![]() |
ცისკარი №1 (1859) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ლექსები სხუა და სხუათა თანამედროვეთა მწერალთა |
▲back to top |
![]() |
1.1 ბედა მქადაგებელი. |
▲back to top |
ბედა მქადაგებელი
(გეტესი)
იყო საღამო, სხივნი მზისანი
გარდმოშლილ იყვნენ მთისა მწვერვალზედ,
დაშვებულ მზისგან ჩრდილნი ხისანი
გატყორცილ იყვნენ გრძლათა მიწაზედ;
ყრუთ იყვნენ ველნი, ველურათ ტყენი,
სრულად ჩუმობდა გარშემო არე,
სადგობს არიან ფარულ ფრინველნი
და რაღაც ძილში არს არე-მარე.
ხოლოთა ფიჭვნი დიდ-ხნის მცხოვრებნი
ნელის ქარითა ძლივს ირხეოდნენ,
ჭაღარათ ქმნილნი დიდრონნი კლდენი
მოსილნი გინგლით გარდმოშვენოდნენ.
მინდობილ ყრმაზედ უძლურ ხელითა,
ქარით დაჭმუჭვნილ სამოსელითა,
უდაბურს ფილიკს შიშველის ფეხით,
გარიყულს გზაზედ კრკალით, რხევით
ვიდოდა მძიმედ, ჩაფიქრებული
ბრმათ ქმნილი ბედა მოხუცებული.
გარნა ყრმა იგი, მის წინამძღვარი
იძალა, კენკართ სურს გემოვნება,
თუ ბედა ჰყვანდა მოსატყუარი?
„მოხუცო! ჰრქვა მან, მსურს მოსვენება!
მე შევისვენებ, გრძელ გზითა ძალმწფდა
და, თუ გსურს, იწყე შენ ქადაგება!
მადლობით გნახეს მრავალთა მწყემსთა
და აგერ ხალხიც გზაზედ, გროვდება,
აგერ შვილებით თვითვე დედანი,
უთხარ მათ, ღვთისა ჩუჱნის დიდება
ჯვარცმულის მის ძის, ვინცა ტანჯვანი
ჩუჱნის ცოდვისა თვის ნებით ინება.“
მყისვე სიწმინდით ზენარის მადლით
მოცულსა სახე გამოუბრწყინდა;
ძლიერის სიტყვით და ხმითა მაღლით
ზეციერს ჰაზრსა ნათლად ხატვიდა.
და, როგორც წყარო ქვათა ძარღვისა
აღმომხეთქელი, გამაპობელი,
ზვირთნი ცოცხლათა სიტყვის მაღლისა
მის ბაგით იყო გადმომდენელი.
ზეგარდამოის - შთაგონებითა
სადაც დიდებით მოსვენებითა
სიტყვა სიტყვაზე იყო მდინარი.
უღვთოთ მის მზგავსი სიტყვა არ არი!
თითქო იმ მოხუცს ამ დროს დიდებით
თვალ წინ წარუდგა ცა თვის მშვენებით,
ხელნი ცახცახით და მოწიწებით
ზე აღემართა, მის თეთრსა თმასა
ცელქი ნიავი ალერსით ჰძრავდა,
ცისკენ პირ ექნა მის გამქრალ თვალსა
თითქო სინათლე ხოლოდ იქ აქვნდა;
გამშრალ თვალთაგან ცრემლნი ჰსცვიოდნენ-
ცრემლნი სიწმინდის გარ მოჰსცვიოდნენ...
ჩასვენდა მზეცა ყვითლად მღვიმარე,
მწუხრის სიგრილემ ხეობას ჰბერა;
მოწმენდილს ცაზედ მოსხლტოდა მთვარე
და თვის მცხრალ სხივით მთათა დასცქერდა.
ჰქადაგობს ბედა და მოესმა ხმა...
სიცილით, ხელ კვრით ეტყოდა მას ყრმა:
მყოფნი!... წარვიდეთ!... აღარვინ არ არს!
მზის მაგიერათ ვსჭვრეტთ მთვარესა მცხრალს.
დადუმდა ბედა თავ-ჩაღუნული
გზას განემართა შეწუხებული;
დადუმდა რა ის, კიდით კიდამდინ
ქვანი მისძახდენ პასუხათ: „ამინ!“
თ. ილია ჭავჭავაძე
1858 წ.
მარიამობის თვის 25-სა.
ს. პეტერბურღს.
![]() |
1.2 ჩემს ვენერას! |
▲back to top |
ჩემს ვენერას!
განცვიფრებით გჭვრეტ აღშფოთებული
შვენების ღმერთა, ჩემო ვენერა!
სადა იშევი? სად ხარ გაზდილი?
მსურს, რომ შევიტყო? ვერ გავიგე რა!
ეგებ ზეცით ხარ მოვლინებული,
მოშორებიხარ ცისა არესა?
ანუ ედემს ხარ აღყვავებული,
მაგრამ არ გინდა ჩუჱნსა მხარესა?
ნუ თუ ბედით ხარ მოვლინებული,
დიდი ხანია რომელიც მდევნის?
და შენით მოსწყლოს სურს ჩემი გული,
გამოუცდელი არა დიდის ხნის?
სწორეთ ასეა! ეს უფრო მჯერა!
მოჩუჱნება ხარ სწორეთ ნამდვილი,
გრძნობდი, ბედისგან ასე მეწერა:
ყვავილოვანთ წელთ ტანჯვით სიკვდილი!
მაგრამ სიკვდილსა მე არ უწოდეს,
შენთვის სიკვდილსა, ჩემო ვენერა!
სანამ ცოცხალვარ, შენთვისა ვგოდებ,
შენ დაგეტრფია და შენთვის მღერა!
და როს მოვკვდები დაგენაცვლები,
შენის ხელითა მიწა მაყარე,
უგრძნობს მიჩუჱნე შავი თვალები
და ცოცხალ-ტანჯულ მკვდარი მახარე.
წ.
1853 წელსა დეკემბერის 20-სა დღესა ქ. ქუთაისს.
![]() |
1.3 ჩემს ძმას გ. |
▲back to top |
ჩემს ძმას გ.
იდეებრ სოფლის გამოხატვის ფრთითა მფრინავო,
იყავ კმაყოფილ მაღალ გრძნობით იხარე ძმაო,
ვის ძალუძს სოფლის და დიდ საგანთ ცნობა საკმაო,
მისთვის წარსულთა დროთა გლოვა არის ამაო!
შენებრ ჭაბუკნი სხვანი ჯერეთ უცნობნი სოფლისა,
ვით მცირე ყრმანი უმეცარნი უგრძნობნი ყოვლის,
აზრობენ მხოლოდ დრონი შვების მალიად გავლის,
და მცხოვანება შეექმნებად მიზეზად ჰსწავლის.
შენ მით სრულიად განესვავე გონიერებით,
თვით ბუნებამან აგღამაღლა ნიჭიერებით,
მანვე შეგმოსა საკვირველის ჰშვენიერებით,
გმართებს იშვებდე ესოდენის ბედნიერებით.
კნიაჟნა. ეკ. ერის-თავისა.
![]() |
1.4 ხელისა უფალთადმი |
▲back to top |
ხელისა უფალთადმი
ოდეს მეფემან თვისს მაგიერად,
ანუ თუ დრომან გყოს შენ ძლიერად,
მაშინ გმართებს შენ სლვა გონიერად:
ნუ თუ ვინ გპოვოს, გულ მანკიერად
საქმეთა მყოფი ბოროტ ცბიერად,
მართალთ მტანჯავი, ჰავთ მაგიერად,
და მომხვეჭ ოდეს ქვეყანიერად,
არამედ ეგე ღირს, მეცნიერად,
საქმეთა მსჯელი გულის მხიერად
კეთილთ მფარველი სწორ წადიერად.
პატიჟთ წარმათქმელ გულ ლმობიერად,
სოფლის მომგონე წუთ ჟამიერად,
ურცხვენელ სიტყვის მგე ზეციერად
და ნაცვლად მოსავთ კეთილთ ციერად.
თ. ირაკლი ლორთქიფანიძე.
10-სა მაისს. 1856 წელსა. ქვაშიხორს.
![]() |
1.5 წადილი |
▲back to top |
წადილი
წალკოტი მომცა ყვავილით სავსე და
შადრევანი ტურფა, მდიდარი,
არ იყოს სიცხე, არცა სიცივე, არც წვიმა,
თოვლი, არც სცემდეს წარი,
შიგან კეკლუცი შუქ-მოიეფე, ხარობდეს
ვითა ზაფხულის დარი,
გულისა დარდის მეიავარე, ახლდეს წყობილი
ინდოთა ჯარი!
იქა მონანი ათასნი ყრმანი მახლდნენ, მკერდ
სირმა კაბაიანნი,
კოლხიდის კრავნი, ოქრო-თმიანნი, ბრჩხილნი
და რქანი, ფირუზიანნი,
კეკლუცნი ქალნი, მორთულ ძვირფასნი, პირ
მზე ცინარნი ალმასიანნი,
მოთამაშენი, მოკამათენი, მეწინწილენი,
კეთილ-ხმიანნი!-
![]() |
1.6 რა გამოვა? |
▲back to top |
რა გამოვა?
წყალი დამარჩობს, ცეცხლიცა დამწვავს,
გზა დამღალავს და ტყვია გამძარავს,
ჰაერი მარჩობს, ხრმალი შუა მჭრის, ისარი
მამკლავს, ქვა გამიტეხს თავს,
სიცხე ცივებას, სიცივე ვნებას, ნელ-ნელა წუთიც
სიცოცხლეს მპარავს,
მატლიც ხომ შემჭავს, რას ვიგდებ მე თავს?
ღმერთო შეგცოდე, დუმილი ჰსჯობს თქმას!.
კოლხიდელი
![]() |
1.7 დაფუძნება ტფილისისა |
▲back to top |
დაფუძნება ტფილისისა
გორგასლან მეფე ქართლისა, მოვალს ქართლითგან ქადილით,
თან მოსდევს ჯარი წყობილი, იარა, იარალის ზახილით.
ხეობა - მტკვრისა გამოვლო, გარსა ღიღინით მოსდებენ,
ჭაობი, ღელე, თუ ველი, ბანსა ერთობით მოსცემენ.
წინათ მოუძღვის დესპანი, ხელთ მშვილდთ ისართა პყრობელი:
„მე მეტსა მოვკლავ, შევიპყრობ“ ზოგია ამის მხმობელი.
ჰსჩანს ბატონს მოსურვებია, გამონადირვა მუნ, სადა
ჯერ ვერა რომელს ხორციელს კაცს გაუვლია ვერადა;
მოადგა ალაგს მას, რომელს აწ უზახიან ვერასა,
და რა იხილეს ეს მხარე უმეტეს მოჰყვნენ მღერასა.
მარჯვნით მთა, მაზედ მუხანი ნარნარად აღყვავდებოდენ,
ნარნარად ფერად ვერცხლისა, წყარონი მომდინარობდენ,
მარცხნივ ტყე, თვალით უწდომი საამოდ იხილვებოდა,
მხოლოდ უდაბნო ანტონის საღრმთოს ძლით მოიცინოდა,
ტყე, საშინელი, უვალი, შავად წინ მოეგებოდა,
და - მტკვარიმასში ბუტბუტით სითგანღაც ეშურვებოდა!
ნახა, და მაშინ განკვირდა, მეფე ღვთისაგან ცხებული,
სპათ შეუზახა: მოყმენო! მოიღეთ მშვილდნი ლესული.
აქ შეგვიძლიან დავხოცოთ კარჯარ, ირემი და შველი,
ვინადგან ფეხი კაცისა ჯერ, არსით აქა მომსვლელი.
ეს ბძანა, მოყმეთ, მსწრაფლ ცხენთა, დეზი სასტიკად შემოჰკრეს
და განუვალი ტყე ესე ნადირობითა შემოვლეს.
სადა დახოცეს ირემი, სად თხა, ქურციკი მხლტომელი,
სად ჯეირანი, კანჯარი ანგარიშ მიუწდომელი!
რა მოიღალნენ ყოველნი, მომწვანოს კორდსა გარდახდენ,
დასცეს კარავნი მონათა, რომელნი უხვად თან ახლდენ.
აქ შექნეს ლხინი, შექცევა, მონადირეთა მხლებელთა,
ბუკსა უკვრიდენ, წინწილათ, ჟივჟივი აქვნდათ ყოველთა,
ესეც მოჰსწყინდა რა მეფეს, გამოსდგა, კარვით გარეთა,
კმაყოფილებით უმზერდა ამა უცხოთა მხარეთა.
წყარო იხილა ერთს ალაგს, ფერითა განსაკვირველი,
და ესე გვარი ნახვაი, მისთვისა იყო პირველი.
მივიდა, ნახა, კლდეთ შორის საამოდ აღმომჩქეფარე,
ორთქლსა სასტიკად მოეცო იგი მიდამო და არე.
განკვირვებამან მოიცო, მეფე ფიქრს შიგან შესული,
ვინა მიხვდების მეფის აზრს ოდეს არს დაფიქრებული?
მოყმეთ იხილეს ბატონი, წყაროს წინ ესრედ მდგომარედ,
მივიდნენ, გარნა ვერ ჰკადრეს, შორით უმზერდენ მდუმარედ,
რა უკუნ იქცა გორგასლან, ერთგულთ მუნ მყოფთა უბძანა:
უსაკვირველეს ამაზე უხილავს რომელს თქვენგანა?
ეს მშვენიერი ხეობა, ტყე, - მტკვარი, წყარო მცინარე,
ეს ტფილი წყალი ბუნებით კლდეთ შორის აღმომდინარე,
გარს სანადირო უცხო ღრე, მეტად მომწონი ალაგი,
ვფიქრობ რომ გამოვიტანო, აქ ჩუჱნი მცხეთა ქალაქი...
ეს ჰსთქვა და განვლეს მრავალთ წელთ, არღა მას ალაგს ტყის კვალი
მართლად აღშენდა ქალაქი სცხოვრებს მუნ კაცი მრავალი,
აქ მშვენიერი სასახლე ტურფა და მეტად მაღალი,
იქ ხეივანი, ქვაშლილი, ზედ ხშირად ხალხი მაკალი!
დრო ტყეს გარდაქცევს ქალაქად, ესეა ესე სოფელი,
და სად ყოფილა პალატი იქა თხა არის მძოველი!...
ი. კერესელიძე
![]() |
1.8 კვალად-ლხინი |
▲back to top |
კვალად-ლხინი[1]
ყანწი მიბოძეთ ციმ-ციმით სავსე,
მზათ ჰბძანდებოდე, მოვდივარ შენთან!
მორჩა დალიე- ნუ დაანავსე,
როს გამოსცალო მოდი შენც ჩემთან!
აბა ქართულათ, მამა-პაპურათ,
მრავალ-ჟამიერ, დავძახოთ ტკბილათ!
გინდა ჩონგურო, გინდ მოძახილი,
რაც შემოვსძახოთ, ყველაა- ლხინი!
ლხინი, რა ლხინი? ის რა ლხინია?
ოდეს ყანწები, არ გვეპყრას ხელთა!
რით იქმნებიან კმაყოფლნია,
თუ არ მოვალხენთ ჩუჱნდამო მზერთა!
მიბოძე ყანწი, რათ მინდა ჭიქა,
გატყდეს, ვეძებდე, მე აქა-იქა!
ვიდრე მე იმის ძებნას მოვრჩები,
ვჰგონებ ჭკვიდამაც სრულებ-შევცდები.
მაგრამ ეს ჩუჱნი ქართული ყანწი,
რამთენიც გინდა ასწი და ასწი!
ვითომც გაგიტყდეს! შენ არ მამიკვდე
ოღონდ უბძანე: ბიჭო! დაასხი!-
მიყვარს ამ გვარათ, სუფთა გაშლილი,
ზედან მოლხენა, გულ-გაღეღილი:
ცხელ-ცხელი მწვადი, დანით მოთლილი,
იქვე მიწოლა და იქვე ძილი!
მეტადრე მაშინ, ოდეს გონება,
მარტივათ ლხინსა დაემონება!
თუ შეჰწევს მასთან თავისუფლება,
ლხინი მარად-ჟამ, ასე იქნება!
თუ სამღვდელონიც, მოჰსთქმენ გალობას,
და ადიდებენ იესოს-შობას!
მაშინ უყურეთ თქვენ ჩემსა გრძნობას,
ვაჟ-კაცურს გულსა და მამაცობას!
რა რიგათ მყისვე, ხელადა სველი,
ჩუჱნს დეკანოზსა, კრძალვით მივართვა
და ამ დროს თუ, რომ შუბლიც მაქვს ცხელი,
ძილის პირები მეცა წარმოვსთქვა.-
დ. ბერიევი
27-ს დეკემბერსა. 1858 წელსა.
______________
1 პირველი ლხინი დაბეჭდილი იყო, წარსულის წლის მეათეს „ცისკრის“ ნომერში . რ.
![]() |
1.9 დიდი პარასკები |
▲back to top |
დიდი პარასკები
ურიათ ვის აღუმართეს ჯვარად ძელი!!!...
დღეს დადუმდა ღმერთ-კაცი ღვთად მეტყველი!...
გასკდნენ კლდენი!... განიპო კრესტაბმელი!...
აღდგნენ მკვდარნი!... იგლოვს თვით მზეცა ბნელი!..
ღმერთმან თავი მოიხარა სიკვდილად:
განშორდა, ხორცს მიეწურა ღრმად ძილად;
ჯოჯოხეთად შთახდა უკუნს-უფსკრულად
დღეს ვსტირთ მისნი, ვიგლოვთ მოსავნი სრულად...
შეველ მტილსა მგლოვარებით დამშვრალი,
სად სიმწყაზრე, ვნახე, დაზრულ-გამქრალი;
მზის ნაცვლად მთვარე იდგა დამცხრალი.
დავფიქრდი. მუნ, სევდამ მპოვა გამშრალი...
რიჟრაჟს, ვსჭვრეტდი, განვიცადე ნეტარა?
ველს მაისი კვლავ მანტიად ეფარა;
მას კვლავ ტურფა ედემი დაემარა,
ვცრემლეობდი სიხარულით აღმხმელი!...
