ივერია (39)1877.24.11



1877.24.11

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

ტფილისი. ბერჯელ თქმულა ჩვენს ჟურნალ-გაზეთობაში, რომ ზოგან მომრიგებელთ მოსამართლეებს ვალში დაუყიდნიათ გლეხთა ვენახები და სახლ-კარი და გლეხნი ხელცარიელნი დაუსვავთ. მომრიგებელნი მოსამართლენი არც იმას მოჰრიდებიან ამ შემთხვევაში, რომ იგი ვენახები და ბინადროიტის ადგილი სახელმწიფო, საეკლესიო და საბატონო ყოფილა და გლეხს სჭერია მხოლოდ სახმარად. ამისთანა წინდაუხედავმა, ულმობელმა და უკანონო ქცევამ მოსამართლისამ ის მოახდინა, რომ აუარებელი რიცხვი გლეხთა, ნამეტნავად თელავისა და სიღნაღის მაზრაში, ცის ანაბარად დააგდო, აკიდა ზურგზედ მთხოვარის გუდა, წადი და ყველგან დარჩები, ქვეყანა ღონიერიაო. ეს მით უფრო გულის აღრევი და შეუნდობელი ბოროტებაა, რომ კანონით აკრძალულია კაცს ის გაეყიდოს, რაც მის კუთვნილება არ არის. მაგრამ კანონებში გამოქნილმა ჭკუამ აქაც სახტომი უპოვა ვითომ კანონს და ამ სახტომს ყური არავინ ათხოვა, თუმცა კი ეგ სახტომი პირველ დანახვითვე ბაშვის ჩხირ-კედელაობას ჩამოჰგავს. მომრიგებელთ მოსამართლეებმა ის გზა უშოვეს ზემოხსენებულს კანონს, რომ გასყიდვის სიგელში მოიხსენეს „გასასყიდად დანიშნულია მამულის ხმარება უმამულოდო, ანუ ვენახიო უმიწოდ.“

როგორ მოგწონთ, ბატონებო, ჭკუის გამჭრიახობა! ეს იმასა ჰგავს, რომ იყიდება ცოცხალი ცხენი უმუცლოდაო. ასეთი სასაცილო ამბავი და მოქმედება, არამც თუ არავინ შეაყენა, არამედ უშაღლესთა სასამართლოებმა ამ გვარი გასყიდვის სიგლები დაამტკიცა კიდეც და მსყიდველს კანონიერი ნასყიდობის სიგლები ჩააბარა, ვინ იყო ამისი პატრონი და გამჩხრეკი? სახელმწიფო საქმეთა გამგეობამ (Управленiе Госуд. Имуществами) ყური მიიყრუა მასზედ, რომ ასე უკანონოდ სახელმწიფო და საეკკლესიო მამულები იყიდებოდა და თუ სადმე კიდევ ვინმე ჩიოდა ამ ბოროტებაზედ, ისევ თავად აზნაურობა. ჩვენ ვიცით მაგალითი, რომ ერთმა თავადმა უჩივლა მომრიგებელ მოსამართლეს, საქმე პალატამდე მიიყვანა და პალატამ გააუქმა მომრიგებელის მოსამართლისაგან დადგენილი განაჩენი გლეხის სახლკარის გასყიდვის თაობაზედ.

ამ კანონის ბოროტად მოხმარებამ დაღუპა მრავალგან გლეხი, მრავალგან მოუშალა ბინა, ცოლ-შვილი უსახლკაროდ, უმამულოდ დაუგდო და გუშინდელი მამულის მხმარებელი კიცი, დღეს მთელის სახლობით ბოგანა კაცად გახადა. ამბობენ, ყოფილა თურმე იმისთანა მაგალითები, რომ ესე ხელცარიელად დარჩომილი გლეხი უილაჯობით იძულებულ ქმნილა თავისი შვილი თუ ქალი ლეკებისათვის მიეყიდნოს და მით მეტი მჭამელი თავიდამ მოეშორებინოს. ჩვენ ვიცით, რომ მთელი ერთი სახელმწიფო-გლეხთა სოფელი სიღნაღის მაზრაში გაყიდულია ამ გვარად და ერთს სიღნაღელს სომეხსა აქვს ნასყიდი ჩალის ფასად. ისე გაუბეგრია უილაჯო გლეხები თურმე, რომ ნეტარ ხსენებული და ცხონებული ბატონ-ყმობა ამასთან სამოთხეაო.

რად უნდა დაიღუპოს ეგრე გლეხი და რად მივიდა საქმე იქამდინ, რომ გლეხნი ესე გაქელვინეს უკანონობას? რატომ ამაზედ ხმა არ ამოიღო სახელმწიფო ქონებათა გამგეობამო (Управленiе Госуд. Имуществами), იკითხავს მკითხველი. გლეხ-კაცის უმამულოდ დარჩომას ხომ ზარალი მოსდევს სახელ-მწიფოსათვის, რადგანაც გლეხია მარტო ხარჯის მხდელი და გარდა ამისა, დიდს უბედურებასაც შეადგენს თვით ქვეყნისთვისაც, და რატომ ყური არ ათხოვეს? რატომ არ ათხოვეს ყური იმას მაინცა, რომ ამ უკანონო გასყიდვისა გამო სახელმწიფოს მამული ეკარგება და გლეხი მის პირ-და-პირი მხმარებელი ბოგანა კაცად ხდება? ნუ თუ სახელმწიფო ქონებათა გამგეობამ ესე ყოველი არ იცოდა და არც დღეს იცის! თუ სადმე საწყალი გლეხი სახელმწიფო ტყეში ოლეს რასმეს გამოჰსთიბამს ანუ მოხნავს, ამაზედ ერთს დიდს მიწერ-მოწერას გამართვენ მეტყევები და სხვა აგენტები გამგეობისა, გლეხს სამართალში მისცემენ და ერთს ყოფას და ამბავს ასტეხენ ხოლმე, — რატომ მაშინ ხმას არ იღებენ, როცა ამოდენა მამულები დევიდა სახელმწიოოს და გლეხის ტვინის მწოველთა წურბელების კერძო საკუთრებად გახდა.

ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ტფილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა გამგეობამ იცის ესე ყოველი ფერი, ვიცით, რომ ბევრს გლეხს, ამ უკანონობით სულ ცარიელად დარჩომილს, მიუმართავს გამგეობისათვის, გამგეობას ამ საგანზედ ოქმებიც შეუდგენია და ბოლოს სტოლს ქვეშ ამოუდია. დღემდე გამგეობა ვურსაც არ იბერტყავს, რომ გლეხებს ისევ დაუბრუნდეს უკანონოდ ჩამორთმეული მამულები. მიდიან და მოდიან თურმე ტფილისში ილაჯ გაწევეტილნი გლეხნი, ემუდარებიან გამგეობას გვიშველეთ რამეო, გამგეობას იმის მეტი არა უნდა რა, რომ ოლქის სასამართლოში საჩივარი შეიტანოს და გააუქმებინოს უკანონოდ გაყიდულის მამულების სიგელები, მაგრამ სახელმწიფო ქონებათა გამგეობა სულ ხვალეს იძახის და საწებლი გლეხობა კი პირ-დაღებული ცას შეჰყურებს და ვისაც შეეყრება ხოლმე, ჰკითხავს: ეს ხვალე არ იცით რა დღეა და როდის მოვაო?

(„ივერიის“ კორრესპონდენციები.)

ქუთაისი. ქუთაისიდამ იწერებიან 17 ნოემბერს: „ჩვენ ქუთათელნი სიძვირეზე ვჩივით. საჩივლელია როცა ოყა (სამი გირვანქაა) უვარგისის ხორცისა ექვს შაურად არის, მაგრამ უთავბოლოდ და გაურჩევლად კი ვსჩივით... საწყალს გლეხს, რომელსაც ფირმა საქონელი გაუწყვიტა და ამის მერმედ ხან სახედარით, ხან ჭირს გადარჩენილის უღელის ხარით 30-40 ვერსტის სიშორიდამ მოაქვს გასასყიდი რამ ქუთაისში და თან თრთის, ვაი თუ ეს უღელიც ქალაქში ჭირმა გამიწყვიტოსო, საწყალს გლეხს მეთქი ჩვენ ვახჩობთ და ვაგინებთ ფასზედ ათი შაური რად მოუმატეო; მართლა და სახრჩობელს და საგინებელს კი უანგარიშოთ ვაყრით ფულსა. აი თუნდ, მაგალითად, ავიღოთ ცირკი — ეგ უზნეო და უგონო თვალთმაქციობა. ეს ცირკი სახელწოდებით „ამერიკანული ცირკიო უფ. მანლეისა და ჟერარდისას ორი თვე ნახევარი რაც ქუთაისს ჩამოეთრია და ყოველ დღე ვარჯიშობს ჩვენის ჯიბების დასაბერტვად. ნეტავი რიგიანი წარმოდგენა მინც იყოს! ხალხი ყოველ დღე მრავალი დადის, ასე რომ ცირკის გამგებელთ კაი გამორჩომა უნდა ჰქონდესთ. გარდა ამისა ქუთაისის წინ დაუხედავი და უაზრო არისტოკრატები ყოველს ღამეს საჩუქარს რასმეს მიართმევენ ხოლმე ზანგს ლოპეცს, რომელიც თუმცა თავის საქმეზედ გვარიანია, მაგრამ სხვებს ცირკში მოთამაშეებს დაუტარდება. ნეტავი ქველის საქმისათვის იყვნენ ეგრე გულ-უხვნა! აბა ერთი საზოგადო საქმასივის მოსთხოვეთ რამე! გროშს არ გაიმეტებენ!

იმერეთი და გურია. „წლევანდელს მოსავალს სამ ნაირი დრო დაურთო: პირველად მოსავლის პირი მშვენიერი იყო და იმედს გვაძლევდა ჭირნახულის ბლომად მოსვლისას, მერმე დადგა სანგრძლივი გვალვა და ვისაც კი რაიმე ქონდა დათესილი გაუხმო. და ყოველივე იმედი გაუქარწყლა. ბოლოს ხელახლად დადგა ჭირნახულისათვის კეთილი დარი და მოსავლის პირი გამოიცვალა. რაღაც ბედათ, გარდა რამოდენთამე გვამთა ყველას გვიან მოუხდათ დათესვა, ასე რომ გვალვის დროს თესლი უთავთავოდ იყო და როდესაც კაი ტაროსი დადგა, ყანებმა უცებ იცვალეს ფერი: გუშინდელი თითქმის მიმჭკნარი სიმინდი და სხვა ამგვარი გადამწვანებულს, თავ-გაშლილს და მშვენიერს სანახაობას წარმოადგენდა. ამ რიგმა ამინდმა გასტანა და ბლომად მოსავალიც მოვიდა. სიმინდი ომიანობის გამო კარგად თყიდება და თუმცა ფასმა ყოველფერზედ აიწია უსინიდისო, ვაჭართა შეთქმულობით; თუმცა გლეხი რასაც წინად აბაზად ყიდულობდა, დღეს ოთხ აბაზად ყიდულობს და ამის გამო გაჭირვებულ ცხოვრებაშია[1] , მაგრამ იგი დალოცვილი თავის მხრით ფასს არრას უმატებს და ეხლანდელს დროში ბათმანს სიმინდს ყიდის აბაზ−ნახევარ შაურად და ფქვილს ხუთ შაურად. მეტი კიდევ გინდათ დასამტკიცებლად, რომ იგია

„ერი პურდი, გულადი, მებრძოლე შავის ბედისა?..“ ყოველგან ლიხის მთის აქედ პირუტყვის ჭირმა რაკი ამოწყვიტა, რისიც ამოწყვეტა შეეძლო. რასაკვირველია „მასუსტდა“.

ი-ა ი-ძე

- ჩვენ შევიტვეთ, რომ სიღნაღის მაზრაში ერთს ვიღასაც გამოჰსჩენია ყალბი ოც-და-ხუთ მანეთიანები, რომელიც მისთვის შეუპარებიათ ქალაქის სირაჯებს ღვინის ფასში. ამაზედ გამოძიება არის თურმე დანიშნული და შეწამებული კაცი და მასთან ორიოდე სომეხიც ამ საქმეზე სამართალს ხელში ჩაუგდია.

— ჩვენ შევიტვეთ, რომ სოფლებში ყალბი აბაზიანები თურმე გახშირდა. ამას წინად რამდენიმე ამისთანა ყალბი აბაზი თიანეთის მაზრაში გამოჩენილა, იქაურ მაზრის უფროსისათვის წარუდგენიათ და მაზრის უფროსიც შესდგომია, რომ ამ ყალბის აბაზების თავდაპირველი გამომღები იპოვოს. ჩვენ ვურჩევთ ხალხს, რომ აბაზიანების მიღების დროს კარგად ჰსინჯოს და ისე მიიღოს, ყალბი აბაზიანები ისე კარგად არის გაკეთებული, რომ თვით ამა ცნობის გადმომცემელი მოტყუებულა, მაგრამ კაცმა კარგად რომ დააკვირვოს თვალი კი შეატყობსო. ყალბი აბაზანები თურმე კალისა არის.

