ივერია (24)1877.11.08



1877.11.08

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

– აგვისტოს პირველს დღეებში ქალაქში მოვიდა რუსეთიდამ ღენერალი ჩერნიაევი, რომელიც შარშან სერბიაში მთავარ სარდლად იყო სერბიის მხედრობისა. ქალაქში ამას სადილი გაუკეთეს. 6-ს აგვისტოს ღენერალი ჩერნიაევი კურუკდარას წავიდა.

– 8 აგვისტოს ღამე გოლოვინის პრასპეკტზედ წაეკიდა ცეცხლი შიოევის სახლებს და დუქნებს და თითქმის სულ გადიწვა. შესანიშნავია, რომ „პაჟარნი კამანდა“ გვიან მოვიდა და მოსვლის შემდეგაც ისე ვერ გაისარჯა, როგორც გაჭირება მოითხოვდა. 9-ს აგვისტოს ცეცხლი კიდევ იყო იმოდენად, რომ ზოგან ალიც ამოდიოდა.

სურამი. დიდი მოძრაობა ახლა ჩვენ სურამში. ისე ირევა ხალხი, ისე მღელვარებს, რომ ძაღლი პატრონს ვერ პოულობს. რა ჯურის და ჯინშის ადამიანს არ ნახავთ აქა?

საცა გაივლი, ყოველ ფეხის წადგმაზე დაგვხვდებიან: სამხედრო ჰექიმები, წითელ ჯვრიანი ქალები, მოსულნი მოსკოვიდამ დაჭრილების მოსავლელათ, ბლუზიანი იქაურივე ახალგაზდა და სხვა ხნის კაცები, საზაფხულოდ მოსულები და ფერწასულნი შიმშილისაგან, ფეხთ შიშველი, გოდრებ აკიდებული ბერძნის ქალები და სხვა არ ვიცი ვინა...

აქ რომ კეთდებოდა ფიცრულები დაჭრილებისათვის დიდი ხანია მზათ არის და შიგ კიდეც იკურნებიან ბრძოლის ველზე დაჭრილები. აქ სურამში ორი რიგი საავათმყოფები არის. ერთია გამართული მოსკოვის აზნაურების ხარჯითა, მეორე სამთავრო ხარჯით. შენობები აქვთ ფიცრებისა. შინაგანი განწყობილება და ავათმყოფების მოვლა პირველისა ჩინებულია. ავათმყოფები ძალიან პატივში ჰყავსთ. მოიყვანეს ისინი თუ არა, მაშინვე ტანთ გამოუცვალეს, შემოსეს სუფთა და კარგის პერანგებით და ჩააწვინეს რკინის სარეცლებში, რომელნიც მორთულნი არიან რბილისა და ფაფუკის ბალიშებით და ლეიბებით. მოსკოვის საჯანმრთელო საზოგადოების საავათმყოფო შესდგება სამის ფიცრულისა და ორის კარავისაგან, რომლებშიაც ამ ჟამად იკურნებიან ას-ათ კაცამდისინ; ოც-და-ათი კაცი სრულებით გამთელდნენ, ხუთნი– დაიხოცნენ. ორს სამთავრო საავათმყოფოებში, მე 31 და 34 იკურნებიან ას სამოც კაცამდისინ. ამ უკანასკნელის განწყობილებაზე ვერას მოგახსენებთ, რადგან დიდი ხანი არ არის რაც დაარსებულია და ჯერ არც კი ვყოფილვარ იქა.

ამ თვის 26-სა მათმა უმაღლესობამ კავკასიის მთავარ სარდლის მეუღლემ დიდმა კნეინამა ინახულა აქაური საავათ-მყოფოები. როგორც გავიგეთ მადლი უბძანებიათ ამ საავათმყოფების გამგებელის – შერემეტიევისათვის.

ამ თვის 23-სა მოვიდა სურამში სომხების არხიეპისკოპოსი აივაზოვსკი. სურამელებმა დიდი ამბით და ზარების რეკით შეიყვანეს საყდარში, სადაც იმან სურამელებს გადუხადა მადლი აქაურის სასწავლებელის კარგათ წინ წაყვანისათვის. „მე დიდის სიამოვნებით წავიკითხე გაზეთში მშაკ თქვენ სასწავლებელზე ქება და იმაზე რო აქ სურამში კეთდება სასწავლებელისათვისა სახელები; დიდათ ვისიამოვნე და აგერ გიხდით საკუთარ ჩემს გულითათ მადლობას და იმედი მაქვს, მომავალშიაც უკეთ ეცდებით ამ საგანზე თქვენდა სასარგებლოთ და ჩვენის სომხების წინაპარების გასახარებლათ,“ სთქვა არხიეპისკოპოსმა მცირე ლოცვის შემდეგ.–

მაგრამ ჩვენი ქართველები ამ საგანზე ე. ი. სასწავლებელზე ყურებსაც არ იბერტყენ, თუმცა კი რომელ გლეხთანაც იმაზე ბაას დავიწყობთ, გვესმის: ,,ან, როდის იქმნება ჩვენთვის ის ბედნიერი დღე, რო მაგაზე გვიპატრონოს ვინმემო, მაგრამ სად არის პატრონიო. ...

ს. ბავრელი.

კასპ და გრაკლის ხიდ შუა, დაბლა მტკვრის პირას, არის ორასი დღიური ურწყავი მიწა, რომელიც ეკუთვნის ამილახვრიანთ და რომელსაც აშინაურს ეძახიან. ამ მიწებს სოფ. გრაკალში მცხოვრებლები ხვნენ ხოლმე. ამ მიწებში წრეულ მშვენიერი ყანები მდგარა, ისე რომ სიმაღლით, კაცს წელამდინ მოადგებოდა. მთელი ზაფხული შვილივით შესცქეროდნენ უბედური გლეხკაცები, რადგანაც ყველა ნაკლულევანების დაფარვას, და გაბღინძულის მუცლიანების დაკმაყოფილებას სულ ამ მოსავალიდამ მოელოდნენ. მაგრამ მკათათვის 6-ს ერთი იმათებურივე გლეხ-კაცი ყანებში საჭმელს ხარშამდა, და უეცრათ ნაპერწკალი გადავარდა, და მოედო ცეცხლი იქ დადგმულ სამეულებს, და თუმცა ნამდვილათ არ ვიცი მაგრამ საკმაოთ კი დაეწყოთ მომკილები. უბედურები რას მოიფიქრებდნენ, რომ მზათ მომკილს, ამ გვარი უბედურება ეწვევათ. თქვენი მტერი იყოს რაც გლეხებს დღე დაემართათ, იმოდენა ამაგზე, და ჭინახულზე ცარიელები დარჩნენ. ახლა გამოძიება არის დანიშნული თუ როგორ გადაიწო. აბა ეს გლეხი ძალათ ხომ არ დასწვამდა?

ასე მოგახსენებენ ოცი დღისა მომკული ყანა დაიწოვო.

ქვემო ქართლიდამ. წრეულ აქეთკენ ძრიელ კარგი მოსავალია პურისა. თითონ გლეხ-კაცები ამბობენ რომ კარგა ხანია ამისთანა მოსავალსა არა ვღირსებივართო. თითო პატარა კალოდამ ექვსი შვიდი ტომარა კარგი პური ადის, მაგრამ რა გამოვიდა, პატრონს მესამედიც არა რჩება თავის ნაწომ-ნადაგისა. იმ სიცხე პაპანაქებაში, როდესაც ადამიანი სახლშიაც კი იწვის სიცხით, იმ დროს გლეხ კაცი მთელი დღე წახრილი მკის და ჩამოსდის საცოდავს წურწურით ოფლი; და თუ ერთი ბეწო ნიავი დაჰბერავს იმ დროს, მაშინ გლეხ-კაცს ასე ჰგონია ეხლა დავიბადეო. ერთი კაცმა თქვას რისთვის ან ვისთვის? მათთვის ვინც მხართეძოზედ არის წამოწოლილი, და როცა მოსავლის დრო მოვა და მზა-მზარეულათ წაიღებს მის მესამედ ნაშრომსა. თითქო გლეხ-კაცზედ ბევრს არა ვინა შრომობს, და რისაგან არის რომ იგი ყველაზედ უფრო საწყალია. ეს მკითხველმაც კარგათ იცის რისაგანაც არის. მათ ძნებს რო შეხედოს კაცმა, თითქო იტყვის კაცი, რა უჭირთ ამოდენა პური მოსვლიათ, რომ ორ წელიწადს კარგათ ეყოფაო. მაგრამ აგერ დაუწყეს პურს ლეწვა და კალოსაც შემოხვევიან პოღოსა და მიკირტუმები თავიანთის უშველებელის ჩანახითა, აღარც კი აცლიან საწყლებს, რომ მშვიდობიანად გალეწონ.

აბა რაღა გული ექნებათ, როდესაც უყურებენ, რომ ჯერ ნახევარი არც კი გაულეწიათ, და ცრუ მოვალეები კი სწეწენ პურსა. ერთი კაცმა ჰკითხოთ იმ ურჯულოებს, რა შრომა გაუწევიათ ამ მოსავალზედ, რომ ამოდენა ჩანახით იწყვენ პურსა და უნახევრებენ ნაწომ-ნადაგსა. რაღაცა ხუთი მანეთი მიუციათ გლეხ-კაცისათვის და იმაში ეხლა ხუთი კოდი პური მიაქვთ. აი ასე უსამართლოთ მიაქვთ გლეხ-კაცის ცხოვრება. მეტი რა ღონე გვაქვს რომ არ მივცეთო, ასე ამბობდნენ საწყლები, ჩვენ ყოველთვის ფული არა გვაქვს და იძულებული ვართ რომ ნისიათ ავიღოთო. გარდა ამისა მთელი სოფ. ხიდისთავის ვენახები თითქმის გორელებს ეკუთვნის, ზოგი გირაოს წერილით და ზოგი საკუთრებით, და მომეტებული ნაწილი ღვინის მოსავლისა მოგირავნებს მიაქვთ, სამოც თუმნის სარგებელში ორმოცი კოკა ღვინო მიაქვთ, რომელიც კოკა უკანასკნელი რვა მანეთათ ღირს. ერთი ამ გვართაგანი ვაჭარი ცხოვრობს გორსა, რომლისაგანაც მთელ ხიდისთავის გლეხკაცებს ტყავი აქვთ ამძვრალი. ასე გასინჯეთ თავის ბიძასაც კი არ ინდობს გასაყვლეფათ. ამ უღმერთო კაცს უსესხებია თავის ბიძისათვის, რომელიც ხიდისთავის გლეხია, ოცი თუმანი და სამ თუ ოთხ წელიწადში ორმოცი თუმანი გაუხდია. ყოველ ექვს თვეს სარგებელი უანგარიშნია და თავნზედ მისულა, ამაობაში ორმოცი თუმანი შეუდგენია, მერე იმისთანა უწყალო ღარიბი ცოლშვილი დარჩენია თავის სიკვდილის შემდეგ ამ კაცს, და მაინც კიდევ ეხლაც სარგებელს ერთი ორათ ართმევს და ისე აწიოკებს ამოდენა ქულფათს, რომ ამათი ცოდვით ვინ არ შეწუხდება. იმ ურჯულოს კი ქვის გული აქვს სწორეთ. აი ამ გვარი კაცების ხელში არიან ჩაცვივნულნი ზოგიერთა ხიდისთაველები. ამ საწყლებს ზედ საქონლის თურქულიც დაერთოთ და ზოგმა ლეწვა შეაყენა. საშინელი უწვიმობაც არის აქეთ, ფოთოლს რომ შეხედოთ ასე შემჭკნარია, რომ სწორეთ შემოდგომის ფოთოლსა ჰგავს.

