ცისკარი №5 (1861)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 მოწყალეო ხელმწიფევ, უფალო რედაკტორო!

▲back to top


მოწყალეო ხელმწიფევ, უფალო რედაკტორო!

თქვენთან ჩემ-მიერ გამოგზავნილს რვეულებში, სხვათა თხზულებათა შორის, ჩემსავე შეცდომით (როგორცა სჩანს), გამოჰყოლია მოკლე პოემა, „ნაანბობი მოხუცისა“, რომლისაც დაბეჭდვა მე არ მსურდა და რომელიც დაიბეჭდა ამ წლის „ცისკრის“ პირველს ნუმერში.

მისს დაბეჭდვას არ მოველოდი და არ მსურდა მისთვის, რადგანც მე იგი დავსწერე (ამ ექვსის წლის წინათ), გამოსაცდელათ ჩემის თავისა, შევიძლებადია, თუ არა მწერლობაში მიბაძვას მაინც გამოჩენილთა და დიდათ საქებართა ჩვენთა ძველთა მწერალთა. დავსწერე, მარამ ვგრძნობდი რომ ჯერ შორს ვიყავ მათ-თან დაახლოვებისა მწერლობაში და, გარდა ამისა, ჩემს ნაწერს აკლდა შალაშინი, (როგორ ერთხელ ითქვა თქვენს ჟურნალში.)- რაც მოხდა-მოხდა და ამ ნაკლულოვანებით იქმნა დაბეჭდილი „ნანბობი მოხუცისა“. - ახლა სხვა ვეღარა მოვიფიქრერა ამის მეტი, რომ შევასწორე რაც შეიძლებოდა და სადამდინაც ღონე მიმიწვდებოდა. - გიგზავნით ამ გასწორებულს პოემას და გთხოვთ მისცეთ მას ადგილი თქვენს ჟურნალში ხელ-ახლათ დაბეჭდისათვის. - ესეც იქონიეთ სახეში რომელ ასოების დამწყობს, თქვენს მესტამბეს, ჩემს ცოდვებთან თავისებიც დაურთავს და ამით „ნაამბობი მოხუცისა“ ცოტათ დამახინჯებული ძე შეგვძენია. - იმედი მაქვს ახალი რვეული შეასწორებს ჩემს საქმეს და შეუმსუბუქებს სნეულებას ახლად დაბადებულს გონჯსა, თუ მესტამბემ ჩუმათ წამლობა არ დაუწყო თავისებურათ.

დავშთები ქართულის ლიტერატურის და თქვენი ერთგული მოსამსახურე,

თ. რაფიელ ერის-თავი.

25 იანვარს, 1867 წელსა, დ. ზუგდიდი.

2 ნაამბობი მოხუცისა

▲back to top


ნაამბობი მოხუცისა

(მიბაძვა ძველებურთ მოლექსეთა.)

„... რა გითხრა შვილო მოხუცმა, თავს ბევრი გარდამხედია...
მთხოვ და გიამბობ მცირესა, ნუ გეგონები ყბედია...
სად არ ვთრეულვარ: მთა, ბარსა, სად გადმივლია ქედია,
და ას გზის მინახავს მრისხანეთ, მომღიმარეთაც ბედია!
ერთსა ანბავსა გიანბობ ძალა მიეცი სმენასა,
არ შემიძალო ბაასი, შენ ნუ გაანძრევ ენასა,
მოგითხრობ ჩემსა ნახულსა დაწვლილებითა ყველასა
და ამაოდ ნურას მაუბნებ მამიშენისა ლხენასა.
როცა ხელფეხი მერჩოდა, ომი მერჩივნა შინ ძილსა,
თუ მქონდა ტყვია, წამალი, არ დაგიდევდი შიმშილსა,
წასვლას ვისწრაფდი ლაშქრათა, როგორც საცოლო ქორწილსა
და თოფი და ხმალი, ცხენები მაშინ მერჩივნა ცოლშვილსა!
ერთხელ ვილაშქრეთ ქისტეთზედ, სადაც არღუნი მდინარებს,
კლდიდან კლდეზედ ხლტის, ღრიალებს, ჰგავს მხეცსა რასმე გმინარეს...
სოფელს მივედით ჩაღმოსა, გარს შემოვერტყით მინარებს,
და ზოგნი შეუხტის ციხესა, ქისტთ დავეხსენით მძინარებს.
შეგვექმნა ომი ფიცხელი, თოფის ცლა, ხმალთა ტრიალი,
ისმოდა ვაჟკაცთ ძახილი, ჩვენზედ მოიღეს გრიალი,
ქალთა დაიწყეს სიმღერა[1] ბალღებმა შექმნეს ღრიალი,
და ბევრს აუტირეთ დედ-მამა დარჩნენ ვით ოხერ ტიალი!...
რა ომს მოვრჩით მშვიდობით დავიმორჩილეთ სოფელი,
სარდალსა წიგნი მივსწერეთ, გავგზავნეთ მახარობელი...
მეკი იქ ყოფნას ვინანი, არავარ ღმერთისა მგმობელი...
და სადაცკი ხვედრსა ვერიდე, მუნ დამხვდა დაუნდობელი!
იქ ყოფნას ეხლაც ვინანი მაშინაც მენანებოდა,
მის-თვის რომ ვნახე ვაჟ-კაცი ტყვია გულს დასძგერებოდა,
უცხო რამ გმირი, მამაცი, სანთელივითა ქრებოდა,
და მიველ და ზრუნვა დავიწყე, თუკი რამ ეწამლებოდა.
მან მითხრა: „ჩემო ბიძიავ, მსგავსო მამისა ჩემისავ,
ნურასა სწუხარ, ამაოდ, შენ ჯაფა მოგეცემისა,
აღსრულდეს ჩემზედ ბრძანება უფლისა ძლიერებისა
და ხამს დასანთქველი დაინთქვას მსგავსად უძირო გემისა!“
მე უთხარ, შვილო, რას ივნებ, ნეტა წამლისა გლესითა?
სულმოკლეობა არა სჯობს, თავს ვერ მოირჩენ კვნესითა,
ბევრი მინახავს პყრობილი ჭირითა უარესითა,
და სჯობს გამაგრება, მხნეობა, მოთმება ვაჟკაცთ წესითა.
რა მომისმინა წამოჯდა, შემომღიმილა მწარეთა,
მითხრა: „ვხედავ რომ ვკვდებიო, ვაჟკაცებრ ლაშქრათ გარეთა,
მე სიკვდილ არას ვიშიშვი, ნუ მიცნობ ესრეთ მდარეთა,
და თუ მოვკვდე ამასა გვედრი აქ მიწას მიმაბარეთა!

ამასდა გარდა, მამაცო, მაქვს შენთან სახვეწარია,
ნუ დაივიწყებ გახსოვდეს ეს ჩემი საუბარია,
გეტყვი მიზეზსა, რისთვისაც სიცოცხლე გავიმწარეა,
და მამასა ჩემსა უანბე, ვისგანაცა ვარ მკვდარია...“

________________________________

„ერთხელ ვნახე ქალი ერთი, მე რა გითხრა მისი ქება,
ნინა ჰქვიან სახელათა, ვისთვის ეხლაც გული კვდება,
მთელს ხმელეთზედ იმისთანა, ვფიცავ არსად იბადება,
და მისის ხილვით მთვარე კრთება, მისი შუქით ვარდი ჭკნება!

პირველთავე მე ნინამა კეთილი არ დამაყარა:
დავინახე, დამინახა, გულს ისარი გამიყარა,
გამიცინა, გახლტა მსწრაფლათ, გამირბინა, გამეყარა,
და ერთის წუთის სიამოვნე მომისპო და გამიმწარა!

რა გაგიგრძელო ანბავი მეორეს დღეს ვნახე ნინა,
მშვენიერმა გუშინდელებრ ისევ ტკბილათ გამიცინა,
მკითხა: „ძმაო, ვის დაეძებ, საიდგანხარ ანუ ვინა?...
„და ვკადრე: „მზეო, შენსა შუქსა დავსდევ, შენი ჭვრეტა მინა!“

მან მითხრა: „ჩემი მძებნელი მიჰმართავს ჩემსა მამასა,
თუ იმას დაიყაბულებ გარდგვიხდის ერთა-ჭამასა,
გჯეროდეს ჩემი სიტყვები, ფიცი არ უნდა ამასა...
და ესე სთქვა, მსწრაფლად გაბრუნდა, გული თან გაჰყვა ლამაზსა!

რა ვისმინე მე ესენი კვლავ ვახსენე ღმრთისა ძალი,
ნინოს მამას მოციქული გაუგზავნე, ვსთხოვე ქალი;
მან დასტური შემოსთვალა- მომივიდა კაცი მალი
და მეტის-მეტის სიხარულით წავბარბაცდი ვითა მთვრალი!

ხანი აღარ დააყოვნეს მეორეს დღეს წამიყვანეს,
დარბაზს ნინა შემოვიდა და ხუცესიც დაიბარეს,
ჩვენ ბეჭედი მან გვიკურთხა: გაიხარეს, გამახარეს
და მაშინ ვკრეფდი ნინას ვარდთა: მალ-მალ ჩემკენ დაიხარნეს!...

ერთხელ მითხრა მე ნინამა: „მოდი ყური მომიპყარო,
ჩემი აზრი ესე არის, სჯობს რომ ეხლა ვაღვიარო:
თუ რომ გინდა საყვარელო, უფრო მეტად შეგიყვარო,
და ასახელე თავი შენი, თუ რომ გინდა რომ გიქმარო.

გირჩევ წახვიდე ლაშქრათა უნდა იშოვო სახელი,
ყოველი სული გაქებდეს, არ გჯობდეს ერთი კახელი;
თუ ვაჟკაცობას არა იქ, არავარ შენი მნახველი...
და წადი და მასახელე მე, მაფიცე შენი სახელი!“
ესე სთქვა და დამაშურა, აღარას დამაგვიანა,
მითხრეს ჯარიც იყრებაო და ქისტეთზედ მიდიანა,
წამოველ და ნინასათვის გულიდ-გან სისხლის მდიანა:-
და ადამის გვერდის ნამტვრევმა დახე რა დამაზიანა!...

ვიცი მამაჩემს უანბობ წვრილათ ამა საუბარსა,
ანუგეშე, უთხარ: ღმერთი მოგცემს სხვასა, კარგსა ვაჟსა;
საბრალო თავში წაიშენს, ვით მოლხინე სცემდეს ტაშსა;
და დაიჭი თორემ გაიგლეჯს თმასა, წვერსა და ულვაშსა!...

თუ შაჰხვიდე სადმე ნინასა, უთხარ ვერ უზამ ქმრობასა,
ქვეშკნელს მივალთქო, იქიდ-გან ვინ შესძლებს ტრფიალობასა,-
უთხარ: გიორგიმ ასე სთქვა: „ზეცას გიზამთქო ძმობასა,
და სხვა მოძებნეთქო საფერი, ის გიზამს გიორგობასა!“

კვლავ ჰკადრე ნინოს: „გიორგიმ ჰქმნა ვაჟკაცობა კახური,
ქისტეთში დარჩა ელჩათა, შინ დაითხოვა მსახური,
მიწას სჭამს, წვიმის წყალსა ჰსომს, მოძაგდა ღვინო და პური,
და მიწაა მისი დარბაზი, იგივე საწოლ-სახური!...“
რა ესე სთქვა, ცრემლი ღვარა წაუვიდა დაჭრილს გული,
მივეშველე, მოვაბრუნე, მარამ ვაჟკაცს ჰკლავდა წყლული...
-„მოგიკვდიო“! შემომძახა ვერ ვშველოდი მე ბედკრული,
და აქ პირჯვარი გადიწერა, განუტევა ესრეთ სული!...

__________________________

ამის მნახავსა მას აქეთ, თვალთა დამაკლდა ჩინია,
მინდა რომ ვიყო ქორწილში არ მელხინების ლხინია,
ომისა, ვაჟკაცობისა, გაგრილდა ჩემში ჟინია...
და გემდური ხვედრო, აქამდის, მეც რათ არ დამაძინეა!...

ამ სიტყვითა გაათავა ბერმა კაცმა ეს ანბავი,
დაიოხრა ცრემლი ღვარა, გაიქნია სამჯერ თავი,
სთქვა საბრალომ: „ღმერთო რის-თვის დამანატრე მიწა შავი?!...
და მეც დამაფიქრა ამბავმა - მეტის-მეტათ იყო მწვავი...

თ. რაფიელ ერის-თავი.

_____________________

1 ომში ქისტის ქალები უტენენ კაცებს თოფებს და იმღერიან სალაშქრო სიმღერებს.

3 ნამდვილი შემთხვევა

▲back to top


ნამდვილი შემთხვევა

ნათარგმნი

საჭიროდ არ ვრაცხ იტალიის აწერას, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესმა ნაწილმა მკითხველთა იცით სად არის ეს მშვენიერი ქვეყნის ნაწილი; და უფრო ეხლანდელ დროში ვინ არ იცით სად არის მშვენიერი იტალია, სადაც მოქმედებს უწარჩინებულესი მისივე მემამულე შვილი ღარიბალდი?-

იტალია მშვენიერი თავისის ადგილის მდებარეობითა, არის მდიდრად შემკული ყოვლის ნაყოფიერებით, რომელთაც მოჰყავთ განცხრომაში და აღტაცებაში მჭვრეტელნი. ამ მიზეზით არა ერთ გზის აწერილა სხვა და სხვა მწერლებთა და მოგზაურებთაგან ეს მშვენიერი ქვეყნის ნაწილი.

საშვალ აპენინის მთათა, სადაც ადგილის მდებარეობა ბუნებამ განასხოვა მშვენიერებითა, უმეტეს დანაშთენთა ნაწილთა იტალიისათა, ერთ მშვენიერ ქალაქში, დგას დიაღ მშვენიერი ციხე დარბაზი, რომელიცა ჩყთა-სა წელსა ეკუთვნოდა მარკიზს - დე-სპინოსა. მარკიზი იყო დიდი შესული ყმა ახალ ნეაპოლიტანის მეფე იოახიმ მიურატთან და ეჭირა უდიდესი ადგილი მის სასახლეში. იმა წლის ეკენისთვის მშვენიერს დღეში, იმ ციხე დარბაზისკენ მიეშუროდა ერთი ყმაწვილი კაცი; სრული ყოვლის მშვენიერებითა, ტანისამოსი ეცვა მდიდრად შემკული ნეაპოლიტანის მეფე ღვარდიისა. სახე იმ ყმაწვილი კაცისა წარმოადგენდა კეთილობას და მხიარულებას. შემდეგ რამოდენიმე ხნის სიარულისა, მიაწია მან თავის სანატრელსა ადგილამდი, გადმოხტა ცხენიდგან, მისცა იგი ერთს მოხუცებულს კაცს მდგომარეს ჭიშკართან; თავათკი წავიდა ბაღ-ბაღ ციხე დარბაზში. იმ დარბაზის წინ მშვენიერ მარმარილოს კიბეზედ ისხდენ რაოდენიმე მდიდრად ჩაცმული მოსამსახურენი. როგორცკი იცნეს მიმავალი სტუმარი იმ წამსვე წამოხტენ და ერთი იმ მსახურთაგან შეუძღვა დარბაზში. ღრაფის ყურადღება მიიქცია მდიდრად მოსილმა დარბაზმა, რადგან ყოველი ნივთი იქ მდგომარე სულ ძვირფასის და მშვენიერების ხელოვნებით ნაკეთები იყო. თვითონ ღრაფი რომელიც იყო ნეაპოლიტანის მეფესთან მოსამსახურე, მნახველ ნაპოლეონ პირველის სიმდიდრის და მრავალთ სხვა ხელმწიფის სასახლეთა, გაოცებული იყო ესრეთის სიმდიდრის ნახვითა. მცირე ხნის შემდეგ გამოეგება მოხუცი მარკიზი თავის ქალით, მიესალმენ ერთმანერთს და სთხოვეს დაჯდომა ღრაფს ამ სიტყვებით: „საყვარელო მეგობარო! დღეს სრულებით არ მოგელოდი, მაგრამ ჩანს რო გგზავნიან სადმე?“

