ივერია (1)1878.05.01



1878.05.01

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

ჩვენს სამღვდელოებას დიდი სამსახური მიუძღვის ენის ქვეყნის წინაშე. რასაკვირველია, ამას ჩვენს ახლანდელს სამღვდელოებაზედ, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით. ჩვენ ვამბობთ ჩვენის მამაპაპის სამღვალოებაზედ. იმ დროის სამღვდელოებაზედ, როცა ღვთის მსახური კაცი იყო ქვეყნის და ჩვენის ერის მსახურიცა; როცა იგი ჭირში პირველი მეშველი იყო, უკეთესი მამა, გულშემატკივარი დამრიგებელი, მაღალის ზნეობის მაგალითი, გამკითხავი ყოველის უძლურისა და დავრდომილისა, გამკიცხავი ყოველის ბოროტისა და უკაცურობისა უშიშარი მქადაგებელი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა, თავ-დამდებელი და თავ-გამომეტებული რჯულისა და ერისათვის! ჩვენი ისტორია სავსეა სახელოვანის მოღვაწეობითა იმ ნეტარ-ხსენებულის სამღვდელოებისა. წარვიდნენ ის მამა-პაპანი და თან გაჰყვნენ ის სახელოვანნი ღვთის მსახურნიცა, რომელთაც საქართველოს გაქრისტიანების დღიდამ ამ საუკუნის დასაწყისამდე ხელთ ეპყრთ ჩვენის ერის სწავლა და მეცნიერება. მწიგნობრობის, მეცნიერების, სწავლისა და განათლების დროშა მათ ეჭირათ ხელში და ამ გონებითს სიმდიდრეს ისე კი არ ეპყრობოდნენ როგორც ძუნწი ფულსა, არამედ გული უხვად, თავ-დადებით ახმარებდნენ ერს, ავრცელებდნენ ყველგან საცა კი ხელი და ღონე მიუწვდებოდათ. დიახ, იყო დრო, როცა განათლებით და სწავლით დაწინაურებული სამღვდელოება წინ მიუძღოდა ერს უანგაროდ განათლების და წარმატების გზაზედ. ეხლა კი სულ სხვაა. დღეს სამღვდელოებას თითქმის დავიწყებული აქვს ჩვენის უწინდელის სამღვდელოების ღვაწლი საქართველოს ეკკლესიისა და ქვეყნისათვის. დღეს ყოველი საკუთარის სტომაქისათვის იღვწის და საკუთარის სარგებლობის დევნაშია გართული. ორიოდ პატივცემულნი გვამნი ძლივსღა მოჩანან ჩვენს სამღვდელოთა შორის ისეთნი, რომელთაც შერჩენიათ შველთა მამა-მთავართა გულმტკივნეულობა ჩვენის ქვეყნისადმი. ორიოდღა არიან, რომელთა მოქმედება ზედაც შეიძლება კაცი სიამოვნებით შეჩერდეს და ტკივილით წარმოჰსთქვას: ჯერ კიდევ სული მართლღვთის მსახურებისა არ წარწემედილა ჩვენშიო.

ერთმა ჩვენმა სამღვდელო გვამმა - ამ ახლო ხანში გამოიჩინა თავი ამ გვარის მოქმედებით და ჩვენ გვიხარიან რომ ეს მოხდა ჩვენის კაცისაგან და ჩვენის ქვეყნისათვის ქრისტიშობის 13-ს იმპერატორის ალექსანდრეს პირველის დღეობისა გამო გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ წაუგზავნა ტფილისის სემინარიის გამგეობას ასი თუმანი. აქედამ 1) ხუთასი მანეთი ქართულის გალობის ნოტებით დაწერისა და დაბეჭვდისათვის, 2) სამასი მანეთი სემინარიის სამოწაფო. ბიბლიოთეკის წარმატებისა და გამდიდრებისათვის, 3) ორასი მანეთიც რუსულიდამ ქართულად თარგმნისა და დაბეჭვდისათვის იმისთანა თხზულებისა, რომელიც სარწმუნოებისა და ზნეობის მოძღვრების შესახები იქმნება.

ეს სამაგალითო საქმეა, არამც თუ ჩვენში, საცა ესე იშვიათია საზოგადო საკეთილოდ შეწირვა რისამე, არამედ იქაც საცა თითქმის ჩვეულებად არის მიღებული საზოგადოებისათვის რისამე შეწირვა. ამიტომაც ჩვენის სამღვდელოების სასიქადულოდ მიგვაჩნია ეს სამაგალითო ღვაწლი მისის წარმომადგენელისა.

„ივერიის“ კორრესპონდენცია

ქართლი. პირველ დეკემბრიდგან დაწყობილი აქნობამდე აქ საშინელი ყინვები დაიჭირა, ასე რომ პატარა ჩიტი-ბეღურები სიცივით ხეებზედ იყინებიან, ხალხიც საგრძნობელად შეაწუხა ამ ყინვამ ცალკე სიცივით და ცალკე შიმშილით: გორის მაზრაში წისქვილები სულ მთლათ დავანა, ხალხი ნახევრობაზედ უნაფქოდ არის და ამის გამო დიდს შიმშილს ითმენს. ს. ბეგოთს ბევრი წისქვილებია და ბრუნავენ კიდეც, მაგრამ იქაც სახელმწიფო პური იფქვის და მარტო ამას ძლივს სდიან, კვირით კვირამდე ხალხი მოხარშულის სიმინდით, ლობიოთი და ხალიფაფით გამოდის, რომ პურის დაფქვის ილაჯი არა აქვს: საწყალს აქაურს გლეხს საქონლის ჭირმა ხომ სულ მთლათ გაუწევიტა საქონელი, რის გამოც ამ საშინელ სასტიკ ზამთარს დიდის გაჭირებით და ცოდვით ატარებს. საკვირველი ის არის, რომ მთელი ექვსი შვიდი თვეა, რაც საქონლის ჭირი გაჩნდა ქართლში, ამ ხნის განმავალობაში ყოველ დღე ყოველს სოფელი რამდენიმე ხარ-კამბეჩი უნდა მოკვდეს, რომლებსაც გაატეავებენ - ტყავს საქალამნეთ შეინახავენ და ლეშს ცხვირ-წინ ზედ კარებზედ დააგდებენ, რომლის გამო საშინელი ამყრალებული სუნი ეფინება გარშმოს. გაოცებული ვართ.... განა ამას ყური არავინ უნდა უგდოს? — არც დარიგება, არც ექიმი არსადა ჩანან.

ამ ხანებში მე მამიხდა შემთხვევითი ლაპარაკი ხუთ ექვს ს. ახალქალაქის გლეხებთან; სხვათა შორის ჩამოვარდა ლაპარაკი ძვირობაზედ და ფულის უშოვნელობაზედ: „ბატონოო, მიითხრა ერთმა: ე სახემწი ფოს ფული რო დამაძალეს, ძალიან გამიჭირდა საქმე, ვერსად ვერ ვიშოვნე — ავდექ და ერთ უღვთო კაცს დავეღრიჯე, ერთი თუმანი ძლივს ძლიობით გამოვართვი, იმ პირობით რომ იმ ერთ თუმანში მე ზაფხულში ათი კოდი პური უნდა აუწყო კალოზედ და ჩავაბარო — შემოდგომაზედ კი მე კოდი ისევ იმისგა ერთი ორად უნდა ვიყიდო.“ ბიჭო და თქვენში ხო სოფლის ბანკია გამართული მეთქი, რატომ თქვენ სოფლის ბანკში ამხანაგებად არ ჩაეწერებით, რომ იქიდგან ადვილად ხელი მოინაცვლოთ ხოლმე და მაგ დენი ტყუილი ხარჯი არ მოგივიდეს. ყველამ თვალებ დაჭყეტით დამიწყეს ცქერა. „ბატონო, ნეტავი გვქონდეს მაგისთანა გამართულობა და, რაღა გაგვიჭირდებოდა. მაშინ ხელშწიფესაც, ბატონსაც, მოვალეს. ადვილად პასუხს გავსცემდით.“ მე ვუთხარი, რომ ორი წელიწადიც არის რაც თქვენ სოფელში საამხანაგო ბანკია და რა გემართებათ მეთქი რო აქნობამდე არა გცოდნიათ. იმათ ყველამ ერთ ხმათ შემამფიცეს, რომ მათ სოფელში მაგისთანა არა არის რა-დ თუ არის, თავადებისა არისო, შენგან არ მიკვირს, - განა თავადი გლეხს ამხანაგად გამოადგება!? - ამით გაათავეს მათ თავიანთი ბაასი ჩემთან და ბოლოს დიდის სურვილით მოიწადინეს საგლეხო ბანკის გათვა და არა თავადებისა.

ჩოჩელი.

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

ახალმა წელიწადმა შესანიშნავი ამბავი მოგვიტანა ოსმალოს ომის შესახები. ინგლისის უცხოთ ქვეუნების საქმეთ მინისტრს, დერბის გამოუცხადებია ოსმალოს მმართებლობისათვის, რომ ინგლისის მმართებლობა ომით არ დაიცავს ოსმალეთსაო. ამ უკანასკნელ კვირებში გაზეთებმა გახშირებული ლაპარაკი გამართეს მორიგების თაობაზე და ამ ლაპარაკში დიდი ყურადღება იყო მიქცეული ინგლისზე. კარგა ცხადათა სჩანდა ომის დაწყებიდამ, რომ ინგლისის სამინისტროს უფრო ოსმალთა მხრის დაჭერა უნდოდა, მაგრამ ინგლისის ხალხში დიდი მოძრაობა აღმოსჩნდა იმ განზრახვით, რომ სამინისტროს საომარი იარაღი ხელში არ ააღებინოს. ეს მოძრაობა ამ უკანასკნელ ხანში უფრო გაძლიერდა, როდესაც სამინისტრომ გამოაცხადა პარლამენტის შეკრება. პარლამენტს იმიტომა კრებსო, რომ ფული მიეცეს ომის გასაძღოლათაო, ამბობდნენ ერთნი; მეორეს მხრით სხვა ხმაც ისმოდა, რომ ბიკონსფილდს ინგლისის დედოფალი ვიქტორია მოუპირებია და ინგლისის ხალხის წინააღმდეგ გადაწყვეტით ომს უპირებს რუსეთსაო. ამ გარემოებამ იქამდის მიაღწია, რომ ხალხის კრება (მიტინგი) მუდამ დღე იყრება ხალხის აზრის გამოსაცხადებლად. ეს აზრი უმრავლესობით ომის წინააღმდეგია და მომავალ პარლამენტსაც აიძულებს ომის წინააღმდეგი აზრი გამოაცხადებინოს და სამინისტროს ყოველი სახსარი მოაკლოს ომის განზრახკისა „ვის ამას რასაკვირველია დიდი მოქმედება უნდა ჰქონდეს სამინისტროზე.

