რამეთუ კაცი ვარ
(ისტორიული რომანი გეორგი ებერსისა)
I
გარშამო კლდეებია – შიშველნი, ტვიფრნი და დარიჩინისფრად მაყურებელნი,
არაფერია ზედ, არც ერთი ბუჩქი, არც ერთი ძეძვი, არც ერთი მუჭა ხავსი; ერთის
სიტყვით, არც ერთი იმისთანა რამ, რომელიც ჩვეულებრივ ამოდის ხოლმე კლდეზედ,
თითქო იმის მაგალითად, რომ ცხოვრების შემოქმედი ძალა ბუნებისა თავის კვალსა
სტოვებს უნაყოფო ქვაზედაცაო. არაფერია, არაფერი გარდა სიპის ქვისა და ზედ
წამოდგმულის ცისა, რომელიც ისე მოწმენდილია ღრუბლისაგან, როგორც თვით
კლდეგბი ბუჩქისა და მწვადისაგან.
მაინც კიდევ ადამიანის ცხოვრება მოძრაობს. აი იქ, გამოქვაბულში, და ორი
პატარა ჩიტი დაჰსცურავს წმინდა და სუბუქს ჰაერში. მაგრამ აი, ისინიც თვალს
მიეფარნენ და გადაფრინდნენ კლდეებს იქით, რომელნიც ხევის პირს
გადმოჰკიდებოდნენ, თითქო კედელიაო, კაცის ხელით განგებ გაკეთებულიო.
ტყუილად კი არ გადვიდნენ ის პატარა ჩიტები; იქ სწორედ მადლია ღვთისა
მოფენილი. მთის წყარო მოჩუხჩუხებს და ჰრწყავს ქვიანს ადგილს და საცა ნამია,
იქ სურნელი მცენარენიც არიან, იქ მიმზიდველი ბუჩქიც არის.
მეოთხე საუკუნის ნახევარში აქ სინაიას მთის წმინდა ადგილებზედ რამდენიმე
წლის წინად დაბინავდნენ მეუდაბნოენი, ბერები, კაცნი, რომელნიც
ცხოვრებისაგან მოღალულ იყვნენ და შეჰსდგომოდნენ სულის საცხონებელს და
სინანულის საქმეს. ჯერ კიდევ ცალ-ცალკე ჰსცხოვრებდნენ, არ იყვნენ
ერთმანეთთან შეკრულნი არც რაიმე წესდებითა, არც რაიმე დადგენილებითა.
წყაროს ახლო ხევში, რომელიც ზემოდ მოვიხსენიეთ, იდგა მრავალშტოიანი ალვის
ხე ფრთასავით ტოტმოწყობილი. ხოლო იგი არ აჩრდილებდა წყაროს და არ იფარებდა
იქაურის მწვავის მზის სხივთაგან. მისი გრილო მარტო მის საკუთარს ძირს
აჩრდილებდა. ერთს მის გრძელს ტოტზედ გადაფენილი იყო გაშლით სუბუქი მოლურჯო
ხელთსახოცი და მისი ჩრდილი ჰფარავდა სიცხისაგან სახეს ახალგაზრდა ქალისას,
რომელიც გაშხლართულ იყო გახურებულს ქვებზედ და ღრმად რაღაცაზედ ფიქრობდა.
მის გარეშემო ჰსძოვდნენ რამდენიმე მოყვითანო თხები; მხიარულად დაჰხტოდნენ
ქვიდამ ქვაზედ, თითქო შუადღის პაპანაქება დიდად ესიამოვნებათო. ზოგჯერ
ყმაწვილი ქალი წამოავლებდა კომბალს ხელსა და უძახდა თხებსა. აი, ხტომით
მოგოგდა მასთან პატარა ციკანი. ბევრს პირუტყვს არ შეუძლიან სიხარულის
გამოთქმა, მაგრამ თხებმა კი ეგ ყოველთვის კარგად იციან ხოლმე.
ქალმა გაიშოტა თავისი შიშველი და ლამაზად მოყვანილი ფეხი და ღიმილით გაიგდო
ციკანი. ციკანს იამა ამისთანა შექცევა და უფრო მეტის თამაშობით და
მხიარულებიო ხელახლდ გადმოასკუპა ქალისაკენ. ქალი კიდევ ისე ლამაზად
ხმარობს ფეხს მის გაგდებაზედ, თითქო ვისმეს ელამაზებაო.
ციკანი ხელახლად მოეხუტა ქალს, ეხლა კი თავმოღერებით, თითქო რჩოლას
უპირებსო, შუბლი დააჯახა ქალის ფეხის გულს, მაგრამ მაშინ კი, როცა თავისი
ცხვირ-პირი ქალის ფეხის გულს წაუს-წამოუსო, ქალმა ასე ძლიერ ფეხი ჰკრა, რომ
საწყალმა პირუტყვმა დაიბღავლა და შესწყვიტა თამაშობა.
აშკარაა, ქალს უნდოდა იმისთანა დრო ჩაეგდო, რომ სატკენად ეკრა ფეხი
ციკნისათვის. მოლურჯო ხელთსახოცის ჩრდილი სახეს უმალავდა ქალს; მაგრამ ეჭვი
არ არის, რომ გაუჯავრდა და თვალები აუპრიალდა, ციკანი რატომ აღარ
მეთამაშებაო.
