ივერია (4)1878.26.01



1878.26.01

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

თფილისი. — ჩვენ მოგვივიდა წერილი, რომელშიაც აწერილია ერთი საშინელი ამბავი ამ სახით:

„იანვრის ხუთხმეტს (15) - 78 წ. გახდა ავად სემინარიის მეორე კლასსის მოსწავლე კაპიტონ ქუთათელაძე და გარდაიცვალა იანვრისვე ოცს რიცხვს (20). იმი ეს თითქმის თვეა, რაც აღარ დადის სემინარიის

საავათმყოფოში. ფერშალს, რომელიც სულ ქეიფზეა, ვკითხეთ რითი არის ავად მოსწავლე და ექიმი საჭიროა თუ არა. მან გვიპასუხა — სახადით არას ავადო და რაც შეეხება დოქტორს, უიმისოთაც იოლად წავალთო... უფ. კუვშინსკიმ განსვენებულის ამხანაგებს უბძანა სახადიანთან არ შესულიყვნენ, სემენარიის საავადმყოფოს ერთი მოსამსახურე ბიჭი ჰყავს; იმას დღე თავის სამუშავო აქვს, საღამომდის იღალება და ღამე უნდა დაიძინოს სადღაც მეოთხე ოთახში. ამ გვარად სიცხით გარდარეული ავადმყოფი მოუვლელად რჩებოდა თურმე ღამ-ღამე. განსვენებულის ამხანაგებმა მისს მშობლებს ტელეგრამმით აცნობეს, მაგრამ მათ დაიგვიანეს. სემენარიის სამმართველო. არც დამარხვას ატყობინებს თურმე განსვენებულის მშობლებს! ოცს იანვარს, ღამის პირველს საათზე სიცხით გარდარეული და უპატრონოდ მიტოვებული ავად-მყოფი ავარდნილა საწოლიდგან და კარში, სემინარიის ეზოში გასულა. აქ უნდა შევნიშნოთ, რომ, წინააღმდეგ უფ. კუვშინსკის ბძანებისა, ერთი გულითადი ამხანაგი დარჩენილა იმ ღამეს ავად-მყოფთან, მაგრამ საუბედუროდ იმ დროს დასძინებოდა. უვლია ეზოში., როგორც სხვა და სხვა ალაგს დარჩენილი ფეხსაცმელები ამტკიცებენ, და მერმე ერთ ხის ძირში წაქცეულა და გაყინულა. როცა ავადმყოფის ხროტინი სემინარიის ეზოს ყარაულს გაუგონია, უფიქრნია მაშინებენ ბიჭებიო. მაგრამ ამ დროს მომვლელ ამხანაგს გაღვიძებია და რომ ვერ უნახავს ავად-მყოფი, ფარნით ხელში გავარდნილა საძებრად. როგორც ამბობენ, მაშინ კიდევ არ იყო მკვდარიო და დილის ხუთს მათზე გარდაიცვალაო....ესეც ნამდვილია. რომ მიცვალებულს სიწმინდე არ მიუღია უმღვდელობის გამო; ისიც ნამდვილია რომ სულის განტევების დროს მიცვალებულთან, კაცი არ ყოფილა და თუ იყო, მას მიცვალებულის გაწყობა არ ჰსცოდნია..... განუსვენოს ღმერთმა აგრე უპატრონობით უდროვოდ გარდაცვალებულს კაპიტონს! თუ სადმე ცხონებაა უზიარებლადაც უნდა ცხონდეს ამ გვარად წამებული. ნუ თუ ამისთანა საქმესაც მთავრობა ყურადღებას არ მიაქცევს!..

წერილი გურჯაანიდამ. — თუ არ ვსცდები სეკტემბერს აქეთ გურჯაანზედ არა წერებულა რა იმის გარდა რასაც „დროებაში“ უფ. მთაწმინდელი იწერებოდა გურჯაანიდამ.

მე, როგორც უფრო დაახლოვებით მცოდნე სოფ. გურჯაანისა, და მისის ავკარგიანობისა, ვიცდიდი — ვნახოთ როდის მომეცემა წერისათვის შემთხვევა მეთქი. აი მომეცა ეგ შემთხვევა, და მეც ავიღე კალამი ხელში. ოთხთვე ნახევრის განმავალობაში სიმუნჯე ხუმრობა არ არის მისთვის, ვინც კალმის ფხაჭა–ფხუჭს შეჩვეულა.

„სეკტემბერი“, „ოკტომბერი“, „ნოემბერი“ - „დეკემბერი“ და „იანვრის პირველი ნახევარი“, ეს დრო გურჯაანისთვის ისრეთივე მნიშვნელობის მექონეა, როგორო. საფრანგეთისთვის.... გურჯაანელები ფრანციელებს ემსგავსებიან თავის ბედ-სვიანობით. გურჯაანს იმდენი ალიაქოთი, ვაი-ვაგლახი უბედურება, დაწიხლვა გარდახდა ამ ოთხი თვე ნახევრის განმავლობაში, რომ მისს მცხოვრებლებზედ მხოლოდ განცვიფრება გვრჩება.

საკვირველი ხალხია ეს გურჯაანელები, საკვირველი....ყოველს საქმეში უთავბოლობა ემცნევათ: დაიწყებენ ტყუილ-უბრალო რახა-რუხს, ბოლო არ აგონდებათ; მოჰკიდებენ რომელსამე საზოგადო საქმეს ხელს და გაძღოლას დაივიწყებენ! მიჰყოფენ ხელს ხვნას. მიწის ბოლო არ იციან, ყამირის მიჯნას ანგრევენ — ესეც ჩვენიაო; აიხირებენ რასმეს, გაჯიუტდებიან და გაგონება აღარავისი აქვთ; მიეცემიან გამრყვნელ ზარმაცობას და საქმიანობას ვეღარ მოიფიქრებებენ; ამოიღებენ ვისმეს თვალიდგან და გულით შერიგებას აღარ აღირსებენ თავის-თავს და წმინდად ასრულებენ „თეთრი კბილი, შავი გულიო“. ერთის სიტყვით ძნელად, თუ გურჯაანელები ზომიერებას რამეში იწინამძღვრებენ. რათაო? მათაო, რომ ქართველები არიან.

დაუწყებს ვინმე გურჯაანელებს: ტყავებას — ესენი ქეიფობენ; წვალებას, ესენი „ჩაკრულოს“ დასძახებენ ბეგარას მოუმატებენ — კისრის ფხანვას მოჰწყვებიან ღვინო შემოაკლდებათ, თავს არ შეიწყენენ; შეჰსცივდებათ, უბეში ხელებ გადაჯვარდინებით იწყობენ სეირნობას ხეებით სავსე „ნავზედ“; დაჰსჩაგვრენ — ერთმანეთში ჩოჩქოლს მოჰყვებიან და სხვ. და სხვ. და სხვ.... ბოლოს კი ვერას გაარიგებენ....

1) სეკტემბერი. ამ თვის დასაწყისში შეუდგათ გურჯაანელებს ალიაქოთი, თითქოს ჯიანჭველებს დარევია რამეო. გააგდეს სომხებმა ხმა — ლეკები მოდიანო. ამ ხმაზედ ყველამ მონახა შამილის დროსვე სხვენში ჟანგით შეჭმული თოფ-ხმალ-ხანჯალი... ჩამოიკანკურეს მოხრუკული „პატრონტაშები“: ვინც უნდა მოვიდესო....

ხალხი აღელდა ჩაფხუტ-ჩაჩქან–ფარ-ხმლიანობის ლოდინით.... არ გასულა ამის შემდეგ ორი-სამი დღე რომ კავკასის მთების მცხოვრებთა ლეკთა მოინდომეს თავის მეზობელ ქართველთ მყუდრო ცხოვრების აღშფოთებაც.

7-ს სეკტემბერს ლეკებმა კაბალი აიკლეს. ეს ამბავი ბევრის ჭორებით მოკონკებული მოვიდა გურჯაანში. მაგრამ როდესაც დაჭრილებიც გამოვიდნენ, მაშინ უნდა გენახათ გურჯაანელების ღრიალი — ვაიმე, ის ღორ ტილიანები მოვლენ და ჩვენც აგვიკლებენო.

8-ს მოვიდა ხმა, — ლეკი ალაზანზე ჩამოვიდა და გამოღმა გამოსვლას აპირებენო; ზედაც დაიძახეს თუ ღენერალი ანდრონიკოვი (აწ განსვენებული) დაჰსჭრეს ლეკებმაო და ყოველს ამას ათასნაირი კუდი გამოაბეს ხალხი ძალიან შეშინდა. შეშინდა იგი ისრე, რომ თავბედისა არა გაეგებოდა რა. ამავე დღეს საღამოთი „ნავზედ“ გამოიძახა ხრინწიანის ხმით გზირმა: „პრისტავს შე-მო-უ-თ-ვ-ლ-ია ნუ გ-ეში ნი-ი ანთო, ჰა, ჰპააეეე!!“ რამდენჯერმე განიმეორა ეს სასიხარულო ძახილი გზირმა. ამის ძახილზედ არა ერთმა დედაბერმა ამოიტირა გულში ცემით: უი, შენამც იხარე გზირო, შენა!.. პატა ტკბილათ არ დავიძინებთ?!...

დაღამდა და ყველამ „პატა ტკბილათ“ დაიძინა, ცხვირით ბაიათებიც ამოუშვეს, იყივლა მამალმა და პრისტავიც მოეშველა ძილათ გადაქცეულს გურჯაანს... არ გასულა ორი საათი, რომ თავადის შვილები გაიბარგნენ ტყიან მთისაკენ, ირაჟრაჟა და ეს სენი გლეხებსაც შეეპარათ. „ივანე მახარებლის“ სასაფლაოზედ მის ზევით სომხის სასაფლაოზედ გზის აქცევა არ იყო: ბებრები, ჭახმაკები, ჭაბუკნი, პატარაები ყველა ესენი მიეჩქარებოდნენ ტყისაკენ დაზურგულნი ლოგინით, ბოხჩებით, მაფრაშებით, ყუთებით, ხურჯინებით ძუძუ მწოვრებით და სხვ. ბევრს ხურჯინში ესსა წვრილ-ფეხობა და აკიდებული მიჰყვანდა... ატყდა გურჯაანი... სახლში თითო შეიარაღებული კაცის მეტი არავინ იყო. ბევრი სახლი უპატრონოთ იყო და ძაღლის ყეფვის მეტი აღარა ამტკიცებდა რა, რომ იქ მცხოვრებნი ყოფილან როდისმე.... აივსო „ფხოვლის“ და „ზიარის“ აღმართები, ხევები ხალხით… მოისმოდა რაღაც ყრუ ხმა, რომელიც მოაგოებდა კაცს საღორიდამ გამომავალს ვიწროობისაგამო ღორების ჭყვიტინს....დაცარიელდა გურჯაანი... დაძვრებოდნენ გურჯაანული „საქათმოების ოსტატები“...

დუღდა ბევრგან მაჭარი და დამრევი არავინ იყო... ბევრი ვენახი დასაკრეფი იყო.... ყარული აღარა ვინ ჰსჩანდა.... ვისაც ვენახი არა ჰქონდა, ბევრმა დაადუღა მაჭარი ქილებში, ჩაფებში, კოკებში და სხვ. ტყეში რა ამბავი იყო? — ტყეში ზოგან საფლავებრივი სიჩუმე იყო, ზოგან ღამეს ზღაპრებით ათიებდნენ, ზოგან ლხინობდნენ, ზოგან დაშხამული სოკოსგან გაჩაღებული პირღებინება იყო — ტყეთ გამოველით, სოკოზე ჯავრი ვიყაროთ მაინცაო და მუცლები კინაღამ ზედ დაასკდათ.....

ორი-სამი და ოთხი ღამეც გაატარეს ტყეში მერე ნელ-ნელა ჩამოვიდნენ ბარათ, მამალ-მომალეს სარჩო-საბადებელი ცარიელ ქვევრებში, ორმოებში დაკრიფეს ვენახები და ნარზე ასაფრენათ მჯდო ჩიტივით იყვნენ შინ, სანამ 14-ს სეკტემბერს არ გადმოვიდა ველის ციხის, ჩუმლაყის, ახაშენის და სხვ სოფლების მილიცია, რომელსაც გურჯაანმაც მიუმატ თვისი სამოცი კაცი და გაისტუმრა, ვეჯინ-ბაკურციხისკენ. გაიარა დანარჩენმა ენკენისთვემ ამ გვარათ დ მოვიდა მექორწილე ღვინობისთვე....

