ცისკარი №8 (1861)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 სიტყვა: ხარებასა ზედა, თქმული ქუთაისის სობოროსა შინა გაბრიელ ეპისკოპოზისაგან

▲back to top


სიტყვა: ხარებასა ზედა, თქმული ქუთაისის სობოროსა შინა გაბრიელ ეპისკოპოზისაგან.

აჰა ესერა იმიერიდგან მნატრიდნენ
მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ჰყო
ჩემთანა დიდებული ძლიერმან (ლუკ.დ)

ესრეთ იწინასწარმეტყველა ყოვლად წმინდამან ქანწულმან მარიამ, ოდეს მიიღო ხარება მთავარ ანგელოზისაგან: „გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა“: აწ ჩვენ ვიცით ვითარ აღსრულდა ეს წინასწარმეტყველება: ყოველნი ნათესავნი, რომელნი აწ აღიარებენ სჯულსა ქრისტესსა ნატვრენ სახლსა მისსა ყოველსა ზედა პირსა ქვეყანისასა. უპატიოსნესად ხერუვიმთასა და აღმატებით უზესთაესად სერაბიმთასა. ვგალობთ სახელსა მისსა ჩვენ მართლმადიდებელნი ქრისტიანენი; ყოველთა გონიერთა ქმნილებათა ღვთისათა ანგელოზთა და მთავარ ანგელოზთა უზენაეს შეიქმნა, სახელი მისი დიდებული; ყოველთა შინა ჩვენთა ლოცვათა, შემდეგ უზენაესისა და თაყვანის საცემელისა სახელისა ღვთისა ჩვენისა უწოდებთ სახელსა დედოფლისა მარიამისასა და ვსთხოვთ მას შვამდგომელობასა ძისა მისა მისისადმი. ერთი მხოლოდ ყოველსა შინა კაცობრივსა ნათესავსა გამოუჩნდა იგი ემსახურა საიდუმლოისა განხორციელებისასა. რაი იყო მიზეზი ესე ვითარისა მისისა აღმატებისა, რომელთა ღირსებითა და სათნოებითა მიიზიდა ესოდენი მადლი ღვთისა? რაისათვის იქმნა იგი რჩეული ყოველთა შინა კაცობრივსა ნათესავსა ესრე ვითარისა ხარისხისათვის? განზრახვა და გამოკვლევა თვისებათა ყოვლად წმინდისა ღვთის მშობლისათა. ფრიად საჭირო არს და სასარგებლო ყოველთა ქრისტიანეთათვის, გარნა უმეტესად ქრისტიანეთა ქალთათვის; ვინაიდგან იგი იყო თვით ქალი, პირველი სახე და მაგალითი რომელსა წინადაგვიგებს ბაძვად ჩვენ ქრისტიანეთა, სახარება არის თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ხოლო მეორე, უმეტესად დედობრივისა სქესისათვის, დედოფალი ჩვენი, ღვთის მშობელი მარიამ. გარნა, რომელი იყო პირველი და უმთავრესი თვისება ქალწულისა მარიამისა? რით იყო იგი განსხვაებულ სხვათა პირთაგან მისისა სქესისა? რომელმან მისმან თვისებამან ჰყო იგი სანატრელ ცისა და ქვეყნისა? პირველი, საკუთარი და განმასხვაებელი თვისება მისი იყო ის, რომელ ყოველი მისი ღვთაებრივი სისრულე და დიდება იყო შინაგან მისსა, სულსა და გულსა შინა მისსა, - და გარეგან, გამოსაჩენად; სისრულე მისი იყო დაფარულ კაცთაგან, ხოლო ცხად ერთისა ღვთისათვის. სული მისი იყო ტაძარი ღვთისა ცხოველისა, უწინარეს ვიდრე სხეული მისი შეიქმნა ტაძრად ცხოვლად განხორციელებულისა სიტყვის ყოველთა წმინდათა კაცთათვის. თქმულ არს წერილსა შინა, რომელ ცხოვრება მათი დაფარულ არს ღმერთსა შინა, გარნა უმეტესად ითქმის ესე ღვთის მშობლისათვის, რომლისა ყოველი გონება და არსება იყო დაფარულ ღვთის არსებასაშინა. გარეშემო მისი არა გამოიჩენდა არცა ერთს მისსა დაფარულსა დიდებულებასა! ვერავინ განარჩევდა მას სხვათა ქალთაგან ვერცა შესამოსლითა, ვერცა სუფრასა ზედა, და ვერცა სხვითა გარეგანითა! ოდეს გულსა შინა მისსა ნათობდა ნათელი ღვთაებისა, ოდეს ყოველი გონება მისი იყო გართული ზეციურითა ჰაზრითა და გული ავსებული გამოუთქმელითა სათნოებითა, გარეშეობა მისი იყო უბრალო და მსგავსი ყოველთა სხვათა ქმნილებათა.

ახლა მივიქცეთ ჩვენში და გავზომოთ ამ თქმულობითა ზომითა, ესე იგი ღვთისა მშობლის თვისებითა თვისებანი ჩვენთა აწინდელთა ქალთა გარნა ნუ იფიქრებს რომელიმე მათგანი: ვითარ შესაძლო არს გაზომა ჩემის ცოდვილისა ცხოვრებისა ღვთაებრივითა ცხოვრებითა ღვთის მშობლისათა? იგი იყო აღხდილ და განწმენდილ და აღვსებულ სულითა წმინდითა, ხოლო მე ვარ მცხოვრები ცოდვილსა სოფელსა შინა და ვით შემიძლია ვემსგავსო მას? ჭეშმარიტია ქრისტიანენო, რომელ ღვთის მშობელი იყო აღმორჩეულ ღვთისაგან განსაკუთრებითა განკარგულებითა და განწმენდილ სულითა წმინდითა, გარნა იგიცა თავის თვისით თვისითა სათნოებითა შეიქმნა ღირს ესრეთისა აღმორჩევისა, ხოლო ვინ გიშლის შენც ეცადო და მოიხილო მადლი ღვთისა განმწმენდილი? უკეთუ ისურვებ არცა შენთვის დაზოგავს ღმერთი სულსა თვისსა წმიდასა უკეთუ შეიქმნები ღირსი მისი. ბოლოს არცა მას ვინმე მოითხოვს და ეძიებს, რომ შენ შეიქმნე თანასწორ ღვთის მშობლისა გარნა მსგავსი მისი, რაოდენ შესაძლო არს, უკეთუ უნდა იყო შენცა და ესრეთ გავზომოთ ჩვენთა ქალთა ღირსება და თვისება ზომითა მარიამ დედოფლისა თვისებითა: რას ეძიებენ აწინდელნი ქალნი და რაში მდგომარეობს მათი სასოება? რის შეძენას ცდილობენ ისინი შინაგანთა სათნოებათა, თუ გარეშეთა ღირსებათა თავის გამოსაჩენად? სამწუხაროდ ჩვენდა ჯერ არს თქმად რომელ ახლანდელნი ქალნი სრულიად არ ემსგავსებიან ამასობაში ღვთის მშობლისა ყოველი მათი ცდილობა და მათი მისწრაფება მდგომარეობს გარეშეობისა თვისისა შემკობასა და განშვენიერებასა შინა. ყოველი მათი ნუგეში და ჰაზრი არის ტანის შემკობა და თავის გამოჩენა; ნაცვლად ჰაზრის გამდიდრებისა, გონებით განშვენიერებისა, სულისა შემკობისა კეთილთა და საქებელთა თვისებათა მიერ იგინი მხოლოდ მას ცდილობენ, რომელ შეიმკონ ტანი მდიდრითა შესამოსელითა. პირველი მათი ნუგეში არის რაიმე უბრალო ბრწყინვალე სათამაშო ნივთი. დიდ არს და პატიოსან მნიშვნელობა დედაკაცისა ქრისტიანობრივისა საზოგადოებასა შინა. დაუფასებელი ღირსება აქვს ქალსა, აღურაცხელსა სარგებლობასა მისცემს იგი მთელსა საზოგადოებასა ქრისტიანობრივსა, როდესაც იგი სცხობრობს ცხოვრებითა გონიერითა, როდესაც ყოველსა საქმესა ზედა და ქცევასა აქვს გონიერი ჰაზრი, როდესაც ერთი სიტყვით იგი არის ჭურჭელი კეთილის ზნეობისა და გონებისა; გარნა ოდეს არა ზრუნავს არაფერს, ნუ არა რასა ფიქრობს, ოდეს ეძიებს მხოლოდ მსოფლიოთა ნუგეშთა და კმაყოფილებათა, როდესაც ბედნიერება მისი მდგომარეობს გარეგანთა სამკაულთა და მაშინ ჰკარგავს იგი თვისსა დიდსა მნიშვნელობასა.

ქრისტიანო ქალო? ღმერთმან მოგცა შენ დიდი და პატიოსანი მნიშვნელობა, რათა იყო შენ სამკაულ საზოგადოებისა არათუ მდაბლად მშვენიერებითა პირისა და შესამოსლისა შენისათა, არამედ სულისა და ზნეობისა შენისათა, რათა შენცა, შენითა კეთილითა ზნეობითა, გონიერითა და კეთილითა ქცევითა სიწმინდითა და სიმშვიდითა ეხმარე განვრცელებასა სასუფეველისა ღვთისასა ქვეყანასაზედა, ხოლო შენ ესოდენ სულმოკლე ხარ, ესოდენ გავიწყდება შენი მშვენიერი მნიშვნელობა, რომელ მისდევ მცირეთა, ამაოთა უხმართა ნივთთა და ნუგეშთა სოფლისათა; შენ უნდა ჰპოულობდე ბედნიერებასა შენსა აღსრულებასა შინა დიდისა და პატიოსნისა მოვალეობისა შენისასა, ვითარცა დედისა, ვითარცა მეუღლისა, ვითარცა შვილთა აღმზრდელისა ოჯახისა მმართველისა საზოგადოებასა შინა კეთილზნეობის განმავრცელებელისა, ხოლო დაგიტოვებიეს შენ ესე ყოველი და ხედავ შენსა ნუგეშსა და ბედნიერებასა ამაოთა შინა სამკაულთა. ღმერთმან, განგებ მოგცა შენ განსხვავებული ბუნება, შეგამკო შენ გულითადითა გრძნობილებითა, ნაზიანითა ზნეობითითა საგრძნობელითა რათამცა შენ გესარგებლა ამათ თვისებათა აღსრულებულად შენის მოვალეობისა, დაგენერგა გულსა შინა ძეთა და ძმათა შენთა კეთილნი მიდრეკილებანი; ხოლო ნაცვლად ამისა ვითარცა შენ მიესწრაფები ეგრეთვე სხვათამცა მიიზიდავ ამაოთა კმაყოფილებათადმი. იწყე შენცა ფიქრობა და განზრახვა ყოველთა ნივთთათვის, ნუ ხარ დაძინებული, ნუ ხარ რეგვენი ვიდრე სიბერედმდე! შენც გმართებს შეიძინო სიმაგრე ხასიათისა, სიმტკიცე ჰაზრისა, ურყვეველობა ზნეობისა, რათა სხვათა მიიზიდავდე კეთილისა ყოფაქცევისადმი და არა სხვანი მიგიზიდავდენ შენ ცოდვისადმი.

2 რევაზ გუდაბრელიძე (იმერული ლეგენდა)

▲back to top


რევაზ გუდაბრელიძე. (იმერული ლეგენდა)

(თარგმნილი.)

იმ ალაგს, სადაც კუდაროს ხეობა, განვრცელებული საწერეთლო მამულებზედ, აძლევს ალაგს მღელვარე ყვირილას, შფოთვით და მენებურად მკლაკუნელს ხევებში; იქ, პირდაპირ საზაროს და მიუდგომელის ციხისა „მოდინახესა“, რომლისაც დაშთენილა აქ მხოლოდ ნანგრევნი, - ქვეშე ჯგუფთა ხეთა, მაჩრდილობელთა, მშვენიერთა სერთა, ეხლაც კიდევა მდებარებს ძველი დაბა ძველის აზნაურის გვარის გოდაბრელიძისა. მრავალი წელი გავიდა მას აქეთ, რაც მოხდა გადასავალი, რომელსაც ჩვენ უანბობთ ჩვენთა მკითხველთა; ბევრი წყალი ჩაუტარებია ცოფიანს ყვირილას ვრცელს რიონში და მრავალთა მშვენიერთა ქალთა დაუკარგავთ თვისნი საოცარნი მშვენიერებანი; გარნა ყველას წელიწადს, დღეობას წმ. იოანნე ნათილ მცემელისას მოგროვდებიან გარეშე მცხოვრებნი ეკლესიასა შინა, აშენებულს რევაზ გოდაბრელიძისამიერ აღთქმით დადებულით მისმიერ ღმერთთან თვის საკვირეველის განთავისუფლებისათვის, და სასოებით ისმენს ხალხი მოხუცთაგან ანბავსა ამ საკვირველებაზედ.

