ივერია (20)1877.07.14



1877.07.14

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

ღენერლ ალხაზოვს მტერი მოკვს იქით გაუდევნია და გალიზგის იქითა ნაპირას დაბანაკებულა, გუმის მაღლობზედ ომში ჩვენი ერთი კაცი მკვდარი და სამი დაჭრილი.

— 1 მკათათვეს პოლკოვნიკი ყაზბეგი მუხა-ესტატედამ ჩურუქსუსკენ გასულა თარეშად. ოსმალოს დარაჯებს ჩურუქსუს იქით დაუწვიათ ტყეში, სადაც ოსმალოს ჯარი გამოჩენილა თავისის არტილერიით სამხედრო ხომალდის მფარველობის ქვეშ. მტერს ვერ გაუბედნია მდინარის აქეთა ნაპირას გადმოსვლა, და თოფების და ზარბაზნების სროლის შემდეგ ჩვენი გუნდი ისევ ბანაკში დაბრუნებულა უზარალოდ.

— 3 მკათათვეს ღენერალს ალხაზოვს თითქმის მთელი კოდორის მაზრა გადულახავს და მდ. ომიკარამდე რომ მისულა უკანვე დაბრუნებულა და ამ ადგილებიდამ სრულებით გაუდევნია მტერი. ჩვენი ერთი მკვდარია და ხუთი დაჭრილი. ოჩემჩირში დიდი მოძრაობაა თურმე ოსმალთა ხომალდების; ოთხი ახლი ხომალდი მოსულა თურმე კიდევ.

— 9 მკათათვე, ჩვენს ჯარს დაუჭერია გამაგრებული სოფელ მურკულკი. მტერს 48 მკვდარი დარჩენია. გარდა ამისა ჩვენებს ზევრი იარაღი, ცხენი და სხვა გვარი ნივთეული დარჩენია. ჩვენი ორი მკვდარია და დაჭრილთა შორის ერთი მილიციის აფიცერი და ორი ჯარის კაცი.

— ღენერალი ლორის მელიქოვის მხედრობა ისევ ქურუქდარში დგას.

მუსთარ-ფაშის ჯარი (40 ბატალიონი) ალჯის მთაზედ არის დაბანაკებული, ვიზანკევისა და ქურ-ხანის შუა.

— არტაანის გუნდისათვის ჯარი მიუმატებიათ.

— ოსმალოს ჯარი ეფრატის ხეობაში (ე. ი. ბაიაზეთისკენ, მატულობს თურმე. ეს ადგილი სრულებით აუხრებიათ თურმე ოსმალებს ქრისტიანები, რომელთაც ვერ მოუსწვრიათ ჩვენკენ გადმოსვლა, სრულებით ამოუხოციათ ოსმალებს.

— რუსებს ყაზანლისი ბალკანის მთის იქით) აუღიათ და ფილიპოპოლისაკენ გასულან.

2 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

„ივერიის“ კორრესპონდენციები.

რაჭიდამ. გულითადს მადლობას უძღვნიან რაჭველები და მათ რიცხვში მეც, როგორც რაჭველი უ. გოგოლეთელს, რომელმაც დაბეჭდა თავისი სტატიები „დროების“ წრევანდელს მე-19, 20, 55 და 56 №-ში. მისმა ცოცხალმა და გონიერმა წერამ გააღვიძა მსწრაფლად ჩვენი ყმაწვილები, აქამომდე მართლაც რომ ლეტარგიას მიცემულნი. რამოდენმა ხანმა გაიარა მას აქეთ, რაც ხმას აღარ იღებდენ არც ნიჭიერი „ჩხრეკია რაჭველი“, არც „ძრამაგელი“, არც სხვები. გოგოლეთულის სიტყვა მოხვდათ მკვახეთ გულს არა მარტო ჩვენს მწერლებს — ლიტერატორებს; იმან დაუთუთქა მეტისმეტად გული და დააკრეჭია სიბრაზისგან კბილები აქაურს ბობოლაებსაც. მეტის-მეტად ეწყინათ უფ. ჯაყელის ქება მის ამხანაგებს მასთან ერთად სამსახურში მყოფთა, მაგრამ აქ უფ. გოგოლეთულის მეტის-მეტს ერთგულებას ის ვეღარ მოუსაზრავს, რომ იდეალური პატიოსნება — ძალიან გასაჭიმავი საგანია; ამიტომ მოპირდაპირეებს, თუ კი ისურვებენ, შეუძლიანთ საკმაოდ გააქარწყლონ ის შთაბეჭდილება, რომელიც გამოაქვს კაცს უფ. ჯაყელის ღირსებების აწერიდამ. ეს კიდევ არაფერი, საქმე ის არი, რომ ტყუილსაც შესწამებენ. ათასი მანეთი, რომ ხვანჭკარის ბანკს ჰქონოდა, ეხლა ექვსი ათასი მანეთის აღებ-მიცემობა ექმნებოდა. არც უფ. ჯაყელს, არც სხვას ვისმეს ეს ფული ამხანაგობისთვის არ შეუწირავს. როდენათაც ჩვენ ვიცით, ამხანაგობამ დაიწყო თვისი მოქმედება შემოტანილის წილის ფულით, რომლის რაოდენობამ მიაწია სულ ცამეტ თუმნამდის (130 მან.) შარშან 13 ივნისს და წრეულს 1877 წლის 2-ს ივნისს სააღებ-მიცემო თავნი მიწევს 4,000 მანეთამდის. ამ ფულების რიცხვში ურევია 16 მაისს აღებული ვალად 1000 მან. ისიც უფ. ნანუკოვისგან და არა ჯაყელისაგან და ცოტა ოდენი ამხანაგთა და გარეშე პირთაგან შემოტანილი სასარგებლოდ ფული (ვკლადი). ამით ეს მინდოდა მეთქვა, რომ უფ. გოგოლეთელს ყოველის მხრით გამოუძიებია და ამ მხრით არ ქონია, როგორც ეტყობა, რაჭის ცხოვრება გამოკვლეული. ვერ წარმოგვიდგენია, რატომ არ ჰსურვებია გაეგო და შეეტყო ამ ამხანაგობის ვითარებაც, მით უმეტეს რომ თითონაც დიდს მნიშვნელობას აძლევს ამ ამხანაგობის რაჭაში დაარსებას; ურჩევს ყველას რომ ამ ბანკს ადევნონ ყური, თვითონ კი არამც თუ უდევნებია, ყურიც არ უთხოვებია. სხვას კი ურჩევს.....

რაჭველებმა ბევრჯელ გამოსთქვეს, რომ ჩვენ მაგალითს ვაძლევთ უპირატეს მნიშვნელობასაო. ბარაქიანის სიტყვის მსროლელები ბევრი ჰყავსთ, რასაკვირველია, საქმეს, მცოდნენიც, მაგრამ უკანასკნელნი თუ თავის ცოდნას საქმეში არ გამოიყვნებენ ხალხის პატივს ვერ მოიპოვებენ. მეტად მომწონს და მგონია ბევრს სხვა რაჭველსაც მოეწონება, ის ადგილი უფ. გოგოლეთულის კორრესპონდენციები სა, სადაც ის გულწრფელობით და სამართლიანად ამ ხელს აქაურ ადმინისტრაციის უმოძრაობას, უქმობას რაჭველები მართლაც ხშირათ მაკვირვებნ მე — ზოგიერთ საქმეში, მაგ. დღიურის საზდოს მოპოებაში, ვისიმე პირის ბრძანების მონდობილების შესრულების დროს, და მუშაობაში ისინი იჩენენ შესანიშნავ მხნეობას და სისწრაფეს; ზოგჯერ კი ღმერთმა დაიფაროს, ისინი წარმოგვიდგენენ სრულიად წინააღმდეგს ზემო ნათქვამისას. ამათ ეკარგებათ, არამც თუ მხნეობა, არამც თუ გულ-გრილად ეკიდებიან საქმეს, არამედ სრულ იდიოტებთ მოგვაჩვენებენ თავსა ხოლმე, მაგალითად, საზოგადო საქმეში მონაწილეობის მიღების დროს. რაც გინდა კარგი საზოგადო საქმე დაიწყოს კაცმა, ყველა ერთბამათ მოგყვება, მაგრამ ნუ მოელით, თითონ მოიფიქრონ, ან სხვის მოფიქრებული და მოგონილი გაარჩიონ, დაუკვირდენ, შეისწავლონ, ან, ერთის სიტყვით, თავისი აზრი გაურიონ. ან სულ ერთბაშათ გეტყვიან უარს და შენს წინადადებას არ მიიღებენ; ეს ნიშნავს იმას, რომ სანდო კაცად არ გიცნეს; ან თუ არა და, თუ სანდო ხარ, როგორც ზემოთ ვთქვი, პირ-და-პირ მოგენდობიან და რასაც ურჩევ მოგევებიან. სანდო მოთავენი ხალხისა ჩვენ თითქმის არ გვეგულებიან. სად ვეძიოთ ამის მიზეზი? ჩემის აზრით ამის მიზეზი უნდა ვეძიოთ ჩვენის რაჭველების ეკონომიურ მდგომარეობაში, მის მიმართულებაში. ჩვენს რაჭველს სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი, ფიქრი მარტო თავისთავზედ; თუ რაჭველმა თავისი თავი და თავისი ოჯახის მოთხოვნილება დააკმაყოფილა, თვითონ გაძღა და ცოლ-შვილი გააძღო, — იგი სხვა რისამე ფიქრისთვის თავს აღარ იტკენს. არის სადმე უმაღლესი რამ წინ წასვლისათვის, საზოგადობრივის და ზნეობითის წარმატებისათვის, იგი იმას აღარ დაეძებს. მაგრამ რაჭველები განა ამაში არიან კი გასამტყუნარნი? განა ამ უმაღლესის საგანთათვის და მათ წარმოდგენისათვისა საჭირო არ არის უფრო მაღალი სწავლა, გონების გახსნილობა, კაცის ცხოვრების ცოდნა და სხვანი? მეტყვიან სასწავლებლები რას აკეთებენო? ამას მე თვითონაც გკითხულობ? რისთვის უმრავლებენ საწყალს გლეხს კაცს, უიმისოთაც ურიცხვს გადასახადს, თუ უკეთესის მეტოდის და პროგრამმის შემოღებით, უკეთესის მასწავლებლების მოწვევითა არ დაეცნებენ ხალხის სასწავლებლებს უფრო მაღალ ხარისხზედ ვიდრე, ეხლა არი? „ჩხრეკია რაჭველმა“ დროების მე 42 №-ში სხვათა შორის გამოსთქვა თავისი აზრი შკოლების შესახებაც ძნელია მას არ ეთანხმო. ის, ვინც კარგად იცის აქაურის სასწავლებლების ვითარება. მეც მასსავით მინდა ვიკითხო: ვისი ბრალია, რომ შკოლებში წარმატებას ვერა ვპოულობთ, მამების თუ მასწავლებლების? ამის პასუხად ამბობს „ჩხრეკია რაჭველი“ ამბობს, მამები აბრალებენ მასწავლებსაო, მასწავლებლები კი მამებსო და თვითონ კი ამართლებს მამებსა“.

მის შესახებ, რომ საზოგადოთ სწავლა რაჭის სასწავლებლებში არ ვარგა უფ. ჩხეკია რაჭველი მართლს ამბობს, მაგრამ რომ მიზეზი მარტო მასწავლებელის უვარგისობა იყოს, არა მწამს. თამამად შემიძლიან ვსჰთქვა, რომ შკოლის ავკარგიანობას სხვა უმთავრესი მიზეზი აქვს. რა ქნან მამებმა თუ ბაშვეებს კარგი მასწავლებელი არა ჰყავთ? მაგრამ იმავე დროს რა ჰქნას მასწავლებელმაც, თუ ის არის მოკლებული ყოველივეს, რაც შეადგენს უპირველესს საჭიროებას კაცისას. მე თვითონ შევესწარი ერთს მასწავლებელს რაჭაში,რომელიც ერთგულად მისდევს თავის საქმეს და კიდეც კარგად ესმის, როცა იგი სჩიოდა მიროვის პოსრედნიკთან იანვრის „ტრეტისა“ ჯამაგირი არ მოუკრეფიათო, უბძანეთ დამაკმაყოფილონო. ჩემის აზრით, ვინც დაარსა შკოლები და კისრად იდო მათზედ მზრუნველობა იმათ უნდა წარმოედგინათ ნათლად, რომ 200 ანუ 300 კვამლს გლეხს, უიმისოთაც ყოველგვარის გადასასადით დატვირთულს, არ შეეძლო დაეკმაყოფილებინა უკიდურესი საჭიროება, თუ გინდ ერთის მასწავლებლისა მთავრობის დაუხმარებლად ნივთიერების მხრითა. მასწავლებლისათვის რომ რიგიანი ჯამაგირი იყოს დანიშნული, რიგიანად ნასწავლებიც დადგებიან მასწავლებლებად და სწავლაც სხვა გვარი იქნება თავისის შედეგებით, ხალხსაც ასე აღარ გაუტყდებოდა გული და არ დაეკარგებოდა სასოება, როგორც ეხლა აქვს დაკარგული, — არც ის ყმაწვილ კაცნი რაჭველნი გაგვიდგებოდნენ ასე შორს, რომლებზედაც სწერდა უფ. გოგოლეთელი. ვინ შესწამებს ჩვენს განათლებულს რაჭველებს, რომ თუ იგივე ჯამაგირები ექნებათ, თიანეთში, რუსეთში და სხვაგან სამსახურს, თავის სამშობლოში არ ერჩიოთ სამსახური? ნუ თუ ეს მოუხერხებლია, ნუ თუ ამ საგანს არ შემოევლება არას მხრით?