მეორე გარემოება ის უნდა იყოს ინგლისის უომრობისა, რომ მთელს ევროპაში მარტოდ არის. ამის პირველ დაწყების დროს ოსმალოს ჯარი გარგა გაწყობილი იყო, მაგრამ ახლა ასი ათასი კაცი ტყვეთ არის რუსის ხელში. დანარჩენი არეულ-დარეულია, შეწუხებული და მოქანცული. ინგლისს დიდი იმედი ჰქონია ავსტრიისა, მაგრამ ავსტრიას გერმანიისა ერიდება და ამასთან უომრად კარგის ლუკმის (ბოსნიის) ჩაგდების იმედიცა აქვს. დარჩა ერთიღა იმედი საფრანგეთზე. უკანასკნელ დროს მართლა საფიქრებელი იყო, რომ მაკ–მაჰონს თუ საფრანგეთის სურვილი არ აესრულებინა და რესპუბლიკის წინააღმდეგი კაცები დაენიშნა მინისტრებად. ვინ იცის ამ კაცებს თავის დასამკვიდრებლად და რესპუბლიკის მოსაშლელად ომი დაეტეხნათ. ამ მოქმედებისა დიდათ ეფიქრებოდათ ფრანცუზებს და იშიშვოდნენ საფრანგეთის მდგომარეობისათვის. მართლაც საფიქრებელი და საშიშო იქნებოდა როგორც შინაგან საქმეებისათვის, აგრეთვე გარეშისთვის. ინგლისის სამინისტროვო ამბობდნენ, ვითომ საიდუმლოდ მოლაპარაკებია საფრანგეთის მმართებლობასაო, მაგრამ ფრანცია ასცდა დიდ განსაცდელსა დუფორის დანიშვნითა.

ამასობაში შიპკოსთან რუსებმა გაიმარჯვეს და 25 ათასი ჯარი დაატყვევეს.

ყველა ეს გარემოება ისეთი გარემოებაა, რომ ინგლისის სამინისტროს თუ დარჩენა უნდა, სხვა გზა აღარა ჰქონდა ხალხის მოთხოვნილებას უნდა დაემორჩილებოდა და ოსმალოს მთავრობისთვის გამოეცხადებინა პარლამენტის გახსნის ხუთი ექვსი დღის წინათ, რომ იარაღით ხელში ოსმალოს არ დავიცვავო, ამ გამოცხადებას დიდი მნიშვნელობა ამითი აქვს, რომ, როგორც ამბობდნენ წინათ, ინგლისის სამინისტრო. ოსმალოს საიდუმლოთ შემწეობას და ომში გარევას ჰპირდებოდაო, ამ იმედით ოსმალომ პლევნის აღების შემდეგაც რუსეთს პირდაპირ მორიგება არა სთხოვა. და ახლა ისმის რომ ოსმალო რუსეთთან მორიგებას ინგლისის შუამავლობით აპირებსო. გაზეთები და ტელეგრამმები არაფერს გვატყობინებენ ამ შუამავლობის თაობაზე, რუსეთი თანახმაა თუ არა. მაგრამ რაკი ინგლისმა ბეჯირი აზრი გამოაცხადა რომ ომში არ ერევა, მას შემდეგ ინგლისის მონაწილეობა მორიგებაში და იმისი შუამავლობა აღარაფრადა ღირს არც ოსმალეთისთვის, და არც რუსეთისთვის დასაბრკოლებელი რამ იქნება. — მაგრამ ერთი რამ იქნება იყოს: ინგლისს ეგვიპტეზე და ყანდიის კუნძულზე თვალი უჭირავს, იქნება ამის შოვნის იმედმა დააჩუმა.

ყველა ეს გარემოება გვაიმედოვნებს, რომ ოსმალო ძალა-უნებურად უნდა მორიგდეს.

3 ომისა ამბები

▲back to top


ომისა ამბები

— პარასკევს ქრისტეშობის 30–ს დილაზე ზარბაზნის სროლამ ტფილისს აცოდინა ახალი გამარჯვება. პლევნის აღების შემდეგ სწორედ თვის თავზე ქრისტეშობის 28 შიპკოსთან ძრიელი ბრძოლა მომხდარა. გენერალ რადეცკის წინამძღვრობით ოსმალონი დამარცხებულან; მთელი შიპკოს მხედრობა ტყვედ ჩავარდნილა სახელდობრ: 25 ათასი ჯარი, ორი გენერალი, 360 შტაბ და ობერ აფიცარი, 5 ბაირაღი, 60 ზარბაზანი. და 28 — ამ ომის ზიანის ამბავი ჯერ სკობელევის ჯარს შევსება, რომელიც იქ დაესწრა: მოკლულია 6 ფიცერი, 294 სალდათი; დაჭრილია 38 აფიცერი.

— გენერალ-მაიორი ლორის მელიქოვი მისულა ჯარით დასათვალიერებლად ტრაპიზონის გზისა ბაიბურთამდე. ბაიბურთის სიახლოვეს ათასი კაცი ცხენოსანი ჩვენის ჯარისა შეხვედრია ათას ხუთას კაცს ოსმალოს ცხენოსან ჯარსა, გაუქცევია და დასდევნებია ჩვენებს დაუტყვევებიათ ერთი ფიცარი და ასამდე სალდათი. უშოვნიათ ერთი ბაირაღი, ბევრი თოფი, ცხენი და სხვა სამხედრო მასალები.

— 28 ქრისტიშობისთვიდამ აზრუმს ჩვენი ჯარი სრულად გარს შემორტყმია.

— ქრისტიშობის 30-ს ევპატორიასთან მისულა ორი ოსმალოს აბჯრიანი გემი და ორი საათი და 25 მინუტი ყუმბარები უსროლიათ. ამ სროლისაგან ზოგი შენობა დანგრეულა, დაჭრილა 7 კაცი. ყუმბარის სროლა შემდეგაც ყოფილა.

— იანვრის 2 აბჯრიან გემს აგრეთვე ყუმბარის სროლა დაუწევია ანაპისა და რამდენიმე სახლი დაუნგგრევია.

— ლონდონიდამ იანვრის 2-ს ამბავი მოიტანა ტელეგრამამ, რომ დიდის მთავარის ნიკოლოოზის თხოვნით ყაზალნიკში ოსმალეთმა უნდა გაგზავნოს ორი მოციქული მორიგებაზე მოსალაპარაკებლად. ოსმალეთს დაუნიშნავს ორი ფაშა სერვერ და ნემიკ.

— იქიდამვე 2 იანვრის ამბავი: ხონთქარს დაუმტკიცებია მორიგების პირობანი. ოსმალოს თხოვნაზე, რომ ინგლისმა მორიგებაზე იშუამდგომლოს რუსეთის წინაშე, ლორდ დერბის შეუთვლია, რუსეთი გარეშე სახელმწიფოების შუამდგომლობას არ თანხმდებაო. ამის გამო ნაციონალურ კრებაში სერვერ ფაშას უთქვამს, რომ ჩვენი მეცადინეობა ევროპის მონაწილეობისათვის უქმად დარჩა და მარტონი დავრჩითო; ამის გამო დროებით მტერთან მორიგებას უნდა გეცადნეთო და შემდეგ საბოლოოთ მოვრიგდეთო.

4 მეფე დიმიტრი თავ-დადებული

▲back to top


მეფე დიმიტრი თავ-დადებული

(გუძღვნი თ. პეტრე ნაკაშიძეს)

უქმე დღე იყო, ტვირთმძიმეი და დამაშვრალი,
საყდრის წინ ჯგუფად ხალხი იდგა და ჰყაყანებდა;
იქავე ახლოს, ცაცხვის ხის ქვეშ ერთი საწყალი
ბრმა მეფანტურე იჯდა ცალკედ და მდუმარებდა.
“ეჰ, რას ჰყაყანებთ,— დაიძახა ყმაწვილმა ბიჭმა, —
შინაც ძლივს ვუძლებთ დღემუდამის ჭირს, ვაგლახობას!
აქ მაინც ცოტად ფრთა გაშალოს გულის წადილმა...
ბრმა მეფანტურევ, გვითხარ რამე, მამაშვილობას!
გვითხარი რამე, ბერო კაცო, ნასმენ-ნახული,
ეგებ გულს ჟანგი მოაშორო კარგის ამბითა...
კარგს მთქმელს ტყვედ რჩების ნატკივარი გული ჩაგრული,
გული, გაზდილი ვაებითა, წვით და დაგვითა”.
ბრმა მეფანტურე გაიმართა მაშინვე წელში,
სახე ღრუბლვილი გაუნათლდა რაღაც მადლითა;
მისწვდა, აიღო თვის უბრალო ფანტური ხელში,
დაჰკრა ფანტურსა და დამღერა ნელისა ხმითა:

I

“მოდით, შვილნო, აქ მოგროვდით,
გეტყვით გულის გასათბობსა, —
ვინ ვიყავით, რა ვიყავით
ჩვენ, ქართველნი, წინა დროსა.
იმ დროს, როცა ქართვლის ბედი
ჩვენ, ქართველთვე, გვეპყრა ხელში,
როცა მამულისშვილობა
სასახელოდ იყო ჩვენში.
შვილნო, თქვენნი წინაპარნი
ეგრე გულქვად როდი იყვნენ...
ძმა ძმასა და მამა შვილსა
მამულს ხოლმე შესწირვიდნენ.
შვილის ყოლა გლეხს თუ თავადს
მარტო მისთვის გვიხაროდა,
რომ მამულსა მეომარი
მით ერთი ემატებოდა.
ტკბილსა ძუძუს დედა შვილსა
იმ იმედით აწოვებდა,
რომ სიცოცხლით ან სიკვდილით
ის მამულს ასახელებდა.
უწინ ქართველს უხაროდა
მამულისთვის მტერთან ომი,
ან მოჰკლავდა, ან თავისთავს
შეაკლავდა, როგორც ლომი.
მამულისთვის ვის ახსოვდა
განსაცდელი განსაცდელში!
ტრფობა გვქონდა გულში აბჯრად
და სატევრად — ხმალი ხელში.
ეგრედ, შვილნო, აქ სცხოვრებდა
უწინდელი ქართვლის შვილი,
მის მუდამი ნატვრა იყო
ან სახელი, ან სიკვდილი.
მათს მომდევარს ყოველს თქვენგანს
ჰყვანდა დიდი წინაპარი...
რჯულის დაცვა, მიწა-წყლისა
მის მოწამედ თქვენ წინ არი...

>II

“ეხლა რა ვართ? საწველ ფურად
თავი ჩვენი გადვიქციეთ;
ის სახელი, ის დიდება,
ის ოჯახი დავაქციეთ...
რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ,
რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით...
ღმერთი გვიხსნის, თუ შვილთ მაინც
გზად და ხიდად გავედებით.
წინა კაცი უკანასი
ხიდიაო, ნათქომია,
დღეის ვაგლახს ამით დასძლევს,
ვინცა ხვალისა მდომია.
ტყუილია სულთქმა, უში,
კაცი უნდა კაცად იყვეს,
სანთელსავით თვით დაიწვას
და სხვას კი გზას უნათვიდეს.
ამით იყო საქართველო
უძლეველი და ძლიერი,
ამით ედგა მტერს გულდაგულ
ეს პატარა ქართვლის ერი.