ქვემო ქართლელი ქალი.

20-ს ივლისს.

ქუთაისი.–გვალვა, ჭალების სრულიად ამოწვა მუდმივ სიცხეებისაგან, ვაზის ავათმყოფობა, პირუტყვის თურქულით და ადამიანთა მუცელათი. . . . . . . . . . ...აი რას მოესწრო ამ ჟამად იმერეთი, გურია და სამეგრელო!....

ყველაფერი გვატყობინებს რომ ახლო მომავალში აუცილებლათ მოგველის შიმშილი, მაგრამ ვინ გვყავს მშველელი? ჩვენში ხომ იოსებნი ვერ გამოჩნდებიან, რომ შარშანდელის უხვის მოსავლისაგან ხალხისთვინ საკმაო საკვებავი გადასდვან...სად ქართველები და სად იოსებნი! ჩვენში–ლუარსაბი და დარეჯანი–აი ეს კარგათ მესმის ..

მაზრის უფროსნი, თავიანთ მოხელეებთაგან შემდგარ ამალით და მამასახლისნი სრულიადაც არ სწუხან რომ ხალხი გაჭირვებულია და ფიქრათაც არ მოსდით რომ თურქულს და მუცელას მაინც მოუსპონ გზა; თავად-აზნაურობის და გლეხების კარგა ბლომა ნაწილი ომშია, და ვინც ოჯახობაში დარჩენილან საკვირველის გულ-გრილობით შესცქერიან ძრიელ ცუდს აწმყოს და უფრო გლახას მყოობადსა....

იმდენი სიკეთე მე და შენ მკითხველო, რამდენიც ბათმანი პურის ფქვილი, ჭადის ფქვილი, ანუ სიმინდი, ღომი და სხვანი ადამიანის არსებითნი საკვებავი გაიყიდა და იყიდებება, მართალი რომ ვსთქვათ კარგ ფასსაც ვიღებთ (ჩვენის ჭკუით), მაგრამ შიმშილი რომ კარზედ მოგვადგება ფული რას გვიშველის? ჩვენ ხომ იმისთანა ქვეყანაში არა ვართ, სადაც სამას ოთხას ვერსიდგან ორ სამ დღეს მოაქვთ საქონელი.... ქიზიყი მაინც არ გახსოვთ?..

ნათქვამია: გლეხის გაჩენაში ღმერთი არ რევიაო, მაგრამ უფრო მართალია, რომ ქართველის გაჩენაში არ რევია ღმერთი.....

როგორც ვიცით 30 მოსახლე ქობულეთლები სხვა და სხვა მიზეზების გამო იძულებულნი იყვნენ გარდმოსახლებულიყვნენ ოზურგეთის მაზრაში; მმართებლობა ამათ კაცის თავზე აბაზს აძლევს დღეში, მაგრამ მოგეხსენებათ რა სიძვირეა ამ ჟამათ ყოველგან და განსაკუთრებით გურიაში....ახლა წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა: ამ აბაზით ჭამონ თუ სვან, დაიხურონ თუ ჩაიცვან?...სწორეთ საცოდავ მდგომარეობაში არიან უბედურნი: დაფხრეწილის ტანისამოსით, ძალიან ხშირათ მუცელ ცარიელნი, და დაბებრებულის ხელებით, რომელნიც ამტკიცებენ რომ მათნი პატრონი სრულიადაც არ ყოფილან სხვის ანაბარად, ანუ ტყუილად მჭამელნი, ხან და ხან გაისეირნებენ ხოლმე სოფელ სოფელ, და ვისაც შეხედვენ თითქო თვალებით ეუბნებიან: განა შენ ქართველი არა ხარ? თუ ჰო, რატომ სამუშავოს არ მიშოვი?....

აქ უნდა მოგახსენოთ რომ იგინი სრულიად მარტო ხელნი გარდმოსახლდნენ....

რაღა გავაგრძელო? ერთი სიტყვით მათი მდგომარეობა ძრიელ შესაცოდებელია, და ამიტომაც ძრიელ სამადლო საქმეს იზამს პატივცემული „ივერია“, რომ მათ სასარგებლოთ ხელის მოწერას გამართავდეს.

იმერეთი.–ქუთაისის ქვემოთ სოფლებში ძლიერ გახშირებულია მუცელა, წითელა და ზოგან ყელის ტკივილიცა, სახელდობრ, მაღლაკში, გუბში, კუხში, ჯიხაიშში, ხონში, კულაშში და სხვ. ზოგს სამივე ერთად ემართება მუცელა, წითელა და ყელის ტკივილი. დღე ერთია და ორს სამს მკვდარს მარხავენ.

ერთიც სენია გახშირებული „თათრის ჭირს“ ეძახიან ჩვენში. იმითი ავათ მყოფი მუცელში ფაღარათია და ტანზედ შავად, ანუ თეთრად დამუწუკებულია შავი მუწუკები ავათმყოფის სიკვდილის ნიშანია. ზოგნი ამ სენში შეამხანაგებულს მუცელას და წითელას ხედვენ. ჯერ ამის მეტად არ მომხდარა, რომ ეს ორი „ბატონები“ შეამხანაგებულიყვნენ.

იმერეთში საზოგადოდ პურის მოსავალი აგრეთი ჯერ არ ყოფილა; ყურძენი ძლიერ დანაცრა და სიმინდის მოსავალი კი დიდს იმედს იძლევა.

თელავი–„ივერიის“ მე-16 ნუმერში იყო მოხსენებული, რომ თელავის ბლაღოჩინი (სოლომონ ფირანოვი) დაემუქრა მასთან მობაასე თავადს (ალექსანდრე ვახვახოვს,) რომ მომრიგებელს მოსამართლესთან გიჩივლებო. მართლაც აღასრულა ფირანოვმა თავისი მუქარა; მაგრამ საუბედუროდ თავისივე გასამტყუნებლად. ამ საქმის განხილვა იყო დანიშნული 18 ივნისს. მომრიგებელის მოსამართლის გარდაწყვეტილებიდგან სჩანს შემდგომი. ფირანოვს თავის განცხადებაში ცამეტი მოწამე ჰყოლია ნაჩვენები თავის თავის გასამართლებლად. შვიდი ამათგანი აჩვენებს, რომ 22 მაისს შემოვიდა ეკკლესიაში ბლაღოჩინი და დაუწყო ტრაპეზს ქცევა თავისის ჯოხით. ამ დროს შემოვიდა ა. ვახვახოვიც და სოფლელ გლეხების თხოვნით, ჰკითხა ფირანოვს: რატომ აქამდის ეკკლესიას კანკელი არა აქვს გაკეთებული, როდესაც ამისათვის ფული კარგა ხანია მიღებული გქონიათ? (ბლაღოჩინს ეს 170 მ. ეკკლესიის ფული ნამდვილად გამოუტანია, ექსარხოსის ნებართვით, პრიკაზიდამ კანკელის გასაკეთებლად, მაგრამ, როგორც ამბობენ, თავის საჭიროებისათვის დაუხარჯავს). ფირანოვი ამ კითხვაზედ გაჯავრებულა და შეუფერებელი სიტყვებით უთქვამს ა. ვახვახოვისათვის კარში გასვლა. ეს მაშინვე გამოსულა; არც დამუქრებია ბლაღოჩინს და არც ნათლობა უსრულებია მღვდელს ამ დროს, თუმცა კი ბლაღოჩინი ქუჩებზედ და თავის განცხადებაში ამასაცა ჩიოდა.

ოთხი მოწამე აჩვენებს, რომ იმათ ნახეს გაჯავრებულ სახეზედ ა. ვახვახოვი და სხვა არა შეუნიშნავთ რა იმისთანა, რასაც ბლაღოჩინი სწერს თავის განცხადებაში. შესანიშნია ჩვენება დანაშთენის ორის მოწამის მღვდლის დიმიტრი ხარიტონოვის და მთავრის (дьяконъ) ივანე მაისურაძისა. საქმის გარემოება ამათაც თითქმის ისევე უჩვენებიათ, როგორც სხვა მოწმებს, მაგრამ იმ კითხვაში კი, თუ ჩხუბის დროს ნათლისღება სრულდებოდა ეკკლესიაში თუ არა, მღვდელმა აჩვენა, რომ ფირანოვს და ვახვახოვს ბაასი მოუვიდათ ნათლობის შემდეგ, ხოლო მთავარმა აჩვენა, რომ ჩხუბის დროს ყმაწვილს ნათლამდნენო.

მომრიგებელმა მოსამართლემ, რასაკვირველია, გაამართლა თავადი ვახვახოვი, რომელსაც ბლაღოჩინი აბრალებდა შეურაცხყოფას და კეთილ მოწიწების დარღვევას ეკკლესიაში ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების დროს.

ამბობენ, რომ ა. ვახვახოვს საჩივარი შეაქვს არქიერთან ბლაღოჩინს ფირანოვზედ და მის მთავარ ი. მაისურაძეზედ, პირველიდგან ითხოვს თავის შეურაცხების გარდახდას, ხოლო მეორის დასჯას, როგორც ფიცის გარდამხდომლისას.

რაჭა 30 ივლისს.–ორჯელ მაინც დავაპირე წერილის გამოგზავნა, მაგრამ დავბრკოლდებოდი ხოლმე სხვა და სხვა მიზეზებით. როგორც ამას წინეთ გწერდით რაჭაში პური მოვიდა უხვად. ღვინოც კარგი უნდა მოვიდეს და დაბალი ხარისხის ყურძნის, რომელსაც უწოდებენ ალეშას, იმისი კი რა მოგახსენოთ. უკანასკნელ კვირეებში რომ გვალვა გვაქვს, ეს თუ უშველის თორემ იმედი დავკარგეთ. ნაცარმა დასძლია. გვალვამ მეტად ავნო სიმინდებსაც. რომ წინა წლებშიდაც გლახა მოსავალი არ ხსოვნებოდეთ სიმინდისა, პურს ამოდენას არ დასთესდენ და დიდი ზარალი მოგვეცემოდა. მაგრამ დაშინებულმა გლეხ-კაცებმა პური ბევრად მეტი დასთესეს და არც იზარალეს. 27 ამ ივლისის თვეს იყო მიწის ძვრა დაბა ონს და მახლობლად მისსა. მიწის ძვრა იყო იმდენათ საგრძნობელი, რომ სტოლიდამ ზოგიერთ ოჯახებში, სტაქნები გადმოყარა. ამ საგანზე უფრო ვრცლად მოგწერთ. ეხლა მინდა მივაქციო ყურადღება ერთს საინტერესო საგანს: უკანასკნელ დროს რაჭის უეზდის ზოგიერთ სოფლებში ისმის ხმა, რომ ყალბი ოცდახუთიანი მანეთებს ასაღებენო და თუ პოლიციამ საჩქაროდ არ მიიღო საიდუმლოთ ზომები, ამით დიდი ზარალი მიეცემა უმეცარ გლეხებსაც.

