![]() |
ივერია (5)1878.02.02 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
საქართველოს მატიანე
(„ივერიის“ კორრესპონდენციები)
საგარეჯო. 16 იანვარს სოფელ საგარეჯოში მოვიდნენ მაზრის უფროსი — მიროვოი პოსრედნიკი მამასახლისისა და მსაჯულების ამოსარჩევლათ, სამისსოფლის ხალხი შეიყარა თვალთავის რიყეზე, დღეც მშვენიერი დაუდგა და რაღაც სიამოვნებით ეთამაშებოდა ხალხს და თითქო ჩასძახოდა, თქვენზეა დამოკიდებული, გაფთხილდით კარგი სინიდისიანი მამასახლისები და მსაჯულები ამოირჩიეთო და კულანდებულად ბრმა-ყრუდ ჩათლახებს არ მოაწედეთო. მართლათაც, ხალხზე ყოფილა დამოკიდებული მოხელეების ამორჩევა და ხალხმა კი არ იცოდა. აქამდისინ თურმე რამდენიმე მოხელესაგან მიმხრობილი და მათთვის თავ-გამოდებული კაცი უფროსის წინ დადგებოდა და დაიძახებდა ესა და ეს გვინდა მოხელეთაო, ხალხიც ცხვარივით შესძახებდა, ეგ გვინდა, ეგაო და ამით თავდებოდა საქმე. საწყლებს ეხლაც ისე იგონათ. ვინც მამასახლისებათ ემზადებოდნენ უნდა გეყურებინათ, თუ რა სადილებს უმართავდნენ ერთის თვის წინათვე და უკანასკნელ ორის დღის წინათ, ზოგიერთს სოფლის მოთავე ხალხს. ამათ ეგონათ კულანდებურად თამამად გაბედავდნენ თავიანთ ტაშის კვრაზე ხალხის და სხვების თამაშობას; მაგრამ სამწუხაროდ მათთა მაზრის უფროსი წესიერად მოიქცა ამ კენჭის ყრაში ამ კეთილად დაწყობილს საქმეზედ. ჯერედ ხალხს ჩააგონა მაზრის უფროსმა, რომ იმათი სრული ნება და სურვილია მოხელების ამორჩევა და ამაში ძალის დატანება არავის შეუძლიან. შემდეგ მოსთხოვა კანდიდატები. წარმოადგინეს გარეჯელებმა ყველა უბანმა თავ-თავიანთი კანდიდანტები მამასახლისობაზე, რიცხვით ექვსი. ხალხი მაზრის უფროსმა რამდენსამე რიგად დაამწკრივა და დასხა. სომხებს ეგონათ კულანდებურად დაყვირებით იქნება, რჩევაო და ამ იმედით წინა რიგში პირველი ადგილი დაიჭირეს, უფროსმა გამოუცხადათ, რომ ხმა არავის ამოეღო, არც ჰოზე და არც არაზე და არც ერთმანეთისთვის არა რაიმე არ ეთქვათ, ხოლოდ ვისაც სურდეს ნაჩვენები კანდიდატი ფეხზედ ადგეს და ვისაც არა იჯდეს. ექვსივეზევე ამ რიგად იყო ხმა მოკრებილი და უმეტესი ხმა მოუვიდა ზურაბ მაკანტალაშვილს, ეს კაცი შრიელ საიმედოა, იმედი უნდა გვქონდეს, რომ სოფელს რიგიანად მოუვლის. მსაჯულებითაც ამოირჩიეს სულ ქართველები, მეორე დღეს სომხებს შეუდგათ ფაცა-ფუცი მამასახლისის ამორჩევაზე და უნდოდათ როგორმე მოეხერხებინათ მისი გამოცვლა და შველივე მამასახლისის დარჩენა, რადგან ახალი ამორჩეული მამასახლისი არის ძმის წული გასვენებულის ნამამასახლისარის გიორგი მაკანტალაშვილისა, რომლის მამასახლისობის დროს ყველა ვაჭარს, რომლებიც ატყუებდნენ ხალხს წონაში, იმავე მიწონილის ცხვრის ბარკლით სცემდა და არც იმ ვაჭრებს აყრიდა კეთილს, რომლებიც უწმინდურად ინახავდნენ წყალს. ეს ახალი მამასახლისი არის იმის შძისწული, რომლის გამოცვლაზე ძველ დროს სომხებმა დახარჯეს ას სამოცი თუმანი ფული. ახლაც ისრე ეგონათ, მაგრამ დარჩნენ ხახა გამშრალნი. მაინც ადვენ და მაინც არა ჰცხრებიან, ტურებივით დაძვრებიან და აქოთებენ ზოგიერთა ხალხს, თითონ ზოგიერთა ქართველებსაც იმხრობენ, რომლებიც მამა-პაპიდანვე ვაჭრობისა გამო ჰყმობიან ქონებით და ჭკვითაც და ვერა გზით ვერ განთავისუფლებულან მათის მონებიდან იმხრობენ იმათაც, რომლებიც ეს ათიოდ წელიწადია ცდილობენ მამასახლისობას და ვერ ჩაუგდიათ ხელში. არც გასამტყუნარნი არიან აქაური სომხები; ამათ აქამდისინ თავიანთი კაცი ეაკდათ მამასახლისათ. ხარჯის გაწერა იყო, ისევ ესენი მოიყრიდნენ თავს ერთად და ხარჯს ისე გააწერდნენ. ამკრეფნიც და გამწერნიც ისევ ესენი იყვნენ და ამავე დროს ამ წაკვრა-წამოკვრაში დუქნის ნისიებსაც ისაღებდნენ, როგორც წასულის წლის ღვინობისთვეში მიხა რევაზოვს სახელმწიფო ფული გამოერთმია ერთის გლეხისთვის თხუთმეტი მანეთი და ბოლოს თავის ნისიაში გამოებარნა ორი ათასის ცხვრის, ასის სულის ძროხისა და დიდის ქონების პატრონს სომეხს შეაწერდნენ ხარჯს სამ თუმანზე ზევით აღარ, როდესაც ქართველ გლეხს სამ- უღელა მუშა ხარის პატრონს აწერდნენ ხუთი, ექვს თუმანს და ქკრივსა და ობოლს ხუთმეტ, თექვსმეტ მანეთს. რამოდენად უსამართლო იყო ყოველივე ეს საჭიროა იცოდეთ, რომ მთელი სასოფლო მინდორი წლითა წლობამდინ სომხების საქონელს უჭირავს. აგრეთვე იქცეოდნენ ბეგარის თაობაზედაც სომხებს ხომ მუშა ხარი არა ჰყავთ, ვაჭრები არიან და ასიოდე გლეხს კი წევს მუშა ხარი, ამისათვის, იმათ უკრავდნენ კვირაში ორჯერ მაინც ბეგარაზე თავს. ნუ თუ არ შეიძლებოდა იმათაც გაეწიათ ბეგარა თანასწორ იმ გლეხებისა ფულით თუ სხვითა რითამე? მაგრამ როგორ შეიძლება ეგრის გადახდევინება, ისინი მოხელეთა მოწყალებით თარხნად იყვნენ ს. საგარეჯოში. ახლა იმედი გვაქვს ახალი მამასახლისი ამ უსწორ-მასწორობას ბოლოს მოუღებს და ჭირსა და ლხინს თანასწორად გაუნაწილებს თვითვეულს.
ა. კავთელი,
18 იანვარს 1878 წ.
კახეთი.პა-პა-პა-პა! გაგიგონიათ ამისთანა აუარებელი თოვლი, როგორიც მოვიდა კახეთში ამ ზამთარს?! - სწორედ ნახევარ ადლზე მეტი თუ არა-ნაკლები არ იყო ამ იანვრის პირველ რიცხვებში. ერთი კვირა დღე და ღამე, ისეთი გაუწყვეტელი თოვლი მოდიოდა, რომ კაცს ეგონებოდა ეჯიბრება რასმე ან ვისმეო. საკვირკელია ის არის, რომ თოვლს წინ მოუძღვა მშვენიერი გაზაფხულის ჟუჟუნა წვიმა, რომელიც იყო სწორედ ახალ-წლის დღეს. პირველი რიცხვიდამ დაწყებული, რვას იანვრამდინ გაუწყვეტლივ ითოვლა და მხოლოდ ცხრა იანვარს გამოიდარა; მაგრამ რა გამოიდარა: სწორეთ ზაფხულის მშვენიერი თბილი დღეები დადგა 18 იანვრამდინ, ამ რიცხვში კი უწინდებური ავი-დარი დაიჭირა. ისეთი ცივი ჯანღია მოედო. საღამოთი მთელს კახეთს, რომ ორი საძჟენის სიშორეზე დიდს შენობას ვერ გაარჩევდით. ბევრი ეცადა მზე, მაგრამ ნასევარი თოვლისა და ყინულის მეტი ვერ მოაშორა კახეთის ტყეე-მინდვრებ-სოფლებს....
ერთს შარშანდელ „ივერიის“ №-ში, თუ მკითხველს ახსოვს, მე მოვიხსენიე, რომ „მგონი ზამთარში ძალიან ვრცელდება საქონლის ჭირი“ მეთქი და აკი ღმერთი გაგვიწერა და მართლა არ აცხადდა ეს სიტყვები! ამ ჟამად მთელს კახეთშია მოდებული საქონლის ჭირი და ჰღუპავს აქაურს უიმისოთაც „დაზარალებულ ხალხსა. თუ შეუძლიან ვისმე რამე — მიეშველოს ხალხსა, თორემ გაზაფხულამდის თუ გასტანა ჭირმა, მგონი სანთლითაც ვეღარ იპოვოთ კახეთში საქონელი... ახლა თქვენ უნდა ნახოთ როგორს ძროხასა ჰხოცავენ თელავში ყასბები! სწორე მოგახსენოთ, რამდენიმე დღის მშიერი კაცი თუ ჰსჭამს აქაურს ძროხის ხორცსა, თორემ ცოტაოდენათ გემოს პატრონს კაცს შესახედავათაც კი შეეზარება - თუმც ეს ასეა, მაგრამ ვითომც ყურს უგდებს ვინმე თუ! — შენ არ მომიკვდე! — როგორც მუხთარ ფაშა თავის ჯარს, — ისე თელავში ვისაც ჯერ-არს ყურს უგდებს ამ საძაგელს მოვლენას. ნეტავ რას უყურებენ? თუ ჰსძინავთ — არ ვიცი, თუ ჰღვიძავთ — ეგეც არ ეტყობა მაგრამ ამათ… იცით რას აკეთებენ, ან როგორ არიან? შეხედულობით ჰღვიძავთ — რადგანაც დაიარებიან, — საქმით კი სძინავთ, ანუ უკეთ ვსთქვათ: არ არსებობენ საქმისათვის,.... ძლივს ეღირსა თელავს ტაქცია, მაგრამ, უშველის რასმეს და დიდს ხანს გასტანს თუ არა — ღმერთმა უწყის.... ამ ტაქციის ძალით გირვანქა ცხვრისა და ძროხის ხორცი 8 ½ კ. (რვა კაპეიკ ნახევარია). ღვინო ძვირია; ბრინჯი ისევ ორ შაურად არის გირვანქა; ზეთი (მწარე თორემ ტკბილს ვინ გვაღირსებს) — ორი აბაზია; შაქარი ერთი თუმანი ფ.; სტეარინის სანთელი — ორი აბაზი გ. და სხვა და სხვა....
