარი ზეგავლენა, შენობების დაზიანება, საარსებო წყაროების და მომსახურებების დაკარგვა, სოციალური და ეკონომიკური მოშლილობა ან ეკოლოგიური ზიანის გამოწვევა.
კომენტარი: ჰიდრომეტეოროლოგიურ საფრთხეებში შედის ტროპიკული ციკლონები (როგორიცაა ტაიფუნები და ქარიშხლები), ჭექა-ქუხილები, სეტყვა, ტორნადოები, ქარბუქები, ძლიერი თოვა, ზვავები, დიდი ტალღები სანაპიროზე, წყალდიდობები, წყალმოვარდნების ჩათვლით, გვალვა, ხანგრძლივი ძალიან ცხელი ან ცივი ამინდები. ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები შეიძლება ასევე ფაქტორს წარმოადგენდეს სხვა საფრთხეებში, როგორიცაა მეწყერი, ხანძარი უდაბურ ტყეში, კალების შემოსევები, ეპიდემიები, ასევე ტოქსიკური და ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებების ტრანსპორტირება და გაფრქვევა.
ინტენსიური რისკი* (Intensive Risk)
რისკი, რომელიც ასოცირებულია ხალხის დიდი მასების და ეკონომიკური საქმიანობის მხრიდან ინტენსიური საფრთხის შემცველი მოვლენებიდანგამომდინარე რისკთან, რომელსაც შეუძლია პოტენციურად კატასტროფული შედეგები გამოწვიოს მაღალი სიკვდილიანობის და მატერიალური ზარალის ჩათვლით.
კომენტარი: ინტენსიური რისკი ძირითადად დიდ ქალაქებს და მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს ახასიათებს, რომლებიც არა მარტო ისეთი ინტენსიურისაფრთხის წინაშე დგანან, როგორიცაა მიწისძვრები, აქტიური ვულკანები, დიდი წყალდიდობები, ცუნამები ან ქარიშხლები, არამედ ასევე ამგვარი საფრთხეების მიმართ დაუცველობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან. იხილეთ ასევე „მრავალმხრივი რისკი“.
მიწის გამოყენების დაგეგმარება (Land-use Planning)
სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული პროცესი მიწათსარგებლობისთვის სხვადასხვა ალტერნატივების გამოსავლენად, შეფასებისა და გადაწყვეტილების მისაღებად, გრძელვადიანი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების ჩათვლით, სადაც ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა თემები და ინტერესთა ჯგუფები, ამას გარდა, იმ გეგმების შემდგომი ფორმულირება და გამოქვეყნება, რომლებშიც ნებადართული ან მისაღები გამოყენების სახეები არის აღწერილი.
კომენტარი: მიწის გამოყენების დაგეგმარებას მდგრად განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ის მოიცავს კვლევებს და ინფორმაციის რუკაზე გამოსახვას; ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და საფრთხის შესახებ მონაცემების ანალიზს; მიწათსარგებლობის შესახებ ალტერნატიული გადაწყვეტილების ფორმულირებას; მრავლისმომცველი გეგმების შემუშავებას სხვადასხვა გეოგრაფიული და ადმინისტრაციული მასშტაბებით. მიწის გამოყენების დაგეგმარებას კატასტროფების შემსუბუქება და რისკების შემცირება შეუძლია, თუ ნაკლებად დაუჭერენ მხარს დასახლებების წარმოქმნას და მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას იმ ადგილებში, სადაც საფრთხის დიდი ალბათობა არსებობს, რაც ასევე ითვალისწინებს მომსახურების მარშრუტებს ტრანსპორტისთვის, ელექტროენერგიისთვის, წყლის, კანალიზაციის და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის შენობებს.
შემსუბუქება (Mitigation)
საფრთხეების და მასთან დაკავშირებული კატასტროფების უარყოფითი ზეგავლენის შემცირება ან შეზღუდვა.