აი აზრი გამოთქმული ჩემგან რაჭველებთან, თუ მართებლობასთან, მასზედ თუ რა ღონე უნდა იხმარონ რომ სასწავლებელთა განკარგულება შესაძლო იყოს: 1) სოფლის შკოლის მასწავლებელს სამსახური სახელმწიფო სამსახურში უნდა ჩაეთვალოს ისე, როგორც ქალაქის დაწყებითის შკოლის მასწავლებელთ ეთვლებათ; 2) სოფლის შკოლის მასწავლებელთ უნდა დაუნიშნონ ჯამაგირი თვეობით ხაზინიდამ, იმდენი რომ უმთავრესი საჭიროება მაინც დააკმაყოფილოს. თუ ეს ძნელად ასასრულებელია, ეს-მაინც-ვიშუამდგომლოთ, რომ საზოგადო რიცხვი სასწავლებლებისა შემცირდეს: ისა სჯობია ერთი იყოს და კარგი, ვიდრე ათი და უვარგი. რაჭას, მაგ., ეყოფა სამი ანუ ოთხი, თუ ადგილი მთის დაარსებისა იქნა რიგიანად ამორჩეული. ის გარდასახადი, რომელსაც ეხლა იხდიან და რომლითაც ბევრჯერ სარგებლობენ მამასახლისები, მოგროვდეს უეზდის უფროსის მიერ ერთხელვე გამოანგარიშებულის ზომით[1] ეს ფული იგზავნებოდეს ხაზინაში თავნის შესადგენად ზემო მოყვანილის საქმისათვის და შემდგომ შტატების დამტკიცებისა მიეცეს „კრედიტი“ თითოულს სასწავლებელს, იმ ზომით რამდენიც იქნება შკოლისათვის საჭირო და წინათვე გადაწყვეტილი. სწავლის სქემა (პროგრამმა) ან ის, თუ ორ კლასიანი აჯობებს, თუ უფრო სხვა ნაირი სასწავლებელი, — ეს იმისთანა საგანია, რომელიც უნდა შემუშავდეს პედაგოგებასაგან, და ყოველ შემთხვევაში კორრესპონდენციაში ვრცლად ამასზედ სჯა იქონიოს, ანუ გამოსთქვას კაცმა, შეუძლებელია. ყოველს ამახედ თუ დავითანახმეთ მთავრობა, მაშინ მასწავლებელს ჯამაგირი შეიძლება დაენიშნოს 300 – 600 მანეთამდე. სახლები სასწავლებლისთვის რაჭველებს მშვენიერები აქვთ; შკოლის „სტოროჟი“ მასწავლებლის მოსამსახურეთაც გამოდგება ასე, რომ ამითი და ნივთიერთაც მასწავლებელი იქნება დაკმაყოფილებული. აი მაშინ ჩვენ მოგვმართვენ საკმაოდ, და ბევრი კარგათაც, მომზადებული ყმაწვილი კაცები. მათში არჩევანი შეიძლება, მაშასადამე მასწავლებლები სულ სხვა გვარი გვეყოლებიან და სწავლაც კარგათ წავა, ნამყოფი ექნება. გლეხსაც ეშველება საყოველთაოდ. ამათ მოესპობათ ჩივილის მიზეზი. უმეტესის ხალისით და გულმტკივნეულობით გლეხი ხელს მოჰკიდებს შკოლის საქმეს. ეხლანდელი შემავიწროებელი გადასახადი, მაშინ საჭიროებისამებრ კიდეც რომ გადიდდეს, მაინც ისე არ შეაწუხებს, მისთვის რომ ნამყოფს დაინახვენ.

გლეხებისგან ჩივილი სწავლის დავარდნაზე მარტო ჩვენში კი არ არი. ჩივილი ისმის ყოველის მხრით, აი რას სწერს ვიღაც უცნობი დროების მე 41 №-ში „ცხრა წლის განმავლობაში შეიტყო ხალხმა კარგათ ნამყოფი ახალი სასამართლოებისა; უყურა მოთმინებით შკოლის საქმეს თითქმის ექვსი წელი. თავის მხრით არა დაუზოგავს რა შკოლების საკეთილდღეოთ, მაგრამ ამ შკოლების ნამყოფი არსად სჩანს. ხალხს გაუგრილდა გული შკოლებზე. ზოგიერთ ადგილას მოთმინებიდამ გამოსულმა საზოგადოებამ შეადგინა კიდეც განჩინება, რომ მათ არ სურთ შკოლა, არც ფულს შეკრებენ მასწავლებლისათვის.“ კიდევ აი ის სიტყვები, რომელნიც მას გაუგონია ხშირად გლეხ-კაცისაგან: „არ გვინდა შკოლები, არავითარი სარგებლობა არ გამოდის. ტყუილად გვეღუპება ფულები, მხოლოდ მასწავლებული იკვებება და სხვა არაფერი.“ — უცნობი კორრესპონდენტი ხედავს ამისთანა სამწუხარო მოვლენის მიზეზს, მარტო მასწავლებლების უვარგისობაში კი არა, თვით პროგრამმის ნაკლულებაში. იგი იმ აზრს დგება რომ ქართულს ენას არ უჭირავს სასწავლებლებში პირველი ადგილი; რომ უცხო ენაზე სწავლა პატარაობისას, ნამეტნავად პირველ დაწყებითი, გონებას უხშობს ბავშვებსა სწორეთ ამასვე ვხედავთ დღეს რაჭის სახალხო შკოლებშიაც. თუ მართებლობამ ყურადღება არ მიაქცია ამ მოვლენას, სულ მალე მოვესწრებით იმ დროს, როცა შკოლები გაუქმდებიან. თუ ამას იტყვიან, რატომ გლეხები არ აცხადებენ თავის სურვილს ამაზე პასუხი ადვილია. ზოგჯერ ეს უნდა დავაბრალოთ, შორაპანში არ იყოს, მამასახლისებს,რომელთაც ნაბძანები აქვთ ხოლმე, არ მოახწიოს ამ გვარმა ხმებმა ჩემამდის, თორემ ულვაშისგან გაგცლიო; ან ეს უნდა მივაწეროთ ჩვენს ხლხის გონების სიზანტეს, ან ცხოვრებაში ერთხელვე მიღებულ ხერხსა. რომელიც ასწერა დროების მე 19, 20, 85 და 86 მჭერ მეტყველებით გოგოლეთელმა და 1874 წლის მე 37№-ში ჩხრეკია რაჭველმა. მე ვამობ ნამეტან თავდაბლობაზე, რომელიც ხან და ხან უთანასწორება თავის დამცირებას და რაჭველის გლეხის ხსენებასთან განუშორებელია. რაჭველნო! როდის იქნება ის ნეტარი დრო, როდესაც ეს გონებითი ტანჯვა და დამახინჯება — ჩვენის გლეხების პატარა შვილებისა აგვცილდეს? როდის ვეღირსებით რიგიანად მომზადებულს პედაგოგებს? როდის იქნება რომ გოგოლეთელის და მისი ამხნაგების ღაღადების მაგიერ გამოვიდენ ასპარესზე ამისთანა გვამები, რომელთაც შეიძლონ საქმით დამტკიცებს, რომ ხალხის სამსახური სურთ, რომს ხალხის ერთგულნი შვილნი არიან?

გოგოლეთლის მეზობელი.

— რაჭიდამ იგივე კორრესპონდენტი იწერება: რაჭაში ამ მაისის დამლევს და ივნისის პირველს რიცხვებში მშვენიერი ამინდებია. მოსავალს მოველით მეტად კარგს. პური შემოსულია, თითქმის კალიას მეტი არს გვეშინია, ეს კი ძვირი სტუმარი გახლავსთ ჩვენში. ღვინოც უნდა მოვიდეს, ყვავილობა გაათავა საუკეთესო ყურძენმა კარგს მოწმენდილ ღამეებში და ცხელ დღეებში და ეს ცოტა არ არი მამულებისთვის: სიმინდის თოხნა გაუჭირდათ, მაგრამ ექვს ივნისს და შვიდს ღამე სულ სწვიმდა მიწა გალბა, ეხლა დარები გვეჭირება. რომ ომის მბები არ გვაწუხებდეს, არ გვიშფოთებდეს მყუდრო ცხოვრებას, ამ წელიწადზე უფრო სანატრელი და სასიხარულო არა გვექნება რა.

— ქუთაისიდამ: „როგორც მოგესსენებთ, ქ. ქუთაისი ზემო იმერეთის ღვნით რჩებოდა. ამიტომაც გასაკვირველი არ არის, რომ ქუთათელნი ძლიერ გახარებულნი არიან, როდესაც ზემო იმერეთში კარგს ღვინის მოსავალს მოელიან და მძიმედ თავ-ჩაღუნული, სახე მოხუშული დადიან, როდესაც ღვინის მოსავალი გლახა იმედს იძლევა. სწორეთ ამ უკანასკნელს ყოფაში არიან ახლა ქუთათელნი, რადგანაც შეიტყვეს, რომ ზემო-მხარები (ასე უწოდებენ ზემო-იმერეთს) ამ ხანათვე ნაცარი გაჰჩენია ბახუსის ხეხილს, — ვაზსა…

„გახარებულნი არიან მხოლოდ იგინი, რომელნიც კარგს მოსავალს ელიან. არიან იმისთანა ბედნიერნი, რომ ვაზი, ყოველგან წამხდარი, მხოლოდ მათს ალაგში, მარტო მათს ალაგში რაღაც უზენაერის ნებით გადარჩენილია, მაგრამ მათი რიცხვი წვეთია უკიანეში“ —

— კახეთიდამ ვაზის სნეულების შესახებ ცუდი ამბები მოდის ამბობენ, რომ ამ გვალვებზედ ნაცარი. ყველგან გამოჩნდაო და ნამეტნავად ალაზნის მარჯვენა მხარეზედაო. ეგღა უნდოდათ საწყალს კახელებს; რაც სეტყვამ დააკლო იმას ნაცარი შეუსრულებს.