____________

1 სიძვირის მეტი იმერეთის, სამეგრელოს და გურიის გლეხს არაფერი აწუხებს: იგინი, ღვთის მადლით, არ იცნობენ ალექოებს, ავეტიქებს და სხვას ამგვაისა. (კორრესპონდენტი).

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

საფრანგეთი. დღე და დღე საფრანგეთის საქმე უფრო მძიმდება და განსაცდელი ემატება. ერთის მხრით მშვიდობის მოყვარეს და უფრო გონიერს ნაწილს საფრანგეთისას ძილს უფთხობს შიში რევოლიუციის კვეთებასა, მეორეს მხრით — შიში მისი, რომ უჯიათი და წინ-დაუხედავი მაკ-მაჰონი რესპუბლიკას ბოლოს მოუღებს ჯვრის შემწეობით. პირველის შიშს, ჩვენის ფიქრით, საბუთი არა აქვს, რადგანაც რესპუბლიკელნი მეტად ცდილობენ, რომ მშვიდობიანობა არასგზით არ დაირღვას. მეტად სიფთხილით, გონიერად და ზომიერად იქცევიან. მეორეს შიშს კი მძლავრი საზუთი აქვს. ჯერ როცა პალატის კრების დღე მოახლოვდა და თვით კრების დღესაც, მაკ-მაჰონის ბძანებით, ჯარები თოფ-იარაღს ქვეშ ყოფილან, ცხენოსან ჯარს 2 და 3 ნოემბერს საღამოს 7 საათამდე ცხენები შეკაზმულნი ჰყოლიათ და ჯარისთვის ტყვია წამალი ერთი ორად მეტი დაურიგებიათ. ეს ნიშნები მეტად ავ-გუნებისანი არიან.

ამ ჟამად სხვა და სხვა დასნი საფრანგეთის წარმომადგენელთა იბრძვიან პალატში და სენატში. მთავრობა ძალიან ცდილობდა, რომ ამ ორთა უმთავრესთა საქმის გამგებელთა შორის შუღლი რამ ჩამოეგდო და ერთი მეორისათვის გადაეკიდნა და პირში მიეცა. ეს გულის წადილი აუსრულდა კიდეც მთავრობას და დღეს სენტი პალატს ეურჩება და ეწინააღმდეგება. თვითონ მთავრობა ცხადად იწვევს პალატს საომრად. ეს იქიდამ ჰსჩანს, რომ ძველის სამინისტროს გადადგომის შემდეგ მაკ-ჰონმა ახალი შეადგინა იმ გვამთაგან, რომელნიც ხალხის წარმომადგენელთა უმრავლესობას არ ეკუთვნის. ეს წინააღმდეგია ყოველივე წესისა და რიგისა, საცა კი კონსტიტუცია არსებობს. მაგრამ მაკ-მაოჰნს წესის და რიგისა რა ჯავრი აქვს, იგი მხედარი კაცია და მუშტზედ უნდა იყურებოდეს.

ესეა თუ არა, ხოლო ეს კი აშკარა, რომ მაკ-მაჰონი ბონაპარტიელებს სულს უწყობს და წყალობის თვალით უყურებს. ამ მოკლე ხანში მაკ-მაჰონის შინა-კაცი და მდივანი ნაპოლეონის შვილთან ყოფილა გაგაზავნილი ინგლისში. ამბობენ, ახალი სამინისტროცაო სულ ბონაპარტიელთაგან არის შემდგარიო. ყოველ მის გამო ბონაპარტელებს დიდი იმედი გაღვიძებიათ, ჩვენ გავიმარჯვებთო. როცა მაკ-მაჰონს პრეზიდენტობის ყავლი შეუთავდებო, ესე იგი, 1880 წელსა მაშინ იმედი აქვთ, ხალხს ეკითხება და ხალხს საფრანგეთის ტახტზედ დააყანებს ნაპოლეონის შვილსო. ნაპოლეონის შვილსაც ამ ამბეზედ საღერღელი აშლია და უთქვამს: ოღონდ ხალხს კი ეკითხოსო და რასაც ხალხი ინებებს, თავს მოვიხრი და დავემორჩილებიო.

ამას წინად მოხსენებული იყო ჩვენს გაზეთში, რომ ალბერტ გრევიმ, რესპუბლიკელმა, პალატში წინადადება შიტანა, რომ ყოფილი სამინისტრო მაკ-მაჰონისა გამოძიებას მიეცესო. ბოროტ მოქმედობისთვისაო არჩევანის დროს. ამაზედ პალატში დიდი და ცხარე ბაასი გაიმართა, მანისტრებმა, რომელიც მაშინ ჯერ გადამდგარნი არ იყვნენ, უკანონობად ჩასთვალეს გამოძიების დანიშვნა და სამინისტროს მოთავემ ჰერცოგ ბროლჰიმ ძალიან მოხერსებული სიტყვა წარმოსთქვა ამის თაობაზედ, და თავის სიტყვა. ამით დამთავრა „ეხლა, თუ გინდათ, დაიწყეთ გამოძიება. მე, როგორც მთავრობის წევრი, კანონის სახელით უარ-ვჰყოფ და ვეწინააღმდეგები მაგ გამოძიებას როგორც მამულის-შვილი საქვეყნოდ ვამბობ, რომ მაგ გამოძიებით მოგროვილნი ცნობანი ტყუილნი იქმნებიან; მე ამას ვსჩივის წინაშე ისტორიისა და ჩვენის ქვეყნისა, გამნეტამ უპასუხა ბროლის.

„თუო, ჰსთქვა გამბეტამ: ალბერტ გრევის წინადადებას საბუთი მოუმატა, ეგ საბუთი არის მოხერხებული და ეშმაკური სიტყვა ეხლა აქ წარმოთქმული ბრონ ლისაგან, რაც ბროლიმ ჰსთქვა, მასში ცხადად ისმის რომ მინისტრები უჯიათობენ და უყრჩებიან ჩვენის ქვეყნის ნებას და ეგ უჯიათობა და ურჩობა შვიდი წელიწადია მასსავით დაეგო ჩვენს ქვეყნას, რომლიც ცდილობს მაგ მასისაგან თავი დაისხნას როგორმე. 1876 წ. ბროლი ამბობდა, რომ საფრანგეთი მოატყუეს მაკ-მაჰონის სახელითო; დღეს კი იძახის, რომ 1877 წ. არჩევანი მოახდინეს მათ, რომ ხალხს აშინებდნენო. იგი გვიმტკაცებს ჩვენ, რომ ეხლანდელი პალატი შემდგარია მის გამო, რომ ხალხს აშინებდნენო, თუ ამგვარს პალატს არ ამოარჩევთო, ომი სტუდებსო. ეს ეშმაკობით სავსე სიტყვა პირველზედ უარესი და უპატიოსნოა, და თუ პალატის ხელმეორედ დაითხოვენ, ისევ ეს ბოლო ექმნება. ჭეშმარიტება იმაშია, რომ 16 მაისს ხალხის წარ მომადგენელთა უმცირესობამ ძალად ჩაიგდო ხელში უფლება; აი აქ იყო ბოროტად ხმარებული სახელი მაკ- მიონისა, აი აქ იყო ბოროტ-მოქმედება, რომელიც არ მოერიდა მძიმე საქმეს და საქმე უფრო მთავრობამ ძალად გამოჰსტაცა სენატს პალატის დათხოვნის ნება-რთვა და ამით ისარგებლა მთელი ხუთი თვე, პირში ბურთსა ჰსჩრიდა ხალხს მოსყიდულის გაზეთებით და დაბეჭდილის წერილებითა. ერთი უნდა ვიკითხო: საიდამ შოულობდა მთავრობა ფულს, რომელიც საჭირო იყო ამ გვარის ქცევისთვის? (პალატის მარცხენა მხარემ, ესე იგი, რესპუბლიკელთ დასმა ეს სიტყვა მოუწონა გამბეტას). სამღვდელოებაც კი ფეხზედ წამოაყენა მთავრობამ თავისის წადილის აღსასრულებლად და ამ სახით ღვთის მსახურნი სამინისტროს მოსამსახურებად გარდააქცია.

„ყოველმა მან 40 ადგილი მოუპოვა სამინისტროს ქურდობისა და ფლიდობის შემწეობითა. (ქება მემარცხენეთაგან, მემარჯვენენი, ესე იგი, რესპუბლიკის წინააღმდეგნი ყვირიან და ყვირილით უნდა ხმა გააწყვეტინონ გამბეტას. პალატის პრეზიდენტი ჰსთხოვს გამბეტას უკანასკნელი სიტყვები ახსნას) გამბეტა ამბობს: ვიდრე გამოძიება არ გაამტყუნებს ჩემს სიტყვებს, მე რაც ვჰსთქვი, აღარ გადავჰსთქვამ. მთავრობა აშინებდა ხალხს, რომ არეულობას მოახდენენ რესპუბლიკელნიო და მის ვრცელს ამბებს აწერინებდა კალმით, რომელიც დაქრთამული და მოსყიდული ჰქონდა შინა-საქმეთა მინისტრსა. რა სახელი უნდა დაერქვას ამ ჩირქიანს ქცევას, რომლის ვექილობაც ვერავინ გაბედა, როცა მთელი ქვეყანა ჰკიცხავდა? (ქება). მთავრობას არ უნდა დაჰვიწყებოდა, რომ ღირსეულმა უფლებამ თვისთა მოპირდაპირუთა ღირსებაც უნდა დაიცვას და არას დროს თავი ისე არ უნდა დაიმდაბლოს, რომ ჟურნალ-გაზეთობა ცილის მწამებელი საშულებით გახადოს.“

გამბეტამ დაუმატა, რომ მე წარვუდგენო გამომძიებელთ რა ცილებიც შემწამეს. მეო, ჩემზედ მთავრობა რა ხმებსა ჰყრიდო და ბოლოს ამობს:

„მე არც ერთის წოდების კაცი არა ვარ; მე ვარ კაცი ჩემის დროებისა, პრეზიდენტი სამინისტროსი მაგეთი კაცი არ არის. იგი პონაპარტიელების ნების მიმდევარი კაცია, იგი შეიქმნა მათის ნების აღმასრულებლად, იგი ცდილობდა სასული ეშოვნა იმისთანა ქცევითა, რომელიც მარტო იმპერიის საკადრისია.“

ამის შემდეგ გამბეტა ამტკიცებდა პლატის წინაშე, რომ გამოძიების დანიშვნა კანონის წინააღმდეგი არ არისო; რომ უკანონობა ის არისო, თუ სუსტი ხალხის სურვილს ყურს არ ათხოვებსო და ხელმეორედ დაშლის ეხლანდელს პალატსო.

ბოლოს გამბეტამ ამით დაასრულა თავისი სიტყვა: „მე გიწვევთ ყველას ვინც კი სართ, კონსერვატორები, თუ ლიბერალები, გაფიცებთ ვისაც კი გსურთ მშვიდობიანობის ჩამოგდება, რომ თავს იდვათ თავისუფლების საქმე და ჩამორთოთ უფლება ამ უფლების უღირს სამინისტროსა“.

გამბეტას სიტყვის შემდეგ გაიმართა კინკლაობა რესპუბლიკელთა და მის მოწინააღმდეგეთა შორის, ზოგმა უმართებულო სიტყვაც იხმარა და ბოლოს საქმე იმით გათავდა, რომ პალატამ გამოძიება დანიშნა ხმითა უმრავლესობით.

ამ განაჩენის შემდეგ ბროლი და მისი ამქარი ძალიან ცდილობდნენ სენატში, რომ სენატმა ეს პალატის განაჩენი უკნონობად იცნოს. სენატშიც ამ საგანზედ ცხარე ბაასი გაიმართა, რესპულლიკელნი ამტკიცებდნენ. კანონიერებას და წინააღმდეგნი უკანონობას. ბოლოს ხმითა უმრავლესობით სენატმა პირდაპირ არა, მაგრამ ღობე-ყურეს მოდებით კი, ამცნო საფრანგეთს, რომ პაელატის ქცევა ამ შემთხვევაში უკანონოა.

ხალხის წარმომადგენელთა შორის ამ უკანასკნელს დროს ხმა დადის, რომ სენატი ამ პალატის დათხოვნაზედაც უარს არ იტყვისო. რესპუბლიკელთ დიდად ეშინიანთ თურმე, აი ერთს მშვენივრს ღამეს წამოგვივლიან და დაგვიჭერენო. მაგრამ მაკ-მაჰონს დაუბარებია სენატისა და პალატის პრეზიდენტები და დაურწმუნებია, რომ ეგ ტყუილ-უბრალო ხმებიაო, შიში ნურაფრისა ნუ აქვთო.