X
კახეთში ერთი დროებითი მილიცია ისევ არის. ის შესდგება ოთხის სოტნისაგან, რომელთა შორის ორი ს. შილდაში სდგას — ორი ს. ყვარელში. მილიციას კამანდირი (უფროსი) თ. ნ. ვაჩნაძე, გამოჩენინილი ვაჟკაცობით შამილის დროს, თავის სამსახურს და თანამდებობას ერთგულათ ასრულებს, მაგრამ ასის თავები კი ღმერთმა შეინახოს! თუმცა ამ ჟამად ომიანობაა და ყველა სამხედრო კაცი ვალდებულია თავის ადგილს იყოს, მაგრამ ზოგიერთი დროებითი მილიციის ასის თავები ამ დროს ქალაქში და სხვა ადგილებში დასეირნობენ თავის საკუთარის საქმისათვის. იქნება ზოგმა ჰსთქვას, რომ „კამანდირს ხომ უფლება აქვს ნება არ მისცეს ასისთავებს თავისი ადგილიდამ მოშორებისაო;“ მაგრამ საუბედუროდ კამანდირს, თუმცა უფლება (ამ შემთხვევაში) უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზოგიერთი გვამების (და იქნება მიზეზებისაც) წყალობით ამ უფლებას მოკლებულია..... თ. ნ. ვაჩნაშე....
X
14 იანვარს წმინდა ნინოს დღესასწაული იდღესასწაულეს თელავის ქალების წმინდა ნინოს სასწავლებელში. წირვა თითონ სასწავლებლის პატარა ძველს და ახლად გარდაკეთებულს ეკკლესიაში იყო, და ხოლო პარაკლისი-კი იხადეს თვით სასწავლებლის სასტუმროში, რომელიც აწ პირველი, თუ მოსამზადებელი კლასია და რომელიც ნეტარ-ხსენებულის საქართველოს მეფის ირაკლი მე-II-ს საბჭო თუ დარბაზი ყოფილა. ამ დღეს მართლაც რომ ისახელეს თავი სასულიერო სასწავლებლის მგალობლებმა მშვენიერად დაწყობილის ტკბილის გალობით; ამ გალობაში მომეტებულად მოეწონა საზოგადოებას ოთხს ხმაზე გადაკეთებული უფალო შეგვიწყალე. საზოგადოდ მთელს საზოგადოებას მოეწონა ამათი გალობა, საღამოზე „ვეჩერი“ ჰქონდათ ჭიანურზე და დაფაზე ახირებულის ტანცი-მანცით, სიამაც თურმე ჩამოიარა სასწავლებლის სასარგებლოდ ფულების მოსაგროვებლად, მაგრამ, როგორც გავიგე, სულ 120-150 მანეთამდინ მოუგროვებიათ.
X
მე გავიგე, რომ შარშანდელ ერთს „ივერიის“ №-ში მოხსენებულის სოფლების გარდა კიდევ ერთს სოფელში — ართანაში ხსნიან შკოლასაო. ღმერთმა ინებოს, რომ ყველა საქართველოს სოფელში გაიმართოს შკოლები, საფუძვლად და დასაფუძნელად განათლებისა და ჭეშმარიტებისა. ე, შკოლები ხომ გვაქვს კახეთში, მაგრამ ზოგიერთი მასწავლებლები ვერაფრად ეპყრობიან თავის თანამდებობას სწავლა საზოგადოდ შობის დღესასწაულების შემდეგ შვიდს იანვარს უნდა დაწყებულიყო სასწავლებლებში, მაგრამ ზოგიერთს შკოლებში არც 10-12 იანვარს იყო დაწყებული.
სიმართლე კი ითხოვს ვჰსთქვა, რომ ზოგიერთს ს. შკოლებში კი მართლაც რომ კეთილ-გონიერი და ხალხის გულ-შემატკივარი მასწავლებლები არიან. პირველის დასისს ჩვენ წარმოვადგენთ ს. ყვარლის შკოლის მასწავლებელს. ეს ყმაწვილი თურმე გულ აცრუებით ეპყრობა თავის მძიშე თანამდებობას: ყმაწვილები თურმე ყოველთვის გულმოდგინედ დაიარებიან შკოლაში და თვითონ მასწავლებელი კი ძალიან ზარმაცობს: თურმე ავდრიან დღეში (და ზოგჯერაც კაი ამინდიან დღეშიც) არ დადის შკოლაში, თუმცა ყმაწვილები უცდიან თავის „აღმზრდელს“ (?!) შუადღემდინ... ესამბავი მე გავიგე ჩემის ყურებით გლეხებისაგან და თვით იმ შკოლის მოსწავლეებისაგანაც... რასაკვირველია, რომ ჩვენი გლეხი კაცი ამ გვარის ქცევისა კმაყოფილი არ არის და მერმე კი უნდა სთქვან, რომ ქართველი გლეხი სწავლისა და განათლების წინააღმდეგიაო.
ქართველი.
20 იანვარს 1878 წ.
ქ. თელავი.
წერილი კარდანეხიდამ — ფიზიონომია სუდია-მამასახლისის არჩევანისა.
17-ს პარასკევს რვა საათზედ დილით ხალხმა იწყო მოდენა სასოფლო სასწავლებლის წინ გაშლილ ადგილზედ. მრთელი ხალხი გაიყო ორ ნაწილად (პარტიად) (უპარტიოდ ხომ არ შეიძლება რა ჩვენს ქართველობაში!) ერთს — თითქმის ექვსს მეშვიდედს ჰსურდა მამასახლისის გამოცვლა და სხვის დაყენება მეორეს — ერთს მეშვიდედს ჰქონდა განზრახვა — სხვას აირჩევენ ვინდომებთო, ეგ დარჩება ვინდომებთო. გაჩნდნენ პატრიცნი, მამასახლისის მომხრენი.... და შეჰქმნეს დემოსფენ – ციცერონობა— „ისევ ეგაო და არა სხვაო“....
აი მობძანდა მაზრის უფროსი, მიროვოი პოსრედნიკთ. სანამ არჩევანი დაიწყებოდა სასწავლებლის ოთახში მაზრის უფროსი იღებდა საჩივრებს მამასახლისისგან ჩაგრულებისას.... მამასახლისს ოთხი გზირი და სხვა ბევრიც დაემზადებინა დარაჯებად, რათა „უაღრესთა“ წინააღმდეგ მისსა მღაღადთა საქმეთ არა მიუხწიათ ვისდამიცა ჯერ იყო“; თვითონაც ფხიზლად იყო... ბევრი საქმე წარმოითქვა მაშინ, რომელი განხილვა ეწინააღმდეგებოდა მისს ხელმეორედ ამორყევას, მაგრამ „დრონი მეფობენ“ და, დრონი!!
გათავდა არჩევანი. გაუკეთა კარგი სადილი მამა-სახლისმა იქა მბრძანებელთა და გაისტუმრა. ჰაი გიდი გლეხებო! თქვენი ტირილი არ ისმის: მას სხვის სიცილი ჰფარავს.....
ცხვილოელის თანა-მოაზრე
![]() |
2 ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი |
▲back to top |
ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი
(დასასრული)[1]
როგორც პირველ წერილში მოგახსენე, მკითხველო. ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გაიხსნა მეოთხე კლასი შარშან წინ, საიდამაც იწყება ახალი დრო სასწავლებლის წინ ფეხის წადგმითა. მაშინ თითქმის ყოველის მხრით დაკმაყოფილებულ იყო სასწავლებელი; სრულათ იყვნენ მასწავლებლებიც, რომელთ გულწრფელური თანა-გრძნობის და სინიდისიერ შრომის გამო სასწავლებელმა ბევრათ წინ წაიწია და თითქმის გაუსწორდა თავის ტოლ სასწავლებლებს სწავლის საქმის მიმდინარეობით; მაგრამ, როგორც ყველაფერს ამ წუთის სოფელში, ამ დროსაც მალე მოეღო ბოლო: შარშან ენკენისთვიდან სასწავლებელი დაადგა იმავე ძველ გზას. ჩავარდა ისეთს მდგომარეობაში, რომ საგრძნობელათ დაეცა, და მისი წინ ფეხის წადგმა შეუძლებელია, თუ კაცი თავის დროზედ არ მიეშველა.
ზედამხედველი ისე უყურებს ამ სასწავლებელს. როგორც ინგლისები ოსმალეთის სასელმწიფოსა. ყველამ კარგათ იცის, რომ ინგლისები მიტომ კი არ ეწევია ოსმალებს ფულით, იარაღით, თუ სხვა რამეთი, მიტომ კი არ იბრძვიან, ჯერ მხოლოთ სიტყვით, ოსმალეთის არსებობაზედ, რომ მათ თათრებზედ შესტკიოდნენ გული და ზრუნვიდნენ მთის ცხოვრების განკარგებაზედ ინგლისები იბრძვიან და ზრუნვენ მარტო თავის საკუთარ სარგებლობაზედ. სწორეთ ამ ნაირ პოლიტიკისა ზედამხედველი სასწავლებლის შესახებ, რომლის არსებობაში ხედავს მარტო თავის სარგებლობასა. ამიტო ურიგო არ იქნებოდა, რომ აღმოსავლეთის საქმესთა აღძრულ იყო ამ სასწავლებლის საქმეც და ბოლო მოეღოთ იმისთვისაც. სასწავლებელი დასუსტდა, დაუძლურდა, დაჭლექდა ზედამხედველის ჩრდილში ხომ გინახავს, მკითხველო, ფერ-მიხდილი და უსუსური მცენარე დიდ ხის ძირში, რომლის უწყალო შტოები ართმევენ სიცოდვ მცენარეს მზის სინათლეს და სითბოს, რომლის ძირის ფესვები, დიდს მანძილზედ გაფანტულ არიან, როგორც ინგლისების ინტერესები, სწურავენ მიწიდან მთელს სარჩენ მასლეებს; საწყალი მცენარე კი ხმება და ნაყოფს ვერ ისხამს. სწორეთ ამ მდგომარეობაშია ეხლა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი.
მე არ შემიძლია, მკითხველო, დაწვრილებით აგიწერო სასწავლებლის მდგომარეობა, რადგანც ეს დიდს ალაგს მოითხოვს გაზეთში; ამიტომ მოკლეთ ავსწერ იმ გარემოებას, რის გამოც ასე დაცემულია სასწავლებელი. უმთავრესი მიზეზი სასწავლებლის დაცემისა არის ის გარემოება, რომ მას არ ჰყავს მასწავლებლები ლათინურის ენისა, ქართულის და მოსამზადებელის კლასისა,[2] ამასთანავე სასწავლებელს არა აქვს სწავლაში საჭირო ნივთები, რომელთ უქონლობის გამო სწავლის საქმის ხეირიანათ მსვლელობა შეუძლებელია, მაგალ. კლასის დაფები, მელი, ღრუბელი ან ჩვარი, წიგნები, გეოგრაფიული კარტები, სურათები დაკვირვებითის სწავლისთვის (для нагляднаго обученiя), არითმეტიკის ყუთები და სხვ. ვინ არის ამის მიზეზი? რასაკვირველია, არც თქვენ და არც მე, ჩემო ძვირფასო მკითხველო, ამის მიზეზი არის ზედამხედველი, რომელიც არავითარს ყურდღებას არ აქცევს სასწავლებელს, რადგანც არა აქვს საზოგადო საქმის გულმტკივნეულობა.