კომენტარი: საფრთხეების უარყოფითი შედეგების სრულად თავიდან აცილება ხშირად ვერ ხდება ხოლმე, მაგრამ მათი მასშტაბი და სიმწვავე შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს სხვადასხვა სტრატეგიების და ქმედებების მეშვეობით. შემსუბუქების ზომები მოიცავს საინჟინრო ტექნიკებს და საფრთხის გამძლე კონსტრუქციებს, ასევე გაუმჯობესებულ გარემოსდაცვით პოლიტიკებს და საზოგადოების ინფორმირებულობას. უნდა აღინიშნოს, რომ კლიმატის ცვალებადობის პოლიტიკაში „შემსუბუქება“ სხვადასხვაგვარად განიმარტება და ამ ტერმინს სათბურის აირებისგაფრქვევის შემცირებისთვის იყენებენ, რაც კლიმატის ცვალებადობის წყაროს წარმოადგენს.
კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული პლატფორმა (National Platform for Disaster Risk Reduction)
საერთო ტერმინი ეროვნულ დონეზე საკოორდინაციო და პოლიტიკის ხელმძღვანელობის მექანიზმების აღსანიშნავად კატასტროფის რისკის შემცირების მიმართ, რომელიც თავისი ხასიათით მულტისექტორული და ინტერდისციპლინურია. ის ასევე მოიცავს საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას ყველა დაინტერესებული ერთეულის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით.
კომენტარი: აღნიშნული განმარტება „ჰიოგოს ჩარჩოს“ მე-10 სქოლიოდან გამომდინარეობს. კატასტროფის რისკის შემცირება ცოდნას, შესაძლებლობებს და ჩადებულ რესურსებს მოითხოვს სხვადასხვა სექტორების და ორგანიზაციებისგან, ეროვნულ დონეზე წარმოდგენილი გაერთიანებული ერების სააგენტოებს ჩათვლით, სადაც შეესაბამება. სექტორების უმრავლესობა კატასტროფების ზემოქმედებას პირდაპირ ან არაპირდაპირ განიცდის და ბევრ მათგანს კონკრე ტული პასუხისმგებლობა ეკისრება კატასტროფების რისკზე რეაგირებისთვის. ეროვნული პლატფორმები უზრუნველყოფს საშუალებებს ეროვნულ დონეზე ქმედებების გაძლიერებისთვის კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით და ისინი ეროვნულ მექანიზმს წარმოადგენს „რისკის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის“ მიმართ.
ბუნებრივი საფრთხე (Natural Hazard)
ბუნებრივი პროცესი ან ფენომენი, რომელმაც შეიძლება სიცოცხლის დაკარგვა, დაზიანება ან ჯანმრთელობაზე სხვა ზეგავლენა, ან საარსებო წყაროების და მომსახურებების დაკარგვა, სოციალური და ეკონომიკური მოშლილობა თუ ეკოლოგიური ზიანი გამოიწვიოს.
კომენტარი: ბუნებრივი საფრთხეები ყველა საფრთხის ქვეკლასს წარმოადგენს. ეს ტერმინი საფრთხის შემცველი ფაქტობრივი მოვლენების, ასევე ლატენტური საფრთხის მდგომარეობების აღსაწერად გამოიყენება, რომლებმაც შეიძლება მომავალი მოვლენები გამოიწვიოს. „ბუნებრივი საფრთხის“ შემცველი მოვლენები შეიძლება დახასიათდეს თავიანთი მასშტაბით ან ინტენსივობით, განვითარების სისწრაფით, ხანგრძლივობით და გავრცელებით. მაგალითად, მიწისძვრები ხანმოკლეა და, ჩვეულებისამებრ, შედარებით მცირე რეგიონზე ახდენს ზეგავლენას, ხოლო გვალვების განვითარება და გაქრობა ნელი პროცესია, მაგრამ ხშირად დიდ რეგიონებზე ზემოქმედებს. ზოგიერთ შემთხვევებში საფრთხეები შეიძლება დაწყვილდეს, მაგალითად, როცა წყალდიდობას მიწისძვრით გამოწვეული ცუნამი ან ქარიშხალი იწვევს.