გორი, 7 ივნისს 1877 წ. — „ივერიის“ მკითხველებს თუმცა არ აკლიათ გორის ამბები, მაგრამ მეც მინდა გავაგებინო იმათ ერთი ძველ-ახალი ამბავი. თუმცა წარსული საქმეა, მაგრამ ყურადღების ღირსი კია აწმდგომისთვინ, იმიტომ-რომ იგი გვაჩვენებს, თუ რამდენად კეთილსინიდისსიანები იყვნენ ზოგიერთნი ჩვენის გორის ქალაქის დეპუტატები. ეს ანბავი მდგომარეობს იმაში, რომ გორში მცხოვრებელს, უკვე გარდაცვალებულს, ისაია ტერ- დავითოვს ჰქონდა გორში ქვითკირის სახლები, რომელიც მის წინაპართაგან უპლანოთ იყო აშენებული, ასე რომ ქუჩის პირზედ კედელი გოჯამდე გამოწეული იყო. ხსენებულმა ტერ-დავითოვმა მოინდომა იმ ძველ შენობაზედ მეორე სართულის მოდგმა. დაიწყო თუ არა შენობა. გორის ქალაქის დეპუტატებმა, შენობა დაუყენეს და გამოუცხადეს, რომ არხიტექტორისგან ნათქვამი გვაქვსო, რომ ვისი შენობაც ქუჩის გარედ გამოწეული იყოს, სულ უნდა დაიქცეს და პლანზედ აშენდესო. თქვენს მტერს მოსწყდეს წელი, როგორც ტერ-დაკითოვს მოსწყდა! მაშინვე შენობა შეაყენა, — რა იცის, თუ დეპუტატებს რა განზრახვა აქვსთ! ბევრი იფიქრა და ეცადა სახლების აშენებას მაგრამ ვერას გზით ვერ მოახერსა. მაშინ საწყალმან ისევ ამჯობინა ამ დეპუტატებს მიჰმართოს. დეპუტატებმა ასრე სასტიკად იმიტომ შეუტიეს გაჭირებულს კაცსა, რომ ფულები ასწაპნონ როგორმე, მიზეზს ეძებდნენ როგორ დასტყუონ და მალეც იპოვეს. უთხრეს დეპუტატებმა ტერ-დავითოვს: თუ გინდა შენ სახლები ააშენო ეს თხოვნა შეგვისრულე, ისაი იაკულიჩ! ხომ იცი გორი ღარიბი ქალაქია, იმოდენა შემოსავალი არა აქვს რომ ღამე ასანთები ფარნები გამართოს. შენ როგორც უშვილო კაცმა და, ღმერთმა მოგცეს, შეძლებულმაც, ერთი ორმოცი თუმანი შეჰსწირე გორს, რომ ფარნები გავმართოთ, რომლითაც ჩვენც დაგვავალებ და ქალაქსაც და რაც კარგი კაცობის სახლი დაგრჩება ის სხვა არის. ოღონდ ესა ჰქმენ და ჩვენ ვსთხოვთ არხიტექტორს, რომ აღარ დაგაქცევინოს მთლათ შენობა. რა ქნას ტერ- დავითოვმა, ამოდენა შენობა რომ დაუქციონ, ხომ დაიღუპა! მოატყუეს ტერ-დავითოვი და გამოართვეს 400 მანეთი ღამე ფარნების ასანთებათ და ნება უბოძეს სახლები თავის სურვილზედ გაეკეთებინა, და მართლაცა გააკეთა კიდეც. დეპუტატებმა რა ეს ფული მიიღეს, მაშინვე ვითომ საქმე დაიწყეს, ათი მუხის სვეტები გამართეს სხვა და სხვა ადგილას, ღირებული, სულ ბევრი ჩავაგდოთ წმინდა სინიდისით, ოც მნეთად. სვეტებზედ ფარნებიც გამართეს, ესეც ღირებული სამოც-და-ხუთ მანეთად, კიდევაც აანთეს ორ ღამეს, ისიც ყველგან არა, მარტო იქ სადაც პოლიცია უყურებდა. შემდეგ ამისა კი თავი დაანებეს, სვეტები ზოგი ვიღამაც დაგლიჯა და ზოგი ისევ აკუნტია აქა იქა. ფარნებიც აქეთ იქით წაიღეს. გარდა ამ 400 მანეთისა, სხვა რა ხრჯიც გამოიყვანეს ფოტოგენისა, ფარნების, მომვლელისა, მოჯამაგირის, საქალაქო გასავალის ანგარისში ჰსწერდნენ, ისე ვითომც იფარნები მუდმივ ნთებულა გორში და ვითომც იმაზედ იხარჯებოდა. თქვენი ცოდო მქონდეს და იმ დეპუტატებისა, მაგრამ შევცდი, იმ დეპუტატებს რა ცოდო აქვთ, ქრისტეს ნათლულები არიან... ლაპარაკს გავები... მე ამას ვიტყვი: როგორათაც ტფილისში ანთებული ფარნების სინათლეს გორში არ გაუნათებია, ისე აქაურს ფარნებსა. რაც გორში ერთხელ არ აინთო, მას აქეთ ჩვენ ფარნები აღარ გვინახამს ანთებული გორის ქუჩებში. მე ეს ძველი ამბავი იმიტომ მოვიყვანე რომ ზოგიერთი კორრესპონდენტები სწერენ სხვა და სხვა გაზეთებში გორის უფარნობას, და ისე გამოჰყავთ ვითომც გორის ქალაქის სამმართველო იყოს ამაში დამნაშავე. სამმართველომ რა ქნას, იმას რა დანაშაული მიუძღვის, ჯერ ერთი წელიწადი არცკია აქ სამართთველო დაარსდა და ოთხათ ხომ ვერ გაიჭრება? განა ადვილია იმ დეპუტატების აწეწილ დაწეწილის საქმების წესში მოყვანა? აქაურ სამართველოს ჯერ საქმეები არც კი ჩაუბარებია სრულათ, რომ საქმე თავის წრეზედ დააყენოს. ეხლა გორის სამართველო ძალიან სცდილობს და საშუალებასაც ეძებს ქალაქის განათებისას.

ა. თ.

მცხეთიდამ - ამ თვის ხუთს შუადღის უკან სამ საათზე, სოფ. მცხეთას მოხდა სამწუხარო ამბავი. თ. კ. გედევანიშვილის ოთხი პატარა შვილები, ორი ქალი და ორი ვაჟი, უფროსი ქალი თორმეტი წლის და მეორეც მისი მომდევნო, წაუყვანია თავიანთ ნათესავი გასთხოვარ ქალს მტკვარში საბანაოთ. ეს ამათი ნათესავი ქალი შესულა იქვე წყლის პირას საბანაოთ და ეს ორი გედევანოვის ქალებიც თან შეუყვანია. ამ დროს ამ ბავშვების დედას გაუგია, რომ მისი პატარა შვილები მათმა ნათესავმა ქალმა წაიყვანა საბანაოთ, და მაშინვე გოგო დაუდევნებია, რომ შვილები არსად დამეხრჩონო. მაგრამ გოგო რომ მისულა წელის პირას, თურმე სამი ქალი – ორი გედევანოვისა და ერთი მათი ნათესავი, წყალს მიაქვს დასახრჩობათ. ესენი რომ ნახა იხრჩობოდნენ, გოგოც თურმე მივიდა საშველებლად და ისიც კი წყალმა წაიღო. ორი პაწაწა გედევანოვის ვაჟებიც თურმე მირბიან მისაშველებლად, და ერთმა დედა-კაცმა შეიკავა ეს ბავშვები, თორემ ესენიც ჩაცვიოდნენ წყალში და მათი გადარჩენა ღმერთმა იცოდა. ეს უბედურება თურმე მტკვრის გაღმა რკინის გზის ბუდკის ყარულმა დაინახა და ყვირის საშინელის ხმით: თუ უშველეთ ოთხი სული იხრჩობა. მერე როგორც იყო სოფელმა გაიგო. და ერთი მათგანი თათარაშვილია, ისე ტანისამოსიანათ შევარდა წყალში და იმანაც დაიწყო ყვირილი: მიშველეთ თორემ მეც დავიხრჩობიო. მერე სხვებიც მიეშველნენ და სამი გულწასულები გამოიყვანეს, ასე რომ იმათ არავითარი სიცოცხლის ნიშანი არა ქონდათ. თურმე ერთიცა ყოფილა წყალში და იმათ კი ვერა გაიგეს რა. მხოლოდ დედა რომ ჩამოვიდა, იმან დაიკივლა საშინელის ხმით: ვაიმე ჩემი ნუცა აღარ არისო. ბევრი ეძებეს ის თორმეტი წლის ბავშვი, მაგრამ ვერ იპოვეს. ის სამი კი მთელი დღე ძლივს მოაბრუნეს, მაგრამ ძრიელ შეშინებულები არიან, ასე რომ იმათი მორჩენა საეჭვოა. დედა მათიც ძრიელ ავათ არის.

_____________

1 პატივცემულს კორრესპონდენტს ამაში ვერ გეთანმებით; სწავლა და სწავლის მოწყობა, სოფლად მაინც, თვით-მმართველობის საგანია. პოლიციის გარეგვა ამაში თუ არ ვნებს, სარგებლობას არ მოიტანს.

3 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

წვრილი ამბები

გაზეთის Independance Belge-ს პარიჟელი კორრესპონდენტი ამ გვარად ხატავს საფრანგეთის მონარხიულ მდგომარეობას: „კოალიციას (ე.ი.მონარხიელთა ზავს) სწორედ ის დაემართა, რაც აუცილებლად უნდა დამართოდა, სამი დასი წარემართა ხელი-ხელს გაყრილი ბროლჰისა და ფურტუს წინამძღომლობით. ამათ დაარწმუნეს იგინი, რომ საქმე მხოლოდ რევოლიუციის დამარცხებაში მდგომარეობსო, მაგრამ ეხლა, როდესაც გზა გაიარეს და მტერს მიუახლოვდნენ, ერთმანერთს ეუბნებიან: ჩვენ კარგად ვხედავთ მტერს, მაგრამ ვიდრე დავიპყრობთ მას, საჭიროა ერთიერთმანეთს წინადვე მოველაპარაკნეთო დავლა როგორ გავიყოთო. ეხლა მონარხიელნი წინ ფეხის წადგმაზედაც უარს არიან, ვიდრე მთავრობა არ გამოგვიცხადებს თავის აზრს დავლის გაყოფის შესახებო. რადგანაც მთავრობა ამის შესახებ არავითარს მტკიცე გარდაწყვეტილებას არ აღიარებს, მონარხიელნი ამღვრეულნი არიან. სამის მონარხიელის დასასაგან თითოეული დასი მხოლოდ თავის საკუთარს სარგებლობასა ეძებს და თუნდა ორი დანარჩენი დასიც წინ მტრად დაუხვდეს, მაინც საკუთარის სარგებლობისთვის ბრძოლას არ მოერიდება.

ბონაპარტიელებმა ამ გვარად გაშალეს თავისი დროშა და ცდილობენ აგები როგორმე სხვებს დაასწრონ და უკეთესი ადგილი დააჭერინონ თავის რაზმს ბრძოლაშია.

ლეგიტიმისტებმაც მოითხოვეს მყუდრო ადგილები. მაგრამ მოუცდათ და ამიტომ კონსტიტუციის მონარხიის კაცებს (ე.ი. ორლეანისტებს) მოსთხოვეს შემწეობა.

ერთის სიტყვით, დარჩა მხოლოდ ორი მებრძოლე დასი, თვ-თავის კერძო სარგებლობის მიმდევარი ორთა მოთავის წინამძღომლობით: ბროლჰი ორლეანისტების და ფურტუ ბონაპარტიელთა მხრითა.“

– დეპუტატთა პალატი რომ დაიშალა, რესპუბლიკელებმა, როგორც მოგეხსენებათ, დაარსეს ცალკე კომიტეტი, რომელმაც თვალყური უნდა ადევნოს მთავრობის ქცევასა და ყოველი მისი უკანონო მოქმედება უყურადღებოდ არ დააგდოს. ეს კომიტეტი გამოჩენილთა იურისტებისაგან არის შემდგარი. ამას წინად ამ კომიტეტმა გამოაცხადა თავისი აზრი შესახებ მთავრობის განკარგულებისა, რომლისგამოც მთავრობამ ხელი შეუშალა ჟურნალ–გაზეთების ცალკე ნომრობით გაყიდვასა. კომიტეტი ამტკიცებს, რომ მთავრობას არა ვითარი კანონიერი უფლება არა აქვსო. აუკრძალოს გაზეთების გამყიდველს იმ გაზეთების გაყიდვა, რომელნიც ნებადართულნი არიან კანონის მიერ. იმ ჟურნალ-გაზეთების გამომცემელთ, რომელთა წინმაღმდეგ ამ გვარი საშუალებას იხმარს მთავრობა, შეუძლიანთ იჩივლონ სასამართლოში და მთავრობას ზარალი აზღვევინონო.

ამ გვარს გამოჩენილთა იურისტების აზრს ძალიან შეუწუხებია თურმე სამინისტრო, მით უფრო, რომ მის მომხრეთა შორის ვერ მოიპოვება გამოჩენილი იურისტი, რომელსაც შეეძლოს ზემოხსენებულის აზრის დარღვევა, იმედია, რომ ჩქარა საფრანგეთის სასამართლოში ბევრი ჩივილი შევა პრეფექტებზედ, რომელნიც, როგორც მოგეხსენებათ, განუსაზღვრელად სდევნიდნენ რესპუბლიკელ გაზეთებს.