III

ყური მიგდეთ, გეტყვით ამბავს
უტყუარსა და მართალსა:
ერთი მეფე თურმე ჰყვანდათ
უწინ ჩვენ მამა-პაპასა.
— დიმიტრი ერქვა სახელად,
მხარბეჭპრტყელი, ტანმაღალი,
ჯირითში თუ შვილდ-ისარში
არავინ ჰყვანდა ბადალი.
კაცი იყო, მეფე-კაცი,
თვალად, ტანად მშვენიერი,
გარედ — რისხვით მტრისა მსრველი,
შინ — მოწყალე, ღვთისნიერი.
ღამით თურმე ჩაიცვამდა
უბრალო კაბა-ჯუბასა,
წავა და ინახულებდა
საწყალის ხალხის უბანსა.
მოივლიდა ქვრივს და ოხერს,
დავრდომილსა და ობოლსა,
თავის ხელით ურიგებდა
მოწყალებას და საზრდოსა.
ვის რაც გულში დარდი ჰქონდა —
წავა — იმას შესჩივლებდა,
გლახის, ობლის, ჩაგრულისას
სარჩლსა არ ითაკილებდა.
ყველგან იმის სამეფოში
თხა და მგელი ერთად სძოვდა,
ერი, ბერი, ობოლ-ქვრივი
სულ იმის დღეს ჰლოცულობდა.

IV

“მის დროს იყო ყეინობა,
მეფე ყეინს ჰმორჩილებდა,
მაგრამ თავის ქვეყნის საქმეს
თვის ნებაზედ განაგებდა.
ერთხელ ყეინს აეშალა
თათარივე კაცი ერთი,
იმძლავრა და გადიყენა
ნახევარი სათათრეთი.
მეფე ჩვენი ყეინს თურმე
არ გადუდგა სხვასავითა...
ვაჟი-კაცის წესი არის —
კაცს შეჰრჩება ძმასავითა.
შეიბნენ და შეიჭიდნენ
ყეინი და გადგომილი;
ძმას ძმის ძვალი ატეხინეს,
მამის სისხლსა ღვრიდა შვილი.
დამარცხდა ბოლოს ყეინი,
გამდგარმა აკი აჯობა,
ის მოკლა და თვით დაიპყრო
სათათრეთის ბატონობა.
ის ხომ მოკლა, მის ცოლ-შვილიც
ცხენსა კუდით ათრევინა,
საცა კი მის მომხრე იყო,
თავები დააყრევინა.

V

“ჯერი მიდგა ჩვენს მეფეზეც...
— “რატომ მე არ მომიდგაო,
იმას ცოცხალს არ გავუშვებ,
თუ პირში სული მიდგაო”.
გაუგზავნა მოციქული:
— “გამოცხადდი ჩემ წინ შენო,
თუ არ მოხვალ, შენს ქვეყანას
ნაცარტუტას ავადენო”.
დაგვიღონდა მეფე ქველი,
იმ ურჯულოს მიხვდა წადილს,
ისიც იცის, — იმ ღვთისრისხვას
ჯართ სიმრავლე შესწევს ქადილს.
რა ჰქნას? თითონც მამაცია,
მამაციც ჰყავს ჯარი, ერი,
მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს,
კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი.
დიდს ჩავარდა საგონებელს,
შეუდგა ბჭობას, რჩევასა...
— “წავალ — მომკლავს, — და არ წავალ —
ამიოხრებს ქვეყანასა”.
ბოლოს ბძანა: “თავს მოვუყრი
მღვდელმთავართ და დიდებულთა,
ოცჯერ ზომვა, ერთხელ ჭრაო —
წესია მეფეთ ქებულთა.
ვნახოთ ერთი, რას მეტყვიან, —
წასვლას, თუ წაუსვლელობას?
ორში ერთს რას აირჩევენ, —
მეფის, თუ ქვეყნის დამხობას?”

VI

“ბძანა და მსწრაფლ შეიყარნენ
დიდებულნი, მღვდელმთავარნი,
ვეზირნი და ნაზირები,
ბჭე-მდივნები, სპასალარნი.
წადგა მეფე კრების წინა
თამამად და დიდებულად;
ყველამ, დიდმა და პატარამ,
თაყვანი სცეს ბატონს ყმურად.
ასე ჰშვენის მეფე იმ დღეს
ტანად, თვალად, იერითა,
მნახველთ თვალი ვერ გაიძღეს
იმის ჭვრეტით, ყურებითა.
უბრძანა თუ “დიდებულნო,
საქმე მძიმე მაქვს თქვენთანა...
ის დღეა დღეს, — ან მე ვიყო,
ან ჩვენი ტურფა ქვეყანა.
შეიტყობდით, მომივიდა
მე ყეინისა მოციქული,
აქ მოდიო, მე მიბარებს
ჩემზედ გაბოროტებული.
თუ არ მოხვალ, მე მოვალო, აგიოხრებ ქვეყანასა,
საცა კი ფეხს დავადგამო,
ავადენ ნაცარტუტასა,
თუ წავედი, თქვენც ხომ იცით,
მე სიკვდილი არ ამცდება...
თქვენ რას მირჩევთ, მართალი სთქვით,
მართლის თქმაა ერთგულება”.

VII

“დიდებულნი წინ წამოდგნენ
ამ ამბით შეწუხებულნი,
მივიდნენ და თაყვანი სცეს,
აემღვრიათ მწარედ გულნი.
— “მეფევ! ნეტა რა გვიბძანე,
რა ასმინე ყურსა ჩვენსა!..
თუ შენ მოგკვლენ, შენს სანაცვლოდ
რაღა დარჩეს ერსა შენსა?!
თუ შენ აღარ გვეყოლები,
რად გვინდა სახლი, ქონება...
ჩვენ შენისთანა დიმიტრი
სხვა არვინ დაგვებადება.
მოვიდეს, რომ იმუქრება
ის ურჯულო სისხლისმსმელი,
მოვიდეს და წინ დახვდების
შენი ერთგული ქართველი.
მტრის მუქარას ერი შენი,
გვითხარ, როდის გაჰქცევია,
გვითხარ, როდის ქვეყნის მტრის წინ
ქართლს უკან დაუწევია!
ბძანე და იმ მუქარასა
ჩვენს მოსისხლეს შევანანებთ,
ან შევმუსრავთ მამაპაპებრ,
ან მეფისთვის თავსა დავდებთ.
სირცხვილია ერისათვის,
თავის მეფე მისცეს მტერსა...
მეფევ, სირცხვილს ნუ შეაჭმევ
ერსა შენსა შემნატვრელსა.
ნუ, ნუ გვაჭმევ ემაგ სირცხვილს,
წამყოლს შვილისშვილამდიე...
აქ მოვიდეს, მის დახვედრა
ამ ჩვენს ქედზედ დააჭდიე”.

VIII

“ახლა წადგა სპასალარი... —”მეფევ, რაც სთქვეს, მართალია.
შენ წახვიდე, შენ იქ მოგკლან, —
ჩვენ წელზედ გვერტყას ხმალია?!
თუნდ რომ დავჩეთ, ვინ რას გვეტყვის,
რით ჩავრეცხოთ ეს სირცხვილი?
არა, მეფევ!.. ძველებს უთქვამთ, —
სახელიო, ან სიკვდილი.
ნუ შეგვიშლი მამათ ანდერძს,
სირცხვილისგან დაგვიხსენი!..
მეფეს ვფიცავ, — მამა-პაპებრ
დღესაც გასჭრის ხმალი ჩვენი”.
ბატონმა თავი ჩაჰკიდა
გვირგინოსანი, ცხებული,
დიდხანს იყო დაღონებით
ეგრე თავჩაკიდებული...

IX

“ბოლოს ბძანა: — ეს ქვეყანა
ღვთისაგან მაქვს მონაბარი...
მე დავრჩე და იგი წახდეს,
მითხარით, რა მადლი არი!
ათი ერთზე რომ მოვიდეს,
მუქარას მტერს შევანანებ;
რა ვქნა, — ასი ერთზედ მოვა,
ამას ვწუხარ და ვვალალებ.
ჩვენი კაცი ერთი ასსაც,
ვიცი, არ შეუშინდება,
მაგრამ ბოლოს სიმრავლე გვძლევს,
ხალხი ურგოდ გამიწყდება.
მერე უკაცურს ქვეყანას
დასწვავს, დაჰბუგავს, დაანგრევს,
საყდრებსა და მონასტრებსა
დააქცევს, მიანგრ-მოანგრევს.
ხატებს, მამათ სალოცავსა,
წამურტლავს და შეგვიგინებს,
ამოიღებს მკვდრებს საფლავით,
ძაღლსა და ღორს ათრევინებს.
ქალწულთ-ქალზედ ძალით მივა,
წაჰბილწავს, ნამუსს დაუმხობს;
ორსულ დედაკაცებს კიდევ
მუცლებსა ხანჯლით დაუპობს.
დედას თავის ძუძუთა შვილს
კბილითა დააგლეჯინებს,
უსუსურს ბავშვებს ძნად ჩაშლის
და ზედ კალოს ალეწვინებს. X
“ამდენი სული უბრალო
ტანჯვითა ამოწყდებიან,
საწყალის ხალხის ცოდვითა
ქვანიც კი ატირდებიან.
ქვეყნის ამოდენი ცოდვა
ჩემს თავზედ დატრიალდება,
წაწყმდება აქაც და იქაც
დიმიტრი მეფის ხსენება!
ეს სულ რისთვის? მარტო მისთვის,
რომ მე შიშსა გავექეცი,
ჩემი თავი გადვირჩინე
და ერი კი წყალს მივეცი.
მე მეფე ვარ და მეფობის
რიგიც ვიცი რაში არი...
ფუ იმ მწყემსსა, თავს უშველოს,
მგელს დაუგდოს თავის ცხვარი...
სირცხვილს ამბობთ! — რა სირცხვილი?
მე ვეძლევი ნებით მტერსა,
ჩემს სიცოცხლეს, ჩემსა სისხლსა
თვითონ ვწირავ მე ჩემს ერსა.
თუ სიკვდილი სახელად გაქვთ
მაგდენს ჩემთვის — ერთისათვის,
მაშ რად მიშლით თავდადებას
მე ერთს — მთელის ერისათვის!..
არა! წავალ, არ დავდგები,
დე, ასრულდეს ნება ღვთისა,
ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს
მეფის თქვენის დიმიტრისა.

X

“ამდენი სული უბრალო
ტანჯვითა ამოწყდებიან,
საწყალის ხალხის ცოდვითა
ქვანიც კი ატირდებიან.
ქვეყნის ამოდენი ცოდვა
ჩემს თავზედ დატრიალდება,
წაწყმდება აქაც და იქაც
დიმიტრი მეფის ხსენება!
ეს სულ რისთვის? მარტო მისთვის,
რომ მე შიშსა გავექეცი,
ჩემი თავი გადვირჩინე
და ერი კი წყალს მივეცი.
მე მეფე ვარ და მეფობის
რიგიც ვიცი რაში არი...
ფუ იმ მწყემსსა, თავს უშველოს,
მგელს დაუგდოს თავის ცხვარი...
სირცხვილს ამბობთ! — რა სირცხვილი?
მე ვეძლევი ნებით მტერსა,
ჩემს სიცოცხლეს, ჩემსა სისხლსა
თვითონ ვწირავ მე ჩემს ერსა.
თუ სიკვდილი სახელად გაქვთ
მაგდენს ჩემთვის — ერთისათვის,
მაშ რად მიშლით თავდადებას
მე ერთს — მთელის ერისათვის!..
არა! წავალ, არ დავდგები,
დე, ასრულდეს ნება ღვთისა,
ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს
მეფის თქვენის დიმიტრისა.