ისარნი წყვლად განაბნივა მძინარემ;
განიღვიძა განგვანათლა მღიმარემ;
აღსდგა მკვდრეთით, იგრძნა ყოველმა არემ,
ჯოჯოხეთის და სიკვდილის მძლეველი!
ურიათ ვის აღუმართეს ჯვრადძელი!...
თ. დავით მაჩაბელი
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 ჩემი გული |
▲back to top |
ჩემი გული
ოჰ! სიკო? სადა ხარ? რავდენი წელიწადია რაც აღარ მინახვიხარ. მე თუცა ბევრჯელ დავაპირე შენთან წიგნის მოწერა და მსურდა შემესმინა შენთვის აქაური ამბავი, გარნა მომიტევე ძმაო, რადგან მე არა ვარ არცა პოეტი და არცა ლიტერატორი რომ ცხადად და სასიამოვნოდ გამომეხატა ყოველივე ნახული ჩემ მიერ აქა შესანიშნავი საგანი. მის მიზეზისაგამო ვეღარ გამოგელაპარაკე და აწ ვმადლობ ღმერთს რომ კიდევ ერთად შევიყარენით. წავიდეთ შინა და დავსტკბეთ ჩვეულებრივ მეგობრულის საუბრითა
ეგ არის შაშო შენი ამდენი ხნის წიგნის მოუწერლობის ბოდიში? ეტყოდა სიკო.რა საჭიროა რომ შენი წიგნი ჩემთან პოეზიურს აზრზედ არ იყოს დაწერილი. ფრიად მიკვირს შენგან რომ მაგას ამბობ. ვსთქვათ ლიტერატორიც იყო, რას დასწერ მისთანას რომ ქვეყანა გააკვირვო და ან რას იტყვი მისთანას რომ შენგან კიდე არვის ეთქვას. დაიჯერე, ცუდად შვრებიან ზოგნი-ერთნი მწერალნი რომ შედიან მისთანა თხზულებითის სიღრმესა, რომლისაგან ხანდიხან ძლივსღა გამოდიან და რომლისა ნაყოფსა თვითანაც ძლივსღა სცნობენ... ბევრი უცხო მოლექსენი და მოამბენი უშობნია წარსულთა საუკუნეთა, გარნა გარწმუნებ არცა ერთსა მათგანსა ახალი სიტყვა არ დაუბადებია, რომელი წინათაც არ ყოფილიყოს ნათქვამი, თორემ თუ ყველა მწერალს თავ-თავისთვის ეწერა, მისი დაწერილი მისდა მხოლოდ გასაგონად დაშთებოდა და თუ კი ჩუჱნც გავიგონებდით მათ მოლექსეთ სიტყვათა, სჩანს წინათაც ყოფილან იგი სიტყვანი ნათქვამნი. რასაკვირველია ეს კია რომ ყველა კაცს ერთი ტალანტი არა აქვს. ზოგი უცხოს და სასიამოვნოს ლექსებით გამოხატავს საგანსა და ზოგი მომცროობს. მე ხომ ცენზორი არ ვიყავ ძმაო, რომ არ დამებეჭდა შენი წიგნი, რაზედ შიშობდი? მარამ ნათქვამია: რავდენიც თვალი შორსაო, იმდენი გულიც შორსაო.მეც კი მაქვს დანაშაული შენთან, რომ აქამდენ ვეღარც მე მოგწერე. ეჰ ძმაო! ჩემი გული ასეთ ჭირის ბადეში გაება, რომ თავის თავიც აღარ ახსოვს... ხა! ხა! ხა! რა ამბავია სიკო? ეგ არის და, ეგ უფრო მიკლავს გულსა, ვისაც შევჩივი ჩემს მწუხარებას, სიცილად არ ჰკმარით, რასაკვირველია გაიცინებთ, მე გული მეწვის და თქვენ კალთა და ყოველივე ჩემი ნათქვამი ცივად გჩანთრა ამბავი სიკო? სთქვი შენ გარდასრად მიიღე ჩემი სიცილი საწყენად? მე ხომ კარგად მიცნობ იშვიათი სიცილი ვიცი, გარნა ვიცინი მაშინ, ოდესცა მნებავს. მითხარ შენ გარდას, შენ როგორც გეტყობა არშიყი ვისიმე შექმნილხარ, რომ აგრე გულმტკივნეულად ლაპარაკობ და შენი სახის დამშვიდებაც ამტკიცებს. რომ შორს ფრინავს შენი აზრი. მართლად შაშო. მკითხავად გამოდგები, მეტად შემატყე. ვარ ერთის პირის არშიყი და აღარა აქვს გულსა სიმშვიდე და ღელავს იგი, მგზავსად განრისხებულის ზღვისა... ხა! ხა! ხა! აი! აკი გითხარ, კიდევ დაიწყე ხარხარი? ჭეშმარიტად უგრძნობ კაცთან ლაპარაკი და ქარის პყრობა ორივ ერთია. ჩემდა სამწუხაროდ უნდა გითხრა ძმაო. შაშო, რომ რომლის კაცის მხრები შენისთანა უგრძნობთავს ზიდავს, სწორედ იგი მიემგზავსება ჩარვადრის ცხენსა, რომელსა ტომრები გავსილის შილით ჰკიდია და ზიდავს პატრონის ჯოხის შემწეობით. მშვიდობით ძმაო, შენშიაც მოვსტყუვდი სომხისა არ იყოს.
დაჯექ, დაჯექ. ნუ სჯავრობ შენ გარდას სიკო. რადგან სომეხი მომაგონე. წუხელ სომხის ქორწილში ვიყავ და გიამბობ იმათ წესსა. თუ მიჯნური ხარ გესიამოვნება სხვა და სხვა ამბავი. გამიშვი თუ გიყვარდე შაშო. ჩემს გულში, იმდენი ალაგი სადღაა რომ სხვ და სხვა ამბები დაეტიოს. რაში მეპრიანება სომხის ქორწილი და მათი წესი. მე ისეთი ამბავი მინდა, რომელმაც ჩემს შემსჭვალულს გულს შვება მისცეს, მარამ რადგან არ დაგიშლიათ სთქვი, ეგების მართლად გავერთო. აი გეტყვი:
წუხელ ღამ ერთს ჩემთ მცნობთაგანს კაცი ეგზავნა ჩემთან და შემოეთვალა, ძმაო შაშო! ამაღამ ჩემთან მოდი ჩემი ბედნიერება ნახეო. მე ცოტად შემიგვიანდა მიზეზისაგამო, მარამ მაინც კარგს დროს მიველ. ის იყო ტერტერა იდგა და უკურთხავდა მეფეს ტანისამოსს. რა გაათავა, შევმოსეთ მეფე ნაკურთხის ტანისამოსით და გამოვემართენით სასძლოსთან, - გავგზავნეთცა ალავი წინად, მივედით, სახლი დაგვხვდა უცხოდ ხალიჩა-ქეჩებით მოფენილი და მრავალნი აღნთებულნი სანთელნი განანათლებდენ სახლსა მის დღეებრ. ყმაწვილნი ქალნი, მდიდრად დართულნი, ჯერ-ჯერად თამაშობდენ მირზაიას. ტერტერამ მეფე-დედოფალს მცირედი ლოცვანი წაუკითხა, მეფე ჩუჱნთან გამოვიდა და ქალთა ისევე იწყეს თამაშობა, მარამ სწორე გითგრა(გითხრა) ძმაო, რაც იმათ ხვეწნა ნდომებიათ, ის მირზაია იმათ არა ღირს. ჯერ ერთი ესა რომ კაცი ვერ სთხოვს ქალსა თამაშობას, იმათში უჯერობაა. იქ არის ხნიანი დედაკაცი, ის გამოიყვანს სახლიდამ ქალსა სათამაშოდ, მარამ საშინლად ბევრი ხანი გადის. ჯერ მოთამაშე უარობს და იძახის: „ჩემ კარა ძერ არევ! ინჩანემ? ჩემ კარა!“ არ შემიძლიანო. რა დაიყოლიებენ, დასდგება სათამაში ალაგს, უნდა გახადონ ქათიბი, ლეჩაქი და კაბის კალთები უნდა გაუსწორონ და შემდეგ დაუკრან სათამაშო ხმა მირზაიას.. რა გამოვა მოთამაშე, აღიტანს ორთავს მკლავთა ღაწვთა პირისპირ, განივლის მცირე ალაგს წყნარის ტანის მოძრაობით და ხელთა გადატან გადმოტანით, შემობრუნდება უკანვე ამავე წესით. ხოლო მეორეს და მესამე განვლაზე უმეტეს აჩქარდება და მკლავთაც სხვა განწესებას მისცემს, ერთით დოინჯ შემოიყრისდა მეორეს ათამაშებს, ვინც როგორ იხმარებს უფრო მოსახდენად, გარნა კარგ მოთამაშედ მას უწოდებენ, ვინც ყველა სხეულს ხმარობს და ათამაშებს, მარამ სწორე გითხრა ყმაწვილი კაცისათვის... მისი ყურება... არ ვიცი...
ამ გვარად მომატებულ ნაწილად და თითქმის სრულადცა თათრის ქალები თამაშობენ, რომელშიაც ხელების აწევ-დაწევა თამაშობს პირველს როლს, მარამ როგორც ვსთქვი თუ უყურებს ყმაწვილი კაცი... ამ თამაშობას ჰქვიან ჩუსტარი.
ამის შემდგომად შემოიტანეს მეფესაგან გამოზავნილი ალავი, დიდი ხონჩა იყო და ზედ ეწყო ალისფერი ხავერდის ქათიბა, სინჯაფით სავსე და უცხოდ ჩაფრასტით, კაბა თეთრის ატლასისა და მეორე ჩალისფრის გლასისა, პერანგი გლასისავე ზედ გამოჭრილის ნაკერის ოქრო-მკედის გულისაპირითა, ჩულქი ბაშმაკი და საათი ოქროსი შესაფერის წმინდის ძეწკვითა.
შემოეხვივნენ დედაკაცნი და თვითოეულად გასინჯეს, დია უწონებდენ სიძე მოსაკითხსა. ხოლო პატარძალი კუნჭულში იდგა და მუნით თვალ მოფარვით იმზირებოდა. რა ყველამ ნახეს, წარზდგა ტერტერა და მათის წესისამებრ აკურთხა ტანისამოსი ესე, და რა გაათავა, გამოვიდა ჩუჱნთან და თანავე კარნიცა გამოიხურნა. მე თუცა ისევე გავაღე და უყურებდი, მარამ დედაკაცმა ვინმე შემომძახა: ნუ იყურები ძმაო, ეხლა, კაცის თვალი წინააღმზდეგია ჩუჱნთვისაო. და მოხურა კვალადვე კარი. თურმე ესეც წესი ყოფილა ამათი, რომ მათ დედაკაცთ თანდასწრებით ერთი მათგანი გახდის პატარძალსა ტანს, ჩააცმევს ამ მეფის გამოგზავნილს და ტერტერას ნაკურთხ ახალ ტანისამოსსა, ეგრეთვე თავს დახურვენ ბევრის თვალის შემწეობით და ამისათვის ჩამცმელი მიიღებს შეძლებისამებრ მეჯვარისა ფულლსა. მორჩნენ რა ამასაც, განაღეს დახშული კარნი, შეიყვანეს მეფე და მოუყენეს მორთულ პატარძალსა. მცირე ლოცვები კიდევ წაუკითხა ტერტერამ და წაიყვანეს ჯვარის წერად საყდარში. გავყევით ჩუჱნცა. რა შევიდნენ, ერთმან ტერტერამ მეფეს და მეორემ პატარძალს ათქმევინეს აღსარება, შემდგომად დააყენეს და წესისამებრ დასწერეს ჯვარი, მერე მოიტანა ტერტერამ ორფერი ზონარი მწვანე და ალისფერი, ჩამოჰკიდა პატარძალს ყელზედ და ორნივ გახსნილნი წვერნი ზონრისა, დაბეჭდა წმინდა სამთელით, დალოცა და ჩუჱნც მიულოცეთ და წამოვიყვანეთ დედოფლისავე სახლში.
რასაკვირველია პატარძალი რომ ყოფილიყო მდაბალი კაცის სახლიდამ, რა მოვიდოდნენ შინა, უნდა დაეყენებინათ კარებში და ვისაც რა შესაწევარი ჰქონდა, პატარძალისათვის თავზედ დაეწყოთ, მარამ, რადგან სასძლო კარგის სახლიდამ იყო, ამისათვის ეს ჩვეულება მაზედ აღარ აასრულეს. შეიყვანეს შინა, დალოცეს ქალსიძე, - აგრეთვე მახლობელთა ნათესავთა. ვახშამს გიახელით და დავიშალენით ჩუჱნ ჩუჱნად. რა მოველ, ჩემს გამდელს ისევ ეღვიძა, სანთელს უკანასკნელი პატრუქიღა შერჩომოდა, რომლის სინათლესა აჰყვებოდა ბოლი, ფეხის ხმაზედ მიცნა და შემომძახა, როგორ ისიამოვნე სიცოცხლე? ვერაფრად, თითქმის ისევ მშიერი ვარ მეთქი. უიმე შვილო! ქორწილიდამ კაცი მშიერი, განაღა მოვაო? ქორწილი ჩუჱნებურად წითელი ჯამის ტრიალი იქმნებოდა და ან მასპინძელი ძალას დაგატანს დალიეო. ერთი ბუთილკა ღვინოს დაგიდგავს, თუ შენ არ ეცადე ხმას არ გაგცემს. ოო! მე შემიყვანე მაგისთანა ქორწილში, ეტყოდა სიკო! ეგ სულ ყველა კარგი, მარამ ერთი ეს მითხარ შენ გარდას შაშო? ის ზორნებით დაბეჭვდა ქალისა, რასა ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს სიკო, რომ ქალწულია და მეფე სამდღემდინ არ უნდა შეეხოს მას.
მაგისი რა მოგახსენო. აი, მე რამდენი ამბავი გიამბე სიკო, აბა ახლა შენ მითხარ: რომელს ჭმუნვის ბადეშია შენი გული გაბმული? არა გასმია, ჭკუა კარგია, გარნა ორი უმჯობესიაო, იქმნება მეც მოგხმარდე, რა გითხრა ძმაო, შენ ისევ ხარხარს მოჰყვები და! უნდა გითხრა რომ უმჯობესია მე შევხვდე მკვლელ დანას, ვიდრე მოცინარს ვისმე, მაშინ ოდესცა ვისმე შევჩივი ჩემს ნაღველს, - და ამისათვის გთხოვ, თუ გიყვარდე, ყური დამიგდე და თუ წამალი დაედებოდეს რამე ჩემს სენსა მანუგეშე იმედიანის სიტყვებით.
მე ხომ კარგად მიცნობ, სიყრმიდამ აქამდენ გაუბედავი და გამოუთქმელი ვარ და ესეც იცი, რომ ჩემი მიჯნური დიდხანს იტანჯვის. ოხ! მიჯნურობავ, შე წყეულო! კიდევ მომაგონდი? ვსწყევ ბედსა ჩემსა რომ შემრიცხა მეცა შენდა თაყვანის საცემლად. მე რა ვიცოდი თუ შენსა ბრწყალებსა ისეთი ძალა ექმნებოდა! რა გულსა ჩაჰკიდებდი, ვითა კაკაბი ქორის ჭანგთაგან, ვეღარ იხსნებოდა. დია გულ ცივად ვიცინოდი ჩემთ მეგობრებზედ, რომელთა გული დაგემონებიან მათდა სატრფოთათვის და ვიტყოდი: ვითა შესაძლო არს ამაყი კაცის გული ისე დამდაბლდეს და დაძაბუნდეს, რომ სიყვარულისათვისარ დაარიდოს მან თავი თვისი; არცა მგზნებარესა ალსა და არცა მკვეთელსა მახვილსა. ეხლა კი მრწამს; ეხლა კი დავეჭეშმარიტე, რომ გული ჩემი იპობის ნაწილნაწილად, თვალნი ჩემნი მას მხოლოდ უცქერიან, წამწამნი უძახიან და სულსა სურს მისი მოხვევნა.
თთვე იყო მაისობისა. სურნელიანნი ბუჩქნი შლიდენ თვისთა ყვავილთა. ფრინველნი ეზიდებიდნენ მასალას ბუდეთა აღსაგებლად და ნადირნი უტევებდენ ზვარესა და მიდიოდნენ მთად. ამ მშვენიერის თთვის საღამოს გაველ სასეირნოდ, ვიშვებდი შეზავებულის ჰაერით, შტოთ შრიალი და მათზედ ფრინველთ საღამოს გალობა, მიმატებდა სიცოცხლესა. უკანასკნელ მზის სხივსა შორს დასავლეთი გაენათლებინა და აღმოსავლეთით შემოხდა ბინდი. დავბრუნდი რა შინათკენ, ვნახე ერთ ეზოსა კარსა, ერთი უებრო ქალი მიჰყუდებია და მახლობლად ალვის ხესა ასეთი ფიქრით უყურებს, რომ ისვ ახლოს მდგომარე, ვერ შემნიშნა მე. აბა ძმაო, შენი თქმისა არ იყოს, მე რომ ლიტერატორი ვიყო კარგად აღგიწერდი მისსა სიმშვენიერესა და მისით ჩემსა საფრთხეში ჩავარდნასა, ხოლო ვინანი რომ მე არა მაქვს ის ნიჭი,- მარამ რა საჭიროა ლიტერატორობა, დამწვარი გული სიყვარულისაგან ლიტერატორიც ყოფილა და პოეტიცა. მისი საჩივარი სულ პოეზია!...
