ივერია (14)1878.06.04



1878.06.04

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

ტფილისი. სამს აპრილს საზაფხულო თეატრში წარმოადგინეს ქართულის სცენის მოყვარეთა შექსპირის ტრაღედია „ვენეციელი ვაჭარი,“ თარგმნილი დ. ი. ყიფიანის მიერ. დიდძალი მაყურებული დაესწრო ამ წარმოდგენაზედ. არც ერთი ლოჟა არ იყო ცარიელი და თვით პარტერიც თითქმის სავსე იყო. აშკარაა რომ ქართულს სცენას ბევრი მიმყოლი და მაყურებელი ეყოლება, რომ რიგიანად გაიმართება და მოეწყობა.

ეს ხომ ასე იყო, მაგრამ ჩვენც მაინც ჩვენსას ვიტყვით. ჯერ მინამ წარმოადგენდნენ, ჩვენ გვიკვირდა რომ ჩვენის სცენის მოყვარეთა ეგ ტრაღედია ამოარჩივეს წარმოსადგენად. ჩვენ ამით წუნს კი არა ვსდებთ თვით ტრაღედიას, ანუ მის თარგმანს, რადგანაც ტრაღედიაც ნაქებია და თარგმანიც საკმაოდ კარგია. ჩვენ მარტო იმის თქმა გვინდა, რომ ეგ ტრაღეგია სცენისათვის ისე მოსახერხებელი არ არის, როგორც საჭიროა, ამიტომაც მაგ ტრაღედიას ძალიან იშვიათად ნახავთ სცენაზედ არამც თუ რუსეთში, არამედ სხვაგანაც და თუ ნახავთ ან ცალკედ ამოღებულს სცენას, ანუ შემოკლებულს და სცენისათვის გადაკეთებულს, როგორც, მაგალითებრ, გადაკეთებულია რუსულად აპ. გრიგორიევის მიერ.

ეს ერთი იმისთანა მიზეზია, რომლის გამოც წარმოდგენილი სამს აპრილს „ვენეციელი ვაჭარი“ ვერ უნდა გამოსულიყო კარგად. მეორე მიზეზი, სწორედ მოგახსენოთ, თვით მოთამაშეების ბრალია. მოთამაშენი ვერ იყვნენ კარგად შერჩეულნი. ზოგი სრულიად არ ვარგოდა. ზოგი ერთი ხელებს ისე უღმერთოდ და უალაგოდ იქნევდა, თითქო მკლავების სავარჯიშოდ არის მიწვეულიო; ზოგმა კიდევ როლი არ იცოდა და ამის გამო ბევრჯელ მოიკუმშა ტუჩები და რაც სათქმელი იყო, გადაყლაპა. რა დაგვემართა ამ ქართველებს! ეს როლების უცოდინარობა რა ღვთის წყრომაა! ეს ხელფეხის ხმარება როგორ ვერ მოგვიხერხებია! ამას გარდა, ის რაღა ჩვეულებაა, რომ ზოგიერთი იტყვის ერთს ორს სიტყვას თუ არა, მაშინვე ბოლთას უნდა გამართოს ეს წამ და უწუმ წინა და უკან სიარული, საჭიროა თუ არა, რა ამბავია! ნუ თუ ძნელია ამის დაშლა.

ჩვენის ფიქრით, ლაზათიანად წარმოდგენილ იქმნა ლანსლოს და გობბოს ერთმანეთთან შეყრა, ნამეტნავად გობბომ საკმაოდ კარგად ითამაშა ცოტა რომ ბოლოს არ დაემჟავებინა. უფ. ავალიშვილი რიგიანი მოთამაშეა, და უფრო კარგი იქმნება, რომ წამ და უწუმ თავის ქნევა და ხელისა დაიშალოს. ურიგოდ არ იყო უფ. შიშნიაშვილიცა. ეგ ყოველთვის რიგიანი აღმსრულებელი თავისის როლისა. ძალიან მოგვეწონა ნურისსას თამაშობაცა. ჩვენის ფირით, ტრაღედიაში უმთავრესის ქალის როლი მარი ყიფიანისას რომ არგუნონ ხოლმე, არ შესცდებიან, ჩვენ ორჯელ გვინახავს უფ. მარ. ყიფიანის თამაშობა და ორჯერვე ის ჰაზრი გამოგვიტანია, რომ მას სხვაზედ უკედ შეუძლიან მძიმე და ძნელის როლის აღსრულება. არც ჯასსიკა იყო ურიგოდ.

ჩვენი ნიჭიერნი მოთამაშენნი ვოდევილსა და კამედიებში უფ. კ. ყიფიანი და უფ. ელ. ყიფინისა ვერ იყვნენ ისე, როგორც შეჰფერის მათს ნიჭიერებას. მართალია, სხვას რომ ისე ეთამაშნა როგორც ამათ ითამაშეს, მაინც ბარაქალას ვეტყოდით, მაგრამ ამათ კი ვერ ვეტყვით. ვისაც ბევრი მისცემია, იმას ბევრიც მოეთხოვებაო, ნათქვამია. უფ. კ. ყიფიანმა შევლოხა წარმოადგინა ისე თითქო სავოდევილო ურია არისო და არა ის კაცი, რომელსაც ამოქმედებს რწმენა, დაუძინებელი მძულვარება ქრისტიანების მიმართ და შურის ძიება. ამის გამო ბევრი სატირული სცენა სასაცილოდ გახდა. უფ. ულ. ყიფიანის მოთქმას უფრო ქადაგობის სახე ედვა, ვიდრე მეტყველებისა და საუბრისა, ამის გამო ერთი გულით ღმოთქმული სიტყვა ვერ გავიგონეთ პორციასაგან მთელს საღამოს. განა კი ცოტა გულით სათქმელი სიტყვა აქვს პორციას!

ესეც კი უნდა ითქვას, რომ შევლოხას როლი და პორციასი გამოჩენილთ მოთამაშეთაც უჭირდებათ ხოლმე.

2 „ივერიის“ კორრესპონდენცია

▲back to top


ქართლელის ფიქრი გაზაფხულის პირზედ

გვეღირსა ქართლელებსაც გაზაფხული. ჰაერში გაზაფხულის სუნი ტრიალებს. მაღლობები და ბექები მწვანით იმოსება. აგერა გლეხიც ზლაზნით გავიდა მინდორში, თითქო მსუსხავი გაზაფხულის მზისა ეშანიანო, და მიწას მწვანე ხავერდიან გულს ორხლით აღმა უბრუნებს, ერთკილოვანი ჰოროველა გულსაკვლავადა ღუღუნებს გაზაფხულის კამკამ ჰაერში, როგორც დიდმარხული მღვდლის ლოცვა. ვინ იცის რას ლოცულობს გლეხი, ახლად გამოსული თბილს ბოსლიდამ და რას ეხვეწება გამშვენიერებულს გაზაფსულის ბუნებას. იქნება და იმასაც გული უკვდება თავის ბედისა და ბუნების სხვა და სხვაობით? იქნება და ესეც თათ ვის თავის ბედის განკარგებას ავედრებს ამ ბუნებას, რომელსაც, როგორც თანამედროულ ტურფად მორთულს ქალს, არც გული აქვს, რომ თანაუგრძნოს და არც ჭკუა აქვს, რომ უშველოს რამე? რა უგრძნობელია და გაქვავებული ეს ბუნება!

— რა გინდა, შე საწყალო გლეხო, რას მოელი შენ ჩემგან? — თითქო ეუბნება კოხტათ მორთული ბუნება — რაც მოგიბარებია, ის წაიღე, მაგრამ სანამდინ წაიღებდე იტანჯე და ეწვალე იმის გაგებაზე, თუ რამოდენა სარგებლით გიბრუნებ შენს ანაბარს. შენც გინდა იშვიათის მეცნიერივით შეგეძლოს გაგება, თუ რამდენი წვეთი ჩამოვარდება ციდამ რომელიმე ალაგას? ან ქიმიკოსივით, როგორც ლიბიხი, იცოდე, რა ნიადაგი უნოყიერესია, და ან რა საშუალებით განოყიერდება? მე იმათი მადრიელიც არა ვარ, ჰმ, ნეტა რას ეჯაჯგურებიან ჩემ ორღანოვანს და უორღანოს სამეფოს? ჩემგან ვერასფერს ვერ წაიღებ, თუ სისხლზე არ შედექი. სხვას რა შველას ელი ჩემგან? სად არიან შენი კეთილის მყოფელნი, რომელნიც კალმებს წვერებს ამტვრევენ, ამდენსა სწერენ და შენ საწყალ ბედზე ენის წვერები სტკივათ ბევრის ლაპარაკით და უბედობით თავიანთ ოთახებში? რატომ არ გიშველიან ის ცრუ მეგობრები და შენს დაღონებულს ჰოროველას მხიარულ და გამარჯვებულ მღერად არ შესცვლიან? განა შენ დაგლეჯილს ჩოხა-ახალუხს გამოცვლა არ უნდა? განა გაქვს კიდე რამე ფული, რომ დაბრუნებულ მილიციონერებს მისცე? არა,თუ მაინცა მანც არ დაიშლი, შენთვის ისევ შენვე იფიქრე; ხომ ხედავ შენთვის არაგან არის? ხომ ხედავ აგერ მთელს ჩემს ორგანოვას სამეფოში რა ბრძოლა ცხოვრებისათვის და კაის ბედისათვის. აგერ ეს ცხოველი, ეს მხეცი, როგორ ჰყლაპავს მეორე ცხოველს შეხედე ამ ცბიერ კატას, როგორ განაბულა და როგორ უნდა სტაცოს პირი უზრუნველად მოჭიკჭიკე ბეღურა ჩიტსა, აგერა ერთი მცენარე, როგორა ჭკნება და მეორე როგორა ხარობს იმის ალაგზე; აი, ამ ბალახს, რა ნაირად ჰყლაპავს ცხოველი და შენ კიდე ამის გემრიელ ხორცსა.

ჰხედავ, როგორ ერევა მძლავრი სუსტსა, როგორ სჩაგრაგს ღონიერი უღონოს და ჭკუიანი უჭკუოსა? შენც ასე ხარ, თუმცა ხარ ქმნულებათა გვირგვინი, დაჩაგრული ღონიერისაგან და მძლავრისაგან, ჭკვიანისაგან და გაქნილის გაიძვერასაგან.

ღმერთო, რა უსინიდისო მოძღვრებაა!.. რა უგულო და უსულოა ის საზოგადოება, რომელიც ამ მცნებით ხეღმძღვანელობს თვის ცხოვრებაში ის სწავლა და მცნება, რომელნიც მარტო მგლებს და საზოგადოდ მხეცებს გამოადგებათ, ჭკუითა და გულით აღჭურვილს კაცსაც უნდა გამოადგეს თუ? რა დამცრობაა კაცობრიობის ზნეობისა!! რა უწყალო თავ-საცილოდ აგდებაა იმ უმაღლესის სწავლისა, რომელი კაცსა ხდის კაცისავე წამლად. არა, არა!.. არ შემცდარა იგი, ვისაც უნატრია ეს:

აღყვავებულა მდელო
აღყვავებულან მთები.....
მამულო საყვარელო
შენ როსღა აღყვავდები!...

გ. გოდორია.

„ივერიის“ კორრესპონდენციები.