დიდხანს იწვა იგი უძრავად; ხოლო ხელთსახოცი ჩამოვარდა, გადაეფარა სახეზე და
იგი იძროდა ოდნივ მისის ამოსუნთქვისაგან. ქალი დიდის გულისთქმით და
ყურაცქვეტით რაღაცას უგდებდა ყურს.
მოისმა რაღაცა ხმაურობა. ხმა მოდიოდა იმ ადგილიდამ, საცა უშველებელი
ბუნებითი კიბე დიდროვანის ქვებისა ჩამოჰსდევდა ფრიალო კლდეს ხევამდე,
რომელშიაც წყარო მიჩუხჩუხებდა.
ქალს ელდამ გაურბინა ნაზსა და ჯერ ძლივად შემთავრებულ ასოებში, მაგრამ არ
დაიძრა მაინც. პატარა ჩიტები, იქავ ძეძვზე მსხდომარენი, დაფთხნენ და
გაფრინდნენ. მათ მოესმათ ხმაურობა, მგრამ ჯერ ვერ შეეტყოთ, ვისგან არის ის
ხმა. ქალი კი უფრო ყურმახვილი იყო.
ქალმა გამოიცნო, რომ ეგ ხმა ადამიანის ხმაა. ისიც კი გამოიცნო, რომლის
ხმაა; იმისთანა ძახილი მარტო ერთს შეეძლო.
ქალმა ხელი გამოიწოდა, წაავლო ქვას ხელი და ჩააგდო წყაროში. წყარო მაშინვე
აიმღვრა. მერე გადმობრუნდა, გვერდზე დაწვა, თავის ქვეშ ამოიდო მკლავი და
თავი მოიმძინარა. მტკიცე და მარჯვე ფეხის ხმა უფრო და უფრო ცხადად
მოისმოდა.
კიბეზე ჩამოდიოდა მაღალი და მშვენიერი ტანადი ყმაწვილი კაცი. ტანისამოსზე
ეტყობოდა, რომ იგი ერთი ბერთაგანია სინის მთისა. მას ტანზე ეცვა მარტო ერთი
პერანგი სხვილის ტილოსი და ფეხის გულზე ეკრა ტყავი, ალვის ხის ხრალით
ფეხზედ გამაგრებული.
ამაზე საწყლად ტყვესაც არავინ მოჰრთავდა, მაგრამ მაინც ვერავინ იტყოდა, რომ
იგი აზატი და თავისუფალი კაცი არ არის; ისე ამაყად, თავმოწონებით და
რიხიანად მოდიოდა. ბევრი-ბევრი ოცის წლისა ყოფილიყო. ამას ამტკიცებდა
ბუსუსი, რომელიც ამოსვლოდა ულვაშების ადგილს, ნიკაბზედ და ლოყბზედ. გარნა
დიდრონი, ცისფერთ თვალები ჭაბუკობის ცეცხლით არ ჰქონდა ანთებული. პირიქით –
თვალებში გამოკრთოდა რაღაც გულნატკენობა და პირიც მოეკუმშა, თითქო რასმეს
ჯიუტობსო.
ყმაწვილი კაცი შედგა და გადიყარა უკან სქელი თმები, რომელნიც ლომის
ფაფარივით გადმოეფინა არეულად შუბლზედ. შემდეგ მივიდა წყაროსთან და
მოემზადა, რომ წყალი ამოეღო გოგრითა. მაშინ ჯერ დაინახა, რომ წყალი
აუმღვრევიათ, მერე თვალი მოჰკრა თხებსაც და ბოლოს მძინარე ქალსაცა.
გაჯავრებულმა ჭურჭელი ძირს დადგა და ხმამაღლა დაუყვირა ქალს. ქალი არც კი
გაინძრა, ვიდრე უშვერად ფეხი არ წაჰკრა. მაშინ კი წამოხტა ქალი სწრაფად,
თითქო გველმა უკბინაო და ორი თვალი, ბნელი როგორც ღამე, ცეცხლით აენთო და
გამობრწყინდა ქალის ჭაბუკი და შავგვრემანი სახე. ცხვირის ნესტოებმა თრთოლა
დაუწვეს და თეთრად გამოკრთდნენ ქალის კბილები, როცა შეჰსძახა:
– განა ძაღლი ვარ, რომ მაგრე მაღვიძებ?
ყმაწვილი კაცი წამოწითლდა, გაჯავრებით მიუთითა წყაროზედ და მკვახედ უთხრა:
– შენმა თხებმა ხელახლად აამღვრიეს წყარო; ეხლა მე აქ უნდა ვიჯდე და
ვუცადო, მინამ დაწმნდება.
– არა გიშავს რა. დღე დიდია, – მიუგო ქალმა და კიდევ ჩააგორა ქვა წყაროში
ისე, ვითომ ფათერაკად მოუვიდაო.
ყმაწვილმა კაცმა შეამცნივა, რომ ქალს ძალიან იამა ხელახლად ამღვრევა წყლისა
და რისხვით შეჰყვირა:
– მართალი მითხრა მე იმან! შენ სწორედ შხამიანი გველი ჰყოფილხარ,
ჯოჯოხეთიდამ გამოსული სატანა ხარ!