მოკლედ გეტყვი მისსა კეკლუცობასა, ვისი და გულანდამ რომ მისი მგზავსნი ყოფილიყვნენ, რამინ და ბარამ უმეტეს ჭირსა ნახავდენ. სიბნელემ გაჰყარა ეს ქალი ამ მოშრიალე ხესა, წასვლის დროს ერთი შეოხრა და ვითა დამფთხვალი ხოხობი,- შევიდა სახლსა. მეცა მოვშორდი ამ ალაგს, ღამე შებნელდა გულისამებრ ჩემისა, მიველ შინა და დამიწყო გულმან ისევ კარზე წევა, დავაპირე წავსულ ვიყავ იმავე ალაგს და მენახა ის კარი, რომელზედაც ეყუდა შვენების მეფა და იქ გამეთია, გარნა ამ დროს შემოვიდა კაცი ვინმე, ცალ-ქალამან ტალახში ამოსვრილი და ცალიდამ ფეცის თითები უჩნდა, კეფა მოიფხანა და ბარათი მომცა, შემდგომის აზრისა: „ხვალ ბაღში სადილი მაქვს და რაოდენიმე ყმაწვილნი ქალნი და კაცნი მეყოლებიან, უმეტეს კარგად გავატარებთ დროსა, თუ შენც ეწვევი შენს გრიგოლს, შენი თარის დამკვრელიც წამოიყვანე, მარამ უმზეოდ კი უნდა წავიდეთ“. მე ამ კაცს უთხარ, მადლობა მოახსენე, ვიახლები. გავიდა ესა და დავწექ მეცა, დიდხან ძილმა ვერ დამიხუჭა თვალნი, ტანი ჩემი აქ იყო და გული იმ ქალთან. პირველ მამლის ყიულამდენ,სულ იმის ფიქრში ვიყავ და ის მიდგა თვალ წინ. რა მომეღალა გული, ჩამეძინა, ძილში მერცხალთ ჭიკჭიკი შემომესმა, გავახილე თვალები,-იერაჟრაჟნა და ცისკარი ახალ განთიად ცაზე, ჩქარის კამკამით, მიეშურებოდა სამყოფად. საჩქაროდ ჩავიცვი, რა გამოველ,ის იყო გრიგოლიც მოდიოდა, მითხრა კარგს დროს ამდგარხარ, ჩუჱნ წავიდეთ შევამზადოთ და ისინიც მოვლენო. ჩეს გულს რა მზადების თავიღა ჰქონდა. მე ბაღს ჩაუარე. დილა იყო მშვენიერი. მზე ნელიად აღმოხდებოდა და მხიარულად თამაშობდა დილის სხივებითა, მხლებელთ მთებზედ. ხენი ძლივს შეანძრევდენ წვერთა და ყვავილნი, გაიშლებოდენ რა, გამოიცინოდენ შორის დაცრემლულთა ფოთოლთა თვისთა. მე მივჯექ ერთს ხის ძირსა, გული მკითხავად გამიხდა და სული მეპასუხედ, და მათმა მხურვალე ლაპარაკმა, დამკარგეს ღრმა ფიქრში. უცებ სიცილის ხმა მომესმა, შევიხედე და ვნახე რავდენთ ყმაწვილთ ქალთა ჩაუვლიათ ერთმანეთისათვის ხელი და მოდიან ხეივანზედ. მე სულ ვერ მივხვდი ვინ იყვნენ, ჯერ ისევ დილა მეგონა, დავხედე საათსა პირველი ეწყო, მაშინ მივხვდი რომ ესენიც მოწვეულთ რიცხვისანი არიან. ერთი მათგანი ჩემი მახლობელი ნათესავი იყო, რა დამინახა, რას დგეხარ მარტო ძმაო? მე უპასუხე ალაგს ვარჩევ სად უფრო კარგი დასასხდომია მეთქი. მეორე ხმამ: კარგი გემოვნება ჰქონია ამ შენს ნათესავს, რომ ვარდების სიახლოვეს ალაგი ამოურჩევიაო. მივიხედე და რა დაინახა ჩემა თვალებმა? იგი, რომელიცა გონების ფიქრით აქამდისცა თვალწინ მიდგა!!! რა გითხრა ძმაო? და ან როგორ გამოგიხატო მაშინდელი ჩემი მდგომიარობა? გულმა დამიწყო საშინელი ცემა, თითქო იწევდა მივარდნოდა მას და პირდა პირ შეეჩივლა მაზედვე საჩივარი; თავით ფეხამდე დამირბინა ჟრუანტელმა თითქო ვგონებდი, რომ თავსა ჩემსა ზედა აღმომდიოდნენ ახალნი თმანი, ზემოთმა თუჩმა მიწყო კრძალვით კანკალი, ენამ ბორძიკობა და მუხლთა დრეკა! ერთი ეკითხა კაცს თუ რა მკლავდა? და ან რაზედ დავიკარგე ასე უწყალოდ? ვინც მინდოდა თვალ წინ მედგა და შორი გზა შემიმოკლა, და მისთვის არ ვწუხდი რომ მენახა? მარამ მრთელი გული განსჯის ამას, მრთელი გული არაოდეს არ ჰგვანებია წყლულსა გულსა, პირველი დიაღ ადვილად და გულგრილად სჯის და ჰპასუხობს, გარნა უკანასკნელი უძლურობით და შიშით ბრკოლდება. გეტყვი შენა ძმაო დიდხნის ნათქვამსა: მიჯნურობა მისთანა არის, რომუსწავლელს გაასწავლებს და გასწავლულს დაამშვიდებს და საკვირველია რაზე ჩამივარდა ენა? არ ვიცი სხვაზედ როგორ მოქმედობს სიყვარული და მეკი რაც ენა არ დამიმოკლა, გაბედულობა ვერ მომცარა. რავთენი ფიქრი ერთი მეორის წინააღმდეგი წამოგიდგება მაშინ, ოდესცა სატრფოს გინდა შეასმინო შენი მწუხარება, გსურს გამოუცხადო ერთგულება და სიყვარული, ჰფიქრობ: ვაი თუ გასწყრეს, ვაითუ გამკიცხოს და ვაითუ სამუდამოდ მომიშოროს! გიკანკალებს გული, გიშრება ნერწყვი, თითქოს ციების ხმაზედ ლაპარაკობ. შემდეგ შემოიკრებ რის ღონის-ძიებითაც არის განბნეულთა ძალთა და ცდილობ შეურჩიო შენს სატრფოს მისთანა წამი, რომელშიაც მხიარულებდეს, რომ გაბედვით უთხრა „მიყვარხარ!!!“ მარამ, არა! ერთი შემოხედვა სატრფოსი სრულებით მოგიშლის შენს ახალ დაწყობილს პლანსა, თითქოს მაშინ ის სიტყვა „მიყვარხარ“ ენას ისე მძიმედ აწევს, რომ ვერ აუტანია.
გრიგოლის სადილი კი დამავიწყდა. მარამ ჩემი საქმე მას ემგზავსება, ქოსას რომ უთხრა ყადმა. ეგ ზღაპარი ბევრჯელ გამიგონია, სხვა რამ მითხარო, ქოსამ მიუგო: მე ეს მწვავს გულსა და ამას ვამბობო.
უცხო ხარჯი ჰქონდა გრიგოლს. საზანდარი მღეროდა, ჩემი მეთარე თარს უკრევდა და ქალნი გრძნობით აჩუჱნებდენ თავსა, ნამეტნავად ამ ჩემის ცეცხლის მომდებელს, თვალები ცრემლებით ევსებოდა! ჩემთვის უმეტეს უცხო იყო ეს მეჯლიში, რომ გავიცან ჩემი სულის მხდელი და ორჯელ სამჯერ კიდეც გავაცინე. საღამოს ჟამს ავიშალენით და გავიარეთ ხეივნისაკენ, ვარდნი ადრე გაშლილნი ცვიოდენ შტითაგან და სადილაოდ სხვანი გამოიცქირებოდნენ კოკორთაგან და თითქოს შესცინოდენ ამ ახალ სტუმარს. რაღა განვაგრძელო, ყველანი თავთავისკვალად კმასაყოფლად შეექცენ და დავბრუნდით შინა, გზაზე ჩემა ნათესავმა ქალმა მითხრა: დღეს როგორღაც შენი სახე მწუხარების ღრუბელსა დაუფარავსო? მე აღარ დაუმალე მიზეზი. დიდად გაიცინა და მითხრა: მაშ შენი და ანა მოგიკვდეს, თუ ეხლავ მკლავ და მკლავ არ გატაროსო! ხომ კარგად იცი, თუ კაცს გაუძნელდა დაახლოება ქალთან, სხვა ქალი უნდა შეიწიოს რომ ქალით ქალს მალე მოინადირებს.
პატარა დავაცადე, ეს ქალი გვერთ მომიყენა და მითომ ტუქვსის ხმით მითხრა: არ იცი რომ ახლა ქალების მეფობააო?
- ახლა რა არის მეთქი?
ახლა ისა, რომ ამ ყმაწვილს ქალს გაუგდე მკლავი და შინ მიიყვანე. რუსობაა, კავალერობა უნდა იცოდეთო.
- თუ კი მექმნება ბადნიერება მაგათი ნებადართვისა, დიახ ბატონი ბრძანდებით მეთქი.-
მინამ ამ სიტყვას დავასრულებდი, მის ბაგეზედ მცირე ღიმილმა გაირბინა და თანვე გამომიშვირა მკლავი. რა დავხედე მისთა ბუდეშურთა ბროლთა თითთა, კნინღა სული ამომხდა. ხელის ზურგსა მცირედ უფარავდა მკვერტიანი ყოში, ოქრომკედ გრეხილ მოვლებული და მაჯისა ალისფერი გლასის სახელი, ბანტის-გვარ გაკეთებული. ჩავძახე გულსა: იხარე გატანჯულო გულო! მისი მკლავი მაძევს, ვისთვისაც შფოთავ. ვგონებ ყველა პლასტერს, შენთვის ეგა სჯობს!!! კიდევ ამოხვალ დასჯილო გულო?... ჩემი მხიარულება რაღა გითხრა ძმაო, ვგონებდი ციური მთვარე ხელთა მიპყრია და ვარსკვლანი მაცილებენ მეთქი. რა გული დამიმშვიდა ვკითხე:
- დიდი ხანია თქვენ აქ ბრძანდებით მეთქი?
- ორი თთვე იქმნებაო.
- გეტყობათ არსად დადიხართ, რომ არ მინახვიხართ ამის მეტათა მეთქი?
- მაშ ვერ მიცნობდით აქამდენაო? ღიმილით სთქვა.
სწორე მოგახსენოთ, პირად კი არა მქონიაბედნიერება და შორით კი დიდი ხანია გიცნობთ. თუცა თქვენის აღურაცხელის ღირსებით სხვათა უწინ თქვენ უნდა გამეცანით.
- თუ ჩემს ცნობას ბედნიერად ხადი, აი, მოხვიდოდე ყოველთვის ჩუჱნსა და ვიყვნეთ მცნობნი. აი ახლა მივიდეთ სახლი ისწავლე, სადაცა ვზდგევართ და ყოველს დროს შეგიძლიან მოხვიდოდე.
- მე დიდი ხანია თქვენი სახლი ვიცი.
- მართლად? აბა სადეთ არის?
- პირველ ქუჩაზედ, მხარ მარჯვნივ, აქედამ რომ მიბრძანდებით მესამე სახლია. მართალს მოგახსენებთ?
- სწორედ.
- ალვის ხეცა სდგას თქვენს ეზოში. მართალია?
- ჭეშმარიტად.
- თქვენ წუხელ დიდხან უცქერდით იმ ხეს შეფიქრებულის სახით. არა?
- ოჰო! შენ როგორც გეტყობა გითვალიერებივარ? რასაკვირველია ამ თქმას შესაფერი პასუხი უნდოდა, მარამ ჩემს უბადრუკს გულს ასე ეგონა, მუდამ ეს მკლავზედ ეკვროდა, ჩაჩუმებულმა ენამ ესღა ათქმევინა „რა მოგახსენოთ“ ამის შემდგომ ლაპარაკმა მიიღო სხვა ბოლო და კიდეც მივედით კარზედ, აღარ უშვებდი, მე ასე მეგონა შინაც ასე მკლავ და-მკლავ უნდა შემეყვანა,აქ გაიღო მან მკლავი და გულმან მხიარულებით მადლობა მიბრძანა, თავი დაუკარ და მოვდიოდი, მითხრა შემოდი შინ გაიცანი ჩემი ქმარი და სახლიო. ქმარი ის იყო მოსულიყო ავჭალიდამ. შევედით პირველ ის გამაცნო და შემდეგ უამბო ჩუჱნი დროს გატარება. შეეტყობოდა არ ეჭაშნიკა როგორც ქართველსა, მარტო უქმროდ შექცევა ცოლისა და მერე რუსულად კავალერის მიყოლა, თუცა კი გაიცინა ძალ-დატანებით. სუსუტი აგებულების კაცი იყო, რატომ სახელ წოდებული, პატარა ჭრელის თვალებით და თმათაგან მისთა ზოგ ზოგ ალაგიდამ გამოიყურებოდა ჭაღარა. მოვილაპარაკეთ მცირედიცა, აღვსდეგ და გამოვეთხოვე, მსთხოვეს ორთა ცოლთ-ქმართა, რომ ხშირად მევლო.
რა შინ მოველ დავწევ ძილად, მარამ უძილოდ გამოვათენე ღამე, სულ ის ქალი მიდგა თვალ წინ და მის შვენიერება, უცდიდი მოუთმენლად რომ მალე გათენებულ იყო, მარამ თითქოს განგებ, მე ისე გრძელი ღამე ჩემთა დღეთა შინა არ მინახავს. ცისკარსა ოდეს ზარსა სცეს, აღვსდეგ, გარდვიწერე პირს ჯვარი და ვიწყე დუმილი, თუ ვითა წავიდე და ვნახო ჩემი მწველი, ის იყო ფანჯრებშიაც შემოხდა განთიადის სუსტი სინათლე, გაველ ბაღჩაში, მძინარეთა ვარდთა აღვიძებდა დილის ნამი და ბულბულნი მოდარაჯენი შტოდამ შტოზედ გადაფრინდებოდენ. შევკარ ერთი უცხო თაიგული ვარდისა და შემოველ ამ განძრახვით, რომ რა მივალ და ვნახავ იმ ქალსა ამ ვარდის კონას მივართმევ და ვეტყვი: ვარდს, ვარდს გიძღვნი მეთქი: საათის ცხრაზედ სრულებით მზა ვიყავ, გამოვაღე კარები, დავდექი გზასა და არ დავივიწყე ვარდის კონახა.- რა კარი დაურეკე მათ, მე გულმა მიწყო რეკა და ბაგენი ამითრთოლდენ. ვარდის კონა ფიცხლავ ჯიბეში ჩავიდე. ბებერმა დედაკაცმა კარი გამიღო, ასე შევიშალე რომ უწინ ბატონი არა ვკითხე და ვუთხარ, ქალბატონი შინა ბრძანდება მეთქი? ბებერი კუდიანი დედაკაცი იყო, შემომხედა ჩაცვინულის თავისის პატარა თვალებით, გაანჩხლებულმა მითხრა: ვინა ხარ! თუ გესაქმება რამე, ბატონს რად არ კითხულობო? თუცა შევცდი, მარამ ერთის მხრით კი კანონიერად მოვიქეც: არა თუ გიყვარდეთ, კაცი ცოლთან საარშიყოდ მიდიოდეს, ქმარი რაში ეკითხება! მეც ალალ ბედზედ მოვისწარი: ბატონი იმიტომ აღარ ვიკითხე, ჩემო დედაო რომ, მე რომ მივდიოდი, შორს დავინახე ქვევითკენ მიმავალი. ისიც ჩემი ბედი, მართლა თურმე შინ არ იყო. ამ ჩუჱნს ლაპარაკში ქალი მოსდგა კარებზედ და რა მიცნო შემიწვია, მარამ მივდევ და მუხლები მეკეცება. როგორც იყო შეველ, თავი დაუკარ, დაჯდომა მიბრძანა. და უჩიოდა წუხანდელმა ღამემ ძილი არ მომცაო, მე მოვახსენე: თქვენი ფერი არ ამტკიცებს მეთქი. მცირედ გაიღიმილა. მერე მარტოობას უჩიოდა და მითხრა: თუ ხშირად გვნახავ, დაგიმადლებთო.
- თუ მით გასიამოვნებთ, დიახ მოხარული ვიქმნები მეთქი.
დღეს უმეტეს გულის დასაწველად ვნახე, მისთვის თუ რომ, უმეტეს შეეჩვია გული. სადა ღრუბლის ფერი მოვის კაბა ეცვა, ატლასის სადა ლეჩაქიდამ სჩანდენ ოთხნი გადაკიდებულნი უცხოს ტანის მხრებზედ, ბოლო დაკულულებულნი შავნი ნაწნავნი, შალის ვარდის ყვავილიანი თავსაკრავი ეკრა, წარბნი გაზიდულ იყვნენ, თითქო ყველა გულის შვილდად. დიდრონთ შავთ თვალთა, მოსხმოდათ ხშირნი გრძელნი წამწამნი. ზილფნი ნელიად თამაშობდენ, ბუნებით ფეროვანთ ღაწვზედ. თეთრნი კბილნი უშვენებდენ ბაგეთა და ბროლის მკერდსა ჯერეთ უწოვარნი ძუძუნი მყარად ასხდენდა მოდი ახლა გამამტყუნე, გული რომ ამ არსებას არ ეთაყვანოს! მარა ეს იყო ჩემი ბალა. გამშორდებოდა,ვაყვედრიდი ჩემს თავს, რატომ ეს არ უთხარ? და რატომ ის არა მეთქი? და ახლოს ვიყავ დამავიწყდებოდა და ან ვიტყოდი ხვალ ვეტყვი მეთქი და დღე ხვალიანობამ დიდი დრო გაატარა რომ მე მას სასარგებლო გულისათვის ვერა გავუბედერა, ეს დღეც ესე დაღამდა. შინ რა მოველ ჯიბეში ხელი ჩავიყავ დამჭკნარი ვარდის კონა შემრჩა ხელში, რომელიც დიდის მზადებით წავიღე რომ მიმერთმევინა იმ განძრახვით, წეღან რომ ვსთქვი. რაღა ბევრი შეგაწყინო, მარტო ბევრ რასმეს განვიზრახავდი სათქმელად, მარამ პირად ვერ იქმნა ვერ ვუთხარ. ამაზედ უმეტეს მეკიდებოდა ცეცხლი, სევდას ემატებოდა და ოხვრას არა ჰქონდა ბოლო.