— შვეიცარიაში მცხოვრებთა ფრანციელებს (ესენი იმ ელზასიელთაგანი არიან, რომელნიც არ დაჰმორჩილდნენ პრუსიელებს და საფრანგეთის გვარტომობას არ უღალატეს) დეპუტაცია გაუგზავნათ გამბეტასთან და საჩუქრად ოქროს საათი უძღვნიათ. გამბეტამ, რასაკვირველია, დიდი მადლობა გადუხადა და სხვათა შორის სთქვა: „რადგან თქვენ ტიერის სახელი მოისსენიეთ, იმ გამოჩენილის კაცის სახელი, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდვა თვის სამშობლოს, უნდა მოგახსენოთ, რომ იგი არა ყოფილა ისე საღი და ჯანმრთელი, მისი ჭკუა-გონება ისე ნათელი და ძლიერი, როგორც ამ ჟამად არის.“

გამბეტა ყოველ შემთხვევით სარგებლობს, რომ ტიერი წამოაყენოს. ეს დიდი გონიერებაა გამბეტას მიერ. მაკ- მგონს რომ სახელი გაუტყდა საფრანგეთში, ეს ცხადია. ამ ჟაშმად გამბეტასვით სახელი გათქმული კაცი ძნელად თუ მოიპოება სავრანთეთში, მაგრამ რესპუბლიკელებმა რომ გამეტა წამოაყენონ მაკ-მაგონის მოცილეთ, ევროპასაცა და თვით საფრანგეთის ზომიერ პირთაც ამით დააფრთხობენ, რადგანაც გამბეტას სახელი რადიკალების უფლებას მოასწავებსო. ამ გვარის შიშის გასაქრობად გამბეტა და მის მომხრენი წამ და უწუმ ტერის სახელს ახსენებენ. თუმცა გამბეტას ვერაფერი სიყვარული მიუძღვის ტიურისადმი, მაგრამ დროთა მოთხოვნილება იმ გვარია, რესპუბლიკა იმისთანა განსაცდელშია, რომ რესპუბლიკელთ ისევ ტიერი ურჩევნიათ, ვიდრე წინდელი მთავრობა, რომლის გამარჯვება თვით რესპუბლიკის დარღვევას მოასწავებს.

— სერბიის სკუპშტინამ მილანის სიტყვაზედ პასუხი მიუგო, და ამ პასუხში მადლობა და თანაგრძნობა გამოუცხადა. ეს გარემოება ბევრს იმედს იძლევა, რომ სერბია ომში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგანაც სკუპშტინამ იგივე აზრი აღიარა ნეიტრალიტეტის შესახებ, როგორიც მილანმა. მაგრამ სკუპშტინის ერთმა ნაწილმა დიდი წინააღმდეგობა გამოიჩინა ამ გვარის მიდრეკილების შესახებ და ოცდათერთმეტი კაცი დეპუტატობიდამ გამოვიდა. სკუპშტინამ მიიღო მათი სამსახურიდამ გამოსვლის თხოვნა და რადგანაც მათი რიცხვი იმდენად შეამცირებს სკუპტინის წევრთა რიცხვს, რომ საქმის წარმოება აღარ შეუძლიან, ამიტომ ახალი არჩევანი დაინიშნა.

ეს გარემოება ცხადათ გვიჩვენებს, რომ ამ ჟამად სერბიაში ომიანობის მომხრე პირნი ბლომად მოიპოვებიან.

— ერთი ინგლისური გაზეთი ამბობს, რომ ამ მოკლე ხანში ლონდონს ერთი ავსტრიელი დიპლომატი უნდა მოვიდესო, რომელიც განგებ იგზავნებო ინგლისის მთავრობასთან მოსალაპარაკებლადაო. გარდა ამისა ვენაში ლაპარაკობენ ვითომ გრაფ ანდრაშს და ინგლისის ელჩს ერთი-ერთმანეთის შორის პირობა დაუდვიათ საერთო მოქმედებისათვის. მაგრამ ერთი ავსტრიელი ოფიციალური გაზეთი ამბობს, რომ არავითარი ხელშეკრულობა ამ სახისა არა სუფევსო; ინგლისსა და ავსტრიას მხოლოდ ერთგვარი ინტერესები აქვსთო და ამიტომ იძულებულნი არიანო ერთგვარი საშუალება იხმარონო მათთა დასაცველად.

— ლონდონიდამ ერთს ნემეცურს გაზეთში იწერებიან, რომ ინგლისის ელჩი სპარსეთის წინაშე ცდილობსო, შაჰისა და ხონთქრის შორის ზავი ჩამოაგდოსო. ინგლისი ფულს დაპირებიაო შაჰს, ოღონდ ჯარი მიაშველე ხონთქარსო. მაგრამ ამბობენო, რომ ყველა ეს ინგლისის მეცადინეობა ფუჭად ჩაივლისო, რადგანაც ჰგონიათ, რომ რუსეთსა და სპარსეთს პირობა დიდი ხანია შეუკრავთ კიდეცო.

— გაზეთს „Estafette“-ს პეტერბურღიდამ სწერენ, ვითომ რუსეთს ავსტრიის საზღვარზედ 200,000 ჯარის კაცი გაჰუვსო.

— ინგლისის გაზეთს Standard-ს შემდეგი დეპეშა მოსვლია სტამბოლიდამ: „ამ დღეებში ხონთქარი აპირობს პასუხის გამოცემას იმ პროკლამაციაზედ რომელიც ხელმწიფე იმპერატორმა გამოსცა ბოლგარიელთა თვის. ამ პასუხში, რომელიც ძალიან ზომიერ სიტყვებით არის შედგენილი, ხონთქარი სხვათა შორის იხსეანიებს იმ უბედურებას, რომელშიაც ჩავარდნილია ყველა ვინც კი მინდობია რუსეთს. გარდაამისა ხონთქარი ამბობს, რომ რუსეთი ვერ მიანიჭებს ბოლგარიელებს თავისუფლებასაო, რადგანაც ამ თავისუფლებას თვითონ მოკლებულიაო. სადაც კი რუსეთი გარეულაო, ყველგან მხოლოდ განადგურების კვალი დაუგდიაო.

— ერთი ნემენცური გაზეთი ამბობს, რომ გვიპტის ხედიფი დაჰპირებია ხონთქარს 20,000 ჯარის კაცს.

— საფრანგეთის გაზეთები ამბობენ, რომ ნაპოლეონ III შვილს არჩევანის წინა დღეს მანიფესტის გამოცემას აპირებს, რომლითაც გამოუცხადებს ხალხს, რომ იგი თვის უფლების მოპოებას 1880 წლამდე გულშიაც არ გაიტარებს.

— ინგლისური გაზეთი Daily Telegraph ამბობს თურმე, რომ მთავრობას გადაუწყვეტიაო ეხლავე დაიჭიროს გალიპპოლის ნახევარი კუნძული (დარდანელის სრუტე მდებარეობს მცირე აზიისა და გალიპოლის ნახევარ-კუნძულის შორის).

— აბდულ-ქერიმის მოადგილედ ევროპიის ოსმალეთის მხედრობის მთავარ სარდლად მემედ-ალი-იფაშა დაუნიშნავთ და დუნაიის მხედრობის სარდლად, ეუბ-ფაშის მაგივრად, ოსმან-ფაშა.

— 4 მკათათვეს ბოსნიელთა და ოსმალეთის ჯარის შორის ბრძოლა გამართულა. ბოსნიელებს გაუმარჯვნიათ.

— ინგლისის გარეშე საქმეთა მინისტრს ლორდს დერბის პალატში სიტყვა წარმოუთქვამს ინგლისის პოლიკის შესახებ აღმოსავლეთის საქმეში. დიდი ხანია მთავრობამ აუწყა ოსმალეთსაო, რომ თუ იგი უარ-ჰყოფს კონფერენციის წინადადებას, მას არავითარი იმედი არ უნდა ჰქონდეს ინგლისისაო, ამ ჟამად ლონდონის კაბინეტს არავითარი მიზეზი არა აქვსო ამ გადაწყვეტილებას გადუდგესო. რაც შეეხება რუსეთსო, მან საკმაოდ დაგვარწმუნაო, რომ ჩვენ ინტერესებს არ შეეხებაო. ამ გვარად ინგლისი იძულებული არ არისო ომში გაერიოსო. ამ გვარი პოლიტიკა მთავრობას შეაძლებინებსო. გამოიზოგვოს ჩვენის ქვეყნის ღონე და მით უფრო მტკიცე და გავლენიანი მონაწილეობა მიიღოს მორიგებაზედ მოლაპარაკების დროსო.

— ერთს ნემეცურს გაზეთში იწერებიან: „ოსმალეთის მთავრობამ ბრძოლის ველზე გაგზავნა მაჰმუდ-ფაშა აბდულ-ქერიმის (ოსმალოს მთავარ-სარდალი ევროპაში) სასჯელში მისაცემად. ეშინიანთ მთავარ სარდალმა წინააღმდეგობა არ გამოიჩინოს. როგორც ისმის, ხონთქარი ძალიან გამწყრალია.

ამავე აბდულ-ქერიმ ფაშაზე აი კიდევ რას იწერებიან; ეგვიპტის პრინცს ჰასანს უთხოვნია მთავარ-სარდლისთვის შენი საომარი პლანი ამიხსენიო, რადგანაც ჩემთვის გაუგებარიაო. აბდულქერიმს უარი უთქვამს. ჰასანს ხონთქრის წინაშე უჩივლია და ხონთქარს რედიფ- ფაშა (სამხედრო მინისტრი) გაუგზავნია საქმის გამოსაკვლეველად.

— გაზეთს Standard-ს სტამბოლიდამ სწერენ, რომ იქნება აბდულ-ქერიმი გადააყენონო. მაგრამ მის მოადგილედ რედიკ-ფაშა კი არა, სულეიმან-ფაშა (ჩერნოგორიაში რო ომობდა) იქნებაო.

—ამ ჟამად ამბაკი მოვიდა, რომ აბდულ-ქერიმი გადაუყენებიათ კიდეცა და მის მოადგილეთ დაუნიშნავთ მეჰმედ-ალი-ფაშა.

სხვა გვარი ცვლილებაც მომხდარა სტამბოლში: საფეტ-ფაშის მაგივრად გარეშე საქმეთა მინისტრად აარიფი ფაშა დაუნიშნავთ და სავფეტ-ფაშა საჯარო შენობათა მინისტრად. სამხედრო საქმეთა მინისტრი რედიფ-ფაშაც გადაუყენებიათო და მის მაგივრად რეუფ-ფაშა დაუნიშანავთ.

– გაზეთი Standard ამბობს, მთავრობამ წინადვე უნდა გამაცხადოსო, რომ რუსის ჯარს სტამბოლის კარებში ინგლისის ჯარი დაუხვდებაო. გაზეთის აზრით, ამ გვარი პოლიტიკა ევროპას ომს ააცილებსო.

4 ოსმალოს საქართველო

▲back to top


ოსმალოს საქართველო

ქობულეთი

ქობულეთი არის გურიის ნაწილი, მდინრე ჩოლოყის გაღმა, რომელსაც ზღვის პირას, ჭოროხის შესართავამდის 45 ვერსის სიგრძე აქვს. სამხრეთით აჭარა აქვს და დასავლეთით ჭოროხი.

ადგილ მდებარეობა ქობულეთისა ზღვის პირას უფრო ვაკეა და სამხრეთს და აღმოსავლეთს გურიის სამზღვარზე ვიწრო, ძალიან ვიწრო ხეობებია, ისე რომ სახნავ სათესად ძნელი მოსახერხებელი ადგილებია. ამისაგამო სოფლები უფრო ზღვის პირად არის მოფენილი. მოსავალი ამავე მიზეზით მცირე მოდის: უმთავრესი ხალხის მაცხოვრებელი სიმიდი და ღომია. ამის გამო ხალხი საკმაოდ ღარიბია.

აქაური მცხოვრებლები ვერასფრით ვერ განირჩევიან გურულებისაგან: სახითა და ტანით, ტანსაცმელით სახლის შენობით და მოწყობილებით, ხასიათით და ჩვეულებით, მხნეობით და შრომის მოყვარებით, ქართულის ენით (გურულის კილოთი). განსხვავება მხოლოდ სარწმუნოებაა რადგან ქობულეთლები მაჰმადიანები არიან, მაგრამ იმათშიაც მრავალი საიდუმლო ქრისტიანეა, მეტადრე დედა-კაცები, რომელნიც პატარა ყმაწვილებს ანათვლინებენ და ქრისტიანობის სიყვარულს გულში უნერგვენ. მრავალს ქობულეთის თავადაზნაურებს (ბეგებს) და გლეხ-კაცებს ცოლად გურული ქალები ჰყავთ. გურია-ქობულეთში ცოლ-ქმრობა ძალიან ხშირად სიყვარულით მიჯნურობით ხდება ხოლმე; ამის გამო ხშირია გურიიდამ ქალების ტაცება და ქობულეთში გადაყვანა. წინათ ეს ქალების ტაცება იცოდნენ გასაყიდათ. ახლა მოისპო ეს უმგზავსო და უწყალო ჩვეულება.