ქართლი, სოფ. ხოვლე 23 თებერვალს. ხოვლეს სახელს გაიგონებს თუ არა ქართლელი, მაშინვე იქაური ღვინო. მოაგონდება — რა ღვინოა ი დალოცვილი, მე და ჩემა ღმერთმა, ერთი იმათი გაჭედა რათაც უნდა ღირს! დაიწყებს ხოლმე ის ამ გვარ კილოზე მუსაიფს და თანაც იმ ნაირ მადაზე მოდის, რომ პირში ნერწყვი ერევა. არცა სტყუის. ჩვენი გამოყეყეჩებული, ცალ-ყბიანი ქართლელი: - ეგ არის იმის ცოდვის კითხვა რომ, საცა უნდა წავიდეს, ის მარტო ღვინოს ათვარიელებს და ჭაშნიკებს შინჯავს; სხვა ვერაფერი ვერ მიიზიდავს იმის გაბრუებულს ყურადღებას, თორემ ხოვლეში მართლაც რომ კაი ღვინო მოდის, ამის მიზეზი, სხვათა შორის, არის მდებიარობა ხოვლესი: იგი მდებიარობს ერთს პატარა ღელეს ფერდობებზე, რომლებსაც მზე ძრიელ სუსხავს. მდებიარობის გარდა ხელს უწყობს თავად ნიადაგიცა, რომელიც არც თუ შავი მიწაა, არც თუ ლამია. ფერი ნარინჯისა დაჰკრავს ერთის შეხედვით და წარმოადგენს თიხას, შერეულს შავ მიწასთან. ამ ნაირი ნიადაგი, ძრიელ ახარებს ვაზს.

X

ამ ღვინის გამოისობით ლხინიც კარგი სცოდნიათ ხოვლელებს. აი, მაგალითებრ, ეს ყვერიელი სულ ჭიდაობაში, ჩალიჩში და სალეკ-მალეკში გაატარეს. სხვა ფრივ დაჩაგრული და გაბრუებული შავის ბედისგან ბეჩა-ქართველი ახლა ბახუსის სამსახურით აღტაცებაში იყო მოსული და სულ ფერი იცვალა. ისეთსა დახტოდა და მარდად უვლიდა წრეს გარეშემო. ჩალიჩით, რომ ისტორიული ქართველი მოგაგონდებოდა. ფეხზედ ეკიდა ამას, თუ იმის ტყე უწყალოდ იკაფებოდა ვიღაც ფოდრაჩიკის წყალობით, თითქმის ყოველს კომლს დამზადებული ქონდა თითო საჟენი შეშისა და უნდა ჩეეტანა პოდრაჩიკის თვის გრაკლის სტანციაზე სოფლის ასომთავრულებიც კი გულს არ აკლებდნენ ბახუსსა და ერთგულად ემსა- ხურებოდნენ. გაცხარებული რიგ-რიგა იყო. გაჩაღებული ამათში. სტაქნების და ბოთლების რახა-რუხი ყურს უჭედავდა კაცს რომ დასტკბებოდნენ ხოვლურის ღვინის ხმით და მოდურის ლექსის მღერით, მაშინ უცებ სანახაობა გამოიცვლებოდა და თვალ-წინ წარმოგიდგებოდა მწვანე სტოლი, რომელსაც გარშემო უსხდნენ ფერადის ტანისამოსით თავადნი, თითქო სხდომაა აღმოსავლეთის საქმის გარდასაჭრელად და წამ და უწუმ ისმოდა რაღაც ხმანი და სიტყვები.... ტზრ, ტზრ, ტზრ. ხუმრობა იქით იყვეს და კაი გარდაწყვეტილობა კი დაიდო ერთს ამ ნაირს ტზრ, ტზრ, ტზრას შემდეგ. ერთმა თავადთაგანმა წინადადება მისცა, რომ მესამედი ქაღალდში მოგებულის ფულისა წასულიყო აქაურის სოფლის შკოლის სასარგებლოდ, და ეს განჩინება მიღებულ იქმნა ხმის უმეტესობით.

არც ნამცეცობა გავიდა შეუნიშნავად. თუმცა ბუნება თითქო გაწერაო და კარგა ბლომად თოვლი ჩამოეარა, მაინც კიდევ ყეინობა არ მოაშლევინა ხალხს და ყეინი წყალში ბოლოს მაინც კარგა დაალბეს. სომთავრულებს ხომ კიდეც გაეხარდათ თოვლის მოსვლა და ნამცეცობა სულ კურდღლაობაში გაატარეს. ერთი ხროვა მწევარ მეძებარი მოედო. ხოვლეს ვენახებს და ცივი ქარიანი ჰაერი ხმაურობდა წევრების სევის ხმით და ჰიო, ჰიოს და ჰეი, ჰეის ძახილით, მარტო სოფლის მასწავლებელი არ იზიარებდა საზოგადო სიხარულს და მეცადინეობდა თავის ერთგულ შაგირდებთან. ყეენობამ არ დააშლევინა შეგირდებს სკოლაში მისვლა და თავის გაკვეთილების მიბარება თავიანთ საყვარელ მასწავლებლისათვის, შეუძლებელია გამოიხატოს კალმით ის უსამზღვრო სიამოვნება და სიხარულის გულის ძგერა, რომელიც მე ვიგრძნე მაშინ, როდესაც ამ „ვაკხანალების“ ალიანქოთიში ეს დაგლეჯილი გლეხის ბიჭები ისეთის გრძნობით ამბობდნენ ზეპირად ლექსსა, რომ ღმერთმა შეარცხვინოს იმათთან კაი რიტორები და პეეტარნი. რა ცოდნით უჩვენებდნენ ისინი გლობუსზე სხვა და სხვა ადგილებს და გზებს — საამური იყო თვალისა და გულისათვის. ეგრე, ეგრე, სოფლის მასწავლებელო! იშრომე ხალხის კეთილ-დღეობისათვის, ჩუმად, შეუნიშნავად როგორც ფუტკარი თავის სკაში. შენ დაუვიწყარი იქნები შენს პატარა სამშობლოში. დეე, რაც უნდა ქნას მტრის გესლიანმა ენამა, შენ მაინც კიდევ იშოვით პატიოსანს შრომას, შენ მაინც კიდევ შესწირავთ განდევნილო სემენარიელო, შენ იშვიათ ენერგიას და მტკიცე სულს შენს საყვარელს ხალხს.....

გ. გოდორია.

კახის უჩასტკიდამ. 9 მრტი. კმაყოფილებაშია ამ ჟამად ხალხი ერთის მხრით! აქამომდე ექვსიოდე მანეთსაც ვერ შოულობდა სახლში, რომ სახელმწიფო ხარჯში მიეცა, რომლისთვისაც სომეხ ზოკთან უნდა მიქცეულიყო; დღეს კი სხვა და სხვა მიზეზების წყალობით, ერთი ინგილოც არ არის, რომ ორმოცი სამოცი მანათი ხელში არ ქონდეს, ამის მიზეზი ის არის, რომ ღვინო წელს აქ კარგ ფასათ გაიყიდა, აგრეთვე პურიც, ბრინჯიც, ქერიც, ფეტვიც, თივაც და ყველაფერიც. თაღარი ღვინო (მესამედი საპალნესი) რომელიც წინ ერთ თუმნად იყიდებოდა, ამ წელს უკანასკნელ ოც მანათად გაივიდა. მაგრამ ყველაფერი ეს ამაო იქნებოდა, რომ ერთი სხვა რამ არ შესწეუნოდა ამ საქმეს. მე ვამბობ კანონების ცოდნის გავრცელებაზე ხალხში და უჩასტკის უფროსის სასტიკ ყურადღებაზე, რომ გლეხს ვერა საქონელს ვერ უყიდიდნენ ვალში თუ არ აშკარად მომეტებულს. ეს, დრო და დრო გამოშვებით დაიარება თითო სოფელში და უხსნის რის უფლების პატრონნი არიან მცხოვრებნი შესახებ სოფლისა, მოვალეებისა და სახელმწიფოსი. როგორი დიდი გავლენა და კარგი შედეგი აქვს ამ გვარს მის მოღვაწეობას ცხადად დაინასავთ ერთ ამ გვარის მოგზაურობიდამ სოფ. ემურჯალოში (კახიდამ რვა ვერსზე იქნება).

მივედით ამ სოფელში და იქ დაგვხვდა ამავე სოფლის ჯამაათი. სხვა და სხვა საუბრებთა შორის შესანიშნავნი იყვნენ ისინი, რომლებიც ეხებოდნენ შარიატს (უნდა იცოდეთ, რომ ემურჯალოში მხოლოდ თათრები ცხოვრობენ). ამ დროს მოიყვანეს ორი ობოლი 13-14 წლისანი. ერთს ამათგანს დარჩომოდა 300 მანეთის ქონება და 200 მანეთამდი ვალი; მეორეს კიდევ დარჩომოდა 200 მანეთის ქონება და 120 მანეთამდი ვალი ამ ობლებს გარს შემოჰხვევოდნენ მასესხებელნიც უჩასტკის უფროსმა ჰკითხა მოლებს და ხალხს: „რას ამბობს შარიატი ვალების გადახდის თაობაზედ ამ გვარ შემთხვევებში?“ — მათ უპასუხეს, რომ შარიატით ამათის ქანებით ჯერ უნდა ვალი მოვიშოროთ და შემდეგ რაც დარჩება, ის ამ ობლებს მოვახმაროთ, რაღა თქმა უნდა, რომ ეს ძლიერ უსამართლო კანონმდებლობაა. ამიტომაც უთხრა ხალხს ნაიბმა: ესენიც თქვენი სოფლის კაცები არიან, ეხლა თქვენ ართმევთ ამათ ყველაფერს და თვითონ ამათ კი ღვთის ამარაზე უშვებთ! ამათ კი ცხოვრება არ უნდათ? ესენიც დაიზდებიან: თუ თქვენ მათ ეხლავე წაართმევთ ვალებში ყველაფერს, რაც კი რამ აბადიათ, მაშინ, როცა დაიზდებიან, ვინ უნდა აძლიოს სახელმწიფო ხარჯი? ვინ უნდა ჰსწიოს ყოველი მოთხოვნილება სოფლისა, უჩასტკისა, ოკრუღისა და მთელის სახელმწიფოისა? რადგანაც თვითონ ამათ, უქონლობის გამო, არ შაეძლებათ, ყოველისფრის ამაების გადახდა, ისევ ვინ უნდა გადიხადოს? რასაკვირველია თქვენ! რამდენად მომეტებული ღარიბი ძმები გეყოლებათ თქვენ, იმდენად ხომ უფრო მძიმე იქნება თქვენთვის ყოველივე ხარჯი! აბა ეხლა მითხარით — რა და რა ქონება აქვთ ამათ. აქ გამოვიდა სოფლის მწერალი ქაღლდით ხელში და წაიკითხა: ბაღი, ბაღჩა, რამდენიმე დღიური მიწა, ერთი სახლი, ეზო, ერთი უღელა ხარ-კამბეჩი, ერთი ფური, ორი ხბო, ერთი სპილენძის ლულეინი, ორი კოკა, აჩაჩა, პური, ჩალტუკი (ბრინჯი) და სხვ. უბძანა ნაიბმა: „რუსის ხელმწიფის კანონით, სახელმწიფო მიწა, ბაღჩა, სახლი, ეზო თავის დღეში არავის არ შაუშლიან გაუყიდოს გლეხს; ერთი უღელა ხარ-კამბეჩიც არ გაიყიდებაო (რითი უნდა მოხნას მიწა, გავიდეს ბეგარაში, მაიტანოს შეშა, ჭიგო..); ერთი ფური არ გაიყიდებაო; პატარებს რძე უნდათ; სახლში ყოველთვის საჭიროა ერბო, ყველი; ორის ხბოდამ ერთი შაგიძლიანთ გაუყიდოთ. როცა საქმე მაგიდა ლულეინზე (რომელსაც ლოცვის დროს ხმარობენ), უფროსმა უხუმარად უთხრა ამოტელა ჯამაათს: „ეს უნდა გაუყიდოთ“? ის რაღა მუსულმანია, რომელსაც სახლში ლულეინი არა აქვს! ამის შემდეგ თქვენ რაღა მუსულმანები იქნებით, თუ ამ ახლგაზდებს გაუყიდით ამ უსაჭიროეს ნივთს! ხომ იცით მუსულმანისთვის უსაჭიროესი ნივთი ლულინია და ამისათვის არ შეიძლება მისი გაყიდვა და სხვ...

