ცისკარი №2 (1861)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 მოძღვრება თქმული უბრალო ხალხისადმი სოფელსა ჩხარს, ჩხარის წმინდა გიორგის ეკკლესიასა შინა. ჩყი-სა. გაბრიელ ეპისკოპოზისაგან

▲back to top


მოძღვრება

თქმული უბრალო ხალხისადმი სოფელსა ჩხარს, ჩხარის წმინდა გიორგის ეკკლესიასა შინა. ჩყი-სა. გაბრიელ ეპისკოპოზისაგან.

სახელითა, მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა

ძმანო ქრისტიანენო! ჩვენ ყოველნი, მადლითა ღვთისათა, ვართ მართმადიდებელნი ქრისტიანენი. მარა ვიცით ყოველთა, რომ არა საკმაო არს ვიყოთ ქრისტიანენი მარტო სახელითა, არამედ თჳთ საქმითაც უნდა ვიყვნეთ ჭეშმარიტნი ქრისტიანენი. მარა ვინ არს ნამდვილი და ჭეშმარიტი ქრისტიანე? არს მარტო იგი, რომელსა აქვს ორი ესე ჭეშმარიტი სჯული ანუ სარწმუნოება და კეთილი ყოფაქცევა, ანუ სჯულის აღსრულება, ვერ შეუძლია ვინმემ აცხოვნოს სული თჳსი თუ არა აქვს ეს ორი: ჭეშმარიტი სჯული და კეთილი ყოფაქცევა, და თუ ეს ასრე არს, ყოველი სული იმას უნდა ცდილობდეს, რომ შეიტყოს და ისწავლოს როგორმე რაი არს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ანუ რა უნდა სწამდეს ჭეშმარიტსა ქრისტიანესა და მერე უნდა ეცადოს რომ აღასრულოს სჯული იგი. (ახლა ის ვსთქვათ: სად, ან როგორ, ან ვისგან შეუძლია ისწავლოს კაცმან სჯული ქრისტესი ანუ სარწმუნოება?

რასაკვირველია რომ ვისაც შეძლება ჰქონია და თავისუფლება და უსწავლია წიგნი იგი, წიგნისაგან აღმოიკითხავს სახარებასა, სამოციქულოსა, ჟამნსა, დავითნსა და სხვათა საღმრთოთა წიგნთა, და შეიტყობს სარწმუნოებასა. მასა ზოგს არ სცალია და არც შეუძლია ისწავლოს წიგნი, მან რაღა ქნას? მას შეუძლია, ძმანო, ისწავლოს სჯული ეკკლესიასა შინა, როდესაც სდგას ლოცვაზე და წირვაზე. ხომ იცით თქვენც ყოველთა, რომ წირვა ლოცვაზე ყოველთჳს იკითხება საღმრთო წიგნები, ითქმება წმინდა გალობა, წაიკითხება ლოცვები. და ვინც ყურადღებით ისმენს წირვა ლოცვასა, იგი ცოტ ცოტათ უთუოთ ისწავლის სჯულსა ქრისტესსა. ყოველ წირვაზე და ცისკარზე წაიკითხება სახარებისაგან რამდენიმე მუხლი, ანუ თავი და თუ ყურადღებით ისმენს ვინმე სახარებასა შეიტყობს, როგორ სცხოვრობდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე კაცთა შორის, რა სასწაულები ქმნა, რა მცნება და მოძღვრება გვითხრა. აგრეთვე წაიკითხება წირვაზე სამოციქულო და თუ კარგათ გაიგონებ, შეიტყობ როგორ უნდა იქცეოდეს ყოველი ქრისტიანე, რაი არს სათნოება და რაი არს ცოდვა. გარდა ამის ყოველ წირვაზე წაიკითხება „მრწამს ერთი ღმერთი“ და ამ მოკლე ლოცვაში საკმაოდ არს გამოხატული ყველაფერი, რაც უნდა სწამდეს ქრისტიანე კაცსა. ამ ლოცვაში არს თქმული, რომ ჩვენ უნდა გვრწამდეს ერთი ღმერთი, მამა და შემოქმედი ცისა და ქვეყნისა, უნდა გვრწამდეს რომ ღმერთი არს სამ პიროვანი, მამა, ძე და სული წმიდა. ძე ღვთისა განკაცდა მარიამისაგან ქალწულისა, ესე იგი მიიღო ჩვენი ხორცი და სული, მოგვცა სჯული, ჯვარს ეცვა ჩვენისა ცხოვრებისათჳს, გამოგვისყიდა სისხლითა თჳსითა ცოდვისა და წყევისაგან: აღსდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზევად, მოვალს მეორედ განსჯად სოფლისა; უნდა გვრწამდეს სული წმიდა რომელი გაგვწმენდს ცოდვათაგან შვიდთა საიდუმლოთა შინა, ნათლისღებას, მირონის ცხებასა, მონანიებასა, ზიარებასა და სხვათა; უნდა გვრწამდეს ერთი ეკკლესია, რომელი ზრუნავს ჩვენისა ცხოვრებისათჳს. მოკლედ ვიტყვი, ვისაც სურს, იგი კარგათ ისწავლის ეკკლესიაში სჯულსა ქრისტესსა. და თუ ვინმე ვერ მიხვდეს რასმე, იგი უნდა მივიდეს მოძღვართან და მოძღვარი აღუხსნის მას ყოველსა.

მარა დიდათკი სჯობია რომ სიყრმიდგან მიეჩვიოს კაცი სჯულის სწავლასა; ამისათჳს ეცადეთ ძმანო, რომ თქვენმა შვილებმა პატარობიდგანვე დაიწყონ სწავლა და წინაპირველად ლოცვები მაინც ისწავლონ, წმინდაო ღმერთო, მამაო ჩვენო, მრწამსი და სხვანი. მღვდელთა ამაზე დავაბარებ, რომ უთუოთ ასწავლონ თქვენს პატარა შვილებს ეს ლოცვები და თქვენ ნუ დაუშლით, არამედ სიხარულით მიიყვანეთ შვილები თქვენი. მეორედ, როგორც წინათვე ვსთქვი, კაცსა უნდა ჰქონდეს კეთილი ყოფაქცევა ანუ სჯულის აღსრულება. მარტო სარწმუნოება ვერ აცხოვნებს კაცსა, თუ კეთილი საქმე არა აქვს. შეიძლება რომ კაცმა იცხოვნოს სული, თუმცა კარგათ არ იცის ყოველი მუხლი სჯულისა, მარა კეთილი ხასიათი აქვს და კეთილი ყოფაქცევა; და თუ კაცს ცუდი გული აქვს და ცუდათ იქცევა წარწყმდება, თუმცა ძლიერ კარგათ იცოდეს სჯული; ამისათჳს ძმანო, რომ, რადგანაც კარგათ არ იცით სარწმუნოება, ყოფაქცევა მაინც კარგი გქონდეთ. მართალი რომ ვსთქვათ ჩვენ, ამ იმერეთის მხარეს მცხოვრებთ სარწმუნოება არ გვაკლია; ღვთის მადლით მტკიცეთ გვიჭირავს გულში რაც მიგვიღია მამათაგან სჯული და ჩვეულება; ვერავინ ვერ გვაყვედრებს რომ დაგვევიწყოს რომელნიმე ქრისტიანობრივი წესი; რასაც გვასწავლის წმიდა ეკკლესია იგი მაგრათ შეგვინახავს, მარა ყოფაქცევაშიდ სუსტნი ვართ. ახლა მოვიდეთ ვსთქვათ, რა ნაკლულევანება ანუ რომელი ცოდვა გვჭირს ჩვენ საზოგადოთ. პირველი და საშინელი ჩვენი ცოდვა ის არის, რომ არა გვაქვს კარგი დაწყობილება, ერთი მეორესთან არა გვაქვს თანხმობა და სიყვარული. პირველი ნიშანი ქრისტიანობისა არს თანხმობა და სიყვარული. ვინ აღასრულა მთელი სჯული? მან აღასრულა, რომელმა შეიყვარა ღმერთი უმეტესად ყოვლისა და ძმა თჳსი როგორათაც თავი თჳსი; მარა ჩვენში ვერ არის სიყვარული და თანხმობა. არ დარჩა ისრეთი მოსახლე რომ არ ეჩხუბებოდეს და არ ედავებოდეს თავის მეზობელს; ძმა ძმასთან ვერ დამდგარა და მამა შვილთან. ამდენი დავა და ჩივილი რაც ამ პატარა ჩვენს ქვეყანაშია ერთმანეთშიდ, არსად არ არის. მეორე ჩვენი ცოდვა ის არის, რომელ არ გვიყვარს სიმართლე, ყოველთჳს ლაპარაკში და ყოფაქცევაში ბრუნდე გზას ვირჩევთ; მოწმათ არის თუ ვინმე მოწოდებული, ან გამოიკითხავს ვინმე რასმე ან სხვა შემთხვევაში ყოველთჳნ ისე სჩანს, რომ სწორეთ უბნობას ვერ მიჩვეულხართ. მესამე: თქვენი ცოდვა ის არის, რომ რაღაცა მკითხავები გაჩენილან თქვენ შორის და ცუდს საქმეს იზამენ. არ დაივიწყოთ ძმანო, რომ მკითხაობა დიდი ცოდვა არის, ვინც მკითხავობას ან მკითხავთან მივიდა, იმან სჯული უარჰყო, ის ქრისტიანე აღარ არის, იმან ეშმაკს შესწირა თავი თჳსი. რომელს ბოროტებას არ იზამს მკითხავი? მამას და შვილს გადაჰკიდებს, ცოლს და ქმარს აშლის, ცრუ და ტყუილს აზრსა არწმუნებს კაცს, გახთა თუ ვინმე ავათ, მაშინვე გაიქცევიან მკითხავთან და იგი მოატყუებს, რაღაც მიზეზებს ეტყვის; წამალს და მოვლასკი არ ასწავლის, არამედ რაღაც ცრუს და ეშმაკეულს აზრებს შეაგონებს.

ვეცადოთ ძმანო რომ ესენი ყოველნი ცოდვანი, რაც გვჭირს, განვიშოროთ და ვიყვნეთ ნამდვილნი ქრისტიანენი საქმითა და არა მარტო სახელითა.

შესხმა

თქმული ქუთაისის სობოროს დეკანოზის გიორგი გამრეკელოვისაგან, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის მოსვლის ჟამს. 7-სა სეკტემბერსა, 1860 წელსა.

ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო,

მოწყალეო მწყემსო მთავარო!

დღესა მას, ოდეს შენ, წარმოდგომილმან წინაშე სამღვდელოისა კრებისა აღიარე უძლურებაი კაცობრივისა ბუნებისა, ტვირთმძიმეობაი უმაღლესად მონიჭებულისა თქვენდა მღვდელთ-მთავრობის ხარისხისა, და მიანდეთ თავი თქვენი საღმრთოსა განმგებელებსა, რომლისა მიერ წარმართების სვლაი კაცისა, მიუპყარი რა ქედი თქვენი მორჩილყოფასა მოციქულთა და კრებათა კანონისა და მზაყოფა მოქმედებათ ვენახსა შინა მისსა, აღმპყრობელმან თვალთა გულისა თქვენისა მაღლისადმი, მაშინ უღირსებაი ჩემი, რიცხვთა შორის სამღვდელოთა დასისა თანამოწამე იყო და მვედრებელკეთილისა წადილისა თქვენისა აღსრულებისათჳს.[1]

სიბრძნით განმგებელმან ყოველთამან და სრულ მყოფელმან მართლიადისა ვედრებისა თქვენისამან აწ აღგირჩიათ მწყემს მთავრად და მოქმედად თჳსისა საყვარელისა ვენახისა - წმიდისა ამის იმერთა ეკკლესიისა, ვენახი, რომელიცა გარწმუნათ მაღალმან, დანერგული პირველ წოდებული მოციქულისაგან, ნაშრომი და შეზღუდვილი მოსაყდრეთაგან მისთა. აწ ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო! შრომითა თქვენითა კვალად განაკეთილეთ იგი, უკეთუ რაიმე ჰპოვოთ დაკლებული თქვენ აღავსეთ, ვითარცა მოძღვარი წარმართთა მიუწერეს მოწაფესა თჳსსა.

მოწყალეო მწყემსთ-მთავარო! მხიარულ იყავნ გული შენი, მრავალნი გყვანან თანამშრომელნი მწყემსთ-მთავრულსა სარბიელსა შინა თქვენსა, - თქვენ ჰპოებთ მრავალთა გულს მოდგინეთ მსმენელთა სამღრთოთა სწავლათა თქვენისა, რომელ თესლნი უეჭველად აღმოაცენებენ სავსეთა ხელთა და გადაეცემიან მრავალთა, უხვებით გამოსაზდელთა სულთა თჳსთა.

წმინდანი ეკკლესიანი ეპარხიისა შენისანი, უეჭველად მიიღებენ სათანადოსა გაბრწყინვებასა, რომლისათჳსაც მხიარულ არს ყოველი ჩვენგანი სამღვდელონი პირნი გამზადებულ არიან, მართლიად აღსრულებისათჳს კეთილისა ნებისა შენისასა შესახებ სულიერისა განათლებისა მხარისა ამის.- ბრწყინვალენი თავადნი, კეთილშობილნი მოხარისხენი, მოქენე არიან სმენად და მორჩილად მოძღვრებისა თქვენისა,- ახალ მორჩნი ყმანი, ჯერეთ მყოფნი სასწავლოთ განეტრფიან სიბრძნესა თქვენსა უმჯობესისა მათისა განათლებისათჳს; ქვრივნი და ობოლნი სამღვდელონი, მყოფნი სიღარიბესა შინა ელიან მოხედვასა შენსა და ნუგეშად მათდა მამობრივსა მზრდელობასა. ესრედ თჳთოეული ცხოვარი სიტყვისა სარწმუნოისა შენისანი, გამოუთქმელად მოსრულ არს შემოსვლასა შენსა ვენახსა ამას, რომელი დაასხა მარჯვენემან მაღლისამან.

მოვედ გამორჩეულო ღმერთისაგან! მოვედ ღვთივ დაცულ მხარესა ამას განმხიარულებული სულითა მით, რომელ რაოდენ დიდ არიან ღვაწლნი შენნი სარბიელსა ამას, ეგოდენცა გვირგვინიცა დიდებისა განემზადების თქვენთჳს ღვაწლის დამდებელისა მისგან - ტკბილისა იესოსა, რომლისა მოსავ არს ერი ესე შეკრებული წმინდასა ამას ტაძარსა შინა, ხილვად თჳსისა მწყემსთმთავრისა.

__________________

1 ოდეს ყოვლად უსამღვდელოესმან გაბრიელ, 1-სა დეკემბერს 1858 წელსა, წარმოსთქვა შესხმაი საქართველო იმერეთის სიონის კანტორაში შეკრებულთა მღვდელთ მთავართა და სამღვდელოთადმი.

2 სოლომან ისაკიჩ მეჯღანუაშჳლი

▲back to top


სოლომან ისაკიჩ მეჯღანუაშჳლი

(რომანი)

ნაწილი მეორე.

ერთ მშვენიერ მაისის დილას, ჯერ მზე არ ამოსულიყო, მივრბოდი მე თათრის მოედანზე სარჩოს მოსაპოებლად, თჳთქოს ჩემ ცოლ-შვილსა სარჩო გასწყვეტოდათ და მე სიღარიბისაგან ვიყავ დევნული, თჳთქოს, თუ არ გავქცეულვიყავ, დავკარგავდი ასეთს შემთხვევას, რომლისაგან ფრიად გავმდიდრებოდი. მოედანზე დამხვდა სხვა და სხვა თემის ხალხი: რუსი, ქართველი, სომეხი, თათარი, ნემენცი, ლეკი, თუში, ოსი, ფრანცუზი და სხ. და სხ. რომელნიცა ირეოდნენ, ყაყანებდნენ და ვაჭრობდნენ ზოგი პურსა, ზოგი ყველსა, მაწონსა, ანუ ერბოსა და სხ. მე ძლიერ მეწყინა რომ ამოდენმა ხალხმა მიმასწრო მოედანზე, ვიფიქრე, რომ ბედნიერების შემთხვევას უთუოთ ავცდი მეთქი. მაინც კიდევ იმედი არ დავკარგე, ხუთ წამს შამოვირბინე ყოველი კუთხე და ადგილი მოედნისა, მაგრამ არა დამხვდარა ჩემი საკბილო სავაჭრო. კარგა ხანს ვაყვედრე ჩემს თავს დაგვიანებისათჳს. უცებ თვალი შავასწარ ერთ სოფლელ გლეხ კაცსა, რომელსაცა მოჰქონდა გალიით ვარიები გასასყიდათ.

– ეი, ვარია, ვარია, აქ მო! შევძახე გლეხ კაცსა, რომელიცა სწრაფათ წინ დამიდგა, და მე ვკითხე.

- აბა, ჩემო საყვარელო! რავდენი ვარია არის და როგორ ჰყიდი?

- თვრამეტი ვარია გახლავს; ორი მანათი მიბოძეთ.

- ეჰ, ჩემო საყვარელო! ასეთი ფასი თქვი, რომ ჭკუაზედაც ახლო იყოს; სწორეთ გითხრა, ორ მანათათ არა ღირს და არცა რა ვინ მოგცემს მაგდენ ფულსა; ხომ კარგა იცი ფული ქვიშასავით წყალში არა ჰყრია, ანუ, პანტასავით ტყეში არ მოდის.

- ეგ კარგა ვიცი და თქვენც კარგა უნდა იცოდეთ, რომ ვარიებიცა ტყეში არ იზდებიან რომ ამათაც მოვლა და გაზდა უნდა, რომ შორის სოფლიდამ მოვდივარ.

- მაშ სწორე ფასი რა არის?

- ცხრა აბაზი.

- ოჰ, ღმერთო ჩემო! რა დრო შაგვექმნა, ხუთ გროშიან ვარიასაცკი ფასი დაედო! ვინ გაუძლებს ამისთანა საშინელ სიძვირეს, აბა, ღმერთი რათ მოგვცემს კარგსა!

- მე იმ დროს მოვესწარ, როდესაც ქალამანს ვყიდულობდი ხოლმე შაურათ და ორ შაურათ; ახლაკი ათ შაურათაც ვეღარ გვიშოვია. თუ თქვენს ქალამნებს ფასი მოემატა, მითამ ჩემს ვარიებსა ფასი რატომ არ უნდა მოემატოს?!

- გხედავ, ძმაო, ჭკვიანი კაცი ხარ; მაგრამ ძვირათ კი აფასებ ვარიებსა. ოთხი აბაზი მოგცე?

- ვერ მივცემ.

- ოთხაბაზ უზალთუნი? - ეს რა უთხარი, თეთრი ფული ამოვიღე და დავანახვე ვარიების პატრონსა, განგებ, რომ დამებრმავებინა ფულის სილამაზითა.

მაგისთანა ფულები ბევრი მინახავს. მე არ მიკვირს.

- აჰა, მანათი!

- არ შეიძლება.

– მაშ რას ითხოვ?

- უკანასკნელი ფასი, ცხრა აბაზი,

- მოიცა, სად მიხვალ! აბა მიჩვენე შენი ვარიები?

- აი ვარიები, გაშინჯეთ; თჳთო ამისთანა ვარია აქ, ამ მოედანზე, სამშაურათ ისყიდება, მეკი გთხოვ ორორ შაურსა; ხუთ აბაზს რომ იძლევი, ღმერთი არ არის თქვენში!

- უჰ, რა გამხდრები არიან, თჳთქოს არა გიჭმევიარა. -მართალია, გზაზე არა მიჭმევიარა.

- მაშ, რაღას დიდ-დიდს იძახი, შე დალოცვილო! განა გამხდარსა და მსუქანს საქონელს ერთი ფასი სძევს?

- აქ ნებაყოფლობით უნდა იყოს ვაჭრობა, თუ არ მოგწონს სავაჭრო, თქვენ თქვენთჳს, მე ჩემთჳს.

- აჰა ხუთაბაზ უზალთუნი.

- არ იქნება.

– დაიჭი, დაიჭი ექვსი აბაზი; ამასაც შენის ხათრისთჳს გაძლევ, თორე...

- რას მაბრიყვებ, გამიშვით.

- სად მიხვალ?

- წავალ, ქალაქი დიდია.

- მაიცა, მოიცადე, ერთ სიტყვას გეტყვი.

- აჰა, მოვიცდი; მითხარით ერთი სიტყვა.

- აი, ძმაო, რას გეტყვი აქედამ სიონამდინ რომ წახვიდე, ჯერ ერთი რამდენ დროს დაჰკარგავ, მეორე ქალამანი გაგიცვდება, მესამე ვარიები შიმშილისაგან უფრო შემსუბუქდებიან, იქნება კიდეც დაიხოცნენ, და მაშინ, რასაკვირველია არავინ მოგცემს ექვს აბაზსაცა. ჭკუას ნუ დაჰკარგავ.

- ახა, ღმერთო ჩემო? ეს რა ჭირში ჩავარდი! სად გაგონილა, რომ კაცს თავისს საქონელზე უფლება არა ჰქონდეს, მანამ არ გაჰყიდოს. აღარა ვყიდი, თავი დამანებეთ.

- ხომ არ გაგიჟებულხარ, ოხერო! ვინ გეჭიდება! ჯანაბამდის გზა გქონდეს. მაგრამ ამასაცკი გეტყვი, ჭკუას წააგებ, ქართველი სხვა ვინ ყოფილა ჭკვიანი რომ შენ იყო?

- გარწმუნებ, აქამომდე მქონდა ჭკუა, და მას აქეთ რაც შენ შეგხვდი, ჭკუა დავკარგე, ასე გაშინჯე, აღარ ვიცი ექვსი აბაზი რავდენი ფულია. გამარჯვებით.

ეს რო სთქვა, გლეხმა კაცმა წამოიკიდა გალია და დააპირა წასვლა. მაშინ ერთს ჩემ ამქართაგანსა (ჩარჩები გარშემომეხვივნენ და არავინ შამეცილა; ასეთია იმათში დებულება) თვალით ვანიშნე, რომ შუა შემოსულიყო და მოვერიგებინე გლეხკაცთან.

შუა კაცათ არჩეულმა ჩარჩმა მაშინვე დააბრუნა გლეხკაცი და უთხრა:

- სირცხვილი არ არის, ორნი დარბაისელნი კაცნი ვერ მორიგებულხართ! აქმო, მე მოგარიგებთ. მამეც აქ ფული (მითხრა მე); რას აძლევ?

- ექვსს აბაზს ვაძლევ; აჰა ფული.

- ორშაურიც ამოიღე, მითხრა შუა კაცმა.

- არა; ორშაურს არ მივცემ; შენის კარგის ხათრისთჳს აჰა ერთი შაური.

- არ მივცემ; ძვირია, ვიზარალებ.

- მაიტა, მაიტა ორი შაურიცა.

- აჰა, ეს ორი შაურიცა; ახლა, მოგრჩი!

- ორი შაურის საქმე არ არის აქა. თავი დამანებეთ. გვითხრა გლეხმა კაცმა და გაიწია წასასვლელად.

– ერთი შამატყობინე, შენი სიტყვა რა არის ჰკითხა შუაკაცმა გლეხ კაცსა.

- ცხრა აბაზი.

- ჩამოიღე, ჩამოიღე გალია; შვიდი აბაზი იყოს; ხმა აღარ ამოიღო; კარგ ფასს გაძლევს, - უთხრა შუაკაცმა.

- ძვირია, ძვირია; ვერ მივცემ შვიდ აბაზსა.

- რა უყოთ! ხან ძვირათ უნდა ვიყიდოთ, ხან იაფათა.

- მიეცი, მიეცი შვიდ აბაზათ; ძალიან კარგი ფასია, მეტად არა ღირს, - შეჰყვირეს ერთის ხმით ჩარჩებმა, რომელნიც დაესწრნენ ამ ანბავში.

შუა კაცმაცა შვიდი აბაზი თჳთქმის ძალათ მისცა გლეხკაცსა და დაუმატა.

- გალიასაც დაგიბრუნებს; გეყოფა შვილო; ისე ღმერთმა მე მიშველოს, როგორც კარგ ფულს გაძლევენ.

ეს რომ სხვა შუა-კაცმა ამოასხა ვარიები, მომითვალა, გალია პატრონს ჩააბარა, მიაბრუნა ხიდისაკენ და გააცილა რამდენიმე მანძილზე, თან ეფიცებოდა, რომ იმან მომატყუა მე.

საწყალი გლეხი კაცი დაღონებული და თავდაკიდებული წავიდა.

მეკი მიხაროდა, რომ იაფად ვიყიდე ვარიები. არ გავიდა ნახევარი საათი, იქვე გავყიდე წყვილი ვარია ხუთ-ხუთ შაურათ, და მოვიგე ოთხი აბაზი და ერთი შაური.

ჩარჩებმა მკითხეს, რავდენი მოვიგე და როდესაც უთხარი, ერთმა იმათგანმა, ყმაწვილმა ბიჭმა უცებ ხელი ასე მაგრა ჩამარტყა თავში, რომ ცრემლები წამომცვივდა, ამ დარტყმასთან შეჰყვირა:

- ამ შეჩვენებულსა, ყოველთჳს ბრმა ბედი როგორა სდევსო?

იმავე წამს, ჯერ ცრემლები არ მამეწმინდა უცებ წინ დამიდგა სოსია გამწკეპაძე, ჩემთან სიყმაწვილითვე ერთათ შეზდილი, და აღმზრდელი თავად ალექსანდრე რაინდიძისა, - რომელმაც წამტაცა ხელი, მამიკითხა ესე:

- ოჰ საყვარელო ჩემო სოლომან! ვმადლობ ღმერთსა, მშვიდობითა ხარ. აგერ ნახევარ საათია გიყურებ, გშინჯავ და ძლივ გიცან, უთუოთ გამდიდრდები.

ჩარჩისაგან თავში ჩარტყმა ისე არ მეტკინა და მეწყინა, როგორათაც ამ კაცისა გამწკეპავიძის დანახვა ეწყინა და ეტკინა ჩემს გულსა. მრავალჯერ ჩაურტყავთ ჩემთჳს თავში, მაგრამ წასულა, გაუვლია, ფიქრში და გულში სრულიად არ მამსვლია. ახლაკი, რადგანც გამწკეპავიძესთან ჩამარტყეს თავში, დამებადა სრული ჩემი თავის მოყვარება და მეწყინა, ისე მეწყინა, რომ დედამიწა რო გახეთქილიყო და თან ჩავეტანე ის მერჩივნოდა, ისე მეწყინა, რომ აღარ მეყურებოდა რა ვიყავ, სად ვიყავ და რა უნდა მექნა. ნამდვილად არ ვიცი, რათ მეთაკილებოდა, რომ გამწკეპავიძეს შაეტყო რაიმე ნაკლულევანება ჩემი. ჩემის აზრით ამისი მიზეზი უნდა იყოს ისი, რომ რაინდიძის სახლში მე აღვიზარდე როგორც თჳთ ალექსანდრე რაინდიძე, გამწკეპავიძე კი - როგორათაც ყმა და მონა. მე მეწყინა და მეთაკილა, რომ გამწკეპავიძემ მნახა, როგორათაც ჩარჩი, ვარიების მოტყუვებით, ფიცით და გონებით მსყიდველი და გამსყიდველი, უბრალო გლეხურ ტანისამოსში, თავში ჩაკრული, მაშინ როდესაც იმას მე ყოველთჳს უნახვივარ კარგა ჩაცმული, დარბაისლურ ყოფაცხოვრებაში, და ისი პატივსცემდა ხოლმე და მივაჩნდი საპატიო მოქალაქედ. მით უფრო უმეტესად მამიკვდა გული, რომ ხუთი წლის უნახავი ვიყავი გამწკეპავიძესთან, რომელიცა იყო პეტერბურგს, სადაცა, რასაკვირველია, მიიღებდა განათლებასა, და რომელიცა ახლა უცებ, მოულოდნელად გამომეცნაურა იმ დროსა, როდესაც მე ვიყავი უმსგავსს და სასაცილო მდგომარეობაში. ამ აზრებმა ელვასავით წამს გამიარეს გონებაში გავანჩხლდი, დაუფიქრებლივ მივარდი ჩემს თავში ჩამკვრელსა და ჩხუბი და ცემა დაუწყე. რასაკვირველია ჩარჩმა არ დამითმო და რაც დამაკლო შემისრულა.

- შე უმზგავსო, შე ქვეყნის სასაცილო! მითხრა ჩემმა წინააღმდეგმა ჩარჩმა: რამდენჯერ ჩამირტყავს შენთჳს თავში, და არც ერთხელ არ გწყენია, ამიტომ რომ ხუმრობით ჩამირტყავს და ახლაც ხუმრობით ჩაგარტყი. გული რაზე მოგივიდა! განა არ გიცნობ ვინცა ხარ და რა ხარ; შენი ციცხვი და ჯამიცკი ვიცი.

ბრძოლა განგრძელდებოდა, თუ რომ ხალხს არ გავეშველებინე. ერთი მშვიდობის მყოფელთაგანი იყო გამწკეპავიძეცა.

უკანაკნელმა შემთხვეულებამ უფრო დამისერა გული, უფრო გამიცხოვლა სირცხვილი, გამწკეპავიძის დანახვა არ მინდოდა და ამიტომ გავიპარე მოედნიდამ. მე ვიყავ არეული, გაწითლებული, სისხლიანი, საკინძ-ჩამოგლეჯილი. თურმე, ნუ იტყვით, გამწკეპავიძე დამედევნა.

- სოლომანჯან, სოლომანჯან, შენი სულისა სოლომანჯან, მომძახდა გამწკეპავიძე: შეიცადე ერთ წამს, სიტყვას მოგახსენებ.

კინაღამ გულ შამომეყარა, რა დავინახე გამწკეპავიძე. - მეც არ გავიგონე და ცუხცუხით, თავდაღუნული მივეჩქარებოდი შინისკენ, რომ აღარ დამენახა უსიამოვნო ნაცნობი.

- სოლომანჯან, გამიგონე შე დალოცვილო! რას მირბიხარ! მხოლოთ ერთი სიტყვა მაქვს სათქმელი.

მითამ არ მესმოდა, მოუხედავად მივრბოდი კლდის უბნის აღმართზე. -ოჰ, დავიღალე, აღარ შემიძლიან! საყვარელო სოლომან! გამიგონე, ხომ... ხომ მოვედი ამ აღმართზე სირბილითა - გამიგონე... ალექსანდრემ გთხოვა ფული, შენი ვალი, მიიღო.

მაინც კიდევ არ შევიბრალე გამწკეპავიძე.

- ოჰ, სოლომანჯან! აღარ შემიძლიან? არ გეკადრება მაგ გვარი საქმე! შენი ნებაა! გამწკეპავიძემ ვეღარ შესძლო აღმართზე სირბილი და დაეცა. მე დიდად მიამა, ამიტომ რომ არ მინდოდა, ამოდენ დამდაბლებასთან, ენახა იმას ჩემი ქოხი და ცოლშვილი.

გამწკეპავიძე უკან დაბრუნდა. მეკი, როდესაც მივედი შინ, ასეთის მრისხანის სახით ვიყავი თურმე, რომ ჩემი ცოლშვილები გაცვივდნენ შიშისაგან გარეთ. მართლადაც, თუ რომ იქ დაშთენილიყვნენ, უთუოთ ძნელ დღეს დავაყენებდი. - ასე ვიყავ გონება დაკარგული და გულმოსული, ვმადლობ ღმერთსა, რომ მიხსნა განსაცდელისაგან! ეს დღე და საათი ჯერაც არ დამვიწყებია და არცა დამავიწყდება.