დიდი ხანია მას აქეთ, როდესაც იმერეთი სულგრძალად აიტანდა უბედურს მისთვის განგებობასა მეფის სოლომონისას, რა რომ თურქნი დაუსჯელად აოხრებდნენ ამ მშვენიერს მხარესა და წარატყვევებდნენ ჰარემში ცოლთა და ასულთა, ხოლო ძეთა და ძმათა მოაძლურებდნენ მძიმის საქმეებითა, სცხოვრებდა ყმაწვილი რევაზ გოდაბრელიძე, მშვენიერი სახითაც და სულითაც. ეხლა იქნება, ცოტაღა იპოვებოდეს იმისთანა ახალგაზდა, როგორიც იყო რევაზ! იმისთანა შავთა და ხუჭუჭთა თმათა, როგორიცა ჰქონდა მას, ძვირადღა დაჰფარვენ ფაფანაკნი და არავის არ ძალუძს ეხლა, რომ ამოსულიდამ დილით ზაფხულის მზის პაპანაქებამდინ შუა დღისა, მივიდეს მოდინახედამ შორაპნამდინ, ვერავინ გავა ყვირილას, ძირულას და რიონს სავსე წყლობასა, - და ესე ყოველივე რევაზს მიაჩნდა თამაშად მესროლი და მეკაფი იყო საცვიფრო; ერთის ხმლის შემოკვრით ერთ თვალის დახამხამებაზედ გააგდებინებდა რაც უნდა კამბეჩი ყოფილიყო თავსა, და ნასროლს ტყვიას არ წაუვიდოდა გაქანებული ირემი, რომ არ გაეხვრიტა შიგ გულში.

არავინ იყო გოდაზედ ლამაზი და არა ერთსა აამღვრევდა და ააღელებდა ატლასის გულის პირის ქვეშ, მორთულს ოქრომკედის გრეხილით, დანახვა მის ამპარტავანის ახოვნებისა, წვლილის წელისა და განიერის მხარ ბეჭისა. ყველაზედ ხშირად უცქეროდა რევაზს მშვენიერი მაკა, ასული მოხუცის ბერო კიკოძესი, გოდაბრელიძის ხელოსნისა... ნათელ-სპეტაკად აენთებოდა მის ლოყები, როდესაც მივიდოდა მასთან ახალგაზდა ბატონი მისი და სიყვარულით უმზეროდნენ მას მის ცისფერნი, როგორც თვით ცა, თვალები. სული სულს იცნობს, ძველებური ანდაზაა. რევაზ სიხარულით აღარ იყო მაკას ნახვით და ერთი მის სიტყვა იყო საკმაო, რომ ყოველივე ჯაფა და განსაცდელი იქნებოდნენ არა რანი მარჯვეს ვაჟკაცისათვის ასრე უგრძნობელად გარბოდნენ დღენი დაიყოლიებდნენ კვირეთა და თვეთა. მოხუცი ბერო ხედავდა ყველასა, და გაადევნებდა გონებას აღრევით თანდათან მაძლიერებელს სიყვარულსა ახალ-გაზდათა ყრმათა, მაგრამ იყო ძლიერ გამოცდილ და გონიერ, რომ გამოეთქვა აშკარად თვისი უკმაყოფილება. ის ელოდა მარჯვე შემთხვევას განთავისუფლებისას ამ საშიშარის თაყვანის მცემლისაგან თვისის ქალისა. წინამოსაზღვრით რომელ შეიქმნებოდა იგი მსხვერპლი თვისი საკვირველის გამხედაობისა და დაუხედავისა ვაჟკაცობისა.

იმერეთში გაისმა ხმა თურქთ შემოსვლისა ცეცხლის ალიონმა. შეუწყალებელმა დასტვინვამ მაოხრებელთა წარტაცებულთა ტყვეთა, შეაშფოთა სრულიად მოსახლენი მშვიდთა სოფლებთა. მოხუცი და ყრუმა შეიარაღებოდნენ დასაცველად თვისთა ხიზანთა და გაბედვით მიდიოდნენ საბრძოლად თავადთა წერეთელთა და აბაშიძეთა აშალეს თვისი საყმო და შეადგინეს ჯარნი. ყველამ 200 კარგათ შეიარაღებული მხედრობა პირველს, როგორათაც საწერეთლო აზნაური მიეკერძა ვაჟკაც რევაზ გოდაბრელიძეცა, ბეჯითის აღთქმით: ან მოკვდეს და ან გაიმარჯოს.

მჭმუნვარი და ვრცელი იყო გამოსალმება მისი მშვენიერს მაკასთან; მრავალნი მოღვარნა მაკამ ცხარენი ცრემლნი განიერს რევაზის მკერდზედ ამღვრეულს მჭმუნვარის წინად მგრძნობელობითა, მომავალ დიდის ხნის განშორებაზედ; ხოლო როგორადაც ვაჟკაცი, ის ცდილობდა ენუგეშნა თვისი საყვარელი იმედით მალის დაბრუნებითა და ნახვის სიხარულითა. მოხუცი ბერო უყურებდა ამ გამოსალმებას და იდუმალ ნუგეშობდა ფიქრით, რომელ მამაცი რევაზ ბრძოლის ველზედ სამუდამოდ დაამშვიდებდა მის მამობრივს მოშიშრობასა.

რიჟრაჟზედ გავიდა ჯარი თავადის წერეთლისა ყვირილას, რომელსაც გამოაცილებდა სრულიად მოსახლეობა საწერეთლოსი. მრავალი ცრემლი იყო დაღვრილი ჟამსა გამოსალმებისა, მრავალი იყო ჭმუნვარე სახე მაგრამ ყველაზედ სასოწარკვეთილებით სტიროდა მაკა, თვითქო, რომ ისა მარხავდა სასურველს გულისას და უნუგეშოდ სტიროდა მას საფლავზედ. ბოლოს ცხენოსანნი ავიდნენ მთაზედ და მიეფარნენ ხეობას; დაობლებულნი ცოლნი დაბრუნდნენ შინ, და მხოლოდ მაკამ, სადაცა უკანასკნელად ნახა რევაზ, მექროლი ბედაურს ლურჯს ცხენზედ, დასდვა აღთქმა: მოსვლიმდინ თვის საყვარელისა ატაროს კასრით თერთმეტი ქვა.

ორისავ ჯარები შეერთდნენ ეკკლესიასთან წმ. ნიკოლოზისა და დაიძრნენ მაღლის ხეობისაკენ, ანუ ხევისაკენ გასცდნენ რა ვიწროებასა და გავიდნენ მდინარეს, მეომართა ამოავსეს გასავალი ქვებითა და მოკალულის ხის ტოტებითა, რათა ამით შეუკრან გზა მტერთა თვისთა აღასრულეს რა ესე გამგზავრდნენ კვალად.

მზე მოეფარა მთებსა და აღარც თუ ერთი სხივი მისი მოეფინებოდა წვერთა მთათასა სრქლად შემოსილთ მწვანითა; ვარსკვლავნი აღმოჩნდებოდნენ დაბნელებულს ცაში, როდესაც ჯართა დაინახეს ნაპირნი ძირულისა და ყვირილისა . ცხენნი მათნი სიამოვნებით დაეწაფნენ სამშობლოს წყლებსა და არა ერთმან მეომარმან ჰკითხა მკვირცხლსა ციმციმითა, თუ რა ანბავი იყო მათს, მხოლოდ დღეს დილით მათგან დატოვებულს სახლებში?... თვალნი გაეწყვნენ ნაგრეულებში ძველთა კოშკთა; კედლის ძირში მოთავსდნენ აზნაურნი, და მსახურთა რომელნიცა დიდს ხანს ფათურებდნენ ცხენებთან, და შემდგომს დაიბანაკეს.

დღეს კიდევ მშვიდი ძილი აქვთ მეომართა, მათ ძალუძთ უდარდელად მიეცნენ მას, მათ ჰფარამენ სამშობლო მდინარენი, რომელთაც ფონები აქვთ ცუდი და საშიშარნი, მაგრამ ხვალა... მაგრამ ვინა ჰფიქრობს მოლაშქრეთაგანი ხვალისათვის?. სძინავს რევაზს და მძიმე სიზმრები ელანდებიან მას. მას ეჩვენებიან უთავბოლო სხვა და სხვა საგნები: კოშკნი, ზარიანი ფარჩები, სავსე მარგალიტებით ტომრები და დიდროვანნი ყურძნის მტევანნი... და აგერ განათდა აღმოსავლეთიცა, სიზმარნი განჰქრენ და ლაშქართა შეჰკმაზეს რა ცხენები გავიდნენ ნათელთა მისვლასა ყვირილას წყალთა და შევიდნენ ტყეებში თეთრ გორაებისა. შუადღემდინ მიდიან მხედარნი მთა მთა. მზე თვისის ნათელის სხივებით მიჰფენს მიწას და მხოლოდ ხშირს ტყეში ამოისუნთქამს კაცი თავისუფლად.

აქ ყველა თვითქო იყო მამკვდარებული. ხეებზედ აღარ შრიალობდნენ ფურცელნი, ეძებდა მჭრელის თვალით საზოგადოსა, მწყერი აღარ უშტვენდა ხშირს ბალახებში; მხოლოდ ათასში ერთხელ დაიჭრიჭინებდა ჭრიჭინა და მყისვე გაჩუმდებოდა, არა მომლოდნე პასუხისა. ჯარი ძლივს იძროდა, ცხენები იყვნენ მთლად ქაფში, ფრუტუნებდნენ და უძლურად მიაბიჯებდნენ ლაჯია: ისინი თხოულობდნენ დასვენებას და საჭმელსა. ჯარები ჩაეშვნენ ვაკეზედ. დაანთეს ცეცხლები, სამგზავრო ქუჩებში ასდუღდა ღომი, და სამგზავრო ტიკებიდამ იწყო დენა ციმციმმა ღვინომ შესამაგრებლად მოქანცულთა მხედართა. ცხენები გაუშვეს ბუჩქებში, დაიწყეს რა იარაღი სიახლოვეს, იმერელთ გულიანად მიჰყვეს ხელი ტრაპეზსა ზოგთა ამოიღეს ხურჯინიდამ ცივი სიმინდის მჭადი, ზოგთა ყველი, ზოგთა ლორად გამოსული ყვერული და ერთის სიტყვით ყველა, რითაც განაწილა სამგზავროდ მათმა სახლოსნობამ. - მხიარულად და უდარდელად ქეიფობდნენ თავადნი და აზარფეშა მსწრაფლიად გადადიოდა ხელიდამ ხელში. ]

- „რას დაჰფიქრებულხარ რევაზ?“ ჰკითხა წერეთელმა დავრდომილს რევაზს გოდაბრელიძეს, - „განა არ გიხარიან შებრძოლება მტერთა, მაოხრებელთ ჩვენთა ტაძართა და ქვეყნებთა? დაბრუნდი შინა მამაცო, და ნუ მოჰგვრი კაეშანსა ამხანაგთა შენთა დავრდომილებითა შენითა“.

- „არა, შენი ჭირიმე, ჩემო ბატონო, მე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლიან ვიქმნე თანამონაწილე მხნეობისა და განსაცდელისა ჩვენის ჯარებისა, ხოლო მე ვნახე ცუდი სიზმარი და ყვავმა სამჯერ დასჩხავლა ჩემს ცხენს, როდესაც მე გაუშვი იგი ველზედ... მე ვგონებ, რომ ვეღარ ვნახავ მეტად ჩემს სამშობლო მხარეს, ვეღარ დაუნთებ სამთელს ხატს წმ. იოანნე ნათლის მცემლისას და ვეღარ შევსწირავ მსხვერპლად ჩვენს ეკკლესიას, ვერცა საშოვარსა, წარტაცებულთ მტრის ხელიდამ, ვეღარცა ნაწილს ჩემის საკუთარის სამკვიდროდამ“.

არ იყო პასუხი დამარღვეველი ამა თქმულისა, წარმოთქმულის ასრე ბეჯითის რწმუნებითა. ძველს დროში, როგორათაც ეხლაცა იმერეთში ჰქონდათ უთვალავნი რწმუნებანი, და ყვავის სამჯერ დაჩხავლება ცხენზედ, არ აღუთქვამდა მათის ფიქრით არაფერს კეთილსა მხედარს. - რათა დაახშონ უსიამოვნო გრძნობელობა, მოტრაპეზეთა უფრო გულიანად დაენთქათ ნაღველი მიმავალის განგებისა თვის საყვარელის ამხანაგისა.

შიში არ აიწროებდა გოდაბრელიძეს; ეს შემარცხვენელი მხნეობა იყო უცხო რევაზის გულისა; მხოლოდ მას ენანებოდა მაკა, რომელიცა უთუოთ მალე ვერ ანუგეშებდა როდესაც შეიტყობდა მის სიკვდილს, თუ ინუგეშებდა... ოჰ, ამ ფიქრზედ სისხლი უღელამდა რევაზს ძარღვებში და უნებურად იტაცებდა ხანჯალზედ ხელს.

ბნელს ღამეში შორს უჩვენა ალის სინათლემ გმირებსა, სადაც უნდა მოიპოვონ მტერი. არ დამყონებელნი ხანისა შესხდნენ ცხენებზედ და წავიდნენ პირდაპირ იმ ალის სინათლისაკენ, სდუღდნენ რა მოუთმენლობით გადახდევინებად ოსმალთა მის შეუწყალებლობისათვის. ხოლო მეორეს დღეს საღამოზედ მოაღწიეს ჯარებმა საჯავოხოსა და ჩაუსხდნენ ხევში, მომლოდნენ მარჯვეს წუთისა, რათა დაეცნენ მტერთა.