სწორეთ მიხვდით, უმოწყალესო ხელმწიფეო, ერთი დღის ვადა კიდე მისცეს ჯარს აქ დარჩენისა და ამ ხნის დარჩენით მე ვისარგებლე, წამოველ თქვენს სანახავათ და უფრო ჩემი საყვარლის საცოლოსი მიუგო ებოლმა. გმადლობა საყვარელო ღრაფო, რო თქვენ ასრულებთ თქვენს ვალდებულებას, როგორათაც შეშვენის თქვენს გვაროვნობას, განუმეორა მარკიზმა. ეგრეთვე ქალმაც დაუწყო ლაპარაკი ღრაფს და ღრაფმან შემდგომ ბევრის მუსაიფისა ჰკითხა: „ჩემო სიცოცხლეო, ვგონებ ბევრი ფიცით ჰრწმუნება საჭირო არ იყოს, რო ჩემი თავი შენთვის მაქვს შეწირული და მარადის იმას ვცდილობ, როგორმე გასიამოვნო; შენ წყენას ისე ვერიდები, და უფრო კიდე, როგორათაც ღმერთის გმობას: მითხარი მართალი, გიყვარვარ თუ არა? თუ გიყვარვარ ხომ მომიცდი მობრუნებამდის? „ქალმა მიუგო: რათ ხარ ეგრე ეჭვიანი, ხომ გითხარ ერთჯერ, შენის მეტი ქმარი ღმერთმა მე ნუ მომცეს. და თუ ღმერთმან იმდონათ მომიძულა: შენ რამე გაგიჭირვა, მაშინ მე მოლოზნად წავალ შენის სულის სალოცავად“. - შემდგომ ესეთის სიტყვებისა, ღრაფმა ებოლიმ წაიძრო მშვენიერი ზურმუხტის ბეჭედი, წამოაცო ქალს ნეკზედ, ამ სიტყვით: „ვთხოვ ყოვლად შემძლებელ ღმერთსა, რო მე და შენი დანიშვნა ქმნას ბედნიერ. ეს ბეჭედი მაქვს მოცემული სიკვდილის დროს ჩემი დედისაგან, იმან მირჩია მიცემა ამ ბეჭდისა დანიშვნის დროს ჩემი სასძლოსათვის“. საღამოს მზის ჩასვლის დრომდის, შეექცეოდა იგი მასთან სხვა და სხვა ამბებითა, მაგრამ საღამოსკი დაიწყო მზადება წასასვლელად. მაშინ უთხრა მარკიზმა: „შვილო, ხომ კარგა იცი რო მამაშენი ფერდინანდი დიდი მეგობარი იყო ჩემი? მისი თხოვნა, რომელიც იყო სიკვდილის დროს შენი წარდგენა მეფესთან ავასრულე, ეხლა მეფეს ისე უყვარხარ შენ, რომ მეტი აღარ შეიძლება! განამართლე ჩემი იმედი შენზე; ყოველი ბედნიერება წინ გიძევს. ნუ დაივიწყებ, რომ ეხლა მე შენი მამა ვარ, მსურს ყოველი სიკეთე და ბედნიერება შენთვის ჩემო საყვარელო ებოლი. დაგილოცავ მგზავრობას: ღმერთმა მოგცეს ყოველი სიკეთე და ბოროტს აგაცილოს, აწ შვილო წადი თორემ დროზე მიუსვლელობა ეწყინება მეფეს, კიდევაც ღამდება და ღამე სიარული ძნელია!“ ღრაფმან მოახსენა დიდი მადლობა როგორც რიგია ამ შემთხვევის დროს, გამოეთხოვა და შემდგომ მიუბრუნდა თვალ ცრემლიანი ლოდოვიკოს გამოეთხოვა მას ხელს კოცნით და დიდის ალერსით. შემდგომ ამა ანბისა გამოვიდა ღრაფი, შეჯდა ცხენზედ, რომელიც ეჭირა მომზადებული ერთს მსახურთაგანს, წამოვიდა ნელ-ნელა მწყნარის სახითა. ყოველ ცხენის ფეხის გადმოდგმაზე იხედებოდა უკან-უკან, რომ დაენახა სანატრელი საცოლე; ის იდგა აივანზე და უყურებდა საქმროს წასვლას - იმ ღამეს ლოდოვიკო დაჯდა აივანზე, მახლობლად მისის საწოლის ოთახისა, რომელიც ერთი მხრით დაჩერებოდა იწრო გზასა, მეორეთიკი ღრმა თხრილსა. დაიწყო მან მშვენიერს მთვარიან ღამეში ხელ საქმის კეთება; უნდოდა როგორმე გაეტარებია დრო, შემდგომ საყვარლის მოცილებისა; ამ დროს მოესმა მას ფეხის ხმა ფოთოლთ შრიალი, შეშინდა, გაყვითლდა და უწყო მას გულმა ძგერა, უნდოდა კიდევად დაეყვირა, მაგრამ გააჩერა ნაცნობის ხმამ. დაიწყო ყურება იქით აქეთ და დაინახა სახე თავის საყვარლისა თხრილის ნაპირზე მდგომარის; დაუძახა: „თუ ღმერთი გწამს უკან დაიხიე, თუ არა თხრილში ჩავარდები, გაიჭირვებ რასმეს“. - მაგრამ ის ამ ძახილის დროს გადმოხტა, მოეხვია ქალს და უთხრა „საყვარელო, დღეს რაც შენ მოგცილდი, მას შემდეგ, შეშლილივით დავიარები გარეშემო ამ თქვენის ციხე დარბაზისა, არ შემიძლია წავიდე ნეაპოლში, სანამ არ განმიმეორებ სიყვარულის ფიცსა. შენს სიყვარულს ჩემზედ დაამტკიცებ მით, რომ მომცემ ნაჭერს შენის კავისასა.“ ქალის ნებით ამოიღო ხანჯალი, მოსჭრა კავი, მაგრამ მოჭრის დროს ცოტათ მარცხენა ხელის თითი გაიჭრა და სისხლის წვეთი ქალს, ხელზე დაეცა. შეშინდა ქალი, შემოიხსნა უცებ ცისფერი სარტყელი წელიდგან და შემოახვია მას. შემდგომ მცირე ხნისა გამოეთხოვა და წამოვიდა იმავე გზით, რომლითაც მივიდა. მაგრამ ლოდოვიკომ მამას არაფერი არ უთხრა ამ შემთხვევისა.

როდესაც ღრაფი მივიდა ჯარში, მაშინ მიიხმო მეფემ, მიანდო საქმე, მისცა საიდუმლო ბარათი, რომელიც უნდა მიეტანა საფრანგეთის მხედრობისათვის მაგრამ უნდაკი გაევლო საშვალ მტრის ჯარისა. მიიღო რა ყოველი ქაღალდები შეჯდა იგი თავის საყვარელ ცხენზე და წავიდა. როცა მიაწია მან მტრის ჯარის მახლობლად, სიარულში დიდის კრძალვით რომ ის არ ჩავარდეს მტრის ჯარის ხელში, ამ დროს მოესმა მას კაცის ხმა შორე ახლოდგან; დაანება ცხენს სადავე, თვითონკი მოემზადა რომ გადარჩეს საშინელს განსაცდელს. მიუახლოვდა იგი ერთ პატარა წყალს, დააპირა გასვლა, მაგრამ დაესხნენ მას ორი კაცი, შეჰკრეს, აუხვიეს თვალები, ჩასვეს ნავში და წაიყვანეს თავდაღმა წყალ-წყალ. შემდგომ მცირე ხნის მგზავრობისა, გარდასვეს წყლის პირად ერთს პატარა სახლში, გახადეს ტანისამოსი, ჩააცვეს უბრალო და წაართვეს ყოველი მონდობილებითი ქაღალდები. ებოლმა განვლო ორი ღამე დიდ ტანჯვაში, მისთვის რომ ძლიერ მოშივდა და მოწყურდა, მშველელი კაციკი არსად არიყო. იმოდენათ დასუსტდა რომ სიკვდილზე იყო მიწეული, თუ შემდეგ მცირე ხნისა ფეხი და ხელი არ შეეხსნათ. როცა მან იგრძნო ფეხის და ხელის შეხსნა დიდის გაჭირვებით სთხოვა მშველელთ წყლის დალევა. მათ დაალევინეს. მაშინ მოვიდა იგი გონზედ, განახილა თვალი, დაინახა გვერდით მდგომარე გოგო და ათი წლის ყმაწვილი, ჰკითხა მათ: „ვინ შეჰკმარაო“? მაგრამ მათ მიუგეს, ჩვენ არაფერი არ ვიცითო. საქონელი გამოგვექცა აქეთ, ამ სახლში შემოვიხედეთ, დაგინახეთ ფეხ და ხელ შეკრულიო. ღრაფმა დიდი მადლობა უთხრა მათ. მწყემსებმა შეიპატიჟეს რძისა და პურის ჭამად; ებოლმა დიდის მადლობით გამოართვა მეტად დამშეულმა. მოსურიელდა რა დაიწყო ფიქრი „რა ვქნა ეხლა, გაუდგე ჩემს მტრებსო, თუ მეფეს ვაცნობო ეს ჩემი უბედურებაო. მაგრამ ანკი, რო გაუდგე მათ სად ვნახავ; ისევ სჯობს მეფეს ვაცნობოო“. ეს უკანასკნელი ჰაზრი არჩია, და წამოვიდა. როცა მოაწია საფრანგეთის მხედრობასთან, მათ პაროლი მოთხოვეს; თუმც პაროლი უთხრა, მაინც დაიჭირეს ვითარცა შპიონი, მიგვარეს აფიცერს. მან უთხრა აფიცერს; რო მე ვარ ღრაფი ებოლი, რომელიც ვიყავ გაგზავნილი მეფესაგან სხვა და სხვა მინდობილებით, მაგრამ მეწია უბედურება ვერ შევასრულე მისი ბძანებაო“. აფიცერმა სიცილით უთხრა: „რას ანბობო, ის ღრაფი რა ხანია მოვიდაო, ყოველი მინდობილება ასრულებული მოუტანია მეფესო“. ფიცულობდა რომ ის ცრუ ვინმე არიო; ნამდვილი მე ვარო. აფიცერმა უმაღლეს მთავრობას წარუდგინა, უკანასკნელად მიაწია მეფემდის. მეფე გაჰკვირდა, როცა ეს ანბავი გაიგონა; მოაყვანინა ღრაფი. თუმცა სახე ღრაფისა წარმოადგენდა მზგავსებას უწინდელის მისის სახისას, მაგრამ როგორღა შეეძლო მეფეს მისი ცნობა, როდესაც იგი დაფრეწილ ძონძიან ტანისამოსში ჩაცმული იყო და სახე მზისგან დამწვარი ჰქონდა. როდესაც შემოიყვანეს ცრუ მიმთვისებელი ღრაფი, საწყალი ნამდვილი ღრაფი გაჰკვირდა რომ, ერთი სიტყვით ის ცრუ ღრაფი ყოვლის ფრით მისი მსგავსი იყო და ლაპარაკშიდაც არვის შეეძლო მათი გარჩევა. კითხა ნამდვილმა ღრაფმა: „ნუ თუ თქვენ თვითონ აპირებთ ჩემი გვარის მითვისებას, მაგრამ მომეცით ნება უარის ყოფისა, რადგანათაც სამი და ოთხი ისეთი საყვარელი მყავს ამ ქვეყანაში რო მათი განაწილება არ შემიძლია თქვენთვისო“. ამ სიტყვებმა მოთმიებისაგან გამოიყვანა ებოლი და გამოითხოვა მან დუელში ცრუ ღრაფი. მაგრამ ცრუ ღრაფმან მიუგო: „ჩემს ხარისხს ისე ვერ დავამდაბლებ რო თქვენთან ვიკადრო ჩხუბიო“. მეფემაც უბძანა ნამდვილ ღრაფს: „ეხლა მიპატივებია ამისთანა საქმე შენთვის, მაგრამ თუკი კვლავ გაგიბედნია უეჭველია ძლიერ დაგსჯიო. საწყალი ღრაფი გულ შეწუხებული, თვალ ცრემლიანი გამოვიდა მეფის სახლიდგან. წავიდა თავის საცოლე ქალთან, მივიდა იმ ციხე დარბაზში, რომელიც აგვიწერია ზემო, მაგრამ მსახურნი არა თუ მიეგებნენ, სიცილიც დაიწყეს დახეული ტანსაცმო რო დაუნახეს, უთხრა მათ, „მოახსენეთ მარკიზს, რო ღრაფი ებოლი მოვიდა მათ სანახავად“. მარკიზმა ბძანა მისი მოყვანა. ძალიან გაკვირდა იმ კაცის ნახვაზედ, მისთვის რომ მგზავსი ნამდვილი ღრაფის სახისა იყო. დაუწყო გამოკითხვა ყოველი ანბისა. მაგრამ ამ დროს შემოვიდა ცრუ ღრაფი დაუყვირა. როგორ თუ გაგიბედნია თქვენ აქ მოსვლა? მეფემ აღგიკრძალა აქ სიარული და თქვენკი მობძანებულხარ ისევე? ესეთს სიტყვებზე მარკიზს ეჭვი შეუვიდა ნამეტურ. ვინ არ დაეჭვიანდებოდა მათზედ. რადგან ისინი ძნელი გამოსარჩევვი იყვნენ ერთი მეორისაგან ისე საოცრად ჰგვანდნენ ერთი მეორეს. მამითმინეთო უთხრა მარკიზმა, ჩემი ქალი უფრო გიცნობთო, რომელიც თქვენში ნამდვილი ღრაფიაო. გამოვიდა ქალი და პირდაპირ ნამდვილ ღრაფთან მისგან ბეჭედის მოგონებაზე. ეს არის ნამდვილი ღრაფიო! მაგრამ ცრუ ღრაფმან აჩვენა მისგან მოცემული თმა, ლენტი და მოაგონა საღამოს მოცემული თმა, ლენტი და მოაგონა საღამოს გამოთხოვება. შემდგომ ისეთის ნიშნების ჩვენების უმოწყალესნო მკითხველნო, არ არის გასაკვირველი რო დაერწმუნებია ის ქალი რომ ის იყო ნამდვილი ღრაფი. მაგრამ ნამდვილ საწყალ ღრაფსკი პანჩური კრეს და გარეთ გამოაგდეს. ციხეში ჩას. მასაცკი უპირებდა მარკიზი, რომ ისევ ცრუ ღრაფს არ ეპატიებია. შემდგომ ამა ანბისა, ებოლი შევიდა ერთ ოთახში საცა მისი მამის სურათი ეკიდა ძვირფასად მოჭედილი ბრიანტითა სხვა და სხვა ქვებითა. დაიდო გულზე მამა მისის სურათი, დაიწყო მოთქმა და თავში ცემა ხელითა. ამ დროს შემოესწრო მარკიზი, დააჭერინა ვითარცა ქურდი და ციხეში ჩასვა. იმ დღის საღამოს როცა თავის უნებურად უნდა დაეტოვებია ნეაპოლი წასულიყო კალაბრიაშიდ, შევიდა მასთან ცრუ ღრაფი და დადგა მდუმარედ სანამ თითონ ნამდვილმა ღრაფმა არ დაუყვირა: ნეტა რა უნდა ჩემს მტერს აქაო? მან უთხრა: „აი ეს ქისა ოქრო ქონდესთ თუ ჩემს თხოვნას აღასრულებთ“. მან კითხა: „თქვენი თხოვნა რა უნდა იყოს ჩემთან“. მაშინ მან მიუტანა ხელის ძაგძაგით ქაღალდი, რომლითაც სთხოვდა თანხმობას აღვიარებისას მაზედ რომ ვითომც ის სტყუოდა მითვისებად ღრაფის გვარისას. ვერ წარმოიდგენთ მაშინდელ სიფიცეს ღრაფ ებოლისას, ესეთის უსირცხვილო თხოვნისათვის. აიღო ქაღალდი სულ ნამცეც ნამცეც დახია. მაშინ უთხრა ცრუ ღრაფმან: მე ერთის სიყვარულის მიზეზით მოველ თქვენთან რომ განმეთავისუფლებინეთ ამ საშინელ საპყრობილედგან, მაგრამ თქვენ არ ინებე ჩემი შეწევნა. თუ იმას ფიქრობთ თქვენ, რო ლოდოვიკო შეირთოთ დარწმუნებული იყავით, რომ მისი შერთვა, თქვენ აღარ შეგიძლიათ, რადგანათაც ეხლა ის ჩემია. ამ სიტყვების შემდეგ გამოვიდა და კარი ისე მიხურა. საწყალს ებოლის დაუკარგა ყოველი იმედი თავისუფლებისა და უფრო ლოდოვიკოს შერთვისა დაემხო თავ დაღმა საწყალ ჩალაზე, დაიწყო ტირილი და ვაება. ამ დღეში ცრუ ღრაფს ჯვარის წერა უნდოდა რო მარკიზის უეცარ სიკვდილს ხელი არ შეეშალა. ლოდოვიკოს სურდა შემდგომ მამის სიკვდილისა წასულიყო თავის ძალუასთან დროს გასატარებლად. მაგრამ ცრუ ღრაფი ურჩევდა ნუ წახვალო. მაგრამ მას მაინც არ დაუჯერა წავიდა. ცრუ ღრაფმან დაუწყო მას შევიწროება რამდენიცა მისგან შესაძლო იყო. როცა ქალმან იგრძნო თავის შეიწროება მაშინ ეჭვი შეუვიდა; სწორეთ ნამდვილი ღრაფი ის იყო რომელიც გავაგდეო. ამ მიზეზით განიზრახა მან ნეაპოლში მეფესთან წასვლა, რო მან დააბრუნოს ნამდვილი ღრაფი, მაგრამ მსახურებმა გამოუცხადეს ღრაფის ნება: არათუ ნეაპოლში გაუშვას იგი, თავის ოთხიდგანაც არ უპირებს გამოშობას, თუმც პირველ ამ ამბის გაგონებაზედ შეშინდა, მაგრამ შემდგომ რაოდენისამე წამისა გაიმაგრა გული, ბძანა მოყვანა ღრაფისა. მოვიდა სრული დაიმედოვნებული ეგონა თუ დაეთახმებოდა შერთვაზე. სიცილით ჰკითხა: „რა გნებავთ ხელმწიფეო ჩემო? თქვენ მიხმეთ“? ქალმა მიუგო: „დიაღ მე გიხმეთ. თქვენ ინებეთ ჩემი შეპყრობა ჩემ სახლში?“ ხელმწიფეო ჩემო! ამ გვარ შეცთომას აქვს მიტევება, მისთვის რო მე თქვენ მიყვარხართ. ყოველ საშვალობას ვხმარულობ რო თქვენ ჩემი იქმნეთ? მაშინ ქალმა უთხრა. „კმარა ამოდენი გაბრიყვება და მოტყუება ჩემი. აქ აღარ მოვიტყუებ ჩემს თავს. როგორც სჩანს თქვე ცრუ ღრაფი უნდა იყოთ“? ღრაფმა მიუგო: „მართალია ნამდვილი ღრაფი ის იყო, რომელიც თქვენ გააგდეთ! მე მივითვისე მისი სახელი, მისთვის რო მამა მისმა პირველად დედა ჩემი დანიშნა და ვეყოლე მე. შემდგომ დაუტევა დედა ჩემი; შეირთო მისი დედა რომლიდგანაც ეყოლა ის. ამ მიზეზისათვის მინდოდა დამეტანჯა იგი. ყოველი კაცი მარწმუნებდა, რომ ძლიერ უგავს მას თვალტანად, სიარულში და ლაპარაკში. შეუდექი მის სრულ მზგავსებას. ოთხი წელიწადი ვეწვალე რომ ყოვლის ფერში მას დავემსგავსე ბოდი და კიდევ შევასრულე ჩემი. რამოდენ უბედურებად მიღირდა ეს ჩემი ცდა. მაგრამ ვარ მოხარული რომ მე არ დავსტანჯე როგორ ჩემი სურვილი იყო. უკანასკნელ დროში როცა ის თქვენ გამოგეთოვათ ნეაპოლში წასასვლელად, მე ამ თქვენ ციხე დარბაზში ვიყავი, უყურებდი მას როგორი ტანისამოსი ეცვა. საღამოს მე ვიყავ თქვენთან, ვერ გამომარჩიეთ ნამდვილი ღრაფიდგან. თქვენი თმა და ლენტი მე წავიღე. შემდგომ თქვენი ნახვისა გაუდეგ მე მას. ორის ავსტრიელის სალდათის შემწეობით დავიჭირე ის, აუხვიე თვალი, გავხადე ყოველი ტანისამოსი და წავართვი. რამდენ შრომად მიღირდა ამ საქმის შესრულება. ასი იმოდენი სიხარული მომიტანა, როცა მეფემ მე მიმიღო ნამდვილ ღრაფად, ისკი გამოაგდო გარეთ. ეხლა რომ დარწმუნებული ხართ რო მე თქვენ გატყუებდით; მაგრამ ვიმედოვნებ ვითარცა უფროსი შვილი ღრაფი ებოლისი, გამხდით ღირსს თქვენის სიყვარულისას“. ქალმა უარი ჰყო. თუცმცა ჩემმა თვალებმა მომატყუა, მაგრამ მე ღმერთმა ნუ მომცეს ფერდინანდის ებოლის მეტი ქმრად კაციო. - ცრუ ღრაფმან უთხრა:

მშვენიერო ქმნულებაო!

ბუნებამ შეგქმნათ თქვენ ყოვლი უკლების სიმშვენიერებითა. მასთან არ გყოთ მოკლებულ არც ძალასა, არც სიმდიდრესა, არცა ჭკუა გრძნობისა. მაგრამ მეკი მქონე უფრო თქვენის ძალისა და მცირე კეთილშობილებისა ვეძიე თქვენი ჩემდა ხელში მოგდება. რისათვის არ მშურდა არც ფული, არც კაცის სურვილი, არც რაიმე სიბორიტის ასრულება ერთი სიტყვით ოღონდა თქვენკი გამხდარიყავით ჩემი და ყოველ საქმეს ავასრულებდი. ნუ გაკვირდებით მოწყალეო ხელმწიფეო ამ ჩემ სიმართლის მოხსენებისათვის, მართლაც უნდა მოგახსენოთ რომ თქვენი ჭკუის მქონდე ისე ჩქარა არ უნდა მოტყუებულ იყო პირველი ჩემი ისე მიღებისათვის. ნამეტურ შემდეგ მისა, როცა მოგიკალ მფარველნი თქვენი ძვირფასნი მშობელნი და ძმები. ეხლაკი თქვენი განთავისუფლება ძნელია ჩემი ხელიდგან. ისევ გირჩევთ რომ იყოთ ჩემი მოყვარული და მორჩილი, თუ არა გარწმუნებთ, რომ ისეთ საპყრობილეში ჩაგსომ, რომლიდგანაც განთავისუფლება თქვენს დღეში არ შეგეძლოსთ.

შემდგომ ამა ანბის გაგონებისა ქალმა იწყო ტირილი და თავში ხელით ცემა. ანბობდა: რა უბედური რამ ვარ! როგორ მომიყვანა საქმე ამ წყეულმა, მაშინ როდესაც მე მასვე მივენდვე ყოვლის კეთილის გულითა. უკანასკნელად მიუგო ღრაფს:

უმოწყალესო ღრაფო!

რისთვის ხართ ეგრე დარწმუნებული რო არაფერი საშვალება არ მაქვს განთავისუფლებისა მაშინ, როდესაც მე მოვენდე თქვენს მფარველობას ჩემი კეთილის გულის ნებით. თქვენკი ინებეთ ჩემი შევიწროება. გარწმუნებთ რო ჩემი ძალის მქონე თქვენ ძალასთან უფრო ჩქარა განთავისუფლდება ვიდრეღა ძლიერი, მისთვის რო ადრე თუ გვიან ჩემს მდგომარეობაში მიიღებს ვინმე კეთილი კაცი მონაწილეობას, რადგანათაც მე მართალი ვარ, ნუ თუ თქვენმა სინიდისმა არ გამხილოთ ოდესმე ესე ჩემი უკანონოდ შეპყრობა და არ მყოთ თავისუფალი? თქვენ გნებავთ ძალით მომერთოთ? თქვენ მისის თქმისაც არ გრცხვენიათ, რომ ჩემი მფარველნი მშობელნი და თანაშობილნი მომიკალით. შემდეგ ამ საქმისა თქვენ გნებავთ ჩემი შევიწროება? გარწმუნებთ მოწყალეო ხელმწიფეო, რომ სჯობს ნებით ჩემი განთვისუფლება თუ არა ცუდათ მოგიყვანთ საქმეს. დარწმუნებული ბძანდებოდეთ ამაზედ. ღრაფმა მიუგო! თქვენის თანხების იმოდენათ მეშინია რამოდენიც ბუზისა. ნუსწუხდებით ლოდოვიკო! გარწმუნებთ ეგრეთის თქვენკი სასტიკ სიტყვებით მე ვერ შემაშინებთ. პირველ ჯერ არ მესმის მე ეგ თქვენგან. ლოდოვიკო დარწმუნდა რო მას აღარ უნდა მისი განთავისუფლება. მაშინ შეუდგა იგი მოძიებად სხვა რამე საშვალებისა განიძრახა გაპარვა ნეაპოლში მეფესთან. მაგრამ გაპარვა ძნელი იყო რადგნაც გზირები ყავდა შემორჩენილი. ერთს ღამეს როცა ყველას ეძინა, ლოდოვიკო შევიდა სალაროში ჩაიცვა ვაჟის ტანისამოსი, მარჯვენა ხელში დაიჭირა ხმალი, მარცხენაშიკი კოლოფი სავსე ოქროთი. დაიწერა პირჯვარი. სთხოვა ხელის გამრთვა მგზავრობაში ღმერთს, მშობელს. მერმეთ გამოვიდა გარეთ, ჩქარა გაიარა დიდი მინდორი და შეუდგა ერთ დიდ გორას. მაგრამ რადგანაც ბნელი ღამე იყო, წვიმდა და სიცივეც იყო, გზა ვეღარ გაიგო. საწყალი მთელ ღამეს სულ ეკალ-ეკალ დავიდოდა; ტანისამოსიც შემოეხია. მეორეს დღესკი შუადღემდის შეძლო სიარული. მერმეთ მივიდა ერთ პატარა ბუჩქნართან, გარდაშალა უნდოდა დაემალა კოლოფი; ამ დროს მოიხედა და უკან დაინახა კლდეში პატარა სახლი. შევიდა, ნახა: ღვინო, პური და სხვა მრავალი სასმელები. მან ხელი ვერაფერს ვერ ახლო. მაშინ დაიწყო ფიქრი და მოიგონებდა წარსულ თავის დროებას. იმ დროს შევიდა მასთან ერთი კაცი უცებ, დაიყვირა, მოეხვია ყელზე და დაუწყო კოცნა. საყვარელო ებოლი! ვმადლობ ყოვლად შემძლებელ ღმერთს, რომ მან შეისმინა ჩემი უღირსი პირისაგან თხოვნა, მაღირსა კიდე შენი ნახვაო! იქ ნახა ებოლი, დაჯდენ უანბეს ერთი მეორეს თვისი გაჭირვება და შეცთომილება. იმ ღამეს იქ დარჩნენ რადგანაც ლოდოვიკო ძლიერ მოღალული იყო. მეორეს დღეს წავიდნენ, როცა გაიარეს კარგა გზა ერთს მინდორზე დაინახეს წოლარე კაცი, მივიდნენ სანახავად, იცვნეს ცრუ ღრაფი, მივარდა ებოლი, მოეხვია ყელზე, რა დაგმართია საყვარელო ძმაო? დაუწყეს ჭრილობის ექიმობა და წაიყვანეს თან, როცა მოვიდა გონებაზე უანბო მან მათ თავისი ანბავი: „ლოდოვიკოს დასაწვენად წამოველ დამიხვდენ იმ ადგილს საცა თქვენ მნახეთ ავაზაკები გამტარცვეს და კიდეც დამჭრესო. როცა მივიდნენ ებოლი და ლოდოვიკო ციხე დარბაზში, რომელიც ეკუთვნოდა მარკიზ-დე-სპინოს. შემდეგ მცირე ხნისა დაქორწინდენ, ქორწინება მათი იყო მდიდარი და მშვენიერი, რადგანათაც დაესწრო მეფე ოიახიმ მიურატი და მეუღლე მისი ხრისტინა დაი ნაპოლეონ პირველისა. ებოლიმ დაუმტკიცა თავის ძმას სახელი ღრაფობისა და ყოველი ადგილ-მამული რადგანათაც ის იყო უფროსი შვილი მამა მისისა.

როცა ნაპოლეონ პირველი წავიდა რუსეთში მაშინ ორივე ძმები ახლდენ მეფეს მიურატს. როცა ნაპოლეონ დაამარცხეს რუსებმა, მაშინ ბერეზინა წყლის გადასვლაზედ ებოლის ცხენი წამოექცა წყალში და რო ძმას არ ეშველა დაირჩობოდა. მაგრამ იმ საწყალ მშველელსკი ჭრილობები გაუხსნა და შემდგომ მცირე ხნის ავათმყოფობისა გარდაიცვალა. სიკვდილის გამოთხოვების დროს უთხრა თავის ძმას: „მე დიდი მოხარული ვარ ეხლა ჩემი სიკვდილისათვის, მისთვის რო რაც მსურდა ყოველივე შევასრულე. ერთის მხრით დედი ჩემის უპატიოდ მოპყრობა გარდავიხადე მეორეს მხრით ეხლა შენი გულისათვის ვკვდები და ჩემი სინიდისი განიწმინდა, რადგანათაც მე დიდი დანაშაული ვიყავ შენთან. აწ იყავ მშვიდობით და განაგრძოსთ უფალმან დღენი შენი, შენი საყვარელი ძვირფასის მეუღლით. გთხოვ ძვირფასო ძმაო მომიტევო ყოველივე შეცთობილება ჩემი შენთან. ეს ანბავი უანბო ავტორს ერთმა მისმან მონათესავემ, რომელიც თვით მნახველი იყო ამა ანბისა.

თ. სამსონ აბაშიძე.1860

15 დეკემბერს.

ს. პეტერბურგს.

4 გამოსალმება

▲back to top


გამოსალმება

ვითა ცის ნამი დილითა ბრწყინვალებს ახლად შლილს ვარდზედ,
მარგარიტ-ცრემლნი, ცრემლთა ჰსდევს, ნიშნად ჭმუნვისა შენს ღაწვზედ!

სატრფოვ! გშორდები და სიტყვაც ვერ მიპოვნია სათქმელად!
ანუ შენთ ცრემლთა საშრომლად, ან ჩემად სანუგეშებლად?

ვერცა ცრემლს ვაფრქვევ, ვერც ვუბნობ,
ჩემსა სიყვარულს, ჩემს ტანჯვას,
და მით ვარ უფრო უბედურ, რომ ვერა მოვსთქვამ მსგავსად სხვათ.

ნამდვილი ტრფობა, გინა რა სიტყვათ ეძებდეს ვერ ჰპოვებს!
რომელ გამოსთქვას თვის გრძნობა, და მისთვის ოხვრით მდუმარებს,
ესე არს საშიშ შემჭმელი, ცეცხლი უხილავ, უალო,
არ აჩენს გარეთ ნიშანსა, შიგნით გაოხრებს გლახ გულო!

ტრფობა უძლურთ გულთ წყაროს ჰგავს მთათაგან გარდმოქანებულს,
რაოდენ ველზედ შორსა ვალს, ეგოდონ დაუძლურებულს;

რა ჩემებრ გულით კლდოვანი, მიიღებს ეშხის ბეჭედსა,
და დრო მას ვეღარ შემუსრავს, თუ არ შემუსრავს თვით კლდესა!

გეტყდი, ვიდრემდის ვუმზერ მე, მზის შუქსა ნათელს მთოვარეს,
ვიდრემდის ოხვრა გინდ ერთი, მშთომია ნიშნად სიცოცხლის!

თ. გრიგოლ ორბელიანი.

5 თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ

▲back to top


თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ

საღმრთო წერილი გვამხილებს:
„ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ.“

არ არის ეჭვი, ის პირი, რომელზედაცა ვჰსწერ ამ მცირედს აზრს და იქნება მკითხველიც, თუ რომ ეკუთვნის მაღალ სასწავლებელში გაზდილთ საზოგადოებას, დამძრახავს ამ გვარ დაწყებაზედ, მაგრამ რადგანც ჩვენ მოვმდინარეობთ მამაპაპათ ჩვეულებაზედ და უმაღლესს პოეზიას, გინა ფილასოფიას ვპოვებთ უმეტესად საღმრთო წიგნებში, ამისათვის შემოვიტანეთ ჩვენის აზრის დასაწყისში ეს რამდენიმე საღმრთო სიტყვა. - მკითხველი მგონია მიხვდა, რომ ვლაპარაკობთ მეოთხე ამ წლის ცისკრის წიგნში დაბეჭდილს თავად ილია ჭავჭავაძის თხზულებაზედ, სადაცა საკმაოდ პატივით მოხსენებულნი ვართ ცისკრის თანა-მშრომელნი. ისა ჰსწერს, რომ ოთხ ხუთ პირთ გარდა ახალი პროზაიკები და მოლექსენი ზოგი ერთის გარდა ღმერთმა შეინახოსო... რომ ამ ახლის რითმების მორახუნებლებს, არავის... ჯერ ერთი ეს უნდა მოვახსენოთ თავად ილია ჭავჭავაძეს, რომ არა ლიტერატორს არ შეშვენის ამგვარის უშვერის ლექსებით მოხსენება. თუ ლიტერატურობაზედ თავსა ჰსდებს, რატომ ესკი არ უნდა მოეხსენებოდეთ, რომ ლიტერატურა უნდა შეიცავდეს პატიოსნურს და დარბაისლურს ენას და არა უშვერობას. ის გვიწერს, რომ ვითომც ჩვენ ვახდენდეთ ენას, არამც თუ ვაკეთებდეთ. თუ უკაცრავათ არ ვიქნებით, მგონია თითონ უფრო ახდენს. წახდენა არ არის თქვენი ჭირიმეთ, პირველის შესავალის გვერდზედ სხოლიოში რომ იძახის: ვ, ვე, ი, ვი, ხ, სულ არ გვიხმარიაო, და თუ ვინიცობა არის ეს ენის წინააღმდეგათ მიაჩნდეს ვისმეს, ჩვენ ყოველთვის მზათა ვართ გავსცეთ პასუხიო. ჩვენ როგორც შეგვიტყვია, ილია ჭავჭავაძე, ბატონებო, გაზდილი გახლავსთ უნივერსიტეტში, სადაცა ასწავლიან მრავალს საგნებს, და, რასაკვირველია სწავლას მიიღებდა, მაგრამ აი საკვირველი! უპირველესი საგანი არ შეუძინებია და ლიტერატორობსკი! თუ ნებას მოგვცემს, მოვახსენებთ, თუმცაკი მაღალ სასწავლებელებში არა ვყოფილვართ, და არათუ მაღალ სასწავლებელში, შინადამაც გარეთ არ გავსულვართ, რომ ყოვლის მწერლისათვის საჭიროა და აუცილებელი იცოდეს: თეორეტიკა, ანუ ჰსწავლა ხელოვნებითის სიტყვიერებისა. ეს რომ ყურადღებით წაეკითხა, უეჭველია არ იტყოდა. ვ, ვე, ი, ვი და ხ-ის ხმარება საჭირო არ არისო. რატომ არ იცის თავად ილია ჭავჭავაძემ, რომ ბუნებით მომზადებულთა სიტყვათათვის ადრევე დადებულ არიან კანონნი, რომელნიცა არიან მართალნი და, რომელთაცა გამოცვლა დიდი გმობა უნდა იყოს. თეორეტიკა ენისა განსაზღვრავს: ა, რავდენი მოუცია ბუნებას ჩვენთვის ხმა გამოხატვისათვის სიტყვათა, ბ, ვითარ შეუერთებია მას ესე ხმანი შედგენისათვის მარცვალთა, გ, თუ ვითარ შედგენილან მარცვალთაგან სიტყვანი, რომელთათვისაცა განუწესებიათ სხვა და სხვა გვარი სახე მნიშვნელობისამებრ გამოხატვისა და დ, რომელისა კანონით განუსაზღვრავთ შეერთება სხვა და სხვათა სიტყვათა რათა შედგენილ იქმნენ პირველ დაწყებითნი აზრნი შეერთებულთა სიტყვათა. ყოველთა ამათ განხილვა, გამოძიება და ახალთა კანონთა დადება ჩვენი საქმე არ არის, რადგანც ყოველი ესე არის მოყვანილი ცნობაში ჩვენზედ ადრე ბუნება გვეუბნება თქვი ქვაო და არა ქვაო; ბუნება გვამხილებს თქვი ჩვენო და არა ჩვენო. თუ ხელოვნების თეორეტიკა არა გრწამთ, გრამმატიკისას რაღას იტყვით, რომ ჩვენის ენის თვისებას ეს შესანიშნავი კანონები შეუდგება: სადაც ვ დაჰყვება უხმოვანს ასოებს შუა, ან სადაც ვ-ს წინ-უძღვიის უხმო ასო, - იქ ვ-ს მაგიერად ვ უნდა,- სადაც ყურით გვესმის ვ-ის მაგიერად ვ, ან ვი-ს მაგიერად ვი, იქ ეს მართლ წერა არ უნდა ვჰყოთ უგულებელს, რადგანც ბუნების წინა-აღმდეგი იქნება.- თუ რომ უფ. ჭავჭავაძეს ჰსურს ახალის ენის დაბადება, ესკი არ ვიცით. სხვებზედ ბძანებს: რითმების ტრფიალებისათვის აზრსა სწირამენო. თუ უკაცრაოთ არ ვიქნებით, მგონია ენასაც თითონ ახდენს და რითმების ტრფიალებით სიტყვებსაც ამახინჯებს, აი, რომ ჩვენის ენის მნიშვნელობა სრულებით აღარა აქვს. თუნდა ჩვენც ავიღოთ მაგალითად იმისი უკანასკნელი სამი ლექსი მეოთხე ნუმერშივე დაბეჭდილი და გავსინჯოთ კარგა თვალ დაკვირვებით:

„მისი ლექსი სუბუქ ფრთითა
ხან მეჯლისში“ და სხ...

სწორეთ მოგახსენოთ არ ვიცი რის თქმა ნდომია. სიტყვა ესე „სუბუქ“ ქართული არ გახლავსთ,- ამისი მზგავსი სიტყვა გვაქვს მართალია, მაგრამ ის სიტყვა „სუბუქ“ კი არ გახლავსთ და, სუბუქიკი.- რომ ეთქო სუბუქის ფრთითა, თუმცა ფრთითაც შეცთომაა, რადგანც ფრთით მხოლოობითი რიცხვია და არა რომელიმე არსება არ არის, რომ ერთის მხოლოობითის ფრთით დაფრინამდეს, მაგრამ არა, ჩვენც შეუტყეთ, სუბუქის ფრთით, ანუ სუბუქის ფრთებით რომ დაეწერა, მარცვალი მეტი მოუვიდოდა და, ლექსად აღარ გამოუვიდოდა.- 518 გვერდზედ, პირველს სტრიქონში ბძანებს ბატონი პოეტი:

„ხან დაჰყურებს ღრუბლიანი დაფიქრებით გოგჩის ტბასა...

ვის გაგიგონიათ თქვენი ჭირიმეთ, ითქვას ღრუბლიანი დაჰყურებს, მოღრუბლული დაჰყურებს შეიძლება, ანუ ღრუბლით დაჰყურებს გასაგონია, ღრუბლიანი დაჰყურებსკი პირველი გაგონებაა! აკი მოგახსენეთ რომ ახალი ენის დაბადება უნდა! იმისი არ იყოს.

„და ემდურის ყარიბ მღერით...

ჰსწორეთ ეს ყარიბ იმავე სუბუქს მიემზგავსება.- და თუ უკაცრაოთ არ ვიქნებით იმის „ხელი გავიქნიე ფეხს ჰგავს“

„ან შენ მაშინ რა იცოდი,
ან შენ გიჟმა რა იცოდა...

აკი მოგახსენეთ გრამმატიკა არა ჰსწამს მეთქი.- განა დავიწყებია, რომ კითხვით ლექსს,- ვისმა გიჟმა? მოსდევს ნაცვალ სახელი მოქმედებითი, მაშასადამე უნდა ითქვას, შენმა გიჟმა და არა შენ გიჟმა - მაგრამ უნდა მიუტეოთ ამ შემთხვევაშიაც, რადგანც შენმა რომ დაეწერა ერთი მარცვალი მეტი მოუვიდოდა, ლექსის შეწყობა დაიკარგებოდა, იმით პროზად შეიცვლებოდა, და ლექსად აღარ გამოუვიდოდა. ჰო! ესკი დამავიწყდა, უთუოთ ილია ჭავჭავაძეს რაც მოხვდებოდა და როგორც იმისათვისა ჰსწერს. რომ გაუგონია პოეტების ფანტაზიას თავისუფლება აქვსო და პოეტებს ამ გვარები მიეტევებათო, ზემოთ შემეძლო მეთქო, აბრახუნებს მეთქი, მაგრამ ზდილობა, წერის სურვილით როგორ უნდა დავჰკარგოთ?

„ტყეს ესხმება ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის...

სასაცილოა ჭეშმარიტად და სამწუხაროც რომ ასე შეიცვალოს ჩვენი სამშობლო ენა. თქვენი რისხვა მქონდეს თუ თავის დღეში გამეგონოს მერცხალი ჭყივისო, ღორზედკი გამიგონია უთქომთ, ღორი ჭყივისო, იქნება ოდესმე ბულბულზედაცა თქვას ჭყივისო, რატომ?. თუკი მერცხალი დაიჭყივლებს, რატო ბულბულიკი არ უნდა ჭყიოდეს, - სადაც ვაზს აობლებს ბაღში, რომელსაცა რამდენიმე ასი და ათასი სხვა ვაზები ახვევიან და, სადაც იესო ქრისტემ ქვეყანა ამ სიტყვით აკურთხა „განმრავლდით, ვითარცა ვენახი მსხმო“ ისკი აობლებს, მაშ რატომ მერცხალიკი არ დაიჭყივლებს ხეზედ შემომჯდარი მაისის დროს!

ამას გარდა, ერთი გადაშალოს გრამმატიკა და წაიკითხოს ზედ შესშული სახელი, ჰპოვებს სადმე ამ სიტყვების კანონს, „ძალიან უპატარესსა“ თუ ძალიან არის უპატარესი რაღა საჭიროა, თუ უპატარესი არის ძალიან მგონია მეტი იყოს.

მერმეთ ვსთხოვთ შეასმინოს ჩემსა გაუნათლებელს გონებას, მაგ განათლებულმა პატივცემულმა სტუდენტმა, რა მნიშვნელობა აქვს ამ ლექსებს: ესტეტიკური, სენტი-მენტალური, დრამმატიზმი და სხვანი.- ხომ იცის რომ ჩვენ ცისკარს მკითხველები, უფრო მეტნი ეგულვებიან სოფლებში, სადაც ესტეტიკური, იქნება საჭმელათაც მივიღოთ. განა ყველა მაგასავით განათლებულნი ვართ. - მაშ თვითონ რაღაჩ დაიცინება „ცისკარში შეგვხვედრია გარმონიული სიტყვები, მაგ. ზადაჩა, ოსტროვები, ლინიები, მაგრამ ეს სიტყვები ისე სასაცილონი იყვნენ თავის უშვერობითაო... ბძანებს თ. ილია ჭავჭავაძე, ჩვენკი მშობელ მამასაც არ დაუთმობთ ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებასაო. ენა საღმრთო რამ არისო“ თუ მშობელს მამასაც არ უთმენს ენის მორყვნას და, თუ ენას სახავ საღმრთოდ, როგორ შემოურევს ამ უშვერს, მორყვნილს და ბიჭბუჭების სიტყვებს: წრიპლიანი, მორახუნები, აგანგალა განაგალა და სხვა. აი კიდევ ეს სიტყვები: ისე ნაირად ჭრიჭინებენ თავად ერისთავის ლექსები, როგორც... მე მრცხვენიან ამ საძაგელის ლექსების განმეორებს. ლიტერატორი, და ამ გვარის სიტყვების შემოტანა ჩვენს მშვენიერს ენაში, რომელზედაც იძახის არავის დაუთმობთ შეურაცხებასაო.

და ამასაც ანბობს, ნეტავი ორიოდე კაცი იყო საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანათ ასწეროს და დაგვანახოსო... ეტყობა სალაყბოს ფურცლები არ დაუკითხავს და თუ წაუკითხავს, იმისს მეხსიერებას შორის დაუნახავს, და-არა ის, ვინც მეტის მეტად გამჟავებულ სიყვარულისა გამო, ანგელოზსავით ასახელებს საქართველოსაო... ჩვენ მივხვდით ამას ვისზედაც ბძანებს და, თუ უკაცრაოთ არ ვიქნებით, ინებოს ღმერთმა იმისთანა წმინდა გრძნობა, წმინდა სიყვარული და თუნდა მწერლობა, მოიპოებოდეს ამ ჩვენს დიდს და ახალს პოეტში.- ძალიან საკვირველად მიაჩნია, რომ არა გვყვანან ბაირონებსავით, შეგსპირებსავით და სხვათა ევროპიის გამოჩენილთა პოეტთა მგზავსნი, - უთუოთ თვითონ მოელის ამ წარჩინებულ სახელს! ჩახრუხაძიდგან მოკიდებული აქამომდენ, სამოთხს გარდა და თავის თავისა სრულებით არავინ მოსწონს. - მაშინვე ენაზედ მოგვადგებიან ჩვენი სასიქადულო რუსთაველის სიტყვებიო, მხოლოდ ჩვენებურადკი დავიწყობთ ხოლმეო:

„კაზლოვის ლექსი ცოტაა ნაწილი... თუ ღმერთი გრწამთ მკითხველნო, ურჩიეთ თავისუბურად ნუ დაიწყობს, ხელი აიღოს, თორემ რუსთაველის ლექსების მშვენიერება სულ დაიკარგება და მართლა მამაკვდინებელი ცოდვა ეს იქნება. - აბა როგორც თამარ მეფას მეთერთმეტე საუკუნეში აღუზრდია ათინაში შვიდი ყმაწვილი კაცი და იმათი ქმნილება, დღევანდლამდენ იდიდებიან და ყოვლის ქართველისაგან კმაყოფილებით წაიკითხებოდენ, ამ შვიდის საუკუნის განმავლობაში ხალხში მომდინარეობენ, ახლა მაგ ახალთ განათლებულთაგან მაღალთ სასწავლებლებში ერთერთმა მოგვცეს ერთი უკვდავი ქმნილებს, შვიდის მაგიერ შვიდასს აღარა ზრდის ჩვენი დიდი ხელმწიფე?

ყველა იქით იყოს და, მგონია ლოღიკაც დაუკარგავს თავის კრიტიკაში, მაშ რა არის ეს თუ ლოღიკის დაკარგვა არ არის. ჯერ იძახის: ვინ ჩვენ და ვინ ესტეტიკური კრიტიკა! ჩვენ ერთი უბრალო სიკვდილის შვილი ვართ და სად შეგვიძლიანო. შემდგომს ანბობს: იმისთანა ღვთის წყალობა თქვენა გაქვთ, როგორიც გამხილავი შეხვდაო... ჯერ თავს იმდაბლებს, შემდგომს წინააღმდეგად ლაპარაკობს და თავს იმაღლებს. კაი ლოღიკის კანონის დაცვა გახლავსთ იქნება როგორც უსწავლელში მრავალი ნაკლულევანება ჰპოვოს ჩემს ლექსებში, მაგრამ რასაკვირველია მეც რომ იმასავით მაღალ სასწავლებელში გაზდილი ვყოფილვიყავ, მაშინ შეცთომებს მორიდებული ვიქნებოდი და ამასთანავე იქნება ჩემს რამდენსამე აზრს დაჰმატოს ჩვეულებრივი კვალად თავისი აზრი, მაგრამ უკაცრაოთ ნუ ვიქნებით, ჯეროვანს პასუხს ნუღარ მოელოან ჩვენგან, განხილვა და ვის მხარეზედაც არის სიმართლე მიგვინდვია მკითხველთათვის.- სულ რომ ასე ვჰსწეროთ, ჩვენი ჟურნალი ამ ერთმანერთის კიცხვას მოუნდება თქვენი ჭირიმეთ და კარგი რაღა დაიბეჭდოს? ზემოხსენებულს გარდა კიდევ ბევრს წვრილმანს შეცთომებს ვპოვებთ უფლის სტუდენტის კრიტიკაში, მაგრამ იმას რომ გამოუდგეთ შორს მოვა და მკითხველსაც მოსწყინდება, მხოლოდ დასასრულს ამას ვსთხოვთ ჩვენის მხრივ როგორც თ. რევაზ ერისთავს, აგრეთვე ჩვენთა თანა-მოძმეთა მწერალთა, არ მიაქციონ ყურადღება ამ გვართა შენიშნულებათა, რადგანც ვჰსწერთ ჩვენ არა დიდებისათვის, რომ დიდება შევიძინოთ, არცა თვითან იმ ილია ჭავჭავაძესათვის, რომ უთუოთ მოვაწონოთ ჩვენი ჩალის ოდენი შრომა, არამედ ცისკრისათვის, რომ ეგების როგორმე შევიმაგროთ დედის ერთა ჟურნალი, როგორც თქვა ჩვენმა სასიქადულო მწერალმა ბაქარ ქართლელმა და, რომლის შრომაებით მიეცა ღირსება ჩვენს ცისკარს, თუმცა ბძანებს ილია ჭავჭავაზე, რომ ჟურნალი არ უარგა კერესელიძესაო. ძვირფასს დიმიტრი ბაქრაძეს თხზულებაებზედ, არდაზიანზედ, რომლის მოთხრობა საკმაოდ განთქმულ იქმნა ჩვენში და სხვებზედ სრულებით აღარას ფიქრობს. მაგრამ ეჰ! მომაგონდება ამ შემთხვევაში საღმრთო სიტყვა: „მიუტევე მამაო, რამეთუ არა იციან რასა იტყვიან!...

კნეინა ბარბარე ჯორჯაძისა.

აპრილის 25

1861 წელს. ტფილისს.

6 22-ს ოკდომბერს, 1960წ.- დედოფლის წყარო

▲back to top


22-ს ოკდომბერს, 1960წ.- დედოფლის წყარო[1]

(ივ. კერესელიძის მოგზაურობიდგან.)