ინგლისი. აი რას იწერება ერთი კორრესპონდენტი ინგლისის პოლიტიკის თაობაზედ: „ისტორიამ ბევრი მაგალითი არ იცის იმისთანა, რომ ერთს ღამეს ისეთი ძლიერი ციხე-სიმაგრე აღებულ იქმნას როგორიც ყარსია. მეომართა მიხედვით იერიშით აღება ყარსისა დიდი და ბრწყინვალე საქმეა ჩვენის საუკუნისა. საპოლიტიკო მნიშვნელობითაც ყარსის აღება მეტად დიდი საქმეა ასე, რომ ამ ჟამად ყველას ენაზედ ადგა, — მის შემდეგ ინგლისი რა გზას დაადგებაო და რასა იქმსო, ლორდ ბიკონსფილდის გაზეთმა, „Morning Post“-მა ამოიღო კიდეც და ამბობს, რომ ყარსის აღებამ ინგლისის ინტერესებს ძირი შეურყიაო. საჭიროა გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ 1854-4855 წ. ინგლისის თვალში ყარსს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ისე დიდი რომ ინგლისმა ამ ციხის გასამაგრებლად თავისი ჯარიც მიაშველა და უკეთესი თვისი ღენერალი ვილიამსი გაგზავნა და ერთობ დიდს ცდაში იყო, რომ ეს ქალაქი არ წაერთმევოდა ოსმალებს. ყარსის აღება ისეთის მნიშვნელობისა არის, რომ ინგლისი ხლმით ხელში მიეშველებოდა დღესვე ოსმალს, რომ ინგლისის ქადილს გამბედაობაც ზედ მოსდევდეს. რუსეთში, რასაკვირველია, კარგს არას მოელიან ინგლისისაგან, მაგრამ მე მაინც გიფიქრობ, რომ ინგლისი საქმეს განწირულებამდე არ მიიყვანს და ბოლოს, როგორც იქნება, დაემორჩილება საქმის აუცილებელს მიმდინარეობას, თუმცა ბევრს კი იყვირებს. გურმანია არას შემთხვევით არ მიუშვებს ინგლისს, რომ ოსმალოს მიეშველოს, ანუ რითმე შეუმციროს რუსეთს ჯილდო გამარჯვებისა. „Memorial Diplomatique“ მტკიცებს, რომ ინგლისი გულაშფოთებით უყურებს, რომ დღე და დღეს გერმანია და რუსეთი უფრო და უფრო ერთმანეთს უახლოვდებიან; ამის გამო ინგლისის თვის ჭურვის მზადებაშია და თვალეურის ჭერისთვის თვალებ გაფაცი ცებულია. მაგრამ რა მგონია გერმანიას ინგლისმა ამ საქმეში წინ წაასწროს. გერმანია, მართალია, აღჭურვას არ შესდგომია, მაგრამ რად უნდა აღჭურვა მაშინ, როდესაც ყოველთვის მზად არის და აღჭურვილია და ყოველთვისაც შეიძლებს მარტო ერთი დაემუქაროს და ინგლისი შეაყენოს ისე, როგორც შეაგება რუსეთმა ავსტრია, 1870 წ., ძლევა მოსილის გერმანიის წინააღმდეგ გამზადებული. ინგლისში კარგად იციან, რომ გერმანიის მუქარას საქმეც ზედ მოსდევს სოლმე, აი ამიტომაც ინგლისში გერმანიაზედ გულდახეთქებით ლაპარაკობენ.“

„მორიგება ოსმალოსთან ჩვენი საკუთარი საქმეაო, ეს უთქვავს ამ მოკლე ხანში ერთს რუსის დიპლომატს; ამ აზრზედ დგას თვით გერმანიაცა, ინგლისი კი მისი წინააღმდეგია და დღეს თუ ხვალ ინგლისსა და გერმანიას ამ საგანზედ კინკლაობა მოუვათ. შესაძლოა რომ როგორც სხვას ისეც ინგლისს რომელიმე მეომართა მხარემ შუამდგომლობა ჰსთხოვოს, მაგრამ აქედამ სრულებით ის არ გამოდის, რომ ინგლისის ნებაზედ იყოს პირობანი მორიგებისა.

თქვენ იცით, რომ გერმანიას ეხლა წინ უდევს დიდი და ძნელი საქმე; მას სურს რომ, პირველი, ზავი მეომართა შორის დამოკიდებული იყოს განსკუთრებით რუსეთისა და ოსმალოს შორის მორიგებაზედ და, მეორე, ომი იმ საზღვრებს არ გადასცილდეს, საცა ეხლა მოქმედობს, ამისთვის ყოველი მეცადინეობა მიქცეულ უნდა იქმნას მასზედ, რომ ავსტრიამ არ უმტყუნოს გერმანიას და რუსეთს. ჯერ აქნობამდე გერმანია კმაყოფილია ავსტრიისა.“

ეგრეა თუ არა ინგლისის საქმე, ნამდვილი არვის იცის. რაც უნდა იყოს ინგლისის საპოლიტიკო კაცები ისე წინ დაუხედავნი არ არიან, რომ ტყუილ-უბრალოდ მუქარა გასწიონ, ინგლისის გაზეთები იწვევენ მთავრობასა და ამბობენ: რა კი ყარსიც დაეცაო, ეხლა დროა, რომ ინგლისმა თავის თავს მოუაროსო, თორემ მერე გვიანღა იქნებაო. „СЂверный ВЂстникъ“-ის კორესპონდენტი იწერება, რომ ლონდონში თავი მოიყარეს მინისტრებმაო და იმ აზრზედ დადგნენო, რომ ან ეხლა უნდა ჩავერიოთ საქმეშიო და ან არადროსო; ინგლისში ამბობენ თურმე: კეთილგონივრებს ამას ითხოვსო, რომ მეომართა შერიგება ვსთხოვოთო, და თუ რუსეთი შერიგებას არ მოინდომებს, ომი გამოვუცხადოთო. თუ ინგლისი ხელს არ გამოიღებს, ვიდრე რუსეთი ძლევით შემოისება სრულიადაო. მაშინ ინგლისი გამოუთხოვოს თავის დიდებას და მომავალსაო.

ინგლისის გაზეთი „Standard“ ამბობს, რომ ინგლისმა უნდა გააფთილოს რუსეთი განა მარტო სიტყვითაო, საქმითაცაო და მერე იმისთანა საქმითა, რომ ცხადად უჩვენოს რუსეთის საზღვარი, რომლის იქით რუსეთი არ უნდა გადვიდესო, თუ უნდაო. ინგლისის ჯარს არ შეეხალოსო. ხოლო რადგანაც შეუძლებელია რუსეთის იმედზედ დარჩეს კაციო, ამისთვის მაინც და მაინც საომრად მზადებაში უნდა ვიყვნეთო.

ლონდონიდამ „Петербургскiя ВЂдомости“- ში იწერებიან, რომ ინგლისის ელჩი ოდო როსსელი ამაღამ მოულოდნელად წავიდა ბერლინს და თან წაიღო დიდად შესანიშნავი დეპეშები დერბისა, საგარეო საქმეთა მინისტრისა, გერმანიის მთავრობასთან მინაწერიო. ერთი ნემენცური გაზეთი კიდევ მბობსო, რომ უფროსი ზედამყურებელი ინგლისის ციხე-სიმაგრეებისა ღენერალი ლინტორნ სიმური მიდის ხმელთაშუა ზღვაშიო გიბრალტარისა და მალტის სიმაგრეების დასახედავათაო. ყოველს ამას იქნება ცუდი არა მოჰყვეს რა, მაგრამ ვერაფერი ნიშნები კია, სწორედ მოგახსენოთ, მაინც და მაინც არ ვინ იცის ხვალინდელი დღე რას მოიტანს. ეს კი სჭიროა საცნობელად, როშ 18 ნოემბერს ტფილისში ლონდონიდამ ამბავი მოვიდა უფრო სამშვიდობო, ვიდრე დასაფეთებული, იწერებიან, რომ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორდ დერბის დეპუტაცია მისვლია და უთხოვნიათ მალტის ციხეში ჯარი მოუმატოს და ბოსფორში ხომალდები გაგზავნოს, მაგრამ მას პასუხად უთქვამს, რომ ჯერ არავითარს მიზეზს ვერა ვხედავ ნეიტრალიტეტობიდამ გამოსვლისაო, სტამბოლს ჯერ არავითარი შიში არა აქვსო და სუეცის არხს რუსეთი არ ერჩისო. როცა სახერხო დრო იქმნება, ინგლისიო თვისას ეცდებო, რომ შერიგება ჩამოაგდოსო, თუმცა მართალიაო, ინგლისისა და ინდოეთის შორის გზა ეფრატზედ მიდისო, მაგრამ ვიდრე სუეცის არხედ გზა შეკრული არ არისო, იმ დრომდე ეს არსიც სამერია ინდოეთში მისვლა-მოსვლისთვისაო.

ვერაფრად იამებოდათ ოსმალთა მომხრეთა ამ გვარი სიტყვა ინგლისის მინისტრისა. მაგრამ ვინ იცის? დიპლომატების წესია, ერთს იტყვიან ხოლმე და სხვას კი ფიქრობენ, ესა აქვთ ყველას სულზედ დახვეული და ამიტომაც ამობენ: დიპლომატების სიტყვას ბაჟი არა აქვსო.

ოსმალეთი სტამბოლში თან-თან შერიგების მომხრენი მრავლდებიან. ინგლისის გაზეთს „Standard“-ს ჰსწერენ სტამბოლიდამ, რომ მინისტრების კრება იყოო და იქ ყველანი და ნამეტნავად ხონთქარი იმ აზრზედ დადგნენო, რომ საჭიროა ეს ომი როგორმე გათავდესო, რადგანაც განგრძობა მისი აურიცხველს უბედურებას მოუტანს ორივე იმპერიასაო. ამბობენ მთავრობის კაცთა აშკარად ვერ გამოუთქვამთო. თავისი სურვილი შერიგებისა ხალხის შიშითო. ჯერ თურმე ყარსის დაცემის ამბავიც სახლსოდ არ გამოუცხადებია მთავრობასაო. სტამბოლში თურმე დიდი უკმაყოფილება არის.

3 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

— ინგლისის გაზეთის „Daily News“-ის კორრესპონდენტი ვერნკალიდამ 10-ს ნოემბერს იწერება: „გუშინ შინ დიდი მთავარი არსში შევიდა დიდის უოფითა, ხალხი ეახლა და მორჩილების ნიშნად თავი დაუკრა, ეხლა ცნობაშია მოჯვანილი, რომ ოსმალთა მეციხოვნე ჯარი 20,000 ყოფილა და იერიშით მისული რუსის ჯარი 18,000. ქალაქი სავსეა ოსმალთა დაჭრილებითა და ავად-მყოფებითა. მკურნალნი ძალიან ცოტანი არიან, სახადი-საოფლე ძალიან გახშირებულია, სიცივეებიც ძალიან არის, თათრები და სხვა ირრეგულირის ჯარის-კაცნი დავლაობენ ქალაქში, დღეს კი წესიერება უსათუოდ დაიდგინება. ოსმალთა დაჭრილების და ავად-მუფების სიმრავლე საქმეს მეტად უძნელებს რუსებსა“.

— „Deutsche Zeitung“-ს ცნობა მისვლია, რომ ჩვენს ჯარს დაუპყრია ქალაქი ტომქი, რომელიც არზრუმის ჩრდილოდ მდებარებს. იერიშით აღება ყარსისა და თვით იერიშის განწყობა ღენერალს ლორის-მელიქოვს ეკუთვნისო. ოსმალთ სამი ხომალდი მოუმზადებიათო, რომ სტამბოლიდამ ჯარი გადაასხანო მცირე აზიაშიო ეგ ჯარი არზრუმის საშველად არის დანიშნულიო.

— გაზეთს „Петербургскiя Вдомостъ“-ს ჰსწერენ ბელგრადიდამ, ვენიდამ და ბუხარესტიდამ, რომ ოსმან-ფაშას ლაპარაკი აქვს რუსებთანო. პლევნის დათმობის და იარაღის დარის თობაზედაო და ამისათვის ბუხარესტში დიდ-ძალის სურსათის მზადებას შეუდგნენო.

— რუსულ გაზეთში «Русскiй Мiръ»-ში აღწერილი ამ ოსმალოს ომში რუსებს რამდენი ტყვე დარჩენი და რამდენი ზარბაზანი. ამ გაზეთის ანგარიშით გამოდის, რომ ტყვედ დარჩენია 19 ფაშა და 39,840 მეომარი კაცი და ზარბაზანი წაურთმევიათ ექვსას შვიდმეტი.

— რიონის მხედრობის ერთს რაზმს პოლკოვნიკის ყაზიბეგის წინამძღოლობით ხუც-უბანი ხელახლად დუპყრია.

ამ ერთის კვირის განმავლობაში შესანიშნავი ომი არსად არ მომსდარა. დუნიაზედ ყოველ დღე სროლა აქვთ სხვა და სხვა ადგილს, მაგრამ შესანიშნავი ომი კი ჯერ არსად ყოფილა. პლევნის აღებას დღე-დღეზედ მოელიან, რადგანაც იმედოვნებენ, რომ ოსმან-ფაშის ჯარს საჭმელი მალე შემოაკლდებაო. და, რადგანაც რუსის ჯარი ისეა შემორტყმული გარსი, რომ ოსმან-ფაშა მის გარღვევას ვერ გაბედავსო, ამიტომაც დღესა, თუ ხვალ თვითონ გამოვა და იარაღს დაჰყრისო.