ორსა ოდეს ვერსზედ ხევიდამ და არა შორს ახლად ახალის და მწუხარის სოფლის, მდებარებდნენ ოსმალნი და შააგროვეს რა თვის შორის ტყვენი და ნაშოვარნი, ემზადებოდნენ საღამოს გაგზავნისათვის მრავალნი დედაკაცნი და ბავშვნი, თვითქმის დედისშობილნი, ხმა მაღლა სტიროდნენ, ინტვრევდნენ რა ხელებსა, ესალმებოდნენ საუკუნოდ სამშობლოს მხარესა და დამწვარის გულით უცქეროდნენ ფერფლად გცეულს ქვეყნებსა, სადაცა ისინი ასრე დიდს ხანს სცხოვრებდნენ, მშვიდათ და ბედნიერად. ცოტ-ცოტათი მუქარამ მტერთა და დაქანცულებამ ჩააჩუმეს ეს გოდება და თურქთ სადგომში ისმოდა ხან ჩუმი ტირილი, ხან შემაგრებული უშება... და მზღეველნიც აღარ იყვნენ შორსა დაქვეითებულნი, მოიპარებოდნენ იმერელნი როგორც ტურანი, ჩუმის ნაბიჯით და ერტყმოდნენ თურქთა, უდარდელად მთვლემალთა შემდგომ მთელის დღის ცარცვისა და ბორგვნილებისა.

პირობის ნიშანზედ გავარდნენ თოფები და, კიჟინით ზღევისა და გაშმაგებისა, მხნე მოლაშქრენი გადაერივნენ ხრმალ და ხრმალ; გარნა წარზიდულთ დაუხედავის გამბედაობითა, არ იანგარიშეს სიმრავლე მტერთა რიცხვთა და დაავიწყდათ თავის სიცოტავე, დიდს ხანს განვრცელდებოდა ხელ და ხელი ბრძოლა, მრავალი მოიღვარა სისხლი; ნაწილმა ტყვეთა, დაატყეს რა საზოგადო აღრეულებას, მოისწრეს ტყეში შეფარება, მაგრამ გროვა დამცემთა აშკარათ ახლდებოდა და დაძალებული მკლავი მხნეთა იღალებოდა ხრმლისა და ხანჯლის მუშაობით. მაგრამ მაინც კიდევ იმერელნი სძალავდნენ. თურქნი, ვერ მისულნი გონად უცების დაცემისაგან, იგერებდნენ უნდილათ და დაეცემოდნენ განგმირულნი მზღევართაგან; გადაშთენილნი ცოცხლად მზად იყვნენ ეთხოვათ შეწყალება და დამორჩილებულ იყვნენ... უცებ მოისმა ცხენის ფეხის ხმა... ახალმა ყიჟინამ მოიცა ჰაერი... არიქა, იმერლებო! ის არის დასვენებული ჯარი ოსმალთა; უშველეთ თავთა თქვენთა, თქვენ ვერ შეუძლებთ ბრძოლას ახლად მოსულთა მტერთა. თუცა სულით ისევ მხნენი ხართ, მაგრამ სხეულის ღონე გაქვთ მოქანცული; გაასწარით, თქვენთვის ნაცნობია ბილიკები და ხევები; საქმე ზღეჳს აღსრულებული თქვენისგნით, თქვენ სასტიკად დასაჯეთ მაოხრებლები, უშველეთ თავსა! ჯერ ახალი სრვა არ მოსულიყო ბრძოლის ადგილს, რომ ტყვია როგორც სეტყვა ჩაერია დანაშთენს იმერლის ჯარში. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა და ყველა გამოარჩევდა რა მარჯვეს გზას, შეცვიდნენ ნაცნობს ტყეში.

მაგრამ რევაზ აღარსად სჩანს; ლურჯი ცხენი მოუთმენლათ ელის. ვერ დალოდდნებია თვის მხედარსა. ახლა მაკას მიუტანენ ცუდს საგლოვო ამბავსა, რომელ საყვარელმა მისმა დასდვა თავი ბრძოლაში.

არ ეტყვიან სრულიადის სიმართლეს საცოდავს ქალსა: რევაზ არ არის მოკლული, მაგრამ სიკვდილზედ უფრო უარესი მეელის მას განსაცდელი ხვედრი. პატიოსნური სიკვდილი ბრძოლაში გაუთქვამს სახელს მეომარსა, მაგრამ არა იგი, არამედ დამამცრობელი ტყვეობა გამოუვარდა ხვედრად ყმაწვილს გოდაბრელიძესა.

იმ წუთსა, როდესაც იგი ახოვნად ჩაერია მტერთა გროვაში, მძიმე ნაჯახი მოხვდა მას ბრტყლივ თავში, იგი დარეტიანდა და უგონოდ დაეცა მიწაზედ. დიდს ხანს ვერ მოვიდა გონად რევაზ და ბევრმა საათმა გაიარა მას აქეთ, რაც ძრიელმან დარტყმამ წააქცია იგი. უკანასკნელმან გააღო თვალები და დაინახა თავზედ ჭვარტლიანი ჭერები სახლისა, და გარშემო დედაკაცნი და ბავშვები, აქ მოაგონდა მას ყველა და არევით იწყო გრძნობა, რომ გარშემო მისსა მყოფნი პირნი იყვნენ, უთუოთ, ტყვენი, რომელნიც ვერ მოისწრეს გაეთავისუფლებინათ მისთა ამხანაგთა. იგი დარწმუნდა ამ სამწუხარო ჭეშმარიტებით, როდესაც რამდენიმე თურქნი შემოვიდნენ სახლში და გამოიყვანეს ყველანი მყოფნი მუნ; მისდგა რიგი რევაზზედაც: ის ასწიეს და გამოიყვანეს ღია ჰაერში, დააგდეს ბავშვებთან ურემზედ და გარეკეს ხარები, - მაგრამ, სადა, ეს არ ესმოდა გოდაბრელიძეს: იგი კვალად ჩავარდა უგრძნობელობაში.

რამდენსამე დღეს მიერეკებოდნენ ტყვეებსა. ხოლო თვის აგებულებით და მზრუნველობით ტყვეთა ქალთა რევაზ გადურჩა სიკვდილს, მაგრამ ღმერთო მართლმსაჯულო! რამდენჯერ ინატრებდა იგი სიკვდილს, რომელიც გაანთავისუფლებდა მას საძრახავის ტყვეობიდამ და, შეიძლებაცა სამარცხვინო ტანჯვიდამაც, რომელიცა მეელოდა მას მტრის ქვეყანაში.

გადიან დღენი, კვირენი და თქვენი; გოდაბრელიძე ეწამება პყრობილებაში; ურწმუნონი აწმენდინებენ ზინზლიანს ქალაქის თხრილებსა, დაჰყავთ მენავეთ ფილუკაზედ ანუ ნიშნამენ მოსამსახურედ ფაშასთან. ვაი და სასოწარკვეთილება შეიცვამენ გულსა მხნის რევაზისასა, სირცხვილის ფერი ხშირად გამოხდების მის მკრთალს ლოყებზედ. რომლითაც დიდი ხანია დაჰკარგეს ფერი ჯანისა და სიმხიარულისა.

ასრე განვლეს რვა თვემ. ერთს დილას ჩასვეს იგი არა დიდს ხომალდში ერთად რამდენსამე ტყვებთან და წაიყვანეს სტამბოლს. დასტოვებდა რა გოდაბრელიძე სამშობლოს ნაპირებს, გამგზავრდებოდა რა შორს უცნობველს გზას, არა მცოდნე ვითარსა ახალს გამოცდილებასა უმზადებს მას გონება, გოდაბრელიძე მიეცა უძლიერესს სასოწარკვეთილებას. მას ეჩვენოდა, რომ განშორებით სამშობლოს ნაპირებისა, სადაცა თუმცა ის გაატარებდა დამცრობინებით სიცოცხლეს, მაგრამ სადაცა, იყო გაგცევისა იმედი მაინც, განეშორებოდა სული ხორცს და მიილტოდა სამშობლოს მთებისაკენ განვლო რამდენსამე საათმა უგრძნობლობაში, რაღაც ნაირს საშინელს ქანც მოწყვეტილს დავიწყებაში, და იგი გამოერკვა, რათა ზიდოს მძიმე უღელი მონებისა... ბევრი შეუძლიან აიტანოს კაცმა სულნი სჯიან, და არა მალე მოსწყდებიან კავშირებანი გადაბმულნი მისნი სიცოცხლესთან.

მიზეზი უცებ გაგზავნისა იყო ფარმანი სულთანისა მოგროვებად მამელუკთა. გოდაბრელიძეს მშვენიერს სანახავობისას, მოელოდა სანატრელი ხვედრი მიწევნად თავის დროზედ მაღალთა ხარისხთა, პატივთა და სიმდიდრეთა; მაგრამ რომელი ქრისტიანი იზამს გადუდგეს სარწმუნოებას მამა პაპისას, რათა შეიქმნას ოსმალთა ფაშად? ამ გვარნი მაგალითნი არიან ძვირნი და ღმერთ-გადამდგართა ზიზღობენ გულში თვით მუსულმანიც.

მაგისთანა კაცი არ იყო რევაზ, რომ მოტყუებულიყო და გაეყიდნა სული თვისი ოქროდ ნაკერს ტოლომაზედ. მის გულში მაგრა იყო შთანერგული სარწმუნოება წინაპართა და იგი არ გადუდგებოდა მას პირველის ვეზირის სახელისათვისაცა. რამდენჯერაც ზღვა აღელდებოდა ზვირთებით ქარი უგრიალებდა ხომალდს იარაღთ მოსაკმაზთან; ყოველთვის, როდესაც ქარიშხალი ემუქროდა დანთქმას დასახუტებულს ფილლუკას, რევაზ იმედოვნებდა, რომ ღმერთი შეიბრალებს მას და მოუვლენს პატიოსნურს სიკვდილსა ხოლო გზანი უფლისანი უაღსარებო არიან და ჯერ შორს იყო დასასრული განსაცდელთა, აღთქმულთ მის მონისათვის, იქნება, განსაწმენდათ სულისა და სინიდისისა.

თორმეტს დღეს უკან ხომალდი მივიდა სტამბოლს, ტყვეები წაიყვანეს სათითავოდ და გოდაბრელიძე დანიშნეს მამელუკად. როდესაც ჩააცვეს მას მოხდენილი ალბანის ტანისამოსი, როდესაც გაუკეთეს მას სარტყელში ხანჯალი და წყვილი მდიდრად შემოსილი დამბაჩა, - იგი ვეღარ სცნობდა თავსა თვისსა: ამისთანა საკვირველი მშვენიერი შეიქმნა, ნამეტნავად შემდგომ ფრანცვებისა რომელიცა დაძვრებოდა ბათუმში. შემკული ტანი, მაგარი აგებულება და მშვენიერი სახე მისი ეცემოდათ მაშინვე თვალებში მრავალთა დარბაისელთა სტაბოლისათა და ყველას მათგანს უნდოდათ აეყვანათ მამელუკი, მაგრამ განგებამ დაუნიშნა ის მუსტაფ-აღას, უნჯიანს და უფლების მოყვარეს მოხუცს, მექონს სულთანის წინაშე მაშალის ალაგისას.

დაემონა რა სვეს, დაამდაბლა რა თვისი ამპარტავნება, გოდაბრელიძემ გადასწყვიტა უდრტვინველად ზიდოს მძიმე ტვირთი თვისი, ხშირად და გულით ევედრებოდა ღმერთს, და მაზედ მხოლოდ დასდებდა თვის სასოებას. თანამდებობა მონისა არ არის ადვილი, რევაზ ხშირად იტაცებდა ხოლმე ხანჯამზედ ხელს, რათა მოზღოს თვისი შეურაცხებანი, რომელნიცა სცვიოდნენ მაზედ სეტყვასავით ბატონისაგან და მოსამსახურეთაგან, ხოლო ყოველთვის უხილავი ძალა გაუშტერებდა მას ხელს და მოარჩენდა ამ გვარ დანაშაულისაგან და დასჯისაგან, რომელიცა მოჰყვებოდა მყისვე სიკვდილსა.

და ახლად ამავე გვარად გავიდა რამდენიმე თთვე. რევაზ ატარებდა უნუგეშოდ დროს მონებაში. არა წარმოთქმული არცა ერთისა საჩივარისა, და აგერ, ცოლმა მუსტაფ-აღისამ შეაყენა მაზედ თვისი თვალები სავსენი ტრფიალებითის ჟინითა და აღტაცებულის გულის თქმითა. რევაზმა, დავარდნილმან მჭმუნვარეს ფიქრში, ვერ შენიშნა ეს შეხედვა, რომელიცა აღუთქვამდა მას სასუფეველსა, მაგრამ მეთვალეურთა მოახსენეს მრისხანეს ბატონსა, რომელ ხანუმსა და ყმაწვილს პურობილს შორის არსებობს უკანონო კავშირი რევაზ ჩააგდეს ბნელს საკანში, ვიდრე მოსთვლიდნენ თავს მხრებიდამ, და ორგული, ხოლო ფიქრით ცოლი, მიიღეს თვისთა წიაღთა შინა ცივთა ზვირთთა ბასლოროსითა.

გავიდა რამდენიმე დღე მას აქეთ, რაც ის ჩააგდეს საზიზღარს სოროში, რასაცა უწოდებენ საოსმალოში შინაურს საკანედ. იმ დღეებში სული მისი განათლდა. ხოლო სხეული დასუსტდა ნაკლულევანებისაგან სანოვაგისა და ჰაერისა. ბოლოს მოვიდა წმ. იოანე ნათლის მცემელის დღეობის წინა დღე, გოდაბრელიძემ ახალის ძლიერებით და მხურვალის გულით მისცა თავი ლოცვას, ევედრებოდა რა ნათლის მცემელს მიიღოს იგი თვის წმინდის საფარველ ქვეშ აღუთქვამდა: თავის ხელით აღუგოს ტაძარი წმინდა მორბედსა, უკეთუ ღმერთი უაღსარებოს გზებით დააბრუნებდა მას შორს იმერეთის მთებში.