XI

— “შენ რას ბძანებ, მღვდელმთავარო?
სიტყვა შენი გვიღირს ძვირად:
მართებს თუ არ ერისათვის
მეფეს თავი გასაწირად? ”
ატირდა და მოახსენა:
—“ჰე, მეფეო, მე თქმა მიჭირს,
მართალს ვიტყვი, თუმცა შენთვის
სული მიწუხს, გული მიტირს.
მეფევ, უნდა თავი დასდო
ერისა და ქვეყნისათვის,
ღმერთს შესცოდავს, ვინც გამკიცხავს
მე ამ მწარე რჩევისათვის. მეფევ, რაკი ბედმან დაგდო
შენ ეგ მძიმე საზღაური,
სხვას უკეთესს ვერას გირჩევს
სიყვარული ბატონ-ყმური...
ვსტირ და გირჩევ თავგანწირვას,
რაკი რომ ეს დღე გვეწია, —
მოყვასთათვის თავდადება
ქრისტე-ღმერთის ანდერძია.
ვსტირ და გირჩევ ღვთის სახელით
ხორცი დასთმო სულისათვის,
უკვდავება არ დაჰკარგო
წუთის-სოფლის გულისათვის!.. ”

XII

“მეფეს ძლიერ მოეწონა
მღვდელმთავრისა სიტყვა ბრძნული,
წარდგა ისევ კრებულის წინ
უფრო გათამამებული:
— “დიდებულნო, ხომ ისმინეთ,
რაც სთქვა წმინდა მღვდელმთავარმა!..
მოყვასთათვის თავდადება
გვიბძანაო მაცხოვარმა.
ნუ გადმიყვანთ ღვთისა სიტყვას,
ერს მეფე ვერ ვუღალატებ!..
წავალ და, თუ ღმერთს სწადიან,
ერისათვის თავსა დავსდებ.
მე წავალ და ეს ქვეყანა
თქვენ უნდა გებარებოდეს,
ღარიბს ისე მოუაროთ,
რომ მდიდარს არ შენატროდეს.
გლეხს თუ თავადს, დიდს თუ მცირეს
მადლი თანასწორ მოჰფინოთ,
ობოლი, ქვრივი, უძლური
ძლიერს არ დამიჩაგვრინოთ.
თუ დავბრუნდი, თქვენს სამსახურს
გადაგიხდით ორად ერთსა,
თუ არა და — სული ჩემი
შეავედრეთ მაღალ ღმერთსა”.
ატირდა და აატირა
ყველა კაცი იქა მდგომი;
გულის სილბო სიტურფეა,
თუ კაცია სხვაფრივ ლომი.
მართალს ვაჟკაცს ის ამშვენებს,
როცა გულითაც ლბილია;
რკინის კაცის თვალში ცრემლი
დიდსულოვნობის შვილია.

(შემდეგი იქნება)

5 წერილები პეტერბურღიდგან

▲back to top


წერილები პეტერბურღიდგან

წერილი მეხუთე

იქნება მკითხველს თავი მოვაბეზრო სლავიანებით მაგრამ მაინც ორიოდე სიტყვა კიდევ უნდა მოვახსენო სლავიანთა საქმის შესასებ. ამისათვის შემთხვევას მაძლევს ერთი პატარა წერილი „Будущность Славянства“ რომელიც დაბეჭდილია რუსულს ჟურნალში «Вестникъ Европы» №12. აწინდელი რუსული დროგამოშვებითი მწერლობა საზოგადოთ იმოდენა ბაქიობით და ტრაბახობით არის ავსებული, იმ გვარ აღტაცებაშია (გულ-წრფელად თუ პირფერობით), რომ ვისაც კი ცოტაოდენი ჭეშმარიტი მხედველობა სურს შეიძინოს წამოყენებულს საგანზედ და გაიგოს რამე ამ უთავბოლო და უგზო-უკვლო ლათაიობაში, უსათუოდ ყურს ათხოვებს ზემოხსენებულისთანა წერილს რაც უნდა ნაკლულევანება სჭირდეს ამა წერილი, მაინც აწინდელს გულის ამასუყებელს მწერლობაში ღირს შესანიშნავია, მით უფრო რომ მისი დამწერი სლავიანობის მცოდნე კაცია და არა ჰგავს ზოგიერთ მოლაქლაქეს, რომელიც მარტო იმას გაიძახის აბა ჩვენზე ჭკვიანი და ძლიერი ვინ არი მთელს დედა-მიწაზედაო, მარტო. მოვინდომოთო, თორე მთლი ცის ქვეშეთი ფეხ-ქვეშ დაგვეგებო. ავტორი ლაპარაკობს სლავიანის ტომის მომავალზედ.

სლავიანის ტომის ხალხნი, როგორც მოგეხსენებათ, ძველადგანვე გაიფანტულნი არიან დედა-მიწაზედ და, თუმცა ერთის ტომისანი არიან, მაგრამ რადგანაც მათი ისტორიული ცხოვრება და ბედ-იღბალი ერთი და იგივე არ იყო, ძალიან დაშორებულნი არიან და გადაკიდებულნიც ერთი ერთმანეთზედ იგინი განხეთქილნი არიან ყოველის მხრით: ემორჩილებიან სხვა და სსვა სახელმწიფოს; თითოეულ სლავინის ხალხს აქვს თავისი საკუთარი ენა, საკუთარი მწერლობა, თავისი საკუთარი სარწმუნოება და სხვ. მათი სისუსტეც ამაშია. თითოეული სლავიანის ტომის ხალხი იმდენად სუსტია იმ ხალხისა და სახელმწიფოის წინაშე, რომელსაც ექვემდებარება, რომ თვითარსებობის დაცვა ძნელია, ამიტომ ცოტად თუ ბევრად თან და თან კარგავს თვის დედა-თვისებებს და იძენს იმ ხალხის გვარტომობას, რომლის ძლიერის გავლენი ქვეშ იმყოფება. პრუსიის სლავიანებზედ დიდი ზედმოქმედება აქვს ნემეცურს ენას, განათლებას და წყობას; ავსტრიის სლავიანები არიან ნემენცებისა და ვენგრიელების გავლენის ქვეშ; ოსმალეთის სლავიანები ვერ ასვლიან რუმინებს ბერძნებს და თითქმის ოსმალებსაც; დალმაციის სლავია სპზედ დიდი ზედა-მოქმედება აქვთ იტალიელებს, თუმც იტალიელების რიცხვი დალმაციაში მცირეა; მას აქეთ რა ჩერქეზები დაასახლეს ბოლგარიაში ძნელი საქმე დაემარ თა ბოლგარიის გვარ-ტომობას (ჩერქეზებიც კი!).

ამ გვარი მდგომარეობა, რასაკვირველია, ვერაფერს მომავალს უქადის სლავიანებს, და მათი კეთილის მოსურნენი იძულებულნი არიან დაფიქრდნენ და მოძებნონ რაიმე საშუალება სლავიანების ტომის დამკვიდრებისათვის. სლავიანოფილები, მეტადრე უწინდელის დროისანი, ბევრს ლაპარაკობენ სლავიანის ტომის ძლიერს მომავალზედ, მათს ახალს ცივილიზაციაზედ, რომელიც ვითომ დაამარცხებს და გაჟღეტავს ევროპიის ცივილიზაციას. მაგრამ ცარიელი ლაპარაკით ხომ საქმე არ გარიგდება თუ ამ ლაპარაკს საფუძვლად სინამდვილე არ უძევს. ეს სინამდვილე კი, როგორც ზემოდ მოგახსენეთ, ცხადათ გვიჩვენებს რომ სლავინის ტომის ხალხნი ვერ ასდიან უცხო ტომთა ზედ-მოქმედებას და გავლენას, და ადრე თუ გვიან მათი გვარტომობა გაქარწყლდება როგორც შარშანდელი თოვლი. მაშასადამე უნდა მოპოვებულ იქმნას ღონის ძიება, რომ სლავიანებს ფესვები გაუმაგრდეთ და მით დაუმკვიდრდეთ მომავალი; უნდა მოიძებნოს იმისთანა - ძალა, რომელსაც შეეძლოს სლავიანის ხალხთა შეკავშირება და ერთობის დამყრება. ამავე საშუალებას და ძალას დაეძებს ზემოხსენებული წერილიც.