სიღნაღიდგან სამს ვერსზედ, მარჯვნივ მხრივ, საიდგანაც იწყობა სამზღვარი ქიზიყისა, არის მონასტერი, აღშენებული წ. ნინოს სახელზედ. ამავე მონასტერში დაფლულია გვამი ქართველთ განმანათლებელისა.- ვიდრე მივა მგზავრი და მიაღწევს მონასტრამდინ, გზა არის აღმართ-დაღმართიანი, ცალ მხარეს ხეობა და გადასახედი, რომლით დაჰყურებს ვრცელს მინდორს; მეორეს მხრივ მდებარეობენ სოფლები ერთი ერთმანერთზედ მიწყობილები; ქედელი, საქობო, შემდგომს ბოდბე და სხვა.- როდესაც მიმავალობს მგზავრი, შორითგან მოსჩანს ტაძარი, იმის სახელზედ გაკეთებული, რომელმანცა დიდი საღმრთო ღვაწლი შესწირა ივერიას მეოთხეს საუკუნეში. როდესაც მიველი, დამხვდა ეკკლესიის გარდა, მარჯვნივ და მარცხნივ სახლები; მარჯვნივ ორი ეტაჟიანი სახლებია, რომელშიაცა მდგარა უკანასკნელი წმ. ნინოს მონასტრის და მრთელის ქიზიყის მიტროპოლიტი, თავადთ მაყაშვილებთაგანი, პატივცემული იოანე და, რომელსაცა თავისის ღვაწლით აღუშენებია ეს სახლები. - შესავალს ეკკლესიის კარებში, რომელიცა შეკრულია თაღით და რომელიცა აღგებულია სხვა და სხვა ფერადის ჩინურის ქვებით, ნახავთ შემდგომს ზედ წარწერასა: „განმიხვენით ბჭენი სიმართლისანი, შევიდა ამას ჭინა და აუარო უფალსა ბრალი ჩემი“ მარჯვნივ და მარცხნივ სვეტებია, სხვა და სხვა წმინდანების მხატვრობით ავსებული; მეორეს მხრივ სვეტზედ, მარჯვნივ მხარეს, იხილავთ თვითან უკანასკნელს ბოდბელს, მონოზონის ტანისამოსით, რომელსაცა მხურვალეთ გაუპყრია ხელი ზენათ და, რომელის წინ ასაფლავია, თავისს სიცოცხლისვე დროს დაუხატვინებია. იმავე მხრის მეორეს მხრივ დახატულია სრულის მღვდელ მთავრის შესამოსელით, ცალ მხარეს უპყრიეს სამთლები, ხოლო მეორეს მხარეს ჯვარი. - აღსავლის კარების, მარჯვნივ მხარეს, შევალს პატარა სენაკი, სადაცა ასაფლავია გვამი წ. ნინოსი. ზედ ადგა მარმარილოს ქვით გამოჭრილი კუბო, რომელზედაც გადაფარებულია ძვირფასი ფარჩა. - ისკი დამავიწყდა და არ მოვიხსენიე, რომ დოდბელის, სამონოზნო ტანისამოსის მხატვრობას აწერია, თავისივე სიცოცხლეში და თავისივე შეთხზული, შემდგომნი: „შენი ვარ მაცხოვნე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენეს მე, დაშრტა ლამპარიცა ესე მთებარე სასანთლესა ზედა ჭეშმარიტისა მღვდელ-მთავრისათა; საჩინო მწყემსი ბოდბელ მიტროპოლიტი, სანატრელი კახთა და ქიზიყისა“ - ეს არის შესანიშნავი ამ უკანასკნელის ბოდბელის მღვდელ-მთავრობაში, რომ ეკკლესია ესე შეუმკია ყოვლის მხატვრობით და შეუმკია ყოვლის კეთილის ღირსებით; ამას გარდა აღუშენებია სახლებში როგორც თავისთვის. ისე სხვათა ბერებისათვის სენაკები და გაუმართავს სასწავლებელი თვითან ამავე მონასტერში, რომელიცა იმის გარდაცვალებამდინ არსებობდა. დროსა, ჟამს და გარემოებას მოუსპია ყოველივე იმისი კეთილ განკარგულება ისე, რომ აღარცა ერთი იმის დაწესებათაგანი არსებობს ახლა; თვითქმის ეს წმინდა ტაძარი ნინოსი, მონასტრად აღარ ირიცხება და აღარც თუ ერთი ბერი მოიპოვება, მხოლოდ მიუწერიათ სიღნაღზედ; ამის კარმიდამოში აღარავინ სცხოვრებს, ერთის დიაკვნის მეტი, რომელმაცა გაგვიღო კარი და დაგვატარა. - დიდადა მსურდა მენახა სალარო, რადგანც მსმენიყო ქება საეკკლესიოს ნივთებისა, მაგრამ გასაღები არა ჰქონდა ამ დიაკვანს და იძახდა: წინამძღვარი სიღნაღში ბძანდება და გასაღებები იმასა აქვსო. - წინამღძვრას ბინა აქ არა ჰქონია, დგომით მდგარა წმინდის სტეფანეს მონასტერში, ხირსაზედ. - დიდად საჭიროა ჩვენთვის, რომ დროებამ არ ჩანთქოს, რა ჩვეულება და წესი ყოფილა, ამ ყოვლად სასიქადულოს მონასტერში ვიდრე გარდაიცვლებოდა უკანასკნელი მღვდელმთავარი იოანე. - ჯერ პირველად ეს უნდა მოვიხსენიოთ და უნდა ვსთქვათ, ბოდბელს ის უფლება ჰქონდა და ის ძალა, რა ძალაც და უფლება აქვს თვითქმის პატრიარხსა. ეს განარჩევდა საჩივრარს რაც უნდა დიდი ყოფილიყო ერთის საათის განმავლობაში; ეს მოარგებდა ერთს წამს და ერთის სიტყვით მოდავეთა, რაც უნდა მაღლის ფასისა ყოფილიყო და ეს აგრილებდა გახურებულს უკმაყოფილებას ცოლ ქმართა შორის. - ამისათვის, უფრო უყვარდა ხალხს, რომელიცა განუზომელს პატივსა ჰსცემდა. როდესაც ბოდბელი, დღესასწაულის დროს მანტია წამოსხმული შებძანდებოდა ხოლმე ეკკლესიაშ ლიტურგიის შესასრულებლად, წინ მიეგებოდნენ თავად-აზნაურნი, ახლო-მახლო და შორის სოფლებითგან მოსულები, მგალობლები ღაღადებით შეაბძანებდნენ წმინდას ტაძარში, სადაცა დაიწყებოდა საღმრთო სამსახურის აღსრულება. -მგალობლები იყვნენ ორ პირად: მარჯვნივ და მარცხნივ სვეტთან, და ეწოდებოდათ მომარჯვენე და მომარცხენე. ეს მომარჯვენე და მომარცხნენენი გალობდნენ რიგ რიგათ. ამ გალობის მშვენიერებას კაცი შეიტყობს ყოვლის ძველებურის ქართველისაგან, რომელსაცა ბევრჯელ ჰქონია წირვის მოსმენის შემთხვევა წ. ნინოს მონასტერში. რა რომ გათავდებოდა წირვა, ბოდბელი გამობძანდებოდა და დაბძაბნდებოდა საგრილობელში დიდის ჭანდარის ხის ძირში, სადაცა გარს შემოეხვეოდნენ თავისს თანამოძმენი ბერები, სტუმრები და თუ იქ შეხვდებოდნენ სამღვდელონი. აქ იყო ტკბილი საუბარი ახალ-ახალ ანუ ძველ საქმეებზედ. როდესაც საკმაოდ დროს გაატარებდნენ, მაშინ ყოვლად. სამღვდელო მიიწვევდა იქ მყოფთ სადილზედ, თავისს სასახლეში საზოგადოს სასადილოს დარბაზში. თავზედ იდგა ტახტი, რომელზედაც გარს შემოისხავდა მხოლოდ უპირველესთა პირთა. ძირს დაბლა, ორ და სამ პირათ, ისხნენ ბერები, სტუმრები და სამღვდელონი. - შეეძლო ბერს, არ ენებებინა სადილი ბოდბელის სუფრაზედ და მიეტანინებინა ულუფას თავისს სენაკში, რადგანაც ყველას ულუფა ეძლეოდა. სადილის წინ იგალობებდნენ და აღასრულებდნენ საღმრთო წესს. შუაში იდგა დიდი სანაჟურე, ორ მეღვინეს ჭურებით ხელში ეპყრათ ღვინო და თასი, რომლით ერთი ჩამოურიგებდა მარჯვნივ მხრივ, ხოლო მეორე მარცხნივ, რომელიც არ დასცლიდა, იმ დანარჩენს ღვინოს მეღვინავე ჩაასხამდა სანაჟურეში და ახლად დაუსხავდა სხვას. ეს ღვინოს ნარჩენი და სუფრისა ინქბოდა ხოლმე მოსამსახურებისა. ამ სადილის განმავლობაში თავს დასტრიალებდნენ ყულურჩნი ვინიცობა იყო რისამე საჭიროებისათვის. - სადილის შემდგომ კვალად სამადლობელი გალობა და შემდგომს ბოდბელის ოხუჯობა, იმათთან, რომელნიცა უფრო უყვარდა და რომელთაცა უფრო სწყალობდა. ახლა კაცი ვეღარას ნახავს ამ ყოვლად სასიქადულოს მონასტერში ერთის ტახტის მეტს, რომელზედაც ხშრად ბძანდებოდა ბოდბელი, და ეს ტახტიც მხოლოდ მოგზაურს მსახურების მჭმუნვარე დროების მოსაგონებლად. -მონასტერი გარდუცვლიათ შტატის ეკკლესიათ. -იმას აღარ ვანბობ აქ, თუ როგორი შკოლა ჰქონდათ ამ მონასტერში, როგორ ასწავლიდნენ მოწაფეთა ბერები, რა საღმრთო წესი იყო და რა საღმრთო მოვალეობით აღასრულებდნენ მსწავლულები თავიანთს ვალს. მხოლოდკი დავმატებ, რომ ამ მონასტერში ბოდბელის დროს გაზდილნი ყრმანი, დღესაც ქართულის ენის მცოდნეთა მაღალ ფილოსოფიის მცოდნეთა შორის ირიცხებიან.

წმინდის ნინოს ეკკლესიითგან ექვს ვერსსზედ მოშორებით სოფლის ბოდბის ხევის ქვემო მხრივ ხეობაში დგას მაღალ გუმბათიანი, საკმაოდ დიდი ეკკლესია აღშენებული წმინდის სტეფანესაგან, იმ ათ-თორმეტთ მოციქულთაგან, რომელნიცა გამოვიდნენ ასირიითგან და რომელნიცა დაიფანტნენ სხვა და სხა საქრთველოს მხარეს, ქრისტიანობის სარქმუნოების გასამტკიცებლად - ამ წმინდას და ღირსად შემოსვილს სტეფანეს ხვდა წილად ქიზიყი, სადაცა აღაშენა რა ეკკლესია, ქიზიყის შუა გულს, უწოდა როგორც ახლო მდებარე სოფელს, აგრეთვე თვით იმ ეკკლესიას ხირსის მონასტრად, ესე იგი ასირიის მონასტრად. - თვითან წმინდის სტეფანეს გვამი დაფლულია ამავე ეკლესიაში კანკელის მარცხნივ მხარეს. - ზედ წარწერა, რომელიცა არის მარჯვნის შესავალს კარების თავზედ, ამტკიცებს, რომ ეს ეკკლესია გაახლებულია კახეთის მეფის ლეონისაგან. - ამ ეკკლესიასა ჰყვანან საკუთარნი გლეხნი და საკუთარი ვენახები, რომელის საშვალობითაც გამოიკვეთებოდნენ ძველ დროს და თვითან უკანასკნელის ბოდბელის იოანეს დრომდინ ბერები. - ახლა ეს ბერები ძრიელ შემცირებულან ასე, რომ სამნი მხოლოდღა დარჩომილან. ამათი წინამძღვარი არის არხიმანდრიტი წმინდის ნინოს მონასტრისა. - მხოლოდ ეს მიკვირს, რად უწოდებენ წ. ნინოს მონასტრის არხიმანდრიტათ, როდესაც რომ ბერებს არა აქვსთ აქ სადგომი და თვითან ის არხიმანდრიტიც ძვირათ არის აქ. ამ მონასტერს გარშემო ავლია ქვითკირის გალავანი, ხოლო თითან გალავანში, შესავალის მარჯვნივ მხარეს ბერებთათვის სენაკებია და სადგომი. წინამძღვრისა. - როდესაც შეველი ამ მონასტრის სანახავათ, ეზოში დამიხვდნენ სამნი ბერნი, რომელეთა შორის იყო ერთი მოხუცებული, თეთრ წვერა, თვითქმის ოთხმოცს წელს მიტანებული. ვკითხე, რა ვემთხვიე ხელზედ და შენდობა ვსთხოვე, - წელიწადი ამ ეკკლესის აღშენებისა და ცხოვრება წმინდის სტეფანესი, რომელზედაც აღვიარა უცოდვინარობა, - დიდად სამწუხაროა, რომ ამ პატივცემულთა მამათა არ იციან გარემოება იმ მონასტრისა, რომელსა საფარველსა ქვეშე იმყოფებიან. -ამ მონასტერს რა გამოჰსცილდებით და გაივლით ქიზიყის სოფლების ხეობასა და გასცილდებით რა თვითქმის თხუთმეტს ვერსამდინ, დედოფლის წყაროს მარჯვნივ მხარეს დგას წმინდის ელიას ეკკლესია, აღშენებული მაღლის კლდეზედ. -როდის არის აღშენებული, ვისგან და როგორ, ჯერ აქმომდენ არავინ იცის.-

__________________

1 რადგანც ბევრი სტატიები მოგვატყდნენ რედაქციაში, ამისთვის ვბეჭდავთ ჩემის მოგზაურობითგან, მხოლოდ ზოგი ერთს ალაგს, ნაწყვეტ-ნაწყვეტად.)

7 პირუტყვთ მოშენება

▲back to top


პირუტყვთ მოშენება

როზენდელის გამოცდილებაებითა, კარგი გირვანქის 1 34 ანუ სხვა ვითარიმე თავისთან თანასწორი პოხერებითა პირუტყვთ საკვები კმასაყოფელ-არს დღე და ღამეში ჩვეულებრივს დროს, საზრდოდ ცხოველისა, რომელსაც აქვს 100-ის გირვანქის წონა. დროსა უკვე ძროხების მაკეობისასა ეს რაოდენობა საკვებავისა არა არს საკმაო, ვინაიდგან თვინიერ სარდოის, სიცოცხლის შემნახველისა, საჭირო არს კიდევ საჭმელი გასაზრდელად ჩასხმულისა, და ამისთვის უნდა ეძლეოდეს დამაკების პირველის ნახევრიდამ არა ნაკლები 2 12 გირვანქისა ცხოველს 100-ის გირვანქის წონისასა. ხოლო მეორეს ნახევარში უდნა ავიდეს ეს რაოდენობა სამს გირვანქამდის და უმეტესამდისაცა ძროსასა, 100-ის გირვანქის წონის მექონესა, უნდა ეძლეოდეს ხოლმე მეორეს ნახევარში 24-ს გირვანქამდის თივა, ანუ სხვა საკვები, პოხიერებით თავისა თანასწორი. მაკე ძროხამ, მექონმა 100-ის გირვანქის წონისამან, უნდა სჭამოს მწვანე ანუ ნედლი საკვები 9-იდამ არა უმეტეს 12-ის გირვანქისა; არ უდნა მიეცეს მხოლოდ ისეთი ნედლი საკვები, რომელიც მუცელს შემობერავს, ვიტარცა მაგალითებრ იონჯა (კლევერ) და უმჯობეს არს შემოკლდეს მიცემა ნედლის საკვებისა, ხოლო მოემატოს იმის მაგიერ ხმელი; გაშვების დროსაც საძოვრად საჭირო არის ეძლეოდეს მაკე ძროხებს ცოტა ხმელი საკვები. ყოველი საკვები საჭირო არის შესწორებულ იქმნეს ნოყიერებით თივასთან და ეძლეოდეს შესაფერის თივასთან ზომითა, მაგრამ უნდა დაცულიქმნეს კანონად, რომ ეძლეოდეს პოხიერი, გარნა არა მოუნელებელი საკვები, ამისთვის უმჯობეს და უსასარგებლოეს არს ყოვლისა, რომ მაკე ძროხებს ეძლეოდეს სხვა და სხვა პოხიერი არეული საჭმელი. რაც შეეძლება სასმელის რაოდენობასა, შეიძლება ეძლეოდეს მას ძროხებს ყოველთვის ვიდრემდის გაძღებოდნენ და უმჯობესი არს ასმევდენ წმინდას მდინარეს წყალსა ანუ თბილს წყალს შავის პურის (რჟანოი), შვრივა და მუხუდოს ფქვილითა.

მაკე ძროხებს არ უნდა ეძლეოდეს მომატებული ნოყიერი საკვები და დიდაფ ბევრი, მაგალითებრ: პურის მარცვალი, ზეთის გამონაწური (კოპტონი). თვით სწორეთ ამ საქმეში გამოცდილებათაგან აღმოსჩნდა, რომ ხბოები ამ ძროხებისანი იქნებიან ხოლმე სათუთნი -ტანოვანნი და სუსტნი. უფრო ცუდათ იქცევიან პატრონნი მაშნ, ოდესაც მსურველნი ძროხის მოგების შემდგომ რძის მომატებისანი, მხოლოდ რაოდენისამე კვირით ადრე მოგებისა იწყებენ ძროხების ჭმევასა მომატების პოხიერის საკვებისასა და დიდის რაოდენობით, ხოლო იმ დრომდის აჭმევენ საკვებსა ნაკლულევანსა. ხბოები ამ შემთხვევაში დაუწყებენ ესრედ ბევრსა რძის წოვასა, თუ იზდებიან დედის რძითა, რომ საჭმლის მოსანელებელნი ორღანონი ვეღარ შეიძლებენ მონელებასა მოწოვილის რძისასა და ამისაგან გაუჩნდებიან კუჭში სიმჟავე და მრავალი სინოყიერე, მაწარმოებელი მუცლის ტკივილისა და საქმობისა. გამოცდიებათაგან არის მიხვედრილი, რომ კარგი არის, რომ ცოტა შემოკლდეს ჩვეულებრივი მიცემა საკვებისა საკუთრივ კარგად ნაჭმევის ზროხებისათვის მოგების წინა დროში, გარნა არა იმ ზომითა, რომ გახდენ იმისგან.