ყველამ კარგათ იცის, რა მძიმე ტვირთია კაცისათვის ზედამხედველობა სასწავლებლისა, რა ცოდნა, ნიჭი და გულწრფელური მოქმედება მართებს მას, თუ რიგიანათ საქმის წაყვანა სურს. ამიტომაც სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველს, წესდებულების ძალით, არა აქვს უფლება სხვა რამე სამსახურშიაც მსახურებდეს. მაგრამ დალოცვილს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველს მოუკიდნია ხელი რამდენიმე თანამდებობისთვის, გარდა იმისა, რომ ის არის ზედამხედველთ ზემოხსენებულ სასწავლებელში, ის არის მასწავლებლათ საღმრთო წერილის და ქართულის ენისა ოზ. საქალაქო სასწავლებელში, ის არის დეკანოზათ გურიის კათედრის სობოროში, ის არის ბლაღოჩინათ ამ ეპარხიაში, ის არის კიდევ ბახვის სოფლის სასწავლებლის მზრუნველად. განა შესაძლებელია ერთმა კაცმა აღასრულოს ამდენი თანამდებობა? კაცი, შეცული ამდენ საქმეებით, კიდევ ჰპოულობს თავისუფალ დროს და პირუტყვების ექიმობასაც ხელსა ჰკიდებს. დამერწმუნე, მკითხველო კიდევ ბევრი რამ დარჩა სათქმელი, მაგრამ არ მინდა მოგაწყინო თავი ბევრის ლაპარაკით, მგონი ისიც კმარა, რაც ვსთქვი, მინდოდა მეთქვა კიდევ ორიოდე სიტყვა იმაზედ, თუ რა ნაირათ მიდის საღმრთო წერილის სწავლა, მაგრამ ეს ისეთი საგანია, რომელიც ითხოვს საკუთარს წერილს. ამიტომ მოკლეთ ვიტყვი. თუ გინდა, რომ ბავშვმან დაჰკარგოს ბუნებითი ნიჭი და ჭკუა, ხელების გულები აბედისავით გაუხდეს, ლოყები ლილასავითა და ყოველ გაკვეთილზედ მაიმუნსავით იქცეოდეს, ინატრე ისეთი მასწავლებელი, როგორიც არის ზედამხედველი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლისა, რომელიც ასწავლის საღმრთო წერილს საქალაქო სასწავლებელშიაც, როგორც ზევით ვსთქვი.
აი რა მდგომარეობაშია ეხლა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. ის არის ფრთა მოკვეცილი, ენა მოჭრილი და გულ გამოხეხილი, რომელსაც ჩუმად და მედგრად ღრღნის ზედამხედველი. ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, რომ სასწავლებლის მომავალი იქნეს ისეთივე, როგორიც იყო მისი წასრული, თუ საიდანმე შვება არ მიეცა, დრო არის მიაქციოს კაცმა ყურადღება. ნუ თუ სძინავს თბილისის სემინარიის სამმართველოს? თუ მან არ იცის ეს გარემოება, რატომ არ იცის, და თუ იცის რატომ არ აქცევს ყურადღებას? ჩემის ჰაზრით, პირველი მოსწრებული საშუალება სასწავლებლის განკარგებისათვის იქნება ის, რომ სასწავლებელი მოშორდეს ზედამხედველის სახლს. ეს ძნელიც არ არის: ოზურგეთში ერთი კარგი სახლი მშვენიერ ადგილზედა შეიძლება კაცმა წელიწადში სამოც თუმნათ იქირაოს. მაშასადამე მაშინ სასწავლებელს დარჩება ეკონომია სამოცი თუმანი, ეხლა სასწავლებლის სადგომი ზედამხედვლის სახლია და ამაში სასწავლებელს ართმევს ას ოცს თუმანს წელიწადში. ამ ნაირათ სასწავლებელი შეიძენს ექვსას მანეთს, რომელიც დიდს შვებას მისცემს. მეორე უმთავრესი საშუალება იქნება ის, რომ დაინიშნოს რიგიანი ზედამხედველი, რომელსაც ესმოდეს თავისი სამსახური და მოვალეობა და არ უყურებდეს სასწავლებელს, როგორც ვაჭარი დუქანსა.
_________________
1 „ივერია“ №2.
2 ლათინური ენის მასწავლებელი ოდესის უნივერსიტეტში. წავიდა, ქართული ენისა სამხედრო სამსახურში შევიდა და მოსამზადებელის კლასისა — ქუთაისის გიმნაზიაში გადვიდა.
![]() |
3 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
მორიგების პირობათა შესახებ. აი, რა პირობები დაუდვია რუსეთს ოსმალეთისათვის:
1. ბოლგარია იმ საზღვართა შორის, რომელთაც თვითონ ბოლგარიელნი დანიშვნენ და რომელნიც მასზედ ნაკლები არ უნდა იყვნენ, რაც სტამბოლის კონფერენციაზედ იყო ნაჩვენები, გახდება (ე.ი. ბოლგარია) თვით მდგომარე ოსმალეთის მოხარკე სამთავროდ, რომელსაც მიეცემა საერო და ქრისტიანე მთავრობა, აგრეთვე ადგილობრივი მილიცია, ოსმალოს ჯარი აღარ იქმნება ბოლგარიაში, გარდა თითო-ოროლა ადგილთა, რომელნიც დანიშნულნი იქნებიან შემდეგ საერთო პირშეკრულობით.
2. ჩერნოგორიის დამოუკიდებლობა აღიარებულ იქმნება; მას დაუმკვიდრდება ის ახალი ადგილები, რომელნიც მოიპოვა მან თვისის იარაღით, მისი სამუდამო საზღვრები შემდეგში იქმნება აღნიშნული.
3. აღიარებულ იქმნება რუმინისა და სერბიის დამოუკიდებლობა; ერთს მიეცემა საკმაო სამაგიერო მიწით, მეორეს გაუსწორდება საზღვარი.
4. ბოსნიას და ჰერცოგოვინას მიეცემათ საკუთარი მმართველობა საკმაო თავდებობით. ამგვარივე ცვლილებანი შეტანილ იქმნებიან, აგრეთვე, ევროპიის ოსმალეთის სხვა საქრისტიანო ადგილებშიაც.
5. ოსმალეთის მთავრობა ვალდებულ იქმნება გარდუხადოს რუსეთს მის სამაგიერო, რაც დახარჯა და რაც ზარალი მოუვიდა ომიანობაში. რით გადუხდის ოსმალეთი ამ სამაგიეროს - ფულით, თუ მიწით, თუ სხვაფრივ, ეს შემდეგში იქმნება გარდაწყვეტილი, მის დიდებულებასთან რუსთ ხელმწიფესთან.
რუსეთის უფლებისა და სარგებლობის დაცვისათვის ბოსფორსა და დარდანელში. ამ პირობების მიღებისთანავე ოსმალეთის დესპანნი წავლენ ოდესაში და სევასტოპოლში რუსეთის დესპანებთან მოსალაპარაკებლად შერიგების პირობებზედ, რა წამსაც ამ პირობების მიღების ამბავი მოუვათ იმპერატორის მხედრობათა მთავარსარდალთ. ორთავე მთავარსარდალთ ექმნებათ უფლება, შეასრულონ ზემოხსენებული პირობები და დანიშნონ სხვადასხვა სტრატეგიული ადგილები და ციხე-სიმაგრენი, საიდგანაც ოსმალოს ჯარი გამოყვანილ უნდა იქნეს და მით მიეცეს რუსეთს თავდებობა, რომ ოსმალეთი ყაბულსა ჩვენ პირობებზე და გამზადებულია შერიგებისათვის.
ამით შესწყდა ოსმალეთისა და რუსეთის შორის ომიანობა ზემოხსენებული პირობები, რაც უნდა მძიმენი იყვნენ ოსმალეთისათვის, იგი იმ განსაცდელში ჩავარდა, რომ იძულებული გახდა დათანხმებულიყო რუსეთის მიერ წარდგენილ პირობებზედ. ოსმალეთი ყაბულს არის, მაგრამ ევროპამ კი აცქვიტა ყური.
ომის დროს, როგორც მოგეხსენებათ, ყველა ევროპის სახელმწიფო მარტო იმას იძახოდა - მე ჩუმად ვიქნებიო და მტკიცე ნეიტრალიტეტს ვიქონიებო, ვიდრე საქმე ჩემს კერძო სარგებლობაზე არ მოვარდებაო. ეხლა, როგორც ჰხედავთ ზემოხსენებულ პირობებითგან, საქმე თითქმის ოსმალეთის გაქარწყლებამდე არის მივარდნილი ევროპაში და თითქმის ყოველი მუხლი ამ პირობებისა ევროპას ეხება. მაშასადამე საკვირველიც არ არის, რომ ევროპა აყაყანდა და მოვიდა ჟამი, როდესაც თითოეული იმისი სახელმწიფო პირდაპირ გაერევა საქმეში ჯერ მიწერ-მოწერით და მერე უფრო მტკიცე საშუალებითაც. ევროპა შეჰხედავს ზემოხსენებულის პირობებს იმ თვალით, ვითომ რუსეთს უევროპოდ ჰსურდეს ოსმალეთთან შერიგება და აღმოსავლეთის საქმის გათავება. მაგალითებრ ბოსფორისა და დარდანელის საქმე, ეს მარადი ტკივილი ევროპიისა, ამ პირობების ძალით უნდა გადაწყდეს მარტო ხონთქრისა და რუსეთის ხელმწიფე-იმპერატორის შორის. რად მოეწონება ევროპას ამგვარი განკარგულება! გარდა ამისა დესპანნი უნდა გაგზავნოს ოსმალეთმა ოდესაში ან სევასტოპოლში სამუდამოდ შერიგების მოსალაპარაკებლად. აგრეთვე ევროპისათვის ერთი არ არის - გადიდდება რუმინია თუ არა, ან სერბია, ან ჩერნოგორია და სხვა. ერთის სიტყვით ბალკანიის ნახევარ კუნძულზედ სრულიად ახალი მოწყობილობა არსდება ევროპის დაუკითხავადა და მას როგორ არ აემღვრიოს გული. ეჭვიანი ევროპა იტყვის - „დახე რუსეთი და ოსმალეთი. ჩუმ-ჩუმად გვეპარებიან, რაღაცა პირობებსა სდებენ ჩვენ დაუკითხავად; აბა ჩქარა უნდა გავერიოთ საქმეში და ერთსაც ფეხი გამოვდოთ და მეორესაც. მართალიაო, ოსმალეთი დათანხმდა, მაგრამ ოსმალეთისა რა არის ევროპაშიო? ოსმალეთი იმდენად არსებობდა ევროპაში, რამდენადაც ჩვენი სარგებლობა და ანგარიში მოითხოვდაო. სადღაა ოსმალეთი? არის მხოლოდ ბალკანიის ნახევარ-კუნძული და საქმე მივარდნილია მასზედ, თუ ვის ჩაუვარდება ხელში მისი მფლობელობა.
მართალია რუსეთმა ბევრი სისხლი დაღვარა და ბევრი მსხვერპლი დასდვა ოსმალეთის მფლობელობის გაქარწყლებისათვის, მაგრამ რუსეთი ამ შემთხვევაში იყო მხოლოდ მთელის ევროპიის წარმომადგენელიო; მან იკისრა მხოლოდ ევროპიის, მიერ მინდობილი საქმე და ევროპამაც უნდა გადუხადოს მას სამაგიერო, განა ჩვენ კი არ გვინდოდა ოსმალეთის განდევნა ევროპიდამ? მაშ, რაღად უცქერიდით გულხელდაკრეფილნი რუსის ჯარის გამარჯვებასაო?“.