სლავიანთა საგვარტომო მოძრაობა ყველაზედ უწინარეს მწერლობაში გამოჩნდა. ყველა პაწაწკინა ტომი დაადგა თვის საკუთარის ლიტერატურის დაარსებას და შემუშავებას. ამის გამო გაჩნდა მრავალი სხვა და სსვა სლავიანური მწერლობა, იმდენი რამდენიც ცალკე ტომი და ენა მოიპოვებოდა. ამ გვარი სიმრავლე და სხვადა სხვაობა ლიტერატურისა არამც თუ არავის არ აწუხებდა, არამედ სლავიანობის მოყვარეთ უხაროდათ კიდეც: რამდენიც უფრო მეტი იქმნებაო იმდენი უკეთესიაო, რადგანაც ეს სიმრავლე მხოლოდ სლავიანის ხალხის აღდგენისა და წარმატების ნიშანიაო. მაგრამ, ამ მოძრაობის ზოგიერთა მოღვაწენი დაფიქრდნენ: იქნება ამ გვარი განაწილება ძალისა, როგორსაც წარმოგვიდგენს სლავიანურის მწერლობის სიმრავლე, სასარგებლო კი არა, არამედ მავნებელიც იყოს მთელის სლავიანის ტომის მომავალისათვისო? ნუ თუ ამისთანა პატარ-პატარა მწერლობებს შეუძლიანთ აიტანონ ბრძოლა ევროპიის განვითარებულს, მძლავრს ლიტერატურასთან და აიცილონ თავიდგან უცხოეთის ძლიერი გავლენაო? ამ გვარ განაწილების ძალით ერთი და იგივე საქმე მრავალ ჯერ კეთდებაო და ამასობაში ტყუილ-უბრალოდ ჯაფა და შრომა იკარგებაო, რომელიც საკუთარის მეცნიერების თვის რომ ყოფილიუო. მოხმარებულიო (ე. ი. მეცნიერების გამდიდრებისა და წარმატებისათვის) უფრო კარგი იქმნებოდაო. ყველა ეს სლავიანური მწერლობანი ენით თუმცა ენათესავებიან ერთი-ერთმანეთს, მაგრამ მაინც უცნობნი და გაუგებარნი არიან ერთი-ერთმანეთისათვის. მაგალითებრ, სერბიის მწერლობას რომ ნდომოდა გაეგო რას არიგებს, ვჰსთქვათ, ჩეხიის ლიტერატურა, იძულეპული იყო გადაეთარგმნა ჩეხურიდამ, როგორც, მაგალითებრ, ფრანციულიდამ ან ნემეცურიდამ. მაშასადამე სლავიანის ტომი რაღა ერთობას მიაღწევს? გარდა ამისა აქ უნდა მოგახსენოთ, რამდენადაც სლავიანოფილები გვარ-ტომობაზედ ლაპარაკობდნენ და რამდენადაც მათ დროშაზედ მხოლოდ გვარ-ტომობა იყო წარწერილი, იმდენად სლავინის მწერლობათა რიცხვი მრავლდებოდა და ბოლოს გამოვიდა შემდეგი: სლავიანოფილები იღვწოდნენ ერთობისათვის, ის კი არა თუ მოიპოვეს განხეთქილება. აი ამ უბედურების აცილებისთვის უნდა მოგონილიყო რომელიმე მტკიცე და მძლავრი ღონისძიება. ზოგმა ის გამოსჰთქვა რომ ყველა სლავიანებისათვის ერთი და იგივე სალიტერატურო ენა იყოს შემოღებულიო. ზოგმა კიდევ დაუმატა, რომ ამ გვარ ენად რუსული ენა უნდა იყოსო, როგორც ენა ძლიერისა და უცხო მფლობელობისაგან თავისუფალის ხალხისაო. ამ აზრსაც გამოუჩნდა წინააღმდეგი აზრი და შეხედულობა. მართალია რუსული ენა ეკუთვნის ძლიერს ხალხს, მაგრამ ეს რა საბუთიაო, შენი ჭირიმე, ამ ენის მიღებისა სლავიანის ლიტერატურის მიერ? გარდა ამისა უცხო ენის შემოღება, — ამბობს ხსენებულის წერილის ავტორი, თვის ლიტერატურაში (თუნდ ახლოც რომ უდგებოდეს ის ენა თვის საკუთარს) იმისთანა სალიტერატურო არეულობაა, რომლის მოხდენა რამდენიმე კერძო გვამთა პირშეკრულობით შეუძლებელია. ამისათვის საჭიროა მძლავრი და განსაკუთრებითი პირობები; საჭიროა, რომ იგი ენა იყოს განათლების აუცილებელი სახსარი, რომ მის შეუსწავლელად. მის ლიტერატურის შეუძინავად ვნება რომ ეძლეოდეს ხალხის სარგებლობას. ვიდრე რუსული ენა მიიღებოდეს, ვიდრე შევიძლებთ სრულის უფლებით ურჩიოთ რუსულის ენის შეთვისება, რუსულმა ლიტერატურამ იმ გვარი თვისებები უნდა შეიძინოს, რომელთაც შეეძლებათ მიიზიდონ ჩვენი ძმები; მან უნდა დაიმკვიდროს ევროპიის ლიტერატურის თვისებანი, აგრეთვე სამეცნიერო და საზოგადობრივი სიმდიდრე შინაარსისა და წერა-ბეჭდვის თავისუფლება, მძიმე საგანნი და მათი თავისუფალი განჩხრეკა რომ მოიპოვებოდნენ რუსულს მწერლობაში, სლავიანები უჩვენოდაც მოჰკიდავდნენ მას ხელს და თუ ისურვებდნენ ამ მძიმე საგანთა სჯაში მონაწილეობის მიღებას, დაიწყებდნენ რუსულს ენაზედ წერას. იმის მსგავსად როგორი ეხლა რუსის მწერალი, თუ მრავალი მსმენელი სურს და თავისუფალი ლაპარაკი, ფრანციულს ან ნემეცურს ენას კიდებს ხელს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ დასავლეთისა და სამხრეთის სლავიანებს გარს ახვევიან ხალხნი რომელთაც უპყრიათ თავისუფალი ლიტერატურა, ამასთანავ ავსტრიის სლავიანთა უმრავლესობამ იცის ნემეცური ენა (განათლებულთა შორის ხომ ყველამ იცის). მაშასადამ ზემოხსენებული პირობა უფრო აუცილებელია რჩევის და ძალდატანების მაგივრად სჯობს ფართო გზა გაუკაფოთ ჩვენ საკუთარ მწერლობას, ეს უფრო მტკიცე საშუალება იქნება. ჩვენს მიერ მტრობა და დაუდევნელობა კერძო ტომთა მწერლობისადმი სრულიად არ უშველის საქმეს. ამ მწერლობის არსებობას თვისი საბუთი აქვს და თუ თვით-არსებობისა გვეშინიან, მის წინააღმდეგობად საჭიროა არა მტრობა, არამედ ჩვენი საკუთარი წარმატება. კერძო ტომთა ლიტერატურის არსებობ დამყარებულია ყოვლად კანონიერს და პატივსაცემს გრძნობაზედ — თავის სამშობლოს სიყვარულზედ. სიყვარულთვის სამშობლო ენისადმი დაბადებითვე ჰყვება კაცს იგი არის ფიზიოლოგიური თვისება კაცისა. ამ ენაზე ჰსმენია მას ნანა, ამ ენაზედ გაუგონია მას დედის ალერსი და ამავე ენაზედ უთამაშნია მას წინაპირველად; ეს არის ენა მისის ოჯახისა, მისის ამხანაგობისა და ხალხი ცხოვრებისა, თუ ყმაწვილობითვე უნახავს ეს ცხოვრება ხალხის მდგომარეობისათვის ზრუნვას აუცილებლი მოსდევს სიყვარული ხალხის ენისადმი. ვინც ხალხს მიმართავს თვის სიტყვის ლაპარაკით, თუ სწავლით თუ წიგნით, უფრო ადვილად გააგებინებს თვის აზრს. ენაზედ, რომელიც ესმის ხალხს. როდესაც სლავიანი „აღდგენა“ იყო წამოყენებული და როდესაც „ხალხისადმი იყო მიქცეული ჩვენი ყურადღება, დიდი შრომა დიდ რომ პირ-და-პირ ხალხის პირიდგან გაგვეგო მისი ჭკუისა და გრძნობის შინაარსი, სიმღერებში, ზღაპრებშ თუ ანდაზებში იხატებოდა ეს შინაარსი. ამ შრომის ჯეროვანი ნაყოფიც მოჰყვა: უფრო ვრცლად გავიგეთ ხალხის ცხოვრება, უფრო ახლო დაუდგა საზოგადოება ხალხის უმრავლესობას, რომელშიაც მოგროვილა საგვარტომო ძალა. თუ სლავიანის გვარტომობის კეთილს მოსურნენი არიან აგრეთვე ხალხის კეთილის მოსურნენიც, მათ მიერ უსამართლობა იქმნება თუ ეტყვიან ხალხს, შენ ხომ შენია ჭკუა და გონება გაგვაგებინეო, ეხლა კი წადი აღარ გვინდიხარო, არც შენი ენა გვინდაო, და შენც კარგს იქ რომ დაივიწყოვო“. ერთის სიტყვით ავტორი იმ აზრზედა დგას, რომ თუ მართლა სალიტერატურო ერთობა გვინდა სლავიანებისათვისაო, დარიგებით და რჩევით არა გარიგდება რაო, და ყველაზედ უწინარეს ჩვენ ჩვენს საკუთარს მწერლობაზედ უნდა ვიზრუნოთო და სასირცხვილო მდგომარეობიდამ გამოვიყვანოთო.

ახლა ვთქვათ სლავიანებს, ასე თუ სხვაფრივ, მიეცეთ ერთი და იგივე, თუნდ რუსული ენა. ამით სრულიად არ მკვიდრდება სლავიანთა ერთობა. განხეთქილება, ლანძღვა და თრევა ერთმანეთისა ერთსა და იმავე ენაზედ კარგად შეიძლება. „ენა არის მხოლოდ საშუალება სალიტერატუროისა და საზოგადობრივის ერთობისა და არა თვითონ ერთობა, არა თვითონ ცხოვრება“. ესვე ითქმის სარწმუნოების ერთობაზედ და სხვ.

ნამდვილი ერთობა შესაძლებელია მხოლოდ საპოლიტიკო ასპარეზზედ, იმ ასპარეზზედ, რომელიც აკმაყოფილებს უფრო ძლიერს და მტკიცე მოთხოვნილებას და გრძნობას კაცისას, ვიდრე საგვარტომო გრძნობაა. დააკვირდით ისტორიას და ნახავთ, რომ საგვარტომო მიდრეკილება იმდენად მძლავრი არ არის, რომ თავის-თავათ აწარმოვოს მძიმე ცვლილება ცხოვრებაში; ამ ცვლილების მოსახდენად საგვარტომო. მიდრეკილების გარდა საჭირო იყო. ყოველთვის კიდევ სხვა რომელიმე ძალა, უფრო მტკიცე და უფრო მძლავრი საგვარტომო მიდრეკილებს არ ყოფილა იმდენად ძლიერი სახსარი, რომ მარტო ამ სახსარის ძალით ორი რომელიმე ტომის ნაწილი შეერთებულიყვნენ ერთს სახელმწიფოდ, ან ერთი რომელიმე სახელმწიფო. დარღვეულიყო ორ ნაწილად. პორტუგალიას არავითარი სურვლი არა აქვს შეუერთდეს ისპინიას, თუმცა მათი გვარტომობა ერთია. ჰოლანდიას არავითარი მიდრეკილება არა აქვს გერმანიისადმი. აი კიდევ შვეიცარია, მისს ფრანციულს ნაწილს რავითარი სურვილი არა აქვს საფრანგეთთან შეერთებისა. არც იტალიური ნაწილი მიიბძვის იტალიისკენ. მართალია ბევრი განხეთქილება და შეერთება მომხდარა ისტორიაში, მაგრამ მას მოსდევდა სხვა უფრო ძლიერი მიზეზი, ვიდრე გვარტომობა. მართალია ლომბარდო-ვენეციელები გადუდგნენ ავსტრიელებს, მაგრამ იმიტომ, როე ავსტრიის მფლობელობა მათთვის შემაწუხარი იყო. მრთლია მოლდავია და ვლახეთი შეუერთდნენ ერთი-ერთმანერთს მაგრამ იმიტომ რომ ორივ ერთად უფრო მტკიცედ აუვიდოდნენ ოსმალების თავდა ცემას, ვიდრე ცალ-ცალკე. ესევე ითქმის ეხლანდელს სლავიანებზედაც. მართალია ავსტრიის სლავიანები კმაყოფილნი არ არიან ავსტრიის მმართველობისა, მაგრამ აბა ახლა კითხეთ თვით ავსტრიის ნემეცებს, თვითონ კი იგინიც კმაყოფილნი არიან თუ არა. აგრეთვე გერმანიის სლავიანებიც ყველგან უმრავლესობას ერთი და იგივე ჭირი და მწუხარება აწევს. ყველგან და ყველანი ცდილობენ გამოვიდნენ ამ მწუხარებიდგან. ამ ცდაში გვარტომობას უპყრია მცირე მონაწილეობა. თუ ხალხი მშიერია, დაეძებს ლუკმა პურს. იქნება ამისათვის შეუერთდეს თვის ტომის ხალსს. მაგრამ არა მგონია, რომ ეს შეერთება ქოინდომოს თუ დაინახავს, რომ შეერთების შემდეგ უფრო მეტი შიმშილი მოელის ვიდრე უწინ. თუ ხალხი დამწყვდეულია, იგი დაეძებს თავისუფლებას, მაგრამ არ გეგონოთ, რომ უფრო მეტი საპყრობილე ირჩიოს ოღონდ კი საგვარტომო მიდრეკილება დაიკმაყოფილოს... ნამდვილი ერთობა შესაძლებელია მხოლოდ საპოლიტიკო ასპარეზზედ ამ სიტყვის ვრცელის მნიშვნელობითა.