ქალს სიცილი წაჰსქდა, მოუბრუნდა და ისე დაეღმიჭა, თითქო უნდაო დაუმტკიცოს,
რომ მართლა ეშმაკების ჩამომავალია. შეჰკრთა ყმაწვილი კაცი, უკან მოდგა,
გაიწვდინა ხელი მოსაგერებლად, ღვთის სახელი მოიწოდა და რა ხედავდა, რომ
ქალი უფრო და უფრო მხეცურად ხარხარებს, დაიყვირა:
– გამეცა, სატანავ, გამეცა! სახელითა უფლისათი გკითხავ: შენ ვინა ხარ?
– მე მირიამი ვარ, სხვა ვინ უნდა ვიყო? – მიუგო სიცილით ქალმა.
ყმაწვილი კაცი სხვა პასუხს მოელოდა. ქალის კასკასი ძალიან ჰსწყინდა და
გაჯავრებით უთხრა:
– შენ რაც გინდა დაირქვი სახელად, ხოლო შენში კი რაღაც ბოროტი სული ჰზის და
მე პავლეს შევეხვეწები, რომ შენ აგიკრძალოს და თხები აღარ მოგარეკინოს აქ
ჩვენის წყაროს წყლის დასალევად.
– უფრო კარგს იზამდი, შენს ძიძასთან გაიქცე და იმასთამ დამაბიზღო, – მიუგო
ქალმა და სასაცილოდ აიგდო.
ყმაწვილი კაცი წამოწითლდა, ქალმა კი უშიშრად განაგრძო ლაპარაკი:
– შენ დავაჟკაცებულ კაცად უნდა გეჭიროს თავი, იმიტომ რომ ტანი და ღონეც
შეგწევს. ამის მაგიერ შენ მიგიცია ნება და როგორც ბაშვს ანუ გოგოს, ისე
გექცევიან. აბა, რა კაცი ხარ, ერთი მითხარი. ძირხვენას ჰგლეჯ, ხილსა ჰკრებ
და ამ უბედურის ჭურჭლით წყალს ეზიდები. ამის მეტს ხომ არას აკეთებ? მაგაებს
მე ჩავდიოდი მაშინ, როცა აი, ამოდენა ვიყავი.
ამ ქალმა ხელი დაბლა დაიდო და მიწიდამ ძალიან მოკლე სივრცე ანიშნა.
– ფუჰ! შენ უფრო ღონიერი ხარ და ლამაზად მოყვანილი, ვიდრე აი, ის
ამალეკიტელი ჭაბუკი, ქვევით რომ ჰსცხოვრებს. ხომ ასეა, მაგრამ აბა ერთი
ჰსცადე და გამოეჯიბრე, ვინ ვის ჰსჯობია ან მშვილდოსნობაში, ან შუბის
ხმარებაში!
– მე რომ გაბედვა მქონდეს, რაც მინდა, ის ვქმნა, – გააწყვეტინა სიტყვა
ყმაწვილმა კაცმა, სირცხვილით ჭარხალსავით წამოწითლებულმა, – მე იმისთანა
მჭლე ქონდრისკაცებს თუნდა ათს გავუძღვებოდი.
– მე მაგაზედ დარწმუნებული ვარ, – უპასუხა ქალმა და მისი გულისთქმით სავსე
თვალი რაღაც თავმოწონებით დააჩერდა ყმაწვილის კაცის მხარბეჭს და ძარღვიანს
მკლავებსა. – მე მაგაზედ დარწმუნებული ვარ-მეთქი, მაგრამ, ერთი ეს მითხარ,
რატომ ვერ ჰბედავ? განა შენ ყმა ხარ იმ კაცისა, რომელიც აიქ, ზევითა დგას?
– ის მამაჩემია და ამასთანაც...
– რა ამასთანაც? – დაიძახა ქალმა და გაიქნივა ხელი, თითქო რაღაც უნდა
უკუირიდოსო. არც ერთმა ფრინველმა რომ არ მოინდომოს თავის ნებაზედ ბუდიდამ
გამოფრენა, კაი წეწვაგლეჯა არ შეუდგებოდათ ბუდეში! ჩემს ციკნებს მაინც
შეხედე; მინამ დედა საჭიროა, უკან დაჰსდევენ და რაკი იმოდენად მოიყრებიან,
რომ თვითონ იშოვონ საზრდო, წავლენ და სადაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე
შოულობენ. დამიჯერე, რომ აი, ამ ერთის წლის ციკანს აღარც კი ახსოვს, ვისი
ძუძუ უწოვნია: თეთრის თუ შავის თხისა. ან ვითომ მამაშენი რა დიდს საქმეს
გიკეთებს, რომ მაგაებს ამბობ?
– ჩუმად! დაუყვირა მართალის გულისწყრომით ჭაბუკმა – ეშმაკი ლაპარაკობს
შენის ენითა. გაეთრიე აქედამ. მე ის არ უნდა შევუშვა ყურში, რის თქმაც მე
თვითონ მეშინიან.
– უნდა ყურში შეუშვა, უნდა და უნდა! – გამოაჯავრა ქალმა. – თუ მაგას ვერ
ჰბედავ, მაშ რის პატრონი ბრძანებულხარ? დახე, ყურში სიტყვაც ვერ შეუშვია,
ეშინიან! ფუ... მაშ რაღა კაცი ყოფილხარ!
– ის კაცი ვარ, შე სატანავ, რომ შენი სიტყვა არ უნდა ყურში შევუშვა, –
უთხრა გაჯავრებით. – მე შენი ხმაც კი მძულს და თუ კიდევ აქ წყაროსთან
გნახე, სულ ქვის სროლით გაგაგდებ აქედგან.
