ივერია (26)1878.06.07



1878.06.07

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

„დროების“ კორრესპონდენტი ოქუმიდამ იწერება შემდეგს:

პირველს რიცხვში მარტის თვესა სამურზაყანოში და აფხაზეთში იყო გამოცემული ბძანება, რომ ახალი უფროსი სოხუმის სამხედრო მაზრისა უფ. პოლკოვნიკი არაინი მოდის ხალხის დასახედავათ, რათა შეისმინოს მათი თხოვნა, რადგან ამ ომის დროს ბევრი შევიწროება დაემართა ამ ქვეყანასო.

„ამიტომ ხალხი უნდა შეყრილიყო თავის საზოგადოებებში, და როდესაც მოვიდოდა თქმული ნაჩალნიკი, უნდა მოეხსენებია მისთვის თავის სათხოვარი ანუ საჩივრები.

პირველი საზოგადოება, რომელიც დახვდა უფ. არაკინს, როცა გამოვიდა მდინარე ინგურს, იყვნენ მცხოვრებნი სოფლებისა: ოცარცეს, საბერიას დიხაზურგიასა და ჭიბურხინჯის, ამათ მოახსენეს უფ. არაკინს, რომ „ჩვენ ბევრი გვაქს სათხოვარი თქვენთან, მაგრამ ჯერ სხვა სათხოვარს ვტოვებთო, და უნდა მოგახსენო — ის, რომლისაგანაც მთელი სამურზაყანო არის შეწუხებული; ეს ის არის, რომ ჩვენ ნაჩალნიკათ არის დანიშნული შთაბის-კაპიტანი სალომკა; ეს კაცი სამურზაყანოში იყო ომის გამოცხადებამდის თანაშემწედ ოჩამჩირის ნაჩალნიკისა; მაგრამ, რადგაანაც მთელი ხალხი წინააღმდეგი იყო. მისი, იმიტომ შეიტანეს საჩივარი და კიდეც, დროებით თუ სულ. გადაყენებული იყო ადგილიდან, და დღეს კიდევ იგივე დაგვინიშნეთ ნაჩალნიკათ.... იმისი და ჩვენი მოწყობ არ შეიძლება..... ამის გამო გთხოვთ, გვიპატიოთ ამ კაცისაგან და დაგვინიშნოთ სხვა ვინმე“.

„ამ საჩივარზედ სამურზაყანოელებმა ბევრი საბუთები მოახსენეს უფ. არაკინს, რომელშიაც შესანიშნავი არის ის, რომ უფ. სალომკა, მადლობის მოსახსენებლათ რომ მოვიდეს ვინმე მასთანო, დიდი იყოს თუ პატარა, თავადი თუ აზნაური, ანუ გლეხი, სულ ყველას აგინებსო და შეურაცხყოფას მიაყენებსო.

„ხსენებული სალომკაც მაშინ იქ იყო. თავ-დაღუნული და ისმენდა ამ საჩივარს.

„სამურზაყანოს დახედვა ისე გაათავა არაკინმა, რომ რომელ საზოგადოებაშიც მივიდოდა, პირველი მათი-დიდის და პატარას-თხოვნა ის იყო, რომ სალომკასაგან განგვათავისუფლეთო.

„ოქუმს რომ მოგიდა, მაშინ უფრო თავი-კაცები ვინც იყო.. იმათ დაჰპირდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ დაგინიშნავ ნაჩალნიკათ პიჭვინტის ოკრუღის ნაჩალნიკს მაიორს ალექსანდროვიჩს, და სალომკას იქ გადავიყვანო. ეს ამბავი რომ გაიგეს აფხაზებმა, თავი შეიყარეს და როდესაც არაკინი აქ მივიდა, სთხოვეს, რომ ჩვენ, მართალია, არ უნდა გქონდეს პატივი ჩვენი შეცდომისაგან, მაგრამ სადაც ჩვენი შეცდომა ხემწიფე იმპერატორმა გვაპატივა, იმედია არც თქვენ მისცემთ იმას ყურადღებას, და ჩვენს თხოვნას შეასრულებთო; ჩვენი თხოვნა ეს არისო: ჩვენ გავიგეთო; რომ თქვენ გნებავთ ჩვენი ნაჩალნიკის გარდაყვანა სამურზაყანოში, და იმათი ნაჩალნიკის სალომკას, ჩვენთვინ დანიშნა. ეს თუ მართალია, დიდი და პატარა გთხოვთ, რომ ჩვენი ნაჩალნიკი მაიორი აქსანდროვიჩი ჩვენ ნუ წაგვერთმევა და ჩვენს თავს ნუ ჩაუგდებთ სალომკას ხელში.

ეს საჩივარი იყო ხალხისა ინგურიდამ ლაზნამდი. სულ ყველა ამას ლაპარაკობდა.

„ეს თვე არის ივნისი და სალომკა კიდევ თავის ადგილზედა....

„სამურზაყანოში დადიან ახლა ვიღაცა კაცები და, უფლის სალომკის ბძანებით, ახდევინებენ ვის მანეთს ვის ორს, ვის სამს და ვისაც არ შეუძლიან ფულად გადახდა, პირუტყვს ართმევენ; ეს არ არის არც სახელმწიფო გადასახადი და არც საზოგადოები სასარგებლოდ; ვიღაცა ადვოკატს ვქირაობთო და ამის მისაცემათ გვინდაო! და არის ამაზედ შევენებული ერთი დიდი ამბავი და უსიამოვნება.“

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

საკვირველ სისხრულში და აღტაცებაშია ამ ჟამად საფრანგეთი, მთელს ქვეყანას, დიდიდამ პატარამდე, მისცემია იმ გვარი იერი, თითქო ახლად დაბადებულა, ახალი სისხლი ჩამდგარა მის ძარღვებში, ახლად უცვლია ფერი და კანი. ამ გვარი დრო და ხანი იშვიათია საზოგადოდ ისტორიაში და რამდენადაც იგი იშვიათია, იმდენად უფრო თგალსაჩინო და დიდებულია. ამისთანა დროს კაცის თვალში არ სუფევს სიბოროტე, კაცი კეთილია, რადგანაც ბედნიერია, და ამიტომ ყველაფერში ჰხედავს მხოლოდ კეთილობას, კაცს უღვივის გულში მხოლოდ ერთი გრძნობა. სიყვარული, რომლის სივრცე და ძალა განუწდომელია, კაცი კაცს ეხვევა ძმურად, მეგობრულად და თვის ხვევნაში იყოლიებს მთელს ქვეყანას აღარ სუფევს არც მტრობა, არც შური, არც რისხვა და შეჩვენება. ან რად უნდა სუფევდეს? ურთიერთობა ყველასთვის ცხადია და უეჭვო. ყველას კარგად ესმის, რომ ახლად შეძენილს ბედნიერებაში ცალკე არავის არ უპყრია უპირატესობა; ბრალი ედება ან არავის თვითვეულად, ან ყველას საერთოდ. რასაკვირველია, გაივლის ეს აღტაცების ჟამი, ცხოვრებას მიეცემა უფრო მშვიდი, უფრო წყნარი მიმდინარეობა და მასზედ დართულს გრძნობას მიეცემა საზღვარი, მაგრამ, რაც უნდა იყოს, წუთიერი აღტაცება ხომ უმჯობესია, კიდრე მარად დღე-მუდამ გულ-ჩაგრული, გულ-მოკლული, შავბედიანა სიცოცხლე, მით უფრო რომ ზემოხსენებული აღტაცეს, თუნდაც წუთი ერთი იყოს თვის სივრცეში, მაინც კვალს სდებს მომავალისთვის.

კარგად მოგეხსენებათ, თუ რა უხარიან საფრანგეთს. მას უხარიან რესპუბლიკის დამკვიდრება, იმ გვარის მმართველობის დაარსება, რომელიც უფრო მტკიცე თამასუქს მისცემს ხალხს მისის სურვილისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის, ვიდრე ის წყობა, რომელიც აქამომდე სუფევდა. საფრანგეთი სცდილობს ამ დამკვიდრებას მისცეს გარეგანი ნიშანი ყველასათვის ცხადი და თვალსაჩინო. აი ამისათვისაც მოინდომა. მან რესპუბლიკის დაარსების დღესასწაულობა, რომელიც გამართულ იქმნა პარიჟში 30 მკათათვეს (ჩვენებურად 18-ს). ამ დღეს აკურთხეს აგრეთვე ახალი ძეგლი რესპუბლიკისა, რომელიც დადგომილია გამოფენის სასახლის პირდაპირ, ამ კურთხევას შინაგან საქმეთა მინისტრის მარსესმა დართო შემდეგი სიტყვა, რომელშიაც სთქვა, სხვათა შორის შემდეგი:

„აზრი სამშობლოის სახის (გამოხატულობის) დადგენის ნამდვილად შესაფერია იმ წარჩინებულთა გვამთა, რომელთაც ეკუთვნით საქვეყნო გამოფენის აზრიც, აი ეს სახე ჩვენდა სასურველ თვისებებით. იგი ზის[1] განცხრომილი, კეთილ-შობილი, მშვიდი და ძლიერი.

„ჩვენ ხელოსნებს, პოეტებს და მჭევრ მეტყველთ ხშირათ დაუხატავთ სამშობლო იმ გვარად, როგორიც ეჩვენებოდათ მათ ჩვენის ისტორიის სხვა და სხვა დროს. სახე შეცვლილა, მაგრამ შინაარსი სული დარჩომილა ერთი და იგივე: სული საფრანგეთის, აღსავსე კეთილის სურვილით, მხურვალე მიდრეკილებით სამართლისადმი, თუმცა ზოგჯერ აღშფოთილი და ამღვრეული დიდის რევოლიუციის (1879 წელს) აზრთათვის, მაგრამ ეხლა, მგონია, სამშობლო დამშვიდებულია. საფრანგეთს თითქმის უსრულდება მიდრეკილება სამართლისა და თავისუფლებისადმი, დღეს მას უპყრია ძლიერება და ბედნიერად შეჰყურებს თვის გაცოცხლებას.“

დიდის ამბით გადიხადა პარიჟმა თვისი დღესასწაული, ყოველი ქუჩა გაჭედილი იყო ხალხით, ყოველი სახლი და სადგური მორთული იყო ბაირაღებით, საღამოზედ გაიმართა მშვენიერი და, როგორც გაზეთები იწერებიან, არა ჩვეულებრივი ჩირაღდანი, რომელშიაც მიუღია თურმე მონაწილეობა აგრეთვე ყოვლის სახლის ყოველ სართულს. ამ დღესასწაულობას თვით რესპუბლიკის წინააღმდეგი გაზეთებიც კი მოუყვანია აღტაცებაში. ერთი ამბობს: „არ გაგონილა ამისთანა აღელვება და სიმშვენიერე, რომელიც მოჰყვა გუშინდელს დღესასწაულობას“. მეორე მონარხიული გაზეთი ამბობს: „თუმცა სიხარული ცოტად თუ ბევრად დავალებული იყოვო, მაგრამ მაინც საერთო და გულწრფელი იყოვო“. მაშ ჰგავს, საფრანგეთის ხალხს იმ დღეს იმოდენა ძალა გამოუჩენია, რომ მონარხიელებიც კი გაჩუმებულან და მოწიწებით მოყრიათ თავი.

30 თიბათვის დღესასწაულობას, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა და გავლენა ექმნება იმ არჩევანში, რომელიც უნდა მოხდეს ოცდაორის დეპუტატს ასარჩევად, იმ დეპუტატებისა, რომელთა უფლებანი დეპუტატობისა უარ ჰყო პალატმა, რადგანაც იგინი უკანონოდ იყვნენ ამორჩეულნი, ე. ი. მთავრობის (ბროლჰი-ფურტუს) ოსტატობით და ძალდატანებით ხალხისადმი. ამ დეპუტატთა შორის ზოგი თვითონვე აღარა ნდომობს დეპუტატობას და ხელახლად კენჭში ჩაგდებას, რადგანაც დარწმუნებულია, რომ თავისუფალი არჩევანი უსათუოდ უღალატებს, ამიტომ ეჭვი არის, რომ თუ ყველანი არა უმეტესი ნაწილი მაინც რესპუბლიკის მომხრე იქმნება ამორჩეული.