2) ოკტომბერი. დადგა ოკტომბერი. გახშირეს სტუმრობა ქალაქის და სიღნაღის სირაჯებმა, ვერცხლის თოფ-იარაღში ჩასმულებმა.... იწვეს მათ ღვინის აფორიაქება და ნინია-ნოდარეებმაც იწყეს ტორტმანით სიარული: მაინც მიაქვთ ყე და ერთი არ უნდა დავითრო?... გაჩნდა ქორწილობა. ღვდლები პირის ბანვას და თავის ვარცხნას ვეღარ ასწრობენენ და ისრე ჰსწერდნენ ჯვარს. დღე-ღამ ეკლესიაში ამოსდიოდათ სული, მუშტრებს ვერ ასდიოდნენ ტიკჭორებით ჭაშნიკი და ლავაშები საკურთხეველში მრავლობდა „მას ჟამსა შინა“.... მრთელ ღვინობისთვეში და გიორგობისთვის პირველს ნახევარში მეფე-დედოფალთ ჯირითი არ შეწყვეტილა შარაზედ: მათ წინ მიუძღოდა ექვსიოდ მომღერალი, ღვინისგან დათენთილის სახით და სხვ.

გადიოდა ოკტომბერი და გაჩნდა ყალბი ოცდახუთ მანეთიანების ჯახა-ჯუხი; შეიქნა ჩხრეკიაობა:

ვისაც სამ მანეთიანიც არი ჰქონდა, მირბევინებდნენ პრისტავთან — „ყალბი ხომ არ არი ყეო“.....

3) ნოემბერი დადგა ნოემბერი მოწმენდილის დღეებით და პრისტავები თავის ჩაფრებით დაძვრებოდენ დუქან-დუქან ყალბი 25 მანეთიანი ხომ აღარა ვისა აქვსო; ჩაიგდეს კიდეც ხელში სამი გურჯაანელი სომხები, ვითომც მომტანნი ქალაქიდან მაგ ყალბის ფულებისა

დადგა ნოემბერი და დაუწყეს შეწუხება გურჯაანელებს სხვა და სხვა ფიქრებმა: თავადებს აწუხებდა ტყის აოხრება გლეხებისგან, რომელთაც ქისები გაიჩინეს აქა-იქა სყიდულის შეშით მოროჭვილის გროშებითო; კიდევ აწუხებდა მათს ბრწყინვალე გვამთ მინდვრის მოლოკვა ვინ იცის ვისი საქონლისაგან არა. დაიწყეს ფიქრი — „ამ სატკივარს უწამლოთ რამეო.“

მღვდლებს აწუხებდა ქორწილების შეთხელება და ფიქრი უღვინობაზედ (აქამდის ზედაშეები ხელადით მოჰქონდათ, ახლა კი სულ არა, და თუ მოაქვთ ისეთი ჭიჭილებითაო, რომ ყელს კი ჩაასველებს და მუცლამდის გაქრეს რომ ვერ უწიოსო...) ეჰ, ხშირად აღარ გვპატიჟობენო, შარშან ყოველ ცისმარე დღეს ოთხი და ხუთი გვეპატიჟებოდა, წრეულს კი თვეში ან ერთი, ან ორი და ისიც „ცალყბათაო“ ჩიოდენ მღვდლები....

გლეხებს აწუხებდა საქეიფო დროს მისუსტება და... და... (რაღა და) და სუდია მამასახლისის ვერ მოსათმენი უსამართლობა; საცა ღვინომ ჭყაოდა სამართალმაც იქ იყო კარაპეტასი არ იყოს“....

ყველას ამათ კი ნოემბერმა მოუტანა საერთო ფიქრი: საშინელმა ჭირმა გაანახევრა გურჯაანელების მუშა საქონელი... გურჯაანელების შეწუხებისათვის ჯერ არც ექიმია და არც მშველელი. „თავათ არ იყო ძმარიო, ზედაც დაასხეს წელიო“... ეს ასეთი დაუდევგარი თაის-თავის უბედური ხალხი და ზედაც ისეთი ადმინისტრაცია შეჰხვდა, რომ შენი მოწონებული.

ნოემბერმა სხვათა შორის ყვავილი მოუტანა გურჯაანის წვრილ-ფეხობას. ნოემბერმავე მოუხშირა ბეგრობას, რომელმაც ჭიაურის ტყე შეათხელა და „ნავი“ თავით ბოლომდის უზარ-მაზარის ძელებით და დახერხილის ფიცრით აავსო..... ამ ხე ტყეს ბევრი უკრეჭს კბილებს, მაგრამ ეშინიანთ ჩაფრებისა. ნოემბერში გზირებმა „კობახიძეს“ დრო მოაგონეს გურჯაანს.. გამგელებული დარბოდნენ დილით, საღამოთი ტორტმანით…

4) დეკემბერი. აი დადგა „სიცივის დედა“, გაახვია გურჯაანი ტყავში და მოხუცების დამაგვირგვინებელის სითეთრით შემოსა არე-მარე. ამ თვის პირველმა ისრეთ სიცივეში გაიარა, რომ ძაღლი კარში არ გამოიგდებოდა, მაგრამ ბეგრობა მაინც იყო და საქონელი ზეზეურათ იყინებოდა; ხარ-კამბეჩს თითო ლიტრა ყინული ჰქონდათ დაკიდებული თვალებზედ, პირზედ და კიდევ ვინ იცის სად... ამ სიცივეებმა ბევრს მგზავრს შეაყინა წვერი, ქვემო და ზემო ტუჩები, წამწამები და ფეხზედ ფეხსაცმელი და სხვ.

დადგა დეკემბერი და ღორების ჭყვირილი დაკვლის დროს გახშირდა.... მშიერი მგზავრი მიაგნობდა მმწვარის სუკების ხუნზედ, სადაც ქეიფი იყო... დადგა დეკემბერი და გლეხებმაც იწყეს აქა-იქა ჯგუფ-ჯგუფათ კრება.... აწინდელს სუდია მამასახლისს გამოვესალმოთ თუ არაო. გადჰასჭრა მრთელმა გურჯაანმა ერთი სუდიის მეტი[1] არავინ მიეღო შემდეგისათვის დასატოვებლად. მოახლოვდა სუდია-მამასახლისის ამორჩევის დრო —17-ს დეკემბერს — პარასკევს.

ცხვილოელის თანა-მოაზრე.

(შემდეგი იქნება)

____________

1 იხ. 1877 წ. „ივერიის“ მე-31 №-რის მე-4 გვერდზედ „დ“.

2 შერიგების თაობაზედ

▲back to top


შერიგების თაობაზედ

შეჰსწყდა, დროებით მაინც, თუ არ სამუდამოდ, ამოდენა სისხლის ღვრა. პაემნით შერიგება ჩამოვარდა რუსთა და ოსმალთ შუა. უმთავრესნი პირობანი სამუდამო შერიგებისაც ხელმოწერილია თურმე რუსთა და ოსმალთა ვექილთაგან. აი რა სასიხარულო ამბავი გვაცნობა ამ უკანასკნელ დროს მოსულმა ტელეგრამმამ. სამწუხაროა, რომ ამ ამბავმა არ მოუსწრო. ციხის ძირზედ ხელმეორედ იერიშით მისვლას და არ გადაარჩინა ზარალისაგან ჩვენი ჯარი. შერიგების ამბავმა რამდენიმე დღით დაიგვიანა ასე, რომ 18 იანვარს ჩვენში ქობულეთის ჯარი ხელახლად იერიშით მისულა ციხის ძირზედ. თუმც ზოგიერთი ადგილები აუღია, მაგრამ შუაგულის ჯარ მარცხი მოსვლია და ამის გამო ჩვენი ჯარი უკანვე ხუცუბანს დაბრუნებულა. ამ საქმეში დაზარალებულიაო. ოცფიცერი და ექვსასი ჯარის-კაცი ღენერალი შელე მეტიევი, მძიმედ თურმე თავში დაჭრილი, გარდაცვლილა.

დიახ, მხოლოდ 19 იანვარს საღამოს ექვს საათზედ პაემნით შერიგება ჩამოვარდნილა. ყველგან გაიგზავნა თურმე ბძანება, რომ ომი შეჰსწყვიტონ. სამუდამოდ შერიგებამდივე ოსმალოებმა უნდა დაუცალონ რუსეთს დუნაის ციხენი და არზრუმი. ეხლა ყველა ამა კითხულობს, სამუდამო შერიგების პირობანი რა გვარნი იქნებიანო. ამაზედ უფრო მწვავი საკითხელია; როგორ მოურიგდება რუსეთი ოსმალოს? სხვათა ევროპიის სახელმწიფოთა თანადასწრებით და თანხმობით, თუ მარტო ერთმანეთში გაათავებენ საქმეს? ერთის სიტყვით ზარბაზანი დაჩუმდა, ხმალი ქარქაშში ჩაეგო და სისხლი მორწყული საქმე ეხლა მელნით უნდა გათავდეს, რადგანაც ჯერ-ჯერობით დიპლომატების საცოხნელა გახდება.

ჯერ, რასაკვირველია, ნამდვილად არ ვინ იცის, რა გვარნი პირობანი სამუდამოს შერიგებისა დაუდვიათ ერთმანეთში გამარჯვებულ რუსეთს და დამარცხებულს ოსმალეთსა, გაზეთები ამ საგანზედ ჯერ ბნელში დადიან და თუ ვინმე რასმეს ამბობს, გვგონია, უფრო გულთა-მხილობით ლაპარაკობს, ვიდრე საქმიანად. მაინც და მაინც შესანიშნავია ამ მხრით ვენის გაზეთის „Tagblatt“- სიტყვა. აი რას აცხადებს ეს გაზეთი ამ პირობების თაობაზედ.

„1) ბოლგარია დაიჭერს მთელს მხარეს დუნაიდამ ადრიანოპოლამდე და მარიცის მდინარემდე. ევროპიის მშვიდობიანობისათვის და იმისათვის, რომ სახვალიოდ შუღლის მიზეზი აღარ რა იყოს რა, რუსეთი განსაკუთრებითს ყურადღებას მიაქცევს, რომ ბოლგარია ამ მიჯნებში, რამოდენათაც კი შეიძლება, დაუმოკიდებელი იყოს ოსმალეთის მხრივ. ბოლგარია ორ ოლქად განიყოფება, ერთი ბალკანის მთებს აქეთი და მეორე იქითი. ორივეს ერთი პარლამენტი ექმნება და ერთი მთავარი ეყოლება, რომელსაც ამოირჩევენ თვით ბოლგარნი და იგი მთავარი პასუხის მგებელი იქმნება მხოლოდ ხალხის კრების წინაშე. ნიშნად დამოკიდებულებისა, ბოლგარიამ უნდა აძლიოს ხარკი ხონთქარსა ყოველ–წლივ. რაოდენობა ხარკისა არ უნდა აღემატებოდეს მას, რაც რიცხვთა შუა ანგარიშით წმინდა შემოსავალი ქონია ამ უკანასკნელ წელიწადებში.

2) შერიგების სიმტკიცისათვის და რუმინიის უშიშროებისათვის, ოსმალთა ციხენი დუნიაზედ უნდა დანგრეულ იქმნას და გაუქმებული.

3) ბოსნია და ღერცოგოვინა იმავე სახით უნდა მოეწყოს როგორც ბოლგარია, მსოლოდ ამასთანავე სრულიად უნდა შეიშლოს აქ უწინდელი რიგი მიწად-მფლობელობისა და ახალი დაედგინოს.

4) რუმინიას, საზღაურად იმ სხვერპლისა, რიც გაუწევია, უნდა გაუდიდდეს სამზღვრები და ცნობილ იქმნას თავისუფალ სახელმწიფოდ.