მოუღალავად და უსუნთქლივ, აღმოსვლიდამ მზისა მწუხარს ღამემდინ, ლოცულობდა ღვთის მოყვარე რევაზ გოდაბრელიძე. და თვითონ მესაკანენი, ხედვიდენ რა მას სიგამხდრესა და მიმჭკნარებულს სახესა, გაიკვირვებდნენ მიმხვედრელსა ძალსა, რომლითაც პატიმარი ქრისტიანი აღმაღლდებოდა სულით უცნობელს მათდამი ღმერთმან.

ჟამსა შუაღამისა მოქანცულობამ დაუხუჭა დაღალულნი კილონი რევაზსა, მან დაიძინა ღრმის ძილით...

მშვენივრად ანათებდა დილის მზე, მოლაპლაპენი, სხივნი მისნი მოეფინებოდნენ შორს საჭის მთათაცა და ტყიანს ხეობასაცა და გარშემო საწერეთლო სოფლებსაცა.

ზარის ხმა მოიწვევდა ღვთის მოყვარეთა ქრისტიანეთა საღმრთო ტაძარში და ჯგუფ ჯგუფად მიეშურებოდა ხალხი გზაზედ ძველის ეკკლესიისაკენ წმ. იოანეს ნათლის მცემელისა, ტაძრის დღეობაში.

ბილიკზედ ჩაქანებულს სერიდამ მჩქეფარეს ყვირილისაკენ მარტო უტოლოდ, სამგლოვოს შავის ტანისამოსით, ყელსაგდებლით მძიმეს თერთმეტის ქვიდამ ყელზედ, ფერხთ შიშველა, დაღვრემილი, მოდიოდა ყმაწვილი ქალი, და გადმოსდიოდა მდუღარე ცრემლები.

ვერავინ იცნობდა მასში მშვენიერს მაკასა, ასულს ხელოსნის ბერო კიკოძისას: ამ გვარ მწუხარებამ და ცრემლმა შესცვალეს მისი მშვენიერი სახე კინწ ჩამოგდებული მკერდზედ, ნელნელა გაატანდა იგი ეკლიანს ბუჩქნარსა, ხოლო მივიდა რა ქედსა სერისას, შესდგა სულის მოსაბრუნებლად. ყოველივე გარშემოს მისსა იყო მხიარულ და დამშვიდებული. შორს, დიდს შარა გზაზედ, ისმოდა მხიარული ლაპარაკი გროვათა, მომაშურებელთ ეკკლესიისაკენ, და უფრო საჭმუნვარო შეიქმნა მაკასთვის მარტოობა, და უფრო სხვილად გადმოსცვივდნენ ცრემლი მის ლაჟვარდის თვალებიდამ.

უცებ, გასაოცარმა საგანმა მიიზიდა მისი ყურადღება.

არა შორს, ყარიბს ჩრდილს ქვეშ ბროწეულისა, იწვა კაცი მდიდარის, ხოლო დახეულის ტანისამოსით, რომლის მსგავსი არ ენახა მას არსად; ეტყობოდა, რომ კაცი ჩავარდნილი ღრმას ძილში, იყო უცხო მხრისა და თუმცა დამწველნი სხივნი მზისა, გაუხურებდნენ მას თავს, დაფარულს მშვენიერის შავის ხუჭუჭებითა, მაგრამ იგი არ განიღვიძებდა. ეს ხუჭუჭნი იყვნენ ეგრეთვე ლამაზნი, როგორც რევაზისა, - და საწყალი მაკა თვითონაც არ იცოდა რასა შვრებოდა, მივიდა მძინარესთან... სულთქმა რომელშიაც ხმიანობდა სიხარული, განცვიფრება, იჭვი და შიში აღმოხდნენ მკერდიდამ საბრალობელის ქალისა... მის წინ იწვა გოდაბრელიძე. მისი უსასურველესი რევაზ, მიზეზი მის მწუხარებისა და ტანჯვისა.

როგორათაც შეშლილი, მივარდა მაკა თვის საყვარელს, და დაჰფარა ცხარის კოცნით მის მოქანცული, გამხდარი სახე.

რევაზმა გააღო თვალები, მაგრამ დაბრმავებული მზის სხივით ხელ ახლად დახუჭა მან და სჩანდა, რომ მას ენანებოდა გაღვიძება, ხოლო ხელ ახლად ალერსმა მაკასმა შეაძრწუნა იგი და კვალად გაახილვინა მას თვალები.

- „რევაზჯან! საიდამ მოხველ?“ ჰკითხავდა მაკამ: „რატომ არ მოხველ შინა, რათ დაწოლილხართ გზაზედ?“...

- „შინა?“ წაიბუტბუტა ყრუთ გოდაბრელიძემ, მან თვალებნი მისნი გაოცებით უცქერდნენ მის გარშემოსა. ბოლოს მან შეაყენა თვალები მაკაზედ და სულთქმით დაემხო პირქვე მიწაზედ ბუტბუტით: - „ეს სიზმარია, სიზმარი!..“

დიდს ხანს ჩასჩიჩინებდა მას მაკა, მაგრამ რევაზ დიდს ხანს მდუმარებდა. მათ შემოეხვივნენ გამვლელ გამომვლელნი, შეიქმნა ჩოჩქოლი, ლაპარაკი გაოცებისა, კითხვანი თუ საიდამ და რა გვარ მოეჩვენათ გოდაბრელიძე და მხოლოდ მაშინ დარწმუნდა რევაზ, რომ მას არ ეძინა და რომ მის თავზედ მოხდა უდიდესი საკვირველება.

შეწუხებული შინაგანის აღრეულებით, იგი აღსდგა ფეხზედ, მიიხედ-მოიხედა გარე და ხმა მაღლად სთქვა:

- „გამიგონეთ! დღეს არის დიდი დღეობა წმ. იოანე ნათლის მცემლისა, და გუშინ შუაღამემდინ მე ვიყავ ვიწრო საბნელეში სტამბოლისა და ვევედრებოდი წმ. ნათლის მცემელსა გამომიხსნას მე ტყვეობიდამ და სიკვდილიდამ... და აგერ, რამდენსამე საათის უკან, მე ვიმყოფები სამშობლო ქვეყანაში, თქვენ შორის... და გაიგონეთ კიდევ; მე დავდევ აღთქმა: დაბრუნებისა ჩემისა უმალ სამშობლოს მხარესა, ჩემის ხელით აღვაგო დაძველებული ტაძარი წმ. წინად მორბედისა, და გამიწყრეს მე ყოვლად შემოქმედი, თუ მე არ აღვასრულო ჩემი აღთქმა!“

გამოთქმა გაოცებით აღმოხდა ყოველის მხრით და შემოხვეულმან ხალხმა სიხარულით მიიყვანეს გოდაბრელიძე ტაძართან, და თვის მხურვალე ლოცვებში განამეორა აღთქმა.

ამბავი ამ საკვირვებელის გაისმა მახლობელს და შორეულს სოფლებში; მთლად გარეშე მცხოვრებნი მოდიოდნენ რევაზ გოდაბრელიძეს სანახავად და ყველანივე მოასწრებდნენ მას გულითადს მუშაკობაში. თავის ხელით გააკეთა აგური, ზიდავდა რიყიდამ ყვირილის ქვასა და ამზადებდა ხეტყეს. მძიმე იყო საქმე მაგრამ, თითქო, უხილავი ძალა შემწეობდა მას - შვიდი წელი არ დამსვენი არცა ერთის საათისა, აღასრულებდა თვის აღთქმას რევაზ გოდაბრელიძე და დამდეგ მერვისა წლისა დაასრულა განახლება ტაძრისა.

არა ყურადმღებნი ხელოსნისა ბერო კიკოძესი, რომელიცა, დამმარხავი ძველის ჩვეულებისა არა სთანხმდებოდა უსწოროს ქორწინებაზედ ბატონისა თვის ასულზედ, წინაშე ახლად კურთხეულის საკურთხეველისა განახლებულის ეკკლესიისა, შეაუღლეს რევაზ და მაკა. თვით ღრმას მოხუცებამდინ სცხოვრებდნენ იგინი ბედნიერად და დაიხოცნენ ორნივენი ერთსა იმავე დღესა. ამას ეხლაცა გაიბეჯითებენ მოხუცნი გინა ყრმანი იმერეთში.

შთამომავლობა რევაზისა და მაკასი განითქმიან ვაჟკაცობითა, მიგებებითა, სტუმართმოყვარულებითა და პატიოსნებით, თითქო უნდა მით დაიმარხონ ღირსება თვის წინაპართა, რომელთზედაც თვით მოწყალემ ღმერთმან მოიღო თვისი ღვთაებრივი ყურადღება.

ანტონ ფურცელაძე.
1860 წელს
მაისის 25 დღესა.
ქ. ტფილისს.

3 ლექსები სხუა და სხუა მწერალთა

▲back to top


3.1 ნი...ადმი

▲back to top


ნი...ადმი

თუ ტურფანი თვალნი შენნი, ცრემლთ ფრქვევენ მწუხარებით,
სულსა შენის ტანჯვანი არ არს უკეთუ ოცნებით;
მაშ, მოვედ მნათო ჩემს გულზედ, შეწუხებულის შვენებით
ნაცვლად შენსა მე ვიკვნესო, შენის ჭმუნვისა მიღებით! -
თუ ოცნებით ცრემლსა აფრქვევ, ეგე ცრემლნი ოჰ, ვით გშვენის!
ვითა ნამი ზეციური, თვალთა შინა გამობრწყინვის,
ვარდებრივთა ღაწვთა დეზა მარგალიტნი გარდმოცვივის;
თუ შევსწყვიტო, შევინანებ, გიმზერ ჩემად და მიხარის. -

თ. გრ. ორბელიანი.

3.2 სიყვარული

▲back to top


სიყვარული

ოდეს ტურფას შეეყარო, ვისთვისც გიძგერს მარად გული,
თუ რომ გიყვარს ჭეშმარიტათ, ასე უნდა სიყვარული:
ხელი წელსა გადაჰხვიე, ვით რო სურო ხესთან რგული,
ისე მტკიცედ დაეკონე ვით ფათალო ჩაწმახვნილი!
მაშინ ძალა სიყვარულის თქვენ აღგიგზნებთ ცეცხლსა მწველსა,
გაგაწითლებსთ, აგაჟრჟოლებსთ, აგათრთოლებსთ ვით ფურცელსა,
გაგიძნელებსთ სუნთქვას სულის, ჭირსა მიგცემსთ ტკბილს და ძნელსა,
ფრიად ვრცელსა, უძიროსა, უზომოსა და დაუთვლელსა!...
მაშინ უნდა მშვენიერსა თვალი თვალში გაუყარო,
თავი თავსა, თმა დალალსა, მკერდი მკერდსა დაამყარო,
ტუჩი ტუჩსა შეაწებო, გულით გული გაახარო,
დავიწყებას თავი მისცე, ნეტარების ცრემლი ღვარო!...

თ. რაფიელ ერის-თავი.

4 განხილვა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურისა

▲back to top


განხილვა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურისა

თხზ. უფალის აკადემიკის ბროსესი.

(ფრანცუზელითგან.)

ვრცელი რუსეთის იმპერია შეიცვამს წიაღთა შინა თვისთა სალიტერატუროთა სახსოვართა მრავალთა დიდებულთა აზიის ერთა, რომელნიცა მოქმედებდნენ ოდესმე სარბიელსაზედა ისტორიისასა; მისსა არხივთა შინა ინახებიან მდიდარნი დასაბამნი მატიანეთა, რომელთა ცოდნისათვის დიდითა თავსგამოდებითა და ცნობისმოყვარეობითა ცდილობენ აწ მსწავლულნი ევროპიისანი.

მოწოდებული, კეთილმიდრეკილებითა რუსის მთავრობისა, განახლებულის მფარველისაგან აღმოსავლეთის სიტყვიერებითის სწავლისა, შესამუშავებელად, მის მზრუნველობის-ქვეშე, ერთისა ხსენებულთა მათ მდიდართა და არა დიდი ხნის აღმოჩენილთა დასაბამთაგანისა მატიანეთასა, ცხოვლისა სიხარულითა მოულოცა დიდებულსა კრებასა ამას განახლებასა საქართველოს ლიტერატურისასა. მშვენიერი ქვეყანა ესე, თითქმის დავიწყებული ევროპიის მატიანეთა შინა დროთაგან თამარისა და რუსუდანისა, აწ ჯერ-არს წარმოსჩნდეს თვისთა ნაოხართათაგან; სიბნელე უცნობლობისა, რომელიც მოჰფენდა მას აქამომდე, განქარდების, და მტკიცედ ვიცი, რომელ სიბნელესა ამისგან წარმოსჩნდების ბრწყინვალე სახიერება ახლისა, ყრმისა ლიტერატურისა, - ასე, რომ განკვირდებიან თუ ვითარ აქამომდე ვერა სცნობდნენ მმას. მაშ უწინარეს ყოვლისა მივაგოთ მადლობა კეთილგონიერსა მას მამაკაცსა, დადგინებულსა - რწმუნებითა დიდის რუსეთის მონარხისაგან მთავრად ხალხისა განათლებისა, ვითარცა იდიდებს აკადემია მეცნიერებითა, მისთა ბრწყინვალეთა ნიჭთა და თვისებათაებრ, შეირაცხების უწარჩინებულესთა შორის მფარველთა ჰსწავლათა და ხელოვნებათა ზედა.