სალიტერატურო კონგრესმა, რომელიც ამას წინად შეკრებილი იყო პარიჟში, გაათავა თვისი მოღვაწეობა და დაიხურა, რა ნაყოფი მოიტანა ამ კონგრესმა, ან მოიტანა რამე, თუ არა იმ საგნის შესახებ, რისთვისაც იყო შეკრებილი, მოგახსენებთ მაშინ, როცა დაწვრილებით შკვიტყობით მის მოღვაწეობას, ჯერჯერობით კი მოგახსენებთ ორიოდე სიტყვას კონგრესის უმთავრეს საგანზედ. ამ საგანს შეადგენდა, როგორც მოგეხსენებათ, სალიტერატურო საკუთრება და ის უფლებანი, რომელნიც მას დაერთვიან. პირველი შეხედვითვე ცხადათ სჩანს რა განსხვავებც სუფევს სალიტერატუროისა და სხვა გვარის საკუთრების შორის, წიგნი, წერილი თუ სხვა რაიმე ქმნილება ჭკუა-გონებისა, ერთის მხრით ეკუთვნის თვითონ ავტორს, მეორეს მხრით საზოგადოებას, რომლისთვისაც არის შეთხზული და შექმნილი, ვიდრე წიგნი, ან წერილი მხოლოდ დაწერილის და არ არის ჯერ გამოსული საქვეყნოდ, იგი შეადგენს ავტორის კერძო საკუთრებას; მფლობელს შეუძლიან რაც უნდა ის უყოს თვის ქონებას, მაგრამ, რა კი წიგნი, თხზულება დაიბეჭდა და გამოვიდა საქვეყნო ასპარეზზედ, იგი ხდება საზოგადოების საკუთრებად; მისი ბედი მხოლოდ საზოგადოების ხელშია, ეს ერთი გარემოებაა, რომელიც შეადგენს სალიტერატურო საკუთრებისა და სხვა ნივთის მფლობელობის შორის განსხვავებას. მაშასადამე ის უფლებანიც, რომელნიც მოსდევენ სალიტერატურო საკუთრებას უნდა იყვნენ სხვანი, ვიდრე ის უფლებანი, -- რომელნიც მოსდევენ საზოგადოდ კერძო საკუთრებას გარდა ამისა განსხვავება სუფევს აგრეთვე მემკვიდრობაშიაც. სხვა ყოველგვარ ნივთების შესახებ მემკვიდრე არის იმ გვარივე მფლობელი, როგორიც იყო მისი წინაპარი, ე. ი. რაც უფლება ჰქონდა წინა მფლობელს, იგივე უფლება აქვს მემკვიდრესაც. სალიტერატურო საკუთრებაში კი ავტორის მემკვიდრე არ არის იმავე დროს წიგნის განუსაზღვრელი მფლობელი, ავტორის სიკდილის შემდეგ, წიგნის საკუთრება განიყოფება საზოგადოებისა და მემკვიდრის შორის უფრო მეტად ვიდრე განიყოფებოდა საზოგადოებისა და თვით ავტორის შორის. არ შეიძლება, რომ ავტორის სიკვდილის შემდეგ მისის თხზულების გამოცემა მარტო მემკვიდრის კერძო სურვილზედ იყოს მინდობილი, რადგანაც მაშინ საზოგადოება ყოველთვის შიშ ქვეშ იქმნებოდა — ვაი თუ ამა და ამ მწერლის მემკვიდრემ უწიგნოდ დამაგდოსო, აი რაში მდგომარეობს სხვათა შორის არსებითი განსხვავება სალიტერატუროისა და სსვა კერძო საკუთრების შორის. ამაში მდგომარეობს აგრეთვე ამ საქმის გარდაწყვეტის სიძნელეც. აი რა სიტვით გამოხატა ვიქტორ-ჰუგომ არსებითი თვისება სალიტერატურო საკუთრებისა:

„სრული და შეურყეველი უფლება ეკუთვნის ორს კავშირს: პირველად— ავტორს, მეორედ — საზოგადოებას. ავტორმა, იცის რასაც აკეთებს. საზოგადოებამ იცის, რაც უნდა. ავტორი აძლევს წიგნს, საზოგადოება მიიღებს ან უარ ჰყოფს. წიგნი არის ქმნილი ავტორის მიერ, მაგრამ მისი ბედი საზოგადოების ხელშია. მემკვიდრე არ არის თვით წიგნი, ამიტომ მას ვერ ექმნება ავტორის უფლებანი. წიგნის ბედი არ არის მემკვიდრის ხელში ამიტომ მას არა აქვს არც საზოგადოების უფლება. კონგრესს გაუძნელდება რაიმე ფასი დაჰსდვას მემკვიდრის სურვილს. ავტორმა იცის, რასაც აკეთებს, საზოგადოებამ იცის რასაც აკეთებს. მემკვიდრემ კი არ იცის, იგია გულგრილი და უნაწილო. დავაკვირდეთ ამ ორთა კავშირთა ერთი-ერთმანერთის წინააღმდეგ უფლებას: ავტორისას და საზოგადოებისას, ავტორს, რასაკვირველია, სრული უფლება აქვს თვის თხზულებაზედ. მას შეუძლიან თვით გაუქმება თვისის ქმნილებისა. მაგრამ დავაკვირდეთ ამ გაუქმებას. თხზულების გამოცემამდე, ავტორის უფლება განუსაზღვრელია. წარმოვიდგინოთ, მაგალითებრ, დანტე, მოლიერი ან შექსპირი. წარმოვიდგინოთ იგინი იმ წუთას, როდესაც გაათავეს მათ თვისი რომელიმე თხზულება. წარმოიდგინეთ, რომ მათ მოუვიდათ სურვილი თხზულებისათვის ცეცხლის წაკიდებისა. არავისა არა აქვს უფლება დაუშალოს მათ ამა სურვილის აღსრულება. შექსპირს შეუძლიან გადასწვას „ჰამლეტი,“ მოლიერს „ტარტიუფი“, დანტეს „ჯოჯოხეთი.“ მაგრამ რაკი თხზულება გაქვეყნებულია მის პატრონად ავტორი აღარ არის. მაშინ მას ჰფლობს სხვა გვამი, რომელსაც რა სახელიც გსურთ, ის დაარქვით: კაცობრიობის სული, თუ საჯარო მფლობელობა, თუ საზოგადოება. მაშინ იგი გვამი იტყვის: იგი თხზულება ჩემ ხელთ არის, მისი პატრონი ვარ მე, კაცობრიობის სული.“

„მე უწინ ვიყავ კათოლიკე და მონარხიელი. მე გავიზარდე არისტოკრატობაში და კლერიკალობაში, განა უარი მითქვამს ვისთვისმე ჩემ იმ დროის თხზულებათა გამოცემისა? არა! მე მინდოდა მეჩვენებინა და მეთქვა საზოგადოებისათვის, თუ საიდგან გამოველ და სად მოვედი. როდესაც განდევნილ ვიყავ ჩემის სამშობლოიდამ. მე ვამბობდი ბედნიერებიდამ გამოსული მივაღწიე უბედურებას, რომელიც არის აუცილებელი შედეგი მოვალეობის აღსრულებისა, სინიდისის შესმენისა. მე არ მსურს პირველის ხანის გაქარწყლება ჩემის სიცოცხლისა უფრო შორს წავალ: ავტორს არ შეუძლიან წაშალოს ან შეს ცვალოს რამე თვის თხზულებაში გამოცემის შემდეგ. შეუძლიან გამოსცვალოს მხოლოდ ენა და კილო, რატომ? იმიტომ, რომ მისის თხზულების პატრონი გახდა სხვა, საზოგადოება.“

„გამოდის კიდევ მესამე გვამი, რომელსაც ვაქცევ უპირატეს ყურადღებას, ეს არის მემკვიდრე, ეს არის შვილი, რა არის წიგნი? ავტორმა იცის რაც არის, რათა იგია დამწერი. იცის აგრეთვე საზოგადოებამ, რათა იგი ამბობს, რაც არის. ხოლო მემკვიდრემ არ იცის; ეს მას არ შეეხება. მემკვიდრეს არა აქვს უფლება შესცვალოს ან წაშალოს არც ერთი სტრიქონი. მას არა აქვს უფლება, არც დააგვიანოს თხზულების გამოცემა, არც მოაკლოს მას არცერთი კარი (ტომი). მას აქვს მხოლოდ ერთი უფლება: იცხოვროს მემკვიდრეობის ერთის ნაწილით. ამ გვარად: 1) სალიტერატურო საკუთრებაში ჩართულნი არიან ყველაზედ უწინარეს მწერალი და საზოგადოება; 2) მათ შემდეგ სდგას მემკვიდრე და მისი სარგებლობა. მემკვიდრის სარგებლობაც უნდა იყოს დაცული, მაგრამ უსათუოდ უნდა ჩამოეცალოს საზოგადოების სარგებლობას.

— ბერლინის კონგრესიც გათავებულა, პირველს მკათათვეს ჰქონია უკანასკნელი კრება. ანდრაშის მადლობა უთქვამს ბისმარკისათვის, მართლა და სამადლობელიც ბევრი რამა აქვს ანდრაშს, ე.ი. ავსტრი-ვენგრიას თუ არ თვით ბისმარკის კონგრესის წინაშე მაინც. ავსტრი-ვენგრიას, როგორც მოგეხსენებათ, კონგრესმა არგუნა ბოსნია და ჰერცოგოვინა, მართალია ამ ჩუქებას დაარქვეს სახელად დროებით დაჭერა ჯარითა, მაგრამ შენ არ მომიკვდე, ავსტრია აღარ გაუშვებს ხელიდამ. არა, — რის გულისთვის მიართვა ევროპამ ეს საჩუქარი ავსტრი-ვენგრიას, რომელსაც არავითარი მონაწილეობა არ მიუღიას ომიანობაში, თუმცა ავსტრია ამბობს, მეც ბევრი მსხვერპლი დავდეო წარსული ომიანობაშიო, მაგრამ, ბევრი ფული დამესარჯა იმ მსახურთა შენახვაშიო, რომელნიც ბოსნიიდამ ჩემს ქვეყანაში გარდმოსახლდნენო, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ ყველა ეს არის მიზეზი, მოყვანილი მხოლოდ მისთვის, რომ მართლა მუქთა-ყლაპიობა არ დამწამონო, ნამდვილად კი ავსტრია სრულიად მუქთად ირგუნებს (თუ ოსმალეთმა არ ამოუჩინა წინააღმდეგობა, რომელიც წარსულ ნომერში იყო მოხსენებული) ბოსნიას და ჰერცოგოვინას, ევროპიის სახელმწიფოთა მოწყალებით. ამაში გამოჩნდა ერთხელკიდევ ევროპის სურვილი, რომ რუსეთს არ მიეცეს მძლავრი გავლენა ბალკანიის ნახევარ კუნძულზედ. თვითონ ბალკანიის ნახევარ კუნძულის სლავიანებმაც რომ უფრო ავსტრიის მხარე დაიჭირონ, არც ეს იქმნება საკვირველი, რადგანაც კარგად იციან, თუ რა მდგომარეობაში არიან შედარებით ავსტრიის სლავიანები. კონგრესის მოქმედობა და ნამეტნავად გერმანიისა ავსტრი-ვენგრიის შესახებ. ცხადად გვიმტკიცებს ისევ შარშან ჩვენმიერ აღიარებულს აზრს, რომ გერმანია არასდროს არ უღალატებს ავსტრი-ვენგრიას, არასდროს მეთქი, ე.ი. ჯურ-ჯერობით მისი გარეშე პოლიტიკა თხოულობს ავსტრიის ხელის შეწყობას გერმანიასაც ის უნდა, როშ ავსტრი-ვენგრიამ უფრო სამხრეთიდ გაიწიოს და უფრო მომეტებული სლავიანი ჩაიგდოს ხელში. მაშინ მე ვიცი და ავსტრიის ნემენცებმაო, ამას ვამბობ, მაგრამ შესაძლებელია იმდენი ხანი გავიდეს მანამ ბისმარკს აუსრულდება თვისი საწადელი და იმ გვარად იცვალოს შინაგანმა საპოლიტიკო მოწყობილობამ, რომ ვერა ბერმარკი ვერ მიიზიდავს ავსტრიის ქვეშევრდომს, ნემენცი იქმნება თუ სლავიანი თავი და თავი ჩარხიც აწინდელის დროის ცხოვრებისა, როგორც უწინაც იყო თქმული „ივერიაში“, არის არა მარტო გვარ-ტომობა, არამედ საპოლიტიკო. მდგომარეობა, თუ ეკონომიური, თუ სხვა.