ამ აზრის თანახმად ევროპის სხვადასხვა სახელმწიფონი ეხლავ შესდგომიან მზადებას. მაგალითებრ ინგლისის პარლამენტს ნებართვა დაუდვია მთავრობის წინადადებაზედ, რომლითაც მთავრობა ფულს თხოულობდა სამხედრო საქმისათვის. ინგლისში, როგორც მოგეხსენებათ აქამდისინ ორგვარი მოძრაობა სუფევდა, ერთიერთმანეთის მოცილე, თითქმის ერთგვარად ძლიერნი და გავლენიანი - ერთი ომისაკენ იწევდა, მეორე მშვიდობიანობისაკენ. ეხლა, როგორც ეტყობა, პირველს გაუტანია. ინგლისის სამხედრო ხომალდები ბოსფორში შესულა. ეს ამბავი ძლიერ შესანიშნავია, თუ მართალს ამის შესახებ „Agence Generale Russe“ ამბობს: „მართალია ინგლისის სამხედრო ხომალდები ვითომ სტამბოლის ქრისტიანების დასაცველად შესულან ბოსფორში, მაგრამ იმისათვის, ვითომ სტამბოლის ქრისტიანები უნდა დავიცვათო, თუ ამ ფლოტის ყოფნას ბოსფორში ამასთანავე განზრახვაც აქვს დაიცვას წესიერება და მტკიცედ და სამართლიანად დააბოლოვოს აღმოსავლეთის საქმე, მაშინ რუსეთის მოქმედებასაც სრული თავისუფლება მიეცემა. ამასთანავე რუსეთი ისე დაუწყებს ყურებას ამ ფლოტის ყოფნას ბოსფორში, ვითომც ინგლისი ოსმალეთს ეხმარებაო“.
ერთის სიტყვით, ინგლისს აინოინშიაც არ მოსდის რუსეთისა და ოსმალოს შორის მორიგება. რაც შეეხება ავსტრიას, ანდრაშმა წინადადება დასდვა, რომ კონფერენცია უნდა შეიყაროს და ამ კონფერენციამ უნდა გადაწყვიტოსო აღმოსავლეთის საქმე. დანარჩენნი სახელმწიფონიც თანახმანი არიან იმ კონფერენციისა, მაგრამ შეიკრიბება კონფერენცია თუ არა, რა მოგახსენოთ. სხვადასხვა სახელმწიფონი ჯერჯერობით თოფიარაღის მზადებაში არიან იმ აზრით, რომ თუ ზურგს უკან გატენილი თოფები გვეკიდებაო, ჩვენ სიტყვას უფრო მძლავრი და მტკიცე მნიშვნელობა ექმნებაო. ამასობაში შესაძლებელია ამ თოფ-იარაღმა უფრო ადრე იჭექოს, ვიდრე თვით კონფერენცია შეიკრიბება. ვის გამოელაშქრება ავსტრია, რა მოგახსენოთ. აგრეთვე, რა მოგახსენოთ გერმანიისაც, იგი ბნელია, როგორც ღამე; მზადებაში კია, ამას თქმა აღარ უნდა: მის ქვეშევრდომებს, რომელნიც საზღვარგარედ ცხოვრობენ, ბძანება მოსვლიათ მომზადებისათვის.
რაც უნდა იყოს, ვინც უნდა გაერიოს საქმეში, ერთი გარემოება კი ცხადია - ოსმალეთისათვის არავინ ხელსაც არ გაინძრევს და მისი დაღუპვა დიდი ხანია გადაწყვეტილი საქმეა.
აქვე ერთი ჭორიკანაობა უნდა მოგახსენოთ. რუსეთს, როგორც მოგეხსენებათ, ბევრი მტერი ჰყავს და აბა მტერი მტერს რას არ დასწამებს და არ მოუგონებს. მოუგონიათ, ვითომ რუსეთისა და ოსმალოს შორის რაღაც საიდუმლო პირშეკრულება ყოფილიყო დადებული. აბა რა დასაჯერებელია, შენი ჭირიმე! გუშინ მტერნი, დღეს მეგობარნი, - რა სათქმელია!
საფრანგეთი. - ბელვილში არჩევანის კომიტეტს სადილი გაუმართავს გამბეტასათვის და პარიჟის ახალის მუნიციპალის საბჭოს წევრთათვის. ამ სადილზედ, რომელზედაც ჩუთასი ამომრჩეველი დასწრებია, გამბეტამ წარმოჰსთქვა შემდეგი სიტყვა: „დავლიოთ რესპუბლიკის დასის სულმტკიცობის სადღეგრძელო. დიაღ, ჩემო მეგობარნო, ამ დასის მადლით შევიძელით აქ ასე თავისუფლად შეყრა, მის მადლითვე შეგვიძლიან დავივიწყოთ წარსული მწუხარება და ვაი-ვაგლახი. ეხლა რომ ვადგამთ ფეხს პარიჟის ნიადაგს, ვგრძნობთ, რომ სრული პატრონები ვართ ამ ნიადაგისა. თუ ვდღესასწაულობთ საყოველთაო არჩევანის უფლებას, ამისათვის მადლობა უნდა შევწიროთ იმ გულმტკიცობას და გმირობას, რომელიც გამოიჩინა საფრანგეთმა ამ შვიდი თვის განმავლობაში, როდესაც სუფევდა უწესობა, მმართველობის მიერ ყოველგვარი შეთქმულება და არეულობა, რომელნიც ჯერაც არ არიან გამოკვლეულნი და დასჯილნი.
დიაღ, ყველაზედ უწინარეს ამ საყოველთაო არჩევანს უნდა მივმართოთ ჩვენი გულითადი მადლობა და შეურყეველი რწმენა. ყოველი ღონისძიება იყო ხმარებული ამ საყოველთაო არჩევანის უფლების დასამარცხებლად, მაგრამ ვერაფერმა ვერ ჰსძლია. ჩვენ დაგვიბრუნდა ხალხის წარმომადგენელთა უმრავლესობა უფრო გაწვრთნილი, უფრო მშვიდობიანი და გულდამჯდარი. ეხლა შეგვიძლიან განკითხვას მივცეთ საყოველთაო არჩევანის მტრები. ხშირად გამიგონია ჩივილი, ვითომ ვაგვიანებთ არჩევანის საქმის გამოძიებას (ე.ი. რომელი დეპუტატია კანონიერად ამორჩეული და რომელი უკანონოდ), მაგრამ, ვინც ჩივის, იმათ არ იციან, რა განსაცდელი გამოიარეს ჩვენმა ძმებმა, ჩვენმა მეგობრებმა პროვინციაში; არ იციან, რამდენი სული დაიღუპა, რამდენი უსაძაგლესი მტრობა და დევნა მომხდარა. საჭიროა, რომ ყველა ეს მოქმედებანი გამოაშკარავებული და დასანახავი იყოს ყველასთვის. მე მძულს საპოლიტიკო ჯავრის ამოყრა და ჩვენს მოღვაწეობას წინ მიუძღვის არა შურისძიება.
არასოდეს! ჩვენ მიგვიძღვის წინ სამართლისა და სარგებლობის სურვილი. საჭიროა, რომ ყველა მიყრუებულმა სოფელმა იცოდეს, რა გაბედეს ხალხის უფლების წინააღმდეგ. საჭიროა, რომ საყოველთაო არჩევანმა იცოდეს, თუ რა უფლება უპყრია და რა შეურაცყოფა გადახდა მის თავს. ამას მოითხოვს საზოგადოების საპოლიტიკო ზრდა, და იმ ქვეყანაში, სადაც წესიერება, სიმტკიცე და ძალა სახელმწიფოისა და დამოკიდებულია საყოველთაო კენჭის ყრაზედ, იმ ქვეყანაშიმეთქი საყოველთაო არჩევანის განათლება და ზნეობითი განვითარება ნიშნავს თვით ერის განათლებას და მის ზნეობითს განვითარებას, ნიშნავს აწმყოს დამკვიდრებას და მომავლის დაარსებას“. შემდეგ გამბეტა ამბობს, რომ საქმე ისე უნდა და ვიჭიროთო, რომ ჩვენ წინააღმდეგთა აღარასდროს არ შეეძლოთო იმ ძალადობისა და ხალხის შეურაცყოფის ჩადენა, როგორც აქამდისინაო. „გამოძიებას და განჩხრეკას თავს არ დავანებებთ, მაგრამ ამასთანავე დარწმუნებული იყავით, რომ არსებითს საქმესაც არ დავარჩენთ უყურადღებოდ. დრო ყველასათვის გვექმნება. დროს ვიპოვით მისთვისაც, რომ დავსაჯოთ დამნაშავეები კანონის ძალით, მისთვისაც, რომ მოვახდინოთცვლილებანი სასწავლებელში, თუ ხარჯის აკრეფის მოწყობაში, თუ შინაგან მმართველობაში, - ცვლილებანი, რომელნიც ქვეყნის ძალას მიანიჭებენ სიმტკიცეს და ყოველგვარს მოღვაწეობას მიჰმართვენ ერთს საგანს - საფრანგეთის დიდებას“.
ბოლოს ჰსთქვა გამბეტამ: „მაგრამ ყველა ეს სიმტკიცე, წესიერება, თავისუფლება, საფრანგეთის დიდების დაუდგრომელი წარმატება დამოკიდებულია ამჟამად რესპუბლიკის დასის კეთილგონიერებაზე და ერთსულობაზედ. დიაღ, ამას ვამბობ აქ ამ ბელვილლის გორაზედ, რომლის წარმომადგენელიც მე ვარ. და თავსაც ვიწონებ ამისათვის; იცით, რად ვიწონებ თავს? აი, რად: იმ დღეს, როდესაც თქვენი გონიერება და პოლიტიკური გამჭრიახობა, - იმ დღეს მეთქი, ვეტყვი საფრანგეთს და მთელს ქვეყანას: „შეხედეთ, ნუთუ ეს დემოკრატია (თქვენ ხართ მოწინავე ლაშქარი დემოკრატიისა) აღმაშფოთებელია, როდესაც მათთაგან უფრო გამბედავნი, უფრო აღტაცებულნი, უფრო მხურვალი აღასრულებენ წესიერების გონივრობის და მამულის მოყვარეობის მოთხოვნილებას?