XI

კარგა ხანს ვიყავ აღწერილ მდგომარეობაში. მერე თანდათან დავმშვიდდი, მაშინ წარმომიდგა აზრი - შამეტყო, თუ რავდენის საუნჯისა ვიყავ მფლობელი. საკვირველია, აქამომდე ერთხელაც არ მამივიდა სურვილი დამეთვალა ჩემი ოქრო და ვერცხლი. მე მხოლოთ ფულს უმატებდი ფულსა. ვიცოდი, რომ დიდი ძალი მქონდა; მაგრამ ისკი არ ვიცოდი, რავდენი უნდა ყოფილიყო.

უკანასკნელ წელიწადს მე ვიზარალე ასს თუმნამდინ, და ხელი ავიღე დიდ ვაჭრობისაგან, რომ სარქისბეგაშვილსავით არ გავკოტრებულვიყავ. ოფლით და მრავლის მწუხარებით შეკრებილს ფულსა არას ვაკლებდი და ვსჯეროდი, ცოტ-ცოტათი გავრცელებულიყო ჩემი ჯიბე. კერძო კაცის ხელში ვერ გავეცი, გახშირებულ კოტრობისა და უნდობლობისაგამო; პრიკაზის გზაკი ჯერ არ ვიცოდი.

იყო ისევ დილა. ჩემი ცოლშვილი წავიდნენ თავიანთ საქმეზე (მერე მოგახსენებთ ვინ რომელ საქმეზე იყო ჩემგან დადგენილი) და მე მქონდა დრო დამეთვალა ფული; - ჩემა ცოლ-შვილმა არ იცოდა არცა ადგილი, სადაცა დაცული მქონდა ფული, არც რიცხვი მისი. ისინი იყვნენ ჩემგან დარწმუნებულნი, რომ მე ვიყავ ვითომც გლახა და უფულო. ისინი ვერ მიხვდებოდნენ ფულის ადგილსა და რიცხვსა, ამიტომ რომ იმათ თვალწინ არა დროს ტახტი არ მომიწევია და ფულის გზა არ მისწავლია. გარდა ამისა ტახტი მქონდა შინაგან დამაგრებული, ასე რომ უჩემოთ არავის შაეძლო მოეწია. დამაგრებული იყო ამ სახით: წინაფიცარი ტახტისა მქონდა დაკეტილი იმ უჩინარის კლიტით, როგორსაც ხმარობენ კამოდისთჳს. ახდიდით ამ ფიცარსა, ნახავდით, რომ ფეხები ტახტისა იყვნენ მიბმულნი მსხვილის რკინებითა კუნძებზე, რომელნიც იყვნენ ღრმათ ჩასმულნი მიწაში.

და ესრეთ მე შეუდექ საქმესა, კარები ჩავკეტე, სანთელი ავანთე (უსარკმლო ქოხში ბნელოდა,) ტახტი მოვწიე, ხურჯინით ამოვზიდე ფული. გადავთვალე ათასი, ათიათასი, ოცი-ათასი, ორმოცი ათასი, სამოცი-ათასი, ოთხმოცი-ათასი თუმანი!! ოციათასი რომ გადავთვალე, გადავავლე თვალი დაუთვლელსა, გამიკვირდა და მიხაროდა, რომ უმეტესი ნაწილი კიდევ იყო დასათვლელი. როდესაც ორმოციათასი გადავთვალე და დავინახე, რომ ერთი იმოდენი კიდევ იყო დასათვლელი, უფრო გამიკვირდა, სიხარული უფრო გამიცხოვლდა, და როდესაც უკანასკნელი მეოთხმოცე ათასი გადავთვალე, მაშინ გული და თავი ძლივძლივ შევიმაგრე: კინაღამ სიხარულისაგან და განკვირვებისაგან გული შემიღონდა და ჭკუაზე გადვირიე წყლით მოვიბრუნე გული, სანთელი გავაქრე, წყნარ-წყნარა კარი გავაღე და გამოველ გარეთ, რომ ჩემი გონება დამშვიდებულიყო. მე გამიოცდა ამიტომ, რომ მესამედის ფულის იმედიც არა მქონდა, ამავე მიზეზისგამო ჩემს სიხარულს მოემატა სიხარული, და, რასაკვირველია, ამ მიუწთომელს და მოულოდნელს სიხარულსა შაეძლო გონებიდამ გამოვეყვანე. გონება და გული რომ დავიმშვიდე, ისევ შავედი შინ, სანთელი ავანთე, ღმერთს თაყვანისცემით მადლობა შევსწირე, ტკბილათ დავკოცნე ფულებსა (ასე გაშინჯეთ სიხარულის ცრემლებიცკი გადმომცვივდა!) დავაბნივე ისევ თავისვე ადგილსა.

მაშინ წარმომიდგნენ ჩემნი საცოდავნი ცოლი და შვილები, რომელნიცა მე დავსტანჯე და რომელთაც მოვათმენინე მრავალ წელს საშინელი და ენით აუწერელი სიღარიბე, სიშიშვლე, შიმშილი, სიცივე და სიბნელე, მოვაკელ სიამოვნება, განცხრომა, მშვიდობა და ნამეტნავათ აღზრდა, წარმოვიდგინე ჩემი თავიცა, საცოდავათ ყოველ ჟამს დამცრობილი და მოკლებული ყოველს კეთილცხოვრებასა, მაშინ როდესაც მე შემეძლო ამეცდინა ყოველივე ესე თვრამეტის წლის წინათ, რასაკვირველია ამოდენი აღარ მექნებოდა, მაგრამ სამოცი ათასს თუმანს კი აღარა დააკლდებოდარა. თუმცა ახლა ოთხმოცი ათასი თუმანი მქონდა, მაგრამ, ოჰ, რავდენი დავაკარგვინე ჩემ ცოლშვილსა! შეიქმნა სადილობა. დრო იყო დაბრუნებულიყვნენ შინ ჩემი ცოლი და შვილები სადილობად. მაგრამ რა დახვდებოდათ, გარდა მშრალის პურისა!! მაშინ დავინახე ჩემი უგუნური სიძუნწე, მაშინ ვიგრძენ ცოლშვილის საცოდაობა.

პირველად შამოვიდა ჩემი ქალი, თექვსმეტის წლის თამარ, რომელიცა მეზობლისას სწავლობდა ხელსაქმესა და წერა-კითხვასა. მანამდისინ არ დამინახავს, რომ-იმას ეცო გახუნებული, მოკლე ჩითის კაბა, ჭუჭყიანი მიტკლის პერანგი, და ქუსლებ დაყრევინებული ქოშები შიშველა ფეხებზე. ჩემი თამარ თუმცა იყო დედასავით მომცრო ტანისა, შავთვალ წარბა, მხრებ აწეული, მოკლე კისერა პირ-ნაყვავილარი, ცხვირ და ტუჩებ დიდი, მაგრამ დედასა ჰსჯობდა ელფერითა. აქამომდე ძლივ ესწავლებინათ წინდებისა და ქისების ქსოვა, საბაზრო პერანგისა და ახალუხის გამოჭრა და შეკერვა, და ანბანი თავისის უფალოთი.

თვალებიდამ ცრემლები გადმომცვივდა, დავინახერა თამარ. მაგრამ გული შევიმაგრე და თამარს გაუცინე. თამარს გაუკვირდა ჩემი სიმხიარულე, რომელიცა ძნელად სადმე უნახავს იმას ჩემს პირისახეზედ.

- თამარჯან! ჯერ პურს ნუ სჭამ; კარგი სადილი მოგივა; უთხარ მე ღიმილით და მამობრივის გულმტკივნელობით.

თამარ დამაცქერდა და უნდოდა წაეკითხა ჩემს სახეზედ მიზეზი მხიარულებისა და მამობრივის ალერსისა. ამიტომ რომ თავის სიცოცხლეში პირველად გაიგონა ალერსი!...

ამ დროს შამოვიდა ჩემი ვაჟი ისაკ, რომელსაცა იღლიის ქვეშ ეჭირა წიგნები. ისი იზდებოდა, ანუ სწავლობდა გიმნაზიაში. ისაკ იყო მჭუნვარე და მოწყენილი.

- რათა ხარ, შვილო, აგრე მოწყენილი? ვკითხე მე ისაკსა.

- კურს ვასრულებ; მაგრამ ჩინის იმედი კი არა მაქვს.

- რატომ, შვილო? ამხანაგებში რათ უნდა გამოგარჩიონ!

- ამიტომ, მამილოჯან, რომ შენის მეცადინეობით უდროო დროს მეშვიდეში გამიყვანეს, ჯერ კი დრო არა მქონდა; მე მხოლოთ კლასიდამ კლასსში, ანუ ოთახიდამ ოთახში გადავდიოდი, მაგრამ რასაც ამ ოთახებში ასწავლიდნენ, ჩემს გულსა და გონებას სრულიად არ მიჰკარებია, და აი, მე დავრჩი უჩინო!

- განა ისეთი რა სასწავლებელია მაგ შენ გიმნაზიაში, რომ ერთის წაკითხვით ვერ დაგისწავლია.

- რაღაცა გასაოცრებელი მატემატიკა არის, - ღმერთმა დასწყევლოს, - ეშმაკიცკი ვერ ისწავლის. ფიზიკა ხომ, ისტორიები, სხვა მრავალი ჯანაბები, განა იქნება გონება რომ დაიტიოს! და თუ ვინმე ისწავლის, დაჭლერქდება და მოკვდება.

- მაშ ყველანი უსწავლელნი არიან, ვინც არ დაჭლერქებულა და არ მამკვდარა?

- მაშ როგორ გგონია!? ვისაც ხედავ ფრანცებსა, გარწმუნებ, სულ უსწავლელი ხალხია; მხოლოთ ტანისამოსში ჭკვიანები და განათლებულნი სჩანან. რომ ჰკითხო трижды два - რამდენია, გეტყვიან: ოთხიაო.

- მაშ შენ რომ გიმნაზიაში ყოველს დღეს დაიარებოდი, არასა სწავლობდი?

- განა არა ვსწავლობდი! განა არ ვიცი! განა ყოველივე არ მეყურება! მაგრამ საფუძველიანათ, ღრმათ ვერა ვისწავლერა, რომ არ გავგიჟებულვიყავ ანუ დავჭლერქებულვიყავ.

- არა, შვილო! ღმერთმა დაგიფაროს! ძალიან კარგა გიქმნია, რომ ღრმათ არა გისწავლიარა. ღმერთი მოწყალეა! შენ ნუ სწუხარ. შენი ამხანაგები შენზე წინ ვერ წავლენ, შენზე მსწავლულათ ვერ გამოჩნდებიან, და შენზე ჩინს ადრე ვერ მიიღებენ.

- მართლა, მამილოჯან! დღეს ათი ყუთი სპიჩკა გავყიდე; მე ხომ არ გამოვჩენილვარ; პატარა ბიჭებს გავაყიდვინე, როგორც მარიგებდი.

- კარგი, შვილო! ამას იქით შენ აღარ გაჰყიდი სპიჩკასა; სულ სხვა კაცი, ჩინოვნიკი დადგები. გული გაიმხიარულე.

უსიამოვნო ლაპარაკი მოვჰსწყვიტე და წავიყვანე ისაკი ბაზარში, სადაც ვიყიდე მოხარშული ბოზბაში, დედალი, ქაბაბი, ღვინო და გავატანე შინ.

– მოვიდა ჩემი მეუღლეც. აქ არ ავწერ იმისს ტანისამოსსა, - ქალზე უკეთესათ არ ეცო.- მაშინვე შავატყე, რომ ჩემი სოფიკო მოგებით უნდა მოსულიყო, ამიტომ რომ სავსე პარკი წმინდა საპნით წაიღო გასაყიდავათ დილით ადრე, და ცარიელი პარკიღა მოიტანა.

- აფერუმ, სოფიოჯან ! მიყვარხარ! მიყვარხარ! აბა მაგისთანა დედაკაცი უნდა, აი ! უთხარი მე მხიარულათ.

როგორც თამარს, ეგრეთვე სოფიოს გაუკვირდა ჩემი ალერსი და სიმხიარულე, ნამეტნავათ გაშლილი სუფრა, სავსე სხვადასხვა საჭმელებითა, რომელიცა აღდგომასაც არა ჰქონია. სოფიომ ხმა არ გამცა; სოფიო ცალის თვალით გადმომხედავდა ხოლმე... მუნჯსავით დაჯდა სუფრაზე, სჭამდა საჭმელსა ნაზათ, თვთქოს მტრისას იჯდა და მტრის წყალობას სჭამდა...

სადილს უკან დავიბარე ჩემი ნათლიმამა ოჰანეზ ; - საკვირველი კარგი კაცია! -ამ კაცს გა მოუცხადე ყოველი საიდუმლო (ამ დროს ცოლშვილი გარეთ გავგზავნე) და იმ დღეინდელი შემთხვეულობა გამოუცხადე, ჩემი წყენა და დამდაბლება, და ვკითხე რჩევა.

დიდი შეცთომა მოგსვლია! დიდი უგუნურობა მოგსვლია, საყვარელო ძმაო, მეგობარო და ნათლია! ჭკვიანი კაცი მეგონე, და ახლაკი, მამიტევე, შენში ვერ ვჰპოებ ჭკუასა; - მითხრა ოჰანეზამ. მაგოდენის სიმდიდრის პატრონი ყოფილხარ, და როგორღა ექელვინებოდი ქვეყანას ფეხქვეშ! როგორ თავი აქამომდე არ გამოიჩინე! ცოლშვილი კარგ გზაზე როგორ არ დააყენე! გამიგონე, ძმაო! სიმდიდრე კარგია, თუ მოიხმარებ; და თუ დაჰფლავ მიწაში, მდიდარი აღარა ხარ, შენზედ უსაცოდავესი და უგლახაკესი აღარავინ იქნება.

- მირჩიე, ოჰანეზჯან, მირჩიე, რა უნდა ვქნა! შენ სიტყვას მივიღებ, როგორც ანგელოზისას. - ოჰ, ღმერთო! ვინ ანბობს, რომ ვისაც ბევრი ფული აქვსო, ჭკვიანი არისო! არა; ტყუილი უთქვამს. მეკი ვამტკიცებ, რომ ვისაც ბევრი ფული აქვს, იმას ჭკუა სრულიად გამოსცლია. რაო? გირჩიო რა უნდა ჰქნა!? განა ეგეც არ იცი! - დატუკვსით მკითხა ოჰანეზამ .

- ნუ მტუქსავ ნათლიმამ, ღმერთი გადღეგრძელებს!

- მე ამიტომ გტუქსამ, რომ მეთაკილება, მწყინს შენი ურიგო ყოფაქცევა, ურიგო ცხოვრება, რომ შენს ცოლშვილს მოაკელი აქამომდე კეთილდღეობა და კეთილცხოვრება. გკითხავ შენ, რა ეშმაკებისათჳს გინდოდა ფული, თუ ცოლშვი ლსაც არ მოახმარებდი? მიხედე მოქალაქებს, თუ არ გინდა მიბაძო ჩინოვნიკობას და დიდკაცობას, და ისე იცხოვრე.

- მაინც მინდა, რომ შენ დამაყენო გზაზე; გამოცდილი და ჭკვიანი კაცი ხარ. მე არ ვიცი როგორ რა უნდა დავიწყო.

- სოლოლაკზე იყიდება დიდი და ჩინებული სასახლე სამიათასს თუმნათ. წადი, ეხლავ მოურიგდი სახლის პატრონსა, უთუოთ იყიდე.

- მერე?

- მერმე მორთე კარგის მებილითა, ესე იგი სკამებითა, კრესლებითა, სარკებითა, სტოლებითა და სხ. იყიდე ვერცხლეული, სტოლის და ჩაის იარაღი, სახლის ავეჯი; დაიჭირე მზარეული, მოახლე, მოჯამაგირე; გაიჩინე დროშკა; მოირთე, დართე შენი ცოლშვილი, გამოიყვანე საზოგადოებაში; თჳთ შენ ჩაეწერე მოქალაქობაში; გაუმეგობრდი წარჩინებულ დიდ კაცობას და მოქალაქობას.

- ეგეები ხომ მეც ვიცოდი, მაგრამ...

- მაგრამ რა? ფული არ გემეტება?

- ფული!... როგორ... არ მემეტე...

- სუ, სუ, სუ! ვერ მამატყუებ! ეხლავე შეაფურთხე ეშმაკსა! გააგდე შენის გულიდგან სატანა!

- გარწმუნებ, ეშმაკს ჩემთან ხელი არა აქვს: მაგრამ იცი რისა მეშინიან?

- რისი გეშინიან?

- არ დამიჭირონ მეთქი, არა მკითხონ მეთქი, ვინ მოგცაო მაგოდენი ფულიო!...

- ჰა, ჰა, ჰა! გეტყობა ფულის მოგების მეტი არა გაგიგიარა ქვეყანაზე. ვის შეუძლიან წამოგედაოს!...

- მესმის, მესმის! ეხლაკი გულ ხსნილათ გამოვალ ქვეყანაში და ნახავ, რომ პირველთაგანი ვიყო ტფილისის ქალაქში. ჰო, გამწკეპავიძე ! გმადლობ, რომ შენის ერთის დანახვით გამწკიპე და გონებაზედ მომიყვანე!...

XII ..........................................................................................

ოთხის თჳს უკან, შემდეგ აღწერილის სცენისა, საღამო ჟამს გამოველ შინიდამ ფაეტონით, ორიოთ-სამჯერ მოვატრიალებინე კუჩარსა მარჯვნივ და მარცხნივ ცხენი და - დავაყენებინე ერთს ორ-ეტაჟიანს სახლთან, კამენდათის ქუჩაში. ზარი დავაწკარუნე; მსახურმა სწრაფათ გამიღო კარი. წინა ოთახში დამიხვდა ჩემი გამწკეპავი გამწკეპავიძე

- ოჰ, ჩემო სოსია! როგორა ხარ? ალექსანდრე შინ ბძანდება? ვკითხე მე გამწკეპავიძესა .

გამწკეპავიძემ ვერ მიცნა და დამიწყო ყურება და შინჯვა.

- რას მშინჯავ, თითქოს დასანიშნავი ვაჟი ვიყო! ვერ მიცნობ?

- გცნობ და ვერა გცნობ. სოლო...

- სწორეთ, მე ვარ შენი საყვარელი სოლომან .

- ახა, დიდება შენდა ღმერთო? ამას რასა ვხედავ! განა აგრე სწრაფათ აღგისრულდა ჩემი წინასწარმეტყველება, რომ უცებ გამდიდრებულხარ! ძვირფასი ბრილიანტის ბეჭდები, ოქროს საათი, ოქროს ძეწკვითა!!...

- ნუ გიკვირს, ჩემო სოსია! ქვეყანათაზე გასაკვირველი არა არისრა!

- დიდად მოხარული ვარ, შენს მზეს ვფიცავ, სოლომან !...

- გმადლობ, გმადლობ! ვიცი შენ ჩემი ბედნიერება არ გეწყინება! მაგრამ შინ არის ალექსანდრე ?

- შინ ბძანდება.

ეს რა მითხრა, გამწკეპავიძე გამიძღვა წინ და შამიყვანა ოთახში. თავადი ალექსანდრე რაინდიძე კარებშივე მომეგება მოცინარის სახით, მან ჩამომართო ხელი და ნაზის ხელმოჭერით მაგრძნობინა, რომ ჩემი ვიზიტი არ ეწყინა. კრესლა მითავაზა.

ეს ყმაწვილკაცი იყო ტანადი, არც სუსტი არც სქელი; შავი თმა ჰქონდა გადავარცხნილი უკა ნასკნელ მოდაზე; შავი დიდრონი თვალები, წარბები და კოკობი ულვაშები უხატავდნენ იმას სუფთასა და მცირედ-მკრთალ პირი სახესა; თვალებიდამ გამოსჭვრეტოდა გონება; მაგრამ ბტყელ შუბლზედ დასჩნეოდა კვალი ფიქრებისა; გძელი თითის ბრჩხილები, მგრგვლათ შემოჭრილები, უელავდნენ თეთრათ; თეთრ ტილოს პერანგზე ეცო საზაფხულო პალტო. ოთახი, რომელშიაც ალექსანდრემ მიმიღო, თუმცა არ იყო მდიდრულათ მორთული, მაგრამ იქ ყოფნა გესიამოვნებოდათ. პატარა დივანი, სტოლი, ორი კრესლა და ათიოდე სკამები, დივან ქვეშ გაშლილი ხალი და თეთრი ფარდები შეადგენდნენ იმისს სასტუმრო ოთახის მორთულობასა.

- სოლომან ისაკიჩ! შენი სულისა, მამიტევეთ, რომ თჳთან მე ვერ გიახელი და თქვენ გაგსარჯეთ; - მითხრა ალექსანდრემ, დაგარწმუნებ თქვენ, რომ ჩემის შეუსაბამო ქცევით მევე ვიტანჯები. მაგრამ მეორეს მხრით ესეცკი უნდა მოგახსენო, რომ მე არ ვიცოდი თქვენი სახლი.

- რას მიბძანებთ, კნიაზო ალექსანდრე! ის კარგი მამა ნუ წაგიწყმდებათ, ბოდიშს ნუ იხდით, მე და თქვენ შორის ამ გვარი პოლიტიკა არ უნდა იყოს. მე თქვენ სახლში, და თქვენ ჩემს სახლში ისე უნდა ვიყვნეთ, როგორათაც ვიყავი მე მამითქვენის სახლში. განა ახლა ვიცნობთ ერთმანეთს! განა ასე უნდა ვიყვნეთ ერთმანეთისაგან დაშორებულნი! მახსოვს, ძლიერ მახსოვს თქვენი მზრუნველობა, რომელიც მოიღეთ ჩემ ზედა, თქვენი პურ-მარილი, თქვენი კარგი პირი და გული!

- გავათაოთ მაგ საგანზედ ლაპარაკი. თქვენ ეს მიბძანეთ, სოლომონ ისაკიჩ...

- უკაცრაოთ, სიტყვას ჩამოგართმევ ალექსანდრეჯან! მიამბეთ, როგორ მოიარეთრუსეთი და რა წარმატება მიიღეთ?

- ღვთის მადლით და ხელმწიფის წყალობით მე აღვიზარდე პრავოვედიაში, დავასრულე კურსი, ვნახე,- ზოგი თვალით, ზოგი აღწერით, - მრავალი ქვეყნები, დაახლოვებით ვიცან სხვა-და-სხვა ქვეყნის ხალხი, და გამოველ ჩემს მშობელ საქართველოში.

- ახლა სამსახურს არ აპირებთ?

- დიაღ, რასაკვირველია! მე მქონდა აღთქმული ჩემის დიპლომის შესაბამი ადგილი, მაგრამ მგონია, ეს ადგილი მიუციათ თქვენის შვილისათჳს.

- დიაღ, დიაღ, ალექსანდრეჯან ! ჩემა ისაკმა მოიგდო ხელში კარგი ადგილი! ოჰ, ალექსანდრეჯან! ჩემი ისაკი რა კარგი შვილია! რა კარგი ნასწავლია! რა კარგი ჭკვიანია! მაგრამ საჭირო არ არის ჩემგან იმისი ქება; თქვენ როდესაც გაიცნობთ, ნახავთ იმისს ღირსებას!

- დიდად მოხარული ვარ, რომ საქართველოს შვილი აგეთი ჩინებული გამოსულა. თქვენც უნდა მისცეთ იმოდენი ღონისძიება და შემწეობა, რომ თქვენი ისაკი თანდათან წინ წავიდეს და უკან არ დარჩეს!

- თქვენგან არ მიკვირს, კნიაზო ალექსანდრე? როგორ დავიძინებ!.. ნიჭი, სწავლა და სამსახური უნაყოფოთ და უჯილდაოთ არ უნდა დარჩნენ. ოჰ, კნიაზო! რა კარგი გული გაქვთ! ყველასთჳ ს კარგი გინდათ! მაგრამ თქვენი ჩამომავლობა აგეთია! არა ჰგევხართ სხვებსა! ოჰ, ღმერთო! რა მეშურნენი არიან სხვანი! რა ბოროტნი არიან! არავისთჳ ს კეთილი არ უნდათ! შურსთ,რომ ჩემი ისაკ გაბედნიერდა! აი რას ანბობენ „რა შაუძლიანო, რა იცისო, ჯერ ჩინიც არა აქვსო, საიდამ ჩაიგდო ადგილიო, ვინ არისო!“ ახა, ღმერთო ჩემო! რა ენაღვლებათ, რომ ჩვენც ვიყვ ნეთ და ისინიცა ბედნიერნი! და თუ ისინი არ არიან ბედნიერნი, უნდა დააბრალონ თავიანთ ჭკუასა, რომლის რჩევაზე არ დადიან.

- ეე, ჩემო სოლომან ისაკიჩ! შორს წასულხართ, ძლიერ შორს წასულხართ! კაცის მითქმა მოთქმასა არ უნდა აჰყვეთ. კარგსა იქმთ, გაგკიცხვენ, ცუდისთჳს ხომ ჩამოგარჩომენ. ფილოსოფოსურათ იცხოვრეთ, ესე იგი ვინც რა უნდა თქვას თქვენზედა, გულს ნუ გაუღებთ, ნუ მისცემთ ადგილსა, ნამეტნავათ პასუხს ნუ მისცემთ.

- რას მიბძანებთ, ყმაწვილო! დავჭლექდები თუ ჩემი დარდი და ნაღველი ენით არ გამოვთქვი და არ შევსჩივლე რომელიმე მართალ კაცსა. მე თქვენ გატყობ, რომ თქვენ გაქვთ რაღაცა გულის დამაჩჩილებელი ფიქრები, მაგრამ არ გინდათ გამოთქოთ, რადგანც ჰბაძავთ ფილოსოფოსებსა. მართლადაც, კნიაზოჯან, თქვენ გტანჯვენ ფიქრები, - სახის მეტყველება: ამიტომ საჭიროა გამოსთქვათ, რომ გული მრთლიანათ შაგრჩეთ.

- თქმით, კარგა ვიცი, არა გამოვარა; ამიტომ ვარჩიე, არა ვთქორა, გულში მოვინელო მოუნელებელი დარდები.

- იმ მამითქვენის საფლავს გაფიცებ, მე, როგორათაც თქვენის სახლის შვილსა და მეგობარსა, გამომიცხადეთ თქვენი მოუნელებელი დარდები.

- რახან დამაფიცეთ, მეც კმაყოფილ ვჰყოფ თქვენს სურვილსა: ოპეკუნებს, გაკეთების მაგიერ ფეხქვეშ გაუქელავთ, გაუნადგურებიათ ჩემი მამული, ყოველიგვარი სიპილწე, გარყვნილება და ბოროტი დაუთესავთ. თქვენ დამერწმუნებით, რომ თუ სახლს თავისი პატრონი არა ჰყავს, მოჯამაგირები კეთილს არ დააყრიან, ეს მატკივებს მე გულსა... მაგრამ მოვსწყვიტოთ უსიამოვნო ლაპარაკი; დრო არის ვიანგარიშოთ. ვექსილები თან გახლავსთ?

- ვექსილი კი აქ გახლავს; მაგრამ; თუ თქვენი ნებაც არის, დარჩეს ისევ თქვენთან ფული.

- არა. მინდა ვალიდამ ამოვიდე, რომ თავისუფალი ვიყო. უვალობისთანა ქვეყანაზედ კარგი არა არისრა.

- თქვენი ნებაა! აი ვექსილი. ამ ვექსილით, რომელიც მოცემულია 1846 წელსა, ოკდომბრის 18 დღესა, გმართებსთ თქვენ სამას ოთხმოც და ორი თუმანი და ორი მანათი; ამისი ოთხის წლის სარგებელი როგორც გნებავთ იანგარიშეთ, თუნდ ორშაურობაზე, ექვსს კაპეიკობაზე.

- როგორც გნებავდესთ, თქვენ იანგარიშეთ; მითხრა ალექსანდრემ .

- ვიანგარიშოთ ექვს კაპეიკობაზე; შედგება სარგებელი: ოთხმოც და თერთმეტი თუმანი, შვიდი მანათი და ხუთშაურნახევარი.

ალექსანდრემ იანგარიშა და გადმომითვალა ოთხას სამოც და ცამეტი თუმანი, ცხრა მანათი და ხუთ შაურნახევარი, ვექსილი დავხიეთ.

ფულის მიღების შემდეგ, მე რაღაცა მიუხდომელ მდგომარეობაში შევედი: თითქოს მიხაროდა კიდეცა, თითქოს, მასთანვე, სინდისი რაღასაც მაყვედრიდა რომ გამოვსულვიყავ ამ მდგომარეობიდამ და მესიამოვნებიდა ალექსანდრესთჳს, მე გავაგრძელე გაწყვეტილი ლაპარაკი და უთხარ ალექსანდრეს, განუსჯელად, რაც პირველი მამივიდა ფიქრში:

- კნიაზო! ნუკი გეწყინებათ, მაგრამ ერთი მიბძანეთ, თქვენი ჭირიმე!

- ამას მოგახსენებ, რომ ქართველები დაუდევნელები ხართ და არა ჰფიქრობთ ხვალისათჳს. აი, მაგალითებრ: კურთხეულს მამა თქვენს ოც-და-ათი თუმანი მაშინვე გადეწყვიტა, ახლა იმისი შვილი ოთხასს სამოც და ცამეტ თუმანსა, ცხრა მანეთსა და ხუთშაურ ნახევარსა არ გადასწყვეტდა. ეს ვთქვი, მაშინვე ვიგრძენ უგუნური წინ დაუხედაობა ჩემი, მაგრამ რაღას გავაწყობდი!

- სარწმუნო ბძანდებოდეთ, სოლომან ისაკიჩ! მითხრა ალექსანდრემ: მე ვალს არ ავიღებ, თუ ავიღებ როგორმე, ოც-და-ათ თუმანსა ხუთასს თუმნამდინ არ ვაქცევ. ნუ გავკიცხავთ ჩვენ მამებსა, რომელთაც მცირედი ვალი ერთი ასად გარდუქცევიათ: იმათ ჰქონდათ ათასი შესაწყნარებელი მიზეზები. მაგრამ მე გკითხავ თქვენ: ქართველს სომეხისაგან რათ განარჩევთ! განა არ არიან ქართველები ხელ მოჭირებულნი და ხვალისათჳს მზრუნველნი, და სომეხნი გამბნევნი?!

ეს პასუხი მამცა ალექსანდრემ ასე გულდაწყნარებით, ლმობიერათ და მოცინარის სახით, რომ თითქოს სიბრნძვე და უგუნურობა ჩემის სიტყვის მიგებისა სრულიად ვერ ოგრძნო. მე უადგილოთ შევედ სხვადა-სხვა გამოძიებაში, რომელნიც იყვნენ საწყენნი, ალექსანდრემკი სრულიად არ მაგრძნობინა ჩემი წინ დაუხედაობა. სწყინდა. განა არა, ალექსანდრეს ყოველი ჩემი სიტყვა; - მე ამას ვამტკიცებ მით, რომ ყოველს ჩემს სიტყვაზე ტუჩებს კბილებით დაიკმუკნიდა ხოლმე ისი და პასუხს მაძლევდა მოკლეთ და ცივათ, თითქოს არ უნდოდა ლაპარაკი; - მაგრამ ცდილობდა არა ეწყენინებინარა ჩემთჳს სიტყვით თუ საქმით; ცხადათ დავინახე ჩემი უზდელობა, შევინანე, მოვეხვიე ალექსანდრეს და უთხარ:

- კნიაზო ალექსანდრე! მამიტევეთ ყოველივე, რაცა გაწყინეთ ჩემის უზდელობით, თქვენმა ზდილობამ გონებას მამიყვანა, მამაგონა ზდილობა რომელიც მივიღე ოდესმე, ჩემს სიყმაწვილეში, თქვენს სახლში. გაზდილი და ნასწავლი თქვენ დედ-მამის ხელში და მერე გავითარებული ევროპიაში, რათ არ იქნები კარგი! ერთი მიბძენეთ, კნიაზო! ევროპა რათ არის განათლებული, და სხვა ქვეყნები სიბნელეში?