5) სერბია, ევროპიის მშვიდობიანობისათვის, სრულად უნდა განთავისუფლებულ იქმნას ოსმალთაგან და თავისუფალ სახელმწიიფოდ იყვეს, ამასთანაც უნდა შეიმატოს ნიშისა და კოსსოვის მაზრა და აგრეთვე პრიზრენდისა და ნოვო-ბაზარის ოლქა.

7) შავი ზღვა ღია უნდა თეოს სავაჭრო ხომალდთა სავლელად ყოველის ხალხისათვის. ხოლო საომართა ხომალთა სვლელად დარდანელზედ მიეცემათ გზა მარტო იმ სახელმწიფოთ, რომელნიც ზღვის პირად მდებარებენ.

8) ჩერნოგორიას უნდა მიეცეს ის მხარეები, რომელნიც მოხსენებულია სტამბოლის კონფერენციის მიერ და ზედ დაემატება ანტივარის ნავთ-სადგური და ის ზღვის პირი, რომელიც ნავთ-სადგურისა და ჩერნოგორიის შუა არის.

9) შავის ზღვის აღმოსავლეთის ნაპირის სიმაგრისათვის რუსეთი ითხოვს ზემო მხარეს არმენიისას, სახელდობრ ბათომს (სადაური არმენიაა?) ყარსისა და არზრუმის ციხეს.

10) სამართალი ითხოვსო, ამბობს რუსეთი, რომ ოსმალეთმა მიზღას ომის ხარჯიო. რაოდენობა საზღაურისა, ომის მსვლელობისა და გვარად, იქმნება არა ნაკლებ ათას ხუთას მილიონ მანეთისა.

11) ამ საზღაურის გადახდამდე რუსის ჯარი ბოლგარიაში დარჩება და ჯარის ხარჯი უნდა შეივსოს იმ ფულიდამ, რომელიც ბოლგარიამ უნდა აძლიოს ოსმალთა, ჯარმა უნდა დაიცვას წესი და რიგი, ვიდრე ბოლგარია თავის საკუთარს ჯარს გაიჩენს.“

დიდი საქმე იქმნება, თუ ამ პირობებით გათავდება საქმე. ჩვენ კი ამაზედ დიდი ეჭვი გვაქვს. არა გვგონია ევროპამ ყოველივე ეს იყაბულოს ევროპა რა შუაშიაო, იტყვის მკითხველი, იმას ვინა ჰკითხავსო? საქმეც ეგ არის, ჩემო მკითხველო, რომ აღმოსავლეთის საქმეში ყველას თავისი საკუთარი ტკივილი აქვს და ყველა ხმას ამოიღებს და ვინ იცის? იქნება საქმე ისე დაიხლართოს, რომ შერიგება უკან მიდგეს და ისევ თოფი და ზარბაზანი გამოვიდეს მოედანზედ ეგ შესაძლებელია.

რასაკვირველია, რუსეთისათვის დიდად სასარგებლო იქნებოდა, რომ ევროპა უკან მიმდგარიყო, შერიგების საქმეში არ გარეულიყო და მიენებებინა თავი მეომართათვის საქმე მარტო ერთმანეთში გაეთავებინათ. ეჭვი არ არის ამაზედ, რომ ეს საქმე ასე არ მოხდება.

ამას ამტკიცებს ერთი ის, რომ ინგლისის მინისტრს ნორტკოტს გამოუცხადებია ინგლისის პალატაში, ამ დღეებში წარმოგიდგენთ წინადადებას მასზედ, რომ პალატამ ფული მოგვცესო ზღვისა და ხმელეთის სამხედროს მომზადებისათვისო, როცა ნორტკოტს უსაყვედურეს თურმე რად შვრები მაგასაო, მან უპასუხა, რომ აი აქამდე ველოდით რომ შერიგების პირობებს გვაცნობებდნენო, მაგრამ მას აქედ ერთი კვირაც გავიდა და არ შეუტყობინებიათო, რუსები კი სულ წინ მიდიანო; მთავრობას ამაზედ მეტი ლოდინი აღარ შეუძლიანო.

აქამომდე გაფთხილებულმა ავსტრიამაც ხმა ამოიღო. ვენიდამ იწერებიან, რომ ავსტრიის ელჩმა გადასცაო თავადს გარჩაკოვს, რუსის საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგი ოქმიო: ავსტრია ვერ შეეცილება ოსმალეთს იმ უფლებას, რომ შეიკრას ხელწერილითა მასზედ, რაც მის ინტერესს შეადგენს. ხოლო რაც ყაზანლიკში ეხლა პირობებსა ჰსდებენ, ავსტრია მაგ პირობებს ვერ აღიარებს კანონიერად, თუ იგინი რაშიმე სცვლიან დადგენილს ტრაქტატებს და შეეხებიან ავსტრიის ინტერესსა; იმ დრომდე ვერ აღიარებს, ვიდრე ახლად არ დათანხმდებიან სახელმწიფონი, რომელთაც ადრინდელს ტრაქტატებზედ ხელი უწერიათ.

თუ ეს მართალია, ინგლისსაც, დროთა მიხედულობით, ამაზედ მეტი არა უნდა რა. ჰსჩანს ინგლისს თითქმის ერთი მომხრე გამოჰსჩენია. ინგლისში — მხედრობისთვის ფულიო, აქ ავსტრიაში-კიდევ ამისთანა ფხიანი სიტყვა, — ვერაფრად საამურია.

ამ ბოლოს დროს საფრანგეთიდამაც ვერაფერ საამური ხმა მოისმა. გამბეტას გაზეთი „Republiqu Française“ ამბობს: მარტო ერთს საგანზედ შეიძლება, რომ რუსეთმა და ოსმალომ მარტო ერთმანეთში გაათავონ საქმე ― ეგ საგანი მას შეეხება, თუ რა უნდა უზღას ოსმალომ, რუსეთსა ომის ხარჯის გამო, ყოველივე სხვა საგანი მთელს ევროპას შეეხება და უნდა გასინჯულ იქმნას იმ სახელმწიფოთა კონფერენციინაგან, რომელთაც ხელი უწერიათ 1856 წლის ტრაქტატზედა.

რასაკვირველია, ეს აზრი მარტო ამ გაზეთს ეკუთვნის, მაგრამ ისიც ღირს საცნობელია, რომ ეს გაზეთი ეს იმისთანა კაცის წარმომადგენელია, რომელსაც დიდი ზედ-მოქმედება აქვს საფრანგეთის აზრთა მიმართულობაზედ.

ამ სახით ეჭვი არ არის, რომ შერიგების საქმე ევროპიის სახელმწიფოთა ხელში ჩავარდება, თუ ყოვლის საგნის შესახებ არა, ზოგიერთის მაინცა. დიპლომატების ბრძოლა, ჩვენის ფიქრით, ეხლა იმაზედ უნდა იყოს თუ, — რომელი საგანი იციან საერთო გადაწყვეტილების ქვე-მდებარეთ და რომელი არა. ამ მელნით ბრძოლამ იქმნება მეტი ქმნას ვიდრე ზარბაზნის გრიალმა და ისიც შეიძლება, რომ ხელახლად შუღლი ჩამოაგდოს და კალამმა ისევ ხმალს დაულოცოს გზა.

3 ლექსები

▲back to top


ლექსები

* * * [1]

აწ გაგვეხსნა ეპოხა ახლის ცხოვრებისა
მზე გაგვიბრწყინდა ქართველთ, ჟამია დღეობისა:
ოქმი, გამოცემული საკენჭის ყროდ წასვლისა,
მალე ებოძა მარშალს თავადთა განწვევისა.
დაშურებით აცნობა, არცა დყოვნდა ისა,
ხმა გაისმა ყოველგან, როკვა შეჰქმნეს შვებისა.

აწ ვახსენოთ თავადნი ქალაქს წასასვლელნია!
რომ ჩემობენ კაცობას, ვართო შემძლებელნია
ქვეყნისთვის თავსა დავსდებთ, ვიტყვით, ვალი ჩვენია
მაგრამ კი არა მჯერა თუ ეს გამართლებისა.

თავი არის კნიაზი იგი ქვეშ-ქვეშ მხედავი,
თავის დღეში პირ-და-პირ კაცის ვერ შემხედავი;
არვის აწყენს, ყველას ჰყვების ვით ყრმა გაუბედავი
იმის წინაძღოლაში რაღა წაგვიხდებისა.

შეყრაში თუ არ „დიაღ,“ სხვას ვინ რას გაიგონებს,
„აგრე არის, სწორეა“ — იტყვის და თავს იწონებს,
ადგილს კი ვერას იტყვის, ჩვენთან კი ბევრს იგონებს
ამის ხელში საქმენი ყველა გაკეთდებისა.

მის ძმას გულადს ამბობენ, მაგრამ კაცად ცუდია,
შურია სიკეთისა მზაკვარების კუდია,
სინიდისისა ადრევ აუხდია ქუდია,
ცდილობს, ყველას შეაცდენს ნიჭი მოტყუებისა.

ამათ ძმა ჰყავთ მესამე, სათუთად შენახული,
მზეთ უნახავი მოყმე, მშვენივრად დახაატული,[2]
მათთან პატივ-ცემული, კარში არ დანახული,
მაშინ კარს უჩვენებენ, როცა გაჭირდებისა.

რა კენჭის ყრა მოატანს, ყაფაზით გაიყვანეს,
თვალებსაც აუხსნიან, ქალაქში ჩიუკანენ,
ხელს ჰკვრენ, წინ წააგდებენ და ხალხში გაიყვანენ,
რომ ერთი კენჭი მიჰსცეს ამანაც თეთრებისა.

სიბედოვლათის თავი, ფანტია, ქარიანი,
კაი ბედისა მქონე, ხარისხიან ჯვრიანი,
ვის დია აქვს სახელო ფულიანი-ცხვრიანი,
მაგრამ იმისი ჯიბე სულ არ გაივსებისა.

აპრილის ტაროსია, უბინო, არეული,
ყოველივე ნაშლად აქვს მირეულ-მორეული
ბევრი აქვს ხასიათი პირველ-ჟმურ გვარეული,
ვინც გაიცნობს იმასა, ყველა გაჰკვირდებისა.

არა იმის საქმეში სწორე არ ურევია,
ნიადაგ მაცდურებას ხელი დაურევია;
სიცრუის ტბას დაფლულა, ღრმად ფეხი ურევია
ხან რას ამბობს, ხან რასა, თვით არ გაეგებისა.

მაჰმადის სამოთხეში, ამბობენ, უდევს წილი;
უცხოს რამ მიჯნურობით თურმე არა აქვს ძილი,
გულს დაუწყებს კანკალი რომ გაჩუჩუნდეს რწყილი,
ომარის წიაღს წავა, ამას არ უნდა ცილი,
რაცხვენ კი მაგალითად, ძირად სათნოებისა.

არის ვინმე ბატონი გვარად დიდ ოჯახოვი,
ქალაჩუნათ მთავარი, თვის ფიქრში ყოჩაღოვი;
ვით საზანდრისა გუდა ჰკვეხს, ჰბაქამს ბლიაძოვი
სხვა რამე ნიშან-წყალი არა აქვს ღირსებისა.

კიცხვა, ძრახვა, ძიება მისგან სხვა რა გამოვა?
ცუდისგან ავი ისმის, მაშ კარგი რა გამოვა?
მყრალის ჭურჭლით ნიადაგ მყრალი წყალი წამოვა,
ნიადაგ ცუდი კაცი კარზედ ვერ დადგებისა.

მას უძევს დიდი ძელი, მაგრამ ვერ გაუგია,
ნაოხრევ-ნატაცებზედ მას სახლი აუგია
ამას იტყვიან კაცნი თავათ ბოროტებისა.
ვისში ნახოს სიკეთე, იგი შურით გასკდება,

სულობა, ან თუ სულდგმა ვითა ცვილი დადნება;
სხვას რომ ბოლი ებოლოს მას გულს ლახვრად აჩნდება
რადა ჰკვდები, ბოროტო? მითხარ შენ რა გაკლდება?
იმით რომ სხვა გაკეთდეს, შენ რა წაგიხდებისა!