![]() |
4 საქართველო (ისტორიული დa ეთნოგრაფიული გამოკვლევა) |
▲back to top |
საქართველო (ისტორიული დa ეთნოგრაფიული გამოკვლევა)
(შემდეგი)[1]
იბერიაზე სტრაბონი სწერს შემდეგს: „ზოგიერთნი მწერალნი გვარწმუნებენ, ვითომც კავკაზის იბერიას იმისთვის დაჰრქმევიყოს ეს სახელი, რომ როგორათაც ამ მხარეში, აგრეთვე დასავლეთის ევროპის იბერიაში (ისპანიაში) იპოვება ოქროს მადნები, ამასაც იტყვიან, ვითომც პირველნი იყვნენ გამოსულნი მეორე ქვეყნიდამ,“ „იბერიის საზღვრად აპოლლოდორი უჩვენებს არმენიის მხრით არაქს.“ თვით სტრაბონი ასე საზღვრავს იბერიას და არმენიას: ჩრდილოეთის კოლხიდისა და მოსხეთის მთის ქედი ტიბარენების სამფლობელომდე; დასავლეთით ტიბარენების სამფლობელო, შემდეგ სკიდისესი და ფარიადრესი.“ აქ უნდა შენიშნოთ, რომ, როგორც მოვიხსენეთ, სკიდისესი შეადგენდა მესხეთის მთის გაყოლებას, სადაც ქონდათ სათავე ერთის მხრით ეფრატს, მეორეს მხრით ჭოროხს, ხოლო ფარიადრესი იყო ეხლანდელი ჭანეთის ქედი. სტრაბონის თქმით, „ისტორია გვასწავებს, რომ არმენია, თავდა პირველად მცირე მხარე, გავრცელებულია მძლავრობით. არმენიელებს გამოუგლეჯიათ მოსაზღვრე ტომთაგან: მიდიელთაგან კასპიანე, იბერთაგან ის ადგილები, რომელნიც ფარიადრესის ძირად მდებარებენ ხორზენითურთ და აგრეთვე მტკვრის მხრით გოგარენი; ხალიბთაგან და მოსინეხთაგან კარუნითიდი და დერგსენი, რომელნიც აწ მცირე-არმენიის საზღვარს შეადგენენ“ — „იბერია თითქმის მთლად შემოზღუდულია კავკაზის მთის შტოებით, იმათ საშუალ მდებარებს ვრცელი ვაკე-მინდორი, რომელსაც რწევენ მრავალნი მდინარენი; ამ მდინარეთა შორის უდიდესია კირუსი (მტკვარი). მტკვარი იწყობა არმენიაში (?) და ჩამომდინარებს ხსენებულს ვაკე-მინდორში. აქ იმას ერთვიან არაგუსი, კავკაზიდამ ჩამომდინარე და სხვა მდინარეები. შემდეგ მტკვარი შედის ალბანიაში ვიწრო ხეობით, რომელიც შეადგენს საზღვარს ალბანიისას და არმენიისას. ალბანიასა და არმენიას შორის მტკვარი არის გაშლილი, რწყავს პოხიერს საძოვრებს და იერთებს მრავალ მდინარეებს, ესე იგი ალაზონიუსს, სანდობანესს რეტაკეს და ხანესს“. ეიხვალდის ფიქრით, სანდობანესი, რეტაკესი და სანსი უნდა იყვნენ ახლანდელი აქსტაფა და ქცია ანუ ხრამი დებედით და მუშავერით და იქნება თვით ალგეთიც.[2]
სტრაბონი აგვიწერს იბერიაში შესავალს ოთს გზას. პირველია კოლხიდის გზა, რომელიც ზემოდ ვუჩვენეთ. მორეა კავკაზის შუაგულის გზა, რომელიც ახლა მიემართება ყაზბეგის ძირში და კობზე. „აქ მგზავრნი, ჩრდილოეთით მომავალნი, დიდის გაჭირებით ადიან, სამის დღის განმავლობაში, მთის ვიწრო ქედზე, რომელიც დასცქერის მდინარეს არაგუსს და სადაც თვითო-თვითო ოთხი დღე მაინც უნდა იარონ. ამ გზას იცავს მაგარი ზღუდე“ ეს გზა ის გზა არის, რომელსაც ქართლის ცხოვრება ასახელებს დარიალად, დარიალი და ხევის კარად, ოსები დაირანად, რომაელნი Pylae Caucasicae; Porta Alanorum, არაბნი ბაბ-ალლანად, რომელიც პლინის სიტყვით, „არის ვრცელი ბუნების ნაწარმოები, სადაც მთანი უეცრად განიპობიან, სადაც კარნი, რკინით შეჭედილის ხის ძელებით შეზღუდულნი არიან და იმათ ქვეშ მიილტვის მდინარე დირი-ოდორისი, სადაც მახლობლად კლდეზე აღიმართება ცასე-სიმაგრე კუმანია, აშენებული აურაცხელთ მხედართ შესაკავებლად“.[3] პლინის დირი-ოდორისი, ჟან სენ-მარტენის მოწმობით, არის თერგი, ხოლო კუმანია-დარიალის სიმაგრე. პლინის აღწერას და სტრაბონის მაგარ ზღუდეს ეთანხმება თვით ვახუშტისაგან მოხსენებული მეფის მირვანის მიერ აშენებული დარიალი, რომელსაც მირვანმა „შეაბაო კარი და ჰქმნაო სიმაგრე ხაზართა და ოსთათვის, რათა უმისოდ ვერღარა ვიდოდნენო.“[4] მესამე გზას სტრაბონი უჩვენებს არევით. ის ამბობს: „ალბანიიდამ მთით ჯერ გადის კლდეში გამოჭრილი გზა; მასუკან მიემართება ტბით, რომელსაც შეადგენს ალაზონიუსი, შემდეგ ჩამოვარდნისა კავკაზის მთით,“ თუ ეიხვალდის აზრით, ალბანიას «თუ. დაღესტანში დავასახელებთ და ალანიას შეუერთებთ ყუბის მაზრას უესიის შამახიის ჩრდილო-ნაწილითურთ, მაშინ სტრაბონის გზა ალბანიიდამ იბერიაში უნდა მოვძებნოთ ყუბის სამხრეთად, იქ, სადაც გზა ყუბის მაზრიდამ გადადის შამახიის მაზრაში, იქნება ის უფრო აღმოსავლეთად მდებარებდა, ყურთბულაყუს მახლობლად. აქ მთები ფრიად მაღალნი არ არიან და ხეობა მოგზაურისათვის ადგილი სასიარულო, ორისავე გზით დაიარებიან ახლაც შირვანიდამ დაღისტანში. იქ ტბა არ იპოვება. შესაძლებელია, რომ სტრაბონი უჩვენებდეს სამურს და ხეობა იმას გადაჰქონდეს უფრო ჩრდილოეთად, დერბენდისკენ.“ — მეოთხე გზას შეადგენს ორ-გვარი ვიწრო ხეობა. კირუსისა და არაგუსისა, რომელიც იბერიიდამ მიემართება სომხეთისკენ. ორნივე მდნარენი, კირუსი და არაგუსი, ვიდრე შეერთდებოდნენ, მიმდინარებენ ორის გამაგრებულის ქალაქის ძირში, რომელნიც კლდეზე არიან ამართულნი და ერთი მეორეს 16 სტადიით ჰშორავს. კირუსს დასცქერის ჰარმოზიკე, არაგუსს სევსამორა“. იქ, სადაც არაგვი მტკვარს უერთდება, სადაც სტრაბონი ასახელებს ჰარმოზიკეს და სევსამორს, აქამომდე ძევს ძველი საქართველოს დედა-ქალაქი მცხეთა და იმის არე-მარეში გაბნეულნი არიან აქა-იქ მრავალნი ნანგრევნი, რომელნიც მოწმობენ სტრაბონის თქმულებას. სტრაბონის არმოზიკე, პლინის არმასტიზი და პტოლომეს არმაკტიკა არის ქართლის ცხოვრების არმაზის-ციხე, არმაზი, რომელიც ქალაქად ისახელებოდა და ვახუშტის სიტყვით, გავრცელებული იყო ახლანდელს ნაქულბაქევამდე.[5] სევსამორა მოგვაგონებს წიწამურს ჩვენის დროისას.
სტრაბონი გვიჩვენებს თვით შინაგანს იბერიის წყობილებას. იმის ჰაზრით, იბერიაში დამყარებულა სახელმწიფო წესი და ყოფა–ცხოვრება წარმატებაში შესულა. „იბერია დაყოფილია, ამბობს სტრაბონი, ოთხ წოდებადა პირველს და უმთავრესს წოდებას ეკუთვნიან მეფენი, რომელნიც ამ წოდების წევრთაგანვე აღმოირჩევიან. ის უნდა იყოს როგორათაც უხუცესი წლოვანობით, აგრეთვე უახლოესი ნათესაობით მიცვლილის მეფისა. იმის მომდევნს ხნიერობით ეკუთვნის სამსჯულო-გამგეობა და მხედართ–მთავრობა. მეორე წოდებას შეადგენენ სამღვდელონი, ამათი მოვალეობაა, გარდა სასულიერო წესის აღსრულებისა, გარკვევა ხალხის დავა–განხეთქილებისა. მესამე წოდება შეიცავს მხედართა და მუშაკთა. მეოთხეც — დაბალ ხალხს, სამეფო ყმებს, რომელთაც ვალად სძევთ ნივთიერი მზრუნველობა. აქ უნდა დავუმატოთო, განაგრძობს სტრაბონი, რომ თვითოეულის სახლის საცხოვრებელი შეადგენსო თანასწორ კუთვნილობას ყველა სახლის წევრებისას და ამასთანავე უხუცესნი მათ შორის ბძანებლობენ და განაგებენო. სახლსა“. — „იბერია ალბანიაზე უაღრესად განვითარდება სიმდიდრით და უფრო მჭიდროდ მოფენილია ხალხით. ამას გვიმტკიცებენ იმისი ქალაქები და სოფლები კრამიტოვანის სახლებით, ხელოვნური შენონაები, ბაზრები და საზოგადო სასახლეები. ის ნაწილი იბერიელთა, რომელიც სახლობს ბარად, განსაკუთრებით მიწის შემუშავებას მიუჯება და ამასთანავე უფრო მშვიდობის მოყვარეა. ბარის იბერთ ძველადვე მიუთვისებიათ ტანსაცმელი და ზნეობა არმენიული და მიდიური, თუმცა მომეტებული ნაწილი მათგანი ცხოვრობს მთებში, მსგავსად მათისავე მოსაზღვრე სკვითებისა და სარმატებისა, რომელნიც ერთის მხრით მისნი მონათესავენიც არიან, თუმცა ამ გვარი ყოიფა-ცხოვრება (სტრაბონის აზრით სკვითნი და სარმატნი იყვნენ ჩვეულებით მოძრავნი ანუ ნომადნი) არ ასუსტებდა იმათ ლტოლვილებას მიწის მუშაკობისადმი. მთიელნი იბერნი იყვნენ უფრო მეომარნი და სკვითურისა და სარმატულის ჩვეულების გამო იმათ შეეძლოთ პირველსავე სამხედრო ხმაზე ფეხზე დევნებინათ შეერთებით თვის შორის და ვაკელთ იბერიელებში რამდენიმე ათი-თასი მხედარი“. ამ სურთს აპპიანი და დიონ კასსიუსი პომპეის დროს დაურთვენ. რომ იბერიელთ სამხედრო იარაღი იყო ხელ-შუბი და შურდული; როდესაც იბერიელნი იბრძოდნენო, მტერს ტყეში შეიტყუებდნენო და მაღალის ხეებიდამ აუტეხდნენო ბრძოლას[6]. აქ უნდა დავუმატოთ, რომ პომპეის დროდამ ჩვენი მხარე და თვით მთელი შავი ზღვის პირი ეჭირათ რომაელებს და მათ მიერ დაწესებულს მთავრებს ქვემდებარებოდნენ ასე, რომ, სტრაბონის თქმით, „არმენიაში, იბერიაში და ალბანიაში იმათ საერთგულოდ სჭირო იყოო. მხოლოდ ადგილობრივი ყოფნა რომის წარმომადგენელისა ანუ ლეგატისა.“