- გახსოვთ ქრისტე რასა ბძანებს სახარებაში? მამიგო ალექსანდრემ: „მე ვარ ნათელი სოფლისა“. ნამდვილად ქრისტე განანათლებს ევროპიასა და სხვა მხარეთაცა, სადაცა მისი სახარება არის ხელთმძღვანელი ყოვლის მოქმედებისა. ფრანცია მცირე ჟამს გადუდგა ქრისტეს სახარებასა და ჩავარდა სიბნელეში, რომლის გამო მოხდა საშინელი არეულობა, და როდესაც ამის შემდგომ ფრანცია ცხადათ მოვიდა სახარებასა, ისევ განათლდა.- მე ეს პასუხი მოგახსენეთ თქვენს კითხვაზე; ახლა თქვენ მიბძანეთ: რა მიზეზია ქებისა, რომელიც მე შემომასხით?

- მიზეზი! მიზეზი ეს არის, რომ თქვენში ვხედავ ღირსებასა, რომელიც არ შამიძლიან არ გამოვთქო.

- რო სცდებოდეთ?

- მე არა ვცდები... მაგრამ, რა მაგ სიტყვის პასუხია, მოდი, კნიაზო, ხვალ დროება ერთათ გავატაროთ ჩემთან ჩვენებურათ, ქალაქურათ.

- რა დროს?

- სადილათ. თქვენმა სიცოცხლემ, ალექსანდრე, განგებ თქვენთჳსა მაქვს წვეულება; მსურს დაგიახლოვო და გაგაცნო ჩემი სახლი და ცოლშვილი.

- დიდად გმადლობ, სიხარულით გიახლები. მხოლოთ ნება მიბოძეთ ერთი რამ გკითხო!

- მიბძანეთ, თქვენი ჭირიმე! თქვენ იცნობთ თავად ამირან არაგვლისშვილსა და იმისს სახლობასა?

- დიაღ ვიცნობ, დაახლოვებით ვიცნობ, თუ გნებავსთ იმათაც მოგიწვევ. თქვენმა სიცოცხლემ ეხლავე გიახლები, დავპატიჟებ. - რავდენი საათია - ვნახო!... შვიდია... მაშ იქაც მოვასწრობ, თეატრშიაცა.

- ამაღამ თქვენ იქნებით თეატრში?

- დიაღ.

- თქვენი სახლობაცა?

- დიაღ.

- მაშ იქ გავიცნობ თქვენ სახლობასა.

- დიდათ დამავალებთ.

- უთუოთ.

- მშვიდობით.

- მშვიდობით.

XIII

დანიშნულ დროს, ესე იგი, რვა საათის ნახევარზედ მივედი თეატრში ჩემის ცოლშვილით, თეატრი იყო სავსე ხალხითა. უნდა მოგახსენოთ, რომ მესამე ყოფნა იყო ჩვენი თეატრში და ასე დიდხანს არ დაგვიგვიანია, როგორათაც ახლა. მიზეზი ვიყავ მე, რადგანც გვიან დავბრუნდი. კნიაზ არაგვლიშვილის სახლიდამ (ჩემ ცოლშვილს, - გარდა ისაკისა, რომელიც არას დასდევდა დედას და დას, - თეატრის გზა ჯერ კარგა ვერ დაესწავლათ, რომ უჩემოთ წასულიყვნენ.) ამ მცირედს შეცთომისათჳს მე გადამხდა სასტიკათ. სოფიო და თამარ ერთის საათის წინ მომზადებულ იყვნენ და მე მოუთმენლათ მომელოდნენ: რავდენიც დავიგვიანე, მოუთმენლობა თურმე გაუცხოვლდა; გარბოდნენ, გამორბოდნენ, მოსამსახურები დაფანტეს ჩემს საძებნელად; ხან თურმე ერთის ფანჯრიდამ იხედებოდნენ ქუჩაში, ხან მეორე ფანჯრიდამ, რომ დავენახე იმათ მე მიმავალი. იმათ ჰგონებოდათ ვითომც დრო გადასულიყო, ნახვარი წარმოდგენა გათავებულიყო; თამარს ეტირნა მრავალი, ასე რომ თვალები დასწითლებოდა ცრემლისაგან. როდესაც მე შავედი შინ, უცებ მამცვივდნენ დედა და ქალი საშინელის წივილ-კივილით, თჳთქოს უბედურება რამ შემთხვევოდათ. უკანასკნელ ძლივ-ძლივ მივხვდი, რომ მეუღლე და ასული, - რომელთაც ციხისუბნის ქოხში არ შაეძლოთ პირდაპირ გაბედვით შამოეხედნათ ჩემთჳს, მიწყრებოდნენ დაგვიანებისათჳს. მე ჩემის მხრით ღიმილით და გულდამშვიდებით ვარწმუნებდი, რომ ჯერ არ იყო დრო წარმოდგენისა. მაგრამ, არ იქნა, ვერ დავარწმუნე; ქალი ჯერ შამომწყრა, აღარ აპირებდა წასვლას თეატრში; მერე ისევ თჳთონვე მოიბრუნა გული და პირველი გაექანა ფაეტონისაკენ. - აქედამ სჩანს, რომ სიმდიდრე ჰბადავს ნებიარობასა და სილაღესა იმათში; რომელთაც თჳთონ არ მოუგიათ.

სწორე უნდა მოგახსენოთ, მე თეატრი სრულიად არ მეპიტნავეოდა, რადგანაც არა გამეგებოდარა არც იტალიურ ოპერებისა და არცა მუზიკისა. მე მხოლოდ დავიარებოდი თეატრში გასაცილებლად და პატრონათ ჩემის ცოლ-შვილისა, რომელთაც გაგიჟებით შაიყვარეს თეატრი, - და ნამეტნავათ იმ ღამეს უთუოთ უნდა ვყოფილვიყავ თეატრში, რადგანც რაინდიძე იქ იქნებოდა, მაგრამ ჩემ ცოლ-შვილსა რა მიიზიდავდა თეატრში? - დაგარწმუნებთ, რომ სხვა არარა მიიზიდავდა, გარდა უგუნურ ამპარტავნობისა; იმათ ერთი მხოლოთ აზრი ჰქონდათ; სჩვენებოდნენ საზოდადოებასა, რომ „ჩვენც აქა ვართო“; ისკი აღარ ახსოვდათ, რავდენი ხარჯი უნდება თეატრში წამსვლელსა! გამიგონია, თეატრი დიდი სასწავლებელი თურმე არის; ყოველს პიესაში წარმოადგენენ თურმე კაცის რომელიმე შეცთომილებასა და ნაკლებობასა, კეთილსა და ბოროტ მხარესა. აქ უნდა გული და გონება ადევნოს მაყურებელმა და გაიგოს აზრი და მიზეზები მოქმედებისა. ნამეტნავად არ უნდა დაკარგოს არც ერთი ადგილი მღერისა და მუზიკისა, რომელიცა დაატკბობს გრძნობათა და დაარბილებს გულსა; გარდა ამისა თჳთ საზოგადოება მაყურებელთა მრავალს რასმე ასწავლის კაცსა!... ახლა ვიფიქროთ ჩვენთჳს: რაღა ხელი მაქვს მე თეატრში, თუ არარას დავინახავ, არ გავიგებ, არ გავიგონებ და არ ვისწავლი! - აგერ რავდენ წელიწადია რაც ჩემი მეუღლე დაიარება თეატრში და მრავალჯერ უნახავ იმას ოპერა: Сивильскiй цирюльникь (სივილელი დალაქი): ჰკითხეთ: - თჳთონაც დალაქის ქალია - რასათჳს სივილელი დალაქი, მოხუცებულ კაცსა, მოპარსვის მაგიერ, საპნით მოუთხუპნისთქო პირი სახესა? დაგარწმუნებთ, პასუხს ვერ მოგცემთ... მაგრამ მე ავცდი ჩემს საგანსა.

ჩვენ გვეჭირა ლოჟა მახლობლად სამეფო ლოჟისა.

ჩემი თამარ სხვაზე გადამეტებულათ იყო მორთული. ბრილიანტის ქინძისთავები ებნია ოქრომკედით ნაკერს, ალისფერ ხავერდზე, თასაკრავში; ყურები, ყელი, გული და მაჯები მოეკაზმა ძვირფასს ბრილიანტის საყურებითა, ფორმუარითა; ქინძის თავითა, ბრილიანტებითა, ოქროს მილანქრიან საათითა და მარგალიტის ძეწკვითა. ორივე ხელი თითებზე აესხა მრავალი ბრილიანტისა და ფირუზის ბეჭდები, რომლებზე ფერჩატკები ვეღარ ჩაეცო და ამისგამო შიშველი ხელები შავ გლასის კაბაზე უჩნდა შავათ; ალისფერ ოქრომკედით ნაკერ ლენტის გულისპირი და სარტყელი და იმავე ფერი გლასის სახლები უფრო დააშვენებდნენ ჩემს თამარს, თუ რომ, ბეჭდების მაგიერ, სცმოდა თეთრი ზედ-გამოწყობილი ფერჩატკები. თამარ იჯდა შაუძრავათ გაშეშებული, მხოლოთ ხან და ხან ხელებით გაისწორებდა ხოლმე კავებსა განგებ, მგონია, რომ დაენახათ იმისი ბრილიანტები. იმ ღამეს თამაშობდნენ ნორმასა.

ხუთიოდე მინუტი ვისხედით ჩუმათ, და ვშინჯავდით ლოჟებში მსხდომარეთა. მერე მე მოვსწყვიტე მდუმარება და სასიხარულო ახალ ანბავად უთხარ ქალებსა:

- იცით ქალებო ახალი ანბავი? - ალექსანდრე რაინდიძე იქნება ამაღამ თეატრში.

თამარს შეუბროწავდა ლოყები.

- აბა რომელია თქვენი მოწონებული ალექსანდრე რაინდიძე, მკითხა თამარმა მინაზებულის ხმით და ტუჩის აწევით.

- ჯერ არ მოსულა; მეც იმას ვათვალიერებ; ისაკი კი აქ არის.

- შენი ჭირიმე, სოლომან ისაკიჩჯან, გვიჩვენე ალექსანდრე რაინდიძე, როდესაც მოვიდეს, მითხრა ჩემმა მეუღლემ.

- ბატონი ხარ. მაგრამ თჳთ ალექსანდრე გვნახავს აქ და გაგიცნობსთ.

მე გავიშეშე თვალები რომ დახამხამებაში არ ამცდენიყო შამოსული რაინდაძე .

ამ დროს მე შევნიშნე რამდენიმე ყმაწვილკაცები, ჩვენებურები, რომელნიც ისხდნენ პირველ კრესლების რიგობაზე და წამ-და-წამ შარბოდნენ და გამორბოდნენ გარეთ, და რას არიგებდნენ არ ვიცი, მეკი იმათმა ურიგო ქცევამ გული გამისივა ჯავრით...

ზარი დააწკარუნეს და რაინდიძეც შამოვიდა. მცირე ხანს შედგა ისი კარებში. თვალი გადაავლო ლოჟებსა, დააშტერდა განსაკუთრებით ერთ ლოჟასა რომელშიაც ისხდნენ არაგვლისშვილის სახლობა, და მერე, როდესაც მეორეთ დააწკარუნეს ზარი, დასჯდა პირველ რიგობაში.

- აი, აი, რაინდიძე ქალებო! უთხარ მე ჩემ ცოლშვილსა.

- აბა, აბა, რომელიი? მკითხეს დედა და ასულმა ერთის ხმით.

- აგერ, კარებში რო დგას.

- იფ იფ იფ, იფ იფ იფ! აბა კარგი ყმაწვილი კაცი ეგა ყოფილა! მითხრა სოფიომ: შენ ნუ მამიკვდები, სოლომონ ისაკიჩ, მიკერებული არა აქვს რა რაინდიძეს; ეტყობა კარგი გაზდილი უნდა იყოს. სოლომონ ისაკიჩჯან! შენს სახელს ვენაცვალე ნუ დაივიწყებ შენს აღთქმასა-ჩემი თამარი შართე როგორც უნდა დაგიჯდეს.

თამარს გულმა ცემა დაუწყო.

- შენს მზეს ვფიცავ, სოფიო! ჩემი საფიქრებელი ეგ არის; უნდა ვეცადო, თუ ბედიც არის.

- ბედი!!! - წაიბუტბუტა თამარმა ტუჩ აწევით... პირველ მოქმედებაში ერთს აკტრისას და ორს მგონია-აკტიორს საზოგადოებამ ტაშის კვრით მოუწონა მღერა. მერე კიდევ აკტრისამ დაიწყო მღერა; მთელი საზოგადოება, - ასე გაშინჯეთ რაიოკშიაც, - გაჩუმდა და დაუწყო ჭვრეტა საკუთრად აკტრისასა, ასე რომ არავინ მცირე-ოდენ გვერდზე არ მიიხედა. ეს ღრმა სიჩუმე მივიღე ნიშნად მისა, რომ აკტრისა იმღერიდა სამაგალითოთ კარგა, და რადგანაც მე იქამომდე ტაში არ დამეკრა არავისთჳ ს, უცებ - იმ დროს, როდესაც ყველას ყური უნდა დაეგდო - ავტეხე ტაშის კვრა და თან ხმა მაღლა შევღრიალე: ბრავო! ბრავო! ბრავო! ვისსსს... ჯერ ისევ ვაბარტყუნებდი ხელებითა და ვღრიალებდი, რომ მთელმა საზოგადოებამ აკტრისას თავი დაანება, შამომხედა მე და მაჩუმებდა; ყველა მიბძანებდა: „სუოთ!... არ შამიძლიან ავწერო რაც მე იმ საათს დამემართა! მამივიდა სირცხვილის ღიმილი, თავ-პირი ამენთო, ოფლში გავიწურე, თავ-ბრუ დამესხა, კინაღამ დავეცი,- ის ღამე და საათი ჯერეც არ დამვიწყებია. - ყველასი ჯავრი ამოვიყარე აკტრისაზე, რომელსაც ჩემს გულში მრავალი ცუდი ვკადრე. ღმერთო ჩემო! რა ცოდვის კითხვა იყო ჩემი! ერთი არავინ ამყვა, რომ ეგების დამფაროდა უადგილო ყვირილი და ტაშის ცემა! რავდენჯერ მომხდარა, რომ რაიოკში უკანასკნელს კინტუას აუტეხია, დროსა და უდროოს ტაშის კვრა და დაუსრულებია გენერალს; მეკი ყველანი მარტოთ მარტო დამიტევა, გამაცრუვა და შამარცხვინა!...

პირველი მოქმედება გათავდა. ამომეჭრა ჩემი ისაკ, რომელმაც გულს მოსულმა მამხილა უადგილო ტაშის-კვრა... მე რაღა სევდის გაცხოვლება მეჭირებოდა!!

ისაკიც დავითხოვე, სევდასაც დავსძლიე და მოვემზადე რაინდიძის მისაღებად: მაგრამ სად იყო რაინდიძე! არ ამოვიდა ჩვენთან. დაუწყო ლოჟიდამ თვალებით ძებნა, არც თავისს ადგილს იყო, პირ და პირ გავიხედე, ერთიც ვნახოთ ჩვენი ალექსანდრე ემუსაიფება არაგვლიშვილის ქალსა!... დასწყევლოს ღმერთმა ეშმაკი! ასე რათ მეწყინა! ჩემი სოფიო და ნამეტნავათ თამარ ხომ დაიხოცნენ!...

მეორე ანტრაკტში ჩვენ იმედი სრულიად აღარ გვქონდა ალექსანდრეს ამოსვლისა, ვისხედით ნაღვლიანათ და პირდაკეტილნი. უცებ შამოვიდა რაინდიძე. ღვთის წყალობა თქვენ გაქვსთ, ჩვენ სიხარულით ავივსენით, აღდგომის დღე დაგვადგა!

- აა, სოლომან ისაკიჩ! მშვიდობა თქვენი ნახვა! მითხრა რაინდიძემ და ხელი ჩამომართო. არ ვიცი სიხარულისაგან მამივიდა, თუ ხახლში გამოუსვლელობისაგან, ხელიკი ჩამოვართჳ ალექსანდრეს, მაგრამ ხმა ვეღარ ამოვიღე. გავშეშდი, დავმუნჯდი და ვერ გავაცან ჩემი ცოლშვილი.

- თქვენი სახლობანი ბძანდებიან. მკითხა ალექსანდრემ სწრაფათ, თჳთქოს მიმიხვდა ჩემს მიუხდომლობას.

- დიაღ, გახლავან!

- გახლავარ ალექსანდრე რაინდიძე, მსურდა თქვენი გაცნობა, ვეძებდი შემთხვევას, და დიდად ვმადლობ სოლომან ისაკიჩს, რომ ეს შემთხვევა მამცა, უთხრა მცირედის და ნარნარის თავის მოდრეკით ალექსანდრემ ჩემ ცოლშვილსა.

სოფიო და თამარ ფეხზე იდგნენ გაშეშებულნი და მუნჯათ. ბოლოს ალექსადრეს თხოვნით დასხდნენ სკამზედ.

- ხომ მშვიდობით ბძანდებით, კნიაზო? უთხრა ჩემმა მეუღლემ ალექსანდრეს .

თავათ ჩემის ურიგოს ქცევის პირველ მოქმედებაში გულში ვიყავ დაჭრილი, ახლაღა ჩემის მეუღლის უგუნურის მოკითხვამ უფრო დამიწყლულა გული! რა დამემართა იმ ღამეს! რაღა სვემ მე დამიწყო დევნა! რაღა ჩემზედ მოიცალა შეუბრალებელმა სვემ! ჩვენთჳსა ვსთქვათ, რა მოკითხვა არის: „ხომ მშვი დობით ბძანდებით კნიაზო“, რომელიცა ჯერ არსად არ ენახა და ის იყო გაიცნო სოფიომ. ამ გვარად უნდა მოიკითხონ მხოლოთ ისი, ვინცა ყოველთჳს ავათმყოფობს, ანუ განთავისუფლებულა ავათმყოფობისაგან, ანუ აღშფოთებულ ცხოვრებაშია...

ალექსანდრემ სუბუქად თავი დაუკრა და მაშინვე დაიწყო ლაპარაკი, რადგანც ჩვენ ყველას ენა ჩაგვივარდა მუცელში.

- კარგი ოპერაა ნორმა, მუზიკა ხომ საუცხოვოა! - მე არ მამწონს არც მუზიკა, არც ნორმა, თქვა სოფიომ. ქალები გაჰკივიან რაც ძალი და ღონე აქვსთ, კაცები ღრიალებენ უმსგავსოდ; მუზიკისას ვერას გაიგებს კაცი რას უკრავს: ხან ერთი უკრავს, ხან ორმოცნი, ხან სწყვეტენ, ხან აურევენ - გული გააწყალეს! მე მამწონს მხოლოდ საზოგადოება, თჳთან თეატრი, აკტიორებისა და აკტრისების ჩაცმა.

„ვაი მე! ეს რა ღმერთი გამიწყრა! ვთქვი მე ჩემს გულში, როდესაც სოფიომ ბოდვა დაიწყო. ხან თვალით, ხან წარბით ვანიშნე რომ დაჩუმებულიყო, მაგრამ სოფიომ ენა ამოიდგა და აღარ დააყენა. იმოდენი არ იცოდა, რომ რახან ალექსანდრეს მოსწონდა ოპერაცა, მუზიკაცა, იმასაც აღარ უნდა დაეწუნებინა.

მაგრამ ალექსანდრე არ შეკრთა, და რომ პირ-და-პირ წინააღმდეგის სიტყვის-მიგებით არ ეწყენინებინა სოფიოსთჳს, მიუბრუნდა თამარს კითხვით:

- თუ არც თქვენ მოგწონსთ ნორმა და მისი მუზიკა, მაშ დავეთანხმები თქვენს მშობელსა.

- მე მამწონს, - მიუგო თამარმა ხმით, თითქოს კატა კნავისო.

- ახ! ქართული სიმღერა რა დამატკბობელია! განაგრძო სოფიომ: რა სასიამოვნო არის!

- თანახმა ვარ. ქართული სიმღერა დიაღ სასიამოვნოა; მაგრამ ჩვენი უბედურება ეს არის, რომ იშვიათათ ვინმე სწავლობს, უპასუხა ალექსანდრემ.

ამ დროს რავდენიმე პირის თხოვნით მუზიკანტების უფროსთა - აი ყოველთჳს ჯოხს რო იქნევს- დაუკრა სკრიპკაზე რაღაცა.

-ამას რაღას აბზულებენ, წამოიყვირა სოფიომ კასკასით, რომელიც კარგა ხანს არ გაათავა თამარიც აჰყვა დედასა.

- მშვენიერათ უკრავს, სოლომან ისაკიჩ! მითხრა ალექსანდრემ: გაგიგონიათ ბულბულის სტვენა? აბა ყური დაუგდეთ! თჳთქოს ბულბული არ უსტვენს!

ალექსანდრემ თავი დაღუნა, ყური დაუგდო და მაშინ აიხედა, როდესაც დაჩუმდა სკრიპკა.

ალექსანდრეს ჩაგონებით მე ყური დაუგდე- ალექსანდრე არა სტყუოდა...

XI

სოლოლაკზე მე ვიყიდე დიდი ორ-ეტაჟიანი სახლი, რომელიც საუცხოვოთ მოვაწყე და მოვრთე. ერთი ნახევარი ამ სახლისა - სამი ოთახი და ორი ზალა - გავმართე ევროპიის გემოვნება ზედ, მეორე ნახევარიღა ჩვენებურათ -ქართულათ არა დავიშურე რა, რომ სახლი ყოფილიყო დიაღ მდიდრულათ შემკული. ძლიერი ფული დავღუპე!

ძლიერი ფული დავღუპე, მაგრამ, როგორათაც ცერცვი კედელზედ, ჩემს გულს, არ ეკარებოდა, არც გადაკრული ძვირფასს მებელზე ხავერდი, ხავერდების ფარდები კარებებზე და ფანჯრებ ზე, არცა უმრავლესი ვერცხლეული და სხვა მრავალი სამკაული, ამიტომ, მგონია, რომ სული არა მქონდა მომართული ისე, რომ ესურვა მას სიმშვენიერე სამკაულისა. ყოველივე რაც იპოებოდა ჩვენ სახლში იყო ჩინებული და იშვიათი, მაგრამ მე მოვრთე სახლი არა ჩემის გემოვნებით, არამედ მიხედულობით და იმ აზრით, რომ სხვაზედ მდიდრულათ მქონებოდა სახლი მორთული. იქნება არასფერში არ იპოებოდა გემოვნება, გარდა სიმდიდრისა. მე ვფიქრობდი სიმშვენიერე წარმოდგებოდა მხოლოთ ძვირ-ფასს ნივთისაგან, რასაკვირველია თჳთ ძვირ-ფასი ნივთი იქნება გემოვნებით შემკული, მაგრამ ნივთმა რომ არ დაჰკარგოს თავისი სიმშვენიერე, კაცმა უნდა იცოდეს სად დასდვას ისი და როგორ მოიხმაროს. სიტყვით მე არ ვიყავ დაბადებული, რომ ტრფიალებით მესურვა ყოველივე მშვენიერება, და ეს მშვენიერება ყოფილიყო სული ჩემის სიცოცხლისა. ნუ გიკვირსთ.

მართალია, გული კაცისა მიელტვის ყოველს მას, რაცკი არის უდიდესი და დიდ-მშვენიერი. ეს ის არის, რომ კაცი მიელტვის თავისს პირველ მდგომარეობასა-დიდებასა და ნეტარებასა-რომელიც მას დაუკარგავს. ეს მილტოლვა ტრიალებს გულში და კაცთ უმეტესს ნაწილში, გარეგნად სრულიად არა სჩანს-დამარხულია, სხვა და სხვა მიზეზების გამო; მაგრამ არიან გვამნი, რომელნიც ვერ დაიტევენ გულში ამ გრძნობასა, აღიძვრიან მისგან და მიელტვიან უკეთესობას, განცხრომას, დიდებას, ყოველს მშვ ე ნიერებას; - ამის გამო დაიბადა განმშვენიერებული ხელოვნება, და სწავლა, სიტყვიერება, გემოვნება, ზდილობა და სხ. დასასრული ამათი მოქმედებისა ერთია-დიდება და ბედნიერება; მაგრამ იმათი ღონისძიებაები, აღრჩეულნი მიწდომად ამ დასასრულისა, არინ სხვა-და-სხვანი. ესრეთი გარჩევა, რასაკვირველია, წარმოსდგება იმათ სულის სხვა და სხვა მდგომარეობისაგან:

ერთის გრძნობასა და მდგომარეობასა ძნელად თუ მიიღებს სრულის ძალით მეორე. შეიძლება შეიყვარო რომელიმე ჩინებული ქმნილება კაცისა, მაგრამ ამ კაცის გრძნობასა, იმისს სულსა მე ვერ ჩავიდგამ. ვხედავ კაცსა, რომელიც სცხოვრებს და იცომს გემოვნებით; მამწონს იმისი გემოვნება, შემიძლიან მივბაძო კიდეცა, მაგრამ გულს არ აქვს მოზიდულება განავითაროს ჩემში გემოვნება. ერთს უყვარს დიდკაცობის დიდება და ელტვის მას, მზათ არის მოიხმაროს ყოველი გვარი ღონის-ძიება, რომ გადიდკაცდეს; მაგრამ მე ამ გვარი დიდება არც მიყვარს, არცა მსურს. მე მსურს აი როგორი დიდება. რომ ჩემზედ მდიდარი ქვეყანათაზედ არავინ იყოს, მაგრამ მეორეს უკვირს ჩემი სურვილი.

იქნება მკითხონ, თუ ჩემი გული ტრფიალებით არ ისურვებს ყოველს მშვენიერებას, მაშ როგორღა საუცხოვოთ მოვაწყე და მოვრთე სახლი ევროპიის გემოვნებაზედ?...

აი პასუხი. ევროპიული გემოვნება მე მეყურება, ვისაც სახლი მომართული აქვს ისე, როგორათაც ევროპიელთ აქვსთ სახლები მორთული ესე იგი, კრესლებითა, სკამებითა, დივნებითა, სტოლებითა, სარკებითა და სხ. სიტყვაცა საუცხოვო ვიხმარე ამიტომ, რომ, როგორც ზევით ვთქვი ყოველივე ნივთი იყო ძვირფასი. ძვირ-ფასი ნივთები განვითარებულმა გემოვნებამ კი არ ამარჩევინა. ჩემმა გულის მიზიდულობამკი არ მამაწონა, ჩემის გულის სასიამოვნოთკი არ ვიყიდე, არა, მე ვიყიდე ძვირფასი ნივთები ამიტომ, რომ ყველას ეთქო ძვირფასიაო. ამიტომაც კიდევ, რომ ჩემმა ცოლმა და შვილებმა ძალა დამატანეს.

იქნება მკითხველმა ისურვოს აუწერო, როგორის გემოვნებითაც მქონდა მე საუცხოვოთ მოწყობილი და მორთული სახლი ევროპიის გემოვნებაზე. მამიტევეთ ჩემო საყვარელო! მე თქვენს სურვილს ვერ აღვასრულებ, რადგანც გემოვნებისა არა გამეგებარა.

მაგრამ, უკაცრავოთ. მე თქვენ მოგახსენებთ ორს მაგალითს, შესახებ თქვენის კითხვისა, და იქნება მიხვდეთ რასაც ეძიებთ. პირველი ევროპიულათ მორთული ოთახები მე მქონდა დაკეტილი და არავისთჳს არ გავაღებდი, მანამ მეჯლიში არ მექნებოდა. მეორე დღეს შემდეგ წინა თავში აღწერილის სცენისა, მე მქონდა წვეულება, და ამიტომ დილით გავაღე ოთახები; სხვა ურიგობასთან, რომელსაც აქ არ ავწერ, ხავერდის ფარდებსა დასდებოდა მტვერი, რომელსაც არ მივაქციე ყურადღება, მანამ ერთმა სტუმარმა (ნათე სავმა) არ მამხილა. მეორე, წვეულებისგამო ჩემი თამარ მოირთო, იმას ეცო მუქი გლასის კაბა, ყვითელ ლენტის, ოქრომკედით ნაკერის, გულის პირითა და სარტყელითა, ნაკერი ალისფერ ატლასსზედ თასაკრავი შამოეკრა და ალისფერი კოპი ჩაედო; ისევ ის ბრილიანტები, მარგალიტი და ოქრო გაეკეთებინა, რომელნიც ჰქონდა თეატრში; ხელებზე ჩაეცო თეთრი ფელჩატკები მოდიდრონო, ადვილად ჩასაცმელი და გასახდელი. რომ არ შევსცოდო, ჩემის ქალის სამკაული, რომელიც ზედ ჰქონდა იმ დღეს, ღირდა ორასს თუმნათ, მაგრამ არაგვლისშვილის ცოლმა შენიშნა, რომ ჩემ თამარს ვერ შაეხამებინა ტანისამოსი.

განვაგრძელოთ ახლა ჩვენი ისტორია.

მოიწია სადილობის დრომ, და მოწვეულნი სტუმრები შეიკრიბნენ, გარდა რაინდიძისა, რომელმაც დაიგვიანა. - სტუმრების შემოსვლის დროს მე შევნიშნე იმათ სახეზე პირ-მოთნეობა, ყველამ, გარდა არაგვლიშვილის ცოლ-შვილისა, უგემურათ და თითქოს უნებურათ შემომღრიჭა, მიალერსა, ზოგმა ქებაც შემასხა, ზოგმა დამლოცა, მაგრამ ცხადად ეტყობოდათ, რომ ამას იქმოდნენ დაბალ სულობით.

ქალები-სტუმრები ძლიერ იყვნენ დართულნი. ამათში ერჩევოდა არაგვლისშვილის თვრამეტის წლის ქალი, სახელი მისი ელენე, არ იყო, როგორც იტყვიან, კალმით ნახატი მშვენიერი, არ უბრჭყვიალებდნენ ბრილიანტები, მაგრამ ელენემ დასჩაგრა ყველანი, იმასთან ყველა დაბნელდა. პირველში უსიამოვნო შეიქნენ ყველანი, ნახეს რა თავიათი დამჩაგრავი, შემდგომკი, როდესაც ნახეს ელენეში ზდილობა, თავისუფალი მიხრა-მოხრა, ტკბილი და ალერსიანი სიტყვა-პასუხი, კეთილი გული, ამასთან ქალი ფაქიზი, ლამაზი, თჳთქმის უნაკლულო და გემოვნებით ჩაცმული ასე შაიყვარეს, რომ ერთმა ქალთაგანმა მითხრა: „ეს ქალი (ელენე) რო ჩაიყლაპებოდეს, შენს სადილს აღარ ვინდომებდი და მაგას ჩავყლაპავდი, ასე შამიყვარდაო.“

ჩემი სოფიო აიმრიზა და მრუდის თვალით მიყურებდა, ელენეს მოპატიჟებისათჳს; თამარ ხომ აილანძა და დაიკარგა ამიერ სოფლიდამ. ვერც ელენეს იმასთან მუსაიფობამ, ვერც საზანდოებმა ვერ დაამშვიდეს საცოდავი თამარ.

- მოვიდა რაინდიძეცა .