4 გარდავწერელი ქართულის წიგნებისა

▲back to top


გარდავწერელი ქართულის წიგნებისა

დავით რექტორი

დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ძველ დროს ჩვენს მწერლობაში გარდამწერელთა და ამ ჟამათაც მწერლობის, შესწავლაში იმათი ცნობა ძალიან საჭირო რამ თუმცა წარსულ საუკუნეში 1709 წ. ვახტანგ მეფემ სტამბა დააფუძნა, მაგრამ მარტო საეკკლესიო წიგნების ბეჭვდას უნდებოდა ის ერთათ ერთი სტამბა. ამასაც რამდენი ფათერაკი დაემართა. ჯერ ვახტანგის მეფობის დროს და მერმე ქალაქის აოხრების დროს 1795 წელს. ამ გვარათ ჯერ არამც თუ მაშინ, ჩვენს დროსაც ახლა სტამბას ის ყოვლად მომფენი ძალა არა აქვს, რაც უნდა ჰქონდეს: დღესაც მრავალსა და მრავალს დიდ წიგნებს გადამწერლები ჰყავს და გადაწერით ვრცელდება. რასაკვირველია, რომ ძველს დროში ხომ გადაწერას დიდი ადგილი ეჭირებოდა.

გადაწერა იაფი არ იყო, მაგალითად, ვეფხვის-ტყაოსნის გადაწერაში რამდენსამე ძროხას აძლევდნენ. იყვნენ ორგვარნი გარდამწერნი: ფასით გადამწერნი და მწიგნობრობის მოყვარენი. ერთნიც და მეორენიც დახელოვნე ბულნი იყვნენ ისეთს მშვენიერის ხელით წერაში, რომელიც მხოლოდ დიდის ხნის ვარჯიშობითა და წარმატების მეცადინეობით მოიპოვება. ეხლანდელი წერის შნო ვერასოდეს ვერ შეედრება ძველ წერის შნოსა საზოგადოთ ეს ყველგან ასე მომხდარა ევროპაშიც, სადაც სტამბა შემოსულა და გადამწერლების ხელობა გაუქმებულა.

ჩვენში გადამწერლებს პატივცემული ადგილი უჭირავთ მწერლობაში იმით, რომ იმისთანა უსტამბობის დროს ერთად ერთნი გამვრცელებელნი იყვნენ მწიგნობრობისა, თუმცა მრავალი აოხრება მოხდა საქართველოში, ქვა-ქვაზედ აღარ დარჩა, მაგრამ მთელის ათას ხუთასის წლის განმავლობაში მწიგნობრობა საკვირველის მედგრობით დარჩა. რასაკვირველია მრავალი უძვირფასესი მარგალიტი შთანთქა მტრის აოხრებამა, მაგრამ მაინც-და-მაინც მრავალი გადარჩა.

ამის გადამრჩენელნი იყვნენ გადამწერელნი.

ამ გადამწერლებში უპირველესი ადგილი უჭირავთ მწიგნობრობის მოყვარეთა, რომელნიც თავისთვის ანუ თავის მეგობრებისთვის სწერდნენ უსასყიდლოდ. ესენი სწერდნენ თავის ბიბლიოთეკისათვის, და იმ საკუთარის განზრახვით, რომ არ დაიკარგოსო. ამ გვარათ ერთის თაობიდამ მეორეს თაობაში გადადიოდა მწიგნობრობის სიყვარული, გადამწერლობა, წიგნების გავრცელება, შენახვა და დაცვა. ზოგი გვარეულობა რამდენისამე საუკუნის განმავალობაში ამისთანას შრომით მთელს საქართველოში ცნობილი იყო. ჩვენ შეგვიძლია კიდეც დავასახელოთ: ამისთანა გვარი იყო და ჩვენამდე ვიცით ალექსიძენი, (ალექსიევ-მესხიევნი): დავით, რექტორი თელავის სემინარიისა, იოველ, ქვათახევის მონასტრის არხიმანდრიტი ტარასი, სარდიონ, მთარგმნელი სხვა და სხვა მომხრობისა, მათშორის „მიმომავალის ურიისა“ ევგენსუსი და მოყვარე ქართულის მწერლიბისა, და ამ ჟამად ნიკოლოზ იაკინთეს ძე. ამ გვარში არიან გადამწერელნი, მწერალნი, შემნახველნი, დამცველნი, გამავრცელებელნი და სხვა მწიგნობრობისთვის ძვირფასის ღირსების მქონებელნი კაცნი. ეს ოჯახი ორას წელიწადზე მეტია მწიგნობრობის მოყვარეთ ითვლება. ამისთანა თვისებისანი საქართველოში სხვანიც ზოგიერთნი გვარეულობანიც იყვნენ და ამათის შრომით დაცულ იქმნა ქართული მწერლობა.

მწიგნობარ-გადამწერელთა შრომა და ღვაწლი ჩვენთვის ბევრად გასაგები არ არის: მე და შენ, მკითხველო, შეგვიძლია მუსაიფით წიგნის მაღაზიაში შევიდეთ, ასიოდე წიგნი ხელ და ხელ ვიყიდოთ. მივიტანოთ შინ, წავიკითხოთ და შემდეგ თუ მალე დაგვეკარგება, თავს არ გავიციებთ: ქვეყანაზე რომ იმისთანა წიგნი არ გაწყვეტილა, მეორეთაც ვიყიდით, ან ვისმე გამოვართმევთ. შეგვიძლია განა წიგნის დაზოგვა! ვყიდულობთ, როგორც სახლისათვის შანდანს ანუ ფეხსაცმელსა. აბა როგორ დავაფასებთ წიგნის მოპოებას. ძველ დროში, როდესაც სტამბა არ იყო, წიგნის შოვნას და მოპოებას დიდი თავის ხეთქა უნდოდა, კარგია თუ შეძლებული კაცი იყო, რომ რამდენიმე ძროხა მიეცა წიგნის გადაწერაში; თუ არა და, ხომ თითონ უნდა გადაეწერა. უმეტესი ნაწილი მწიგნობრებისა ხშირად უფრო შეუძლებელი კაცია და ამიტომ თითონ უნდა გადაწეროს. შენ მკითხველო, ბევრჯელ მგონია თითო. მოკითხვის წიგნის დაწერაც გეზარებოდეს, და აბა წარმოიდგინე მთელი ვეება წიგნების გადაწერა რა შრომა იყო? ამასთან წარმოიდგინეთ სიძვირე ქაღალდისა, რომელიც თავრიზიდამ ან სტამბოლიდამ მოდიოდა და თავრიზს მიტანილი ქაღალდიც ჩინეთიდამ მოტანილი იყო, იმ დროების გზის სიძნელეც არ დაივიწყოთ. – ამიტომ კიდეც პატივი იცოდნენ თავისის შრომისა: ძალიან ძვირად უღირდათ და ისეც უფთხილდებოდნენ ნაწერი წიგნებს ჩვენს ძველ საწერ წიგნებს ვფანტავთ, ვალპობთ და ან სრულიათა ვხევთ და სახვევათა ვხმარობთ იმიტომ, რომ კალა არ წაგსვლია და ნიშადური. მუქთათ ჩაგვვარდნია ხელში და ასე გვგონია, იმისი მოპოება ისე ადვილი იყოს, როგორც დაბეჭდილის წიგნისა, ესე იგი როგორც დუქანში სავაჭრო ნივთებისა. ეს გაუფრთხილებლობა ბევრჯელ უსინიდისობამდის მიაღწევს, ასე რომ ფუთობით მეწვრილმანებზედა ვყიდით, რომელიც ქონის სანთლისა, ლილისა და კევის შესახვევათა ჰფურცლავს მამა-პაპის ნაჭირნახულევსა. რას მოიფიქრებდა იმის გადამწერი, რომელსაც ვინ იცის, რამდენი დღე და ღამე გაუსწორებია და თვალები გაუწყალებია, რას იფიქრებდა, რომ ერთხელ ეს ჩემი შრომა საძაღლ-ღორო უნდა გახდესო. გადამწერელს ბევრჯელ თითო თხზულების გათავების ბოლოში მოხსენებული აქვს ეს და ეს ამდენსა და ამდენს დღეში გადავწერე მე ამა და ამანაო, — თითქოს ძალათ დაეწეროს ეს სტყვები, რომ ვისაც ჩაუარდება ეს წიგნი, დაფიქრდეს დააფასოს გადაწერის შრომა და გაუფთხილდეს წიგნსა. მაგრამ ვინ ჩახედავს ამ ნაწერსა, ვის რათ უნდა, რაში გამოადგება, ფეხთ არ ჩააცმევს, ტანთ არ ჩააცმევს, მუცელს არ გაუძღობს; რა საჭიროა?

რა საჭიროა მამა-პაპის შრომის გაცნობა, რა საჭიროა ჩვენი დედ-მამის შრომის გაცნობა, და ან, მოდი ვთქვათ და გავათავოთ რაც აქედამ ადვილათ გამოსაყვანი აზრია და რასაც ბევრნი კარგა ვასრულებთ, რა საჭიროა თვით დედ-მამა? დრო იყო შეგვინახეს, გაგვზარდეს, ამ ზრდაში თავისი სიამოვნება ნახეს ახლა შორს და მშვიდობით!

ასეა, ჩემო მკითხველო, ჩვენი დრო. ვის რათ უნდა ძველი დამყაყებული წიგნები, თუ არ მეწვრილმანეს?!

იტყვით, რავქნთ; განათლებული კაცი ძველ. წიგნებში რას იპოვისო რომ შეინახოს ან მოაგროვოს, ან წაიკითხოსო? კიდეც ეგ არის. ჩვენში განათლება რომ ყოფილიყო. ამ ძველ წიგნებს ძალიან გაუფრთხილდებოდნენ, გაარჩევდნენ და სამუდამოთ დაარჩენდნენ; მაგრამ განათლება რომ არ არის! განათლებას გარდაც სხვა მიზეზიც არის რომ ჩვენი ყოველივე მოგვიძულებია, აგვითვალწუნებია და სხვისაც არა, გაგვეგება რა: არც ამ მთისანი ვართ, არც იმ მთისანი ვართ ორ წყალ შუა დარჩენილნი და, უკეთესათა ვთქვათ, გაწელებულნი. მხოლოდ ერთათ ერთი სიყვარულის მეტი ქვეყანათა ზედ არაოფრის სიყვარული აღარა გვაქვს: ფულის სიყვარული! ჩვენთვის გასაგები აღარა არის რა, ფულის მეტი, და ამ ძველ წიგნებსაც სანამ მეწვრილმანე არ მოვა და არ ასწონს, ჩკენს თვალში არაფერი ფასი არა აქვს.

სამწუხაროა ამისთანა დაუდევრობა საზოგადოებისა ამაზე უფრო სამწუხარო ის ზნეობითი დაცემა და საკუთარის სამშობლო მწერლობის უკუგდება, როდესც შევედრებით ჩვენს ძველ მწიგნობრებს: ისინი უფრთხილდებიან და ძველ მამა პაოის საუნჯესა ჰკრეფენ დიდის შრომითა და სასყიდლის დადებითა, ჩვენ ცხვირს მაღლა ვიჭერთ და თითქოს ამას არა ვკადრულობთ, ამ მუშობას ბუზის რეკდა ვთვლით და ჩვენს ნაილაჯის განათლებაში უეცრებას არ ვხედავთ: არ გვესმის, რომ ყოველმა ხალხმა წარსული დროს შრომა თუ არ იცის და ამ შრომას პატივი თუ არა აქვს, უხეირო, უსაფუძლო, ქარაფშუტა რამ უნდა გამოვიდეს. სხვა ქვეყნებში, ნამდვილ განათლებულ ქვეყნებში ასეა, რომ ჯერ თუ წარსული არ იცის კაცმა ეხლანდელის ცოდნა შეუძლებელ საქმეთ მიაჩნიათ. ჩვენი ეხლანდელი განათლებული ყმაწვილ კაცობის გული აცრუებულობა და ცუნცრუკობა, სწავლა-მეცნიერებაში თუ საზოგადო საქმეებში, რისგან არის, თუ არა ამ მიზეზისაგან? თუ რო მკვიდრი საფუძველი არ ექნებათ თავისის ქვეყნის შესწავლის, რას უნდა დაამყარონ ანუ თავისი აზრი, ანუ მოქმედება და მოქმედების მიმართულება? ეს აზრი როგორცა სჩანს ჩვენს მამა პაპას ძალინ კარგათა სცოდნია და ამიტომ ძველ მწერლობასაც შესასწავლებლად დიდი ადგილი ეჭირა. ყველამ ვიცით, რომ ძველს დროში აღზრდის დროს ძველის მწერლობის შესწავლა (არა თუ უბრალო კითხვა) გავრცელებული იყო და ახლაც ცოტად შინაურობაში დარჩენილა. ამის დამხმარებელნი იყვნენ მწიგნობარ-გადამწერელნი, ამიტომ კიდეც პატივსა სცემდნენ საზოგადოებაში. ამ მწიგნობარ გადამწერელთა ჰქონდათ ბიბლიოთეკები, ათი და ოც წელიწადი ზრდიდნენ და აქედამ ავრცელებდნენ წიგნებს გადაწერითა, აქედამ იფინებოდა სწავლა და მწიგნობრობა ჩვენ ძველს საზოგადოებაში.