ამბობენ რომ ეს ბილეთები მეტად უხეიროთ არინ ნაკეთებიო და ცოტაოდენი აზრი თუ აქვს კაცს, ძალიამ ადვილად შეატყობსო. ეს ბილეთები მოაქვთ ქალაქიდა- ე. ი. თბილისიდამ გასასაღებლად. რამდონი იყო დაწერილი დროებაში და სხვ. ქვემო რაჭაში ხიდის უქონელობაზე, მაშინ, როდესაც ზემო რაჭაში შვიდი ხიდი ითვლება, მაგრამ ვისგანაც ეს დამოკიდებულია ყურსაც არ აპარტყუნებენ. რა გვეშველება? ბუგეულის ხიდი, რომელიც გაგვიკეთა ნეტარ ხსენებულმა უჩასტკის ნაჩალნიკმა აბულაძემ, იმდონათ მკვიდრი ნახელოვანი გამოდგა, რომ მესამე წელიწადსავე ჩაინგრა და მას აქეთ ექვსმა წელიწადმა გაიარა არავინ გვყავს კაცი, პატრონი მის განახლებაზე იზრუნოს. კურტნები ისევ მაგრები აქვს და ამიტომ შედარებით ბევრიც არ დასჭირდება. ყოველ დღე ისმის ჩივილი გაღმართელების და გამოღმართელების. გადაგვახდევიეთ, რამოდენიც გსურთ, ოღონდ გაგვიკეთეთ ხიდიო, ნუ გვახჩობთო. ამ ექვსის წლის განმავალობაში შვიდი კაცი მეტი დაიხჩო. იქნება თქვენ მაინც გვიჩვენოთ გზა, რა გზას დავადგეთ, რომ მთავრობის ყურადღება მივაქციოთ ამ საგანს. ამ ხიდის საჭიროება შეიქნა საგრძნობელად; უმეტესად მაშინ, როდესაც დაიწყო მოქმედება ხვანჭას ამხანაგობამ, სადაც ბევრი გაღმა სოფლების რაჭის, ბუგეულის, შავრის და სხვა. მცხოვრებნი შემოვიდენ ამხანაგებად და ამისათვის ნავები გააჩინეს. რაოდენათ საშიშარია ამ ნავებით მგზავრობა, ამას ცხადათ ვხედავთ იმ გარემოებიდამ, რომელიც აწერილი „დროებაში.“ რვა თუ ხუთი კაცი აპირებდა დაბრუნებას თავ თავის სახლებში ამხანაგობიდამ წასულნი. ნავი გადუბრუნდათ და ჩაცვივდენ წყალში. მხოლოდ განგებამ გადაარჩინა დახჩობისაგან. ამასვე უნდა მოველოდეთ შემდეგშიდაც. ზოგი შემდეგ.

ქუთაისი, აგვისტოს 1. მეტად გაჭირებული მდგომარეობაა დღეს იმერეთში. განგებამ არ გვაკმარა ომიანობა და ყოველ გვარი მწუხარება რაც იქიდგან წარმოსდგება – ზედ სხვა უბედურებაც დაუმატა. გვალვის შიში მაინც იმერეთში არაოდეს არ ყოფილა, თუ მთაში არ მოვიდოდა მოსავალი გვალვის მიზეზით, ბარში მაინც საკმაოდ მოვიდოდა, რადგან აქ ბარი ვაკე ადგილები ისეც ნამიანია და ზედ ცის ცვარიც რომ დაეცემოდა, – რომელიც ასე უხვად იცის აქ გვალვის დროს მოწმენდილ ღამეებში, – წვიმა თითქმის ბევრად საჭირო აღარც კი იყო. მაგრამ ზოგიერთი ძველის კაცების სამდურავის არ იყოს, ცამაც კი აგვარიდა თავის მოწყალე პირი: ეს ერთი თვეა წვიმა ხომ არ არის და არა; და ცვარი წვეთიც არ ჩამოვარდნილა დამსქდარ, დადაგულ დედამიწაზედ. რაღაც საკვირველის განგების ძალით დღე ყოველთვის მოწმენდილია და ღამე კი ღრუბლიანი; ყოველ დღე როგორც მოსაღამურდება და შავი ზღვიდგან წამოიწევიან შავშავი ღრუბლები და კიდის კიდამდის ერთიანად მოჰფენენ ცის კამარას; ატყდება ერთი ჭექა-ქუხილი; – მუშა კაცი წვიმის მოიმედე ხელ-აღპყრობით ღმერთს მადლობასა ჰწირავს, მაგრამ სულ ტყუილი იმედები გამოდის, – ვერც წვიმის ღირსი შევიქენით და ცვარიც ტყუილა უბრალოდ გვეკარგება. მადლობა ღმერთს კიდევ პურის მოსავალი მაინც არ იყო ურიგო, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, პური ისე ბევრი არ ითესება იმერეთში. ბევრად უფრო მომატებული ითესება სიმინდი, რომელსაც დღეს ასე დიდი განსაცდელი ადგია წინა.

მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ რაც ინგლისელები ჩვენის ქვეყნიდგან სიმინდის გატანას შეუდგნენ, იმის თესვაც ძრიელ გახშირდა, და იმერლებმა ამ უკანასკნელ ათ-თხუთმეტ წელიწადში ცოტა წელი თუ გაიმაგრეს და რამდენიც არის ღონისძიება მოიპოვეს – ისევ სიმინდის წყალობით, თორემ სხვა ჩვენის ნაქების „სიმდიდრეებით“ – ხე-ტყითა, მადნეულობითა, თუ სხვა ამ გვარებითა, ჯერ-ჯერობით არა გამოვიდა რა, რადგან ჩვენ მეზობელ ქვეყნებს იმათი გატანა და მოხმარება ჯერ ვერ მოუხერხებიათ და უცხო ქვეყნები კი მეტად დაშორებულად გვყვანან.

მეორე აქაური სამწუხარო ამბავი გახლავს მეტად გაძლიერებული მუცელა. ეს სნეულება ერთი იმ საშიშარ ჭირთაგანია, რომელსაც აქ ასე მოსწრებილად ეძახიან „ბატონებად“. ბატონები საზოგადოთ ჭირვეული ბრძანდებიან და წრევანდელი მუცელა ხომ გარდამეტებული რაღაც დარჩა. მთელს ვაკე იმერეთს და სამეგრელოს ისე მოჰსდებია, რომ არა თუ სოფელი, თითქმის ოჯახიც არ არის თურმე, სადაც ამ სნეულებით ვინმე წაქცეული არ იყოს; სიკვდილი ძრიელ გახშირებულია; ისმის მუდარების ხმა....შემბრალებელი არვინ არის; ზარბაზნების ქუხილისაგან ვიღას რა ესმის! სოფლის კაცი ყოველთვის მოკლებული იყო ყოველ გვარ ნუგეშსა და კაცთმოყვარეობასა, მაგრამ დღეს რომ ის შეწუხებულია – ზომაზე მეტია.

მესამე სამწუხარო ამბავი....მაგრამ ამისთანა ამბვებს თუ მოვჰყევი ძალიან შორს წავა. სჯობს საბოლაოდ – Pour la bonne bouche ერთი რამ სასიამოვნოც შეგატყობინოთ. სასიამოვნოც ეს გახლავს: თუმცა ქუთაისში ისეთი გულის გამაწვრილებელი და თავის მომბეზრებელი ცხოვრებაა, რომ ქუთათურებს დიდი ხანია უნდა ჩამოეხრჩოთ თავი, მაგრამ ჯერ ღვთის მოწყალებით ქვე არიან მშვიდობით და კარგად!

2 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

– წასრუღს კვირას საომარს ველზედ არავითარი შესანიშნავი ამბავი არა მომხდარა რა, გარდა წვრილმანის შეტაკებისა. პლევნის აღება რუსის ჯარის მიერ არ გამართლდა.

რაც შეეხება აზიის საომარს ველსა, აქ იზმაილ ფაშის მხედრობა (40 ბატალიონი ქვევითი ჯარი და 55 ზარბაზანი და მრავალი ცხენოსანი) თავს იყრის მისაენის ხეობაში. 27 მკათათვეს ჩვენს ჯარს მუხთარ ფაშის მოწინავე ჯარი შეხვედრია, მცირედი სროლა ჰქონიათ, ოსმალო ოცი მოუკლავთ, ჩვენები ორი მკვდარია და ორი დაჭრილი.

1 მარიამობისთვეს ოსმალოს ჯარი ჩვენს ქობულეთის გუნდს დაჰსცემია, ჩვენებს ოსმალები აჩქუას იქით გაუყრიათ. ამ ომში ჩვენები მოუკლავთ 23 და დაუჭრიათ 38 კაცი.

გაზეთს რუსუ დაბეჭდილია შემდეგი ტელეგრამმა:

კიურუკ-დარა, 6 აგვისტოს. ბაშკადიკლიარის ბანაკი ხუთს ვერსტზედ წინ წადგა და დაიჭირა უწინდელი ოსმალოთა ნაბანაკევი. 8 საათზედ დილით ღენერალი დეველი იერიშით მივიდა ინახტეფესის სიმაგრეზედ, საცა ოსმალების მემარჯვენე ჯარია. ოსმალოებმა სწრაფად აშალეს თავისის ცხენოსანის ჯარის ბანაკი და წავიდნენ. შუაგულს მიჰმართა ღენერალ გეიმანმა, აიღო სუბატანი და განდევნა ოსმალო ჰაჯივალიდამ და ბულანადამ. მემარცხენე ჯარს ოსმალოსას მიჰმართა ღენერალმა კამაროვმა, განდევნა იგინი იაღნის მთიდამ და ვიზინკენამდე სდია და დიდი ზარალი მიაყენა. საღამოს ოთხს საათზედ ჩვენი ჯარი კიულვერენს მოვიდა და მწუხრსა თავის ბანაკში დაბრუნდა. ნაომარს ადგილებზედ ჩვენებმა მოწინავე ჯარის ბანაკი გაიკეთეს.

ჩვენი ზარალი ჯერ ნამდვილად ცნობაში არ არის მოყვანილი; ორმოც-და-ათამდე მკვდარი იქნება და ორას ორმოცამდე დაჭრილი. მზვერავთა სიტყვით, ოსმალოს ათას ხუთას კაცამდე დაჰზარალებია.

– იმავე გაზეთში დაბეჭდილია შემდეგი ტელეგრამმა: კიურუკდარა 8-ს აგვისტოს. დღეს გათენებისას ღენერალ-მაიორი არცუ-ჩერმოევი რამდენიმე დარჩეულის კაცით ცხენოსანის ჯარიდამ, ჩეჩნებითა და ნიჟეგოროდის დრაგუნების შემწეობით დაეცა ოსმალოს ჯარის მოწინავე ბანაკს სუბბოტანაში, ას კაცამდე მოუკლა, 27 ტყვეთ დაიჭირა, ბანაკის უფროსი რეშითბეი შეი პყრა, 30 ცხენი და მრავალი თოფ-იარაღი წაართვა და მშვიდობით მობრუნდა უკანვე.

