4.04

 1863
4 აპრილი
ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც წუხს იმის გამო, რომ წინა დღეს ვერ შეხვდნენ ერთმანეთს. სწერს, რომ მოუთმენლად ელის ივანე ანდრონიკაშვილის დაბრუნებას და თუ შეხვედრის ნებას მისცემენ, უმალ წავა მის სანახავად. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 277; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 122; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 234-235; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 73-74, 341.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1793-1868)

რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის და ყირიმის ომების მონაწილე, 1849-55 წლებში თბილისის სამხედრო გუბერნატორი, ილია ჭავჭავაძის ნათლიის – ნინოს ძმა.

1875
4 აპრილი
მონაწილეობს ქართული სცენის სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში. კითხულობს ეპიზოდებს „კაცია – ადამიანიდან?!“ და „მგზავრის წერილებიდან“, ასევე ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს „შემოღამება მთაწმინდაზე“, გრიგოლ ორბელიანის „ონიკოვის დარდებს“ და დიმიტრი ყაზბეგის „მავნე სულებს“. წყარო:

გაზ. „დროება“, 1875, 9 აპრილი № 42, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი. ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

ყაზბეგი დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1838/40-1880)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი. სწავლობდა ხარკოვის, პარიზის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. მოღწეულია მისი მხოლოდ ერთი თხზულება „მავნე სულები“.

 1882
4 აპრილი
გაზეთი „დროება“ აქვეყნებს თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის განცხადებას საზოგადო კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ. ერთ-ერთ საკითხად დასახელებულია ბანკის გამგეობის წევრთაგან ახალი თავმჯდომარის არჩევა, ილია ჭავჭავაძის ნაცვლად. წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, № 67, გვ. 4.

4 აპრილი
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ერთიც ახალი გამოლაშქრება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 4 აპრილი, № 67, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 317.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 688.

1883
 4 აპრილი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიებს „ქალაქის რჩევას“ და „ხიზნების მდგომარეობა“ („ამ სამის წლის წინედ...“). ტექსტები ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. წყარო:

გაზ. “დროება“, 1883, 4 აპრილი, № 69, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 443, 445.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 706.

1885
4 აპრილი
 
ცაიშიდან წამოსული ღამეს ათევს ახალსენაკის სასტუმროში. წყარო:

ი. მეუნარგია, ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ, 1937, გვ. 28.

1886
4 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 აპრილს“ („შიმშილით სიკვდილმა, გახიზნვამ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „აჯანყებები ირლანდიაში“. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 177, გვ. 73; გაზ. „ივერია“, 1886, № 75, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 516.

    
1899    
     
4 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ („И камни вопиют!....Камни не лгут!.. – იძახის გულგაფიცხებით ბ-ნი გოლმსტრემი...“).  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 4 აპრილი, № 73, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 253.

პირთა ანოტაციები:

გოლმსტრემი ვლადიმირ ალექსანდრეს ძე (868-1945)

პუბლიცისტი, ავტორი „პეტერბურგსკიე ვედომოსტში“ გამოქვეყნებული წერილისა „И камни возопиют“, რომელიც გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ ნარკვევ „ქვათა ღაღადში“.

     
4 აპრილი   
    
გაზეთ „კვალში“ „ს. გ-ძე“-ს ხელმოწერით იბეჭდება ყაზანის უნივერსიტეტის სტუდენტ სერგო გორგაძის ღია წერილი იპოლიტე ვართაგავასადმი, რომელმაც გაზეთ „ივერიაში“ „ვარ...“-ის ფსევდონიმით გამოაქვეყნა სტატია „ბაზრობა „კვალისტების“ რიხიანობა-ამპარტავნება-ფანატიკოსობისა“. გორგაძის წერილს თან ახლავს რედაქტორის შენიშვნა, რომელიც მიმართულია „ივერიის“ რედაქტორ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ, რომელმაც, მისი თქმით, გაზეთი ლანძღვისა და შურისძიების ორგანოდ აქცია.  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1899, № 14, გვ. 231-232.

პირთა ანოტაციები:

გორგაძე სერგო რომანოზის ძე (1876-1929)

ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი და პედაგოგი.

ვართაგავა იპოლიტე პეტრეს ძე (1872-1967)

კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. მისი მონოგრაფიები და კრიტიკული წერილები ეხება ცურტაველს, ჩახრუხაძეს, რუსთაველს, ილიას, აკაკის, ვაჟას და სხვ.

    
1900    
    
4 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 აპრილი“ („დღეს-აქამომდე სულ ამას ჩივიან, რომ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ელექტრონის გამოყენება მეღვინეობაში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1900, 4 აპრილი, № 74 გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 377.

    
    
1906   
    
4 აპრილი    
    
ალექსანდრე ყიფშიძე ძმას, ზაქარიას პეტერბურგიდან თბილისში უგზავნის წერილს, რომლითაც ატყობინებს, რომ ილია ჭავჭავაძემ, ვლადიმერ მიქელაძემ და მიხეილ გედევანიშვილმა ურჩიეს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.   წყარო:

ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

ყიფშიძე ზაქარია (შაქრო) თევდორეს ძე (1873-1938)

გენერალი, გრიგოლ, ალექსანდრე და ილია ყიფშიძეების ძმა. მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი.

გედევანიშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1862-1922)

ექიმი და საზოგადო მოღვაწე. მისი ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი 1914 წელს.