რაინდიძემ ჯერ ერთობრივ ყველას თავი დაუკრა, მერე ხელი ჩამოართო ჩემს მეუღლეს და ბოდიში მოიხადა დაგვიანებისათჳს; მერმე მოუბრუნდა თამარს, ხელი ჩამოართო, მოიკითხა და მაშინ თავი დაანება, როდესაც მობეზრდა თამარის სიჩუმითა; უკანასკნელ მივიდა ელენესთან ორივეს ლოყები შეუბროწავდათ. - მე თქვენ გემდური, უთხრა ღიმილით ელენეს ალექსანდრემ

- მეც თქვენ გემდურით, უპასუხა ელენემ, ეგრეთვე ღიმილით.

- თქვენ რათ მემდურით? ჰკითხა ალექსანდრემ .

- ჯერ თქვენ მიბძანეთ, რათ მემდურით?

- მოგახსენებ, ჩემს ვიზიტს არ მოუცადეთ. როგორც აღმითქვით.

- თქვენმა სიცოცხლემ, სამის ნახევრობამდინ გელოდენით, ამაზედ მეტი ლოდინი აღარ შეიძლებოდა, ამიტომ რომ შევაწუხებდით სოლომონ ისაკიჩსა და იმისს სტუმრებსა.

- ახლა თქვენი რიგია. მიბძანეთ, რათ მემდურით? ჰკითხა ალექსანდრემ

- ამიტომ რომ თქვენ მე მემდურით, ნეტავი ჩემზედ ძვირი გული არავინ იქონიოს!

- მამიტევეთ, მამიტევეთ! მე ვარ თქვენთან დამნაშავე. შევრიგდეთ...

- ალექსანდრე ეხუმრებოდა ელენეს და ეს ხუმრობა ყველას იამა, ყველას მოეწონა.

თამარ გაბუვდა.

ამის შემდეგ ალექსანდრე ადგა და გვერდით მოუჯდა თამარსა. სოფიოს და თამარს, თჳთან მეც, სიამოვნება გამოგვეხატა სახეზედ.

- მოხარული ვარ, - უთხრა ალექსანდრემ თამარსა: მოხარული ვარ, რომ ევროპიის განათლება გადმოვიდა საქართველოში, რომ ყველა ელტვის განათლებასა; ამასთან უფრო მოხარული ვარ, რომ ჩვენი ძველი დებულება და ჩვეულება, მაგალითებრ ქართული ქალის ჩაცმა და თახურვა მცირედ ვისმე გადუგდიათ. ამ მცირედის გარდა სხვანი ამტკიცებენ, რომ იმათ აქვსთ მამაპაპის თჳთ-მდგომარე ხასიათი, აქვსთ ამპარტავნება და იცვან თავიანთი საკუთარი ჩაცმა და ხურვა, რომ ქვეყანამ ყოველთჳს გვიყუროს და იცოდეს: „ერთხელ ჩვენც ვიყავით და კიდევაცა ვართ“.

ალექსანდრე ელაპარაკებოდა თამარს დაბლის ხმით, ასე რომ სხვათ არ ესმოდათ. საწყალმა თამარმა ტუჩები ძლივ გახსნა და ორიოდე სიტყვებით გამოსთქო თავისი სიყვარული ქალის ქართული ტანისამოსისა. ცუდ მდგომარეობაში იყო ჩემი თამარ. თუ გაგრძელებულიყო იმათი ლაპარაკი, შენი მტერი, რაც დღე თამარს დაადგებოდა! მაგრამ დედამ უშველა.

- ხომ მშვიდობით ბძანდებით, კნიაზო! შეჰყვირა უცებ სოფიომ.

- რას მიბძანებთ თქვენი ჭირიმე? ჰკითხა ალექსანდრემ სოფიოს.

- თქვენ მოგახსენებ, ხომ მშვიდობით ბძანდებით? მიუგო სოფიომ...

„აი, აი, აი,! ვთქვი, თითქოს მეხდაცემულმა და გამოვედ მეორე ოთახში, რომ აღარ გამეგონა სოფიოს მესამე მოკითხვა. გონებას რო მოვედი, შამეშინდა, სოფიოს უგუნური ლაპარაკი არ გაეგრძელებინა, და მივიწვიე სტუმრები სტოლზედ.

ალექსანდრემ მაშინვე უთავაზა თავისი მარჯვენა მკლავი თამარსა, მარცხენა ელენეს და მკლავი მკლავში გაყრილნი შეიყვანა ზალაში, სადაცა იდგა სტოლი, დაჯდა და აქათ იქით შემოისხა. ქალები დასხდნენ ერთ მხარეს, ვაჟ-კაცნი მეორე მხარეს. ალექსანდრე სუფრაზედ ემსახურებოდა და დროს ატარებინებდა ორთავე თავის ქალებს - ელენესა და თამარს.

- კნიაზჯან! უთხრა ალექსანდრეს ერთმა სტუმართაგანმა - არქელ ნიკიტიჩმა; კნიაზჯან, ეგ რა ჰქენ, რომ ორი გვრიტი აქეთ-იქით შემოისხი, ჩვენკი ცალკე ობლებსავით დაგვსხი; განა ჩვენკი არ გვიამება გვრიტებში ჯდომა და იმათი ღუღუნი!

- აქ თავის-უფლება და თანასწორობა უნდა იყოს, უპასუხა ალექსანდრემ: ვინ დაგიშალათ გვრიტებთან ჯდომა!

მაშ, კნიაზჯან! რახან თავისუფლება და თანასწორობა უნდა იყოს აქა, მოდი ერთი, შენი ჭირიმე, ქეიფი გავწიოთ. ის რომელი ფილოსოფოსი იყო ქეიფი და განცხრომა რომ ჰყვარებია?

- ეპიკური

-აი ნამდვილი ბრძენი ისა ყოფილა. მაგრამ არც თქვენ ბძანებულხარ ნაკლები... „ეი, ნოე ნუნუას მიუჯდა, წყალი პირუტყვს მიანება“ მღერით თქო არაქელ ნიკიტიჩმა და დაასხა სამს სტაქანზედ ღვინო, თეფშზე დააწყო და შეჰყვირა:

- ყმაწვილებო! სმენა იყოს და გაგონება: არაქელ ნიკიტიჩ ყველანი ქალების გარდა განიმეორებენ არაქელ ნიკიტიჩის სიტყვებს.

ზა ზდაროვიე - ზა ზდაროვიე, ზა ზდაროვიე - ზა ზდაროვიე.

ნაშემუ, - ნაშემუ,

ნაშემუ, - ნაშემუ,

კნიაზუ, - კნიაზუ,

კნიაზუ, - კნიაზუ,

ალექსანდრუ, - ალექსანდრუ,

ურაააა!!! - ურაააა!!!

ზა ზდაროვიე. - ზა ზდაროვიე,

ზა ზდაროვიე. - ზა ზდაროვიე,

ნაშემუ, - ნაშემუ,

კნეიჟნუ, - კნეიჟნუ,

ხოროშომუ კნეიჟნუ, - ხოროშომუ კნეიჟნუ,

ელენუ, - ელენუ,

ელენუ,- ელენუ,

ელენუ, ურაააა!!!! - ელენუ, ურაააა!!!

ზა ზდაროვიე, - ზა ზდაროვიე,

ნაშემუ, - ნაშემუ,

ნაშემუ, - ნაშემუ,

ნაშემუ, - ნაშემუ,

თამარუ სოლომონიჩუ - თამარუ სოლომონიჩუ

ურაააა!!! ურაააა!!! - ურაააა!!! ურაააა!!!

- კნიაზო ალექსანდრე, კნეიჟნა ელენე, თამარ სოლომონიჩ, - სამნივე კარგი გვრიტები შეყრილხართ, ღმერთმა გადღეგრძელოსთ! თქვა არაქელ ნიკიტიჩმა და სამი სტაქანი დალია. იმისს მაგალითს შეუდგნენ დანაშთენნი ვაჟ-კაცნიც.

- კნიაზჯან! (სიმღერით ანბობს არაქელ ნიკიტიჩ „ოდეს ვარდს ბულბული შეტრფოდეს და გრძნობით ეუბნებოდეს, - მიყვარხარ... ახ, შენიკი ჭირიმე, კნიაზო ალექსანდრე!

- არაქელ ნიკიტიჩ! ნება მიბოძეთ დაგიკოცნო ეგ დაშაქრული ტუჩები! უთხრა ალექსანდრემ .

შენიკი ჭირიმე! მზათ გახლავარ სამსახურში! ალექსანდრემ და არაქელ ნიკიტიჩმა დაჰკოცნეს ერთმანეთსა.

ელენე შეწითლდა.

თამარ ფიქრში იყო წასული, სტუმრები გამხიარულდნენ. საზანდრები გახელდნენ, აღარ ზოგავდნენ ნიჭსა და ცოდნასა, მოვიდნენ გრძნობაში და იმათგან გრძნობით გამოთქმული სიტყვები აგიჟებდნენ ყველას, ნამეტნავათ ქალებსა, ელენე და ალექსანდრე ხომ აენთნენ, იწოდნენ... მხოლოდ თამარ ვერ გამხიაულდა. თუ ალექსანდრე ელაპარაკებოდა, მაშინ კიდევ გადიყრიდა ნაღველსა, და როდესაც ალექსანდრე დაელაპარაკებოდა ელენეს, თამარ ოხრავდა. მებრალებოდა საცოდავი!

სოფიო იყო ნამეტნავათ გულმოსული ელენეზედ და ჩემზე. ელენეზედ -ამიტომ რომ ეჭვი ჰქონდა, არ დაანებებდა ისი ალექსანდრეს თამარსა. ჩემზედ- ამიტომ რომ, იმისს ფიქრით, მე რო ელენე არ მამეპატიჟნა, ალექსანდრეს მოაწონებოდა თამარ და მაშინ სადღა წაგვივიდოდა. მაგრამ უსაფუძვლო იყო ესა!

მოთმინებიდამ გამოვიდა დალაქის ქალი; იმას სწყინდა, ალექსანდრე და ელენე ერთათ რათ ისხდნენ: მოინდომა იმათი ერთმანეთთან დაშორება. იმისის რჩევით, მე ვთხოვე არაქელ ნიკიტიჩსა, გადეპატიჟებინა მცირედ ხანს თავისთან ალექსანდრე არაქელ ნიკიტიჩმა აასრულა ჩემი თხოვნა, ალექსანდრემ არაქელ ნიკიტიჩისა. მე დავიჭირე ალექსანდრეს ადგილი სუფრის აღებამდინ. სოფიო გამხიარულდა, თამარ ეგრეთვე. ელენე დაიჭრა გულში; შხამათ შაერგო სადილი და სიამოვნება...

X ... კაცი უნდა დაბერდეს და არ იცოდეს, რა არის იმისი სასარგებლო, რა არის სავნებელი! რათ მინდა ჭკუა, თუ წინათ არას მოვიფიქრებ, რათ მინდა თვალები, თუ არა რას დავინახავ, არ გავარჩევ! რა ჭკუაში მომივიდა ელენეს მოპატიჟება, თამართან ახლო მოსმა! აბა, თქვენი ჭირიმე, თამარ ელენესთან რა გამოჩნდებოდა! სილამაზე იქით გადავსდოთ, მაინც კიდევ ელენე ზდილობით, სიტყვა პასუხით ძრიელ მაღლა იდგა თამარზე. ელენე გამოსულია საზოგადოებაში, ნასწავლია, ნაკითხია. ელენეს მრავალი მასწავლებელი ჰყოლია, მრავალი კავალერებთან დრო გაუტარებია; ახლა არავისგან არ შეკრთება, ენას ნერწყვი ვერ დაუბამს, გავლაში მუხლები არ მოეკვეთება და მრადი-მრუდეთ არ გაივლის. თამარიღა ?! რომელს სასწავლებელში გაზარდე? რომელს საზოგადოებაში გამოიყვანე? თექვსმეტის წლისა ციხისუბნის ქოხში, ეშმაკების სადგომში, არ მოჰყარე....

- რა გინდა, დედაკაცო ჩემგან?

- როგორ თუ რა მინდა! ის დრო წავიდა, როდესაც გასაოცარს მოთმინებაში გყვანდი! როგორ მოვიფიქრებდი, რომ სოლომან მეჯღანუაშვილი, გაქონილი, მიგლეჯილ-მოგლეჯილი, იყოს მილლიონის პატრონი! როგორ წარმოვიდგენდი, რომ შენ გქონდა მიწაში დამარხული მილლიონი მაშინ, როდესაც მე, შენის სიყვარულით და ხათრით, დავეთრეოდი ცისმარ დღეს,- სიცხეში, სიცივეში, ავდარში, - სავაჭროს ვყიდულობდი, ვყიდდი და პურს გაჭმევდი!

- რას იქმოდი.

- არ მოვითმენდი, შენს მზემ, ენით გამოუთქმელს მწუხარებასა. მაშინ მეგონე შენ უკანასკნელი გლახაკი, და რომ სიგლახაკისგამო ვნება რა შეგმთხვევიყორა. მე ვითმენდი, გემონებოდი არასფერში არ გაწუხებდი. მაგრამ მე ძველს ვალს არა გთხოვ. მე გთხოვ, უპატრონე შენს ქალს, რომელიც წუხელის მთელი ღამე ოხრავდა და სტიროდა. როგორც თავი აშალე, ბოლოც ისე გაადევნე. ჩვენ არც ვიცნობდით რაინდიძესა, არც ფიქრში მოგვსვლია იმასთან დამოყვრება. ნუღარ იგვიანებ, ეხლავ შეუდეგ საქმესა!

- ეჰე-ეჰ! აგრე სწრაფათ ვინ მოგცა ჩემზედ უფლება. ქალბატონო! „მომილოცავს, თეიმურაზ პოლიცმეისტერობა!“

- რათ მაშფოთებ! შენმა მზემ, ღვთის მზემ, თამარს მისცემ რაინდიძესა!

- ჰა, ჰა, ჰა,! როგორ ხარ დამტკიცებული მაგ შენს აზრზე?

- როგორა? ფულით აუხვევ თვალებსა. ფული ძლიერია.

- მართალია. მაგრამ ძლიერსა და თჳთ მდგომარე ხასიათსა ფული ვერ აუხვევს თვალებსა.

- როგორ იცი, რომ რაინდიძე თჳთ მდგომარე ხასიათისა არის? როგორ იცი, რომ იმას დღეს ფული არ უჭირს? როგორ იცი, რომ ფული იმას არ დაუბრმავებს თვალებსა?

- არ ვიცი; მაგრამ, ასეც უნდა ვიფიქროთ.

- მაშ ხომ უნდა გამოვსცადოთ, ვეცადნეთ!

- დიაღ, დიაღ, ჩემო! მაგრამ რომ არ მოხდეს, რასაც ჩვენ განვიგულებთ?

- შეუძლებელია, დარწმუნებული ვარ!

- მაინც, გკითხავ, რომ არ მოხდეს?

- მოხდება, თუ ეცდები.

- მე ვეცდები, ისე ვეცდები, როგორც სხვა არავინ ცდილა. მაგრამ, მე მინდა ვიცოდე, რასა იქ, რო არ მოხდეს?

- განა აგრე უიმედოცა ხარ? ცხადია, ფულს ვერ გამოიმეტებ.

– გარწმუნებ, დიდ ძალ ფულს გამოვიმეტებ, მაგრამ რომ არ მოხდეს?

- უნდა მოხდეს, უთუოთ უნდა მოხდეს, გეყურება? მე ხომ უკანონო შვილზედ არას გეუბნები, შენს სჯულიერ შვილზედ გელაპარაკები.

- ვსთქვათ, სოფიო,- ნუკი ანჩხლობ, გული დაიმშვიდე, - ჩვენი საცხოვრებელი მივეცით თამარს მზითვათ. კეთილი, ახლა ესეც წარმოვიდგინოთ, რომ რაინდიძეს უყვარდეს სხვა ქალი და ჩვენის საცხოვრებელის გამო თავისს არჩეულს საყვარელს ისი არ გადუდგეს, მაშინ რა უნდა ვქნათ? ამასა გკითხავ.

- შენ რა გაქვს გულში?

- მოგახსენებ. მე ყოველს ღონისძიებას მივიღებ, რომ თამარ შევრთო ალექსანდრეს, და თუ ვინიცობაა, ვერ მივწვდი ჩემს საწადელსა, მაშინ შორს და მშვიდობით! სხვას მოვძებნი. ცოტანი არიან ყმაწვილკაცები, განათლებულნი და კარგის ოჯახისშვილნი!

- ისინი თქვენ შეირთეთ! წამოიძახა თამარმა.

ამის გამგონი რაღას ვიქმოდი! გავედ მეორე ოთახში.

მკითხველი, რასაკვირველია, მიხვდება რომ ეს ლაპარაკი იყო მე და ჩემს მეუღლეს შორის.

ამ შფოთისა და უსიამოვნობისა მეორეს მხრით მე ვიყავი მიზეზი. პირველშივე, რა წამს დავინახე რაინდიძე, მაშინვე ეს ყმაწვილი კაცი მე განვიგულე გულში ჩემ სასიძოთ. აკი ღმერთი გამიწყრა და გამოუცხადე ეს აზრი, - ჩემს სამწუხაროთ, ცოლსა და ქალსა! ამათაც გულში დაინერგეს და. მკითხველმა ნახა რაც შედგომილება ჰქონდა ამას. არ უნდა გამომეცხადა წინათ ჩემი განზრახვა!

„ცდა ბედის მონახევრეაო“ ნათქვამია. ამ ანდაზაზედ დამყარებულმა, მე უნებლიეთ ერთის მხრით და ჩემის სურვილითაც მეორეს მხრით, დავაპირე წასვლა მაკრინე ტუჩ-მოხეულ-შვილისას.

თუ გნებავსთ, მკითხველო, გაიცნათ მაკრინე ტუჩ-მოხეულშვილისა, მოისმინეთ; მაკრინე დღესაც სუფევს. ის იყო ქალი... და მეუღლე... მაგრამ დარჩეს საიდუმლოდ. აგერ დიდი ხანია რაც დაქვრივდა და ქ. ტფილისს ვერშორდება, თუმცა ტფილისი მისგან მობეზრებულია. რომელს სახლშიაც შეხვალთ, ის იქ დაგხვდებათ, რომელს ეკკლესიაშიც მიხვალთ, ისიც იქ დაგხვდებათ, მაგრამ, ვაი თქვენი ყურების ბრალი, თუ შეხვდით იმას სადმე! - საგანი იმისს ტუჩ-მოხეულობისა არის განკიცხვა თქვენი, ჩემი, იმათი, ქვეყნისა. მაგრამ მეორეს მხრით დაუფასებელი სასარგებლო დედაკაციც არის. როგორ? თუ დაგჭირდესთ ფული, მიჰმართეთ მაკრინესა და ორ საათზე მზათ იქნება; თუ მოგწონსთ რომელიმე ქალი და გსურსთ მისი შერთვა, ბევრს თავს ნუ იტკენთ, მიბძანდით მაკრინესთან, გამოუცხადეთ თქვენი სურვილი, და, გარწმუნებ თქვენ, მესამე დღეს დაგაგვირგვინებსთ ძვირფასს თქვენს საყვარელთან.

მაკრინე ტუჩ-მოხეულშვილისას მე დაახლოვებით ვიცნობდი. თუმცა ყურები მქონდა იმისაგან დახეული, მაგრამ ამ ჟამათ უთუოთ უნდა მიმემართა იმისს მჭევრ-მეტყველებისათჳს.

- ფაეტონი მზათ არის; სად მიხვალ სოლომან ისაკიჩ? - მკითხა სოფიომ, რომელიც უცებ შემოვიდა ჩემ ოთახში მორთული, ფერჩატკებჩაცმული და მანტილაში გახვეული.

- მე მივალ მაკრინე ტუჩ-მოხეულშვილისას, რომელიც მინდა მიუგზავნო შუამავლათ ალექსანდრეს; იმაზედ უკეთესს ვიღას მიუგზავნი! შენ სადღა მისდიხარ.

- კარგა გიფიქრია, სოლომან ისაკიჩ! მაგრამ, რაც უნდა იყოს, შენ იმდენი არ შეგიძლიან ამ საქმეში, როგორათაც მე. ამასთან, სად ერთის თქმა, სად ორისა! სად ერთის ჭკუა, სად ორისა!

- შენც აპირებ წამოსვლასა?

- სწორეთ.

-გირჩევ არ წამოხვიდე.

- რატომ?

- დამიშლი.

- ნუ სწუხარ.

- ჩვენ მაგიერ მამაშენი რო ყოფილიყო, აღარასფრის საწუხარი არ მექნებოდა. მაგრამ, შენ.... - მეც მამიჩემის შვილი ვარ. მენდე. - ბევრს კისრულობ, შენი ნება იყოს.

- სოლომან ისაკიჩ! სოლომან ისაკიჩ! მოგვილოცავს!

- მოგვილოცავს, სოლომან ისაკიჩ! - გაგიბედნიეროს!

- ბედნიერი იყოს!

ამ ღაღადით შემომეხვივნენ მრავალნი მცნობნი, როდესაც ჩამოვიარე ჩემის მეუღლით თეატრის წინ. ფაეტონი დავაყენებინე.

- რას მილოცავთ, ყმაწვილებო? - ვკითხე მე.

- ღმერთმა გაგიბედნიეროს, სოლომან ისაკიჩ! მოხარულნი ვართ, ჭეშმარიტათ! - მითხრეს მცნობთა.

- რას მიბძანებთ, ყმაწვილებო! რას მილოცავთ, გამომიცხადეთ!

- ქალის დანიშვნასა.

- ვიზედ? როდის? - განკვირვებით ვკითხე მე მცნობებს და პირ-ჯვარი დავიწერე.

- გუშინ დაგინიშნავსთ რაინდიძეზე.

- სიცრუე მოგხსენებიათ, თქვენმა სიცოცხ ლემ! ვინ მოგახსენათ?

- მთელი ქალაქია და ეს ანბავი!

- მართლა მიბძანებთ? - ეს არის, ახალ ანბავად გვითხრა ალექსი კერპაძემ ! -

– იმისგან როგორ რა დაიჯერება. განა არ იცნობთ კერპაძეს, რაც კაცია!... ეს ჭორი ასე გვეწყინა მე და ჩემს მეუღლესა, რომ მკვდრებს თურმე დავემსგავსენით.

რადგანც კერპაძე უცებ შამოვიდა მმოქმედ პირად ამ ჩვენს ანბავში, ამიტომ მეც მოგახსენებთ იმისს ვინაობას.

კერპაძე რა გვარის კაცი იყო, ან რა ხარისხისა, არ ვიცი. პირველში ეჩვენებოდა ხალხს დარბაისელ კაცად; ამიტომ ყველამ კარი გაუღო. მაგრამ მსწრაფათ გამოიჩინა მოუთმენელი და შეუსაბამო ხასიათები. სხვა საქმე არა ჰქონდა, გარდა ორისა: დილით ადრე დაჰბადავდა რაიმე სიცრუვესა, ანუ ცილსა რომელიმე ოჯახში, უანბობდა ახალ ანბავად განგებ, ეგების სადილათ დარჩენილიყო. - ამიტომ იმას დაარქვეს მეტი სახელები: „მუცელ-ღმერთა, მუჭა-ტყუილა“ - გინა სწყენოდა ვისმე იმისი ახალი ანბავი, ისი არ შეირცვედა. ზოგნი ითმენდნენ იმისს ლირფობას, ზოგნიღა ითხოვდნენ სახლიდამ, მაგრამ იმას, როგორათაც კედელსა, არ ესმოდა. იყო კერპი; ძალით აღებდა კარებსა და შედიოდა იმ სახლში, სადაც არავის იამებოდა.

განქის უბანში, ვიწრო და დახვლანჯულ ქუჩებში იდგა ახლად აშენებული ორატაჟიანი სახლი. ზემო ეტაჟაში ვიღაცა უცხო მოსამსახურე ავიდა დაბეჭდილის წიგნით. ამ მსახურს ავყევით ციცაბ და ვიწრო კიბეზე და სოფიო.

- ...მაკრინე შინ ბძანდება? - შევჰყვი რე მე.

- შინ გახლავარ შემობძანდით... აა! თქვენა ხართ, სოლომან ისაკიჩ! აჰ, ჩემო საყვარელო დაო სოფიო! სიდგან! როგორ! რას მივაჩემო!... დაბძანდი, თქვენი ჭირიმე! - ეს არის ახლა მივდიოდი კნეინა ბარბარესთან! დილას მოეწერა წიგნი; მთხოვს, დღეს ერთათ გავატაროთო დრო, აღარ არის მოსვენება, თქვენმა სიცოცხლემ, დიდ კაცობისაგან ყოველ დღე, ხან ერთი მეპატიჟება, ხან მეორე... ნეტავი კვირაში ერთს დღეს მამცენ თავისუფლება!... უკაცრავოთ, თქვენი ჭირიმე! წიგნი მამივიდა - ვნახოთ რასა მწერენ.

მაკრინე სათვალები გაიკეთა და წაიკითხა შემდეგი:

... მაკრინე!

„შენი ნათესავი, შენი საქებარი და საყვარელი ალექსანდრე რაინდიძე, რომლითაც თავს იქებ, დანიშნულა სოლომან ისაკიჩ მეჯღანუაშვილის ქალზედ. მამილოცავს. ხა, ხა, ხა!!“

ალექსი კერპაძე .

- ქა! ნიშნობა გქონიათ, ჩემი ნათესავი ყმაწვილი კაცი ალექსანდრე დაგინიშნავთ თამარზე. და მეკი არ დამპატიჟეთ!? თქვენ ნუ დამეხოცებით გადაგახდევინებთ!... მამილოცავს. დიდად მიამა, თქვენმა მზემ! - დაიცადოს იმ საძაგელმა ალექსანდრემ! მე იმას უჩვენებ თამაშას!

- სიცრუვეა, ბატონო! ნუ დაიჯერებთ! - ვინა გწერთ მაგ წიგნსა? ვჰკითხე მე.

- ალექსი კერპაძე

- სწორეთ, იმისი დაბადებულია ეგ ჭორი.

- რას მიბძანებ! განა დანიშვნა ტყუილია?

- ტყუილი გახლავს, თქვენმა მზემ!

- მაშ რას მიჰქარავს სულელი კერპაძე! იჰ, შეარცხვინა ღმერთმა! მეჭორაობისაგან ხ ელი არ აიღო!

- ეგკი ტყუილი გახლავს, მაგრამ ეგ საგანი ჩვენ გულთან ახლოა. იქნება კერპაძეს ენამ უყივლა! იქნება მოხდეს! - უთხრა სოფიომ მაკრინეს

- რას მიბძანებ, თქვენი ჭირიმე? - ჰკითხა მაკრინემ სოფიოს .

- მე მოგახსენებ, ნეტავი მოხდეს, რომ ალექსანდრემ თქვენის შემწეობით, შაირთოს ჩემი თამარ!

... მაკრინე დაფიქრდა.

- თქვენ მოგმართეთ ამიტომ უფრო, რომ თქვენი ნათესავია ალექსანდრე, პატივი გძევსთ.

- ნათესავი როგორ არ არის! იმისი დედის ბებია და მამიდა ჩემი ბიძაშვილები ყოფილან... ბატონი ბძანდებით!... მაგრამ ცოტა ეჭვშიაცა ვარ. იმას მგონია, თვალი უჭირავს ერთ ქალზედ...მაგრამ ეს არაფერია. ალექსანდრეს ყურს დაუჭერ და საითაც მინდა იქით წავიყვან.- მზითევი რა აქვს ქალსა?

- ხუთასის თუმნიდამ დაიწყეთ, ათასს თუმნამდინ ადით, ხუთასის თუმნისასაც მივცემ სამკაულსა და სხ. მიუგე მე.

- მე სწორეთ მოგახსენებ... მაკრინე, - უთხრა სოფიომ: სამიათასი თუმანი ფულათ, ათასის თუმნისა მზითევი; თქვენი გასამჯელოც ასი თუმანი.

- არა, როგორც მოგახსენე, ხუთასის თუმნიდამ დაიწყეთ, ადით ათასს თუმნამდინ.

- მაგ მზითჳთ ალექსანდრე არ შაირთავს.

- ხუთასიც სხვა დაუმატეთ.

- ამას (ჩემზედ უჩვენა) ყურს ნუ უგდებთ, თქვა სოფიომ: სამიათასი და ათასი თუმანი, ასი თუმანიც თქვენთჳს - გადაწყვეტილია.

- ჰო, სოლომან ისაკიჩ! მითხრა მაკრინემ: გამოიმეტეთ.

- მეც ცოდვა ვარ!

- ნუ სტირი, შე დალოცვილო! მილლიონის პატრონი ხარ! სამი და ოთხი ათასი თუმანი თქვენთჳს რა ფულია!

გული მამდიოდა სოფიოზედ. მაგრამ რაღას ვიქმოდი, თანახმა შევიქენ.

– იმედი მაქვს ამ ერთ კვირაზე გაარიგოთ საქმე.

- თქვენი ჭირიმე, რაღას გეხვეწოთ! უთხარით მე და სოფიომ ერთის ხმით.

- ვეცდებით, უთუოთ ვეცდები.

- საიდუმლოთ იყოს ეს საქმე! - უთხარ მე მაკრინეს დაღრეჯით.

- რასაკვირველია!

- ამასთან თქვენის მხრით ურჩიეთ ალექსანდრეს. ჩვენ, ვითომც არა ვიცითრა, ნუ გამოგვაჩენთ.

- აბა, რასაკვირველია? ეგ ხომ აგრე იქნება!

- პასუხს როდის შავიტყობთ? - ჰკითხა სოფიომ მაკრინეს.

- მე შაგატყობინებთ.... მშვიდობით!...

- რაზე დამღუპე და დამანელე! - უთხარ მე მრისხანებით სოფიოს, - როდესაც ჩავსხედით ფაეტონში: მაგისთჳს წამოხვედი?

- სწორეთ, მაგისთჳ ს წამოვედი! ალექსანდრეს

თვალები აეხვივა მხოლოთ, ფულით, ბლომა ფულით.

- ნეტავი თამარ გაბედნიერდეს და. ეჰ! შვილს ხომ ვერ უღალატებ! მითამ ოთხი ათასი თუმანი არა მქონია!..

XVI

იმ დღის საღამოს, როდესაც კერპაძემ ურცხვათ მოჰფინა ჭორი მრთელს ქალაქში რაინდიძის დანიშვნაზე, თავად არაგვლიშვილის ცოლსა და ქალსა (თჳთ ამირან არაგვლიშვილი იყო იმ დროს დაღისტანში, სამსახურის გამო) სტუმრათ სწვევოდნენ: კნეინა ეფემია, კნეინა სალომე, და კნეინა ხორეშან. ეს სამნი და მეუღლე არაგვლიშვილისა - ქეთევან იარალაშს თამაშობდნენ. ელენე იჯდა საშუალ ქეთევანისა და ხორეშანისა, სტოლის კუთხისკენ, მაგრამ ვერ იყო დამშვიდებული, თჳთქოს ვიღასაც მოელოდა; მოუთმენლობით ხშირად ხოლმე ადგებოდა და დაჯდებოდა ხან გაივლიდა და გამოივლიდა, მცირედ რისამე გაფაჩუნებაზე, უცებ წამოხტებოდა და თვალი კარებისკენ დარჩებოდა, და თუ ქუჩის კარებს დაარახუნებდა ვინმე, ელენე მაშინვე უბძანებდა მოსამხურეს კარი გაეღო. ელენეს მოუთმენლობას მიხვდა დედა, სხვებიკი ვერას მიხვდნენ, რადგანც იყვნენ ქაღალდში გართულნი.

- თქვენმა სიცოცხლემ, ქეთევან! ვერ გა მოხვედი კარგა, უთხრა ხორეშანმა: ჩემი მასტი აკი გამოგიტარე, პიკს უნდა ჩამოსულიყავით.