ქალმა გაშტერებით დაუწყო ყურება ყმაწვილკაცსა, ტუჩები გაულურჯდა და პაწაწა
ხელები მუშტებად დაეკუმშა.
ყმაწვილკაცმა წყაროსაკენ წასვლა დააპირა, მაგრამ ქალი წინ გადუდგა და თვალი
თვალში გაუყარა. ტანში ჟრჟოლამ გაურბინა, როცა ქალმა ტუჩების თრთოლით და
ნაღვლიანის ხმით უთხრა:
– მე შენთვის რა დამიშავებია?
– გამეცალე-მეთქი, – უთხრა ყმაწვილმა კაცმა და გაიწოდა ხელი, რომ გზიდამ
ჩამოიცალოს.
– თუ კაცი ხარ და ხელს მახლებ! – დაუყვირა ქალმა. – რა დამიშავებია, არ
იტყვი?
– შენ არ იცი ქვეყანაზედ ღმერთი არის თუ არა, და ვინც ღვთისა არ არის, ის
ეშმაკისაა!
– მაგას ხომ შენსას არ ამბობ, სხვის სიტყვას მეუბნები, – უპასუხა ქალმა და
ხმაზედ ეტყობოდა, რომ ცოტად დაჰსცინის. – შენთვის ეგ სიტყვები უსწავლებიათ,
სხვისი ჭკუა ალაპარაკებს შენს ენასა. ვინ გითხრა, რომ მე ეშმაკისა ვარ?
– მე არ დაგიმალავ მაგას! – უთხრა თავმოწონებით ყმაწვილკაცმა. –
ღვთისმოყვარე პავლე მაფრთხილებს და მეუბნება, შენ მოგერიდო და ამისთვის მე
დიდი მადლობელი ვარ. იმან მითხრა, რომ შენის თვალით ეშმაკი იყურება.
მართალიც არის, ათასჯერ მართალია! როცა შენ მე შემომხედავ ხოლმე, მაშინვე
გულში სურვილი გამივლის ფეხქვეშ გავქელო ყოველი, რაც კი წმინდაა
ქვეყანაზედ. უკანასკნელს ღამეს მე მესიზმრა, ვითომ კუდიანობის სერობაში მე
და შენ თავგადაგლეჯით ვბუქნაობდით.
ამ სიტყვაზედ მარიამის სახიდამ გაჰქრა გულის ნატკენობა და ნაღვლიანობა.
ხელი ხელს შემოიკრა და ნატვრით წამოიძახა:
– ეგ რომ ცხადი ყოფილიყო და არა სიზმრად! ნუ შეშინდი კიდევ, შე სულელო!
განა შენი ჭკუა მისწვდება, რა კარგია, როცა სალამურს უკრავს, სიმები
წკრიალებენ და ფეხები ატოკდებიან ცეკვითა, თითქო ფრთები გამოებათო!
– ფრთები სატანისა! – მკაცრად მოჰსწყვიტა სიტყვა გერმასმა. – შენ ეშმაკი
ხარ, ეშმაკი, შე ღვთისაგან შეძულებულო ურჯულოვ!
– ღვთისმოყვარე პავლე ეგრე ამბობს განა! – დაიწყო ხარხარი მირიამმა.
– მეც ვამბობ მაგას, მეც, – შეჰყვირა ყმაწვილმა კაცმა.- განა შენ როდესმე
უნახვიხარ ვისმე კეთილ მორწმუნეთა შორის? განა შენ როდისმე გილოცვინა?
როდისმე მადლობა გადაგიხდია ღვთისა და მაცხოვრისათვის.
– ვითომ რისთვის უნდა გადამეხადა? იმისათვის თუ, რომ თქვენში ყველაზე უფრო
ღვთის მოყვარე კაცი სატანას მეძახის?
– დიაღაც იმიტომ, რომ შენ ცოდვილი ხარ და ღმერთი თავის მოწყალეს თვალს
გარიდებს.
– არა, არა და ათასჯერ არა! – დაიძახა მარიამმა. – არა რომელსამე ღმერთსა
ჩემთვის გულთ არა ჰსტკენია. აბა, როგორ ვიყო გულკეთილი, როცა ავის მეტი
ჩემს წილად თავის დღეში არა ურგუნებიათ რა? იცი, მე რა ვარ და რათა ვარ
ასეთი? განა მე ბოროტი ვიყავ მაშინ, როცა დედ-მამა დამიხოცეს, სალოცავად
რომ მიდიოდნენ იერუსალიმს? მე მაშინ ექვსის წლისა ვიყავ, ექვსისა! მაგრამ
მაინც კარგად მახსოვს, რომ ჩვენს ეზოში ბევრი აქლემი და ცხენი ჰსძოვდა, სულ
ჩვენი საკუთარი იყო. მე მახსოვს, რომ დედისჩემის ხელზედ, რომელიც მე
მიალერსებდა, უშველებელი ალმასი ბრწყინავდა. მეცა მყვანდა ზანგის ქალი
მოახლედ და ყოველს ჩემს ბძანებას ხმაგაკმენდით ემორჩილებოდა. თუ არ
დამიჯერებდა, მე ნება მქონდა, თმებით მეთრია და ტყავი გამეძრო. ვინ იცის,
ის ეხლა სად არის! მე ის არ მიყვარდა, მაგრამ ეხლა რომ ის ჩემთან იყოს,
რარიგად გულკეთილად მოვექცევოდი! აი ეხლა ეს თორმეტი წელიწადია, რაც ტყვის
ლუკმასა ვჰსჭამ და სენატორის პეტრეს თხებს ვუვლი და უკანა ვსდევ. მე რომ
მორთულს და თავისუფლად მყოფს ტოლ-ამხანაგში გავერივო ეხლა, პანჩურის კვრით
გამომაგდებენ და თავიდამ მორთულობას მომხდიან. ნუთუ ამისათვის მადლობა უნდა
ვუთხრა ღმერთსა და თაყვანი ვჰსცე! რომელი ღმერთი ზრუნავს ჩემთვისა, რომელი?