შემდეგ, როცა მორჩა — რის გაყიდვა შეიძლება, რას არა, უფროსმა ჰკითხა ხალხს: „სრული სიმართლით ჰსთქვით, მიუბრუნდა იქით სადაც მომეტებული გროვა იყო და სადაც უფრო საწყლები იდგნენ: როგორ სჯობია: აგრე, როგორც ეხლა მე გადავჭერი საქმე, თუ ისე, როგორც შარიატი ამბობს?“ უნდა გენახათ მკითხველნო, როგორის აღტაცებით და ერთ-ხმით დაიძახა ხალხმა. თქვენებურად სჯობია, თქვენებურათო. არ იყვნენ კმაყოფილნი მხოლოდ მასესხებლები და მოლები. ეს უკანასკნელები იმიტომ, რომ შარინტით გადაწყვეტილ საქმეში, ამათაც კარგი წილი უდევს ხოლმე; ეხლა კი ეს მსუქანი ნაჭერი ხელიდამ ეცლებოდათ! მაგრამ რას იქმენ იქ, სადაც ხალხმა თვისის საკუთარის თვალით დაინახა უკეთესი კანონი, რომელიც უფრო ახლოა იმის ჭკუასთან, ვიდრე ის, რასაც ბძანებს შარიატი, უკანასკნელი სიტყვები ნაიბისა იყო: ეხლა ხომ კარგათ დაინახეთ ძალა რუსის მმართებლობისა (ჯარებისა) (ამით აგონებდა ელისუსთან მომხდარ შეტაკებაზე, სადაც ბევრი ლეკი დაიხოცა და ვერც ერთი რუსი) გინდათ თუ არ გინდათ, თქვენ უნდა დამორჩილდეთ ბედს, მაგრამ ყოველი ძალა კი უნდა ვიხმაროთ, რომ გაიძვერები და მოღალატენი მართებლობის სამსახურისა, კეთილშობილებისა და სიმართლისა, ვეღარ ბედავდნენ თქვენის უკანასკნელის გროშის მოპარვას, აშკარათ თუ ფარულად. ჩვენ თავს ზეიდან ერთს ბეწვა ბეწვზე კიდია ერთი საშინელი უზარმაზარი ქვა, რომელიც დღეს თუ ხვალ, წამ და უწუმ გვიქადის დაცემას და სრულიად დამხობას! მოდით ჩვენ ისე მოვიქცეთ, რომ ეს ქვა ავიცილოთ ჩვენის თავიდამ დაგაკისროთ იმათ, ვისაც ეგ ჩვენთვის დაუკიდნია! გავიღვიძოთ, შევისწავლოთ ჩვენი უფლებანი, რომლებსაც თვით კანონი გვანიჭებს, რომ ამის შემდეგ ყველა გაიძვერა და გაცვეთილი კაცი არ სარგებლობდეს თქვენის უცოდინარობით და უმეცრებით და არ გვცარცვავდეს თქვენ. ხალხი ძლიერ მადლობელი დარჩა უფროსისა ამ გვარი სიტყვისთვის. ძალიან ძნელია, რომ ქრისტიან კაცს ეგრე აშკარად თანაუგრძნობდნენ მუსულმანნი.

ვანო.

სოფ. საგარეჯო, 16 მარტს („ივერიის“ კორრესპ.) მარტის 5-ს რიცხვსა ამა წელსა, მოხდა საზოგადო ყრილობა, ივრის გამსესხებელ-შემნახველ ამხანაგობისა, რომელსაც შეადგენდა 150 კაცი. ყრილობამ განიხილა სხვა და სხვა საქმეები და წლიური ანგარიშები და აღმოჩნდა ნაწარმოები გამგე-კამიტეტისაგან კანონიერად, და ყრილობაც მადლობელი დარჩა. წესდების ძალით დაითხოვეს ორი გამგე კამიტეტის წევრი ალექსანდრე ცხვედაძე და მღვდელი თევდორე გულისოვი, რადგან მათ შეასრულეს თავიანთი ვადა. და რასაკვირველია იმათ მაგიერათ უნდა ამოერჩიათ სხვები. ჰყარეს კენჭი იშათზედ და სხვებზედაც, მაგრამ რადგან ყრილობამ დაინახა მათი ერთგულება და ბეჯითთ მოკიდება საქმისა, ამისათვის ერთხმათ ამოირჩია ისევ წინანდელი გამგე კამიტეტის წევრნი, ესე იგი ალექსანდრე ცხვედაძე, მღვდელი თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი. შემდეგ ზედამხედველის კამიტეტის წევრთა ამორჩევა მოახდინეს კენჭის ყრით, ზოგნი გამოცვალეს და ზოგნიც დარჩნენ წინანდელნი. საზოგადო ყრილობამ დაითხოვა ის ამხანაგები რომელნიც ჩაწერილან და ჯერეთ საწილო ფული არ შემოუტანიათ. ამასთანავე, გარდასწყვიტა: მიეცეს სეხსი იმ წევრთ, რომელთაც წილის ფული სრულად არა აქვთ შემოტანილი, ერთი მანეთიდგან ვიდრე ორ თუმნამდინ, უთავდებოთ მხოლოდ საზოგადო ყრილობის თავდებობით. ეს იმ პატივ-სადების საბუთით მოხდა რომ გლეხს არ შეუძლიან ერთბაშათ მთელის წილის შემოტანა, ამის თვის უძნელდებოდა თავდების შოვნა და ფულის გატანა. გარდასწყვიტა ისიც რომ სრულის წილის პატრონმა გაიტანოს თავის წილის ხვედრი მოგება, და ვისც წილი არ აქვს შესრულებული მოგება მოუმატოს თავის წილის ფულს, შარშან, ესე იგი, 1877 წელსა მოგება აღმოჩანდა 271 მან. 95 კაპ. მეათედი ნაწილი ამ მოგებისა გადასდო სათადარიგო თანხად. შემდეგ სხვა და სხვა საქმეების განხილვისა ყრილობამ შენიშნა ერთგულობა, ბეჯითად მოკიდება და უმეტესი შრომა გამგე კამატეტის წევრისა ალექსანდრე ცხვედაძისა და გარდასწყვიტა ერთ ხმათ მიეცეს საჩუქრად წმინდა მოგებიდან 61 მან. და 92 კაპ. ნიკოლოზ ქურდოვანიძე.

კახეთი 27 მარტს. მარტის პირველს რიცხვებში თბილი ტაროსი იდგა კახეთში. ამ თბილმა ისე აგრძნობინა მცენარეებს, რომ კოკორი გამოატანინა, და როგორც უნდა გაშლილიო თუ არა ასტყდა ქარი, რომელმაც გასტანა ორი-სამი დღე და შეაყენა ხეხილების აღუვავება და თვით ვაზიც შეაშინა; ასე რომ ამ უკანასკნელს მზად დახვეული გასაშლელად კვირტი, არ გააშლევინა, თუ რომ ხეხილები აღყვავებულიყვნენ და ვაზს კვირტი გამოუტანა და შემდეგ თოვლს, რომელიც ქარების შემდეგ მოვიდა, მოესწრო, თქვენი მტერი, როგორც ჩვენი ხეხილები გაოხრდებოდა! თოვლი ცოტა მოვიდა და კაი დროსაც, თორემ კვირტის გამოტანის შემდეგ რომ მოსულიყო და „მოეწმინდა“ კიდეც — უეჭველად გააყრევინებდა. თუმცა კიდევ გამოიტანდა კვირტსა, მაგრამ იგეთს ნაყოფიერს კი არა — როგორიც არის პირველი... თოვლის შემდეგ თბილი დღეები დადგა ამ ხელახლად თბილის დღეების დადგომა და ხეხილების აღყვავება ერთი იყო: ბაღჩებს სულ თეთრ-წითელი ფერი დაედო — 22 მარტს კახეთის არე-მარეს გადაეკრა წვიმით სავსე ღრუბელი. 22-27 მარტის განმავლობაში სულ გადაუღებლად მოდის კახეთში გაზაფხულის ჩუმი ჟუჟუნა წვიმა. ისე ჩუმად მოდის წვიმა და ალპობს მიწასა, რომე ფოთოლი რა არის, ფოთოლიც არ ინძრევა ნიავისაგან, ჩვენს გლეხობას იმედი აქვს, რომ წრეულს არა ნაკლებ შარშანდელისა მოუვათ პური, მშვენიერი სანახავია ახლა ალაზნის გული ისე ნაირად არის გამწვანებული მშვენიერის ჯეჯილებით, რომ მტერი რა არის, მტერსაც კი ეამება მათი დახედვა!...

თუ კახეთის ჭირნახულს ორჯერ კიდევ მაინც ეღირსა იგეთი დროგამოშვებითი წვიმა, როგორც ეხლა, იმედია, რომ კახეთში უხვად მოვა საპურე მცენარეები. ყველა ამბობს, რომ ამ წვიმების შემდეგ, რამწავ გამოიდარებს და მზე თავის ბრწყინვალე სხივებს მოჰფენს კახეთის არე-მარეს, მთელი ტყე-მინდორი გაიშლებაო. (საძოვარი ბალახი ეხლაც არის ბევრგან კახეთში). მართალიც არის: ტყეს ეგრე აქვს კოკორი გამოტანილი, რომ მზის დახედვის მეტი არა უნდა რა; იგრძნობს მზის სიცხოვლეს, — კოკორი ნეკერად გარდაიქცევა....

X

როგორც მოგეხსენებათ, გაზაფსულზედ მდინარეები მოიმატებენ ხოლმე; მეტადრე იმისთანა მთიან მხარეებში, როგორიც არის კახეთი. კახეთს გარეშემო მაღალი უმთავრესი კავკასიის მთა-გრეხილი აქვს გარეშემორტყმული. ამ მთა-გრეხილის თავები (სიმაღლეები), თითქმის მთელის წლის განმამავლობაში თეთრათ არიან შემოსილნი თოვლით. თელავიდამ (ნადიკვრიდაშ) რომ გახედოს კაცმა იმ მთა-გრეხილს და თვალი გაყოლოს დასავლეთიდამ აღმოსავლეთისკენ, თუ წაუკითხავს ქართული ლექსი „ელეგია“, მაშანვე ეს სიტყვები მოაგონდება:

„მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდს სივრცეში დაინთქმებოდა“...