ერთს საღამოს წამოწოლილი ვარ ტახტზედ და ამას ვფიქრობ, რომ რაც უნდა დამემართოს ხვალ მაინც გამოუცხადებ იმ ქალს ჩემს სიყვარულსა, რას მიზამს, სიკვდილზე უსაზარელესი ხომ არ არის, გარნა მასცა არა ავსცილდები! ამ დროს შემოვიდა ის ჩემი ნათესავი ქალი და მითხრა: სიკო! ძალიან გახდიო. მე გულის მაგიერ თავის ტკივილი უთხარ, მარამ მიმიხვდა, გაიცინა და მითხრა: ვაი შენი ბრალი, რა ყმაწვილი ხარო? როგორ არ იცი სიყვარულს ისეთი მაღალი და საგრძნობელი ძალი აქვს, რომ თუ კაცმა არ გამოსთქვა დაასევდიანებს; შენ არ იცი? - თუ თავი გტკივა ძმარი გარგებს და თუ გული, - თქმაო.
გამოვიდა სამი დღე აღარ წაველ, მეოთხე დღეს ათ საათზედ მიველ და კიდევ ჩემი ბედი მარტო დამხვდა, მისაყვედურა საშინლად რომ სამი დღეა აღარ გინახივართო, მარამ ჩემ გულში კი არ ჩამოიხედავდა, თუ ეხლა რა განძრახვით მოველ. ბაღჩაში გამიწვია და იქ დავდიოდით, ერთი ვარდი მოწყვიტა და მითავაზა, მეტყველი, რა მშვენიერიაო? მე მოვახსენე, მე რომ თქვენი მშვენიერება მენახოს ამისი რაღად გამიკვირდება მეთქი, მარამ ვაი იმ თქმას, კანკალის ხმით ძლივს უთხარ, გაიცინა და მითხრა: მოგწონვარო? რომ ვიცოდე, თქვენი მშვენიერება მიიღებდეს ჩემს გულს, მონად უძღვნი მეთქი. წარბები შეიჭმუხნა, შემომხედა მკვლელის თვალებით და მითხრა: შენ აღარ ხუმრობ? მარამ ამ გაბედვათა თითქოს გულიც გამიმაგრეს, თუცა ლაპარაკში ცოტა ენა მებმებოდა. უთხარ, კი არ ვხუმრობ, მართლის გულით გეუბნები მეთქი გული დაწყლულდა შენგან, და შენგანვე წამალს ითხოვს, გემუდარები კეკე, ორისაგან ერთი მიყავ: ან ამ სიტყვისათვის ფრიად გამლანძღე რომ ეგების ჩემს გულს ეწყინოს და იხსნას შენის ცეცხლისაგან, თუცა ძნელი კია, და ან არა თუ შენგან წამალი დამედებოდეს, ნუ დაუკავებ. მან მითხრა: ლანძღვით არ გაგლანძღავ, ამას კი გეტყვი რომ დღეიდგან პირველი და უკანასკნელი იყოს შენი ჩუჱნთან მოსვლაო. თავი დამიკრა და შებრუნდა შინა. მე როგორღა დაუდგებოდი, წამოველ, ჩემს გულზედ სთოვდა მწუხარება, ფიცხლავ წავწექ და დაუწყე ჩემს თავს ყვედრება: რა გენაღვლებოდა თაო ჩემო. მის თვალთა წინაშე მომკვდარ იყავ, მისის შებრალებით, ვიდრე მისგან გაძევებული და უნახავი მოვკვდე. მრთელი კვირა ამ გვარ ფიქრებით გავატარე, ჯოჯოხეთი იყო ჩემს გულში. კვირა საღამოს, ის იყო როგორც უნდა გამოვსულვიყავი და ამევლო იმ ქალის სახლისაკენ და მენუგეშნა მით, რომ დამენახა მისის სახლის კედლები, შემოვიდა ერთი პატარა ბიჭი და მომხა ბარათი და თითონ მაშინვე გაიქცა. წავიკითხე კანკალით და ესრედ ეწერა: „თუ შეგენანოს შენნი ნათქომნი, მოდი, მარტო ვარ, დრო გავატაროთ, მარამ მეორეს კარებიდამ შემოდი, ბაღჩაში რო გადისო“.
„კეკე.“
მე ამ ერთმა წამის მხიარულებამ დამავიწა გარდასრული მწუხარება. წამოველ მთვარე ცხადათ ნათობდა ვარსკვლავთ ცაზე და ცა ისე მოწმენდილი იყო, რომ მასზედ ბეჯითი თვალი ანგელოზის გარბენას დაინახავდა, თუცა ჩემთვის ამ შემთხვევაში არ იყო საჭირო. მივედი და დაურეკე ნელიად მისგან დანიშნული კარი და ველოდი, შიშით და სიხარულით ქალის ნახვასა, მცირე ხანს უკან მოსდგა და თვით გამიღო კარი. ჯერ ხმა არ გამცა, რა შინ შევედით სიცილით მითხრა. როგორ ბრძანდებით? ამასთანავე მანიშნა დაჯდომა. გახლავართ თქვენგან გაძევებული. უმეტესად გაიცინა და კვალად მითხრა: არ გაგიგონია მდაბიური ანდაზა: ბატონი რომ ყმას უწყრებოდეს იმედიაო.
მე ამ თქმამ ფრიად განმაცვიფრა, გული შემიკრთა და აღარ ვიცოდი რა მეთქვა, ეს კი წამოვიბუტბუტე: ნეტარ იქნას ყველა იმედი წადილისამებრ გულისა აღსრულდეს მეთქი. შებრალების თვალით შემომხედა და მითხრა: გამიგონე სიკო: ეს უნდა იცოდე რომ დედაკაცები უმეტეს დაემორჩილებიან გრძნობასა, ვიდრე მამაკაცნი, მარამ ჩუჱნი საცოდაობა ეს არის, რომ ლეჩაქის ნამუსად უნდა დავფაროთ უმჯობესი გრძნობა გულის და თქვენ გყვედრით რომ ჩუჱნ არცა გრძნობა გვაქვს და არცა სიყვარული ვიცით. მისთვის თუ რასაკვირველია რომ ჩუჱნ თქვენებრ თავისუფალნი არა ვართ და არა ვყვირით. კაცების სიყვარული მდგომიარობს მხოლოდ ჟინიანობაში, მინამ ცდილობს კაცი ჟინი მოიკლას და მერე მისგან მშვენიერი ქალის სიყვარული მიემზგავსება მას, რომე მოწყვიტოს ვარდი, უსუნოს მაძღრისად და გარდააგდოს გზაზე. მარამ რამდენსაც კაცი დაუახლოვდება დედაკაცს, იგი უმეტეს იკვირვის სიყვარულითა, ხოლო კაცი იხსენება, თითქოს აღარც მას ხედვიდეს, რომლისათვის გახელებული იყო, თითქოს აღარც ისევე თვალები ჰქონდეს, რომელნი ოდესმე ერთი შეხედვა შეადგენდენ მისთვის სასუფეველს; ახლა სხვის თვალებს ეტრფის, სხვისთვის მწველობს და სხვას შესტრფიალებს. მაშინ რა ქმნას დედაკაცის გულმა? ვის უთხრას თავისი სენი რომ ყველამ არ გაკიცხოს და ან ვის ეტყვის, კედლებისაც კი ეშინიან, მათცა ყური ჰქონდეთო: ბევრი, ბევრი, ბევრი დამაბრკოლებელი მიზეზები აქვს დედაკაცს უტკბესი გრძნობის გამოთქმისა, თორემ წეღანაც გითხარ ჩუჱნ უმეტეს თქვენზედ გვეწვის, ვისთვისაც გული! განა მე არ მიყვარხარ? განა მე არ ვფიქრობ შენზედ? გარწმუნებ შენ თუ ერთი აღმოგიოხრავს ჩემთვის, ნაცვლად მე ათასი! მარამ ამაონი არიან შენიც და ჩემიც ოხვრანი, ამად რომ შეუღლებულივარ იმ კაცთან ზეცის ძალით და მისსა მცნებასა წინა ვერ აღუდგები. თვარამ არ დაგიმალავ და გეტყვი რომ რა პირველად ეს კაცი მე მირთავდა მე დიდს უარს ვიყავ და ჩემა დედინაცვალმა ძალად მიმყიდა, მე მაშინვე უთხარ ამას: ერთგული მეგობარი კი ვიქმნები შენი, მარა არ მეყვარები კია მეთქი და ისიც არის, მე მხოლოდ ვიცავ წმინდა გვირგვინსა და არა ამ კაცის პატივისცემით მომდის შენი ესდენი ტანჯვა.
მე მოვახსენე: მთვარეო უღრუბლო! რადგან აქამდენ დამარჩინე, რომ შენთა ბაგეთაგან გამოხდა ჩემთვის სიცოცხლე, ახლა აღარ მოვკვდები. არა უწყი საზოგადოდ სჯით კაცის პირ უმტკიცობას, თუ ზოგნი ერთნი არიან ამ დანაშაულში შენიშნულნი. კაცთ მართალია დაავიწყდებათ სიყვარული მალე, მის, რომელი უყვართ ენით და არა გულით, თორემ ჩემებრ დამწვარი გული სიყვარულისაგან, გეფიცებით, საუკუნოდ შეუცვლელი და დაუბერებელია. ჩემი გული ყველაზედ გეთანხმებათ, როგორც თქვენ გწადდეთ, ოღონდ ნუ განიშორებთ. ამ დროს კარის რეკის ხმა მოვიდა, აღვზდეგ საჩქაროდ. ხელი ჩამოვართვი, მსურდა მეკოცნა მან პირი წამოიხარა, მისმა ძალამა, ვითა ანდამატისამან, მიმაკრა ხავერდისამებრ ლბილთაბაგეთა და კიდეც ვეცი კარებს: მთვარე უმეტეს ნათობდა, გულ დაწყნარებული დავადექ გზასა და ნელის ბიჯით შეველ სასიამოვნო ფიქრებში: უცებ ვნახე მივრბი, კიდევ დავწყნარდი, ვნახე კიდევ სირბილით შევაღე ჩემი ოთახის კარი. მომაებულად დახარებულს გულს ეტყობა ნელა ვეღარ უვლია.
რაღა გითხრა ძმაო, ხშირად დავდიოდი ასე რომ ერთი დღე არ მენახა, ასე მეგონა არ დაბადებულა ის დღე ჩემთვისა მეთქი და იგიცა სიყვალით აღმავსებდა, მარამ მე ხომ იმის დაკარგვა არ მიკლავს გულსა, როგორც ის სიტყვა, რომ კაცებს ყვედრიდა მუხანათობაზე და თითონ აღმოჩნდა, განა არ ვიცოდი დედაკაცების სისუსტე; მარამ რა მექნა ჩემი სული იმის ხელში იყო და ყოველსავე, თათრისა არ იყოს ბალი, ბალის ვეუბნებოდი.
რომელიმე დროდან შევამჩნიე, რომ ამ ჩემს მეთარეს ელაჟღანდარება და უჩემოთაც მიჰყავს თარისა დასაკრავად და ან როცა ერთად ვართ აღარც ისე მეხუმრება და ამ დამკვრელს უყურებს თითებში და ესეც კრძალვით ხანდისხან გადახედავს; ხომ კარგად იცი ძმაო, ვისაც კაცი ეტრფის, თუ ან სხვამ ხმა გასცა, ან მან სხვას გაუცინა გული უკვდება, და ახლა შენ სთქვი მე ასე გაგიჟებულსა მისთვის და ამის მხედავსა, რა გულიღა შემრჩებოდა. მე ეს ჩემი მეთარე, დავტუქსე რომ უჩემოდ იქ აღარ წასულიყო, ეს იმ ქალს შეეტყო. ერთს დღეს მივედი, დიაღ შეწყენილის სახით დამხვდა, ბევრი ვეხუმრე მარამ ისე გულით ვეღარ გავაცინე, მე სწორე გითხრა ძალიან მეწყინა, თავი დაუკარ და გამოვედი, მომძახა ნუ დამივიწყებო. იქმნება საუკუნოთაც მეთქი. მოვედ შინა, გულმა ღონება დამიწყო, მას აქეთ აღარ გავიარეა უმეტეს, მისთვის რომ ის ძუნწი მეთარე ხშირად ჰყვანდა!...
ამ დროს შემოაღო ერთმა კაცმა კარი და სთქვა: სიკო! ამდენის ყბედობით არ დაიღალე? და ან ღვთისა არ გეშინიან რომ შენ იმ ქალზე მაგაებს ლაპარაკობ, ემართლები ჭეშმარიტად, დღესაც ის შენთვის სულ დაბნეულია და შენ რაებსა სწამობ. მეორემ გააღო კარი და სთქვა: რომელი კაცი შერჩომია თავის სატრფოს ბოლომდენ, რომ ეგ შერჩომოდა. ჩუჱნ კაცთა ბუნებით ეს სნეულებათა გვაქვს, რათა გარდავარდეთ ერთის დედაკაცისაგან მეორესთან, მინამ, ვიდრე, ვპოვებთ მისთანა დედაკაცს, რომელსა მივაჩნდეთ საზიზღრად, მისთვის გავგიჟდებით და მას უტევებთ, რომლისათვის ვიყავით წინად გაგიჟებული. შემოაღო მესამემ და სთქვა: ძმაო თანახმა ვარ შენის ჰაზრის. პატიოსანი დედაკაცი, არაოდეს თვისსა პატიოსნებასა, მილლიონ ფულად არ გაჰყიდის, თუ არ სიყვარულზედ. ყველამ ვიცით იმ დედაკაცის პატიოსნება და მისგან ამ ყბედის გაცხოვლებული სიყვარული და რა დასაჯერია რომ ამის შემდეგ ის უმგზავსი შეიყვარნა, მარამ კაცების ბაფა ეს არის, რა დედაკაცს დაუახლოვდებიან მიზეზების კრებას მოჰყვებიან. უცილოდ იმ ქალს ამ კაცისათვის ეს შეუმჩნევია და განგებ რომ დააშლევინოს და ისევ წინანდებრ დაუწოს გული, ისე ჩუჱნებია სახე, ვითომ ახლა სხვას ეარშიყება. ქალმა ხომ ისე იცის, რა დაატყობს საყვარლის გულ გრილობას, იმის თვალწინ, რომ გააჯავროს, სხვას ეწონება და ელამაზება და მიჯნურობაც ხომ იმ გვარია, ერთსა მეორისაგან მცირედი მევრად ეწყინება. ვსთქვათ ნამდვილადცა იცოდა ამ კაცმა რომ იმ ქალმა სხვა შეიყვარა, ისეთი ყმაწვილი როგორ იყო რომ ან კი შეამჩნევინა, როგორ არ იცოდა რომ ვინც ქალს უყვარს თუ წინააღმდეგად იმას გაუხდა ვინმე, ქალი თვალის დასანახავად მოიძულებს.
ამ ყურის მგდებელმა შაშომ სთქვა: რას ანბობთ? ვინ ამართლებთ დედაკაცებს? დედაკაცები! დედაკაცები! ძნელი საცნობლები არიან, ზოგჯერ მიგიხვდებიან მძიმე დაფარულს შენს ჰაზრსა და ხან არცკი ესმისთ ცხადათ ქმა. ეს რომ დედაკაცმა წაიკითხოს დაიყვირებს სამდურავით „სიცრუეა“ გარნა როცა მათ უწოდებენ ანგელოზებად, გაშლილ ვარდებად, დავდახრილ იად და სხვა. ყვავილად, დიდი მადლობელნი არიან, ერწმუნებიან მართლად რომ ან ვარდნი იყვნენ იგინი და ან სურნელებანი. ის კი არ იციან რომ პოეტნი ფულისათვის ადიდებდენ ნერონს ნახევარ ღმერთად...
ამ კაცებში ვინ მართლად ანბობდა, შენ გაამართლე პატივ-ცემულო მკითხველო...
დავით თაზიევი.