სტრაბონის აზრით, „ალბანიას ჰსაზღვრავს აღმოსვლეთით კასპიის ზღვა, დასავლეთით — იბერია, ჩრდილოეთით — კავკაზის ზურგი კერაუსის ვაკე-მინდვრებამდე. სამხრეთით — ვაკე მინდვრიანი და მთიანი არმენია. იქ, სადაც არმენია, იბერია და ალბანია ერთმანეთს შეჰხვდებიან, მდებარებს გამხმარი და უწყლო მხარე კამბიზენა იბერიიდამ ალბანიში გზა მისდევს ხეობით მთელს კამბიზენას და ალაზონზე დაეშვება.“ ეს ადგილი, ეიხვალდის ფიქრით, უნდა უდრიდეს ახლანდელს უფადარს და ყარასოვს, სადაც მხოლოდ იორი მიმდინარებს. შესანინავი ალბანიის ნაწილი, რომელსაც სტრაბონი ხშხირად ისნიებს, არის კასპიის ხეობა ანუ კარი, „Pyles Cas piennes, რომელიც მიდიელებისა და სომხების ხელში იყო.“ სტრაბონი უჩვენებს კასპიის გასავლის გეოლოგირს ცვლილებას: „მიწის-ძვრის გამო, კასპიის კარი გარეშემო დედა-მიწა დაირღვაო, მრავალი ქალაქი და სოფელი დაინგრაო და მრავალმა მდინარემ მიმართულება იცვალაო.“ სტრაბონის აღწერიდამ სჩანს, რომ ალბანიას შეადგენდა, ჟან სენ-მარტენის აზრით, სომხების აღუანი ანუ ის მხარე, რომელიც კასპიის ზღვის დასავლეთ მდებარებს და რომელიც იწყობა იქ, სადაც მტკვარ ერთვის ზღვას ვიდრე კასპიის ხეობამდე, რომელიც ას და წოდებულია დერბენდის ხეობად; ერთის სიტყვით შირვანი და დღესტანი[7] ბროსსეს აზრით, ალბანია შეიცავდა იმ ქვეყნებს, რომელნიც მდებრებენ კასპიის ზღვით ივრის მდინარემდე კახეთში, და დერბენდით მტკვრისა და არაქსის შესართავამდე.[8] როგორც სჩანს ძველად დიდი ყურადღება ყოფილა მიქცეული კასპიის შესავალზე: იქ დერბენდიდამ იწყობა ვრცელი ზღუდე, რომლის კვალი ჯერ არის ჩაწოლილი წყალქვეშ კასპიის ზღვაში, შემდეგ მიემართება მთა-მთა ყაზი-ყუმუხის ქვეყანაში და კუშან-დაღის მაღალში, სწყდება კავკაზის ჩრდილო-კალთებში და დასასრულ ჩნდება მუხახის ხეობის პირისპირ, სოფლის კატეხის მთელს სივრცეზე. ამტკიცებენ, ვითომც ამ ზღუდის სიგძე იყოს 360 ვერსი.[9]
„ალბანიაში მიმდინარებს კირუსი (მტკვარი), რომელიც სხვა მდინარეების შეერთებით ვრცელდება და მიწის ნიადაგს დიდად აპოხიერებს. მტკვრის ლამი, რომელიც იმას თავის შესართავში შეაქვს, ცოტ-ცოტად ავსებს ახლო-ახლო მდებარე კუნძულების სივრცეს და ამ გვარად კუნძულებს ურთი-ერთ უერთებს. ამისთვის აქ მსვლელობა საშიშია, მეტადრე საშიშია იმით, რომ ზღვის ზვირთნი ამ ადგილს სცემენ. ამბობენ, ვითომც კირუსი თორმეტ შესართავად იყოს დაყოფილი. იმათში ზოგი ლამით ივსება, ზოგი თუმცა ღრმაა, მაგრამ ნავთ სადგურად უვარგისია. ეს ნაპირი ზღვით და მდინარეებით იფინება უმტეს 60 სტადიაზე. აქ მდინარეების მოძრაობას 500 სტადიამდე შეაქვს ზღვაში ლამი, რომელიც ნაპირზე ქვიშის გორაკებს აღმართავს. მახლობლად მტკვრის შესართავისა ზღვაში ჩადის არაქსი, რომელიც დიდის სისწრაფით ჩამომდინარებს არმენიის მთებიდამ.“ ეს სურათი, ეიხვალდის განმარტებით, ახლაც ეთანხმება ადგილობრივს მდებარეობას. მართალია, რომ მხოლოდ მტკვარი თავისის შტოებით მთელ მაზრას რწყავს და აპოხიერებსო; მართალია, რომ ყველა იმისი სართვები ისეაო. შემცირებული, რომ მძლივსღა შედიანო მტკვარში არა თუ ხომალდები, თვით დიდი ნავებიც, ისეთი ნავები, როგორსაც ხმარობენო სპარსელები, კასპიის ზღვაზე. ამისთვის, სტრაბონი შემცდარი არ არისო, როდესაც ამბობსო, რომ იქ კარგი ნავ-სადგური არ არისო, სართავები აქამომდე უფრო და უფრო მცირდებაო: ლამი როგორც მდინარეს შეაქვს, ისე ზღვის ზვირთებს გააქვსო. ეჭვი არ არისო, რომ სტრაბონის დროდამ მთელი ნაპირი, მთელი ნაყოფიერი დელტა მტკვრისა დიდად შეცვლილაო. შესაძლებელიაო, რომ ზოგიერთი მტკვრის შესართავი სრულებით დაიხშოო ლამით და მაშა სადამე გასაკვირველი არ უნდა იყოსო, რომ აქ სტრაბონი 12 სართავს აღრიცხავსო, როდესაც ახლა ექვსსაც აღარ იხსენებენო.[10]
სტრაბონი შეეხება თვით ალბანიის ბუნებითს ისტორიას, ის მოიხსენებს აქ მორიელებს და ფალანგებს. „აქ არისო. ისეთი ფალანგები, რომ იმათგან დაშრამული ზოგი სიცილით კვდებაო, ზოგიც ცრემლით და ვაებით მართლა და მორიელი ახლაც მრავალია ვრცელს ალანიის ვაკე-მინდვრებში, თუმცა ისე საშიში და ისე შხამიანი არ არის, როგორც სტრაბონი ფიქრობს, თუ რომ ნაკბენს ადგილს თავის დროს ზეითუნის ზეთი მიასწარით... აქ ბუნება ისე უხვია, რომ ალბანელნი არც კი ჰსაჭიროებენ კატალო ზღვის აღებ-მიცემობაში. დედა-მიწას აქ გამოაქვს ყოველ-გვარი ნაყოფი, რომელიც აღმომცენარებს უხნავად, როგორც ამას ამტკიცებენ რომაელნი, რომელნიც სამხედრო სამსახურის გამო იქ ყოფილან. რომაელნი იტყვიან, რომ იქ მრავალს ადგილს ერთხელ ჩაფლული თესლი იძლევა ორ-სამ სამკალს და პირველ სამკალში ერთი მარცვალი არა ნაკლებ 50 მარცვლისა, ალბანელნი სახნავად ხმარობენ ხის გუთანს და არა რკინისას, იქ საძოვარი ბალახი ნოყიერია; ვაზი ისხლება ხუთ წელიწადში ერთხელ.“ „ალბანელნი არიან მშვნიერნი და ტანნოვანნი; არა ხმარობენ ფულს და უცხო- ქვეყნიდამ შემოტანილს სავაჭროში სცვლიან მსოლოდ თავიანთ ნაწარმოებს; არ იციან არც ზომა, არც წონა „ალბანელებს გამოჰყავთ მომეტებული მხედრობა, ვიდრე იბერიელებს: 60,000-მდე ქვევითი ჯარი და 12,000-მდე ცხენოსანი. ამოდენა წყობით იმათ იბრძოლეს პომპეისთან. როდესაც იგინი მტრის დაცემას მოელიან, იმათ შემწეობას აძლევენ ნომადნი ისე, როგორც თვითონ ამ გვარ გაჭირებაში იბერიელებს; გარეშე ამისა ნომადნი ყოველთვის მტრობენ ორსავე ამ ტომს, ალბანელთ და იბერიელებთ. ალბანელნი ხმარობენ, იბერიელების მსგავსად, შუბს და ისარს, ფარს და ჩაბალახს.“
„ალბანია დასახლებულია მრავალთ პატარ-პატარა ტომთაგან, რომელთაც არა აქვთ ერთმანეთში დამოკიდებულობა. მათ შორის არიან გელლები და ლეგები“. გელელბად ჰხადიან გილანელებს, ლეგებად ლეკებს“ ალბანიასვე ეკუთვნიან კასპნი ანუ კასპიელნი, რომელთაც თავისი სახელი გადასცეს თვით ზღვასაც. აქ როგორათაც იბერიაში, ის წოდება, რომელსაც ეკუთვნიან მეფენი, შეადგენენ უმაღლეს წოდებას. თვითოეულს ალბანიის ტომს ჰყავს საკუთარი მეფე. ერთი იმათგანი ბძანებლობს დანაშთენთა. ალბანელნი საუბრობენ სხვა და სხვა ენით, რომლის რიცხვი 26-მდეა.“ „ალბანელნი თაყვან-სცემენ მზეს, იუპიტერს და მთვარეს. მთვარის ტაძარი დგას მახლობლად იბერიის საზღვრისა. ალბანიის ღვდელ-მთავარი შემდეგ მეფისა ყველაზე მეტად არის პატივ-ცემული და განაგებს ვრცელს და მჭიდროდ და ახლებულს ტაძრის მაზრას. ამ ტაძარს ჰყავს თავისნი ქადგნი. იმათ შორის ვინც მომეტებულად აღივსება ზენარის მადლით, ის იწყებს ტყეში ტანტალს. ამ დრო ღვდელ-მთავრის ბძანებით იმას სტაცებენ ხელს და სამღთო ჯაჭვით შეჰჯაჭვენ. წლის განმავლობაში იმას უხვად აძლევენ საჭმელს ბოლოს მთვარის დღეობაში იმას სცხებენ ზეთს და მიიყვანენ ტაძრად, რომ მსხვერპლა შესწირონ ერთი კაცი, აღჭურვილი საღმვთო ისრით რომელიც მხოლოდ ადამიანის მსხვერპლ-საკლავად იხმრება, ამ ისარს დასცემს იმას მკერდში. როდესაც მსხვერპლი დაეცემა, ის იმის შინაგანიდამ ამოიღებს საქადაგო ნიშანს და ხალხს დაანახვებს; მასუკან გვამს წაიღებენ დაწესებულს ადგილს, სადაც თვითოეული იმას გადააბჯენს ცოდვის განსაწმენდელად.“ დიუბუა ამავე ჩვეულობას პოულობს ტავრის ტომში და აგრეთვე ჩუდო-ფინებში, რომელნიც ბალტიის ზღვის პირად სახლობენ რომელთაც, იმის ფიქრით, ოდესმე ჰქონიათ დამოკიდებულობა კავკას-ტავრიდაში შეხიზნულ ფინნებთან.[11]
(შემდეგი იქნება.)
_________
1 „ივერია“ №№ 2 3 და 4. 1878 წ.
2Страбон. извстiя., 117, 118,
3Klaproth, Voyage, I, 302-304, 462.- Lebeau, Bict. du B-E., III, 379, VII, 397.- Hist. de la G., I, 154-155.
4 Saint-Mart., Mém. sur l' Arm., II, 193, 194 — ვახუშტის გეოგრაფიული აღწერა საქართველოს, 1842, გგ 228.
5გეოგრაფ. აღწერ, გვ. 194 — Hist. de la G., I, 65.