ვისაც წაუკითხავს ლექსი „ელეგია,“ ყოფილა თელავში და გადაუხედნია ნადიკვრიდამ (თელავის აღმოსავლეთის ნაწილია), დამეთანხმება, რომ ამ ლექსის მთქმელი აქა მდგარა და აქედამ აუწერია კახეთის ბუნება ბინდისას... ჰო, წყლები ადიდდნენ მეთქი. ჯერ ერთი, რომ თოვლი დნება და იმისი წყალი ემატება მდინარეებს, რომელთა შორის უმთავრესნი არიან: დავყვებით დასავლეთის მხრიდამ, თიანეთის საზღვრიდამ, — მდ. ილტო ს. მატანში; მ. ტორი ანუ სტორი ს. ფშაველში; მ. ლოპოტა სს სანიორეს და ნაფარეულის შუა; მ. ინწობა, ს. ალმატის, საბუის, გრემის და ენისელის შუა; მ. ჩელთი, ს. შილდაში; მ. დურუჯი, ს. ყვარელში; მ. ავანისხევი ს. ბეჟანიანში და სხვები... თვითეული ეს მდინარე რაც უნდა დაპატარავდეს, სიცხეების ანუ გვალვის გამო, კიდევ იმდვენი წელიანია, რომ სამს წისქვილის თვალს მაინც დააბრუნებს. შველა ამ მდინარეებს უმთავრესის კავკასიის მთების ღელეებში, რომლებშიაც ჩამოწვება ხოლმე ზვავები და იკრიბებიან თოვლის წყლები, აქვთ სათავეები. რასაკვირველია, რომ რაც თოვლი დნება კახეთის მხარე მთების ქედებზე, სულ ხსენებულს მდინარეებს ერთვიან და შემდეგ თვით მდინარეები — ალაზანს. ჯერ თოვლის წყალმა და ახლა ამ წვიმებმა კარგა ლაზათიანად აადიდეს ალაზანი, ასე რომ ცხენით გასვლა საშიშია. ალაზანზე თელავის მაზრაში მხოლოდ ერთი ხიდია, თელავის პირ-და პირ, ს. შაქრიანის ბოლოს. ამისათვის სსვა ადგილებში ფონზე გადიან, სადაც ხშირად ბევრი უბედურება მოხდება ხოლმე, ხან ნავებით, როგორც მაგალ. გავაზის ბოლოს; მაგრამ არც ნავია უხიიფათო…

ჩამოთვლილი მდინარეები ხანდისხან დიდს ზიანს მისცემენ ხოლმე მცხოვრებლებს. ამ მდინარეების სარგებლობაზე და ზარალზე ცალკე წერილში გვექნება ბაასი....

X

კახეთში სრული მშვიდობიანობა: ლეკების არაფერი ისმის; ავად-მყოფობა არაფერია. თუმცა ამას წინად პური ძვირი იყო — კოდი სამი მანეთი და მეტიც, მგონი მაგრამ ეხლა ორი მანეთი — თერთმეტი აბაზია. ღვინო ძვირია ....

X

ზოგიერთმა პატივცემულმა პირმა დამარწმუნა, რომ ს. კონდოლის ახლად გასსნილს შკოლაში კარგად მიდის საქმეო, ამ ჟამად თურმე შკოლაში ოცი ყმაწვილია (ვაჟი) და ერთი ქალი. გლეხებს თურმე 5-6 წლის ყმაწვილებიც კი მიჰყავთ შკოლაში მისაღებად. თვით მასწავლებელიც შკოლისა, კეთილ-გონივრულად ექცევა, როგორც შკოლის საქმეს, აგრეთვე გლეხებსაც, რომელნიც თავის მხრითაც „კარგის“ თვალით უყურებენ მასწავლებელს და თვით შკოლასაც. რასაკვირველია, რომ თუ ამისთანა კეთილ-გონიერი მასწავლებელი ეყოლა სოფლის შკოლას, როგორიც, როგორც სჩანს, ს. კონდოლში. საქმე კარგად წავა ჩვენს სასოფლო შკოლებში. ზოგიერთი აქაური მასწავლებელი ხალხშიაც არ გამოდის, „რა ჩემი საქმეა, სხვანაირად მიიღებენო,“ და აბა ერთი მითხარით, როგორ უნდა გაიგოს ჩვენის ხალხის ყოფა ცხოვრება, ხასიათი, ნაკლულევანება, საჭიროება? თუ კაცმა არ იცის ასო, რომელიცა სტკივა ჩვენს ხალხსა, წამალი როგორ უნდა მისცეს?! ამისათვის ხშირად მოხდება, რომ სოფელსა და მასწავლებლის შუა უთანხმოება სუფევს... სს. კისისხევში და რუისპირში შკოლები მომზადებულია და მასწავლებლებს მოელიან... ზოგი შემდეგში…

ქართველი.

კახიდამ. ამას წინეთ ვაცნობე მკითხველს, რომ ალი-ბეგლოს და ყორაღნის მღვდლებმა იკისრეს, 13 თებერვლის კრებაზე, — შეკრიბონ ათი-ხუთმეტი სოფლის ბიჭები და ასწავლონ მათ ქართული წერა-კითხვა. ერთი-კვირის შემდეგ, ჩვენ მოგვიხდა ნახვა ამ ნაკისრულის მოვალეობის სისრულეში მოყვანისა. ჩვენ ჩვენის თვალით ვნახეთ ალიბეგლოში 12 შაგირდი და ყოროღანში 13; ამ შეგირდებს ამ მცირე ხნის განმავლობაშიაც დაჰსტყობიათ სწავლა ყმაწვილები რასაც ვკითხავდით, თამამად პასუხს გვიგებდნენ; ყოჩაღად წაგვიკითხეს ორიოდე ქართული ლექსი, როსტომაშვილის არითმეტიკულ გამოცანაებსაც კარგათ სცნობდნენ ათამდის... საფუძველი დადებულია. იმედი გვაქვს ჩვენც და ხალოხსაც, რომ ეს პატარა დაწყობა, დიდ საქმედ, კარგად, წესიერად გამართულ შკოლად გარდაიქცევა. ჯერ-ჯერობით ხალხი ძლიერ თანაუგრძნობს ამ საქმეს. ამ შკოლებს პირველი შემწეობაც აღმოჩენილი აქვს. უფ. ზაქათლის ოკრუგის უფროსმა სერაფიმოვიჩმა, თვის კახში მოსვლის დროს, აჩუქა კახის შკოლას 40 მანეთი სხვა და სხვა საჭიროებისთვის და ალიბეგლოს და ყორაღნის შკოლებსაც თვითოს ოც-ოც-და-ხუთი მანეთი.

აქ არ შემიძლიან ერთი აზრი არ წარმოვსთქვა, რომლისადმა ყურადღებას ვთხოვ უფ. ზაქათლის მარის უფროსს, რადგანაც მას ადვილად და ხალხის შაუწუხებლად შაუძლიან ეს საქმე სისრულეში მოიყვანოს. — გლეხის ხალხისთვის ძლიერ საჭიროა, რომ მის სოფელში ნასწავლი ყმაწვილთაგან ზოგიერთი იგზავნებოდნენ სხვა მაღალ სასწავლებლებში, თუ მართლა ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ გლეხს სწავლის საჭიროება და სარგებლობა მაგრამ ვისის ფულებით უნდა გაიგზავნენ? შკოლებში აქ ერთად ერთი სახსარია: ზაქათლის მაზრაში არის სამი დიდი ინგილოს სოფელი — კახი, ალი ბეგალო და ყორღნი. ჩვენ ვიცით, რომ ამ სამივე სოფელში პირველ-დაწყებითი სწავლაც არის, ამ სამივე სოფელში იქნება 500-მდე კომლი. კომლმა რომ გამოიღოს თითო მანეთი ფული ყოველ წელს, შაიკრიფება 500 მანეთამდე, რომლითაც ჩკენ შაგვეძლება გავუზარდოთ სამიოდე ყმაწვილი სხვა უმაღლეს შკოლებში და ცოტა წილიც სათანსოთ გადავხედავთ ხოლმე. თუ მრთელ საქართველოს მრავალ კუთხეებში, სადაც ხალხი ათჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე აქ საინგილოში, იხდიან ცალკე ფულს შკოლისთვის, რატომ აქაც ეს წესი არ შამოვიღოთ? თორემ, ეხლაც რვაოდე ნასწავლი და ნიჭიერი ყმაწვილია, კახის შკოლადამ, რომელთაც გულით და სულით ჰსურთ სწავლის გაგრძელება, მაგრამ უნაყოფოთ იკარგებიან თვისის ქვეყნისათვის, რადგანაც გამგზავნელი და შეძლება არსად არის! დრო არის ამ საქმეზე კარგათ მოვიფიქროთ, რომ ეხლავე მკვიდრი საფუძველი მივცეთ ინგილოს ხალხის აღზრდას! რომ ამ გვარი წინმხედველობას მეტი არ იქნება, გვიჩვენებს შემდეგი მაგალითი: ზევითა ვსთქვი, რომ კახში არიან ზოგიერთი ყმაწვილები, რომელთაც გულით და სულით სურთ სწავლის გაგრძელება, მაგრამ რადგანაც მშველელი არსად არის, ვერა გზით ვერ უშველით თავიანთ თავისთვის! ერთმა მათგანმა, რომ ბევრის მეცადინეობის შემდეგ კერა გზით ვერ მოახერხა გაგზავნილ იქმნას სხვა უმაღლეს სასწავლებელში, დაჰკრა ფეხი და ვინ იცის საით წავიდა თვისის ბედის ანუ უბედობის საძებნელად! ნუ შევუშინდებით იმ ფიქრს, ვითომ იმ გვარის სახსარით, რა სახსარზედაც მე ზევით ვათითებდი, ხალსხს რაიმე შეწუხება მიადგება.

ვანო.

16 მარტს 1878 წ.

3 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

ინგლისი. გარეშე საქმეთა ახალმა მინისტრმა სოლსბერიმ, რომელიც დერბის მოადგილედ დაინიშნა, ყველა სახელმწიფოებს გაუგზავნა ცირკულიარი რომელშიაც, ცოტად თუ ბევრად, ცხადად არის გამოყვანილი, როგორც ინგლისის მთავრობის აზრი სან-სტეფანოს შერიგებაზედ, ისე მის პოლიტიკაზე აღმოსავლეთის საქმის შესახებ. სოლსბერის სიტყვით, სან-სტეფანოს შერიგება იმგვარად არის მიმართული, რომ მძლავრი სახელმწიფო სლავიანებისა, ბოლგარია, რუსეთის მფარველობის ქვეშ იქმნებაო, და გარდა ამისა რუსეთი იპყრობსო შავ ზღვაში და არხიპელაგში შესანიშნავ ნავთსადგურებსო. ამის გამო ამ ზღვებში რუსეთს ექმნება უპირატესობაო. ახალი მოწყობილობის ძალით ბოლგარია ექვემდებარება გუბერნატორს, რომელიც ნამდვილად რუსის მთავრობის მიერ იქნება დაყენებულიო. იგივე მთავრობა ამოქმედებს მთელს პოლგარიის მმართებლობასო. მაშ ადვილად წარმოსადგენია, თუ რა საპოლიტიკო საქმე მოელის ახალს სახელმწიფოსო. გარდა ამისა სოლსბერი იხსენიებს კიდევ შერიგების იმ მუხლებს, რომელნიც შეეხებიან თესალიას და ეპირს და რომელთა ძალით ოსმალეთი მოვალეა მართლმადიდებელთ შეუწყოს ხელი. ამ მუხლების ძალით რუსეთს ეძლევათ უპირატესობა იმ ქვეყნებში, სადაც უმეტესად ბერძნები ჰსცხოვრობენ და ამით მცირდება საბერძნეთის უფლება. ბესარაბია, ბათუმი და სხვა აგრეთვე აძლევენო რუსეთს უპირატესობას შავ ზღვაში. რუსეთს შეეძლებაო, რა დროსაც უნდა, შეჰკრას ევროპისა და სპარსეთის შორის ვაჭრობა, რომელიც ტრაპიზონის გზაზე სწარმოებს. მარკიზი სოლსბერი ამბობს, რომ სტამბოლის კრწან ფერენციამ ვერა გაარიგა რაო ოსმალეთის წინააღმდეგობის გამო. ის განზრახვა, რომელიც სტამბოლის კონფერენციას ჰქონდაო, ეხლაც ვერ აღსრულდებოდნენო, თუ იგივე სახსარი იქმნა ხმარებულიო. ოსმალეთის შესახებ ოქმებში რასაკვირველია, დიდი ცვლილება უნდა მოხდესო; ინგლისს ყოველთვის განზრახვად ჰქონდა ხეირიანის მმართველობის დადგენა ოსმალეთში და მისის მაზრების თავისუფლება. ინგლისი დიდის. ხალისით მიიღებდა მონაწილეობასაო იმ კონგრესში, რომელიც ამ საქმეს მთლად განიხილავსო. მაგრამ იმ კონგრესში, რომელიც ეხლა არის წამოყენებული და რომლის მოღვაწეობას თ. გორჩაკოვი საზღვარს უდებსო, ადგილი არა აქვს არც ინგლისის ინტერესს (სარგებლობას) არც იმ მაზრებთა კეთილმდგომარეობასო.

ამ დეპეშის პასუხად თ. გორჩაკოვს გაუგზავნია თავისგნით დეპეშა, რომელშიაც მოხსენებულია შემდეგი: „ტყუილია, - ამბობს გორჩაკოვი, - ვითომ სან-სტეფანოს შერიგება აარსებს მძლავრს სასლავიანო სახელმწიფოს რუსეთის მფარველობის ქვეშ. შერიგების პირობებში ბოლგარიის შესახებ განვითარებულია მხოლოდ ის დედააზრი, რომელიც სტამბოლის მიერ იყო აღიარებულიო. ბოლგარია სრულიადაც არ იქმნებაო რუსეთის მფარველობის ქვეშ: ომიანობამ რუსეთს მხოლოდ ერთი ნამდვილი სარგებლობა მოუტანაო - ბათუმი, იმ ომიანობამ რომელიც რუსეთმა მარტოდმარტომ გასწიაო და რომელიც ისე ძვირად დაუჯდაო. ამის გამო რუსეთი არამც თუ მუქთად იძენს ბათუმს, არამედ რუსეთს აქვს უფლება უფრო უმეტესი საფასური დაადვას ოსმალეთსო. სომხეთს რუსეთისათვის მხოლოდ სამხედრო მნიშვნელობა აქვსო. იქმნება ინგლისისათვის უფრო საჭირო იყოსო, რომ ეს ადგილები (სომხეთში) ოსმალეთს, შერჩეთ, მაგრამ იმავე საბუთით რუსეთს უჭირსო მათი დაპყრობა თავის საკუთარის მშვიდობიანობისათვისაო და იმისთვისაო, რომ რუსეთს ყოველ ომიანობაში არ დასჭირდეს მათი იერიშით აღება, როგორც, მაგალითებრ ყარსისა, რომელიც ნახევარ საუკუნის განმავლობაში სამჯერ იყო აღებული რუსეთის მიერ. ამ ადგილების დათმობა აუცილებელი შედეგიაო ომიანობისა. თუ რომ ინგლისს ამ შედეგის აცილება ნდომოდა ოსმალეთისათვის, რუსეთს მიუდგებოდაო და თავის ხომალდებით ძალასაც დაატანდაო ოსმალეთს და ეს საშინელი სისხლის ღვრაც აცილებული იქმნებოდაო. მაგრამ ინგლისმა არ ინდომაო და ეხლა რუსეთს, რომელმაც ამოდენა სისხლი დაღვარა, სრული უფლება აქვსო დაადგინოს იმგვარი მოწყობილობაო, რომელიც თუ არ ააცილებს მას შემდეგში ამოდენა მსხვერპლს, შეამცირებს მაინც.

ერთს ნემენცურს გაზეთს ვენელი კორესპონდენტი სწერს: „ინგლისმა აშკარად გამოაცხადა თავისი მხედველობა: რადგანაც სან-სტეფანოს შერიგება მავნებელია ინგლისისათვის და რადგანაც მხოლოდ კონგრესს შეუძლიან მშვიდობიანად შესცვალოს შერიგების პირობები, ამის გამოისობით, თუ რუსეთი ამ შერიგებას მთლად არ წარუდგენს კონგრესს ან სხვაფრივ არ შესცვლის მას, ინგლისი იძულებულ იქმნება დაიჭიროს ოსმალეთის ის ადგილები, რომელნიც საკმაო მიზეზნი იქმნებიან რუსეთის გავლენის შემცირებისათვის. ავსტრია თანაუგრძნობს ინგლისს, თუმცა მათი მოღვაწეობა რუსეთის შესახებ საერთო არ არის. ავსტრიამაც ცხადად გამოუცხადა რუსეთს, რომ სანსტეფანოს შერიგებას ვერ მივიღებო“

გერმანია. ბისმარკს უთქვამს თურმე, რომ გერმანია მხოლოდ მაშინ მიღებს მონაწილეობას კონგრესშიო, თუ ინგლისიც გაგზავნის თავის წარმომადგენელსაო. ეს გარემოება იმას კი არ ნიშნავსო, ამბობს გაზეთი „Nationl Zeitung,“ ვითომ გერმანია ინგლისის მხარს იჭერსო აღმოსავლეთის საქმის შესახებ. გერმანია მხოლოდ იმ აზრის არისო, რომ აღმოსავლეთის საქმის საბოლოვო გარდაწყვეტა უინგლისოდ შეუძლებელიაო, რადგანაც აღმოსავლეთის საქმეში უმეტესად ინგლისია გარეულიო. ავსტრიის სარგებლობა უფრო მჭიდროდ დაერთვისო გერმანიის, ვიდრე ინგლისისაო.

ეს ყველა კარგი, მაგრამ მაშინ რაღასა იქმს გურმანია თუ ავსტრია და ინგლისი სრულიად მორიგდნენ ერთი-ერთმანეთში, თუ საერთო პოლიტიკას დაადგნენ რუსეთის შესახებ? მაშინ რომელს ერთს დართავს გერმანია თვის სარგებლობას? ამის პასუხი ამ ჟამად რასაკვირველია ძნელია, მაგრამ ზოგიერთი გარემოება კი ცოტად თუ ბევრად სინათლეს სდებს გერმანიის პოლიტიკას. გერმანიასაც, — ეჭვი არ არის, – ვერაფრად მოსწონს რუსეთის მიერ დამყარებული შერიგების პირობები, მაგრამ პირ-და-პირი წინააღმდეგობა ვერ გამოუჩენია, რადგანაც ეშინიან რუსეთის მეგობრობის დაკარგვა იმ მეგობრობისა, რომელსაც დიდი ადგილი უპყრია გერმანიის ძლიერებაში ევროპის წინაშე და რომლის გაუქმება ხეირს არ უქადის გერმანიას შემდეგში. მეორეს მხრით წინ უდგა საფრანგეთი, რომლის საზოგადოება, რამდენადაც მისი აზრი ჟურნალ-გაზეთობაში იხატება, ვერაფერი თანაგრმნობა უღვივის რუსეთის სახელმწიფოსადმი. თუ ვინიცობაა ომიანობა ასტყდა ერთის მხრით რუს-გერმანიისა და მეორე მხრით საფრანგეთ-ინგლის-ვსტრიის შორის ძნელი გამოსაცნობია თუ ვის დარჩება გამარჯვება. გარდა ყველა ამის დაუგდოთ ყური რას ამბობს ერთი ნემენცური გაზეთი,რომელიც ძალიან დაახლოებულია ბისმარკთან: სან-სტეფანოს შერიგების პრობები არავითარ ვნებას არ უქადიან საკუთრივ გერმანიის სარგებლობას. გერმანიას შეუძლიან ისურვოს რუსეთისათვის გამარჯვება და მისის სარგებლობის დაცვა აღმოსავლეთით, მაგრამ რადგანაც გერმანიას სურს მშვიდობიანობა არამც თუ მარტო თავისათვის, არამედ ევროპიის სხვა სახელმწიფოთათვისაც, მისთვის (გერმანიისთვის) სულ ერთი არ არის მოურიგდება რუსეთი სხვა აგრეთვე გერმანიის მეგობარ სახელმწიფოებს თუ არა. ჩვენ გვეგონა, რომ რუსეთის წარმომადგენელთ სან-სტეფანოში კარგად იცოდნენ თუ რას დაუთმობდნენ ის სახელმწიფონი, რომელნიც ჩართულნი არიან აღმოსავლეთის საქმეში. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ შევცდით. ეხლა შეიძლება ვთქვათ, რომ შერიგების ყველა პირობების აღსრულება შესაძლებელია რუსეთისათვის მხოლოდ ახალის ომიანობის შემდეგ, რომელიც უფრო დიდი და უფრო საშიში იქმნება ვიდრე ეხლა ხან გათავებული. განა არ შეიძლებოდა ამ მდგომარეობის თავიდამ აცილება სხვა და სხვა წინადვე ხმარებულ სახსარით და უფრო ზომიერ მოთხოვნილებით? განა არ შეეძლო რუსის დიპლომატიას ისევ ომიანობის დროს კარგად შეუტყო თვითოეულის სახელმწიფოის აზრიიმ შედეგის შესახებ, რომელიც უეჭველად უნდა მოჰყოლიყო ოსმალეთის დამარცხებას? მეორის მხრით ყველასთვის უფრო სასარგებლო იქმნებოდა ავსტრი-ვენგრიას რომ რამდენიმე თვის წინად, პლევნის აღების შემდეგ, გამოეცხადებინა თავისი პირობები და სურვილი, მაშინ საქმის დაბოლოვებას არ დაუხვდებოდა ის უშველებელი სიძნელე, რომელიც ეხლა არის წამომდგარი. სიძნელე და დაბრკოლება ინგლისისა და ავსტრიის მოთხოვნილებაში კი არ არსებობს, არამედ იმაშია, რომ ეხლა რუსეთი ხელ-ფეხ შეკრულია საქვეყნოდ გამოცხადებულის შერიგებით, ინგლისი და ავსტრია, როგორც რუსეთი, დარწმუნებულნი არიან, რომ ბალკანის ნახევარკუნძულზედ ცვლილება უნდა მოხდეს; ამ მხრით არავითარი განხეთქილება არ სუფევს ამ სამ სახელმწიფოთა შორის, მაგრამ უბედურება ის არის, რომ წინადვე არ მორიგდნენ ურთიერთმანეთში თუ რა გზით უნდა მიაღწიონ ერთსა და იმავე საგანს.“

ნემენცურს გაზეთს Politische Correspondenz-ს ტფილისიდამ სწერენ: „როგორცა სჩანს, სპარსეთის პრინცის ბაჰმუტის აქ მოსვლა პოლიტიკის შესახებია. იმ პირთა სიტყვით, რომელთაც ნამდვილი ამბები იციან, სპარსეთის ამ განსაკუთრებულს დესპანს და დიდ მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძეს მოლაპარაკება ჰქონიათ რუს-სპარსეთის ზავის თაობაზედ, რომელიც დამტკიცებულ უნდა იქმნეს მხოლოდ ზოგიერთა გარემოების შემდეგ. როგორც ეტყობა პეტერბურღში განზრახვა აქვთ მჭიდროდ შეაკავშირონ რუსეთი და შუა აზიის მაჰმადიანნი სახელმწიფონი და მით ფეხი მოსჭრან ინგლისის მოთხოვნილებას ევროპაში. როგორც ისმის სპარსეთი 40,000 ჯარის კაცს დაჰპირების რუსეთს თუ ომი ასტყდა ინგლისთან. მართალია სპარსეთის ჯარი უხეიროა, მაგრამ როგორც ისმის, ყოველს ღონისძიებას ხმარობენ, რომ ეს ჯარი კარგი ფეხზედ დააყენონ, ის თოფები, რომელნიც ოსმალებს წაართვეს და რომელნიც რუსის ბერდანებზედ უმჯობესნი არიან, გადააქვთ ერენვანში საიდგანაც თეჰერანში უნდა იქმნენ გადატანილნი. ამბობენ კიდევ, რომ რუსის აფიცრები მაჰმადიანის სარწმუნოებისა, რომელნიც უფრო სანდო და გამოცდილნი არიან, გაგზავნილნი იქმნებიან სპარსეთის კარისთვის.“

4 სიმღერა (ლექსი)

▲back to top


სიმღერა

არც სახლი მაქვს, არც კარი,
კარი შრომის ანაბარად;
ზეცა და მთა და ბარი
მიმაჩნია სახლი – კარად.

ყალბის ფულით სიმდიდრეს
გულში არ გავიტარებ,
რასაც შრომით მოვიგებ
იმითი გავიხარებ.

როცა მაქვს ლუკმა პური
და ზედ წითელი ღვინო,
მაშინ ვით გასძლოს გულმან
რომ მეც არ მოვილხინო.

ბრიყვი მდიდარი კაცი
მუდამ ფულებზედ ზრუნავს,
შიშობს, ვითა დიაცი,
მღვიძარეა თუ სძინავს.

მე კი მუდამა ვხარობ
გულითა ბედნიერით;
დავდივარ ქუჩებს ვამკობ
ჩემის ტკბილის სიმღერით.

დავდივარ და ვიმღერი,
ქარი ბანს მეუბნება...
ჩამოდექით მდიდრებო,
ღარიბი მობრძანდება.

სოსიკო ოქრიაშვილი

1878წ.

5 სისხლის მოჩვენებაზე

▲back to top


სისხლის მოჩვენებაზე

(ნაამბობი კატრელისა)

I

თავ-მჯდომარე. ბრალდებულო, გაქვთ რამე სათქმელი თქვენის თავის გასამართლებლად? ბრალდებული, ღმერთმა დამიფაროს, ბატონო თავმჯდომარევ, თავი ვიმართლოს ღმერთმა დამიფაროს ეჰსთქვა ისეთი რამ, რომ მით გავიადვილო თქვენი სასჯელი, ან განაჩენი თქვენი შევაფერხო, ღმერთმა დამიფაროს! ღმერთმა აბედნიეროს ჩემი ადვოკატი ყოველ იმისთვის, რაც აქ ჩემზედ წარმოჰსთქვა. მე იმისი დიდად მადლობელი ვარ. განა არა, მე როცა ვირჩევდი მაგას ჩემს ადვოკატად, ძალიან კარგად ვიცოდი ვისაც ვირჩევ. მაგან არამც თუ ის ბრალი დამდო რის იმედიც მქონდა, გადააჭარბა კიდეც. მე რომ თქევენს თვალებში შემეცნივა თუნდ ერთი ბეწო სიბრალული ჩემდამი, მაშინვე ათასნაირს დანაშაულობას მოვიგონებდი და ტყუილად დავიბრალებდი. მაგრამ ეხლა ეგ მეტია: ტყუილად ბრალის თავზედ აღება საჭირო აღარ არის. თქვენ, ბატონო მსაჯულნო, ხომ ვიცი რაცა გნებავთ! თქვენ გნებავთ ერთი იმისთანა კარგი, იმისთანა დარბაისლური ცხადი, უცილო განაჩენი, რომელმაც უნდა ააყბედოს გაზეთები და რომლის გამოც თქვენ არც ძილი უნდა დაგეფთხოთ არ კუჭი მოგეშალოთ. ამის მეტი სხვა ხომ არა გინდათ რა! მაშ კარგი და პატიოსანი! მე რაც უნდა იყოს სიკვდილი მსურს. მაშასადამე თქვენცა ხედავთ, რომ ჩვენ შორის სადავიდარაბო და საცილო არა არის რა…

მაინც და მაინც კი საოცარი საქმეა თუ თქვენც იტყვით. მე, რომელსაც ასე მომწყურებია დროით საიქიოს წაბძანება და რომელმაც ასე მარჯვეთ ვიცი დანის ხმარება, ერთი მკითხეთ, რატომ აქამდის თავი ვერ მოვიკალი?!.. დიახ, საოცარი საქმეა ეს საქმე... ბევრჯერ ვცადე, ბატონებო, მაგრამ ვერ შევძელი თავს ზარი მეცემოდა ხოლმე. ამ გვარი შიში ჯერ მაშინ ჩამინერგა დედა ჩემმა, როცა პაწაწა ვიყავ და მასაქედ გულიდამ ვეღარ მომიშორებია. რას იზამ? მე მწამს საიქიო ცხოვრება... თქეენ რასავირველია, ჰფიქრობთ, რომ ყოველს მასში, რასაც ეხლა აქ ვროშავ, მე, ერთი იოტის ოდენა არც ჭკუაა და არც მრთელი მსჯელობა. ეგ მე კი არვიცი! რა ახალი ამბავი გამოგიცვნიათ! ბატონებო, მე რომ ჭკუა და გონება მქონოდა, განა აქ ამ დამნაშავეთა სკამზედ ვიჯდებოდი! აი სწორედ იმის გამო, რომ ჩემს ტვინში და გულში ყოველისფერი არევ-დარეულია, ერთი მეორეს ებრძვის, ეკამათება, ეჭიდება, გარედ იწევს, — აი სწორედ ამის გამო მხედავთ ეხლა თქვენს წინაშე წარმომდგარსა, რათა წარმოჰსთქვათ: „სიკვდილი ამას!“

თქვენს შემდეგ მე განმიკითხავს და განმასამართლებს კიდე ღმერთი და, ნუგეწყინებათ კი, იმისის 89- ნაჩენის ფიქრი უფრო მაქვს, უფრო მაწუხებს, ვიდრე თქვენის განაჩენისა, იმიტომ-რომ იქ ვიდრე მჯავრს დაადგენენ, დაფიქრდებიან და ძალიანაც დაფიქრდებიან.... აქ კი... აი ხომ ნახეთ ბრალმდებელმა (პროკურორმა) თქვენს წინაშე რა არ დამარქვა, რა კაცად არ გამომიყვანა: ეს კაციო წრეს გასულიაო, გატაცებულიაო, იშვიათი და საოცარი სულდგმულიაო და სხვა ათასი ამისთანა... რა სახელები არ დამარქვა!.. მართალია, კაცთა მკვლელი სწავლული, კანდიდატი, მაღისტრი და სხვა ამ გვარი — საოცარი რამ უნდა იყოს და ამისთანას მხეცს კაცი ყოველდღე ვერ შეხედება! მაგისთანა კაცის თავის მოჭრა თვალხუჭანობით არ უნდა მოხდეს, კაკლის დაბღერტა ხომ არ არის. აქ მოლაპარაკება უნდა, მოფიქრება უნდა... მე რომ მხეცი ვარ ეგ დავამტკიცე კიდეც, მაგრამ მე ყოველთვის კი მყვარებია პოეზია…

თავ-მჯდომარე. რასაც ამბობთ, ― ეგ საქმეს არ შეეხება, თქვენს საკეთილოდვე გთხოვთ საქმის შესახებ ილაპარაკოთ.

ბრალდებული. ნება თქვენი იყოს. მე თქვენზედ ნაკლებ არა მსურს ჩემს საქმეს მალე მოეღოს ბოლო. აი რაშია საქმე.

II

მე დავიბადე ვიევილში. კარგი და მშვენიერი ადგილია და მგონია ჩემით თავს ვერ ქადულობდეს. მას შემდეგ ორმოც-და-სამმა წელიწადმა განელო, ორმოც-და-სამმა დაუსრულებელმა წელიწადმა... მე ისე ბებრად ვგრძნობ ჩემს თავს, ისე დაღალული და ქანც-გაწყვეტილი ვარ, თითქო ასის წლისა ვიყო. მაგრამ მაინც ხსოვნა არ მღალატობს: მე ისე ცხოვლად მახსოვს ჩემი ყრმობა თითქო გუშინდელი დღეაო.

მამა ჩემი კაი შეძლებული კაცი იყო და ჰსცხოვრებდა საკუთარს სახლში სასამართლოს სიახლოვეს. სახლი პატარა იყო, ორ-სართულიანი, წითელის კრამიტით გადახურული და შუა წელამდინ ვარდის ფუჩქებით მორთული. შესავლის ორივე მხარეს თითო სკამი იდგა; ფანჯრებზედ ფარდები ჰქონდა; ღამის ცხრა საათზედ ფარდებს ჩამოუშვებდნენ ხოლმე, და დილის ექვს საათზედ აჰკეცდნენ. ამ დროს დგებოდნენ ხოლმე ის კეთილნი და პატიოსანნი გვამნი, რომელნიც იმ სახლში ჰსცხოერებდნენ. იტყოდით კეთილ მოქმედთა სულთა ნამდვილი ბუდე ეს არისო... მართალიც არის: ყური რომ დაგეგოთ რასაც ლაპარაკობდნენ მეზობლები ჩემს დედ-მამაზედ, იფიქრებდით ერთ გამოჩენილ წმინდანებზედ ვისმეზედ ლაპარაკობენო.