ინგლისის პარლამენტში ერთმა დეპუტატმა ჰკითხა მთავრობას–ჰსუფევს რაიმე პირ-შეკრულობა რუსეთისა, ავსტრიისა და გერმანიის შორის ოსმალეთის განაწილების თაობაზედ თუ არაო. მინისტრმა უპასუხა, რომ მთავრობამ ამ საგნის შესახებ არა იცის რაო. გულწრფელია ეს პასუხი თუ არა, რა მოგახსენოთ, მაგრამ ზემოხსენებული კითხვა კი რომ საფუძვლიანია, ამაზედ კი ეჭვი, ვგონებთ, არ უნდა იყოს. მართლადა ავსტრი-ვენგრიის მთავრობა, როგორც უწინაც მოხსენებული იყო, როგორღაც უცნაურად იქცევა. ერთის მხრით რუსეთის წინააღმდეგ მიტინგის ნება მისცა ვენგრიელებს; მეორეს მხრით, როდესაც დეპუტაციამ ამ მიტინგის მიერ მიღებული გარდაწყვეტილება წარუდგინა მთავრობას, მთავრობამ არავითარი მტკიცე პასუხი არ მიუგო, თითქო მოერიდა არა წამცდეს რაო. გარდა ამისა სლავიანებსაც ნებას აძლევს მიტინგები გამართონ რუსეთისადმი თანაგრძნობის გამოსაცხადებლად, მაგალით კროაციაში. მართალია ხორვატებმა უფრო თავისი საკუთარი საქმისადი და ავსტრიის იმპერატორისადმი აღიარეს თანაგრძნობა, ხოლო რაც უნდა იყოს კროაცია კი მარადი მტერია ვენგრიისა და აქაურს მიტინგში ბევრი ცხარი სიტყვა იყო თქმული ვენგრიელებზედ, და ბევრი თანაგრძნობა იყო აღიარებული რუსეთისადმი აწინდელ ომიანობისგამო. ახლა მოდით და გაიგეთ ავსტრიის პოლიტიკა. გარდა ამისა ავსტრიის მთავრობამ აუკრძალა გალიციის პოლიაკებს მიტინგის გამართვა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო.

გერმანიის შესახებ ისმის რომ მისი მთავრობა თითქმის წინააღმდეგი არ არის, სამხრეთის სლავიანთა სახელმწიფოების დაარსებისა, და თითქო ავსტრიასთვისაც დაეჯერებინოს, რომ ეს გარემოება არც შენ გავნებსო. იქნება მართლა ოსმალეთის ბედი წინათვე იყოს გარდაწყვეტილი? ამის მტკიცე პასუხი რასაკვრიველია ძნელი საქმეა და გაზეთებმა რაც უნდა იყვირონ ვითომ და ვიცით რამეო, მაინც ვიდრე საქმით არა გამოჩნდება რა, მათი დღეს ერთი და ხვალ მეორე ლაპარაკი ფუჭია.

– ამას წინად რუმინიის გარეშე საქმეთა მინისტრი კოგალნიჩანო ვენაში იყო იმ განზრახვით, რომ ავსტრია დაეყოლებინა რუმინიის პოლიტიკის შესახებ. ავსტრიაში, სახელდობრ ვენგრიაში, რუმინიელთა რიცხვი სამ მილიონამდე ადის, თითქმის იმდენია, რამდენიც თვითონ რუმინიაში სცხოვრობს. როდესაც რუმინიამ თავისი დამოუკიდებლობა გამოუცხადა ავსტრი-ვენგრიას ფიქრს მიეცა,–ამ გარემოებამ ჩემი რუმინიელები არ ამიშფოთოსო და თავისუფალმა რუმინიამ თავისკენ არ მიიზიდოსო. რუმინია, რასაკვირველია, სცდილობს დაიმეგობროს ავსტრია, და ამ განზრახვით წასულა ვენას კოგალნიჩანო, რომელსაც ამ საგნის შესახებ შემდეგი უთქვამს „СѢверный ВѢстникъ“ კორრესპონდენტისათვის: „ავსტრია დარწმუნებული უნდა იყოს ჩვენ გულწრფელობაზედ და გულმართლობაზედ. ჩვენ რომ არეულობა გვინდოდეს (ავსტრიაში) ტრანსილვანიაში ოციათასს კაცს დავაყენებდით თოფ-ქვეშ....რაღაც მოძრაობაც დაიწყეს მაგრამ ჩვენ შევაყენეთ. შემდეგშიაც ასე იქნება. თავისუფალი რუმინია მხოლოდ ზნეობით შეეწევა იმ რუმინიელთ, რომელნიც ვენგრების ხელში არიან. ეხლა ისინი შეწუხებულნი არიან, მაგრამ ვენგრიელები დაინახვენ, რომ მათთვის თავისუფლების მინიჭება აუცილებლად საჭიროა, და იმავე თავისუფალ ცხოვრებას მიანიჭებენ, როგორიც რუმინიაშია. გარდა ამისა, რა შიში უნდა გვქონდეს ვენგრიისა რუმინებისათვის. მადიარები ვერ შესვამენ რუმინელებს. რუმინელები უფრო შრომის მოყვარენი, უფრო ბარაქიანი და გამამზოგველნი არიან ვიდრე ვენგრები. ვენგრიელების მამული სულ რუმინების ხელში ცვივა.“

ცნობის ღირსია აგრეთვე კოგალნიჩანოს აზრი რუსებისა და რუმინების ურთი-ერთობაზედ. კოგალნიჩანომ ზემოხსენებულ კორრესპონდეტს უთხრა შემდეგი: „1853 წლის აქეთ თქვენ მხედრობას გასაოცარი ცვლილება დაეტყო. ძნელადა სცნობს კაცი ჯარის კაცსა თუ აფიცერს. ჯარი საზოგადოთ, ფხიზელი, მშვიდი და პატიოსანია მაღალი ხარისხის აფიცერთა შორის ორგვარი მიმართულებაა. ახალგაზდებს ძალიან მოეწონათ ჩვენი შინაობა, სადაც ნახეს დიდი თავისუფლება, ნახეს, რომ ყოველი კაცი მამულის შვილია და ფიცხად მისდევს წარმატებას. ამ ახალგაზდა მიმართულების თქვენი აფიცრები პატივსა ჰსცემენ ჩვენ წესიერებას, ჩვენ გაზეთებს კითხულობენ, წიგნებს ყიდულობენ და სცდილობენ ისარგებლონ მით, რაც მოსაწონია.... მაგრამ ამათ გარდა ძველის დროის მიმდევარნიც არიან. ამათ ჰგონიათ, რომ რუმინია, ისეთი ხმა ამოუღებელი მაზრაა, როგორიც იყო 1853 წ. ამათ ჰგონიათ, რომ შეუძლიანთ მხედრულად იბატონონ ჩვენში. მაგრამ ეხლა დაინახეს, რომ ყოველ მათ ბრძანებას“ წინააღმდეგობა მოსდევს. ტკბილად და მეგობრულად ჩვენ ყველანი მოგყვებით, და ამას და ვამტკიცეთ კიდეც“.

– მაკ-მაგონს მძლავრი მოცილე ჰყავს, საფრანგეთში, ე. ი. ტიერი. მთავრობა ბევრსა ცდილობდა, რომ მისი სახელის ხსენებაც არ ყოფილიყო საფრანგეთში, დიდი იმედი ჰქონდა ტიერის სიკვდილისა, მაგრამ ტიერი ცოცხალიც არის და საპოლიტიკო ასპარესზედაც გამოდის, და მით თვალსა ჰსჭრის აწინდელს მთავრობას. ეხლა საფრანგეთი ნელ-ნელა არჩევანისათვის ემზადება და თვითვეულს ადგილს თავ-თავისი კანდიდატები გამოჰყავთ. 24 მკათათვეს (5 აგვისტოს) ტიერი ლილადაბს წასულა და ერთს საპოლიტიკო ყრილობას დასწრებია სადაც ერთს კანდიდატზედ, უფ. სენარზედ ყოფილა ლაპარაკი. ხალხი დიდის აღტაცებით მიჰგებებია ტიერს, რომელსაც ყრილობაში შემდეგი უთქვამს უფ. სენარის სასარგებლოდ: თქვენ გიჭირთ, იმისთანა წარმომადგენელი, რომელსაც მტკიცედ და ბეჯითად სწამდეს თავისუფალი აზრი და ჰქონდეს ჭეშმარიტი რწმენა. აი მაგისთანა კაცი ჩემი მეგობარი უფ. სენარიაო. მევარო მისის ყოფა-ცხოვრების მოწამე როგორც იგია ჩემის ყოფა-ცხოვრებისაო. მე მინახავსო იგი 1848 წლის კრებაში, სადაც იქცეოდა როგორც რაინდი და ყველას შეაყვარა თავისი თავიო. მას არასდროს აზრადაც არ მოსვლია, რომ წესიერება და თავისუფლება ურთიერთის მტერიაო; იგი ერთს მეორისაგან არ არჩევს. თუმცა ჩვენ ზოგჯერ სხვა და სხვა აზრი გვქონიაო მასზედ თუ რა გვარი მმართველობაა საფრანგეთის შესაფერიო, მაგრამ ამ ჟამად მე უფ. სენარის თანხმად მგონია, რომ საფრანგეთში მხოლოდ რესპუბლიკაა შესაძლებელიო. უფ. სენარი ამ ჟამად იგივეაო, როგორც ადრევ იყო – ზომიერი რესპუბლიკელიო მე მოვხუცდიო და ეხლა რესპუბლიკის საქმე თქვენზედ არის მონდობილიო.

დიდი ტაშის კვრა და აღტაცება მოჰყვა ტიერის სიტყვას.

უფ. სენარმაც გადუხადა მაგიერი ტიერსა, რომელსაც დიდი ქება შეასხა. თავისი სიტყვა აწინდელს მთავრობასაც მიჰმართა და ცხარედ განჰკიცხა მთავრობა. მსმენელთა ტაშის კვრა მოჰყვა ამის სიტყვასაც. ბოლოს უფ. სენარმა სთქვა შემდეგი: „ყოველ ამომრჩეველს თოფის მაგივრად კენჭი უჭირავს ხელში. აი საიდგან წარმოსდგება ის მშვიდობიანობა, რომლის დარღვევას ამაოდ ცდილობს მთავრობა.

მთავრობას, რასაკვირველია, ვერაფრად ეჭაშნიკება ამ გვარი ტიერისადმი თაყვანის ცემა, და მისი მომხრე გაზეთები დღე მუდამ ტიერისათვის საწყენს წერილებს ჰბეჭვდენ.