დიდ-ძნელი ვალდებულება მაქვს მონდობილი მე მოწოდებულსა თანამჯდომად აკადემიასა შინა, განთქმულსა მრავლითა დიდებულითა სახელებითა, რომელთაცა პატივისცემით მოიხსენებს ევროპა; გარნა ვიმედოვნებ, რომე ურიცხვნი დასაბამნი, შეკრებილნი რუსეთისაგან ჩვენის სამეცნიერო შრომისათვის, შემწე მექმნიან მე აღსრულებისათვის ვალდებულობისა ჩემისა, და თუმცა არა საკმაო იქმნებიან მისთვის შეძლებანი ჩემნი, გარნა გულს-მოდგინება ჩემი დაამოწმებს ცდილობასა.

რათამცა აღვასრულო აქ რაიმე ნაწილი შედგომილებისა ჩემისა, ვცდი, მოწყალენო ხელმწიფენო, სიტყვიერსა შესხმასა ამასშინა აღვწერო საპოლიტიკო და სალიტერატურო ცხოვრება საქართველოისა: რა განვიხილამთ ისტორიასა საქართველოისასა მეცნიერულისა განჩხრევითა განიყოფების იგი ორს ეპოხათ [1]

ძველათვე დროთა შინა ჩვენ ვპოვებთ სასამხრეთოთა ღელეთა შორის კავკაზიისა დაშენებულსა ერსა, წარმომდგენელსა, და დასაწყისისა თვისისასა დროთაგან წარღვნისა; და შემდეგ მოთხრობათაგან ქართველისა ხალხისა შევიტყობთ, რომელ ქართლოსს შვილის-შვილსა თარგამოსისასა ეპყრა ქვეყანანი, რომელთა გარემოუვლის მტკვარი, არაგვი და ალაზანი; რომელ ქართლოსმა და მისთა ძეთა განიყვეს თვით შორის აღყვაებულნი თემნი ესენი, აღაშენეს მთათაზედა ქალაქნი და ციხენი, დააწესეს მმართველობა და განუტევეს სახელნი თვისნი აღმართულთა ძეგლთაზედ და გვარტომობის აღწერათა შინა -მართალია, რომე, ამ გვარსა განმარტებასა აწმყოისასა მარტივითა მხოლოდ მოგონებითა არა სარწმუნოებისა მყობადისასა შეუძლიან განაღვიძოს იჭვიანობა მსწავლულთა; მაგრამ რა ეშველება ამას, განა არა ამგვარისავე სიბნელითა უცნობლობისა დაფარულ არს დასაწყისი უმთავრესთა ხალხთაცა?

ქართულთა მატიანეთაგან მცირედი იცნობების შინაგანი მდგომარეობა ხალხისა მოსვლადმდე მაკედონელთა: მხოლოდ ბრძოლანი ხაზართა და სპარსთა შეავსებენ დროსა ამას წილსა რაოდენისამე საუკუნისასა - გარნა შესაძლოა რომელნიმე ცნობანი ხსენებულისა დროისა მოვიპოვოთ ბერძნულთა და ლათინურთა მთხუზველთაგან, რომელნიცა მოგვითხრობენ ბრძოლათა რომისა მიტრიდატთან - პლუტარხისაგან ცხოვრების აღწერანი ლუკულისა, სილლასი და მომპეისა[2] არრიანისაგან - პერიკლისა[3] დაბრუნება ათი ათასთა ლაშქართა[4] და დიონოსი პერიეგეტი მოგვცემენ ცალ-ცალკეთა ნაკვეთა ჩვენის აღწერისათვის. გადაწყვეტითი შემდგომად საქართველოს სამეფოისა უფლებისა ქვეშე ფარნავაზისა პირველისა გამოაჩინებს ისტორიულთა დროთა საქართველოისასა; ხოლო მდინარეობასა რაოდენისამე საუკუნისასა ისტორია ასე ღარიბ არს შემთხვეულებითა, ესოდენნი მიუხვდომელობანი არიან სახელმწიფოთა მატიანეთა-შინა, რომელ რაოდენცა ძნელია დაუტევოთ იგინი, უკრიტიკოთ, იმ გვარად, როგორც არიან, ესოდენცა გვეძნელების უარვჰყოთ მით უთუოდ. არ არის არა ვითარიმე ეჭვი რომელ საქართველოსა ჰქონია მასვე უკვე დროსა კარგი სასაზოგადო წესდებულება და რომე მეცადინეობითა ერისთავთა და მოურავთა, მეფისა უფლება პატივცემულ ყოფილა ყოველთა ქვეშევრდომთაგან აღწერა სტრაბონისა[5] ეთანხმების უძველესსა დროსა ამ თემისასა. ქვითკირნი მისნი შენობანი, აღყვაებული ხვნა-თესვა, განყოფა ხალხთა-მოსახლეობისა სხვა და სხვა გვარად, ვითარცა დღევანდლამდენ არიან, შემოღება, ხმარება საწერთა ასოთა ორს საუკუნეს უწინარეს ქრისტეს დაბადებადმდე, დასასრულ იგვარივე ფეოდალიზმი (გინა ბატონობა ნაწყალობევს მამულზედ) რაგვარიც იყო უფრო გვიან მრთელსა ევროპიასა შინა, - ყოველი ეს ამოწმებს საკმაოთა წარმატებათა განათლებისასა, რომლისა განძლიერებისათვის საჭირონი იყვნენ მხოლოდ კეთილ შემწენი გარემოებანი, - რომელნიცა მოეცნენ შემდეგ მასვე დროსა, როდესაც საქრისტიანო სარწმუნოება მიიღო საქართველომა, დასაწყის მეოთხის საუკუნისა.[6]

რა მიიღეს ქრისტიანობა მეფობასა მირიანისასა, მაშინვეღა დოღმატთა (გინა თუ კანონთა) სარწმუნოებისათა განაჩინა ეკკლესიური არხიტეკტურა, მხატვრობა და განძლიერებული ცდილება სამეცნიეროთა მუშაკობათა. ამ დროდან იწყებიან პირველნი სალიტერატურონი სახსოვარნი ქართველის ხალხისა, - ესე იგი: სამი ისტორია მქადაგებლობისა წმინდის ნინოსი, დაწერილნი თანამედროვეთაგან: მღვდლის აბიათარისა და ქალთა სიდონიასა და სალომესაგან - უჯარმის დედოფლისა; მე არა მჯერა, რომელ შესაძლო იყო მივიღოთ ღირს-სარწმუნოდ წერილი ანუ წიგნი ნებროთისა, რომელსაც ახსენებს სიდონია და რომელსაცა შინა არის წინასწარმეტყველება მთავარ ანგელოზისა, დროსა აღშენებისასა გოდლისა, მოსვლისათვის მხსნელისა.[7]

მეხუთე საუკუნესა ესე იგი ას წელიწად შემდეგ მეფის მირიანისა, მეფე ვახტანს პირველი, ნაწოდები, - თვისის ვაჟკაცობისა გამო, ანუ გამოხატულებისამებრ, რომელნიცა განაშვენებდნენ მისსა ჩაჩქანსა, მგელლობად[8] გამოიჩენს თავსა ბრძოლითა თვისითა და იძულებულს ჰყოფს ინდოეთს საშიშრად სახელისაგან თვისისა. - მის ჩამომავალთა დროს საქართველო პყრობილ იქნა ხალიფტაგან (არაბთა მეფენი) და რაოდენთამე ქართველთა თავადთა სისხლითა თვისითა დაამტკიცეს ჭეშმარიტებანი ქრისტიანობისა. აქედან ჩვენ შეგვიძლიან განვაგრძოთ განხილვა ჩვენი დიდის გაბედვით, რადგანაც მაჰმადიანთა ისტორიკოსნი, რომელთაგან ფრიად მარჯვეთ უსარგებლია მურადჯა დოსსონს[9] თვისსა აღწერაში კავკაზისა, გვიანბობენ დაწვრილებით ნამდვილთა გარეგანათა დაწესებულებათა თემთა ამათთა.

ბაგრატიანთა ეპოხიდგან, ესე იგი მეცხრე საუკუნედგან - დაიწყებიან ახალნი დრონი: უმაღლესი გამოჩვენებლობა - ჩინებულება და შემდეგ დამცრობა საქართველოს ხალხისა. გვარი ბაგრატიონთა, რომელნიცა დასაწყის დაეშენა დასავლეთის კერძოდ კავკასიის მკლავისა, შემდეგ იყო ნათესავად აფხაზეთის მეფის სახლისა[10] და დასასრულ მცირედ მცირედ დაბნელებულ იქმნა აფხაზეთის მეფის გვარისაგან, ჰპოვა თვით ნათესაობითა და მხნეობითა თვისითა უკვდავი სახელოვანება, რაოდენ საკვირველი იგი (რაზმი) არის დიდებულთა მეფობათა მეფობანი ბაგრატთა, გიორგითა, დავითთა და თამარისა! უღონო ხალხი, რომელსაცა არა აქვს არა ვითარიმე სხვა სამფარველო ნუგეში, გარდა ბუნებითისა ადგილობრივისა მდებარეობისა თვისის მამულისა, ჰპოებს თვისთა დაწყობილებათა შინა ესოდენსა ძალასა, რომელ წინააღუდგების ემირთა ხალიფთათა და მრისხანებითსა შემძლებელობასა სელდჯუკთა[11], განაგრძელებს გამარჯვებათა თვისთა დაღესტანს, შირვანს და სომხეთს ჩრდილოთ კერძოს, რომელიცა დღეისადმდე შეერთებულ არს მისთანა. დარუბანდიდამ ტრაპიზონადმდე, აფხაზეთიდან განჯადმდე მეფენი საქართველოსანი პატივსაცემინებენ სარწმუნოებასა თვისსა, სკიპტრასა და ზედმოქმედებასა თვისსა მათზედა; და ამ გვარი მდგომარეობა მოქმედებათა განგრძელდების სამს საუკუნეს. - საქართველო მოიფინების ძეგლებითა; ყოველგან აღიმართებიან ეკკლესიანნი, პალატნი, ტაგრუცნი მეფეთა საფლავთაზედა, - რომელთა ნაქცეობათა აქამომდე შებრალებით ჰფარავს თვით დროცა, რაგვარნიც არიან ვარძიისა, ქუთაისისა ციხე-დარბაზისა; წარმოსჩნდებიან გენიანი. რომელნიცა მიიყვანენ ქართულსა ენასა უმაღლესსა სისრულედმდე: ერთის მხრივ მთარგმნელნი საღმრთო წერილისა ძველის და ახალის აღთქმისა; მეორეს მხრივ შემთხუზველნი ორთა დიდმშვენიერთა პოემათა ამირანისა და ტარიელისა. დრონი ესენი იყვნენ უდიდესთ საუკუნეთ საქართველოისა.

აწ წინა გვიძევს განვიხილოთ დასაბამნი საქართველოს ისტორიისანი! იგინი არიან ორ გვარნი: გუჯარნი ანუ ქარტანი და მატიანენი. ადვილ მისაგნებია, რომელ არა არს არა ვითარიმე ღონის-ძიება შევკრიბოთ უძველესნი საზოგადოებითგანი და საკუთარნი საგვარეულონი აკტნი[12] რომელნიცა იწერებოდნენ თემსა ამას შინა, რაოდენჯერმე მოოხრებულსა მძლეთაგან,[13] თუმცა შესაძლოა განვიძრახოთ, რომე არ ვარგულ არიან ნაწილნი ესენი. მას აქეთ, როდესაც დაიწყეს სამეცნიერონი ძიებანი პირველათ დროთათვის ერთა საზოგადოთა ბიბლიოთეკათა და მმართველობითთა არხივთა განჩხრეკილთა დაუღალავთა მძიებელთაგან, ცხად ჰყვეს საუნჯენი თვისნი. ფრანციასა, ანგლიასა და გერმანიასა შინა რიგ-რიგ განსჩნდებოდნენ და იმატიდნენ შეკრებილებანი ქარტათა; პიემონტიც-კი სარდინისა, სამეუფო ქალაქი შეუდგა გზასა ამას; რუსის მთავრობა აგრეთვე შეიკრების შემწეობითა გამოცდილთა არხეოგრაფთა თვისთა უძველესთა დოკუმენტთა. ქარტათა ამათ შინა შეცულ არიან ნამდვილნი საისტორიონი მოქმედებანი სრულითა სიშიშვლითა მათითა: ქარტანი ესენი არიან მტკიცენი პატენტნი (მოწმობანი) ერთა დიდებისა. არა არს არა ვითარიმე ეჭვი, რომელ საქართველოსაცა აქვს ამგვარნი შეკრებილებანი ქარტათა მონასტერნი, რომელნიცა განერიდნენ ხელთა აღმაოხრებელთათა, შეიცვამენ მათ ზღუდეთა შორის თვისთა. მეფე ვახტანგ სახელდობრ უბნობს პირველათ გვერდთა ზედა თვისის ისტორიისა, რომელ შედგენისათვის მისისა მოიხმარა მან სხვანი წიგნნი, სხვანი ქარტანი, ხოლო უბედურთა დროთა ვერ შეაძლებინეს მას პოვნა უძველესთა მატიანეთა. - მატიანენი, წიგნნი, ქარტანი ესენი ვერ განუქმდებიან მსწრაფლ: მათი პოვნა შესაძლოა გელათს, მცხეთას, ნინოწმინდას და საკრძალავთა შინა, ჯერეთ გამოუჩენელთა.[14] ისტორიისა მოგონება არა შესაძლოა, მისი აღწერა შეუძლებელია უქარტოთ, უქონლათ პირველთა დამტკიცებათა არა მრავალნი ამ გვართა წერილთაგანნი, რომელთა წაკითხვისა შემთხვევა ჩვენ გვქონდა, ამტკიცებენ, რომელ საქართველოსა ჰქონია წიგნნი საკუთრებათა მიწათ აღწერისა, წიგნი განსჯისა ფორმათა, შემოტანილთა ჩვეულებისაგან. სიბრძნესა რუსის მთავრობისასა წინაუძევს რათა გულსმოდგინებით ზრუნევდეს მფარველობისათვის ძვირფასთა ამათ სახსოვართა; იგინი შეიცავენ ისტორიასა ქართველის ენისასა.