ამ მხრით დავხედოთ სლავიანის ტომის ხალხთა მდგომარეობას, ვნახოთ რა სახით შეიძლება მათი შეერთება, თუნდ რუსეთის წინამძღომლობით. „ბალკანიის სლავიანთა განთავისუფლებაო, ამბობს ჩვენი ავტორი, ადვილად მოსააზრებელია. მაგრამ რა გაეწყობათ ავსტრიის ან პრუსსიის სლავიანებს? იგინი ისე დახლართულნი და გაფანტულნი არიან უცხო ადგილთა შორის, რომ მათი შეერთება (რუსეთის წინამძღომლობით— მთავარ მეფობით ამ ადგილების დაუპყრობლად შეუძლებელია; ეს ადგილები ეკუთვნიან იმ ტომთ, ნემეცებს და ვენგრიელებს, რომელნიც ძველადგანვე ფლობენ სლავიანებს და, რასაკვირველია, მუქთად არ დასთმობენ თვის მფლობელობას. ავსტრიის ნემეცებს მიეშველებიან გერმანიის ნემეცები, ვენგრიელნი და სხვ.“

ევროპიის სლავიანები ცოტად თუ ბევრად ჩართულნი არიან ყოველის მხრით ევროპიის ცხოვრებაში. ცოტად თუ ბევრად, ცუდად თუ კარგად მათი მოთხოვნილებანი მიდრეკილებაანი დამყარებულნი არიან იმ ნიადაგზედ, რომელსაც აძლევს მათ ევროპა თვის საპოლიტიკო მოწეობილობით. სლავიანები მტკიცედ დგანან ამ ნიადაგზედ მეტადრე 1848 წ. აქეთ. ეს ნიადაგი ვიქონიოთ მხედველობაში და ვიკითხოდ ზემოხსენებულის ავტორის სიტყვით: ნუ თუ შესაძლებელია სლავიანებისა და რუსის საზოგადოებისა ხელის ხელს გაყრილი მოძრაობა“? ვინც შინაობაში მოკლებულა, ამბობს ავტორი, გაუმჯობესობილი ცხოვრებას, ნუ თუ მას შეუძლიან მიიღოს ნამდვილი და მტკიცე მონაწილეობა გარეშე ცხოვრებაში?“ ამ მხრით ევროპიის სლავიანები და რუსეთის საზოგადოება ერთი ერთმანეთის წინაშე იმავე მდგომარეობაში არიან, როგორც ოცდაათის წლის წინეთ იყვნენ, როდესაც იფეთქა სლავიანის მოძრაობამ როგორც მაშინ, ისე ეხლა, მათ ვერა გაუგიათ რა ერთი ერთმანეთისა; როგორც მაშინ გრძნობიერი მოძრაობა რუსის საზოგადოების მიერ (სლავიანთადმი) შეუძლებელი იყო, ისე ეხლა, რადგანაც რა ცვლილება მოხდა (ამბობს ავტორი) მას აქეთ რუსის საზოგადოების მდგომარეობაში? მართალია გადავარდა ბატონყმობა და სხვა და სხვა ცვლილება დაწყებულ იქმნა მმართველობაში მაგრამ ამ ახლად დაწყებულს ცვლილებებს ბევრი მტერი ასჩენიათ, რომელნიც ცდილობენ ფესვები მოუჭამონ მათ და ცოტად თუ ბევრად ახერხებენ კიდეც; ეს ცუდი ნიშანია. თვით ცვლილებანიც, ფრიად კეთილნი, ჯერ მხოლოდ დასაწყისში არიან და ჯეროვანი ნაყოფი არ მოუტანიათ საზოგადოებისა და ხალხისათვის, ნაოფი, რომელიც შეჰფერის აწმყო დროს და დაუდგრომელის ისტორიის მოთხოვნილებას“. შემდეგ ამისა ავტორი ამბობს; „ჩვენი მამულის შვილნი, რომელნიც ზრუნავენ სლავიანთათვის, დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ მაშინ შეეძლება მტკიცედ მოუმართოს ხელი სლავიანებს, როდესაც ეცდება თვის საკუთარი საქმეები შეიყვანოს წარმატებაში; შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს მეგობრობა სლავიანთადმი და შინაობაში კი უკან მსვლელობა და ცუდად ჯდომა, ომიანობით უშველით სლავიანთა (სამხრეთის) საქმეს; მაგრამ ნუ იფიქრებს სლავიანების კეთილის მოსურნე, რომ ამის გამოისობით იგი უნდა მოუვეს საგვარტომო კვეხნას და სამშობლოის ღალატობა დასწამოს ყველას, ვინც ამისთანა დროს თვის შინაურ საქმეზედაც ზრუნავს გათავდება ომი; ბოლგარიელებს, ვთქვათ, მიეცემათ თავისუფლება; მაშინ მათი ცხოვრება შევა ახალს ხანაში და ბერდანის თოფებით და შორს მსროლელი ზარბაზნებით ვეღარას უშველით; ჩვენ მიერ შველა შესაძლებელი იქმნება მხოლოდ ჩვენის საზოგადობრივის შინაარსით, ჩვენის განათლებით და საპოლიტიკო განვითარებით. იყო დრო, როდესაც სერბიელნიც იმავე მდგომარეობაში იყვნენ, როგორც ეხლა ბოლგარიელნი; მაშინაც ცოტაოდნად შველოდნენ რუსები თვის ტალიან თოფებით და საპირიდამ სატენ ზარბაზნებით; მაგრამ გავიდა ოცი-ოცდაათი წელიწადი და გამოჩნდა, რომ სერბიელნი ეკავშირებიან და სხვა და სხვაფრივ დამოკიდებულნი არიან რუსეთზედ კი არა, არამედ ავსტრიაზედ. თუმცნ ეს კავშირი მათის სარგებლობის წინააღმდეგი იყო. ამის მსგავსი რამ შეიძლება ბოლგარიელებსაც დაემართოთ, და ასე მოხდება კიდეც. შორს მსროლელი ზარბაზნები ვეღარას გააწყობენ: სხვა-გვარი იარაღი იქმნება საჭირო. გულით გვსურს, რომ ამ გვარი იარაღი მოიპოვებოდეს ჩვენში, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამას სრულის რწმენით ვერ ვიტყვით“.

6 საქართველო (ისტორიული და ეტნოგრაფიული გამოკვლევა)

▲back to top


საქართველო (ისტორიული და ეტნოგრაფიული გამოკვლევა)

(შემდეგი)[1]

ჩვენის აზრით, ხსენებულთ ტომთა საცხოვრებელი ადგილები და ერთი მეორის საზღვარი არეული უნდა იყოს. ჩვენ იმასაც ვფაქრობთ, რომ უცხო-ტომთ ძველი ცნობები ერთსა და იმავე ტომს სხვა და სხვა სახელს აძლევენ და ამ რიგად იმათ წარმოგვიდგენენ სხვა და სხვა ტომებად. ამ გვარ შეცდომას უცხო–ტომთ მხრივ ხშირად ვხედავთ ძველ დროშიაც და შემდეგაც. ის კი ეჭვ გარეთ უნდა გვქონდეს, რომ ხსენებულთ ხალხთ ნამდვილად სჭერიათ თითქმის მთელი სივრცე ჰალისის მდინარიდამ მოყოლებული ვიდრე კავკაზის მთამდე. ამაში იმიტომ არ უნდა გეჭვნეულობდეთ, რომ, როგორათაც სხვა და სხვა გვარი გამოკვლევა ჰმოწმობს, ეგვიპტელნი, ქალდეო-ასსირიელნი და ებრაელნი იმათთან თურმე დაიარებოდნენ და აღებ-მიცემობდნენ, იმათის მადნებით სართგებლობდნენ და იმათ ქალ-ვაჟებს სავაჭროდ ეტანებოდნენ; მაშასადამე დიაღ კარგად იცოდნენ მდებარება იმათის ქვეყნისა.

თუ ჩვენ აქ მხედველობაში ვიქონიებთ იმ გასაოცარს ჟამთა სივრცეს, რომლის მომდინარეობაშიაც მათ უცხო ტომნი ხსენებულს ადგილებში უჩვენებენ და თუ ამასთანავე იმათ ქართველ ტომად ვაღვიარებთ, მაშინ ზემოხსენებული უცხო-ტომთ ცნობები ძვირფას ცნობესად უნდა მიგვაჩნდეს. ახლა იმათ ქართულ შთამომავლობაში თითქმის არ ეჭვნეულობენ. ეს საგანი შესწავლულია რამდენთამე სწავლულთაგან, მაგრამ იმათ შორის ისე საფუძვლიანათ არავის არ გამოუკვლევია, როგორც ფრანცუზს დიუბუა დე მონპერეს, რომლის მოგზაურობა ls Voyage autour du Caucase გამოიცა ექვს წიგნად პარიჟში 1839-1843 წ. თუმცა დიუბუას დროს ახალი არხეოლოგია ჯერეთ არ არსებობდა, მაგრმ ამ ევროპიელმა, განვითარებულმა მეცნიერების მრავალ შტოებში, სხვა და სხვა ტომთ მიფოლგიურისა და ისტორიულის ცნობების შედარებით ისე გამოიძია დასკვნილი საგანი, რომ აწინდელს არხეოლოგიურს გამოძიებას ჯერეთ იმაზე წინ არ წაუდგავს ფეხი. ესეც უნდა ვთქვათ რომ დიუბუას „მოგზაურობა“ აქამომდე მთელს ევროპაში მიღებულია უკეთესს სახელმძღვანელოდ საზოგადოდ გავკაზზე. აი რას ამბობს დიუბუა როდესაც ის აგვიწერს საქართველოს სომხეთის მადნებს:

„რკინა ითხრება აქ ბოლნისში, ახტალაში, ვარდა-შერდში, კარაკლისში, ყულფში და სხვ. ყულფის მადანი ცნობილია ძველადვე და მე ეჭვი არა მაქვს, რომ ყულფი უნდა იყოს ხალიბი ჰომერისა, ჰეროდოტისა და სტრაბონისა. რამდენჯერმე შემინიშნავს კიდეც თუ როგორ იყო განთქმული საქართველო თავისის რკინით და სპილენძით და შეიძლება დაჭეშმარიტებით ითქვას, რომ თობელი, ანუ თუბალი „დაბადებისა“ ჰნიშნავს ახლანდელს საქართველოს იოსებ ფლავიოსი იბერიად სთარგმნის იმ ძველ სახელს რომელსაც ბერძენნი მისთვისებდნენ ქართველებს.