როგორ გადასწყვიტა კონგრესმა რუსთ-ოსმალოს საქმე მცირე აზიაში ჯერ არ არის ცნობილი დაწვრილებით. ამის შესახებ საქმეში იყვნენ ჩართულნი ოსმალოს საქართველო (ერთი ნაწილი) და ოსმალოს სომხეთი, რაც შეეხება პირველს, ამას წინად ხმა იყო დავარდნილი, ვითომც მცხოვრებნი ყოველს ღონისძიებას ხმარობენო, რომ ისევ ოსმალეთის ხელში დარჩნენო. ერთი ფრანციულის გაზეთის კორრესპონდენტი კიდეც იწერებოდა, რომ ხალხმა შესაფერი, თხოვნა მიართვაო სალისბერის და ინგლისის პარლამენტსაო. რით გათავდა ეს საქმე, ან იყო თუ არა მოხსენებული კონგრესში, რა მოგახსენოთ. რაც შეეხება სომხებს მათ, მიურთმევიათ კონგრესისათვის წინადადება, რომელშიაც მოყვანილია მომავალი წყობა ოსმალოს სომხეთისა, სასურველი სომხებისათვის. ოსმალოს სომხეთის სივრცე შესდგება არზრუმისა და კანის ვილაიეტებიდამ. გარდა ამისა ოსმალოს სომხეთი შეიცავს დაიარბერქირის ვილაიეტის ჩრდილოეთის ნაწილს. ე.ი. აღმოსავლეთის ნაწილის კარფუთის სანჯახისას (რომელსაც დასავლეთით ესაზღვრება მდინარე უფრატი), არგანის სანჯახს და ჩრდილოეთ ნაწილს სეგერთის სანჯახისას, აგრეთვე ნავსადგურს რიზეს (ბათუმისა და ტრაპიზონის შუა).

ოსმალოს სომხეთის მმართველი იქმნება ღენერალ-გუბერნატორი, რომელიც დაინიშნება ოსმალეთის მთავრობის მიერ ევროპის სახელმწიფოთა თანადასწრებით. მისი სადგომი ქალაქი იქმნება არზრუმი, ღენერალ-გუბერნატორი დანიშნულ იქმნება ხუთის წლის ვადით, და ხონთქრის მთავრობას შეუძლიან გადააყენოს მხოლოდ სახელმწიფოთა ნებართვით. გარდა ამისა სომხეთში უნდა იყოსო სამმართველო საბჭო, რომლის თავმჯდომარედ იქმნება ღენერალ-გუბერნატორი და წევრად ექვსი პირი: ფინანსთა მმართველი, საჯარო შენობათა გამგე, იურისკონსულტი, ადგილობრივის მხედრობის უფროსი, საქრისტიანო სასწავლებელთა გამგე (ინსპეკტორი) და ინსპეკტორი სამაჰმადინო შკოლებისა. ღენერალ-გუბერნატორის დაახლოვებულ ხელქვეითნი დანიშნულ უნდა იქმნენ პირ-და-პირ ოვით ღენერალ-გუბერნტორის მიერ. აი ორიოდე სიტვით რაში მდგომარეობს სომხების თხოვნა.

______________

1 ძეგლი რესპუბლიკის წარმოადგენს ქალს, რომელიც ის კრესლაში, ერთ ხელში უჭირავს ამოღებული ხმალი, მეორეში დაწერილი კონსტიტუცია, გულზედ გმოხატულია გამრჯვება, რომელიც ფრთა გაშლილი გამოდის კენჭის კოლოფიდამ.

3 ორი ლექსი

▲back to top


ორი ლექსი

ვნახევი სატრფო: იგი ცრემლს ღვრიდა.
ბედს და სიყვარულს მოთქმით დაჰსტირდა;
მის ცრემლი დამჭკნარს ვარდს დასდიოდა,
და მეც შორს მისგან ცრემლი მცვიოდა.
გათენდა სხვა დღე: განჰქრა მის დარდი,
მას ეპყრა ხელთა სხვა ტურფა ვარდი;
იმ ვარდს ტრფობითა ის დაჰღიმოდა,
და მე კი მაინც ცრემლი მცვიოდა.

* * *

მაშინ დავჰსტკბები სრულის სამოთხით,
როს ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე
და ქალწულების კრთომით, მორცხობით
მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე.
მე დაგეურებდე ტრფიალებითა,
შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;
მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა
მე შენთვის კოცნა ვერ გამებედნოს.
ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა
ვით ლოცვის ბგერას ლმობით ვისმენდე
და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა
შენის სიწმინდით ვიგერიებდე…

4 ცხადი და სიზმარი

▲back to top


ცხადი და სიზმარი

(ივერიისადმი წერილი.)

„ბევრის თქმა მინდა, მაგრამ პირი წყლით. მაქვს სავსეო“

ეს ანდაზა მომაგონა ჩემმა ერთის ღამის სიზმარმა და თან იძულებულმყო ჩემის ზარმაცის ხელით კალამი ავიღო და აღვწერო ის შთაბეჭდილება, რომელიც ამ სიზმარმა ჩემზე მოახდინა, ნუ გაგიკვირდება, მკითხველო, მე რომ ზარმაცი ვიყო: ხომ გაგიგონია ერთი მრავალ მნიშვნელობიანი გამოთქმა — „ჭურჭელში რაცა სდგას, იგივე წარმოდგინდების“. მე იგეთ საზოგადოებაში მიცხოვრნია, დასადებიდგან ვიდრე აქამდის, საცა „საქმისათვის“ ყველანი ზარმაცნი არიან; ისეთი ჰაერი მიყლაპავს, რომელიც უკიდურესთ ზარმაცთ პირთაგან მუდამ წამ ამოდის და უკანვე ჩადის... და რადგანაც, როგორც მოგეხსენებათ, ყოველთ ცხოველთა და მცენარეთაც სიცოცხლე ჰსწარმოებს ჰაერის მიზეზით, და ეს ჰაერი კი ჩვენში გაფუჭებულია, ვამბობ, ზანტთა აგებულობათა გამოისობით, ამისთვის მეც, ვაღვიარებ, გავზარმაცდი მეთქი და „სიცოცხლეს“ ორ მესამედად მოკლებული, ვარ.....

ნუ გამიჯავრდები, ჩვენებურო მკითხველო, თუ ვინიცობაა მოტყუვდე და წაიკითხო. ჩემი ნაწერი, ჩაუფიქრებლად ფხიკიანობას ნუ დაიწყებ: ჯერ ჩაიხედე შენივე გონების სარკეში და, თუ სულ მრთლად დაბრმავებული არა ხარ „სულელურის“ თავმოყვარეობით, (თუ არ „ნამდვილი თავმოყვარეობა ვინ მოგცა!), უთუოს დამეთანხმები, რომ ჩვენთაგანი თითოეული ცალკე და ყველანი ერთად „საქმისათვის“ ზანტები ვართ.... მაგრამ, თუ შეიტყვე, ეს ჩემი ნაწერია, მაშინ, უთუოდ, არ წიკითხავ: მე „პატენტიანი“ არავარ, არც დიდი გამოჩინებული გვარიშვილი, არც მდიდარი, არც ტანში ამჟრჟოლებელი; უკაცრავად, მანდილოსნებო!... იმედია, მომიტევებთ; ეხლა დიდი მარხვა არის, და თუ სხუმის არა, ეხლა მაინც უნდა უჯერებდეთ ჩვენს უზენაესს მოძღვარს იესო ქრისტეს, რომელიც ამბობს: „490 ჯერ მიუტევეთ შეცოდებანიო“... გახსოვდესთ ეს დიდ-ძალ-მნიშვნელობიანი ზეციური სიტყვები იესოსი, თორემ, წარწყმდებით საიქიოს, და თქვენი ნაზ-ჰაეროვანი აგებულება ვერ აიტანს ჯოჯოხეთში სატანჯველს... ღმერთო ჩემო, რა ძლიერ გავშორდი ჩემს საგანს! მაგრამ, რა ვუყოთ, სიტყვა კიდევ უნდა ვსთქვა ვიდრე ჩემს საგნამდე მივაღწევდე.

ეხლაც ვერ გამაკადნიერებდა ჩემი სიზმარი იმდენად, რომ წერა დამეწყო რადგანაც დიდი ხანია, რაც ჩემს სოროს გარეთ ჩემი ნაწერი ვერ გამეტანა... ვერ გამეტანა მისთვის, რომ ჩვენს უბედურ ენაზე არ იყო ისეთი „კაცური“ გაზეთი, რომელშიდაც ჩემებრივის კაცის ნაწერი ბეჭდონ, რაც გაზეთი მინახავს (რომელს ენაზედაც უნდა იყოს) და მიკითხავს, ან ვკითხულობ, არც ერთი არ შემხდომია იგეთი თავიდამვე ზედ არ ეტყობოდეს, რომ მას სურს მხოლოდ დიდხანს იღოღიალოს, ბევრ ხანს გამოდიოდეს ფურცლებად; ხოლო უფერული არის და უშინაარსო თუ ფერიანი და თვის შორის რამეს მპყრობელი, ეს სულ ერთია; ამას არც ერთი პირი დასდევს. ვაი, რომ სრულიად დაგავიწყდა ჩვენი მრავალ მნიშვნელობიანი გამოთქმა „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!“ ეხლა კი ცოტ-ცოტად ვტყობილობ, რომ თბილისში ჩვენს ენაზე ერთი გაზეთი გამოდის, რომლის მოთავე კაცი არა თვალ-ღებით, არამედ პირუთვნელად ყველას ერთნაირად ჰხედავს, და მის გაზეთში რომ დააბეჭვდვინო რამე, ამისთივის „პატენტიანობა“ და დაახლოვებული ნაცნობობა „მიუცილებული“ საჭიროება არ არის, აი, ამაზე მოიმედე (თუ ფუჭად არ ჩაიარა ჩემმა იმედმა) ვიწყებ წერას, და თუ უღმერთო ცხოვრების ტალღამ არ გამიტაცა და ბურანაში არ შამაგდო, შეიძლება განვაგრძო წერა მომავალშიაც.

საქმე აი რაშია; ერთ დღეს, საღამოით, ბულვარიდან — ამ უქმის ხალხის უსათუო შესაკრებელ ადგილიდან მოვდივარ მოროჭკილ (ოდესმე იყო მოროჭკილი) შარაზე დაღვრემილის სახით, თავჩაღუნული, თითქოს ორ კაპეიკიანი დამკარგოდეს და მას ვეძებდე. უცებ ერთი ახალგაზდა წინ შემხვდება, კინაღამ ვერძივით არ დამეჯახსა შუბლით შუბლზე; ორთავემ თავი მსწრაფლ ზევით ავიღეთ, და გავშტერდით ერთი იქით და მეორე აქეთ, ზედ ეტყობოდა იგიც ჩემი ბედის იყო, გამაჩერა და გამარჯვება მითხრა... მეც მგიერი მიუგე. მეტი მისაგებელი რაღა დამრჩენია, თუ არ ცარიელი სიტყვა? საქმით გამარჯვება ჩემ სიახლოვესაც არ გაივლის და არც აქამდის გაუვლია....

ის ყმაწვილი მეუბნება: „იქმნება, სადმე ამ თქვენს ქალაქში სამსახურის ადგილი რამ იცოდე ულუკმა-პუროდ შიმშილით ვკვდები, და მასწავლეო“.