ჩვენს პირ-და-პირ ბიძია კრისტოფალის საყასპო დუქანი იყო - ისეთი ფაქიზი, კარგი, მორთული რომ გაგიკვირდებოდათ. ბიძია კრისტოფალი სწორედ ოსტატი კაცი იყო თავისის საქმისა, დიდს აღტაცებაში მოვდიოდი, როცა იმ სუფთა დუქნის მორთულობას ეხედავდი ხოლმე. კედლებზედ ასო-ასოდ დაჭრილი ხორცი ეკიდა და შიგ და შიგ დატანებული ჰქონდა ყვავილები, სურათები და ლუსკუმები მუშტრის გულის მოსაგებად. კვირაში ორჯერ შერეკდნენ ხოლმე პატივცემულის ყასპის ეზოში საკლავსა; მე მათს მაყურებელს გულში ერთი ბეწო სიბრალულიც არ გამივლიდა ხოლმე. ცოცხალი და ლაფში მოსვრილი საქონელი უფრო ნაკლებ მომწონდა, ვიდრე ბიძია ქრისტოფალისაგან დაკლულნი, ოსტატურად ასო-ასოდ დაჭრილნი და ლამაზად ჩამოკიდებულნი. ჯერ რასაკვირველია შიში გამიტაცებდა ხოლმე როცა ვხედავდი ჩვენის მეზობლის გასისხლიანებულს ხელებს, სისხლში მოსვრილს ტანისამოსს, გრძელს საყასბოს დანას და სხვას ამ გვარს. ბოლოს და ბოლოს ამ შიშმა ადგილი დაუთმო აღტაცებულს მოხიბლვას, რომელსაც თან და თან ეგრძნობდი და რომლის შეყენება ვეღარ შევიძელი. არც აფთექა თავისის მწვანე და წითელის ბადიებით, რომელნიც მჭვირვალებდნენ სანთლის შუქზედ, არც სასამართლო თავისის დიდის და მშვენიერის დარბაზით, არც ეკკლესია აუარებელის სანთლებით გაჩაღებული, მშვენიერის გალობით შემკული — არასფერი ამისთანა, ჩემის ფიქრით, ვერ შეედარებოდა ქრისტოფალის დუქანსა. მშვენიერი სუნი ახლად დაღვრილის თბილის სისხლისა, ლამაზი სანახაობა ეს ეს არის ეხლა დარილის ხორცისა, სისპეტაკე მარმარილოს ფიცრიისა, რომლიდამაც მსყიდველს ხორცი ეძლევოდა, ყვავილები, თაიგულები სისხლის წინწკლებით გამშვენებულნი, — ყოველს ამას აღტაცებაში მოეყვანდი, მე მშურდა კიდეც რომ ქრისტოფალის შეგირდი დაიმკლავებდა ხოლმე და შველოდა პატივსცემს ყასაბსა.... ვიშ, რატომ მე არა ვარ, მეთქი…

იმ ხანებში მე ესეთი ჯანმრთელი და მხნე არ ვიყავ, როგორც ეხლა მხედავთ. მე შეიდის წლისა ასეთი ჯანდაგი, მჭლე და შიშ-დაცემული ვიყავ, რომ ვინც მხედავდა, ყველას ვებრალებოდი. აი ამის მომოხდა, რომ როცა მე ერთხელ მაძაგძაგებდა ჩვენის კარების დირეზედ, თუმცა გარედ მზე ჰსწვავდა, ქრისტოფალმა უთხრა მამა ჩემს:

— ყური მიგდე, მეზობელო! რამდენიმე ხნით მომაბარე მე შენი შვილი და ისეთ ჯანმრთელს დაგიბრუნებთ. როგორც კამბეჩს და ისეთს წითელს როგორც ხაშხაშის ყვავილს. ვინც სხვის სისხლს დასტრიალებს, თავისიც ემატება. თუ კი დილიდამ საღამომდე ჩემთან ყოფნა არ შეეზიზღება, მე მაგას მოგირჩენთ, ისე რომ თქვენ თვითონ გიკვირდეთ. ლათინურის სწავლა მღვდლების და მეაფთექების საქმეა, მაგით მერეთაც შეიძლება გაუმსოთ ტვინი, როცა პატარა მოჯანიანდება. თუ მაინცდა მაინც სწავლულ კაცად გინდათ გამოიყვანოთ, მაგას მერეც მოესწრობით, ჯერ ცოტათი ხორცზე მოვიდეს. მე თქვენთვის ვამბობ, თორემ აქ რა შუაში ვარ! მე მარტო თქვენი პატივისცემა მალაპარაკებს და მინდა რამ სამსახური გაგიწიოთ, რადგანაც თქეენცა და თქვენი ცოლიც ორნივ სათნო და კაი ადამიანები ხართ...

ეს თათბირი ვერაფრად მოეწონა საწყალს დედა ჩემს; მაგრამ მამა ჩემმა როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისე აუხსნა, რომ მე იქავ თვალწინ ვეყოლები, რომ მე მოვჯობიანდები, რომ ჩემს აგებულებას სიმრთელე მოემატება, რომ მარტო მრთელს სხეულშია მრთელი სულიცა, მეც თვითონ სიხარულით ფეხზედ ეეღარ დავდეგ, როცა წარმოვიდგინე, რომ მეც იმისთანა საღი და მაგარის აგებულებისა შევიქმნები, როგორც ჩემი ამხანაგები იყვნენ. ბოლოს დედაჩემიც დაემორჩილა მამა ჩემს და თანხმა შეექმნა.

ნეტა ღმერთმა რად მიჰსცა ამისი ნება?

ეკ. ღვინიაშვილისა.

(შემდეგ იქნება)

6 სასამართლოს მატიანე

▲back to top


სასამართლოს მატიანე

საქმე ანდრეევსკის ქალის მოკვლისა.

(შემდეგი)

შემოიყვანეს მოწამე მომრიგებელი მოსამართლე წინამძღვაროვი, რომელმაც უამბო სასამართლოს შემდეგი: „22 მკათათვეს 1876 წ. მე და ია სულხანოვი ვისხედით და ვლაპარაკობდით. ღამის მეთორმეტე საათზედ სულხანოვს ანდრეევსკიანთაგან კაცი მოუვიდა — ქალბატონი გიბარებსო, და ამავე დროს უთხრა, რომ ნდრევსკის ქალი დაიხჩოვო, სულხანოვმა თავში ხელი იკრა და მაშინვე დააპირა წასვლა. ამ დროს ჩხოტუაც მოვიდა, რომელიც ეცა სულხანოვს და აღელვებულის ხმით უთხრა: „დავიღუპეთ.“ უწინ დავით ჩხოტუას არ ვიცნობდი, ჩემ ამხანაგს შანშიევს დავუძახე და უთხარ რაც მოხდა; ამასთანავე დავუმატე, რომ ანდრეევსკის ქალი, როგორც გამიგონია, ჩინებული ქალი იყო მეთქი; ჭკუით და განათლებით ირჩეოდა საზოგადოებაში. დახე მის ბედს მეთქი, თითქო განგებ დასახჩობლად ჩამოიყვანა ტფილისში! სწორედ მოგახსენოთ, იმ დროს მეც მჯეროდა ანდრეევსკის ქალის დახჩობა, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი. სულხანოვისაგან გამეგონა, რომ ანდრეევსკიანთ გოგო არ ჰყვანდათ და ამიტომ სუმბათოვს შევუთვალე გოგო გაუგზავნე მეთქი ანდრეევსკის ცოლს, რომელიც შეწუხებული იქმნებოდა და მოახლე დასჭირდებოდა, პატარა ხანს უკან სუმათოვიც მოვიდა — რა ამბავიაო. უამბე რაც მოხდა და ვუთხარ ანდრეევსკიანთსა წადი მეთქი და პოლიციასაც შეატყობინე, რომ მტკვარში მონახონ, ნახევარ საათის შემდეგ მოვიდა ვიღაც ყმაწვილი კაცი, სათვალებიანი, რომელმაც მითხრა სულხანოვი გიბარებსო, მანამ ტანს ვიცვამდი მელიქ-ბეგლაროვი მოვიდა, რომელმაც მითხრა, რომ ანდრეევსკის ქალის დახჩობა შემატყობინესო და იქ ვეჩქარებიო. მელიქ-ბეგლაროვმა მთხოვა ერთად წავიდეთო. ჩხოტუა აფთიაქში წავიდა და ჩვენ კი ანდრეივსკიანთსა. სახლს რომ მიუახლოვდით, საშინელი სანახაობა დაგვიხვდა — მოხუცებული, თმა-გაშლილი დედა-კაცი ძალად ეცლებოდა სულხანოვს ხელიდამ. ანდრეევსკის ცოლმა იცნო. მულიქ-ბეგლაროვი, მივარდა მას, დაუწყო ხელების კოცნა და თან ეუბნებოდა: „მოკლეს, წიყვანეს, მომეცით ჩეში ნინო.“ ჩვენც, როგორც შევიძლეთ ნუგეში ვეცით. შემდეგ დავუწყეთ ძებნა. სწორე მოგახსენოთ, მე ძალიან მინდოდა მენახა ის ალაგი, სადაც ნინო დაიხჩო. გამიყვანეს ვიწრო ბილიკზედ, რომლის ბოლოს ჩასავარდნი ადგილია. აქ შევდექი და ვიკითხე აქ როგორ გამოივლიდა მეთქი საბანებლად? ამ დროს დავით ჩხოტუამ სთქვა: მეც ყოველთკის ჯოხებით ჩავდიოდი ხოლმეო. მე და პოლიცმეისტრი ძლივს ჩაგვიყვანეს პოლიციის სალდათებმა მტკვრის პირას დავინახეთ ტანისამოსი და ფეხსაცმელები. კვალს ვეძებდი, მაგრამ წაღების დაჩნეულის გარდა სხვა არავითარი კვალი არ მიპოვია. ვკითხე — ეს კვალი რას ნიშნავს მეთქი და ჩხოტუამ მიპასუხა, რომ ყველაზედ უწინარეს მე და ზურაბ ქორიძე ჩამოვედითო და ტანისამოსი დავინახეთო. შემდეგ წავავლე ხელი ფეხსაცმელებს — ფესსაცმელები სრულიად სუფთანი იყვნენ, წითელი ძირები, რომელთაც მწვანე ლაქები ეტყობოდათ თითქო მსუქანის ბალახისაგან. წავავლე ხელი კაბას - კაბის ბოლოც სუფთა იყო. ამან მაფიქრებინა, რომ აქ უთუოდ ავკაცობა იყო რამე. ამასთანავე ვიფიქრე, იქნება ანდრეევსკის ქალს უყვარდა ვინმე მეთქი; წავედი ანდრეევსკის ცოლთან და ვკითხე. იმან ამაზედ მიპსუხა: „არა შვილო, შენ, ჰსჩანს, არ გიცვნიაო ჩემი ნინო. ის იყო გასაოცარი ქალი, ჩემი არამც თუ შვილი არამედ მეგობარიცაო, ნინო იმდენად თავისუფალი იყოვო, რომ ყოველთვის შეეძლო თავის ნებაზედ არჩევა მეგობრისო. ამ დღეს შინ არ ვიყავითო და დავრუნდით საღამოს შვიდ რვა საათზედაო. ჩვეულებრივ ნინომ გაიძრო კაბაო, ქალი ღამე და იმ ალაგას საბანებლად წასულიყო, ჩხოტუამ მითხრა, რომ თუმცა ეგ საბუთიანი მოსაზრებააო, მაგრამ თუ ხვალ მკვდარი იპოვესო, მაშინ შეიტყობთ ნამდვილსაო ამასთანავე მკითხავდა — მეცნიერებას გამოკვლეული აქვს თუ არაო განსხვავება წყალში დახჩობისა და ისე დახჩობის შორის. მე ვუპასუხე ალბათ გამო კვლეული აქვს მეთქი. მეორე დღეს ყარაიასში მართლაც იპოვეს მკვდარი. მე, გამომძიებელი, ექიმი მრევლოვი და პროკურორის თნაშემწე სლადოვსკი წავედით ყარაიასში. რო მივედით მკვდარი მაწაში იყო ჩაფლული (მტკვრის კუნძულში). მკვდარი ამოიღეს, გავშინჯეთ და შემდეგ ტარანტასში ჩასდეს, ირგვლივ ყინულები შემოუწყეს და ქალაქში ჩამოიტანეს. მეორე დღეს მკვდარი შერვაშიძეს უჩვენეს. შერვაშიძემ ჯერ თითქო ვერ იცნო და შემდეგ, გაიფუჭებული თითი რომ დაინახა, იცნო. დავით ჩხოტუამაც იცნო ანდრეევსვის ქალი. მკვდარი ჩემთან გასჭრეს და თავის კანში ალაგ-ალაგ დაგუბებული სისხლი ნახეს, ექიმი ბლიუმბერგის აზრით ეს დაგუბებული სისხლი უთუოდ სიცოცხლის დროს უნდა მოსვლოდაო; ტყირპი დაპატარავებული ჰქონდა; კუჭში წყალი არ იყო, გულზედაც ორ ალაგას ჰქონდა დაგუბებული სისხლი, გარდა ამისა ქალი უმანკო იყო.