![]() |
2.2 მეფის ირაკლის წიგნი, სპარსეთით |
▲back to top |
მეფის ირაკლის წიგნი, სპარსეთით
ქ. მრავლისა მინდა წერად, არამედ არა ვინებე უმეტეს ამისსა წერად, რათამცა არა უმეცრებამან ჩემმან, და ბუნებამან ვითრამედ უძლოს საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და ჰყონ გონება ჩემი და განმაკრთონ, ესე ვითართა ჭირთა, და განსაცდელთა. რამეთუ ვიქმენ მრავალთა წელთა მნახველ, და შემჰსწრობ, და განმცდელ ყოველთა ჭირთა ავთა, და ყოველთა შვენიერთა, და წრფელთა და ყოველთა გემოვანთა.- რომელიმე წარმოვსთქვა თვითოეულად, და ან ვითარმედ მივსწვდე მე, არამედ მოვალ და მოკლებულ ვჰყოფ, და ვიკადრებ წერად და ვითხოვ უფლისაგან ვედრებით, რათამცა ღირს-მყოს მე უღირსი, საქმესა ამას სასურველთა, ყოვლისა სასიხარულოსაგან, უმეტესად სასიხარულოსა ნებასა ჩემსა და აღმისრულოს ნება ჩემი ღმერთმან, და მახილვოს შვენიერი ეგე და კეთილ-ნაყოფი მზებრ ბრწყინვალე პირი შენი, ტანი იგი მლხენელი გულისა და გონებისა... ჩემო ბატონის-შვილო ბატონო... შენი ურგები, უსახურო, და უსიამოვნო ძმა ბატონის შვილი ერეკლე, ლამაზს თვალებზე და პირზე კოცნას ვიკადრებ, მერე წიგნი მოგეწერათ, თექვსმეტ ქრისტის შობის თთვეს, ენკენის თვეს მოგვივიდა, ასე გებძანათ რომ შენის წიგნის მოსვლაში კინაღამ გავგიჟდითო. წიგნისა და ამბვის მოსვლამ ასე გაწყინათ, მე რომ მომაწევინოს ღმერთმან, უფრო უნდა მაშ ბიდამაღი შეიქნათ, მაგრამ ექვსიოდ აღაჯი კიდევ იქნება მანდამდინ. სხვა აქაური ამბავი ეს მოგახსენო, რომ აზალი რომ შარშან წამოვიდა გიორგობის თვეს, თუ არ ვიცი ღვინობის თვეს, იმ მანძილიდამ ორი დღე გამოვიარეთ, და მესამე მანძილიდამ დილაზე ავიყარენით. ოთხი აღაჯი გამოვიარეთ და ჩამოხვდით, ნახევარ საათი რომ ჯერ არ გამოსულ-იყო, დაიძახეს ყაენი შეჯდაო. ბინა აქ დააგდო, თითოს ღამის ქერით წავედით, სანამდინ ან ჯარის კაცი, და ან ჩუჱნ მოვემზადებოდით, ყაენს ორი აღაჯი გაევლო. შევსხდით ჩუჱნცა საღამოზედ, და ღამის წინ და წინ გაგვესწრო ხელმწიფისათვის, ორი ათასი ყარაულისათვის, და ერთის აჯიხან ბეგისათვის ებძანებინა, თქვენ წინ წადითო, ჩუჱნ იმათ რომ ხელმწიფისაგან წინ გვნახეს, დაგვაყენეს, რომ ხელმწიფესთან იარეთ თქვენაო, ამაში უკან სამი მაშხალა გამოჩნდა, დავდეგით, მოუცადეთ და ხელმწიფეც მობძანდა, და იმის თიფში გავერიენით. დავიწყეთ სიარული, იმ ღამეს მთვარეც იყო და მოვადეგით ერთს უგზოს მთასა, და კლდეს, ოცდა ათი ათასი კაცი შემოვედით ვიწროში, რომ ორი სამი ურემი ალაგ-ალაგ თუ გაიმართებოდა, ერთი ასეთი ციოდა რომ თითქმის დაგვახმო, ცხენი და კაცი დაგუბდის ამ ვიწროში ეს ჯარი, დავდეგით ამ სიცივეში და იძახიან ალლა! ალლა! მაგრამ ერთი ასეთი დატრიალდის ჯარი, ვეცით ერთმანეთსა გული-ფირტვი ცალკე ჩავიყრევინით ხოლმე, და ცხენმა წიხლისაგან, რასაკვირველია რომ მეტად ვაძლიდით ფეხებს, მაშ რა ექნათ, ამ ყოფაში ვიყავით. სანამდინ იმ ხევს მოვრჩებოდით, ის ხევი ნახევარ აღაჯი იყოდა ხუთს საათს ძლივ გავედით, მოვხვდით კიდევ მთასა და კლდეს დიდსა, ვიარეთ და არ ვიცოდით თუ სად მივიდოდა ხელმწიფე. ამ ბევრს სიარულში, ჯარიც დიაღ დაიღალა, და თავწვრილათ წვრილათ დაიფანტა. იმ დღეს გვევლო, იმ ღამეს ვიარეთ, მეორეს დღეს რომ დასამხრდა, ყაენს კაცი მოუვიდა, რომ ნასარ-ხან დავიჭირეთო, და ჯარი გაექცივათ. მასუკან ყაენიც მიბძანდა, აჯიხან-ბეგს სალათი უბოძა, და ყარაულის მიმბაშებსაც. იმ საღამოზე სპილოს სანახავათ წაველ მე, და ყაენმა დამინახა. ნასარხანის კარავსა და ფარდაში ბძანდებოდა, დამიძახა და მიბძანა შენც წამოსულხარო? მე მოვახსენე, მაშ ვისთან უნდა დამდგარვიყავ მეთქი, მიბძანა ბარიქალა! კარგა გიქნიაო წინ ქორები უსხდა, მიბძანა რომელიც გინდა აიყვანეო, მიველ ერთი ქორი ავიყვანე, მიბძანა კარგა გააძღობდეო, თავი დაუკარ და წამოველ. იქ დავდეგით ოთხს დღეს სანამდინ ბინა ხეიბარში გამოვიდა, ხეიბარი დიაღ ვიწრო ადგილია და იმიტომ შეეკრა ნასარხანს ის გზა, ბინა რომ მოვიდა ფიშაურს, შემოვედით, ოციოდ დღეს იქ დავდეგით, მესამე დღეს რომ აყრას ვაპირებდით ალიხან მირზაც მობძანდა, ყაენს ისევ ჩემთვის ებძანებინა ჯარშიბაშის პირით, რომ შენთან დადგესო, ასი თუმანი ინამი უბოძა, მესამეს დღეს გამოვედით ფიშაურიდამ, ერთს ქალაქს -ათეგისწყალზედ მოვედით, ჯისირი იდვა, გავიარეთ ზედ, ასეთი დიდი იყო რომ, ცხენი ვერ გავიდოდა იმ წყალში, ამას გარდა კიდევ, ერთსწყალს სხვას მოვადეგით - ჯელიმჰქვიან, იმას ცხენით გავედით, იმას იქით - ჯაანზემივედით და მეტად დიდი წყალი იყო, მაგრამ იმასაც ცხენით გავედით, იმის პირზე ერთი ქალაქი იყო ლაურზე, ექვსი მანძილი იყო, ბინა იქ დააგდო ყაენმა, თადარიკით წავიდა, ვიარეთ და რომ მივახლოვდით - ლაურის წყალს, ქალაქს ძირზე ჩამოუდის, რომელზედაც გასავალი იყო, იმათ შეეკრათ თოფხანით, ამაში ამაზე აღარ მიბძანდა ხელმწიფე, ორს აღაჯზე ხეით წავედით, ჯერ ყარაული გავიდა წინ, ყარაულს უკან ხელმწიფემაც გამოაცურა ცხენი, ასიოდეს ყულით თითონ გავარდა საჩქაროთ, ამასობაში გაწვა წყლის პირზე მემარჯვენე და მემარცხნე ჯარი, შეიქნა კიდევ ვიწროობა ამათი, რომ ვერ დამიწერია, თითქმის მივადეგით ერთს ლაფს, იქნებოდა, ერთის, ორის გუთნის გაშლა, ისეთი ტალახი იყო რომ, ლასტის ხიდს რომ ზანზარი გაჰქონდეს, ისე ზანზარებდა, და რაც ჯარი იყო ყველამ ზედ გავირბინეთ, და წყალში რომ შევედით, ორი ურმის ტოლი გზა ძლივ იყო, ამას თუ გარდასცილდებოდა, იმ წყალში კაცი საფლობისაგან ვეღარ ამოვიდოდა, გაიჭედა ამ წყალში ჯარი, და ცურვა დაიწყო ცხენებმა, ვიდეგით ერთს ალაგსა, და გვიცურევდა ცხენები შიგ, მოგვხედა ღმერთმა და გამოვედით, მივედით და ერთს მხარეს ჩამოვხვდით, თურმე ერთი ხანი, ლაურზე საშვებელად მოვიდოდა, და შიგ კი ჩამოგვერია, ერთს ორს დასტას უბრძანეს, და ასს ყულს, მივიდენ და ყათლანი უყვეს, იმაში ჩუჱნი კაცებიც დაესწრენ, და ცამეტი თავი იმათაც მოართვეს ყაენს. რომ გარდაწყდა, ამაში ლაურის ხანის ზაქარიას მოციქული მოვიდა, შემოეთვალა, პატარა დამაცალეთო. მაჰმ-შაჰსთან კაცს გავგზავნიო, და რასაც ის მიბძანებს იმას ვიქო, შვილს გზავნიდა ჯანაბათს, ეს ხელმწიფემ იწყინა, ადგა იქიდამ და ნახევარს აღაჯზე დაუდგა, უბძანა, თუ მოხვალ კარგიაო, თუ არა ხვალ იერიშს მოვიტანთო. მეორეს-მესამეს დღეს თითონ მოვიდა, ხელმწიფემ მურასათ შეკმაზული ცხენი უბოძა, მას უკან იმანაც, ორმოცდა ექვსი სპილო მოართვა და ასი ათასი თუმანი ქალაქს გამოართვეს, ბინაც რომ მოვიდა, წავედით შუას იანვარში ჯანაბათისაკენ, და გავედით კიდევ ერთს წყალს, იმას იქით კიდევ ერთს გავედით, იმან ბევრი საქონელი წაახდინა ჯარისა იმ წყალის იქით ერთი ქალაქი იყო. საჰრი-ინდი ჰქვიან, იმის გვერდზე დადგა ხელმწიფე, დაუძახა ყოველსა სარქარდებსა, მიმბაშს, უზბაშს, და დაღა-ბაშს, უბძანა ბევრი კაი სიტყვა იმედიანი, ჯერ წყალობა, და ბოლოს ეს უბძანა, აქედამრომ კიდეც გაიქცეთ, სადა გაქვსთ გზა რომ მორჩეთო, ისევ ნამუსიანათ დავიხოცნეთ ისი ჰსჯობსო, ჯარმაც კაი სიტყვა მოახსენეს, ღვთით, და თქვენის დოვლათით, თქვენ ბედნიერს ალამს, ვერ დაუდგებიან ისინიო. ამაში რომ ვიყავით ექვსი მანძილი გვაკლდა, ერთს მანძილზე კიდევ წინ წავდეგით, და ბინა იქ დააგდო ხელმწიფემა და წავედით მარჯვნეთით და მემარცხნეთი, თიფ დაწყობილნი წინას ყარაულით თოფხანითა, და ზამბურავის სროლით და მივიწურენით დღისა ერთსა სავალსა, და ყარაულები მოვიდნენ თავები მოიტანეს, და დაჭერილი კაცებიც მოასხეს, ყარაულები ერთმანეთს მოხდომოდენ ამ ჩუჱნს ყარაულებს გაექცივათ, და შიგ სანგარში შაეყარათ. მეორეს დღეს ხელმწიფე კიდევ, იმავ წესით წაბძანდა, და იმთონი ღვთის წყალობა გაქვს, რამდენი ფარშევაგი ჩუჱნ იქ დავიჭირეთ და რამდენი მაიმუნი. უცხო ნადირი იქ მოკლეს, მივედით მაჰმადშაჰს სანგარს სიახლოვეს, ორ არაჯ ნახევარზე ჩამოვხედით, იმ ღამეს ყადაღა იქნა რომ, ახლავ ყველამ იარაღით შეიკაზმოსო, უწინ ყადაღა ჰქნა ხელმწიფემ იარაღის ჩაუცმელობისა, რომჯარი არ გაისარჯოსო, და მას უკან ისევ უბძანა ჩაცმა. მეორეს დღეს გვეგონა შებმა და აღარ მოხდა. მოუარეთ იმათს სანგარს ზეიდამ, დავდეგით. მესამეს დღეს დაეწყო ჩუჱნი რაზმი და წავედით, მივედით იმაზე მზათ, და არ გამოვიდნენ, მივედით და მოახლოვებით ჩამოვხედით, პატარა ხანი გამოვიდა დაიძახეს ყაენი შეჯდაო, გავედით და შეიქნა რაზმის წყობა, და ჯაზაირჩი დააქვეითეს, და უბძანა,დასტებს: იქითა, აქათ! თავის შვილს თავისი თოფი მიაბარა, და ალმების გახსნა ბძანა, და თოფხანაც წინ გასწივეს და ერთმანეთში თამაშობა შეიქნა; ჯერ იმათი მართალი ჯარი არ გამოსულ-იყო ერთი სადათ ხანი გამოსულ-იყო, ისიც გაჯავრებული იყო, ვითომ ჯანაბათიდამ მოვიდოდა... იმათ ყარაულები შეყრილ იყვნენ და წაერთმივათ... გაჯავრებული გამოვიდა, ოცდა ათი ათასის კაცით, მასუკან კიდე ხან-ღოვრან გამოვიდა, ის კიდევ უდიდესის ლაშქრით, მარჯვნივ კიდევ ჩუჱნის სანჯანის ბიძა შვილი მოვიდა, მაგრამ მხარი აჰკრა, და გვერდზე მოგვიარა... ორსა დასტასა ყაენმა, იმაზედ უბძანა, შუაზე ხანი დროვან მოვიდა, და მარცხნივ სადათ-ხან, შეიქნა დიდი ომი, ჩუჱნ მირზასთან ვიდეგით ის ჯარი რომ გვერდზედ მოგვექცა, ის იმწამზე ბურთსავით გაიტანეს, და ხანჯანის ბიძა შვილიც დაიჭირეს, ამაში სადათ-ხანის დასტამ დააჭირა საქმე დიდად, და ყაენისაგან კაცი მოუვიდა ნასროლა-მირზას, აკოცეო, და ღმერთს შეეხვეწეო, მაშინვე გარდმოხტა და მიწას აკოცა, და ისევ შეჯდა ცხენზე, მარცხნივ კიდევ გატყდა ხანის დოვრანის ჯარიც, და თითონაც დაჰსჭრეს, და გაიქცა, მაგრამ სადათ ხანის ჯარი არ დაიძრა, ამაში აქ სპილო მოჰყავსთ, აქ დაჭერილი კაცი მირზასთან მოუდისთ და ვეხვეწებით ყოველნი ღმერთსა, როდის რომ ისადათხანის სპილოს ჯაზაირი ჰკრეს რომელში თითონ ზედ იჯდა ისიც დაჰსჭრეს, ერთი ჯაზაირჩი აუხდა ზედ, დაიჭირა სადათხან, და ჯარი მასუკან დაიქცა, მოიყვანეს მირზასთან სადათხან, შეინახეს. მასუკან ხელმწიფეც მობრუნდა, მოვედით ჩუჱნს სადგომზედ, ომი შუადღისას მოგვიხდა, და ჩავიდა მზე და მოვბრუნდით. მეორეს დღეს სადათხანმა, თავისი ჯარიც სულ ხელმწიფესთან მოასხა...
.........................................
ქუჩაში დილაზე ხელმწიფე შემობძანდა დიდის რიგითა, და ზამბურაკის სროლით. ასს სპილოზე ჯაზაირჩები შეესხათ, და შილინგით მოუძღვებოდენ წინ, შევედით ხელმწიფეს კარამდინ მოვყევით, ხელმწიფის სასახლე შიგნით ციხეში იყო, მობძანდა და ჩამოხდა ... ზარბაზნის სროლა რომ თითქმის ის ჯანაბათი დაიქცა, მასუკან ჩუჱნც წამოვედით თავიანთ სახლებში, მესამეს ღამეს ერთი თქრიალი, და თოფის სროლა მოხდა, თურმე გვიღალატეს, ყაენმა შვიდს დასტას უბძანა, ამაღამ თქვენ გასწივეთ ომი, და ხვალ ღმერთი გარიგებსო, იმ ღამეს ყველამ... დღეს წავედით, ხელმწიფე შეჯდა და ერთს ოქროს მეჩითი იყო, ჩარდახი ჰქონდა, და იქ დაბძანდა, და ყათლანი ბძანა იმ ქალაქისა, ღმერთმან იმდენი ღვთის წყალობა მოგცეს, რამდენი კაცი, დედაკაცი, და ყმაწვილი იქ მოკლეს, დიდი ყათლანი იმათ დაენართათ... რაცკი უნდოდათ ჯავაირი, ფლური, ოქროი ვერცხლი თუ რაცკი კაცს უნდა, ყოვლისფრით აივსნენ, მაგრამ ჩუჱნ დიდად უსაშოვრო დავრჩით, ამიტომ რომ ხელმწიფის ბრძანება არ იყო, და ვერსაით გავედით, ექვსი-შვიდი კაცი გავაპარეთ, და საბრალო... თოფი მოხვედრიყო მსუბუქათ, მალე მორჩა, მაგრამ ჩუჱნს გაგზავნილს კაცებს, ხუთიოდ ცხენი, და ფანცი ფუნცი რაგინდა რამე ეშოვნათ, შუადღეს უკან ყაენმა ისევ მაჰმად შაჰს აპატივა, და ჯარი ისევ დააბუნა, მაგრამ ასე... მასუკან ყაენი დაუმოყვრდა მაჰმად-შაჰს, ნასროლასმირზასათვის, ძმის წული მოართვა და ქორწილი უყო, სამი დღე სულ ჩირაღდანი იყო ქალაქში და შიგ წყალში ნავები ჩააყრევინეს, და შეაბეს შუშხუნით, მაგრამ კაცი... დიდ მარხვაში იქი, და მასუკან აყრის ხმა შეიქნა ჭორათ, და ჯერ მართალიკი არა ვიცოდით-რა. დღესა ერთსა კარზე მივედით, და მაჰმად შაჰს დაპატიჟა ხელმწიფემა, მეჯლიში ქნა, და ნიზამ-მალმულუქც ჟამარდიხან, და სარმურად-ხან... ორნივე უწინვე დაიხოცნენ, და სხვას ვინც დიდი კაცი იყო. ყველა დაჰპატიჟა, მაჰმად- შაჰს ჯიდა დაურჭო, და ხმალი შემოარტყა, და ხელმწიფობაც იმასვე დაულოცა, და ამისს დიდ კაცებს უბძანა, თქვენ ამას ავად არ ემსახურეთო... რომ თქვენ ამას არ მოსხდომიხართო, სადაც ვიქნები ექვსს თვეზე აქავ დავიბადებით, და ყათლანს გიზამ ყველასო. მეჯლიში რომ გათავდა იმ დღეს ალიხანს ცხენი მოუვიდა ხელმწიფისაგან, მეორეს დღეს ფიშხანიც გამოვიდა, და იმ საღამოზე... არ ენახა, და ზოგი რამ სიტყვები და წყალობა უბძანა, ორმოც და ათი თუმანი იმას უბოძა, და ორმოც და ათი მე მიბოძა, და მეორე დღეს ოთხს მაისს, ხელმწიფე გამოდგა, ხუთასი სპილო შიგ დარჩეული წამოასხა, და ხაზინისა რაღა მოგახსენო, სხვას გარდა... ერთი თოფს ტახტი მოაქვსთ, ფასი ხუთი ქურქურია იმისი, და გაკეთებულიც ისეა, და ერთი ქურქური ოთხასი ათასი თუმანია, იმისი ტახტობა და სიკეთე გასინჯეთ, ჩამოვედით და გავიარეთ ორი წყალი. ჯისირები იდვა ზედა მასუკან -ლაყრისწყალზე მოველით... თხუთმეტს აღაჯზე ზეიდამ ამოუარეთ, და იქ ჯისირი იდვა წყალზე, და ზაქარია-ხანიც მოეგება, დიდი ფეშკაში მოართვა, და რაც ჯარს ტყვე ჰყვანდა, ჯისირზე კაცები დააყენა ხელმწიფემა, და სულ მოაკრეფინა და ზაქარია-ხანს აჩუქა, ამ ამბებში... თვე და - ლაურის წყლიდამ რომ წამოვედით, სამი დღე იცოცხლა, და თქვენი ჭირის სანაცვლო შეიქნა ის დღე შენის ოჯახისა, და შენს მტერს დაუდგება, ამისთანა დღე, ოციოდ ქრისტეანე კაცი ვიყავით, რომ ჩუჱნ... კაცს რომ ამისთანა ამხანაგი მოუკვდეს შენ იცი, დასაკლისია, სხვა აქაური კიდევ ესე რომ, ინდები გვაშინებდენ მარასათი მოგასწრობსთო, და ოთხს თთვეს იწვიმებსო, და ვეღარ გახვალთო, და მართალიც იყო, თითო ასეთი მტვერი... ყოფილიყო, ასე დაბნელდის, როგორც შუაღამე, იმისთანა ნათელია. იმისთანა ეს რომ გარდასწყდის, მოვიდის ერთი საკვირველი ქარიშხალი და წვიმა-ქუხილი რომ აღარც კარავი დააყენა, და სიცივემაც ძალა დიაღ დაგვმართა... გამოვიდის ერთი ასეთი სიცხე გამოუშვის რომ რა მოვიგონო და რა ვჰსთქვა? იმდენი ღმერთმა ღვთის წყალობა მოგცეს, რამდენი სიცხემ კაცი იქ გახეთქა, ამაში მოვედით -ჯაანზე, და ასეთი გადიდებული იყო, რომ ბევრს ალაგს... ჯაზაირის გაწევა კი არ იქნებოდა რომ მოვედით ვნახეთ ჯისირი გაეწყვიტა, დიაღ ნამეტნავათ გვეწყინა, და ვეცადენით ზეით ქვეით ჯისირის გადებასა, და არ დააყენა, მასუკან ყაენმა ბძანა და სულ ნავით გამოვიდა ჯარიც... პირზედ დავდეგით გამოღმა, სანამდინ უკანა ჯარი გამოვიდოდა, ერთს ღამეს ერთი შათირი მუსა და ერთი მეჯორე, და ერთი იეთიმი, უსუფა ჰქვიან, ეს სამნი გამეპარნენ, და ოთხი ცხენები წაგვისხეს და -ლაურსმიმართეს, და მოგვიანოთ... სოლომან, პართენ, ცალკე გამოუდგნენ, ასლან, დავით და გივი ერთს მხარეზედ გავგზავნე. ყაენი იმ დღესა აიყარა და წამოვიდა. მაგრამ ჯერ ვეჭობ ისე არ გაჭირებოდეს ამ ურდოში, მე იქავ სადილობამდინ უცადე ასლანს... ისინიც, დავიწყე სიარული და წამოველ, დადგა სიცხე, დიაღ ნამეტნავად შეგვაჭირვა. მე ჩქარა გამოვკარ, და ურდოში რომ შემოველ, დამიწყო გულის სუსტობა, და ერთი ბეწვი გამიწყდა რომ ცხენიდამ არ გადმოვარდი და ჩემთან ჯიმშერის მეტი არავინ იყო, უთხარ, ჩქარა... . და ხელი რომ ჩავიყავ, დამწვა, უბეში ჩავისხი და პირი დავიბანე. გამოვაჭენე ცხენი, და ქარი მომედინა
.........................................