6Hist. de la G., II, 2-me livr. — Introduct XX.— Dubois, Voyage, II, p. 49-50
7Lebeau, Hist. du B-E., III, 379 n.
8Stephanos Orbelian, Hist. de la Siounie, S-Pétersb II, 137 n. 2.
9 Lebeau, Hist. du B-E., III, 270 n. I, VII, 397—398.— u BaparoBa, Meropis Ipyai GIნ., 1865, I, 36. 37.
10Страбон, известiя 422-124
11Voyage, VI, 13-45.
![]() |
5 უბინაო კაცი ნუიორკში |
▲back to top |
უბინაო კაცი ნუიორკში
დასასრული
V
დანიშნული ორშაბათიც მოვიდა და ტეტლოუს როგორღაც დაუმძიმდა, რომ ერნი ხელახლად უნდა ინახულოს. არ ვიცით, ისა ჰსწყინდა, რომ ეგრე ფუჭად ჩაუარა ყოველმა მეცადინეობამ, თუ ისა, რომ იმ უბედურს კაცზედ ეჭვი რამ შეეპარა და აღარ ენდობოდა. იქნება გულში ამანაც გაუარა, ნეტა თავს რაზე ვიწუხებო. ესე იყო თუ არა, მაინც და მაინც იგი ჰგრძნობდა, რომ საწყალს ერნზედ ცოტად გული გაუგრილდა, თვითონაც კი არ იცოდა რათა და რის გამო.
ტეტლოუ რაღასაცა ჰსწერდა, როცა მოესმა კიბედამ ფეხის ხმაურობა. იმავე წამს წყნარად კარი დაურაკუნეს და ერნი შემოვიდა ოთახში.
– თქვენა ხართ? – უთხრა ტეტლოუმ გულცივად: – მე ეგრე ადრე არ მეგონა, რომ მოხვიდოდით.
უბედურმა, თუმცა ფეხი წინ წადგა, უეცრად უკან დაიწია.
– მე იქნება მეტი მომივიდა, რომ აქ მოვედი – დაიწყო მან, – ხოლო მე მახსოვს, რომ თქვენ თითონ...
– დიაღ, მეც მახსოვს; დღე მე დაგინიშნეთ... – უპასუხა ტეტლოუმ და სინანულში კი ჩავარდა, რომ ეგრე გულცივად მოექცა.
ერნი ისევ კარებთან იდგა გაშეშებული. ჰსწუხდა, ჰსცხვენოდა თავის თავისა და თითქმის კანკალებდა... ტეტლოუმ შეამცნივნა, რომ ერნი სახით ცოტად მოჯობნებულა, მაგრამ ტანსაცმელზე კი ისევ ისე დიდი ურიგობა ეტყობოდა. ტეტლოუმ ახლო მოიწვია.
– თქვენ რამდენი ღამე გაატარე, „ბეთლემს?“ – ჰკითხა ტეტლოუმ.
– მარტო ერთი ღამე – პარასკევს.
– მეტი რატომ არა?
– „ბეთლემი“ აღარ არსებობს.
– არ მესმის, რის თქმა გინდათ.
– შაბათს დილით მოვალეები თავს დაესხნენ, რაც კი იყო, ყველას ხელი დაავლეს და ჩვენც პანჩური გვკრეს და გარედ გამოგვყარეს. ნიდდოკმა კი იქიდამ ფეხი არ მოიცვალა. ის ამბობდა, რომ ისევ მე მოვუვლიო ამ სახლსა მოვალეების სასარგებლოდაო. ეს კიაო, რომ თუ კაცს უნდაო, მუქთად არავის რა აძლიოსო, ყავა ცოტად მაინც მაგარი უნდა აკეთოსო.
ამ ბოლოს სიტყვაზედ ტეტლოუს გაეცინა. ეგ სიცილი მალე გაუქრო იმ ფიქრმა, რომ ერნი, ისევ უბინაოდ დარჩომილი, ხელადახლად ამას დააწვება თავზედ... ტეტლოუ ჰკითხავდა თავას თავს: იქნება ეს ბოგანა კაცი ამათგანია, რომელთათვისაც ყოველივე შემწეობა ამაოა და უქმი, რადგანაც ყოველივე მათგანი თავ-თავქვე დაგორებულს ქვასა ჰგავს: მაღლა ვერ ამოვა და თუ იძვრის, ძირს და ძირს ჩადის? ტეტლოუს გონების თვალწინ წარმოუდგა კიდეც გლახა-ღატაკი, რომელიც ვითომ ყოველდღე მოეთრევა და უწამლავს სიცოცხლესა...
– მე მგონია, – უთხრა ტეტლოუმ, რომ თქვენ ბევრი აღარა დაგრჩებოდათ რა ხუთის დოლარისაგან.
ერნმა ღია ფანჯარას გახედა და არა უპასუხა რა. ფანჯარას გახედა თითქო იმისათვისო, რომ თვალი გადაავლოს თავის უნუგეშო წარსულსა და წინასწარად დაინახოს თვისი მომავალი, წარსულზედ არა ნაკლებ უნუგეშო და უმწეო. ტეტლოუს სიტყვამ ფულის დახარჯვაზედ წამოუყენა თვალწინ ბედკრულსა უმწეო ყოფაცხოვრება, რომელშიაც იმყოფებოდა და რომლითაც არ უნდოდა შეეწუხებინა თავისი კეთილისმყოფელი.
– შემოგეხარჯათ განა? – ჰკითხა კიდევ ტეტლოუმ, რომ პასუხი ათქმევინოს.
– დიაღ, – წარმოსთქვა ერნმა, თითქო თავს ძალა დაატანაო, – მე ზოგი დავხარჯე, მართალია. მაგრამ ზოგი მაინც კიდევ დამრჩა...
– რამდენი დაგრჩათ?
– დოლლარ-ნახევარი. მე წუღები ვიყიდე, როგორც ხედავთ, – დაუმატა მან და აჩვენა ფეხსაცმელი.
– თუ მაგაზე მეტი აღარა გაქვთ, ცოტაა...
ერნი მიუახლოვდა და ჩამოართვა ფული, რომელიც ტეტლოუმ მოაწოდა. ტეტლოუ სინიდისმა გაამხილა, რომ თვითონ არ ადგა, თვითონ არ მივიდა და ისე არ მიჰსცა ფული. მაგრამ ცხადი იყო, რამ იმ დღეს ყველაფერი როგორღაც უხერხოდ მოსდიოდა. ყველაფერში ეტყობოდა დაფარული სურვილი, რომ ეს კაცი როგორმე თავიდამ მოიშოროს. თუმცა ერნი არაფერს ამცნევდა, მაგრამ ტეტლოუ კი ჰგრძნობდა, რომ რაღაც მძიმე თვალი გამკითხავისა ზედ დაჰსტრიალებდა; თითქო ის გლახაკი წარმოეგზავნა მასთან რაღაც უმაღლეს ძალას, რომ ამხილოს მისი გულგრილობა.
– თქვენ ეხლა მგონია უკეთა ხართ, – უთხრა მან მკვახედ, – იმედია, რომ თქვენ, დღეს იქნება თუ ხვალე, გამოხვალთ მაგ ყოფა-ცხოვრებიდამ.
ტეტლოუს ეგონა, რომ ამით გულმტკივნეულობა რამე აჩვენა ბედშავსა, მაგრამ ცხადი კი იყო, რასაც ნიშნავდა მისი სიტყვა: „ეხლა უკეთა ხართო და იმედი მაქვსო, რომ თავს აღარ მომაწყენთო“.
ერნმა არ შეიმჩნია, რომ მიუხვდა ნამდვილს აზრს სიტყვებისას და რადგანაც მარტო მისი სიკეთე ახსოვდა, მიუგო პასუხი იმ ხმით, რომელშიაც ისმოდა იმდენადვე მორჩილება, რამოდენადაც მადლობა:
– დიაღ, რასაკვირველია... მე ძლიერ, ძლიერ მადლობელი ვარ თქვენი, ბატონო ტეტლოუ, რომ ამდენი სიკეთე მიყავით.
ამ სიტყვებში ისმოდა ხმა გამოთხოვებისა. ტეტლოუ როგორღაც თავის ქერქში ვეღარ იყო და იფიქრა, ეხლა კაი შემთხვევა მაქვს ასე თუ ისე სამუდამოდ მოვიცალო თავიდამ ეს ღატაკიო. თუმცა სინიდისი ჰქენჯნიდა ამისათვის, მაგრამ თავს იმით იმართლებდა, რომ ხელში არაფერი საბუთი არ მიჭირავს ერნის კაიკაცობისაო. ვინ იცის, ვინ არისო? ტეტლოუ წამოდგა და კარებისკენ წავიდა. შეწუხებული ერნი უკან აედევნა იმ სიმწარით გულში, რომელსაც ჰგრძნობს უბედური ღატაკი, როცა ხედავს, რომ კარში აგდებენო.
იმ წამს, როცა კარის დირეს ფეხი გადააცილა, ტეტლოუ თითქო მიეცა უდროოდა სინანულსა და ჰკითხა:
– გყავთ ვინმე ან თვისი, ან ტომი?.. არის ვინმე იმისთანა, რომ თქვენთვის გული სტკიოდეს?
უბედურის სახეზედ გამოჰკრთა უეცრად საშინელი მწუხარება.
არავინა მყავს, – უპასუხა მან, – ცოლი მალე მომიკვდა მას შემდეგ, რაკი შვილები დამეხოცნენ.
– განა შვილებიცა გყვანდათ?
– ორი პატარა ბიჭი... ორი მშვენიერი ბაშვი!.. – უპასუხა მისუსტებულის ხმითა.
– დიდი ხანია?
– რაც ისინი დავკარგე? ომების დროს იყო. ჩემი ცოლი მწერდა, რომ ერთი ავად გამიხდაო. მერე მომივიდა წიგნი, რომ მოკვდაო. მე უფროსს შინ დავეთხოვე, მაგრამ მინამ დამითხოვდნენ, მეორეც ხელიდამ გამოგვეცალა.
ერნი შედგა. ქუჩის ჟრიამულმა და გმინვამ მოახწია იმ ბნელ დერეფნამდე, საცა ორნი იდგნენ, და კაცს ეგონებოდა, თითქო მისი ულმობელი და უწყალო წარსული ხმაურობსო...
– შინ დათხოვნა საჭირო აღარ იყო, – განაგრძო ერნმა, მაგრამ მაინც დავეთხოვე, რომ შინაურობისათვის დამეხედნა. როცა ვადა გამითავდა, ძალიან მიამა და მე ისევ ლაშქარში წავედი. ბევრი ხანი აღარ გასულა, ტყვედ წამიყვანეს. მას აქეთ არის, რაც ჩემი ცოლი ვეღარა ვნახე.
ტეტლოუს გულმა საშინლად ტეხა დაუწყო. დღესაქამომდე იგი ზრუნავდა მასზედ, რომ ერნს მარტო დღევანდელი ჭირი მოაშოროს; გულს უზვიადებდა ის მფარველობა, რომელიც მან ერნს აღმოუჩინა; აქაო და მფარველი ვარო, მე მაღლა ვარ და ის დაბლაო. ხოლო ახლა კი, როცა ერნი გაენდო და უამბო თავისი გულსაკვდავი აღსარება, ტეტლოუმ იგრძნო, რომ ამ აღსარებამ მისი თავი დაამდაბლა და ის ღატაკი კი აამაღლა. ტეტლოუმ გულის მხურვალებით გაუწოდა ხელი. ნეტა ამ დროს მოაგონდა ან ერთს, ან მეორეს, რომ პირველ ნახვის შემდეგ ერთმანეთისათვის ხელი არ ჩამოურთმევიათ?...