— რა ადგილი გნებავსთ, მეთქი. — სულ ერთია, თუნდ უბრალო მოსამსახურისაც იყოს, მითხრა მან. — ეს კარგი, მაგრამ ჯერ თქვენი ვინაობა მითხრიათ. მან თვისი ვითარება მიამბო, მისმა საუბარმა უფრო მგზნებარე ცეცხლში ჩამაგდო, ვიდრე ჩემმა ეხლანდელმა მდგომარეობამ, თურმე ყმაწვილი ერთ-ძალ ნიჭიერი ყოფილა, ცოტა რამ ნასწავლიც არის, როგორც ეტყობა. მაგრამ, რადგანაც მამული მას არ ჰქონია რომ მიწის მუშაობით თავი ირჩინოს, და სამსახურში შესვლისათვის კი მწე-ქებარე ვერავინ უშოვნია, ამის გამო სამსახურში ვერ შესულა და ბოლოს, ილაჯგაწყვეტილი პირველ-შეხდომილ კაცს (მერმე მე და ამასთანვე უცნობს) მეუბნება თვისს გაჭირვებაზე და შემწეობას ჩემგან თხოულობს, აბა რა განმავლობანი კაცი მნახა იმ აშენებულმა!.. მეც გავშტერდი, თითქო მარილის სვეტად ვიქეცი, როგორც ლოტის ცოლი. კარგა ძალი ხანი დავყავი აგრე ხმაგაკმენდილმა, და ბოლოს ვუთხარი: „ჩემო ძმავ: მე და შენ ერთნაირი ბედის ჩარხი გვატრიალებს, როგორც სჩანს; ხომ მხედავ, როგორ დამიღრეჯია! თუ მაგეთი განმავლობიანი ვიყო. მე, რომ სხვისთვის ადგილის შოვნა შემეძლოს, ჩემმა თავმა ქვა მესროლა?! ჩემთვის რატომ არ მოვძებნიდი აქამდის ადგილს მეთქი. უკუდო ხარ თავისთვას არ იყო, სხვას ბუზს უგერებდაო“, ხომ გიგონია, ძმობილო მეთქი: მეც შენარ ბედკრული ვარ, მაგრამ ჩემს თავს ვერაფერი მოვუგვარე-მეთქი... დიახ, მეც შეგატყვე, შენც ჩემებრივის მდგომარეობის უნდა იყო, თუ არა, — როგორ გაგიბედავდი რასმეს თქმას, რომ მე შენში „ბედით დაგვირგვინებული“ კაცი მენახაო. შენ ხომ მაშინ არა თუ ამდენს შეიცდიდი. შუა გზაზე, არამედ ხმასაც არ გამცემდი და თანაც გამიჯავრდებოდიო, მეტყოდი, თუ შინა მნახეო ხვალ თერთმეტ საათზე, მაშინ შეიძლება რამე გითხრაო, და თუ მე კვლავ შეგიბრუნებდი სიტყვას, მაშინ ხომ სულ გამაქრობდი ფეხების ბაკუნითო... სიტვით ბევრი რამ ისეთი მითხრა, რამაც ჩემი გული, უმისოდაც დაწყლულებული, სულ მთლად განგმირა ცეცხლის ისარით, და მისგან აღგზნებულის ცეცხლას გულში მქონე წავეხეტე ჩემის სადგომისაკენ, ისეთ ნაირად განბნეული, რომ ადგილზე გამოთხოვებაც ვერ გავიხსოვნე, და როცა ერთი მანძილი გზა გავიარე, უცბად შევჩერდი და უკუვიხედე. ვხედავ — ის ახალგაცნობილი იქვე სდგას, თითქოს გალენჩებულაო, და ჩემსკენ თვალი გაუშტერებია: ეტყობოდა, გულში „ჩემზედაც ზიზღი მოსდიოდა — შენ ოხერო, ხომ ხედავ შიმშილით მუცელი მეწვისო, თუ რამ გაბადია ჯიბეში, რატომ არ მიტოვებო?! მე დავუძახე: „მშვიდობით“, და ამ აღმოუფხვრელის შთაბეჭდილებით წავეხირე გზაზე. ისე უგრძნობელად მიჩოჩავდი, რომ ჩემს სადგომს. შეუნიშნავად, გავცილდი. უცებ ცოტაოდნად გონზე მოვედი. მომაგონდა ერთი სახლი და იქ შევრგე თავი. იქ ერთი ევას ტომი დამხვდა დიახ მშვენიერი და იმდენად „ცოცხალი“, რომ მჭვრეტელს ეგონებოდა ამ ქალის ღვთაებრივის პირის სახიდამ მზის სხივებზე უბრწყინვალესი, რამ გამობრჭყვივისო, და ეს სხივები უკანვე უბრუნდებიან და სახეზედ თამაშობენო, თითქოს განშორება არ შეეძლოსთ, და სხვა იგეთი ადგილი აღარ ეგულებოდესთო... მე ჩავეგდე სავარძელში, და ცოტა ხნის შემდეგ ერთბაშად ისეთი ამოვიოხრე, რომ კაცს ეგონებოდა, ამ უბედურს გული თან ამოჰყვაო....

ის აშენებული მზებრი ქალი მკითხავს: „რა მოგივიდა, რაზე დაგიღრეჯია ეგრე მწარედ?“ — არაფერი, ისე უმიზეზოდ ვარ მოწყენილი, მეთქი: ბუნების წესი ასეთია, ხან მოიწყენს კაცი და ხან გამხიარულდება, მეთქი.... „არა, შენი მოწყენა რაღაც სხვა-ნაირი უებრო-რამ არის, ზედ გეტყობა; ბუნებითად კაცს ეგრე არ მოეწყინება, თუ ნაღველიც განძრახ არ გადუსხამს ის მუხთალს სოფელსაო....“ ეს სიტყვები, კი მიხვდებით, მეჭაშნიკა, და მიუგე: „ეგ იქნება ეგრე იყოს; მაგრამ, მიზეზები რომ გითხრათ, ვითომ რას მომეხმარებით? ჩემი გული მაინც უშრეტის ცეცხლით უნდა იდაგებოდეს, და მისი წამალი, არა თუ სხვა-რამ, თქვენც თქვენის ყოვლად-შემძლებელობით ვერ იქმნებით. გულს რომ წამალმა არგოს, ის გული მეოთხედი მაინც უნდა იყოს დაუდაგავი: რადგანაც ჩემი გული სულ მრთლად დამწვარი არის, ამისთვის ბევრის გამოკითხვით თქვენს მაისის დილის ცვარისაებრ წმინდა და უმანკო ენას ტყუვილ-უბრალოდ გასჯით, მეთქი.....“ ისიც-ის ჩემი ღმერთი უცბად გაჩუმდა. ის იმ ევას ტომთაგანი არის, რომელთაც ერთი უბრალო-რამ, არა თუ ამისთანა შემთხვევა, იმდენად აატრუებსთ, რომ, გინდა თუ არა, უნდა უთხრა ყველაფერი; თუნდ კლდეს შეასქდი, მაინც უნდა გააგებინო, რაშია საქმე. ნეტავი თანაგვიგრძნობდეს მაინც „პატიოსნურის“ თანაგრძნობით..... მაგრამ თქვენს მზეს ვფიცავ, ტყუილად ჰკითხულობს – მეტი სალაპარაკო არა აქვს რა; სახლის ბჭეს იქეთ კი არ გადაჰყვება შენი ნამბობი, თუნდ რაც გინდა გულის შემზარებელი-რამ უამბო, ეს ქალი-კი ამისთანა არ გახლავსთ. მან პირველის კითხვისთანავე წაიკითხა ჩემს სახის-გამოხატულებაზე, თუ რა სენი მჭირდა; პირზედ ალი შემოედო; ზედ-ეტყობოდა, ბოროტი მოსდიოდა ამ „ეხლანდელს“ სოფელზედ; მსწრაფლ ენა ჩაიკმიდა — ჩაჰფიქრდა, მიეცა ღრმა დუმილს და ამ ნაირად, ერთმა იქეთ, და მეორემ აქეთ, მდუმარედ და დახმურვილის სახით გავატარეთ ის „დაწყევლილი“ საღამო.

ღმერთო ჩემო! ვის როგორს ბედს აძლევ და ვის როგორს! დაილოცა შენი განგება! ჩემგან მეტი არა გეკადრება-რა!

გათავდა საღამო; ძილის დრომაც მოაწია. მე წამოვიწიე სავარძელიდამ სავარძელმა გაიხმაურა. უცბად ჩემმა თანა-მეინახემ წამოიხედა, და იგეთნაირად გადააბრიალა თვალები, თითქოს ქვეყნის ერთბაშად მოსპობა სურს და, მის მაგიერ, სულ სხვა-ნაირის გაკეთებაო. ამან სულ-მართლადაც ცეცხლი მომიკიდა. ჩემს თავზე ნამდვილ-დამსახურებული მრისხანება აღმეგზნო, და ვფიქრობდი: „აბა, შე ოხერო ჩემო თავო, ამ ანგელოზებრს არსებას რაღად აღელვებდი? იქმნება, უიმისოდაც არ იყო გულგრილად მაცქერელი ქვეყნის ამბოხებისა; მაგრამ შენ რატომ გახდი მიზეზად ამის აღშფოთებისა?.....“ ვუსაყვედურე ჩემს თავს და წამოვდეგი; თავი დავუკარი. მანაც თვისი მარჯვენა ხელი მომაწოდა და ისე მაგრად მამიჭირა ხელზე, თითქოს ამითი ძმობას მიხატავდა და მეუბნებოდა: ძმავ, მტკიცედ გიყოთ; თუ „ძმობა“ გვექმნება, არა გვიშავს-რაო! ჩვენ წასახდენი ხალხი არა ვართო!..

შეველი ჩემს სადგომში და დავწევი; მეგონა, მალე დამეძინებოდა, რომ მალე დამძინებოდა, ეხლა ხომ მალე გეტყოდით ჩემს სიზმარსაც. მაგრამ, ბევრმა ხანმა გაიარა, რაც ხმელ ქვეშ-საგებელზე ვიტრიალე, როგორც გოჭი შამფურზე წამოგებული და შესაწვავად ცეცხლზედ მიფიცხებული; გულში ცეცხლის გუგუნისაგამო არ დამეძინა. თვალთწინ წარმომიდგა ყველა ნაღვლიანი დღეები და თავ-გარდასრული ჩემის გასრულის ცხოვრებიდგან. თითქოს თვალთ-წინ ვხედავდი, თუ როგორ უმიზეზოდ, ფორმისათვის, მცემა ჩემმა პირველმა მასწავლებელმა მონასტერში, როცა წირვის ჟამსა ვსწავლობდი, იმ დროს გაშლილ ჟამნში ჩამცქერებელს გულ-ამომჯდარს, წამსკდა უცბად ცხვირიდამ სისხლი, იმ სისხლმა უცბად იფთქრიალი მოადინა ჟამნის ფურცლებზე. სწორედ იმ ადგილს, საცა იწყება სიტყვები: ისმინე, უფალო, სიმართლისა ჩემისა, მოხედენ ვედრებასა ჩემსა... მაგრამ, რომ არ ისმინა, რა ვქმნა; საწყალმა მამა ჩემმა, ნახა თუ არა ეს სისხლის წვეთების ნაშთი, ტირილი დაიწყო და მითხრა: „შვილო ამის ფასი რა დააშავე, ასე მწარედ რომ უცემნია იმ შენს უღმერთო ნათლიასო?...“ მეც, მისი გულ-მტკივნელობის შემხდვარეს, ტირილი მომივიდა; ბოლოს, საწყალმა მითხრა: „აი, შვილო, ხანდის-ხან როგორ, უმიზეზოდ იტანჯება კაცი!...“ ეს უკანასკნელი სიტყვები აღმოუფხვრელად ჩამრჩენია ხსოვნაში და ხშირად ჩემს ცხოვრებაში გამოცდილებაც ცხადად მიმტკიცებს ამ სიტყვების სიმართლეს.. ერთჯერ (ბევრჯერაც მომდარა, მაგრამ ეს ერთი უფრო დამიჩნდა გულზედ) ერთს მრთელის მხრის „განმანათლებელ“ სასწავლებელში ჩემის სწავლის დროს, ჩემი უმფროსი „ბუმბერაზი“ გამიჯავრდა უბრალოდ, უმიზეზოდ; აქამდისაც წარმოდგენა არ შამიძლია, თუ ასე უღმერთოდ, საქმის გამოუკვლევლად და უჭკუოდ კაცი დაატუსაღებს „კაცსა“. მერე ვის გამოისობით და ან რისთვის? ერთის ვისმეს სინიდისს-მოკლებულის შთაგონებით; იმისთანა კაცის მსგავსის, უგრძნობი ცხოველის სიტყვით, რომელსაც, თუ მუდამ ფეხებს არ ულოკავ და ღმერთად არ ჰლოცულობ, თვალით ვეღარ ეჩვენები; რომლის მოწყალებით საწყალი ყმაწვილი ან წყალში უნდა გადავარდე და ან თავიდამვე თვისის სინიდისის შებღალვას და, მაშასადამე, საბოლოოდ სულის განქრობას უნდა მიჰყო ხელი. რას იქმ? ვინ არის წამკითხკეული, ვინ არის გამკითხველი, ჩვენის გლეხ-კაცისა არ იყოს!.....

ბედკრულაძე.