– ჯერ ომიანობა არც კი იყო დაწყობილი, ამბობდნენ, რომ რუსეთს ერთი მომხრე მოემატებაო– სპარსეთი, რომელიც ოსმალოს საზღვარზედ ოცდა-ათი ათასს ჯარის კაცს გამოიყვანსო. ეს იმედი, როგორც მოგეხსენებათ არ გამართლდა. აი ამის შესახებ რას იწერება სპარსეთიდამ Indépendence Belge-ის კორრესპოდენტი: „მართალია სპარსეთი არ არის მეომარი სახელმწიფო და მასთან ზავი არც ერთსა და არც მეორეს მეომარს შესანიშნავ შემწეობას ვერ მისცემს. მაგრამ ეს ზავი მით არის სასარგებლო, რომ სპარსეთი თავის საზღვარზედ ან ერთს სახელმწიფოს (რუსეთს) ან მეორეს (ოსმალეთს) მტერს დაუყენებდა. რუსის დიპლომატიამ ყოველი ღონისძიება იხმარა, რომ სპარსეთთან ზავი შაეკრა. რუსეთს დიდი იმედი ჰქონდა სპარსეთთან ზავის შეკვრისა და აი რად: თუმცა სპარსელებიც მაჰმადიანნი არიან, მაგრამ ესენი და ოსმალები სხვა და სხვა მოძღვრებისანი არიან და ამის გამო მათ შორის მტრობა ჰსუფევს; გარდა ამისა სპარსეთისა და ოსმალეთის შორის დიდი ხანია რაღაც უთანხმობაა საზღვრის შესახებ, რომელიც მტკიცედ არ არის მათ შორის დადგენილი. ამ საზღვარზედ ელის-ხალხი ცხოვრობს რომელიც ხან იქით გადადის ხან აქეთ და ამ სიარულში შფოთსა ჰბადავს ორთა სახელმწიფოთა შორის.

მაგრამ მეორეს მხრით სპარსეთს ბევრი მიზეზი აქვს, რომ არ ენდოს რუსეთს, რადგანაც რუსეთი აზიისაკენ მიიწევს და ამის გამო ყოველ ღონისძიებას ხმარობს, რომ სპარსეთი არ გაძლიერდეს.

გარდა ამისა კიდევ სხვა საფუძველიც არის, რომლის ძალით ვერ მიემხრობა სპარსეთი რუსეთს: რაც უნდა იყოს ოსმალეთი და სპარსეთი ორნივე მაჰმადიანნი არიან და ორთავეს სარწმუნოების დედაბოძი იგივე მაჰმადია. მაჰმადიანთ წინააღმდეგი ზავი (რუსეთთან) თვით სპარსეთის ხალხს ააჯანყებდა და თვითონ შაჰისათვის დიდ განსაცდელს მოასწავებდა.“

ერთის სიტყვით ზემოხსენებული იმედი უქმად გამოდგა და იქნება ამის მიზეზითაც ბაიაზეთისაკენ რუსეთის საქმე ისე ცუდათ წავიდა.

– ერთს ავსტრიის გაზეთს სტამბოლიდამ სწერენ, რომ სპარსეთის ელჩს შეუტყობინებია ოსმალეთის მთავრობისათვის, რომ ბაღდადის ახლო ჯარი მხოლოდ ვარჯიშობისათვის არის მოგროვილიო და სპარსეთის მთავრობა, როგორც ადრევ ისეც ეხლა, მეგობრულის გრძნობით არის აღსავსე ოსმანების შთამომავლობისადმიო.

– ამას წინად გერმანიისა და ავსტრიის იმპერატორებს ერთი-ერთმანეთი უნახავთ იშლში. ავსტრიისა და გერმანიის გაზეთები დიდ მნიშვნელობას აძლევენ ამ შემთხვევას. აი მაგალითებრ რას ამბობს ერთი ნემენცური გაზეთი, რომელიც ბისმარკის მომხრეა: „გერმანიისა და ავსტრივენგრიის ხალხნი მოწამენი იყვნენ ორთა იმპერატორთა გულითადის მეგობრობისა, რომელმაც თავი იჩინა მშვენიერს ალპიის ხეობაში. მონარხთა მუსაიფი, რასაკვირველია, ევროპიის საპოლიტიკო საქმეებსაც შეეხებოდა. ეს მუსაიფი რასაკვირველია დაამტკიცებდა იმ მეგობრობას, რომელიც თან და თან ძლიერდება ორთა მონარხთა და მათთა მთავრობათა შორის, და აგრეთვე საერთოდ სამთა იმპერიის შორის, და რომელიც არის და შემდეგშიაც დარჩება შუა ევროპიის მშვიდობიანობის ნიშნად.

– ინგლისის პარლამენტის სესსია გათავდა, და ამის თაობაზედ წაკითხულ იქმნა დედუფალის სიტყვა, რომელშიაც შემდეგია გამოხატული: მე მსურს მტკიცე ნეიტრალიტეტით ყოფნა შემდეგშიაც, და როდესაც დრო მოვა ომიანობის შეწყვეტისა, ყოველ ღონისღიებას ვიხმარ, რომ მორიგების პირობები შესაფერნი იყვნენ როგორც მებრძოლთა ღირსებისათვის, აგრეთვე ევროპიის მშვიდობიანობისათვის. თუ ინგლისის უფლებას მიეცა შიში, მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი შემწეობას მომცემს იმ უფლების დასაცველად.

– ბურჟში ხომ მხურვალედ დაუხვდნენ მაკმაგონს, და ეხლა რესპუბლიკის პრეზიდენტი სხვა ადგილებშიაც აპირებს მოგზაურობას.

3 მგზავრის წერილები

▲back to top


მგზავრის წერილები

სვანეთზედ

(შემდეგი)

სვანეთი არის მთლათ გაცალკევებული კუთხე საქართველოისა, და თითქმის გამორიცხულია სხვა კავკასიის დასახლებულის ადგილებიდამ; მისვლა ამ ქვეყანაში შეიძლება მხოლოდ მოკლე ზაფხულს, მკათათვეში და მარიამობისთვეში; და სხვა ათის თვის განმავლობაში, ეს ქვეყანა არის თოვლით დაკეტილი მგზავრისათვის და თვით ქვეყანაც ამ დროს დაფარულია საშინელის ღრმა თოვლით; ზამთარში ეს ქვეყანა–მიუკარებელია. სვანები, ჯერ-ჯერობით ჩვენთვის ძნელი საცნობი ხალხია; მაგათზედ ჩვენ თითქმის არა ვიცით რა; მათი ენა, მათი ჩამომავლობა, მათი სარწმუნოება და ზნეობა ჩვენ ჯერ არა გვაქვს გაცნობილი. საქართველოს მემატიანენი და აგრეთვე სამძღვარ-გარეთელი მთხრობელნი, რომელთაც კავკასიის ხალხი აუწერიათ, სვანებზედ, ისეთს მცირედს რასმე ამბობენ, რომ ჩვენ მაინც ეჭვიდამ ვერ გამოგვიყვანეს. მათი ჩამომავლობაც ჯერ აუხსნელი რჩება ჩვენთვის. ზოგიერთნი ამბობენ, რომ სვანები–ქართველების ჩამომავლობისანი არიან; სხვანი კი ამ ჰაზრს არ ეთანხმებიან, და ამ საგანზედ არასფერს არ ამბობენ. პირველი ჰაზრისა არის მე XVII საუკუნის მემატიანე–იერუსალიმის პატრიარქოსი „დოსიფეი“ და „შარდენი“ და მეXVIII საუკუნის მთხრობელი „ჰოლდენშტედტი;“ და ახალი მწერლები–„კლაპროტი“ და „დიუბუადე-მონპერე;“ და უმეტესი ნაწილი ეხლანდელის მეცნიერებისა, ამ ჰაზრისანი არ არიან; მაგრამ, პირველი ჰაზრის დარღვევა–ძნელია: პირველ შეხედულობით, სვანი ცალკე ტომის ხალხათ გვეჩვენება ხოლმე, რომელთაც ქართველებთან არავითარი ერთობა არა აქვს. მაგრამ ამ გვარის კაცის შეხედულობით, მეგრელებიც ასე ეჩვენებიან ხოლმე, თუმცა მეგრელებს ქართველებიდამ–ჩამომავლობა, ვერაფრის ღონისძიებით ვერ წაერთმევათ. სვანები არიან, ცალკე შტო, მეგრელიის ტომისა; უწინდელი მათი სახელი არის „ხონი,“ „წანი,“ რომელიც გამოდის ქართული სიტყვიდამ–„ჭანი.“ ამ სიტყვით ქართველები ეძახიან–„ლაზებს.“ ნემენცების მეც ნიერი „ეიხვალდი,“ ამბობს, რომ–სვანები და ლაზები ერთი და იგივე ტომისა არიანო. სვანური ენა, თუმცა არც ქართულს ენასა ჰგავს და არც მეგრულსა, მაგრამ თითქმის ყოველი სიტყვა, არის გადასხვაფერილი და გადაკეთებული ქართული და მეგრული სიტყვები. ამ მიზეზით სვანები და მეგრელებიც, მოკლე ხანში, ადვილათ სწავლობენ ქართულს ენას და გამოთქმას. სვანების გარეგანი შეხედულება მიემზგავსება საქართველოს მთიულ ხალხს. ცხოვრების წესი სვანებისა, მათი ჩვეულება, საზოგადო ზნე, წმინდათ ქართველებისა არის. უმეტესი ნაწილი სვანურ სოფლების სახელები, არის გადასხვაფერებული ქართული სიტყვები; მათი გვაროვნობის სახელებშიაც–ქართული კილო სჩანს. ეხლანდელი სახელი „სვანეთი,“ არის ქართული სიტყვა „სავანე“ ანუ „სავანეთი,“ ესე იგი–ადგილი მისამართი, თავის-შესაფერებელი. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ეს სახელი „სვანეთი“ ქართული სიტყვიდამ „შუა,“ „შუანი,“ გამოვიდა; „შუანეთი,“ ესე იგი ქვეყანა–შუა ხალხისა. საქართველოს ისტორია, ერთს ადგილს გვიჩვენებს, რომ თამარ-მეფის მამის დროს, ქართველი მემატიანენი, საქართველოს შვიდ ნაწილათა ჰყოფნიდნენ, იმიტომ რომ შვიდი, ქართველის ხალხით დასახლებული ცალ-ცალკე მაზრები ირიცხებოდა. ამ შვიდ მაზრაში, სვანეთიც ირიცხებოდა, რომელიც მაშინ მრთელ საქართველოს სახელმწიფოში–შუაგულში იყო და სახელმწიფოს სამზღვარი მაშინ, ეხლანდელს „ფეოდოსიის“ იქით გადადიოდა, ყირიმში. მრავალი მართლ-მადიდებელი ეკკლესიები და სახტრები, ხატები ქართული წარწერილობითა, რომელიც სვანეთში იმყოფება, და მრავალი ქართული წიგნები რომელიც იქ ნახეს, ამტკიცებს, რომ სვანეთისა და საქართველოს ხალხი, ერთი და იგივე ხალხი იყო. მართლაც, რომ რის გულისათვის, ქართველებმა ამდენი ეკკლესიების შენობა დასდგეს სვანეთში, ამდენი სიმდიდრე წიგნებისა მიიტანეს იქა, თუ რომ ერთ და იგივე ხალხი არ ყოფილიყო, ერთი და იგივე ჰაზრისა და ერთს მრთელს ხალხს არ წარმოადგენდა?– პირველად სვანეთის ამბავი გაიგეს სამის საუკუნის წინათ, ქრისტეს შობიდან, პირველს საქართველოს ხელმწიფის ფარნაოზის დროს სვანეთზედ ამბავი არის მოხსენებული ვიზანტიის მემატიანების წერილებში, რომაელთაც რომაელებისა და სპარსელების ბრძოლა აღწერეს, ლაზიკის გულისათვის მე V და მე VI, საუკუნოებში. ეგენი სვანებს ეძახიან „სოანი“, რომელნიც „დიოსკურიის“ მახლობლად სცხოვრებდნენ და კავკასიის მთების ზემო-მხარე ეჭირათ. ეს მემატიანენი ამბობენ კიდევ, რომ ეს „სიონი,“ სპარსელებს ეხმარებოდნენ რომაელების დამარცხებისათვის, და ვითამც ეგენი იყვნენ მიზეზი რომაელების და სპარსელების ბრძოლისა, და ეგენი იყვნენ მათი მომრიგებელნიო.