– მე გთხოვთ, ჩემთან მოხვიდოდეთ ხოლმე, – უთხრა ტეტლოუმ და რომ დააჯეროს, რომ გულით სთხოვს, დაუმატა: – მე თქვენს ეკლესიაში ვიყავ შაბათს. გამგებელთა პირობა მომცეს, რომ თქვენს საქმეს გაშინჯვენ. იმათის სიტყვით, ეგ ერთს თვეს გაჰსწევს, ჩვენ კი, რასაკვირველია, ერთმანეთს ამაზე არეც ვინახულებთ. შემიძლიან ამის იმედი ვიქონიო?
– მას შემდეგ, რაკი თქვენ მე ფეხზე დამაყენეთ, მეც თვითონ გავუძღვები ჩემს თავს... – ჰსთქვა საწყალმა, თუმცა მისი ძირს დაკიდებული თავი და მრთოლარე ხმა ამის წინააღმდეგს ამბობდა.
– ეს მაინც ჰქენით, რომ თუ თქვენს თავს ბინა რამ აუჩინოთ, მაცნობოთ...
– მადლობელი ვარ, ბატონო! – უპასუხა მან, ხელი მიჰკიდა კიბის მუაჯარს და ნელ-ნელა დაიწყო ძირს ჩასვლა.
მაგ მადლობის თქმაში ხელახლად მოისმა ხმა გამოთხოვებისა. კაცს ეგონებოდა, ვინც ეგა თქვაო, განშორებას ისწრაფისო. რამდენიმე საფეხური ჩავიდა თუ არა, ერნი შედგა, თითქმის პირი არ მოიბრუნა და ისე ჰსთქვა: – ჩემ მაგიერად მადლი მოახსენეთ იმ სულგრძელს ქალსა... მე თქვენ ბევრი დავიდარაბა მოგაყენეთ...
– მშვიდობით! – დაუძახა ტეტლოუმ გულნატკენად, მაგრამ მხურვალებით კი. – მშვიდობით, ესე იგი, ნახვამდე!
ერნმა, მგონი, ეს სიტყვები ვერ გაიგო, იქნება ფეხის ხმაურობაში დაიკარგა ყმაწვილი კაცის ხმა. ერნმა მალე ჩაიარა კიბე და მიეფარა თვალს.
ტეტლოუ შემობრუნდა თავის ოთახში და რაღაც გამოუცდელი სევდა გულზედ დააწვა. დაჯდა თუ არა საწერად, მაშინვე სურვილმა გაიტაცა, რომ ადგეს და ერნი უკან დააბრუნოს. მაგრამ იფიქრა, ვინ იპოვის იმ საწყალსა იმოდენა ხალხში, რომელიც ეხლა ქუჩაში ბუზსავით ირევაო. მთელს დანარჩენს დღეს თვალწინ ელანდებოდა ფერმკრთალი ერნი, რომელიც კიბეზედ ჩადიოდა, რომელმაც გამოსალმებაზედ პასუხი არ მისცა და რომელიც თვალიდამ ეკარგებოდა სრულიად... მაშინ მოაგონდა თავისი საკუთარი სიტყვები, ამას წინად თქმული: „ვინ იცის? ამ სამ დღეს უკან რა დაემართება საწყალს ერნს?“ საღამოზედ, როცა თავის ცოლთან იჯდა, გაუმჟღავნა, რომ გულზე რაღაც მძიმე ლოდი აწევს; უანბო, რაც იმ დღეს შეეტყო ერნისაგან და დაუმატა: „მე ვშიშობ, რომ თავის დღეში ვეღარსად შევხვდები“.
ცოლი გულს უშოშმინებდა, მაგრამ ამასვე თვითონაც წინადჰგრძნობდა.
VI
რამდენმამე დღემ გაიარა და ტეტლოუმ ერნის ამბავი ვეღარა გაიგო რა; ამ დროთა მიმავლობაში მოუვიდა ცნობა ზღვისა და ხმელეთის სამხედრო მმართველობისაგან და ეგ ცნობა სრულიად ამტკიცებდა მას, რაც საწყალმა უამბო თავის მამაზე და თავის თავზედ.
ერთხელ კვირა დღეს ტეტლოუ საყდრიდამ გამოდიოდა, წინ შეხვდა ზემოდხსენებული გულშემატკივარი ღვდლის ცოლი და იკითხა უბედურის ერნის ამბავი.
– თქვენ არ იცით, რა ძნელი რამ არის იმისთანა ბედკრულს საშველი რამ აუჩინოს კაცმა. თქვენ მაინც მოუხერხეთ რამე თუ არა? სად არის ეხლა ის უბედური?
ტეტლოუ სირცხვილით დაიწვა ამ კითხვაზედ. პასუხისგება, რომელიც სურდა თავიდამ აეცილებინა, ეხლა მთელის თავის სიმძიმით ზედ დააწვა კისერზე და მოაგონდა შემდეგი სიტყვა ქრისტესი: „ესოდვნ ვერ უძლეთ ჟამ-ერთ მღვიძარებად ჩემთანა“.
რამდენიმე კვირის წინად თვით დარბოდა და ცდილობდა იმ კაცისათვის და აი ეხლა ისე აიცრუა მასზე გულა, რომ არც კი იცის ცოცხალია თუ მკვდარია. კაცმა კაცისათვის მოწყალება ითხოვოს, მოაგროვოს მისთვის ფული და არ იცოდეს კი, სად არის და როგორ არის! საშინელია! ტეტლოუ ამაზე მეტის სირცხვილით არ დაიწოდა, თუნდა მეეპარა კიდეც ის ფული, რაც მას მიჰსცეს ერნის შესაწევრად.
– მე ცოტა რამ მოვუხერხე... წაიდუდუნა ტეტლოუმ: ხოლო ეხლა არა ვიცი რა, რა დღეშია ჩემი საწყალი მეგობარი. მე ის თვალიდამ დამეკარგა.
– ეგრე მალე? – წარმოსთქვა ღვდლის ცოლმა თავაზიანის ძრახვითა.
ეგ ისევ ის იყო მოკლედ გამოთქმული, რასაც თვითონ ტეტლოუ თავის თავს ეუბნებოდა. მაგრამ კი, როგორც ეტყობოდა, ღვდლის ცოლი ამ ამბავს დიდს მნიშვნელობას არ აძლევდა და ტეტლოუ რომ უფრო დამჯდარის თვისებისა ყოფილიყო, ადვილად გაურჩებოდა თავის სირცხვილსა.
ტეტლოუ შინ დაბრუნდა და ჰგრძნობდა, რომ სინიდისი ჰკბენს.
ერთის თვის შემდეგ ტეტლოუ წავიდა ერნის ეკკლესიის გამგებელთან იმ იმედით, რომ იქ მაინც შეიტყოს თავისის საწყლის მეგობრის ამბავი. იქ უთხრეს, რომ ეკკლესიის გამგეობამ გამოიძია საქმე, ეკკლესიის წიგნებში ამოჩნდა ერნის სახელი და ეხლა მზად არიან საქმე აუჩინონ, რა დღესაც კი გამოცხადდება.
– მაშ, თქვენთან ის არ მოსულა? – ჰკითხა ტეტლოუმ.
– არა, – მიუგო გამგებელმა. – თქვენ ხომ გეცოდინებათ, საცა არის და შეატყობინეთ.
– ერთის თვის შემდეგ მობძანდით, – უთხრა გაკილვით ტეტლოუმ. – და მაშინ იქნება გაცნობოთ, სად იმყოფება ის უბედური.
საუბედუროდ, იმ ბედკრულის ხსენებაც კი აღარსად იყო; იმის კვალსაც ვეღარ მიხვდნენ. შეწუხდა ტეტლოუ და მიმართა თავის ნაცნობებს ნუგეშისცემისათვის. ერთმა უთხრა: „რა ეშმაკად გინდა იმის თავი!“ მეორე უმტკიცებდა, რომ ბოგანა კაცის ხელის გამართვა ლოთობისა და ზარმაცობის ხელის შეწყობააო.
– მე რა დავა მაქვს თქვენს მეცნიერებასთან! – ეუბნებოდა ტეტლოუ, – მე ეს ვიცი, იმ კაცმა ფეხი შემოდგა ჩემს ცხოვრებაში რაღაც განგების ძალითა. იმისი სვე-ბედი რამდენსამე დღეს ჩემ ხელთ იყო. მე შემეძლო მექმნა, რომ ამ ქვეყანაზედ იმასაც ადგილი რამ ჰსჭეროდა. თუ ამას ვერ ვიქმოდი, სუსტს ხელს შემწეობისას მაინც მივაწვდიდი ყოველ იმის სამაგიეროდ, რაც საწყალს დაეკარგნა. და აი, მას შემდეგ, როცა ცოტად ფეხზე წამოვაყენე, როცა ნახევრამდე დავიხსენ, ხელადამ გავუშვი და დავკარგე. იქმნება იმის გამო დევნილებთან და ტანჯულებთან მისვლა-მოსვლა რამ მქონოდა... ვინ იცის?
ეს ფიქრი და ყოველივე სახსოვარი, რაც მაგ ფიქრს ზედ მოსდევდა, გულს უმძიმებდა ტეტლოუს. დაებადა მხურვალე, მოუთმენელი სურვილი, რომ ერნი ნახოს, უშველოს როგორმე, მოუაროს როგორც საკუთარს ძმასა. ბევრს ეწვალა, ბევრი შრომა გაჰსწია, რომ ეპოვნა ერნი როგორმე, მაგრამ ყველაფერმა ამაოდ ჩაუარა.
– იმის სიკვდილის ამბავი მაინც შემეტყო, სხვა არა იყოს რა! – დაიძახა თავისთავად ერთხელ, – ეგ ამ არცოდნაზედ უკეთესი იქნებოდა, იმიტომ რომ მაშინ მაინც მეცოდინებოდა, რომ მან ადგილი დაიჭირა ნივთიერებითა საზოგადო წყობაში, მეცოდინებოდა, რომ საწყალმა დასასრულ მაინც თავისი ბინა იშოვნა!
ერთხელ შეიტყო, რომ წყალში დამხრჩვალი კაცი უპოვიათ; წავიდა ცხედარის გასასინჯავად, მაგრამ დარწმუნდა, რომ ერნი არ იყო.
როცა ტეტლოუმ უკანასკნელადღა ინახულა ერნი, შიშობდა, რომ ის უბედური დევნას დაუწყობდა. და აი, ეხლა ის ღატაკი სწორედ სდევნიდა... მარტო ძილსა და სიზმარში კი არა, ზოგჯერ დღითვე, როცა შრომით დაღალული ისვენებდა, მაშინ უეცრად თვალწინ აეტუზებოდა მამა, ორის შვილის დამკარგავი, და ყვედრებით სავსეს თვალით უყურებდა თავის ბოლო გაუტანელს მეგობარსა... ზამთრის გძელ ღამეებშიაც, როცა გარედ საშინელი ქარი ღმუოდა და გმინავდა, იგი უბინაო კაცი გვერდით ამოუდგებოდა ხოლმე...
დიახ, ყოველთვის მოეჩვენებოდა იგი, როგორც გამკითხავი და მხილებული მოვალეობის აუსრულებლობისა.