(შემდეგი იქმნება)

5 მგზავრის შენიშვნები

▲back to top


მგზავრის შენიშვნები

(ახალქალაქიდამ არტაჰანამდის)

ვერ წარმოიდგენთ, მკითხველო, რა სიხარული მომეცა, როცა გარემოებამ ისე მოატანა, რომ არტაჰანისკენ წასვლის შემთხვევა მომეცა! თუმცა მენანებოდა, რომ ვჰსტოვებდი ქართლის მშვენიერ ბუნებას და იქაურ ტოლ ამხანაგებს, მაგრამ მაინც ჯერ ის მიხაროდა, რომ მივდიოდი იქ, სადაც ამ ბოლის დროს ბევრი შესანიშნავი ამბავი მოხდა. მერე მიხაროდა, ის რომ ჩვენის დიდის ხნის მოშორებულის მოძმების ნახვა მეღირსებოდა და კიდევ ის მიხაროდა, რომ ვნახავდი იქ ჩემის მამა-პაპის სამშობლო სოფელს, იმ სოფელზედ, საიდამაც ისინი არიან გადმოსახლებულნი, ბევრი ქება გამაგონა ჩემთა მოხუცებულთაგან, იმისთანა გულის სიმხურვალით და სიყვარულით იგონებდნენ ხოლმე თავის სამშობლო სოფელს, რომ ბევრჯერ შევნიშნავდი, რომ იმის მოგონებაზე თვალში ცრემლი მოსდიოდათ და ოხვრას ამოატანდნენ ხოლმე თავის გულის სევდას. ისინი ამ სოფელს იგონებდნენ, როგორც თავიანთ საყვარელს სამშობლოს, რა გვარადაც დიდი ხნის მოშორებული ყმაწვილი იგონებს თავის საყვარელს დედას. მართალია, ჯერ მიხაროდა, მაგრამ როდესაც გამოველი გზასა და უკანასკნელ გადავავლე თვალი ქართლის არე-მარეს და წარმოვიდგინე, რომ სრულობით გშორდები — დავღონდი და გულზედ რაღამაც მიკბინა, ეჰ, სოფელო რას შაგანხარ?

ახალქალაქიდამ არტაჰანამდის ფოშტით ტარება არ არის გამართული. წასვლა იქით ოთხის შემთხვევით შეიძლება: ან ფოშტის ფურგონით, ან ინტენდანტის ფურგონით, ან მაზრისს უფროს უნდა სამგზავრო ფურცული გამოართო და სოფლიდამ სოფლამდა წახვიდე კანონიერი, „პრაგოხის“ გადახდით, და ან არა და ცხენები უნდა იქირაოს კაცმა. ყველაზე კარგი ეს უკანასკნელია, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ძალიან ძვირად უჯდება მგზავრს ეგრედ სიარული, მეტადრე ჩემისთანას რა ხელს მისცემს სამის, და ოთის თუმნის მიცემა, თუ ღმერთი გწამთ?

ფოშტის და მაზრის უფროსისაგან უარი მეთავაზა, ფოშტის უფროსმა მიტომ მიუარა, რომ ფოშტის ფრგონში ადგილი დაჭერილი იყო. სხვა მგზავრისაგან. მაზრის უფროსმა, არ ვიცი რა მიზეზით, ცოტა ბრუდე თვალით შემომხედა…

გზაზე ხომ ვერ დავრჩებოდი – ჩემი იარა ჩემი ხელითვე უნდა შემეხვია „ობოლი თავის ჭიპს თვითონვე მოიჭრისო,“ ნათქვამია, მაშინვე შევუდეგი ცხენის ქირაობას, ჩემ ბედზე ძალიან სინიდისიანი კაცი შემხვდა, ქართველი იყო, რომლისაგან ვიქირავე ორი ცხენი — ძალიან იაფად კი. ერთზე ავკიდეთ ბარგი, მეორეზე მე დავბძანდი ორმოცის თხის პატრონ ქურთისავით და გავემგზავრეთ. მზემ ახლად ამოყო გაშვლეპილი თავი აბულის მთის თოვლიან კეფიდამ, როცა ჩვენ პირველად „გზა მშვიდობის მოგვცეს,“ ვუთხარით მე და ჩემ ლევანემ (ჩემს მოქირავეს ლევანე ერქვა) ერთმანეთს და წავედით დასავლეთისკენ ცოტა მოსარიდი ღრუბლები ცურავდნენ ცაზედ. წინადღით მოსულის წვიმისგან გზა ტალახიანი იყო - მაშინვე წარმოვიდგინე, რომ ბევრი წვალება უნდა გამოვიარო, მეთქი, მაგრამ მაინც კიდევ ზაფხულის გაცხარებული მზის იმედი მქონდა — ის გააშრობს გზას, თუ ქეიფზე იქნა, მეთქი.

ახალქალაქს გავშორდით. წინ გაგვეშალა ვაჩიანის მინდორი. ეს მინდორი მორთულია ამწვანებულის ყანებით, ჭალა-მინდვრებით და ერთგვარის ყვითელის ფერის ყვავილით; ვაჩიანის მინდვრის გარშემო არტყია-აღმოსავლეთით თრიალეთის მთების სერები, დასავლეთით ლივანის, დასავლეთით აღბაბის მთები. აქ რომ ტოროლა არ იყოს სრული სიჩუმე იქნმება, მერე ასეთი, რომ შორით ბალახის შრიალსაც კი გაიგონებს კაცი, ტოროლები ისე აცხოველებენ ამ მინდორს და იმისთანა სანგრძლივი ჟღივილი გააქვთ, რომ ყოველ კაცს იამება. ამ მინდვრის ბულბულიც ესენი ყოფილან. მიწა აქ შავი და ძალიან ნაყოფიერია, იმიტომ ძალიანი მოსავალი იცის ხოლმე: აქ მოდის პური, დიკა, ქერი და კარგი სელი. ვაჩიანთან რომ მიველით, საუზმის დრო იყო. ვაჩიანი კარგა მოზდილი სოფელია, ჰსცხოვრობენ იქ აზრუმიდგან გადმოსახლებულნი სომხები, იქმნება ერთი-ოთხმოცამდი კომლი, თვითონ სოფელი ფერდობაზეა აშენებული, ხალხი მდიდარი ჰყავს, რადგან ის სულით და გულით მინდობილი არის მიწის მუშაობაზედ. ახლად რომ გადმოსახლებულან ძალიან ღარიბათ ყოფილა, მაგრამ ახლა იმ ნაირად სცხოვრებენ, რომ უკეთესი არ შეიძლება, ჩემმა ცხენის პატრონმა მთხოვა ცხენების დასვენება და მისთვის მირჩი ცივი წყაროს თავი პატარა მთის ძირში. ცხენი ვსთქვი და მომაგონდა. იცით რა უბედურებას შევეყარე? თურმე იმიტომ მაქირავა ცხენები ისე იეფათ, რომ ორივე ცხენები ბრმები იყვნენ. ერთი ორივე თვალით, მეორე — ერთით, ეს მაშინ შევნიშნე, როცა ვნახე, რომ ჩემი ცხენი სულ ერთ გვერდზე მიდის და ერთხელაც კინაღამ არხში გადამაგდო; მეორე ცხენს კი პატრონს არ ჰსცილდებოდა და დაჰყავდა ბრმა მგოსანივით.

— ეს ცხენი ასე რად შვრება? ვკითხე.

— ბრმაა, ჯანუმ და იმიტომ.

— თუ ბრმა იყო რად მაქარავე, შეტევით ვუთხარი, რადგან ძალიან მეჯავრა.

— ფიქრი ნუ გაქვს, ჩიტივით წაგიყვან, მიპასუხა.

ცხენები გავუშვით ბალახზე და ჩვენც დავსხედით მწვანე მინდორზე. ჩემმა ლევანემ შემნიშნა, რომ გაჯავრებული ვარ და მიზეზიც იცოდა, იმიტომ ცდილობდა შევექეცი როგორმე და ლაპარაკი დამიწყო.

— აიმ სერს უყურებთ, ბატონო? მკითხა მან მაჩვენა პატარა გორაკი, რომლის გარშემო რაღაც კედლების ნაშთი ეტყობოდა.

— ვხედამ.

— ერთხელ მონადირეები გამოეკიდნენ მელასა და შეშინებული მელა თურმე შეძვრა სოროში, მონადირეებმა სორო შეჰსთხარეს იმის გამოსაყვანათ და იმ თხრილში იპოვეს დიდი-ვებერთელა ქვევრი. ეტყობა, რომ აქ რომ დესმე ვენახები ყოფილან.

ლევანე მართალი იყო. ჯავახეთში ბევრს ნასავთ ხევებში და მინდორ-გორაკებზე ვენახების ნაშთებს, რომელიც ამტკიცებს, რომ აქაურობაში ყურძნის ვენახები ყოფილან.

საცა ჩვენ ჩამოვხტით იყო მშვენიური მინდორი და ცივი წყარო, კარგად რომ დავისვენეთ, გავემგზავრეთ. ჩვენს ორს ცხენს, რომელთაც მარტო ერთი თვალი ჰქონდათ, უძნელდებოდათ სიარული უწინამძღვროთ, რადგან იქიდამ იწყობოდა დაღმართი და იქ თავდებოდა ვაკე-მინდორი, ჯავახეთსა აქვს თითქმის ყველგან ერთი და იგივე ბუნება. ტიტველა მინდვრები, მთა-გორაკები, ჭალები უსუნო ყვავილებით, თეთრის ხავსით მოსილი მაგარის ქვის კლდეები და ცივი მთის წყაროები შეადგენენ აქაურს ბუნების სამკაულს, გზა უფრო და უფრო ატალახებული იყო. ცხენებს ფესები მალმალე უსხლტებოდათ, ერთ-ორ ჯერ ჩემა ცალ თვალამ წაიბორძიკა კიდევაც, მაგრამ მგზავრობის არა-ღმერთმა — ზევესმა დამიფარა — გადავრჩი. ბოლოს კი გაივსო საწყევი: ცალთვალამ დაისვენა ერთ მშვენიერ არხში, რომელშიც წყლის მაგიერად ტლაპოს ლიღლიღი გაჰქონდა. ბევრი ვიწყევლე ბედი… როგორც იყო, ჯერ მე ამოვედი და მემრე გამოვათრიეთ ცალთვალა ცხენი, ავიარეთ ერთი აღმართი კიდევ, გადუხვიეთ სამხრეთისაკენ და ჩვენდა სანუგეშოთ დავადექით მშრალს გზასა. სოფელ ცულდასთან შეგვხვდნენ ფურგონები, ისინი მოდიოდნენ არტაჰანიდამ, ვითხე გზის ვითარება, მითხრეს, რომ გზა იქით კარგი და მშრალიაო, სწორედ მოგახსენოთ, ეს ძალიან მიამა, ცულდა დიდი სოფელია. მცხოვრებლები სომხები არიან.

შუადღემ გადაიარა. ჩვენც მივედით ს. კარწახს; ეს ყველაზე დიდი სოფელია ახალქალაქის მაზრაში. ცხოვრებლების რიცხვი იქმნება ორას კომლამდისინ, ისინიც სომხები არიან. შიგ სოფელში ავიარეთ. წითელ ფეშ-ტამლიანი სომხის ქალები მზეთ-უნახაებსავით გვემალებოდნენ, მაგრამ თვითან კი ჩვენი ნახვა ძალიან უნდო დათ, ცდილობდნენ როგორმე კარების ჯურჭუტნიდამ გამოუხედნათ და ჩვენ დავენახენით. ჩვენც რამდენიც შეგვეძლო. ვცდილობდით, რომ იმათი მზეთ-უნახავის სახების ნახვა გვღირსებოდა. დედობრივს სქესსა აქ ძალიან მშვენიერი შეხედულობა აქვს. კატები ძალზე უშნოები არიან, ვინც ქართლ-იმერეთში და სხვა საქართველოს ნაწილებში ყოფილა, იმას ეს ხალხი ჯოჯოებათ ეჩვენება — სულ მდაბალი და განზე გასულას ტანისანი არიან, როგორც ჯავახეთის ბუნება ერთნაირია, ისეც ხალხი ერთის ჯურისაა. გეგონება ერთ კალაპოტიდამ არიან გამოსულიო, კარწახს, რომ მოვშორდით წინ გაგვეშალა ხოზაპინის ტბა. იმ ტბის კიდიდამ იწყობა ჩვეანი ახალი შეძენილი მიწები, ხოზაპინის ტბა უსარგებლო ტბაა, კარგა მოზდილია, მაგრამ არც ერთ-მხრით სარგებლის მოტანა არ შეუძლია, არც სასმელად ვარგა და არც თევზი იცის. წყალი მწარე-მლაშად სცემს — ზღვის წყლის გემო აქვს. შიგ არიან უშველებელი კუნძულები და საკმაოდ ღრმაც არის, ჩვენი გზა ამ ტბის კიდეს მისდევდა ხვევითა. ცხენების პატრონმა ამ ტბაზე ერთი გულის მოსაკლავი ამბავი მიამბო, რომელსაც მოგახსენებთ.