სვანეთი მდებარებს მთა „იალბუზის“ ძირას, მისი აღმოსავლეთის მხარეს, მდინარე „ენგურისა“ და „ცხენი-წყლის“ სათავეებში. სვანეთი სამ ნაწილად განიყოფება, ბუნებითის სამზღვრებითა, დიდი მთების სერებით და გაგიჟებულ მდინარეებით. განიყოფება:–„სადადიანო სვანეთზედ,“ რომელიც მეგრელიის მთავარს ეკუთვნოდა;–„სათავადო სვანეთზედ,“ რომელიც თავად დადეშკელიანებს ეკუთვნოდა;–და „თავისუფალ სვანეთზედ,“ რომელიც არავის არ ეკუთნოდა, მხოლოდ თავის მბრძანებელათ სვანები თამარ-დედოფალსა ჰსცნობდნენ, რომელიც ჰმეფობდა მე XIII საუკუნის დასაწყისში, და ეხლა კი, ცოტ-ცოტათ „თავისუფალი სვანეთი“ჰსცნობს ადგილობრივ მთავრობის პირებს; მაგრამ მაინც ჯერაც ძველებური კილო თავისუფლებისა ხან და ხან გამოაჩნდებათ ხოლმე. ეს ქვეყანა ეკუთვნის ქუთაისის ღუბერნიას, და ლეჩხუმის უეზდის მაზრაში ირიცხება; და რადგანაც სვანეთი ქუთაისიდამ ძალიან შორს არის, და აგრეთვე ლეჩხუმის უეზდის უპრავლენიიდამ, ლაილაშიდამ, სვანეთი არის ჩარიცხული ცალკე საპრისტავOოთ, რომლის პრისტავს მნიშვნელობა უეზდის ნაჩალნიკისა აქვს.

სვანეთის ჰავა-განსხვავებულია; „სათავადო სვანეთი“ მდებარებს სამი ათას ფუტზედ მაღლა შავ ზღვაზედ; და ამისთვის აქა ჰავა ზომიერია, საშუალია; აქა თითქმის ყოველგან დასავლეთის მცენარე კარგათა ჰხეირობს. „თავისუფალ სვანეთში,“ რადგანაც შიგნით-მთებში მდებარებს, ჰავა, სასტიკია, ჭოთურია; და ზოგიერთს მოშორებულს სოფლებში ჰავა–წმინდა ცივი ჩრდილოეთისაა. აქა უმეტესად ამოდის–ფიჭვი და არყი; მხოლოდ მარტო ქერი მოდის ამ ქვეყანაში; ზამთარი იწყობა ენკენისთვეში. ჩემს საუბედუროთ, მე თან ბარომეტრი არა მქონდა, რომ სიმაღლის გამოანგარიშება შემძლებოდა, მაგრამ გაბედვით ვიტყვი, და შემცდარი არ ვიქნები, რომ „თავისუფალი სვანეთი“ მდებარებს, არა-ნაკლებ, შვიდი ათას ფუტზედ მაღლა შავ ზღვაზედ. ყოველს მხარეს, საცა თვალი გადასწვდებოდა, ესე იგი „თავისუფალ სვანეთის“ ღორიზონტი, დაფარული არის ზავთიანის მთებითა და კლდეებითა, მუდამის თოვლით სავსე. ერთი სიტყვით მთელი „თავისუფალი სვანეთი“ წარმოადგენს დიდს და უშველებელს ქვაბს, რომელსაც ძირში ორი ვიწრო ხვრელი აქვს, რომლითაც მიმდინარობენ მდინარეები „ენგური,“ შავი ზღვისაკენ, და „ცხენის-წყალი,“ რიონისაკენ. სვანეთის მდინარეების ხასიათი სრულიად არა ჰგავს სხვა კავკასიის მთის მდინარეების ხასიათსა; უმეტეს ნაწილს ამ მდინარეებისას, სათავეები შიგ თოვლის ძირებში აქვს, და ისეთი ცივი წყლებია, რომ მე რეომურის ტერმომეტრით შევიტყე, რომ შუათანა სითბო ამ წყლებსა აქვს 6 1/2 გრადუსი. ეს წყლები წარმოადგენენ ძალიან ვიწრო, ორ საჟენიდამ ხუთამდის, ვიწრო გასავალს და დიდს სიღრმეს. თითქმის ყოველგან ამ მდინარეების წყლის პირები მაღლდებიან 50–100 საჟენზედ; და ნაპირები კლდის ჯავარიანი ქვისა არიან და ასპიტისა და მძაფრი შეხედულება აქვსთ. ამ მდინარეებზე საშინელი რამ და მრისხანე არა იქნება რა; მათი კალაპოტი ძალიან შევიწროებულია; მათი მიმდინარობა–ჩქარია; წყალს ასდის დიდი ქაფი და ოხშივარი; დუღს წყალი და მთების და კლდეების გულსა დიდის ძალითა ხვრეტს, წამ და უწუმ ამ შრომაში შეჩერდებიან ხოლმე, და ისევ უცებ განიერში, საშინელის ხმით გავარდებიან! მათ ხმას მთანიც და კლდენიც–ხმას აძლევენ–ასე რომ დააყრუებენ კაცსა. ამ მიზეზით სვანეთის წყლებს ფონი არსად არა აქვს. ახლომახლო მთებზედ, ყოველნაირის მცენარის სიცოცხლე არა აჩნევია რა. აქა, არც გარეული მფრინველია და არცარა-რა ნადირი. ძალიან იშვიათად, რიჟრაჟზედ, მთის წვეროებზედ გამოჩნდება ჯიხვის ჯოგი, ცივ წყაროსთან მიმავალი და მფრთხილი მათი მონადირე, მაგათთან მიმპარავი, და სხვა არაფერი სიცოცხლე არა სჩანს რა. მდინარეებისა და სხვა წყლების გადიდების დროს ჩვეულებრივი გზა მიუკარებელია სვანებისათვის და მთის წვეროებზედ და ქედზედ დაიდებენ ხოლმე ამ დროს ბილიკებს. თავის სოფლებისაკენ სხვა მეზობელს ხალხთან შეერთება სვანებისა თითქმის ერთი და იგივეა; განსხვავება არა აქვს რა მეზობლებთან: ქაბარდოელებთან, იმერლებთან, ლეჩხუმლებთან, რაჭველებთან და სხვა მთის ხალხთან. იმერეთისაკენ მიდის რამდენიმე ბილიკა-გზა, მთის გარდასავლებზე, მთა „ლეშნულისა“ და მთა „ლაილაზედ;“ „ლატფარის“ მთაზედ ჩამოდის ოთხი ბილიკა, „სადადიანო სვანეთისაკენ,“ სოფლებში: „ლენტეხს,“ „ჭოლურს,“ ლიდჟას“[1] და „ლაშხეთს;“ და აქედგან მიდის მხოლოდ ერთი საზოგადო გზა, სოფელს „მურზედ“ ცხენის-წყლის ხეობაში, სოფელს „ორბელზედ“– ლაილაშისაკენ, მდინარე ლაჯანურას ხეობით. ეს მთის გარდასავლები სულ ათი-ათას ფუტზედ მაღლდებიან. ამ მთის გარდასავლების გარეგანი შეხედულება და წარმოდგენილი სურათები, ზევით მოვიხსენიეთ კიდეც. მხოლოდ გამბედავი სვანი ზამთარში გაჰბედავს ამ გზით გარდმოსვლას და ამისთვის უსათუოთ „თხელამურები“ უნდა გაიკეთოს ფეხებზე და გრძელი კავიანი შუბები ეჭიროს, რომელსაც სვანები ზამთარში, მინდვრებშიაც არ იშორებენ. მაგრამ ამისთანა გაფრთხილებით, მაინც მოწმენდილს დღესა ჰბედავს გზაში წასვლას; მაგრამ ზამთარში კი მოწმენდილი დღეები ხომ, იშვიათია.

შიგნითს სვანეთში, ჩვენ ბევრი სხვა და სხვა ნაირი ხიდები და ბოგირები გავიარეთ, საშინელს გაგიჟებულს მდინარეებზედ და წყლებზედ გადაგდებული. ეს ნამდვილი ეშმაკის ხიდები, არიან გაკეთებული ორის ლასტისა და ფიჩხით დაწნილი; მოაჯირი სრულებიYთ არა აქვს, და ისე იდრიკებიან მგზავრს ქვეშ, რომ ქანაობას დაიწყებენ ხოლმე. ფიჩხის ნაწნავებს შუა სჩანს, ქვეშა-მღელავი მდინარე. ჩვენ თითო-თითოთ გადავდიოდით, და აბა ვის არ შეათრთოლებდა ამ გვარი ხიდი!? ამ ხიდებზე ცხენებიც, სათითავოთ გაჰყავთ, ისე რომ ერთ სვანს ცხენი აღვირით წინ მიჰყავს და მეორეს კი ცხენის კუდი უჭირავს ხოლმე და ისე გაიყვანენ ხოლმე მეორე ნაპირასა. სოფლებსა და სოფლებს შუა, უკმაყოფილების გამოისობით, ამ ხიდებს მოშლიან ხოლმე და მითი მოსპობენ ყოველს ღონისძიებას ერთ ნაპირიდამ – მეორეზედ გადასვლისათვის.

სვანები, თუ მიუკარებელს ადგილებში თავისათვის ბილიკებსა სდებენ,–სხვა გვარი და უკეთესი გზა აქა, არა აქვთ. სვანეთის გზების სიძნელე, ადვილად ვერ გამოიხატება; ჯერ გზა ადის ცხრა, ანუ ათი-ათას ფუტზედ მაღლა მთებზედ, მერმედ უცებ დაეშვება ხოლმე პირ-და-პირ წყლებთან და მდინარეებთან, ან ვიწრო ხეობებში ჩადის, ხან შიგ სოფლის შენობებს შუა მიდის სვანების კარმიდამოებში, ისე რომ მგზავრს ადვილათ შეუძლიან გზიდამ სვანის სახლში ბუხარიდამ, ჩაიხედოს; ხან მიდის გზა და რომელიმე ალაყაფის-კარებს მიადგება; მაშინ კარგა ხანი უნდა, რომ ალაყაფი-კარების პატრონი დაიყოლიოს მგზავრმა და გააღებინოს, რომ გასვლა შაეძლოს. ეს გზები ცხადათა სჩანან ტყიანს ადგილებში, საცა გზის ორივე გვერდზედ ტყე ცოტათი გაჩეხილია და ზოგან მოაჯირებიც აქვს, რომ მგზავრი სადმე ხრამში არ გადაიჩეხოს; სხვა ადგილებში კი ეს გზები ან სრულიად არა სჩანან, ან არა და საფეხურებს წარმოადგენენ, კიბესავით. ძალიან შეჩვევა უნდა მგზავრსა ამისთანა გზებთან, რომ ამ მრავალს და არეულს მთებში კვალი არ დაეკარგოს, და იქითკენ დაიჭიროს თავისი მგზავრობა საითკენაც უნდა წასვლა. ამისთანა გზებზე მხოლოდ ჯორი ვარგობს, თავისი ფრთხილის სიარულის მიზეზით და არა ცხენი; ამიტომაც სვანეთში ჯორი ცხენზედ ერთი ორად ფასობს. მგზავრი აქა, ყოველს წამს მოელის თავისითავის გადაჩეხას, ვიწრო ბილიკებზედ მიმავალი, რომელნიც საშინელს სიმაღლიდამ მდინარეებს და ხრამებს და ღელეებს გადაჰყურებენ.