ამ ერთმანერთში მოყვარობის გამო გურიაქობულეთს ერთმანერთში დიდი მისვლა-მოსვლა აქვთ და სამზღვარ-ახლოს მდებარე სოფლები ქორწილს და ქელეხს ისე არ გადიხდიან, რომ ერთმანერთი არ მიიწვიონ, ერთის სიტყვით ჭირში და ლხინში ერთობა აქვთ.

გურიაში ნაგომარზე როდესაც მკათათვის 17-სა წმ. მარინეს დღეობას ქალაქობაა (იარმუკა), აქ დიდძალი ხალხი იყრება მთელის გურიიდამ და აგრეთვე ქობულეთიდამ. ერთი კვირის განმავალობაში ვაჭრობაა, სადაც ჭანებს ფანჩატურებში დუქნები აქვთ გამართული. აქვე მოდიან მოვაჭრენი ქუთაისიდამ, ზუგდიდიდამ, ახალციხიდამ და ტფილისიდამ. არა გვგონია ისეთი ადგილი იპოვებოდეს მრთელს საქართველოში, სადაც ამოდენა ქართველობა ყოველ კუთხიდისა იყრებოდეს ორის მოსამზღვრე სახელმწიფოდამ. ყველას მოუტანია თავისი ნამუშევარი და თითქო ერთმანერთს უჩვენებენ თავის ნაშრომსა და ეუბნებოდნენ: აი მე ვინა ვარ და რა მაქვს. ამ ქალაქობაში იმართება ერთ დღეს ჯირითი გურულების და ქობულეთლებისა და პირველი თავადიშვილები და ბეგები ამ ვარჯიშობაში იჩენენ მამა-პაპურ მარდობას და ხელოვნებასა.

ქობულეთის ბეგები, რომელნიც გურიის თავადისშვილების სტუმარნი არიან და მონათესავენი, ერთგვარად ლხინობენ გურულებთან და ძველის მამა-პაპურის ჯირითის დროს მაყურებელს დიდს სევდას აუტეხენ გულშია. საქართველოს ერთობას და წყეულ დაშორებას აქ გურიაში და გურიის ბედზედ ჰხედავთ.

ერთის შეხედვით ყველაფერი გატყობინებთ, რომ ჩვენ ძმანი ვართო.... იმ დრომდე, ვიდრე ორს სახელმწიფოს შუა „ომის ცეცხლი ასტყდებაო“.

და აგერ ასტყდა იქ, სადაც გუშინ ერთად ჯირითობდნენ და ვაჭრობდნენ ძმანი ძმის მოგულენი დღეს ორად დაყოფილნი სამებასთან და ციხისძირთან ერთმანერთს ებრძვიან საშინლად,

ორნივ იბრძვიან გამწარებულნი,
ორნივ ომებში გაქეზებულნი...

ხვალ მორიგება მოხდება და ისევ ძმათ შეიყრებიან. დაილოცა ღმერთო შენი სამართალი! დღეს ძმა ძმის მკვლელია! ეს რა წყეული სამზღვარია იმ თავათ ამ თავამდის ათასის და ორი ათასის წლის განმავალობაში! სწორეთ ამ სამზღვარზე შეუწყვეტელი ბრძოლა უნდა იყოს მუდამა: საბერძნეთსა და სპარსეთს შუა, ოსმალოსა და სპარსეთს შუა, ოსმალოს და რუსეთს შუა!...ეს რა გადაუსვლელი და შეჩვენებული მიჯნაა, რომ ძმამ ძმის სისხლი უნდა დაღვაროს; ეს რა დამშორებელი და შემაკავშირებელი კედელია ძმათა სისხლითა და ძვლით აგებული, რომ არც შეუერთდნენ ერთმანერთსა და არც ერთმანერთს დაშორდნენ?!.... ეს საქართველოს მდგომარეობა ერთის სახალხო ლექსით კარგა იხატება, რომ ბედის მდურვა ისმის:

არც მომკლა, არც დამარჩინა, სიმწარე დამალევინა! ხოლო „როდემდის....ოჰ როდემდის?“

1829 წლამდე ქობულეთი ეკუთვნოდა გურიასა. აქაური თავადები თუმცა საკმაოდ თავისუფალნი იყვნენ გურიელისაგან, მაინც უმთავრესი მბრძანებელი მთავარი იყო. რუსეთსა და ოსმალოს ომის შემდეგ 1829 წელს სამზღვრად დაიდგა მდინარე ჩოლოქი და ამ გვარად ქობულეთი ერგო ოსმალეთსა. დიდხანს დავა იყო ამ სამზღვრებზე მცხოვრებლთ შუა ზოგს თავადიშვილებს ჩოლოქს გაღმა ჰქონდათ საყმო ადგილები, მაგალითად თ. დათა გუგუნავას; ზოგს ქობულეთლებს ჩოლოქს გამოღმა მაგალითად ედეფ-ბეგ თავდგირიძესა. ამის გამო დიდი დავები აღმოჩნდა მოსამზღვრებს შუა და მხოლოდ 1884-1886 წელს ომიანობის შემდეგ გადასწყდა ეს დავა, სახელდობრ 1839 წელს, როდესაც რუსეთის, ოსმალოს, ინგლისის და საფრანგეთის წარმომადგენელთა კამისიამ დასდვა სამზღვარი.

ქობულეთში შესანიშნავი ქალაქი არის ბათუმი თავისის ნავთ-სადგურითა და ციხითა. ბათუმი იმისთანა ადგილს მდებარებს, რომ სავაჭრო საწყობი და გემის დასადგომ ადგილათა ხდის და ამით ფოთზე იქნება უკეთესი ბედი მოელოდეს. ამ ჟამად ბათუმიდამ არზრუმს შოსსეს გზა მიდის და ამ გვარად ხმელეთითაც ვაჭრობის გაჩაღებას მოელის. ქალაქი თვით პატარაა დუშეთის ოდენაა.

შემდეგ ბათუმისა არიან: დაბა ქვემო ქობულეთი (ანუ ჩურუქსუ) სოფ. ზემო ქობულეთი და სხვანი. შესანიშნავი და მიუდგომელი ციხე ბათუმს გარდა ციხისძირია.

პ.უ.

5 გზავრის წერილები

▲back to top


გზავრის წერილები

სვანეთზედ

(შემდეგი)[1]