— იმ სოფელს ჰხედავთ, ბატონო ჩაისოსი ჰქვიან, მითხრა ლევანემ და განაგრძო: ერთხელ ლეკები დაეცნენ იმ სოფელს, ეს პაპა ჩემმა მიამბო, გააოხრეს, ხალხი საქონელივით წაასხეს და დამწყვდიეს იმ კლდის ძირს. ახალგაზდები გამოარჩიეს მოხუცებულებისაგან. უნდოდათ ახალგაზდები წაესხათ ტყვეთ, მოხუცებულები დაეტოებინათ, იმ დროს სასწრაფოდ გამოჩნდნენ სამი ახალგაზდა ვაჟი და სამი ქალი, ხელი-ხელთ მასცეს და ტბაში ჩაცვინდნენ. საუკუნოდ წყლის ძირში ყოფნა არჩიეს თავიანთ საყვარელ დანიშნულებთან, ვიდრე ლეკებთან დროებით ტყვეობა. ლეკები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვეღარ გამოიყვანეს ცოცლები, დანარჩენები კი წაიყვანესო, ცხონებული პაპა ჩემი ამბობდა; მთელი ჯავახეთი ლეკებისაგან არის გაოხრებულიო. ლუვანემ გაათავა ბსაასი. მთელი სამი საათი ვიარეთ ტბის პირზე. გზა ტბას არ შორდება. ტბას რომ ავცილდით, წინ გაგვეშალა მშვენიერი ჭალა და მივადექით ერთ აღმართს. აღმართის ძირში ამოჩუხჩუხებდა მოკამკამე წყარო, იქ ჩამოვხდით, დავისვენეთ და გაგრილდით ცივის წყლით და ავუდექით აღმართს. აღმართი მშვიდობით ავიარეთ. აქედგან იწყობა პატარა ვაკე; შორს არაფერი სჩანს, რადგან თვალსახედი (გარიზონტი) პატარაა. ცოტა კიდევ გარეთ და მივედით ზეზუნას დაღმართთან. ეს დაღმართი ძალიან ქვიანია, მაგრამ კარგათ ჩაგვატარეს ჩვენმა ბრმებმა. დღეს ყველა შემთხვეკაში ეტყობოდა, რომ ზევესი კაის თვალით გვიყურებდა. წინ შეგვხდა კარა-ჩაის მდინარე. ამ წყალზე ხიდი არ ედო, მაგიერად ბოგირი ცახცახებდა. ამაზე გასვლა საცდური იყო, ამიტომ იძულებულნი გავხდით ბარგი ჩამოგვეხადა და ზურგით გაგვეზიდა მეორე მხარეზე - მეტი ჩარა არ იყო. ძალიან კი გავივლიდით ჩვენი ბარბაცა ცხენით, აი! ისეთაც მოვიქეცით, ჯერ გავზიდეთ ბარგი და მერე გავიყვანეთ ცხენები, ამ წყალსა კარა-ჩაი ჰქვიან, მაგრამ ადგილის მცხოვრებლები უძახიან - ჯალდრის წყალს, რადგან იწყობა ჯალდრის ტბიდამ და ჩადის ღრმა ხევში, უერთდება მტკვარს, ცოტა რომ მაღლა ავიარეთ გამოჩნდა ხევში ლამაზი ციხე მაგარ კლდეზე. ციხის გარდა კლდეზე სჩანდა საცერივით მაღარები და საფარი ადგილები, როგორც მიამბო ჩემმა მოქირავემ, ამ წყლის ხევში და მტკვრის პირებზე ბევრი ყოფილა მაგისთანა ციხე ეკლესიები და საფარ - მაღარების ნაშთი.

დაღამებისას მიველით ს. რაბათში. მიველით თუ არა, დავიბარეთ ახსახალელი — მამასახლისი, რომელიც მალე მოვიდა და მიგვიყვანა ერთ იქაურ მცხოვრებელთან ყონაღათ — ღამე სადგომათ. სახლის პატრონმა დიდის სიამოვნებით მიგვიღო ჩვენ. ჩვენს მეყონაღეს კარზე ისხდნენ ბევრი ქალები, ჩვენ დაგვინახეს თუ არა, ჯოჯოებივით შეიმალნენ, საცა კი მოასწრეს. მე ვკითხე: რათ იმალებიან მეთქი, განა ჩვენ კაცის მკვლელები ანუ მჭამელები ვართ?

— არა, აღაჯან, მართალია, კაცის მკვლელები არა ხართ, მაგრამ ჩვენი ადთი ისეა, რომ თუ კაცი ისლამი (მაჰმადის სარწმუნოებისა) არ არის, არ უნდა დაენასონ, თორემ ნამაჰრამი გახდებიან, მიპასუხა თარაქამულ კილოზე ასლან ბეკმა — სახლის პატრონმა.

შეგვიყვანეს ახორის ოდაში. შევიარეთ გრძელი და ბნელი ბაკი და მიველით ოდაში. აქაურებმა იციან ახორ ოდა, ის არის იმისთანა სადგომი, გაყოფილია ბოსლისაგან დარაბით. ჯავახეთშიც სულ ამნაირი სადგომი იციან, (აქ და ჯავახეთში შენობა ქვის და ტალახისა იციან). ადამიანები და საქონელი ერთს ჰაერში სულს იტრიალებენ - დგანან ერთ ოთახში. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ადამიანების სადგომი სადრები — ტახტები ქეჩა-ხალიჩებით არის სუფთად მორთული, პირუტყვებს კი ვერ მიართვეს ეს ბედნიერება.

ახოროდაც თავის დაგვარ პატრონების გემოზეა გაკეთებული: გარშემო კედლებთან გაკეთებულია სადრები — ტახტები, მხოლოდ იმ განსსვავებით, რომ სადრები უძრავი, მაღალი და უფრო ვიწროა, ტახტზე; იმ სადრიდამ მოყოლებული იწყობა სხვა სადრი უფრო დაბალი და განიერი პირველზე. ამ ორის სადრის შუა არღივით ადგილია მოსამსახურის სასიარულოდ. ძირის სადრები მოფენილია ქუჩა-ხალიჩებით და გძელის ბალიშებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენებურს ღვინის ტიკს, ამ არღის თავზე მხიარულად და რაღაც საიდუმლოდ გადმოჰყურებს ბუხარი. ჭერი სწორე არ არის როგორც ქართლში და სხვა ადგილებში იციან. ჯერ დადებულია ოთხი ხე, ისე რომ ერთი ხე მეორეზეა. გადადებულია მოკლე ფოცხები — ხანდიხსან შეღებილი წითლად, ფიცრების ზევიდამ მიწაა და იმით თავდებაბანი ანუ ერდო. სინათლისათვის არის გაკეთებული პატარა სასინათლე. ისიც შუაზე კი კვ არა — თავში.

რაბათი პატარა, მაგრამ მდიდარი სოფელია; ძევს მთის ფერდობაზე. მთელს სოფელს შეადგენს ერთი ნათესაობა — სამი ბიძაშვილები. ცოტა მუსაიფის შემდეგ შემოვიდა ასლანას მამა, მოხუცებული ოთხმოც-და-ათის წლის კაცი მაღალის ტანისა და მარდის ქცევისა. აღმოჩნდა, რომ მოხუცებულმა იცოდა ქართული კარგა. თურმე ის ყოფილა ახალციხის საათაბეგოდამ გადასახლებული ბორჩალოში, მემრე ადგილის ვიწროობის გამო გადმოსახლებულა აქედ. უყიდნიათ ძმებთან ერთად მთელი სოფელი და ცხოვრობენ მდიდრათ და ბედნიერად. რომ გაიგო მე ქართული ვიცოდი, ძლიან გაეხარდა და მთელი სამი საათი არ შეუწყვეტია ლაპარაკი, მაგრამ მაინც ცდილობდა ყველაფერი ქართულად ეთქვა. თათრულს მამა ახლციხურს კილოზე ლაპარაკობს, შვილები კი, თარაქამულს, ასლანამ სანთლით დამატარა ჩაის შემდეგ ბოსელი და ფარეხი — ორივე რჯულამდის გატენილი იყო. ასლანას ჰყავდა თორმეტი ძროხა, სამი ზაქი კამბეჩი, შვიდი უღელი ხარ-კამბეჩები და ხუთასი თავი თხა-ცხვარი. ჩვენშიაც ბევრია ამისთანები, არა?

აქაურებმა ხვნა-თესვა ძალიან ცოტა იციან, რადგან ადგილი მთიანია — საძოვარი ბევრია. რამეთიც შეუძლიანთ საქონელს ინახავენ — პურს, ქერს იმდენსა სთესენ, რომ მარტო თვითონ საჭმელად ეყოთ. —

ცისკარმა ახლად ამოჰყო თავი, როცა ჩვენ გამოვედით რაბათიდამ, ღამე უმთვარო იყო, ცა მოწმენდილი უთვალავის ვარსკვლავებით მხიარულად გადმოჰყურებდა. იყო დუმილი, ქროდა საამო ნელი ნიავი. ხანდისხან ისმოდა მეცხვარეების სტვენა და იმათი ერთგული ძაღლების ყეფა. ბუნებას ამ გვარ შემთხვევაში სულ სხვანაირი ზედ მოქმედება აქვს ადამიანზე. კაცი მაშინ როგორი დარდიანიც იყოს უნდა და გული ვარამითა ჰქონდეს სავსე, მაინც გულს მოეშვება და როგორღაც ავიწყდება ყველაფერი. იმავე დროს ფიქრები დაეხვევა და გაიტაცებს ხოლმე. იმისი აზრი სავსეა შესძლებელისა და შეუძლებელის სატყვა პასუხით, მაგრამ უფრო-და-უფრო ბუნების სიტურფეზე და იმის გაუგებელ აგებულებაზედ ფიქრობს. კაცი გრძნობს, რომ რაღაც საიდუმლო კავშირია იმის და ბუნების შორის, მაგრამ რა ჰქმნას იმას ვინც არ იცის და ვერ წარმოიდგენს რაში მდგომარეობს ეს კავშირი!!.. და თუ არც ის იცის თუ რითი შეიძლება მაგისი ცოდნა, მაშინ ოცნება და შფოთვა ებრძვიან ერთმანეთსა....

— აი, ვენაცვალე შენს პატრონს ამოხველი! წამოიძახა ღამით ადრე ადგომისაგან ხმა გაბოყიანებულმა ლევანემ.

— რომელსა, ლევანევ?

— ა, იმ ცისკარსა, ბატონო.

— მერე ვისია ის ვარსკვლავი, რომ ეგრე გულიანად ენაცვალები?

— განა არ იცით, ბატონო, რად მეკითხებით? ეგ გახლავს ყველა-წმიდისა, ვენაცვალე იმის მადლსა, ყოველ კაცს ხომ თავისი ვრსკვლავი აქვს. როცა კაცი მოკვდება, მაშინ ვარსკვლავიც ჩამოვარდება და გაქრება.

— მერე შენ იცნობ. რომელია შენი ვარსკვლავი, ლევანევ?

— რა ვიცი, შენი ჭირიმე, მაგრამ მე იმთონი ვიცი, რომ აგერ იმ ბნელი ვარსკვლავებში უნდა იყოს ერთ-ერთი.

— შენ რა იცი რომ შენი ვარსკვლავი ბნელია სხვებზე?

— იმით ვიცი, ბატონო, რომ გლეხისა, როგორც ბედი მწარეა, ისეც ვარსკვლავი ბნელი უნდა იყოს, რაში არის კარგის ბედისა, რომ იმაში იყოს!....

— რითი ხარ უბედური მერე?

— ყველაფრით შენი ჭირიმე. ერთი ესღა გვაკლდა, აგერ ესეც გვეღირსა.

— რა გეღირსათ?

— აი ეს, სალდათობა, შენი ჭირმე! აბა კარგი ამბავია რაც ეს ამბავი გაიგეს: ქალები დღე-ღამე სტირიან და პაწაწია ბიჭები შიშით პურსაც რა სჭამენ.

— ნუ გეშინიათ, ღმერთია მოწყალე! ვანუგეშე დაღონებული ლეკანე, მაგრამ, საუბედუროდ, ვერც კი ვეცი კი ნუგეში; იმ დროს რაღაც ნაღველი დამაწვა გულზე და რაღაც გრძნეული ძალა ნებას არ მაძლევდა თავისუფლად სიტყვების წარმოთქმისას, მე ეხლაცა ვსწყევლი იმ ძალას, ქოქით ვიღებ, მაგრამ ჩემი წყევლა — წყევლად რჩება.....