- არა, თქვენმა სიცოცხლემ, - უპასუხა ქეთევანმა: მე პიკი ძალიან მძაგს, და გამოვდივარ რომელი მასტიც უფრო მიყვარს - ბუბნსა.

- რა პასუხია, თქენი ჭირიმე! სიყვარულით ხომ არ არის მასტის არჩევა; გარწმუნებთ ვერ მოვიგებთ.

- როგორ ბძანდებით დარწმუნებული, რომ ამ საათს წითელი არ აჯობებს შავსა?

- გარწმუნებ, სრულიად არ გცოდნიათ თამაშობა. მოგვიგებენ! მოგვიგებენ!...

- გარწმუნებ, ვერ მოიგებენ.

- ქალო, რას მიბძანებთ! ოთხი ლევი კიდეც აიყვანეს; ანიორებიც ამათ ექნებათ, როგორც ვხედავ, ერთის გარდა, რომელიც მე მაქვს.

ოთხზედ მეტს ვეღარ აიღებენ, ოთხივე ტუზებიც ჩვენია; აი, თუ არა გჯერათ; ეს ერთი ბუბნი, ეს მესამე… ბოლომდინ სულ ბუბნი!

ხორეშანს ეთაკილა, რომ ვერ მიუხვდა ქეთევანსა და თუმცა მეორეს მხრით იამა მოგებაცა, მაგრამ მაინც კიდევ საჭიროთ დაინახა, ლაპარაკი გადმეტანა სხვა საგანზედ

- დღეს ერთი ანბავი ხომ არ მოგხსენებიათ, ქალებო!

- რომელი ანბავი?-ჰკითხეს ერთათ ქალებმა.

- ჩვენი რაინდიძე ხომ დანიშნულა.

- ეგ მეც შავიტყე,- სთქვა ეფემიამ ცივათ.

- მე დილასვე შავიტყე, - წამოიძახა სალომემ და მოიჭმუხვნა პირისახე.

ვინ მოგახსენათ, ქალო ეფემია? - ჰკითხა ხორეშანმა .

- კერპაძემ.

- მეც კერპაძემ მითხრა, - თქვა სალომემ, და თავი გაიქნია, თჳთქოს ეზიზღა რაღაცა

- მეც, შენ ნუ მამიკვდები, სალომემ უთხრა ხორეშანსა .

- ეს კერპაძე ძალიან კაცი გამოდგა! - თქვა ეფემიამ: რასაცკი წაიკითხავს, ანუ გაიგონებს, შეუძლებელია ერთ საათს არ მოჰფინოს მთელ ქალაქში! მე იმისთჳს დამირქმევია - ტელეგრაფი.

- სახელს ნუ უკეთებთ, დედა-შვილობას! უპასუხა ხორეშანმა: რაც დაერქო, დაერქო! „მუჭა-ტყუილა, მუცელ-ღმერთა“ ზედ გამოჭრი ლია ეს სახელები...

როდესაც ეს სამნი ქალნი ასე გულგრილათ ლაპარაკობდნენ რაინდიძის დანიშვნაზედ, ქეთევანის და ელენეს გულში აიგზნო ცეცხლი ამ ახალ ანბავის გამო, დედა და ქალი გახდნენ, როგორათაც ტყვით გულში დაჭრილი კაცი! ამათი კიდევ ბედი, რომ სტუმრები იყვნენ გართულნი ლაპარაკში და ვერ შენიშნეს იმათი საცოდაობა ქეთევანისა და, ნამეტნავათ, ელენეს, რომელსაც თავბრუ დაესხა და გულმა ღონება დაუწყო. ამ მდგომარეობაში იყვნენ რავდენიმე წამს, და, თუ გავრცელებულიყო ეს მდგომარეობა ერთს, ანუ ორ წამს, სტუმრები მიხვდებოდნენ, და - ახლა დაიჭრებოდა იმათი თავმოყვარება!

თავისმოყვარებამ უშველა იმათ: გამხნევდნენ და გონებას მოვიდნენ. ქეთევანმა, ხელების კანკალით, ქაღალდი დაარიგა ელენემ ხველა განგებ აიტეხა, ხელცახოცი პირზედ მიიფარა და გავიდა სხვა ოთახში, რომელიც შიგნიდამ ჩაიკეტა... როდესაც ელენე გავიდა, ქეთევანს ეწვივნენ ყმაწვილები: ლუარსაბ... თეიმურაზ... სიმონ... ელიაზარ... თონიკე ... და რევაზ ...

- ჩემს ბიძა-შვილს ხორეშანს ვახლავარ! - უთხრა ლუარსაბმა ირონიით ხორეშანსა: ხორეშან! ცოტათ მობერდი, მაგრამ ისევ ლამაზებსა სჯობიხარ. - ქეთევან, მშვენიერთა ხელმწიფეო! შენ თუნდა დაბერდე, ისევ და ისევ ეგ იქნები! - აჰ! ჩემო სალომე! დღეს მურაბა გამოგეგზავნა, იმაზედ კიდევ უტკბოესი იქნებოდი, რომ... ახ, ჩემო ეფემია რამ დაგბადა აგეთი...!

სხვანიღა ყმაწვილები, თუმცა ცდილობდნენ, რომ ჩვენებოდნენ მხიარულათ, მაგრამ რაღაცა უცივებდა იმათ ტუჩებზე ღიმილსა და ვერ იყვნენ ჩვეულებრივ თამამნი.

-კიდევ და კიდევ ცელქი ხარ, ლუარსაბ ! - უთხრა ხორეშანმა: იქნება, ყმაწვი ლო, უცხოსთანაც აგეთი ცელქი იყო!

- აზნაურთან აზნაური ვარ, დარბაისელ გლეხთან დარბაისელი გლეხი ვარ, უცხოსთან ბრძენი ვარ, შინაურებთან - როგორც თქვენთან თამამი ვარ, სიტყვით და საქმით არავის ვაწყენ; ასე ვარ დაბადებული! უცხო ადგილს რო გნახო, სარწმუნო უნდა ბძანდებოდეთ, იქ შენს სილამაზეს არ ვაქებ.

- შენ ნუ მამიკვდები, ლუარსაბ! თუ ნამდვილად აგეთი ხარ, წმინდა მამა იქნები, - უთხრა სალომემ

- რა მაგ სიტყვის პასუხია, და - სად არის ჩემი ლამაზი ელენე? - იკითხა ლუარსაბმა .

- ეს არის ეხლა გავიდა, - უპასუხა ქეთევანმა უგულოთ.

- მართლა, გაიგეთ ქალებო, ახალი ანბავი?

- ვიცით, ვიცით, ნუ შესწუხდებით, ვიცით! - წამოიყვირა ხორეშანმა დიდ-გულად.

ქეთევანს ფერმა გადაჰკრა.

– რაინდიძის დანიშვნა?

- დიაღ, დიაღ! დილასვე გავიგე.

- რა სიტუტუცე მოსვლია, ალექსანდრეს! მზითევი, არ ვიცი, რა მიუციათ, ქალიკი ცუდი რამ არის, თქვენმა სიცოცხლემ! და იმ სულელმა როგორ უნდა გარიოს თქვენში იმისთანა უმზგავსი!

- უი, ჩემს სიცოცხლეს! ეგ რა მითხარი! განა მართლა ცუდია? - ჰკითხა ხორეშანმა.

– ბატონი ხარ აგიწერ; მაგრამ - რაღა აგიწერო! შენის თვალით მალე ნახავ. - ნუ, ნუ, ნუ, პიკს ნუ ჩახვალ, უთხრა ლუარსაბმა ხორეშანს; გადადი ჩერვსა... აბა, კნეინა ქეთევან - ჩერვები - სულ თქვენია!... ბაშღადონიმ ქეთევან !...

- ამაღამ, რა დამართებიათ ქაღალდებს! მე სულ პიკები მამდის, ქეთევანსკი ბუბნები და ჩერვები! თქვა ხორეშანმა .

- ლუარსაბ! დრო გაატარე ჩემ მაგიერ! - სთხოვა ქეთევანმა .

- ბატონი ბძანდებით!

ქეთევან გავიდა ქალთან. ქეთევან იყო ძლიერ მოწყენილი.

- მე გატყობთ, ყმაწვილებო! დღეს ექვსნივე ერთათ ყოფილხართ. სად იყავით?- ჰკითხა ხორეშანმა, და გადახედა ყმაწვილებსა გამომცდელის თვალით.

- ოჰ, ღმერთო ჩემო! ამ ქალებისთანა... თუ ყველა არ გაიგეს, თუ ახალი ანბავი წამს-და-წამს არ შაიტყეს, ვინ იცის რა დაემართებათ! საიდამ წარმოსდგება ეს სულმოკლეობა, ბებრუცანა? - უსაქმურობისაგან! ოჯახისაგან ხელი აგიღია, და ქალაქში იარალაშს თამაშობ. უსაქმო კაცი ღობე-ყურეს ედება.

- რა არის ლუარსაბჯან! ჩვენც ადამიანის შვილები ვართ, გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანათაზედ, გვინდა ვიცოდეთ სად რა მოხდება, ვინ როგორ არის.

- რახან გსურს, მოგახსენებ: დღეს კარგი ჭკუა მოუვიდა ამ ყმაწვილებსა. ამიტყდნენ და წამიყვანეს კლუბში. ყველამ ვითამაშეთ ქაღალდი და, აი, მოიხსენეთ, თუ თქვენს ყურებს ეკლათ არ მოხვდება: ამ შენმა ძმისწულმა თორნიკემ წააგო სტოსში სამოც-და-ათი თუმანი, რომელიც პრიკაზისთჳს ჩამოიტანა და ცარიელი დაბძანდა; თეიმურაზმა წააგო ლანცკნეტში ოცდათხუთმეტი თუმანი და, მგონია ხვალ აპირებს წასვლას სოფელში, რომ კიდევ ჩამოიტანოს; სიმონამ ითამაშა ნარდი და წააგო ოც და ათი თუმანი, პრიკაზისთჳს ჩამოტანილი; ელიაზარმა წააგო სტოსში ორმოც-და-ათი თუმანი, რევაზმა მოიპატიჟა ჩვენ გარდა ათიოდე სხვა მუქთა ხორა კაცი და ათი თუმანი გადიხადა.

- შენ რაღა წააგე? -ჰკითხა ლუარსაბს ხორეშანმა .

- მე მოვიგე ოთხი მანათი და შვიდი შაური იარალასში. მე ძნელად თუ ფული წავაგე ქაღალდში, და თუ წავაგე, ხუთმანეთზე ზევით, პრაშჩაი!..

- შემ ჩემო თავო! რასახით მეწყინა! - აქმო, თონიკეჯან, გაკოცო!... გულში ხომ დარდათ არა გაქვს!... დიაღ, აგრე, თონიკეჯან: ფიქრშიაც ნუ გაიტარებ!... უთხრა ხორეშანმა თონიკეს ასეთის ალერსით და სიტკბოებით, რომ თჳთქოს ეუბნებოდა წადი და კიდევ ითამაშეო.

ქალები მაინც უფრო ნარნარის გულისანი არიან! გული ატყობინებს იმათ, რომ შტრიალით და მხეცებრივის ტუქსვით ყმაწვილკაცს არ უნდა ამხილონ შეცთომა, არც მისცენ დარიგება. გამოცდილებით ვიცით, რავდენსაც დასტუქსავ, სდევნი ყმაწვილკაცსა, რომ მოაშლევინო ურიგო ყოფაქცევა, უფრო-და- უფრო შეუყვარდება და შეემსჭვალება მას, რასაც უშლი, მინამ თჳთან არ შეიგნებს და არ დაინახავს თავისს ყოფაქცევის ურიგობასა. შეიძლება დარიგება გადაკვრით, იგავით, დაცინვით. ანუ ხორეშანის მზგავსად ამიტომ მე ვერ გავამტყუნებ ხორეშანსა, რომ ასე ალერსიანათ მოექცა თონიკესა: იმისი ერთი მოხვევნა, ამასთან ამოხვრა ჩემის აზრით, უფრო ძლიერია ყოველს დარიგებაზედ და დატუქსვაზედ. იქნება იმ ჟამათ თონიკემ ვერ იგრძნო, ანუ არ უნდოდა ეგრძნო მამიდის ბრძნული დარიგება, მაგრამ შეუძლებელია იმისი გულმტკივნეული ოხვრა და ალერსი ოდესმე არ მოაგონდეს და - ვინ იცის იქნება მაშინ თვალებიც გაახილოს!..

ქეთევანი დაბრუნდა დაღონებული და ფერმიხდილი; არ იქნებოდა არ გამოსულიყო, რადგანც სტუმრები უიმისოთ მარტონი იყვნენ. ყველანი მისცვივდნენ ქეთევანს, ჰკითხეს მიზეზი ფერმიხდილებისა და ელენეს გამოუსვლელობისა. ქეთევანმა დაარწმუნა სტუმრები რომ სურდოთი იყვნენ უქეიფოთ და სხვა მიზეზი არა ჰქონდათრა. თჳთ საქმითკი დედაცა, ქალიცა იყვნენ ავათ ელდისაგან.

მართლადაც ცუდ მდგომარეობაში იყო ელენე. პირველი, თხუთმეტ მინუტამდინ იყო დივანზედ გადასვენებული, ძლივსღა ფეთქამდა, გული ძლივ-ძლივ უცემდა, სულმობძავსა გვანდა. მაგრამ ენერგიამ არ უღალატა ქალსა, მსწრაფლ მოიყვანა ისი გრძნობაში. ელენე წამოჯდა ელენეს გადმოსცვივდა მდუღარე, მსხვილი ცრემლები და კარგა ხანს აბნია ცრემლები, მანამ გული არ შეუმსუბუქდა გამოხატულობა უხატავდა გონებაში, რომ ალექსანდრე იყო სხვისა; გული ეუბნებოდა „დავობლდიო ალექსანდრეს სიყვ არული აღარ მაცოცხლებსო“. ქალიც აჰყვა გამოხატულებასა და გულსა, ოხრავდა, გმინავდა - კინაღამ გაგიჟდა! უთუოთ გაგიჟდებოდა, თუ მრავალი ცრემლი არ დაეღვარა.

„ოჰ, მხსნელო! - შესტირა მაცხოვრის ხატსა ელენემ: ოჰ, მხსნელო! რა მწარეა ეს საათი ჩემთჳს! განა ამ საათისთჳს დავიბადე! მაგრამ, მამიტევე ჩემი უგუნური დრტვინვა, უფალო! -ახ, ალექსანდრე, ალექსანდრე! ვინ, ანუ რამ მოგხიბლვა, რამ წაგართო გონება! ფულებმა?.. შენ ახლა გიხარიან, მე ვტირი; შენ ილხენ, მე გული ამეგზნო ჯოჯოხეთის ცეცხლით; შენ შესტრფი ასეთ ქალს, რომელიც არცა გყვარებია, და არც გიყვარს ჯერ, მეკი შენ მოგეტრფოდი და აღარა მყავს სხვა სატრფო ალექსანდრე! შე უწყალო, რას მემართლებოდი! გული რათ გამიღე და სიყვარულს რათ მიჩვენებდი, გული მე რათ გამიღე და სიყვარულის ცეცხლით რათ ამიგზენ! ოჰ, რა სახით მეზიზღები! ნეტავი ერთი თვალით დაგინახო, რომ დაგხანჯლო, რკინის ხანჯლითკი არა, - რკინა რა საჭიროა! - მე დაგხანჯლავ ზიზღის თვალით, რომელიც შენ მოგკლავს, თუ კიდევაც გაქვს გრძნობა და კეთილშობილება!“...

ამ დროს მეორე ოთახში, სადაც იყვნენ სტუმ რები, ატყდა რაღაცა ყვირილი. ელენემ ყური და უგდო, ყვირილი ესმოდა, სიტყვებიკი ვერ გაიგონა. ელენეს ელდა ეცა; ეგონა ქეთევანს გული შაუწუხდა. გაგიჟდა ქალი! ხან აქეთ კარებს მივარდა, ხან იქით კარებსა, მაგრამ როდესაც დაფიქრდა და ნახა, რომ ცრემლისაგან ჰქონდა თვალები დაწითლებული და ლოყები დამწვარი, აღარ გავიდა.

ყვირილის მიზეზი იყო ალექსანდრე რაინდიძე .

რა წამს შეაღო კარები რაიდიძემ, ყმაწვილებმა აიტაცეს ვინ ქუდი, ვინ დივნის ბალიში, მიაყარეს ყვირილით:

- მოგვილოცავს! მოგვილოცავს! მოგვილოცავს!...

მერე მისცვივდნენ, დაჰკოცნეს, აიყვანეს და ჰაერში შააგდეს ყვირილით

- მოგვილოცავს! მოგვილოცავს! მოგვილოცავს!

ქალებიც აჰყვნენ ვაჟებსა და იმათ მზგავსად ჯერ დაჰკოცნეს ალექსანდრეს, მერე ტაშის კვრით გაამეორეს:

- მოგვილოცავს! მოგვილოცავს! მოგვილოცავს!

ქეთევანს ეწყინა ალექსანდრეს მისვლა, ეწყინა ისიც, რომ მიულოცეს. ქეთევანმა მრუდის თვალით შახედა და არ მიულოცა, არც იკადრა ფეხზედ წამოდგომა.

ალექსანდრე გაშტერდა და არ იცოდა რას ულოცავდნენ ასე გულმხურვალედ; ამიტომაც ჰკითხა იმათ:

- ყმაწვილებო! მადლობას მაშინ მოგახსენებთ მოლოცისათჳს, როდესაც გამაგებინებთ რასაც მილოცავთ.

- მითომც არ იცის რასაც ულოცავთ! ძმაო, რას გვიმალავ! ნიშნობა ხომ უჩვენოთ შეჭამე, ქორწილიც უნდა აგრე შეჭამო! ჩვენკი ბანს უკან და კარს უკან! ახ, ტი მოშენიკ! - უთხრა ლუარსაბმა .

- ყმაწვილებო! თქვენმა სიცოცხლემ არ მესმის, რას მეუბნებით! რის ნიშნობა, რის ქორწილი, რის ფლავი და ჩლავი!

- თუ არ გესმის, მე გაგაგონებ. აქ მო... (ყურში ჩაჰყვირა ლუარსაბმა) შენ დანიშნული ხარ; ამას გილოცავთ.

- ღმერთო დამიფარე ჭორისაგან! ეს რა მე სმის! - ვიზედ დავინიშნე? როდის დავინიშნე? ვინ გითხრათ?

- ჰა, ჰა, ჰა! - შეჰყვირა ლუარსაბმა: მთელი ქალაქი ღაღანებს! - ვის ატყუებ!

- შევრცხვე თუ, გატყუებთ! შემატყობინეთ მაინცა, ვიზედ დავინიშნე?

- სოლომან ისაკიჩ მეჯღანუაშვილის ქალზედ, უთხრეს ერთობრივ ყმაწვი ლებმა.

- თქვენმა სიცოცხლემ, ყმაწვილებო! გეფიცებით როგორათაც პატიოსანი კაცი, რომ ეგ ცილია, და განგებ არის ჩემზედ შემოწამებული, რომ მამიკლან ეს საცოდავი გული. ვინ გითხრათ ეგ ჭორი?

- კერპაძემ.

- „ვერიდებოდი ბოლოკსაო, დამხვდა ბაღის ბოლოსაო“. სულ ვერიდები იმ კაცსა, მაგრამ არ იქნა, ვერასფრით ვერ მოვრჩი. წარმოიდგინეთ, სხვა ვის შაეძლო დაებადა მაგისთანა ტყუილი, თუ არა კერპაძესა! - ოჰ, კერპაძე, კერპაძე! საზოგადოება ხედავს შენში გველსა, მაგრამ კიდევაც გილოლილებს მაშინ, როდესაც შაუძლიან გაგისრისოს თავი და დაშხამული ენა!

- მამა ნუ წაგიწყმდება, ალექსანდრე, მართალს ანბობ, რომ არ დანიშნულხარ? - ჰკითხა ლუარსაბმა .

- მამაც არ წამიწყდება, დედაცა, ნამდვილ მართალს ვანბობ.

ყველანი დარჩნენ რაღაცა განუსაზღვრებელ მდგომარეობაში, გაჩუმდნენ და მუნჯათ შეჰყურებდნენ ალექსანდრეს; თჳთქოს კიდეც ეწყინათ, თჳთქოს კიდეც იამათ, რომ გამტყუნდა ალექსანდრეს დანიშვნა.

ქეთევანმა მოიმხიარულა, მაგრამ იმისი სიხარული ჯერ კიდევ არ იყო სრულნ, კიდევ ჰქონდა ეჭვი . რასაც ძნელად მოელი, იმას ადვილად ვერ დაიჯერებ.

- რას გავშეშდით და ხმა ვეღარ ამოგვიღია, წამოიყვირა ბოლოს ლუარსაბმა: დავსხდეთ ქალებო, გავაგრძელოთ იარალაში! - საკვირველია, საიდამ დაბადა კერპაძემ ეს სიცრუვე! რათ დაბადა!.. ჭეშმარიტათ სახლში არ არის შესაშვები!...

ქალები და ლუარსაბ დასხდნენ და განაგრძეს იარალაში. სიმონ, თეიმურაზ, ელიზბარ, თონიკე და რევაზ გვერდით მოუსხდნენ ქალებსა, რომელთაც შააქცევდნენ ზოგი სიმღერით, ზოგი თარით.

ქეთევან ვერ მოშორდა ალექსანდრეს, ვერც გავიდა ქალთან ეხარებინა სიცრუვე ალექსანდრეს დანიშვნისა, თჳთქოს ეშინოდა, რომ იმისს გასვლის შემდგომ, რაინდიძეს საიდუმლოთ არ ეთქო სტუმრებისთჳს, რომ ნამდვილათ იყო დანიშნული და რომ ეს დაუმალა იმან მხოლოთ ქეთევანსა და ელენესა. ქეთევანს უნდოდა გადეყარა მტანჯველი ეჭვი და ამიტომაც ისი უყურებდა პატიოსნებით სავსეს ალექსანდრეს გამომცდელის თვალით. სურვილი ქეთევანისა სწრაფად აღსრულდა. ალექსანდრემ გაიხმო ქეთევანი ცალკე, იკითხა ელენე და გაიკვირვა, რომ ელენე ჩვეულებრივ არ მიეგება იმას პირველი კარებში. ქეთევანმა დაარწმუნა ალექსანდრე, ვითომც ელენე იყო სურდოსაგან უქეიფოთ. ყმაწვილკაცი შეწუხდა და მაშინვე გავიდა, ქეთევანის ნება დართჳთ, ელენეს სანახავათ. ქეთევან დარჩა სტუმრებთან.

რაინდიძემ წყნარა დააწკარუნა ოთახის კარი, რომელშიაც იყო, ელენე. კარი გაიღო. ელენემ შახედა ყმაწვილკაცს ასეთის თვალით, თჳთქოს ეზიზღა იმისი დანახვა. ალექსანდრე შეწუხდა, შეშფოთდა, დარჩა გაშტერებული შუა ოთახში, ვეღარც წინ წადგა ფეხი, ვეღარც კარზე გავიდა. მოთმინებიდამ რო გამოვიდა, ალექსანდრემ უთხრა ელენეს .

- ელენე! ვეღარ მიცვნიხარ! განა აგრე შეგძულდი! განა თქვენგან ეგ იმედი მქონდა! რათ მამიძულეთ? რა დავაშავე ასეთი, რომ ღირსი ვიყო მაგისთანა სიძულვილისა! რათ სტირით? შემატყობინეთ მიზეზი თქვენის მწუხარებისა.

ელენემ ხმა არ გასცა.

- ელენე! ელენე ! ხელი მიბოძეთ.

ელენემ ხელი არ მისცა, ამოიოხრა და გულ ხელ დაიკრიბა.

- ელენე! კარგი მამა და დედა ნუ დაგეხოცება, პასუხი მამეცით.

ალექსანდრემ გამოსთქო ეს სიტყვები ასეთის ტრფიალებით, ასეთის გულწრფელობით და შესაბრალისის სახის მეტყველებით რომ ელენე გამოვიდა ბნელ აზრებიდამ. ელენემ დაუწყო თვალ დაშტერებით ყურება ალექსანდრეს, გეგონებოდათ ეუბნებოდა: „სხვაზედ დანიშნული, აგეთი გრძნობით ვეღარ მოხვიდოდი ჩემთანა. არა, შენ დანიშნული არა ხარო“. დიაღ, ელენე ცხადად დარწმუნდა, რომ რაინდიძეს არ გაექრო სიყვარული, რომელიც აუგზნო იმან. ელენეს გულმა იცნა ალექსანდრეს გული, და - ელენეს მიეცა შვება ამ საკვირველმა ქალმა იგრძნო თავისი ურიგო ქცევა, რომ ცუდით თვალის შეხედვით აწყინა თავისს სატრფო ყმაწვილკაცსა, შეწუხდა. შეინანა და დააპირა ბოდიში მოეხადა, მაგრამ მსწრაფლ შედგა, ვეღარ აასრულა სურვილი. ქალმა იფიქ რა, რომ თვალები ატყუებდნენ იმასა, რომ რაინდიძე ნამდვილად იყო დანიშნული თამარზე. ეს ბნელი აზრი გადაეფარა ელენეს გონების თვალებსა და იმან ვეღარ იცნა ხელმეორეთ ალექსანდრეში თავისი ალექსანდრე. მაშინ ყმაწვილმა ქალმა გადმოყარა ცრემლები და გული ვეღარ დაიჭირა. ალექსანდრემ არ იცოდა რა ექნა, ასე შე უვიწროვდა მწუხარებით გული!

- ელენე! ჩემო მტრედო! გულს რათ მიწყრულებთ! შემატყობინე თქვენი მწუხარება; იქნება შევძლო გადაგიყარო რაც გტანჯავს.

- ოჰ, ალექსანდრე! - უთხრა ელენემ: მე ასეთი ცეცხლი ამეგზნო გულში, რომ თქვენ აღარ შეგიძლიანთ გაანელოთ.

- როგორ თუ ცეცხლი აგეგზნოთ გულში! ეგ რა მიბძანეთ, თქვენი ჭირიმე! რა ცეცხლი უნდა იყოს, რომ არ შეიძლებოდეს განელება!

- ნუ გიკვირსთ! ნამდვი ლს და მწარეს ჭეშმა რიტებას მოგახსენებ.

- ვაი მე! - თქვა ალექსანდრემ და შუბლში ხელი შამოიკრა.

ელენე გაოცებული დარჩა და თჳთქოს გამოფხიზლდა.

- თავში რათ შამოიკარით, ყმაწვილო? ეგ რას ნიშნავს?- ჰკითხა განცვი ფრებით ელენემ.

- რას მიბძანებთ, ქალო? რაღათ მინდა სიცოცხლე, თუ თქვენ აგიტყდებათ რამე!

- რათა! ჩემის გულისთჳს რათ გინდათ გაიუბედუროდით თავი! რათ გინდათ გააუბედუროთ თქვენი დანიშნული!

რაინდიძემ ენაზედ კბილი დაიდგა, მიხვდა ელენეს მწუხარებასა და დაიმშვი და გული.

- ვინ არის ჩემი დანიშნული? - ჰკითხა ალექსანდრემ .

- თქვენ უკეთ გეცოდინებათ.

- არა, მე არ ვიცი.

- როგორ თუ არ იცით! თქვენს დანიშნულს თქვენ ვერ იცნობთ?

- არ ვიცნობ! თქვენ სიცოცხლესა ვფიცავ, არ ვიცნობ!

- საკვირველია!

- არა არისრა საკვირველი; მიტომ რომ მე რო ვიყო დანიშნული, მეცოდინებოდა კიდევაცა ჩემი დანიშნული.

- მართალს მიბძანებთ მაგასა? არა ხართ დანიშნული?

- ვიზედ? ვინ მოგახსენათ?

- მე გავიგე.

- ეგ ტყუილი მოგხსენებიათ. მაგრამ ახლაკი აღარ შემიძლიან არ მოგახსენო მართალი: მე ვარ დანიშნული ჩემს გულში ერთს ქალზედ. სხვა იმისს გარდა, ვინც უნდა იყოს, თუნდ ჰქონდეს მილლიონები, ფიქრშიაც არ გამივლია და არც გამივლის.

- მაშ სოლომან ისაკიჩის ქალზე არა ხარ დანიშნული?

- დავიღალე ელენეჯან ამდენის ფიცით! მიბძანეთ, რახან გსურთ ჩემი ტანჯვა, როგორ გნებავსთ დავიფიცო, რომ მე არას დროს გულში არ გამივლია სხვის შერთვა, თქვენს გარდა. მამიტევეთ თუ თქვენი წინააღმდეგია ეს ჩემი სურვილი.

- ალექსანდრე! - თქვა ელენემ ასეთის გრძ ნობით, ასეთის ტკბილის ხმით, რომ საჭირო აღარ იყო დაემატებინა იმას დანაშთენი სიტყვებიც: „მიყვარხარ, თანახმა ვარ“.

- ოჰ, ელენეჯან ! რა ბედნიერი ვარ!

- ალექსანდრე! ახლა გავცოცხლდი! - უთხრა ელენემ და მისცა ხელი ალექსანდრეს.

ალექსანდრემ დაუკოცნა ელენეს ხელები. ამათ სიხარულს არა ჰქონდა საზღვარი!

ამ ყმაწვილმა კაცმა და ყმაწვილმა ქალმა მისცეს ერთმანეთს ბეჭდები, და ხელი ხელს მოკიდებულნი გავიდნენ სტუმრებთან.

- ქალებო! ყმაწვილებო! წეღან ტყუილათ მომილოცეთ (ანუ ის მოლოცვა ამას მოასწავებდა!); ახლაკი მე ნამდვილად დავინიშნე კნეიაჟნა ელენეზედ. მამილოცეთ.

- შენკი გენაცვალოს ქეთევან, ალექსანდრეჯან! შეჰკივლა ქეთევანმა და სიძესა და ქალს დაკოცნა! - კნეინა ხორეშან! ჩემი ბუბნები აბა ამას მოასწავებდნენ, თქვენი პიკებიკი წეღანდელს ანბავს, რომელმაც გული მამიკლა!... ... ...

XII

. . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . .. . . . . .

XIII

ექვსის თთჳს შემდეგ, მე და სოფიო, დაღონებულები გვერდით უსხედით ავათმყოფსა თამარსა .

...კარგა ვერ მოგვიხდა, სოლომან ისაკიჩჯან, ეს სახლი! იჰ, ნეტავი იმ დღეს, როდესაც ჩემი თამარ კარგა მყვანდა! - მითხრა სოფიომ და ღრმათ ამოიოხრა.

- ნუ სწუხარ, დედიჯან! მე კარგა ვიქნები, - უპასუხა ავათმყოფმა თამარმა დედას: აქიმმა და არწმუნა, ამ ერთ კვი რას ლოგინიდამ ადგებაო. სოფიომ ნუგეში სცა ავათმყოფსა, ლოგინი გაუსწორა, და მერე, თამარმა რომ ჩაიძინა, გან გრძო?:

- მე სულ იმაზედ ვფიქრობდი რომ ეს სახლი ვერ მოგვიხდა კარგა. რაც აქ შამოვედით, თჳთქმის ყოველ დღე მწუხარებაში ვართ; ავათმყოფი არ გამოგველია: ჯერ ისაკი გვყვანდა და კინაღამ ხელიდამ გამოგვეცალა, ახლა თამარია, და, ღმერთმა იცის, რა მოგვივა. საკვირველია! ციხისუბნის ქოხში ერთობრივ მთლიანათ ვიყავით: არც სიცივე და სიცხე, არც სიშიშვლე და ნოტიო სახლი, არც შიმშილი და მწყურვალება არას გვავნებდა. აქკი ღვთისწყალობით ყოველივე უხვათა გვაქვს; სახლი ასე არის მორთული და შემკობილი, რომ ხელმწიფეს ედგომილება; ჰაერი უკეთესია; ნებიერობა, სიამოვნება, სტუმარი, საზანდარი არ გვაკლიან; მოსამსახურები, სულ თავს გვევლებიან; სულიერ მამათაგან კურთხევა ხშირათ მოგვეცემა ხოლმე; არავისგან არა გვქონია მაგრამ ვეღარ ვიხეირეთ! აი , მეც მგონია, დავსნეულდი; შენც, სოლომან ისაკიჩ, ვეღარა ხარ უწინდელათ მხიარული.