ჩვენ შორსა ვართ იმ აზრს, რომ ყმაწვილს მიაჩეჩონ გაუგებარი წიგნები და საზოგადოდ, რაც წრფელს აღზრდას ეწინააღმდეგება. ღმერთმა დაგვიფაროს ამ პედაგოგიურის მახინჯობისაგან. ამას ჩვენ საზოგადოებაზე ვამბობთ, რომელიც ძველის მწერლობის შესწავლას ყურადღებას არ აქცევს. სანამ საზოგადოებაში ძველის თუ ახალას მწერლობის სიყვარული მტკიცეთ არ იქნება, მანამდის ძველი ხელთ ნაწერები ფრიად მრავალი გაფუჭდება და დაიკარგება. სანამ ჩვენს ახალ მწერლობაში და საზოგადოებაში ძველი მწერლობის პატივის ცემა არ იქნება, მანამდის საერთოთ ჩვენს საზოგადოებაში არ იქნება გულდამყარებული, მკვიდრი სიყვარული არც სწავლისა, არც განათლებისა და არც სამშობლო ქვეყნისა.

რაც უნდა თქვან მოდის კაცებმა, უარს ვერ იტყვიან, რომ მწიგნობარ-გადამწერალთა შრომა უბრალო შრომა ყოფილიყოს. რაც უბრალო არა ყოფილა, მაშ სადმე, შესწავლის და დაცვის ღირსია, რადგანაც ღონისძიებას გვაძლევს ვიცოდეთ ჩვენის წარსულის მწერლობის ავიდა კარგი, ჩვენის გონების სიმდიდრე და ვარჯიშობა, ვიცოდეთ წარსული ცხოვრების ვითარება და გარემოება. ძველის მწერლობის უცოდნელათ ხომ ვერ შევიტყობთ, ვერ გავიგებთ და ვერ შევიყვარებთ რაც საცოდნელია და შესაყვარებელია ან მოსძულებული, ერთის სიტყვით, რაც მკვიდრის საფუძვლიანის განათლებისათვის საჭიროა.

თუ ამ აზრს დაემყარა მკითხველი, დამეთანხმება. რომ ფრიად პატივსაცემი შრომა ყოფილა ძველის წიგნების შენახვისა და გადაწერის შრომა და ჩვენის მხრითია უნდა დავიცვათ იმათი ნაშრომი. ძველათ ჩვენში საშვისლიშვილოთ გვარეულობაში გადადიოდა ხოლმე ხელნაწერი წიგნები და მემკვიდრეობაში დიდათ უფრთხილდებოდნენ. დღეს ეს სიფრთხილე ზოგ გვარში სხვა რიგათ შეიცვალა, ისე რომ წიგნებს თუმცა ინახვენ, არავის კი არ აჩვენებენ; მეწვრილმანებზე არა ჰყიდიან, მაგრამ ალპობენ და თაგვებს აჭმევენ. ამისთანა შენახვა რა შენახვა?

ეს ყოველი ნათქვამი დიდ განსხვავებას გვაჩვენებს, ძველი და ახალი საზოგადოება მწიგნობრობისა როგორი მოყვარე ყოფილა.

სხვა ქვეყნებში ვისაც კი ხელთნაწერი წიგნები აქვს, დიდ საუნჯეთ მიაჩნია, ყველას სიები აქვს თავისის წიგნებისა და ზოგს დაბეჭდილიცა აქვს. ეს ჩვეულება სასურველი რამ არის ჩვენთვისაც. ამ სიებში მოხსენებულნი არიან გადამწერელნიცა, რომლის მოხსენებას ის მნიშვნელობა აქვს, რომ ზოგი გარდამწერელი მწიგნობარიც ყოფილა ანუ მთხზველი, და ამ რიგათ შეიძლება ერთის კაცის გადაწერის ხასიათი მეორეს არა გავდეს, ქონდეს ნაკლულევანება ანუ ღირსება. ეს ღირსება და ნაკლულევანება რომლის მე წიგნის პირველად ბეჭვდის დროს დიდად საჭიროა, რადგანაც რამდენიმე ერთგვარი ხელნაწერი უნდა შეთანხმდეს. აი ამიტომ კიდეც სხვა ქვეყნებში ძველის წიგნების ზოგ გადამწერელის სახელი დიდი საჭირო რამ არის მბეჭვდელისთვის და თვით წიგნის სინამდვილისათვის.

ამის გამოთ ჩვენთვისაც მეტი არ იქნება ზოგიერთი გადამწერელის ნაწერების სახელები ვიცოდეთ და თვით გადამწერელის ვინაობაცა სასურველია, რომ თითო გადამწერლის ნაწერები ერთად შეგროვდეს, კატალოგები (სიები) გაუკუთდეს და ჩვენს გაზეთ-ჟურნალებში იბეჭდებოდეს. ამასთანავე სასარგებლო იქნება რომ მწიგნობარ-გადამწერის ცხოვრების ამბავი შეგროვდეს და იბეჭდებოდეს. ამ ამბების შეკრეფა ზოგჯერ ძნელი არ არის, რადგანაც ყოველ გვარეულობაში, საცა ძველი წიგნები აქვთ, ხშირად იციან ვისი დაწერილია ან რა შემთხვევაში გადაწერილა და ვისთვისა. ესეები სასარგებლო იქნება, როგორც საზოგადოთ ლიტერატურის ისტორიისათვის, აგრეთვე სხვა და სხვა ისტორიულის ფაქტების ასახსნელათ, მეტადრე როდესაც ბლომათ აღმოჩნდება ამისთანა ამბები. მაგალითად ამ ახლო ხანებში ერთ სახლში აღმოჩნდა „ვეფხვის-ტყაოსანი“ გადაწერილი პეტრე ლარაძისაგან (ახლა დიმიტრი ბაქრაძეს აქვს). ეს „ვეფხვის-ტყაოსანი“ ადგილ-ადგილ ძალიან შეცვლილია; მაგალითად ეს ტაეპი:

„მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიდმდე გასატანისა.“ პეტრე ლარაძის გადაწერილში არის:

„მომეც კეთილთა სურვილი“ და სხვა.

მერმე კიდევ სიტყვა „მეფე“ არის ხმარებული მდედრობით სქესის მნიშვნელობით „მეფა“ — პეტრე ლარაძე ამბობს, რომ ეს გადმოუწერია გიორგი თუმანიშვილის ძველის ხელნაწერისაგან, რომელიც არდანუჯში მოეპოვებინა იმასაო, რამდენათ არის ეს ლარაძეს სიტყვა მართალი არ ვიცით. (ამბობენ ქალაქში თუმანიშნილის, ბირთველის, ოჯახში არისო ეს არდანუჯის ხელნაწერი, მაგრამ ჯერ შეთანხმებული არ არის). აქ შეიძლება იჭვი ვიქონიოთ გადამწერზე, ასე რომ პეტრე ლარაძე თუმცა მწიგნობარი კაცი იყო, მაგრამ ძველის აღდგენა გადამეტებითა სცოდნია. მაგალითად ამ სტრიქონების დამწერს უნახავს ალექსანდრე ვახტანგის ძის ორბელიანის ხელში „დილარიანი“, ახლადშეთხზული პეტრე ლარაძისაგან. ეს „დილარიანი“ ძველი არ არის, ყოველ გვარის ზომის ლექსებით სავსეა. ძველი ხელ ნაწერი „დილარიანი“ სხვა არის. ამ გვარათ ორი თხზულება გამოსულა ერთის სახელითა იმ მიზეზით, რომ ლარაძეს იქნება არა ქონებია, ქველი დაკარგული გონებია და ახალი შეუთხზავს. იქნება „ვეფხვის ტყაოსანიც“ ასე გაეკეთებინოს და ავტორიტეტობის გულისთვის არდანუჯი (აწ ოსმალეთში) დაესახელებინოს, როგორც საქართველოს განათლების პირველი ბინა ადგილი. ამ გვარათ ცოტაოდე ხასიათის ცოდნა გადამწერლისა გვაფრთხილებს, სანდოა იმის გადანაწერი, თუ არა? მაშასადამე ძველის თხზულების ბეჭვდის დროს გადამწერლის ცოდნას ღირს შესანიშნი ადგილი უნდა ეჭიროს.

ძველ ქართულ მწიგნობარ-გადამწერელთა შორის გათქმულია დავით რექტორი ალექსი ძე (ალექსი შვილი-მესხიშვილი, ალექსიევ-მესხიევი). ბიძა ქვათახევის არხიმანდრიტის ტარასისა. დავით იყო მოწაფე და აღზრდილი ანტონ კათოლიკოზის პირველისა და გამოჩენილი ადგილი ეჭირა სხვათა მოწაფეთა შორის, რომელნიც იყვნენ: გაიოს ნაცვლიშვილი პირველი რექტორი და გამმართველი თელავის სემინარიისა 1784 წელსა, გარდაცვალებული აშტარხანს ერქიეპისკოპოსად 1819 წ.; ვარლაამ ამილახვარი, პირველი ექსარხოსი საქართველისა რუსობის დროს; მიხაილ ტფილელი ეპისკოპოზი, იოანე ოსესშვილი მქადაგებელი და სხვანი.

დავით თელავის სემინარიაში რექტორად დადგა 1784 წელსა, ესე იგი დაფუძნების პირველსავე წელს, როდესაც გიოზ რუსეთს წავიდა. რუსების შემოსვლის პირველ წლებამდე თითქმის ის იყო განუწყვეტლად რექტორად.[1] თავად აზნაურობის და სამღვდელოთა შვილები მრავალნი იზრდებოდნენ ამ სასწავლებელში, რომელიც პირველი წესიერად დაარსებული შკოლა იყო კახეთში. უეჭველად იმ მოწაფეთა ოჯახებში ბევრი რამ თქმულობა უნდა დარჩენილიყოს. სასურველია მათი ცნობა იმ დროს სწავლაზე და თვით დავით რექტორის ხასიათზე ანუ შრომაზე.

ამ მოღვაწეობასთან დიდი შრომა იყო შეერთებული: სასწავლო წიგნები უნდა შეედგინათ და ეთარგმნათ ამისათვის, როგორც ტფილისის სემინარიისათვის, აგრეთვე ამ თელავის სემინარიისათვის აკეთებდა და სთარგმნიდა სასწავლო წიგნებს ანტონი კათოლიკოზი და აგრეთვე დავით რექტორი. ანტონ კათოლიკოზის ნაშრომ წიგნებს: კატეხიზმოს, მზამეტყველებს, ღრამმატიკას, რიტორებს, კატეღორიას, ფილოსოფიას ბაუმეისტერისას, ფიზიკას ვოლფიუსისას, მოკლე ისტორიას საქართველოისას და სხვას წიგნებს. ცხადია, რომ სასწავლო მნიშვნელობა ჰქონდა, დავით რექტორს, როგორც სასწავლებლის მმართველს რასაკვირველია ამაში შრომა ექნებოდა. მაგალითად, არის გეოგრაფია, ახლა სადღაც დაკარგული, იმისი შედგენილი. ამ სასწავლო წიგნებთან ხშირად გვხვდება სხვათაგან შედგენილი წიგნებიცა, მაგალითდ არითმეტიკა, ალღებრა, მიწის მზომელობა (გეომეტრი), რომელნიც იმავე დროს ეკუთვნიან. ამ შრომაში, შედგენაში თუ პირველ გადაწერაში როგორც ვთქვით დიდი მონაწილეობა ჰქონია დავით რექტორსა.