მდინარე „ენგურის“ და „ცხენის-წყლის“ ხეობებმა ჩემს გონებას ჩაჰნერგეს დაუვიწყარი გრძნობა; მრავალი და მაღალი, ერთად არეული ტყიანი მთები, ჩვენ გარს იყვნენ შემორტყმული; სივიწროებისაგან–სუნთქვა გვეძნელებოდა; ჩვენ ვიყავით, ვითამც, რაიმე ღრმა ორმოში ჩავარდნილი, საიდამაც სჩანდა ვიწრო ზოლი წმინდა ცისფერიზეცისა. ჰაერი მუდამის სიბნელისაგან; მზე აქაიქ გადმოჰხედამს ხოლმე და ისიც მოკლე ხანსა. მეტის-მეტად საგრძნობელი იყო–იქაური ბნელი ღამე; ხეობაში არის საშინელი თვალის-სათხრელი სიბნელე; მხოლოდ ნათელი ვარსკვლავების ზოლი სჩანს მგზავრისათვის. ბნელი და შავი მთების გამოხატულობა იკარგება მრთელს ღამის სიბნელეში; ამას უნდა დაუმატოთ მთის ნისლი და ქუხილი ტყეებისა და გაგიჟებულის წყლებისა. ენგურისა და ცხენის-წყლისა, რომელთაც ისეთი ქუხილი ასდის, რომ დაღალული მგზავრი – მოსვენებას ვერა ჰპოულობს, გაჩაღებულს ცეცხლთან მიწოლილი, რომელსაც ხშირად მოსდის ის გრძნობა, რომ ადამიანის ძალა და ღონე სულ ფუჭია ამისთანა ბნელ ბუნებასთან! ეს ხეობები ერთ და იმავე დროს შეიცავენ რაღაცა სინაზეს, სიტკბოს, სიალერსეს მგზავრისათვისა, და ამ დროსვე–მოჭმუნხვილობას, საშიშარს რაღაც გრძნობას! აქა, პატარა, წვრილი, უღონო–შეუერთდა–სიმძლავრეს, სიდიდეს და ზახიანს! ესეთია ბუნება ამ ხეობებში!

სვანეთის მთებს აქვს სხვა და სხვა შეხედულობა; ზოგიერთი სერები პირ-და-პირ მუდამის თოვლის ზოლში შედიან, და არიან ბუნებით მრავალის წყლების სათავეებთან. ყველაზე მაღლა, თავი ამოჰყო „ბეჩოს“ მთამა, რომელიც სვანეთის ყოველის კუთხიდამა სჩანს; და თითქმის ყოველს მთას, ჩამოსდის წყლები, რომელნიც ან ენგურს, ან ცხენი-წყალს ერთვიან; საშინელის ხმითა, ქუხილითა, ასე რომ ორმა მოლაპარაკე კაცმა უნდა იყვირონ, რომ ერთმანეთს სიტყვა გააგებინონ.

ზაფხული სვანეთში მხოლოდ ორ თვე-ნახევარს არის; და სვანებს კი თურმე ცოდვათ მიაჩნიანთ მუშაობა არა თუ კვირა დღესა, არამედ პარასკევსა და შაფათსაც. ამ გვარივე ჩვეულება იმერლებსაც აქვს, მაგრამ იმერეთში მუდამ–ზაფხულია და სვანეთში კი მუდამ – ზამთარი. ამ გვარივე ჩვეულება ქართველებშიაც არის, საცა პარასკეობით მიწას არ მუშაობენ; მაგრამ სვანეთში რომ შაფათსაც არ მუშაობენ, რა მიზეზია, ჩვენ ვერავინ ვერ აგვიხსნა. მგონია რომ, სვანებმა ეს ჩვეულება ურიებისაგან გადაიღეს, რომელნიც იქ თურმე ბევრნი ყოფილან, და ცალკე სოფლებში არიან დასახლებული, მაგალითად „ლენტეხი,“ „მულახი“ და „ხალდე“ სულ ზოგი გაქრისტიანებულ ურიებით არის დასახლებული და ზოგი ნამდვილ ურიებითა. სვანებს ამ სოფლების ხალხთან კავშირი არა აქვსGთ რა, და მაგათშუა ყოველთვის უკმაყოფილება და უსიამოვნება ჰმეფობს.

(შემდეგი იქნება)

კოტე სანინელი.

––––––––––––

1სვანურის ენის გამოთქმაში არის ხმა, რომელიც რუსულის ანბანში გამოიხატება ასოთი „ы,“ თა; ასე რომ „ლიდჟა“ კი არა, უნდა „ლыდჟა;” „ადიშბა” კი არა, უნდა „ადыშბა;” ბევრი სიტყვებია ამ ხმითა, რომელიც ქართულათ ვერ დაიწერება; სვანურითაც არ იწერება ამიტომ რომ, სვანებს თავისი წერილი არა აქვსთ.

4 ბრძოლა რომის დასაპყრობლად

▲back to top


ბრძოლა რომის დასაპყრობლად

(შემდეგი)[1]

იტალია

ამალასვინტას გულზედ მოეშვა და თავისუფლად ამოისუნთქა. მაგრმ ისევ მალე გაიტაცა რაღაც მოუსვენარმა გრძნობამ შიშისამ; საზარელი ფიქრები მოესივა; მას წარმოუდგა თვალწინ ის ცოდვანი და დანაშაულობანი, რომელნიც მოეხდინა იმ ცოტა ხანში რაც დედუფლად იყო; ნამეტნავად მან მოჰგვარა ჟრჟოლა, რომ მოაგონდა ვით მოაკვლევინა სამი გოთთა ჰერცოგი ბალტის გვარეულობისა, რომელნიც ამალასვინტის გვარეულობის მტერნი იყვნენ.

ამალასვინტას ეჩვენებოდა ხოლმე, რომ ვითომ უკან მდევარი მოსდევს; ვითომც ცხენების თქაფათქუფიც ესმის, ვითომც ვიღაცა კაცებსაცა ხედავს, რომელნიც კვალზედ მოსდევენ, მაგრამ დელიოსი არწმუნებდა, არაფერი ამბავი არ არისო.

ღამემ ამ ყოფით გაიარა. ირიჟრაჟა თუ არა, მივიდნენ ტბის პირას, ტბაზედ ჯერ კიდევ ღამის ნისლი იდო. მარჯვნივ მებადურის დაბალი ქოხი იყო. დელიოსი ქოხში შევიდა. რამდენსამე წუთს შემდეგ უკუვ მოიქცა, ამალასვინტა ეტლიდამ გადმოიყვანა და წაიყვანა ტბის პირას, საცა პატარა მებადურის ნავი იყო დაბმული.

ნავში იჯდა ერთი ბერი-კაცი; ისე უძრავად გაეშტერა თვალები, თითქო ღრმა ფიქრებშია ჩავარდნილაო.

– დელიოს, შეჰსძახა ამალასვინტამ: ჯერ კიდევ ბნელა და ეს ბერი-კაცი ამ ნისლში როგორ გაიგებს გზას?

– სინათლე ვერას უშველის ამას, დედუფალო, მიუგო დელიოსმა: ეგ კაცი ბრმა არის.

– ბრმაო? ჰსთქვა შეშინებით ამალასვინტამ: უკან მოაბრუნე ნავი, ნავიდამ გამოვალთ.

– ეს ოცი წელიწადია სულ ამ გზაზედ დავდივარ, მიუგო ბერი-კაცმა: მე ეს გზა თვალხილულზედ უფრო კარგად ვიცი.

– დაბადებით ხარ ეგრე ბრმად?

– არა, თეოდორიხმა, ამელუნგების გვარეულობისამ უბძანა ჩემი თვალების დათხრა. აი წყევლა და ქოქვა ამელუნგებს!

თრთოლით და კანკალით იყურებოდა აქეთიქით ამალასვინტა. მას ასე ეჩვენა, რომ თითქო ხარონს მიჰყავდეს იგი აჩრდილთა სამეფოში. ნავი კი თავისთვის ჩქარა მიდიოდა. აი ერთხელაც მოუსვა ბერმა-კაცმა ნიჩაბი და ნავი დანიშნულს ადგილს მივიდა და შედგა.

ამალასვინტა დელიოსსის მკლავზედ ებჯინა და ისე ავიდა კლდეში გამოკვეთილ კიბეზედა. ეს კიბე კასსიადორის აგარაკში ასასვლელი კიბე იყო. ასეთი ნისლი იყო, რომ ნისლის გამო აგარაკის გარეშემო ხეებსაც კი კაცი ვერ არჩევდა.

ბოლოს მიადგნენ მაღალს ჭიის კარებს ბრონზისას. დელიოსმა ხლმის ტარით დაარაკუნა კარი, კარმა ჭრიალი დაიწყო და კარებში მოადგა ერთი ვიღაც კაცი საშიშარ თვალებიანი და ჭაღარა თმააბურძგნული.

ამალასვინტას მოაგონდა, რომ იყო დრო როცა თვისის ქრმით შემოადგა ფეხი ჭიის კარებში, წინ მოეგება ალერსიანად ახალ-გაზდა მეკარე და მისი ცოლი ლოცვითა და კურთხევითა.

– ფუშინა სად არის? იკითხა მან: აქ არის კიდევ?

– იგი დიდი ხანია ტბაში დაიხრჩო, უპასუხა გულ გრილად მეკარემ და წაუძღვა წინ სასახლისაკენ.

სასახლე დაცარიელებული იყო, თითქო აქა მცხოვრებნი სულ ამოწყვეტილანო.

– მაშ აღარავინ არ ჰსცხოვრობს? ჰკითხა ამალასვინტამ მეკარეს:–მე მოახლე მინდა.

– ჩემი ცოლი გემსახურება.

– სხვა არის ვინმე კიდევ სახლში?

– დიაღ, არის ერთი ყმა-კაცი, მკურნალი ბერძენი.

– მკურნალი, მე მინდა იმისთვის...

ამ დროს ჭიის კარიდამ ძლიერი რაკუნი მოისმა და ამ ხმამ ყრუდ მოირბინა მთელი სასახლე.

–ეს რას ნიშნავს? იკითხა შეშინებულმა ამალასვინტამ.

– უსათუოდ შემოსვლა უნდა ვისმეს, მიუგო მეკარემ და მიხურა კარები ამალასვინტისათვის მომზადებულის ოთახისა.