ამისი საკვეხარი საქონ-ცხვარი, ღორია,
მასზედ გლეხთა ბევრი ჰყავთ დასტურ არა ჭორია,
წისქვილის დოლაბები ერთი, გინა ორია,
ამით თავი ჰგონია კეისრია სწორია.
ასე თუ არის წესი მისის დიდ-კაცობისანი

მაკედონელის სეხნა, თავზედ თმითა ლისია,
დიდ-კაცობით სრულია, მაგრამ ჭკვაზედ მქისია,
გაბერილი გუდაა, მასთან მონა ღვთისია;
იცინის, ხელს იფარებს, არცხვენ თავი თვისია,
ზანიშინად ჰგონია თავი თავადებისა.

არაფერი არ იცის ნარდის, კამათლის მეტი;
ლამის არის გადიამ წელში დაარტყას კეტი,
ის დიდად შეაშინებს, ქალაჩუნაა მეტი.
რა მცირედსა წააგებს, იგი გახდება რეტი,
თამაშობს და არ ესმის ხმა ბიძის მომღერლისა.

სოფლისა სარდალია, ჯერ მდევრად არ გასულა,
კარზედ დადის ხშირ-ხშირად, წამლებზედ გადასულა;
მარჯვედ დაჰსდევს მსახური, პრობკა უჭირავს სულა,
მიეშველოს საჩქაროდ. . . . . .
შენ აგრე ჰსთქვი, ვერ მიჰსცეს ჩინი განსხვაებისა!

ერთსა ვიცნობ მაღალ კაცს, ფერითა მეტად სავსეს,
თითებ გრეხილ-ბრეცილი, აზრითა გველანძეს;
ჯადო მისხობის სახე აგერა იმას აძევს, —
მოდი, ესეც დავსახოთ მარად ცბიერებისა.

თუ შესხმა შევუმოკლე, დიდად დამემდურება,
ჰსჯობს რომე გავაგრძელო, აღარ დამემუქრება.
ასეთი საუბარი არს მისთვის დიდი შვება,
მეც მინდა რომ ვაამო, არ ექმნას დაჭმუნვება...
ან რად უნდა ეწყინოს ამისთანას ხმებისა.

სხვა და სხვად გარდაქცევა მას კარგად შეუძლია,
მისის ხლართებისათვის ჯერ არ ვის გაუძლია,
ვგონებ სწორეს გზაზედა ერთხელ არ გაუვლია, —
დიდი ხელოვანია კაცთა ნადირობისა.

თვის ტომ-მეგობრობითა ვით მარჯვედ მოაღორებს!
თავის მხარეს გააბამს, სათავისოდ აგვარებს;
მოყვარეს ჰგმობს და მტერსა ამითი გაახარებს,
ამ თქმით შემდგომ ყველანი მისგან გაფთხილდებისა.

ერთი არის კნიაზი იძახის, ვარ პირველი,
ულვაშები გრძელი აქვს, ზოგჯერაც ღვინო ძველი;
უბრალო რამ ბძანდება, არა აქვს საძირკველი, —
სომს და არ ეკიდება, ბრიყვად იცემებისა.

ამის მეზობელია ჭაბუკი ქალაბიჭა,
კაცურს თუ უკაცურსა მან გაღმა გააბიჯა;
ყველა ჰსცადა თავზედა, არ ვინ არ დააღრიჯა,
აქა იქა ხვეწნითა კალთები დააგლიჯა
ამასაც ერთი კენჭი როგორ არ ერგებისა!

მიხრა-მოხრა და სიტყვა ყველა აქვს დიაცური,
მათზედაც მეტი არის, არა რა აქვს კაცური;
ენაობა და სიტყვა აქვს სწორედ მოახლური,
მით შეაქცევს თვის მგზავსთა, არის კარგად ამური,—
გთხოვ, კნიაზო, არ მრისხო, დრო მცე განმართლებისა.

ყველას იგდებს, აჯავრებს რომელიმე პაჭუა,
უფრო ქალებში ხუმრობს, რადგან არის ჭაჭუა;
თავის თავზეც აცინებს, მართალია არ ვსტყუა,
ხელი უნდა აეღო, თუ რომ კი ჰქონდა ჭკუა, —
მაგრამ ეს მიაჩნია სარკად ამ დროებისა.

როს ნახვენ მის წამხდარს ცხვირს, სახეს დაიღრიჯიან,
„კიდევ, კიდევ“ — ეტყვიან უფრო დაუნიჟიან,
მაშინ ჰგავს მაიმუნსა, მაგრამ არ ეწყინიან, —
ამასაც ვეჭვობ უნდა ადგილი მარშლობისა.

ის მაღალი უფალი, იმ მხრისა ორატორი,
ერთის ბურტყლის წონაა, უბრალო ჭორატორი;
არ იცის დიდოეთი, ახსოვს კი ჭორათორიი,
მაგრამ თავი ჰგონია დიდთა გმირთანა სწორი, —
საცა კრება მოხდების ის იქ მიიჭრებისა.

რაოდენსამე სიტყვას დავითნისას წაურევს,
თავად თვითონ არ ესმის რას როტავს, რას გაურევს
მიშლის-მოშლის, ლაპარაკს დაუკარგავს, აურევს,
ცუდა-მადა როშვასა არავის არ დაულევს.
თუ ვეტყვით „ჩუმად იყავ,“ კიდეც ილანძღებისა.

კვლავ არის ერთი ბრძენი გვარად ამა ტომისა,
კრუჭკა თავი, მეჩანგლე იაბედნით ტომისა;
ყველა ამოიჭამა, ახლა აქვს დრო ჯდომისა,
მდიდრის სასძლოს ძებნისა და სამეფოდ სხდომისა, –
იცის კარგად ნომრები, რიცხვიც უქაზებისა.

გულსა, შუბლსა და თავზედ ყველა ზედ აწერია.
სათოკე პადიაჩად ადრევ ანაწერია,
ნაცვლად ნაწილებისა ტომი ზედ აკერია;
მაინც თავს მოირჩენს, გინდ ძელი აძგერია,
სხვას დააბამს თვის ადგილს, თვით კი აეშვებისა.

ერთი რომ ჰსთქვას სიტყვა რამ, მეორედ მუხლს ჩაატანს
რუღლამენტსა, კნორინღსა, ლაზარევსაც დაატანს,
ნაკაზსა, უქაზებს, ყველა ტომებს გაატანს, —
მეათეს თვით დაიჭერს, ის არ ემეტებისა.

ის ახალი ტარიელ კნიაზი გაკუწვილი,
მეძაოძის სამსალით გაზდილი, გატენილი,
სხვა და სხვის ორდენებით გული აქვს გაჭედილი,
სახე ღამის თევითა უდროოდ დაპეპკილი,
ესეც იყო ჩყენგანა სხვათში ღირსი ქებისა.

არ მარტო სახით შავი უფრო დია ცუდითა,
ვინ სავსეა მანგითა და მუხთალის გულითა;
ასპიტი შხამიანი, მზა მოწყვეტად შურითა
ქვა დამკრიბეთ ყოველთა, ჩვენ თუ ამას ვჰსტყუითა.

იუდაა ნამდვილი, მზა მარად საკოცნელად,
ნახავს რა თავის ზვანჯებს აღსასრულებლად ძნელად,
რომ ამით გესლი თვისი გადაჰხდოს ყველას ნელად,
დაჰყაროს სიბოროტე მთელის ხალხის სავნებლად.

მაგრამ ერთი ბუნებას ნიჭი დაუჩნევია,
ეს ამ წესით კარგთაგან თავად გაურჩევია,
ვისაც კი ეგ უცნია, ყველა განშორდებისა.

____________

1ეს ლექსი კარგი ის არის და თ. რევაზ ყორჩიბაშვილისაა. ზოგნი კი ამბობენ თ. მიხეილ ჩოლოყაშვილს დაუწერიაო, თუშ-მოურავი რომ ყოფილა, სხვათა შორის თვით ეგ ჩოლოყაშვილისა არის. გამოგვიცხადებია პატივ-სადების მიზეზისაგამო, თუმცა აქ ხსენებულნი დიდი ხანია გარდაცვლილნი არიან ორის გარდა. მარტო ამას კი ვიტყვით, რომ აქ მხოლოდ თელავის მაზრის უწინდელნი თავადის შვილები არიან მოხსენებულნი, ამ ლექსმა ჩგენი ყურადღება მიიქცია, როგორც თავის მკაფიო სიტყვიერებით, აგრეთვე მით, რომ ცოტად თუ ბევრად უწინდელ დროთა ზნეობის წარმოგვოდგენს.

2დიდი მახინჯი რამ ყოფილა და თითქმის უსინათლო, ასე რომ სიმახინჯისა გამო კარზედ არ გამოჰყვანდათ თურმე

4 საქართველო (ისტორიული და ეთნოგრაფიული გამოკვლევა)

▲back to top


საქართველო (ისტორიული და ეთნოგრაფიული გამოკვლევა)

(შემდეგი)[1]

სტრაბონის თქმით, კავკაზი არის ვრცელი ზურგი, რომელსაც უწოდებენო ხან კავკაზად, ხან მთის ქედად, და ადგილობრივნი მცხოვრებნი კი, ერათოსფენის მოწმობით, სახელ-სდებენო კასპიუსად. ეს უკანასკნელი სახელი მისცემია, როგორც სჩანსო, იმ კასპიელთაგან, რომელნიც კასპიის სამხრეთად თურმე ბინადრობდნენ კავკაზის ზურგი განნაწილდებოდა რამდენსამე შტოებად. რომელნიც ერთის მხრით საზღვრავდნენ იბერიას და ალბანიას, მეორეს მხრით უკავშირდებოდნენ მესხეთის მთას, შემდეგ იმის გაყოლებას სკიდისესს და ფრიადრეს, ჩვენის დროის ჭანეთის მთას. თვით ეს ორი ქუდი უერთდებოდა თავრს, რომელიც შეადგენდა სამხრეთ ნაწილს არმენიისას. გარდა ამისა კავკაზს ჰსაზღვრავდნენ პონტისა და კასპიის ზღვები. პონტის ზღვას ძველად თურმე ერქვა Pontos Axeinos ანუ, გადმოთარგმანებით, სტუმართ შეუწყნარებული ზღვა მისის შფოთიანის თვისების გამო, როგორათაც პირ-ქუშობის გამო ზღვის პირის მცხოვრებთა, სკვითთა, რომელნიც, როგორც იტყვიანო, უცხოეთელებს ჰხოცავდნენ, იმათ ლეშს სჭამდნენ და იმათ თავის სარქმელს სასასმულო ჭურჭლის ნაცვლად ხმარობდნენ. პონტოს აქსეანოსს დაჰრქმევია Pontos Euxeinos ნუ სტუმართ შემწყნარებელი მაშინ, როდესაც გარეშემო იმისა დაფუძნებულა ელლინთა კოლონიები. კასპიის ზღვა, რომელიც სივრცით მცირედ თურმე განსხვავდებოდა ევქსინის პონტზე, იწოდებოდა აგრეთვე ჰირკანიის ზღვად ჰირკანიელებთა გამო, რომელნიც იმის სამხრეთად ცხოვრობდნენ. კავკაზი მდიდარი იყოო ყოველ-გვარის ტყით, მეტადრე სანავო ხე-ტყით. იმისი უმაღლესი ადგილები ზამთრობით დახშული თურმე იყო, ზაფხულში კი გახსნილი. თოვლისა და ყინულის გამო. მთიულნი ასასვლელად ხმარობდნენ ერთ-გვარ ქალამნებს გამოუქნელის ხარის ტყავისას, განიერს, როგორც დოლის ტყავი. ჩვენის ფიქრით ეს უნდა იყოს ახლანდელი თხელამური, ჩასასვლელად სხდებოდნენ პირუტყვის ტყავზე, გვერდით ჰქონდათ ბარგი, და ამ გვარად ცურავდნენ მაღლიდამ დაბლა. ეს ჩვეულება ახლაც არის, მხოლოდ ტყავის მაგიერ იხმარება დაგორგოლებული ნაბადი, რომლითაც შეყინულს თოვლზე დაეშვებიან ხოლმე მთის კალთებზე. ხმარობდნენ აგრეთვე ხან და ხან წვეტიანს ფიცარს მგვალს და მოგძოს, რომელიც ფეხ-საცმელზე თურმე იყო მიბმული. სტრაბონი მოიხსენებს კავკაზში მრავალ-რიცხვს ენებს: მარტო ალბანიაში თურმე უჩვენებდნენ 26-მდე სხვა და სხვა ენას. მომეტებული ენები ყოფილა დასავლეთს მხარეს. დიოსკურიის ქალაქში დროითი დრო. თურმე ჩამოიკრიბებოდა სხვა და სხვა ხალხი, სხვა და სხვა ენების მოსაუბრე, 300 კი არაო, როგორც ზოგიერთნი მწერალნი ამტკიცებენო, არამედ 70-იო. სტრაბონი კავკაზიელთ ჰხადის ველურ ტომებად: ისინი ყოფა-ცხოვრებაში ურთი-ერთშორის დაშორებულნი ყოფილან და ეს თურმე იყო მიზეზი, რომ თვით ენები დაიგლიჯნეს და ერთი მეორეს დაჰშორდნენ.