ამ სწავლა-შრომის სიყვარულის გამო მიღებული ყოფილა მეფის სახლობაში და, როგორც გაგვიგონია, გიორგი მეფის ძის დავით ბატონიშვილის მასწავლებელი ყოფილა. მოწაფესა და ოსტატს ერთმანერთის სიყვარული სიკვდილამდის არ გაქრობით. ქვემო დაბეჭიდილის წიგნიდამ ნახავს მკითხველი, რომ თელავის სემინარიის რექტორობის შემდეგ დავითს ჯამაგირი ჰქონდა ბატონიშვილისაგან და როდესაც ბატონიშვილი გადაიცვალა, კარგა ხანს შემდეგ რექტორი სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად წიგნებს შავის ლაქითა ჰბეჭდავდა. დავით რექტორი გარდაიცვალა 1827-1830 წლებ შუა, ბევრს ახსოვთ მოხუცებულებსა, რომელთაც უნახავთ ქალაქში მცხოვრებელი და ახსოვთ იმისი უცნაური ყოფა ცხოვრება. თელავიდამ გადმოსვლის შემდეგ სცხოვრებდა ანჩისხატის ძველს სამრეკლოს გვერდით, მარცხვნივ ოთასში (ეს ამ ორის წლის წინათ დააქციეს და სხვა დაბალი ააშენეს.) ერის კაცი იყო, ცოლშვილი თელავში მოუკვდა და ქალაქში ღარიბათა სცხოვრებდა; უცნაურის ხასიათისა ყოფილა და უშნო ჩაცმა-დახურვისა. ჩვეულებათ ქონდა მხრების თამაშობა (ცმუკვა იცოდა) და ამის გამო „ცუკიას“ ეძახდნენ, როგორც ამ გვარის ჩვეულების კაცისა მეტის სახელის დარქმევა იციან ხოლმე ჩვენ სოფლებშია. ხშირად შინ იჯდა და მეტადრე ბანზე, ხალათსავით აბა წამოსხმული და პერანგის უამხანაგოთ. ჭკვიან და მცოდნე კაცათ მიაჩნდათ, მაგრამ ამასთანავე ნახევრად სულელათაცა. ამიტომ „ცუკია ფილოსოფოსს“ ეძახდნენ. ოხუჯობა იცოდა დიდებთან და პატარეებთანაც. მაგრამ სასწავლებელში ცემას კი სცოდნია და ლობიოს მარცვლებზე დაჩოქება ყმწვილებისა. ბევრს ახსოვს იმის ოხუჯრობა დღესაც. მაგალითად: ერთხელ თეიმურაზ მუხრან ბატონმა ამილახვარმა და სხვა გამოჩენილმა ერეკლე მეფის დროს კაცებმა სადილს შემდეგ ბაასი დაიწყეს: ქვეყანა რაზე დგასო? ვერა დაასკვნეს რა და კაცი გაგზავნეს. ცუკიასა ჰკითხეო. კაცი მივიდა და დავით რექტორმა შეუთვალა: თქვენ გამძღარხართ კაის სადილითა და ეხლა შეექცევით; მე კი არა მკითხავთ, დღეს მუცელი მეწვისო. სადილი გამოუგზავნეს. კაცი იქვე დააყენა რექტორმა, სანამ კარგა შეექცა; რომ გაძღა და გაათავა, ბიჭს უთხრა: ასე მოახსენე ბატონებს ქვყანა ამ ჩემ …... წვერზე დგასო. სხვა ანეკდოტია იმის ბინძურობაზე: პურის ჭამის შემდეგ ძვლებს იქვე კარის ღრუბლთან დაჰყრიდაო. დავით ბატონიშვილს უნდოდა დაეშლევინებინა და ვერ დააშლევინა, ერთხელ დიდმარხვაში თავის მსახურს უბრძანა ძვლები შეეგროვებინა და კარის წინ დაეყარა. გამვლელ-გამომვლელი ჰკვირობდნენ და ლანძღავდნენ მარხვა ჭამია ცუკიას. შეიტყო გამოვიდა დავით რექტორი და გაჯავრდა. ამ დროს ბატონის შვილი გამოჩნდა. რექტორმა ლძღვა დაუწყო, ეს შენი ეშმაკობა არისო, ამოდენა ხალხში გამაბეაბრუყო.

გადაწერილი წიგნები დავით რექტორის მრავალია. როგორც გაგვიგონია ბევრი ამ ხელ-ნაწერებისა ანჩის ხატის დეკანოზის, დიმიტრის ჰქონია და მერე გრიგოლ დადიანს წაუღია; ამას გარდა ყოფილა კიდევ სხვა მეხსიევის ოჯახში, საიდგანაც ამ რამდენიმე წლის წინათ გაფანტულ–გამოფანტულა თუ სახლებში და თუ ქაღალდის მყიდავ მეწვრილმანეებში. ამბობენ ეს უკანასკნელი ბიბლიოთეკა ქართულის წიგნების გაყიდვის დროს ცხრა ფუთი გამოვიდაო. დანარჩენი წიგნები აქა-იქ გაფანტულია. უმეტესი ნაწილი წარსულ საუკუნეში გადაწერილია, უფრო ნაკლებად ამ საუკუნეში. საცოდნელად საჭიროა ვიცოდეთ, რომ უმეტეს ნაწილს დასასრულში უწერია. რომ დავით რექტორის გადაწერილია და წელიწადიც აღნიშნულია. ყოველი წიგნი წვრილის გარკვეულის ხელით არის დაწერილი და სუფთათ, ასე რომ ბევრჯელ მთელ წიგნში ერთს სიტევს ხაზგასმულს არ შეხვდებით. წიგნებს აქვს საწერი ქაღალდის მეოთხედის და მერვედის სიდიდე ტანი. სასურველია შეკრეფილ იქმნას ცნობა, ვის რა წიგნები აქვს იმისი გადაწერილი და სია დაიბეჭდოს ჩვენს გაზეთებში.

ამის ქვემორე წერილები ეკუთკნის ბეკამში (ქართლს) მცხოვრებელს ციცქიშვილს, რომელსაც მადლობას უძღვნით ამის გადმოცემისათვის. ამავე ციცქიაშვილს აქვს შესანიშვი, გრმმატიკა თარგმნილი და გადმოცემული სომხურიდამ მეფე ვახტანგის ბრძანებითა შანშიანისაგან 1737 წელსა და ამა თხზულებასთანავე გადმოთარგმნული ბერიამენრია და „შეყვანილება პორფირიუსის“ იმავე შანშიანის და ბატონიშვილის ვახუშტისაგან.

პ.უ.

___________

1 იმავე სემინარიის რექტორად, ამბობენ, ყოფილაო, წარსულ საუკუნეში სომეხი მღვდელი ყაითმაშვილი, მაგრამ არ ვიცით ნამდვილად რომელ დროს ყოფილა და რექტორად ყოფილა თუ თანიშემწედ. ეს ამბავი შესანიშნავია მით, რომ სომეხს მღვდელს მართლმადიდებლის სასულიერო სისწავლებელში თანამდებობა ჰქონია.

5 წერილები დავით რექტორისა

▲back to top


წერილები დავით რექტორისა

მისს ღირსებას პატიოსანს მღვდელს იოანეს:

ხელს ამბორს გიღვნი. და შენს მშვიდობას. კვალად ვიკითხავ: სადა ხარ. როგორა ხარ. ან ცოლით. და თუ შვილი გყავს[1] ან შვილით ან ძმებით, როგორ ჰსცხოვრებ. ამ გნსაცდელიანს დროებში;[2] მე ხომ გემართლები ჭეშმარიტად რომ შენი სახელი არს დროს. არც კარგად, და არც ავად. ვახსენო. არამც[3] წიგნი მოგწერო. ამიტომ რომ რა შენ თელავიდამ წამოხველ. და გამეკარე შენს შემდგომად. რამდენი განსაცდელი და მწუხარებაები შემემთხვა. ყოველივე რომ მოგწერო და გრძლად. მოვა. და მცირეს მოკლედ გაცნობებ შენობისას ხომ სიმართლის მოქმედთ რუსთა სკოლა წამართვეს: და რომელიც შენობისას სულს შვილის სახლები გავაკეთე. შენს უკან კიდევ უკეთესად გავაკეთე. ისიც წამართვეს. იმავ ძაღლმა სუდიამ სამგზის წვეულმა. იქიდამ გამომაგდეს: მორდლის შვილი ნინია გაქცეული იყო: სახლები ცარიელი იყო. იმათისავე დასტურით. ჰილდას ნანას წიგნი მივსწერე. და იმათს სახლებში დავსდეგ. ერთს წლამდის ვიდეგ: ერთი ქრისტესაგან სამგზის წყეული და შეჩვენებული. ლუკარი ასტყდა. თუ რამ მებადა ან პური ან სტოლები. ას ორმოცი ფიცარი ტომრები. რაღა გითხრა ყოველივე სახლის მოსახმარი. სკამები კრაოტები ყოველივე იმან წამართვა. სვიმართალი ვერ ვიშოვე, ჭირი გაჩნდა. მოსე მღვდელი. მთელად ვასილ მღვდლით ამოსწყდა. მე კისის ხევს სემონ მდივანისას ბარგით. მარიამს კაცითი ჩაველ. დამაწყებინა ციებ ცხელება. ერთხელ ექვსი თვე მცივა. ერთხელ რვა თვე ერთს წელიწადს მეტს ვიყავ კისის ხევს, მერე თელავს მოველ. მაციებდა მეცა, საწყალს მარიამსა, და კაციასაც. სამთავ. ერთად. დავით ყორჩიბაშის შვილის კოშკში: რაღა გითხრა ყოველივე. სიმწარედ გარდამექცა. აკი შეწყნარება ჰსცოდნიათ დიდად შემაწუხეს სახლის წაილჯი ვიყავ: საწყალი კაცია მომიკვდა ციებ ცხელებით. ღვინობისთვის: დ: მასუკან მარიამ მომიკვდა. ჩემის ცოდვით და უბედურებით: იანვარს: ზ: დავრჩი. მარტო ორნივ ციებ ცხელებით. დამეხოცნენ. ჯავრმა. გამაყვითლა: და მეც ვჰკვდებოდი. ვიყავ. ყოჩიბაშიანთ გალავანში მარტო წელიწადი მეტი. ცოტა. მოვჯობინდი: შარშან აქ ქალაქს ჩამოველ. ანჩის-ხატში ვჰსდგევარ კარის ბჭის ოთახში. მარტო. ერთი ძაღლი იმერელი მყვანდა იმანაც გამქურდა. და თუ ჩემი ამბავი. იკითხო. მარიამისა და კაცის სიკვდილის მწუხარებით. სულის დგმა აღარა მაქვს. არ მეგონა თუ ასე ვიგლოვდი და ასე შევსწუხდებოდი. სულ იმათის მწუხარების ფიქრში ვაღამებ: ამდენი, ხანია მეთვრამეტე თვე აქ ქალაქს ჩამოველ. მიკვირს სირცხვილად როგორ არ მიგაჩნია. ერთხელ როგორ არ ჩამოხველ და არ მნახე შენის ნახვით ხომ იცოდი მესიამოვნებოდა. და მწუხარეს გულს მომილხენდა მიკვირს შენის სვინიდისისაგან. იმათის დახოცისა თვის ასე მწუხარე ვარ და ნუგეში არა მეც. შენი ნახვა ხომ იცი დიდად მიამებოდა. ღმერთმანი გთხოვ და მინდა რამე შე. საბრალოვი ჭეშმარიტად რასაც შენს კარგს გავიგონებ. ღმერთს სულ. იმასა. ვსთხოვ. ახლა ამას გწერ ვინძილი, რომ ესე ჰქნა საცა კარგი სიმაგრე იყოს და შტერი არა ხდებოდეს იქ წახვიდე შენცა და ცოლიც. თან წაიყვანო. ან. დატყვევებით ან სიკვდილით არა აიტეხო რა. რომ. შენს განსაცდელით გამოუთქმელს, მწუხარების ჯოჯოხეთში. არ ჩამიყვანო. და ეცადო ამ მტრიანობის ჟამებში შენი თავი. განსაცდელს მოარჩინო. ღმერთმა ხომ იცის შენი ფიქრები. მაწუხებს და მტანჯავს. მე რაღა შეწუხება მინდა შენ მაინც. იცოცხლე. რომ მანამ ცოცხალი ვიყო. შენი ავი რა გავიგონო რა ვაჟო. ან. ერთსულ ერთი წიგნი როგორ არ მომწერე ხომ იცი დიდად მიამებოდა. რაღა. გითხრა დიდად გეხვეწები. რომ საცა იყოს შენი თავი დახიზნო და მშვიდობით ამყოფო: ახლა ნუ წამოხვალ ჩემს სანახავად: გზაზედ. დიდი შიშიანობა არის მცხეთიდამ. ქალაქამდის სამს ოთხს ალაგს. არც დაგიმადლებ. რა აიტეხო რა. და როდესაც. ზამთრის პირი დადგეს და უშიშოები შეიქნას, თუ მანამდის ვიცოცხლე. მაშინ მნახე. ესეც არ ვიცი ეს წიგნი მოგივა თუ არა: მარიამობის : ექკს. უჟე:[4]

მაღალ-კეთილ-შობილი ალექსისძე. რეკტორი დავით:

(გვერდე პირველ პირზე მიწერილია)

ქ. შენი მეუღლე სახელი კი არ ვიცი ვითა შვილი ეგრეთ მომიკითხე: შენი ძმანი და ძმის წულნი ყოველნივე მომიკითხე:

II.

მისს ღირსებას პატიოსანს მღვდელ იოანეს.