დავარდნოდა, მაგრამ უცხო ცხენი იყო, შენმა მზემ ასეთი ცხენი იყო, რომ ჯანაბათს ინდებმა, ოც და ათი თუმანი მაძლიეს, და არ მივეც, და ამან მოინდომა, ავდეგ და მივეც. ის ცხენი ჯანაბათს ვიშოვე, ამაში ჯულიმ... და იმაზედ ჯისირი იდვა და გამოვიარეთ, მოვედით ერთს ალაგს, და ჯარის სანიც მოხდა იქა, იმ მანძილზედ მე ცივება დამაწყებინა, ხუთჯერად გამაცივა, სამი ჯულაბი დავლიე, და ღვთით მოვრჩი. იქიდამ ავიყარენით, და ალიხანც ავათ... იმანაც ჯულაბები დალივა, მასუკან -ათეგისწყალზედ მოვედით, ჯერ იმ მანძილზედ ალის მირზას ასი თუმანი ინამი უბოძა, და მე ორმოცდა ათი თუმანი მიბოძა, და მასუკან ჩუჱნი ხანიც ნახა, და თითო ცხენი კიდევ გვიბოძა, ხანს უკან საბრალო ვამეყიც ავათ გაგვიხდა, და შენი ჭირი წაიღო, და ახლა ფიშაურს ქვეიდამ, ორს მანძილზედ ვდგევართ, და არ ვიცით ღმერთი საით წაგვიყვანს, მე ბატონებთან და შენთან ბევრი სიჯალათი და სირცხვილი მაქვს... თუ ღმერთმა პატარა ზეით შემოგვაყენა, ხომ ღვთით კიდევ შევიძლებ თქვენს სამსახურს და სიამოვნეს, თუ არა და, რა გაეწყობა? პართენი ამ წიგნის წერაში აქ არ იყო, შაურს წავიდა და მე მითხრა: თუ ანას წიგნი მისწერო, ჩემ მაგიერ სამსახურის... თქვენიცა და ჩემიც, და მე მიყურეთ რომ ბიძია შევიქენ, და დისწულიცა მყავს, ბატონი ჩემი დისწული როგორი ქალია, ან მაგისი ქმარი როგორი ვაჟიკაცი შეიქნა? მომწერე ჩემის ძმის ანბავი და მარიამის ანბავი მიბძანეთ რამე. დაიწერა ხუთს...
............................................
ეს წიგნი მოწერილია მეფის ირაკლისაგან მაშინ, როდესაც რომ ყმაწვილობისა ჟამს იმყოფებოდა სპარსეთში, სადაც როგორც იციან მკითხველთა ისტორიითგან აღიზარდა; როგორც ჰსჩანს წიგნი მოუწერია თავის დისთვის, მხოლოდ არა ჰსჩანს რომელს წელში მოუწერია, თუმცა შეუძლებელია არ იყოს მოხსენებული მეფის ირაკლისაგან რიცხვი და წელი. ზოგერთს ალაგს ამისთვის სხედს წერტილები, რომ ნამდვილში სიძველისაგამო აღარ სჩანს.
რ.
![]() |
2.3 რომელნიმე შემთხვეულებანი მეფე ირაკლიზე |
▲back to top |
რომელნიმე შემთხვეულებანი მეფე ირაკლიზე
ჩინებულს საქართველოს, თამარ მეფეს, რომელსაც დასაწყისსა შინა 13 საუკუნესასა ეპყრა მას, არა თუ მხოლოდ ივერია, არამედ სომხეთიცა და ადრიბეჟანი ყაფლადუხამდე, ყოვლითა მცხოვრებითურთ ტრაპიზონამდე და კილიკიადმდე და ბრძანებლობდა რა ყოველთა მცხოვრებთა კავკასიის მთებთასა, იყო მეუღლედ დიდის რუსეთის თავადის თეოდორესი.
1787 წელში კაიდესკასა შინა, ოდესცა ეკატერინა იმპერატრიცამ იხილა იმპერატორი იოსებ, მუნ თანდასწრებითა პრინცის დედინისა და სეღურისათა და სხვათა მოხარისხეთა თანა, ერთ გზის, საუბარსა შინა, ოდესაც ფრიდერიკოს დიდსა მიანიჭებდენ უპირატესობასა სამხედროსა დიდებასა და შეურყევლობასა შინა, იმპერატორმან იოსებ მოაგონა, რომ დაავიწყდათ ერთი პატარა მეფე, რომელიც თუმცა შემცირებით არს სამფლობელოთი და ღონის-ძიებითა, იმყოფება რა მეზობლად ორთა მძვინვარეთა და სარწმუნოებით მომტერეთ სახელმწიფოთა შორის, ოტტომანიის პორტისა (ოსმალოისა და სპარსეთისა, გარე შეზღუდვილი ველურთა, მთიურთა მიერ განუსვენებლის კავკასიისათა იცვავს სარწმუნოებასა და სამეფოსაცა , რომელსაც ემოწმა და აღიარა თვით ფრიდერიკოს დიდმაცა. მოუმატა პრინცმან დელინ: ეგე არსო საქართველოს მეფე ირაკლი მეორეო, მეფობსო რა 42 წელიწადი თავისუფლად, მან დაამარცხაო არარატთან რვა ათასი კაცით ქართველით ოც და რვა ათასის მხედრის მყოლებელი ყაენი აზათხან და დაადო. ერევნის მაზრას სახასო ორმოც და თხუთმეტი ათასი მანათი თეთრი ფული წელიწადში ხარჯიო, რომელსაც აძლევდნენ მას ოცდა ხუთს წელსა; შეაძრწუნა ოსმალთ სამზღვარნი ერთსავე დროსა, როდესაც რუსეთმა დაჰკარგა თავრიდი, რომლისათვისაცა ეკატრინა დიდმან წარუგზავნა ანდრიას კავალერი ალმასით მოჭედილი მეფესა, და კავალერი წმინდის ეკატრინასი დედოფალს დარეჯანს და თორმეტი ხელი ტანისამოსი; მასვე დროსა ქარიმხანმა სპარსეთის ხელმწიფემ, მშვიდობის მყოფელობისაგამო მწოდებელმან თავისა თვისისა ორქილად (გინა ვარისად) მიიღო წიგნი ოსმალოს ხონთქრისაგან, რომელიც სთხოვდა მას, რომ შენ დააბიო ლომფოცხვერიო საქართველოისა ჯაჭვითაო, ვინაიდგან მან აღბიოხრა საქართველოსთან მოსამძღვრე საფაშოებიო (მაზრებიო) და წარმოუგზავნა წყალობის წერილით ორი ხელი თვისი ტანისამოსი, მახვილი, ესე იგი შუბი, ხანჯალი ძვირფასი, ცხენი აღკაზმულობით და 12 ათასი ოქრო თავისის ქისისა ქარიმხანისა, ეს ფული ეხლაც ასე იწოდება. აჰა საბუთი, გინა დამტკიცება, რომლითაც დაემტკიცების სახელი ქართველისა და საქართველოსი, გინა გურჯისტანისა.
თ. დიმ. მაღალოვი.
![]() |
2.4 რაოდენიმე ჰაზრი საზოგადოს ცხოვრებისათვის |
▲back to top |
რაოდენიმე ჰაზრი საზოგადოს ცხოვრებისათვის
კაცი არა კმაყოფილი, უზომოდ, თავისის თავისაგან, ამტკიცებს სისუსტესა ანუ უძლურებასა; ხოლო კმაყოფილი, უზომოდვე - უგუნურებასა.
რიგიანად საუბარი და მოქმედება ჰბადებს კაცში რომლისამე გვარის უფლებასა; უფლება ესე გვარი ყოველგან მძლეველობს და ყოველგან მოუპოებს კაცსა პატივის-ცემასა და სიყვარულსა.
ცუდი მიმოხრა აფუჭებს ყოველსავე, თითქმის მაშინაც, როდესაც თქვენა ხართ გონიერნი და მართალნი. ყოველს საქმეში ყოველსა ზედა უმთავრესი-მიზეზია, და უკეთუ თქვენ ძალ-გიძსთ წარდგენა საფუძველიანის მიზეზისა, მაშინ თვით უსიამოვნონი საქმენი წარიმართვიან ესრედ საამოდ და სასარგებლოდ. რომელ არღარა შესაძლოა, წარმართვა მათი უმჯობესად.
ვივითარებთ რა საზოგადოსა ცხოვრებასა, გონებასა ჩუჱნსა არა ჰმართებს არა ოდეს მონება და მორჩილება სხვისა ჰაზრთა. თქვენ გმართებსთ, რათა განავრცელოთ წრე საკუთრისა თქვენისა განმსჯელობისა და არა რაი შეიტანოთ თავში მოწმობათამებრ, წმინდად კაცობრივთა. უკეთუ თქვენ წინადგიდებენ სხვათა და სხვათა ჰაზრთა, აღირჩივეთ რომლისაცა აღრჩევა ჯერ არს, უკეთუ არა არს შესაძლო აღრჩევა არცა ერთისა მათგანისა, დაშთით იჭვნეულებასა შინა.
ყოველსა საგანსა შინა არს ვითარიმე სრულება ანუ ღირსება დაფარული; გამოჩენა მისი არის ხელოვნება კარგის გემოვნებისა.ბუნებითი ბოროტება ჩუჱნი იძულებულ გვყოფს ჩუჱნ, რათა ვეძიოთ ნაკლულევანება ანუ ბიწი სიმრავლესა შინა სათნოებისათა, ვაჩუჱნოთ მას ზედ თითით და ვბეჭდოთ იგი მაშინ, ოდესაც დარწმუნებულნი ვართ, რომელ ამ გვარი მეძიებლობა წარმოგვიდგენს უფრორე ცუდსა ბუნებასა, ვიდრე სიჭარბესა გამსინჯველობის ნიჭისასა. რომელიც მრთელსა სიცოცხლესა თვისსა ატარებს მეძიებლობასა შინა სხვის ნაკლულევანებათა, იგი ატარებს მას დიახ საძაგლად.
დ. მ.
![]() |
3 სხვა და სხვა ანბავი |
▲back to top |
![]() |
3.1 სალაყბოს ფურცელზე |
▲back to top |
სალაყბოს ფურცელზე
ნება მქონდეს რაოდენიმე სიტყვა წარსვლის 1858-ს წლის, დეკემბრის ცისკარში დაბეჭდილს სალაყბოს ფურცელზე ვსთქვა რამე.
მე რა მრჯოდა ამაზე მეთქო რამე, მაგრამ რადგანც ჩემზედ ამბობენ, მე დიდად ვეწეოდე უ. რ. კერესელიძეს, ქართული ჟურნალისათვის, ამისათვის უარს ვერ ვიტყვი: გულით და სულით მინდა, ქართული ჟურნალი იყოს საქართველოში საუკუნოდ მინამ ქვეყანა ბრუნვიდეს მზის ჩალხზედ. ოღონდ ქართული ჟურნალი იყოს და ღმერთს თავდებად გაძლევთ, ჩემთვის სულ ერთია, თუნდა უ. კერესელიძე იყოს რედაკტორად და ვინც გნებავთ. თუნდა სხვა, ოღონდკი იყოს.
იმ დღეს ერთს შეყრილობაში შევედი, რამწამს დამინახეს, მაშინვე უ. კერესელიძეს დაუწყეს გმობა და თან მე მაყვედრიდნენ: ემანდა შენი კერესელიძე, ემანდა რა დაუწერია ცისკარში, თავის სალაყბოს ფურცელშიო? ბოლოს შევიტყე რასაც მეუბნებოდნენ, ვთქვი: წავალ და ყურადღებით გადვიკითხამ მეთქი.
„ყაბახზე გამოვიდა; ფენომენისაკენ წავიდა და სხვანი... ამის კითხვა რომ დავასრულე, ამ დროს უ. კერესელიძე შემოვიდა ჩემთან და სამდურავი ვუთხარ.- „რა დასაწერია ამ გვარი იმაზე მეთქი?“ ყოვლისფრით დამარწმუნა, რომ ფანტაზიათ იყო მოხსენებული და არა პირს ვიზედმეო. ეს ხომ უ. კერესელიძემ დამარწმუნა. ახლა ჩემს აზრს ვიტყვი იმ დაფარულს გვამზე. თუ რომ საზოგადოება იმ გვამზედ ფიქრობს, მაშინ ამასაც ვიტყვი, რომ მე იმ ყნაწვილს კაცსა კარგად ვიცნობ; თვით იმის მეგობრისაგან ვიცი ნამდვილად, რომ უკეთესი ყმაწვილი კაცი არ უნდა, ის არის ყოვლისფრით და, რაც მეფეს ირაკლიზე არის დაწეილი, საწყალიო, ის არ შეეხება მეფეს ირაკლის, ის სხვა აზრზედ არის დაწერილი და სხვა გვარად გასაგონი. მაგრამ ესკი უნდა მოგახსენოთ, რადა ვჯავრობთ, როდისაც ჩუჱნს ნაკლულებას გვეტყვიან რასმე?- იქნება არ ვიცოდეთ, რომ ყოველი ადამიანი თავის თავზე დაბრმაებულია ყოველთვის და თავის ნაკლულებას ვერას ხედავდეს? ეს თქმა დიდი ხანია დამტკიცებულია საქმით, რომ რაც უნდა შეცთომილებაში იყოს ადამიანი, ვერ დაინახავს თავის თავს არას დროს.
ევროპაში, იმ უდიდესს და უსაკვირველეს გვამებზე რომ სწერენ და აუგად ახსენებენ, მაშ რა უნდა ჰქნან ამისათვის იმათ? ჩუჱნის აზრით, თავი წყალში უნდა გადიგდონ, მაგრამ არა! ესმით და მომავალისათვის ფრთხილობენ ერთი გამოჩენილი გვამი ქალაქის ბაზარში მიდიოდა, ბაზრის თავში ნახა, აუარებელი ხალხი რაღასაც მიხვევიან და სიცილით რაღასაც შეყურებენ მაღლა კედელზედ. ესეც მივიდა, შეხედა რომ ამის უშვერი კარიკატურა დაუკიდნიათ, ყველანი იმას შესცქერიან და სასაცილოდ იგდებენ. ამან თავის მოსამსახურებს ჩამოაღებინა ის პატრეთი, თავის უშვერი კარიკატურა და კედლის ძირში სკამზედ დაადგმევინა, მობრუნდა და მხიარულად ხალხს უთხრა. - „იქ შორს კედელზე ვერ დაინახავდით რიგიანათ, აქ ახლოს უფრო კარგათ გაარჩევთ და უფრო ბევრსაც გაიცინებთო“.
არ ვიცი თუ, რად ვჯავრობთ ნაკლულების თქმასა ჩუჱნზე?- თუ გნებავთ პირველათ ჩემგნით დაიწყეთ: მე დამგმევით, მე გამლანძღეთ და რაც უარესია დაწერეთ ჩემზე, დიდად მიამება, ვინ იცი, იქნება მეც ბრმა ვიყო ჩემს თავზედ. მაშინ თუ თავს მართალსა ვგრძნობ მოგახსენებთ, თუ არა და, სიამოვნით დავჩუმდები. ჭეშმარიტად!