სტრაბონის ჩვენებით ტანაისიდამ (დონიდამ) ვიდრე ფაზამდე მკვიდრობდნენ: ა) ტანაისის პირად სავრომატნი; ბ) მეოტიდის ანუ აზოვის ზღვის ნაპირზე მაეტნი; გ) ტამანის ნახევარ კუნძულზე და პონტის პირ ანაპამდე სინტნი; დ) ანაპის სამხრეთად გელენჯიკამდე კერკეტნი, ახლანდელნი ჩერქეზნი; იმათში იყო გაშენებული, დიუბუას გამოკვლევით, ელლინების ქალაქი ტორიკოსი, რომელმაც თავისი სახელი გადასცა თვით ზღვის ყურეს, ან გელენჯიკს; ე) გელენჯიკის სამხრეთ-აღმოსავლეთად ყოფილან ახიელნი, ანუ „ელლინნი, რომელნიც ტროადიდამ მიმოვალან და ზღვის ღელვას შეუტაცნია ხსენებულს ადგილს;“ ვ) ახიელების მომიჯნავენი და დიოსკურიის მოსაზღვრენი ჰენიოხნი, „ლიკონიის კოლონია, რომელიც კასტორს და პოლლუქს მოჰყოლია;“ ზ) დიოსკურიის დამცქერნი მთის ქედიდამ სოანნი ანუ სვანნი; ჱ) ჰენიოხების მოსამზღვრენი კოლხნი: ამათ სჭერიათ მთელი პონტის პირი ტრაპეზონამდე, რომელიც შეადგენდა საზღვარს კოლხებისას და ტიბარენებისას; თ) ტრაპიზონს იქით ტიბრენნი კაპადოკიის საზღვრამდე; ი) ტრაპიზონისა და ფარნაკის ზემოდა ტიბარენნივე, მაკრონნი ანუ სონნი (ცანნი, ჭანნი); ქალდეველნი, ანუ ძველნი ხალიბნი ფარ-ნაკიის უახლოესად. კავკაზის აღმოსავლეთ-სამხრეთად, მკვიდრობდნენ, გარდა იბერიელთა, ლეგნი, ალბანნი, კასპიელნი, კადუსიელნი და გელნი.

აქ სტრაბონის შესამოწმებლად და შესავსებლად შემოგვაქვს აღწერა სკილაქსის (მე-V საუკ.). სკილაქსის აღწერას მივყევართ კიმმერიის ბოსფორის შესავლით მეოტიდის ტბისკენ და აქედამ კოლხიდაში. სკილაქსი სწერს: „შემდეგ კოლხებისა შეჰხვდებით ბუზერებს და მდინარეებს-დარაანონს და არიონონს. ბუზერებს მისდევენ ეკეხეირნი და მდინარენი პორდანისი და არხანისი[2]; შემდეგ არის ქალაქი ლიმნე და ელლინელთ ქალაქი ოდეინიოსი[3]. ეკეხეირთ შემდეგ არიან ბეხეირნი ბეხეირის ნავ-სადგურით და ელლინურის ქალაქით ბეხეირისით. ბეხეირთ იქით არიან მაკროკეფალნი[4] ნავსადგურით პსორონით; შემდეგ ელლინური ქალაქი ტრაპეზუსი[5]; მაკროკეფალთ შემდეგ შეჰხვდებით მოსუნექებს ნავ-სადგურით ზეფირიოსით, ელლინურის ქალაქით ჰოირადესით და კუნძულით არესით ანუ მარესით; ესენი ცხოვრობენ მთებში[6]. მოსუნექებს მიჰყვებიან ტიბარენნი[7]; ტიბარენებს ხალუბნი (ხალიბნი) მაგარის ნავსადგურით ჰენეტესით, ელლინ. ქალაქით ამენეიათი და ელლინელთავე ციხე-სიმაგრით ასინეიათი[8]. ხალიბებს ჰსაზღვრავენ ასსირია, მდინარე თერმოდონი, ელლინების ქალაქი თემის-ყური და მდინარე ლიკასტოსი ელლინურის ქალაქით ლიკასტოსითვე, შემდეგ მდინარე ჰალისი და ელლინელების ქალაქი ჰარმენე ნავ-სდგურით და ელლინელებისავე ქალაქით ტეტრაკოსით[9] (Viv. de S-Mart., Hist. de Découv. géogr., II, 280-281. Dubois Voyage, I, 58 – 67, 309).

სტრაბონის „გეოგრაფიაში“ ჩვენთვის განსაკუთრებით ყურადღების ღირსია ის ადგილები, რომულნიც შეეხებიან კოლხიდას, იბერიას და ალბანიას, ამისთვის უნდა იმათზე შევდგეთ.

სტრაბონის კოლხიდა იწყობოდა, როგორც ვთქვით, ტრაპიზონიდამ. იმისი ნიადაგი დაბლობებში ყოფილა ქვიშიანი და ნოტიო. კოლხიდას რწყავდა დიდი მდინარე ფაზი(რიონი), რომელსაც უერთდებოდნენ მთებიდამ ჩამომდინარე ჰიპპუსი (ცხენის-წუყალი) და გლავკუსი (რიონივე სათავიდამ ქუთაისამდე). აქ მრავალი თურმე იყო ყოველ-გვარი ჩინებულის თვისების საკვები, ხე-ხილი და აგრეთვე მომწარე თაფლი, რომელიც ათრობდა კიდეც თურმე. კოლხიდაში უხვად იზდებოდა შენობის ხე-ტყე, სელი, კანაფი, წმინდა სანთელი და ფისი. განთქმული თურმე იყო იქაური ტილო, რომელსაც კოლხიდელნი თვითონვე აკეთებდნენ და რომელიც იმათ შორეულ ქვეყნებში გაჰქონდათ. „ეს აქვთო. საბუთად ზოგიერთ მწერლებს როდესაც იგინი ამტკიცებენო კოლხიდელების ერთ-ტომობას ეგვიპტელებთან.“ „თვით მიფები მოგვითხრობენო, თუ რა რიგად ყოფილა ეს მხარე განთქმული ძველ დროებში: მიფები გვიამბობენო მოგზაურობას იაზონისას და იაზონზე უწინ ფრიქსის გამხედრებას კოლხიდაში და თუ ჩვენ წარმოვიდგენთო კოლხიდის მდიდარ მადნებს, ოქროსას, ვერცხლისას და რკინისას, მაშინ მივხვდებითო, თუ რა მნიშვნელობა უნდა მივაწეროთო არგონავტების შესვლას კოლხიდაში.“ „კოლხიდელ მეფეებს დაუყვიათო ეს მხარე მრავალ მებატონეებთა შორის (skeptoukhies) და ამ გვარად თავისი ძალა შეუსუსტებიათო..“

კოლხიდაში უმთავრეს ადგილებად ირიცხებოდნენ დიოსკურია და ფაზისი. დიოსკურია იყო ზღვის ყურე და მდებარებდა პონტის პირზე. დიოსკურიამდე ვრცელდებოდა ზღვით მსვლელობა. ჩვენ დროს გეოგრაფიული მდებარება იმისი დაჭეშმარიტებით არ იციან. როტტიერი, ეიხვალდი და დიუბუა იმას ეძებენ მდინარე კოდორის მახლობლად, იქ, სადაც ახლა არის ნავ-სადგური ისკურია ანუ ცხუზამელა თუ მარმარა; გამბა კი უჩვენებს ახლანდელს სუხუმში. დისკურიას ძველად რქმევია აგრეთვე სებასტოპოლი.[10] დიოსკურია ითვლებოდა იმ რესპუბლიკის მეტროპოლიად ანუ დედა-ქალაქად, რომელიც ყოფილა მოფენილი კოდორის მდინარიდამ ინგურის მდინარემდე. დიუსკურიის გარდა აქ სხვა კოლონიებიც იყო: გვენოსი ან ტკვანოსი მარკურაზე, ილორი, ბედია, ჰერაკლეა ანუ ანაკლია. ამ კოლონიების სააღებ-მიცემო გზა კავკაზში მისდევდა მდინარე კოდორს და ტებერდის ქედით ჩადიოდა მარუხისა და ზელენჩუსის ხეობაებში, აქედამაც ჰიპანის მდინარეზე ანუ ყუბანზე. ეს უძველესი გზა, რომლითაც ელლინებს შეჰქონდათ ჩრდილო მხარეებში განათლება და ვაჭრობა, ახლაც მოფენილია ძველის ნანგრევებით.[11] „სჩანს, ამბობს დიუბუა, დიოსკურიას კაი-ხანი დაუცვია თავისი შემძლეობა და გავლენა; ამას გვიმტკიცებს ქართლის-ცხოვრების თქმულება. როდესაც ფარნაოზ მეფემ 299წ. აზონი განდევნა საქართველოდამ და მთელი მხარე დაიპყრა, მაშინ იმან ვერ შესძლო დაჭერა ინგურისა, ესე იმ იგი იმ მხარისა, რომელიც ფაზათა კოდორამდე მდებარებდა და რომელიც დარჩა ბერძნებისავე მფლობელობაში“.[12] რა მტკიცედ ყოფილან დამყარებულნი ამ მხარეში ელლინნი ამას ჰმოწმობს ზოგიერთი ბერძნული მანათები, რომელნიც, როგორც ამტკიცებენ, თვით კოლხიდაშივე იჭედებოდნენ. ორს ამ გვარ მანათებზე წარწერილია ბერძნულად: „კოლხიდა, დიოსკურია“.[13] ამასვე ჰმოწმობს მრავალი ძველი ნაშთი: მთელი აფხაზეთი, სამეგრელო, იმერეთი და გურია ახლაც სავსეა სასახლებისა და ციხე-სიმაგრეების ნანგრევებით; იმათში შესაიშნავია ერთი ვრცელი ქვით-კირის ზღუდე, რომელიც იწყობა ზღვის პირად, მახლობლად სუხუმისა, ახლანდელს კელასურში, მიემართება კოდორის მხრივ, აფხაზეთის შუაგულში ჰზღუდავს ზემო-ხეობაებს მარკულისას და გალიზგისას და გადადის ბედიის ზემოდ. იმისი სიგძე, როგორც ამბობენ, 160 ვერსამდე ყოფილა. ადგილ-ადგილ იმას აქვს კოშკები. ქრისტეს შემდეგ მე-II საუკ. ამ ზღუდეს პტოლომე უწოდს Karteron teïkhos-„მაგარ კედლად“ მე-VI საუკ. სტეფანე ვიზანტიელი იმას იხსენიებს კორაქსიულების ზღუდედ როდის უნდა იყოს ის აშენებული არ ვიცით. მაგრამ უეჭველია, ის აუშენებიათ ელლინებს კავკაზიელთ შესაკავებლად.[14]

დიოსკურია, როგორც მოვიხსენეთ, იყო სააღებ-მიცემო ცენტრი ყველა გარეშემო ტომთათვის. იმათ შორის, რომელნიც აქ ჩამოიკრიბებოდნენ, ცნობილნი იყვნენ სოანნი ანუ სვანნი, რომელნიც ვრცელდებოდნენ დიოსკურიის მაღლობებამდე და მუქარით დასცქეროდნენ დიოსკურიას თავისის მთებიდამ. სტრაბონის დროს იმათ მეფე თურმე ჰყვანდათ და საგამგეო კრება, შემდგარი 300 მხედრისაგან სვანნი იყვნენ კარგნი მეომარნი. იმათ შეეძლოთ, როგორც გვარწმუნებენო, 200,000 მეომარის გამოყვანა (?). სვანნი ხმარობდნენ დაშხამულ წვერიანს ისრებს; მარტო ამ საწამლავის სული თურმე ბნედავდა დაკოდილებს. ეიხვალდი ამბობს, ეს დასაჯერებელიაო და თავისის აზრის შესამოწმებლათ უჩვენებს კამჩადალებს, რომელნიც ისრის წვერის დასაშხამავად ხმარობენ მცენარეს aconiti napelli ისე, რომ თუ დაჭრილი ადგილი იმ წამსვე არ გამოიწოვა, სიკვდილი აუცილებელიაო. ამ გვარი საწამლავი მცენარე უმაღლესს კავკაზის მთებში მრავალი თურმეა.[15] ამტკიცებენო, განაგრძობს სტრაბონი, ვითომც სვანეთში იყოს ოქრო- ქვიშიანი წყლის ნაკადულები და ვითომც ბარბაროსნი სვანნი ოქროს-ქვიშას აგროვებდნენ დაჩხვლეტილის ფიწალისა და გული ბალნიანის მატყლის შემწეობით. ამ შემთხვევამ დაბადაო მიფი ოქროს რუნზე.

ჩვენ მხარეში ფაზად უწოდებენ რამდენსამე მდინარეს, ესე იგი სათავეებს არაქსისას, ჭოროხს და თვით რიონს და ამისგამო. ზოგიერთნი მწერალნი, ძველნი და ახალნი, იმათ შორის სტრაბონიც, ირევიან და სცდებიან, სტრაბონი ფაზის (რიონის) სათავეს უჩვენებს არმენიაში და ამასთანავე ამ სახელით იხსენიებს ქუთაისის ზემოდ ახლანდელ ყვირილას. სტრაბონის სიტვით, ფაზზე მდებარებდა ქალაქი ფაზისი, რომელსაც ერთის მხრით „მფარველობდა“ მდინარე, მეორეს მხრით ტბა და მესამეს მხრით ზღვა. ეს ქალაქი იყო ცენტრი კოლხიდის აღებ-მიცემობისა. აქედამ გადიოდა ორი გზა, — ერთი, რომელიც ამისუსამდე და სინოპამდე ჭაობების გამო ზღვის პირად 7-8 დღე უნდებოდა; მეორე მისდევდა მდინარით ფაზით სარაპანამდე (ახლანდელი შორაპანი), რომელსაც შეადგენდა მტკიცე სიმაგრე და შეეძლო მოეთავსებინა მთელი ქალაქის მცსოვრებნი, სარაპანში თავდებოდა წყლით მსვლელობა და იწყობოდა მშვენიერი საურმე გზა მტკვრის (Cyrus) პირამდე. აქ სარაპანიდამ მოყოლებით ფაზი (ყვირილა) შეიარაღებული იყო მნინარის სიმკვირცხლისა და ძალის გამო, 120 ხიდით; მთელი არე-მარე დაგლეჯილი იყო. ნიაღვრებით და ნაკადულებით. ეს გზა არისო კოლხიდიდამ იბერიაში შესავალი გზა, მთლად აღჭურვილი ციხე-სიმაგრეებით და უფსკრულში ჩამომჩქეფარე მდინარეებით. ამ გზასვე შეეხება სტრაბონი, როდესაც აგვიწერს ოქსუსის მდინარეს, რომელიც აღმოსავლეთით კასპიის ზღვაში ჩადიოდა. არისტო არისტობული ამბობსო და იმას ერათოსთენიც ეთანხმებაო პატროკლის მოწმობით, რომ ოქსუსი ნავთსასიარულო არისო, რომ ამ მდინარით შემოაქვთო. სავაჭროები ინდოეთიდამ ჰირკანიის ზღვაში, აქედამ მტკვარში და მტკვრით შავი-ზღვისკენ. გარდა ამისა სტრაბონის უჩვენებს სხვა გზასაც ინდოეთიდამ ბაბილონზე, მიდიაზე და არმენიაზე. ამ გზაზე სავაჭროები დაჰქონდათ აქლემებით კასპიელებს, რომელნიც ისე თურმე დამდიდრდნენ ამ ხელობით, რომ თვითოეულს მათგანს ტანსაცმელი ოქროთი ჰქონდა შემკობილი, სტრაბონის გარდა სხვანი შემდეგნი მწერალნიც შეეხებიან ხსენებულ გზებს. იგინი გვიამბობენ, რომ შემდეგ მიტრიდატის ძლევისა რომის მხედართ მთავრის პომპეის მიერ, ამ უკანასკნელმა მიაქცია განსაკუთრებითი ყურადღება ფაზის აღებ-მიცემობას: იმის ბძანებით შეკრიბეს ცნობები და აღმოჩნდა, რომ მოვაჭრენი შვიდი დღე უნდებოდნენ ინდოეთიდამ ბაქტრიანამდე, რომელიც ოქსუსს უერთდებოდა; ოქსუსიდამ შედიოდნენ კასპიის ზღვაში და კასპიის ზღვით მტკვრის შესრთავში; აქედამ საქონელი მიქონდათ ნავებით მტკვარ-მტკვარ ხუთ დღეს სურიუმამდე ანუ სურამამდე. საიდამაც აქლემებით და ცხენებით გადაჰქონდათ სარაპანამდე; სარაპანიდამაც ნავებით ჩაჰქონდათ ფაზის ქალაქში. პლინი უმცროსი (იშვა 61– 62 წ. ქრისტეს შემდეგ), რომელიც ერთ დროს თვით იყო ბითინიისა და პონტის პროკონსული ანუ მმართველი, მოწმობს, რომ რომის მოვაჭრენი აღებ-მიცემობით სარაჭანაში 100 სარგებელს იგებდნენო, მაგრამ ეს ვაჭრობა აღარიბებდაო. მეტალლებით ევროპას, რადგანაც ყოველ-წლივ სარაპანში შედიოდაო ასი მილიონ სესტერცი (22 ½ , მილიონი ფრანკი). მაშინდელი აღებ-მიცემობის საგანი ყოფილა განსაკუთრებით დამარილებული თევზი, ინდოეთისა და ჩინეთის აბრეშუმის ფრჩეულობა და აგრეთვე ფოლადი, პლინი ამტკიცებს, რომ ეს ფოლადი იმდენად უკეთესი იყოო დასავლეთის ქვეყნების ფოლადზე და თვით იმ ფოლადზე, რომელსაც ამზადებდნენო. პონტის ქალდეველნი, ცნობილნი ხალიბებად, რომ არა რა ფოლადის ნაწარმოები არ მიაჩნდათო. საუკეთესოდ, თუ იმაში პირველი არ ერიაო. — აქ უნდა დავურთოთ თქმულება ფაზის ქალაქზე ბერძნის ისტორიკოსის არრიანისა, რომელიც იშვა 105 წელს ქრისტეს შემდეგ. არრიანი დიდად აქებს ამ ქალაქს, როგორათაც სიმდიდრით და შემკულობით აგრეთვე მშვენიერის სასახლეებით და მაღაზიებით, რომელნიც ორსავე მდინარის მხარეს იყვნენ გაბნეულნი. იმის თქმით, კოლხიდის სავაჭრო ქალაქები იყვნენ აგრეთვე ცირცეუმი, ეა, სადაც კოლხიდის მეფენი ისხდნენ, ტინდარიდა, ციგნი და ცითა ანუ ქითა, შემდეგ ქუთაისი.[16]

(შემდეგი იქნება)

_________

1 „ივერია“ №№2 და 3, 1878 წ.

2 ვივიან სენ-მარტენის ზრით, არსავე.

3 იმისვე ფიქრით აწ ათინე.

4 ჰეგატე, თანამედროე სკილქსისა და ჰეროდიტისა, როგორათაც შემდეგნი მწერალნი ამ ხალხს უწოდებენ მაკრონებად. მაკროკეფალი ბერძნულად ჰნიშნავს გძელ–თავას.

5 ჰეკატე ტრაპეზუსის მაზრაში ისენებს ქალაქს ჰერმონასას

6 ჰეკატე უჩვენებს მოსუნექებს და მათ ქალაქს ჰოირადეს; გარდა ამისა ის აღნიშნავს მოსუნექების საზღვრად მარებს რომელთაც უწოდს ძველ მაურებად, მოსუნის სამფლობელოს მომიჯნაგედ.

7 ჰეგატეც იქვე უჩვენებს ტიბარენებს.

8 ჰეკატე ხალიბების ქალაქს ეწოდს სტამენედ, რომელიც არის იგივე ამენეია

9ასსირიის მაგიერ ჰეკატე მოიხსენებს ლეკო-სირიას და იმის ქალაქს ტირიას. ჰეკატეს სცოდნია აგრეთვე ქალაქი ამისოსი.

10 Dubois de Montpereux, Voyage 1, 306 — 307. — Эйхвальда, Страбоновы извѣстія въ „Бибioтек для чтения“. стр. XXX, III.

11 Dubois, Voyage, 1, 321-326-Lebeau, Hist du B-E., X, 69-71.

12Dubois, Voyage, 1, 308-309.—Brosset, Histoire de la Géorgie, 1, 40.

13 Langlais, Essai de classification des suites monétaires de la Géorgie, Paris, 1850, p. 13.

14 Dubois, Voyage, 1, 309 −312.

15 Страбоновы известия, 115.

16 Броневскаго, Новѣйшія иззѣстія о Кавказѣ, Москва, 1823, І, стр. 236-242. - Dubois, Voya- ge, II, 71-72. - Klaproth, Tableau du Caucase, 167. - Страбоновы извѣстія, 112-113.

5 უბინაო კაცი ნუიორკში

▲back to top


უბინაო კაცი ნუიორკში

შემდეგი [1]

III

იმავე დღეს, მოიცალა თუ არა თავისის საქმეებისაგან, ტეტლოუ შეუდგა იმ უბედურის კაცისათვის მზრუნველობას. ნუიორკში ბევრგან არის დაწესებულნი სახლნი სათნოებისა, საცა ღარიბნი, დავრდომილნი და უძლურნი შოულობენ ხოლმე ბინას და საჭმელსა მუქთად და უფასოდ. ერთს ამისთანა სახლში უნდოდა ტეტლოუს, აეჩინა ბინა იმ უნუგეშო ადმინისთვის. მოკრიბა ცნობა სად რა სახლია ამისთანა და იმავ საღამოს მივიდა რჩევის საკითხავად თავისის მოძღვრის ცოლთან, რომელიც სათნოიან დედაკაცად გათქმული იყო.

ტეტლოუმ უამბო დაწვრილებით, სად შეხვდა პირველად და რა ყოფით ნახა უბედური ერნი და ამის შემდეგ დაუმატა:

– ვაი-ვაგლახმა, რაც თავზედ გადახედია, ბოლო მოუღო მის ჯანმრთელობას. საწყალი ნეკრესის ქარებით და ტკივილებით სავსეა. ეხლა იმას მარტო მოსვენებით ცხოვრებაღა ეჭირება. ამასაც კი მოგახსენებთ, რომ იმას თავ-შესაფარებელი ბინა უნდა მარტო ორიოდ დღეს. დიდი სურვილი აქვს, რომ მუქთა-მჭამელად არ იყოს და ძალიან უნდა, სამუშაო რამ იშოვოს და იმით ირჩინოს თავისი უსიხარულო თავი. სად უფრო სამჯობინარია, რომ შევახიზნოთ ის საწყლი?

– თქვენის სიტყვიდამა ჰსჩანს – უპაუხა მოძღვრის მეუღლემ – რომ თქვენის გულმტკივნეულობის საგანი ჯერ კიდევ ღონეზეა და არ არის სიბერით დაუძლურებული.

– დიაღ, – მიუგო ტეტლოუმ, – მართალს ბძანებთ, ის ისეთი ხნიერი არ არის. დღეს დილით საუზმე ჭამა ძალიან მადიანად.

– მით უფრო ცუდი, იმიტომ, რომ სრულად დასნეულებული რომ ყოფთლიყო, ჩვენს სამკურნლოში ადგილს მივცემდით.