- ნება ღვთისა აღსრულდეს!

- ვენაცვალე ღმერთსა! მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მტრებიც გვყვანან.

- რაზედ ანბობ მაგასა, სოფიო ? მტერი რას დაგვაკლებენ?

- შენგან არ მიკვი რს, სოლომან ისაკიჩ! მაგას როგორ ანბობ! მტერი ბევრს ვნებას მოგვცემს.

- მეკი ვერა ვხედავ მტერსა, და თუ შენ ხედავ, ეგ არ ვიცი.

- გამოცხადებულ მტერს ვერც მე მხედავ; მაგრამ განა არ არიან მტერნი, რომელნიც დაფარულად გვითხრიან ორმოსა?

ამ სიტყვაზედ მომაგონდა ჩემი დაფარული მტერობა, რომლითაც მოვკალ სარქისბეგაშვილი, და მე შევიგენ ეს ბოროტი; ამ ბოროტის სისაძაგლისაგან გული დამიწყრულდა, შევშფოთდი; მეორეს მხრით ფიქრშიაც შევედი, რომ სამაგიერო არ გადამხდოდა. შიშისაგან კანკალი დამაწყებინა, ცოტას გაწყდა ჭკუიდან შევიშალე... ამ დროს თამარმა ამოიკვნესა. თამარის კვნესა მოხვდა ჩემს საცოდავს გულს, მეც ამოვიკვნესე და ვიგრძენ, რომ კვნესა იყო შედგომილება იმ ბოროტისა და საცოდაობისა, რომელშიაც ჩავაგდე უბედური სარქისბეგაშვილი. მე ვცდილობდი განმედევნა ეს ბნელი და მავნებელი ფიქრები, მაგრამ სვინდისი მდევნიდა, მამხილებდა ცოდვასა. ერთსა და იგივეს დროს გულს მიქენჯნიდა სვინდისი, გონებაღა ჩემი დაეძებდა დაფარულ მტრებსა. უეჭველია, ვიფიქრე, რომ მტრობისათჳს მტრობა არ გადამხდეს. წარმოვიდგინე თავი ჩემი სარქისბეგაშვილისავით გაკოტრებული, დავრდო მილი, უმოწყალეო, ავათმყოფი ციხისუბნის ქოხში და ელდამ გამიგმირა გული. „ვაი მე!“ ვთქვი კვნესით.

სოფიოს ეგონა, რომ თამარისთჳს ამოვიკვნესე და იმანაც ამოიოხრა. მეკი ასეთი შიში ჩამივარდა გულში რომ დაფარულ მტრებზე ვფიქრობდი.

– სოფიოჯან! მტრებზე რათ ჩამოაგდე სიტყვა ვკითხე მე; ხომ არავინა გვმტრობს?

- შეუძლებელია, რომ კაცს მტერი არა ჰყავდეს მაგრამ მე არ ვიცი, ვინ უნდა იყოს ჩვენი მტერი.

- გვყავსკი მტერი?

- გვყავს.

- ვინ არის?

- დაფარულია.

- ოჰ სოფიო ! ასს გამოცხადებულ მტრებზე, ერთი დაფარული მტერი უფრო საშიშია. მაგრამ შენ როგორ იცი რომ ჩვენ გვყავს დაფარული მტერი?

- მკითხავმა მითხრა.

- მკითხავმა რა გითხრა? როგორ გითხრა? როგორ შეიტყო?

- მკითხავმა მითხრა, რომ ამ სახლში ჯადოები არის ჩაფლულიო სხვა-და-სხვა ადგილსა, და ამიტომაც მშვიდობა არ გექნებათო.

- აი! მაგისკი არ მეშინიან! ჯადო არ არის ქვეყანათაზე, - ასე გამიგონია, ასე ვარ დარწმუნებული, - და თუ ვინმე ატყუებს ხალხსა, რასაკვირველია, სარგებლობისათჳს წარმოიდგინე, მკითხავებზედ უსაცოდავესი არავინ არის; თუ შაეძლოსთ რამ, პირველად თავიანთ თავს უშველი ან. გადაყარე ეგ ფიქრები!

- მაშ არას მივაჩემოთ ჩვენი დაუსრულებელი უბედურობა! რას მივაჩემოთ, უცებ რომ დაღონდები ლხინში?

სოფიომ არ იცოდა, რომ ჩვენ გვდევნიდა საცოდაობა სარქისბეგაშვილისა და სხვათა, რომელთაც შევამთხვიე მე ბოროტი, და ამიტომ ჩვენის უბედურობის მიზეზად ხადიდა ისი ჯადოსა. არა. მე მდევნიდა ცოდვა, ჩემი მტერი იყო ცოდვა; სხვა მტერი მე არა მყვანდა. „ოჰ! - ვთქვი მე გულში: ნეტავი მწყემსათ გავზდილვიყავ, სიმდიდრე, პატივი და დიდება არ მქონოდა, და ჩემს გულს არა ჰყოლოდა მტერი-ცოდვათ!...

XIX

ჩვენი ლაპარაკი მოსწყვიტა ექიმმა, რომელიც სწამლობდა თამარსა - მგრგვალი ექვსი თთვე ეს უ. ექიმი სწამლობდა თამარსა, ყოველ დღე სხვა-და-სხვა წამლებს წერდა, ყოველ დღე თჳთო თუმანი მიჰქონდა; თამარს იმისს წამლობით არა ეშველარა და იმ დღესაც ისეთი გულხსნილი და პირ-მოღიმარი შამოვიდა. თჳთქოს პირველი მოსვლა იყო იმისი ჩვენს ავათმყოფთან, თჳთქოს იმედი ჰქონდა ავათმყოფის მორჩენისა.

ჩვეულებრივ ექიმმა მაჯა უნახა ავათმყოფსა, მერე გვკითხა.

- გუშინდელზე დღეს როგორ არის?

- სიცხე აქვს გაუნელებელი, ფერდს იტკივებს, ახველებს.

- წუხელის როგორ ეძინა?

- როგორც კულავ.

და ექიმმა აიღო ქაღალდი, შაკეცა, გარდახია და დააპირა რეცეფთის დაწერა.

- ნუ სწერთ რეცეფთსა!- უთხრა ექიმსა: საკმაო წამალი დალია საწყალმა ავათმყოფმა, და უკეთესობა არ შაეტყო, თან-და-თან სნეულდება უძლიერდება. მე ვხედავ ორიოთ დღეღა დარჩენია საცოდავსა. ამ ორიოთ დღეს მაინც ნუღარ დავტანჯავთ წამლებითა!

ექიმმა წამლები დააგდო და მითხრა:

- მე მადლობელი ვარ, რომ რაც მე უნდა მეთქო თქვენთჳს, თჳთან თქვენა თქვით; მე ვერა ვბედავდი გამომეცხადებინა, რომ თქვენი ქალი ჭლერქია.

- ექვსის თთჳს წინ არ იყო ჭლერქი?

- იყო; მე უფრო ვიცი.

- მაშ თუ იცოდით, თქვე დალოცვილო, ქინაქინას როგორღა აძლევდით! ქინაქინა რო არ გეძლიათ, მორჩებოდა უთუოთ, მორჩებოდა!

- მართალია, პირველში არ უჩნდა სიჭლერქე; ჩუმი ციება მეგონა; ამიტომაც ვაძლევდი ქინაქინას.

- ხუთი თთვე ქინაქინა აძლივეთ?

- მაინც არ მორჩებოდა თქვენი ქალი, რომელიც დაჭლერქებულა წყენისაგან.

- მით უმეტეს, იმას არ უნდოდა ქინაქინა, არც წამლობა, გართობის მეტი. რათ დამღუპეთ ახლა როგორღა აღვადგინო შვილი! იმდენი ხარჯი რათ მომეცით!

- საექიმო კანონით, ჩვენ ხელსა ვსდებთ ავათმყოფსა სანუგეშოდ, წამალს ვაძლევთ სანუგეშოდ, და არა იმიტომ რომ უთუოთ მოვარჩინოთ.

- ვერაფერი ნუგეში გახლავს, როდესაც სიცხის გამოკაფის მაგიერ, სიცხის გასაძლიერებელს წამალს აძლევთ.

- მე ახლა საჭირო აღარა ვარ. მშვიდობით!

- მშვიდობით.

და ექიმი გავიდა ისეთის დამშვიდებულის გულით, თჳთქოს იმისს ხელით არავის არა ვნებოდარა, თჳთქოს ასს ოთხმოცი თუმანი ჩემგან არ გაეტანა, თჳ თქოს ვალდებუი არ იყო ყოფილიყო შემწე საცოდავის კაცობრიობისა!...

XX

- იჰ, ნეტავი მიამოს რამე! თქვა თამარმა როდესაც გამოიღვიძა.

- აბა, თამარჯან, რა გიამება! გვითხარი, შვილო, და ვეცდებით აღგისრულოთ, - უთხრა სოფიომ დედობრივის გულმტკივნეულობით.

- ნეტავი იყოს ვიმე უცხო ადამიანი!

- ვინ უფრო გიამება!

- მაკრინე კარგი დედაკაცია; ძალიან მიყვარს

- ახლავე გაუგზავნი, შვილო, მაკრინეს ფაეტონსა, - უთხარ მე და გავედი ბძანების მისაცემათ.

ამ დროს შემომესმა ხმა დროშკისა, რომელიც დადგა ჩემ სახლთან, და გაიარა ორმა წამმა, რომ დროშკიდამ გადმოხდა თჳთან მაკრინე ტუჩმოხეულშვილისა, რომელიც მოვიდა თამარის სანახავათ მაკრინეს ნახვა დიდად მიამა, რადგანც თამარს სწრაფათ აუსრულდა ნატვრა.

- ეს არის... მაკრინე, თქვენთან მინდოდა მეახლებინა ფაეტონი.

- რა ანბავია? - მკითხა განცვიფრებით მაკრინემ .

- თამარმა ისურვა თქვენი ნახვა.

- მაშ კარგი შემიტყვია. მეც იმისს სანახავათ მოვდივარ.

- მობძანდით, თქვენი ჭირიმე!...

თამარს დიდად იამა მაკრინეს ნახვა, ასე იამა, რომ ტუჩებზედ სიამოვნების ღიმილი გამოეხატა.

- რასა იქ, თამარჯან ! როგორა ხარ!... გამხნევდი!,. როგორ გეკადრება!.. ყმაწვი ლი ქალი ხარ!... სნეულებას აგრე როგორ უნდა დაუვარდე!... წამალს კიდევა ხომ?... ჰკითხა მაკრინემ ტრფიალებით.

- გუშინ და დღეს არ დამილევია, და ვგრძნობ უკეთესობას. - იჰ , რა მიამა თქვენი ნახვა!

- შენმა სიცოცხლემ, ქალო, გული გაქვს დახურული! შენი წამალი არის სიამოვნება, გართობა. აფთიაქის წამლები რა კეთილს დაგაყრის!

- აფთიაქის წამლებს ნუღარ მამაგონებთ, თქვენ სახელს ვენაცვალე! ექვსი თთვეა დამტანჯეს, მამკლეს, გული აღარა მაქვს!

- არა შვილო? აღარას გეტყვი, რაც არ გესიამოვნება! - აბა, თამარჯან, მითხარ; რაზედ გელაპარაკო? რა უფრო გესიამოვნება?

- თქვენი ჭახჭახით ლაპარაკი მიყვარს. მიბძანე, თქვენი ჭირიმე, რაც თქვენ გნებავსთ. ახალი ანბაები გეცოდინებათ.

- ახალი ანბავი ათასი ვიცი, მაგრამ არც ერთი ისეთი არა არისრა, რომ გაართობდეს შენ გულსა; უმეტესი ნაწილი ჭორია, მოგონილი კერპაძისაგან .

- ოჰ, თქვენ სახელს ვენაცვალე, მაგ სახელს ნუღა გამაგონებთ! საშინლათა მძაგს! იმ დღემ მამკლა, როდესაც იმ უღთომ, ხმა დამიგდო მთელს ქალაქში ჩემის ალექსანდრეზე დანიშვნისა. მართა, თქვენ ხომ გეცოდინებათ ალექსანდრეს ანბავი!...

- გუშინ მივიღე იმისი წიგნი.

- თან გახლავსთ?

- დიაღ. გესიამოვნება წაგიკითხო?

- დიაღ.

გული მამიკვდა, მაკრინემ რო ამოიღო ალექსანდრე რაინდიძის წიგნი. აბა თამარს ორის დღის სიცოცხლე აღარა ჰქონდა და როგორღა უნდა გაეხსენებინათ იმასთან ალექსანდრეს სახელი, ნამეტნავათ როგორღა უნდა წაეკითხა იმისი წიგნი!... მე დავაპირე მეთხოვნა მაკრინესთჳს, რომ არ წა ეკითხა წიგნი; მაგრამ თამარს ასეთის სიამოვნებით და მოუთმენლობით სურდა წიგნის გაგონება, რომ მე ვეღარ გავაწყერა.

მაკრინემ წაიკითხა შემდგომი.

„ჩემო უძვი რფასესო დედიდა მაკრინე !“

„მე მივიღე თქვენი თორმეტი წიგნი და, აი, ახლა გწერ პასუხსა“

„თქვენ მემდურით, რომ დავინიშნე და ჯვარი დავიწერე თქვენ შეუტყობლივ; მემდურით, რომ თქვენს შუამავლობას პატივი არ ვეცი; მე მდურით, რომ ჩემს ანბავს, ჩემს ყოფა-ცხოვრებას არ გატყობინებ; მემდურით, რომ არც ერთს წიგნზე პასუხს არა გწერ.“

„მე მქონდა შესაწყნარებელი მიზეზი, რომ დავრჩი თქვენთან ყოველს დროს უკაცრავათ: უმიზეზოთ არა იქნებარა. იმედი მაქვს, შეიტყობთ რა ამ მიზეზს, აღარ გამკიცხავთ, აღარ დამემდურებით“

„მომისმინეთ.“

„თქვენ მაშინ მობძანდით ჩემთან შუამავლათ, როდესაც მე ვიყავ კიდეც დანიშნული კნიაჟნა ელენეზე. მაგრამ ადრეც რომ მობძანებულიყავით ჩემთან შუამავლათ, მაინც კიდევ ვერ შავირთავდი სოლომან ისაკიჩის ქალს: ამიტომ რომ მე მიყვარდა ელენე, თვალი მეჭირა ელენეზე და იმისს გარდა სხვას არავის შავირთავდი. თამარ დიაღ ჩინებული ქალია, ღირსია ჩემზედ უკეთესის ქრმისა, მაგრამ მე და თამარ არ ვიყავით ერთმანეთისთჳ ს დაბადებულნი.“

„ქორწილში ვერ მოგიწვიე ამიტომ რომ ქორწილი ჩემი მოხდა სწრაფათა, ორ-სამ დღეს, ისიც სოფელში და არა ტფილისში. მე დავიწერე ჯვარის. წითლიანს,ჩემს მამა-პაპის სალოცავ ეკკლესიაში, ქორწილი გადვიხადე ჩემს მამა-პაპის სახლში“.

„ოჰ, მაკრინე! აღარა მენატრება რა! სრული ბედნიერი ვარ! ელენე განხორციელებული ანგელოზია!“

„დიაღ, მე ვარ ბედნიერი, მომატებულს აღარას ვნატრობ! ასე გაშინჯეთ ბუნებაცკი ჩემთან იშვებს წარმოიდგინეთ მაღალი კორდი, ამ კორდზედ დგას ჩემი სახლი, რომელიც დაჰყურებს ერთის მხრით მდინარესა, საშუალ ჭილაკის მორბინავსა, მეორეს მხრით ტყიან ღელესა, და ამას იქითს. წითლიანსა, წინ, აღმოსავლეთით, მწვანეთ შემოსილს ვრცელს მინდორსა, რომელზედაც, ჩვენს ახლო, აქა-იქ ხარობენ დიდი კაკლის ხეები და სხვა-და-სხვა ხეხილი, დასავლეთით ზვარსა, მშვენივრათ შემუშავებულსა. დილით ადრე, უმზეოთ, წამოდგებით და ასი ათასის სხვა-და-სხვა ფრინველთ საკვირველის გალობით დატკბებით; წმინდა, ცხოველი ჰაერი ჩაგიდგავსთ ძარღვებში ყვავილებიდამ შეკრებილ სუნნელებას და ძალსა; მდინარე გამოგაფხიზლებსთ, გაგაცოცხლებსთ, გაგაყმაწვილებსთ; ტყე, მინდორი, მწვანე ვენახები დაგიტკბობენ, დაამშვიდებენ ყოველს თქვენს გრძნობასა. აქ მდინარეს ხმიანობა და ფოთოლთ შრიალი, იქ ხბოსი და ძროხების ბღავილი, იქ მწყემსის სალამურის სტვენა, აამებენ თქვენ სმენას. რა შაედარება ბუნების მშვენიერებას! სად ვიშოვით იმისს მზგავსებას!...“

„ჩვენ არა გვძინავს, როდესაც ბუნება ხარობს სიცოცხლით; არა გვძინავს, რომ ბუნებამ მარტო თჳთან, უჩვენოთ, არ იხაროს, მარტო თჳთან არ ადიდოს დამბადებელი“.

„ელენეს ქცევა მაკვირვებს. მე სრულიად იმედი არა მქონდა, რომ ელენეს ნებივრობა არ დაეწყო. მაგრამ არა. ელენემ მოაწყო, მოკაზმა სახლი, ასე კარგა, რომ უკეთესად მორთვა საჭირო აღარ არის. ელენემ მიიღო გამგეობა სახლისა და დაუზარებლივ აძლევს ისი სახლში განკარგულებასა. თქვენ ნახავთ სახლში სამაგალითო სისუფთავესა, მოსამსახურებს წმინდათ ჩაცმულსა; თქვენ ნახავთ ყოვლის სიკეთით სავსეს სახლსა: თქვენ ნახავთ წესსა, მშვიდობასა, სიხარულსა, ბედნიერებასა; თქვენ ნახავთ, როგორათაც მოსამსახურენი, დაუზარებლივ, სიხარულით, ერთგულათ აღასრულებენ თავიანთ თანამდებობასა; ვერ გაიგონებთ ორგულობასა, წინააღმდეგობასა, ტრტვინვასა, საჩივარსა, ლანძღვასა და სხვა ურიგობასა. ყოვლის ამ სიკეთისა არის მიზეზი ელენე. ოო! ელენეს არა სძინავს! ელენეში ვერ იპოვით გამბნევსა, და უდევნელსა და გამფუჭებელს ქალსა! ელენეში ვერ იპოვნით უგუნურ ამპარტავნობასა, მედიდურობასა, თავისს თავის მოარშიყესა, დაუდგრომელს ქალსა!

„მე მივიღე გამგეობა ყმის და მამულისა. ყოველსავე მივეცი წესი, ყოველივე დავაყენე სწორე გზაზე. ყოველივე ჩემ თვალწინ კეთდება, და მე არც მეთაკილება, არც მეზარება. რასაც ხუთი კაცი ხუთ დღეს აკეთებდა, ახლა იმასვე უნდებიან ორი კაცი ორს დღესა. ამ მცირე ხანს საცა გუთანს არ გაევლო, გაიარა; საცა ბარი არ მოხვედროდა მოხვდა; საცა ვაზი არ იყო, ვაზით გაივსო, საცა წისქვილი არ იყო, გაკეთდა. მრავალი გავაკეთე, გავამშვენიერე: ყოველივე მოვიდა მოძრაობაში; ყოველივე აღყვავდა. ყმას შეუმსუბუქდა ერთი ნახევრათ სამსახური და მადლობელნი არიან ჩემი გლეხკაცები. შრომა არ მიფუჭდება, ბუნება უხვად მეწევა; ამიტომ გლეხი კაცი მუშაობს გულმონდომებით, სიტკბოებით, ერთგულათ ჩემი შამოსავალი გავრცელდა, და ამ შამოსავალსა, სარწმუნო ბძანდებოდეს, ქაღალდში არ წავაგებ, ანუ არ გავაბნებ სათამაშო ნივთზე“.

„მაგრამ არ გეგონოსთ, რომ მოკლებულნი ვიყვნეთ ჩვენ ყოველს სიამოვნებასა. არა, თქვენ გაქვსთ თეატრი, ჩვენი თეატრია ბუნება და ჩვენი თეატრი სჯობია თქვენსასა. თქვენი თეატრი არის დახატული, მაგრამ ბუნებისთანა მშვენიერი რათ იქნება! თქვენ ორკესტრზე ათ, ას, ათას წილ უკეთესათ და მშვენიერათ გალობენ, კანცერტს უკვრენ ასი ათასი ფრინველნი, რომელნიც გულს ატკბობენ, სულს ახარებენ. თქვენი დეკორაციები დახატულია, ჩვენი ნამდვილია; - მგონია ნამდვილი სჯობდეს მილლიონჯერ მოთხუპნულ ტილოებსა! ჩვენ კიდევ მით გჯობივართ, რომ ყოველ დღე, უფასოთ, ვსიამოვნებთ ჩვენს თეატრში“

„დილით ადრე ვსჭვრეტთ, ვიგემებთ და ვძღებით საკვირველის ბუნების მშვენიერებით. დღე საქმეს ვაკეთებთ. საღამოს ხან ფეხით, ხან ცხენებზე ხან ფაეტონით ვსეირნობთ; ღამე ვსჭვრეტთ ცის საკვირველებას, შევხარით, გვიკვირს და ვადიდეთ ღმერთსა. სტუმარი არ გვაკლია ხშირათ, თჳთქმის ყოველ ღამე, თქვენი გამოჯავრებული, შევექცევით იარალაშსა, ხან ნარდსა, ხან ასონახსა, ხან წიგნებსა ვკითხულობთ. თქვენ ქალაქში მხოლოთ იარალაშს თამაშობთ, წიგნების კითხვის ხალისიკი ღმერთს არ მოუცია თქვენთჳს! სხვა რითიდა მოგწონსთ ქალაქი? აქიმებით? აფთიაქებითა? ღმერთმა მოგცესთ თქვენ უხვათ აქიმებიცა და აფთიაქებიცა, ჩვენკი დაგვიფაროს იმათგან!

„ხედავთ, მაკრინე როგორ ყოველ საათსა ვარ გართული. ეს არის მიზეზი, რომ თქვენს თორმეტ წიგნზე ამ ერთს პასუხს ძლივს გიგზავნი. მამიტევეთ“.

თქვენი უსიამოვნო ალექსანდრე რაინდიძე.

- ახ, ნეტავი თქვენ, ალექსანდრე და ელენე! კარგა რო ვყოფილვიყავ შამშურდებოდა თქვენი ბედნიერება; ახლაკი, ახლა, იჰ, რა მიამა თქვენი ბედნიერება! ღმერთმა გაგაბედნიეროსთ ბოლომდინ, თქვა გრძნობით თამარმა.

მაგრამ თამარს თვალები მაშინვე მოერღვია, და ცხადათ შაეტყო, რომ ის სწუხდა თავისს უბედობას.

________________

ძმაო და ნათლიმამ ოჰანეზ! აქ ვათავებ, ჩემს ისტორიასა. შენის თხოვნით ავწერე ჩემი ცხოვრება და შენ გიძღვნი ამ ქმნილებას.

დანაშთენი ჩემი ცხოვრება არა ვსცან საჭიროთ ამეწერა, ამიტომ რომ არა მოხდარა ჩემში ღირსი შენიშვნისა და აწერისა. მართალია ბოლომდინ მე ვიყავ სავსე მდიდარი, პატივცემული, მხიარულათ ვეჩვენებოდი ხალხს და მრავალნი დამნატროდნენ; მაგრამ იმ დღიდამ, როდესაც დავიწყე დიდებით ცხოვრება, ჩემს გულს ჰქეჯნიდა რაღაცა განუსაზღვრებელი ჭმუნვა და მე აღარ მესიამოვნებოდა რა ქვეყანათაზე. ამ ჭმუნვის მიზეზი იყო ჩემში; ჩემს გარეთ არა ყოფილა.

ამ ჩემს აღსარებას განდობ შენ.

შენი სოლომან მეჯღანუაშვილი

ლავ. არდაზიანი .

(დასასრული)

3 არაგვი

▲back to top


არაგვი

ყვირის და მორბის არაგვი მკვირცხლად,
აპობს და არღვევს კლდეებთა ფიცხლად;
განკვეთს დიდთ ზვირთთა ვითა ისარი
არაგვი ჩემი, ლომი, ის არი!
ზღუდენი სალთა მაღალ ქარაფნი
გარს შემორტყმიან როგორც დარაჯნი,
ვით საპყრობილეს შეუმწყვდევიათ,
მაგრამ არაგვი ვერ უძლევიათ
და იგი ისევ ამაყად არი!
კვლავ ზვირთი თოვლთა ზედ დაეცემის,
მეხებრ ტეხითა მწვედ დაეტევის,
ძრწოლით სულდგმული ძლივს გაეღწევის,
გარნა არაგვი არ გაექცევის,
და მათ ბრძოლაში მარადის არი!
მცირე ხანს არაგვს უღელს დასდებენ,
და მისსა სრბასა შეაბრკოლებენ,
მარამ არაგვი ჰსძლევს თჳსთა მტერთა,
და ზედან აყრის სირცხვილის მტვერთა,
შემდგომს ძლევისა მომდოვრო არი!
ბრძოლისგან ადგა მას დიდი ჯაფი,
გადასდის თავზედ მდუღარე ქაფი,
პირზედ ჩამოზდის ოფლისა ლაფი,
არ არქვს სასვენათ არც ერთი სქაფი,
გამარჯვებული მდინარე არი!
თავის სამშობლოს ხლტის და თამაშობს,
რა გასცილდება ჭმუნვით მავალობს,
ზევით ჰგავს არის გახარებული,
ქვე დაღონებით არს დაღვრემული
და დაჩუმებით მავალი არი!
თჳსთ, დედის რძეებრ ის შეერგება,
უცხოდ, მკვახეთ ჰსჭვრეტს სულ არ უტკბება,
ჰგლეჯს, ფორიაქობს, მეტად უწყრება
და მემამულეთ მზრდელი ის არის!
განკვეთს დიდთ ზვირთთა ვითა ისარი!
თავს ევლებიან ჭაბუკნი ქალნი,
ყვავილნი მთისა პირ ბროლ ფიქალნი,
პირს ეხვევიან თჳსსა ძმობილსა
და ის შეიტკბობს თჳსსა დობილსა.
აი თჳსთათჳს როგორი არი!
კრავნი და მწყემსნიც მაზედ ხარობენ,
როკვა ხლტომითა მისკენ მავლობენ,
ფრინველნიც რიჟვრად მაზედ გალობენ,
მათის მღერისა საგნად ის არი
განკვეთს დიდთ ზვირთთა ვითა ისარი
არაგვი ჩემი, ლომი, ის არი!!...

კნ. ბარბარე ჯორჯაძისა.

4 პოემითგან: „რუსეთუმე“

▲back to top


პოემითგან: „რუსეთუმე“

X თავი

ბნელით მოსილი საჩხერეს არე
განისვენებდა ტკბილისა ძილით,
როს მთის წვერიდგან გამოჩნდა მთვარე
და გადაჰხედა კორდსა სიცილით.
შეჰხედა ცასა მან ყურად ღებით;
რა ვერ შენიშნა მაზედ ღრუბელი,
მოცურა ნაზათ თავ-მომწონებით
და გადაჰკარგა მთებს იქით ბნელი
ცაზედ ვარსკვლავთა გახარებულთა
მნათობის წინა იწყეს ნავარდი;
ერთ ხმად შეჰსძახეს ქვეყნით ბულბულთა,
არომატს ჰსცებდენ ია და ვარდი.
სურნელებითა დაბრუებულნი
თჳთქმის ფოთოლნიც არ შრიალობდენ
და ანგელოსნი ცით მოვლენილნი
საჩხერეს თავზედ დასტრიალობდენ.
ყვირილა მარჯვნით, ჯრუჭულა მარცხნით,
ჩიხურა კორდის შუა მდინარე
ნანას იმღერდნენ დაბალისა ხმით
და ბანს აძლევდა მათ არე მარე.
მერე სულ ერთად შეერთებულნი,
რა საჩხერესა მოშორდებოდნენ,
მღვიმის ხეობას გაქანებულნი
მინავარდობდენ, კლდეთ ახლტებოდენ.
მოდი ნახეკი ციხე ამაყი
ახალციხესა გადაჰყურებდა,
თავს აღარ ეცვა ღრუბლის ბაშლაყი
ციხეთ ციხესა და მდუმარებდა.
აგონდებოდნენ მას ტკბილნი დრონი
თჳსის პატივის და დიდებისა,
ოდეს გმირთ გმირი მისი პატრონი
სოლომონ მჩენი იმერლებისა,
ჩხუბების შემდეგ გამარჯვებული
პირდა-პირ ციხეს მოაშურებდა
და ღვთის მოყვარე მირონ ცხებული
პარაკლისს პირველ ახდევინებდა.
შემდეგ მის ჭვრეტით გახარებულთა
(ვინ გაბედავდა მასთან მოწყებას!)
ის უბძანებდა წარჩინებულთა
მწვანე მოლზედა სუფრის გაფენას.
და თჳთ ვითა ძმა ყმათ შუა უჯდა;
იყო ყანწ-თასთა ტრიალ-ტრიალი,
ვერცხლის დანებით სთლიდენ რა ბეჭთა,
სოვლათ გაჰქონდათ ბზიალ-ბზიალი!
აიღებდა რა პირველად სამსოს,
მეფე ეტყოდა ყმათ: „ალავერდი!...“
ყმანიც ეტყოდენ: „მეფევ! გაამოს,
განძლიერდი და ტკბილად დაბერდი!!..“
სხვა და სხვა რიგი ლხინი ამ გვარად
მეფის, ციხესა უნახავს ბევრჯერ
და უსმენია კიდემაც მარად
ხმა ნუგეშისა: „მრავალჟამიერ!“
დღესკი ეს ყველა მას მოეშალა
აწ აღარ ესმის ტკბილი ხმა მეფის!
დროებამ თჳსი უჩვენა ძალა,
აღასრულა რა წესი ბუნების
საყდარი იგი სად პარაკლისსა
მეფე იხდიდა მძლეველი მარად.
ეხლა შექმნილი სახტომლად მგლისა
და მეფის სახლი მწყემსის სადგურად!..

ამას ფიქრობდა ამაყი ციხე
ტკბილი დროს მგონი იყო ტანჯვაში
და შეჭმუხვნილი ამაყი სახე
მას ჩაეხატა ყვირილას წყალში...

თ. აკ. წერეთელი.