რომელნიმე პატრონთაგანნი ჰრაცხვენ სასარგებლოდ მოგების ფურების ჭმევასა თვით ნაკლულევანისა საკვებავისასა, მისთვის - რომელ ვითომც ესე ვითარისა საკვებავითა ჩასახული ცუდად იზრდება დედის მუცელში, და რადგანაც ჩასახული იქნება უსუსტესი და პატარა ჩვეულებრივზედ, ნაკლებად შეაწუხებს დედასა მოგების დროს. ეს ჰაზრი არის ტყუილი, ვინაიდგან მოგება იქნება ხოლმე შემაწუხებელი არა დიდისა ანუ პატარის ხორცისა და რბილის ნაწილებისა რაოდენობისაგან, არამედ ხარისხისაგან ძვლების რაუდენობისა, რომელნიც შესდგებიან ხოლმე დამოუკიდებლად ერთისა ანუ მეორისაგან. თვინიერ ამისა ცხოველსა კარგათ გამოკვებილსა, არა დასუსტებულსა, მაგარსა, უფრო მეტი აქვს ძალა გაუძლოს წვალებასა მოგებაზედ, ვირემც ცხოველსა სუსტსა, -ნიშნავს, რომ ნაკლულევანის კვებისაგამო მაკე ძროხებისა უფრო ადვილად შესაძლებელ არს შემთხვევა უბედურებისა. გამოცდილება გვარწმუნებს, რომ თუნდ მაკე ძროხებს სულ არ მიეცესთ საკვებავი მომდინარეობასა შინა ვითარისამე დროისასა, მაშნ, რასაკვირველია, ის ძროხები დასუსტდებიან; მაგრამ ჩასახული მაინცკი ცოტცოტად იზრდების; თუნდ დედაც მოკვდეს შიმშილით, ხბო შესაძლებელ-არს გამოღებულ იქმნეს და დარჩეს ცოცხლად, გარნა იმ შემთხვევაში, თუ ეს შეხვდება მოგების წინა დროს, ესე იგი ფურის დამაკებიდამ შემდგომად ორმოცის კვირისა. არ უნდა ეძლეოდესთ მაკე ძროხებს ისეთი საკვები რომლისაც ისინი შეჩვეულნი არ არიან, - ამისაგამო შეიძლება უდროო მოგება, გაბერწება, ზოგჯერ ფრიად ძნელი მოგება. ამტკიცებე, რომელ ძროხები რომელნიც იკვებებიან თალგამითა და კომბოსტოს ფურცლებითა, დიდად სუქთებონენ, მაგრამ თხუთმეტიდამ თითქმის ვერც ერთმა მშვიდობიანად ხბო ვერ მოიგო; ამასთან სამი ძროხა ბაგერწდა, ორს ხბო გამოსჭრეს და გამოიღეს წვრილ წვრილად, ხუთი ძროხა მოკვდა.

თუ ზოგჯერ ნაკლულევანებისაგამო საკვებავისა, ბერწს პირუტყვს აძლევენ არა ბევრს წამხდარს საკვებსა, რომელსაც ურევენ სხვა საკვებაებში, დროსა უკვე ძროხების მაკეობისასა ეს არ უნდა მოხდეს, ვინაიდგან ამისგან წარმოსდგება ეგრეთვე გაბერწება. ამისთვის წყალ დასხმული ხმელი საკვები, გაყინული, ბოსტნეული დამპალი საკვები არ უნდა ეძლეოდესთ ძროხებს; თვით ნედლის კარტოფილითაცა რ უდნა ჰკვებონ მაკე ძროხები მომატებულად არ უნდა ეგრეთვე უშვებდენ ძროხებს საძოვრად მინდორში მოყინვის დროს. მაგალითებრ შემოდგომაზედ ანუ გაზაფხულზედ, ამისგამო ეგრეთვე ძროხები ბერწდებიან. ძრიელი ცივის წყლის სმევა ფრიად ავნებს მაკე ძროხებს, საკუთრივ იმათ რომელნიც უწინ იყვნენ შეჩვეულნი თბილს სასმელსა, და უფრო სავნებელ წყლის სმისა; ამისგან მოხდება გაბერწება. მაკე ძროხები უნდა იყვნენ შენახულნი ნახულნი ზამთრით თბილს და ვრცელს ბინებში, რომ ცხოველთ არ შეემთხვათ მსწრაფლი და უცედი ჰაერის ცვლილება, ჩწარი გადასვლა სითბოდამ სიცივეში ანუ სიცივიდამ სითბოში.

უნდა გაფრთხილება, რომ ცხოველი არ შეშინდნენ, ვინაიდგან აქედამ წარმოსდგება გაბერწება. მოხდება ხოლმე საქონელთ ბინებში, რომ ძროხები ერთმანერთს ერჩიან, ამის გამო: მიირებენ სნეულებას და ბერწდებიან, ამისთვის უმჯობეს არს რომ განაშორონ ხოლმე ცალცალგე ბინებიდამ ერთად არ უნდა გამორეკონ ხოლმე იმ რიგათ, რომ ერთი მეორეს აწვებოდეს, ვინაიდგან ესეც ეგრეთვე მავნებელ არს, როგორც რჩობა; არ უნდა ატარონ ძროხები გვერდაებსა და ფეხის მოსასხლეტს ადგილებში; ერთის სიტყვით, ყველგან სადაც საშიშარი არის რო საქონელმა იტკინოს რამე მწყემსნი და ზედამხედველნი არ უნდა სცემდენ მაკე ძროხებს, დაკვრისაგან იგინი ბერწდებიან, იგებენ მახინჯებს და არა იშვიათად ამისგან უნახავთ ხბოები დამპალი თვით მუცელში.

ვითარცა კანონი, უნდა იქონიონ მხედველობაშ შემდგომი: თუ ცხოველი ერთხელ უკვე გაბერწებული, მეორეთაც გაბერწდება, მაშნ ის უდნა გამოირიცხოს მოსაშნებელთა რიცხვისაგან, ამითვის - რომ ეს შეიძლება განმეორდეს არა ერთგზის. თუნდ კიდეც მოხდეს ამისთანას ძროხას ეყოლოს ხბო და გაიზარდოს, მაინც თვისება გაბერწებისა უთუოთ გადავა ახალს ცხოველზედ და შიქნება მემკვიდრეობითი. ამასთან გაბერწება აწარნმოებს სიძულილსა სხვათა ცხოველთა შორის და არა იშიათად შეიქმნება ხოლმე მიზეზად მისა, რომ სხვანი ცხოველნიც გაბერწდებიან ხოლმე.

მაკე ცხოველტათვის მიუცილებლად საჭირო არს მოძრაობა. გარნა იმისთანა, რომ არ იყვეს უზომოდ დამღალველი. ამისთვის, სადაც არის ჩვეულება ძროხების მუშაობაში მოხმარებისა, რვა კვირის წინათ მაინც ხბოს მოგებამდის უნდა იყვნენ მოსვენებულნი. მოსველა უნდა მოისპოს 8-ის ანუ 6-ის კვირის უწინარეს მოგებამდის, იმისგამო, რათამცა ძროხებმა შეძლონ თავეთის ძალის ხმარება ხბოს გაზდაზედა. ნიშნები, რომლითაც შეიძლება შეტყობა მოწველის დატევების დროს მოსვლისა, იქნებიან შემდგომნი: პირველად, ოდესაც რძე მომატებით დაცოტავდება, ანუ მეორედ, ოდესაც რძე მიიღებს უზომოთ გადამატებულს ხაჭოს ნაწილებს; ყოვლის შემთხვევაში მოწველა უნდა შესდგეს არა ერთბაშად, არამედ თან და თან მოკლებით.

იოსებ მამაცაშვილი.

(განგრძელება იქნება შემდგომში).

8 აზრი აღზრდასა ზედა ყრმათათა დასავლეთის ევროპაში

▲back to top


აზრი აღზრდასა ზედა ყრმათათა დასავლეთის ევროპაში

მივსცემ თავსა ჩემსა ნებასა. შესახებელად ამა საგნისა, წარმოსვთქვა ჩემნი შენიშვნანი. საფუძველი, როემლზედაც დაემყარება იქაური აღზდა ყრმათა, ფრიად შორს არიან იმ კანონთაგან, რომელთადმი ჯერ არს შედგომად. - ერთმა ვინმე ფრიად, კეთილად განსაზღვრა აწინდელ ჟამის ყრმათა აღზდა სხენებულ ევროპაში: მან დაარქვა მას საიდუმლო სწავლა, რომელსაც აქვს აზრი რათა მისცეს სრულობა ზემო პირსა, და მით ადვილად დაჰფაროს ნაკლებულობა შიგნით პირისა. დიდათ-კაცთ საზოგადოობას დასავლეთის ევროპაში მიუღია ჩვეულებად რომელ მშობელნი პირველსავე დღეს მოიშორებენ თვითან ახლად შობილსა და ჩააბარებენ უბრალო ძიძასა, და შემდეგ ძუძუს გაშვებისა, მიუჩენენ აღმზდელად კვლადვე სხვასა დედაკაცსა, რომელსაც არა აქვს თვისის წოდების გვარათ საჭირონი თვისებანი, და ბოლოს უცვლიან ამასაც, და აბარებენ მასწავლებელსა მამაკაცსა, მხოლოთ სრულობით, არ გამომკითხველნი არცა მისის ნამდვილის ცნიბისას და არცა სახისა მისის ფიქრისას.

ოდესაც ყრმა შეიქმნების ათის წლისა, მას აბარებენ სასწავლებელში, - გიმნაზიაში, შორის სხვათა ყრმათა, რომელნიცა არიან აღზრდილნი სახლითა შინა მშობელთათა, ვითარცა პირველნი. ამისგამო ხსენებულნი ჭაბუკნი შეასრულებენ რა თვისთა სწავლათა, არა აქვსთ საკმაო ცნობა სჯულისა, რათა ცხოვრებაში აქვნდესთ ბედნიერება, რომელიცა შეუძლებელარს უსჯულოთათვის. - ჯერ არს სიყმაწვილიდამ შეჩვევა ყრმისა შეყვარებად კეთილ-მოქმედებათა. ამის მიზეზისაგამო დიდნი მწერალნი ძველთა დროთა, როდისაც ჰსწერდნენ რასმე შესახსენებლად ყრმათა აღზრდისას, მოიხსედნენ თვით მცირედთა საჭიროებათაცა, რომელნიც მიღებულ არს ჩვენ შორის საცინლად. მაგალითებრ: ხრიზიპ ურჩევდა, რომ მოეპოებინათ ყრმისათვის ძიძად მეცნიერნი დედაკაცნი, და კვინტილიანი მოითხოვს, რომ ძიძა იყოს კეთილ-მოლაპარაკე. ხმა ძძსა, ანბობს იგი, ყველაზედ პირველად შეეხების სასმენელს ყრმისას, რომელიც, ბოლოს დროს აბაძებს ხმასა თვისსა ხმასა აღმზდელისასა. რასაცკი ამ ხანში, ანუ უფრო გვიან, მოიპოებს ყრმა, იგი მოუცილებლივ დაენერგვის მას გონებაში და შეჰყვების სამუდამოდ.-

შენიშვნა ესე, ერთ რიგათ მართალია, არ შეშვენის თქმათ ძიძებთ კერძოთ, გარნა ადვილ-მისაწერ არს აღმზდელთადმი და მოსწავლეთა. არა ჯერ არს დაჩვევა ყრმათა ზრდილობითა და წესითა, რომელნიც არა ეთანხმებიან კაცთა მოვალეობათა და საწრმუნოებათა. - პირველნი ხმანი რომელნიც შეეხებიან მათთა მსმენელობათა, და პირველგზის ცნობანი, მირებულნი მათის გონებით, დაენერგვიან მათ შინა ეგოდენ მტკიცედ, რომელ ძნელათღა შესაძლებელ არს მათ მიერ დავიწყება. ამის მიხედვით ადვილ-განსასჯელ-არს, რომ ყრმათა აზღრდა რაოდენ საფირებელ-არს დედ-მამათათვის, რაოდენ ძნელ არს დათანხმება მათი აღზრდა მათთა ნიჭთადმი, რომ განიწმინდოს მათი გრძნობა, განინათლოს მათი გონება ჭეშმარიტებითა და შეუდგეს ნება მათი კეთილთა.

კაცი შესახბელად ზნეობისა იქყებს მცნობელობასა მეათე წელიწადში; უბედურ ინების იგი, უკეთუ მცნობელობა ესე არა ეძლევის მას დედმამის ყურის-გდებით. პიფაგორი უბდნობს: დედმამანი უნდა იყვნენ პირველ აღმზდელად თვისთა ყრმათა; იგინი მოვალენი არიან, რათა პირველობაში უჩვენებდნენ თვისთა შვილთა ყოველსავე დაწყებასა კეთილ-ზნეობათასა, და ნურცა ივიწყებენ, რომელ შეუძლებელ-არს ჩაბერვად ჭეშმარიტის განათლებისა კაცისადმი უქრისტიანუროს მცნებითა. კაცი ბუნებით მიილტვის ბოროტებისადმი, იგი მიილტვის ძალიტა თვისითა ბუნებისათა, და ამისგამო ცდილობს ქცებით დაედაროს მას, რაისაცა ხედავს თვისთა, მგზავსის მოქმედებაში. -ჩვეულება ბაძვისა მალე შეიცვლება ზნეთ, და ზნე შეიცვლების ხასიათად, მგზავსად მათთა ხასიათთა, რომელტაც ხშირათ ხედვენ და რომელთანაც სამუდამოდ ატარებენ დროსა. - მაგალითნი მეტგზით მოქმედედენ ჩვენზედ, ვიდრეღა კანონნი; იქნება ამისგამო, როემლ იგინი უმეტეს უფლობენ კაცის მგრძნობელობაზედ, და კანონნი მხოლოდ მოქმედებენ გონებაზედ.-

იფიქრეთ, ამის შემდგომ, რაოდენის მეცადინეობით მოვალენი არიან მშობელნი, რომ თვისთა შვილთა მოუპოებდნენ კეთილ აღმზდელთა, უკეთუ თვით არა სურთ, ანუ არა ძალუძსთ კისრად აღება აღზრდა მათი - ცუდთა აღმზრდელთა როცხვნი მეტობენ, ვიდრემდის კარგთანი, ამისაგამო საჭირო არს გონიერება, რომელ მრავალ რიცხვში აღრჩევდნენ მათ, ვისდამიცკი შესაძლო იყოს შვილის მიბარება; ადვილ შესაძლო-არს ამ გვარს აღრჩევაში შეცთომა და ჩაბარება შვილისა ცუდისა მოძღვრებისადმი.

აღრჩევა წიგნთა საკიტხველად მათისა, აგრეთვე შეადგენს მშობელთათვის საგანსა მზრუნველობისასა. - სამშბლო მწერალი, რომლისაც თხზულება არს სავსე ბრწყინვალის აზრებითა, მოაცდუნებს ყრმასა, და ხშირად მოიცვამს გონებასა მისსა წარსაწყმედელის უფლებითა. - მაცნებელი ნათელი მასშინა გამოხატულთა თუ აზრთა შეგავწრწუნებს ჩვენ; წარგვიტაცებს, შეგვიშლის სწორგზის კვალსა და ჩაგვაგდებს უბრსკულსა შინა უბედურებისასა. სენუკა იყო მიზეზი გარყვნილებისა რომალეთ გემოვნებისასა. - რევინტილიანი შენიშნავს, რომელ მისის დროს ყმაწვილნი კაცნი კისრულობნენე სენეკას თხზულებათაო, ფრიად და მავნებელტა, რადგან მის თხზულებაში სავსენი არიან სასიამოვნო ბოროტებითაო. მგზავსნი წიგნნი, საუბედუროდ, ხშირად გამოეცემიან საფრანგეთის ქვეყანაში.

ძნელად აღსაწერ არს ყოველნი ცნობანი, რომელტაცა ძალ-უძსთ სრულყოფად გონებისა ყრმისასა: საკრავიმ ცეკოობა, ანუ სხეულის მოძრაობა სხვა და სხვა თამაშობითა, ერთის სიტყვით ყოველიყევ ხელოვნება უნდა მეგობრულის კავშირებით მიილტოდეს მისადმი, რათამცა ჭაბუკთა კაცთა შინა გამტკიცდებოდნენ გრძნობანი სხეულთა და ზნეობათანი.

სათამაშო ჭაბუკტათვის უნდა იყოს უმანკო. მშბელნი ყოველის ძალით უნდა ცდილობდნენ, რომელ შვილნი მათნი არ შეეჩვეოდნენ უშესაბამო ხუმრობათა, რომელნიცა ბევრჯელ აკარგვინებენ მეგობართა, ოღონდკი არ დაკარგოს შემთხვევა წარმოთქმად რომელისამე გასაცინარის სიტყვისა- კაცსა კეთილზნეობით აღზრდილსა ძალუძს თქმა გასაცინარისა რისამე, არა დამკარგველი მასვე ჟამს ზდილობის წესისა -იგი მეტად ამლაშებს ხუმრობას, რომელიც თავის გამოცენისათვის შეეხების სხვასა პატიოსნებასა. -დედაკაცნი საზოგადოდ არიან უკეთესად აღზრდილნი, ვიდრეღა მამაკაცნი. ამ გვარად იხსენებოდნენ ციცერონის დროსნი, რომელიც იტყოდა: ამის მიზეზი ეს არისო, რომელ დედაკაცთ არ აქვსთ ხშირად შემთხვევა შეყრად სხვა და სხვათა ადამიანთადმი, მაშასადამე, ზნეობათა და კეთილ-აღზდილობათათა:-

ალექსანდრე ზაქარიას ძე სულხანოვი.