მეძახეთ სატანა, მეძახეთ! ხოლო თუ პეტრე და შენი პავლე იტყვიან, რომ ის
ღმერთი, რომელმაც მე ამ შავ დღეში ჩამაგდო, კეთილი ღმერთიაო, იტყუებენ.
ღმერთი თვითონ ბოროტია და იმას არა ედარდება რა იმისაგან, რომ შენ ჩაგაგონა
ჩემი აქედამ ქვის სროლით გაგდება.
ამ სიტყვებზე ქალმა ქვითინით ტირილი დაიწყო და ყოველი ასო სახეზედ შაეშალა.
გერმასს შეეცოდა მტირალი მირიამი. ასჯერ მაინც ენახა აქამომდე ეს ქალი, იგი
ხან გულშხამიანად დახვდებოდა, ხან მხიარულად, ხან გულმრისხანედ, ხოლო თავის
დღეში არ ენახა იგი ასე გულჩათუთქული და კეთილმგრძნობიარე.
დღეს პირველად გადაუსხნა გერმასს თავისი გული მირიამმა. ცრემლმა სახის
მეტყველება შეუცვალა ამ ქალს და მთელს მის არსებას ისეთი ფერი დაჰსდო, რომ
გერმასს ამისაკენ გული მოუბრუნდა. გერმასი ეხლა ხედავდა თავის თვალწინ
ღონემიხდილს, მწუხარებით დაჩაგრულს ქალსა. შერცხვა, რომ წინად ეგრე უგულოდ
მოექცა. მივიდა მრიამთან და ალერსიანად უთხრა:
– კარგი, ნუ ჰსტირი. როგორც გინდა და როცა გინდა, იარე ამ წყაროზედ. მე
აღარ დაგიშლი. მისი რიხიანი ხმა მორბილდა და მოტკბა, როცა ეს სიტყვები
უთხრა; მაგრამ ქალი უფრო ძლიერ ატირდა, უფრო ძლიერ ამოუჯდა გული. უნდოდა
რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერ შეიძლო. მთელი მისი ნაზი აგებულება კანკალმა
აიტანა და ეგრე მწუხარებით მოკლული მშვენიერი ტანადი მწყემსი ქალი იდგა
უძრავად გერმასის წინ. გერმასმა იგრძნო, რომ შველაა საჭირო.
ჭეშმარიტი გულმტკივნეულები დაიძრა მის გულში და დაუბა მოხერხებული ენა.
სიტყვა ნუგეშის ცემისა რომ ვერ მოახერხა, მარჯვენა ხელიდამ მარცხენაში
გადიღო კოკა და მარჯვენა დაანდო ქალს მხარზედ.
ქალი შეკრთა და არ ეურჩა.
მისის სუნთქვის სითბო ეცა ჭაბუკსა.
გერმასს უნდოდა უკუ მდგარიყო, მაგრამ იგრძნო, რომ თითქმის მიკერებულია ერთს
ადგილას. მას სწორედაც ვერ გაეგო, მართლა ტირის ქალი, თუ იცინის. ყმაწვილი
კაცის ხელი ისევ ქალის მხარზედ იყო დანდობილი. ქალი მაინც ადგილიდამ არ
დაიძრა. ბოლოს კი თავი მაღლა აიღო, თვალებში ცეცხლმა გაუელვა და ყმაწვილმა
კაცმა უეცრად იგრძნო, რომ ორი ნაზი ხელი მოეხვია ყელზედ.
მას ის ეგონა, რომ ზღვამ მის ყურში უცებ შუილი დაიწყოო და თვალთა წინ მეხმა
გაიელვაო.
რაღაც გაუგებარმა ელდამ სრულიად შეიპყრო ჭაბუკი. ერთი ღონიერად დაიბერტყა,
გამოეცალა ქალს, მაღლა ხმით დაიყვირა და გაიქცა, თითქო ავი სული დაედევნაო.
ისიც ვეღარ შენიშნა, რომ მისი კოკა სირბილში ქვას მოხვდა და დაიმსხვრა.
მირიამი გაოცებული უძრავად დარჩა და თვალი ააყოლა გერმასსა, მერე შემოიკრა
თავისი პატარა ხელი თავში, მივიდა ისევ წყაროს პირს, დაწვა და თვალი
გაუშტერა ცარიელს სივრცესა.
როცა მზემ გადიხარა და ხის ჩრდილი დაგრძელდა, მირიამი წამოხტა, მოირეკა
თხები და სულგანაბულმა ყური მიაპყრა იმ მხარეს, საიდაც გერმასი გაიქცა.