ირაჟრაჟა, ჩვენც მივედით სოფ. ბაგრახათუნთან, ბაგრახათუნი არის პატარა სოფელი ნაშენი მთის ძირში, მშვენიერის ჭალა-მინდვრით შემკული, მტკვარი ახლოა ამ სოფელთან, აქვს პატარა ტბა, რომლის გარშემო სულ ჭალაა. მცხოვრებლები თათრები არიან (ყოფილი ქართვუელები). ბევრმა ღორმა მოხუცებულებმა იციან ქართული, კარწახედგან დაწყებული, როგორც მოგახსენეთ. აქაური გლეხები ძალიან შევიწროებულნი არ არიან; უფრო მისდევენ პირუტყვების მოშენებას, ადგილი იმ ნაირია, რომ ეს ხელობა აძლევს კარგს სარგებელს და მოსავალს ბატონებიც არ აწუხებენ, საქონლით უფრო მდიდრად არიან აქაური გლეხები.

ბაგრახათუნიდამ დაწყებული სოფელს ოლჩაჩამდე კარგა მანძილზე მთა-მინდვრები მოფენილია ახლად ამოხეთქილ ტყეებითა, რადგანაც ძველი გაუოხრებიათ. ეს ტყე მაინც ისე არ არის გაფუჭებული, რომ მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ხუთის წლის შემდეგ, ისევ მშვენიერი ტყე გაჩნდება. ბაგრახათუნიდამ, საცა ეს ხეობა იწყება, მაღლა სერზედ დგას ძველის ეკლესიის ნანგრევი და იმ ადგილს ჩაგოსტანს უძახიან ადგილას მცხოვრებნი. ისე გუოხრებიათ ეს ეკკლესია, რომ კაცს ვერ გაუგია, რა გეგმაზე ყოფილა ნაშნი. ამ გაოხრებულს ტყეს რომ მოვცილდით, ჩავიარეთ ერთი დაღმართი და მიველით სოფ. ოლჩაკს, სოფ. ოლჩაკი არტაჰანიდამ იქმნება რვა ვერსზე, მდებარეობა, ჰავა და წყლები კარგი აქვს. წინ ჩამოუდის პატარა მდინარე კალმასით სავსე. არის სოფლის გარეთ ეკკლესიის გაოხრებულივე ნანგრევი, იმ მდინარის პირზე — კლდეში მღარები და საფარები სჩანს, კლდის თავზე ეტყობა კოშკის ნაშთი. წყლის პირის ცოტა ხანს დავისვენეთ, რამთონიმე აღმართ-დაღმართი გავიარეთ და ვესტუმრეთ არტაჰანს, სანამ მივიდოდეს მგზავრი მაღლა სერიდამ მოჩანან: რამაზან-თაბი გველავერდის და გველაშენის სიმაგრეები, რომლებიც ახლა სრულობით გაუქმებული და თავ-მინებებულნი არიან, კაცი რომ უყურებს მაგ სიმაგრეებს, უკვირს, თუ როგორ და რა სასწაულით აიღეს არტაჰანი, მაგრამ როცა კაცი მოიგონებს, რომ ჩვენის ჯარის ერთგულება და თავგანწირულება უსაზღვროა; რომ ამ ჩვენ წუთის სოფელში ზოგიერთ შემთხვევის გარდა, შეუძლებელი არაფერია მაშინ კი მშვიდდება კაცი…

მეტადრე რამაზ-თაბი, იმისთანა მაღლობზე დგას და იმისთანა სიმაგრე მქონია, რომ კაცს უჩინ-მაჩინის არა, ინდოეთის ქუდიც, რომ სურებოდა, მაშინაც მაინც გაუძნელდებოდა ომის დროს იქ ცოცხლივ ასვლა…

მზის ჩასვლისას მიველით არტაჰანში — ჩვენს მგზავრობასაც ბოლო მიეცა. მე გამეხარდა, რომ მოვისვენებდი სანგრძლივის სიარულისგან დაღალული, შენ კი, მკითხველო, ვიცი ის გაგეხარდა, რომ მორჩები ამ უმხიარულო კითხვას.

ს. ბავრელი

20 ივნისს. ქ. არტაჰანი

6 ურწმუნო დიეგო

▲back to top


ურწმუნო დიეგო

ერთი ხანა კარლისტების აჯანყებისა.

(შემდეგი)[1]

II.

სენიორა ფიეროსს, როგორც ზემოთ ვთქვით, კარგი შეძლება ჰქონდა, უყვარდა მიღება თავის სახლში სან-ამარ-დე-ლოს-დებლანოს საუკეთესო საზოგადოებისა; და საუკეთესო საზოგადოებასაც უყვარდა ამის სახლი, იმისათვის, რომ ეს ისპანიის ჩვეულებისამებრ თავის სასტუმროში კაცებს ნებას აძლევდა თამბაქოს წევისას, და ჩრდილოეთასა მებრ ეს იმათ მასპინძლობდა ჩაით, ყავით და სხვ. მომატებული ახსნა, რომ ამ ქალაქის საუკეთესო საზოგადოება შესდგებოდა მღვდლებისა — ვაჭრებისა, მუნიციპალიტეტის წევრთაგან და სხვა ამგვართა პირთაგან — საჭირო არ არის.

ერთის საათის შემდეგ ადელინასთან ლაპარაკისა, დონ დიეგო გერდა შემოვიდა სინიორა ფიეროს სასტუმროში და აქ დახვდნენ: პატივცემული სინიორი პონგო, ქალაქის უფროსი, სინიორები ონოგრას და პოლოგრას, ქალაქის საბჭოს წევრნი თავისის მეუღლეებითურთ. აქ იყო ეგრეთვე წარჩინებული სამღვდელოებაც, რომელთა შორის ერივნენ ეპისკოპოსი და პატრი მალალიასიცა, ამათში არ ერია არც ერთი აფიცერი, დონ დიეგოს შემოსვლაზე თითქო ყველას გააცივა; იმან ვითომ ეს ვერ შენიშნა და დიდის პატივისცემით დაუკრა თავი სახლის პატრონს, მერე ადელინას სხვა ქალებს და ეპისკოპოსსაც კი, რომელმაც დიეგოს დიდის განცვიფრებით შემოხედა.

– მე ძრიელ მოხარული ვარ, დონ დიეგო, ჰსთქვა ეპისკოპოსმა ფარისევლობით, რომ თქვენი ქარხანა ისე სწარმოებს, როგორითაც თქვენ მოელოდით.

– დიახ, ჩვენ ყველანი მაგითი ძრიელ კმაყოფილნი ვართ, დაუმატა მამა მალალიასმა რომელიც ყოველ შემთხვევაში მზათ იყო ეპისკოპოსის აზრი გაემეორნა.

დიეგომ თავი დაუკრა ხმა ამოუღებლივ. დაჯდა და არც პაპიროსს მოუკიდა.

– ამბობენ, რომ თქვენ აშენებთ მშვენიერ შკოლას, სთქვა ეპისკოპოსმა და გამოაბოლა თავისის ალისფერის ტუჩებით თამბაქოს ბოლი.

– დონ დიეგო აცოდინებს ჩვენ ქალაქს კათოლიკეს ეკკლესიის წინააღმდეგ საიდუმლოებს, შენიშნა მალალიასმა უგულო და ცივის დაცინებით.

– დიეგოს სურს დაგვარწმუნოს ჩვენ, რომ ნახშირის ბოლი უფრო სასარგებლოა ჩვენთვის, ვიდრე სუფთა ჰაერი, შენიშნა თავის მხრით ალკადმა პონგომ.

ამ დაცინვის დროს სინიორები ონოგრასი და პოლოგრასი იმდენს ხარხარობდნენ, რომ ცრემლები მოერიათ. ესენი ყოველთვის ამგვარად იქცეოდნენ, როდესაც მათი უფროსი ინებებდა ოხუნჯობს, ამათი ცოლები კი, რომელნიც იმათზე ბევრით ყმაწვილები იყვნენ, ყმაწვილი კაცის ცოდვით იტანჯებოდნენ და ცდილობდნენ იმის გული დაემშვიდებინათ რითიმე.

— მე მიყვარს ჩარხების ხმაურობა და ქარხანის ბოლის გძელი კვამლი, ესენი ქალაქს სიცოცხლეს უმატებენ, ჰსთქვა სინიორა ონოგრასმა.

— მე კი უცხო ქვეყნის მუშების ხალხის ყურება მიყვარს, — დაუმატა სინიორა პოდოგრასმა: — ზოგი ამათგანნი ძრიელ ლამაზნი არიან.

— ძნელად შეიძლება კაცმა ყველას გული მოუგოს ღიმილით უთხრა ქალებს დიეგომ: მე გულით ვისურვებდი, რომ თქვენ ყოფილიყავით ქალაქის რჩევის წევრად ამ პატიოსანის ბატონების მაგივრათ? მაშას უსათუოდ ისე არ გამიძნელდებოდა ჩემის ქარხანის გამართვა, როგორათაც ეხლა ამათ ხელში მიძნელდება.

– ჩვენი ქალაქი კათოლიკეთა ქალაქიაო, შენიშნა ალკადმა ისეთის ამაყობით, თითქო ამან ახალი რამ ჭეშმარიტება აღმოაჩინა ბუნებითს ისტორიაშიაო და თითქო მოელოდდო, რომ მიიღებდა მრავალ უარყოფას ამ აზრზე მეცნიერებისაგანაო.

— განა ჩვენი მამები ჩვენზე ნაკლები ქრისტიანი ყოფილან, რომ მაშინები არ ჰქონიათ, დაუმატა მრისხანის ხმით სინიორ ონოგრასმა.

— პროტესტანტული შკოლები ვერას უშველიან ჩვენ ჩამომავლობას, რადგანაც ისინი ჯოჯოხეთის ღირსნი არიან, დიდის აღელვებით წარმოსთქვა იმისმა ამხანაგმა. მხიარულ ღიმილში ეტყობოდა გულ-კეთილ ეპისკოპოსს, თუ როგორ სასიამოვნო იყო ამისათვის, რომ ეკკლესიას ამგვარი თავ-განწირული მფარველნი ჰყვანდა. ბოლოს მამა მალალიასის დათანხმებით და სხვა პატრების ნებით იმან წარმოსთქვა:

— განგებას სურს, რომ ქალაქები ჩაცვივდნენ უბედურობაში ყმაწკილი კაცების მოწყალებით, რომლებიც ახალის რამის შემოსაღებად დაგიჟებულნი არიან, მე ამას არ ვამბობ დონ დიეგოზე, რომელიც, მე მგონია, მეცნიერი კაცია, მაგრამ ეს უბედურობა დროებითია, მოვა დრო და სარწმუნოება, მტრების გულის გასახეთქათ, ისევ თავის ალაგს დაიჭერს, ამაში ჩვენ გვარწმუნებს ისტორია, თუნდა სხვაც რომ არა იყოს რა.

— დიახ, დაუმატა მაღალმა, გამხდარმა პატრმა, დიდხანს გასწევს ეს უბედურობა, რომელსაც ქვეყნის სასაცილოდ ეძახიან თავისუფლებას და პროგრესის მფლობელობას, ბოლოს და ბოლოს ცუდათ მოუვა საქმე ამ კაცს, რომელმაც თავის ქარხანა ეკკლესიაზე მაღლა დააყენა.

ყოველ ამ მართალ, თუ უმართლო განკიცხვაზე დიეგომ ხმა არ ამოიღო; ეს სრულიად ერიდებოდა არამც თუ ჩხუბს, ბაასსაც კი. ამასთანავე ადელინა ხანდისხან ისეთის მუდარებით შემოხედავდა ხოლმე რომ დიეგო მოთმინებიდგან არ გამოსულიყო. სინიორა ფიერო, რომელსაც გულით უყვარდა თავისი სასიძო, მაგრამ კი საუბედუროდ რჩეობდა პატრების სიყვარულს, და მათი შიშიც ჰქონდა, სცდილობდა როგორმე შეეცვალა ლაპარაკი, და სთქვა: მე მგონი, მთვარე ამოვიდაო, ხოლო ეს კეთილი დედა-კაცი ვერ იყო ისე მოხერხებული, რომ სიტყვა ბანზედ აეგდო, ასე რომ ეპისკოპოზის მსწრაფლმა შენიშვნამ ისევ იმ გზაზე წაიყვანა ლაპარაკი.....