მზაობა (Preparedness)
მთავრობების, რეაგირებასა და აღდგენის საკითხებში სპეციალიზებული ორგანიზაციების, თემების და ინდივიდების მიერ განვითარებული შესაძლებლობები და ცოდნა, რათა ეფექტურად მოელოდნენ მოსალოდნელი, მოახლოებული ან მიმდინარე საშიში მოვლენების ან მდგომარეობების შედეგებს, მოახდინონ მათზე რეაგირება და შემდეგ კი აღდგენა.
კომენტარი: მზაობასთან დაკავშირებული საქმიანობა კატასტროფის რისკის მართვის კონტექსტში ხორციელდება და მისი მიზანია ყველა ტიპის საგანგებო მდგომარეობების ეფექტიანად მართვისთვის საჭირო პოტენციალის განვითარება, ასევე რეაგირებიდან მდგრად აღდგენამდე მოწესრიგებული გადასვლის მიღწევა. მზაობა კატასტროფის რისკების გონივრულ ანალიზს და ადრეული შეტყობინების სისტემებთან კარგ კავშირებს ეფუძნება. ამას გარდა, ის ისეთ ღონისძიებებს მოიცავს, როგორიცაა განსაკუთრებული დაგეგმვა, აღჭურვილობის და მასალების მომარაგება, ასევე კოორდინაციის, ევაკუაციისა და საზოგადოების ინფორმირებისთვის, ასოცირებული ტრენინგების და საველე სავარჯიშოებისთვის საჭირო მოწყობილობების განვითარება. ყოველივე ამას ფორმალური ინსტიტუციური, სამართლებრივი და საბიუჯეტო შესაძლებლობები უნდა უჭერდეს მხარს. მასთან დაკავშირებული ტერმინი „მზადყოფნა“ საჭიროების შემთხვევაში სწრაფ და სათანადო რეაგირების შესაძლებლობას აღწერს.
პრევენცია (Prevention)
საფრთხეების და მასთან დაკავშირებული კატასტროფების საზიანო შედეგების სრული აცილება.
კომენტარი: პრევენცია (ე.ი. კატასტროფის პრევენცია) გამოხატავს ცნებას და განზრახვას, რომ სრულად იქნას აცილებული პოტენციური საზიანო ზეგავლენა წინასწარ განხორციელებული ღონისძიებების მეშვეობით. ამის მაგალითებია დამბების ან ჯებირების მოწყობა, რაც წყალდიდობების რისკებს აღმოფხვრის; მიწათსარგებლობის რეგულაციები, რომლებიც მაღალი რისკის ზონებში რაიმე სახის დასახლების მოწყობის ნებართვას არ გასცემს, ასევე სეისმური საინჟინრო დიზაინები, რაც კრიტიკული მნიშვნელობის შენობების გადარჩენას და ფუნქციობას უზრუნველყოფს ნებისმიერი სავარაუდო მიწისძვრის შემთხვევაში. ძალიან ხშირად დანაკარგების სრული აცილება განხორციელებადი არ არის და აღნიშნული ამოცანა შემსუბუქებაში გადაიზრდება. ნაწილობრივ ამ მიზეზის გამო, ტერმინები „პრევენცია“ და „შემსუბუქება“ ზოგჯერ ურთიერთმონაცვლეა ხოლმე ჩვეულებრივი გამოყენებისას.
კატასტროფის პერსპექტიული რისკის მართვა* (Prospective Disaster Risk Management)
მენეჯერული ღონისძიებები, რომლებიც ახალი ან გაზრდილი კატასტროფების რისკების განვითარებას ეხება და მის თავიდან აცილებას ცდილობს.
კომენტარი: აღნიშნული ცნება იმ რისკებზეა ფოკუსირებული, რომლებიც მომავალში შეიძლება განვითარდეს, თუ რისკის შემცირების პოლიტიკა არ გატარდება და არა იმ რისკებზე, რომლებიც უკვე არსებობს და რომელთა მართვა და შემცირება ახლა შეიძლება. იხილეთ ასევე „კატასტროფის რისკის კორექციული მართვა“.