„იავან, თობელ და მოსოხ ვაჭარ შენდა, რომელთ ამრავლეს აღებ-მიცემობა თვისი ვაჭრობითა კაცთაჲთა და ჭურჭლითა რკალისაითა“ (რვალი სპილენძია), იტყვის ეზეკიელი ქალაქის თირის აღებ-მიცემობის მშვენიერს აღწერაში (თავი, XXVII. მუხლი 43)[2] .

„მარტო სპილენძი არ ყოფილა საგნად აღებ-მიცემისა, რომელიც ამდიდრებდა თობელის ვაჭრობას. ნუ თუ თობელს არ წარმოგვიდგენს ძველის-ძველად „დაბადება: ხოლო სელაჲ შვაჲ თობელ ესე იყო კვერით ხუროჲ მჭედელი რვალისა და რკინისა?“ (IV, 22).

„იქ, სადაც ებრაელნი უჩვენებენ თავიანთს თობელს, ბერძენნი ჰპოვებენ ხალიბებს, რომელთ სახელი ნიშნავთ და ფოლადს და თვით ხალხს, რკინეულობის ჭედის მცოდნეს.

„თავდა პირველად ამ საგანს შეეხება ჰომერი. ის ამბობს ილიადის მეორე თავში:“ ოდიოსი და ახოვანი ეპისტროფუსი წინამძღრობენ ჰალიზიონის მხედრობას, მომავალს შორი ქვეყნით ჰალიბით, სადაც ვერცხლი იპოვება.“ შემდეგ ჰომერისა სხვა მწერლებიც ხშირად მოიხსენებენ ხალიბების რკინას. სტრაბონი, განმარტავს რა ზემოდ მოყვანილს სიტყვას ჰომერისას, არღვევს იმ მწერალთ აზრს, რომელნიც ხალიბებს ასახლებენ მცირე აზიის წინა ადგილებში თვით, სტრაბონი იმათ უჩვენებს, სომხეთში. მართლადაც, ყულფი (გოღფი) არის სომხური სიტყვა და მე ვიცი სომხეთში სამი ადგილი, სახელ-დებული ყულფად და სამნივე იგინი განთქმულნი ყოფილან მადნებით. ერთი მათგანია ყარსის ფაშალიკში; მეორე, რომელიც მე განვიხილე, დიდ-არმენიაშია, მაგრამ ორსავე ამ ყულფში ითხრება მხოლოდ მარილი. მესამეს შეადგენს ის ყულფი, რომელიც რკინის მადნით არის მდიდარი და რომლის სახელით ორი-ათასის წლის წინად იგულისხმებოდა ერთი. გუგარის, უმთავრესთა თემთაგანი, ესე იგი ხეობა ყულფისა, ანუ გოღფაფორისა. იმ დროს ეს ყუფლი შეადგენდა არმენიის ნაწილს (Saint-Martin, Mémoires sur l Arménie, II, 367) „ახლა თუ თქვენ დარწმუნდით, რომ ყულფია ძველი ხალიბი, მაშ ისიც ცხადი უნდა იყოს თქვენთვის, თუ რისთვის უწოდს ომერი ჭალიზონებად ყულფიდამ მომავალს მხედრობას: გადით მტკვარს, რომელიც პირისპირ ყულფის მიმდინარებს, და თქვენ შეხვალთ მშვენ ნიერს ალაზნის ხეობაში, რომლის სახელი ისე ძველია, როგორც თვით ქართველი ერი (Strabon, livre XI, p. 382).

„„ბიბლია კიდევაც წარმოგვიდგენს ერთს ადგილს, რომელმაც ჩემი ყურადღება მიაქცია და რომელიც ცხადად გვიმტკიცებს, რომ ყულფი, გოღფი, თობელი და მოხოხი ერთი და იგივეა. ეზეკიელის წიგნში ვკითხულობთ: „ძეო კაცისაო განიმტკიცე პირი შენი გოგსა ზედა, და ქვეყანასა ზედა მაგოგთასა, მთავარსა როსს, მოსოხს და თობელსა, და წყლე მის ზედა (XXXVIII და XXXIX). თუ მკითხავთ, რა მსგავსება აქვთ ერთმანეთში ყულფსა და გოღფსა, მე გეტყვით ამაზე: ყულფი ითქმის ქართულად; სომხები კი ამ სიტყვას გამოსთქმენ გოღფად, რადგანაც მათ ენაში ლიცვლება ღ-ად, ასე მაგალ., სომხები იტყვიან ალბანის მაგიერ აღვანი, ლაზარეს მაგიერ ღაზარი, თრიალეთის მაგიერ თრეღ, და სხვა.“[3]

„სხვა ადგილს იგივე დიუბუა ამბობს: „მესესი, მოსოხი, მოსოხის ტომი, წარმომდგარი პირველთ ფრიგიელთაგან (?) ანუ თარგამოსიანთაგან და მიდიელთაგან, რომელთაც იგი დაუყენებიათ წარმატების გზაზე და ხალხოსნობის მჭიდრო საფუძველზე, ბინადრობდა კოლხიდასა და საქართველოს შორის; იმას ეპყრა მთელი მხარე ყვირილის სათავიდამ (ფაზი ძველთა მწერალთა) ვიდრე მტკვრის სათავემდე. თვით ყარსისა და ახალციხის ფაშალიკები უნდა ყოფილიყვნენ მოსოხის შუა-გულად.

„„ერთი და იგივე არ ყოფილა ყოველთვის მოსოხის საზღვრები: ხან ვრცელი თურმე იყო, ხან შეზღუდული. მოსოხს საზღვრავდნენ რამდენიმე სამეფონი, რომელნიც მას მძლავრობდნენ და სტაცებდნენ უხვად მინიჭებულს ღელე-მინდვრებს. სტრაბონის დროს, მისისავე სიტუკით, იგი დაუოფილი ჰქონდათ კოლხიდას, იბერიას და არმენიას.

„მე აღარ განვიმეორებ, რაც რომ ზემოდ ვსთქვი მესხეთზე (II, 47 და 71; III, 171). აქ მხოლოდ შევნიშნავ, რომ თვით საქართველოს მწერალნი მესხებადვე იხსენიებენ მესხეთის მცხოვრებთ, რომელნიც ამ სახელითვე ცნობილნი არიან ბიბლიაში, სტრაბონისაგან და პროკოპისაგან. თუმცა ისინი აქამომდე ისევ მესხებად იწოდებიან, მაგრამ უმეტესი ნაწილი მათის მხარისა ზემო-ქართლად არის შეცვლილი. ეს გარემოება ჩვენ გვიმტკიცებს დიდს ნათესავურს დამოკიდებულებას მესხებისას და ქართველებისას; ამასვე გვიმტკიცებენ მათი ენა, ხასიათი და ცხოვრების ჩვეულებანი, რომელნიც ყოველთვის ერთი და იგივე ყოფილან. მოსხნი და თობელნი ქართველნი ძველის-ძველადგანვე არიან ხმობილნი, როგორც თვით სამღთო-წერილში, აგრეთვე ჰეროდოტესაგან. ჰეროდოტის სიტყვით ორნივე, მოსხნი და ტიბარენნი, ერთად სწევენ ხარკს სპარსეთისთვის (Hérodote, III, 94) რა ერთ-გვარ არიან შეიარაღებულნი და ერთს სარდალს ექვემდებარებიან ქსერქსის მხედრობაში (VII, 78).[4]

„რომ თობელნი თუ თუბალნი არიან ქართველნი ეს ცხადია: იოსებ ფლავიოსი ნამდვილად ამბობს, რომ თუბალებად იგულისხმებოდნენო იმის დროს იბერნი ანუ იბერნი პლინისა, სტრაბონისა და პროკობისა, ესე იგი აწინდელნი ქართველნი. ტუბალი, იბერი და ჰეროდოტის ტიბერნი ერთი და იგივეა, თუმცა თვით ქართველნი ამ სახელს არ უწოდდნენ თავიანთ ქვეყანას. აქამომდე შერჩენია ეს სახელი მხოლოდ მათ სატახტო ქალაქს ტბილისს, რომელიც ძველად დიდად განთქმული ყოფილა თავისის აბანოებით. მე კიდეც გამოვიკვლიე მნიშვნელობა ტუბალისა და მესექის ვაჭრობისა, რომელიც განვითარდებოდა ადამიანისა და სპილენძეულობის აღებ-მიცემობით. მე ვამტკიცებ, რომ რვალი ტუბალისა გამოჰქონდათ საქართველოს სომხეთიდამ და თვით რკინა ხალიბებისა მზადდებოდა მის მახლობლად ყულფისა და სხვა ადგილების მრავალს ქარხანებში, რა დიდის ხნისანი არიან ეს ქარხნები, ამას გვიმტკიცებს „დაბადების“ თქმულება წარღვნის წინა-დროის ტუბალკაინზე, რომელმაც პირველად თურმე შემოიღო ყოველ-გვარი იარაღი რკინისა და სპილენძისა[5]

აქ შენიშვნაში დიუბუა თავისის აზრის შესამოწმებლად ხალიბების მდებარებაზე მოიყვანს სკილაქს (522 წ. ქრისტეს წინ), რომლის თქმითაც შემდეგ მოსენაქებისა სცხოვრობდნენ ტიბარენნი და მასუკან ხალიბნი. ცხადიაო, რომ სკილაქსი აღნიშნავსო ხალიბებს ტბილისის მახლობლად. „მე ვფიქრობო, განაგრძობს დიუბუა, რომ მოსინექნი მოსხნი არიანო, თუმცა ჰეროდოტე განსხვავებას ჰპოვებსო. მათ შორის.“

აქ უნდა დაუმატოთ, რომ გამოჩენილი ახლანდელთ მეცნიერთა შორის ერნესტ რენანი ხალიბებს ეძებს ძველს გორდიანში, რომელიც იმის აზრით არის ქალდეა ანუ აწინდელი ქურთების ადგილ-სადგომი[6] ჩვენის ფიქრით, თუ ამ შემთხვევაში შემცდარია დიუბუა, შემცდა რი უნდა იყოს აგრეთვე რენანი. ერთი ეს, რომ სტრაბონი, რომელსაც ჩვენის მხარის ტომთ მდებარება და ვითარებანი კარგათ სცოდნია, უჩვენებს ხალიბებს, რომელნიც, იმის სიტყვით, „ჩვენ დროში ქალდიებად იწოდებიენო,“ - ტიბარენებსა და ჭანებს შორის. ჭანებს ის ძველ მაკრონებად ჰხადის[7] . მეორე ეს, რომ რომაელებისა და ვიზანტიელების დროს ხსენებული ქალდეა პონტის ქალდეად იწოდებოდა. მაშ სჩანს, რომ ის ზღვის პირი მხარე ყოფილა. აი რას ამბობს ამაზე სახელოვანი ჟან სენ-მარტენი: „ძველნი და საშუალო საუკუნოების მწერალნი ქალდეად უწოდდნენ იმ ადგილს, რომელიც მდებარებს ტრაპიზონსა და კოლხიდას შუა და რომელიც მიებჯინება იმ მთას, საიდამაც ჩამომდინარებენ ეფრატი, არაქსი, მტკვარი და აკამფსისი ანუ ახუ ანდელი ჭოროხი. ქრისტეს შემდეგ მე-X საუკ დამდეგს ეს სახელი დაერქვა ერთს კონსტანტინეპოლის სამხედრო თემთაგანს, რომლის სატახტო ქალაქად ირიცხებოდა ტრაპიზონი“ [8] .