იოსებ საყვარელიძე.

(შემდგომ იხილეთ სეკტემბრის წიგნში).

____________________

1 ღირს სახსოვარი შემთხვეულობა, რომლიდგანაც დაიწყების განყობა ისტორიისა. რედ.

2პლუტარხი იყო ბერძენთა ფილოსოფოსი და ისტორიკოსი. დუკული, სილლა და მობპეი იყვნენ სპასპეტით რომისა ლაშქართა და შემდეგ პირველნი ორნი კონსულთა გინა ვიპატოსა. - მმართველათ რომისა რესპუბლიკისა, ხოლო მესამე ტრიუმკირათ - გამგეთა ამავე რესპუბლიკისა.

3 არრიანი იყო ბერძენთა ისტორიკოსი პეკლი იყო განმგებელი საბერძნეთისა და ორმოცსა წელსა განგებდა სახელმწიფოთა საქმეთა ათინელთა.

4მეორე ძემა მეფისა დარო-ნოტისა გირში უმცროსმა, რომელიც იყო მოადგილედ მეფისა აზიის პირაქეთ გალისისა, განიზრახა, რათა წაართვას მეფობა ძმასა თვისსა არტაგსერგს - მნენონს და გაელაშქრა მის ზედა. - ლაშქართა რიცხვში ჰყვანდნენ კირს ათი-ათასნი ბერძენნი შემწეთ; კირი დამარცხებულ იქმნა და ბერძენნი უკუდგნენ და დაბრუნდნენ. რედ.

5 სტარბონი იყო პირველი გეოღრაფოსი ძველთა დროთა.

6 საისტორიოსა პერიოდსა (რაოდენობა წელთა ერთის ჩინებულისა შემთხვევიდან მეორედმდე) ფარნავაზიდან მირიანისადმდე რომელიცა შეიცვამს დროს მცირე უმეტეს ორს საუკუნეზედ, არა აქვს წელთ აღრიცხვა ისტორიასა შინა, არცა ვახტანგ მეფისაგან დაწერილი და არცა მისვე სორენელისა (სომეხთ ისტორიკოზი). გარნა პერიოდი იგი წარმოადგენს ესოდენთა სინხრონიზმით, - ანუ ერთთანა დროულთა შემთხვევათა, - ისტორიებთა, თანა სპარსთა, სომეხთა და ბერძენთა, რომელ ადგილ შესაძლოა დავამტკიცოთ მრავალნი მოქმედებანი და განვსაჯოთ კრიტიკულებრ დანაშთენი წარმოებანი. რედ.

7 ღირს-საცნობი მთხრობი ამ შემთხვევისა და გამოკრებანი წიგნისა ამისაგან არიან თხზულების შინა მეფის ვახტანგისა. ამ შემთხვევას უანბობს მეფე გურგ-ახღან სპარსელთა - თვისთა თანამოლაშქრეთა დროსა გარემოცვისასა ქალაქის პონტოსა (იქნება ტრაპეპონის.) რედ.

8 სპარსთა ესოდენ ძრიელ ეშინოდათ ვახტანგისა, რომე რა დაინახამდნენ მას შორიდანაც მაშინვე იწყებდნენ ყვირილსა: დურ-ეზ-გურ-ასლანი რაიცა ნიშნავს: მოშორდი მგელ ლომს! ამის გამო წარმოსდგა წოდება მისი გურგ-ასლან. - უწინარეს სახელიკი მისი იყო შედგენილი პირველთა მარცვალთაგან სამთა სპარსულთა სიტყვათა: ვარან, სოსრო, ტანგ, და ნამდვილათაც ასეა, რომელ ქართველნი უწოდებენ სოსროტანგად მეფესა სპარსეთისასა სოსროვსა ანუ სოსროისა. რედ.

9 მურადჯა დოსსონი იყო ოდესმე დესპანად; წარგზავნილად შვეციის კოროლისაგან პორტოს და ფრანციას და იყო მწერალიცა. რედ.

10 ჟამსა მოსვლისასა მურვან -ყრუისა, წოდებულისა ამ სახედ, მისთვის, რომელ იგი აღუკრძალავდა თვისთა ჯარისკაცთა - გინა მრჩეველთა -განმეორებასა ერთისა და იგივისავე სიტყვისასა თუ რჩევისასა, მეფენი მირ და არჩილ განეშორნენ სამეგრელოს და აფხაზეთს წინასწართქმულობისაგამო ვარსკვლავთ მეტყველთა იმპერატორის ირაკლისა, რომელნიცა ამტკიცებდნენ, რომელ მფლობელობა არაბთა განგრძელდების 250 წელსა და ამოდენს ხანს დაემონეიბის მათ სრულიად აღმოსავლეთის მხარე. - ქართველთა მეფეთა თანაწარიღეს ნაწილი თვისი საუნჯეთა და გვარმეფობამა აფხაზეთის ბაგრატიდთა აუფლა მას დროდმდე, ვიდრე დავით აღმაშენებელმა აიღო ტფილისი - 400 წელს შემდეგ დაპყრობისა მისისა მაჰმადიანთაგან. აქედან ცხადად სჩანს ესოდენ ხანგრძლივი უფლება ბაგრატიდთა ჩრდილოეთის მხარეს. რედ.

11 სელდჯუკნი იყვნენ ოსმალოს შთამომავლობა, ბესარიიდგან, რომელმანცა დააფუძნა მეთერთმეტესა და მეთორმეტესა საუკუნეთა მრავალნი გვარნი - გინა დინასტიონი მეფეთა, მესოპოტამიის, სპარსეთს, სირიას და მცირესა აზიასა შინა. რედ.

12 აკტი ანუ წერილნი, რომელთა ქვეშე იხსენებიან სამეცნიერონი თხზულებანი, სიგელნი, წყალობის წერილნი, პირობის წერილნი, განჩინებანი და სხვანი ამ გვარნი წერილნი.

13 არ ვიცი რაოდენ დასაჯერია ნათქვამი მეფის ვახტანგისაგან, რომელ ვითამც მეფობასა მთავრისა სტეფანე მეორისასა უმეტესი წილი ქარტათა და საუნჯეთა იყო დაფლულ მიწაში მტაცებლობისა გამო მაჰმადიანთა ამისთვის, რომე ამ დროს შიშობდნენ მათის დასხმისაგან სპარსეთსა და საქართველოსა ზედა. მეფემან საქართველოისამან განჰყო თვისნი ქონებანი ორს წილად, რომელთა ერთი წილი თანა წარიღო და გაიქცა ძითურთ ძირით სამეგრელოსა, ხოლო მეორე ნაწილი მეორე ძემ სტეფანე მთავრისამა არჩილმა დამალა ერთს სოფელში კახეთს და უჯარმას და კვალად გარეშემოსა ერთის მთისასა, აღრჩეულისა იმპერატორის ირაკლისაგან; მთასა ამას ეწოდებოდა ტონტიო, ესე იგი ოქროს მთა, რომელ იყო მფარველობასა ქვეშე თილისმისა. უსარგებლოდ ვხად ვჰსთქვა, რომელ ტონტიო არ არის ქართული სიტყვა. საეკლესიონი საუნჯენი იყვნენ დაფლულ მიწაში მცხეთის დიდსა ეკკლესიასა შინა სიონისასა. ძვირფასობათა შორის, დაფლულთა უჯარმას, იყვნენ ორნი გვირგვინნი, მოტაცებულნი ინდოეთიდან და ხიდიდან ვახტანგ გურგ-ასლანისაგან, ერთი ზურმუხტისა და მეორე ლალისა. რედ.

14 ხელნაწერ ქართლის ცხოვრებაში ვახტანგისა, რომელიც ეკუთვნის უფ. ჩუბინოვს სახელდობრ არის თქმული, რომელ მეფე ვახტანგმან შეჰკრიბა ქართანი გელათის, მცხეთის და ადგილობრივთ დარბაისელთაგან; ვახუშტი სწორათ ჩამოსთვლის წიგნი კანონთა სყიდვისა და გასყიდვისათვის, ქარტათა ამათ და მისს სიტყვის მიხედვით სჩანს, რომელ ყოველსა წარჩინებულსა გვარსა აქვს თვისნი საგვარეულონი დიპლომნი, რომელნიცა ჩვეულებრივ ინახებიან ადგოლობრივთ მონასტერთა ანუ ეკკლესიათა შინა. ქათალიკოზი ანტონი აგრეთვე მოგვითხრობს ქარტათა ამათთვის რომელთაგან უმრავლესთა ნახვა უეჭველ ჰქონია მას შემთხვევა. გარნა ოდესაც მოვიგონებთ, რომელ მცხეთა და მისი ეკკლესია იყვნენ დაწულ თეიმურისაგან გინა თამერლანისაგან, რომელ უდიდესნი ქალაქნი საქართველოისა მოისპნენ ამგვარისავე მხვედრითა ჟამსა მოსვლისასა ალიფაშისა მეფობასა სიმონ 1 -სა და შაჰ-ბაზისა 1-სა და დასრულ ტფილისიცა იყო კვალად დამწვარი აღამუხამედხანისაგან, მაშინ არა არს საკვირველი, რომელ ისტორიულნი დოკუმენტნი ამ დროთანი და მათთა უწინარესთა ჟამთანი იშვიათ არიან. რედ.

5 ბოსტნის მომართვა

▲back to top


ბოსტნის მომართვა.

7) სასუქის დაყრა

კარგი სასუქის დაყრის დრო ბოსტნისათვის არის შემოდგომა, მაგრამ ზამთრის პირშიაც კი დაიყრება, როდესაც მიწა ღამით არ გაუყინავს თუ მიწა ძალიან ცივი და ნოტიოანია, მაშინ უმჯობესია, რომ სასუქი გაზაფხულზედ დაიყაროს. სხვა და სხვა ნაირი სასუქის დაყრა დამოკიდებულია მიწისა და მცენარის თვისებაზედ. საქონლის პატივი სუყველანაირს მიწას მცენარეს გამოადგება. ფრინველისა და ცხვრის პატივიმხოლოდ მიწის ზემოდგან მოსაყრელად, ღორის პატივი ფიცხს მიწას გამოადგება, ნამეტნავად მაშინ, როდესაც უნდათ რომ მოსავალმა დაიგვიანოს თავის წესსზედ, მაგა სალათა, სხვა სხვა ნაირი კომბოსტო, (ნამეტნავად თავ-ყვავილა), თვის ბოლოკი, მარწყვი და სხ. სასუქი ყოველგვარი მოიხმარება: ახალი თუ დამწვარი. ახალი პატივი თავისის სიფიცხით გაათბობს მიწასა და დააჩქარებს მოსვლასა; დამწვარი პატივი მართალია მოსავალს არ დააჩქარებს, მაგრამ მცენარეს ნაყოფიერებას აძლევს, თუ სასუქი შემოდგომაზედ დაყრილია, გაზაფხულზედ უთუოთ უნდა კარგათ აირიოს -მეორედ დაიბაროს ან მოიხნას. -

ნ. პაული.

(განგრძელება შემდეგ წიგნში იქნება)

6 ოკტომბერსა 1860 წელს. ს რუისპირს

▲back to top


ოკტომბერსა 1860 წელს. ს რუისპირს

(ი. კერესელიძის მოგზაურობითგან.)