საზოგადოების ინფორმირებულობა (Public Awareness)
საერთო ცოდნის მასშტაბი კატასტროფების რისკის, კატასტროფების გამომწვევი ფაქტორების და იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც ინდივიდუალურად და კოლექტიურად შეიძლება განხორციელდეს რისკის შემცირების და საფრთხეების მიმართ დაუცველობის შესამცირებლად.
კომენტარი: საზოგადოების ინფორმირებულობა კატასტროფის რისკის ეფექტურად შემცირებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მისი განვითარება ხდება, მაგალითად, ინფორმაციის მომზადების და გავრცელების გზით მედიის და საგანმანათლებლო არხების მეშვეობით, საინფორმაციო ცენტრების და ქსელების ჩამოყალიბებით, ასევე სათემო ან მონაწილეობითი ღონისძიებებით და ადვოკატირებით მთავარი საჯარო ოფიციალური პირების და თემის ლიდერების მიერ.
აღდგენა (Recovery)
კატასტროფით დაზარალებულ თემებში შენობების, საარსებო წყაროების და საცხოვრებელი პირობების აღდგენა და გაუმჯობესება, სადაც შესაფერისია, კატასტროფის რისკის ფაქტორების შემცირებაზე მიმართული ძალისხმევის ჩათვლით.
კომენტარი: რეაბილიტაციის და რეკონსტრუციის კუთხით, აღდგენის ამოცანა საგანგებო მდგომარეობის ფაზის დასრულებისთანავე იწყება და ის წინასწარ არსებულ სტრატეგიებს და პოლიტიკას უნდა ეფუძნებოდეს, რაც აღდგენისთვის განხორციელებული ღონისძიებების მიმართ ნათელ ინსტიტუციურ ვალდებულებებს უწყობს ხელს, ასევე საზოგადოების მონა წილეობის შესაძლებლობას ქმნის. აღდგენის პროგრამები, კატასტროფის შემდეგ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებასა და მათ ჩართულობასთან ერთად, ღირებულ შესაძლებლობას ქმნის კატასტროფის რისკის შემცირების ზომების შემუშავებისა და განხორციელებისთვის, ასევე „უკეთესის აშენების“ პრინციპის გამოყენებისთვის.
ნარჩენი (არასისტემატური) რისკი (Residual Risk)
რისკი, რომელიც რჩება უმართავი ფორმით მაშინაც კი, როცა კატასტროფის რისკის შემცირების ეფექტური ზომები მიღებულია და რისთვისაც საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირების და აღდგენის პოტენციალები შენარჩუნებული უნდა იყოს.
კომენტარი: ნარჩენი (არასისტემატური) რისკის არსებობა საგანგებო მდგომარეობის სამსახურების, მზაობის, რეაგირების და აღდგენისთვის ეფექტური პოტენციალის შემუშავების და მხარდაჭერის უწყვეტ საჭიროებას მოიცავს, ისეთ სოციო-ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, როგორიცაა უსაფრთხოების ქსელი და რისკის გადატანის (ტრანსფერის) მექანიზმები.
გამძლეობა და მდგრადობა (Resilience)
საფრთხეების წინაშე მდგარი სისტემის, თემის ან საზოგადოების შესაძლებლობა, რათა დროულად და ეფექტიანად წინ აღუდგეს საფრთხეს, მიიღოს ის ან მოერგოს მას, ასევე მოახერხოს საფრთხისგან მიღებული ზიანის დაძლევა, თავისი მნიშვნელოვანი საბაზისო სტრუქტურების და ფუნქციების შენარჩუნების და აღდგენის გზით.