წმიდას მარჯვენეს. ამბორს გიყოფ. ვითა მღვდელსა ჭეშმარიტსა ქრისტესსა. და შენს მშვიდობას შენით. და შენის მეუღლით: ძეებით და ასულით ღმერთსა. ვჰსთხოვ. ჩემს ამბავს მოიხსენებ მართალია, სული კი მიდგას. მაგრამ. სხვა კეთილი არა მაყრია რა. ყოველთვის სნეულადა ვარ და ავადმყოფობაში. გახლავარ. მერე მიკვირს შენის მღვდელობისა და სვინიდისისაგან ერთხელ როგორ არ მიკითხე. ან ერთხელ წიგნი არ მომწერე. და შენი მშვიდობა და ამბავი არ შემატყობინე. ღმერთი არის მოწამე მე კი ყოველთვის შენს ზრუნვასა და მწუხარებაში ვარ. და შენს გონებაში. და ყოველთავე ვეხვეწები: რომ თვალყური მოგიგდონ. წინაზედაც ნიკიფორემ. და მამაცასშვილმა ზაქარიამ პირობა დამიდგეს. შენის გულისათვის. რაც შეგვიძლიან შევიყვარებთ. და თვალ-ყურს მიუგდებთო. შენ თითოს მოწმე ხარ. რომ ჩემს ცხოვრებაში. ჩემს გულში ეგ არ გავლილა რომ შენი გამორჩომა მდომოდეს, ახლა ასე მოხდა ჩემი საქმე, რომ გავღარიბდი: მოვხუცდი. და დავსნეულდი: ჯამაგირი მე აღარა მაქვს და თუ მქონდა რამე. რა რუსები მოსულან, იქიდამ. აქამომდე. დავხარჯე აღარ მაქვს რა. ახლა თუ. შეიძლებოდეს ჭეშმარიტად შენი შეწუხება არ მინდა. ერთი ურემი ფქვილი. გამომიგზავნე. თუ ერთი ურემი. ვერ შეიძლო, ათი კოდი ფქვილი მაშინც გამოთ მიგზავნე. დიდად საქმე გაჭირებული ვარ. მე ტომრები აღარა მაქვს. საცა იყოს. მანდ შენ იშოვნე. თუ შენ ვერ წამოსვალი რომ სოფელი და სამწყსო გიჭირავს და დიდ მარხვა არის. ასე ქენი შენი ძმა დავით გამოგზავნე: ერთი ურემი ფქვილი გამოატანე. ათი კოდი შენთვის გაყიდოს. და ათი კოდი. მე მომიტანოს. ექვს აბაზად კოდია: ქვეყანამ იცის მოხისი ქართლში პურის მდანი: თუ გქონდეს. მუხუდო და თაფლიც. გამომიგზავნე. და ღომიც: დაირწმუნე მაგიერს მეც გარდვიხდი. ხომ. მოვკვდები და ჩემს ანდერძში. არც შენ დარჩები უნაწილო: თუ არც ერთს იქმოდე. წიგნი მომწერე. რომ იმედი გარდავსწყვიტო და შენი მშვიდობაცა. ვჰსცნა. აბა რაღა მოგწერო. სულ ავადა ვარ. ჩემის სნეულებით. ჯერ მამეროდნენ: ჯამაგირი არა მაქვს და შემოსავალი. აბა საიდამღა მექნება დარჩომის გზა, და ილაჯი. ბატონისშვილი. დავით ის იყო, რომ ისიც. მაისს. ია. მიიცვალა: საბრალობელი. ქეთევანც. თერთმეტი თვე არის მიიცვალა. და საწყალი მისი შვილი ხომ უწინ ხევსურებმა მოკლეს. ეს მეექვსე წელიწადია შენი საწყალი. მეგობარი ნინია: რაღა მოგახსენო, ჩემი მწუხარება.

შენი მოჭირნახულე. და შენი გამზრდელი და მასწავლელი. ალექსის ძე ალექსოვი,

ფებერვალს. კა: წელსა. ჩყკ; ქკს ფჱ. ტფილისს:

დავით რეკტორი,

(ნაპირებში მიწერილები.).

მანოელმა დათიკამა და სვიმონმა ხელს გაკოცეს:

ქ. შენი მეუღლე ჩემის შვილის მსგავსად ჩემგან საგულვებელი. მამა ძეებრის სიყვარულით მომიკითხე. აგრევე შენი შვილები. ვაჟები. და ქალები: ქ. აგრევე შენი ძმა დავით: და შენნი ძმანნი მომიკითხე: ქ. შავის ლაქით დაბეჭდვა. სხვა არა გეგონოს რა რა დავით ბატონის შვილი მიიცვალა. მას აქეთ. ჩემს წიგნს ყოველთვის შავის ლაქით ვბეჭდავ. (ამ მეორე წერილს ზემოდამ ადრესი აქვს) მისს ღირსებას პატიოსანს მღვდელს იოანეს: ციცქიშვილს. გიორგისძეს. დავით რექტორის გასდილს მიერთოს ტფილისიდამ. ქართლს. სოფელსა მოხისს:

__________

1 აქ ქსანგრაფი უზის და ამის მერე „შვილით“ შემდეგაც. პ.უ.

2 აქ გაშორებულია გგონებთ ნიშნად ეხლა ხმარებულის წერტილისა. პ.უ.

3 ამ სამის სიტყვის: არც, არც და არამც პირველ ასოებზე არუს აქსანტეგუ პ.უ.

4 4 ესე იგი ბ1807 (ჩყვ) წელსა. მარიამ და კაცია, ვგონებთ ცოლის და შვილის სახელებია

6 ბრძოლა რომის დასაპყობლად

▲back to top


ბრძოლა რომის დასაპყობლად

კონსტანტინოპოლში.

(დასასრული )[1]

რამოდენიმე თვე გავიდა. ერთხელ რომაელთა ჯარის ბანაკში სარდალს ცეტეგს მოუვიდა წერილი ამ წარწერილობითა: „კორნელი ცეტეგს ცეზარსა,ყოფილს პრეფექტს და ყოფილს მეგობარს უკანასკნელად ჰსწერს პროკოპი ცეზართაგანი.“

„ეს წერილი ჰსწერდა პროკოპი, — იმისთანა სამწუხაროა, რომ ამ გვარი წერილი ჩემს დღეში არ დაუწერია ჩემს ყოფილს მარჯვენა ხელს და ეხლა დაშთომილს მარცხენასა. სიამოვნებით მოვიჭრიდი ამ მარცხენა ხელსაც, ოღონდ არ მომცემოდა მიზეზი ამის მოწერისა: ეს წერილია ოცდა ათის წლის მეგობრობის უარ-ყოფისა!.. მაგ მეგობრობას, რომელიც შენ დაასრულე მით რომ გადუდეგ და გველსავით დაშხამე ჩემი ვარსკვლავი — ბელიზარი, მე ვასრულებ უკანასკნელის სიყვარულით შენდამი: მე მინდა გაგაფთხილო შენ და გაუწყო. განსაცდელი, რომელიც შენ მოგელის. შენ უნდა შემძულებოდი მე, მაგრამ მაინც კიდევ მიყვარხარ, ცეტეგ! შენ ძნელად ამოგიღებს კაცი გულიდამ და მე ძალიან მინდა შენი დასხნა უბედურობისაგან. მაშ ყური მიგდე მე რომ ბიზანტიაში დავბრუნდი, მე მეხსავით თავ-ზარი დამცა ამბავმა, რომ ბელიზარი დაუჭერიათ ვითომ იუსტინიანეს ღალატობისათვის. მე ჯერ ვიფიქრე, რომ შენცა და იმპერატორიცა უცდენი ხართ ვისმე. ბევრი ვეცადე, რომ მენახა იუსტინიანე, მაგრამ ამაოდ ჩამიარა ცდამ: იუსტინიანემ არ მინახულა.მას პირში დორბლი მოსდიოდა როცა მის წინაშე ახსენებდნენ სახელს ბელიზარის კეთილის-მყოფელისას. აგრეთვე ამაოდ ჩამიარა ანტონინას ნახვის სურვილმა: შენის წყალობით იმას კარგად ჰყარაულობენ წითელს სასახლეში. ტრიბუნიანს წარვუდგინე ყოველივე საბუთი, რომ ბელიზარი უბრალოა, თვითონ ტრიბონიანმა ჰსთქვა, მე ვერ დამიჯერებიაო, რომ ბელიზარი მუხანათი იყოსო და ამასთანაც გაკვირვების ნიშნად მხრები აიწია. „მაგრამაო დაუმატა ტრიბუნიანმა: ბელიზარის საქმე ხელიდამ წასულია! რად უარჰყოფსო, რომ ანიცი მის სახლში დადიოდა, — ეგ ხომ ცხადად დამტკიცებულიაო.“ დიაღ, ბელიზარის საქმე ხელიდამ წასულია! სამართალმა მას სიკვდილით დასჯა დაუნიშნა და ანტონინას კი — ექსორია. — იმპერატორმა დაურბილა სასჯელი, სიკვდილის მაგიერ გაუსამართლა თვალების დათხრა, ქონების აოხრება და ანტონისაგან შორს გადაკარგვა.

საშინელი ჩოჩქოლი მოახდინა ამ გვარმა სამართალმა ბიზანტიაში. არავის არა ჰსჯეროდა ბრალეულობა ბელიზარისა, არავისა, გარდა იმპერატორისა და მსაჯულებისა. ხოლო ვერავინ შეჰსძლო საბუთების თქმა მისდა სასარგებლოდ, ვერავინ ვერ დაატრიალა მისი ბედი. მე გადავსწყვიტე კიდეც რომ თან გაყოლოდი მე ცალხელი ბრმასა.

მაგრამ ამ დროს უეცრად გამოგვიჩნდა ღვთის კაცი, — ღმერთმა აკურთხოს — ამან დაგვიხსნა ორნივე. ეგ კაცი მისი დაუძინებელი მტერი ნარზესია, რომელიც მე ამას წინად დაგისახელე, როგორც ერთი უდიდესი კაცი ჩვენის დროებისა. ნარზესი ყოფილა ნიკანდიაში წყლებზედ და იქ შეეტყო ბელიზარის უბედურობა. მაშინვე გამოიჭრა ბიზნტიაში, მიხმო მე და მითხრა: შენ ხომ იცი რომ მე ყოველთვის იმის ფიქრში ვიყავი ბელიზარი დამემარცხა როგორმე გაშლილს მინდორზედა. მაგა რამ მე ვერ შევიწყნარებ მას, რომ ეგრე უსახელოდ, ცილის წამებით დაიღუპოს ის, ვინც ძლიერი მტერი იყო ნარზესისა. ერთად ვიმოქმედოთ შენ — მისმა უკეთესმა მეგობარმა და მე — მისმა პირველმა მტერმა; გადავარჩინოთ იგი, გადავარჩინოთ ის რიხით-სავსე კაცი.

ნარზესმა მოითხოვა ნახვა იუსტინიანესი და იგი, ვითარცა მტერი ბელიზარისა, მაშინვე მიღებულ იქმნა.

ნარზესმა უთხრა იმპერატორს: „ბელიზარი არ შეიძლება მუხანათი იყოს; მისი მხოლოობითი ბრალი — ბრმა ერთგულებაა შენდამი. იუსტინიანეს არ მიეღო ეს საბუთად. მაშინ ნარზესმა დადვა იმპერატორის ფერხთა წინაშე თვისი ყავარჯენი სარდლობისა და უთხრა: „ან უნდა გააუქმო განაჩენი მსაჯულთა, ან არა და ერთსა და იმავე დღეს უნდა დაჰკარგო ორივ შენი სარდალი. იმიტომ-რომ ბელიზარისთან ერთად ექსორიაში წავა ნარზესიცა. იფიქრე, მაშინ ვინღა დაიფარავს შენს საიმპერტორო ტახტს გოთთაგან, სპარსთაგან, და სარკინელთაგან.“

იუსტინიანემ ჭმუჭვნა დაიწყო და სამის დღის პაემანი ჰსთხოვა მოფიქრებისათვის; იმ დრომდე კი ნება მოგვცა ნარზესს და მე ქაღალდები გაგვესინჯა, ჩვენება ჩამოგვერთმია ანტონინასაგან და სხვათა შეწამებულთაგან ქაღალდებიდამ გავიგეთ, რომ ყველაზედ ძლიერ საბუთად მოყვანილი იყო ანიცის ღამით მისვლა-მოსვლა ბელიზარის სახლში და ანიცი ხომ იცი მდივნად ჰყვანდათ შეთქმულთა. ისიც მოჰყვანდათ საბუთად, რომ ბელიზარი, ანტონინა და თვით ანიცი ძლიერ უარ-ჰყოფენ ანიცის მისვლა-მოსვლასაო.

როცა მე ესენი ვუამბე ანტონინას, მან შემომძახა: – თუ ეს მართალია, მაშ მარტო მეღა დავიღუპებიო, ბელიზარი კი თავს დაიხსნისო.

აქ თვალები განუბრწყინდა.