აბა როგორ არ ითქვას აქ?- როდისაც თავადის გიორგი დავითის ძის ერის-თავის გაყრილობის კამედია ითამაშეს, ის ზნეობითი კამედია და ჩუჱნი დიდი საგრძნობელი, რა ყოფა იყო, ანუ რა ძახილი! სწორეთ ვიტყვი, უფროსი ერთმა ვერ იგრძნა ის კარგი ზნეობითი კამედია და სასაცილოდ მიიღეს, ვითომ: გაცინებისათვის დაუწერიაო. მა ამას რასაც ვანბობ, მართალია: საზოგადოების აზრი კარგად გამოვიკითხე მაშინ ამაზე.
აბა, ესც როგორ არ ითქვას აქ?-იმ შეყრილობაში, ზევით რომ ვსთქვი, სადაც უ. კერესელიძეს ჰგმობდნენ დიდად, იმ სალაყბოს ფურცლისათვის. იმ ანბავში, ერთი პატიოსანი ადამიანი შემოვიდა, იკითხა.-„რა ყოფა გაქვსთ, რა ანბავიაო?- „ყველამ ერთპირად ღაღად-ჰყო და უ. კერესელიძეს გმობა დაუწყეს: აი რა დაუწერიაო?“
იმან გაცინებით უთხრა.- „არა! მაგ სალაყბოს ფურცლებს კერესელიძე ხომ არა სწერს, - სხვაზედ თქვა. - ესა და ეს თავადის-შვილი ჰსწერს და არა კერესელიძეო.“
ამ სიტყვაზე ცეცხლს რომ წყალი დაასხან, ისე განელდნენ ყველანი და ერთმანეთს ცქერა დაუწყეს დამშვიდებულის სახით და ბოლოს ერთმა თქვა სიამოვნით:
- ჰო, ეგკი! იმან რო დასწეროს, შეეფერება და ამას იქით კიდეც მოვიწონებ მაგ სალაყბოს ფურცელსაო. აჰა ჩემო ხელმწიფენო! ამაზედ მე აღარას ვიტყვი აქ.
თ. ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯ. ორბელიანი
![]() |
3.2 მეგდიას მოსვლა სპარსეთში |
▲back to top |
მეგდიას მოსვლა სპარსეთში
ცხრაას ოთხმოცდა ხუთ წლამდე, ვიდრე მეფეს შეიქნებოდა მუხამედ ხუდაბენდი, სპარსეთში იყო საშინელი სისხლის ღვრა და ხოცა ერთმანეთი. რა გამეფდა მუხამედ ხუდაბენდი, დიდი მშვიდობიანობა ჩამოაგდო, რომლისა მიზეზით ხალხმაც დიდად შეიყვარა, ასე რომ თითქმის მარტო უმოსამსახუროდ დაიარებოდა ხოლმე ისპაღანის ქალაქის ქუჩებში, სადაცა მანამდინ ვერა რომელსა მეფესა ვერ შეეძლო მარტო სიარული. ხარკი შეუმოკლა ქვეშევრდომთა,დიდის სიფრთხილით ხარჯევდა ხაზინითგან ფულსა, ქვრივთა, ობოლთა ეწეოდა და მირზათა ვერ შეეძლოთ მოტყუება, რადგანც ყოველსავე კითხულობდა, რასაც ხელს მოაწერდა.-
ამ დროებში ყიზილბაშებში წინათ მეტყველებდენ მეგდიას მოსვლას, რომელიცა ჰსცხოვრებდა მესამეს საუკუნეში და იყო ესეცა ერთი ხალიფათაგანი. ეს უნდა ვიცოდეთ რომ სპარსელებს დარწმუნებით ჰგონიათ დღესაც, რომ მეგდია არ არის მკვდარი, რადგანც იყო წმინდა კაცი სპარსეთში. რა მოხუცებულებაში შევიდა, განშორდა ხალხთა, განვიდა უდაბნოდ, სადაცა მოკვდა და ხალხში კი დააგდო ხმა, რომ რამდენსამე ასს გინათ ათასის წლის შემდგომ მოვა სავსე დიდეიბთაო. და ყოველთა მორწმუნეთა ყიზილბაშთა განუღებ კარებს სასუფეველისასაო. ანბობენ რომ ეს წინასწარ მეტყველება ვითომც ყორანშიაც იყოს, მაგრამ უბედურება ეს არის, რომ ძალიან ბნელის სიტყვები ჰსწერია, და ვერ შეუტყვიათ რომელს წელიწადში მოვა, თუმცა ბევრსა ცდილობენ გამორკვევასა. რადგანც სწორეთ არ იცოდენ მოსვლა, ამის მიზეზით მეფის სასახლეში რამდენთამე მოსამსახურეთა მზათა ყვანსათ ყოველთვის მშვენიერი თეთრი ცხენი, ძვირფასის სამკაულით შეკაზმული და აღვირ ადებული, ამისათვის რომ ყოველს წამს მოელოდენ. მაგრამ დროება მიდიოდადა მეგდია კი არსად სჩანდა. ბევრი ურწმუნონი იძახდნენ რომ თავის დღეშიაც არ მოვაო, და ესე ურწმუნონი რასაკვირველია სიკვდილს მიეცემოდენ ხოლმე.
მუხამედ ხუდაბენდის მეფობის დროს, რა ზოგი ერთი შეიქნა ურწმუნო და აღარ იჯერებდა მეგდიას მოსვლასა, მაშინ პირველმა მოლლამ შეიხ-ულ-ისალამმა, თავს გამოიდო შეტყობა ყორანში და ახსნა ბნელთა სიტყვათა, რომელსაცა მეფემა მადლობა უბძანა და შეტყობისათვის მრავალი წყალობაცა აღუთქვა. მოლლამ რამდენჯერმე გარდაიკითხა, შემდგომ გამოცხადებით თქვა, რომ ბძანებელი ხმელეთისა უეჭველად უნდა ამ ორ სამ დღეში მოვიდესო.
დიდის გულის მოდგინებით შეუდგნენ მომზადებასა; ყველანი ლოცულობდენ და ჰსწერდნენ ანდერძს. შახმა ბძანა განშვენება და მშვენიერად მორთვა თავისს სასახლისა; აურაცხელნი ცხენები ოქროს რახტის მქონებელნი, მძიმედ შეკაზმულნი იდგნენ მზათ თავლებში; რადგანც ოცოდენ, რომ მეგდიას ნადირობა უყვარდა, ამისთვის რამდენიმე მოსამსახურენი ქორმეძებრებიანები იდგნენ სასახლის შესავალს კარებთან. ყოველ ღამ იყო ღირაღდანი, თითქო ქალაქს ცეცხლი ეკიდებოდა. ხალხი მოუთმენლივ შესცქერდა ხან ცასა და ხან შარა გზასა, და მოელოდა მემკვიდრესა დიდის წინასწარ-მეტყველისა.
მუხამედი ყოველზე მეტად იჯერებდა მეგდიას მოსვლასა და ამისთვის სკიპეტრა მოუმზადა მისართმეველად, რადგანც ახლოვდებოდა წარღუნის მოსვლა იმის ჰაზრში... ეს კიდევ ცოტაა! რადგანც რომ უნდოდა კეთილად აღსასრული და კეთილად გარდასახლება იმ სოფელს, განიზრახა სხვა პატივის გარდა, მიცემა თავისი უმშვენიერესის ქალისა, რომელსაცა ერქვა ზულეიხა. ყოვლისფერი ქორწილისათვის მზათ იყო, მხოლოდ აკლდა ერთი სასიძო.
ეს უნდა ვიცოდეთ რომ, ზულეიხა იყო იმ ვარდისაგან, რომელთაცა ხშირად აქებენ სპარსეთის პოეტები. ზულეიხა თუმცა იდგა მშვენიერს პალატაში, მაგრამ რადგანც ერთი უმიჯნურო, ამისათვის ბეზრდებოდა მარტოება. ვერცა ერთსა სულიერსა ვერ შეეძლო იმის სადგომში შესვლა, მინამ სამჯერ ფეხი არ დაერტყა იატაკზე და იმით არ შეეტყობინებინა: სურდა მიღება თუ არა? უთვალავნი თვალნი და მარგალიტნი ბრჭყვიალებდენ იმის ტანზე, ოთხ კუთხ კედლებისა, ჭერამდინ იყვნენ ატანილნი წითელი ხავერდის ბალიშები, სხვა და სხვა გვარნი ყვავილნი განაშვენებდენ უსაამურესსა ალაგსა ოთახში.
საშუალ ამა სიმდიდრისა ზულეიხა ხშირად საკლავად ამოიოხრავდა ხოლმე ნადირ-ბეის მოგონებაზე, რომელიცა იყო შორეული ნათესავი. ნადირ-ბეი იყო ახალგაზრდა ყმაწვილ კაცი, წლისა ოც და ხუთისა, პირველი მშვენიერი ვაჟკაცი მრთელს სპარსეთში და სიყმაწვილით ერთად შეზრდილი ზულეიხასთან, მაგრამ ოთხის წლის წინათ რაღაც საქმეში შენიშნა შახმა და გადაკარგა ისპაღანიდამ. სიზმარშია თუ ცხადად, ზულეიხა იგონებდა ნადირ-ბეის. იგონებდა იმა ბედნიერთა დროებათა, როდესაც ყვაწვილები გამოუდგებოდნენ ხოლმე პეპლებსა და ესრედ ტკბილად ბაღში შეექცეოდნენ. -
შახა ჰკვირობდა და თითქოს კიდეც წყრებოდა, რა ხედვიდა რომ თავის ქალი მეგდიას მოსვლაზე იყო გულგრილად; მწუხარე მამა ამის მხილველი არიგებდა ქალსა, ეტყოდა ხოლმე მეგდიას ძალსა, დიდებასა და ყოველსა, რაც კი ეწერა ყორანის პირველს თავში; მაგრამ საწყალის მამის უბედურება ეს იყო, რომ ქალს ფიქრშიაც არ მოსდიოდა. ზულეიხა იცვლიდა დღეში შვიდ ნაირს კაბას: მოახლენი დღეში ცამეტჯერ დაბანდნენ ხელპირსა ვარდის წყლითა, ვარცხნიდენ თავსა და აცმევდენ მშვენიერსა, ახალსა ტანისამოსსა. ჩირაღდანი იყო ჩვეულებისებრ, ხალხი ილოდებოდა ადრინდელისავით, მაგრამ მეგდია არსად სჩნდა. ყოველს დილსა მორწმუნენი იძახდნენ: დღეს უეჭველად მოვაო, ყოველ საღამოს ანბობდენ, ამაღამ უთუოთ გაჩნდებაო. დღეებიც და ღამებიც მადიოდნენ, მაგრამ არცა რა თუ კვალი სადმე სჩნდა.
ესე მომზადება და ესე ანბავები აცარიელებდენ შახის ხაზინასა. შეიხ-ულ-ისლამი ეჭვში შევიდა, შახი დიდად შეწუხებული შეიქნა; ძილი ვეღარ მოსდიოდა, მადა დაეკარგა; ხოლო ურწმუნონი ჩუმ-ჩუმად იცინოდნენ.
ერთხელ გათენების დროს, მრთელს ისპაღანში შეიქნა რაღაც ყვირილი, აგრეთვე ხმა საყვირისა და სხვათა; მოლლებმა იწყეს ზახილი მეჩითებში და იძახდენ: წუხელის მეგდია მოვიდაო, და ახლა შახების სასაფლაოს მეჩითში ლოცულობს ხელ გაპყრობილი და ჯერ არ გამოსულაო.
ეს არის საკვირველი, რომ ასე ჩუმათ შემობძანდა მემკვიდრე მაღომეტისა; ყველა ამას ჰგონებდა, რომ ჭექა-ქუხილით და ელვით მოვაო, მჯდომარე იქნება ცეცხლის ცხენზედაო, მიწას რომ მოახლოვდება ჩუჱნ მივართმევთ ცხენებსაო. ცხენით უნდა მოსულიყო თუ ჯორით, სულერთია, ხომ მოვიდა. ზოგნი მოუთმენლივ იკითხავდენ, ვითა მოვიდა და რა დროსაო, ზოგი რასა. აი მსწავლულნი კაცნი რას ანბობდენ:
გუშინ საღამოზე, მეჩითში სადაცა ასაფლავიან შახები უქმობდენ მსხვერპლის შეწირვასა; რადგანც რიგი იყო რომ მრთელს ღამეს კანდელი ანთებული ყოფილიყო, ამისთვის კანდელი ენთო და მოლლებს მრთელს ღამეს უნდა ელოცნათ. მოლლებს თავის ჩვეულებისამებრ, ძილი მოსვლიათ და კვდრებსავით დაყრილან. რა აღსრულებდენ თურმე ამ გვარსა ჩვეულებასა, უცებ მსწავლულთა მოლათა გამოეღვიძათ რაღასაც ყვირილზედა. ამის შემდგომს მეჩითის ერთის კუთხიდან შემოესმათ ქუხილსავით ვიღასიც ხმა რომელიცა ლაპარაკობდა უცნაურს ენაზე, მაგრამ სიტყვებში ზოგჯერ ამ სახელებს ურევდა-ალია და მეგდიო. მოლლები შეძრწუნებული გამოვიდნენ გარეთ და რომელნიცა უშიშარნი იყვნენ ცოტა წინ, მივიდნენ ნახეს მხედარი კაცი, რომელსაცა ჰქონდა სიმაღლე ოცდა ხუთი ადლი; ხელში ეჭირა ხრმალი და ტანისამოსი სხვა და სხვა თვალ-მარგალიტისაგან სრულიად ბრჭყვიალებდა: აქედანა სჩანდა რომ უეჭველად მეგდია უნდა ყოფილ-იყო. რა უშიშართა მოლლათა შეხედეს ესენიც შეშინდნენ და გამოიქცნენ, მაგრამ მოჩუჱნებამ დაიწყო ლაპარაკი წმინდას სპარსულს ენაზე და იტყოდა: სად არის ქალი, რომელიცა დამინიშნეს საცოლოთაო?...ხვალ ღამ მოვიდეს ჩემთან მეჩითშიაო!“
ეს ანბავი ფიცხლავ შახს მოახსენეს, რომლისაცა სიხარული და ამპარტავნება შეიქნა გამოუთქმელი. ყველა ჰგონებდა, რომ უწმინდესი ესე ხალიფა ცოდვიანს ხალხში ჯერეთ არ შემოდის და სურს ლოცვა მეჩითშიაო. მეჩითის გალავანს მოუყენეს მცველები, რომელნიცა არცა ერთსა უწმინდურსა ახლოს არ მიუშვებდენ.
მუხამედი გაიქცა და ეს ანბავი აცნობა თავისს საყვარელს ქალსა, რომელზედაცა ზულეიხა მიეცა დიდსა მწუხარებასა, რადგანც არ უნდოდა შეერთო ის კაცი, რომელიცა მომკვდარიყო ორას ორმოც წელიწადში; დიდად ეშინოდა ამ გვარის განგებისა; ჩაუარდა მამას ფეხ ქვეშ, ეხვეწებოდა სხვის ვისიმე ქალის მიცემას და ეუბნებოდა: ჩემს თვალს მარგალიტს ყოველსავე მივსცემ სხვა ქალს, ის დაუნიშნეთ, იმ სოფლიურსა საქრმოსაო. შახი უპასუხებდა ხოლმე: ვითა შეიძლება სხვას მივცე სიმამრობა, მრთელის ხმელეთის მბრძანებელისაო? დიდად გაუწყრა ქალსა და უბძანა, ნებით იქნება თუ უნებურად უეჭველად უნდა შენი თავი წარუდგინო მეგდიას, მეჩითშიაო.
ჩუმათ შემოსვლა მეგდიასი, ფარულად ყოფნა მეჩითშია, ამტკიცებდენ რომ არ უნდოდა დიდის ცერემონიით მიღება. როდესაც მოახლოვდა საღამო, ზულეიხა წაიყვანეს მეჩითში, საცოდავი ქალი სრულიად ბრილიანტში ჰსჯდა, მშვენიერი თითები ჰქონდა წითლად შეღებული; პირის სახეზე ეფარა თეთრი ლეჩაქი; წინ მიუძღოდა უპირველესი მოლლა შეიხ-ულ-ისალამი და იმის უკან თორმეტნი სხვანი მსწავლულნი მოლლანი, რომელთაცა მოჰქონდათ წითელ ხავერდის ბალიშებზედ დაწყობილნი ალყორანები. ამ სახით მიახლოვდენ მეჩითსა, სადაცა დანისვენებდენ გარდაცვალებულნი მეფენი სპარსეთისანი, ფერ წასული ზულეიხა დააყენეს შუაში, შეიხ-ულ-ისალიმმა წაუკითხა ლოცვები, რომელშიაცა უცხადებდა ცოლობასა დიდის მეგდიასასა: გამოუცხადა და უთხრა, რომ ნეტარება შენი პირათ ვერ დამოითქმებაო; შემდგომს გაუღეს რკინის კარები, რომელიცა შეიყვანდა სასაფლაოში, შეადგეს საწყალი დედოფალი და მოუკეტეს კარები, ზულეიხას შიშით გული წაუვიდადა წაიქცა. მცირეს ხანს უკან გონს მოეგო, ნახა რომ იყო მწყვდიადი ღამე, მხოლოდ ფოთლების შრიალი ესმოდა.
სხივთა ახლად ამოსულის მთვარისაგან, მცირედ მოაცოცხლეს ზულეიხა, რა იცოდა ადრევე რომ მეგდიას მოსვლა ტყვილი იყო, ამისათვის აღარ შეეშინდა, წასდგა წინ და დაჯდა სკამზედ. მცირეს ხანს უკან, უცებ შეხედა და მოებლანდა კაცის თავი, რომელსაცა მაღალი ქუდი ეხურა, რა ეს დაინახა შიშის ზარი თავსა დაეცა და წაიქცა გულშეწუხებული მიწაზედ.