კომენტარი: გამძლეობა და მდგრადობა „შოკის დაძლევის“ ან „შოკისგან გამოსვლის „შესაძლებლობას ნიშნავს. თემის გამძლეობა და მდგრადობა საფრთხის შემცველი პოტენციური მოვლენების მიმართ განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად გააჩნია თემს აუცილებელი რესურსები და რამდენად შეუძლია საკუთარი თავის ორგანიზება როგორც საჭიროების დადგომამდე, ასევე ამგვარი პერიოდის განმავლობაში.
რეაგირება (Response)
საგანგებო მდგომარეობის სამსახურების და საზოგადოების დახმარების უზრუნველყოფა კატასტროფის განმავლობაში ან მისი დადგომისთანავე, სიცოცხლეების გადარჩენის, ჯანმრთელობის დაზიანების, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და დაზარალებული ადამიანების საბაზისო საარსებო საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.
კომენტარი: კატასტროფაზე რეაგირება, უპირველეს ყოვლისა, ფოკუსირებულია გადაუდებელ და მოკლევადიან საჭიროებებზე და მას ზოგჯერ „კატასტროფის დროს დახმარებას“ უწოდებენ. განსხვავება ამგვარი რეაგირების და შემდგომი აღდგენის ეტაპებს შორის ნათლად განსაზღვრული არ არის. რეაგირების ზოგიერთი ღონისძიება, როგორიცაა დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფა და წყლის მიწოდება, შეიძლება ასევე აღდგენის ეტაპზეც გადავიდეს.
მოდერნიზება (Retrofi tting)
არსებული სტრუქტურების გაძლიერება ან გაუმჯობესება, რათა უფრო გამძლე და მდგრადი გახდნენ საფრთხეებით მიყენებული საზიანო შედეგების მიმართ.
კომენტარი: მოდერნიზება მოითხოვს, რომ გათვალიწინებული იქნას სტრუქტურის ფუნქცია და დიზაინი, ასევე ის ზეგავლენა, რაც შეიძლება კონკრეტულმა საფრთხემ ან საფრთხის სცენარებმა მიაყენოს სტრუქტურას, ასევე მოდერნიზების სხვადასხვა ალტერნატივების პრაქტიკულობა და ხარჯები. მოდერნიზების მაგალითებია სამაგრების მოწყობა კედლების გასამყარებლად, სვეტების გამაგრება, ფოლადის მაკავშირებლების დამატება კედლებსა და სახურავებს შორის, ფანჯრებზე დარაბების დამონტაჟება, მნიშვნელოვანი შენობების და აღჭურვილობის დაცვის გაუმჯობესება.
რისკი (Risk)
მოვლენის ალბათობის და მისი უარყოფითი შედეგების კომბინაცია.
კომენტარი: აღნიშნული განმარტება მჭიდრო კავშირშია ISO/IEC-ის 73-ე სახელმძღვანელოსთან. სიტყვა „რისკს“ ორი განმასხვავებელი კონოტაცია გააჩნია: ფართო გამოყენებით, აქცენტი კეთდება ხოლმე შანსის ან ალბათობის არსზე, როგორიცაა, მაგალითად, „უბედური შემთხვევის რისკი“; ხოლო ტექნიკურ გარემოში, ჩვეულებისამებრ, აქცენტი შედეგებზე კეთდება, „პოტენციური დანაკარგების“ მნიშვნელობით რომელიმე კონკრეტული მიზეზის, ადგილის ან პერიოდისთვის. შეიძლება აღინიშნოს, რომ ადამიანები ერთნაირად ნამდვილად არ აღიქვამენ ხოლმე სხვადასხვა რისკების მნიშვნელობას და მათ გამომწვევ მიზეზებს.
იხილეთ რისკთან დაკავშირებული სხვა ტერმინები „ტერმინოლოგიაში“:
მისაღები რისკი, კატასტროფის რისკის კორექციული მართვა; კატასტროფის რისკი; კატასტროფის რისკის მართვა; კატასტროფის რისკის შემცირება; კატასტროფის რისკის შემცირების გეგმები; მრავალმხრივი რისკი; ინტენსიური რისკი; კატასტროფის რისკის პერსპექტიული მართვა; ნარჩენი (არასისტემატური) რისკი; რისკის შეფასება; რისკის მართვა; რისკის გადატანა (ტრანსფერი).