______________

1 „ივერია“ №№43, 44, 1877 წლისა.

2 ეს მუხლი თითქმის ერთ-გვარია როგორითაც ფრანცუზულს ბიბლიაში, აგრეთგე ნემეცურში და ლათინურში, მხოლოდ ამ უკანასკნელში იაგანის მაგიერ იხმარება. Graecia; ქართული ბიბლიაში კი შეცვლილია ისე, როგორც სლავიანურში. ქართულშია: „ელლადა ყოველი და განმვრცობელნი მისნი, ვაჭრობდეს შენ მისი ხლებსა კაცთასა, და ჭურჭელნი, რვალისანი. მისცნეს სავაჭროდ შენდა“. სლავიანურშია: „Еллада вся, и ближній: твои: продаяху въ тебѣ душы человѣчи:: и сосуды: мѣдны: даша куплю твою“.

3Voyage autour du Caucase, IV, 136—141.

4ვივიანე დე სენ-მარტენის შენიშვნით, იმათს ერთს გვარტომობასვე ამტკიცებს თვით სტრაბონი, რომელიც იმათ საზოგადოდ იხსენიებს ტიბარენის ტომებად. Recherches sur les populations primitives du Caucase, Paris, 1847, p.57—58, იხილე აგრეთვე Geographi le Strabon par Tardieu, Paris, 1867, 11, 210. 2

5Dubois, Voyage, IV, 336-339.

6 Ernest Renan, Histoire Générale des lan- ques sémitiques, Paris, 1863, p. 65—66.

7Strabon, XII, 497,499.

8J. Saint-Martin, Mémoires historiques et géographiques sur l' Arménie, Paris, 1818, I, 327. n. 1.-Lebeau, Histoire du Bas-Empire, |Paris, 1825, III, 366 n. 3.

7 ქალაქის სცენები

▲back to top


ქალაქის სცენები

(1877 წლის ომის დროდამ)

(სხედან თამამშოვის ქარვასლის წინ სხვათა შორის ორნი მოხუცებულნი. პატარა ბიჭი ტელეგრამმებს დარბევინებს).

– ტელეგრამ, ტელეგრამ! ინტერესნი ტელეგრმ, ყარს ვზალი!

– ესეც ესე, ყარსი აუღიათ. ახლა კი მშვიდობა ჩამოვარდება.

– აბა!.. შენც არ მომიკვდე! მა ქაღალდებს რომ ატარებენ, მაგას უჯერებ?

– ტელეგრამ, ტელეგრამ!

– აბა, ერთი ვკითხოთ ამ ბიჭს. ბიჭო, რა სწერია?

– ტელეგრამ! იყიდეთ აღაჯან, კარგი ამბებია.

– რა სწერია?

– ბევრი, ბევრი რამ. მუხტარ-ფაშა, ითამაშა!

– ჰეჰე!

– ყარსი აიღეს, გაქცეულა, გეიმანი გამოსდგომია, აზრუმს იღებს, რამდენი დავი, დარაბა სწერია! იყიდეთ, შეიტყობთ!

– რუსული ჯერ არ გვისწავლია. ისე გვითხარი.

– პტარები ხართ, მაშ ჯერ ისწავლეთ! ტელეგრამ, ტელეგრამ!

– შეხე ამ ლაწირაკსა! ჰა შე წუწკი შვილო! რა გაირყვნა ხალხი! აბა რა კეთილს ისწავლიან ეს ბიჭები? ქუჩა-ქუჩა თრევით ლოკაობასა სწავლობენ...ეე...ასე, ე ყარსიც აიღეს...მითომ ომი ახლაც არ გათავდეს?

– რა ბძანებაა გათავება. მითომ ყარსითა და აზრუმით საქმე მორჩეს, შენც არ მამიკვდე! ყარსიდა აზრუმი მითომ ჯიბეში ზდებიათ. რამდენჯერ აიღეს, მაგრამ არ გათავდა.

– ამისთანა ცხარე ომი კი არა ყოფილა, მე თქვენ მოგახსენოთ. სანამ ქრისტიანებს არ დაიხსნიანო, მოგახსენებენ, ომი არ გათავდებაო. ახლა ე ყარსი რო აიღეს მითომ თათარმა ქრისტიანებზე ახლაც ხელი არ აიღოს?

– ჩემზე ახალგაზდა ხარ, მე მოვკვდე და შენ იცოცხლო, ეს სიტყვა არ დაგავიწყდეს: სანამ ელუსარემზე ოსმალო ხელს არ აიღებს, ომი საბოლოოთ არ გათავდეს და ეს ომიც სწორეთ ერუსალემის მიზეზით არის.

– არაო; გაზეთებში სწერენო, რომ ქრისტიანობა ოსმალოს დიდ შეწუხებაში ჰყავსო და იმის გამოთ რუსს თავი გამოუდვიაო. თქკენ რო ბძანებთ ერუსალემის კლიტის ამბავსა, ის ხომ წინა ომში გათავდა?

– შენც არ მამიკვდე, არ გათავებულა! აბა გაზეთებში რა იციან იქაური აბავი. ქალაქში რო გაზეთებს ატარებენ, ეგ ფულის ბაზარი გაუმართავთ, და ვაჭარ კაცს მართალს ნუ კითხავთ, რა კი ვაჭრობის საქმეა მეორეთაც ყველაფერს ვერ დასწერენ და ესეც ვიფიქროთ, კუკიის ამბავი მთაწმინდაზე სწორეთ არ მიდის, აბა იქიდამ აქ რა სწორი ამბავი მოვა?

– მართალი ბძანებაა, თქვენმა მზემ. მაგრამ საქმე რომ ქრისტიანობაზეა, ეს კი სწორეა.

– დიახაც ქრისტიანობის საქმეზეა, ერუსალემი საქრისტიანოზე არა ტრიალებს! მე თქვენ მოგახსენოთ, ეგ საქმე როგორ არის, ერუსალემი ხომ ხონთქრის ხელთ არის?

– დიახ, ხონთქარს უჭირავს.

– აგრე, ჩემო ბატონო. მაგრამ წირვა-ლოცვის ნება კი ბერძენსა, სომეხსა და ფრანგსა აქვს. ასე არ გახლავს?

– იმ თავათ ამ თავამდინ აგრე ყოფილა.

– კეთილი და პატიოსანი. იმ თავათ ამ თავამდის ხომ აგრე ყოფილა. ახლა, შენ ხარ ჩემი ბატონი, ე ნემენცი და ინგლიზი ატეხილა, ერუსალემში ჩვენც წირვა-ლოცვა უნდა გვქონდესო.

– ისინიც ხომ ქრისტიანები არიან?

– ქრისტიანები არიან, მაგრამ გასულები არიან, ნახევარ ქრისტიანები არიან: საყდარი აქვთ, ხატი არ იციან, მარხვა არ იციან.

– რაღა ქრისტიანები ყოფილან?!

– საქმე ეგ არის და. ხვანთქარი თურმე ნებას აძლევს. ეს ამბავი რომის ფაფს აცოდინეს თურმე, ერუსალემის საქმე ასე და ასეაო, მაშინათვე ფაფს მინისტერი მიუგზავნია ხვანთქართან, ეგ საქმე არა ქნა, თორემ ცუდი საქმე მოხდებაო რაც ადათია, იმის მოშლა არ შეიძლებაო. — ნემეცებს ერთი ძალიან თურმე ჭკვიანი მინისტერი ჰყავთ, ისეთი ჭკვიანი თურმე რომ, რო თქვას ადექ, მთელი ხემწიფობა დგება; რო თქვას დაჯექ, ყველა დაჯდება. ეს ფაფის სიტყვა ძალიან სწყენია, ერთი ამბავი, ერთი დავი-დარაბა გაუმართავს; პატრები გაურეკია. მერე ხო ბონაპარტეს ძმისწულსაც ეომა და ტახტიდამ გადმოაგდო. სულ ეს დავი-დარაბა აქამდინ მოვიდა.

– ამბობენ ნემენცს პირა თათრისაკენ არ უჭირამსო?

– მოგახსენოთ. ნემენცი რომ ვერას გახდა, ბოლოს უკან დადგა, რუსისა მოერიდა და ფაფს მისწერა: როგორც გიწირავთ, ისე სწირეთო; მე აღარაფერში არ ვერევიო. რა კი თქვენ და რუსი წინამდეგი ხართო, აღარ შემოგეცილებითო.

– ნემენცი უკან დამდგარა რაღა?

– დიახ, მაგრამ…

– დახე!

– ინგლიზი?

– ინგლიზი კი გაჯიუტებულა.

– მერე როგორა! ერუსალემის გზა ზღვა გირაოთ აუღია და ფული მიუცია ხონთქრისათვის, მე რაცა ვთქვი უნდა ავასრულოვო: აჰა ეს შენ ფულიო და ომი თუ მოხდეს, მოიხმარეო. იქ კიდევ ნემენცი თუმცა ცხადათ კი უკან დამდგარა, მაგრამ ფარვით თოფი და ზარბაზანი გამოუგზავნია.

– სწორეთ მართალი ბძანებაა! თავარ-მართებლის სახლის გვერდით რომ წმინდა ფოლადის ზარბაზნები ეწყო, ამბობდნენ ზედ ნემენცის სახელები სწერიაო. კიდეცა თქვეს, დახე ნემენცსაც პირი იქითა ჰქონიაო. ერთმა თქვა კიდეც: შენ ხელოსანი კაცი ხარ, მოვდივარ ფულს გაძლევ, შენ საქონელსა ვყიდულოფო; ზარბაზანიც ასეაო. — მაგრამ მე ჭკუაში არ დამიჯდა. თუ ნემენცს პირი იქით არა ქონდეს, რათ მიჰყიდდა?

– რა ბძანებაა! სწორეთ, როგორც მოგახსენეთ, ისე, ნემენცს თოფხანა მიუცია, ინგლიზს ფული. ამასობაში რომის ფაფს რუსთხემწიფისთვის მოუწერია, გძინავს, თუ გღვიძავსო? ეს ნემენცი დავაჩუმე, ინგლიზი არ იშლისო და შენ რაღას უყურებო? მართალია ჩემი მორჩილი ქრისტიანი არა ხარო, მაგრამ მაინც შვილათა მგონიხარო; ძალა გაქვს, ეს ინგლისი ერუსალემში არ შეუშვაო – რუსი აბა როგორ მოითმენდა და ომიც გამართა.

– სწორეთ აგრე უნდა იყოს, თორემ თათარს სხვა დროსაც უომნია, ესეთი ძალა არა ჰქონია; ჩანს მსწავლებლები ჰყავს. ქრისტიანები კი ჰქვიანთ!

ანჩისხატის-უბნელი

1877 ქრისტიშობისთვის 29-ს.