„მური“ დიდი სოფელია და მდებარებს სვანეთის ვიწროებიდამ მომდინარის ცხენი-წყლის მარცხენა მხარეს, დიდ ციხიან მურის მთის ძირში. მური, უწინდელ დროს მეგრელიის მთავრის საზაფხულო სამყოფი იყო; ეხლა კი ამ ალაგს საცა მთავრის ქვითკირის სასახლე იყო, ამ ჟამად სულ-მთლათ დაქცეულა, ხის სახლში დგას ლეჩხუმის მეორე განყოფილების მიროვოი პოსრედნიკი დიმიტრი ბაქრაძე. ამან ცოტათი შეგვაჩერა და სადილიც გვითავაზა; ჩვენ თუმცა მივეშურებოდით, მაგრამ სადილის ხსენებამ მადა გაგვიხსნა და რასაკვირველია, ბევრი თხოვნა არ გვინდოდა, და ვეწვიეთ სადილად. ამ დროს ჩვენი უკან დარჩენილი ბარგიანი ცხენებიც მოგვეწიენ. მშვენიერი ღვინო ჰქონდა ბაქრაძეს, და უკეთესი ცხენი-წყლის კალმახი, რომლის სახელი განთქმულია ლეჩხუმში. სახლის წინ, დიდ მინდორზედ ცხენი-წყლის პირას მშვენიერ იფნარში გაგვიშალა სუფრა მასპინძელმა; იმ იფნარში, სადაც უწინ მთავარი დადიანის ქვეშევრდომ ხალხის სასჯელი იყო. ამ ალაგს გადმოჰყურებს მაღალი-ტყიანი მურის მთა, რომლის წვერზედაც სდგას დიდი ქვითკირის ციხე-გალავანი იმავე დადიანისა ეხლა ეს ციხე, სიძველის გამო, ნახევარი ჩაქცეულია. საკვირველი ის არის, რომ ამ ციხეში არის ერთი დიდ-ყალიბის შვეციის ზარბაზანი; და გზით და რა ღონისძიებით მიიტანეს ეს ზარბაზანი ამისთანა მიუკარებელს ადგილას, საცა ცხენოსან კაცსაც გაუჭირდება სიარული, ჩვენ ვერავინ გეიხსნა. ამ ციხეს ცხენის-წყალთან ჩასავალი გვირაბი აქვს, თითქმის ნახევარ ვერსტზედ და ჩასავალს კიბესავით არის გაკეთებული. მეგრელიის მთავრის ქვითკირის სასახლე სულ დანგრეულია, და დარჩენილა მრთლათ მხოლოდ ერთი ბუხარი თავის სრულის სიმაღლითა და სიდიდითა, ამ სასახლის ღორღსა, ნანგრევსა და ნაგავს შუა. ამ ღორღთან მიდგმულია ერთი მუხის სახლი, რომელშიაც მიროვოი პოსრედნიკი არის დაბინავებული, დიდი მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მასპინძელსა და დავადექით გზას. მურის მახლობლად, ასე ერთს ვერს- ტზე, ჩვენ ცხენი-წყალს გაღმა გავედით, მარცხენა მხრიდამ–მარჯვენაზე, დიდ და გრძელ ხის ხიდზე და სვანეთის მიწას ფეხი დავადგით. ამ ხიდს, რომ გავსცილდით იმ წამსვე ჩვენ ცხენებიდამ ჩამოვხტით, რადგანაც წელში მოხრით უნდა გავსულვიყავით ერთს კლდის ხვრელში, რომელიც ცხენი-წყალს რვა საჟენის სიმაღლიდამ გადმოჰყურებს. თურმე ჩვენი გზა, ანუ ბილიკი. ამ ხვრელში გადის. გავედით თუ არა, მაშინათვე გულისა და სულის თავისუფლობა ვიგრძენით და ამ გრძნობით სვანეთს შევედით. პირველი გრძნობა, სვანეთის მიწას ფეხი რომ დავადგით. არ იყო კარგი: ამ ხვრელის სიბნელე, მისი შეგუბებული ჰაერი, სინოტიო და სიმაღლე, გულის დასაჩაგრავათ დაგვაწვა. ასე რომ სანამდის ხვრელში შევიდოდით, ჩვენ მხიარულად ვიყავით და აქ რომ შევჰყავით თავი — უცებ, უნებურთ გავკმინტეთ ხმა. მერე, როცა ნათელი დღე დავინახეთ და პატარა ფლატოზე გავჰყავით თავი, უცებ ისევ უნებურათ გულიდამ კარგა ღრმა ოხვრა ამოგვივარდა. ჩვენი ბილიკი, რომლითაც ჩვენ სვანეთში მწკვრივად თითო-თითოთ მივდიოდით, ყოველს ნაბიჯზედ გვაფრთხილებდა ცხენი-წყლის პირის აღმართ-დაღმართები, ღირღოვანების წინაშე და რასაკვირველია, ყოველს ნაბიჯზე მოველოდით, რომ ცხენიან-კაციანად გადავემტრევოდით და ამისთანა ალაგას არ იყო დრო ლაპარაკისა, და არე-მარეს გადახედისათვის და გაცნობისათვის. რაღაც იდუმალი გრძნობა, ძალა გვეუბნებოდა, რომ კარგათ იანგარიშე სად უნდა დაადგა ფეხი, რომ მაგრად დაენდო — და აბა ვის არ დააღონებდა ეს ბილიკი და ეს ბუნება. ეს ბილიკი სულ მთლად სავსე იყო ზოგი გადმოტეხილ კლდის ქვითა, ზოგი გადმოჩეხილ უშველებელ ხეებითა. თან და თან ჩვენი ბილიკი ხან აღმართზედ ადიოდა და ხან კი დაეშვებოდა პირ-და-პირ ცხენისწყლისკენ; მაგრამ მაინც კი ცხადათ ეტყობოდა, რომ ჩვენ მაღლა და მაღლა მთაში ავდიოდით, სულ მთაში ავყავდით ჩვენს ბილიკა—გზას. ასე ოც-და-ათი ვერსტი რომ გავიარეთ, ძრიელ თხლათ დასახლებულს ადგილებში, რომელსაც ეძახიან, „აშარას საზოგადოებას“ ჩვენ იმავე საღამოს, ე. ი. 30-ს მკათათვეს, რო დაღამდა თუ არა, მივედით სვანეთის დიდს სოფელს „ლენტეხს“ ღამე დასადგომად. ლენტეხის მახლობლად, გზიდამ ჩვენ ბევრი წყლის გარდმოსაშვები ვნახეთ, ჩანჩქრები, გარდმომჩქეფარე წყლები, იმისთანა, რომლისაგანაც ჩვენ გაკვირვებული ვიყავით და სვანებს კი არაფრად მიაჩნიათ. შვეიცარიაში, რომ საკუთრად ზოგიერთნი მიდიან ამ გვარის წყლების სანახავათა — ეს არა სჯობიან ვითამ? ეს წყლები ღირსია, რომ საკუთრად მაგათთვის მივიდეს სვანეთსა კაცი, ნახოს, დალიოს და ისევ გაბრუნდეს თავისათვის. ვიდრე ლენტეხს მივიდოდით. ჩვენ მდინარე ხელედურას გადავედით, ხის ხიდზედ. რომელიც მგზავრს ქვეშ ისე იდრიკება, რომ ქანაობას დაიწყებს ხოლმე. ლენტეხთან, საცა სამი მდინარე ერთმანეთს ერთვიან საშინელის დამაყრუებელის ხმითა და ქუხილითა, „ხელედურა“ —დასავლეთიდამ და „ლასკადარა“ —აღმოსავლეთიდამ რომელნიც ებრძვიან ცხენის-წყალს, არის პატარა კუნძული, რუსულად „დელტა“ რომ ჰქვიან, და ამ კუნძულზედ დგას დიდი, ხუთ სართულიანი (ეტაჟიანი) ციხე. ეხლა ზოგან ჩამოქცეულია სიძველისა გამო. იგი ეკუთვნოდა იმავე მეგრელიის მთავარს დადიანსა, რომელიც თავის დამნაშავე ხალხს ამ ციხეში დაამწყვდევდა ხოლმე; ერთის სიტყვით ეს უწინ საპყრობილედ ყოფილა. თურმე როგორც მიამბეს, დიდს დამნაშავეთა, ამ ციხიდამ ორს ერთად გადააგდებდნენ ხოლმე, ერთსა ლასკადარის წყალში და მეორესა — ხელედურას წყალში, და თუ ან ორივენი, ან ერთი რომელიმე ცხენის წყალში არ დაიხრჩობოდა, გადარჩენილთ გაანთავისუფლებდნენ სიკვდილიდამ. აგრეთვე ეს ციხე-საპყრობილე ქვეყანას დაიცვამდა მტრისაგან, რომელსაც თუ სვანეთზე, ან სვანეთიდამ — ლეჩხუმზე დაცემა უნდოდა, უთუოთ სვანეთის კარები, ე.ი. ეს ციხე უნდა აეღო. ეს ციხე — კარებია ლეჩხუმიდამ სვანეთისათვის და ლეჩხუმისა — სვანეთიდამ. ამ ციხესთან დგას პატარა ხის სახლი, რომელშიაც, ლენტეხის სოფლის კანცელარია, ანუ უპრავლენია იმყოფება. ჩვენ პირდაპირ ამ კანცელარიას მივმართეთ და ჩამოვხდით ცხენებიდამ. რამდენიმე სვანი გარს შემოგვერტყა და როცა შეგვამჩნიეს, რომ ჩვენ ძლივს ვეტეოდით ამ პატარა ხალხში. ერთმა იმათგანმა, ლენტეხის საზოგადოების მამასახლისმა, ე.ი. სტარშინამ, გვარად ბენდელიანმა, როცა შეიტიყო ვინა ვართ, თავის სახლში მიგვიწვივა დასაძინებლად. ეს წვეულობა, რასაკვირველია გვიამა; და ბევრი არ დავაგვიანეთ და მივედით მამასახლისის სახლში. გამეხარდა ეს წვეულობა, ჯერ იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ იმასთან უფრო თავისუფლათ, ფართოთ ვიქნებოდით, ვიდრე სოფლის კანცელარიაში, და მეორეთ იმიტომ, რომ ეს წვეულობა, ჩვენ ლენტეხელებთან გვაახლოვებდა, რის გამოც, შემეძლო უფრო გარკვევით აღმესრულებინა მთავრობისაგან ჩემთის მონდობილი საქმე, რომლის გამოც მე შემხვდა თვით ეს მგზავრობა. კარგი ვახშამი გვითავაზა ბენდელიანმა; ჩვენ წინ იმ წამსვე ცხვარი დაჰკლეს და ზოგი შეგვიწვეს, ზოგი მოგვიხარშეს; რამდენ ნაირი ხაჭაპურები მოგვიტანა, ვინ ჩამოჰთვლის? ყველა, შემწვარი ვარიები და იხვები სუფრას არ მოჰკლებია. ღვინო კი არა ჰქონია ჩვენს მასპინძელს, მაგრამ ჩვენ ექვსი კვირის სამყოფი მშვენიერი ჭყვიშური ყიფიანის ღვინო გვქონდა: ლეჩხუმელმა კოსტანტინე ყიფიანმა თავისი თავი ღვინო გამატანა, და ჩვენი მხრით — ბენდელიანს ღვინო უთავაზეთ. ისეთი გულ გახარებული გვითავაზებდა ყოველისფერს, ისეთი ჩაციება სცოდნია ბენდელიანს, რომ მართლა ვსთქვა, ცოტათი თავი შეგვაბეზრა ამითი, და თუ ჩვენთან სვანეთის პრისტავი, თავადი ჯორჯაძე არ ყოფილიყო, რომელიც ლაილაშიდამ მოგვყვებოდა ჩვენა, ძალიან საქმეს გაგვიჭირებდა იმისი ჩაციება. ამ ბენდელიანმა თავი დაგვანება,რადგანაც პრისტავმა უთხრა ორიოდე სიტყვა მასზედ, რომ ჩვენს ნებაზედ მიეგდო. ჩვენ დასაძინებლად გარეთ დავწექით დიდ ცეცხლის გარშემო, ამ ჩვენ მასპინძლის კალოზედ. სოფელი „ლენტეხი“ კარგა მოზდილია; ზოგი ნაწილი შენობისა მდებარებს მთის კალთაზედ,ზოგი მთის ძირში და პატარა ვაკეზე. შენობა, სახლები უმეტესად ქვითკირისა არის და ისე არიან ერთმანეთთან მოდგმული, სხვა და სხვა ოჯახის საჭირო შენობებითა, რომ ქუჩას წარმოადგენენ, ძრიელ ვიწროს. ზოგან ჩვენი გზა ამ სოფლის ქუჩას მისდევდა, და რაღაცნაირ შენობების ქვეშ გადიოდა; ეს შენობები თაღსა და კამარას წარმოგვიდგენდა, ასე რომ ბევრგან ჩვენ ცხენებზე მსხდომი, უნდა ტანში წავხრილვიყავით, რომ თავი არ მიგვეხალა ქუჩის ჭერთათვის.