— ბელიზარიმ არ იცოდაო. განაგრძო ანტონინამ: ანიცი დადიოდა თუ არა; ანიცი დადიოდა ჩემთან და არა ბელიზარისთან. დაე ეს ყველამ შეიტყოს, თუნდა ბელიზარიმაც, დაე თუნდ ბელიზარიმ მომკლას კიდეც, ოღონდ თვით თავი გადირჩინოს.

ჰსთქვა ესა და მომაწოდა კიდეც ხელში ერთი ბოხჩა ანიცის წერილებისა, ამ წერილებმა ყველა საქმე გამოაშკარავეს და ამასთანავე დიდს ბრალს ჰსდებდნენ თვით თეოდორასაცა. მე მაშინვე ნარზესს მივუტანე. ნარზესმა წაიკითხა და მითხრა: „ძალიან კარგი, ეხლა ორში ერთი მოხდება: ან დავიღუპებით ჩვენ ყველანი ბელიზარისთან ერთად, ანუ ჩვენ გავიმარჯვებთ და დაიღუპება მარტო მშვენიერი თეოდორა. საქმე სიკვდილ-სიცოცხლეზეა მიმდგარი. წავიდეთ ანტონინასთან.“ ჩვენ მივედით ანტონინას სახლში და იქიდამ ჩვენ და ანტონინა, ყარაულებით გარს შემორტყმული, მივედით ციხეში, საცა ანიცი იყო პყრობილი. წამოვიყვანეთ ანიციც და ოთხნივ ერთად მივედით იუსტინიანესთან. ანტონინამ — მაგ სულგრძელმა ცოდვილმა იმპერატორის წინაშე მუხლ-მოდრეკით აღიარა, რომ ღამით ინახულებდა ხოლმე ანიცის მარტო იმ განზრახვით, რომ იგი გამოეხსნა თეოდორას მახიდამა. ანტონინამ მიართვა იუსტინანეს წერილები, რომელშიაც ანიცი მოუთხრობდა მას თუ რა ღონისძიებას ხმარობდა თეოდორა, რომ ანიცი ხელიდამ არ წასლოდა, წერილებში იყო გამოცხადებული ის საიდუმლო კარიცა, რომელიც, თეოდორას საწოლს ოთახს ჰქონდა, იუსტინიანეს ლუსკუმაცა, რომელიც აფარებული ჰქონდა იმ კარსა და სხვა ამ გვარი.

ისტინიანე დიდის მრისხანებით გააფთრდა; ჩვენ დაგვემუქრა სამართალში მიქცემთო. ჩემის მეუღლის შეურაცხყოფისათვის და ცილის წამებისათვისაო. ხოლო ნარზესმა უთხრა:

— ეგ მუქარა ხვალ აღასრულე! დღეს კი, როცა თეოდორა ძილს მიეცემა, ნება მიეც ანიცის მე და შენ შეგვიყვანოს თეოდორას საწოლში იმ საიდუმლო კარითა, წამოიღე თან ეგ წერილები და პირის-პირ დაუყენე ანტონინა და ანიცი. შანთ ქვეშ გამოჰკითხე იმ უკბილო კუდიანს გალატეას ყველაფერი — და გაფთხილდი კი, თორემ მე ვიცი შენ იქ შეიტყობ მასზედ მეტს, რის ცნობაც გინდა. თუ ჩვენ ამაში ვსტყუოდეთ, ხვალ როგორც გინდა ისე დაგვსაჯე.

იუსტინიანემ იყაბულა ეს სიტყვა. იმავ ღამეს ანიციმ შეგვიყვანა თეოდორას ბაღში. რაღაც ხაფანგი ეფარა მიწის ქვეშ გათხრილს. გვირაბს, რომელიც თეოდორას საწოლ ოთახამდე მიდიოდა. იუსტინიანე ჯერ კიდევ იმედეულობდა, რომ ეს ყოველივე ტყუილია. მაგრამ როცა ანიციმ მარმარილოს ფიცარი იქით მისწია, შინიდამ წამოღებულის გასაღებით გააღო საიდუმლო კლიტე და გამოაჩინა ლუსკუმა — იუსტინიანეს ელდა ეცა და გულ შემოყრილი დაეცა. რამდენისამე წუთის შემდეგ გონზედ მოვიდა. მიაბრუნა ლუსკუმა და მარტო. შევიდა თეოდორას საწოლში.

ოთახში ბნელოდა, მაგრამ მაინც იმოდენა სინათლე იყო პატარა კანდელისაგან, რომ ქვეშსაგები თეოდორასი ჩანდა. იუსტინიანე მიუახლოვდა ქვეშაგებს. თეოდორა იწვა სრულის სახელმწიფო სამკაულით მორთული. ერთი საშინელი ხმა მოგვვესმა. ჩვენ მსწრაფლად შევცვივდით და ჩვენთან ერთად შემოვარდა მეორე კარიდამ გალატეაცა. ელდა ცემულმა იუსტინიანემ ხმა-ამოუღებლივ დაგვანახვა უძრავად მწოლარე დედოფალი. მივუახლოვდით ქვეშსაგებს — დედოფალი მომკვდარიყო თურმე. გალატეას გული შემოეყარა. ჩვენ გავსინჯეთ ოთახი; ოქროს სამ ფეხიან მაყალზედ ვიპოვეთ რაღაც ფერფლი. ვიხმეთ მოახლენი. გალატეამ გვიამბო, რომ იმ საღამოს, სწორედ იმ დროს, როცა ჩვენ იუსტინიანესთან ვიყავით, თეოდორა მარტო გამოსულიყო, გამოევლო. ბაღი და მოსულიყო იმასთან, საცა ჩვენა და იუსტინიანე ვიყავით. ამას უწინაც თურმე იქმოდა ხოლმე: ხოლო ამ ჟამად ისევ მალე მობრუნებულა უკან და თუმცა გულდამშვიდებული ყოფილა, მაგრამ სახეზედ ფერი აღარა ჰსდებია. ებრძანებინა რომ მაყალზედ ნახშირი გამიღუვეთო და მის მერმედ ჩაეკეტნა კარები. როცა გალატეას კარი დაეკაკუნებინა, თეოდორას ხმა მოეცა,რომ მე დავწექი კიდეცაო და შენ საჭირო არა ხარო.

იუსტინიანემ მოისმინა რა ყოველივე ესე. მივარდა ქვირფას მკვდარსა და სანთლის სინათლეზედ უეცრად თვალი მოჰკრა ბეჭედს, რომელიც ერთხელ როდესღაც კლეოპატრასი ყოფილა, და რომელიც თეოდორას ყოველთვის ნეკზედ ჰქონდა. დააკვირვა ბეჭედს თვალი და დაინახა, რომ პატარა იაგუნდი ახდილია და მუნით ამოწოვილია საწამლავი, რომელიც ყოველთვის იმ იაგუნდის ქვეშ იყო შენახული. დედოფალს თავი მოეწამლა.

ჯერ კიდევ ეჭვში ვიყავით და არ ვიცოდით რის გამო მოეკლა თავი: იმისგან რომ თავისის სნეულების ტკივილებს ვეღარ გაუძლო, თუ იმის გამო. რომ წინად იგრძნო თავისის ძლიერების დამხობა. მაგრამ ამ საგანზედ მალე შევიტყეთ მართალი. თეოდორას სიკვდილის ამბავი მალე მოედო მთელს სასახლესა; ჩვენ კიდევ მის საწოლ-ოთახში ვიყავით, რომ მოვარდა კარის-მცველი იმპერატორისა მან შიშით აღარ იცოდა რა ექმნა, დაეცა მუხლებზედ იუსტინიანეს წინაშე და უამბო, რომ რამდენიმე წელიწადია, რაც თეოდორასაგან მას ჯამაგირი ეძლევოდა მარტო მისთვის, რომ ეცნობებინა ხოლმე თეოდორასათვის ვის ინახულებ ხოლმე იმპერატორი ცალკედ. მაშინ თეოდორა ჩუმად მივიდოდა თურმე, შეიპარებოდა იუსტინიანის დარბაზის გვერდზედ მყოფს ოთახში და იქიდამ ხედავდა და ისმენდა ყოველსფერს, რაც მოხდებოდა და ითქმოდა. გუშინაც ეცნობებინა კარის მცველს, რომ ჩვენ იუსტინიანესთან მივედით. თეოდორა მაშინვე მორბენილა და რა წამსაც მისთა ყურთა სმენიათ ლაპარაკი ანტონინასი და ანიცისა, ვაიმეო, დაუძახნია და დაცემულა. შემდეგ კი მალე წამომხტარა ფეხზედ და წასულა; კარის მცველისათვის უნიშნებია, არა ჰსთქვა რაო.

ნარზესი შეადგა იუსტინიანეს, რომ გალატეას შანთქვეშ გამოჰკითხოს, რაც იცის, მაგრამ იმპერატორმა პასუხად უთხრა: „ამაზედ მეტის ცოდნა აღარ მინდაო.“ ერთი დღე და ღამე მარტომ გაატარა თავისის მაინც კიდევ საყვარელის მეუღლის ოთახში კარ-ჩაკეტილმა, მერე დამარხა ხელმწიფურის დიდებითა სოფიის სობოროში. საჯაროდ კი გამოაცხადეს, რომ თეოდორა მოულოდნელად გარდაიცვალა ძილის დროს გაღუებულის ნახშირის სუნისაგან. სამ-ფეხიანი მაყალი გამოიტანეს და დადგეს საჯარო ადგილს ამის დასამტკიცებლად.

იმ ერთს ღამეს იუსტინიანე ისე შეიცვალა, რომ სრულიად დაბერებულს ჰგვანდა. ანტონინამ, ანიკიმ, ბელიზარიმ, ფოგლიუსმა, ანტონინას მოახლეთა და სხვათა ერთნაირად აჩვენეს, რომ შენ და თეოდორამ, ანტონინა მოატყუეთ და საქმე ისე მოაწყეთ, რომ ბელიზარი თვალად მაინც გაგეხადნათ შეთქმულების მოთავეთა. ყოველმა ამან დაარწმუნა იუსტინიანე ბელიზარის სიმართლეზედ. მეც შევფიცე, რომ რამდენიმე კვირის წინად თვით ბელიზარი მრისხანებით ლაპარაკობდა ფოგლიუსის შეთქმულობაზედ.

იუსტინიანე წავიდა ბელიზარისთან საპყრობილეში - თვალში ცრემლით მოეხვია და ჰსთხოვა შემინდეო მეცა და ანტონინასაცაო ანტონინამ გამოისყიდა კიდეცა სინანულითაო თავისი უბრყვილო ტრფიალების ცოდვანიო და ჩემის შეცოდების შენდობისათვის კიო გთხოვ მიიღო ჯარის წინამძღვანობა იტალიაშიო. მაგრამ ბელიზარიმ უპასუხა: „რა, იუსტინიანევ, ჩემი საქმე სააქაოს გათავებულია: მე და ანტონინა წავალთ აქედამ შორს, ჩემს მამულში მესსოპოტამიაში და იქ დავმარხავ ჩემს თავსა და ჩემს წარსულს. მე ახლა მოვრჩი ჩემის სნეულებისაგან - ესე იგი, მისგან რომ შენის სამსახურის სურვილი მქონდა. და თუ გინდა უკანასკნელი წყალობა მოიღო ჩემზედ გაჰგზავნე იტალიაში ჩემი დიდებული მეგობარი და მსხწელი ნარზესი; იგი ამოიყრის ჩემს ჯავრს გოთებზედ და იმ სატანაზედ, რომელსაც ცეტეგს ეძახიან.“

ჰსთქვა ესა და ორნი დაუძინებელნი მტერნი გადაეხვივნენ ერთმანეთს ჩვენ თვალ წინ.

ყოველსავე ამას დიდ-საიდუმლოდ ინახვენ თეოდორას სახელის პატივისათვის. გამოაცხადეს კი რომ ბელიზარის სიმართლე გამოაჩინესო ნარზესმა, ტრიბონიანმა და პროკოპიმაო და დაამტკიცეს ახლად პოვნილის სიგლებითაო.

ყოველივე ეს მართალია. შენა გწერ იმისთვის, რომ იცოდე რა მოგელის და თავს უშველო. თუმცა მე არ ვიცი რა დააბარა ნარზესსა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ იუსტინიანეს შენი დაღუპვა უნდა და ეგ მიანდო ნარზესს. შენ გინდოდა, რომ რომი თავისუფალი და ხელახლად აღორძინებული ყოფილიყო და მარტო შენ ყოფილიყავ მის გამგებელათ. მაგრამ ეგ შენი განზრახვა უგუნურება იყო, შენ მაგ განზრახვას უმსხვერპლე თვით ჩვენი მეგობრობაცა. ხოლო მე კი მივდევ თან ბელიზარისა და ანტონინას და მათთან ახლო, შერიგებულთ მეუღლეთა ბედნიერების ყურებაში — ვეცდები გავაქარწყლო ყოველივე ის, რაზედაც ეჭვი შემივიდა, რაც მაწუხებს და რაც მაძულებს ადამიანსა.

______________

1 ივერია №№12, 21, 22, 23, 24, 28, 32, 33, 36 და 38.