საღამო მოკლეა ხოლმე იმ ადგილებში და მირიამმა იცოდა, რომ ცოტა კიდევ
დაიგვიანოს, ღამე მოასწრობს ღორღიანსა და ოღროჩოღრო გზებზედ. უიმისოდაც
ღამით ეშინოდა ხოლმე, ეშმაკისა და მავნე სულის მოჩვენებისა ეფიქრებოდა,
თუმცა არ იცოდა, რა მიზეზით კი. მაგრამ მაინც ის ადგილიდამ არ იძროდა და
სულ სმენად იყო გადაქცეული. მას იმედი ჰქონდა, რომ გერმასი ისევ
მობრუნდებოდა.
მზე მიეფარა კიდეც წმინდა მთასა და მეწამული ფერი დასავლეთისა ცაზედ გაქრა.
ჩამოვარდა საშინელი მყუდროება. ასე რომ ქალს თავისი საკუთარი გულისცემა
ესმოდა. ღამის სიცივემ შეაჟრჟოლა. უცბად მოესმა რაღაც ხმაურობა უკანიდამ.
ჯიხვის ფარა ჩამოდიოდა წყაროზე წყლის დასალევად. კაცის სუნი აიღეს და
გაფთხნენ. მარტო ერთი წინამძღვარი ყოჩიღა შერჩა ხევის პირზე და აქეთ-იქით
იყურებოდა. მირიამმა იცოდა რომ ყოჩი ამის წასვლას ელის, რომ ჩამოიყვანოს
ფარა წყალზე.
გულში რაღაც მადლიანმა გრძნობამ გაურბინა და აიწია კიდეც ფეხი, რომ
წასულიყო და დაეთმო ადგილი იმ პირუტყვთათვის. მაშინ უეცრად მოაგონდა მუქარა
გერმასისა, რომ ამ წყაროდამ გაგაგდებო. გაბოროტებულმა წამოავლო ქვას ხელი
და ესროლა ყოჩს. ყოჩი გაფრთხა და გაიქცა. უკან დაედევნა ყოჩს მთელი ფარაცა.
მირიამმა ჯიხვების ფეხის ხმა გაიგო. მერე ჩამოჰკიდა ნაღვლით თავი,
გამოირეკა თხები და ბნელაში გაემგზავრა თავის გზაზედ.
II
იმ ხევ-ზემოდამ, საცა წყარო მდინარებდა, პატარა ვაკე იყო, რომლის ბოლოსაც
კლდის კედელი მოჩანდა.
როგორც ფოლადი, ისე მაგარი სიპი ქვა საძირკელად ჰქონდა იმ კედელსა. იმის
ქვემოდ თვით ბუნების შემოქმედობისაგან რგვლად გამოქვაბული იყო კლდე.
როდესღაც ამ ქვაბში ნადირს, ფოცხვერს და მგლებს უცხოვრიათ, ეხლა კი
ახალგაზრდა გერმასისა და მისის მამის სადგურად გადაქცეული იყო.
ბევრი ამისთანა ქვაბი იყო წმინდა მთაზე და რომელნიც ყველაზე დიდრონი
იყვნენ, ისინი ბერმონაზონებმა დაიჭირეს.
გერმასის მამის სტეფანეს ქვაბი მაღალი იყო და გრძლად კლდეში შესული, მაგრამ
მაინც ადგილი გამხმარის მთის ბალახისა, რომელიც მამისა და შვილის
ქვეშსაგებს შუა ეფინა, ძალიან პატარა იყო.
შუაღამე გადასული იყო, მაგრამ არც ახალგაზდას და არც მოხუცს მცხოვრებს
ქვაბისა, არ ეძინათ.
გერმასი ხმამაღლა იკვნესოდა და მოუსვენრად ხან ერთს გვერდზედ
გადაბრუნდებოდა, ხან მეორეზედ და სულაც ყურადღებას არ აქცევდა თავის მამას,
რომელიც ტკავილებისაგამ დაქანცული იყო და ძილს ჰსაჭიროებდა. მამა კი
გადაბრუნებასაც ერიდებოდა, რომ ხმაურობით შვილს ძილი არ დავუფთხოვო, როცა
შვილს ეძინა.
რა დაჰმართვია ამ ჭაბუკს, რომელმაც ადრე ასეთი მაგარი ძილი იცოდა, რომ
ძნელად თუ კაცი გამოაღვიძებდა? რამ დაუფთხო ძილი და მოსვენება? რად არის
ესე, ფიქრობდა სტეფანე, რომ უამისოდაც ღონიერს სიჭაბუკეს ეგრე მაგრად და
ხანგრძლივ სძინავს ხოლმე და მოხუცი და სნეული კი, რომელთათვისაც ძილი და
მოსვენება აგრე საჭიროა, ძილი გაკრთობილი აქვთ? იმისათვის ხომ არა, რომ ის
მოკლე დღენი ცხოვრებისა, რომელნიც მათ ჰშთენიათ, პატარა გძლად ეჩვენონ! ან
ნეტა ამ უწმაწურ ცხოვრებას ყველანი ეგრე მაგრა რად ეჭიდებიან! რარიგად
ემალებიან ყველანი იმ ანგელოზს, რომელიც იწვევს ადამიანს, საიქიოს და უღებს
ოქროს კარებსა სამოთხისას. ყველანი ჩვენ ვგევართ საულსა, იუდეველს, რომელიც
იმალებოდა მაშინ, როცა მოციქულნი ეწვივნენ სახელმწიფო გვირგვინის
მოსართმევად! უხ, წყლული საშინლადა მწვავს! ერთი ყლაპი წყალი მაინც მიმცა!