სოფლის რუისპირის მოშორებით, თელავითგან რუისპირის შესავალის მარცხნივ მხრივ. ათს ვერსზედ, ყოვლის სოფლის ამაობითგან განშორებულს, მყუდროსა და მომაღლოს ალაგს, შეფურთხვნილ ტყიან ხეობაში, სადაცა ვერა შეარყევს ამ მყუდროებით მდგომარეობასა, ფრინველთ მეტი, სდგას შუა მღის ეკკლესია, ანუ მონასტერი, -მონასტრად იყო ძველი შუა მთის ეკკლეისა, აღშენებული საკვირველის არხიტეკტურით, ამა ახლის შუა მთის ახლოს ორს თუ სამს ვერსზედ. აქ საჭირო არის ვიცოდეთ, თუ ვინ აღაშენა, ანუ ვინ დააფუძნა ეს ახლის შუა მთის მონასტერი, სადაც არიან მხოლოდ ორნი, თუ სამნი ბერები. - როდესაც საქართველოს მეფემ ალექსანდრე დიდმა, დაუტევა ესე სოფელი, რა სცნო ამაოდ და დაუდგრომელად; როდესაც შეუდგა ის იმ სოფლიურს დიდების მოყვარებასა, მოუწოდა თავის შვილს ლეონს, ჩააბარა ყოველი სახელმწიფოს მოვალეობა, დასვა ტახტზედ და თვითან შედგა ბერად დავით გარეჯის მონასტერში. - ამ ლეონმა შეირთო ცოლად გურიის მთავრის ასული თინათინ, ქალი მეტად საღმრთო მოვალეობის აღმასრულებელი. როდესაც მოჰყვანდა გურიიდგან მეფე ლეონს, თავისი ახალგაზრდა მეუღლე დედოფალი თინათინ საქართველოში, ქალაქს გრემს, რომელიც იყო მაშინ კახეთის სატახტო ქალაქად და, რომელიცა ახლა მოოხრებული, და როდესაც რამდნეიმე ხნის განმავლობაში მოატანეს გრემს, დაუღამდათ იმ ალაგს, სადაც ახლა დგას შუა მთის მონასტერი. თან ახლდნენ დედოფალს, გურიითგან გამოტანებულნი და ვინ იცის იქნება ისეც პატივის საცემად, მრავალნი გურიის თავადაზნაურნი, რომელთა შორის იყვნენ ზოგნი ქობულეთიდგან და, რომელნიცა აქამომდენ წოდებულ არიან თავად ქობულოებად. -ამ დაბანაკების დროს, დედოფალს თინათინს თანა ჰქონდა განუშორებლად ხახულის ღვთის მშობლის ხატი, რომელსაცა არაოდეს არ მოიშორებდა და რომელიცა ამ შემთხვევაში იმ ღამეს მიასვენა ერთის შვინდის ხის ძირად. მეორეს დღეს, რა აპირებდნენ აყრას და გრემის ქალაქისაკენ გამგზავრებას (გრემის ქალაქი ყოფილა იმ სოფელში, სადაცა ახლა არის სიფელი აქა, სადაცა ახლაცა სჩანს ძველი შენობაები) ხატი ღვთის ვიდრე დედოფალმა თინათინ არ ღუთქვა იმ ალაგს ეკკლესიის გაკეთება და ძველი შუა მთის მონასტრის გადმოტანა. მართლადაც, აღასრულა ეს აღთქმა, მაშინ, ეოდესაც ცოლქმართა შორის მოხვდა შფოთი და გაყრა. თინათინ რა განეშორა ლეონს, მოვიდა ამ ალაგს და აღაშენა ეკკლესია. ის ხატი აქამომდენ იქ ასვენია, რომელიც ვნახე მე თვითან და რომელსაცა ატყვია მეტად სიძველე. თვითან თინათინ დედოფალიც აქა მარხია კანკელის მარცხნივ მხრივ, რომლის მოშორებით სამ ოთხს ბიჯზედ, ფილაქნის დროებისგნით გაცვეთილს ქვას აწერია: „აჰა მოვალ საფლავად.“ დიდი და მაღალ გუმბათიანი სამრეკლო აღუშენებია თინათინის გამზდელს, თავისის გაზდილის დედოფლის სადღეგრძელოდ. ეს მონასტერი უკანასკნელში რა დაძველებულია, მეფე ირაკლი მეორეს განუახლებია. ამას ამტკიცებს ზედ წარწერა, ეკკლესიაში შსავალს კარების მაღლა: „იქ ეკკლესია ყოყოვლად შობისა, აღშენებული სანატრელად ხსენებულის დედოფლის თინათინისა, დაძველებული და დაქცეული და ლონითგან განცარცული, კვალად მეფემან სრულიად ქვემოისა საქართველოისამან მეორემან ირაკლიმ, ძანებითა და საფასითა წარგებითა, გუმბათის გადიდებით სამხრეთით განვაახლე“. - ადრე დაფუძნების დროს თუმცა ყოფილა მონასტრად, მაგრამ რამდენიმე წლის დედოფლის თინათინის გარდაცვალების შემდგომს გაუქმებულა. ირაკლიმ ინება ხელმეორედ განახლება და მონასტრადვე დაწესება. -რადგანც ქობულოვანი, თინათინის დროსნი იყვნენ, და რადგანც მეფემან ირაკლიმ ნახა, რომ ერთი ამ ქუბულოვთაგანი, წმ საბას მონასტერში (ს. კარდანეხს) გაზდილი იყო და ბერად შემდგარი, სახელად ნიკოლოზ, ეს აღმორცევა წინამძღვრად და იქიდგან არსებობს ამ ეკკლესიაში მონასტერი. - შუამთის ეკკლესია საკმაოდ დიდია. აქა მარხია, მარჯვნივ მხრივ, ქართველთ პოეტი თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომლის ლოდს აწერია: „მწუხრისა განისვენოს ტირილმა და ცისკარსა სიხარულმა“ ამ ეკკლესიასა აქვს დიდი ქვითკირის კედელი შემოვლებული, რომლის მარჯვნივ მხარეს არიან ძველი შენობაები: ბერებთათვის სენაკები, სასწავლებლისათვის ოთახები, მარანი და სხვა. ამ შუა მთის მონასტრის დაბლა, ასვალის მარჯვნივ ხევ გამოღმა არის ძველი დაქცეული დიდი ეკკლესია, აღშენებული დავით აღმაშენებლისაგან მაშინ, როდესაც რომ ეს დავით სიყმაწვილეში ყოფილა სასწავლებლად სოფლის იყალთოს თავში, თვთაების მონასტრის სასწავლებელში, სადაცა ასწავლიდა არსენ იყალთოელი, წ. ბერი, გაზდილი ათინაში, სად იგზავნებოდნენ მაშინ ყმაწვილები. ამ დავითს აღიშენებია ეკკლესია შიო მღვიმელის სახელზედ, რადგანც შიო მღვიმის მხრითგან იყო დავითი. ამ აოხრებულს ეკკლესიას დიდი მლოცველნი ჰყვანან ყველიერის ხუთშაფათსმ საიდგანაც რა ჩამოდიან ნასომები მლოცველნი ძირს კვირაცხოველის ეკკლესიის ეზოში ორი ქვის ფიალით საყველაწმინდოს სმენ, ღვინოს რა დაწაფებიან კახელები. -ამ შიო მღვიმის ეკკლესიაში რომ შევიდეს კაცი მართლად და უნა ქვის გული ჰქონდეს, რომ არ წარმოუდგეს სრულის სისრულით სოფლის სიმუხთლე. -ერთი გულჭმუნვარე ზედ წარწერა ვპოვე, რომელსაცა წავიკითხებთ ამ აღწერის მკითხველებს" დავით გარეჯაში ერთი იოსტოს ბერი ყოფილა, თავადი ანდრონიკოვიანთაგანი, ამას სხვათა მოწაფეთა შორის აღიზრდია ბერადვე ერთი აზნაური კიკნაძე, რომელსაც ბერობაში სახელ უდვია ფილადელფოსად. ეს ფილადელფოს ბერი ყოფილა შუამთის მონასტერში, საკვირველი ნიჭიერი, მოლექსე და ხელოვანი, ისე, რომ არ მოიგონებდა მეხანიკურს და რას არ გააკეთებდა. მე ვნახე ს. ქისტაურს თ. კააზო ერის-თავის სახლში, იმისგნით მარმარილოს ქვაზედ ამოჭრილი მზის საათი ქართულის რიცხვებით და გავოცდი. არა მგონია ღრმათ განათლებულმა ევროპიელმა ასე ჩინებულად გამართოს და ასე სწორეთ. ამ მეხანიკობასთან როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ ყოფილა მოშაირე. არ არის ეჭვი, ბევრი ლექსები დარჩებოდა, მაგრამ ვერას გზით ვერ ვიშოვნე, თუმცა ბევრი მოვიკითხე. -ამ ფილადელფოსის ლექსები, მარჯვნივ და მარცხნივ წარწერისა აი ეს გახლავსთ:

საქართველომ სთქვა მეც ვიყავ, დრო მქონდა კეთილყოფელი,
ვადიდნე ჩემნი მოსავნი, ვტანჯნი უარის მყოფელი,
ვყვაოდი სამოთხის გვარად, არ ვიყავ გასაყოფელი,
(და) ვინც ახლა ნახოთ გასინჯეთ რა ამაოა სოფელი!
ნეტაი დროსა, რომელსა იყავ შენ აღშენებული,
აღვსილი მადლის წყაროთი და სიბრძნით განათლებული,
შემკული ყოვლის წესითა და ესრედ გაბრწყინვებული,
ვინ არ გიტიროს, რა გნახოს აწ ასე გაცუდებული!...

მართლად და, კაცს ტირილი უნდა მოუვიდეს, ამ სახსოვარის ნახვაზედ, რომელიცა დიდის გულმხურვალებით და სასოებით აღუშენებია დავითს აღმაშენებელს სიყმაწვილეში.

7 ტფილისის მოანბე

▲back to top


ტფილისის მოანბე

უფალო რედაკტორო!

დრო არის მოსპოთ უ. ჭავჭავაძეზე სიტყვა და შეუდგეთ სხვა უფრო სარგებლო საქმეს, რომლითაც მდიდარია ჩვენი ქვეყანა და რომელიცა უფრო სარგებლობასა მისცემს ჩვენს საზოგადოებასა.

ჩვენ ვეთანხმებით უ. ჭავჭავაძეს მაზედ, რომ არც კაზლოვი ვარგა, არც მისი შეშლილი, არც შეშლილის თარგმანი, არც შეშლილის განხილვა და არც განმხილავი: მაშასადამე არა ღირს მაზედ ლაპარაკი, და მართლათაც დრო არის დაულოცოთ ჭავჭავაძეს გზა და კვალი; რომელსაც შესდგომია „უფალმა უმეტესი შნო მისცეს“

აი რაზედ მინდა თქვენთან მნოლაპარაკება. მაიმუნზედ!

ამას წინათ, ორს ყიზილბაშელს კროს დაჰყვანდათ ქალაქში მაიმუნი, ვიცი მეტყვით: მაიმუნიც და კროც ბევრი გვინახვანან ქალაქში, ღირს ლაპარაკათაო? მაგაზედ დავას არ გაგიწევ, და რომ ღირს მაიმუნზედ ლაპარაკი, ეგ მე მომანდეთ - თქვენს ახალს თანამშრომელს, რომელსაცა მსურს გამოსვლა მჩხაბავთ სარბიელზედ.

ამ ხუთის ანუ ექვსის წლის წინათ, მე მოწამევარ, მაიმუნს როდესაც მოიყვანდნენ მრთელი ქალაქი ზედ დეედებოდა ხოლმე; ეხლაკი ზედ აღარავინ უყურებს. სოფლებში არ ვიცი რა პატივი ზდევს, და აქკი ურჩევ ნუღარ გაისჯებიან.

მე მინდა ვსთქვა ესა, რომ ზემოხსენებულთ კროებს და მაიმუნს შერჩათ მარტო ქალაქის ნახვა, სხვა არაფერი. სადაც დუქანთან მიიყვანდნენ თუ სახლში, ყოველგან უარს ეუბნებოდნენ.

მიზეზისათვის ასეთ მაიმუნების ათვალწუნებისა შორს არ წავალ. შემდეგ ოპერებისა, სადაცა გული და სული კაცისა სტკბება, - შემდეგ მისა, ხალხს იმ გვარი თვალთ მოსატყუებელი სათამაშოები აღარ ეჭაშნიკება.

აქ უალაგო არ იქნება ვსთქვა რამე მაიმუნებზედ საზოგადოთ.

ბინა ანუ სამშობლო მამული მაიმუნთა არის აზია, აფრიკა და ამერიკა; ისინი არიან სხვა და სხვა გვარნი, სახელდობ: 1) ორანგუტანგი, 2) კიმპეზეი ანუ ჟოკო, 3) მონა, 4) პავიან, 5) პაპიონ, 6) რიჟი რევუნ.

პირველ გვარნი მაიმუნნი, ესე იგი: ორანგუტანგი ეხლა იშვიათნი არიან; ძველ დროს თურმე დიდი ხროვა და დადიოდნენ, როგორათაც ყარაიაზე ჯეირნები.

საბერძნეთის მსწავლული გეოგრაფ სტრაბონ მოგვითხრობს; „როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მოვიდა თავის გამქარვებელ მხედრობით ინდოეთსა, მაშინ წინ დაინახა ხროვა ორანგუტანგთა, რომლებიც მიიღო უფრო მეტად მტრის ჯარზედ და უბძანა თავის მხედართ შეტევა მტრისა. მაგრამ იმ დროს გვერდით შეხვდა ალექსანდრეს მეფე თაქსილ, რომელმაც გამოიყვანა ის უმეცრებიდამ, და აუხსნა იმას, რომ მტრათ მიღებული არიან მაიმუნები“

ამ თორმეტის წლის წინათ პარიჟის ბოტანიის ბაღში იყო ორანგუტანგი, რომლისაც მოძრაობა, მიხრა-მოხრა და მდგომარეობა საოცრათ ემგზავსებოდნენ კაცისას; ის დეეჩვია ჭამას კოვზით; დალევას სტაქნით; მაგრამ ვერას ღონის ძიებით ვერ ასწავლეს სუფრაზე სამსახური, ამისათვის რომ დიდხანს ვერ დგებოდა უკანა ხელებზე და იქამდინ მსუნაგი იყო, რომ რა საჭმელსაც გაატანდნენ სუფრაზე მისატანათ, გზაში შესჭამდა. უყვარდა ხალხი, ზედამხედავის შვილებთან ქონდა დიდი მეგობრობა, ყმაწვილებს ეთამაშებოდა ფრთხილათ, ეშინოდა რა არა ვატკინო რაო; დიდებთანკი თავისუფლად იქცეოდა. - საჭმელების გარჩევა არა ჰქონდა; ერთნაირ მადით სჭამდა რასაც მიუტანდა; თევზს და სხვა ფხიანს რასმე სიფრთხილით სჭამდა არ დავიხრჩოო; ტკბილეულს ძალიან ეტანებოდა, ასე რომ, როდესაც მაძღარი იყო და მიუტანდნენ მურაბას პურზედ დადებულს, მურაბასკი შესჭამდა და პურს გადააგდებდა.