31-ს მკათათვეს, დილა ადრიანად. ამ ბენდელიანმა პატარა საუზმე, გვითავაზა და მერე დავადექით ჩვენს გზას. სამს საათს შემდეგ ჩვენ მივედით სოფ. „ჭოლურს“. ჩვენი ბილიკა-გზა, მაინც გვაშინებდა და გვაფრთხილებდა, როგორც მე აგ- რეთვე ჩემს ამხანაგს, რომელსაც ამ გვარი საშიში და საფრთხილებელი მგზავრობა ძალიან ჰყვარებია. ჩვენ სულ ცხენის-წყლის პირებს მივსდევდით და სულ მთაში ავდიოდით; ეს წყალიც თან და თან უფრო ვიწროდ მიდის და ამით უფრო და უფრო ჩქარი დენა აქვს. ჭოლურს ჩვენ სასოფლო კანცელარიაში ჩამოვხტით პატარა ხნით, დასასვენებლად. ეს კანცელარია, რაღაც ნაირი ქვითკირის შენობა ყოფილა. ჩვენ გვითხრეს, რომ უწინა, ვითამც ამ შენობაში ეკკლესია ყოფილიყოს და ეხლა თურმე კანცელარია გაუმართავთ ჭოლურებსა. მაშინათვე ცეცხლი გავაჩინეთ; ზოგმა ჩაის ხარშვა დაიწყო, ზოგმა მწვადების წვა, და ორს საათს შემდეგ — როდესაც ჩვენი აქაური საქმეები შევასრულეთ — ხელ- ახლად შევუდექით გზასა. ეს სოფელი ჭოლური მდებარებს მთების კალთებში და არაფრით ყურადღების ღირსი არ ყოფილა. ხუთი ვერსტი, რომ გავიარეთ ჭოლურიდამ, შევუდექით დიდ სვანეთის „ლათფარის“ მთას, ანუ როგორც ეძახიან კიდევ „დადიაშ“ მთას, რომელიც ჰყოფს სადადიანო სვანეთს თავისუფალ სვანეთისაგან, და არის ამ ორის მაზრის ბუნებითი სამზღვარი. სადადიანო სვანეთი იწყობა სოფელ მურიდამ და აქა, ამ მთის წვერზედ თავდება; ამ წვერიდამ კი, უღელტეხილიდამ იწყობა „თავისუფალი სვანეთი“. ეს „ლათფარის“ მთა, ანუ „ლატპარი“, ანუ „დადიაში“ შავ ზღვაზედ 10250, ფუტზედ მაღლა არის. ამ მთის მესამედზედ ნელ-ნელა რომ ავედით, თითო-თითოთ, ბატებივით მწკრივად, ჩვენ ორ საათს შევისვენეთ, ჩამოვხტით, ცხენები საძოვრად გაუშვით და ჩვენც ცოტა საუზმე შევკბიჩეთ. შევჩერდი, უფრო იმისთვის, რომ ცხენები ძალიან დაგვეღალნენ და ჩვენი ბარგიც შორს დარჩა, თუმცა კი მერე მალე მოგვეწია. ეს ცხენებიც შევასვენეთ და შევუდექით ჩვენს ვიწრო ბილიკას და იმისთანა ღორღოვიანსა, რომ ჩემი ცხენი რამდენ ჯერმე წაქცევას და გადაჩეხას აპირებდა. ერთხელ კი ცოტას გაწყდა, ხრამში არ გადავეჩეხენით მე და ჩემი ცხენი. მაგრამ, ღმერთმა გვიბრალა. ავედით სულ ზევით და ზევით; მაღლა ცივმა წვიმამ დაგვიშინა; ჩვენ ავსცილდით ყოველ-გვარის მოზარდობის სამზღვარს. ჩვენი ბილიკი მიდიოდა მხოლოდ ტიტველა ასპიტის კლდეზედ; და მთის წვერზედ ისეთი სიცივე იყო, რომ რაც თბილი რამ გვქონდა, სულ ზედ ჩავიცვით და წამოვისხით, პალტო, ნაბდები, ყაბალახები და სხ. სიცივისაგან ჩვენს ცხენებს ცახცახი გაჰქონდათ. მე თანა მყავდა ერთი ძაღლი, სეტტერის ჯიშისა, რომელიც მთელი გზა მხიარულად იყო და სულ დახტოდა, ხან ჩიტებს გამოეკიდებოდა, ხან კურდღლებს, და როცა ლათფარზედ ავცოცდით, ერთბაშათ ჩაყუჩდა ჩემი ძაღლი, უკანა ფეხებზე ჩამოჯდა და არე-მარეს ათვალიერებდა დიდის სიფრთხილით; თითქო უცებ ყოველი ძალა, ღონე, ქეიფი და სიმხიარულე დაჰკარგვიყოს და საცა დაჯდა-თიქიდამ ფეხი არ მოიცვალა: უმიზეზოთ ყეფა დაიწყო, მაგრამ თვითან გაკვირდა და შეეშინდა თავისის ხმის დაკარგვისა. მისი მაღალი ყეფა, და დიდი ხმა — ეხლა წრუწუნივით გვეჩვენა. მართლაც, რომ ლათფარზედ ისეთი თხელი ჰაერია, რომ როდესაც მე მონადირის საშტვენი დაუშტვინე, ეს ხმა ჭრიჭინას ჭრიჭინივით გვეჩვენა. ამ მთის გარდასავალზედ არის ორი გზა: ერთი ზაფხულის გზა, რომელიც იმისთანაა, რომ ცხენიან კაცს შეუძლიან გადმოუხტომად იაროს, ესე იგი, ის გზა, რომლითაც ჩვენ მივდიოდით. ამ ბილიკა გზაზედ საპალნიან ცხენს სიარული ადვილად შეუძლიან, მაგრამ სხვა ცხენთან შეხვედრა კი — ძნელია; ძალიან ვიწრო ბილიკა არის, და ცხენები ერთმანეთს ძნელად აუხვევენ. ეს ბილიკა მთის წვერამდინ მიკლაკნილ მოკლაკნილია, მთას ეხვევა და შემდეგ კი მთის კალთებში მიდის. შემოდგომაზედ მგზავრისათვის ძალიან საშიშოა ეს ბილიკა, იმიტომ რომ გაყინული წვიმის წყალი და თოვლი და ჭირხლი გზის გამსქდარ ადგილებსა ანუ ნაპრალებს დაჰფარავს ხოლმე, ასე რომ მგზავრმა არ იცის ფეხი სად უნდა დაადგას. ზამთარში კი, სვანები ამ გზას აუხვევენ ხოლმე მარცხენა მხარეს, და მთის თავზედ წვერზედ გადმოდიან, რომელზედაც მუდამი ქარისაგან და თვით კლდის წვეროების თვისებისაგან თოვლი ვერ ეკვრის და ამიტომაც ეს მთის თავი ყოველთვის მშრალათა რჩება, მაგრამ სვანები თუ ჰბედვენ ამ ზამთრის გზით გარდმოსვლას,მხოლოდ განთიადისასა ჰბედვენ, იმიტომ რომ ამ დროს ქარი არა ქრის, ჯერ ამოვარდნილი არ არის და თუ ამოვარდა ქარი, უმეტესად დღე რომ შუადღეს მოატანს,ვერც ერთი უმძლავრესი,ღონიერი კაცი ვერ შეიმაგრებს თავს. ამ გზაზედ და უსათუოდ ქარიშხალი მოიტაცებს ხოლმე, თუნდაც რომ მგზავრი მაგრათ იყოს მიკრული კლდის წვეროს. ამ მიზეზით ზამთარში ძალიან იშვიათათ გაჰბედავს ვინმე ან აქედამ სვანეთისაკენ გარდასვლას, ან იქიდგან გარდმოსვლას და ამიტომაც მთელი რვა თვე სვანეთში ხორციელ ადამიანს მისვლა და გადმოსვლა არ შეუძლიან. ყოველს წელიწადს, ყოველს ზამთარს იღუპება მგზავრი ამ გზაზედ და უკვალოთ იკარგება. ეს გზა ბევრს მსხვერპლსა ჰყლაპავს ყოველს ზამთარს და ზაფხულშიაც იცის ამ ბილიკამ მსხვერპლის მოძებნა. ეს არის უმთავრესი მიზეზი, რომ „თავისუფალი სვანეთი“ არის მიუკარებელი ქვეყანა, დაკეტილი ქვეყანა. ჩვენ ამ ლათფარზედ მკათათვის უკანასკნელ დღეებში ვიყავით, და მაშასადამე, არავითარი შიში არ უნდა გვქონოდა, მაგრამ შემკრთალი კი ვიყავით. ლათფარსედ ავედით მდინარე ცხენი-წყლის ხეობიდამ. ბუნება თან და თან სულ ტიტვლდება, ეკლებიანია. ეკლებით შემოსილის მცენარეების, მთის კალთებში და გვერდოებში მომწვანო არყის ხე და ჩიგვნარი. ეს მცენარე მერმედ უფრო თხლათ არის. ბალახებსა და მდელოებს შემდეგ, მოჩანან სხვა და სხვა ნაირი ხავსი და გინგლი; მერე ხამი ველური კლდიანი ადგილები, ასპიტის კლდეები, ზოგან და ზოგან მუდამი თოვლით შემოსილი და დაფარული. აი ეს შეხედულება აქვს ამ ლათფარსა იმ ბილიკა გზიდამ, რომლითაც მგზავრს ამ მთაზედ აცოცვა შეუძლიან. სულ მაღლა რომ ავედით, აღარა სწვიმდა, გადაღებული იყო და ცა მოწმენდილი, და ჩვენ ცოტათი შევჩერდით, ჩვენი დაშლილი ძარღვებისა და სახსრების გასამაგრებლად, და მშრალს ალაგას, თოვლის გვერდით დავსხედით. ამ გარდასავლიდამ ჩვენ წარმოგვიდგა შემდეგი სურათი. მთის ძირში, ძალიან შორს, თეთრად მოჩანან, ამ ამწვანებულს ბუნებაში, ჯგუფ-ჯგუფათ, ოთხმოც ალაგასა, სვანების შენობები, და მაგათ შუა გველივით დაკლაკნილი მდინარე ცხენის წყალი დიდის ქუხილით მიმდინარე, თავის მრავალის ტყიანის ხეობებით. მარცხნივ, ჩვენგანა, მოჩანს კავკასიის გმირი, მთა „იალბუზი“, მაგრამ თეთრ-ქუდა კი არა, როგორათაც მოჩანს ეს მთა ჩრდილოეთიდამ, არამედ სამი, წვეტიანი, კლდიან, უთოვლო სერებათ მოჩანს. მარჯვნივ—მოჩანს უმთავრესის კავკასიის მთების შტო, ტანოვანი მთის გრძელი ზურგი, ასეთის თეთრის თოვლით დაფარული რომ თვალი ვერ გაუძლებს. ჩვენს პირდა პირა კი სჩანს. მთის ძირში, ტყიან ბუნებაში მი ხვეულ—მოხეეული მდინარე „ჭალაი“, რომლის ნაპირზედ აქა-იქ სჩანან სვანების სოფლები.

მთა ლათფარი არის მოშავო ასპიტი და აქა-იქ თაგვ-მარილის ქვის სქელ-სქელი ნაჭრები აქვს ჩამჯდარი, რომელიც თეთრს მარმარილოსა ჰგავს ამ მთიდამ ჩვენ, თავისუფალ-სვანეთში დავეშვით; ეს დაღმართი უფრო დაქანებულია, ვიდრე სადადიანო-სვანეთისაკენ და მაშასადამე სოფელს „ჭოლურის“ გზაზედ უფრო მოკლეა. მაგრამ, ეს დაღმართი, საშინელი გასაჭირია მგზავრისათვის. თავისუფალ-სვანეთიდამ მომავლისათვის, სოფელ „კალა“-დამ, რომელიც ლათფარის მთის ძირში მდებარებს. ამ თავდაღმართიდამ, თავისუფალ-სვანეთს შემდეგი შეხედულობა აქვს. პირდაპირ სჩანს დიდი წვეტიანი მთა, სახელდობრ „ჟუბა“, „ადიშბა“ ანუ „ბეჭოს“ მთა. ეს მთა ნახევრამდის მუდამ თოვლით არის დაფარული და ეს მთა თავისუფალ-სვანეთის წყლებსა ჰყოფს: „ენგურს“, „მულხრეს“ და სხვა მრავალ მდინარებს, რომელთაც სვანები ეძახიან „ჭალაი“, ე.ი. სვანურათა ნიშნავს „მდინარე“. ამ მთის ორივე მხოებზედა სჩანს თეთრი ზოლი უმთავრესი კავკასიის მთებისა; მაჯვნივ მოჩანს ხეობა, რომელსაც ცოტა მოშორებით დაჰყურებს დიდი კლდიანი მთა, სახელდობრ „ჩათხარე“; და ძირს, დაბლა, ვითამც ხელის-გულზედ სჩანან თეთრად და ჯგუფ-ჯგუფათ სვანების სოფლები: „კალას“, „უშკულის“ და „იფარის“ საზოგადოებისა, მდინარე ენგურის წყლის-პირზედ. ამ სოფლებს დაჰყურებს სახნავი მიწები და სათივეები; მერმედ მუდამი მწვანე არყის ტყე; მაგათ ზევით სხვა და სხვა მთის ბალახები, მშვენიერის მწვანე ფერის ჭყორითა და იელითა, და კიდევ ზევით მუდამ თოვლი; და ამ არე-მარეს აფარია მშვენიერი წმინდა ცის ფერი ზეცა. ეს სურათი ღირსია, რომ მხატვარმა ქაღადზედ გადაიღოს. ახლა ამ მშვენიერ სურათს დავუმატოთ, რომ, როდესაც ჩვენ სოფელ „კალას“ თავდაღმართში დავეშვით — ამ მშვენიერ თავისუფალ-სვანეთის ქვეყანაში თვალს იმოდენა ტურფა სამკაული ბუნებისა დახვდა რაღაც და ყურს საოცარი ხმაურობა იმავე ბუნების ისეთის თვისებისა, ისეთი სასიამოვნო და სამხიარულო სმენისათვის რომ უნებურად ვსთქვი — ეჰ აქ ყოფილა ბედნიერება მეთქი, რომელიც ყოველთვის თან სდევს წმინდასა და ჭეშმარიტს თავისუფლობას!

იმ საღამოს ჩვენ ლათფარის მთიდამ ჩავედით სოფ. „კალას“, რომელიც სიღარიბით მთელს სვანეთის სოფლებში გამორჩეულია და რომელიც მდებარებს მთის კალთაზედ ლათფარის პირდაპირ, გიჟი მდინარეს „ჭალაის“ მარჯვენა ნაპირზედ. მე ძალიან გამიკვირდა როცა შევიტყე რა ღონისძიებას ჰხმარობენ თურმე კალალები ამ მდინარეს გაღმიდამ გადმოსვლისათვის. გაღმიდამ ამ მდინარეზედ არის გადებული გრძელი ხის ხიდი, ასე რომ ერთის ადლის სიგანისა. ის ხიდი კიბესავით არის გაკეთებული, საფეხურის მაგიერ სოლები აქვს გაყრილი და ამ სოლსა და სოლს შუა გაფიჩხული წნელია. გაღმა კალას წყლის ნაპირი მაღალია, ასე, ოთხს არშინზედ. ჩვენ თითო თითოთ გაგვატარეს ამ გადმოდებულს ყოველი ჩვენგანი, გადიოდა დიდის სიფრთხილით. თურმე ჩვენი ცხენებიც აკი ამავე ხიდზედ გადაატარეს, მაგრამ ეტყობოდა ცხენებს, რომ ამ გვარი ხიდები ბევრი უნახამთ და შეჩვევიან კიდევაც. მერმედ, როდესაც ჩვენ სულ გაგვიყვანეს, ეს ხიდი ნაპირზედ აათრიეს და ამითი მოსპეს ყოველი ღონისძიება და ხერხი ამ მდინარეზედ გადასვლისათვის ლაფარის ნაპირიდამა. ამ სოფელში, ჩვენ ერთს კალოზედ, საბძლის გვერდით დავბინავდით და რადგანაც ჩვენ საწოლისათვის ვერაფერი ვერ მოვახერხეთ, ერთმა სვანმა თითო-თითო კევრი მოგვიტანა და იმაზედ დავწექით; ბნელი და ნოტიო ღამე, მდინარის ქუხილი და ხმაურობა და ყაყანი სვანებისა, რომელნიც ჩვენ გარს შემოგვიჯდნენ. მთელი ღამე მოსვენებას არ გვაძლევდნენ, გზისაგან დატანჯულებს. ეს სოფელი ძალიან ვიწროთ არის აშენებული; სახლები ერთი-ერთმანეთს ეკვრის; ყოველი შენობა სულ ქვისაა, სხვა და სხვა გალავნებითა, ღობეებით და ერდოებით და ისე ახლო-მახლოს არიან ერთად, რომ მთელი სოფელი ვითამ ერთს, დიდს უშველებელს შენობას წარმოადგენს, თავისი მრავალის მიხვეულ-მოხვეულ და დაკლანილ შესავალ-გასავალითა, დიდს ლაბირინთოსა ჰგავს და აქ ოცდა ათ კომლ კაცზე მეტი ცხოვრობს.