ნესტიანი ჰაერი დიდის ხნით გაუღებელის სადგურისა ეცა ამალასვინტას პირის სახეზედ. მან მღელვარებით შეამცნივა, რომ ეს ოთახი ის ოთახია, რომელშიაც იგი ჰსცხოვრებდა ამ ოცის წლის წინად. მან დაითხოვა თვისნი მხლებელნი, დაეცა სარეცელზედ და მალე მოუვიდა ძილი, მაგრამ საზარო სიზმრებმა მოსვენება არ მიჰსცეს. ჩვენება ერთი მეორესა ჰსცვლიდა. ხან მოეჩვენებოდა მისი ქმარი ევტარიხი თავისის დაჭრილის ტუჩითა. ხან მისი შვილი, კუბოში მწოლარე, ხან ქალი, რომელიც საყვედურით სავსეს თვალით იყურებოდა, ხან თვალ წინ წარმოუდგებობნენ სამნი ჰერცოგნი გაფითრებულის სახითა და სისხლში მოსვრილის ტანისამოსითა და ხან უსინათლო მენავე ჭაღარათმითა.

ამალასვინტა გულ გადაფითრებული წამოხტა. ფარდას უკან რაღAაც დაიძრა, კედელზედ ჩრდილმა გაიარა. ამალასვინტამ მიმოიხედა, არა ვინ იყო; მივარდა, ხელი დააჭირა რაღაც ბალთასა, ჩაქუჩმა დაჰკრა და ოთახში შემოვიდა მოსამსახურე. ეს იყო მკურნალი. ამალასვინტამ თვისი შიში უამბო მკურნალმა აუხსნა, რომ მგზავრობას დაუღალავხართ და იმისაგან არისო; ურჩია თბილის აბანოს მიღება და გავიდა, რომ ამისთვის საჭირო გამკარგულება მოახდინოს.

იმის გასვლის უმალ შემოვიდა გოგო და თან შემოიტანა თეთრეული და ყოველივე იარაღი აბანოსი. ამასვინტა გაჰყვა გოგოსა. ორივე ხმა ამოუღებლივ მიდიოდნენ. როცა მივიდნენ მაღალ ბურჯთა სან, ცა აბანო იყო, გოგომ გააღო კარი მარმარილოს კედლისა. შევიდნენ შიგ და დახვდათ დახურული მოაჯირი აუზების გარეშემო. აუზებიდამ ამოდიოდა თბილი და სურნელიანი ორთქლი.

რვა კუთხიანი აბანოს ოთახი ორ სართულად იყო გაყოფილი რკინის ფიცრითა, რომელიც ქვემო სართულისათვის ჭერი იყო და ზემოსათვის ძირი. ქვემო სართული დანიშნული იყო ცივის წყლის აბანოსათვის და ამის გამო ტბის წყალი მილებით შემოდიოდა. როცა უნდოდათ ჭახრაკს მოსწევდნენ და ის რკინის ჭერი ორად გადიშლებოდა და ეს აბანოს ოთახი შეიქმნებოდა ერთ ოთახად, რომელსაც მთელის ბურჯის სიმაღლე ჰქონდა და რომელიც შესაძლო იყო ტბის წყლით ძირიდამ თავამდე ავსებულიყო. ჩვეულებრივ კი ზემო სართულში თბილს აბანოს მართავდნენ ხოლმე, ამისათვის კედლებზედ მრავალი მილები იყო გაყვანილი. შუაში აუზი იყო, რომელშიაც მოაჯირიდამ მარმარილოს კიბე ჩადიოდა, მეტად მოსახდენად გაკეთებული.

სინათლე ჭერიდამ ჩამოდიოდა. შემოსავლის კარის პირდაპირ, მაღლა ბაქანზე კიბე ადიოდა ჭანდრის ხისაგან გაკეთებული. ამ ბაქანიდამ შესაძლო იყო კაცი წყალში ჩამხტარიყო.

გოგომ ხმა ამოუღებლივ აბანოს იარაღი დააწყო ლბილს ბალიშებზედ და ხალიჩებზედ, რომლითაც მოფენილი იყო მუაჯირის იატაკი და დააპირა გარედ გასვლა.

– შენ როგორღაც მეცნობი,– ნეტა სად მინახვიხარ? ჰკითხა ამალასვინტამ გოგოს: დიდი ხანია რაც შენ აქა ხარ?

– ერთი კვირაა, უპასუხა და კარის რაზას ხელი მოჰკიდა.

– დიდი ხანია რაც კასსიოდორს ემსახურები? ჰკითხა ხელახლად ამალასვინტამ.

– მე დედუფალს გოდელინდას ვემსახურები. ერთი საშინელის კივილის ხმა მოისმა ამალასვინტისაგან; მივარდა იგი გოგოს. კალთაში ხელი წასტაცა, მაგრამ ვერ დაიმაგრა. გოგო გაექცა და მოაჯახა კარები. ამალასვინტამ გაიგო, რომ კარები კლიტით გადაუკეტეს. აბანოდამ გასასვლელი სხვა კარი აღარ იყო.

(შემდეგი იქნება)

–––––––––––––

1 ივერია №19, 21 22 და 23.

5 გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები

▲back to top


გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები

ბოროვიჩიდამ (ნოვგოროდის გუბერნ.) გაზეთს НедѢля-ს სწერენ: „22 მკათათვეს დილის ათ საათზედ ჩვენი ქალაქი უეცრად აღელვდა. მაზრის გამგებელი (Исправникъ), კვარტალნები და სხვა პოლიციისა, სამხედროსი და საერო მოხელენი, აგრეთვე ხალხიც მიეშურებოდა რკინის გზის სადგურისაკენ. ეტყობოდა ვიღასაც მოელოდნენ. ეს „ვიღაცანი“ იყვნენ კავკასიიდამ გამოყვანილნი ჩერქეზები. მოახლოვდნენ თუ არა მოგზაურნი ხალხში ხმაურობა ატყდა. „ეს ვინ არის?“ „ნუ თუ დედა-კაცია?“ – „დახე ბავშვებიც არიან.“ ამათ რაღა დააშავეს?“–არა ღმერთო! დახე რა ნაირი საყურებია!„–სწორეთ ცხენის ნალია....“.–„თვალებს დახე, თვალებს“.–„იმას უყურე, რა ღონე აქვს, ბევრს ჩვენებს მოერევა! და სხვ. მთიულთა ველურმა, მამაცმა, თავისუფალმა შეხედულობამ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინეს მაყურებლებზედ. „აი ხალხი!“ ძალა უნებურად ამბობდნენ ბევრნი. ჯერჯერობით თითქო ეშინოდათ და ერიდებოდნენ მოსულებსა, მაგრამ თან და თან თვალი მიაჩვიეს და გაოცებით შესცქეროდნენ უნახავ სურათს. ვაგონებიდამ გამოვიდნენ სალდათები და ჩერქეზებს ანიშნებდნენ. მამაკაცებს რომ დედა-კაცები მოჰყვნენ, აქლემებისავით დატვირთულნი, თავზედ თეთრის ხელსახოცებით, ფეხებზედ განიერის შალვრებითა და კაცურის ქულაჯითა, მაყურებელთ გაოცებას საზღვარი აღარა ჰქონდა. რა ღონე უნდა ჰქონდეთ ამ დედა-კაცებს რომ ამოდენა ტვირთს უძლებენო. მხრებზედ უშველებელი ტომრები (ბავშვებისათვის), ხელში ძუძუ-მწოვარნი ყმაწვილები–ყველა ეს უშველებელს ღონეს მოითხოვს. მომსვლელთა შორის იყვნენ მოხუცნი და ახალგაზრდანიც. ბავშვთა სიმრავლე ყველას აკვირვებდა. მომსვლელთა რიცხვი ორასამდეა. სტანციიდამ სტუმრები და პატრონები კაზარმებისკენ წავიდნენ. ბევრნი ისე მძიმედ იყვნენ დატვირთულნი, რომ მუხლთ ეკეცებოდათ. ზოგი კიდევ იქცეოდა ტვირთის ქვეშ. განა არ შეიძლებოდა ცხენები მიეცათ ბარგისათვის და ავათმყოფებისათვის?

ამას წინად გაზეთის Голосъ-ის კორრესპონდენტი იწერებოდა, რომ ნოვგოროდში მოყვანილნი მთიულები თერგისა და დაღესტნის მაზრის მცხოვრებნი არიანო, რომელნიც ბოლოს დროს აჯანყდნენო.

გაზეთი СѢверный ВѢстникъ ამ საგნის შესახებ ამბობს: „ჩვენ ჯერ არ ვიცით მთიულები მართლა ჩრდილოეთის გუბერნიებში იქნებიან გაგზავნილნი თუ არა. ამ გვარი ამბების დაჯერება გვეძნელება. ჩრდილოეთისაკენ გარდასახლება, სადაც საშინელი ცივი ჰავაა, სადაურ ჰავასა ბევრი რუსიც ვერ იტანშ, დიდ ტანჯვას უქადის კავკასიის მცხოვრებს, რომელიც სიცხეს არის მიჩვეული. თუ საჭიროება მოითხოვს აჯანყებულთ გარდასახლებას, რუსეთი ისე ვრცელია, რომ შეიძლება უფრო უკეთესი ადგილი შეურჩიონ და ამისთანა სასტიკს ტანჯვას საწყლები გადაარჩინონ. განა უფრო არ სჯობს საპოლიტიკო საჭიროებაც დაკმაყოფილდეს და იმავე დროს თავიდგან აცილებული იყოს ამ გვარი კიცხვა და ძრახვა, როგორიც მოგვაყარეს ჩვენ ყოველის მხრით ჩერქეზებთა გარდასახლების დროს ათის თორმეტის წლის წინად.

– კორრესპონდენტი რუსულის გაზეთისა „Голосъ“ იწერება, რომ უფროსი შვილი შამილისა კაზიმაჰმადი ათასის ცხენოსანის ჩერქეზითა მუხთარ-ფაშის ბანაკში მომხრედ მივიდაო. იმავე ბანაკში ამბობენ, არისო ორი ლეგიონი, რომელთაც „ვენგრიელთ“ ლეგიონებს ეძახიან, მაგრამ ამ ლეგიონებში ბევრი ინგლისელი და პოლაკია თურმე. ესენი არამც თუ შველიან მუხთარ-ფაშას მხედრობის განწყობაში, არამედ ჰსცდილობენ ჩვენს ჯარში არეულობა და ურიგობა ჩამოაგდონ. ამისათვის ეგენი ჩუმად კაცებსა და წერილებსა უგზავნიან თურმე ჩვენს ჯარს. როცა ხშირი სროლა დაუწყეს ჩვენებმა ყარსსა, მაშინ თურმე ჩვენს ჯარში მათი წერილები დადიოდა. ამ წერილებში იგინი იწვევდნენ რუსეთის მხედრობას, მიემხრონ ოსმალოებს, და წინა აღუდგნენ რუსის მთავრობასა.

6 ანგარიში

▲back to top


ანგარიში

საბუე–ენისლის გამსესხებელ შემნახველ ამხანაგობისა.

პირველს იანვარს 1877 წელსა იყო: