საქართველოს მოამბე 1 (1863.01.)



საქართველოს მოამბე - ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო. გამოდიოდა 1863 წელს თბილისში. გამოვიდა 12 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე. ჟურნალი ემსახურებოდა ქართველ სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას.

იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, სამსონ აბაშიძის, გიორგი წერეთლის, კირილე ლორთქიფანიძის, პეტრე ნაკაშიძის, ვახტანგ თულაშვილის, ივანე ოქრომჭედლიშვილი, დიმიტრი ყიფიანისა და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა ლექსები, მასალები საქართველოს ისტორიისათვის, კრიტიკები და სხვა პუბლიკაციები; წერილები, სტატიები ენათმეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის და საბუნებისმეტყველო საკითხებზე, თარგმანები და სხვა. გაზეთი იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად:

წმინდა სალიტერატურო
ისტორიული
საპოლიტიკო და სოფლური ეკონომია
კრიტიკა და ბიბლიოგრაფია
სხვა და სხვა ამბავი
დამატება

„საქართველოს მოამბემ“ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე.

სალიტერატურო ჟურნალი

გამოიცემის ი. ჭავჭავაძისაგან
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
თავი 13, მუხ: 23. სახ; მარკოზისა. ტომი I.ტფილისს
გ, მელქუმოვისა და ა. მენფიანჯიანცის ტიპოგრაფიაში
ОДОБРЕНО ЦЕНЗУРОЮ 12 Января, 1863 года. Г. Тифлись.

1 ლექსები

▲back to top


1.1 შემოღამება მთაწმინდაზე

▲back to top


შემოღამება მთაწმინდაზე

ელეგია

(თა. ნ. ბარათაშვილისა)

ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი

დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!

მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა… ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს ის ამაოება…
მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!

დაფიქრებული ვიდეგ სერზედა და ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ
და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ!

მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,
ვინ მოგიახლოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაება,
გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!

სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,
მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!

ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!
ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი!
მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.

ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა, სევდა გულისა, ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!

1836 წელსა

1.2 * * * (ჩემო კალამო)

▲back to top


* * * (ჩემო კალამო)

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?

რასაც ვმსახურებთ - მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად განვაგდოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად - და შორიდამ სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ ჰსცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

ჩემზედ ამბობენ: „ის სიცუდეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე ჰსცნობს:
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!

1861

შენიშვნა:

* * * (ჩემო კალამო,...)

ხელნაწერი: M: ავტოგრაფები - კრებ. №17501, გვ. 115, 116 (B); გვ. 117 (C); U: ავტოგრაფი, კრებ. №108, გვ. 154 (D).

ნაბეჭდი: ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, №1 გვ. 3 (E); ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი, 1864, გვ. 83 (F); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძისა, გამ;ტფილისი, 1882გვ. 24 (G); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 131 (A); ლექსები ილია ჭავჭავაძის ა, მაღ. „ცოდნის“ გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 31 (H); ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, №81, ტფილისი, 1907, გვ. 24 (I); ჩვენი მწერლობა, 1. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 38 (J).

სათაური: ჩემო კალამო IJ.

თარიღი: ოქტომბერი B; 1861 AEFGHIJ; - C; 1861, ოქტომბერი, ს. ყვარელი D.

ხელმოწერა: *** EF.

B ავტოგრაფში შავია, შავი მელნით ნაწერი და წარმოადგენს ამ ლექსზე პოეტის მუშაობის დასაწყისს, ავტორს თავდაპირველად დაუწერია (გვ. 115):

შენ ვერ წამოხვალ ჩემთან ერთს გზაზედ,
შენ ვერ ილოცავ ჩემს სალოცავსა,
და ჩემს მწუხარეს ...... -

გადახაზულია. ამის შემდეგ დაუწერია და კვლავ გადაუხაზავს: „ჩემო კალამო! ნუ დაღონდები და ნუ შეხედავ ბრიყვთა როტვასა“. ამას მოსდევს მთელი სტროფი:

ჩემო კალამო! რად გვინდა ტაში,
რასაც ვმსახურებთ, მას ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა განვაგდოთ ხალხში
და შორიდამა სეირს უყუროთ.

კვლავ გადახაზულია სტრიქონები:

დეე, მიჰსცვივდნენ [...] სიტყვა ჩვენი,
კბილთ ჩაიმტვრევენ, დეეშვებიან;
ვიდრე სულელნი...

მე და შენა გვაქვს განზრახვა ერთი,
სულელთა როტვა მას ვერ დაგვიშლის,
ვცდებით თუ არა, ეგ იცის ღმერთმან,
წმინდა ხომ არის განზრახვა ჩვენი.

116-ე გვერდზე უკვე ჩამოყალიბებულია ლექსის პირველი ვარიანტი (B); იგი შედარებით სუფთა ნაწერია, ტექსტს ბოლოში მიწერილი აქვს „ოქტომბერი“. მოგვაქვს ეს ტექსტი:

ჩემო კალამო! რად გვინდა ტაში,
რასაც ვმსახურებთ, მას ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა წარმოვსთქვათ ხალხში,
და შორიდამა სეირს უყუროთ.
თუ კაცმა ვერ სცნო, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განძრახვა ჩვენი,
აგვიყოლია ჩვენ ქართვლის ბედმა
და მის ძებნაში დავლიოთ დღენი.
[შენ ნუ შეჰსძრახამ] ბრიყვსა ძრახვაზედ,
ნურც დაუშლი ბრიყვს ბრიყვულ როტვასა,
ის ვერ წამოვა ჩვენთან ერთს გზაზედ,
ის ვერ ილოცავს ჩვენს სალოცავსა.

C ავტოგრაფი მეორე ვარიანტია და უახლოვდება ჩვენს ტექსტს (A). II სტროფის შემდეგ („თუ კაცმა...“) გადახაზულია სტრიქონები:

თუნდ ვეცადნეთ, ხელს არ აიღებს ბრიყვი ძრახვაზედ,
და ვერ დაიშლის ბრიყვი თავის ბრიყვულ როტვასა,
მისთვის. რომ იგი ვერ წამოვა ჩვენთან ერთს გზაზედ,
და ვერ მიჰხვდება, ვერ ილოცავს ჩვენს სალოცავსა.
ვისაცა ცუდი სძულს და ქართვლისას სიცუდეს ამბობს,
მასზედ ამბობენ, რომ ქართვლისა ის ორგულია,
ჩვენ ნუ დავფარავთ ქართველისა ბოროტებასა,
უშიშარათ ვსთქვათ საქვეყნოთა სიცუდე მისი.

D-ში ტექსტის ზემოთ ილიას ხელით მიწერილია: „ეხლანდელი ქართველი რომ ძალიანა მძულს, ამით ვამტკიცებ, რომ საქართველო ძალიან მიყვარს“. იქვე წაშლილია სიტყვები: „მიყვარს საქართველო და მძულს ეხლანდელი ქართველი. სიტყვები ერთი ჭკვიანი ქართველისა“.

ძირითად (A) ტექსტს ვუდარებთ ზემოთ მითითებულ წყაროებს: 3 უშიშარად] უშიშრადა I; მოვფინოთ] განვაგდოთ CDEG. 4 ბოროტთ... ვუყუროთ] ბრიყვთა საკლავად და შორიდამ სეირს უყუროთ C; მათ სულთ-ხდომის] და შორიდამ DEF, და შორითგან G. 5 სცნო] ჰსცნო DEF. 7 ქართვლის] ქართლის F. 8 და დაე... ძებნით] და უკუთქმითა ჩვენ ის ვძებნოთ D. 9 ის სიავეს ქართვლისას] ეგ ქართვლისას სიუცდეს C; სიავეს] სიცუდეს DE. 10 ჰმალავს] მალავს D; სიძულვილია] სიძულილია CD. 11 ბრიყვნი ამბობენ] ბრიყვთა ეგე თქვან C, სცნობს] ჰსცნობს DEF. 12 სიძულვილში] სიძულილში D.

ლექსი დავათარიღეთ D ავტოგრაფის მიხედვით.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში „ჩემო კალამო“ დათარიღებულია 1860 წლის ოქტომბრით (სარჩევში, გვ. III).

1.3 მუშა

▲back to top


მუშა

«В труде проходит жизнь его
И не приносит ничего».

გოლვიან დღესა ტფილისშია შუა ბაზრისკენ
მე ჩამივლია... ჩემო მუშავ, მინახვიხარ შენ
კედელთან მწოლი; მხურვალე მზე ზედ დაგყურებდა,
ჩუმი ღიღინი შენი ხშირად გულს მიწყლულებდა.
ნაღვლიან ხმაში სულ ისმოდა შენი ცხოვრება,
დღიურ ლუკმისთვის ტანჯვა, შრომა და მწუხარება.
ვინა ხარ შენა, ჩემო ძმაო? სიდამ მოსულხარ?
ბატონის მათრახს ვერ გაუძელ, გამოქცეულხარ,
მოშორებულხარ ჯალაბობას, შენსა სახლ-კარსა,
მინდორს მამეულს და შეჩვეულს მიწასა, წყალსა?
თუ უნებლიედ გადმოგტყორცნა მუხთალმა ბედმა,
ან მოგიტაცა სხვა კაცზედა მაცდურ იმედმა?
აქ სად მოსულხარ?.. რაც დაჰკარგე და რაც დასტოვე,
მის მაგიერი ტფილისშია აბა რა ჰპოვე?..

II

აი, ტვირთქვეშე მოკაკულხარ, საბრალოვ, შენა!
ოფლი წურწურით პატიოსან შუბლით გეღვრება,
შეგუბებულის სულის ისმის დაღლილი ქშენა,
მიხვალ, საწყალო, ტომარის ქვეშ მუხლთ გეკეცება!..
ვინ შეგიბრალებს?.. აგერ მოჰქრის დიდკაცის დროშკა,
შენს პირდაპირა იგი მორბის დაუდევნელად,
აგერ წამოგწვდა, დაგეჯახა, - და, როგორც კოკა,
შენ, კერძო ღვთისა, არ დაგინდო დასამსხვრეველად...
შენ გარდიქეცი ტომარითურთ და გამვლელ ხალხმა
მაგ შენ ყოფაზედ იწყო უგრძნოდ მაღლა ხარხარი...
რასც მაშინ ვგრძნობდი, ყოველი სთქვა მწუხარმა თვალმა:
შენს დუმილშია იყო ღვთისა რისხვისა ზარი!
იმავ დუმილით მიხველ, წევა დაუწყე ტვირთსა,
ძარღვნი გალურჯდნენ შენს სახეზედ, თითქო სკდებიან,
სწევ, ვერ ეწევი, - გეკარგება შენ საზრდო დღისა...
ხალხი გიყურებს - და არავინ არა გშველიან!..

III

აჰა, მიხვედი, მიუტანე ტვირთი პატრონსა,
რუსულ ფარაჯის კალთით შუბლზე იწმენდავ ოფლსა,
განივრად იძვრის დიდი მკერდი სიგრილეშია, -
იცდი, საწყალო! - შენი ლუკმა იმის ხელშია!..
ხშირად ამ ლუკმის მთლად მოცემაც იმას შენთვის ჰშურს,
ხშირად ფასს გიკლებს შიშველს, მშიერს, მწყურვალს, უბედურს!.
„ნუ მიტეხ ლუკმას, - ეუბნები, - ღმერთსაც შეხედე!
მე ეგე ლუკმა პირუტყვსავით ზიდვით ვიყიდე“.
შენ უღონო ხარ... და უღონოს კაცი იბრიყვებს,
მდიდარს მეტს მისცემს, შენ კი გროშზედ შეგევაჭრება,
ვისაც არ უჭირს, მას გააძღობს, და შენ კი გიკლებს,
შენ, რომელსაცა ერთის გროშით დღე გემატება.
ეგრედ დასჯილი უსამართლოდ ბევრჯერ წამოხვალ
და, თუ დაღამდა, თავთ დაიდებ ერთგულ კურტანსა
და სადმე ქვებზედ მიეგდები იმ ფიქრით, რომ ხვალ
ისევ ამრიგად განაგრძელებ უღმრთო შრომასა.

IV

შენს სიცოცხლესა დააღამებ ესრეთს შრომაში,
კაცი კაცურად ვერ იცხოვრებ ვერც ერთსა დღესა...
მერე, ვინ იცის, რომელ ქოხში, რომელ სარდაფში
დაუწყებ ბრძოლას სასიკვდილოდ მოსულსა სენსა.
მარტო ეგდები და ლეიბად გექმნება ნამჯა
და სახურავად, თუ კი მოგყვა, რუსის ფარაჯა!
მარტო იცოცხლებ და მარტოცა, ძმაო, მოჰკვდები!
ჯალაბი შენი ვერ დაგასხამს მდუღარე ცრემლსა,
ვერ დაგტირებენ საბრალონი შენი შვილები,
ამაოდ მათკენ სიკვდილის ჟამს გაიწვდი ხელსა.
მოჰკვდები და მსწრაფლ ჩაგჭედავენ საკაცეშია,
უცრემლოდ, ძმაო, ჩაგიშვებენ სამარეშია!
ეგრედ უბრალოდ გაფუჭდები, - და ჩვენ ხსოვნასა
არაფერი არ მოაგონებს შენს „აქ“ ყოფნასა.

ივლისი, 12-სა დღესა 1860,
პავლოვსკი.

შენიშვნა:

მუშა

ხელნაწერი: M: ავტოგრაფი, კრებ. №17501, გვ. 57 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. №108, ვგ. 106 (C).

ნაბეჭდი: ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, №1, გვ. 4 (D); ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი, 1864 გვ. 96 (E); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882 გვ. 26 [F]; თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, გამ., ტფილისი 1892 გვ. 81 (A); ლექსი ილია ჭავჭავაძისა მაღ. „ცოდნის“ გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 41 (G); ილია ჭავჭავაძის ლექსები რჩეული ლექსები, წ. კ.გ. საზ-ის გამოცემა, №80, ტფილისი, 1907, გვ. 10 და იგივე გამოცემა №81, გვ. 17; ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 51 (H).

თარიღი: 1860 წ. AH; - B; ივლისი, 12-სა დღესა, 1860, პავლოვსკი C; ივლისის 12 დღესა, 1860 წ. D; 12 ივლისს, 1860 EF.

ხელმოწერა: *** EF.

ეპიგრაფი: - B; C-ში ეპიგრაფად ჯერ იყო:

ვინ გამოსცადეთ, ძმებო, ტანჯვა იმა გრძნობისა,
როს სჭვრეტ, რომ ფუჭათ ხდება კერძო ღვთაებობისა.

ეს სიტყვები გადახაზულია და სხვა მელნით არის მიწერილი ის ეპიგრაფი, რომელიც ჩვენს ძირითად ტექსტს ერთვის.

B ავტოგრაფი პირველი ვარიანტია ამ ლექსისა. იგი დაწერილია ყავისფერი მქრქალი მელნით. ტექსტი ნასწორებია და განსხვავდება ყველა დანარჩენი წყაროსაგან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი (A) ტექსტის I თავი B-ში II თავად მიდის, II თავი კი I თავად.

B ტექსტი:

მძიმე ტვირთ ქვეშ მოკაკულხარ, საბრალო, შენა!
ოფლი წურწურით პატიოსან შუბლით იღვრება,
შეგუბებულის სულის ისმის დაღლილი ქშენა,
მიხვალ, საწყალო, ტომარის ქვეშ მუხლთ გეკეცება.
ვინ შეგიბრალებს? აგერ, მოქრის დიდკაცის დროშკა,
შენ პირდაპირა იგი მორბის დაუდევნელად,
აგერ, წამოგწვდა, დაგეჯახა და, როგორც კოკა,
შენ - კერძო ღვთისა - არ დაგრიდა დასამსხვრეველად.
შენ გარდიქეცი ტომარითურთ და გამვლელ ხალხმა
შენ მაგ ყოფაზედ მოჰყვა უგრძნოთ მაღალა ხარხარი...
რასც მაშინ გრძნობდი, ყოველთვი სთქვა შენ მწუხარ თვალმა,
შენს დუმილშია იყო ღვთისა რისხვისა ზარი.
იმავ დუმილით მიხველ, წევა დაუწყე ტვირთსა,
ძარღვნი აგევსნენ სისხლით, თითქო აწ დასქდებიან,
სწევ, ვერ ეწევი, გეკარგება შენ საზდო დღისა.
ხალხი დაგყურებს და არავინ არა გშველიან.

II

გოლვიან დღესა ტფილისშია შუა ბაზრისკენ
მე ჩამივლია, ჩემო მუშავ, მინახივხარ შენ
შენ ძმათა შორის, მხურვალე მზე შენ დაგყურებდა,
ღიღინი თქვენი ჩუმი ხშირად განმაცვიფრებდა.
ნაღვლიან ხმებში სულ ისმოდა თქვენი ცხოვრება,
იმედთ მუხთლობა, ტანჯვა, შრომა და მწუხარება.
ვინა ხართ თქვენ? ჩემო ძმებო! სიდამ მოსულხართ?
ბატონის ტანჯვას ვერ უძელით, გამოქცეულხართ.
განშორებულხართ თქვენ სახლ-კარსა, ჯალაბობასა,
მინდორსა, ტყესა და შეჩვეულ თქვენ მიწა-წყალსა,
თუ უნებლიეთ გადმოგტყორცნათ მუხთალმა ბედმა,
ან მოგიტაცათ სხვა კაცზედა მარტივ იმედმა.
რად არ იცოდით, რომ კაცნი [...] ვგავართ
და რა იპოვეთ მის მაგიერ, რაც დაგიკარგავთ?

III

აჰა, მიხვედი, მიუტანე ნივთი პატრონსა,
რუსულ ფარაჯის წვერით შუბლზედ იწურავ ოფლსა,
განივრათ იძვრის დიდი მკერდი სიგრილეშია.
იცდი და გროში მოგაწოდეს გაწვდილ ხელშია.
შენ ეხვეწები, შრომის ფასს თხოვ, ის შენ გაგინებს,
ქახალდში არ შურს ფულის ფანტვა და შენ კი გიკლებს,
სხვაგან ფულს აპნევს, ვით მტვერს, შენ კი ის გევაჭრება,
შენ, რომელსაცა ერთის გროშით დღე გემატება.
ეგრეთ დასჯილი უსამართლოთ წყევლით წამოხვალ.
და თუ დაღამდა, თავთ დაიდებ ერთგულ კურტანსა
და სადმე ქვებზედ მიეგდები იმ ფიქრით, რომ ხვალ
ისევ ამრიგათ განაგრძელებ უღვთო შრომასა.

IV

შენ სიცოცხლესა დააღამებ ესრეთს შრომაში,
გროშ[ს] ვერ იშოვი სიბერისთვის მოსახმარესა,
მერე ვინ იცის, რომელ ქოხში, რომელ სარდაბში
დაუწყებ ბრძოლას სასიკვდინოთ მოსულსა სენსა.
მარტო ეგდები, ქვეშ ლეიბათ გექმნება ნამჯა, თუ მინამ გასძლო,
სახურავათ ძველი ფარაჯა.
მარტო იცოცხლებ და მარტოცა, ძმაო, მოკვდები!
ჯალაბი შენი ვერ დაგასხამს თვის მდუღარ ცრემლსა!
არ დაგტირებენ პატარები შენი შვილები,
ამაოთ მათკენ სიკვდილის ჟამს გაიწვდი ხელსა,
მოკვდები და მსწრაფლ ჩაგაგდებენ შენ საკაცეში,
წაგიღებენ და ჩაგიშვებენ ბნელ სამარეში.
ეგრედ საბრალოთ მიეცემი უცხო მიწასა,
არაფერი არ მოგვითხრობს შენ „აქ“ ყოფნასა.

დანარჩენი წყაროები მისდევს A ტექსტს და მასთან შედარებით ასეთ ვარიანტულ სხვაობას იძლევა:

95. 3 მხურვალე... ზედ] მხურვალი... შენ C. 4 ჩუმი ღიღინი შენი] ღიღინი შენი ჩუმი C. 6 ლუკმისთვის] საზდოსთვის C. 7 სიდამ] სიდან F. 8 გაუძელ] უძელი C. 9 მოშორებულხარ... შენსა სახლ-კარსა] განშორებულხარ... შენ სახლსა, კარსა C. 12 მაცდურ] მარტივ CDEF. 13 აქ სად მოსულხარ] სად მოსულხარ აქ C. 14 ტფილისშია] თბილისშია F.

96. 1 ქვეშ] ქვეშა CDEF. 4 საწყალო] საბრალოვ C. 6 მორბის] მოდის G. 10 მაგ შენ ყოფაზედ იწყო] შან მაგ ყოფაზედ მოჰყვა C. 11 მწუხარმა] შენ მწუხარ CDE. 14 სკდებიან] სქდებიან DE. 15 საზრდო] საზდო DE. 17 მიხვედი] მოხველი H. 18 შუბლზე] შუბლზედ CDE. 20 საწყალო! - შენი ლუკმა იმის ხელშია] და გროში მოგაწოდეს გაწვდილ ხელშია C. 22-28 ხშირად ფასს... დღე გემატება].

შენ ეხვეწები, შრომის ფასს სთხოვ, ის შენ გაგინებს,
სხვაგან ფულს აპნევს ბედოვლათად, შენ გევაჭრება,
ქახალდში არ შურს ფულის ფანტვა და შენ კი გიკლებს,
შენ, რომელსაცა ერთის გროშით დღე გემატება C

შენ, რომელსაცა ერთის გროშით დღე გემატება C.

27 და შენ კი გიკლებს] და შენ დაგიკლებს D.

97. 1 C-ში ნაცვლად სიტყვისა «ბევრჯერ», ჯერ ეწერა „წყევლით“, გადახაზულია. 6 იცხოვრებ] იცოცხლებ CE. 8 სასიკვდილოდ] სასიკვდინოთ C. 13 ვერ] არ CF; საბრალონი] პატარები CDE. 15 ჩაგჭედავენ] ჩაგჭედამენ CDE. 16 უცრემლოდ, ძმაო] დაუტირებლად G.

ლექსს ვათარღებთ C ავტოგრაფის მიხედვით.

ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში საყოველთაოდ გავრცელებული შეხუდულების მიხედვით, „მუშის“ ეპიგრაფად გამოყენებული სტრიქონები გამოჩენილ რუს პოეტს ნ.ა. ნეკრასოვს ეკუთვნის (1821-1878 წწ). მაგრამ ზუსტი წყარო არ არის დადგენილი.

2 გლახის ნაამბობი

▲back to top


გლახის ნაამბობი

(პირველი ხუთი თავი ჯერ არ დაბოლოებულ მოთხრობისა) *

რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზედ შაში თუ არ მოვა

I

მე, სწორედ, ნადირობის ტრფიალს რომ იტყვინ, ისა ვარ. საკვირველად მიყვარს დაბურულს, ხმაგაკმენდილ ტყეში ხის ძირას ჯდომა და მილეულის გულისცემით ლოდინი ნათვალევის ნადირისა. არის რაღაცა მოუწყინარი სიამოვნება ამ ხალისიან გართვაშია. თუ გნებავთ, ამასაც კი ვიტყვი, რომ ნადირობა ცოდვაა: ყოველი სულიერი ღვთის დანაბადია, ყველას აქვს თანასწორი ნება ამ თვალუწდომელ ქვეყანაში ცხოვრებისა, მაგრამ რა გაეწყობა?.. ტყუილად კი არ გვარწმუნებს ჩვენი საღმრთო წერილი, რომ პირველი სისხლი უბოროტო ქვეყანაზედ კაცმა კაცისა დაანთხიაო. კაცი მოსისხლეა, მეც კაცთაგანი ვარ. ბევრჯერ მინახავს ირემი დამფრთხალი ძაღლისაგან, ბევრჯერ მინახავს და ბევრჯერ გაუტაცნია ჩემი გონება მის თავისუფალს სილამაზესა. გადუწყვია რა ზურგზედ თავისი შტოიანი რქები, მორბის გამალებული, ლამაზი და ამაყი, უკან მოჰყეფს ნაგეში ძაღლი. ძაღლს მიურბის საწყალი და ზედ კი შეეხლება ხოლმე კაცსა, რომელიც ამ შემთხვევაში ძაღლზედ უფრო შეუბრალებელია და დაუნდობელი. შორიდამვე ესმის ირმის ფეხის ცემა ყურმახვილ მონადირესა; ესმის და მისი მოსისხლე გული ღელდება და ღელდება მეტის მოუთმენლობისა გამო. აი, მოვიდა თოფის მანძილზედა, ფოთლებ და ბუჩქებ შუა გამოჩნდა მისი დაღონებული, ნაღვლიანი თავი. ძაღლი დაუახლოვდა. იშვირა ფეხი ირემმა და ისარივით გადმოეშო ბუჩქნარზედ. გგონია, აგიქცევს გზას და მიეცემა საყვარელის ტყის განსაცდელით სავსე თავისუფლებასა, მაგრამ არა, დაუშტვენ. მაშინ უნდა ჰნახოთ, რა მწუხარებით შედგება, რარიგ საოცარ მშვენიერებით მოიღერებს კისერსა, რა გაფეთებით და იმედგადაწყვეტილად დაიწყებს ნაღვლიანის თვალების ტრიალს, ყურების ცქვეტას, გაგანიერებულის ნესტოებით სუნის აღებასა!.. ისეთი ლამაზია, ისეთი ნაზია და იმ სინაზესთან ისეთი მიმზიდველი ამაყიცა, რომა, გგონია, რაც ბუნებისაგან მინიჭებული მადლი აქვსო, სულ ეხლა შემოიკრიბაო, რომ სიკეთით და თავის სილამაზით მაინც შეაბრალოს თავი დამალულს მტერსაო! მაგრამ კაცი მაგისთანა გულჩვილი არ არის, რომ მაგით მოტყუვდეს. რაკი იყნოსა, კაცის სუნი აიღო, ირემმა დააპირა გაქცევა, მაგრამ თოფმა იგრიალა, და ირემი, აქამდინ ცოცხალი, თავისუფალი და ლაღი, გაირთხო იმ ბალახზედ, რომლის კალთაშიაც პირველად აახილა თვალი, რომ მიესალმოს ქვეყანასა და ბოლოს უკანასკნელად დახუჭოს, რომ სამუდამოდ გამოესალმოს. ისინი იყვნენ ამის აკვნად და ბოლოს საფლავადაც გადაექცნენ. უნდა ჰნახოთ ის ამაყი, თავისუფალი ნადირი, რარიგად უდრტვინველად და მშვიდადა კვდება, მაგრამ მე ყოველთვის მის ცრემლმორეულ თვალებში ეს აღმომიკითხავს: ჩემო მკვლელო! ქვეყანა ღვთისა დიდია და ფართო... რად შეგშურდა, რომ მეც, უბოროტოს და მშვიდსა, ამ ღვთის მიუწვდომელ ქვეყანაში ერთი მტკაველი ალაგი მეჭირა?.. ეს სიტყვები აღონებდნენ გულს, მინამდინ დედამიწა შეიშრობდა სისხლსა დაღვრილსა და როცა შეიშრობდა, მეც კი მომაგონდებოდა, რომ ჩვენ თითონ სულიერთა მეუფენი, ჩვენ თითონ ქმნილებათა გვირგვინნი, ჩვენ თითონ ღვთის სახისანი ერთი-ერთმანეთს არ ვუთმობთ იმ ადგილსა, - რაკი მოვიგონებდი, რომ ყოველ კაცის ნაფეხურსა ერთი მუჭა კაცისავე სისხლი შეუშვრია, მაშინვე დამიდინჯდებოდა გული და გამართლებული ვიტყოდი: „ისიც კარგია, ჩემო პირუტყვო, რომ იქა ჰკვდები, სადაც დაიბადე. ჩვენ, კაცები, ხანდისხან მაგ ბედნიერებასაც მოკლებულნი ვართ“.

II

ჩვენს სოფელს ქვემოდამ ერთი თხუთმეტიოდე ვერსტი რომ გაგევლოთ, კაი სანადირო ადგილები იყო. რა იქ!.. ყველგან, ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში, სადაც, გლეხისა არ იყოს, „ქრისტე ღმერთს თავისი უხვი კალთა დაუბღერტია“, ყველგან კაი ადგილებია. რაც გინდა არის: დაიწყეთ მოხდენილ ირმიდამ და გაათავეთ დარბაისელ გარეულ ღორითა, ან გულისხმიერ დათვითა. ფრინველს ხომ თვლა არ უნდა. მაგრამ, ჩვენ სოფელს ქვემოდამ, რომ ვსთქვი, ის ალაგები მეტად მიყვარდა. კარგად ვიცოდი იმათი ვითარება და შენიშნული, ნათვალევიც მყვანდა იქ ნადირი. ორის-სამის დღით წავიდოდი ხოლმე; როცა დამიღამდებოდა, ავბრუნდებოდი ერთ პატარა სოფელში, სადაც მყვანდა ერთი პატიოსანი გლეხკაცი ნათელ-მირონად. ღამეს იქ გავატარებდი და მეორე დილას, ტრედის-ფრად რომ ინათებდა, დავეშვებოდი თავ-თავქვე სანადიროდ. ორი თვე აღარ ვყოფილვარ იქითკენ, ბოლოს მომინდა წასვლა. ერთ მშვენიერს ზაფხულის დილას ვახსენე ღმერთი, ავიღე ორლულიანი თოფი, დავუძახე ჩემ მეძებარს და წავედი.

იმ ჩემ ნათლიმამის სოფლის სათავეში, ორღობეები რომ იწყებოდა, ზედ საურმე გზის პირას, იდგა ერთი ძველი საბძელი, გომურზედ მოდგმული. გომურის ჩასავალში ჩარდახსავით იყო წინ წამოწეული. ამ საბძლის გარეშემო ადამიანის კვალი არა სჩანდა. ის იყო, მგონია, აყრილის კაცისა, ან ამოწყვეტილისა, თავმინებებული და პატრონსავით დავიწყებული. რასაკვირველია, ხშირად შემხვედრია ამ საბძლისაკენ ავლა და ჩამოვლა, რადგანაც ზედ გზის პირას იდგა, მაგრამ, აი, რამდენჯერ ამივლია და ჩამომივლია, არც ერთხელ არც ერთი სულიერი მე იქ არ დამინახავს. თუ იქნებოდა, ისიც ხანდისხან ზურგწამხდარი, დაჭლევებული გლეხკაცის ცხენი, რომელიც უილაჯობით შორს ვერ წასულიყო და საბძლის გარეშემო სჯიჯგნიდა გოლვისაგან გადამხმარ ბალახსა. ეხლა კი რომ ამოვიარე, ჩემდა გასაკვირველად, დავინახე ერთი კაცი, გომურის კარებთან მიწოლილი. ეგ არაფერი. დილაზედ ჩამოვიარე, შევიხედე, ის კაცი ისევ-ისე მწოლარე დავინახე. საღამოზედ, ჯერ ბინდი არ მოჰრეოდა სინათლესა, ამოვიარე - ის კაცი ისევ ისე ვნახე. გამიკვირდა უფრო იმიტომ, რომ იმის მეტი იქ არავინ მოჩანდა. დავაპირე, ამაღამ უთუოდ გამოვკითხავ ჩემ ნათლიმამას ამის ვინაობას-მეთქი. ჩემ კითხვაზედ ნათლიმამამ მომიგო:

- რა მოგახსენოთ, შენი ჭირიმე! მაგის ვინაობა აქ არავინ იცის. ეგ ვიღაც გლახა არის, დავრდომილი და უპატრონო; სნეულია, მოსულა და მანდ შეჰკედლებია, აი, ეს თუნდ თვე-ნახევარი იქნება.

- სულ მარტოდმარტო არის?

- რა ვიცი, შენი ჭირიმე! მანდ კი გულშემატკივარი არავინა ჰყავს და.

- მაშ ვინ აცხოვრებს?

- ქვეყანა. იმ გზაზედ ხალხის ფეხი არ მისწყდება. ამვლელ-ჩამვლელი არ დაილევა: ერთი ღვთის კაცი იქნება ვინმე და მიუგდებს ორიოდე ლუკმა პურსა. ისიც მეტს არაფერსა ჰთხოულობს, ცარიელ პურითაც იოლად მიდის.

- აქაური ხომ არ არის?

- რასა ბძანებთ!.. აქაური რომ იყოს, ისე როგორ გაუწყრებოდა ღმერთი, რომ თავისიანი არ მიეცა. არა აქაური არ გახლავთ.

- შენ გილაპარაკნია იმ კაცთან?

- რატომ? მილაპარაკნია.

- თავის აფალი არა უთქვამს-რა?

- არა. მაგრამ კაი სიტყვის კაცი კი ყოფილა ის უბედური.

- იქნება შენ თითონ არ გამოგიკითხავს?

- როგორ არ გამომიკითხავს. „მეო, - ერთხელ მითხრა, - ერთი დავიწყებული კაცი ვარ, რად გინდა ჩემი ვინაობა? შემომხედე, ჩემო ძმობილო, და მიცანიო“. სხვა არაფერი უთქვამს თავის თავზედ. მეც აღარა გამომიკითხავს-რა მასუკან. მგონი, თავს იმალავს.

მე გამაოცა ამანა. მე ბუნებითაც ცნობისმოყვარე ვიყავ და ეხლა, იფიქრეთ, ამ ნათლიმამის ნაწყვეტმა სიტყვებმა როგორ აღმიძრეს გული იმ კაცის ამბავის შესატყობრად. რა უნდა ჰქონოდა თავის დასამალავი? - ვფიქრობდი გულში. გავიზრახე, რომ თითონ გლახას, რაც უნდა დამემართოს, გამოვათქმევინო თავისი ვინაობა.

ერთხელ ტყუილუბრალოდ ნათრევნახეტი, დაღლილი და ხელცარიელი მოვდიოდი ჩემ ნათლიმამისაკენ. ჯერ მზე ისევ მაღლა იყო, კალოს ხარის გამოშვების დრო იქნებოდა. ის უბედური კაცი, ისევ ისე მწოლარე, იმავე ადგილას დავინახე. ვეღარ მომითმინა გულმა, ვსთქვი, რაც უნდა იყოს, მივალ, იქნება ვათქმევინო რამე: მაინც ცოტად დაღლილი ვარ, ნათლიმამის სახლამდინაც კაი მანძილი იყო კიდევ. სხვა არა იყოს-რა, ქარს მაინც ამოვაღებინებდი დაღლილ მუხლებსა. მივედი, „გამარჯვება“ ვუთხარი.

- ღმერთმა გადღეგრძელოთ, - მიპასუხა იმან სნეულის ხმითა და წამოიწივა პატივსაცემლად, რადგანაც თავადის-შვილი ვეგონე.

მე შევნიშნე, რომ ამ წამოწევამ ძალიან შეაწუხა, თითქო ტკივილები აეშალნენო, ისე მტკივნეულად შეიკრიბა წარბები და დაეღმიჭა გაყვითლებული სახე. ის იყო სრულიად დათენთილი სნეულებისაგან. ყვითელი სახე, შიგა-და-შიგ ტყლაპსავით ჩაჩნეული, შეშუპებული ჰქონდა, როგორც წყალმანკის მქონესა, თმა და მოზრდილი ჭაღარა წვერი ჭუჭყისაგან ისე გასქელებოდა, თითქო იმის თმას თავის დღეში არც წყალი მოჰხვედრიაო და არც სავარცხელი. რუსის ფარაჯის ნაგლეჯებში იყო გახვეული ის უბედური, ქვეშ ეშალა ლეკურ ნაბდის ნაგლეჯი. გვერდთ ედგა ერთი პირმოტეხილი ლიტრა, იქავ ეგდო რუსული სხვილი ტილოს თოფრაკი და ერთი მოზრდილი კომბალი, ეგ ერთგული და უმუხანათო თანამგზავრი ყოველის უბედურისა. ძალიან გაქელილი სჩანდა დაუნდობელ ცხოვრებისაგან, მაგრამ იმასში რაღაცა იყო იმისთანა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ცხოვრების ქარიშხალსა ჯერ კიდევ არ გაუქრია მისის სულის სიცხოვლე და სიძლიერე. მისი დაღლილი და არ-უგონო თვალები, პირქუშად და შეწუხებულად მაყურებელნი, სავსენი იყვნენ სიმტკიცითა და ღონითა; ეტყობოდათ ზედ, რომ ამათ პატრონს ბევრი ცეცხლი უნახავს, ბევრი ავდარი შესწრებია და გამოუვლია, მაგრამ არც ცეცხლს და არც ავდარსა ისე არ მოუკლავთ, როგორც შეეძლოთ. საზიზღარი სანახაობა ჰქონდა, მინდა ვსთქვა, საცოდავიცა, მაგრამ ამის თვალების სიამაყეს ვერ ვაკადრებ მაგას. დიდრონი, შიშველი ფეხები საცოდავად ასიებოდნენ, დახეთქილ წყლულიდამ ჩირქი სდიოდა. ღმერთო, შეგცოდე, ეს რომ დავინახე, თვალი მოვარიდე, ისე მეზიზღა.

- გეზიზღები განა, შე კაი კაცო! - მკითხა დაგვემილის ხმით, მაგრამ მე ის ხმა გამკიცხავ ხმად მეჩვენა. მე შევხედე და ერთი მწუხარე, თუ მძულვარე ჩემი შემარცხვენელი ღიმილი დამხვდა იმის სახეზედა. მე შემრცხვა და მაშინვე თავი დავიხარე, ვერ გავუძელი იმის თვალების მკაცრს მეტყველებას. ვგრძნობდი, რომ ჩემის სულმოკლეობის სირცხვილმა სახეზედ ცეცხლი მომიკიდა ამ კაცის თამამ კითხვაზედ. მე პასუხი არ მივე, და ან რა უნდა მეთქვა?

- მართალი ბრძანდები, - განაგრძელა იმ უბედურმა, თითქო მე შევეცოდეო, ჩემს დასამშვიდებლად, - მართალი ბრძანდები! ცოცხალ კაცს მატლი მეხვევა!.. თითონ მე მეზიზღება ჩემი თავი, შენი რა საკვირველია!

ამან ვერ დამიშოშმანა სულმოკლე გული, თუმცა, თითქო უგუნური ქცევა ჩემი თითონვე გამიმართლაო. მაგრამ ვაი იმ გამართლებასა!.. გული უფრო ამემღვრა, მე იმ წამს ჩემი თავი შემძულდა, რას ბძანებთ?.. ჩემს წინ ნახევარმკვდარი კაცი იდო, ეგრე უნუგეშოდ დარჩომილი. იმას ისე ეჭირებოდა გულმტკივნეული ქცევა და თბილი სიტყვა, მე კი მხეცურად თვალი მოვარიდე და შევიზიზღე, მოდი აქა და თავი გაიმართლე! უნდა წამოვმდგარიყავი და ბოდიშით შემენანა ჩემი მხეცური ქცევა, მაშინ გავმართლდებოდი, მაგრამ სულის ღონე ჩემი ამ პატიოსნურ საქმისათვის უძლური იყო. სუსტი რომ იქნება კაცი, იქნება!..

- მე ეს ოთხი თვეა, რომ ასე ვარ, - დაიწყო კიდევ, - დამიგდო ავადმყოფობამ და ამ დღემდინ მომიყვანა. ესე უპატრონოდ ამ დაქცეულ ჩარდახის ქვეშ ამომდის სული. ამოდენა დედამიწის ზურგზედ დამტირებელი არა მყავს. სიკვდილსაც ისე დავავიწყდი, როგორც კაცსა: ველი და არ მოდის. ისიც კაცსავით კეთილი ყოფილა: როცა გიჭირს, მაშინ გემალება. ნუ მოვა... მე უფალმა იმოდენა ღონე კიდევ შემარჩინა, რომ ჩემს ბედს ბოლომდინ, საფლავის კარებამდინ მივიტან. ეს კია რომ, სადაური სადა ვკვდები!..

„ვა, სოფელო, რაშიგან ხარ,
რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა?
ყოვლიმც შენი მონდობილი
ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა!
სადაურსა სად წაიყვან,
სად აღუფხვრი სადით ძირსა,
მაგრამ ღმერთი არ გასწირავს
კაცსა შენგან განაწირსა!“

- მართალი უთქვამს ამის მთქმელსა, შენი ჭირიმე! თუ ქვეყანამ პირი უკუმარიდა და არ შემიკედლა, ღვთის კალთა ხომ ფართოა!..

ეს რომ სთქვა, ღმერთს შეჰხედა. მე აბა წარმოიდგინეთ, რა-რიგად გამიკვირდებოდა ძონძებში გახვეულის გლახისაგან ეს „ვეფხვისტყაოსნის“ სიტყვები!.. ბარაქალა იმ კაცის მეტყველებას, რომლის სიტყვები ამისთანა უნუგეშოსაც ანუგეშებს საფლავის კარამდინა! მშვიდობა ძლიერსა სულსა შენსა, უკვდავო რუსთაველო!

რა ვქნა? - ვთქვი ჩემს გულში, - ეს კაცი ის არ უნდა ყოფილიყო, რაც ეხლა არის. ცნობისმოყვარეობა ჩემი წრეს გასცილდა, მერე იმანაც სიტყვა თითონვე ისე გამიგრძელა, რომ იმედი მომეცა გამომეთქმევინებინა რამე. მინდოდა მეკითხნა, მაგრამ ვერ გავბედე: შევატყე, რომ დიდი ხნის ცნობილმა ქარმა უეცრად მოჰბერა გამოვლილი სევდა. ჯერ ვამჯობინე, სევდის ღრუბელი გადეყარა, მერე მეკითხნა ვინაობა. ბოლოს ისევ ჩემსკენ მობრუნდა და დიდხანს დამაცქერა შავი თვალები. მე ისე მეჩვენა, ვითომც სახის მეტყველება შესცვლოდა. ეხლა კი დრო იყო, მგონი, დამეწყო საუბარი, მაგრამ ვიფიქრე, ვიფიქრე, როგორ მოვაყოლო, და ვერა მოვაგვარე-რა. ხომ ესეა ეს ოხერი, როცა გიჭირს, ხერხიც მაშინ გეკარგება და ღონეცა. ბოლოს ვთქვი: დავიწყებ, ჯანი გამვარდეს, თუ უხერხოდ მომივა.

- შენ, ძმობილო, - ვუთხარი მონაწილეობით, - აქაური არ უნდა იყო, თორემ თავისიანი როგორ დაგელეოდა?

- მართალი ბძანებაა, - მიპასუხა იმან, - მე აქაური არა ვარ, ჩემი ქვეყანა აქედამ შორს არის, მაგრამ იქაც რომ ვყოფილიყავი, ესე ოხრად ამომივიდოდა სული, იმიტომ, რომ იქაც ისე აღარავინა მყავს, როგორც აქა.

- დიდი ხანია, რაც ამ მხარესა ხარ?

- კარგა ხანია, ბატონო! აი, ხუთი წელიწადი უნდა შესრულდეს ამ შემოდგომაზედ, თუ მანამდინ დამცალდა. დიაღ!.. ხუთი წელიწადი იქნება, რაც სამუდამოდ დამაკარგვინეს ჩემი მიწა-წყალი. თუნდა რომ მე ვაპატიო, ღმერთი მაინც მოჰკითხავს, ვინც ეგ სიკეთე მიყო.

- როგორ თუ დაგაკარგვინეს!.. განა ძალადა ხარ გამოგდებული?

- ეგ რომ გითხრათ, მითამ ჩემი ამბავი მიამბნია.

- თუნდ რომ მიამბო, რა დასაძრახისია?

- არა, განა მაგას მოგახსენებთ, მაგრამ მე არ მინდოდა ჩემი ამბავი ვისთვისმე მეთქო.

ეს ისეთნაირად სთქვა, რომ მე იმედი მომეცა დაწვრილებით თქმევისა, თუ რომ ცოტად მაინც ძალას კიდევ დავატანდი.

- რატომ არ გინდა? რისა გეშინიან?

- ჰმ, - ჩაიცინა გლახამა, - რისა უნდა მეშინოდეს?..

- მაშ რა გაბრკოლებს? სთქვი, თუ ღმერთი გწამს, - დავეღრიჯე მე, რომ ვერა გავხდი-რა, - რა წამსაც დაგინახე, ღმერთია მოწამე, გული შენკენ მომიბრუნდა, თუმცა...

- თუმცა რა?

- არაფერი... მე მინდოდა მეთქვა, რომ შეგატყე, წუთის-სოფლისაგან დაჩაგრული ხარ, - გავუსხვაფერე მე სიტყვა, - მიამბე, ვინა ხარ, გულნაკლულად ნუ გამიშვებ...

- ვინა ვარ?... - მომიგო მან და შედგა, თითქო თქმა არ უნდაო.

III

- მე, სწორედ მოგახსენოთ, - დაიწყო ხელახლად გლახამა, - ჩემს ვინაობას არ გეტყოდი, თუ ჩემი აღსასრული არ მოახლოვებულიყოს. ვიცი - ჩემი დღე დათვლილია. თუმცა ძალიან კი მეძნელება თქმა, მაგრამ რა გაეწყობა? გულში გაიღვიძა კიდევაც ძველებურმა საქმემა და ეხლა რაღა დროს დამალვაა? გინდა ეგ არ იყოს, ეხლა არაფრისა მეშინიან, თუნდა გამცე კიდეც. მე როდესღაც ვფიქრობდი ჩემის ვინაობის დამალვასა, როცა სიცოცხლე ტკბილი იყო ჩემთვისაც, როცა იმედი მქონდა, რომ ქვეყანაზედ მეც, როგორც იქნებოდა, შრომით თუ ოფლით ვიყიდდი ლუკმა პურსა და ისე დავლევდი წუთის-სოფლის დღესა. ეხლა კი, როცა სიცოცხლე ბალღამსავით გამიმწარდა და ის ერთად-ერთი, ჩემსავით ობოლი იმედი წამართო ჟამთა-ვითარებამა, ეხლა მე ფიქრი აღარაფრისა არა მაქვს. გეტყვი ყოველ ჩემ გარდასავალს და დაე ღმერთმა ეს აღსარებად მიმითვალოს, თუ რამ შევცოდე და მონანება ვერ მოვასწარ, შემინდოს. მე ვარ ნაყაჩაღევი. ჩემი თავი ერთ დროს წმინდი-გიორგის ჯვარად იყო დაფასებული, მაგრამ, ხომ მხედავთ, შესყიდულმა ტყვიამ აქამდისინ ვერ მიპოვა. მე, მართალია, ვიყავ ერთ დროს კაი მოსხეპილი, ხელმარჯვე ბიჭი, ძალი და ღონე ყველაფერში შემწევდა, მაგრამ, ღვთის წინაშე ვაღიარებ, მე საყაჩაღო კაცი არ ვიყავი. იქ ასეთი გული უნდა, რომ დედას კალთაში შვილი მოუკლა და ხელი არ აგიკანკალდეს. მე იმისთანა არ ვიყავ: გული მორბილებული მქონდა პატარაობითვე, მე ყმაწვილობითვე სხვა მზემ დამკრა და სხვარიგად გამითბო გული; მაგრამ ჟამმა მიმუხთლა და კაცმა არ მიპატივა, მეც დავკარ ფეხი და გავვარდი ყაჩაღად.

- მე კახელი არ გახლავარ, - მოჰყვა კვლავ მცირე ჩაფიქრების შემდეგ. - ჩემი მიწა-წყალი, როგორც მოგახსენეთ, აქედამ შორს არის, და ვაი რომ ჩემ სიცოცხლეში იმ მიწას ვეღარ ვინახულებ და იმ წყალს ვეღარ დავეწაფები!.. შვიდის წლიდგან მოკიდებული ოც წლამდინ ჩემის განთიადის დღენი ბატონის სახლში დამიღამებია. ის ღმერთმა იცის ცაში და დედამიწაზედ მე, რაც მე იქ გულმტკივნეულად მიწევნია უღელი; მაგრამ დამნახავი ვინ იყო, მაღალის ღმერთის მეტი? თავდაპირველადვე ამადევნეს ჩემოდენა ბატონის შვილსა, დათიკოს. კაი მოგეცათ, კაი ბავშვი ის იყო პატარაობისას. ჩემი წყენა ბატონის სახლში არავის შეეძლო: დათიკოს რომ ვუყვარდი, ყველას იმისი რიდი ჰქონდა. დათიკო, როგორც მოგეხსენებათ მამის-ერთა ბავშვის ამბავი, მეტი გაზვიადებული რამ იყო, განებიერებული, ერთს ალიაქოთს ასტეხდა ხოლმე, რომ ჩემთვინ ეწყენინებინათ რამე. მე, სწორედ მოგახსენოთ, ძალიან შევიჩვიე ჩვენი პატარა ბატონი, იმანაც შემიჩვია, ასე რომ ბოლოს ეს შეჩვევა მე სიყვარულად გადამექცა. ყმაწვილის გული, შენი ჭირიმე, ადრეულა ყვავილსა ჰგავს: მზე დაჰხედავს თუ არა, გაიშლება, ის კი აღარ იცის, რომ ზამთრის სუსხი კიდევ მოასწრობს ნამდვილ გაზაფხულამდე და დააჭკნობს. მე რა ვიცოდი? ჩემი გული პირველად ბატონის სახლში გათბა და სითბომვე ბოლო მომიღო. თუნდ ეგ არ იყოს, შინისაკენ მე გული არ მიმიწევდა. იქ ასეთი სულთამხუთავი დედინაცვალი მეჯდა, რომ, როცა კი მოვიგონებდი, ჟრჟოლას მომგვრიდა მარიამობისთვის ცივებასავით, ბატონთან კი განებიერებული ვიყავ ბატონის შვილსავით. დათიკოს ვუყვარდი და მეც მიყვარდა. მაშინ რა ვიცოდი სულელმა, რომ უფროს-უმცროსობაში სიყვარული სიზმარია? რა ვიცოდი, რომა ბატონ-ყმობის შუა სიყვარულის ხიდი არ გაიდება? ეგრე ყოფილა ქვეყანაზედა, ცალს თურმე ცალმა უნდა უცალოს!.. ეს რომ მცოდნოდა, ღმერთსა ვფიცავ და ჩემ მამა-პაპის სალოცავსა, გულში ნაღველას ჩავიწურავდი და იმის სიყვარულს კი იქ არ გავიტარებდი. მაშინ რა ვიცოდი?..

თოთხმეტის წლისა შევიქენით ბატონი და ყმა, როცა ქალაქში სასწავლებლად დათიკოს გაგზავნა დიდმა ბატონმა დააპირა. მეც, რასაკვირველია, თან უნდა გავყოლოდი. მამა-ჩემმა რომ შეიტყო ესა, იახლა ბატონს და ჩემი თავი სთხოვა. ხომ მოგეხსენებათ: გლეხკაცისათვის თოთხმეტის წლის ბიჭი ოჯახობაში განძი არის. თუ ბიჭი პატარა მადლიანია, ამ ხანში კარგად შეიძლებს გლეხკაცის ჭირის და ლხინის განახევრებასა. თუნდ ეგ არ იყოს, მამა-ჩემს პირველ ცოლიდამ მარტო მე დავრჩი, და, მგონია, ვეძნელებოდი, არ ვემეტებოდი შორს გასაგზავნად.

დიდი ბატონი - ღმერთმა აცხონოს - მეტი გულთბილი კაცი იყო. ჩემი დათიკოსთან მოშორებაც ეძნელებოდა და მამა-ჩემიც ეცოდებოდა. ის დალოცვილი მე მომიბრუნდა და მიბძანა: გაბრუშკი! თუ არ გინდა დათიკოსთან წასვლა, აქ დარჩი მამა-შენთან, მე ძალას არ დაგატან. ვიცი, ამას დათიკო იწყენს, მაგრამ რა ვუყოთ: შვილი მამისა არის. ამისთანა კეთილი იყო ის კურთხეული! ბატონის კაცის შვილი მამისა კი არ არის, ბატონისაა, მაგრამ ის კურთხეულის შვილი სხვა გულის პატრონი იყო...

მე ალმური ამივიდა სახეზედა, ბატონი თითქმის მამაჩემს მოურბილდა და, ვაი თუ აქ დამაგდოს-მეთქი. ის კი არ იცოდნენ: მე დათიკოსთან სიკვდილი მერჩივნა ჩემ დედინაცვალთან ასის წლის ცხოვრებასა. გული მეტკინა, მახსოვს თვალებში ცრემლიც მომერია. ვსთქვი ჩემ გულში: გამიწყრა ღმერთი, ისევ ჩამაგდეს იმ ქაჯის ხელშია! მაგრამ, ღმერთმა უშველოს, დათიკომ დამიხსნა ცეცხლისაგან. ის თავდაპირველადვე ერთი ამაყი, თვით-რჯული ბავშვი იყო, რასაც იტყოდა, მოკვდებოდა და თავის ქეიფზედ კი გაივლიდა. მე რომ დავჩუმდი, დიდ ბატონს ის მიუბრუნდა და თამამად უთხრა: თუ გაბრუშკას არ გამატანთ, მე ქალაქში წამსვლელი არა ვარ. გაჯიუტდა ეს ყმაწვილი, ზედ გადააკვდნენ და ვერ გადაათქმევინეს ნათქვამი. რა ექნა დიდ ბატონსა? მამიჩემისაც ეხათრებოდა და თავის შვილის ამბავიც იცოდა. ბოლოს, რომ ვერა გააწყო-რა, ბატონმა ისევ მამი-ჩემის წყენა ირჩია და უთხრა თავისებურად, გულმტკივნეულად: ხომ ხედავ, ჩემი დათო, დათიკო ისე შეჰჩევია შენს შვილს, რომ მოშორება ეძნელება. დაე, წავიდნენ! კარგია, რომ პატარაობითვე ბატონი და ყმა ერთმანეთს შეეჩვივნენ: ყმისათვის ბატონთან შეზრდილობა დიდი ზურგია. ნუ დაუშლი, თუ ღმერთი გწამს, დაე უყვარდეთ ერთმანეთი.

მამა-ჩემსა ვერაფრად ეჭაშნიკა ეს ნაუბარი ბატონისა; უგემურად გაიქნია თავი და ისე გაჯავრებული და გულაყრილი წავიდა, რომ, როცა ქალაქს მივდიოდი, არც-კი მინახულა. ეგ, გითხრათ ჩემი გულქვაობის ამბავი, სულაც არ შევიმჩნიე მაშინ. ბოლოს კი ბევრი ვინანე. ის-ის იყო, მამა-ჩემი თვალით ვეღარა ვნახე: იმავ წელიწადს ამოიჭამა წუთის-სოფელმა, და მე ისე, მშობლისაგან შეუნდობარი, უთვისტომოდ, ობლად, მარტოდ-მარტო დავრჩი ამ ტრიალ ქვეყანაზედა. ამ თვალმიუწდომელ დედამიწის ზურგზედ ერთი დათიკოღა დამრჩა. მე იმაზედ დავლიე ობოლის გულის სიყვარული!..

ჩავედით ქალაქში. ჩვენ დაგვაყენეს დიდ ბატონის ნათლიდედასთან. ის იყო ერთი ღარიბი, ქვრივ-ოხერი, ხნიერი დედაკაცი. ერთი ვაჟიშვილი ჰყოლოდა თურმე და ისიც შეჰშურებოდა იმისთვის ბედსა და წაერთმივა საწყლისათვის. ორ-ოთახიანი სახლი ჰქონდა მტკვრის პირას. მე რომ მივათვალ-მოვათვალიერე იქაურობა, ვთქვი ჩემს გულში: აქ, მგონი, ჩვენ კუჭს ვერ გავიძღობთ-მეთქი. მერე დათიკოსაც ვუთხარი ეგა, იმან გამიცინადა მითხრა: თორმეტი თუმანი უნდა ვაძლიოთ წელიწადში და წლის სამყოფი პური და ღვინო, როგორ შეუძლიან მშივრები დაგვყაროსო? მართალი უნდა სთქვას კაცმა, ის დალოცვილი ისე გვინახავდა, როგორც საკუთარ შვილებსა. ღმერთმა მშვიდობა მისცეს იმის სულს!..

დათიკო ყოველ დილით სკოლაში მიდიოდა, სადილად შინ მოვიდოდა, სადილს-უკან წავიდოდა, ზარების დარეკვის დროს ისევ შინ დაბრუნდებოდა. საწყალს რაღაცა რუსული ტანისამოსი ჩააცვეს. ძალიან ითაკილა პირველში, ასე რომ ერთხელ შემომტირა კიდენაც, მაგრამ, ხომ მოგეხსენებათ კაცის ამბავი, ყველაფერს მალე შეეჩვევა; ისიც შეეჩვია. მე ბევრი საქმე არა მქონდა. რაკი დათიკოს სკოლაში გავისტუმრებდი და სახლს დავგვიდი, მთელი დღე ისე გულხელდაკრებილი ვიჯექი. ხანდისხან იქნება ბაზარში გავეგზავნე დედაბერსა მწვანილის სასყიდლად, სხვას ყველაფერს თითონა ჰყიდულობდა. მეც, რაკი ჩემს საქმეს ბოლოს მოვუღებდი, ავიღებდი თავს და ქუჩის პირას ქვაზედ ჩამოვჯდებოდი, თვალებს ავაყოლებდი ამვლელს და ჩამომვლელს, როგორც მოგეხსენებათ უსაქმო კაცის ამბავი. ჩვენის ქუჩიდამ ერთი ვიწრო ქუჩა აუბრუნდებოდა, და იქავ ერთი პატარა საყდარი იდგა: იმის დასწვრივ, ჩვენკენ, ამ ორ ქუჩის კუთხეში ერთი უშველებელი, დიდი ალაყაფისკარებიანი სომხის სახლი იყო. იქ ხშირად მინახავს ერთი მოზრდილი იმერლის ბიჭი; უფრო საღამოს ხნობით გამოდიოდა, დაჯდებოდა კარების დირეზედ და სულ რაღაც ხელნაწერსა კითხულობდა. მე ძალიან გამიკვირდა, ვინ ბიჭი-მეთქი, და ვინ წიგნის კითხვა!.. მე მაშინ ბრიყვსა, წიგნი მარტო სათავადო ხელობა მეგონა. თურმე, ნუ იტყვით, ჩვენისთანა საწყალ კაცის შეფერებაც სცოდნია. ღმერთო მაღალო! სადაც კი შენი მადლიანი ხელი ურევია, იქ ყველაფერი საყოველთაო ყოფილა!

ერთხელ კვირა-დღე იყო. დათიკო სადღაც წავიდა და საღამომდინ შინ არ შემოუხედნია. იმან როგორღაც ორიოდ თვეს შემდეგ ხშირად დაიწყო გარე-გარე სიარული და ხანდისხან მამლის ყივილამდინაც არ შემოვიდოდა შინ. მგონი, მაშინ იმას სწავლაზედ გული აცრუებულიცა ჰქონდა. კვირა-დღე იყო, როგორც მოგახსენეთ. მე შინ საქმე არა მქონდა-რა, გამოვედი ქუჩაში. ჯერ ჩვენ საყდარში წირვა არ გამოსულიყო. გავედი თუ არა, ის იმერლის ბიჭი წიგნით ხელში იქავ დამხვდა, საცა უწინ ვხედავდი ხოლმე; მეც აქეთ ქუჩის პირას ქვაზედ ჩამოვჯექ და დავუწყე ცქერა. ის ბიჭი თვალაუღებლივ კითხულობდა; ხან ჩაიცინებდა, ხან ისევ გაუცინებლივ დასცქეროდა მუხლებზედ გადაშლილ ნაწერსა. მე გულმა ვეღარ მომითმინა, მივედი იმასთან და გამარჯვება ვუთხარი. იმანაც, რასაკვირველია, სალამი მამცა.

- შენი სახელი, ძმობილო? - მკითხა იმან.

- გაბრიელ. შენი? - ეხლა მე ვკითხე.

- გლახუკა.

- სადაური ხარ?

- რაჭველი. შენა?

მეც ვუთხარი, სადაურიცა ვარ.

- რაჭველი? მაშ მოჯამაგირედ იდგები? - დავუმატე მე.

- დიაღ, სომეხთან ვდგევარ. შენა?

- მე? ბატონის შვილს ვახლავარ.

- აი, ყმაწვილი რომ დაიარება, იმას?

- იმას.

- დიდი ხანია ქალაქში ხარ?

- კარგა ხანია. შენა?

- მე, თუნდა ორი წელიწადია, აქა ვარ.

- მეც, ერთი წელიწადი იქნება, აქა ვარ და რატომ ადრევ არ მინახვიხარ?

- აქ არ ვიყავი, ჩემი აღა კარგა ხანი იყო კახეთში და თან ვახლდი. ეხლახან ჩამოვედით, ორი თვე არ იქნება ჯერ კიდენ.

- კიდეც იმიტომ. ეგ რა არის? - ვკითხე და დავანახვე წიგნი.

- ზღაპრების წიგნია, ჩემო ძმაო! საქმე არა მაქვს და გულს ამაში ვართობ.

- აბა თუ ღმერთი გწამს, წაიკითხე, მეც გავიგონო, - ვუთხარი მე ხვეწნითა.

დამიჯერა იმ კაი კაცმა და დაიწყო ისეთნაირად კითხვა, რომ, ღმერთო შეგცოდე, შური მომერივა. ეგ კიდევ არაფერი: ყური ვუგდე და ის, რასაც კითხულობდა, თითქო მეცნო, თითქო სადღაც უწინაც გამეგონოს. გადააბრუნა ახლა სხვა გვერდი, ახლა სხვა წაიკითხა, ის კი სწორედ ჩვენ სოფელში გამეგონა. არ ვიცი რად, მაგრამ გული კი სიხარულით გადამიტრიალდა. „დალახვრა ღმერთმა, - წამოვიძახე უცებ, - ჩვენი გლეხური ზღაპარი აქ სად მოსულა?..“ დიაღ, ჩვენი მდაბიო ზღაპარი გახლდათ. იმერლის ბიჭმა ჩაიცინა ჩემ სიტყვაზედა.

- ეგრეა, ჩემო გაბრიელ! - მითხრა გლახუკამ, - წიგნი იმისთანა რამ არის, რომ თქვენის სოფლის ამბავს ქალაქში ჩამოიტანს, ქალაქისას - სოფელში წაიღებს; საიდგან სად კაცს კაცთან გაალაპარაკებს.

- მართალი ყოფილა, როგორცა ვხედავ, - ვუთხარი მე, - მაგრამ... ჩვენი ზღაპარი!.. აი, დალახვრა ღმერთმა, წიგნში ჩაწერილა! აბა ერთი კიდევ წაიკითხე.

კიდევაც წამიკითხა იმ დალოცვილის შვილმა. რა გავაგრძელო, იმ წიგნმა თავი შემაყვარა. ისე ჩემ სიცოცხლეში არა მინატრია-რა, როგორც იმ დღეს წიგნის კითხვა მე ვინატრე: მშურდა, გეტყვით ჩემ გულის სიძუნწეს, რომ ის ისე თამამად კითხულობდა, მე კი ისე უხეიროდ დავეხეტებოდი. ბოლოს, გულის წადილს რომ ვეღარ გავუძელ, მივვარდი ზედ გლახუკას და დავეღრიჯე:

- თუ ღმერთი გწამს, მოდი ერთი მადლიანი საქმე ჰქენ და წიგნი მასწავლე. მე ერთი ობოლი ბიჭი ვარ, თუ მე ვერ გადავიხდი სამაგიეროს, ღმერთი ხომ დიდია!..

რას ბძანებთ?.. მაინც ისე უსაქმოდ ვაღამებდი ჩემს დღეს. მე რომ მაშინ წიგნი მცოდნოდა და ის ზღაპრები მეკითხნა, ჩემს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფდა.

- მართლა გულითა ხარ მოწადინებული? - მკითხა გლახუკამ.

- რას ამბობ? მოწადინებულიო!.. ზედ დავაკვდები, შენ ოღონდ ეგ სამადლო საქმე მიყავ! - ვუპასუხე გიჟსავით.

- მაშ თუ აგრეა - ადვილია.

- ვაცხონე მამა-შენი!.. - შევყვირე გახარებულმა, - მადლიანი ბიჭი ყოფილხარ.

- ნუ გგონია, რომ მე გასწავლი. მე არ დაგზარდებოდი, მაგრამ ხომ იცი, ძმაო, მოცლა არა მაქვს, მე კაი ოსტატს გიშოვნი.

ფერი მეცვალა, ეს რომ მითხრა. როგორც თავმოწონებული ფარშავანგი ჰხარობს მინამ თავის შავ ფეხებს დაინახავს, როცა კი ძირს დაიხედავს და თვალს მოჰკრავს, მაშინვე ფრთებს დაღონებული ჩამოჰყრის, ისე ამ სიტყვებზედ ჩემმა ჯერ წახალისებულმა გულმა ჩამოჰყარა ფრთები.

- ეჰ, ძმობილო! - ვუთხარი გულნატკენად - შენშიაც მოვსტყუვდი. ოსტატს კაი გაძღოლაც უნდა, მე ცალი ფულიც არა მაქვს თვალზედ მივიკრა. ვხედავ, რომ ტყუილ-უბრალოდ წახალისდა ჩემი წადილი.

იმან გამიცინა და მითხრა:

- აჩქარებული კაცი ჰყოფილხარ, თოფის წამალსავით ჰფეთქავ. განა მე არ ვიცი, შე კაი კაცო, რომ მე და შენისთანა კაცს საოსტატო ფული არ ექნება? მე იმისთანა ოსტატს გიშოვნი, რომ უფულოდ გასწავლოს.

- გულს მირბილებ განა? - ვკითხე უჯერობით.

- დამიჯერე, მართალს გეუბნები.

- მართალს?!

- ჰო, ისეთი კაცი გიშოვნო, ძმასავით მოგეხმაროს.

- ბიჭოს!.. მაშ ღვთის კაცი ყოფილა!..

- შენ არა სტყუი. სწორედ ღვთის მსახური კაცია. მეც იმან მასწავლა, ღმერთმა გადაუხადოს სამაგიერო.

- არა, დამაცა: როგორ თუ ღვთის მსახურია, სამღვდელოა?

- სწორედ. შენ ხომ ამბობ - ფულიო, ფული კი არა, სანთლით ეძებს შენისთანა მოწადინესა, რომ წიგნი ასწავლოს. ვისაც არ უნდა, იმდენს ეჩიჩინება, იმდენს ეჩიჩინება, რომ ძალად ანდომებს. მეც ისე მნახა ერთხელ აქ ქუჩაში. დაილოცა ის დღე, ჩემთვის კაი დღე იყო... დამიწყო დალოცვილმა ლაპარაკი: სადაური ხარო, აქ რას აკეთებო? მეც ყოველისფერი მოვახსენე. რა გავაგრძელო, ისე მოინადირა ჩემი გული ტკბილის სიტყვით, ისე შემიჩვია, რომ, ბოლოს, წიგნის სწავლებაც დამიწყო. რა მე?.. ათიოდ პატარა ბიჭები, ამ ჩვენს უბანში მოგროვილები, იმასთან დადიან და სწავლობენ. როგორც შენ, ისე იმან იმათგან გროში არ იცის. მე ერთხელ, ჯამაგირი რომ ავიღე, მინდოდა მიმერთმივა ორი მანეთი იმ დალოცვილისათვის, მაგრამ, თუმცა არ გამიწყრა, მიწყინა კი.

- მამა გყავს? - მკითხა მე.

- არა, შენი ჭირიმე!

- დედა?

- გახლავთ.

- ვინ ინახავს?

- მე, შენი ჭირიმე! ჩემს მეტი არავინა ჰყავს.

- მაშ ეგ ფული დედა-შენს შეუნახე, - მიბძანა თავისებურად გულთბილად, - შენ რა გაქვს, მე რა უნდა მამცე?

- დედაჩემს თავისი წილი გავუგზავნე და ეს გადავანარჩუნე, რომ თქვენ ლოცვაში მომიხსენიოთ.

- ლოცვა არც ფულზედ და არც ფულით არ იყიდება.

- საყდრის და ღვთის სადიდებლად მაინც მიიღეთ, შენი ჭირიმე!

- ღმერთი, ჩემო ძმაო, მარტო კარგის საქმით იდიდება და არა ფულითა.

- მიწყრებით, შენი ჭირიმე!

- არა, მე მართალს გეუბნები.

- მაშ რა ვქნა,მიბძანე?

- შენთვის შეინახე: თუ მეტია შენთვის, იმას მიეცი, ვინც მე და შენზედ უფრო ღარიბია, მაგას უფრო მოგიწონებს ღმერთი. აგერ, ამ თქვენის ქუჩის ბოლოს, ერთი ღარიბი სახლობა არის, პურის შოვნის ილაჯი არა აქვთ, მე და შენ კი ყოველ-დღე მაძღრები ვართ...

ეს ისეთნაირად მითხრა, რომ არ დაიჯერებ, მაშინვე გამოვტრიალდი, ვიპოვე ის სახლობა და იმისთვის გადადებული ორი მანეთი იმათ მივართვი. აი, რა მადლიანი კაცია!.. ნეტა თითონ ჰქონდეს რამე მაინცა! ღვთის განაჩენი არა აბადია-რა, დღედღეურად ძლივა სცხოვრობს. მაგრამ სულ ტყუილი ყოფილა, კაცს რაკი ღვთის მადლი ჩაესახება გულში, მდიდარია თუ ღარიბი, მაინც მადლის გზაზედ წავა. მაგ კაცის ამბავი რომ გიამბო, არ დაიჯერებ, იმისთანა რამ არის. საცა კი სიკეთეა ამ უბანში, იმისი მადლიანი ხელიც იქ ურევია. დაილოცა ღვთის სამართალი, რომ მე და შენისთანა თავმინებებულ კაცს მაგისთანა პატრონს გაუჩენს ხოლმე!.. მე თუ კაცი ვარ, ეგ იმისი უნარია, ღმერთმა გადაუხადოს! ტყუილად კი არ არის ნათქვამი: ჩვენისთანა კაცის ვალისა ღმერთია მზღველიო. აგერ თითონაც გამობძანდა, - დაატანა გლახუკამ და მიმახედა საყდრისაკენ.

წირვა გამოსულიყო, თეთრ-ჩადრიანი დედა-კაცები თეთრად მოედვნენ ქუჩასა; კაცები კი, როგორც მოგეხსენებათ ჩვენი ადათი, ჯგუფად შეგროვდნენ საყდრის დერეფნის წინ და დაიწყეს თავისებურად ყაყანი. იმათში შეერია ერთი მაღალტანიანი, ახალგაზრდა მღვდელი.

- ის არის ? - ვკითხე გლახუკას, თვალი კი იმ მღვდლისაკენ დამრჩა.

- აბა, ის არის, ძმაო, წამო, კურთხევა ვსთხოვოთ.

IV

პასუხის თქმა აღარ დამაცალა, წამოდგა და წავიდა საყდრისაკენ. მეც თან ავედევნე. მივედით. ის მღვდელი შუაში იდგა, ხალხი ბუზსავით ირევოდა იმის გარშემო. ზოგს ის ელაპარაკებოდა, ზოგიც დაუზარებლად პასუხს აძლევდა, ზოგი გაეხუმრებოდა, ზოგს თითონაც გაუხუმრებდა, და მაშინ უნდა გენახათ გულიანი ხარხარი ერისა.ზოგი კიდევ სულგანაბული შესცქეროდა, თითქო დაჯერებულიაო, იმის პირიდამ ოქრო გადმოვარდება, და შიშობს, ხელიდამ არ წამივიდესო. ბევრი სიკეთე უნდა დაეთესოს კაცსა, რომელსაც ეგრე სიყვარულით გარს არტყია ხალხი! კაციც ის არის, შენი ჭირიმე, და ქუდიც იმასა ჰხურავს. ალბად კაი კაცსაც თაფლი აცხია, რომ დიდი და პატარა ბუზსავით ზედ ეხვევა!.. დედამიწის ზურგს ბევრი არ უტარებია იმისთანა.

სწორედ კაცს რომ წყალი მოსწყურდება, ისე მომწყურდა იმის სიტყვების გაგება. გადავიხარე თავი, რომ დამენახა და გამეგო რამე. წინ ედგა ერთი პატარა ბიჭი თავჩაღუნული.

- ყველა, ყველა და, შენ რატომ ჩემთან აღარ დადიხარ? - უბძანა მღვდელმა, - მოგწყინდა განა, შე ცუღლუტო, წიგნის კითხვა?

- მე რა ვიცი? - უთხრა ბიჭმა, - მამაჩემი არ მიშვებს. - მღვდელი თითქო შეკრთაო, ისე ეწყინა ეს პასუხი.

- რატომ არ გიშვებს?

- გეყოფა, რაც ისწავლეო, - მეუბნება.

- აქ ხომ არ არის მამა-შენი?

- აი, იქითა ზის.

- აბა, აქ დაუძახე.

პატარა ბიჭი ციბრუტივით მოტრიალდა და გაიქცა მამის დასაძახებლად.

- ვერ უყურებთ პეტრეს!.. - სთქვა თავის-თავად მღვდელმა და ჩაფიქრდა...

- ეგ არის და!.. - დაიძახა ვიღაცამ, - ავი ძაღლი არც თითონა სჭამს, არც სხვას აჭმევსო.

ხალხმა გაიცინა, მღვდელსაც ღიმილი მოერივა, მაგრამ მარდად შეიკავა სიცილი.

- მამას არ უსწავლია და პაპას, შვილს რად ასწავლის? - სთქვა მეორემ, - შეჩვეული ჭირი ურჩევნია მაგისთანა თავხედს კაცსა შეუჩვევარ ლხინსა.

- გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო, - მაგისთანა კაცზედ არის ნათქვამი, - წამოიძახა მესამემ.

იქნება კიდევ ბევრი ელაზღანდარათ, რომ თითონ პეტრე არ მოსწრებოდათ.

- კაცო! - უბძანა მღვდელმა, - მართალია, შენ შვილს შენ უშლი სწავლასა?

- მართალი გახლავთ. რა მაგის საქმეა? არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი, შენი ჭირიმე! - უპასუხა თამამად პეტრემ.

- როგორ თუ არა იყო გვარი მისი?

- ესე, შენი ჭირიმე! ჩვენ გლეხკაცებს გვეძახიან, დღე-და-ღამ ოფლი უნდა ვიწუროთ და პური ისე ვჭამოთ. ღმერთს ეგრე უბძანებია: „ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენიო“. ეს ღვთის ბძანება მარტო ჩვენ დაგვაწვა კისერზედ და ვეწევით კიდეც. წიგნი რა ჩვენი საქმეა? ის ჩვენ დამშეულ კუჭს ვერ გაგვიძღობს. ჩვენი წიგნი დედამიწაა, ვენაცვალე იმის მადლს! როცა დედამიწას მწვანე ხავერდსავით ჯეჯილის ყდა გადაეკვრება, მაშინ იმაზედა ვკითხულობთ ჩვენს ბედსაცა. ჩვენი კალამი დაუღალავი გუთანია, მელანი კიდევ გულ-ღვიძლიდამ გამოწურული ჩვენი ოფლია. ამოვაწებთ ოფლში გუთანსა, გადვუხსნით ხოლმე დედამიწას მადლიან გულსა, ჩავაყრით შიგ თესლსა, როცა დრო მოვა - მივალთ - და ის დალოცვილი მიწა თავის დღეში არ დაიღლება, ისე არ გაძუნწდება, რომ მიბარებული ერთი-ორად მაინც არ დაგვიბრუნოს. ტყუილად კი არ ეძახიან მიწას: „დედაო“, ის გვაწოვებს ჩვენ ძუძუსა, იმას დავხარით დღე-და-ღამ, ჩვენი ჭირიც და ლხინიც ის არის, შენი კვნესამე! წიგნი კარგია, ვინ არ იცის? ბევრიც სხვა რამეა კარგი ამ ქვეყანაზედ, ჩვენ იქამდინ ხელი არ მიგვიწვდება... გაგიბედავთ, შენი ჭირიმე, და გეტყვით, ჯერ კუჭი უნდა გავიძღოთ, კუჭი!.. ჩვენი თავდაპირველი გულის-ტკივილი ეს არის!..

- მართალს ამბობს, მე და ჩემმა ღმერთმა, - გაიხმაურა ხალხმა, რომელიც წუთის წინად ისე თავხედად დასცინოდა პეტრესა.

- რას ბძანებთ?.. - წამოიძახა ხალხის ხმით გულგაკეთებულმა პეტრემ, - წელში ვერ გავსწორებულვართ, პირუტყვსავით მაღლა ვერ აგვიხედნია, სულ დედამიწას

დავყურებთ, თითქო ჩვენი ბედი იქ დაკარგულა და ვეძებთო, ვინ ჩვენ და ვინ წიგნი!..

- მე მესმის, ჭკვიანო პეტრევ, შენი გულის ვითარება, - უბძანა დაღონებით მღვდელმა, - მე მოზიარე ვარ შენის გულის-ტკივილისა!.. შენ გუთანი გირჩევნია წიგნსა, იმიტომ რომ შენ გუთანი დღეს პურს გაჭმევს.

- მართალი ბძანებაა, შენი ჭირიმე, - მიუგო პეტრემ.

- ეხლა შენ ერთი ეს მითხარ: რომ არ გცოდნოდა, რომ ცეცხლში რკინა რბილდება, საიდამ გააკეთებდი ბარ-საკვეთს, ცულსა, ეჩოსა, რომლითაც გუთნის ხესა სთლი? რომ არ გცოდნოდა, რომ ეგრე უნდა გამოყვანა გუთანსა, რით მოხნავდი მიწასა? რომ არ გცოდნოდა, რომელ მიწას როგორ უნდა მოხვნა, - ღრმად ჩაშვება ბარ-საკვეთისა, თუ თხლად, - რა გეშველებოდა?

- შენი მტერი იქნებოდა, მე ვიქნებოდი.

- საიდამ იცი ეს ყველაფერი?

- როგორ თუ საიდამ?.. მამა-პაპით, შენი ჭირიმე! მადლობა ღმერთსა, თვალი მქონია - მინახავს, ყური მქონია - მსმენია. გულისყური მქონია - მივხვედრილვარ, ხსოვნა მქონია, გონებაში ჩამრჩენია.

- რაც გინახავს, გსმენია, მიხვედრილხარ, გონებაში ჩაგრჩენია, - ამას სულ ერთიანად რას ეძახი?

პეტრე ჯერ ჩაფიქრდა, თითქო არ იცის რა სთქვასო, მერე კი ისე ჭოჭმანობით წამოიძახა:

- რა ვიცი, შენი ჭირიმე, რას ვეძახი.

- მაინც?

- ჩემ გამოცდილებას, ჭირნახულობას, ჩემ ცოდნასა, შენი ჭირიმე!

- კუჭს გიძღობს ეგ შენი ცოდნა?

- მაგას რაღა პასუხი უნდა, შენი კვნესამე? თითონ შენ კარგად იცი, რომ უმაგისოდ წყალში გადასაგდები ვიქნებოდი.

- ეხლა ერთი ეს მითხარ კიდევ: რამდენი შენზედ უფრო მცოდნე კაცია ქვეყანაზედ?

- რა ვიცი, შე დალოცვილო? მგონი, თავზედ იმოდენი ბალანიც არა მქონდეს: მჯობს მჯობი არ დაელევა.

- იმ მცოდნე კაცების ჭირნახულობა, გამოცდილება, ცოდნა რომ შენსას ზედ დაემატოს, - კარგი არ იქნება? უფრო ადვილად არ გაიძღობ კუჭს, უფრო ცოტა ოფლით ბევრს არ მოიმკი?

- ღვთის წყალობა გქონდეთ, რომ კარგი ის იქნება, მაგრამ ხათაბალა ეს არის, რომ თვალი იმათამდინ არ მიმიწვდება და ყური. საიდამ სადაო, წმინდაო საბაო: ამოდენა დედამიწის ზურგზედ სად ვეძებო მე ისინი, რომ გამოვკითხო რამე?

- მე რომ გაჩვენო იმისთანა რამ, რომ მთელის ქვეყნის ოსტატობა, ჭკვიან კაცების ნაცადი, ცოდნა, თუ მოინდომებ, სულ მუდამ ხელთა გქონდეს, ერთი სიტყვით, რომელ ჭკვიან კაცთანაც გინდა, შორიდამვე გაგალაპარაკო, - რას იტყვი?

- იმას ვიტყვი, რასაც მთელი ქვეყანა ამბობს: ეგ ხომ მისნობა იქნება.

- აბა მაგისთანა მისანია წიგნი.

მე რომ ეს გავიგონე, სწორედ მოგახსენოთ, თავიდამ ფეხებამდინ ჟრჟოლამ გამიარა, არ ვიცი კი რად. ეს კი ვიცი, რომ ჩემ-გარდა სხვასაც ეგ დაემართა: ხალხს, თითქო მზემ დაჰკრაო, სახე გაუნათლდა. პეტრე კი ისე სახტად თვალებდაჭყეტილი დარჩა, თითქო თავბრუ დაესხაო. ისე ატაცებულსავით დიდხანს იქნებოდა, რომ მღვდლის სიტყვებს არ გამოეფხიზლებინათ.

- ეხლა რას იტყვი, წიგნი გიშველის რასმეს, თუ არა?

- ნება მომეცი, - უთხრა გულამომჯდარმა პეტრემ, - ეგ მუხლები გადაგიკოცნო. ჩემი ტუჩები ბევრჯერ მიჰკარებია სხვის მუხლსა და შენისთანას კი არც ერთხელ.

მღვდელმა არ მიუშვა მუხლებამდინ. მაშინ პეტრემ პირნათლად შეჰხედა და გონება-გახარებულმა წამოიძახა:

- დაილოცა შენის ენის პირწყლიანობა!.. ღმერთი მაღლიდამ გიყურებს, შე ღვთისაგან კურთხეულო ადამიანო, რომ მე სულის წაწყმედისაგან დამიხსენ. წეღან გელაპარაკებოდი ბრმა; შვილის ცოდვაში ვდგებოდი, ეხლა, შენის მადლიანის ენით თვალხილული, გეუბნები: ის მამა შვილის დამღუპავი ყოფილა, რომელსაც შენისთანა ღვთის კაცი გამოუჩნდება შვილის გასაწურთვნელად და არ გააწურთვნინებს. ნუ შეჯდება მწყერი ხესა, ნუ იქნება გვარი მისი, ჩემმა შვილმა კი წიგნი უნდა იცოდეს, შენი ჭირიმე!.. მომეცი ხელი, შენი კვნესამე!.. ერთი გემთხვიო!..
გულმოლბობილი პეტრე მივარდა ხელზედ საკოცნელად, მღვდელმა აკურთხა და არ ამთხვევინა კი.

- მაშ დამილოცე მაინც მამის-ერთა შვილი! - უთხრა პეტრემ და შვილი წინ წამოაყენა. მღვდელმა აკურთხა ის ბავშვი და თავზედ აკოცა გაღიმებულმა.

- შვილო! ეს დღე დაიხსომე, - უთხრა შვილსა პეტრემ, - ეს დღე მე და შენთვის მზიანი დღეა.

მღვდელი აირია, ვნახე, რომ მოენამა თვალებიცა. უეცრად მოაშორა თვალი გულამომჯდარ პეტრეს და იმის თავჩაღუნულ შვილსა. თითქო თავის გულის მადლიანობა უნდა დაუმალოს მამასაც და შვილსაცაო. მღვდელი რომ მიტრიალდა, ერთ ვიღაცა დროულ კაცს თვალი შეასწრო და უთხრა:

- ზაქარიავ! არა გრცხვენიან, კაცო, რომ ძმასთან ვერ მოთავსებულხარ, ძმასთან!.. ვინც შეიტყობს, რას იტყვის? სირცხვილია, სირცხვილი! თავზედ ერთი ბეწვიც აღარა გაქვს შავი და მაგისთანა საქმეებს კი სჩადი.

- რა ვქნა, შენი ჭირიმე? - უპასუხა იმან ცოტად შერცხვენილმა, - განა რომ მრცხვენიან, მაგრამ ერთი აჯამი რამ არის, მოუსვენარი. ღმერთია მოწამე, მე უბრალო ვარ.

- ნუ ჰცრუობ მაგ-დროული კაცი, ცოდვაა!.. დღეს არ გეუბნებოდით საყდარში, რომ ქრისტე-ღმერთმა მტრის სიყვარულიც ბძანა, და შენ კი, მტერი კი არა, ღვიძლი ძმა ამოგიძულებია. სირცხვილია!.. უშვილო კაცი ხარ, დროული... თუ კაცისა არა გრცხვენიან, ღმერთი ხომ ყველასა ჰხედავს, რა პირით შეხვდები?

- აბეზარსა ვარ მოსული, ამ საყდრის მადლმა და შენი რისხვა არა მაქვს! ძმარს მაწურებს ცხვირში! სხვა არა იყოს-რა, უფროსი ძმა ვარ...

- მე არ ვიცი! თქვენ ორივ მტყუანები ხართ ღმერთთანაც და კაცთანაც, იმიტომ, რომ ძმები ხართ და ჰჩხუბობთ კი. ამ ხალხთან გეუბნებით შენცა და შენს ძმასაცა: თუ ერთი-ერთმანეთის პატივი არ გექნებათ, საყდარში აღარ შემოგიშვებთ.

ეს რომ სთქვა, აკურთხა ყველანი და გამოემართა შინისაკენ. გამობრუნებაში წინ შეეხალა გლახუკა.

- ოჰ, გლახუკას გაუმარჯოს, ჩემს გლახუკას! - შემოსცინა მღვდელმა, - რასა იქ და როგორა ხარ?

- გახლავარ, შენი ჭირიმე, შენის ლოცვით და კურთხევით, - მიუგო გლახუკამ და ქუდმოშვლეპილმა კურთხევა ჩამოართვა.

აკურთხა თუ არა, გადასდო მხარზედ ხელი და ისე ხელგადაჭდობილი წამოვიდა. მე ბევრი რამ გამიკვირდა იმ დღეს და ისე კი არა გამკვირვებია-რა. აბა, გლახუკა ვინ იყო? ერთი უბრალო მოსამსახურე - და მაინც კი მღვდელმა არ ითაკილა და ხელი გადასდო. მაშინ მე რა ვიყავ, მაგრამ ამისთანა თავდაბლობამ ჩემი გული მოინადირა. მეც იმათ უკან ავედევნე.

- სადა ხარ, რომ აღარა ჰჩანდი? - ჰკითხავდა მღვდელი.

- ეს თვე-ნახევარია, რაც გიახელი, - უპასუხა გლახუკამ, - თორემ აქამდინ აღას ვახლდი კახეთშია.

- ერთხელ მაინც როგორ არ მინახულე, ბიჭო! ერთ დროს მე და შენ ხომ მეგობრები ვიყავით, პური ერთად გაგვიტეხია, ერთ ჭერ-ქვეშ დაგვიხველებია, სხვა არა იყოს-რა.

- თქვენმა მადლმა, მოცლა არა მაქვს. ამოდენა სახლი და სახლის ავეჯეულობა ეხლა მარტო მეღა მაბარია, ჩემ მეტი აღარავინ ჰყავთ, სულ ყველანი დაითხოვეს, თორემ როგორ არ გიახლებოდით: თქვენზედ უკეთესს ვისა ვნახავ?

- ეგა სჯობია ჩემ ნახვასა, ჩემო გლახავ! შენს საქმეზედ იყავ ბეჯითი, გულმოდგინე, ერთგული, რომ ღმერთიც მადლობელი იყოს და კაციც: რასაც ვიკისრებთ, ის უნდა ავასრულოთ კიდეც. ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი. ჩემი ნახვა, ძმავ, ისე საჭირო არ არის: არა კაცი იმოდენა სიკეთეს არ მოგცემს, რამოდენადაც შენის ვალის ასრულება.

ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, ქუჩას ჩამოსცილდნენ. არ ვიცი, ჩემის ფეხის ხმაურობა გაიგო, თუ არა, შემომხედა და, რომ დამინახა უკან მივდევ, მკითხა:

- რაო, ძმობილო, ჩემთან საქმე ხომ არა გაქვს?

- არა, შენი ჭირიმე! გლახუკას მოვდევ.

- მე მეგონა, ჩემთან გინდა რამე, - მითხრა ესა და წავიდა ისევ-ისე ხელგადაჭდობილი.

მე დავშორდი. გლახუკამ რაღაც ლაპარაკი დაუწყო. მე არაფერი აღარ მესმოდა, ისე შორს ვიყავ. მინამ გლახუკა გაათავებდა სიტყვას, მღვდელი შედგა და ორიოდჯერ თავის მადლიანის თვალით შემომხედა. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემზედ ლაპარაკობდნენ და, სწორედ გითხრათ, გული ამიტოკდა, თითქო იმ ლაპარაკით ჩემი ბედისწერა სწყდებოდა. იმ დალოცვილმა ხელი დამიქნივა. მე ვიშვლიპე ქუდი და, როგორც სალდათი უფროსს, ისე ქუდმოხდილი გამოვეჭიმე. იმან თავის ხელით ქუდი თავზედ დამხურა. მაშინ კი თვალი გავუსწორე. რა გითხრათ, რა კაცი დავინახე ჩემ წინ!.. ხატებს რომ ჰხატავენ, ის იყო! მადლით, მადლით იყვნენ სავსენი იმის ჩაფიქრებული თვალები! დიდი მადლი უნდა უტრიალებდეს კაცს გულში, რომ ისე გამოსცეს, გამოატანოს თვალებს, როგორც იმის თვალებისათვის გამოეცა და გამოეტანა. არ ვიცი, ჩაგონებული რომ ვიყავ, იმისთვის მეჩვენა ის კაცი ხატად, თუ რა, ეს კი ვიცი, რომ აქამდინაც გულში ისე ჩამრჩა ჩასახული, როგორც პირველადა ვნახე. წამოსადეგი კაცი იყო, გამხდარი სახე ცოტა ფერმკრთალი ჰქონდა. ნაღველს ცოტაოდნად ხელი გაეკრა, როგორც ემჩნევა ხოლმე მუდამ ზრუნვის ნაჩვევსა და სხვის გულის შემატკივარსა.

შავი წვერი ჯერ არ ჩამოზრდოდა, ისე ახალგაზრდად მეჩვენა. თავიდან ფეხებამდინ ისეთი სანახაობა ჰქონდა, რომ, როგორც მზე მზეუჭვრიტასა, კაცის გულს ერთის ნახვითვე თავისაკენ მიიბრუნებდა.

- შენ წიგნის სწავლა გინდა, ძმობილო? - მიბძანა დალოცვილმა, - თუ ეგ გულში გედო, წეღან რომ გკითხე, რატომ არ მითხარ? რად დამიმალე გულის წადილი? გულდახურული ჰყოფილხარ. ხომ იცოდი გლახუკასაგან, რომ მე წიგნს ვასწავლი ხოლმე შენისთანა კაი კაცსა.

ეს რომ მითხრა, გამიღიმა, მომავლო თავზედ ხელი და მოცინარემ გამიქნივა თავი. მე ჩავღუნე მორცხვობით თავი და ვერა ვუთხარი-რა.

- თავი რას ჩაღუნე? მარტო პირუტყვი იყურება დაბლა, კაცმა კი უნდა ცას უყუროს. თითქო ჩემი შეგრცხვაო... აბა შემომხედე, მეც შენისთანა კაცი ვარ.

მომავლო ნიკაპზედ ხელი, თავი მაღლა ამიწია და ზედ დაატანა:

- ხუმრობა-გაშვებით, თუ მოწადინებული ხარ წიგნისთვის, მე ოსტატი და შენ შეგირდი. ჰა, შენ რას იტყვი ამაზედ?

- რა მეთქმის, შენი ჭირიმე, მადლობის მეტი? - ძლივ-ძლივ გავუბედე თქმა.

- მადლობა მერე იყოს. შენი სახელი?

- გაბრიელ.

- მაშ იცი, რას გეტყვი გაბრიელ? როცა შინაურ საქმეს ბოლო მოუღო, გლახუკას უთხარ და ეგ მოგიყვანს ჩემთან. ასე კი მოახერხე, არც შინ მოსცდე საქმეს და არც გარეთ, რომ შენმა წიგნის სწავლებამა შინაურ საქმეს არ დაუშალოს.

- შინაურ საქმეს!.. თუნდ რომ მოვცდე, რა ცუდ საქმისთვის მოვცდები?

- მაგას ვინ ამბობს, ჩემო ძმაო? მაგრამ ის კი სჯობს, რომ არც მწვადი დასწო და არც შამფური; ერთი საქმე გააკეთო და მეორე კი გააფუჭო, ეგ ცუდია. შენ ხომ ბატონის კაცი ხარ?

- ყმა გახლავარ.

მღვდელმა უგემურად გაიქნია თავი, თითქო შეწუხდაო.

- რაც უნდა იყო, მე და შენ კაცები ვართ, ღვთის შვილები, - მითხრა პატარა ხანს უკან, - იარე ჩემთან, აი აქვე ვდგევარ. შენ ოღონდ იბეჯითე, ნურც წიგნზედ ინაღვლი, ნურც არაფერზედ, ყველაფერი გექნება. შენ ასეთი ბიჭი სჩანხარ, რომ ორ-სამ თვეზედ გლახუკასაც გამოეჯიბრები წიგნშია.

მე გამეცინა.

- რას იცინი? არა გჯერა თუ? კაცმა რომ მოინდომოს, კლდეს გაარღვევსო, ხომ გაგიგონია?

- კლდის გამრღვევ კაცს სხვა ფერიც აძევს, შენი ჭირიმე!

- იმ ფერისა იქნება შენც გაცხია: ყველას ღვთის სული გვიდგა, ჩემო ძმაო!

- ღმერთმა ქნას, მეც ეგ მინდა, ნეტავი მეცხოს!

- აი, ეს ბურთი და ეს მოედანი, ვცადოთ: ცდა ბედის მონახევრეაო.

- მე უარზედ არა ვდგევარ, ვცდი, თუნდა კლდემ ქვეშ მომიტანოს.

ეს რომ ვუთხარი, თვალი თვალში გამიყარა, თითქო ჩემი სიტყვა გულს მოჰხვდაო, მერე სახე გაუნათლდა და მითხრა:

- ე! თუ ეგრეა, მაგისთანა გულმაგარსა ვერაფერი ვერ მოგიტანს ქვეშ, თუ მოგიტანს, აუდგები ფეხზედ. აკი გითხარ, კაი ბიჭი ხარ-მეთქი. შენისთანა შეგირდი ოსტატის სიხარულია, მაშ მე და შენ დავძმობილდებით, ჩემო გაბრიელ!

რომ გითხრათ, რომ ამ სიტყვებმა მუხლები მომიდრიკეს, მომანდომეს იმის მუხლებზედ მოხვევნა, - არ დაიჯერებთ. ეს ასე კი იყო, მაგრამ იმ ღვთის კაცმა მარდად დამცა ხელი მხარშია და ისე ღონივრად ამზიდა ერთ ფეხზედ წამოჩოქილი, რომ როგორც ლურსმანი, ისე დამაყენა ფეხზედ. არ იყო, რომ ცოტა ნათაკილევსავით არ მითხრა:

- ეგ მეორედ აღარა ქნა, ცოდვაა!.. მაგისთანა თაყვანი მარტო ღმერთს შეჰფერის!..

- ჩემი ღმერთი შენა ხარ! - დავუძახე მე აღტაცებულმა.

- აგე, შენი ღმერთი სად არის, - მაჩვენა ცაზედ, - მე იმისი ცოდვილი მსახური ვარ, შე გულფიცხო.

მე სულელმა რა ვიცოდი მაშინ იმისთანა კაცის ყადრი. ბატონი რომ სადილიდამ ჩამორჩომილ ნესვის ქერქს მომიგდებდა, მაშინვე მუხლზედ საკოცნელად კინწისკვრით წამაბარბაცებდნენ, ამან კი ობოლს, ოხერს ძმობა დამიპირა, ყმასთან არ ითაკილა ძმობა, ყმასთანა, რომელსაც, როცა კი ბატონი მოიწადინებს, ქოფაკს ძაღლზედაც გასცვლის. მოდი და ნუ მოიდრეკდი იმის წინ მუხლსა. მე მახსოვს დიდი ბატონი, ხომ კაი კაცი იყო, მაგრამ მაინც გული მოეფხანებოდა, როცა მე მუხლზედ ვაკოცებდი ხოლმე. მე მეგონა, ამასაც ამით ვაამებ, ის კი არა თუ მიწყინა და ჩემს რეგვენობას აპატივა... მაშინ მიკვირდა ეგრეთი ქცევა მღვდლისა, ეხლა კი მესმის!.. თურმე კაი კაცს თავისი გულივე მადლს უხდის; მაშინ ეგ რა ვიცოდი? რა კაცი იყო!.. არა, მე ეხლა რომ მაგონდება იმისი საქმეები, მგონია, რომ ციდამ იყო ჩამოსული, რომ კაცს ქვეყანაზედ აჩვენოს კაცობა. ვაი, რომ ბედმა ქვეშ მომიტანა იმისგან წახალისებული თავმომწონე ბიჭი და აი, ვეღარ წამოვუდექი, თორემ ვინ იცის? იქნება მეც შემძლებოდა კაი კაცობა...

გული თოფის-წამალსავით მიფეთქდა, გონება მიხურდა, რაღაც ღონე მომეცა და ატაცებულსავით შევძახე:

- შენ ღვთის მსახური იყავ და მე კი შენი ვიქნები. ჩემი მადლობა ეგ იქნება, სხვა-რიგად მე გადახდა არ შემიძლიან.

- აგე, მადლობის მთქმელი სად არის, - მანიშნა ცისკენ, - ის ეხლა იქიდან ორივეს დაგვყურებს...

- და შენს სიკეთეს თავის გულის-ფიცარზედა სწერს, - ვუთხარი მე და გავაწყვეტინე სიტყვა. ეს ჩემი სიტყვა თითქო გაუკვირდა, გაოცებით შეხედა გლახუკასა, გლახუკას კიდევ პირი დაეღო და გაშტერებით გვიყურებდა.

- ცეცხლი ყოფილა შენი გული, - მითხრა პატარა ხანს უკან მღვდელმა, - ყური მომიგდე, დღეს შენ დაგჭირდი, ხვალ თუ ზეგ შენ მე დამჭირდები, „სოფელი ასე მქმნელია“, დრო მოგვივა, გავსწორდებით, ხომ გაგიგონია: მთა მთას არ მოხვდება, კაცი კი კაცსაო. არა, გლახუკავ?

- მართალი ბძანებაა, - უთხრა გლახუკამ.

- ჰმ, - ჩავიცინე მე, - გულს მირბილებ, ბატონო, მე მიგიხვდი. შენისთანა კაცს იმისთანა რა გაგიჭირდება, რომ ჩემისთანას შველა შეეძლოს?

- მითომ რატომაო?.. ტაბიკი ხომ რა არის, უბრალო ჩხირია, იმ ვეება ურემში არც კი სჩანს, უმისოდ კი ურემს ვერ შეაბამ. ეგრეა ყველაფერი, ჩემო ძმაო, დიდი თუ პატარა ერთი-ერთმანეთისთვის საჭირონი ვართ, თუ დღეს არა, ხვალე მაინცა. არა შემიძლიან-რაო?.. კაი კაცობა არ შეგიძლიან?.. მაშ რაღა კაცი ჰყოფილხარ?.. ღვთის სული რად გიდგა?.. მე შენ დამიჯერე, წადილი იყოს, თორემ შეძლება ყოველთვის იქნება. აი, ვთქვათ, შენ რომ წიგნს ისწავლი, - დაჯერებული ვარ, რომ მალეც ისწავლი, - შენც მონახე შენისთანა კაი ბიჭი და იმასაც ასწავლე, ვალს მაგით მოიშორებ, ვითომ იმისთვისაც მე მისწავლებია და მე მიქნია სიკეთე. მეტი რა მინდა, რომ ჩემი სახელი ლოცვით მოვახსენებიო შენისთანა კაი კაცსა. ბევრჯერ იქნება, ჩემო გაბრიელ, შეგირდი შენ რომ დაგლოცავს, მეც მომიგონებს: „ღმერთმა აცხონოს შენი მასწავლებელიო“. ის ლოცვა საიქიოს წინ გამიძღვება, ღმერთამდინ აქედამვე გზას გამინათებს. მე ეგ მეყოფა, შენც შენს ვალს მოიშორებ. მერე რა-რიგად? ისე, ნეტავი, ყველამ მოიშოროს! არა შემიძლიან-რაო? ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება - გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისაგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა. ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდისხან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის, ძმაო, ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოიქცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა...

დიდი ხანი მელაპარაკა და ბევრი რაღაცები მითხრა, მაგრამ ხსოვნამ მიღალატა და ეხლა არ მაგონდება. ეს კი ვიცი, რომ იმის სიტყვებმა ძლიერ ჩამაფიქრეს და მას შემდეგ, თუნდა ჩემი სულთამხუთავი ყოფილიყო, თამამად თვალს გავუსწორებდი. აქამდინ კი კაცისაც მრცხვენოდა.

- რამდენი ხანი ვყოფილვარ მე მაგასთან, - მითხრა გლახუკამ, მღვდელი რომ წავიდა, - და მაგისთანაები ჩემ დღეში ჩემთან არ უთქვამს.

- ყველაფერი ბედი ყოფილა, ჩემო ძმაო, - ვუთხარი მეცა.

- არა, ძმაო, ეგ ბედის საქმე არ არი.

- მაშ ვისი საქმეა?

- ღმერთისა, რომ შენ ეგრეთი გაუჩენიხარ.

არ ვიცი ეს რისთვის მითხრა. თქმა ამისა და იმისი გაბრუნება ერთი იყო. მეც ავიღე თავი და ჩაფიქრებული წაველ შინისაკენ.

V

თქმა აღარ უნდა, რომ მეორე დილით, რაკი ჩემი საქმე გავათავე, გულმა მღვდლისაკენ გამიწია. მე გლახუკას გამოვკითხე მღვდლის სახლი და მარტოკა წავედი. შევაღე დაბალი ქუჩის კარი. დერეფანში ერთი უბრალო ტახტი დამხვდა, ზედ ისხდნენ შვიდიოდე პატარა ბიჭები. შუაში თავმოხდილი იჯდა ჩვენი მღვდელი. ზოგს აწერინებდა, ზოგს აკითხებდა. იქით, პატარა მოშორებით, ვიღაც დედაბერი კედლის პატარა ბუხრის წინ ქვაბებს დასტრიალებდა. თვალი შემასწრო თუ არა, მღვდელმა გამიღიმა: ოჰ, გაბრიელს გაუმარჯოს, - დამიძახა მაშინვე.

მე თავი დავუკარი და კურთხევა ჩამოვართვი.

- მალე გცოდნია, ძმობილო, პირობის ასრულება, - მიბძანა ხელახლად.

- შენის წყალობით და ჩაგონებით, შენი ჭირიმე! - მეც ვუპასუხე.

- ვითამ?

- რა ვიცი? მე ის კი აღარა ვარ, რაც შენამდინ ვიყავ და.

- მეფერები თუ?

- მე არ მოგიკვდე, გაბრიელმა მაგითი შენ გული არ აგაყრევინოს!

- თუ ღმერთი გწამს, მითხარ: რამდენი წლისა ხარ?.. - მკითხა და არ ვიცი რისთვის გადამიგდო ბანზედ სიტყვა!

- მგონია, თოთხმეტ-თხუთმეტისა ვიქნები...

- თოთხმეტ-თხუთმეტისა... - გააგრძელა სიტყვა, თითქო არა სჯერაო და დაფიქრებით თვალი თვალში გამიყარა.

- რაზედ მკითხე, შენი ჭირიმე?

- ისე გკითხე. მე... სწორედ გითხრა... მეტისა მეგონე... - ეს ისეთ ჭოჭმანობით და შესვენებით მითხრა, თითქო სიტყვა არ დაათავაო და შუაზედ გაწყვიტაო. - აი, დედავ, - მიუბრუნდა უცბად მღვდელი დედაბერსა, - წუხელ რომ გითხარ გაბრიელი - ეს არის. თოთხმეტის, თუ თხუთმეტის წლისა ყოფილა...

ბებერმა შემომხედა და სთქვა:

- ღმერთმა გაუზარდოს თავის დედ-მამას სასახელოდ.

მე არ გავაგრძელებ ჩემ წიგნის სწავლასა, ისეცა გრძელდება ჩემი ამბავი და ვფიქრობ - თავი არ მოგაწყინო. მარტო ამას კი ვიტყვი, მამა შვილს ისე როგორ მოექცევა, როგორც ის ჩვენ გვექცეოდა. დალოცა ღმერთმა იმის გზა და კვალი! ცალი არ ჰყვანდა ქვეყანაზედა. მე მალე მიმახვედრა წიგნსა. სამ-ოთხ თვეზედ არამც თუ წიგნის კითხვა შემეძლო, ლოცვებიც გავიზეპირე, დღევანდლამდინ მახსოვან. მარტოობაში ღმერთს დღესაც იმ ლოცვების სიტყვებით ველაპარაკები, ისინი მიკვალავენ ცისაკენ გზასა და დღე-და-დღე იმათთან ვაყოლებ სულსა. ღმერთო! შენ გაუნათლე იმასაც გზა სააქაოსაც და საიქიოსაც! თუ შენი სული ჩაჰსახებია ვისმე ქვეყანაზედ, ის იმათში პირველია.

არ გასულა სამი-ოთხი თვე, რომ სხვა შეგირდებს დამაშორა. მიბძანა: „შენ, ჩემო, გაბრიელ, შავარდენი ჰყოფილხარ. მე და შენ უნდა ცალკე ვიაროთ: სხვა შეგირდები ტაატით მიდიან, შენ კი მირბი. ამას იქით ისინი დილაობით ივლიან, და შენ კი საღამოობით მოდი ხოლმე. მოდი, მოვუჯდეთ წიგნსა, შენ მე წამახალისე, მე კიდევ შენ წაგახალისებ“.

მე ძალიან მოვწონდი იმ დალოცვილსა. მიქებდა ხოლმე გულისყურს და მიხვედრასა: „ვიციო, - ზედ დაატანდა ხოლმე, - შენ მაგითი თავს არ გაიზვიადებ, ჭკვიანი ბიჭი ხარ, იმიტომ პირში გეუბნები“.

გავიდა რამდენიმე დრო, წიგნი კარგად დავიხელთავე, წერაც გავიკვეთე. ერთხელ, როცა წიგნის კითხვა გავათავე და ნაწერიც მომიწონა, მომისვა გვერდით და დამიწყო თავისებურად ლაპარაკი. ეგ იმან ხშირად იცოდა ხოლმე, როცა კი დავაჯერებდი, რომ მაგითი შინ საქმეს არ მოვცდებოდი. მეც, როგორც მოგეხსენებათ გათამამებულ კაცის ამბავი, ვკითხავდი, ვებაასებოდი, და, - არ ვიცი, ჩემი სიტყვა-პასუხი მოეწონა, თუ რა, - მიბძანა: „შენ, ჩემო გაბრიელ, ერთი კაი წიგნი მინდა გაჩუქო“.

ადგა, გამოაღო პატარა თახჩის კარი და გადმოიღო ერთი დაბეჭდილი წიგნი.

- აი, ძმაო, ეს წიგნი არის ქართველების გულის საუნჯე. რაც კი რამ გვაქვს ჩვენს ენაზედ, ამას ჯერ არა სჯობია-რა. თამარ მეფე ხომ გაგიგონია?

- როგორ არა, ღვთისნიერი რამა ყოფილა.

- ღვთისნიერიო!.. რას ამბობ? თუ წელში გამართულა როდისმე ჩვენი ქვეყანა - ეგ იმის მეფობის დროს გაიმართა; მზეს თუ როდისმე საქართველო გაუნათებია და გაუთბია - იმის დროს ყოფილა; სიტყვას თუ ძალა გამოუჩენია, გულსა სიმტკიცე, მკლავსა სიმაგრე - ეგ დალოცვილის მეფის თამარის დედობის დროს მომხდარა! ის დედა იყო, ჩვენ შვილები... დრო ყოფილა, ჩემო ძმაო, ქართველობით თავი მოგვიწონებია. ტყუილად კი არ არის ამ წიგნში ნათქვამი: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“. დედაკაცი იყო, კურთხეულ არს სახელი მისი! და დედაბოძად კი შეექმნა ჩვენს ქვეყანასა...

- ეგ წიგნიც იმან დაწერა?

- არა, იმ ღვთისაგან დალოცვილსა ერთი კარისკაცი ჰყოლია, შოთა რუსთაველი, იმას დაუწერია.

- ეს სულა?

- სულ. თავიდან ბოლომდინ გალექსილია. ძნელი გასაგები კი იქნება მაგრამ ერთი-ერთმანეთს ვუშველით და გავიგებთ. ბევრგან იმის სიტყვები გაჭირებაში გულს მოგფხანენ, ჭირს გაგიადვილებენ, გულს და გონებას გაგიწვრთნიან და სიკეთისათვის წაგახალისებენ.

- საღმრთო რამ არის?

- ყველაფერი საღმრთოა, ჩემო ძმაო, რაც კაცის გულს გაუთბია, თითონ დამწვარა, ზღაპრისა არ იყოს, სანთელსავით და სხვისთვის კი გაუნათებია. კაცი ის არის, ჩემო ძმაო, რომელიც თავის გონების ნამუშავარს, გულის სიკეთეს, ხიდად გასდებს, რომ, თუ არ თითონ, სხვამ მაინც მშვიდობით გაიაროს. იმ ხიდს ზედ ამჩნევია ყოველთვის ღვთის მადლი, მაშინ ყველაფერი საღმრთოა. მაგრამ რას გეუბნები? აქ ერთგანა სწერია:

„უნდა კაცი კაცისათვის
სიცოცხლისა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის,
სიყვარული გზად და ხიდად“.

მგონია, ეგრე სწერია, თუ ხსოვნამ არ მიღალატა. საღმრთო არ არის, მაშ რა არის? ქრისტე-ღმერთმაც ეგ არ გვიბძანა?..

გაოცებული ვუყურებდი მღვდელს. სახე გამოეცვალა, თვალიც გაუნათლდა, გული შეეძრა, აუტოკდა, თითქო მკერდში არ ეტევაო. ვატყობდი, რაღაც უნდა ეთქვა კიდევ ჩემთვის, მაგრამ აღარა მითხრა-რა და სიარულში გააქარწყლა გულის წადილი.

- ვისაც უნდა, რომ ღმერთი ასახელოს და ადიდოს, - სთქვა პატარა ხანს უკან მღვდელმა თავის-თავად, - იმან ორი სახელი უნდა იქონიოს: ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლი.

ისევ ჩაფიქრდა. ეს რომ სთქვა, აქეთ-იქით დაიწყო სიარული, თითქო მე დავავიწყდიო. მაგრამ ბოლოს ისევ მოვაგონდი, მომიბრუნდა და მითხრა:

- აბა წავიკითხოთ.

მომიჯდა გვერდით, გადამიშალა თითონვე რამდენიმე ფურცელი და მომცა. დავხედე იმ ადგილს, სადაც თითი დამიდო, ეწერა: „ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა“. მე ვუთხარი:

- რატომ თავიდამ არ მაწყებინებ?

- ნუ აჩქარდები, ყველაფერი თავის დროზე უნდა. თავი უფრო ძნელია, მგონი, შენთვისაც და ჩემთვისაც; თუნდ ეგ არ იყოს, ამბავი აქედამ იწყება. მერე, როცა მე და შენ კარგად მივხვდებით, მაშინაც მოვესწრობით მაგის გადაკითხვასა.

მეც დავუჯერე. იმ დღიდამ დავიწყეთ მე და იმან „ვეფხის-ტყაოსნის“ კითხვა. მაშინ ვიქნებოდი ჩვიდმეტ-თვრამეტის წლისა. ის დღეები ჩემთვის უღრუბლონი იყვნენ!.. წავიდნენ და არ მობრუნდებიან უკან... რა ვუყოთ? გულს ხომ ისევ ეტყობა იმათი სითბო, ესეც ნუგეშია.

ის ბევრგან შემაყენებდა ხოლმე და მკითხავდა: „გესმისო“? თუ ვეტყოდი „მესმის“, ხომ რა კარგი, თუ არა და მომიყვებოდა და თითონ იმ წიგნზედ უარესად არ მელაპარაკებოდა. იმ ალაგთან რომ მოვედი, საცა სწერია: „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა - დაკარგულია“, - მახსოვს დიდხანს შემაყენა. ამისთანა სიტყვებზედ უყვარდა იმას შედგომა და ბაასი. მაშინდელი სიტყვები, რა მაშინდელი! რაც რამ უთქვამს ჩემთვის, დღევანდლამდინ სიზმარივით დამახსოვდა.

- გესმის ეგა? - მკითხა, - სახარებაში ქრისტე-ღმერთი ერთს იგავსა ბძანებს, თუ არ მოგწყინდება, გეტყვი. თურმე ყოფილა ერთი ბატონი, რასაკვირველია, მოსამსახურეებიც ჰყოლია. თითონ სხვაგან დაუპირებია წასვლა, დაუბარებია მოსამსახურეები და ფული დაურიგებია; ერთისათვის ბევრი მიუცია, მეორისა და მესამისათვის ერთი-ერთმანეთზედ ნაკლები და უთქვამს: ასარგებლეთ და, როცა მოვალ, სარგებლით დამახვედრეთო. თითონ წასულა. იმ ორ მოსამსახურეს ჭკვა უხმარიათ, ბატონის ბძანება აუსრულებიათ და, რაცა ჰქონიათ მიბარებული, ერთი იმოდენა კიდევ მოუგიათ. მესამე კი ერთი უჯიშო რამა ყოფილა, უმადლო, მცონარე; უფიქრია - მოგებას ვინა ჩივის, ესეც არ დავკარგოვო. აუღია და მიწაში ჩაუფლავს. ბატონი რომ მობრუნდა, მოიწონა ორივე მსახურის მადლიანი საქციელი, მესამეს კი გაუწყრა, წაართო ის ფული და იმათ მისცა ვისაც მოგებით ეარნათ. მესამე კი ხელცარიელი დარჩა. მიწაში ჩაფლა საწყალმა - არ დამეკარგოსო, მაგრამ ბოლოს მაინც კიდევ დაჰკარგა. რომ გაეცა კი, იმისი იქნებოდა. ბატონი ღმერთია, იმისი მსახურები - ჩვენა ვართ. ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება, ცოტას - ცოტა. იმისთვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, - იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა - დაკარგულია“. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცსა თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.

ამას რომ მიბძანებდა, ამ დროს, ჩვენ რომ ვისხედით, იმ პატარა ოთახის კარი გაიღო და შემოვიდა მიკონკებულ ჩადრში შეხვეული ერთი ღარიბი დედაკაცი. მღვდელი მუთაქაზედ წამოყუდებული იყო, მაშინვე გასწორდა.

- მარიამს გაუმარჯოს, მარიამს!.. - დაუძახა მღვდელმა, - შენი ქმარი როგორ არის?

- რაღა როგორ არის, შენი ჭირიმე, - უპასუხა გულანატირად დედაკაცმა, - ავად შენი მტერი იყოს, ავად ის არის. იმ დღეს, დედათქვენმა რომ წამალი უბოძა, იმან ცოტად არგო; მაგრამ დღეს კი დილაზედ ტკივილები ისევ აეშალნენ. არ ვიცი, რა ვქნა? გული ხელთ აღარა მაქვს იმის მაყურებელსა. ლამის ღმერთმა ჩემზედ ხელი აიღოს. ის ამ ქვეყნისა აღარ არის, შენი ჭირიმე... რა მეშველება, რომ ღმერთი გამიწყრეს...

დედაკაცს ტირილი მოერივა და სიტყვა ვეღარ გაათავა. მე მღვდელს შევხედე. ერთმა მწუხარების ფერმა გადაჰკრა სახეზედ, დაღონდა, წარბი შეეკრა, თითქო გულში ისარი გაეყარაო. საკვირველია, ღმერთმან იცის! როგორ ეტეოდა ამოდენა ხალხის გულისტკივილი იმ ერთ გულშია... დაილოცა ღვთის სიძლიერე, იმისი გზა და კვალი გაუგებარია.

მღვდელი ადგა, დაიწყო წინ და უკან სიარული. არა უთხრა-რა, თითქო აცლის, ჯერ გული მოიბრუნოსო. ბოლოს კი, ჰნახა რომ დედაკაცი ტირილს არ ეშვება, მოუბრუნდა და იმ მადლიან და სანდო ხმითა, რომელიც იმისაგან მერეც ხშირად გამიგონია და მინამ პირში სული მიდგას არ დამავიწყდება, უბძანა დედაკაცსა:

- ნუ სტირი, დედი... სულმოკლეობა ღვთის საწყენია. ღმერთია მოწყალე, იმისი ნუგეში დიდი არის, ღმერთი არის ყველას მფარველი, მოჭირნახულე ადამიანი იმას უყვარს; რაც უნდა მოხდეს, უნუგეშოდ არ გაგიშვებს. ნუ სტირი, ნუ! ღმერთს მიენდე და კაცის სიკეთესა. ნუ სტირი!

- რა ვქნა, შენი ჭირიმე? ცრემლი, - წაიქვითინა ბებერმა, - მწუხარების შვილია... თავის-თავად მოდის, როცა გული იწურება.

- მართალია, დედი, მწუხარების შვილია, მწუხარებას ალბობს, მაგრამ გონების თვალს არ უნდა მოერიოს ცრემლი. საქმის დანახვა სჯობს ცრემლით თვალების აბმასა. თუნდა ეგ არ იყოს, შენ ქმარს საცრემლო რა სჭირს? დედი-ჩემის წამალმა ხომ არგო, კიდევ წაიღე, შე დალოცვილო!

- დიაღ, შენს მადლს ვენაცვალე, მაგისთვის გიახელ, - უთხრა ისევ გულამომჯდარად დედაკაცმა და მერე ხმა-წყვეტით ზედ დაატანა, - ერთი საქმე კიდევ მაქვს თქვენთან...

- მიბძანე, - მიუგო მარდად მღვდელმა.

- ხომ იცით, თქვენს მეტი პატრონი არა ჰყავს ჩემისთანა უნუგეშოს. მრცხვენიან, რომ გლახასავით თქვენ შემოგყურებთ და გაწუხებთ, მაგრამ...

- კარგი, დედი, მესმის, - არ გაათავებინა მღვდელმა. - დედი! - გასძახა მეორე ოთახში თავის დედასა, - მარიამს შენთან საქმე აქვს. წადი, - უთხრა დედაკაცს, - დედა-ჩემმა იცის...

- აი, აგრემც ღმერთი გადღეგრძელებს ქვრივისა და ოხრის ნუგეშად, აგრემც ღმერთი გადაგიხდის ღარიბის გაკითხვის სამაგიეროს, აგრემც...

- კარგი, კარგი... - კიდევ არ დააცალა სიწითლე-მორეულმა მღვდელმა, თითქო შერცხვა და მადლობას თაკილობსო, - ღმერთმა გილხინოს. წადი, დედი, შენს ქმარს მალე მიეშველე. ნუ იტირებ კი. ცრემლი ისე არ არგებს, როგორც შეაწუხებს. უთხარი შენს ქმარს: მეც დილაზედ ვინახულებ, ღმერთია მოწყალე-თქო, ყველანი მშვიდობით ვიქნებით-თქო.

დედაკაცი რომ გავიდა, მღვდელს მაინც გული არ დაუამდა, კიდევ იმის ფიქრში იყო.

- მართლა რომ შესაბრალისია ეგ საწყალი, - სთქვა მერე, - ქვეყანაზედ მაგ ქმრის მეტი შემნახავი არავინა ჰყავს. შვილი მაგას არ შერჩა და ძმა, დარჩება ისე უპატრონოდ, უბედური. კაი კაციც იყო მაგის ქმარი. მართალია, გამოწურულ ოფლში ამოვლებულ ლუკმასა სჭამდა, მაგრამ კაი კაცობაც მაგაშია; მაგით რჩებოდა ის და არჩენდა თავის ცოლსა, ეხლა რა ეშველება? დაილოცა, ღმერთო, შენი სამართალი!..

- მართლა რომ დაილოცა ღვთის სამართალი! - მივატანე მეც იმის ქცევისაგან გულგახარებულმა, - დაილოცა ღვთის სამართალი, შენისთანა კაცს არ დალევს ქვეყანაზედ ქვრივ-ოხრის და უპატრონოს ნუგეშად. შენმა სიტყვამ ეხლა იმას ცრემლი მოსწმინდა. დაილოცა ღვთის სამართალი! მადლიან კაცს თან აადევნებს უბედურსა მხარის მისაცემად.

ხმა არ გამცა, ყური მომარიდა. საკვირველია კეთილი კაცი! სარკეში ჩახედვა ეჯავრება, თავის-თავის დანახვა ეთაკილება, ეზარება. რაც უნდა უყავ, თავის სიკეთეს კი ნუ დაანახვებ. მაგრამ რა? ღმერთი ხომ ჰხედავს და ხელის გულზედ სწერს... დედამიწის სარკე ზეცა არის, ის გადიცემს ხოლმე წუთის-სოფლის საქმესა...

VI

თუ გული გაქვთ, თქვენვე იგულეთ ეხლა: რა იქნებოდა იმ დედაკაცისათვის ის მადლიანი ნუგეში იმ მადლიან კაცისა! მართალია, მღვდლის ლიტონი სიტყვა უკვდავების წყარო ხომ არ იყო, რომ მკვდარი გაეცოცხლებინა, მაგრამ მაინც კიდევ დიდი საქმეა ისეთი ღვთისნიერი გულშემატკივრობა. „ღვთის ნუგეში დიდიაო“, - სთქვა მღვდელმა. მე რომ ვნახე, არც კაცისა ყოფილა ნაკლები. თქვენ რომ როდისმე გაგჭირებოდათ, მაშინ შეიტყობდით - მწუხარისათვის, იმედგაწყვეტილისათვის ცარიელი სიტყვა, თუ ნამეტნავად იმ სიტყვაში გულის სითბო და სიმართლეც ურევია, მაშინ შეიტყობდით, - ის ცარიელი სიტყვა რა ტკივილის დამყუჩავი რამ არის!.. ასე გგონია, იმ სიტყვებმა ნახევარი ნაღველი თან წაიღესო, ისეთი ლოდი აგეცლება გულიდამ. სიტყვა ხომ არაფერია და კაცს არაფრად უღირს, მაგრამ რამდენი კაცია ქვეყანაზედ - მოძმესათვის ისიც არ ემეტება. ესეც კია, ზოგმა თუნდ გამოიმეტოს კიდეც, გაჭირებულ გულს არ მოხვდება, ვერ მიაღწევს გულამდინა. ამისთანა კაცები გულს ვერ მოჰფხანენ გაჭირებულსა და ვერც ნუგეშსა სცემენ. მზე ზამთრისა ყვავილს ვერ ამოიყვანს.

მღვდელი, ის დალოცვილი მადლით სავსე მღვდელი, იმისთანა არ იყო. დედაკაცი რომ ატირდა, მაშინ რომ შეგეხედნა, გული იმისი თვალებში გამოიხატა და ზედ ეწერა: „რა ვქნა, დედი? ჩემი სისხლი რომ მოარჩენდეს შენს ქმარსა, ძარღვს გავიხსნი და დავალევინებო!“ ამისთანა კაცის სიტყვა მწუხარებას შუაზედ გაარღვევს და აბრეშუმის ხელსახოცსავით ლბილად მოსწმენდს თვალიდამ ცრემლსა.

როგორც შემეძლო, ხომ გითხარი, მღვდელმა რა უთხრა დედაკაცსა. დიდი არაფერია, მაგრამ დამიჯერე, რომ იმ ნათქვამმა იმ დედაკაცს თავისი გულის ნაღველი იმ ოთახში დააგდებინა და ის კი გაისტუმრა ნუგეშითა. მზე რას უზამს იმოდენას დამზრალს ყვავილსა, რაც თბილი სიტყვა დაჩაგრულს გულსა!.. ოო!.. სითბო?.. დიდი რამ არის!.. დედამიწის ზურგი იმითი აყვავდება ხოლმე, წუთის-სოფლის ცხოვრება იმითი მოისხამს ყვავილსა! მაგრამ რა სიტყვა!.. ცარიელ სიტყვას ის მღვდელი არა სჯერდებოდა. მერე შევიტყე, წელიწად-ნახევარი თურმე ინახავდა - თითონ ღარიბი - დაგდებულ ქმარსა და ცოლსა.

შენ ღვთის გამგებლობას უყურე! ის-ის იყო, კაცის გულის სიკეთეზედ მელაპარაკებოდა, ღმერთმა ისე მოიწადინა, თვალით დამანახვა ის, რაც სიტყვით მღვდელმა ჩამაგონა. სწორედ სასწაული იყო ღვთისა, რაღა იმ დროს შემოვიდა ის დედაკაცი, რომ, რაცა სთქვა, ის ჩემ თვალწინვე აესრულებინა. გინდა დაიჯერე, გინდა არა, მე კი ვიტყვი მართალსა: ერთი მაშინ მოხდა ეგ სასწაული, მეორედ კიდევ მაშინ, როცა იმ ადგილას მივედით, საცა სწერია:

„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა
გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი,
მისგან ყოველი გასწორდეს,
სუსტი და ძალგულოვანი,
ბოლოს შეჰყარნეს მიწამან
ერთგან მოყმე და მხცოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი“.

სწორედ იმ დროს ქუჩიდამ ერთი აყალმაყალის და ალიაქოთის ხმა შემოვიდა. ხომ მოგახსენეთ, მტკვრის პირას ვიდექით-მეთქი და მღვდელიც ხომ იქავე იდგა. მღვდელი გაფითრდა და ისე, როგორც იყო, უცბად ეცა ქუჩის კარებსა. მეც გამოვედი გარეთ. საღამო ხანი იყო. ხალხი - დიდი თუ პატარა - ერთი დაქანებული საურმე იყო მტკვრისკენა, იქით მირბოდა.

- რა ამბავია, ძმებო, რა ამბავია? - დაუყვირა ხალხს მღვდელმა.

- რაღა რა ამბავია, შენი ჭირიმე! კაცი ირჩობა, - დაუძახა ვიღაცამ.

ამის თქმა და მღვდლის ფეხის მოსხლეტა ერთი იყო. ისე თავშიშველი გაფრინდა გაფოთებული. მეც უკან გამოვუდექი. ჩავედით. ხალხი და დედაკაცობა შეგროვილი იყო მტკვრის გადასახედზედ. იმათი ჟღავი-ჟღუვი, ალიაქოთი კაცს დააყრუებდა. დედაკაცების საცოდაობას კი ნუღარ მკითხავთ, სულ „ვიშ! ვიშ!“ გაჰქონდათ. რომ დაინახეს მღვდელი მოდისო, ერთობ სიხარულით დაიგრიალეს: „მღვდელი მოვიდა, მღვდელი! მადლობა ღმერთსა, ქრისტიანი სული აღარ დაირჩობაო!“ სჩანს, შენი ჭირიმე, იმ მღვდლისაგან კვლავაც ბევრი მაგისთანაები ენახათ, რომ ეგრეთ იმედი ყველას მოეცა.

მღვდელმა ხმა არავის გასცა, ზედაც არავის შეჰხედა, იმისი თვალები მოუსვენრად დაჰყურებდნენ მტკვრის დენასა, თითქო უკანასკნელი საუნჯე იქ ეღუპებაო. თვალის დახამხამების უმალ გაიძრო ტანისამოსი და გადმოყარა ჩემკენ. ერთს წამს კი, მინამ იხდიდა, მტკვრისათვის თვალი არ მოუშორებია. მე შევხედე: გაფითრებული იყო და დაღონებული. ერთი ეს კი სთქვა: ირჩობა ჩვენისთანა ადამიანი და არავინა შველის? შემდეგ სწრაფად გადისახა პირჯვარი, ახსენა სახელი ღვთისა, იშვირა ფეხი და გადავარდა წყალში. მაშინ კი თან გადაჰყვა ტყაპა-ტყუპით შვიდიოდე ბიჭი, თითქო მღვდლის საქციელმა წაახალისაო.

ცოტა ხანს თვალიდამ დავკარგე მღვდელი. მე იმისი დარჩობის შიში მომეცა. „რა ვქნა, ხომ არ დაირჩო“ - წამოვიძახე ჩემ თავად. „ჰმ, - ჩაიცინა ჩემ გვერდით ერთმა კაცმა, - მაშ შენ ეგ ვერ გიცვნია, - მიპასუხა მე და გაშტერებით თვალი წყალს ააყოლა, - მაგას ღვთის კაცს ეძახიან, არც წყალი ერევა მაგ დალოცვილს, არც ცეცხლი ეკიდება. აგე, თუ არა გჯერა, სად ამოჰყო თავი!“ - გამიშვირა თითი და დამანახვა გახარებულმა მღვდელი.

მივიხედე, თითო ხელის მოქნევაზედ ის დალოცვილის-შვილი ერთ დიდ ალაგს გადაინაცვლებდა,როგორც გემი, ისე არღვევდა წყალს. მღვდლის შორიახლო ის უბედური მუშა, - წყლის მუშა ყოფილიყო, საწყალი, - ქანცგაწყვეტილი ფორთხალებდა. ხან ჩაიძირებოდა, ხან მაღლა ამოვარდებოდა ხოლმე.

- ნუ გეშინიან! - ეძახოდა ხალხი, - არ შეუშინდე წყალსა, ცოტა კიდევ თავი შეიმაგრე, შენი დამხსნელი მოდის.

აი, მიდის და ებრძვის წყალს მღვდელი, ხალხი აქედამ წასახალისებლად ხმას აძლევს: „აი, შენი გამჩენის ჭირიმე, შენი! დაილოცა შენი მკლავების ძარღვები!.. ჰე.. ტაი, ტაი, ტა!.. რა-რიგად მიდის, ნავია! აბა, შვილო, დედის ძუძუ მაგას შეჰრგებია, აი... - იძახოდა ერთი.

- დედის ძუძუ ვის არ შეჰრგებია, მაგრამ მადლიანი ძუძუ უნდა, რომ მაგისთანა შვილი გაჰზარდოს, - ამბობდა მეორე.

მაგრამ მღვდელს არ ეჭირებოდა არც ერთის თქმა, არც მეორისა, არც ხალხის წახალისება და გულის გამაგრება. იმისი სიმაგრე და წამახალისებელიც ის ცეცხლი იყო, რომელიც, თითონ რომ სთქვა, ყოველს კაცს გულში უნთიაო. რას ბძანებ? სიკეთე კაცს გულში ვერ ეტევოდა, სხვის წახალისება აქ რა საჭიროა! სიკეთის ქმნა სწორედ, რომ იტყვიან, სწყუროდა: დრო მოეცა და ზედ დაკდომით დაეწაფა.

ისე შენ მორჩი შენს ნაღველსა, როგორც იმ მღვდელმა ის მუშა მოარჩინა. როცა ნაპირზედ გამოიტანეს, როგორც ძმასა ზედ დასტრიალებდა გონებამიხდილ მუშასა. როგორც იყო, გამოაბრუნეს ის საწყალი. თითონ მღვდელი მუშაზედ ნაკლებ შესაბრალისი არ იყო. შემოდგომა გახლდა, სულ გალურჯებული იყო, სიცივისაგან კბილით კბილსა სცემდა და ჰკანკალებდა.

- გლახავ! - მიუბრუნდა ვიღასაც მღვდელი, - თუ ღმერთი გწამს, ამაღამ შენ სახლში ბინა მიეცი ამ საცოდავსა, მადლია!

- ბატონი ბძანდები, - უპასუხა იმანაცა, - მაგას რაღა თქმა უნდა, შენი ჭირიმე! შენ კინაღამ მაგის გულისათვის თავი არ დაირჩე და მე ბინას როგორ არ მივცემ. აბა ბიჭებო, მიშველეთ!

დაუძახა ხალხსა. ხალხი მოსცვივდა, ასწიეს მუშა და ციმციმით წაიღეს, მღვდელიც უკან აედევნა.

- შენ კი შინ წამობძანდი, შენი ჭირიმე! - ვუთხარი მე, - დაღლილი ხარ, ჰკანკალებ.

- მუშას შველა უნდა კიდევ, - მითხრა პასუხად.

- შე დალოცვილო!.. შენ თავსაც უნდა შველა, - მივატანე მე.

- აგერ ჩემი მშველელი სად არის!.. - მითხრა ეს თუ არა, ცა დამანახვა და გამეცალა.

მინამ კარგად არ მოასვენა, მინამ გული არ დაიჯერა, რომ ეს კაცი აღარ მოკვდება, - ის დალოცვილი არ მოჰშორებია.

ის მუშა კი მოარჩინა სიკვდილსა და თითონ კი კინაღამ სული არ მიაბარა უფალსა. ისე ავად გახდა, რომ კინაღამ თან არ გადაიტანა. ღმერთმანი, შეინანებდა და იტყოდა: „სხვისთვის თავი რად წავიხდინეო. მარტო ვყოფილიყავ, კიდევ ჰო: დედა-ჩემს ვის ანაბარას გავუშვებდი, მე რომ იქ ამტეხოდა რამეო!“

იმისი საცოდავი დედა კი ეუბნებოდა: შვილო! თავს რაზედ იკლავდი? რა ვუყოთ, რომ ირჩობოდა? შენც რომ იქ აგტეხოდა რამე, დედა-შენს რაღას ეტყოდი, საიქიოს რომ შეჰხვდებოდი?

- პირნათლად შევხედავდი, რომ იმის ძუძუმ კაი საქმე შემაძლებინა, - უთხრა მღვდელმა.

- ზოგი მე მკითხე ეხლა. შენ დაგხარი დღე-მუდამ ზედა, შენს მეტი აღარავინ გამაჩნია დედამიწის ზურგზედ და ისე გამომიმეტე, რომ კინაღამ თავი არ მოიკალი სხვისთვის, კინაღამ...

- აკი ღმერთმა დამიფარა და არა ამიტყდა-რა.

- როგორ არა აგიტყდა-რა? სამი დღე, ვუი შენს დედასა, უსულო მკვდარსავით წინ მედე და დაგტიროდი. რომ ღმერთს არ მოეხედნა, რა მეშველებოდა?

- ქვეყანა დიდია, დედიჯან! ყველა კაი კაცი შენი შვილი იქნებოდა.

- უი, უი! - გადიწერა პირჯვარი მღვდლის დედამა, - ღმერთმა ნუ შამასწროს მაგ დღეს!.. შენის ხელით მინდა, შვილო, მიწა მივიყარო.

ერთხელ, ჯერ კიდევ მორჩენილი არ იყო, რომ მივედი. მეც კი, ღმერთო შეგცოდე, ვუთხარი: მეტის-მეტი თავგამომეტებული ჰყოფილხარ. თუ შენი თავი არ გებრალებოდა,დედა-შენს მაინც შეიბრალებდი. უფრო ცოდვა არ იქნებოდა, რომ მოხუცებული დედა უპატრონოდ დაგეგდო ამ ტრიალ ქვეყანაზედ?

- ცოდვა ეგ კი არ არის, ცოდვა ის არის, ჩემო ძმაო, როცა შვილი დედის ჭირნახულს ყვავილებს არ გამოატანინებს, როცა დრო მოუვა, - მითხრა დასუსტებულმა. - აქ ახლო მოჯექ. იმ დღეს დედა-ჩემს ვერა ვუთხარი-რა, მოხუცებულია, უსიყვარულობაში ჩამომართმევდა. დედის გული ზღვა არის სიყვარულისა. რომ უთხრა, შვილი რომ უკვდებოდეს, ორის დღის სიცოცხლე კიდევ მიემატება შენს შვილსაო, ოღონდ სული საუკუნო ჯოჯოხეთს მიეციო, - დედა მაგას იქს; შვილმა კი დედისათვის რომ ეგა ქნას, დედა იწყენს. მე რომ ჩემი თავის და ღვთის იმედი არა მქონოდა, სულელი ხომ არ ვიყავ აღელებულ წყალს მივცემოდი. ღმერთმა შეძლება მომცა და ინება ჩემის ცოდვილის ხელით იმ კაცის მორჩენა. თუნდ ეგ არ იყოს და მეც იქ თავი გამეფუჭებინა, რა ცუდს საქმეზედ გავიფუჭებდი თავსა! ხომ უნდა მოვკვდე დღესა თუ ხვალე, ის არა სჯობია ღვთისა და... გეტყვი ეხლა კი, კაცის სამსახურში (აქ მღვდელი გაწითლდა) ამომივიდეს სული!.. აქ სახელი მაინც დაგრჩება და იქ სიკეთე წაგიძღვება. „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“, ჩემო კარგო! სახელის მოხვეჭა კიდევ, სხვამ რაც უნდა სთქვას, ცხონებაა სულისა. სამოთხესაც აქედამვე ეგ ანათებს და ჯოჯოხეთსაც აქედამვე ეგ აქრობს, როგორც შვილისათვის, ისე დედისათვის! დედა-ჩემს ეგ არ ესმის და იმიტომ თქმა ამისი ვეღარ გავუბედე.

- ეგ აგრეა, მართალსა ბძანებ, მაგრამ...

- მაგრამ რა?

- მაგრამ ისა, შენი ჭირიმე, რომ...

- მესმის, რის თქმაც გინდა, - გამაწყვეტინა სიტყვა, - იქნება გეგონოს - ვინც კაი საქმესა ჰშვრება, სახელისთვის ჰშვრება? არა, სახელი თავის-თავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნდ გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს, - და გულის-წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ. აი, ეხლა, ვინც თავდაპირველად გუთანი მოიგონა, ვინ იცის, სხვისთვის ისე არა ჰფიქრობდა, როგორც თავისთვისა, ისე სიკეთისათვის არა, როგორც სახელისათვის, ჩვენ რა? ღმერთმა ცხონება მისცეს იმას, რომ იქნება თითონ მშიერი მოკვდა და ამოდენა მილეთის მცხოვრებლებს კი გაუწყვეტარი ლუკმის სახსარი მისცა. იმისი სახელი გაქრა ქვეყანაზედ, საქმე კი, რომელიც ყველა სახელზედ უკეთესი სახელია, დარჩა საუკუნოდ, საქმე - რომელიც მარტოკა დასძლევს მთელ ქვეყნიერების ცოდვებსა! ხომ ეხლა არავინა ჰკითხულობს: - რა წადილი ჰქონდა, როცა საწყალი თვალსა და გონებას იწყალებდა ამ სახელოვან საქმისათვის. ის წავიდა თავის კარგის თუ ცუდის გულის-წადილითა და იმის გულის-წადილის ნაჭირნახულევი კი ხელთ დაგვრჩა...

- მე მაგაზედ ფიქრადაც არ მამსვლია მეთქვა რამე, მე მინდოდა მეთქო...

- რა უშავს? - გამაწყვეტინა ისევ სიტყვა, - მეტი ხომ არ იქნება, რომ მე ეგა ვთქვი?

- მეტს ვინ მოგახსენებს? - ჩამოვართვი მეც სიტყვა, - მე მანდამდინ გონება სად მიმიწვდებოდა, რომ ეგ მომფიქრებოდა. მე მინდოდა მეთქო, რომ სხვის მოსარჩენად დედა-ჩემს არ დავღუპავდი, ვერ დავთმობდი, იმის იმოდენ საცოდაობას კისრად ვერ ავიღებდი. შენი სიცოცხლე იმისთვის სხვა რამ არის, სხვა ნუგეშია!..

- სიცოცლე ჩვენი, ჩემო ძმაო, არც დედისაა, არც მამისა, ქვეყნისა არის. ჯერ ქვეყანა, მერე დედა და მამა. მზე რომ ამოდის, ვარსკვლავები მაშინ არა სჩანან... ის როგორა სწერს, ავთანდილი, როსტევანსა?

„მე იგი ვარო . . . . .
ვის სიკვდილი მოყვრისათვის
თამაშად და მიჩანს მღერად“.

კარგი სიტყვა არის, თუ მოყვარედ ქვეყანა მიაჩნია ადამიანსა. ისიც კარგია, ხომ გახსოვს:

„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი“.

- მახსოვს და მესმის კიდეცა, რაზედაც მითხარი ეგა. მაგრამ მაგისთანა ნაძრახი სიცოცხლე ნეტავი მე მქონდეს, როგორიც შენა გაქვს.

მღვდელი ბავშვსავით წამოწითლდა. ის დალოცვილი ვერ იფერებდა ქებასა.

- შენ მე ნუ გადმომწვდები ხოლმე, - მითხრა ღიმილითაც და მორცხობითაც, - ხომ არ იცი, მე რა კაცი ვარ?

- შე დალოცვილო, - დავატანე ზედ, - თუ მიგნება არა მაქვს, მადლობა ღმერთს, ბრმა ხომ არა ვარ, რომ არ დავინახო. ნაძრახი სიცოცხლეო!..

- მაშინ ნაძრახი იქნებოდა, თუ ჯერ არ არის, ჩემო ძმაო! კაცი ირჩობა, ღვთის კერძო, შენსავით შვილი ერთის მამა-ღმერთისა, შენ კი გულ-ხელ-დაკრებილი დაჰყურებ, როცა იმის მორჩენა შეგიძლიან, სასახელოა? მერე ღმერთს რა პასუხს მისცემთ, ან შენ და ან დედაშენი, ღმერთს რას ეტყვით? არ გეტყვით: რად მოიკალით გული, რომელიც თქვენის მოძმის სიყვარულისათვის მომიცია თქვენთვის? რად დამალეთ და დაიშურეთ ღონე და შეძლება, რომელიც გაჭირებულის მოძმის საშველად მომიმადლებია? როცა, ჩემო ძმაო, ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისათვის მოგირიდებია პირი. იესომ ბძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო: მწყურვალი ვიყავ, არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო: უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო? მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირებული კაცი, თქვენგან არ-გაკითხული, - მე ვიყავიო. ესეა, ძმაო!.. სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი, გზა ცხოვრებისა, აი, ხიდი ცხონებისა, აი, გასაღები სამოთხისა!..

გზა გამიკაფა, მაგრამ ჟამმა მიმუხთლა და არ დამაცალა ზედ გამევლო!.. მომიტანა კლდემ ქვეშა და, ხომ ჰხედავ, ისე ვქრები, როგორც ცეცხლი, როცა გარედამ ჰაერი არა შველის!..

ტყუილად კი არ მითხრა, როცა ავთანდილის და შერმადინის ამბავი წავიკითხე და ატაცებულმა უნებლიეთ წამოვიძახე:

- ვენაცვალე შენს დამწერსა! აი, ბატონ-ყმობა თუ იყოს - ამისთანა.

- მოგწონს? - მკითხა მღვდელმა.

- აბა რა?

- მართალი ხარ! - მიბძანა იმან ნაღვლიანად, - უარესს ეგა სჯობია.

ამის შემდეგ რაღაც ფიქრმა წაიღო მისი გონება და გული; მე თვალი მომარიდა და ჭერს გაუშტერა. კარგა ხანი დაჩუმებული იყო, მერე კი თითქო უნებლიეთ, თავის-თავად უფრო დაღონებულად სთქვა:

- იმას კი არა შეედრება-რა, როცა ცა ქუდადა გაქვს და დედამიწა ქალამნადა. მე მაშინ არ მესმოდა, რას ამბობს. უეცრად ჩემკენ მოატრიალა თვალი. როცა კარგა ხანი კიდევ მოიფიქრა, მითხრა:

- ერთი ეს მითხარ: ხელში ნაპატივები მიმინო უფრო კარგია, თუ ის მიმინო, რომელსაც გაჩენის დღიდგან კაცის ხელი არ მოჰხვედრია?

- რასაკვირველია ის, რომელსაც ხელი არ მოჰხვედრია.

- რადა? ის ხომ უფრო გაპატივებულია?

- ვაი იმ პატივს!.. ხან ფრთას აუკვრენ - არ გაფრინდესო, ხან ბოლოს - არ გაიქნივოსო, თვალებს კი ყოველთვის აუბმენ ხოლმე - არა დაინახოს-რაო.

- ყველას ეგრე უზმენ ხოლმე?

- მაშა? ამბობენ, თუ არ ეგრე, მიმინო არ გაიგეშება თურმე. კლანჭებზედაც ეჟვნებიან თოკს გამოაბამენ, თუ ვინიცობაა ნავარდზედ გაიწიოს, - არ გაუშვან.

- თოკი თოკია, ეჟვნები რაღადა აქვს?

- ხალისისათვის თუ უკეთებენ: ატოკდება, თუ გაფრინდება - ეჟვნები ხმას აძლევენ.

- იქნება. მაგრამ, მგონია, ფრთების ფრიალი, როცა კი გაშლის ხოლმე და გაინავარდებს, იმ ეჟვნების ხმას ერჩივნოს და წასახალისებლადაც ის ეყოს.

- აბა მაგას რაღა თქმა უნდა? რასაკვირველია, ურჩევნია.

- მეც ეგრე მგონია, ჩემო გაბრიელ... ეხლა, რას აქნევენ მიმინოსა?

- შე დალოცვილო! ისე მკითხავ, თითქო არ იცოდეო. მწყერს აჭერინებენ და თითონ კი სეირს უყურებენ.

- მერე?

- მერე რა! მწყრებს აბგაში ჩაიწყობენ და შინ წამოვლენ.

- მიმინოს?

- მიმინოს იმას გამოაწიწკნინებენ, რაც კაცის საჭმელად არ ვარგა.

- საწყალი! თხის პატრონს არც თხის კუდიო... მერე მიმინო მადლობელია?

- არა მგონია. კიდევ რა! ბევრი მონადირეა, თავის დღეში მუცელსაც არ გაუძღობს, - კარგად ვერ მოეტევებაო; ზოგმა კიდევ ეგ ხანდაზმობით იცის.

- მინამ სული არ ამოუვა, სულ ამ ყოფაშია მიმინო?

- არა. თუ მიმინომ შემოდგომამდინ გაუძლო მონადირესა და არ მოკვდა, თავის ნებაზედ გაუშვებენ ხოლმე.

- დახე, ყველას დრო სდომებია!..

- მაშ უდროოდ რა იქნება? მინამ მწყერია, ანადირებენ, როცა მოილევა, იმასაც აღდგომის დღე მოუვა ხოლმე.

- მაშ მინამ მწყრები ბუდობენ, მინამდინ მონადირეს ხელთა ჰყავს მიმინო?

- დიაღ, - გამეცინა მე, - მინამ მწყრები ბუდობენ.

- მგონი, მწყრები მაშინ მოილევიან, როცა სამალავი და საფარი აღარ არის

მინდვრებში; სიმინდი რომ მოიჭრება, ყანები, ფეტვები რომ დაიმკებიან; ერთის სიტყვით, როცა ყოველ კაი კაცის ნამუშავარი შემოვა.

- დიაღ, შემოდგომაზედ მწყერი ილევა, მაშინ მიმინოსაც თავის ნებაზედ გააფრენს ხოლმე მონადირე.

- დაილოცა ისევ შემოდგომის მადლიანობა!.. ვისაც კი მადლი ჰქონია და სიკეთე, უმუშავნია, დაუთესნია, - სულ ყველაფერი მაშინ მომწიფდება და მოიკრიფება! სახლი, კარი ღვთის წყალობით აივსება ხოლმე... ქორწილებიც კი მაშინ იციან, ყველა მაშინ დაბინავდება, მიმინოც კი, მიმინოც!.. კაი დრო არის! პური, ღვინო, ლხინი, ყველაფერია ბლომად. ყველა, დიდი თუ პატარა, მაძღარია მაშინ და მხიარული!.. კაი დრო არის!.. ორი-სამი თვეც, - და გაზაფხულიც ზედ მოებმის ხოლმე, ის ლამაზი, მხიარული, თბილი გაზაფხული!.. ღმერთო! მოსავალი მოდის და გულმართლად მოამკევინე ყოველ მუშაკსა!..

VII

მე იმ მღვდელზედ სიტყვა ძალიან გაგიგრძელე, ბატონო, და ყბედობაში ნუ ჩამომართმევთ. ორიოდე ნათელი დღე მე იმასთან გამიტარებია, გონებისა და ადამიანობის თვალი, - ავად თუ კარგად, - იმასთან ამიხილებია. ჩემის ბნელის ცხოვრების გზაზედ იმის მეტი ვარსკვლავი არ ამოსულა, - და ამ უპირო ქვეყანამ სხვა ნურა დამაყვედროს-რა. ამიტომ მიყვარს მე იმ მღვდელზედ ლაპარაკი, როცა კი ვლაპარაკობ ხოლმე. სული ისევ სულობს, როცა იმას ვახსენებ. დამიჯერეთ, რომ მე იმის ხსენებაზედ ამ ქვეყნად კიდევ მადლი ღვთისა მწამს, კიდევ მგონია, რომ ეს ქვეყანა შესაფერია და ამ ქვეყანასთან ძაფი არ გამწყდომია. დალოცა ღმერთმა ის კაცად-კაცი!..

ბევრი რამ მოგახსენე იმ ღვთის კაცზედ, მაგრამ ნაასალიც ვერ გითხარი: იმისი გული და ამბავი ზღვა არის და მე უბედურმა კოვზით ზღვის ამოწურვა მოვინდომე. ყბედობაში ნუ ჩამომართმევ, შენი ჭირიმე. თუ მოგაწყინე თავი, ნუ გამკიცხავ და მაპატივე. ხუთი წელიწადი აგვითავდა ჩვენ, რაც ქალაქში ვიყავით. მეექვსე წელიწადი რომ დაიწყო, დიდი ბატონის სიკვდილის ამბავი მოგვივიდა. მაშინ დათიკო იქნებოდა ცხრამეტისა, თუ ოცის წლისა. მამის სიკვდილზედ პირველში ბევრი ინაღვლა და, მგონი, იტირა კიდეც. ჩემსავით დაობლდა და ჩემსავით ნაღველი მალე გადაიყარა. დიდხანს აღარ უფიქრნია: ფიცხლავ შინიდამ ცხენები დაიბარა და სამუდამოდ შინ წამოსვლა დააპირა. მინამ ცხენები ჩამოგვივიდოდა, დათიკომ რუსული ტანისამოსი გაიძრო და ქართული ტანისამოსი ჩაიცვა. სულ გამოიცვალა ახალს ტანისამოსში. მშვენიერი შესახედავი ყმაწვილი კაცი დადგა.

არ გასულა ხუთი-ექვსი დღე დაბარების შემდეგ, რომ ცხენები ჩამოგვივიდნენ. მეორე დღეს უნდა ქალაქიდამ გავსულიყავით. მე მღვდლის სანახავად წავედი.

- გაბრიელს გაუმარჯოს! - შემომძახა მღვდელმა, როცა შევაღე კარები და შევედი იმის პატარა ოთახში, - ამბავი-ხაბარი, ჩემო გაბრიელ! - დიდმა ბატონმა თქვენი ჭირი წაიღო, - მოვახსენე მე, - დათიკომ შინიდამ ცხენები დაიბარა და ხვალ შინ წასვლას ვაპირებთ.

- მერე დათიკო სწავლას თავს ანებებს?

- თავს ანებებს.

მღვდელს ეს ამბავი ძლიერ ეწყინა. წამოდგა ტახტიდამ და თავის ოთახში წინა და უკან სიარული დაიწყო. პატარა ხანს უკან მითხრა:

- „სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი“, ჩემო გაბრიელ! საკვირველია, რომ მე ის ყმაწვილი ვერ მოვიკარე!.. ეხლა შინ იქნება?

- შინ გახლავს.

გადიცვა მაშინვე ანაფორა და წამოვიდა დათიკოსაკენ. მეც უკან გამოვყევ. დათიკოსთან მღვდელმა არ შემიყოლია.

დათიკოსთან მღვდელმა კარგა ხანი დაჰყო. როცა გამოვიდა, მე წინ დავხვდი.

- ვერა გავაწყე-რა, - მიბძანა მე მღვდელმა ნაღვლიანად, - თავის სიტყვის კაცი ყოფილა. ღმერთმა სიკეთის შეძლება მისცეს.

დილაზედ ჩავალაგეთ ბარგი, დავამზადეთ ცხენები და, მინამ წავიდოდით, მღვდელთან გავიქეცი კურთხევის ჩამოსართმევად.

- მიდიხარ, მიდიხარ, გაბრიელ?! - მითხრა მღვდელმა დაღონებითა.

- გიახლებით. მაშ რა ვქნა? - ვკითხე მე იმ-რიგად, რომ, თუ ეთქო ნუ წახვალო, - იქნება, არც კი წავსულიყავ.

- უნდა წახვიდე. სხვას ვერასა იქ: შენი ნება შენს ხელთ არ არის.

მე აღარა ვუთხარი-რა. მივედი, ლოცვა-კურთხევა ვთხოვე. იმან პირჯვარი გადამწერა და მიბძანა:

- მშვიდობით, ჩემო გაბრიელ! მართალი იყავ და სიმართლეს სდიე. გზა ყოველთვის კაცური გექნება. ესეც იცოდე: ვინც კარგსა საქმეს არ მისდევს, იგი თავისა მტერია. მშვიდობით.

მომეხვია მე, როგორც მამა შვილსა; დავკოცნეთ ერთმანეთი და გავიყარენით. ეჰ, ბატონო, ქვეყანა ძნელი შესაფერი ყოფილა!

ორ დღეს უკან ჩვენი სოფლის ბოლოებში მივედით. მზე ჯერ ჩასული არ იყო და მთის წვერზედ ცეცხლივით ენთო. მე ჩვენს სოფელში მისვლა ძალიანაც არ მიმიხაროდა. მე იქ აღარავინა მყვანდა, მაგრამ ჩემის მიწა-წყლის სიომ რომ დამკრა, გული ამიტოკდა: ის მთა, ის ბარი, ის ტყე, ის მინდორ-ველი რომ დავინახე, ავივსე ლხენითა და სიამითა. ის, რაც გულში მაშინ დამიტრიალდა, არც სიხარულსა ჰგვანდა და არც ნაღველსა, გულში რაღაც „მზიანი ჩრდილი“ იყო, თითქო ნაღველი სიხარულში გაიშალაო და სიხარული - ნაღველში. გული ოდნავ და მეტად ტკბილად მიცემდა. სმენად გარდამექცა გულისყური, ყველაფერი ჩემს გარსა თითქო რაღაცას კარგსა და დიდი-ხნის დავიწყებულს ამბავს მიამბობდა. იმ დროს რომ კაცს ჩემთვის ხმა გაეცა, მეწყინებოდა.

მე ხომ იმ ქვეყნისათვის ტიალ-ოხერი ვიყავ და იმ ქვეყნისა კეთილი არა მახსოვდა-რა, მაგრამ მაინც კიდევ თავისი მიწა-წყალი დიდი რამ ყოფილა კაცისათვის. ვინც თავის მიწა-წყალს არ მოჰშორებია, - ეგ იმას ვერ უცვნია. ჩემ და ქვეყნის შუა ხომ ეხლა ხიდი ჩატეხილია და, დღესა თუ ხვალე, სულაც გავშორდები, მაგრამ ღვთის მოწყალებად ჩავთვლიდი, რომ მე ჩემის მიწა-წყლის კალთაში სული დამელია. ვაი, სადაური სადა ვკვდები!

შინ რომ მივედით, დათიკომ მეორე დღესვე დამიბარა და მითხრა:

- ჩემო გაბრიელ, მე შენს ანაბარასა ვარ. აი ეს სახლი, ეს კარი, საქონელი, მამულ-დედული შენთვის ჩამიბარებია. ღვთის მოწყალება გვაქვს, მეც მაცხოვრე და შენც იცხოვრე.

ეს რომ მითხრა, ერთი კარგი ხელი ტანისამოსი მაჩუქა. მე რომ ის ჩავიცვი, თავადის-შვილში ვერ გამომარჩევდით.

ჩავიბარე ყოველიფერი, ყოველიფერი ხელში დავიჭირე და ღვთის შეწევნით საქმე ისე მოვიყვანე, რომ სახლიდამ ბეწვის ოდენაც არა იკარგებოდა-რა. მართალია, ჩემის ერთგულობის გამო ბევრს შევძულდი, ბევრი მოვიმდურე, ყმა თუ მოჯამაგირე, მაგრამ ღმერთია მოწამე, უსამართლობა არავისათვის გამიწევია. ორ წელიწადში საქმე ისე მოეწყო, რომ დათიკო კაი ოჯახის-შვილად ჩაითვლებოდა იმ ახლო-მახლო თავადის-შვილებში. ღვთის წინაშე უნდა სთქვას კაცმა, რომ დათიკოც პირშავად არ იყო ჩემთან, ტოლ-ამხანაგად მინახავდა და ძალიან მადლობელი იყო ჩემი.

ყველაფერში კაი ყმაწვილი კაცი იყო: მშვენიერის სანახაობისა, გულუხვი, გულმარდი, გიჟმაჟი და ვაჟკაცი. თოფისა და იარაღის ხმარებაში იმ ძირობაზედ იმას ორიც არა სჯობდა. ის რომ ყარაბაღულ ცხენზედ შეჯდებოდა, ყელმოღერებული, ალვის ხესავით ადამიანს თვალი ზედ დარჩებოდა. ყველაფრით ძალიან ლამაზი და მოხდენილი იყო. მაგრამ ერთი ავი სენი სჭირდა, - და იმ სენმა ისე იმას არ ავნო, როგორც მე: ქალების მუსუსი იყო და ამისთანაებში ნამუსგაქნილიცა. რაკი გულში ვისმე ქალის ფიქრს ჩაიდებდა, თავის გულის წადილისათვის არაფერს დაერიდებოდა, არაფერს არ ითაკილებდა, არაფერს და არავის დაზოგავდა: ყველაფერს და ყველას ხიდად გასდებდა დაუნდობლად და თითონ გაივლიდა. მე მგონია, ის უბედური თავის ნათესავსაც არ დაინდობდა მაგისთანაებში - ასეთი თავდაუჭერელი იყო, რაკი პირწყლიან გოგოს დაინახავდა. ბევრს გლეხის გოგოს მოუკლა იმან ნამუსი, ბევრს კაი ოჯახის-შვილს თავზედ ლაფი დაასხა. სხვაფრივ კი, ღმერთმა კაი მოგცეთ, კარგი ის იყო.

მე რომ ის არ მყვარებოდა, ცუდად დავუმიწებდი იმ მოხდენილ მხარბეჭს, რომ ამოდენა სირცხვილი აჭამა ქვეყანასა!.. მაშინ ჩემი ბედიც იქნება სხვა-რიგად დატრიალებულიყო. მაგრამ რა მექნა? ის, სხვა ყველაფერში მადლიანი ბიჭი, მეტად მიყვარდა. არ ვიმეტებდი, თორემ ადრევე იყო ჩემის ხელისაგან გასანიავებელი. ქვეყანა წამურტლა და აქამდისაც მიკვირს, რომ ამ მართლა-და მურტალს ქვეყანაზედ კაცი როგორ არ გამოჩნდა, რომ თოფი ეკრა და მიწასთან გაესწორებინა. შენ რაღას აკეთებდიო, იქნება იფიქროთ ჩემზედ. რას ვაკეთებდი? ეგა მკითხე და გამკიცხე კიდეც. გული მეც მემღვრეოდა, მაგრამ ჩემი გაუბედავობა, თუ იმისი სიყვარული, ჩემს გულს იმორჩილებდა იმ დრომდინ, მინამ მე და ის ერთს გზაზედ ერთმანეთს არ გადავეხარიხენით. ის მე არ ჩამომეცალა და არ ამიქცია გზა. მეც არ შევეპუე.

ჩვენის სოფლის ბოლოს ერთი კაი ოჯახის-შვილი იდგა, ჩვენის ბატონის ყმა. პეპია ერქვა სახელად. კეთილი სადმე კაცი იყო, ხანშესული, დროული, გლეხკაცობაში სახელიანი და პატივცემული.

იმას, შენი ჭირიმე, იქნება მარტო ჩემს საუბედუროდ, ერთი ახირებულად მადლიანი, ჯეირანივით ლამაზი გოგო ჰყავდა. ის იყო პეპიას სული და გული და იმის მეტიც აღარავინ შერჩენოდა ახლად დაქვრივებულს პეპიას. ბევრმა კარგად აშენებულმა გლეხმა სთხოვა ქალი, მაგრამ არავის მიათხოვა, თითქო სხვისათვის არ ემეტებოდა ის ობოლი მარგალიტი. გოგო იყო, შენი ჭირიმე, რომ თვალი ზედ დაგრჩებოდა: თეთრ-წითური, შავ-თვალ-წარბა, ტანწვრილი და მაღალი. ბევრი თავადის-შვილის ქალი ინატრებდა იმის ჯეირანივით მოღერებულ ყელსა, იმის გიშრის თვალსა, იმის გიშრის თმასა, ლერწამს ტანსა!.. მარილიანი რამ იყო, ჩემ საუბედუროდ.

აკი გამიწყრა ჩემი გამჩენი და პეპიას ქალს თვალი სადღაც მოვკარი. თვალის მოკვრა და გულში სიყვარულის ცეცხლის ჩავარდნა - ჩემთვის ერთი იყო. როგორც თოფის-წამალი ნაპერწკლისაგან, ისე ავფეთქდი სიყვარულისა და ნატვრისაგან.

რაღა გაგიგრძელოთ, თურმე ნუ იტყვით, - იმ გოგოსაც ჩემი ფიქრი მისცემოდა. ეხლა რაღა ვარ, შენი ჭირიმე მაშინ ოცის, თუ ოც-და-ერთის წლის გათამამებულ ბიჭსა ადამიანობა მეტყობოდა. კვეხნით არ ვიტყვი - ჩემს ტოლს ბიჭებში ნაბოლოვარი არ ვიყავ და თვალ-ტანადაც არაფერი მიჭირდა.

ერთხელ კალოზედ კევრზედ იდგა და, მე რომ ამოვუარე, ჩუმ-ჩუმად შემომცინა. როგორც კოკორი მზისაგან, გული ისე გადამეშალა და ამიყვავდა; ამომივიდა მზე, გამინათლდა ქვეყანა. ამიცქანცქალდა ობოლი გული, ამიცქანცქალდა ისე, რომ ამოდენა კაცი მოვიყარე და ისე აღარ ამცქანცქალებია. ეჰ, პირქუშო წუთის-სოფელო, ისიც ხომ მომიშალე!..

შუადღე იყო, ვენახიდამ მოვდიოდი და, ორღობეში რომ შემოვედი, ჩემს მზეს ორღობის თავში თვალი შევასწარ: თურმე მამისათვის კალოზედ ჯერი მიჰქონდა. გულმა ცემა ერთს წუთს შესწყვიტა, დამეცა ბურანი, თვალთ დამიბნელდა, - და ეს ამოდენა ვაჟი-კაცი წავბარბაცდი და წავაწყდი ღობეს. მალე მტერი მოგიკვდეს, მალე მე მოვიკრიბე ღონე და გონზედ მოვედი. ეს რაც დამემართა, ერთის წუთის საქმე იყო. იმანაც მე თვალი მომკრა: შეკრთა, როგორც შველი მონადირესაგან, და უცებ უკან გატრიალდა. მე ბევრი აღარ მიფიქრია: ვისხლიტე ფეხი და გამოვუდეგ. ისე ფეხაკრეფით ჩქარა მიდიოდა, თითქო უკან მტერი ეგულებაო. დავეწივე კაკლებ-ქვეშ გამინდვრებულზედ და მივაძახე:

- ქალო! რა მიგარბევინებს? მგელი ხომ არა ვარ, ბიჭი ვარ, ადამიანი. - იმან ხმა არ გამცა და არც შემომხედა. თავმომწონე ბიჭი ვიყავ და გული ყელში მომებჯინა. ვიშვირე ფეხი და ორ გადახტომაზედ წინ მოვექეც.

- ნუ გარბი, შენი კვნესამე! - ვუთხარი მე და გამოვუწივე ყელი, - შენ ხელთ მომიცია ჩემი საბელი ყელისა.

იმან წარბი შეიკრა და ისე მრისხანედ და მწყრალად შემომხედა, რომ თვალს თვალი ვერ გავუსწორე. მე შევკრთი; მე ვაჟი-კაცი შევუშინდი იმ პატარა, უღონო გოგოსა!.. ძლიერი ყოფილა უძალოდაც ადამიანის შვილი!..

- გზა!.. - მითხრა ამაყად და ბძანებითა, - მამა მყავს და ნამუსი მაქვს.

- ღმერთმან ნურც ერთსა და ნურც მეორეს ნუ მოგაშოროს, - ვუპასუხე მე გულმართლად, მაგრამ იმედგადაწყვეტილად, - მე სამტროდ არა ვარ მოსული, ღმერთო, ხომ შენ იცი! ჩემი გული და წადილი ისეთი წმინდაა, კელაპტრად ხატს აენთება. მე მარტო ის მინდოდა, რომ ჩემი ობოლი თავი შენთა ფეხთ-ქვეშ გზად გამეშალა. არ ინდომე?!

ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, ლამაზო ქალო, და მე თუნდა შენის ჭირის სანაცვლოდ ვიყო. გზაო, მიბძანე შენ, - დამითმია გზა!.. გზა მშვიდობისა!.. ლხინი შენ და ჭირი მე. ვთქვი ეს თუ არა, ჩამოვეცალე. იმან ფეხი წინ არ წადგა და ერთხელ კიდევ თვალი გადმომავლო. წყრომა აღარ სჩანდა იმის ტბა-თვალში. სიხარულის სიომ გადამირბინა გულზედ. ბედმან ჩემკენ მოიხედა. კიდევ გული მომეცა და გახალისებულმა ვუთხარი:

- ქალო! რად მიკარგავ გზა და კვალსა? რისა გეშინიან, რომ ვერხვივითა თრთი? ცა რისხვით თავზედ დამექცეს, ფეხ-ქვეშ დედამიწა გამერღვეს, თუ გაბრიელმა შენზედ ავი ფიქრი გულს გაიტაროს!..

- დამეხსენ!.. - მითხრა იმან იმგვარად, რომ, ვისაც მართლადა დახსნა უნდა ისე, იმ-რიგად არ იტყოდა.

- არ დაგეხსნები, მინამ ჩემის გულის წადილს არ შეიტყობ. ნუ ფრთხი უგუნურ ტრედივითა. შენი სიყვარული გულს ჩამივარდა: მე ქმარი და შენ ცოლი, ჩემო მარგალიტო! ოღონდ ჩემი გულის პასუხი კი მითხარ და ჩემი ობოლი თავი მოკვდეს, თუ რომ გაბრიელმა შენ რამ გაწყენინოს.

იმან პასუხი არ მამცა. მეც აღარ მოვეშვი.

- თავი მამიკვდეს, თამრო, - დავიწყე მე ხელახლად, - თავი მამიკვდეს, თუ შენის მეტი ცოლი მე მოვინდომო. ხმა ამოიღე, შენი კვნესამე, შენი!.. ერთი ობოლი ბიჭი ვარ, რასაც მხედავ - ესა ვარ. ნუ დამაწყევლინებ ჩემის გაჩენის დღესა, ნუ დამღუპავ, შენ გენაცვალოს ჩემი თავი!.. მე ქმარი და შენ ცოლი... მითხარი რამე, შენი ჭირიმე, თორემ ლამის ლოდინში სული შენთა ფეხთა-ქვეშ გამიფრთხეს.

ხმა არ გამცა.

- თამრო! შემომხედე, ამ ერთმა ლოდინის წუთმა რა-რიგად დამადნო. გამაგონე შენი სირინოზის ხმა, სულგანაბული, გულკვდომითა გიგდებ ყურს და ველი პასუხს. მითხარ!.. მითხარ, გინდივარ თუ არა და შენს გამჩენს დაავალე! თუ არ გინდივარ, თქმა ნუ გიჭირს!.. ნუ გებრალები!.. ერთი ობოლი ბიჭი ვარ, მაგრამ შენის პირისაგან თქმულს ღვთის რისხვასაც ავიტან, არამც თუ უბედო ბედის წყრომასა. ნუ დამადნე ლოდინითა, ხმა გამე, ხმა!..

ეს რომ ვუთხარი, ხელი მკლავში ჩავავლე. ხელი რომ იმის ტანს მოხვდა, ერთმა რაღაც ელვამ ტვინიდამ გულამდე უცბად გამირბინა, ჟრჟოლამ ძარღვებში დამიარა. ის შეტოკდა, მაგრამ არ ინდომა თავის მკლავისა ჩემი ხელიდამ გამოცლა. არამც თუ მიწყინა, გამიღიმილა კიდეც. იმისი მარგალიტი კბილები, ლარივით გამწკრივებული ორ ლალ ტუჩებ-შუა, ცის-სარტყელად მეჩვენა. გული სიხარულით ამევსო. ვაი, რა დღე იყო და რა-რიგად დამიღამა წუთის-სოფელმა!..

- გამიშვი, ადამიანო! - მითხრა ღიმილითა, - ცუდად ნუ გადამკიდებიხარ, ქვეყანა დადის, სირცხვილია.

- სირცხვილი იმას, ვინც საძრახისი ინდომოს. არ გაგიშვებ. რომ გაგიშო, ჩემი სულიც თან უნდა გაგაყოლო. რასაც მე გემუდარები, იმის პასუხი მითხარ და ინაცვალე ჩემი თავი კიდეც!..

- რა გითხრა, ადამიანო?

- ან ჰო და ან არა და მომკალ კიდეც!..

- შენს სიკვდილს კიდევ ჰოს თქმა მირჩევნია, შე უბრალოდ იმედ-გადაწყვეტილო! - წამოიძახა იმან უეცრად და მკვდარი გამაცოცხლა. სთქვა იმან ეს თუ არა, გამისხლტა ხელიდამ და როგორც ნიავი თვალიდამ წამივიდა. გამიფრინდა ჩემი ნოეს ტრედი, მწვანე შტო კი ხელთ დამიგდო; გამიფრინდა და თვალი ჩემი მიეკერა იმ ორღობეს, რომელსაც ის ბოლოს შეუბრუნდა და მიეფარა.

ღმერთმა უშველოს!.. ადამიანს ხანგრძლივ რომ შეხვდეს ამ წუთის-სოფელში იმისთანა დრო, ეს წუთის-სოფელი სამოთხე იქნებოდა. მაგრამ წუთის-სოფელი იმიტომა ჰრქმევია, რომ ყველაფერი წუთობითა სცოდნია, უბედურობის მეტი. ის-ის იყო, ჩემს ბედს იმის ოდენი სიხარული ვეღარსად დავსტყუე. წავიდა იგიცა, ვითა სიზმარი ღამისა, წავიდა და იმის ნაცვლად, რასაცა მხედავთ, ის მომეცა... იმ სიხარულის ხატი ეხლა შიგ გულში უქმადღა მიკიდია. დამაწაფა სოფელმა უკვდავების წყაროსა და ბოლოს შხამად ამომადინა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი:

„მიმნდომნი საწუთროსანი
მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ, მაგრამ უმუხთლოდ
ბოლოს არ მოურჩებიან“.

ეჰ, მოგაწყინე თავი ამდენის ჩივილითა, შენი ჭირიმე, მაგრამ რა ვქნა? ჭირთა თქმა - ლხინიაო.

VIII

ერთხელ კვირა-დღე იყო, დათიკო წირვაზედ წავიდა და იქიდამ ვიღასაც სადილად მიეწვია. მეც ავიღე თავი, პეპიას ბაღჩას ავუარე. გადავიხედე, კაკლის ჩრდილ-ქვეშ თამრო დავინახე, მწვანე ბალახზედ წამოწოლილი. ვიშვირე ფეხი და გადავხტი ღობეზედ. ის ცოტად შეკრთა და, რომ დამინახა მე ვარ, დაშოშმანდა. მე და ის დიდი ხანია ეგრე ჩუმად ვინახულებდით ხოლმე ერთმანეთსა, მაგრამ, ღმერთია მოწამე, კოცნასაც ვერ ვუბედავდი.

- შენა ხარ? - მკითხა იმან, როცა მიველ და წამოვუწექ წინა.

- მე ვარ, შენი კვნესამე! რადა ხარ ეგრე მოწყენილი, ჩემო სიკეთევ? - ვკითხე მე, რადგანაც ნაღვლიანობა შევატყე.

- დღეს ავი დღე გამითენდა.

- რადა? ავი იმას, ვინც ავი შენთვის მოინდომოს. რადა ნაღვლობ?

- არის მიზეზი.

- მაინც?

- დღეს მამა-ჩემი ავ-გუნებაზედ მოვიდა საყდრიდგან და იმიტომ.

- შენ დღეს საყდარში იყავ?..

წამოვვარდი ფეხზედ და ისე აჩქარებით ვკითხე, რომ თამრო გაოცდა.

- ვიყავ, - მითხრა იმან, - რაზედ აჰფეთქდი?

- ბატონი იქ იყო?

- იქ იყო. დერეფანში იდგა, როცა მე წინ გამოვუარე.

- შენ წინ გამოუარე?!

გავაგრძელე სიტყვა და დავაკრაჭუნე კბილები. როგორც ტყვიანაკრავი, ისე გაფითრებული მკვდარსავით იმის წინ გავშეშდი. დიდხანს, დიდხანს ხმაამოუღებლივ ჩავყურებდი იმის ორმოსავით ჩაღრმავებულ შავ თვალებსა. ისიც გაკვირვებული შემომცქეროდა. ხმა აღარ გამიცია. გამწყრალსავით გულნატკენი ისევ იმ ღობეზედ გადმოვხტი და წამოვედი შინ, რომ შემეტყო რამე...

მაშინვე მივუხვდი პეპიას ნაღველსა. იმ კვირა-დღეს დათიკოს დაენახა საყდარში თამრო და პეპიასათვის ეკითხნა:

- ეგ გოგო ვისია?

პეპიას ფერი შესცვლია თურმე და თრთოლით უპასუხნია: ჩემი გახლავთო.

- კაი საპროშტავი ყოფილა!.. - ეთქო იმ დაუნდობელს ადამიანის-შვილსა.

მომკვდარიყო საწყალი პეპია, რომ გაიგო, რომ იმისი ქალი ბატონს მოეწონა. კარგად იცოდა, რაც იყო ბატონის მოწონება და რასაც მოასწავებდა. მე რომ ეს შევიტყე, შევფიცე ღმერთსა, რომ მე მოვკვდები და იმას კი არავის წავაქელვინებ-მეთქი.

იქნება არ დამიჯეროთ, მაგრამ ჯოჯოხეთს მიეცეს ჩემი სული, თუ იმ კვირა-ღამეს ჩემი მღვდელი სიზმარში არ მომჩვენებოდა. ის დაღონებული იდგა ჩემ-წინა და რასაც დავეკითხებოდი, პასუხად სულ ამას მეტყოდა ხოლმე:

„ხამს მოყვარე მოყვრისათვის
თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის,
სიყვარული - გზად და ხიდად“.

ბოლოს, მე მითამ მუხლებზედ მოვეხვიე, ცრემლით და ტირილით შევჩივლე ჩემი ამბავი და ვუთხარი: მიბძანე, საით რას გავხდე? იმან არა მითხრა-რა და წავიდა. რომ გადიოდა გარეთ, შემომხედა მე და მაშინ კი მითხრა: - რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია.

დამიჯერებთ ამას, თუ არა - თქვენ იცით. მინდა კი, რომ დამიჯეროთ, იმიტომ რომ მართალია. აღსარებასავით ამ ამბავს გიამბობთ და ტყუილს არ ვიტყვი.

მეორე დღე რომ ჩემთვის არ გათენებულიყო, ისა სჯობდა. ისეთი გულმოწყვეტილი და აღრინებული ვიყავ, რომ არ ვიცოდი, რა მექნა. მე არავის არ შევატყობინე, რაც ვიცოდი. მე ჩემს ბედს გავუჩუმდი, მაგრამ ორივე თვალი კი გავაფაციცე. თვალ-ყური ვადევნო, - ვთქვი ჩემს გულში ბოლოს, - იქნება ისე არა სწვიმდეს, როგორცა ჰქუხს-მეთქი. ხანდისხან ერთი საშინელი ტკივილი გულის-ფიცრის ტეხას დამიწყებდა ხოლმე. ვაი თუ თამრომ... მაგრამ არა, მალე გადავიგდებდი ხოლმე გულიდამ ამ ფიქრსა.

ამ ყოფაში ვიყავ და ჯერ არსაიდამ ავი არა ისმოდა-რა. ერთხელ მე ბიჭებში ვიყავ და ბატონის ხმა მოგვესმა, გიტოს ეძახოდა. ღამე იყო, ძილის-პირი მოახლოვებული იყო. გიტო გახლდათ დათიკოს უნამუსობის ავან-ჩავანი. გიტო რომ წავიდა, მეც იმის გაუგებრად თან ავედევნე, ჩუმ-ჩუმად შევიპარე ერთს ბნელს ოთახში, რომლის კარიც დათიკოს ოთახში გადიოდა. დათიკოს ოთახში სანთელი ენთო. მე კარებთან სულგანაბული ავიტუზე და ყური, როგორც ლურსმითა, კარებზედ მივაკარ. გიტოს ზურგი ჩემკენა ჰქონდა შემოქცეული და ისე იდგა, დათიკო კი წინა და უკან დადიოდა ოთახში. ბოლოს დათიკო გაუსწორდა გიტოს, შედგა და ჰკითხა:

- პეპიას სახლი იცი?

- თუ მიბძანებ, გიახლები, - უპასუხა გიტომ.

- გინახავს იმის გოგო?

- როგორ არა, შენი ჭირიმე! აბა გოგო ის არის, აი! იმისი ბადალი დუნიაზედ არ იქნება.

- მაშ თუ აგრეა, შენ იცი და შენმა ბიჭობამ.

- ჩემი კისერი გახლდეთ. მერე გასათხოვარიც არის!..

- თუ კაი ჩოხა გინდა, თუ არა და კატასავით სარზედ ჩამოგარჩობ.

- ბატონი ბძანდები, ადვილია. მარტო ეს არის ძნელი, რომ იმ გოგოს საყვარელი ჰყავს და ცოლ-ქმრობაც ნათქვამი აქვს. მაგრამ, რაც უნდა იყოს, დედაკაცია: ერთი ჩაქსულა კაბა და იმისი ჯანი.

- ნამუსწართმეული ხომ არ არის ჯერ?

- უცოდველია, როგორც გვრიტი.

- ვინ არის იმის საყვარელი?

- ჩვენი გაბრო.

- გაბრო?!. - გააგრძელა დათიკომ სიტყვა და ჩაჩუმდა.

მე სმენად გადავიქეც, ვსთქვი, რომ ან აი ეხლა, ან ცოტა ხნის შემდეგ დათიკო იტყვის, თავი დამინებებიაო, გიტო ნუღარ გაირჯებიო. მაგრამ მიმტყუვნა იმედმა და დათიკოს კაი კაცობამ იმოდენა სიკეთე ვერ შესძლო. მოუბრუნდა გიტოს და გულ-დადინჯებულად, თითქო კაი საქმეს შვრებაო, უთხრა:

- მეწყინა, ეგ რომ მითხარი, მაგრამ არა უშავს-რა. შენ, რაც გითხარ, ისა ჰქენი, მე და გაბრო მოვრიგდებით.

რა წამსაც ეს გავიგონე, გაბოროტებული გამოვტრიალდი და მოვშორდი იმ ცოდვის-შვილებსა. რა ილაპარაკეს მას უკან, არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ მე და დათიკოს შუა ხიდი მაშინ ჩატყდა და მეც გულში ერთი ძარღვი ჩამწყდა. მოვრიგდებითო!.. ვაი შენს გაბრიელსა, რა ცუდად უცვნიხარ!..

საქმის დაგვიანება აღარ ევარგებოდა, უნდა მეხერხნა რამე, რომ საწყალი გოგო მახეში არ გაბმულიყო. მაშინვე გავიზრახე, რომ პეპიასთან წავიდე და ყველაფერი შევატყობინო. გლეხის ვახშმობა დიაღ გადასულიყო, როცა მე პეპიას სახლთან მივედი. კაშკაში მთვარე იდგა და ასეთი მთვარის შუქი იყო მოფენილი ამ ცოდვილს ქვეყანაზედ, რომ თითქოს ეს ქვეყანა სიწმინდით არი განათებულიო. მე პეპიას შევასწარ თვალი სახლის დერეფანში. ის საწყალი დაჩოქილიყო და ჰლოცულობდა. მე ფეხაკრეფით მივეპარე და აქეთ ბოძს ავეტუზე. კარგა ხანს ბუტბუტებდა და გულში ხელს იცემდა ის უბედური მამა, ბოლოს, თითქო თავი დაივიწყაო, გულამომჯდარმა მაღლა ხმით შეჰბღავლა უფალსა: - შენთვის მომიბარებია ჩემი უცოდველი თამრო!.. ნუ გაუმრუდებ გზას!.. ღმერთო, მფარველო მართლისაო, ნუ დამანახვებ ჩემის შვილის მიწასთან გასწორებას!..

ადგა ის საცოდავი ადამიანის-შვილი, ხელი თვალებზედ მოისო, თითქო ცრემლს იწმენდსო, ერთი კიდევ ჩაიკრა გულში ხელი და გაემართა სახლში შესასვლელად. მაშინ მივაძახე:

- პეპიას გაუმარჯოს!

- ვინა ხარ? თუ ავი სული არა ხარ, ამ დროს აქ რა ხელი გაქვს? - გამიწყრა პეპია.

- ავსულობას ნუ მწამობ. მე შენთან მოსალაპარაკებელი მაქვს, - ვუთხარი მე პირდაპირ.

- ვინა ხარ? ვინ?

- შენი კეთილის-მყოფი, გაბრიელი ვარ.

პეპიას ელდა ეცა: ალბად ბატონისაგან მოგზავნილი ვეგონე გოგოს თაობაზედა; ამიტომაც მწყრალად და გაჯავრებით მითხრა:

- მე შენთან საქმე არა მაქვს-რა. თუ შენ კაი კაცი იყო, მზეს არ დაემალებოდი. ამ დროს ძაღლსაც კი სძინავს!..

მითხრა ეს და გაიწია შინ შესასვლელად. მე ხელი მოვკიდე და შევაყენე.

- არ გეყურება, შე უბედურის დღისავ, რომ მძიმე საქმე მაქვს-მეთქი!.. - ვუთხარი მე.

- შენის ბატონის პატრონს რა საქმე უნდა გქონდეს, თუ არ სულის წასაწყმედი. რა გინდათ, შვილო, ჩემგან? როგორ არ გებრალებით ბებერი, უღონო, უპატრონო კაცი? თქვენში ღმერთი არ არის?..

- ღმერთიც არის და ღვთისაგან ჩაგონებული სიკეთეცა.

- კარგი, კარგი! - გამაწყვეტინა სიტყვა, - კარგი! ვიცი, რა მადლიც ტრიალებს თქვენ გულში, ვიცი!..

- ეს გული დამიწდეს, თუ შენი ღალატი შიგ იდოს, - მოვუჭერ მე სიტყვა თამამად და გაბედვით.

- თუ ღმერთი გწამს, მე მამშორდი, ბევრი გველი მინახავს - ჯერ გულში ჩასძვრენოდეს და მერე კი დაეშხამოს. შენის გამჩენის გულისათვის, მამშორდი, ნუ შემამთხვევ ცოდვას. აი, ხომ ჰხედავ, უილაჯო ვარ. ჩემი პირდაპირ მორევნა დიაღ ადვილია, მაგრამ მოტყუება კი ძნელია. დაანებე თავი მაგ გატკბობილის ენით ჩემს ცდუნებასა, ჩემს საცოდაობაში მევე ნუ შემარევინებ ხელს. მე რაღა ცდუნება მინდა? თქვენ რაღა ოსტატობა გინდათ? მე რა შემიძლიან თქვენთან, ქვეყანა თქვენკენ არის. პირდაპირ მოდით და მოწამლული ისარი მკარით გულში. რაღა ეშმაკობა გინდათ? რაც გინდათ ისა ჰქენით. მე ღმერთს მივანდე ჩემი გულის წყურვილი, იმას გაეცით პასუხი!..

საბრალოს გული ამოუჯდა და ტირილი დაიწყო. მეც მეტკინა გული: იმის საცოდაობამ დამწვა.

- იმედ-დაკარგულო, უბედურო კაცო! - ვუთხარი მე გულთბილად და გულნატკენად, - ღმერთი ხომ ჰხედავს, მე მოვსულვარ იმისათვის, რომ შენთვის ჩემი თავი დავდო, რად მწამობ ავკაცობასა? რად არ მენდობი? მე ხომ შენთვის ცუდი არა მიქნია-რა! ვაი შენ, ჩემო თავო! ცილს ნუ მწამობ უმიზეზოდ. მაშ შენ გაბრიელი ვერ გიცვნია? ადრე და მალე აიგავოს მტვერსავით ეს ობოლი თავი, თუ ადამიანის ღალატი ოდესმე გულში გამტარებოდეს. ვაი შენ, ჩემო თავო! რად მირცხვენ ყმაწვილ-ბიჭობას? სამაგისო რა მიქნია, რა? სულს ნუ წაიწყმედ ცილისწამებითა, ნუ!.. იმ ღვთის გულისათვის, რომელსაც შენ წეღან ევედრებოდი, მომენდე მე და მაშინ ჰნახავ, რაც კაცი ვარ. იმ ღვთის წინ გაძლევ ფიცს, რომ მე შენი სიკეთისათვის ვარ აქ მოსული. დამიჯერებ, კარგია, არა და, - მე მაინც ჩემს თავს შენთვის არ დავზოგავ!

ჩემმა სიტყვებმა იმას გული ჩემკენ მოუბრუნეს. მერე რა-რიგად? წამავლო ხელი, მომეხვია და ჩემს მკერდზედ ზედ-დაკდომით ქვითინი დაიწყო.

- შენს ღმერთს აპატივე, შენს ღმერთს!.. - ჰბღავოდა საცოდავად პეპია, - ღმერთი ხომ მოწამეა, შენგან ავი არა გამიგია რა, მაგრამ რა ვქნა? რა ვქნა მე უბედურის დღისამ? შვილი მეღუპება, შვილი!.. ჩემი სისხლი, ჩემი ხორცი!.. ერთად-ერთი შვილი ცოცხალი მემარხება!.. გესმის ეს, ჩემო გაბრიელ! შვილს ვკარგავ, შვილო, მოდი და უნდო ნუ ვიქნები! შემინდევ! შენს ღმერთს აპატივე, თუ გაწყინა რამე ბებერმა, ჭკვადაკარგულმა, უბედურმა მამამა. რა ვქნა? ჩემი შვილია, ჩემი გულ-ღვიძლია, ჩემო გაბრიელ! ვის მივენდო, ვის, ამ ცოდვით სავსე ადამიანის-შვილებში? ძმას არ ვენდობი, ძმას, მაგ საქმეში, ღმერთო, ხომ შენ იცი. მაგრამ მაცდუნებ, თუ არ მაცდუნებ, შენ კი უნდა მოგენდო. აჰა, ჩემი საბელი ყელისა!.. შენ იცი!.. გინდა გველივით გამსრისე, გინდა დამიხსენ წაწყმედისაგან! შენ იცი და შენმა ყმაწვილკაცობის მადლიანობამა. მე არა შემიძლიან-რა, ხომ ჰხედავ! შემიბრალე და ნუ დამანახვებ ჩემის თამროს უნამუსობას!.. შენის ხელით დაეც დანა და დაგვიხსენ მამა-შვილნი ცოდვისაგან. მე ცოცხალი დამმარხე, მიწა მომაყარე და მაგას კი ნუ მიზამ, რომ ჩემი თამრო... ვაიმე, შვილო!..

აქ მეტის გულის ამოჯდომისაგან საწყალს ხმა ჩაუწყდა, სიტყვა შაეკრა და ენა დაება. ღმერთო! რამდენი ამისთანა ცრემლი იღვრება ამ შენგან გაჩენილ დედამიწის ზურგზედ, მაგრამ სიავე ადამიანისა აქამდის არ ჩაირეცხა. დიდება შენს მოთმინებასა!

მეც ამიყოლია იმისმა სევდამ და გულის-ტკივილმა. რომ არ შემრცხვენოდა, მეც ვიტირებდი. ისე წელმოწყვეტილი, ისე გამშრალი ვიდეგ იმის წინ, რომ ვერც ნუგეში ვეცი, ვერც იმედი მოვუმატე. ენა მე აღარ მიჯერებდა და გონება. ვიდეგ ისე სულელსავით იმის წინ. მაგრამ ბოლოს კი, რომ ვნახე, რომ გული ვეღარ დაიმორჩილა და სევდამ დაიბრიყვა, - ვუთხარი:

- გული დაიმშვიდე, კაცი ხარ, რომ სხვა არა იყოს-რა. ნუ გეშინიან, ისე არა სწვიმს, როგორცა ჰქუხს. ღმერთი მოწყალეა, ყველანი კარგად ვიქნებით.

- ჰო, შენი ჭირიმე, გაბრიელ! - მიპასუხა იმან, - ეგრე, გეთაყვანე! შენს ხელში ვარ, შვილო, შენ გეთაყვანოს ჩემი თავი. მართლა-და ღმერთი მოწყალეა. ადრე და მალე რად ვითხელებ ჭკვასა და გონებას! იმისთანა რა მიქნია, რომ ღმერთმა ჩვენზედ ხელი აიღოს. აი, გეთაყვა, ცრემლს მოვიწმენდ და დავდინჯდები, ოღონდ მიშველე რამე, შენი კვნესამე, შენი!

მე კიდევ ვეღარა მოვახერხე-რა სათქმელად და გავჩუმდი. ბოლოს მაინც კიდევ იმან დაიწყო:

- იცი რა, ჩემო გაბრიელ! მე წავალ, ბატონს ფეხ-ქვეშ ჩავუვარდები, ენით ავულოკავ ფეხის ნატერფალს. გადვუკოცნი მუხლებს, - იქნება ღმერთი შემეწიოს და როგორმე თავი შევაბრალო. ისიც კაცია, ჩემის სიბრალულით და საცოდავობით მოლბება.

- შენ ბატონს კარგად ვერ იცნობ.

- მა რა ვქნა? - შემომბღავლა საცოდავად, თითქო ყველაფერზედ იმედი გადუწყდაო.

- ეგ საქმე მე დამაცალე. შენი დახმარება მარტო იმისთვის მინდა, რომ თვალ-ყური გეჭიროს, ნამეტნავად გიტოს გაუფრთხილდე. ის ძაღლი-კაცია. როგორც მორიელი, ისე შემოგეპარება და დაგსუნთქავს. დანარჩენი მე ვიცი.

- ეგრე, შენი ჭირიმე, ეგრე! ღმერთი იყოს შენი გადამხდელი.

კიდევ ერთმანეთს გავუჩუმდით. პეპიამ ჩაღუნა თავი და რაღაც ფიქრებს გადაეკიდა. მეც ჩემი დარდი მედო გულში და იმ დარდმა გამიყოლია. კარგა ხანი ვიყავით ჩაჩუმებულნი, მაგრამ ხან ის შემომხედავდა მე, ხან მე იმას შევხედავდი და არაფერს კი ერთმანეთს არ ვეუბნებოდით. ვატყობდი, რომ რიღაცის თქმა უნდოდა და თითქო ვერ ახერხებსო. მეც მინდოდა ერთის რასმის თქმა, მაგრამ ვერა ვბედავდი, ცუდად არ ჩამომართოს-მეთქი. ჩემი და თამროს ცოლ-ქმრობის პირობისა პეპიამ ჯერ არა იცოდა-რა.

- გაბრიელ! - მითხრა ბოლოს პეპიამ, - მე ერთი ქალი-ღა შემარჩინა ბედმა და იმის მეტი მე არავინ არ მივის ამ ტრიალ ქვეყანაზედ. მოდი, ის ცოლი და შენ ქმარი და მეც მამა თქვენი. ჰა, რას იტყვი შენ?

მე ჩემს ყურებს არ დავუჯერე ეს უეცარი ჩემის ნატვრის ასრულება და ჩემის დარდის მოკვეთა. იმნაირმა სიხარულმა ისე დამიჭირა გული და გონება, რომ გაშტერებით ყურება დავუწყე და მე სულელმა ვერა ვუთხარი - თუ არ გინდა, სთქვი: მე მაგით გულს არ მატკენ. ცოლ-ქმრობა ნებითია.

- არ მინდაო?! რას ამბობ, ადამიანო? ჩემი ნატვრა ეგ იყო! ვენაცვალე ჩემს იღბალს! ნატვრა თუ ასრულდეს, მაგეთი! ეჰ, დალახვრა ღმერთმა, ვერ მომიხერხებია!.. პირდაპირ გეტყვი: ცოლ-ქმრობა ერთმანეთისათვის ნათქვამიცა გვაქვს. ეხლა, რაკი შენი ნებაც არის, ჩემს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფს. გიშველოს ღმერთმა შენც და ამ ქვეყანასაც, რომ ნატვრა ცარიელ ნატვრად არა რჩება ცის ქვეშა.

ჩვენი ცოლ-ქმრობის ნათქვამობა რომ შეიტყო, რაღაც ნაღველმა გადურბინა გაფითრებულ სახეზედა. ხმა არ გამცა. მე შევატყე, რომ კიდევ ავ ფიქრს გადაეკიდა ის უნდო ადამიანი და ამიტომაც ზედ დავატანე:

- ცოლ-ქმრობა კი გვითქვამს, მაგრამ არც შენთან და არც ღმერთთან პირშავად არა ვართ. ღმერთო, ხომ შენა ხარ მოწამე, ჩვენი სიყვარული წმინდა არის, როგორც ანკარა მთის წყარო. თუ მზის შუქი წყაროს აამღვრევს, მაშ ჩვენს სიყვარულსაც ჩვენი გული აუმღვრევია. ცამ რისხვით მკითხოს და დედამიწამ არ მიმიღოს, თუ ცოდვა რამე ჩვენს გულში ჩასახულიყოს. ნუ ჰშიშობ! ღმერთთანაც და შენთანაც ორნივე პირნათლადა ვართ. ღმერთია ამის თავდები, ღმერთი!

დაიჯერა ჩემი ალალი სიტყვა. ის ალალი ადამიანი, როგორც მალე ავს დაიჯერებდა, ისე მალე კარგსაც მიენდობოდა.

- მამკალ, აქვე ჩამაქვავე, ჩემო გაბრიელ! - მითხრა იმან ნანვითა, - აქავ მიწასთან გამასწორე! ცუდი გული მაქვს - ეს ოხერი. უნდო ვარ, უნდო! მერე საწყალი ჩემი გოგოც ძალიან მიყვარს!.. მამკალ, გამაქერ! ცუდის გულის პატრონი ვარ მე ცოდვილი, ცუდის! შენ შვილი და მე მამა, მე სულელს სხვა რაღა მინდა!

ისე თქვენ გაიხარეთ, როგორც გახარებული მე იმ ღამეს შინ წამოველ. რაღა მინდოდა? ერთი ნატვრა მქონდა, ისიც ასე უცბად ამისრულდა. შინ რომ მოვდიოდი, მე მეგონა ის კაშკაში მთვარე, ის მბრწყინავი ვარსკვლავები ჩემს ბედს შეჰნატრიან-მეთქი. როგორც ცაზედ, ისე ჩემს გულში ერთი ღრუბელი აღარ იყო. კეთილი ღამე იყო ის დალოცვილი ღამე! რა უნდოდა ავკაცობას ჩემგან? რაზედ ჩამითრია და დამღუპა სასიკეთოდ გამზადებული? ვინ იცის? იქნება ეხლა მე ვყოფილიყავ რიგიანი მუშა-კაცი, ცოლშვილი გარს შემორტყმული მყოლოდა! რომ მოვმკვდარიყავ კიდეც, დამტირებელი მეყოლებოდა, მიწას მაინც თავისიანი მომაყრიდა, ცრემლს მაინც ჩემნი დამადენდნენ და ეგრე ძაღლისა და ნადირის შესაჭმელი არ გავხდებოდი!.. შერჩეს ავკაცს ჩემი დაღუპვა... მე ხომ ამ ქვეყნისა აღარა ვარ, ერთი ფეხი საფლავში მიდგას, დღესა თუ ხვალე ჩემი სულთამხუთავი მოვა და სულს გამაფრთხობინებს, მაგრამ გულზედ სისხლი გადამესხმის ხოლმე, როცა ამას ვიგონებ.

ის დალოცვილი მღვდელი ხშირად მარიგებდა ხოლმე, რომ მტერსაც პატივება უნდაო. მეც ვამბობ, მაგრამ მაგას მარტო ენა ამბობს და გულში კი სხვა ბალღამი ტრიალებს. ღმერთო, შეგცოდე, მაგრამ შენგან გაჩენილს ადამიანსა მარტო შენი სახე თუ მისცემია, თორემ გული კი არა. სულ ტყუილია! მაინც ადამიანს მტერი არ შეჰყვარებია...

IX

იმ ბედნიერს ღამეს ჩემს თვალს ძილი არ მიჰკარებია: ლხინსაც ჭირსავით ძილის გაფრთხობა სცოდნია.

ირიჟრაჟა თუ არა, მეც ფეხზედ ვიდეგ. წუხანდელი ღამის მადლი ისევ გულში ტრიალებდა. შევხაროდი იმ რიჟრაჟ დილას, იმ ლურჯ ცასა, იმ ნამით პირდაბანილს დედამიწასა და მე მეგონა, რომ ცაც და ქვეყანაც მე შემომხარიან. ქვეყანაზედ მე, თამრო და პეპია რომ მაშინ მარტო ვყოფილიყავით, სამოთხე სანატრელი აღარ იქნებოდა. მაგრამ ჩვენ გარდა კიდევ ბევრნი იყვნენ და იმ ბევრში ჩვენი ბატონი დათიკოცა, რომელმაც გიტოს უთხრა: მე და გაბრიელ მოვრიგდებითო. მომაგონდა ეს სიტყვები და სამოთხე ჩემი თვალის დახამხამების უმალ ჯოჯოხეთად გადამექცა: ჟრუანტელმა დამირბინა ტანში და ყოველს სახსარში ტკივილით გამიარა, კბილებმა კრაჭუნი დამიწყეს, მუშტები თავისთავად დამეკუმშნენ, თითქო ჩემი გზის ამრევი ხელში უნდა გამეწურაო. იმ წამს დათიკო რომ დამენახა, მგონია, ძმა რომ ყოფილიყო, ძმა, - იმის დანახვა და იმის სულის გაფრთხობა ერთი იქნებოდა ჩემთვის. ავკაცობაში ნუ ჩამომართმევ: უცბად გამწარებული გული დაუნდობარია.

ბრაზმორეული გამოვედ ეზოს გარეთ და მეც თითონ არ ვიცი, რა გზით და როგორ მივადეგ უეცრად პეპიას ბაღჩის ღობეს. რომ დავინახე ჩემი თამროს ბუდის ღობე, თითქო გამოვფხიზლდი, გამომეღვიძა. გადავიხედე ღობის იქით, - ჩემი თამრო მოსჯდომოდა გეჯას და ბაღჩის წყლის პირას სარეცხსა ჰრეცხდა. ვაი, რა ლამაზი იყო იმ მშვენიერს დილას ის მშვენიერი ქალი! არ ვიცი, დილა იმას ამშვენებდა, თუ ის დილასა.

იმის შორი-ახლო თოხის ტარზედ დაბჯენილი იდგა პეპია და თამროს ელაპარაკებოდა. მე სმენად გადავიქეც.

- ეი, შენ, ეი! პატარა ეშმაკო! - ეუბნებოდა პეპია თამროს და თითს უქნევდა, - ეგ რეები ჩაგიდენია, ჰა? მე ვიცი შენი!

- რას ამბობ, ადამიანო, ნეტავი ვიცოდე? - უპასუხა თამრომ და შეაჭყიტა თავის მაყვალი თვალები, - რა ჩამიდენია?

- ჰმ, რა ჩაგიდენია!.. მითამ არ ვიცი, მითამ არც შენ იცი, თავი მოიკატუნე. მე ჩიტმა ამბავი მომიტანა.

- რას ამბობ, ადამიანო, რას?

- აი, შე მასხარავ, შენა! შეგრჩეს, რომ მამასაც უმალავდი, შეგრჩეს!

- მამას მზემ და თავი არ მამიკვდეს, მე შენი ლაპარაკი არ მესმოდეს.

- დამაცალე, შე ცუღლუტო, დამაცალე! - ეუბნებოდა პეპია და სახე კი უცინოდა, - ასეთს კაცს მიგათხოვო, რომ სულ შენი დღენი გაწყევლინო, დამაცა!

- ცხადივ ამბობ, ადამიანო, თუ სიზმრივ? რაებს ამბობ?

- სიზმარს გეუბნები. როცა ერთ რეგვენს ქმარს მიგათხოვებ, მაშინ ეს სიზმარი აგიცხადდება. დამაცა!..

- ახა, ღმერთო ჩემო, რას გადამკიდებია.

ეს რომ სთქვა თამრომ, გაჯავრდა და ისე ღონივრად დაუწყო სარცეხს სრესა, თითქო ჯავრი ამაზედ უნდა ამოიყაროსო.

- მაშინ სხვა-რიგად დაუშტვენ, - უთხრა პეპიამ.

- დავუშტვენ რა, ბულბული ვარ? - ტუჩებ-აბრეცით ბუტბუტებდა ლამაზი გოგო.

- აი, ალილო და ხვალაო, - მაინც არ იშლიდა თავისას პეპია,- მე კი მიყივლია და...

- რა გიყივლია? - სთქვა და დააცქერდა შვილი მამასა.

- რომ რეგვენ ქმარს მიგცემ.

- კიდევ!.. უწინამც დღე გაჰქრობია.

- რაო? არ მოგდის გუნებაში?

- მამი, ღვთის გულისათვის დამეხსენ. რა ცუდ გუნებაზედ ამდგარხარ!

- არ დაგეხსნები, შე ცუღლუტო, შენა!

- გუნებას ნუ მირევ, დამეხსენ-მეთქი.

- მე შენთვის ქმარი მიშოვნია.

- თუ გავთხოვდე, მაშინ.

- მაშ არა სთხოვდები?

- არა.

- რატომ?

- მიტომ?

- მაინც?!

- იმიტომ.

- არავის შეირთავ, არავის?!

- ორ ხელმწიფის შვილიც რომ იყოს, არ შევირთავ. ეხლა? არ დამეხსნები?

- მაშ შენ, როგორც გატყობ, არც გაბრიელს შეირთავ.

უთხრა ცდითა პეპიამ და ღიმილით დააცქერდა შვილსა. მე თამროს შევხედე. იმას შერცხვა, ალმური აუვიდა ლოყებზედ, თავი ჩაღუნა, ვერაფერი ვერა უთხრა-რა მამას პასუხად. მიუბრუნდა ისევ სარეცხს და უგულოდ სრესა დაუწყო, თითქო გარეცხა კი არ უნდა სირცხვილის გაქარწყლება უნდაო.

- არ შეირთავ? - დაიწყო ისევ პეპიამ, - ბატონი ხარ, მე ძალას არ დაგატან.

თამრომ ერთი შემოჰხედა ქვეშ-ქვეშად მამასა და მერე ღიმით ისევ ჩაღუნა ლამაზი თავი.

- მოლოზნობა ხომ არ გინდა, დედო? - გაუხუმრა კიდევ პეპიამ, - ეგეც შენი ნება იყოს, მაგაზედაც ყაბული ვარ. ხმა ამოიღე. რატომ ჩაგივარდა ეგ შენი ტიკტიკა ენა? არ გეყურება, გელაპარაკები?

მისწვდა პეპია და თამრო წამოაყენა. ის არ გაუძალიანდა და წამოდგა.

- პირობა თუ მიგიცია ვისთვისმე!.. იქნება მახეში მოიმწყვდიე ვინმე!.. - უცინოდა პეპია.

- იი, დამეხსენ!.. რას გადამეკიდე, ადამიანო?

- სთქვი, აბა სთქვი, - ვინ გააბი მახეში.

- იჰ, ბეჩავ, რა გინდა ჩემგან? - ფხუკიანობდა თამრო.

- აბა, თუ ქალი ხარ და მეტყვი.

- ახა, ღმერთო ჩემო! არ დამეხსნები? ქა! იჰ...

გამოეცალა ხელიდამ თამრო და გაექცა მამასა.

- აქ მო, შვილო! გვეყოფა ხუმრობა,- უთხრა ეხლა კი ხუმრობა-გაშვებით პეპიამ, - თუ შენ თქმასა ჰთაკილობ, აქ მო, ჩემო იმედო, მე გეტყვი. მამისა იმას უნდა ეთაკილებოდეს, ვინც მამასთან პირშავია. შენ იმისთანა არა ხარ, ჩემო სალხენო! აქ მო, შვილო, აქ!

თამრო შედგა. პეპიამ იმისკენ გასწია. მამა მივიდა შვილთან, მკლავი კისერზედ გადაჰხვია და მეტად გულთბილად უთხრა:

- მე გაბრიელმა ყველაფერი მითხრა, ჩემო კარგო! მე ყველაფერი ვიცი. ღმერთმა ერთმანეთს შაქრის-ყინულსავით ტკბილად შეგაბეროთ. შენს მეტი ვიღა მაბადია, შვილო, შენი კვნესამე, შენი!.. თუ შენ ბედში მეყოლები, მე რაღა მომკლავს. გაბრიელი კაი ალალი ბიჭია, კაი ხელღონიერი, ჯანიანი ბიჭია. გლეხკაცს მეტიც არა უნდა-რა. ისე გაგიფრთხილდება, როგორც თავის ორ თვალსა, ჩემო იმედო ქვეყნისავ! კაი პატრონი მოგცა ღმერთმა, მადლი უფალსა! მე ეხლა თუნდა შენს კალთაში სულიც დავლიო, მაგდონს არას ვინაღვლი. რის დარდიღა უნდა მქონდეს? თუ ღმერთი შენს შვილიერებასაც შემასწრებს, ხომ ძაღლიც არ დაჰყეფს ჩემს ბედსა, - თუ არა და ეგეც ნება ღვთისა იყოს, ვენაცვალე იმის მადლს! გაბრიელი, მართალია, ღარიბი ბიჭია, მაგრამ გლეხკაცი ღარიბობით არ დაიწუნება. ქვეყანა ღონიერია, მარტო ერთი მკლავის გაქნევა უნდა. თავს ყველა დაირჩენს. თუნდ ეგეც არ იყოს, ღვთის წყალობა ბევრი მაქვს. მე რა ოხრად მინდა? პური, ღვინო, მამული - სულ თქვენია. ღმერთმა, ობლების პატრონმა, ყველაფერი მშვიდობაში მოგახმაროთ, შვილო! მეც, მინამ ცოცხალი ვარ, ვიცოდვილებ თქვენს სადღეგრძელოდ და როცა მოვკვდები, თქვენ იცით, შვილო, და თქვენმა კაი ადამიანობამ, მკვდარს როგორც მომივლით...

მე ამის გამგონმა იქ ვეღარ ვიდგომილე. იმისთანა ტკბილის მამა-შვილობის მაყურებელსა გული ლხენით ამიტირდა, ცრემლი თვალში მომერია. ვაი, რა კარგია ხოლმე ხანდისხან ეს უხეირო წუთის-სოფელი! ავ-კარგიანი ყოფილა, შენი ჭირიმე, ეს ქვეყანაცა. იმ მამისა და შვილის ლაპარაკმა გულის სიმწარე ჩემი გამინიავა, სიკეთის იმედი კიდევ ჩამესახა გულში და კაი გუნებად შევიქენ. მტრობამ გულში ვეღარ იდგომილა.

ვთქვი ჩემს გულში: - მე იმათ დავუშლი, რომ გამოვუჩნდე-მეთქი, ავდეგ და შინ წამოვედი. რით გათავდა იმათი ლაპარაკი, - არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ იმ წამს ისინი ბედნიერნი იყვნენ.

გადიოდნენ დღენი და ღამენი. მე თვალგაფაციცებით გულისყურს ვადევნებდი დათიკოსა და გიტოს. მე ვატყობდი, რომ რამოდენიც მეტი ხანი გავიდა, იმოდენად დათიკომ ჩემზედ გული შეიცვალა. ორ მტერსავით ერთმანეთს ველოდით, -- აბა წინ ვინ დაიწყებს ომსაო. მაგრამ მინამ საქმე ომამდინ მიდგებოდა, მე მინდოდა დათიკოსთან მომელაპარაკნა პეპიას ქალის თაობაზედა და ვცდილიყავ როგორმე დამეყოლიებინა ისე, რომ ხელი აეღო თამროზედ და ჩვენში ისევ სიყვარული ჩამოვარდნილიყო. იმის ავკარგიანობის იმედი მქონდა, მაგრამ იმედმა მიმტყუნა.

რაღა გაგიგრძელო სიტყვა: გიტო ვერაფერს გახდა, სალაპარაკოდაც არ შევახვედრეთ მე და პეპიამ თამრო. ამან უფრო გაააფთრა დათიკოს ჟინიანი და მურტალი წადილი. აშკარაა, ამის მიზეზი მე ვეგონებოდი, ამიტომაც მე დათიკომ ხაფანგი დამიგო და ქვეშ მომიმწყვდია. როგორ მეგონებოდა, რომ იმისთანა ვაჟკაცი ეგრე მხდლად მომექცევოდა.

ერთხელ, დილით, დათიკოს დავეძახნე და მე შინ არ ვიყავ. როცა მოვედი, კიდევ დამიძახა და შემიყვანა თავის ოთახში.

- სად ბძანდებოდი, ჩემო შერმადინ? - მითხრა დაცინვით დათიკომ.

- არსად, ისე დავეხეტებოდი.

- ასე ადრე?

- რაც შენთვის ადრეა, ის ჩვენთვის ადრე არ არის.

- ეგ გადაკვრით ლაპარაკი რად იცი შენ?

- ეგრე გავუჩენივარ ღმერთს...

- ყური დამიგდე: შენ რაღაც ნაღველი გაქვს და მე მიმალავ.

- იქნება.

- არა, თუ ღმერთი გწამს.

- მართალს მოგახსენებ.

- მოდი, მითხარ, - რა ნაღველი გაქვს.

- თქმა ადვილია, ბატონი ხარ, გეტყოდი, მაგრამ შენთვის რა ხელსაყრელია?

- ეგ მე ვიცი.

- მე რატომ აღარ უნდა ვიცოდე?

- შენც შეიტყობ.

მე ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი საქმე ასე მოეწყო და ამიტომაც პასუხად პირდაპირ ვუთხარი:

- თუ აგრეა, მოგახსენებ: მე პეპიას გოგო მიყვარს და ჯვარი უნდა დავიწერო.

- მერე რა გიშლის?

- პეპია ცოლზედ მგლოვიარედ არის, სულ ექვსი თვე არ არის, რაც ცოლი დამარხა და ჯერ-ხანობით ეს მიშლის.

- სულელი ჰყოფილხარ.

- რადა?

- რომ ჯვარს იწერ.

- მაშ?

- მაშ ისა, რომ ქალი ჟინის საკლავად არის კარგი და არა ზურგზედ ასაკიდად.

მაგრამ მე არ გიშლი, დაიწერე ჯვარი. მზითევი და შენი დაბინავება ჩემი კისერი იყოს.

- შენ რა შუაში ხარ, რომ მზითევს მპირდები? - ვკითხე თამამად.

შევატყე, რომ ჩვენი საქმის კვანძი აქ იხსნებოდა.

- ქალი ჩემია, - მითხრა იმან უსირცხვილოდ, - და მზითევსაც იმიტომ გპირდები, რომ ჯერ ჩემი იქნება.

- ეგ რა სთქვი? - წავძახე მე კანკალით.

- ისა ვთქვი, რაც შენ გაიგონე, - მითხრა იმან დინჯად.

- დათიკო! მე გლეხკაცი ვარ და შენ ბატონი, - ვუთხარი მე გულმხურვალედ და ვედრებითა, - გევედრები, გზიდამ ჩამომეცალე. გულიდამ ნუ ამომარეცხინებ შენს სიყვარულს, შენს ერთგულებას და ინაცვალე ჩემი ობოლი თავი. დათიკო! თუ ღმერთი გიყვარს და შენი გამჩენი გწამს, თავიდამ მოიშორე იმ გოგოზედ ფიქრი. ნუ ამაყრევინებ შენზედ გულსა, შენთანა ვარ შეზრდილი. შენი ჭირიმე, დათიკო, ცოდვას დამხსენ!..

მაგისთანა ვაჟკაცი ხარ და შენი გული როგორ ვერ დაგიმორჩილებია! მადლი ჰქენ და ჟინი მოიკალ: ყველას დაგითმობ და იმ გოგოს ნამუსს კი არა. ის გოგო ჩემია.

- ჯერ ჩემია-მეთქი, - გამაწყვეტინა სიტყვა, - მერე თუნდა შენი იყოს, თუნდა სხვისა.

- დათიკო! შენი ჭირიმე, ხიფათს ნუ შემამთხვევ, ცოდვაში ნუ გამხვევ! დამითმე ის გოგო და შენს ღმერთს დაამადლე.

- როცა მე ჩემსას ავასრულებ, მერე შენთვის დამილოცნია.

- მართალს ამბობ და აღარ ჰხუმრობ? - ვკითხე და გული ყელში მამებჯინა.

- შენი ცალი ვიქნები, რომ შენ გეხუმრო.

- მაშ გაბრიელს თავზედ ქუდი არ ეხუროს, თუ შენ შენი წადილი შეისრულო.

- თუ ღმერთი გწამს, წინ არ გადამიდგე!.. - მითხრა იმან უკადრისად და დაცინვით.

- წინაც გადაგიდგები და მეტსაც გიზამ.

- მემუქრები თუ?

- ძალი შემწევდეს ქადილსა, ფრიდონისა არ იყოს.

- შენი შერცხვენილი იყოს, ვინც შენისთანას შეუშინდეს.

გულმა ბაგა-ბუგით ცემა დამიწყო, მკერდში გული აღარ მეტევოდა. დათიკოს მოკვლის სურვილმა ელვასავით გამირბინა ფიქრში, მაგრამ თავი დავიჭირე, დავძლიე ეშმაკის ცდუნება.

- დათიკო! სად მიგყევარ? ნუ გამწირავ, შემიბრალე შენი გაბრიელ!..

- წყალსაც წაუღიხარ.

- გოგოს მარტო მე უნდივარ, დათიკო! ღმერთთან ცოლ-ქმრობის პირობა მიგვიცია...

- ღმერთმა შენც შეგარცხვინოს და თქვენი პირობაცა.

- დათიკო! შენ შენს ბედისწერას აუტანიხარ.

- დამეკარგე აქედამ!

- დათიკო!.. არ გეცოდება იმისი დროული მამა? იმის მეტი შვილი არა ჰყავს. ნუ დაასხამ თავზედ ლაფს, ნუ დაეწყევლინები...

- აქედამ გამეცალე-მეთქი, - შემომჭყივლა.

- დათიკო! არ გებრალება ის ღვთის სული, უცოდველი გოგო? ნუ წაართმევ ნამუსს! მე მაჩუქე იმისი თავი.

- მერე შენ გაჩუქებ.

- მერე და არა ეხლა?.. ფუ, მაგ ნამუსს და მაგ კაცობასა!.. - შევძახე ესა იმედ-მოშორებულმა და გაბრაზებულმა, გავიძერ ხანჯალი, და გადავდგი ბიჯი თუ არა დათიკოსაკენ, მეორე ოთახიდამ გამოცვივდნენ სამი დამალული ბიჭი, მომცვივდნენ უკანიდამ და გამაკავეს. ხანჯალი ხელიდამ გამვარდა. თურმე ეს წინათვე განეზრახა დათიკოს, წინათვე ყველაფერი გაემზადებინა, რომ მე სამართალში მივცემოდი და ამით მე თავიდამ მოვეშორებინე. მე რა ვიცოდი? ერთი კი ძალ-გულიანად შევბღერტე ჩემი დამჭერები, იქნება ხელიდამ წავუვიდე-მეთქი, მაგრამ იმ დალოცვილის-შვილებს რკინის ჭახრაკისებ მაგრა ვეჭირე.

- ფუ, მაგისთანა ვაჟკაცობასა!.. ფუ, მაგისთანა თავადიშვილობასა!.. - შევკივლე უილაჯომა დათიკოს, - მაინც კიდევ გზას გიპოვი და შენს უნამუსობას ქათამსავით ზედ წაგაკლავ!..

დათიკომ პასუხი არ მომცა. ბიჭებს უბძანა და მე დიანბეგთან წამიყვანეს.

დიანბეგმა ყველაფერი გამომკითხა, მეც ყველაფერი ისე ვუამბე, როგორც იყო. არადამიმალავს-რა. რომ გავათავე ჩემი ამბავი, მკითხა:

- მაშ შენ და პეპიამ შეჰკარით პირობა ერთად, რომ შენი ბატონი დღეს დილით მოგეკლათ?

მე გამაოცა ამ კითხვამ. ვიფიქრე, იმ საწყალ ადამიანის გარევაც უნდათ-მეთქი ამ საქმეში და ეგრეთ იმის ბოლოს მოღებაცა-მეთქი ფერი მეცვალა, მაგრამ რას ვუშველიდი?

- ცოდვას ნუ აიღებ, დიანბეგო, კისერზედ, - ვუთხარი მე, - პეპია ამ საქმეში ღმერთსავით ალალია და უცოდველი.

- ნუ მიჰქარავ! - გამიწყრა დიანბეგი, - მაშ იმ ღამეს რომ პეპიასთან იყავ, რას აკეთებდი?

- აბა რა ღამეს?

- აი, დერეფანში რომ ჰლაპარაკობდით.

- ღმერთი, რჯული, არც მაშინ და არც მერე, ბატონის მოკვლის ფიქრი ჩვენ გულში არ გაგვიტარებია!

- აბა, ძალიან დაგიჯერებ, აი! მაშ რისთვის იყავ, თუ არ მაგისათვის?

მე ვუამბე გულმართლად, რაც მაშინ მე და პეპიამ ვილაპარაკეთ.

- მამი-შენის ცხონებას, არ მამატყუო!.. - დამცინა იმ უსამართლო მოსამართლემ.

ჩემი ნათქვამი სულ ერთიანად დაწერა და მითხრა - ხელი მოაწერეო. მე წავიკითხე, ქართულად ნაწერი იყო. რაც ლაპარაკი გვქონდა მე და დიანბეგს, სულ სიტყვა-სიტყვით ეწერა. მეც უშიშრად ხელი მოვაწერე. დიანბეგმა უბძანა: გამიყარეს ბორკილი და სატუსაღოში შემაგდეს.

ვეგდე მარტოდ-მარტო იმ საძაგელ სამყოფელოში. რა გითხრათ, რა ჭირი გამოვიარე იმ ერთს დღეს და იმ ერთს ღამეში!.. გულმა ღრღნა დამიწყო, სისხლი ძარღვებში გამიყინდა, ტვინი კი მეწოდა. ძნელია, შენი ჭირიმე! ბრალიანი კაცი ყველაფერს აიტანს, რაც უნდა სატანჯველი იყოს. ვაი იმას, ვინც უბრალოა!.. მაშინ... უჰ, მაშინ... ღმერთმა დაიფაროს ყოველი ქრისტიანი და ყველა ადამიანის შვილი... როგორც ცოფიანი ძაღლი, თავს შეიჭამს უბრალოდ სატანჯველს მიცემული კაცი. ვისაც არ გამოუცდია ეს დღე, იმან არ იცის - რა მწვავეა. ღმერთმა ნურავის გამოაცდევინოს.

ჩემი თავის ჯავრი ხომ მკლავდა და მკლავდა, პეპიას და იმის გოგოს ნაღველი უფრო ცეცხლს მიკიდებდა. სწორედ გითხრათ, მე ჩემი თავი ძალიანაც არ მენანებოდა: მე ერთი უთვისტომო ბიჭი ვიყავ. რაკი საქმე ასე მოხდა, თუნდა თოფითაც დავეხვრიტეთ, ბევრი არა მენაღვლებოდა-რა. რა დედ-მამა ამიტირდებოდა, რა და-ძმანი ამიგლოვდებოდნენ? ერთი კაცი ვიყავ, წავიდოდი და მტვერი მტვრად ვიქცეოდი. ქარი დამქროლავდა და იმ მტვერსაც აჰგვიდა დედამიწის ზურგიდამა. ისინი მებრალებოდნენ, ისინი! მე ვიყავ იმათი გულშემატკივარი ამ ტრიალს ქვეყანაზედ, მარტო მე!.. ვაი რომ უხეიროდ თავი წავიხდინე!.. ეგრე უხეიროდ რომ არ გავფუჭებულიყავ, მე ვიცოდი, რა კაცობასაც მე იმათ გავუწევდი, მაგრამ აღარ დამცალდა. იღბალმა აქაც წამიცდუნა და მიღალატა. ვაი, რომ ჩემს მტერს, ჩემის უხეირობით, გზა დავუცალე!..

სამს თუ ოთხს თვეს უკან მოწმეების კითხვა გაათავეს და მე დიდ სატუსაღოში გამგზავნეს ჩვენ პატარა ქალაქს, საცა ნაჩალნიკი და სასამართლო იმყოფებოდა.

ორი წელიწადიც იმ სატუსაღოში ვეგდე. ამ ორ წელიწადში სულ მარტო ვიყავ ერთს უწმინდურს პატარა და ბნელს ოთახში. რამდენი ათასი ფიქრი მამივიდა და წამივიდა, ვინ მოსთვლის? მე კარგად ვიცოდი, რომ დანაშაული არა მქონდა-რა, მაგრამ ესეც ვიცოდი, რომ, თუ ღმერთზედ და სამართალზედ ხელს აიღებდნენ, ციმბირს იქით გადამაცილებდნენ.

პირველ ხანებში რომ მამგონებია ჩემი უბრალოება და ის ტანჯვა, რომელსაც მე მიმცეს, დავცემულვარ იატაკზედ და უილაჯობით მიწა მიღრღნია, კბილით ხორცი მიგლეჯნია, თითებიდამ ჩემი სისხლი მიწოვნია. ასეთი დღე დამდგომია. დრო ყოფილა, რომ შხამს გამოვაჟენთებდი, შხამს, ჩემის დაშხამულის გულიდამ და წვეთ-წვეთად ჩავაწურებდი ჩემს დამღუპველსა, რომ იქ შემხვედროდა. მაგრამ ის სად იყო? ღმერთო, მაღალო, ნურა ქრისტიანს კაცს, ნურა ადამიანს ნუ მიაყენებ იმ დღეს, რაც მე ხანდისხან იმ სატუსაღოში დამდგომია!.. შენი ჯოჯოხეთი იმასთან სამოთხეა.

ორის წლის შემდეგ მე განაჩენი წამიკითხეს. მე ხაროს სათხრელად დავენიშნეთ და საწყალი პეპია საციმბიროდ გაეხადნათ. ღმერთო! რაღას იცდი და არ წარღვნი ამ ცოდვით სავსე ქვეყანასა!

X

შვიდმა თუ რვა თვემ კიდევ გაიარა და ბოლოს მითხრეს, რომ შენი გაგზავნის დრო მოვიდაო. აქამდინ მე სულელი კიდევ რაღასაც ველოდი: მეგონა ღვთის სამართალი კიდევ გაიღვიძებს-მეთქი და მართალს გამამართლებენ. ამაშიაც მოვსტყუვდი.

შემხსნეს ძველი ბორკილი, გამიკეთეს ახალი, უფრო მაგარი და სატუსაღოს გალავანში გამომიყვანეს. გაზაფხულის პირი იყო.

გალავანში თხუთმეტიოდ სამგზავროდ გამზადებული სალდათი მწკრივად იდგა. გამოიყვანეს სხვა ოთახებიდამ სხვა ტუსაღებიცა. მე გარინდებული ვიყავ და ისე უგულოდ ვუყურებდი თითო-თითოდ გამომავალს ტუსაღებსა. ბოლოს ორი თათარი გამოიყვანეს და იმათ უკან მოსდევდა ბორკილის ჩხარა-ჩხურით ერთი ტანში მოკაკული, დროული გრძელ-თეთრ-წვერა ტუსაღი: თავი ჩაეღუნა და მზეს არ უყურებდა, თითქო მზეცა და ქვეყანაცა იმისთვის აღარ იყო. დავაკვირვე თვალი და, ვაი იმის მნახავს! - პეპია ვიცანი. მე აქამდის იმის იქ ყოფნა არ ვიცოდი. პეპია იყო, მაგრამ რა პეპია!.. ვეღარ იცნობდი, ისე მომკვდარიყო და გამოცვლილიყო!..

- პეპიავ, კაცო, შენა ხარ? - გაოცებით შევყვირე საცოდავსა.

იმან თავი მაღლა აიღო და შემომხედა.- შენც აქა ხარ? მოგიკვდეს თავი, საცოდავო პეპიავ! ჩემი თამრო აბა ეხლა კი ცოცხალი დამარხული იქნება!.. ვაიმე, შვილო! ყველა იმედი შენის დახსნისა ეხლა დამეღუპა, აი!..

შემოიკრა ორივე ხელი თავში, მუხლი ჩაეკეცა და ხმამაღლა ქვითინი დაიწყო. მე იმის საცოდავობამ დამწვა.

- შენ რაღად, ჩემო გაბრიელ? შენ რაღად, რაღად? - ქვითინებდა ის ტანჯული კაცი: - ვთქვათ მე იმისათვის, რომ უბედურის შვილის უბედური მამა ვარ, შენ რაღად, შე უბედურის დღისავ!

- მეც იმიტომ, ჩემო პეპიავ, - ვუპასუხე მე გულამომჯდარმა, - რომ შენი სიკეთე მოვინდომე. მაგრამ ეხლა აღარა გვიშველის-რა. ჩვენ სამნი უილაჯონი ვართ და იმისაკენ კი მთელი ქვეყანა ყოფილა. ნუ სტირი. ცრემლს ამ ქვეყანაში გასავალი არა ჰქონია, - ტყუილად ნუ ჰღვრი. ღმერთი გვიპატივებს, თუ კაცმა ვერ გვიპატივა.

- ეჰ, ჩემო გაბრიელ, არც ღმერთი ყოფილა ჩვენკენ! ვაიმე, შვილო თამრო!.. შენს ნამუსს ღმერთიც ვეღარ დამიბრუნებს. გათავდა ყველაფერი ჩემთვის! ამ ქვეყანაზედ მე აღარა დამრჩენია რა...

იქნება საწყალს პეპიას კიდევ რაღაცა ეთქვა, მაგრამ სალდათმა წამოუარა, თოფის კონდახი წამოჰკრა და წამოაყენა. მეც ჩამაჩუმეს.

უფროსმა უბძანა, სალდათები გარს შემოგვერტყნენ და ბორკილის ჩხარა-ჩხურით ექვსი ტუსაღი გამოგვამგზავრეს. საწყალი პეპია და ერთი სნეული ტუსაღი ძლივ მობობღავდნენ. გალავანს გარეთ რომ გამოვედით, პეპია და ის სნეული ტუსაღი ურემზედ დასვეს. სიავეს შეჩვეულსა, ეს რუსების სიკეთე გამიკვირდა.

შვიდს დღეზედ მყინვარის მთას დავუახლოვდით. საღამო ხანი იყო და ის სოფელი, საცა იმ ღამეს ჩვენ უნდა შეგვესვენა, ჯერ კიდევ შორს იყო. ჩამობინდდა. მეურმემ დაიძახა, ურემი გატყდაო. ყველანი შეგვაყენეს. სალდათები გარს შემოგვისხდნენ, ზოგმა ჩიბუხის კეთება დაიწყო, ზოგმა პურის ჭამა, ზოგი წამოწვა. ჩვენც ჩავსხედით. ტუსაღები ამბობდნენ, რომ ხვალ საქართველოს მიჯნას გავცილდებითო.

გული მომიკვდა, ეს რომ გავიგონე, და დავღონდი. ჩემისთანა უთვისტომო ადამიანისათვის ქვეყანა ყველგან ერთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველისათვის საქართველო დიდი რამა ყოფილა. რაც უნდა იყოს, შენი ჭირიმე, ჩვენი აკვანი საქართველოა, ჩვენი მამა-პაპის საფლავი საქართველოა, ჩვენის ენის ქვეყანა ეს არის, ჩვენი სიტყვა-პასუხის გამგონი ეს არის, ჩვენი მზე აქ არის და ჩვენი მთვარე, და თუ გული გაქვს - გულიც აქ არის, თუ სიყვარული გაქვს - სიყვარულიც აქ თუ იქნება, თორემ სხვაგან სადა? სადაური სად მივყევართ, - ვკითხავდი ჩემს თავს ტკივილითა და წუხილითა, - ეს ქვეყანა აღარ უნდა ვინახულო, აქაურმა მზემ აღარ უნდა გამათბოს, აქაურმა მთვარემ შუქი აღარ უნდა მომფინოს!.. სიტყვა-პასუხის გამგონი აღარ უნდა მყვანდეს!.. აქაურმა წყალმა წყურვილი აღარ უნდა მომიკლას!.. აქაური სალოცავი აღარ უნდა ვილოცო!.. თამროც აქ უნდა დამრჩეს უპატრონოდ!

ვწუხდი და ამ ფიქრებში ვიყავ. უეცრად ცხენების თქაფა-თქუფი შემომესმა. წამი არ დასცალებია, რომ ხუთი თუ ექვსი ცხენოსანი ზედ წამოგვაწყდა. დასჭყივლეს რუსებს, ჩვენ კი გვითხრეს: ვისაც შეგეძლოთ, თავს უშველეთო. მალე მტერი თქვენ მოგიკვდეთ, მალე ის სალდათები გაფრთხნენ, მაგრამ მერე კიდევ შემოგროვდნენ და სროლა ასტეხეს. ამ ალიაქოთში მე და პეპიამ დრო ვიხელთეთ და გზის გადაღმა თავ-თავ-ქვე დავეშვით. ის ბერიკაცი ასეთი გამორბოდა, რომ ოცის წლის ბიჭი გეგონებოდა. გამიკვირდა, მაგრამ მაშინ კი დავიჯერე, რომ გაჭირებას ბევრი რამ შესძლებია. ჩვენ უკან აგვედევნა ერთი ცხენოსანი და, რომ დაგვეწივა, მე ქლიბი მომაჩეჩა ხელში, გზა მშვიდობისაო, შემოგვძახა.

- თუ ღმერთი გწამს, ვინა ხარ? ბნელაში ვერ გარჩევ, გვითხარი შენი სახელი და დაგვალოცინე შენი თავი, - შევეხვეწე მე.

- სახელი რად გინდათ? ვინცა ვარ, ის ვიქნები, - მიპასუხა იმან, - თუ გინდათ დამლოცეთ: სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაჰკარგავს.

გვითხრა ეს, ჰკრა ცხენს მათრახი და ბნელაში მიგვემალა.

ცოტა თუ ბევრი უგზო-უკვლოდ ვიარეთ. პეპიამ სიარული ვეღარ შესძლო. წამოვიკიდე საცოდავი ზურგზედ და, თუმცა ის ამას ჰთაკილობდა, ისე წავიყვანე. დიდხანს არ მომინდა სიარული, იქავ ერთს უდაბურს ხევში ჩავედით და იმ ღამეს იქ ვისადგურეთ. მე მაშინვე დავიწყე ბორკილების გაქლიბვა და რიჟრაჟზედ ძლივ გავათავე იმათი გატეხა... დავწექ და დავიძინე. მზე კარგად ამოსული იყო, რომ გამომეღვიძა. მაშინ მომაგონდა, რომ ჩვენ ერთი ნამცეცი პური არ გვქონდა. შენი მტერი გახდეს, როგორც მე მაშინ გავხდი. არ ვიცოდი, რა მექნა, ვისთან წავსულიყავი იმ ტუსაღის ფარაჯითა? მაშინვე დამიჭერდნენ. პეპია, მართალია, არას ამბობდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ საწყალს შიმშილი მოერია. როგორც იყო იმ დღეს და იმ ღამესაც შიმშილი მოვითმინეთ, მაგრამ შველა კი არსით იყო.

გათენდა მეორე დილაც და იმედმა არსაიდამ მოგვიტანა ნუგეში. პეპია საცოდავად გახდა, თვალები ჩაუძვრა, ლოყები ყბებშუა ჩაეკეცა და სულ მოიშალა. მეც ძალიან ვიტანჯებოდი ცალკე იმის ყურებით, ცალკე უიმედობით, რომ შველა არსაიდამ მეგულებოდა. პეპიამ ეს შემატყო და მითხრა:

- შვილო გაბრიელ! ნუ მიწყენ კი და მე სიარული აღარ შემიძლიან. მე შენთვის მეტი ბარგი ვარ: თავი დამანებე. მე ამ ქვეყნისა აღარა ვარ და არც ამ ქვეყნისათვის გამოვდგები. შენ წადი, შვილო, ტყუილად ჩემის გულისთვის ხელახლად თავს ნუ გაიფუჭებ. ისიც გეყო, რაც ჩემის გულისთვის შენ მოგივიდა.

მე ეს სიტყვა ძალიან მეწყინა.

- რას ამბობ, შე უბედურო? - ვუთხარი მე თითქმის მწყრალად, - რომ წავიდე, ვის ხელთ დაგაგდო? ღმერთს რაღა პასუხი გავცე?

- ღმერთს ჩემზედ დიდი ხანია, შვილო, ხელი აუღია. მე მაინც-და-მაინც მგლისა და ყორნის ლუკმადა ვარ გაჩენილი. მე იმათ ანაბარას დავრჩები. შენ კი ღმერთმა გზა დაგილოცოს, წადი და იცხოვრე ქვეყნად...

- მე წავიდე და ქვეყნის სირცხვილი ვჭამო!.. ვაი შენს გაბრიელს! ღმერთმა ნუ ქნას, რომ გაბრიელმა ეგ იკადროს. შენ აქედამ ფეხს ნუ მოიცვლი, მეც მალე მოვალ.

ეს ვუთხარი, დიდხანს არ ვიფიქრე და გააფთრებული წამოვედი. ერთს მთის წვერს გადავადეგ და აქეთ-იქით ზვერა დავიწყე. მთის ძირში წყალი აქაფებული მოჰხუოდა, წყლის აქეთ პირას გზატკეცილი მიიკლაკნებოდა. მე იმ გზაზედ დავინახე ერთი ცხენოსანი.

დავეშვი მთიდამ ქვემოდ და უშიშრად მივუხტი იმ ცხენოსანსა. რომ შევატყე სომეხია, ჩემის თავის იმედი უფრო მომეცა.

- ჩამოხე ცხენიდამ! - შევჭყივლე სომეხს. იმას ხუმრობა ეგონა.

- ვა, ჩამოვხტე, რა შენი ყურმოჭრილი ყმა ვარ! - მითხრა იმან, - ვერ მყურობ? კაცი თოფ-იარაღში ვზივარ.

დიდხანს აღარ დავაცალე, წავწვდი, თოფი გოთურგით ჩამოვაწყვიტე და თამამად შევუტივე:

- ჩამოხე-მეთქი, თორემ მტვერსავით გაგანიავებ!

მალე მტერი მოგიკვდეს, მალე მე იმას ფერი ვაცვლევინე. რომ ჰნახა, რომ აღარა ვხუმრობ, იკადრა ცხენიდამ ჩამოხტომა და შეშინებულმა მითხრა:

- ვა, ცხენისათვის როგორ გაწყენინებ! აჰა, მიირთვი თავის უნაგირით; მარტო უნაგირი ოც-და-ხუთი მანეთია, ჰა! ცხენია რომა, თავის შეკაზმულობით გეყოფა შენ საცხოვრებლად. მშვიდობაში, მე კი წავალ, ხმასაც არ გაგცემ.

- მაგით ვერ მომატყუებ, ეგ ხმალიც შემოიხსენ.

- ბატონი ხარ, - აჰა, ეს ხმალიც.

- ქამარ-ხანჯალიცა.

- არც მაგაზედ გაწყენინებ, ჯეელი ბიჭი ხარ, მოგიხდება.

- ეგ დამბაჩაც გაიძრე წელიდამ.

- ესეც შენი ფეშქაში.

- ეგ ტანისამოსიც!..

- ვა! მე რაღა ჩავიცვა?

- ბევრს ნუ ჰლაპარაკობ, - დავუყვირე შეტევით.

- მაშ დაიცა, ჯიბეში ანგარიშების წიგნები მაქვს, სულ არაფერია, უბრალო ბარათებია, შენ არ გამოგადგება. ერთი ის ბარათები ამოვიღო.

- ამაიღე, მაგრამ ერთი-ორიოდ თუმანი უნდა მამცე.

- ბატონი ხარ, თამასუქიც არ მინდა.

- მაგ ხურჯინში პური და ღვინო ხომ არა გაქვს?

- ბევრი.

- ეგეც უნდა დამითმო.

- ეგეც შენი ფეშქაში. მეტი რა ვქნა? იცი რას გეტყვი: ეხლა მე ჩემთვის წავალ და შენ შენთვის წადი.

- ბატონი ხარ.

ერთი სიტყვით ესენი ყველაფერი მამცა. ჯიბიდამ ბევრი ფული ამოიღო, მითომ მე ვერ დავინახე და უხაროდა, რომ ის სულ არ წავართვი. მოვახტი ცხენსა და გამოვქუსლე პეპიასაკენ. ის იყო ჩემი პირველი ავკაცობა, მაგრამ ეგეც ვინ იცის? იყო თუ არა ავკაცობა? „მდიდარს ართმევ, ღარიბს აძლევ, ღმერთი როდი წაგახდენსო“,—იტყვის ხოლმე ჩვენი ხალხი.

იმ დღეს იმ ხევში დავრჩით. კარგა ლაზათიანად დავნაყრდით და თითქმის ორი დღის უჭმელები ამით მოვსულიერდით. როცა დაბინდდა, პეპია შევსვი ცხენზედ, მე წინ გამოვუძეღ და წამოვედით. მესამე დღეს მაღლანდორეთს მოვადეგით. საწყალი პეპია გზაზედ ძალიან ავად გამიხდა: აღარცა სჭამდა, აღარც სვამდა და აღარც ხმას იღებდა. შევატყე, რომ ეს კაცი ამ ქვეყნისა აღარ არის. ბოლოს იმისი აღსასრულიც მოვიდა.

ერთ მთის წვერზედ ავედით თუ არა, პეპიამ ძლივძლივობით მითხრა:

- შვილო, აქ დამაყენე. მე ცხენზედ ჯდომა აღარ შემიძლიან და არც სიარული, სულთამხუთავი თავს მადგა.

დავაყენე ცხენი, ჩამოვიყვანე ცხენიდამ პეპია, გავუშალე ქვეშ ფარაჯა, დავუდე თავით უნაგირის ბალიში და დავაწვინე. საღამო ხანი იყო, მზეც გადაიხარა. ძლივღა ჰფეთქავდა საწყალი!.. მე თავით დავუჯექ. ვიყავით ის ორნი იმ უშველებელს მთის წვერზედა მარტოდ-მარტონი. მზე წითლად-ყვითლად ელვარე ჰღუოდა, მთის წვერისკენ გადახრილი. ქვეყანა, გაზაფხულისაგან ხელახლად გაცოცხლებული და გაღვიძებული, როგორც აკვნიდამ ბავშვი, ისე გამოიყურებოდა ტკბილად. ყველა იყო ბედნიერი ჩვენ გარშემო ჩვენ გარდა. მე და პეპია ვიყავით მარტო უბედურნი. ისა კვდებოდა და მე გაბოროტებული, გულმოწყვეტილი დავყურებდი მომაკვდავსა.

- გაბრიელ! - მითხრა ბოლოს პეპიამ, - ფეხ-მუხლი მიცივდება, შვილო, მე ვკდები! ვაი, რომ უზიარებელი ვკვდები! შვილო, ჩემი სისხლი ჩემს მკვლელს აპატივე, მეც მიპატივებია. მაგრამ... თუ თამრო ნამუსწართმეული ჰნახო, შემომფიცე, რომ იმის დამღუპველს მზეს დაუბნელებ! შემომფიცე, რომ ისე უზიარებლად და შეუნდობარს მოჰკლავ, როგორც მე ვკვდები! შემომფიცე! თუ ეგ ცოდვა იყოს, ამიღია კისრად.

მე შევფიცე.

- ფიცი მტკიცე უნდა იყოს!.. - დაიწყო კიდევ საცოდავმა, - პირისპირ იქ, საიქიოს, შევხვდებით... ვაიმე, შვილო თამრო... გაბრიელ! თუ თამროსათვის ნამუსი შეურჩენიათ, ჩვენი ამ დღეში ჩაგდება შენს გამჩენს აპატივე. მეც მიპატივებია. ფიცი მომე!

მე იმის სიტყვისაგან გულგაკეთებულმა მაგის ფიციც მივე.

- ვაი, ნეტავი ეხლა ჩემი თამრო დამანახვა, - მოჰყვა ისევ პეპია, - ნეტავი ერთი კიდევ თვალით მიჩვენა, რომ სული ტკბილად დამელია! ჩემო კარგო შვილო, ჩემო მამის-ერთავ, თამრო! სადა ხარ ეხლა? რატომ შენს საცოდავს მამას თვალებს არ დაუხუჭავ? რატომ ხელებს გულზედ არ დაუკრებ? რატომ არ დაიტირებ, შვილო! შენი დაუტირებელი უნდა მოვკვდე? რა შევცოდე სამაგისო ღმერთს! მაგრამ, ღმერთო, კიდევ შენ გეხვეწები, უცოდველად ამყოფე ჩემი ობოლი გოგო!.. ღმერთმა გაკურთხოს, ჩემო კარგო თამრო! ღმერთმა თავის კალთა გადაგაფაროს, ჩემო ბოლონდელო სულის სადგურო, ჩემო ბოლონდელო თვალის სინათლევ! შენც შეგეწიოს ღმერთი ჩემო გაბრიელ! ქვეყანაც დამილოცნია, თუ იმის ზურგზედ ჩემი თამრო უცოდველად დადის... თუ არა და წაწყმდეს ეს ადრე და მალე წასაწყმენდი მურტალის ადამიანის მურტალი სამყოფელო! მშვიდობით, ჩემო გაბრიელ! აღსასრული ჩემი მოვიდა, მე სულსა ვლევ!.. შვილისაგან

დაუტირებელი ვკვდები!.. უზიარებელი და მოუნანიებელი მივდივარ სააქაოდამ!.. მაგრამ მაინც კიდევ თუ შენს ბატონს ჩემი გოგოს ნამუსი შეუნახავს, უთხარი, რომ, როცა პეპია კვდებოდა-თქო, შენა გლოცავდა-თქო. ღმერთო! ჩაიბარე ჩემი ცოდვილი სული!.. შვილი ჩემი ჩამიბარებია შენთვის, მაღალო ღმერთო! უჰ!.. შვილო!.. თამრო!..

ამ თამროს ხსენებაზედ დალია იმ ალალმა ადამიანმა თავისი ალალი სიცოცხლე. ბოლონდელი ამოკვნესა იმისი მაინც თამროს სახელი იყო და მაგ ამოკვნესას ამააყოლა საწყალმა თავისი ტანჯული, ნაქენჯნი, მაგრამ მართალი სული და ისე გაშორდა ამ გულშეუტკივარს, ცოდვით სავსეს წუთის-სოფელსა. თამროს სახელი, მკვდარ ტუჩებზედ გამოსახული, ტუჩებზედვე შერჩა ზედშეკვდომილი. ეჰ, ნეტავი მეც იმას თან გავყოლოდი!..

ღმერთო, მიეცი იმის სულსა ლხენა და მანდ მაინც ნუ დაუძვირებ შენს მადლსა იმ უსამართლოდ გატანჯულს ადამიანის-შვილსა!

ხმლითა და ხანჯლით, როგორც იყო, საწყალს სამარე გავუჩიჩქნე და დილაზედ, როცა მზემ ხელახლად გაიღვიძა, დავმარხე კიდეც და მივაბარე მიწას. მზე იყო იმისი წმინდა სანთელი და კელაპტარი და დილის ნამის ორთქლი საკმეველად შეექმნა.

XI

გაბოროტებული, გულდამწვარი, გულჩათუთქული მოვაჯექ ცხენსა და დავეშვი იმ მთიდამ უგზო-უკვლოდ. გზა-და-გზა სულ საწყალი პეპიას უბოროტო სიკვდილი მელანდებოდა და იმისი მადლიანი თქმულობა მაგონდებოდა. ნაღველი უფრო გამიმწარდა, მაგრამ სიარულმა თავისი ქნა, ნაღველი თან-და-თან გამიქარწყლა, გული ამღვრეული დამიწმინდა, გონება დამიდინჯა და მე სრულიად დავწყნარდი და დავმშვიდდი. იქნება ეგრე დაწყნარებულს და ჯავრგადაყრილს კიდევ ბევრი გზა გამევლო, თუ რომ პეპიასათვის მიცემული ფიცი ხელახლად არ მომგონებოდა. კაცის-კვლის ფიცი იყო! ტანში შემაჟრჟოლა და ფერი მეცვალა. ბედმა იქამდინაც მიმიყვანა-მეთქი, - ვამბობდი გულში, - რომ კაციც უნდა მომაკვლევინოს. დაილოცა, ღმერთო, შენი სამართალი!.. მე, გაბრიელს, კაცის-კვლის ცოდვა უნდა დამდებოდა?! მე კაცის სისხლში უნდა გამესვარა ხელი?!

მე იმისთანა ხასიათის კაცი ვიყავ, რომ გააფთრებულს, გულაფეთქებულს, ცეცხლმოკიდებულს იქნება უეცრად კაცი შემომკვდომოდა, მაგრამ თუ წინ მოსაფიქრებლად ორს წუთს მაინც ჩემი ჭკვა და გული შემრჩებოდა, ადამიანს სასიკვდილოდ ძნელად თუ გამოვიმეტებდი. ეხლა სწორედ ამისთანა დღე დამადგა: წინ მოსაფიქრებლად დიდი დრო მქონდა, ამიტომაც რამდენადაც ჩემს ფიცზედ ვფიქრობდი, იმდენად ვიტანჯებოდი. ორში ერთი უნდა მექნა: ან ფიცისათვის მეღალატნა და ან კაცი მომეკლა. მე აქამდინაც არ ვიცი, ამათში რომელი უფრო მძიმე ცოდვაა.

- ღმერთო, - ვამბობდი ჩემ თავად, - თამრო უცოდველად დამახვედრე, რომ მეც ქვეყანას ვაპატივო პეპიასავით ჩემი მიწასთან გასწორება და თავი ცოდვისაგან დავიხსნა! ღმერთო, მომხედე! ნუ მიმიყვან იქამდინა!

კაცის-კვლა, რაც უნდა იყოს, მაინც ცოდვაა, შენი ჭირიმე! ეს მე ვიცოდი და ეს მიკიდებდა ცეცხლს და გულ-ღვიძლსა მწვავდა. მაგრამ, როცა მომაგონდა, რომ ჩემმა სასიკვდილომ ერთის წუთის ჟინის საკლავად სამი ადამიანის სული არ დაგვინდო, მე ცოცხალი გამომასალმა ამ წუთის-სოფელს, შვილს მამა უზიარებლად მოუკლა და თუ ამასთან შვილსაც ნამუსი წაართვა, - განა ამისთანა კაცის მოკვლა დიდი ცოდვა უნდა იყოს-მეთქი! - ვფიქრობდი გულზედმოსული და ბრაზმორეული. მაშ ღვთის სამართალმა აღარ უნდა გაიღვიძოს-მეთქი! მაშ რას მეუბნებოდა მღვდელი, სხვა შენთვისაო და შენ სხვისთვისაო, თუ არ ამასა?!

გადავწყვიტე, რომ ჩემგან ფიცის ღალატი და უკან დახევა შეუძლებელია და სამარცხვინო. რა უნდა მომივიდეს? - ვკითხავდი გონება-ანთებული ჩემ თავს, - სამუდამო ტანჯვა და ჯოჯოხეთი?! მაშ სამოთხე რომ მომელოდეს, რაღა თავის გამოდება იქნება?! დეე, რაც მომივა, მომივიდეს. დეე, ეგეც ჩემს აქაურს ჭირსა ზედ დაერთოს სხვის ჭირის სანაცვლოდ. ღმერთი ხომ ჰხედავს-მეთქი, რომ ჩემს სისხლს არ ვიღებ; ღმერთმა ხომ იცის, რომ მე ჩემს სამაგიეროს ჩემს მტერს არ ვუხდი: მე ჩემს მტერს ჩემი ყველა დავუთმე, ყველა ვაპატივე, ყველა დავივიწყე. ჩემი გაბოროტება პეპიას სიკვდილმა და იმის მადლიანმა სიტყვამ თან გაიყოლია. მე ამაზედ ფიციც მივეცი. ღმერთი დაინახავს ამას - ის გულთამხილავია - დაინახავს, შემიბრალებს და შემიწყალებს, თუ არა და, ის იქნას, რაც ჩემ ბედისწერას ჩემთვის გაუწესებია.

ხომ ამაზედ დავდეგ, მაგრამ მაინც კიდევ, თითქო უნებლივ, გადვუშალე ღმერთს ხელები და გულმართლად და ნატვრით შევძახე: ღმერთო, დამიხსენ კაცის-კვლისაგან! თამრო უცოდველი მაჩვენე! ძნელი ყოფილა, შენი ჭირიმე, კაცის-კვლის ფიქრის წინათვე გულში გატარება! მეტად ძნელი ყოფილა!.. მე იმ ერთმა დღემ თითქმის დამაბერა. კაცს, თუ გინდა რომ გულში ჯოჯოხეთი გაუჩინო, კაცისკვლის ფიქრი ჩაუსახე გულში. ეგ ეყოფა სატანჯველად.

ბარში რომ ჩამოველ და გავივაკე, გულმა მღვდლისაკენ გამიწია, მინდოდა რომ იმისაგან ლოცვა-კურთხევა მიმეღო და მერე, რაც მოსასვლელი იყო, მოსულიყო. გულს დავუჯერე და ქალაქისაკენ გამოვწიე.

მეორე დღეს, საღამოზედ, დიღმის ვიწროებში მივედი და იქ ერთს დუქანში ჩამოვხტი, რადგანაც ქალაქში ჩამოხტომა ვერ გავბედე. წავედი, ცხენი დუქნის გომურში დავაბი, მოვუარე და საჭმელი მივე. მერე ამოვედი დუქანში პურის საჭმელად. მედუქნემ დაზგაზედ ვახშამი გამიმართა. მეც დაზგაზედ დავჯექ და პურის ჭამა დავიწყე.

პურის ჭამას რომ ვათავებდი, ერთი დროშკა მოადგა ჩვენს დუქნის კარებსა. შიგ ერთი ქალი და ერთიც ქალაქის ბიჭი იჯდა.

- მედუქნევ, - დაუძახა გარედამ ბიჭმა, - ცალკე ოთახი არა გაქვს?

- რამდენიც გინდა, - უპასუხა მედუქნემ.

ქალი და ბიჭი გადმოვიდნენ დროშკიდამ და დუქანში შემოვიდნენ. ქალს თვალი მოვკარ თუ არა, ფიცხლავ ელდა მეცა: რაღაც რამ უცები მომეჩვენა, ჩემს თავს არ დავუჯერე. ქალი რომ დაზგას მოახლოვდა და კარგად გავსინჯე, სისხლი ტვინში ამივარდა. გიჟსავით ვისკუპე დაზგიდამ და ქალს წინ გადავუდეგ.

- თამრო!.. - შევკივლე მე კანკალით და თრთოლით.

- გაბრიელ!.. - მომაძახა მე იმან და ზედ მკერდზედ ფერმიხდილი დამეცა.

- მამა რა მექნა, მამა? - შემომბღავლა საცოდავად.

- მოშორდა ამ წუთის-სოფელს. ერთი მითხარ, რამ მოგიყვანა აქა?

- მაგას ნუღარ მკითხავ! ნუ, ნუ მკითხავ!.. სტიროდა საწყალი, - შენი თამრო დიდი ხანია დამიწებულია. შენი თამრო მოკვდა.

- მაშ შენ ვინა ხარ? - დავიძახე თავზარდაცემულმა.

- ის თამრო აღარა ვარ. მე ეხლა ავლაბრის უნამუსო ვარ, შემიბრალე და დამიტირე მე ბედშავი!..

- უნამუსოო!..

ვკარ ხელი შეუბრალებლად იმ უბედურსა და მკერდიდამ, როგორც გველი, ისე მოვიშორე. გარეტიანებული გიჟსავით გამოვვარდი გარეთ, მოვახტი ცხენსა, დავწყევლე იქაურობა და ჩვენის სოფლისაკენ გამოვწიე. ფიცის ასრულების დღე მოვიდა. ჩემი ტოკვა და ყოყმანობა კაცის-კვლის თაობაზედ იმ დღეს სრულიად გათავდა. იმ გაბოროტებულს გულზედ ცა და ქვეყანა რომ ხელში მჭეროდა, ყველსავით გავწურავდი და კბილით გავგლეჯდი.

სამი-ოთხი თვე ვუტრიალე დათიკოს და ვერსად ვერ ჩავიგდე ისეთი ჟამი, რომ ერთმანეთს პირდაპირ შევხვედროდით. ქურდულად ბევრჯერ შემეძლო იმისი მოკვლა, მაგრამ რა კაცობა იქნებოდა? ისიც ძალიან ვაჟკაცი იყო და მინდოდა ერთმანეთს პირდაპარ შევყროდით, რომ ან მოვეკალ და ან მე მომეკლა.

ამ სამ-ოთხ თვეში ნადირსავით ტყეში ვიმალებოდი და მაინც კი ორი სომეხი გავძარცვე და ხუთი თავადიშვილი. მაგრამ, ღმერთო, ხომ შენ იცი, არც ერთისათვის იმაზედ მეტი არ წამირთმევია, რაც მეც თითონ მიჭირდა. ყველას ვეუბნებოდი, ვინცა ვარ, რომ ჩემი სახელი დათიკომდინ მისულიყო, გაფრთხილებულიყო და ყოველთვის მზად ყოფილიყო.

გამივარდა ყაჩაღობის ხმა და დაიწყეს ჩემი დევნა. დაიწყეს ჩემი სახელით ძარცვა და ავაზაკობა იმ არე-მარეში. კაცის-კვლაც სამჯერ მოჰხდა, მაგრამ მე ამა ყველაფერში უბრალო ვარ, თუმცა ყველაფერს მე მაბრალებდნენ და მართლა ავაზაკნი კი ამით თავს იმალავდნენ. ჩემი გზა და კვალიც ამით ერეოდათ ხოლმე; დღეს იტყოდნენ: გაბრომ აქ გაძარცვა კაციო და გზებს შემიკრავდნენ; იმავე საღამოს მოუვიდოდათ ამბავი, რომ გაბრომ სამის დღის სავალს იქით კიდევ გაძარცვა კაციო - და დაებნეოდათ გონება. ვერ მიჰხვდნენ, რომ გაბრო თავისთვის არის და აქაც და იქაც სულ სხვა-და-სხვანი ავაზაკობენ იმის სახელითა. ბოლოს, რომ არა ეშველათ-რა, წმინდა გიორგის ჯვარი დაჰპირდნენ იმას, ვინც მე ან ცოცხალს დამიჭერდა, ან მკვდარს მიმიტანდა.

დათიკოს ნადირობა მეტად უყვარდა და იმის იღბალი ჰნახეთ - ამ სამ-ოთხ თვეში არც ერთხელ არ უნადირნია. მე უფრო იმ ადგილებში ვისაფრებოდი, საცა უწინ დათიკო სანადიროდ დაიარებოდა ხოლმე. ბოლოს, იმის ბედისწერის დღეც მოვიდა და ერთმანეთს შევხვდით.

მზე ჩაწურვაზედ იყო, რომ მე დათიკო დავინახე ცხენით მინდორ-მინდორ მომავალი. უკან ერთი მეძებარი მოსდევდა. მე ტყეში ხეზედ ვიჯექ. ჩამოვედი ხიდამ, მოვახტი ცხენსა და გულის-ცემით ტყეში ლოდინი დავუწყე. გზა იმ ტყის პირას იდო. დათიკო იმ გზაზედ გამოვიდა და ჩემკენ წამოვიდა. რომ მომიახლოვდა, იმისი ღიღინი მომესმა. შევხედე და სრულად იყო იარაღით მოკაზმული. სჩანს ჩემი ფიქრი ჰქონია-მეთქი, - ვიფიქრე გულში, - რომ ეგრე გამართულია.

დამიპირდაპირდა თუ არა, ვასკუპე ცხენი და ზედ მივაგდე. - თუ ვაჟკაცი ხარ, გამიმაგრდი! - შევჭყივლე მე. ჯერ ვერ მიცნო.

- ვინა ხარ? მაგრამ, ვინც უნდა იყო, შენ მე ფერს ვერ მაცვლევინებ, - მიპასუხა იმან თამამად და გულმაგრად.

წამი აღარ გაუტარებია: მარდად გადმოიგდო მხარზედ გადაკიდებული ორლულიანი თოფი და თვალის დახამხამების უმალ ორივ ერთად დამახალა. მე თოფს ხელი ავუკარ და იმის ნასროლმა საფანტმა ზუზუნით თავზედ გადამიარა.

- მე ვარ გაბრო, შენი სულთა-მხდელი!.. - შევძახე მე და, მანამ სხვა იარაღს მაიხმარებდა, შიგ მარცხენა ძუძუში დამბაჩა დავეცი.

საწყალი შეტოკდა ცხენზედ, გადიწია გადასავარდნელად, მაგრამ თავი შეიმაგრა, კიდევ მოასწრო ხმლის ამოღება და მოქნევა. ხმალიც ამცდა, მოხვდა ჩემს ცხენს თავში და იქავ სული გააქრობინა. ცხენი და მე ერთად დავეცით დედამიწაზედ. მინამ მე წამოვდგებოდი, დათიკო ცხენიდამ ძირს დაცემულიყო. მე თავზედ წავადეგ და დავინახე, რომ ის მშვენიერი ყმაწვილი კაცი, ის თავმომწონე თავადიშვილი ძლივღა ჰფეთქავდა თავის ყმის ფეხთა წინაშე!.. მაგრამ, გეტყვით ჩემის გულის ძუნწობას, მე ის მაინც არ შემეცოდა.

- წაგაკალ თუ არა შენს უნამუსობას!.. - წავაყვედრე მე.

- ჰმ, - ჩაიცინა იმან ისე გულდინჯად, თითქო ქვეშსაგებში მშვიდობითა წევსო, - ამით გათავდა შენი შერმადინობა?

- როგორიც ავთანდილი შენ იყავ, მეც იმისთანა შერმადინობა გაგიწიე.

- წადი, შვილო! სახელად ჩემი სიკვდილიც გეყოფა. დღეს ჩემი დღე არ იყო: რასაც ვესროლე, ავაცდინე. ვაი, რა ცუდად მოვკვდი?! ფუ ჩემს კაცობას! ნიშანიც ვერ დაგასვი.

- რა დროს ეგ არის? ღმერთი მაინც ახსენე და ისე დალიე სული, შე ცოდვით სავსევ!

- დარიგებას თავი დაანებე. ალალი იყოს შენზედ ჩემი სისხლი, კაი ვაჟკაცი ჰყოფილხარ. მეც ბევრი რამ ცუდი მიქნია, არა უშავს რა, - ჩემი ასე ცუდად წახდენა იმაში გამებაროს. აი დედასა!.. რა ცუდად შეგხვდი!.. მაინც შენის ხელით მოვკვდი! გახსოვს, მაშინ რომ გითხარი: სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაჰკარგავს-მეთქი. აკი არც დაჰკარგა.

- შენ იყავ მყინვართან რომ დაგვიხსენი? - ვკითხე გაოცებულმა.

- მე ვიყავ თუ არა - შენ რა?

- რისთვის დაგვიხსენი?

- ვერა ჰხედავ? აი, ამ დღისათვისა. პეპია რასა იქს?

- მოკვდა.

- ესე უზიარებლად და მოუნანიებლად, როგორც მე?

- ეგრე.

- ეგეც ბარი-ბარში... მშვიდობით და გამარჯვებით, გამარჯვებულო გაბრიელ!.. ვნანობ, რომ ესე უსახელოდ მოგეკვლევინე. გამარჯვებით...

კიდევ რაღაცა უნდა ეთქვა, მაგრამ აღარ დასცალდა: ერთი გაიზმორა, ერთი კიდევ წამოიწივა, დაეცა და სულიც დალია. მოკვდა ის უბედურის-შვილი. ტუჩებზედ ისეთი ღიმი შერჩა, თითქო დაიცინებაო. ჰმ, სიცილით მოკვდა ტირილით ნაშობი!

დავიჭირე მისი ცხენი, შევჯექ ზედ და წამოვედი. ცხენის მეტი მე იმისი არა გამოვიყოლე-რა.

დათიკოს მოკვლის შემდეგ მე იმ არე-მარეში ყოფნა ძალიან გამიძნელდა. ძალიან გამიხშირეს დევნა. მეც იქ აღარა მეკეთებოდა-რა და, სწორედაც გითხრათ, ყაჩაღობაც მომწყინდა: ჩემი ხელობა არ იყო. როცა უილაჯობით კაცს ვძარცვავდი, ერთს ვაი-ვაგლახს გამოვივლიდი ხოლმე ჩემ თავად და ჩემს თავს მევე ვძრახავდი. ვერ დაემორჩილა ჩემი გული ავკაცობასა, თუმცა ბევრი ავკაცობა ვქენი, ვერ შევეჩვიე, ვერა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ გადავვარდები შორს საითმე, ჩემის ხელის ამაგით ლუკმა-პურს, როგორც იქნება, ვიშოვნი და, მინამ ჩემი აღსასრული მოვა, იმით დავირჩენ თავს-მეთქი. სხვა ამ ქვეყნისა მე აღარა მინდოდა-რა და აღარც მერგებოდა-რა: ამ ქვეყანაში მე წილი არაფერში მედო.

გამოვწიე და კახეთს შემოვეკედლე. ალაზანზედ რომ მოვედი, შიგ შუაწყალში ცხენიდამ გადმოვხტი, დავეც დათიკოს ცხენს დამბაჩა თავში და წყალს გავატანე: ჩემი იარაღიც სულ ჩავყარე წყალში, რომ არც ცხენით და არც იარაღით არავის არ ვეცანი. აქ, კახეთში, მოჯამაგირობა დავიწყე, მეხუთე წელიწადია, როგორც მოგახსენე, ჩემი აქ ყოფნა. პირველი წელიწადი მშვიდობით დავყავ, მეორე წელიწადს კი კახეთმა დამცადა და ციებ-ცხელება შემეყარა. ორ-სამ თვეს თავს დამანებებდა და პატარა რომ მოვჯობინდებოდი, ისევ მომიბრუნდებოდა ხოლმე. მე თავს არ ვუდებდი და, რაც შემეძლო, ვმუშაობდი. სამი წელიწადი ამ ყოფაში ვიყავ. ამ ბოლო წელიწადს წყალმანკი გამიჩნდა და ფეხები დამისივდა. სიარული გამიძნელდა, მუშაობისათვის ვეღარ გამოვდეგ. ქვეშსაგებად დამიგდო ავადმყოფობამ. ერთმა გლეხკაცმა შემიკედლა. მინამ ერთი ორიოდ გროში მქონდა და ვხარჯავდი, მინამ მინახა, როცა კი გამომელია ფული - იმ დალოცვილმა მკრა ჭიტლაყი და გამომაგდო გარეთ. ეს ოთხი თვე იქნება მას აქეთ. იმ სოფელში სირცხვილით ვეღარ ვიდგომილე, იმიტომ რომ საგლახაოდ საქმე მიხდებოდა და ვთაკილობდი. ავდეგ და აქეთ წამოვედი. გზაზედ, რაც ტანისამოსი მქონდა, ამ რუსის ფარაჯაზედ გავცვალე და ერთი თუმანიც სართი ავიღე. ორ-თვე-ნახევარი ამით ვირჩინე თავი. აქ რომ მოვედი, სიარული ვეღარ შევიძელ, იმიტომ რომ ფეხები დამიწყლულდა, დამიჩირქდა და დამისკდა. აი, ხომ ჰხედავთ, ბოლოს მატლიც დამეხვია. ამ საბძელამდინ, როგორც იყო, მოვაღწიე და ამ ჩარდახ-ქვეშ შევაფარე თავი. გზის პირია, ხალხის ფეხი აქ არ მოსწყდება და თითო-ოროლა კეთილი კაცი ხან პურს მაწვდის ხოლმე და ხან წყალს. მას დღეს აქეთ ასე ვარ. რაც გადამხდა, იქნება იმის ღირსიც ვიყო. რაც ავკაცობა ვქენ, იქნება იმის სამაგიეროც ეს არის? ვინ იცის? ღვთის განგებას ვინ მიჰხვდება? ეხლა ვატყობ, რომ წყალმანკიც მერევა, აი, თითქმის გულიც დამიჭირა. მოვიდა ჩემი აღსასრული, მადლობა ღმერთს! ქვეყანას თუ რამ შევცოდე, შემინდოს, სხვა ღმერთმა იცოდეს!.. მე ამ ქვეყნისათვის ავი არ ვიყავ, მე მარტო უბედური ვიყავ. ბევრი წილი ცოდვა, მე მგონია, აქავ გადავიხადე. იქნება ესეც ტყუილი ნუგეში იყოს, - ეგ ღმერთმა იცის და იმისმა შეუცდომელმა სამართალმა. გულუტკივრად ვეთხოვები მე ამ ქვეყანასა, იმიტომ რომ მე იმისი არა მემადლება-რა. ზიარებაც არ მაღირსა ამ წუთის-სოფელმა!..

XII

ამით გაათავა გლახამ თავისი ნაამბობი. შუაღამე გადასული იყო. მე გამოვეთხოვე იმ საცოდავს კაცსა და იმის ამბისაგან გუნებაარეული წამოვედი ჩემი ნათლიმამისაკენ.

მეორე დილას მღვდელი ვიკითხე, რომ ის უპატრონო კაცი მეზიარებინა და იმისი უკანასკნელი ნატვრა ამით ამესრულებინა. მერე იქნება დამეყოლია როგორმე და ჩემს ნათლიმამასთან ამომეყვანა. ჩემმა ნათლიმამამ მითხრა, რომ არა მგონია მღვდელი ეხლა შენ გამოგყვესო: ქალაქიდამ ახალი ბლაღოჩინი დაუნიშნავთ, წუხელის მღვდელსა სწვევია და მღვდელი ვერ მოიცლისო. სწორედ ჩემდა გასაოცრად ეგრეც მოჰხდა: მღვდელს შემოეთვალა, რომ არა მცალიანო. დიდად მეწყინა და დიდად გამიკვირდა ამისთანა პასუხი. მე თვითონ წავედი მღვდელთან, პირდაპირ ბლაღოჩინთან შევედი, ვუამბე ჩემის მოსვლის მიზეზი და მღვდლის პასუხი შევატყობინე. ბლაღოჩინი საშინლად გაწყრა და ძლიერ დასტუქსა ის უგულო მღვდელი. მაშინვე მოითხოვა სანაწილე, გამომყვა მე, მღვდელი და დიაკვანიც თან გამოიყოლია.

ჯერ კიდევ ადრე იყო, რომ გლახასთან ჩავედით. ის საწყალი იმ ერთს ღამეს სრულიად გამოცვლილიყო. ასეთი ფერი და სისუსტე ეტყობოდა, თითქო იმისი სიცოცხლე ბეწვზედა ჰკიდიაო.

რა წამსაც გლახამ ბლაღოჩინი დაინახა, თვალები ცეცხლსავით ისევ სიცოცხლით აენთო; რაღაც იოცა და ისეთნაირად დააკვირდა ბლაღოჩინსა, თითქო რაღასაც იგონებსო, თითქო სჯერა კიდეც და არცა სჯერა ის, რასაც თვალით ჰხედავდა. ორჯერ თუ სამჯერ თვალები მოიფშვნიტა, თითქო რაღაცა უშლის ხილვასა და კარგად ვერა ჰხედავსო, და ისევ იმავ გაოცებით ბლაღოჩინს გარინდებულმა მზერა დაუწყო. მერე, თითქო ეშმაკის გაფრთხობა უნდაო, პირჯვრისწერას მოჰყვა და თვალი უფრო და უფრო დააცქერა ბლაღოჩინსა. მე გამიკვირდა ეს ამბავი. ვთქვი ჩემს გულში: ამ კაცს ეს რა ემართება-მეთქი.

- კურთხევა უფლისა შენზედა, ჩემო ძმობილო! - უთხრა ბლაღოჩინმა. - მე, მღვდელი, მოვსულვარ, რომ წმიდა ზიარება მიგაღებინო ქრისტიანს კაცსა. რა გიკვირს, რომ ეგრე გაშტერებული მიყურებ?

- მაშ შენ მოჩვენება არა ხარ? - შეჰკივლა გლახამ.

- არა.

- მღვდელო!.. - დაიბღავლა საცოდავად გლახამა, - არ გებრალები შენი გაბრიელ?!

ბლაღოჩინი თავზარდაცემულსავით წაბარბაცდა. მე მივაშველე ხელი და შევიმაგრე.

- მადლი უფალსა, მადლი... - დაიწყო გლახამ, ეხლა კი დაწყნარებით, მაგრამ მხიარულად, - ჩემი სული თურმე შენ გლოდნებია, ეხლა ნუგეშით და იმედით მოვკვდები... მაზიარე, შენი ჭირიმე, შენის მადლიანის ხელით. შენგან ანთებული სანთელი შენ ხელში უნდა გავქრე. ცოტა-ღა მაქვს სიცოცხლე, მაზიარე.

- გაბრიელ!..

- მე ვარ, მე!.. - გააწყვეტინა ბლაღოჩინს სიტყვა, - და შენც ისა ხარ, ვისიც მოლოდინი ჩემს სულსა ჰქონია. ვენაცვალე შენს მადლსა!.. მაზიარე, შენ გენაცვალოს ჩემი თავი, სიკვდილი მერევა.

- რამ მოგიყვანა ამ დღემდინ? - ჰკითხა შეწუხებულად ბლაღოჩინმა.

- იმ ცეცხლმა, რომელიც ყოველს ღვთისაგან გულში გვინთია, როგორც შენ ერთხელ მიბძანე. მე ესე მგონია და სხვისა კი არ ვიცი, მაზიარე, შენი ჭირიმე!

ბლაღოჩინი საცოდავად გახდა: გაფითრდა, ნაცრისფერი დაედო სახეზედ, ენა ჩაუვარდა, სიტყვა მოეჭრა, თითქო თითონ იყო ამის საცოდაობის მიზეზიო. ხმა ვეღარ გასცა გლახას, ხმა! არეულმა დაიწყო ზიარებისთვის მზადება.

- აღსარების თქმას სულთამხუთავი აღარ დამაცლის, - უთხრა გლახამ, - შემინანია ყოველიფერი, უაღსარებოდ შემინდე და მაპატივე და ისე მაღირსე ზიარება.

- შემინდვიხარ.

- რვა კაცი გამიძარცვავს!.

- შემინდვიხარ.

- კაცი მომიკლავს.

- მაინც აქ მე შემინდვიხარ და იქ ღმერთმა იცოდეს. შენთვის ვილოცებ, უბედურო გაბრიელ.

- რაკი შენ შემინდე, - წამოიძახა სიხარულით გლახამ, - ღმერთიც შემინდობს, იმიტომ რომ შენის ენით ყოველთვის ღმერთი ჰლაპარაკობდა. თუ ღირსი ვარ ეხლა ზიარებისა, მიბოძე.

- შენთვისა და მრავალთათვის არის განტეხილი ხორცი ესე ქრისტესი და დანთხეული მისი წმიდა სისხლი მისატევებლად ცოდვათა. მიიღე და სჭამე!.. - სთქვა დიდებითა და ნუგეშის-ცემით ბლაღოჩინმა.

- ვენაცვალე ჩვენთვის ჯვარცმულ ქრისტესა! - წარმოსთქვა სასოებით გლახამა, - მაღირსე ეხლა ზიარება, მღვდელო!

ბლაღოჩინმა ლოცვა დაიწყო, ამოიღო სანაწილედამ წმიდა ნაწილი, გლახას წინ დაუჩოქა, კოვზით ზიარება მიაწოდა და წარმოსთქვა ვედრებითა:

- ჰოი, ყოველთათვის ჯვარცმულო ღმერთო! ტანჯულთა და ცოდვილთა მეოხევ! მოიხსენე ესე მოსავი შენი, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.

- მომიხსენე მე, უფალო, და დამიფარე!.. - შეევედრა გლახა და მერე ბლაღოჩინს უთხრა, - არა, შენი ჭირიმე! მე ეგრე მწოლარედ ზიარების მიღებას არ ვაკადრებ ჩემსა მხსნელსა და მაცხოვარსა. ვენაცვალე იმის მადლს! მინდა ჯერ პირქვე დავემხო იმის წმიდა ხორცისა და სისხლის წინ და შევავედრო ჩემი თავი.

წამოდგომა მოინდომა. ჩვენ მივცვივდით საშველად და ორივე ფეხზედ, მისვე სურვილისამებრ, წამოვაჩოქეთ. პირჯვარი გადიწერა, ღმერთს მუდარების სახით შეხედა, აღუპყრა ხელნი და გოდებით შეევედრა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. მერე ბლაღოჩინის წინ მომტირალი პირქვე დაემხო.

დიდხანს იყო ისე პირქვე დამხობილი, მარტო ყრუ ქვითინი მისი ხანდისხან მოგვესმოდა. ბოლოს ქვითინი შესწყვიტა. ბლაღოჩინი დასწვდა წამოსაყენებლად, მაგრამ გლახას, ისე პირქვე დამხობილსა, სული დაელია კიდეც. საცოდავსა მაინც ზიარების მიღება არ დასცალდა.

მ. ჯიმშერიძე

____________

* (სრული ვერსია. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემა; ტომი II).

შენიშვნა:

გლახის ნაამბობი

ხელნაწერი: ავტოგრაფი K, №1044, გვ. 1-30 (B).

ნაბეჭდი: ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, №1, გვ. 7-53 (C); ჟურნ. „კრებული“, 1873, №1, გვ. 1-95; №2, გვ. 1-56; №3, გვ. 1-39 (D); „გლახის ნაამბობი“, 1879, პეტერბურგი, ა. საფაროვის გამოცემა (E); თხზულებანი, 1892, ტ. II, გვ. 3-140 (A).

სათაურის ქვეშ: (პირველი ხუთი თავი ჯერ არ დაბოლოებულ მოთხრობისა) C.

თარიღი: არა აქვს BCE, პეტერბურგი, 1859 წ. D, 1862 A31.

ხელმოწერა: მ. ჯიმშერიძე C.

B ავტოგრაფი დიდი ფორმატის ქაღალდზე შავი მელნით ნაწერია და შეიცავს ნაწარმოების მეორე ნაწილს - VI თავიდან XII თავამდე (ავტოგრაფის VI თავი უდრის ჩვენი გამოცემის VII თავს დ შესაბამისად ყველა მომდევნო თავის ნომერაცია იძლევა სხვაობას).

B ავტოგრაფი ილია ჭავჭავაძეს კირილე ლორთქიფანიძისათვის გაუგზავნია ჟურნ. „კრებულში“ დასაბეჭდად (იგი დაიბეჭდა კიდეც (1873 წ. „კრებულის“ №№ 2, 3-ში; ავტოგრაფი დაცულია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში კირილე ლორთქიფანიძის არქივში).

C-ში (ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, №1) ნაწარმოების მხოლოდ I-V თავებია დაბეჭდილი, რაც ჩვენი გამოცემის I-VI თავებს უდრის (აქ I-II თავი გაერთიანებულია და დაბეჭდილია I თავად).

D-ში (ჟურნ. „კრებული“, 1873, №№ 1, 2, 3) დაბეჭდილი ტექსტის I თავი იწყება ჩვენი გამოცემის II თავიდან (შესაბამისად ყველა მომდევნო თავის ნომერაცია იძლევა სხვაობას), ხოლო ჩვენი გამოცემის I თავი აქ წინასიტყვაობის მაგივრობას ასრულებს.

D-ში თარიღი უზის მხოლოდ №1-ში დაბეჭდილ ტექსტს „პეტერბურღი 1859 წ.“ (ე.ი. I-VI თავები ილიას პეტერბურგში ყოფნის დროს დაუწერია).

„გლახის ნაამბობის“ I-VI თავების ადრინდელი მონახაზი, უფრო სწორად, მისი ჩანასახი, გვხვდება დაუმთავრებელ მოთხრობებში „კოლა“ და „კაკო“, რომლებიც ილიას სტუდენტობის დროს, 1858-1859 წლებში, დაუწერია (მოთხრობის პირველი ნაწილი 1859 წლით არის დათარიღებული მოგვიანებით - 1873 წ. ჟურნ. „კრებულის“ №1-ში).

1862 წელს იგივე თავები მწერალმა ხელახლა გადაამუშავა და დაბეჭდა კიდეც 1863 წ. ჟურნ. „საქართველოს მოამბის“ №1-ში (ამის გამო მთელი ნაწარმოები 1862 წლით არის დათარიღებული 1892 წ. გამოცემის II ტომის სარჩევში).

ჟურნ. „საქართველოს მოამბის“ დახურვის (1863 წ.) შემდეგ, 1864 წლის აპრილიდან, ილია ჯერ ქუთაისში, ხოლო იმავე წლის ნოემბრიდან დუშეთში გადავიდა სამუშაოდ და მოუცლელობის გამო „გლახის ნაამბობის“ მეორე ნაწილი დაუმთავრებელი დარჩა. მისი დასრულება ავტორმა შეძლო ჟურნ. „კრებულის“ დაარსების მეორე წლის ბოლოდან - 1872 წ. დეკემბრიდან - 1873 წ. თებერვლამდე32 და ხსენებულ ჟურნალში დაბეჭდა კიდეც მოთხრობის მთლიანი ტექსტი (1873 წ. №№ 1, 2, 3).

„ჩვენ „გლახის ნაამბობს“ მივეცით ფართო თარიღი 1859, 1862-1873, ჩავსვით ოთხკუთხა ფრჩხილებში და მოვათავსეთ ქრონოლოგიურ ჩარჩოში 1873 წ. თებერვლამდე.

ამ მოთხრობის ძირითად წყაროდ ავიღეთ მწერლის სიცოცხლეში უკანასკნელად გამოქვეყნებული ტექსტი - ქართველთა ამხანაგობის გამოცემა 1892 წ. ტ. II, რომელიც ავტორის ბოლო ნებას გამოხატავს.

____________

31. თარიღი წარმოდგენილია წიგნის ბოლოს დართულ სარჩევში.

32. იხ. ილიას პირადი წერილები დუშეთიდან: 1872 წ. 9 დეკემბრის თარიღით - ჟურნ. „კრებულის“ ერთ-ერთ რედაქტორთან, კირილე ლორთქიფანიძესთან; 1873 წ. 15 იანვრის თარიღით - ჟურნ. „კრებულის“ რედაქტორთან, ნიკო ნიკოლაძესთან; 1873 წ. 29 იანვრის თარიღით - ისევ კირილე ლორთქიფანიძესთან და ბოლოს 1873 წ. 1 თებერვლის თარიღით - თავის მეუღლესთან, ოლღასთან.

***

131. 2 ქმნას] ქნას CDE; B დროზედ... მოვა] თუ დუშაში არ მოუვა CD; 6 საკვირველად] საკვირვლად C; დაბურულს] დაბურულ CDE; 7 მილეულის] მილეულ C; ნათვალევის] ნათვალევ C; 8 მოუწყინარი] მოუწყენარი E; 10 ყველას] ყველასა CDE; 13 საღმრთო] სამღთო C, სამღვთო DE; 15 მინახავს] მინახამს C; 16 მის] მისს CDE; 19 მიურბის] ექცევა CD; 22 ირმის] იმის D; მისი] მის C.

132. 3 დაუახლოვდა] მოახლოვდა CD; 4 საყვარელის] საყვარელ C; 6 ჰნახოთ] ნახოთ CDE; 7 გაფეთებით] გაფოთებით C; 8 დაიწყებს] დაიწყობს CDE; ნაღვლიანის] ნაღვლიან C; 9 გაგანიერებულის] გაგანიერებულ C. სუნის] სულის CDE; 12 შემოიკრიბაო] შემოიკრიფაო CDE; 13 დამალულს] დამალულ CDE; 15 სუნი] სული CDE; 17 გაირთხო] გაიფრთხო CDE; 18 მიესალმოს] მიესალამოს CDE; 21 ჰნახოთ] ნახოთ CDE; 22 უდრტვინველად] უდრტვივნელად C; მშვიდად] მშვიდათა C; მშვიდადა DE; 28 და როცა] როცა კი C; შეიშრობდა+და C; 29 ქმნილებათა] ქმნულებათა CDE; 31 ვუთმობთ] უთმობთ CDE.

133. 1 ჰკვდები] კვდება DE; 2 მოკლებულნი] მოკლებული CDE; 5 თხუთმეტიოდე] ხუთმეტიოდ CE; ხუთმეტიოდე D; 7 ჩვენს] ჩვენ CD; 11 სოფელს] სოფელ C; 16 ნათელ-მირონად] ნათელ-მირონათ E; 18 აღარ] აღარა CDE; 19 მშვენიერს] მშვენიერ CD; 20 ორლულიანი+შტუცრის CD; 23 იწყებოდა] იწყობოდნენ CDE; 25 გარშემო... სჩანდა] გარეშემო... ჰსჩანდა CDE; 26 აყრილის] აყრილი CDE; 30 ჩამომივლია] ჩამამივლია CDE; 31 იქ - C; დამინახავს] დამინახამს C;

134. 2 სჯიჯგნიდა] ჰსჯიჯგნიდა CDE; 3 გასაკვირვლად] გასაკვირველად CDE; 4 დილაზედ] დილაზე E; 5 მწოლიარე] მწოლარე CDE; 6 მოჰრეოდა] მორევოდა C, მორეოდა DE; 8 გამოვკითხავ] გამოვჰკითხავ C, გამოვჰკითხამ DE; 9 მეთქი - C; კითხვაზედ] კითხვაზე DE; 19 მისწყდება] მიჰსწყდება C; ამვლელ-ჩამვლელი] ამვლელ-ჩამომვლელი CE; 22 ჰთხოულობს] თხოულობს CDE; 24 გაუწყრებოდა] გაწყრებოდა D; 30 გამოგიკითხავს] გამოგიკითხამს C; 32 როგორ არ გამომიკითხავს] როგორ არა, გამომიკითხამს C.

135. 1 ძმობილო] ძმობილოო C; 5 ნაწვეტმა] ნაწყვეტ CD; 7 გავიზრახე] გავიძრახე CDE; 14 ვსთქვი] ვჰსთქვი CD; 19 გადღეგრძელოთ] გადღეგძელოთ CD; 23 შეიკრიბა] შეიკრიფა CDE; 27 მოზრდილი] მოზდილი CDE; 28 მოჰხვედრიაო] მოხვედრიაო CDE; 30 ლეკური] ლეკურ C, ლეკურის D; ნაბდის] ნაბადის AE; 32 სხვილი] სხვილის E; მოზრდილი] მოზდილი CDE; 33 ერთგული] ერდგული CDE; ყოველის] ყოველ C; 34 სჩანდა] ჰსჩანდა CDE.

136. 2 მისის - CD; მისის] მისი E; 3 სიცხოვლე] სიცხოველე D; 4 პირქუშად] პირმქუშად CDE; 6 უნახავს] უნახამს C; შესწრებია] შესწრობია C; 8 მოუკლავთ] მოუკლამთ C; სანახაობა] სანახავობა CDE; 9 ვსთქვა] ვჰსთქვა CDE; 11 სდიოდა] ზდიოდა CDE; 14 დაგვემილის ხმით] დაგვემილ ხმითა C; 18 მეტყველებას] მეტყველობას CD; 19 ვგრძნობდი] ვჰგრძნობდი CDE; ჩემის] ჩემ CD; 21 და - C; მეთქვა] მეთქო CDE; 22 ბრძანდები] ბძანდები ACD; 23 ჩემს] ჩემ CD; ბრძანდები] ბძანდები CDE; 29 ბძანებთ] ბრძანებთ E; 32 უნდა] მე უნდა C; წამოვმდგარიყავი] წამომდგარვიყავი CDE; 34 პატიოსნურ] პატიოსნურის DE.

137. 5 ჩარდახის] ჩარდახისა D; 7 კაცსავით] კაცისავით CDE; 12 ვა] ვაი CE; 18 გასწირავს] გაჰსწირავს CDE; 23 სთქვა] თქვა CE; შეჰხედა] შეხედა CDE; 24 გახვეულის] გახვეულ C; 25 „ვეფხვისტყაოსნის“] „ვეფხვისტყაოსანის“ DE; 27 უკვდაო] უკვდავო C; 29 ვთქვი] ვჰსთქვი CDE; ჩემს] ჩემ CD; 30 გასცილდა] გაჰსცილდა DE, გაჰცილდა C, 31 გამიგრძელა] გამიგძელა CDE; 33 დიდის] დიდი C.

138. 3 ჩემსკენ] ჩემკენ CD; 4 შესცვლოდა] შეჰსცვლოდა C; 8 ვთქვი] ვჰსთქვი CDE; გამვარდეს] გავარდეს CE; 12 ბრძანებაა] ბძანებაა E; 13 ვყოფილიყავი] ვყოფილვიყავი CDE; 18 დიაღ] დიახ CDE; 20 თუნდა] თუნდ CDE; მოჰკითხავს] მოჰკითხამს C; 22 ძალადა] ძალათა CDE; 28 სთქვა] ჰსთქვა CDE; 32 სთქვი] თქვი CDE.

139. 2 მეთქვა] მეთქო CDE; 3 გავუსხვაფერე] გაუსხვაფერე ACDE; 13 გინდ] თუნდ CDE; 16 მეც] მეცა CDE; 21 აღსარებად] აღსარებათ E; 22 მოვასწარ] მოვაჰსწარ C; 27 ვაღიარებ] ვაღვიარებ CDE.

140. 7 ჩემის] ჩემი CDE; 10 მაღალის ღმერთის] მაღალ ღვთის CD; 13 ვუყვარდი] უყვარდი CDE; 15 ბაშვის ამბავი] ბაშვი C, ბავში D; 16 ალიაქოთს] ალიანქოთს C; 17 შევიჩვიე] შევიჩვივე CD; 18 ჩვენი] ჩემი CDE; 19 სიყვარულად] სიყვარულათ E; 20 დაჰხედავს] დახედავს CDE; 22 და+ადრეულად CD; 28 ვუყვარდი] უყვარდი CD; 29 უფროს-უმცროსობაში] უფროს-უნცროსობაში CD; 33 ჩავიწურავდი] ჩავიწურებდი CE; 34 გავიტარებდი] გავატარებდი CDE.

141. 4 სთხოვა] ჰსთხოვა CDE; 11 აცხონოს] აცოცხლოს ACDE; 20 ალმური] ალიმული CD, ალუმული E; 24 ვსთქვი] ვჰსთქვი CD, ვჰთქვი E; 26 დამიხსნა] დამისხნა DE; 27 ბავშვი] ბაშვი CD; იტყოდა+იტყოდა CD; 34 ირჩია] ირჩივნა CD.

142. 3 შევჩვივნენ] შეეჩვევიან CDE; 4 შეზრდილობა] შეზდილობა CDE; 4 გრწამს] გწამს CDE; 9 შევიმჩნიე] შევიმცნიე C; 12 მარტოდ] მარტოდ-მარტო CD; 15 ობოლის] ობოლი CD; 16 ქალაქში] ქალაქშია CD; 19 იმისთვის] იმისათვის CDE; 21 ვთქვი] ვჰსთქვი CDE; ჩემს] ჩემ CDE; 22 მეთქი - C; 25 დაგვყაროსო] დაგვყაროს CDE; სთქვას] თქვას CE; 26 გვინახავდა] გვინახამდა CE; 27 სულს] სულსა CD; 29 დარეკვის] დარეკის CD; დაკვრის E; 30 რაღაცა] რაღაც CE; 31 ისე] ასე CD; 33 შეეჩვია] შეეჩვივა CD; 34-35 და სახლს დავგვიდი - E; 35 გულხელდაკრებილი] გულხელდაკრეფილი CDE.

143. 2 ჰყიდულობდა] ყიდულობდა CDE; 3 თავს] თავსა CDE; 4 თვალებს] თვალს C; 5 ჩამომვლელს] ჩამომვლელსა CD; 6 ჩვენის] ჩვენ CD; აუბრუნდებოდა] უბრუნდებოდა E; 7 დასწვრივ] დაჰსწვრივ CDE; 8 დიდი] დიდის C; 9 მოზრდილი] მოზდილი CDE; 15 სცოდნია] ჰსცოდნია CDE; 16 საყოველთაო] საყოველთავო C; 18 იმან] ამან E; 21 სწავლაზედ] სწავლაზე DE; 22 მოგახსენეთ] მოგახსენე CD; 25 აქეთ] აქედ ACD; 26 დავუწყე] დაუწყე CD; 27 ჩაიცინებდა] ჩაიცინა E; დასცქეროდა] დაჰსცქეროდა CDE; 28 გადაშლილ] გაშლილ E; მომითმინა] მამითმინა E.

144. 2 მოჯამაგირედ] მოჯამაგირეთ E; დავუმატე] დაუმატე E; 3 დიაღ] დიახ CDE; სომეხთან] სომეხთანა CDE; 11 მინახვიხარ] მინახავხარ A; 12 აქ] იქ E; 18 გრწამს] გწამს CDE; 22 ვუგდე] მივუგდე C; მეცნო] მეცნოო CDE; 23 გამეგონოს] გამეგონოსო CDE; 27 დიაღ] დიახ CDE; 29 გლახუკამ] გლახუკამა CD; 30 თქვენის] თქვენ CDE; 31 საიდგან] საიდამ CD.

145. 1 გავაგრძელო] გავაგძელო E; 2 სიცოცხლეში] გაჩენაში CDE; 5 კითხულობდა+და CE; 8 გრწამს] გწამს CDE; 9 გადავიხდი] გადაგიხდი C; 22 გიშოვნი] გიშონი D; 20 ჰხარობს] ხარობს CDE; დაინახავს] დაინახამს CDE; 22 სიტყვებზედ] სიტყვაზედ E; წახალისებულმა] წახალისებულ CD; 31 ტყუილ-უბრალოდ] ტყუვილ-უბრალოდ E; 35 ჰფეთქავ] ფეთქამ C; ფეთქავ DE.

146. 1 ექნება] ექმნება CD; 6 რომ - CD; 9 მასწავლა] მაჰსწავლა CD; გადაუხადოს] გადუხადოს CE; 13 იმდენს] იმდვენს CDE; 18 შემიჩვია] შემიჩვივა C; 28 ინახავს] ინახამს CE; 29 ჩემს] ჩემ CDE; 30 თავისებურად] თავისუფლად E; 32 თავისი] თავის CD; გავუგზავნე] გაუგზავნე DE.

147. 10 თქვენის] თქვენ CD; 17 სცხოვრობს] ცხოვრობს CE; 23 იმისი] იმის CDE; 24 გადაუხადოს] გადუხადოს C; 25 თითონაც] თვითონაც C; 30 შეერია] შეერივა CDE; ერთი] ერთ CD; 31 ახალგაზრდა] ახალგაზდა CDE; მღვდელი] ღვდელი CDE; [ეს სიტყვა BCDE-ში ყველგან იკითხება ”ღვდელი”, ამიტომ ვარიანტებში აღარ მივუთითებთ - ე.შ.] 34 ვსთხოვოთ] ვჰსთხოვოთ CDE.

148. 4 გარშემო] გარეშემო CD; ზოგს] ზოგი C; ზოგს+ის D; თითონ ზოგს E; 7 შესცქეროდა] შეჰსცქეროდა CDE; 8 თითქოს] თითქო CDE; 9 შიშობს] შიშობსო CDE; 11 კაციც] კაცი E; ჰხურავს] ხურავს CDE; ალბად] ალბათ E; 14 მოსწყურდება] მოჰსწყურდება CDE; 15 გადავიხარე] გადავიწვდინე CD; 17 აღარ] არ CDE; 23 გეყოფა] გეყოფაო DE; ისწავლეო] ისწავლე CDE; 24 არის] არი DE; 32 სჭამს] ჰსჭამს CDE.

149. 2 სთქვა] თქვა CE; 5 მესამემ] მესამემა E; 6 ელაზღანდარათ] ეყალაღნათ CD. ეყაყანათ E; 7 მოსწრებოდათ] მოჰსწრებოდათ CDE; 16 თქვენიო] თქვენი CD; 19 გაგვიძღობს] გაგვიძღებს D; 23 ამოვაწებთ] ამოვაწებებთ CDE; გადვუხსნით] გადუხსნით CDE; 24 ჩავაყრით] ჩავუყრით CDE; 31 გაგიბედავთ] გაგიბედამთ CDE.

150. 1 დასცინოდა] დაჰსცინოდა CDE; 8 ვარ - E; 12 გცოდნოდა] გვცოდნოდა DE; 13 ბარ-საკვეთს] ბარ-საკვეთსა C; 14 სთლი] ჰსთლი CDE; 15 მოხნავდი] მოხნამდი CDE; 21 მინახავს] მინახამს C; 24 გინახავს] გინახამს C; 26 სთქვასო] თქვასო CDE.

151. 1 შენზედ+და ჩემზედ CD; 4 მჯობს] მჯობნს D; მჯობი] მჯობნი D; 6 არ იქნება] იქნება CDE; 8 წყალობა+თქვენა C; 11 რამე] რამ CDE; 12 მთელის] მთელი CDE; 14 ერთი] ერთის CDE; 16 რასაც] რაც C; 23 დიდხანს] დიდხან CD; 27 გადაგიკოცნო] დაგიკოცნო E; ბევრჯერ] ბევრჯელ D; 30 შეჰხედა] შეხედა DE; 31 შენის] შენი CE; 32 ღვთისგან] ღვთისაგან CDE; 33 წაწყმენდისაგან] წაწყმედისაგან CDE; 34 შენის მადლიანის] შენ მადლიან CD.

152. 4 გემთხვიო] გემთხვივო D; 9 ბაშვი] ბავშვი E; 15 დაუმალოს] დაუმალოსო CDE; 16 შვილსაცაო] შვილსაცა CD; 21 სჩადი] ჰსჩადი E; 25 ჰცრუობ] ჰსცრუობ CDE; 26 სიყვარულიც] სიყვარული A; 29 გრცხვენიან] გცხვენიან A; 29 ჰხედავს] ხედავს CDE; 35 ჰჩხუბობთ] ჩხუბობთ CDE.

153. 1 შენს] შენ CE; 3 სთქვა] თქვა CD; ჰსთქვა E; 5 ჩემს] ჩემ CD; შემოსცინა] შემოჰსცინა CDE; 8 ჩამოართვა] ჩამოართო CDE; 10 აკურთხა თუ არა] იმან რომ აკურთხა CD; გადასდო] გადაზდო CDE; ხელგადაჭდობილი] ხელგადაბჭობილი CDE; 12 კი - C; 14 გადასდო] გადაზდო CDE; მაშინ მე] მაშინვე CD; 16 ჰჩანდი] ჰსჩანდი CDE; ჰკითხავდა] ჰკითხამდა C; 21 არა] არ DE; 25 გიახლებოდით] გიახლებოდი CDE; ვნახავ] ვნახამ C; 26 სჯობია] ჰსჯობია DE; 28 ავასრულოთ] ავასრულოდ C; 30 არის] არი CDE; 31 შენის] შენი DE; 33 ჩამოსცილდნენ] ჩამოჰსცილდნენ C; 34 ჩემის] ჩემი CDE.

154. 4 ხელგადაჭდობილი] ხელგადაბჭობილი CDE; 7 მადლიანის] მადლიან CD; 8 თვალით+მე CD; 9 თითქო] ასე გონია C; 10 სწყდებოდა] ჰსწყდებოდა CDE; 14 ჰხატავენ] ხატავენ CDE; 15 იმის] იმისი CD; 16 გამოსცეს] გამოჰსცეს CDE; 20 პირველადა] პირველათა CDE; 22 ცოტაოდნად] ცოტაოდენად CD; ემჩნევა] ექნება CD; 26 თავიდან] თავიდამ CDE; ფეხებამდინ] ფეხამდინ CDE; სანახაობა] სანახავობა C.

155. 8 წიგნისთვის] წიგნისათვის CDE; 9 შეგირდი] შაგირდი CDE; 11 გავუბედე] გაუბედე DE; 16 მოსცდე] მოჰსცდე CDE; გარედ] გარეთ DE; 17 სწავლებამა] სწავლამა CD; 18 მოვცდე] მოვსცდე CDE; საქმისთვის] საქმისათვის CDE; 19 მოვცდები] მოვჰსცდები CD, მოვსცდები E; 20 სჯობს] ჰსჯობს CDE; 21 დასო] დაჰსწო CDE; გააკეთო] დაიწყო CD; 24 გაიქნია] გაიქნივა CDE; 26 აქვე] აქავე C; 28 სჩანხარ] ჰსჩანხარ CDE; 31 რად] რას CE; მოინდომოს] მოინდომოსო CDE.

156. 2 ვცადოთ] ვჰსცადოთ CDE; 4 ვცდი] ვჰსცდი CDE; 7 მოჰხვდაო] მოხვდაო CDE; 10 შეგირდი] შაგირდი CD; 20 დავუძახე] დაუძახე D; აღტაცებულმა] ატაცებულმა CDE; 28 ქოფაკს] ქოფაკ CD; გასცვლის] გაჰსცვლის CDE; 35 ეხლა] ეხლაც CDE.

157. 3 თავმომწონე] თავმამწონე CDE; ბიჭი - D; 6 აღტაცებულსავით] ატაცებულსავით CDE; 11 სწერს] ჰსწერს CDE; 12-13 თითქო გაუკვირდა] გაუკვირდა თუ არა CD; 16-17 ხვალ თუ ზეგ] დღესა თუ ხვალ CDE; 17 ასე] ასრე CDE, 18 გავსწორდებით] გავჰსწორდებით CDE; 22 გაგიჭირდება] გაუჭირდება C; 24 მითომ] მითამ CD; 25 სჩანს] ჰჩანს C, ჩანს DE; 29 ჰყოფილხარ] ყოფილხარ CDE; 30 წადილი] ნდომა CD; 31 ვთქვათ] ვჰსთქვათ CDE; 33 მაგით] მაგითი CDE; ვითომ] მითამ CDE; იმისთვისაც] იმისათვისაც CDE.

158. 1 მოვახსენებიო] მოახსენებიო C; 2 გაბრიელ+რომ შენი CD; გაბრიელ+რომ E; დაგლოცავს] დაგლოცამს C; 3 აცხონოს] აცხოვნოს DE; 12 ჩვენ] ჩვენს E; 15 რომ] როგორ CDE; 16 ვქნათ] ვჰქნათ CDE; 18 რაღაცები] რაღაცეები CE; 22 კაცისაც] კაცისაცა CDE; მრცხვენოდა] მცხვენოდა CDE; 30 ამისა] ამისი E.

159. 9 დასტრიალებდა] დაჰსტრიალებდა CDE; 12 დავუკარი] დავუკარ CDE; 17 ვითამ] მითამ CD; 24, 25 თხუთმეტისა] ხუთმეტისა CDE; 29 შესვენებით] შასვენებით CDE; 32 თხუთმეტის] ხუთმეტის CDE; 33 სთქვა] თქვა CDE.

160. 3 ვფიქრობ] ვჰფიქრობ CDE; 4 ვიტყვი] გეტყვი CDE; 5 გვექცეოდა] გვექცევოდა CD; 7 ლოცვებიც] ლოცვები DE; 13 შეგირდებს] შაგირდებს CDE; 14 ჰყოფილხარ] ყოფილხარ CE; 15 შეგირდები] შაგირდები CDE; 17 მოვუჯდეთ] მოუჯდეთ CDE; 19 მოვწონდი] მოვჰსწონდი C, მოვსწონდი DE; 24 გავათავე] გავათავეთ CDE; 25 მომისვა] მომისო CDE, 27 მოვცდებოდი] მოვჰსცდები CDE; მოვჰსცდებოდი E; 28 ვკითხავდი] ვჰკითხავდი CDE; 34 რამ] რამა CDE; სჯობია] ჰსჯობია CDE.

161. 4 გაუნათებია] გაუნათლებია CD; 6 დალოცვილის] დალოცვილ CD; მეფის] მეფე CD; 8 ქართველობით+დაგვიკვეხნია და CDE; 18 იმის] ამის CDE; 19 გაგიწვრთნიან] გაგიწურთნიან C, გაგიწვრთვნიან D; 21 საღმრთო] სამღვთო DE, სამღთო C; 22 საღმრთოა] სამღთოა C, სამღვთოა DE; 25 ნამუშავარს] ნამუშევარს C; 27 საღმრთოა] სამღთოა C, სამღვთოა DE; 28 სწერია] ჰსწერია CDE; 31 მისცეს] მიჰსცეს CDE; 33 სწერია] ჰსწერია CDE; საღმრთო] სამღთო CE; საღმთო D; 34 არის] არი [ორივე შემთხვევაში] CDE.

162. 6, 9 სთქვა] თქვა CDE; აქეთ-იქით] აქედ-იქიდ ACDE. 19 ჩემთვისაც] ჩემთვისაცა CDE; 22 „ვეფხვისტყაოსნის“] „ვეფხვისტყაოსანის“ DE; 30 სწერია] ჰსწერია CDE; გასცემ] გაჰსცემ CD.

163. 3, 4 მოსამსახურეებიც] მოსამსახურებიც CDE; 6 მეორისა] მეორესათვის CDE; მესამისათვის] მესამესათვის E; 7 ასარგებლეთ] ასარგებლეთო CDE; და - CDE; 12 ჩაუფლავს] ჩაუფლამს C; 15 ჩაფლა] ჩაჰფლა C; 22 გაჭირვებულია] გაჭირებულია CE; 23 გავცეთ] გავჰცეთ CD, გავჰსცეთ E; 24 მოგვკითხავს] მოგვკითხამს CDE; 26 გასცემ] გაჰსცემ CDE; 31 ღარიბი+ხნიერი C; 34 ქმარი+დღეს CDE.

164. 9 სახეზე] სახეზედ CDE; 11 ეტეოდა] ეტევოდა CDE; 14 წინ] წინა CDE; 15 აცლის] აცლისო CDE; ჰნახა] ნახა CDE; 20, 23, 24 სტირი] ჰსტირი CDE; 22 მოჭირნახულე] ჭირნახული CD; 29 მოერიოს] მოერივოს CDE; 30 სჯობს] ჰსჯობს CDE; თუნდა] თუნდ CDE; 31 სჭირს] ჰსჭირს CDE; 33 დიაღ] დიახ CDE.

165. 2 თქვენს] თქვენ C; 3 მრცხვენიან] მცხვენიან CE; შემოგყურებთ] შამოგყურებთ CDE; 6 გასძახა] გაჰძახა C, გაჰსძახა DE; 11 სიწითლემორეულმა] სიწითლე მორეულ CD; 12 შერცხვა] შერცხვაო CDE; 16 ვიქნებით-თქო] ვიქნებით CD; 19 სთქვა] თქვა CDE; მერე] მერმე CE; 20 ქმრის] ქრმის CDE; 23 სჭამდა] ჰსჭამდა CD; 27 გულგახარებულმა] გულხარებულმა C; გულგახურებულმა E; 30 მოსწმინდა] მოჰსწმინდა CDE; კაცს თან] კაცთან D.

166. 1 ჰხედავს] ხედავს CE; სწერს] ჰსწერს CDE; 9 გულშემატკივრობა] გულშემატკივარობა CDE; 10 სთქვა] თქვა CE; 13 სიტყვა] სიტყვაც C; 15 არის] არი CDE; ასე] ისე C; 17 ხო] ხომ CDE; 20 შიაღწევს] მიახწევს CDE; ამისთანა] იმისთანა C; 22 სცემენ] ჰსცემენ CDE; 25 იმისი] იმის CD; 26 შენს] შენ CDE; ქმარსა] ქმარსაო CDE; გავიხსნი] გავისხნი E; 28 ხელსახოცსავით] ხელცახოცსავით C.

167. 2 დაჩაგრულს] დაჩაგრულ C; 4 ცხოვრება] ცხოვრებაც C; მოისხამს] მოისხავს C; ყვავილსა] ყვავილებსა C; 6 სჯერდებოდა] ჯერდებოდა CD; ჰჯერდებოდა E; ინახავდა] ინახამდა CDE; 9 მოიწადინა+რომ C; 12 სთქვა] ჰსთქვა CDE; 15 სწერია] ჰსწერია CDE; 20 ბოლოს] ბოლოდ CDE; 21 მხცოვანი] მცხოვანი E; 22 სჯობს] ჰსჯობს CDE; 24 აყალმაყალის] ყალმაყალის C; ალიაქოთის] ალიანქოთის CD; 27 უცბად] უცბათ DE; 28 გარეთ] გარედ CDE; 30 ამბავია] ანბავია C; 32 ირჩობა] იხჩობა CDE; 33 ვიღაცამ] ვიღაცამა CD, ვიღამაცა E; 34 ამის] ამისი CD; 35 გაფრინდა] გაწკრინდა C.

168. 2 ალიაქოთი] ალიანქოთი CD; დააყრუებდა] დააყრუვებდა C; 3 საცოდაობას] საცოდავობას C; ნუღარ] ნუღარა CDE; 6 დაირჩობაო] დაიხრჩობაო C, დაიღრჩობაო DE; სჩანს] ჰსჩანს CDE; 9 გასცა] გაჰსცა CDE; შეჰხედა] შეხედა C; 11 საუნჯე+იმას C; 14 სთქვა] თქვა CD; 15 ირჩობა] იხჩობა CDE; 20 იმისი] იმის CDE; დარჩობის] დახჩობის CDE; 21 ვქნა] იქნა CDE; დაირჩო] დაიხჩო CDE; 34 დამხსნელი] დამსხნელი E.

169. 7 გაჰზარდოს] გაზარდოს CDE; 11 სთქვა] თქვა CDE; ბძანებ] ბძანებთ CD; 17 დასტრიალებდა+ასულიერებდა C; 20 სცემდა] ჰსცემდა CE; ჰკანკალებდა] კანკალებდა CDE; 21 ვიღაცას] ვიღასაც CE; 22 მიეცი] მიეც C; 23 მაგას] მაგრამ CD; 24 გულისათვის] გულისთვის CD; 25 დაირჩე] დაიხჩე CDE; მივცემ] მივსცემ CDE; 27 მოსცვივდა] მოჰსცვივდა CDE; ციმციმით] ციმციმათ CDE; 30 ჰკანკალებ] კანკალებ CDE; 34 აგერ] აგე CDE.

170. 2 მოჰშორებია] მოშორებია CDE; 5 გადაიტანა] გადიტანა C; 6 ვყოფილიყავ] ვყოფილვიყავ CDE; 7 ანაბარას] სინაბარას CD; გავუშვებდი] გაუშვებდიო CDE; რამეო] რამე CDE; 9 იკლავდი] იკლამდი CDE; ირჩობოდა] იხჩობოდა CDE; 10 შეჰხვდებოდი] შეხვდებოდი CD, შევხვდებოდით E; 14 შენს] შენ C, შენის E; გამაჩნია] გამაჩნივა C; 18 შენს] შენ CDE; 19 მკვდარსავით] მკდარსავით D, კვდარსავით C; 21 დედიჯან] დედაჯან CDE; 24 შამასწროს] შემაჰსწროს CDE; დღეს] დღესა C; შენის] შენი CDE; 26 მორჩენილი] მორჩომილი CDE; 28 ჰყოფილხარ] ყოფილხარ CDE; 31 არ არის] არ არი CDE; 32 ჭირნახულს] ჭირნახულსა CD; 33 მოჯექ] მოჯეგ CE.

171. 2 შვილი რომ] შვილი რო CDE; 3 შენს] შენ CDE; 4 საუკუნო] საუკუნოდ CDE; მაგას] მაგასა CDE; 5 ჩემი] ჩემის CDE; 7 აღელვებულ] აღელებულ CDE; მივცემოდი] მივჰსცემოდი CDE; 10 ის] ისა E; 11 სჯობია] ჰსჯობია CDE; ეხლა] ახლა CDE; 13 სჯობს] ჰსჯობს CDE; 15 სთქვას] თქვას CDE; 18 ამისი] ამისა CE; 23 ჰშვრება] შვრება CDE; 26 იქმონენ] იქმოდნენ A; იმისთვის] იმისათვის E; 27 საქმეს სახელზედ] საქმესა სახელზედა CDE; 32 ჰფიქრობდა] ფიქრობდა CDE; 33 მისცეს] მიჰსცეს C; 35 მისცა] მიჰსცა CDE.

172. 3 დასძლევს] დაჰსძლევს CDE; ქვეყნიერების] ქვეყნიერობის CDE; 4 ჰკითხულობს] კითხულობს CDE; 5 გონებას] გონებასა CE; საქმისათვის] საქმისათვის C; 6 ცუდის - C; 8 ფიქრადაც] ფიქრათაც CDE; 11 ვთქვი] ვჰსთქვი CDE; 15 საცოდაობას] საცოდავობას CD; 20 ვარსკვლავები] ვარსკლავები CD; სჩანან] ჰსჩანან CE, ჰჩანან D; სწერს] ჰსწერს CDE; 25 მიაჩნია] მიაჩნივა C; 26 გახსოვს] გახსომს C; 27 სჯობს] ჰსჯობს CDE; ნაძრახსა] ნაზრახსა DE; 29 მახსოვს] მახსომს C; 32 ბაშვსავით] ბავშვსავით DE.

173. 1 მე - D; 4 არა] არ D; 7 ირჩობა] იხჩობა CDE; 8 გულხელდაკრებილი] გულხელდაკრეფილი CE; 10 მისცემთ] მიჰსცემთ CDE; 13 გაჭირვებულის] გაჭირებულის CDE; 17 იესომ] იესომა CD; მწყურვალი] მწყურვალე D; 25 ჰხედავ] მხედავ C, ხედავ DE; 34 სჯობია] ჰსჯობია CDE.

174. 1 მისი] იმისი CDE; 4 დაღონებულადა] დაღონებულათა CDE; სთქვა] ჰსთქვა CDE; 5 ქუდადა] ქუდათა ACDE; 6 ქალამნადა] ქალამნათა CDE; 10 დღიდან] დღიდგან CDE; 11, 12 მოჰხვედრია] მოხვედრია CDE; 12 რასაკვირველია] რასაკვირელია E; 13 რადა] რათა CDE; 15 ყოველთვის] ყოველთვისა C; 20 გაიწიოს] გაიწივოს CDE; 21 რაღადა] რაღათა CDE; 24 მგონია+თავის C; 26 წასახალისებლადაც] წასახალისებლათაც CDE; 30 მკითხავ] მკითხამ CDE; იცოდეო] ვიცოდეო D.

175. 8 გამოუვა] ამოუვა CDE; 11 სდომებია] ჰსდომებია CDE; 16, 21 დიაღ] დიახ CDE; 30 მოებმის] მოემბის D, მოების A; 32 „მუშაკსა“ [ამ სიტყვით წყდება ჟურნ. „საქართველოს მოამბეში“ (1863, №1) დაბეჭდილი ტექსტი, რომელიც ჩვენ C ლიტერით გვაქვს აღნიშნული - ე. შ.].

176. 2 გაგიგრძელე] გაგიგძელე BDE; 11 ქვეყანასთან+მე BDE; 16 გამკიცხავ] გამკიცხამ BDE; 18 გაგვითავდა] აგვითავდა B; 19, 29 რომ] რო BDE; 30 მეორე] მეორეს BDE; გავსულიყავით] გავსულვიყავით BDE.

177. 2 ვაპირებთ] ვაპირობთ BDE; 6 ძლიერ] მეტად BDE; 15 კარგა] კარგი D; 18 მისცეს] მიჰსცეს BDE; 25 თუ ] - BDE; წავსულიყავ] წავსულვიყავ BDE; 28 ვთხოვე] ვჰსთხოვე BDE.

178. 1 ძნელი] ძნელ BD; 3 ჩვენი] ჩვენის DE; ბოლოში] ბოლოებში BDE; 8 რომ] რო BDE; 11 ნაღველში] ნაღველშია BDE; 13 რაღაცას] რაღასაც B; 14 რომ] რო BDE; 19 მოჰშორებია] მოშორებია BDE; 24 რომ] რო BD.

179. 1 რომ] რო BD; 2 ჩაითვლებოდა] დაისახებოდა BD; 3 სთქვას] თქვას BD; 4 მინახავდა] მინახამდა BDE; 8 ძირობაზედ] პირობაზედ DE; არა სჯობდა] არ ჰსჯობდა BE, არა ჰსჯობდა D; 9 რომ] რო BDE; ყარაბაღულ] ყარაბახულ D; 10 ყველაფერით] ყველაფრით DE; 11 სჭირდა] ჰსჭირდა BDE, 12 არ] არა D; 13 ამისთანაებში] იმისთანაებში DE; 14 ვისმე] ვისიმე DE; 16 გასდებდა] გაზდებდა BDE; 18 თავის ნათესავსაც] დასა და ძმას B, არავის D; 19 დაინახავდა] დაინახამდა BDE; 23 დავუმიწებდი] დაუმიწებდი DE; 24 მხარბეჭს] მხარბეჭსა BDE; 26 ყველაფერში] ყოველფერში BDE; 30 რაღას] რაღასა D; 32 მემღვრეოდა] მემღვრევოდა BDE.

180. 2 შევეპუე] შევეპოვე BD; 7 ჩემს] ჩემ BDE; 10 დაქვრივებულს] დაქვრიებულს B; პეპიას] პეპიასა D; 11 სთხოვა] ჰსთხოვა BDE; თითქოს] თითქო BDE; 16 ლერწამს] ლელწამს BD; 19 მოვკარი] მოვჰკარი DE; 23 მისცემოდა] მიჰსცემოდა BDE; 24 ოცდაერთის] ოცდაერთი DE; 25 - 26 ჩემ... ვიყავ - BD; 25 ჩემ] ჩემს E; 26 თვალად-ტანადაც] თვალად-ტანად B, თვალად-ტანად არც D; არაფერი+მე BD; 29 ამომივიდა] ამოვიდა E; 31 ისე - BDE; პირქუშო] პირმქუშო BDE; 33 მოვდიოდი] მოვიდოდი E; ორღობეში] ორღობებში D; რომ] რო DE.

181. 2 ეს ამოდენა] ის BDE; 3 ვაჟიკაცი] ვაჟკაცი BD; 4 მოვიკრიბე] მოვიკრიფე BDE; 6 შველი] მშველი ADE; 7 აღარ] არ BDE; 8 ფეხაკრეფით] ფეხაკრებით B; 9 მივაძახე] მივძახე BD; 11 მიგარბენინებს] მიგარბეინებს B; მიგარბევინებს A; 19 შევუშინდი] შეუშინდი BD; 23 ღმერთმან] ღმერთმა D; 26 წმინდაა+რომ D; 28 ფეხთქვეშ] ფეხთქვეშა BDE; 29 სანაცვლოდ] სანაცლოდ DE; 32 ვთქვი] ვსთქვი BDE; 33 აღარ სჩანდა] აღარა ჩანდა DE; სჩანდა] ჩანდა E; 34 ტბა-თვალში] ტბა-თვალშია BDE; ბედმან] ბედმა D.

182. 4 რომ] რო BDE; 8 დახსნა] დასხნა D; 10 უგუნურ] უგუნური BDE; ტრედივითა] მტრედივითა E; 11 ჩემი] ჩემის BDE; 13 რომ] რამ B; რამ - DE; 14 მოვეშვი] მოვეშვევი BD; 18 ჩემის] ჩემ BDE; დამღუპავ] დამღუპამ BDE; 20 რამე] რამ DE; 21 გამიფრთხეს] გამიფთხეს BDE; 25 ველი] გელი B; 28 შენის] შენი E; 31 რომ] რო BDE; 34 ჩემი] ჩემის BDE.

183. 1 გამწკრივებული] გამწკვრივებული BD; 3 დამიღამა+მე ის BD; 4 მითხრა+იმან BD; 7, 19 რომ] რო BDE; 14 სთქვა] თქვა BDE; 22 სცოდნია] ჰსცოდნია BDE; უბედურობის] უბედურების BDE; 23 ვეღარსად] ვეღარა B; წავიდა] წარვიდა BD; 24 წავიდა] წარვიდა BD; 25 მხედავთ] მხედამთ BDE.

184. 3 მიეწვია] მიეწვივა BD; 6 რომ] რო BDE; 7 დაშოშმანდა] დაშოშმინდა B; 15 რადა] რათა E; ავი] ვაი AE; 24 აჰფეთქდი] აფეთქდი B; 27 გამოუარე] გამაუარე B; 31 ჩაღრმავებულ] ჩაღრმავებულს BDE; 32 შემომცქეროდა] შემომცქერდა BD.

185. 3 ეგ] ეს BD; 4 შესცვლია] შეჰსცვლია BE, ჰსცვლია D; 8 რომ] რო [ორივე შემთხვევაში - ე. შ.] DE; 18 მისცეს] მიჰსცეს DE; 20 მოვეხვიე] მოვეხვივე D; 22 რომ] რო BDE; გარეთ] გარედ BDE; 23 გასცემ] გაჰსცემ BD; 26 ამ - B; [აქ ადრე ყოფილა „ჩემს“ შემდეგ გადაუხაზავს ავტორს], 28 რომ] რო D; სჯობდა] ჰსჯობდა BDE; 31 ორივე] ორივ BDE; 32 ვადევნოთ] ვადევნოთ BDE; ვთქვი] ვჰსთქვი BDE; 33 სწვიმდეს] წვიმდეს BDE.

186. 5 მოახლოვებული] მოახლოებული B; 6 რომ] რო BD; 8 ბნელ] ბნელს DE; 11 შემოქცეული] შამოქცეული DE; 16 იმის] იმისი BDE; 21 ჩამოგარჩობ] ჩამოგახჩობ BDE; 25 დედაკაცია] დედაკაცი დედაკაცია BD; 26 იმისი] იმის B; 31 გააგრძელა] გააგძელა BDE; 32 ვსთქვი] ვჰსთქვი BDE; 33 დამინებებიაო] დამინებებია BD; 34 გაირჯებაო] გაირჯები BD, გაირჯებიო E.

187. 1 შესძლო] შეჰსძლო BDE; 3 რომ] რო BDE; 9 გაბრიელსა] გაბრიელს BDE; 13 დიაღ] დიახ BDE; 16 არი] არის BD; 17 ჰლოცულობდა] ლოცულობდა BDE; ფეხაკრებით] ფეხაკრეფით E; 18 აქეთ] აქედ ABDE; ავეტუზე] ავეფარე D; 22 მართლისა] მართლისაო D; 26 გაემართა] გაიმართა BDE; მივაძახე] მივძახე BD; 30 მოსალაპარაკებელი] მოსალაპარაკები BD; 31 მაქვს+რამე D; 33 შენი] შენის BDE.

188. 1 თაობაზედა] თაობაზედ BD; 4 სძინავს] ჰსძინავს BDE; 7 რომ+მე შენთან BD; 9 შენის] შენი DE; 16 დამიწდეს] გამიწდეს BD; დამიწყდეს E; მოვუჭერ+მე BDE; 19 ჩასძვრენოდეს] ჩაჰსძვრენოდეს DE; 21 ჰხედავ] ხედავ DE; პირდაპირ] პირდაპირაც B; დიაღ] დიახ BDE; 23 საცოდაობაში] საცოდავობაში B; 30 საცოდაობამ] საცოდავობამ B; 32 ჰხედავს] ხედავს B, ხედავს, რომ DE; 33 იმისათვის] იმისთვის D.

189. 1 გაბრიელი] გაბრიელ BD, გაბრიელა E; 6 ჰნახავ] ნახავ BDE; 13 ჰბღავოდა] ბღავოდა DE; 17 - 18 შვილს ვკარგავ, შვილს] შვილსა ვკარგავ, შვილო DE; 18 ვიქნები] იქნები BD; 27 ჰხედავ] ხედავ BDE; 29 მე] მეც D; 32 ამისთანა] ამდენი BD; 33 გაჩენილ] გაჩენილს BD; 34 შენს] შენსა BDE.

190. 1 სევდამ] სევდამა D; 5 რომ ვნახე] რო ვნახე BDE; 7 რომ] რო BDE; 8 სწვიმს] BDE; 11 შენს] შენ BDE; 12 რომ] რო BDE; 19 ავულოკავ] ავულოკამ BDE; 21 საცოდაობით] საცოდავობით BD; 27 გაუფრთხილდე] გაუფთხილდე B; 29 დაგსუნთქავს] დაგსუნთქამს BDE; 33 და - B; 35 არაფერს] არას ფერს BD.

191. 1 რიღაცის] რიღასიც BDE; 4 ცოლქმრობის] ცოლ-ქრმობის D; 7 შემარჩინა] შემარჩუნა BDE; 11 სიხარულმა+ისე DE; 12 რომ] რო BDE; 15 სთქვი] თქვი BDE; 15, 19, 27 ცოლ-ქმრობა] ცოლ-ქრმობა D; 21 რომ] როს; 23 ცოლ-ქმრობის] ცოლ-ქრმობის D; რომ] რო BDE; 24 შევატყვე] შევატყე DE; 28 არა] არ D; 32 ჰშიშობ] შიშობ DE; 33 პირნათლადა] პირნათლად DE.

192. 10 წამოველ] წაველ E; 11 რომ] რო BD; 12 მბრწყინავი] ბრწყინავი DE; შეჰნატრიან] შენატრიან BDE; 16 ვყოფილიყავ] ვყოფილვიყავ BDE; 17 რომ] რო BDE; მოვმკვდარიყავ] მომკვდარვიყავ BDE; 23 გამაფრთხობინებს] გამაფრთხობინებს BE; 29 მისცემია] მიჰსცემია BDE; 33 გაფრთხობა] გაფთხობა BDE; სცოდნია] ჰსცოდნია BDE.

193. 2 რაჟრაჟ] რიჟრაჟს BD; 3 ლურჯ] ლურჯს BDE; 5, 13 რომ] რო BDE; ძმა რომ] ძმა რო DE; 14 გაფრთხობა] გაფთხობა BD; 19 რომ] რო DE; 19-20 რომ . . . იქით] დავინახე A; 21 მოსჯდომოდა] მოჰჯდომოდა DE; 23 ამშვენებდა] აშვენებდა BDE; 27 ეგ] ე BD; 28 ნეტავი] ნეტა BD; 31 მოიკატუნე] მაიკატუნე BD; მომიტანა] მამიტანა BDE; 32 ადამიანო, რას] ადამიანო DE; 33 რომ] რო BDE.

194. 1 მომიკვდეს] მამიკვდეს BDE; 4, 10 რომ] რო BDE; 6 ცხადივ ამბობ] ცხადივ ანბობ E; რაებს] რეებს BDE; 7 რეგვენს] რეგვენ D; 10 სთქვა] ჰსთქვა E, თქვა D; 11 სარეცხს სრესა] სრესა სარეცხსა BD; სარეცხსა - E, რომ - BD; 17 სთქვა] თქვა BD, ჰსთქვა E; 18 რომ] რო BDE; 21 დამეხსენ] დამესხენ E; 27 სთხოვდები] თხოვდები BD; 34 რომ] რო BDE. 195. 1 გატყობ] გეტყობა E; 3 ალმური] ალიმული BDE; 4 პასუხად] პასუხადა BD; 6 უნდა] უნდაო BDE; 7 შეირთავ] შეირთამ BDE; 9 შემოჰხედა] შემოხედა BDE; 15 მისწვდა] მიჰსწვდა B; 19 დამეხსენ] დემეხსენ D, დემესხენ E; 20 სთქვი] თქვი BDE; 23 დამეხსნები] დამესხნები E; 26 ჰთაკილობ] თაკილობ BDE; 30 იმისკენ] იმისაკენ DE; 34 შეგაბეროთ] შეგაბეროსთ BDE; შენს] შენ BD.

196. 2 ისე] ის E; 4 თუნდა] თუნდ DE; 6 შემასწრებს] შემაჰსწრობს BDE; 14 თქვენს] თქვენ DE; 19 ხანდისხან] ხანდიხან D; 24 ვთქვი] ვჰსთქვი BDE; 25 მეთქი - BD; 28 რამოდენიც] რამოდენაც DE; 29 გავიდა] გადიოდა B; 30 ველოდით] ველოდდით DE; 31 დაიწყებს] დაიწყობს BDE; 33 ვცდილიყავ] ვცდილვიყავ როგორმე BDE; 35 მიმტყუნა] მიმტუვნა BDE.

197. 5 მომიმწყვდია] მომიწყვდია DE; 7 ვიყავ] ვიყავი BDE; 9 შერმადინ] შარმადინ B; დაცინვით] დაცინებით BDE; 14 ეგ] ეს BD; 15 გავუჩენივარ] გაუჩენივარ E; ღმერთს] ღმერთსა BDE; 27 გამეხარდა] გამიხარდა D; 32 მგლოვიარედ] მგლოვიარეთ E.

198. 1 ჰყოფილხარ] ყოფილხარ BDE; 2 რადა] რათა E; 3 რომ] რო DE; 6 მზითევი] მზითები BD; 8 მზითევს] მზითებს BD; 10 იხსნებოდა] ისხნებოდა BE; 11 მზითევსაც] მზითებს B, მზითებსაც D; 13 სთქვი] ჰსთქვი BDE; 14 ვთქვი] ვჰსთქვი BDE; 20 შენთანა] შენთან B; 21 დამხსენ] დამსხენ BE; 30 აღარ] აღარა BDE; ჰხუმრობ] ხუმრობ BDE; 32 რომ] რო BDE.

199. 2 დაცინვით] დაცინებით BDE; 13 ცოლ-ქმრობის] ცოლ-ქრმობის DE; 27 დათიკოსაკენ] დათიკოსკენ D; 28 გამოცვივდნენ] გამოცვივდა BD; 31 მივცემოდი] მივეცი B; ამით მე - B; 33 დამჭერები] დამჭერლები BD; წავუვიდე] წაუვიდე D.

200. 2 უნამუსობას] უნამუსობაზედ BDE; 6, 17 რომ] რო BDE; 10 საწყალ] საწყალის DE; 15 დიანბეგი] დიამბეგი BDE; რომ] რო E; 16 აკეთებდი] აკეთებდით BDE; 18 ჰლაპარაკობდით] ლაპარაკობდით BDE; 19 მერე] მერმე BDE; 23 ვუამბე] უამბე DE; 27 ერთიანად] ერთიანათ E; 29 დიანბეგს] დიამბეგს B; 30 დიანბეგმა] დიამბეგმა B; 32 საძაგელ] საძაგელს DE.

201. 3 ადამიანის] ადამიანი BD; 5 მწვავეა] მწვავია DE; 7 მკლავდა და მკლავდა] მკლამდა და მკლამდა BDE; 13 ვიქცეოდი] ვიქცევოდი BDE; დამქროლავდა] დამქროლამდა BDE; 16 რომ] რო BDE; 17 რომ - B; რომ] რო DE; გავფუჭებულიყავ] გავფუჭებულვიყავ BDE; 25 უწმინდურ] უწმინდურს BDE; ოთახში] ოთახშია BDE; 26 მოსთვლის] მოჰსთვლის BDE; 28, 30 რომ] რო BDE; 30 უბრალობა] უბრალოება E.

202. 4 სამოთხეა] სამოთხე არის B; 8 წარღვნი] წარღვნამ B; 12 ველოდი] ველოდდი DE; 15 შემხსნეს] შემსხნეს BDE; 19 ხუთმეტიოდ] თხუთმეტიოდ D; 21 ბოლოს - B; 23 გრძელთეთრწვერა] გძელთეთრწვერა] DE.

203. 2 ეხლა] ახლა E; 3 დახსნისა] დასხნისა DE; 7 ვთქვათ] ვჰსთქვათ BDE; 8 რაღად+რაღად B; 13 სტირი] ჰსტირი BDE; 14 ჰღვრი] ღვრი BDE; 19 დამრჩენია-რა] დამრჩომია-რა BDE; 25 მობობღავდნენ] მობობღამდნენ BDE; 26 რომ]] რო DE.

204. 1 ხვალ] ხვალაო BDE; 2 გავცილდებითო] გადავცილდებითო D; 3 რომ] რო BD; 8 არის] არი [ორივე შემთხვევაში] BD; 9 გაქვს] გვაქვს BD; 11 სხვაგან] სხვა B; 19 დასცალებია] დაჰსცალებია, BDE; 20 დასჭყივლეს] დაჰსჭყივლეს BDE; 23 ასტეხეს] ატეხეს BDE; ალიაქოთში] ალიანქოთში BD; 24 დავეშვით] დევეშვით DE; 27 შესძლებია] შეჰსძლებია BDE; 28 რომ] რო BDE; 30 გვითხარი] გვითხარ B; 31 დაგვალოცვინე] დაგვალოცინე BD.

205. ბნელაში+სრულებით E; მიგვემალა+სრულიად BD; 3 შესძლო] შეჰსძლო BDE; 4 ჰთაკილობდა] თაკილობდა BDE; მომინდა] მამინდა DE; 5 ჩავედით] ჩავედი BD; 7 რიჟრაჟზედ] ირაჟრაჟზედ E; 8 კარგად] კარგათ D; მზე ... გამომეღვიძა - A; 9 არ] არა B; 11 წავსულიყავი] წავსულვიყავი BDE; 12 არას] არრას D; 15 იმედმა] იმედი BD; ნუგეში - BD; არსაიდამ+არ BDE; 22 აღარა] აღარ BD; ვარ - B; ქვეყნისათვის] ქვეყნისთვის BD; 23 გულისთვის] გულისათვის B; 24 გულისთვის] გულისათვის BDE; 28 რომ] რო BDE; 30 ჩემზედ] ჩემზე D.

206. 2 მოიცვლი] მაიცვლი DE; 4 აქეთ-იქით] აქედ-იქით ABE; ზვერა] მზერა DE; 5 მოჰხუოდა] მოხუოდა BDE; აქეთ] აქედ ABDE; 8 უშიშრად] უშიშარად BD; მივუხტი] მიუხტი DE; 9 რომ] რო BDE; შევატყე++რო BDE; 16 შევუტივე] შეუტივე DE; 18 მოგიკვდეს] მომიკვდეს A; 19 რომ ჰნახა] რო ნახა BDE; 29 გაიძრე] გაიძერ DE; 33 ბევრს] ბევრ B; ჰლაპარაკობ] ლაპარაკობ BDE.

207. 11 ერთი] ერთის BDE; 13 გამოვქუსლე] გამოვჰქუსლე BDE; 18 ორი] ორის B; 19 გამოვუძეღ] გამოვუძეხ BDE; 20 მესამე] მესამეს B; 21 სჭამდა] ჰსჭამდა BDE; 22 სვამდა] ჰსვამდა BDE; 24 ძლივძლივობით] ძლივძლიობით BDE; 30 გადაიხარა] გადახრილი იყო BD; ჰფეთქავდა] ფეთქამდა BDE; 31 დავუჯექ] დავუჯეგ BDE; უშველებელს] უშველებელის BDE; 32 წვერზედა] წვერზედ BDE; 33 ჰღუოდა] ღუოდა BDE; 35 ბავშვი] ბაშვი BD.

208. 1 გარშემო] გარეშემო D; ჩვენ გარდა] ჩვენს გარდა E; 5 რომ] რო BDE; 7 ჰნახო] ნახო BDE; 26 თავის] თავისი DE; 30 წაწყმდეს] წაწყმნდეს BDE; 31 სამყოფელო] სამყოფელი BDE; 34 კიდევ] კიდე E.

209. 5 ამ - B; 8 ნაქენჯნი] ნაქეჯნი E; 15 ხმლითა] ხლმითა DE; 18 კელაპტარი] კელამპტარი D; 20 გულჩათუთქული] გულჩათუთქვილი D; მოვაჯექ] მოვაჯეგ DE; 24 ქნა] ქმნა DE; 25 დამიდინჯდა] დამიდინჯა E.

210. 5 ორს წუთს] ორი წუთით BD; 8 მოსაფიქრებლად] მოსაფიქრებელად BD; რამდენადაც] რამდენათაც B; 9 ჩემს] ჩემ DE; 15 დავიხსნა] დავისხნა E; 24 ბრაზმორეული] ბრაზმოსული E; 30 ჩემ] ჩემს BDE; 31 მომელოდეს] მომელოდდეს DE; 32 დეე] დაე BDE [ორჯერ]; 34 ჰხედავს] ხედავს BDE.

211. 1 დავუთმე] დაუთმე E; 5 ჩემ] ჩემს BDE; 8 გადვუშალე] გადუშალე BDE; 11 წინათვე] წინადვე BDE; 15 ჩამოველ] ჩამოვედი BDE; 17 მოსასვლელი] მოსავლელი DE; დავუჯერე] დაუჯერე; 18 გამოვწიე] გამოვწივე BDE; 24 ჭამა დავიწყე] ჭამას მოვყევ BDE; 25 რომ] რო BDE; 26 ერთიც] ერთი DE; 34 რომ] რო BDE.

212. 4 მომაძახა] მომძახა DE; მკერდზე] მკერდზედ BDE; 7 მოშორდა] მოჰშორდა E; 9 მკითხავ] მკითხამ BD; სტიროდა] ტიროდა BDE; 13 აღარ] აღარა BDE; 17 გამოვვარდი] გამოვარდი E; 18 გარეთ] გარედ BDE; 19 გამოვწიე] გამოვჰსწიე BDE; 20 თაობაზე] თაობაზედ BDE; სრულიად] სრულად BDE; 28 შევყროდით] შევხვედროდით DE; 31 გავძარცვე] გავცარცვე E; 34 გაფრთხილებულიყო] გაფთხილებულიყო BDE.

213. 2 ძარცვა] ცარცვა E; 3 მოჰხდა] მოხდა BDE; 5 ერეოდათ] აერევოდათ BD, ერევოდათ E; 6, 8 გაძარცვა] გაცარცვა E; 7 შემიკრავდნენ] შემიკრამდნენ B; იმავე] იმავ B; 8 სამი] სამის BDE; 9 დაებნეოდათ] დაებნევოდათ B; მიჰხვდნენ] მიხვდნენ BDE; 11 რომ] რო BDE; წმიდა] წმინდა D; ჯვარს] ჯვარი DE; 12 დამიჭერდა+და DE; 14 ჰნახეთ] ნახეთ BDE; 17 დღეც] დღე D; 18 შევხვდით] შევხდით D; 21 ვიჯექ] ვიჯეგ D; 23 რომ] რო BDE; 25 მოკაზმული] მოკმაზული BDE; სჩანს] ჰსჩანს BDE; 26 რომ] რო BD; 31 იმან] მან D.

214. 2 თავზედ] თავზე DE; 4 დავეცი] დავეც BDE; 7 მოასწრო] მაასწრო BDE; ხმლის] ხლმის BDE; 9 დავეცით] დავეცენით BD; 12 ძლივღა] ძლივსღა B; ჰფეთქავდა] ფეთქამდა BDE; 16 ქვეშსაგებში] ქვეშაგებში DE; 17 შერმადინობა] შარმადინობა B; 18 იყავ] იყავი B; 23 არის] არი BD; 26 ჰყოფილხარ] ყოფილხარ BDE; 29, 31 რომ] რო BDE; 29 გითხარი] გითხარით DE; 31 დაგვიხსენი] დაგვისხენ E.

215. 1 ჰხედავ] ხედავ BDE; დღისათვისა] დღისთვისა D; 6 ვნანობ] ვინანი BDE; 8 დასცალდა] დაჰსცალდა BDE; 12 მისი] იმისი DE; შევჯექ] შევჯეგ BDE; 13 იმისი] იმის E; 17 ვძარცვავდი] გავძარცვავდი (გავცარცვავდი E). ხოლმე DE; 20 შევეჩვიე] შევეჩვივე DE; 22 ვიშოვნი] ვიშოვნიდი E; 26 გამოვწიე] გამოვწივე BDE.

216. 2 მუშაობისათვის+კი B; 3 ქვეშსაგებად] ქვეშაგებად BDE; 7 აქეთ] აქედ ABDE; 9 აქეთ] აქედ ABD; წამოვედი] წამოვედ DE; 11 თუმანიც სართი] თუმანი სართიც BD; ვირჩინე] ვირჩუნე BD; 14 ჰხედავთ] ხედავთ BDE; 15 მოვაღწიე] მოვახწიე BDE; 16 მოსწყდება] მოჰსწყდება B; 18 აქეთ] აქედ ABDE; 20 მიჰხვდება] მიხვდება BDE; 26 გულუტკივრად] გულუტკივარად BDE; 27 ვეთხოვები] ვესალმები DE; ქვეყანას] ქვეყანასა DE; 28 მემადლება-რა] მემადლებოდა რა E; 30 ნაამბობი] ნაანბობი D; 32 ჩემი] ჩემის BDE; ნათლიმამისკენ] ნათლიმამისაკენ D.

217. 5 დაუნიშნავთ] დაუნიშნავთო DE; 6 სწვევია] ჰსწვევიაო BDE; 7 მოჰხდა] მოხდა BDE; 9 წავედი] გადავედი D; 12 დასტუქსა] დაჰსტუქსა BDE; 13 დიაკვანიც] დიაკვანი BDE; 14 გამოიყოლია] გამოიყოლა BDE; 17 ბეწვზედა] ბეწვზედაღა BD, ბეწვზედღა E; 19 ცეცხლსავით+ისევ სიცოცხლით BD; 22 ის] ისა BDE; რასაც+ის D; ჰხედავდა] ხედავდა BDE; 23 ხილვასა] ხილვასაო DE; 24 ჰხედავსო] ხედავსო DE; 27 მე გამიკვირდა] ჯერ დაუწერია „ჩვენ გაგვიკვირდა“, შემდეგ „ჩვენ“ გადაუსწორებია „მე“-დ, ხოლო „გაგვიკვირდა“ შეუსწორებელი დარჩენია B; ვთქვი] ვჰსთქვი BDE; 30 წმიდა] წმინდა DE.

218. 9 შენ] შენს BD; 14 მადლსა] მადლს B; 22 სახეზედ] სახეზედა BDE; ჩაუვარდა+და B; თითონ] თვითონ BDE; 23 იყო] იყოვო BDE; საცოდაობის] საცოდავობის BDE; გასცა] გაჰსცა BDE; 24 ზიარებისთვის] ზიარებისათვის DE; 26 გლახამ] გლახამა BD; 29 გამიძარცვავს] გამიცარცვავს B.

219. 1 ჰლაპარაკობდა] ლაპარაკობდა BDE; 3-4 ხორცი . . . დანთხეული - AE; 4 წმიდა] წმინდა BD; 5 სჭამე] ჰსჭამე B; სთქვა] ჰსთქვა BDE; 7 ჯვარცმულ] ჯვარცმულსა BDE; წარმოსთქვა] წარმოჰსთქვა DE; 9 წმიდა] წმინდა DE; 11 წარმოსთქვა] წარმოჰსთქვა BDE; 13 მოსავი] მესავი BDE; 17 მხსნელსა] მსხნელსა D; 19 წმიდა] წმინდა BDE; 22 მისივე] მისვე DE; 28 ხანდისხან] ხანდიხან D; შესწყვიტა] შეჰსწყვიტა BDE; 29 დასწვდა] დაჰსწვდა BDE; 31 დასცალდა] დაჰსცალდა BDE; დაჰსცალდა+თუმცა კაცის მკვლელი იყო, მაგრამ ყველამ იქ მდგომმა, ერთხმადა შენდობა და საუკუნოდ განსვენება ვუთხარით B.

3 მამა ალექსანდრე გავაცცი და მისი ქადაგება.

▲back to top


მამა ალექსანდრე გავაცცი და მისი ქადაგება.

(დობროლიუბოვის თხზულებიდამ)

1860 წ. სეკტემბრის ნახევარში ევროპიელი გაზეთები ბევრს ლაპარაკობდნენ გავაცციზედ - ამ უცნაურობით სავსე მქადაგებელზედ, რომელიც ნეაპოლში[1]. იყოლიებდა ხალხსა იმაზედ, რომ თავები მოამტვრიონ კარლო III და ფენდინანდო I-ის[2]. სტატუებსა და იმათ მაგიერ გარიბალდის და ვიკტორ-ემმანუელის[3] თავები მოადგან. გაზეთებში უფრო მეტი ნაწილი დასცინოდა გავაცცისა; ზოგი კიდევ იხსენიებდა დაუცინებლად, მაგრამ ისე კი, თითქო ამისთანა კაცსა ყურსაც არ ათხოვებსო, ყველამ იცოდა იმისი ვინაობა იმ სტატუებზედ უცნაურ დაჟინებისა გამო. უკანასკნელი ხსენება გავაცცისა იყო რაღაც ჭორი რომელიღაც ულტრამონტანის[4] გაზეთის კორრესპონდენტისაგანა[5] მოგონილი: ვითომც გავაცცის დაეწყოს ნეაპოლში პროტესტანტობის ქადაგება და ამის გამო უნდა გამოჰქცეოდა ხალხსა, რადგანაც ქვის სროლა აუტეხნიათ. ამისთანა ფაქტი, თუნდ რომ კიდეც მომხდარიყო გავაცცისათვის, რასაკვირველია, სამარცხვინო არ იქნებოდა: ყველამ ვიცით, რა საქმის გამოტყვრენამდინაც მიაღწევენ ხოლმე ნეაპოლიტანის თავხედი მორწმუნენი; მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ამბავი კუდგამობმულია და არეული იმიტომ, რომ გავაცცის ფიქრადაც არ მოსვლია პროტესტანტობის ქადაგება და არც იმათგანია, რომ ტყუილუბრალოდ ჰფანტოს სიტყვები სეკტების სხოლასტიკის[6] გულისთვის. ის ლაპარაკობდა ხოლმე პაპის საერო უფლების წინააღმდეგად, ლაპარაკობდა იმის წინააღმდეგ, რომ ხალხს მეტად უყვარს გარეგანი სამღთო წესი და სამღვდელოსა - ბოროტმოქმედება. მაგრამ ეს ყოველი, როგორც მერე ვნახავთ, სულაც არ იყო დამოკიდებული ლუტერის მცნებაებზედა, არამედ დამჯდარ გონების და ხალხის სიყვარულის ჩაგონებით იყო წარმომდგარი. ხალხმაც შეიტყო ფასი ამ უცნაურ მქადაგებელის ტალანტისა და ღვაწლისა. ამის ქადაგებების სახელი და ზედმოქმედება ასეთი ძლიერი იყო, რომ ამას დაუვარდებოდა თვით მონსენიორ დუპანლუცა, რომელშიაც ეხლა შეერთებულია, როგორც ვიცით, მთელი ენამჭევრობა ფენელონებისა, ბოსსუეტებისა, ფლეშიებისა და სხვა ფრანციის ეკკლესიის და კარის გამოჩენილ ორატორებისა. რამდენიმე თვის წინად სტენოგრაფიის (ქარაგმის) წერილებიდგან გადაიბეჭდნენ ამისი ქადაგებაები. როგორც თავის უცნაურ ხასიათითა, ისე თავის შინაგან ღირსებაებითა ისინი გვეჩვენნენ ჩვენ ჩვენის პუბლიკის რომელიმე ნაწილის ყურადღების ღირსად; ამის გამო გავბედავთ გავარჩიოთ ზოგიერთი მათგანი უფრო საჩინო და ზოგიერთი ალაგებიცა ვსთარგმნოთ. მაგრამ ჯერ უმჯობესია ვსთქვათ რამდენიმე სიტყვა თვით გავაცცის პიროვნებაზედ და იმის მქადაგებლობიურ მოღვაწეობის გარეგან მოწყობილობაზედ.

ვისაც ყური უდევნებია იტალიის მოძრაობისათვის, იმისთვის გავაცცის სახელი გუშინდელ დღიდგან არ უნდა იყოს გაგონილი. ის იყო მონაწილე 1848 და 1849 წ. საქმეებშია. ამას წინად კი, იტალიის მრავალ პატრიოტებისამებრ, ის სხვადასხვა ადგილებში ბინამოუკიდებლად დაიარებოდა, რაკი რომ ვერა ჰპოვა მოსვენება ბოლონიაში, რომელსაც ეკუთვნოდა თავის სამონაზონო ხარისხითა. 1848 წ. ის გამოჩნდა ვენეციაში, სადაც ჩვეულებრივ ცხოველის სიტყვით ამხნევებდა ხალხსა ავსტრიელებთან შებმისათვის. მოკლე ხანში იმისი პოპულიარობა[7] დიდად გაძლიერდა. დასამტკიცებლად შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი შემთხვევა: 1848 წ, მაისში ფერდინანდმა II,[8] რაკი ნახა, რომ საკმაოდ ილიბერალა, გაგზავნა ბძანება თავის ჯარების უკან დასაბრუნებლად, რომელიც ვითომც და ავსტრიელების საწინააღმდეგოდ იყვნენ გაგზავნილნი. ღენერალი პეპე არ დომულობდა ბძანების დამორჩილებასა, მაგრამ თავისთან ძლივს შეიკავა ორი თუ სამი ბატალიონი, დანარჩენი კი ღენერალ სტატელლოსთან ერთად წამოვიდა უკან ბრძანებისამებრ. გავაცცი, რომელიც იყო ტრევიზოში, გამოუდგა უკან ნეაპოლიტანელებს, ყური მოჰკრა თუ არა იმათ უკან დაბრუნების ამბავსა, ის დაეწია ჯარებსა მაშინ, როცა ისინი გადამხდარიყვნენ დიდის გზის შემდეგ დიდის მოსვენებისათვის. მაშინვე მივარდა გაცხარებული ბერი ღენერალსა, რომ დაუმტკიცოს საჭიროება და დააბრუნებინოს თავისი ჯარი, 15000 კაცისაგან შემდგარი, იტალიის თავისუფლების დასახსნელად. მაგრამ სტატელლომ და იმისმა თანაშემწეებმა არ დააცალეს მამა გავაცცის რომ ეთქვა რამე: გამოჩნდა თუ არა, მაშინვე გაიცა ბძანება, რომ იმ წამსვე აიყაროს ჯარი და თავის გზაზედ წავიდეს. ღენერლები შეშინდნენ, რომ თუ ვინიცობაა სალდათებისათვის ყურისგდების ნება მიეცათ, გავაცცი მართლა და გაიტაცებდა... საჯეროა, რომ სტატტელა და მის თანა შემწენი ისე პატივს არა ჰსცემდნენ ამ მქადაგებელის ტალანტსა, როგორც ამის პოპულიარობას, რომელიც ეგრე გარდამეტებით მოქმედებდა სალდათების გონებაზედა; მაგრამ ესე იყო, თუ არა, 15000 სალდათმა კი უფროსების ძალდატანებითა თავი დაანება საბანაკოსა და გამოექცა აჩქარებულის მარშით საშიშარ ბერ-მონაზონსა.

რაკი დაბრუნდა ვენეციაში, გავაცციმ დაიწყო გადაწყვეტილად და დიდის გამბედაობით გავრცელება ხალხში თავის აზრებისა. ის იყო ერთ დროს მოღვაწედ იქა რადიკალის[9] პარტიისა, რომელსაც დაერქვა სახელად „სახალხო კლუბი“. მაგრამ ზომისმოყვარე კაცები კი, რომელნიც ჯერ კიდევ იმედეულობდნენ ფერდინანდზედ, რომ წესიერად ცვლილებას შემოიტანს, ამბობდნენ, რომ გავაცცის ქადაგებაები მომეტებულად გამბედავნი და კადნიერნი არიან; თვით „კეთილწესიერობის კომიტეტმა“ არამც თუ აუკრძალა გავაცცის ქადაგება, არამედ ჰსთხოვა კიდეც ვენეციითგან გასვლა. ეს მოხდა 1848 წლის ბოლოს. გავაცცი გავიდა ვენეციითგან, მაგრამ მინამ გავიდოდა, ერთი გამწარებული წიგნი მისწერა მანინსა.[10] მანინმა მიუგო, რომ ძალიან ნანობს იმაზედ, რაც მოხდა, მაგრამ კი მამა გავაცციმ დროებით უნდა დაჰსთმოს თავისი აზრები და წადილები ამისათვის, რომა პატრიოტების საზოგადოობაში უთანხმობა არ ჩამოვარდეს, მერე მაშინ, როცა საყოველთავო ერთობა ყველაზედ უფრო საჭიროა მტრის საწინააღმდეგოდ. „სხვაფრივ - ათავებდა მანინი წიგნსა - როგორც უნდა შეიცვალნენ საკულაოდ თქვენი ფიქრები ჩემზედ, მე მაინც კიდევ არ მოვიშლი პატივი გცეთ თქვენ, როგორც იტალიის თავისუფლების მრავალ გულმოდგინე მოციქულებს შორის უპირატესს მოციქულსა.“

ამასობაში, როცა ვენეცია კრთებოდა და იქანცებოდა უიმედო ბრძოლის საშინელებაშია, რომში დღესასწაულობდა გამარჯვებული კიდური პარტია პატრიოტებისა. გავაცცი გაიქცა რომისაკენ. ჩვენდა სანანურად, გავაცცის მოღვაწეობაზედ რომში არაფერი ცნობა არა გვაქვს. მარტო ეს კი ვიცით, რომ ის იყო უგო ბასსის განუშორებელ მეგობრად და ერივა ამ მცირედთა რიცხვში, რომელნიც გადურჩნენ ავსტრიელებსა და გამოჰყვნენ გარიბალდის იმის სახელოვან გამობრუნების დროს. გავაცციმ მოასწრო გასვლა ანგლიაში და იქ, „დაუმოკიდებელ“ მქადაგებელის გინტონის შემწეობით, მიეცა შეძლება გაეგრძელებინა თავისი ორატორული მოღვაწეობა. მაშინ კი მართლა გამოჩნდა იმის ქადაგებაებშია განსხვავება რომის ეკკლესიის მცნებაებთანა. გავაცცი უფრო ემყარებოდა სამღთო წერილზედ, ვიდრე კათოლიკობის მოძღვრებაზედა და ხსნიდა სამღთო წერილსა ხალხისთვის საკეთილოდ უფრო, ვიდრე რომის სამღვდელოსათვის. ამისა გამო რამდენჯერმე შეურაცხად გახადეს თავხედ მორწმუნეთა, ნამეტნავად ირლანდიელებთაგანებმა. არ ვიცით ამ არეულობის გამო თუ თავის ნებითა - ის წავიდა მერე ამერიკაში. იქაც დიდი ხანი ქადაგობდა. აქაც კი არაერთხელ შეხვდებოდა ხოლმე ძახილი განძვინებისა, დაშტვენა და მუქარება, მაგრამ ის თავის საქმეს თავს არ ანებებდა. ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ რიცხვი გავაცცის თანაამყოლთა ყოველთვის მეტი და ძლიერი იქმნებოდა ხოლმე უკმაყოფილო პარტიაზედა.

1860 წ. გავაცცი გამოჩნდა პალერმოში, მესსინაში[11] ნეაპოლში გარიბალდის და იმის კოლონტერების დაუშორებლად და გაუყრელად. როცა საჭირო იყო, გავაცცი მიიღებდა ხოლმე მონაწილეობას ომებშია, ის ასულდგმარებდა და ახალისებდა მეომრებსა მგზავრობაში, ის მიმართამდა ხოლმე სიტყვას ხალხისაკენ, როცა პატრიოტები შედიოდნენ ქალაქშია. ამ სახით, რამდენიმე ხანი დაიყოლიებდა და ამხნევებდა ხალხსა პალერმოში და მესსინაში; ამ სახით, შეიქმნა ხალხის ახალ საჭიროების და მოვალეობის ჩამაგონებელად ნეაპოლში.

მოღვაწეობა გავაცცისა ნეაპოლში ჰსწარმოებდა გარიბალდის იქ ყოფნის მთელ დროშია. ამის მერედ არაფერი აღარ ისმის ამაზედა. უსათუოდ ვერ მოემარჯვა ყოფნა და ჩაგონება ხალხისა ნეაპოლში, როცა იქ თვით „გარიბალდის ღიმნიცა“ შეიქმნა აკრძალულ ნივთად და მთავრობის წინააღდგომის ნიშნათა[12]

უკანასკნელ დროს გავაცციმ ხელი მიჰყო ლიტერატურას. ორის თვის წინად გამოვიდა იმის თხზულება პაპის საერო უფლების წინააღმდეგი: „Roma tutta dell/Italia“.

ეხლა, რაკი შევუდგებით გავაცცის მოძღვრობის გარჩევასა, ვიტყვით, რომ სიტყვიერების საზღვარში არა გვგონია ყოფილიყო რამ იმის ქადაგებაებზედ უფრო გამოსადეგი ახალ მთავრობის დამკვიდრებისათვის, თუ რომ მთავრობას შეჰსძლებოდა კარგად გაეგო თავისი ჭეშმარიტი მიქცევ-მოქცევა და მოვალეობა ხალხისადმი. გავაცცი არც ერთ სიტყვით თავის დღეში არ გადაჰსდგომია ამ გარიბალდის პროგრამმასა: „იტალია და ვიკტორ-ემმანუელი“. ის იქნებოდა ჩინებულ შუამავლად ხალხის წადილის და ახალ მთავრობის მოთხოვნილობის შორის; იმას შეეძლო თავის ზედმოქმედებითა დიდად შეჰსწევოდა სამხრეთის იტალიაში ახალ-წესიერების გაპოპულიარებასა. გავაცცის ქადაგებათა გარჩევა გვაჩვენებს ჩვენ იმის წადილთა მიმართვის და მოთხოვნილების არსსა; იმის ზედმოქმედების ძალაზედ კი უკეთესი მოწამე იქნება ის, რა სახითაც მიიღებოდნენ ხოლმე იმისი სიტყვები ნეაპოლშია.

გავაცცი, პირველ ქრისტიანეთა მქადაგებელთსავით, საცა მოხვდებოდა, იქ ქადაგობდა. ტაძარი, ქუჩა, მოედანი, თეატრი, ყოველი ადგილი, საცა კი მსმენელები იყვნენ - იმას ემარჯვებოდა და ეკეთილებოდა. ნეაპოლში იმისი საყვარელი ადგილი იყო „Largo del Palazzo, San Francesco, di Paolo“ საყდრის წინ, სასახლესთან და კარლო III, ფერდინანდო I სტატუებთან, რომლებზედაც უცნ-აური დაჟინება იგი ისე მოულოდნელად შეიქმნა მქადაგებელის სახელის გავარდნის მიზეზად. გავაცცის ქადაგებაების დრო წი-ნადვე გამოცხადდებოდა ხოლმე და ყოველთვის მოსასმენელად შეგროვდებოდა უშველებელი გროვა ხალხისა. ტაშისცემა, ძახ-ილი: ბრავო! ჰო! არა viva Italia! Viva Garibaldi! და სხვ.დასხვ. - ხშირად გააწყვეტინებდნენ ხოლმე მქადაგებელს სიტყვასა. ხანდის-ხან იმისი სიტყვა თითქო ბაასად გადიქცეოდა ხოლმე, ხან კიდევ სიტყვის მაგიერ ერთ როგორღაც მოიხმარებდა ან თავს, ან ხელს და ამით კრებაში აღძრავდა ერთ საყოველთავო მხიარულებასა. ესე ყოველიფერი ძალიან საჩინოდ ეწინააღმდეგება მას, რასაც ჩვენ ქადაგებას ვეძახით. ე.ი. სიტყვას, რომელიც მიმართულია სამღვდელო კაცისაგან ერის კაცისაკენ. ხოლო იმათთვის, ვისაც არ მოეწონება ამისთანა „გაკადნიერება სასულიერო კათედრისა“, ვიტყვით, რომ ამისთანა ხასიათის ქადაგებანი იტალიაში და ნამეტნავად ნეაპოლში არამც თუ საოცრად მიაჩნიათ, არამედ უფრო მიღებულია. შემდეგ ვიტყვით ამაზედ რამდენიმე სიტყვას; ეხლა კი წინ ვასწრებთ თქმასა, რომ გარეგანი ფორმა გავაცცის სიტყვებისა, რარიგ უცნაურათაც რო გვეჩვენოს ჩვენ, მაინც კიდევ არ მიეწერება სრულიად მარტო ამასა. გავაცცის და თავისი ქვეყნის სხვა მქადაგებლებს შორის უმთავრესი განსხვავება გარეგანი ფორმა კი არ იყო, არამედ შიგმდებარება იმის ქადაგებაებისა. შიგმდებარების არსი კიდევ მისთანა არის, რომ იმას მოუხდებოდა ყოველი ადგილი და ყოველი დრო, ოღონდ მსენელი კი ყოფილიყვნენ. როცა გადასხნილ ცის ქვეშ ვერა ხერხდებოდა ხალხის მოგროვება ავდარის გამო, გავაცცი შევიდოდა საყდარში. ესე, რამდენიმე სიტყვა წარმოჰსთქვა del carmine-ს ეკკლესიაში. როცა უნდოდა მიემართა სიტყვა იმ კაცებისაკენ, რომელნიც არ მოდიოდნენ Largo del Palazzo-ს მოედანზედ. გავაცცი გაჰსწევდა იქით, საცა იმათი კრება ეგულებოდა. ესე მივიდა Piazza Marcatello-ზედ, რომ დაიყოლოს baraccani ლაძარონები[13] ერთ ნეაპოლის დიდ ნაწილისა, რომელნიც ყველაზედ უფრო დიდხანს ჭოჭმანობდნენ ბურბონებისაგან გადადგომასა. როცა ხალხი შეგროვდებოდა ხოლმე რომელიმე თამაშისათვის, გავაცცი იქაც წავიდოდა თავის ცხოველ სიტყვითა: ესე არაერთხელ უქადაგნია იმას თეატრშია...

ერთხელ, ეს იყო სან-კარლოს თეატრშია, არდგენდნენ რაღაც ბალეტსა. პირველი მოქმედება გათავდა. უეცრად ერთ ლოჟაში გამოჩნდა ჯმუხი ბერ-მონაზონი, წითური წვერითა, ნახევარსამხედრო და ნახევარ-სამონაზნო მორთულობითა, - ეს იყო გავაცცი. ამან აცნობა გარიბალდიელების რაღაც ამბავი და დაუწყო ლაპარაკი შემოგროვილ პუბლიკასა იტალიაზედ, იმის საჭიროებაზედ და ყოველ კაცის მოვალეობაზედ მამულისადმი. ყველამ ყური მიუპყრა, თვით წარმომადგენელებმა, ქალმა თუ კაცმა, ახადეს ფარდა და მოგროვდნენ სცენის ნაპირზედ, რომ ყური მოჰკრან ცნობის ღირს ქადაგებასა.

მეორედ გამოჩნდა კიდევ ფრანციზულ თეატრში, ნეაპოლში, ის-ის იყო მოსულიყო ჯარებიდამ, რომელთაც ომი გადეხადნათ კაპუასთან[14]. წითელი გარიბალდიური პერანგი ანაფორას ქვეშ, კეპი თავზედ სამონაზონო თავსახურავის მაგიერ, ხმალი გვერზედ და რევოლვერი სარტყელში - ძალიან არ უნდა გაჰკვირებოდათ იმ დროს ნეაპოლში. მხოლოდ ერთმა გავაცცის გამოცხადებამ თეატრში მიიზიდა ყველას ყურადღება, იმიტომ, რომ ის-ის იყო მოვიდა ბრძოლიდამა. ამ სახით გათავდა თუ არა პირველი მოქმედება, გავაცცი წამოდგა თავის ლოჟიდამა, - და მქადაგებელის ხმოვანი, მკვიდრი, აღტაცებული სიტყვა წარმომადგენელთა დეკლამაციის სამაგიეროდ შეიქმნა. ლაპარაკობდა იგი კაპუსთან შებმაზედ, მამულზედ, თავისუფლებაზედ. ლაპარაკობდა დიდხანს და მოუთმენელი პუბლიკა ნეაპოლისა ყურს უგდებდა მოთმინებით, ხარბობით და აღტაცებით იქამდინ, რომ დაივიწყა წარმოდგენა ... როცა გავაცციმ სიტყვა გაათავა, იმპრესსარიო[15] გამოვიდა სცენაზედ და თქვა, რომ რადგანაც კომედიის გათავებისათვის ცოტა დროღა დარჩა, ცუდი არ იქნება, თუ პუბლიკა ნებას დართავს კომედიის მაგიერად გარიბალდის ღიმნი იყოს. ასტყდა ერთი საშინელი ტაშისცება, კიჟინა და evviva! გარიბალდის ღიმნი იგალობეს - და ერთი აღტაცებული გრიალი მთელის პუბლიკისა გალობას ზედ მისდევდა.

ეს აღტაცება არ დაიკარგა უნაყოფო ძახილშია. გავაცციმ იცოდა იმისი გაღვიძება და ამასთანავე იცოდა გამოყენებაცა: მქადაგებელის კეპიმ შემოიარა მთელი თეატრი და ავსებული ჯარების შესაწევარ ფულითა დაუბრუნდა პატრონსა. ეგ კიდევ არაფერი. გამოსახა რა მდგომარეობა ჯარებისა, თქვა, რომ დაჭრილებს წყლულების შესახვევი ტილო აკლიათ და მიუბრუნდა ქალებს თხოვნითა, რომ შეეწიონ. მეორე დილას დაუგროვეს ტილოს ხვავები.

ამისთანა საქმემდინ ის ხშირად მიაღწევდა ხოლმე. ერთხელ მოედანზე დაიღაღადა თუ არა, მსწრაფლ კათედრისაკენ გადმოუყარეს ხელსახოცები, ყოველგვარ საცვლით გატენილი ბოხჩები. იმისი კეპი ბევრჯელ აივსო ფულითა იმ ვოლონტერების[16] შესაწევრად, რომელნიც ეგრე თავგამოდებით იბრძოდნენ იტალიის თავისუფლებისათვის.

გავაცცი ერია იმ რვა თუ ათ კაცის რიცხვშია, რომელნიც შეჰყვნენ გარიბალდის 7-ს სეკტებმერსა ნეაპოლში. მოსვლისვე უმალ გარიბალდი წავიდა წმ. ჯენნაროს სობოროში, იმისათვის კი არა, რომა „Time-ის“ სურვილისამებრ, აიღოს და ხიმიკურად დაშალოს შენახული იმ სობოროში სახელოვანი „სისხლი წმ. ჯენნაროსი“, არამედ იმისათვის, რომ აღუსრულოს ღმერთსა სადღესასწაულო მადლობა ნეაპოლის განთავისუფლებისათვის. ხალხის შვილი და ხალხის მეგობარი - გარიბალდი არ მოინდომებდა პირველშივე შეურაცხჰყოს ხალხის სარწმუნოებითი წამება; იმისი სურვილი იყო ეჩვენებინა, რომ თითონ სრულებით არ არის სატანის მოციქული და არც წინამორბედი ანტიქრისტესი, როგორც ცდილობდნენ წარმოედგინათ რომის და ბურბონების გულშემატკივარ აბბატებსა და ბერ-მონაზონებსა. მივიდა თუ არა გარიბალდი სობოროში, კარები დაკეტილი დახვდა, ეგ კიდევ არ ეკმარებინათ: შესავალიცა ამოგებული იყო, სობოროს სამღვდელონი კი სულერთიანათ არხიეპისკოპოზის წასვლის შემდეგ მიმალულ-მომალულიყვნენ. მაშინ მამა გავაცცი გამოვიდა მთელის სამღვდელოს წარმომადგენელად: ხალხის და ნაციონალურ გვარდიის[17] შემწეობით გახსნა შესავალი, თითონ აღასრულა სამღთო მსახურება და ეკლესიაშივე მიულოცა იტალიის განმათავისუფლებელსა. ხალხი არაჩვეულებრივად კმაყოფილი დარჩა.

ამის შემდეგ გავაცცი ხდება იტალიის თავისუფლების და ერთიანობის დაუღალავ მისსიონერათა. 12 სეკტემბრიდან და ოკტომბრის მომეტებულ ნაწილის განმავლობაში, როცა კი მარჯვე შემთხვევა მოეცემოდა, ის თითქმის ყოველდღე წარმოჰსთქვამდა ხოლმე კარგა გრძელ სიტყვასა ხალხთანა. შეუძლებელია, რომ იმისი ქადაგებაები წინად იყოს შეთხზული, სულ ყოველი ქადაგება იმპროვიზაცია[18] იყო. ეს რომ მივიღოთ მხედველობაში, უნდა ვაღიაროთ, რომ გავაცცი მეტად გამოჩენილი ორატორია. მართალია, ხანდისხან იგი ასცილდება ხოლმე თავის უმთავრესს საგანსა, ერთ და იგივეს იმეორებს, ან უალაგო ალაგას დააბოლოვებს, ან კიდევ მომეტებულად გააგძელებს; მართალია, ყოველ ქადაგებაში ძალიან ემცნევა მტკიცე ერთობის ნაკლებულობა მოწყობაში და გადახტომაები, რომელიც ღრმად ნაფიქრებ სიტყვაშია არ მიიღებიან; მაგრამ ამის გარეითად კი იმის ქადაგებაში, თითქმის დაბეჭდილშიაც, თქვენა ხედავთ ცხოველ სიტყვის კვალსა, თითქო გესმით ხმა კაცისა, რომელიც თქვენთან ლაპარაკობს და არა კითხულობს კი წინათვე გაზეპირებულ რვეულსა რაღაც გაშეშებულ ხმითა. ამის გარდა, თქვენ ნახავთ გავაცცის ქადაგებაში, რომ მეტად ნათლად ესმის საქმის ვითარება, და მეტად მოახერხებს ხოლმე საქმეს ზედმოაწყოს მოთხოვნილობა საზოგადო ზნეობისა, როელიც ყოველ მოქალაქისათვის აუცილებელი ვალია.

არის გავაცცის სიტყვებში ბევრი რამ მკაფიო, თითქმის კადნიერიცა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ იგი ლაპარაობდა განთავისუფლების პირველ დღებში იმ ხალხთან, რომელიცა ისის იყო გამოვიდა ბნელ დესპოტობიდამა, რომელიცა ამოდენა წელიწადს მიწასთან ასწორებდა. ამასთანავე ესეც უნდა შევნიშნოთ, რომ თუმცა მართალია, ბურბონებზედ, პაპზედ, ავსტრიაზედ და ღერცოგებზედ მოუხმარია ზოგიერთი ფრაზები მეტისმეტი უცერემონიო, მაგრამ გავაცცი სულ არ არის იმისთანა ალარმისტი[19], როგორც უნდოდათ წარმოედგინათ ზოგიერთ კლერიკალის ჟურნალებსა. წინააღმდეგ ამისა, იმის ქადაგებაშია ჩვენა ვხედამთ მიტევებასა და მშვიდობიანობის სიტყვასაცა, ხალხის დამამშვიდებელ და გამაგონიერებელ დამტკიცებასაცა. მაგრამ უფრო კარგი იქნება, რომ თვით იმის ქადაგებას მივმართოთ.

12 სეკტემბერს გავაცცი გამოვიდა San Francesco di Paolo-ს მოედანზედა. უთვალავი ხალხი ელოდდა იმასა და მიეგება დიდის ტაშისცემითა. გავაცცი რამდენიმე ხანს დადგა ხმაამოუღებლად, მძულვარედ შემოავლო თვალი ბურბონების სასახლესა და სტატუებსა, რომელიც იდგნენ მოედანზედ, მერე წაიკითხა თავის ხმოვან და ძლიერ ხმითა საყდარზედ ზედ წაწერილი: „D.O.M. Francesco di Paolo Ferdinandus I ex voto A.D. MDCCCXVI“. ეს აიღო საგნად ქადაგებისა. გავაცციმ დაიწყო:

„ეს ზედწარწერილი, ეს სტატუები, ეს სასახლე ყველაფერი მაგონებს მე ბურბონებსა. სადღა არიან ისინი, ჩვენი ბურბონები? რა იქმნა ეს ბაიყუში გვარი, რომელშიაც მამიდამ შვილზედ ღირსეულად გადადიოდა მეტი სახელი: „ყუმბარა“. ყველაფერი სავსეა იმათ სახსოვრებითა ამ მოედანზედა, რომელიც თუმცა უხერხოა სმენისათვის, მაგრამ მაინც კიდევ ძალად ამოვირჩივე ეს ალაგი უფრო იმიტომ, რომ ეს მოედანი ჩემზედ უფრო მაღლად ლაპარაკობს ბურბონებზედ ... სადღა არიან ისინი, ჩვენი მფლობელები? რა მაღლად იდგნენ! ერთმა შებერვამ ... მარტო ერთმა ...და ისინი ჩამოცვივდნენ (ხალხში ტაშისცემაა), ისინი ჩამოცვივდნენ სამუდამოდ ... (აღტაცებული ტაშისცემაა) თავის დღეში აღარ იმეფებს ეგ წყეული თესლი! ... მთელ ევროპიის დესპოტებში ყველაზედ საცოდავი ბურბონების თესლია, - მთელ ბურბონების თესლში ყველაზედ უხეირო ფესვი - ისპანიისაა და ყველაზედ დამპალი შტო ისპანიის ფესვისა - ეგ ნეაპოლიტანის ბურბონები არიან! შორს ჩვენგან, ბურბონებო! (მთელი ხალხი იძახის: ბრავო შორს ჩვენგან, ბურბონებო!). ამხანად კი მადლობა ღმერთს თავი დაგვანებეს გადაწყვეტილად (ხალხში მხიარულებაა). ეხლა იმათთვის აღარ იქნება არც ვენის და არც ვერონის ტრაკტატები[20] იმათი დაბრუნება ნეაპოლში აღარაფერს შეუძლიან: არც ღალატსა, არც ორგულობას, არც პატიობას ...ხალხმა და ხალხის გმირმა გაყარეს ბურბონები ...მაშ, შორს ჩვენგან, ბურბონებო!.. (ხალხი, როგორც ერთი კაცი, რამდენჯერმე გრიალებს: შორს ჩვენგან, შორს ბურბონებო!) ... ჩვენ დავიწყეთ საქმე და ჩვენ მოვუღებთ ბოლოსაცა ... მხოლოდ უნდა ზოგიერთი რამ გავაკეთოთ, რომ ბოლო მოვუღოთ ...

„მე არა ვხედავ საჭიროდ, რომ ბოლოს მოღებისათვის სრულიად გავანადგუროთ იმათი სახსოვარი თვით მონუმენტებშიაცა და დავათხიოთ ჩვენი შურისძიების ბალღამი იმათ სტატუებსა. სიცილიაში, სადაც მაგათს სტატუებს არაფერი ხელოვნური ღირსება არა ჰქონდა, რასაკვირველია, ძალიან კარგადა ჰქმნეს, რომ ქვა ქვაზედ არ გაუშვეს (ხალხში მოწონების ძახილია) ... ჩვენ კი ნუ გავხდებით XIX ის საუკუნის ვანდალებად[21], ჩვენ შევიწყალოთ ეს სტატუები იმის პატივისცემის გამო, რომ ესენი არიან შექმნილნი ჩვენის უდიდეს სკულპტორისა - კანოვისაგან. აი ესა (დაანახვა თითით კარლო III სტატუაზედ) წარმოადგენს უხეირო კაცსა, რომელმაც, უნდა ვსთქვათ, შემთხვევით გააკეთა ზოგიერთი რამ საკეთილო ნეაპოლისათვის და რომელმაც, დააგდო რა ბაშვად აი ეს საზიზღარი ჭია (თითით აჩვენა ფერდინანდზედ), ამბობენ უთხრაო თავის მინისტრებს: „რასაც თქვენ მაგისაგან გააკეთებთ - ეგ ის იქნებაო“. ამ უკანასკნელ სტატუას კანოვას გაკეთებული რომ არ იყოს, გასამტვერებლათაც მოვიწადინებდი, ამიტომ, რომ ეგ ყველაზედ უარესი მწვალებელი იყო ნეაპოლისა წარსულის საუკუნეში. რომ ვსთქვა, რომ კაცმა შეიძლო სახრჩობელაზედ ჩამოკიდება იმისთანა მამულისშვილებისა, როგორც კარაჩჩოლო, მარიო, პაგანო და ჩირილლო, - რომ ვსთქვა, მითომ მითქვამს, რომ თვით იგი ღირსია ასის სახრჩობელისა და იმისი სტატუა - ასის შეურაცხყოფისა - სულერთია (ხალხში ხანგრძლივი ტაშის ცემაა)...თუმცა ეგრეა, - მაგრამ დაე ეს სტატუაც დარჩეს ჩვენ ანტონიო კანოვას პატივისცემისათვის“

„მაგრამ რომაელები სულაც არ იყვნენ ვანდალებად, როცა ჩვენ დაგვიგდეს ერთი კარგი მაგალითი: რაკი რომ უნდოდათ დაეცვათ ხელოვნება ნერონის, კალიგულასი, ღელიოგაბალის [22] სტატუებშია. იმათ მოამტვრიეს თავები და სხვის თავები მიუგდეს ამ ვეშაპების ტანებსა. ღმერთო! (გავაცცი გაჩუმებული რამდენიმე ხანს დგას, უძრავად გულხელდაკრეფილი) ... რომ თავები მოვაშოროთ ჩვენცა ამ სტატუებსა - კანოვის ნაწარმოები მაგითი ხომ არ დაშავდება? ამათ თავების სამაგიეროდ, რომელნიც მოგვაჩვენებენ ორს საზარელს ტირანებსა, რომელნიცა ვითომც გმირათაც არიან მორთულნი და გმირობა კი სრულიად არ უხდებათ, რომ მათ მხრებზედ დავასვენოთ თავი კოროლისა - პატიოსან კაცის (galautuomo) ვიკტორ-ემმანუელის და რევოლუციის და ჩვენის განთავისუფლების გმირის იოსებ გარიბალდისა? (ხალხში დამაყრუებელი ტაშისცემაა), უკეთესი სამკაული და დამამშვენებელი რამ შეიძლებაღა მოიგონოს კაცმა ამ მოედნისათვის, რომელსაც დღეის იქით უნდა დაერქვას „იტალიის ხალხობის“ მოედნის სახელი?

„იტალიის ხალხობა“ არსდება, ბატონებო! მაგრამ ჯერ კიდევ არ დაარსებულა! მე ვიცი, ვინც კარგად დაიწყობს, იმას ვითამც ნახევარი საქმეც გაუთავებია; მაგრამ მე მახსოვს აგრეთვე სიტყვაც ჩვენთვის ჯვარცმულის ღვთისა, რომ ვინც გუთანს ხელს მოჰკიდებს, უკან იყურება და საქმესა ჰსწყვეტს, ის არ არის ღირსი სასუფეველისაო.

„აი, ჩვენთვის ეს რას ნიშნავს: თუ ჩვენ დავსჯერდებით მარტო ნეაპოლის და სიცილიის განთავისუფლებასა და არ ვიფიქრებთ დანარჩენ იტალიაზედაცა, რომელიც ისევ მონებაშია, ნეაპოლიც და სიცილიაც ისევ მონების ქვეშ ჩაცვივიან. უნდა გავათავოთ, უნდა შევასრულოთ აღგინება იტალიისა. ალპებიდგან ლილიბეამდიმ, სიცილიიდგან ტრიდენტამდინ ჩვენ უნდა ვიყვნეთ ან ერთი ოჯახი, ან სულ არაფერი“ (ხმამაღლივი ტაშისცემა)[23].

რომ გავშინჯოთ არსებითი ნაწილი პირველ ქადაგებისა, ჩვენ ვპოულობთ მასში საოცარ და პრაკტიკულ მოხერხებას ილაპარაკოს სახელდობრივ იმაზედ, რაც საჭიროა და ისე, როგორც საჭიროა, დროების და გარემოების მიხედვითა. განთავისუფლების პირველ დღეებში ნეაპოლიტანელები, რასაკვირველია, იყვნენ აღტაცებულნი სიხარულითა და მიხწეულნი ეფიქრათ კიდეც, რომ ყოველისფერი გათავდა, რომ ისინი ეხლა უნდა მხოლოდ სტკბებოდნენ თავისუფლების ნაყოფით, რომელიც მოიწია ეგრე ადვილად და შემოვიდა რაღაც სასწაულის ძალითა. გარიბალდი ძალიან საჭიროდ რაცხდა შთაეგონებინა ნეაპოლიტანელებისათვის, რომ საქმე ჯერ არ გათავებულა, რომ იმათ უნდა გაჰსწიონ სხვა ახალი მეცადინეობა და ჯაფა იტალიის თავისუფლების მკვიდრად დამყარებისათვის. ამის ჩაგონებას თავდაპირველადვე ხელი მიჰყო გავაცციმაცა. ის რაკი რომ აჩვენებს ხალხსა იმას, რარიგ ძმურად უშველიათ ნეაპოლიტანელებისათვის იტალიის შვილებსა, ის მერე დიდის ოსტატობით უხალისებს მსმენელებს გრძნობასა და მას შემდეგ უმტკიცებს, რომ უნდა უშველოს იმათაც, ვინც კიდევ მონებაში არიან, უმტკიცებს, რომ დიდად საჭიროა ბოლომდინ მიიყვანონ ბრძოლა თავისუფლებისათვის. მაგრამ ნეაპოლიტანელები, დიდისხნის მონების და კირთების ქვეშ ყოფნისა გამო, რადგანაც თავის თავსაც აღარ ენდობოდნენ და ამის გამო, როგორც ყოველთვის იქნება ხოლმე, გულგრილად უყურებდნენ ყველაფერ იმას, რაც კი პირდაპირ იმათ არ შეეხებოდა, - ამისთვის გავაცცი განსაკუთრებით დაჟინებითა ელაპარაკება იმათ იმაზედ, რა რიგი ძლიერი და დიდი ღონე არის ერთობაშია და რარიგად შეუძლიან განყოფასა დაბრკოლება წარმატებისა და დაღუპვა იმისი, რაც კი ნაშოვნი და მოგებული არის. ორატორი ემუდარება, აფიცებს თავის მსმენელებსა, რომ სხვის შველაზედ ნუ ექნებათ იმედი, და თვითონვე ხელი მიჰყონ საქმესა და არა მარტო ნეაპოლის, ანუ სიცილიის საქმე, არამედ მთელი ერთიან იტალიის საქმე - მიიჩნივონ და მიიღონ, როგორც თავისი საკუთარი საქმე. დასასრულ აჩვენებს იმ ღონისძიებასაც კი, რომლითაც შეიძლება წახალისება ხალხში მხნეობისა და თავისუფლების სიყვარულისა. ამ ღონისძიებაზედ რომ ლაპარაკობს, გავაცცი იხსენიებს ქალებს, ღვდლებსა და გაზეთებსა. დასასრული იმის სიტყვისა შეადგენს იტალიის ერთობის, გარიბალდის და ვიკტორ-ემმანუელის რაღაც რამ დიდების მეტყველების მგზავსსა.

ამრიგად არის შედგენილი გავაცცის პირველი სიტყვა, რომლის დასაწყისიც ზემოთა ვჰსთარგმნეთ. იმისი ჩამაგონებელი, რჩევის სიტყვა ხშირად განკიცხვის სიტყვისაკენ გადუქცევს და მაშინ ყველაზედ მომეტებულად წინააღმდეგად აღუდგება ხოლმე სამღვდელოსა და პაპა-კოროლსა; ეს, როგორც ვხედავთ, დიდხარისხიან მნიშვნელობის საგნები არიან, სრულიად ღირსნი, რომ ნეაპოლში განთავისუფლებულ ხალხისათვის სათქმელს პირველს ქადაგებაშივე მოექცეს განსაკუთრებითი ყურადღება. როგორც ამ შემთხვევაში, ისე სხვაშიაცა, გავაცცი იმ საოცარ ოსტატობით არის გამოჩენილი, რომ ხალხს პირდაპირ ეტყვის ჭეშმარიტს მართალსა და არ აუშლის ხოლმე ჟინებსა და ჯავრსა. ღირს, მაგალითებრ, წასაკითხად, როგორ ოსტატურად უმტკიცებს ნეაპოლიტანელებს, რომ ისინი ვერაფერს ვერ იქმოდნენ მარტო თავის საკუთარის ძალითა, თუ სხვა იტალიანელებიც არ შეჰსწევოდნენ, რომ გამოცდილება, სამართალი, მადლობის გადახდა მოითხოვს სხვებისათვისაც ამათ ისე იწარმოვონ, როგორც იწარმოვეს ამათთვის სხვებმა. რაკი რომ უთხრა, „რომ ერთობა აზრისა და მოქმედებისა არის იმათი მადლობის გადამხდელი მოვალეობა, და რომ მაგას მოითხოვს, როგორც საკუთარი იმათი ინტერესი, ისე საჭიროება საზოგადო“, ორატორი ამბობს შემდეგს:

„რამდენიმე თვის წინად მე შევიტყე კიდეც სარევოლუციო მოძრაობა, რომელიც ჩნდებოდა ნეაპოლში; მერე ცხადად წარმოდგა სიცილიის წინააღდგომაცა. მართალის გულითა ვჰსთქვათ: მითამ სიცილიამ საკუთარის ძალით გაიმარჯვა? ცხადია, რომ არა. წინააღდგომა სიცილიისა იყო მხურვალე, პატიოსნური, ძლიერი, ყველაფერზედ მზად უკანასკნელ სისხლის წვეთის დაწურამდინა. მაგრამ მარტო რომ ყოფილიყვნენ, თავგამოდებულნი სიცილიის გმირები უღონოდ შეიქმნებოდნენ ამ საზარელ ბურბონის გაწყობილ სამხედროსთანა! და თქვენც თითონ, ძენო ვეზუვისანო, თუმცა თქვენ გამოგივლიათ ყოველი ტანჯვა, რაც კი რამ სულსა, გულსა და ადამიანის გვამსა შეუძლიან გამოვლა საზარელ მართებლობისაგან, რომელსაც ღირსეულად ეძახიან „ღვთის-უარყოფასა“, ე.ი. სატანის მართებლობას, თვით გეენნის განხორციელებას ფერდინანდოს და ფრანჩესკოს სახეშია - თქვენ თითონ კი შეგეძლოთ აგესრულებინათ რჯულიერი შურისძიება თქვენი? მარტო თქვენ შეგეძლოთ განა გაგენადგურებინათ ტახტი იმ დემონისა და გადარჩომილ იყავით ავაზაკების და ჯალათების საზარელ უღელსა? არა, არ შეგეძლოთ. ვინ მისცა სიცილიის წინააღდგომასა დღესასწაულობა და სახელოვანი გამარჯვება? ვინ დააგვირგვინა ტრიუმფით[24] ნეაპოლიტანის რევოლუცია? კაცმა... არა - ანგელოზმა, ღვთისაგან მოვლენილმა, გმირთა გმირმა გარიბალდიმა (ხალხში ძახილია: viva Garibaldi!). გარიბალდი რომ არ ყოფილიყო, ქვეყანა ორთავე - სიცილიისა იქნებოდა, აქამდისინაც ბორკილებში შეჭედილი. იმისკენ, იმისკენ უნდა მიიქცეს ჩვენი გულის მადლობა. მაშ, ღმერთმა ადღეგრძელოს გარიბალდი! (ხალხი რამდენჯერმე ამავე ძახილს იმეორებს). სიცილიის ლაშქრობაში განა ვინ დასდევდა თანა გარიბალდისა? განა კალაბრიიდამ ნეაპოლამდე ვინ გაჰყვა თანა? იტალიის ყმაწვილკაცობა... ყოველ იტალიის მაზრებიდგან, არც ერთი მაზრა არ დარჩა უამისოდ. მოესმათ ამათ - ამ ვაჟკაცებ ჭაბუკებსა - ტანჯულთა კვნესა, წინააღდგომილთა ძახილი და მაშინვე დაუტევეს, უფრო ბევრსა მაინცა, თავისი მშვიდობიანი ყოფა-ცხოვრება, თავისი სიამოვნება, თავის ჭაბუკობის სიყვავილე, სიმდიდრე, კეთილცხოვრება, ბრწყინვალება, გართვა... ეს ყველაფერი მოიტანეს მსხვერპლად... დაიძახა თუ არა გარიბალდიმ, ისინი გაცვივდნენ იტალიის საშველად! თვალწინა ჰქონდათ - არა ჯილდოები, არა პატივი, არა ადგილები, არამედ ტანჯვა, ნაკლებობა, დაქანცვა... მაგრამ კი იმათ გაიმარჯვეს! მარსალაში[25] გადმოსვლიდამ ნეაპოლში შემოსვლამდე მიმავლობა ჩვენის გარიბალდისა იყო გაუწყვეტელი ტრიუმფი ... მართლა, რომ გარიბალდი ყოველთვისაც გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ იმის სახითა გამოდის ბრძოლაშია თვით ვაჟკაცობა, პატიოსნება, სამართალი, ერთის სიტყვით - საქმე ღვთისა, რადგანაც საქმე ხალხისა არის საქმე ღვთისა! მაშ, ღმერთმა ყოვეთვის ძლევით შემოსოს თავისი მოციქული! (ტაშისცემა).

„აი, როგორცა ხედავთ, - ჩვენის მამულის იტალიის ყოველ მხარემა გამოგიგზავნათ თქვენ დამხსნელები და იმათ შემწეობით თქვენ ლიბერალებმა და თქვენმა ნაციონალურ გვარდიამა შეიძლო და მოახდინა ვაჟკაცობის სასაწაული!.. ეს განთავისუფლება, რომელიც სხვა იტალიის მხარეთაგან მოვიდა თქვენთან, კისრად გადებთ მადლობის გადახდის უსამღთოესს მოვალეობასა. თქვენ ვერ გადიხდით მაგ მადლობასა - ვერც ლექსებითა, ვერც გალობითა, ვერც მუზიკითა, ვერც თეატრებითა, ვერც ბალებითა, ვერც დღეობებითა, ვერც სადილებითა... არა, თქვენ მოვალეობას გადიხდით ლეგიონებითა[26], თოფებითა, ცხენებითა და ზარბაზნებითა; გადიხდით მაშინ, როცა თქვენ თითონ იბრძოლებთ სხვა იტალიის მხარეთათვის, რომელნიც ეხლა კიდევ მონებაში არიან (ბრავისსიმო!.. Viva Italia!..), რომელნიც თქვენთვის იბრძოდნენ და სისხლსა ღვრიდნენ, ისინი ითხოვენ ეხლა, რომ თქვენც იმათთვის იბრძოლოთ და სისხლი დაღვაროთ! აბა ყური დაუგდეთ იმ ვოლონტერების დალაპარაკსა, რომლებითაც თქვენი მშვენიერი ქალაქი სავსეა, აბა ყური დაუგდეთ, თუ ლაპარაკშივე არ შეამცნივოთ, რომ ბევრნი არიან პიემონტიდამაც[27] გენუიდამაც ამ ბედნიერ მაზრების შვილები, რომელნიც კარლ ალბერტის[28] კონსტიტუციის[29] დღიდგან თავისუფლობენ. ამათ, რომ ვთქვათ თავისთავად „აი 12 წელიწადია კიდეც, რაც ჩვენ ვჰსტკბებით თავისუფლების ნაყოფითა; რა გაჭირება გვაქს, რომ თავები უმსხვერპლოთ სიცილიელებსა და ნეაპოლიტანებსა?“ ეს რომ ეთქვათ, აღარ გექნებოდათ თქვენ შემწეობა პიემონტელებისა და გენუელებისა!.. მაგრამ მაინც კიდევ ლაპარაკში ემცნევათ, რომ ისინიც ეხლა აქ არიან... თქვენ ლაპარაკში ატყობთ, რომ აქ, ამათ გარდა, არიან ლომბარდილებიც, რომანიელებიც, ტოსკანელებიც[30], რომელნიც თავისუფალნი არიან მას შემდეგ, რაკი შეერთდნენ ახალს იტალიის საკოროლოსთან. იმათ რომ თავის თავათ ეთქვათ: „ჩვენ ეხლა შევუერთდით პიემონტსა, ჩვენა ვჰსტკბებით იტალიის თავისუფლების ნაყოფითა, ჩვენ რა დავა გვაქს ნეაპოლის და სიცილიის თავისუფლებასთანა“, მაშინ გექნებოდათღა იმათი შემწეობა?.. ვენეციელები?..[31] აბა ყური ადევნეთ იმათ გამოთქვმასა, ან უფრო უკეთ - მაგ საწყალ, შავბედისას, ტანჯულ, მომაკვდავ, მაგრამ ყოველთვის პატიოსან და სულგრძელ ვენეციის ვოლონტერების რამდენიმე გამოთქმასა. „ვაი, მე ჯერ კიდევ ბორკილგაყრილი ვარ - შორიდამ გეძახით ვენეცია - მე ხორცს ვიგლეჯ ავსტრიელის უღლის ქვეშა... მაგრამ მაინც კიდევ ვგზავნი ჩემ უკეთესს ყმაწვილკაცობასა ნეაპოლის და სიცილიის განსათავისუფლებლად, რომ სიცილიაც და ნეაპოლიც თავის რიგზედ მოვიდეს და განმათავისუფლოს მეცა საწყალი წამებული, ერთ დროს ადრიატიკის დედოფლად ყოფილი.“ (ხალხში აღტაცებული ძახილია ვენეციაზედ).

„მაშასადამე, მადლობის გადასახდელად საჭიროა ყველა შევერთდეთ ერთ ნაციონალურ გრძნობითა... ხოლო ჩვენი ნაციონალური გრძნობა მდგომარეობს ამ ლოზუნგში[32]: იტალია თავისუფალი ალპებიდამ... არა ადრიატიკამდე, არამედ ალპებიდამ ლილიბეამდე...[33] მთელი იტალია, მთელი... უცხოსაგან თავისუფალი... ვინც რომ უნდა იყოს ის უცხო... (ტაშისცემა).

„ამას გარდა, თუნდ რომ მადლის გადახდა არც კი იყოს ჩვენს გულში, თვით ყველას ინტერესი ამას გვეტყვის. ინტერესს კი ყველა დაიცავს ხოლმე... თომას აქვინელი[34] ამბობს, რომ ინტერესი არ იყოსო, ჩვენ ღმერთიც არ გვეყვარებოდაო. „რისთვის ვემსახურებით და გვიყვარს იგი? ჰკითხავს თავის თავს სახელოვანი მოძღვარი - იმიტომ, რომ მოველით იმისაგან ზეციერს სასუფეველსა. ამ სახით ღვთის და ჩვენ შორის საქმეებშიაც კი ინტერესი გაირევა ხოლმე. რადგანაც ამ საგანზედ ჩვენ ყველანი ადვილად შევიძლებთ დათანხმებასა, მე ვიტყვი, რომ ჩვენ ეხლა უნდა ვიყვნეთ ყველანი იტალიენელებად ჩვენის ინტერესისათვის მაინცა, რომ სხვა არაფერი იყოს. იტალიანელებმა ბოლოს გამოაჩინეს ერთი დიდი ჭეშმარიტება, რომ რაც უფრო მჭიდროდ არის კავშირი ნაციებს შორის, მით უფრო მტკიცეა კავშირი ყოველ გარეშე ქვეყნის მოქალაქეთა შორისაც, რომ თუ ხალხები ერთ პირზედ არ დგანან და ერთმანეთის თანხმანი არ არიან, ის გამოდის, რაც გამოვიდა 1848 წ., როცა კროატები[35] იყვნენ ვენგერების წინააღმდეგად, ვენგერები კიდევ ცოტად მაინც იტალიანელებისა, მაშინ იმითი გათავდა საქმე, რომ ხელმეორედ ავსტრიამ ყველაფერი ფეხქვეშ ამოიდო... დიახ, ვაი იმას, ვისაც არ ესმის თავისი მოვალეობა და მხვედრი წილი საერთო საქმეშია... საერთო საქმე ჩვენი ყველასათვის ერთია, ჩვენ გვინდა აღვადგინოთ იტალია! მაშ, ერთ პირზედ დავდგეთ ყველანი, შევადგინოთ ერთი ხალხი! პავლე მოციქული გვეუბნება ჩვენ, რომ როცა ერთი ასო რამე სნეულია ტანზედაო, მაშინ ყველა ასოები იმის გამო იტანჯებიანო. ძნელი გასაგები კი არ არის ეს ჩვენთვის, რომ თუ ვენეცია დარჩება ისევ მონობაში და რომის ქვეყნების ნაწილი კირთების ქვეშა, იტალია ჯერ კიდევ არ იქნება იტალიად, რომ ჩვენ უთუოდ უნდა გავარღვიოთ ბორკილის უკანასკნელი ჯაჭვი, რომელიცა იმას დედამიწასთან ასწორებს! საქმე ჩვენს საკუთარს ინტერესზედ ტრიალებს: თუ ანტონის ცეცხლი დავაგდეთ ტანის რომელიმე ასოზედ, თუნდ ნეკზედაცა, ის თანდათან მოეკიდება ხოლმე მაჯასა, ხელსა, მხარსა, მთელ ტანსა - და კაციცა კვდება... სწორედ ეგრეა აქაცა: დააგდეთ ვენეცია დამონებულად, - მთელი იტალიაც ხელახლად მონებაში ჩავარდება!.. მაშასადამე, ჩვენი საკუთარი სარგებლობაც კი მოითხოვს, რომ განვთავისუფლდეთ ყველანი და ყველანიც ვიქნებით განთავისუფლებულნი!..

„რომ სხვაზედა გვქონდეს იმედი, რომ ისინი მოვლენ და მოაგვარებენ იტალიის საქმესა, - ეგ მეტისმეტი იმედი იქნება, ჩემო მეგობრებო! იტალია დი პლომატიისათვის ისეთი საშიშარია, რომ დიპლომატია იმისათვის არ დაიჩარჩება და გაირჯება. ჩვენ თითონ უნდა მოვაგვაროთ იტალია ვილლა-ფრანკიურად[36] კი არა, იტალიანურად, მეგობარნო ჩემნო... ეს იმასა ნიშნავს, რომ ჩვენ იტალიის შეკრულობა კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ერთობა, - ერთობა და არა შეკრულობა. შეკრულობა კონფედერაციას[37] ჰქვიან - პაპასთან, ფრანჩესკინო ტოსკანის დიდ ღერცოგთან, ავსტრიის იმპერატორთან და ვიკტორ-ემმანუელთან, - საუცხოვო შეკრულობაა, განა ჩემო მეგობრებო? ძველ დროში მამის მკვლელსა ტომარაში ჩააგდებდნენ ხოლმე მამალთან და ძაღლთან, მაიმუნთან და გველთან ერთად, და პირს გადუკერამდნენ ტომარასა, მშვენიერი კრება აბა ის იქნებოდა!.. ვიკტორ-ემმანუელს არავინ არ მოუკლამს, მაგრამ მაინც კიდევ მამალზედ, ძაღლზედ, გველზედ და მაიმუნზედ უფრო უარესებთანა უნდოდათ ჩაეგდოთ.

„ჩვენ არ გვინდა ჩვენ კეთილ ვიკტორ-ემმანუელისათვის მაგისთანა კამპანია - არა, ჩემო მეგობრებო? მაშასადამე, არც შეკრულობა გვდომებია. შეკრულობა - თავის დღეში, თავის დღეში, თავის დღეში ნუ გვენდომება! ერთობა, ერთობა, ერთი იტალია კი ყოველთვისა! (ხმამაღლივი eviva იტალიის ერთობისა, ვიკტორემმანუელისა).

თქვენ ხომ არ დაივიწყებთ ამ განსხვავებასა? ესეც იცოდეთ, რომ თუ კარგად მოინდომებთ იმას, რაც თქვენთვის საჭიროა, ყველაფერი ეგე მოგეცემათ. ჩემთვის საკმაოა, ჩემ თავად, რომ იტალიელებმა მხოლოდ მოინდომონ კი - და ის, რასაც კი მოინდომებენ - გაკეთდება. უცხონი ჩვენზედ ბევრს ცუდს ლაპარაკობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ომი არ ვიცით - ჩვენ აკი ომი გავსწიეთ; ამბობდნენ, რომ აღარა გვაქვს იმოდენა სიკეთე, რომ დავიბრუნოთ ჩვენი თავისუფლება - და ისიც დავიბრუნეთ; გვარწმუნებდნენ, რომ ჩვენ ვერ მოვახერხებთ გონიერად და ზომიერად გამარჯვება გამოვიყენოთ - მაგრამ კი გამარჯვებაშიაც ჩვენ დავრჩით მშვიდობიანად და თავი შევიმაგრეთ, გვარწმუნებდნენ, რომ თუნდ რომ კიდეც მიგვეღო კონსტიტუციის წესი და რიგი, ჩვენ ვერ მოვახერხებთ ის შევიმაგროთ - და აი შევიმაგრეთ კიდეც; ბოლოს ყვიროდნენ, რომ ჩვენ იმოდენად ხეირი არა გვაქვს, რომ უარვყოთ მუნიციპალობის[38] მიმართულებანი, წინააღმდეგობა და შური ქალაქებ შორის - და აი ჩვენ კი თავი დავანებეთ მუნიცი პალობასაცა, ყოველ წვრილმან და კერძობითს მტრობასაცა... მაშასადამე, ჩვენ უცხო ხალხებს დავანახვეთ, რომ შეგვიძლიან ვიყოთ იტალიანელები, - იტალიანელები - ღმერთო ჩემო - ამ საოცარ ცითა, ამ მზითა, რომელიც იმათ ზემოდამა დაჰნათის, თავის სულითა, გულითა და მკლავითა - პირველია, - დიახ, პირველი, პირველი ხალხთა ქვეყნიერობაზედ! (საშინელი evviva).

„ეხლა ჩვენ უნდა მტკიცედ ჩავინერგოთ ჩვენში ნაციონალური გრძნობა; უნდა დავიწყოთ ყოფნა და ცნობა იტალიანელებად. როცა თქვენა ჰკითხამთ რომელსამე ფრანცუზსა, საიდამა ხარო? ის მოგიგებთ ხოლმე: ფრანციიდამ; ერთი და იგივე პასუხი ყოველთვის გასკონელი იქნება, პროვანსელი[39], თუ რომელიმე სხვა საფრანგეთის მხრის შვილი; აგრეთვე ანგლიელიცა. ჰკითხამთ, - რომელ ქვეყნიდამა ხარ, ის გეტყვით: ანგლიიდამ. ვინა ხართ? ანგლიელი. ის არ გეტყვით თქვენა: მე ვარ გლაზგოდამა, მანჩესტერიდამა[40] ის მარტო გეტყვით: მე ვარ ანგლიელიო!..

„ეგრე უნდა იყოს ჩვენშიაცა. ჩვენ ამას იქით აღარა ვართ პიემონტელები, გენუელები, ლომბარდიელები, რომანიელები, ტოსკანელები, ნეაპოლიტანელები, სიცილიელები - ჩვენ ყველანი იტალიენელები ვართ. (ხალისიანი ტაშისცემა). „მაშ რომელია თქვენი მამული?“

ამ კითხვის შემდეგ ორატორი შედგა. მთელი ხალხი ერთის ხმითა აღტაცებული ყვირის: იტალია, იტალია!... მქადაგებელმა დაანება თავის ლაპარაკსა, მინამ ხალხი დამშვიდდებოდა, რაკი დამშვიდდა, ამაყად გასწორდა და აღტაცებით წამოიძახა: იტალია! მერე დაიწყო გავრცელება იმ იდეისა[41], იმაზედ, რომ რარიგად სასახელოა და საპატიო იტალიენელებისათვის, რომ იტალიას ეკუთვნიან, რარიგად ადვილად, თუკი ყველას ერთი აზრი ექნებათ, შეუძლიანთ მოი პოვონ პატივისცემა და მეგობრობა სხვა ხალხებისაცა. „რაკი რომ გვნახვენ, რომ ჩვენ შეერთებულნი ვართ, ამბობს იგი, უფრო პატივისცემას დაგვიწყობენ, ჩვენი შიშიც მიეცემათ, მერე მოინდომებენ ჩვენთან დამეგობრებასაცა, მერე შემწეობასაცა გვთხოვენ.“ აღძრა თუ არა ერთიანი ტაშისცემა ხალხშია ამ სიტყვებითა, ამის მერე მქადაგებელმა გამოუხატა მსმენელებს მოახლოებული მომავალი, რომელშიაც იტალია წარმოუდგინა ყოველ მიწასთან გასწორებულ ხალხობის განმათავისუფლებლად და დამფარველად. ახალი ტაშისცემა გაიმართა ხალხშია და ახალი სიტყვა ორატორისა კვლავ დაუბრუნდა იტალიანელების ნაციონალურ გრძნობასა და ითხოვა, რომ ყველანი შეერთდნენ, გაყარონ ბურბონები, ავსტრიელები და პაპი-კოროლი...

ახსენა პაპი თუ არა, უთუოდ შეატყო ნიშნები დამზადებულ უკმაყოფილებისა, რომ გავაცციმა ამრიგად დაიწყო:

„ბატონებო! მე არ დამვიწყებია, რომ ნეაპოლში ვლაპარაკობ და კარგათაც ვიცი, რომ ბევრს თქვენგანსა ააშფოთებს კიდეც იდეა პაპის დათხოვნისა რომიდამა.

„გადაჰსჯერდით და დაიმშვიდეთ თქვენი სინიდისი. ფიქრათაც არავისა აქვს პაპის ხელის ხლება. პაპი! არავის არ უნდა შეეხოს თვით მის უწმინდაესის პიროვნების ბეწვსაცა! დაე პაპი, თუ სურვილი აქვს, ბძანდებოდეს რომშია - მარტო იყოს კი რომის ეპისკოპოზად, არავინ ხმასაცა არ ამოიღებს ამის წინააღმდეგ. მაგრამ კოროლად კი? კოროლად (ხალხში ძახილია: ნუ! ნუ! ნუ!) ჩვენ აღარ გვინდა, რომ ის იყოს კოროლად. დაე ღვდელი ღვდლად დარჩეს და იყოს პიო IX, და დაე კოროლი კოროლად შეიქმნეს და იყოს ვიქტორ-ემმანუელი!...

„მაგრამ კი, რომ სრულიად დავამშვიდო ზოგიერთი ეჭვიანი კაცი (ხალხში სიცილია), მე შევეხები ამ საგანსა ქრისტიანობის თვალის გაშინჯვითა და სამღთო წერილის აზრითა, რომელიც იმათთვის არა მგონია შეეტყობინებინოთ იმათ მოძღვრებსა და კეთილმოქმედ არხიეპისკოპოზებსა. ამბობენ, რომ პაპი - კარგად დაიხსომეთ ესა - მოადგილეა იესო ქრისტესი; მემკვიდრე პეტრე მოციქულისა, თავი ეკკლესიისა, მემკვიდრე რომის პირველ ეპისკოპოზებისა. კარგი, ძალიან კარგი! მაგრამ, ერთი ეს მითხარით - ქრისტე ყოფილა როდისმე კოროლათა? ქრისტეს მიუღია როდისმე საერო უფლება? არა. ქრისტემ უანდერძა განა თავის მემკვიდრესა საკოროლო გვირგვინი? (ხალხში იძახიან; არა!) არა! მაშ თუ პაპი მართლა ქრისტეს მემკვიდრეა - იმას არ შეუძლიან, რომ იყოს კოროლი! (ტაშისცემა).

„თუნდ პეტრე მოციქული? ის კი ყოფილა კოროლად? არა. პეტრე მოციქული?... არა, ის იყო მებადურე, მებადურედ ჰსცხოვრებდა და მებადურეთაც მოკვდა; მხოლოდ, იმის მაგიერ, რომ თევზი ინადიროს, ის შველიდა მაცხოვარსა კაცთა სულის მონადირებასა... თავის დღეში კი არ ყოფილა კოროლად. მაშ, თუ პაპი მართლა მემკვიდრეა პეტრე მოციქულისა, არ უნდა იყოს კოროლად.

„პავლე მოციქული რომის ეკკლესიის ჭეშმარიტი დამფუძნებელი, ჭეშმარიტი დამფუძნებელი ქრისტიანობისა იტალიაში, პავლე არ ყოფილა კოროლად და ამბობდა, რომ მოციქულების მსახური ვარო; ამის გამო პაპსაცა, თუ მართლა თავია ეკკლესიისა, არ შეუძლიან და არც უნდა იყოს კოროლად.

პირველი ეპისკოპოზები სილიბისტრემდი (სილვესტრამდე) და თითქმის გილდებრანდამდე - გრიგორი VII-მდე არა ყოფილან საერო მფლობელად, არა ყოფილან კოროლებად. მაშ, პაპს როგორღა შეუძლიან იქონიოს საერო მფლობელობა, თუ უნდა რომ ჭეშმარიტი იმათი მემკვიდრე იყოს.

„მაშა სადამე თავის მოძღვრების პატივისათვის, სამღვდელო ხარისხის პატივისათვის, ქრისტიანობის პატივისათვის, ეკკლესიის, რჯულის პატივისათვის, სარწმუნოების და სახარების პატივისათვის, თვით ქრისტე - ღმერთის პატივისათვის პაპს აღარ შეუძლიან, აღარ უნდა იყოს და აღარც იქნება კოროლად. როცა ჩვენ დავარღვევთ იმის საერო უფლებასა, მხოლოდ მაშინ დავადგამთ იტალიის სარწმუნოებას იმ ბრწყინვალე და სხივოსან გვირგვინსა, რომელსაც იგი უნდა მოელოდდეს მხოლოდ იტალიის თავისუფლებისაგან.

„მაგრამ პაპსა რომ კოროლობა უნდა?... რომ იმას შემწენიცა ჰყვანან, რომელთაც უნდათ, რომ ის ისევ კოროლად დარჩეს? ჩვენ კი ეგ არ გვინდა (ხანგრძლივი ტაშისცემა). და, რადგანაც ის ვერ შეიძლება, რომ კოროლად დარჩეს, მაშ მოიპოვება კიდეც ღონისძიება იმისათვის, რომ დავათმობინოთ ტახტი ვიქტორ ემმანუელისათვის! როცა ვიქტორ-ემმანუელი მოექცევა კაპიტოლიის[42] ზემოთა და მთელი იტალიაც გარს შემოეხვევა, მაშინ გამართლდება სიტყვა სახელოვან მაკკიაველისა[43]: „იტალიაში პაპები იქნებიან, იტალია ერთი აღარ იქნება; მხოლოდ იმ დღეს, როცა პაპი თავს დაანებებს კოროლობასა, იტალია შეიქნება დიდ ნაციად - იგი აღზდგება“ (ტაშისცემა).

დასასრულ, ორატორი აჩვენებს ღონისძიებებსა, რომლითაც შეიძლება „აღდგინება“ იტალიისა. ეგ ღონისძიებანი არიან: ქალები, ჟურნალები და სამღვდელონი.

„ქალებო! თქვენზე უფრო დიდხანს ვილაპარაკებ, ეხლა კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვა მინდა თქვენკენ მოვმართო. როცა ჩვენი იტალიის ქალები გაუსწორდებიან გულის გმირობაშია სპარტის[44] ქალებსა, მაშინ ჩვენ გვექნება ნაცია! ლოცვები, რომელთაც ბუტბუტობენ ხოლმე ჩვენი დედები ლათინურად და რომელნიც არც იმათ და არც ჩვენ არ გაგვეგება - რას გვეხმარებიან ის ლოცვები? ეგ დროების და მეცადინეობის დაკარგვას არა ნიშნავს? პავლე მოციქულმა არა თქვა, რომ ვინც უცხო და გაუგებარ ენაზედ ლოცულობსო, ის არამც თუ დროსა ჰკარგავსო, არამედ ღმერთსაც პატივს არა ჰსცემსო. უფრო უკეთესია და ათასწილათაც უმჯობესია უბრალოდ იტალიანურად თქვას კაცმა ერთხელ „Padre nostro che sei cieli“ (მამაო ჩვენო) ვიდრე ას ორმოცდაათჯერ, მთელ თქვენის კრიანოსნების მარცვლების ჩამოთვლითა დაიტიტინოთ „Ave Maria“ (გიხაროდენ მიმადლებულო), ე.ი. ას ორმოცდაათჯერ გამოუყენელი საქმე დაიჭიროთ ყოველდღე. ჩვენ ჭაბუკთათვის უფრო უმჯობესია ეხლა აიღონ თოფები და გასწივონ მამულის საშველად, ვიდრე წირვაზედ (მესსა) მოხმარება ისწავლონ. დედანო! იმითი კი არ შეიძლება დაშვენდეთ და დაგვირგვინდეთ, რომ გახადოთ თქვენი შვილები წმინდანებად და ფარისევლებად, არამედ იმითი, რომ თქვათ: ჩემი შვილი შველის იტალიის აღდგენასაო, (ძლიერი ტაშისცემა). დედანო! ნეტავი ამ ხალხის ტაშისცემამ გაგამხნევოთ იქამდინა, რომ თქვენ დღევანდელ დღიდგან დაზარდოთ შვილები არა საყდრის ფარისეველ მოსამსახურებად, არამედ სალდათებად, პატრიოტებად ... მაშ, ღმერთმა აცოცხლოს მადლიანი დედა-იტალიელი! ... (ახალი ტაშისცემა).

„ჟურნალებო! ბევრი არიან ჟურნალები ნეაპოლში და ნეაპოლიც უპირატესობს თავის გენიის, ფილოსოფიის და პოეზიის საუნჯებითა. ჟურნალისტობამ უნდა გამოიყენოს ეს მშვენიერი ღონე მამულის სასარგებლოდ. მეჟურნალენო! თქვენი დანიშნულება დიდია, პატიოსნური და მაღალი ... აღასრულეთ იგი, როგორც ხალხის სალოცავი! მოიშორეთ თავიდამ ყვედრება, ცილისწამება, ერთმანეთის მტრობა, რომლითაც ყოველ დღეს ეგრე ამცირებენ თავის თავსა უცხო ქვეყნის ჟურნალები ... გაბედეთ ერთხელ და სამუდამოთ, - და მიეცით თავი ხალხის აღზდასა, ჩაგონებასა, ხალხის განათლებასა, თვალიდამ კი ნუ მოიშორებთ იტალიის ხალხობასა, იტალიის ერთობასა, სასოებას იტალიისას, იმის მომავალსა, იმის სამეფო გვირგვინსა!..

„სამღვდელონო!.. ერთ სიტყვას ვიტყვი ეხლა, იმიტომ, რომ სხვა დროს კიდევ დავუბრუნდები ამათ... ეხლა მარტო ამას ვიტყვი: ვმადლობ ღმერთსა, რომ სამღვდელოს შორის გამოჩნდნენ კეთილი პატრიოტები, თუმცა მართლა კი რომ ვსთქვა, ისინი ჯერ კიდევ შორს არიან იმაზედ, რომ უფრო მეტი ნაწილი შეადგინონ. უფრო მეტმა ნაწილმა ნეაპოლიტანის სამღვდელოდამ - არ ვიცი ინტერესის გამო, თუ თავის ფარისევლობისა, სიხარბით, თუ იმის გამო, რომ ცუდად გაუგიათ უკანჩამორჩომილ ავსტრიის არხიეპისკოპოსზედ თავისი დამოკიდებულება და მორჩილება, - გამოიჩინა თავი იტალიის ერთიანობის წინააღმდეგად ... ამის გამო სამღვდელომა უნდა ჩამოირეცხოს სირცხვილი, აღადგინოს დაცემული სახელი მთელი იტალიის წინაშე და აი, რას ვეტყვი ეხლა იმასა: სამღვდელოვ, სამღვდელოვ ნეაპოლიტანისავ! მოიხმარე ეხლა იტალიის სარგოდ ის ზედმოქმედება, რომელსაც აქამდინ ბოროტად ხმარობდი ბურბონების და ტირანობის[45] სარგოთა! (ტაშისცემა), სამღვდელოვ, სამღვდელოვ ნეაპოლიტანისავ! შენ ბოროტად ხმარობდი საკურთხეველსაც, ღვდლობასაც, უფრო ნამეტნავად აღსარებასა (ტაშისცემა ნამეტნავად ქალების მხარესა). სამღვდელოვ! - რომ აამოთ ამ სასახლის უნამუსო მცხოვრებლებსა, შენ დაიმცირე თავი ენამტანიობის და პოლიციის ბეზღრობის ხელობამდინა, მღვდელოვ! შენის უთვალავის ბეზღრობის გამო მრავალი ნეაპოლიტანის პატრიოტები მიეცნენ სატუსაღოსა, კატორგასა, ექსორიასა, სასჯელსა... სამღვდელოვ, სამღვდელოვ! აღადგინე ეხლა დაცემული სახელი იტალიის და ნეაპოლის წინაშე! ისწავე შენ თავისუფლებისმოყვარე მღვდლებისაგან, რიცხვით მცირე წევრთაგან შენთა, რომელთაც იციან ჭეშმარიტ პატრიოტებად ყოფნა, - ისწავე მამულის სამსახური, სამსახური იტალიისა - და ჩვენ თავს დავანებებთ ტირანობის სამღვდელოს წყევლასა, რომ ვაქოთ, ვადიდოთ, დავლოცოთ სამღვდელო თავისუფლებისა და იტალიის ხალხობისა. (ტაშისცემა).

ამის მერედ ამბობს: „ნეაპოლიტანელებო, მე ვათავებ, იმიტომ, რომა მე საკმაოდ ვილაპარაკე დღესა“. ამის შემდეგ აუთქვამს ახალს ქადაგებასა ამავე ადგილას ხვალზევითა და წამოიძახებს „ვივატებს“[46] იტალიაზედ, გარიბალდიზედ და ვიკტორ-ემმანუელზედ... რასაკვირველია, ხალხმა დაიგრიალა საზარო eviva და ძახილითა შორს გააცილა მქადაგებელი...

ჩვენ არ გვინდა არაფერი ჰსჯა არ მოვუმატოთ ამ ჩვენგან გადმოცემულ ქადაგების ღირსებაზედ და მნიშვნელობაზედ, ჩვენ კიდევ წარმოვადგენთ გავაცცის მეორე ქადაგებასა, იქნება იმის ნათქვამებში უფრო ყველაზედ საჩინოსა. იგი მომართულია მოუთმენელ ლიბერალებზედ, რომელთაც უნდოდათ თავისუფლება უფრო თავის სარგოდ და რომელთაც ძალიან ცოტად ესმოდათ ჭეშმარიტი მიმართვა და საჭიროება ხალხისა. იმათ მაშინვე გარიბალდის მისვლის უმალ დაიწყეს ჩივილები: რისთვის არის ცუდად ესა და ესა, რისთვის არის აქ და იქ ურიგობა და უწესობა. ზოგი ყვიროდა სისულელობით, იმიტომ, რომ მართლა და ელოდნენ, რომ გარიბალდი მოვა თუ არა ნეაპოლში, მაშინვე თვალის დახამხამების უმალ სასწაულით გაქრება მთელი ბოროტება; ზოგნი კი ადამიანის სიწრფოებას თავის განზრახვებისათვისა ხმარობდნენ. ესე, ჯერ კიდევ აქამომდე ნეაპოლიტანის სამღვდელო გაზეთები ვერ ითმენენ, რომ ნეაპოლში რამე ურიგობა ნახონ და არა თქვან: „აი ეგეც თქვენი თავისუფლება, აი ლიბერალური მმართებლობაცა, აი თქვენი გარიბალდიცა ... ბურბონების დროს არმც თუ ამაზედ უარესი არა იყო რა, არამედ უფრო მეტი მშვიდობიანობა და რიგი იყო“... გავაცციმ, გარიბალდის ნეაპოლში შემოსვლის პირველ დღეებშივე, მოჰკრა ყური ამგვარ ხმებსა და მიაგნო, რომ ეგ ხმები საშიშნი და მოსარიდებელნი არიან. ამიტომაც მეორე ქადაგებაშია ის ცდილობს იმ ხმების გაფანტვასა, ორივე მხრითა იერიში მიაქვს: პირველი, რომ ის აჩვენებს იმათ სულელობასა; მეორედ, რომ უმტკიცებს ხალხსა თავი ისე დაიჭირონ, რომ არ დაუშალონ თავისუფლების ფეხის გამაგრებასა და არ მიჰსცენ მიზეზი იტალიის მტრებსა წააყვედრონ რამე ნეაპოლიტანელებს.

-

ჩვენს ენას რომ მომარჯვებოდა გადმოღება იმ მსუსხავ სიტყვებისა, რომელსაც წარმოსთქვამს ცრუ ლიბერალების წინააღმდეგ, მთელ იმ ჭექა-ქუხილისა, რომელსაც აგრიალებს ბურბონების ტირანობის თავზედა, ეს ქადაგება ღირსი იქნებოდა, რომ თავიდან ბოლომდინ ითარგმნოს. ჩვენ ვცდით კი, რომ ისე წარმოვუდგინოთ ეს ქადაგება, რომ მკითხველებმა შეადგინონ ამაზედ რაოდენიმე აზრი მაინცა. აი დასაწყისი:

„ - ყოველ ქვეყანაში და ყოველ საქმეში არიან კმაყოფილნიც და უკმაყოფილონიც. ჩვენში უკმაყოფილონი არიან ისინი, ვისაც წაუგიათ თავისი პარტია და ჩურჩულობენ ყურში: ეხლა, აი გარიბალდიც მოვიდა; აი რვა დღეც არის, რაც ნეაპოლშია; აბა რა მოვიგეთ?“ (აქ ორატორი სიტყვებს თან ადევნებს თავის ცხადად გამომსახველი და ძლიერ ჟესტსა[47], მერე ისევ იწყობს ხალისიანად) ... რა მოვიგეთ ჩვენ ამისაგანა?.. ისა, რომ ბურბონები აქ აღარ არიან... რომ აღარ არის ფრანჩესკო II და ენამტანია ხლება იმისი (ტაშისცემა). აი რა მოვიგეთ!.. ჩვენ კარგი რა გამოვიტანეთ?.. განა რა გქონდათ კარგი ბურბონების დროს? (ხალხში ყვირილია: არაფერი, არაფერი). არაფერი... არა, არაფერზედ უფრო უარესი, თქვენ, გქონდათ ჯოჯოხეთი ანთებული... თქვენა გქონდათ მეფობა ინტრიგანებისა, ავაზაკებისა, მაბეზღრებისა, ჯალათებისა, მეფობა საპოლიტიკო კაცის მკვლელებისა, აი თქვენი ნაყოფები ბურბონების დროს! (ხალხში მოწონების ხმაა)...

„რაც კი რამ გქონდათ ბურბონების დროს, ეგ ის იყო, რომ მოკლებული იყავით აზრის ყოველ თავისუფლებასა, მოკლებული იყავით სიტყვის ყოველ თავისუფლებასა, ბეჭვდის, ყრილობის, კაცად ყოფნის თავისუფლებასაც კი მოკლებული იყავით!... ბურბონმა თქვენის ცხოვრების დარაჯად თავზედ წამოგაყენათ პოლიცია, რომლის მეოხებითაც თქვენ თვით თქვენივე ნათესავებისაც გეშინოდათ, თვით თქვენივე ცოლ-შვილისაცა... აი, რა გადამეტება გქონდათ ბურბონების დროს! (ძლიერი ტაშისცემა). ბურბონებმა შემოგარტყათ თქვენ სბირრების[48] რაზმები, რომელთაც მინდობილი ჰქონდათ, რომ ყური ედევნათ თქვენის აზრებისათვის, სიტყვებისათვის, ქცევისათვის; რომელნიც ყველაფერს გადაასხვაფერებდნენ ხოლმე, რომ ლუკმა მაგით ჰსჭამონ, თქვენ ხარჯზედ იცხოვრონ და მერე თქვენვე თავზედ ლაფი დაგასხან და ჩააგდონ თქვენი ცოლ-შვილი სისაწყლეშია და ვაებაშია! აი, რა სარგებლობა გქონდათ ბურბონების დროს! (ხელახლად ტაშისცემა). თქვენ გაბედნიერებულნი იყავით ავაზაკების პოლიციითა, თავის მართალ მნიშვნელობის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ პოლიცია უნდა ჰფარავდეს პატიოსან მოქალაქეთა ქურდებისაგან, ავაზაკებისაგან, კაცის მკვლელებისაგან და ბურბონების პოლიცია კი, ამის წინააღმდეგ, ჰფარავდა ხოლმე ქურდებს, ავაზაკებს, კაცის მკვლელებს პატიოსან მოქალაქების საწინააღმდეგოდ. (ხალისიანი ტაშისცემა) ბურბონმა მოგანიჭათ თქვენ სასამართლოები, რომელნიც, როცა ვერ პოულობდნენ დანაშაულობას ხალხშია, ტყუილ-უბრალოდ მოიგონებდნენ ხოლმე, რომ ხალხი გაცარცვონ... სხვაფრივ ვიკარია, ნიზიდა[49], კატორგა, ექსორია, სახრჩობელა... აი, თქვენი სარგებლობა ბურბონების დროს!.. ერთის სიტყვით, ბურბონების დროს სრულიად არაფერი თავისუფლება არ იყო. არაფერი საიმედო არა გქონდათ რა. თქვენ მაშინ თვით ღამეცა არ შეგეძლოთ მშვიდობით მოგესვენათ ცოტათი მაინც თქვენს ქვეშაგებშია: შინაურობის განჩხრეკას ყოველს წუთს შეეძლო აეშფოთებინა თქვენი მშვიდობიანობა, შეეძლო, - როგორც არაერთხელ იყო მომხდარი - სიცოცხლედ ღირებოდა პატიოსან ქალებსა, რომელთაც თავის სახლის და ქმრის ლაფის თავზედ დასხმის შიში აძლევდა მხნეობასა მაღალ მოაჯერიდამ გადმოცვივნისასა, რომ თავის სისხლით ჩამოირეცხონ გაუნამუსოება, რომელთაც... (გრიალი საშინელის ტაშისცემისა უკანასკნელ ფრაზას ჰკარგავს). ერთის სიტყვით, ბურბონებს უნდოდათ, რომ იტალიის უპირატეს ხალხიდამ, უპირატეს ჭკვითა, პოეზიითა, ფილოსოფიურ აზრის ღონიერობითა, ხელოვნების მიდრეკილებითა, გულისწადილის მიმართვითა, თავისუფლების სიყვარულითა, - ეს ხალხი უნდოდათ იტალიის უკანასკნელ ხალხად გაეხადნათ; სრესდნენ, მიწასთან ასწორებდნენ ნეაპოლიტანელებს იქამდინა, რომ არამც თუ აღარ იყვნენ იტალიელებად, არამედ კაცად ყოფნაზედაც ხელი აეღოთ. აი, რა მოგანიჭათ თქვენ ბურბონმა! (ხალხში კიჟინაა და ლანძღვა ბურბონებისა).

„გარიბალდიმ რაღა მოგიტანათ? თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება! (გრიალი ტაშისა და eviva გარიბალდზედა) და როცა მოგიტანათ იმან თავისუფლება... (მხიარული ხმაურობა ხალხისა არ ათავებინებს ორატორსა სიტყვასა) მომეცით მე ეს ვეზუვია[50], მომეცით მე ზღვის უბე, მომეცით მე ეს ყოველი მშვენიერება ბუნებისა, რომელიც ნეაპოლსა ქვეყნიერ სამოთხეთა ხდის - მომეცით ესენი უთავისუფლებოთ - თქვენ მე მომცემთ ვერანასა, ღამესა, ჯოჯოხეთსა. (ხალხში იძახიან: კარგად არის ნათქვამი, კარგად!) მომეცით მე ვერანა ადგილი, შიშველი კლდე, მომეცით ერთი ნაკუწი მიწა ყველაზედ უფრო უხმარი, უნაყოფო, თავმინებებული - მომეცით მე ესენი თავისუფლებასთან ერთად და მე მოვახერხებ იმათგან სამოთხე გადავაქციო! (ტაშიცემაა) ხალხი, არა თავისუფალი, - ბნელაში დადის თავისუფალი კი - ნათელშია. დაილოცა ნათელი და დაილოცა ისიცა, ვინც ნათელი მოგვიტანა!..

წამოაძახებინა რა კიდევ ხალხს რამდენიმე აღტაცებული კიჟინა გარიბალდის სასახელოდ და რამდენიმე ახალი წყევლა ბურბონებზედა, გავაცცი შეუდგა თავის ქადაგების უმთავრესს საგანსა - ე.ი. იმათ უსამართლო პრეტენზიების დარღვევასა, რომელნიც იმედეულობდნენ, რომ გარიბალდის ერთის ხოლოდ ნეაპოლში ყოფნითა თვალის დახამხამების უმალ, რაღაც სასწაულითა ყოველს უწინდელ ბოროტებას ბოლო მოეღება.

„იმათ, ვინც კი დომულობს ყველაფერს ერთად, ამბობს ორატორი, იმათ ესე მდაბიურად ავუხსნი. წარმოიდგინეთ გუბე, დიდი საფლობი ზღვის პირის ახლოს. წყალი გუბეში დგას, ლექიდამ ამოდის ნადამპალევი სიკვდილმოსილი ოშხივარი (მიაზმები). უნდა წყალი მოეშოს, რომ ჩამოირეცხოს გუბე. მცოდნე კაცი მოამზადებს იმ წყალს სხვა რეზერვუარში[51], ის ამოსწევს საგუბარსა (შლუზი), წყლის რუი მიიმართება გუბისაკენ, ზედ ეცემა გუბესა და მიდის ზღვისაკენა, თან წაიღებს მიაზმებსა[52] და დამპალ ხავსსა. როცა კი წყალი დაიწურება, თქვენა პოულობთ მიწაზედ ქვებსა, ქვიშასა, ყოველ საძაგლობასა, რაც რამ წყალსა დენაში მოუტანია. მაშინ მოვა გამოცდილი ინჟინერი კაცი, რომელიც მოაშორებინებს მიწასა ყველაფერს, რაც მეტია და წყლის სადენარად სამუდამო რუს გასხნის, ამრიგად ამოაშრობს გუბესა და გადაარჩენს ადგილსაცა ბოროტმავნებელ მიაზმებისაგან. აბა ეს ჩემი ნათქვამი ნეაპოლზედ გადიღეთ. მთავრობის ქვეშ, რომელსაც ღირსეულად დაერქვა „უარყოფა ღვთისა“, ნეაპოლი გუბე იყო დამყაყებული, სულის შემაგუბებელი, ტალახიანი საფლობი, სავსე სიმყრალითა, სიკვდილითა... მოვიდა კაცი ვარეზისა და კალატაფიმისა[53], ასწია საგუბარსა; წყალი გუბეზედ მიეშო - და სწორედ იმ ადგილიდამ, სადაც ბურბონობა ობდებოდა და ხავსი ეკიდებოდა, სწორედ იქიდამ მოვიდა ჩვენთან თავისუფლება (ტაშისცემა). თავისუფალ ღვარმა დააგდო აქაც თავის შემდეგ ქვიშა, ქვა და ყოველივე საძაგლობა, - ეგ გუშინდელი და დილანდელი ლიბერალები გახლავან, ლიბერალები მარტო თავის მუცლისათვის! (ხალხში: კარგია!) ეხლა მოვა მერუეც, რომელიც ყველაფერს ამას მოაწყობს“...

რომ ეგ მოწყობა შესაძლებელი და სამარჯვე იყოს, გავაცცი ითხოვს, ერთიან ნეაპოლიტანელებისაგან საზოგადო საერთო საქმის გულმოდგინედ და ნამდვილ შველასა.

„იცოდეთ, ამბობს იგი - რომ მამული არ აღედგინება ხოლმე არც სიმღერებითა, არც ღიმნებითა, არც ლექსებითა, დღეობებითა, ჩირაღდნებითა, არამედ ყველას და თვითვეულის თავ-გამოდებითა, ერთიან თავგამოდებითა, იმიტომ, რომ მაშინ თვითვეული შველის ასრულდეს ისა, რაც ყველას საერთოდ უნდათ.“

ამის შემდეგ ავრცელებს რა თავის აზრსა, გავაცცი ძლიერად და მსუსხავ სიტყვითა მივარდება ლიბერალებსა, რომელნიც მარტო იმაზედ იკლავდნენ თავსა, რომ ახალ მართებლობისაგან ალაგი მიიღონ რამე და რაკი რომ ხელცარიელები რჩებიან ეხლა, უეცრად იცვლებიან, აღარ მოჰსწონთ ახალი წესი და რიგი, ნამდვილ პატრიოტებსა გზა და კვალს ურევენ. ვრცლად ამტკიცებს გავაცცი იმის სიმართლესა, რომ მთელ საუკუნოს ბოროტება რამდენიმე დღეში ვერ მოიშლება, რომ თვით ის ცვლილებაების შედგომის შეძლება, რომელიც ბურბონებისაგან გადარჩენასთან ერთად მიეცა ნეაპოლსა, დიდი შეძინება არის. მერე გადადის გავაცცი იმ პირებზედ, რომელნიცა უკმაყოფილონი არიან ამაზედ, რომ ბევრი უწინდელი მოადგილები - ბურბონისტები ისევ თავის თანამდებობაზედ დარჩნენ. აქ გავაცცი ბურბონისტებსა ჰყოფს სამგვარად... ბურბონისტები - ჯალათები, როგორც ის ეძახის, რომელნიც უნდა უთუოდ მიითრიონ საზოგადო სამსჯავროშია, და რომელნიც ღირსნი არ არიან არა რაიმე შეწყალებისა; ზომიერები, რომელნიც გულმოდგინედ ასრულებდნენ ბურბონის ბძანებასა და რომელთაც უნდა ჩამოაცალონ თანამდებობა, თუ საჩინო ადგილები ეჭირათ და არ კი სდევნონ; და მესამე გულგრილი ბურბონისტები, რომელთაც სულაც არ უნდა ხელი ეხლოს. თავის აზრს ამრიგად ხსნის გავაცცი: „ესენი ემსახურებოდნენ კანცელარიებში და სასამართლოებში დაბალ ადგილებზედა, ჰსწერდნენ იმას, რასაც უბძანებდნენ, მაგრამ არ იყვნენ არაფერში დამნაშავენი, იმიტომ, რომ გადამწერის კალამი ხომ არ ფიქრობს და არა ჰსჯის; ის იმისია, ვინც ფულს აძლევს. თუ ფულის მძლეველი ბურბონები არიან, ის კალამი ჰსწერს „ღმერთმა ადღეგრძელოს ბურბონებიო“, თუ გარიბალდია, - „ღმერთმა ადღეგრძელოს გარიბალდიო!“ ამისთვისაც ყურიც არ უნდა ვათხოვოთ იმათა; მაგგვარი კაცები მრავალნი არიან ყველა ქვეყანაში, და თუ ყველანი ისინი უნდა გამოიცვლებოდნენ ხოლმე მთავრობის ყოველ ცვლილების დროსა, ეგრე მოგვინდებოდა ბევრის გაუბედურება და ყოველთვის საქმეების წარმოების შეყენება და დახლართვა... აგე ამერიკაში ყოველ ოთხ წელიწადში მთავრობა იცვლება, როგორ გადურჩებიან ხოლმე წვრილმან მოსამსახურებსა? ყოველ თავისუფალ და საჩინო ადგილებზედ დასმენ ხოლმე ახალ მთავრობის ერთგულ კაცებსა და დანარჩენს კი არც კი შეეხებიან; ისინი იმას გააკეთებენ, რასაც უბძანებენ“ ... მაგრამ მით უფრო ძლიერ წინა აღუდგება გავაცცი იმ კაცებს, რომელნიც „5-ს სეკტემბერსა პიედიგროტაში მირბოდნენ ბომბიჩელლოს[54] უკან, რომ ცრემლნი დაღვარონ მადონნის[55] წინა; და მერე, გარიბალდი ნეაპოლში რომ შემოვიდა, დარბოდნენ!.. Viva Garibaldi!... ამ ბატონების წინააღმდეგ ის აღვიძებს საზოგადო წყრომასა, იმათ რაცხს ისა იმ უხერხოებათა შორის, რომელიც დარჩა „გუბის გაწმენდის“ შემდგომ. „მე არ შემიძლიან ვენდო, ამბობს იგი, როცა ვხედავ იმ საყდარსა ნაციონალურ ბაირაღებით მორთულსა, ანუ როცა შევხვდები ხოლმე ქუჩაში კაცსა ერთგვარ ულვაშითა, რომელიც ერთს ვერსტზედ გვამცნებს, რომ უწიდელი სბირრია და მასთანვე სამფერიანი კოკარდაც ზედა აქვს... (ხალხი ტაშსა ჰსცემს). ნამდვილ ლიბერალისათვის საჭირო არ არის თავი გამოიჩინოს, საჭირო არ არის დაანახვოს კოკარდა, იმიტომ, რომ უამისოთაც იცნობენ, და მერწმუნეთ - კაცს, რაც უფრო დიდი კოკარდა აქვს, იმითი უფრო ნაკლები აქვს თავისუფლების სიყვარული.“

შემდეგ, მთელი იტალიის დაწინაურებულ კაცების თანახმად, გავაცცი ლაპარაკობს პიემონტთან შეერთების სასარგებლოდ; ურჩევს ამისათვის თავი დაანებონ ყოველ სიზმრებსა ავტონომიაზედ[56] და ხელი აიღონ თვით რესპუბლიკანურ ტენდეციებზედაც[57] „რესპუბლიკაო! იძახის იგი: აბა სად არიან რესპუბლიკანელები? ხომ რესპუბლიკა არა ჰქმნის რესპუბლიკანელებსა, არამედ ამათ უნდა შექმნან რესპუბლიკა... ჭეშმარიტ რესპუბლიკანელად კი გულით, სულით, ღვაწლით და სხვერპლით, რესპუბლიკანელად კეთილმოქმედების სიმტკიცითა, ზომიერ ჯერობითა - მე ვიცნობ იტალიაში ერთსა - ეგ იოსებ გარიბალდისა... იოსებ გარიბალდის კი არ უნდა რესპუბლიკა!..“ მერე კიდევ უმტკიცებს ხალხსა თავის თავის დაცვისათვის და იტალიის ღონივრობისათვის ერთობის საჭიროებასა, და ბოლოს ასრულებს სიტყვას იმით, რომ მეორე დღეს უფრო ვრცლად ილაპარაკებს იმაზედ, რომ როგორ უნდა და რაგვარად შეერთდნენ იტალიის საკოროლოსთან, და დასასრულ ათავებს სიტყვას ვივატებითა გარიბალდიზედ და ბურბონების გიებითა. ხალხი, ბერის სიტყვებით გატაცებული, საზარო კიჟინას ასტეხს, რომელიც მქადაგებელის კათედრიდან ჩამოსვლის შემდეგაც დიდხანს არა ჰსწყდება.

მესამე ქადაგება გავაცციმ სრულიად მიუძღვნა პიემონტთან უპირობო და დაუგვიანებელ შეერთებასა, და იმასა, რომ რეაკციის[58] წინააღმდეგ ხალხი ყოველთვის მზად უნდა იყოს. ამ სიტყვაში ჰსჩანს, რომ მქადაგებელი არ ენდობა ტურინის სამინისტროსა (რომელიც მართლა და ამ დღეებში ცდილობდა იმას, რომ როგორმე შეაყენონ გარიბალდი), და ამასთანაც დაუჯერებელია, რომ მართებლობა გარიბალდისა ნეაპოლში უნდა, რაც შეიძლება, დიდხანს დარჩეს თავისუფალი გარეშე ზედმოქმედებისაგან. ამას გავაცცი ნამეტნავად მაშინ გამოჰსთქვამს, როცა დიპლომატები სინათლეზედ გამოჰყავს და ლაპარაკობს სენტ-ელმოს სიმაგრის დაცემაზედა. ამ ორ ადგილსა ჩვენ მოვიყვანთ იმის მესამე ქადაგებიდგან, რადგანაც ხასიათი და მანერა მქადაგებელისა ჩვენ კიდეც ვიცით და დანარჩენი კი თავისთავად წარმოადგენენ სწორედ ადგილობრივს და შემთხვევითს ინტერესსა.

„ძალიან უნდა ვისურვოთ, მეგობრებო ჩემო, ამბობს გავაცცი, რომ არავინ არ მოვიდეს ჩვენის საქმის ასარევად. გარიბალდის ღვაწლის ნაყოფი მეტად დიდია, რომ იმისაგან დიპლომატია არ შეფუცხუნდეს... მე კი ძალიან მეშინიან მაგ უკბილო ბებერ დუენისა[59], რომელსაც დიპლომატიას ეძახიან. მე მეშინიან, რომ აქ ყველაფერი არ გააფუჭოს იმანა, თქვენვე იფიქრეთ, რარიგად ბოროტ-გამძრახველია იგი: შარშანა შუა იტალიაში ჩვენ გვინდოდა იმ საათსვე შავერთებულვიყავით, იმიტომ, რომ დროს დაკარგვისა გვეშინოდა და გვეფიქრებოდა: ვაი თუ ვერ მოვასწროთ ვიკტორ-ემმანუელის ჩვენდა კოროლად დასმა. რაკი დიპლომატიამ ესა ნახა, გვატარებდა და გვათრევდა მთელ თერთმეტ თვესა და იმდენი იხერხა, რომ მაგ შეერთებას გვალოდინა 1859 წ. 27 აპრილიდამა 1860 წ. 18 მარტამდე! აი, როგორ ირჯებოდა ჩვენთვის ეგ ბებერი დი პლომატია!.. იმას იმედი ჰქონდა, რომ ჩვენ ეგენი მოგვწყინდება, რომ ჩვენ მოვახდენთ ერთ ბრწყინვალე დანაშაულსა, როგორმე წავაბორძიკებთ, გამოვატყვრენთ ერთ რასმე იმისთანას, რომელიც ააშფოთებს საზოგადო მშვიდობიანობასა და მით მივსცემთ დიპლომატიას მიზეზსა, რომ ჩვენს საქმეში შემოერივოს და ჩვენი საქმე ისევ ძველ გზაზე დააყენოს.

„მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ მაგ უკბილო ბებერსა. ჩვენ დიდი ხანია ვუთხარით იმას შორს ჩვენგან! ეგ შენი გოთიკური[60] ხერხები და მანქანება შენთვის შეინახე! ჩვენ უშენოთაც ფეხზედ ვაყენებთ იტალიასა, და იმის შეერთებასა - მოთმინებით, რიგით და მშვიდობიანობით. აქ და სიცილიაში კი დი პლომატია სხვანაირად მოქმედობს: ის იჩარჩება, რომ ხალხი დროს გადუდებლად შეაერთონ პიემონტთან, იმიტომ, რომ იმან იცის, რომ თუ ხალხი ამაზედ თანახმა შეიქმნა და შეიქმნა კიდეც იმავ საათს, რევოლუცია[61] ეხლანდელ მიჯნის იქით აღარ გადასცილდება და მაშასადამე, იტალია ერთიანი აღარ იქნება.

„ჩემო მეგობრებო! მარტო რევოლუციას შეუძლიან „შექმნა იტალიისა“, დიპლომატია კი, თავის დღეში იმას ვერ შეჰქმნის, თუ რევოლუცია იტალიას შეჰქმნის, დიპლომატია მაშინ იძულებულ იქნება მიიღოს იგი, როგორც შესრულებული ფაქტი; მაგრამ თუ ჩვენ თითონ არ შევჰქმნით იტალიასა, დიპლომატია კიდევ ერთხელ გაგვაცალცალკევებს და არ მიგვიშვებს იტალიის ერთობამდე, იმიტომ, რომ ამისი ძალიან ეშინიან... (კარგია, ბრავო!) მაშასადამე, გარიბალდის და დიპლომატიის შუა - დიდი ზღვარია... გარიბალდი არის დიდი წარმომადგენელი ჩვენის ძლევამოსილის და გამარჯვებული რევოლუციისა. რომელიცა ნიშნავს ხალხის რჯულიერების აღდგენასა მფლობელების ბოროტმოქმედობის წინააღმდეგ; დი პლომატია კი ნიშნავს ღერცოგების და კოროლების უფლების აღდგენასა წინააღმდეგ ხალხის რჯულიერებისა. (ერთიანი ძახილი მოწონებისა ხალხში).

„აი, რისთვისა - დაიხსომეთ სადამდინ მიმყავს მე ჩემი რევოლუციური თაკილობა - აი რისთვის მეფიქრება მე ეხლაცა პიემონტის რაზმების მოსვლა; ეგ ჯარები ყველგან სასურველნი და სიხარულით მიღებულნი, აქ, ამ წუთშია წარმოადგენენ თვით პიემონტის პოლიტიკას, (რომელიც გამოაშკარავდა შუა იტალიაში.) საოცარ წინააღმდეგობასა. იქა, შუა იტალიაში რა წამს საქმე შეერთებაზედ წავიდა, ვიკტორ-ემმანუელმა გამოუძახა თავის საკოროლო კომმისარებს ფლორენციიდამ, პარმიდამ, ბოლონიიდამ, რომ არა თქვანო: შეერთება საკოროლო კომმისრების ნარჩევია, ნაძალევია, ნათხოვნია... ეხლა განა შეიძლება რომ დიპლომატიამ არა თქვას: ,,ნეაპოლიტანელებმა კენჭით ამოირჩიეს შეერთება, იმიტომ, რომ ნეაპოლში ბევრი პიემონტის ჯარები იყოო!“ ეს, რასაკვირველია, კაცს აფიქრებინებდა, რომ აქ იყო ძალადობა და ძალდატანება, ის კი, არათუ ჩვენ გვინდა თავისუფალნი ვიყვნეთ და კიდეც ვართ, რადგანაც შეერთების სურვილი არავისგან არ იყო ძალდატანებული, - ნეაპოლიტანელებს ეგ უნდოდათ ჯერ კიდევ გარიბალდის მოსვლამდინა და ეხლაც უნდათ თავის ხალხის სამეუფო ნებითა“...

ამ ქადაგებაშია აფთხილებს ხალხსა რეაქციისაგან, და ამისთვისაც ურჩევს სენტ-ელმოს სიმაგრის, Castello del Carmine, და Castello dell' Uovo'-ს დაქცევასა. რაკი დაუმტკიცდა, რომ ისინი ვერ შეჰძლებენ საკმაოდ ქალაქის გამაგრებასა და ამასთანავე უჩვენა მაგალითი ანგლიისა, რომელიც თავის სიმაგრედ რაცხს არა ციხეებს და გალავნებსა, არამედ ხომალდებსა, გავაცცი ურჩევს ხანდაუზმელად წარუდგინონ ადრესი გარიბალდის მთავრობასა და იმაში ჰსთხოვონ დაცლა სიმაგრისა და დანგრევის ნების დართვა. რაკი, რომ ხალხს ამისათვის ამხნევებს, გავაცცი ამბობს:

„ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ გელაპარაკებათ ბოლონიის ბერი, რომელიც ეს-ეს არის განგდებიდამ დაბრუნებულა, გელაპარაკებათ უბრალო სიტყვითა, მაგრამ კი საქმიან სიტყვითა; უმჭევრმეთქვოთ, უპოეზიოდ, უცეცხლოთ, მაგრამ საქმიან სიტყვითა... თუ მაგ სიმაგრეებს არ დაანგრევთ გარიბალდის დიკტატურობის დროს - თქვენ თავის დღეში ვეღარ დაანგრევთ მაგათა. იცით - რისათვის? იმისთვის, რომ შეერთების შემდეგ დაიპყრობს იმათ სამხედრო უფროსობა, რომელიმე მიზეზს მოსდებს და ხელუხლებლად შეინახავს, ასე რომ, თქვენ სამუდამოდ გექნებათ ზედ ეს მუქარა, ეს სულთამხუთავი. სამხედრო ძალისათვის სიმაგრე - სწორედ ის არის, რაც ზღაპარში ქათამი, რომელიც პარასკევ დღეს შესულა სოფლის ღვდლის ეზოშია. რაკი რომ ღვდელმა ქათამს თვალი მოჰკრა, დაიძახა: ,,ქათამი მსუქანია, ჩინებულია, დღეს მაგისაგან მე ერთი კაი საჭმელი გამიკეთდება“. - წმინდაო მამაო! დღეს ხომ პარასკევია. - „პარასკევიო?“ დაიძახებს ღვდელი და დაიწყობს თავის თეოლოგიის[62] გადაჩეჩასა (ხალხში სიცილია) და ეუბნება თავის თავსა: „თუკი ღმერთმა შემოგზავნა ჩემს ეზოში ქათამი, ჰსჩანს ჰსდომებია, რომ მე შევჭამო; თუ შემომიგზავნა დღეს, როცა საშინელ მადაზედაცა ვარ - ეს იმის ნიშანია, რომ მე დღეს ეს ქათამი უნდა შევჭამო; მაგრამ დღეს პარასკევია - ჰსჩანს, რომ თვით ღმერთსა ჰსდომებია, რომ შევჭამო ქათამი პარასკევს. იყოს ნება ღვთისა!“ სწორედ ეგრე ჰსჯის ხოლმე სამხედრო უფროსობაცა სიმაგრეებზედა.“

მერე გავაცცი მოიყვანს რამდენიმე მაგალითებს ბრეშიის, ფერრარის, პერუჯიის[63], გენუის სიმაგრების დაქცევისას, ქადაგების დასასრულში ხელახლად აატეხინებს ხალხსა საშინელ ტაშისცემასა და ვგონებთ, რომ მაშინვე ამ სიტყვის შემდეგ ნეაპოლიტანელები მართლა მისცვივდნენ გარიბალდის და ჰსთხოვეს ციხეების დაქცევის ნება. ჩვენდა სამწუხაროდ, გარიბალდის როგორღაც ვერ ემარჯვებოდა მაგის ნების დართვა, უარი უთხრა და იმითი დაამშვიდა ხალხი, რომ დღეის იქით სამუდამოდ სენტელმო მიეცემა ნეაპოლის ნაციონალურ გვარდიასა. ამის შემდეგ რაკი შეერთება მოხდა, აღარ მიეცა ხალხს სახერხო დრო, როგორც გავაცციმ წინასწარ თქვა, რომ ხელახლად ეგ ეთხოვნათ, და სენტ-ელმოც - ეგ სახსოვარი ამდენ უბედურებისა, საპყრობილე და იტალიის წამებულთა სასჯელის ადგილი, აქამდინაც დგას ნეაპოლის თავზედა, თითქო ემუქრებაო მის ახალშობილ თავის უფლებასაო.

მეოთხე დაბეჭდილ ქადაგებათაგანი გავაცცის აღნიშნულია თავის სახალხო კილოთი, რომელიც ვერაფრით ვერ შეიძლება ითარგმნოს. მაგრამ ამაშიაც ის უფრო ბევრს ლაპარაკობს უწინდელ საგნებზედა, ხოლოთ კი ზოგიერთზედ დიდხანს შედგება ხოლმე უფრო, ვიდრე უწინა. ძალიან უცნაურად დაიწყო ეს მეოთხე ქადაგება. ეს იყო საღამოზედ del Pallazo'-ს მოედანზედ,სწორედ კარლი III-ს და ფერდინანდო I-ს სტატუებ შუა, San Francesco di Paolo-ს საყდრის წინა. ხალხი ელოდდა გავაცცისა და მიეგება ტაშისცემითა. ის ავიდა მაღლობზედ, გადაიხედ-გადმოიხედა მარჯვნივ და მარცხნივ. თავი გაიქნივა სტატუებზედ, რომელნიც განათებულნი იყვნენ მთვარის სხივებითა, და უეცრად აუტყდა ერთი საშინელი ხარხარი, მერე კი თანდათან სერიოზნობა მიიღო და დაიწყო ისევ ნეაპოლიტანელებისა დაყოლიება იმაზედ, რომ დაიცვან შინაგანი თანხმობა და მედგრად გულდაგულ დახვდნენ ძველ რეაქციის მეცადინეობასა.

იმ ღონისძიებათა შორის, რომელთაც უნდა ჩანერგონ ხალხში მკვიდრად კეთილი თესლი, ყველაზე უფრო მომეტებულად ქალების მონაწილეობა მიაჩნია გავაცცისა და ამის გამო საშინლად წინააღუდგა მკვდარს და ფარისევლურ აღზდასა, რომელიც ეგრე ხშირია ნეაპოლში. ბოლოს დაუბრუნდება თვით სამღვდელოსა:

„რაც შეეხება სამღვდელოსა, მე გეტყვი, რომ დაე იმან მიგულოს მე მეგობრად უფრო ეხლა, როცა მე სასტიკად, მაგრამ მართლა და სვინიდისიანად წავაყვედრებ სიცუდეს, ვიდრე მაშინ, როცა მივეფერებოდი და პირს აულოკამდი. მე აკი ვჰსთქვი კიდეც, რომ ნეაპოლიტანის სამღვდელო სრულიად უნდა შეიცვალოს. მივაწერ რა მე იმათ პათმოსის[64], მოხუცის სიტყვებსა, ვიტყვი: სამღვდელოვ! შენ უნდა აღზდგე შენის დამცირების სიღრმისაგან! სამღვდელოვ! არ დაივიწყო, რომ ბურბონების სამსახურში შენ იქამდინ მიუშვი თავი, რომ ჩავარდი წყევლის უპატიოსნობის, სირცხვილის ცუდ-საყნოსველ ჯურღმულშია! გამოდი მაგ საფლობიდამ და ლექიდამ, აღზდეგ, აღზდეგ ახალ იტალიის სულის მობრუნებისაგან და დაგვირგვინდი იტალიის ლიბერალობის ორეოლითა[65]. (ხალხში ტაშისცემაა) მაშ ღმერთმა აღადგინოს სამღვდელო ჩვენი!..

„მაგრამ სამღვდელომ რომ თავი არ შეირცხვინოს და თავიდამ მოიშოროს გარჯა და ჯაფა, ამბობს ეხლა: „მე არ გავერევი საპოლიტიკო საქმეშია, მე ვერ შემიძლიან საერო საქმეებში გავება“... მაგრამ აქამდინ კი, რომ ძალიან ირჯებოდით მაგგვარ საქმეებში, ვერ მოახერხებთ ახლაც, რომ ცოტათი მაინც გაისარჯოთ?.. მაგრამ არა - მე არც კი გთხოვთ, რომ თქვენ მაგ საქმეებში გაერიოთ; მე არ გეუბნებით: ადით კათედრაზედ და თქვით რამე საპოლიტიკო ეკონომიაზედ, დიპლომატიაზედ, იტალიის აღდგენის ღონისძიებაზედ. არა, მე მაგას არ ვითხოვ; ამის მაგიერ მე გეუბნებით: სამღვდელოვ! უწინარეს იმისა, რომ მოახდინოთ ეს რეაქცია, რომლის მოწყალებითაც სხედან საპყრობილეში ამდენი ბერები და ღვდლები, უწინარეს იმისა, რომ ბურბონების სასარგებლოდ იქადაგოთ - ნუ შეერევით პოლიტიკაში და ილაპარაკეთ კი თანხმობაზედ, სიყვარულზედ, ილაპარაკეთ სახარებაზედ! (ტაშისცემა). სახარება ჩვენკენ არის და ჩვენი მხარე უჭირავს: სახარება იტალიისაკენ არის და არა იმის წინააღმდეგ; მაშ ილაპარაკეთ სახარებაზედ, თუ თქვენ სხვა არაფერი სათქმელი არა გაქვსთ რა, ილაპარაკეთ მამულის სიყვარულზედ: ეგ სიყვარული ქრისტესაგან ნაკურთხია, გათქმულია და დალოცვილია... ამ სახით შეგიძლიანთ ჩამოირეცხოთ ცუდი სახელი და მიიმხროთ თქვენკენ საზოგადო აზრი. და დაე, საკულავოდ მაინცა ღვდლის შეხვედრაში პირჯვარი არ გადიწეროს ხალხმა, თითქო სატანა დაინახაო, არამედ გაუღიმოს და შეხაროს ღვდელსა, როგორც მეგობარსა.

ქადაგების ბოლოს გავაცცი კიდევა ნიშნამს დროს შემდგომის ქადაგებისას - წმ. იანუარის[66] დღეს, მასუკან, როცა სასწაული შესრულდება, ეგ კიდევ შეექმნა მიზეზად, რომ დაუბრუნდეს სამღვდელოსა:

„სიტყვაზედ მოვიდა - ნეაპოლში ხმა გავარდა - მე ეგ ვიცი, - დიახ, ხმა გააგდეს, რომ წმ. იანუარი სასწაულსა იქსო[67] წმ. ჯენნარო კი სასწაულსა იქსო, იმიტომ, რომ წმ. ჯენნარო კეთილ იაკობინელად[68] ყოფილი 1799 წელს, იქნება კაი გარიბალდიელად 1860 წ. (ხალხში ტაშისცემაა). მე დარწმუნებული ვარ წმ. ჯენნარომ თავის საქმისა უფრო კარგი მოხერხება იცის, ვიდრე არქიეპისკოპოზმა (ხალხში სიცილია)[69], მაგრამ ხმა დააგდეს, რომ სასწაული არ იქნებაო. თუნდ რომ არ იყოს - იმედი მაქვს რომ მაგით ცა არ დაიქცევა, რომ ჩვენ თითონაც უსასწაულოთაც მაინც კიდევ ქრისტესაგან გამოსხნილ ღვთისშვილებად დავრჩებით. მე იმედი მაქვს... მაგრამ - თქვენ საერო ხალხო, ნუ გაიგონებთ, მე სამღვდელოს ვეუბნები - მაგრამ ვნახოთ, თუ სასწაული არ მოახერხეთ, გარიბალდი იმ საფრანგეთის ღენარლის მაგალითს არ აჰყვეს, რომელმაც ხუთმეტ წუთშია წმინდას სასწაული აქმნევინა... ვნახოთ, თუ იტალიამ და ევროპამ აქედამ ის არ გამოიყვანოს, რომ წმ. ჯენნარო სასწაულს მაშინა შვრება, როცა სამღვდელო მაგას ინებებს ხოლმე (ხალხში ტაშის ცემა).…მე დიდი იმედი მაქვს, რომ რომელიმე მობეზღარი მიუტანს ამ ჩემს სიტყვებს მისს ემინენციას[70] კარდინალსა[71], რომ ამის გამო მის ემინენცია მოინებებს წმ. ჯენნაროს სასწაულის მონიჭებასა (ხალხში სიცილია). მასხარებო!.. სამჯერაც კიდევ მასხარებო!.. ხალხს რჯული უნდა და არა ღვდლების მაცდურობა და მოტყუება! ერთი სვინიდისი იქონიეთ, ბატონებო, ნუ გვარწმუნებთ ჩვენ, რომ ღმერთი თქვენის ბრძანებით სასწაულთმოქმედობს!“

19 სეკტემბერსა საღამოზედ გავაცციმ მართლა იქადაგა კიდევ იმ ადგილას და ძალიან აქო წმ. ჯენნარო, თითქმის „Galantuomo-ცკი“[72] უწოდა, იმისთვის რომ წესიერად შეასრულა თავისი ჩვეულებრივი სასწაული... მას შემდგომ გამოხატა იტალიის თავისუფლებისათვის ბრძოლის სახე, ურჩევდა განაგრძონ ის ბრძოლა დაუღალავად, წინა აღუდგნენ კიდევ ცუდ ღვდლებსა, საეკლესიო სამსჯავროსა და საპყრობილესა, რომელნიც იყვნენ დადგინებულნი ნეაპოლში კონკორდატის[73] ძალითა, ურჩევდა დააწესსონ საგულშემატკივარო სახლები გაჭირებულთათვის და უპატრონო ყრმათათვის.

ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე იქადაგა იეზუიტების წინააღმდეგ, როცა იმათი გაგდება გადაწყვეტილი იყო. იქადაგა ისევ შეერთების სასარგებლოდ იმის წინად, როცა მაგაზედ კენჭი უნდა ჩამოეტარებინათ და სხ. ყოველთვის გავაცცი აღტაცებით მიღებული იყო ყოველთვისაც საგანნი იმის ქადაგებისა ცხოვრებითნი იყვნენ, ზედმოწყობილნი ხალხის საჭიროებაზედა. ბევრად თუ ცოტად, რაც უნდა იყოს მაინც კიდევ გამოსაჩენი ზედმოქმედება ჰქონდათ ხალხზედ იმის ქადაგებაებსა.

მამა გავაცცის ქადაგების მოღვაწეობა, რომლის ნაწილიც ჩვენ შევატყობინეთ მკითხველებსა, სრულიად სხვარიგად იყო მოწყობილი. სულელობა იქნებოდა, რომ ის წარმოვადგინოთ მაგალითად მთელ საკათოლიკე მქადაგებელთათვის. მაგრამ სხვა მხრით, კი არ შეიძლება არ მივიღოთ სიმართლე ყვედრებისა, რომელსაც ის უკეთებს ნეაპოლიტანის სამღვდელოსა. ნეაპოლიტანის სამღვდელო მართლა იმცირებდა თავის თავსა და წინააღიდგენდა საზოგადო აზრსა იმით, რომ არ უნდოდა გაეგო ახალი მოძრაობა და მიეღო იმ მოძრაობაში მონაწილეობა. სამღვდელო სამხრეთის იტალიისა საზოგადოდ გამოჩენილია თავის უმეცრობითა და მომეტებულ ბოროტ მიდრეკილებითა. უქორწინობის გამო სამღვდელოდამ იშვიათი იქნება, რომ არავინ არ გაერივოს რომელიმე ქალების ისტორიაში... და არამც თუ მარტო ქალების... ამას გარდა, სამღვდელოსა საზოგადოდ და ბერ-მონოზნობას განსაკუთრებით აბრალებენ ფულის საშინელ ხარბობასა; თეთრს სამღვდელოს ყველგან აყვედრებენ გემოთმოყვარებასა და უზომო ავმუცლობასა. ანეგდოტები კარდინალებზედ, ბერებზედ, სოფლის ღვდლებზედ, მოძღვრებზედ (Padre Confessore) ურიცხვია მთელ იტალიაში. ყველაზედ მკაფიო ზედმოსწრობილი სიტყვა, ყველაზედ სამარცხვინო ოხუჯობა და ანდაზები ყოველ ფეხის გადადგმაზედ იმათზედ ისმის. ძნელი დასაჯერებელია, რომ ხალხი ეგრეთი ცრუმორწმუნე, ეგრე სამღვდელოს შიშის მექონე, იმავე დროს ეგრე შეურაცხად ხდიდეს სამღვდელოსა, მაგრამ კი იტალიაში სამღვდელომა მოახერხა მანდამდინ თავი მიეხწივებინა. რომში ისინი სძულთ, მაგრამ ეშინიანთ კი, რადგანაც ისინი ამასთანავე ქვეყნის მფლობელებიც არიან აქა. ნეაპოლშიაც ეშინოდათ, იმიტომ, რომ ბურბონების წყალობის ქვეშ იყვნენ და არაერთხელ, როგორც ამბობენ, შველოდნენ პოლიციას დამნაშავის პოვნასა აღსარების საიდუმლოების გაცემითა. ჰსჩანს, აქაც სამღვდელოს ჰქონია რაოდენიმე გვარი ძალა. უფროსობა, რომლითაც შეეძლო საპყრობილე დაემუქარებინა და მუქარაც აესრულებინა, ან კიდევ პატივისათვის გზა გაეხსნა იმისთვის, ვისაც კი ჰსწყალობდა. გარნა ხალხის სიყვარული კი მით, არამც თუ ვერ მოეხერხა მიეზიდნა თავისაკენ, არამედ უფრო დაკარგა საზოგადო აზრში ბურბონების უკანასკნელ მფლობელობის დროს. სამღვდელო ვერ მიხვდა თავის ვითარებას, ვერ მოტრიალდა თავის დროზედ...“

სალიბერალო მიმართულება ნეაპოლში უხილავად იზდებოდა და ძლიერდებოდა გარიბალდის მოსვლის უფრო წინად. მაგრამ ფრანჩესკოს მთავრობამ ამას ყურიც არ ადევნა და ეგონა, რომ ბოლოს მოუღებს მაგასა, რამდენიმე კაცი რომ დააჭერინოს და დაჰსაჯოს. ამ გულ-დაჯერებაზედ ნეაპოლიტანის სამღვდელოც სრულიად თანახმა იყო. რაკი, რომ არ მოელოდდა ახალ იდეების გამარჯვებასა, სამღვდელო ბურბონებს ფრთასქვეშ უფრო მეტად ამოუჯდა და განაგრძო თავის გულმოდგინობის გამოჩენა. ეს კი მართალია, რომ ბურბონებთან სამღვდელო ზედ გადაბმული იყო ერთ და იგივე საზღვრებითა და წადილის მიმართვითა, ბურბონების მოწინააღმდეგები კი თვით თავიანთ საქმის არსითა იყვნენ ამასთანავე მტერნი სამღვდელოსიცა, ნამეტნავად ბერ-მონაზნებისა, მაგრამ მაინც კიდევ დასაჯერია, რომ სულ ეს კარდინალები და აბბატები[74] უფრო ცოტა გულმოდგინებას გამოაჩენდნენ, თუ რომ წინ დაენახათ ბურბონების გადაწყვეტილი დაცემა: მაშინ კი, იქნება, პოლიტიკისათვის გადამეტებით ხელი არ მიეყოთ, როგორც გავაცცი ამბობს. ეხლა კი იმ ბურბონების ერთგულებმა მიჰყვეს ხელი ყველაზედ მომეტებულ უპოპულიარო ქადაგებასა. უწინ იმათი ქადაგებაები უნაყოფო და მკვდრები იყვნენ: ლაპარაკობდნენ საკათოლიკე ეკკლესიის წმინდანობაზედ, წარტოლვაზედ, სულიერ სრულებაზე, რომელსაც მისწვდებიან მარტო აღმორჩეულნი, იმ დოღმატზედ[75], რომ ღვთისმშობელი დედისაგან უცოდველად იშობაო და სხვანი ამ გვ. ეხლა კი ხელი მიჰყვეს იმისთანა ქადაგებაებსა, რომელნიც ანიშნებდნენ, ან პირდაპირ გამოატყვრენდნენ რასმეს იტალიის მოძრაობის, გარიბალდის და ვიკტორ-ემმანუელის საწინააღმდეგოდ და სხ. თავისთავად გაიგება, რომ ეგ იმათ მხრით ვერაფრად იყო ნაანგარიშები: ძალად წამოჩხირული და ნაბძანები დარიგებანი არავისზედ არ მოქმედობდნენ მხოლოდ უფრო მქადაგებლებზედ ხალხის ზაფრასა შლიდნენ. აბა უფრო აქ მოიცხეს ის სამარცხვინო ლაფი, რომლის ჩამორეცხვასაცა ჭეშმარიტ პატრიოტობით ურჩევდა გავაცცი.

რომის კარის შეჩვენების და თანდევნის გარდა, გავაცცის ძლიერ წინააღუდგებოდნენ სამღვდელო გაზეთებიცა. გავაცცის ქადაგების მოღვაწეობასა ეძახდნენ ანარხიულ აგიტატორობასა[76], აჩვენებდნენ არამარტო ქრისტიანობის, არამედ ყოველ სარწმუნოების წინააღმდეგათაცა. რამოდენადაც მართალია ეს დაბრალება ჰსჩანს, ჩვენგან საკმაოთ ვრცლად მოყვანილ ქადაგებაებშია. მართალია, გავაცცი საკათოლიკე ეკკლესიის სხვა მქადაგებელთაგან ძალიან განსხვავებულია თავის ქადაგებაების შიგმდებარე აზრითა: ის ცხარედ და მკაფიოდ გადაჰკრამს ხოლმე ბურბონების მთავრობასა, სამღვდელოს ყურმოჭრილ ყმობასა და თავის მოყვარეობასა, მონასტერში ქალების აღზდასა და თვით პაპის საერო უფლებასაცა. ის დაიცინება წმ. ჯენააროს ცრუ სასწაულზედ, აქებს ეკკლესიისაგან შეჩვენებულ გარიბალდისა და იმის ვოლონტერებსა და სხ. მაგრამ რომ მივმართოთ ჭეშმარიტ ქრისტიანობის აზრსა, უიმისოდ რაც დაუმატებია, გაუმგზავსებია საკათოლიკე ეკკლესიას, არა გვგონია, რომ გავაცცი უფრო ახლო არ იყოს ქრისტიანობაზედ, ვიდრე კარდინალები და აბბატები, როგორც დოღმატებშია, ისე თვით მცნებაების არსშია. გავაცცი, მაგალითებრ, ვალდებულად არა რაცხს სამღვდელოთა უქორწინებასა: ერთხელ რომ წააყვედრეს, ცოლიანი ხარო, საქვეყნოდ უპასუხა: „მეც ცოდვად არ ჩავითვლიდი, რომ ცოლიანი ვყოფილიყავ, და სულაც არ შემეშინდებოდა მაგის აღვიარება, რომ ეგ მართალი იყოს; მაგრამ მე ცოლი არა მყავს, იმიტომ, რომ მე მაქვს მხოლოდ ერთი სიყვარული, მე მყავს მხოლოდ ერთი ცოლი - იმას იტალიას ეძახიან“. ჩვენ ვიცით, რომ ამ საგანში რომის კარზედ უფრო მართალია გავაცცი; აგრეთვე მართალია პაპის საერო უფლების განსჯაშიაც. მაგრამ ის არის უფრო დიდი საქმე, რომ თვით თავის ქადაგების სულის აზრითა ეგ უფრო ახლოა სახარების აზრთანა, ვიდრე რომის კარი და იმისი მოღვაწენი. რაკი რომ რომის სამღვდელო გულმოდგინედ მიიწევდა, რომ გაევრცელებინა თავისი საერო უფლება, მმართებლობაებთან შეკრულობაში გაება და იქამდინ მიიყვანა თავი, რომ ყოველი ღონისძიება უნდა მოეხმარებინა - ხალხის საკეთილოდ კი არა - ხალხის წინააღმდეგად, ყოველ იმ შემთხვევაშია, საცა კი ხალხის ინტერესი დაეჯახება ხოლმე მმართებლობის ინტერესსა. ეგ შემთხვევა ხშირად ყოფილა და არის კიდეც საკათოლიკე ქვეყნებშია. მაგ: ნეაპოლში ხალხი იყო მიწასთან გასწორებული, მიეცემოდა ხოლმე ყველაზედ უარესს შეუწყალებელ უსამართლოებასა. იწამებოდა მთავრობის განუსაზღვრელ ნებაყოფლობისაგან, მოსამსახურეების მოქრთამეობისაგან, მებატონეთა ხარბობისაგან და პოლიციის შეუპოვარ და მხეცურ იჭვნეულობიასგან და დევნისაგან. სამღვდელოს საქმე აი რა უნდა ყოფილიყო, ქრისტეს რჯულის აზრითა - უნდა დაეფარა მიწასთან გასწორებულნი, დაჩაგრულნი, მართალი სიტყვა ეთქვა მართლის შესაწევად, განეკიცხა ბოროტმოქმედი, მაგრამ სამღვდელოს ეს ფიქრადაც არ მოსვლია, ამის მაგიერ, რაკი გულდაჯერებული იყო ბურბონების და დიდკაცობის შემწეობაზედ, ის შეიქმნა საჭიროების ძალითა უსამართლოების, ნებაყოფლობის ძალადობის მოღვაწეთა. იმან თავის სასულიერო ღონისძიებითა შველა დაუწყო პოლიციის ძებნასა და დევნასა, იმან ძირიანად გადმოატრიალა და წაახდინა ხალხის აზრი, რაკი სულ იმას ეჩიჩინებოდა, რომ უგულებელმყოფელი და არა რაი ხარო, უმტკიცებდა სიმართლესა და რჯულიერობას ყოველ საძაგლობისას, რომელიც მოიგონებოდა ხოლმე ვიღაც დელკარრეტოს, მანისკალოს, აიოსსას და სხვა უნამუსო და განძვინებულ ორივე - სიცილის მმართველთაგან. ამ სახით, ეკკლესია თავის ნეაპოლიტანის წარმომადგენელებითა სრულიად დაშორდა ქრისტეს მცნების აზრსა და შეიქმნა არა მოღვაწედ სიმართლისა და ძმურის სიყვარულისა, არამედ ძლიერთა ამ ქვეყნისათა ყურმოჭრილ ყმად, გამცემად და მომატყუებელად თავის უმცირეს ძმებისა. ეს კია რომ ეს გასაკვირველი არ უნდა იყოს მას შემდეგ, რაკი სამღვდელომ ერთხელ პირი მოარიდა და დაშორდა ხალხსა და დაემყარა იმათზედ, ვისიც ინტერესი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ხალხის ინტერესსა. ვერ შეეძლო დაეწყო მართლის ლაპარაკი, იმიტომ, რომ სულ მთელი ორივე-სიცილიისა მთავრობა და თვით რომის კარიცა წინააღუდგებოდა, და იმათს შველასა გულაყრილი ხალხიც არ მოიწადინებდა. იმიტომაც ბურბონების მთავრობა და რომის სამღვდელო ერთი ერთმანეთს ხელსა ჰბანდნენ და ჰქონდათ საერთო თავდებობა, რომლითაც ამაგრებდნენ ერთმანეთსა და გაბედვით მიდიოდნენ ხალხის ბედის უფრო და უფრო დამძიმების გზაზედა... მაგრამ საოცარი ეს არის მარტო, რომ საკათოლიკე სამღვდელო ყოველთვის ისეთი მოხერხებული და ცბიერი, მთელ თავის თეორეტიკულ უმეცრებასთან - როგორ ვერ მიხვდა და მიაგნო თავის ვითარებას და ვერ გაიანგარიშა თავის შანსები[77] უკანასკნელ ხანებშია. ეხლა ნეაპოლშიაც კი უფრო მეტი ნაწილი ღვდლებშია გალიბერალდა, ესე იგი კონსტიტუციის მხარეზედ არის, ცუდად იხსენიებს ავსტრიელებსა და ბურბონებსა და თითქმის ხანდისხანაც წაჰსცდება ხოლმე გულის მოსალბობი სიტყვა იტალიის იდეის წამებულების და თავისულების მოღვაწეების სადიდებლად; მაგრამ, როგორც ვხედავთ, იმათმა გადაცვლამ იმათ არაფერი მოუმატა საზოგადო აზრშია. ნეაპოლში არაერთხელ დამაცინებელ ღიმილითა ყურს უგდებდნენ ამ უეცრად გალიბერალებულ მქადაგებლებსა, რომელნიც ერთის წლის ცოტა წინად მთელ ცისა და ქვეყნის ქარ-ცეცხლსა აწვიმებდნენ იმათზედ, ვინც თავისუფლად ფიქრობდნენ და წინააღუდგებოდნენ ბურბონების პოლიციის მმართველთაგან დადგინებულ წესსა და რიგსა. იქნება ეგ ღიმილი უფრო ნაკლებ, ან სულაც არ ყოფილიყო, თუ რომ ღვდლებსა და საკათოლიკე ბერებსა, - ხომ არ ვამბობთ, რომ მიეთვისათ ჭეშმარიტი აზრი სახარებისა, ეგ დიდი მანძილია - სწორედ მაინც გამოეანგარიშნათ ისა, რა მდგომარეობაშიაც ისინი არიან და რა მოელის იმათ ამ მოკლე ხანში. იმათთვის უფრო ცხადი დასანახავი იყო ნეაპოლში და სიცილიის ჭკვების მიმართულება: ხომ იმით ხელში იყო სრულიად აღზდა და აღსარება. იმათ იცოდნენ და ხედავდნენ, რას ითმენს ხალხი, რა ზომამდე გაბოროტებულია ხმაგაკმენდილად, გულშია გაბოროტებული. იმათ იცოდნენ კერძობითი ცხოვრება, შინაური და სამოქალაქო დამოკიდებულება ყველასი ერთად და თვითეულისა ცალკე, იმათ შეეძლოთ ყველაზედ ადრე გამოეხატათ, რამოდენათაც მძიმეა ნეაპოლიტანელებისათვის მოწარმოე წესი და რიგი, და გძლად გაჰსწევს კიდევ თუ არა ხალხის მოთმინების შეძლება... რაკი რომ ეს ყველაფერი იცოდნენ, იმათ შეეძლოთ და ვალდებულიც იყვნენ ყოველს შემთხვევაში სხვანაირად დაეწყოთ ლაპარაკი და სხვანაირად ემოქმედნათ, სხვა არა იყოს რა ბურბონების მეგობრობისათვის მაინცა. შეურაცხმყოფი და პირფერობითი ქება ძლიერ კაცებისა კია, არ უნდოდა, არამედ სამართლიანი განკიცხვა და მუქარება უნდა წარმოეთქვათ იმათა, იმისთვის მაინცა, რომ დაიხსნას მთავრობის პარტია საბოლოვოდ დასაღუპავის უგუნურებისაგან და აუხილონ თვალები აწინდელ საქმის ვითარების დასანახავად.

თვით ხალხისათვისაც უნდა ჩაეგონებინათ მართალი, მრთელი აზრი იმაზედ, რაც უჭირს, რა სამართალიცა აქვთ და უნდა ჰქონდეს, რარიგად უნდა იყვნენ საზოგადოებრივ მიქცევ-მოქცევაში, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოშია, რომ გონიერად და ზედმიყოლებით მიეყვანათ ხალხი კეთილწესიერ სამოქალაქო ცხოვრების საქმემდინა და არ კი უნდა გაებათ ჩიჩინი ხალხის უგულებელყოფაზედ და სიდაბლეზედ, რომ ამით უფრო არ გაებოროტებინათ ხალხი და იძულებულ არ ექმნათ პოლიციის ჯოხიდამ გამოსხლეტოდა ის ხალხი და გადავარდნილიყო პირდაპირ რევოლუციის ალშია...

ეგრე, ვამბობთ ჩვენ, უნდა ემოქმენდა საკათოლიკე სამღვდელოსა და ყოველ სამღვდელოსაცა, თვით ბურბონების მეგობრობის გულისათვის მაინცა, თუ რომ სწორედ გამოენგარიშა საქმეების ვითარება ორსიცილიის საკოროლოში. ძალიან შესაძლოც არის, რომ ბევრმა იმათგანა მაგრე გამოიანგარიშა; სამღვდელოში უკეთესებს დიდი ხანია ესმოდათ, რომ ბურბონების წესდებულება მკვიდრი არ არის, მაგრამ იმოდენა ღონე და ხასიათის ძალა არ ჰქონდათ, რომ ნაანგარიშები საქმეზედ გადმოეტანათ. ამასთანაც რომის კარიცა ბევრს უშლიდა: ბურბონების მმართველთა თავზედ ნებაყოფლობის წინააღმდეგობის გაბედვა ნიშნავდა ჩავარდნასა არამარტო საერო, არამედ იმ თავის საკუთარ, სამღვდელოს უფლების რისხვის ქვეშაცა; იმიტომ, რომ თვით სამღვდელო ყოველთვის აძალებდა დაბალს სამღვდელოსა, რომ სრულიად აამონ ხოლმე იმ მთავრობასა, რომელიც რომის კარსა კარგად ექცევა. ამ სახით, ერთის მხრით სულმოკლეობითი შიში რამდენიმე ნივთიერ სარფობის დაკარგვისა, მეორეს მხრით - არა ამაზედ ნაკლები სულმოკლეობითი კრძალვა, განკიცხვის და თუნდ თვით პაპის შეჩვენებისა, შეიკავებდნენ ხოლმე სამღვდელოთა შორის თვით უკეთესებს, გამოჩენილ პირთა ჭკვითა და კეთილსვინიდისიანობით, ამ მიზეზით ნეაპოლიტანის სამღვდელომ განაგრძელა ყურ-მოჭრილ ყმასავით ყოფნა უსამართლო უფლებასთან და ხალხიც მიანება მიწასთან გასწორებულს ნებაყოფლობასა.

ცოტათ ყველაზედ გამბედავთა ზედ შეაფურთხეს ნივთიერ სარბობასა და მიჰსცეს თავის თავი შეჩვენებასა, თანდევნასა, უბინაო ცხოვრებასა, რომ ხალხს ახარონ სიტყვა სიმართლისა, ძირს დაჰსცენ ძლიერნი მჩაგვრელნი ხალხისანი. მათ შორის ნამეტნავად გამოჩენილია გავაცცი. შეიძლებაღა განიკიცხოს იგი ბურბონების და იმათ მოღვაწეობის წინააღმდეგ ქცევისათვის? შეიძლებაღა დაგვაჯერონ, რომ გავაცცი თავის ქადაგებაშია უფრო

დაშორებულია ქრისტეს მცნებასა, ვიდრე ყურმოჭრილიყმა სამღვდელო, რომელიც ლოცავდა და ჰფარავდა ამდენ უსამართლოებას და უწყალობას ბურბონების დროს? ამბობენ, სიტყვა ქრისტესი არის სიტყვა მშვიდობისა სიყვარულისა და არა შურისძიებისა და წყევისა...

ხომ გავაცცის თავის ქადაგებაშია იყოლიებს ხალხსა სიყვარულისათვის და თანხმობისათვის; იგი თითქმის განსაკუთრებით ცდილობს შეიკავოს და დაიფაროს ბურბონების მოღვაწენი ხალხის გაბოროტებისაგან და რისხვისაგან. ის ძალად ჰყოფს იმათ და ყველაზედ უარესებს ეძახის „ჯალათებსა“, რომელნიც უნდა მოიყვანონ საერო სამთავროსა წინაშე და არ შეურაცხჰყონ კი და აწყენინონ უბრალოდ. მაგრამ, რომ მკაფიოდ, და სხარტედ ლაპარაკობს თვით ბურბონების წინააღმდეგად, არ უნდა დაივიწყოთ, რომ ის ლაპარაკობს იმათ გაგდების პირველ წუთებშია, როცა კიდევ ფრანჩესკოსა ჰყვანდა ჯარი; როცა კიდევ ყოველდღეE ემუქრებოდა ხალხს ისევ ნეაპოლში დაბრუნებასა. ამ შემთხვევაში, მაშასადამე, გავაცცი ძლიერის გამკიცხავად გამოვიდა, მაგალითები მაგგვარ კიცხვისა უანდერძნიათ ქრისტიანობისათვის ჯერ კიდევ ისრაელის წინასწარმეტყველებსა. თუ იგი უპატივცემულოდ ლაპარაკობდა პაპზედ და კარდინალებზედ, ისინი ხომ ღირსნი იყვნენ მაგისა, ამ შემთხვევაში გულის სირბილე იმათდამი უალაგო იქნებოდა: თვით იესო შოლტით გამოჰყრიდა ხოლმე იერუსალიმის ტაძრიდამ გამსყიდავთა და მსყიდველთა.

სხვანი აყვედრიან უფრო ზომიერებით კი გავაცცისა, რომ შეარცხვინაო სამღვდელოს და საეკკლესიო კათედრა იმ საგანზედ ლაპარაკით, რომელიც სრულებით სარწმუნოებას არ შეეხებაო. ამაზედ კიდევ შეიძლება პასუხისგება ამის ქადაგების შედარებითა იმათ ქადაგებასთან, ვინცა ამასა ამგვარად ჰკიცხავს. ძნელია კაცმა წარმოიდგინოს რამე იმაზედ უფრო უსიცოცხლო და წარტოლვილი, როგორიც არიან ჩვეულებრივი ქადაგებანი საკათოლიკე სამღვდელოსი. ისინი, მართალია, ლაპარაკობენ აღმატებულ და წმინდა საგნებზედა, მაგალითებრ, არაიშვიათად საკათოლიკე ეკკლესიის დოღმატებზედ, წმინდა სამების საიდუმლოებაზედ, ღვთისმშობლის უცოდველ შობაზედა, რომის ეკკლესიის წმინდანობაზედ - წინააღმდეგ ლუტერის გადგომილ სარწმუნოებისა, წმინდათა ცოდვილების შეწევნაზედ და სხვანი ამ გვ. მხოლოდ ესე სულ ერთიანად იკარგება უბრალოდ უფრო მეტნაწილი მსმენელთათვის, იმიტომ, რომ სრულიად ზედ არ ერთვის იმათ ყოფა-ცხოვრებასა, არ აღუძრავს არც ერთ კეთილ აზრსა, არც ერთ პატიოსნურ გრძნობასა. უფრო ხშირად საკათოლიკე სამღვდელონი კეთილზნეობაზედ ლაპარაკობენ: აქ კი, ისე უნდა გვეგონოს, რომ უნდა და ვალდებულიც არიან შეეხონ მოწარმოვე ცხოვრებასა, ჰსთქვან რამე „საერო“ საგანზედა იმისათვის მაინცა, რომ მსმენელების ყურადღება მიიზიდონ. მაგრამ ისინი სხვა გზაზედ მიდიან: ყოველდღე აიღებენ ხოლმე საგანს ცხოვრებისაგან წარტოლვილს, ლაპარაკობენ ეხლაც, როგორც ათასის წლის წინად ილაპარაკებდნენ, ცხოვრების ახალ საჭიროებასა კი სრულიად პირს არიდებდნენ. როცა მაგალითად, ვჰსთქვათ, ჰსჯიან სამოსლებზედ ანუ საჭმელზედა, მოჰყავთ ნათქვამი წმ. ავგუსტინესი ანუ თომა კემფელისა[78], როგორც უკანასკნელი საბუთი - და მას შემდეგ ხელახლად მოჰყვებიან ძველს, ყველასაგან მოწყინებულს და ყველასაგან ორმოცდაათჯერ გაგონილს დარიგებასა: კრძალვაზედა, ზომიერებაზედ და სხვანი ამ გვ. საზოგადოთ: მარხვა, ლოცვა, სინანული წინაშე მოძღვრებისა, მოთმინება, თავდაბლობა - აი საყვარელი საგანი საკათოლიკე მქადაგებლებისა. ხანდისხან უფრო მაღალ ფარდებს დაჰკრავს ხოლმე მქადაგებელი: მაგალითებრ, მოუნდება თუ არა ლაპარაკი უმანკოებაზედ, მოჰყვება იმის დამტკიცებას, რომ, როგორ ასწორებს კაცსა ეგე ანგელოზთანა, როგორ პირდაპირ ღმერთთან მიიყვანს, მერე ის, რომ თვით გასაწმენდელსაც გზას ააქცევინებს, როგორ ამასთან ჰქრებიან სულ ყოველნი სათნოებანი და - ქადაგების ბოლოს კინაღამ წყევლასაც არ წამოურევს ხოლმე ქორწინებაზედ, ცოლქრმობაზედა, რომელიც იმათგან გაპატიოსნებულია, როგორც „ეშმაკის მაცდურება“, პირუტყვის მიმზიდველობა „ჩვენის უწმინდურის, ბილწი ხორციელების ცოდვა“ და სხ. ამ გვ. ეხლა ვკითხამთ, შეიძლებაღა მოელოდეს რამე ზნეობით სარგებლობასა ამგვარ სწავლისაგან, რომელნიც თავის თავსა თითონვე ართმევს ყოველს ცხოვრებითს აზრსა. თუ ესენი აღარ არიან მოსაწყენნი და შეუწყნარებელნი მარტო იმისათვის, რომ ამას იქით დაიჩემონ ტყუილი უცნაურობა.

ერთი რამ არის, მხოლოდ ერთი, რომელსაც ცხოვრებაში ყურადღებას არ მოარიდებენ ხოლმე მქადაგებელნი, - ეგ თავის საკუთარი სარფობაა. იშვიათი ქადაგება იქნება, რომ ან პირდაპირ ან გვერდ-გვერდად არა ჰსცემდეს იქა, რომ შესაწირავი უნდა საყდარს, ე.ი. იმის მსახურებსა. აქ მქადაგებელნი არა შიშობენ, რომ შეარცხვენენ მაგით კათედრასა. ხანდისხან მართალია, პირდაპირ არა ლაპარაკობენ ფულზედა, მაგრამ იტყვიან კი ხოლმე, მაგალითებრ, იმაზედ, რომა მაცხოვნებელია ამა და ამისათვის ამდენი და ამდენი წირვა, რომ ცოდვებისაგან დამსხნელია აღსარება და ინდულგეცია[79] ... მერე კი ფარდას იქით ვაჭრობაც გაიმართება ხოლმე. მაგრამ კი უკანასკნელს წელიწადებში მთელი ქადაგებაები ითქმებოდა ხოლმე მარტო იმისთვის, რომ წმ. პეტრეს ეკკლესიის[80] შესაწევრად ქრისტიანენი წააქეზონ და წაახალისონ, ამასთანავე, რასაკვირველია, უხსნიდნენ ხოლმე შესაწირავის დიდ ღირსებას ქრისტიანობის სათნოებათა შორის, ითქმოდა ხოლმე, რასაკვირველია, წმინდა პაპის მწუხარეობაზედაც, მოიწოდებოდა რისხვა და სასჯელი ღვთისა იმის მტრებზედა და სხ... ესე ყოველიფერი სულ ერთად, რომის ეპისკოპოზების აზრით, არ არცხვენდა კათედრასა და გავაცცის სიტყვები კი არცხვენდნენ!..

აბა რისთვისა? იმისათვის ხომ არა, რომ გავაცცი არა ლაპარაკობდა ისე, როგორც რომის კარი ბძანებდა? ანუ იმისთვის ხომ არა, რომ ებაასებოდა ხალხსა მდაბიურ ენითა ლათინურ სიტყვების შეურევლად, რომელიც ხალხისათვის გაუგებარია? გვგონია, არც ერთი და არც მეორე არ ამართლებდეს გავაცცის განმკიცხველებსა...

იმედი არის, რომ საკათოლიკე ბრძენთა აზრები დიდი ხანი ვეღარ იქნებიან გამარჯვებულნი მთელ და მართალ აზრებზედა. იტალიაში იმის საპოლიტიკო აღმოშობასთან ერთად ვრცელდება ჭეშმარიტი ცნობა ქრისტეს მცნებაებისა. ეხლა ბევრს ესმის კიდეცა, რომ ამ მცნებაების წარმომადგენელი არ უნდა მოინახოს რომის ეპისკოპოზების და აბბატების შორის, და სამღვდელოსთან საქმის დაჭერაზედ ხელს იღებენ. რაკი რომ იტალიის ნაციონალობა დამკვიდრდება რომშია, დაეცემა კიდეც უკანასკნელი ბოძი საკათოლიკო ობსკურანტობისა[81], და თვით სამღვდელოცა რაკი ნახამს, რომ ეკარგება ფეოდალური[82], უსამართლოდ შეძინებული უფლება და ამას იქით დარწმუნდება, რომ ვეღარც ხალხის მოტყუება შეეძლება, უთუოდ შემცირდება რიცხვით, მაგრამ ზნეობით კი ამაღლდება, რაკი ფეხს შესდგამს სამოქალაქო მოღვაწეობის სასარგებლო გზაზედ, რათა გაუტაროს და გადაჰსცეს ხალხსა მართალი, მრთელი და ჭეშმარიტად მარგებელი აზრები...

[1862 წ. ივლისი - 1863 წ. იანვარი.]

_______________

1 ნეაპოლი არის დიდი და მშვენიერი ქალაქი სამხრეთის იტალიისა. იყო სატახტო ქალაქი განსაკუთრებულის საკოროლოსი, რომელსაც ერქვა მისივე სახელი (ნეაპოლიტანის საკოროლო) და რომელიც 1861 წელში, შემდგომ გარიბალდის სახელოვან ლაშქრობისა, შეუერთდა იტალიის სახელმწიფოსა.

2 კარლო III იყო პირველი კოროლი ბურბონების დინასტიიდამ ნეაპოლიტანის საკოროლოში. ის მეფობდა ნეაპოლში 1733 წლიდამ 1759-მდე მას შემდეგ, რაკი მამა მოუკვდა, შეიქმნა ისპანიის კოროლად, სადაც დაირქვა სახელი კარლო III; მაშინ მან გარდასცა საკოროლო თავის მცირეწლოვან შვილს ფერდინანდოს I (1759-1825-მდე.)

3 ვიკტორ-ემმანუელი არის ეხლანდელი კოროლი იტალიისა. 1859-მდი მას ეკუთვნოდა მარტო სარდინიის სახელმწიფო; მაგრამ იტალიის მოძრაობის დროს, როცა სხვანი იტალიის ხელმწიფეები სდევნიდენ ხალხის პარტიას, ვიქტორ-ემმანუელი ფარავდა მას და ამავე დროს უფრო დაამკვიდრა თავის სახელმწიფოში თავისუფალი კონსტიტუციური მართებლობა. ამის გამო ის შეიქმნა საყვარელი ხელმწიფე და იმედი იტალიანელებისა, რომელთა, როდესაც გაყარეს თავის ხელმწიფეები, ამოირჩიეს ის შეერთებული იტალიის სახელმწიფოს კოროლად (1618 წელში).

4 ულტრამონტანებს ეძახიან იმ პირებს, კათოლიკის სარწმუნოებისას, რომელთაც უჭირავთ პაპის მხარე და სურთ გაძლიერება მის დაცემულ უფლებისა.

5 კორესპონდენტი ჰქვიან იმ კაცს, რომელიც რომელიმე ადგილიდამ ატყობინებს სხვადასხვა ამბებს გაზეთებს, ჟურნალებს, თუ ვინმე კერძოობით პირს.

6 სხოლასტიკა - მშრალი და უსარგებლო სწავლა.

7 პოპულიარობა ნიშნავს ხალხის სიყვარულსა რომელიმე პირისადმი, ხალხში გავარდნილს, კეთილ სახელს რომელიმე პირისას, ეგრეთვე სიადვილეს რომელიმე თხზულებისას ეს სუტყვა წარმოზდგება ლათინურის ლექსიდამ populous (ხალხი).

8 ფერდინანდი II იყო კოროლი ნეაპოლიტანის სახელმწიფოსი (1830-1859) მისმა სასტიკმა და მცბიერმა პოლიტიკამ ისე შეაძულა ხალხს მისი დინასტია, რომ უკანასკნელი მაგ დინასტიის წარმომადგენელი ფრანჩესკო გადააყენეს სამეფო ტახტიდამ და მერე იმისი საკოროლო შეაერთეს ვიკტორ-ემმანუელის თავისუფალ სახელმწიფოსთანა.

9 რადიკალურ პარტიას უწოდებენ იმ პარტიას, რომელიც ცდილობს მოახდინოს თავის ქვეყანაში საფუძვლიანი, ძირეული ცვლილებაები მართებლობისა. ეს სიტყვა წარმოებს ლათინურის ლექსიდამ radix რომელი ნიშნავს ძირს.

10 დანიელ მანინი იყო სახელოვანი პატრიოტი იტალიისა, რომელიც ირიცხებოდა თავიკაცად ვენეციაში 1848 წლის რევოლუციის დროს.

11 პალერმო და მესსინა არიან ქალაქები სიცილიის კუმძულზედ, რომელი ეკუთვნის ეხლა იტალიის სახელმწიფოს.

12 ჩვენ ერთ ჟურნალის კორრესპოდენციაში წავიკითხეთ, რომ გავაცცი ყოფილა ნეაპოლში ხალხის დღეობების დროს, საშობაოდ, რომელშიაც ღვთისმშობელი იყო მორთული ნაციონალურის ფერებითა, ყრმა იესო წითელ გარიბალდის პერანგითა; იოსებისათვის გაეკეთებინათ ვიკტორ-ემმანუელური ულვაშები, მოგვებსა ჰქონდათ საცმელი ბიქსიოსი, ფრანჩესკო II წარმოადგენდა იროდსა. კორრესპოდენტი (მეტად კეთილგონიერი) ამბობს, რასაკვირველია, თავზარდაცემითა, რომა რევოლუციამ ნეაპოლში ამ სახით მიაღწივაო უსამღთოეს საგნებამდინაცაო და, რასაკვირველია, დიდი ეჭვით შეაქვს გავაცცის და „სხვა გარიბალდის ხროვისო ამ საქმეში დიდ მონაწილეობაზედა.

13 ნეაპოლში იქმნება რამოდენიმე ათი ათასი მცხოვრები, რომელნი ისრე ღარიბნი არიან, რომ მათ არა აქვსთ სადგომი ბინა და ცხოვრებენ მათხოვრობით, თუ რამე წვრილის მუშაობით. მათ ეძახიან ლაძარონებს.

14 კაპუა არის ქალაქი სამხრეთის იტალიაში.

15 იმპრესარიო - თეატრის შემნახავი, უფროსი.

16 ვოლონტერი - მხედარი თავის ნებით შესული სამხედრო სამსახურში.

17 ევროპაში ჯარს, შედგენილს რომელიმე ქალაქის მოქალაქებისაგან, ეძახიან ნაციონალურ გვარდიას. ნაცია ნიშნავს ხალხს (ლათინურად natio ხალხი)

18 იმპროვიზაცია - სიტყვა, ქადაგება ანუ ლექსები, მოუმზადებლად წარმოთქმული.

19 ალარმისტი - კაცი, რომელი ჰყრის უსიამოვნო ჭორებს და იმით აშინებს საზოგადოებას.

20 ტრაკტატი - პირობა შეკრულობა ხელმწიფების შორის. ვერის და ვერონის ტრაკტატები იყვნენ წინააღმდეგნი იტალიის ერთობისა და თავისუფლებისა, ამისა გამო იტალიელებს ჰსძულდათ ეს ტრაკტატები.

21 ვანდალები იყვნენ ღერმანიის ტომის ხალხი, რომელი ბარბაროზულად აოხრებდა დასავლეთის რომის იმპერიის მაზრებს V საუკუნეში

22ნერონი, კალიგულა და ღელიოგაბალი იყვნენ სასტიკი და მოსისხლე იმპერატორები რომისა. ორნი პირველნი ცხოვრებდნენ პირველში, ხოლო უკანასკნელი III საუკუნეში ქრისტეს აქეთა

23 ჩვენ ძალად გადავთარგმნეთ გავაცცის პირველ ქადაგების დასაწყისი იმისათვის, რომ ვაჩვენოთ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამაში სტატუებზედ ლაპარაკსა. როგორც ხედავთ იგი არ არის დაკავშირებული ქადაგების არსთანა და არის მხოლოდ ეპიზოდი შესავალში, სხვა არაფერი. ჰსჩანს, რომ თვით ორატორი დიდ მნიშვნელობას არ აძლევდა იმას, რაც დაემართებათ სტატუებსა, თორემ ის თავს აღარ დაანებებდა ამას ეგრე ადვილად, ნამეტნავად მაშინ, როცა ხალხი, როგორც ჰსჩანს, ძალიან მიდრეკილი იყო შეესრულებინა გავაცცის რჩევა. ეგ არაფერი კიდევ, - შეიძლება ვიფიქროთ კიდეც, რომ სტატუებზე წინააღმდეგი ლაპარაკი გამოათქმევინა წინადმავალ ხმებმა და მიდრეკილებამ, რომელიც ხალხში იყო ძალიან გავრცელებული. ხალხს ყოველთვის უნდა ხოლმე უსათუოდ, თუ არ თვითონ მტერი, იმის სტატუა მაინც, სახე იმისი, რომელიმე ნივთიერი საგანი, რომელზედაც შეეძლოს დაანთხიოს თავისი ჯავრი და მოიკლას შურის-ძიების წყურვილი. სიცილიაში სახსოვარი ბურბონების გაანადგურეს, ნეაპოლშიაც ხალხის ენტუზიაზმსა შეეძლო მიეღო მაგისთანავე მიმართულება. გავაცცი, რასაკვირველია, იმისთანა არ იყო, რომ დაეძრახა ეგ მოძრაობა, მაგრამ, როგორც ჭკვიან კაცს, ესმოდა იმას, რასაკვირველია, ისიცა რომა ამგვარ საქმეებისაგან არაფერი საკეთილო არ გამოვა იტალიის თავისუფლებისათვის. აი, რის გამო ისე ადვილად შეეხო ამ საგანსა და ისევ ისე სწრაფად და თითქმის უხერხოთაც დაანება თავი, როგორც შეუდგა თავდაპირველ. ეგრე არ იქცეოდა ხოლმე ის სხვა შემთხვევაში, როცა, მაგალითებრ, ლაპარაკობდა სენტელმოს სიმაგრეზედა. მაშინ კი იმან კაი რეზულტატამდინა მოახერხა საქმის მიყვანა.

24 ტრიუმფი გამარჯვების დღესასწაულობა, მხიარულება.

25 მარსალა არის ქალაქი სიცილიის კუნძულისა, ზღვის პირზედ. აქ გამოვიდა გარიბალდი თავის ვოლონტერებით 1860 წ., როცა დაიწყო ომი ნეაპოლიტანის მართებლობასთან.

26 ლეგიონი - გუნდი, ნაწილი ჯარისა; ესრეთ უწოდებდენ რომაელები თავის პოლკებს.

27 პიემონტი ჰქვიან ჩრდილოეთ იტალიის დასავლეთს ნაწილს. სარდინიის სახელმწიფოს სხვანაირად უწოდებდენ კიდევ პიემონტის სახელმწიფოს. ვენეცია არის ქალაქი ჩრდილოეთის იტალიაში.

28 კარლ-ალბერტი იყო სარდინიის კოროლი, მამა ვიკტორ-ემმანუელისა. მან მისცა თავისუფალი, კონსტიტუციური მართებლობა თავის სახელმწიფოს 1848 წელს.

29 კონსტიტუციას უწოდებენ იმნაირ წესს მართებლობისას, რომლითა ხელმწიფის უფლება გარეშემოზღრულია ხალხისაგან ამორჩეულ დეპუტატებისაგან

30 ლომბარდია, რომანია და ტოსკანა არიან იტალიის მხარენი.

31 ვენეცია არის დიდი ქალაქი ჩრდილოეთის იტალიაში, ადრიატიკის ზღვის პირზედ. ეს ქალაქი ეხლაც ავსტრიელების ხელშია.

32 ლოზუნგი - პირობითი სიტყვა, რომელსაც აძლევს სარდალი თავის ჯარს ომიანობის დროს, რომ მეომრებმა ერთიერთმანეთი იმ პირობის სიტყვით იცნონ.

33 ალპებს ეძახიან დიდს მთებს იტალიის ჩრდილოეთის სამზღვარზედ, ლილიბეა-ქალაქია სიცილიაში. ადრიატიკას უწოდებენ ზღვას, რომელი არის იტალიის აღმოსავლეთის მხარეზედ.

34 თომა აქვინელი იყო სახელოვანი კათოლიკის ღვთისმეტყველი, სცხოვრებდა VIII საუკუნეში.

35 კროატები არიან ხალხი სლავიანის ტომისა, ისინი ცხოვრებენ ავსტრიის იმპერიაში.

36 ვილლა-ფრანკი არის დაბა ჩრდილოეთის იტალიაში. აქ, 1859 წ. შემდგომ იტალიის ომისა, მოხდა შერიგება ფრანცუზის იმპერატორის ნაპოლეონ II და ავსტრიის იმპერატორის ფრანც იოსების შორისა.

37 კონფედერაცია-კავშირი, შეკრულობა სახელმწიფოების ერთმანეთ შორის.

38 ევროპაში ბევრ ქალაქებს აქვთ თავისი საკუთარი წესდებულება, ისინი თვითონ მართვენ უფროსს ნაწილს თავის შინაგან საქმეებსა. ამ სიმართლეს ქალაქისას უწოდებენ მუნიციპალობას ანუ მუნიციპალიზმს.

39 პროვანსი და გასკონი არიან ფრანციის მხარენი.

40 გლაზგო და მანჩესტერი არიან დიდი ქალაქები ბრიტანიის (ანგლიის) სახელმწიფოში.

41 იდეა - აზრი, ფიქრი.

42 კაპიტოლია ჰქვიან ერთს გორას რომის ქალაქში.

43 მაკკიაველი იყო წარჩინებული იტალიანელი მწერალი XVI საუკუნეში.

44 სპარტა იყო ძველი საბერძნეთის ქალაქი, რომლის მცხოვრებნი ნაქებნი იყვნენ მხნეობითა.

45 ტირანობა - უკანონო და სასტიკი მოქმედება მართებლობისა.

46 Vivat (ვივატ) - ღმერთმა ადღეგრძელოს, გაუნარჯოს. Vivat არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს სიტყვასიტყვით - იცხოვროს; eviva იმასვე ნიშნავს, მხოლოდ იტალიანურად.

47 ჟესტი - ხელის მოძრაობა ქადაგების ან ლაპარაკის დროს.

48 სბირრებს ეძახიან იტალიაში პოლიციის დაბალ ჩინოვნიკებს.

49 საპყრობილენი არიან ნეაპოლში

50 ვეზუვია არის ცეცხლი - მთოველი მთა ნეაპოლის ახლოს.

51 რეზერვუარი - წყლის შესანახავი აუზი.

52 მიაზმი - მავნებელი ოშხივარი, ხაშმი.

53 ვარეზესთან და კალატაფიმთან სიცილიაში გაიმარჯვა გარიბალდიმ; ამის გამო ის აქ არის წოდებული ვარეზეს და კალათაფიმის კაცად.

54 ბომბიჩელლო არის ზედწოდება ნეაპოლიტანის კოროლის ფრანჩესკოსი. ბომბიჩელლო ნიშნავს იტალიურად პატარა ყუმბარას. იტალიანელებმა დაარქვეს ფერდინანდო II „ბომბო“ (ყუმბარა) და მის შვილს ფრანჩესკოს ბომბიჩელლო (პატარა ყუმბარა), რადგანაც მათ ძლიერ უყვარდათ ყუმბარების სროლა და იმით თავის ქალაქების დანგრევა.

55 მადონნა იტალიურად ნიშნავს ღვთისმშობელს.

56 ავტონომია - თვითმართებლობა.

57 ტენდენცია - მიმართულება, მიდრეკილება. რესპუბლიკა ჰქვიან იმ ქვეყანას, სადაც არ არის ხელმწიფე და სადაც მართებლობა არის ხალხისაგან ამორჩეულ პირების ხელში.

58 რეაკცია - მოძრაობა წინააღმდეგ წარმატებისა.

59 დუენა იტალიურად ნიშნავს ქალბატონს, უმანკოების მფარველს.

60 გოთები ძველად იყვნენ ხალხი გერმანიის ტომისა. ერთნაირ არხიტეკტორას იმათგან ეხლაც უწოდებენ - გოთიკურს, აქ ამ სიტყვას (გოთიკური) აქვს მნიშვნელობა: ძველებური, უვარგისი

61 რევოლუცია - ხალხის აღდგომა წინააღმდეგ მართებლობისა, მოძრაობა ხალხისა.

62 თეოლოგია ლათინურად ნიშნავს ღვთის მეტყველობას.

63 ბრეშია არის ქალაქი ჩრდილოეთს იტალიაში, ხოლო ფერრა და პერუჯია შუა იტალიაში.

64 პათმოსის მოხუცი - იოანე მოციქული, რომელი ერთ დროს იყო შეპყრობილი პათმოსის კუნძულზედ, არხიპელაგოსის ზღვაში.

65 ორეოლი - სხივი ხატის გვირგვინისა; დიდი სახელი, დიდება.

66 ნეაპოლში წმ. იანუაროს ანუ ჯენნაროს ეკკლესიაში ღვდლები აჩვენებენ შუშას, რომელშიაც ვითომც იყოს სისხლი წმ. იანუარისა. კათოლიკის ღვდლები არწმუნებენ ხალხს, ვითომც ამ წმიდის დღეობას ის სისხლი თხელდებოდეს

67 რომ არ ასრულდა სასწაული (გათხელება წმ. ჯენნაროს სისხლისა) მიღებული იქმნა ცის რისხვათა და შეეძლო მოეხდინა რამე არეულობა. ჯერ კიდევ 1799 წ. სამღვდელომ აღარ მოინდომა სასწაულის მოქმედება, როცა ნეაპოლში შამპიონნე შემოვიდა; მაგრამ შამპიონემ აღუთქვა არქიეპისკოპოზის დახჩობა, თუ ხუთმეტ წუთს უკან სასწაულს არ მოახდენენ, - და მართლათაც მოახდინეს. ავტ.

68 იაკობინელები იყვნენ წევრნი ერთის საზოგადოობისა, რომელი სასტიკად მოქმედობდა დიდი ფრანციის რევოლუციის დროს

69 გავაცცის კილომ არ უნდა შეგვაცდინოს ჩვენა: ნეაპოლიტანელებს საზოგადოდ უყვართ წმინდანებთან ისე მეგობრულად მოქცევა. ავტ.

70 ემინენცია არის ტიტული ანუ ხარისხი კათოლიკების ეპისკოპოზებისა და კარდინალებისა, ედარება ჩვენს სიტყვას უსამღვდელოესი

71 კარდინალობა არის ხარისხი კათოლიკის სამღვდელოებაში.

72 Galantuomo იტალიურად ნიშნავს კოხტა, საერო კაცს.

73 კონკორდატი - პირობა სარწმუნოების შესახებ საქმეებზედ პაპის და ხელმწიფეების

74 აბბატი - წინამძღვარი კათოლიკის მონასტრისა.

75 დოღმატი, რომელიც ეხლა ხან მიიღო საკათოლიკე ეკკლესიამ, რომ ღვთისმშობელი უცოდველად იშვაო ანნასაგან

76 ანარხია - უმართებლობა, უთაურობა. - აგიტაცია ან აგიტატორობა - მოძრაობა, არეულობა ხალხისა

77 შანსი - შეძლება გამარჯვებისა, თუ დამარცხებისა, საქმის მოგებისა, თუ წაგებისა

78 თომა კემფელი იყო ღვთისმეტყველი კათოლიკის ეკკლესიისა; სცხოვრებდა XV საუკუნეში.

79 ინდულგენციას ეძახიან რომის ეკკლესიაში ცოდვის მოტევებას.

80 8 წმ. პეტრეს ეკკლესია ე.ი. რომის ეკკლესია

81 ობსკურანტი - კაცი წინაღმდეგი ახალი მოძრაობისა, რომელსაც დრო მოითხოვს; უგუნური, სიბნელის და გაუნათლებლობის მოყვარე. წარმოსდგება ლათინური სიტყვიდამ obscurus რომელი ნიშნავს ბნელს

82 საშვალო საუკუნოებში დასავლეთის ევროპაში მიწის მფლობელობაში იყო წესი, რომელსაც აქვს მგზავსება ჩვენს წესთან. მიწა გლეხებით ეკუთნოდა ვასსალსა, რომელი იყო დამოკიდებული უმაღლეს ვასსალზედ. ეს უკანასკნელი თავის მხრით ემორჩილებოდა კოროლსა. ამნაირ წყობილებას უწოდებენ ფეოდალურ წესს.

4 „საქართველოს მოამბეზედ“

▲back to top


„საქართველოს მოამბეზედ“

ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოველისფერისა. წესი, ჩვეულობა, აზრი, გრძნობა, ენა, რომელიც მაგათი გამომეტყველია, ყოველიფერი იცვლება მის ძლიერ გავლენისაგან. რაც გუშინ კაცს ჰგონებია დაურღვეველ ჭეშმარიტებად, რისთვისაც უცია პატივი, როგორც მიუცილებელ საჭიროებისათვის, ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ის დღეს გაუთლელ შეცდომად მიგვაჩნია, ასე რომ კიდეც გვიკვირს, ადრინდელს კაცს როგორა ჰსწამდა ამისთანა ცხადი სისულელე დაურღვეველ ჭეშმარიტებად, როგორ არა ჰქონია იმოდენა გონიერება და მხედველობა, რომ გაერჩივა თეთრი და შავი, შავისათვის შავი დაერქმია, თეთრისათვის - თეთრი. ეს ასე მოხდება ხოლმე განა იმისაგან, რომ ჩვენ ადრინდელებზედ ჭკვიანები ვართ, „სხვა სხვის ომში ბრძენიაო“, ამბობს რუსთაველი. ჩვენ რომ ამ თავმოწონებულის გონიერებითაც ვყოფილიყავით და იმ ადრინდელის კაცის ვითარება და გარემოება გარს შემოგვრტყმოდა, არა მგონია, ავსცდენოდით საზოგადო ცდომილებას, რომელსაც დღეს ეგრე თავმოწონებით დავჰსცინით. დიდი გენიოსი უნდოდა და იმისი მახვილის ჭკვის თამამი გამჭვრეტელობა, რომ მსჯელობით დროებაზედ მაღლა ავმართულვიყავით, საზოგადო ცხოვრების წრის გარედ გამდგარვიყავით და გარემოების თვალთდამაბნელებელ ხაოსშია შეუმცდარად, წმინდა აზრით დაგვენახა საგანი ისე, როგორიც არის და უნდა იყოს. რუსთაველმა ძალიან ადრე ჰსთქვა, რომ მარტო ბრძენი საწუთროს ეურჩებაო, სხვანი კი იმისი მონები არიან. იმ დროების გარემოების მოწყობილობა, აზრი, გამსჯელობა, - ერთობ ცხოვრების მდინარეობა ჩვენისთანა ჩვეულებრივ კაცსა ჩააყენებდა საზოგადო რუსხმულში და წაიღებდა თან, რაც უნდა ძლიერ ცდილიყო თავის შემაგრებასა. ცხოვრების ტალღა მეტად ძლიერია და ჩვეულებრივი კაცი მეტად სუსტი, რომ თან არ წაიყოლიოს იმ ტალღამ. მარტო გენიოსის მკერდი თუ გააპობს და შემუსრავს მას, თორემ სხვისთვის ძნელია. შორმხედველობა, დროებაზედ უფლობა მარტო გენიოსის საქმეა. ის თავისს თამამს სვლაში შემოიბღერტავს ხოლმე დროების მტვერსა, რომელიც ჩვენისთანა კაცსა უფარავს საგნის მნიშვნელობასა, გულუშიშრად მიდის წინ, როგორც ბელადი წინ მიუძღვის ხალხსა და უნათებს თავის ჭკუის სხივებით გზასა. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ ამითი ვამბობდეთ, ვითომც გენიოსი ციდამ იყოს ჩამოსული. ისიც ისეთივე ნაყოფია თავის დროებისა, როგორც სხვანი, მხოლოდ ეგ ნაყოფი სრულია, დამწიფებულია. ის თავის ძლიერ მხრებით ამოიტანს, ამოზიდავს ხოლმე მას, რაც თითონ ცხოვრებაშია, ე.ი. ცხოვრების შიგმდებარებასა; მასში არის მთელი აწმყო თავის დროებისა და თესლიც მომავლისა. არც ერთი გენიოსი ჩვენ ახალს არას გვეტყვის, ის მხოლოდ გვიხსნის მას, რაც თვითონ ცხოვრებას ამოურიყავს თავის მდინარეობაში, რაც თავის დაუდგრომელ დუღილშია მოუგდია ზედაპირზედა, - ამიტომაც ხანდისხან ამას უფრო იქნება დაეტყოს თავისი დროების ნიშანი ყველაფრისა: ცუდისა თუ კარგისა, ვიდრე მას, ვინც დაიბადება ხოლმე მარტო იმისათვის, რომ უხეიროდ მოკვდეს.

ცხოვრება, როგორც ყოველი მოზარდი, იზდება, ჰყვავის, მოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნება - იმისათვის კი არა, რომ მოკვდეს და საუკუნოდ დაიმარხოს, არამედ იმისათვის, რომ თავისაგან მოყვანილის ნაყოფისავე თესლზედ ამოიყვანოს სხვა ახალი, ნედლი ცხოვრება, რომელიც ისევ ისე უნდა წავიდეს ცხოვრების გზაზედ, როგორც პირველი, თუ უკვდავება უნდა. ცხოვრებასაც აქვს თავისი შემოდგომა და გაზაფხული, როგორათაც ბუნებასა. მაცხოვნებელია პირველი ქროლვა გაზაფხულის პირველის დილისა, მაშინ ცა და ქვეყანა ერთიერთმანეთს შეჰხარიან; უფრო მაცხოვნებელია პირველი ქროლა ახალის ცხოვრებისა - ეგ ახლად დაბადებულის ყრმისა, რომელსაც ძველი ცხოვრება ისე უნდა შეჰხაროდეს, როგორც ძუძუმძლეველი დედა შეჰხარის ახალგაღვიძებულს ბაშვსა. გული სხვარიგად ჰსცემს, როცა დედამიწაზედ ზამთრის შემდეგ მზე ამოხეთქავს მწვანე ბალახსა და უფრო სხვარიგათა ჰსცემს მაშინ, როცა ცხოვრებაზედ ამოვა, თავს ამოჰყოფს ბრწყინვალე ყვავილი ახალის აზრისა... მით უფრო მშვენიერია ეგ ყვავილი, რომ ჭკნება თუ ცხოვრობს, მაინც ისე არ გაძუნწდება, რომ სხვა არ აღმოშობოს, იმ სხვამ კიდევ სხვა და ეგრეთ არ შეადგინოს ისტორიული ყვავილთა გრეხილი, რომელშიაც მომდევარი წინადმსვლელზედ ყოველთვის უფრო სრულია, უკეთესი და მშვენიერი, თუ რომ ცხოვრების ვითარების და გარემოების გავლენა ადრე და მალე არ დაუხლართავს გზასა და ზრდას არ დაუშლის. მაგრამ ესეც კია სანუგეშო, რომ როგორი დარიც უნდა დაუდგეს მაგ ყვავილსა, თუკი ძირი ღონიერი აქვს, რაც უნდა ფეხი დააჭირო და სრესო, მაინც გაარღვევს დღესა თუ ხვალ დედამიწასა, ამოხეთქავს და გამოვა სინათლეზედ უფრო დაშვენებული და ძლიერი. ყველაფრის სიკვდილი შეიძლება, - აზრისა კი თავის დღეში არა; მის აღმოშობის დრო შეიძლება შეაყენონ, მაგრამ სრულიად განადგურება კი ძნელად. ამ აზრის უკვდაებაში არის მთელი იმედი კაცობრიობის უკვდაებისა, იმიტომ, რომ გრეხილი აზრისა გაუწყვეტელია: ერთს ზედ მოსდევს მეორე, უფრო ახალი, ჯანმრთელი და ღონიერი, - ამასთანაც დაუქცეველი, მარად მყოფი სალაროცა აქვს - მეცნიერება და ხელოვნება (Наука и искусство), სადაც ისინი ინახებიან. მაგ ცხოველს იმედს, რომელიც განგებას მოუვლინებია კაცობრიობისათვის, რომ ზედ დაერთოს ადამიანის გაუთავებელი ნდომა უკეთესობისა - შედგება ის ძალა, ის იდუმალი ხმა, რომელიც ყოველთვის ეძახის ადამიანს: წინ წადეგ! წინ წადეგ!.. ნეტავი იმ ხალხს, რომელსაც არ დაუკარგავს ეგ იმედი განახლებისა და არ გაჰქრობია უკეთესობის ნდომა!.. ის ხალხი, ის ცხოვრება, რომელიც არ იზრდება, რომელსაც არა აქვს თავისი გაზაფხული და ნაყოფიერი შემოდგომა; რომელიცა ბერდება კი, მაგრამ იმ სიბერის ნაყოფზედ ისევ არ ამოვა განახლებული, განათლებული სიახლის მშვენიერ გვირგვინითა - ის ხალხი, ის ცხოვრება მიჩანჩალებს სამარისაკენ, ბოლოს მივა და აღიგვება, როგორც მტვერი დედამიწის ზურგიდამ.

რა აახლებს, რა ჰსცვლის და - თუ ცხოვრება ჯანმრთელია - რას მიჰყავს წინ? ცოდნასა, მეცნიერებასა, რომელნიც თვითვე ცხოვრების ნაყოფნი არიან. „ხე ცხოვრებისა - ამბობს ერთი ჩვენის დროების ფილოსოფოსი - და ხე ცნობადისა ერთს ძირზედ ამოდიან; მხოლოდ იმათი აღყვავება სხვადასხვა დროს მოდის. როცა ცხოვრების ხეზედ ყვავილი ჭკნება, მაშინ ცნობადის ხეზედ მწიფდება ნაყოფი, და ამ ნაყოფის თესლი აღმოშობავს ხოლმე ცხოვრების ხეზედ ახალ ყვავილებსა“.

ამ მოსწრობილს და, ჩვენის ფიქრით, ძლიერ მართალს შედარებაში მშვენივრად არის გამოთქმული დამოკიდებულება ცხოვრებისა ცნობიერებაზედ და მეცნიერებაზედ. ჩვენ ვეცდებით უფრო გავაადვილოთ ამ დამოკიდებულების გაგება.

თუ ცხოვრება, როგორცა ვჰსთქვით, ჯანმრთელია, თუ მასში არის უკეთესობის ნდომა და განახლების ცხოველი იმედი, ეგ თვით დავრდომილის აღმადგინებელი იმედი - მისნი ძალანი, მისნი ძარღვნი მარად დაუძინარნი არიან. იგინი დაუღალავად, დაუყოვნებლივ მოქმედობენ, მოძრაობენ, წარმოებენ, როგორც ყოველიფერი, რასაც კი სიცოცხლე აქვს მინიჭებული. თუ გარედამ აბრკოლებენ, უშლიან იმათ მოძრაობასა, მაშინ ისინი მაინც კიდევ თავისას არ მოიშლიან, მიწაში დაიფლებიან და იმ მიწის სიბნელეშიაც მოქმედობენ იმ დრომდე, ვიდრე დარი არ დაუდგებათ, რომ გარეთ მზის სინათლეზედ გამოვიდნენ და უფრო ფართოდ გაშალონ მოძრაობის ფრთები. ყოველს მათს მოძრაობას, ყოველს მათს მოქმედებას თავისი ნაყოფი ამოჰყავს ცხოვრების ხეზედა და ყოველს ამ ნაყოფს აქვს თავისი აზრი და მნიშვნელობა, იმიტომ, რომ იმათი ძირი ცხოვრებაშია გამოკვანძილი, - ცხოვრება კი ძნელად თუ რასმეს ჰქმნის უაზროდ. დღედადღე ეგ ნაყოფი ემატება, დღედადღე სხვადასხვა ყვავილებით იმოსება ხე ცხოვრებისა. ეგ ნაყოფი, ეგ ყვავილები ერთად შეკრეფილი შეადგენს ცხოვრების ვითარებასა, მოსავალსა. ხალხი, უფრო მეტი მაინც, ვერ გამოიკვლევს მაგ ვითარების აზრსა, მნიშვნელობასა, ხშირად კი ბუნდად მიხვდება, ჰგრძნობს, მაგრამ ხშირადაც მოხდება ხოლმე, რომ ხალხი რასაც ჰგრძნობს, იმას ვერა ჰსცნობს და ვერ არჩევს სხვათა შორის.

მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც დღემუდამ ზედ დაჰსტრიალებენ ცხოვრებასა, რომ ყოველი ცვლილება მისი ცნობიერად გადმოიღონ, რომ ყოველი ყვავილი მისი მოჰკრიფონ, შეიტყონ, რისთვის არიან იგინი და რანი არიან, - მეცნიერება და ხელოვნება სხვადასხვა გზით იკისრებენ ახალის ვითარების ახსნასა, ცნობაში მოყვანასა. ამათი უკეთესი მიმდევარი, ხალხის დაწინაურებული თავობა, მაშინვე მიხვდება, რომ დრო იცვლება, ჰგრძნობს, რომ ეცა სული ახალის გაზაფხულისა, განახლებისა, ჰგრძნობს, რომ ძველი ცხოვრება აივსო, დამწიფდა, რაც დათესილი იყო, იმის ნაყოფი მოიტანა და ეხლა ამ ნაყოფიდამ უნდა გამოიკრიფოს ახალი თესლი ახალის ცხოვრების გამოსაკვანძავად, რათა მადლობით გაისტუმროს ძველი და სიხარულით მიეგებოს და გზა გაუხსნას ახალსა. მართალია, ეს დაწინაურებული თავობა ხშირად თავგადადებით ცდილობს აღასრულოს დროების მოთხოვნილება, შეაგროვოს მოსავალი, მეცნიერების და ხელოვნების შემწეობით მოიყვანოს ცნობაში თვითვეული მარცვალი, ყოველს მათგანს დაუნიშნოს შესაფერი ადგილი, რათა თავის დროზედ, შვილებისათვის მაინც ყოველმა მარცვალმა მოიტანოს ნაყოფი და იმ ნაყოფმა ახალი თესლი ახალის ცხოვრებისათვის, - მართალია, ხშირად თავგანწირულად ჯაფასა ჰსწევენ, ებრძვიან ძველსა ახლის სიყვარულისაგან და შეჰხარიან ფაქტსა, რომელსაც აზრი უნდა გამაატანინონ, მაგრამ უფრო ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ვერ ჰსძლევენ მოსავლის სიმრავლესა: ხშირად თვით მეცნიერებაც და ხელოვნებაც უღონონი არიან ერთობ ცხოვრების მოსავლის ცნობაში მოყვანისათვის. თუმცა ზოგიერთს ახსნიან, ზოგიერთს გაგვაგებინებენ, მაგრამ უფრო ბევრს ვერ დაჰსდებენ ღირებულს ფასსა, ვერ დაუნიშვნენ შესახვედრს და შესაფერს ადგილსა. მაშინ ეგ თავგამოდებულნი მოჭირნახულენი რჩებიან, როგორც მუშაკნი, რომელთაც ზოგიერთი მასალა მოუმზადებიათ ახალის შენობისათვის, მაგრამ გამგებელი არა ჰყავთ; არ არის ძლიერი ხელი, რომ დაჰსძრას პირველი ქვა ძველის შენობისა, და გაამაგროს პირველივე ქვა ახალის საძირკველშია. საძირკველის ამოყვანაა ძნელი, თორემ სხვას ისინიც გააკეთებენ. საძირკველის ამომყვანელიც არ დაიგვიანებს ხოლმე მოსვლას. მაშინ გამოჩნდება გენიოსი.

მართალია, ყოველ ცოტაოდენ განათლებულ ხალხში არის ღონისძიება, საშუალობა, რომ მეცნიერების ნაყოფი გადიტანოს ხალხშია; მართალია, არიან სკოლები, სხვადასხვა სასწავლებლები, რომელნიცა ავრცელებენ ხალხშია, მის გამო ცხოვრებაშიაც, სასარგებლო და გამოსაყენ სწავლასა და ცოდნასა, და იმით შველიან ხალხსა. მაგრამ იმათამდინ ისე ცოტას მიუწვდება ფეხი, რომ დანარჩენ ხალხის რიცხვთან რომ შევადაროთ ის ცოტა - წვეთი იქნება ზღვაში. ბევრნი რჩებიან სასწავლებლების გარედ, ბევრს მათგანს უნდა, სურვილი აქვს გაიგოს რამე, შეივსონ სწავლა, გაიხსნან გონება, მაგრამ ზოგი შეუძლებლობისა გამო, ზოგი სიშორისა გამო, ზოგი მოუცლელობისა გამო, ზოგი კიდევ სხვადასხვა დაბრკოლებისაგან მაგ მიუცილებელ ღონისძიებასაც მოკლებულნი არიან. საჭიროა სკოლების გარდა ისეთი ღონისძიებაც, ისეთი საშუალობაც, რომელმაც იმისთანა თვისება უნდა იქონიოს, რომ ყველგან მიჰსწვდეს, გამოფინოს საქვეყნოდ კაცის ჭკვის ძვირფასნი მარგალიტები საყოველთავო მოსახმარებლად, რომ მრავალთათვის მისაწდომი გახადოს ის, რაც დასაკუთრებული აქვს ცოტასა. ის საშუალობა, ის ღონისძიება უნდა ცდილობდეს, თუ არ სრულიად ხალხთან, მომეტებულ ნაწილთან მაინც დაიჭიროს საქმე, შექმნას შუამავლად მეცნიერებისა ერთის მხრით, და ხალხისა და ცხოვრებისა, მეორეს მხრით. მაგ ძნელ საქმეს ასრულებს ყველგან ლიტერატურა.

ბოლოს დროს, თითქმის ჩვენ საუკუნის პირველ ნახევრის დასასრულში, შეატყეს, რომ თვით ეს ლიტერატურაც ისე სწრაფად არ ავრცელებს მეცნიერებასა ხალხშია, შეამცნივეს, რომ ლიტერატურა თუმცა დღედადღე მდიდრდება, ივსება ახალის ნაყოფითა, ახალის იდეაებითა და აზრებითა, მაგრამ ცხოვრებაში ისე ადვილად არ გადადიან იგინი, როგორც საჭიროა. უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ თვით ლიტერატურის ენა დაუშორდა ხალხის ენასა, ხალხს ისე ადვილად არ შეეძლო გაგება მისი, რასაც კითხულობდა - და ჩვენ ზემოთა ვჰსთქვით, რომ თუ ხალხი ვერ გაიგებს, არც ცხოვრებაში შეიტანს. რა წამსაც მიხვდნენ, რომ ლიტერატურა თუმცა უფრო ვრცლად მოქმედობს ბეჭდვის შემწეობითა, მაგრამ მაინც კიდევ ხალხს იმისი გაგება ეძნელება, მაშინვე გამოჩნდა საჭიროება იმგვარ ლიტერატურისა, რომელიც როგორც ენით, ისე აზრის გამოთქმით უფრო ადვილად უნდა ასრულებდეს ზემოთქმულს შუამავლობასა მეცნიერების და ცხოვრების შორის. მაგგვარ ლიტერატურას ჰქვიან: „პოპულიარული ლიტერატურა“, ხან კიდევ ადვილი ლიტერატურა, იმიტომ რომ იგი დანიშნულია მხოლოდ იმისათვის, რომ უფრო, რამოდენათაც შეიძლება, გააადვილოს მეცნიერების და ხელოვნების ნაყოფის მოკრეფა ყველასათვის; მათგან დამუშავებულნი ძნელი მისახვედრი ცნობაები საყოველთავო გასაგებად გაამარტივოს, გააადვილოს და ამით განავრცელოს საჭირო სწავლა და ცნობაები ხალხშია. ამგვარ ლიტერატურას ეკუთვნის ჟურნალიცა, ნამეტნავად ის ჟურნალი, რომელსაც ეძახიან: „საზოგადო ჟურნალი“ («Общественный журнал»). აი, რარიგ სამსახურისათვის ვნიშნავთ ჩვენს „საქართველოს მოამბესაცა“.

რომ ჟურნალი საჭიროა, ამას თქმა აღარ უნდა. ჟურნალი, როგორც სხვა, ისე ჩვენიცა, არ არის ერთი კაცი სურვილის ნაყოფი: მოუვიდა ჟინი წერისა და გამოჰსცა. არა, მაგისთანა ჟურნალი თავს დიდხანს არ დაიჭერს. ჩვენ ვჰსთქვით, რომ ყოველი საჭიროება ცხოვრებიდგან წარმოდგება. თუ ცხოვრებას არ უნდა, ვერაფერს ვერ მიამყნობთ ისე, რომ იმ ნამყნობმა იხეიროს და ნაყოფი მოიტანოს. მარტო ის საქმეა მკვიდრი და მტკიცე, რომლის ფესვიც შიგ ცხოვრებაშია გამოკვანძილი; უამისოდ ვერა საქმე ვერ გაჰსძლებს, ვერ მოიტანს ნაყოფსა, როგორც თესლი უდედამიწოდ. როცა ცხოვრებას უმოქმედნია და იმ მოქმედებით მოუყვანია როგორიმე მოსავალი, რომლის გაგება და გარჩევა უძნელდება ხალხს და რჩება ის მოსავალი მოუხმარებლად; როცა ხალხში ისმის სურვილი, ძლიერი ნდომა იმ ნაჭირნახულევის გაგებისა, ცნობაში მოყვანისა; როცა ხალხს უნდა და ვერ მიჰსწდომია მეცნიერების ნაყოფსა, მაშინ ხალხის საშველად სხვათა შორის გამოვა ჟურნალიცა. რასაკვირველია, რამოდენადაც ცხოვრება - ეგ დედა ყოველ საქმისა - ძლიერია და ღონიერი, იმოდენად მოსავალი და ნაჭირნახულევი დიდია და უხვი.

რამოდენადაც მოსავალი მრავალია, ასე რომ ერთი ჟურნალის თვალი ვერ გადაჰსწვდება, ერთი ჟურნალის ღონე ვერ შეჰსძლებს იმის ზიდვასა, იმოდენადაც მომეტებული ჟურნალები გამოდიან ხალხში. ეს ჟურნალები სხვადასხვა მხრით მოექცევიან იმ ცხოვრების მოსავალსა, სხვადასხვა მხრით სინჯავენ, სხვადასხვა მხრით ცნობაში მოჰყავთ, - და ამ სხვადასხვაობითაც ურთიერთშორის განირჩევიან. ამის გამო ჟურნალების სიმრავლე არამც თუ უნდა იყოს საწყენი, არამედ სასიხარულო იმისათვის, ვისაც უანგაროდ უყვარს თავისი ხალხი და იმისი ბედნიერება. ჟურნალების სიმრავლე ცხადად აჩვენებს, რომ ხალხს არ ჰსძინავს, ფიქრობს, ჰსჯის; რომ ხალხში ტრიალებს, მოძრაობს სხვადასხვანაირი აზრი, რომლის გამომეტყველადაც არიან სხვადასხვა ჟურნალები.

ჯერ ჩვენი საწყალი „მოამბე“ არც კი დაბადებულიყო, რომ ზოგიერთ პირმა მტრობაც შეჰსწამა. ჩვენ რა გვეთქმის ამაზედ ამის მეტი, რომ ვინც ლაფში თავიდან ფეხამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს. „მოამბის“ უფროსი ძმა „ცისკარიც“, რომელსაც ყველაზედ უფრო უნდა გახარებოდა, რომ მოძმე ებადება, მშველელი უჩნდება, „ცისკარიც“ კი წინადვე აშინებდა ჩვენ „მოამბეს“, რომ მკითხველებს ვერ იშოვისო. ჩვენ, რასაკვირველია, ამ წინდაუხედავ და უგემურ წინასწარმეტყველობას ყურსაც არ ვათხოვებდით, რომ მხდალ „ცისკარსა“ რამდენჯერმე არ გამოეთქვა საქვეყნოდ თავისი დაფარული შიში და სამარცხვინო აზრი.

დაე რაც უნდა თქვას შიშისაგან ზარდაცემულ და გონებაგამოცლილი „ცისკარმა“, ჩვენ კი ამას ვეტყვით, რომ ამ შემთხვევაში იგი ჰგავს იმ ანგარების მოყვარე ძმასა, რომელსაცა ძმის დაბადება იმიტომა ჰსწყინს და გულს უხეთქს, რომ შიშობს, ვაი თუ საცხოვრებელი შუაზედ გამიყოსო. ტყუილად შიშობს „ცისკარი“. ჩვენ ფიქრადაც არა გვაქვს არავის საცხოვრებელის შუა გაყოფა და არც არავის მტრობა. ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა; მისი გაუმჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია. ღმერთმა გვიხსნას იმ სულელურ თამამობისაგან, რომელიცა ფიქრობს გადაასხვაფეროს ცხოვრება თავისებურად. ჩვენ ისე არ გავბრიყვდებით, რომ ჩვენ საკუთარ წესზედ მოვინდომოთ ცხოვრების გატარება. თვითონ ცხოვრება აღმოშობავს ხოლმე თავისათვის წესსა, განსაზღვრავს ხოლმე თავის რჯულსა და კანონსა, - მხოლოდ ამ კანონსა გაგება უნდა, გამოფენა საქვეყნოდ და შეძლებისამებრ გზის გახსნა, რომ მისი წარმოება არაფერმა არ შეაყენოს. ამიტომაც ჩვენის „მოამბის“ უმთავრესი საგანი აწინდელი ცხოვრება იქნება თავის სრულის წარმოებითა, სრულის ვითარებითა. რამოდენად შეიძლებს ჩვენი ჟურნალი ამის აღსრულებას - მაგას დრო და ჩვენი შეძლება გამოაჩენს: საქმეა ყოველისფრის გამომცდელი. ჩვენ წინადვე ვერას ვიტყვით ამის მეტსა, რომ აწინდელის ცხოვრების წრეში ჩადგომა გვინდა, მისგან ყრუდ ჩაძახილის ამოძახნა, მისის ვითარების ცნობაში მოყვანა, მოძრაობისათვის გზის გახსნა. ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ჟურნალი უნდა იყოს უთუოდ დღევანდელ ცხოვრების წრეში მოჯადოებულსავით გაჩერებული, - არა, ყოველ გონიერ ჟურნალის თვალი ხშირად არის მიმართული მომავლისაკენა. „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა“, ამბობს ერთი ფილოსოფოსი. აი, აწინდელ ცხოვრებას რა მნიშვნელობა ექნება ჩვენის ჟურნალისათვის. აწინდელი ცხოვრების ვითარება არა მარტო სადღეისო მომავალია, რომელიც დღესვე უნდა დაიხარჯოს, არამედ მასში მომავლისათვისაც თესლი ურევია, როგორც წარსულში ერივა აწმყოსათვის. თუ ჩვენი ჟურნალი დაჰყურებს დღევანდელ ცხოვრების მოქმედებას, უფრო მაგ თესლისათვის დაჰყურებს, რომ ეგ გამოჰკრიფოს ხვალისათვისა. რაც შორსა ჰსცემს ჟურნალის თვალი, მით უფრო კარგია, ჩვენის ფიქრით, ჟურნალი და დღეგრძელი.

ამ სახით, თუ ჟურნალს უნდა კეთილსვინდისიანად აღასრულოს თავისი ძნელი საქმე, უნდა თვალგაფაციცებით თან აჰყვეს აწინდელ ცხოვრებასა, რათა ყოველ აღმოშობილ ფაქტსა თვალი და გონება ადევნოს; ყოველ აზრის საკეთილო მოძრაობას გზა მიჰსცეს, ყოველიფერი შენიშნოს და ყოველსფერს პასუხი გაჰსცეს, ერთის სიტყვით, უშველოს ცხოვრების წინ ფეხის გადადგმასა გასამჯობინებლად, გასაკეთებლად. ამ ძნელ საქმეში ჟურნალმა უნდა წაიმძღვაროს წინ მეცნიერების სინათლე და ხელოვნების კალამი. ჩვენ ზემოთა ვჰსთქვით, რომ ამ ორ ძლიერ მომქმედთა ღონისძიებათა მოჰყავთ ყოველიფერი ცნობაში და, რაც ცნობაშია მოყვანილი, მხოლოდ ისა ჰსცვლის ცხოვრებასა და აკეთებს. მეცნიერებას და ხელოვნებას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ცხოვრების გასამჯობინებელ ღონისძიებათა. დაე ზოგიერთმა მწიგნობარმა მეცნიერების სახელითა გაიწყალოს თვალი და გონება იმის გამოძიებაში, რომ ამა და ამ ეგვიპტის პირამიდზედ ეს იეროგლიფი ისე არ უნდა იყოსო, ან წარტოლვილ ჭეშმარიტების ძებნაში ავარჯიშოს თავისი გონება; ან ზოგიერთმა უნაყოფო პოეტმა ხელოვნების სახელითა უკუარიდოს პირი თავის ხალხის ცხოვრებასა, მეშვიდე ცას შეაჩეროს გაბეცებული თვალები და ბულბულსავით უაზრო შტვენა დაიწყოს და აღარ გაათავოს. ჩვენ იმათთან საერთო გზა არა გვაქვს. ისინი მარცხნივ მიდიან გატკეპნილ გზაზედ და ჩვენ კი მარჯვნივ გავწევთ. ჩვენ მეცნიერებას და ხელოვნებას მოვჰსთხოვთ არსებითსა პურსა ცხოვრებაში გამომცხვარსა და მშიერთათვის მოსახმარესა და გამოსადეგსა. მეცნიერებამ უნდა გვიშველოს თავის გამოცნობილ ჭეშმარიტებაებით ცხოვრების ახსნა და გაგება; მან უნდა მოგვცეს პირდაპირი პასუხი ყოველ საჭირო კითხვაზედა. რაც კი პირდაპირ მოედგმება ცხოვრების ვითარებასა, რაც კი გადმოიღება ცხოვრებისათვის - ის იქნება უფრო საჭირო ჩვენის ჟურნალისათვის. სხვა რაღაც წარტოლვილ ცნობაებში გაბმა და ტრიალი ჩვენთვის სრულიად უფასო იქნება და გამოუსადეგი. ეგ იმან ინდომოს, ვინც სიტკბოებას ხედავს უქმის ჭკვის ვარჯიშობაში და ფრენაში. ხელოვნებასაც იმას მოვჰსთხოვთ, რომ სარკესავით ცხოვრება გარდმოიცეს, რათა ჩვენი თავი მის მომხიბლავის კალმით ცხოვლად იყოს წარმომდგარი ჩვენ წინა, რათა სიცუდეც და სიკეთეც ჩვენი დავინახოთ. დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს „ღრუბლების ცურვასა“, „გაფაღარათებულ ვარსკვლავების ცაში ბოლთის ცემასა“, მთვარის ხვეწნასა, რომ ჩემ საყვარელს უთხარიო: ცხრა მთას იქით ერთი უბედური პოეტია, რომელსაც შენგამო „ოხვრის კვამლი“ თვალებსა ჰსწვავს და ცრემლს ადენსო; დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს უგემურ ღმეჭასა და თვალების სრესასა, ეგება ცრემლი მამივიდესო; დროა ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგმდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის. იქ, ცხოვრების ძირში, ის იპოვის ბევრ მარგალიტსა და უფრო ბევრს ლექსა და ლაფსა; არც ერთის გამოხატვა არ უნდა აშინებდეს ხელოვნებასა და არც მეორისა, არც ერთის გამოთქმა და არც მეორისა არ უნდა აშინებდეს ჟურნალსა. როდი უნდა იწყინოს ქართველმა, როცა ჩვენი „მოამბე“ სხვათა შორის ხელოვნების შემწეობით დაუნდობელად გამოჰფენს ჩვენის ცხოვრების ჭუჭყსაცა. ქართველის უსიყვარულობაში ნუ ჩამოგვართმევენ, როცა ჩვენი ჟურნალი მკაფიოდ საქვეყნოდ გამოჰსთქვამს მას, რაც ქართველში ცუდია და საზიზღარი. საქართველოში თუ სადმე ორსა და სამს უყვარს ქართველი, ჩვენ იმათში უკანასკნელი არა ვართ. ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენ ქართველში გვიყვარს მხოლოდ მისი სიკეთე, სიცუდე კი ყველგან საზიზღარია, ქართველი იქნება მისი მექონი თუ ანგლიელი, სულ ერთია ჩვენთვის, ორივ წყალში გადასაყარნი იქნებიან. ბევრნი არიან ჩვენში იმისთანანი, რომელნიც ცდილობენ ჩვენის ცხოვრების სიბოროტის დამალვასა, ეგ იმათ მოსდით ქართველების უმეცარ სიყვარულისა გამო, ის კი არ იციან, რომ დიდი ხანია არის ჩვენში გლეხური ანდაზა: მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო. ისინი, უმეცარნი მოყვარენი ჩვენნი, ზედ დაასმენ ხოლმე შეჩვენების და განგდების ბეჭედსა მას, ვინც კი ვეღარ მოითმენს ცხოვრების საძაგელ გუბეში დგომასა, ამოჰყოფს თავს, რომ სხვას მაინც უთხრას, ამ გუბეში არ ჩაიგდო თავიო, თორემ დალპებიო მის წარმწყმენდელ ოხშივარის ზედმოქმედებისაგან. ჩვენ საბედნიეროდ არიან ჩვენში იმისთანა პირნიც, რომელთაც ჩვენზედ უკეთ იციან, რომ ვინც შენიშნავს მართლად სხვის ნაკლულოვანებას, შეიძლება მასვე უნდოდეს გასწორება და სიკეთე მისი. რაც უფრო მკაფიოდ და დაუნდობელად არის გამოთქმული ბოროტება და ნაკლულევანობა ცხოვრებისა, ზოგჯერ მით უფრო ჰსჩანს გამომთქმელის გულის სიმხურვალე, მოუთმენელი, ცხარი წადილი გასწორებისა. ვისაც ძალიან ჰსძულს ბოროტება, მას ძალიან ეყვარება კეთილი - ეს აშკარაა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ეს ლექსი:

ჩემზედ ამბობენ: „ის ქართვლისას სიცუდეს ამბობს,
ჩვენ ჭუჭყს არ მალავს - ეს ხომ ცხადი სიძულვილია!“
ბრიყვნი ამბობენ; კარგი გული კი მაშინვე ჰგრძნობს
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია.

ოღონდ ხელოვნება კი გადაჰსცდეს თავის საკუთარ კანონებსა და მეცნიერება - ჭეშმარიტებასა, და დაე, არც ერთი და არც მეორე ნუ მოერიდება იმის გამოაშკარავებას, განკიცხვას, რაც ჩვენში საკიცხავია და ცუდი. დაე ორივემ იარონ ცხოვრების მდინარეში, მონახონ მარგალიტები და თუ იმათ ამოკრეფაში ლაფი და ლექი თან ამოჰყვება, რა ვუყოთ? ლაფი ჩამოვირეცხოთ, ჭუჭყი მოვიშოროთ, რომ მხოლოდ მარგალიტები დაგვრჩეს ჩვენის ცხოვრების სასახელოდ.

მოგვიტევოს მკითხველმა, რომ მეცნიერება და ხელოვნება - ეგ უდიდესი საგანნი - ისე, გაკვრით მოვიხსენიეთ ამ სტატიაში. ჩვენი სურვილი ის იყო, რომ გვეჩვენებინა არა მარტო სრული არსებითი ვითარება, რომელზედაც ჩვენს „მოამბეს“ კიდევაც ბევრჯერ შეხვდება შემდეგშიაც ლაპარაკი, არამედ მარტო მათი დანიშნულება, ე.ი. რომ იგინი, ჩვენის ფიქრით, არიან მხოლოდ ღონისძიებანი, რომელნიც გვიშველიან ცხოვრების სიბნელიდამ სინათლეში გამოყვანასა. ცხოვრება, მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც ყოველ ჟურნალსა შიგმდებარედ არიან, იმოდენად მოვიხსენიეთ, რამოდენადაც საჭირონი იყვნენ იმისათვის, რომ მკითხველთათვის გვეჩვენებინა მხოლოდ ის გზა, რომელზედაც გაივლის ჩვენი „მოამბე“. კიდევ გიხდით ბოდიშსა, თუ ეს სტატია მეტაფორებით სავსე ეჩვენოს მკითხველსა. ჩვენი ცდა მარტო ის იყო, რომ ჩვენი აზრი გაგვეგონებინა მკითხველთათვის, იმიტომაც ყოველი ღონისძიება მოვიხმარეთ, რომ ეგ აგვესრულებინა. თუ ამ სტატიამ მაგოდენი შეჰსძლოს, ჩვენ კმაყოფილნი ვიქნებით.

მეტი არ იქნება მოკლედ განვიმეოროთ ის, რაცა ვსთქვით ამ სტატიაში. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა მკითხველთათვის, რომ ცხოვრება თვითრჯულია, იგი არ გამოიჭრება ხოლმე კაცისაგან მოგონილ რიკრიკაზედ; რომ თუმცა იგი ბერდება, მაგრამ იმ სიბერის გამოცდილებით ისევ თავისთავად ახლდება და ჰყვავის; რომ მეცნიერება და ხელოვნება არ არიან მოგონილნი კაცის ჭკვის და გამოხატულობის არც ვარჯიშობისაგან და არც ვარჯიშობისათვის; რომ იგინი იბადებიან ცხოვრებისაგან და არსებობენ ცხოვრებისათვის; რომ იგინი წინ მიდიან ცხოვრების ვითარებისა გამო და მერე თავის რიგზედ თვითვე წინ მიჰყავთ ცხოვრება; რომ რაც მაგათგან არის მოყვანილი ცნობაში და დამტკიცებულია, ის გადადის ხალხში და იგი ჰსცვლის ხალხის მდგომარეობასა და ცხოვრებასა; მაგ დამტკიცებულ აზრების და ცნობაების გადასვლის გაადვილება ჩვენის „მოამბის“ საქმეა. რამოდენადაც ცნობიერად და ვრცლად მოეკიდება „მოამბე“ თავის ძნელ საქმეს, რამოდენადაც მიაგნობს და შეატყობს ცხოვრების მაჯისცემასა და შენიშნავს იმ მაჯის მცირედსა ცვლილებასა, რამოდენადაც ნათლად განარჩევს ცხოვრებისაგან მოგუბებულ მასალასა და თვითვეულ მის შემადგენელს ნივთსა საყოველთავოდ განაბრწყინებს მეცნიერების შუქით და ხელოვნების წარმოდგენითა, იმოდენად იგი პატივცემული იქნება საზოგადოებაში და ნაყოფიერი ცხოვრებისათვის. გზა დანიშნული აქვს და არჩეული ჩვენს „მოამბესა“. ვნახოთ, როგორ გაივლის! ღმერთმა კი მშვიდობის და სიკეთის მგზავრობა მიჰსცეს, ღმერთმა მოაპოვებინოს მრავალი თანამშრომელი, რომ ჩვენის ქვეყნის და ხალხის სიყვარულის სახელითა ძმურად ურთიერთს მხარი მიჰსცენ და არ დაივიწყონ, რომ ხალხი - დაბალი თუ მაღალი - ყველა მოყვასია ჩვენი, შეძლებისამებრ ყველამ უნდა ვუშველოთ... თუ ხალხი მართლა მოყვასია, რუსთაველი გვასწავლის, მოყვასს როგორც უნდა მოექცეს კაცი:

„ხამს მოყვასი მოყვასისთვის სიცოცხლისა არ დამრიდად,
გული მიჰსცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“.

[1862 წ. - 1863 წ., 12 იანვარი]

5 საქართველოს ისტორია. თ. სულხან ბარათაშვილისა

▲back to top


„ძმანო, მტკიცედ ჰსდეგით და შეიკრძალენით

მოძღვრება ესე, რომელიცა გისწავიეს.“

(მეორე თესალოკინელთა მიმართ, ეპისტოლე წმიდისა

პავლე მოციქულისა, თავი II. მუხლი15)

5.1 I. საქართველოს ხალხის წარმოება და დასახლება კავკასიაში.

▲back to top


I. საქართველოს ხალხის წარმოება და დასახლება კავკასიაში.

პირველი გადმონაცემნი საქართველოს ხალხისა

(მისი წარმოების ეპოქიდან სახემწიფოს დაარსებამდინ)

ვრცელი დედამიწის ველი, შავისა და კასპიის ზღვის შუა, არეზის მდინარიდამ კავკასიის მთების სათოვლო ზურგამდინა, ძველის ძველად იყო დასახლებული ხალხითა, რომელიც ამჟამად ქართველად არის ცნობილი. დასაწყისი ამ ხალხისა იმ დროებამდინ ადის, როცა დაარსდნენ კაცთა პირველნი საზოგადოებანი და დაფარულია იმავ სიწყვდიადით, როგორათაც დაარსების ისტორია ქალდეისა და სხვათა პირველყოფილ აღმოსავლეთის ხალხთა. ოცდახუთმეტმა საუკუნემ განვლო მას აქეთ, რაც არსებობს წერილობ და ისტორიული ლიტერატურა, ოცდახუთმეტმა საუკუნემ გაიარა ფილოსოფიურ ჭკუის ამაო მეცადინეობაში, რათა განსჭვრიტოს ის სიწყვდიადე და გაარჩივოს რამე, მაგრამ რეზულტატად ამ მეცადინეობისა წარმოგვიდგება მხოლოდ ერთი გონების გადაწყვეტილობა, რომელიცა გვიხსნის პირველ კაცთა საზოგადოებაების დაარსების საერთო და ბუნებით ხასიათსა; კერძობითნი გარემოებანი და ვითარებანი კი, რომელნიც შეადგენენ ხოლმე ყოველ ხალხის ცხოვრების განსაკუთრებითს სახესა, რჩებიან სრულიად გამოუცნობელად და გამოუკვლეველად.

ახლანდელ დროში ენათცოდნა და ფიზიოლოგია მიღებულ არიან, როგორც უფრო მტკიცე ღონისძიებანი რომელიმე გამოჩენილ ხალხის დასაწყისის გამოსაძიებლად. ამგვარი სახსარი გამოძიებისა არ არის ჯერ სისრულეში მოსული, მას შეუძლიან ახსნას მხოლოდ შთამომავლობა და მისვლა-მოსვლა ერთი ერთმანეთში ხალხისა; გარნა, სახელდობრ, რაში მდგომარეობდა ეგ მისვლა-მოსვლა, ეს სახსარი ამაზედ არაფერ პასუხს არ გვაძლევს. ამისთვისაც ძველი ისტორია იძულებულია ხოლმე მიმართოს ზღაპარსიტყვაობის გადმონაცემსა, რომელშიაც ისტორიკოსი ცდილობს იპოვნოს მცირედი კვალი მაინც ჭეშმარიტებისა.

ძნელია და თითქმის შეუძლებელიც არის შეტყობა: როდის და ვისგან თავდაპირველად შეგროვილა პირად-ნათქვამი გარდმონაცემნი საქართველოს ხალხისა და გადაკეთებულა წელთ-აღწერათა? მაგრამ დასაჯერებელი კი არის, რომ დასაწყისი საქართველოს ისტორიულ ლიტერატურისა ძველ დროშივე ყოფილა. ბევრი ხალხი არის, რომელსაცა არა ჰქონია თავისი საკუთარი მწიგნობრობა და უწერია კი თავისი გარდმონაცემი სხვა ხალხის ანბანის შემწეობით. მაგრამ კი არსად არის ისეთი ხალხი, რომელსაც ჰქონოდეს თავისი საკუთარი მწიგნობრობა და არა ჰქონოდეს კი დაწერილი მატიანე თავისი. გადმონაცემის დაცვა ლიტერატურის შემწეობით ისეთი ბუნებითი საჭიროება არის კაცობრიობისა, რომ ნებას გვაძლევს ვიფიქროთ, რათა ქართული წელთაღწერანი არიან დაწყობილნი იმ ხანებში, როცა პირველად მოუგონიათ ქართული ანბანი, ე.ი. III საუკუნეში ქრისტეს წინ. და მას შემდგომად საქართველოს ხალხის არსებობის მთელ დროების განმავლობაში იწერებოდნენ და ვრცელდებოდნენ.

უმთავრესი ქართული მატიანე, რომელშიაც არის დაცული ძველისძველი გარდმონაცემი და რომელიც წოდებულია „ქართლის ცხოვრებადა“, იყო ცნობილი ჯერ კიდევ XIII საუკ. ამავე წოდებითა. წარსულის საუკუნის დასაწყისში მეფე ვახტანგ VI-ის ბძანებით ის მატიანე გამოიცვალა, ანუ როგორც გვარწმუნებს ვახტანგ მეფის შვილი ვახუშტი, ის მატიანე გასწორდა მწიგნობართა, ანუ მეცნიერთა კრებისაგან, რომელმაცა მოაგროვა რამდენიმე ხელთნაწერი ეგზემპლიარი ამ მატიანესი, მრავალი ეკლესიებისა და წარჩინებულ გვარიშვილების სიგელები, აგრეთვე სპარსული და სომხური წიგნები, შეამოწმა ერთი ერთმანეთთანა, გაასწორა და შეამსო ერთი ძველთაგანი ხელთნაწერი, და გამოსცა იმ სახით, როგორიც არის ახლანდელს დროში ვახტანგის „ქართლის ცხოვრება“. მაგრამ იმ კრებამ თავისი მოქმედებით მართლა გაასწორა ის „ქართლის ცხოვრება“, თუ ვახტანგის მეფობის წინად რომ ყოფილა, იმაზედ უფრო უარესად გააუმგზავსა, ამისი თქმა შეგვეძლო მაშინ, რომა გვქონოდა ახლანდელ დედანთან ძველი „ქართლის ცხოვრების“ დედანიცა.

ეხლანდელ დროების მატიანეს სხვადასხვა ნაწილებში აქვს სხვადასხვა ხასიათი. ზოგან დაბადების კილოზედ არის მოწყობილი, ზოგან მომართულია სომხურის ისტორიის, ანუ სპარსულ პოეზიის ზედმოქმედებითა. რამოდენად არიან მართალნი ფაქტები და ქრონოლოგიურად ერთი ერთმანეთზედ ზედმიყოლილნი, – ამაზედ ჩვენ წერილებში ვეცდებით მივსცეთ საკმაო ანგარიში. ხოლოდ ეს კია, რომ მეფის ვახტანგის მეცნიერთა კრების გადაკეთების შემდეგ ჩვენ მოკლებული გვაქვს ნება, რათა გამოვიყვანოთ სწორე და სასარგებლო დასკვნა მეცნიერებისათვის იმ ფაქტების განხილვითგან და დაფასებიდგან, რომელნიც არიან მატიანეში. რომ დარჩენილიყო ფაქტების განსაზღვრა და დაფასება თვითონ წელთაღმწერლებისა რომელთაც დაუწყვიათ და გაუგრძელებიათ ეს წელთაღწერა, ჩვენის აზრით, არამც თუ იქნებოდა ნაკლულოვანებად, არამედ ის იქნებოდა ისეთი საჭირო, როგორათაც თვით ფაქტების დაცვა და დაგვეხმარებოდა კიდეც, როგორც მტკიცე ღონისძიება, რათა აგვეხსნა, რამოდენად იყო გახსნილი საქართველოს საზოგადოობის გონება და ზნეობა მის ცხოვრების სხვადასხვა ეპოქაშია.

ამოვირჩიეთ რა ეს მატიანე ჩვენის აღწერილების ქვაკუთხედად, ჩვენ ვიხმარებთ მხოლოდ ფაქტებსა, რომელნიც იმოდენად არიან გავრცელებულნი, რომ დავიცვათ მათში მატიანეს ხასიათი და იმოდენადაც მშრალნი, რომ გადურჩეთ ვახტანგ მეფის მეცნიერთა კრების პირ-წყლიანობის ვარიაციებსა. სხვა მასალები კი, როგორც: სხვა ხალხთა მატიანები, ისტორიები, ქრონოლოგიები, გეოგრაფიები, მოგზაურობანი, სამოქალაქო და სარწმუნოების კანონები და სხვადასხვა განაჩენები, რომელნიც იქნებიან ხმარებულნი ჩვენის წერილების შედგენაში, უნდა მოვიხმაროთ იმისათვის, რომ ქართულ მატიანეს ფაქტებს შეუფარდოთ, გავასწოროთ და შევამსოთ იმოდენად, რამოდენადაც გაგვიჭრის ჩვენი გონება.

ქართული გარდმონაცემი იწყობს თავის მოთხრობასა ნოეს შემდეგ მეოთხე თაობიდამ. პირველად გვიამბობს იგი, რომ ქართველები, აგრეთვე სომხებიცა, არიან შთამამავალნი თარგამოსისა ანუ თოგორმისა, იაფეტის შვილისშვილისა, რომ ენათა გაყოფის შემდეგ, თარგამოსი თავის მრავალის ნათესაობით დასახლდა არარატის მახლობლად. თარგამოსის შვილებმა, რაკი გაისაკუთრეს თავისი მამის სამფლობელოდგან ხვედრი ნაწილები, სხვადასხვა მხარეს წავიდ-წამოვიდნენ: ჰაოსმა, სომხების მამამთავარმა, დაიპყრა სომხეთის ტერრიტორია; ქართლოსმა კი და მისმა ექვსმა ძმამ1. დაიჭირეს ქვეყანა არეზის მდინარის ჩრდილოეთის მხარიდგან კავკასიის მთამდე; მეორედ, გვიამბობს იგი, რომ ქართლოსის შემდეგ მის შთამამავლებმა გაიყვეს მთელი ეს ქვეყანა, და რა ააშენეს ქალაქები და ციხეები2, ცდილობდნენ, რომ დაიცვან და დაიხსნან თავისუფლება ჯერ ჰაოსის მფლობელობის მოყვარეობის წადილისაგან, მერმე კი მცხეთის მამასახლისების გაძლიერებისაგან. მცხეთის მამასახლისები შთამამავალნი იყვნენ ქართლოსის უფროსის თაობისა; ამათ დიდი ხნის ურთიერთის ბრძოლაში ისე დაკარგეს თურმე ყოველი მატერიალური გადამეტება სხვა თაობაზედ, რომ ხოლოთ სახელიღა დარჩათ მცხეთის მამასახლისისა; მესამედ, მოგვითხრობს იგივე გარდმონაცემი, რომ ქართველებმა ამ ხანებში დაკარგეს ცნობა ჭეშმარიტის ღმერთისა და დაიწყეს თაყვანისცემა მზისა, მთვარისა და ხუთ ვარსკვლავისა. განსაკუთრებითი ღვთაებრივი პატივი ჰქონია საფლავსა, რომელშიც იყო მდებარე საერთო მამამთავარი – ქართლოსი.

როცა ვკითხულობთ ამ გარდმონაცემსა, მაშინვე ვხედავთ, რომ იგი დაბადების და სომხურ ისტორიის დასაწყისის კილოზედ მოწყობილია, ვხედავთ, რომ საკუთრად ამ გარდმონაცემის წელთაღწერითი შედგენა არ უნდა იყოს ისე ძველი, როგორც ეპოქა, რომელსაც იგი სწვდება; უფრო საჯეროა, რომ იგი ყოფილა შედგენილი მას შემდგომ, როდესაც ქართველებმა მიიღეს სარწმუნოება და გაიცნეს დაბადება. მაგრამ ამავე დროს ეს გარდმონაცემი იმოდენად არ არის გაუმგზავსებული უჯერო და უშესაბამო ამბებითა, როგორც სხვა ხალხების პირველნი მოთხრობანი, თითქმის ქართველებზედ უფრო გვიან დაარსებულ ხალხებისაცა, ამასთანავე ისე თანახმა არის კაცთა პირველ საზოგადოების დაარსების წესთან და რიგთან, რომ თითქმის გვაძლევს ღონისძიებასა შევადგინოთ რამოდენათმე მართალი აზრი ქართველების შთამამავლობაზედ და ყოფა-ცხოვრებაზედ კავკასიაში დაშენების პირველ საუკუნოებში. ამ საგნისათვის არა გვაქვს სახეშია ამაზე უფრო სარწმუნო ცნობაები.

ქართველების შთამამავლობაზედ არის სხვადასხვა აზრი უწინდელ უცხო ქვეყნების მწერლებისაცა, მაგ: ტაციტი ამბობს, რომ იბერნი და ალბანელნი რაცხამდნენ თავის თავსა თესალიელების შთამამავლად, რომელნიც თან მიჰყოლიან იაზონსა კოლხიდაში და ამის დასამტკიცებლად, ამბობს, რომა იაზონის სახელს ხშირად ხმარობენ იქაურებიო3, მაგრამ ეს ისეთი მართალია, როგორათაც დიონისის აზრი, რომელიც გვარწმუნებს, რომ იბერნი არიან მოსულნიო იბერიიდგან, პირენეის ნახევარკუნძულიდგან. ამას გარდა, შეიძლება წავიკითხოთ ქართველების შთამამავლობაზედ ამავე ღირსების მრავალი სხვადასხვა აზრი დიოდორისა სტრაბონისა, იუსტინისა იოსეფისა, კედრენისა, ზონარისა და სხვ. გამოჩენილი ეთნოგრაფი ვივიენ დე-სენ-მარტენი თავის კავკასიის პირველყოფილ ხალხის და ძველისძველ გარდმონაცემების გამოძიებაში, რომელიც იყო წაკითხული მისგან 1846-ში პარიჟის ეთნოლოგიის საზოგადოებაში, არჩევს რა ამ ქართველების გარდმონაცემსა, გამოჰყავს ამისთანა გადაწყვეტილება: პირველი, რომ ქართველები და სომხები არიან ძველათვე ორად გაყოფილი შტო ერთისა და იმავე ტომისა, რომელიც ინდოკელტურ ოჯახობას ეკუთვნოდა და მეორედ ესა, რომ ყოველი ხალხი კავკასიისა არეზის მდინარის ჩრდილოეთით პონტო-ვექსინისა და კასპიის ზღვის შუა მცხოვრებნი იყვნენ შთამამავლობით შტონი ქართველის ტომისა. ამასთან სამეცნიერო რიგით ამტკიცებს, რომა, თუმცა ზოგიერთი კავკასიაში მცხოვრები ხალხი განირჩევიან ქართველებისაგან ენითა და გარეგან სახიერობითა – ეს არის სხვადასხვა მიზეზებისა გამო, რომელნიც არიან ზოგი ისტორიულნი და ზოგი ფიზიოლოგიურნი4.

ჩვენ ვეთანხმებით ვივიენ სენ-მარტენის აზრსა ქართველების შთამამავლობაზედ, ჩვენ ამავე გადმონაცემებიდგანვე ვხედავთ, რომ საქართველოს ხალხი დაარსებულა ძველისძველადვე და უცხოვრია ცალკე ბინადარ ხალხად ქართლოსის შთამომავლობის ფეოდალურ მართებლობასა ქვეშ.

რომ ვხმარობთ ამ სიტყვასა „ფეოდალური მართებლობა“, ამით, რასაკვირველია, არ გვინდა შევადაროთ ისეთი ძველი ეპოქის ქართველების საზოგადოობის მყოფიერება ჩრდილოეთის ბარბაროსების მყოფიერებასთან, როცა პირველად დაბინავდნენ იგინი გერმანიის მიწაზედა, რადგანაც საშუალო საუკუნეების ბარბაროსები უფრო მაღლად იდგნენ მაშინდელ ქართველებზედა ჯერ თუნდ იმითი, რომა ნახეს დიდება და ცხოვრების სახე რომის იმპერიისა, რომელიც იმათ შემუსრეს და დაიწყეს ცხოვრება მის სახელოვან და მასწავლებელ ნანგრევებზედა; ქართველებს კი იმ საუკუნეში, როდესაც დაბინავდნენ კავკასიაში, არ შეეძლოთ ენახათ და არც შეეძლოთ მიმხვდარიყვნენ სხვას რასმეს, რასაც იმათ გარეშე მყოფი ბუნება არ ჩააგონებდა.

საზოგადოდ ითქმის, რომ ყოველი უწინდელი ხალხთაგანი მოაწყობდა თავის ცხოვრებასა არა წარსულ დროთა გამოცდილების მიხედვითა, არამედ ისე, როგორც შინაგანი და გარეგანი ვითარებანი ჩვეულებრივად წაიყვანდნენ საქმესა. საქართველოში უმთავრესი შინაგანი ვითარება, რომელსაც დიდი მოქმედება ჰქონია ხალხის ცხოვრების დასაწყისზედ, იყო: პირველი, ადგილის მდებარეობა, რომელიც, რადგანაც, იყო მთიანი და გადაჭრილ-გადმოჭრილი ხეობაებითა, ჰყოფდა ხალხსა მრავალ ნაწილებად. მთები და ტყიანი სერები იყვნენ ამორჩეულნი ქალაქების და სოფლების ასაშენებლად, როგორც საიმედო საფარი ქართვლის ცოლ-შვილისა და მის ღარიბის ქონებისა. მთები და ტყიანი სერები უდგამდნენ ქართველს სამხედრო ვაჟკაცობის და თავისუფლების სულსა, და ის მშვენიერი მინდვრებიცა იმ მთების ძირში გადაფენილები, აძლევდნენ ხალხსა მიწის შემუშავების ხალისსა; და მეორედ: ერთი საყოველთაო ენა და სისხლზედ დამოკიდებული ნათესაობა მფლობელებისა, რომელიცა აგონებდენ ერთტომობასა. გარეგანი ვითარება მიეწერება სხვადასხვანაირ ისტორიულ ფაქტებსა, რომელნიც ატრიალებდნენ ხალხის ბედისწერასა და განვითარებასა. ეგ ფაქტები ქართულ წელთაღწერაში იწყობა ხაზარების მოსევის აღწერითა, რომელიც მომხდარა VII საუკუნ. ქრისტ. წინ. მაგრამ ეს დიდი ცარიელი ალაგი, ეს მეტად შესანიშნავი ნაკლულოვანება წელთაღწერისა ივსება სხვა ქვეყნების მწერლების ისტორიულ და ზღაპარსიტყვაობის ცნობაებითა, საქართველოზედ რომ უწერიათ.

ეხლა ჩვენ გვინდა შევუდგედ ამ ცნობაების მოკლე აღწერასა, ეს კი უნდა ვჰსთქვათ, რომ ჩვენ თავს მივანებებთ იმ ამბებსა, რომელნიცა, თავიანთ სიბნელისა გამო მომეტებულ ზღაპარ-სიტყვაობად მიგვაჩნია და რომლებიდგანაც არაფერი განსაკუთრებითი დასკვნაც არ გამოვა, მაგალითად: მოთხრობა გოგზედ და მაგოგზედ, პრომეთეოსზედ, ამაზონებზედ და მრავალს სხვაზედ. უამისოთაც ვიცით, რომ კავკასია უწინდელ დასავლეთის თუ აღმოსავლეთის ხალხსა რაღაც გრძნების ქვეყანა ჰგონებიათ. ადამიანის გამოხატულობა კავკასიის გარეშემო აგროვებდა ყოველ საოცრებასა და საკვირველებასა და იმათი მითები აქამდინ გაიგონება საქართველოს მდაბალ ხალხში, ხან როგორც ყოფილის ამბავი, ხან კიდევ როგორც ზღაპარი. ჩვენ დავწერთ ხოლოდ იმ ფაქტებზედ, რომელნიც საზოგადო ისტორიას მიუღია.

პირველ ცნობებს საქართველოს ხალხებზედ გვამცნებს ჩვენ მოსე წინასწარმეტყველი, რომელიცა ჰსცხოვრებდა ქრისტეს წინად 1700 წ.5 მაგრამ იმისი მოთხრობა თავდება იმითი, რომ მარტო თოგორმის, მესეხის და თუბალის6 სახელებს იხსენიებს. ამის უფრო შემდგომ 1565 და 1499 წელთა ქრ. წინათ7 მომხდარა მოსევა ეგვიპტელთა და დაპყრობა კოლხიდისა სეზოსტრისისაგან, როცა კოლხიდაში მმართებელად ყოფილა სელოსი. კოლხიდაში დარჩენილი ეგვიპტელები, როგორც გვიმტკიცებს პლინი, ცდილობდნენ დაერბილებინათ აქაურების ზნე, ჩაენერგათ იმათ შორის პირველი განათლების თესლი და ესწავლებინათ სელის ქსოვილის კეთება8.

მზისა, მთვარისა და ხუთ მოძრავ ვარსკვლავების თაყვანისცემა, ცხადათ ჰსჩანს, გავრცელებული იყო ეგვიპტელთაგან9. რამზესმა, (სეზოსტრისი) რომლის სახსოვრადაც იქონიებდნენ ხოლმე ტაძრებსა და მზის სახიერობასა, დააგდო კოლხიდაში თავის მფლობელობის ნიშანი: სახელი იმისი, გადაცვლილი „ხვარამზედ“ და „რამაზად“, მითვისებულია ქართულ სახელწოდებათა შორის, და თვით „მზე“ დაერქო სახელად ქვეყნის მანათობელსაცა. ეგვიპტის კანონებმა, სამგლოვიარო წვერის დაყენებამ და ზოგიერთ შინაურ ცხოველის მოკვლის აგრძალვამ10 ქართველების ჩვეულებაში და რწმუნებაში ღრმა კვალი დაუტოვეს. შეხედეთ გამოქვაბულს თმოგვისის და ვარძისის კლდეებს სამცხეში, – ეს გამო ქვაბული კლდეები, ვინ იცის იქნება ისევ ის აკლდამეები ყოფილან, რომელთაცა მგზავსი ისე მრავალი არიან ნილის მდინარის ნაპირებზე?

XII საუკ. ქრ. წ. საბერძნეთის გმირნი: ფრიქსი, არგონავტები და ულისსი წამოსულან სამჯერ კოლხიდაში. არგონავტებმა ნახეს კოლხიდაში მდიდარი ქალაქი ეა და დიდად ბრწყინვალე, მაშინდელ აზრით, სახელმწიფო კარი აეტესისა კოლხიდის მფლობელისა11.

იმ ეპოქაში იქაურ მცხოვრებლებმა იცოდნენ თურმე სელის ქსოვილის კეთება, ოქროს გამოდნობა და ღვინის დაყენება. ბერძნებმა, რადგანაც იცოდნენ ამ ნაჭირნახულევის ფასი და მოხმარება, ამ მდიდარ ქვეყნის ხალხთან მისვლა-მოსვლის გაუწყვეტელობისათვის ააშენეს რამდენიმე კოლონია შავი ზღვის ჩრდილოდაღმოსავლეთის პირზედა. ამ კოლონიებთაგანი უფრო უმეტესად შესანიშნავი იყვნენ: პიტიუსი (ბიჭვინტა) და დიოსკური12. ალბად, ამავე დროს უნდა მიეწეროს დასაწყისი იმ გამოჩენილ ვაჭრობისა მტკვარზედ და რიონზედ, რომელიცა ჰქონია ევროპიას ინდოეთთანა და რომელზედაცა ჰსწერს ერატოსთენი; ალბად ამ დროსვე უნდა მიეწეროს დაფუძნება ინდოეთის კოლონიისა, რომელსაცა ჰრქმევია სინდიკი13 და რომელიცა ყოფილა აზოვის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის პირზედა.

ბერძნების გარდა, ჩვენა ვხედავთ 600 წ. ქრ. წინ. მცხოვრებელ ეზეკიელი წინასწარ-მეტყველის წიგნიდამაცა, რომ მესეხად და თუბალებად ხსენებულთ ქართველებსა ჰქონიათ მისვლა-მოსვლა ფინიკიანელებთანაცა, რომელთაც უგზავნიდნენ სავაჭროდ ტყეებსა და სპილენძის ჭურჭელსა14.

ეს მცირედი ცნობაები, რომელნიც გვეხმარებიან ქართულ გადმონაცემების გაშვებულ ალაგების შესავსებლად, ცოტაოდენად გვაძლევენ შეძლებასა დავინახოთ რამოდენათმე მაინც პირველყოფილ ცხოვრების შემდეგ ქართველების განვითარება. იმ დროების ქართველები წარმოგვიდგებიან არა ველურ ხალხად, მცხოვრებელად მარტო ბუნების ზედმოქმედების ქვეშ, არამედ ხალხად, რომელსაცა ჰქონია სხვებთანაც მისვლა-მოსვლა, დაფუძნებული ერთმანეთის საჭიროების მიგნებაზედა. მაგრამ, ამასთანავე, სასტიკად რომ გავშინჯოთ, ქართველებს არ შეიძლება მაინც კიდევ დაერქვას ხალხი იმ ეპოქაში, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ. იმათი მდგომარეობა არ წარმოადგენდა ერთ რასმე მთელსა, შეერთებულ საზოგადოებასა. ისინი იყვნენ ხოლოდ ერთშთამამავალნი ბინადრები ქვეყნისა, სადაც ყოველი ხეობა თავის მცხოვრებლებსა არქმევდა თავისივე სახელსა, რომელიც დამოკიდებული იყო ხანდისხან ყოფაცხოვრების სახეზედაცა, ასე რომ უწინდელი ძველი მწერლები, მოსე წინასწარმეტყველიდამ დაწყობილი რომელთა კავკასიაში მოსევის დრომდე, თავიანთ თხზულებებში თავის დღეში არ ახსენებენ არც ერთს ქართველების სატომოს საზოგადო სახელთაგანსა15.

თუმცა იმათ იცოდნენ, რომ არსებობს კავკასია და მისი მცხოვრებლები, მაგრამ მრავალნაირს სახელებს ეძახდნენ საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილებში მცხოვრებლებსა. ესე, მაგ. მოსე და სხვა წინასწარმეტყველები იხსენებენ თოგორმის შთამამავალობას, მესეხსა და თუბალსა; არგონავტებს უნახავთ კოლხიდა; ღეროდოტე და ქსენოფონტე იხსენებენ ხალიბებსა16, მოსხებსა17, ტაოხიანებსა18, მოზინოკებსა19, თიბარენებსა, ალაროდიანებსა, მათიანებსა, საპირებსა და სხვებსა. ამ გუნდა-გუნდად ყოფნის მიზეზი, როგორც ზემოთა ვჰსთქვი, იყო მიწის მდებარეობის ზედმოქმედება, ანუ, როგორც ამბობს გადმონაცემი, განაწილება საქართველოს ტერიტორიისა ქართლოსის შთამამავალთა შორის. ამ მდგმოიარობაში იყვნენ ქართველები აზიაში მაკედონელების შემოსევამდე, ე.ი. იმ დრომდე, ვიდრე ძლიერმა და გაუწყვეტელმა გარეგან სამხედრო მოქმედებამა არ დაანახვა ხალხსა საჭიროება ერთად შემოჯგუფებისა და კავშირისა. ეგრეთი მდგომარეობა ჰქონდა საქართველოს სატომოსა ხაზარების შემოსევამდე, რომელზედაც ხალხის გადმონაცემის შემწეობით გავაგრძელებთ ეხლა ჩვენს მოთხრობასა. 

_______________

1. აი, ქართლოსის ძმების სახელები: ბარდოსი, მოვაკანი, ლეკოსი, ჰეროსი, კავკასოსი და ეგროსი.

2. როგორც ამბობს გარდმონაცემი ამ საუკუნეებს უნდა მიეწეროს აშენება შემდგომ ქალაქებისა და ციხეებისა: ქართლი, სამშვილდე (ორბისი), მტკვრის ციხე (ხუნანი), ჰერეთი, მცხეთა, გაჩიანი, (სანადირო ქალაქი) დედა-ციხე, ბოსტან ქალაქი (რუსთავი), ჩელეთი, ოძრხე, თუხარისი, წუნდა, არტანი (ქაჯთ-ქალაქი ანუ ჰური), უფლისციხე, ურბნისი და კასპი.

3. Tacite, lib. VI cap. 34

4.Vivien de St. Martin. Recherche sur les populations primitives et les plus anciennes traditions du Caucase, p. 95-97

5. Dictionaire d’hist. et de geogr. Ed. Boullet, p 1200.

6. დაბადება, პირველი წიგნი მოსესი, თავი X.

7. Diction p. 1650

8.Plin I. 33, c. 3.

9. Всемир. Ист. Г. Вебера, книга I. ст. 24

10. იქავე, გვერდი 187 “ვინც მოჰკლავს კატასა განძრახვით ანუ უცებ, იმას სისხლის ბრალი აძევს”.

11. Strab. I XI. P. 479. Erstath. In Homer; Diodor. Sicil. I

12. IV Strab. lib. XI, p. 349.

13.Ibid.

14. ეზეკიელი, თავი XXVII, მუხლი 13 და 14.

15. საზოგადო სახელნი ქართვლის ტომისა არიან: ქართველი, იბერნი ანუ ივერნი, გეორგიანნი, გურჯი და გრუზინი.

16. ამ ხალხის სახელი ბერძნებმა დაარქვეს ფოლადსა, რადგანაც ხალიბები ძველადვე იმით იყვნენ შენიშნულნი, რომ კარგათ აკეთებდნენ რკინეულს.

17. მესხნი.

18. ტასკარელნი.

19. მეგრელნი

5.2 II. ხაზართა შემოსევისათვის

▲back to top


II. ხაზართა შემოსევისათვის

თარგამოსიანთ დიდმშვიდობიანობის დროს ხაზარები გაძლიერდნენ და დაიწყეს ზედ მოსევითა კავკასიის ხალხის აშფოთება. ამ უკანასკნელთა ჰსთხოვეს მოშველება თავიანთ ერთ-შთამამავალ ხალხებსა და რაკი მიუდგნენ ყველანი ერთი ერთმანეთსა, თითონაც შეცვივდნენ ხაზარების სამზღვრებშია. მაგრამ, რაკი რომ მალე ამოარჩივეს ხელმწიფე, ხაზარები დაიძრნენ და გამოიარეს კავკასიის კარი და წამოვიდნენ სამხრეთისაკენ. ვერავინ ვერ გაუმაგრდა იმათ სიმრავლესა: იმათ ააოხრეს სულ ყოველისფერი, რაც დახვდათ წინა არარატამდე და მასისამდე, აუოხრებელი დარჩნენ მხოლოდ ზოგიერთი ადგილები ქართლში და სამეგრელოში. ამ მოძრაობის დროში ხაზარებმა იპოვეს კავკასიის მთებში სხვა ახალი გზა, რომელსაც ეხლა ეძახიან დარიალის გზასა. მას შემდგომ ხაზარები ხშირად დაეცემოდნენ ხოლმე კავკასიის ხალხს; და ამ დაცემებიდგან ის გამოვიდა, რომ თარგამოსიანები ხაზარების მოხარკედ შეიქნენ.

კავკასიის ჩრდილოეთის მხარეს დატყვევებულ ხალხთაგან ხაზარებმა შეადგინეს ორი სამეფო: ერთი თერგის წყლიდგან მთების დასავლეთის კიდურამდე თავიანთ მეფის შვილის უობოსის მფლობელობასა ქვეშე, მეორე – აღმოსავლეთის კიდურამდე თავიანთ მეფის ბიძა-შვილის მართებლობისა ქვეშე, უობისის ქვეშევრდომილ ხალხთაგან დაარსდნენ ოსები, მეორე სამეფოდგან კი, სადაც ააშენეს ქალაქი სოზანისი, ანუ ხუნზახი, ჩამოდიან დაღესტნის ხალხნი.

ხაზარების მფლობელობა იყო იმ დრომდე, ვიდრე სპარსებმა აფრიდონის მეფობის დროს არ განდევნეს ისინი. ეს ხაზარების შემოსევა არის ისტორიული ფაქტი VII. ის საუკ. ქრ. წ., გამოჩენილი სახელითა: „დიდი შესევა სკვითებისა აზიაში“, რომელიც ზედ მოჰყვა კიმმერიანების მცირე აზიაში შემოსევასა. ხაზარები, რომელნიც ბინამოუკიდებლად (ელად) სცხოვრებდნენ მდინარე ვოლგის და კასპიის ზღვის პირებზედ, იყვნენ ევროპიელ ძველ მწერალთაგან ცნობილნი სკვითებად, ამ ძველ ჩრდილოეთის ველური ხალხების საზოგადო სახელითა, ეხლანდელი ისტორიკოსები კი რაცხვენ იმათ ხან თურქების, ხან ფინნების შთამამავლობად. ეს ბარბაროსები მართლა გამოვიდნენ კასპიის კარებით სამხრეთშია1. და დაჰსცეს ზარი არამცთუ არარატამდე, არამედ მთელ ზემო და მცირე აზიასა, სირიასა, თვით ეგვიპტემდინაცა. რა თავზარის დაცემამ გაიარა იმ გზებზედა, სადაც იმათ გაუვლიათ, შეიძლება ცოტად მაინც წარმოვიდგინოთ იერემია წინასწარმეტყველის ღაღადებიდამა. იმათი მფლობელობის უღელი ყველაზედ უფრო მძიმედ დაედვა მიდიელებს და სხვა კასპიის ზღვის მახლობლად მდებარე ქვეყნებსა. ხაზარები ოცდარვა წლის განმავლობაში განაახლებდნენ ხოლმე ზედდაცემასა, ვიდრე ბოლოს ციაქსარმა2., მიდიის მეფემა არ განდევნა ისინი სრულიად. სკვითებმა დაატყვევეს და წაიყვანეს მრავალი ქართველი, სომეხი და ნამეტნავად ერანიდგან მიდიელები. ამ ტყვეთწაყვანილმა ხალხებმა მერე, რომ უკან დაბრუნდნენ თავის ქვეყნებისაკენ, იმ გზებზედ დაარსეს ახალი თემები ამ სახელებით ცნობილნი: მეოტენი და სარმატები, ჩრდილოეთისა მიდიელნი, რომლების ნაწილსა ეხლაც უწოდებენ ირონებს – ეგ ოსები3. არიან. ამ სახით ქართული გადმონაცემნი საკმაოდ თანახმად არიან ისტორიულ მოთხრობებთანა, ერთი ეს კია, რომ ისინი სრულიად არ იხსენებენ ამ ყოფილის უწინარეს კიმმერიანების დაცემასა, რომელნიც გასულან კავკასიის ყელით მცირე აზიაში. მაგრამ კი არც საზოგადო ისტორიიდამა ჰსჩანს, რომ კიმმერიანთ სანამეტნავო მოეხდინოთ რამე ქართველებისაგან დაჭერილ მხარეებშია, ამის გამო მისატევებელია ქართულ წელთაღწერისათვის, თუ ესე დაშორებულ დროების ამბავში გაშვებულია მაგისთანა ფაქტები. მაგრამ ერთს უთანხმოებას ჩვენ დიდს დაბრკოლებაში შევყევართ: ქართული გადმონაცემი ხაზარების განდევნასა აწერს აფრიდონსა, ფიშდადიანის დინასტიის მეფესა და არა ციაქსარსა, კაიანიდის დინასტიისასა, რომელსაც ისტორია აწერს სკვითების განდევნასა მაშინ, როდესაც მიღებულ ქრონოლოგიით რომ გავშინჯოთ, აფრიდონი მეფობდა 750 4. წელიწადში მაინც ქრ. შ. წინად, მაშასადამე, ასის წლით 5. უფრო წინად ციაქსარზედ. პირველი შეხედვით ეს უთანხმოება შეიძლება მიიღოს ან გვიანდელ გადამწერის, ან კიდევ თვითონ წელთაღმწერისა განუძრახველ შეცდომად; მაგრამ შემდგომი ხალხის გადმონაცემის მოთხრობა არ გვაძლევს ნებასა, რომ იმათ დავაბრალოთ.

_______________

1. Herodot. საზოგადო ისტორია.

2. Herodot. lib. Iv. cap. 12.

3. შოპენი «Замеч. На кн. Обзор. Росiйск. За Кавказ.» გვ. 7. ის პოტოცკის და კლაპროტის გამოძიებაზედ ამყარებს თავის აზრს; ეს გამოძიებანი კიდევ დაფუძნებული არიან ღეროდოტეს, დიოდორის, პტოლომეის ქართულ წელთაღწერილების ნაჩვენებთა შეფარდებაზედ.

4. Diction.d’hist/ et geogr. p. 1400: ფიშდადიანის ისტორია, როცა აფრიდონის შვილები დახოცეს, მაშინ ამოწყდა, ესე იგი 733 წ. ქრისტ. წინ.

5. Всемiр. Ист. Вебера; გვ. 483; ციაქსარი მეფობდა 633-დან 593 წლამდე.

5.3 III. მეცადინეობა ფიშდადიანისა და კაიანიდების დინასტიისა საქართველოში მფლობელობის და მთავრობის დაპყრობისა.

▲back to top


III. მეცადინეობა ფიშდადიანისა და კაიანიდების დინასტიისა საქართველოში მფლობელობის და მთავრობის დაპყრობისა.

სპარსეთის მეფემ აფრიდონმა, ანთებულმა ხაზარების შურისძიებით, რომელნიც აოხრებდნენ არა მარტო საქართველოსა და სომხეთსა, არამედ სპარსების სამფლობელოებსაცა, გაგზავნა იმათ საწინააღმდეგოდ სარდალი არდამი. არდამის ჯარს სიხარულით მიეშველნენ სომხები და ქართველები და სრულად გარეკეს ხაზარები იმ მხარეებიდან. სპარსეთის სარდალმა საქართველოს განთავისუფლების შემდგომ მისცა ქართველებს სრული ნება, რომა ეცხოვრათ თავის ჩვეულებაზე, და ქართველებმა რაკი ნახეს იმისი ეგრეთი კეთილ მოქცევა, შეიქნენ იმისი მორჩილნი და ყოველისფერს უგონებდნენ. არდამმა ააშენა დარუბანდის ქალაქი; მთების და ზღვის შუა ვიწროებში შეაბა რკინის კარები, რომ იმითი შეეყენებინა ხაზარების მიმართულება სამხრეთის ქვეყნებისაკენ. მას შემდგომ შემოავლო მცხეთის ქალაქს ქვითკირის გალავანი და პირველად შემოიღო საქართველოში ქვისა და კირის ხმარება შენობისათვის. აფრიდონის ხელმწიფობის დროს სპარსნი არამც თუ აწუხებდნენ ხარჯის გაწერითა ქართველებსა, არამედ ყოვლის ღონისძიებითა სცდილობდნენ ქართველების გაძლიერებასა, იქამდისინ რომა მარტო შესძლებოდათ ხაზარების შეკავება, რომელნიც ისე საშიშარნი იყვნენ, როგორათაც ქართველებისათვისა, ისრე სპარსებისათვისაც. მაგრამ როდესაც გამეფდა აფრიდონის შვილი იარედ, მაშინ სპარსებმა გაამრავლეს თავისი ჯარი საქართველოში და დაუწყეს ქართველებსა ხარჯის თხოვნა. ამან აამღვრივა ხალხი, და რა წამსაც გაიგეს ქართველებმა, რომა სპარსეთში გაჩნდა ურთიერთ შორის ომი, მაშინვე დაეცნენ სპარსებსა, დაამარცხეს და გარეკეს საქართველოდგანა.

ქეკაპოს (კაი-კავუს) წამოვიდა კავკასიის მხარეს საომრად, მაგრამ ერთ იქაურ მფლობელთაგანის მანქანებითა დაბრმავდა და იძულებულ შეიქმნა შერიგებოდა ქართველებსა და დაბრუნებულიყო უკანვე სრულიად ურარაოდ. მაინც კიდევ ექვსის წლის შემდგომ გამოისტუმრა თავისი შვილი ფარშოროტ მრავალის ჯარითა საქართველოს და სომხეთის დასაპყრობლად. ქართველები და სომხები შეიყარნენ ერთად, მოიწვიეს თავის მეზობლად მცხოვრებელი ხალხი, დაუხვდნენ მტერსა და გარეკეს. ხუთს წელიწადს შემდგომ სპარსნი კიდევ დაეცნენ სომხეთსა და საქართველოსა ქაიხოსროს წინამძღოლობის ქვეშ დაიპყრეს სომხეთი და მრავალ სისხლის დანთხევის შემდგომ დაიჭირეს საქართველოს ნაწილიცა, მაგრამ დაბრუნდა თუარა ქაიხოსრო სპარსეთში თურანის დასაპყრობლად, მაშინვე იმისი ჯარი, რაც დარჩა საქართველოში, გასწყვიტეს ქართველებმა.

ამასობაში ქაიხოსრომ დაამარცხა თურანელები და სხვაც მრავალი ხალხი, დაატოვებინა მათ თავიანთი ქვეყანა და მოაძებნინა ბინა სხვის ქვეყნებშია. ამგვარად გაფანტული თურანელები, ასურელები, ბერძნები და თვით ხაზარებიცა მრავალ რიცხვით მოვიდნენ თავისის ცოლ-შვილით საქართველოში და სთხოვეს ქართველებსა აქ დადგომის ნება. მცხეთის მამასახლისმა ამ ქვეყანის მთავრების თანხმობით მისცა იმათ ადგილი და დააბინავა ქართველების სოფლებს შორის ისე, როგორც ებრაელნი, რომელნიც ამაზე წინათ იყვნენ გაფანტულნი ნაბუქოდონოსორისაგან. ამნაირად საქართველოს ხალხი მსწრაფლად უფრო გამრავლდა და გაძლიერდა მაგრამ ამ დროებიდგან ქართველებს გამოეცვალათ ენა, (რომელიც სომხებისათვისაც და ქართველებისათვისაც აქამდისინ ერთი იყო); და სხვადასხვა ენების შეერთებიდგან შედგა ახალი ენა-ქართული; გამოიცვალა და გაფუჭდა სარწმუნოება; ნათესაობითი შეუხებლობა ქორწინებაში აღარ იყო, მკვდრების დამარხვა გადავარდა ჩვეულებიდგან, – თვით მკვდრებსაც ხმარობდნენ საჭმელათა.

რამდენისამე დროების შემდგომ სპარსეთის მეფის ვაშტაშაბის შვილი, სპანდიათ-რვალი წამოვიდა ქართველების საბრძოლად, მაგრამ გზაზე გაიგო თავისი პაპის მოკვლა სპარსეთში და დაბრუნდა უკანვე; მაგრამ ამითი მაინც ვერ გადარჩა საქართველო.

მაშინათვე, სპანდიათის სიკვდილის შემდგომ, სპარსეთის ხელმწიფის ტახტზედ დაჯდა იმისი შვილი, ბაამანი, წოდებული არდაშირად, რომელმაცა მრავალ ქვეყნების დაპყრობის შორის დაიპყრო საქართველოცა და გაწერა ხარჯი. ამითი თავდება ხალხის გარდმონაცემი, პირველად ხაზარების მოსვლითგან დაწყობილი ალექსანდრე მაკედონელის აზიაში მოსვლამდინ. ეს მოთხრობა, როგორცა სჩანს, შერდგენილია პირად-ნათქვამ გადმონაცემის, სპარსული პოეზიის და ზენდ-ავესტის ნათქვამების წამებისა შერევისაგან, რომელიცა უფლობდა საქართველოშიაცა, ვიდრე განვრცელდებოდა ქრისტეს სარწმუნოება.

აღმოსავლეთის ხალხის ძველებურ ყოფა-ცხოვრებაზედ არის ორნაირი აღწერა: ერთია დამყარებული აღმოსავლეთის მოთხრობაებზედა, მეორე – ბერძნებისაგან შემოგროვილ და საზოგადო ისტორიაში უფრო საჯაროდ მიღებულ ცნობაებზედა; ამ ორ აღწერაში არის უთანხმობა, რომელიც ვიდრე ისტორიულ კრიტიკით არ გაირჩევა, შეიძლება ქართულ ზემო-თქმულ გადმონაცემისაგან გამოვიყვანოთ მხოლოდ ერთი დასკვნა ამგვარი, რომა სკვითებისაგან განთავისუფლების შემდგომ საქართველოში დადგა ეპოქა მიდი-სპარსეთის მფლობელობისა და დამკვიდრდნენ უცხო ქვეყნის ელემენტები, რომელთაც უფრო მცირე-მცირე ნაწილებად დაჰყვეს ხალხი კერძობითის სახელებითა.

სხვა მწერლებიდგანაც ჰსჩანს, რომ ქართველი ხალხის მაშინდელი მდგომარეობა მართლად არ წარმოადგენდა ერთსა მრთელსა საზოგადოებასა თვით სახელწოდებითაცა. ღეროდოტეს, ქსენოფონტეს და სხვა ძველებურ მწერლების ცნობაები საქართველოს ტერრიტორიის მცხოვრებლებზედა შეადგენენ მხოლოდ შემოკლებულ აღწერასა მრავალ ცალკე-ცალკე მყოფ საზოგადოობისასა, რომელთაც არამც თუ მარტო ყოფა-ცხოვრებაში არა ჰქონიათ ერთობა, არამედ თავიანთ საზოგადო მტრის საწინააღმდეგო მოქმედებაშიაც. ღეროდოტე მოიხსენიებს ხოლოთ ერთ შემთხვევას, რომელსაც ერთ კატეგორიის ქვეშ მოჰყავს ისინი, სახელდობრივ: როცა ის ჩამოჰსთვლის ქსერქსის არმიასა და ამბობს, რომ მოსხები, თიბარიანები, მაკრონები, მოზინოკები, მარდები, ქოლხიდელები, ალაროდეები და სიფირები იყვნენ ერთ კაცის ბძანების ქვეშ, რომელსაც ფარანდათი ერქვა.

მთელ ამ საზოგადოებათა შორის ყველაზედ უფრო გამოჩენილი იყვნენ ხალიბები, ხალხი მეომარი და ხელოსანი. ისინი სცხოვრებდნენ კოლხიდის სამხრეთ-დასავლელის მხარეზედ. იმათ რკინეულის და ფოლადის ხელობის სახელი გავარდნილი ჰქონდათ ჯერ კიდევ გომერის დროსა. იმათი ნამუშავარის დასაწყობი ადგილები მიწდომილნი იყვნენ სინოპამდისინ და ამიზამდინ; მაგრამ მეექვსე საუკუნეში ქრისტეს წინად, ხალიბები დაარბია კრეზმა და გამორეკა აღმოსავლეთისაკენ. ქსენოფონტეს 400. წ. გაევლო იმათ ქვეყანაზედ და ამბობს, რომ იმათ ეხურათო ჩაბხუტები, ეცვათ რკინის პაჭიჭები და სელის ქსოვილის დოშლუღები გულზედ; სარტყელზედ ეკიდათ მოკლე ცელები და ჰქონდათ შუბები სიგრძით თხუთმეტი მწყრთა. რომ დაინახეს ბერძნები, ისინი წინ მიეგებნენ სიმღერითა და თამაშითა და გულუშიშრად დაუწყეს ომი და იმათ ქვეყნებზედ მდებარე გზაზედ არაფერი არ დაანებეს.

ხალიბების ქვეყნიდგან, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ცხოვრებდნენ ტაოხიანები, რომელთაც არ მოსდევდათ ისეთი გულადობა. ამავე მწერალის მოწმობით, ბერძნები რომ გამოჩნდნენ იმათს ქვეყანაში, ისინი იქამდინ აირივნენ, რომა დასტოვეს თავისი სახლები, გაიტაცეს თავისი ცოლ-შვილი, გაცვივდნენ მთაში ყოველფერ ნუგბარითა და როდესაც ბერძნები, შიშისა გამო რომ არ დაიღუპნენ შიმშილისაგან, შემოეხვივნენ გარშემო, მაშინ არამც თუ მარტო ცოლები თავის შვილებით ცვიოდნენ კლდე-ღრეში, არამედ ქრმებმაც კი მიჰბაძეს იმათს მაგალითსა; დაუტოვეს რა ბერძნებსა დავლად მრავალი რიცხვი პირუტყვი, ცხვარი და სახედრებიI. თიბარიანებზედ ამბობს ქსენოფონტე, რომა ისინი იყვნენ მშვიდობიანი მწყემსი ხალხიII. ისინი, როგორათაც მაკრონებიცა, დაუმშვიდნენ ბერძნებსა, მისცეს უხვი საგძალი და გაჰყვნენ წინამძღოლად კოოტიარის ქალაქამდინIII.

თიბარიანები და მაკრონები, როდესაც ახლდნენ ქსერქსსა, შეიარაღებულნი იყვნენ ისრე, როგორათაც მოსხები და მოზინოკები. იმათ ეხურათ ხის ჩაფხუტები, ხელთ ეჭირათ პატარა ფარი და გრძელი შუბები მოკლე ხის ტარებითაIV. მოზინოკები იყვნენ ბარბაროსი ხალხი და მძლავრი; იდგნენ ხის სახლებში და ამისთვის ბერძნებმა დაარქვეს ეს სახელი. სადგომები ჰქონდათ გაფანტული მთაში და ბარში. მაგრამ ისე, რომა პირველსავე ალიაქოთში და გაჭირებაში ადვილად შეეძლოთ მოგროვება ერთმანეთის საშველადV. ეს ოთხი უკანასკნელი თემი და მათთან მარდნი, დარია ისტასპის დროსა შეარდგენდნენ განმარტოებულს სასატრაპოსა სპარსეთის სახელმწიფოსასა, და აძლევდნენ ყოველ წელიწადს სამას ტალანტს ხარჯსა; ალაროდიანები, საფირები და მათანები შეარდგენდნენ მეორე სასატრაპოსა, და აძლევდნენ ორას ტალანტსა VI. ალაროდიანები, საფირები და კოლხიდელები იყვნენ ერთნაირად შეიარაღებულები, ეხურათ ხის ჩაფხუტები, ჰქონდათ ფარი ხარის ტყავისა, ხმლები და მოკლე შუბებიVII. კოლხიდელები აძლევდნენ ხარჯათ სპარსეთსა 100 ბიჭსა და 100 გოგოსაVIII. იმათს შორის ძველადგანვე სცხოვრებდნენ ეგვი პტელები, რომელნიც ლაპარაკობდნენ თავის სამშობლო ენაზე, ჰქონდათ თავისი ადათი და ღვთის თაყვანისცემის წესი IX. კოლხიდელების ჩვეულებაზე ღეროდოტე ამბობს ერთს შენიშვნასა, რომელიც ამტკიცებს ცოტაოდენად ქართული მატიანეს სიტყვასა: ის ამბობს, რომა კოლხიდელები მკვდარს არა მარხვენო, გარეთ დაზდებენ მფრინვლისა და ნადირის საჭმელად, და მას შემდგომ მიცვალებულის ხსენება აღარ იყო სამარადისოთ X. ეს ადათი ისრე, როგორათაც ახლო ნათესავის ცოლად შერთვა, ღვიძლი და-ძმის დაქორწილება, არის დასამტკიცებელი საბუთი, რომა ზოროასტრის სარწმუნოება იყო დამკვიდრებული საქართველოში ღეროდოტეს დროებამდისინაც. რომელიც სცხოვრებდა 450 წ. ქრისტეს წინად; ამისათვის რომა ეს ადათი გამომდინარეობდა ვენ-დიდისა წესდებულებისაგან, მიღებული იყო ბაკრეთში, გირკანეთში და სხვა ქვეყნებშიაცა, სადაც ეს სჯული დიდის პატივით იყო მიღებული XI.

და ესრედ, თუ საპირნი არ იყვნენ იბერნი ანუ იბერიელნი, XII. და თუ კარდუსიანები არ იყვნენ ქართლოსიანები ან ქართველები, მაშ აქამომდინ უწინდელს მწერლებს არავის არსად არ უხსენებია ისეთი სახელი, რომელიცა მიღებულ ყოფილიყო ქართველების საზოგადო სახელად. მხოლოდ მოსე ხორენელი, ისტორიკოსი მეხუთე საუკუნისა ქრისტიანობის დროებისა, ამბობს, რომა სომხეთის მეფემ ტიგრანმა, როდესაც მისცა შემწეობა სპარსეთის მეფეს კირსა, ასტიაგის საწინააღმდეგოდ, შეაგროვა ყველა ივერიელნი და ალბანელი ჯარისკაცი და დიდის სომხეთის გამორჩეული მეომარი ხალხი და წავიდა მიდიაში, მაგრამ მაინცდამაინც არ არის საეჭვო, რომა თემის სახელები: მოსხი ან მესხი, ტოხიანე, ან ტაოსიანე, მაქრონნი ან მეგრელნი, ან კოლხიდელნი – არის სახელები საერთო საქართველოს ხალხის ნაწილებისა და არიან იმის დაურღვეველ საბუთებად, რომ იმ ძველთაგან ძველ დროებაში არსებობდნენ.

აი სულა, რაც ვიცით უცხო ქვეყნის მწერლებისაგან საქართველოზე ალექსანდრე მაკედონელის აზიაში მოსვლამდინ, რომელნიც შესაძლონი არიან, რომ შეეფარდოს წინად თქმულ ქართულ გადმონაცემებსა.

_______________

I. Xenoph. 338.

II. თიბარიანები (თუმცა ქსენოფონტის აღწერიდგანა სჩანს, რომა იდგნენ დასავლეთით ტაოხიანებზე, მაგრამ მგონია ისინი სცხოვრობდნენ თაფარავანის ტბის გარეშემო აღმოსავლეთით ტაოხიანების გვერდით.)

III. Xenoph. p. 340

IV. Herodot. I cap. 60.

V. Xenoph. p. 351

VI. Herodot.

VII. Herodot. Iib. VII cap. 60.

VIII. Herodot. Iib. VII cap. 60.

IX. Ibib, lib. III, cap. 7, get. 97.

X. Ibib, lib. XI, cap. 104. Ibib,

XI.გ. ვებერი. საქვეყნიერო ისტორია. წიგნი I, გვერდი 460 და 467.

XII. Atlas Universal Geogr. ancciene et modern dressee par A. Tardieu, ed. 1858, carte №2

5.4 IV. გადმონაცემნი ალექსანდრე მაკედონელზე და იმის მოადგილე აზონზე საქართველოს სამეფოს დაარსებამდინ

▲back to top


IV. გადმონაცემნი ალექსანდრე მაკედონელზე და იმის მოადგილე აზონზე საქართველოს სამეფოს დაარსებამდინ

ხალხის გადმონაცემი სპარსეთის მფლობელობის ამბავს რომ ათავებს, მოგვითხრობს, რომ ბერძნეთის ქვეყანაში, რომელსაც ეძახიან მაკედონეთსა, გამოჩნდა ალექსანდრე ფილიპეს შვილი, რომელმაც დაიპყრო ყოველი მხარე ქვეყანისა. დაიწყო დაპყრობა დასავლეთიდგან, გადალახა სამხრეთი, შემდგომ ჩრდილოეთი და იქიდამ კავკასიაზედ გადმოვიდა საქართველოში. ალექსანდრემ ნახა, რომ ურწმუნოა და უზნეო ქვეყანა ესე, გარნა იქ მცხოვრებნი მეომარნი არიან და გამაგრებულ ციხე-ქალაქების მექონენი. იმან აიღო სულ ის ქალაქები, დააყენა შიგ თავისი ჯარი და მისცა მართებლობა ერთს მაკედონელთაგანს სარდალს აზონ პატრიკსა და უბრძანა, რომა მზისათვის, მთვარისათვის და ხუთი ვარსკვლავისათვის ხალხს თაყვანი აცემინოს. ალექსანდრეს დაბრუნებისა და სიკვდილის შემდგომ, შეუბრალებელმა და ულმობელმა აზონმა დააქცია გალავანი მცხეთისა და სიმაგრენი სხვა ქალაქებისაც, დაიპყრო სამეგრელო ზღვამდინ, დაადო ხარჯი ოსებსა, ლეკებსა და ხაზარებსა. ამან შემოიტანა საქართველოში კერპთთაყვანისცემა, დაიწყო ხოცვა გამოჩენილ ქართველებისა, რომელთაც ხალხში ხმა ჰქონდათ და განწირულებამდე მიიყვანა ხალხი.

იმ დროს მცხეთაში იყო ერთი ყმაწვილი კაცი ფარნავაზი, ძმისწული უკანასკნელ მცხეთის მამასახლისისა სამარისა, რომელიც მოკვდა ფარნავაზის მამასთან ერთად ალექსანდრე მაკედონელისაგან; დედითკი ისპაჰანელ სპარსის ქალიდამ იყო ჩამომავალი. მამის სიკვდილის შემდეგ, სამის წლის ფარნავაზი გააპარა დედამ და დამალა კავკასის მთებშია. იქ დავაჟკაცდა, დაბრუნდა მერე სამშობლო ქვეყანაში, სადაც გაითქვა გვარისშვილობით, ცხენის და იარაღის მარჯვე ხმარებითა. ხშირად ურჩევდა ხოლმე დედა ფარნავაზსა, რომ არ დაუახლოვდეს საშიშარს აზონსა, ჰსთხოვდა თავი დაანებოს საქართველოსა და გადასახლდეს სპარსეთში. ფარნავაზი დიდხანს ყოყმანობდა დედის რჩევის თანხმობაზედ, ბოლოს როცა თითქმის დაეთანხმა კიდეც, ერთს ღამეს ნახა სიზმარი, რომ ვითომც ის იყო შემწყვდეული ცარიელ და ბნელ სახლში, რომელსაც არა ჰქონდა გამოსავალი და სწუხდა ამაზედ; მაგრამ მსწრაფლ მიადგა მზის შუქი, შემოერტყა ფარნავაზსა და გამოიყვანა მინდორზედ. აქ იმან ნახა, რომ მზე ქვემდებარებდა. მინდორი უხვად იყო მონამული ცვარითა. მაშინ ხელით მოხოცა ცვარი და იმით დაიბანა პირი. როდესაც გაეღვიძა, ფარნავაზმა იფიქრა, რომა სპარსეთში იმას უთუოდ ბედნიერება რამ ელის, და ამ ფიქრით ატაცებული, იმ დღეს მარტოკა წავიდა სანადიროდ. იქ საშინელმა წვიმამ მოასწრო; შესაფარებელ ადგილს რომ ეძებდა, ფარნავაზმა დაინახა ერთი გამოქვაბული კლდე, რომელსაც შესავალი ამოქოლილი ჰქონდა. ფარნავაზმა საჩქაროდ გამოანგრივა, შევიდა გამოქვაბულში და განცვიფრდა, როცა ნახა აუარებელი განძი, კლდეში შენახული. როდესაც წვიმამ გადიღო, ფარნავაზი გამოვიდა კლდიდგან და გულმოდგინეთ მიაფარა შესავალი კლდისა; შემდგომ, რაკი დედასაც შეატყობინა ეს ამბავი, ყოველ ღამე დაიწყო იქ სიარული და გადმოზიდა თავის სახლში ყოველიფერი.

როდესაც ნახა თავისი აუარებელი სიმდიდრე, ფარნავაზმა სპარსეთში წასვლისა უარი უთხრა თავის დედასა; და მაშინ სულ სხვა ფიქრი მოუვიდა: მოინდომა განთავისუფლება საქართველოსი აზონის ტირანიისაგან და აღდგინება თავის საკუთარ უფლობისა მასზედ.

პირველი შემწეობა ამ აზრის აღსრულებისათვის მისცეს ფარნავაზსა სამეგრელოს მთავრის შთამამავალმა ქუჯიმ, ლეკებმა და ოსებმა, შემდგომ სირიის ხელმწიფემ ანტიოქმა და სომხეთის სპასალარმა. ქართველებიც მსწრაფლად მიემხრნენ ფარნავაზსა, აზონი კი გაიქცა კლარჯეთში, სადაც ფეხი მოიკიდა კიდევ თითქმის ერთი მთელი წელიწადი. მაგრამ არტანუჯის მახლობლად ომი მოხდა და იქ მოკვდა; მთელი საქართველო კი, აზონისაგან ერთ ხალხად შეკრებილი, დარჩა ფარნავაზსა. ზოგიერთ აღმოსავლეთის მწერლების მოწმობის გარდა სხვა ჩვენ არაფერი გვაქვს, რომ დავამტკიცოთ ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ყოფნა მართალია თუ არა. მაგრამ იქნება, რომ იმის სახელის და საქმის ქვეშ დაფარულია სახელი და საქმე იმის სარდლებისა, რომელთაც ცნობაში და მორჩილებაში მოჰყვანდათ საქართველო, როგორც სპარსეთის სამეფოს მეთვრამეტე და მეცხრამეტე სასატრაპოები. აგრეთვე ძალიან საეჭვო არის ისა, რომ თითქო ალექსანდრე მაკედონელმა საქართველოს მმართებლობა პირდაპირ მიანდო თავისს სპასპეტს აზონსა, რომელიცა, როგორც ამბობს მატიანე, მფლობელობდა საქართველოში ფარნავაზის გამეფებამდინ; ამისათვის, რომა მოსე ხორენელი ამბობს, რომ უკანასკნელი სატრაპი დარიისა იბერიაში იყოვო მიტრიდატი, რომელსაც ალექსანდრე მაკედონელმა ჩააბარაო იბერიის ტყვეები.1;

ეს უკანასკნელი ჩვენება მით უმეტესად დასაჯერია, რომ ეს მიტრიდატი, ჯერ კიდევ 317 წ., როგორათაც საქართველოს სატრაპი, დაესწრო ომში, როდესაც ევმენი ებრძოდა ანტიგონსა2; ეს ომი დაბოლოვდა ამითი, რომ ევმენი დამარცხდა, ანტიგონმა კი დაიჭირა მთელი ის ქვეყანა, რაც ეჭირა ალექსანდრე მაკედონელსა აზიაში; მიტრიდატი და სხვანი ევმენის მოსარჩლენი დაიხოცნენ და იმათ მაგიერად დანიშნენ სხვა სატრაპები.3;

თუ აზონის ყოფნა არ არის მოგონილი, ან უადგილოდ ხმარებული არგონავტების წინამძღვრის იაზონის სახელი, რომელიც ბუნდად დარჩა ქართველების გარდმონაცემშია მაკედონელის თანამოღვაწეთა და მოადგილეთა სახელებ შორის, მაშ დასაჯერია, რომ ის აზონი იყო არა ალექსანდრეს მოადგილედ, არამედ ანტიგონისა იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყობა მიტრიდატის სიკვდილიდამ ფარნავაზამდე, და მართავდა საქართველოსა თავის შეუბრალებელ პროტეკტორის მგზავსად.

რაც შეეხება თვითონ ფარნავაზის პიროვნებასა, მგონია არ არის საეჭვო, რომ ის იყო შთამომავლობით სპარსი, შვილი, ანუ ძმისწული ამ მიტრიდატისა, იმიტომ, რომ ქართული გადმონაცემი იხსენიებს იმას დედით ისპაჰანელ სპარსის ქალის შვილად, მამით კი (მამის სახელი არ არის მოხსენებული) ძმისწულად სამარისა, უკანასკნელ მცხეთის მამასახლისისა, რომელიც მოჰკლა ალექსანდრე მაკედონელმა. რომ დავაკვირდეთ ამ ნათქვამსა, ჩვენ მოგვეცემა საფუძველი ვიფიქროთ, რომა ის იყო შვილი უკანასკნელ მცხეთისა ან ივერიის სატრაპოსა, რომელიც მოჰკლა ანტიგონმა და არა ალექსანდრემ, თუნდ ნურაფერსაც ნუ ვიტყვით იმაზედ, რომ თვით სახელი (ფარნავაზი ან ფარნაბაზი), სწორედ სპარსული სახელია4; ამასთანავე, მიუცილებელ საჭიროებადა ვხედავთ, ყურადღება მივაქციოთ შემდეგს გამოკვლევასა: თუ ფარნავაზის მამა მოუკლავთ, როგორც ამბობენ, ალექსანდრეს საქართველოში ყოფნის დროსა, იმისი ეგვიპტეში მისვლის წინად, 332 წელსა, მაშინაც ფარნავაზი იქნებოდა სამის წლისა, მაშ როდესაც ფარნავაზმა დაუწყო ბრძოლა აზონსა 268 წელს, იქნებოდა 67 წლისა და არა ყმაწვილი კაცი; მაშასადამე, ამის მამის სიკვდილი უნდა იყვეს უფრო გვიან; და მეორე ესა, რომა თეიმურაზ ბატონიშვილი, ანტონ ქათალიკოზისა და სხვა ისტორიკოსების სიტყვით (რომლების სახელებსაც არ იხსენიებს), ამბობს, რომ ფარნაოზის მამა იყო სამარის ძმა, მცხეთის მამასახლისისა, დარია კოდომანისა ერთი შინაურთაგანი კაცი; თავისი სიყმაწვილის დროს აღზრდილმა სპარსეთში, მხედრობით, სიმარდითა და ვაჟკაცური შეხედულობით იმან მიაღწია უმაღლესს ადგილსა სპასპეტებთა შორის სპარსეთის ხელმწიფისა, რომელმაც მისცა ამასა თავისი ქალი ცოლად. დარია კოდომანის დაცემის შემდგომ, ისა ზოგიერთის სპარსეთის ჯარის ნაწილით მოვიდა მცხეთაში, მაგრამ ისა და იმისი ძმა სამარი დახოცა ალექსანდრე მაკედონელმა, საქართველოს აღების დროსა და სხ...5; მაშასადამე, ფარნავაზის დედა იყო ახამენიდების გვარისა, და მამამისი, მოკლული მაკედონელებთაგან, იყო სიძე დარია კოდომანისა. გალლისის საბერძნეთის ისტორიიდგან ჩვენ ვიცით, ერთი დარიას სიძე, მოკლული თვითონ ალექსანდრეს ხელითა ომში გრანიკის მახლობლად, სადაც არის მოკლული კიდევ ვიღაც ომარი (იქნება იყოს სამარი), რომელიც იყო სარდალი ნაქირავებ დარიას ჯარისა. ამ სიძეს ერქვა მიტრიდატი6; მაგრამ, როგორც ჩვენა ვნახეთ ზემოთა, მიტრიდატი, სატრაპი იბერიისა, სცხოვრებდა ალექსანდრეს დროსა და შემდგომაც, როდესაც მოხდა შფოთი მაკედონელების სპასალარებთა შორის, და მოკვდა ანტიგონისაგან7; ამ ჩვენების მოსაზრვიდგან წარმოგვიდგება ჩვენა აზრი, რომ ეს ორივ მიტრიდატები იყვნენ ერთი და იგივე პირი; ხოლოთ დროება, ადგილი და გარემოება სიკვდილისა არის ნაჩვენები სხვადასხვანაირად. ეს აზრი არის დამყარებული იმ საფუძველზედაცა, რომ ერთის მიტრიდატის, იბერიის სატრაპისა, შთამამავალთაგანსა, დიდ მიტრიდატს, პონტიის ხელმწიფეს, ერქვა აგრეთვე ახამენიდი8;

ხალხის გადმონაცემშია, რომელიცა ჩვენ წარმოვადგინეთ ამ თავში, ისევ ძველი სპარსობის კილო უფლებს, როგორცა ჰსჩანს. ის ადგილი ქართულ მატიანეში, სადაც არის მოხსენებული მაკედონელის გაბმა სარწმუნოების საქმეშია და იმისი მოწადინება და ზრუნვა სარწმუნოების გამოცვლისათვის, აშკარად გვაგონებს სპარსების გადმონაცემსა იმაზედ, რომ ალექსანდრემ დაჰსწო ზენდავესტის სამღთო წიგნები და დაამდაბლაო სარწმუნოება9; არა გვგონია კი, რომ ამ გადმონაცემში სიმართლე ერიოს.

წადილი და ზრუნვა ალექსანდრესი და იმის მემკვიდრებისა: სელევკისა და ანტიოქისა სრულიად სხვანაირი იყო. ყველაზედ მომატებული ფიქრი იმათი ის იყო, რომ გზები გახსნან შორეულ და უცნობ ქვეყნებისაკენ და დაადგინონ მისვლა-მოსვლა სხვადასხვაგვარ ხალხთა შორის. ამით ფიქრის და ზრუნვის წრიდამ არ იყვნენ გამორიცხულნი კავკასიის მხარენი. პატროკლის და ერათოსფენის წერილებიდგან ვიცით, რომ ძველთაგანძველს დროებაში უპირატესი გზა დასავლეთის ხალხის კომმერციისა ინდოეთთანა გადიოდა საქართველოზედ10; უფრო გვიან დიდის პომპეის ბძანებით ვარრონისაგან მტკიცედ გამოკვლეულ ცნობაებიდგან ვიცით, რომ სავაჭრო საქონელი ინდოეთიდგან ინდის მდინარითა ერთ კვირას მოდიოდა ბაქტრიაში, აქედან იკარის მდინარით, მერე მტკვრით, სურამამდე, აქედამ შორაპნამდე ხმელეთით და ბოლოს რიონის მდინარით შავ ზღვამდე11; მაგრამ ბოლოს ამ სავაჭრო გზაზე სიარულს დაუშალეს რამდენადაც ერთის მხრით ბარბაროსების შემოსევამ, იმოდენადაც მეორეს მხრით, განათლების მოძრაობამა და ეგვი პტელებისა და ფინიკიანებისა ზღვით მოგზაურობის განვრცელებამა, ბოლოს მაკედონელების დაპყრობამა. იმათ იპოვნეს სხვა გზა ინდოეთში მიმავალი არაბეთის ყურეზე და სპარსეთზე. ალექსანდრიის ქალაქის აშენებით კი, სრულიად დაამცირეს ამ გზის მნიშვნელობა.

ეს თუმცა ესრე იყო, მაგრამა კასპიის ზღვაზე დიდხანს ეჭირათ თვალი ალექსანდრესა და იმის თანამოღვაწეებსა. იმას ეგონა, რომ კასპიის ზღვა იყო ნაწილი ჩრდილოეთის ოკიანისა და ამის კიდურებს შეეძლოთ აღმოეჩინათ ახალი სახელმწიფოები და ახალი სავაჭრო მიქცევ-მოქცევა გამოუჩენელ ხალხებთანა. ამისთვის იმან, რამდენიმე ხნის სიკვდილის წინად გამართა იმ ზღვაში ფლოტი და გაგზავნა შესატყობრად: ხომ არა აქვს გასავალი ამ ზღვას ოკიანეში შავის ზღვითა, ან სხვა ზღვებითა ინდოეთში12;.თავდაპირველად მოიყვანეს ცნობაში სამხრეთის მხრივ მდებარე ზღვის ნაპირები, მას შემდგომი პოვნეს აღმოსავლეთის ნაპირები იაქსარტის მდინარემდინ, შემდეგ დასავლეთისა-ალბანიამდინ და ალბათ, დარუბანდამდისინაცა, რომელიცა ქადულობს გადმონაცემითა, რომ ალექსანდრე იმის ამშენებელი იყო13;. არის კიდეცა ნაჩვენები, რომ ალექსანდრეს ჯარი მისულა გიპპანისის წყლამდინ14. რასაკვირველია, ბოლოს დროსა ამაზედ შედგენილი აზრი, გიპპანისის წყლის სახელს უწოდებს არა ყუბანსა, არამედ რომელღაც სხვა წყალსა, რომელიც ზღვის შესართავის ახლო ჩადის ინდის მდინარეში, მაგრამ ეს არის შეცთომა, განვრცელებული იმ მწერლებთაგანა, რომელთაც არ იცოდნენ, რომა გიპპანისი ერქვა მხოლოდ ყუბანის წყალსა და იმის ზღვის შესართავში ცხოვრობდნენ უწინდელს დროში აგრეთვე სინდები, როგორათაც ინდის წყლის შესართავშიაცა15.

ალექსანდრეს სიკვდილის შემდგომ სელევკ ნიკატორსა ჰქონდა კასპიის ზღვაში თავისი ფლოტი, ბრძანებისა ქვეშე პიტროკლისა, რომელსაცა ჰქონდა მინდობილი, რომა კიდევ ეშინჯა ამ ზღვის ნაპირები. ახალ ნაპოვნს ნაწილსა ზღვისასა დაარქვეს სელევკის ზღვა და მაშინათვე შეადგინეს დაწყობილება შავის ზღვისა და კასპიის ზღვის არხით შეერთებისათვის. მაგრამ სელევკი ამ დიდ საქმის აღსრულების თადარიგში რომ იყო, მოკლეს16. ანტიოქე I, რომელიც თანაჰგრძნობდა თავის მამის წინადდაწყობილობასა, არ მოშალა კასპიის ზღვაზედ მართველობა17, და ქართული მატიანე რომ იხსენიებს ფარნავაზს იაზონზედ ანტიოქი შეეწიაო, ცხადად ამტკიცებს, რომ ბედი ქვეყნისა, რომელზედაც იყო ბრძოლა, ძალიან სანუკვარი იყო ანტიოქესათვის და უნდოდა იმ ქვეყნის მფლობელი კაცი იყოს იმისაგან დავალებული.

_______________

1; მოსე ხორენელი, წიგ. II. თავი X.

2; St. Martin Recherchers sur I1 hist. de I1 Azie, chap. XIX.

3; Ibid.

4; ფარნაბაზი, სატრაპი მცირე აზიისა, რომელიც ცხოვრებდა V საუკუნის ბოლოს და ხელს უმართავდა სპარტას პელოპონეზის ომების დროს.

5; ისტორია თეიმურაზ ბატონიშვილისა, გვ.3.

6; Истории Греции Галиса, часть 8, гл. 37

7; Моис. Хор. кн. II гл. X. Da St. Martin Recherchers sur I1 hist. de I1 Azie, chap. XIX

8; ჩვენი სტატიები იყო დაბეჭდილი გაზეთში: Кавказъ 1861г. №№53 და 70 სახელწოდებით «Вопросы о происхождении Митридата Великаго» და «Дополнение к этому вопросу»

9; Всемирн. Ист Г. Вебера. кн. I, стр. 412

10; Strab. lib. XI, p. 351

11; Plin. L. VI, cap. 19

12; Montescuieu, I’Esprit des Lois L. XXI. ch. 9.

13; დარუბანდის ძველს კედელსა აქამდინაც ალექსანდრეს კედელს ეძახიან.

14; Montescuieu, I’Esprit des Lois L. XXI. ch. 9

15; Strab. lib. XI, p. 349. – იქ, სადაც ინდი ზღვაში ჩადის, იმის ახლოს ინდს ერთვის მდინარე თანახმოვანი გიპპანისისა, გაფასისი.

16; Plin. L. VI. cap. 2L’Esprit des

17; Lois. liv. XXI, ch. 9

5.5 V. დაარსება სამეფოსი.

▲back to top


V. დაარსება სამეფოსი.

III საუკ. ქრის. შ. წინ. საქართველოში იწყება საუკუნოებით მომზადებული ხალხის ცნობიერი ცხოვრება, რომელსაც ნაციონალობას ეძახიან. საქართველოს სახელმწიფოს დაარსების ჩვეულებრივი საფუძველი მომზადებული იყო: პირველი, ერთტომობა უფროსთა საზოგადოობათა, თუმცა კი გაფანტულთა კარგა დიდ სივრცეზედ და დიდხანს ყოფილთა ცალ-ცალკედ ადგილობრივ მიზეზებისა გამო; მეორე, სპარსეთის მფლობელობის ზედმოქმედება, რომელმანც დააახლოვა ერთი ერთმანეთთან ისინი და ერთის სახელმწიფოს სახელითა და სულითა ორ სატრაპის მართებლობასა ქვეშე აწარმოვა იმათი ცხოვრება; და მესამე, განვითარება თვითონ ტომისა, როგორც სპარსეთის ფლობელობის წინად, აგრეთვე ამავე პერიოდის განმავლობაში. თანდათან საზოგადოობანი შეეჩვივნენ მიწის შემუშავებასა და ვაჭრობასა, ერთის მხრით, მდიდარ ბუნების მიხედვით, რომელიც უხვად აჯილდოვებდა მუშის შრომას; მეორეს მხრით – იმითი, რომა ჰქონდათ მისვლამოსვლა ეგვიპტელებთან, ბერძნებთან და ფინიკიანებთანა. რელიგიური სისტემა ეგვიპტელებისა და შემდგომ სპარსებისა, იმათ გულში დანერგული, აჩვევდნენ იმათ კანონის მორჩილებასა და დასასრულ ყოველ წლის ხარჯმა, რომელსაც ართმევდნენ სპარსეთის ხელმწიფეები, დააჯერა, რომ ყოველწლივ ხარჯის ძლევა მიუცილებელი საჭიროება არის სახელმწიფოსათვის.

პირველი გამოთქმა ქართველების ნაციონალობისა იყო, რასაკვირველია, შეერთება ყველა ერთშთამამავლობის საზოგადოებათა ერთი ერთმანერთის სასარგებლოდ და დასაცველად საზოგადო მტრისაგან ერთის პირის უმაღლეს მმართებლობასა ქვეშე. რამოდენადაც შეიძლება გამოკვლევა მატიანეთაგან, ჰსჩანს, რომ ფარნავაზის სახელმწიფოსა ჰქონდა სამზღვრებად: დიდი ზურგი კავკასისა, ენგურის წყალი, შავი ზღვისპირი ეხლანდელ ბათუმამდე, იქიდგან მთები, საიდგანაც გამომდინარეობს ჭოროხის წყალი თავის ტოტებითა პალაქაციოს ტბამდე; შემდგომ მთები, რომელნიც მდებარებენ დებედის წყლის მარჯვენა მხარეს მტკვრამდე და ბოლოს ალაზანი იმ წყლებით, რომელიც აღმოსავლეთის მხრით იმას ერთვიან.

ფარნავაზმა გაჰყო თავისი სამეფო თავის თანამოღვაწეთა შორის რვად თუ ცხრა ნაწილად, რომელთაც ჰქვიანთ საერისთავო. ქართული მატიანე აჩვენებს ყოველ საერისთავო სამზღვრებსა, მაგრამ ძნელი მისაღებია სიმართლე მაგ ნაჩვენებისა, ამის გამო, რომ ავჰსცდეთ შეცდომებსა ჩვენ ამ წერილებში, ვერ ვბედავთ იმ სამზღვრების აღწერასა. მაგრამ კი მზათა ვართ, დაუთმოთ ალაგი სხოლიოში მხოლოდ თეიმურაზ ბატონიშვილის ნაჩვენებსა1.

ერისთავები იყვნენ უმთავრესნი მონაწილენი მმართებლობაში და აღმსრულებელნი ხელმწიფის ბრძანებისა; ყველა მათგანი წარმოადგენდა თვითონ ხელმწიფესა თავის საერისთავოში და ჰქონდათ უფლება თავისი თანამდებობა დაეტოვებინათ თავისს შთამომავლობისათვის. ეს უფლება იყო ჩვეულებრივი შედეგი, ანუ გაგრძელება ქართველების ტომის ფეოდალიურ ცხოვრებისა, რომელიც დაიწყო ქართლოსის სიკვდილშემდგომ, იმის მემკვიდრეთა შორის მამულების გაყოფიდგან და დამკვიდრდა მათ შორის დედამიწის სიკეთის მეოხებითა რავდენიმე საუკუნოებისა განმავლობაში. ფარნავაზმა დაამტკიცა თუ არა ეგ უფლება, მაშინვე საქართველოში აღმოჩნდა: პირველი, მამულის მფლობელობის უფლება, როგორც კერძოობით და საგვარეულო საკუთრებისა და მეორედ: აზრი ხალხის დაყოფისა ოთხ ხარისხად, რომელნიც არსებობდნენ საქართველოს სამეფოს თვითმდგომარეობის მთელ დროების განმავლობაში. კერძო პირების მამულის უფლება, ეგ იშვიათი მაგალითი ძველ ხალხებ შორის – დააფუძნა ფარნავაზმა, ალბათ, იმ შემეცნებისაგან, რომ ეგ უფლება პატრიოტობის გრძნობასთან ერთად შეადგენს ნივთიერ სარგებლობას და მით გააძლიერებს ქვეშევრდომთა შორის თავის სამშობლო მამულის დაცვის მხნეობასა. რადგანაც ძველ ხალხებს დედა-მიწა მიაჩნდათ საყოველთავო კუთვნილებად, საკუთრების შეძინება კი, მხოლოდ ვაჭრობით შეეძლოთ, ამისათვის იმათ ერჩივნათ საცხოვრებლად უფრო ის ქვეყანა, სადაც უფრო კარგად შეენახებოდათ და ერთი ორად ექცევოდათ მოძრავი კაპიტალი. ისინი ძრიელ ადვილად ანებებდნენ თავსა მამა-პაპის სასაფლაოსა, სამშობლო კიდეებსა, მთებსა და გარდასახლდებოდნენ შორს ქვეყნებში, აშენებდნენ კოლონიებსა ან ამოირჩევდნენ ისეთსგვარს ცხოვრებასა, როგორათაც ძენი ისრაილისანი და სომეხნი, რომელთაცა სამშობლო ქვეყანა წარმოადგენდა ადვილად საშოვარსა დამპყრობელთათვის. ოცის საუკუნის სასტიკი ბრძოლა საქართველოს ხალხისა ყოვლად-ძლიერ დამპყრობელთათანა დაუმოკიდებლობის დასაცველად იყო შეურყეველი იმ დრომდე, ვიდრე უკანასკნელ მეფეთა შორის ერთმა არ შეარყია ძველებური მამულისუფლება უმაღლეს ხარისხისა.

ეს ხარისხები იყვნენ: 1.) სამთავრო, ან სათავადო, რომელიც შეეფარდება ფეოდალურს ანუ «уделънное княжество» 2.) აზნაურნი, თანასწორი სარაინდო ხარისხისა; 3.) მოქალაქენი და 4.) გლეხნი.

მთავარნი ან თავადნი უფრო მეტად შთამომავლობდნენ იმ საქართველოს ნაწილების მთავრებისაგან, რომელნიც დაარსდნენ ქართლოსის მემკვიდრეებთა შორის მამულების განყოფისაგან ან იყვნენ შთამომავალნი უცხო ქვეყნის ხელმწიფეებისა; ხოლო აზნაურებად, მატიანე იხსენიებს მაკედონელის მოადგილე აზონის თანამოღვაწეთა. ყველა ერისთავები იყვნენ მთავრების ხარისხიდამ ამორჩეულნი. მთავარნი ანუ თავადნი ჰფლობდნენ არამც თუ მამულის საკუთრებასა და ყმებსა, აგრეთვე, როგორც მეფეებს, ყვანდათ თავისი ქვეშევრდომელნი აზნაურები (რომელნიც რუსის მთავრობისაგან შეირაცხნენ „დვორიანებად“), მამულითა და ყმითა; იმას არ შეეძლო ყოფილიყო აზნაურშვილათ, ვისაც არა ჰქონდა დასახლებული სოფელი და თავის თავადის პირველივე დაძახვითა არ გამოცხადდებოდა საომრად გამზადებულ რიცხვით კმასაყოფელ მსახურებითა (უბრალო ჯარისკაცებითა), ჯოგის ცხენებითა, თავის გაწყობილობით და სხვა კუთვნილებით სალაშქრო ცხოვრებისათვის2 სტრაბონი იბერიის აღწერილებაში გვიმტკიცებს, რომ ამ ქვეყანაში ყოფილა ოთხი საერო ხარისხი3 .