დიეგო გაკერპებული ჩუმად იჯდა, მაგრამ კაცობრიობის ბუნება ისე პატიოსანია, რომ ალკადიმ პონგომ, სინიორებმა ონოგრასიმა და პოდაგრასმა ამის სიჩუმე სიმხდალეს მიაწერეს და დაუწყეს დიეგოს ისე ჯავრება, როგორათაც პატარა ბიჭები იმ ძაღლს, რომელიც არ იკბინება, ისინი იქამდინ მივიდნენ, რომ ცოლებიც კი პატიოსანნი მუნაციპალიტებისა აღარ ჰხადდნენ საჭიროთ ყმაწვილი კაცის გამოსარჩლებას, რადგანაც თითონ იგი ბრძოლაზე უკან იდგა. მხოლოდ ადელინამ არ უღალატა დიეგოს და არ გადუდგა. გულ ამღვრეული ადელინა ანიშნებდა დიეგოს, რომ მოთმინებიდგან არ გამოსულიყო, მაგრამ ადელინას სიწითლე და ხშირათ მარაოს ქნევა დამტკიცებდა, რომ დიეგო ვეღარ ემორჩილება მის ბძანებას, დიეგოს თვალები ცეცხლით ენთნენ და ერთხულ-ორჯელ ძრიელ მწარის დაცინებით წამოჰკრა პატრებსა.

დიეგო მოთმინებიდგან გამოვიდა და გაწყვიტა აქამდინ თავის დამკავებელი ჯაჭვი.

— გაუმარჯოს დონ-კარლოსა! წამოიყვირა გამხდარმა პატრმა, როცა ბაასი გაათავა და გამოწვევით შეხედა დიეგოს.

— გაუმარჯოს ისპანიას! უპასუსა დიეგომ მაღლის ხმით და თვალი თვალში გაუყარა.

ამ სიტყვებზე სუყველანი ფეხზე წამოდგნენ, თითქო რაღაც ძალამ უნებურათ ააყენაო. მხოლოდ ეპისკოპოსი დარჩა თავის ადგილას და არ წამოდგა.

— ჩვენ შორის მოღალატე და მაბეზღარია! დაიყვირა სინიორ პონგომ, გულმოსულობით ხელების ქნევას მოჰყვა და სიფთხილით განზე გაუდგა საშიშარს მტერსა.

— დიახ, ჩვენში მოღალატეა, რომელიც მადრიდში დაგვაბეზღებს, რომ სან-ამარ-დე-ლოს-დებლანოს მართველნი მუხთლობენო! ვაებით წარმოჰსთქვა სინიორ ონოგრასმა.

— ეს ბატონი დაიბარებს ჯარს ჩვენს ჩასჩუმებლათ! დაიღრიაღა სინიარ პოდოგროსმა და ხელს ამოეფარა.

ქალებმა არ იცოდნენ რა ექმნათ და ისინიც ფეხზე წამოხტნენ. ადელინა მივიდა დიეგოსთან, მხარზე ხელი დაადო და, ეხვეწებოდა ნუ გაანჩხლდებიო. კეთილმა ეპისკოპოსმა კი არ დაიშურა რამდენიმე სიტყვა დიეგოსთვის, რომ ცეცხლი უფრო მეტად წაეკიდნა.

— ვიყვნეთ მოთმინებით, ბატონებო! თუ უფალი დიეგო დაგვაბეზღებს ჩვენ, ეგ მაგითი მარტო თავის მოვალეობას ასრულებს. ჩვენ კი ყველანი მზათა ვართ მივიღოთ წვალების გვირგვინი ჩვენის სარწმუნოების გულისათვის. მე კი ჩუმათ ვამბობ, რომ მზათა ვართ მივიღო ეხლავ ჩემი სატანჯელი. და ნამდვილის ქრისტიანობრივის სინარნარით გადააგდო პისკოპოსმა პაპიროსის ნამწვი და სხვას დაუწყო კეთება.

— თქვენ აქ გიფარავთ თქვენი ანაფორა და ქალების ყოფნა, სიცხარით უთხრა დიეგომ პატრებს, და თუ გსურთ, განიმეოროთ თქვენი სიტყვები ცალკე ჩემთან, მე შეგისრულებთ მაგ სურვილს.

— ო! დიეგო! დიეგო! ადელინა საცოდავად, როგორც ფოილო, გაყვითლებული ეხვეწებოდა დიეგოს და ორივე ხელით მხრები დაუჭირა.

— მე გთხოვთ, დაწყნარდეთ, დონ დიეგო! შიშით უთხრა სინიორა ფიერომ.

— დიახ, დონ დიეგოვ, მე გირჩვეთ თავი შეიმაგროთ, ქადაგების კილოთი დაუმატა ეპისკოპოსმა, რომელიც ყოველთვის მზათ იყო მორიგება და სიმშვიდე ჩამოეგდო: ჩვენ, პატრები მოგიტევებთ, ოღონდ ქალაქის პირველს მოთავეს მაინც ნუ შეაწუხებთ.

— ჰო, დონ დიეგო, დაგვარწმუნეთ, რომ თქვენ სამოქალაქო მთავრობას მაინცა ჰსცემთ პატივს, თუ ეკკლესიისა აღარა გწამთ რა! კვერი დაუკრა, მამა მალალიასმა, ეპისკოპოსის, ვითომ მშვიდობის მსურველობასა.

დონ დიეგოს, გაჩუმება უჯობდა, მაგრამ სისხლი უდუღდა, სული ყელში მოებჯინა, და ამისთვის მოუთმენლათ განთავისუფლდა ადელინას ხელთაგან, მივიდა სტოლთას, საცა შიშით ჩამოეცალნენ მუნიციპალიტეტის წევრნი და იქ წარმოთქვა გაცხარებულის მხნეობითა: მე რა მახსოვს რა, რომ დანაშაული მქონდეს რამე ვისთანმე, აქ მყოფთან, და ამისთვის სხვა ნაირად ვერ ამიხსნია თქვენი გასაოცარი ქცევა, ჩემი თქვენგან ლანძღვა და ავად ხსენება, თუ არ იმითი რომ თქვენ ან არ მოგწონთ ჩემი აზრები და ან სულ სხვა მნიშვნელობას აძლევთ. ვისაც ჩემი გული სიძულვილი აქვს, მე იმათთვის სათქმელი რა მაქვს რა, და ამათ კი ვინც მე არ მიცნობენ, მე ვეტყვი, რომ თავის დღეში არა მქონია, არც ერთი ჰაზრი, რომელსაც პატრიოტული განძრახვა არა მქონია, მე ვარ კათოლიკე და ლიბერალი, მაგრამ ყველაზედ უწინარეს მე ისპანიელი ვარ, — და ძლიერ კარგათაც ვიცი, თუ რა დღეები გამოიარა ჩემმა სამშობლოში ამისათვის მე იმ კაცს, რომელიც მოინდომებს ძველის დროების დაბრუნებას ისპანიაში, ისპანიის ნამდვილ მტრათა ვხადი მე თქვენის გაბედულის ლაპარაკიდგან ცხადად ვხედავ, რომ კიდევ მზადდება კარლისტების არეულობა, და გარწმუნებთ, ეგ მე სრულიად არ მაწუხებს. სასარგებლოა, ერთი და უკანასკნელი შეტაკება კიდევ მოხდეს ძველსა და ახლებს შუა, ესე იგი იმათ შუა, ვისაც სურს, რომ მოუბრუნოს. ინკვიზიცია და ჩვენ შუა, რომლებსაც გვსურს, რომ ჩქარა დავინახოთ ჩვენი სამშობლო თავისუფლად და აყვვებულად; რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიჭიროს ღირსეულად თავისი ალაგი სხვა განათლებულ სახელმწიფოებთ შორის. ვაი ჩვენ, თუ თქვენ გაიმარჯვებთ! მაგრამ რა ვაი?! მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დაგამარცხებთ. თქვენ ხართ მოთავენი წარსულისა, და ნათლად ხედავთ თქვენის მოქმედების შედეგს, ყოველი ქვეყანა, დაწყებული ისპანიიდგან, რომელნიც კი ხელთ მძღვანელობდნენ თქვენის მოძღვრებითა და დედა-აზრით, შეუყენებლივ და სწრაფად მიდის დამხობის გზაზედ. რაც კი ჩეენ შეგვეხება, ჩვენთვინ სულერთია ამედეი ზის ხელმწიფის ტახტზე თუ სხვა, ჩვენ ამედეის პატივ-გცემთ, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ხალხისაგან ამორჩეულია, და ვინც კი იმას აუჯანდება, კორლისტები, მონპანსიენელები თუ ალფონსისტები, ჩვენ ყველას ვხადთ ავაზაკებათ და საზოგადოების მშვიდობიანობის დამრღვეველად. თუ იკითხამთ ვიზედ ვამბობ „ჩვენ“, მე გეტყვით, რომ ვამბობ სუყველა ისპანიელზედ, რომელიც კი თქვენს წინააღმდეგ გამოვა საბრძოლველად იმ დროს, როდესაც თქვენი უღვთო არეულობა დაიწყობა, თქვენ მხრივ იქნებიან ერთი ისინი, რომელნიც თქვენის ძველის მართველობით არიან დაბრმა ვებულნი და მომეცით ნება დაუმატო წმინდის ქრისტიანის გულოთ, — და მეორე ის მოძღვრები, რომელნიც ხალხს ერთმანეთს უსევენ და უკანონობას ჰსჩადიან და რომელნიც ღირსნი არ არის, რომ ქრისტეს ეკკლესიას ემსახურებდნენ, ყველა თქვენგანნი, რომელნიც კი წინასწარმეტველების სწავლას ამცირებს იმ მოძღვრებამდე რომ ჰქადაგბოთ არეულობა მოახდინოს იტალიაში, ირლანდიაში, სამხრეთის ამერიკის რესპუბლიკებში და ან აქ ისპანიაში, არ არიან ღირსნი პატივის ცემისა არც ერთის პატიოსნის კაცისაგან.

ამ პატარა ბაასმა არავითარი ზედ-მოქმედება არ იქონია აქ მყოფებზე. სინიორები პონგო, ონოგრასი და პოდოგრას ძრიელ ნათლად იყვნენ თავიანი თავის უმჯობესობაზე და ამის გულისთვის დიეგოს სიტყვები სისულელთ მიიღეს. ეპისკოპოსი და პატრები, ამაოდ მორწმუნოებით დაბრმავებულნი, დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ უმანკოებაზედ და ამისთვის მრისხანებით შეხედეს დიეგოს. ამ გვარის გიჟურს და უწმინდურს ლაპრაკსა. მარტო ქალებმა შეისმინეს დიეგოს ჭეშმარიტი სიტყვები და გულს მოხვდათ კიდეც. ცოლები ონოგრისისა და პოდაგრასისა შიშით პირჯვარს იწერდნენ, სინიორი დიურო კანკალით აქეთ-იქით იყურებოდა და ადელინა ცხარის ცრემლებით სტიროდა.

დიეგომ დაინახა საჭიროდ ამ არეულობიდგან გაცლა, გამოეშვიდობა სახლის პატრონს, იმის ქალს და სხვა ქალებს, კარებში შესდგა და ცივათ მიმართა სინიორ პონგოს:

— მე თქვენ ათს წამს მოგიცდით ქუჩაში, სინიორ ალკადო, თუ გსურთ, შეგიძლიანთ თან გამომყევით.

— ამისთანა ყმაწვილი და ასეთი ურწმუნო, წარმოსთქვა ეპისკოპოსმა გაოცებით, როდესაც დიეგომ კარი გაიხურა. — საძრწუნოა ის აზრი, ბატონო, მიუბრუნდა სინორა რიერას: რომ ეს დაწყევლილი ყმაწვილი კინაღამ — არ გახდა წევრი თქვენის კეთილ-მორწმუნე ოჯახისა!

სინიორა ფიერომ არა უპასუხა რა, თითქო გაქვავდაო, ადელინა ხმა მაღლმა ღრიალებდა რაც შეეხება სინიორ ალკადას, ეს ორის საათის განმავლობაშიაც არ მოსულა ფიეროს სახლიდგან, და ბოლოს როდესაც გაბედა ქუჩაში გასვლა, შიშით სულ აქეთ-იქით იყურებოდა.

გაბაშვილი

(შემდეგი იქნება)

___________

1 „ივერ.“ № 25. 1878 წ.