![]() |
ივერია (28)1877.08.09 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
საქართველოს მატიანე
(„ივერიის“ კორრესპონდენცია.)
კოდა – მე არა მგონია ამისთანა დაუდევნელობა, როგორიც ჩვენშია, სადმე იყოს ყველამ იცის დიდმა და პატარამა, რომ წელს სომხეთში დიდი საქონლის ჭირია, აბა თუ ერთმა ხელის-უფალმა ხელი გაანძრიოს და თუ არას იქმს, გულმტკივნეულობა რამ აჩვენოს მაინც ხალხსა. კოდის ახლო-მახლო ბევრს ალაგას ჭირისაგან დახოცილი საქონელი ჰყრია გზა და გზა. როგორც ეტყობა, ჭირიანი საქონელი ხალხს გაუტყავებია, იმიტომ რომ არც ერთ ლეშზედ ტყავი არ მინახავს, თუმცა ლეში სხვა ფრივ ხელუხლებელი იყო და სრულიად მთელი. ნუ თუ ნადირიც ერიდება ჭირიანს საქონელს, რომ დახოცილთა ლეში ასე ხელუხლებლად დარჩომილა. თუ ასეა,– ხელის-უფალნი თუ კაცთაგან სიფრთხილეს არ ჰსწავლობენ, ნადირთაგან მაინც აიღონ მაგალითი. ჰყრია ეს მძოვრი გზებზედ და მინდვრებზედ, ასდის ერთი საშინელი სიმყრალის სული, ჰსწამლავს გარეშემო ჰაერს და საკვირველიც არ არის, რომ ამის შემდეგ ადამიანის ჭირიც გაჩნდეს. ნეტა რას ჰფიქრობენ ისინი, ვისაც მინდობილი
აქვთ იმაზედ ფიქრი და მზრუნველობა! რისთვის არიან, თუ არ ამ შავ დღისთვის. რა არის, ერთი სასტიკი ბძანება გასცენ, რომ ჭირიანი საქონელი რომ მოკვდება, არავის არ მისცენ ნება გატყავებისა და უსათუოდ ღრმად ჩაფლან ხოლმე. ამ ბძანების აუსრულებლობის გამო ერთ ორს სოფლის მოხელეს კაცს ჯარიმა გადაახდევინონ ან საცა დაუფლელი მძოვრი ნახონ მამასახლისის ხარჯით დააფლევინონ და ნახავთ ეგდება სადმე კიდევ მძოვრი ქვეყნისა და ხალხის მოსაწამლავად, თუ არა.
28 აგვისტოს გაურახის მინდვრებზედ კოდიდამ დიდი ცეცხლი ჩანდა. ამბობენ, თათრებმა ჩვეულებისა მებრ, თავიანთ მოძმეთა და თანა მოსახლეთა ძნებს გადამტერების გამო წაუკიდესო. ეს გულის ამღრევი და საზარელი ჩვეულება ხშირია თურმე ბორჩალოს თათრებში. თუ ვისმეს ვისგანმე წყენა ახსოვს ჯავრს იმით იხდის, რომ მზად მოტანილს ძნას, ფრთა მოქცეულად დადმულს თავის მაწყენარისას, წავა და წაუკიდებს ცეცხლსა ამ ბარბაროზულს ქცევას ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს, თორემ დაიღუპა საწყალი და მაშვრალი ხალხი.
კოდაში ეხლა შენდება პატარა მშვენიერი საყდარი თლილის ქვისა, ამბობენ ხუთას ესვსასი თუმანი დაჯდებაო. ამ ეკკლესიას აშენებს იქაური მებატონე ღენერალ-მაიორი ალექსანდრე საგინოვი თავის საკუთარის ფულითა. ამ საყდართანვე ღენერალ-მაიორი საგინოვი აპირობს სოფლის სასწავლებლისათვის შენობის დადგმასაც. აქაურს ხალხს ძალიან ჰსურს სასწავლებელის გამართვა.
წელს კოდა და მის ახლო-მახლო სოფლებში პური ძალიან ნაკლებათ მოვიდა, რადგანაც კალიამ მოჰსჭამა. ამბობენ ეს ცხრა წელიწადიაო, რაც კალია ჰსჭამს აქაურის გლეხ-კაცის ოფლსა. ნეტა ვიცოდე ვინ არა ჰსჭამს....
სურამი.– ვის არ აგრძნობინა ახლანდელმა ომმა? ვინ ილაპარაკებს ამაზე ისე, რომ გულიანათ არ ამოიხროს!...
თუმც კი ჩვენში ისეთი მშვიდობაა, უშიშრობაა. რომ ომიანობას არც კი ვგრძნობთ, მაგრამ გულის მოსაკლავი და გულ საწყლავი სურათები კი ბევრი.
თვალები უფრო მოსვენებით და გულნი დამშვიდებულნი გვექმნებოდა რომ ეს უბედური ბერძნები არ გადმოსულიყვნენ სოხუმიდამ. საზარელ და გულსაკვდავ ყოფაში არიან ეს საცოდაები! როცა ესენი სოხუმში ყოფილან, ამბობენ, თავიანთვის ყოველი ღონე და საშუალება ცხოვრებისა ჰქონიათ; ჰქონიათ მამულები, უძრავი და მოძრავი ქონება, ყოველი გაწყობილება, რაც მიწის მომქმედისათვის საჭიროა. ახლა ამ არეულობის გამო გადმოცვივნულან აქა და ყოველი თვისი ნაწვავ-ნადაგი მონაგარი დაუტოვებიათ იაქ და წამოსულან რომ სულები მაინც დაიხსნან თათრების ხელისაგან. ისე საჩქაროთ წამოსულან და დაუცლით სოფლები, რომ ბევრს ყანებში საქონელი ყოშებმული და მინდვრებში შვილებიც კი დარჩენიათ. ველივე ეს რასაკვირველია თათრების ლუკმად შეიქმნებოდნენ.
მაგრამ საბრალოებმა ვერ ინუგეშეს თავი აქ გადმოსვლით, რადგან გზაზედაც დიდი შეწუხება გამოუვლიათ, ბევრიც დახოცილან და აქაც დიდს შეწუხებაში არიან. გადმოსვლისავე უმალ ზოგი გადასახლდნენ ბორჯომისკენ, ზოგიც დაიფანტნენ სურამში და სურამის ახლო სოფლებში, იმ იმედით, რომ იქნება ღმერთმა ჰქმნასო და სოხუმი ისევ ჩვენ დაგვიბრუნდესო და ისევ უკანვე გადავსსხლდეთო ჩვენ ჩვენს მამულშიო, მაგრამ მე ვგონებ, ამ ლოდინში ამ საწყლებს ამოუვიდესთ სული „მინამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძრესო“.
მთავრობამ წინადადება მისცა, რომ ისინი გადასახლებულ იყვნენ სახელმწიფო ხარჯით სტავრაპოლის გუბერნიაში და ყუბანის მხარეს. ბერძნებმა არ მიიღეს ეს ორის მიზეზის გამო: პირველი, რომ თითქმის არ არის სახლი ავათმყოფი არა ჰყვანდეთ– აბა როგორ წავლენ იმ სიშორე გზასა; მეორე, როგორც ზეით მოგახსენეთ, იმედი აქვთ, რომ როცა იქნება ვეღირსებით კიდევ ჩვენს სამშობლო მამულსაო. ამ თვის პირველამდისინ აძლევდნენ სულზეთორ მეტ კოპეიკს სახარჯოდ, მაგრამ რადგან უარი სთქვეს ხსენებულს წინადადებაზედ, ეგ ულუფაც ჩამოერთოთ. არიან ასე უნუგეშოდ და ყოველ მხრით დავიწყებულნი. ადგილობრივი ადმინისტრაცია არავითარ შემწეობას არ აძლევს და ვინც ჩვენი გლეხების მდგომარეობა იცის, ის დარწმუნებული იქმნება, რომ არც ამათ მხრით მოსალოდნელია რაიმე შემწეობა: „კაჭკაჭს რა აქვს, რომ ყვავს რა მისცეს!....მუშაობაც არ სად არის რომ ამით მაინც ირჩინონ თავი; მუშაობა არ ეზარებათ, ოღონდ კი სამუშაო იყოს. ისინი ვინც შიგ სურამში არიან კიდევ შოულობენ ვაინაჩრობით სამუშაოს და თითო ოროლა გროშს რჩებიან და ზოგნი აქ მყოფნი სამხედრო ექიმები შემწეობასაც აძლევენ– მიხედვენ ხოლმე, სოფლებში მყოფები კი უფრო უნუგეშოთ არიან. აი გზათ მიმავალთა მე და აქაურმა ერთმა ფერშალმა ვნახეთ ერთს სოფელში შემდეგი სურათი: როცა შეველით ერთ ხაბზელში, საცა ამ ბერძნებისაგან ერთი მოსახლე დაბინავებულიყო ვნახეთ ამ ალაგზედ გაშლილ ფარდაკზედ მისვენებული სამი მცხედარი; იმათგან ცოტა იქით კუთხეში ორი ავათმყოფი იწვა, უკანასკნელ მდგომარეობაში მყოფნი, ამათ გარს ეხვეოდნენ სამი პატარა ყმაწვილნი. ამ ყმაწვილებს კიდევ რა უჭირდათ? უასაკობისაგამო არა ჰგრძნობდნენ იმ საშინელ უბედურობას, რომელსაც მათ გარშემო თავისი საზარო ფრთები გაეშალა, ის საწყლები გულგრილად უყურებდნენ მცხედრებსაცა და სულმობრძავთა სნეულთაცა. ფეხზე დადიოდა მარტო ერთი თხუთმეტი წლის ყმაწვილი ბიჭი, რომელმაც არ იცოდა რა ექმნა: მკვდრებზე ეტირნა, თუ ცოცხლებისათვის ყური ეგდო!. ..
ისე დღე არ გაივლის, რომ ამათგანი სამი-ოთხი მიწას არ მიაბარონ.
ურიგო არ იქნება, რომ ვისიც რიგია, იმან ყურადღება მიაქციოს ამ „ადამის“ შვილებსა, რაიმე ღონისძიება აუჩინონ, დაიხსნან საწყლები ამ ტანჯვისაგან და ჩვენც ამ გულ-საკვდავ სანახაობისაგან.
არც ჩვენი სურამი გადურჩა წლევანდელ სხვა და სხვა გვარს სნეულებას მუცელა, წითელა და საქონლის სენი ძალიან გავრცელებულია. ახლა აქ დიდათ საგრძნობელია უექიმობა. ხალხმა გაიწყვიტა იმედი მკითხავებზე, რადგან იმათი მკითხაობა ამ სნეულებათა წინააღმდეგ ვეღარასა ჰსჭრის და ფანრით ეძებენ ექიმებს, მაგრამ ჩვენ სოფლებს ვინ აღირსებს ექიმსა! რამთონი ხალხი იჟლიტება ამ უექიმობის გამო– ანგარიში არა აქვს. აი მოგახსენებთ ერთ შემთხვევასაც: აქაურ ერთს სოფლებში ერთი ქალი ავათ ყოფილა ცხელებით. ერთხელ, როცა მისნი შინაურნი ყოფილან გარეთ მუშაობაზე, საჭმლის მზადების დროს გული წასვლია და ჩავარდნილა ცეცხლში და წაჰკიდებია ცეცხლი.
როცა ცეცხლს ხორცამდე მიუხწევია გამოფხიზლებულა. იმის ყვირილ-წივილზე მოცვივნულან მეზობლები და დაუხსნიათ სიკვდილისაგან. გადარჩენის იმედი არისო, მაგრამ მკურნალი არ არის. გვერდი ისე გამოსწვია, რომ ძვლები მთლათ სჩანანო.
ს. ბავრელი.
იმერეთი.– მოსავლის პირი შეიცვალა: ბუნებამ ორის თვის გვალვის მემრე მოგვაშორა თავისი რისხვა და ამ 5 – 9 აგვისტოს მშვენიერი წვიმა მოგვივლინა, რომელმაც თითქმის ამომწვარი სიმინდი სულზედ მოიყვანა. აწ მას თბილის ტაროსის გარდა აღარაფერი ჰსჭირია. პურის და ქერის მოსავალი მშვენიერია. ვაზს კი აღარაფერი ეშველა რა. სნეულებანი, რომელნიც „ივერიის“ № 24 „საქართველოს მატიანეში“ იყო მოხსენებული ჯერ კიდევ სუფევს იმერეთში. პირუტყვთა ჭირიც არ მოგვშორებია. ამ უკანასკნელში თურქულის გარდა ადგილი უჭირავს ერთ გვარს შესაყარს სნეულებას, რომელიც ადამიანის მუცელას მგზავსია: პირუტყვი ამისაგან ავათ გამხდარი მუცელში იხსნება და მსწრაფლად კვდება. ამ სენს აქ „ჭირს“ უწოდებენ. ამის წამალი არ იციან, რაისაგამო საქონელი მომეტებულ ნაწილად ძროხა და ხარი მრავლობით ჰსწყდება. კულაშიდამ ფარცხა-ნაყანევში მოვდიოდი და მარტო ამ ორ სოფელშუა, რომელნიც ერთი ერთმანერთზედ 30 ვერსტის სივრცეზეა, ორმოცამდე ძროხა და ხარი ზოგან მკვდარი და ზოგი მომაკვდავი ვნახე მე თვითონ.
ი –ა ი –ძე.
– აი ამ პირუტყვის ჭირის ვითარებაზედ რას იწერება მეორე კორრესპონდენტი გურიიდამ: „ეს სნეულება იწყება იმით, რომ პირუტყვს უცებ ყურები ძირს ეშვება, თვალში ცრემლი მოსდის და მთელს აგებულებაში რაღაც სიზანტე და დაღალულობა ეტყობა. მეორეს თუ მესამეს დღეს პირუტყვი საჭმლის ჭამას თავს ანებებს, თან კვნესა და ხშირათ ტანში ძგერაც მოსდის; შემდეგ ამისა პირუტყვს მწვანეთ ნაღველის ფრად ტანიდამ ასაქმებს, თან ოფლს ასხავს და პირიდან საშინელი სიმყრალე ამოსდის. ერთს კვირაზედ, ანუ ცოტათი ადრე პირუტყვი კვდება საშინელის ტანჯვით და მწუხარებით. შესანიშნავია რომ ამ სენით მკვდარი პირუტყვი რომ გასჭრათ, მაშინ ნახავთ შემდეგსა: მთელი შიგნეულობა ფერცვლილია, თითქოს ვისმეს მოეხარშოს, ყველაზედ უფრო გამოცვლილია სანაღველო ბუშტი, რომელიც მეტად გადიდებულია.„
„სხვა და სხვა გარემოებამ და სნეულებამ, და სნეულნბათა შორის ნამეტნავად მუცელკეთილმან ხალხს საქმე გაუჭირა. ხალხი წელში გახრილია და არც იცის რით დაისხნას თავი ამ საშინელის დაჭირებიდამ.“
ი. თაყაიშვილი.
![]() |
2 ომის ამბები |
▲back to top |
ომის ამბები
26 მარიამობისთვიდამ, როგორც მოგეხსენებათ, რუსის ჯარი, რომელსაც მიეხრო რუმინიის ჯარიც, პლევნას მისდგომია და ცხარი სროლა გამართულა. 30-ს სამი გამაგრებული ადგილი ღენერალს სკობელევს დაუჭერია და ერთიც ღენერალ როდიონოვს. მეორე დღეს ბრძოლა ხელმეორედ ატეხილა და ღენერალი სკობელევი იძულებული ყოფილა თავი დაენებებინა წინადღის დაჭერილ ადგილებისათვის. პირველს და ორს ენკენისთვეს სროლა არ შემწყდარა. 2-ს საღამოს ექვს საათზედ ოსმალებს ცხარი სროლა დაუწყვიათ იმ 4 ივერია № 28. ადგილისათვის, რომელიც ღენერალ რადიონოვის მიერ იყო დაჭერილი, მაგრამ ვერა გაუწყვიათ რა და უკანვე დაწეულან. 26 მარიამობისთვიდამ მოყოლებული 3-ს ენკენისთვემდე ჩვენის მხრით დაჭრილთა შორის 239 აფიცერია და 9,482 (ცხრაათას ოთხას ოთხმოცდა ორი) ჯარის კაცი; მოკლულთა რიცხვი 3,000 (სამი ათასია). ერთის სიტყვით დაჭრილთა და მოკლულთა შორის მიახლოვებით 200 აფიცერია და 12,500 ჯარის კაცი. რუმინის მხედრობასაც დიდი ზარალი მისცემია; ორს ენკენისთვემდე 60 აფიცერი და 3,000 ჯარის კაცი დაჰკლებია, დაჭრილთა და მოკლულთა რიცხვი ერთად რომ ავიღოთ.
– 1 ენკენისთვეს ღენერალს ლორის მელიქოვს, რომელსაც მუხთარ-ფაშის ადგილ-მდებარეობა უთვალიერებია, პატარა სროლა მოსვლია ოსმალებთან; ამ სროლაში ჩვენი ერთი ჯარის კაცა მოუკლავთ და 23 დაუჭერიათ. ოსმალოს მხრით კი მარტო დაჭრილთა რიცხვი 86 კაცია.
– შუა-დაღისტნის რამდენსამე სოფლებში არეულობა მომხდარა; ამის გამო გიორგიევსკის ხიდთან აჯანყებულთა და რუსის ჯარის შორის ომი გამართულა, ჩვენი სამი აფიცერი დაუჭრიათ, ჯარის კაცთა შორის 8 მოუკლავთ და 36 დაუჭრიათ. აჯანყებულთა შორის ათი კაცია მოკლული.
– ჩერნოგორიელებს კიდევ სამ ალაგას გაუმარჯვნიათ.
სუხუმი ეხლა, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ხელთ არის და ოსმალოს ჯარი კი უკან გაბრუნდა და თან აფხაზებიც წაასხა, რომელთა რიცხვი დიდძალია. ამის შესახებ გაზეთის ინგლ-ის კორრესპონდენტი ტრაპიზონიდამ იწერება შემდეგს: „აქამდისინ (ე. ი. 12-ს მარიამობისთვემდე) ოსმალეთში გადმოსახლებულთა რიცხვი ოცი ათასამდეა. მათ შორის ცოტაოდე მეგრელიც ურევია, სამოც სახლობამდე, ესენი აფხაზეთში სცხოვრობდნენ თურმე. ესენი თავის ნებით არ არიან გადმოსულნი და სრულიად არ მალვენ უკან დაბრუნების სურვილს როცა ომიანობა შეწყდება. ამის იმედი აქვთ, იმიტომ რომ მათ არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ აჯანყებაში. ბევრმა მათგანმა მფარველობა იტალიის კონსულს მოსთხოვა, რადგანაც ამის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან რუსეთის ქვეშევრდომნი მას აქედ რაც ომი ასტყდა.
„აფხაზები კმაყოფილნი არ არიან თავის ახალის მდგომარეობისა, თუმცა ხონთქარმა თავისი ადიუტანტი გაგზავნა მისაგებებლად, რომლის პირითაც შეუთვალა, რომ რა წამსაც შესაძლო იქნება იმ წამსვე შევუდგები თქვენს დაბინავებასაო. აფხაზელებიც იმიტომ გადმოსახლდნენ, რომ ბევრს რასმეს დაჰპირდა მათ ხონთქარი. იგინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ოსმალოს მთავრობა ჯეროვან ყურადღებას მისცემდა მათ პირველშივე და არ მოუცდიდნენ სამუდამოდ დაბინავებას.მაგრამ იმედმა უმტყუვნათ. ეხლა თან და თან დღიურ პურსაც უკლებენ. წარსულ კვირას ღენერალ გუბერნატორს წარუდგინეს თავისი უილაჯობა და სთხოვეს მთავრობამ რაიმე შემწეობა მოგვეცესო ან ფულით ან პურითო. გუბერნატორმა მაშინვე ტელეგრამმა გაგზავნა სტამბოლში, მაგრამ ჯერ არავითარი პასუხი არა მოსვლია.
„ჯერ-ჯერობით ამ ხალხმა თავის ნივთების გაყიდვას მიჰყო ხელი და შიში არის, მერე ქურდობას არ მიადგეს უილაჯობის გამო.
„როდესაც აფხაზელების მოსვლა გაიგო ქალაქმა ძალიან შეშინდა, რადგანაც ისინიო, ამბობდნენ, ქურდობას არიან მიჩვეულნი როგორც ჩერქეზებიო, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ამ გვარი აზრი ცოტად თუ ბევრად ცილის წამებაა. ჩერქეზებისა და მათ შორის ერთი დიდი განსხვავებაა:
„იქნება ამათაც ჰსურდეთ ქურდობა, მაგრამ ქურდების სახელისა კი ჰსცხვენიათ და ერიდებიან, მაშასადამე ჰგრძნობენ ქურდობის საძაგლობას. ესეც დიდი წარმატებაა ჩერქეზებისა და ქურთების შედარებით.
„მას აქეთ რაც აქ არიან, ამათ არავინ არ უჩივის. მხოლოდ ერთი საყვედურია მათკენ მისაქცევი: იგინი ამტვრევენ თავისის ბინის კარებებს და ფანჯრებს, ხეხილებს ჰგლეჯენ ცეცხლის გასაჩენად საჭმლისათვის. სუხუმში კი სრულებით სხვაფრივ იქცეოდნენ: იქ ააოხრეს ყოველი სახლი, გამოიტანეს რაც გამოსატანი იყო და სულ ნახევარ ფასად გაასაღეს აქ.“
![]() |
3 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
საფრანგეთი. – ტიერის სიკვდილმა ზოგს სიხარული მოუტანა, ზოგს მწუხარება. რესპუბლიკის მოწინააღმდეგე გაზეთებს უხარიანთ, ტიერის შემდეგ რესპუბლიკელებს მოთავედ ვიღა ეყოლებათო. ამაზედ გაზეთი République Fçançaise, რომლის ხორცი და სული გამბეტა არის, უპასუხებს შემდეგს: „რამდენსამე კვირის შემდეგ საფრანგეთს თავისი ბედი თვის ხელთ ეჭირება. იგი აღიარებს თავის სურვილს, იგი ჩამოატარებს კენჭს ისე ვითომ ტიერი ისევ ცოცხალი ყოფილიყოს. კაცი მოკვდა, მაგრამ მისი სული ისევ ცოცხალია. ეს სული ამოქმედებს მათ. ვისაც მოუხდება ტიერის მიერ დაწყებულის საქმის დაბოლოვება. დიდებულს ხალხს, რომელსაც თავისუფლობა ჰსურს და ღონისძიებაცა აქვს პატივი აცემინოს თავის სურვილს, არას დროს არ შემოაკლდება კაცი მოღვაწე და მეთაური.“
მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ თვით მაკმაგონმა და მისმა მინისტრებმა ზრდილობა გამოიჩინეს და მწუხარება გამოუცხადეს ტიერის მეუღლეს. მინისტრმა ფურტუმ წინადადებაც შეიტანა სამინსტროს საბჭოში, რომ რადგანაც ტიერს დიდი ღვაწლი დაუდვიაო საფრანგეთისათვის, ამიტომ სახელმწიფომ მისი დასაფლავება თავის ხარჯით უნდაა მოხდინოსო. მთავრობა გულში რასაკვირველია უხარიან ტიერის სიკვდილი, მაგრამ თავის მომხრე გაზეთებს მაინც არ აჰყვა და ზდილობას არ გადუდგა.
ყველა მხრიდამ ტიერის ცოლს ტელეგრამმები მისვლია, რომლითაც უცხადებენ დიდს მწუხარებას მის ქმრის გარდაცვალების გამო. უცხო ქვეყნების ხელმწიფეებისაგანაც მისვლია ტელეგრამმა,– ყველაზედ უწინარესს ბელგიის კოროლისაგან, შემდეგ რუსეთის ხელმწიფე იმპერატორისაგან.
ზემოდ მოგახსენეთ, რომ მთავრობას უნდოდა სახელმწიფო ხარჯით დაესაფლავებინა ტიერი და ეს თავისი სურვილი აცნობა ტიერის მეუღლეს. ქვრივმა მიუგო, რომ ამის თანახმა მხოლოდ იმ პირობით ვიქნებიო, თუ დასაფლავების რიგი და წესი ჩემ ხელთ დარჩებაო. მთავრობას არ მოეწონა ეს აზრი. კარგად იცოდა, რომ მცხედრის გასვენებაში პირველი ადგილი ეჭირებათ ტიერის მეგობრებს და რესპუბლიკის დასის კაცებს. მთავრობას უნდოდა, რომ ეს გარემოება აეცილებინა თავიდგან და მათ მაგიერად თავისი კაცები დაეყენებინა და მით ცოტაოდენი თანაგრძნობა მაინც შეეძინა ხალხისაგან. მაგრამ ტიერის მეუღლე და მთავრობა ვერ მორიგდნენ ერთმანეთში და ამიტომ ტიერის დასაფლავება თვით იტვირთა მისმა მეუღლემ თავის ხარჯით და თავის სურვილის თანხმად.
– იმ სენატორებმა, რომელნიც რესპუბლიკის დასს ეკუთვნიან, შემდეგი მანიფესტი გამოჰსცეს საფრანგეთის ხალხისადმი ტიერის სიკვდილის თაობაზედ:
„ძვირფასნო მამულის შვილნო,
„საფრანგეთმა იგრძნო ის დიდი უბედურება, „რომელიც შეემთხვა მას ამ ჟამად. ტიერი აღარ არის. „ამ გვარ განსაცდელში ჩვენ, სენატის რესპუბლი- „კელნი, ვალდებულად ვრაცხთ ჩვენ თავს ერთხელ კიდევ „აღვიაროთ ჩვენი ერთგულობა რესპუბლიკისადმი „და იმ მტკიცე და გონიერ პოლიტიკისადმი, რომლის „მაგალითი უჩვენა ქვეყანას განსვენებულმა მამულის „შვილმა. ტიერი მიემხრო რესპუბლიკას თვისის „გონებისა და სამშობლოს მოყვარეობის ძალით. მისის „აზრით მხოლოთ რესპუბლიკას შეეძლო დაედგინა „კეთილი მმართველობა; მხოლოდ რესპუბლიკას „შეუძლიან დააკმაყოფილოს ერთსა და იმავე დროს „წესიერება და თავისუფლება და ბოლო მოუღოს იმ „მოღვაწეობას, რომლის გამარჯვებისათვის „პიროვანი უფლება (ე. ი. მონარხია) არის საჭირო.
„ტიერი თავისდღეში ხალხის თვით-უფლების „მოღვაწე იყო და ამავე მოღვაწეთ გარდიცვალა. „იგი არამც თუ მოხერხებული მმართველი იყო „საფრანგეთისა, რომლისა გამო შეიძინა ხალხის „მადლობა, უცხოეთის პატივის ცემა, არამედ თვისის „მაგალითით დაამტკიცა, რომ განათლებულსა „და თავისუფალ ქვეყანაში მშვიდობიანობა, „შრომა და კეთილმდგომარეობა ფიცხლავ აჰყვავ- „დებიან, როდესაც უმაღლესი მმართველობა იმ „გვარ კაცის ხელშია ხოლმე, რომელიც თვის სახელს კონსტიტუციისა და ხალხის სურვილის პატივი სცემაზედ ამყარებს.
„ძვირფასნო მამულის შვილნო, საფრანგეთს არ „აკლია პატივსაცემნი და ღირსეულნი პირნი: იგინი „მზად არიან განაგრძონ ტიერის მოღვაწეობა და „მიეცნენ თავისუფალისა და ზომიერის რესპუბლიკის „დადგენას, რომელიც დააკმაყოფილებს ყოველს „კანონიერს საჭიროებას და გზას მისცემს ყოველს „წარმატებას.
„ამ ჟამადაც ჩვენი მიდრეკილება იგივეა რაც აქამდე „იყო. საფრანგეთს კენჭი მიეცემა არჩევანისათვის „ამ მომავალ არჩევანში მან სიმტკიციდ და ერთობით „უნდა აღიაროს თავისი სურვილი.
„კაცი წავა წამოვა, მაგრამ დედა-აზრი უკვდავია. „ტიერმა გვიანდერძა ჩვენ გამოცდილებისა და „სამშობლოს-მოყვარეობის მაგალითი, რომლის „წინაშე ყოველმა რესპულიკელმა ერთგულობა უნდა „იხმაროს, და ამაში მდებარებს ის ღირსეული „პატივიც, რომელიც შეგვიძლიან ჩვენ გადუხადოთ „ტიერს– მაგ წარჩინებულს ფრანციელს.“ ამ მანიფესტს ხელი უწერიათ ყველა რესპუბლიკელთ სენატორების წარმომადგენელთ, განურჩევლად და საერთოდ.
ეს მანიფესტი სხვათა შორის მით არის შესანიშნავი, რომ მთავრობას უყვეტს ყოველს იმედს ზოგიერთა ზომიერ რესპუბლიკელებთან მორიგებისას. ამ მანიფესტით ეს ზომიერი რესპუბლიკელებიც ეუბნებიან მთავრობას, ჩვენი სურვილიც გადაწყვეტილიაო და ტყუილ უბრალოდ ნუ სწუხდებითო.
მაინც საზოგადოთ უნდა მოგახსენოთ, რომ რესპუბლიკის დასი საკვირვლად სარგებლობს ტიერის სიკვდილით და მისის განუსაზღვრელის ქება-შესხმით ჰსურს ჯავრი ამოიყაროს აწინდელის მთავრობისა.
– სასამართლოს გამბეტისათვის სამი თვით დატუსაღება გადაუწყვეტია და 2,000 ფრანკი ჯარიმა. გამბეტა, რასაკვირველია, უმაღლესს სასამართლოში გადიტანს საქმეს, მაგრამ თუ იქაც ესევე გადაწყვეტილება განუჩინეს, ცუდი საქმე დაემართება რესპუბლიკის დასსა. საფრანგეთში სუფევს კანონი, რომლის ძალით ყოველს კაცს, რომელსაც სასამართლომ გარდაუწყვიტა ერთის თვის (ან მეტისა) საპყრობელო, ხუთის წლით უნდა წაერთვას არჩევანის უფლება. მაშასადამე გამბეტასაც არ შეეძლება მონაწილეობა მიიღოს საფრანგეთის საპოლიტიკო ცხოვრებაში ხუთის წლის განმავლობაში. ამისთანა ნიჭიერისა და გავლენიანის კაცისათვის, როგორც გამბეტაა, ხმის ამოწყვეტა და ენის მოკვეთა დიდი დასაკლისია საფრანგეთისათვის გამბეტა, როგორც ეტყობა, ცდილობს, რომ მომავალ არჩევანამდე მაინც არ გადაწყდეს მისი საქმე და არჩევანში მაინც მიიღოს მონაწილეობა. ამიტომ გამბეტა არ მისულა სასამართლოში მისის საქმის გარჩევის დროს. ამის გამო საქმე რასაკვირველია ხელმეორედ განიხილება.
მაკ-მაგონს ჯერ თავისი მოგზაურობა, როგორც მოგეხსენებათ არ გაუთავებია. ქალაქს ბორდოს რომ მისულა სხვათა შორის შემდეგი უთქვამს ქალაქის მოთავესათვის: დარწმუნებული იყავით, რომ მშვიდობიანობა არ დაირღვევა, როდესაც პასუხის საგებლად გამოვიწვევ ჩემს ქვეყანას (ე.ი. არჩევანის დროს) და კონსტიტუცია, რომელსაც თქვენ ერთგულად ემორჩილებით და რომელსაც მეც ერთგულად დავიცვავ, დაუბრკოლებლივ იმოქმედებს ხალხის წარმატებისა და კეთილმდგომარეობისათვის.“
ინგლისი. ინგლისის გარეშე საქმეთა მინისტრს, ლორდს დერბის შემდეგი სიტყვა წარმოუთქვამს ლივერპულში აღმოსავლეთის ომიანობის შესახებ: „ჩვენ ვიხმარეთ ყოველი ღონისძიება, რომ ეს საუბედურო ომი არ გამართულიყო, მაგრამ ვერა გავაწყეთ რა. წარსულს რომ გადავავლოთ თვალი არა მგონია, რომ რისამეს გარიგება შესაძლო ყოფილიყო. ორივე მხარე (მებრძოლე) დარწმუნებული იყო, რომ ომი ადრე თუ გვიან აუცილებელია, და ამ გვარ გარემოეობაში ყოველგვარი შუამდგომლობა ფუჭია.
„მე არა მგონია, რომ ეხლა დრო იყოს შუამდგომლობისა მებრძოლთა მოსარიგებლად. ინგლისს არ შეუძლიან შუამდგომლობის სურვილი გამოიჩინოს, როდესაც არავითარი იმედი არა აქვს, რომ ის შუამდგომლობა გასჭრის. მაგრამ შუამდგომლობის დროც მოვა, და იქნება მალეც მოვიდეს; – მაშინ, დარწმუნებული იყავით, ამ შემთხვევას ხელიდგან არ გავუშვებთ. ჩვენ ყოველ ღონისძიებას ვიხმართ, რომ ჩვენი მეზობლები განსაცდელიდგან გამოვიყვანოთ და იმავე დროს ვეცდებით, რომ ჩვენ თვითონ არ ჩავცვივდეთ იმავე განსაცდელში.“
ამ გვარი ლაპარაკი ვერაფრად მოსწონს, მაგალითებრ, გაზეთს Times-ს, რომელიც იმ აზრისაა, რომ ინგლისი და სხვა სახელმწიფონი ეხლავე უნდა გაერიონ საქმეშიო და ომიანობა შესწყვიტონო. ამ გაზეთის სიტყვით ოსმალებმა იმისთანა დაბრკოლება დაახვედრეს რუსებს, რომელსაც არავინ ევროპაში არ მოელოდაო. რუსეთი, რასაკვირველია, გამარჯვებული გამოვაო ბრძოლიდგან. რადგანაც მას უფრო მომეტებული და ხერხიანად განწყობილი ჯარი ჰყავსო, მაგრამ ცხადიაო აგრეთვე, რომ ეს გამარჯვება ძალიან ძვირად დაუჯდებაო რუსეთს და დიდს მსხვერპლსაც დაადებინებსო. ამავე დროს ძნელი საცოდნელია თუ რა გამოვა ამოდენა მსხვერპლიდამაო. ევროპამ ბოლო უნდა მოუღოს ამ სამწუხარს ომსაო და ინგლისი, სხვა სახელმწიფოთა თანხმობით, საქმეში უნდა ჩაერიოსო და თვისის მოქმედების საფუძვლად სტამბოლის კონფერენციის წინადადება უნდა იქონიოსო. ეხლავევო თორემ მერე გვიანღა იქმნებაო.
![]() |
4 დიდოელების არეულობა და კახეთი |
▲back to top |
დიდოელების არეულობა და კახეთი
(შემდეგი)[1]
ამის შემდეგ მკითხველებს მოვახსენებთ დიდოელების არეულობის ამბავს იმ სახით, რა სახითაც მე ყოველდღე მიწერია.
9 თიბათვეს.– არანანო-თარანანო გაუწყვეტელი იყო, – დილა ნისლიანი იყო, მაგრამ ავდარს არ მოასწავებდა ნისლი მთაზედ სხვა ყოფილა,– მივუახლოვდით, თუ არა მთებს,– ნათლისმცემელშივე დაასხა წვიმამ. რა დავადექით-უსწორო-მასწორო მთის ბილიკებს, – გულმა ძგარი-ძგური მოუმატა, წვიმამ ჩაიარა ბეჭებში,– ვთქვი: „რაგინდა ჩემო თავო, რაზედ იჭირებ საქმეს,– ამ მიკიბულ-მოკიბულებში ხუთი ლეკი, რომ იყოს ჩასაფრებული, ხომ ტუტა გვადინა!.. ამ ფიქრებზედ ამელურსა მთელი ტანი,– მაგრამ რას გავაწყობდი,– მიბძანეს და წაველ – რამექმნა. მეტათ შაგვაფერხა წვიმამ, – ჯარი ძალიან დაიღალა და ყველა ამისაგამო ჩვენმა სარდალმა საჭიროთ დაინახა,– ჯარი მახლობლათ დაებანაკებინა. ბინა დავდეთ ჯაჭვის ხიდის თავში, რომელიც მდებარებს თერთმეტს ვერსტზედ ს. საბუიდამ. დასცეს ბინა,– ვთქვი თუ ეხლავ წაეყრებიან-ცხვარსავით მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, დაანთეს ცეცხლები, დაიწყეს ყველგან რუსულათ თუ ქართულათ სიმღერა. მეტათ მხიარულათ იყვნენ ყველანი.
10 თიბათვეს. დილა მშვიდობით გათენდა. წვიმა მაინც კიდევ არ გვეშვებოდა, ექვს საათზედ დილით მუშა ხალხი საკმაო მცველებით, გაიგზავნა წინ გზების საკეთებლათ. რვა საათზედ დაიძრა ლაშქარი. სულ ლეკების ხოცვაზედ და ჟლეტაზედ იყო ჩუმჩუმათ ლაპარაკი,– ეტყობოდათ ხალხს, რომ ფონს მიუახლოვდნენ, ყურები უფრო მცქვიტათ ეჭირათ, განკარგულებაც მეტათ ფთხილი და სასტიკი იყო. შევუდექით ყადორის სერს, ბევრს ლეკს შაუკურთხეს ცოცხალი და მკვდარი, როცა ჯარმა დაინახა დამწვარი და დაქცეული– მშვენიერი ყადორის ციხე. ძირიდამ კიდევ ისე გასაძაგლებული არ ჩანდა. მამებჯინა ყელში სული. ამ თვალ აუწვდენელს აღმართზედ. გამწკრივდა ჯარი თითო-თითოთ, მიდის და ვერ ავიდა, – სად იყო ერთი ოციოდე მარჯვე ბიჭი– სერებიდამ ერთი ტუტა ედინათ ჩვენთვის. ავედით როგორც იყო, მაგრამ ძალიან ფთხილათ, წინდახედვით. დამწვარმა, დანგრეულმა ყადორის ციხემ აგვიღრინა გული. ეს ციხე გარდა იმ მნიშვნელობისა, რაიცა ჰქონდა სამხედრო ანგარიშით,– წარმოადგენდა მშვენიერს შესაფარს ადგილს მწყემსებისათვის და თვით ლეკებისათვისაც ცუდს ამინდში: აქ ყოველთვის ყარაულები იდგნენ–თვითონ ლეკებივე მწყემსები როდესაც უამინდობისა გამო ვერ გადაიტანდნენ თავიანთ სურსათს ბინაზედ, – აქ შეინახავდნენ ხოლმე პურს, მარილს და სხვას და აქედამ წვრილ-წვრილათ გადაჰქონდათ ბინაზედ. ამის გარდა– მოკიდებული კახეთიდამ ვიდრე ხიტრახომდინ, ანუ ხოფრომდინ– სოფელი არ არის, თავის შესაფერი ადგილი ხოლოთ ეს ციხე იყო როგორც აქედამ, ისევე იქიდამ მომავალის მგზავრისათვის. აი ყველა ამისა გამო ბევრმა დაიკრა გულში ხელი, გაუსწორა თოფს ტალი. პატარა დასვენების შემდეგ გავუდეგით კიდევ გზას და რამთვენსაც უახლოვდებოდით ცხვრის ნაბინავრებს იმთვენი უფრო მეტად გვიღრინავდა გული ნახულის სურათებისაგამო: გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეებიდამ– მოისმოდა ძაღლების ყეფა; საწყლები ძლივს-სანსალით გვიახლოვდებოდნენ ხოლმე; ზოგი ალერსით იქნევდა კუდს, თითქოს თავის მხრის კაცი იცნოვო, ზოგი კი მაინც ანჩხლდებოდა რაც შეეძლო. ეს ძაღლები თურმე ჩვენის მემცხვარეების ძაღლები იყვნენ. როგორ გგონია, მკითხველო, რას აკეთებდნენ აქ ძაღლები? უდგნენ ერთგულ მცველებათ თავიანთ პატრონებს, რომლებიც მეტათ საცოდავათ ეყარნენ დაჩეხილები. ყველა მიცვალებულს ორი და სამი ძაღლი ეწვა გარშემო, და ზოგი იმათგანი ისე იყო მისუსტებული, რომ ყეფაც კი აღარ შაეძლო. ბევრმა იცნო თავისი მცხედარი, ბევრმა გადმოყარა გამწვავებული ცრემლი... ყველა იგინი მეუფროსეს განკარგულებით დაასაფლავა ჯარმა როგორც მოხერხდებოდა. აქეთ-იქით სერებზედაც ბევრი მყეფარი გამოჩნდა, ისინი კიდევ ედგნენ მცველებათ ნაბინავარ ადგილებს,– ესე იგი იმ ადგილებს, სადაც ერთხელ მაინც სალაფავი ეჭამათ. ბევრგან ბინებზედ ყველიც და ფქვილიც იყო, მაგრამ ამ ერთგულს და მართლა საყვარელს პირუტყვებს პირიც არ ეხლოთ და ასე 31-მაისიდამ მოკიდებული– ათს თიბათვემდე ეს ძვირფასი პირუტყვები მშიერ-მწყურვალები არ მოშორებიან არც თავიანთ მცხედართ-პატრონებს და არც ნაბინავრებს. ამ სურათებმა მეტათ ააღელვა ხალხი,– ყველა ჩქარობდა, ყველა ეძებდა დროითი შეტაკებას მტერთან და სამაგიეროს გადახდას.
ჩვენს ჯარს ამოჰყვნენ ის მწყემსებიც რომელთაც ცხვარი დაჰსტაცეს და რომელნიც ლეკებს გადურჩნენ და ჩამოვიდნენ კახეთს ამბის ჩამოსატანად. სასაცილო და სამწუხარო იყო ამ საწყლების გულნატკენის მწყემსების საქმე. ისე ალერსიანათ და მხიარულათ მიესალმებოდნენ თავიანთ ძაღლებს–თითქო შვილები არიანო. მეტათ ბევრი ხროვა შეიყარა ძაღლებისა. უბძანეს, რომ ჯართან ტარება იმათი არ შეიძლება, რადგან ერჩოდნენ ხალხს. ვთქვით, რომ საწყლებს დაექსაქსებათ ძაღლებიო, მაგრამ აქაც ხერხი ყოფილა: მწყემსებმა კარგა-მაგრა დააძღეს ძაღლები, მემრე აიღეს ჩობახები, შეტუქსეს,– საცოდავი ძაღლები გაბრუნდნენ ისევ უკან. მერე, როგორ გგონიათ, სად წავიდნენ? როგორც მწყემსებმა სთქვეს,– ისეც მოხდა: ეს საცოდავები– ისევ ნაბინავებზედ მისულიყვნენ და შემდეგ როდესაც ჯარი უკან დაბრუნდა, გამოუარეს მწყემსებმა და წამოასხეს შინ. მხოლოთ როდესაც ჩვენის ჯარიდამ გუნდი რამ გამოიგზავნებოდა აქედ საჭიროებისა მებრ, პატრონები გამოჰყვებოდნენ და საჭმელს მისცემდნენ ხოლმე ამ ერთგულს პირუტყვებს.
ეს დღეც მშვიდობიანათ დაბინდდა, – შესანიშნავი არა მომხდარა რა, მხოლოთ ორიოდე ბარგის ცხენმა ართურმა გამართეს და კლდეში მიბძანდნენ. ჯარმა დაიბინავა ორ წყალში. ეს იყო მიჯნა მშვიდობიანობისა,– ამას იქით მტერის შეტაკებას მოველოდით. ეს იყო ის ადგილი სადაც ლაშქრობის შემდეგ– დიდოელებს ედღესასწაულათ და ბევრი კარგი ბატკნის კანჭი გამოეხრათ. ერთი დიდი ველი, სადაც ჯარმა დაიბანაკა, სავსე იყო ცხვრის ტყავებით და ძვლებით. საწყალმა თუშებმა ბევრი თავიანთი მეზობლები და ნათესავების გვამები იპოვეს აქვე,– წყალში ჩაყრილები.
11 თიბათვეს გათენდა კარგი დილა, გავუდექით გზას, – გააჭირა საქმე აღმართმა. ავედით ხიტრახოს თავზედ, დაგვიდგა ერთი საძაგელი ჯანღი, დაჰყვა ზედ ქარი და ვაი ვაგლახი, ხალხი მეტათ დაიღალა და ამისა გამო მოგვეცა რამდენიმე საათით დასვენება. როცა პატარა გამაიდარა– დიდმა და პატარამ დავუწყეთ ცქერა ხიტრახოს,– და დაგვანახეს იმათაც. ხალხმა მოძრაობა დაიწყო: ლეკები მირბოდნენ და გამორბოდნენ ბანებზედ. თანხმად მოცემულის ბრძანებისა, თ. გიორგი ჯორჯაძემ გაუგზავნა ხიტრახოელებს შუაკაცები, და ორმოციოდე თუშიც დასაზვერავად გაგზავნეს. შასხდნენ ჩვენი ელჩები ერთ გორაკანზედ და გაჰკივლეს იქით მხარეს, სადაც ხიტრახოელები იყვნენ. რამდენი ხნის შემდეგ თხუთმეტიოდე თოფ-იარაღში ჩასხმულნი, მეტათ ლაზათიანი ლეკი-ბიჭები გამოემართნენ ჩვენკენ, შამოეყარნენ ჩვენს გაგზავნილებს და ერთათ წამოვიდნენ. რა დაინახა ჩვენმა ჯარმა მომავალი ლეკები, დაიწყეს ფეხების პაკა-პუკი, მთელი ერთი საათი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ლეკები, ლეკებიო!.. ერთმა აფიცერმა მოამზადა კიდეც თავისი ჯარი,– ასე ეგონა იმ უბედურს 15 კაცი მთელს ამ რაზმს დაეცემაო. ეუბნება ჩვენი წინამძღვანი, დინჯათ იყავით, ნუ გეშინიანთ– საომრათ არ მოდიანო. მაგრამ ისე აღელდნენ, . . . . . . . . რომ სარდალი იძულებულიყო მისულიყო თითონ რაზმში და განემეორებინა ხალხისათვის ისევ ის, რაც პირად იმათ მეუფროსებს უბძანა. მოვიდნენ ხატრახოელები,– გამოსცხადნენ წინამძღვანთან და გამოუცხადეს, რომ „ჩვენ აჯანყებაში არა ვრეულვართო, რამდენიმე
ჩვენგანი იმ ლეკის მილიციაში იმყოფება, რომელნიც აჯანყებულებს ებძვიან და ყველა ამის დასამტკიცებლათ, ჩვენც თუ გვიბძანებთ– დღესვე მთელი სოფელი შამოვირიცხებით თქვენს ჯარში და სადაც გაგვგზავნით წავალთ საომრათაო. წინამძღვანის ბრმანებით რამდენიმე ძროხაც მორეკეს და ზოგი აჩუქეს, ზოგი მიჰყიდეს ხალხს; მაგრამ ზოგმა არ ინება სყიდვა, სახელდობრ, თფილისის პოლკის ბატალიონმა, მტერთან მოვსულვართ მუქთათ უნდა მოგვცენო, მაგრამ წინამძღვანმა არ უყაბულა და თვითან უყიდა და აჩუქა. თ. გიორგიმ იმ დღეს დაითხოვა ხიტრახოელები და უბძანა– მეორე დღეს მოსვლა. მართლა და მეორე დღეს ორმოცი დაიარაღებული ხიტრახოელები და უბძანა– მეორე დღეს მოსვლა. მართლა და მეორე დღეს ორმოცი დაიარაღებული ხიტრახოელები გამოსცხადნენ სარდალთან. ცუდი ამინდი მაინც არ მოგვეშვა. რადგან ხიტრახოელებმა მშვიდობიანობა მიიღეს და, როგორც აღმოჩნდა საქმიდამ,– არც პირველშივე მიეღოთ მონაწილეობა აჯანყებაში,– ამისა გამო წინამძღვანმა ჯარი წამართა სუფროსაკენ.
სოფელი ხუფრო მდებარებს ვაკე ხეობაში,– სოფლის გარეშემო მთის ძირებამდე სულ დახნული ადგილები აქვთ. გზა ჩასდევს მთაზედ,–რომელზედაც დიდი ხშირი ტყეა. ამ გზას ძველათგანვე უწოდებენ „სისხლის ხიდათ.“ ბევრი ქრისტიანის სისხლი დაღვრილა ამ ბილიკზედ. მართლა და, თუ აქ მტერმა შაუტია, ჯარი ვერას გააწყობს! მტერს შეუძლიან ტყიდამ დიდი ზარალი მისცეს ჯარს, უფრო იმიტომ რომ აქ ჯარი ჯგუფათ მიდის,– მაშინ როდესაც თვითან ჯარი კი მაგდვენს ვერას დააკლებს, რადგან არც ნიშანში ამოღება შეიძლება და არც შეტევა. ეს გზა, რასაკვირველია მხედველობაში ჰქონდა წინამძღვანს და იმის მეცადინეობა იმაში მდგომიარებდა, რომ თვალ-ნათლივ ჩაევლო. დამზვერავებმა დაარწმუნეს წინამძღვანი, რომ ხუფროელები დაშინებულნი არიან და რომ ამ ტყეში არავინ არის დამალული. ამასთანავე გზაზედ წინამძღვანს მოუვიდა დიდოს ნაიბისაგან ქაღალდი, რომელშიაც ის აცხადებდა ხუფროელების დამშვიდებას და სთხოვდა, არ ჩამოეყვანა ჯარი რადგან ჯარის ჩამოსვლით ჭირნახულები გაუფუჭდებოდათ– და მით შესაძლო იყო ხელმეორეთ აღელვებულიყო ხალხი. ამის გარდა მოვიდა ამბავი პოლკოვნიკის თ. ნაკაშიძისაგან, რომელიც აცნობებდა ჩვენს წინამძღვანს, რომ ის გამომგზავრებულა ს. ასახოსაკენ და სთხოვდა თ. გიორგი ჯორჯაძეს,– ამასაც ისე წაეყვანა ჯარი, რომ თოთხმეტს თიბათვეს შეერთებულის ძალით ერთათ მისულიყვნენ ასახოზედ. ყველა ამისა გამო ხუფროში ჩასვლა არ შეიძლებოდა და უფრო საშიშიც იყო, რადგან იმ ხეობაში დაბინავებულ ჯარს, მაღლა სერებიდამ მტერი სულს ამოართმევდა და ისე მოვიდოდა საქმე, რომ ჩვენებს ჟლეტას დაუწყებდნენ და ჩვენ კი იარაღსაც ვერ ვიხმარებდით, ვერც უკან დავბრუნდებოდით, რადგან ცუდი ამინდიც იყო და მასთან იმ საშინელს აღმართს გათენებამდინაც ვერ ავიდოდით; მერე ჯარიც დაღალული იყო დასვენებას ითხოვდა, რადგან მეორე და მესამე დღეს შეტაკებას მოველოდით. წინამძღვანმა აარჩია ყველაზედ უკეთესი ადგილი, რომელიც კი იმ არე-მარეში მოიძებნებოდა და დააბინავა ჯარი. იმ ადგილს ეწოდების „რუსის ნალაგირალი.“ ამ წოდებას ის მნიშვნელობა აქვს, რომ რუსის ჯარი არა-ერთხელ დაბანაკებულა იმ ადგილს. ეს ადგილი მდებარებს ერთს მაღალ სერზედ, რომელიც ჩაშვებულია ფერდობებით სამივე მხარეს და ამ ფერდობებზედ ამოსულია ტყე,– მეოთხე მხარეს წამოუწევს მეორე მაღალი სერი. თვითონ ეს ადგილი უფრო ვაკიანია ვიდრე– დაბალ-მაღალი. წინამძღვანმა გასინჯა ეს ადგილი, დააბინავა, დააფთხილა ჯარი და ღამის ყარაულები დააყენებინა შემდეგის სახით: ფერდობების თავზედ იდგა სიმგვრგვლივ ყველგან ერთი რიგი ყარაულებისა,– დაბლა ფერდობებზედ ტყის შორიახლო იდგა მეორე რიგობა ყარაულებისა. ამ სახით მთელი ეს ადგილი, სადაც ჯარი იყო დაბანაკებული,– შემორტყმული იყო სიმგრგვლივ–ორის რიგის ყარაულებით. ამ ყარაულების ხშირათ დაშინჯვა და დაზვერა,–თანხმად მიცემულის ბრძანებისა– ედო ვალად ჯარის მედღევესა (დეჟურნს.)
ჩვენის მისვლისავე უმალ ამ ადგილზედ, მოვიდნენ წინამძღვანთან რამდენიმე ხუფროელები,–თავი დაუკრეს და მოახსენეს, რომ ხუფროელები მშვიდობიანათ არიან და არა გვარი კავშირი აჯანყებულებთან აღარა აქვთო. პატარა ხანს უკან წინამძღვანმა დაითხოვა ისინი თავ-თავის სახლებში უფრო იმიტომ, რომ აღელვებულს ჯარს რაიმე უსიამოვნობა არ მოსვლოდათ ამათთან. წასვლის დროს ბევრმა დააბარეს ხუფროელებს– გასასყიდი საკლავები, რძე და სხვა. ყველაფრის აღსრულებას დაგვპირდნენ. ხალხმა ჭამა ვახშამი და მიეცა მოსვენებას. დაიშინჯა კიდევ ყარაულები, მიეცა სიფთხილის ბრძანება-ჯარის მედღევეს და მთელმა ბანაკმა მოისვენა. არ ვიცი სხვებს როგორ,– მე კი კარგა ზომიერათ მოქანცულს,–ლაზათიანათ მეძინა. უცებ ნაშუაღამის ორს საათზედ შემოგვესმა თოფის სროლა და საშინელი ღრიალი. წამოვდექით ფეხზედ. ვერ წამოიდგენთ რა საშინელება იყო: სამივე მხრიდამ მოდიოდა გახურებული ტყვია. წინამძღვანმა მაშინვე დაიარა ყველა მხარეები,– ყველგან ისე მაგრათ და მკვიდრათ იდგა ჯარი, როგორც გაჭიმული ჭაპანი. სროლაზედ სროლა იყო პასუხად და მასთან გაუწყვეტელი ხმამაღლივი კიჟინა. თფილისის ადგილობრივს პოლკის მესამე ბატალიონის ღრიალმა–თავზარი დაგვცა. წინამძღვანი ფიცხლავ მიემართა იქ, მაგრამ, ღმერთო, რაამბავი იყო: მთელი ბატალიონი არეული იყო, ზოგი წევს, ზოგი ფეხზედ დგას, ზოგი ჩაჩოქილია,– იყო უთავბოლო თოფის სროლა იმათ მხრივ და საშინელი ღრიალი!....აი რას წარმოადგენდა ეს მხარე. აფიცრები ზოგი იქ იყო, ზოგი არა,– მაგრამ ერთს ადგილს დიდხანს იმათგანი არავინ დარჩენილა. არ იქმნა ვერ დააყენეს რიგიანათ ფეხზედ,– აუკრძალეს თოფის სროლა და ღრიალი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. შემდეგ წინამძღვანმა უბძანა თოფები სულ დაეცარიელებინათ და უკან მიმდგარიყვნენ. თუმცა ამ ბატალიონმა რამდენჯერმე ერთხმათ ესროლეს თოფები,– მაგრამ თითონაც არ იცოდნენ– საით მიდიოდა იმათი ტყვია. ეტყობოდა, რომ მტერი ამ სუსტს ადგილს უფრო მოაწვა. რა დაიწივა ბატალიონმა უკან,– მაშინვე წინამძღვანის ბრძანებით ფშავ-თუშების დასმა დაიჭირა იმათი წინა ალაგი. რა მოვიდნენ იმ ადგილს, ფშავლებმა და თუშებმა მოიმართეს თოფები და ფიცხლავ წაწვნენ– სერზედ. ესროლეს ერთხელ– მეორეთ და მით მოსპეს მტერის მხრიდამ სროლა. ამასობაში ლეკებმა რამდენჯერმე შეუტიეს სხვა მხარეებსაც, სადაც ქართვლის დასები, თელავის და სიღნაღის კამანდები იდგა,– მაგრამ ვერა გააწყეს რა,– ამათმა ბეჯითმა და მარჯვე სროლამ უკუაქცია მტერი. ცხენებსაც დაეცნენ ლეკები, მაგრამ გაგზავნილმა ორმოც და ათმა კაცმა თელავის და სიღნაღის კამანდისამ,– ბევრი გადაატარეს ყირამალა და მით დაუშალეს ცხენების გარეკა.
(შემდეგი იქნება.)
ჭიჩოელი
–––––––––––––––
1 „ივერია” №27
![]() |
5 სავათნავას ლექსები |
▲back to top |
სავათნავას ლექსები
I
კარგი ვაჟი კაცი შევიდეს ომში,
თოფი რომ დასცალოს ხმალი მოისწროს,
იმთენი ყასტი ჰქმნას სწორთ ამნხანაგში
მტერი მარჯვედ მოჰკლას სხვამ არ დაასწროს.
ჰალალი იმდომე ნუ გინდა სხვისა,
ვინც არამს ინდომებს ის ეშმაკისა.
ბძანება რომ მოვა მაღლისა მღვთისა,
ერთის ღრუბლით სულ ქვეყანა მოირწყოს.
ჭკვიანს კაცს ექმნება გონება გონი,
სამოცი სჯულია ადამის ტომი;
ჩვენში არ ერევა შავი მილთონი:
ადათია, ცეცხლში უნდა დაიწოს.
ღმერთს გაუჩენია საჭმელად პური,
სიტყვას მოგახსენებ მომიგდე ყური:
საყდარს უნდა ლოცვა, ღვთის სამსახური
მებაღე დავითამ არ დაივიწყოს.
ზღვას რას გააშრობს ვარსკვლავის სიცხე?
მტკვარი ცხრილით როგორ უნდა აიწყოს?
ქარი რას დააკლებს ქვიტკირსა კლდესა,
თუ გინდ წლის წლამდისინ ქროლა დაიწყოს?
თუ გინდ გაათეთრო სპილენძის თასი,
სპილენძი ერთი, ვერცხლი ათასი;
ჭიქას არ ედება ალმასის ფასი,
თუ გინდ ოქროს ბეჭედშიაც გაეწყოს.
ზოგი კაცი არის ეშმაკის მუშა,
ეშმაკის ნაშენი ღმერთმან დაფუშა!
გოგრა არ გახდება შირაზის შუშა,
თუ გინდ მაღლა თაღჩაშიაც დაეწყოს.
თუ გინდ თევზი დაჰკლა, არ დაიყვირებს,
ფეხთ ინის დადება რათ უნდა ვირებს!
ქვიშა ბანბის ალაგს ვერ დაიჭერებს
თუ გინდ ყუთნის საბანშიაც გაეწყოს.
ნურვინ იტყვით, ეს ყმაწვილი ვინა ვარ?
ანაბანა ვიცი სიტყვით წინა ვარ,
საოთნაო მქვიან არუთინა ვარ:
სიტყვას ვიტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს.
II
სოფელსა და სოფელს-შუა მთას ამბობენ, მართალია,
ბულბულები თქვენის ბაღის გზა ამბობენ, მართალია,
ჩინი-მაჩინის ხელმწიფისას დას ამბობენ, მართალია,
ბევრი ქვეყანა გინახავს ზღვას ამბობენ, მართალია.
შეგცოდე, ხელი გაწვდინე, დამჩხვლიტე მაყვალივითა,
თითებზედ სისხლი ჩამომდის ფერად-ფერად ლალივითა;
მე ამ ნაღველს ვერ გაუძლებ გული მაქვს მისხალივითა
როს მოგეშო მე, ლამაზო, თვალი მექმნა წყალივითა,
ჩემსა გარდა ოცდა ორსა სხვას ამბობენ, მართალია.
ვინც რომ მოვა,გიახლება, ჭკვაზედ უფრო ჭკვას დასდებენ,
გულისყური წაერთმევა, კისერზედან ხმალს დასდებენ;
ნაღვლიანად შეიქნება თითქმის გულსა მთას დასდებენ,
ან ჩააგდებენ ხაროში, ზედ წისქვილის ქვას დასდებენ,
ჩამსვლელი ვეღარ ამოვა, ჭას ამბობენ მართალია.
დამკარგე, ნაპირს ვერ გაველ, დამკარ ზღვისა სილასავით,
ახლა შიშით დოს უბერამ, შენ გამთუთქე შილასავით
ნახევრამდის ორმოში ვარ გატეხილი ქილასავით.
ახლა მაინც დამეხსენით, გავცვეთილვარ ლილასავით,
საოთნაოს გურგინ ხანის ყმას ამბობენ, მართალია.
![]() |
6 ბრძოლა რომის დასაპყრობლად |
▲back to top |
ბრძოლა რომის დასაპყრობლად
(შემდეგი)[1]
იტალია
ამასობაში ამალასვინტას მოესმა წყლის შემო ვარდნის შუილი. დაფეთებულმა ამალასვინტამ დაი წყო აქედ-იქით ტრიალი, რომ როგორმე გასავლელი კარი რამ ეპოვნა; მიხედ-მოხედა კედლებს, მაგრამ დელფინებისა და ტრიტონების მეტი ვერა დაინახა რა. თვალი მოჰკრა ლუსკუმად გამოკვეთილს თავს მედუზისას, რომელიც ჰფა რავდა სანათურს და ერთი საშინლად დაიკივლა. მედუზის თავი იქით მიწეულიყო და სანათურიდამ გამოიჭყიტებოდა ცოცხალის ადამიანის პირის სახე. ამასვინტას მთელმა ტანმა თრთოლა დაუწყო, მიეყუდა მარმარილოს კედელს და თვალი მიაპყრა ამ საშინელს სანახაობას. დიახ, პირის სახე იგი იყო გოდელინდისა, სრულიად შეშლილი მტრობისა და ბოროტებისაგან.
ამალასვინტას მუხლი მოეჭრა და ორივ ხელი მიიფარა პირის სახეზედ.
– აქ, აქა ხარ შენა!
ამის პასუხად ხრინწიანის სიცილის ხმა მოესმა – დიახ, ამელუნგების რძალო, მე აქა ვარ და ჩემთან არის შენი აღსასრულიცა. ეს სახლი ჩემია–იგი შენ სამარეთ შეგექნეა. მე ეს სახლი ვიყიდე კასსიოდორისაგან, მე უკან გამოგედევნე შენ, რომ შურის-ძიებითა ჩემი გულის წყურვილი მომეკლა. მე სიხარულით დავსტკბები, როცა ელდა და ტანჯვა მაგ ამაყს სახეს დაგიბრეცს და შეგიშლის მაგ ამპარტავანს სანახაობას,–ოჰ, მე ხარბად შევსავ მთელს ზღვას შურის-ძიებისაო.
– შურის-ძიებისას! რისთვის, რისთვის! რა მიზეზია მაგ სიკვდილით მოსილის მტრობისა და მძულვარებისა?
– რაო, მაგას შენ კითხულობ კიდეც! მართალი ხარ, ბედნიერება გულმავიწყია, მაგრამ მტრობას კი თავის დღეში არა დაავიწყდება რა. განა დაგავიწყდა, რომ ოდესღაც რავენნაში ორი პატარა ქალი მინდორზედ თამაშობდნენ? ერთი მათგანი მეფის ასული იყო, მეორე კი ბალტთა გვარისა. ორივე ლამაზნი და მხიარულნი იყვნენ. სხვათ პატარა ქალებს, ამ ორთთან მოთამაშეთ, უნდოდათ დედუფალი ამოერჩიათ და ამოარჩიეს გოდელინდა იმიტომ-რომ იგი შენზედ უფრო ლამაზი იყო და არც იმისთანა გულ-ამაყი იყო როგორც შენ. ორჯელ ზედი-ზედ ამოარჩიეს გოდელინდა. ხოლო როცა მესამედაც იმის ამორჩევა უნდოდათ, მეფის ქალი სრულიად აინთო რისხვითა და შურითა, წაავლო ხელი ხეხილის-საკვეცს მაკრატელსა....
– ოჰ, ღმერთო მიხსენ!.. ნუ, ნუღარ იტყვი, გოდელინდავ.
– და ჰსტყორცნა პირის სახეში გოდელინდას საშინელის კივილით, სისხლში მოსვრილი დავეცი მე მაშინ დედამიწას. მთელი მარცხენა ლოყა თავიდამ ბოლომდე გამეხა, მარცხენა თვალი გამომეთხარა. ეჰ, რა რიგად მტკიოდა, რა რიგად! მე თითქმის ეხლაცა ვგრძნობ იმ ტკივილსა.
– შემინდე, შემინდე, გოდელინდავ, ამოიკვნესა ამალასვინტამ.
– შემინდეო! შენ გინდა, რომ მე შენ ეგ შეგინდო? არა, შენ მაშინ ძლევა-მოსილებით ფარფარებდი, ბურთი და მოედანი შენ დაგრჩა, მერე როგორ? სამუდამოდ –გოდელინდა შენ ვეღარას ფერში ვერ შეგეცილებოდა: იგი ჰსწუხდა და ტიროდა ჩუმ-ჩუმად, ყოველს ადამიანს ემალებოდა მაგრამ გაიარა რამდენიმე წელიწადმა. მეფის დარბაზს მოვიდა კეთილშობილი ევტარიხი; თვითონაც სნეული იყო და შემიბრალა ცალთვალა, დამახინჯებული ქალი. იგი იმდენის გულ-კეთილობით, იმოდენის გულის-ტკივილით მექცევოდა მე, მახინჯსა, მაშინ როდესაც სხვანი ყოველნი ზურგს შემაქცევდნენ ხოლმე როცა დამინახავდნენ! ვიშ რა სასიამოვნოთ ჰქონდა ამისთანა ქცევა ჩემს მტკივნეულს გულსა! ბოლოს საქმე იმაზედ მიდგა, რომ მე ის ცოლად მირთავდა. მაგრამ შენ ეს შეიტყე თუ არა, მაშინვე იმის ცდას შეუდეგ, რომ წაგერთმია ჩემთვის ევტარახი; იჭვის გამო კი არა,–არა, შენ ის არ გიყვარდა: შენ მხოლოდ ის გინდოდა, რომ შენ დაგრჩენოდა სამეფოში პირველი კაცი, მემკვიდრე გოთთა სამეფო გვირგვინისა. ბედმაც ხელი მოგიმართა; მამა შენი არ იყო ჩვეულ შენთვის რაზედმე უარი ეთქვა და ევტარიხმაც დავიწყებას მიჰსცა თვისი გრძნობა ცალთვალა მახინჯისადმი, როდესაც მას მახე გაუშალა მშვენიერმა მეფის ქალმა. მე ჩემს ბედად დამინიშნეს საქმროდ–თეოდოღადი–ეგ საბრალო ქალაჩუნა.
– გოდელინდავ, გეფიცები, მე არ ვიცოდი, რომ შენ ევტარიხი გიყვარდა. მე როგორ შემეძლო....
– მართალია, შენ როგორ შეგეძლო წარმოგედგინა, რომ ჩემისთანა დამახინჯებულს არსებას მაგისთანა მაღალი გრძნობა ჰქონოდა? ჰოი, წყეულო, ნეტავი გყვარებოდა მაინცა! მაგრამ არა,–შენ მარტო სკი პტრა გიყვარდა და თვით ევტარიხი კი გააუბედურე. მე მინახავს ევტარიხი შენთან ერთად, იგი წვალებული იყო, იგი გვემული იყო. მწუხარებამ გაუთხარა მას საფლავი. მე წამართვი შენ საყვარელი კაცი და მოაკვდინე კიდეც....სისხლი, სისხლი მწურის მისდა სანაცვლოდ!...
განიერმა კამარამაც ციხისამ ხმა მოჰსცა: სისხლი, სისხლიო!
– მიშველეთ, დაიკივლა ამალასვინტამ, დაუწყო ხელით კედელს ცემა და მის გარეშემო გაფეთებულად სირბილი
– იყვირე, იყვირე, აქ შენ არავინ მოგეშველება, აქ შურის-ძიების ღმერთის მეტი სხვა არა ვინ არის. შენი აღსასრულის საათი მოვიდა.
– რა გინდა ჰქნა?
– მინდა შენ ჩაგახრჩო, აუჩქარებლივ ნელ-ნელა ამ აუზში, რომელიც კასსიოდორს აუშენებია. აქ, ამ კედლებ შუა მრავალი უპატიურობა მიმიღია შენგან, ბევრჯელ ვჩაგრულვარ. გახსოვს ამ აუზთან რამდენ ჯერ გამიხდია შენთვის ფეხსაცმელი და გამიშრია შენი საცვალი ტანისამოსი? აქ გითხრი კიდეც საფლავსა.
ჰსთქვა ესა თუ არა, ჭახრაკს ხელი დააჭირა.
რგვალი რკინის ფიცარი ორად გადიშალა, თვითო მისი ნახევარი კედლებზედ ჩამოეკიდა. ამალასვინტას ელდა ეცა, რომ დაინახა ბნელი სივრცე, მის თვალთა წინ წარმომდგარი. საშინელის ჭახანით წყლის საგუბრები მოეცალა მილებს, ტბის წყალი შემოვარდა და გასაოცებელის სისწრაფით აბანოს ოთახი წყლით ივსებოდა.
ამალასვინტა მიხვდა, რომ მას აუცილებელი სიკვდილი მოელის და მოიკრიფა რა ყოველი ძალ-ღონე თვისი, დაემორჩილა ბედის-წერას: ერთგან კედელზედ გამოკვეთილი იყო ჯვარცმა ქრისტესი. ამალასვინტა დაეცა მის წინაშე მუხლებზედ, მიიფარა თვალებზედ ხელი და მოჰყვა ლოცვასა. წყალი კი თან თან უფრო მაღლა ამოდიოდა ასე რომ კიბესაც მოადგა.
– შენ ლოცულობ კიდეც! შეჰყვირა გოდელინდამ: შორს მაგ ჯვარცმისაგან!
ამ დროს უეცრად კედლის მილებიდამ ყოველ მხრივ წამოხეთქა ცხელმა წყალმა და ოთახში ორთქლი დადგა.
ამალასვინტა ეცა შუაგულს ადგილს, მედუზის ლუსკუმის ახლო, საცა ჯერ კიდევ წყალი არ მოდგომილიყო. აქედამ ამალასვინტა რომ ბაქანზედ ასულიყო, მას შეეძლო განსაცდელი ცოტახნობით შეეფერხებინა; გოდელინდასაც ეგ უნდოდა, რომ ამალასვინტა უფრო დიდხანს ტანჯულ იყო განსაცდელის მოლოდინითა და თვითონ ამით ესიამოვნა.
წყალი მარმარილოს იატაქზედ ამოვიდა კიდეც და ამალასვინტას ფეხს შემოჰსწვდა. საწყალი ამალასვინტა სწრაფად ავიდა ბაქანის კიბეზედ, გადმოეყუდა მუაჯირს და დაიყვირა:
– ყური მიგდე, გოდელინდავ! ჩემი უკანასკნელი ვედრება მოისმინე, მე გევედრები ჩემის თავისთვის კიარა, ჩემის ხალხისათვის, ჩვენის ხალხისათვის–პეტროსას უნდა ხალხის დაღუპვა და თეოდოღადიც....
– მე ეგ წინადვე ვიცოდი, რომ სამეფოზედ ფიქრი ყველაზედ უფრო ძალიან გაწუხებს შენ. მოკვდი, სამეფო ჩვენი დაღუპულია სამუდამოდ. ბელიზარი მოახლოებულია კიდეც და გოთთის ხალხს ამ ამბავს არავინ შეატყობინებს.
– ჰსცდები, შე სატანავ, იმათ შეტყობილიცა აქვთ ჩემგან. გაუმარჯოს ღმერთმა ჩემს ხალხს! სიკვდილი მტერთა მისთა და ცხონება სულსა ჩემსა!
ამ სიტყვებით ამალასვინტა გადავარდა ბაქანიდამ წყალში და მსწრაფლ დაიძირა მის ზვირთთა შორის.
გოდელინდა დიდხანს შეჰყურებდა იმ ადგილს საცა იდგა ამას წინად მისი სხვერპლი.
მერე შეხედა წყალს; დაინახა წყლის ზედაპირზედ მოტივტივებული ყელსახვევი ამალასვინტისა.
– სიკვდილშიაც კი ეს დედა-კაცი ჩემზედ უდიდესი და უმაღლესია, ჰსთქვა მან: რა ხანგრძლივად იყო ჩემში მტრობა და რა მოკლე ყოფილა წუთი შურის-ძიებისა!
ამ ამბის შემდეგ რამდენსამე დღეს უკან პეტროსას სადგურში შეყრილიყვნენ რამდენიმე წარჩინებულნი რომაელნი. მათ შორის სამღვდელონიც იყვნენ. მათ სახეზედა გამოხატული იყო გულისწყრომა, რისხვა და ზარი.
– ხმა-მაღლა და საქვეყნოდ გიცხადებთ თქვენ ჩემის იმპერატორის სახელითა, წარმოჰსთქვა პეტროსამ: რომ შეიძლება ფათერაკი რამ შეამთხვიონ და ძალა რამ იხმარონ მეფის შთამომავლობის გვამსა ზედა. აი ცხრა დღეა გასული მას აქედ, რაც იგი უჩინოდ იქმნა რავენნიდამ. იმავე დროს უჩინოდ იქმნა რავენნიდამ. იმავე დროს უჩინოდ იქმნა დედუფალი გოდელინდაც. მე ყოველგან გავგზავნე მდევარი და მზვერავი, მაგრამ აქამომდე არა რა ამბავი არ მომსვლია; ვაი თუ....
სიტყვა ვერ დაასრულა. რაღაც ბუნდი ხმაურობა მოესმათ ჰერკულესის მოედნიდამ. ამ ხმაურობის უმალვე კართ უკან აჩქარებულის ფეხის ხმაც მოისმა. ფარდა გადიწია და მატვრით მოსვრილი ბიზანტიელი მონა შემოვარდა ოთახში.
– ბატონო, იგი გარდაიცვალა, იგი მოაკვდინეს, დაიძახა მონამ ხმა-მაღლა.
– მოაკვდინესო! განიმეორა ერთხმად ყველამ.
– ვინ მოაკვდინა? ჰკითხა პეტროსამ.
– გოდელინდამ, თავის აგარაკში, ბელვენერის ტბაზე.
– მიცვალებული სად არის? სად არის მკვლელი მისი?
– გოდელინდა იფიცება, რომ დედუფალი ამალასვინტა თავისის მიზეზით დაიხრჩოო აბანოში, რადგანაც ფრთხილად ვერ მოექცა წყლის მილებსაო. თვითონ გოდელინდა ხალხის რისხვას გაექცა და დაიმალა ვერეტრის ციხეში.
– კარგი! ჰსთქვა პეტროსამ: მე მივდივარ ეხლა გოთთა მეფესთან და თქვენც გთხოვთ წამობძანდეთ, კეთილშობილნო გვამნო! თქვენს მოწმობას დავემყარები იმპერატორის იუსტინიანეს წინაშე.
ჰსთქვა და გაემართა მეფის სასახლისაკენ.
მეფე წინ მოეგება და განუწოდა ორივე ხელი, მაგრამ როცა დაინახა რომ პეტროსას ამალაც თან-მოსდევს, უცბად შედგა, რადგანაც ელდა ეცა რომ დაინახა პეტროსა გაჯავრებული და წარბშეჭმუხვნილი.
– შენ, გოთთა მეფეო! შეჰყვირა პეტროსამ კარის დირეზედ დაადგა ფეხი თუ არა: მე ბიზანტიის სახელით გთხოვ მომცე ანგარიში მასზედ თუ რა შეემთხვა მეფე თოდორახის ასულს! სად არის ამალასვინტა?
მეფემ გაოცებით შეხედა დესპანს, ჰკვირობდა მის ცბიერობას, ჰსჩანდა რომ მეფე ვერ მიუხვდა აზრსა. მეფემ ხმა არ გაჰსცა.
– სად არის ამალასვინტა, სადა? განიმეორა პეტროსამ და ფეხი წინ წადგა.
– იგი გარდაიცვალა, ჰსთქვა თეოდაღადმა და აირივა.
– იგი მოკლულია, დაიყვირა პეტროსამ: ასე ღაღადებს მთელი იტალია, მოკლულია შენგან და შენის ცოლისაგან. იუსტინიანე, ჩემი უმაღლესი ბრძანებელი, მწე-მფარველი იყო იმ დედაკაცისა, იგი სამაგიეროს გადაგიხდის: მე შენ ომს გიცხადებ ჩემის იმპერატორის სახელითა, ომს – პირის-პირ თქვენდა, სისხლის მსმელნო ბარბაროზნო, ომს–პირის-პირ მთელის თქვენის გვარეულობისა.
– ომს პირისპირ მთელის თქვენის გვარეულობისა! განიმეორეს რომაელთაცა, გატაცებულთ ამა წუთის მედიდურობით და გოთთა მძულვარებითა. ჰსთქვეს ესა და როგორც ტალღა ზღვისა მიიწივნენ ათრთოლებულს მეფეზედ.
– პეტროს, წაიბუტბუტა ელდაცემულმა თეოდოღადმა ხმადაბლა: რად ივიწყებ ჩვენს მიერ დადგენილს შეკრულობას, ხომ შენ თვითონ...
პასუხის მაგიერ დესპანმა ამოიღო უბიდამ დახვეული ქაღალდი და დახია.
– ყოველივე კავშირი ჩემის იმპერატორისა და ამ სისხლში მოსვრილ გვარეულობის შორის მოსპობილია დღეის იქით, ჰსთქვა პეტროსამ დიდებულის სახის მეტყველებითა.
– ოჰ, ღმერთო ამოიკვნესა თეოდოღადმა: რაგინდა ჩემგან პეტროს?
– მე მინდა რომ შენ შენს ბედს დაემორჩილო და გაასხა გოთნი იტალიიდამ. შენ და გოდელინდას კი წარგადგენთYგანსასჯელად ბიზანტიაში იუსტინიანის ტახტის წინაშე, იქ...
სიტყვა გააწყვეტინა გოთთა საყვირის ხმამ, და ოთახში შემოცვივდა ამოღებულის ხლმებითა მთელი ჯგუფი გოთთა მეომარებისა, რომელთაც წინ მიუძღოდა გრაფი ვიტიგესი.
– ვინ ჰბედავს ამისთანა საუბარს გოთთა მეფის სასახლეში? იკითხა დადინჯებულის ხმით გრაფმა. პეტროსა ერთხანად შეფთხა, მაგრამ მალე მოვიდა თავის გონზედ.
– შენ გრაფო ვიტიგეს, უთხრა პეტროსამ: არ გეკადრება წამოესარჩლო ამ კაცის მკვლელსა. მე მაგას ვიწვევ ბიზანტიაში, რათა წარსდგეს იმპერატორის წინაშე განსაკითხავად.
– ეს გითხრა და შენ, ამელუნგო, მართებული პასუხი ვერ უგე? შეჰყვირა მოხუცებულმა გოთთა წინამძღომელმა, მიუბრუნდა რა სიტყვა მეფესა.
მეფემ ხმა არ ამოიღო.
– მაშ მის მაგიერად ჩვენ გაგცემთ პასუხს, ჰსთქვა ვიტიგესმა: მაშ დაიხსომე შენ, ბერძენო, დაიხსომეთ თქვენც გულმრუდენო და უმადურნო რავენნელებო, რომ გოთთა ერი თავის-უფალია და ცისქვეშეთზედ არავინ მიაჩნია არც ბატონათ, არც გამკითხავათ.
– მაშ კაცის-კვლა, სისხლშესვრილი მოქმედება თქვენში განუკითხავად რჩება? იკითხა პეტროსამ.
– როცა მაგისთანა ამბავი მოხდება ხოლმე ჩვენში, ჩვენვე განვიკითხავთ და სასჯელსაც ვსდებთ. ხოლო უცხოეთელს არ მოვუშვებთ და ნამეტნავად ჩვენს მტერს,–ბიზანტიის იმპერატორს. მას არამც თუ ჩვენს მეფეს არ მივცემთ ხელში, არამედ უკანასკნელს გოთის მონასაცა.
– მაშ თეოდაღადის ბრალი და სასჯელი თქვენ გადაგხდესთ დღეის იქით. ჩემის ხელმწიფის სახელითა თქვენც გიცხადებთ ომსა, უთხრა პეტროსამ:–თრთოდეთ წინაშე იუსტინიანისა და ბელიზარისა!
ამის პასუხად გოთებმა სიხარულის ძახილი შექმნეს.
პეტროსამ იტალიაში მონდობილი საქმე შეასრულა. რავენნიდამ წასვლის უწინარეს გაუგზავნა იუსტინიანეს დაწვრილებითი მოხსენება მისდა მონდობილ საქმის თაობაზედ და ბოლოს ასე დაასრულა წერილი:
„ამ სახით ხელმწიფეო, შენ ერთის მხრით უნდა კმაყოფილი იყო შენის ერთგულის მოსამსახურისა და მეორეს მხრით მისი, რომ საქმე ასე კარგად დაეწყო იტალიაში. ბარბაროზთა შორის განხეთქილება არის და ორად განიყვნენ: ტახტზედ ზის ყველასაგან მოძულებული მეფე, უნიჭო და ორგული; იტალიის ხალხი ყველგან შენკენ არის; სასწაული რამ უნდა მოხდეს, რომ შენის საწადელის აღსრულებას კეთილი ბოლო არ მიეცეს.
„მხოლოდ ერთი რამ უსაზღვროდ მაწუხებს, ის, რომ მე ვერას გზით ვერ შევიძელ სიკვდილისაგან დამეხსნა უბედური ასული თეოდორიხისა. გევედრები დაარწმუნო ჩემი უმაღლესი მბრძანებელი, მეუღლე იმპერატორისა, რომელიც თავის დღეში ჩემი მწყალობელი არ ყოფილა, რომ მე თვითვეულად აღვასრულე მისი ბძანება შესახებ გოთთის დედუფლის ამალასვინტისა, რომლის ბედისათვისაც ასე გულმხურვალედ ზრუნავდა, როცა წამოსვლის წინად ვახლდი გამოსათხოვნელად ჩემს ხელმწიფას. რაც კი შეეხება თეოდოღადს და გოდელინდას, რომელთაც ჩვენ გადმოგვცეს გოთთა სამეფო, ამათ გამო ვბედავ მოვახსენო დიდს ხელმწიფას თეოდორას ერთი კანონი უმაღლესის კეთილგონიერებისა: საშიშარია ხელმწიფის სასახლეს დაუახლოვონ ისინი, რომელთაც ჩვენი ხვაშიადი იციან.“
ეს წერილი გაუგზავნა თუ არა, პეტროსა ბიზანტიაში წასვლის მზადებას შეუდგა. მას უნდოდა ფეხ-დაზმით სიარული, აუჩქარებელი, იონის ზღვის პირ-პირ სვლა, რომ ალღო აეღო მისი, თუ ხალხი რას ჰფიქრობს და საით მიიწევს ხალხის წადილი და გულის თქმა. იგი მეტად მადლიერი იყო თავისის მოღვაწეობისა, იტალიაში, როცა ამაზედ ჩაფიქრდებოდა ხოლმე, და ეძლევოდა ოცნებას მასზედ თუ რა ჯილდო მოელის ბიზანტიაში. პირველი რომ იგი მიდის თავის ქვეყანაში ერთი ორად მდიდარი მასზედ რაც მანამდე იყო, მეორე რომ იქ თავის ქვეყანაში იმედოვნებდა თავადობის მიღებას ჯილდოდ რა რიგად უხაროდა პეტროსას როცა წარმოიდგენდა, რომ იგი დღესა თუ ხვალ, როგორც თანასწორი გვერდთ დაუდგება ნარზესსა, თავის ამპარტავან ბიძაშვილს, რომელმაც ამისათვის არა ფერი კეთილი არა ჰქმნა რა!
რამდენსამე დღის შემდეგ იგი გამოეთხოვა თვის მეგობრებსა რავენნაში, ჩაჯდა დესპანის ხომალდში „ნემეზიდაში“ და წამოვიდა სრულიად კმაყოფილი და ბედნიერი.
რა მიუახლოვდა ბიზანტიას, პეტროსამ თანხმად თეოდორასთან დადებულ პირობისა, გაგზავნა იალქნიანი ნავი ლამპსაკიდამ რომ თეოდორას აცნობონ მისი მოსვლა. აი გამოჩნდა კიდეც ბიზანტის ნავთ-სადგური. ჯერ ხომალდი პეტროსასი ნავთ-სადგურში არ შესულიყო, რომ შორს გამოჩნდა თეოდორას საკუთარი გემი. ის გემი წინ შეხვდა დესპანის ხომალდს და რამდენსამე წუთს შემდეგ მოისმა გემიდამ ბძანებაცა, რომ ხომალდი დესპანისა შემდგარიყო. როცა ნავი და ხომალდი ერთმანეთს დაუსწორდნენ, ხომალზედ გადმოვიდა ალექსანდრე. მან ხომალდის მმართველს მიაწოდა რაღაცა ქაღალდი. მმართველმა დახედა ქაღალდს თუ არა, ფერი ეცვალა ელდისაგან. ალექსანდრე მიუბრუნდა პეტროსას და უთხრა:
„იმპერატორის იუსტინიანეს სახელითა! შენ სასჯელში მოგცეს და სასჯელად დაგინიშნეს ხერსონესის მადნების თხრა იმისათვის, რომ ყალბი ოქმები შეადგინე, უკანონოდ ახდევინე ხალხს სახელმწიფო გარდასახადი და მტრების ხელში ჩააგდე ასული თეოდორიხისა. იმპერატორს გული უთქვამდა რომ შეენდოთ შენთვის, მაგრამ ამალასვინტას სიკვდილით უნუგეშოდ შთომილთა ხელმწიფამ ჩვენმა თეოდორამ გადუშალა იმპერატორს ყოველი შენი ადრინდელი შეცოდება და დაარწმუნა, რომ შენ და გოდელინდას ერთი პირი მიგიციათ და ერთად გიმოქმედნიათ. ყოველი შენი ქონება სახასოდ დაიდვა. ამასთან თეოდორამ ერთი რამ დამაბარა შენთან, უთხრა ეს ალექსანდრემ და მერე ყურში წაჰსჩურჩულა: თეოდორამ დამაბარა, რომ „შენ თვითონ შენს ჭკვიანურს წიგნში მირჩევდიო ბოლო მოვუღო მას, ვინც ჩვენი ხვაშიადი იცისო.“
ალექსანდრე ისევ თავის გემში ჩაჯდა და პეტროსას ხომალდი „ნემეზიდა“ კი გამობუნდა უკან ბიზანტიის ნავთ-სადგურიდამ და სწრაფად თვალიდამ მიეფარა.
(შემდეგი იქნება.)
______________
1№№19, 21, 22, 23, 24
![]() |
7 განცხადებანი |
▲back to top |
სახელმძღვანელონი, შედგენილნი ი. გოგებაშვილისაგან
ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგ ნი, სახლობაში სახმარებელი, ახალი ვრცელი და შეცვლილი გამოცემა, ფასი ორი შაური. ისყიდება გამომცემლის გრიქუროვის წიგნების მაღაზიაში კუკიის ხიდთან. ვინც ნაღდ ფულზედ ასს, ან მომეტებულს ეგზემპლიარს ერთბაშათ იყიდის, იმას ეგზემპლიარი დაეთმობა 9 კაპეიკათა.
დარიგება მასწავლებელთათვის შესახებ ხმარებისა წინეთ მოხსენებული წიგნისა, ფასი ერთი შაური, ისყიდება იქვე და მელიქიშვილის სტამბაში.
დედა ენა, ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი, სახალხო შკოლებში სახმარებელი, გამოცემა პირველი, შემკული მრავალი სურათებითა, ფასი ექვსი შაური, ყდაში გადაკრული ცხრა შაური, ისყიდება ვართანოვის წიგნის მაღაზიაში კუკიის ხიდზედ ვინც ნაღდ ფულზედ იყიდის ერთათ ოც და ათ ეგზემპლიარსა, ან მომეტებულსა, იმას დაეთმობა უყდო ეგზემპლიარი ხუთ შაურათ, ყდიანი ორ აბაზათ.
ბუნების კარი, ანუ საკითხავი წგნი დაბალ კლასებში სახმარებელი, მესამე გამოცემა, შევსებული და შემკული სურათებითა და საქართველოს კარტითა, ფასი ხუთმეტი შაური. ისყიდება ვართანოვის მაღაზიაში. ეგზემპლიარი დაეთმობათ თოთხმეტ შაურათ, ვინ თხუთმეტ ეგლზემპლიარს ეთათ ნაღდ ფულზედ იყიდის, ცამეტ შურათ, ვინც ერთათ წაიღებს ოც და ეგზემპლიარსა და სამ აბაზათ ას ეგზემპლიარის ერთათ მყიდველსა. ვისაც სურს ყდაში გადაკრული მიიღოს, უნდა ამ ფასს დაუმატო სამი შაური.
საყმაწვილო კონა პირველ დაწყებითი მოთხრობებისა ბუნების მეცნიერებიდგან, გამოცემა პირველი, ფასი ექვსი შაური. ისყიდება თფილისში ვართანოვის და გრიქუროვის მაღაზიებში და ქუთაისში სვიმონ ჩომახიძესთანა.
ისყიდება უფ. ვართანოვის წიგნის მაღაზიაში ქართული წიგნი გლოვა მეფე ერეკლე მეორისა გამოცემული ზაქ. ჭიჭინაძისაგან. ფასი ერთი შაური.