ჩემს საწყალს ბავშვს რომ არ ვჰსთხოვდი, წყალი მოეწოდებინა.
სტეფანემ ყური თავისის შვილისაკენ მიჰმართა, მაგრამ არ გააღვიძა, როცა
ცხადად გაარჩია მისი მძიმე და წყობილი ქშენა.
სიცივით ათრთოლებული შეეხვია ცხვრის ტყავში, რომელიც ნახევრამდის ჰყოფნიდა
მის ტანსა. ტანში დაურბინა ღამის მშრალმა სიცივემ, რომელიც შემოდიოდა იმ
გვირაბიდამ, საიდამაც დღისით პაპანაქება სიცხე უდაბნოისა შემოდიოდა ხოლმე.
აგრე გაიარა რამოდენიმე დრომ. ბოლოს მოხუცმა დაინახა, რომ გერმასი წამოიწია
და ქვეშსაგებზედ წამოჯდა. და მართლაც, გერმასმა გაიღვიძა, რაღაც ლაპარაკს
მოჰყვა და ღვთის სახელი ახსენა.
მამა მიუბრუნდა შვილს და ნელის ხმით ჰკითხა:
– გაგეღვიძა, ჩემო კარგო?
– მე ძილი არ მომივიდა, – უპასუხა შვილმა.
– მაშ ერთი წყალი დამალევინე, – სთხოვა სტეფანემ. – დაჭრილი ადგილი
საშინლად მეწვის.
გერმასი მაშინვე წამოხტა და წვალებულს მიაწოდა წყალი ლიტრითა.
– მადლობელი ვარ, მადლობელი, ჩემო კარგო, – უთხრა მოხუცმა და დაიწყო ხელის
ფაცური, რომ ლიტრას პირი უპოვოს და რა ნახა, რომ ლიტრას პირი მოტეხილი
აქვს, გაკვირვებით წამოიძახა:
– ეს ჭურჭელი რა ცივია და სველი! ეს ხომ თიხისაა და ჩვენი კი გოგრისა იყო.
– ჩვენი გავტეხე, – ჩამოართვა სიტყვა გერმასმა: – და ეს პავლეს გამოვართვი
ნათხოვრად.
– ჰო, ჰო, – წაიდუდუნა სტეფანემ და ხარბად დაეწაფა ლიტრას, მერე ისევ შვილს
მიჰსცა, მოიცადა, ვიდრე შვილი დაწვებოდა და როცა დაწვა, უთხრა:
– შენ დღეს გვიანიც მოხვედი, გოგრაც გაგტეხია და ძილშიაც იკვნესოდი. ხომ
ცუდი არა წაგკიდებია რა?
– მე ჯოჯოხეთიდამ გამოსულს ეშმაკს შევემთხვივე, – უპასუხა გერმასმა. – და
აი, ეხლაც თვალწინ მეფეთება და ჭკუასა და გონებას მირევს რაღაცების
მოლანდებითა და მოჩვენებითა.
– ლოცვით განაგდე იგი ბოროტი, – უთხრა გულმართლად სტეფანემ. – ღვთის
სახელზე ბოროტნი სულნი განჰქრებიან.
– ღვთის სახელიც ვახსენე, – სთქვა გერმასმა; – მაგრამ არა მეშველა რა, მე
მელანდებიან დედაკაცები იაგუნდისფერ ტუჩებითა და მშვენიერის ნაწნავებით,
თვალწინ მიდგანან თეთრი როგორც მარმარილო, მშვენიერნი ტანადნი ქალნი
ცეცხლით სავსე თვალებითა, სულ ხელს მიქნევენ და თავისთან მეძახიან.
– აიღე მათრახი! – უბრძანა მამამ. – და სისხლი დაიმშვიდე.
ხმაამოუღებლივ წამოდგა გერმასი ხელმეორედ ქვეშსაგებიდამ, აიღო მათრახი და
გამოვიდა გარედ. ქვაბის სივიწროვე დაუშლიდა მათრახის თავისუფლად ხმარებას.
ბევრი ხანი არ გამოსულა, რომ სტეფანეს მოესმა მათრახის წვერების შუილი. მას
მოესმა კაცის ტანზე მათრახის ტყლაშუნი და მტკივნეული კვნესა თავისის
შვილისა.
ყოველს ტყლაშუნზე მოხუცს მამას ჟრუანტელი გაუვლიდა ხოლმე, თითქო ამასა
ჰსცემენო. ბოლოს რაც შეეძლო ხმამაღლა დაუძახა შვილს: „ამხანად ეგ სამყოფია,
სამყოფი!“
გერმასი შემობრუნდა ქვაბში. მამამა და შვალმა ერთად ილოცეს; მას მერმე
მამამ ხელი გაუსვა შვილს მშვენიერს თმაზე და უთხრა:
– მას აქეთ, რაც ალექსანდრიაში იყავ, სულ სხვა ხარ, ძალიან ვნანობ, რომ მე
არ დავუჯერე ეპისკოპოზს აღაპიტსა და შენ იქ წასვლის ნება მოგეცი! მაცხოვარი
მალე მიმიხმობს მე სააქაოდამ და ჩემს შემდეგ არაფერი აღარ დაგაყენებს შენ
აქა. მაშინ შემოგადგება შენ მაცდური, შენ წინ ვეღარ დაუდგები დიდის ქალაქის
მრავალგვარს სიტურფესა, რომელნიც ბრწყინვალებენ როგორც დამპალი ხე, როგორც
ჭრელი გველი, როგორც შხამით სავსე ყვავილი...