რა ეს საშინელი ანბავი ჰხვდებოდა მეჩითის სასაფლაოზედ, მრთელი ისპაღანი ხარობდა: ხალხი თამაშობდა, მღერობდა და რამდენს ალაგს იკვროდა ზურნები. შახმა სიხარულით ვეღარ მოითმინა შინა, გამოვიდა გარეთ, გიჟსავით ქუჩაქუჩა დარბოდა ხალხსა ოქროებს გადუყრიდა, და ისინიც, რასაკვირველია რაც ძალი ჰქონდათ ჰკრეფდენ. „შვილნო ჩემნო! მეგობარნო შემნო! იძახდა შახი; იხარეთ! ახ! რა ბედნიერები ვართ! მეგდია მოვიდა და მალე ვიხილავთ სასუფეველსა ცათასა. დავიჯერო რომ იმისთანა უბედური კაცი იყოს თქვენში, რომ არ იჯერებდეს მეგდიას მოსვლასა. დაეხსენ მოვიდეს ჩემთან, შევიტყო იმისი ფიქრი და მსწრაფლ მივცე სიკვდილსა.“ გიჟი ვინ იქნებოდა რომ მოსულიყო ვინმე.
მრთელს ღამეს, არავის თვალთ ხუჭი არ მოსვლია, მხოლოდ ცოტად დილით ჩაიძინეს, ისიც ამისთვის რომ ბევრი შარბათი სვეს და სასმელები, ამასთანავე უნდა ვიცოდეთ რომ უფრო დიდს ქორწინებას მოელოდენ: მზარეულები საჭმლებს ამზადებდენ სადილისათვის, მეფის სასახლეში დადგეს ორი ძვირფასი ტახტი: ერთი მეგდიასათვის და მეორე ახალგაზრდა ცოლისათვის.
რა მზე ამოვიდა, შეიხ-ულ-ილამი რამდენიმე მოლებით გაემართა მეჩითის კარებისაკენ: ნახა რომ ისევე ისე სიჩუმეა, როგორც ადრე იყო, არცა მეგდია ჰსჩნდა და არცა რა იმისი ცოლი. შეიხ-ულ-ისალამმა დაიჩოქა და გაუპყრო ხელი მეკკის ქალაქის მხარეს, სხვათა მოლლათაც ეგრედ ჰყვეს; მრთელი დღე წინ ედვათ ბალიშები თავიანთის წიგნებითა; მრთელს დღეს ყურს უგდებდენ კარებს; მრთელს დღეს ვერა გაიგესრა.
შახი ამ გვარ საქმეზე მეტად აიმღვრა, რადგანც უნდოდა მოუთმენლივ ნახვა უდიდესის სიძისა, და ატყობდა საქმეს რომ ვეღარ ნახევდა, მაშინკი მოაგონდა ქალი და იწყო შეწუხება. მრთელი ქალაქი ფეხზედ იდგა ყველანი გაციებულნი შეჰყურებდენ ხალიფას.შემდგომ შევიდნენ ეჭვში, მაგრამ ვის შეეძლო გამოთქმა.
რა საღამო მოახლოვდა, სასახლეში იწყეს რჩევა, რა უნდა ექნათ ამისთანა შეუტყობარ საქმისათვის. ყოველი მსწავლული თავისას იძახდა, არცა ერთისა სიტყვა-სიტყვას უდგებოდა. დასასრულ შახმა დაიბარა შეიხ-ულ-ისალამი და უბძანა: უნდა შეხვიდე შენ თვითონ მეჩითში, ჩაუარდე ფეხებს ქვეშ და დიდის ვედრებით სთხოვო მეგდიას გარეთ გამობძანებაო, სადაცა ხალხი მოუთმენლივ მოელოდებაო. მოლლა ბძანების მორჩილი ფიცხლავ გაემართა მეჩითისაკენ, რომელსაცა თან გაჰყვა აურაცხელი ხალხი. ხელის კანკალით გააღო კარები; შევიდა ბაღში იმ ფიქრით რომ უეჭველად ზეციურის ნათელით განათლებულ ვიქნებიო; და რადგანც იფიქრა უცებ ნათლის ხილვით გული არ შემიწუხდესო, ამისთვის ადრევე თვალები დახუჭა, შემდგომ ცოტ ცოტათი აღებდა თვალებს; რა სრულებით გაახილა, ნახა საშინელი სიბნელე. ბაღში ეგრეთვე სიბნბნელე(სიბნელე) იყო, როგორათაც სასაფლაოზედ, ძებნა დაუწყო ვერა ნახა რა, მეჩითში ძებნა, ვერცა იქ ნახა. მოლლები იდგნენ უძრავად, ყურს უგდებდენ იმ ჰაზრით, აგერ საცაა ხმას გავიგონებთო, მაგრამ ვერაფერი ვერა გაიგესრა ისპანაღის ქალაქის ხალხთა ყვირილის მეტი, რომელნიცა მაღლა ყვირილით იძახდენ, ტყვილი გამოდგაო. ვერცა თუ კვალი მეგდიასი და ზულეიხასი იპოვნეს.
შეიხ-ულ-ისალამი დიდად შეწუხდა, არ იცოდა რა ექნა, დაუწყეს ძებნა კიდევ ოთხ კუთხივ, მაგრამ ვერა ჰპოვესრა, ერთის დაჩხაბულის ქაღალდის მეტი, რომელზედაც ეწერა: „მოდი ჩქარა სიცოცხლეო ჩემო! ღამე ახლოვდება, ხმა ბულბულისა ცოტ ცოტათი წყდების“.
შახი დიდად შეწუხდა თავის საყვარელს ქალზე, მაგრამ უფრო ამაზე ჰსწუხდა რომ ვერ შეიქნა ღირსი, სიმამრი გამხდარიყო მეგდიასი, ამისთვის უბძანა მსწავლულთა მოლლათა ერთად შეყრა, რომელნიცა რა შეიყარნენ, იკითხეს ყორანი მრავალჯერ და ბოლოს ასე დაასკვნეს, რომ პირველად რა მეგდიამ დაუტევა ესე სოფელიო, თან წაიყვანა თავისი საყვარელი სახლის კატაო; მეორედ კი, რა აფრინდა კიდევ ზეცაში, თან წაიყვანა თავისი საყვარელი ცოლი ზულეიხაო. შახი ჰკითხავდა: რაისათვის კეთილი ხალიფა არ გვეჩუჱნაო? ამაზე უპასუხებდენ, რომ რადგანც სპარსეთში მრავალნი ცოდვანი არიან, იმათ მოერიდაო. ამაზე დიდად გაიხარა მუხამედ ხუდაბენდმა; თუმცა სურვილი იმისი ის იყო რომ ჰყოლოდა ამ გვარი სიძე ცხადად, მაგრამ იფიქრა; ესეც დიდი საქმე არის, რომ იმ სოფელს ამისთანა სიძე მყავსო.
შახის პოეტმა ფირუზ-ედინმა დასწერა სტიხები, რომელიცა რა წარუდგინა ხუდაბენდს, მიიღო საჩუქრად ხუთი ათასი თუმანი. სხვა პოეტმა რა ეს უხვება ნახა, იმანაც დასწერა და მოართვა; რადგან ხუდაბენდს უნდოდა ამ გვართ საქმების თავიდან მოშორება, უფრო ამისთვის რომ ხაზინაც შემოელია, ბძანა, რომ ეს უკანასკნელი თხზულება სრულებით არ ვარგიაო და ხუთი ათასი ჯოხი მიარტყმევინა.
ათის წლის უკან განისმა ხმა, ვითომც ნადირ-ბეის რა შეეტყო მეგდიას მოახლოვებაო, მოვიდა ერთ ღამეს და ზულეიხა მეჩითიდგან გაიყვანაო, ვითომც ისპაღანის ვაჭრებს ენახათ -შავი ზღვისპირზედ ორნივე ერთად, ზოგი იძახდა შვიდი-რვა შვილებიც გასჩენიათ, თითქმის ერთმანეთსა გვანანო. ეს ანბავი შახმა შეიტყო, მთქმელები მოაყვანინა და დაახოცინა, როგორ გაბედეთ მაგ გვარი საქმის თქმა, როდესაც რომ ზულეიხა და მეგდია ცოლქმარნი ზეცას არიანო. იმ დღითგან სპარსელებმა გოგრიდგან გადაიგდეს მეგდიას მოსვლა.
ი.კ.
![]() |
3.3 * * * |
▲back to top |
* * *
- ამ ახლოს ხანებში პარიჟის ქალაქში იყო გამოცდილება იმ მოგონებისა, რომლისა საშუალობითაც შეიძლება ღამე გასინათება ქალაქისა. თუმცა იყო იმ ხანად დიდი ყინვა ფრანციაში, მაგრამ დანიშნულს დღეს თითქმის გაივსო მოთამაშეთაგან ბულიონის ტყე, რომელიცა მდებარეობს ქალაქის გარეთ. როდესაც მოუკიდეს გასანათებულს ნივთიერებას, იმ წამსვე გასინათლდა მრთელი ბულიონის ტყე ისე, რომ პოლიციის სერჟანტებიც კი როგორც მცირედ მიდრეკილნი მგრძნობელობისადმი, იკვირვიდენ ამ საკვირველსა ანბავსა. ექვსს ვერსამდენ ისეთი სინათლე იყო ერთის მხოლოდ ნივთიერებისაგან, როგორც დღე. ინგლიზელნი შვიდს ვერსზედ მოშორებით კითხულობდენ ამ სინათლეზედ გაზეთებს, განგებად ამ შემთხვევისათვის მოტანილებს. თავის დროზე, ეს ღამის მზე, როგორც უწოდებენ ფრანცუზნი, ყოველთათვის იქნება სახმარი, რადგანც მაგდენი არა ჯდებარა, იმისი შედგენა. ეს ღამითი მზე შესდგების ორის ნივთიერებისაგან: პაერისა და წყლისაგან.- ფრანციის მთავრობა თავგამოდებულია, დააყენოს ეს ღამით მზე ქალაქის შუაგულის თავს, მაღლა ჰაერში, რამდენიმე ას ვერსზედ მოშორებით, საიდგანაც მრთელს ქალაქს ისე გაანათებს, როგორც მზე შუადღის დროს.- როგროცა(როგორცა) ჰსჩანს, ჩუჱნ თავის დღეში ღამეს ვეღარა ვნახავთ თავის დროზე!... კაცის გონება რას არ მისწვდება! ამისი მომგონი არის ინგლიზელი, რომელსაცა ჰქვიან სახელად „ჯონბულიო.“
............................................
- წარსულის წლის 1858, ოკტომბრის თვეში, ქალაქს მეცცაში, ერთმან ხიმიკოსმან სახელად ფრანსუა-ბიურვერმა, წინაშე მრავალთა ხალხთა, აანთო მეიდანზედ, ორმოც თუ სამოც ადლზედ უსაშინლესი ცეცხლი, რომელიცა საშუალ თავისუფლად დადიოდა და სეირნობდა. შემდგომს მივიდა და სადაცა უფრო სასტიკად აღგზნებული იყო, წამოწვა და მიიძინა.- ეს ფრანსუა-ბიუერი თითქმის ათი წელიწადი მეტია ჰსცდილობს ღონის-ძიების მოპოებასა ცეცხლის დაწვის დაცვისათვის. არ შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ, თუ ვითარსა სარგებლობასა მისცემს ამ ღონის-ძიების მოპოვება კაცობრიობასა, უმეტესად სახლების დაწვის დროსა.-
……………………………………
- აჲ კიდევ საკვირველი ანბავი: სტოკღოლმის ქალაქში, ერთს ხიმიის პროფესორს სახელად ღრუსსელბახს, მესამე წელიწადია თავის კაბინეტში სტოლზედ უძევს სიდიდით უსაშინლესი ცოცხალი გველი, რომლისათვისაც მიუცია იმისთანა წამალი, რომ თუმცა ცოცხალია უსასმელ-საჭმელოდ. გარნა არცა მოძრაობა აქვს და არცა გრძნობა. ამ მოკლეს დროში მიუცია კვალად იმ გვარი წამალი თავისგნითვე მოგონებული, რომ მოუყვანია პირველსავე მდგომარეობაში, მაშასადამე გამოუჩენია თავისი ძალა, გარნა წამლისავე ღონისძიებით ისევე დაუმორჩილებია და უშიშრად განისვენებს სტოლზედ, რომელზედაცა ჰსწერს ღრუსსელბახი თავისუფლად. ეს ანბავი რა შეიტყო შვეციის მთავრობამ, გამოსაცდელად მისცა ამ ხიმიკოზს ერთი ფრიად დამნაშავე კაცი, რომელიცა იყო გამზადებულ დასარჩობლად, რათა გამოსცადოს ესე ვითარი მოგონება ამ დამნაშავეზედ. ეს კაცი იმყოფება ახლა ხიმიკოსთან, რომელსაცა სურს მრთელს ორს წელიწადს შენახვა უსასმელ-საჭმელოდ, უგრძნობლად და უძრავად, ხოლო ორის წლის შემდგომს მოყვანება პირველსავე მდგომარეობაში.- ეს საკვირველება! მაგრამ ჩუჱნი საუკუნე შეეჩვივა ამ გვართ საკვირველების შემოღებათა!
![]() |
4 რედაქციისაგან |
▲back to top |
რედაქციისაგან
- ეს მესამე წელიწადია, რაც გამოდის „ცისკარი“ - პირველ დაწყებითგანვე ვხმარობთ ყოველსავე ღონის-ძიებასა, განმშვენიერებისათვის, განვრცელებისათვის და წარმატებისათვის. პატივცემულთა მკითხველთა, არ ვართ ეჭვში, იციან, რომ ესე ყოველი, რაც უნდა ღონის-ძიება მოიხმაროს, ერთს პირს არ შეუძლიან მოიყვანოს აღსრულებაში. უკეთუ არ დაეხმარა საზოგადოება. სამწუხაროდ ჩუჱნდა უნდა ვსთქვათ, რომ გარდა ორის თუ ასე, სამის პირისა, (პატივი და დიდება იმ პირთ) არა თუ გვეხმარება საზოგადოება, როგორც გვესმის და როგორცა ხელის მომწერთა რიცხვიდგან, ჰსჩანს და აქა-იქ ლაპარაკითგან, წინა-აღმდეგობს კიდეც. ეს მეტად სამძიმოა! ამისათვის, რომ მხოლოდ ჟურნალიღა გვაქვს ნუგეშად, რომლისაგანაც იმედია დავიცვათ ჩუჱნი სამშობლო ენა. აბა რომელი გამოჩნდა და რომელმა მიიღო შრომა საზოგადოების მოწოდებისა ამ საგანზე. - სრულებით მოსპობილ იყო. ჩუჱნში იმედი ამ გვარის პირის გამოჩენისა! განვლო პირველმა წელიწადმა და სამწუხაროდ ჩუჱნდა თითქმის არცა ერთმა პირმამიიღო ნამდვილი მონაწილეობა ჩუჱნს საცოდავს, ყოველთგნით დატევებულს სამშობლოს ჟურნალში! გადადგა მეორეს წელიწადში და აი, უცებ გამოჩნდა მწერალი მგრძნობის მექონე. რომელმაცა იწყო ჩინებულს ენაზე ტიტინი, მოუწოდებდა საზოგადოებას კეთილს საქმეზე, ცხადად გვაჩუჱნებდა ყოველსავე რაც რამ შეეხებოდა ენას,- მაგრამ ესეც საუბედუროდ ჩუჱნდა როგორც უცებ გამოჩნდა, ისე უცებვე გაქრა! მკითხველი რასაკვირველია მიხვდა რომ ვლაპარაკობთ უ. მოლაყბეზე. დიდ ხანს გაჩუმების მიზეზი, როგორც გვიწერს თვით უ. მოლაყბე. ეს იყო, რომ თვითან ჩუჱნ დაუბრუნეთ რამდენიმე „სალაყბოს ფურცელი“ რადგანც აქა-იქ გვესმოდა მდურვა, თუმცა უმეტესთა ნაწილთა მოსწონდათ. ბოლოს რა მივიღეთ სხვა და სხვა მხრითგან თხოვნა, კვალად ამ გვარის სტატიის დაბეჭვდაზე, - მოვყევით სალაყბოს ფურცლების გამოცემასა, იმ აზრით, რომ ვგონებდით საზოგადოება აღტაცებით მიიღებდა ამ საგრძნობელოს სტატიას. მაგრამ რას იტყვით, თითქმის ოთხკუთხივ აღგვიდგნენ! რა ვპოვეთ იმ სტატიაში წინააღმდეგი? გარწმუნებთ, რომ რასაცა ჰსწერდა უ. მოლაყბე, ყოველივე იყო გამოსული კეთილის გულითგან,გულმ-ტკინველობით. რა გაეწყობა! ჩუჱნი ჟურნალი არის საზოგადო, მაშასადამე არის ხმა საზოგადოებისა: ჩუჱნი ჟურნალი გამოდის კმაყოფილებისათვის და სიამოვნებისათვის საზოგადოებისა, მაშასადამე უკეთუ მცირედი რამ ვპოვეთ საწყენოდ მკითხველთა, მაშინვე მოვიხმარებთ ყოველსავე ღონის-ძიებას მიზეზის მოსპობისათვის. - ამასთანავე ვუბრუნებთ უ. მოლაყბეს ბოდიშით თავის „სალაყბოს ფურცლებს“ დღეიდგან ესალმებიან ჩუჱნდა სამწუხაროდ „ცისკარს“.თუმცა ის მაგდენს არ ინაღვლის! მაგრამ გონია როგორც გვიჩურჩულა ერთმა ყურში, (ჩუჱნში დარჩეს) უთხოვნია მთავრობისათვის ნების-დართვა, გაზეთის გამოცემისა, რომლისათვისაც უწოდებია სახელად „სალაყბოს ფურცელი“. ბევრნი ხელის მომწენი კი ეყოლებიან!...
- მეორეს ნუმერში, ფებერვლის თვის წიგნში დავბეჭდავთ, მრთელს ევროპაში განთქმულს დრამას „რომეო და ჯულიეტა“ რომელიცა ნათარგმნია ჩუჱნის თანამედროე მწერლის დიმიტრი იოანეს-ძის ყიფიანისაგან.
რედ. კ.
ხელი მოსწერდება 1859 წელსა
ქ. ტფილისში, ქართულის ჟურნლის „ცისკრის“ რედაქციაში, კუკიას, კერესელიძის სახლებში. ფასი ერთის წლის გამოცემისა, ქ. ტფილისში, გასაგზავნელად, ექვსი მანეთი, ხოლო შინ მიწოდებით სხვა ადგილებში გაგზავნით: შვიდი მანეთი თეთრი ფული.