9 წერილი რედაკტორთან

▲back to top


წერილი რედაკტორთან

არ ვიცი რა მიზეზია, რომჩამაცივდით დავწერო რამე ცისკრისათვის. ნუ თუ გსურთ ჩემზედაც ალაჟღანდარაო ზოგი ერთნი მჭევრ მეტყველნი და შეამკობინო ჩემი თავი, როგორათაც საბრალო კაზლოვი?

რვა წელიწადი ერთათ ვხეხეთ გიმნაზიის შავი სკამიკები და ჩვენი ცოდნა ქართულს ენაში ნაცვალ სახელს გასცილდა; მაშასადამე ძალიან ცოდვილი გახლდები ქართულს მწერლობაში. ეს იყო, მიზეზი რომ აქამომდე ვერ აღვასრულე თქვენი თხოვნა.

მაგრამ იანვრის აქეთ ტფილისში იმდენი რამ მოხდა და დაიბეჭდა „ცისკარში“ რომ არ შემეძლო არ გამომეთქო, შეძლებისამებრ, რავდენიმე სიტყვა მაზედ, რაც დავინახე შესანიშნავად.

ვიღაც კეთილის მსურველი, განათლებული და კეთილშობილი, იანვრის ნომერიში გაგვიმარტებს კენჭის მნიშვნელობასა, მოვალეობასა აღმომღცეველთა და აღმორჩეულთა, - ერთის სიტყვით დაგვარწმუნებს, რომ თუ გვსურს: „განახლება, განათლება; უნდა ავანთით ფარნები, მოვძებნოთ და ვჰპოვოთ მხოლოდ რუსეთში გაზდილნი; დაუთმოთ ეხლავ იმათ ადგილები სასამართლოებში, თორემ დავიღუპებით!“ მართალია უნდა ვთქვათ: არ იყო რო ამ დარიგებას ჰქონდა მოქმედება საზოგადოებაზე უყაყანოდ დასხდნენ თავთავის ალაგს, -მშვიდათ წარმოსთქვეს საზოგადო საჭიროება: ერთათ დაგვიმტკიცეს, რომ „პრიკაზი მეტს სარგებელსა გთხოვსო, მაგრამ მოკლემაც არ შეიძლება, პრიკაზი იზარალებსო!!“ სხვათა დაგვარწმუნეს, რომ რაც ქაღალდები შემოვიდა ჩვენ სამწერლოშიო, ერთი არ დაგვრჩომია ოპასუხოთაო; ამასთანავე ამოდენა ფული შევმატეთო ხაზინასაო!... სხვათა კიდევ განგვიმეორეს დიდხნის შეგნებული ჭეშმარიტება: „სწავლა გვეჭირებაო, შვილები აქა და იქ გავზარდოთო.“ თავიანთ ფიქრით კეთილშობილთ შვილნი ხომ დააბინავეს, „გლეხკაცის შვილებსაც უნდა გაუჩინოთ სასწავლებელიო“!! ერთის ლექსით კენჭი დაიწყო სასიქადულოთ, და დასრულდა ჩვენებურათა, ძველებურათა.- რომელის მიზეზნი იყვნენ უფრო თერგ დალეულნი.

შემდეგ კენჭისა, დიდმარხვაში, ჩვენთა კეთილშობილთა წარმოადგინეს ცოცხალი სურათები სასარგებლოთ არა ჰქონდათ სახსარი ბატკნის სყიდვისა და კვერცხების შეღებისა. ცოცხალ სურათებზედ ვერას ვიტყვით გარდა მისა, რომ მშვენივრად წარმოადგინეს, უკეთესად აღარ შეიძლებოდა.

ამ საგანზედ ვრცლათ მინდოდა მამელაპარაკებინა, მაგრამ საჭიროთ აღარ ვსცან, რადგანაც ამ დროს მიაქცია ჩვენი ყურადღება აპრილის „ცისკარმა“, რომელიც შემოიტანა ბიჭმა.

ერთი რამ ჩემი ყმაწვილური ხასიათი უნდა შეგატყობინო თქვენ, ვიდრე ვიტყვი რასმე „ცისკარზედა“: რამდენიმე ხანი უნდა ვატრიალო ხელში და ვშალო ცისკარი, და მე პირველათ ამით ვსიამოვნებ, რომ ჩვენმა ოთხის წლის ქალმა ასრე ტანი შეყარა და ასრე ფაქიზათ არის მორთული; და ან მეტს რას მოვთხოვთ ამ ხნის ბავშვს, გარდა სისუფთავისა და ტკბილის ლაპარაკისა, მარამ ეს არაფერი ჩვეულება გვაქვს ქართველებსა, რომ რაკი ყმაწვილი ამოიდგამს ენასა, მაშინვე უწმაწურები უნდა ვასწავლოთ. სამწუხაროდ ჩვენდა, ცისკარში, წავიკითხეთ ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა, როემლიც შეიცავს ოც ფურცელს, და ორმელიც არის შედგენილი 1861 წ. ნოემბრის 5-სა დღესა. ამ ორიოდე სიტყვებში ჩვენ ვკითხულობთ ასობით შეუსაბამო სიტყვებს: აქ ნახავთ წირპლიან სხოლის, შიგნიტიკურ მიზეზს, რითმების რახარუხს, უალაგოთ კუნტია, აღრინდება, წამოკუნკულება და სხვანი და სხვანი. უფ. ილია ჭავჭავაძე, ავტორი ამ ორიოდ ანუ მრავლის სიტყვიერებისა, დაიწყებს იქიდგან, რა გავრათ შეაშფოთებს იმისს სულს „ერთი მარტო კაზლოვის და მის დაძალებულ ცრემლიანი ლექსების გახსენება;“ ჩამოსთვლის კაზლოვის ლექსებს, შავა მათ განხილვაში და ჰპოულობს მათში ბეწვის ოდენას ტალანტს; ორიოდე სიტყვით გვაცნობებს მრთელს რუსეთის სხვა და სხვა ქვეყნის მწერლებს: კარამზისნ, პუშკინს, ლერმონტოვს, ლუგოვსკის, ხერასკოვს, სუმაროკოვს, ბათუშკოვს, ტრეტიაკოვსკის, შეინეს, შექსპირს, ბაირონს და... მოგვითხრობს ხსენებულის მწერლების ღირსებაებს თვითოეულათ; დაგვიმტკიცებს, როგორათ ბაირონმა გაიტაცა რუსეთის ტალანტები! და რამდენი მათგანი იყვნენ ბაირონის გავლენის ქვეშ (!) რასაკვირველია არ დაივიწყებს ქართველთ მწერლებთაცა: პირქვე დაამხობს ჩახრუხაძეს თავის ოც მარცვლოვან ტყვიასავით მძიმე ლექსებითა; „ვერ ჰპოებს მათში, ვერც აზრს, ვერც ხელოვნებას, ვერც მშვენიერებას, ვერც ჭკვას, ვერც გულს ერთის ლექსით არაფრისთანა არაფერს, გარდა ზედ შესრულების რახარუხისა!! არ გაუშვებს გაუკენწლავათ უფ. ბერიევს, სარდიონ მესხიევს, ერთის სიტყვით წინ დაუხედავათ გარტყოცნია შურდული ვისაც მოხვდეს მოხვდესო. -რაკი გადავა თვით უ. რ. ერისთავის ტარგმანზე, ისეთ წვრილმანებსეკიდება, უფ. ჭავჭავაძე, რაიც არა შვენის ჭეშმარიტს თავის ქვეყნის ენის მოყავრეს. ნამდვილი კეთილის მოსურნე კაცი, ჩვენის ფიქრით თუ რომ ხედავს თავის მოძმის მოქმედებაში რასმე შეცთომილებასა, ხოლო შეცთომილება წარმომდგარა უმანკო მიუხვედრელობისაგამო, თავის დღეში კი არ დასცინებს, - გულმტკივნეულობით დაარიგებს და დააყენებს კეთილს გზაზედ უფ. ჭავჭავაძე არ მისდევს ამ კეთილგონიერ კანონს. იგი მოიყვანს რამდენსამე სიტყვებს უ. ერისთავის თარგმანიდამ; პოულობს შეცდომილების წინააღმდეგ ღრამმატიკის წესდებულებისა, აზრისა და ლექსთ წყობისა. მერე მიუბრუნდება მთარგმნელს და სწერს იმ გვარათ, როგორათაც დიამბეგი ნაცვალს აძლევს ბძანებას: თავადო ერისთავო! ესა და ეს სიტყვა, რომ აქ დააკუნტეო რა განძრახვა გქონდაო? ამით შენს ლექს ვერა შემატერაო, რაც არ დასახიჩრე თვით მახინჯი ნამდვილიცა, და უკანასკნელად -დაამხე კაზლოვის სახელიცაო. ამას არ სჯერდება უფ. ჭავჭავაძე; ხედავს საშინელს სასაცილოებას სიტყვებში: „ეგრეთ ჩაფლული ოცნებაშია; ჩემი ცხენები როგორც შეშლილნი, და სხვანი. დიდის ღრეჭით ანბობს: აბა თქვენი ჭირიმე ოცნება რა ტლაპოა, რომ ჩაფლობა შეიძლებოდესო! დანთქმული ეთქო კიდე ჰო; ცხენები შეიშალნენჭკვიდამ ხომ არაო; თავი იფიქრებდა, თუ იფიქრებდაო, ფეხები ხომ არაო, რაღა თქმა უნდა მაგასა“ ჩვენ უფ. ერისთავის სიტყვებში სასაცილოს ვერასა ვხედავთ. ბრმა-ყრუთ სიტყვენის გამოკიდება არ არის კარგი თვით უ. ჭავჭავაძის სტატიაში ვხედავთ იმ გარვე სასაცილო სიტყვებსა, რომლისათვის იგი განკიცხავს ერისთავსა. „მაგალითებრ: ცრემლიანი ლექსები, გაბერილი წიგნი, ბაირონმა ბევრი ტალანტები გაიტაცა, გაბერილი თავიდგან ფეხამდინ უნიჭოებითა, მდურარე ტყვია სჰცვია თვალთაგან“ და სხვანი. კნ. ილია ჭავჭავაძის სტატიის კიტხვიდამ გამოვიტანეთ ის დარწმუნება, რომ მას კაზლოვზე და სხვა რუსეთის მწერლებზე თავისი საკუთარი ახალი აზრი არა წარმოუთქვამს რა. რასაც ის ანბობს, იცის არა თვით იმან, ვისაც რამ მიუღია ცოტაოდენი სწავლა, თვითქმის მესამის კლასის გიმნაზიის მოწაფებმა, რომლებთაც უჭირავსთ ხელში რუსული ქრისტომათია გლახაკოვისა და მისი სხოლიოები.

უფ. ჭავჭავაძეს, არათუ ვერ გამოუხატავს კეთილშობილურად საკუთარი აზრი, თვითქმის სხვის აზრიც გადმოუღია ქართულად ისე ბნელათ, რომ ისეთი ნიჭიერი კაცი უნდა იყო როგორათაც თვით ილია ჭავჭავაძე, რომ გაიგოს რამე.

აქ დასამტკიცებლათ ჩემის სიტყვისა მოვიყვან რამდნეიმე ალაგს უფ. ჭავჭავაძის სტატიიდგან, მაგალიტებრ: „როცა გაგვახსენდება კაზლოვი და მისი პოეზია, თუკი არის ეს პოეზია მისს დაძალებულ ცრემლიან ლექსებში, როცა გაგვახსენდება, მაშინვე ენაზედ მოგადგენიან ჩვენ სასიქადულო რუსთაველის სიტყვები, მხოლოდ ჩვენებურადკი დავიწყობთ ხოლმე? (!!!) ანუ: კაზლოვი იყო კარამზინის სხოლის მწერალი, არამცთუ მარტო თავის ლექსებს კაზლოვმა შეჰყარა ჭირი იმ წირპლიან სხოლისა, არამედ სხვა და სხვა პოეტებსაც, რომელთაცა ჰსთარგმნიდა და რომელტაცა სულ არა ჰსცვიოდათ ძალად გაჭიმულ პაწაწინა გრძნობის უმარილო ცრემლი კარამზინსავით და მის მიმყოლთ კაზლოვსავით...“!!! ანუ „ბაირონმა ბევრი ტალანტები გაიტაცა, არა პოეტს თვითქმის არ დაბადნია მბაძავნი იმოდენა, რომდენიც დაჰბადა ბაირონმა ევროპაში და ნამეტნავად რუსეთში, თუმცაკი სატანის სხოლის თავადად უხმობდნენ თანამედროვენი ბაირონისა.“

რაც ამგვარი ალაგებია სულ რომ გამოვსწეროთ, უფ, ჭავჭავაძისა არიყოს, მოგვიხდება მრთლათ სტატიის გადმოწერა.- ერთის სიტყვით ის ქართველი, რომელმაც იცის მხოლოდ ქართული, უფ ჭავჭავაძის სტატიიდგან ვერას მიხვდება.

ამაოთ ამცნობს უ. ჭავჭავაძე ჩახრუხაძეს რომელის სახელი და დიდება აქამომდე არ გამქრალა დიდი ანტონი, რომელმანც, ვგონებ ცოტაოდენ უკეთ იცოდა ქართული ენა, ვიდრე უ. ჭავჭავაძემ, აი რას იტყვის ჩახრუხაძეზე:

„ჩახრუხაძის ძე, უცხო პოეტიკოსი; თამარ დიდის მკობი შაირებითა, შოთას შაირთა, თუ ვსთქვა უკეთესთაცა, მთქმელი მესტიხე, დიდი სიბრძნის მოყვარე, ყოვლად საქები, რიტორთ მესტიხთ გვირგვინი.“

ახლა ვთხოვ კნიაზ ჭავჭავაძეს, თუ თვითონ ცხადად ვერ შეიძლო გადმოეთარგმნა სხვს აზრებისა როგორღა გაბედა, რომ განკიცხა ერისთავი მოუხერხებელ თარგმანისათვის.

უფ ჭავჭავაძეს შეუძლიან მოიხადოს ბოდიში ამით: პირველათ, რომ მას თავის სტატია უმზადებია მომავალ ნოემბრის თვისათვის არ არის ეჭვი შვდის თვის განმავლობაში კარგათ მოეფიქრებინა და ცხადათ გამოეთქო ზოგი ერთი ბნელი ადგილები; მეორეთ ამით, რომ უფ. ჭავჭავაძეს, როგორც შეგვიტყვია თავის სტატია დაბეჭვდამდინ ბევრთათვის წაუკითხებია და ყველას ერთობ მოუწონიათ. -

უფ. ჭავჭავაძე ხსენებულს სტატიას დაასრულებს ესრეთ: „თუ მკითხველი ეყოლება ჩვენ სტატიას, მასთან ბოდიშს ვითხოვთ ჩვენ. იქნება იგი ჩვენს სტატიაში ერთს ჭკვიანურს განხილვას ელოდდა და ვერა ჰპოვა. რა უყოთ? როგორათაც ღვდელია ისეთიც ერიაო, ანბობს ქართული ანდაზა; როგორიც პოემა იყო ნათარგმნი, იმისთანაც, ღვთის წყალობა თქვენა გაქვსთ, განმხილველიც შეჰხვდა?...

ამ უკანასკნელ ჭავჭავაძის სიტყვებმა თვალწინ წარმომიდგინა ის მოხუცებული კაცი, გახსოვსთ? კვირა საღამოს, სალაყბოზე ტივის ხეებზედ რომ ჩამოჯდებოდა ხოლმე და იყოდა: „ჩემ ყმაწვილობაშ თელეთის ხევხუვებში, იმისი მადლო გწყალობდეთო, სადაც ხშირათ შევხვედრივარ ვეფხვებსა, ბერრი ლეკი მომიკლავსო“. ბოლოს ამას დაატანდა თავის სიტყვებს: „თუმცა რიგი არ არის ჩემი თავი მე ვაქოვო; მაგრამ თუ მე არა ვთქვი, თელეთის კლდეები ხომ არ იტყვიანო; და იქ სხვა მოწამე არა მყოლიაო.“

ზემო აღნიშნულის სტატიას გარდა, აპრილის თვის ცისკარში არის სამი ლექსი უფ. ილია ჭავჭავაძისა: თ. ალექსანდრე ჭავჭავაძეს, ალბომში, და გაზაფხული. - ამით თითქო უფ. ჭავჭავაძე უჩვენებს ლექსთ მწერალთ, რაგვარათ უნდა სწერონ. პირველს ლექსში, ესე იგი: „თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე“. წერტილები უმრავლესია სიტყვებზე. აბა მწერლის საიდუმლოებას ჩვენ რას მივხვდებით! მერე ლექსი, ესე იგი „ალბომში“.ცოტა არ იყოს რომ გრძელია; საალბომო ლექსი უდნა იყოს მოკლე და დიდ აზროვანი და არა ლექსები იმ დასტალუღებითა, როგორათაც აქვს ილია ჭავჭავაძეს:

„ან შენ მაშინ რა იცოდი
„ან შენ გიჟმა რა იცოდა?

„გაზაფხულში“ პოეტი სულით ნატრობს საყვარელ მამულის აღყვავებას. ნეტავი დაანახვა ეხლა საქართველო როგორ მწვანე ხავრდივით ბიბინებს!!!