კაპიტანი გემისა, რომელმაც მოიყვანა პატარა ორანგუტანგი პარიბეში, რამდენსამე წლის შემდეგ დაბრუნდა ფრანციაში და მოვიდა იმასთან სანახავათ. ორანგუტანგმა დაუწყო გაშტერებული ცქერა, ცდილობდა მოეგონებინა ვინ იყო სტუმარი. ბოლოს ერთბაშათ ეძგერა კისერში, ასეთ ნაირათ მოეხვია სიხარულით, კინაღამ დაარჩო, ხან შეახტებოდა, ხან როგორღაც ცდილობდა ესიამოვნებინა ძველის მეგობრისათვის.

მაიმუნებში ყველაზე გონიერათ მიღებულია ჟოკო. მოგზაურთ უნახავთ ლოანგოში ჟოკო, რომელსაც მოჰქონდა წყალი, ტყეში დაიოდა შეშის მოსატანად, ჰგვიდა ოთახს, აგებდა ქვეშსაგებს და რეცხდა ჭურჭელს.

მოგზაური გრანპრე გაოცებულია ამ პირუტყვის მიხვედრილებას. აი რასა სწერს ის: „ვნახეო ჟოკო, რომელიც ემსახურებოდა და ფრთხილობდა ცეცხლი არ გადმოვარდეს გემი არ დაიწვასო; კარგათ იცოდაო, როდესაც ფეჩი ისე განელდებოდაო, რომ დრო იყო პურის შეწყობისა და თავის დროზე შეატყობინებდაო პურის მცხობელს - სურვილით აკეთებდაო ყოველს მას გემებზედაო, რასაც სხვა მარტო სებიო; როდესაც საჭირო იყო იალქნების გამართვა, მოხერხებულათ, მსწრაფათ და რიგიანათ აკეთებდა თვითქმის სამის კაცის ოდენასაო.“

ჟოკოების ბინა არის ღვინეის ბიაბანი ტყეები; ჰსცხოვრებენ რამდენიმე კომლობა ცალკ ცალკე; გაკეთებული აქვსთ ქოხები ხის შტოებისა, რომ მზე და წვიმა არ ჩაუვიდეთ, ასე რომ კაცს ეგონება სოფელი, ხალხი ჰსცხოვრებსო. გაჭირებაში ერთმანერთს შველიან; ვინიცობაა მონადირებმა დასჭრეს ერთ ერთი მათგანი ისრით ანუ თოფით, მაშინვე გამაართმევენ ისარს ანუ ტყვიას, სადაცა დაღეჭილს ბალახს დაადებენ ჭრილობაზედ და შეუხვევენ.

მარამ ყველაზე გასაკვირვებელი ეს არის ჟოკოებისა, რომ თავიანთ კვდარს მარხვენ. ამოსთხრიან საფლავს, ჩასდბენ კვდარს, ზედ წააყრიან მიწას, დააწყობენ ფოთოლს და ზედ დაადებენ სამს წელს ლოდებს, რომ მძოვრი აფთარმა ანუ სხვამ მხეცთა არ ამოიღოს.

ერთის სიტყვით ჟოკოს საოცარი მგზავსება აქვს ადამიანისა. ნეგრები ფიქრობენ, რომ ჟოკო არა ლაპარაკობს სიზარმაცისაგან, და არა ზდებს თავს კაცობაზე ამიტომ რომ, მათსავით არ დაიმონავოსო. ასე დარწმუნებულები არიან ნეგრები თავიანთ ფიქრებზე, რომ როდესაც შეხვდებიან ხოლმე ტყეში, დაუწყებენ ხოლმა ლაპარაკს იმ აზრით, რომ სიტყვა წამოაცდენინონ; მაგრამ იაფათ არ დაუჯდებათ ამ გვარი გამოლაპარაკება: ჟოკოები დადიან ორს უკანა ხელებზე და წინა ხელებით, ჯოხის მაგიერ, უჭირავს ხის ტოტი და ნერგებს ძალიან მიბეგვენ ხოლმე.

ავი არსად დაილევა. აგრეთვე მაიმუნებშიაც. პავიანი, პაპიონ და რევუნი საზარელნი არიან. მრთელი დღე სულ შარზედ დგანან: იმათი დროს გატარება ის არის რომელი მოკლან, რა დაანგრიონ; არც ეშინიანთ თოფისა და უკანაკნელმა ასეთი ღრიალი იცის, რომ იმის ხმა ისმის ორს ვერსზედ.

თუ არ შეგაწყინეთ თავი, ვიტყვი ცოტაოდენს იმ თვალთ მაქცურ წარმოდგენაებზედ ფრანცუზის ფილიპესაგან, რომელისაც მე მნახველი ვარ. ის თვალთმაქცობა რაღა თვალთმაქცობა იქნება, რომ შეიძლოს ჩემმა უძლურმა კალამმა იმის აღწერა. მაგრამ მოვიყვან ერთს მაგალითს ფილიპეს მოქმედებისას, რომელბითგანაც მიიღებთ უმცირეს ცნობას იმის ხელოვნებისას.

ვიქნებოდით მაყურებელნი ოთხმოცამდინ, გამოიტანა ოთხი ქათმის კვერცხი და დაურიგა ხალხს; გამოართო ოთხი ბეჭედი სხვა და სხვა პირსა; უკანვე წაიღო კვერცხები, რომლებიც ჩააწყო ტაფაში, რაშიაც აგრეთვე ჩადო ბეჭდები, ზედ დაასხა სპირტი, წაუკიდა ცეცხლი და ჩამოატარა ხალხში -რომ ბერვით ვერ ჩააქრო ტაფაში ალი, დახურა თავი.

აბა, როგორ გგონიათ? კვერცხები ტაფაში თოხლოთ შეიწვნენ თუ რგვლათ? აი საკვირველება საკვირველებათა! ტაფას თავი ახალა, საიდგანაც გადმოფრინდა ოთხი მტრედი, რომლებსაც ყელზე გაკეთებული ჰქონდათ ბეჭდები.

მოულოდნელმა გამოცხადებიდამ საზარელის კუდიანის ვარსხვლავისამ მაიმუნებიც დაგვავიწყა და იმის მზგავსებაც.

ამ ვარსკვლავმა ბევრი ჭკვიანი და სუსტი თავები დააფიქრა. შესანიშნავი ეს არის, რომ ვარსკვლავთ მრიცხველთა ვერ გვიწინასწარმეტყველეს იმისი მოვლენა და მათ მოულოდნელად გამოჩნდა ისი. ვარსკვლავთ მრიცხველნი გვარწმუნებენ, ვითომც ახლად მოჩვენებულს კუდიანს ვარსკვლავს ეჭიროს ცაში სივრცე სამოც და ათი მილლიონი ვერსი, იმყოფებოდეს ახლოს ჩვენის მიწისა ას სამოც და თხუთმეტ მილლიონ ვერსზედ და იყოს ის, რომელიც სამას წელიწადში ერთხელ დეენახვება ხალხს და, რომელმაც ისე შეაშინა კოროლი კარლი მეხუთე, რომ სამეფო ტახტს თავი დაანება და შევიდა მონასტერში ბერად.

რაც უნდა იყოს, ამ გვარი ვარსკვლავი სიკეთეს არას მოასწავებს და გვითხრობს ომიანობას. მართლათაც, ამოვიდა ვარსკვლავი ჩვენ ჟურნალში მოხდა საშინელი ბრძოლა, რომელიც ჯერ ხანათ მშვიდობიანათ გათავდა, -მხოლოდ ერთი იმათგანი დაიჭრა მკლავში, რომელიცა დაუშავდა ისე, რომ ძნელადღა გამოადგება წერაში.

ბოდიშს ვიხდი თქვენთანაც და ცისკრის მოკითხველთანაც, რომ სასიამოვნო ანბის გამოცხადება მომიხდა ამ წერილის ბოლოს.

ხმა ისმის, რომ მალეს დროს ქალაქის ოთხსავე კუთხეში იმართებიან სასავლებლები, სადაც შეუძლიან საწავლის მირება მდიდართა და ღარიბთა; დიდთა და პატარათა; კეთილშობილთა და გლეხთა და, სადაცა სხვათა შორის, ასწავლიან ქართულს ენას. - ერთს წელიწადს შემდეგ ამდენი მკითხველი ეყოლება, იმედია, თქვენს ცისკარს, რომ მაშინ აღარ შეგეძლებათ სამდურავი ქართველებთან. და მაშინ თქვენი ახლად გამოწერილი ლონდონიდგან სტამბა ვეღარ აუვა ბეჭდვას. აი პირველი ნაყოფი განათლებულთა ყმაწვილთა კაცთა! შეგვიძლიან გაბედვითა ვსთქვათ, რომ ეხლანდელნი ყმაწვილნი კაცნი არა გვანან იმათ, რომელზედაც ჩვენი პოეტი თ. გიორგი ერისთავი იტყვის:

„ეხლანდელი ყმაწვილები,
თითქოს იყვნენ ანგლიჩნები,
გამხდრები, ძალათ ყვითლები,
პირზე ბრინჯ შეგლესილები

ოკტომბრის თვეში იქნება ტფილისში დოღი, რომელზედაც მოვილაპარაკებ ცისკრის მკითხველებთან.

ბირთვისელი.

8 რედაქციისაგან.

▲back to top


რედაქციისაგან.

ზოგჯერ მოხდება ხოლმე, რომ კაცის ბუნების სისუსტეს მოსდევს სხვა უსასტიკესი სენი; სენი ყოვლის გესლით სავსე და ყოვლის ბოროტებითა ესე, თვითქმის სულის მომაკვდინებელი სენი არსებობს იმ გონიერთ ცხოველთა შორის, რომელთაცა ვერ მოუსვენიათ და დღე მუდამ იმასა ფიქრობენ, რა ქმნან იმისთანა, როგორ მოიქცნენ, რომ ავნონ, არათუ მხოლოდ ერთს პირს, მრთხელს საზოგადოებასაცკი, თუ მარჯვეთ მოახერხეს. - მაგრამ ნათქვამია ქართულად, „ტყვილს და სიცრუეს მოკლე ფეხები აქვსო“. ამას მოგახსენებთ საყვარელნო ჩვენის „ცისკრის“ მკითხველნო აი რაზედ: კახეთითგან მივიღეთ ცნობა რომ ზოგი ერთთ, რასაკვირველია ამ ბატონთ, რომელნიცა მოვიხსენიე ზემოთ; დაუგდიათ ხმა, ვითომც იანვრიდგან ჩვენი „ცისკარი“ გამოვიდოდეს სხვის მხედველობასა ქვეშე. ეს სიცრუეა და დაუჯერებელი. არათუ სხვის მხედველობასა ქვეშე გამოვალს იანვრითგან. არამედ ჩვენისავე წინამძღომელობით, მხოლოთ უნდა მივსცეთ სიცივე და დავიახლოვოთ ზოგი ერთნი ჩვენის „ცისკრის“ უკეთესნი თანამშრომელნი, უფრო ახლა, რომ ადგილ მამულის მართვის საზოგადოებამ, ესე იგი თვითან მთავრობამ, ინება მონაწილეობის მიღება იმ აზრით, რომ ერთს ნაწილში იბეჭდებოდეს დღეს შემდეგ ვრცლად ადგილმამულის მართვის შესახები სტატიები. ამ დღეებში მოანდეს რედაქციას ფრანციზულითგან თარგმნა ჩინებულის წიგნისა, რომელსაც ეწოდების „დარიგება, თუ როგორ მოიქცეს მიწის მხვნელი მიწის შემუშავების დროს“ და რომელიცა შეიცავს ას ოც ფურცელს. ამავე წიგნში ჰპოებთ მხატვრობას სხვა და სხვა გვარის ახლად შემოღებულის მაშინებისას, ერთის სიტყვით რაც რამ ეკუთვნის სოფლიურს მუშაობას რედაქცია ამ წიგნის თარგმნას შეუდგა ბეჯითად და იმედოვნებს მოკლეს დროში წააკითხოს „ცისკრის“ ხელის მომწერთა. თუ აქედგან შეადგინეს ზოგთა ეს აზრი, რედაქციას სხვა ცხვლილება მიეცეს იანვრითგან, რომ „ცისკარი“ ამ ორ თვეში შემცირებით გამოდის, ამის მიზეზნი ჩვენ არ გახლავართ ამ ახლოს დროში გარდაიცვალა ღრმად დახელოვნებული ქართულს ენაში ქართულის ენის ცენზორი მღვდელი ეფრემ ალექსიევი, რომლის სიკვდილისგამო რამდენთამე სტატიათა მეცათ დაბეჭდვის დაბრკოლება.

______________________________

ბრწყინვალეო კნეინავ ბარბარე ჯორჯაძისავ! თქვენგნით წარმოგზავნილი რედაქციაში თ. ილია ჭავჭავაძეზედ დაწერილი „პასუხზედ პასუხი“ მივიღეთ და გვსურდა დაგვებეჭდა პირველსავე წიგნის ნუმერში, მაგრამ ჩვენთა სამწუხაროდ, წარგზავნილი ცენზურაში. ცენზორის გარდაცვალების დროს როგორათაც მომხვდარა და დაკარგულა. თუმცა ბევრი ვეძიეთ, მაგრამ ვერას გზის ვერ მოვიპოვეთ. ამისათვის უმდაბლესად ითხოვს რედაქცია მოტევებასა იმედითა მით, რომ რედაქციას არ დასდებს ბრალსა. და უკეთუ გსურთ მაინც და მაინც დაბეჭდვა, გთხოვთ შავი წარგზავნოთ და დაიბეჭდება უსათუოთ.

რედაკტორი ი. კერესელიძე.