5 ჯერანის ციხე ვახტანგ გორგასლანისა

▲back to top


ჯერანის ციხე ვახტანგ გორგასლანისა

შემთხვევა მქონდა სიარულისა
გადავიარე მთა გომბორისა,
მთის ძირს შემკული წყარო მინდვრისა
და აღმართული მთა ვერანისა.
დიდს ხანს დაუწყე მას მთას ყურება
ვადიდე ღვთისა განგებულება!
მთა არს მაღალი გარე კლდოვანი
მაზედ ნაშენი ქვიტკიროვანი,
ციხე მაგარი ქულბაქოვანი.
გზა ძნელ სავლელი კიბე კლდოვანი,
ძველათ მსმენია მისი მშენები
ვახტანგ მეფისგან არს ნაშენები,
მუნითა ჰფარევს თჳსს სამეფოსა,
და განემარტა მკლავი ძლიერი!
ოი მეფეო სახელიანო,
ვახტანგ ძლიერო გორგასლიანო!
ბერძენთ მეფენი შენგან ძრწიანო
და შენი შიშით იმალვიანო,
როს ამხედრდები მეფეო ძალით!
შენნი ივერნი გიძღვიან ჯვარით!
მტერს სძლევ, განდევნი მისივე ძალით
სპარსეთს განამხნობ გულითა რვალით.

სად არს მეფეო იგი ძლევანი,
შენი გმირებით ივერიანნი,
ტახტი გვირგვინი სკიპტრა სვიანი
და მუზარადი ლომ სახიანი?
ამით სახელ გდევს გორგასლიანი
ოჰ! აწ ვერანა ვალალიანი,
რომ შენზედ ბჭობდა მეფე ძლიერი
დაშრტა აწ შენზედ მზე ნათლიანი
და შემოგრტყმია ნისლ-ცრემლიანი
ციხესღა ძველსა ცვარ-გრძნობიანი...
გიგონებ გტირი მწარ სიტყვიანი
ამაოსაგან გულ ცეცხლიანი...

კნ. ბარბარე ვახვახოვისა.
1860-საწესა
14-სა ნოემბერს.

6 ყადის ჯორი

▲back to top


ყადის ჯორი

(ამ დროების არაკი.)

ერთს ყადს გაექცა მსუქანი ჯორი,
(არვისა ჰყვანდა იმისი სწორი),
გაიქცა, საცღა გარდაიხვეწა,
მარამ ვერ იქნა ვერსად მოძიეს,
თუმცა მძებნელთა დიდხანს ეძიეს.
დიდყურა მხეცმა ბევრი ირბინა,
შემდეგ როცა მან დასტოვა ბინა,
ბოლოს მივიდა ერთსა წყლის პირსა,
სადაც ეძინა გამხდარსა ვირსა. -
ჯორმა რა ნახა აქ ვირი, აუარ, ჩამოუარა,
დაჰსუნა, დაიხვიხვინა, ტყუპათ წიხლები უყარა,
ბოლოს წარმოსთქვ ა. წყნარათა
მარამ მკაცრათ და მწყრალათა:
დახე ამ ვირსა, უჯიშოს, რეგვენსა გაუზდელსაო,
თავს ყადის ჯორი ვადგევარ ყურსაც არ ინძრევს გრძელსაო,
არა სჯობს ყადსა ვაცნობო, ხელსა აიღებს ძელსაო
და ამ გვარის უზდელობისთჳ ს, ამ ვირს მოსწყვეტავს წელსაო!...
რა ესმა ვირსა ესენი, ფეხზედ წინასდგა ნარდათა,
ჯორს პატივი-სცა სალამით, თავი დაუკრა, მდაბლათა,
შემდეგ წინ წასდგა მორიდებითა და მოახსენა მოწიწებითა:
მშვიდობა თქვენსა მობძანებასა, ბედნიერებავ დიდის ყადისო,
აქ განისვენეთ, ჩრდილი იჩრდილეთ, წყალი ბალახი თქვენთჳს მწადისო,
თქვენს მეტს ამ ველში არვის მოუშვებ, არა პირუტყვი აქ არ დადისო,
მეც აქ გახლდები, გემსახურები, როგორც შე ვიძლებ თქვენს საკადრისო.-
ყადისა ჯორი ამის გამგონე,
ვეღარაფრისა იქმნა მომგონე:
აღრენდა პირსა,
შესძახა ვირსა,
ვითომც გულითა-
დაჩაგრულითა:
- როგორ მიბედავ ამ გვარს ყბედობას?
რათ არ მოიშლი შენს თავხედობას?
შენ ვინა გკითხავს წყალსა და ბალახს?-
მაგ თქმისათჳსინ ამოგსვრი ტალახს,
გცემ და გაგძევებ, ვერ ჰპოებ ალაგს!...
მაშინ ვირმა სთქვა ღიმილით მწარით:
- ოხ, რა დროებას ჩვენ შევესწარით!...
- არა, შე მხეცო, შე უგუნურო, გულმტკივნეულათ მიუგო ჯორსა:
ყადი ჰყევხარ მდიდარს, მასთან კარგს მხედარს,
გინახამს, გივლის როგორც რომ ქორსა,
კარგსა, დარბაზში, სუფთათ გივლიან, ბზეს და
ქერს გაჭმევს როგორც რომ ღორსა,
გხედნის, გასწავლის, ასე ვგონებდი, ვეღარ ვპოებდით
ჩვენ შენსა სწორსა,
მაგრამ მე ვხედავ შენ შენი ჯიში კარგს ვერას
გაწვევს ზარმაცსა მძოვოსა!
ყადი გინახავს ნებიერათა,
შენ ვერ ირჯები წესიერათა,
და მადლობისა მაგიერათა,
დარბი, მოსულხარ ჩემს სამზერათა!...
მამა შენსა,
დედა შენსა
მე ვიცნობდი ძლიერ კარგათ:
დედა იყო ზარმაცობდა, გახდებოდა სხვისა ბარგათ,
მამა იყო ძლიერ მშრომი და მომთმენიი როგორც ძიძა,
დიდყურაანთ გვარის იყო, ჩემი იყო მკვიდრი ბიძა;
ვხედავ შენ ვერ დაგიმარხავს, ვერც სწავლა და ვერცა წესი
და ვირის ჯიშიც დაგიკარგავს, გამოსულხარ უარესი!...
ჯორმა პასუხი ვერ უგო ვირს ბაასში ვეღარც ერთში,
და ვირი მწყრალათ გამობრუნდა ჯორს ჰკრა ოთხი წიხლი ფერდში!...
ვერვის ვკადრებ შედარებასა,
ვერავის უძღვნი ამ გვარს ქებასა;
მარამ დროებითა,
სავსეს ამაყებითა,
ვპოვნი ერთს-ორსა,
როგორც ყადის ჯორსა!
ქვეყანა მოუვლიათ, სწავლა ვერ მიუღიათ,
მოდიან დიდკაცობენ და პირი დაუღიათ!...
ვისაც ჯიბეს უჭყავის, ამ ჩვენს საწყალს დროშია,
მამის ნაამაგევი ერთი-ორი გროშია,
ისიც ამაყობს, არავის სწორობს,
აბნევს ფულებსა და ყადის ჯორობს!
ზოგი ვალით ტანთ იცომს, მდიდრათ გამოპრანჭული,
სახით და ზნეობითკი საძაგლათ დაღმაჭულა;
შინ შიმშილით წივიან, ესკი ძღება ვით ღორი,
და კლუბში ამაყათ დადის როგორც რომ ყადის ჯორი!
თ. რაფიელ ერის-თავი.

7 კნ. ბარბარე ჯორჯაძისას

▲back to top


კნ. ბარბარე ჯორჯაძისას

(ექსპრონტით.)

ბადრო მზეო ბრწყინვალობ მარადა,
ახოვნებით მჭვრეტელთა სწყლავ მწარადა.
როს აშიკი შენთჳს იყოს მყარადა,
ბულბულებრივ ეჭიკჭიკე ტკბარადა.
ათრობს სხვათა თვალთა შენთა ისარნი,
რაგინდ მჭვრეტნი იყვნენ შენზედ მსისხარნი.
ეც პოეტსა ნება ლექსობისანი
ვის ელვა ჰკლავს შავის თვალებისანი…

კნ. ეფემია ანდრონიკოვისა.

8 მდიდარი გაღარიბებული

▲back to top


მდიდარი გაღარიბებული

უცებ მიმეღო ჩემი ქონება,
ჩემი დიდება, ჩემი ცხოვრება,
როს მაგონდება, თვალთ მიბნელდება
მომდის უეცრად გულის ღონება!

განა მე ამას მოვიფიქრებდი,
ასე უეცრად გავღარიბდები?
როგორც ღარიბი მეც დავღონდები
ანუ ოდესმე მეცა მოვკვდები?

იმ აღუწერელს ჩემსა სიმდიდრეს
მე ყოველს ჟამსა ზედან დავმღერდი
თუ არ მდიდარსა აროდეს ღარიბს
წინ შემომყროდა ხმას არ გავსცემდი!

აწ ვით მძინარემ, თვალნი ვახილე,
ოჰ! ღმერთო ჩემო! ეს რა ვიხილე,
ყოველი ქონება, ოქრო თუ ვერცხლი
განჰქრა უეცრად ვითარცა ფერფლი!

მაშ ამ სოფელსა რას შავხაროდე,
აბა რასა ჰგავს აწ ჩემი ყოფა!
ჰგავს შემომქმედსა დიდათ შევცოდე
თუ მაპატია მაშ ეს მეყოფა!

როს ამა ფიქრით ჭბუნვით მოცული
მე, ბედისაგან უცებ მოკლული
მიმოვდიოდი თავ დაღრომილი,
ღარიბი შემხვდა ძაძით მოსილი.

რა შემომხედა, უცებ განცვიფრდა,
მითხრა: რა არის მაგ გვარი ჭმუნვა,
შენ ვინ, ეგ ოხვრა, ანუ ეგ ურვა,
თითქოს დიდებით შენ ფუფუნებდი
და ჩემებრ ღარიბს დაიწუნებდი!-

მდიდარს ვინ უძრახს დიდსა ქონებას,
თუ არ შესწირავს გრძნობას, გონებას,
და თუ ღარიბი არ შეიწყნარა,
მაშ დაემონოს განგების ნებას!

გახსოვს, რომ ერთხელ შენს კარს მოვედი
მცირედი ლუკმა მშიერმა გთხოვე?
რა დამინახე სახლში შახვედი,
გაჯავრებითა მე დამითხოვე?

ყველას ესმოდა შენი ყვირილი
და უსამართლოდ ესრეთ ჩივილი:
„მიჯობს ცხოვრება მრთლად გადავჰყარო,
ვიდრე ღარიბსა შემოვეყარო!“

ჩემო მდიდარო! წუთის სოფლისა
ნისლი ღამებრივ შენა გბურავდა
და ეგ ტყვე ქმნილი, საწყალი სული
ტანჯვით, ვაებით, შიგან ჰცურავდა!

აი! ღარიბნი ერთ გზას ვადგივართ,
მოსვენებულის ფიქრით დავდივართ;
ცხოვრება ჩვენი ერთგვარ სრულდება,
მეტი სიცოცხლეც არ მოგვძულდება!-

სად არის შენი დიდი დიდება,
სად არის შენი ლომებრ ზვაობა,
ჩემებრ ღარიბსა ხმას არ გასცემდი
არ გაგონდება ის პირ-შაობა?

ძმაო ღარიბო! გაჰქრა ყოველი,
მხედავ, ვრონინებ ცრემლით მთოველი!
მაშ რაღა არის საყვედურები
თუ ღმერთი გიყვარს ნუ მემდურები!

ჩემო მდიდარო, ეგ მართალია,
სიმდიდრე უცებ წარმავალია!
შესთხოვე ღმერთსა, რომ მოგიტევოს,
სიმრთლით მაინც აწ დაგიტეოს!

თორემ განჰქრები, ვითა რომ წამი,
როს წამოგესხმის პორფირი შავი -
და წარგადგინონ სამსჯავროს ტაძარს
იქ ცხადად ჰნახავ ჭეშმარიტ განსჯას!

და თუ გვერთ გიდგეს ჩემებრ მართალი,
შენ აღარ შეგხვდეს იქ სამართალი!
ყოვლით მიგეღოს მდიდარო ღონე!
ეს ასე არის მე გამიგონე!...

დ. ბერიევი.
2 იანვარს, 1860 წელს.

9 სალაყბოს ფურცელი

▲back to top


სალაყბოს ფურცელი

(წიგნი, მიწერილი ქ. ტფილისითგან ქუთაისს დ. ბაქრაძესთან, შესახებ კენჭის დასრულებისა. - ზოგი ერთისაგან შესხმის წარმოთქმა კენჭში. - ქართულ ლიტერატურაზედ ლაპარაკი. - ლიტერატორის ავათ მოპყრობა. - გუბერნსკის მარშლის ამორჩევა და ამაზედ აზრი.)

_____________________

საყვარელო ბაქრაძე! იქნება ხშირად გინახვივარ ტფილისში და იქნება ახლაც მხედავდე თქვენ ძველის სასიქადულო იმერთის სატახტო ქალაქს ქუთაისში, მაგრამ რა რომ თავზედ მხურავს უჩინმაჩის ქუდი, არ იცი ჩემი ვინაობა!... ამ წიგნსა გწერ შენ, შენ საყვარელო და ძვირფასო ჩემის სულის მეგობარო! შენ, რომელიცა მხოლოდ ერთი ზრუნავ ჩვენის ისტორიისათჳს. - ამას ამისათჳს გწერ, რომ ვინიცობაა შეგხვდეს ახლანდელის საუკუნის ისტორიის დაწერა, ეს ჩემი საქართველოს ბატის გამონაცემის კალმის შრომაც შიგ დაჰმატო. შენ მეგულები ერთი მეისტორიკე და ნამდვილი საქართველოს მზრუნველი, შესახებ მამაპაპის მოთხრობისა! შენ გვაჩვენე ჩვენ უძველეს დროს მოქმედთ პირთ მოქმედება, შენ გაგვაცან, ჩვენი ისტორიის პირთაგანი ბაგრატ, - შენ უნდა გააცნო, ვრცლად, ჩემებრ მოლაყბეთაგან მოწოდებულის მასალებით ჩვენ შვილის შვილთ, ახლანდელი საუკუნის მოქმედნი პირნი; ბოროტი არა უნდა დაიმალოს რა და კეთილი ხომ უნდა თამაშობდეს პირველს როლს, ჩემის, ამ წიგნის მოწერის საგანი, უნდა გაგიტყდე საყვარელო ქართველთ ისტორიკოზო და გითხრა, რომ არის დაწყობა კენჭისა და გათავება ამ კენჭში რა ანბავი იყო და რა არა, ენა ვერ აღწერს და თჳთან მხილველიც ძნელად გამოიტანს დაწვრილებით ანბავს. - მე მხოლოდ აღგიწერ, თავიდგან ბოლომდინ, მოკლედ, თუ როგორ დაიწყო და როგორ გაიარა:

ჯერ ეს უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენის კეთილშობილთ საზოგადოების შეკრება მოხდა ტფილისის კლუბში, რომელიცა ეკუთვნის თ. ივანე ბაგრატიონ მუხრანსკის და, რომლისა შენობა მრთელს ტფილისში იყიდება[1] აქ შევდგები და, არ იქ ნება მადლობა არ შევძღვნათ ამ კლუბის პატრონს ყოველმა ქართველმა ვისაცკი მცირედიცარი გრძნობა და კეთილსვი ნიდისი გვაქვს. - კეთილშობილთ საზოგადოება საჭიროებდა შესაკრებელ სახლისათჳს და ეს შესაკრებელი სახლი გვაჩუქათ. ივანე ბაგრატიონ მუხრანსკიმ. ასე გვაჩუქა, რომ მოგვცა ნება ყოველთჳს ამ გვარის საზოგადოს საქმისათჳს იქ შეკრებისა. - ამ წლის კენჭში, თჳთქმის ქალებმაცკი მიიღეს მონაწილეობა და ამ მონაწილეობის მიღების მიზეზიც არის, პატრონი კლუბისა, ასე, რომ ამ ჩინებულს ზალას, ერთის მხრით, ზემოდგან აქვს ქალებისათჳს სამყოფი ალაგი, საიდანაც დაიცქეროდენ ქართველთ პარლამენტზედ.-

პარლამენტი! პარლამენტი! სწორეთ უნდა ვსთქვა და მოვილაპარაკო ამ პარლამენტზედ, სწორეთ ამომივა სული და სწორეთ ლაპარაკის თქმა მირჩევნია, - ვინ არის ამ სოფლად ბედნიერი, ვინ არის ამ დროებით სოფელში საუკუნოდ დამრჩენი? განა რომ არავინ, მაშასადამე ვისი მე შინიან და ვისი მერიდება? სწორე ჰსჯობს ყველას; დაეხსენი სისწორის რიჩაღზედ სწორე ალაგს ვიმყოფებოდე და ისევ ისე დამალული ვიყო და ხალხში გაურველი, როგორც ვერა მცნობც და არ იცით ჩემი ვინაობა, თუმცა ზოგჯერ ყოველ დღე ღამთ, თუნდა ქუთაისში, თუნდა ტფილისში. თუნდა სიღნაღსა, თელავს და გორში. - კენჭის დაწყობის დროს ჰქონდათ მომზადებული სხვა და სხვა პირთ შესხმა, სადაც აცხადებდნენ თავიანთ მამულისათჳს გულმტკივნეულობას, რა არის ერთერთი ალაგი ჩვენც ვიშოვნოთ ჩვენმა ბედნიერმა ქართველებმაც დაუჯერეს, თვალები დახუჭეს და ვინც რა შესხმა სთქო, ვინ დასდევდა - თეთრი კენჭები იყო რომ იქითკენ მირბოდნენ. - კენჭის დაწყობის პირველ დღეს, ერთი დაბალი ყმაწვილი კაცი გამოვიდა სცენაზედ, რომელმაცა დაიწყო თავისს აზრის წარმოთქმა. - ამ დროს მე ერთს კუნჭულში ვიდექი და უყურებდი, სწორეთ მოგახსენოთ მე ყველასა ვხედავდი და სხვანიკი მე ვერ მხედავდნენ ჩემის უჩინმაჩინის ქუდის წყალობით. რა მწამს შეიტყეს ეს ანბავი, ფიცხლავე მისცვივდნენ და წინ წადგნენ სასმენლათ, მეც როგორც ცნობის მოყვარე, მიუახლოვდი, მაგრამ, რა, მეგონა ქართულს ენაზედ წარმოსთქვამდა და აი უბედურება, ჩვენ საყვარელს ენას თავი მიანება და დაიწყო სხვა ენაზედ. - ამისი სმენა იყო და ჩემი უკან დაგდომა, ყურებმა ბზუილი დამიწყეს, უკან უკან წამოველი და ძლივს კარებთან რა მოველი, კარში ქურდივით გამოვიპარე. - მეორეს დღეს შევიტყე, ვითომც ქართულს ლიტერატურაზედ ელაპარაკნოს.- ქართულს ლიტერატურაზედ, და სხვა ენაზედ! სხვებსაც უთქვამთ თავიანთი აზრი, თუმცა ქართულს ენაზედ, მაგრამ ხუთს და ექვსს ლექსში, შემოურევიათ სხვათა ენის ლექსები. - რასაც გწერ საყვარელო მეგობარო, ძრიელ მოკლეთა გწერ, ამისათჳს რომ მეშინიან ამ სალაყბოს ფურცელმა დიდი ალაგი არ დაიჭიროს. - წვრილმანებს არ გამოუდგები, - აბა ამ გვარი წვრილმანები რა დასაწერია: ერთისთჳს კენჭი ჩამოატარეს, როდესაც გათავდა და ცნობის მოყვარენი მიეხვივნენ შესამოწმებლად, ერთი ქართველი ქართულის ტანისამოსით გამოვიდა ხალხიდგან და ყვიროდა, შესდესიატ პიატი ჩორნში მოუვიდა და სოროკი თეთრშიაო! აი კიდევ ესა: ერთი ჩემი მცნობთაგანი შემხვდა კახეთითგან, თავი დაუკარი, ვერ მიცნო და მკითხა: რაო? შენც ხომ კენჭისთჳს არა მთხოვ, რომ თეთრში ჩაგიგდოვო - ვინ აღწერს ამ გვარს წვრილმანებს. ესკი უნდა ვსთქვა, რომ ადრინდელს კენჭებზედ, ეს ბევრით უკეთ წავიდა, ასე უკეთ, რომ არც ისე ძალიან ყაყანი ყოფილა და არც ისე ცხადად ერთი მეორის შურობა და შეცილება. - მხოლოდ ერთზედ მოხვდა შეცილება და ამ შეცილებამ, სულ წაუხდინა და ჩაუშალა ყოველი ღირსება. ამ შეცილების დროს მამაგონდა სიყმაწვილე - არ გახსოვს, ყმაწვილებს კოჭი რომ უთამაშნიათ, რომელსაც წაუგია ჭინჭყლი გაუწევია, და უთქვამს, არა მჯერავს, ჯერი არ არისო და წაკინკლავებულან. სწორეთ ეს ანბავი იმას მიემზგავსებოდა. - ერთი პირი ამოარჩივეს, - ის პირი, რომელიც, უნდა სულ ქვეშა თქვას კაცმა არ არის ურიგო, - არა თუ ურიგო, თჳთქმის კეთილიც არის, - მაგრამ რას იტყვით, არ იყაბულეს, ჩამოუტარეს მეორეთ, მესამეთ, - მაინც ჭინჭყლი. - მეოთხეთ, მაინც თეთრდება. - ბოლოს.. ეჰ! თავი მივანებოთ, როდესაც მაგონდება, ტანში ჟრუანტელს მასხამს. - სხვანი პირნი, თჳთქმის ისევ ისინი იყვნენ აღმორჩეულნი, რომელნიცა ყოფილან, ერთის გარდა, და ეს ერთიც ის, რომელმაც შესხმა წარმოსთქვა?!! ოჰ, ესკი დამავიწყდა, გუშინ ერთი ჩვენ ქართველთ ლიტერატორთაგანი მოვიდა ჩემთან, რომელიცა მიცნობს და არც მიცნობს, როგორც სალაყბოს ფურცლის მწერალს, - აქ, ამ ალაგს რომ წაიკითხამ იტყვი, ეს რა გადაკვრ-გადმოკვრით ლაპარაკობსო. გადაკვრ-გადმოკვრით არ ვლაპარაკობ, საყვარელო, მაგრამ რა ვქნა - ბევრის დაწერა და თქმა მინდა მაგრამ იმას ვერიდები, კიდევ ხიდიდგან გადაგდება არ დამიპირონ, ბევრი იცინა და მითხრა: გაიგე ახალი ანბავიო. - რა ანბავი მეთქი ვკითხე.- მიპასუხა. - ერთმა დაიწყო, კენჭის დაწყების დროს რაღაზედაც ლაპარაკი, ჯერ ქართულათ მოჰყვა, რაღაც თაგვებს და წიგნებს ახსენებდაო. რა ვეღარ განაგრძო ქართულს ენაზედ, დაიწყო სხვა ენაზედაო. - მეუბნებოდა და ბევრს იცინოდა. - მე სწორე მოგახსენოთ, ყური არ ვათხოვე, ამისთჳს რომ, რა დანაშაული აქვ ს იმ მთქმელს, რომ ქართული კარგა არ იცის. - რასაკვირველია ქართული ჩვენი საკუთარი სასწავლებელი რომ გვქონოდა და მაშინ ეთქო, სხვა იყო... ეხლა ყოველი კაცი იმასა ცდილობს! დროების მიხედვით მოიქცეს, ოღონდა თავისი საქმე კარგათ წაიყვანოს და ვინ დასდევს, ვინცრა უნდა თქოს. - კენჭის დაბოლოვების დროს რომ ეთქო ვისმეს რამ, მაშინ აღარ მივაწერდით თანამდებობის მეძიებლობას. რაკი თავში დაიწყო გათავდა. ბევრს აღარ გავაგრძელებ სა ყვარელო ბაქრაძე! ბოლო დასრულდა გუბერსკის მარშლის აღმორჩევაზედ, რომელიცა ღირსია შენიშვნისა; - ჯერ ეს უნდა ვთქვათ, რომ ამ უკანასკნელს დღეს თქვა კიდევ ერთმა პატივცემულმა პირმა, მაგრამ ეს წარმოთქმა მაგდენად არა ღირს. - როდესაც უნდა გათავებულიყო, მაშინ გამოვიდა სცენაზედ გუბერსკის მარშალი, ყმაწვილი კაცი და მეტად მოსაწონი. სწორე მოგახსენო, შეხედვა იყო ჩემი და სხვა აზრის მიღება ამ კაცზედ. - ამის მშვიდის სახითგან გამომეტყველებდა ბევრი რამ კეთილი და სასარგებლო. - ამ ყმაწვილის კაცისაგან ბევრს კარგს უნდა გამოველოდეთ. აი საიდგან დაიწყო, და მოჰყვა თქმას. რასაკვირველია მე მხოლოდ ვწერ რაოდენსამე მოსაწონს აზრებს: „კეთილშობილნო! წარსულს წელს მქონდა ბედნიერება და წარუდეგ მისს იმპერატორებითის დიდებულებას, ცარსკის სელოში (სამეფო სოფელში) სადაც მიბძანა მადლობა და ამ მადლობის თქვენზედ გადმოცემა, თქვენის ერთგულებისათჳს. - მეც ჩემის მხრივ კეთილშობილნო უნდა მოგახსენოთ ჩემი უგულითადესი მადლობა. რაც რამ წყალობა მივიღე ხელმწიფისაგან, ეს წყალობა მოგეწერებათ თქვენ...“ აღარ დააცალეს დაესრულებინა, შექნეს ტაშის კვრა და ძახილი; სწორე მოგახსენოთ მეც ისე მომეწონა ეს გულწრფელობითი წარმოთქმა, რომ თავის თავად ჩემმა ხელებმაც შექნეს ბარტყუნი. პირველად მე შევყვირე, ამ ყმაწვილის კაცის სასარგებლოდ. - მხოლოდ ერთი არ მამეწონა, ეს რომ ბევრმა კეთილშობილმა ვერ გაიგო, რადგანც რუსული ენა არ ესმოდა. ეს ჩინებული წარმოთქმა უნდა ყოფილიყო ყოველთათჳს გასაგონს ენაზედ. მაინც პატივი და დიდება ამ ყმაწვილკაცს, რომლისგანაც ბევრს კეთილს მოველით. დაბოლოების დროს უნდოდა კიდევ წაეკითხა ერთს და ეს ერთიც გახლდათ, უფალი ჩვენი რედაკტორი, მაგრამ ამასკი აღარ მისცეს ნება, ესეც არას ითხოვდესო. უნდაკი დაიბეჭდოს, რაცა ჰქონია მომზადებული. ამ პირობით უგზავნი შენის წიგნის პირს კერესელიძეს, რომ ამ ჩემის სალაყბოს ფურცლის ქვემოთ ის თავისი ქმნილებაც ჩაურთოს. - ვინ იცის, იქნება არ დარჩეს უნაყოფოთ და თავისს დროზედ აღსრულებაში მოიყვანონ.[2] ამის მეტს არაფერს არ მოგწერ საყვარელო ბაქრაძე, ჯერ ეს კმარა - ზოგი შემდგომს იყოს. - ოჰ! კიდევ დამავიწყდა, დასწყევლა ღმერთმა, რომ გეუბნები, არა იქნებარა კარგი, ლიტერატურა ვინ და ასე გადაკვრ-გადმოკვრით ლაპარაკი. - მაგრამ მიზეზს მიხვდები. - ერთი ქართველი ლიტერატორი, ეშშმაკათ და ქაჯათ კენჭში შემოვიდა, რა არის მეც მნახო რა ანბავიაო. შენს მტერს დაადგეს, რაც ამას დღე დაუყენეს კახელებმა. ჩხაბა გისწავლია და რაღაებსაც ჩხაპნიო, შენ როგორ გაბედე ჩვენზედ ავის დაწერაო. - დიდი შფოთი მოხვდებოდა თუ მეორეს ოთახში მშვიდობის მოყვარეთ არ გაეყვანათ. აი საყვარელო, ჩვენში ლიტერატურას როგორი ღირსება სძევს. - მებრალება ჭეშმარიტათ ეს ჩემი საცოდავი კალამი, ამის ნუგეშით მეც მეშინიან ეს დღე არ დამადგეს. - რა გაეწყობა, ბევრს ამისთა ნაებს უნდა მოველოდეთ ზოგი ერთის ჭკვიანებისაგან.

მოლაყბე.

________________

1არშაუკუნოვის სახლებს არ ვახსენებ და არც სახსენებელია. - ამის მიზეზად ბევრი მაქვს, მაგრამ ჯერ დარჩენს. - თავის დროზედკი სულ გამოვსთქვამ. რასაკვირველია შემურულის სახით.

2 მეტი გზა არ არის უნდა აღვასრულოთ უფ. მოლაყბის თხოვნა. რედ.

10 რამდენიმე აზრი შესახებ კენჭის გათავებისა.

▲back to top


რამდენიმე აზრი შესახებ კენჭის გათავებისა.