– არა, მე ეგენი ვერ მაცდუნებენ, – ჩამოართვა სიტყვა გერმასმა. – თავბრუ
დამასხა, შემაშინა მე იმ ხმაურობით სავსე ქალაქმა. მე ჩემს დღეში იქ არ
წავალ.
– არა, შენ მარტო სიტყვით ამბობ მაგასა, – უპასუხა სტეფანემ. – მაინც შენმა
იქ ყოფნამ სრულიად შეგცვლა. რა იქმნა ეხლა შენი მხიარული ღიღინი და გალობა?
როცა შენ ღიღინებდი ანუ იცინოდი, მე დარწმუნებული ვიყავ, რომ შენი ხმა
ღვთისათვის საამური იყო. მაგრამ ეხლა? ხმაამოუღებლად, პირმქუშედ დადიხარ და
თან გდევენ ცოდვილნი ფიქრნი და გაბოროტებულსავით იყურები.
– რა ვუყოთ! ყველა ეგ მე მავნებს, სხვას ხომ არა! – მიუგო გერმასმა. – ეხლა
დამეხსენ, მამავ, გამიშვი! საცაა გათენდება და მაშინ მთელი დღე წინ გედება,
რომ მე დარიგება წამიკითხო.
სტეფანემ ამოიოხრა. გერმასი თავისის ქვეშსაგებისაკენ წავიდა. არც ერთს აღარ
დაეძინა. ყოველმა მათგანმა იცოდა, რომ მეორეს არა სძინავს. ჯავრმა და
კერპობამ შვილს ენა დაუბა, მამა კი ცდილობდა, მაგრამ ენაზედ არ მოსდიოდა
ტკბილი, გულსმისახვედრი სიტყვა.
ბოლოს გათენდა. მკრთალმა ნათელმა შემოანათა ქვაბის გვირაბიდამ. ჭაბუკი
მთქნარებით წამოდგა ფეხზე და რა დაინახა მამა, თვალღია მწოლარე, გულგრილად
ჰკითხა:
– რაო, მე აქ დავრჩე, თუ ცისკარზედ წავიდე?
– აქ დარჩი, ერთად ვილოცოთ, – უთხრა სტეფანემ. – ვინ იცის? დიდხანს მერგება
შენთან ყოფნა კიდევ, თუ არა! მე მომიახლოვდა ის დღე, რომელსაც ჩემთვის
საღამო აღარ ექმნება. მოდი აქ, ჩემს ახლო მოიყარე მუხლი და მომეც, ვემთხვიო
ჯვარცმასა.
გერმასმა მამის ბრძანება აასრულა და როცა გაათავეს სამღვთო გალობა და
„ამინი“ სთქვეს, მათს ხმას მესამე ხმაც ჩაემატა.
– პავლევ, – დაიძახა მოხუცმა. – დიდება მაცხოვარსა! აბა დაჭრილობა
გამისინჯე. ისრის წვერი გარედ იწევს და ცეცხლს მიკიდებს სიმწვავითა.
ახლად მოსულმა ბერ-მონაზონმა, რომელსაც სამოსელის მაგიერ ეცვა რაღაც უბრალო
მოუთელავის შალის პერანგი და ცხვრის ტყავი, ყურადღებით გაუსინჯა სტეფანეს
დაჭრილობა, რაღაც ბალახები დაადვა და ამასთანაც რაღაც ლოცვები წაიბუტბუტა.
– ეხლა მე უფრო უკედა ვარ, – ამოიხვნეშა სტეფანემ. – შენის კეთილობის გამო
მეც მომხედა ღმერთმა.
– მე ვარ კეთილი? მე ვარ ჭურჭელი უწმინდურებისა! – უპასუხა პავლემ თავისის
ზარიანის ხმითა და მისი მიმზიდველი ცისფერი თვალები მიეპყრნენ ზეცასა,
თითქო იმისათვისაო, რომ რასაც ჩემზედ ჰფიქრობენ, სულ ტყუილიაო. მერე თვის
ჭაღარა თმას ხელი გადუსვა, გადიყარა უკან, რადგანაც ყელსა და პირზედ ურიგოდ
ჩამოშლოდნენ და პირმღიმარედ წარმოსთქვა:
– ყოველი ადამიანი ადამიანია და სხვა არაფერი. ზოგნი ადამიანობამდინაც ვერ
მიაღწევენ ხოლმე. ნოეს კიდობანში მრავალი მხეცი იყო, მაგრამ ნოე კი ერთი
იყო.
– ჩვენს პაწია კიდობანში ჩვენი ნოე შენა ხარ, – უთხრა მოხუცმა.
– მაშ ეს ახმახი ვაჟიკაციც ჩვენი სპილო იქნება, – გაიცინა პავლემ.
– არც შენა ხარ ქონდრისკაცი, – უპასუხა სტეფანემ.
ებერი გეორგი