მეორე დღეს, დილა ადრიანად ვაპირებდით წასვლას, რომ თავის დროზედ შეგვძლებიყო სოფელს „ბეშოს“ მისვლა, სადაც სვანეთის პრისტავის ბინა არის და სადაც 1871 წლიდამ დგას ერთი რუსის როტა სალდათი სვანებისა გასაფრთხილებლად და მათის ქვეყნის დაცვისათვის. მაგრამ, ჩვენი ცხენები ღამით რომ საძოვრად იყვნენ გარეკილი, სადღაც გადაკარგულიყვნენ და როდესაც, ბევრი ძებნის შემდეგ, მოგვიყვანეს ცხენები, შუა დღე კარგა ხანი გადაცილებული იყო. ამიტომაც ჩვენ მხოლოდ დიდს სოფელს „მესტიას“ მისვლა შევიძელით ღამით დასადგომად, სადაც იქაურმა მართლ-მადიდებელმა მღვდელმა დიდის პატივისცემით მიგვიღო თავის სახლში. საკვირველი გარეგანი შეხედულობა აქვს ამ სოფელს „მესტიას.“ მდინარე „მულხრეს“ დიდს ქალაზედა მდებარებს ეს სოფელი, მდინარესა და დიდს მთებს შუა. სუყველა შენობა სდგას მთის ძირში, ირგვლივ, ერთ გაუწყვეტელს რიგზედ, და ამ შენობების რიგის პირდაპირ, კარგა განზედ. მდინარესაკენ, ისევ ირგვლივ მიდის მეორე რიგი შენობებისა. ასე, რომ ამ შენობებს შუა, გამოვიდა დიდი ყაბახი მოედანი, როგორიც, ვსთქვათ, ქალაქს თბილისში ერევნის მოედანია, ორ-სართულიანი ქვის სახლები, თავის ხუთ-ხუთ სართულიან კოშკებით და მაღალი ქვის სახლებით, თავ-თავის ალაყაფის კარებებით, სწორედ ქალაქს მიამგზავსებს ამ სოფელსა. ყოველი შენობა, სახლი, კოშკი, გალავანი და ღობეები, სულ კირით არის გათეთრებული, თუმცა შეხედულობა ქალაქისა აქვს, მაგრამ მოძრაობა, ცხოვრება, ე. ი. სიცოცხლე სრულებით არ ეტყობა „მესტიას“. სახლები და კოშკები თითქმის უფანჯრო არიან, აქა იქ კი არის რაღაც ნაირი ნახვრეტები და სხვა სანათურები არა ჰქონიათ რა. ჩვენის მასპინძლის მღვდლის ხის სახლი ორ სართულიანია, და ამ მესტიის ყაბახის ერთს კუთხეში დგას, წყლის პირისაკენ. ამ სახლის წინ პატარა ბაღჩა არის გამართული, რომლიდამა სჩანს მთელი მესტია თავისის ყოველნაირის და ყოველგვარის შენობებითა. ჩვენს მისვლამდინ, ამ სოფელში მოვიდნენ იქაური მონასტრის ერთი და უკანასკნელი ბერი, და სვანეთის თავადი, სოფელ შოლურიდამ, თერგიზ გარდაფხაძე, რომელიც ჩვენ თვითან მოვიწვიეთ აქა, რომ ჩვენი მთავრობისაგან მონდობილ საქმეში შემწეობა გაეწია, რადგანაც ამ თავადსა დიდი ხმა აქვს სვანეთში და ზედ მოქმედებაც. რადგანაც ჩვენი საქმე ეჭვზედ დაფუძნებული იყო, ამიტომაც ვერსად ვერ მოიპოვა ღირსეული ყურადღება ხალხისაგან ამ ქვეყანაში; ამ მიზეზითაც გარდაფხაძემ, თავისი უკმაყოფილება და გაკვირვება არ დაგვიმალა, რომ ჩვენ იმისაგან რასმეს თანა-დგომას და თანაშემწეობას მოველოდით და დაიმედებულიც ვიყავით. ამ თავადმა როგორც რომ ჩვენს საქმეს, აგრეთვე მეც ისე კი არ მომეკიდა, როგორც მთავრობისაგან გაგზავნილს და მინდობილს კაცს, არამედ ისე, როგორც ბატონი თავის ნაყმევს, რადგანაც ჩემის გვარისა ბევრი ყოფილა სვანეთში და უწინ ამ თავადის აზნაურებათ ირიცხებოდნენ. მაგრამ, როდესაც მე აუხსენი, რომ ჩვენ იგი მოვიწვიეთ, როგორც კაცი, რომელსაც სვანები დიდს პატივსა ჰცემენ და რომელსაც ამ ხალხზე დიდი გავლენა და ზედ-მოქმედება აქვს, და ამიტომაც იმედი გვქონდა რომ ჩვენ ხელი მოგვიმართოს — ცოტათი დატკბა ჩვენი თავადი. მაგრამ ეს მისი დატკბობა და ჩვენს საქმეში ხელის-მომართვა ძალიან შორი-შორს იყვნენ. ამ მიზეზით, როდესაც მე, სვანეთის პრისტავს მივმართე, თავადმა თენგიზმა, ბუხუმრად და ცოტა ხუმრობითაც გვანიშნა ჩვენ რომ პრისტავს ეგ არაფრად აგდებდა. უწინ, ამბობდა თავადი, და ეხლაც ყოველს სვანს, თავ-თავის საკუთარი პრისტავი ჰყავთ, რომელიც უფრო მალე, უფრო სწრაფათ, უფრო ბეჯითათ და უფრო გარკვევით და ჭკვიანათ ახერხებენ საქმეს და ზედ მოქმედობენ მასზედ, ვისიც დაჯერება და მორჯულება დასჭირდებათ; — და ამ ლაპარაკის დროს თავადმა თითით, თავისი თოფის ლულა გვანიშნა. რასაკვირველია, ამის შემდეგ, ჩვენ უნდა გავჩუმებულვიყავით, და მოგვესპო ლაპარაკი საქმის თავობაზედ. მაგრამ ამით მაინც მეგობრობა ერთმანეთში არ დაგვარღვევია. მას ახლდა დიდი ამალა, აზნაურთა და გლეხთა, სულ თავიდამ ფეხამდის შეიარაღებული.

(შემდეგი იქნება)

კოტე სანინელი.

_______________

1 „ივერია“ 19.

6 გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები

▲back to top


გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები

— არტაანიდამ ტყვეთ მოყვანილი ალი-ფაშა ქ. ორიოლს დაუყენებით. იქაური გაზეთი „Орловский Вестникъ“ ამბობს, რომ ეს ფაშა საშინლად დასუსტებული და ძალიან დაბერებული კაციაო, ცოტა ყრუც არისო. შინიდამ გარეთ არ გამოდისო და დიდ გულ-გრილობას იჩენსო.


– ქ. პეტროსავოდსკიდამ (ოღონეცის გუბერნიაში, რუსეთის ჩრდილოეთის მხარეს) გაზეთს „Cеверный Вѣстникъ“-ს სწერენ — აქ ოფიციალური დეპეშა მოვიდაო, რომ ორასი კომლი ჩერქეზი ოლონეცის გუბერნიაში უნდა გადმოსახლდესო. ამბობენ, რომ ეს ის ჩერქეზები არიან, რომელთა თაოსნობით ამას წინად კავკასიაში არეულობა მოხდაო. გადმოსახლებულებს მთავრობისგან ცოტა შემწეობა მიეცემათო. ჩერქეზების ოლონეცის გუბერნიაში გარდასახლება ახალი ამბავი არ არისო. რამდენიმე წლის წინადაც გადაასახლესო. შესანიშნავია, რომ აქაურს ცივსა და სასტიკს ბუნებას ბევრი მათგანი ვერ იტანსო.

— შოტლანდიაში მდ. გაუზე ხიდს აშენებენ, რომელსაც სიგძით არ შაედრება არა ხიდი მთელს ქვეყნიერობაზედ. მას სიგძე აქვს სამს ვერსტამდე.

— ინგლისისა და საფრანგეთის შორის ხიდის გაკეთებას აპირებენ თურმე. აბა ეს ხიდი იქნება გრძელი,— რადგანაც ამ ორ ქვეყანათა შუა 30 ვერსტია.

— პეტერბურგის მიხაილოვის „მანეჟში“ ფრანციელ დე-კანსტონს გამოუფენია ერთი დიდი უშველებელი რუკა (ქარტა) სომარის ადგილებისა. სივრცე ამ რუკასი ას ოთხ-მოცი ოთხ-კუთხიანი არშინია. იგი მანეჟს შუა გაშლილი და გარს შემორტყმულია მუაჯირი, რომელთაც მიდგმული აქვთ კიბეები. ამ რუკაზედ გამოყვანილია მთელი მდინარება დუნაიისა, შავი ზღვა თავისის შემავალის წელებით და ნაწილი მცირე აზიისა. რუკაზედ დანიშნულია ქალაქები ოთხასამდე. როგორც თვით რუკა, აგრეთვე ქალაქები სულ ალებასტრისაა. ჩვენისა და ოსმალოს ჯარის მიმოსვლა საკმაოდ კარგად არის ნაჩვენები: აქ გამოუვანილია კარვები, ქვეითა-ჯარი, ცხენოსანი და არტილლერია თავისის ზარბაზნებით, სნეულთათვის ფურგონები, საბარგულები და რკინის გზები თავისის მატარებლებითა და ორთქ-მავალათი. ყოველ დილით, რა კი ტელეგრამმები მოვა ხოლმე, ჯარებს ისე დააყენებენ ხოლმე, როგორც ტელეგრამმაშია მოხსენებული. ყოველივე სამკაული ამა რუკასი გაკეთებულია პარიჟში კალისა და თუნუგისაგან. ვარსის ახლო-მახლო ცხენოსანის ჯარის თარეშობა ძალიან კარგად არის გამოყვანილი. ზღვა ლაჟვარდის სალეჩაქისაგან არის გაკეთებული, აქა იქ ოსმალოების ხომალდებია ზღვაზედ გამოხატულნი. მთელი რუკა თექვსმეტ ათასს ფუთს იწონს.

ტიპოგრაფიულნი ცთომილებანი, რომელნიც იპოვებიან ეტნოღრაფიულის განხილვაში „ძველთა და ახალთა კაპადოკიისა ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

„ივერია“ 44. გვერდი 9. პირველი სვეტი.

დაბეჭდილია
ლიხის მდინარისა,

ასე უნდა იყოს.
ალისის (ჰალისის) მდინარისა.

ანა-ლაზონისა — აწ ალაზონის მდინარისა.

მეორე სვეტი.

14 ტრიქ. მდინარე ხალისისა — მდინარე ალისისა

15 რწყამდნენ — რწყავდნენ

26 აწ ვიშერი, — კიშერი.

31 მელიტონე — მელიტინე.

34 მელიტონე, — მელიტინე.

გვერდი 9. პირველი სვეტი
ტრიქ. 34, არარატ II — არიარტ II.

გვერდი 10, პირ. სვეტი
ტრიქ. 32 თამარმე, — თამარძე.


მეორე სვეტი.
ტრიქ. 1. აცმურის მთა, — ჟამურის მთა.
— 2 გაცურის მთა — გჟაურის მთა

№16 მერვე გვერ. 1 სვეტი.
ტრიქ. 6. ცნობისა —ცნობილისა.
— 7 200 — — — 400.

მეორე სვეტი.
ტრიქონი 11 ზეჩი, — ზუჩი.

გვერდი 9, სვეტი 1.
ტრიქ. 6. კერასენს — კერასუნს.

გვერდი 10, სვეტი 1.
ტრიქ.4. სომხებს სარწმუნოება, სომხების სარწმუნოება,

ტრიქონი 18. 31— 13.
პირველი შენიშ. ებინი — ემინი.

სვეტი 2.
სტრ. 5 პალიმე, — ჰალიმე (ჰალიმე),

გვერდი 11. სვეტი 1.
ტრიქ. 1 ტანად. — ტიანად.
— 4 ტანად, — ტიანად
№17 გვერდი 10. სვეტი 4.
ტრიქ. 10. გახტკაში, — ხახტიკაში

გვერდი 11.
ტრიქ. 27 თქვა, — თქვან.
— 28 ჰუმ. — — ჰია, ან ჰიმ.
— ჰემიში — ჰემუში
— 29 ჰიმუშა — —ჰემუშა.

სვეტი 2.
ტრიქ. 13. ვჰსწერეთ, ჰსწერეთ, ვჰსწერენ, ჰსწერთ, ჰსწერ

11 გურიასა — გურიისა

11 აწინდელს — აწინდელს