უპატივცემულესნო კეთილშობილნო! ერთის მხრით მე არ ვეკუთვნი თქვენს საზოგადოებას თუმცა გახლავარ კეთილშობილთაგანი, რადგანც განგებას არ მოუცია ჩემთჳს არცა მამული და არც თქვენზედ დაწესებული ქონება, მაგრამ როგორც კეთილშობილი, თჳნიერ ყოვლის ქონებისა; როგორც ერთგული მოქალაქე ჩემის მამულისა, როგორც ქართველი და რედაკტორი ქართულის სალიტერატურო ჟურნალისა, ვითხოვ ნებას წარმოვსთქო ზოგიერთი ჩემი აზრი, შესახებ ქართველთ კეთილმდგომარეობისა. - უკეთუ მომეცემის ნება, თქვენ კეთილშობილნო! მოგახსენებთ მოკლეთ იმედითა მით, რომ გულმხურ ვალედ სურვილი ესე არ დარჩების უნაყოფოთ. -

დავიწყოთ აქედგან: ვინა ჰსთქვა და რომელმა დაამტკიცა, რომ კეთილმდგომარეობა კეთილშომილთა, ნამდვილი განათლება და განვითარება მდგომარეობს ამასში, რომ გაიგზავნენ პირდაპირ სიყრმითგანვე ჩვენი შვილნი და შვილისშვილები ერთ-ერთს რუსეთის სასწავლებელში; რომელმა ჰსთქვა, რომ განათლება კეთილშობილთ შვილებისა, მხოლოდ მასში მდგომარეობს, რომ სიყრმიდგანვე თავისს სამშობლოს ქვეყანას მოშორებულმა ყრმამ ისწავლოს რუსეთის ერთ ერთს სასწავლებელში, მდაბალში თუ მაღალში. - არა, უპატივცემულესო საზოგადოებავ! ჩვენა გვაქვს და გვქონია მამაპაპით გამოცემული და სამკვიდროდ დაშთომილი ერთი უმთავრესი ზნეობა - ეს გახლავსთ, - სარწმუნოება და საწმუნოებაში განვითარება! უკეთუ გვესმის სარწმუნოების ღირსება; უკეთუ მტკიცედ გვიპყრია სარწმუნოების კანონები და, უკეთუ ამ სარწმუნოების კანონებს შეუდგებით ბეჯითად, მაშინ დარწმუნე ბულნი უნდა ვიყვნეთ, რომ ვიქნებით ნამდვილნი განათლებულნი. სად იყო და საიდან იწყობოდა ჩვენი ნამდვილი განათლება? სად აღიზარდადა ვით აღმაშენებელი ძველ დროს, ეს სამაგალითო ისტორიის პირი? სად აღიზარდა უკანასკნელი ქიზიყის ღრმად განათლებული და ნასწავლი მიტროპოლიტი იოანე? გაბედვით შემიძლიან ვსთქვა, რომ ეს უკანასკნელი იყო ლამპარი მრთელის კახეთის განათლებისა, - ამის სხოლაში იზრდებოდნენ მრავალნი წარჩინებულნი კახთა შვილები, რომელთა წინ, ვერცა ერთს ევროპიის განათლებულს შეეძლო დგომა. კახეთში იყო, არ მოვიხსენიებ აქ ქართლსა, რადგანც ჩემის მოხსენების აზრის განვრცელებას ვერიდები, - ორი სხოლა: ერთი წმინდის ღვთაების მონასტერში, შუა მთის ახლოს, სადაცა აღიზარდა დავით აღმაშენებელი არსენ იყალთოელის ზედამხედველობით და მეორე წმინდის ნინოს მონასტრის სხოლა, რომლისა მოწაფენი დღესაც იდიდებიან. - აქ ასწავლიდნენ საღმრთო საეროს წიგნს, რიტორებას, ღვთის მეტყველებას და სხვას. უკანასკნელს დროში ასწავლიდნენ ენებსაც, რომელთა შორის თამა შობდა უპირველესს როლს რუსული ენა. კადნიერებით შემიძლიან ვსთქვა, რომ მაშინდელნი აღზრდილნი ბევრ გზის გარდემატებიან, ახლანდელთ მაღალ სასწავლებელში აღზრდილთ. მე მოგახსენებთ შესახებ ქართულის ენისა. რას ნიშნავს ეს, რომ მაშინდელებრ ნასწავლნი ქართულს ენაზედ და დახელოვნებულნი ძვირად მოიპოვებიან ჩვენს ქვეყანაში? - ეს ცხადია! ამის მიზეზნი ვართ ჩვენ, თჳთან ჩვენ კეთილშობილნო! სადაცა აღიზარდა დავით აღმაშენებელი, ის სხოლა შექნილა ფრინველთ სადგომად; სად განაგებდა მიტროპოლიტი იოანე და სადაც, ესე იგი: სადაც იმყოფებოდა სამაგალითო წმინდის ნინოს მონასტრის სხოლა, ის გარემოება თჳთქმის დარღვეულა, ერთი ეკკლესია დარჩენილა და ისიც შერიცხულა შტატის ეკკლესიათ, - იმ ქართველთ განმანათლებელის სახელზედ დაფუძნებული, რომელმანცა დიდი ღვაწლი შესძინა ჩვენს სარწმუნოებას და განათლებას. განვჩხრიკოთ კარგათ და დავაკვირვოთ თვალი, რომ ყოვლის ღონის-ძიებით მეცადინეობა უნდა გაგვეწივა, არ მოსპობილიყო სამკვიდროდ მამაპაპით გადმოცემული ეს ორი უმთავრესი სხოლა, სადაცა ჩვენი შვილები და შვილის შვილები სწავლობდნენ, პირველად თავიანთს მამაპაპის ენას და მეორედ, ღვთის მეტყველების საშუალობით ფიოსოფიასა. წარსულს აღარა ეშველებარა, უნდა ვიფიქროთ მომავლისათჳს. - თუ გვსურს ჩვენი შვილების განათლება; თუ გვსურს იმათი კეთილ გზაზედ დაყენება, პირველად ამას უნდა ვმეცადინეობდეთ, რომ მივცეთ იმათ შემთხვევა ისწავლონ: პირველად თავიანთი მამაპაპის ენა. ჩვენი მეცადინეობაც დამოკიდებულია ჩვენ წარმომადგინელებზედ. - პატივცემულნო წინამძღვარნო! დღეს თქვენ დაგინახათ ჩვენმა საზოგადოებამ ღირსეულად, მძიმეს ტვირთის აღსასრულებლად; დღეს თქვენზედ არის დამოკიდებული ჩვენის შვილის, შვილისშვილების კეთილდღეობა. პირველად უნდა მოვიხმაროთ ის ღონის-ძიება, რომ დაწესებულ იქმნენ ის სასწავლებელნი, რომელთაცა დიდი მნიშვნელობა ჰქონიათ ძველს დროს; ის სასწავლებლები, სადაც უსწავლიათ ზედმიწევნით ქართველებს თავიანთი ბუნებითი ენა. როდესაც ისწავლიან და განვითარდებიან თავიანთს ბუნებითს ენაში, ესმით რა ღირსება თავიანთ თავსა, მაშინ შეიძლება გადაიყვანებოდნენ უმაღლეს სასწავლებელში, სადაცა ისწავიან სხვასა ენესაცა და სხვა საგნებსაცა. თუ ჩემი არ ვიცირა, სხვას რას ვისწავლი? თუ ჩემის თავისა არა მესმისრა, სხვისას რას გავიგებ? ბევრმა არ იცის ახლანდელს დროში ქართული ენა, უმე ტესად მაღალ სასწავლებლებითგან მოსულთა, ამას თჳთანვე აღვიარებენ. არ შეიძლება ხუთს და ექვს ლექსში, ქართველმა ქართულს ენაში არ გაურიოს სხვა ენის ლექსი. ეს გახლავსთ ქართულის ენის უსწავლელობის მიზეზი, ნაკლულევანება ქართულის სასწავლებლებისა. ერთს ჩვენ კეთილშობილთ მწევრთაგანს მოუხსენებია, ვითომც საჭირო იყოს ყმაწვილების რუსეთში გაგზავნას მოემატოს რიცხვი, ან პრიკაზის დანარჩენის ფულითგან, ანუ ჩვენის ღონისძიებით. ჩემის აზრით უმჯობესად ვხედამ, იმ დანარჩენის ფულიდგან, უკეთუ მთავრობა წყალობას მოიღებს, დაწესდნენ და განახლდნენ ის ქართუნი სასწავლებლები, რომელნიცა ყოფილან მოქმედებაში ძველს დროს. - და მეორედ მიექციოს ყურადღება იმ სასწავლებლებს, რომელნიცა დაწესებულნი არიან მთავრობის წყალობით ჩვენდა სასარგებლოდ. ეს მოვალეობა აწევს, კეთილშობილთ მხრივ აღმორჩეულს პირს. განათლების წარმატება მოსწავლეთ რიცხვშიკი არა მდგომარეობს, - განათლების წარმატება მდგომარეობს სწავლის თჳსებაში და ღირსებაში. მაშასადამე უნდა მივაქციოთ ყურადღება ჯერ იმ სასწავლებლებს, რომელშიაც სწავლობდენ ქართულს ენას. - გიმნაზიაში დანიშნულია ქართულის ენისათჳს ერთი მასწავლებელი, რომელიცა ასწავლის მხოლოდ კითხვას და წერას. ეს საკმაო არ გახლავსთ. ქართულის მოსწავლის ქართველისათჳს საჭიროა იცოდეს, თავისი მამაპაპის ისტორია, ისტორია თავისის ლიტერატურისა და კლასიკებისა, რომელთა სმენას ჩვენი შვილები სასწავლებლებში მოკლებულ არიან. რუსეთში გაგზავნის რიცხვის მომატებას მოსდევს ხარჯიცა, რომელიცა ან უნდა ვთხოვოთ ჩვენდა სამძიმოთ მთავრობასა, ან უნდა კისერზედ დააწვეს კეთილშობილთ, რომელთა შორის შემძლებელნი მრავალნი არ არიან. - მხოლოდ ამ სახით სასწავლებლებზედ ყურადღების მიცემა, როგორც გაჩვენეთ ზემოთ, არ მოითხოვს არავითარსა ხარჯსა. - საკუთარის სასწავლებლის დაფუძნება ყოვლის უეზდის ერთერთს მონასტერში, სადაც იქნებიან მასწავლებელად ქართულის ენის მცოდნენი ბერები, აგრეთვე არ მოითხოვს ხარჯს, რადგანც ყოვლის მოწაფისათჳს არაფერს შეადგენს, სწავლაში გაიღოს წელიწადში რამდენიმე მანეთი. ამით მოვიგებთ ორს: პირველად, რომ დაწესდებიან საკუთარნი სასწავლებლები, სადაცა ისწავლიან თავიანთ ბუნებითის ენის გარდა, რუსულს ენასაც, მეორედ დაწესდებიან ისევე მონასტრები, რომელნიცა ყოფილან ადრე დიდებაში და, რომელნიცა ახლა გაუქმებულნი არიან. - ზოგი ერთის აზრი გახლავსთ შეადგინონ საზოგადოება, რომელმაცა კისრად უნდა იღოს ძველი წიგნების გამოცემა. ეს აზრი დიდად მოსაწონია, მაგრამ ესკი უნდა მოვიხსენიოთ, რომ იმ საზოგადოებაში არიან თჳთანვე ის თაოსანნი იმ გვარნი პირნი, რომელთაცა არ იციან გვარიანად ქართული ენა. ჯერ უნდა ვისწავლოთ და შემდგომს ვასწავლოთ; ჯერ უნდა შევიძინოთ ენის ცოდნა, რომ უფრო სიამოვნებით წავიკითხოთ ის ძველი წიგნები, რომელნიცა ზოგთათჳს ახლა ძნელი გასაგონია. - ამას გარდა კეთილშობილმა უნდა გაიღოს ყოველწლივ გადაკვეთილი ფასი მაშინ, როდესაც რომ ჩვენ ჟურნალში შემოვიტანეთ ძველი წიგნების ბეჭვდა. - არა სჯობია ამ ჟურნალში იბეჭდებოდნენ ვრცლად ძველი წიგნები, რადგანც სტამბაც მზათ მომართულია, მხოლოდ კეთილშობილთ საზოგადოებამ იზრუნოს ხელის მომწერთ მომატებისათჳს. ფასი ისევე იქნება, რაც უნდა მოემატოს ჟურნალს და განვრცელდეს. ხელის მომწერისათჳ ს მაშინ ფასის გაღება არ იქნება სამძიმო, რადგანც ჟურნალსაც მიიღებს და ძველს წიგნებსაც შიგ ჰპოებს.

ყოველს სახელმწიფოში უპირველესნი საგანნი არიან ორნი: სწავლა და ლიტერატურა, ეს ორნი ერთი ერთმანეთზედ მჭიდროდ არიან დამოკიდე ბულნი. სწავლისაგან წარმოსდგება ლიტერატურა, ხოლო ლიტერატურისაგან ჰსწავლა. პირველი ჩვენი ზრუნვა უნდა იყოს ამ ორ საგანზედ, უკეთუ გვსურს ჩვენის შვილების აღყვავება და მტკიცედ განათლება. მეორე კისრად მიდვია მე, თქვენს მორჩილს მონას და მოსამსახურეს, თქვენისავე შემწეობით და თქვენისავე დახმარებით. - რაც რამ შეუძლიან ჩემს კაცობრიობით ძალას, არასა ვზოგავ ჩვენის სიტყვიერების წარმატებისათჳს. - ეს მეხუთე წელიწადია, რაც გამოდის ჩვენს ენაზედ სალიტერატურო ჟურნალი, ჩემს მხედველობასა ქვეშე. არ შეიძლება ამ შემთხვევაში, არ მოვახსენო მადლობა ამ ჟურნალის დამფუძნებელს, თ. გიორგი ერისთავს, რომელიცა იმყოფება ახლა აქ და, რომელიც იყო მიზეზი ახლანდელს საუკუნეში ჩვენის ლიტერატურის გზის გახსნისა. რასაკვირველია არ შეიძლებოდა პირველსავე დაწყებაში მისცემოდა ის სისრულე, რომლითაცა იდიდებიან ევროპიის ჟურნალები. თჳთან მკითხველნი ხედამენ თან და თან წარმატებასა. წარსულს წელიწადს მოუმატეთ ძველი მწიგნობრობის ნაწილი, სადაცა იბეჭდებიან ძველი წიგნები. ამ წელიწადს მოვმართეთ იმ გვარად რედაქცია, რომ დავაწესეთ მხატვრობის ხელოსანი, რომლისა საშუალობით ჟურნალში იქნებიან ძველის ციხე-ქალაქების სახეები თავისის აღწერილობით და გამოჩენილთ მწერლების ფორ ტრეტები თავისის ცხოვრების აღწერით.-

დღეს სრულდება, თუნდა ვსთქვათ დასრუდა კენჭი ჩვენი ყოველივე იმედი და სასოება დამყარებულია უფალთ აღმორჩეულთზედ. თქვეგნით მოველით პატივცემულნო, ამ ორის საგნის წარმატებასა და ჩვენში კეთილმდგომარეობის დათესვასა. თქვენ უნდა დათესოთ ჩვენში ნაყოფი და თქვენვე უნდა მოიმკოთ ჩვენის ძვირფასის მამულისათჳს. ორნი უმთავრესნი საგანნი: ჰსწავლა და ლიტერატურა, მეფობენ ყოველს ქვეყანაში, და ამ ორთა უპირველესთა საგანთა უნდა დაეხმარნეთ იმეფონ ჩვენს მდიდარს ქვეყანაშიაცა, სადაცა მეფობს ყოვლით კერძო მყუდროება და მოსვენება. დასასრულს, - ამას მოგახსენებთ, იქნება თქვენში ზოგმა ერთმა, მიიღოს ეს ჩემი აზრი საწყენად, უალაგოდ. მე ამაზედ ეჭვში გახლავარ და ამ ეჭვში მყოფობის დროს მაგონდება, ჩვენის წარჩინებულის პოეტის შოთას, განთქმულის პოემიდგან ერთი ალაგი, სადაცა ჰსწერს:

„ბევრჯელ თქმა ჰსჯობს არა თქმასა, ბევრჯელ თქმითაც დაშავდება!...

ივ. კერესელიძე.
1861 წელსა.
იანვრის 30.

11 ნაკმაზი

▲back to top


ნაკმაზი

ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელთანაც მქონდა ჩვენს ჟურნალზედ ხანგრძლივ ლაპარაკი მითხრა ბოლოს: „ჟურნალი არის მზგავსი ეკკლესიისაო, სადაც ყოველს კაცს შეუძლიან შესვლა და სანთლის ანთებაო. მდიდარი თავის სიმდიდრეს გამოიჩენს და გლახაკი სიგლახაკესაო. ამისთჳს ყველამ, თავის შეძლების გვარად, უნდა ვაჩვენოთ ჩვენს ჟურნალს შემწეობა მწერლობით ანუ სხვა რითიმეო. ამას ითხოვს ნამდვილი მამულის სიყვარულიო. ცარიელი ლაპარაკიდამ და ტყუილათ ხელების შლით არა გამოვარა ჩვენს სასარგებლოთ. „ამ სიტყვებმა, სწორეთ მოგახსენოთ დამაფიქრეს. თვალწინ წამომიდგა ახლანდელი მდგომარეობა ჩვენის ჟურნალისა და, თითქო, მესმოდა ამის ყვედრება, მსგავსად იმ პატარძლისა, რომ უთქვამს: „კარგ არ მაღირსიან, ავს არ მაკადრიანო“, რა ვქნა რით ვაჩვენო ჟურნალს, ამ ჩვენს პატარძალს შემწეობა მეთქი? ფილოსოფიის, ღვთის-მეტყველობის და სხვა ამ გვართ მაღალთ და სამეცნიერო საგნების თავი მე არა მაქვს მეთქი. „დიდს ფაფას დიდი სულის ბერვა უნდაო“. ამაზედ დიდხანს ვფიქრობდი, დიდხანს ვიყავ გამოუთქმელს დუმილში, და დავდიოდი ხან წინ და ხან უკან ჩემს პატარა ოთახში, ასე რომ თავბრუ დამესხა, და კარგათ რომ დავიღალე, დავიქანცე, მივედი და დავსჯექ სტოლთან, რომელზედაც არეულ მირეული, მთიულებისა არ იყოს, ერთურში გაბმული, ეყარა სხვა და სხვა ჟურნალები და გაზეთები. ავიღე ერთი, ავიღე მეორე და როგორც გიჟი, მხიარულის სახით, ისე წამოვხტი. კარგი რომ არავინ არ იყო იმ დროს ჩემთან, თორემ თოკის ძებნა რომ არ დეეწყო, ხელებს უთუოთ დამიჭერდა და ამასთან წაიბუტბუტებდა: საწყალს რა დეემართა უთუოთ გაგიჟდაო? მაგრამ მიზეზი ამისთანა მდგომარეობისა სრულებით გასაგიჟებელი და ჭკუაზედ შემშლელი არ იყო. ხელში მეჭირა რუსული გაზეთი «съвърная пчъла» (ჩრდილოეთის ფუტკარი) სადაც იყო დაბეჭდილი სტატია სახელდობ: «Всякая всячина». დავხედე თუ არა იმ სტატიას მაშინვე წამოვხტი, თითქო ვიპოვნე დაკარგული რამ და უთხარ ჩემს თავს: ამას უნდა მოვკიდო ხელი მეთქი. გავალ, მივივლი, მოვივლი და რასაც დავინახამ, შევიტყობ ანუ გავიგონებ, და ან რასაც წავიკითხავ მოკლე და შესანიშნავს ამბავებს ცისკრის მკითხველებს შევატყობინებ მეთქი - ამ სტატიის საგანიც ეს იყო, გადავწვდი მაშინვე ჩუბინოვის ლექსიკონს, თუმცა დიდის შიშით, რომ მენახა «Всякая всячина» როგორ უთარგმნია მეთქი. ღმერთმა უშველოს რომ, სხვათა შორის, ეს ლექსი არ დავიწყებია და უთარგმნია: „რაც გინდარა ყოველიფერიო“. ვსთქვი, ამ ლექსს მეც ასე ვიხმარებ მეთქი. ამ ფიქრში რომ ვიყავი, ამ დროს მამაგონდა ბაასი, რომელიც ჰქონიათ ერთ ალაგს ქართულის ენის მცოდნეთა, მაზედ რომ Смьсь, ქართულათ როგორ უნდა ვსთარგმნოთო? ერთს უთქვამს: სხვა და სხვა ანბავიო, მეორეს აღარ მახსოვს და სასაცილოკი ყოფილა, მესამე წამომდგარა და უთქვამს: მოდი ნაკმაზათ ვთარგმნოთო ამაზედ დიდი ლაპარაკი ჰქონიათ და ჩვენებურათ ბევრიც უცინიათ. სურიოზნობა ხომ იცით სიკვდილით: სიმღერა, ქეიფი, სიცილი, ყვირილი და.. საქმის დაუბოლოებლობა. აი ჩვენი ჩვეულება. შეიძლებოდა - Смьсь ეთარგმნათ ესრეთ თუ არა, მე ამაზედ არაფერს არას ვიტყვი და ჩემი ჩრდილოეთის ფუტკრის «Всякая всячина» კი ნაკმაზათ მითარგმნია და ესრეთ მიწოდებია ჩემის სტატიისათჳს, და ნუ გეგონებათ, რომ ამ თარგმნას მე თავზედ ვახვევდე ვისმე, და როგორაცა ჭეშმარიტსა ჩემს ნაკაზმში, პურის ნაკმაზიკი არ გეგონოთ. ესე იგი ჩემს სტატიაში ყველაფერი იქნება, რასაცკი ჩემი ყურები და თვალები, გაიგონებენ და დაინახვენ და ამისთჳს, საჭიროთ ვრაცხ დღეის შემდგომ დავიხურო უჩინმაჩინის ქუდი, და ისე ვიარო ყველგან, რომ არ დამემალოს რამა. ხოლო კანონათ დამიდვია: არც კარგი და არც ცუდი, არც ბოროტი და არც კეთილი არა დავმალორა ესრეთ, რასაც გავიგებ, დავინახამ და წავიკითხამ წვრილ წვრილათ, ნაწყვეტ ნაწყვეტ და წყნარათ მოგახსენებთ ნათქვამია „აჩქარებითა სოფელი არავის არ მოუჭამიაო“.

ანჩისხატურათ ჩავიკეცე ქუდი, ვახსენე ღმერთი და ბედი, და გამოვედი შინიდამ ქუჩაში, სადაც დამხვდა მოხუცებული ერთი დედაკაცი, ორკეც ჩადრ წამოსხმული, ტანში მოხრილი, რასაკვირველია სიბერისა გამო, თუჩებ და ლოყებ ჩამოშვებული. უეჭველია რომ არ შავხედამდი იმ მშვენიერებასა, და თუ შამეხედნა კიდეც, ისე მაინც არ გავშინჯავდი, როგორც მშვენიერს ქალსა, რომლის ხილვით ყმაწვილს კაცს დაუწყებს ხოლმე მაჯა და ხშირად ცემასა და გული ძრიელ ჰძგერასა, თითქო საოფლე შაეყარაო; მაგრამ ერთმა მისმა ცხვირის დაცემინებამ მიიქცია ჩემი ყურადღება, ასე რომ თავით ფეხამდისინ თვალი გადავავლე და ისე ჰგვანდა ის მოხუცებული ჩემს ერთს მცნობს მოხუცებულს დედაკაცს, რომ ცოტა გაწყდა არ მოვიკითხე და თავი არ დაუკარი, და რომ დავაცქერდი, მაშინ ძლივ ვიცანი, რომ ის არ იყო და ვსთქვი: სახით რომ ასე ჰგავს, იქნება ჭორაობაშიაც ჰგვანდეს მეთქი. მაგრამ ვინ იცის, იქნება ისე მორიდებული იყოს ჭორაობისა, რო გორც ჩემი მცნობი. წინააღმდეგ ამისა, მორი დებული არის სიმართლესა. უნდა მოგახსენოთ რომ, ჩემს მცნობს მოხუცებულს რომ ყური დაუგდოთ განჰკვირდებით და სამჯერ უთუოთ პირჯვარს დაიწერთ: ღმერთო საიდამ იგონებს ამდენ ჭორებსა და სიცრუესაო. მაგრამ ჩემით... სწორეთ ანგელოზათ მეჩვენა შემდეგ ერთის ყმაწვილის ქვრივისა, რომელიც ეხლახან გავიცანი. პირველათ არა მჯეროდა რომ ამისთანა ყოფილიყო მაგრამ, სამწუ ხაროთ, მალე დავრწმუნდი, რომ ამისთანა მეჭორე, იქნება, როგორც მეუბნებოდნენ მთელს ხმელეთზედაც არ იყოს მეთქი. ოღონდ ალაპარაკეთ, ოღონდ აჭორავეთ, გარწმუნებთ, პურის ჭამა, რაც გინდა მშიერი იყოს, დაავიწყდება, თითქო ესესარი სუფრიდამ ამდგარაო. იმის ლაპარაკს რომ ყური დაუგდოს კაცმა მაშინვე იტყვი ს: „წყილს აქლემს აშობინებსო“, ჰსწორეთ ამაზედ უნდა იყოს ნათქვამიო და საცოდავი ამისი ქმარი უთუოთ ამის ჭორაობას მოუკლამსო: როგორათაც იმათ ჭორაობას ყურს არ უგდებ და არც მჯერა ხოლმე, აგრეთვე იმ ზემოხსენებულ მოხუცებულის ცხვირის დაცემინებასა, რომელსაც არა რაი მე ძალა არა აქვს და არც ექნება კაცის მოქმედობაზედ და ცხოვრებაზედ, მაგრამ ამაოთ მორწმუნებას ისე ღრმათ გაუდგამს ჩვენში ფესვი, რომ ბევრნი, ჩემს ალაგს რომ ყოფილიყვნენ უთუოთ უკანვე დაბრუნდებოდნენ: „ჰე! ერთი ცხვირი მომივიდა, ხეირი არა იქნებარაო“.

ცხვირის დაცემინება, როგორც ნიშანი ბედნიერებისა ანუ უბედურებისა ძველადვე არის მიღებული. გომერი, რომელიც ჰსცხოვრებდა რამდენიმე წლის წინათ ქრისტეს შობისა, ჰსწერს ამაზედ თავის პოემაში. „პოეტები, როდესაც ლამაზის ქალის ქება უნდოდათ, ამბობდნენ: „ამის დაბადების დროს ამურთ ცხვირი დაუცემინებიათო? ცხვირის დაცემინება დილით ქვეშაგებიდამ და სუფრიდამ ადგომის დროს უბედურებას ნიშნამდა და ისე იყვნენ დარწმუნებულები ამაზედ, რომ მეორეთ მიუბრუნდებოდნენ ქვეშაგებში წოლას და პურის ჭამასა. საბერძნეთში, კერპობის დროს, ვისაც ცხვირს დააცემინებდა უთუოთ უნდა ეთქვათ: გწყალობდეს იუპიტერი. აფრიკაში, აღარ მახსოვს რომელს ქალაქში, როდესაც იმათ კოროლს ცხვირს დააცემინებდა, თავმდგომთა უნდა დაიწყონ საშინელი თურმე ყვირილი და ვინც იმ ყვირილს გაიგებს იმანაც უთუოთ ბანი მისძახოს და იმ ყვირილით მთელი ქალაქი შეიტყობს ხოლმე რომ კოროლს ცხვირი დააცემინაო. წარმოიდგინეთ რა ყვირილი უნდა ასტყდეს, როდესაც კოროლს შეეყრება სურდო სახადის მსგავსი რომ არია! საიდამ, ანუ რომლის მიზეზით დაუწყვიათ ხალხს თავის დაკვრა და მილოცვა ცხვირის დაცემინების დროს: გწყალობდეს იუპიტერი, ღვთის წყალობით, სიცოცხლე, დღეგრძელობაო და სხვა ამ გვარი სურვილი, ნამდვილათ არავინ არ ვიცით. ცემით სულს ამოგვართმევენ თუ ცხვირი დააცემინე ჩვენში მაშინ, როდესაც მიცვალებულს ახსენებენ. ყველამ ხელი უნდა დაჰკრან და სთქვან „შენი ჭირიმე შენს სეხნასაო“. საჭირო არ არის თჳთოეულათ ჩამოვთვალოთ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენში ცხვირის დაცემინებასა. - ყოველმა ქართველმა თჳთქმის იცის. „ჩვენ ამიტომ ვჰსცემთ პატივს ცხვირის დაცემინებასა, სწერს მონტანი, რომ თავიდამ წარმოდგებაო. სასაცილოთ ნუ ამიგდებთო, ამას ჰსწერს არისტოტელიო. „თავს ამიტომ გიკრამენ ცხვირის დაცემინების დროს, სწერს არისტორელი, რომ ამით გაჩვენონ, რომ შენი ტვინი არის ტახტი გონებისაო“. დიდი ისტორია შესდგება თჳთოეულად რომ ჩამოვსთვალოთ სხვა და სხვა აზრები ამ საგანზედ. ანბობენ ვითომც ევროპაში ეს ჩვეულება შემოსულიყოს მეექვსე საუკუნეში იმ დროს გაჩენილა თურმე რაღაცა ჭირი, ნიშანი რომლისა ყოფილა ცხვირის დაცემინება და მაშინ ვისაც დააცემინებდა ცხვირსა სიცოცხლე უნდა ენატრათ იმისთჳს, რადგანც იშვიათათ გადაურჩებოდა კაცი იმ ჭირსა, რომ ცივი საფლავი არ მოენახა. მიზეზი ხცვირის დაცემინებისა ხშირათ ცხვირის ძარღვების გაცივება და ცხვირის შიგნით კანის გახმობა, როდესაც ნაზლას თავიდამ აღარა აქვს მომდინარეობა მაგრამ ამ მიზეზებს დაგიდევს ამაოთ მორწმუნება, რომლის აღმოფხვრა უნდა მივანდოთ მხოლოდ განჰსჯასა განათლებისასა. გაუნათლებელი კაცი ჰსწორეთ ყმაწვილია, ყველა უკვირს, ყველა სჯერა. როდის იქნება ჩვენი წლოვანება, წლოვანება განათლებისა, წლოვანება გონებისა? მაშინ, როდესაც გონებას მიეცემა თავისი ალაგი და თავისი მნიშვნელობა, არ იქნება დათხოვნილი და დავიწყებული და არ ისანსალებს აქა იქ უადგილოთ და უნაყოფოთ, მოვიწვიოთ გონება და ვკითხოთ ყოველივე და დარიგებისამებრ მისისა ვიმოქმედოთ, და უკეთუ დავემონებით ამაო მორწმუნებასა, როგორათაც დამონავებულნი არიან ჩვენი ზოგი ერთი ბატონები, საცინელნი და საცილონი შევიქნებით შვილთა და შვილის შვილთა ჩვენთაგან.

იქნება ბატონები გამიწყრნენ ამ თავისუფლებაზედ და სიმოროტებაში ჩამომართვან და მოინდომონცა ჩაქოლვა ჩემი რადგანც ჰსჯა ჩემი სრულებით წინააღმდეგია მათის სჯისა; ამისთჳს მათ უნდა მოვახსენო, რომ ბოროტებასა ჩემში სრულებით არ აქვს ალაგი, გარნა კეთილის სურვილისა და განძრახვისა, რომლისადმი მივიღწვი სასარგებლოთვე ჩემთა მემამულეთა. ვსთხოვ მიბძანონ: როდემდის უნდა იყოს დაფარული მათი ნაკლილევანება და ან რა მიზეზი უნდა მოვიგონოთ რომ საქვეყნოთ არ გამოვაცხადოთ? არა სიყვარულს, თუ მოგვთხოვენ ნამდვილს და არა ცრუსა სიყვარულსა, ამას ვერ იკისრებთ, რომ ჩვენის ძმის ნაკლულევანებას გულგრილათ გვერდზედ გაუაროთ და ხმა არ ამოვიღოთ, თჳთქოს აქ არა ანბავიაორაო, მართლმსაჯულება და მართლ სიყვარული ჩვენი იმათში მდგომარეობს რომ არც კეთილი და არც ბოროტი არც ღირსება და არც ნაკლულევანება არ დავმალოთ. გულზედ დაიდონ ხელი ბატონებმა და ისე მომიგონ პასუხი ამაზედ თუ ვსტყუოდე, და თუ არა ტყუილათ ყაყანით არა გარიგდებარა და მეც ტყუილად მომაცდენენ ჩემს საქმესა, რომელიც მაკისრია სანამ ისინი იყიყინებენ, ვიცი უამოსოთ ვერ გასძლებენ, მე გავაგრძელებ ჩემსა მოგზაურობასა. -

როგორც ზემოთ ვსთქვი, ანჩისხატურათ მქონდა ქუდი ჩაკეცილი და ისე მოვდიოდი, გავიარე სემინარიის წინა და მიუახლოვდი თამამშოვნს ქარვასლასა, ამ ახალს სალაყბოსა. თუ გინდათ შეიტყოთ ახალი ანბავი აქ მობძანდით, გაიარეთ გამოიარეთ და უთუოთ ახალ ანბავს რასმე გაიგებთ, თუმცა უნდა ერიდოთ იმ ერთს ვაჭარს თავპირ დასივებული და პირიდამ დორბლი რომ ჩამოდის, თორემ ფულების ანგარიშის მეტს არას გაგაგონებსთ: ერეკ თუმან! ირიქ თუმან, ამ სალაყბოზედ ბევრი რამ არის სათქმელი,. - ამ სალაყბოზედ ბევრი რამ არის სათქმელი, რადგანც აჩქარებით საქმის გაკეთება არ ვარგა, ამიტომ შემდგომისათჳს დარჩეს ამის აღწერა და მნიშვნელობა ქარვასლასთან მივედი და სალაყბო ფილაქანზედ პოლიციის მხარეს რომ არის, გავიარე, სადაც ვნახოთ ორი ვაჭარი კაცი, ერთი რუსულათ ჩაცმული, მეორე ქართულათ, მაგრამ რუსულის ქუდით. აი უმსგავსო შეხამება და გემოვნება! შეხვდნენ ერთმანეთს. პირველათ რომ დაინახეს ერთმანეთი, ასე სიამოვნებით გაუცინეს ერთმანერთს, რომ გეგონებოდა ათი წლის უნახავები არიანო. რუსულმა ქუდიანმა მანამ მიახლოვდებოდა და ჩამოართმევდა ხელსა, შორიდამვე დაუძახა:

ოჰ! ეჯუფ !

პოღოს ინჩხაბარე? ჰკითხა მეორემ და ჩამოართვეს ერთმანერთს ხელი.

თბილელი.

(განგრძელება შემდგომში.)