რისკის შეფასება (Risk Assessment)
რისკის ხასიათის და მასშტაბის დადგენის მეთოდოლოგია პოტენციური საფრთხეების გაანალიზებით და დაუცველობის არსებული პირობების შეფასებით, რასაც ერთობლივად შეუძლია პოტენციურად ზიანი მიაყენოს რისკის წინაშე მდგარ ადამიანებს, შენობებს, მომსახურებებს, საარსებო წყაროებს და იმ გარემოს, რომელზეც ისინი დამოკიდებულნი არიან.
კომენტარი: რისკის შეფასებებში (და ასოცირებული რისკის რუკაზე დატანაში) შედის: საფრთხეების ტექნიკური მახასიათებლების განხილვა, როგორიცაა მათი მდებარეობა, ინტენსიურობა, სიხშირე და ალბათობა; რისკის წინაშე დგომის და დაუცველობის ანალიზი, ფიზიკური, სოციალური, ჯანმრთელობის, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი განზომილებების ჩათვლით; ასევე სავარაუდო რისკის სცენარების მიმართ გამკლავების ალტერნატიული და უპირატესი შესაძლებლობების ეფექტურობის შეფასება. ღონისძიებების ამგვარი ერთობლიობა ზოგჯერ რისკის ანალიზის პროცესის სახელითაა ცნობილი.
რისკის მართვა (Risk Management)
გაურკვევლობის მართვის პრაქტიკა და სისტემური მიდგომა, პოტენციური ზიანის ან დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
კომენტარი: რისკის მართვა მოიცავს რისკის შეფასებას და ანალიზს, ასევე სტრატეგიების და სპეფიციკური ღონისძიებების განხორციელებას რისკების კონტროლის, შემცირებისა და გადატანისთვის. მას ხშირად იყენებენ ხოლმე ორგანიზაციები საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას რისკის მინიმუმამდე დაყვანისთვის, ასევე ისეთი საოპერაციო რისკების გათვალისწინებისთვის, როგორიცაა ბიზნესის ჩავარდნა, წარმოების წარუმატებლობა, ეკოლოგიური ზარალი, სოციალური ზეგავლენა და ზარალი ხანძრის თუ ბუნებრივი საფრთხეების გამო. რისკის მართვა მთავარი საკითხია ისეთი სექტორებისთვის, როგორიცაა წყალმომარაგება, ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა, რომლის პროდუქციაზეც ამინდის და კლიმატის უკიდურესი პირობები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს.
რისკის გადატანა (ტრანსფერი) (Risk Transfer)
კონკრეტული რისკების ფინანსური შედეგების ფორმალურად ან არაფორმალურად გადანაცვლების პროცესი ერთი მხარიდან მეორეზე, სადაც ოჯახი, თემი, საწარმო თუ სახელმწიფო უწყება რესურსებს მიიღებს მეორე მხარისგან კატასტროფის დადგომის შემდეგ, მიმდინარე თუ საკომპენსაციო სოციალური თუ ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, რაც ამგვარი მეორე მხარისთვისაა უზრუნველყოფილი.
კომენტარი: რისკის გადატანის კარგად ცნობილ ფორმას დაზღვევა წარმოადგენს, სადაც რისკის დაფარვას ახდენს მზღვეველი, დაზღვეულისგან გადახდილი მიმდინარე პრემიების სანაცვლოდ. რისკის გადატანა შეიძლება მოხდეს არაფორმალურად ოჯახსა და სათემო ქსელში, სადაც არსებობს ურთიერთდახმარების საპასუხო მოლოდინები საჩუქრების ან კრედიტის სახით, ასევე ფორმალურად, სადაც მთავრობები, მზღვე ველები, მულტილატერალური ბანკები და სხვა, დიდი რისკის მატარებელი საწარმოები აყალიბებენ მექანიზმებს მნიშვნელოვანი მოვლენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე გამკლავების მხარდასაჭერად. ამგვარი მექანიზმებია დაზღვევის და გადაზღვევის კონტრაქტები, კატასტროფის ობლიგაციები, განსაკუთრებული საკრედიტო საშუალებები და სარეზერვო ფონდები, სადაც ხარჯები, შესაბამისად, პრემიებით, ინვესტორების წვლილით, საპროცენტო განაკვეთებით ან წარსულში დაგროვებული დანაზოგით იფარება.