აქ კიდევ მინდოდა მეთქო რამე სხათა შესანიშნავთა საგანთათვის, მაგრამ შემდეგ ნოემბრისათვის დარჩეს, რადგანაც ეს წიგნი გაგრძელდა და თქვენის ჟურნალში ადგილიც აღარ არის.-

თ. გიორგი ბარათოვი.

10 პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა

▲back to top


პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა

ცისკრის ამ აპრილის წიგნში წავიკითხეთ თავ. ილია ჭავჭავაძისაგან კრიტიკა ჩვენგან თარგმნილის კაზლოვიდგან „შეშლილზედ“.

ჩვენ არათუ გვეწყინებოდა, დიდის სიამოვნიტაც მივიღებდით ყოველს კეთილ-სინდისიანს განხილვას: ჩვენი საყვარლის მშობლიური ენის წინააღმდეგთ ლექსთ ხმარების მხილებას და სხვათა შეცდომილებით გამართვასაც; (თუმცა თავ. ჭავჭავაძე სხვათ მრავალთ ცილის წამებათაგან ამასაც გვწამებს რომ, ჩვენ არც სამშობლო მამული გვიყვარდეს და არც ჩვენი ესნი პატივისცემა გვქონდეს; - ესკი ღმერთმა ჩვენდა სამწუხაროდ, თავ. ჭავჭავაძის კრიტიკაში ჰსჩანს მომატებულათ ჩვენი ლანძღვა, ვიდრე რიგიანი განხილვა და შეცთომილებათ გამართვა. საბრალო კარამზინი! კაზლოვი და ჩახრუხაძე ხომ რაღა - საფლავიდამ არიან ამოყრილნი; სხვა კიდევ ჰო, კარამზინსკი ისე უპატიოთ ხსენება არ ეშესაბამება, იმას იმისთანა უსაფუძვლო სიტყვებით ვერავინ მიუღებს თავისის შრომით, ჭკუით და განათლებით მოპოვებულს და დამკვიდრებულს ღირსებას გამოცენილს მწერლისას რუსეთში, იმისის ღვაწლის შერყევას უბრალოთ ნურავინ ეცდება.

ეტყობა, ძალიან ზაფრიანი აგებულებისა ბძანებულა თავ. ჭავჭავაძე; ეშმაკათ, აკი იმ დროს წაუკითხავს ის ჩვენგან თარგმნილი, როდესაც ზაფრა ჰქონია აშლილი და ჯავრი ჩვენზედ უყრია; თორემ ვჰგონებთ სხვანიც ცისკრის მკითხველნი ვისაც წაუკითხავს და ან ეხლა წაიკითხავს, ჩვენს თარგმანს დაგვეთანხმებიან, (თუმცაკი კაცთმოყვარებისაგამო ყველას აფრთხილებს თავ. ჭავჭავაძე და ურჩევს „ვისაც არ წაგიკითხავსთ ნუ წაიკითხავთ თორემ ნაღველა გაგისქდებათო.) რომ ენის წინააღმდეგათ ისეთი დიდი შეცდომა არა არისრა ჩვენს თარგმანში, რომ იმსითანას ლანძღვისა და კიცხვის ღირსნი ვიყვნეთ; რომელს ნამდვილ გაზდილს კაცს ეკადრება იმ გვარათ ილანძღებოდეს, ან ოხუნჯობდეს? თავ. ჭავჭ. ბძანებს „ქართველებს სამი რამ დაგვრჩენია ჩვენთ მამაპაპათაგანა: მამული, სარწმუნოება და ენაო“ - მეოთხესკი ივიწყებს: ჩვენთ წინაპართაგან ნაანდერძევს -ზრდილობას; - ვაი, დარბაისელთ მოწყვეტას!

ბატონს ჩვენს გამკიცხავს გამოუწერია შიგა და შიგ ჩვენს ლექსებიდამ ზოგი ერთი ისე გადარიახებულათ, რომ საკადრისი არ არის; სხათა შორის დიდს ჩირქიანობათ მიაჩნია „ოცნებაში ჩაფლვა, - ვჰგონებთ „ბრახაბრუხი და წირპლიანობა“ უფრო უკადრისი და უარგისი ლექსები იყვნენ?

„ძველ კარის ბჭეში კანდელი ბჟუტავს, მის სიახლოვეს ვირაცა სუნთქავს; იქნება მგზავრი შეჰფარებოდეს სიცივისაგამო იქა თბებოდეს“.

ამაზედ სასაცილოთ გვიგდებს, თავმოწონებული ოხუნჯობს და აქვს ერთი ყოფა უ. ჩვენს კრიტიკოსს; - არა, ჩემო ბატონო, ძალიან ნუ აჩქარებულხართ! დიახაც შეიძლება კაცს სუნთქვა არ ესმოდეს ისე მოშორებით იყოს სულიერზე, მაგრამ ჰხედავდესკი, რომ სუნთქვას ცხოველი, ამაზე სხვანიც დაგვეთანხმებიან: აი, ბატონებო! - გზის პირზედ საყდარი დგას, დანგრეულს კარის ბჭეში კანდელი ანთია, რომლის მახლობლათაც ჰხედავს მგზავრი ვიღასაც, რომელიც სუნთზავს და ჰსჩანს კანდელის შუქზედ სუნთქვის ორთქლი, რომელიც დიახ ადვილად დასანახავია ზამთარში. თუ დროს ჩვენ მგზავრს არცარა თვალებზედა აქვს დაფარებული; როგორც თვით, ჩვენგან თარგმნილის, წამკითხავი დარწმუნედება: ჩვენო მკითხველო! ახლა თქვენ განსაჯეთ რა შეუძლებელია, აქ რა შეცთომაა, რა სამასხარაოა? თავ. ჭავჭავაძე წინ და წინვე ბძანებს: „ეს რაც უნდა გვარწმუნოთ არ დაგიჯერებთო“ - ძალის დამატება ვის შუძლიან, ესეც რომ აიხიროს დღე ნათელი არ არისო ვინ დაუმტკიცებს.

„დილით თუ ღამე ვფიქრობ მასზედა,
ცრემლი არ მშრება არც ერთ თვალზედა“.

გვკითხავს იგივე „რა ნუგეშია რომ ერთ თვალზედ შეშრეს მეორედანკი ჰსცვიოდეს ცრემლებიო?“ -ეს სწორეთ ის გახლავსთ: „ნათქვამიან მიზეზ-მიზეზ, - დოს მარილი აკლიაო!“ - ხან იმას წყრება დალოცვილი ჭავჭავაძე თავისის „მეხი-სიტყვით“ შეშლილი ჭკვიანურათ რათ ლაპარაკობსო, და ახლა ამაზედაც ჯავრობს, რატომ რიგიანათ არ უთქვამსო! - რა გაეწყობა, რაკი კაცს სურვილი ექნება კაცის გალანძღვისა ბევრს დაუნახავს დაუნახავს, უმიზეზოდ მიზეზოდ მიზეზსაც იპოვნის, მაგალ. როგორც აქ:

„- მის საშინელსა ჩემსა ტანჯვასა“. და არა „ჩემსა ტანჯვასა“ როგორც უ. ჩვენს კრიტიკოსს გამოუწერია; (ანუ გეგონებათ, ჩვენო მკითხველო, აქ ან დამბეჭავის ბრალი იყოს.) ამაზედაც ლაჟღანდარაობს, ცეკოს უვლის და დიდი ხელ-ფეხის ქნევა აქვს; აკი მოგახსენეთ, ზედ არ ეტყობა? ისე გაჯავრებული ბძანებულა, რომ უ და ე ვერ გაურცევია; რა სასიქადულო მშობლიური ენის სიყვარულია! სხვასაც ბევრს ამისთანა ჩინოვნიკსა სკრეფს უ. ჩვენი კრიტიკოსი, მაგრამ ჩვენ არ გამოვეკიდებით, რომ თვითვეულს ლექსედ და ასოზედ თავი გავიმართლოთ, დეე სხვათა ჰსაჯონ ჩვენ შორის.

ამასთანავე უ. ჭავჭავაძე ჰყვედრის უ. ცისკრის რედაკტორს, რომ ამ გვარს უშვერს სტატიებსა ჰბეჭდავს, თანვე ამართლებს, ვითომც ჩვენი ეშინიან და არ შეუძლიან უარი გვყოს უარგისის სტატიების დაბეჭვდისა, ამაზედაც მე არას მოვახსენებ, იქნება თვით უ. რედაკტორმა გასცეს პასუხი. იმაზეკი ჩვენც დავეთანხმებით თავ. ჭავჭავაძეს, რომ როგორათაც „შეშლილი“ ისე „ჰაჯიაბრეკი“ დიდი შესაძინებელი არა არიანრა ჩვენის ლიტერატურისათვის. ჩვენ არც იმაზე გავწევთ ბაასს, რომ ამ ათის წლის წინათ ჩვებთაბ თარგმნილში შეცთომაები არა იყოსრა იმისთანა, როგორც თვითვეულს ჩვენგანს ეხლაც შესაძლებელია ხშირათ მოგვდიოდეს; იქნება თვით ჩვენი კრიტიკოსიცკი ბძანდებოდეს შეპყრობილი ამ გვარის სენით; მაგრამ ჩვენ ხომ ვერ გაუბედავთ კრიტიკის დაწეას, მეორეთ უფრო უშვერათ რაღათ გაველანძღვინოთ, ან სოფლელი კაცი ვინა და სტუდენტთან ბაასის გაწევა!- თუ თვითონვე გულდამშვიდებული თვალს ჩაავლებს თავის დაწერილს, ვჰგონებთ, შენიშნოს რომ იმდენი ხელისა და ფეხის ქნევაში ადგილ-ადგილ წაუბორძიკნია.

თავ. ჭავჭავაძე ამასაც ბძანებს: „ჩვენ სულ მამაპაპურმა ტკბილმა ძილმა დაგვღუპაო“. -ამაზედ კი თუ ნებას მოგვცემს ვერ დავეთანხმებით: - ზემოხსენებული აზრი მხოლოდ იმისთანა კაცს ექნება ჩვენთ მამაპაპაზედ ვინც დაუფერევლად, დროს მიუხედავათ, და მაშნდელი გარემოებათ გაურცევლათ მოჰყვება ჰსჯასა; თუ ჩვენს ისტორიას ჩავათვალიერებთ და უწინდელთ სახსოვრებსაც გავსჩხრეკთ დავრწბუნდებით, რომ არც ერთ დროს უქმათ არა ყოფილან ჩვენი წინაპარნი, ძილის დროსაც მართლა მოსვენებით არა ჰსძინებიათ; ჩვენის აზრით არათუ კიცხვისა, დიდის დიდებისა და მადლობის ღირსნი არიან.

რაც შეეხება ზმნების ნაკლულევანებას იმ ადგილებში, რომელბიც გამოუწერია თავ. ჭავჭ. ჭეშმარიტია, მაგრამ ისე არსად აკლლია, რომ აზრი არ გაიგებოდეს; თუ კი თავ. ჭავჭ. სულ ამოხოცას აპირებს ჩვენის ანბიდამ ექვსის ასოსს, რომელნიც თვითვე გამოუწერია, ჩვენის მხრითაც ვგონებთ დიდი შეცთომა არა იყოსრა არსებითი ზმნის დაკლება, სადაც აზრის ცხადად გასაგონია.

ამას გარდა ზოგი ერთს გამოხატულებისათვის, რომელნიც უხმარია თავ. ჭავჭავაძეს იმის შესაფერის პასუხად ჩვენც გვინდოდა ვეფხვის-ტყაოსნიდამ გამოგვეწერა, (კბ) მუხლი, მარამ საჭიროდ აღარ შევრაცხეთ.

მხოლოდ ამისღა ვსთხოვეთ ჩვენს შეუბრალებელს გამკიცხავს გაგვაგებინოს „შიგნიტიკური“ სადაური ლექსია, ან რას ნიშნავს? საკვირველი არ არის არ გვესმოდეს ჩვენისთანას უარგისის ენის უარგისის პატრონს. „ორგინალი, სენტიმენტალური და პლასტიკაცკი რო განემარტნა როგორათაც კონსტრუქცია და კაპიტალია ჩვენ ქართველთათვის ურიგო არ იქნებოდა; თვით თავ ჭავჭ. უშვერებად მიაჩნია რუსული ლექების ხმარება, რომელნიც ზოგი ერთებს უხმარიათ, მაგალ. ლინები, ოსტროვები და სხ. მართლა ეს ლექსები ქართულს ენაში სახმარებელნი არ არიან, მაგრამ აზამეკი ვერ დავეთანხმებით, რომე უშვერებათ შესარაცხი იყოს. ეტყობა „უშვერება“ თავ. ჭავჭ. სხვა რიგათ ესმის და რა ისე, როგორც მინოშვნელობა აქვს ამ ლექსს.

ჩვენის მხრით, მაინც კიდევ მადლობას განუცხადებთ, გულს მოდგინედ იღვწის ჩვენის ენის წარმატებისათვის; იმედი გვაქს მარტო ჩვენის შეცთომების მხილებაზე არ შეაყენებს თავის „ენიანს ენას და მეხის-კალამს“, რომელიც უპყრიეს ხელოვანს-ხელსა და განაგრძელებს სხვათაცა შემდგომთა სტატიების განხილვასა კეთილ სინდისიერად, აუჩქარებლათ და არა უკადრისის ლანძღვით.

თავ. რევაზ შალვაზძე ერისთავი.

აპრილს 30-ს. დღესა 1861 წელსა. ს.კ.

11 სხუა და სხუა ამბავი

▲back to top


დიდი ჩვეულება გვინეაში

მისმა დიდებულებამ ბადაგუნმა, დაღომეისის კაროლმა სახსოვრად თვისის მამისა, გეცისა კაროლისა, მოინდომა დღესასწაულობა წრევანდელს წელს დიდის ჩვეულებისა, განსაკუთრებითს დიდებით. მან უბძანა გათხარა აუზისა, რომელშიდაც ჩავიდოდა იმდონი კაცის სისხლი, რომ აიტივტივოს ნავი. რიცხვი კაცთა, რომელთაც უნდა მისცენ ეს სისხლი შეადგენს ორი ათასს. რადგანაც ბადაგუნს არ ჰყავს ესოდენი მარავალი ხალხი, ამისთვის მეზობელთა მტერთა, მით რომ იშოვნონ იმათგან მომეტებულნი ტყვენი მას სურს გაყოს ტყვენი ორ ნაწილად; მოხუცებულებათ და ყმაწვილთა; პირველნი იქნებიან განსყიდულნი, ხოლო უკანასკნელნი შეწირულნი მხსვერპლათ დიდის ჩვეულებისა.

მიხეილ ნაკაშიძე.

ქინაქინა

ქინაქინა არის ერთი ძვირფასთაგანი მცენარე ვითარცა წამალი ცივებისა. ეს არის დიდი ხე, რომელსაც აძრობენ სამკურნალო ქერქსა. ძველად ამა ქერქსა აძლევდნენ ავათმყოფებს უბრალოდ დანაყილს; მაგრამ ახლანდელს დროში ამა ქერქისაგან მზადდება მჟავე გოგირდიანი (ქერქი) ქინაქინა. ეს არის ერთი ძვირფასთაგანი წამალი, ამისთვის რომ ტყვეებთა შინა სამხრეთის ამერიკისა ეს ხე იპოვება იშვიათად და მის საშოვრად კაცი უნდა წავიდეს უდაბურს ტყეში. ეს ხე ხომ გამწყვარიყო, მაშინ კაცს აღარ ექნებოდა პირ და პირ საშუალება წინააღმდეგ სასტიკის სნეულებისა - ცივებისა. კაცობრიობის მეგობართა იწყეს შიში, მაზედ რომ ქვეყანა დარჩება თვინიერ ქინაქინის ტყისა. ახლა ეს შიში მოისპო, ამისთვის რომელ მიღებულ არიან ნამდვილნი ღონისძიებანი. პირისპირ ქინაქინის. გაწყობისა დაიწყეს შენება ქინაქინის ტყეებისა. გოლლანდიის მმართველობა თავის კუნძულზედ ხარჯავს ბევრს ფულსა ამ ხის გასაშენებლათ. ახლა ახალგაზრდა ქინაქინის ხეები გაიზარდნენ იქ თითქმის სამ საჟენ სიმაღლეზედ კარგმა მაგალითმა ჰპოვა კარგი მიმბაძავიც: ერთმან პარიჟის საზოგადოებათაგანმან დაუნიშნა დიდი ჯილდო ამ ხის გასაშენებლათ ევროპაში, თუმც უმჯობეს იქმნებოდა, რომ ეზრუნა ამ ხის გასაშენებლათ არა ევროპაში, არამედ ალჟირშიდ, სადაც ჰაერიც უმჯობესია მისთვის.

პ. ჩხეიძე.

12 გასწორება შეცთომათა, ცისკრის ფებერვლის №-ში.

▲back to top


გასწორება შეცთომათა, ცისკრის ფებერვლის №-ში.

დაბეჭდილია წაიკითხე.
გვერდი. - სტრიქონი. -
322 - 10 -ყადი - ყადს
323 - 16 - მარამ დროებითა. - მარამ ამ დროებით
-18 - ვპოვნი - ვიპოვნი.
რედაქცია.