ფარნავაზს მიეწერება აგრეთვე დადგინება სამხედრო თანამდებობაებისა და მოწოდება სპარსეთიდგან მაგებისა (იქნება მოგვებს რომ ეძახიან, მაგები იყვნენ?) ზოროასტრის სარწმუნოებისა წესიერებაში მოსაყვანად.

ჩვენ ვგონებთ არ იყოს საჭირო გამოვწეროთ აქა შიგმდებარება ზენდ-ავესტისა, როგორც იმისათვის რომა ამაზე ჩვენს დროებაში ძრიელ მრავალი რამ არის დაწერილი, რომლითაც ზენდ-ავესტასთან საკმაოდ გაცნობილია განათლებული საზოგადოება, ისე იმისათვისა რომა სხვადასხვა ხალხსა ზენდ-ავესტის მცნება ჰქონდათ მიცემული სხვადასხვანაირად ადგილობრივი ცხოვრების შეფერებისა გამო. საზოგადოდ კი, ის იცავდა საკუთრებასა, უფლებასა, ჰსძულდა ბიწიერება და ტანის უსუფთაობა, ნამეტნავად სდევდა ქურდობასა და მოტყუებასა; ახალისებდა მიწისმოქმედებასა და კეთილზნეობასა და ბძანებდა ყმაწვილკაცობის მწიგნობრობაში აღზდასა. მაგრამ სასარგებლო მცნებათა შორის იმაში იყო ბევრი უმზგავსი წესები და ცრუ-წამებანი, რომლის კვალიცა დარჩა აქამომდე ზოგიერთს ადგილას საქართველოში, როგორათაც, მაგალითებრ სვანეთში: დაჭერა მამლისა მამაკვდავის წინა. „მამალი გვატყობინებსო დღის მოახლოებასა და სიბნელის ლტოლვასა, არის ნათქვამი ვენდიდადაში, ის კივის ყოველ ღვთიურ განთიადისას და იძახის: აღზდეგიდ, კაცნო, აქებდეთ მშვენიერს სიწმინდესა და განდევნეთ დევნი“4. მისგან ნებადართული იყო მახლობელ ნათესავთა შორის ქორწინება, მკვდრის დამარხვა კი აკრძალული იყო.

გვგონია, ქართული ხალხობა ყველაზედ უფრო მადლობელი უნდა იყოს ამ მეფისა, რომ მწიგნობრობა შემოიტანა და შემოიღო საკუთარი ნაციონალური ქართული ანბანი, რომელსაც „მხედრული“ ჰქვიან. სახელმწიფოს დაწყობილობის ფორმები და სარწმუნოება მართავს ხოლმე ხალხის შინაგან ცხოვრების განვითარებასა, მაგრამ ეს ყოველი მალე ირღვევა და გაუმგზავსდება ხოლმე იქ, სადაც მწერლობა არ არის. მწერლობა ხელს უმართავს, განავითარებს, უკეთესობაში შეიყვანს ხოლმე ყოველფერსა, რაც კი საფუძვლად დევს ხალხის ყოფა-ცხოვრებაში. ეს ქართული „მხედრული“ ანბანი, როგორც ჩანს, არის შედგენილი ზენდურიდგან57 და ისეთ ოსტატობით არის შედგენილი, რომ შეიძლება დამტკიცებით ვსთქვათ, რომ ჩვენ დროშიაცა არც ერთს ხალხსა არა აქვს ანბანი ენასთან ისე კარგად შეფერებული და მოგვარებული, როგორც ქართველებსა.

პეტრე უსლარმა რომ განარჩია და შეუფერადა სხვა ანბანებსა, ჰსთქვა, რომა: „რომ შევხედოთ ქართულს ანბანსა თვითონ ქართულის ენის მიხედვით, მაშინ არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომა ის აკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებასა: არა მგონია, იმ ანბანებს შორის, რაც ეხლა არის, ქართულ ანბანზედ სრული იყოს სადმე. ყოველი ხმა გამოიხატება საკუთარის ნიშნითა, ყოველი ნიშანი წარმოადგენს ყოველთვის ერთსა და იმავე ხმასა. ყოველ ევროპიის ენებში ორფოგრაფიის გამო არის წამოსაბორძიკებელი რამ, ქართველებისათვის თავიანთ ანბანის სისრულისა გამო ეს სიძნელე თითქმის არ არსებობს.“ ქართველების პირველ დროების ლიტერატურულ მოღვაწეობის თხზულებათაგანმა არც ერთმა, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოაწივა. სხვათა შორის კი, ჩვენა გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ თხზულებები, შესაძლო იყო, რომ ბევრნი ყოფილიყვნენ, მხოლოდ ისინი გაწყვიტეს ქრისტეს სარწმუნოების მიღების შემდგომ, როგორათაც წარმართობის მწერლობის ნაშთი5. ამგვარი დევნა იმ თხზულებაებისა ჰსჩანს ჯერედ იქიდამ, რომ საქრისტიანო სამღვდელომა IV საუკუნეში შეადგინა ახალი ანბანი „ხუცური“6, ალბათ, იმისათვის, რომ ხალხს აღარ წაეკითხნა მხედრული ძველი წიგნები.

ამას და გარდა ფარნავაზ მეფეს მიეწერება დადგინება საქართველოში ტახტმემკვიდრეობისა, გამაგრება და დაშვენება დანგრეულ ქალაქებისა; აშენება შორაპნისა, ამ ძველ დროში გათქმულ სავაჭრო საქონლის საწყობისა, იმ საქონლისა, რომელიც მოჰქონდათ ინდოეთითგან ევროპაში7. და სხვა მრავალი საკეთილო მოქმედება და ღვაწლი.

რაკი ამითი ვათავებთ ერთს ნაწილს ჩვენის წერილებისას, რომელსაც უწოდეთ პირველი გადმონაცემი საქართველოს ხალხისა, ჩვენ მას წინად ვიდრე მივყვებით შემდგომს ისტორიულს მოთხრობასა, წარმოვადგენთ გეოგრაფიულ აღწერას საქართველოსასა იმ ეპოქაში, როცა დაიწყო იქ მონარხიული მმართებლობა8.

_______________

1.ისტორია თეიმურაზ ბატონიშვილისა გვ. 115. პირველ ერისთავად (ფარნავაზმა) დააყენა ქუჯი, რომელსაც შერთო თავისი და, და ჩააბარა ადგილი რიონის წყლიდამ დაწყობილი ეგრისის წყლამდინ: მთელი კოლხიდა, სვანეთი და დასავლეთის მხარე ზღვამდე. მეორე ერისთავი დააყენა შორაპანში და მისცა ქვეყანა მცირე-მიხიის მთიდგან ზღვამდე და ღადოს მთიდგან რიონამდე. კახეთში, ჰერეთში და კუთხეში, რომელნიც შეარდგენდნენ კახეთის ნაწილებსა, დანიშნა მესამე ერისთავი. მეოთხე დააყენა ხუნანში, და დაუნიშნა მამული ბერდუჯსა და მტკვარს შუა, გარდობანი ტფილისამდე. მეხუთე დანიშნა სამშვილდეში და მისცა მამული სკვირეთის წყლიდგან, გაჩიანის ზემოთ ფანავრამდე აბოცითურთ. მეექვსე წუნისის ერისთავსა მისცა მამული მტკვრის სათავის აღმოსავლეთის მხარეს ფანავრამდე. მეშვიდე ოძრახისა დააყენა ტაშისკარს ზემოთ პონტის ზღვამდე და ჭოროხის წყლამდე. მერვე გაამწესა კლარჯეთში და მისცა მამული, რომელიცა იმან (ფარნავაზმა) დაიპყრო პონტიის ზღვამდე; და მეცხრე ერისთავი დანიშნა შიდა ქართლში. – ესენი იყვნენ მმართებელნიცა და სპასპეტნიცა; ისინივე ართმევდნენ ხალხს ხარჯსა და წარუდგენდნენ ხელმწიფესა.

2. ღეოღრაფიული აღწერა ვახუშტისა გვ. 12.

3. Strab. I. 6 XI.

4. Всемирн. Истор. Г. Вебера, кн. I, стр. 457

5. ზოგიერთი ქართული ასოები ჰგვანან აქნობამდის კიდევ ზენდის ასოებს. ნახე ნი პპერისაგან გამოცემული ანბანი. მაგრამ ასოების რიგი თავის მნიშვნელობით თითქმის ებრაულის ანბანისა არის.

6. ხუცური ანბანი შეუდგენია სომეხს მესროფს, რომელზედაც მერე ვიტყვით.

7. Strab. L. XI, 343. Plin. L. II, cap. 6.

8. ეს თხზულება რედაქციამ მიიღო ავტორისაგან რუსულ ენაზედ. მისგან გამოგზავნილი რვეული შეიცავს ძველს საქართველოს ისტორიას და იმედი გვაქვს, რომ მერეთ ის გამოგზავნის დანარჩენსაც, ასე რომ, რედაქცია იმედოვნებს წარმოუდგინოს თავის მკითხველებს მთელი ისტორია საქართველოსი. რედაქცია თავის თავზე იღებს, თუ რამე გაუგებარი და უკანონობა არის ამ სტატიის აღნაქვსში, რადგანაც თარგმანი მას ეკუთვნის. მაშასადამე, ავტორს ამ მხრით არა დაებრალება რა. ხოლო რაც შეეხება ნათარგმნის სისწორეს ორიგინალთან, რედაქცია იმედოვნებს, რომ ავტორის აზრები გადმოღებულია ნამდვილად. ამ შენიშვნასთან რედაქცია სარგებლობს შემთხვევით გამოუცხადოს ავტორს გულითადი მადლობა ამ შრომის გამოგზავნისათვის. ჩვენი სამშობლო ისტორია ისე დაუმუშავებული არის და ისრე ცოტა არის ნაწერი მაზედ, რომ ყოველი შრომა, სადაც კი იქმნება ახსნილი რომელიმე კითხვა წარსული ხალხის ცხოვრებიდამ, რედაქცია მიიღებს დიდის მადლობით. მის უმეტესად სასიამოვნო იყო რედაქციისათვის მიღება ამა თხზულებისა, რომ ამაში სჩანს დიდი შრომა ავტორისა და სურვილი ჭეშმარიტების ახსნისა. მაგრამ, ამასთანვე, ჩვენ ვრაცხთ ჩვენს თავს ვალდებულად, გამოვაცხადოთ ჩვენი აზრი ამ თხზულებაზედ. ყოველს პატივისცემასთან ამ შრომისადმი ჩვენ ვბედავთ ვსთქვათ, რომ არა ვართ თანახმა ავტორის ზოგიერთ კრიტიკულ შეხედვაზედ და კითხვაებისა გამოყვანაზედ. ჩვენ იმედი გვაქვს თავის დროზედ წარმოვადგინოთ ჩვენი აზრი ამ კითხვაებზედ. ამ ჩვენს ფიქრს ჩვენ აღვასრულებთ მით უფრო დიდის სიამოვნებით და გაბედვით, რომ ავტორს, როგორც ჩვენ შევიტყეთ, ძლიერ სურს გაიგოს სხვისი აზრები თავის თხზულებაზედა. ამ სურვილშიაც სჩანს ავტორის კეთილშობილი სიყვარული თავის საგნისა და სურვილიც ჭეშმარიტების ახსნისა, რადგანაც რომელიმე კითხვა მხოლოდ მაშინ აიხსნება კარგად, როდესაც გაიშინჯება ის სხვადასხვა მხრიდამ. მართლა ამბობენ ფრანცუზები: „აზრები ერთმანეთს რომ შეხვდებიან, მაშინ ჭეშმარიტება გამოჩნდებაო“.

6 სხვა და სხვა ამბავი

▲back to top


6.1 შინაური მიმოხილვა

▲back to top


შინაური მიმოხილვა

ახალი წელიწადია და ახალი ამბები უნდაო, მეტევის მკითხველი. არა, მკითხველო, ამ ჟამად ძველ ამბავს გიამბობთ ახალის მაგიერად. ტფილისის გარეშე მცხოვრებელი ხალხი გვკითხამს: განა იმისთანა ახალი ამბავი არ არის რამ, რომა (თქვენთვისაც საჭირო? სხვა და სხვა გვარი არიან მკითხველები ქალაქ გარეთ სოფლად მცხოვრებლებ შორის: ზოგს ჰგონიათ, რომ ტბილისის ქალაქი ასეა განათლებული დაწინაურებული, იმდენი საზოგადო საქმეები რიგდება ის, რომ არა სჯერათ, როცა იმათ კითხვაზე უპასუხებს კაცი: ახალი ამბავი არა არის რაო. ისინი გაოცებით დაიწყობენ ყურებას. მეორე გვარი მკითხველები იმათ შორის არიან ისეთნი, რომელთაც აღარა სჯერათ რა იქაური. რაც უნდა მოხდეს გაიგონონ, მაშინვე პირში გაგიცინებენ თუ ცოტა ოხუნევიც არის მაშინვე გეტევის „მახლას“, თავს უგემურად გაიქნევს გაბრუნდება. ამისთანა კაცს იმის ძლიერის «მახლასის» შემდეგ რაც უნდა უთხრა, რაც უნდა საბუთები წარმოუდგინო ფაქტისა, რომელზედაც ელაპარაკები, იმის პასუხი ეს არის: «ვნახოთ ვნახოთ, თუ სიკვდილმა არ გვისწრო., სიბერე ხომ შორს არის., დაიხვევს ამ უგემურ სიტყვებს ულვაშზედ და მერე თუნდ, გვარ ხედ და სახარებაზე შეჰფიცოს, მაინც კიდევ ის სწირა,ს როგორც უწირვნია, ესე იგი, იცხოვრებს (დასაჯერებელს არ დაიჯერებს. აი, საყვარელნო მკითხველნო, სხვათა მკითხველთა შორის ამათთანასაც უნდა ვებაასოთ ამის შემდეგ და ამისთანაებსაც უნდა გაცნობოთ ხოლმე აქაური, თუ უცხო ქვეყნების ახალი ამბები. ეხლა, უნდა გავშინჯოთ ჩვენ, რამოდენასაც შევიძლებთ, ის რომ როგორ წარმოდგნენ და გამოსცხადნენ ჩვენში ამისთანა ხალხი, ზოგნი ყველაფრის დამჯერი და ზოგნი ყველაფერზედ უჯერონი. პირველნი ზემო-მოხსენებულნი პირნი უმეტესად არიან იმისთანები, რომლებიც თავიანთ სოფელს ათ წელიწადში ერთხელ არ მოშორდებიან და იქვე დაასრულებენ თავიანთ სიცოცხლესა, სადაც დაიწეობენ ხოლმე. უმეტესი ნაწილი მათგანი არიან პრაპორშჩიგები თუ პოდპორუჩიკები ერმოლოვის დროებისა. იმათ თავიანთ წილი სისხლი დაუღვრიათ კიდეცა მითამ საქართველოს გაჰრიელებისათვის, რისგამოცა ძალიან თავიც მოსწონთ; მიუღიათ ჯვრები და მენდლები, მერე გამოსულან «ასტავკაში», ჩემ ძმა და მამულს უნდა მოუაროო. ეხლა თუ ხანდისხან მოიგონებენ ხოლმე ჩვენს მტვრიან ტფილისსა ისიც კენტის ერის დროსა, რომელსაც, ზოგი ერთი მათგანი, აღდგომასავით მოელის. ამ დროს შეაწუხებენ თავიანთ თავსა, ჩამოვლენ ქალაქში და ერთი-ორიოდ კვირა, ჩოხებში გამოწკეპილები, ხლმით, დადიან შეერილობა ში: ეს შემთხვევა იმისთვის უფრო სანუკვარად მიაჩნიათ, რომ დადიან ზოგიერთ პირთან თაყვანის საცემლად.

ამათში ახალგაზდებიც ურევიან, უმეტესად ისინი, რომლებსაც არ შეუსრულებიათ თავიანთი განათლება კარების სასწავლებლებშია (школа военныхъ воспитанников). როცა მიმხვდარან, რომა ამისთანა სწავლითა წინ ვერ წავალთო. გერას ფერსაც ვერ უშველით ჩვენს თავსაო, მეორენი, ესე იგი ყოვლად უჯერონი, ამათ არა გვანან: ისინი დიდხან ყოფილან ტფილისში, დიდხანს უმსიახურნიათ, ყოფილან საზოგადო მოღვაწენი. მაგრამ, ვინ იცის, რის მიზეზით დაუნებებიათ თავი სამსახურისთვის, საზოგადო ზრუნვალებისათვის და მოშორებიან ამ წუთის სოფელს... ისინი მაინცკიდევ გულში არ ივიწყებენ ადრინდელ დროებასა, რომელიც ისე მუხანათად ხელიდამ წასვლით. იმათთვის საინტერესოა ყოველი ცვლილება, ოღონდ ის ცვლილება მთავრობის განკარგულებით კი იყოს მომხდარი: ე. ი. რისთვის გამოაგდეს სამსახურიდამ ესა და ეს კაცი, იმის მაგიერად ვინ დანიშნეს და სხ. თუ შეხვდათ ვინმე ქალაქიდგან ახალი მოსული, მაშინვე დაწვრილებით გამოჰკითხვენ იქაურს ამბავს: «ვინ არის ნაჩალნიკად, იმის თანაშემწედ, დიამბეგად, ხომ არ უპირობენ გუბერნატორს გამოცვლას?» მაშინვე თავის გუნებაში ჩამოსთვლიან თითო თითოდ, ვინ უნდა განწესდეს იმათ მაგიერად და ვინ არა; დაიწეობენ მაღალ ფარდედებით განსჯასა, რომ ის ამ ალაგს კარგი იქნებაო., ის იმას ემჯობინებოდაო და სხ. ბოლოს ეს ამდენი ბაასი და თავის ხეთქა თავდება იმითი, რომ მეცნიერულად წარმოსთქმენ: მაინც არ იქნებ: რა რიგიანიო. თუ იმათ უთხარით, რომ აი საზოგადოებას ესა სურს მოახდინოს, ამ საქმეზე ფიქრობს, ჯასუხის მაგიერად პირში შემოგცინებს, - პასუხად ესეც სამყოფია.

ეს ჩვენი ნათქვამი გვაჩვენებს, რომ ზოგიერთ გარდა ჩვენ საზოგადოებაში არიან ორგვარი ხალხი: პირველი, რომელსაც ჰსჯერა სუყველაფერი, თითქმის, რაც უნდა ადამიანმა უთხრას, ოღონდ კი გაუხსენოს ქალაქში მოხდაო; მეორე, რომელსაც ჯიუტობით აღარა სჯერარა, მინამ თვალით არ ნახავს, ან თავის ყურით არ გაიგონებს. ამ ორ გვარის პირების ყოფნა ძალიან შესაძლო არის საზოგადოობაში, ნამეტნავად ჩვენისთანა ში. დროებისაგან წარმოსდგება ამ გვარი ვითარება, რომლის გარკვევაც, რამოდენადაც შეიძლება ჟურნალის სტატიაში, შეადგენს ჩვენ პირველ სტატიის საგანს.

ერთი ზღაპარია, საკვარელნო მკითხველნო, ირემზე, ცხენზედ კაცზე. ირემმა რქით დაუწყო რჩოლა ცხენსა, ცხენმა სთხოვა შემწეობა კაცსა, რომ მოეშორებინა მომბეზრებელი ირემი. კაცმა დაადგა უნაგირი ცხენსა და ორივემ ერთად გააგდეს ირემი საძოვრიდგან. შემდგომ ცხენი მიუბრუნდა უთხრა თავის მექომაგესა: „დიდად გმადლობ შენა! მაგრამ მამხადე ეხლა კი ეს უნაგირი და გავშორდეთ ერთმანეთს მეგობრულად, ან არა და მომიშვი ცოტა მაინც მოსართავი და ლაგამი, რომ მცირედაც არის სიარული გამიადვილდეს.“ „რა გეჩქარება? — უპასუხა კაცმა, უნაგირი მშვენივრად გიხდება; შენც ისეთი მორჩილი ხარ, როცა უნაგირი გადგია, — მეც სწორედ გითხრა არამც თუ ეხლა, საკულავოდაც ფიქრადაც არ მაქვს, შენზედ ხელი ავიღო..“ ამ ზღაპარს, რომ მივამგზავსოთ ადამიანისა, თუნდ მთელ საზოგადოობის ცხოვრება მაშინ გვექმნება შემთხვევა ვსთქვათ რამდენიმე სიტყვა იმაზედ, რაც შეადგენს ხალხთა შორისის სამართალასა, სახელმწიფოების ან საზოგადოებათა შორის მოვალეობასა, ერთი სიტყვით საერთოა ძლიერის და უღონოს შორის მიქცევ-მოქცევასა. ქვეყანაზედ რომ სადმე მარტო ორი სახელმწიფო იყოს ურთიერთის მომიჯნავედ, ერთი მათგანი ძრიელია დიდი, მეორე პატარაა უღონო, მაშინ იმათში. რის ვერ მოთავსდება არა რაიმე სამართალი. მაშინ პატარა და უღონო სამეფოს არ შეეძლებოდა დაეცვა თავისი დაუმოკიდებლობა ძლიერ და ღონიერ სამეფოსაგან. დიდი სამეფო უთუოდ დასჩაგრავდა, დაამონვებდა პატარასა და ბოლოს ისე გაუხდიდა საქმეს რომ შეიერთებდა კიდეც თავისთან და ორისაგან შეადგენდა ერთს სამეფოსა. ასე მოხდება უეწველად, იმიტომ-რომ ჩვეულებრივად ყოველთვის ეგრე მოხდება ხოლმე. - . . . . . . . . . . . . მაგრამ რაკი ქვეყანაზედ ამათ გარდა სხვა მრავალი სამეფოებიც არიან, რომელნიც ერთი ერთმანეთს უთანასწორებენ და იოკებენ, მაშასადამე, შესაძლო არის რომ დიდთან პატარამაც იცხოვროს, ძრიელ სამეფოთან— უღონომაცა. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში უღონო სამეფო თავისთავად შეეკვრის პირობით ძრიელს სახელმწიფოსა, რათა მომეტებულად მტკიცედ დაიცვას თავის თავი. ამ პირობას აქვს მნიშვნელობა ვიდრე ის გარემოებანი, რომელთაც იგი შეაკვრევინეს, არ გამოიცვლება. რაკი გარემოება გამოიცვლება, მაშინ იმა შეკრულებასაც აღარა აქვს ძალა, ე. ი. ძლიერი სამეფო. აჰყვება ხოლმე თავის ნებაყოფლობასა და რაც პირობა აქვს იმას უარჰყოფს, და იმ ძველ კანონიერ პირობას ვიღა სთხოკებს ყურსა? • • • • • • • • • . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მაგრამ კი უმაღლესი ბუნებითი კანონი არასდროს არ დაჰკარგავს თავის ძალას, არ დაუკარგავს . . . ხალხს თავის სურვილსა და არ დაუბრკოლებს მოძრაობას. ეს კანონი ჭეშმარიტებისა მოითხოვს, რომა სუყოველის ფერსა, რასაც კი აქვს ჩასახული სიცოცხლე, მოძრაობა და გონიერება უნდა უთუოდ ცხოვრებდეს, მოძრაობდეს, თავის საჭიროებისათვის ფიქრობდეს. ხალხის ცხოვრება დღეს იქნება თუ ხვალე, გამოაცხადებს თავის შინაგანს ძალასა და სხვასაც აგრძნობინებს, რიმ ეგ ძალა სრულიად არ არის ჯერ კიდევ გამქრალი.

ხალხის სურვილი შეიძლება, რომ ხშირად შესცდეს, ფაქტი გადაასხვაფეროს და შეცდომით ხედავდეს იმას, რაც არ არის ფაკტებში; ეს სუყველაფერი შესაძლებელია მოხდეს როგორც ერთის კაცისაგან, ისე მთელი საზოგადოებისაგანაც. როგორც ყველგან ისე ხალხთაშორისი სამართალი განისაზღვრება ჭეშმარიტებისაგან, რომელიც შეშვენის ადამიანის გონიერებასა, ადამიანის სვინიდისს არა პირობების დადებისაგან, რომელნიც წარმოდგებიან ისტორიულ საჭიროებისაგან, ა ისევ ამავე საჭიროების ძალით განქარდებიან ხოლმე.

საზოგადო საქმის შევიწროებულ მდგომიარობაში, მართალია, მოჩნდებიან იმისთანა პირნიც, რომელთაც საზოგადოობისათვის გული შესტკივათ, მაგრამ იმათშიაც, ჩვენდა საუბედუროდ, იმისთანანი გამოერევიან, რომელნიც თავიანთ თავს არ ივიწებენ, საზოგადო საქმეში ეძებენ მარტო თავის საკუთარ სარგებლობასა. ეოველი მათგანი (რასაკვირველია უკეთესი) იმოდენად დასთმობს თავის საკუთარს სარგებლობას და მოიტანს მსხვერპლად, რამდენადაც ესმის საზოგადო გაჭირება ე. ი. ვისაც უფრო უკეთესად ესმის ის უფრო ბევრსა სთმობს. ეს პირნი შეადგენენ ხალხის უკეთეს იმედსა, მათგან მოელის ხალხი ყოველ კეთილსა, წარმატებასა, გაჭირებიდგან გამოხსნასა. ამათ გასინჯვასაც, რომ შევუდგეთ, არ იქნება მეტი გადავავლოდ თვალი ხალხის წარსულ ცხოვრებასა, რათა გამოვიკვლიოთ მიზეზი, რისგამოც იგინი წარმომდგარან. იმ ორ გვარ ჩვენი საზოგადოების პირთ შორის, რომელზედაც ვთქვით ზევით რამდენიმე სიტევა, პირველნი არიან გასამტეუნარნი, რომ სუყველაფერზედ იმაზე გვერწმუნებიან, რაც იმათ არ შეეხებათ, განუსჯელად (უკრიტიკო-დ). იმათ ისე გუტარებიათ თავისი დღენი, რომა არ შეუძლიათ კრიტიკული განსჯა იმ გარემოებისა, რომელიც არ მომხდარა იმათ თვალწინ იმათ ცხოვრებაში არ გამორეულა, ამისათვის, რომ სცხოვრებენ უძრავად, თავიანთ სახლის განუშორებლად. რადგანაც არ ჰქონიათ ღონის-ძიება, რომ სწვლა და ცოდნა მიეღოთ, ამიტომაც ვერ ასცდენილან მამა-პაპურ ცუდ-სარწმუნოებასა, იმ დებულებასა დ ჩვეულებას, რომელნიც მოსახმარნი აღარ არიან. ამ ხსენებულ პირებს დღესაცა ჰსჭირთ ეგ ჭირი, რომლისგანაც გადარჩენა შეიძლება მხოლოდ დიდის მეცადინეობითა და წვალებით. ეს ჭირი მით უფრო მავნებელია მოსარიდებელი, რომ კაცს თვალებს უხვევს ასე, რომ თვით უზდელობას განათლებად დაანახვებს. უმეტესი ნაწილი მათ შორის არიან უფრო. ღარიბი აზნაურები, ან თავადები, რომელ მშობლებსაც ნდომიათ სურთ კიდეცა შვილების გაზდა, იმიტომ,-რომ დრო. ბა ითხოვდა მას. მაგრამ ღონისძიებას მხარი არ მიეცა. იმითი კეთილი სურვილი ნდობა შეუძლებლობისაგმო დადგა იმაზედ, რომ შვილები შინ უნდა დაეზარდათ. ყველამ ვიცით რა რიგათან იზრდება ქმაწვილი ჩვენ სოფელშია. მინამ უმარწვილი ფეხს იდგამს, დედ-მამას კალთაში უგორამს დღე და ღამე მუთაქასავით, ყურში წინდაუხედავადჩვენი ჩასძახიან სხვა სხვა თავიანთვის სასაცილოს სიტყვებს. ყველამ ვიცით რა არის პირველი ფრაზა, რომელსაც ასწავლის დედ-მამა და რა სიხარული შეუდგებათ, როცა უსუსური ბაშვი წამოიძახებს «მამა ... ლო) ეს არის ზოგიერთ სახლში თითქმის ეპოქა. ქალი სიხარულით ატაცებული დედას და ნათესავებს სწერს ესე: «ჩემი ყმარწვილი ფეხის ადგმას ცდილობს და ლაპარაკობს კიდეც ასე, რომ, არ დაიჯერებთ, თავის პაპას (თუ მამას) გუშინ უთხრა «მამა ...ლო;» —ზედაც დაატანს—«ძალიან გონიერი ყმარწვილი არისო... ეს ბავშვები ცოტა რომ მოჩიტდებიან, დაიწყებენ მინდორში ბუხარაობასა და თრევას. დედ-მამა შინ ვეღარ ნახავს, თუ არ ღამით, როცა ლაფში ამოვლებული დაქანცული და დაღლილი მოუვათ შინ შვილი დასაძინებლად. ხან ურემზედ, ხან კალოზედ, ხან ჩიტის ბუდეების საძებნელად დარბის საწყალი გაშკი, ბინდის დროს მოსამსახურეებში გაერევა და უგდებს ყურს სხვა და სხვა უწმაწურ ლაპარაკსა; აი ამ გვარად ატარებენ თავის სიყმაწვილესა ჩვენი ყმაწვილები. ბოლოს კი დედ-მამა შეუდგებიან ფიქრსა: შვილისთვის უნდა ვიზრუნოთო, შვილს გახდა უნდაო. ფიქრით დღე და ღამე არ სძინავთ. ამ თავიანთ დიდ ფიქრს დასრულებენ იმითი, რომ ან ვოენნი გოსპიტანიკად მისცემენ პოლკში, ან ჩაიყვანენ ახლო ქალაქში უეზდის სასწავლებელში; აუჩენენ ბინასა ან სომხის ან ქართვლის სახლში, საიდამაც ყმაწვილმა უნდა იაროს სასწავლებელში. თუ დედ-მამა ცოტა განათლებულნი არიან და ტფილისში რამდენჯერმე ყოფილან, მაშინ მოიფიქრებენ, მოდი ჩვენი შვილები რუსეთში (კორპუსში) გავგზავნოთო. აქედგან დაიწეობა ცოლისა და ქმრისა შორის ლაპარაკი: თუ ქმარს სურს იქ გაგზავნა, ცოლი უთუოდ იმისი წინააღმდეგია. უნდა ვსთქვათ ამ შემთხვევაში ქება ჩვენი დედებისა: ისინი იშვიათად გამოიმეტებენ შვილსა იქ გასაგზავნად. იმათი გული წინათვე გრძნობს, რომ იმათ შვილებს კეთილი არ დაეჭრებათ იქ წასვვლით. მაგრამ რა უნდა ჰქნან, საყვარელნო მკითხველნო? საჭიროება, მხოლოდ მიუცილებელი საჭიროება გააბედვინებს ხოლმე რუსეთში შვილების გაგზავნასა !...

აი ჩვენი ყმაწვილი მოშორდა შინაურ წინდაუხედავ ზრდასა, ეხლა ვნახოთ, რა ხეირი დაერება სახლის გარეთა. ყველამ ვიცით და დავრწმუნდით, რომ ყმაწვილის გახდა სამხედრო სკოლებში (школа военныхъ воспитанников). არას გვაძლევს რიგიანს. ჩვენ ამ ჟამად არას გვაძლევს რიგიანს. ჩვენ ამ ჟამად არ შეუდგებით მიზეზის განჩხრეკასა, ეს ძალიან გაგძელდება – კმარა რომ ვსთქვათ რამდენიმე სიტყვა იქაურ გამზდელებზე. ვინ არიან იქაური გამზდელები? ვინ არიან მასწავლებლები? უფრო. ზოგჯერ სალდათები. გინა ჰყავთ ამხანაგი და მეგობარი? ისევ ის სალდათები და სალდათის შვილები. ჩვენი ბუნებითი ჩვილი და ნიჭიერი უმაწვილი ადამიანმა რომ გაურიოს სალდათებში, რომელთაც თავის მდგომიარობის გამო აქვთ, თითქმის, დაკარგული ყოველი ნაზი საქციელობა და მიდრეკილება, თქვენ თითონვე თქვით, თქვენი ჰირიმე, რა გამოვა იმ ემაწვილისაგან?... მართალია, ამ სკოლებიდგან გამოსულა ზოგიერთი რიგიანი კაცი, რომ ბევრს სხვაზედაც უკეთესია, მაგრამ იმ აზრზედა ვდგევართ, რომ თუ მართლა რიგიანი კაცი გამოსულა იქიდამ — ეგ იმ სკოლების მოწყალება კი არ არის, არამედ თვით ბუნებისა, რომელსაც მიუღია იმ კაცისათვის იმოდენა ნიჭის სიმტკიცე გონებისა თუ გულისა, რომ გადურჩენია იმისი კაცობა სკოლის უხეირო ხელის გაწელვისაგან. არაფერი შემატება არ მისცემიათ იმ სკოლებისაგან არც შვილსა და არც დედ-მამასა იმის მეტი, რომ რამდენიმე ხანი ბაშვი მუქდად გამოკვებულა. სხვა დედ-მამებისა კი, რომლებსაც შეუძლიათ რამდენიმე ფულის დახარჯვა თავიანთი შვილის გახდაზე, ჩამოჰყავთ ყმაწვილები მახლობელ ქალაქში, და შეძლებისა და გვარად, ბინას აუჩენდნენ ან მდიდრის და ღარიბის სახლობაშია. ხომ იცით საყვარელო მკითხველნო, რომ ჩვენ დალოცვილ ქვეყანაში ყველა უეზდის ქალაქში არის: უეზდის სასწავლებელი, სადაცა ჩვენი ყმაწვილები იგემებენ ხოლმე სხვა და სხვა მეცნიერებას. როგორც ვსთქვით ზემოდ, შეძლებაზედა ჰკიდია უმაწვილის მიბარება: თუ დედ-მამა შემძლებელი არიან, მეტს მისცემენ შვილის შესანახავსა, მაშინ რაც უნდა იყოს მაინც უფრო დარწმუნებულნი არიან, რომ რიგიანად შეინახვენ; თუ არა ამოურჩევენ ღარიბს სახლსა და მაშინ თქვენ მტერს დაადგეს ის დღე, რაც იმას მაშინ დაადგება, თუ ნამეტნავად სიღარიბესთან ურიგო სახლობაც შეხვდება. ჩვენ თითონ ვართ მოწამენი, რომ მოსამსახურეზედ უარესად ეკიდებიან მიბარებულ ყმაწვილსა. ბაზარში იმას გააგდებენ; ხშირად წელს იმას ხიდინებენ; შეშას აჭრევინებენ არაფერში არ ზო-გვენ. თქვენ თითონვე სთქვით, საყვარელნო მკითხველნო, ყმაწვილს შეუძლიან. რაც უნდა ბევითი და ნიჭიერი იყოს, იმისთანა მდგომიარებაში ისწავლოს რამე ? სრულობით ვერაფერი ვერ შეუძლიან. ჩვენ არ გვინდა გამოუდგეთ დაწვრილებითს გაჩხრეკასა, რომ რას, ან როგორ ასწავლიან ჩვენ უეჭდების სამეცნიეროებში, თორემ ბევრს კარგს ვიტეოდით, და ის თქმული ბევრს ............

დედ-მამა თუმცა ხედვენ თავისი შვილის ამისთანა მდგომარეობას, მაგრამ ვერა უთქვამთ რა შემნახველთათვის, იქნება იმის გამოც, რომ ჰგონიათ რომ ეს მორჩილობა არისო, რომელიც უმეტეს კაცობრივ ღირსებად მიაჩნიათ აქამდისაც ჩვენში. ოღონდ მორჩილი იყოსო თუნდა სხვა ნურაფერი ეცოდინებაო; მაშინ კარგი შვილი გამოვაო, ფიქრობს ხოლმე გულ-ხმიერად ჩვენი ძმა-კაცი. აი რაზედ არ დაივუძნებული საქართველოს ზრდას განათლება ! ეს არის ზომა ერთისაც და მეორისაც. ეს კი არ იციან, რომ იმისთანა მორჩილობა არ შეეფერება არც დროს და არც ადამიანს, რომელმაც თავისი ფასი ყოველთვის უნდა იცოდეს. ამას გარდა არა გრძნობენ, რა ჩაირად ეჩაგრებათ შვილი ამისთანა უპატრონობითა, რანაირად ეკარგებათ გულის ყური და სიკეთე ყმაწვილებისა! ამას არ დაზდევენ დედ-მამა, რასაც კაცობრიობა ყველასი და თვითვეულისა მოითხოვს აღზრდაში, იმათ მარტო ის უნდათ, რომ შვილმა რუსული წერა და კითხვა გიკვეთოს და თავის დროზე გამოიყვანონ სასწავლებელიდგანა და მაშინვე წაჩხირონ სადმე სამსახურში, რათა თავისი თავიც შეინახოს და ჩვენც შეგვინახოსო. ამ უპატრონო მოწაფეთა შორის ურევიან ისინი, რომლებსაც ხანი გააუვათ და ხუთს-ექვს წლობით არიან თითო კლასში. იმათ მოსწყინდებათ ხოლმე ეს დიდი მეცნიერება უეზდის სასწლებლებისა, მოახდენენ რასმე, ან ზედამხედველ შეაგინებენ, ან უფროს მოწაფესა სცემენ და თავიანთ თავად დაბრუნდებიან შინა იმ აზრით, — ჩემს ქმა და მამულს რომ მოუაროო, მე მშიერი არ მოვკვდებიო, ცოდნა იმას უჭირსი, ვისაც შინ ლუკმა არა აქვსო.. თუნდა ეს არ იყოს მაინც თუ მოწაფე ტოტა გონიერია, მაშინვე მიხვდება რომ აქაური სწავლა (უე ხდის სასწავლებლისა) მაგდენ არა ფერად გამამადგებაო; თუნდა პირველიდგან გამოვიდე, თუნდა სწავლა დავასრულო, მაინც ერთი ბოლო აქვს: მწერლად უნდა გავემწესო; რაც ადრე გავმწესდება, მით უფრო კარგიაო.

ეხლა უნდა ვსთქვათ რამდენიმე სიტყვა იმაზე, რომლებიც იზდებიან კორპუსებში. წარმოიდგინეთ, ჩვენი აქაური ყმაწვილი 8 ანუ 9 წლისა ჩჩვილი, ნიჭიერი, რომელსაც დედისგან მოშორება უჭირს, უნდა გაიგზავნოს რუსეთში, სადაცა არც ამისთანა ჰავა არის, არც ხალხი, არც ჩვეულობა. ცხადად გვიმტკიცებენ მაგალითები, როგორც დაბოლოვდებოდა ხოლმე რუსეთშია ჩვენის ყმაწვილების საქმე. იშვიათი დედა იქნება, რომელიც არა ტიროდეს იქ დამარხულს შვილსა, იშვიათი დედა იქნება, რომ იმისი ცოცხალი, ცქვიტი, კიანმრთელი ბა შვი, დედისაგან დაუტირებელი შვილი არ დაეფლას უცხოეთის მიწაშია. თუ ასში ხუთი გადურჩა ჩრდილოეთის ჰავის ბოროტობასა, ის ხუთიც ან დასნეულდებიან, ან დაიხურებიან საუკუნოდ, ან კიდევ ისევ სნეულობისაგამო უკანვე დაუბრუნდებიან საცოდავს დედასა, რომელიც გაყვითლებულს ფერმიხდილს, დასუსტებულს ბაშკშია ძლივღა იცნობს თავის შვილსა ლ მაინც ხარობს, რომ"თუ არ წითური ბავშვი, იმისი ჩრდილი კიდევა ნახა სიკვდილამდინა. ვაი ამ სიხარულს! უილაჯობის სიხარულია. მართალია, როგორც გვესმის და როგორც ვხედავთ, ის ყმაწვილები, რომელთაც ბედი მიჰსცემით და დაუსრულებიათ კორპუსი, სწავლით თუ სიკეთით თავის რუსის ამხანაგებზედ უკან დარჩომილნი არ არიან, მაგრამ რა გამოვიდა: თავიანთი ენა, ჩვეულება სამარადისოდ ავიწყდებათ; სუყველა აქაური უცნაურად მიაჩნიათ და არ მოსწონთ; იმათ ჰგონიათ, რომ სულ ისე უნდა იყოს მოწუობილი, როგორც რუსეთშია, თვალში ეჩოთირებათ, რომ ჩვენი ცხოვრება არ ემგზავრება რუსეთისას და ვერც შეიძლება მგზავსოს სხვა და სხვა მიზეზისაგამო, იმ კანონის გამო, რომ ერველს ტანსა თავისი ზომა აქვს. ეგ მიზეზი, ეგ ზომა იმათთვის უცნობელია ს მიუმხვდარი. ამას გარდა, რამდენიც ვიცით, კორპუსიდან გამოსულნი აფიცრები ისეც არიან დაწინაურებულნი, აქაურ აფიცრებზე, (რომლებსაც ენა მაინც არა აქვსთ დავიწყებული), რომ მაგის გულისათვის შვილები შევჰსწიროთ რუსეთში ვგზავნოთ. ზოგნი მკითხვენ: თუ რუსეთში წასვლა ამაოა მარტო სიკვდილისა და სნეულებისთვის მიდიან, მაშ რათ იკვლენ თავებსა ეხლანდელი ემაწვილი კაცები იქ წასვლისათვის ? რომ არ ეგონოთ, რომ ამ კითხვით მახეში გაგებმევით. ჩვენ ეხლავ პასუხს მივჰსცემთ. ჩვენა ვგონებთ დიდი განსხვაება იყოს 8 წლის და 18—19 წლის უმაწვილის რუსეთში გაგზავნავში. რვა წლის ბაშვმა რა იცის თავის საჭიროებისა ? აჰგლეჯენ თუ არა დედის გულიდამ, რომელიც ამოდენა ხანი ათბობდა ბაშვს, რომელიც კიდევ ისე საჭიროა რვა წლის ბაშვისათვის, წაიღვანენ ვინ იცის საით ? კაცი არ არის, რომ დაჩვეულ ენაზედ თავისი სურვილი და წუხილი გააგებინოს; ყველანი იმისთვის უცხონი არიან და ყველასათვის თვითონაც უცხოა, არის მარტო მრავალთა შორის. ტყუილად მიმართავს დაღონებულს ცრემლიან თვალებს იმ მხარესა, საიდამაც მოიევანეს და რომელსაც იქნება თავის დღეში ვეღარ ნახავს; ტყუილად მოიხედავს გულდაძმარებული თავის სამშობლოსაკენ და ვეღარ დაინახავს ვერც მშობელსა და ვერც ნაცნობსა. მაშინ ის საბრალო უპატრონო და უღონო დაიმარხავს წუხილს გულშია, შიგ ჩაჰკეტავს, ვიდრე ის წუხილი არ გაარღვევს სიჭლექითა გულსა და არ დამარხავს იქ, სადაც ცხოვრებაც ეძნელებოდა. თუნდ ეგ არ იყოს, რასაც ჩააცმევენ საწყალს ბაშვსა— უნდა უთუოდ ის ჩაიცვას, რასაც მისცემენ საჭმელად— უარს ვერ იტყვის; ერთი სიტევით, თითქმის იმის სიცოცხლე დამოკიდებულია სხვაზე —იმათ გამზდელებზე. ხომ ყველამ კარგათ ვიცით რა ზრუნა შეუძლიან 8 წლის ყმაწვილსა ან თავის თავისა და ან სხვისთვისა; ისიც ვიცით რა მზრუნველები და გამზდელები ჰყვანან ყმაწვილებს კორპუსებში და სხვა სახელმწიფო სასწავლებლებშია. . . . . . . . . .

10. წლის ყმაწვილი სხვა არის; პირველად მათი წლოვანება გვაჩვენებს, რომ მეტი უცხოვრიათ; მეორე: რაკი მიდის განათლების დასასრულებლად თავის ნებით რუსეთში, ესა ნიშნამს, რომ იმან იცის ენა, რომლითაც იქ ცხოვრება შეუძლიან, ესმის თავისი ყოველი ფერი საჭიროება, იმან იცის რა უნდა ჩაიცოს, რომ არ გაცივდეს, რა უნდა ჭამოს, რომ არ აწყინოს,-ის პატრონია თა– ვის თავისა, თუმცა ამ ყმაწვილებზედაც იქაურ ბუნებას აქვს მაინც ზედ-მოქმედება, მაგრამ შეუძლიან მიხვდეს იმის ვითარებას და იმდენი ეცადოს, რომ ნახევარი სიცოცხლე მაინც გადაარჩინოს იქაურ ჰავის მტრობას, წყალსა, ხალხსა, ჩვეულობასა და სხვა. ერთის სიტევით ამას მტკიცე აქვს გონებაც, ჰგვაც, აგებულებაც; რვა წლის ბავშვი კი ყვავილია, რომელსაც დააჭკნობს ხოლმე ყოველივე ამის ცუდი ზედ-მოქმედება. ამის გარდა იზდება სასულიერო სასწავლებელში (სემენარიაში) რამდენიმე ღვდლის შვილი; სუყოველ წელიწადს ასრულებენ იქ სწავლასა რამდენიმე ახალგაზდა ყმაწვილი კაცები. იმათი ბოლო ყველამ ვიცით: კურსის დასრულების შემდეგ მიდიან იმ გზაზედ, რისთვისაც არიან დანიშნულნი, მაგრამ სიღარიბე. შევიწროებული მდგომარეობა და სხვა, არის მიზეზი, რომ ვერ ასრულებენ იმ დიდ მოვალეობას, რომლის აღსრულებისათვისაც არიან მოწვევულნი ქვეყანაში. არიან მათ შორის ზოგი ერთი მოღვაწენი პირნი, სსულიერო აკადემიაში ყოფილნი, ისინი კი არ არიან ხალხისათვის დამალულნი.

აი, საყვარელნო მკითხველნო, წყარო ჩვენი აღზრდის განათლებისა, საიდგანაც შემდგომ წარმოდგა უმეტესი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა. ამათ რომ მიუმატოთ რამდენიმე პირნი, რომლებმაც მიიღეს სწავლა უნივერსიტეტებში, სპეციალურს 4 სხვა უმაღლეს სასწავლებლებშია, სრული ჩვენი საზოგადოობა შედგება.

იქნება ზოგიერთს თავი მოვაწვინეთ ჩვენის ძველის ამბების აღწერითა, მაგრამ ჩვენ იმ მიზეზით მოვიწადინეთ ესა დ სევდები ავიშალეთ, რომ რაც კი თვალი გაგკიდილია დაცინების მეტი ჩვენებისაგან თუ უცხოსაგან არ გაგვიგონია რა რიგიანი, მართებული ეშმარიტი. ჩვენ ადრინდელს, თუ აწინდელს მდგომარეობაში მართალია დასაცინარიც გასამტეუნარიც ბევრი რამ არის ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ ვისაც დაცინება სურს, ჭეშმარიტებას არ უნდა გადუდგეს. მაშინა აქვს დაცინებას ძალას ღირსება, როცა ვისაც დასცინიან დააჯერებენ, რომ მართლად და ახად დასცინიან და დასაცინარიც არის; ტყუილ დაცინებით არ გაკეთებულა რა ქვეყანაზე. დაძინებასთან ერთად უნდა ღონის-ძიებაც მისცეთ, რომ ადამიანი გამოვიდეს იმ მდგომარეობიდგან, რაშიაც ჩაფლული არის. იმათ, ჩვენ დამცინებლებს და მაყვედრებლებს სურთ დაუთესავად მომკონ.

აქაურის საზოგადოების სამარადისო საჩივარი, წუხილი და თავში ცემა ის არის, რომ რიგიანი კაცები საზოგადო საქმეებისათვის არა გვევანანო.. ეს მწუხარება არ არის უსაფუძლო, მაგრამ კი ეხლა უნდა ვკითხოთ: შეიძლებოდა, რომ ამ ნაირ გაზდილ და განათლებულ საზოგადო-ობის წევრთა, როგორათაცა ვნახეთ ზევით, შეეძლოთ ჩინოვნიკობის მეტი სხვა რამ მოქმედობა? არა მგონია, იქნება არიან პირნი, რომლებსაც შეეძლოთ და სურდესთ საზოგადოებისათვის მსახურება, მაგრამ იცით, სავარელნო. მკითხველნო, რამდენ მოგვერდს უგდებს იმას, თავისივე ძმა-კაცი, და წააქცევს ? ძნელიც არის, რომ ჩვენს საზოგადოებას, რომელიც არის გაზდილი ზემომოხსენებულ რეცეპტით, შეეძლოს, ცნობიერად იცნოს თავისი საჭიროება და ცნობიერად წარმოსთქვას თავისი გულის-წადილი და ტკივილი. ვისაც სურს სახალხო საერთო საქმეს რითიმე გამოადგეს და მისცეს სარგებლობა, ის უნდა იყოს პირველი: დაუმოკიდებული ე. ი. შეძლებული ცხოვრების სახსარითა, მეორე: უნდა იყოს განათლებული. განათლება აუცილებელი ღირსებას საერთო საქმის მოღვაწეობაში. ჩვენ საზოგადოობას ეხლა არც ერთი აქვს და არც მეორე; ჩვენმა მამებმა თავის შვილებს არ მისცეს ის, რის მიცემას შეეძლოთ. ამის მიზეზი ჩვენ შევიო ვსოქვით, რომელიც თუმცა იმათ ამართლებს, მაგრამ ჩვენ არაფერს გვიმატებს; ჩვენ მაინც კიდევ დღეს ხელცარიელები ვართ და იძულებულნი, რომ ვიტიროთ ის დრო სიყმაწვილისა, რომელმაც დღეისათვის არ მოგვამზადა ისე უხეიროდ დაიკარგა ჩვენთვის.

ჩვენ ხალხს, უმეტეს ნაწილს საზოგადოებისას თუ არ სახელმწიფო სამსახურში ვერ გაუძლო და ვერცა სძლებდა და ვერც იფიქრებდა საზოგადო საქმისათვის. ამ ფაქტით, რომ ჩვენ ეველანი კისერს ვიმტვრევთ სამსახურისათვის, ვითომც ამის მეტი ჩვენ არა შეგვეძლოს რა, გვძრახნენ. ფაქტი მართალია, გავსინჯო-თამის მიზეზი. აი რისგამო. ვართ ეგრე: ეს ისტორიით დამტკიცებულია, რომ რა სახელმწიფოშიაც მოხდენილია რამე ცვლილება, ეს მოხდენილა ეოგელთვის განათლებულთაგან, რომელნიცა ეველგან, რაც უნდა თქვას სხვამ, აწარმოებენ თავის ნებაზედ ხალხის სამეუფო. ნებასა, ესე იგი მიიმხრობენ მდაბიო ხალხსა, როგორც უძლეველსა ძალასა, იმის შემწეობით ასრულებენ საქმესა; მაგრამ .....

1801 წელს, როცა საქართველომ გამოაცხადა რუსეთის ქვეშევრდომილების სურვილი, რუსებმა მაშინ შემოიტინეს აქ ის დაწყობილება და ზოგიერთი კანონები, რომელიც იყვნენ და სწარმოებდნენ თვით რუსეთშია. ცუდი იყო, თუ კარგი მეტი არა ჰქონდათ რა; იმისი თითონაც კმაყოფილი იყვნენ და ჩვენც, რასაკვირველია გვაკმაყოფილებდნენ. მაშინ ჩვენში, როგორც რუსეთშია გაძრიელებული და გამოჩენილი იყო თავად-აზნაურ შვილების საზოგადოება.

. . . . . . . სხვათა შორის დადებული იყო, რომ ვისაც არა ჰქონდა ჩინი, არ შეეძლო ხმა ამოეღო. საზოგადოების კრებაში, სადაც, მითომ, ზრუნავდნენ სახალხო საჭიროებისათვის. სმ დაწეობილებამ მიიყვანა ხალხი იქამდის, რომ ყველას ელანდებო-და მხოლოდ ისე, რომ მიეღო ჩინი და დაეწეო სამსახური, პირველად ამისათვის, რომ როგორც კეთილშობილს კეთილ შობილთ კრებაში ხმა ჰქონოდა, მერმე იმისათვის უფრო რომა განთავისუფლებულიყო ყოველ გვარ დაჩაგვრისაგან და უპატიურებისაგანა, რომელსაც მიაენებდა ხოლმე სამსახურს გარეშე მეოველს კაცსა, როგორც თითონ საზოგადოება, ისე მთა,რობა. ვისაც არა ჰქონდა ჩინი ყველგან, სამჯავროში და სხვა სასამართლოებში ექცეოდნენ უპატიურად, ხან შეურაცხ-ყოფითაც, არსად არ უნდოდათ ეგდოთ ყური იმისათვის, თვით საზოგადოებაც კი ცდილობდა ყოველს ფეხის გადადგმაზედ ეგრძნობინებინა, რომ, თუმცა ის აზნაურის ან თავადის შვილია, მაგრამ მომეტებულ პატივისცემისათვის, რომ ჩინიც ჰქონდეს, კარგი იქნებოდა უფრო.

ეს ხმის ამოუღებლობის კანონი, რომელიც კეი ილშობილსა კეთილშობილო კრების წევრად თითქმის არა რაცხდა საზოგადო საქმეშია, ეს ყოველ ფეხის გადადგმაზედ ჩინოვნიკის გადამეტების გრძნობა და ჩვენება, რასაკვირველია მიიყვანდა ხალხსა იქამდინა, რომ თავადსაც აზნაურსაც მაშვლებინებდა ქუდსა უბრალო დიამბეგის ნინა და მონდომებინებდა, რომ თითონაც მალე მიიღოს ჩინი, რათა თავის დროზედ სხვასაც ეგრე აშკლეპინიას თავის წინ ქუდი. ქუდის შვლეპას არა ჰსჯერდებოდნენ: ჰსჩაგრავდნენ არამც მარტო ყოველთვის ხმა-გაკმენდილს დაბალს ხალხსა, არამედ თავადებსაც, აზნაურებსაც, რომელთაც ვერ გაებედნთ სამართლიანი თავისი ჩივილი დავა დაეწყოთ დამჩაგვრელზედა, რადგან ეგონათ, რომ ძნელად გამართლდებიან თუნდ რომ დიდი სიმართლეც ჰქონდეს, რასაკვირველია ეს ეოფა ხალხს ანატრებდა ჩინოვნიკობას, რომლის სახელითაც, იმათ ფიქრით, კაცს შეეძლო დაუსჯელად დაეჩაგრა და რამცთუ დაბალი ხალხი ყოველთვის მაგ ეოფას შეჩვეული, არამედ იმის თავად-აზნაურობაცა!..

ცხადია, საევარელო მკითხველო, ყველას უნდოდა იმ შევიწროებულ მდგობარეობიდან განთავისუფლება, რომელი ზემოთ მოვიხსენიეთ, ნამეტნავად თავადსა და აზნაურსა. ეოველს კეთილ შობილსა სურდა, რასაკვირელია, რომ ჰქონოდა ხმის ამოღების უფლება რჩევაში (კენტში); თავისი გაჭირვების გამოთქმის ნება თა| კის საზოგადოობის კრებაშია. ეველას უნდოდა, რომ, როგორც სა| სამართლოშია, ისე უცელგან დახვედროდნენ ს მიეღოთ პატივის ცემითა ისე მაინც, როგორც მის ხარისხსა !შეჰფერის. ერთის სიტევით, ჰქონდათ სურვილი, რომა მდგარიყვნენ ისეთს იკეხზე, რომ დაეცვათ უწინდელი თავისი სახელოვანება. განა მარტო ესენი იწევდნენ სამსახურისაკენ ჩინის გულისათვის, არამედ მოქალაქენიცა. ვის არ გვახსოვს, რომ ამ გვარ საზოგადოობისა გამო. უოველს ფეხის გადადგმაზე მიეცემოდნენ ხოლმე ყოველს გვარს უპატიურებას ს წერასა პატიოსანი ტფილისის მოქალაქენი, რომელთაც წინაპარნი უწინდელი ქართველების მეფეების დროს იყვნენ განსხვაებული მეფეების საზოგადოების პატივის ცემითა ბოლოს კი უპატიურად ექცეოდნენ ამისათვის, რომ არ იეგნენ ზნაურშვილები, რა მსახურებდნენ არა ჰქონდათ ჩინი. ამისთანა ხალხი ყოველის ღონის ძიებით ცდილობდა მიეღო ან აზნაურ-შვილობა, რომელსაც აძლევდა ჩინი, ან რომელიმე ორდენი იმისათვის, რომ აღარ გალახულიყვნენ, არამცთუ მხოლოდ ყოველ ჩინოვნიკის ხელითა, - რამედ პოლიციის იასაულის ცემას მაინც გადარჩენოდნენ. ვის არ ახსოვს არ გაუგონია განთქმული პოლიცმეისტრი ერმოლოვის დროს, რომელიც გაბედვით სცემდა არამცთუ სამსახურსგარეთ მყოფსა მოქალაქეებსა, თითონ მღვდლებსაც .... მადლობა ღმერთსა ეგ დროები წავიდნენ !.....

ამ გვარი მდგმოიარობა საზოგადოებისა მარტო ჩვენში ხომ არა ეოფილა; ესრე იყო მთელს რუსეთშიაცა, რუსეთის ისტორიულ მომდინარეობიდგან წარმომდგარი. რა შედეგიც იქა ჰქონდა ამ მდგნოიარობასა, ისეთიც ჩვენშია, იმიტომ რომ ერთი ლ იგივე კანონი და დებულება ჰსწარმოებდა იქაც და აქაცა.

ამ ჩინოვნიკობის ტრფიალებამ მიიცვანა ჩვენი ხალხი იქამდინა, რომ ეგელანი ვისაც კი შეეძლო. კანონის ძალით შევიდნენ სამსახურში იმისათვის, რომ განთავისუფლებულიევნენ ზემოხსენებულ შევიწროებისაგანა. ამას გარდა სხვა მიზეზიც იყო უფრო ძრიელი, რომელმაც გაიტაცა ხალხი სამსახურისაკენ — ეგ იყო სიღარიჩე ჩვენი, ლუკმაპურის უილაჯობა. სამსახური აძლევდა მოსამსახურეს განუწყვეტელ ლუკმა პურსა, ზოგი, რომელსაცა ილაჯიცა ლ სახსარიც ჰქონდა ცხოვრებისა, ისინიც გულგრილად არ უყურებდნენ სამსახურსა, ისინი უფრო ძრიელ ილტოდნენ მისკენ, იმიტომ-რომ მრავალი მაგალითები აეერებდნენ, საღერღელს უშლიდნენ, რომ იქ, სამსახურში შეიძლება ადვილად გამდიდრება, მალე შეიძინოს სიმდიდრე ბ ამასთანაც კეთილად მოსახმარი ხარისხი. იმათი თავების მტვრევა ის იყო, რომ ყოველის ღონისძი. კბის მოურიდებლად მიტოვებულიყვნენ, რომელიმე მხარის მართველობამდინა, რომ ხალხის გაკვრა -გამოკვრით ეშოვათ რამე. ამ ყოველ გვარმა ჩანგლებმა, რომელიც წარმოიდგინა თვითონ საზო.გპდოობამ 4 რომელზედაც უკიდა ხარისხი და სიმდიდრე, მიიყვანა ხალხი იქამდისა, რომ: გელა იმას ფიქრობდა: ავად იქნებოდა თუ კარგად ესწავლა როგორმე რუსული წერა კითხვა, საჩქაროდ შესულ ივო სამსახურში, ემსახურნოთ ისე, როგორც უმსახურნიათთ მის წინაპართა, როგორც ემსახურებიან იმისი ამხანაკები, რომელთაცა იგინი შეჰნატროდნენ. ამისთანა საზოგადოების მდგომარეობამა წესიერობამა მოაწყო. საქმე ისე, რომ ჩვენს შვილების აღზრდაზედ განათლებაზეც ბევრს აღარ გვაფიქრებინებდა, იმიტომ-რომ ყველასათვის აშკარა იყო, რომ მარტო წერა-კითხვითაც იოლად წავა კაცი სამსახურში, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოს სიკეთისათვის კი არ ეგონათ დაწესებული, არამედ თავის თავისთვის, ხედავდნენ, რომ სრულად თავისზედ უარესები წინ მიდიოდნენ განათლებითაც აბა ვინღა გზიციებდა თავსა განათლებისათვის, რომელსაც იმათ თვალში საკუთარი, არსებითი ღირსება არა ჰქონდა და რომელიც თუ იყო- ვისთვისმე სანატრელი, მარტო იმისთვის, რომ ეს განათლება უფრო უკეთ მოხერხებით აშო-ვინებდა პურსა. ამას შემდეგ რაც ვჰსთქვით, რა საჭირო იყო, იმათ ფიქრით, რომ ძალიან თავი შეეწუხებინათ შვილების აღზრდითა, როდესაც მარტო. წერა-კითხვითაც იმათი შვილები შეიქნებოდნენ ხოლმე, მითამ, კაცად, ე.ი, მიიღებდნენ ჩინსა, მაშასადამე საზოგადოობაში ხმის ამოღების უფლებას, პატივის ცემასა და მალინდს გამდიდრებასა. ეს იყო ჩვენი სახელიც და კაცობაც. ეგ კიდევ არაფერი; მარტო რომ ეგ ყოფილიყო. მაინც კიდევ ისე გულს არ გვატკენდა, საყვარელნო მკითხველნო, მაგრამ ჩვენდა მომეტებულ საუბედუროდ, ამისთანა საზოგადოობის მიმართულებას ზედ მოსდევს და დაერთვის უფრო ცუდი, გულსატკენი ბოლო: ზნეობითი ძირს დაცემა, რომლის შემდგომაც დარჩება მარტო ერთი სახელიღა კაცისა და სხვა არაფერი. ვინ არ მიხვდება, რომ ჩვენს ამ გვარ წევრთაგან შედგენილს საზოგადოობაში, გავრცელდებოდა მდაბალ-სულობა, სივერაგით, უსვინიდისობით შოვნა სიმდიდრისა, ერთი ერთმანეთის მტრობა, რათა იმის ალაგი თვითონ მიიღოს, ბეზღრობა, შეცილება, რომ მიწასთან გაასწორონ თავისი ძმა-კაცი, რათა ამის შემდეგ თვითონ ჰსცარცოს დაბალი ხალხი, როველთვის სმა-გაკმენდილი, დაჩუმებული, უღონოს უპატრონო.

არ არის დიდი განსხვაება ბავშვის გაუნათლებელ საზოგადობის შორის, როცა განსჯაში ზომად მივიღებთ ადამიანის გონების გახსნას. როგორც ბაშვი ადვილად მიიღებს და შეითვისებს, რასაც კი თავის გარეშემო ნახავს დიდთაგან, ისე გაუნათლებელი საზოგადოობა სხვის, უფრო განათლებულის მიბაძვით მიიღებს და ხანაც შეითვისებს, დროებით მაინცა იმისთანა წესსა და აზრსა, რომელიც არ შეჰფერის არამცთუ განათლებულსა, არამედ სრულიად გაუნათლებელსაც. ბაშვს რასაც ჩამახებ, იმას ამოიძახებს, გაუნათლებელი საზოგადოობაც იმას ამოიძახებს, რასაც ჩაძახიან. ეგ იმისაგან მოხდება ხოლმე, რომ, როგორც ზემოთა ვსთვით, ხალხის დაწინაურებული თავობა, რომელსაც ეოველთვის მისდევს დანარჩენი ხალხიც, გადუქტევს სწორ გზასა და წვა ბრუნდეთ, დანარჩენი ხალხიც იმათი მაყურებელი იმათ კვალს აშენება. აქ უნდა შევნიშნოთ, რომ გაუნათლებელი საზოგადოობა უფრო ცუდს მალე მიიღებს ხოლმე, ვიდრე კარგსა; ცკუდის მაგალითების რიცხვი დღე და დღე მრავლდება, იმ დრომდე, ვიდრე საზოგადოობაში არ მოხდება განათლებისაგან ფრიად დიდი ცვლილება, რომლის გამოც ძირიანად აღმოიფხვრება სიბრუნდე, რომლის გასწორება არ შეიძლება მოხდეს დაკერებითა და დაწებებითა – როგორც ძველისა რისამე – უთუოდ დაძრული შენობა უნდა დაიტიოს სრულიად და ახალი

აამ გვარს მდგომარეობას ჩვენის საზოგადოებისას იმას გარდა, რომა ჰქონდა ცუდი ზედ-მოქმედება ჩვენი გონების გახსნაზე, ზნეობაზედ და შემდგომ მთელს ჩვენს ცხოვრებასაც ზედააჩხდა, ისე მოიყვანა საქმე, ისე დაგვამდაბლა და შესცვალა აზრი, რომ აღზრდა და განათლება ისე აღარ გვესმის, როგორც ესმოდა ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში ჩვენს უკეთესს კაცს, დიდსა და სასიქადულო რუსთაველსა. 5ი რა თქვა იმანა აღზრდაზედ:

«გვარი ათასად დაფასდა, ორი ათასად ზრდილობა,
თუ კაცი თითონ არ არის ცუდია გვარიშვილობა».

ეხლა კი აღზრდა, განათლება, რომელიც კაცს აშორებს პირუტყვისაგან და სახლოვებს ღმერთთანა — ეხლა ეგ ჩვენთვის, ჩვენს თვალში, ან სულ საჭირო არ არის, და თუ საჭიროა ამისათვის, რომა ყოველ უსვინდისო ქცევით და ხერხით მივაღწივოთ უმაღლეს ადგილამდე, რომ უფრო მალე მტაცებლობითა გავმდიდრდეთ. აი რა არის, ჩვენებურად, განათლებული კაცი, აი რაში მდგომარეობს ადამიანის კაცობა. ხშირად ჩვენს საზოგადოობაში ამისთანა კაცზედ თითით აჩვენებენ, მაგალითად წარმოუდგენენ სხვასა; იმის მაგიერ, რომ ამისთანა კაცი მიწასთან გაასწორონ, შეაჩვენონ საზოგადოდ, როგორც მავნებელი კაცი, მტარვალი, დაუნდობელი, უძლურის დამთრგუნველი, ხარბი მტაცებელი, ამის მაგიერ მაგალითათაც წარმოგვიდგენენ ხოლმე. ვაი იმ ხალხს, საცა მაგისთანაებს მაგისთანა სახელი აქვსთ და პატივი !.. მაგრამ მადლობა ღმერთსა, ეხლა თან და თან გვეცვლება აზრი, არიან პირნი, რო.მელნიც აგრე არა ფიქრობენ და ანათლებენ შვილებს თვით განათლების გულისათვის, და არა იმისათვის, რომ განათლებამ გაგეშოს უფრო ხერხიან მტაცებლობისათვის,

როგორც ვთქვით, ჩვენი განუწყვეტელი საჩივარი არის, რომა ყველანი ვიძახით, არა გვეკანანო. ისეთი კატები, რომელთაც შეეძლოთ ხალხისათვის ზრუნვა, და იმის წარმატებაში მოყვანაო.. რამდენიც შეგვეძლო უჩვენეთ წარმკითხველსა, როგორ წარმოდგა და წარმოებდა ჩვენი საზოგადოება ამ 62 წელიწადში. გავლილმა დროებამ გვიჩვენა, რომ, რაკი კაცი პირს მოარიდებს თავის ხალხსა, მამულსა და შეუდგება იმ სამსახურსა, რომელიც ისე ცუდად ესმოდათ ჩვენ ხალხს, იმისი ოცნება უფრო მეტისა მაინც ის არის, რო სამსახურში დაწინაურდეს, ან ლუკმა პური იშოვნოს და სხვა რამე შემატება. მას უკან დრო- გამოიცვალა: რაც ადრე მეტად გვიჩნდა და არ იყო საჭირო, თან და თან საჭიროდ გაგვიხდა. ადრინდელი შემოსავალი მამულიდან, რომლითაც ცხოვრობდნენ ჩვენი მამაპაპები თავიანთ სახლობითა, შემდგომ არ იყო სამო-ფი, იმიტომაც თავად-აზნაურმა, ბევრმა ნაწილმა დაანება თავიანთ მამულებს თავი და შევიდნენ სამსახურში, სადაც უფრო მომატებულს სარგებლობას ხედავდნენ, ვიდრე მამულიდგან. ხალხმა რამდენიც თან და თან შეტოპა სამსახურში, იმდენი ეგონა, რომ სამსახური ლუკმ პურისთვის არისო, და არა მგუენის და საზოგადო სარგებლობისათვის. თუ არ სამსახური შიმშილით დავიხოცებითო. აბა, საეგარელნო მკითხველნო, რა უნდა გაერიგებინა იმ საზოგადოებას ხალხისთვის, რომელსაც ეგონა, რომ იყო დაბადებული სამსახურისთვის და უიმისოდ ვერ გასძლებდა. ჩვენ იმ აზრზედა ვართ, რომ სასაცილო იქნება, რომ კაცს დაუწყოთ იმისი თხოვნა, რისაც მოცემა არ შეუძლიან. იმ კაცს, როგორ უნდა დავემდუროთ, რომელიც ოც თუმნისთვის წელიწადში, დღე და ღამეს სტეხდა სახელმწიფო სამსახურში, რადგანაც თავის მოუმზადებლობით, უვიშობით სხვა გზით ვერ შეეძლო. მაგისი შოვნა? მაგრამ ამისათვის კი შეგვიძლია დავემდუროთ, რომ ხალხს იმათ არამცთუ პირი მოარიდეს, არამედ აწუხებდნენ და ჰქელავდნენ. თუ კარგი არ შეუძლია რა კაცს, ცუდს მაინც ნუღარ ჩაიდენს.

მეორე ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც შეეძლო მიეცა ხალხისათვის შემწეობა და შეეძლო თავისთავად ცხოვრება, ისინიც დაადგნენ იმავე გზას, რომელიც იყო. დაწესებული მთელს სახელმწიფოში, როგორც თითქმის პირველი და უკანასკნელი სახსარი. ეგ ნაწილი იყო უფრო მდიდარი და გამოჩენილი საქართველოში; 3მათ კიდევ ახსოვდათ, რომ იმათი ჩამომავლობა ადრინდელს საქართველოს მეფეების დროს იყვნენ დაწინაურებულნი და ხმის-ზატრონი, ეხლაც უნდოდათ ჰქონოდათ ისევ ის ხარისხი, ისევ ის ხმა და გავლენა, რომელიც ჰქონდათ ადრე. მაგრამ, როგორც ვნახეთზემოდ, ამ გადამეტების მიღება თითქმის არ შეიძლებო-და ეხლა სხვა გზით თუ არ სამსახურით. უჩინოდ, საყვარელო მკითხველნო, ძველი ჩამომავლობა, პატიოსნება და სხვა რომელიმე ღირსება თითქმის სულ ფუჭი იყო. ამ მიზეზით დაიწყეს სამსახური ეველმა: იმათაც, ვისაც ეჭირებოდა სამსახური ლუკმა პურისათვის; იმათაც, ვისაც ეგ არ ეჭირებოდა, მაგრამ პატივის შოვნისათვის მსახურებდნენ; იმათაც, ვისაც პურიც ჰქონდა და შთამომავლობის ხარისხიცა, მაგრამ არ იყვნენ ისე ძლიერნი, როგორც ჩინის მქონენი. ეს უკანასკნელნი, რაკი შევიდოდნენ სამსახურშია, რომ სახელი ეშოვნათ ჩინებითა და ჯვრებითა, ხშირად მიაღწევდნენ ხოლმე თავის სურვილის აღსრულებამდინ, ე. ი. მიიღებდნენ გამოსაჩენს ადგილსა თანა-მდებობასა, მაგრამ მაგ დიდ ალაგს დიდი გაძღოლაც უნდოდა და იმათ წელი აღარ მოსდევდათ, რომ საჭიროება და ხარვი დაეფარათ; ვერც ჯამაგირი, ვერც თავის მამულის შემოსავალი შველოდა. დღე და დღე ემატებოდათ ხარჯი, იმ ხარეს დღე და დღე ემატებოდა ვალი ისე, რომ გაჭირებული დიდი კაცი იძულებული იყო დაეგირავებინა მამული და ბოლოს გემიდნა კიდეც. როდესაც მოილო-და ეს ღონის-ძიებაც მას შემდგომ მ გვარ ხალხსა და შთებოდათ ერთი სახსარიღა ცხოვრებისათვის. სამსახურში დაესრულებინათ თავიანთი სიცოცხლე, ეშოვათ რამე და სადღა მოაგონდებოდათ საზოგადოების საჭიროება ძ იმ საჭიროების დაკმაეო-ფილება? -მ სახით ჩვენში დარჩა კიდევ მსოლოდ ერთი ნაწილი საზოგადოობისა, რომელიც ცხოვრებდა თავის უფლად თავის მამულში; ეს ნაწილი არა ჰპოებდა საჭიროდ სახელმწიფო სამსახურში შესვლას, მაგრამ იქამდისინ უზრუნელი და გაუნათლებელი იყო, რომ თვით ის იყო მოსავლელი და საზრუნავი და სხვას ვის მოუვლიდა და უპატრონებდა? პირველი ამ მიზეზით, რომ ცხოვრებდა შინიდგან კარში გამოუსვლელად; თითქმის თავის სახლკარისაც არა იცოდა რა, სხვას ვინ ჩივის, და ვინ წააყვედრებს? მეორე ამის გამო ეგ იმისთანა ხალხი იყო, რომ გაჭირებულს საზოგადოობას ვერ მისცემდა იმედსა გაჭირებიდგან გამოხსნისას. მართალია, ეს ნაწილი არ იყო. ძალიან დაშორებული ხალხზე; ხალხთანა სცხოვრებდა; მას შეეძლო გადაეცა ხალხისათვის მაინცა სახსარი რამე, მაგრამ თვით რა ჰქონდა, სხვას რას გადასცემდა. თითონ ამათაც უჭირდათ, რომ სხვას ეშველა, უფრო განათლებულს, მაგრამ ის უფრო განათლებული წავიდ-წამოვიდა ღირსების ან სიმდიდრის საშოვნელად სამხედრო ან სამოქალაქო სამსახურშია!

ამ გვარად საზოგადოება ჩვენი მიეცა სრულიად სამსახურსა*, ჩვენი ყმარწვილი კაცობა თავს იმტვრევა ამისათვის, დედ-მამა, sძალადებდა შვილს, უფროსი ძმა უმცროსსა. მაგარმ ის არ ესმოდათ, რომ განათლება, აღზრდა მიუცილებელია არამც თუ საკეთილო სამსახურისათვის, არამედ ყოველს საზოგადო მოღვაწეობაში. ეგრე, ამ გვარ ვითარების მოწყობილობისა გამო საქმე ისე მოვიდა, რომ გიმნა სიას ადრეულადვე თავს ანებებდნენ კილოგავად ნასწავლი ჩვენი ყმაწვილები, რომელთაც ისე მაცდურად იტყუებდა ისე სამსახური არა, როგორც მისი ბოროტად მოხმარება,ესენი თავის დროზედ იმ ცხოვრების სიბოროტის გამო, რომელშიაც ისე წინდაუხედავად ჩაცვივდნენ, თუ ათას ნაირ ავ-მიზეზთა გამო სულით მდაბლდებოდნენ; თან თან ჰკარგავდნენ მას, რაც შეადგენს ადამიანის დასაშგენსა. ამაზედ შედგებოდა ხოლმე იმათი ადამიანობის სვე, სამსახურისა კი იქნება წინწაიწევო-და, ეგ იმაზედ იყო დამოკიდებული იმდენად, რამოდენადაც გაიგეშებოდა და მიხვდებოდა სამსახურის ხერხსა და ეშმაკობასა. მაგ ხერხის და ეშმაკობის მექონი იყო- ეგელასაგან და ეველასათვის თითით საჩვენებელი და მომავალ ერმათათვის: სამაგსლითი. ბოლოს დროს როდესაც აღმოჩნდნენ კეთილ-გონიერნი მშობელნი დაუწყეს ზრდა შვილების კერძოთ პანციონებში, საიდგანაც, შემდგომ, შედიოდნენ გიმნაზიებში და იქ კურს დასრულებულები მიდიოდნენ რუსეთში-უნივერსიტეტებში, სპეციალურ და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენი მშობლები, რუსეთში გაგზავნის შემდეგ, ფიქრობდნენ, რომ ავასრულეთ ჩვენი ვალიო. და სრულიად გულ-დაჯერებულნი იყვნენ, რომ მოუვლენ განათლებული შვილები, მეცნიერები, რომელნიც შეიძლებენ საგვარეულოს ფეხზედ დაეცნებას. აქაც მაინც კიდევ ის ძველებური ფიქრი რომ უკან წასულს ოჯახს წამო-არენებსო, მაინც კიდევ ცხადად, თუ დაიფარულად ეს ფიქრი გამოსცემდა და ისმოდა იმათ ლოდინშია და იმედში“; აქაც კი ფულის ანგარიშს, ფულის შოვნას შეურევდნენ ხოლმე. გულდაჯერება და იმედი დიდი იყო, უფრო დიდი იყო იმათი გადაჯერება და იმედის გადაწყვეტა მერე, როდესაც ნახეს, რომა იმათ შვილებს სრულიად არა ეცხოთ რა მეცნიერებისა. იმათი ჩივილი უფრო ის იყო, რომ შვილობრივის მორჩილობის და მო-ნების მაგიერად, რომელიც იმათთვის განათლების ზომა იყო,- ამის მაგიერად ხედავდნენ, რომ ისინი ვიუტობდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერში. ჩივილს ზედ დაერთო ჭორებიც, საზოგადოობამ, ვინ იცის, რა არ მოუგონა: ურჯულობა, ბორო-ტ-მოქმედება, ნათესავობის უპატივცემლობა ყოველ სისაძაგლესთან ზედ დაართვეს.

ჩვენ ჩვენს ხალხს ამაში არ ვამტყუნებთ; იმათ საბუთი ჰქონდათ რომ ასე ეფიქრად, იმიტომ-რომ ზოგიერთი სტუდენტი თურმე ქადულობდა კიდეც ხოლმე, რომ ღმერთი არა ჰსწამს, ნათესავობა არ იცის, მოდი და აქ ქართველი კაცი ნუ მიაწერდა იმას ყოველს სიავესა. «ბატონო! —იტყოდა იგი ღმერთი მაგას არა ჰსწამს და ნათესავობა—რა კაცი უნდა იყოს ამის შემდეგ?» ხალხის ცხოვრებაში ზოგი ერთი იმისთანა საგანი არის, რომ კაცი ჯერ არ უნდა სრულიად შეეხოს და თუ შეეხოს დიდი სიფთხილით და მოფიქრებით უნდა დაიჭიროს საქმე. ჩვენს რუსეთელებს თურმე ეგ სიფთხილე არა ჰქონდათ. ისინი საცა მოხვდებოდათ დასცინოდნენ მას, რისთვისაც ჩვენ ძმა-კაცსა მამა-პაპითვე პატივი უცია. მაგ წინდაუხედაობამ ძალიან შეარცივა მათი სახელის სიკეთე. ამას გარდა დასცინოდნენ შინაურს ცხოვრებას იმის გაუსინჯავად, რომ ეგ ცხოვრება ათასს მიზეზზეა დამოკიდებული იყო და არის. ძუ გული შესტკიოდათ, ის მიზეზები უნდა მოეშალათ, მაშინ შედეგიც მოიშლებოდა: წყალი სათავიდამ მოწყდება. დაიცინებოდნენ, რომ საქართველო ისე არ არის განათლებული, როგორც თითოს არიან (?), რომ შვილებს ისე ვერაზდიან, როგორც თითონ არიან დაზდილები; თუ კი გულშემატკივარი კაცი ჰკითხავდა, როგორ გავზარდო, რა გზაზედ დავაჭენოს, ისინი ზედ მიახლიდნენ: უნივერსიტეტი, უნივერსიტეტია მხოლოდ სულთა-მხსნელი“ იმას კი არა ფიქრობდნენ, რომ მინამ ბავშვი საუნივერსიტეტოდ მოიყრება ბევრი მომზადება უნდა, ბევრი ზრუნვა და ფიქრი. ამას გარდა ყოველ ფეხის გადადგმაზედ, ყოველთვის და ყოველგან მათი აზრი, ამათი სჯა, ფიქრი არ მოდიოდა საზოგადო-ობის ფიქრთანა, აზრთანა, სვასთანა; ეველგან საზოგადოობა მათ ეწინაამდეგებოდა, და ესენი საზოგადოობასა, ძნელი იყო. მათი თანხმობა. ისე დაიბნა გზა გვალირომ საზოგადოობას მმათი არა ესმოდა რა ამათ კიდევ საზოგადოობის ასე, რომ საზოგადოობამ”უყურა, უყურა მთა და ბოლოს აუშტვინა გულნატკენად 4 პირი მოარიდა, როგორც დაუნდობლებს, ურწმუნოებს, გულშეუტკივრებს სს. დარჩნენ ისინი წრეს გარედა რომ არ მოჰსწყენოდათ, განზედ გადგნენ შეადგინეს პატარა გრება თავის ამხანაკებისაგან. ძვირად ადგილი ჰქონდა იმათ შორის სხვას ვისმე, თუ არ სტუდენტსა, იმიტომ-რომ გინც უნივერსიტეტში არ იყო. ის იმათ თვალებში თურმე ღირსი არ იყო დაახლოვებისა, ის სემინარიელიაო, ეს გიმნაზიელიაო, ის აფიცერიაო დ ეგრე დაშორდნენ ხალხს, საზოგადოობას, რომელთ შორისაც იმათ უნდა, ეცხოვრათ, თუ რომ სიკეთეს მოტანა იმათ გულში ჰქონდათ.

იმათ ცხოვრებაში, როგორც ვნახეთ, გამოსცადეს თავიანთი ღონე და გონების გამჭრიახობა, მაგრამ ამ გამოცდამ ის მოულოდნელი სიკეთე მოიტანა, რომ გვაჩვენა ჩვენ, რომ ისინი მარტო სამსხურისათვის თუ გარგანან, თორემ სხვა არაფრისთვის. ისინი, მგონია, თითონვე მიხვდნენ ამასა, რომ მართლა ცხოვრებისათვის მომზადებულები არ არიან. იმიტომაც საზოგადოობისგან პირ-მორიდებულთა მიმართეს იმ გზას, რომელზედაც ეგრე გულმოდგინედ დადიოდა ჩვენი საზოგადოობა, ე. ი. სამსახურსა. აქ მართალია ზოგიერთმა გამოიჩინა თავი თავის სიკეთითა, პატიოსნებითა, მაგრამ უფრო ბევრმა გერ გაუძლო. სამსახურის ოშხივარსა ასე დაობდა, რომ ნამცეციც აღარ დარჩა უმაგისოდ. ესეც უნდა გჰსთქვათ, რომ იქნება პირველში ებრძოდნენ ავ-კაცობასა, უსვინიდისობასა კანონის გასაიდვასა, მაგრამ რაკი ნახეს რომ მაგითი არა გახდებარა. ფრთები დაუშვეს; უფრო ბევრმა დაიჯერა გული, რომ საკუთარ ფრთის გაშლას ისა სჯობია, რომ ნაჩალნიკის, ან დიდ-კაცის ფრთის ქვეშ ამოვჯდეს იქიდან გამოიხეიტოს ხოლმე. ამ გვარად, თუ სხვა რიგად ეს უკანასკნელი იმედიც დაეკარგა საზოგადოობას: ამ სახით, თუ არა, ისინი, რომელზედაც უფრო დიდი იმედი უნდა გვქონოდა, და რომელთაც, რაც უნდა იყოს, მაინც შეეძლოთ ცოტა საზოგადოობის სიკეთე, ისინიც მოედვნენ საზოგადოობისაგან მოგონილს ჩანგალსა პირი მოგვარდეს ჩვენა. თუ ზოგი ერთი კიდევ მოიხედავდა საზოგადოობისაკენ ისიც იმისათვის, რომ მარტო თქვან რამე, სიტემით იწუხონ და საქმით კი-გულხელდაკრეფილნი იყვნენ.

კაცმა სწორეთ უნდა თქვას, მაშინდელი უნივერსიტეტები ძალიან შორს იჭვნენ თავის დანიშნულებაზედ, ისინი ემაწვილ-კაცობას ისე, ცხოვრებისათვის არ ამზადებდნენ, როგორც სამსახურისათვის. ჩვენ ვამბობთ «მაშინდელი» იმიტომ-რომ ვლაპარაკობთ იმ წლების უნივერსიტეტებზედ, როდესაც ქართველებმა დაიწყეს იქ შვილების გაგზავნა. იყო ძლიერი მიზეზი, რომ რუსეთის სასწავლებლები იმისი წევრნი დაშორებულნი იყვნენ თავის დანიშნულებაზედ, არც ალაგი არც დრო არ მოგვცემს ნებასა, რომ ის მიზეზი გამოვაკვლიოთ. მხოლოდ ამასკი ვიტყვით, რომ მისგამო. უნივერსიტეტი არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო.; ამასაც ზედ დავართამთ, რომ იმ მიზეზისაგამო. დიპლომის მიღება იყო. პირველი უკანასკნელი სურვილი ყოველ სტუდენტისა. უნივერსიტეტი ძნელად თუ მისცემდა ნამდვილს მიმართულებას; ის აძლევდა მხოლოდ ქაღალდს, რომელშიაც პროფესორები ეფიცებოდნენ საზოგადოობას, რომ ამ ქაღალდის პატრონი განათლებულია. საზოგადოობაც კი დავწერებული იყო. პროფესორების მოწმობაზედ: რაც უნდა სულელი უმეცარი ეოფილიყავ, თუ კი დიპლომი გქონდა განათლებული იყავ, იმის თვალში, რაც უნდა ჭკვიანი და ნათელ გონებისა, თუ დიპლომი არა გქონდა გროშად არ ღირდა არც შენი ჭკვა, არც შენი ნათელი გონება, არც თითონ შენ. მთავრობაც, ისე არ ახალისებდა, როგორც დიპლომიანს. ეს რუსეთის საზოგადოების ზედ-მოქმედება ჩვენ ემაწვილებსაც ზედ დააჩნდათ. მაშინ მთელი საზოგადოობა რუსეთისა მარტო სიტყვით იყო, ეხლა კი, რასაკვირველია, საქმე საქმეზედ მიდგა. ჩვენმა ემაწვილებმა იქაური ქუდი დაიხურეს. უკეთესნი უწინდელ სტუდენტებთაგანი მარტო ცარიელი სიტყვებსა ჰჯერდებოდნენ; ლაპარაკი ბევრი იყო, მაგრამ საქმეკი ღმერთმა შეინახოს.... იმათ ხელიდგან არა გამოვიდა რა. თუმცა ეს ჩვენგან გაკვრით მოევანილი მიზეზი იმ ყმაწვილ-კაცებს ამართლებს, მაგრამ ისე კი - რა, რომ ჩვენ არ შეგვეძლოს მისი თქმა: იმათ ტოტა რამ მაინც შეეძლოთ, და ის ცოტა რამეც ჩვენთვის დაიშურეს. რამოდენითაც შევიძელით ჩვენი აწინდელი მდგომარეობის მიზეზები, თვალი გადავავლე, ჩვენ მოღვაწეებსა, დაგვრჩნენ მხოლოდ ეხლანდელი ყმაწვილ-კაცობა, რომელზედაც ჯერ არაფერი გვეთქმის, რადგანაც მოღვაწეობის ასპარეზზედ ჯერ მათი კვალიც არა ჩანს. ვნახოთ, რა შემწეობას მოგვცემენ? ამათ გარდა დაგვრჩნენ განუსინჯავად ქალები, რომელნიც ყველგან დიდ როლს თამაშობენ ხალხის და საზოგადოებისა ცხორებაში. მაგათზედ ჩვენს მკითხველებს თავის დროზედ მივჰსცემთ, შეძლებისამებრ, შესაფერის ანგარიშსა.

ვ. თ.

_______________

** ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ სამსახურის საჭიროება არ გვესმოღეს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა რიგი მიუცილებელია სახელმწიფოსათვის სამსახური, ჩვენ თუ რასმეზედ გული გვტკივა, იმაზედ გვტკივა, რომ სამსახური ბორო-ტაიპ ანგარობით იყო ხმარებული. აი რა არის ჩვენი ჩივილი.

7 რედაქციისაგან

▲back to top


რედაქციისაგან

ბოდიშს ვიხდით მკითხველის წინაშე, რომ პირველმა ნომერმა ასე დაიგვიანა. ჩვენი ბრალი არ არის ეგა. უფ. ენფიანჯიანცმა, რომელსაც ჩვენ წერილით შევეკარით, რომ სტამბა უნდა მზათაჰქონოდა პირველს ნოემბრამდე, ვერ აგვისრულა პირობა. ნოემბრის მაგიერ, თორმეტს იანვარს მოუვიდა პეტერბურგიდამ ასო და მეორე დღესვე დავიწყეთ ბეჭვდა; ასე ავჩქარდით, რომ შიგა და შიგ კორეკტურის შეცდომებიც გამოგვევრივა, და „დამატებისათვისაც” ამ ნომერში თავი უნდა დაგვენებებინა. რაკი პირველმა ნომერმა ასე დაიგვიანა, ცხადია რომ ამის გამო, დანარჩენი ნომრებიც დაიგვიანებენ. ჩვენ, რასაკვირველია, ვეცდებით, დაკარგული დრო დავიბრუნოთ, რომ რამდენიმე თვის შემდეგ მაინც ჟურნალი თავის დროზედ გამოდიოდეს.

* * *

ჟურნალი „საქართველოს მოამბე” თვე და თვე გამოვა სივრცით შვიდ თაბახიდამ ათამდე, ანუ 112 გვ. —160 გვერდამდე, თუ შეგვეძლება ამაზედ მეტიც.

ფასი მთელის წლის ნომრებისა შინ გაგზავნით ერთი თუმანი, გაუგზავნელად— ცხრა მანეთი.

ხელის მოწერა მიიღება რედაქციაში, რომელიც იმყოფება ტფილისში, კომენდანტის ქუჩაზედ, უფ. ქანანოვის სახლებში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა უმორჩილესად ვსთხოვთ ამ რუსულ ადრესით გამოგზავნონ:

Въ редакцію грузинскаго журнала „Грузинскій Вieстникъ.