სოციო-ბუნებრივი საფრთხე* (Socio-natural Hazard)
კონკრეტული გეოფიზიკური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხის შემცველი მოვლენების გახშირების ფენომენი, მაგ. როგორიცაა მეწყერი, წყალდიდობა, მიწის დაწევა და გვალვა, რაც ბუნებრივი საფრთხეების ზედმეტად ექსპლუატირებულ და დეგრადირებულ მიწასა და ეკოლოგიურ რესურსებთან ურთიერთქმედებით წარმოიშობა.
კომენტარი: აღნიშნული ტერმინი გამოიყენება იმ გარემოებების აღსანიშნავად, სადაც ადამიანის ქმედება ზრდის კონკრეტული საფრთხის მოვლენას, მათი ბუნებრივად დადგომის ალბათობაზე მეტად. არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ამგვარი საფრთხეებიდან გამომდინარე კატასტროფების ტვირთი იზრდება. სოციო-ბუნებრივი საფრთხეების შემცირება და თავიდან აცილება მიწის და ეკოლოგიური რესურსების გონივრული მართვით შეიძლება
სტრუქტურული და არასტრუქტურული ზომები (Structural and Non-structural Measures)
სტრუქტურული ზომები: ნებისმიერი ფიზიკური კონსტრუქცია საფრთხეების შესაძლო ზეგავლენის შემცირების ან არიდებისთვის, ან საინჟინრო ტექნიკების გამოყენება საფრთხისადმი წინააღმდეგობის, ასევე გამძლეობის და მდგრადობის მისაღწევად სტრუქტურებსა თუ სისტემებში; არასტრუქტურული ზომები: ნებისმიერი ზომა, რომელიც არ მოიცავს ფიზიკურ კონსტრუქციას და რაც იყენებს ცოდნას, პრაქტიკას ან შეთანხმებას რისკების და ზეგავლენის შემცირებისთვის, განსაკუთრებით კი პოლიტიკის და კანონების მეშვეობით, საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებით, ტრენინგებითა და განათლებით.
კომენტარი: კატასტროფის რისკის შემცირებისთვის საერთო სტრუქტურული ზომები მოიცავს დამბებს, წყალდიდობის საწინააღმდეგო ჯებირებს, ოკეანის ტალღების ბარიერებს, მიწისძვრის გამძლე კონსტრუქციებს და საევაკუაციო თავშესაფრებს. საერთო არასტრუქტურულ ზომებში შედის სამშენებლო კოდექსები, მიწათსარგებლობის დაგეგმვის კანონები და მათი აღსრულება, კვლევა და შეფასება, საინფორმაციო რესურსები და საზოგადოების ინფორმირებულობის პროგრამები. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო და სტრუქტურულ ინჟინერიაში ტერმინი „სტრუქტურული“ უფრო შეზღუდული მნიშვნელობით გამოიყენება და მხოლოდ დატვირთვის მზიდავ სტრუქტურას აღნიშნავს, სადაც ისეთ ნაწილებს, როგორიცაა კედლების პლაკირება და შიდა მოწყობა, არასტრუქტურულ ტერმინებად მოიხსენიებენ.
მდგრადი განვითარება (Sustainable Development)
განვითარება, რომელიც ამჟამად არსებულ საჭიროებებს აკმაყოფილებს ისე, რომ ეს ზეგავლენას არ ახდენს მომავალი თაობების შესაძლებლობებზე მათი საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.