– მაშ, ისეთს, როგორც არის, ადგილს ვერ მიჰსცემთ?

– უი! თავის დღეში...

– მაშ, თუ ეგრე ის უჯობს, მოკვდეს და მორჩეს ამ წუთის-სოფელს, – ჰსთქვა გულზედ მოსულმა ტეტლოუმ.

– იქნება უჯობდეს კიდეც. ძალიან შესაძლოა.

– მაშ სხვა რა თავში ქვა იცეს.

– მართლადა, რამდვნის წლისაა? იქნება სამოცზედ მეტი იყოს და ოთხმოცდაათზედ ნაკლები? – ჰკითხა ეხლა კი თავაზით მღვდლის ცოლმა.

– რომ ოთხმოცდაათზე ნაკლებია, ეგ ცხადია და სამოცზედ მეტია თუ არა, ეგ კი არ ვიცი. მაინც რად მკითხე მე ეგ?

– მე ერთი სახლი ვიცი მოხუცთათვის, იქ შემიძლია იგი შემეკედლებინა, თუ რომ ამ ორთა ხნისა შუა იქნებოდა. თქვენ ამბობთ, რომ სასმელს არაფერს ეკარებაო. დარწმუნებელი კი ხართ, რომ იგი არ არის იმისთანა ლოთი კაცი, რომელსაც სურს და ცდილობს, ლოთობა დაიშალოს როგორმე?

ეს იმისთანის ხმით ჰკითხა რომ ამ ხმას თავისი ჭეშმარიტი გულისტკივილიც ამოიტანა. ეს დედაკაცი სანთლით ეძებდა ლოთობისაგან გზა დაბნეულს კაცსა და დიდ სიხარულდ მიაჩნდა მისი მორჩენა. ტეტლოუ შეწუხდა რომ ამისთანა კარგი შემთხვევა ხელიდამ ეცლება. მაგრამ რა ექნა? ხომ ვერ იტყუებდა, მართალი უნდა ეთქვა და ხელმეორედ გაიმეორა, რომ იგი ლოთი არ არის.

– რაკი ეგრეა, – წარმოსთქვა მღვდლის ცოლმა – მე სრულებით აღარ ვიცი, რა გზით უნდა ეშველოს იმ უბედურს კაცსა.

– იქნება ჩემი ბრალიც იყოს, იქნება ისე ვერ დაგიხატეთ მისი გარემოება, როგორც რიგია – უთხრა ცოტაოდენის გაკილვით ტეტლოუმ.

ერთის სიტყვით, ტეტლოუს მარცხი მოუვიდა და ვერას გახდა. ამ სათნოებიანმა დედაკაცმა ვერაფერი ნუგეში ჰსცა. რაკი ესეაო, იფიქრა, გამოვკითხო მაინცაო ზოგიერთი რამ. ამ განზრახვით წარუდგინა სია სათნოების სახლებისა, რომლის სახელებიც იმ დილით შეეტყო.

– აი, მაგალითებრ, „წინად – მეოხი განგება“. აქ განა არ შეიძლება ბინა მიეცეს?

– რას ბძანებთ? იქ მარტო საქმეს უშოვნიან და აუჩენენ ხოლმე ღარიბთა, რომელთაც კარგის ყოფაქცევის სახელი აქვთ.

– „სავანე ღარიბთათვის“ რაღაა? ეს სახელი ყურისათვისაც სასიამოვნოა. იქნება აქ მაინც გავხდე რასმეს.

– სრულიად ვერას გახდებით... ეგ წიგნების საკითხავი სახლია, დღე და ღამ ღიაა, მანდ მარტო ჩაის სმა შეიძლება... ისიც ფულით.

ტეტლოუმ დაასახელა „კლდე უდაბნოში“, კიდევ ერთი სათნოების სახლთაგანი; მაგრამ აქ მარტო რძეს თურმე ასმევდნენ მუქთად პატარას ჭიქითა იმ პირობით კი, რომ აქავე დაელია.

რძე აქ არის, ჩაი – სხვაგან. ისა არა ჰსჯობდა, რომ ერთი და მეორეც ერთად, ერთს ადგილას ყოფილიყო.

– სწორეს ბძანებთ. სათნოება ადამიანისა იმიტომ ჩაივლის ხოლმე ეგრე ფუჭად, რომ ჩვენ არ ვიცით ერთმანეთში მოთავსება.

– იქნება იცოდეთ, რა სახლია „მწირთა სადგური“? აქ კი მგონია ბინას ვუშოვი ჩემს ბედკრულსა.

– თქვენა სცდებით. იქ მარტო ბინას აძლევენ მუშა ხალხს რომელნიც ქალაქზე გზად გამოივლიან ხოლმე.

– ჩემს სიაში დარჩა კიდევ ერთი სახელი: „ბეთლემი“ – ჰსთქვა იმედ დაკარგულმა ტეტლოუმ.

– მაგისას ვერას ვიტყვი არა გამიგია რა.

ტეტლოუ წამოდგა წასასვლელად. ქალმა ჰსთხოვა, ცოტა მომითმინეთო, იქნება ძველი ტანისამოსი რამ მოვუხერხო თქვენს უბედურსაო. ორიოდე წუთის შემდეგ, ქალი უკუვ-მოიქცა და გამოუცხადა, რომ ტყუილუბრალოდ ააქოთა იქაურობა და ძველი ვერა იპოვა რა; მხოლოდ ხელში კი ეჭირა ქაღალდის ფული და მიაწოდა ტეტლოუს. ტეტლოუმ მხურვალე და გულითადი მადლი გადუხადა და გამოვიდა გარედ, ქუჩაში გაშალა ქაღალდი და ნახა, რომ ხუთ დოლლარიანი ფული იყო. ძალიან იამა და გაუკვირდა კიდეც.

იმავე დღეს იმის ცდას შეუდგა, რომ ერნის მამის ამბავი რამ შეეტყო ზღვაში მოსამსახურეთაგან, და სამხედრო გამგეობისაგან კიდევ სამსახურის ვითარება თვითონ იმ უბედურის ბოგანისა, რომელმაც ამისათვის ამცნო ტეტლოუს თავისის რაზმისა და გუნდის სახელი და ნომერი.

IV

მეორეს დღეს, პირობისამებრ, უბინაო ფილიპე ეწვია ბინა მოკიდებულს ფილიპესა და ორნი ერთად წავიდნენ „ბეთლემს“.

ეგ „ბეთლემი“ არის ერთი პატარა უსიხარულო სახლი ერთს უხეირო ქუჩაზე. ორივე ფილიპე შევიდნენ დიდს ოთახში, რომელიც სასადილოც იყო და სადახლდროცა. ფანჯრებთან რამდენიმე პატარა ტაბლა იდგა და ზედ ეფარათ ისეთი წმიდა სუფრები, რომ სინათლე გავიდოდა, თუ რომ ცოტა ფაქიზი ყოფილიყვნენ. ოთახი შუაზე გაყოფილი იყო მესერითა და მესერს იქით იდგა დიდი ტაბლა, რომელზედაც ეწყო მიყრილ-მოყრილად წიგნები, წერილები, შუაზე კი იდგა გეოგრაფიული რუკა. კედლის საათი მეტად უწყალო სანახაობისა, შეადგენდა დანაშთენს მორთულობას.

ახალგაზრდა დედაკაცი შავის კაბითა და თეთრის ასაფარებლითა დაგოგავდა ტაბლებ შუა და ფაციფუცობდა. დაინახა თუ არა, რომ სტუმრები ეწვივნენ, მაშინვე გაიქცა და მესერს იქით თავის ჩვეულებრივს ადგილას დაჯდა. ტუჩებს აცმაცუნებდა, რადგანაც პირში ედო შაქარი, რომელიც ხელდახელ აეწაპნა. მე ბინა მინდა ამ კაცისათვის, – ჰსთქვა ტეტლოუმ მტკიცედ. მით უფრო, რომ აქ ბინას აჩენა საეჭვოდ წარმოუდგა.

ახალგაზრდა დედაკაცი ადგა და უხმო ვიღაც უფალს – ნიდდოკს. ერთს წუთსაც არ გაუვლია, თვითონ ნიდდოკიც გამოცხადდა. ეგ იყო ერთი პატარა დაჩენჩილი კაცი, რომლის უცნაურს სახეს გარს მოხვეოდა თეთრი თმა. მიხრა-მოხრა ისეთი რამ ჰქონდა, თითქო ეს კაცი თავის დონეზედ არ არისო. ერთს წუთს ვერ გაჩერდებოდა ერთს ადგილას, სულ ხელ-ფეხს ატოკებდა.

– როგორ მშვიდობით გიკითხოთ ბატონებო, – სთქვა მან, როცა მიუახლოვდა სტუმრებს და განურჩევლად ორივეს ერთნაირად ჩამოართო ხელი.

აშკარაა, ეგ იმისათვის მოექცა ირსავე ერთნაირად, რომ საბრალო ღატაკსაც თავი თვისი კაცად ეცნო და არ ეგრძნო, რომ კაცთა შორის ნაბოლოვარი ვარო. ტეტლოუს შეჰრცხვა და გაწითლდა, მე ეგრე კაცურად ვერ მოვექეცი. ძალიან ნანობდა, რომ როცა გოგოს ელაპარაკებოდა, საწყალს ერნზედ ასე ჰსთქვა: „ამ კაცისათვისაო“. მაგრამ ნიდდოკმა მაშინვე მოუკვეთა სინიდისის ქენჯნა, რადგანაც ლაპარაკი გაჰმართა.

– რით შემიშლიან, ბატონებო, თქვენი სამსახური? – ჰკითხა ნიდდოკმა.

– ჩემი სახელი ტეტლოუა, – უთხრა ყმაწვილკაცმა. – ეს უფალი ერნია. ამას უნდა, რამდენიმე დღით აქ შემოგეხიზნოთ, ვიდრე უკედ შეიქნება და მიეცემა შემთხვევა, საქმე რამე გაიჩინოს.

ტეტლოუს უნდოდა კიდევ რამე ეთქვა, რომ ერნი საიმედო კაცია, მაგრამ „ბეთლემის“ გამგებელმა აღარ დააცალა და მარდად წამოიძახა:

– ეგ ამბავი ჩვენთვის ჩვეულებრივი საქმეა. ხომ არ გნებავთ საუზმის მირთმევა, ბატონო ერნო.

– რასაკვირველია, ჰნებავს, – დაასწრო ერნს ტეტლოუმ, თითქო ამით უნდაო, გული მოუგოს ერნსა და წინანდელი თვისი გულგრილობა შეინანოს.

ერნმა, რომელიც ამ სამ კაცში უფრო თავდაჭერილი იყო, ჯეროვანის ღირსებით მადლობა უთხრა.

– ჩვენ ბევრი არა გვაქვს მოსართმევად, – განაგრძო სიტყვა ნიდდოკმა ძალად მოყვანილის ღიმილითა. – ჩვენ იმდენს მეგობრებს უნდა გაუძღვეთ ხოლმე, რომ საჭიროა გამოზოგვა და ხელისმოჭერა...

ერნმა ჰკითხა: ერთი ფინჯანი ყავა ხომ შეიძლება მოვითხოვო.

– დიღაც, დიაღაც. თქვენ მოგართმევენ ყავასაც და პურსაც. სხვა ხომ არა გნებავთ რა, კიდევ მაგას დაუმატოთ? მაგრამ კი უკეთესს იქმოდით, რომ სხვა არა ინდომოთ რა.

– რატომ? – ჰკითხა გაკვირვებით ერნმა.

– იმიტომ, რომ უკანასკნელმა სტუმარმა მოითხოვა, კიდევ ხომ არა გაქვთ რაო და ჩვენ აღარაფერი არა გვქონდა. კიდევ კარგია, კუჭი მოშლილი ჰქონდა და ყველაფერს იწუნებდა. იქნება თქვენც იგივე სენი გჭირთ.

ამ სიტყვებზე ნიდდოკმა ასეთი ხარხარი დაიწყო, რომ სისხლი თავში აუვარდა; სიცილის გამო სახე ისე დაულურჯდა, ისეთის ნაოჭებით აეკრიფა, რომ კაცი ვეღარ იცნობდა. მაშინ ის სულ სხვა კაცს დაეგვანა.