თუმცა ანდრეევსკის ქალთან პირადი ცნობა არა მქონია, მაგრამ ექიმი ამიროვისგან გამიგონია, რომ ნინოს თავისის ჭკუით ისე გაუსტერებია ამიროვი, რომ სამი კვირა გაუტარებია მას ანდრეევსკის ქალთან დიდის სიამოვნებით. სულხანოვისაგანაც ბევრი რამ გამიგონია ანდრეევსკის ქალის შესახებ. სულხანოვს რომ ვკითხე ბანების სურვილი ხომ არ გამოუცხადებია მეთქი, მიპასუხა — ნინო ბანებას ვერ გაბედავდაო, რადგანაც სხვებისაც უკვირდა იმისთანა ტალახიან წყალში როგორა ბანაობენო. გარდა ამისა იმ ალაგას ბევრი ხალხი ბანაობს და ანდრეევსკის ქალი კი ძალიან მორცხვი იყო. — პინინოვმა წამიყვანა ციხეში, სადაც პეტრე გაბისონია გატეხილა თურმე ერთის ტუსაღის (მგონია წერეთელის) წინაშე. ამ ტუსაღმა გვითხრა, რომ გაბისონიამ მიამბოვო თუ როგორ შეუთრევიათ ანდრეევსკის ქალი და როგორ მოუკლავთ ჩხოტუას თანაშემწეობით. გაბისონიამ მითხრაო, — ამბობდა წერეთელი, — რომ მოკვლის შემდეგ ანდრეევსკის ქალი ტომარაში გავახვიეთო, იქითა ნაპირას გადავიყვანეთო და ფაეტონით ყარაიასში წავიყვანეთო — ოსკანოვმა, ერთის პივის დუქნის პატრონმა, მიამბო, რომ მის დუქანში ვიღაცა ხუნდაძეს ულაპარაკნია ჩემ ძმას უბედურება შეემთხვაო. ოსკანოვს უკითხავს ხუნდაძისათვის — რა უბედურებას, და ამას უთქვამს, რომ ჩემ ძმასა და სხვებს ვიღაცა ქალი მოუკლავთო. და ფაეტონით წაუყვანიათო; თეატრი და ალექსანდროვის ბაღი რომ გაუვლიათო, ხიდთან ალიხანოვი დახვედრიათო, რომელმაც, ცოტა გაწყდა, არ დაინახაო, და რო დაენახა დაიღუპებოდნენო. ხუნდაძემ მითხრაო — სთქვა კიდევ ოსკანოვმა, — რომ მეფეტონეს ნიკოლოოზ ერქვაო, დავით ჩხოტუა იმ დღეს (22. მკათათვეს) ძალიან უცნაურად იქცეოდა: ერთ ალაგას ვერ იჯდა, წამ და უწუმ საათს დასცქეროდა, ეტყობოდა, რომ რაღაც აწუხებდა“ — „იმ ღამეს ანდრეევსკის ცოლი ისე გარეტიანებული იყო, რომ ვერაფრის მოსაზრება ვერ შეძლო მაგრამ მეორე დღეს კი თქვა — მიკვირსო დავით ჩხოტუა ისე მალე როგორ ჩამოვიდაო. — მანამ ის ოთახი არ გასინჯეს, სადაც ცული იდო (რომლითაც ძაღლი იყო მოკლული), ორნი ძმანი ჩხატუები გულმშვიდათ იყვნენ. მაგრამ გამომძიებელმა რომ ოთახების გასინჯვა დააპირა, ორთავე ძმებს სახე სრულიად გაუფითრდათ. — მე ნამდვილად ვიცი, რომ იმ ღამეს ეზოში ძაღლები არ იყვნენ.

წინამძღვაროვის ნაამბობის შესახებ პეტრე გაბისონიამ სთქვა შემდეგი: „კიდეც მე რო მექნას იმ ტუსაღს როგორ გაუტყდებოდი; მაგრამ მე არავითარი ავკაცობა არ მიქნია და იმ დროს ავად ვიყავი. შვიდი თვე მარტოდ ვიყავ დამწყვდეული, ლოლაძეც მკითხავდა მაგრამ რაში უნდა გავტეხილიყავ. გამომძიებელთან მიმიყვანეს გამოსაკითხავად, მომრიგებელი მოსამართლეც იქ იყო, რომელიც მეუბნებოდა: „თუ მართალს იტყვი ხელი დაჰკარ“; მაგრამ მომრიგებელ მოსამართლესა არ გავუტყდი და იმ ტუსაღს როგორ გავუტყდებოდი.

(შემდეგი იქმება)

7 განცხადებანი

▲back to top


განცხადებანი

მიხაილოვის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისაგან.

თავმჯდომარე მიხაილოვის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკის ზედამხედველის კომიტეტისა, წესდების §79-ის და ზედამხედველის კომიტეტისაგან 8 თებერვალს 1878წ. დადგენილის გარდაწყვეტილების ძალით, მოიწვევს იმ პირთ, რომლთაც აქვსთ უფლება მონაწილეობის მიღებისა პანკის შესახებ საზოგადო კრებისათვის, რომელიც დანიშნულია ამა 1878 წ. 26 აპრილს დილის 11 საათზე ბანკის სადგომზედა ქ. ქუთაისს თ. კ. ნიჟარაძს სახლში.

განსახილველი საგნები:

1) განხილვა და დამტკიცება მიხაილოვის საადგილ-მამულო ბანკის წარსულის დროის ანგარიშისა;

2) აღმორჩევა ზედამხედველი კომიტეტის ორის წევრის, იმ ორ წევრთა მაგიერ, რომელნიც წილის ყრით უნდა გამოვიდნენ კომიტეტიდგან (§76);

3) გმნხილვა და დამტკიცებს მიხაილოვის ბანკის დამფასებელთა ინსტრუქციისა;

4) გარდაწყვეტილება თბილისის კაზიონნი პალატის მოსამსახურე პირთა დაჯილდოების შესახებ ბანკის ფულების შენახვისათვის;

5) ბანკის წესდების ზოგიერთის მუხლების (§§) შეცვლა და დამატება;

6) გარდაწყვეტილება ცვლილებისა სმეტით დანიშნულ ხარჯებში.

7) ფულის შემოტანის დროვება ბანკის იმ მოვალე პირთა თხოვნით, რომელნიც იღებენ მონაწილეობას.

8) განხილვა და დამტკიცება საქმის წარმოების ინსტრუქციისა, საზოგადო კრებაში;

9) ხელმოწყვეტ ფულის დანიშვნა ორის სტიპენდიისათვის;

10) დანიშნულება იმ ბანკის წმინდა შემოსავლისა, რომელიც ირიცხების დასაკმაყოფილებლად საზოგადო საჭიროებათა;

11) გარდაწყვეტილება მონაწილეობისა, რომელიც ბანკმა ჯერ არს მიიღოს რუსეთის საადგილ-მამულო ბანკთ წარმომადგენელ კრებაში.

განცხადება

ძალითა წესდების §83 და კამიტეტის განაჩენისა, 4-სა მარტს 1878წ. დადგენილისა თავ-მჯდომარის მაგიერი ტფილისის გუბერნიის თაგადაზნაურთა ბანკის ზედამხედველის კამიტეტისა, იწვევს ბანკის დამწესებელთ წევრთა მეოთხე ჩვეულებრივ კრებისათვის, რომელიც დანიშნულია 25-ს აპრილს ამ 1878 წლისას, 10 საათზედ დილით პანკის სადგომში.

კრების განსახილველნი საგნები შემდეგნი იქნებიან:

1) განხილვა და დამტკიცება ტფილისის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისა წარსულის 1877 წლის ანგარიშისა.

2) აღნიშვნა იმ საუოველთავო საჭიროებისა, რომელსაც უნდა მოხმარდეს მოგებიდამ გადადებული, თანხმად §90-ს, ფული 45% —10,322 მანეთი და 61 კაპეიკი.

3) წესდების ზოგიერთთა მუხლთა საჭიროდ ცნობილი ცვლილება და დამატება (§§ 6, 12, 15, 18, 19, 20, 22, 28, 39, 50, 66 და 83)

4) განხილვა უძრავითა ქონებათა დაფასების ინსტრუქციისა.

5) 68, 77, 78, 82, 83, 84, 87 და 88 წესდების მუხლთა ცკლილებანი, რომელნიც, თანსმად 18 მაისის 1876 წ. საზოგადო კრების განაჩენისა, წარდგენილ იქმნენ ფინანსთა მინისტრისადმი დასამტკიცებლად.

6) მოხსენებ მასზედ, რომ ფინანსთა მინისტრმა უარჰყო შუამდგომელობა ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა შესასეს პრიკაზიდამ ვალების გადმოტანისა თავად-აზნაურთა ბანკში.

7) მოსსენება მასზედ თუ, — რა გადით არიან ამორჩეულნი 1876 წ. საზოგადო კრებისაგან დამფასებელნი და ამ ვადის შესახებ როგორ უნდა იგულისხმებოდეს §64 წესდებისა.

8) მოხსენება მასზედ, რომ საჭიროა ჩვენმა ბანკმაც მიიღოს მონაწილეობს რუსეთის საადგილ-მამულო ბანკების წარმომადგენელთა კრებაში.

9) მოხსენება მასზედ, რომ მიღებულ იქმნან პანკის დამწესებელ-წევრად ის მიწათ-მფლობელნი თავად–აზნაურნი, რომელთაც ყრმათა განთავისუფლებისთვისა ფული. მიუღიათ და რომელნიც ისურვებენ მათზედ შეწერილი, თავად-აზნაურთა საზოგადო კრების 29-ს ნოემბერს 1872 წ. ოქმით, ფული შემოიტანონ ბანკში სულ ერთად.

10) აღმორჩევა ზედამხედველის კამიტეტის სამის წევრისა ნაცვლად თ. რევაზ ივანეს ძის ანდრონიკაშვილისა (გარდაცვალებულისა), თ. კონსტანტინე ალექსანდრეს ძის ბებუთოვისა (უარი სთქვა) და გიორგი ნიკოლოოზის ძის ყაზიბეგისა (ქალაქში არ იმყოფება).

11) აღმორჩევა მან ბანკის გამგეობის წევრისა ნაცვლად თ. ალექსანდრე ზაალის ძის ჩოლოყაშვილისა, რომელსაც ამ წელს შეხვდა რიგი გასვლისა (§67).

12) აღმორჩევა ერთი დამფასებელისა ნაცვლად თ. ივანე ზაალის ძის ავალოვისა, რომელიც თავისის ნებით სამსახურიდამ გადადგა, — და აღმორჩევა დამფასებელთათვის ორის კანდიდატისა,

და 13) მოხსენება მასზედ, რომ დამზოგველთა ამხანაგობას ივრისას დაენიშნოს სესხებლად 2,000 მანეთი ფულიდამ, რომელიც გადადებულია საყოველთავო საჭიროებისათვის.