კომენტარი: აღნიშნული განმარტება განისაზღვრა „ბრუნდტლენდის კომისიის“ მიერ 1987 წელს და ის ძალიან დაკონკრეტებულია. თუმცა, მასში ბევრი შეკითხვა უპასუხოდ რჩება სიტყვის განვითარების მნიშვნელობის და მასში მონაწილე სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პროცესების მიმართ. კატასტროფის რისკი ასოცირებულია განვითარების არამდგრად ელემენტებთან, როგორიცაა გარემოს დეგრადაცია, ხოლო, ამის საპირისპიროდ, კატასტროფის რისკის შემცირებას შეუძლია წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიღწევაში შემცირებული დანაკარგების და გაუმჯობესებული განვითარების პრაქტიკების მეშვეობით.
ტექნოლოგიური საფრთხე (Technological Hazard)
ტექნოლოგიური ან ინდუსტრიული პირობებიდან წარმოშობილი საფრთხე, რაც მოიცავს უბედურ შემთხვევებს, საშიშ პროცედურებს, ინფრასტრუქტურის მოშლას ან ადამიანის სპეციფიკურ ქმედებებს, რამაც შეიძლება სიცოცხლის დაკარგვა, დაზიანება, დაავადება ან ჯანმრთელობაზე სხვა ზეგავლენა, შენობების დაზიანება, საარსებო წყაროების და მომსახურებების დაკარგვა, სოციალური და ეკონომიკური მოშლილობა თუ ეკოლოგიური ზარალი გამოიწვიოს.
კომენტარი: ტექნოლოგიური საფრთხეების მაგალითებში შედის ინდუსტრიული დაბინძურება, ატომური რადიაცია, ტოქსიკური ნარჩენები, დამბის მოშლა, სატრანსპორტო უბედური შემთხვევები, აფეთქება ქარხანაში, ხანძრები და ქიმიური ჩაღვრები. ტექნოლოგიური საფრთხეები ასევე პირდაპირ შეიძლება წარმოიშვას როგორც ბუნებრივი საფრთხის შემცველი მოვლენით მომხდარი ზეგავლენის შედეგი.
დაუცველობა (Vulnerability)
თემის, სისტემის ან აქტივის ისეთი მახასიათებლები და გარემოებები, რომელთა გამოც მათ შეიძლება საფრთხიდან გამომდინარე საზიანო ზეგავლენა განიცადონ.
კომენტარი: დაუცველობის მრავალი ასპექტი არსებობს, რაც სხვადასხვა ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარეობს. ამის მაგალითები შეიძლება იყოს შენობების არასათანადო დიზაინი და კონსტრუქცია, შენობის არაადექვატური დაცვა, საჯარო ინფორმაციის და ინფორმირებულობის ნაკლებობა, რისკების და მზაობის მისაღწევი ზომების ოფიციალურად აღიარება შეზღუდულ დონეზე, ასევე გონივრული მართვის უგულებელყოფა. დაუცველობა დროთა განმავლობაში იცვლება ხოლმე თემის შიგნით. აღნიშნული განმარტება დაუცველობას განსაზღვრავს როგორც ისეთი ინტერესის (თემი, სისტემა ან ქონება) ელემენტის მახასიათებელს, რაც რისკისაგან დამოუკიდებელია. თუმცა, უფრო ზოგადი გამოყენებით ეს სიტყვა ხშირად უფრო ფართო გაგებით გამოიყენება და ელემენტის მხრიდან რისკის წინაშე დგომას მოიცავს.
ქართულად თარგმნა გაეროს
განვითარების პროგრამამ
___________________
* ახალი ცნებები, რომლებიც ახლახანს შემოვიდა და ფართოდ არ გამოიყენება, მაგრამ პროფესიონალურ რელევანტურობას თანდათანობით იძენს; ამგვარი ტერმინების განმარტების ირგვლივ დიდი კონსულტაციები იმართება და შეიძლება ისინი მომავალში შეიცვალოს.