ერნმა პასუხად უთხრა, რომ მე იმისიც მადლობელი ვიქმნები, რასაც მომიტანენო.

ამისთანა პასუხით გულმოგებულმა ნიდდოკმა დაუძახა გოგოსა.

– სამარიტავ, მოართვით ამ ჩვენს სტუმარს საუზმე და ეცადეთ, ცხელი ყავა იყოს... უცნაური სახელია „სამარიტა“. არა, ბატონებო? მაგრამ განა არა გრძნობთ, რომ ეგ სახელი ამ ადგილის შესაფერია? ეგ ჩემი ძმისწულია, სოფლიდამ აქ ჩამოვიყვანე მარტო იმ მიზეზით, რომ მაგისთანა სახელი აქვს. უკაცრავოდ თუ არ ვიქნები, ეხლა კი უნდა გამოგეთხოვოთ, მე ამ კიბეზე უნდა ავიდე ცოტა საქმე მაქვს.

ტეტლოუმ სუბუქად დაუკრა თავთ და გაიფიქრა, რომ ამ ბატონს კიბეზე ბოლთის ცემა უფრო ჰყვარებია, ვიდრე სწორე იატაკზედ სიარულიო. ხოლო როცა სამარიტამ შემოიტანა სათითის ოდენა ფინჯნით ყავა და ერთი ბეწო პური, მაშინ კი ტეტლოუს გულში გაუარა, რომ ეს ბატონი „ბეთლემის“ გამგებელი იქნება იმისთვის დაიქსაქსაო, რომ სირცხვილი არ ეჭამაო ამისთანა ზომიერის სანოვაგის მორთმევის გამოო. ესე იყო თუ არა, ბატონი ნიდდოკი სწორედ მაშინ გამოცხადდა ამათ წინ, როცა ერნმა გაათავა თავისი მეტად ხელმოკლე საუზმე. ნიდდოკმა მოსვლისვე უმალ გაუმჟღავნა, რომ თავის სამწუხაროდ, დღეს არასგზით არ შეუძლიან, ბინა მისცეს ერნს.

– მაგრამ ხვალ კი სხვაა, – დაუმატა მან. – ზევით ერთ კაცი მიდგას, ხვალ მიდა დავითხოვო და მაშინ უფალს ერნს მის საწოლს ვუთავაზებ.

– მაშ, ხვალ რომ მოვიდეს, ხომ ბინა უსათუოდ ექმნება? – ჰკითხა ტეტლოუმ იმ აზრით, რომ დაპირება გაამეორებინოს უფრო მტკიცედ და აშკარად.

– ხვალ საღამოზედ დიდის სიხარულით.

– თქვენ, ბატონო ნიდდოკ, თქვენის ხარჯით ინახავთ ამ სათნოების სახლს? – ჰკითხა ტეტლოუმ და თავისის ამხანაგით წამოსვლა დააპირა.

– მე რაც შემიძლიან, იმით ვეწევი. ცოტა რამ შეძლების პატრონი ვარ და ვიფიქრე, ეს ორიოდე დღე კიდევ დამრჩენია სიკვდილამდე, მოდი ამ უკანასკნელს დღეებს შევწირავ-მეთქი მოყვასთათვის სამსახურს. დიდი ხანია, ეს გადავწყვიტე და აი, ვმსახურობ, რაც შემიძლიან. ხოლო არა ყოველთვის შემწევს ხოლმე ბედი, რომ თავი ბოლოს გადავაბა. ხშირად სახსარი მაკლდება, ბევრჯელ ხარჯი გადააჭარბებს ხოლმე შემოსავალს. მაშინ მივმართავ ხოლმე სხვის შემწეობას, ან მოწყალებას ვთხოულობ, ან არა და საშველად მოვიწვევ ხოლმე გაზეთებით საზოგადო სათნოებას. ეს უკანასკნელი პირველზედ უფრო საიმედოა და უეჭველი.

გამოვიდნენ თუ არა „ბეთლემიდამ“, გაჰსწიეს ქუჩა-ქუჩა და როცა ერთს მყუდრო ადგილს შეემთხვნენ, მაშინ ტეტლოუ შედგა და ჩააბარა ერნს მღვდლის ცოლის საჩუქარი. ამ სულგრძელებამ ისე არია საწყალი ერნი, რომ ღონე აღარ ჰქონდა, ეთქვა რამე. ორივე ხელით ეჭირა ფული და ისეთის აღტაცებით დაჰხაროდა, რომ ეგ სიხარული. ყველა მადლობაზედ უკეთესი მადლობა იყო.

– ნეტა არ იქმნება, შევიძლო იმისითანის რისამე ქმნა, რომ ამ სიკეთის ღირსი გავხდე. მე მგონია, რომ უფლება არა მაქვა, ამოდენა ფული მივიღო ვისგანმე ასე მუქთად, გაურჯელად.

ტეტლოუმ გული დაუშოშმინა, მიჰსცა დარიგება, როგორ უნდა მოიხმაროს ეგ ხუთი დოლარი და მოაგონა, რომ ხვალ უსათუოდ უნდა წავიდეს ნიდდოკთან, რომელიც დროებით ბინას გაუჩენს. ამის შემდეგ ჰსთხოვა ერნს, მეორე ორშაბათს მნახეო, რომ შენი ვითარება შემატყობინოო.

ტეტლოუმ იფიქრა, რომ ეხლა დროა თავის საკუთარს საქმეზედ წავიდეს, ხოლო ერნი, იმის მაგიერ, რომ მოჰსცილდეს, აღარ მოშორდა და აედევნა თავის კეთილისმყოფელს და სულ იმას ეუბნებოდა, რა მადლობასაც ჰგრძნობს მისდამი. ყველაზედ უფრო მეტად იმას ნატრულობდა ერნი, რომ როგორმე მალე მორჩეს და სამუშავო რომ გაიჩინოს. ზოგიერთმა სიტყვამ მთხოვარისამ იმის შესახებ, თუ როგორ უტარებია ღამეები, როცა ბინა არა ჰქონია, ტეტლოუს ცნობისმოყვარეობა მიიზიდა. ტეტლოუმ დაუწყო ამ საგანზედ გამოკითხვა.

– ჰაი, ჰაი! – უპასუხა ერნმა: – მე ხანდისხან ძალიან კარგად გამიტარებია ღამეები. როცა გარედ ძალიან ცივა, მე რომელსამე სახლს პოლიციისას შევეკედლები ხოლმე. ეგ, რასაკვირველია, ვერაფერი სასიამოვნო სადგურია, იმიტომ რომ იქ ყოველთვის მთელი გროვაა არამზადებისა და ავაზაკებისა, რომელნიც მღერიან, ყვირიან, ილანძღებიან და აქვთ ერთი ყოფა და ჟრიამული, მაგრამ მაინც კიდევ კარგია. თუ იქ ძილი არ შეიძლება, სიცივისაგან მაინც დაისხნის კაცი თავსა. ზოგჯერ ნამჯას დავიგებ ხოლმე სარდაფის ჩასავალ კიბეზე და ჩემთვის კარგა მოსვენებით გამოვიძინებ ხოლმე. წელს კი, მადლობა ღმერთს, კაი დარებია და მე ღამეებს უფრო ხშირად გადასხნილს ცის ქვეშ ვატარებ.

– მაშ, ჰსჩანს, რომ თქვენ მთელი ღამე ფეხზედ ხართ და დასდიხართ...

– სწორედ ეგრეა, და სწორედ გითხრათ, ყველას ეგა ჰსჯობია კიდეც. მე ჩვეულებრივ იქით წავალ ხოლმე, საცა ზარბაზნები აწყვია, დასავლეთის მხრივ და არა წყლის მხრივ, იმიტომ, რომ წყლის მხრივ ყოველთვის ცივი ქარი იცის, მივალ 39 ქუჩამდე, აქედამ გავბრუნდები და დავადგები იმ დიდ ქუჩას, რომელსაც ბროდუეს ეძახიან და ბოლომდინ გავალ ხოლმე. ცოტა ფეხაკრეფით რომ იაროს კაცმა, ეგ მთელის ღამის სამყოფი მანძილია.

– ეგ ხომ მთელის ქალაქის სიგრძეა ერთი-ორად აღებული! – დაიძახა ტეტლოუმ, – მაშ თუ მაგ სახით მაგოდენა მანძილს გაივლით ხოლმე, ძილს როგორღა ასწრობთ?

– მე ძალიან ცოტა ძილი ვიცი, უნდა მოგახსენოთ. რაც უნდა იყოს, მაინც ეგრე ყოფნა სჯობია პოლიციაში ღამის თევასა. დილით ადრე, როცა გააღებენ ხოლმე ოთახებს, დანიშნულს იმათთვის, ვისიც ხელობა ქუჩაში დგომას თხოულობს, მაგალითებრ, ვინც ქუჩაში ყიდის გაზეთებს და სხვა ამგვარი, მეც იქ შევეხიზნები და იქ დიდის სიამოვნებით დავისვენებ ხოლმე. ამის გარდა ქალაქში იმისთანა სახლებიც არის, რომლის კედლები თბება შიგნიდამ, მივალ, მივეყუდები გამთბარს კედელს და ეგრე რამდენსამე წუთს თვალს მოვატყუებ ხოლმე.

– თვალს მოვატყუებ ხოლმეო! – გაიფიქრა ტეტლოუმ: – ნუთუ, თუ არ მოტყუებით ძილს, მაგ ღვთისაგან ბოძებულს ნიჭსაც ვერ ღირსებია საწყალი!...

კიდევ რამდენიმე ხანი ერთად იარეს ხმაამოუღებლივ. მერე ტეტლოუ შეფერხდა და უთხრა, რომ მე ჩემს საქმეზე უნდა წავიდეო. გამოეთხოვა თავის სეხნიას და მოაგონა, რომ ორშაბათს არ დაივიწყოს მასთან მოსვლა.

მეორის დღის საღამოს ტეტლოუ და მისი ცოლი ისხდნენ ბუხრის წინ და ტეტლოუ შეჰჩივოდა ცოლს, რომ ბედკრულს ერნს სამუდამო ბინა ვერსად აუჩინა, თუმცა ნუიორკში იმდენი სახლი იყო სათნოებისა. ამაზე გულგამწყრალმა და ცოლის გულმტკივნეულობითაც წაქეზებულმა მიჰსცა სრული ნება თავის გულისწყრომასა.

– საწყალი ერნი ეხლა „ბეთლემშია“, – ჰსთქვა მან, – მაგრამ ვინ იცის, ამ სამის დღის შემდეგ რა დღე დაადგება! საკვირველი არ არის, რომ იმ კაცს დედამიწის ზურგზე არა აქვს ადგილი!... ჩვენ ყველანი, ვინც კი ვართ, სწორედ ასოებსა ვგევართ, რომელთაც ჰსწერენ ხოლმე ბეჭზე და მერე ისევ წაშლიან ახალოს დასაწერად. საწყალი ერნი კი, როგორც ჰსჩანს, არც ასოა, რომ ერთხელ წაიშალოს და მორჩეს. ის უბედური კაცი თავისი საკუთარი მამა რომ იყოს, ნახევარს ჯამაგირს მაინც მიიღებდა მთავრობისაგან; რომ სიკვდილამდე მიხწეული სნეული იყოს, სამკურნალოში ადგილი ეღირსებოდა. ავაზაკი რომ იყოს, არავითარ გაჭირებაში არ იქნებოდა: ლოთი მაინც ყოფილიყო და ეტყუებინა ხალხი, ლოთობისაგან მორჩენა მინდაო, – მაშინ სხვადასხვა სათნოების საზოგადოება ერთმანეთს შეეცილებოდნენ, არა მე მომარჩენინეთ, არა მეო. ხოლო რადგანაც ერნი თავის მამად ვერ გახდება, რადგანაც სულმობრძავი სნეული არ არის, რადგანაც არა ლოთობს და პატიოსანი კაცია – ამისათვის საზოგადოებას საწყალისათვის ზურგი შეუქცევია და ისე გაუნებებია თავი.

(შემდეგი იქნება)

_________________

1 „ივერია“№3, 1878წ.